ერთელიშვილი ფარნაოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარნაოზ ერთელიშვილი (27 თებერვალი 1923, თბილისი, – 6 ივლისი 1972, იქვე), ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969). 1950 დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი. მოღვაწეობდა იქვე, ახალი ქართული ენის კათედრაზე. იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი თსუ-ში ტოპონიმიკური ცენტრის – ტოპონიმიკის ლაბორატორიის დაარსებისა (1969; პროფ. ფარნაოზ ერთელიშვილის სახელობის ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია არსებობდა ახალი ქართული ენის კათედრასთან).

ფარნაოზ ერთელიშვილს ეკუთვნის ნაშრომები (გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი) ენათმეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, ეტიმოლოგია, ლექსიკოლოგია. მათ შორის აღსანიშნავია: „რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში. ჰიპოტაქსის საკითხები“ (1963); ზმნური ფუძეების ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში“ (1970; გაანალიზებულია 5481 ფუძე); „სახელურ ფუძეთა ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში“, რომელიც გამოიცა ავტორის გარდაცვალების შემდეგ (1980; გაანალიზებულია 11 362 ფუძე). ამ მონოგრაფიებში საყურადღებო დასკვნებია ქართულში ზმნური თუ სახელური ფუძეების აგებულებისა და ფონემური შედგენილობის შესახებ.

ფარნაოზ ერთელიშვილი, დაინტერესებული იყო ფრაზეოლოგიით – იკვლევდა ხატოვან და იდიომურ თქმებს, ანდაზებს, აფორიზმებს (ნოველების კრებული ანდაზების თემაზე გამოაქვეყნა ფ. გიორგაძის ფსევდონიმით). განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ენობრივი მოვლენის ისტორიით, დიაქრონიულ ასპექტში განიხილავდა პირის ნიშნებისა და ვნებითობის სუფიქსთა გენეზისის, ქცევის, სონანტური ანლაუტისა და აუსლაუტის, ზოგიერთი სიტყვა- წარმოებითი აფიქსის ფუნქციისა და წარმომავლობის, ინვერსიის, მახვილის საკითხებს; შექმნა გამოკვლევათა სერია „სტრუქტურულ-ეტიმოლოგიური ძიებანი“.

პ. ცხადაია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები