თოდუა მაგალი
თოდუა მაგალი – (1927 – 2016), ქართველი მთარგმნელი, ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი,, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (2013).
დაიბადა სოფელ სალხინოში (მარტვილი). 1949 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1950-1961 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966 წლებში – აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1968 წლიდან – სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე. 1991-1995 წლებში იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1995-2008 წლებში იყო გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. 2008 წელს მიენიჭა ირანის ისლამურირესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული პრემია – „მსოფლიოში საუკეთესო ირანისტი”. თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს სპარსული კლასიკური პოეზიის წარმომადგენელთა მრავალი ნაწარმოები.
- ჰაფეზი, ყაზალი
- თარგმნა მაგალი თოდუამ
- ათასი მტერი რომ მყავდეს ქვეყნად
- და ასაკლებად მომიხტეს კარად,
- სანამ შენ ერთი მყავხარ მოყვარე,
- არ ვშიშობ, რადგან შენ ხარ და კმარა!
- ეს მე შენია, რომ მაქვს იმედი,
- ჩემს გვერდით მდგარი მეგულვი ფარად,
- თორემ უშენოდ მე როგორ გავძლებ, –
- სიკვდილის შიში მზაფრავს და მზარავს!
- თუ სუნთქვა შენი არ მოაქვს ნიავს,
- ჩემს ნიადაგზე ვერ ვდგავარ მყარად
- და ვარდის დარად პირს ისე ვიხოკ,
- სისხლი ღაწვებზე ჩამომდის ღარად.
- ოცნება შენზე და მოსვენება?
- გაყრა შენი და რაიმე ჩარა?
- არა, სიცოცხლევ, ასეთი რამე
- ჯერ არ მომხდარა, არა და არა!
- შენ რომ დამკოდო, უფრო მრგებს, ვიდრე
- სხვამ წყლულს სალბუნი დამადოს წყნარად;
- სხვის მოწვდილ თაფლს და გოლეულს
- მიჯობს შენი სამსალა და ძირიმწარა.
- სიკვდილით ჩემით დავთრგუნავ სიკვდილს,
- ხმლით შენით ჩემს სისხლს თუ ადენ ღვარად;
- მკვდრად ნუ მახსენებთ, – ვკვდები სიკვდილით,
- რათა სიცოცხლით ვიცოცხლო მარად!