მაქქურუში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაქქურუშ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Маккуруш) – თხების მფარველი ღვთაება ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. ჰყავს დედა – მაქურუჩუ გიბი ყათინი, რომელსაც წვრილფეხა საქონლის დანერბვის ჟამს შვილის გამოგზავნას თხოვენ. ხალხის წარმოდგენით, ადგილ მილჲალ დურყუში მცხოვრები მაქურუში გრძელწვერა თხაა, ოქროს მატყლითა და რკინის ჩლიქებით, თავისი დიდი თავწამახული რქებით შეუძლია დათვისა და მგლის მაღლა ატაცება. ამიტომაც უფრთხის მას ყოველგვარი ნადირი. მაქურუშისადმი მიძღვნილ ერთ-ერთი სიმღერის ტექსტში ნათქვამია:

მარჟა, გრძელწვერა მაქურუში,
მარჟა, კუდმოკლე მაქურუში,
მარჟა, რქებმახვილი მაქურუში,
მარჟა, ფეხმარდი მაქურუში,
მარჟა, წყაროს წყლის მსმელი მაქურუში,
ჯოგის წინმავალი მაქურუში.

ბალყარელი და ყარაჩელი მწყემსები მაქურუშისა და ცხვართა მფარველი აჲმუშის სახელზე საზაფხულო საძოვარზე და საზამთრო სადგომზე საქონლის გარეკვის ჟამს ლოცულობდნენ და ღვთაებებს მტაცებელი ნადირისგან, წყალდიდობისგან, სეტყვისგან, კლდიდან ჩამოვარდნისგან, პირუტყვის გაწყდომისგან დაცვას შესთხოვდნენ. ჯოგის გადარეკვის დროს ღვთაებებს სწირავდნენ პირველშობილ თეთრი ფერის ბატკანს, რომელსაც რძეში ბანდნენ და განსაკუთრებულ ყერადღებით უვლიდნენ. მაქურუშისა და აჲმუშის სახელზე აცხობდნენ საწესო პურებს ხორცის, ყველისა და კარტოფილის შიგთავსით, რათა მიწა ნაყოფიერი ყოფილიყო, ბალახი – ხშირი და მაღალი. უფროსი მწყემსის მიერ მაქურუშისა და აჲმუშის სადიდებლის წარმოთქმისა და დამსწრეთა შორის პურის გაანაწილების შემდგმომ, სრულდებოდა ცეკვა „მაქურუში“. მაქურუშის როლში გამოდიოდა ბიჭი თხის ნიღბით, რომელსაც გრძელი წვერები და ფერადი ნაჭრებით შემკული რქები ჰქონდა. „თხას“ კისერზე ზანზალაკები ეკიდა. ასე გამოწყობილი მოცეკვავე ქალ-ვაჟთა წრის ცენტრში დგებოდა, თხას ბაძავდა, მოცეკვავე გოგოებს შორის საცოლეს ირჩევდა და ცეკვავდა. ცეკვის სხვა ვარიანტის მიხედვით, ვაჟები (დათვის, მგლის, ფოცხვერის ნიღბებში) თავს ესხმოდნენ მაქურუშს, მაგრამ ეს უკანასკნელი იმარჯვებდა. ამ წარმოდგენის შემდეგ, სცენაზე მოცეკვავეები ქალ-ვაჟები გამოდიოდნენ.


ლიტერატურა

  • Шаманов И. Народный календарь карачаевсев // Советская этнография. М., 1971;
  • Малкондуев Х. Х. Историко-этнографические истоки и функции осенне-зимных календарных песен балкарцев и карачаевцев // Календарно обрядовая поэзия народов Северного Кавказа. Махачкала, 1988;
  • Малкондуев Х. Х. Обрядово-мифологическая поэзия балкарцев и карачаевцев. Жанровые и художественно-поэтические традиции. Нальчик, 1996;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები