მესხიშვილი ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ სარდიონის ძე - (ლადო მესხიშვილი) (28.II.1857, თბილისი -24.XI.1920) - ქართველი მსახიობი და რეჟისორი. რესპუბლიკის სახალხო არტისტი (წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ, 1930).

სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ - მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1881 ჩაირიცხა თბილისის ქართულ დრამატულ დასში. 1887-1890 წწ-ში კი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. 1890-1896 წწ-ში ხელმძღვანელობდა თბილისის, 1897-1906 წწ-ში კი - ქუთაისის დრამატულ დასებს.

1905 ალექსი-მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც: მონტის „გაიუს გრაკქუსი“ და ჰაუპტმანის „ფეიქრები“, რომლებშიც ალექსი-მესხიშვილი თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს.

1906-1910, 1915-1920 წწ-ში ლადო ალექსი-მესხიშვილი რუსეთის სცენაზე მოღვაწეობდა (1907 - მოსკოვის სამხატვრო თეატრში). 1910-1914 წწ-ში იგი სათავეში ედგა თბილისის, 1914-1915 წწ-ში ქუთაისის თეატრებს. ალექსი-მესხიშვილის გმირები ებრძოდნენ უსამართლობას, ექომაგებოდნენ ჩაგრულებს, იღვწოდნენ კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის. რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში „მამები და შვილები“, „შურისძიების ღმერთი“ და სხვა.

სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი (1915-20) ლადო მესხიშვილმა ძირითადად რუსეთში გაატარა. იგი თბილისში დაბრუნდა 1920-ის ივნისში. მალე საარტისტო საზოგადოების თეატრში, ვ. მესხიშვილისა და ნ. ჩხაიძის მონაწილეობით, დრამა „ინსტინქტი“ დაიდგა. 17 ივლისს ქართულ კლუბში, საქველმოქმედო მიზნით, დიდი სეირნობა გაიმართა. ქართველ მსახიობთა მიერ, დამსახურებული მსახიობების ვ.მესხიშვილისა და ნ. ჩხაიძის მონაწილეობით, ჰარტმანის „შეშლილია“ დაიდგა. კინო „არფასტოში“ 1, 2, 3 და 4 დეკემბერს გაიმართა ჩვენება დრამის არტისტის ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიერ შესრულებული პროფესორი ვერხოვცევის როლისა. მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა იმ პერიოდის თითქმის ყველა გაზეთი, გამოქვეყნდა ათეულობით სტატია მისი შემოქმედების შესახებ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მერაბ გეგია, სალომე ჭანტურიძე

ლიტერტურა

  • ბურთიკაშვილი, ლადო მესხიშვილი, თბ., 1962;
  • ი. ზურაბიშვილი, ოთხი პორტრეტი, თბ.,1949;
  • ი. ნარიმანოვი, ორი სეზონი მესხიშვილთან, თბ., 1957;
  • ა. ფაღავა, ლადო მესხიშვილი, თბ., 1957;
  • გაზ. სახალხო საქმე, 1920, №875, 877, 993.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ლადო ალექსი-მესხიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები