ნიკურაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ნიკურაძე

ნიკურაძე ალექსანდრე ილიას ძე - (10.X.1900, სამტრედია - 13.VI.1981, მიუნხენი, გფრ) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, გეოპოლიტიკოსი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა რკინიგზის დეპოს უფროსის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1917). 1918 წელს სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი ქართული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციითა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური თანადგომით, თავის უფროს ძმასთან, ივანე ნიკურაძესთან, ერთად გაიგზავნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად (1919).

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. დაამთავრა მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკის სპეციალობით (1928). მუშაობდა მყარი სხეულების ფიზიკისა და ენერგეტიკის დარგში. სწავლობდა ნაწილაკებს (იონებს, ელექტრონებს). მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში. მათი თანაავტორი ზოგჯერ იყო მისი უახლოესი მეგობარი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი რაჟდენ რუსიშვილი. გამოსცა ფუნდამენტური გამოკვლევა „თხევადი დიელექტრიკები“ (1934). მოღვაწეობდა მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელსა და ბერლინის უნივერსიტეტში ჯერ პრივატ-დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის რანგში. ამის პარალელურად, ნაყოფიერად მუშაობდა გეოპოლიტიკის სფეროშიც. იზიარებდა გეოპოლიტიკის ფუძემდებლის, კარლ ჰაუსჰოფერის, შეხედულებებს. ზოგჯერ წერდა ფსევდონიმით: A. Sanders. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული და სხვა კავკასიელი ერების ემიგრაციის ცნობილ წარმომადგენლებთან. ხელმძღვანელობდა თავის მიერვე დაარსებულ კონტინენტური ევროპის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც 1941-1944 წლებში ფუნქციონირებდა მიუნხენში, ხოლო 1944-1945 წლებში - შვარცენფელდში.

იყო გერმანიის მეშვეობით კავკასიის განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი, რომლის ძირითადი მიზანი იყო კავკასიური კონფედერაციის ჩამოყალიბება საქართველოს ჰეგემონიითა და გერმანიის პროტექტორატით. მისი ძალისხმევით დაღუპვას გადაურჩა გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნილი ათასობით ქართველი, ყოფილი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე. თანამშრომლობდა გერმანიაში მოქმედ ქართულ ეროვნულ კომიტეტთან და ცალკეულ ემიგრანტულ ორგანიზაციებთან, ასევე პრესასთან, ძირითადად ჟურნალთან „ბედი ქართლისა“. შალვა მაღლაკელიძე იგონებდა, რომ ალ. ნიკურაძე წერდა „ისტორი ულ-პოლიტიკური ხასიათის ნაშრომებს, სადაც ის აზრი გაატარა, რომ გერმანელ ტევტონთა გავლენის სფერო ყირიმს აღწევდა და არავითარ შემთხვევაში საქართველოს... პატარა ტანის კაცი იყო, ლურჯი სათვალეებით... გიტარა ჰქონდა საქართველოდან წამოღებული და ჩვენებურ სიმღერებს მღეროდა“. მისი არქივი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ნიკო ჯავახიშვილი

თხზულებები

  • Untersuchungen über SpiItzenentladungen in Transformatorenölen. Berlin: J. Springer, 1928;
  • Das flüssige Dielektrikum (isolierende FlüssigkeIten). Berlin: J. SprIinger, 1934;
  • Um dIe Gestaltung Europas. München, Hoheneichen-Verlag, 1938;
  • Um das Erbe Großbritanniens. München, 1941;
  • Kaukasien. München, 1942;
  • Osteuropa in kontinentaleuropaeischer Schau, München, 1942 (ჰოლანდიური ვერსია - Oost-Europa van uit kontinentaal Europeesch gezichtspunt. Amsterdam: Westland, 1943);
  • Um das Erbe Großbritanniens. Zur Wandlung der politischen Struktur der Übersee. München, 1942;
  • DIe Stunden der Entscheidung, München, 1943 (მიძღვნილი ა. როზენბერგის 50 წლისთავისადმი);
  • Das Zweistoffsystem Gas-Metall. München: Oldenbourg, 1950;
  • Vom Traum zur Tat. Wiesbaden: Dieterich, 1951;
  • Naturwissenschaft und Technik im Leben der Völker. München: Oldenbourg, 1952;
  • Zur Frage der Europa-Forschung. München: Oldenbourg, 1955 (ფრანგული ვერსია - ObjectIfs et méthodes des études européennes. Paris: Union
  • fédéraliste InteruniversitaIre, 1956);
  • Energieabsorption von Atomkernstrahlen in organischen Stoffen und durchsie hervorgerufene Reaktionsprozesse. Köln: Westdt. Verl., 1958.

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. I, თბ., 1991;
  • რ. დაუშვილი, ძმები ნიკურაძეები, გაზ. „PrIme TIme”, თბ., 17. IV. 2011;
  • შ. მაღლაკელიძე, მოგონებები, მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვ. რცხილაძემ, თბ., 2012;
  • Н. Джавахишвили, Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Рига, 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები