ღმრთისმშობლის მიძინება (მარიამობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღმრთისმშობლის მიძინება (მარიამობა) – (28 აგვისტო ახ. სტ. ძვ. სტ. 15 აგვისტო) - ერთხელ გოლგოთას მთაზე, ყოვლადწმიდა მარიამს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, რომ სამი დღის შემდეგ მისი ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდებოდა. მთავარანგელოზმა სამოთხიდან წამოღებული ზეთის ხილის რტო გადასცა თავისი სიტყვების დასტურად. ღმრთისმშობელი დაბრუნდა სახლში, სადაც მისი თხოვნით და ღმრთის განგებით, ყველა მოციქული შეიკრიბა, თომას გარდა.

ღმრთისმშობლის მიძინების ჟამიც დადგა. მოციქულები გალობით შემოერტყნენ მარიამის სარეცელს. უეცრად ხალხი უჩვეულო ნათელმა გააბრწყინა. გამოჩნდა ქრისტე ანგელოზებთან ერთად; გახარებული მარიამი წამოიწია და შეეგება თავის შვილსა და ღმერთს, რომელსაც ყოველგვარი ტანჯვის გარეშე ჩააბარა სული.

მოციქულებმა დაიტირეს ღმრთისმშობელი და მხრებით შეუდგნენ მის წმიდა ცხედარს. ანგელოზთა გუნდი გალობით მიაცილებდა ღმრთისმშობელს. მარიამი დაკრძალეს გეთსიმანიის ბაღში, გამოქვაბულში, სადაც მისი მშობლები განისვენებდნენ. სამი დღის შემდეგ თომაც ჩამოვიდა და ატირებული დაეცა საფლავის კართან, მასაც სურდა თაყვანი ეცა ღმრთისმშობლის ცხედრისათვის. მოციქულებმა გახსნეს სამარხი, მაგრამ შიგ მხოლოდ სუდარა იპოვეს. იმავე საღამოს კი ღმრთისმშობელი თავად გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: „გიხაროდენ, რამეთუ თქვენთანა ვარ ყოველთა შინა დღეთა“. ე.ი. უფალმა ღვთისმშობელი ზეცაში სხეულით აღამაღლა.

აი, რას წერს ღმრთისმშობლის მიძინებაზე ქართველი წმიდანი - გაბრიელ ეპისკოპოსი:

„დღეს, ჩვენ, ძმანო და დანო ქრისტეანენო, ვასრულებთ ხსენებას ღმრთისმშობლის მიძინებისასა ანუ მიცვალებისასა. გარნა ჩვენ არა ვართ მწუხარენი, არამედ გვიხარის; არა ვტირით, არამედ ვდღესასწაულობთ. რისთვის არის ესრედ? მისთვის, რომ მიცვალება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშნებითა და სასწაულებითა. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შემდგომად გარდაცვალებისა, დასდგა მახლობელად ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, მლოცველი და შუამდგომელი ჩვენ ყოველთა ქრისტეანეთათვის.

თქვენ ყოველთა იცით, რა ძალა და გავლენა აქვს დედის ვედრებასა და ლოცვასა ძისა მიმართ მისისა? გარნა მარტო სიხარული და დღესასწაულობა არა ვარგა და არც გვარგებს. უმჯობესი იქნება ვისწავლოთ რამე დღევანდელი დღესასწაულისაგან; რომელიმე სულიერი აღშენება და ნუგეში მივიღოთ, კეთილს რამეს მივაჩვიოთ გული და სული. თუ ვისურვებთ, თუ მოვსძებნით, დიდთა და აურაცხელთა სწავლათა და მაგალითთა მივიღებთ ღვთისმშობლის ცხოვრებისაგან. დღეს მოვიყვანთ მხოლოდ ორიოდე გარემოებას მისი ცხოვრებიდან. რა ხასიათი ჰქონდა და მიმართულება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს? რასა შინა მდგომარეობდა თვისება და სამკაული სულისა მისისა?


უამრავი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედამისის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა დედად უფლისა იესო ქრისტესი და მასთან ყოველგან დადიოდა, და მთელი ქვეყნის თვალნი იყვნენ მოციქულნი, ვითარცა იესო ქრისტესადმი, ეგრეთვე დედისა მისისადმი; კიდევ და უფრო მერმე, როდესაც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცად, ქრისტიანობა იქადაგა და გავრცელდა ქვეყანაზედ, და ყოველნი ქრისტეანენი ვითარცა ერთს გამოუთქმელსა ბედნიერებასა, ეძიებდნენ ღმრთისმშოლის ნახვასა და თაყვანის ცემასა, - ერთი სიტყვით მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, იგი იყო შემკული და დაცული ქალწულებრივითა სიწმიდითა, კრძალვითა, მორიდებითა და სიმდაბლითა. ყოველი ქრისტიანე ქალი უნდა უყურებდეს და ჰბაძვიდეს ესრეთსა ხასიათსა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისასა“.



წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები