ცაბაურთის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:32, 14 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცაბაურთის ხატი – ცაბაურთის (ფშავის ერთ-ერთი თემია) მთავარანგელოზი ციდან სვეტად ჩამოსულა და პირველად მთაწმინდაზე დაბრძანებულა, იქ დაუსვენია. მერე ღუნხევს ჩამოსულა, სოფლის თავში, და აქაც დაუსვენია. ბოლოს კი ბეღლისკარს დამდგარა, სადაც მაშინ სოფელი ყოფილა, ხალხს უცხოვრია. აყრილა ეს ხალხი და ხატისთვის დაუთმია ადგილი. ოღონდ ერთი ქვრივ-ოხერი დედაკაცი ყოფილა, უთქვამს: მე ვერსად ვერ წავალ, ვერ ავიყრები, სახლის აშენება არ შემიძლიაო. ერთ ღამეს ამ დედაკაცს კერაში იფნი ამოსვლია, ამოსულა და ბანი აუხვრეტია, მაღლა წასულა. ქალს უთქვამს: ახლა კი ავიყრებიო, და აყრილა. ასე დაარსებულა ცაბაურთას მთავარანგელოზი.

ერთი ცაბაური ქალი იყო შუაფხოში გამოთხოვილი. ეს ქალი ჰყავდა ვიღაც ფოცხვერათ კაცს. ამ ფოცხვერათ მუცლის ჭირი დაემართათ და იხოცებოდნენ. ცაბაური ქალიც ძალიან ავად გახდა და მამას შეუთვალა: ხატი გამოაბრძანე, შუაფხოსკენ გადმოახედებინე და იქნება მეშველოსო. მისი მამა მთავარანგელოზის ხევისბერი იყო ცაბაურთაში. ორჯერ დანაბარებზე მამამ არ შეუსრულა, რადგან უდღეობოდ ხატის გამობრძანება არ შეიძლებოდა. მესამედაც რომ შეუთვალა, ვკვდები, მიშველეო, ხევისბერმა ჯერ ერთხელ გამოაბრძანა და გადმოახედებინა ცაბაურთიდან შუაფხოსაკენ (ცაბაურთა მაღლა მთაზეა, შუაფხო კი – ჭალაში), მეორედაც და მესამედაც რომ გამოაბრძანა და გადმოახედებინა, გაუსხლტა ხელიდან ხატი და გადმოფრინდა. წამოვიდა და ფოცხვერათ სახლის თავზე რომ მოვიდა, თოფივით დაიქუხა, საკვამურიდან სახლში პირდაპირ ცეცხლში ჩავარდა. მოასწრეს და გამოიტანეს ცეცხლიდან, რაც დაწვას გადარჩა. გაწყრა ხატი და ის ხევისბერი თავისი ოჯახით სულ ამოწყვიტა: უდროოდ რად გამოაბრძანეო. ამ ფოცხვერათ ოჯახიც, ვისი გულისთვისაც ხატი იყო გამობრძანებული, სულ ამოწყდა. მერე ხატმა აღარ მისცა ნება, რომ ცაბაურთაში წაებრძანებინათ და დარჩა შუაფხოში, იახსარში.

მას შემდეგ აიკრძალა ცაბაური ქალის გამოთხოვება შუაფხოში და შუაფხოველი ქალის გათხოვება ცაბაურთაში. თუ ეს მოხდებოდა, ბოლო კარგი არ იყო: ან შვილები დაეხოცებოდათ ან სულ არ ეყოლებოდათ, ან ცოლ-ქმარში რომელიმე ადრე მოკვდებოდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები