წიფრანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:15, 17 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წიფრანი – სოფელი საქართველოში, არაგვის ხეობის ფშავში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მაღაროსკარის თემში, მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს. გაშენებულია გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (ზღვის დ. 1400 მ.).

სოფელს საკმაოდ მარჯვე ექსპოზიცია უკავია როგორც მდინარის მიმართ, ისე მთიან რელიეფზე განლაგების თვალსაზრისით. უთუოდ ამით უნდა იყოს შეპირობებული ის გარემოება, რომ აქ, წიფრანის შემოგარენში, ე.წ. „მძივიანა მამულებში“ ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მიკვლეული იქნა გვიანანტიკური ხანის (III-IV სს.) სამაროვანი ქრისტიანობამდელი ხანის ნამარხით. სოფლის შემოგარენში არსებობს რამდენიმე მატერიალური კულტურის ძეგლი, რომლებიც აქ მოსახლეობის უწყვეტ ეკონომიკურ-სოციალურ კავშირებზე მიგვანიშნებენ (რ. რამიშვილი, ბ. ჯორბენაძე).

სპეციალურ ლიტერატურაში სწორად არის გარკვეული წიფრანის წარმოშობა: იგი მცენარე წიფელს უკავშირდება. ოღონდ არა გვგონია ტოპონიმს ცვლა-განვითარების ის რთული გზა გაევლოს (წიფელნარი → წიფლნარი წიფლრანი → წიფრანი), რომელსაც მკვლევარი გვთავაზობს: ენამ (დიალექტმა) შეიძლება ესა თუ ის ფორმა ამგვარი ფონეტიკური საფეხურების გავლის გარეშე წარმოქმნას იმ მორფოლოგიურ-ფონეტიკური მოდელის მიხედვით, რომელიც ენაში პოტენციურად წინასწარ არის ჩადებული. სხვა სიტყვების რომ ვთქვათ, ფშაურ დიალექტში წიფრანი წიფელნარ-||წიფლრან- ფორმათა გარეშე უნდა გაჩენილიყო, რადგან ქართულ კილოებში ამგვარი ფონეტიკური პროცესი (მეტათეზისი, ფლნ მიმდევრობაში სონორი -ს ჩავარდნა…) ბუნებრივი და ნიშანდობლივია. წიფრან- სახელში ისეთივე ფონეტიკური პროცესია მომხდარი, როგორც ეს მუხრანში არის დადასტურებული: მუხ-ნარ- – მუხ-რან-ო. წიფლ-ნარ- ფორმის ულასო ვარიანტი წიფნარ-ი ადგილის სახელად რამდენგანმეა დადასტურებული: კასპის რაიონში იგი ტყეს ეწოდება, ხოლო გურიაში (ჩოხატაურის რ.) ამავე სახელწოდების სოფელი არსებობს, უთუოდ მცენარე წიფელთან არის დაკავშირებული მეორე აქაური სოფელი წიფნაგვარა რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა გავიაზროთ როგორც წიფნა(რის) გორა.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები