ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:04, 16 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭობარეთი – სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ძველის თემში მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1440 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 25,5 კილომეტრით. სოფელში არის მარმარილოს და დიატომიტის საბადო.

ადგილობრივ მოსახლეობაში ტოპონიმის წარმოშობის შესახებ რამდენიმე გადმოცემა არის შემონახული. ზოგი მათგანის მიხედვით ჭობარეთი თურმე „ბჭობა“ სიტყვისაგან ყოფილა წარმომდგარი:

„ძველად აქ ხალხი შეკრებილა, დიდი ბჭობა ჰქონიათ, ყველა საქმეზე ბჭობა ყოფილა და თავეთი სოფლისთვისაც ჭობარეთი დაურქმევიათ“ (თამაზ შერმადინის ძე ინასარიძე).

არსებობს მეორე გადმოცემაც: „ჩვენთან უწინ მოსულან წყემსი თუშები. უნდა რო ნახონ კაი-კაი ჩაირები. ამათ ყამთ. ძიენ ბევრი ცხვარი, ასულან ერთ თაზე, სოფლის ზემოთ არი, გადმოიხედეს და ერთ თუშს უთქომ მეორისთვინ: „ჭო, ბარი ყოფილა აქაო, საძოვარათ გამოვიყენამთ ამასაო“. (თამაზ ინასარიძე, სოფ. ჭობარეთი). ცხადია, არცერთი ეს გადმოცემა სინამდვილეს არ შეესაბამება.

სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით სახელწოდება ჭობარეთი წარმოშობით უკავშირდება ზანურ (მეგრულ) ჭუბურ- („წაბლი“) სიტყვას, -- ხმოვნის -- ხმოვანში გადასვლის გზით.

სამცხე-ჯავახეთის ტოპონიმიამი ოდინდელი ზანური ელემენტის არსებობა დღეს მეცნიერულად დასაბუთებულად ითვლება, მაგრამ ჩვენ გვიჭირს ჭობარეთიც ამ რიგის წარმონაქმნად მივიჩნიოთ. საქმე ისაა, რომ ჭობარეთს როგორც სოფელს, ძველი ქართული საისტორიო ძეგლები („მოქცევაჲ ქართლისჲ“, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“..) საერთოდ არ იცნობენ. ჭობარეთი არ ჩანს არც სპეციალურ გამოცემაში („მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის I, 1964 წ.), რომელშიც საკმაოდ წვრილად არის აღნუსხული ქართულ-ქართველური ტოპონიმები, დადასტურებულნი X-XVII საუკუნეების ქართულ საისტორიო-ეკონომიკურ საბუთებში. პირველი საისტორიო-საგეოგრაფიო წყარო, რომელშიც ჭობარეთი, უფრო სწორად, ჭობარეთის-ხევი არის მოხსენიებული, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს სამეფოს აღწერაა" (XVIII ს-ის შუა წლები): „არს საფარას მონასტერი, დიდშენი, გუნბათიანი, ყოვლად-წმიდისა… დაეფლოდნენ ათაბაგნი და აწ არს ხუცის ამარ. ამავე ჴევს ზეით, ცუნქის ჴევს, მოერთვის ჭობარეთის – ჴევი, გამომდინარე მისვე მთისა (ამას ვგონებთ ხინგის მდინარედ)“, ვახუშტის ეს ცნობა ნათელს ხდის, რომ „აღწერის“ შექმნის დროს ჯავახეთში უკვე ყოფილა სოფელი ჭობარეთი (სხვანაირად არ გვექნებოდა ჰიდრონიმი ჭობარეთის-ხევი), მაგრამ ამ ცნობაში, ისიც უთუოდ საყურადღებოა, რომ ვახუშტი ქობარეთისხევის პირველადობას ერთგვარი ეჭვის ქვეშ აყენებს – ამას უწინ ხინგის-მდინარე უნდა რქმეოდაო. ჩვენი ვარაუდითაც სახელწოდება ჭობარეთი ადგილობრივი, მესხეთ-ჯავახური, ტოპონიმი არ ჩანს; იგი აქ მოტანილი უნდა იყოს თორის მხარიდან (დღევ. ბორჯომის რ.) გვიან საუკუნეებში (XVI-XVII სს.) მიგრირებული მოსახლეობის მიერ.

მოსახლეობის ამგვარი მიგრაციის რეალურობა თვით ტოპონიმ ჭობარეთის სტრუქტურული ანალიზით შეგვიძლია დავადგინოთ. კერძოდ, თუ ტოპონიმს -ეთ- სუფიქსს ჩამოვაცილებთ, ფუძედ დაგვრჩება ჭობარ-, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, გაფორმებულია ჭობ- ძირზე ადამიანის სადაურობის აღმნიშვნელი -არ- სუფიქსის დართვით. -არ ელემენტი, როგორც ვიცით, ზანური წარმოშობისაა. იგი ქართული -ელ- სუფიქსის შესატყვისია, ასე რომ ჭობ-არ-ი ჭობ-ელ-ს („ჭობიდან საცხოვრებლად გადასული პირი“) ნიშნავს. ზანური წარმოშობის -არ- დერივატი, მართალია, შუა საუკუნეებში ძირითადად ზანურენოვანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა: ოპიზ-არ-ი („ოპიზ-ელ-ი“), ოდიშ-არ-ი (-ოდიშ-ელ-ი, „ოდიშის მცხოვრები“), მაგრამ იგივე -არ- სუფიქსი გვიან შუა საუკუნეებში სამოქმედო არის გაფართოვების გზით თავს იჩენს როგორც სამცხე-ჯავახეთის, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ ონომასტიკონაში: შდრ. ხერთვის-არ-ი („ხერთვის-ელ-ი“), სამძივ-არ-ი („სამძივის მფლობელი“, სამძივ-ელ-ი), სომხით-არ-იი („სომხითის მკვიდრი“), „სამცხეთ-არ-ის („სამცხეთოს მცხოვრები“)... მათ რიცხვს ემატება ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი ჭობ-არ-ეთ-ი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ჭობ-ელ-ს, ჭობის მცხოვრებს ნიშნავს ჭობ-ი რეალურად არსებობდა ისტორიულ თორის ქვეყანაში (დღევ. ბორჯომის რ.). ვახუშტი ბატონიშვილი სოფელ ჭობისხევს სწორედ ბორჯომის ხეობის სოფლებს შორის ასახელებს. ასევე განსაზღვრავს სოფელ ჭობის (ჭობისხევის, ადგილმდებარეობას იოანე ბაგრატიონიც.

ისტორიული თორის მხარე (თორელთა საგამგებლო), როგორც ცნობილია, უშუალოდ ემეზობლებოდა სამცხის მიწებს. ამდენად ჭობისხევის ძველი მოსახლეობის მიგრაცია ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაწინაურებულ სამცხე-ჯავახეთში მოულოდნელად აღარ უნდა გვეჩვენოს. რაც მთავარია, ამგვარი ფაქტის რეალურობაზე თვით ტოპონიმი ჭობარეთი მეტყველებს. ჭობ-არ-ეთ-ი ისევეა წარმოქმნილი, როგორც: გომ-არ-ეთ-ი, ცხომ-არ-ეთ-ი და სხვ. პირველი ნიშნავს: „სოფელი, რომელშიც ქართლის გომიდან გადმოსული ხალხი ცხოვრობს“. ანალოგიურად არის წარმოქმნილი ცხომ-არ-ეთ-ი: „ცხომ-ელ-ი ანუ ცხუმი-დან (სოხუმიდან) გადმოსული ხალხის საცხოვრისი“.

მაშასადამე, ჭობარეთი რეალური ისტორიული ფაქტის აღმნიშვნელი ქართული ტოპონიმი ყოფილა; მასში, როგორც ვთქვით, ასახულია გვიან საუკუნეებში (XVI-XVII ს.ს., თორის ქვეყნიდან სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის ნაწილობრივი მიგრაციის ფაქტი. ამიტომაც მის ფუძედ ზანური ჭუბურ („წაბლი“) სიტყვის გულვება საეჭვოდ გამოიყურება.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები