მირზა გელოვანი:  ნუ მწერ...

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

კითხულობს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნათია შენგელაია

 
  ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,
    ხვითო - ნატვრისთვალი.
         
 

რომ ორთაჭალამ  ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,

როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

    ორთაჭალა - თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

მეტეხი - ეკლესია, ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ისტორია მის აგებას მიაწერს ვახტანგ გორგასალს(V ს.).

         
 

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,

და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

    ურაგანი (რუს. ბარბარიზმი) - ქარიშხალი, გრიგალი.
         
  ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.
     
         
  ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
     
         
  მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -
     
         
  გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.