:: სასკოლო ლიტერატურა :: მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა
The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები



გეგეშიძე გურამ

შურისძიება

ყველა, ვინც ხედავდა იმ ბიჭებს ბაზარში, ერთად მიმავალთ, ერთს წინ, უფრო მაღალს, ხმელ-ხმელს, შუბლზე ჩამოყრილ მუქ წაბლისფერთმიანს და მეორეს უკან, უფრო მსუქანს, ფუნჩულას, რომელსაც თეთრი, ოდნავ ჭორფლიანი სახე და წითელი თმა ჰქონდა, ხვდებოდა, რომ ესენი ძმები იყვნენ, ეს ბიჭები არ ჰგავდნენ ერთმანეთს არც სიარულით, – უფროსი წელში გამართული, მსუბუქად დააბიჯებდა, პატარა კი დათვის ბელივით მიბაჯბაჯებდა, – არც კანის ფერით, – უფროსი შავი იყო, – მაგრამ ისინი მაინც ჰგავდნენ ერთმანეთს, იმდენად, რამდენადაც ყოველთვის ჰგვანან ხოლმე ერთმანეთს ძმები და ყველა, ვინც ხედავდა იმ დღეს მათ ბაზარში, ხვდებოდა, რომ ის ბავშვები ძმები უნდა ყოფილიყვნენ. ზოგიერთებმა იცოდნენ კიდეც, ვინ იყვნენ ეს ბავშვები. მათ იცოდნენ, რომ ამ ბავშვებს მშობლები არა ჰყავდათ და მოხუცი ბებია ზრდიდა. ბებია ძალზე მოხუცი იყო, ძალზე მოტეხილი თავისი დარდით, და ბავშვები ხშირად, თითქმის მთელ დღეს უსაქმოდ დაწანწალებდნენ ქუჩებში. სასადილოს წინ ცარიელ ყუთზე მჯდარმა გამხდარმა კაცმა, რომელიც გამვლელ-გამოვლელს ათვალიერებდა, იმწამსვე იცნო უფროსი ბიჭი. ის იცნობდა ამ ბიჭის მამას და ერთხელ, დიდი ხნის წინათ, სანამ მამა მოუკვდებოდათ, ამ კაცმა ნაყინი უყიდა უფროს ბიჭს, რომელიც მაშინ ძალიან პატარა იყო და მამას ქუჩაში სასეირნოდ გამოეყვანა. ეს იყო და ეს.

სასადილოს წინ მშიერი ძაღლები დაწანწალებდნენ საჭმლის საძებნელად. ძაღლები დაძრწოდნენ ცარიელ კასრებსა და ყუთებს შორის და მიწას სუნავდნენ. ბიჭები იდგნენ ცოტა მოშორებით, ჭრელ–ჭრელი საზამთროებით დატვირთულ ორთვალასთან, რომლიდანაც ცხენი გამოეშვათ, მაგრამ აღვირით იყო მიბმული იქვე, ორთვალას ბორბალზე და თავზე თივიანი თოფრაკი ჰქონდა ჩამოცმული. ორთვალა აყირავებული იყო და საზამთროების ნაწილი მიწაზე ეყარა. ბებერი თეთრი ცხენი, რომელსაც წვრილ-წვრილი ლურჯი ფორაჯები ჰქონდა მთელ ტანზე, თივას ახრამუნებდა თოფრაკში. ორთვალის ქვეშ საზამთროს ნარჩენები ეყარა, ირგვლივ ბუზები ბზუოდნენ და ჰაერში ცხენის ჩენჩოსა და დამპალი საზამთროს სუნი იდგა. ამ მყრალი სუნის გამო ადვილად შეიძლებოდა შეგძულებოდათ საზამთრო. ასე იყო ეს, მაგრამ ბიჭები იდგნენ და ინტერესით უყურებდნენ მწვანე წინსაფრიან ცალხელა გამყიდველს, რომელსაც მარცხენა ხელი იდაყვსქვემოთ წაჭრილი ჰქონდა და მარჯვენა ხელში გრძელი, პრიალა დანა ეჭირა. იგი ოსტატურად ხმარობდა დანას: იღებდა საზამთროს, მარცხენა, წაჭრილი ხელის იღლიის ქვეშამოიღებდა და გრძელი, პრიალა დანით ლამაზად სერავდა ქერქს. ბიჭები ინტერესით უყურებდნენ გამყიდველს. სასადილოს წინ მჯდარი კაცი უყურებდა ბავშვებს და ფიქრობდა, ეყიდა მათთვის საზამთრო თუ არა, რადგან საზამთრო ახალი შემოსული იყო და ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირი ღირდა. შემდეგ უფროსმა ბიჭმა შემთხვევით მოიხედა და დაინახა სასადილოს წინ მჯდარი კაცი. ბიჭი დააკვირდა კაცს, და ამ დროს კაცი წამოდგა ყუთიღან მტკიცე გადაწყვეტილებით, მისულიყო ბავშვებთან და ეყიდა საზამთრო, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გადაიფიქრა. „ეჰ, ეს ბავშვები, სულ ერთია, არ მიცნობენ, რას მიხვდებიან, რომ მაგათი მამის ამხანაგი ვარ“, – ამ ფიქრით მობრუნდა იგი და სასადილოში შევიდა, სადაც დაასხმევინა დახლიდარს ერთი ჭიქა არაყი და საკუთარ თავზე გულგატეხილმა დალია. მან დადგა ჭიქა და ამოიოხრა:•–„ეჰ!..“

ეს იყო და ეს.

ბიჭები გამოვიდნენ ბაზრიდან და მექუდის ფარდულთან შეჩერდნენ. მექუდის ფარდული ბაზრის შესასვლელთან იდგა. დახლზე იდო მრგვალი სარკე, რომელშიც ქუდის მყიდველს შეეძლო დაენახა თავისი თავი. კედელზე მიჭედებულ ლურსმნებზე ეკიდა ახლადშეკერილი ქუდები. რომელთაც უთოსაგან არასასიამოვნო სუნი ასდიოდათ. ბიჭები იდგნენ მექუდის ფარდულთან და ხარბად, უყურებდნენ ტროტუარზე მჯდარი ბოშა ქალის შავ ძუძუს, რომელსაც იგი ბავშვს აწოვებდა. ქალსა და ბავშვსაც თავი ყვითელი ნაჭრით ჰქონდათ წაკრული. ბოშა ქალს კისერზე ყვითელი, ბრჭყვიალა, მრგვალი ლითონები ეკიდა მძივების მაგიერ და ყურის ბიბილოებშიაც ოქროსფერი რგოლები ჰქონდა გაყრილი. როცა ბოშა ქალი თავს ატრიალებდა და გამვლელ-გამოვლელს ეძახდა „მარჩიელი-მარჩიელიო“, რგოლები აქეთ-იქით ქანაობდა. ბოშა ქალი ბავშვს ძუძუს აწოვებდა და თან იაფფასიან პაპიროსს წევდა. ხალხი დადიოდა ტროტუარზე მჯდარი ბოშა ქალის წინ, ზოგი, სანოვაგით დატვირთული, სახლისაკენ მიიჩქაროდა, ზოგი ახლა მიდიოდა ბაზარში, ბაზრიდან კი ყაყანი ისმოდა. ბოშა კაცი, ბოშა ქალის ქმარი ან ბიძა, რომელსაც გრძელი შავი ულვაში ჰქონდა, თავზე ფაფახი ეხურა და შუა თითზე ოქროს ბეჭედი ეკეთა, გასაყიდად გამოტანილ რკინის ჯაჭვებს ალაგებდა მიწაზე ერთმანეთის გასწვრივ და უშლიდა ხალხს ქუჩაში წესიერად გავლას ქუჩაში წესიერად გავლა ისედაც არ შეიძლებოდა.

მერე უფროსი ბიჭი მივიდა მექუდის დახლთან და სარკეში ჩაიხედა. უმცროსი სარკეს ვერ სწვდებოდა, ამიტომ დახლს მოეჭიდა, ძლივძლივობით აძვრა სარკესთან, ჩაიხედა შიგ და ჩამოხტა ძირს. ამის შემდეგ უფროსმა ბიჭმა პაპიროსი იყიდა მეპაპიროსესთან და მერე ორივენი წამოვიდნენ ბაზრიდან გრძელი, მოასფალტებული ქუჩით. აქა-იქ ქუჩაში გუბურები იდგა, რადგან წინა დღით წვიმდა• წყალი უკვე შრებოდა• ახლა მოღრუბლული დღე იყო, მაგრამ ხანდახან, როცა მზე გამოანათებდა, მწარედ ცხელოდა. ქუჩის ორივე მხარეს თხრილები იყო, თხრილების იქით ტრიფოლიატის ღობეები, ღობეებს იქით, ეზოების სიღრმეში სახლები იდგა, წინ კი თავწახრილი ღორები მიდიოდნენ ღრუტუნით. ქუჩის ბოლოს თეთრად შეღებილი ქვის სახლი მოჩანდა ბიჭები თეთრ სახლამდე აღარ მოსულან, მარჯვნივ შეუხვიეს და ჩუმად განაგრძეს გზა. ისინი არც ერთხელ არ დალაპარაკებიან ერთმანეთს, რადგან ერთმანეთთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ. მოდიოდნენ ერთად, თითქოს რაღაც უხილავი ძაფით გადაბმულები; უფროსი წინ, მას მოკლე ტრუსი და გამოსუნებული მაისური ეცვა. უმცროსი უკან, შედარებით განიერი ტრუსი ეცვა, რომელიც შეიძლება არც იყო მისი. მიდიოდნენ ერთად, მაგრამ ისე, თითქოს ვერც ამჩნევდნენ ერთმანეთს, თითოეული თავისთვის, თავის ფიქრებში წასული. ასე ხშირად დადიან ძმები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარები არიან.

და აი, ისინი მიდიოდნენ. მიდიოდნენ და უცებ ქუჩის პირას მდგარი ორსართულიანი აგურის სახლის აივნიდან ბავშვების ჟრიამული გაიგონეს. მერე აივანზე დაინახეს უფროსი ძმის ტოლი ბიჭები. ის ბიჭები წუწავდნენ ერთმანეთს წყლით და მათთან ერთად იყო სულ ცოტათი უფრო დიდი გოგო, ლამაზი გოგო, რომელიც ეხვეწებოდა ბიჭებს, არ შემასხათ წყალიო, მაგრამ ბიჭები გოგოსაც წუწავდნენ, არ ინდობდნენ და გოგო კიოდა. უფროს ძმას რატომღაც აღიზიანებდა იმ გოგოს კივილი. ამავე ეზოს რკინის ჭიშკართან გრძელხალათიანი სქელი ქალი იდგა, ხელში ცარიელი ვედრო ეჭირა და როცა ძმები ხალათიან სქელ ქალს გაუსწორდნენ, ქალმა დედობრივი, ტკბილი ხმით სთხოვა უფროსს:

– ბიჭიკო, თუ ღმერთი გწამს, წყალი მოვიტანე!

მაგრამ ბიჭი არ გაჩერდა და თავაზიანად უპასუხა:

– არ მწამს, დეიდა, ღმერთი...

და შემდეგ გაიგონა ზურგს უკან ქალის წყევლა:

– დასწყევლოს ღმერთმა შენი თავი, რა უზრდელი ხარ, ვისიცა ხარ... და შემდეგ ფლოსტების ფლატუნი, როცა ქალი გადადიოდა ქუჩის მეორე მხარეს, ონკანისკენ და შემდეგ ისევ ტკბილი, დედობრივი ხმა:

– შენ მოვიტანე, დედიკო, წყალი, შენი ჭირიმე...

უფროსი ბიჭი მობრუნდა. მან დაინახა, როგორ შეაჩეჩა სქელმა ქალმა ცარიელი ვედრო უმცროს ძმას და იმანაც მორჩილად გამოართვა, უსიტყვოდ, თვითონ კი ვედროზე თითქმის უფრო პატარა ონკანისკენ წაჩანჩალდა. უფროსი ბიჭი უცბად აენთო. მიირბინა თავის ძმასთან, გამოსტაცა ვედრო ხელიდან და თხრილში გადაისროლა. შემდეგ წამოარტყა თავში და წინ გაიგდო.

– წამოეთრიე აქეთ! – დაიღრიალა მან.

– აი, შე ჯიბგირო, ჯიბგირო! – აყვირდა სქელი ქალი, – უყურეთ ამ ჯიბგირს, რას ბედავს, ჯიბგირი!..

– წადი, შენს შვილებს მოატანინე წყალი, – მიაძახა ბიჭმა ქალს, – პატარა ბავშვს უნდა წელი მოსწყვიტოს.

მერე ის მიდიოდა, უკან არ იხედებოდა და თანდათან უფრო შორიდან ესმოდა სქელი ქალის ყვირილი და კმაყოფილი იყო თავისი საქციელით. ის მისჩერებოდა თავისი პატარა ძმის ჭუჭყიან ქუსლებს და სადღაც გულის სიღრმეში ბუნდოვნად გრძნობდა, რომ თავიდანვე გამოიცნო ამ ქალის ხასიათი. ბუნდოვნად გრძნობდა, რომ სწორედ ამით იყო ასე კმაყოფილი. „ეს ქალი ზედმეტი ჭამისაგანაა გასუქებული და არა ავადმყოფობისაგან“, – ფიქრობდა ის.

ასფალტი და ეზოები მოთაედა, უკან დარჩა. ბიჭები მიჰყვებოდნენ მტვრიან შარაგზას მინდვრებს შორის. ახლა ისევ უფროსი მიდიოდა წინ, უმცროსი უკან. გზის მარჯვენა მხარეს მიტოვებული სამჭედლო იდგა. ეს იყო ირიბად გადახრილი, ნახევრადწაქცეული ქოხი, რომელსაც ისლის სახურავი გადამძვრალი ჰქონდა. ქოხის ირგვლივ უსარგებლო ჯართი ეყარა. მოშორებით, გზის პირას მაღალი, თეთრი ვერხვები იდგა და ფრიალებდა. ბიჭებმა ჩაუარეს ქოხს, ჩაუარეს ვერხვებს, გაიარეს კიდევ ცოტა მანძილი და მდინარესთან მივიდნენ. უფროსი ბიჭი გაჩერდა ხიდზე და წყალს დააკვირდა. წყალი იყო მღვრიე, ყვითელი. უმცროსი შორიახლო დადგა. ის უყვებოდა თავის ძმას, რომელიც ჩაფიქრებული დასცქეროდა მდინარეს და მოუთმენლად იცდიდა, მან იცოდა, რომ ახლა ჩაუხვევდნენ მარჯვნივ და გაჰყვებოდნენ ბილიკს, რომელიც საბანაოზე მიიყვანდა მათ. საბანაოზე ყოველთვის იყვნენ ბიჭები, დილიდან საღამომდე. ყველაზე ადრე მოსულები შუაღღემდე რჩებოდნენ იქ. შუაღღეზე უკანსკნელად ჩადიოდნენ წყალში, მერე წყლიდან ამოვიდოდნენ და ნაპირზე ხტუნაობით შრებოდნენ. შემდეგ იცვამდნენ და მიდიოდნენ. როცა ისინი მოდიოდნენ, აქ უკვე იწვა სილაში უფრო გვიან მოსული ორი-სამი ბიჭი. მათი წასვლის შემდეგ კიდევ მოდიოდა რამდენიმე. ეს ყოველთვის ასე იყო. ახლა ისინი გორაობდნენ მზეზე და ხანდახან ბანაობდნენ. მერე მათი წასვლის დროც დგებოდა. როცა ესენი მიდიოდნენ, საბანაოზე ბრუნდებოდნენ ის ბიჭები, რომლებიც დილით იყვნენ აქ. ამასობაში მზე დასავლეთისკენ იხრებოდა, იცვლებოდა წყლის ფერი, თანდათან გრძელდებოდა ხეთა ჩრდილები. საღამო ხანს ის ბიჭები, რომლებიც დილით იყვნენ საბანაოზე, მერე წავიდნენ და ისევ დაბრუნდნენ, იცვამდნენ და საბოლოოდ მიდიოდნენ. მათ მაგიერ ახლა სხვები მოდიოდნენ და დიდხანს, დიდხანს ბანაობდნენ, მანამ, სანამ სრულებით დაბინდდებოდა, წყალი გაცივდებოდა და ბანაობასაც ხალისი დაეკარგებოდა. ბიჭები დგებოდნენ, ზანტად იცვამდნენ და მიდიოდნენ შინ, რომ მეორე დილით ისევ მოსულიყვნენ საბანაოდ. ასე იყო ეს ყოველთვის. აქ იყო დაწესებული ერთგვარი მორიგეობა, რომელსაც არავინ მეთვალყურეობდა, არავინ ხელმძღვანელობდა, მაგრამ მაინც თავისუფლად ხორციელდებოდა. საბანაოზე ყოველთვის იყო ვიღაც. შუადღეზე კი იქაურობა სავსე იყო ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭებით. უფრო დიდი ბიჭები ქვემოთ ბანაობდნენ, სადაც წყალი შედარებით ღრმა იყო და მდინარე უფრო ფართო. აქ კი იყო მოსამზადებელი კლასი, ქვემო საბანაოში გადასასვლელად.

და აი ასე, დღიდან დღეშდე• კვირიდან კვირემდე, თვიდან თვემდე, მთელი ზაფხულის განმავლობაში, მანამ. სანამ საგრძნობლად არ აგრილდებოდა, პატარა ბიჭები თავს იყრიდნენ აქ, როგორც ინგლისელი ჯენტლემენები თავიანთ კლუბში და, ერთობოდნენ. ისინი საუბრობდნენ ათას რამეზე, იმაზე, თუ ვის როგორი ხეხილი უდგას ეზოში, იმაზე, თუ ვინ რამდენი თევზი დაიჭირა, ან რამდენი ჩიტი მოჰკლა შურდულით. საუბრობდნენ ჩხუბზე, კინოზე, უფროს ბიჭებზე, გოგოებზე, ეს ყველაზე უფრო საინტერესო იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიჭები ტიტლიკანა იწვნენ სილაში და მზე ზურგს უხურებდათ; ერთი მათგანი, ისიც სილაში წამოწოლილი, ჰყვებოდა, როგორ დაიმალა წინადღით ნაწისქვილართან ბუჩქებში და როგორ უყურა ტიტლიკანა გოგოების ბანაობას. დანარჩენები გატრუნულები, მორიდებული და დაძაბული ღიმილით ხარბად უგდებდნენ ყურს, რომ არაფერი გამოპარვოდათ, თან ცდილობდნენ, არ გამოემჟღავნებინათ თავიანთი ცნობისმოყვარეობა. ის კი დაწვრილებით, თანმიმდევრულად ყვებოდა ყველაფერს; დანარჩენები ჩუმად უსმენდნენ, არ უნდოდათ შეეშალათ მთხრობლისათვის, მაგრამ ბოლოს ვიღაც ვეღარ ითმენდა და აკანკალებული, აღელვებული ხმით, რომელიც საცაა უნდა ჩაწყდეს, კითხულობდა:

– სულ ტიტველები იყვნენ?

– სულ ტიტველები! – იყო პასუხი და თხრობა წყდებოდა და იმავე წუთში, ბიჭები უცბად გაათკეცებული ძალით, მტერზე თავდასასხმელად გამზადებული პაპუასებივით, საშინელი წივილითა და ყვირილით, წამოიშლებოდნენ ხოლმე და პირდაპირ თავით ეშვებოდნენ წყალში და წუწავდნენ ერთმანეთს, აყურყუმალავებდნენ, ყირაზე დგებოდნენ, იცინოდნენ, ყვიროდნენ, ღრიალებდნენ, და უკიდურესობამდე მისულნი, გაშმაგებით უშენდნენ მკლავებს წყალს. მერე იღლებოღნენ, წყნარდებოდნენ, ამოდიოდნენ ნაპირზე და სილაში წვებოდნენ. ახლა უკვე შეიძლებოდა მშვიდად დასვენება მზის გულზე. ისინი იწვნენ მზეში და პაპიროსს აბოლებდნენ.

ასე იყო ყოველთვის საბანაოზე და პატარა ბიჭმა იცოდა, რომ დღესაც ასე იქნებოდა. მას უნდოდა იქ წასვლა. გოგოებზე საუბარი აინტერესებდა. მას მოსწონდა, როგორ ხტებოდნენ ბიჭები წყალში და როგორ ცურაობდნენ. თვითონ ცურვა არ იცოდა და ამიტომ ძალიან უყვარდა ყურება, როგორ ცურაობდნენ სხვები. ის უცდიდა ძმას, რომელიც ხიდთან იდგა და წყალს ჩასცქეროდა, მერე კი გადავიდა ხიდზე და მდინარის მეორე ნაპირას ლერწმებში მიიმალა. პატარა ბიჭი არ ელოდა ამას, რადგანა საბანაო გზა აქეთ ნაპირზე იყო, მაგრამ აღარ უფიქრია და სწრაფად მოჰკურცხლა უკან. და შეძვრა ლერწმებში თავისი ძმის კვალდაკვალ. მას ეშინოდა ლერწმებში სიარულისა და ამიტომ ცდილობდა მალე დაწეოდა ძმას. მერე ისინი ტალახში მიაბიჯებდნენ. აზელილი ტალახი გამაღიზიანებლად მოძვრებოდა ფეხის თითებს შორის, ფეხი სრიალებდა. ყოველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ისმოდა ტალახის გულისგამაწვრილებელი ტყლაპუნი. ისინი მიდიოდნენ ტალახში ტყლაპუნით და, როცა ტალახი მოთავდა, უფროს ძმას ფეხში ეკალი შეერჭო. სანამ ეკალს ამოიღებდა ფეხიდან, პატარა წინ წავიდა. მან გაიარა ბუჩქები და დაინახა მდინარე ლერწმებსა და ბარდებს შორის. ბიჭი გაძვრა ბალახებში, რომელიც თითქმის ფარავდა მას და მდინარის ნაპირზე გაჩერდა. მდინარე აქაც მღვრიე და ყვითელი იყო. იქითა ნაპირზე მზეზე წამოწოლილიყვნენ ნაბანავები ბიჭები და შრებოდნენ. იქითა ნაპირი უფრო მაღალი იყო. აქეთა ნაპირზე, ზედ წყლის პირას, ერთმანეთის გვერდით იდგა ტირიფის ხეები. ტირიფის ჩამოძენძილი გრძელი ტოტები ცურავდა ჭუჭყიან წყალში, ხოლო ხეების უკან მაღალი ბალახი და ლერწმები იყო, სადაც წყალი არ იდგა; მიწა ფუყე იყო. ყოველივე ამის გამო ბიჭები საბანაოდ იქითა ნაპირზე მიდიოდნენ ხოლმე. ახლაც იწვნენ ქვიშაში ტიტლიკანები, ტალახიანები და მისჩერებოდნენ მოპირდაპირე შამბნარიან ნაპირს, საიდანაც წეღან პატარალ წითელთმიანი ბიჭი გამოძვრა და ახლა წყლის პირას იდგა.

–არიქა, რიჟა მოვიდა, რიჟა! – ატეხეს უცბად ყვირილი ქვიშაში წამოწოლილმა ბიჭებმა და კისრისტეხით. წამოიშალნენ. მათ დაუწყეს სველი სილისაგან სახელდახელოდ გაკეთებული გუნდების სროლა იქითა ნაპირზე მდგარ პატარა ბიჭს. ბიჭი მოიკუზა და, სანამ ხეების უკან, მაღალ ბალახში დაიმალებოდა, ერთი გუნდა კისერში მოხვდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ჩუმად შეძვრა ბალახებში. სწორედ ამ დროს ბილიკზე გამოჩნდა მისი ძმა, რომელიც უჩუმრად, წითელკანიანების მზვერავივით გამოძვრა მაღალ ბალახიდან და ნაპირზე გამოვიდა. ერთი გუნდა იმასაც მოხვდა მკერდზე და იმწამსვე, როგორც კი მას მოარტყეს, გუნდების სროლა შეწყ– და.

– ნოდარა! – დაიძახა უფროსმა ბიჭმა, – გამოვალ• მანდეთ და ცხვირ-პირი დაგენაყება!..

– შენთვის არ მინდოდა! ––წვრილი ხმით დაიძახა იქითა მხრიდან ნოდარამ, გამხდარმა, თხელმა ბიჭმა.

– სულ ერთია!

– შენთვის არ მინდოდა, რა იყო, რა?! – სასოწარკვეთილი ხმით დაიძახა ნოდარამ და მიწაზე დაჯდა. დანარჩენებიც მიწყნარდნენ. მერე პატარა, წითელთმიანი ბიჭიც გამოძვრა საფარიდან და იქითა მხარეს ქვა ისროლა. ქვა ვიღაცას მოხვდა თავში და გაისმა ბღავილი.

– ქვებს ნუ ისვრი, შე რიჟა მამაძაღლო! – დაიძახეს გაბრაზებულმა ბიჭებმა, მაგრამ იმან კიდევ ისროლა ერთი ქვა, რომელიც არავის არ მოხვედრია.

–რეზიკო, უთხარი, ქვებს ნუ ისვრის! – დაიძახეს ბიჭებმა. ქვებს ნუ ისვრი,
– უთხრა უფროსმა ბიჭმა, რეზიკომ, თავის ძმას.

– აბა რატომ მეძახიან რიჟას?

–რიჟა ხარ და აბა, რა დაგიძახონ?!

უფროსი წინ წამოვიდა. ის ზედწყლის პირას გაჩერდა. წელს ზემოთ ტიტველი იყო. ხშირი ბანაობისა და მზეზე ხშირად ყოფნისაგან ტყავგადამძვრალი ზურგი უშნოდ მოუჩანდა. პატარა იქვე იდგა... წელს ზემოთ ისიც ტიტველი იყო. ეს იყო ნაზი, ფუნჩულა ბიჭი, დაახლოებით ექვსი-შვიდი წლისა. მორცხვი, ცისფერთვალება და ლოყაწითელი... მას ჰქონდა თეთრი ქათქათა ტანი, რომელსაც მოუვლელობა ძალზე ეტყობოდა. ის ბევრ ადგილას იყო დაკაწრული, გარდა ამისა, ფართო, ჭუჭყიანი ლაქები აჩნდა მკერდზე და კისერზე, რაც თვალში ძლიერ გეცემოდათ იმისი ტანის სითეთრის გამო. მუხლს ქვემოთ, შიშველი ფეხები შემხმარი ტალახით ჰქონდა დასვრილი. ყოველივე ეს არ ეხამებოდა ამ ბავშვის სინაზესა და ფაქიზ გარეგნობას. ის იდგა თავისი ძმის უკან ტირიფებს შორის, მაღალ, ხმელ ბალახში და ხელები ზურგს უკან დაეწყო. უფროსი ძმა ჭუჭყიანი წყლით მკერდს იბანდა ტალახის მოსაცილებლად. ჭუჭყიანი, ტალახიანი წყლის წვეთები წურწურით ჩამოსდიოდა მკერდიდან მუცელზე, ტრუსზე და იქიდან ზოლებად ედინებოდა ფეხებზე.

– რეზიკო, პაპიროსი მოიტანე? – დაუძახეს მას ბიჭებმა.

ახლა ის გამართული იდგა და სველ ხელს მკერდზე ისვამდა. ჭუჭყიანი წყლის წვეთები ისევ მოცურავდნენ მუცელზე, იქიდან შიშველ ბარძაყებზე.

– მოვიტანე, – დაიძახა რეზიკომ.

მერე წყალში შევიდა.

გახარებული ბიჭები მომავალი სიამოვნების მოლოდინში ყვიროდნენ, ცქმუტავდნენ, ზოგიერთები კი ისევ სილაში გაგორდნენ. ესენი იყვნენ ცამეტ–თოთხმეტი წლის ბიჭები.

როცა რეზიკო წყალში შევიდა, მარცხენა ხელში პაპიროსის კოლოფი ეჭირა (მარცხენა ხელი ზემოთ ჰქონდა აშვერილი, პაპიროსი რომ არ დასველებულიყო, ხოლო მარჯვენით წყალს სჭრიდა წონასწორობის დასაცავად, რადგან ამ ადგილზე თუმცა დინება სწრაფი არ იყო, წყალი ყელამდე სწვდებოდა). ნაპირზე მჯდარმა ნოდარმა ჩუმად აკრიფა ტანსაცმელი და ტიტლიკანამ სწრაფად. მოუსვა.

– ნოდარა არ გაუშვათ, დაიჭირეთ! – დაიძახა რეზიკომ წყლიდან, მაგრამ გვიანღა იყო. ნოდარა რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გარბოდა და ახლა მას ვეღარავინ წამოეწეოდა. რამდენიმე ბიჭი მაინც გამოედევნა, მაგრამ ისინი წინასწარ დარწმუნებულები იყვნენ,•რომ ვეღარ დაეწეოდნენ და ამიტომ გულმოდგინედ არც დასდევნებიან. სულ მალე მდევრები უკან დაბრუნდნენ, ტიტლიკანა ნოდარი კი გზისკენ გარბოდა. რეზიკო ნაპირზე გამოვიდა, პაპიროსი და ასანთი ქვიშაზე დაყარა და ბრაზით თქვა:

–თქვენ კაცმა არც უნდა მოგაწევინოთ...

მერე სველი ტრუსი გაიძრო და ქვაზე გადაფინა.

სილაზე წამოგორებულმა ბიჭებმა პაპიროსის კოლოფი გახსნეს და სათითაოდ გააბოლეს. რეზიკო მათ თავზე ადგა და ჯერ არ ეწეოდა. ის იყურებოდა მეორე ნაპირისაკენ, სადაც მისი პატარა წითელთმიანი ძმა მიიკვლევდა გზას ლაქაშებში. იქ მუდამ მყრალი წყალი იდგა, ხშირად ყიყინებდნენ ბაყაყები და მიწაზე ბინძურ ბუჩქებს შორის დაძვრებოდა სხვადასხვა ზომის, წითელ-წითელი ჭაობის გველები. პატარა ბიჭი მიჰყვებოდა მდინარეს სათავისკენ, საითაც მდინარის კალაპოტი უფრო ვიწრო იყო, არც წყალი იყო ასე ღრმა და მისი წითელი თავი დროდადრო გაიელვებღა შამბნარში. მერე იგი მთელი ტანით გამოჩნდა მდინარის ნაპირას. რეზიკომ დაინახა, როგორ შევიდა იგი წყალში ფრთხილად, შიშით, მერე ისევ ამოვიდა ნაპირზე, გაიქცა კიდევ უფრო ზემოთ, სადაც, ალბათ, დაბალი იყო წყლის დონე, ისევ შევიდა; წყალში ფრთხილად, აუჩქარებლად, მიაღწია მდინარის შუაგულს, აქ დინება ყველაზე უფრო ჩქარი იყო და წყალი მხრებამდე სწვდებოდა ბავშვს, გამოსცდა მდინარის შუაგულს, სწრაფად გამოვიდა ნაპირზე და სირბილით გამოსწია ქვიშაში წამოწოლილი ბიჭებისაკენ, მდინარის აქეთა მხარეს. რეზიკო დაჯდა და პაპიროსი გააბოლა.

არავის შეუმჩნევია პატარა ბიჭის მოსვლა საბანაოზე. ის მივიდა და მოშორებით ჩამოჯდა ქვაზე.

– ტრუსი გაიხადე და გაფინე მზეზე, – უთხრა რეზიკომ.

ახლა დანარჩენებმაც მიიხედეს მისკენ და დაინახეს მორცხვად მჯდარი ბიჭი. ის იჯდა, როგორც სახლიდან პატრონს წამოყოლილი ლეკვი, მორიდებით, ოდნავ უხერხულად და ამავე დროს კმაყოფილი იმით, რომ აქ არის. ერთმა პაპიროსი აიღო და მიაწოდა.

– მოწიე, რიჟა, შენც, არ გინდა?

– ეგ არ ეწევა, – თქვა რეზიკომ.

– მე არ ვეწევი, – თქვა რიჟამ.

ეს იყო და ეს.

და აი, ასე, ისხდნენ ბავშვები მდინარის პირას, ბანაობდნენ, შემდეგ ამოდიოდნენ წყლიდან და შრებოდნენ, ისევ ჩადიოდნენ წყალში, ისევ შრებოდნენ, პაპიროსი სულმთლიანად მოსწიეს, ამასობაში შუადღეც დადგა და ბიჭებს მოშივდათ. ბიჭებს მოშივდათ და ზოგიერთები წავიდნენ შინ, ზოგიერთებს კი ეზარებოდათ შინ წასვლა და საჭმელზე ლაპარაკით იკლავდნენ ჭამის მადას. საბანაოზე ახლა ცოტანიღა: დარჩნენ. მერე რეზიკომ გადააპურჭყა სილაში და თქვა:

––დღეს კარგი საზამთროები იყო ბაზარში...

– მართლა? – თითო ორი ფუთი იქნებოდა...

– ეჰ, როგორ მიყვარს საზამთრო, – ამოიოხრა ერთმა სქელმა ბიჭმა, – ჩვენი ჯერ არ არის მწიფე, თორემ...

– ჩვენ არ დაგვითესია საზამთრო, – თქვა რეზიკომ.

– ნოდარას მამასა აქვს კარგი საზამთროები, ეგენი ყოველ კვირას თითო ურემს ჰყიდიან.

– ჰო-ო? – თქვა რეზიკომ და თვალებში შეხედა დაბალ თმაგადაპარსულ ბიჭს, რომელმაც ეს თქვა, მერე, ჩაფიქრდა. ბიჭები ლაპარაკობდნენ, რეზიკოს ძმა კი საბანაოდან მოშორებით მარტო ბანაობდა, რადგან ის კარგად ვერ ცურავდა და ამ საბანაოზე წყალი მისთვის ღრმა იყო. როცა ბიჭები ჩადიოდნენ წყალში, ის ყოველთვის ზევით გარბოდა და მარტო ბანაობდა. მერე, როცა ბიჭები ამოდიოდნენ წყლიდან, ის მირბოდა და, სხვებთან ერთად გორაობდა სილაში. ახლა ის ბანაობდა.

რეზიკო ჩაფიქრებული იჯდა, ბიჭები ლაპარაკობდნენ, რეზიკოს ძმა ამოვიდა წყლიდან და სილაში გაგორდა, ცხელოდა, საბანაოზე დარჩენა აღარ ღირდა, რეზიკოს უკვე მოსწყინდა აქ ყოფნა, ჩაიცვა ტრუსი და თქვა:

– ვისაც საზამთრო უყვარს და სირბილი შეუძლია, წამოდით...

მერე გაჰყვა ბილიკს და არც კი მიუხედავს უკან• მისი ძმა იმწამსვე წამოხტა, ჩაიცვა ტრუსი და ნახევრად სველი, ნახევრად ტალახიანი დაედევნა უკან. დანარჩენმა ბიჭებმა თავი წამოყვეს, მერე წამოდგნენ.

– სად მიდიხარ, რეზიკო?

მაგრამ რეზიკო უკან არ იხედებოდა, სტვენა-სტვენით მიდიოდა და ხანდახან წიხლებს ურტყამდა ზედ ბილიკთან ამოსულ ანწლის ბუჩქებს. მაშინ ორმა ბიჭმა, ერთმა სქელმა, რომელმაც თქვა, რომ ძალიან უყვარს საზამთრო, და მეორემ დაბალმა, თავგადახოტრილმა, ჩაიცვეს ტანსაცმელი და გასდიეს რეზიკოს.

რეზიკო ხიდთან იდგა; ხელში წკეპლა ეჭირა და ბალახებს თავს აცლიდა. როცა ბიჭებმა მიირბინეს, რეზიკო იდგა• უსტვენდა და წკეპლის იქნევდა

– სად მიდიხარ, რეზიკო? – იკითხა სქელმა.

– შენ დარჩი, – უთხრა რეზიკომ, – შენ სირბილი არ შეგიძლია.

– როგორ არ შემიძლია, – თქვა სქელმა, – ა, უყურე, – და გაიქცა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა საბანაოსაკენ და მერე ისევ უკან გამოიქცა.

– ხო ხედავ, როგორ დავრბივარ?! – თქვა მან ქოშინით.

–კარგი, წამოდი, – თქვა რეზიკომ. – თუ დაგიჭირეს, მაგრა გირტყამენ.

– ნუ გეშინია, ვერ დამიჭერენ.

– მაშინ წავიდეთ ნოდარას საზამთროებში, მაგათ ისედაც ბევრი აქვთ.

სქელი ბიჭი კეთილი იყო და შეყოყმანდა.

– ნოდარას საზამთროებში? – კითხა მან.

– ჰო.

– ჩვენი ამხანაგი როა?

– ჩვენი ამხანაგი თუა, ქვიშა რატომ მესროლა? – იკითხა რეზიკომ.

სქელი ბიჭი კეთილი იყო, მაგრამ მსუქანიც იყო და ამ არგუმენტის წინააღმდეგ ვეღარაფერი მოიფიქრა.

– კარგი, წავიდეთ, ––– თქვა მან.

დაბალი ხმას არ იღებდა.

ისინი ამოვიდნენ გზაზე და ხიდი გადაიარეს. რეზიკოს ძმა ყველაზე ბოლოს მობაჯბაჯებდა მტვერში. რეზიკო გაჩერდა და თავის ძმას შეხედა.

– შენ წადი შინ, – უთხრა მას რეზიკომ.

– მეც მინდა საზამთრო...

– წადი სახლში და მოგიტან...

– არ მინდა სახლში, – დაიღრიჯა ბავშვი.

– წადი სახლში, – თქვა რეზიკომ და წკეპლა მოიქნია ჰაერში•

პატარა ბიჭი უკანვე წაჩანჩალდა და გაბუტული შორიახლო დადგა.

– ნახე, თუ ბებიას არ ვუთხრა, პაპიროსს რომ ეწევი, – თქვა მან.

რეზიკო გაცეცხლდა. მან იცოდა, რომ ის არაფერს არ ეტყოდა ბებიას, რადგან არასოდეს არაფერს ეუბნებოდა, არ უყვარდა ენის მიტანა, კიდეც რომ ეთქვა, რეზიკოს ბებიასი არ ეშინოდა, მაგრამ ახლა მუქარამ გააცოფა. გამოიქცა, შხუილით მოიქნია წკეპლა და ფეხებში სტკიცა ძმას.

- ვაიმე, დედა! – დაიძახა ბავშვმა, შეხტა და ჩაიკეცა.

– ეტყვი? – გაავებული ღიმილით შეეკითხა რეზიკო და თავზე დაადგა.

ბიჭი ტიროდა, მერე წამოხტა რეზიკომ მოიქნია წკეპლა და ისევ გადაუჭირა ფეხებში

–ეტყვი?

– ვაიმე, დედიკო! – სასოწარკვეთით იყვირა ბგავშვმა და ჩაცუცქდა.

რეზიკოს მოაგონდა, რომ ამ ბავშვს დედა არ ჰყავდა, მოაგონდა, რომ თვითონ არავინ არ ჰყავდა, ბუნდოვნად, ქვეცნობიერად იგრძნო, რომ აუტანლად ებრალება ეს ბავშვი, რომელიც მისი ერთადერთი სისხლი და ხორცია და საშინლად ეტკინა რაღაც, საშინლად შესძულდა რაღაც და მოულოდნელი ბრაზი ისე მწარედ მოაწვა ყელში, რომ სუნთქვა შეუკრა. მან არ იცოდა, რისკენ იყო მიმართული ეს სიძულვილი და ბრაზი, თავისი ძმისადმი, საკუთარი თავისადმი, თუ სულ სხვა რამისადმი, მას მთელი არსებით სძულდა რაღაც. სძულდა ეს სიბრაზე, რომელსაც ასე აუტანლად განიცდიდა და მხეცური გამძვინვარებით იქნევდა წკეპლას, რათა მოეცილებინა თავიდან ეს მძიმე და მწარე შეგრძნება, და... ურტყამდა თავის ძმას...

– ეტყვი; ეტყვი კიდევ ეტყვი? – ყვიროდა ის.

ფეხებდასისხლიანებული ბავშვი სიმწრისაგან ისტერიულად კიოდა და ხტუნვით გარბოდა.

– არ ვეტყვთ არ ვეტყვი, ვაიმე, დედიკო!..

რეზიკო კი მისდევდა და რაღაცნაირი ბოროტი სიამოვნებით, თითქმის ისე. როგორც ფანატიკოსი მუსულმანები შახსეი–ვახსეის დროს. უტყლაშუნებდა წკეპლას თავისი პატარა ძმის აითრთოლებულ და დაკლაკნილ სხეულს•

მერე დაბნეულმა და შეშინებულმა ამხანაგებმა გააჩერეს და ვედრებითა და მუდარით წკეპლა გააგდებინეს ხელიდან. რეზიკო იდგა გადაფითრებული და აკანკალებული და ახლა შორიდან ესმოდა ნაცემი, გამწარებული, უნუგეშო ბავშვის კივილი:

–• ვაიმე, დედა, ვაიმე, დედა!..

დედა კი არსად იყო და ბავშვის მოთქმა ისე გაისმოი და, როგორც საშიშროებით სავსე ხეობაში ცარიელი ექო.

რეზიკო უცბად ისევ გაუსხლტა ამხანაგებს, გამოედევნა თავის ძმას, რომელსაც არავინ ჰყავდა მოსარჩლე, არავითარი საშუალება არა ჰქონდა თავის დაცვისა და უფრო ხმამაღლა გულამომჯდარი, მოთქმით გარბოდა გზაზე, დაეწია, შიშისაგან მოკრუნჩხულ ბავშვს ხელებით თავი დაუჭირა და დახედა ამ აცრემლებულ, საცოდავ, უზომოდ საყვარელ, საბრალო, უმწეო სახეს და რაღაც მწარე გაეჩხირა ყელში, იგრძნო, რომ მეტს ვეღარ აიტანდა, ვეღარ გაუძლებდა იმ სიმწარეს, რომელმაც მთლიანად აავსო მისი სული, რომელსაც ბავშვის ტირილი უფრო და უფრო არაადამიანურს, მხეცურს ხდიდა და სუნთქვაშეკრულმა სასოწარკვეთილად დაისისინა:

– გაჩუმდი, ნუ ტირი, ნუ ტირი, თორემ დაგახრჩობ...

და სახემოღრეცილმა მთელი ძალით მოუჭირა ბავშვს სახეზე ხელები და უცბად ბავშვი გაჩუმდა. ის აკანკალებული, დამორჩილებული, ცხოველური შიშით შეჰყურებდა ქვემოდან რეზიკოს გაფითრებულ, საზარელ, დორბლიან, არაადამიანურ სახეს და ცდილობდა არ ეტირა.

ის აღარ ტიროდა, სლუკუნებდა. მლაშე ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ჭუჭყიან სახეზე. უიმედო მზერა სადღაც, შორეულ სივრცეში მიურბოდა და მთელი მისი სახე გამოხატავდა აუცილებელი მომავლის მორჩილ მოლოდინს. რეზიკომ ხელი უშვა და ერთი პანღურიც ამოარტყა ძმას და კბილების კრაჭუნით უთხრა:

– წაეთრიე სახლში. პატარა ბიჭი მორჩილად გატრიალდა. ის თავჩაღუნუ• ლი მიბაჯბაჯებდა. ჩანჩალით მიათრევდა დასისხლიანებულ და დატალახიანებულ ფუნთულა ფეხებს მტვრიან შარაგზაზე. რეზიკო და მისი ძმაკაცები კი საზამთროებზე წავიდნენ.


2

მწვანე, გაშლილი მინდვრების ბოლოს ნორჩი ტყეები• მოჩანდა. მინდვრებზე საქონელი ძოვდა ხასხასა ბალახს და შორიდან რომელიღაც ჩიტის კრიალა გალობა ისმოდა. რეზიკოს უყვარდა აქ სიარული, მაგრამ ახლა ის ყურადღებას არ აქცევდა გარემოს და ყრუ, დაფარულ ტკივილს გრძნობდა გულში. ის მიჰყვებოდა ბილიკს მინდვრებს შორის, მაგრამ არ იყო კმაყოფილი არც ნედლი ბალახის სიმწვანით, არც იმით, გული რომ იჯერა საზამთროთი. როგორც კი ამხანაგებს დაშორდა და მინდვრისკენ გამოუხვია, იგრძნო, რომ არ იყო ხასიათზე აღგზნებამ, რომელიც მას სიხალისე ეგონა და რომელიც არ მოშორებია, სანამ საზამთროებს მიირთმევდა და მერეც, როცა ბაღჩიდან წამოსული ამხანაგებთან ერთად იყო, გადაუარა და მისი ადგილი დაიკავა ყრუ, მძიმე ტკივილმა და უმიზნობის სიცარიელემ. იგი მიდიოდა ნელი ნაბიჯით მწვანე, გაშლილ მინდვრებს შორის, რომლებსაც არ ჰქონდა ბოლო და სადღაც შორს, საზღვარს მიწასა და ცას შორის, ხეების მუქი მწვანე ზოლი ფარავდა.

იყო უმზეო, ნათელი დღე. რეზიკო მინდვრებიდან გამოვიდა და ღელის ნაპირს გაჰყვა. მივიდა საბანაოზე, სადაც ყოველთვის იყვნენ ბიჭები, მაგრამ ახლა იქ არავინ იყო, და რეზიკოს ეწყინა, რომ აქ არავინ დახვდა, რადგან ჯერჯერობით არ უნდოდა შინ მისვლა. ის მობრუნდა უკან, ოღონდ ბილიკს აღარ გაჰყვა, გადაჭრა მინდორი პირდაპირ, ძველი სამჭედლოსაკენ, სადაც თეთრი, მაღალი ვერხვები იდგა და მერე გზა იწყებოდა. სამჭედლოსთან მისულმა რეზიკომ დაინახა მდინარის სათავიდან მომავალი ბიჭი. ბიჭი მორბოდა და ხელებს იქნევდა, მაგრამ ჯერ კიდევ შორს იყო და ამიტომ რეზიკომ გადაწყვიტა, დაეცადა. რეზიკო ჩამოჯდა ქვაზე და კარგა ხანს იჯდა, მაგრამ მერე, როცა ის ბიჭი, რომელიც მდინარიდან სამჭედლოსკენ მორბოდა, ახლოს მოვიდა, რეზიკომ იცნო, წამოდგა და გავიდა გზაზე ფეხშიშველა, მოკლე ტრუსიკიანი, მუქი წაბლისფერი თმით, საზამთროს წვნის ჭუჭყიანი, მოწითალო ლაქები აჩნდა მკერდზე. ნაცნობი ბიჭი დაეწია რეზიკოს და ჰკითხა:

– სად იყავი, რეზიკო?

– რა იყო?

– არ იცი?

– არა! –– რადა, შენი ძმა კინაღამ დაახრჩო წყალში ომარამ...

რეზიკო გაჩერდა. მან შეხედა ამ ბიჭს სახეში, მაგრამ ვერ დაინახა.

– ღელეში გადააგდო ქვემოთა საბანაოზე. იმას კი ცურვა არ სცოდნია და მე და ნოდარამ ძლივს ამოვათრიეთ.

რეზიკოს მოაგონდა, რომ წეღან სწორედ ნოდარას ბაღჩაში იყო საზამთროებისათვის და თავის ძმას კი არაფერი წამოუღო.

– მერე შურდული წაართვა ომარამ და პანღური ამოარტყა. საწყალი რიჟა ძალიან შემეცოდა, სულ ტირილით წავიდა სახლში.

რეზიკომ ამოიოხრა და ნაბიჯი გადადგა.

– ჩვენ ვერ მოვეხმარეთ, ომარას რას მოვერეოდით!

– რომელი ომარაა? – იკითხა ბოლოს რეზიკომ ჩუმი, მაგრამ სიძულვილით სავსე ხმით და ახლა უკვე გაარჩია მისი სახე, ვინც ელაპარაკებოდა.

– მაღალი, სკოლასთან რომ ცხოვრობს.

– აჰა, – თქვა რეზიკომ. ომარა იყო ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ბიჭი, მაღალი, ღონიერი და სწრაფი. ის მშვენივრად თამაშობდა ბურთს ძველი ეკლესიის მინდორზე, სადაც ბებერი, ძველისძველი მუხები იდგა და საღამოობით ბურთის სათამაშოდ მოდიოდნენ ხოლმე ბიჭები. თავისი ტოლებიდან ომარა ყველაზე ლამაზად ხტებოდა წყალში. ომარა ადიოდა მდინარის პირას მდგარი ტირიფის კენწეროზე და იქედან ლამაზად, მხიარულად, უშიშრად, ჰაერში ისარივით გაჭიმული, თავით ეშვებოდა წყალში და, როგორც კი თავს ამოყოფდა წყლიდან, იმწამსვე გულიანად ხარხარებდა. რეზიკოს მოსწონდა ომარას ხალისი და ღონე, მაგრამ ახლა მას მთელი არსებით სძულდა ის, სძულდა მისი სიცილი, მისი მოქნილობა, მისი სხეული. ამ სიძულვილს იგი ისე აშკარად, ისე ხელშესახებად გრძნობდა, როგორც იმას, რომ აი, ამ წუთში შიშველი ფეხებით მიწას ეხება.

– ომარას თქვენ რას მოერეოდით? – თქვა რეზიკომ.

– ჰო, ჩვენ რას მოვერეოდით?! – თქვა რეზიკოს ნაცნობმა ბიჭმა.

მერე ისინი ერთმანეთს დასცილდნენ და რეზიკო სახლში წავიდა. მან გაიარა ნაცნობი ქუჩები, ნაცნობი სახლები, ნაცნობი ბოგირები, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია, არაფრისთვის არ მიუქცევია ყურადღება, რადგან მთელი გზა ხედავდა თავის ძმის დასისხლიანებულ ფეხებს და აცრემლებულ საცოდავ სახეს, და ყოველივე ამას აბრალებდა ომარას და სულ უფრო და უფრო ეკუმშებოდა გული სიძულვილისა და ტკივილისაგან. ის მივიდა სახლში ერთი უსიამოვნო ვნებით შეპყრობილი, რომელსაც სიამოვნებით მოიშორებდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო, რადგან რეზიკო უძლური იყო იმის წინაშე, რაც მოხდა. მას აღარ შეეძლო არაფრის შეცვლა. ხოლო ყველაფერი ის კი, რაც დღეს მოხდა, აფორიაქებდა, აწუხებდა, აბოროტებდა და ყოველივე ამის მიზეზად რეზიკოს ახლა ომარა მიაჩნდა და უნდოდა ეცემა, დაეკბინა, დაეგლიჯა ომარა. მხოლოდ შურისძიებას შეეძლო დაებრუნე– ბინა მისთვის ძველი, ხალისიანი, უზრუნველი სიმსუბუქე როცა ცხოვრება კი არ გაწვება მხრებზე, არამედ მსუბუქად, ყოველგვარი ბიძგის გარეშე დაგატარებს ბაზარში, ქუჩებში, მინდვრებში და მდინარეებთან, როცა ყველაფერი ასე ლამაზი და საყვარელია, როცა მომავალი ისევე ნათელია, როგორც დღევანდელი დღე და, როცა შენ ეკუთვნი არა მხოლოდ შენს საკუთარ თავს, არა მხოლოდ შენს საკუთარ დარდს, არამედ იმ ქუჩებს, რომლებშიაც დადიხარ, იმ ბაზარს, სადაც გიყვარს ტრიალი, იმ ხეებს, რომლებიც ასე ლამაზად, ასე მწვანედ არის გაშლილი, და შენ გიყვარს მათი ყურება, შენ ეკუთვნი ჩიტების მხიარულ და ლაღ ჟღურტულს, რადგან შენ ეს გატკბობს. შენ ეკუთვნი იმ მატარებლებს, რომლებიც დარბიან ლიანდაგებზე და რომელთა ყურება ძალიან გიყვარს, როცა რკინიგზასთან ჩასული იცქირები იქითკენ, საითაც მწვანე ვაგონები წაიყვანა ლამაზმა, წითელთვლებიანმა ორთქლმავალმა. ირგვლივ კი გაშლილი, ატეხილი ჭალებია, და შეუმჩნევლად სუნთქავს მიწა თავისი ღონიერი და ჯანსაღი მკერდით. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ცხოვრებაში და ამ უნარის დაკარგვა ყველაზე დიდი უბედურებაა. ახლა კი რეზიკოსათვის ყველაფერი ეს დაკარგული იყო.

ის შევიდა ეზოში და დაინახა თავისი ძმა, რომელიც სილაში იჯდა და მარტო თამაშობდა. რეზიკო თავზე დაადგა მას და დოინჯი შემოიყარა.

– რა უყავი შურდული? – იკითხა მან.

ბავშვმა თამაში შეწყვიტა და შიშით ამოხედა. მერე უკან-უკან დაიხია, სრულებით დარწმუნებულმა თავის დანაშაულში, შეშინებულმა, დაბნეულმა და ამან კიდევ უფრო ატკინა რეზიკოს გული.

– ომარამ წაგართვა?

ბავშვმა თავი დაუქნია, რეზიკომ კი დახედა იმის ჩალურჯებულ თვალს, დასისხლიანებულ, დალურჯებულ ჭუჭყიან ფეხებს, ჩაცუცქდა სილაში და თვალებში შეხედა ძმას.

– გაგლახა?

ბავშვმა ისევ დააქნია თავი, რეზიკომ რაღაცნაირად, უხერხულად გაიღიმა და თმაზე წაუთათუნა. ხელი.

– კარგი, ნუ გეშინია, ნახე, რა ვუყო იმას...

უცბად პატარამ ტირილი დაიწყო, მან სილაში დასვრილი ხელები თვალებზე აიფარა, თავი ჩადუნა და ატირდა. რეზიკომ გაუსუფთავა ფეხები თავისი მაისურით, მერე ცალი ხელი სახიდან ჩამოაღებინა და ჩალურჯებული ადგილი თითით მოსინჯა.

– გტკივა?

– ა-ა-არა!..

– ტიროდა ბავშვი.

– კარგი, ნუ ტირი, ახალ შურდულს გავიკეთებ, – უთხრა რეზიკომ, მაგრამ იმას შურდული არ უნდოდა. იმას ახლა არც შურდული ენანებოდა, არც ტკივილი აწუხებდა, უბრალო, დაჩაგვრისაგან გამოწვეული ბოღმა გაახსენდა და ტიროდა, რადგან არაფერი არ აღელვებს ადამიანს ისე, როგორც თანაგრძნობა. რეზიკო კი ისევ გასწორდა წელში და თქვა:

– კარგი, ნუ ტირი, ნახე, რა ვუყო...

და სწრაფად გამოვიდა ეზოდან გულში დაგუბებული ბოღმით, ერთადერთი სურვილით შეპყრობილი, რომ ეპოვნა სადმე ომარა და შური ეძია. ის მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა შურისსაძიებლად.

ომარას სახლი ეზოს სიღრმეში იდგა. ეს იყო აგურის ახალი სახლი. ეზოს რკინის ჭიშკარი ჰქონდა რეზიკოს არ უყვარდა რკინისჭიშკრიანი ეზოები, რადგან იმ სასაფლაოს, სადაც მისი დედ–მამა იყო დამარხული, რკინის ჭიშკარი ჰქონდა. რკინის ჭიშკარი რეზიკოს სიკვდილს აგონებდა და უსიამოვნო გრძნობას უქმნიდა. ახლა ის იდგა ქუჩაში, ფეხშიშველი, გამხდარი, მოკლე ტრუსით, გახუნებული მაისურით, რომლის უბეში ცივი ქვები ეწყო, იხედებოდა ხეხილით სავსე, მოვლილ-მოსუფთავებულ ეზოში და გრძნობდა ამ ოჯახის სიმაძღრეს და უზრუნველყოფას.

– ომარა! – დაიძახა რეზიკომ,

იმის გამო, რომ ეზოს რკინის ჭიშკარი ჰქონდა. იმის გამო, რომ თხრილზე, ეზოს წინ, ახალი ცემენტის ბოგირი იყო გადებული, იმის გამო, რომ ეზოში ხეები წესიერად გასხლული და მოვლილი იყო, და ქუჩიდან სახლის კარამდე მოასფალტებული ბილიკი მიდიოდა, რეზიკოს უფრო ეზიზღებოდა ომარა, და იმის გამო, რომ ასე სძულდა ომარა, სრულებით აღარ ეშინოდა მისი, თუმცა ის უფრო ღონიერი და უფრო დიდი იყო და რეზიკომ ეს მშვენივრად იცოდა.

– ომარა! დაიძახა რეზიკომ.

მაგრამ ომარა შინ არ იყო.

– არ არის, შვილო, სახლში, – უთხრა რეზიკოს ომარას დედამ, რომელიც სახლიდან გამოვიდა და ჭიშკარს მოადგა, – რა გინდოდა, შვილო?..

ეს იყო ჭაღარათმიანი, ლამაზი ქალი, რომელიც ალერსით და სიყვარულით უყურებდა რეზიკოს სახეში, და რეზიკომ გაკვირვებით შენიშნა, რომ მოსწონდა ამ ქალის მზრუნველი და თბილი ხმა, მოსწონდა გემრიელი სადილის სურნელით გაჟღენთილი მისი წინსაფარი და, საერთოდ, ყველაფერი მოსწონდა ამ ქალისა, თუმცა ეს ქალი მტერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ქალი მტრად მიაჩნდა, რეზიკოს მაინც არ სძულდა ის ისე, როგორც ომარა, ომარას სიძულვილს ისევე აშკარად და ხელშესახებად განიცდიდა, როგორც უბეში დამალული ქვების სიცივეს შიშველ ტანზე. რეზიკოს უკვირდა ეს უცნაური გრძნობა უცნობი ქალისადმი, მაგრამ ეს სულ რაღაც ერთ წამს გაგრძელდა და მერე ომარას დედა რეზიკოსათვის ისევ ცივი და უცხო გახდა.

– სადაა ომარა?! – იკითხა რეზიკომ უხეშად.

– მამიდასთან გავგზავნე, შვილო, ხუთი წუთი არც არის, რაც წავიდა, –უთხრა ომარას დედამ ტკბილი და ალერსიანი ხმით და შეწუხებული სახით, – ცოტა ჩქარა რომ წახვიდე, დაეწევი, ჯერ რკინიგზაზე არ იქნება გადასული.

რეზიკოს გაეცინა გუნებაში და სწრაფად წავიდა.

რკინიგზის იქით ნაგვიანები სიმინდის ყანები იყო, სადაც ოღროჩოღრო საურმე გზა გადიოდა. რეზიკო ბევრჯერ ყოფილა იქ, ხან გზად, მეზობელ სოფელში მიმავალი, ხან კიდევ მწყრებისათვის მახის დასაგებად. მას უყვარდა პურობის დროს მწყრების დაჭერა, მაგრამ ახლა ამაზე არ ფიქრობდა. რეზიკომ გადაიარა რკინიგზის ლიანდაგი, გასცდა მეისრის ჯიხურს და მაღლობზე გავიდა. აქედან გადაიხედა ყანებისაკენ და დაინახა გზაზე მიმავალი კაცი. იმის გარდა არავის მოჩანდა მთელ გზაზე, ერთხელ იმ უნაპიროდ გაშლილ მინდორზე, რომლის ბოლოს ცა იყო ჩაკუპრული, ჩაშავებული, ცივი და საიდუმლოებით აღსავსე. უკვე ბნელდებოდა და მთელ ამ უზარმაზარ მანძილზე ძირს ჩამოწოლილ ცამდე არავინ არ იყო, რეზიკოსა და იმ. ერთი კაცის გარდა და ის ერთი კაციც რეზიკოს მტერი იყო. უცებ რეზიკომ იგრძნო, რომ გაუხარდა თავისი მტრის დანახვა. როგორც საყვარელი მეგობრის დანახვა, ისე გაუხარდა რეზიკოს თავისი მტრის დანახვა და ამავე დროს მოლოდინისაგან დაიძაბა. რეზიკო ჩამოვიდა მაღლიდან, გაიქცა გზაზე, ამოიღო უბიდან ქვა, შორიდანვე ესროლა და ზურგში მოარტყა ომარას. შეშინებული ომარა მობრუნდა და დაინახა რეზიკო.

– გაგიჟდი შენ? – უყვირა მან.

მაგრამ ამ დროს კიდევ მოხვდა ქვა მკერდში. მაშინ ომარა გაქანდა რეზიკოსკენ და პირველივე დარტყმით თხრილში გადააგდო.

რაღაც დროის განმავლობაში რეზიკო ვეღარაფერს ხედავდა, მაგრამ მერე გავიდა კიდევ რაღაც დრო და რეზიკომ დაინახა ცა და ომარას დაბნეული და გაკვირვებული სახე, რომელიც ციდან დაჰყურებდა. რეზიკო ნიდაყვებზე წამოიწია, ჩუმად წამოდგა, გასწორდა და შეამჩნია, რომ მხოლოდ მხრებამდე სწვდებოდა ომარას. მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო, მოიქნია მარჯვენა ხელი და სახეში სთხლიშა ომარას, იმწამსვე მიაყოლა მარცხენაც და მერე ისევ მოიქნია მარჯვენა, მაგრამ ამ დროს თვითონ მოხვდა სახეში მაგარი მუშტი, რომელსაც გაუძლო და გულში მთელი დღის განმავლობაში დაგუბებულ გააფთრებას ახალიც დაემატა და მთელი სიძულვილით, მთელი მონდომებით მოქნეული მარჯვენა მაინც მოარტყა სახეში ომარას, შემდეგ კი მორიგი დარტყმისაგან მუხლმოკვეთილი, მიწაზე დაჯდა•

– შენ გიჟი ხომ არა ხარ, ბიჭო, რა გინდა ჩემგან? – ღრიალებდა ომარა და ცხვირიდან წამოსულ სისხლს აკავებდა, – თუ გინდა, მიგახრჩო ამ მინდორში?!

ის თავზე ადგა რეზიკოს და შეშფოთებული და გაკვირვებული უყურებდა. რეზიკო მიწაზე იჯდა და თმები შუბლზე ჩამოშლიდა. რეზიკო ზიზღით უყურებდა ომარას თვალებში შუბლზე ჩამოყრილ თმებს შორის.

– რა მინდა? – თქვა რეზიკომ. მერე წამოდგა და მოიქნია ხელი, მაგრამ ომარა უკვე ელოდა ამას და აიცდინა დარტყმა. მერე თმაში სტაცა ხელი რეზიკოს, ძირს დაახრევინა თავი და რამდენიმეჯერ მუხლი ამოარტყა სახეში. რეზიკოს ცხვირიდან სისხლი წასკდა, და ომარამ ხელი უშვა, რომ არ დასვრილიყო სისხლით და გვერდზე გახტა, განთავისუფლებული რეზიკო კი ისევ გაქანდა მისკენ, სისხლში მოსვრილი სახით და მკერდით, საბრძოლველად მოღერებული მუშტებით, მაგრამ სანამ დაეძგერებოდა თავის მტერს, ძლიერმა დარტყმამ ისევ შეატორტმანა და ძირს დააგდო. რაღაც დროის განმავლობაში რეზიკო ისევ ვერ ხედავდა ვერაფერს, მაგრამ
მერე ისევ გავიდა რაღაც დრო და რეზიკომ გაახილა თვალები და დაინახა ცა, რომელიც ახლა უფრო მუქი, უფრო ბნელი, უფრო უცხო და საშიში ეჩვენა, და რეზიკოს შეეშინდა თავისი სიმარტოვისა, შეეშინდა იმისი, რომ არ იცოდა რამდენ ხანს იწვა უგრძნობლად მიწაზე. არ იცოდა, სად იყო ომარა, დაიმალა თუ ისევ აქ იდგა, და მან წამოსწია თავი, გაიხედა წინ და დაინახა ომარა, რომელიც შორს წასულიყო, მაგრამ წარამარა იხედებოდა რეზიკოსკენ. რეზიკოს გაუხარდა მისი დანახვა. დღეს უკვე მეორედ გაუხარდა რეზიკოს თავისი მტრის დანახვა. ის წამოდგა და უკან გაჰყვა ომარას.

ისინი მიდიოდნენ სიმინდის ყანებით გარშემორტყმულ ცარიელ გზაზე, არც წვიმდა, არც მზე იყო, თანდათან ბნელდებოდა და მოწყენილი იერი ედო ირგვლივ ბალახს და მიწას. რეზიკო ახლა აღარ ფიქრობდა თავის ძმაზე, მას აღარ ეცოდებოდა ის, არც საკუთარი თავი ეცოდებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ტკივილი გულში არ გამქრალიყო, თუმცა სადღაც რომელიღაც კუნჭულში დაიმალა და ფართო ადგილი მისცა შურისძიების ვნებას, რომელსაც განუწყვეტელი გააფთრებით მიჰყავდა რეზიკო წინ, საბოლოო სიმშვიდისა და ჩუმი სიხარულის მოლოდინში. ვის მიმართ იყო მიმართული ეს შურისძიება, ომარისადმი, საკუთარი თავისადმი. რათგან თვითონაც იყო დამნაშავე თავის ტანჯვაში, თუ საერთოდ, ცხოვრებისადმი, რომელიც ძალიან ხშირად ისე ააწყობს საქმეს, როგორც არ უნდა მოინდომო. მაინც ვერაფერს გახდები, – რეზიკო ვერ არკვევდა. მასში ეს გრძნობა ომარის წინააღმდეგ გაერთიანდა და ის მიჰყვებოდა ომარას უკან, თანდათან უახლოვდებოდა და ცდილობდა, მეტი ძალ–ღონე მოეკრიბა, სანამ ხელმეორედ დაეძგერებოდა. ბოლოს ომარას მობეზრდა ასე სიარული და გაჩერდა.

– ბიჭო, რა გინდა ჩემგან, რას მომდევ? – დაუძახა რეზიკოს.

რეზიკოს გაუხარდა, რომ ომარა გაჩერდა. ახლა საშუალება ჰქონდა თავისთვის ძალა აღარ დაეტანებინა და ისე დასწეოდა. ის შინაგანად მოემზადა და აუჩქარებლად წავიდა წინ.

– მითხარი, ბიჭო, რა გინდა ჩემგან? – გაბზარული ხმით ჰკითხა ომარამ მოახლოვებულ რეზიკოს და ცოტათი უკან დაიხია. რეზიკო მივიდა სულ ახლოს, შემდეგ გადახტა და მოუქნია ხელი, მაგრამ ვეღარ მოარტყა, რადგან ომარა მაღალი იყო და წინასწარვე გადასწია თავი უკან. მერე ორივენი ჩაეხვივნენ ერთმანეთს და დიდხანს ურტყამდნენ, რეზიკო ჩუმი გაშმაგებით, გაბოროტებით, ომარა ყვირილით, ისტერიულად. რეზიკო ტორტმანებდა დარტყმისაგან, მაგრამ მაინც მიიწევდა წინ და უყურებდა თავისი მტრის სახეს, რომელსაც უკვე მორეოდა სასოწარკვეთილება და შიში და ის, რეზიკო – გამხდარი, ნაცემი და დასისხლიანებული, შუბლზე ჩამოყრილი თმით, დაკაწრული ბეჭებით, ახლა უფრო მტკიცედ იყო დარწმუნებული თავის გამარჯვებაში და შეუპოვრად მიიწევდა სულ წინ და წინ, მიუხედავად დარტყმებისა, მიუხედავად ტკივილისა. ისინი კარგა ხანს ურტყამდნენ ერთმანეთს მუშტებს, ნიდაყვებს, თავებს, ფეხებს და ბოლოს ორივე დაიღალა. დაღლილობისაგან ბრაზი დროებით დაუცხრათ. ახლა იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, ორ-სამ ნაბიჯზე ნაცემი და დალურჯეგულები. მძიმედ სუნთქაედნენ და გულგრილად უყურებდნენ ერთმანეთს. უკვე სრულებით ბნელოდა და დაღამება ამ უკაცრიელ ყანებში იყო ისეთივე შემზარავი, როგორც სიცოცხლის უკანასკნელი წუთი. ისინი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, მოწყვეტილნი დროსა და სივრცეს, მოცილებულნი დედასა და მამას, მზრუნველსა და მახლობელ ადამიანებს, მოცილებულნი საყვარელ საქმეს და საყვარელ ადგილებს, დარჩენილნი მარტოდმარტო საკუთარი ვნებებისა და ბედის წინაშე და ირგვლივ აუტანლად ბნელდებოდა•

– ბიჭო, გამაგებინე, რა გინდა ჩემგან, რას გადამეკიდე? – ტირილნარევი ხმით იკითხა მერე ომარამ.

– ჩემს ძმას რატომ ახრჩობდი დღეს წყალში? – ჰკითხა რეზიკომ.

– რომელ შენს ძმას?

– რომელ ჩემს ძმას და რიჟას!

– რიჟას?

– ხო, როჟას!

– არ ვახრჩობდი, ისე გადავაგდე!

–რატომ გადააგდე?

– არ ვიცოდი, შენი ძმა თუ იყო!

– არ იცოდი? ჰოდა, ახლა მე შენ მოგახრჩობ, თუ კარგია.

– ვის მოახრჩობ, ბიჭო, შენ?

– ვერ მოგახრჩობ?

რეზიკო წინ წავიდა ნელ-ნელა, ომარა კი უკან-უკან იხევდა.

– გეუბნები, თავი გამანებე, ნუ გამაგიჟე, – თქვა ომარამ და ახლა მის ხმაში უფრო ძლიერ გაისმა სასოწარკვეთილება, – დამანებე თავი, თორემ შემომაკვდები!..

მაგრამ რეზიკომ იმის სიტყვებს ყური არ ათხოვა და თავით დაეძგერა მკერდში. ომარამ წაიფორხილა, მერე წიხლი მოარტყა ხელმეორედ გამოქანებულ რეზიკოს და გვერდზე გახტა.

– გამანებე თავი! – დაიყვირა მან.

რეზიკო ისევ პირდაპირ თვალებში უყურებდა დაჟინებით და არავითარი ახალი გადაწყვეტილება არ ეტყობოდა სახეზე.

– არ ვიცოდი, შენი, ძმა თუ იყო, – თქვა ომარამ. რეზიკო იდგა მის წინ, წელში ოდნავ მოხრილი და მომზადებული ახალი იერიშისათვის.

– რომ მცოდნოდა, შენი ძმაა, ხელს არ ვახლებდი, – თქვა ისევ ომარამ და ცრემლი წამოუვიდა, – გამანებე თავი, ბოდიშს ვიხდი.

– ბოდიშს იხდი? – ჰკითხა რეზიკომ.

– ჰო, ბოდიშს ვიხდი, მაპატიე, – თითქმის ტირილით თქვა ომარამ,–––დამანებე თავი, თორემ მოგკლავ... დამანებე თავი, მომეშვი!..

– მუხლზე დადექი და მოგეშვები, – უთხრა რეზიკომ

– არ დავდგები მუხლზე! – იყვირა ომარამ.

– დადგები, – თქვა რეზიკომ.

– არ დავდგები! – იყვირა ისევ ომარამ.

– დადგები. – უთხრა რეზიკომ.

– არ დავდგები მუხლზე, არ დავდგები, არ დავდგები, არ დავდგები მუხლზე! ყვიროდა ომარა და უცებ ატირდა, მერე სახეში წაიშინა მუშტები და გამწარებული მთელი აბღავლდა: – არ დავდგები მუხლზე, დამანებე თავი, დამანებე თავი, დავანებე თავი, თორემ მოგკლავ!..

რეზიკო იდგა და უყურებდა ომარას. ხვდებოდა, რომ საქმე ამით დამთავრდა. უკვირდა, რომ არავითარ სიხარულს არ გრძნობდა. პირიქით, ახლა უფრო ძლიერ სტკიოდა გული და არ კი იცოდა, რატომ. ყველაფერი ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ იცოდა, რა ექნა. ის იდგა დაბნეული და უყურებდა ატირებულ ომარას. რომელიც სახეში იშენდა ხელებს და მთელი ხმით ყვიროდა:

– გეუბნები, თავი დავანებე!.. თავი დავანებე, თორემ მოგკლავ, გეუბნები!..


* * *

უკვე მთლად ბნელოდა. სადღაც შორს გაისმა მატარებლის კივილი და მერე ისეე სიჩუმე ჩამოვარდა. რეზიკო ბრუნდებოდა სახლში ჩაფიქრებული. სახლში მას ელოდა მოხუცი ბებია და პატარა ძმა, რომელსაც ამ დილით უმიზეზოდ სცემა და მერე სხვებმაც დაჩაგრეს. ახლა რეზიკოს ისევ სტკიოდა გული. გამარჯვებამ, რომელსაც მან მიაღწია სიძულვილით და არა ძალით, არ მოუტანა შვება. შურისძიებამ არაფერი არ შესცვალა ყველაფერი ისევ ისე დარჩა. რაც მოხდა, უკვე მომხდარი იყო და არ შეიძლებოდა მისი შეცვლა არც შურისძიებით, არც სინანულით. ყოველივე ამის გამო რეზიკოს ისევ სტკიოდა გული და ჩაფიქრებული მიდიოდა სიბნელეში ბუნდოვანი და მტანჯველი ფიქრები ირეოდა მის თავში. მან არ იცოდა, რომ არსებობს უმიზეზო უსამართლობა, როდესაც ხშირად, საკუთარი ნების წინააღმდეგ, ცხოვრებას მიჰყევხარ იქ, სადაც არ გინდა, გაკეთებინებს იმას, რაც არ გინდა და ყოველივე ამის გამო სამუდამო ტკივილს გიტოვებს გულშო რომელიც შემდეგ აღარასოდეს, აღარაფრით აღარ შეიძლება წაიშალოს და ბოლომდე გტანჯავს. ამიტომ უნდა ეცადო, რომ არასოდეს არ გაუკეთო ცუდი იმას, ვინც ისეთივე ადამიანია, როგორიც შენ თვითონ ხარ. მთავარი ეს არის და არა სიამაყე, მთავარია სიკეთე. მხოლოდ სიკეთე და სულგრძელობაა უმაღლესი და ჭეშმარიტი ადამიანური თვისებები, ყოველივე დანარჩენის მნიშვნელობა მოჩვენებითია. რეზიკო ჯერ კიდევ ბავშვი იყო და, რა თქმა უნდა, ზუსტად ასე არ ფიქრობდა, ყოველივე ეს არ ჰქონდა გააზრებული. ამას მხოლოდ ინტუიციით გრძნობდა, თუმცა მთლიანად ვერც ინტუიციით სწვდებოდა იმის არსს, რაც. აწუხებდა. ის ბრუნდებოდა სახლში შეუცნობელი და დაუკმაყოფილებელი ვნებებით აღსავსე, მის ირგვლივ კი უზარმაზარი ქვეყანა იყო ისე ბნელი და შავი, როგორც უნუგეშო სევდა.

1968