![]() |
ილია ჭავჭავაძე თხზულებანი (ტომი V, კრიტიკა) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ჭავჭავაძე ილია |
| თარიღი: 1991 |
| აღწერა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული, ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისი, 1991 „მეცნიერება“ 1991 84 Гр 1 ჭ 152 ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მთავარი სარედაქციო კოლეგია მთავარი რედაქტორი: გიორგი ციციშვილი გიორგი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ირაკლი აბაშიძე, ალექსანდრე ბარამიძე, თამაზ გამყრელიძე, ალბერტ თავხელიძე, ალექსანდრე კალანდაძე, ქეთევან ლომთათიძე, გიორგი მერკვილაძე, ელენე მეტრეველი, გურამ ფანჯიკიძე, რევაზ ღლონტი, გურამ შარაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, სარგის ცაიშვილი, ვალენტინა ძიძიგური, შოთა ძიძიგური, ზურაბ ჭუმბურიძე, (პ/მგ მდივანი), ტომის რედაქტორი: გიორგი აბაშიძე ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, ვარიანტები, შენიშვნები და საძიებლები დაურთეს: ეთერ შარაშენიძემ, ლამარა მეგრელიშვილმა, ცისანა ყიფშიძემ, ლამარა შავგულიძემ და ლევან ჭრელაშვილმა მხატვარი: გიორგი ლომიძე ჭ 4603020102/M607 (06)-90 102-90 ©გამომცემლობა „მეცნიერება“, 1991 ISBN 5 – 520 – 00847 – 7 |
![]() |
1 რედაქციისაგან |
▲back to top |

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის წინამდებარე მეხუთე ტომი ილიას ლიტერატურულ-კრიტიკულ და ესთეტიკურ ნააზრევს ეთმობა, - ფასდაუდებელ მემკვიდრეობას, რომელმაც განსაზღვრა ქართული ლიტერატურული და მხატვრული კრიტიკის, საზოგადოდ ქართული ლიტერატურათმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობისა და ესთეტიკური აზროვნების განვითარება და დიდმნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ეროვნული სულის აღორძინებაში: მწერლის მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკასთან ერთად სათავე დაუდო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს „აზრთა და მიმართულების წინსვლას, წარმატებას, გონების თვალთახედვის გაგანიერებას, განდიდებას, გაძლიერებას“, გამოაფხიზლა მიძინებული ქართველობა და „მაღლა ასწია მისი ეროვნული ცნობიერება, მისი გრძნობა მამულისმოყვარეობისა“.
საგულისხმოა, რომ ილია ჭავჭავაძის პირველმავე ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილებმა მკითხველი საზოგადოების საყოველთაო ინტერესი გამოიწვია და რომ ახალგაზრდა მწერალს სწორედ ამ წერილებმა მოუპოვა ფართო აღიარება; მეტად საყურადღებოა, რომ ილიას სწორედ ეს პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები იქცა იმ ურყევ სამანად, საიდანაც იწყება არა მხოლოდ ახალი ეტაპი ქართული მწერლობის და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებისა, არამედ ახალი ეპოქა ქართველი ერის ცხოვრებაში, - დიადი ეპოქა, როცა ილიას წინამძღოლობით „საქართველომ სცნო და იპოვა თავისი დაკარგული სახე“, როცა საქართველოში კვლავ „გამობრწყინდა დავიწყებული სიტყვა „მამული“ მთელის თავის გულთ-მიმზიდველ და დიდებულ მნიშვნელობითა“ და დამონებულმა ქართველმა ერმა ნათლად გააცნობიერა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენის, ფეხზე დაყენებისა და დაცვის“ სასიცოცხლო აუცილებლობა.
მაგრამ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-ესთეტიკური ნააზრევის მნიშვნელობა - ისევე როგორც, საერთოდ, ილიას მთელი შემოქმედებისა, - მარტოოდენ მისი ისტორიული როლით არ შემოიფარგლება. ამ ძვირფასი მემკვიდრეობის ჭეშმარიტი ღირებულების უტყუარი მანიშნებელი მისი წარუვალი, უშრეტი ცხოველმყოფელობაა, - ის ფაქტი, რომ იგი ამჟამადაც ინარჩუნებს პირვანდელ ძალასა და ხიბლს და ახლაც განაგრძობს თავისი მისიის აღსრულებას: კვლავინდებურად ასაზრდოებს ქართველობის გულთათქმასა და ჭკუა-გონებას და დღესაც რჩება ჭეშმარიტების ერთგულების, „თვითმსჯელობისა და თვითმხედველობის“, მაღალი პროფესიონალიზმისა და პრინციპულობის შესანიშნავ ნიმუშად, დიდებულ მაგალითად ქართული მწერლობისა და ხელოვნების, ქართული სულიერი კულტურის აღორძინებისათვის ღვწისა და ბრძოლისა, მშობელი ერისა და მამულის ქედუხრელი მსახურებისა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები ცალკე კრებულად პირველად 1909 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემული მცირე მოცულობის წიგნი, რომელშიც ილიას მხოლოდ რამდენიმე წერილი შევიდა; ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-კრიტიკული და ესთეტიკური ნააზრევი ბევრად უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი მწერლის ნაწერების 1925-1929 წლების გამოცემაში, რომელიც გამომცემლობა „ქართულმა წიგნმა“ პავლე ინგოროყვას და ალექსანდრე აბაშელის რედაქციით განახორციელა და რომელმაც თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ილიას მდიდარი სულიერი მემკვიდრეობის გამოვლენის, შესწავლა-შეფასებისა და პოპულარიზაციის საქმეში; დაბოლოს, ილიას წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ახლადმიკვლეული მასალებით იქნა შევსებული მწერლის თხზულებათა ათტომეულში, რომელიც 1951-1961 წლებში გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის გრიფით, პავლე ინგოროყვას რედაქტორობით. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სხვადასხვა კრებულები, რომლებიც შემდგომ ხანებში გამოქვეყნდა, ზემომითითებულ გამოცემებს ემყარებიან და ამიტომ, გასაგებია, არ შეიცავენ განსხვავებულ მასალებს, თუმც დასახელებული გამოცემებიდან განვლილი დროის მანძილზე ქართველ მკვლევართა მიერ (პლატონ კეშელავა, თამარ მაჭავარიანი, შალვა გოზალიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, ნადია შალუტაშვილი, ნოდარ ტაბიძე, ლევან ჭრელაშვილი) ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებისადმი მიძღვნილი ილიას არაერთი წერილი თუ რეცენზია იქნა მოძიებული.
წინამდებარე ტომში თავმოყრილია ილია ჭავჭავაძის სადღეისოდ გამოვლენილი ყველა წერილი, რეცენზია, ფელეტონი, სიტყვა თუ ჩანაწერი, რომლებიც ლიტერატურის და ხელოვნების ზოგად პრობლემებსა თუ კონკრეტულ ფაქტებს და მოვლენებს, ან მწერლობისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგების წარმომადგენელთა შემოქმედებით მოღვაწეობასა თუ მხატვრულ მემკვიდრეობას ეძღვნება.
არაერთგზის გამოქვეყნებულ წერილებს გარდა ტომში სამ ათეულამდე ისეთი წერილიცაა შეტანილი, რომლებიც დღემდე ილიას თხზულებათა არც ერთგამოცემაში არ დაბეჭდილა და მარტო სპეციალისტთა ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი; ტომში შესული ზოგიერთი წერილის ილიასეულობა კი სულ ახლახან დადგინდა, - მწერლის თხზულებათა წინამდებარე გამოცემის მომზადების პერიოდში, ტომის შემდგენლების მიერ.
ზემოთქმული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, თითქოს წინამდებარე ტომი სავსებით ამოწურავს ილია ჭავჭავაძის მდიდარ და მრავალფეროვან ლიტერატურულ-ესთეტიკურ ნააზრევს: ცალკეული შეხედულებები, მოსაზრებები, დაკვირვებები თუ შენიშვნები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე უხვადაა გაბნეული ილიას მრავალრიცხოვან პუბლიცისტურ ნაწერებში, და თავისთავად ცხადია, რომ ამ ნაწერების გაუთვალისწინებლად - ისევე როგორც მწერლის მხატვრული და ეპისტოლარული მემკვიდრეობის გარეშე, - შეუძლებელია დასრულებული, სრულყოფილი წარმოდგენის შემუშავება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-კრიტიკულ შეხედულებებზე თუ მის ესთეტიკაზე საერთოდ; წინამდებარე ტომში კი, ბუნებრივია, ილიას პუბლიცისტიკიდან მხოლოდ და მხოლოდ ის წერილები იბეჭდება, სადაც მწერლობისა და ხელოვნების საკითხები ყურადღების ცენტრშია მოქცეული.
მიუხედავად ამისა, ტომში გაერთიანებული მასალების უდიდესი მნიშვნელობა ეჭვგარეშეა: აქ წარმოდგენილია ილიას კრიტიკული და თეორიული ლიტერატურულ-ესთეტიკური მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი, რომელიც ძირითად საყრდენად გვევლინება ამ მემკვიდრეობის მაღალი ღირებულების გასაცნობიერებლად. ამ მხრივ წინამდებარე ტომი ყველაზე სრულია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა დღემდე არსებულ გამოცემებს შორის და ყველაზე მკაფიოდ წარმოგვიჩენს ბუმბერაზი მწერლისა და მოაზროვნის ლიტერატურულ-ესთეტიკური ნააზრევის ფართო არეალს, ილია ჭავჭავაძის, როგორც ლიტერატურისა და ხელოვნების თეორეტიკოსისა და კრიტიკოსის, ჭეშმარიტ მასშტაბსა და დიაპაზონს.
წინამდებარე ტომის ტექსტი, ისევე როგორც ჩვენი გამოცემის სხვა ტომებისა, გამოსაქვეყნებლად მომზადდა ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფების და ილიას სიცოცხლისდროინდელი ყველა ხელნაწერი და ნაბეჭდი წყაროების გათვალისწინებით, - იმ პრინციპების შესაბამისად, რომლებიც პირველი ტომის სარედაქციო წერილშია ჩამოყალიბებული.
![]() |
2 წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე |
▲back to top |
![]() |
2.1 ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა |
▲back to top |
როცა გაგვახსენდება კაზლოვი და მისი პოეზია, თუკი არის პოეზია მის დაძალებულ ცრემლიან ლექსებში, როცა გაგვახსენდება, მაშინვე ენაზედ მოგვადგებიან ჩვენ სასიქადულო რუსთაველის სიტყვები, მხოლოდ ჩვენებურად კი დავიწყობთ ხოლმე:
„კაზლოვის ლექსი ცოტაა, ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალუძს სრულქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა;
ვამსგავსე შვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა, -
და დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს* ხოცვა ნადირთა მცირეთა“.
ეს ლექსები, თუ არ ამაღლებენ კაზლოვს, სრულიად არ ამცირებენ: კაზლოვის ნიჭი სწორეთ იმ ყრმა მონადირეების შვილდია, რომელიც ტოროლის და ჩიტის მეტს ვერას განჰგმირავს. თუმცა ზოგიერთნი რუსნი ჰხედვენ კაზლოვში რაღაც პატარა ტალანტსა, მაგრამ ჩვენ სრულიად არაფერს არა ვხედავთ; და თუ ვხედავთ, პატარას კი არა, ძალიან უპატარესსა, ბეწვის ოდენას, ისიც იმისთვის, რომ ორიოდე ლექსი აქვს, მართლა-და ცოტა სიამოვნებით წასაკითხავნი და გრძნობით გამთბარნი. აი ის ლექსები, რომელნიც ჩვენ საუკეთესოდ მიგვაჩნია: «Вечерний звон», რომელიც ერთ დროს დიდ პატივში იყო, ასე რომ ყოველ რუსის ცოტაოდენ განათლებულს ხალხში მღეროდენ ხოლმე; «На погребение Английского генерала Сира Джона Мура», ესეც თავისი არ არის, ნათარგმნია; მაგრამ კარგი თარგმანიც სასარგებლოა; «Роман Дездемоны», შექსპირიდგან თარგმნილია. ამათ გარდა, იქნება ორი თუ სამი ლექსი კიდევ გვაჩვენოთ მთელ კაზლოვის თხზულებაში სასიამოვნონი, თორემ დანარჩენ ლექსებში, სუყველგან თითქმის, დაძალებული, ე.ი. ძალად მოყვანილი გრძნობაა. ძალად მოყვანილი ცრემლი სასაცილოა, საზიზღარი და არა სამწუხარო დასანახავად.
კაზლოვი იყო კარამზინის სხოლის მწერალი. არამც თუ მარტო თავის ლექსებს კაზლოვმა შეჰყარა ჭირი იმ წირპლიან სხოლისა, არამედ სხვადასხვა პოეტებსაც, რომელთაცა ჰსთარგმნიდა და რომელთაცა სულ არ ჰსცვიოდათ ძალად გაჭიმულ პაწაწინა გრძნობის უმარილო ცრემლი კარამზინსავით და მის მიმყოლ კაზლოვისავით. მიიღეთ შრომა, გადაშალეთ კაზლოვის გაბერილი წიგნი და ყურადღებით განიხილეთ ლექსები ანდრე შენიესი, ფრანციის პოეტისა; ძლივსღა იცნობთ კაზლოვის ლექსებში იმ შენიეს, რომელმაც წარსულ საუკუნეში თითქმის პირველად დაანახვა ფრანციას, და მის გამო ევროპიასაც, ჭეშმარიტი, ნამდვილი პლასტიკა საბერძნეთის მშვენიერებისა, და ამით, თუ არ დასცა ზარი, შეარყია მაინც თვის საფუძველში ცრუკლასიკური მიმართულება ფრანციის ლიტერატურისა. კაზლოვის თარგმანში ისე ცხადად არ ისმის ის ნაზი და წრფელი სიტკბოება მშვენიერებისა, ის უმანკო, უცოდვილო და ნამდვილი ბგერა გულისა, ის ქროლა პოეზიისა, რომლითაც ანდრე შენიე ჯადოსავით მოჰხიბლავს ხოლმე კაცსა. მაგრამ ანდრე შენიეს ლექსები კაზლოვის თარგმანში ისე ბევრნი არ არიან და არც ისე უფერულნი, როგორც სახელოვანი მიცკევიჩის „ყირიმის სონეტები“. ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი, - რარიგ უსულდგმულო, უსურნელო ყვავილებად შეიცვალნენ კაზლოვის თარგმანში! არამც თუ კაზლოვმა [არ] - შეარჩინა მიცკევიჩის სონეტებს ფორმა სონეტისა, არამედ არ შეარჩინა თითქმის არც ის მშვენიერნი სურათნი, რომელშიაც ისე ნათლად გამოეხატვნენ წუთის გრძნობანი იმ სახელოვან პოლშელ პოეტს. დასარწმუნებლად შეადარეთ თარგმანი კაზლოვისა უფ. ლუგოვსკის იმავ სონეტების თარგმანთანა, რომელიც გამოიცა ოდესაში 1859 წელსა, როგორც გვახსოვს. თუმც არც უფ. ლუგოვსკის თარგმანია ძალიან მოსაწონი და საქებელი, მაგრამ მაინც ეს უფრო განუზომლად უკეთესია კაზლოვის თარგმანზედა. ამათ გარდა, სხვა ბევრი პოეტები ალაგ-ალაგ გადმოთარგმნილი ჰყავს, და სხვათა შორის ლორდი ბაირონიცა. ბაირონი უთარგმნია კაზლოვს ნაწყვეტ-ნაწყვეტად და ერთი მთელი პოემაც ამისი, წოდებული «Абидосская Невеста», მაგრამ სად არის კაზლოვის თარგმნაში ის მეხი სიტყვა, ის საკვირველი ძლიერი სული ბაირონის გენიისა!
ბაირონმა ბევრი ტალანტები გაიტაცა: არა პოეტს თითქმის არ დაუბადნია მბაძავნი იმოდენა, რამოდენაც დაჰბადა ბაირონმა ევროპაში და ნამეტნავად რუსეთში, თუმცა კი სატანის სხოლის თავადად უხმობდნენ თანამედროვენი ბაირონსა. რასაკვირველია, მისი მბაძავნი ზოგნი სულ უნიჭონი იყვნენ, ზოგნი კი კარგა დიდ ტალანტებისანი, რომელთათანაც კაზლოვი ბუზად გამოჩნდება. თითონ პუშკინიც მთელ თავის გენიით ვერ გადურჩა ემაგ ჭირსა; მთელი ერთი პერიოდი პუშკინის წერისა, „კავკაზიის ტყვიდგან“ დაწყობილი „ევგენი ონეგინამდინ“, და თვით „ევგენი ონეგინიც“, თითქმის იყო ბაირონის გავლენის ქვეშა. ლერმონტოვიც ჰბაძავდა ბაირონსა; მთელ მის პოემას ეტყობა, როგორც ზემოხსენებულს პერიოდს პუშკინისას, ბეჭედი მომხიბლავ ბაირონის გენიისა, თუმცა კი ლერმონტოვი, როგორ მბაძავი ბაირონისა, მაღლა დგას თვით პუშკინზედაც. აი ეს უპირატესნი ვარსკვლავები რუსის ლიტერატურისა და, ამათ გარდა, რამდენი სხვა პაწაწკინტელა პოეტები იყვნენ ბაირონის გავლენის ქვეშა!.. ეს საზოგადო ჭირი იმ დროებისა ჩვენ კაზლოვსაც შეეყარა. მართლა-და კაზლოვი არადროს არ ყოფილა თავისუფალი მწერალი. ის არამც თუ იყო მარტო ბაირონის გავლენის ქვეშა, არამედ ბრმადა ჰბაძავდა, ასე რომ თავის საკუთარს ლექსებში ბაირონის თითქმის სიტყვებს, სურათებსა ჰხმარობდა. გაშინჯეთ, მაგალითად, მეცხრე გვერდი კაზლოვისა «Чернец»-ისა, ჩაიკითხეთ ცამეტი სტრიქონი და შეადარეთ ბაირონის „მანფრედის“ სიტყვებთანა, როცა იგი ელაპარაკება წყლის ფეიასა. როგორც «Чернец», ისე «Наталия Долгорукая» - ეს ორივ პოემა კაზლოვისა - ბაირონის გავლენისანი არიან; ამ პოემებზედ ეტყობათ, რომ კაზლოვი ცდილა ბაირონის გმირებისავით რიღაცის გამოხატვასა, მაგრამ სად შეეძლო კაზლოვის პაწაწა ნიჭსა შთაებერნა კაზლოვის გმირებისათვის ის მორჭმული, მოუდრეკელი სული ბაირონის ხასიათებისა! განა მარტო სიბნელე მოთხრობისა, მწუხარება, წყევლა და აი! უი! ოხ! უხ! და ამაზედ უფრო უძლიერესნი შორისდებულნი შეჰქმნიან ბაირონსა? ბაირონის გმირები კაზლოვის ბერისავით არ კნავიან და ჩივიან, რათა ნუგეში სცეს ვინმე; ისინი ისეთ აგებულებისანი არიან, რომ თავის ტანჯვების წვაში, ეჭვის ღრღვნაში, თავის სულის წყურვილში ჰხედვენ უკვდავების ღირსს ცხოვრებასა, ისინი არ შეეკედლებიან მონასტრის კედლებსა მოსასვენებლად, იმათ სულ მოძრაობა უნდათ; ისინი არ მირბიან გულის გაუთავებელ წყულულთა მოსარჩენად კაცთან, არამედ თავიანთთავე გულის სიღრმეში და სულის უკვდავებაში ეძებენ სასოწარკვეთილების წამალსა. ბაირონის ნაცვლად, რომელსაცა ცრემლის მაგიერ მდუღარე ტყვია ჰსცვივა თვალთაგან და კალმის მაგიერ ხელთ ეპყრა მეხი, იმ ბაირონის ნაცვლად, კაზლოვი შეიქმნა ერთ კარამზინის სხოლის მტირალ და ღრეჭია აშუღადა. მაგრამ ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ერთ დროს კაზლოვი მიიზიდავდა რუსებსა. მისმა «Чернец»-მა დაუგდო ხმა შუათანა მწერლისა რუსეთში; ეგ საზოგადოების მიღება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მწერალი ტალანტიანია; აი, მაგალითად, ჩვენში, ქართველებში, დიდი მწერლის ხმა აქვს დაგდებული ჩახრუხაძესა, მაგრამ არამც თუ დიდი, პატარაც არა ბძანდება ის კურთხეული. მისი თამარის ქება მთელ მოთხრობის ოდენაა, ზედშესრულით დაიწყობა და თითქმის ზედშესრულით თავდება. რა ვაი-ვაგლახით და კისრის მტვრევით მოგოგამს დავარდნილ ცხენსავით მისი ოცმარცვლოვანი ტყვიასავით მძიმე ლექსები!.. არც აზრი, არც სურათი, არც მშვენიერება, არც ჭკუა, არც გული, არაფრისთანა არაფერი, გარდა ზედშესრულების რახარუხისა! აბა ეხლა ნახეთ, რა სახელი აქვს ჩვენში! სადაც რუსთაველს, მაგ თითქმის გენიასა, ახსენებენ, იქ, გინდათ თუ არა, წამოაკუნკულებენ ჩახრუხაძესაც,: რომელსაც, გვგონია, ფიქრადაც არა ჰქონია ამისთანა დიდების იმედი. ეგ რად გინდათ, აიღეთ რუსეთში ხერასკოვი, სუმაროკოვი და სხვა მათებრ გაბერილები თავიდან ფეხამდინ უნიჭობითა, რამდენ მკითხველსა და ტაშისმკვრელსა შოულობდნენ გაუნათლებელ რუსეთშია! ეხლა რად უნდა გვიკვირდეს, რომ კაზლოვსაცა ერთ დროს ჰყვანდა მკითხველიც და მაქებარიც. ამას კაცური სიტყვა მაინც ჰქონდა, რო სხვა არაფერი იყოს. ჩვენ გვინდა ამით ვსთქვათ, რო მაშინ რუსეთის საზოგადოება არ იყო ისე ესტეტიკურად გახსნილი და განვითარებული, როგორც პუშკინის შემდეგ და ნამეტნავად ეხლა; იმათთვის ძალიან საკმაყოფილონი იყვნენ ის სენტიმენტალური, ყალბი გრძნობიანი, მტირალა და წირპლიანი მწერლები, რომლების თავი და თავი, პირველადი ბაირახტარი იყო თვით სახელოვანი კარამზინი. ამის „უბედურ ლიზას“, რომელიც გადმოთარგმნილი იყო ქართულზედ და დაბეჭდილი ჩვენ „ცისკარში“, კითხულობდნენ თვით პუშკინის დროსაც, თუმცა ეხლა კარგ რუსსა სატანჯავად მიაჩნია მისი წაკითხვა. სწორედ ამისთანა მხვედრი ჰქონდათ კაზლოვის პოემებსაც, თუმცა ესენი მაღლა დგანან კარამზინის „უბედურ ლიზაზედ“. კაზლოვის მოსათმენი ენა, შუათანა, შეუკვეცავი რითმა, ზოგიერთგან გრძნობიანი სიტყვა და უფრო ის ბნელი და მწუხარე საგანი მის «Чернец»-ისა და «Наталия Долгорукая»-ისა არ იყვნენ უკანასკნელნი მიზეზნი, რომ მაშინ რუსები მაგ პოემებს კითხულობდნენ. კაზლოვის „შეშლილის“ ქება კი ჩვენ არსად შეგვიტყვია, და თუ უქია ვისმეს, უთუოთ კაზლოვის თხზულების გამომცემს უქია. იმ გამომცემს, რასაკვირველია, სხვა, შიგნიტიკური, მისატევებელი მიზეზი ექნებოდა ქებისა, რადგანაც მარტივნი ამა ქვეყნისანი მალე დაიტაცებდნენ გამოცემულ წიგნსა და მით გაახარებდნენ გამომცემის მგლოვიარე ჯიბესა. ამას გარდა, ჩვენ ვფიქრობთ კიდეც, რომ სწორეთ იმ გამოცემის სიტყვებს უმოქმედნია, რომ თ. რევაზ შალვას ძეს ერისთავს აუღია ეგ უშვერი და გამოუსადეგი პოემა ქართულს ენაზედ გადმოსაღებელად, თორემ თქვენვე გაშინჯეთ, ჩვენო მკითხველო, რა საჭიროა ეხლა ან ჩვენ ლიტერატურისათვის, ან ხალხისათვის სენტიმენტალურ სხოლის მწერლების გაცნობა? რამდენიმე წლის წინათ უ[ფ]. სარდიონ ალექსი-მესხიშვილმა გადმოთარგმნა სენტიმენტალურ სხოლის მწერალი მარმონტელი და ეხლა იმავე სხოლის მწერალი კაზლოვი გადუთარგმნია თავად ერისთავს. იქნება ფიქრობენ, რომ ჩვენი ლიტერატურა არ აღზდგება, თუ არ განიმეორა თავის განვითარებაში წარსულ დროთა სიცრუე და ცთომილება?! თუ ამას ფიქრობენ, მაშ ისტორიას აღარა აქვს თავისი დიდი მნიშვნელობა. ისტორია იმითია დიდი, რომ გვაჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას, მასთანავე გვასწავლის ჭკვასა, როგორ უნდა მოვიქცეთ. წინა კაცსა უკან მომდევარი იმისთვის უყურებს, რომ, ვინიცობაა, წინამ ფეხი წამოჰკრას და ყირაზე გადაიაროს, უკანამ ნახოს და იმ გზას შორს მოუაროს. მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ. რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, - ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ.
მართლა-და საკვირველია! თუ კაცს რუსულიდგან თარგმნა უნდა რისამე, პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი როგორ უნდა დაავიწყდეს და მივარდეს წირპლიანს კაზლოვსა, მერე ნეტავ იმის ცუდ პოემებში უცუდესი მაინც არ ამოერჩივა თავად ერისთავს. ეს „შეშლილი“ - მართლა რომ შეშლილი - რა სათარგმნელია? მაგრამ ერთის მხრით თავად ერისთავს კარგი უნებებია, რომ ღონის გასაშინჯავად და გამოსაცდელად კაზლოვი ამოურჩევია. ეხლა თვითვე, გვგონია, დარწმუნდნენ, რომ არამც თუ პუშკინის და ლერმონტოვის თარგმნა შეეძლოს, არამედ კაზლოვისაცა და სხვათა უფრო მდარეთა რითმების მბეჭველთა პოეტთა, რომელნიც რუსეთში ქვიშაზედ უმრავლესნი არიან. დიახ, ძალიან კარგად მოქცეულა თავადი ერისთავი, რომ პუშკინის და ლერმონტოვისათვის ხელი არ უხლია, თორემ ამათი ქმნულებაც ისე წაეხდინა, როგორც წაუხდენია კაზლოვის „შეშლილი“, სწორედ ღვთის გმობა იქნებოდა.
ეხლა მივუბრუნდეთ და მოკლედ განვიხილოთ თვითონ კაზლოვის პოემა „შეშლილი“, რა წითელი კოჭი ბძანდება რუსულს ენაზედ, მერე ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ თარგმანს; მაგრამ, ჩემო მკითხველო, ჩვენ სტატიაში ნუ ელოდებით ესტეტიკურ კრიტიკასა; ვინ ჩვენ და ვინ ესტეტიკური კრიტიკა! ჩვენ ერთი უბრალო სიკვდილის შვილი ვართ, სად შეგვიძლიან? და თუნდ დიდი, დიდი ბობოლაც რომ ვიყოთ და შეგვეძლოს, ამ „შეშლილში“ მცირედი საზრდოც არ არის ესტეტიკურ კრიტიკისათვის. ეგ პოემა არის ჩვენ „ეო-მეოსავით“ რაღაცა უბრალოდ აღსრულებული, რაღაც ბნელი სუჟეტი. აქ ისმის რაღაც უიმედო სიყვარულის ტანჯვა, რაღაც უგემური ჩივილი, კვნესა და ოხვრა რუსის გოგოსი, როგორც კაზლოვი ანბობს. ტანჯვა და რაღაც ჩივილის მზგავსად კნავილი არც ტანჯვასა ჰგავს, არც ჩივილსა; აქ არ ისმის ის გულის განმგმირავი კვნესა მოტყუებულ გულისა, აქ არა ჩანს ის უნებური სიუგუნურე მარტივ სოფლის გოგოს სიყვარულისა, რომლის მუხთლობამაც შეშალა ჭკვიდამ იგი. მერე რა მოგახსენოთ! ის გოგო რუსის მუჟიკისა რომ სრულიად შეშლილი არ არი, თუმცა კაზლოვი გვეფიცება, რომ შეშლილიაო; ძალიან კარგ გონებაზე გახლავსთ, კარგად ლაპარაკობს, კარგადა ჰსჯის. მართალია, ლაპარაკში თვალები ერევა და სახე ეშლება, მაგრამ განა მარტო თვალების და სახის ამღვრევაში სჩანს ადამიანის შეშლილობა ჭკვიდამა? აბა შექსპირის ოფელია აიღეთ, ან კოროლი ლირი და გაშინჯეთ! იქ, თუმცა შექსპირი არ ანბობს, რომ ჭკვიდამ შეშლილები არიანო, მაგრამ მიაყოლეთ გონება იმათ სიტყვებს და მაშინვე გაიგებთ შესაბრალებელს შეშლილ ადამიანის სულის მდგომარეობას; იქ წინასიტყვაობა საჭირო არ არის, რომ შეშლილიაო, საქმიდამა ჩანს ყველაფერი; სიტყვა არის პირდაპირი გამომთქმელი სულის მდგომარეობისა. აბა კაზლოვის პოემიდამ ამოფხიკეთ ზედშესრული „შეშლილი“ და მერე გაშინჯეთ სიტყვები შეშლილისა, თუ ჭკვიანად არ გეჩვენოთ. თუმცა „შეშლილს“ ქვეშ აწერია რუსული მოთხრობაო, მაგრამ ამ მოთხრობაში მარტო ენა, ზარი, მარხილი და იემშჩიკი თუ არის რუსული, თორემ სხვა არაფერი. ქართველმა ბევრიც რომ იკითხოს, არამც თუ ეს საშინელი თარგმანი თავად ერისთავისა, არამედ ათიათასჯერ უკეთესი, მაინც იქნება არა გამოვიდეს რა: ათიათასჯერ არაფერი მაინც არაფერია; ბევრიც რომ წაიკითხოთ, მაინც ქართველი ვერ გაიცნობს ფრჩხილის ოდენასაც რუსის სოფლის გოგოსა, იმიტომ რომ ეს შეშლილი გოგო, თუმცა კაზლოვი ანბობს რუსისაო, მაგრამ რუსის სარაფანიც არ აცვია ზედა; ეგ რაღაც ურუსო რუსია, კაზლოვის ფანტაზიის შვილი, და არა რუსის ცხოვრებისა. მაგას ვინ ჩივის, რომ პოემის გმირი არ არის რუსი, ერთი ბეწო დრამმატიზმი და ხელოვნება მაინც იყოს.
ეს გძელი შესავალი იმიტომ გავუკეთეთ ჩვენ სტატიასა, რომ, თუ ვინიცობაა, „ცისკრის“ მკითხველი ბევრს რასმე ელოდდა თავად ერისთავის „შეშლილის“ თარგმანისაგან და ვერა ჰპოვა, მაგის მიზეზი თითონ კაზლოვი იყო; მეორე იმისთვის, რომ გვეცნობებინა ჩვენ მკითხველთათვის, რომ მთელი კაზლოვიც რომ გადმოეთარგმნა ვისმეს, არა თავად ერისთავსავით უხერხოდ, არამედ უფრო ბევრად უკეთესად, მაინც არაფერი არ გამოვიდოდა, უსარგებლო შრომა იქნებოდა, იმიტომ რომ კაზლოვის ლექსები თვით რუსეთში ჩაჰბარდნენ პატრონს და ქართველებს რათ გვინდა?
ეხლა მივუბრუნდეთ თარგმანსა. თავად ერისთავის „შეშლილის“ თარგმანი როგორც ხელოვნება არ შეიძლება განიხილოს კაცმა, რადგანაც თვით ნამდვილი უხელოვნოა. თუ სათავე მღვრივეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა. თუ ჩვენ გვკითხავს ვინმე, ჰგავს თუ არა კაზლოვის „შეშლილს“ თავად ერისთავის „შეშლილი“, ჩვენ მივუგებთ, რომ სრულიად არა. კაზლოვის „შეშლილი“, რაც უნდა ცუდი იყოს, მაინც თუ კაცმა იკისრა მისი გადმოთარგმნა, გულმოდგინედ და მზგავსად უნდა გადმოეთარგმნა და არა ისე უწყალოდ გაეფუჭებინა, როგორც თავად ერისთავს გაუფუჭებია. მისი თარგმანი ასეთი რამ არის, რომ შთამომავლობას უნდა გადაჰსცეს კაცმა, რათა გამოუთქმელ სიცუდის მაგალითად სახეში ჰქონდეთ მომავალს მწერლებს. თარგმანი - როგორც თარგმანი ხომ არ ვარგა, ენა უფრო უვარგისი აქვს თავად ერისთავს. ჩვენ გულდაჯერებით ვუწინასწარმეტყველებთ თავად ერისთავს, რომ დრო მოვა, როცა მის თარგმანის ლექსებითა დაჰსჯიან წარმართთა, როგორც დიდ ეკატერინეს დროს ტრედიაკოვსკის ლექსებითა ჰსჯიდნენ. როცა ვკითხულობდით თარგმნილ „შეშლილსა“, სწორეთ უნდა მოგახსენოთ, ხან გვეცინებოდა და ხან გვეწუხებოდა, რომ ეგრედ უენო ენად ვნახეთ ჩვენი საყვარელი ენა, ის ენა, რომელზედაც დაიღიღინა ჩვენმა უკვდავმა რუსთაველმა თავისი უკვდავი „ვეფხის-ტყაოსანი“, ის ენა, რომელზედაც დაიგალობა თავისი ღვთიური სიმღერები თავად ალექსანდრე ჭავჭავაძემ, ის ენა, რომელზედაც თავად ნ. ბარათაშვილმა, მაგ უდროოდ დამარხულმა ჩვენმა იმედმა, ღარმონიულად და ნაღვლიანად დაიმღერა „ქართლის ბედი“ და თავის მართლა-და ზეგარდამო შთაგონებული წვრილი ლექსები!.. გვიკვირს, კაცმა როგორ უნდა გამოიმეტოს თავის დედ-მამის ენა ისე, როგორც თავად ერისთავს გამოუმეტნია! სწორედ უნდა მოგახსენოთ, ამისთანა წერაში არამც თუ იყოს ენის სიყვარული, არამედ ენის სრული უპატიობაა და სიძულვილი, რომ არა გვყვანდნენ რუსთაველი, ალ. ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, კიდევ ჰო! რომ გვყვანან, რატომ არა ვსწავლობთ იმათ მშვენიერს ლექსებში მშვენიერს ენას? დაუდევნელები ვართ ქართველები და კიდეც ეგ მოგვიღებს ბოლოს, თუ ჩვენ საუბედუროდ არ გავსწორდებით როდისმე. არა, არა, ღმერთმა დაგვიფაროს თავად ერისთავის თარგმანისავით თარგმანის წაკითხვასა. იმისთანა ცოდვა ძნელად ექნება კაცსა, რომ ეგ სასჯელი მისი შესაფერი იყოს. თუმცა უწინაც „ცისკარში“ შეგვხვედრია ქართულს სტატიაში რაღაც გარმიანული სიტყვები, მაგ. ზადაჩა, ოსტროვები, ლინიები, მაგრამ ეს სიტყვები ისე სასაცილონი იყვნენ თავის უშვერობითა, როგორც თვით მატემატიკური სტატია იყო სასაცილო ჟურნალში თავის განუზომელ ღრმა აზრითა. ჩვენ გვიკვირს, უფ. რედაქტორი როგორ ჰბეჭდავს „შეშლილსავით“ და უფრო შეშლილ „ზადაჩებსავით“ გამოუსადეგ სტატიებსა? მაგრამ უ[ფ]. კერესელიძე გასამტყუნარი არ არი. აბა ნუ დაჰბეჭდავს და ჰნახამს, რამდენი ხელისმომწერი მოაკლდება გულნატკენ ვიღაც „მოზადაჩების“ მეცადინეობით. თუ ხელისმომწერი არ ეყოლება ჟურნალსა, როგორ იცოცხლებს იგი? ეგრედ ჯოჯოხეთში არის ხოლმე ყოველი რედაქტორი, რომლის ჟურნალსაც საკუთარი კაპიტალი, ანუ თანხა არა აქვს. გინდა თუ არა, უნდა დამოკიდებული იყო იმ კაცებზედ, რომელნიც წინდაუხედავად, უთავბოლოდ, რაც მოხვდებათ და როგორ მოხვდებათ, ჰბღაჯნიან, რადგანაც იმედი აქვსთ, რომ საბრალო „ცისკარი“, მათგან ფულით დავალებული, ნებით თუ არა ნებით, ალაგს მისცემს თავის ფურცლებში იმათ გამოუსადეგ სტატიასა. რად უნდა ვემდუროდეთ უ[ფ] რედაქტორს, რომ ჟურნალი არ უვარგა? აბა რა თანხები გავუმართეთ, რომ თავისუფლად ამოერჩია სტატიები და არ ჰშინებოდა წყენისა, როცა იძულებული იქნებოდა ჩაებარებინა უკანვე გამოსადეგ პატრონისათვის მისი გამოუსადეგი სტატია. კიდევ, მადლობა ღმერთს, რომ „ცისკარი“ მაგ ყოფაშია, ორიოდე თავად ალ. ჭავჭავაძის, თავად ნ. ბარათაშვილის და გრ. ორბელიანის ლექსებთან მაინც გაგვაცნო, რომ სხვა არა იყოს რა. სხვა ახალი პროზაიკები და მოლექსეები, ზოგიერთის გარდა, ღმერთმა შეინახოს. პუშკინისა არ იყოს, ამათი ცოდვები ისე მალე დაივიწყის, როგორც იმათი ლექსები დაბეჭდვის უმალვე დაივიწყებიან ხოლმე. მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ახალ რითმების მორახუნებლებს არავის ისეთი ენა არა ჰქონია, როგორც თავად ერისთავს აქვს; აი, მაგალითებრ, ყველაზედ უმდარესი მწერალი უ[ფ]. ბერიევი, რომელიც გუთნისდედას აძინებს ხოლმე და ანუგეშებს, რომ ძილზედ უკეთესი არა არის ქვეყანაშიო, - ის კი არ აგონდება უფ. ბერიევს, რომ სულ მაგ ტკბილმა მამაპაპურმა ძილმა დაგვღუპა ჩვენ, - აი, უფ. ბერიევი, თუმც პოეზიაზედ უკაცრაოდ ბძანდება, მაგრამ ენა მაინც უვარგა, თუმც კი ესეც გამოაპარებს ამგვარ კონსტრუქციას, რითმის ტრფიალებისა გამო: „ფეხი გავიქნიე ხელი“ - ფეხი და ხელი გავიქნიეს მაგიერად; მაგრამ ერთი ალილო ღვდელსაც წასცდებაო, ნათქვამია. ჩვენ მთარგმნელის თავად ერისთავის ენა კი სწორედ ნაღველას გაუხეთქავს კაცს; ძალიან მოთმინება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ „შეშლილი“ თავიდან ბოლომდი წაიკითხოს. ვისაც არ წაგიკითხავს „შეშლილი“, ჩვენ, ვითარცა კაცთმოყვარენი, არ გირჩევთ წაკითხვასა: პირველი, რომ უწყალოდ დაიტანჯებით, მეორე, რომ ჩვენ გაგვამართლებთ და ეგ, იქნება, თავად ერისთავს ეწყინოს. - ასეთნაირად ჭრიჭინებენ თავად ერისთავის ლექსები, როგორც გაუსაპნავი საპალნის ურმის თვლები, ასეთ ჟრჟოლას დაგმართებთ, რომ „ჟამი მოგივათ გაციებისა“, თავად რაფ. ერისთავისა არ იყოს. ნამეტნავად ნაზ აგებულების ქალს მოარიდეთ ეგ თარგმანი, თორემ ჭლექად ჩავარდება. როგორ მოგწონთ ეს რახარუხიანი ღარმონია ამ გაუგებარ ლექსებისა:
„დედავ ბუნებავ! მშვენიერებით
შენ ყოველგან ხარ თავისუფლებით;
თუ გინდ რომ იყო საშიშროებით,
მაინცა ჰსუნთქავ ღვთაებრიობით!“
აქ ორ პირველ სტრიქონში სწორედ იმისთანა კონსტრუქციაა, როგორც ზემოხსენებულ მაგალითში „ხელი გავიქნიე ფეხი“ და სწორედ იმისთანაც აუარებელი სიღრმეა ცარიელობისა. თუნდ ეგ არ იყოს, სულ ერთად გაშინჯეთ, მკითხველო, რა მწყობრი ხმოვანი ბრახაბრუხია რითმებისა! სად ალ. ჭავჭავაძე და ნ. ბარათაშვილი და სად „შეშლილის“ მთარგმნელი!
ანუ ესა:
„ესე ყოველი სახელოვნება
არს საიდუმლო აღსაარება**
რომელსა ერთი ერთისა სულით
ყველასა მართავს ერთისა ძალით
ამა ქვეყნისა მშვენიერებას
და აგრეთვეცა საშიშროებას
ზღვათა და ცათა, ქვეყნიერებას -
რომელსაც უწოდთ ერთსა ღვთაებას“ და სხვანი.
ამ რვა გარმიანულ ლექსში რაღაც ღრმა აზრი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი სუსტი გონება ვერ მიწვდება და ვგონებთ, თვით უ[ფ.] მთარგმნელსაც არ ესმის, აქ რა არის. თუნდ რომ აზრიც იყოს, ამგვარი გამოთქმა მისი კაცს გულს გაუხეთქავს. აი, უბრალო სიტყვების და რითმების რახარუხი! ამას იქით, ვისაც არ უწერია ლექსი, თავად რ. ბარათაშვილისა არ იყოს, მართლა უნდა უხაროდეთ, რომ ლექსებს არა სწერენ, თორემ ამისთანა ორიოდე ლექსი რომ წაჰსცდენოდა ვისმეს, აპოლონი, როგორც მარსიაზსა, ფეხებიდამ თავამდი ტყავს ააძრობდა და პირდაპირ ტრედიაკოვსკისთან ახტუნებდა ფერხულში. აი, კიდევ სამაგალითო განსახოვნება აზრისა:
„ეგრეთ ჩაფლული ოცნებაშია“ და სხვანი.
კია ტლაპო ყოფილა, თქვენმა მზემ! აბა, თქვენი ჭირიმე, ოცნება რა ტლაპოა, რომ ჩაფლობა შეიძლებოდეს! დანთქმული ეთქო, კიდევ ჰო, ტლაპო მაინც არ მოაგონდებოდა კაცსა და გაახსენდებოდა ან ზღვა, ანუ სხვა წყალი რამე, რომელზედაც მაინც კიდევ ათასჯერ ფაქიზია ოცნება.
„მეც დავინახე ცა, როგორ სისხლი,
ზღვებრივ ღელვიდა, ღრუბლიდგან ცეცხლი,
თითქო ცა ღრუბლად გადაქცეული
დანთქმას გვიპირებს...“ და სხვანი.
აბა, მოდი და ამ უთავბოლოდ აშენებულ სიტყვის ყორეში პოეზიის ვარდი მონახე! ჭინჭარიც არ არის, თორემ ვარდს ვინა ჩივის? „ღრუბლიდგან ცეცხლი“! პირველი, რომ ქართული ენა ბძანებს, რომ ღრუბლიდგან ცეცხლი უნდა იყოსო, მეორე - გონება გვეუბნება, რომ თუ ქვემდებარეა, ზმნაც აქვე უნდა იყოსო. „ღრუბლიდგან ცეცხლს“ სადაა ზმნა? თუ „ღელვიდა“ არის „ღრუბლიდგან ცეცხლის“ ზმნა, ნიშანი რაღად უზის განყოფისა? მაგრამ, თუ ნიშნებს გავყევით ჩვენ, ათასი სხვა შეცდომებია ნიშნის ხმარების შესახები. ვინ ამოსწერს სუყველასა?
„თოვლიან მინდორს, ახლორეს ტყესა,
ზედ დაჰნათოდენ ბნელსა ხევებსა,
ყურთუკის მსგავსად ჭირხლი ჰრტოებსა
გარემორტყმოდა ფიჭვის ხეებსა...“ და სხვ.
თუ აქ გაიგება რამე, ხელს მოვიჭრით! აქ რომ აზრის გაგება უნდოდეს კაცს, უნდა თავ-თავის ალაგს დასვას გადარეული რითმის გულისათვის სიტყვები. აი, აქ როგორი სიტყვის მოწყობილობაა, ანუ კონსტრუქცია: „ხელი გავიქნიე ფეხი“. იქნება ჩვენ „შეშლილის“ მთარგმნელს ჰგონია, რომ „ხელი და ფეხი გავიქნიე“ და „ხელი გავიქნიე ფეხი“ ერთი და იგივე იყოს? არა, ერთნი არ არიან. ამ ორ მაგალითში, მართალია, ერთი და იგივე სიტყვებია, მაგრამ ის სიტყვები ერთგან თავის ალაგს არიან, მაგ. „ფეხი და ხელი გავიქნიე“ და მეორეში კი არა, იმისთვისაც „ფეხი და ხელი გავიქნიე“ მეც მესმის და თქვენც და „ხელი გავიქნიე ფეხი“ არც თქვენ გესმით, არც მე.
„ჩემი ცხენები როგორც შეშლილნი“ და სხვანი.
ჭკვიდამ ხომ არა? ძალიან ახალი ანბავი იქნებოდა, მართლა დასაბეჭდი. სწორედ უნდა თქოს კაცმა, რომ ეს IV მუხლი, თუ თავი, კაზლოვს ლამაზად აქვს გამოყვანილი, ასე რომ მთელ კაზლოვის თხზულებაში ძნელად იპოვნით ამისთანას. აბა ეხლა გაშინჯეთ თავად ერისთავის თარგმანი, რა საცოდაობაა! თუ კაზლოვი შეგძულდეთ, ჩვენო მკითხველო, თავისი ბრალი ისე არ იქნება, როგორც მის უწყალო მთარგმნელისა. თუმცა კაზლოვი, მართალია, იმისთანა მწერალია, რომ არაფერი დაეწერა, რუსეთს იმითი არა დააკლდებოდა რა, და რადგანაც დაუწერია, იმითიც არა მოჰმატებია რა, მაგრამ, რაც უნდა იყოს, მაინც შებრალება უნდოდა და არა ეგრეთ გაწირვა.
„ძველი საყდარი, ვგონებ, ფიცრისა
დგას, საფლავები გარემო მისსა,
ძველ კარის ბჭეში კანდელი ბჟუტავს...“ და სხვ.
კიდევ ქვემდებარეა და ზმნა ოცნებაებში ჩაფლულა და ჩაჰბარებია პატრონსა: „საფლავები გარემოს მისსა“ უზმნოდ ბძანდება. არა, არა. ეგრედ წერას ვერ აიტანს კაცი; ასე ჰგონია კაცსა, ახალმოსწავლეს გარმიანელს უცოდვილებია კალამი ენის გასავარჯიშებლად და არა ჟურნალში დასაბეჭდავად. უზმნოდ არა ენა, ფრინველის ენის მეტი, არ იხმარება და უფრო ჩვენი დალოცვილი ენა; რუსეთში თუმცა ზოგიერთგან არსებითი ზმნა არ იხმარება, მაგრამ ქართული რუსული ხომ არ არი? ქართულში ყოველთვის ზმნა უნდა, - ეგ მეორე კლასის მოწაფემაც იცის.
„ძველ კარის-ბჭეში კანდელი ბჟუტავს,
მის სიახლოვეს ვიღაცა სუნთქავს...“ და სხვ.
გესმისთ, მკითხველო? მთარგმნელი ამა პოემისა (თუნდ თვით დამწერი კაზლოვი, სულ ერთია), ზის მარხილში, ნაბადში შეხვეული და მიაქროლებს, „ზარი წკრიალებს“, „მარხილი ჭყრიალებს“, როგორც თავადი ერისთავი გვარწმუნებს, გზის იქიდამ მდინარის პირზედ ერთი ფიცრის საყდარია, იმ საყდრის ბჭეში კანდელია, იმ კანდელის ახლო ვიღაც სუნთქავს და ის სუნთქვა ესმის მარხილში მიმაქროლებელს, ნაბადში შეხვეულს „ზარის წკრიალში“ და „მარხილის ჭყრიალში“!!! აგანგალა-განგალა, გამოუცვნია! კაი ყურები არ უნდა ჰქონდეს იმ კაცს, რომელსაც ის სუნთქვა გააგებინა თავად ერისთავმა?! გვიხარიან, ტელეგრაფები აღარ მოუნდება საქართველოს, თუ მაგისთანა ყურების პატრონები ჰსცხოვრებენ, რომ ისე ლამაზად შორიდამ ესმისთ ვიღაცის სუნთქვა. გამოიყვანეთ ის ბედნიერი კაცი, დააყენეთ მოედანზედ და დააგდებინეთ ყური; ქვეყანაზედ რა ანბავია, ის მოედნიდამ ყველაფერს გაიგებს. მერე თითონ ის ვიღაცა საშინელი მსუნთქავიც კარგი ცხრათავიანი მდევი უნდა ყოფილიყო, რომ ისე ესუნთქა, რომ გზაზედ მიმაქროლებელს მარხილითა ზარის წკრიალში და მარხილის ჭყრიალში გაეგო. არა, თავადო ერისთავო! ბევრიც რომ გვიფიცოთ, რომ ეგ მართალია, მაინც შეუძლებელს არ დაგიჯერებთ და თქვენც, არა გვგონია, მაგის დამტკიცება მოინდომოთ. ეს უშესაბამო, შეუძლებელი სუნთქვის გაგება კაზლოვისა ნუ გგონიათ, ჩვენო მკითხველო, ეგ თავად ერისთავის მოგონილი გახლავსთ პოემის გასამშვენიერებლად. კარგად უხერხნია! თავად ერისთავს უხმარია ეს უშესაბამობა იმისთვის, რომ სიტყვაზედ „ბჟუტავს“ რითმა ვერ მოუწყვია, ამისდა გამო გაუფიქრია: „მოდი, მივუწერ „ვიღაცა სუნთქავს“, რითმა ხომ გამოვა, უაზრო იქნება [თუ] აზრიანი, ღვთის მადლით, მოდავე არავინ მეყოლება; არავის არა ჰყოლია და მე რა ღმერთი გამიწყრება“! ჩვენ კი მოულოდნელად გამოგიჩნდით, თავადო ერისთავო!
„თეთრი მკერდი, ბუნებით ქმნული“.
ესრე ნაწყვეტ-ნაწყვეტად რომ ვიღებთ ლექსებს თავად ერისთავისას, ნუ გეგონოთ, რომ ძალადა ვშვრებოდეთ, რათა დავუკარგოთ აზრი. არა, ამოწერა გვეზარება. თქვენვე შიგ ჩართვით წაიკითხეთ და მაშინ უფრო უაზროდ გეჩვენებათ ეგ ლექსები. „ბუნებით ქმნული“ რომ არ დაემატნა უ[ფ.] მთარგმნელსა, პირველი - რომ რითმა არ გამოვიდოდა, მეორე - რომ მკითხველი იფიქრებდა, არაბუნებითი ქმნული მკერდიც არისო. პირველზედ თუ გაგიფიქრიათ, მართალი ხართ, უ[ფ.] მთარგმნელო, მეორეზედ კი, უკაცრავოდ არ ვიყოთ, შემცდარხართ. მაგარს არავინ არ იფიქრებდა. - აი, რითმის გულისათვის ორი სიტყვა სულ გამოუსადეგნი ჩაგიტანიათ, განა მარტო ამ ზემოხსენებულს ლექსებში, ბევრგან სხვაგანაცა. განა რითმა რომ არ იყოს, პოეზიაც არ იქნება? აბა, აიღეთ ურითმო ლექსები თავად გრ. ორბელიანისა, თუნდ ბოლონდელი ოქტომბრის „ცისკრის“ „ო... დარდები“; აბა, ყურადღებით წაიკითხეთ, რა პოეზიაა მაგ ურითმო ლექსშია! თვალწინ წამოგიდგებათ ის ჩათუქესანი თბილისის ქართველი, რომლის ნატვრა და სამოთხე კახური ღვინოა, სიყვარული და ორთაჭალის ბაღები. აბა, ნახეთ ის ქართველი პაჟარნი, ნაბადწამოსხმული, ლოთურად ჩითმერდინით ყელზედ, როგორ გულმოდგინედ შეჰყურებს თავის საყვარლის ფანჯრებს. ვინც კი დაუშლის, აღრინდება და ეუბნება: „მოდი, ამ ვირს ეშხზედ ელაპარაკე!“ რამდენი ნამდვილობა და ჭეშმარიტებაა მის წმინდა ქართულ პოეტიკურ დარდებში, კვნესაში და ნატვრაში! პოეზია განსახოვნებაა ჭეშმარიტების, ცხოვრებისა და არა ჯაჭვი უთავბოლოდ გადაბმულ რითმების. არა, როგორც ვხედავთ, თქვენ ძალიან სულწასულად გყვარებიათ რითმების რახარუხი, იმისთვის შეგიწირავთ აზრიც, ფიქრიც, ის ცოტაოდენი გულის სითბოც, რომელიც ალაგ და ალაგ ჩანან ორიგინალშია. სულ ხელაღებით მოგითხრიათ კაზლოვი.
„იმ მშვენიერსა, თოვლებრივ თეთრსა,
ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენ მის შუბლსა...“ და სხვანი.
ჩვენ მივხვდით, რის თქმაც გინდათ თქვენა, - იმ მშვენიერ, თოვლებრივ თეთრსა შუბლსა ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენო, მაგრამ ისევ ის გაუთავებელი „ხელი გავიქნიე ფეხი“ გამოგივიდათ. ათასი კიდევ სხვა ამისთანა მაშრიყ-მაღრიბულ ენის კონსტრუქცია აქვს თავად ერისთავს თითქმის ყოველგან, მაგრამ ჩვენ აღარ ამოვსწერთ.
„გაჰსწი, გაჰკურცხლე! იმის ანბავი
შენ მომიტანე, რომ სატრფო თავი
ჩემზედ რას ჰფიქრობს...“ და სხვანი.
სასაცილოა, რომ რითმის ტრფიალების გამო კაცმა სთქვას: „სატრფოს თავი ჩემზედ რას ფიქრობსო“. თავი იფიქრებდა, თუ იფიქრებდა, ფეხები ხომ არა?! რაღა თქმა უნდა მაგას? როგორც ვხედავ, თავადი ერისთავი ფეხებსაც კი აფიქრებინებდა, რომ რითმას მოეთხოვნა. მერე პოეტი, რა ლაპარაკობს შეშლილზედ, ათავებს ეგრე მშვენივრად:
„...გულს აწუხებენ
ძველი საყდარი, ის საფლავები,
თითქოს ბნელაში დგებიან მკვდრები,
დაყრუებული ის არემარე
საშიშარია ეგრეთი ღამე,
ჩემ ფიქრთ აღელვებს ეს მოსაუბრე...“ და სხვ.
წადი და ეძებე, ვინ მოსაუბრე? დაყრუებული ღამე, თუ ის არემარე? აი ამათ კი სწორედ უზმნო ენა აქვთ, თუ ეგენი არიან მოსაუბრეთა.
„არა, რა მესმის გაუგებრადა...“
გაუგებრად ვის რა ესმის, რომ თქვენ გაგეგოთ? სულ ამაო ჩივილია, მაგრამ თუ მარხილით მიმაქროლებელმა ზარის წკრიალში და მარხილის ჭყრიალში გაიგო ის სახელოვანი ზემოხსენებული სუნთქვა საყდრიდამ, თქვენ, გვიკვირს, გაუგებრად რატომ არ გაგიგიათ?
„თითებითა თვლის კიდეცა თვეებს“ და სხვანი.
ახალი თვლა შამოუღიათ საქართველოში - თითებითა და არა ჭკვითა. ჩვენ მარტო ის ვიცით, რომ თითებზედ შეიძლება თვლა და არა თითებითა.
„ვხედავ საოცართ მე სანახავთა,
თითქოს რაღასაც მოჩვენებათა;
იქნება არის მხოლოდ ოცნება,
მაგრამ ბუნება თვით რომ იცვლება!” და სხვ.
ამ ორ პირველ სტრიქონში კიდევ იგივე „ფეხი გავიქნიე ხელია“. ჩვენ ამისთვის კი არ ამოვწერეთ ეს ლექსი, რომ ეს გვეჩვენებინა, არამედ იმისთვის, რომ უალაგო ალაგს „მაგრამ“ კუნტია; მაგრამ ეგ ისეთი პატარა შეცოდებაა სხვა ახოვან შეცოდებაებთან, რომ თითქმის ღირსებად მიეწერება თავად ერისთავს და არა ცოდვად.
აი, ამ ქვემო-მოხსენებულ ლექსში გაშინჯეთ, რა აუარებელი ტანჯვაა გამოთქმული და იქავე ცოტაოდენი ნუგეში, რომელიც ჰსურვებია შეშლილსა და არ მოსცემია, მაგალითად:
„დილით, თუ ღამე ვფიქრობ მასზედა,
ცრემლი არ მშრება არც ერთ თვალზედა“ და სხვ.
ერთ-ერთ თვალზედ მაინც შეშრობოდა, რა უღვთოობაა! მითამ რა ნუგეშია, რომ ერთ-ერთ თვალზედ შეშრეს, მეორიდამ კი ჰსცვიოდეს ცრემლი?
„მის საშინელსა ჩემსა ტანჯვასა“ და სხვ.
ეს რა არის, ნეტავი გვითხრათ? თუ ის საშინელი ტანჯვა მისია, თქვენი რაღად იქნება, თავადო ერისთავო, და თუ თქვენია, იმისი რაღად იქნება? მაგრამ მაინც კიდევ დაძმურად გაგიყვიათ: სახელი არსებითი თქვენ აგიღიათ და იმ არსებითი სახელის ზედშესრული შეშლილისათვის დაგითმიათ. კიდევ კარგი, რომ ხელცარიელი არ დაგიგდიათ.
„ბნელი ტუტუნი...“ და სხვანი.
მითამ ნათელი ტუტუნიც არის ქვეყანაში, არა გვგონია!
„იცი რა მითხრა, ღამე მთვარეში...“ და სხვ.
ეს სულ ახალი გამოჩენაა ასტრონომიაში! რომელ ტელესკოპით დაუნახავს თავად ერისთავს ღამე მთვარეში?
„ან სვინიდისის მე ყვედრებაში
რისთვის ჩავარდი ვფიქრობ ჩემ თავში...“ და სხვანი.
რა ჩაუვარდა საწყალს შეშლილს თავშია, რომ ეგრე ჩივის? არაფერი არ ჩაჰვარდნია თავში, მხოლოდ თავად ერისთავს ვერ მოუხმარია ზმნა. პირველი პირი ამ ზმნისა ჩავვარდი არის და არა ჩავარდი. თუნდ რომ ეგრე იყოს, რომ „მე ყვედრებაში რისთვის ჩავვარდი ვფიქრობ ჩემ თავში“ რაღა არის? რატომ „ვფიქრობ“ ამის წინ ნიშანი არა ზის? მერე „ვფიქრობ ჩემ თავში“ რაღა სათქმელია? ვინ არ იცის, რომ ფეხებში ფიქრობა არ შეიძლება? მაგრამ ვინ იცის? თუ ღამე მთვარეშია, რატომ ფიქრობა ფეხებში არ იქნება!.. და სხვანი და სხვანი, ჩვენო კეთილო მკითხველო!
თავიდამ იქამდი, სადამდინაც მე წავიკითხე ეს „შეშლილი“, სულ ამისთანა შეცდომებია, მაგრამ ჩვენ სულ ყველა იგი რომ ამოგვეწერა, ხელახლად დაბეჭვდა მოუნდებოდა თითქმის. ის არ ეყოფა ამ საშინელს თარგმანს, რომ ერთხელ ეღირსა დაბეჭდვა, რომ მეორედაც არ დაბეჭდილიყო? ჩვენც თითონ ისე დავიღალენით, დავიქანცენით, დავყრუვდით რითმების უთავბოლო რახარუხით, რომ ვერ შევძელით „შეშლილის“ ბოლომდი წაკითხვა. სწორედ მეოცდამეერთეს თავის, თუ მუხლის, მეხუთე სტირქონზედ შევდექით! კიდევ ბარაქალა ჩვენს ბიჭობას, რომ იქამდი მივსულვართ!..
ეს რაცა ვსთქვით ჩვენა, მგონია სამყოფი იყოს, თითონ მკითხველი დაგვემოწმოს, რომ სწორედ მიწასთან გაუსწორებია ისეც არც ძალიან მაღლა მდგომარე კაზლოვი. საწყალი კაზლოვი! იფიქრებდა, რომ იმისი „შეშლილი“, რომელზედაც იქნება უტირნია, რომ ესრეთი სასაცილო იქნებოდა თავად ერისთავის თარგმანში? მართლა, რომ კაზლოვის „შეშლილი“ სრულად შეშლილა ქართულს ენაზედ; ერთი ბეწო შებრალება და სიყვარული არა ჰქონია იმის მთარგმნელს - არც იმისი, რაც უთარგმნია, არც თავისვე ამორჩეულ პოეტისა, არც ხელოვნებისა, არც თავის მშობლიურ ენისა. მარტო ჩანს, რომ საკვირვლად ჰყვარებია თავად ერისთავს რითმების რახარუხი.
მთელს თავის თარგმანში თავად ერისთავს აქვს ექვსი სტრიქონი ლექსი ისეთი ლამაზი და მსუბუქი, რომ ჩვენ არც კი გვჯერა, რომ იმისი დაწერილი იყოს. აი, ის ლექსები, რარიგად ჰხატვენ შეშლილის მდგომარეობას:
„ხან მიიხედავს, ხან მოიხედავს,
გარემოს ჩვენსა საფლავთ შეხედავს...
ამოიოხრებს, იწყებს ლოცვასა...
ხან ათრთოლდება, შეხედავს ცასა,
შეშინებული მე მომეკვრება
და ხან უეცრად კრეჭას მოჰყვება...“
აი აქ ჩანს ენაც, მხატვრობაც, აზრიც და ის სურათი, რომლის წარმოდგენაც ცხადად შეიძლება. ეს ლექსები ისე შვენიან დანარჩენ ლექსებში, როგორც ვარდი ჭინჭრებში. სწორედ უნდა ვსთქვათ, რომ ეს ლექსები ისეთი ლამაზები არიან, რომ ჩვენ გვიკვირს, ამისთანა ლექსები როგორ შეჰსძლო იმან, ვინც, მაგალითებრ, ეს დასწერა:
„ესე ყოველი სახელოვნება
არს საიდუმლოს აღსაარება,
რომელ არს ერთი ერთისა სულით
ყველასა მართავს ერთისა ძალით
ამა ქვეყნისა მშვენიერებას
და ეგრეთვეცა საშიშროებას
ზღვათა და ცათა, ქვეყნიერებას -
რომელსაც უწოდთ ერთსა ღვთაებას!“ და სხვანი.
ეხლა, როცა გვინდა კალამი თავის ალაგას დავსდვათ, ფიქრად მოგვივიდა: იქნება თავად ერისთავმა გვიწყინოს ეს პირმოუფერებელი სტატია. არა გვგონია. ჩვენ ყველანი ქართულ ენის ხმარებაში ცოდვილნი ვართ და ჩვენება ურთიერთის ცოდვებისა არ იქნება მომატებული. მაშ, როგორ უნდა გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება? ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს... აბა, ის იქნება ნამდვილი და საქებარი მამულისმოყვარე, და არა ის, ვინც მეტსიმეტად დამჟავებულ სიყვარულისა გამო, ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების ღვიარება ნახევარი გასწორებაა. თუნდ რომ იწყინოს თავად რ. შ. ერისთავმა ჩვენი პირმოუფერებელი სტატია, რა ვუყოთ? მისი ნებაა! სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა სამღთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. იქნება ჩვენც ამ სტატიაში ბევრი შევსცოდეთ ჩვენს საყვარელს ენასა, მაგრამ ჩვენ არა ვხედავთ. მაგის განხილვა მკითხველის ნებაა. ჩვენის მხრით ამას კი ვიტყვით, რომ ჩვენი ქართული ენა ისე გვიყვარს, რომ ჯერ ვეცდებით, რომ მის წინააღმდეგად არ მოვიქცეთ და, თუ ღმერთი გაგვიწყრება და უხერხოდ მოგვივა რამე, მის შენიშვნას სიხარულით და მადლობით მივიღებთ.
დასასრულ, თუ მკითხველი ეყოლება ჩვენ სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ: იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა. რა ვუყოთ? როგორიც მღვდელია, ისეთიც ერიაო, ანბობს ქართული ანდაზა. როგორიც პოემა იყო ნათარგმნი, იმისთანაც, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, განმხილავიც შეჰხვდა. ჩვენ ჩვენის ენის დამცირებამ დაგვაწერინა ეს სტატია, თორემ ჩვენ ვინა და კალამი ვინა?
1860 წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა.
_______________
* უ̂, უ̂ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ეს ასოები სულ არ გვიხმარია ჩვენ სტატიაში; თუ, ვინიცობაა, ეს ენის წინააღმდეგად მიაჩნდეს ვისმეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავსცეთ პასუხი და გამოუცხადოთ, რა მიზეზითაც არა ვხმარობთ.
** აქ აღსარებაში ა მოუმატნია, რადგანაც სილაბი არ გამოდიოდა, მაგრამ ეს პოეტიკური სილაღეა, მიეტევება!
ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა
ხელნაწერი: ასლი, U №217, გვ. 154-170; ასლი U 1052, გვ. 1-20.
ნაბეჭდი: ჟურნ. „ცისკარი“, 1861, № 4, გვ. 557-594.
თარიღი: 1861 წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა.
ხელმოწერა: თ. ილ. ჭავჭავაძე.
წერილის ავტოგრაფი არ შემონახულა, ზემოთ მითითებული ორივე ხელნაწერი თითქმის სიტყვასიტყვით არის გადაწერილი ჟურნ. „ცისკრიდან“. №217 ხელნაწერ კრებულში სათაურშია - „კოზლოვითგან“ და, საერთოდ, „იდგან“-ის მაგიერ ყველგან იკითხება „ითგან“, აქვე პირველ გვერდზე არ არის სქოლიო. ხოლო №1052 ხელნაწერში წერილის სათაურისეული „თარგმნაზედა“ შეცვლილია სიტყვით „თარგმანზედა“.
ჟურნ. „ცისკრის“ 1861 წლის აპრილის ნომერში, სადაც „ორიოდე სიტყვ“ პირველად დაიბეჭდა, წერილი, ცხადია შეცდომითაა დათარიღებული 1861 წლის 5 ნოემბრით (ნაცვლად 1860 წლის 5 ნოემბრისა). ჩვენ ეს კორექტურული შეცდომა გავასწორეთ და ტექსტს ბოლოში მივუწერეთ ავტორისეული თარიღი: „1860 წელსა, ნოემბერის 5-სა დღესა“ (ეს შეცდომა გასწორებულია ილია ჭავჭავაძის ნაწერების 1925-1929 წლების გამოცემაშიც, მაგრამ შემდეგ, ილიას თხზულებათა 1951-1961 წლების გამოცემაში „ორიოდე სიტყვა“ კვლავ 1861 წლით არის დათარიღებული).
ცნობილია, რომ ეს წერილი ილია ჭავჭავაძემ სტუდენტობისას, პეტერბურგში ყოფნის დროს დაწერა და იქიდან გამოუგზავნა „ცისკრის“ რედაქციას.
„ორიოდე სიტყვამ“, ილიას პირველმა კრიტიკულმა წერილმა, რომელმაც თერგდალეულთა ლიტერატურული მანიფესტის როლი შეასრულა, ქართველ მოღვაწეთა უფროსი თაობის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და სათავე დაუდო ორი თაობის მძაფრ ლიტერატურულ-მსოფლმხედველობრივ პოლემიკას - ე.წ. „მამათა“ და „შვილთა ბრძოლას“. „ცისკრის“ მომდევნო ნომერშივე (№5) ილიას წინააღმდეგ სამი წერილი დაიბეჭდა: ბარბარე ჯორჯაძის „თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ“, რევაზ ერისთავის „პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა“ და გიორგი ბარათოვის (ბარათაშვილის) „წერილი რედაკტორთან“ (ამ წერილის ბეჭდვა „ცისკრის“ №6-ში დასრულდა), რომლებშიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული „ორიოდე სიტყვაში“ განვითარებული შეხედულებები.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში „ორიოდე სიტყვა“ პირველად 1909 წელს დაიბეჭდა. - იხ. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც. საზოგ. გამოცემა №97, ტფილისი, 1909.
მითითებულ გამოცემაში წერილის სათაური შეცდომით იყო დაბეჭდილი: „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვის მიერ „შეშლილის“ თარგმანზედა“. მას შემდეგ ეს შეცდომა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ყველა გამოცემაში მეორდება (გასწორდა მხოლოდ ერთი სიტყვა: თარგმანზედა - თარგმნაზედა)15 და სამეცნიერო ლიტერატურაშიც, როგორც წესი, წერილი ამ მცდარი სათაურით მოიხსენიება. წინამდებარე ტომში წერილის ილიასეული სათაურია აღდგენილი.
ილია ჭავჭავაძის ენობრივი ნორმების გათვალისწინებით პირველნაბეჭდის ტექსტში შევასწორეთ შემდეგი ფორმები:
11. 14 მონადირეების] მონადირების. 13. 25 ბუზად] ბუზათ, 34 ბრმადა] ბრმათა. 14. 30 აშუღადა] აშუღათა. 15. 11 ფიქრადაც] ფიქრათაც. 16. 29 შევსდგებით] შევზდგებით. 29 წავსდგამთ] წავზდგამთ. 17 3 გასაშინჯავად] გასაშინჯავათ; გამოსაცდელად] გამოსაცდელათ. 8 კარგად] კარგათ. 11 სწორედ] სწორეთ. 13. მივუბრუნდეთ] მიუბრუნდეთ. 15 შევუდგეთ] შეუდგეთ. 32 კარგად] კარგათ; კარგადა] კარგათა. 18. 9 ჭკვიანად] ჭკვიანათ. 23 გავუკეთეთ] გაუკეთეთ. 33 მივუბრუნდეთ] მიუბრუნდეთ. 19. 4 მივუგებთ] მიუგებთ. 13 ვუწინასწარმეტყველებთ] უწინასაწარმეტყველებთ. 29 სიძულვილი] სიძულილი. 20. 23 გავუმართეთ] გაუმართეთ. 29 მოლექსეები] მოლექსები. 21. 9 გაუხეთქავს] გაუხეთქამს. 19 ჭლექად] ჭლექათ. 25. 22 ძალადა] ძალათა. 23 დავუკარგოთ] დაუკარგოთ. 29. 8 მეორედაც] მეორეთაც. 30. 15 დავსდვათ] დავზდვათ; ფიქრად] ფიქრათ. 27 ვუყოთ] უყოთ. 29 ვუპატრონეთ] უპატრონეთ. 31 დავუთმობდით] დაუთმობდით. 31. 9 ვუყოთ] უყოთ.
12. 16 ...კარამზინის სხოლის... - იგულისხმება რუსული სანტიმენტალიზმი, რომლის მამამთავარიც იყო ნ. მ. კარამზინი (1766-1826 წწ.).
12. 21 ...გადაშალეთ კაზლოვის გაბერილი წიგნი და ყურადღებით განიხილეთ ლექსები ანდრე შენიესი... - ილიას მხედველობაში აქვს ივ. კოზლოვის თხზულებათა სრული, 1828 წ. გამოცემა.
15. 2 ...მისი თამარის ქება მთელი მოთხრობის ოდენაა... - იგულისხმება XII საუკ. ქართველი პოეტის ჩახრუხაძის სახოტბო პოემა „თამარიანი“.
22. 16 ...აპოლონი, როგორც მარსიაზსა, ფეხებიდამ თავამდი ტყავს ააძრობდა... - იგულისხმება ბერძნული მითოლოგიური გმირი აპოლონი, რომელმაც ტყავი გააძრო მის მეტოქეს მუსიკაში - მარსიოსს (მარსიაზს).
26. 1 ...აიღეთ ურითმო ლექსები თავად გრ. ორბელიანისა, თუნდ ბოლონდელი ოქტომბრის „ცისკრის“ „ო... დარდები“; აბა ყურადღებით წაიკითხეთ, რა პოეზიაა მაგ ურითმო ლექსშია! - იგულისხმება გრ. ორბელიანის ლექსი „დიმიტრი ონიკაშვილის დარდები“, დაწერილი 1860 წ. (გამოქვეყნდა იმავე წელს ჟურნ. „ცისკრის“ ოქტომბრის ნომერში, - №10).
_______________
15. აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის ნაწერების სრული კრებულის IV ტომს (1927 წ.) დაერთვის „ტექსტის შესწორება“, სადაც ვკითხულობთ: „მე-3 გვერდის მე-3 სტრიქონში დაბეჭდილია: „კაზლოვის მიერ „შეშლილის“ თარგმანზედა“ (თანახმად წ. კ. საზოგადოების გამოცემისა, 1909 წლ.). ეს ადგილი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად: „კაზლოვიდგან“ შეშლილის თარგმნაზედა“ (ამრიგად იყო დაბეჭდილი პირველად „ცისკარში“ 1861 წ. №4)“.
მიუხედავად ამ „შესწორებისა“, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა შემდეგ გამოცემებში „ორიოდე სიტყვა“ ისევ ამ მცდარი სათაურითაა („კაზლოვის მიერ „შეშლილის...“) დაბეჭდილი.
![]() |
2.2 პასუხი |
▲back to top |
(ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც ყურადღებას აღირსებს ამ სტატიასა).
«Из нашей литературы хотят устроить бальную залу, и
уже зазывают в нее дам; из наших литераторов хотят
сделать светских людей в модных фраках и белых
перчатках, энергию хотят заменить вежливостью,
чувство - приличием, мысль - модною фразою,
изящество - щеголеватостью, критику -
Комплиментами»1.
ბელინსკი.
ბარაქალა, ჩემო სტატიავ, ბარაქალა! ვისაც თავის დღეში კალამი ხელში არ აუღია, იმასაც ააღებინე; ვისაც მართალი სიტყვა პირდაპირ ნათქვამი თავის დღეში არ გაუგია, იმას მართლის თქმით გული აუმღვრიე; ვისაც „შინიდამ ფეხი კარში არ გამოუდგამს“ და რაღაც ანბანის თეორეტიკის მეტი არა უკითხავს რა, ისიც კი ალაპარაკე თეორეტიკის გარე საგანზედ. ბარაქალა, ბარაქალა! სამი სტატია ერთს სტატიაზედ, რა ანბავია? ეს ის ანბავია, ჩემო კეთილო მკითხველო, რომ ამ ჩემ მოპირდაპირეთ რიცხვით ჯობნა სურვებიათ და არა თავის სტატიების ღირსებითა; იმ ზღაპრისა არ იყოს: „ასმა კაცმა ვერ შეჭამაო, ერთი კაცის ლუკმა იყოვო“, ეს სიტყვები სწორეთ ჩემს აპრილის სტატიას უხდება. ეგ არაფერი კიდევა, სხვა კრიტიკებიც კიდევ მზადდება თურმე ჩემზედ. სხვანიც რომ ამ სამს კრიტიკაზედ დაჰმატოდენ, კარგი იქნებოდა; პირველი - რომ პასუხს ერთად გავსცემდი, მეორე - რომ ეს რამდენიმე კრიტიკა ერთად კაი ზომიერი ლუკმა მაინც გამოვიდოდა, რომ ღირებულიყოჩასაყლაპავად2.
ეჰ, თავი დავანებოთ უბრალო ყბედობას და, მინამ პასუხს გავსცემდეთ თვითეულს მათგანს, ვსთქვათ ცოტაოდენი რამე კაცის ბუნების სისუსტეზედ3: საკვირველია, რომ ზოგი, ვისაც ღონე და ძალა აქვს, გაიქცევა ხოლმე მოედნიდამ და იმალება ხალხში; ზოგი კი, ვისაც არც ღონე აქვს და არც ძალა, გამოვა და შეუპოვრად დადგება შუა მოედანზედ. რათ არის ამისთანა წინააღმდეგობა კაცის ბუნებაში? ამას ყოველი გონიერი კაცი მიხვდება, თუ გონება დააკვირვა მაგ ორგვარ ქცევასა. სულელის უბედურობა ის კი არ არის, რომ სულელია, ის არის, რომ თავისთავს ვერ იცნობს და თავისი თავი დიდი რამა ჰგონია4. მე ადამიანის წვრილმანობით თუ გავამართლებ ამ სიტყვებს5: „მე ქვეყნიერებისა არა მესმის რაო, ცოდნის გლახა ვარო, მისწავლიაო ორიოდე სიტყვები, რომელნიც ხან საჭმელად მგონიაო და ხან სასმელად, მაგრამ მაინც კი გამოვდივარ მოედანზედაო, რათა კენჭებით მაინც ქვეყანა დავანგრიოვო“. ჭიდილი რომ იქნება, იქაც კი იმ კაცს, რომელიც ეგრე გულწრფელობით აღიარებს, არაფერი შემიძლიანო, მოედანს ჩამოაცლიან.
ხშირად შემხვდება ხოლმე სიტყვები: ლიტერატურა, კრიტიკა, ხელოვნება, სიტყვიერება და სხვანი, მაგრამ მხმარებელთ ხმარებულის გაგება არა ჰქონიათ; რომ ჰქონოდათ, დარწმუნებული ვარ, რომ, არამც თუ ლიტერატორობას მოჰყვებოდნენ, კალამსაც ხელში არ აიღებდნენ, და თუ აიღებდნენ, მარტო მოკითხვის წიგნების დასაწერად. ამის დასამტკიცებელს მაგალითს შორს არ დავუწყებთ ძებნასა, აი თვით კნ. ბ. ჯორჯაძის სიტყვები: „ჩვენ, როგორც შეგვიტყვია, ილია ჭავჭავაძე, ბატონებო, გაზდილი გახლავს უნივერსიტეტში (ვის უთქომს?), სადაც ასწავლიან მრავალ საგნებსა (ესეცა ჰსცოდნია!) და, რასაკვირველია, სწავლას მიიღებდა. მაგრამ აი საკვირველი (მართლა რომ აი!!!): უპირველესი საგანი არ შეუძინებია, ესე იგი თეორეტიკა (?) ანუ ხელოვნებითის სიტყვიერების სწავლა“. მე, სწორედ მოგახსენოთ, ეგ თეორეტიკა არ ვიცოდი რა არი, მაგრამ თეორეტიკით დახელოვნებული ჩემი მოპირდაპირე ისეთი კეთილი გულისა ყოფილა, რომ განსაზღვრავს იმ თეორეტიკას, ანუ სწავლას ხელოვნებითის სიტყვიერებისას, ამრიგად: თეორეტიკა გვასწავლისო ა, ბ, გ, დ და სხვანი რარიგად იხმარებიან სიტყვებშიაო, რარიგად შეადგენენ მარცვალსაო, - და ამ სწავლასა ხელოვნებითის სიტყვიერების სწავლას ეძახის ჩვენი მწერალი ქალი!!! აი, რა ძნელი ყოფილა შინიდგან გამოუსვლელობა და უნივერსიტეტის დაცინება. აქედამა ჰსჩანს, რომ არც ხელოვნება ესმის ჩვენს მწერალს ქალს და არც სიტყვიერება6. ასოს ხმარების გამსაზღვრელი საგანი ტყუილადა ჰსჩემობს ხელოვნების სწავლის სახელსა. ასოს ხმარებას სწავლა არ უნდა7; თითონ სიტყვა გვასწავლის, სად უნდა ვიხმაროთ რომელი ასო. მერე თვით ასოს ხმარება გარეგანი საგანია, - ეგ მეხანიკური მიკერ-მოკერებაა ენაში, როგორც კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსები; ეგ ხელოსნობაა და არა ხელოვნება. ხელოვნება არის განხორციელება სახეში იდეისა, აზრისა: მუზიკა, მხატვრობა, პოეზია - ესენი სულ სახეში გამოსთქვამენ იდეიას, მხოლოდ იმით განიყოფებიან, რომ თავის იდეის გამოსათქმელად სხვადასხვა მასალებსა ხმარობენ, როგორც მუზიკა - ხმასა, მხატვრობა - ხაზსა, პოეზია - სიტყვასა. სიტყვიერებითი ხელოვნება პოეზიასა ჰქვიან, რადგანაც სიტყვის საშუალობით და შემწეობით აღასრულებს ხელოვნების მნიშვნელობასა8. მაშასადამე, კნ. ჯორჯაძისას არ უნებებია გაგება მისი, რაც წაუკითხავს და რაც თავის გულწრფელობით უხმარია. მიგვილოცნია! ხელოვნების სწავლისათვის საკვირველი წიგნების ამორჩევა ჰსცოდნია! თითონ თეორეტიკა, - ეგ სხოლასტიკობის ნაშთი9 - რა არის, რო მასზედ აშენებული გავითარება რა იყოს? ყოვლის მწერლისათვის საჭირო და აუცილებელიაო იცოდეს თეორეტიკა10, ანუ სწავლა ხელოვნებითის სიტყვიერებისა, ესე იგი ანბანის გასაზღვრაო, ბძანებს ჩვენი მწერალი ქალი. იქნება ეგ საჭირო იყოს, როგორც მწერლისათვის მელანი და კალამი საჭიროა, ანუ მატემატიკისათვის ნუმერაცია: ვისაც წერა უნდა, ანბანი უთუოთ უნდა იცოდეს, მაგას თქმა არ უნდა, რომ, როგორც მარტო ნუმერაციის ცოდნა არ შეიქმს მატემატიკს, ისე მარტო ანბანის ცოდნა11 არ შეიქმს მწერალსა. ამას ძალიან ცხადად ამტკიცებენ კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსები და მისი სტატია, რომელზედაც ჩვენ, საუბედუროდ, უნდა ვილაპარაკოთ.
„ნუ განიკითხავთ, რათა არ იყვნეთ განკითხულნი“. მრწამს საღმრთო წერილიც და ის აზრიც, რაც შეპყრობილია ამ სიტყვებში. ეგ იმაზედ კი არ არის ნათქვამი, რომ კაცი წყალში რო იხრჩობოდეს, ნუ მაარჩენო, თორემ შენც რომ იხრჩობოდე, გადაგარჩენენო12! მაგას კაცმოყვარე, კაცის დახსნისათვის ჯვარცმული ღმერთი ჩვენი მაგ აზრით არა ბძანებს, რა აზრითაც კნ. ბ. ჯორჯაძისას უნებებია გაგება. ვისაც საქმე ესე ესმის, იმას ანბანის თეორეტიკაც ვერას უშველის13, როგორც წყალწაღებულს ხავსი; იმას არაფრის განხილვაც არ შეეძლება; მაშ რისთვის გამობძანდებიან ხოლმე ამგვარნი პირნი სცენაზედ? რა დაჰკარგვიათ და რას ეძებენ?14 უბედურობა ჩვენი ეს არის, რომ შევბეჭავთ თუ არა ანბანის თეორეტიკის კანონით უაზრო ლექსებს, გვგონია, რომ ხელოვნებას დიდი რამ შევძინეთო; იმიტომა გვგონია, რომ ჩვენს ლექსში „ა“ თავის ალაგს ხმარებულია, „ბ“ თავის ალაგსა. თუ „ცისკარი“ უარგისია, კიდევ თქვენგან, ყვავებო ფარშავანგის ფრთებითა, ბულბულებო ყორნის ჩხავილითა15! ეხლა ცარიელი ანბანის თეორეტიკით16 და ჩხავილით ტყუილად ნუ ცდილობენ იყოს ის ბედნიერი დრო, როცა ეს ლექსი თურმე მოსწონდათ მაგ თეორეტიკებზედ17 თვალებგაწყალებულ პირთა:
არჩილ კახიებრ, ბალასანკინა მოებრ,
ყარანფილ ვარდებრ, იაკოსტ ყაყაჩოებრ,
რტო კიპაროსებრ, ია შამპა-სოსანებრ* და სხვ.
იქნება ეხლაც მოეწონოს ვისმე ეს ლექსი, და სწორეთ, მოეწონებათ კიდეც, თუ ანბანის თეორეტიკა, კნ. ბ. ჯორჯაძის გარდა, სხვასაც ვისმე ხელოვნების სწავლადა სწამს და გალახოვის ქრესტომატიის სხოლიოები უფ. გ. ბარათოვსავით კრიტიკად მიაჩნიათ. ეხლა რომ კაცმა ჰსწეროს, ცოდნის და განათლების გარდა, ნიჭიც უნდა ჰქონდეს. ცოდნა და განათლება ისე აუცილებელი და საჭირონი არ არიან პოეტისათვის, როგორც ნიჭია საჭირო და აუცილებელი**. ამის დასამტკიცებლად შორს არ გავგზავნი მკითხველს. აი, რუსეთში, გაუნათლებელ და უცოდინარმა კალცოვმა თავის ნიჭით ასეთი სახელი დაიგდო, რომ, როგორც სახალხო პოეტი, კალცოვი პუშკინზედაც მაღლა დასვეს რუსებმა. ეს უბრალო აზრი არ ესმის ჩვენ მწერალს ქალს, რადგანაც ჩვეულებრივ გულწრფელობით ბძანებს: შვიდასს ყმაწვილსა ზდისო ხელმწიფე და, აბა, თუ ერთი რამ კარგი დაჰსწერონო; ასე ჰგონია, მწერლობა ლილახანა იყოს.
სხვათა შორის ჩემს კრიტიკოსებს არ ესმისთ, რა არის კრიტიკა, არავის არ ესმის, გარდა თ. ერისთავისა; რომ ჩვენ მწერალ ქალს არ ესმის, - ეგ საკვირველი არ არი, რადგანაც ბევრიც სხვა არ ესმის და ანბანის თეორეტიკაზედ აუშენებია თავის ხელოვნება და შინიდგან ფეხი არ გამოუდგამს. არც უფ. გ. ბარათოვისა მიკვირს, რადგანაც ძალიან მკვირცხლი გონება ჰქონია, რომ ჩემ ამ ორ ლექსებში: ვიცი და ჩვენს მწერალს ქალს კი მოვახსენებ პირდაპირ, რომ სწორედ ეგ საჭირო და აუცილებელი ღირსება აკლია სხვათა შორის.
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?
მწვანე ბალახის ნატვრა დაუნახავს თავის სამ განსაცვიფრებელ ნიშნებითა. იქნება მკითხველი არ იჯერებდეს ამგვარ ამ ლექსის გაგებას, რადგანაც მართლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ აი უფ. ბარათოვის სიტყვებიც: „გაზაფხულში პოეტი სულით ნატრობს საყვარელ მამულის აღყვავებას. ნეტავი დაანახვა ეხლა საქართველო, როგორ მწვანე ხავერდივით ბიბინებს!!!“ მართლა-და უფ. გ. ბარათოვის ლაღი ფანტაზია და ნიჭიერება უნდა ჰქონდეს, რომ ეგრეთ გაიგოს უბრალო აზრი, უბრალოდ გამოთქმული19. აკი მოგახსენეთ, რომ მწვანე ბალახის ნატვრა დაუნახავს მეთქი, მაგრამ მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო, ნათქვამია. სტატიაში, აპრილის ბოლოს, მოვიხსენიებ სხვათა შორის: „თუ მკითხველი ეყოლება ჩვენს სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ, იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა; რა ვუყოთ? როგორიც ღვდელიაო, ისეთიც ერიაო, ანბობს ქართველი ანდაზად; როგორიც პოემა იყო ნათარგმნი, ისეთიც, ღვთის წყალობა თქვენა გქონდესთ, გამხილავიც შეხვდა“. ამ სიტყვებს უფ. ბარათოვი კვეხნად მიწერს. სხვა მაქებარი რომ არა ჰყავდა, თავის თავი თითონ აქოვო. ეხლა ვკითხავ უფ. ბარათოვსა: როგორი იყო პოემა ნათარგმნი, ჩემის კრიტიკის აზრით? - ძალიან ცუდი. მაშასადამე, მისი მსგავსი კრიტიკა რაღა იქნება? თუ ეს ვერ გაუგია უფ. გ. ბარათოვს, დარწმუნებული ვარ, რომ არც იმ სიტყვებს გაიგებდა, რაც ამოუწერია, მაგას თქმა აღარ უნდა. ბატონებო, თუ ორჯერ ორი არ გესმით რა არი, რის იმედით გამობძანებულხართ მოედანზედ? რვა წელიწადი, როგორც თითონვე ამბობს, მჯდარა უ[ფ.] გ. ბარათოვი ღიმნაზიაში და ნაცვლასახელამდინ მისულა. ძალიან შორს წასულა, თქვენმა მზემ, თუ ამრიგათ გაუგია, რაც მასწავლებელთ უთქვამსთ; კიდევ ბარაქალა იმ ოსტატების ხელოვნებას, რომ მაგისთანა მსმენელი ნაცვალსახელამდინ მიუყვანიათ. ეჰ, ამ უფ. ბარათოვის აზრზედ არ ღირს ლაპარაკი; თავი დავანებოთ, ეგ თითონ თავის თავსვე უწერს კრიტიკას. უფ. ბარათოვი სწორეთ იმ მოკრივესა ჰგავს, რომელსაც ერთი ხელი მოკლე აქვს და ერთი გრძელი, ისიც მარცხენა; გრძელის ხელით მტერსა ჰსცემს და მეორე, მოკლეს ხელით - თავის თავსა; მაგაზედ, ესე იგი ბარათოვის სტატიაზედ, ლაპარაკი უბრალო ყბედობა იქნება და იმისათვისაც თავს ვანებებ. ეს ზემოხსენებული სიტყვები კნ. ბ. ჯორჯაძისასაც უფ. გ. ბარათოვის ნიჭიერებით გაუგია და აზრის დასამტკიცებლად, როგორც შეშვენის მაგგვარს ლიტერატორს, კეთილსვინდისიანად ამოუწერია ჩემ სტატიიდამ თავის სტატიაში მარტო ეს სიტყვები: „ღვთის წყალობა თქვენა გქონდესთ, იმისთანა გამხილავიც შეხვდა“. მე მოვახსენებ კნ. ბ. ჯორჯაძისას, რომ უფ. გ. ბარათოვის გონება არ ესესხნა და თავის გონებით გაესინჯა ეგ სიტყვები არა ცალკე შიგ ჩართვით, არც ეგ ამოწერა მოუნდებოდა და არც ულოღიკობას დამწამებდა. ეხლა თითონვე განიხილოს თავის შინ აღზრდილი ლოღიკა, დამყარებული ანბანის თეორეტიკაზედ და მერე ბძანოს, ეს ასრე უნდაო.
„კრიტიკა“ - ამის თანასწორ მნიშვნელობის სიტყვა არ არის ქართულს ენაზედ და არც ძალიან საჭიროა რომ იყოს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ ყოფილიყო, რადგანაც ეგ დაგვიმტკიცებდა, რომ ჩვენი მამა-პაპანი მაგ მხრით განვითარებულნი ყოფილან. სადაც სახელია, იქ უთუოდ საგანიც უნდა იყოს. ეგ სიტყვა ეხლა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის და ყოველი ხალხი, ცოტაოდენად განათლებული, ხმარობს თავის ენაში; მაშასადამე, არც ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ ეგ სიტყვა ჩვენში იხმარებოდეს. „კრიტიკა“ არის განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, გარჩევაც და დაფასებაც ერთად. როცა რომელსამე საგანს ფასსა სდებს კაცი, ჯერ იმის ღირსებას იტყვის (თუ აქვს ღირსება) და დაამტკიცებს, მერე ამბობს, ამოდენად ღირსო, ესე იგი, შინჯავს შიგნიდამ და გარედამ საგანსა, ყოველს მის თვისებასა, არჩევს ცუდსა და კარგსა და მერე ჰსწონავს მართალ სასწორზედ***. ამ ორგვარ თვისებაებს საგნისას ზოგიერთი კრიტიკოსი, რა განარჩევს ცუდს და კარგსა, სასწორს დაუთმობს ხოლმე თითონ მკითხველს, ზოგიერთიც თითონვე ასწონამს ხოლმე20. მეც ამ მეორეგვარ განმხილავებს მივბაძე ჩემს აპრილის სტატიაში, რომელსაც მაინც კიდევ ვერ გავუბედე კრიტიკის დარქმევა. მეც სწორედ ეგრე მოვიქეც: ჯერ კაზლოვის ნიჭიერება განვიხილე, მერე მისი პოეზიის მიმართულება, მერე მისი „შეშლილი“, შემდეგ თარგმანი და ბოლოსა ვსთქვი, რომ არც კაზლოვი ვარგა-მეთქი, არც მისი „შეშლილი“ და არც ამ „შეშლილის“ თარგმანი. მე კაზლოვზედ ახალი არა მითქვამს რა. მე ისა ვსთქვი, რასაც მთელი განათლებული რუსეთი ამბობს. ეგრე არ მოქცეულან ჩემი კრიტიკოსები. მე მეგონა, რომ ან ჩემს აზრებს დაარღვევდნენ, ან თითონ სტატიის მიმართულებას დამიწუნებდნენ და შემდეგ დააფასებდნენ, ცუდია თუ კარგი21. მარტო თ. ერისთავი ცდილა ჩემი აზრების დარღვევას, მიმართულების დაწუნებას (ლანძღვა არისო)22 და სხვათა შორის, როგორც შეშვენის ლიტერატურულს სტატიის განხილვას, გაუკენწლივარ სიტყვების ხმარებაში; სხვანი კი - რამდენიმე აზროვანნი და ანბანთ თეორეტიკოსნი - მიჰსცვივნიან მარტო ჩემ სიტყვებს; ის კი არ იციან, რომ სიტყვა გარეგანი სამოსელია აზრისა, და კრიტიკაც, მარტო მაგაზედ აშენებული, სამასხარაოდ ხდის კრიტიკის წმინდა მნიშვნელობასა. ამას ამტკიცებს, როგორც კნ. ბ. ჯორჯაძის სტატია, ისე უფ. გ. ბარათოვისა თავის რამოდენიმე მაგარ აზრითა; სამასხაროდ არა ხდის თავის თავსა ის კაცი, რომელიც ანბობს, რომ ეს კაცი არ ვარგაო იმისთვისაო, რომ მტვრიანი ტანისამოსი აცვიაო? მე მინდა ამითა ვსთქვა, რომ ვინც ამგვარად სინჯავს საქმეს და ამგვარ დამტკიცებაზედ ამყარებს თავის აზრსა, იმას თვალებში ჰქონია ჭკუა23. მაგრიგათ გასინჯვა რისამე - თვალის საქმეა და არა სწავლისა, რომელიც ანბანთ თეორეტიკაზედ უფრო აუცილებელია მწერლისათვის. როგორც ჰსჩანს, კნ. ბ. ჯორჯაძისას და უფ. გ. ბარათოვს მარტო სიტყვები უძებნიათ ჩემს სტატიაში და არა აზრი. კიდეც იმიტომ ამათ სტატიებში მარტო სიტყვებია და სხვა არაფერი. ეხლა ყურადღება მივაქციოთ კნ. ბ. ჯორჯაძის სტატიასა, განვიხილოთ თ. ერისთავის პასუხიც, უფ. გ. ბარათოვს კი თავს ვანებებთ, რადგანაც თავის თავს თითონვე სცემს იმ ხელმოკლე მოკრივესავით.
ძალიან გულნატკენი ბძანდება ჩვენი მწერალი ქალი ჩემს სტატიისაგან, რატომ არ მაქოვო? იმიტომ არ ვაქე, რომ არ იყო საქებელი, - და როცა მაგ აპრილი სტატიასა ვწერდი, თქვენმა მზემ, არც კი მომგონებია არც მათი ლექსები, არც მათი მარხვების ტრაკტაცია****. მე ისინი მაგონდებოდნენ, ვისაც ცოტაოდენი სახელი დავარდნილი ჩვენში; ვინც საქებელი იყო, ჩემის ფიქრით, მე ისინი ვაქე, და ვინც არა - რითმების მბეჭველთა რაზმში ჩავაყენე. ჩემი სიტყვები მოუყვანია კნ. ჯორჯაძისას, რომელთაც ძალიან დაუჩაგრავთ: სხვა ახალი მოლექსენი და პროზაიკები, ზოგიერთის გარდა, ღმერთმა შეინახოს-მეთქი. „ზოგიერთი“ რომ ვსთქვი, ვსთქვი, რომა მართლა-და სახეში მყვანდნენ24 ზოგიერთნი ნიჭიერნი მწერლები. სახელდობრივ იმიტომ არ ვახსენე, რომ ნუგეშადა ჰქონოდათ ეგ სიტყვები იმათ, ვინც უსაფუძვლოდ თავიანთ თავზედ ბევრს რასმეს ფიქრობენ, როგორც კნ. ბ. ჯორჯაძისა, რომელთაც თითონვე უგრძვნიათ, რომ არ არიან იმ „ზოგიერთში“ შესარევნი, თორემ რაღა მაგათ იწყინეს ეგ სიტყვები და თავის ანბანთ თეორეტიკის ხელოვნებით გამობძანდნენ სცენაზედ? ჰსჩანს თვითვე, უჩემოდ, მიმხვდარან თავიანთ თავის ღირსებას და ამისთვისაც რითმების მბეჭველთა რაზმში ჩამდგარან. მე აქ არა მეთქმის რა, გარდა იმისა, რომ გავამართლო ეგრეთი გონიერი ქცევა, მხოლოდ ამას კი დავუმატებ, რომ ეგ ადრე უნდა გაეფიქრებინათ; ეგ იქნებოდა სასარგებლო ჩვენთვისაც და თავიანთთვისაც.
ერთს ალაგს კნ. ბ. ჯორჯაძისა ბძანებს, რომ ჩვენ პასუხს აღარ გავსცემთო, თორემაო, ეხლავ რომ კრიტიკები გავმართოთო, სხვა გონიერ და სასარგებლო სტატიებს ალაგს წაართმევსო „ცისკარში“. ეგ მართალია, ამის შემდეგ არც თქვენ და არც უფ. ბარათოვს პასუხს არც მე გავსცემ; მაგრამ ნება მომეცით გკითხოთ, რომელ სტატიებს? თქვენ ლექსებსა თუ? ეგ უბედურობა თქვენთვის და ბედნიერება ჩვენთვის ეხლაც მომხდარა მაისის „ცისკარში“: თქვენი ლექსი ჩვეულებისამებრ არა ბრწყინავს სხვათა შორის ამ ნომერში. ეგ ძალიან გვიხარიან ჩვენ და ძალიან გწყენიათ თქვენ; ადვილი მისახდომიც არის, რა მიზეზითაც... მადლობელი იყავით „ცისკრის“ რედაქციისა, რომ თქვენი ლექსები იბეჭდებიან; მადლობელი იყავით, რომ „ცისკარი“ ეგრე ცუდია, რომ ყველაფერსა ჰბეჭდავს, თორემ თქვენს ლექსებს დაბეჭდვა არ ეღირსებოდა თავის დღეშია. კიდეც იმიტომ იბრძვით განათლების წინააღმდეგ, კიდეც იმიტომ დაჰსცინით უნივერსიტეტსა, კიდეც იმიტომ ებრძვით იმ კაცს, რომელსაც სულით და გულით სურს „ცისკრის“ კეთილდღეობა! ლიტერატურა, - ხალხის ჭკვა, ხალხის გონება, გრძნობა, ფიქრი, ჩვეულება და განათლების ხარისხია. ლიტერატურის წარმომადგენელი ჩვენში მარტო „ცისკარია“ ამჟამად. ნუთუ მართლა, რაც „ცისკარში“ იწერება, საქართველოს ხალხის ფიქრია, ჭკუაა, გონებაა, ჩვეულებაა? ნუთუ მართლა „ცისკარში“ ჩვენი განვითარებაა, ჩვენი განათლების ხარისხია გამოთქმული? ნუთუ მართლა ეგრე დაეცა რუსთაველის ხალხი, რომ ეგრე ფიქრობს, ეგრე ჰგრძნობს? მეც მაგასა ვჩივი და ვსტირი, რომ არა, ათასჯერ არა; მეც იმიტომ ესე პირდაპირ ვლაპარაკობ, რომ ვინც წინდაუხედავად ბღაჯნის, აღარა ბღაჯნოს; რადგანაც იგინი თავის ბღაჯნითა ამდაბლებენ ჩვენს ენას. მე იმისთვის ვლაპარაკობ ეგრე სასტიკად, პირმოუფერებლად, რომ უნიჭონი და ამასთან უსწავლელნიც თავის ოთახიდგან ფეხს ნუ გამოდგამენ გარეთ, ლიტერატურაში; ამას ვთხოვთ ხალხის სახელითა, ხალხისვე სახელის დაცვისათვის!..
ერთგან ჩვენი მწერალი ქალი ბძანებს, რომ რითმების „ბრახუნებლები“, ეს უშვერი ლექსი ლიტერატორს არ შეშვენისო, თუ ღმერთი გწამსთ, ლიტერატორებს და ლიტერატორობას თავი დაანებეთ. მე და თქვენ, რომელთაც ანბანთ თეორეტიკის მეტი არა გვისწავლია რა (მე ეგეც არ მისწავლია და არც ვიცი რა საგანია, მხოლოდ ჩვენი მწერალი ქალი ბძანებს, ასოების განსაზღვრის სწავლა არისო, ესე იგი, სწავლა ხელოვნებითის სიტყვიერებისაო!!!) და ლექსების ბღაჯვნის მეტი არა გვიკეთებია რა, როგორ უნდა ვახსენოთ ლიტერატორი და ლიტერატურა? ვისაც არ ესმის, რა არის ლიტერატურა ან ლიტერატორობა, იმას არ უნდა ესმოდეს, ლიტერატორს რა შვენის და რა არა შვენის. მე და თქვენ აქ ხმა არა გვაქვს.
ჩვენი მწერალი ქალი ბძანებს, ვითომც მე ვანბობდე, რომ ეგენი ქართულს ახდენენ. ტყუილია თუ? სადაც აზრი არ არი, იქ ენა, რაც უნდა კარგი იყოს, სულ უქმია; მერე მე არსად არ გამიგია, რომ უაზრო ენა იყოს სადმე, აზრი და მხოლოდ ერთი აზრი აძლევს ენას ენის მნიშვნელობას, - ყველანი, ვისაც რამ ესმის, ამას ამბობენ, და თქვენი ანბანთ თეორეტიკისა კი არ ვიცი, რას იტყვის. უთუოთ წინააღმდეგს ამბობს, რომ თქვენი ლექსები სწორეთ მის გაკვალებულ გზაზედ მიდიან. უნიჭო, და ამასთან უცოდინარი მწერალი არა მარტო ენას ახდენს, ამასთან გონებას, გემოვნებას, გულს და სულს მკითხველისას. ამას ჩვენ მწერალ ქალს არ მივაწერთ, რადგანაც მაგათ არც წახდენა შეუძლიანთ რისამე და არც გაკეთება.
ჩვენი მწერალი ქალი დასცინის ქცევას, რომ მე უ̂, ჱ, ჴ, ჳ, ჲ, ჵ, ჶ არა ვხმარობ. იმის მაგივრად, რომ მწერალმა ქალმა დაამტკიცოს ჩემი შეცდომა მაგაში, მოჰყოლია და თეორეტიკის ზღაპრებს გვიანბობს. ეგენი ბძანებენ, რომ ბუნებას მოუციაო ხმა სიტყვის გამოსახატავად; ხმა მხეცისათვისაც მიუცია ბუნებას, მაგრამ არა მხეცი არა მგონია ლაპარაკობდეს, თუმცა ბევრი მაგალითები ზოოლოგიაში გვიმტკიცებენ, რომ, კაცის გარდა, სხვა ცხოველნიც ამცნებენ ურთიერთს თავის სურვილს, განზრახვას, ერთის სიტყვით, აზრსა; მაგრამ ესეც ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი ამცნებენ აზრსა ურთიერთს არა სიტყვის საშვალობით; მაშასადამე, ბუნებას, ხმის გარდა, სხვა ნიჭიც მოუცია კაცისათვის; ეს ნიჭი არის ნიჭი სიტყვიერებისა. მაგ ნიჭს შეუდგენია ენაცა, სიტყვაცა და მხოლოდ სიტყვას შეუდგენია ხმოვანიც და უხმო ასოცა. აბა, ერთი მიბძანეთ, რომელ ბუნების კუნჭულში ჰსცხოვრებს ასო: ა, ბ, გ, დ, ე, ვ? ეგენი მხოლოდ სიტყვებში ჰსცხოვრებენ, სიტყვის მიხედვით არიან შემდგარნი და მხოლოდ სიტყვის ძალით არსებობენ ქვეყანაში. სიტყვა რომ არ იყოს ქვეყანაზედ, არც ასოები იქნებოდნენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მწერალ ქალს შინიდგან კარში ფეხი არ გამოუდგამს და, ანბანთ თეორეტიკის გარდა, არა უკითხავს რა, თორემ გაიგებდა, რომ მაგას ანბობენ უკეთესი ფილოლოღები. ჩვენი მწერალი ქალი მოჰყოლია და, დამტკიცების მაგივრათ, ზღაპრებს გვიბძანებს თეორეტიკის სახელითა.
რისთვისაც არა ვხმარობ - უ̂, ჱ, ჴ, ჳ, ჲ, ჶ - ეხლავ მოგახსენებთ, ჩემო მკითხველნო! „უ̂“-ზედ ბევრჯელ მქონია ლაპარაკი სხვადასხვა პირთან. ზოგს უთქვამს, უნდა გადაიგდოსო, ზოგს - უნდა დარჩესო, თუმცა არც ერთს მათგანს ცხადად არ დაუმტკიცებია თავისი აზრი, მაგრამ მე იმათ ლაპარაკიდგან ეს სარგებლობა გამოვიტანე, რომ ეგ ასო, მართლა თუ უვარგისია, გადიგდოს, როგორც უსაჭირო, რადგანაც ჩვენი ანბანი უფრო განმარტივდებოდა და მართლწერა გაადვილდებოდა. ჩემის ფიქრით, მაგის თანასწორხმოვანი ასო გვაქვს ჩვენი „ვ“. თუმცა ამბობენ, რომ სადაც „ვ“ იხმარებაო, იქ „უ̂“ არაო, იმიტომ, რომ „უ̂“-თი ნახევარ „უ“-თ გამოითქმისო, ესე იგი უ-ს და ვ-ს რაღაც შუა ხმადაო; მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ როგორც „უ̂“-თი ისე „ვ“ გამოთქმაში ერთიერთმანეთსა ჰგვანან და არაფრით არ განსხვავდებიან, იმიტომ რომ, სადაც „უ̂“-თია ხმარებული, იქ უ̂-თი ვ-ათ ისმის და, სადაც ვ-ნია ხმარებული, იქ ვ-ნი „უ̂“-თად ისმის. მაგალითებრ: „ვითარი“, სადაც „უ̂“-ს არა ხმარობენ, სწორედ რომ გამოსთქვას კაცმა და არა დაძალებით, „ვ“ „უ̂“-სავით გამოვა; თუ ვინმე მაგრად და მტკიცედ გამოსთქვამს, ის ორს „ვ“-სა ხმარობს და არა ერთსა; აქედამა, ჩემის ფიქრითა, ჰსჩანს, რომ ამ თანასწორხმოვან ასოთა შორის ან ერთია მეტი და ან მეორეა; მე უფრო „უ̂“-თი მგონია მეტი, რადგანაც როგორც უ̂-ის ხმარებაში, ისე „ვ“-ს ხმარებაში - უფრო ვ-ნი ისმის, ვიდრე რაიმე ხმა. მერე „უ̂“-თი იქ იხმარება, სადაც „ვ“-ს უხმო ასო შეხვდება ხოლმე და ეგ ორი უხმო ასო ერთადაა გამოსათქმელი. უ-უ̂თაც არ აძლევს კაცს ენა ნებას, რომ „ვ“ მტკიცედ გამოითქვას. ამ მიზეზით არა ვხმარობ უ̂-ს. დამიმტკიცეთ წინააღმდეგი და მე სიხარულით დაგეთანხმებით. მე ხომ იმისთვის არ გავუკეთე ჩემ აპრილის სტატიას ეგ სხოლიო, რომ მართლა არ ვიცოდი მაგ ასოს ხმარება; მაგ ასოს საჭიროებაზედ ეჭვი მქონდა და იმისთვისა ვსთქვი, რომ ან მე დამეთანხმოს ვინმე, ან კიდევ წინააღმდეგი დამიმტკიცოს. კაცის ენა კერძო პირსავით იზდება და ვითარდება; ამ ზდაში იცვლება, როგორც ჩვენ კაცნი ზდაში ვიცვლებით ხოლმე; ხშირად იქნება, რომ კანონები, ერთს დროს საჭირონი, სხვა დროს უვარგისნი არიან ხოლმე; იმიტომაც ახალი ენა ძველს ენას არა ჰგავს, როგორც ახალი კაცი არა ჰგავს ძველ კაცსა. მაშასადამე, თუ მიბძანებთ, რომ რადგანაც ძველ წიგნებში ხმარებულა, იმიტომ ეხლაც უნდა ვიხმაროთ ეგ ასო, - ეგ უსაფუძვლო ბძანება იქნება, როგორც უსაფუძვლოა თქვენი რჩევა, რომ ანბანის თეორეტიკა უნდა ისწავლოთო ხელოვნებისათვისაო. იქნება მართლა-და „უ̂“-ს და „ვ“-ს შორის უწინ რაიმე განსხვავება ყოფილა გამოთქმაში, მაგრამ ეხლა, ჩემის ფიქრით, არ არის განსხვავება. ეს „უ̂“-თი კიდევ გადასაწყვეტი საქმეა, მაგრამ ჲ, ჵ, ჴ, ჳ, ჱ, ჶ? ამ ასოებზედ კი თქმა აღარ უნდა, ეს ასოები სულ აღარ ისმიან ეხლანდელს ენაში. მარტო „ჴ“ და „ხ“-ზედ ამბობენ, სხვადასხვანაირად გამოითქმისო: გლეხი კაცი ქიზიყში ისე გამოსთქვამსო „ხოხობი“, თითქო „გხოგხობი“. თუ ეს მართალია, დამიმტკიცონ და მაგ ასოების საჭიროებაზედ დავეთანხმები. სრულიად არ მესმის, რა განსხვავება არის ამ ასოთა შორის: „ჱ“ და „იე“, „ჲ“ და „ი“ „ჳ“ და „ვი“, „ჵ“ და „ჰოი“. იქნება ჩვენს უწინდელს ენაში იყო განსხვავება მაგ ასოთა შორის (და სწორეთაც უნდა ყოფილიყო, რადგანაც შემოუღიათ), მაგრამ ეხლანდელ ჩვენს ენაში არა ვხედავ, - და თუ ხედავს ვინმე, ის ანბანთ თეორეტიკით კი ნუ ცდილობს დამტკიცებას, არამედ ყურადღება მიაქციოს დაკვირვებით ხალხის სიტყვის გამოთქმასა, ხალხის ენაში მონახოს ფაკტი, დამანახოს და მაშინ დავეთანხმები. ენას კანონსა თვითვე ენა აძლევს და არა რაიმე თეორეტიკა. თქვენ უნდა დაგენახვებინათ განსხვავება ამ ასოთა შორის და ენიდამ ამოღებულ ფაკტით დაგემტკიცებინათ; მაშინ მე არა მეთქმოდა რა. თქვენი თეორეტიკა თქვენთვინ შეინახეთ, ეგ ამგვარ საქმეს პასუხს ვერ გასცემს, სხვა უნდა მოინახოს; მერე, ვგონებ, თქვენი სახელოვანი თეორეტიკაც არა ხმარობს ასოსა ჶ, ეგ ასო ახალი შემოღებულია, არ ვიცი კი რისთვის. ეგ ასო ქართულს ენაზედ „ფ“-ად იცვლებოდა ხოლმე, მაგ. ფილოსოფია. ამას გარდა ქართველ გლეხკაცს (თუ ბატონთან არ არის ნამყოფი) მაგ ასოს ხმას ვერც კი გამოათქმევინებთ, „ჶ“-ს მაგიერათ სულ „ფ“-ს გამოსთქვამს, მინამდინ ბევრჯელ არ გაამეორ[ებინ]ებთ. სჩანს, ეგ ასო ჩვენის ენის თვისებისა არ არის და რაღათა ხმარობთ?
ეს ასოები, რომლების ხმაც გამოითქმება სხვა ასოებითაც, ეგ ასოები სულ ტყუილად არიან ჩვენს ანბანში, თუ სულ არა, უფროსთაგანი მაინც; ტყუილად აგძელებენ ანბანსა, აძნელებენ მართლწერასა და სხვა არაფერს არ შეგვძინებენ. თუ მართლა ეგ ასოები არ ისმის ეხლანდელ ენაში, რატომ არ უნდა გადაიგდონ? შესუბუქება და გაადვილება მართლწერისა და ანბანისა განა ცოტა საქმეა? და თუ ისმის, რატომ მაგ ასოების ხმარების კანონს არ ვეძებთ ენაში, რომ ყველამ ერთნაირათ ვიხმაროთ? ვისაც შინიდგან ფეხი კარში გამოუდგამს, და ანბანთ თეორეტიკის გარდა, სხვა რამეც უკითხავს, იმას, რასაკვირველია, გაეგება, რომ ეხლა მთელი ევროპა ცდილობს ყველაფრის განმარტივებას, გაადვილებას და, სხვათა შორის, ანბანისაც და მართლწერისაც. შორს არ წავალ: აი, თითონ რუსეთში ცდილობენ i, Ђ, ъ-ს ამოშლას თავის ანბანითგან, რადგანაც ეხლანდელ იმათ ენაში აღარ ისმის ეგ ასოები. მე შემხვედრია წიგნი 1859 წელში, თუ 1860 დაბეჭდილი, სახელდობრივ: «Сказание об языческих богах», (ამ მართლწერითა), სადაც i, Ђ, ъ არ არიან ხმარებულნი. როგორ გადაწყდება ეს დავა, მე მაგას არ დავეძებ; მე მომყავს ეს, როგორც ფაკტი, რომელიც ამტკიცებს სურვილს, რომ განმარტივდეს ანბანიც და მართლწერაც. ჩვენთვისაც ურიგო არ იქნება, რომ მაგ ასოებზედ კარგად მოვიფიქროთ და, თუ უსაფუძვლოდ არიან ხმარებულნი, ამოიშალონ, როგორც უხმარნი; ეგ მოაშორებდა ახალ მოსწავლეს რამდენიმე უსარგებლო ასოს სწავლასა და მწერალსაც გაუადვილებდა მართლწერასა.
ჩვენი მწერალი ქალი, დასცინის რა უნივერსიტეტს და მეც, იქ გაზდილს, ბძანებს, მოჰყავს რა ჩემი ლექსები:
მისი ლექსი სუბუქ ფრთითა
ხან მეჯლისში შეჰფრინდება,
„თვალ დაკვირვებით“ რომ გავსინჯოთო, ვერ გავიგებთ, ამ ლექსში რის თქმა უნდაო? სიტყვა ესე „სუბუქ“ ქართული არ არიო, „სუბუქი“ კი არის ქართულიო. ღმერთო! ნეტავი თითონვე მაგ გამოჩენილს მწერალს არ ეხმაროს სიტყვა სწორეთ მაგ ფორმაში ჩემ ლექსების ზემოთ, მაგალითებრ, „თვალ დაკვირვებით“, ბატონო! რაც არ იცით და, პირდაპირ გეტყვით, რაც არ გესმით, რათ ანბობთ, ეს ასე უნდაო? მართლა-და ძალიან დაუსუსხავს ჩემს კრიტიკას, რომ მარტო თვალი დაუკვირვებია ჩემს ლექსისათვის ჩვენს თეორეტიკოსსა და გონება კი არ მიუყოლებია, რომ ჩემი „სუბუქ ფრთითა“ და თქვენი „თვალ დაკვირვებით“ სწორე ქართულია ამის დასამტკიცებლად ვიტყვი, რომ ეგ ფორმა თქვენვე გიხმარიათ. თუ თქვენ თავს არ უჯერებთ, თეორეტიკას ჰკითხეთ და, თუ თეორეტიკასაც არ უჯერებთ, აი, თქვენი ნაქები ჩახრუხაძეც: „თამარ წყნარი, პირ მცინარი“. თქვენის აზრით, „პირ“ ქართული არ არი? აი, რუსთაველიც: „მოდგა თეთრ ტაიჭოსანი“. „თეთრ“ ქართული არ არი? აი, თ. ორბელიანიც: „უმწედ, უნუგეშ“, ქართული არ არი განა? აი, უფ. გ. ბარათოვიც „საყვარელ მამულს“. სუყველგან ერთი და იგივე ფორმაა. ხომ ხედავთ, რომ ნიჭიანებს და უნიჭოსაც კი უხმარია ეგ ფორმა. აქედამა ჰსჩანს, რომ ხალხიცა ხმარობს, რომ ენაში არის ეგ ფორმა, რომელსაც ანბანთ თეორეტიკოსები ვერასდროს ვერ შეარყევენ. მაგ ძვირფას თვისებას ჩვენის ენისას, ვისაც ღვთისაგან განაჩენისა არა ესმის რა, ის თუ წაართმევს, თორემ სხვა არავინა! სახელი ასრებითი რომ ბრუნვაშია, მის ზემოთ მდგარი, მის ზედშესრული და ნაცვალსახელი შეიძლება რომ ბრუნვაში არ იყვნენ, რადგანაც ერთი და იგივე მარცვლის განმეორება ზედ[იზედ] არ არი სასიამოვნო სასმენი, მაგ. „ჩემმა ბედნიერმა მხვედრმა“. აქ მარცვალი „მა“ სამჯერ ზედიზედ განიმეორება და ამით უკარგავს კეთილხმოვანებას ენასა; რომ ამბობენ, ეს და ეს ენა პოეტიკურიაო, სხვათა შორის, იმ საფუძვლითაც ამბობენ, რომ ენას მაგისთანა ფორმები და თვისებები აქვს; მაგგვარებში, ესე იგი, მარცვლების და ხმოვან ასოების მოკლებაში და დამატებაში ჩვენი ენა არა ენას არ დაუვარდება ქვეყანაზედ. ნიჭიერი მწერალიც იმისთვის არის სასარგებლო ენისათვის, რომ თავის თხზულებაში ენის სიმდიდრე გამოაჩინოს ხოლმე. ეს ძვირფასი თვისება ჩვენის ენისა როგორ უნდა დაიძრახოს წინდაუხედავად თეორეტიკის ზღაპრებით! როგორ უნდა დაუკარგოთ ეგ უკეთესი თვისება ჩვენს ენასა! ცოდვაა, სასიკვდინო ცოდვაა მაგგვარი წინდაუხედავი მასხარაობა ლიტერატურაში ენაზედა და ენის უკეთეს თვისებაზედ! მაგრამ თავის მოყვანილ სიტყვებითვე გავამართლებ მაგგვარ ქცევასა: „მიუტევე, მამაო, რამეთუ არ იციან, რას იტყვიან“.
მერე ჩვენი მწერალი ბძანებს, „ერთის ფრთით ვინა ფრინავსო“? თქვენ თითონ, ჩემო ბატონო, ესე იგი, მარტო ანბანის თეორეტიკით დაფრინავთ ჩვენ სალიტერატურო ჟურნალში. როცა ამბობენ: „ჩემის თვალით ვნახეო“, „ჩემის ფეხით მივედიო“, ნუთუ მართლა ერთის „ფეხით“ მიხტოდნენ და ერთის „თვალით“ ხედავდნენ! სულაც არა, მაგრამ ამბობენ კი. მაშასადამე, ჯერ ხალხს მოაშლევინეთ ეგრეთი ულოღიკო ლაპარაკი და მერე მე. წინათვე მოგახსენეთ, ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკა.
„და ემდურის ყარიბ მღერით...
ან შენ გიჟმა რა იცოდა...“
ამაებზედაც ის ანბანთ თეორეტიკის შენიშვნაა, რაც სუბუქზედა. ეგ იმისთვის უხმარიაო, რომ ლექსში მარცვალი ემატებოდაო; ძალიან კარგათ გამოუცვნია!..
ერთგან კიდევ ჰკვირობს წარჩინებული და ანბანით დახელოვნებული ჩვენი მწერალი: „ღრუბლიანი დაჰყურებს“ რა არისო? ორჯერ ორი რა არი? ვგონებ ოთხი იყოს. თქვენ რას იტყვით მაგაზედ? „მოღრუბლული“ უნდა ეთქვაო, კარგი იქნებოდა. არ ვიცი, იმ ანბანთ თეორეტიკაში ჰსწერია, რას ნიშნავს თანდებული „მო“? თუ არა ჰსწერია, მოგახსენებთ: „მო“ ნიშნავს რისამე მიმართულებას, მაგ. „მოფრინდი, მოდი, მოღრუბლვა“. ამ სიტყვებში ჰსჩანს, საიდამ საით არის მიქცეული მიმართულება. მე ეგ ღრუბლების მიმართულება არა მქონია ჩემს აზრად, თორემ უთქვენოდაც ეგრე ვიტყოდი. სადღაც შორს დარჩენილა თქვენი ღრამმატიკა.
მთელს სტატიაში ერთი ნამდვილი შენიშვნა აქვს ჩვენ მწერალ ქალსა, - ეგ მერცხლის ჭყივილზედა. მართალიც არის, სწორედ უხერხოდ არის მანდ ეგ ზმნა ხმარებული; მაგრამ ეგ ლექსის აზრს არ აბნელებს, რადგანაც „მერცხალიც აგერ ჭყივის“-მეთქი, მოვიყვანე „გაზაფხულის“ ნიშნად და ამისთვის ჭიკჭიკი მეთქო, თუ ჭყივილი, მაინც ის აზრი არ მოიშლებოდა. მე რომ ჩემის ლექსისათვის დამერქვა „მერცხალი“, მაშინ სხვა იქნებოდა. მაშინ რომ მეთქო „მერცხალი ჭყივის“, მკითხველი იფიქრებდა: ან ცუდი მერცხალი იქნებოდაო, ან მწერალს ზმნა ვერ უხმარიაო; ეხლა კი, რადგანაც „გაზაფხული“ ჰქვიან, ეგ ზმნა აზრს არ აფუჭებს, მაგრამ მაინც ამით არ ვიმართლებ თავს, იმიტომ, რომ მაგ ლექსს ღორი გამოუხატავს ჩემს კრიტიკოსების მოგონებაში. თუმცა სწორეთ რომ თქვას კაცმა, მარტო ღორი არ მოაგონდება მაგ ზმნით კაცს: რამდენჯერ გაგვიგია: „ფრინველი ჭყივისო, ყმაწვილს ნუ აჭყივლებთო“. „ობოლი ვაზი“ კი, უკაცრავად არ ვიყო, თავის ალაგს კარგად არის. თქვენ რომ „შინიდამ კარში ფეხი გამოგედგათ“, გაიგებდით, რომ ხმარობენ: „ობოლი მარგალიტი, ობოლი ხე, ობოლი შტო“, მაგრამ თეორეტიკას ძალიან შეუპყრიხართ და სულ შინა ზიხართ, იმიტომაც არა გაგიგიათ რა, ჩემი რა ბრალია? ერთგან ჩვენი მწერალი ქალი მთხოვს „შევასმინო მის გაუნათლებელ გონებას განათლებულმა სტუდენტმა“ რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს: „ესტეტიკური, სენტიმენტალური, დრამატიზმი და სხვანი; ეს სიტყვები საჭმელად მიუღია ამ მწერალ ქალსა. მე აქ არა მეთქმის რა ამის გარდა, რომ ეგ სიტყვები სუსტ არსებისათვის ძალიან ძნელი მოსანელებელია. ამ სიტყვებს რაც შეეხება, იმის პასუხს მოვახსენებ თ. ერისთავს, როცა იმის სტატიაზედ ვიტყვი რასმეს.
ერთგან კიდევ ბძანებს ჩვენი მწერალი ქალი, რომ „ჭავჭავაძეს ძალიან საკვირველად მიაჩნია, რომ არა გვყვანან შექსპირისავით, ბაირონსავით და სხვათა ევროპიის გამოჩენილ პოეტთა მზგავსნი“. სულაც არა, თქვენმა მზემა! ეგ იმას უნდა მიაჩნდეს, ვინც ანბანის თეორეტიკის სწავლას ხელოვნების სწავლას ეძახის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის დამოკიდებულება ხელოვნებისა, პოეზიისა ხალხთა ცხოვრებაზედ; ეგეც კარგად ვიცით, რომ მაგისთანა ობოლ მარგალიტებს ძალიან იშვიათად მოჰყრის ხოლმე მდინარე ცხოვრებისა. პოეტსა ხალხი დაჰბადავს და ხალხის ცხოვრება ძუძუს აწოვებს; ამ საფუძველით ამბობენ, პოეზია ხალხის ცხოვრების გამომთქმელიაო. ჯერ უნდა ხალხმა დაიმუშაოს თავისი სულიერი ბუნება, შეანძრიოს თავის უკვდავების ძარღვი, მოამზადოს მასალა თავის ცხოვრებითა და მერე თავისთავად, უთქვენ-ბძანებლოთ ძლიერი სული გენიისა ძლიერად გამოჰსცემს პასუხს ხალხის განვითარებასა. თუნდა რომ იყვნენ ეხლა ჩვენში ბაირონის თანასწორნი ნიჭნი, ეს ნიჭნი ბაირონის ოდენას თავის დღეში ვერ იქმოდნენ; ის ნიჭნი საზდოს ვერ იპოვიან ჩვენს ცხოვრებაში; დევს დევის ძუძუ გამოზდის და, თუ ჩვეულებრივ ადამიანის ძუძუთი გაიზარდა, ის დევი აღარ იქმნება, თუმცა კი არც ჩვეულებრივ ადამიანს ეგვანება. დიდს გენიას დიდი საზდოც უნდა მისცეს ჩვენმა ცხოვრებამა; იმ დრომდინ, დროთა ბრუნვის ძალითა, ჩვენ უნდა დავსჯერდეთ მას, რაც ეხლანდელ ჩვენ ცხოვრების კითხვაზედ აძლევენ პასუხს ნიჭიერნი ჩვენი მწერლები. ბაირონამდინ და შექსპირამდინ მე და თქვენ ბევრჯელ დავიქანცებით რითმების ბეჭვაში და მარხვების ტრაკტაციების ბღარჯნაში, მაგრამ მაინც კი ერთს ბეწვს სარგებლობას არ მივსცემთ მაგითი ჩვენს ლიტერატურას.
ჩვენი მწერალი ბძანებს, რომ ისინი სწერენ არა დიდებისათვის, არა ილია ჭავჭავაძის მოსაწონებლად, არამედ „ცისკარისათვის“ უანგაროდა. დიდების უსიყვარულობა ძალიან საქებელია, მაგრამ მე და თქვენისთანა თანამშრომელებმაც რომ ხელი და კალამი შეასვენონ, „ცისკარი“ უფრო უკეთესს დღეებსა ნახავს. ეს არის ჩვენი უბედურობა, ჩვენისთანა თანამშრომლები ჰყავს „ცისკარსა“, თანმაშრომლები კი არა, «бездельники деловые», პუშკინისა არ იყოს, ესე იგი, უსაქმო საქმიანები რომელნიც უფრო ახდენენ საქმეს, ვიდრე აკეთებენ. ძალიან გვიხარიან, რომ ჩვენი მწერალი ქალი აღარ აპირებს ჩემზედ პასუხის დაწერას და, თუ პოეტობაზედაც ხელს აიღებს, - ღმერთი, რჯული - დიდ ღვაწლს მხოლოდ მაშინ დასდებს ჩვენს „ცისკარსა“.
ერთგან ბძანებს: „იქნება, როგორც უსწავლელში, მრავალი ნაკლულევანება ნახოს ჩემს ლექსებში (იქნება კი არა, სწორედ ნამდვილად), მაგრამ, რასაკვირველია, მეც რომ იმისავით სასწავლებელში გავზდილვიყავ (ძალიან ვწუხვარ, რომ არ გაზდილხართ და, თუ გაზდილიყავით, მაინც კიდევ პოეტი ვერ შეიქმნებოდით. გეტე ანბობს: „მხოლოდ ბუნება ჰქმნის პოეტსაო“), შეცდომებს მორიდებული ვიქნებოდი“. მწერალი ქალი უსაფუძვლოდ, ჩვეულებისამებრ, შიშობს, რომ მე ვითომც ლექსებს გავურჩევდი. თუ თ. ერისთავის თარგმანი გავარჩიე, აქედან არა ჰსჩანს, რომ კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსებსაც გავარჩევ. თუ არ მოცლილი კაცი, რომელი ადამიანი დაიწყობს გამარგლვას იმ კვლებისას, რომლიდგანაც არაფერს არ ელის იმავ ბალახის აღმოსვლის მეტს; იმ კაცს ზღაპრებში ნაცარქექიას ეძახიან და მე როგორღაც არ მამწონს ეგ სახელი.
დასასრულ, ჩვენი მწერალი ქალი ეპატიჟება თავის მოძმეთა მწერალთა (?) და სხვათა შორის თ. რევაზ ერისთავსაც, რომ არ მოაკლონ თავიანთ ნიჭის სხივები დამზრალს „ცისკარს“. მიბძანდით, მიბძადით, ჩვენი მწერალი ქალის მოძმენო მწერალნო, და შეადგინეთ კვარტეტი კრილოვისა, თორემ ჩვენ მწერალ ქალს ეშინიან, რომ მარტოკა დარჩება რითმების მბეჭველთა რაზმში. მიბძანდით, მიბძანდით, ამ მწერალ ქალის მოძმენო, მწერალნო! თუ ნიჭი არა გაქვსთ წერისა, ნუ გეშინიანთ, უნიჭოდაც გამოჰსჩნდებით, როგორც გამოჰსჩნდა თვითონ ჩვენი მწერალი ქალი. თუ ცოდნა არა გაქვსთ, ნურც მაგისი გეშინიანთ, უცოდინარობითაც სახელს დაიგდებთ: ხომ ხედავთ, სწავლასაც დაჰსცინიან, უნივერსიტეტსაც და შინიდგან გამოუსვლელობით და უსწავლელობით მოჰკვეხენ! თუ ხელოვნება არ იცით, მაგის წამალიც ხელთა აქვს ჩვენ მწერალ ქალს - ანბანთ თეორეტიკა. გზა მშვიდობისა, ჩვენ მწერალ ქალის მოძმენო მწერალნო! გზა მშვიდობისა! მოვა დღე კრიტიკის განკითხვისა და მართალთ მარჯვნივ დააყენებენ და ცოდვილთ მარცხნივ, მაშინ ბევრიც რომ იძახოთ, დაპატიჟებულები ვიყავითო და ანბანთ თეორეტიკაც ვიცითო, მაინც კიდევ დაუნდობელი სიმართლე კრიტიკისა გაგგზავნით თავის დაუნდობელ ჯოჯოხეთში. აბა, იქ იქნება „ღრჭენა კბილთა და ხორცის გლეჯა“!
თ. ერისთავის პასუხის აზრი ის არის, რომ მე ვითომც, განხილვის მაგიერათ ლანძღვა დამეწეროს. ამას ჩემს აპრილის სტატიაზედ მარტო ისინი იტყვიან, ვისაც თავის დღეში კომპლიმენტების მეტი არა გაუგონია რა. მე ყიზილბაშობა არც მყვარებია და არც მიყვარს, მე როგორც მესმის, ისე ვლაპარაკობ და პირდაპირ ვეუბნები კაცს: ეს ცუდია და ეს კარგია-მეთქი. ჩემს განხილვას ლანძღვას ისინი დაარქმევენ, ვისაც ანბანის თეორეტიკის მეტი არა წიგნი არ უნახავს თვალით და ვისაც მართალი სიტყვა, პირდაპირ ნათქვამი, არ გაუგია თავის დღეში. აბა, წაიკითხეთ გრაფ პლატენის ლექსების გარჩევა სახელოვან ჰეინისა, აბა, განიხილეთ ბელინსკის სტატიები, სადაც უნიჭო მწერლებზედ ლაპარაკობს და სხვათა შორის ბულგარინზედ და ბარონ ბრამბეუსზედ. ლანძღვა ის არის, რომ იტყვი და არას დაამტკიცებ: დაუმტკიცებელი და უსაფუძვლო ქებაც კი ლანძღვაზედ საწყენია პატიოსან კაცისათვის. მე რაც ვსთქვი, ის დავამტკიცე კიდეცა, როგორც შემეძლო; რომ დავამტკიცე, ამის მოწმად მომყავს ის ფაქტი, რომ არც ერთი ჩემი კრიტიკოსები არ არღვევენ არც ერთს ჩემს აზრსა. რაც დამტკიცებულია, ის მართალია; რაც მართალია, ის ლანძღვა არ არის. ლანძღვა ის არის, რომ დარბაისელ კაცს კუკის ჩუქება გაუბედო სახსოვრად, ესე იგი, როგორც ჩვენს „ცისკარს“ კნ. ბ. ჯორჯაძისამ მიართვა თავის სახსოვრად „რამოდენიმე აზრი“, ანბანის თეორეტიკაზედ დამყარებული. თ. ერისთავი, მართალია, ცდილა ჩემი აზრების დარღვევასა, მაგრამ, ჩემის ფიქრით, ვერ დაურღვევია. მე არ მინდა სამასხარაოდ გავხადო ეს სტატია, თორემ ზოგიერთს უმანკო აზრს თ. ერისთავისას გამოვეკიდებოდი და თ. ერისთავის სტატიის მერვე სტრიქონიდგანვე დავიწყობდი განრჩევას. ეგ მარტო თეორეტიკოსებსა ჰშვენით; იმათ შეუძლიანთ ტფილისიდამ უბერონ პეტერბურღის უნივერსიტეტსა, რათა გადააქციონ, რომ ანბანთ თეორეტიკას გასავალი ჰქონდეს ხალხში; იმათ და მარტო იმათ შეუძლიანთ დაჰსძრახონ სტუდენტის სახელით მაგ სახელის მქონებელი. ეგ იმათ შეშვენისთ, რადგანაც იმათთვის ანბანის თეორეტიკას სხვა საგანი არ მიუცია სალაპარაკოდა. თუნდა ეგ არ იყოს, სულ შინ მჯდომელს სხვა რა საქმე უნდა ჰქონდეს, თუ არ მაგისთანა კეთილგონიერი მასხარაობა განათლებაზედ. მაღალ სასწავლებელს დაბალი გონება ვერ მისწვდება, ტყუილია!
თ. ერისთავი ბძანებს: „ჩაფლვა ოცნებაში“ დიდ ჩირქიანად მიაჩნია ჭავჭავაძესაო; ვგონებ „წირპლიანობა და ბრახაბრუხი“ უფრო უარგისი ლექსები იყვნენო. „ოცნებაში ჩაფლვა“ შეუძლებლია, ჩემის ფიქრით, თორემ ძალიან კადნიერია. თუ ჩემი ლექსები, თქვენის სიტყვით, უფრო უვარგისნი და უკადრისნი არიან თქვენს „ოცნებაში ჩაფლვაზედა“, მაშასადამე, თქვენი ოცნებეებში ჩაფლვაც უვარგისი ყოფილა; მეც უნდა ეგ მეთქო და სხვა არაფერი. ამასაც მოგახსენებთ, რომ უკადრისი სიტყვები ქვეყანაზედ არ არიან, მხოლოდ აზრი იქმნება უკადრისად გამოთქმული სიტყვებთაგან. უარგისი სიტყვაც არ არის ქვეყანაზედ. თუ ხალხი ხმარობს, მაშასადამე ვარგისიანია. მე რომ სხვის გემოვნებითა ვსცხოვრობდე, როგორც უფ. ბარათოვი ანტონ ქათალიკოზის გემოვნებითა*****, მე თქვენ მოგიწონებდით მაგგვარ აზრის განსახოვნებასა, რადგანაც თვით ალექსანდრე ჭავჭავაძეს აქვს ხმარებული თითქმის სწორედ ეგრე: „ფიქრებში ჩაფლული“, მაგრამ ეგ ჩაფლვა არც იქ მომწონს და არც აქა. „ჩაფლვა“ ხოლოდ იმაზედ ითქმის, სადაც საფლობი საგანი აგრძნობინებს მას, რაც იფლვება, რაიმე სიმაგრესა (плотность). წყალშიაც არ ითქმის ჩაფლვა, თორემ ოცნებაში ხომ უფრო არა. მწერალს აქვს უფლება თქვას ისრე, როგორც მოჰსწონს, როგორც ეხერხება, კრიტიკოსსა - შენიშნოს, და ხალხსა - მიიღოს მწერლის ნათქვამი, ხოლოდ ეს უფლება ხალხს ეკუთვნის. თუ ხალხმა მოიწონა ეგ ოცნებებში ჩაფლვა, ხომ მიიღებს კიდეცა, თუ არ მოიწონა, ბევრიც რომ იყვიროს უფ. გ. ბარათოვმა, რომ თ. ერისთავი ცუდად არას ამბობსო, მაინც კიდევ ხალხი არ მიიღებს. შემდეგ ერისთავი ამტკიცებს იმ სახელოვანის სულთქმის გაგების შეძლებას, ვითომ ჯერ ორთქლი დავინახეო, რადგანაც ზამთარი იყოვო. ეს დამტკიცება თავისთავსვე არღვევს, ჩვენ მაგაზედ არა გვეთქმის რა. მერე ეგეც თუნდა შესაძლებელი იყოს, მე რა უფლება მქონდა, რომ ამ ლექსებში:
ძველ კარის-ბჭეში კანდელი ბჟუტავს,
მის სიახლოვეს ვიღაცა სუნთქავს,
დამემატებინა, რომ უთუოდ ჯერ ორთქლი დაუნახავს და აქედამ გამოუყვანია, რომ კიდეც სუნთქავს. მაგგვარი დამატების უფლება მარტო უფალ გ. ბარათოვსა ჰქონია, ეგ იმასა შვენის. იქნება თ. ერისთავის გულში ბევრიც სხვა რამ იყოს, მე საიდამ უნდა ვიცოდე? ეგ სწორეთ იმასა ჰგავს: „ამირან გულში მღეროდაო, ყმებო, ბანი მითხარითო!“ თუ ეგ ორთქლი დაგინახავთ და მაგის თქმა გინდოდათ, ბატონო, იქავ უნდა გეთქვათ და არა შვიდ თვეს შემდეგ.
მე ჩემ აპრილის სტატიაში, სხვათა შორის, ვსთქვი ამ ლექსებზედ:
„დილით თუ ღამე ვფიქრობ მაზედა,
ცრემლი არ მშრება არც ერთს თვალზედა“,
რა ნუგეშია მეთქი, რომ ერთს თვალზედ შეშრეს ცრემლი და მეორედამ კი ჰსცვიოდეს. ამაზედ ამბობს თ. ერისთავი: „ხან იმასა წყრება დალოცვილი ჭავჭავაძე თავისის მეხის სიტყვით, შეშლილი ჭკვიანურად რათ ლაპარაკობსო, და ეხლა ამაზედა ჯავრობსო, რატომ რიგიანად არ უთქვამსო“. ხომ კაზლოვს არა აქვს ეგ აზრი ხმარებული, თუნდ რომ მართლა ეგრე იყოს? თუ არა აქვს, თქვენ რა უფლება გაქვსთ, რომ ჰსთარგმნით და აზრებსა ცვლით? კიდეც მაგ საფუძვლითა ვსთქვი, რომ თქვენი თარგმანი არა ჰგავს კაზლოვის „შეშლილსა“-მეთქი. ეხლა თქვენვე მამართლებთ და მე აქ არა მეთქმის რა, მადლობის მეტი. მე ჭკვიანობა კაზლოვის შეშლილს შევსწამე და მართალიც არის; თქვენ რა უფლება გქონდათ, რომ ეგრე უწყალოდ შეშალეთ კაზლოვის შეშლილი, როცა თითონ მწერალს ვერ შეუშლია? კაზლოვს მაგ ლექსის აზრი არსად არა აქვს, მაშასადამე, თქვენ დაგიმატებიათ და ამ დამატებით შეგიცვლიათ. მეც მაგასა ვჩიოდი ჩემ აპრილის სტატიაში, სხვათა შორის. თუნდ ეგ არ იყოს, სწორეთა ბძანეთ, ხელოვნებაა მაგგვარ ლექსის თქმა? აქაო და გიჟიაო, ხომ არ ვათქმევინებთ, რომ ჩემი თმები ტირიანო? ეგ ხელოვნებაა, რომელიც დაგვითმია კნ. ბ. ჯორჯაძისათვის, ეგ იმათ მიეტევებათ, რომელთაც მარტო ანბანის თეორეტიკა და გალახოვის ქრესტომატია უკითხავთ და თქვენ კი არა. თქვენ, როგორც გვახსოვს თქვენი წვრილი ლექსები, ლერმონტოვი, ჟუკოვსკი და კალცოვიც გიკითხავთ, მაშასადამე, კაცმა თქვენგან არ უნდა მოიწონოს მაგგვარი ანბანთ-თეორეტიკული ხელოვნება.
„მის საშინელსა ჩემსა ტანჯვასა...“
სწორედ უ და ე ამრევია, რომ ეგრეთ ამოვსწერე. საქვეყნოდ თქვენ წინ ბოდიშს ვიხდი! მართლა-და, თქვენი არ იყოს, ძალიან ზაფრა მომრევია, რომ სიცხარით „უ“ და „ე“ ვერ გამომირჩევია და ამოდენა არ მომიფიქრებია, რომ მაგისთანა შეცდომა კორეკტურის ბრალი იქნებოდა, თუ იქნებოდა, და არა მწერლისა. საქვეყნოდ ბოდიშს ვიხდი თქვენთანა! სხვა რაც შეეხება „უ“ და „ე“-ს გარჩევაზედ მასხარაობას, თქვენ არაფერი არ უნდა გეთქვათ, ეგ უნდა უფ. გ. ბარათოვისათვის დაგეთმოთ, რადგანაც იმას უფრო კაი ღრეჭა სცოდნია და ასეთი მკვირცხლი ფანტაზია ჰქონია, რომ ეგ დაინახავდა უცოდინარობას. აი, მაგალითიც: ჩემ აპრილის სტატიაში რედაქციას შეცდომით მოუწერია ბოლოს, 1860 წ. ნოემბრის 5 მაგიერად, 1861 წელი, ნოემბრის ხუთი, როგორც მაისის ნომერში თ. რაფიელ ერისთავის „მოხუცის ნაამბობის“ წინასიტყვაობის ბოლოს მოუწერია: 1867 წელი. ამაზედ ძალიან მასხარაობს გულწრფელი თ. გ. ბარათოვი. 1861 წ. ნოემბრის თვემდინ აპრილიდგან ჯერ კიდევ შვიდი თვე იყო და ის ვერ მოუფიქრებია, რომ, რაც უნდა შვიდი თვეს შემდეგ დაიწეროს, ის შვიდ თვეს წინათ ვერ დაიბეჭდება, როგორც შვიდ თვეს შემდეგ დასაბადებელი შვიდ თვეს წინათ არ ინათლება. ოხ, მარტივო კაცის სიმარტივევ! ოხ, მარტივო მახვილგონიერებავ! ეგ ამგვარ კრიტიკოსებს დაანებეთ, ეგ იმათი საქმეა; „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ნათქვამია; დაე, მოეჭიდოს, მე და თქვენ კარგად ვიცით, რომ ხავსი ვერას უშველის, მაინც წყალი წაიღებს.
ჩემს „ჰაჯი-აბრეკზედ“ ბძანებთ, როგორც „შეშლილიო“, ისე თქვენი „ჰაჯი-აბრეკიაო“, დიდი შესაძინებელი არა არის რაო ჩვენი ლიტერატურისათვის. რომ თქვენი „შეშლილი“ არ არი შესაძინებელი, ეს, ვგონებ, დაგიმტკიცეთ, ეხლა რიგი თქვენზეა.
თ. ერისთავი იმართლებს თავს „შეშლილის“ უარგისობაში იმით, რომ ათის წლის წინათ ვთარგმნეო. თუნდ რომ ოცდაათის წლის წინათ გეთარგმნოთ, მაინც კიდევ იმას გეტყოდით, რასაც ეხლა მოგახსენებთ: არც მაშინ ვარგებულა ეგ „შეშლილი“ და არც ეხლა ვარგა; თქვენი ყმაწვილობა ვერ გაამართლებს მაგ თარგმანის სიცუდესა და ვერც ვერარა ღირსებასა მისცემს. მერე თ. ერისთავი ბძანებს ამ ჩემ სიტყვებზედ: „ჩვენ სულ მაგ მამაპაპურმა ძილმა დაგვღუპაო“, - ეს აზრი ჩვენს მამა-პაპებზედ ხოლოდ იმათ ექნებათო, რომელთაც ჩვენის მამა-პაპების ცხოვრების ინჩიც არ იციანო. ეგ მამა-პაპებზედ კი არ არის ნათქვამი, ეგ იმ ძილზედ არის, რომელიც, მაგალითებრ, უფ. გ. ბარათოვს ჩემს ამ ლექსში:
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები!
მწვანე ბალახის ნატვრას აზმანებს ხოლმე.
არსებითი ზმნის დაკლებაზედ კი ნურასა ბძანებთ, ეგ გადაწყვეტილად არ შეიძლება ჩვენს ენაში. თუნდ თეორეტიკასა ჰკითხეთ. იქ აზრი არამც თუ ცხადია, სადაც ზმნა აკლია, იქ თვით აზრიც არ არის, იმიტომ რომ სხვათა სიტყვის ნაწილებშორის მარტო ზმნა არის აზრის გამომეტყველი. სადაც ზმნა არ არი, იქ ხომ წინადადებაც არ არი, მაშასადამე, არც აზრია, რადგანაც წინადადება გამოთქმაა აზრისა. რუსული ენა არსებითი ზმნაზედ სულ სხვა კანონებსა სდებს. ეგ ჩვენი საქმე არ არი.
ორგინალი, სენტიმენტალური და სხვანი მაგგვარი სიტყვები, ხმარებული ჩემს აპრილის სტატიაში, თქვენ უცხო სიტყვებად მიგიღიათ. ეგ, მართალია, ქართული სიტყვები არ არი, მთელი კაცობრივობა კი ხმარობს. ყოველ ხალხსა, ცოტაოდენ განვითარებულს და ფეხშედგმულს ევროპიის განათლებაში, შემოუტანია და მიუღია ეგ სიტყვები, როგორც თავის ღვიძლი ენის ლექსნი; მაშასადამე, არც ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ ჩვენც ვიხმაროთ. თუ კნ. ბ. ჯორჯაძისას არ ესმის ეგ სიტყვები, ჩემი რა ბრალია. მიბძანებს, აგვიხსენიო: მე არაფრის მასწავლებელი არა ვარ და ნამეტნავად ანბანისა, რომ ეგენი აგიხსნათ. თუ ამას იტყვით, რომ ვერ შესძლო ახსნაო, ეგ თქვენი ნებაა. უსაფუძვლო ლაპარაკი საშიში არ არი. თუ მე ვერ შევძელ, რუსული Объяснительный словарь иностранных слов ხომ ხელთა მაქვს, იქიდამ მაინც გადმოგითარგმნიდით, რომ სხვა არა იყოს რა. მე „ოსტროვები“, „ლინიები“ და სხვა გარმიანული სიტყვები (და არა გარმონიული, როგორც რედაქციას გადაუსხვაფერებია) ამისთვის დავძრახე, რომ მაგის თანასწორ მნიშვნელობის სიტყვები არიან ჩვენს ენაში და ისინი, რომელნიც ჩემს აპრილის სტატიაში მე მიხმარია, ვერ იპოვიან თავიანთ მნიშვნელობის სიტყვებს. მე რომ ახალი სიტყვები მომეგონა და შემედგინა მაგ სიტყვების მნიშვნელობისათვის, ისინიც ისე გაუგებარნი იქნებოდნენ ყველასათვის, როგორც ეხლა ეგენი არიან გაუგებარნი ზოგიერთისთვის.
განათლებულს კაცს მაინც ესმის ეგ სიტყვვები და იმ ქართულსა, რომელსაც მე
შევადგენდი, ვერც განათლებული გაიგებდა და ვერც გაუნათლებელი. თუნდ რომ მე არ ვიხამრო ეგ სიტყვები, მაინც კიდევ უთუოდ შემოგვეპარებიან, როგორც შემოგვეპარნენ: პოემა, პოეზია, ფილოსოფია, კრიტიკა, სტატია, ლოღიკა და სხვანი მრავალნი. ეგ არა ხალხს არ დაეძრახება, ის ჰსცრუობს, რომელია ძრახავს მაგგვარ სიტყვების შემოტანას ენაში.
თ. ერისთავი მძრახავს, რომ ცუდ მწერლად ვახსენე კარამზინი, ამ სიტყვებითა: „კარამზინს ისრე უპატიოდ ხსენება არ შეესაბამება, იმას იმისთანა უსაფუძვლო სიტყვებით ვერავინ მიიღებს, თავის შრომით, ჭკუით და განათლებით მოპოვებულს და დამკვიდრებულს ღირსებას გამოჩენილის მწერლისას რუსეთში, იმის ღვაწლის შერხევას უბრალოდ ნურავინ ეცდება“. თ. ერისთავი სულ ამაოდ ჰფანტავს თავის რიტორულს აღფრთოვანებას და სიტყვიერებას ამაზედა. ვინ შეარყია ღვაწლი კარამზინისა რუსეთზედა? მე მარტო კარამზინზედ ისა ვსთქვი, რასაც თითონ რუსები ამბობენ. ეს უნდა კარგად იცოდეთ, რომ ლიტერატორს სხვადასხვა მნიშვნელობა ექმნება: აზრით, მიმართულობით და ენის წარმატებით; ესეც კარგად უნდა იცოდეთ, რომ ერთის ხალხის ლიტერატორს მეორე სხვა ხალხისათვის ერთი და იგივე მნიშვნელობა არა აქვს. მწერალს თავის ხალხისათვის ექმნება მნიშვნელობა: აზრით, მიმართულობით, ენის წარმატებით და მოქმედებით, როგორცა ვსთქვი. სხვა უცხო ხალხისათვის კი მარტო თავის აზრით და თავის მიმართულობით. კარამზინი, როგორც პოეტი, არ არის პატივცემული რუსეთში, უნიჭოს ეძახიან; მის თხზულების მიმართულობაც დაწუნებულია და მხოლოდ იმისთვის სიამაყით ახსენებენ მაგის სახელსა, რომ რუსული ენის აღდგინება მაგან დაიწყო რუსეთში და პირველად მაგან დაიმუშავა თავის ქვეყნის ისტორია. აი, რა მნიშვნელობა აქვს კარამზინსა რუსეთისთვის. სულ ეგ ორი დიდი საქმე რუსეთისათვის - უქმია ქართველებისათვის. კარამზინმა რუსეთის ენა აღადგინა და რუსეთის ისტორია დაიმუშავა, მაგითი ქართველებს რა შეგვემატა? კარამზინს მარტო ხელოვნებითის სიტყვების მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისა და ეგ მნიშვნელობა რუსეთშიაც დაცინებულია. მე კარამზინი ჩემს აპრილის სტატიაში ხოლოდ მაგ მხრით გავსინჯე, ესე იგი, ხელოვნების მხრით, რომელსაც ჩვენს პოეზიაზედ გავლენა შეუძლიან, თუ ავყევით კარამზინის მიმართულებას. სხვა, მეორე მხარე კარამზინის მოქმედებისა არ შეეხებოდა ჩემს აპრილის სტატიას, იმიტომ რომ მე კარამზინს არა ვსინჯავდი, მე ვსინჯავდი მარტო კაზლოვს, რომელიც იყო კარამზინი ცდომილ მიმართულების გავლენის ქვეშა.
როცა ცრუკლასიკური მიმართულება ეცემოდა ევროპიაში და იბადებოდა ნელ-ნელა რომანტიკული მიმართულება, რომლის წარმომადგენელი შეიქმნა ბოლოს დიდი შილლერი; როცა გამოჰსჩნდა გეტე თავის „ვერტერით“, ბერნარდენ დე-სენ-პიერი თავის „პოლ და ვირგინიით“, ჟან-ჟაკ რუსო თავის „ელოიზით“, მაშინ ევროპას პირველად ეცა დამატკბობელი სხივი პოეზიისა; მაშინ ცრუკლასიკურ მიმართულებით დათრგუნვილნი მწერალნი მივარდნენ მშიერსავით ახალშობილს პოეზიის მიმართულებასა; მაგრამ პირველად ვერ იცნეს ვერც გეტეს „ვერტერი“, ვერც „ელოიზა“ ჟან-ჟაკ რუსოსი და ვერც „პოლ და ვირგინია“ ბერნარდენ დე-სენ-სიერისა: ამათში სენტიმენტალური სული მოესმათ, ეგ სული მამულთა მისთა განავითარეს და დაჰბადეს სენტიმენტალური სხოლა, რომლის წარმომადგენელი რუსეთში შეიქმნა კარამზინი. როგორც პოეტიო კარამზინი უნიჭო იყოვო, ამბობენ რუსები, და მიმართულებითაც სენტიმენტალურის სხოლისა იყო. ამ თვისებაების პატრონი არ იქნება თავის დღეში სახელოვანი მწერალი, ეგ დამტკიცებულია ეხლანდელ მიხედვით. რომ სენტიმენტალური მიმართულება არავისთვის არ არის საჭირო და, სხვათა შორის, ჩვენთვისაც, ამას თქმა აღარ უნდა. მაშასადამე, კარამზინი მაგ მხრით ჩვენთვისაც და რუსებისთვისაც უარგისია; მეც ეგა ვსთქვი ჩემს აპრილის სტატიაში.
უმაგისოდაც სენტიმენტალურ მიმართულების მაგალითები გვაქვს ჩვენს ლიტერატურაში, მაგალითებრ, „ვარდ-ბულბულიანი“ და „შამი-ფარვანიანი“; რომანტიკულის მიმართულებისაც გვქონია ჩვენ მაგალითი ჩვენს ლიტერატურაში, მაგალითებრ, „ვეფხვის-ტყაოსანი“; ცრუკლასიკურიც, მაგალითებრ, სულ იმ მწერლების მიმართულება, რომელთაც მიბაძეს მარტო გარეგან ფორმასა ჩვენ უკვდავის რუსთაველის „ვეფხვის-ტყაოსნისას“ და ვერ გაიგეს კი, რომ „ვეფხვის-ტყაოსანი“ თუ არის უკვდავი, არა მარტო თავის ფორმით, არამედ თავის შინაგან ღირსებაებით. მაგრამ ამაზედ მერე მოვილაპარაკებთ, მაშინ, როცა ჩვენი ლიტერატურა წარმოგვიდგენს სხვა მაგალითებსაც ჩვენ წინადადებულ აზრის დასამტკიცებლად.
14 მაისსა, 1861[წ.]
ტფილისი
________________
* ამ ლექსს, ამბობენ, გორის სასწავლებელში ასწავლიდნენო ერთ დროს. თუ ეს მართალია, ბარაქალა მასწავლებელთ გემოვნებასა!
** იქნება ზოგიერთს, და სხვათა შორის კნ. ბ. ჯორჯაძისას, ეს ჩემი სიტყვები ძალიან იამოს. სხვისა არ
*** იქნება აქ პურის მოედნის სასწორი მოაგონდეს უფ. გ. ბარათოვს, ეგ ჩვენი ბრალი არ იქნება.
**** 1860 წ. ნოემბრის ნომერში გახლავსთ კნ. ბ. ჯორჯაძის სტატია, სახელად: „რამდენიმე აზრი ახლანდელს მდგომარეობაზედ“. ამ სახელმა არ მოგატყუოთ, ჩვენო მკითხველნო. ცუდი მაღაზინი მაგგვარ წარწერილობით შეიტყუებს ხოლმე მსყიდველთა. მაგ სტატიის სახელს რომ დაუჯეროს კაცმა, იფიქრებს: ან პოლიტიკურ მდგომარეობაზედ იქნება რამდენიმე აზრიო, ან ეკონომიურ მდგომარეობაზედ, ან კიდევ განათლებაზედ. არა, ბატონო, მაგ სტატიაში კნეინა ბძანებს, მარხვებს არ ინახამენო.
****** ნურავინ ნუ გაიფიქრებს, რომ არ მესმოდეს დიდი მნიშვნელობა ანტონ კათალიკოზისა. ანტონი დიდს ალაგს დაიჭერს ჩვენს ლიტერატურაში, როგორც წარმომადგენელი იმ დროის საქართველოს განათლებისა, მაგრამ ეხლა რომ პოეზიის განხილვა იმ დროის კანონებით მოვინდომოთ, ძალიან შევსცდებით. მაშინ სხვარიგად ესმოდათ, ეხლა სხვარიგად. მე [ეგ] უფ. ბარათოვის სტატიაზედ მომყავს, რადგანაც იმას ჩახრუხაძის პოეტობის დასამტკიცებლად ანტონ კათალიკოზის სიტყვები მოჰყავს, ის კი არ იცის უფ. ბარათოვმა, რომ ეგ სიტყვები პოეტისა ძალიან მართალნი არიან:
«Гармонии стиха божестенныя тайны
Не думай разгадать по книгам мудрецов»
А. Майков.
პასუხი
ხელნაწერი: ასლი, U № 217, გვ. 170-193; ასლი U № 1052, გვ. 21-47.
ნაბეჭდი: ჟურნ. „ცისკარი“, 1861 წ., № 6, გვ. 181-251.
ხელმოწერა: თ. ილ. ჭავჭავაძე.
„პასუხი“ ჟურნალ „ცისკრის“ მაისის ნომერში (№ 5) გამოქვეყნებული იმ კრიტიკული წერილების საპასუხოდ დაიწერა, რომლებიც ილიას „ორიოდე სიტყვის“ წინააღმდეგ იყო მიმართული (იხ. შენიშვნა წერილისა „ორიოდე სიტყვა...“). ჟურნალის რედაქციამ „პასუხს“ კრიტიკული შენიშვნები დაურთო, რომელშიც მკაფიოდაა გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება ახალგაზრდა ავტორის პოზიციისადმი (მითითებული შენიშვნები აქვე იბეჭდება).
ილიას ზემოხსენებული წერილების გამო პოლემიკამ ჟურნ. „ცისკრის“ ფურცლებზე უაღრესად მძაფრი ხასიათი მიიღო. „ცისკრის“ 1861 წლის № 6-ში ილიას წინააღმდეგ იბეჭდება სარდიონ მესხიევის (ალექსი-მესხიშვილის) „უსტარი ანტიკრიტიკული”, №9-ში - ბარბარე ჯორჯაძის „პასუხის პასუხი“, ხოლო 1862 წლის №2-ში, „ზემოური იმერელი გორისელი წერეთელი ეფთვიმე“-ს ხელმოწერით, - „უფალო რედაკტორო!“. „ცისკრის“ ფურცლებზევე იბეჭდება ილიას თანამოაზრეთა წერილებიც: კირილე ლორთქიფანიძის („თერგდალეულის“ ფსევდონიმით) - „წიგნი მიწერილი რედაქტორთან ეფთვიმე წერეთლისა“ („ცისკარი“, 1862 წ., №2); სამსონ აბაშიძის (აგრეთვე „თერგდალეულის“ ფსევდონიმით) - „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ“ („ცისკარი“, 1862 წ., № 4), აკაკი წერეთლის („მესამე თერგდალეულის“ ფსევდონიმით“), - „ახირებული ფურცელი“ („ცისკარი“, 1862 წ., № 5).
პირველნაბეჭდის ტექსტში შევიტანეთ შემდეგი სწორებები:
33. 7 ჩასაყლაპავად] ჩასაყლაპავათ. 32 დავუწყებთ] დაუწყობთ. 34. 16 ტყუილადა] ტყუილათა. 35. 10 ცხადად] ცხადათ. 36. 6 სწავლადა] სწავლათა; 7 კრიტიკად] კრიტიკათ. 37. 15 ვუყოთ] უყოთ; 18 კვეხნად] კვეხნათ. 38. 22 ცოტაოდენად] ცოტაოდენათ; 26 სდებს] ზდებს. 39. 3 გავუბედე] გაუბედე; 19 სამასხარაოდ] სამასხარაოთ. 40. 14 ნუგეშადა] ნუგეშათა; 23 დავუმატებ] დაუმატებ. 41. 28 გამოდგამენ] გამოზდგამენ. 42. 16 უთუოდ] უთუოთ; 23 მაგიერად] მაგიერათ; 31 კარგად] კარგათ. 43. 15 ცხადად] ცხადათ; 23 ხმადაო] ხმათაო; 29 მაგრად] მაგრათ. 44. 2 ერთადაა] ერთათაა; 5 გავუკეთე] გაუკეთე; 23 სხვადასხვანაირად] სხვადასხვანაირათ; 31 ვხედავ] ვხედამ. 45. 15, 16 ტყუილად] ტყუილათ, 20 რატომ] რამ. 46. 1 კარგად] კარგათ. 48. 10 აზრად] აზრათ; 14 უხერხოდ] უხერხოთ; 28 კარგად] კარგათ; 35 საჭმელად] საჭმელათ. 49. 7 საკვირვლად] საკვირვლათ; 11, 13 კარგად] კარგათ; 19 თავისთავად] თავისთავათ. 50. 3 უანგაროდა] უანგაროთა; 13 დასდებს] დაზდებს; 22 გავურჩევდი] გაურჩევდი. 51. 3 უნიჭოდაც] უნიჭოთაც; 14 გაგგზავნით] გაგზავნით; 33 მოწმად] მოწმათ. 52. 4 სახსოვრად] სახსოვრათ; 9 სამასხარაოდ] სამასხარაოთ; 18 სალაპარაკოდა] სალაპარაკოთა; 22 ჩირქიანად] ჩირქიანათ. 53. 14 ცუდად] ცუდათ; 22 უთუოდ] უთუოთ; 23 სუნთქავს] სუნთქამს. 29 სხვარიგად] სხვარიგათ (ორჯერ). 54. 14 ჭკვიანურად] ჭკვიანურათ; 15. რიგიანად] რიგიანათ; 22 უწყალოდ] უწყალოთ. 55. 9 საქვეყნოდ] საქვეყნოთ. 56. 16 გადაწყვეტილად] გადაწყვეტილათ; 23 სდებს] ზდებს; 26 სიტყვებად] სიტყვებათ. 57. 18 უთუოდ] უთუოთ; 24 უპატიოდ] უპატიოთ; 28 უბრალოდ] უბრალოთ; 29 ამაოდ] ამაოთ; 32, 34 კარგად] კარგათ. 58. 22 ვსინჯავდი] ვსინჯამდი (ორჯერ). 59. 13 უმაგისოდაც] უმაგისოთაც.
32. 4 «Из нашей литературы... комплиментами».
წერილის ეპიგრაფად წამძღვარებული ეს სიტყვა ამოღებულია ბ. ბელინსკის სტატიიდან - «О критике и литературных мнениях «Московского наблюдателя».
32. 13 ბარაქალა, ჩემო სტატიავ, ბარაქალა! - იგულისხმება 1861 წ. ჟურნ. „ცისკრის“ აპრილის ნომერში (№4) დაბეჭდილი ილია ჭავჭავაძის წერილი - „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“.
32. 19 სამი სტატია ერთს სტატიაზედ... - იგულისხმება ილიას წერილის - „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“ - წინააღმდეგ დაბეჭდილი წერილები: ბარბარე ჯორჯაძის - „თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ“, გიორგი ბარათოვის (ბარათაშვილის) - „წერილი რედაქტორთან“ და რევაზ ერისთავის - „პასუხი თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა“.
36. 27
„მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?“
ციტატა ამოღებულია ილიას ლექსიდან „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი...“), რომელიც დაიწერა 1861 წელს (28 I) და იმავე წლის „ცისკრის“ №4-ში დაიბეჭდა.
40. 3 ...აპრილის სტატია... - იგულისხმება ილიას „ორიოდე სიტყვა...“, რომელიც 1861 წლის ჟურნ. „ცისკრის“ აპრილის ნომერში (№ 4) დაიბეჭდა.
46. 7
„მისი ლექსი სუბუქ ფრთითა
ხან მეჯლისში შეჰფრინდება“.
ციტატა ამოღებულია ილიას ლექსიდან „თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე“ (დაწერილია 1860 წ. 16 VII), რომელიც ჟურნ. “ცისკრის“ 1861 წლის № 4-ში დაიბეჭდა.
47. 30
„და ემდურის ყარიბ მღერით...
ან შენ გიჟმა რა იცოდა...“
ციტატა ამოღებულია ილიას უსათაურო ლექსიდან - „გახსოვს, ტურფავ...“ (დაწერილია 1860 წ. 5/XI), რომელიც „ცისკრის“ 1861 წლის №4-ში დაიბეჭდა.
53. 34.
«Гармонии стиха божественныя тайны
Не думай разгадать по книгам мудрецов».
А. Майков.
ციტატა მოყვანილია აპოლონ მაიკოვის ლექსიდან «Октава» (1841 წ.).
55. 29 ჩემს „ჰაჯი-აბრეკზედ“ ბძანებთ, როგორც „შეშლილიო“, ისე თქვენი „ჰაჯი-აბრეკიაო“... - იგულისხმება მ. ლერმონტოვის პოემის „ჰაჯი-აბრეკის“ ილიასეული თარგმანი (1859 წ. 16 III), რომელიც ჟურნ. „ცისკრის“ 1860 წ. № 11-ში დაიბეჭდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ილიას „პასუხი“ ჟურნ. „ცისკარში“ სარედაქციო შენიშვნების თანდართვით დაიბეჭდა. აი, ეს შენიშვნებიც: -
1. ეს ეპიგრაფი აქ უადგილოა: ეს მიეწერება იმ დროს, როდესაც ბელინსკისაგან მოხსენებული ნაკლულევანებაები ზოგი ერთის ევროპიის საზოგადოების ზნეობაში იყვნენ და ამ ზნეობეებითგან შემოვიდნენ მათ სიტყვიერებაში: პირველი მაგალითი უჩვენა ფრანციამა, რომელსაც ჰბაძავდა თვით რუსეთიცა. ქართული სიტყვიერება ჯერეთ არ დაფუძნებულა, ჯერეთ არა რაი „მიმართულება“ მას არ მიუღია, მაშასადამე, თუ ჩვენის საზოგადოების ზნეობაში ის ნაკლულევანებანი არიან შემოტანილნი, იმათ ჯერ ლიტერატურას ვერ მივაწერთ. მართალია, მარმონტელიც იყო დაბეჭდილი, კაზლოვიცა და სხვანიცა, მაგრამ იმათი გავლენა არავისზედა ჰქონიათ და არც ერთი „ცისკრის“ თანამშრომელი იმათ არა ჰბაძავს. „ცისკრის“ რედაქცია, მართალია, მოიწვევს ქალებს საწერად, ვითომც ამ შემთხვევაში დასაძრახისი რა არის? საქართველოს შვილნი - კაცნი და ქალნი არიან ნიჭიერნი და ამ მოწვევაში მხოლოდ ის აზრი სძევს, რომ, თუნდა თავდაპირველად ცუდად სწერონ „ცისკრის“ თანამშრომელთა (ეს აუცილებელია), თავისს დროზედ ისწავლიან და განვითარდებიან. ყოველს განათლებულს ქვეყანაში ასე დაფუძნებულან სიტყვიერება და ჟურნალები, რედაქციისა და საზოგადოების მოვალეობა არის ამ გვარნი მწერალნი განამხნევოს და დაფაროს დროებით ნაკლულევანებანი, რომელნიც უვნებელნი არიან და თავისს თავათვე, აღმოიკვეთებიან. ისინი ჯერ სიტყვიერებაში ყრმანი არიან, მაშასადამე დაყვავება მათი საჭიროა. უ. ჭავჭავაძე ივიწყებს რა გვარს საზოგადოებისათვის ჰსწერს კრიტიკებსა. ქართველები ჯერ ევროპიისა და რუსეთის განათლებაზედ არა დგანან. უ. ჭავჭავაძე ბელინსკის ჰბაძავს და ბელინსკობა ჩვენში არ გამოდგება. თუმცა ბელინსკი საფუძვლიანი და უპირველესი კრიტიკი იყო რუსეთში, მაგრამ, როგორათაც სნეული და ზაფრიანი კაცი, ყოველთვის ილანძღებოდა და ამ მიზეზით იმისი ბაძვა არ არს მოსაწონი, და თვით რუსეთში ეხლა ვინა ჰბაძავს იმასა?
2. ბელინსკის გავლენა ყოველს სიტყვაში ჰსჩანს. „ბარაქალა, ჩემო სტატიავ, ბარაქალა, ვისაც თავის დღეში... პასუხს ერთათ გავცემდი... ზომიერი ლუკმა გამოვიდოდა...“ ადამიანმა წერაში, თუ მოქმედებაში ზომიერება არ უნდა დაივიწყოს, თორემ კარგი არა იქნება რა: ის თუ არ თავისს თავში, სხვაში ვერც ნიჭსა და ვერც სხვა ღირსებას ვერ შენიშნავს. თუნდა რომ მთელი საზოგადოება ამხილებდეს, შენ არ ვარგიხარ, შენ უსაფუძვლოდ ჰსწერ, ანუ მოქმედებ, ის ვერ დაიჯერებს, თქვენ ყველანი სწორეს არ ამბობთო, თქვენ არაფერი გესმითო. მე ვარო რაცა ვარო. აი იმისი აზრები. უ. ჭავჭავაძე, როგორც ეტყობა, ჯერეთ ყმაწვილია, გამოუცდელი, უნდა კი თავისი ნიჭიერება გვიჩვენოს და მხოლოდ ამაყობს. იმ მწერალთა სტატიებში, რომელნიც მას არ მოსწონს, უფრო კარგი აზრები სძევს, და უფრო საფუძვლიანად არიან ისინი დაწერილნი. განსაკუთრებით კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ეს თვით მცოდნე პირთაც შენიშნეს, მაგრამ უ. ჭავჭავაძე ამას ვერ ხედავს, არც ესმის, თუ საზოგადოების აზრსა და მსჯელობას აქვს რამე მნიშვნელობა. არა, მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვარო, მარტო სტუდენტებს შეუძლიანთ დაფასებაო, სხვას რა ესმითო. ასე გამოდის, ამ აზრით მხოლოდ უნივერსიტეტის სწავლასა და ღირსს სტუდენტებს, ცუდად შეასმენს მრავალთა ჩვენ მემამულეთა შორის. ეს სამწუხაროა.
3. აბა ვნახოთ რას იტყვის ჩვენი ამაყი კრიტიკი! სჩანს მარტო ლიტერატურას არ მისდევს, ბუნების თვისებეებზედაც ჰყვარებია დაფიქრება და საუბარი.
4. „ვისაც ძალა და ღონე აქვს - გაიქცევა მოედნიდამ და იმალება, ვისაც არა აქვს ძალა, შეუპოვრად გამოვა“, - თუმცა ბევრი რამ გაგვიგონია ბუნებაზედა და ყმაწვილობაში ჩვენც ბევრი რამ მიგვიწერია ბუნებისათვის, მაგრამ უკაცრაოდ - უსწავლელნი და უმეცარნი ვართ - ამაზედ ჯერ ჩვენი აზრი არ მოგვსვლია. ერთმა ევროპიელ წესსზედ აღზრდილმა კაცმა გვიანბო, უპირველესი ადამიანის ბუნების მცოდნე ვიღაც შეგსპირი თურმე ყოფილა და ამ გვარი იმას არა უთქვამს რა. - მაგრამ, რახან „გონიერი კაცი მიხვდება, როგორც კრიტიკი ანბობს, თუ გონება დააკვირვა“, მაშ აღარა გვეთქმის რა. იქნება იმ გონიერთ რიცხვში ბელინსკიც იყოს და იმას უთქვამს, - „სულელის უბედურება ის კი არ არისო, რომ სულელიაო, ის არისო, რომ თავისს თავს ვერ იცნობსო და თავისი თავი დიდი რამ ჰგონიაო“! ოჰ! საკვირველება საკვირველებათა!
5. „ადამიანის წვრილმანობა და მსუნაგობა?“ - იქნება ესეც ადამიანის ბუნების თვისება იყოს, რომ რამდენიც ბუნება წვრილმანია, იმდენი მსუნაგი უნდა იყოს. რამდენსამე კაცებს კი ვიცნობთ, წვრილმანება და მსუნაგობა არ იციან რა არის. რამდენიმე მსუქნებს ვიცნობთ, რომელნიცა საკვირველნი მსუნაგნი არიან, მაგრამ ესეც ჩვენი უმეცრება, - სჩანს, ამასაც ბელინსკი გვიმტკიცებს. უნდა დავიჯეროთ. ბელინსკი უპირატესი ავტორიტეტი ყოფილა.
6. საკვირველია! კრიტიკი ანბობს, ხშირად გვესმისო, ჩვენ კი ამის მეტად არ მოგვსმენია, ვითომც ვისაც არ ესმის მნიშვნელობა ლიტერატურისა, კრიტიკისა, ხელოვნებისა, სიტყვიერების და სხვათა, ის კალამს ხელში არ აიღებს და თუ აიღებს, მარტო მოკითხვის წიგნების მეტს არა რას დასწერს. რა ვქნათ, მივიღოთ ეს სიტყვები, თუმცა კი ვერ დაგვიჯერებია ჩვენი თავი და თუმცა კი კ. ბარბარე ჯორჯაძისას, რომელიცა მაგალითად მოჰყავს, და რომელსაც არ ვიცით „თეორეტიკა, ანუ ხელოვნებითი სიტყვიერება ესმის თუ არა და არც ის ვიცით (ეს ლიტერატურის საქმეც არ არის იცოდეს) კეთილის გულისაა, თუ ბოროტისა, თუმცა კნ. ბარბარე ჯორჯაძისას ცისკრის იმ თანამშრომელთა შორის ვრიცხავთ, რომელნიცა შენიშნა ჩვენმა საზოგადოებამ და აღმოაჩინეს ლექსებში ნიჭი, როგორათაც მოაზრე პოეტათა, მაგ. „არაგვში“ და პროზაშიაც აღმოაჩინეს ლოღიკური წერა, ზომიერება, კარგ ენის ცოდნა და სხვანი ღირსებანი.
უკაცრავათ ნუ ვიქმნებით, მეცნიერო კრიტიკო, ერთს შენიშვნაზედ, ჩვენ არ გვესმის, რას ნიშნავს ფრაზა: „შინიდამ გამოუსვლელობა“. მრავალი ვიფიქრეთ და ვერ მივხვდით, რატო არ შეიძლება ადამიანი შინ იჯდეს და თეორეტიკა კარგად ესმოდეს, ესეც არ გვესმის რა დაკავშირებაა ამ სიტყვებში „შინიდამ გამოუსვლელობა და უნივერსიტეტის დაცინება, აქედამა სჩანს, რომ არც ხელოვნება ესმის და არც სიტყვიერება“. თუ გამოუსვლელობით გინდათ სთქვათ, უნივერსიტეტში არა ყოფილაო და ამისათვის არ ესმის კნ. ჯორჯაძისას ხელოვნება, ამაზედ კი ვერ დაგთანხმდებით. განა არ იცით, ის მწერალი, ქალია, უნივერსიტეტში იმას მთავრობა არ მიიღებდა. მაშ ქალებში გარეთ სულ არავინ გამოსულა და ჰსჩანს იმათში არავის ესმის არც ხელოვნება, არც სიტყვიერება, მაშ ამასში შეთანასწორებას კი ნუ დაინახავთ, მაშ ვინ არიან მადამ სტალი, ჟორჟ-სანდი, ბიჩერ-სტოუ, ავტორი „ჯენი-ეირისა“ და სხვანი მწერალნი ქალთაგან, რომელნია ევროპიისა და ამერიკის სიტყვიერებაში ბრწყინავენ როგორც უპირველესნი პლანეტნი. თქვენი მაგალითი და ავტორიტეტი ბელინსკი? თუმცა ფეხი შესდგა იმან მოსკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ გამორიცხული იქმნა, აგრეთვე ბაირონიც გამოგდებული იყო უნივერსიტეტიდამა. სჩანს, ისე უნივერსიტეტი არ აძლევს ადამიანს სწავლასა და ჭეშმარიტს მსჯელობასა, როგორათაც ბუნებითი ნიჭი და მეცადინეობა, ანუ შრომა? და არა ჰსჩანს, რომ კნ. ჯორჯაძისას ნიჭი არა ჰქონდეს და ან მეცადინეობა. ჩვენ წარმატებასაც ვხედავთ იმისს თხზულებაებში, თქვენ რატომ არა ხედავთ ან ერთს, ან მეორეს. ეს არ გვესმის... მეორე შენიშვნაც აი რა გახლავსთ. თქვენ ბძანებთ, ვითომც კნ. ჯორჯაძისა უნივერსიტეტს დასცინოდეს. ჩვენ ბევრჯელ გადავიკითხეთ იმისი სტატია და დაცინვა ვერსად ამოვიკითხეთ. ეს კი ჭეშმარიტია, - თქვენ გკიცხავთ, როგორათაც უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც იქამდის უნივერსიტეტის მეცნიერების მითვისებით და, რომელიც კრიტიკაში კი აღმოიჩენს კრიტიკულს ხელოვნების უცოდინარობასა, ქართულის გრამმატიკის კანონთ შეურაცხებასა, აზრების ულოღიკო დაწყებასა, ხან და ხან წინააღმდეგობასა თქვენისავე აზრისა და უშესაბამო ფრაზების ხმარებასა. თქვენი კრიტიკა ასე მიიღეს არა თუ მხოლოდ კნ. ბარბარე ჯორჯაძისამ, არამედ მრთელმა საზოგადოებამა. თუ გესმოდეთ კრიტიკის წერა რა არის, თქვენ აი რას იქმოდით: ვსთქვათ კრიტიკა დასწერეთ და დააბეჭდინეთ, ვსთქვათ, თქვენ, როგორათაც ყმაწვილი კაცი თქვენ თავში უპირველესს ნიჭსა ხედავდით, რატომ ყური არ უგდეთ საზოგადო ხმასა. ევროპაში ყველგან ასე იწერება კრიტიკები, რომ ავტორნი ჯერ შეიტყობენ, ხალხს როგორ ესმისთ ის საგანი, რომელზედაც უნდათ წერა, ან ღირსებისას რას ანბობენ, ან ნაკლულევანებისასა და შემდეგს ქაღალდს გარდასცემენ ლოღიკურის წესითა და თავიანთის აზრებითა, თქვენ საზოგადოს აზრს არას დასდევთ, თქვენ, როგორათაც ანბობენ, ყველაზედ დაცინებით ანბობთ, რამდენსამე ადგილს აი რა გავიგონეთ: „საყვედურს გვეუბნებით, რატომ „ცისკარს“ არ ვიწერთო, რათ დავიბაროთ და როგორ ვიკითხოთო, როდესაც ლანძღვის მეტს ვერასა ვპოებთო, როგორათაც აი ჭავჭავაძის კრიტიკაშიაო“. ერთმა შესანიშნავმა პირმა, რომელიც ქართულს სიტყვიერებას მისდევს, აი რა გვითხრა: „თუ ღმერთი გწამსო, ამისთანა უშვერს სტატიებს ნუ ბეჭდავთო“.
7. სცდებით ამაში. უსწავლელოთ ვერ მიხვდებით, სად რა ასო იხმარება. მხოლოდ შეიძლება კი უგრამმატიკოდ მიიღოთ ამაში განვითარება, პრაკტიკით თუ ყურადღებითის კითხვითა, რომელი რუსი გინახათ, კანონიერად სწერდეს თავისს ენაზედა, თუ არ უსწავლია? ან აბა ფრანცუზმა, ანუ ანგლიჩანმა მიითვისონ თავიანთ ენები ისე, რომ უსწავლელად კანონიერად სწერონ ხოლმე თვისს ენებზედა.
8. ძალიან სასტიკათ ანბობთ კნ. ბარბარე ჯორჯაძის უმეცრებასა და თქვენ თვითან არა გცოდნიათ, რა არის ხელოვნება. არც გვესმის ეს სიტყვები: „ხელოვნება არის განხორციელება სახეში იდეისა, აზრისა...“ როგორ თუ სახეში? ანუ, როგორ თუ განხორციელება? სახე თქვენს აზრში მხატვრობას ხომ არ ნიშნავს? მაშ თუ ასეა, თქვენ გინდათ სთქვათ: ხელოვნება არის განხორციელება, ანუ მხატვრობითი გამოთქმა იდეისა, აზრისა... ეს ასე არ არის. ხელოვნება მარტო პოეზიასა, მუზიკასა და მხატვრობას არ მიეწერება: ხელოვნებასა აქვს ვრცელი მნიშვნელობა: ხელოვნება მიეწერება ყოველს საგანსა უსიტყვო, თუ სიტყვიერს ბუნებაშია, - საგანსა, რომელშიაც შინაგანი ღირსება და თვით გარეგანი ღირსება ისე არიან შეკავშირებულნი, რომ ადამიანში აღძრვენ აზრსა და გრძნობასა. თქვენის განსაზღვრებით ყოველივე ლექსი, ყოველივე მუზიკა და ყოველივე მხატვრობა ხელოვნება უნდა იყოს. თქვენ ანბობთ: „სიტყვიერებითი ხელოვნება პოეზიასა ჰქვიანო“. თქვენ ეჭვში შეგყევართ, რადგანაც არ აგვიხსნით, როგორ გესმით პოეზია? თუ პოეზიას მარტო ლექსებში ჰპოებთ, რაც უნდა მშვენიერად იყვნენ ის ლექსები დაწერილი, დიდად სცდებით. მართალია, ასე ესმოდათ ეს უწინა, ახლა კი სწავლამ სხვა აზრი დასდვა ამ საგანზედ, პოეზია პროზაშიაც არის, არა თუ არის, უფრო ცხოველად გამომეტყველებს, რადგანაც რითმები შეავიწროებენ ადამიანის აზრსა, ამისათვის შაირს ფასი აღარა სძევს. შაირებს განათლებულს ქვეყნებში იშვიათადღა მისდევენ და ეს არის მიზეზი. რომ დიდი პოეტები მოლექსეები აღარსად არიან. ისინი შეიცვალნენ პროზაიკებათა.
9. თეორეტიკა რათა გგონია სხოლასტიკის ნაშთათა? თეორეტიკა ანუ ტეორია არის კანონები რომლისამე სწავლისა. არც ერთი სწავლა არ შეიძლება უტეორიოთა, მატემატიკა, თუ პოეზია, თუ ისტორია, ან რა გახლავსთ სხოლასტიკა. შე დალოცვილო, ყოველს გვერდზედ ივიწყებთ, რომ ქართველებთან გვაქვს საქმე და არა ევროპის განათლებულ საზოგადოებასთანა.
10. სიცრუეს ანბობ მაშ? რათ გესმით ბრუნდეთ ჭეშმარიტება. კრიტიკების მწერალს ეს არ მიეტევება.
11. ანბანის ცოდნაზედ კი არ გეუბნება კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, არამედ ტეორიის ცოდნაზედა. რა ლოღიკით ურევთ ერთი ერთმანეთს ამ საგნებსა, რომელთ შორისაც დაკავშირება არა არის რა.
12. არ გესმის ამ სიტყვებში რა აზრია. ან ეს რა ქართული ენაა. უფ. კრიტიკო?
13. კიდევ უბედურს თეორეტიკას მიუბრუნდა. ვითომ ამ გამეორებით ძალას აძლევთ თქვენს სიტყვებსა. იქნება ამ გვარი წერა ბელინსკისაგან ისწავლეთ!
14. თქვენ არა დაგიკარგავსთ რა და გირჩევთ არაფერი ეძებოთ, ვერას იპოვით.
15. საკვირვლათ მჭევრ მეტყველობთ!
16. ეს მეოთხეთ თუ მეხუთეთ იმეორებს ჩვენი კრიტიკი თეორეტიკასა.
17. ეს მეექვსეთა!
18. [შენიშვნა სქოლიოში არაა].
19. უბრალო აზრი უბრალოდ გამოთქმული! საცა აქამდისინ ქართველნი ხმარობდნენ - მარტივი აზრი მარტივად გამოთქმული, ახლა კრიტიკი ხმარობს „უბრალო აზრი უბრალოდ გამოთქმული“ (?)
20. მადლობა ღმერთსა! ძლივს აღმოვიკითხეთ კრიტიკის განსაზღვრება. იქნება ის ევროპიელნი, მეთექვსმეტე საუკუნეში რომ მრავალი ჟამი ოკეანეში სცურავდნენ, არ აღვსილან აგრეთის სიხარულითა, ოდეს ამერიკის ხმელეთი დაინახეს, როგორათაც ჩვენ, რა კრიტიკის გამორკვევა შევნიშნეთ, აბა როგორ გამოგვირკვევს მეცნიერი კრიტიკი თავისს საგანსა, სწორე მოგახსენოთ, ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ეს განსაზღვრება თეორეტიკას ეკუთვნის და კარგათ იცით თ. ილია ჭავჭავაძე რა აზრისაა თეორეტიკაზედა...
„კრიტიკა არის - განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, და დაფასებაც“, რომელ ლექსიკონითგან ამოუწერია ამ ერთისა და იმავე აზრის შემცველი სიტყვები. აქედამ ვხედავთ, რომ ავტორს ფრაზები დიდად ჰყვარებია. საკმაო იყო ერთი რომელიმე სიტყვა ეკმაყოფილა და შემდეგ განემარტა, ესე იგი, ეთქვა, რომ ეს სიტყვა ორ ნაწილად განიყოფება ღირსებისა ნაკლულევანებისა ასაწონად. „ჯერ ღირსება საგნისა უნდა ითქვასო, მას უკან ნაკლულევანება“. არ გვესმის, რატო არ შეიძლება ჯერ ნაკლულევანება ითქვას, შემდეგ ღირსება, ეს მწერალზედ არის დამოკიდებული. უპირველესი კრიტიკი, ანგლიის ისტორიკი მაკოლეი, თვით თქვენი ავტორიტეტი ბელინსკი და ყოველგან განვითარებულნი კრიტიკნი ასე სწერენ. არ იქნება დაგვისახელოთ ის კრიტიკი, რომელიც „განარჩევს რა ცუდსა და კარგს, სასწორს დაუთმობს ხოლმე თვით მკითხველსა“. ამ სიტყვით ამტკიცებთ იმას, რომ თქვენ არ გესმით რას ანბობთ. კრიტიკა მაშ რა არის, თუ არ დაფასება ანუ აწონა საგნისა. ამ აზრს სადაურის ლოღიკით გამოსთქვავთ. უ. ბარათოვს სასაცილოდ იგდებთ შენიშვნაში, მაგრამ იმას შეუძლიან თქვენზედვე გადმოიტანოს ეს სიტყვები და უფრო ჭეშმარიტი იქნება. რას ნიშნავს ფრაზა „კრიტიკის თანასწორე მნიშვნელობა არ არის ქართულს ენაზედაო და არც ძალიან საჭიროა რომ იყოსო, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ ყოფილიყო, რადგანაც ეს დაგვიმტკიცებდა, რომ ჩვენი მამაპაპანი მაგ აზრით განვითარებულნი ყოფილანო“. შე დალოცვილო, თქვენვე განსაზღვრეთ კრიტიკა ქართულის სიტყვებითა: განხილვა, თუ გარკვევა, თუ დაფასება, აი სამი სიტყვა, რომელთაგანიც თვითეული კრიტიკის მნიშვნელობას შეიცავს. მრთელს ევროპაში რისთვის შემოვიდა ეს სიტყვა, ეს სხვა არის: ევროპიელთ სიტყვიერებანი ერთი მეორეზედ მჭიდროდ არიან დამოკიდებულნი და რასაკვირველია მრავალი ტერმინებიც ანუ სწავლათ სიტყვანი ერთი და იგინივე განვრცელდნენ. ჩვენთვის „არა თუ დასაძრახისი არ არის“, როგორც თქვენ ანბობთ, ეს სიტყვები და სხვანიცა ჩვენმა სიტყვიერებამ მიითვისოს, საჭიროც არის, მაგრამ ჯერ კი იმ გვარად ვერ ვიხმარებთ, როგორც თქვენ ხმარობთ ფრაზებსა: კლასიკური სხოლასტიკა, პლასტიკა და სხვანი ისე უნდა იხმაროთ, რომ ქართველი მკითხველი მაშინვე მიხვდეს იმათს მნიშვნელობასა, თუ არა და ლექსიკონი სად ეძებოს უბედურმა სოფლელმა ჩვენმა მემამულემ, კაცმა ანუ ქალმა. თუ კრიტიკოსათ გამოხვედით, ეს პირველი მოვალეობა იყო თქვენი და ამაზედ კარგათ უნდა მოგეფიქრებინათ, ამას გიწერენ, კრ. ჯორჯაძისაც, ბარათოვიცა და ერისთავიცა, ყველანიც ამასვე ანბობენ. ჰსჩანს, ვისაც თქვენ სასაცილოდ იგდებთ, იმათ უფრო კარგათ ესმისთ.
21. ვისი ბრალია, რომ კნ. ჯორჯაძის კრიტიკაში თქვენ ვერასა პოულობდეთ.
22. მაშ რა არის თუ არა ლანძღვა! არ ვიცით ლანძღვა როგორ გესმით! ლანძღვა თხზულებაში ის კი არ არის, რომ გინების სიტყვებს ხმარობდეთ, რომელსაც ნებას თვით ცენზურა არ მოგცემთ და რომელსაც სხვა რამეც შეუდგება. ეს ის არის, რომ არა თქვენი აზრი იმათ აზრს არ არღვევს, არამედ უშვერის სიტყვებით მიუბრუნდებით როგორათაც პირი პირსა. სიტყვებში ანუ ლიტერატურაში ასე ესმით ლანძღვა. შე დალოცვილო, აქაო და ბელინსკი ილანძღებაო, მაშ ლანძღვა აღარ უნდა იყოს.
23. ეს კი გაგვიგონია, რომ თვალებში ჭკუა გამომეტყველებდეს და ისკი არა, თუ თვალებში ჰქონდეს ვისმე ჭკუა.
24. შე დალოცვილო, აქაო და სიტყვებს არას დავდეო, და მხოლოდ აზრებს მივდეო, ეს ცუდათ გადმოწერილი გადაგეკითხათ ერთხელ მაინცა. მე ვიცი, რომ თქვენ დაგიწერიათ მხედველობაში მყვანდნენო, და თქვენ სტატიის გადამწერს უხმარია ხედვაში მყვანდნენო. გვეყოფა შენიშვნების წერა, არც დრო გვაქვს და აღარც სურვილი. მოგვიტევეთ კი უ. კრიტიკო, რომ უზომოდ შევდეგით და ვერც ქართულ ასოების ხმარებაზედ, ვერც ჩახრუხაძეს მნიშვნელობაზედ, ვერც ანტონი კათალიკოზზედ და ვერც სხვათა, რომელთამე საგნებზედა ვერ მოგახსენეთ ჩვენი აზრები, რომელნიც სრულებით ეწინააღმდეგებიან თქვენს აზრებსა. მაინც ზოგს სხვების სტატიებიდგანა ჰსცნობთ.
(*) ვთხოვთ მკითხველს რედაქციას არ დააბრალოს ეს შეცდომა, უ. კრიტიკის ნამდვილში ასე გახლავსთ, თორემ შემდეგ დაიბეჭდებოდა.
(**) ჩვენ ძალიან სამწუხაროდ მიგვაჩნია, რომ ასე ცილის დაწამება სცოდნია უ. ჭავჭავაძეს, რომელსაცა ვთხოვ, მობრძანდნენ და შეამოწმონ ნამდვილთან, ასეა თავის საკუთარი ხელით დაწერილი თუ არა? „1861 წ. ნოემბრის 5-ს“, თუ სულ ასე მართლა ლაპარაკობს, ნეტარება იმის სულს: განა არ ვნახეთ, რომ იმის ნამდვილში შეცდომა იყო, მაგრამ, რადგანაც ნათქვამი გვქონდა, ნურცა თუ ერთს ასოს შეეხებით გასასწორებლათაო, ამისთვის ვერ შევეხენით.
![]() |
2.3 სფირიდონის და თადეოზის ბაასი |
▲back to top |
1861 წ. 15 თიბათვისას
- ჩემს სფირიდონს გაუმარჯოს! მადლობელი ვარ, ჩემო სფირიდონ, რომა ხანდახან მაინც მომხედამ ხოლმე. ყოჩაღ, ყოჩაღ! ჩემი ძმის კეთილი გული შენ გამოგყვა: არა გევხარ ზოგიერთ ძმისწულებსა. დაბძანდი, ჩემო სფირიდონ.
- როგორ მშვიდობით ბრძანდებით, ბიძაჩემო?
- კარგად, კარგად გახლავარ; თქვენ როგორღა გიკითხოთ?
- მე, ჩემო თადეოზ, მადლობა ღმერთსა, კარგადა ვარ, მაგრამა ამდენ საქმეში ვარ გაბმული და ვერ ვიცლი, რომ უფრო მალ-მალე გნახო ხოლმე, - სახლია, კარია, ყველას გაძღოლა უნდა; როგორც მოგეხსენება, მარტოხელი კაცი ვარ, ვსცდილობ, სუყოველიფერი ხერხიანად მოვიყვანო. ვსწუხვარ ჭეშმარიტად, რომა ასე იშვიათად შემემთხვევა ხოლმე თქვენთან ბაასი. თქვენ ხომა მაგ მუთაქასა და ტახტს არ მოშორდებით მოხუცებული კაცივითა-და.
- მოხუცებული არა ვარ, ჩემო საყვარელო სფირიდონ, მაშ რა ვარ? აღა-მაღომედ-ხანის დროსა ბარე ორი წლისა ვყოფილვარ, როგორც იტყოდა ხოლმე დედაჩემი; და ხუმრობა ხანია მას შემდგომა? მაგრამა ესეც კი უნდა მოგახსენო, კვეხნაში ნუკი ჩამამართმევ, რომა ზოგიერთს ახალგაზდებსა კიდევაცა ვჯობივარ ხალისითა და მხნეობითა.
- რასაკვირველია, გვემჯობინებით: ისე თავისუფლადა და უდარდელად გაგიტარებიათ თქვენი დროება. ეხლა ჩვენ ბევრი ფიქრი გვაწუხებს, მრავალი სხვადასხვა საჭიროება გვაქვს; მაშინ როდესაც თქვენა კმაყოფილი იყავით თქვენის შეძლებისა, ეხლა ჩვენთვის ის საკმაო აღარ არის; რითაც თქვენ უწინდელ დროში ნებიერობდით, ის ჩვენთვის ეხლა ნაკლებულობაა, ერთის სიტყვით დროება შეიცვალა. სურვილი ბევრი გვაქვს, მაგრამ შეძლება კი არა, და ამისათვის ვცოდვილობთ, ჯაფასა ვსწევთ და როდესაც ვერაფერს გავხდებით ხოლმე, დავანებებთ თავსა დაღონებულები, გულმოწყვეტილები და შეუდგებით კიდევ მეორე ფიქრსა. ეს ჯავრი და ეს ფიქრი უდროვოდ გვაუძლურებს; აქ ან შვილი წამოგეზრდება, ან ძმა და ახლა იმათ სწავლა უნდა, და ათასი ცოდვილობა, როგორცა სთქვა ვიღამაცა:
ეს სოფელი, სამყო ძნელი, მჩვენებელი ჭმუნვის ალთა,
რა ვიშვებით, მყისვე ვსტირით, ვით წინათ მგრძნი მომავალთა,
მოვიზრდებით, წიგნის კითხვით არ გაგვიშრობს მწრთვნელი თვალთა;
ჟამი გვიროკს, იგი გვიძახს, შეუდექით სიბრძნის კვალთა.
რა ასაკსა შევალთ, ახლად ჭირი უფროს გვემატების:
თვალი გულს ჰსცვლის, გული - გრძნობას, გრძნობა ტრფობას
სახე რამე საყვარელი დაგვატყვევებს თვისებრ ნების, [ემსჭვალების,
და გლახ შეგვიქმს პატიმარად, მკვნესარად და მთქმელად ვების.
ოდეს შევალთ ხანსა სრულსა, მაშინ კვლავცა სხვა გვაქვს წუხვა,
არ ვკმარობთ საკმაოთა, ნდომა ჩვენი უზომ, უხვ-ა,
გვსურს დიდება, გვსურს პატივი, გვსურს სახელის განთქმა, ქუხვა,
რა ვერ ვპოებთ საწადელსა, შეგვექმნების შურით ჭმუხვა.
ოდეს წელთა ტვირთვის ზიდვით ქედსა მშვილდებრ მოვიხრებით,
ყოველთავე მოვსძაგდებით, ზნე გვეცვლების გრძნობის კლებით.
სიკვდილისა წინამძღვარად მოვლენ სენნი მახვილებით
მათგან ერთი გვცემს და გვეტყვის: „ახით ნაშნო, მოკვდით ვებით“.
- ეჰ, ჩემო სფირიდონ, მაგას რომ გამოვდგომოდი, ერიჰა, აქამდისინ ხსენებაც აღარ იქნებოდა ჩემი. მაგრამა აი, მხედამ, ჩემის გულგრილობითა ასე მოვუარე ჩემს თავსა, რომა ეხლა ჯანზედაც კარგათა ვარ და ღონეზედაცა, არა, ხალისიც ძრიელა მაქვს, მაგრამა, ვაი ჩემს უბედურებასა, ცოტა ამ სიბერის დროსა თვალებმა მიღალატეს, სათვალეებსა ვხმარობ, მაგრამა ისე ცხადად ვეღარ ვარჩევ ასოსა წიგნში, როგორც ამ ათის წლის წინათა, უწინ ისე ჩავაკრიალებდი ხოლმე დავითნსა, დაუჯდომელსა, სახარებასა და სხვა საღმრთო წერილის წიგნებსა, რომა თვალს არ დავახამხამებდი; ეს რამდენიმე წელიწადია ძრიელ მიჭირდება, სიბერე ძნელი ყოფილა. აი, ეხლა, „ცისკარი“ მამდის, მინდა ხოლმე ჩავიკითხო, გავიგო რამე ქვეყნიერებისა, მაგრამა ზოგიერთს ადგილასა ძრიელ ჭრელად მეჩვენება ხოლმე სტამბა, რაღაცა სხავდასხვანაიარდ არის არეული; ზოგან კი ვკითხულობ ძლივძლიობითა ჩემი სათვალეების შემწეობით. კვეხნით არ მოგახსენებთ და უწინდელს დროში ჩვენა ხარის ბეჭზედა ბატის ფეხითა ასეთი გარკვევითა ვსწერდით ხოლმე, რომა ბრმაც წაიკითხამდა.
- სწორედ მართალსა ბრძანებთ, მაგრამ როგორც იყოს მოვითმინოთ და „ცისკრის“ რედაკტორი აგერ გვპირდება, ახალი ასოები მოგვივაო და მაშინ...
- დიაღ, დღეგრძელი ხარ, ჩემო სფირიონ, მე მინ[დო]და მომეხსენებია ეგა. მოუთმენლად ველი. კარგი სხვილი ასოებით რო იყოს დაბეჭდილი, ხანდახან უშენოთაც წავიკითხამდი ხოლმე, ეხლა კი, ვიდრე მოგვივიდოდეს, ჩემო სფირიდონ, ნუ დამზარდები, გადმოირბინე ხოლმე ერთს წუთასა და განრკვევით შემატყობინე ხოლმე ემაგ „ცისკრის“ აზრი. ზოგჯერ, როდესაც ასოებს ვარჩევ, აზრს ვეღარ მიმხვდარვარ, ამისათვის რომა როგორღაც ჩვენებურად აღარა სწერენ. ჩვენ უწინდელ დროში თითო სიტყვასა ოროლ წერტილს დავუსვამდით ხოლმე და ეხლა კი სიტყვები ერთიერთმანერთზე არის მობმული და რომ ვეღარაფერს ვიგებ! რასაკვირველია, ამითი ბევრს გაწუხებ, მაგრამ რა ვქმნა, ყმაწვილი კაცი ხარ, რა გახდება რო ბერიკაცი ბიძისათვის შესწუხდე, და ამისათვის უფრო გიბედამ ამ თხოვნასა, რომა შენც როგორღაც გიყვარს ახლანდელი ამ ჟურნალის კითხვა და ეს მწერლობა.
- მაგაზედ არ დაგზარდებით, მაგრამა მე მიკვირს, აგრე გეხალისებათ წიგნის კითხვა თქვენა! მგონია უწინდელ ხალხსა არა გყვარებიათ აგრე რიგათა, რასაკვირველია, საღმრთო წერილ გარდა?
- ეგ ტყუილად გაგიგონია. ყოველთვის ვკითხულობდით ხოლმე წიგნებსა, როცა კი გვეცალა: „ვეფხვის-ტყაოსანსა“, „ბეჟანიანსა“, „ყარამანიანსა“, „ვისრამიანსა“, „მოურავიანსა“ და სხვებსაცა, განა ცოტა გვქონდა ხელთნაწერები? ეხლა კი სხვადასხვა სწავლა შამოვიდა, სხვადასხვანაირი მწერლობა, რო აღარა კადრულობს ახლანდელი ხალხი ამ წიგნებსა, რომელსაც ჩვენ დროში ისე მომჭი[რ]ნედ სწავლობდნენ ზეპირათა, მეტადრე ქალები, მაგრამ უნდა მოგახსენო, რომა ყოველისფერს თავისი შემოდგომა და გაზაფხული ჰქონია, თავისი დრო და ჟამი და ყოველ დროებას თავისი შესაფერი სწავლა და ყოფაქცევა. კარგა მოზრდილი ვიყავი, როცა შკოლაში მიმაბარეს, შენც გაგეგონება, რასაკვირველია, და დამაწყებინეს რუსული კითხვა, ქართული წიგნი და წერა კი შინ ვისწავლე. შემდგომ სამსახურში ვიყავი ცოტას ხანსა, როგორღაც ვერ შევეჩვიე ჯარში სიარულსა და მასუკან სახლკარობას შევუდექი. კარგად კი ვსცხოვრებ, რაც შეეფერება ჩემს ხარისხსა, მაგრამა ძნელი ეს არის, რომა სიყმაწვილით სწავლას არა დავდიე რა, რადგანაც შინაურს საქმეში ვიყავი გართული, და როდესაც მოვბერდი და ჩანჩალი აღარ შემიძლიან, ეხლა კი რაღას მოვეწევი; და ასე ჩამოვრჩით, მეცა და ჩემი ამხანაგებიცა მრავალნი, სწავლასაცა და წუთისოფელსაცა და დავრჩით ტოროლა ჩიტივითა მინდორში. ყველა წინ მიდის, ყველა სწავლაშია, ერთი ბეწვა ბავშვები კვერცხში გამოწივიან, აქეთ გაზეთებსა კითხულობენ, იქით წიგნებსა. ჩვენცა ხან აღარა ვკადრულობთ, რომა იმათში გავერიოთ და ხანდახან თუ ვკითხამთ რასმე ყმაწვილკაცებსა, რასაც გვეტყვიან, მეტი რაღა ღონეა, უნდა დავიჯეროთ; ჩვენი განმსჯელობა ახლანდელს სწავლაში დამდგარია. აი ეხლა ამ „ცისკრის“ ჟურნალში ბევრს წავაწყდები ხოლმე ისეთს სიტყვებსა, რომა არ მესმის, ჩვენი უწინდებური რუსული აღარა სჭრის და საშინლადაც მეწყინება ხოლმე, რომა რად უნდათ იმ დალოცვილ მწერლებსა ამდენი რუსული სიტყვები, რო ლაპარაკში და წერაში ხმარობენ? აღარც ჩვენებურ ქართულ ენაზედა სწერენ, რაღაცა ანღრევაში არის ხალხი, მეტადრე ამ წვრილფეხობამ გააჭირა საქმე, ამ ყმაწვილმა ხალხმა, ნურას უკაცრავად კი თქვენთანა, ჩემო სფირიდონ; ნახამთ, ვინც მოესწრობით, სადამდისინ მივა ეს ენის არეულობა, ბაბილონის გოდოლის აშენება იქნება სწორეთ.
- რა ვქნათ, ბიძაჩემო, უნდა ყოველიფერი გავიგოთ, თორემა თქვენ რომ ბრძანეთ, ჩვენც ისე ჩამოვრჩებით დროებასა. დრო გვითხრობს, ისწავლეთო, და ჩვენცა ვსწავლობთ; ამ სწავლაში, ჩემო თადეოზ, სხვადასხვა აზრები გვესმის, სხვადასხვა ქვეყნების ენაზედა, შემდგომ გვსურს ის აზრი ქართულადა ვსთქვათ, ე.ი. გადმოვიტანოთ იმ ხალხში, რომელსაც ჯერ თავის სამშობლო ენაზე ნათქვამი ის აზრი არ გაუგონია, და ამასობაში, აღნაქვსი ქართული ენისა იცვლება და, ამას-და გარდა, უცხო ქვეყნის სიტყვები შამოდის ხმარებაშია; უამისობა არ შეიძლება, ერთს მხარეს უნდა დაიკლო, რომა მეორე მხარეს შეიმატო.
- ახირებულია, თქვენმა მზემა! განა არ შეიძლება ენის გამოუცვლელად, ქართულად, ჩვენებურად ვსწეროთ კიდეცა და ვისწავლოთ კიდეცა? თუ დააკვირდებით, სიტყვები ამდენი არის, რომა ამიერ უკუნისამდე გეყოფათ. მაშ რას აკეთებდნენ ჩვენი წინაპარნი, თუ სიტყვებსაც ვერ მოიგონებდნენ? აი, ჩუბინოვის ლექსიკონი იხმარეთ, იქიდგან ამოარჩიეთ სიტყვები და ყოვლისფერი ხერხიანად მოვა, თუ არა და მოდი გამაფრანცუზე ეხლა, რაღა დროს ჩემი გაფრანცუზებაა?
- სიტყვა მრავალი გახლავსთ, ჩემო თადეოზ, ძრიელ ბევრი, მაგრამ, რ ვქნათ, რომა იმ სიტყვებსა დაუმატებლად ბევრჯელ არ შეუძლია ზოგიერთი აზრის გამოთქმა? მე, რასაკვირველია, იმ აზრის გამოთქმაზედ არ მოგახსენებთ, რომელიცა ჩვენი ხალხის გონებაში დაბადებულა როდესმე: როცა დაიბადებოდა ის აზრი, უეჭველია, მაშინვე იმ აზრის გამომხატავი სიტყვაც აღმოჩნდებოდა, და იმგვარი სიტყვა და აზრი ჩვენ, ქართველებმა, უნდა უთუოთ ვიცოდეთ; მაგრამ როგორ მოვაგვაროთ საქმე მაშინა, როდესაც სხვა უცხო ენაზედ შევიტყეთ რომელიმე აზრი და გვინდა ის აზრი ქართულის ენით ვსთქვათ, და სხვასაც შევატყობინოთ. და თუ ამ შემთხვევაში არ ვიხმარებთ იმ აზრების გამამხატველ სიტყვებსა, უნდა დავანებოთ თავი და დავრჩეთ გაუგებელი და უმეცარი. მსწავლული არავინ დაბადებულა, ყველანი ერთი ერთმანერთისაგან სწავლობენ, ერთი ხალხი მეორე ხალხისაგან სწავლობს. ესრეთ საბერძნეთი, როდესაც აიკლეს ოსმალებმა, ბერძნები მრავალი რიცხვი გაიფანტნენ და გავიდნენ დასავლეთ ევროპაში, და გაიტანეს სწავლა; როდესაც სწავლა გაძლიერდა იქა, იქიდგან შეიძინეს დანარჩენმა ევროპის ხალხმა. რასაკვირველია, საბერძნეთიდგან გატანილმა სიტყვამ შემოიარა ევროპა და თითო-თითოდ გადმოდის აზიაშიცა. და რა იქნებოდა მაშინა, რომ იმ ხალხს, დასავლეთის ევროპისას, ეფიქრნა: აი, ეს პოეზია არ არის ჩვენს ენაზედაო, ეს პროზაო, ეს ტრაგედიაო, კომედიაო - და სხვანი და გაჩერებულიყვნენ ამაზე გულხელდაკრეფილები; ან შედგომოდნენ იმათ თარგმნასა, ან ახალი სიტყვების მოგონებასა, უეჭველია, ამიერ უკუნისამდე იმას მოუნდებოდნენ და დარჩებოდნენ უსწავლელნი. ან კი რა წახდა რუსულ ლიტერატურაში იმითი, რომა ხმარობენ მრავლისაგან უმრავლესს ლათინურსა და სხვა დასავლეთი ევროპის ხალხის სიტყვებსა აზრის გამოსათქმელად? მაგრამ შორს რათ მივდივართ, თვითონ ჩვენ კი ცოტასა ვხმარობთ აქამომდისინაცა თათრულს სიტყვებსა, და არა ვძრახამთ ერთმანერთსა, და არც სასაცილოდ მიგვაჩნია იმათი ხმარება. რამდენჯერ იტყვით ყოველ ცისმარე დღე: უზბაში, მინბაში, სარდალი, ჩიხირთმა, ბოზართმა, ყაურმა, ტოლმა და სხვაც მრავლისაგან უმრავლესი, რა საჭიროა ჩამოთვლა. ამას და გარდა რამდენ რუსულ სიტყვასა ვხმარობთ ეხლა, რომელნიცა სრულიად აღარ გვეჩოთირება, და ვხმარობთ, ისრე, როგორც ჩვენს საკუთარს ქართულს სიტყვასა: სტოლი, სამოვარი, სალფეთქი, კანცელარია, სუდი, პალატა, კანტორა, სენატი, სინოდი, ჩინი, ჩინოვნიკი, აფიცერი, პოლკოვნიკი, გენერალი, და სხვანი. ყოველ ქვეყანაში ასრე იქნებოდა, ჩემო თადეოზ, ვიდრე არ შეეჩვეოდნენ უცხო სიტყვასა, უეჭველია. იმათთვისაც საჩოთირო იქნებოდა. ამის დასამტკიცებლად წარმოგიდგენ ბელინსკის სიტყვასა; თუ რუსულ ენაზე არ წაგიკითხამთ, ორიოდე აზრს გადმოგითარგმნით ქართულათა და თვითონ თქვენ გაშინჯეთ, რა წინააღმდეგები ყოფილან რუსეთის მწერლები უცხო ქვეყნის სიტყვების ხმარებისა: თუ ჭკუაში დაგიჯდესთ, დამეთანხმენით; და მე კი ჩემის მხრით სრულიად არა ვარ ამის წინააღმდეგი.
„...ილაჯი იყო გაწყვეტილი რუსულში ახალი სიტყვებისა, - მომეტებულად უცხო ქვეყნის სიტყვებისა და ლაპარაკის კილოების შემოტანისაგანა; მაგრამ რომელი ახალი ცვლილება მამხდარა ილაჯგაუწყვეტლად, და სასაცილო არ არის, რომა არ დაიწყო კეთილი საქმე უბრალო ლაპარაკის შიშითა? რაღა საჭირონი იქმნებიან ექიმები, თუ ავადმყოფებს არ უწამლებენ იმისი შიშითა, რომა წამლებით უფრო ცუდად არ შეიქმნენ ავადმყოფებიო? საქმეში რო შენიშნო რამე შეცდომილება, ეს ჯერეთ იმის დამტკიცებას არა ჰნიშნავს, რომა მთელი საქმე არის ტყუილი და არა მართალი. მოქმედებს ხალხი, მაგრამ დროება კი ასრულებს ყოველისფერსა. რასაკვირველია, ეხლა სასაცილონი არიან ეს სიტყვები: „ვიკტორია“, „სენსაცია“, „ონდიროვატ“ (აღელვება), და სხვანიცა ამათი მსგავსნი. სასაცილო იქმნება, რომ დაიწეროს: „სლოჟენიის“ მაგივრად „ადდიცია“; „ვიჩიტანიის“ მაგივრად „სუსტრაქცია“; „უმნოჟენიის“ მაგივრად „მულტიპლიკაცია“; „დელენიის“ მაგივრად „დივიზია“. ამ ზემოხსენებული სიტყვების ხმარება და შემდგომი სიტყვების ხმარება დაიწყეს ერთს დროში, - „გენია, ენტუზიაზმი, ფანატიზმი, ფანტაზია, ოდა, ლირიკა, ეპოპეია, ფიგურა, ფრაზა, კაპიტელი, ფრონტონ, ლინია, პუნკტ მონოტონია, მელანხოლია“ და სხვანიც მრავლისაგან უმრავლესი უცხო ქვეყნის სიტყვები, მაგრამ აქამომდისინაც დიაღ ჩინებულად იხმარებიან რუსულ ენაში და ამისთვისაც აღარ არიან სასაცილონი, გასაოცარანი და შეუგნებელნი. ხალხი განურჩევლად ხმარობდა ახალ სიტყვებსა, მაგრამ დროებამ გარდაწყვიტა - რომელი სიტყვა უნდა დარჩენილიყო ენაში და ხმარებულიყო და რომელი უნდა გადავარდნილიყო ხმარებიდგანა; მაგრამა ამ ახალი სიტყვების შემომტანელებმა არ იცოდნენ და არც შეეძლოთ სცოდნოდათ ესა. შიშკოვს (*) არ ესმოდა, რომა კილოსა და სამარადისო კანონებს გარდა, ენას აქვს კიდევა ზოგიერთი უხიაკობა (ხასიათი), რომელის წინააღმდეგობაცა სასაცილო არის; იმას არ ესმოდა, რომა სიტყვის ხმარებასა აქვს უფლება სრულიად გრამმატიკის თანასწორი, და ხანდახან გრამმატიკასაც აჯობებს ხოლმე, თუმცა საქმე აშკარად აჩვენებს, რომა გრამმატიკის წინააღმდეგი არის. ჩვენა გვაქვს სიტყვა ტორგოვლია (ვაჭრობა), რომელიცა სრულად ამბობს თავის აზრსა; მაგრამ იპოვნეთ ერთი ვაჭარი კაცი, რომელსაც არ ესმოდეს და რომელიც არა ხმარობდეს სიტყვასა კომერციასა. თუმცა ეს სიტყვა ყოველის სიმართლით სრულიად მეტი არის. ამის-და გვარად იპოვება მრავალი ნამდვილი რუსული სიტყვები, რომელნიც არიან სრულიად დავიწყებულნი და უხერხულნი სახმარებლად...“
„...პირველი მიზეზი ახალი სიტყვების ლაპარაკში შემოტანისა, გამოკრებილისა თავისის ან სხვის ენიდგან, არის გაცნობა ახალი აზრისა (ან საგანისა); და უეჭველია, თუ საგანი არ არის, არც სიტყვა იქმნება იმის გამოსახატავად; თუ აღმოჩნდა საგანი - საჭირო არის სიტყვაცა, რომელის შემწეობითაც ის უნდა გამოითქვას. ჩვენ გვეტყვიან, რომა აზრი, საგანი და სიტყვა ერთად უნდა დაიბადნონო, ამისათვის რომა სიტყვა უაზროდ და აზრი უსიტყვოდ ვერ დაიბადებიან. ეს სრულიად მართალი არის: მაშ რა უნდა ჰქმნას, თუ მწერალმა აზრი ანუ საგანი იცნო სხვა უცხო ქვეყნის სიტყვითა? - უნდა იპოვნოს სიტყვა თავის ენაზე, ან შეადგინოს ახალი სიტყვა იმისი შესაფერი? - ამას ბევრნი სცდილობდენ, მაგრამ ბევრნი მათგანნი ვერას გახდნენ...“
„...რუსის გლეხიკაცებისათვისა „კუჩერი“ ნამდვილი რუსული სიტყვა არის; და „ვაზნიცა“ ისეთი უცხო ქვეყნის სიტყვად მიაჩნიათ, როგორათაც „ავტომედონი“. ამ სიტყვების სათქმელად: „სალდათი“, „კვარტირა“ და „კვიტანცია“, ასე გაშინჯე, გლეხიკაცებსა არა აქვსთ ამაზედ კარგად გასაგონარი და ამაზედ უკეთესი რუსული სიტყვა, როგორც სალდათი, კვარტირა და კვიტანცია. რა უნდა უყოთ ამასა? და შესაწუხრად კი ღირს ესა? როგორი სიტყვაც უნდა იყვეს, ჩვენი თუ სხვისა, ოღონდ კი შეეძლოს გამოთქმა იმ აზრისა, რომლისათვისაც არის გამოსახული, - და თუ სხვის სიტყვა უკეთესად იტყვის აღნიშნულს აზრსა, ვიდრე ჩვენი, გვიბოძეთ სხვის სიტყვა და ჩვენი წაიღეთ საკუჭნაოში სხვადასხვა ძველძულებთან შესანახავად...“
- თანახმა ხართ ამაზე, თადეოზ, თუ არა?
- რა ვიცი, რა მოგახსენო, იმდენი ილაპარაკე, რომა კინაღამ დამეძინა; ყურისგდება მიყვარს, მაგრამა არც აგრე გაჭიანურებული ვარგა. მაგრამა წეღანვე მოგახსენე, მე ძრიელ ჩამოვრჩი-მეთქი დროებასა, რასაკვირველია, შენს სიტყვას დროება გაამართლებს.
- ბელინსკის თქმისა არ იყვეს, ეხლა რო შეუდგეთ იმის ფიქრსა, რომა „სტოლი“ სხვა ქვეყნის სიტყვა არისო და დაუწყოთ ლექსიკონებში ძებნა, რა ჰქვიან და ან უწინ რა რქმევია, ძალიან შორს მოგვივა. აი, თუ გინდა, სამაგალითოდ, გადმოვშალოთ ეს ჩუბინოვის ლექსიკონი და ვნახამთ მე-1043 გვერდზედა «стол» ქართულად არის: ტაბლა, მაგიდა, ტრაპეზი, სტოლი, სუფრა, სანოვაგე და სხვანი, აბა რომელი ერთი მიუდგება ამ სიტყვასა? ხალხში რომ ვსთქვათ: სტოლი და მაგიდა, რომელს უფრო მალე გაიგონებენ? მე მგონია, სტოლი უფრო მალე გაიგონონ, რაც არის, ვიდრე მაგიდა. მაშასადამე უნდა დაუძახოთ ისრევ სტოლი, ან კი რა წუნი აქვს? ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომა მაგიდასა იქნება ისეთი გარეგანი ფიგურა არა ჰქონდა, როგორიც აქვს ახლანდელ სტოლსა, თორემა, რომ ყოფილიყო იმისი მსგავსი, როგორც პირველად დაინახამდნენ ქართველები სტოლსა, მაშინვე მაგიდას დაუძახებდნენ; ალბათ განსხვავება იყო რამე სტოლსა და მაგიდას შორის. აი, თუ გსურთ ავიღოთ კიდევ მაგალითად „სამოვარი“. ლექსიკონი ამაზედ სრულიად არაფერს არ გვეუბნება, ვსთქვათ, ჩვენ პირველადა ვნახეთ; აბა რა დავარქვათ, თადეოზ, სამოვარსა? ქვაბსა და ქოთანს არა ჰგავს, არც ქილასა, არც თუნგსა და არც ალთაფასა. მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომა სამოვარი ჰქვიანო; რა უჭირს, სამოვარი ერქვას ისევა. და თუგინდ მოვიგონოთ და დავარქვათ სხვა სახელი, ვის უნდა დავასწავლოთ, როდესაც ყველამ იცის იმისი სახელი. უნდა დავსწეროთ ქაღალდზედა და დარჩება ისე უხმარებელი, როგორათაც შიშკოვის „პერეკლიტკა“, ამის მიზეზითა, რომა დიდმა და პატარამ იცის იმისი სახელი, კარგად იციან, რა არის იმისი ტრუბა და კრანტი.
- ეგ ვსთქვათ, ჩემო სფირიდონ, რაც არიან, მაგათ რაღა გაეწყობა, მაგრამა ახლა მაინც ნუღარ მოგვიმატებენ. ძალიან ძნელია, ზოგჯერ ისეთი სიტყვა შემხვდება ხოლმე, რომა ასოების ჩათვლითაც ვერ გამამითქამს. და მეტადრე ჩვენებურად ბრუნვაში და კანკლედობაში ვერ მიიხრებ-მოიხრებიან ხოლმე და უშნოთ არიან წამამსხდარნი თხზულებაში. ეს წინააღმდეგია ენისა.
- დამერწმუნეთ, ჩემო თადეოზ, ისინიც, რაც ახლა მოგვემატებიან, უარესად საჭირონი იქმნებიან. რით არიან უშნონი არაბული სიტყვები „ვეფხვის-ტყაოსანში“; თქვენ როგორცა ჰფიქრობთ, მაშ რუსთაველის თხზულება დამცირებული იქმნება? მაშ რუსთაველი ძლიერ დამნაშავე იქმნება არაბულისა და თათრული სიტყვების ხმარებისათვის? და თუ მაინცადამაინც არ დამეთანხმებით, მაშინ ერთი ღონისძიება დაგვრჩება, ერთს ხუმრობას მოგახსენებთ: უნდა მოვიშოროთ თავიდგანა ყველა სხვა ქვეყნის სიტყვები, ავიღოთ ცოცხი, მივაგროვოთ, მოვაგროვოთ ჩალაბულასავითა; პოეზია წინ გავიგდოთ, პროზა უკან მივაყოლოთ, ჟურნალიცა, ტრაგედია, კომედია, და ჩავიტანოთ ფოთში, ჩავყაროთ გემში და გავისტუმროთ: ზოგი საბერძნეთში, ზოგი იტალიაში, ზოგი რუსეთში, ერთი სიტყვით, საიდანაც მოსულან, და დავაყენოთ ყარაულები, რომა მეორეთ აღარ შემოგვეპარონ; მაშინ მოვრჩებით და მოვისვენებთ, აღარც ბაასი მოგვინდება და აღარც კრიტიკა. მაგრამ ეს უნდა გახსოვდეთ, რომა, ვინიცობაა, გავრეკოთ ჩვენი ქვეყნიდგან ყველა სიტყვები, რომელნიც აქ დაბინავებულან და რომელნიც კიდევაც აპირობენ დაბინავებასა, მაშინ ის უნდა წარმოვიდგინოთ თვალწინა, რომ ქართული ენა ეგვანება კალიისაგან მოჭმულ ყანასა.
- ეგ სასაცილო ხუმრობა არის, ჩემო სფირიდონ.
- მაშ როგორ იქმნება, ან ერთზედ უნდა დათანხმდე, ან მეორეზედა. მე კი ამას მოგახსენებ, რომა ყოვლის სიმართლითა სჯობს, რაც ჩვენთვის მიუცილებლად საჭირო არის, უნდა ვიხმაროთ, კარგი ამბავი უცხო ქვეყნისა, კარგი აზრი ჭკვიანი ხალხის ნათქვამი, ყოველისფერი ამორჩევით გადმოვიტანოთ ჩვენს ენაზედა, დავაკვირდეთ, გავშინჯოთ, შეუფარდოთ ჩვენს ამბავსა და ჩვენს აზრსა და ამ შეფარდებით გავიგოთ, რა არის ჩვენში კარგი და რა არის ცუდი. - რასაკვირველია, მეც საშინელი წინააღმდეგი ვარ „ოსტროვებისა“, „ლინიებისა“ და „ოზეროების“ ხმარებისა; ეს მეტისმეტი ახირებაა, რადგანაცა ჩვენა ჩვენს სამშობლო ენაზედაც კარგათ ვიტყვით და გავიგონებთ კიდეცა კუნძულსა, ხაზსა და ტბასა. მაგრამ ეს სალაპარაკოდ არა ღირს, რადგანაც უმეცრებით მოსვლია ამის დამწერსა, ვეჭობ, შემდგომ აღარ გაიმეორებს.
- არა, სფირიდონ, მე ხომ მაგას არ ვამბობ, მე სხვისაგანაც გამიგონია და ქართული ისტორიაც ამბობს, რომა ბევრს სხვადასხვა ხალხს გაუვლია საქართველოში და დაუტოვებიათ აზრებიცა და სიტყვებიცა, მაგრამა თვითონ ჩვენსავე საკუთარ ქართულ სიტყვებსა სცვლიან და გრეხენ რაღაცნაირათა; ზოგი იძახის, ასოები აღარ გვინდა, ზოგი იძახის, ანბანი უნდა გამოიცვალოსო; ეს არ მოგვწონსო, ის მეტადა გვიჩანსო, რაღაებსაც ამბობენ. ახა, ღმერთო ჩემო! მაგრამ სამართლიანად დაუწერეს კრიტიკა ილია ჭავჭავაძესა, ისე ურჩევნია.
- ეგ არაფერი, ყველა თავისებურადა სჯის. ყველას ნება აქვს კრიტიკისა, ყველამ უნდა სახალხოთა სთქვას თავისი აზრი, როგორა ფიქრობს ამა და ამ საგანზედა; მათგანსა ზოგს გაანტყუნებენ, ზოგზედ დაეთანხმებიან, და ამასობაში სტატია გაიწმინდება და დადგება ისე, როგორც უნდა ნამდვილად ყოფილიყო. და თუ ხმას არავინ ამოიღებს, მაშინ ყური მგდებელმა რა ჰქმნას? და ეგ ასოები...
- ეგ მართალია, მაგრამა კრიტიკებით კი აამსეს ეს ჟურნალი: გადააბრუნებ, კრიტიკა დაგხვდება, გადმოაბრუნებ, მაინც კრიტიკაა; ან რაზედა ცილობენ ეს დალოცვილები, განა ჩვენ არა ვიცით რა, განა ჩვენ არ გვესმის, მაგრამა ჩუმათა ვართ, არც ქვეყანას ვაწუხებთ და არც ვისმე ვაწყევნინებთ. აი, ეხლა რანაირად შეებნენ ერთმანეთსა: ჭავჭავაძე, ერისთავი, კნეინა ჯორჯაძისა და ბარათაშვილი; რანაირად ებრძვიან ერთმანეთსა.
- ეგ არის კიდეც ძნელი, ჩემო თადეოზ, რომა ყველანი ერთმანერთის შეცდომასა გულგრილად უყურებთ; კიდეც ეგ არის ცუდი, რომა ყურს უკან კი ვლაპარაკობთ ერთიერთმანერთის ცუდზედა, და კარგს მოქმედებაზე პირში თქმას კი ვერიდებით. აი ეხლა შორს ნუ წავალთ, ჩვენ ერთმანერთში ვსთქვათ, თქვენ რომ ხედავდეთ რასმე ჩემს ცუდს, შეცდომილს მოქმედებასა, არა გმართებთ, მოვალე არა ბრძანდებით, რომა მე, თქვენ ძმისწულსა, მიჩვენოთ ჩემი შეცდომა, და მითხრათ: ამას შენ ცუდათა სჯი, ამას ცუდათ სჩადიხარ, აგრე არ უნდა მოიქცე, თორემა სხვა ბევრს უმეცარსა კეთილი ეგონება ეგ შენი მოქმედება და მოგბაძებს შენა და ამგვარად, შენის მიზეზით, შევა შეცდომაშია და რომელიც კეთილი ჰგონია, უმეცრებითა, ბოროტად დაუბოლოვდება? არა, მოვალეობა გაქვსთ, როგორც ჩემს მოყვასსა, ძმასა და ნათესავსა, რომა როდესაც დაინახოთ ჩემში ბოროტება, უნდა სცდილობდეთ აღმოფხვრათ ჩემში ის ბოროტება, თქვენის კეთილის დარიგებითა, რჩევითა და ტკბილის სიტყვითა, და თუ თქვენ გულგრილად დაუწყებთ ყურებასა ჩემს შეცდომასა, მე, რადგანაც უმეცარი ვარ, ის თქვენი დაჩუმება თანხმობის ნიშნად მეჩვენება და სწორე გზაზე სიარულის ნაცვლად მე ბრუნდ გზაწვრილზედ ვადგევარ და, ვინ იცის, ის გზაწვრილი რა საშინელს ფლატეზე გადამაგდებს და ვინ იცის, რამდენი სხვა ჩემისთანა უმეცარი კაცი მამდევს უკანა, თუ თავისი შეცდომით მე მეცნიერ კაცად მცნობენ ისინი. შეგშვენისთ თქვენა გაჩუმება მაშინ, როდესაც ცხადად ხედამთ ჩემს შეცდომასა? რატომ არ მამკიდებთ ხელსა და არ მეტყვით: ეგ გზა ცუდს ადგილს გაგიყვანს, ნუ მიხვალ აგრე. აი კაი გზა, რომელზედაც უნდა გაიაროს ყოველმა კეთილგონიერმა კაცმა. იქნება მე არც კი დაგიჯერო, მაგრამა, შესაძლო არის, რომა ჩემი მომდევართაგანი ოცში ერთი იყვეს დამჯერო და გულისხმიერი და იმან დაგიჯეროს; მაშინ იმ ერთ კაცის კარგს გზაზე დაყენებისათვისაც თქვენ უნდა ხარობდეთ და კმაყოფილი იყვნეთ თქვენის თავისა.
- ვინ მოგახსენებთ, ბატონო, მაგასა? მე ეგ არ მამიხსენებია; რასაკვირველია, ყველანი ვალდებულნი ვართ, მოყვასს ხელი მივაწოდოთ და ჯურღმულიდგან ამოვიყვანოთ, მაგრამა ეს კრიტიკა და ლანძღვა რა საკადრისია? ჯერა შინ, ჩემს სახლში, რომ უპატიუროდ მომექცეს ვინმე, ისიც მეწყინება, არამც თუ საქვეყნოდ კრიტიკა დამიწეროს.
- ჯერ ერთი შეცდომა ეგ არის, რომა კრიტიკა და ლანძღვა ძალიან შორისშორ არიან ერთმანეთზედა თავისი მნიშვნელობითა. ლანძღვა არ შეშვენის კაცსა არას დროს, არც პირად თქმითა და არც ქაღალდზედ გამოცხადებითა. კრიტიკა ნურას დროს ნუ გგონიათ ლანძღვა, ნურცა გგონიათ დაცინება; ის არის დარიგება, შეცდომილების ცხადად ჩვენება, ბუნდიანი საქმისა გამორკვევით და ნათლად ჩვენება. აი, ვსთქვათ, ეხლა წავიკითხეთ რამე თხზულება, ან გავიგონეთ რამე ამბავი, რომელიც მამხდარა რომელსამე ადგილასა, მაგრამ ის კი ვეღარ გამოგვიგნია ცხადათა, რომ ვსთქვათ ჩვენი აზრი იმ საქმეზედა. კარგია ის თხზულება, ან ის ამბავი, თუ ცუდი და ამ თვისების პოვნა არ არის ადვილი. კარგისა და ავის განრჩევა, დამერწმუნეთ, თადეოზ, რომა არ არის ადვილი, მეტადრე იმ შემთხვევაში, როდესაც თხზულებისა ან მოქმედების ცუდი ან კარგი მხარე ძალიან ცხადად არა სჩანს. მაგრამა კაცი დაუყოვნებლივ და განუწყვეტლათა სჯის ისრე, როგორც ესმის. ყველა გეტყვის დაუყოვნებლათა თავის აზრსა იმ საგანზე, რომელიც კი გაუგონია. აბა, ეხლა ჰკითხე ვისაც გინდა ქართველ კაცსა, რომელიც კი ცოტაოდენადაც მაინც თავისთავს წიგნის მცოდნეებში აგდებს, რომა რა ღირსებისა არის „ვეფხვისტყაოსანი“? მე თქვენ დაგარწმუნებთ, თადეოზ, რომა მათგანი არც ერთი არ დაფიქრდება ამის პასუხის გებაზე: „დიაღ, ჩინებული, მშვენიერი რამ გახლავსთ, თქვენმა მზემა, იმისთანა არცა რა დაწერილა და არც დაიწერება“. მაგრამ რომ მიუბრუნდე და მეორეთა ჰკითხო: რა არის „ვეფხვისტყაოსანში“ კარგიო, მე მგონია, ყველამ ვერ მოგცეს ამაზედ პასუხი; ამისათვისა, რომა იქნება არც კი წაეკითხოს თავის დღეში „ვეფხვისტყაოსანი“, და გაეგონოს კია ვისგანმე ქება და სხვის სიტყვით აქებდეს. ან, თუგინდ წაეკითხოს, განა ყველას შეუძლიან ნათლად გამოარკვიოს, რა არის კარგი „ვეფხვისტყაოსანში“ და ცხადად და ნათლად ჩაგაბაროთ ანგარიში, როცა ჰკითხამთ. მარად ჭეშმარიტია ქართული ანდაზა: „კარგს მთქმელსა კარგი გამგონე უნდაო“; კარგის გასაგონებლად კაცი მომზადებული უნდა იყვეს, გონება უნდა ჰქონდეს გახსნილი, განათლებული, თორემა ბნელის გონებით, ბნელაში კაცი რას დაინახამს. გონებაგახსნილი კაცი წაიკითხამს თხზულებასა და იტყვის: ეს ცუდია, ეს კარგია, ეს არც ძრიელ ავია და არც ძრიელ კარგი; ცხადად იტყვის, რის მიზეზით არის ან კარგი, ან ავი, ან საშუალო; ცხადის საფუძველით, საბუთით დაამტკიცებს თავისს ნათქვამსა. კრიტიკოსი არის გამრჩევი თხზულებისა, კრიტიკოსი არის ცხადად მაჩვენებელი ავისა და კარგისა თხზულებაში, ან ყოველივე მოქმედებაში, ის არის დამრიგებელი და მსაჯული. რა გამოვა, ჩემო თადეოზ, იმ ბავშვისაგანა, რომელსაც არა ჰყავს კარგი დამრიგებელი, ან სრულიად არა ჰყავს დამრიგებელი? რა გამოვა იმ ჟურნალიდგანა, რომელსაც არა ჰყავს კარგი დამრიგებელი, კარგი კრიტიკოსი? ვერც ერთი ჟურნალი უკრიტიკოდ ვერ იცოცხლებს, კრიტიკა არის მისი გზის მაჩვენებელი, იმისი წინამძღოლი, იმისი სინათლე და დამრიგებელი. იმან უნდა გამოარჩიოს ავი და კარგი ყოვლის სიმართლით და დაანახოს ყველა ჟურნალის წამკითხველსა. ყოველი წამკითხველისათვის, მგონია, სასიამოვნო უნდა იყოს ყოველთვის კრიტიკული სტატია, რადგანაც შეუძლიან თავისი აზრი შეამოწმოს იმ კრიტიკითა; ნახოს, სხვა როგორა ფიქრობს იმ საგანზედა. მაგრამა სამწუხარო ეს არის, რომა, როგორც თქვენა ბრძანებთ, ჩემო თადეოზ, საწყენად მიგაჩნიათ კრიტიკა. მაგისი მიზეზი იქნება ის იყოს, რომა ზოგიერთი კრიტიკოსი თავის განრჩევაში ხმარობს ცხოველ სიტყვასა, ან ამაყად და ცხარეთა სჯის და უნდა, რომა ერთის ცხოვლის სიტყვით ჩაშალოს შეცდომით ნათქვამი ვისიმე აზრი, და ცოტა მკვახეთ გამოსდის ლაპარაკი და მოუხეშავად. ან იქნება პირფერობას იყვეთ დაჩვეული და გწყინდეთ პირში თქმა?
- არა, თქვენმა მზემ, ეგ როგორ შეიძლება? განა არ იცი ქართული ანდაზა: „პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულიაო?“
- დიაღ, იმას მოგახსენებდი, ზოგიერთი კრიტიკოსი თავმოწონებით ლაპარაკობს. იმ ლაპარაკში ძრიელ ცხადად სჩანს, რომა ხალხი უნდა გააცინოს და იმისთვის გეჩვენებათ საწყენად; მაშასადამე, განსჯაში და დარიგებაში ლაპარაკის კილოსა დიდი მნიშვნელობა აქვს: შეიძლება კაცმა გითხრას ტკბილი სიტყვა, მაგრამ იმ დროს ისე გაიღიმოს, რომა იმ ღიმილმა ის ტკბილი სიტყვა გაამწაროს; შეიძლება, უკმეხი სიტყვა ისეთს კილოზე გითხრას, რომა საწყენად არ მიიღო, მაშასადამე, ლაპარაკში შნო უნდა ჰქონდეს კაცსა. დარიგებაში დაცინებას ხელი არა აქვს. ან რაღა დროს სიცილია მაშინა, როდესაც ყველა საქმის გაკეთებასა სცდილობს. ამაზედ, ვეჭვობ, თანახმა იქნებით, ჩემო თადეოზ, რომა სიცილსა და კასკასსა დარბაისლური ლაპარაკი სჯობია! მეტადრე უადგილო სიცილსა სრულიად არა აქვს ლაზათი. - ზემოთ მოგახსენეთ, კრიტიკოსი არის-მეთქი მსაჯული; მაშასადამე, იმან არ უნდა დაფაროს არა-რამე სიმართლე მთხზველისა და შეცდომილება, და, მაშასადამე, უსამართლოდ არ უნდა მიუდგეს მტყუანსა და მართალი დასჩაგროს. მაგრამა რა კრიტიკოსი უნდა იყვეს ისა, რომელიცა სწავლით, განათლებით, განმსჯელობით კარგა დაბალი ღირსებისა არის იმაზედა, რომელსაც აძლევს დარიგებასა? კრიტიკოსი ნიჭითა და სწავლით უნდა უთუოდ უმაღლესი იყვეს ავტორზე, თორემა რა დარიგება შეუძლიან?
- თქვენგან არ მიკვირს, სფირიდონ, მაგასა ამბობთ, რასაკვირველია, თუ არ შეუძლიან, ხმასაც არ ამოიღებს. ალბათ გრძნობს თავის შეძლებასა და იმისათვისა სჯის, შეუდგება საგანის სჯასა; მაგრამა მე კიდევ იმას მოგახსენებ, რომა ეგ კრიტიკეები მე არ მამწონს და რა ვიცი.
- არა, თადეოზ, ბევრჯელ გარემოება ისეთს შემთხვევას მიაყენებს კაცსა, რომა ნებით თუ უნებლიეთ, კალამს მოაკიდებინებს ხელსა. ავმა კაცმა რომ ბრძოლა დაგიწყოთ, ხელს არ გამოიღებთ?
- აბა, რასაკვირველია.
- დიაღ, აგრე მოხდება ხოლმე ლიტერატურაშიაცა. აი, მაგალითი წინ გვიძევს. აი, ეხლა ჭავჭავაძემ დასწერა ერისთავის ნათარგმანევზედა კრიტიკული განრჩევა, კილოკავად გაჰკენწლა თხზულება კნ. ბარბარე ჯორჯაძისაცა და ამასობაში გაიმართა ჩვენებური ბაასი. დახე, მცირედი საქმისაგანა რა ამბავი მოხდება. ერთის ნაპერწკალითა მთელი ბულული გადაიწვის ხოლმე. ამასთანავე მეორე შემთხვევაც მოგახსენო: თ. გ. ბარათაშვილს ძალათი დააწერინეს კრიტიკა. ამისი დასამტკიცებელი საბუთი თვითონ ავტორის სიტყვები გახლავსო. დაუგდეთ ყური, რას ამბობს რედაქტორთან მინაწერს წიგნში: „არ ვიცი, რა მიზეზია, რომ ჩამაცივდით, დავსწერო რამე „ცისკრისათვისა“. ნუთუ გსურთ ჩემზედაც ალაზღანდარაო ზოგიერთნი მჭევრმეტყველნი და შეამკობინო ჩემი თავი, როგორათაც საბრალო კაზლოვი“. აკი მოგახსენეთ; ჩემო თადეოზ, რომა ბევრჯელ ისეთი შემთხვევა მოხდება, რომა არ შეგიძლიან ხმა არ ამოიღო. იქნება თქვენ არ შეგეხებოდეთ ვისიმე მოქმედება, მაგრამა მეგობრის გულისათვისა არ დაიზოგამთ თავსა, როგორც მე გიცნობთ.
- რატომ, მეგობარმა მეგობრისათვის დიაღ უნდა ამოიღოს ხმა.
- ეგ დიაღ ჩინებულია, მაგრამა, რომ ნამდვილად იცოდე ამხანაგის სიმტყუვნე, მაშინ ხომა უკანონოდ უნდა დასჩაგრო მეგობრის წინააღმდეგი? არა სჯობს, რომა თვითონ ამხანაგს მისცე დარიგება და მართალს კი სამართალი მისცე. ამასთანავე არ შეიძლება კაცმა ერთს მხარეს არ მიჰკერძოს. ე.ი. თავის ამხანაგსა, და აქედგანწარმოდგება სტატია - ცრუდ მსჯელი, ძალდატანებული და მიმკერძავი. აი, თუგინდ თვითონ ეს „რედაქტორთან“ მინაწერი წიგნი გავშინჯოთ. ავტორი აცხადებს საქვეყნოდ, რომა ძალა დაატანეს და ისე დააწერინეს სტატია. ეს ძრიელ ჩინებული, იქნება მართალიც იყვეს, მაგრამა ამასთან ჩვენ რა დავა გვაქვს: სთხოვეს, ძალა დაატანეს, თუ თავის ნებით დასწერა სტატია; ეს სრულიად არ შეგვეხება ჩვენა. მოკითხვის წიგნში რომ დაწერილიყო, ის სხვა იქნებოდა. ამას-და გარდა ძალდატანებითა და ჩაცივებით სტატიის დაწერა რომ არ იქნება? ავტორი თვითონ უნდა გრძნობდეს ძალდაუტანებლად რომელიმე აზრის წარმოთქმის საჭიროებასა; აზრი უნდა გამომდინარეობდეს ლაღად, თავისთავად გონებიდაგანა, სადაც არის მოგროებული და დიდი ხანია აპირებს გამოხეთქასა, როგორათაც დაგუბებული წყალი, - და სადაც, ჩემო თადეოზ, წყალი ოდნავ ჟონამს, რა ღონისძიება უნდა მოიხმარო, რომა იქიდგან წყალი გამოიყვანო მცირე ხალხისათვისაც სამყოფი? და თუგინდ ჰსწურო საქაჯავითა და ძალდატანებით გამოიყვანო, მაინც მალე გამოილევა და დაშრება. ეს შეფარდება, ჩემო თადეოზ, იქნება ძალიან უწინდებური მამივიდა, მაგრამა რა გაეწყობა; კიდევაც მოგახსენებ, რომა ძალად გამოყვანილს წყალსა წისქვილის დაბრუნება არ შეუძლიან: ის არის უღონო, რომელსაცა რაკი მოხვდება თიბათვის მზის შუქი, მაშინვე გაჰქრება. ამ სტატიაში ფრაზები არის დიდად გაჭიმული, სწორედ ძალათ დაწერილი, მაგალითებრ: „...რადგანაც ამ დროს მიაქცია ჩვენი ყურადღება აპრილის „ცისკარმა“, რომელიც შემოიტანა ბიჭმა და სხვანი...“ ამ დროში არა მგონია, ამნაირად ლაპარაკობდეს ვინმე; რა საჭიროა ასეთი სიტყვების შერჩევა იმისთანა აზრის გამოსათქმელათა; ვგონებ შეიძლებოდეს სამარადისო სალაპარაკო ენაზედაც თქმა, მაგრამ არა, უნდა უთუოდ დაიწეროს „მიაქცია, მოაქცია, მივაქციე, მოვაქციე ყურადღება“ და სხვანი. და თუგინდ რომ ასეც იყვეს, რათ უნდა შესწყვიტოს ავტორმა თავისი სტატია წიგნის შემოტანითა; ჟურნალი შემოიტანა ბიჭმა, - ხომ არ მიჰქონდა? იმისი წაკითხვა შემდგომაც შეიძლებოდა. მაგრამ რას არ უზამს მკათათვის მზის შუქი ძალით გამოყვანილს წყალსა? ეს არის გასაოცარი, რომა ვიდრე ადამიანი კალამს აიღებს ხელში, ლაპარაკობს რიგიანად, სიტყვა სიტყვაზედ მოჰყავს, თავის აზრს შეგატყობინებს ძრიელ კარგად, არც წაიბორძიკებს ლაპარაკში, არც თავს შეგაწყენს ბევრი ვითარცაებითა და უკვეებითა ისე, რომა ზოგიერთის ლაპარაკი, გაუწყვეტელი და კილოიანი, გიამება. და ისევ ის ადამიანი, როცა კი კალამს ხელს მოჰკიდებს, სულ დაეკარგება კილოცა, ენაც მაშინ დაებმის, გონებაც სხვანაირად მოჰყვება ფიქრსა და წამოისვრის ისეთს სიტყვებსა, რომელთაცა სამარადისო, შინაურულ ლაპარაკში ყურს ვერ მოჰკრამ, ან არა და მოჰყვება ისეთ მაღალ ფარდებზე ლაპარაკსა, რომა, ერთი სიტყვით, კაცს ვეღარ იცნობ, რომელიცა ორის ან სამის საათის წინათ გელაპარაკებოდა ისე საამურად. არ ვიცი რისთვის, რის მიზეზით სცდილობს ისეთი სიტყვითა სთქვას თავისი აზრი, რომა ყველას არ ესმოდეს: ან უნდა გააკვიროს წამკითხველი თავისი ცოდნითა და ამისათვის წერაში მალ-მალე დაფიქრდება, მალ-მალე ჩაჰხედამს ლექსიკონში, ან ძველ წიგნებში, ერთი სიტყვით, სადაც ეგულება და იქიდგან ამორჩეული სიტყვებითა ნათელს აზრს დააბნელებს, გაამქისებს და გააუგემურებს, რა არის ამისი მიზეზი? მე ვგონებ, ამისი მიზეზი ის იყოს, რომა ან ავტორსა სურს თავისი თავი დიდად მცოდნედ უჩვენოს წამკითხველებსა, ან არა და სრულიად ვერ მოუხერხებია სამარადისო სალაპარაკო ქართული ენა საქმეში გამოიყენოს, და ჰბაძამს ჩვენ წინაპართა წერაში, და ვეღარც იმათა სწვდება და ვერც ახლანდელს მიმხვდარა და ამისათვის ქაღალდზე გამოყვანილი აზრი არის ცუდად წყობილი. ყოველისფერი თავის ადგილას არის კარგი: საღმრთო წერილში არ გაუკვირდება კაცსა, რომ შეხვდეს სიტყვები: „მიაქცია“, „მოაქცია“, „ვითარცა“, „უკვე“ და სხვანი. თითქო რაღაცა გეუბნება, რომა იქა თითქო ისე უნდა იყვეს უთუოდ დაწერილი, როგორც არის; მეტადრე იმისათვისა, რომა ყური გვაქვს შეჩვეული. თუგინდ რომ მოვინდომოთ იმ ენაზედ წერა, ვეღარ მოვახერხებთ ამ დროში, და დავრჩებით ორთა წყალთა შუა. ყოველთვის უფრო სასიამოვნოა წასაკითხავად თხზულება, დაწერილი საყოველდღეო, შინაურულს ენაზედა, იმ ენაზედ, რომელითაც ლაპარაკობს ქართველი კაცი თავის სახლში, თავის ცოლ-შვილში, ტოლთანა და ამხანაგთანა. ვისგან გაიგონებ, ჩემო თადეოზ: შემოიტანა ბიჭმა „ცისკარი“ და მიაქცია ჩვენი ყურადღება? აი, ბატონო, წაიკითხეთ კამედიები: „გაყრა“, „მინდა კნეინა გავხდე“, „ძუნწი“ და სხვანი და შეიტყობთ, რა სარგოიანად უხმარიათ ახლანდელი ქართული ენა თ. გ. ერისთავსა და უფ. ანტონოვსა თავის თხზულებაში. ყველას ესიამოვნება, ყველა სულგამელული ზის თეატრში და სცდილობს, რომა აქტიორის სიტყვა არც ერთი არ ასცდეს იმის ყურსა. ჟურნალი მაშინ არის სასიამოვნო წასაკითხავი, როდესაც აზრი არის დაწყობილი იმ სიტყვებითა, რომელსაც შეჩვევია ყური. მაშინ მოემატება ჟურნალსა მკითხველი, როდესაც ჟურნალი თვითონ შეაყვარებს თავსა მკითხველსა. ჟურნალი უნდა იყვეს ადამიანის შემქცევი, ე.ი. გონება უნდა უღვიძოს მკითხველსა, და არა თავის მამბეზრებელი; აცნობებდეს ყოველ შესანიშნავ ამბავსა კარგი ტკბილის ენითა. უწინდელი მწიგნობრული ენით დაწერილი, ან იმ არეულ უწინდელი და ეხლანდელი ენით დაწერილი ჟურნალი არასდროს არ შეიქმნება სახალხო, ან საზოგადოდ ყველასათვის წასაკითხავი. შემთხვევით მრავალჯერ ვხედამ ხოლმე, ჩემო თადეოზ, ერთს მედუქნესა, რომელიცა მოცალების დროსა, როდესაც მუშტარი არა ჰყავს, ზის ხოლმე დუქნის წინა და უჭირავს რაღაც ხელთნაწერი წიგნი ლურჯ ქაღალდზედა. გარშემო უსხედან გლეხიკაცები, მოხუცებულნი და ყმაწვილი ბიჭებიცა, და ის მედუქნე თავმოწონებული კითხულობს ხოლმე და ისინი ყურს უგდებენ. როგორც ვატყობ, ის გლეხიკაცები სრულიად არ უგდებენ იმ მედუქნეს ყურსა, როცა კითხულობს, ამისათვის რომა, როგორც მე მოვკარი ყური, საშინელი ენით არის დაწერილი, მაგრამა ის მედუქნე, როცა წაიკითხამს ერთს მუხლსა, შემდგომ დაანებებს კითხვას თავსა და პირად უამბობს გარეშე მყოფ ხალხსა, რაც წაიკითხა. და უნდა უყურო იმათ მხიარულებასა და თავის ქნევასა, როცა თავის ენაზედ გაიგონებენ ხოლმე იმ უცნაურ ზღაპრულ მოთხრობასა. არ ვიცი კია, რა წიგნია ის ხელთნაწერი. დიაღ, იმას მოგახსენებდით, რომა სასიამოვნო იქნება ყოველ წამკითხველისათვისა ჟურნალი, დაწერილი იმ ენაზედა, რომლითაც მუდამ ჟამს ლაპარაკობს. უეჭველია, ძრიელ გონივრად იქცევა ისა, ვინც მუდამ ჟამს კითხულობს საღმრთო წერილსა. იმის წამკითხავი ორნაირად არის სარგებლობაში, პირველად: შეისწავებს ღვთის ვედრებასა და რამდენსაც მომატებულად კითხულობს, იმდენად მკვიდრად დაინერგება იმის გულში სარწმუნოება ქრისტესი; და მეორედ: იქ შეხვდება მრავალ ნამდვილ ქართულ სიტყვასა, რომელნიც ამჟამად ბევრნი მათგანნი აღარ იხმარებიან საერო ლაპარაკში, და მაშინ, როდესაც საღმრთო წერილი გადმოუთარგმნიათ ქართულად ბერძნულიდგან, ხმარებაში ყოფილა. მხოლოდ იქიდგან გამოტანილი სიტყვა უნდა მოიხმაროს ისე, იმ კილოზე, როგორც ამჟამად ლაპარაკობს ხალხი; მეტადრე არ არის ძნელი სამუდამო ლაპარაკის კილოზე სიტყვის ხმარება მაშინა, როდესაც საგანი თხზულებისა არ შეეხება რასმე ფილოსოფიურსა, ანუ სხვა რომელსამე სწავლასა. ამგვარ თხზულებაში ვერ ასცდება მწერალი უმაღელს აზრის გამოთქმასა, ვერ დასწერს სამუდამო საზოგადო სახალხო ენაზე, რადგანაც თითონ საგანი ფილოსოფიური თხზულებისა არის ისეთი, რომა ყველას, მოუმზადებლად, არ შეუძლიან მიხვედრა და ამასთანავე უთუოდ დასჭირდება ისეთი სიტყვების ხმარება, რომელნიც ხშირად არ ესმის ხალხსა. აგრეთვე უნდა ვსთქვათ გადმოთარგმნილ სტატიებზედაცა. აქამომდისინ რამდენიც დაბეჭდილა ჟურნალში გადმოთარგმნილი სტატიები, რაც უნდა კარგები იყვნენ ნამდვილში, გადმოთარგმნილს აღარ აქვს თითქმის არც ნახევარი ლაზათი, ისინი ისე არ მოსწყვლენ ხოლმე წამკითხველის გულსა, როგორც კარგი თხზულება, ან საშუალო ღირსების თხზულება, დაწერილი პირდაპირ ქართულ ენაზე. ამის მაგალითი არის ისევ ის კამედიები, რომელნიც წეღანა ვსთქვით. იმ კამედიებს ხალხი უფრო სიამოვნებით კითხულობს და ზეპირათაც ბევრნი სწავლობენ, ვიდრე შექსპირის დრამებსა, გადმოთარგმნილს ქართულ ენაზე, თუმცა დაწუნებით კი არავის დაუწუნებია. რისაგან არის ესა? ამისი მიზეზი ისევ ის არის, რაც მოგახსენე წეღანა; მთარგმნელი ალაპარაკებს ფრანცუზსა, რუსსა, ანგლიჩანსა ქართულად, როგორცა სთქვა ბაქარ ქართლელმა - „ღარიბი ყმაწვილი კაცის რომანის“ მთარგმნელმა თქვენ იმათგან გესმით ზოგიერთი ისეთი აზრი, რომელიცა ჯერ არ გაგიგონიათ, ან ისეთს კილოზე გეუბნებათ, რომა ძრიელ უნდა ჩაფიქრდეთ, რომ გაიგოთ, ამასობაში, ვისაც არა აქვს დიდი მოთმინება და არ უყვარს ბევრი ფიქრი, ხალისი ეკარგება, მაშინ როდესაც, ჩვენ რომ ვსთქვით, ის კამედია ძრიელ ადვილი გასაგონია ქართველი კაცისათვისა; იმ კამედიაში ხედამს სურათსა ბევრი თავისი მეგობრისასა, ხედამს თავის ცხოვრებასა და სიამოვნობს. ამ კამედიებზედა და თარგმანებზე, ჩემო თადეოზ, ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამა ამჟამად ამითი დავასრულოთ, რადგანაც ჩვენი ბაასის საგანი სხვა არის. რასაკვირველია, ყოველი მთარგმნელი უნდა იმასა სცდილობდეს, რომა გადმოიღოს სხვის აზრი ქართულ ენაზე ისე, რომა ნამდვილსა და თარგმანის აზრს შორის არა იყოს რა იოტის ოდენი განსხვავება; მაგრამ მაშინ რა ჰქმნას მთარგმნელმა, როდესაც ქართული ენა არ არის ჯერეთ იქამდისინ ხმარებაში შესული, რომა ყოველ სიტყვას თავისი პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდეს და იმავე დროს ევროპიული აზრი გადმოიღოს იმავე მნიშვნელობითა და ცხადად, ერთის მოკლე სიტყვით შეგასმინოს. ბევრს შეხვდება კაცი ნათარგმნებში შეუჩვეველს სიტყვის ბრუნებასა და ეჩოთირება, ვიდრე შეეჩვევა. მაგრამ სადაც ქართველი კაცი, ქართულად მოლაპარაკე, თვითონა სწერს თავის თვალით ნახულს საგანზედა და სურს გააგებინოს თავისი აზრი მკითხველსა, იმას არასდროს არ ეპატივება, რომა იმის დაწერილი სტატია თავით ბოლმდისინ ჰგვანდეს გადმოთარგმნილსა და არ იყოს დაწერილი იმ ენაზე, რომელზედაც ლაპარაკობს შინა, გარეთა და საზოგადოებაში. აი, ვსთქვათ, შემომხვდა გზაზედა და მოჰყვა ლაპარაკსა; სადა ყოფილა, ვის შეხვედრია, რა უნახამს, რა გაუგონია, ყოველისფერს გეტყვის დაწყობითა, კარგად და სასიამოვნოდ. შემდგომ მოგიტანეს ჟურნალი, გადაშლი, წაიკითხამ იმავე კაცის სტატიასა და დარჩები გაოცებული. ეს უნდა მივაწეროთ ზოგიერთი ავტორების სურვილსა, რომ უნდათ თავისი კალმით „განთქმა, ქუხვა“. ბევრს აქამდისინაც ვერ გამოუბერტყია გონებიდგან ის აზრი, რომა მაღალი ფრაზითა, მდაბალი ფრაზითა და საშუალო ფრაზით წერასა სრულიად აღარაფერი მნიშვნელობა არა აქვს. თხზულებაში საქმე აზრია და მაღალს და მდაბალს ფრაზსა არაფერი ღირსება არა აქვს, თუ ბრწყინვალე აზრი არ გამოსჭვივის სტატიაში.
- ახლა რაზედა ლაპარაკობ მაგდენსა, სფირიდონ?
- მე მოგახსენებთ ზოგიერთ „ცისკრის“ თანაშემწეებზედა.
- იძახიან, ჯერ ადრეა იმაზედ ლაპარაკიო.
- რასაკვირველია, მაშინ ყველა გაგვამტყუნებს, რომა სასტიკი ანგარიში მოვსთხოვოთ ოთხის წლის ჟურნალსა, ან „ოთხის წლის ქალსა“, როგორცა სთქვა თ. გიორგი ბარათოვმა, იმ ყმაწვილ ქალსა, რომელსაც ფარეზით და წყნარად უნდა ვექცეოდეთ, რომ არაფერი ვაწყენინოთ, მაგრამ საკვირველი ეს არის, რომა თუ პატარაობითვე არ ანიშნე შეცდომა, არ გაუსწორე, ოთხმოცის წლისაც რომ შეიქნეს, ისევ ის ოთხის წლის ბავშვი არ იქნება? აქაო და ოთხის წლის ბავშვიაო, როგორ არავინ არ უნდა ანიშნო ნაკლულება, თუკი ცხადად ხედამს. შარშან თუ შარშანწინ ვიღამაც გამოაცხადა ამ „ცისკარშივე“, რომა „ოღონდ ჟურნალი კი იყოსო ქართულ ენაზედაო და როგორიც უნდა იყვესო“. ეს გასაოცარი სურვილია, სწორეთ მოგახსენოთ. რასაკვირველია სასაცილო იქმნება დავემდუროთ იმაზე, რომა რატომ ათიოდე შექსპირი არა ჰყავს, ან ბაირონები, ან რუსთაველები და სხვანი; ყველას აქვს ნება ის ანგარიში მოსთხოვოს, რომელის პასუხისგებაც შეუძლიან მისცეს ოთხის წლის ჟურნალმა და ორმოცის წლის თანაშემწეებმა. აი, თუ გინდათ, გადვიკითხოთ მაისის „ცისკარი“; აქ არის მხოლოდ ორი ლექსთ-თხზულება: „ნაამბობი მოხუცისა“ და მეორე „გამოსალმება“. პირველია თხზულება თავ. რაფიელ ერისთავისა და მეორე - თ. გრიგოლ ორბელიანისა. ეს ორი თხზულება, გალექსილი კარგის ხელოვნებით და გრძნობით, მეტადრე „გამოსალმება“, მოკლედ და მკაფიოდ გამოგიხატამსთ ადამიანსა, ნამდვილ გრძნობის მქონებელსა, რომელიც მიმავალია შორს სადმე და ესალმება თავის სატრფოსა და იქამდისინ გულმოწყლულია საყვარელი საგნის განშორებითა, რომა გულში ალმური ტრიალებს და თავისი წვა და დაგვა ვერ წამოუთქვამს, რადგანაც გული შეჰქმნია ქვად და გრძნობა ცეცხლად აღგზნებია. შემკრთალს და შეჭირვებულსა ვერ უპოვნია სიტყვა თავის გრძნობის გამოსათქმელად. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ე.ი. გამოსალმების დროს, უძლურს გულს გადმოედინება ცრემლი და იმითი ჩაქრება მჭმუნვარების ალი. მაგრამ ეს გრძნობა ადვილი მისახვედრია და ჩვენი განმარტება საჭირო აღარ არის. ამ ლექსებს შემდგომ დარჩება პროზა. პირველი მათგანი არის „ნამდვილი შემთხვევა“, თარგმანი სამსონ აბაშიძისა. ამ სტატიასა აქვს ორი ღირსება: ამბავს კარგს გიამბობთ და უფრო სამუდამო სალაპარაკო ენაზე არის დაწერილი; სიამოვნებით წაიკითხამს ადამიანი, თუმცა აქა-იქა თითო-ოროლა აზრი ძველებურ კილოზეა, მაგრამ არა უჭირს რა, იმედი გვექნება, რომა შემდგომ უფრო ტკბილი ქართულის ენით გადმოგვითარგმნის რასმე. შემდგომ, ჩემო თადეოზ, არის სტატია კნ. ბ. ჯორჯაძისა ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზე, და რადგანაც თქვენ არ გიყვართ კრიტიკების კითხვა, ამისათვის ამისი ბაასი მივანდოთ თვითონ თ. ილ. ჭავჭავაძესა. ამ სტატიას მოსდევს მეორე სტატია „ივანე კერესელიძის მოგზაურობიდგანა“. ეს სტატია უნდა წავიკითხოთ: როგორათაც მოგზაურობა კაცისათვის სასიამოვნო არის, ისე აღწერა რომელიმე ქვეყნისა უნდა უთუოდ სანუკვარი იყოს ჩვენთვის. ამგვარი სტატია მარადჟამს საამურია. რადგანაც გაგვაცნობს ჩვენ მშვენიერ კახეთსა. რამდენი რამე იქნება იქა გონების გასადევნებელი; მეტადრე ჩვენთვის, ვისაც თვალით არ გვინახამს: ადგილის მდებარეობა, კავკაზის მთა, ალაზნის მინდორი, მაზედ გამწკრიებული გაღმა-გამოღმა სოფლები, ვენახოვან-ხილიანი (როგორც ამბობს ვახუშტი), ციხეები, მონასტრები, ხალხი, მათი ცხოვრების წესი, ხასიათი, ჩვეულება, ვინ იცის რამდენი რამ არის კარგიცა და ავიცა. კარგის აღწერით შეგვიძლიან ეს ყოველისფერი წარმოვიდგინოთ თვალწინა, ისე, თუგინდ თითონ გვევლოს. აი, წავიკითხოთ ეს სტატია და ის გვეტყვის ამ ამბავსა დაწვრილებითა; თუ მთელი კახეთის ამბავს არ გვიამბობს, ერთსა და ორს საგანს მაინც დაგვიხატამს. მართლაც, ამ სტატიაში არის აღწერილი წმინდა ნინოს ეკკლესია.
- დიაღ, ჩემო სფირიდონ, ძველად ვყოფილვარ მე მაგ ეკკლესიაში, და თუმცა ბევრი აღარა მახსომს რა, მაგრამ ეს კი ჩამრჩა გონებაში, რომა სიღნაღის მახლობლად არის ის ეკკლესია. და წაიკითხეთ, სასიამოვნოა ჩემთვისა: ეგ ჩემ სიყმაწვილეს მამაგონებს. ეჰ, ის დრო სჯობდა, როცა ყმაწვილი ბიჭი ვიყავი, გული მერჩოდა, თოფ-იარაღს ვეწყობოდი, კახეთსაც მოვირბენდი ხოლმე და სომხეთსაცა; ეხლა, რაღა ვართ? სხვას უნდა ვკითხამდე კახეთის ამბავსა!...
- აი, მოიხსენეთ, მგზავრი რას გვეუბნება: „სიღნაღიდგან სამს ვერსტზედ, მარჯვნივ მხრივ**, საიდგანაც იწყობა სამძღვარი ქიზიყისა, არის მონასტერი, აღშენებული წ. ნინოს სახელზედ. ამავე მონასტერში დაფლულია გვამი ქართველთ განმანათლებელისა: - ვიდრე მივა მგზავრი და მიახწევს მონასტრამდინ, გზა არის აღმართ-დაღმართიანი, ცალ მხარეს ხეობა და გადასახედი, რომელით დაჰყურებს ვრცელს მინდორსა“. (რომელ მინდორსა? დავიჯერო სახელი არა ჰქვიან რა!). შემდგომ მოგახსენოთ: ავტორი მისულა ახლოსა და უნახამს მარჯვნივ და მარცხნივ სახლები, ერთს მხარეს ორეტაჟიანები, რომელნიც აუშენებია ბოდბელსა; სხვადასხვა ჩინურის ქვებით ყოფილა შეკრული ეკკლესიის კარების თაღი, ზედაწარწერეებითა და სხვანი. ერთი სიტყვით, თავიდგან ბოლომდინ რომ წაიკითხო ეს აღწერილება, თვითონ წმ. ნინოს ეკკლესიისას ვერაფერს გაიგებთ. აქ უფრო დაწვრილებით არის აღწერილი ბოდბელის აშენებული სახლები, თვითონ ბოდბელის ღვინის სმა, სტუმრების მოწვევა და სხვანი, რომელნიცა მეორე პლანზე უნდა იყვეს მოხსენებული, ე.ი. პირველად უნდა დაწვრილებით აეწერა თვითონ ეკკლესია და შემდგომ, სხვათა შორის, ეკკლესიის ეზოში მყოფი სახლებიცა. ამ აღწერით ვერ წარმოიდგენთ ვერც ადგილის მდებიარებასა, მაღლობზედ არის თუ ხევში წმინდა ნინოს ეკკლესია; ახალია თუ ძველი, დანგრეულია თუ მთელი; როდის არის აშენებული, რანაირი გარეგანი შეხედულება აქვს, გუმბათი აქვს ერთი თუ ორი, თუ სულ არა აქვს; რამდენი რამ არის შესანიშნავი უწინდელს შენობაებში გარედგანა და შიგნიდგანა. მგზავრი რომ ჩინურის ქვებსა და კენჭებს დაუწყებს შინჯვასა, მაშინ დიდსა და უშველებელ შენობას ვეღარ დაინახამს. არა, არ შეიძლება ასე მსუბუქად გაშინჯვა იმისთანა ეკკლესიისა, როგორიც არის წმინდა ნინო მონასტერი. როგორც მოგახსენეთ, სტუმრებზედა და მეღვინეებზე უფრო დაწვრილებითა სწერს, რომელიცა განსაკუთრებით შესანიშნავს არაფერს წარმოგვიდგენს, ვიდრე თვითონ ეკკლესიაზე, რომელიცა არის სახსოვარი ნიშანი, წინდი ჩვენი წინაპართა ქრისტიანობის რჯულის სიმტკიცისა და გულმხურვალედ ღვთისმოყვარებისა. ახლა უნდა მოგახსენოთ, ჩემო თადეოზ, კილო წერისა; აბა, რომელი ქართველი კაცი ილაპარაკებს ამბავს ასე: „...მეორეს მხრივ სვეტზედ, მარჯვნივ მხარეს, იხილავთ თვითონ უკანასკნელ ბოდბელს, მონაზონის ტანისამოსით, რომელსაცა მხურვალედ გაუპყრია ხელიზენათ, და რომელის წინ საფლავია, თავის სიცოცხლისვე დროს დაუხატვინებია. ამავე მხრის მეორეს მხრივ დახატულია სრულის მღვდელმთავრის შესამოსელით, ცალ მხარეს უპყრიეს სანთლები, ხოლო მეორე მხარეს ჯვარი“. ეს მთელი სტატია სულ ამ კილოზე არის დაწერილი და ამ ერთი მაგალითით შეგიძლიანთ გასაჯოთ მთელი თხზულება. ამ სტატიაში ერთ ადგილას არის მოხსენებული სასწავლებელი წმინდა ნინოს მონასტრისა, სადაც შეუსრულებიათ სწავლა ზოგიერთს ყმაწვილ ხალხსა, რომელნიცა ქართული ენის მაღალი ფილოსოფიის მცოდნეთა შორის ირიცხებიანო. არ იქნება ურიგო, რომ ავტორმა გამოგვიცხადოს სახელები იმ ფილოსოფოსებისა, რომელზედაც ამბობს, ან საიდგან გაიგო, რომა ფილოსოფოსები გვყოლია და ჩვენ კია აქამომდისინ ვერა გავიგეთ რა. ან რა საკვირველია, რომ ვერ გავიგოთ, ასე იშვიათად სწერენ ხოლმე უწინდელ ამბავსა. გადმოვშალოთ კიდევ რამდენიმე ფურცელი, აქა ვნახამთ სტატიასა: „პირუტყვთ მოშენება“ იოსებ მამაცაშვილისა. რა უნდა მოგახსენოთ ამ სტატიისა? მე არ გახლავარ აგრონომი, რომ შევნიშნო რამე. მხოლოდ ამას მოგახსენებთ, რომა ამგვარი სტატია სჯობს ცალკე იბეჭდებოდეს, და თუ ცალკე არ შეიძლება, ჟურნალის ბოლოში მაინცა, როგორათაც დამატება, და მგონია მაშინაცა და ეხლაცა ეს სტატია დარჩეს ისევ ისე ქაღალდზე, როგორც არის დაწერილი და ამას საქმეში ვერავინ გამოიყენებს; აბა ვინ არის ისეთი სახლ-კარის მმართავი საქართველოში, რომა ასე დაწვრილებით გამოუდგეს საქონლის მოშენებასა! მაშასადამე, წაიკითხვენ, დაჰკეცენ და დასდებენ ყუთის თავზე. ამ სტატიის დაწვრილებით გაჩხრეკა მივანდოთ აგრონომებსა, რომელნიც სახლოსნობის სწავლაში არიან აღზრდილნი. მხოლოდ ამას კი მოგახსენებთ, ჩემო თადეოზ, რომა საქართველოში აქამომდისინაც პირუტყვის მოშენება მდაბალი ხალხის ხელში არის, რომელნიც ჟურნალსა და წიგნებს არავინ მათგანი არა კითხულობს, და თუ გინდ რომ ცოტაოდენად კითხულობდნენ, მაინცა ამ სტატიიდგანაც ბევრს ვერაფერს მიხვდებიან. ჩვენმა გლეხკაცმა რომ გაიგონოს „პოხიერება“, „უკვე“, „დაცულ იქმნას“, „ვითარცა“ და „რათამცა“ და სხვ, ვეღარც კი გაბედავს წიგნში ჩახედვასა.
- ეჰ, ეგ ძალიან გააჭიანურე, სფირიდონ, როგორღაცა.
- ერთი სტატია კიდევ დაგვრჩა: „აზრი აღზრდასა ზედა ყრმათათა დასავლეთ ევროპიაში“, ალექსანდრე ზაქარიას ძე სულხანოვისა. ეს სტატია არის კარგს საგანზე დაწერილი. მოზარდი ხალხი ჩვენში მრავალი გახლავსთ, და ვინც კი მოგვცემს დარიგებასა, როგორ უნდა აღვზარდოთ, რა უნდა ჩავაგონოთ ჩჩვილ ბავშვსა, რომელ გზაზე უნდა დავაყენოთ, ვიდრე დაიწყებდეს სასწავლებლებში სიარულსა, ამისათვის ყოველთვის მადლობას განუცხადებთ დამრიგებელსა. მაგრამ რა უნდა ვსთქვათ ამ სტატიაზედ? ვინ იქნება ისეთი, რომა გულგრილად წაიკითხოს ეს სტატია, ამ საშინელი ძველი კილოთი დაწერილი, სრულიად მოაწყენს კაცსა კითხვასა. საშინელი ქართული ენა არის, იშვიათად შეგხვდებათ ამნაირი სტატია. წარმოიდგინეთ, ჩემო თადეოზ, რომა თქვენთან შამოვიდა თქვენი მეგობარი ელიზბარი, და თქვენ მოიკითხეთ; თქვენი მოკითხვის პასუხად რომ დაგიწყოთ ლაპარაკი ასე: „უკეთუ გწადდესთ ცნობაი ჩემისა გარემოებისა, მიეცით თავსა თქვენსა ნებაი და მოაქციეთ ჩემსკენ ყურადღება თქვენი, რათა ისმინოთ ამბავი უბადრუკებისა ჩემისა: ვიდოდი ბულვარსა ზედან სასეირნოდ, რათა განმექარვებინა კაეშანი გულისა ჩემისა; მუნ დავჰყავ ხანი მრავალი და შემდგომ მომევლინეს ფიქრნი უკვე ნახვისა თქვენისა და მოვიქეც თქვენდა ამბისა საცნობლად; ჟამსა მას, ოდესცა ვიდოდი ქუჩასა შინა, რომელ აწ თქვენს ქვემორე მდებარე არს, და მისს ბნელისა ღამისა გამო ვერ ვიხილე ქვა იგი წინაშე ჩემსა მდებარე და მუნ წავენთხიე ქვასა მას დიდსა, დავეც, და მიიქცა გონებაი ჩემი ამიერიდგან იმიერ და შევიქმენ უგრძნობელი; ჟამსა ამასა შინა მომევლინეს ქურდ-ავაზაკნი და მიიზიდნეს ყოველნი ნივთნი, რაიცა მქონდა მუნ; ვითარ არიან საათი, ქისა ფულით-თურთ“ და სხვანი. ან, ვსთქვათ, თვითონ ამ სტატიის ავტორმა გვიამბოს ამბავი დასავლეთის ევროპიისა ასე: „მივსცემ თავსა ჩემსა ნებასა, შესახებელად ამა საგანსა, წარმოვსთქვა ჩემნი შენიშვნანი...“ აბა, რასა ბრძანებთ, ჩემო თადეოზ, როგორ მოგწონთ ეს საუბარი? თუ ამაში მე შემცდარი ვიყვე და თქვენი მოსაწონი იყვეს ეს საუბარი, ნუ მამექცევით პირფერობითა, მიბრძანეთ, დამიმტკიცეთ, რომა ეს კარგი კილოა და არა ცუდი; მაშინ მე სრულიად თანახმა შევიქმნები თქვენი ბრძანებისა და არც საწყენად მივიღებ, თუ არა და ის მაინც მიჩვენეთ, რა იქნა ის ჩინებულად შემაქცევარი ქართული ენა, ის ჩვენებური ტკბილი ჟღურტული, ის ხმები, რომ იციან ხოლმე ქართველებმა ისე კარგად მოწყობილი, ის ხუმრობა გაუწყვეტელი, როდესაც დასხდებიან ხოლმე მოცლით; სად არის? რათ იხლართება აზრი საშინლად. ასე ქაღალდზედა, რომა თვითონ დამწერსაც ძლივსღა ესმის თავისი დაწერილი? დავიჯერო, ამ ენით ვლაპარაკობთ? წაიკითხეთ, თუ ღმერთი გწამსთ, ეს სტატია და გამამტყუნეთ, თუ შემცდარი ვარ. ჩავიკითხოთ კიდევ ცოტაოდენი ეს სტატია და ვნახამთ ჩინებულს აზრსა: „ერთმა ვინმე ფრიად კეთილად განსაზღვრა აწინდელ ჟამის ყრმათა აღზრდა ხსენებულ ევროპიაში: მან დაარქვა მას საიდუმლო სწავლა, რომელსაცა აქვს აზრი, რათა მისცეს სრულობა ზემო პირსა და მით ადვილათ დაჰფაროს ნაკლებულობა შიგნითი პირისა“, ე.ი. როგორც მესმის, ისე მოგახსენებთ: მითამ ისე ზდიანო, რომა ყმაწვილს ჰქონდეს გული გველისა და ზეიდგან ეცვას ტყავი ცხვრისა...
- ეგ ხომ ფარისევლებზედ არის ნათქვამი, სფირიდონ?
- მეც აგრე მგონია. მრავალი თხზულებაა სხვადასხვა ენაზედ დაწერილი ბავშვის აღზრდაზედა ვრცლად და კარგის დარიგებითა და იმათი გადმოღებაქართულად დიდი სასარგებლო იქმნება, თუ ვინმე მიჰყოფს ხელსა.
- რა ჰქენი, სფირიდონ, გაათავე?
- დიაღ, გავათავე. მგონია გეძინებათ?
- დრო არ არის თუ?
- ზოგი სხუმის იყოს. ღამე მშვიდობისა.
1861 წ. 12 მკათათვისა
ვიდრე „ცისკრის“ ჟურნალს წაგიკითხამდე, ჩემო თადეოზ, მიბოძეთ ნება, მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა მთარგმნელზედა და სტატიის ამორჩევაზე. მთარგმნელს უნდა ჰქონდეს შემდგომი ღირსება: პირველად, იმან უნდა იცოდეს ზედმიწევნით ორი ენა; ერთი ისა, რომლიდანაცა თარგმნის, და მეორე ისა, რომელზედაცა თარგმნის; მეორედ, უნდა ჰქონდეს გაწმენდილი გემო და განათლებული გონება. მთარგმნელი არის თავისუფალი კაცი სტატიის ამორჩევაში: რომელიც უნდა, რომელი სტატიაც მოეწონება, იმას მოჰკიდებს ხელსა და გადმოთარგმნის, იმისათვის რომა, რაც თვითონ წაიკითხა კარგი და მშვენიერი სხვა ენაზედა, სურს, რომა თავისს მოყვასსაც შეატყობინოს იმისი აზრი. გადმოთარგმნის შემდგომ მიიტანს რედაქტორთან და მისცემს დასაბეჭდავად. რედაქტორსაც, რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს ისევ ის ღირსება, რაც მივაწერეთ კარგს მთარგმნელსა. არ არის საეჭვო, რომა რედაქტორიცა თავისუფალია სტატიების დაბეჭდვაში. ის წაიკითხამს სტატიასა, თუ მოეწონება - დაბეჭდავს, თუ არა და - დაუბრუნებს მთხზველსა, ან მთარგმნელსა, რომელთაც არ უნდა მიიღონ საწყენად ესა, რადგანაც სტატიის დამბეჭდავი ვალდებულია ხელის მომწერლებთა წინაშე, რომ დაუბეჭდოს სასარგებლო ამბავი და არა თავის უვარგი და გამოუსაყენი. სტატიის ამორჩევა გადმოსაღებთა არის პირველი და უწარჩინებულესი საქმე; უაზრო სტატია თუგინდ ჩინებულათაც იყვეს გადმოთარგმნილი, მაინც არ ექმნება ღირსება და ვერაფერს შეჰმატებს ლიტერატურასა; ვერაფერს შესძინებს ამისათვის, რომა წამკითხველებს აუცრუებს გულსა, ასე რომა ვინც გულფიცხი არის, ექნება ერთი ცუდის სტატიის მიზეზითა დანარჩენიც აღარ წაიკითხოს და უპატიუროდ მოექცეს ჟურნალსა, ე.ი. აიღოს და გადააგდოს იქითა. როდესაც მთარგმნელი წარმოიდგენს, რომა აქვს ღონე თარგმნისა, ან თუგინდ ესეც არ წარმოიდგინოს, ისე მოუა სურვილი თარგმნისა, ან მოინდომებს თავისი სახელის გამოჩენასა, მაშინ შეუდგება არჩევანსა და რასაკვირველია, ამოარჩევს იმასა, რომელიც მოეწონება. აი, ვსთქვათ, შევიდა მთარგმნელი ბიბლიოტეკაში, სადაც აწყვია მრავლისაგან უმრავლესი წიგნი; რასაკვირველია, ყველა წიგნის არ იქმნება ერთის ღირსებისა; უეჭველია, ისა სცდილობს კარგის ამორჩევასა. გადაიკითხა ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე და არც ერთი მათგანი არ მოეწონა; შემდგომ ჩამოიღო ერთი პატარა წიგნი, გადაშალა, ზედ აწერია: „მილორდ გიორგი“, თხზულება კამაროვისა. ჩაიკითხა თავით ბოლომდინ. როცა გაათავა, დაფიქრდა: ვინ იცის, რა სურათები არ წარმოუდგებოდა, სად არ უვლია მილორდსა, რომელ კარალევას არ შეჰყვარებია მილორდი, რამდენს ქალს თურმე უძგერდა იმისათვის გული...
- ეგ რომელ მილორდ გიორგიზედ ამბობ, სფირიდონ, „მილორდიანს“ რომ ეძახიან, იმაზე ხომ არა? მე წამიკითხამს ისა, ჩინებული ამბავი არის.
- დიაღ, სწორეთ იმ „მილორდიანზე“ მოგახსენებ, რომელსაც ისეთის სიამოვნებით კითხულობენ ხოლმე ზოგიერთნი; და რამდენს ჯაფასა სწევენ ხოლმე იმის გადაწერაზედა, რადგანაც დაბეჭდილი არ არის ქართულ ენაზედა. ერთი სიტყვით, მოეწონა მთარგმნელსა ამ უფალი მილორდ გიორგის თავგადასავალი და გადმოთარგმნა. ამას შემდგომ შეგვიძლიან ვიფიქროთ, რომა იქნება ისეთი გემოვნების მქონებელი მთარგმნელიც აღმოჩნდეს, რომ მოეწონოს და გადმოთარგმნოს: „იარუსლან ლაზარევიჩი“, „ბაბა-იაღა“ და „კნიაზ მურომსკი“ და, ვინ იცის, რამდენი ამისთანა ზღაპრები არის რუსულ ენაზედ დაწერილი. და შეიძლება ესეც ვიფიქროთ, რომა იქმნება ისეთი მესტამბეც აღმოჩნდეს, რომა კიდეც დაბეჭდოს ამისთანა სტატიები. აი კიდეც აღმოჩენილან და დაუბეჭდიათ კიდეცა რუსეთში „მილორდიანი“. ერთი ეს მიბრძანეთ, ჩემო თადეოზ, ის არა სჯობია, რომა ამისთანა ზღაპრების თარგმნასა და ბეჭდვასა, თუ მოცალება, შეძლება, ხალისი და მოხერხება აქვს კაცსა, მოაგროვოს ჩვენი ქართული ზღაპრები და დაბეჭდოს? მე მგონია, ეს უფრო სასარგებლო იყოს და ამგვარი შრომა უფრო ღირსებული იქმნება, ვიდრე თხუთმეტი კამაროვის თხზულებისთანების გადმოთარგმნა.
- მე, ჩემო სფირიდონ, „ცისკრის“ ჟურნალის წაკითხვა გთხოვეთ და თქვენ კი ძალიან შორს მოუარეთ, მგონია, როგორღაცა.
- დიაღ, დამნაშავე გახლავარ მაგაში, მაგრამ რა ვქმნა, ერთი შეცდომა მომივიდა მე: ვიდრე თქვენთან მოვიდოდი. გულმა ვერ გამიძლო და როგორც მამივიდა, მაშინვე წავიკითხე ეს ნომერი, და მასუკან კი ვინანე, ამისათვის, რომა ისეთ სტატიას ვერ შევხვდი, რო გაერთო ჩემი გონება და მეორეთა წამეკითხა თქვენთვისა ხალისითა. ჯერ კარგი სტატიის ორჯელ წაკითხვა რა ძნელია, და მერე ამისთანეებისა, რომელიც აქა ვნახე, მაგრამ თქვენი ბრძანება უნდა ავასრულო, ბიძაჩემო, მხოლოდ ჩემის მხრითაც ამასა გთხოვთ, რომა დამჯერდით იმასა, რასაც მე გამოვკრებ ამ სტატიებიდგანა და მოკლედ მოგახსენებთ. ერთის სიტყვით, ამ სტატიებს მოვხდი ნაღებსა. მეორე სტატია ამ ჟურნალში გახლავსთ: „მხეცური შურისგება“.
- ეგ უთუოდ ოსებზე იქნება ნათქვამი, ან ხევსურებზე? იმათ იციან საშინელი ჩამომტერება კაცისა. მივხვდი თუ არა?
- ვერ მიხვდით. ეს მომხდარა იტალიაში. აი, როგორ გვაუწყებს ეს თხზულება, რომელიც ისე მოსწონებია მთარგმნელსა და გადმოუთარგმნამს: ყოფილა ერთი აკტრისა, სახელად ჯორჯინა, განთქმული მთელს იტალიაში, ლამაზი და კარგი...
- აკტრისა, მგონია, იმ ქალებსა ჰქვიანთ, სფირიდონ, რომელნიც თრიათში თამაშობენ ხოლმე?
- დიაღ, სწორეთ ისინი გახლავან; მხოლოდ ჯორჯინა ყოფილა მომღერალი. იმ ჯორჯინას, არ ვიცი როგორ, რის მიზეზით, - ეს არ არის გამოცხადებული ამ თხზულებაში, - მიუცია პირობა ერთი მხატვრისათვის, რომ უნდა შეერთო ქმრად. მხოლოდ ჯორჯინას ლაპარაკში ეტყობა, რომა ის მხატვარი არა ჰყვარებია. ამ პირობის მიცემის შემდგომ ჯორჯინას შეჰყვარებია კაპიტანი ჰენრიხი და, რადგანაც მხატვარი ყოფილა საშინელი ეჭვიანი, შეუმჩნევია ჯორჯინასათვის ღალატი, იმას განუზრახავს გულში თავისი მიჯნურისა დასჯა. და სწორეთ იმ დღეს, როდესაც ჯორჯინას უნდა ემღერნა თეატრში და ყოფილა დიდს მომზადებაში თეტრს წინათ, მისულა იმასთან მხატვარი, რომელსაც ჯორჯინა დახვდა სატიატროთ ჩაცმული, გაბრწყინვალებული და დაშვენებული. როდესაც მომზადებულა თეატრში წასასვლელად, სადაც ელოდა იმასა მრავალისაგან უმრავლესი ხალხი, ჩამსხდარან ერთად კარეტაში ჯორჯინა და ჯულიო (მხატვარი) და თიატრის მაგიერად ჯულიოს ძალად წაუყვანია თავისს სამხატროში, სადაც ჯულიოს უჩვენებია თავისი მიჯნურისათვის ერთი ჯერ არ გათავებული სურათი. ის სურათი ყოფილა ავაზაკებისა, რომელნიც დახვედროდნენ მგზავრებსა: კაცები სულ დაეხოცათ და დარჩენილიყო მხოლოდ ერთი ქალი ცოცხალი; ამ ქალსა ავაზაკები სჩხვლეტდნენ ხანჯლის წვერებითა და აწვალებდნენ მისთვის, რომ ეთქმევინებიათ, სადა ჰქონდათ შენახული თვალ-მარგალიტი.
- ეგ რა პასუხია? ავაზაკებმა კაცები დახოცეს გზაზე, და თუ ჰქონდათ რამე, სულ იქ არ იქმნებოდა? რაღას თქმა უნდოდა, თუ იყო რამე, სულ თან წაიღებდნენ ერთიანათა, თვალიც თან გაჰყვებოდათ და მარგალიტიცა; მაგისათვის ქალს რაღათ აწვალებდნენ?
- ეგ თუგინდ აგრე იყვეს; საქმე ეს არის, რომა მხატვარს ავაზაკებიც დახატული ჰქონდა, მკვდარი კაცებიცა, და ვეღარ გამოეყვანა მხატვრობაში სურათი წვალებაში მყოფის ქალისა და უნდოდა თვალწინ ჰქონოდა მაგალითი, ანუ დედანი; და, არ ვიცი, ამის მიზეზითა თუ თავისი მიჯნურის დასასჯელად, ერთის სიტყვით, ჯორჯინა, საცოდავი და საბრალო, აიყვანა და მიაკრა ბოძზედა, დაუწყო ჩხვლეტა ხანჯლებითა და მიჰყო ხელი სურათის ხატვასა; შემდგომ, როდესაც მოკვდა, წაიღო და გადააგდო ზღვაში.
- ეგ არის მხეცური ამბავი? მაგითი თავდება?
- არა, ჩემო თადეოზ, მხეცური ამბავი არ გახლავთ, ეს არის „მხეცური შურისგება“ და არც ამითი თავდება. მე ამას აღარ გიამბობთ, როგორ და რაგვარად მოკლა მხეცმა მხატვარმა ჯულიომ თავისი რაყიფი კაპიტანი ჰენრიხი, ამისათვის, რომა გულის აღმაშფოთებელია ამისთანა ამბავი. მაგრამ ეს არის გასაოცარი, რომა მთარგმნელს მოსწონებია; და ისე ძლიერ მოსწონებია, რომა მოსვლია სურვილი ამისი გადმოთარგმნისა. მე კი ამასა ვფიქრობ, რომა ამისთანა ამბავი იტალიაშიაც მოსწყინდათ, მგონია, და აღარა კითხულობენ ამისთანა საშუალო საუკუნოების თავრეტიანობის ამბავსა. ან კი რა უნდა მოგვეწონოს ამ მოთხრობაში? ჯულიო მხატვარის ყოჩაღობა ხომ არ უნდა მოგვეწონოს, რომელმაცა თავისი მიჯნური ხანჯლებით დაჩხვლიტა; ან იმისი მხატვრობის ხელოვნება ხომ არ უნდა მოვიწონოთ, რომა წამებული ქალის სურათის გადმოსახატავად, მართლა-და ცოცხალი ქალი სტანჯა; ან რა გმირი არის უფალი კაპიტანი ჰენრიხი, რომელიცა დადიოდა და ყვიროდა ქვეყანაში, რომა ჯორჯინას ის უყვარდა და იმის დასამტკიცებელ საბუთად ჯორჯინას მოცემული ბეჭედი ყელზე ეკიდა და ნაცნობსა და უცნობს უჩვენებდა: რა კარგი სამაგალითო თავდაცული კაცი ყოფილა! რა ზნეობითი სწავლა უნდა გამოიყვანოს წამკითხველმა ამისთანა მხეცური ამბავიდგანა. ღმერთმა ნუ ჰქმნას და ისეთმა თავრეტიანმა კაცმა რომა წაიკითხოს, რომელსაც ყოველი დაბეჭდილი სიტყვა დიდ ჭეშმარიტებად მიაჩნია, ხომ გადუქცევს კარგი გზიდგან. ვინ იცის, რა ცუდ გამოურკვეველს ბურანში შეიყვანოს ის კეთილი კაცი, თუ მომატებული გამსჯელობა არა აქვს. მაგრამა, მადლობა ღმერთსა, ჩვენში ისეთი არავინ არ არის, ე.ი. ჟურნალის მკითხველთა შორის, რომა იმისთანა ძველებური ზღაპარი და ასეთი ცუდის ენითა და კილოთი ნაამბობი მოიწონოს. რომელი ქართული ზღაპარი არის ამაზე მდარე, თუ მეტადრე კარგი მოლაპარაკეც ამბობს, ისე მოგტაცებს გონებასა, რომა სულაც რო არ გინდოდეს ყურისგდება, მაინც გაგაბამს მახეში: დაუგდებ ყურსა და ელი, რა მამხდარა ამა და ამ საქმის შემდგომ. ეს „მხეცური შურისგება“ კი, სწორეთ მოგახსენო, ძნელი წასაკითხავია, - ის სტატია არის კარგი, რომელშიაცა ძევს რომელიმე აზრი, აქვს რამე საგანი, თუ ესეც არ არის, სულ უკანასკნელი ერთი ის ღირსება მაინც უნდა ჰქონდეს, რომა კარგად იყოს მოწყობილი და სასიამოვნო ენა ჰქონდეს, ლაპარაკი იყოს კარგად მოხერხებული, შნოიანად.
- ყველა თავისებურათა სჯის, ჩემო სფირიდონ, როგორ უნდა დააკმაყოფილოს კაცმა ყველანი? ერთს მოსწონს, მეორეს არ მოსწონს: ზოგი უწინდელ დროებას ემდურება, ზოგი ახლანდელსა, ვინ იცის, რას ლაპარაკობენ და რას არა. შენ აგრე ამბობ მაგ სტატიაზედა და აბა ახლა სხვასა ჰკითხე, რა ქება გითხრას! ერთის სიტყვით, თქვენსას კაცი ვერაფერს გაიგებს.
- ეს უეჭველად ასე უნდა იყვეს, რომ ყველამ თავისებურად უნდა განსაჯოს საგანი, ე.ი. ისე, როგორც ესმის, უნდა წარმოჰსთქვას აზრი. ეს კია, რომ კაცს ყოველთვის ეყოლება შემმოწმებელი: ისე უთქვამს ის აზრი, როგორც უნდა თქმულიყო, თუ არა; და ის აზრი უთქვამს, რაც შეჰფერის საგანს, თუ შემცდარა. ჩვენ ვიცით, რომ რაც კი რამ არის დაარსებული ქვეყანაზედ, ყოველისფერს აქვს თავისი კანონი და მიზეზი; უკანონოდ და უმიზეზოდ არაფერი არც გაჩენილა და არც გაჩნდება. ჩვენი აზრიც მაგ კანონების და მიზეზების ცნობიდამ შედგება. მაგ კანონების და მიზეზების ცნობაზედ ტრიალებს მეცნიერებაცა. სწავლა და განათლება. აი, ადამიდამ დღევანდლამდე კაცი სულ მაგათ გამოკვლევის ცდაში ატარებს დღესა და რაც დღევანდლამდე გამოუკვლევია, ის, ერთად შეგროვილი და რიგზედ დაწყობილი, კაცობრიობის ცოდნას შეადგენს. ჩვენი ცდა რაში უნდა მდგომარეობდეს? იმაში, რომ, რაც ჩვენ წინაპართ გამოუკვლევიათ, უცვნიათ, შეუტყვიათ, ის უნდა ვიცოდეთ, ის უნდა შევიტყოთ, ე.ი. უნდა ვისწავლოთ ის, რაც იმათ კანონები აღმოუჩენიათ, ის, რაც იმათ მიზეზები აუხსნიათ, რომ წმინდა, ნამდვილი საგნის მსჯელობა გვქონდეს. ჩვენი ჟურნალების მოვალეობა ის გახლავთ, რომ ის ახსნილი და გამოკვლეული კანონები და მიზეზნი გვაცნობონ ჩვენ, რომ ჩვენც გაგვეხსნას გონება, ჩვენც დავინახოთ რამე, თორემ ეს „მილორდიანიო“, ეს „მხეცური შურისგება“ ჩვენს გონებას არც ერთს ცოცხალს აზრს, არც ერთს ჭეშმარიტებას არ შემატებს. უნდა გვიშველონ შევიტყოთ ის, რაც ჩვენამდინა ყოფილა, ის, რაც აღმოუჩენიათ. რაკი გვეცოდინება, მაშინ ჩვენ თითონ უნდა შეუდგეთ იმის აღმოჩენას, იმის ახსნას, რის ახსნაც იმათ ვერ მოუსწვრიათ. ეს ჩვენი ვალდებულება გახლავსთ ჩვენი შთამომავლობის წინაშე.
- დამაცა, სფირიდონ, შენ რომ თქვი, რაც ჩვენ წინაპართ აღმოუჩენიათო, ის უნდა ვიცოდეთო, ამაზედ ერთი რამ მინდა მოგახსენო; ეხლანდელი ხალხი რომ ემდურის, რომ ჩვენ წინაპართ არაფერი სწავლა არ დაგვიტოვესო? ამაზედ რას იტყვი?
- მე მოგახსენებთ განა ჩვენ ქართველების წინაპარებზედა? ჩვენი წინაპარნი ისინი არიან, ვინც ჩვენზედ წინა ყოფილან; მე ეს სიტყვა ამ აზრით მოგახსენეთ. რაც შეეხება იმაზედ, რომ ეხლანდელი ხალხი ემდურება ჩვენ მამა-პაპათ, ამას მოგახსენებთ, რომ ძალიანა ჰსცდებიან. კაცს, რაც შეუძლიან და როგორც გარემოება ხელს მოუწყობს, ის და ისე უნდა მოჰსთხოვო. შემცდარია ის, ვინც ჩვენ მამა-პაპათ მძინარეებს და ზარმაცებს ეძახის. ეგ სახელი იქნება ჩვენვე დაგვერქვას უფრო სამართლიანათაცა. ჩვენი წინაპარნი ქართველნი იყვნენ ისეთნი, როგორიც უნდოდა იმ დროს: მტრისა და მოყვრის დამხვედრნი. გარშამო ეხვიათ მტრები და ნოეს მტრედსავით ეს მშვენიერი ხალხი თავის მშვენიერი მიწა-წყლითა იყო ქრისტიანობის მახარობელად მაჰმადიანობით მოდებულ მტრებთა შორის. მაშინდელი ქართველისათვის ორი გზა იყო: ან ქრისტიანობა, ან არა და ვაჟკაცური სიკვდილი იმავე ქრისტიანობისათვის; ან ქართველობა, ან არა ხმლის პირზედ გულის შეთლა. რომ იმათ ქრისტიანობაც და ქართველობაც ჩვენ შეურყევლად გადმოგვცეს, ამას დღევანდელი დღე გვიმტკიცებს. უბედურებს მარჯვენა ხელი მოცლილიც არა ჰქონდათ, რომ პირჯვარი რიგიანათ გადაეწერათ, იმ მარჯვენითა დღედაღამ ხმალი და თოფი ეჭირათ და სად ეცლებოდათ მწიგნობრობისათვის და სწავლისათვის? წეღანაც მოგახსენეთ, გარშამო მტრები ეხვიათ, მტერს გაძღოლა, მიღება და დახვედრა უნდოდა. ეძინათო!.. მამული, ჩვენი სამშობლო ქვეყანა შეიმაგრეს და ჩვენ სამკვიდროდ გადმოგვცეს; ქრისტიანობა, ჩვენი რჯული, ჩვენი სარწმუნოება დაგვიცეს, მაშინ, როდესაც ათასი ემტერებოდა რჯულსაც და მამულსაცა. მეტი რა უნდათ? შვილი რომ საომრად გავიდოდა, ბრძოლის მინდორზედ მამის ძვლებს ზედ წააწყდებოდა და ხან დააკვდებოდა კიდეც. ამ ყოფაში დალიეს ჩვენ მამა-პაპათა თავისი მოსისხლე დღენი. გონებისათვის ეცალათღა, რომ შეეძინათ რამე, მაშინ, როცა დღედაღამ იმის ფიქრში იყვნენ, სიცოცხლე როგორ დავიცვათო? მშვიდობიანობა, მოცალეობა არის მიწა, რომელზედაც ამოვა ხოლმე მეცნიერების, სწავლის, ლიტერატურის ხე და ნაყოფი.
აკი როცა მშვიდობიანობა და მოცალეობა ჰქონიათ, უსწავლიათ კიდეც, უწერიათ და გონების გასახსნელად ცდილან. საჯეროა, რომ ბევრი ნაწერი გვქონია, მაგრამ ჩვენამდინ ფრიად მცირე რიცხვმა მოახწია; იმ ომის ცეცხლში, დაწვაში და დაბუგვაში, აშკარაა, ვერ მოუარა ხალხმა და ყველაფერი დაიკარგა, ისე რომ კვალიც აღარ დარჩა. თუკი მომეტებულმა ნაწილმა თავად-აზნაურებმა ის ვერ მოახერხა, რომ შეენახა მეფის სიგელი თავადაზნაურობის ღირსების და მამულების, ე.ი. [რაც] ცხოვრების სახსარს აძლევდა, სად შეეძლოთ შეენახათ ზოგიერთი თხზულება, რომელიც იმათ არ მიჰსცემდა ლუკმა-პურსაცა და რომელიც დროს გასატარებლად მიაჩნდათ.
- ეგა თქვი და ეგა ბრძანე, ჩემო სფირიდონ, რის ლიტერატურა? რაც მე უწინდელი დროება მახსომს, ოჰ, საშინელება იყო. ვერც კი მოვიკეცამდით ხოლმე პურის ჭამის დროსა; ისე ვიყავით ხოლმე, ჩაკუნტულები. ერთს ხელში თოფი გვეჭირა და მეორე ხელში კოვზი.
- დიაღ, მხოლოდ მშვიდობიანობის დროს შეიძლება მწერლობაცა. საქართველოსა ჰქონდა ერთი დროება, თამარ დედოფლის დროსა. მხოლოდ იმან გახსნა საბერძნეთის გზა. და ამ გზაზე გამოიარეს მშვიდობიანად იმ მსწავლულმა ხალხმა, რომლების სახელებიც ეხლა ჩვენ ვიცით. მათგანი ერთი უპირველესი მანათობელი არის შოთა რუსთაველი. ჩვენა გვაქვს ცოტაოდენი ცნობა ზოგიერთ თხზულებაებიდგანა, რომა იმ თამარ მეფის საუკუნეში ქართველებს სულაც არა სძინებიათ; ისინი მაშინვე დიდი სიყვარულით შეუდგნენ სწავლასა: და ჩვენ შეგვიძლიან ვიფიქროთ, რომა იმ დროებიდამ აქამომდე რომ არ შეწყვეტილიყო ახალი დაწყობილი სწავლა, ამ ექვს საუკუნეში იქნება საქართველოში ყოფილიყო ისეთი განვრცელებული სწავლა და ხელოვნება, რომა ემჯობინებია იმ ხალხის სწავლისათვის, რომელნიც ეხლა არიან განთქმულნი. მაგრამ თამარ დედოფლის მიცვალების შემდგომ ლანგ-თემურმა და სხვა მრავალმა მაჰმადიანებმა ააოხრეს საქართველო და ამგვარად გაჰქრა საქართველოს ლიტერატურა თავისსავე დასაწყისში. ამ ჩვენს საუკუნეში არის მშვიდობიანობა; მაშასადამე, არის დროება ლიტერატურისა, სწავლისა და ხელოვნებისა, რომელიცა ადამიანმა სარგოიანად უნდა მოიხმაროს. და ამის მიზეზით შეუძლიანთ ჩვენ დაგვემდურონ, მეტადრე მომავალი შთამამავლობა, თუ ჩვენ არაფერს არ მოუმზადებთ, რადგანაც ამისი შეძლება გვაქვს და გარემოებაც ხელს გვიწყობს.
ამჟამად მრავალნი სწერენ, რაც მოხვდებათ, კითხულობენ, ყველანი ლაპარაკობენ ლიტერატურაზედა, მომატებულად პოეზიაზე; ყველანი სჯიან, ბაასობენ, მაგრამ მხოლოდ შინაურულად, თავ-თავის სახლებში, და არა საქვეყნოდ. აი, ნახვენ ჩვენი შთამამავალნი, რა სალიტერატურო განძებს დაუტოვებთ ჩვენ იმათა! უნდა ვაღვიაროთ, რომა შინაურული ლაქლაქისაც და ლაპარაკის მეტი არაფერი არა გამოგვივა რა ხელიდგანა. ყველას მათგანსა, ე.ი. მკითხველებსა, მწერლებსა და მობაასეებსა აქვსთ თავისი საკუთარი მიზეზი; ზოგი კითხულობს ჟურნალსა იმისთვის, რომა შეყრილობაში დაიწყებენ ხოლმე ლაპარაკსა და სირცხვილი იქნება, რომ არ იცოდეს რა და რა ეწერა ამა და ამ ნომრის „ცისკარში“; ზოგი კითხულობს იმისათვის, რომ განკიცხოს ჟურნალი, აი, როგორც მე და შენა, თადეოზ; ზოგი კი იმისათვის კითხულობს, რომ გაიგოს რამე ახალი ამბავი, ანუ ძველი, კარგი და მშვენიერი; კითხულობს გულმოდგინებითა, სიამოვნებითა, თუ შეხვდა რამე სასიამოვნო; ამ მესამე ხარისხის მკითხველებს ეკუთვნიან ქართველი ქალები, მომატებულად ის ქართველი ახალგაზდა ქალები, რომელთაც არ იციან რუსული კითხვა; დიდება და პატივისცემა ეკუთვნის იმ ქალებსა, ამისათვის, რომა რუსული კითხვის მცოდნეები არც რუსულს კითხულობენ და არც ქართულსა, რადგანაც ქართულის კითხვას თაკილობენ, და რუსული... თუმცა ამას ყველაზედ ვერ ვიტყვით, განა არ არიან იმათშიაცა რუსული ლიტერატურის მიმდევნნი, მაგრამ რომ დავთვალოთ, სამასს ქალში ერთი აღმოჩნდება. ქართულის მკითხველნი კი ბევრნი არიან. რო სწორედ ვიანგარიშოთ, იქნება საქართველოში ქალი წერა-კითხვის მცოდნე მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე კაცი; მეტადრე სოფლებში. რომელს თავადისა და აზნაურშვილის ოჯახში ნახამთ ქალსა, რომელმაც არ იცოდეს წერა და კითხვა, თუკი ჰქონია თუგინდ უმცირესი ღონისძიება სწავლისა. მრავალს იპოვნით წერა-კითხვის მცოდნე გლეხიკაცის გასათხოვარ გოგოსა იმ სოფელში, სადაც სცხოვრებენ თავად-აზნაურის ქალები; იმათ აქვსთ ხოლმე ყოველთვის სურვილი გოგოების სწავლისა, არ ეტყვიან უარსა, თუ გლეხიკაცმა მოაცალა თავისი შვილი. სადიდებელნი და პატივსაცემნი არიან ის მასწავლებელი ქალები, რომ თავისი ცოდნა არა შურთ მოყვასისათვის და, რაც იციან, უანგაროდ ასწავლიან. მაგრამ ქართველ ყმაწვილ ხალხზე და ვერც ბერიკაცებზე ვერ ვიტყვით ამასა; ისინი თავის შვილებსა და ძმებსაც არ უგდებენ ყურსა, არამც თუ სხვისას მოჰკიდონ ხელი. ქალების სწავლა, მე ვგონებ, რომა ქართლში უფრო გავრცელებული იყვეს, ვიდრე სხვაგან სადმე; ბევრისაგან გამიგონია, აჭარაშიაც თითქმის ყოველი ქალი თურმე ქართული ასოებით თათრულ სიტყვებსა ჰსწერს; მე ამაზე, ჩემო თადეოზ, ვერ დაგარწმუნებთ, რადგანაც მე თვითონ არ მინახამს; მაშინ, როდესაც რომა ქართლში მე თვითონ მქონია შემთხვევა და მინახამს, ზოგიერთ სოფლებში მდივანბეგის მოწერილი ბრძანება მიეტანოთ ახალი მოყვანილი პატარძლისათვისა წასაკითხავად.
- ეგ დიაღ დასაჯერია, ჩემო სფირიდონ, ქალებს უფრო აქვთ მოცალება სწავლისათვისა, ვიდრე კაცებსა; ძველათაც აგრე იყო: კაცები თოფ-იარაღს მივდევდით ხოლმე და ქალები შინ ისხდნენ, წიგნებსა კითხულობდნენ და სწავლაში იყვნენ.
- დიაღ, იმას მოგახსენებდი, რომა ძრიელ არის გახშირებული კითხვა-წერის სურვილი. ბევრს უყვარს წერა, ზოგნი თავის ნაწერს აბეჭდინებენ, ზოგნი კი ვერა ბედვენ ხოლმე. მომეტებულს ნაწილს ჩვენში, კაცსა თუ ქალსა, ლექსის წერა უფრო უყვარს, პროზა აგრერიგად არ უყვართ, მეტადრე ხნიერ ხალხსა. ლექსით მთხზველს დიდი პატივი აქვსთ. ორიოდე ლექსი რომ დასწეროს ვინმე, მაშინვე ლექსების მოყვარულები უწოდებენ დიდ პოეტად. დიდი ღირსება არის პოეტობა, ჩემო თადეოზ, გაშინჯეთ სხვა ხალხის ლიტერატურა და სცნობთ, რომა ძრიელ იშვიათია პოეტი. ჩვენში კი პოეტები მრავალნი არიან და პოეტის ნიჭი კი ცოტასა აქვს. რისაგან არის ესა? მე ვგონებ, ამისი მიზეზი ის არის, რომა ყოველი ლექსი წამკითხველსა პოეზია ჰგონია და დამწერს პოეტს ეძახის.
- მართლა, სფირიდონ. ძალიან ხშირად მესმის ეგ სიტყვა და არ ვიცი კია, რასა ნიშნამს, არც არავისთვის მიკითხამს. ამიხსენი, გეთაყვა, რა არის პოეზია; ჩვენ უწინდელს დროში, კარგად მოგეხსენებათ, არა ვხმარობდით მაგ სიტყვასა; და ახალი შემოღებული სიტყვა არის და ვერ გავიგე კია, რასა ნიშნამს?
- ოჰ, ჩემო თადეოზ, ძალიან ძნელია მაგისი ახსნა, ძალიან ძნელი საქმე შამომიკვეთეთ და არ ვიცი, როგორ აღგისრულოთ ეგ თქვენი თხოვნა. ეგ ორისა და სამის სიტყვით არ აიხსნება. მაგას მოუნდება დიდი ბაასი. ეგ რომ გეკითხნათ გიორგი თუმანოვისათვისა, ის მსწრაფლად მოგახსენებდა მაგის პასუხსა. თუგინდ ლექსადაც დაგიწერდა მაგის ახსნასა, და მე კი მიჭირს ძალიანა. მე დარწმუნებული ვარ, ჩემო თადეოზ, რომ თქვენა დიდი მომთმენი ბრძანდებით და მოთმინებით დაუგდებთ ჩემს ლაპარაკს ყურსა; და ამისათვის მე თქვენ გადმოგითარგმნით ბელინსკის თხზულებიდგან ერთ სტატიასა პოეზიაზე, საიდგანაც შეგიძლიანთ გაიგოთ, რა არის პოეზია, თუ ხეირიანად ავასრულე მთარგმნელის ხელობა.
***
ბელინსკი ამბობს: „ყველანი ლაპარაკობენ პოეზიაზე, ყველანი თხოულობენ პოეზიასა. რომ გავშინჯოთ, ამ სიტყვას ისეთი ცხადი და აღხსნილი მნიშვნელობა აქვს, როგორათაც, მაგალითებრ, სიტყვას პურსა, ან კიდევ მომატებულად, სიტყვას ფულსა. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორნი ერთიერთმანეთში დაიწყობენ ბაასსა და სჯასა იმაზედა, რომა რას ნიშნავს სიტყვა „პოეზია“, მაშინ განსჯაში გამოდის, რომა ერთი წყალს ეძახის პოეზიასა და მეორე - ცეცხლსა. რა იქმნებოდა მაშინ, როდესაც რომ იმათ, ვისაც პოეზია უყვართ, დაეწყოთ ლაპარაკი თავისს საყვარელ საგანზე! ის იქმნებოდა სწორეთ ნამდვილი სურათი ბაბილონიის ენების არევისა! მართალიც არის: თუკი ამ სიტყვის მნიშვნელობის ახსნა ძნელი არის მეცნიერების ენითა, მაშასადამე, უფრო ძნელი იქმნება იმისი მნიშვნელობის კილოკავად აღხსნა სამარადისო საყოველთავო ენითა, ისე, რომ ყოველთათვის ერთნაირად მისახვედრი იყოს. თუგინდ მოვახერხოთ ესა, თქვენ დააკმაყოფილებთ განა იმ ხალხსა, რომელნიც თქვენის თვალით უყურებენ საგანსა, ან თქვენსავით არიან შეგნებულნი? მართლაც, თუკი მე ზომიერი და გარიფმული სტრიქონები, რომელშიაც კეთილზნეობითი და კეთილმოქმედებითი აზრია, მგონია პოეზია, - მაშ როგორღა დამარწმუნებთ მე იმაზე, რომა პოეზია არის ქმნილება, მხატვრობა სიცოცხლის გამოჩინებისა? - თუკი მე ზეგარდამო-შთაგონება მგონია ზნეობითი სიმთვრალე, თითქო ბანგი დაულევიაო, ან ღვინისაგან შებრუშულაო, გრძნობის აღტაცება, გულის-ვნების ცხელება, რომელიცა მოუწოდებელ, უნიჭო პოეტსა გამოახატვინებინებენ საგანსა, რაღაც უგუნური ბროწიალითა, ალაპარაკებენ ველურის და ძალდატანებული აღნაქვსებით (ფრაზებით), მიგრეხილ-მოგრეხილი ამბის თქმითა, ჩვეულებრივ სიტყვებს მიაცემინებენ ძალდატანებულ მნიშვნელობასა, - მაშ როგორ ჩამაგონებთ მე თქვენა, რომა „ზეგარდმო-შთაგონება“ (вдохновение) არის ის წუთის ყოფა, როდესაც სული ცხადად და ნათლათა ჰხედავს; არის მშვიდი, მაგრამ ღრმა განხილვა სიცოცხლის საიდუმლოებისა, რომა იგი თითქო მისნური კვერთხით გამოიყვანს გრძნობის მიუწდომელი წარტოლვისაგან (отвлеченность) აზრსა, ნათელს სახესა, სავსეს სიცოცხლითა და ღრმა მნიშვნელობითა, და ჩვენს გარეშე მყოფს მოქმედებას, ცხოვრებას, ხშირად ბნელსა და გაუწყობელს, გამოაჩენს ნათლად და თანხმობით წყობილად?... პოეზია და სწავლა ერთი და იგივე არის, თუ რომ სწავლაში არ ჩავაგდებთ მხოლოდ ერთ ცოდნის სქემასა, არამედ შეგნებას მათში მიმალულის აზრებისას. პოეზია და სწავლა ერთი და იგივე არის, თუ სწავლაში ჩავაგდებთ მთელს სისრულეს ჩვენი სულის არსებისას, რომელიც გამოითქმის „მეხსიერებითა“, და არა მხოლოდ ერთსა რომელსამე ჩვენი სულის ნიჭიერებასა. ამ შემთხვევაში პოეზია და სწავლა მძაფრის სამძღვრით განეყოფებიან იმასა, რასაც ვეძახით „ნამდვილ“ მეცნიერებასა (точные науки), რომელიცა განმსჯელობისა და იქნება თვალწინ წარმოდგენის მეტსა არაფერს მოითხოვს ადამიანისგანა. შეიძლება იყოს ძრიელ ჭკვიანი კაცი და არ ესმოდეს პოეზია, ეჩვენოს ფუჭად, რიფმების რახარუხად, რომელიც შესაქცევარია უსაქმო და ჭკუამოკლე ხალხისათვისა; მაგრამ არ შეიძლება იყოს ისეთი ჭკვიანი კაცი, რომელიცა ვერ მიხვდეს, მაგალითებრ, მათემატიკის მნიშვნელობასა და დიდის მოწადინეობითა და ჯაფითა იმის სწავლაში დიდად თუ მცირედ არ მიეცეს წარმატებასა. შეიძლება, რომ იყოს ისეთი ჭკვიანი კაცი, ასე გაშინჯე, ძალიან ჭკვიანი კაციცა, და ის კი არ ესმოდეს, რა არის კარგი „ილიადაში“, „მაკბეტში“, ან პუშკინის ლირიკულს ლექსთ თხზულებაში; მაგრამ არ შეიძლება იყოს ჭკვიანი კაცი, რომელიც ვერ მიხვდეს, რომ ორჯელ ორი არის ოთხი, ან ორი ქეშეო ხაზი (параллельные линии) აროდეს არ შეხვდებიან ერთმანერთსა, თუ გინდ დაუსრულებლად დააგძელო. ცხადია, რომა სიტყვა: „ნამდვილი“ ჭეშმარიტება - ამბობს იმ ჭეშმარიტებაზედა, რომელიც თვალითა სჩანს და მიუცილებლად არის, და არც შეიძლება იმაზედ არ დათანხმდეს არც ერთი კაცი ქვეყანაზე, თუ რომ იმას აქვს კეთილგანმსჯელობა, რომელიც არის კაცთა და პირუტყვთა შორის უპირველესი განმასხვავებელი მიზეზი. ამ შემთხვევაში უმაღლესი მეცნიერება, ე.ი. ფილოსოფია და პოეზია - განვიმეორებ - ორივე ერთნი არიან: ერთიცა და მეორეცა ერთნაირად მოშორვებით არიან იმაზე, რასაც კი აქვს თუმცა მცირედი შეხედულობა „სინამდვილისა“. მაგრამა, როდესაც ხელოვნებითი თხზულების საგანის მიხვედრაზე, ან სხვადასხვანაირს დარწმუნებაზე და კილოზე მოხდება ცილობა, მაშინ მხოლოდ გულისხმიერი ადამიანი, როგორათაც სხვა ყოველ უაღრესს საქმეშიაცა, მიხვდება ერთობის მძლეობასა (торжество единства), რომელია მით უმაღლესია და განმმეხავი „სინამდვილის“ მძლეობაზედა, რამდენათაც გარეგანი შეხედულობით ძნელად ასახსნელია და ძნელად მისაწდომელია გონებისათვის საგანი ხელოვნებისა. აღურიცხველმა დროებამ, რომელმაც განაქრო დედამიწის ზურგზე საბერძნეთის რესპუბლიკები, გამოიტანა სახელები: გომერისა, გეზიოდისა, ესხილისა, სოფოკლისა, პინდარისა, ანაკრეონისა, - და ეხლაც ყველანი, რომელნიც თავისთავსა რაცხვენ ნიჭიერების მქონებლებში, ხალისით თუ უხალისოდ, მაინც კიდევ განკვირვებულნი არიან ამ სახელებისაგანა. უზრდელნი, რომელნიც პირდაღებულნი უყურებენ ხოლმე შექსპირის დრამებსა და თავის გუნებაში ამჯობინებენ იმათა ფუჭ ვოდევილებსა, ხმამაღლა აქებენ შექსპირსა და სწყინთ, თუ იმას დაადარეს ვინმე. მაგრამ ეს არის დროების საქმე... ჩვენში პუშკინი გამოჩნდა იმ დროს, როდესაც კლასიკური შეტბორება იყო და როგორათაც კეთილად და ალერსიანად დაუხვდნენ იმასა ყმაწვილი ხალხნი, ისე შურით და პირქუშად მიიღო ძველმა ხალხმა, მეტადრე საქვეყნოდ გამოსულმა პოეტებმა, ლიტერატორებმა და იმ დროების მეტყველებმა; მაგრამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა, - და თუმცა გაჩნდა არეული ზრიალი და გაცხარებული ბაასი, მაგრამ საზოგადო აზრმა (мнение) მაშინვე აღამაღლა სახელი ახალგაზდა პოეტისა უმაღლეს ყველა პოეტებზედ, იმის წინად და იმისს დროს მყოფებზე.
„არ შეუძლიან ყველას, და არც ყველას უნდა ესმოდეს მშვენიერება; ის ესმისთ მხოლოდ მცირედ რიცხვს, ზოგიერთს ამორჩეულებს, - და ამათგანა ცნობულობენ სხვანიცა. ვინც თვისის ბუნებით არის სული, სულისაგან მოვლენილი, - იმას დაბადებიდგან აქვს ნება თანაზიარ იყოს ყოველი სულის ნიჭისა, რომელსაც ვერ მისწვდება მისი ხორცი და ხორციელი სული, ე.ი. გონება. კაცი ყოველ ცხოველზედ გონებით არის ამაღლებული, მაგრამ მხოლოდ მეცნიერება შეჰქმნის იმას აღმატებულ კაცად. გონება ფეხს ვერ გადასდგამს „ნამდვილ“ სწავლას იქით, და არც ესმის არაფერი, რაც გამოვა „სარგებლობისა“, და „საზრდო-საცხოვრებელის“ ვიწრო წრეს გარეთა; მეცნიერება კი მისწვდება, ხელს მოხვევს სივრცით უსამზღვრო სფერას, რომელიც ვერ გამოიცდება და ვერც იხილება, შეჰქმნის ცხადად, და გონებისათვის მიუწდომელსა, ცნობაში მოუყვანებელსა - თვალით სახილავად. ხელოვნება ეკუთვნის ამ შექმნის სფერას, რომელიც მისახვედრია მხოლოდ მეცნიერებისათვის, მეხსიერებისათვის - და ამისათვის პოეზიის მნიშვნელობა არ შეიძლება ისწავლოს ადამიანმა ისრე, როგორათაც არ შეიძლება ისწავლოს ლექსების დაწერა. მშვენიერებისა რისამე გულში ჩარჩენა არის თავისდაგვარად ნიჭი: იგი არ მიიღება არც სწავლით, არც განათლებით, არც გავარჯიშებით, ეძლევა მხოლოდ ბუნებით. პოეზიის მიხვედრა არის სულის საქმე და მაგ საქმის აღმოჩენა დამალულია ადამიანის ბუნებაში. ვიცით, რომა ადამიანის ბუნება არის აღურიცხველად მრავალნაირი, განსხვავებული, და წარმოადგენს უზომოდ გრძელ კიბეს მრავლისაგან უმრავლესის საფეხურებით - ქვეიდგან ზეით, ზეითგან ქვეით, იმისდა კვალად, რომელის დასაწყისიდგანაც დაუწყებ ყურებასა. პოეზია თავდაპირველად მიიღება გულით და შემდგომ იმისაგან გარდამიეცემა თავსა. ამისათვის, ვისი გულიც ბუნებით მოუხეშავია და უგრძნობელი მშვენიერების გულში ჩანერგვისათვის, - შემოახვიეთ იმას გარეშემო სიყრმიდგანვე ქმნილება, თხზულება ხელოვნებისა, ელაპარაკეთ იმას მთელ სიცოცხლეში პოეზიაზე, - ის შეიძინებს მხოლოდ იმისი ფორმის, გარეგანის ვარჯიშსა, და დაეჩვევა იმისს გარეგანი შეხედულობის განსჯასა; მაგრამ ქმნილებისა, თხზულების საგანი დარჩება იმისთვის მარადის საიდუმლოდ, ასე რომ ეჭვიც არ ექნება იმაზედ, რაც საგანი იქ არის. იმისთანანი, რომელნიც თვისის ბუნებით პოეზიას ვერ იგულისხმებენ, უფრო მრავალნი არიან ქვეყანაზე, ვიდრე ისინი, ვისაც ბუნებისაგან მინიჭებული აქვთ მშვენიერებისადმი მიდრეკილება. რის მიზეზით არის ეს ასრე? - იმ მიზეზითვე, რომლის მიზეზითაც ხელოვანთა რიცხვი შეეფარდება მდაბიო ხალხსა, როგორათაც ერთი ერთ მილიონსა“.
აქ, ჩემო თადეოზ, უნდა გადავხტე 253-ს გვერდზედა, ამისათვის, რომ წინ დამხვდა ორი ჩინებული ლექსი, რომლების გადმოთარგმნა მე არ შემიძლიან, რადგანაც მე და ლექსთთხზულების ნიჭი გამწყრალები ვართ. ამ გადახტომით იქმნება ცოტაოდენად ჰაზრიც შეიცვალოს, მაგრამ რა გაეწყობა, ძრიელ ცუდად გადმოთარგმნას თავის დანებება სჯობია.
„და ესრედ, დავსტოვოთ იქით ყველანი, ვინც მშვენიერებას ემტერებიან. დავივიწყოთ ხელოვნების საქმეში ხალხის გულგრილობა, და ნურც შეგვეშინდება, რომა ზოგნი ჩვენ ჰაზრს ვერ მიხვდებიან, ზოგნი არ შეგვექმნებიან თანახმანი, და სხვანი სასაცილოთაც აგვიგდებენ, - და დაუბრუნდეთ საგანსა, რომლითაც დავიწყეთ სტატია: რა არის პოეზია? მხოლოდ ჭაბუკს, რომელსაც სისხლი უდუღს და რომელიც არ არის გამოცდილი სიცოცხლის განსაცდელში, მხოლოდ იმ ჭაბუკს შეშვენის, რომ ჰქონდეს კეთილშობილური, მაგრამ ძნელად აღსასრულებელი სურვილი, - რათა დააჯეროს, მთელი ქვეყანა მასზე, რაზედაც თითონ ის დარწმუნებულია, და ამ განძრახვით, ერთნაირის ენით და ერთნაირის სიფიცხით ელაპარაკოს ყველას იმაზე, რაც მისახვედრია მხოლოდ ზოგიერთისათვის; მხოლოდ ჭაბუკს შეშვენის სწყინდეს, რომა ზოგს არ ესმისთ ისა, რაც არა აქვსთ მინიჭებული, და არც საჭიროა მათთვის, რომ ესმოდესთ... ჩვენ ვილაპარაკოთ ყოველთათვის, უთხრათ ყველას, მაგრამ იმედი გვქონდეს მხოლოდ ზოგიერთისაგან პასუხის გებისა... და რა? განა დიდი ბედნიერება არ არის, რომ გავაღვიძოთ ზოგიერთს მიძინებულს სულში უმაღლესი ჰაზრი? განა დიდი ბედნიერება არ არის, რომა დავბადოთ თანამგრძნობელობა იმ გულში, რომელსაც ჩვენ არასდროს არ ვიცნობდით და ვერც გავიცნობთ, რომელიცა იქნება სცხოვრებს შორს ჩვენზე ამ ქვეყნის სადმე კუნჭულში, მაგრამ რომლის გულსაც ჩვენი სიტყვა დააწყებინებს ძგერას ჩვენის გულის თანახმად; და საზოგადო კაცობრიობის სასარგებლოდ აღვიარებინებს თვისსა და ჩვენ შორის სულით ნათესაობასა, იმის სახსოვრად, რომ სულმა გაიმარჯვა სივრცის და დროების შეკრულობაზედა!
„მაშ რა არის პოეზია? კითხულობთ თქვენა სურვილით, რომ გაიგონოთ ახსნა თქვენთვის სანუკვარი საგანისა. თუ იქმნება ცბიერულად გინდოდეთ შეყვანება ჩვენი შეკრთომაში მით, რომ ნახოთ ჩვენი უღონობა ამა უაღრესის და ბნელი საგანის ახსნაში... ან ერთი იქნება, ან მეორე, მაგრამ ორივ ჩვენთვის სულ ერთია; ჯერ, ვიდრე ჩვენ გიპასუხებდეთ, გკითხამთ თქვენცა, თავისდაკვალად. ბრძანეთ: რა დავარქვათ იმას, რა განსხვავებაც არის კაცის პირის-სახესა და წმინდა სანთლის ფიგურას შორის, რომელიცა რამდენადაც დიდის ოსტატობით არის გაკეთებული, რამდენადაც უფრო და უფრო ჰგავს ცოცხალი კაცის პირის-სახესა, მით უმეტესად და უმეტესად გვეზიზღება? მიბრძანეთ: რა განსხვავებაა ცოცხალი კაცის პირის-სახესა და მიცვალებულის პირის-სახეს შორის? - ნაკვთი ხომ ერთნაირად სწორეა ერთშიაც და მეორეშიაცა, ერთი და იგივე ასოა, ერთნაირი მათი თანხმობაა, ერთნაირი განწყობილებაა ასოებისა? რისაგან არის, რომ ეს თვალები ისრე ანათებენ, ისრე სამსენი არიან ჰაზრით და ჭკვით, რომა თქვენ ატყობთ რაღაც ჰაზრსა, რომა მათ უნდა გითხრან რაღაც გულითადი და სატრფიალო; და ისინი კი - ისრე ჩამქრალნი, მინის მსგავსნი!.. ცხადი საქმეა: პირველში არის სიცოცხლე და მეორეში კი - არა. მაგრამ ეს „სიცოცხლე“ რაღა არის? ჩვენ ვიცით კანონი ადამიანის სხეულისა, ვიცით, რომა სიცოცხლე კაცისა არის მისს აგებულებაში; ვიცით, რომა სიცოცხლე განუშორებლად თან დასდევს სისხლის ბრუნვასა ძარღვებში, და განჰქრება იმწამსვე, როდესაც გათავდება სისხლის ბრუნვა; მაგრამ ისიც ვიცით, რომა ჩვენი აგებულება არ არის ოწინარი (მაშინა), რომელიც მოიმართება და დადგება საათივით რომელისამე ჭახრაკით. რამდენსაც ღრმად დაუწყებთ ძებნასა აგებულების საიდუმლოსა, იმდენად უფრო და უფრო დავშორდებით იმასა, მით უმეტესად მიუწთომელი იქმნება ის ჩვენთვისა. მაგრამ ცოცხლებშიაც არიან მკვდრები, ისრე, როგორათაც ცოცხლებიც არიან მკვდრებში, ამისათვის რომა რაც სიცოცხლეა ცხოველისათვის, ის სიკვდილია ადამიანისათვის; რაც სიცოცხლეა იროკეზისათვის***, ის სიკვდილია ევროპიელისათვის; რაც სიცოცხლეა მსოფლიოის საჭიროებისა და სარგებლობის მონისათვის, რომელიც მომატებულს ვეღარასა ხედამს საზრდოსა და ჯიბის საჭიროების დაკმაყოფილებისა, ან მცირე ამაოდ დიდების გარდა, - ის სიკვდილია გონიერისა და მგრძნობელი კაცისათვის. რაც გონებაში არის, ის გამოიხატება ნაკვთით (ფორმით): შეხედეთ, როგორი პირუტყვის ცხვირ-პირი აქვს იმ კაცსა, ნამძინარევი და მღვრიე თვალები, საზიზღარის შეხედულობით, - სქელი, ძლივს ქშინამს, ეს არის ეხლა მაძღრისად ნასადილევი, - და შეხედეთ, რანაირის სისხამით უბრიალებენ შავი თვალები იმ გამხდარსა, ფერნაკლულს კაცსა, რანაირი მოძრაობა აქვს იმის სახესა, რამდენი მხურვალებაა იმის ხმაში! მართალია თუ არა, რომა პირველი მკვდარია, მეორე - სავსეა სიცოცხლითა? მაგრამ სიცოცხლე თვისის გამოჩინებით დაუსრულებლად სხვადასხვანაირია. ფოცხვერი სავსეა სიცოცხლით კუზე, მაგრამ იმისი სიცოცხლე ნამდვილი ცხოველურია; იმისი მაღორძინებელი არის მხურვალე სისხლი, უხვად სავსეა ძარღვები ელეკტროთი. ესრედ ზოგიერთს ადამიანშიაცა ბევრია სიცოცხლე, მაგრამ ის სიცოცხლე მიუცილებლად ვერ დაგიმონებთ თვისის მოხიბლვით...“
„დიახ, სიცოცხლე ის არ არის, რომა ამდენ და ამდენი წელიწადი სვა და ჭამო, იცოდვილო ჩინებისა და ფულისათვის და თავისუფალ დროს ხოცო ბუზები, სთვლიმო და ითამაშო ქაღალდი: ამისთანა სიცოცხლე უსაძაგლესია ყოველს სიკვდილზე, და ამისთანა კაცი უმცირესია ყოველს პირუტყვზე, ამისათვის რომა პირუტყვი, თავის მიდრეკილების მორჩილი, სრულიად ხმარობს იმ ღონისძიებასა, რაც მიუნიჭებია მისთვის ბუნებასა საცხოვრებელად, და მოურიდებლად აღსრულებს თავის მნიშვნელობასა. სიცოცხლე არის - მგრძნობელობა და განსჯა, ტანჯვა და ნეტარება; ყოველი სხვანაირი სიცოცხლე არის სიკვდილი. და რამდენსაც მომატებულს საგანს მისწვდება ჩვენი გრძნობა და ჰაზრი, რამდენადაც მომატებულად და ღრმად შეუძლიან ჩვენს ნიჭსა ტანჯვისა და ნეტარების გრძნობა, იმდენად მომატებულად ვცოცხალვართ: ერთი წამი ამისთანა სიცოცხლისა უმჯობესია, ვიდრე ასი წლის სიცოცხლე, გატარებული საზიზღარ თვლემაში, უბრალო მოქმედებაში, უსაგნოდ დროების გატარებაში. ტანჯვის ნიჭი გვითხრობს ნიჭს ნეტარებისასა, და ვისაც არ უნახავს ტანჯვა, იმან არც ნეტარება იცის, ვისაც არ უტირნია, ვერ გაიხარებს...“
გადვიდეთ კიდევ, ჩემო თადეოზ, მეორე გვერდზე და აქ კიდევ დავტოვოთ ორიოდ ლექსი.
„...ბუნებასა და თვითეულ კაცს გარდა, არის კიდევ საზოგადოება და კაცობრიობა. რაც უნდა უხვი და მდიდარი იყვეს შიგნეული სიცოცხლე კაცისა, რაც უნდა მჩქეფარე წყაროსავებრ სცემდეს გარეთ, და რაც უნდა ზვირთით გადმოდიოდეს ნაპირზე, - ის არ არის სრული, თუ რომ არ მიითვისა იმან ის, რაც სასარგებლოა იმის გარეშე მყოფ ქვეყანისა, საზოგადოებისა და კაცობრიობისათვის. სრულსა და კარგად მყოფ ბუნების კაცსა მძიმედ აწევს გულსა სვე სამშობლო მამულისა; ყოველ კეთილშობილ ადამიანს ღრმად ესმის თავისიანობა, რომ ის არის სისხლით და ხორცით ნათესავი მამულისა, სისხლითა და ხორცით მიკავშირებული სამშობლო მამულთან, საზოგადოება არის რაღაც ცოცხალი და შენაწევრებული, ერთი მრთელი, რომელსაც აქვს დროება თვისი გაზრდისა, დროება კარგადმყოფობისა და ავადმყოფობისა, დროება თვისის ტანჯვისა და მხიარულებისა და აქვს თავისი მიქცევა და მოქცევა ან სასიკვდილოდ, ან სასიცოცხლოდ. ცოცხალ კაცს თავის სულში, თავის გულში და სისხლში აქვს სიცოცხლე საზოგადოებისა: ის ავად გახდება საზოგადოების ავადმყოფობით, იტანჯება იმისი ტანჯვით, ნეტარებს მისი ბედნიერებით, თავისი თავისა და თავის საკუთარ გარემოებას გარეშე მყოფისათვის. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში საზოგადოება გამოართმევს იმას თავისს ხარჯსა, მოაშორებს თავსა თავის საქმესა ზოგიერთს მის სიცოცხლის ჟამში, მაგრამ არ დაიმონებს სრულიად და განსაკუთრებით. სამშობლო ქვეყნის სიყვარული (патриотизм) უნდა გამოდიოდეს კაცობრიობის სიყვარულიდგან ისრე, როგორათაც ნაწილი მრთელისაგან. სამშობლო მამულის სიყვარული არის ისა, რომა გულით გინდოდეს ნახო, რაც კაცობრიობას გონებაში გამოუხატამს - აღსრულებაში იყოს მოყვანილი, და შენის ძალისა შეძლებისა კვალად შველოდე მის აღსრულებასა, თუ ასრე არა, პატრიოტობა (მამულისმოყვარება) იქმნება ის, რომ უყვარდეს თავისი მხოლოდ იმისათვის, რომა თავისია და ეჯავრებოდეს ყოველისფერი სხვისა მხოლოდ იმისათვის, რომა სხვისა არის, და, ვინ იცის, რანაირად უხარიან და მოსწონს თავისი უმგზავსობა და სახიჩრობა. ანგლიელი მორიერის რომანი „ჰაჯი ბაბა“ არის წარჩინებული და ნამდვილი სურათი ამგვარი პატრიოტობისა (მამულისმოყვარებისა). ადამიანის ბუნებას აქვს თვისება, რომ უყვარდეს ყოველიფერი მისი მახლობელი, მისი სისხლით და ხორცით ნათესავი; მაგრამ ეს სიყვარული პირუტყვთაც აქვსთ, მაშასადამე, კაცის სიყვარული უნდა იყოს უმაღლესი. ეს კაცობრიული სიყვარულის აღმატებულება ცხოველის სიყვარულზე არის მეხსიერებისაგან, რომელიცა ხორციელებასა და მგრძნობელობასა განანათლებს სულით, და ეს სული არის საზოგადო. მეფე პეტრე პირველის მაგალითი, რომელიც ამბობდა თავის ღვიძლს შვილზე, უკეთესიაო სხვისა იყოს და კარგიო, ვიდრე ჩემი და ავიო, - ყველაზედ უკეთესად აცხადებს და ამართლებს ჩვენს ჰაზრსა. რასაკვირველია, კერძოობიდგან შეუძლებელია დაიდვას კანონი საზოგადოებისათვის, მაგრამ შეიძლება ამ შეფარდებით კერძოობითიდგან ავხსნათ საზოგადო. შეიძლება გძულდეს ღვიძლი ძმა, თუ ცუდი კაცია, მაგრამ არ შეიძლება არ გიყვარდეს სამშობლო ქვეყანა, როგორიც უნდა იყვეს. მხოლოდ ეს სიყვარული არ უნდა იყვეს მკვდარი კმაყოფილება****, ცოცხალი სურვილი უნდა იყოს, რომ ყოველისფერი მოვიდეს სისრულეში, უკეთესობაში; ერთის სიტყვით - სამშობლო ქვეყნის სიყვარული უნდა გამომდინარეობდეს კაცობრიობის სიყვარულიდგან.
„და აი, ჩვენ ვსთქვით სიცოცხლეზე ყოველისფერი, რაც გვქონდა სათქმელი მაზე. და თუმცა ამის გამო თითქო დავშორდით ჩვენ საგანსა, მაგრამ მართლა კი მხოლოდ მიუახლოვდით მის ახსნასა.
„პოეზია არის გამოხატვა სიცოცხლისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, პოეზია არის თითონ სიცოცხლე. ეს ცოტაა: პოეზიაში სიცოცხლე უფრო უკეთეს სიცოცხლედ აღმობრწყინდება, ვიდრე თვით სინამდვილეშია. აქედგან გამოდის ახალი კითხვა, რომელის ახსნაცა იქმნება პოეზიის ახსნა, - კითხვა: თუ თვითონ სიცოცხლე შეიცავს ამდენ პოეზიასა, ასრე რომა თვისის მნიშვნელობით სიცოცხლე და პოეზია ერთი და იგივე არის, - მაშ რაღა საჭიროა კიდევ სხვა პოეზია, და თვით ხელოვნებას ან რაღა მიუცილებელი საჭიროება ექმნება, და ან რაღა თავისუფალი მნიშვნელობა?
„მრავალი მშვენიერებაა ცოცხალ სინამდვილეში (действительность), ანუ უკეთ ვსთქვათ, ყოველი მშვენიერება არის მხოლოდ მასში, რაც არის და არცა ჰსცხოვრობს; მაგრამ მისთვის, რომ ვისიამოვნოთ, დავსტკბეთ ამ სინამდვილით, ჩვენ პირველად უნდა დავიმორჩილოთ ის სინამდვილე ჩვენის მეხსიერებით, და ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექმნება შემდგომი ორი თვისება: ჩვენ უნდა ზედმიწევნით შევიგნოთ ისა სულ მრთლად, ერთიანად, და მასთანავე ნაწილ-ნაწილ (ანუ თითო-თითო საგნათ), ისრე რომა ჩვენმა საკუთარმა თავმა, ჩვენმა მოფარდულობამვე არ დაგვიშალოს იმისი დანახვა. ჩვენ ვსარგებლობთ ხოლმე იმითი, მაგრამ მხოლოდ იშვიათად, მხოლოდ სიხარულით აღტაცების წამსა. რაღაც ჩვენი მსწრაფლ გულის გამოჩინების მოულოდნელს დროსა; მომეტებულად ჩვენ გავერთვით ხოლმე მრავალ რიცხვ საგნებში, და იმ საგნების იქით ვეღარა ვხედამთ მრთელს საგანსა, და მათი აღარა გვესმის რა. ასრე გაშინჯე, ჩვენი საკუთარი გრძნობანი მხოლოდ მაშინ არიან ხოლმე ჩვენი სასიამოვნონი, პირველი, - როდესაც განვთავისუფლდებით მათის მომღალავი ტვირთისაგან ანუ მათის ძრწოლის ღელვისაგან, რომელსაც გაჰყვება ხოლმე სულთქმა, რომლისაგან ჰქრება შეგნება; და მეორე - მაშინ, როდესაც მოვიგონებთ წარსულს. აწმყო (настоящее) არასდროს არ არის ჩვენი, ამისათვის, რომ ჩვენ წარგვიტაცებს ხოლმე თავისა თანა; და თვით აწმყო სიხარულიც სამძიმოა ჩვენთვის ისრე, როგორათაც მწუხარება, ამისათვის, რომა გვიმონებს, გვჯაბნის, გვიპყრობს ისი ჩვენ, და არა ჩვენ იმასა. თუ გვინდა რომ დასტკბე იმ სიხარულით, ისიამოვნო, უნდა განშორდე იმასა რამდენსამე მანძილზე, ისრე, როგორათაც უნდა განშორდე სურათსა სინათლის გულისათვის და შორიდამ უნდა უყუროთ, - განშორებული, განთავისუფლებული თქვენ ისე უნდა უყურებდეთ, როგორათაც ჩვენს გარეშე მყოფსა საგანსა. აი, რის მიზეზით მოგვეცემა ხოლმე ჩვენ შვება და განვთავისუფლდებით მწუხარების სიმძიმისაგან, როდესაც ვუამბობთ ვისმე, ანუ დავსწერთ ქაღალდზე: ჩვენ ვხედამთ იმასა ჩვენგან განშორებულს, ჩვენზედ მოშორვებით მყოფსა, ჩვენი თავი აღარ გვიფარებს, აღარ გვიშლის მისს გაშინჯვასა, - და მაშინ ჩვენთვის საყვარელია ჩვენი მწუხარება, ჩვენ გვიამება როდესაც მოვიგონებთ ხოლმე, გვესიამოვნება როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, როგორათაც ჯარისკაცს უყვარს თავისი ომში ყოფნის ამბის თქმა და ყოველისფრის განსაცდელისა, რაც მას იქ გადახედია. ყოველიფერი წარსული გვეჩვენება ჩვენ სხვანაირად, თითქო ფერგამოცვლილად, ბედნიერებას ვხედამთ საუკეთესოდ იმაზე, როგორც იყო მაშინ, როდესაც იმითი ვსტკბებოდით; თვით უბედურებაშიაც ვხედამთ ერთს პოეტიურ მხარესა. ამის მიზეზი ის არის, რომა სიშორე უმალამს ჩვენს თვალსა ყოველს უთანასწორობასა, შემთხვეულებასა, უწმინდურ ლაქებსა, რომელნიც ახლოს ყოფნის დროს პირველად მოხვდება ხოლმე თვალსა. სინამდვილეში ყოველისფერი დამონებულია სივრცისა და დროების კანონისაგან: გმირები სჭამენ, სმენ, გრძნობენ შიმშილსაცა და სიცივესაცა, როგორათაც სხვა ყოველი კაცი. თქვენა ხედამთ ქვეყანაზედ მშვენიერს დახატულობას რომელისამე ადგილისასა (ლანდშაფტსა), მაგრამ როგორ? - უთუოდ შორიდგან და ამასთანავე ერთის ადგილიდგან. ერთის გასაშინჯავი წერტილიდგან: სიშორე აძლევს ლანდშაფტს მხატვრობის სიმშვენიერეს; გასაშინჯავი წერტილი, რომლიდგანაც უყურებთ, ის აძლევს იმას ერთობას, სიმრთელეს. გადადგით ერთი ნაბიჯი, გამოიცვალეთ საყურებელი წერტილი, - ლანდშაფტიც განჰქრება: დარჩება თქვენს თვალწინ რაღაც შეუთანხმებელი, განბნეული უთავბოლოდ, აღარ ექმნება ერთობა, სახე. მიდით იმ ლანდშაფტთან ახლოს, რომელის მშვენიერებითაც იყავით განკვირვებული, - და თქვენ დაგხვდებათ რომელიმე გამოუდეგარი ქოხი, საძაგელი წისქვილი, უბრალო ღელე, სხვაზედ არაფრით განსხვავებული ჭალა, სადაც ყოველ ნაბიჯზე ფეხი გიბორძიკდებათ ოკრობოკროებში, ანუ ჩაეფლობით სადმე წუმპეში, შორიდგან კი სუყოველისფერი იყო ისრე სუფთა, ფაქიზი, მშვენიერი, მრთელი, ჩარჩოში ჩასმული, - ნამდვილი სურათი და მხატვრობა! ამითია სურათი უკეთესი ნამდვილზე? დიახ, ლანდშაფტი, დახატული ტილოზე ნიჭიანი მხატვრისაგან, უკეთესია ქვეყანაში ყოველ ჩინებულ სანახავ ადგილზე. რათა? ამისათვის, რომა იმაში არა არის რა შემთხვევითი და მეტი, ყოველი მისი ნაწილები არის შეერთებული, ყველა არის მიხრილი ერთის საგანისაკენ, ყველანი ერთად შეკრულნი შეადგენენ ერთს მშვენიერს, მრთელს და განუყოფელს აზრსა. სინამდვილე მშვენიერია თავისთავად, მაგრამ მშვენიერია ის თვისის საგანით, თვისის ნაწილებით, თვისის ჰაზრით და არა ნაკვთით (ფორმით). ამ შემთხვევაში, სინამდვილე არის წმინდა ოქრო, მაგრამ გამოურჩეველი, ერთად არეული ლითონი და მიწა: სწავლა და ხელოვნება განსწმენდენ ოქროს სინამდვილისასა. გადაადნობენ და ჩაასხმენ მშვენიერს ყალიბებში. მაშასადამე, სწავლა და ხელოვნება თავისაგან არ მოიგონებენ ახალსა და არ მოიგონებენ დაუარსებელს სინამდვილეს, მაგრამ იმას, რომელიც ყოფილა, არის და იქნება კიდევაცა, გამოართმევენ მზა მასალასა, მზა კავშირთა, ერთის სიტყვით მზა საგანსა: მისცემენ მას შესაფერ ნაკვთსა, ყალიბსა, ზომიერის ნაწილებით ისრე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ერთბაშად თვალის გადავლება ყოველმხრივ. პეტრე პირველმა რომ რუსეთში გააჩინა ფლოტი და ჯარი, ეს არის ფაქტი ისტორიულის სინამდვილისა; მაგრამ ისტორია როდესაც გვიამბობს ამ საქმესა, ის არ მოგვიყვება ყოველს ამბავს დაწვრილებით, გამოჰკრებს მხოლოდ იქიდგან უპირველეს იმ დროების ჩვეულების ნიშნებსა: რა იმისი საქმეა იმის აღწერა, როგორ აგროვებდნენ სალდათებსა, მოგემეებსა, როგორ ასწავლიდნენ მათ სათითაოთ და სხვანი. შექსპირს შემოკლებულ დრამაში გამოუყვანია მთელი ცხოვრება ისტორიულის კაცისა, რომელსამე რიჩარდ მეორით, ანუ უწარჩინებულესი ამბავი გმირის ცხოვრებიდგან, რომელიც ნამდვილად შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ რამდენსამე წელიწადში. იმას გამოუყვანია თავის დრამაში მხოლოდ ის ნიშნები იმისი გმირის სიცოცხლიდგან, მხოლოდ ის (ფაქტი) მამხდარი ამბავი, გამორჩეული დრამატიული სურათისათვის, რომელნიც შესახები ყოფილან პირდაპირ მისი თხზულების ჰაზრისა, და დანარჩენნი, თუმცა საცნობლად სასიამოვნონი არიან თავისთავად, მაგრამ არ შეეხებოდნენ მის საგანსა, - გამოურიცხამს, რადგანაც არ არიან საჭირონი. თუმცა რომანის ჩარჩო მიუდარებლად ვრცელია შევიწროებულ დრამის ჩარჩოზე, და თუმცა რომანის მწერალს უფრო ვრცელი თავისუფლება აქვს დრამის მთხზველზე, მაგრამ რომელიც გინდათ აიღეთ რომანი ვალტერ სკოტტისა, ანუ კუპერისა, არ მოუნდებით ერთი დღის მეტი, რომ იკითხოთ გაუწყვეტლად, მაშინ, როდესაც დაწვრილებით აღწერა, მემუარებივით, ერთის წლის ცხოვრება ერთის კაცისა გაავსებდა ათჯერ მომატებულ ტომსა, ვიდრე გმირისა მთელი სიცოცხლის აღწერა. პოეტი არ არის ვალდებული აღგიწეროთ, რომ იმისი გმირი როგორა სჭამდა სადილსა ყოველთვის, მაგრამ პოეტს შეუძლიან დაგიხატოთ ერთი მისი სადილთაგანი, თუ რომ ამ სადილზე იყო როგორმე დამოკიდებული იმისი სიცოცხლე, ანუ თუ ამ სადილით შეიძლება რომელისამე ხალხის, რომელსამე დროში ჩვეულების ნიშნების წარმოდგენა; თუ რომ რომანის გმირი არის რაინდი (рыцарь), გამოჩენილი მხედარი, მაშასადამე, პოეტისათვის რა საჭიროა, რომ აღწეროს ყველა იმისი ბრძოლა, ომი, რომელიც რაინდებს ისრე ხშირად შეემთხვეოდათ ხოლმე, როგორათაც რუსის ვაჭარს ჩაის დალევა. მაგრამ პოეტს შეუძლიან აღწეროს ერთი შემთხვევა ან გმირის ხმალში გასვლისა, ან ომისა, და სხვა ამგვარი აღწერა ვეღარას მოუმატებს, იმიტომ, რომ გმირის ხასიათი ერთის შემთხვევითაც გამოიხატება ისრე სრულად, ცხადად, რომ ჩვენ იმისი ერთი ხმალში გასვლით გვეცოდინება კიდეცა, როგორ გავიდოდა ხმალში ათას სხვა შემთხვევაში...
„ამისათვის ყოველი პირი, გამოყვანილი ხელოვნებითს ქმნილებაში, ანუ თხზულებაში, არის წარმომადგენელი მრავლისაგან უმრავლესის ერთნაირის, ერთგვარის პირისა, და ამისათვისაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე: ეს კაცი ნამდვილი ოტელლო არის, ეს (გასათხოვარი) ქალი სწორეთ ოფელიაა. ესრეთი სახელები, როგორათაც ანეგინი, ლენსკი, ტატიანა, ოლგა, ზარეცკი, ფამუსოვი, სკალაზუბი, მოლჩალინი, რეპეტილოვი, ხლესტაკოვი, სკვოზნიკ-დმუხანოვსკი, ბობჩინსკი, დობჩინსკი, დერჟიმორდა და სხვანი, - არიან თითქო საზოგადო სახელები და არა საკუთარი, საზოგადო განთვისებულებითი წოდებანი, რომელნიც თვით ცხოვრებაში აღმოჩენილან. ამისათვის მეცნიერებაში, ხელოვნებაში სინამდვილე ჰგავს სინამდვილეს, მაგრამ ნამდვილი კი არ არის. ხელოვნებითი ქმნილება, ან თხზულება, რომელიც მოგონებაზედ დაიფუძნება ხოლმე, უმაღლესია ყოველ ჭეშმარიტად მომხდარ ამბავზე, და ისტორიული რომანი ვალტერ სკოტტისა, რომელისამე ქვეყნის ხასიათისა, დებულების (ადათის) შესახებ, ჭეშმარიტია ყოველ ისტორიაზე...“
- ახლა კი, ჩემო თადეოზ, გადმოვშალოთ ერთი ფურცელი კიდევ და შევიტყოთ, რა არის პოეზია. მაგრამ რადგანაც სიტყვა გძელდება, მე ბელინსკისავე სიტყვით ესე მოკლედ მოგახსენებთ: პოეზია არის სიცოცხლე გამჯობინებული, არის სინამდვილე განცხოველებული აზრითა და მხატრობითა. „მთელი ქვეყანა - ამბობს ბელინსკი - ყოველი ყვავილი, ფერი და ხმა, ყოველიფერი ბუნებისაგან, სიცოცხლისაგან აღმოჩენილი, შეიძლება პოეზიის საგნად იყოს, მაგრამ პოეზიის აზრი, პოეზიის არსი (сущность) ის არის, რაც დამალულია იმ აღმოჩენილს საგანში, რაც აძლევს საგანს დანაბადის სიცოცხლესა; ის არის, რითაც საგნის სიცოცხლის მოძრაობა ხიბლავს ადამიანსა. პოეზია არის მსოფლიოს სიცოცხლის მაჯისცემა, იმისი სისხლი და ხორცი, იმისი ცეცხლი, სინათლე და მზე“.
- უკაცრავად კი ნუ ვიქმნები, ჩემო სფირიდონ, და სრულიად ვერაფერი ვერა გავიგე რა პოეზიისა; მე ასე მეგონა, მოკლეთ მეტყვით-მეთქი და თქვენ კი მეტად გრძელი ბაასი მოგივიდათ. ეტყობა, ძნელი მისაგნები და აღსახსნელი უნდა იყვეს პოეზია; მაგრამ რა ვქნა, ჩვენ დროს, ე.ი. როცა სასწავლებელში ვიყავით, არც პოეზიაზე გველაპარაკებოდნენ და არც პროზაზედა, ეხლა კი მე ვეღარას ვისწავლი. მხოლოდ ეს მიკვირს, ჩემო სფირიდონ, რომა თითქო ქართულად მელაპარაკებოდი, მაგრამა ვერაფერი ვერა გავიგე რა.
- სრულიად თანახმა გახლავართ, ბიძაჩემო, მაგისი: მე ვერ ავასრულე კარგად მთარგმენლის ხელობა, და ამისათვის ცხადი ბელინსკის აზრი სრულიად დაბნელდა. და რა გაეწყობა? დარჩეს ჩემი შრომა ამაოდ; შეწუხებისათვის კი ბოდიშს ვიხდი თქვენთანა.
- არა, თქვენმა მზემ, მაგაზედ არ მოგახსენეთ.
- მაშ ისევ „ცისკარს“ დავუბრუნდეთ. „მხეცური შურისგების“ შემდგომ არიან ლექსები სხვადასხვა მთხზველებისა; აი ერთი მათგანი:
კნეინა ბარბარე ჯორჯაძისადმი.
უცხოს კალმითა განგვინათლე მარტის „ცისკარი“,
თვალთ ჟუჟუნასა ქება უძღვენ სწორ-შესადარი,
ფეხთთ დაუფინე ასპინოზი ტკბილ აცედარი,
ნუ დადუმდები, გაგვაგონე ტკბილ საუბარი.
- სფირიდონ, ეგ რა დაუწერია მარტის „ცისკარში“, როგორღაც დამავიწყდა?
- რა მოგახსენო, ბიძაჩემო, აღარც მე მახსოვს.
ბულბულთ ჭიკჭიკი ვის არ მოჰგვრის ტანთა ჟრჟოლასა?
ვარდთა მიჯნურთა, უნუგეშოთ, კანკალ, თრთოლასა.
ივერიელნი გევედრებით ლექსთ მიყოლასა,
ნუ დაუტევებ შენთ სიტყვების ისართ სროლასა.
- არ ვიცი, თადეოზ, რომელმა ივერიელმა სთხოვა გიორგი თუმანოვსა, რომ ამისთანა თხოვნის არზა მიერთმივა იმათ მაგიერათა კნ. ჯორჯაძისათვისა. თქვენ ხომ არ გითხოვიათ?
[1861 წ., 15 თიბათვისას - 12 მკათათვისა.]
______________
* ეს მწერალი საშინელი წინააღმდეგი და მტერი ყოფილა უცხო ქვეყნის სიტყვებისა, და არც უხმარია თავის დღეში ერთის სიტყვის მეტი „პოპუგაი“, (თუთიყუში), რომელსაც დაარქვა თავისებურად „პერეკლიტკა“.
** საიდგან უყურებდა?
*** ველური ხალხია, სრულად მიუმხვდარი და კაცზედ დაშორებული გონებითა.
**** ე.ი. არ უნდა ჰსთქვა, ოღონდ ქართული ჟურნალი კი იბეჭდებოდესო და როგორიც უნდა იყოსო.
სფირიდონის და თადეოზის ბაასი
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 64-116.
ნაბეჭდი: ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863 წ., № 5, გვ. 1-16; № 6, გვ. 33- 45; №7, გვ. 52- 71; № 8, გვ. 77-83.
ხელმოწერა: სფირიდონ ჩიტორელიძე.
ხელნაწერი (U № 1052) წარმოადგენს ჟურნ. „საქართველოს მოამბეში“ დაბეჭდილი ტექსტის ასლს.
საკითხზე, თუ ვის ეკუთვნოდა ფსევდონიმი „სფირიდონ ჩიტორელიძე“, ათეული წლების განმავლობაში (თვით ილია ჭავჭავაძის თანამედროვეთა შორისაც კი) განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. ერთნი ამ ფსევდონიმს ილიას თანამოაზრეს - საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგსა და პუბლიცისტს, „საქართველოს მოამბისა“ და „ივერიის“ თანამშრომელს, - მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს (1833-1891 წწ.) მიაკუთვნებდნენ, მეორენი - ილია ჭავჭავაძეს. კერძოდ, ანტონ ფურცელაძე, ილია ხონელი (ბახტაძე) და ნიკოლოზ ყიფიანი „სფირიდონ ჩიტორელიძეს“ მიხეილ ყიფიანის ფსევდონიმად მიიჩნევდნენ, ხოლო გიორგი თუმანიშვილი, ვალერიან გუნია და თედო სახოკია - ილია ჭავჭავაძის ფსევდონიმად. გრიგოლ ყიფშიძემ ეს ფსევდონიმი ადრე (1891 წ.) მიხეილ ყიფიანს მიაწერა, მერე კი (1914 წ.) „სფირიდონ ჩიტორელიძე“ ილიას ფსევდონიმად მოიხსენია16.
ფსევდონიმ „სფირიდონ ჩიტორელიძის“ ილიასეულობის შესახებ გრიგოლ ყიფშიძის მიერ 1914 წელს მოწოდებული ზემომითითებული ცნობის საფუძველზე და აგრეთვე ფელეტონის შინაარსისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი შეტანილია ილიას ნაწარმოებთა ხელნაწერ კრებულში, რომელიც თვით ილიას სიცოცხლეში დაუმზადებია გამოსაცემად „ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობას“ (იგულისხმება ხელნაწერი კრებული U №1052), „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“ - ისევე როგორც გაზ. „ივერიის“ 1890 წლის № 179-ში „სფირიდონ ჩიტორელიძის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული „წერილი მეგობართან“, - ილია ჭავჭავაძისეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა 1925-1929 წლების გამოცემის IV ტომში შეიტანეს პავლე ინგოროყვამ და ალექსანდრე აბაშელმა. მაგრამ ამავე გამოცემის V ტომის სარედაქციო შენიშვნებში (დამატებითი შენიშვნა ფსევდონიმის „სფირიდონ ჩიტორელიძის“ შესახებ“) აღნიშნული იყო, რომ ამ ნაწარმოებთა შეტანა ილიას თხზულებათა კრებულში შეცდომას წარმოადგენდა და რომ ახალაღმოჩენილი მასალები (იგულისხმება ნ. ყიფიანის ზემოთ მითითებული წერილი) და „სფირიდონ ჩიტორელიძის“ ფსევდონიმით ჟურნალ „საქართველოს მოამბესა“ და გაზ. „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილებისა და ფელეტონების სტილის გულდასმით შესწავლა გამორიცხავს მათ ავტორად ილია ჭავჭავაძის მიჩნევის შესაძლებლობას. ამავე დროს აქვე აღნიშნული იყო ისეც, რომ შეხედულება ფსევდონიმ „სფირიდონ ჩიტორელიძის“ ილიასეულობის შესახებ და, კერძოდ, ”სფირიდონისა და თადეოზის ბაასის“ შეტანა „ილიას ნაწარმოებთა ხელნაწერ კრებულში [U № 1052], რომელიც „ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობას“ დაუმზადებია გამოსაცემად“, როგორც ჩანს, განპირობებული იყო იმით, რომ მითითებული ფელეტონი „ილიამ რედაქციულად გადაამუშავა, ვიდრე მას დაბეჭდავდა თავის ჟურნალში „საქართველოს მოამბე“. ხოლო ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავდა ილიას რედაქციული შესწორებანი: ხშირად იგი ახალი ნაწარმოების დაწერას უდრიდა“17.
ფსევდონიმ „სფირიდონ ჩიტორელიძის“ საკითხს იოსებ გრიშაშვილიც შეეხო - „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“, - და მიუთითა, რომ „სფირიდონ ჩიტორელიძე იყო ფსევდონიმი არა ილიასი... არამედ იმდროინდელი მოღვაწის მიხეილ ზაალის ძე ყიფიანისაო“18.
მას შემდეგ, ათეული წლების მანძილზე, აღნიშნული ფსევდონიმის საკითხს საგანგებოდ აღარავინ შეხებია, მაგრამ საყურადღებოა, რომ შალვა გოზალიშვილის წიგნში - „ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები (აღწერილობა)“, რომელიც 1951 წელს გამოიცა, „სფირიდონის და თადეოზის ბაასი“ ყოველგვარი კომენტარის გარეშე არის მოხსენიებული, რაც, ვფიქრობთ, სავსებით ცხადყოფს წიგნის ავტორის შეხედულებას აღნიშნული ფელეტონის ავტორობის საკითხზე.
სამოციანი წლების დასაწყისში ალექსანდრე კალანდაძემ კვლავ წამოჭრა ეს მივიწყებული საკითხი და მრავალრიცხოვან არგუმენტებზე დაყრდნობით დაასაბუთა (ჩვენი აზრით, - ეჭვმიუტანლად), რომ „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“, რომელიც „სფირიდონ ჩიტორელიძის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებია19. ალ. კალანდაძის არგუმენტაციამ და დასკვნებმა იმთავითვე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება (მ. დუდუჩავა, ნ. ალანია, ი. ბოცვაძე, შ. რატიანი) და პოზიტიური შეფასება დაიმსახურა20. მაგრამ საკითხის კვლევა ამით არ დასრულებულა. 1977 წელს ალმანახ „განთიადში“ გამოქვეყნებულ წერილში - „ილია ჭავჭავაძის ორი სადავო ფსევდონიმის შესახებ“ - დავით გამეზარდაშვილმა მკაცრად გაილაშქრა ალ. კალანდაძის ზემოაღნიშნული დასკვნების წინააღმდეგ და კატეგორიულად უარყო ფსევდონიმ „სფირიდონ ჩიტორელიძის“ ილიასეულობა, დ. გამეზარდაშვილის ამ წერილმა კი პოლემიკური წერილების მთელი წყება გამოიწვია21.
პოლემიკის პროცესში ფსევდონიმ „სფირიდონ ჩიტორელიძისა“ და „სფირიდონის და თადეოზის ბაასის“ ილიასეულობის დასადასტურებლად არაერთი საყურადღებო არგუმენტი იქნა წამოყენებული. ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ლევან ჭრელაშვილის მიერ ჩატარებული კვლევა-ძიება, რომელმაც ჩვენი აზრით, საბოლოოდ ნათელყო, რომ ილია ჭავჭავაძის კალამს ეკუთვნის არა მარტო „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“ (ადრე მკვლევართა ყურადღება ძირითადად სწორედ ამ ფელეტონზე მახვილდებოდა), არამედ, ასევე, - გასული საუკუნის 80-90-იან წლებში „სფირიდონ ჩიტორელიძის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული უკლებლივ ყველა წერილი.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფსევდონიმ „სფირიდონ ჩიტორელიძისა“ საერთოდ, და კერძოდ, ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული „სფირიდონის და თადეოზის ბაასის“ ილიასეულობა ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ აღიარებული: ასე. მაგ., ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ხუთტომეულის მესამე ტომში, რომელიც 1986 წელს გამოაქვეყნა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“, „სფირიდონისა და თადეოზის ბაასს“, რომელიც მითითებულ ტომში შეტანილია განყოფილებაში - „დამატებანი“ დაუმთავრებელ წერილებთან და ნაწყვეტებთან ერთად), ტომის შემდგენლების ასეთი შენიშვნა დაერთვის: „...იქნებ სიმართლესთან ყველაზე ახლოა პ. ინგოროყვას ვარაუდი, რომ „სპირიდონისა და თადეოზის ბაასს“ აშკარად ატყვია ილიას მიერ გაკეთებული რედაქციის კვალი, რის გამო იგი აღნიშნული წერილების თანაავტორადაც კი ჩაითვლება“22.
წინამდებარე ტომის შემდგენლები უყოყმანოდ იზიარებენ თვალსაზრისს, რომ „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებია. იმ მრავალრიცხოვან არგუმენტებს შორის, რომლებიც ამ თვალსაზრისის სასარგებლოდ არსებობს, ჩვენი აზრით, სავსებით საკმარისია ის ფაქტი, რომ „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“ შეტანილია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა ზემოთ მოხსენიებულ ხელნაწერ კრებულში - U №1052, რომელიც - როგორც ეს ამჟამად უკვე ეჭვმიუტანლად არის დადგენილი, - თვით ილიას ხელმძღვანელობით იქნა შედგენილი მისი თხზულებების გამოცემის მოსამზადებლად.
წინამდებარე ტომში, „სფირიდონისა და თადეოზის ბაასის“ პირველნაბეჭდთან შედარებით, შევიტანეთ შემდეგი სწორებები:
77. 19 იყოს] იყო. 83. 27 სხვანი] სხვანნი. 98. 6 აიხსნება] აიღსნება.
61. 15. „ეს სოფელი სამყო ძნელი, მჩვენებელი ჭმუნვის ალთა... მათგან ერთი გვცემს და გვეტყვის: ახით ნაშნო, მოკვდით ვებით“.
ტექსტში ჩართულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი: - „სხვადასხვისა დროისათვის კაცისა“.
64. 3 ბაბილონის გოდოლის აშენება - ძველი ებრაული მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე (მესოპოტამიაში) ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა; ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა დედამიწაზე.
64. 21 ...ჩუბინოვის ლექსიკონი... - იგულისხმება ქართველი მეცნიერ-ლექსიკოლოგის დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი, რომელიც პირველად გამოსცა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ 1840 წ.
65. 5 ...ესრედ საბერძნეთი, როდესაც აიკლეს ოსმალებმა, ბერძნები მრავალი რიცხვი გაიფანტნენ და გავიდნენ დასავლეთ ევროპაში... - იგულისხმება XIV საუკუნის შუა წლები, როდესაც ოსმალები პირველად შევიდნენ ევროპაში მცირე აზიიდან და 1355 წ. წაართვეს ბერძნებს ქ. ადრიანოპოლი.
76. 1 ეს „რედაქტორთან“ მინაწერი წიგნი გავშინჯოთ. ავტორი აცხადებს საქვეყნოდ, რომა ძალა დაატანეს და ისე დააწერინეს სტატია. - იგულისხმება 1861 წ. ჟურნ. „ცისკრის“ № 5-ში დაბეჭდილი გიორგი ბარათაშვილის „წერილი რედაქტორთან“, რომელიც ეხება ილია ჭავჭავაძის სტატიას - „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან ”შეშლილის” თარგმნაზედა“.
79. 34 ...როგორცა სთქვა ბაქარ ქართლელმა. - ბაქარ ქართლელი - დიმიტრი ყიფიანის ფსევდონიმია (იხ. სახელთა საძიებელში).
82. 14 ...არის სტატია კნ. ბ. ჯორჯაძისა ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზე... - იგულისხმება 1861 წ. ჟურნ. „ცისკრის“ №5-ში დაბეჭდილი ბარბარე ჯორჯაძის წერილი სათაურით - „თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ“, რომელიც ეხება ილია ჭავჭავაძის ზემოხსენებულ სტატიას.
82. 18 ...სტატია „ივანე კერელიძის მოგზაურობიდგანა“... - იგულისხმება 1861 წ. ჟურნ. „ცისკრის“ №5-ში (გვ. 45-53) დაბეჭდილი სტატია ივ. კერესელიძისა სათაურით - „22-ს ოკტომბერს, 1860 წ. - დედოფლის წყარო (ივ. კერესელიძის მოგზაურობიდგან)“.
98. 16 ბელინსკი ამბობს: ყველანი ლაპარაკობენ პოეზიაზე... ხელოვანთა რიცხვი შეეფარდება მდაბიო ხალხსა, როგორათაც ერთი ერთ მილიონსა... - ეს ვრცელი (4 გვერდიანი) ციტატა წარმოადგენს ბ. ბელინსკის სტატიის - „მ. ლერმონტოვის ლექსების“ თარგმანს.
113. 11
„...უცხოს კალმითა განგვინათლე მარტის „ცისკარი“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ნუ დაუტევებ შენთ სიტყვების ისართ სროლასა“.
გიორგი თუმანიშვილს, რომელსაც ძალიან მოწონებია ბარბარე ჯორჯაძის უსათაურო ლექსი, დაბეჭდილი 1861 წ. ჟურნ. „ცისკრის“ №3-ში, თვითონ მიუძღვნია ლექსი ბარბარე ჯორჯაძისათვის და დაუბეჭდავს 1861 წ. ჟურნ „ცისკრის“ № 5-ში. ამ ლექსის ნაწყვეტია ჩართული „სფირიდონის და თადეოზის ბაასში“ და გაქილიკებულია ავტორის გემოვნება.
__________________
16. იხ. ქერელი ბექა [ანტონ ფურცელაძე], ქართული ლიტერატურა, - ჟურნ. „ცისკარი“, 1863 წ., № 7; И. Хонели [ილია ბახტაძე], Михаил Заалович Кипиани, - «Новое Обозрение», 1891, № 2479. ნ. ყიფიანი, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი, გაზ. „კვალი“, 1893 წ., №15, Г. М. Туманов, Характеристики и воспоминания, III, 1907, с. 178-179; [ვალერიან გუნია] „ნიშადურის კრებული“, №1, გვ. 8; თედო სახოკია, ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ბიბლიოგრაფია, ჟურნ. „მაცნე (ენისა და ლიტერატურის სერია)“, 1981 წ., №2 (ლევან ჭრელაშვილის პუბლიკაციით). „გ-გ [გრიგოლ ყიფშიძე], მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი, გაზ. „ივერია“, 1891 წ., №48; გ რ. ყიფშიძე, ილია ჭავჭავაძე (1837-1907), - წიგნში: ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, მ. გედევანიშვილის გამოცემა, ტ. I, ტფილისი, 1914 წ., გვ. X X X.
17. ილია ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული, ტ. V, 1927 წ., გვ. 280-290.
18. ი. გრიშაშვილი, ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბილისი, 1927 წ., გვ. 13 (სქოლიო); შდრ. ი. გრიშაშვილი, ფსევდონიმების ლექსიკონი (გამოკრიბა, გააწყო, შესავალი წერილი დაურთო და რედაქცია გაუკეთა იოსებ ლორთქიფანიძემ), თბილისი, 1987 წ., გვ. 63.
19. იხ. ალ. კალანდაძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ფსევდონიმები და თხზულებანი, ჟურნ. „მნათობი“, 1962 წ., №11; მისივე, „საქართველოს მოამბე“, თბილისი, 1963 წ., გვ. 40-49.
20. იხ. მ. დუდუჩავა, ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან, ჟურნ. „საქართველოს კომუნისტი“, 1964 წ., №3, გვ. 86-87; ნ. ალანია, საყურადღებო მონოგრაფია, ჟურნ. „სკოლა და ცხოვრება“, 1964 წ., გვ. 94-95. მისივე, წიგნი ქართული პრესის ისტორიაზე, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1965 წ., № 38, გვ. 3; ი. ბოცვაძე, „საქართველოს მოამბე“, ჟურნ. „მნათობი“, 1966 წ., №11.
21. დ. გამეზარდაშვილი, ილია ჭავჭავაძის ორი სადავო ფსევდონიმის შესახებ, ჟურნ. „განთიადი“, 1977 წ., № 3; ალ. კალანდაძე, გავუფრთხილდეთ ძვირფას მემკვიდრეობას, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1977 წ., №35; ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები, ალმ. „კრიტიკა“, 1977 წ., №3; დ. გამეზარდაშვილი, პასუხი თუ უსაფუძვლო თავის მართლება?! - ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორიიდან, ტ. 4, 1978 წ., გვ. 477-526; ი. ლორთქიფანიძე, ვის ეკუთვნის ფსევდონიმი „სფირიდონ ჩიტორელიძე“, კრებ. „ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები“, VI, თბ., 1978 წ., გვ. 487-496; ალ. კალანდაძე, ისევ ილია ჭავჭავაძის ფსევდონიმების გარშემო, ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1979 წ., №1, მისივე, კრიტიკა, პოლემიკა, 1980 წ.; თ. მანგოშვილი, თანადროულობის ასახვა ილია ჭავჭავაძის ლირიკაში, ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1979 წ., №1; გ. შარაძე, ყოველი სასვენი ნიშანიც კი..., გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1980 წ., № 17, მისივე, გაუგებრობის თავიდან ასაცლებლად, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1980 წ., 5 XII, ი. ლორთქიფანიძე, დროა წერტილი დაესვას! წერილი რედაქციას, გაზ. „კომუნისტი“, 1981 წ. №37; დ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ატრიბუციისა და გამოცემის ისტორიის საკითხები, „მაცნე“ ენისა და ლიტერატურის სერია, 1981 წ.. №2, 3; მისივე, ჟურნ. „საქართველოს მოამბეში“ და გაზ. „ივერიაში“ „სფირიდონ ჩიტორელიძის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწერების ატრიბუციის საკითხი, - კრებ. „ქართული ჟურნალისტიკა“, 1981 წ., გვ. 39-95; ზ. მოსილელი, არალოგიკური დასკვნები, - „ჟურნალისტიკის საკითხები“, 1981 წ., № 7-8; დ. გამეზარდაშვილი, განსაჯოს კაცმან პირუთვნელმან, 1980 წ.; ალ. კალანდაძე, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, III, 1985 წ., გვ. 55-69.
22. იხ. ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტ. III (ტომი შეადგინეს და შენიშვნები დაურთეს სარგის ცაიშვილმა და გურამ გვერდწითელმა), თბილისი, 1986 წ., გვ. 495.
![]() |
2.4 სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო |
▲back to top |
როცა შორიდამ შევიტყე, რომ უფ. სარდიონ მესხიევი ჩემზედ კრიტიკას ჰსწერს, გამიხარდა ძალიან, იმიტომ, რომ მეგონა, ერთი იმისთანა კრიტიკა მაინც იქნება მეთქი, რომ ღირდეს წაკითხვადა. არ ვიცი კი რა მიზეზით მეგონა ეს ესრეთ, მაგრამ მეგონა კი. ეხლა, როცა გადვიკითხე „უსტარი ანტიკრიტიკული“ უფ. მესხიევისა, ვცანი, რომ ძალიან შევცდი, და მომაგონდა თვით უფ. მესხიევის სიტყვები, - ჰსჯობდა მაგისთანა სუსტით ფარ-ხმლით არ გამობძანებულიყავით.
უფ. მესხიევს ძალიან გული დასწვია და სტკენია ჩემ ქართულისაგან; უფ. მესხიევი სხვათა შორის ამასა ბძანებს ჩემს აპრილის სტატიაზედ: გულმტკივნეულად წავიკითხე მე, ქართველმა, ამგვარი ქართული ენა. ერთგან კიდევ იხდის ბოდიშს, თუ რამ მეტი სიტყვა წამცდაო, იმით, რომ გულდამწვარი ბევრს რასმეს იტყვისო. რამ დაუწო გული? რამ ატკინა გული? ამ შემთხვევაში მაგონდება ერთი ზღაპარი ბაბა-ამირიანიდამ: „ბაბა ამირმა, როცა შაგირდად იყო, რაღაცაზედ განარისხა თავისი ოსტატი; ოსტატმა ხელი მოუქნივა და არ კი დაჰკრა. ბაბა ამირმა, წაიფარა რა ხელი თვალზედ, დაიწყო ყვირილი: ვაიმე თვალიო, ვაიმე თვალიო! მოჰსცვივდნენ ამხანაგები და ჰკითხეს, რა დაგემართაო? რაღა რა დამემართა, - მიუგო ტირილით ბაბამა, - თვალი კინაღამ გამომთხარაო. ოსტატს წასქდა სიცილი და უთხრა: რომ არ დამიკრავს, თვალი საიდამ გამოგთხარეო? რომ დაგეკრა, ხომ გამომთხრიდიო, და ამისათვისა ვსტირიო, - მიუგო ბაბამა“.
უფ. მესხიევსაც ესე მოსვლია: ჯერ მე ენა არ გამიფუჭებია და იმას კი გულიცა ჰსტკენია და დაჰსწვია. „რასაკვირველია, - ამბობს უსტარი უფ. მესხიევისა, - კარგად იცით, რომ წერა არის სამგვარი: მაღალი, საშუალო და მდაბალი“. სრულიად არ ვიცი, თქვენმა მზემ, შემიტყვია კი, რომ ძველს რიტორიკებში მაგრიგადა ჰყოფდნენ ენასა, რომელიცა ერთი უნდა იყოს ლიტერატურაში და არა სამგვარი. გონიერი და ჭკვის მისაღები საფუძველი მიჩვენეთ, რომ დავიჯერო ეგრეთი განყოფა მისი, რაც ბუნებით განუყოფელია. ჩვენ მარტო ეს ვიცით ძალიან კარგად, რომ ლიტერატურას შეჰყავს წარმატებაში ენა, ესეც კარგად ვიცით, რომ ლიტერატურის განზრახვაც ის არის, რომ ერთგვარი ენა შეჰსდგეს და არა მრავალშტოიანი. უწინ რომ ჰყოფდნენ მაგრიგად, იმ საფუძვლითა ჰყოფდნენ, რომ არიანო ქვეყნად სამგვარნი საგანნი: მაღალი, საშუალო და მდაბალი, რომელთ გამოსახატავად უნდა იყოს კიდეცო სამგვარი ენაო; მაღალ საგნისთვის - მაღალი, საშუალო საგნისთვის - საშუალო და მდაბალისთვის - მდაბალი. აბა ეხლა ერთი მიბძანეთ, არიან ქვეყნიერობაზედ ეგ სამგვარნი საგანნი? განა ყოველი საგანი თვის კვალობაზედ არ არის მაღალი, მაღალ ღვთაებრიობის სიბრძნის გამომთქმელი? პოლიპი, რომელიც ძლივს აჩენს თვის სულიერობას, ისე ცხადად მოგვითხრობს ღვთის ძლიერებასა, როგორც მზე, ეს ქვეყნის მაცხოვრებელი მნათობი. ინფუზორია, რომელნიც მილიონობით არიან ერთ მუჭა წყალში, ისევე საკვირველნი არიან, როგორც მოძრაობა მედიდურ ცაში მილიონთა პლანეტთა, ერთი მუჭა ლაფის ნაწილთა დაკავშირება ისეთი საკვირველია, როგორც ვარდის მშვენიერების გამოცხადება. არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი, ყოველი საგანი მაღალია თვის კვალობაზედ და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზედ, რომელიც აცხოვრებს მთელს ქვეყანასა. მაშასადამე ყოველი საგანი ერთნაირად გამოითქმის. ეგ სამგვარად განყოფა ენისა ძველი უსაფუძვლობაა, და გთხოვთ ნუღარ გააღვიძებთ კანონს, რომელიც დიდი ხანია, რაც დაიმარხა და რომელიც, ვიდრე იყო თვის მოქმედებაში, რკინის სალტესავით ავიწროვებდა კაცის მეტყველებასა და აზრსა.
მერე უსტარი უფ. მესხიევისა მოგვითხრობს: ჩვენში სადაცა იხმარება ნაცვალსახელი „იგი“, ამ მაღალს სიტყვას ზმნისზედა შეეფერება „ოდეს“ და არა მდაბიო „როცა“. მიკვირს, ღმერთმან იცის, რომ ქართველებს ესეთნაირად ჰყვარებიათ ცარიელი ფორმა; ეს არ ვიცი, უწინდელ დროდგან დაგვრჩა, თუ ეხლახან შემოვიდა. ერთი მიბძანეთ, სადაც „იგი“-ა, იქ რატომ „როცა“ არ ითქმის, „ოდეს“ მაგიერად, როცა ეს ორივ სიტყვა ერთის მნიშვნელობისაა? განა ენაშიაც არის ღენერლობა და სალდათობა? თუ არის, მაშ მაშინ ღენერალ „იგი“-სთან ვერ გაჰბედავს დგომას სალდათი „როცა“. აი, სადამდინ მიიყვანს კაცს ცარიელი ფორმის პატივისცემა, კაცს, რომელიც მარტო გარეგნობით სინჯავს საქმეს. „ამისთანა არეულობით დაჭრელებულია მთელი თხზულებაო“, - ბძანებს უფ. მესხიევი. ჯერ აქამდის ხომ ნახეთ, ჩემო მკითხველო, გულის სატკენი არა არის რა, ეხლა განვიხილოთ შემდეგი.
„ასოებს უ̂, ჱ, ჲ, ჴ, ჳ, აქვსთ მართლწერის მნიშვნელობა: რომ ხელსა (ჭკვიდამ შეშლილსა) არ განარჩევთ თქვენ ჴელისაგან (სხეულის წევრისაგან)“. თუ აქვს ამ კანონებს მართლწერის მნიშვნელობა, რატომ არ გვიბძანებთ, რა დღისთვის ინახავთ? თუ ამბობთ, რომ ხელსა და ჴელს ვერ განარჩევთ ერთი-ერთმანეთისაგანო, თუ ეგ ასოები არ იხმაროთო, განა ასო აძლევს აზრსა სიტყვასა? თუ ეგრე არის, მაშ „დაარიგე“ (ქაღალდის დარიგება), და „დაარიგე“ (დარიგების მიცემა) სხვადასხვა „დ“-ებით უნდა დაიწეროს. „ააგე“ (ააშენე) და „ააგე“ (ვთქვათ, მწვადი ააგე) სხვადასხვა ასოებით უნდა დაიწეროს. „გავეცი“ (მითამ სხვას მივეო) და „გავეცი“ (ხმა ამოვიღეო) სხვადასხვა ასოებით უნდა იწეროს. ესე რომ მიჰყვეთ, ათასს სხვა მაგალითს გიჩვენებთ, მაშასადამე, თქვენის თეორიით ათასი სხვადასხვა ასო უნდა შემოვიტანოთ, და ჩვენი ახალი მოსწავლენი ძალიან მადლობელნი იქნებიან.
ხომ ხედავთ, ჩემო მკითხველო, რომ უფ. მესხიევს ჯერ კიდევ არ უჩვენებია ჭეშმარიტი ფაკტი, რომ გული მართლა დაჰსწოდეს. განვიხილოთ შემდეგი.
მე მიბძანებს უფ. მესხიევი: „თქვენი ზედშესრულები კუდა არიან (ესე იგი, ვგონებ, უკუდო უნდა ებძანებინათ) და არ შეეთანხმებიან თავიანთის არსებითის სახელსა, მაგ. სასიქადულო რუსთაველის“. უფ. მესხიევის კანონით უნდა მეთქვა - სასიქადულოის რუსთაველის. მიკვირს, რომ ქართული ენის კანონების დამცველები ცოდვად მითვლიან, რომ მივდევ წერაში უკეთესს კანონს ჩვენის ენისას. ჩემს ივნისის სტატიაში მოვიხსენიე, რომ ეგ ასოს დაკლება ჩვენის ენის უკეთესი თვისებაა მეთქი. ჩვენი ენა არ არის მდიდარი კანკლედობითა, ბრუნვანი ყოველის სიტყვისა ერთნაირები არიან, არა აქვს ჩვენს ენას მრავალნაირი დაბოლოება ბრუნვებშია. რაც უნდა დაბოლოებით სიტყვა აიღოთ, ყოველს მათგანს ნათესაობით ბრუნვაში „ისა“ აქვს, მიცემითი - „სა“, მოთხრობითი - „მან“ და სხვანი. ერთის სიტყვით ჩვენ ენაში არ არიან მრავალგვარნი მარცვალნი, რომელთაც უნდა აღნიშნონ ბრუნვა, ამისდა გამო ჩვენი [ენა] უნდა იყოს არა კეთილხმოვანი. მართალიც არის; მაგრამ ამ დიდ ნაკლულოვანების მოსაშორებლად არის ენაში კანონი, რომ ზედშესრულში [და] ნაცვალსახელში გაიშოს ბრუნვის მარცვალი, რადგანაც ის მარცვალი განიმეორება სახელი-არსებითში, რომელსაც ეკუთვნიან ზედშესრულნი და ნაცვალსახელნი. ეს ძალიან დიდი სასარგებლო კანონია ჩვენის ენისა; ეს რომ არ იყოს, ჩვენის ენის ხმოვანებით ნურავინ დაიქადებს. აბა მიბძანეთ, რა ხმოვანებაა თვით უფ. მესხიევის ამ სიტყვებში: „აპრილის თვეის ჟურნალის ცისკრის“. ერთს ფრაზაში ოთხჯერ განმეორებულია მარცვალი „ის“. რა ხმოვანებაა ამ სიტყვებში: „სასიქადულოის, გამოჩენილის, უკვდავის, სახელოვანის რუსთაველის“? ესე უნდა ვწეროთ? ის არა ჰსჯობს ყურისათვისაც და გამოსათქმელათა: სასიქადულო, სახელოვან, უკვდავ და გამოჩენილ რუსთაველის. ეს უკუდო, ანუ კუდა ზედშესრულები არა ჰსჯობიან იმ კუდიან ზედშესრულებს? ესე არა ჰსჯობს, მერე მაშინ, რომ ენაც გვაძლევს მაგის ნებას და ათასს მაგალითს ვიპოვი თვით ჩვენ ძველ წიგნებშიაც, რომ კეთილხმოვანებისათვის ხმარობენ მაგ ფორმასა. მაგის მაგალითები ათასი აქვს ჩახრუხაძესაც, რომელსაც ესე აქებენ, რუსთაველსაც და ათასგან სხვასაცა.
აქაც ხომ ხედავთ, ჩემო მკითხველო, რომ უფ. მესხიევს ჯერ არ უჩვენებია, რისგან სტკენია გული. განვიხილოთ შემდეგი.
მაგ. ყოველი შტო ხელოვნების და სწავლისა აჰღყვავდაო ლუი XIV დროსა და არა მეთოთხმეტე საუკუნიდამაო; ჩახრუხაძეს აქებს და არაფრით კი არ ამტკიცებს. ცარიელი სიტყვები არ დაგვაჯერებენ, რომ ჩახრუხაძე დიდი მწერალია, ფაქტი უნდა, ფაქტი. სენტიმენტალური ჩვენებურად არისო - სათუთი მგრძნობელი. იქნება თქვენებურად ეგრე იყოს, და სწავლაში და ესტეტიკაში მაგ სიტყვით აღნიშვნენ იმ მწერალთა, რომელნიც მეტად ჰსჭიმავდნენ გრძნობას, ძალად ტიროდნენ, როგორც თქვენი მარმონტელი. კარამზინზედ უფ. მესხიევის მჭევრმეტყველობა თვის პასუხად იპოვის - - - .
სწორედ მოგახსენოთ, კიდევ ბევრი რამ არის შესანიშნავი უფ. მესხიევის უსტარშია, მაგრამ არც გული მიმდევს და არც ხალისი. ყოველ ჩემ კრიტიკოსების სტატია ერთ და იგივე ანბანს მამეორებინებს და მომწყინდა მაგგვარებზედ წერა. თუმცა ვამბობ, რომ ანბანზედ, მაგრამ ჩვენში იმისთანანიც ყოფილან, დიდი ხნის გამოჩენილნი და დაძველებულნი ჭეშმარიტებანი ასეთი ახალი ამბავი ჰგონიათ, რომ ზეფიროსან ლანდებადაც მიუღიათ. დასასრულ, ამას ვიტყვი, რომ აღარავის პასუხს არ გავცემ იმ დრომდინ, [ვიდრე] ერთი შესანიშნავი და გონიერი სტატია არ დაიწერება ჩემზედ.
[1861 წ. ივნისი-ოქტომბერი]
სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო
ხელნაწერი: ავტოგრაფი, U № 161, გვ. 1-8.
ავტოგრაფი შავია, ხელმოუწერელი, უსათაურო და უთარიღო.
წერილი პასუხია სარდიონ ალექსიევ-მესხიევის (ალექსი-მესხიშვილის) წერილზე - „უსტარი ანტიკრიტიკული“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. „ცისკრის“ 1861 წლის მე-8 ნომერში და მიმართული იყო ილია ჭავჭავაძის „ორიოდე სიტყვის“ წინააღმდეგ.
1861 წლის „ცისკრის“ მე-10 ნომერში მოთავსებული სარედაქციო განცხადება მკითხველს აუწყებდა: „თ. ილია ჭავჭავაძისაგან მივიღეთ სტატია უფ. მესხიევის ანტიკრიტიკული უსტარის პასუხად, რომლის დაბეჭდვა ვერ მოვახერხეთ ამ ნომერში, - შემდეგ წიგნში უეჭველად დაიბეჭდება“. მაგრამ ილიას კრიტიკის ობიექტი - სარდიონ ალექსი-მესხიშვილი საცენზურო კომიტეტში მუშაობდა და მას შემდეგ, რაც „ცისკრის“ რედაქტორმა ივ. კერესელიძემ ილიას ეს წერილი დაბეჭდვის „ნებართვის მისაღებად საცენზურო კომიტეტს წარუდგინა... გაკრიტიკებულს ისეთი შენიშვნები დაერთო ილიას წერილისთვის, რომ მისი დაბეჭდვა შეუძლებელი გახდა“23... „სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო“ არათუ „ცისკრის“, „შემდეგ წიგნში“ არამედ ავტორის სიცოცხლეში საერთოდ არ გამოქვეყნებულა.
წერილის დედანი, რომელიც ილიამ „ცისკრის“ რედაქციას ჩააბარა, დაკარგულია. ზემოთ მითითებული ავტოგრაფის ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1927 წელს, ილია ჭავჭავაძის ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, განყოფილებაში - „დაუმთავრებელი წერილები და ნაწყვეტები“ (აღნიშნული წერილის ბოლოდან მეორე აბზაცის უკანასკნელი წინადადება - „კარამზინზედ უფ. მესხიევის მჭერმეტყველება თავის პასუხს იპოვის...“ - აშკარაა, დაუმთავრებელი არ არის: აქ ილიას, ჩანს, კარამზინისადმი მიძღვნილი რომელიღაც კრიტიკული ნაშრომის სათაური უნდა ჩაეწერა). მაგრამ, ჩვენი აზრით, გაუმართლებელია „სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო” დაუმთავრებელ წერილად მივიჩნიოთ.
წერილი დათარიღებული არ არის, მაგრამ რადგან სარდიონ ალექსი-მესხიშვილის „უსტარი ანტიკრიტიკული“, რომლის პასუხსაც წარმოადგენს იგი, 1861 წლის „ცისკრის“ ივნისის ნომერში გამოქვეყნდა (ცენზურის ნებართვა - 1861 წ., 20 V), ხოლო „ცისკრის“ ზემოთ ციტირებული ოქტომბრის ნომრის დაბეჭდვის ნებართვა ცენზურას იმავე წლის 20 სექტემბერს აქვს გაცემული, „სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო“, ცხადია, ამ შუალედში (1861 წლის ივნისი - სექტემბერი) დაიწერებოდა.
ტექსტში შევიტანეთ რამდენიმე სწორება:
114. 5 წაკითხვადა] წაკითხვათა; 17 შაგირდად] შაგირდათ; 23 დამიკრავს] დამიკრამს. 115. 8 მაგრიგადა] მაგრიგათა; 10 განყოფა] განყობა; 15 ჰყოფდნენ] ჰყობდნენ; 23 ცხადად] ცხადათ. 116. 13 გაჰბედავს] გაჰბედამს. 117. 8 ცოდვად] ცოდვათ.
114. 11 ...ამასა ბძანებს ჩემს აპრილის სტატიაზედ... - იგულისხმება ილიას წერილი „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. „ცისკრის“ 1861 წლის აპრილის ნომერში (№4).
117. 9 ...ჩემს ივნისის სტატიაში მოვიხსენიე... - იგულისხმება ილიას „პასუხი“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. „ცისკრის“ 1861 წლის ივნისის ნომერში (№6).
118. 15 ...ძალად ტიროდნენ, როგორც თქვენი მარმონტელი. - იგულისხმება ფრანგი მწერლის ჟან ფრანსუა მარმონტელის თხზულება „მეუდებნოენის“ სარდიონ ალექსი-მესხიშვილისეული თარგმანი (შესრულებული 1844 წ.), რომელიც 1857 წელს ჟურნ. „ცისკრის“ № 2-ში დაიბეჭდა.
_____________
23. ალ. კალანდაძე, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, II, თბ., 1984 წ., გვ. 355.
![]() |
2.5 „საქართველოს მოამბეზედ“ |
▲back to top |
ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა. წესი, ჩვეულობა, აზრი, გრძნობა, ენა, რომელიც მაგათი გამომეტყველია, ყოველიფერი იცვლება მის ძლიერ გავლენისაგან. რაც გუშინ კაცს ჰგონებია დაურღვეველ ჭეშმარიტებად, რისთვისაც უცია პატივი, როგორც მიუცილებელ საჭიროებისათვის, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ის დღეს გაუთლელ შეცდომად მიგვაჩნია, ასე რომ კიდეც გვიკვირს, ადრინდელს კაცს როგორა ჰსწამდა ამისთანა ცხადი სისულელე დაურღვეველ ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და მხედველობა, რომ გაერჩივა თეთრი და შავი, შავისათვის შავი დაერქმია, თეთრისათვის - თეთრი. ეს ასე მოხდება ხოლმე განა იმისაგან, რომ ჩვენ ადრინდელებზედ ჭკვიანები ვართ, „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“, ამბობს რუსთაველი. ჩვენ რომ ამ თავმოწონებულის გონიერებითაც ვყოფილიყავით და იმ ადრინდელის კაცის ვითარება და გარემოება გარს შემოგვრტყმოდა, არა მგონია, ავსცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც დღეს ეგრე თავმოწონებით დავჰსცინით. დიდი გენიოსი უნდოდა და იმისი მახვილის ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა, რომ მსჯელობით დროებაზედ მაღლა ავმართულვიყავით, საზოგადო ცხოვრების წრის გარედ გამდგარვიყავით და გარემოების თვალთდამაბნელებელ ხაოსშია შეუმცდარად, წმინდა აზრით დაგვენახა საგანი ისე, როგორიც არის და უნდა იყოს. რუსთაველმა ძალიან ადრე ჰსთქვა, რომ მარტო ბრძენი საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმისი მონები არიან. იმ დროების გარემოების მოწყობილობა, აზრი, გამსჯელობა, - ერთობ ცხოვრების მდინარეობა ჩვენისთანა ჩვეულებრივ კაცსა ჩააყენებდა საზოგადო რუსხმულში და წაიღებდა თან, რაც უნდა ძლიერ ცდილიყო თავის შემაგრებასა. ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლიოს იმ ტალღამ. მარტო გენიოსის მკერდი თუ გააპობს და შემუსრავს მას, თორემ სხვისთვის ძნელია. შორმხედველობა, დროებაზედ უფლობა მარტო გენიოსის საქმეა. ის თავისს თამამს სვლაში შემოიბღერტავს ხოლმე დროების მტვერსა, რომელიც ჩვენისთანა კაცსა უფარავს საგნის მნიშვნელობასა, გულუშიშრად მიდის წინ, როგორც ბელადი წინ მიუძღვის ხალხსა და უნათებს თავის ჭკუის სხივებით გზასა. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამითი ვამბობდეთ, ვითომც გენიოსი ციდამ იყოს ჩამოსული. ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროებისა, როგორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია. ის თავის ძლიერ მხრებით ამოიტანს, ამოზიდავს ხოლმე მას, რაც თითონ ცხოვრებაშია, ე.ი. ცხოვრების შიგმდებარებასა; მასში არის მთელი აწმყო თავის დროებისა და თესლიც მომავლისა. არც ერთი გენიოსი ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის მხოლოდ გვიხსნის მას, რაც თვითონ ცხოვრებას ამოურიყავს თავის მდინარეობაში, რაც თავის დაუდგრომელ დუღილშია მოუგდია ზედაპირზედა, - ამიტომაც ხანდისხან ამას უფრო იქნება დაეტყოს თავისი დროების ნიშანი ყველაფრისა: ცუდისა თუ კარგისა, ვიდრე მას, ვინც დაიბადება ხოლმე მარტო იმისათვის, რომ უხეიროდ მოკვდეს.
ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი, იზდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება - იმისათვის კი არა, რომ მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს, არამედ იმისათვის, რომ თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი, ნედლი ცხოვრება, რომელიც ისევ ისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ, როგორც პირველი, თუ უკვდავება უნდა. ცხოვრებასაც აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორათაც ბუნებასა. მაცხოვნებელია პირველი ქროლვა გაზაფხულის პირველის დილისა, მაშინ ცა და ქვეყანა ერთიერთმანეთს შეჰხარიან; უფრო მაცხოვნებელია პირველი ქროლა ახალის ცხოვრებისა - ეგ ახლად დაბადებულის ყრმისა, რომელსაც ძველი ცხოვრება ისე უნდა შეჰხაროდეს, როგორც ძუძუმძლეველი დედა შეჰხარის ახალგაღვიძებულს ბაშვსა. გული სხვარიგად ჰსცემს, როცა დედამიწაზედ ზამთრის შემდეგ მზე ამოხეთქავს მწვანე ბალახსა და უფრო სხვარიგათა ჰსცემს მაშინ, როცა ცხოვრებაზედ ამოვა, თავს ამოჰყოფს ბრწყინვალე ყვავილი ახალის აზრისა... მით უფრო მშვენიერია ეგ ყვავილი, რომ ჭკნება თუ ცხოვრობს, მაინც ისე არ გაძუნწდება, რომ სხვა არ აღმოშობოს, იმ სხვამ კიდევ სხვა და ეგრეთ არ შეადგინოს ისტორიული ყვავილთა გრეხილი, რომელშიაც მომდევარი წინადმსვლელზედ ყოველთვის უფრო სრულია, უკეთესი და მშვენიერი, თუ რომ ცხოვრების ვითარების და გარემოების გავლენა ადრე და მალე არ დაუხლართავს გზასა და ზრდას არ დაუშლის. მაგრამ ესეც კია სანუგეშო, რომ როგორი დარიც უნდა დაუდგეს მაგ ყვავილსა, თუკი ძირი ღონიერი აქვს, რაც უნდა ფეხი დააჭირო და სრესო, მაინც გაარღვევს დღესა თუ ხვალ დედამიწასა, ამოხეთქავს და გამოვა სინათლეზედ უფრო დაშვენებული და ძლიერი. ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, - აზრისა კი თავის დღეში არა; მის აღმოშობის დრო შეიძლება შეაყენონ, მაგრამ სრულიად განადგურება კი ძნელად. ამ აზრის უკვდაებაში არის მთელი იმედი კაცობრიობის უკვდაებისა, იმიტომ, რომ გრეხილი აზრისა გაუწყვეტელია: ერთს ზედ მოსდევს მეორე, უფრო ახალი, ჯანმრთელი და ღონიერი, - ამასთანაც დაუქცეველი, მარად მყოფი სალაროცა აქვს - მეცნიერება და ხელოვნება (Наука и искусство), სადაც ისინი ინახებიან. მაგ ცხოველს იმედს, რომელიც განგებას მოუვლინებია კაცობრიობისათვის, რომ ზედ დაერთოს ადამიანის გაუთავებელი ნდომა უკეთესობისა - შედგება ის ძალა, ის იდუმალი ხმა, რომელიც ყოველთვის ეძახის ადამიანს: წინ წადეგ! წინ წადეგ!.. ნეტავი იმ ხალხს, რომელსაც არ დაუკარგავს ეგ იმედი განახლებისა და არ გაჰქრობია უკეთესობის ნდომა!.. ის ხალხი, ის ცხოვრება, რომელიც არ იზრდება, რომელსაც არა აქვს თავისი გაზაფხული და ნაყოფიერი შემოდგომა; რომელიცა ბერდება კი, მაგრამ იმ სიბერის ნაყოფზედ ისევ არ ამოვა განახლებული, განათლებული სიახლის მშვენიერ გვირგვინითა - ის ხალხი, ის ცხოვრება მიჩანჩალებს სამარისაკენ, ბოლოს მივა და აღიგვება, როგორც მტვერი დედამიწის ზურგიდამ.
რა აახლებს, რა ჰსცვლის და - თუ ცხოვრება ჯანმრთელია - რას მიჰყავს წინ? ცოდნასა, მეცნიერებასა, რომელნიც თვითვე ცხოვრების ნაყოფნი არიან. „ხე ცხოვრებისა - ამბობს ერთი ჩვენის დროების ფილოსოფოსი - და ხე ცნობადისა ერთს ძირზედ ამოდიან; მხოლოდ იმათი აღყვავება სხვადასხვა დროს მოდის. როცა ცხოვრების ხეზედ ყვავილი ჭკნება, მაშინ ცნობადის ხეზედ მწიფდება ნაყოფი, და ამ ნაყოფის თესლი აღმოშობავს ხოლმე ცხოვრების ხეზედ ახალ ყვავილებსა“.
ამ მოსწრობილს და, ჩვენის ფიქრით, ძლიერ მართალს შედარებაში მშვენივრად არის გამოთქმული დამოკიდებულება ცხოვრებისა ცნობიერებაზედ და მეცნიერებაზედ. ჩვენ ვეცდებით უფრო გავაადვილოთ ამ დამოკიდებულების გაგება.
თუ ცხოვრება, როგორცა ვჰსთქვით, ჯანმრთელია, თუ მასში არის უკეთესობის ნდომა და განახლების ცხოველი იმედი, ეგ თვით დავრდომილის აღმადგინებელი იმედი - მისნი ძალანი, მისნი ძარღვნი მარად დაუძინარნი არიან. იგინი დაუღალავად, დაუყოვნებლივ მოქმედობენ, მოძრაობენ, წარმოებენ, როგორც ყოველიფერი, რასაც კი სიცოცხლე აქვს მინიჭებული. თუ გარედამ აბრკოლებენ, უშლიან იმათ მოძრაობასა, მაშინ ისინი მაინც კიდევ თავისას არ მოიშლიან, მიწაში დაიფლებიან და იმ მიწის სიბნელეშიაც მოქმედობენ იმ დრომდე, ვიდრე დარი არ დაუდგებათ, რომ გარეთ მზის სინათლეზედ გამოვიდნენ და უფრო ფართოდ გაშალონ მოძრაობის ფრთები. ყოველს მათს მოძრაობას, ყოველს მათს მოქმედებას თავისი ნაყოფი ამოჰყავს ცხოვრების ხეზედა და ყოველს ამ ნაყოფს აქვს თავისი აზრი და მნიშვნელობა, იმიტომ, რომ იმათი ძირი ცხოვრებაშია გამოკვანძილი, - ცხოვრება კი ძნელად თუ რასმეს ჰქმნის უაზროდ. დღედადღე ეგ ნაყოფი ემატება, დღედადღე სხვადასხვა ყვავილებით იმოსება ხე ცხოვრებისა. ეგ ნაყოფი, ეგ ყვავილები ერთად შეკრეფილი შეადგენს ცხოვრების ვითარებასა, მოსავალსა. ხალხი, უფრო მეტი მაინც, ვერ გამოიკვლევს მაგ ვითარების აზრსა, მნიშვნელობასა, ხშირად კი ბუნდად მიხვდება, ჰგრძნობს, მაგრამ ხშირადაც მოხდება ხოლმე, რომ ხალხი რასაც ჰგრძნობს, იმას ვერა ჰსცნობს და ვერ არჩევს სხვათა შორის.
მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც დღემუდამ ზედ დაჰსტრიალებენ ცხოვრებასა, რომ ყოველი ცვლილება მისი ცნობიერად გადმოიღონ, რომ ყოველი ყვავილი მისი მოჰკრიფონ, შეიტყონ, რისთვის არიან იგინი და რანი არიან, - მეცნიერება და ხელოვნება სხვადასხვა გზით იკისრებენ ახალის ვითარების ახსნასა, ცნობაში მოყვანასა. ამათი უკეთესი მიმდევარი, ხალხის დაწინაურებული თავობა, მაშინვე მიხვდება, რომ დრო იცვლება, ჰგრძნობს, რომ ეცა სული ახალის გაზაფხულისა, განახლებისა, ჰგრძნობს, რომ ძველი ცხოვრება აივსო, დამწიფდა, რაც დათესილი იყო, იმის ნაყოფი მოიტანა და ეხლა ამ ნაყოფიდამ უნდა გამოიკრიფოს ახალი თესლი ახალის ცხოვრების გამოსაკვანძავად, რათა მადლობით გაისტუმროს ძველი და სიხარულით მიეგებოს და გზა გაუხსნას ახალსა. მართალია, ეს დაწინაურებული თავობა ხშირად თავგადადებით ცდილობს აღასრულოს დროების მოთხოვნილება, შეაგროვოს მოსავალი, მეცნიერების და ხელოვნების შემწეობით მოიყვანოს ცნობაში თვითვეული მარცვალი, ყოველს მათგანს დაუნიშნოს შესაფერი ადგილი, რათა თავის დროზედ, შვილებისათვის მაინც ყოველმა მარცვალმა მოიტანოს ნაყოფი და იმ ნაყოფმა ახალი თესლი ახალის ცხოვრებისათვის, - მართალია, ხშირად თავგანწირულად ჯაფასა ჰსწევენ, ებრძვიან ძველსა ახლის სიყვარულისაგან და შეჰხარიან ფაქტსა, რომელსაც აზრი უნდა გამაატანინონ, მაგრამ უფრო ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ვერ ჰსძლევენ მოსავლის სიმრავლესა: ხშირად თვით მეცნიერებაც და ხელოვნებაც უღონონი არიან ერთობ ცხოვრების მოსავლის ცნობაში მოყვანისათვის. თუმცა ზოგიერთს ახსნიან, ზოგიერთს გაგვაგებინებენ, მაგრამ უფრო ბევრს ვერ დაჰსდებენ ღირებულს ფასსა, ვერ დაუნიშვნენ შესახვედრს და შესაფერს ადგილსა. მაშინ ეგ თავგამოდებულნი მოჭირნახულენი რჩებიან, როგორც მუშაკნი, რომელთაც ზოგიერთი მასალა მოუმზადებიათ ახალის შენობისათვის, მაგრამ გამგებელი არა ჰყავთ; არ არის ძლიერი ხელი, რომ დაჰსძრას პირველი ქვა ძველის შენობისა, და გაამაგროს პირველივე ქვა ახალის საძირკველშია. საძირკველის ამოყვანაა ძნელი, თორემ სხვას ისინიც გააკეთებენ. საძირკველის ამომყვანელიც არ დაიგვიანებს ხოლმე მოსვლას. მაშინ გამოჩნდება გენიოსი.
ჩვენ არ გვინდა ამითი ვჰსთქვათ, ვითომც სწორედ იმ წამს იბადებოდეს გენიოსი. ის იქნება აქამდინაც იყო, და უთუოდაც უნდა ყოფილიყო, რომ ცხოვრებას თავის ძუძუთი გამოეზარდა, თავისთან გამოეცადა, მოემზადებინა თავის ვითარებისვე აღსახსნელად. თუ აქამდინ არ გამოჩნდა იგი, იმიტომ, რომ იმის ძლიერის სულის შესაფერი საქმე არსად იყო; გამოჩნდა თუ არა საქმე, იმანაც გაშალა თავისი ძლიერი ფრთა და როგორც მზე გამობრწყინდა ცხოვრების გასანათებლად. ეს გოლიათი გონიერებისა თავის ძლიერის მკლავით გადასწვდება მთელს ცხოვრების ნამუშავარსა; შემოაგროვებს ერთად, რაც ცხოვრებას გამოუჩენია; თავის გამჭრიახ თვალით თავიდამ ბოლომდინ განსჭვრიტავს, გაანათლებს იმ შემოგროვილსა, და ყოველს ცხოვრების კითხვას მიჰსცემს შესაფერს პასუხს, ყოველს ფაქტსა - ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ყოველს მიმართულებას - კუთვნილს გზასა და ღონისძიებასა, - ერთის სიტყვით, ახსნის, ცნობაში მოიყვანს მას, რაც ჩვენ შორისვე იყო და არ გვესმოდა. მაშინ იგი გამოანგრევს ძველის საძირკველსა და, ახალის საძირკველში რაკი ქვას დაამკვიდრებს, მიანებებს საქმეს უმცროსთა მუშაკთა.
მეცნიერება და ხელოვნება - ეგ საკვირველნი სალარონი კაცის გონიერებისა - არიან კანონიერნი მემკვიდრენი გენიოსისა. იგინი თავის უკეთეს წარმომადგენლების ხელით გენიოსისაგან ნაჩვენებ საძირკველზედ განაგრძელებენ ხოლმე მუშაობასა, გენიოსის ახალს აზრზედა, ახსნაზედა დაამყარებენ ხოლმე შემდგომსა გამოკვლევასა და ცნობიერების წინ წაწევასა. მაგ წარმომადგენელთაგან ცხოვრებისაგან დაბადებულნი ფაქტები, გენიოსის ჭკვისაგან ახსნილნი და ცნობაში მოყვანილნი, მეცნიერებისაგან მიღებულნი, როგორც კანონნი და ხელთმძღვანებელი მომავალისათვის, გადადიან დანარჩენ ხალხშიაცა. რამოდენადაც ეგ ახალი ცნობაები, აზრები ადვილად გასაგებნი არიან ხალხისათვის, იმოდენად ადვილად განსდევნიან უწინდელებსა, რომ ცხოვრებაში იმათი ადგილი თითონ დაიჭირონ და იწარმოვონ შემდგომში. ეგრე, ცხოვრებისავე მოღებულსა, ცხოვრებავე მიიღებს ხოლმე; ეგრე, ცხოვრებისაგან აღმოსულნი, მეცნიერების სიცხოვლით ნაყოფად მოწეულნი, ისევ ცხოვრებასვე დაუბრუნდება ხოლმე წარმატებისათვის. რასაკვირველია, მინამ ეს ასე მოხდება და ხალხი - თუ არ სრულიად, უფრო მომეტებული მაინც - მიიღებს განახლებასა, დიდი დრო გადის. ცხოვრება ამ ახალ აზრებით განახლებული, ისევ იზდება, ჰყვავის, მოამწიფებს სხვა ახალ სათესლე ნაყოფსა და მერე ისევ ჭკნება, როგორც ზემოთა ვსთქვით. ის არ მოუცდის ხოლმე ხალხსა - „აცა, ჯერ რაც მოვამზადეო ამას წინად და რაც მეცნიერებამ და ხელოვნებამ გენიოსის შემწეობით ცნობაში მოიყვანა და კანონად დასდვა, ჯერ ისინი ხალხმა მიიღოსო და დაისაკუთროსო“. არა, ცხოვრება ამას არ მოუცდის ხოლმე, ეგ დაუყოვნებლივ გაჰსწევს თავის წარმატების და განვითარების გზაზედ, ასე რომ მინამ ხალხი მიიღებს დიდიდამ პატარამდე მის უწინდელ ჭირნახულსა, იგი ხელახლად მოასწრობს ხოლმე ახალ მოსავლის მოყვანასა, სხვა ახალ ფაქტების და საჭიროების შემუშავებას და შემოჯგუფებას. კიდევ მოვა დრო განახლებისა, კიდევ ამრიგად მეცნიერება და ხელოვნება ახსნის ცხოვრების მოთხოვნილებასა, ცნობაში მოიყვანს „ახალსა“ და ამათ შემწეობით გადადის ეს „ახალი“ ისევ ცხოვრებაში და ჰსცვლის ცხოვრებასა. აი, როგორც შევიძელით, ვაჩვენეთ, რომ ცხოვრება ძირია, ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები არიან. როგორც მიწიდგან ამოხეთქილი შტოები ისხამენ ნაყოფსა და როცა სათესლედ მოჰსწევენ, ისევ მიწას გადმოჰსცემენ, რომ ახალი ძირი გაიკეთონო და იმ ძირმა სხვა ახალი შტოები ამოხეთქოს, აგრეთვე ცხოვრებაზედ ამოსულნი შტოები - მეცნიერება და ხელოვნება - ისხმენ ზედ ცხოვრების ნაყოფსა და როცა მოჰსწევენ სათესლოთ, ისევ ცხოვრებასვე გადმოჰსცემენ ახალის ცხოვრების გამოსაკვანძავად. ამისთანა დამოკიდებულობა აქვს ცნობიერებას ცხოვრებაზედ და ცხოვრებასა თავის რიგზედ - ცნობიერებაზედ. მართალიც არის: რაც ცნობაშია მოყვანილი, რაც დამტკიცებულია, მხოლოდ ის გადადის ხალხში, მხოლოდ ის მიიღება ხალხისაგან. და რაც მიიღება, მხოლოდ იგი ჰსცვლი ხალხის მდგომარეობასა, ცხოვრებასა. ცნობაში მოყვანილი და დამტკიცებული, როგორცა ვჰსთქვით, მეცნიერებაა და ხელოვნება - ეს ორნივ ერთ და იგივეს მსახურებენ: აზრის მოძრაობას; ერთ და იგივეს გამოჰსთქვამენ: ხალხის აზრსა, და თუ რაშიმე განირჩევიან, მხოლოდ იმაში, რომ სხვადასხვა გზით და სხვადასხვანაირად მოქმედობენ და გამოჰსთქვამენ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მეცნიერება და ხელოვნება - ეგ უდიდესნი სალარონი, სადაც კაცობრიობის გენია აწყობს ხოლმე გონიერების საუნჯესა, - არ არიან ყველასთვის მისაწდომნი. მაგ სალაროში შედიან ხოლმე მხოლოდ აღმორჩეულნი პირნი, რომელნიც ყველგან ცოტანი არიან, მხოლოდ მაგათა აქვსთ იმათი კარის გასაღები, მხოლოდ იგინი სარგებლობენ, დაისაკუთრებენ იმათ საუნჯესა მაშინ, როდესაც იმათი განმანათლებელი სხივები ყველასათვის საჭირონი არიან, როგორც არსებითი პური. რომელ ხალხშიაც ეგ არის, იქ მომეტებული ნაწილი სიბნელეში დადის: უნდა, საჭიროა, რომ იხელთოს მეცნიერების და ხელოვნების ნაყოფნი, მაგრამ ვერ მიჰსწდომია, განა იმის გამო, რომ უღირსნი და უღონონი არიან, არამედ ათასი სხვადასხვანაირ მიზეზებისა გამო, რომელთაც აქ ჩვენ არ მოვიხსენიებთ.
მართალია, ყოველ ცოტაოდენ განათლებულ ხალხში არის ღონისძიება, საშუალობა, რომ მეცნიერების ნაყოფი გადიტანოს ხალხშია; მართალია, არიან სკოლები, სხვადასხვა სასწავლებლები, რომელნიცა ავრცელებენ ხალხშია, მის გამო ცხოვრებაშიაც, სასარგებლო და გამოსაყენ სწავლასა და ცოდნასა, და იმით შველიან ხალხსა. მაგრამ იმათამდინ ისე ცოტას მიუწვდება ფეხი, რომ დანარჩენ ხალხის რიცხვთან რომ შევადაროთ ის ცოტა - წვეთი იქნება ზღვაში. ბევრნი რჩებიან სასწავლებლების გარედ, ბევრს მათგანს უნდა, სურვილი აქვს გაიგოს რამე, შეივსონ სწავლა, გაიხსნან გონება, მაგრამ ზოგი შეუძლებლობისა გამო, ზოგი სიშორისა გამო, ზოგი მოუცლელობისა გამო, ზოგი კიდევ სხვადასხვა დაბრკოლებისაგან მაგ მიუცილებელ ღონისძიებასაც მოკლებულნი არიან. საჭიროა სკოლების გარდა ისეთი ღონისძიებაც, ისეთი საშუალობაც, რომელმაც იმისთანა თვისება უნდა იქონიოს, რომ ყველგან მიჰსწვდეს, გამოფინოს საქვეყნოდ კაცის ჭკვის ძვირფასნი მარგალიტები საყოველთავო მოსახმარებლად, რომ მრავალთათვის მისაწდომი გახადოს ის, რაც დასაკუთრებული აქვს ცოტასა. ის საშუალობა, ის ღონისძიება უნდა ცდილობდეს, თუ არ სრულიად ხალხთან, მომეტებულ ნაწილთან მაინც დაიჭიროს საქმე, შექმნას შუამავლად მეცნიერებისა ერთის მხრით, და ხალხისა და ცხოვრებისა, მეორეს მხრით. მაგ ძნელ საქმეს ასრულებს ყველგან ლიტერატურა.
ბოლოს დროს, თითქმის ჩვენ საუკუნის პირველ ნახევრის დასასრულში, შეატყეს, რომ თვით ეს ლიტერატურაც ისე სწრაფად არ ავრცელებს მეცნიერებასა ხალხშია, შეამცნივეს, რომ ლიტერატურა თუმცა დღედადღე მდიდრდება, ივსება ახალის ნაყოფითა, ახალის იდეაებითა და აზრებითა, მაგრამ ცხოვრებაში ისე ადვილად არ გადადიან იგინი, როგორც საჭიროა. უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ თვით ლიტერატურის ენა დაუშორდა ხალხის ენასა, ხალხს ისე ადვილად არ შეეძლო გაგება მისი, რასაც კითხულობდა - და ჩვენ ზემოთა ვჰსთქვით, რომ თუ ხალხი ვერ გაიგებს, არც ცხოვრებაში შეიტანს. რა წამსაც მიხვდნენ, რომ ლიტერატურა თუმცა უფრო ვრცლად მოქმედობს ბეჭდვის შემწეობითა, მაგრამ მაინც კიდევ ხალხს იმისი გაგება ეძნელება, მაშინვე გამოჩნდა საჭიროება იმგვარ ლიტერატურისა, რომელიც როგორც ენით, ისე აზრის გამოთქმით უფრო ადვილად უნდა ასრულებდეს ზემოთქმულს შუამავლობასა მეცნიერების და ცხოვრების შორის. მაგგვარ ლიტერატურას ჰქვიან: „პოპულიარული ლიტერატურა“, ხან კიდევ ადვილი ლიტერატურა, იმიტომ რომ იგი დანიშნულია მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო, რამოდენათაც შეიძლება, გააადვილოს მეცნიერების და ხელოვნების ნაყოფის მოკრეფა ყველასათვის; მათგან დამუშავებულნი ძნელი მისახვედრი ცნობაები საყოველთავო გასაგებად გაამარტივოს, გააადვილოს და ამით განავრცელოს საჭირო სწავლა და ცნობაები ხალხშია. ამგვარ ლიტერატურას ეკუთვნის ჟურნალიცა, ნამეტნავად ის ჟურნალი, რომელსაც ეძახიან: „საზოგადო ჟურნალი“ («Общественный журнал»). აი, რარიგ სამსახურისათვის ვნიშნავთ ჩვენს „საქართველოს მოამბესაცა“.
რომ ჟურნალი საჭიროა, ამას თქმა აღარ უნდა. ჟურნალი, როგორც სხვა, ისე ჩვენიცა, არ არის ერთი კაცი სურვილის ნაყოფი: მოუვიდა ჟინი წერისა და გამოჰსცა. არა, მაგისთანა ჟურნალი თავს დიდხანს არ დაიჭერს. ჩვენ ვჰსთქვით, რომ ყოველი საჭიროება ცხოვრებიდგან წარმოდგება. თუ ცხოვრებას არ უნდა, ვერაფერს ვერ მიამყნობთ ისე, რომ იმ ნამყნობმა იხეიროს და ნაყოფი მოიტანოს. მარტო ის საქმეა მკვიდრი და მტკიცე, რომლის ფესვიც შიგ ცხოვრებაშია გამოკვანძილი; უამისოდ ვერა საქმე ვერ გაჰსძლებს, ვერ მოიტანს ნაყოფსა, როგორც თესლი უდედამიწოდ. როცა ცხოვრებას უმოქმედნია და იმ მოქმედებით მოუყვანია როგორიმე მოსავალი, რომლის გაგება და გარჩევა უძნელდება ხალხს და რჩება ის მოსავალი მოუხმარებლად; როცა ხალხში ისმის სურვილი, ძლიერი ნდომა იმ ნაჭირნახულევის გაგებისა, ცნობაში მოყვანისა; როცა ხალხს უნდა და ვერ მიჰსწდომია მეცნიერების ნაყოფსა, მაშინ ხალხის საშველად სხვათა შორის გამოვა ჟურნალიცა. რასაკვირველია, რამოდენადაც ცხოვრება - ეგ დედა ყოველ საქმისა - ძლიერია და ღონიერი, იმოდენად მოსავალი და ნაჭირნახულევი დიდია და უხვი.
რამოდენადაც მოსავალი მრავალია, ასე რომ ერთი ჟურნალის თვალი ვერ გადაჰსწვდება, ერთი ჟურნალის ღონე ვერ შეჰსძლებს იმის ზიდვასა, იმოდენადაც მომეტებული ჟურნალები გამოდიან ხალხში. ეს ჟურნალები სხვადასხვა მხრით მოექცევიან იმ ცხოვრების მოსავალსა, სხვადასხვა მხრით სინჯავენ, სხვადასხვა მხრით ცნობაში მოჰყავთ, - და ამ სხვადასხვაობითაც ურთიერთშორის განირჩევიან. ამის გამო ჟურნალების სიმრავლე არამც თუ უნდა იყოს საწყენი, არამედ სასიხარულო იმისათვის, ვისაც უანგაროდ უყვარს თავისი ხალხი და იმისი ბედნიერება. ჟურნალების სიმრავლე ცხადად აჩვენებს, რომ ხალხს არ ჰსძინავს, ფიქრობს, ჰსჯის; რომ ხალხში ტრიალებს, მოძრაობს სხვადასხვანაირი აზრი, რომლის გამომეტყველადაც არიან სხვადასხვა ჟურნალები.
ჯერ ჩვენი საწყალი „მოამბე“ არც კი დაბადებულიყო, რომ ზოგიერთ პირმა მტრობაც შეჰსწამა. ჩვენ რა გვეთქმის ამაზედ ამის მეტი, რომ ვინც ლაფში თავიდან ფეხამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს. „მოამბის“ უფროსი ძმა „ცისკარიც“, რომელსაც ყველაზედ უფრო უნდა გახარებოდა, რომ მოძმე ებადება, მშველელი უჩნდება, „ცისკარიც“ კი წინადვე აშინებდა ჩვენ „მოამბეს“, რომ მკითხველებს ვერ იშოვისო. ჩვენ, რასაკვირველია, ამ წინდაუხედავ და უგემურ წინასწარმეტყველობას ყურსაც არ ვათხოვებდით, რომ მხდალ „ცისკარსა“ რამდენჯერმე არ გამოეთქვა საქვეყნოდ თავისი დაფარული შიში და სამარცხვინო აზრი.
დაე რაც უნდა თქვას შიშისაგან ზარდაცემულ და გონებაგამოცლილი „ცისკარმა“, ჩვენ კი ამას ვეტყვით, რომ ამ შემთხვევაში იგი ჰგავს იმ ანგარების მოყვარე ძმასა, რომელსაცა ძმის დაბადება იმიტომა ჰსწყინს და გულს უხეთქს, რომ შიშობს, ვაი თუ საცხოვრებელი შუაზედ გამიყოსო. ტყუილად შიშობს „ცისკარი“. ჩვენ ფიქრადაც არა გვაქვს არავის საცხოვრებელის შუა გაყოფა და არც არავის მტრობა. ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა; მისი გაუმჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია. ღმერთმა გვიხსნას იმ სულელურ თამამობისაგან, რომელიცა ფიქრობს გადაასხვაფეროს ცხოვრება თავისებურად. ჩვენ ისე არ გავბრიყვდებით, რომ ჩვენ საკუთარ წესზედ მოვინდომოთ ცხოვრების გატარება. თვითონ ცხოვრება აღმოშობავს ხოლმე თავისათვის წესსა, განსაზღვრავს ხოლმე თავის რჯულსა და კანონსა, - მხოლოდ ამ კანონსა გაგება უნდა, გამოფენა საქვეყნოდ და შეძლებისამებრ გზის გახსნა, რომ მისი წარმოება არაფერმა არ შეაყენოს. ამიტომაც ჩვენის „მოამბის“ უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრება იქნება თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა. რამოდენად შეიძლებს ჩვენი ჟურნალი ამის აღსრულებას - მაგას დრო და ჩვენი შეძლება გამოაჩენს: საქმეა ყოველისფრის გამომცდელი. ჩვენ წინადვე ვერას ვიტყვით ამის მეტსა, რომ აწინდელის ცხოვრების წრეში ჩადგომა გვინდა, მისგან ყრუდ ჩაძახილის ამოძახნა, მისის ვითარების ცნობაში მოყვანა, მოძრაობისათვის გზის გახსნა. ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ჟურნალი უნდა იყოს უთუოდ დღევანდელ ცხოვრების წრეში მოჯადოებულსავით გაჩერებული, - არა, ყოველ გონიერ ჟურნალის თვალი ხშირად არის მიმართული მომავლისაკენა. „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“, ამბობს ერთი ფილოსოფოსი. აი, აწინდელ ცხოვრებას რა მნიშვნელობა ექნება ჩვენის ჟურნალისათვის. აწინდელი ცხოვრების ვითარება არა მარტო სადღეისო მომავალია, რომელიც დღესვე უნდა დაიხარჯოს, არამედ მასში მომავლისათვისაც თესლი ურევია, როგორც წარსულში ერივა აწმყოსათვის. თუ ჩვენი ჟურნალი დაჰყურებს დღევანდელ ცხოვრების მოქმედებას, უფრო მაგ თესლისათვის დაჰყურებს, რომ ეგ გამოჰკრიფოს ხვალისათვისა. რაც შორსა ჰსცემს ჟურნალის თვალი, მით უფრო კარგია, ჩვენის ფიქრით, ჟურნალი და დღეგრძელი.
ამ სახით, თუ ჟურნალს უნდა კეთილსვინდისიანად აღასრულოს თავისი ძნელი საქმე, უნდა თვალგაფაციცებით თან აჰყვეს აწინდელ ცხოვრებასა, რათა ყოველ აღმოშობილ ფაქტსა თვალი და გონება ადევნოს; ყოველ აზრის საკეთილო მოძრაობას გზა მიჰსცეს, ყოველიფერი შენიშნოს და ყოველსფერს პასუხი გაჰსცეს, ერთის სიტყვით, უშველოს ცხოვრების წინ ფეხის გადადგმასა გასამჯობინებლად, გასაკეთებლად. ამ ძნელ საქმეში ჟურნალმა უნდა წაიმძღვაროს წინ მეცნიერების სინათლე და ხელოვნების კალამი. ჩვენ ზემოთა ვჰსთქვით, რომ ამ ორ ძლიერ მომქმედთა ღონისძიებათა მოჰყავთ ყოველიფერი ცნობაში და, რაც ცნობაშია მოყვანილი, მხოლოდ ისა ჰსცვლის ცხოვრებასა და აკეთებს. მეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასამჯობინებელ ღონისძიებათა. დაე ზოგიერთმა მწიგნობარმა მეცნიერების სახელითა გაიწყალოს თვალი და გონება იმის გამოძიებაში, რომ ამა და ამ ეგვიპტის პირამიდზედ ეს იეროგლიფი ისე არ უნდა იყოსო, ან წარტოლვილ ჭეშმარიტების ძებნაში ავარჯიშოს თავისი გონება; ან ზოგიერთმა უნაყოფო პოეტმა ხელოვნების სახელითა უკუარიდოს პირი თავის ხალხის ცხოვრებასა, მეშვიდე ცას შეაჩეროს გაბეცებული თვალები და ბულბულსავით უაზრო შტვენა დაიწყოს და აღარ გაათავოს. ჩვენ იმათთან საერთო გზა არა გვაქვს. ისინი მარცხნივ მიდიან გატკეპნილ გზაზედ და ჩვენ კი მარჯვნივ გავწევთ. ჩვენ მეცნიერებას და ხელოვნებას მოვჰსთხოვთ არსებითსა პურსა ცხოვრებაში გამომცხვარსა და მშიერთათვის მოსახმარესა და გამოსადეგსა. მეცნიერებამ უნდა გვიშველოს თავის გამოცნობილ ჭეშმარიტებაებით ცხოვრების ახსნა და გაგება; მან უნდა მოგვცეს პირდაპირი პასუხი ყოველ საჭირო კითხვაზედა. რაც კი პირდაპირ მოედგმება ცხოვრების ვითარებასა, რაც კი გადმოიღება ცხოვრებისათვის - ის იქნება უფრო საჭირო ჩვენის ჟურნალისათვის. სხვა რაღაც წარტოლვილ ცნობაებში გაბმა და ტრიალი ჩვენთვის სრულიად უფასო იქნება და გამოუსადეგი. ეგ იმან ინდომოს, ვინც სიტკბოებას ხედავს უქმის ჭკვის ვარჯიშობაში და ფრენაში. ხელოვნებასაც იმას მოვჰსთხოვთ, რომ სარკესავით ცხოვრება გარდმოიცეს, რათა ჩვენი თავი მის მომხიბლავის კალმით ცხოვლად იყოს წარმომდგარი ჩვენ წინა, რათა სიცუდეც და სიკეთეც ჩვენი დავინახოთ. დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს „ღრუბლების ცურვასა“, „გაფაღარათებულ ვარსკვლავების ცაში ბოლთის ცემასა“, მთვარის ხვეწნასა, რომ ჩემ საყვარელს უთხარიო: ცხრა მთას იქით ერთი უბედური პოეტია, რომელსაც შენგამო „ოხვრის კვამლი“ თვალებსა ჰსწვავს და ცრემლს ადენსო; დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესასა, ეგება ცრემლი მამივიდესო; დროა ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგმდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის. იქ, ცხოვრების ძირში, ის იპოვის ბევრ მარგალიტსა და უფრო ბევრს ლექსა და ლაფსა; არც ერთის გამოხატვა არ უნდა აშინებდეს ხელოვნებასა და არც მეორისა, არც ერთის გამოთქმა და არც მეორისა არ უნდა აშინებდეს ჟურნალსა. როდი უნდა იწყინოს ქართველმა, როცა ჩვენი „მოამბე“ სხვათა შორის ხელოვნების შემწეობით დაუნდობელად გამოჰფენს ჩვენის ცხოვრების ჭუჭყსაცა. ქართველის უსიყვარულობაში ნუ ჩამოგვართმევენ, როცა ჩვენი ჟურნალი მკაფიოდ საქვეყნოდ გამოჰსთქვამს მას, რაც ქართველში ცუდია და საზიზღარი. საქართველოში თუ სადმე ორსა და სამს უყვარს ქართველი, ჩვენ იმათში უკანასკნელი არა ვართ. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ ქართველში გვიყვარს მხოლოდ მისი სიკეთე, სიცუდე კი ყველგან საზიზღარია, ქართველი იქნება მისი მექონი თუ ანგლიელი, სულ ერთია ჩვენთვის, ორივ წყალში გადასაყარნი იქნებიან. ბევრნი არიან ჩვენში იმისთანანი, რომელნიც ცდილობენ ჩვენის ცხოვრების სიბოროტის დამალვასა, ეგ იმათ მოსდით ქართველების უმეცარ სიყვარულისა გამო, ის კი არ იციან, რომ დიდი ხანია არის ჩვენში გლეხური ანდაზა: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო. ისინი, უმეცარნი მოყვარენი ჩვენნი, ზედ დაასმენ ხოლმე შეჩვენების და განგდების ბეჭედსა მას, ვინც კი ვეღარ მოითმენს ცხოვრების საძაგელ გუბეში დგომასა, ამოჰყოფს თავს, რომ სხვას მაინც უთხრას, ამ გუბეში არ ჩაიგდო თავიო, თორემ დალპებიო მის წარმწყმენდელ ოხშივარის ზედმოქმედებისაგან. ჩვენ საბედნიეროდ არიან ჩვენში იმისთანა პირნიც, რომელთაც ჩვენზედ უკეთ იციან, რომ ვინც შენიშნავს მართლად სხვის ნაკლულოვანებას, შეიძლება მასვე უნდოდეს გასწორება და სიკეთე მისი. რაც უფრო მკაფიოდ და დაუნდობელად არის გამოთქმული ბოროტება და ნაკლულევანობა ცხოვრებისა, ზოგჯერ მით უფრო ჰსჩანს გამომთქმელის გულის სიმხურვალე, მოუთმენელი, ცხარი წადილი გასწორებისა. ვისაც ძალიან ჰსძულს ბოროტება, მას ძალიან ეყვარება კეთილი - ეს აშკარაა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ეს ლექსი:
ჩემზედ ამბობენ: „ის ქართვლისას სიცუდეს ამბობს,
ჩვენ ჭუჭყს არ მალავს - ეს ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ; კარგი გული კი მაშინვე ჰგრძნობს
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.
ოღონდ ხელოვნება კი გადაჰსცდეს თავის საკუთარ კანონებსა და მეცნიერება - ჭეშმარიტებასა, და დაე, არც ერთი და არც მეორე ნუ მოერიდება იმის გამოაშკარავებას, განკიცხვას, რაც ჩვენში საკიცხავია და ცუდი. დაე ორივემ იარონ ცხოვრების მდინარეში, მონახონ მარგალიტები და თუ იმათ ამოკრეფაში ლაფი და ლექი თან ამოჰყვება, რა ვუყოთ? ლაფი ჩამოვირეცხოთ, ჭუჭყი მოვიშოროთ, რომ მხოლოდ მარგალიტები დაგვრჩეს ჩვენის ცხოვრების სასახელოდ.
მოგვიტევოს მკითხველმა, რომ მეცნიერება და ხელოვნება - ეგ უდიდესი საგანნი - ისე, გაკვრით მოვიხსენიეთ ამ სტატიაში. ჩვენი სურვილი ის იყო, რომ გვეჩვენებინა არა მარტო სრული არსებითი ვითარება, რომელზედაც ჩვენს „მოამბეს“ კიდევაც ბევრჯერ შეხვდება შემდეგშიაც ლაპარაკი, არამედ მარტო მათი დანიშნულება, ე.ი. რომ იგინი, ჩვენის ფიქრით, არიან მხოლოდ ღონისძიებანი, რომელნიც გვიშველიან ცხოვრების სიბნელიდამ სინათლეში გამოყვანასა. ცხოვრება, მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც ყოველ ჟურნალსა შიგმდებარედ არიან, იმოდენად მოვიხსენიეთ, რამოდენადაც საჭირონი იყვნენ იმისათვის, რომ მკითხველთათვის გვეჩვენებინა მხოლოდ ის გზა, რომელზედაც გაივლის ჩვენი „მოამბე“. კიდევ გიხდით ბოდიშსა, თუ ეს სტატია მეტაფორებით სავსე ეჩვენოს მკითხველსა. ჩვენი ცდა მარტო ის იყო, რომ ჩვენი აზრი გაგვეგონებინა მკითხველთათვის, იმიტომაც ყოველი ღონისძიება მოვიხმარეთ, რომ ეგ აგვესრულებინა. თუ ამ სტატიამ მაგოდენი შეჰსძლოს, ჩვენ კმაყოფილნი ვიქნებით.
მეტი არ იქნება მოკლედ განვიმეოროთ ის, რაცა ვსთქვით ამ სტატიაში. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა მკითხველთათვის, რომ ცხოვრება თვითრჯულია, იგი არ გამოიჭრება ხოლმე კაცისაგან მოგონილ რიკრიკაზედ; რომ თუმცა იგი ბერდება, მაგრამ იმ სიბერის გამოცდილებით ისევ თავისთავად ახლდება და ჰყვავის; რომ მეცნიერება და ხელოვნება არ არიან მოგონილნი კაცის ჭკვის და გამოხატულობის არც ვარჯიშობისაგან და არც ვარჯიშობისათვის; რომ იგინი იბადებიან ცხოვრებისაგან და არსებობენ ცხოვრებისათვის; რომ იგინი წინ მიდიან ცხოვრების ვითარებისა გამო და მერე თავის რიგზედ თვითვე წინ მიჰყავთ ცხოვრება; რომ რაც მაგათგან არის მოყვანილი ცნობაში და დამტკიცებულია, ის გადადის ხალხში და იგი ჰსცვლის ხალხის მდგომარეობასა და ცხოვრებასა; მაგ დამტკიცებულ აზრების და ცნობაების გადასვლის გაადვილება ჩვენის „მოამბის“ საქმეა. რამოდენადაც ცნობიერად და ვრცლად მოეკიდება „მოამბე“ თავის ძნელ საქმეს, რამოდენადაც მიაგნობს და შეატყობს ცხოვრების მაჯისცემასა და შენიშნავს იმ მაჯის მცირედსა ცვლილებასა, რამოდენადაც ნათლად განარჩევს ცხოვრებისაგან მოგუბებულ მასალასა და თვითვეულ მის შემადგენელს ნივთსა საყოველთავოდ განაბრწყინებს მეცნიერების შუქით და ხელოვნების წარმოდგენითა, იმოდენად იგი პატივცემული იქნება საზოგადოებაში და ნაყოფიერი ცხოვრებისათვის. გზა დანიშნული აქვს და არჩეული ჩვენს „მოამბესა“. ვნახოთ, როგორ გაივლის! ღმერთმა კი მშვიდობის და სიკეთის მგზავრობა მიჰსცეს, ღმერთმა მოაპოვებინოს მრავალი თანამშრომელი, რომ ჩვენის ქვეყნის და ხალხის სიყვარულის სახელითა ძმურად ურთიერთს მხარი მიჰსცენ და არ დაივიწყონ, რომ ხალხი - დაბალი თუ მაღალი - ყველა მოყვასია ჩვენი, შეძლებისამებრ ყველამ უნდა ვუშველოთ... თუ ხალხი მართლა მოყვასია, რუსთაველი გვასწავლის, მოყვასს როგორც უნდა მოექცეს კაცი:
„ხამს მოყვასი მოყვასისთვის სიცოცხლისა არ დამრიდად,
გული მიჰსცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“.
[1862 წ. - 1863 წ., 12 იანვარი]
„საქართველოს მოამბეზედ“
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 48-63.
ნაბეჭდი: ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863 წ., № 1, გვ. 111-126. (ცენზურის ნებართვა: 1863 წ., 12 I).
ხელმოწერა: .....
სტატიის პირველი მონახაზები ჩანს ილიას დაუმთავრებელი ავტოგრაფის ნაწყვეტში, რომელიც შემოუნახავს მწერლის არქივს, სათაურით - „მასალები „ცისკრის“ წარმოების გასარჩევად („ცისკარი“ 1857-1862 წლამდინა)“, რომელიც წინამდებარე ტომის დაუმთავრებელ თხზულებათა განყოფილებაში იბეჭდება. მართალია „საქართველოს მოამბეზედ“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა (ხელმოწერის ნაცვლად - ასტრონიმით), მაგრამ თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ეს წერილი, რომელშიც ჟურნალის (და საზოგადოდ ახალთაობის) ეროვნული და ფილოსოფიურ-ესთეტიკური მრწამსი იყო ჩამოყალიბებული, „საქართველოს მოამბის“ დამაარსებელსა და რედაქტორს - ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა.
ხელნაწერი (U № 1052) ჟურნალ „საქართველოს მოამბიდან“ არის გადაწერილი. მითითებულ ხელნაწერში ილიას წერილს პირველი გვერდის ქვედა არშიაზე აქვს ლურჯი ფანქრით განსხვავებული ხელით რუსული მინაწერი: «От публиц, с народном журнале».
ილია ჭავჭავაძეს თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა 1927 წელს, - ნაწერების სრული კრებულის IV ტომში. აღნიშნულ გამოცემაში „საქართველოს მოამბეზედ“ 1862-1863 წლებით არის დათარიღებული, ხოლო ილიას თხზულებათა ათტომეულში (ტ. III, 1957 წ.) - 1862 წლით. ეჭვგარეშეა, რომ 1863 წლისათვის წერილი ილიას ძირითადად უკვე მომზადებული ექნებოდა, მაგრამ ვითვალისწინებთ რა ცენზურის ნებართვის თარიღს (1863 წ. 12 1), წერილს ფართო თარიღს ვაძლევთ.
პირველნაბეჭდთან შედარებით ტექსტში მხოლოდ ორი შესწორებაა შეტანილი:
121. 29 მოსდევს] მოზდევს. 129. 11 გამომეტყველადაც] გამომეტყველათაც.
130. 17 „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“, ამბობს ერთი ფილოსოფოსი...“ - „ერთ ფილოსოფოსში“ - იგულისხმება გამოჩენილი გერმანელი მოაზროვნე გოტფილდ ვილგელმ ლაიბნიცი (1646-1716). - დაწვრილებით იხ. წინამდებარე გამოცემის I ტომი, გვ. 343.
133. 4
ჩემზედ ამბობენ: „ის ქართვლისას სიცუდეს ამბობს...
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია“.
ციტატა მოყვანილია ილია ჭავჭავაძის უსათაურო ლექსიდან - * **
[„ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში“], რომელიც დაწერილია 1861 წელს (დაიბეჭდა 1863 წელს, ჟურნ. „ცისკრის“ №1-ში).
134. 30
„ხამს მოყვასი მოყვასისთვის სიცოცხლისა არ დამრიდად,
გული მიჰსცეს გულისათვის, სიყვარული - გზად და ხიდად...“
ციტატა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ილიას მიერ ვარიანტული სხვაობით არის წარმოდგენილი. „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებში ეს ადგილი ამგვარად იკითხება:
„ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად...“
ილიამ მიერ გამოყენებული ფორმა არ დასტურდება „ვეფხისტყაოსნის“ არც ერთ გამოცემასა და ხელნაწერში.
![]() |
2.6 სხარტულა |
▲back to top |
უფალო რედაქტორო!
ბევრს, მე და თქვენ რომ ვიცით, იმისთანა ხალხს, ძალიან უკვირს, რომ, როცა თქვენზედ გამოილაშქრებს ხოლმე ყურმახვილა და ენაჩლუნგი ვიღაცა ქერელი ბექა, თქვენი „მოამბე“ ხმას არა ჰსცემს და შორიდამ უცინის დუდგულის თოფით შეიარაღებულს „ცისკრის“ მხედარს - ბექასა. მე ვიცი თქვენი ხმის ამოუღებლობის მიზეზი: არ გინდათ თავი გაუყადროთ იმისთანა სულიერსა, რომლისაგანაც, ჩვენო მდაბიო ანდაზის ძალით, არა უნდა იწყინო რა კაცმა. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ის თავზედ ხელაღებული ქერელი ბექა მახეა, რომელსაც ამისთანაებში გაწურთვნილი „ცისკარი“ „მოამბეს“ უგებს. თუ, ვინიცობაა, თქვენმა ჟურნალმა ხმა გაჰსცა და ბექასთან ლაპარაკი არ ითაკილა, თითონ „ცისკარის“ პატივცემული რედაქტორი მასხარად აიგდებს თქვენს „მოამბესა“. „აკი ვამბობდი, - დაიძახებს გახარებული რედაქტორი, - აკი ვამბობდი, „მოამბესა“ მცირედი დარბაისლობა და თავისი პატივი არა აქვს-მეთქი! აბა რომელი დარბაისელი და თავისთავის პატივისმცემელი კაცი თავს გაუყადრებს და გაელაპარაკება ჩემგან მოწვეულ ქერელს ბექასა!... ძლივს მახეში არ გავაბი ჩვენი „მოამბე“! სახელი და დიდება ჩემს ოსტატობასა!“
„ცისკრის“ ყოვლად პატივცემული რედაქტორი მართალია, თუ მართლა ქერელს ბექას მახეთა ხმარობს; არც თქვენა ხართ მტყუანი, რომ ამ მიზეზით თქვენი „მოამბე“ თაკილობს ბექასთან ლაპარაკსა. მაგრამ ზოგი თვითონ ქერელი ბექას უყურეთ, რა ყოფაშია!.. მას აქეთ, რაც მარტის სტატია დაიწერა, დოინჯს აღარ იშორებს, სიხარულით ლამის ფეხებზედ აღარ დადგეს. „ჰი! - გაჰკივის ბაქია ბექა, - ჰი! ჩავაჩუმე „მოამბე“ თუ არაო!.. ენა კი ჩაუვარდათ იმ წყეულ თერგდალეულებსა და! შიშით ხმა კი ვეღარ ამოუღიათ! რა მოგახსენოს ამ უხეირო ბექამა!“ და სხვა.
ზომას რომ არ გადააცილონ სიხარული „ცისკრის“ დარბაისელმა რედაქტორმა და მისმა აიარმა ქარიანმა ბექამ, მე მინდა ისე, ოხუნჯობით, გადავამტვრიო ის ღობე, რომლის იქიდამაც დამალულია ბექა და კენჭებს ისვრის და უკვირს კიდეც - რატომ ამ კენჭებით ქვეყანა არ ირყევაო. იმასთან სურიოზნად ლაპარაკს თაკილობს თქვენი „მოამბე“. მართალიც არის. ამიტომაც მე ვისურვე ისე, სხარტულა ოხუნჯობით, იმის მეცნიერების წარმოდგენა, იმის მასხარად აგდება. ხუმრობაგაშვებით და, ბატონო, ისეთის თავმოწონებით მოაქვს თავი, ისეთის გაბედვით ლაპარაკობს ფილოსოფიაზედ, პოეზიაზედ, ამერიკაზედ, საბრძნეთზედ, რატაცცის გამოცვლაზედ, რომ ლმობიერ „ცისკრის“ მკითხველებს მართალი ეგონებათ, რომ ორში თუ სამში ისიც ბრძენი ყოფილა მეტისმეტია, ბატონო! მეტად კადნიერად კუნტრუშობს საზოგადოების წინაშე - აქაო და ქართველები გაუნათლებელნი არიანო და ტყუილს ვერ შემატყობენო, მოჰყოლია, ბატონო, დღე ღამედ გამოჰყავს და ღამე - დღეთა1. ჩვენი საზოგადოება იმისი კამათელი ხომ არ არის, რომ, როგორც უნდა, ისე აყაროს და ხელში ათამაშოს.
მე, უფ. რედაქტორო, ერთხელაც წარმოგიდგინეთ ქერელი ბექაზედ კრიტიკა და უკან დამიბრუნეთ, ჩვენა, - გეთქოთ, - ქერელი ბექასთან სასაუბრო არც გვაქვსო და არც თავის დღეში გვექნებაო. ეგ მართალია, მაგრამ ეს პატარა სტატია კი უნდა დამიბეჭდოთ, თუნდა ბოლოს მოაქციეთ, მითამ და „მოამბეს“ სულ არც კი ეკუთვნის და მაშინ ჟურნალისათვის სათაკილო სრულობით აღარ იქნება. აი რისთვის მინდა, რომ ეს სტატია დაბეჭდილი იყოს: ეს სტატია უფრო ააყვირებს ბაქია ბექასა და მაშინ სრულიად ის ბექა ჩვენ წინ გადიშლება. გაკაპასებული მოჰყვება ბოდვას, მითამ-და კრიტიკასა ჰსწერს - მოჰყვება ბოდვას და იმ ბოდვაში ასეთს მტვერს ააყენებს, რომ თვალები აებმის და ის სახელოვანი „ცისკრის“ ფალავანი წამოჰკრავს თავის სტატიასვე ფეხს და ყირაზედ გადაივლის. არც დავა და არც დარაბა. სახარებაში არა სწერია: სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ. იქამდინ მივიყვანოთ, რომ ის ავატიტინოთ და მაშინ „სიტყვამან მისმან გამოგვიჩინოს იგი“ და გამოგვიჩენს კიდეცა, ღმერთი, რჯული! ბაქია რომ გონიერებას პატარაობითვე არ გადაჩვეულიყოს, მაგ განძრახვას მიმიხვდებოდა, მაგრამ რადგანაც გადაჩვევულა, მაგას ვერ მიხვდება და გულზედ მოსული მამაცი გაჰსტენავს დუდგულას თოფსა, თავის კრიტიკის ფურცლებს აბჯრად აისხამს და გამოვა მოედანზედ; მოჰყვება თავისებურად თოფის სროლვას და ჯირითს. ამ ვარჯიშობაში სრულის სამკაულით და ხერხით დაენახვება თავის საყვარელს „ცისკრის“ მკითხველებს - თავისი პოეტი2, თავისი პუბლიცისტი3, თავისი კრიტიკოსი4, თავისი მოზღაპრე5, და ბოლოს თავისი „თავხედი“6, რომელსაც ამოუკითხავს ოხუჯობა რუსულ ჟურნალში («Искра») და იმოდენა მოხერხება კი არა ჰქონია, რომ ნაქურდალი ცხენისათვის კუდი რიგიანად მაინც გაეკრიჭა, რომ არ ეცნოთ, და ისე გადმოეღო თქვენს „საქართველოს მოამბეზედ“.
_______________________
1. სულ ციფრებით დავუმტკიცებ, რომ ჩვენი მარღი ბექა, ოღონდ კი „მოამბეს“ უმტროს და საქვეყნოდ ტყუილს არ ითაკილებს. აი მაგალითი: ის ღვარძლიანი ბექა ივნისის სტატიაში, მგონი „თავხედის“ სახელითა (რომ არ ეთქო, თავხედი ვარო, ისე კი არ ვიცოდით, რომ თავხედია!), „თავხედის“ სახელითა რაღაც შურიანის სიხარულით ატყუებს თავის მკითხველებს, რომ „მოამბე“ დაჭლექდაო. მართალია, „მოამბე“ დაწვრილდა, მაგრამ მაინც კიდევ „ცისკარზედ“ ბევრით მეტია, თუმცა მაისის „მოამბე“ „ცისკარზედ“ პატარა კი ჩანს. მე ძალად შევადარე „ცისკრის“ იანვრის წიგნი - იმოდენა ხომ ჯერ თავის სიცოცხლეში არ გამოსულა „ცისკარი“ - იანვრის „ცისკარი“ შევადარე მაისის „მოამბესთან“, რომელიც ყველაზე პატარა ნომერია მთელ „მოამბის“ ნომრებში, - და აი რა გამოვიდა: იანვრის „ცისკარი“, ის დიდი და უშველებელი იანვრის „ცისკარი“, იმ პაწაწა დაჭლექებულ მაისის „მოამბეზედ“ მარტო ხუთმეტ და ნახევარ ფურცლით არის მეტი. მაისის „მოამბეში“ არის 161,600 ასო, იანვრის „ცისკარში“ კი 193,294, ე.ი. 31,694 ასოთი, ანუ ხუთმეტნახევარ ფურცლით მეტია. სხვა „ცისკრის“ ნომრები კი - ნამეტნავად მარტიდამ დღეისამდე, - იმ პაწაწა მაისის „მოამბეზედ“ 35,872 ასოთი, ანუ თვრამეტ ფურცლით ნაკლებია. ქერელო მარღო ბექავ! რომელი დაჭლექდა, „ცისკარი“ თუ „მოამბე“? „ცისკარი“ რომ გაბერილია და თვალს ატყუებს, ამითი რაო? წყალმანკის მქონე ჯანმრთელი გგონია, რადგანაც გაბერილია, და გარედამ პირხმელი კი და შიგნით ჯანით სავსე - ჭლექი? ერთი მინდა გკითხო: რად ატყუებ ხალხსა? „ცისკრის“ რედაქტორმა რომ ერთი ოზმა ცარიელი ქაღალდი შეახვიოს მწვანე ყდაში და დიდი ასოებით „ცისკარი“ დააწეროს, მაგითი თავი რად მოგაქვს? მკითხველები ცარიელ ქაღალდს კი არ ყიდულობენ თქვენგანა, დაბეჭდილს ჟურნალსა გთხოვენ. თქვენ რომ ჟურნალი ისე ფარღალალად ბეჭდოთ, რომ სტრიქონებ შუა ქერელი ბექა თავისუფლად გაძვრეს და გამოძვრეს და გვერდების გარეშემო არშიებზედ ურმის გატარება შეიძლებოდეს - ეგ ხომ თვალთმაქცოლბაა და მკითხველის მოტყუება, ჩემო ქერელო ბექავ! „მომაბემ“ კი, რომ არც ითვალთმაქციოს და არც მკითხველი ატყუოს და ისე თვალად ცოტა და საქმით კი თქვენზედ მეტი ბეჭდოს, ამაში შენ მეტი ვინ უნდა შერცხვეს, ავყია ბექავ! თუნდ ეგ არ იყოს ეს „ცისკარიც“ და „მოამბეც“ ხომ ყველას ხელთა აქვს, სტრიქონში ასოების და გვერდში სტრიქონების დათვლის მეტი ხომ არ უნდა კაცს, რომ შენ ტყუილში დაგიჭირონ. ამ დაჭერისა არ გეშინოდა? ბარაქალა შენს კაცობასა, თუ არა გშინებია. არა, თუ ღმერთი გწამს, რად ახარე ეგ შენგან შობილი ჭორი შენს მკითხველებსა? რომ მითამ-და ბედაური კვდებაო და მე მრჩება ბურთი და მოედანიო, - ეს უნდა გეთქვა მაგ ტყუილითა თუ? არა, შენისთანაები „მოამბეს“ ვერ დამარხავენ. შენ, ძმაო, ერიდე, „ცისკარი“ არ ჩააგდო „მოამბისათვის“ გათხრილს ორმოში. შენი მეგობრობა იმას ხეირს არ დააყრის. გახსოვს ის ზღაპარი, კაცი და დათვი რომ დაძმობილდნენ? დათვმა რომ თავის მძინარე მეგობარ კაცს თავში ლოდი დაარტყა, ბუზი აუფრინოვო. მე ვიცი, თუ შენ „ცისკარს“ თავი არ დაგანებებინეს, შენც ამ დღეს მიაყენებ, თუ დღეგრძელი ხარ. რატაცციზედ ლაპარაკობ, ამერიკისაკენ გაიკუნტრუშებ ხოლმე და იმოდენა კი არ იცი, რომ რასაც კაცი დაგპირდა, იმაზედ მეტს ვერ მოჰსთხოვ: „მოამბის“ რედაქცია შვიდიდამ ათ თაბახამდე დაგვპირდა, მაისამდი ათამდინა ჰბეჭდდა და მეტსაცა, ეხლა შვიდი გამოჰსცა - ეგ გაგიხარდა? მტრობა რა ცოტასა ჰსჯერდება ხოლმე, დღე ღამედ ნუ გამოყავს, ნუ და ნუ!..
2. მგონი მრავალგვაროვანი ანტონ ფურცელაძე პოეტიც არის: იხილეთ იმისი ლექსი, რომელსაც აკ. წერეთელს უძღვნის და რომელშიაც ცხოვრების ტალღა ამ უბედურს აქანებს. ვერ გაუგია, ცხოვრების ტალღა კი არ აქანებს, არამედ ის ქარი, რომელიც ბექას ერთი მხრით უბერამს.
3. მგონი ანტონ ფურცელაძე იგივე მრავალგვაროვანი პუბლიცისტიც არის: იხილეთ იმისი რესპუბლიკაზედ და კონსტიტუციაზედ სჯა; იმისი „ხმოვანი“ სამჯავროზედ ბაასი; იხილეთ იმისი სხვადასხვა ამბები, რომლებსაც სიზმარში ხედავს და თუ სიზმარმა უღალატა, თითონ მოაჭორებს და ენას მიუტანს „ცისკრის“ რედაქციას, რომელიც ერთგულობისათვის შუბლზედ ხელს გადუსვამს ხოლმე; იხილეთ ის სტატია, რომელშიაც თავის მკითხველებს ჩვენი ბექა ახარებს, რომ მიხარებია, რატაცცის სამინისტრო დაეცაო. აი, უფალო ფურცელაძევ, რა ოსტატი ბძანებულხართ!.. აბა ჩვენ მკითხველებს როდი ეწყინათ რატაცცის მინისტრობა, რომ იმისი მინისტრობიდამ გადადგომა გახარებოდათ!.. მაგრამ რა? ეგ სიტყვა „მიხარებია“ პუბლიცისტის მანერაა, კარგია, რომ მიუბაძავს.
4. მგონი ანტონ ფურცელაძე იგივე მრავალგვაროვანი კრიტიკოსიც არის. იმიტომ, რომ უფ. ანტონ ფურცელაძე და ქერელი ბექა ერთი და იგივე ნივთები არიან. იქნება დროს უხუმრია და სამასხაროდ ერთი და იმავე ნივთისათვის სხვადასხვა სახელები უწოდებია. დრომ ბევრი ამისთანა ხუმრობა იცის, აი მაგალითად, თვითონ ანტონ ფურცელაძის მოვლენა ხუმრობა არ არის, მა რა ეშმაკია!..
5. ანტონ ფურცელაძე იგივე მრავალგვაროვანი მოზღაპრეც არის: იხილეთ მის კრიტიკულ სტატიებს გარდა, მისი „იმერული ლეგენდა“, მისი ზღაპარი რუსთაველზედ და იმის ცოლზედ.
6. ანტონ ფურცელაძე იგივე მრავალგვაროვანი, მგონი, „თავხედიც“ არის: იხილეთ სულ ყველა სტატიები, რაც თავის სიცოცხლეში დაუწერია, თუ თავხედზედ უარესიც არ იყოს; იხილეთ ივნისის სტატია. მე ესე მგონია იმიტომ, რომ უფ. ანტონ ფურცელაძე მართლა „თავხედია“, მეორედ იმიტომ, რომ ივნისის „თავხედი“ და ანტონ ფურცელაძე თავხედობაში ერთიერთმანეთს არ დაუვარდებიან.
რედაქტორი და მისი რაინდი ბაქია
(სცენა წარმოადგენს ქართული ტახტით მორთულს ოთახსა. კედელზედ ჰკიდია ირმის რქა, ზედ აწყვია: ჭიანური, თარი და ჩონგური. ამ რქის ზემოდამ ვარაყიან ქაღალდზედ, დიდ ჩარჩოში გაკეთებული, სხვილის ოქროს ასოებით დაბეჭდილია ის სახელოვანი ივ. კერესელიძის მანიფესტი კახელებთან, დაწერილი „ჟამსა“ სიზმარში მეფობისა მისისა1. ერთ მხრივ ამ მანიფესტს უკიდია სურათი, ზედ დახატულია, რომ თაგვს უთხრია და კატა გამოუთხრია... ამ სურათს ზედ აწერია: ეს სურათი ალლეგორიულად წარმოადგენს ერთის სახელოვანის რაინდის - ქერელი ბექის მდგომარეობას“. მეორე სურათი წარმოადგენს თერგსა ბღვინვარეს, ერთს ქართველ სტუდენტს კისერი წაუწვდია და თერგსა სვამს. ქერელი ბექა მიჰპარვია, ბუჩქებში ამომჯდარა და იმ თერგდალეულსა პურის მარცვლებს ესვრის და თან იძახის: „ჰი! მტვერი კი ავადინე აქაურობას-და“.
ტახტზედ წამოწოლილია რედაქტორი, თავის მანიფესტს უყურებს და ნებივრობს. თავს ადგა თავისი რაინდი საომარის ტანისამოსით. ერთ ხელში უჭირავს „მოამბე“, მეორე ხელით დუდგულის თოფზედ დაყუდებულა, კალთები აუკეცნია - ერთის სიტყვით, ომგადახდილობა ეტყობა. როცა „მოამბეს“ შეხედავს, კბილებს აკრაჭუნებს და ემუქრება, როცა რედაქტორის მანიფესტს - მაშინ სიამოვნებით ღიმილობს.
პატარა მოშორებით ერთი იმერელი ბიჭი ქერელი ბექის ჯოხის ცხენს ატარებს, მითამ დაღალულია, და მითამ ისე ნაოფლიც არის, რომ ჩულის მაგიერად დახეული „ცისკრის“ ფურცლები დაუხურავთ).
რედაქტორი
(მოიხედავს ბაქიასაკენ და მთქნარებით ეტყვის)
რას იტყვი ახალსა, ჩემო უკანასკნელო ნუგეშო!
ბაქია
თქვენს სიცოცხლეს და იმ წყეული „მოამბის“ დამიწებასა.
რედაქტორი
ეგ სალამი ხომ ჩვენში ჩვეულებაა, შენ ახალი თქვი რამ.
ბაქია
(გასწორდება და დოინჯს შემოიყრის)
„საქართველოს მოამბეზედ“ იერიში მივიტანე მარტში და ივნისში, რუსულ ჟურნალს „ისკრას“ რომ ყუმბარები მოვპარე, პატარა ზოგიერთგან გადავაკეთე და მივაყარე „მოამბეს“.
რედაქტორი (ღიმილით)
მერე?
ბაქია
„მოამბის“ მცველები ჯერ მაინცდამაინც ხმას არ იღებენ.
რედაქტორი
მე ძალიან მეფიქრება, ჩემო ბექავ! ის წყეული თერგდალეულები შენ არ იცი რა ხალხია! თუ ერთი ხელი შემოგვიბრუნეს, კუდით ქვას გვასროლინებენ.
ბაქია (თავმოწონებით)
ისე ბძანებთ, თითქო არ მიცნობდეთ, რა კაცი ვარ: ჩემისთანა კაცს - მოდი ისე გააბრიყვე „მოამბის“ მცველები - რომ თავი გაუყადრონ და ხმა გაჰსცენ! თქვენგან არ მიკვირს!
რედაქტორი
მაშ, ჩემო ერთგულო ბოძო, დაჩუმდი, თუ ეგეც იცი, რას წაჰსწვდები ხოლმე იმათ. ხომ ხედამ, ზედაც არ გიყურებენ.
ბაქია
კიდეც ეგ გახლავს კარგი და! ისინი ჩემთან ბრძოლას თაკილობენ და ხმას არ იღებენ და ჩვენ საყვარელ ჟურნალის მკითხველებს კი ჰგონიათ, რომ მე ისინი შევაშინე, ხმა გავაკმენდინე და ჩვენ მკითხველების თვალში გამარჯვებული ვრჩებით ამრიგად. ცუდია თუ?
რედაქტორი (დაღონებით)
კარგია, მაგრამ მე ერთისა მეშინიან: ვაი თუ თერგდალეულებს გაუწყრეთ ღმერთი, ერთი თავზედ ხელი აიღონ და შენთან ლაპარაკი არ ითაკილონ, მერე ხომ შენთან მეც თან გამიტანენ.
ბაქია
როგორ, ბატონო!
რედაქტორი
აი ისა, რომ რაც მე და შენ, ძმაო, ცოდვები ჩაგვიდენია, მოგვიკრეფენ და სულ შხამად ამოგვადენენ! შენ არ იცი, რა დაუნდობელი ხალხია ის თერგელები!..
ბაქია
რა ცოდვები? მე არ მახსოვს.
რედაქტორი
აბა ჩვენი ცოდვები შენ რად გეხსომება! თუნდ გახსოვდეს, შენ ისეთი ერთგული ხარ, რომ ძალად დაივიწყებ. აი, როგორც ის დაივიწყე, რომ მინამ „მოამბე“ გამოვიდოდა, სულ ვლანძღამდით „მოამბესა“ და შენ კი წააყვედრე „მოამბეს“: აბა, როდის გლანძღამდითო, აკი თავის მკითხველებს ვახარეთო ერთხელ, რომ „მოამბე“ გამოდისო. ის კი არა, თუ ეგ ერთხელ ცბიერობით ვახარეთ და წინა თვეებში კი მრავალჯერა გულწრფელობითა ვლანძღეთ. აი, თუნდა გაშინჯე ჩვენი ნომრები აპრილიდამ ოკტომბრამდინ თუ ნოემბრამდინ 1862 წლისა. ეს, რასაკვირველია, როგორც შეჰფერის შენს ერთგულობას, დაივიწყე. ეგრეთი უნდა კაცი, ჩემო ბაქიავ! მე არ უნდა გამსცე, მაგრამ ის წყეული თერგდალეულები შენსავით ერთგულნი ხომ არ არიან, რომ ჩვენი ცუდი დაივიწყონ. სულ ერთიერთმანეთზედ ზედ შეგვიკეცენ!
ბაქია (ქებით გაამაყებული)
აბა რა ცოდვები, მიბძანეთ.
რედაქტორი
განა ერთი და ორია, ათასია, ჩვენ საუბედუროდ. აი თუნდა 1859 [წ.] ოკტომბრის თუ ნოემბრის ჟურნალში - ეს ოხერი, მინდოდა კრიტიკის მნიშვნელობა ისე ამეხსნა, რომ ქვა გამეხეთქა - მაშინ ხომ პოეტი ვიყავ? - მაგრამ აი რა წამოვროშე: „კრიტიკა არის პატივი ლიტერატურულ ხნულისათვის-მეთქი“.
ბაქია
ეგ პლატონის მჭევრმეტყველობაა სწორედ, მანდ ცუდი რა არის!
რედაქტორი
შენ ეგრე გგონია, ჩემო ერთგულო ბაქიავ, იმიტომ, რომ გიყვარვარ, თორემ აქ კარგი არა არის რა. პატივი, ჩემო ძმაო, ამ შემთხვევაში ნეხვსა ჰქვიან მდაბიურად. აბა კრიტიკა ნეხვია? „ხნული“ რომ არ წამომცდენოდა, მაშინ იქნება ვერ მიხვედრილიყვნენ, რომ მე კრიტიკა და ნეხვი ერთი და იგივე მგონია. მართალია, შენ ჩემის მეგობრობის გამო, შენის კრიტიკებით გულმოდგინეთ მეხმარები, რომ საქმითაც კრიტიკა ნეხვად ვაჩვენოთ, მაგრამ იქნება ჩვენი მოყვარული ხალხი კი მოტყუვდეს ამით, თორემ ის შეჩვენებული თერგდალეულები არ მოტყუვდებიან.
ბაქია
მაგისთანაები იმათ კი ცოტა აქვთ!..
რედაქტორი
აბა?
ბაქია
მიმინო?!
რედაქტორი
ეგ აღარ მოაგონო იმ წყეულებს, თორემ ჩვენვე ჩაგვეთვლება ცოდვად.
ბაქია
როგორ?
რედაქტორი
აი ისე, რომ თუ ეგ მიმინოს შემთხვევა ფრანციცულმა ჟურნალმა „Memorial d'Amien“ ღირსსაცნობლად დაინახა და რუსულმა გაზეთმა2 გადიბეჭდა, ჰსჩანს მაგაში არის რამე. თუ შენი გონება ვერ მიჰსწვდა, იტყვიან ჩვენი მტრები, - ჩვენი რა ბრალიაო.
ბაქია
მე, იცით, რას ვეტყვი მაგაზედ? თქვენ უნდა იცოდეთ-მეთქი, რომ მე ავტორიტეტები არ მიყვარს. რა ვუყოთ, რომ რაღაც მორიელმა და რუსულმა გაზეთმა ღირსსაცნობლად დაინახა! მე ჩემი...
რედაქტორი
დაიცა, თუ ღმერთი გწამს, „ავტორიტეტები“ რომელი კუნძულის ხალხია?
ბაქია
არ ვიცი, თქვენმა მზემ! რა ვიცი, ეხლანდელ რუსულ წიგნებში კი სულ მაგრე ამბობენ: „ავტორიტეტები აღარ უნდა იყვნენო“. მეც იქიდამ ვიცი, რომ ამისთანა შემთხვევაში ხმარობენ ხოლმე და მეცა ვხმარობ იმათის ბაძით. ეგ ხალხი უთუოდ ამერიკაში უნდა ჰსცხოვრებდეს, დიდი ღვარძლიანი ხალხი უნდა იყოს, რომ ყველანი ამბობენ, აღარ უნდა იყვნენო; ყველას იმათი ამოწყვეტა უნდა.
რედაქტორი
ეგრე უნდა იყოს. მაგრამ მე კიდევ იმ მიმინოსთანა ვარ. იმ მიმინოს, - შენ რომ დაჰსცინი, - როგორცა ჩანს იმ გამოცხადებიდამ, ორმოცდაცამეტი წელიწადი უცხოვრია. არა, თუ ღმერთი გწამს, საკვირველი არ არი! ეხლა მაგდონს კაციც ძლივა ცხოვრობს და! არა, თქვი, საკვირელი არ არი! თქვი, აქ ხომ არავინ არ არის უცხო.
ბაქია
(აქეთ-იქით იყურება, ხომ არავინ არისო, და რომ დაინახა ის იმერელი ბიჭი, რომელიც დაცინვით იმის ჯოხის ცხენს ატარებდა, მივიდა და რედაქტორს ჩაჰსჩურჩულა ყურში)
საკვირველია, მე და ჩემმა ღმერთმა!
რედაქტორი (მითამ არ ესმის)
თუ საკვირველია, მაშ რაღად დაჰსცინი „მოამბესა“, რომ ეგ იშვიათი ამბავი თავის მკითხველებს შეატყობინა? მართალია, რომ არ შეეტყობინებინა, მკითხველები ბევრს არ დაჰკარგავდნენ, მაგრამ რაკი შეატყობინა - აქ სასაცილო არა არის რა: იშვიათი ამბავი ყველასთვის საცნობელია.
ბაქია
ეგ მართალია, მაგრამ აბა „მოამბეს“ როგორ მოუწონო რამე, - ეგ ხომ თქვენი ორგულობა იქნება. თქვენ არ მიბძანეთ, რომ ცხვირის დაცემინებაზედ რომ „მოამბემ“ ღვთის წყალობაც გითხრასო, ტუტა აადინეო! მე თქვენიც მიკვირს, რომ იმათ ამართლებ, აბა ვინ თქვენ და ვინ იმათი გამართლება!
რედაქტორი (თავმოწონებით)
რა ღმერთი გაგიწყრა, რით ვერ მიცანი: რასაც შინ შენთან ვიტყვი, იმას განა გარეთ სხვასთანაც ვიტყვი? ისინი, მართალია, ბევრში მართალნი არიან, მაგრამ აბა ან ერთხელ მითქვამს საქვეყნოდ იმათი სიმართლე? აბა განა ღმერთი ისე გამიწყრება, რომ ჩვენის ჟურნალის მკითხველებს იმათი სიმართლე გავაგებინო, - ეგ ხომ ჩვენი თავის ღალატი იქნება, აი ღმერთმა ნუ აჩვენოთ თერგდალეულებს ის დღე!
ბაქია (აღტაცებით)
ოჰ, თქვენი ჭირიმე, თქვენი! კიდეც იმიტომ თითქმის ყოველს წელიწადს ჟურნალის ახალს გამოცემაზედ ქვეყანას ეუბნებოდით, რომ „ხოლო ჩვენ თავმოწონებით ვაღვიარებთ, რომ ღირსებად უნდა ჩაგვეთვალოს: ამდენს დაბრკოლებაებთან სასოწარუკვეთელობა, დადგრომილობა, სიმტკიცე, მხნეობა, რომელთაც გამოგვიყვანეს თითქმის მძლეველად და მიგვახწევინეს ჩვენდა წინადადებულს საგნამდი“3. მართალიც არის: ასეთი მტკიცე და დადგრომილი ყოფილხართ, რომ ერთი იოტის ოდენა თქვენგან თერგდალეულების ქება არ წაგცდენიათ. დიდება თქვენს სიმტკიცეს, დადგრომილობას და თქვენს „წინადადებულს საგანსა“.
რედაქტორი (თავმოწონებით)
მაშ რა გგონია! ვაი, რომ როცა ჩვენი ჟურნალი მარტო იყო - ახ, რა ნეტარი დრო იყო! - მაშინ რომ მე პირში ლაგამი ამომედო, ეხლა მე რა მიჭირდა. მაგრამ რა ვიცოდი, რომ ღმერთი ჩემზედ ისე ხელს აიღებდა, რომ „მოამბესაც“ გააჩენდა ჩემდა საუბედუროდ. რომ მცოდნოდა, რაც არ ვიცოდი, იმაზედ მე წერას არ დავიწყობდი. 1857 წ. მაისის ჟურნალში ის რაღაც ეშმაკად კუდიან ვარსკვლავზედ დავიწყე წერა, აბა ვინ მე და ვინ ვარსკვლავთმრიცხველობა! მაგრამ არა, ბატონო, თავის გამოჩენა მინდოდა. მე მეგონა, რომ კუდიანი ვარსკვლავი ქვეყნის დასასრულს მოასწავებს-მეთქი. თუმცა ასტრონომი არაგო, ბაბინე წინააღმდეგს ამტკიცებდნენ, მაგრამ მე კი მაინც წამოვროშე „ეს (მითამ იმათი) ხუმრობანი არაფერს არას გვიმტკიცებენ“-მეთქი4. ახლა მე რომ მჯეროდა, რომ კუდიანი ვარსკვლავი ქვეყანას ჩაჰყლაპავს, მიკვირდა, რომ ეგრე გულგრილათა ვართ და ვამბობდი იმ ოხერ სტატიაში: „ათასი წლის წინად ამგვარს საგანს გონია ჩვენი წინაპარნი ესრედ გულგრილად არ უყურებდნენ სოფლის დასასრულის მოახლოვებასა, როგორც ჩვენ, რომელნიცა ყურადღებას არც კი მივაქცევთ და ყოველნი ჩვენ საქმეს ვასრულებთ უზრუნველად. მართლად, რომ არარაი მიზეზი არა აქვს ჯერედ სოფლის დასრულებას, (ხედამ, ჩემო ბაქიავ, რა ლოღიკაა!) ვნახოთ, რა იქნება 13 ივნისს!“4. 13 ივნისი გავიდა, მაგრამ ქვეყანა ისევ ქვეყანად დარჩა. კარგია, რომ მაშინვე ჩემი ვარსკვლავთმრიცხველობა მასხარად არ აიგდეს და ქვეყნის სასაცილოდ არ გამხადეს! აბა ვინ მე და ვინ არაგოს, ბაბინეს აზრზედ თქმა, რომ „ეს ხუმრობა არასფერს არას გვიმტკიცებს-მეთქი!“ იმ ოხერ წელიწადს და იმ უბედურ თვეს განა მარტო ვარსკვლავთმრიცხველობაში შევცდი, კიდევ ცოტა რამეშიაც. მაშინ გამოვაცხადე, რომ „ვეფხვის-ტყაოსანს“ ვბეჭდავ-მეთქი. „დაწყებაში ჩაურთევით სურათი მთხუზველისა შოთა რუსთაველისა“-მეთქი. „რადგანაც წიგნი, - ეწერა ამ გამოცხადებაში, - უნდა დაიბეჭდოს რიცხვისამებრ ამა წიგნის მსყიდველის მსურველთა, ამისათვის ვითხოვთ, რათა გამოუცხადებდნენ უფალნი მსურველნი რედაქციასა და პირველადვე (ე.ი. წინადვე) წარმოადგენდნენ შესახვედრს ფასსა”5.
ბაქია
მანდ რა გახლავს ცუდი?
რედაქტორი
ისა, ჩემო საყვარელო ბაქიავ, რომ მას აქეთ ექვსი წელიწადი გავიდა და არც „ვეფხვის-ტყაოსანი“ დავბეჭდე და არც რუსთაველის სახე. ეგონებათ, რომ ფულები რადგანაც წინადვე მოითხოვაო, იქნება (?) მიიღო კიდეცა და დაპირებული კი არ აასრულაო.
ბაქია
თუნდ რომ ფულიც მიგეღოთ, - მე ცუდს არასა ვხედავ. აი, თქვენივე სიტყვებით გაგამართლებთ თქვენ: „იცით, რომ ყოველს საგანს (თუ სულიერს) ღონისძიება უნდა“6. თქვენ ამ სიტყვების წინააღმდეგ არ მოქცეულხართ: კაცსაც ცხოვრების ღონისძიება უნდა.
რედაქტორი
კარგი ახლა, რაც იყო, იყო: ყოფილს არა ეშველება რა. (ჩაფიქრდება და ღრმა ფიქრებიდან რომ გამოვა, იტყვის): ჩემ სიცოცხლეში ბევრი შეცდომები ჩამიდენია. 1861 წ., მგონი ივნისის ნომერში, მკითხველებს უმტკიცებდი, რომ ამერიკა მეთექვსმეტე საუკუნეში გამოაჩინეს მეთქი, თურმე ნუ იტყვით - ეგ წყეული ამბავი მეხუთმეტე საუკუნეში ყოფილა. მე რა ვიცოდი! მთელი ერთის საუკუნით ვიტყუვე. სულ მჭევრმეტყველობას რომ ვჩემობდი, აბა იმის ბრალია ესა, აი! იმისი არ იყოს, რომ იმავე ნომერში ვამტკიცებდი, რომ ქართველები პირუტყვები ვართ-მეთქი. აი ის ოხერი სიტყვები: „ჯერ ჩვენი სიტყვიერება არ დაფუძნებულა“-მეთქი. მერე როგორღაც იარმუკაზედ ძველ წიგნებს ვეძებდი, რომ, როგორც „შვილი უმანკოებისა“, ისე ვთარგმნო და ჩემ სახელად გამოვჰსცე: ძველი წიგნებიდამ ამოღებულს უფრო ძნელად შეიტყობენ-მეთქი. ახლა რომ ვეძებდი, ერთი რიტორიკა ძველი რაღაცა შემხვდა; გადავშალე და წავიკითხე, რომ „სიტყვიერება“ ჯერ სიტყვის ნიჭსა ჰქვიან, მერე მთელ იმ სიტყვებს, რომელიც ენაში იხმარებიან. გამოდის, რომ ჩვენი სიტყვიერება არ დაფუძნებულაო, რომ სთქვა, მითამ გითქვამს, სიტყვები არ დაგვფუძნებია, სიტყვის ნიჭი არა გვაქვსო, ესე იგი პირუტყვები ვართო. ჩემო დედაბოძო ბაქიავ! გესმის, რა წამომიროშამს!
ბაქია (ნუგეშსა ჰსცემს)
არცოდნა არცოდვააო, ნათქვამია. მაგაზედ რათა ჰსწუხართ. თუნდ ეგ არ იყოს, ნეტავი თქვენ, ბატონო რედაქტორო, რომ მაგისთანაებს აჰყოლიხართ. ჩვენი მკითხველები, ხომ იცით, ისეთი გულკეთილები არიან, რომ მაგისთანაებს არ გამოუდგებიან. მაგისთანაებს რომ გამოუდგნენ, ხომ მე და თქვენ გასავალი აღარ გვექნება, ჩვენი ფარ-ხმალი უნდა დავაწყოთ და შინ მშვიდობით წავიდეთ. ჯერ ღვთის მადლით ისინი იქამდინ არ მიხწეულან, რომ ეგენები ჩაიდინონ, - და თუ მე თქვენ მეყოლებით ცოცხალი და მე კიდევ თქვენა, - იმედია, რომ ვერც მიახწევენ ეგრე მალე იქამდინა.
რედაქტორი
რასაკვირველია, - ეგ ჭეშმარიტი ჰსთქვი, მაგრამ მე მაინც გირჩევ ფთხილად იყო. შენ უფრო ბუნდათა ჰსწერე, საცა გონება არ მიგიწვდეს, ბევრი წერტილები დასვი - იტყვიან, ლიბერალიაო, თორემ გაგპენტამენ, ღმერთი, რჯული, გაგპენტამენ.
ბაქია (თავმოწონებით)
მე ჯერ ყოჩაღადა ვარ.
რედაქტორი
რაღა ყოჩაღათა ხარ, რომ მარტის კრიტიკაში ნ. ბარათაშვილის ლექსსა მშიერი მივარდი, გეგონა ლობიო-შეჭამანდი დაგხვდებოდა, და იმის მაგიერ რომ მშვენიერი ლექსი დაგხვდა - აბა მშიერს რა გელექსებოდა - გაკაპასდი და დაიწყე ყვირილი, რომ მადა გამიღვიძაო და კუჭი კი ვერ გამიძღოო. პოეზია ლობიო-შეჭამანდის ქოთანი ხომ არ არის, რომ ლობიო გასვლიპოს! მითამ შენი ლექსი, ჩემო ბაქიავ, ბაირონიდამ რომ გადმოგიღია, იმაზედ უკეთესია! შენ ცოტა ენა შეიკავე, თორემ მე ხეირს არ დამაყრი.
ბაქია
ბატონო რედაქტორო! იქნება მიწყრებით!.. ახლა დავიყბედე ისე, უთავბოლოდ, ამისთვის რად უნდა გამიწყრეთ? თუნდ ეგ არ იყოს, ხომ მე და თქვენ შეგვიფიცნია, რომ მინამ პირში სული გვიდგა, „მოამბე“ უნდა ვლანძღოთ! კლანჭი რომ ვერაფერს გამოვკარ, ეგ მოუგონე, რომ ლობიო-შეჭამანდი არ არის-მეთქი ნ. ბარათაშვილის ლექსშია. ჩვენი ჟურნალის მკითხველებს კი ჰსჯერათ, რომ ლექსი კაცს კუჭს უნდა უძღობდესო, - და თქვენ მეტი რა გინდათ. ოღონდ „მოამბე“ კი ვლანძღოთ და იმათთვის სულ ერთია, გინდა ტყუილი თქვი, გინდა მართალი. თუნდ ეს შეჰსწამე, რომ „მოამბე“ საძაგელი რამ არის, რადგანაც თივას, ბზეს, პურსა და ღვინოს არ გვიგზავნის-თქო. მოდავე ვინ არის? ვენაცვალე ჩვენს მკითხველებს! ღმერთმანი, იმას მოიკითხამენ, თივისა და ბზის გაგზავნა ჟურნალისა რა საქმეაო! იმათ რასაც ჩვენ ვეუბნებით, იმას იჯერებენ. პირმოთნეობაში კი ნუ ჩამომართმევთ და თქვენ დიდი ღვაწლი დასდეთ საქართველოსა, დიდი პატრიოტობა გამოიჩინეთ. შვიდი წელიწადი სულ იმ მეცადინეობაში დააღამეთ, რომ მკითხველი აზრს, აზრიანობას, ჰსჯას გადააჩვიოთ, თორემ, თქვენი მტერი, ჩვენი საქმე იქნებოდა!.. დავიღუპებოდით. ვინ არ იცის აზრიანობა, აზრის ჩხრეკა, ჰსჯა რა მავნებელია ქვეყნისათვის და ნამეტნავად ჩვენის ჟურნალისთვის. აბა თქვენვე იფიქრეთ, ჩვენმა მკითხველმა მე და თქვენ რომ აზრები გაგვიჩხრიკოს და აზრების სჯაში შევიდეს, რა ხეირს დაგვაყრის! ტყვილად კი არა ჰსწერდით ხოლმე, რომ ჩვენი ჟურნალი ჯერ უსუსური ბაშვიაო. აზრს ნუ მოსთხოვთო. ოო! დიდი შორმხედველობა გქონიათ! აბა რა იცოდით, რომ მე მოედანზედ გამოვალ უაზროდ? ეგ თქვენმა გენიამ გიწინასწარმეტყველათ და მკითხველებსაც ისე ჰგონია, რომ ჩვენი ჟურნალი მართლა-და ბაშვია. ის კი არა, თუ მე და თქვენ თმაში ჭაღარა გამოგვრევია. მაგრამ ჩვენ რა? იმათ კი ისე ჰგონიათ და! აზრს ისინი ჩვენ არ მოგვთხოვენ და დაგვრჩა მე და თქვენ ბურთი და მოედანი. ეხლა, ბატონო რედაქტორო, ჩვენ მეცადინეობა უნდა ვიხმაროთ, რომ მაგ თვალთმაქციობიდამ მკითხველი არ გამოვიყვანოთ, თორემ ჩვენი საქმე წახდა. უნდა ვეცადნოთ, რომ არაფერი ჩავაგონოთ, სიტყვისამებრ თქვენისა „ეს ისეთი საუკუნეა, რომელიცა არა მოითხოვს რაიმე ჩაგონებასა“7, რომ დღე ღამედ ვაჩვენოთ და ღამე დღედ. ღმერთი, რჯული და თქვენ მზესა ვფიცავ, რომ ყველაფერს დაგვიჯერებენ. თქვენის შვიდის წლის ღვაწლი უნაყოფოდ არ დაიკარგა მკითხველთათვის, იმათ ეხლა ისე ჰგონიათ, რომ რაც სხვისთვის დღეა, ის ჩვენთვის ღამეა, თეთრი - შავია, შავი - თეთრი. აი, ეგრე მიახწიეთ, ძლევამოსილო, თქვენდა წინადადებულს საგნამდი, როგორცა თქვით 1858 [წ.] იანვრის თვის ნომერში. მეც - თქვენი უმორჩილესი მონა - მაგ გზაზედ ვადგივარ. აი, მარტის კრიტიკაში ის მართლა-და მშვენიერი ნ. ბარათაშვილის ლექსი მე ცუდად დავანახვე მკითხველსა, გამოგილანძღეთ - ლობიო არ მოგვიხარშა-მეთქი. გამოგილანძღეთ ილ. ჭავჭავაძე - კაცის შებრალებაზედ რათა ჰსწერს-მეთქი. თუ უნდა, ჩვენ შეგვიბრალოს, კაცს რა შებრალება უნდა? მეორედაც გამოგილანძღე ილ. ჭავჭავაძე, ის რაღაცა რომ თქვა - კაცი არავინ არისო, რომ ფიქრი ვანდოვო, გრძნობა განუზიაროვო - ამაზედ კარგად მივარტყი. მაშ? რად ამაყობს! მე კაცი არა ვარ, თქვენ, ძლევამოსილო რედაქტორო, კაცი არ ბძანდებით, მა რა ეშმაკი ხართ. მითამ და იმის მეტი პატრიოტი არავინ არის! თქვენ განა პატრიოტი არა ხართ? მაშ რა იყო, რომ თქვენ ჟურნალში იმდენჯერ ეფიცებოდით მკითხველებს, რომ პატრიოტი ვარო! აი, მტრობა ეს არის და! რომ ჩვენს სიკეთეს ვერა ხედვენ! გამოგილანძღე თქვენი მტერი თ. გ. ერისთავი, რა ვიცი რაები არ დაუროშე, მითამ მესმის რამე და ვლაპარაკობ. იმასაც მივწვდი. ეხლა მკითხამთ, რათაო? იმიტომ, რომ ჩვენი „ცისკრის“ მკითხველები იტყვიან: «Ай, Моська, знать она сильна, что лает на слона!»8 ისეთი დავტრიალდი, ისეთი დავტრიალდი, რომ ციბრუტი ან ბზრიალა გეგონებოდით. აი, ოფლი წურწურით ჩამომდის. მომიტევეთ, ორი კაცი კი ვაქე: ვ. თულაშვილი და გ. ჩიქოვანი.
რედაქტორი (რისხვით)
რად აქე? ვინ გეხვეწებოდა! ჯადო გიყო „მოამბემ“, თუ რა ღმერთი გაგიწყრა? შენ არ იცი, რომ რუსთაველიც რომ საფლავიდგან ადგეს და „მოამბეს“ დაეხმაროს, ისიც უნდა ლანძღო!
ბაქია (შემკრთალი)
მაპატივეთ. დღეის იქით, თუ თქვენი ბრძანებისამებრ არ მოვიქცე, უზიარებლად მომკალით. ეხლა კი ნება მიბოძეთ თავი გავიმართლო. ისინი რომ ვაქე, ყური მოვჰკარ, რომ თერგდალეულები არა ყოფილან, თორემ რად ვაქებდი! ისინი ჩვენი საყვარელი მტკვარდალეულები არიან, ის მტკვარი დაულევიათ, რომელიც თქვენ ისე მშვენივრად აღწერეთ, როცა ჯერ კიდევ პოეტობაზედ ხელი არ აგეღოთ. აბა ლობიო-შეჭამანდი ის გახლდათ აი, ნივრით შენელებული!.. ღოლო-შეჭამანდის სუნი ასდიოდა! ლექსებშიაც კი გეტყობათ, რომ პატრიოტი ხართ: ღოლო-შეჭამანდი ხომ წმინდა ქართულია - იმის სუნიც კი თან აიყოლეთ. უჰ! სად ვიყავ მაშინ, რომ არ დავიძახე: კუჭი გამიძღო-მეთქი!..
რედაქტორი (თავმოწონებით და ამაყად)
კარგი, ჩემ ქებას თავი დაანებე, თორემ ეგონებათ, მეფერებიო. შენ ის მითხარ, სხვაფრივ ჩვენ მკითხველებს როგორ აუბი თვალი.
ბაქია
აი, ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ! მოვყევი, ბატონო, ეს „ხუდოჟნიკი“ მეთქი, ეს „ფილოსოფია“, ეს „პოეზია“, სულ ასეთი სიტყვები ვიხმარე, რომ არც მე გამეგება, ჩვენ მკითხველს კი, რასაკვირველია, ეგონება, რომ მე ბრძენი ვარ. გადავრიე, გადმოვრიე, ვყვიროდი, რომ ამ „პოეზიაში“ ფილოსოფია არ არის-მეთქი, ფილოსოფია პოეზიას მივახალე, პოეზია ფილოსოფიას შეუკეთე, ასეთი მტვერი ავადინე, - თქვენ არ მამიკვდებით, - რომ მეც თითონ თვალები ამება, მკითხველს ხომ უარესი მოუვიდოდა.
რედაქტორი
ეგ ვერ მოგსვლია კარგად. შენ არ იცი, რომ ფილოსოფია ფილოსოფიაა და პოეზია პოეზიაა!
ბაქია (შეშინებული)
როგორ, თქვენი ჭირიმე!
რედაქტორი
მაშ, გრ. ბარათაშვილის სტატია არ წაგიკითხავს? იმ გრ. ბარათაშვილისა, რომელმაც დაარღვია ფილოსოფიაც და პოეზიაც და ორივეს თავის სამძღვარი დაუდო.
ბაქია (დამნაშავესავით)
არა, ბატონო! მაპატივეთ.
რედაქტორი
იქა ჰსწერია, რომ „კაცი ბოროტია“ რომ ჰსთქვაო - „ფილოსოფია იქნებაო“ და „კაცი ბოროტია, როგორც გველი“, ესე რომ ჰსთქვაო - „პოეზია იქნებაო“9. ამის შემდეგ როგორ გაბედე, რომ ეს ორი სხვადასხვანაირი საგანი ჭრიანტელსავით ერთიერთმანეთში აურივე? ჰა! როგორ გაბედე!
ბაქია
იმისთვის გავბედე, თქვენი ჭირიმე, რომ მკითხველისათვის თვალები უნდა ამება.
რედაქტორი (თითქო ეხლა გამოფხიზლდაო)
ჩემო ბაქიავ! ჩემო ნუგეშო, დედაბოძო! ბეჩავ! შენა ხარ?.. აი დასწყევლოს ღმერთმა, მე მეგონა, რომ „მოამბეს“ ვებაასები-მეთქი. ხომ არ გამოგლანძღე? რა ვიცი, „მოამბე“ მეგონე და იქნება წამცდა რამე.
ბაქია (გახარებული)
არაფერი წაგცდენიათ. რომ წაგცდენოდათ, აქ არ გახლავარ, გავიგებდი.
რედაქტორი
მაინც და მაინც ბოდიშის მოსახდელად მე შენ ერთი ლექსი უნდა გიძღვნა, ჩემო ერთგულო! აი, მიყურე, ზეგარდამო შთაგონება მამდის. (მართლა, თვალებს აბრიალებს, თმას იწეწს, სალოკავს თითს ბაქიასაკენ იშვერს, მეორე ხელით კი მუშტს „საქართველოს მოამბის“ რედაქციას უღერებს)
ბაქია
ბძანეთ, შენი ჭირიმე! ერთი, სიბერის დროს თქვენის ლექსით კიდევ დაუტკბეთ ყური თქვენი ჟურნალის მკითხველებსა. „მოამბემ“ რაც უნდა იყროყინოს, მაინც კიდევ „ახალსა ნამუდრაგალსა ბერის ჰსჯობია ჩანჩალი“.
რედაქტორი
(დაიწყობს. ბაქიას ჯერ კი შეეშინდება, მერე კი სასოებით დაუწყებს ყურებას თავის რედაქტორის ღაღადებას და თანაც ტუჩს ილოკს და ნერწყვი მოსდის, რადგანაც რედაქტორის ყოველი სიტყვა ლობიოში ამოვლებული ლუკმა ჰგონია)
აბა ყური დამიგდე.
„ვაი „ცისკრის“ დრონი, ნაქებნი მტკბარად,
წარივლტნენ, განჰქრნენ სიზმებრივ ჩქარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.
„ცისკრისა“ გარდა „მოამბეც“ გაჩნდა,
არ გიკვირთ, მხედავთ კვლავცა სულმდგარად!
მე იგივე ვარ მარად და მარად.
გლახ ბედისაგან ეგრედ დასჯილი
მე ჩემს ბაქიას ვუწოდე ფარად,
მე კი იგივ ვარ მარად და მარად.
იგიცა იბრძვის, თუმცა ბევრს ცრუობს,
მაგრამ მეც ერთ დროს ვიყავ ამგვარად,
ეხლაც იგივ ვარ მარად და მარად.
მას ვრქვი: ჩვენს მკითხველს აუბი თვალი,
თორემ „მოამბე“ ჩვენ გვჯობს აშკარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.
თუმცა მას ჩემებრ თავში უბზუის,
მაგრამ კი იბრძვის ბძანების გვარად.
მე იგივე ვარ მარად და მარად.
ჯერ მარტო ვიყავ, რაებს ვჩადოდი,
აწ ბაქიაც მყავს ტაკიმასხარად,
მეც იგივე ვარ მარად და მარად.
ზოგი აწ ნახე, ჩემო მკითხველო!
თვალთმაქციობას მოვჰყვეთ რაგვარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.
მე ხალხს ვარწმუნებ ყოველ წელს, რომა
ახალ გზაზედა ვადგები მყარად,
მე კი იგივ ვარ მარად და მარად.
მეცა მიჯერებს ჩემი მკითხველი,
ვიბრალებ მკითხველს, შვრების შემცდარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.
აბა ვინ მე და ვინ ახალი გზა,
შენგან არ მიკვირს: გჯერა ნეტა რად?
მე ხომ იგივ ვარ მარად და მარად.
რით ვერ გაიგეთ, არ ვსდევ ჟამთა ცვლას!..
მე ისევ ის ვარ მარად და მარად!“
როგორია?
ბაქია
დიახ ჩინებულია. მაგრამ მე კი მასხარად რომ არ გეხსენიებინეთ, უფრო თქვენი სახელის ღირსი იქნებოდა.
რედაქტორი
ახლა, შე დალოცვილო, არ გინდა, რომ ჩემ სიცოცხლეში ერთი მართალი სიტყვა მაინცა მათქმევინო!..
ბაქია
ნება თქვენია, თუ თქვენს ჩვეულებას უღალატებთ, მე არა მეთქმის რა.
რედაქტორი
ეხლა კი მშვიდობით. ეს კი უნდა იცოდე, რომ შენი მახვილი ყური „მოამბის“ რედაქციის კედელს არ უნდა მოაშორო. რაც შეიტყო, ამბავი მომიტანე. მერე - მე და შენ რომ ვიცით - ისე გადავაკეთოთ და ჩვენი მკითხველები გავახაროთ. გესმის თუ არა? ჰო, მართლა! ივნისის იერიშის ამბავი რომ ვერ მიამბე?!
ბაქია
(გასწორდება და კისერს მოიღერებს)
მიმინოსი ხომ იცით. ეგ ერთი ყუმბარა, მეორედ კი ორი ყუმბარა ერთად ვესროლე. ერთი, რომელიც ტრედიაკოვსკით იყო გატენილი, დ. ყიფიანს შიგ გულის ფიცარში დაუნიშნე, მაგრამ ის წყეული უკან დატრიალდა და მევე მამხვდა; მეორე, სუმაროკოვით გატენილი, ილ. ჭავჭავაძეს შუბლში დაუნიშნე და ისიც უკანვე დატრიალდა, მეცა თავში და მას აქეთ ისე დავრეტიანდი, რომ „თავხედი“ გავხდი.
რედაქტორი
დაჭრილობისათვის ჯილდოს მოგცემ, ნუ გეშინიან, შენ სხვა თქვი, რა მოხდა?
ბაქია
მერე, ხომ მოგეხსენებათ, რაღაცეები მოვუგონე „მოამბეს“, რომ ეგება ქართველებმა იმაზედ ხელი აიღონ-მეთქი. ხანა ვთქვი, „მოამბე“ ყროყინებს-მეთქი; ხან ვთქვი, სიზმარი ნახა-მეთქი. რა ვიცი, ხომ მოგეხსენებათ ჭორის ამბავი. მართლა, კინაღამ არ დამავიწყდა: გუშინ სიზმარი ვნახე, რომ იმ შეჩვენებულ „მოამბეს“ სიზმარი უნახავს, ვითომც თქვენ შემოგეწყოთ თქვენი შვიდის წლის ჟურნალები და ისე იჯექით ნავტიკებზედ რომ მიცურავდით მტკვარში. მეც თურმე ჩანგალზედ გამობმული ნავტიკის უკან ავთრევოდი და წყალში ვფორთხალაობდი. ამისას რას გვიბძანებთ? გამოუცხადოთ ჩვენ მკითხველებს თუ არა?
რედაქტორი
რაო? შენა ნახე სიზმარი, რომ „მოამბეს“ მაგისთანა სიზმარი უნახავს?
ბაქია (თავმოწონებით)
აბა მე ვნახე, აი! რას გვიბძანებთ, გამოუცხადოთ?
რედაქტორი
(შუბლზედ სალოკავ თითს მიიდებს და ღრმა ფიქრში შედის)
არა, ჯერ მოვიცადოთ, შენი მეორე სიზმარი რას იტყვის.
ბაქია
რა მოცდა უნდა: წინადვე მოგახსენებ, რასაც იტყვის.
რედაქტორი
ნუ მასხარაობ! აბა რა იცი, სიზმარში რასა ნახავ?
ბაქია
რომ არ ვიცი, განა ვერ მოვიგონებ. აი, ივნისში რომ დავწერე, „მოამბეს“ სიზმარი უნახავს-მეთქი, რომ ჩვენს ჟურნალს ხელის მომწერი არ ეყოლება, მაგრამ მგონი თითონვე აუცხადდეს-მეთქი, - ისე, ჩემ თავად არ მოვიგონე! ეგრე რომ არა ყოფილიყო, „მოამბე“ თავის სიზმარს მე რად მეტყოდა? მაგასაც ისე მოვიგონებ, რა! მე ცოცხალი გყვანდეთ, თორემ ბევრს მაგისთანაებსა ნახამთ ჩემგან.
რედაქტორი
მაშ კარგი, ჩემო გულითადო მეგობარო ბაქიავ! წადი, შინ მოიფიქრე, რომ თუ რამ მაიგონო, კარგი რამ იყოს, გესმის თუ არა? ისე, ჩვენი მოსაწონი.
ბაქია (თავს უკრავს)
ადვილი სამსახურია! ხელში რომ „მოამბე“ მიჭირავს, ამისას რას მიბძანებ?
რედაქტორი
ცეცხლში დაწვი ეგ შეჩვენებული, ეგა.
(ბაქია ჯერ წიხლით შეადგება, რომ პირველი - ჯავრი ამოიყაროს, და მეორე - გულმოდგინება აჩვენოს რედაქტორს, მერე ანთებულ ბუხარში შეაგდებს უმწეო „მოამბესა“)
[1863 წ., 9 ივლისი, 26 აგვისტო]
__________________
1. 1860 წ. ნოემბრის „ცისკარში“ „ცისკრის“ რედაქტორს სიზმარში თავისთავი მეფედ დასმული ენახა. აი თუ ტყუილია, იმისი მანიფესტი კახელებთან, დაბეჭდილი ნოემბრის „ცისკარში“ 1860 წ.:
ჩვენო სასიქადულნო და საყვარელნო კახელნო (1)! მე ვიყავ თქვენს კურთხეულს კახეთში (2) წარსულს თვეს, რომლის განმავლობაში მიჩვენეთ ყოვლის მხრივ შემწეობა, როგორც მე, აგრეთვე ჩვენს სამშობლოს ლიტერატურას; მე ვიყავ კახოსისგნით დაფუძნებულს თქვენ მდიდარს მხარეზედ (3), სადაცა ერთგულთ იმის შვილიშვილთ არ დაუკარგავთ ძველი ჩვეულება, ძველადგანვე შემოსული და სამკვიდროდ გადმოცემული პურადობა და სიხარულით სტუმართ მიღება. ამგვარ თქვენის სასიქადულოს ჩვეულებისათვის (4), ამგვარ თქვენის ჩემდამო პატივისცემის, კეთილად მიღების და ყოვლის შესანიშნავ საგანთ ჩვენებისათვის (5)მოგახსენებთ უღრმესის გულით ჩემს (6) უუგულითადეს მადლობას.
თქვენის ყოვლად სანატრელის ძველის ჩვეულების მტკიცედ და შეურყევლად დაცვის გულმხურვალედ მსურველი ივ. კერესელიძე (7).
(1) მეფური კილოც რომ აუღია! „ჩვენო კახელნო...“ როგორია!..
(2) ნეტავი კახეთს!
(3) კიდევ იმეორებს, რომ მე მანდ ვიყავიო, ჰსჩანს დიდ მუნათს ადებს კახეთსა, რომ იკადრა და ნახა კახეთი. ნეტავი კახეთს!..
(4) მადლობას უცხადებს ჩვენი სუტ-მეფე. აბა თუ არ მეფე, ვინ გაკადნიერდება ისე, რომ მადლობა დაბეჭდილი ქაღალდით გამოუცხადოს მთელს კახეთის ხალხსა, ისიც ძველის ჩვეულების დაცვისათვის: აბა ივანე კერესელიძე რა მადლობის მთქმელია, თქვენი ჭირიმეთ!
(5) დახე, მთელი კახელები თანა ხლებია და უჩვენებიათ შესანიშნავი საგნები, მეფეა, მა რა არი!
(6) დახე, „ჩემს“ ნეტავი კახეთს!
(7) ვერა ხედავთ, სწორედ მეფური ხელის მოწერა არ არის? ეუბნება, რომ თქვენი ჩვეულების შეურყევლად დაცვის სურვილი მაქვსო. მეტი ბედნიერებაღა უნდა კახელებს, რომ იმათ ჩვეულების დაცვის სურვილი აქვს ივ. კერესელიძესა, ეგ რომ არ იყოს, შენი მტერი!.. ეხლა ვიღას შეუძლიან კახელების ჩვეულება დაარღვიოს, რადგანაც ივ. კერესელიძეს იმათ ჩვეულების დაცვის სურვილი აქვს.
2. «Очерки».
3. 1858, იანვრის თვისა წიგნი.
4. 1857, მაისის თვისა წიგნი, გვერდი 51.
5. იხილეთ1857 წ. მაისის თვის წიგნი, 51 გვერდი.
6. იხილეთ 1857 წ. მაისის თვის წიგნი, 52 გვერდი.
7. იხილეთ ოქტომბრის წიგნი 1859 წ. გვერდი 184.
8. 1858 წ. ნოემბრის ნომერში, გვ. 2, ქვევიდამ მეოთხე სტრიქონი. ესე ვრცლად და გარკვევით იმიტომ ვაჩვენებთ, რომ მართლა ნახოთ, რომ რედაქტორის „წინადადებული საგანი“ ის არის, რომ არავის არა ჩააგონოს რა. როგორ მოგწონთ? მაშ, მკითხველებო, რა უნდა ქმნათ? მაშ თქვენ ჩააგონეთ მაინცა. მაგრამ რად უნდა, აი 1859 წ. ოქტომბრის ნომერში ამბობს რედაქტორი, რომ „მკითხველნო! ყოველი იმედი წარმატებისა და ამ სახით გამოცემისა თქვენზედ არის დამოკიდებულიო“. - მაშ რაღა გინდათ, მკითხველნო, ჟურნალის წარმატების იმედს თქვენ გახვევთ კისერზედ. თითონვე გეუბნებათ, ჩემი იმედი ნუ გექნებათო. როგორია!..
9. დახე, ჰსჩანს გოშია ღონიერი არისო, რომ სპილოსაცა ჰყეფავსო.
10. 1861 წ. „ცისკარი“, ნომერი არ მახსოვს, მგონი მაისისა იყო.
სხარტულა
ხელნაწერი: ავტოგრაფი, U № 163, გვ. 1-10 (B); ასლი, U № 1052, გვ. 117-136 (C).
ნაბეჭდი: ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863 წ., №7, გვ. 72-96 (A). ცენზურის ნებართვა: 1863 წ., 22 VIII.
ხელმოწერა: გ. ჩ. (A).
ტექსტის ბოლოს ფრჩხილებში მიწერილია: „გათავდა“ (AB).
№163 ხელნაწერი შავი მელნით ნაწერი და ნასწორები ადრინდელი ავტოგრაფია, №1052 ხელნაწერი კი გადაწერილია ჟურნ. „საქართველოს მოამბიდან“ (წერილის პირველ გვერდზე ფანქრით მიწერილია: „საქ. მ. №VII“).
ჟურნ. „საქართველოს მოამბეში“ დაბეჭდილ ტექსტსა და ზემოთ მითითებულ პირვანდელ ავტოგრაფს (№163) შორის ენობრივ-სტილისტური ხასიათის სხვაობის გარდა ზოგან არის მცირე შინაარსობრივი სხვაობაც, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ჟურ. „საქართველოს მოამბეში“ ილიამ თუმცა ეს ავტოგრაფი წარადგინა (ავტოგრაფს ემჩნევა სტამბის ნიშნები, სტამბის საღებავი), მაგრამ კორექტურის კითხვის დროს ზოგიერთი ადგილი შეასწორა. ამიტომ ტექსტს ვბეჭდავთ ავტორის ბოლო ნების გათვალისწინებით, ე.ი. პირველნაბეჭდის მიხედვით. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ი. ჭავჭავაძის ნაწერების 1925-1929 წლების გამოცემისა და მომდევნო გამოცემათა მსგავსად, პირველ ნაბეჭდში კორექტურული შეცდომის მიზეზით გამორჩენილ აბზაცს (გვ. 140, სტრ. 18-21), ვბეჭდავთ ავტოგრაფის მიხედვით.
ფელეტონი მიმართულია ჟურნ. „ცისკრის“, მისი რედაქტორის - ივანე კერესელიძისა და უახლოესი თანამშრომლის, მწერალ ანტონ ფურცელაძის („ქერელი ბექას“) სტატიების წინააღმდეგ.
ფსევდოინიციალები „გ. ჩ.“, რომლითაცაა ხელმოწერილი „სხარტულა“, ილიამ თავისი ავტორობის დასაფარავად აიღო (კრიპტონიმი „გ. ჩ“ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელს გიორგი ჩიქოვანს ეკუთვნოდა).
„სხარტულა“ ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IV ტომში (იმჟამად ილია ჭავჭავაძის ზემოთ მითითებული ავტოგრაფი - UN 163-ჯერ კიდევ არ იყო მიკვლეული).
მითითებულ გამოცემაში - და, მასზე დაყრდნობით, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა შემდგომ გამოცემებშიც, - „სხარტულა“ 1863 წლითაა დათარიღებული, თუმც სარედაქციო შენიშვნებში პ. ინგოროყვა სამართლიანად აღნიშნავს, რომ ეს ფელეტონი, აშკარაა, დაწერილია არა უადრეს 1863 წლის 9 ივლისისა და არა უგვიანეს 22 აგვისტოსი, რადგან მასში „ილიას მოხსენებული აქვს ანტონ ფურცელაძის ის წერილი, რომელიც „თავხედის“ ხელმოწერით დაიბეჭდა ჟურნ. „ცისკარში“ 1863 წლის №6-ში, ხოლო „ცისკრის“ ამ ნომერს აქვს ცენზურის ვიზა - 9 ივლისი 1863 წელი. მეორეს მხრივ, „საქართველოს მოამბის“ ის ნომერი, სადაც მოთავსებულია ილიას „სხარტულა“, დათარიღებულია ცენზურის ვიზით: 22 აგვისტო, 1863 წ“ (იხ. ილია ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული. ტ. IV, 1917 წ., გვ. 409).
წინამდებარე ტომში წარმოდგენილი დათარიღება - [1863 წ., 9 ივლისი - 22 აგვისტო] - ზემოთ დამოწმებულ არგუმენტაციას ემყარება.
ტექსტში შევიტანეთ შემდეგი შესწორებები:
136. 4 აქეთ] აქედ. 139. 15 გადაუსვამს] გადაუსვავს. 140. 7 სვამს] სვავს. 142. 13 გვასროლინებენ] გვასრონინებენ. 146. 25 აქეთ-იქით] აქედ-იქით. 149. 16 აქეთ] აქედ. 150. 20 დაგვფუძნებია] დაგფუძნებია. 159. 3 აქეთ] აქედ.
136. 3 ზოგი თითონ ქერელი ბექას უყურეთ, რა ყოფაშია მას აქეთ, რაც მარტის სტატია დაწერა, დოინჯს აღარ იშორებს. - იგულისხმება 1863 წლის ჟურნ. „ცისკრის“ მარტის ნომერში (№ 3) „ქერელი ბექას“ ხელმოწერით გამოქვეყნებული ანტონ ფურცელაძის კრიტიკული წერილი, სათაურით - „საქართველოს მოამბე“ 1863 წელსა, იანვრის და თებერვლის წიგნები“, რომელშიც ავტორი უარყოფით შეფასებას აძლევს ჟურნ. „საქართველოს მოამბეში“ დაბეჭდილ ლექსებს, ამავე დროს დადებითად აფასებს „საქართველოს მოამბის“ 1863 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ „შინაურ მიმოხილვას“ (რომელიც ვახტანგ თულაშვილის კალამს ეკუთვნის) და რომანის „საბრალონის“ ჩიქოვანისეულ თარგმანს.
136. 30 ის ღვარძლიანი ბექა ივნისის სტატიაში, მგონი... „თავხედის“ სახელითა, რაღაც შურიანის სიხარულით ატყუებს თავის მკითხველებს, რომ „მოამბე“ დაჭლექდაო. - იგულისხმება 1863 წლის ჟურნ. „ცისკრის“ ივნისის ნომერში (№6) „თავხედის“ ხელმოწერით დაბეჭდილი ანტონ ფურცელაძის შენიშვნა, სათაურით: „საქართველოს მოამბის“ რედაქციიდამ ახალი ცნობაები“, სადაც გაქილიკებულია ჟურნ. „საქართველოს მოამბე“ და მასში დაბეჭდილი ზოგიერთი ცნობა.
139. 12 ...მანიფესტი სახელებთან... - იგულისხმება ჟურნ. „ცისკრის“ რედაქტორის ივ. კერესელიძის მანიფესტი, რომელიც დაიბეჭდა 1860 წ. ჟურნ. „ცისკრის“ ნოემბრის ნომერში (№ 11).
143. 22 ...მკითხველებს ვახარეთო ერთხელ, რომ „მოამბე“ გამოდისო... - იგულისხმება 1862 წელს ჟურნ. „ცისკარში“ (№10, გვ. 189) დაბეჭდილი ცნობა - „რედაქციისაგან“, - იმის შესახებ, რომ მომავალი წლის იანვრიდან თბილისში გამოიცემა ახალი ქართული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ და რომ რედაქტორი „საქართველოს მოამბისა“ ილია ჭავჭავაძეა.
145. 15 თუ იგი მიმინოს შემთხვევა ფრანციცულმა ჟურნალმა „Memorial d'Amien“ ღირსსაცნობლად დაინახა და რუსულმა გაზეთმა («Очерки») გადაჰბეჭდა, ჰსჩანს მაგაში არის რამე... - იგულისხმება შემდეგი ამბავი: 1863 წლის ჟურნ. „საქართველოს მოამბის“ თებერვლის ნომერში (№2) „სხვადასხვა ამბავის“ განყოფილებაში ამ განყოფილების რედაქტორმა დავით ყიფიანმა დაბეჭდა ცნობა, რომ საფრანგეთში ერთი მიმინო მოუკლავთ, რომელსაც ყელზე ჩამოკიდებული ჰქონია ფირფიტა წარწერით: აქ აღნიშნული ყოფილა მიმინოს დაბადების, შეპყრობისა და შემდეგ გათავისუფლების თარიღები. ამ ცნობას დაცინვით მოიხსენიებს ქერელი ბექა (ანტონ ფურცელაძე) კრიტიკულ წერილში - „საქართველოს მოამბე“, 1863 წლის იანვრის და თებერვლის წიგნები“, რომელიც ჟურნ. „ცისკრის“ 1863 წლის მარტის ნომერში (№3) დაიბეჭდა.
148. 12 1857 წ. მაისის ჟურნალში ის რაღაც ეშმაკად კუდიან ვარსკვლავზედ დავიწყე წერა; აბა ვინ მე და ვინ ვარსკვლავთმრიცხველობა! მაგრამ არა, ბატონო, თავის გამოჩენა მინდოდა, მე მეგონა, რომ კუდიანი ვარსკვლავი ქვეყნის დასასრულს მოასწავებს მეთქი... - იგულისხმება 1857 წლის ჟურნ. „ცისკრის“ მაისის ნომერში (№5) დაბეჭდილი ცნობა რუბრიკაში „ახალი ამბავი“.
149. 23 „თქვენივე სიტყვებით გაგამართლებთ თქვენ: იცით, რომ ყოველს საგანს (თუ სულიერს) ღონისძიება უნდა“. - ციტატა მოყვანილია ჟურნ. „ცისკარში“ 1859 წლის ოქტომბრის ნომერში (№10) დაბეჭდილი „განცხადებიდან“, სადაც საუბარია მომავალი წლისთვის „ცისკრის“ უკეთესად გამოცემაზე.
150. 4 1861 წ., მგონი ივნისის ნომერში, მკითხველებს უმტკიცებდი, რომ ამერიკა მეთექვსმეტე საუკუნეში გამოაჩინეს მეთქი. თურმე ნუ იტყვით - ეგ წყეული ამბავი მეხუთმეტე საუკუნეში ყოფილა. - იგულისხმება „ცისკრის“ რედაქციის მე-20 შენიშვნა ილიას სტატიაზე „პასუხი“ (იხ. აქვე, შენიშვნები წერილისა „პასუხი“).
153. 6 აი, ეგრე მიახწიეთ, ძლევამოსილო, თქვენდა წინადადებულს საგნამდი, როგორცა თქვით 1858 წ. იანვრის თვის ნომერში. - იგულისხმება ივ. კერესელიძის წერილი „რედაქციისაგან“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. „ცისკრის“ 1858 წლის იანვრის ნომერში (№1).
153. 11 ...გამოგილანძღეთ ილ. ჭავჭავაძე - კაცის შებრალებაზედ რათა ჰსწერს მეთქი... - იგულისხმება 1863 წ. ჟურნ. „ცისკრის“ მარტის ნომერში (№3) დაბეჭდილი ქერელი ბექას (ანტონ ფურცელაძის) წერილი - ! „საქართველოს მოამბე“, 1863 წლის იანვრისა და თებერვლის წიგნები“, სადაც გაკრიტიკებულია „საქართველოს მოამბის“ №1-ში გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის ლექსი „მუშა“ (დაწერილია 1860 წ.).
153. 14 მეორედაც გამოგილანძღე ილ. ჭავჭავაძე. ის რაღაცა რომ თქვა - კაცი არავინ არისო, რომ ფიქრი ვანდოო, გრძნობა განუზიაროვო. - იგულისხმება ქერელი ბექას ზემოხსენებულ სტატიაში გაკენწლილი ილიას უსათაურო ლექსი „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“ (დაწერილი 1861 წ.), რომელიც 1863 წლის „საქართველოს მოამბის“ №2-ში დაიბეჭდა.
154. 15 ...ის მტკვარი დაულევიათ, რომელიც თქვენ ისე მშვენიერად აღწერეთ, როცა ჯერ კიდევ პოეტობაზედ ხელი არ აგეღოთ. - იგულისხმება ივ. კერესელიძის ლექსი „მტკვრისადმი“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. „ცისკრის“ 1857 წლის № 2-ში.
155. 17 გრ. ბარათაშვილის სტატია არ წაგიკითხავს? იმ გრ. ბარათაშვილისა, რომელმაც დაარღვია ფილოსოფიაც და პოეზიაც და ორივეს თავის სამძღვარი დაუდო. - იგულისხმება ჟურნ. „ცისკრის“ თანამშრომლის, XIX საუკ. 50-60-იანი წლების ქართველი მწერლის, მთარგმენლის და კრიტიკოსის გიორგი ბარათაშვილის „წერილი რედაქტორთან“ (დაბეჭდილი ჟურნ. „ცისკრის“ 1861 წლის № 5-6-ში, „თ. გიორგი ბარათოვი“-ს ხელმოწერით), რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული ილია ჭავჭავაძის „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“.
ილიას „სხარტულაში“ ეს გიორგი ბარათაშვილია ნაგულისხმევი, მაგრამ მისი სახელის ინიციალი ჟურნალში, შეცდომით, დაბეჭდილია „გრ.“ და არა „გ“.
157. 7
„ვაი „ცისკრის“ დრონი, ნაქებნი მტკბარად...
...მე ისევ ის ვარ მარად და მარად!“
პაროდიაში ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსის „ვაჰ, დრონი, დრონი“-ს მიხედვით, ილია აკრიტიკებს ჟურნ. „ცისკარს“ და მის რედაქციას.
158. 24 „ორი ყუმბარა ერთად ვესროლე, ერთი რომელიც ტრედიაკოვსკით იყო გატენილი, დ. ყიფიანს შიგ გულის ფიცარში დაუნიშნე, მაგრამ ის წყეული უკან დატრიალდა და მევე მამხვდა, მეორე სუმაროკოვით გატენილი, ილია ჭავჭავაძეს შუბლში დაუნიშნე და ისიც უკანვე დატრიალდა, მეცა თავში დ ამას აქეთ ისე დავრეტიანდი, რომ „თავხედი“ გავხდი. - იგულისხმება 1863 წლის ჟურნ. „ცისკრის“ ივნისის ნომერში (№6) „თავხედის“ ხელმოწერით დაბეჭდილი ანტონ ფურცელაძის ზემოხსენებული კრიტიკული წერილის ერთი ადგილი, სადაც დაცინვით დავით ყიფიანი შედარებულია რუს მწერალ ვ. ტრედიაკოვსკისთან, ხოლო ილია ჭავჭავაძე - რუს პოეტ ა. სუმაროკოვთან.
![]() |
2.7 ზოგიერთი რამ |
▲back to top |
„თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა“.
თ. გრ. ორბელიანი.
I
რაკი ჩვენს ღარიბს ლიტერატურაზედ და ეხლანდელს მწერლობაზედ დაიწყობ სადმე ლაპარაკსა, მაშინვე რაღაც მოდუნებულის პირის მთქნარებითა და თითქო რაღაც სიმზაკვრით სავსეს სიხარულითა მოგახლიან ხოლმე: ეხლანდელს მწერლებს ენა არ უვარგათო.
მეც, ცოტად თუ ბევრად, ამაზედ თანახმა ვარ, მაგრამ ერთი ეს მინდა ვიკითხო: გვაქვს კი ენა, რომ ვიწუნებთ კიდეც?..
ვიცი ამ ჩემ, პირველ შეხედვით უსაფუძვლო, კითხვაზედ მე ბევრი თქვენგანი, მკითხველო, მასხარად ამიგდებს; მაგრამ აბა, მკითხველო, შენ მე ყური მომიგდე: მე გეტყვი და შენ დალაგებით და აუჩქარებლივ მისმინე. მე წინადვე ვიცი, რომ მასზედ, რასაც მე გეტყვი, გული დაგეთანაღრება, აიტკიცები და შესწუხდები, მაგრამ შენ კი, მკითხველო, იქნება ის არ იცოდე, რომ თითო სიტყვას, რასაც ეს წერილი ქვევით მოგახსენებს, იქნება თითო კოშტი სისხლიც თან ამოჰყოლოდეს. რაზედ გაიჭირე საქმეო, მეტყვი შენ. იმისთვის, ჩემო ძმაო თუ დარო, რომ „თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა“ ო, ჩვენის პოეტის არ იყოს.
II
აიღებს ბეჩავი ქართველი მწერალი ხელში კალამს თუ არა, მაშინვე გულამოსკვნით შედგება ხოლმე და თავის თავსა ჰკითხავს: ვის უნდა ველაპარაკოვო, და სისხლი ძარღვში გაუშრება ხოლმე. მართლა-და, ვის უნდა ელაპარაკოს? მეტყვიან: ყველასაო. დიაღ, კარგი და პატიოსანი, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, საყოველთავო რა გვაქვს, რომ მწერალმან ფრთა გაშალოს და იმაზედ განაღვლოს საყოველთავო ნაღვლითა, ანუ გალხინოს საყოველთავო ლხინითა? ქართველობა ხომ არა გგონია საყოველთავო სალხინებელი და სანაღვლებელი? დიაღაც ეგ უნდა იყოს, მაგრამ სად არის ქართველი და ქართველობა? ერთი ეს მინდა გკითხო: ვართღა სადმე? როგორ თუ ვართღაო, შემომიტევ წყრომით. თუ შენ, ჩემო მკითხველო, ადამიანობა, კაცური კაცობა ხელში მჩვრად არ გადაგიქცევია, ვიცი, რომ ამ კითხვაზედ ძარღვი ჩაგწყდება; ისიც ვიცი, რა ტკივილიც ამოგაკვნესებს; მაგრამ ესეც უნდა იცოდე. რომ ბალღამში ამოვლებულს ჭეშმარიტებასაც ვაჟკაცური მოსმენა უნდა. რით ვერ გაიგე, რომ ჩვენ უბედურნი ვართ!.. ყური მომიგდე.
III
პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს, რომელსაც ჩვენ, ქვეყნის სამასხაროდ, ცხოვრებას ვეძახით, რომელშიაც ჩვენ, რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით, ვჭყუპალაობთ, და რომლიდამაც ათასი სხვადასხვაფერი ნაკადული იწრიტება ცალკ-ცალკე და სხვადასხვა გზით მიდის, და „რაოდენადაც ერთმანეთზედ შორსა ვალს, ეგოდენ დაუძლურდების“, - ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე, მაშინ შენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი: „ვართღაო!“
აჩქარებული კაცი, ის კაცი, რომელსაც უნდა შავი ფიქრები თავიდამ მალე მოიშოროს, ადვილად გვიპასუხებს ჩვენ და გვეტყვის: ბრმანი ყოფილხართო. ეს ჩენი დედაქალაქი და ეს შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე გუნდ-გუნდათ მორიგებული მისი შვილი - სოფლები ქართველები არ არიან, მაშ ვინ არიანო? ქალაქი იქნება დედა იყოს, სოფლებიც იქნება მისი შვილები იყვნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დედის ძუძუ დიდი ხანია გაშრა და დედის ძუძუს შვილი აღარა ჰსწოვს.
IV
ქართველები არ არიან, მაშ რა არიანო? არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანნი და უჩინონი - ყველანი არიან, და ქართველი კი არსად არის. თავადს აზნაური ჰსძულს, აზნაურსა - თავადი, გლეხსა - ორივე, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთის დედის - საქართველოს ოჯახის შვილნი? თავადის აზრი - სათავადოა, აზნაურის - სააზნაურო, გლეხისა - საგლეხო, ვაჭრისა - სავაჭრო, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთს თესლზედ აღმოსულნი? თავადის აზრი აზნაურს არ უხდება, აზნაურისა - თავადსა, ორივესი - გლეხსა, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთისა და იგივე ხორცისა და სულისა ნაყოფნი და ერთის დედის - საქართველოს ძუძუთი გაზდილნი? ეს ასომთავრული რომ ასომხედრულს გზას უღობავს, ეს თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს. აზნაური - თავადსა, ორივენი - გლეხსა; ეს ვაჭარი რომ სამივე ერთნაირის სიხარბითა სწოვს, ნუთუ ესენი თვითვეულად ცალკე და ყოველნივე ერთად ქართველი ჰგონია ვისმე! ქართველი საყოველთავო სახელია და ამათში რა არის საყოველთავო? ეგ თვითო-თვითოდ, ერთის გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით რომ ცალკ-ცალკე და თავ-თავად დავგორავთ, ზოგი აქეთ, ზოგი იქით, ნუთუ ეგ თვითვეული ქართველი ჰგონია ვისმე!
თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითვეულის გზები ერთად იყრება საყოველთავო საქართველო სიკეთისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითვეულის ჩვენგანის ჭკუა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთავო საქართველო კეთილდღეობისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის? ჩემი ლხინი შენი ლხინი არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის. ქართველი საყოველთავო სახელია და კიდევ ამას გკითხავ: საყოველთავო რა გვაქვს? ჩვენში არის: „მე თუ შენ, შენ თუ მე“, და ორივენი ერთად კი არაო.
აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდან მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპგადმოგდებულის ქართლელის მეტმა (ე.ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოებენ, თითქო იმათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანო.
ის შემკრებელობითი, დიდებული ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა, დიდი ხანია დაირღვა, ჩვენის გონებიდამ ამოშრა, და ქართველი ეხლა ერთის კუნჭულის მცხოვრებთა საკუთარი კერძოობითი სახელიღა გახდა და არა საერთო, საყოველთავო მთელის იმ ხალხისა, რომელიც ოდესმე ერთად ტანჯულა, რომელსაც ქართველთა შესისხლულის ისტორიის მძიმე უღელი ჭირში თუ ლხინში ერთად ძმურად უწევნია, რომელსაც ერთისა და იგივე ენით ჭირში უგლოვნია, ლხინში უმხიარულნია, და რომელიც დღესაც ერთისა და იგივე ენით - თუ არაფერს აკეთებს - თავის მოძმეს მაინც აბეზღებს ღმერთთანაცა და კაცთანაცა.
V
იმერელი, გურული, მეგრელი, ქართლელი, კახელი - ეს ცალკ-ცალკედ მითვისებული, კერძოობითად მიღებული, განმაყოფელი სახელები ჩემის ზემოხსენებულის სიტყვის ცხადი მაგალითებია. მაგრამ მეტყვიან: ეგ ყველა ხალხში არისო. მართალია, მაგრამ არა ეგრე გულსაკლავად, როგორც ჩვენშია. იქ, სხვა ხალხში, საცა თვითვეულს პირს თავის დამოკიდებულება თავის ხალხთან არ შეუწყვეტია და სისხლში და ხორცში გამჯდარი აქვს, იქ მაგისთანა სახელები შინაურობაში იხმარება ურთიერთის გასარჩევად და არა საქვეყნოდ, საგარეოდ. მარსელში მცხოვრებელი ფრანციელი, რასაკვირველია, ფრანციელსვე ეტყვის, მარსელელი ვარო, მაგრამ უცხოქვეყნელს კი ეტყვის, ფრანციელი ვარო. ეგ იმას ნიშნავს, რომ იგი შინაურობაში მარსელელია და გარეობაში - ფრანციელი. უცხოსათვის ერთი იმათგანია, საცა ყველანი ამისათვის ცხოვრობენ და ყველასათვის თვითონა ცხოვრობს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი ძალა - ჩემი ხალხის ძალააო, ჩემი სიკეთე - ჩემი ხალხის სიკეთეაო, რომ ჩემი სისხლი ყოველს ფრანციელთან ერთადა დუღსო, ყოველის ფრანციელის ცხოვრების ძარღვი ჩემის ცხოვრების ძარღვიაო, და თუ გინდაო, ყოვლის ფრანციელის ავად და კარგად მყოფობას ჩემს მაჯაზედ შეატყობო. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი წყენა უცხოსაგან - ჩემი ხალხის წყენააო, და ჩემი ხალხის წყენა - ჩემი საკუთარი წყენააო.
ჩვენში? ეჰ, რაღა გითხრა, მკითხველო! შენც კარგად იცი, რომ „ქართველი“ ჩვენის ტომის საერთო სახელი აღარ არის, აღარც შინა და აღარც გარედ, არც მახლობლისათვის და არც უცხოსათვის. იმერელი - იმერელია, გურული - გურულია, მეგრელი - მეგრელია, ქართლელი - ქართლელია, და სულ ყველანი კი ერთად ქართველები არ არიან.
ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თვითო არ არის და თვითოში - ყველა, საცა თვითვეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითვეულისათვის, საცა „მე“ ხშირია და „ჩვენ“ - იშვიათი!
VI
განვთვითვეულდით, ცალკ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასოდ დავიჭერით, და მაგ განთვითვეულებამ, ცალკ-ცალკეობამ ყოველგან და ყოველსფერში ის საქმე გვიყო, რაც ეზოპეს ზღაპარში თვითვეულს წკეპლას მოუვიდა, ერთად ძნელად გადასამტვრევს. ამის შემდეგ, რასაკვირველია, საერთო სახელი აღარ შეგვრჩებოდა, და აკი აღარ შეგვრჩა.
რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი, ის საყოველთავო სახელი გონებიდამ გამოგვეცალა, ჩვენი გონება დაიფუყა, სულით და ხორცით დავკუწმაწდით. გონება ჩვენი, როგორც ყოველივე საგანი, რომელიც დაიფუყება, შეგვივიწროვდა, დაგვისუსტდა და, რასაკვირველია, ვეღარაფერს ფართოსა და დიდს აზრს ვეღარ დაიტევდა და ვერ ზიდავდა. ამ მიზეზით ყოველივე აზრი, ფიქრი, სურვილი, გრძნობა დაგვინამცეცდა, გონებითად, ზნეობითად დავპატარავდით. მას აქეთ, რასაც კი ხელი მოვკიდეთ, ვეღარ მოვერივენით, რასაც კი გონების თვალით დავაკვირდით, გონებაში ვერ დავიტივეთ; ავიღეთ ყოველი იგი და დავანაკუწეთ, იმოდენა ნამცეცებად ვაქციეთ, რამოდენის ზიდვასაც თვითვეულის ჩვენგანის ღონე შესძლებდა, რადგანაც მთელის ზიდვისათვის საერთო მხარი აღარა გვქონდა. ზემოთ ვსთქვი, რომ ერთიანი სახელი მთელის ჩვენის ხალხობისა ხუთ თუ ექვს ნაჭრად დავყავით-მეთქი! გონებამ ჩვენმა ერთიანი, მთლიანი აზრი იმ სახელისა ვეღარ დაიტივა, ვერ ზიდა, აიღო და ის სახელი და მისი აზრი ხალხი მცირე ნაწილს დაარქვა. ამრიგად, სიტყვას - ქართველს, რომელსაც საზოგადო მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოობითი მნიშვნელობა მიეცა. სიტყვას - მამულსაც ეგ საქმე დაემართა.
VII
მამული!.. ამ სიტყვის ყოვლადმპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითვეულება - ეგ ჭირთაჭირი - არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითვეულსა - მთელის ხალხისა და მთელს ხალხს - თვითვეულისა ჭირი და ლხინი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღვლითა ნაღვლობს, ლხენითა ლხინობს, დღეობითა და დიდებითა დღესასწაულობს. იქ მაგ სიტყვაში ყოველია და ყოველში ყველა არის.
ჩვენში? ჩვენშიაც მაგ სიტყვას მაგეთი მნიშვნელობა ჰქონია თურმე. იცი როდის? როცა ჩემი „მე“ და შენი „მე“ ჩვენის ერთიანის ხალხის ცხოვრების საყევარში ერთად ბმულა.
ეხლაო, მკითხავ, მკითხველო? ნუთუ მაგას კითხვაღა უნდა? განა შენ თვითონ არ იცი, რომ ეხლა ეს დიდებული სიტყვა თვითვეულის ჩვენგანის გათავთავებულს უძრავს ქონებასა ნიშნავს და არა მთელი ხალხის სამშობლოს - ბინასა, რომელიც ქვისა და კირის მაგიერ ჩვენის მამა-პაპის სისხლითა და ძვლებით დამყარებულია. სადღაა მამული? ხორცის დაუძლურებას სულის დაუძლურებაც ზედ მისდევს: განვკერძოვდით, და რამოდენადაც თვითვეული ჩვენგანი მთელს ქართველობაზედ უძლურია და პატარა, იმოდენად თვითვეულის ჩვენგანის აზრი საყოველთავო საგანზედ დაუძლურდა, დაპატარავდა. ჩვენს დაფუყებულს და შევიწროებულს გონებას სადღა შეეძლო ექონია ის ვრცელი და დიდებული აზრი დიდებულის სიტყვისა? მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრისკაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე; მამულისათვის ბრძოლა ეხლა სასამართლოში შეტანილი ღერბიან ქაღალდზედ სადაო საჩივარია; მამულისთვის ძლევამოსილობა - მოგებულის საქმის განაჩენის პირია, ჯეროვანად შემოწმებული; მამულის სიმაგრე - ტყრუშული ღობეა, ვენახგარეშემო შემორტყმული; მამულის პატივი - ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი; მამულისშვილობა - მხვნელისა და მთესველის სახელიღაა.
VIII
ზღვა კოვზით არ დაილევავო, ნათქვამია. აი, თუ არ დაილევა, სად არის მამულის ყოვლადმპყრობელი, ვრცელი ფრთაგასაშლელი მნიშვნელობა?
განვიმეორებ, განვთვითვეულდით, და თვითვეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასათვის ადვილად საზიდია. თვითვეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა. რაღა უნდა გვექნა ამის შემდე? ავიღეთ და მთელი მამული, ერთიანი ჩვენი ბინა დავყავით, გავინამცეცეთ თვითვეულის ღონის კვალობაზედ ასე, რომ ზიდვაც შესაძლო ყოფილიყო ჩვენის ქონდრისკაცობისათვის და დაპატარავებულს ტვინშიაც მოთავსებულიყო. დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლო ოჯახი, რომლის ბოძად იყო ერთიანი მხარი მთელის ქართველობისა, და მის ნაშთის ნამტვრევებისაგან პატარ-პატარა ხუხულები ავაშენეთ, რომელსაც საზოგადო სახელი „მამული“ დავარქვით და რომელშიაც ჩვენც დავეტივენით და ჩვენი ამომშრალის ტვინის და გონების აზრიც დავტივეთ; დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი; დიდი „მამული“ დავშალეთ, პატარები გავიკეთეთ, და აქაც გავამართლეთ ჩვენის რუსთაველის სიტყვა: ყოველი მზგავსი მზგავსსა შობსო.
თვითვეულმა ჩვენგანმან თავისი ხვედრი, დიდის „მამულის“ ნაშთი, თავ-თავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითვეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა და საზოგადო სახელი „მამული“ თავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ ვიქნებიო, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო. ამ სახით თვითვეული ჩვენგანი თავის შემოღობილში შეიკეტა, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აიჩინა; და რომ თვითვეულმან ჩვენგანმან საერთო საქმეს თვალი მოაშორა და გონება თვისი საერთო საგანზედ აღარ ავარჯიშა, ის გონებაც ისე დაუბრმავდა, რომ იგი თავის ქონების ღობის იქით ვეღარ გადაუცილებია, რომ თავის მოძმეს გაეხმაუროს მაინცა.
IX
ეხლა, ჩემო მკითხველო, შენ შენს კერძო მამულზედა სწუხარ და სტირი, მე - ჩემს კერძო მამულზედა, ყველას გაცალკევებული, საკუთარი და კერძო ნაღველი გვაქვს, როგორღა მივუყენებთ ერთმანერთს აზრსა? რადგანაც ვიცით, რომ ვეღარ მივუყენებთ ერთმანერთს აზრს, ამიტომაც სალაპარაკოდაც აღარ შევყრილვართ. ან სალაპარაკოდ რიღასთვის უნდა შევყრილვიყავით? ლაპარაკი აზრის აღებ-მიცემობაა. მე რა მაქვს შენთან საერთო, რომ ერთად გვეაზრნა, საერთო აზრის აღებ-მიცემობა გაგვეწივა. რაკი შენ იმერლობა დაირქვი და მე კახელობა, მე შენთან სალაპარაკო აღარა მაქვს რა და შენ - ჩემთან; რაკი შენ შენს სახნავს მიწას და ერთობ შენს უძრავს ქონებას შენი მამული დაარქვი და მე ჩემსას - ჩემი, მე შენთან საერთო მოსაფიქრებელი აღარა მაქვს რა და შენ - ჩემთან. ამიტომაც დავშორდით ჩვენ ერთმანერთსა, შენ იქით წახველ და მე აქეთ წამოვედი, და მას აქეთ მე და შენ ერთად აღარ გვილაპარაკნია. დიდის ხნის ულაპარაკობამ როგორც აზრით, ისე სიტყვითაც ერთმანერთს დაგვაშორა. ერთიერთმანერთის სიტყვას ყური გადავაჩვიეთ: შენ ჩემი სიტყვა ან სულ არ გესმის, და თუ გესმის, შენებურად გესმის, მე კიდევ შენი სიტყვა ჩემებურად მესმის. ამიტომაც ქართული ვეღარავის გვიცვნია, თუმცა კი ყველანი ქართულად ვლაპარაკობთ. რად მოხდა ესე? იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ყოველსფერში გავთავთავდით, აზრი და ყოველი საგანი გავითავთავეთ და სიტყვაც, რომელიც მარტო აზრისა და საგნის ნიშანია, გათავთავდა. ამიტომაც ჩვენი ენა კილოიანი გახდა, იგავიანი, ორპირი შეიქმნა. ასე, რომ ერთ და იგივე სიტყვას მრავალგვარი აზრი მიეცა. აბა რა გითხრა იმისთანა, რომ შენ კილო არ გამოაბა? მიირთვიც რომ გითხრა, ამ კარგს დარბაისლურს სიტყვას, თუ მოინდომებ, ცუდად ჩამომართმევ, თუ ნამეტნავად ზოგიერთი კაცის გულის გარყვნილებაში შენც წილი ჩაგიდვია. შემობძანდი რომ მითხრა, ხომ კაი სიტყვაა, ეგ ჩემზედ ჰკიდია, საწყენად მივიღო თუ სალხენად. აი აქ „ჰკიდია“ ვიხმარე და შენც ათასჯერ ხმარობ, მაგრამ ვშიშობ, რომ მაგ სიტყვას ერთმა ბრიყვმა ვინმე თავისის წამხდარისა და გარყვნილის გონების აზრი არ მიაწეროს.
X
სადღა არის ეხლა ქართული ენა? ან გვინდაღა ქართული, როცა ჩვენ თვითონ ჩვენდა დასაღუპავად ქართველობაზედ ხელი ავიღეთ? გონებით რომ აღარ ვცხოვრობთ, ქართულს ენას აზრს როგორღა გამოათქმევინებთ? ერთობისათვის რომ აღარა ვართ, ერთნაირს სიტყვის მნიშვნელობას როგორ მოვსთხოვთ ჩვენს ენასა? თუნდ რომ ჩვენს ენას და სიტყვას აზრიც გამოათქმევინოთ, ვის რად გინდათ, ენას აზრს ვინღა ჰსთხოვს? ჩვენ თვითონ დავცალიერდით გუდაფშუტასავით, ცარიელი სიტყვებიღა გვინდა, ცარიელი ხმები, რომ ენამ პირში იშტვინოს და ყურმა ძარღვი იფხანოს. სხვა რისთვის გვინდა ენა? საერთო სახელი ქართველი კერძოობითად გავხადეთ, მამული დანეხვილ ნაფუძრად გარდავაქციეთ, პატივი - ნეხვად, თავი - გოგრად, და ჩვენი უადამიანობა იქამდინ მივიყვანეთ, რომ კაცი კაცს აღარა ნიშნავს, თუ ზედ კაცური არ დავუმატეთ. და მის შემდეგ კიდევ გინდათ, რომ ენა გვქონდეს?
XI
ჩვენ რომ ერთიერთმანეთს გადვუდექით, თავი შევიკეტეთ ჩვენს პატარა ხუხულაებში და ერთიერთმანეთს აღარ გაველაპარაკენით, რასაკვირველია, ენაც დაგვიმუნჯდებოდა და დაგვიკოჭლდებოდა. მეტყველების ნიჭს ისეთი ვარჯიშობა უნდა, როგორც ყველაფერს სხვას. მეტყველების წყარო აზრია და აზრის წყარო გონებითი ცხოვრებაა. ჩვენ განკერძოვების შემდეგ გონებითად აღარ გვიცხოვრია და რადგანაც ენას მაინც პირში ტოკვა უნდოდა ჩვეულებისამებრ, ავიღეთ და უაზრო ხმები, რომელიც ჩვენი ხუხულაების გარეშემო პირუტყვს ბუნებაში ისმოდა, ენის სალაქლაქო ქართულ სიტყვებად ვაქციეთ, და მადლობა ღმერთსა, დღევანდლამდე ამგვარის სიტყვებით იოლად მივდივართ. ამიტომაც პირუტყვ-ბუნების ხმის მზგავსის სიტყვებით აივსო ჩვენი ენა. და დახე, თუ ერთი გონებითის აზრის მცველი სიტყვა ემატნა. მაგალითები ათასია: ფრიალი, კრიალი, ბრიალი, პრიალი, გრიალი, ქრიალი, ღრიალი, ჭრიალი, ხრუტუნი, ღრუტუნი, სრუტუნი, წრუტუნი, ჟრუტუნი, ფრუტუნი, და ათასი ამისთანით აივსო აზრმოკლებული, უნიადაგო ჩვენი უბედური ენა. სადღაა ქართული ენა? ქართველობა გათავთავდა, მამული - აგრეთვე, სადღა გაიბას ქართულმა ენამ თავისი ფესვი საერთო აზრიანობისათვის? კიდევ ამას ვიტყვი, რაც ზემოთა ვსთქვი: მე რა მაქვს შენთან საერთო, რომ ერთად გვეაზრნა, რომ ერთმანერთის აზრის აღებ-მიცემობისათვის საერთო მნიშვნელობის სიტყვა და ენა შეგვექმნა? შენ შენთვისო, მე ჩემთვისო, ძმებმა ერთმანეთს ვუთხარით, ცივად ერთმანერთს თავი დავუკარით, უცრემლოდ ძმა ძმას გამოვესალმენით, უკანასკნელი საერთო სიტყვა „მშვიდობითო“ უკანასკნელადღა ვახსენეთ, შენ იქით წახველ და მე აქეთ, თვითვეულად, თავ-თავად, და ვინ იცის, როდისღა შევხვდებით ერთმანერთს, რომ კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული „გამარჯვება“ მითხრა შენ მე და მე - შენ, ჩემო დაკარგულო ძმაო თუ დაო!..
[1866 წ. - 1873 წ. იანვარი]
ზოგიერთი რამ
ხელნაწერი: ავტორიზებული ასლი, U № 165, გვ. 1-6 (B); ასლი, U № 217, გვ. 602-611 (C).
ნაბეჭდი: ჟურნ. „დროება“, 1876 წ., 14 III, № 27, გვ. 1-2 (A).
ხელმოწერა: მ. ჯიმშერიძე B; ილ. ჭავჭავაძე A.
გაზ. „დროებაში“ წერილი დაიბეჭდა რუბრიკაში „საქართველო“; B ხელნაწერშიც სათაურის ზემოთ მიწერილია „საქართველო“; C ხელნაწერს აქვს მინაწერი: „დროება“ 1876 წელსა № 27.
სავარაუდოა, რომ B ხელნაწერი დაედო საფუძვლად გაზ. „დროებაში“ დაბეჭდილ ტექსტს, ვინაიდან ხელნაწერს ცენზურის კვალი ამჩნევია, - ბოლოში აქვს ცენზურის ნებართვის თარიღი და ცენზორის ხელმოწერა: «Позвол. цензур. Тифл. 12 марта 1876. Цензор Дим. Бакрадзе;» ამას გარდა, ხსენებულ ხელნაწერში გვხვდება ცალკეული ჩასწორებები, რომლებიც გათვალისწინებულია გაზ. „დროებაში“ დაბეჭდილ ტექსტში.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა 1927 წელს, - ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, სათაურით - „საქართველო (ზოგიერთი რამ)“. ილიას თხზულებათა ათტომეულში (ტ. III, 1953 წ.) წერილი დაიბეჭდა სათაურით: „ზოგიერთი რამ“. შემდგომ პუბლიკაციებშიც ეს სათაური დამკვიდრდა).
როგორც დასახელებული გამოცემების სარედაქციო შენიშვნებიდან ირკვევა, გამომცემლები, ილიას ამ წერილის გამოქვეყნებისას, ჩვენ მიერ ზემოთ მითითებული წყაროებიდან ემყარებოდნენ მხოლოდ A და B წყაროებს, მაგრამ ამავე დროს მათ, ჩვენგან განსხვავებით, ხელთ ჰქონდათ ილიას წერილის კიდევ ორი წყარო, რომლებიც ამჟამად, როგორც ჩანს, დაკარგულია: ილიას ავტოგრაფი, რომელიც დაცული ყოფილა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმში (კრებული № 5029-S) და მეორე ავტოგრაფი, დაცული ი. გრიშაშვილის არქივში. ამასთან პირველი ავტოგრაფი (№ 5029-S), როგორც პ. ინგოროყვა გვაუწყებს ზემოხსენებულ სარედაქციო შენიშვნებში, წარმოადგენდა ილიას აღნიშნული წერილის პირველ რედაქციას და საგრძნობლად განსხვავდებოდა ამ წერილის უკანასკნელი რედაქციისაგან, რომელიც გაზ. „დროებაში“ დაიბეჭდა. ეს პირველი რედაქცია (სათაურით - „ტფილისი“), პ. ინგოროყვას ცნობით, იწყება ასეთი შესავლით: „ესეც გაზეთი. მოგვეცა, მადლობა ღმერთს, ხმის ამოღების უფლება მაინც, რომ სხვა არა იყოს რა...“
ამ სიტყვებზე დაყრდნობით, პ. ინგოროყვა ასკვნის, რომ „აქ იგულისხმება გაზეთი „დროება“, რომელმაც გამოსვლა დაიწყო 1866 წლის მარტიდან. ამის მიხედვით ეს წერილი 1866 წელსაა დაწერილი, „დროების“ პირველი ნომრებისათვის“. პ. ინგოროყვა იქვე განმარტავს, რომ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ქართული გაზეთი ორჯერ გამოვიდა: 1866 წელს - „დროება“, ხოლო 1877 წელს - „ივერია“, და ცხადია, რომ ილიას „ამ წერილში არაა ნაგულისხმევი „ივერია“, რადგან თვით ეს წერილი - მისი უკანასკნელი რედაქცია, - ამაზე ადრე დაიბეჭდა, 1876 წელს“.
მართალია, აქ პ. ინგოროყვა არ მოიხსენიებს ამავე პერიოდში დაარსებულ კიდევ ორ ქართულ გაზეთს: „გუთნის დედას“ (1861-1876 წწ.) და „სასოფლო გაზეთს“ (1868-1880 წწ.), მაგრამ, ცხადია, ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ილიას ეს წერილი რომელიმე ამ სასოფლო-სამეურნეო გაზეთისათვის ყოფილიყო ნავარაუდები).
ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ილიას „ზოგიერთი რამ“ მხოლოდ 1876 წელს გამოქვეყნდა, ამის ახსნა, როგორც სამართლიანად აღნიშნავს პ. ინგოროყვა, „რასაკვირველია, იმდროინდელ საცენზურო პირობებში უნდა ვეძიოთ. ავტორის ეროვნული რადიკალიზმი, რომელიც მოჩქეფს ამ წერილის თვითეული სტრიქონიდან, ცხადია, უნდა იყოს იმისი მიზეზი, რომ წერილს 1866 წელში დაბეჭდვა არ ეღირსა. და თუ 1876-ში, ათი წლით გვიან, ილიამ მაინც მოახერხა ამ წერილის გამოქვეყნება, ეს, უნდ ვიფიქროთ, სხვათა შორის იმანაც გააადვილა, რომ 1876-ში ცენზურის სათავეში იდგა ქართველი მწერალი (დიმიტრი ბაქრაძე)“.
პ. ინგოროყვა აღნიშნავს აგრეთვე, რომ „რაკი 1876-ში ილიას ხელმეორედ განუზრახავს ამ წერილის დაბეჭდვა, ბუნებრივია, რომ ეს ძველი წერილი მას ხელახლა გადაუხედავს, შეუსწორებია და შეუვსია“24.
ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, ილია ჭავჭავაძის ნაწერების 1925-1929 წლების გამოცემებში „ზოგიერთი რამ“ 1876 წლით არის დათარიღებული, ხოლო 1951-1961 წლების გამოცემაში (ამ გამოცემაზე დაყრდნობით კი - ილიას თხზულებათა შემდგომ გამოცემებშიც) - 1866-1876 წლებით.
მაგრამ ზემომითითებული წერილის დათარიღებისას ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამომცემლები, როგორც ჩანს, არ ითვალისწინებდნენ ერთ დოკუმენტს, რომელიც, ჩვენი აზრით, ასეთი დათარიღების გადასინჯვის აუცილებლობას განაპირობებს: ეს არის კირილე ლორთქიფანიძისადმი მიწერილი ილიას ბარათი, რომელიც ყველა ნიშნით 1873 წლის თებერვლის პირველი ნახევრით თარიღდება.
„...რედაქციას ჩემი სტატია „ზოგიერთი რამ“ უნდა ჰქონდეს, - წერს ილია, - მაცნობე, ჰბეჭდავთ მაგ სტატიას, თუ არა. ოღონდ ეგ დაიბეჭდოს და შეიძლება ცენზორს ბევრი დაუთმოთ“. (ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, 1961, გვ. 30).
ძნელია დაბეჯითებით ითქვას, თუ სახელდობრ რომელ რედაქციას გულისხმობდა ილია, - გაზ. „დროებისას“ თუ ჟურნ. „კრებულისას“ (გარდა „სასოფლო გაზეთისა“ და „გუთნის დედისა“, რომელიც ნაკლებ სავარაუდოა, 1873 წელს ქართულ ენაზე არსებული ორივე პერიოდული გამოცემის - გაზ. „დროებისა“ და ჟურნ. „კრებულის“ - რედაქციები იმჟამად ერთ შენობაში - სოლოლაკზე, სოლომონ მირიმანოვის სახლში იყო მოთავსებული, ხოლო კირილე ლორთქიფანიძე ამ ორივე რედაქციის აქტიური წევრი იყო, (1873 წლის დამლევიდან კი, ერთი წლით, ორივე გამოცემის რედაქტორი). მაგრამ ზემოთ ციტირებული ბარათი, ჩვენი აზრით, სავსებით ადასტურებს, რომ ამ ბარათის დაწერისას ილიას დასაბეჭდად უკვე გადაცემული ჰქონდა 1866 წელს დაწერილი თავისი წერილის ახალი, გადაკეთებული ვარიანტი, - რამდენადაც 1873 წელს, როცა საქართველოში არავითარი ახალი გაზეთის გამოცემა არ განხორციელებულა, ილია თავის წერილს, თავისთავად ცხადია, ვეღარ დაიწყებდა სიტყვებით: „ესეც გაზეთი. მოგვეცა, მადლობა ღმერთს, ხმის ამოღების უფლება მაინც, რომ სხვა არა იყოს რა...“.
ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობთ, სრულ საფუძველს გვაძლევს, რათა ილიას ამ წერილის დაწერის საბოლოო თარიღად არა უგვიანეს 1873 წლის დამდეგი ვივარაუდოთ და „ზოგიერთი რამ“ ნაცვლად 1866-1876 წლებისა, ამ ვარაუდის შესატყვისად დავათარიღოთ: [1866 წ. - 1873 წ. იანვარი].
ტექსტში შეტანილი გვაქვს შემდეგი სწორებები:
62. 26 რაოდენადაც] რაოდენათაც. 87. 13 მოსდევს] მოზდევს. 169. 1, 2 მივუყენებთ] მიუყენებთ. 170. 19 გადვუდექით] გადუდექით. 171. 15 აქეთ] აქედ.
161. 2 „თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა“.
თ. გრ. ორბელიანი.
წერილის ეპიგრაფად წამძღვარებული ეს ციტატა, გარკვეული ცვლილებით, აღებულია გრ. ორბელიანის ლექსიდან „იარალის“, - სახელდობრ, გრ. ორბელიანთან ვკითხულობთ:
„მაგრამ მოთქმითა ნუგეშ ეცემის
და ჭმუნვა მითცა შემცირდებისა“.
_______________
24. პ. ინგოროყვა მიუთითებს ი. გრიშაშვილის არქივში ნანახ ხელნაწერსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმში დაცულ ხელნაწერ კრებულზე - №5297 (ამჟამინდელი - U №165). - იხ. ილია ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული, ტ. IV, 1927 წ., გვ. 412-414.
![]() |
2.8 „კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“ |
▲back to top |
აი, ესეც ახალი გაზეთი ჩვენის ძველის სახელითა. ძლივს არ დაიბადა!.. მაგრამ რაღაც უგემური კი გამოდის. ფხა არა აქვს, ფხა!.. მოჰყოლიან, ბატონებო, ეს მეცნიერებაო, ეს ცხოვრებაო. ეს ისაო, ეს ესაო. ვჰსთქვათ, რომ მართლაც მეცნიერი იყოს (ტყუის კი, თქვენმა მზემ), ვჰსთქვათ, რომ ცხოვრების ამწონიც და დამწონიცა, - ვითომ მაგით რაო? არა, ვის წინა თამაშობთ მალაყებსა? მაგითი გინდათ თვალი აგვიბათ, განა? მაშ კარგად გიცვნიათ ქართველები. მოგესევით, ბატონებო, ასეთს კორიანტელს აგიყენებთ, რომ თქვენის საქმისა ვერც თავი გაიგოთ და ვერც ბოლო. ვითომ ბევრი ქექა და თავის ტკენა დაგვჭირდება თუ!.. ამის მეტი ხომ არა დაგვეხარჯება რა, რომ ეგ თქვენი „ივერია“ უკუღმა წავაკითხოთ საზოგადოებასა. ეგ სახელი უკუღმა რომ წავიკითხოთ, „აირევი“ გამოვა. აი აგერიოთ გზა და კვალი!.. კაი სახელი დაგირქმევიათ, ო, თქვენმა მზემ!
რაო? მეცნიერება და ცხოვრებაო?!.. აი, მეხი კი დაგეცათ. გაზეთიო მეცნიერებისა და ცხოვრების შორის შუამავალიაო. მაჭანკალი გეთქოთ. არა, ჯერ ერთი ეს მითხარით: ჩვენს უფერულს, უგემურს, ზლაზვნით მოარულს ცხოვრებას რა აქვს დასაბარებელი მეცნიერებასთან, რომ მოციქული აგიჩენიათ. ან თვითონ მეცნიერებას ნუთუ უჩვენოდ ვეღარ გაუძლია, ნუთუ უჩვენოდ ფეხი წინ ვერ წაუდგამს, რომ მის მხარითაც შუამავლის მოგზავნა საჭიროდ დაგინახავთ. ჩვენს ცხოვრებას მეცნიერებასთან რა ხელი აქვს და მეცნიერებას ჩვენს ცხოვრებასთან? ვითომ აქამომდე რომ ესენი უმძრახად იყვნენ და უერთმანეთოდ სუფევდნენ, - რა ცუდი იყო, რა დაგვაკლდა? არაფერი, თქვენმა მზემ. მაშ ისე რა გასჭირებია ან მეცნიერებას, ან ცხოვრებას, რომ ერთმანეთთან მოციქულის მიგზავნა დაჰსჭირებიათ და ამ მოციქულად ამოურჩევიათ ეს ახალი გაზეთი. მაგრამ ვინ იცის? იქნება ერთს მეორის ვალი ედოს, იქნება ეხლა დრო მოვიდა გადახდისა და, ვიდრე ისტორიის წინაშე განიბჭობიან, სურთ, რომ მოციქულის პირით როგორმე მოშველდნენ? იქნება თვითონ ცხოვრებაც ადამიანისა სესხი და ვალი იყოს? თუ ეგრეა, ჩვენ, ქართველებს, ათადამ-ბაბადამ მაგ სესხისა და ვალის მეტი არა გვიკეთებია რა! გვიღია სესხიცა და გვიხდია ვალიცა. ეგ დიდის ხნის ამბავიაო, მეტყვი, მკითხველო! მაშინდელია, როცა ჩვენი ცხოვრება ჩვენს მხრებზედ ეყუდა; როცა ამ მძიმე ტვირთიდამ მხარის გამოცლა ჩვენში სირცხვილი ყოფილა. ეხლაო? ეხლა სესხია ჩვენი ცხოვრება ყველასათვის და ვალია თუ არა ვისთვისმე - ეგ კი ღმერთმა იცის.
შორს წავედი. რაზედ დავიწყე ლაპარაკი და რაში გავები, ქართველი ვარ და ტიტინი მიყვარს. შემინდეთ მეტი სიტყვა.
გაზეთმაო მეცნიერების შენობისათვის ცხოვრებისაგან მოგროვილი ქვა-კირი უნდა ზიდოსო და იქიდამ კიდევ დედაჰაზრები უნდა გადმოიტანოს ცხოვრებაშიო. ნეტა რას მიჰქარავთ!.. მაშ ჩვენი ცხოვრება ქურახანა ყოფილა და თქვენი გაზეთი ტვირთთა მზიდველი სახედარი და სხვა არარა? ეგ ეგრეც რომ იყოს, რად გიტკენიათ თავი, მაგოდენა ტვირთი რად აგიკიდნიათ? ორში ერთი: ან უნდა გვაჩვენოთ, რომ ღონივრები ვართო, შემოგვხედეთ რამოდენა ტვირთსა ვძრავთო, ან გინდათ დაგვანახოთ, რომ გაზეთი ტვირთია და არა ქეიფი, შრომაა და არა ცუღლუტობა, საქმეა და არა მასხარაობა. ვითომ თქვენ მართლა მეცნიერების კარი უნდა გაგვიღოთ?.. თუ ეგ მაგრე ადვილი იყოს, ვითომ ჩვენ უთქვენოდაც მაგას არ ვიქმოდით?.. მეცნიერება სალაროა, საცა აწყვია უკეთესი განძი, ადამიანის უკეთესის ჭკვითა და გრძნობით მოპოებული; იგი უდიდესი ტაძარია, საცა დაყუდებულია დიდებულ ხატი კაცობრიობისა, ადამიანის ჭკვითა და გულით ძვირფასის თვალებით შეჭედილი, საცა განუქრობლად ანთია უმშვენიერესი ხომლი ადამიანის ჭკვითა და სულით ანთებულის ჭეშმარიტებისა. თქვენ იქ, იმ უწმიდესს ტაძარში, თქვენი გაზეთი - ეგ ტვირთთა მზიდველი სახედარი უნდა შეიყვანოთ?!.. ფიცი მწამს და მეშინიან ბოლომ არ გამაკვირვოს.
ფიცს მალე ვიწამებთ ხოლმე, იმიტომ რომ გულჩჩვილნი ვართ და მალე დამჯერნი, მაგრამ ბოლო კი ყოველთვის გვაკვირვებს, იმიტომ რომ უბედურნი ვართ; ყოველი ჩვენი უკეთესი იმედი მტვრად აუგვია ამ ულმობელს ქვეყნის უკუღმართობას და ცხოვრების მღვრიე წყალთა დენასა წაულამავს, წაულექნია. ვჰსტირით და ვვალალებთ, რომ ეს ასრე მოხდება ხოლმე, და როცა ღრმად ჩავფიქრდებით, ის კი აღარ გვიკვირს, რომ უბედურნი ვართ, მარტო ის გვიკვირს - როგორღა ვართ ცოცხალნი. შაბაშ, ქართველთ გამძლეობას!..
ნუ დამიღონდი, მკითხველო! რა ვქნა, სიცილით ვიწყობ და გლოვით ვათავებ ხოლმე. სიცილი და გლოვა ვითომ და-ძმანი არ არიან? ვითომ ხელიხელგაყრილნი არ დაიარებიან იმ მუშტის-კრივში, რომელიც არსებითის პურისათვის დღე-ყოველ გამართულია და რომელსაც ცხოვრებას ეძახიან? ორპირია, ბატონო, ცხოვრება: როცა ერთი პირი უცინის, მეორე უტირის. ნუ დამიღონდი. ავყვეთ კიდევ ამ ჩვენს ახალს გაზეთსა. თუ ეგრეა დაწესებული, დეე სიცილ-ტირილმა, ამ და-ძმამა გვდიოს ჩვენ ბოლომდინა.
მოჰყოლია ეს ახალი გაზეთი და ყვირის: ჩვენ არ ვიკადრებთო ადამიანის შეურაცხყოფასაო. ნუ იკადრებთ, თუ გიყვარდეთ. განა ქართველები არა ხართ? ვაი თქვენს ლხენასა, თუ ეგრეა. და თუ ქართველები ხართ, გული გაგიძლებთ, რომ არ იმასხარაოთ?!.. ყოველი წესი, ჩემო საყვარელნო, პაჭიჭსა ჰგავს: თუკი ერთი წვერი შემოერღვა, გათავდა კიდეც - სულ ბოლომდე რღვევით წავა. ეს კარგად დაიხსომეთ და ჩაიჭდიეთ გულში.
ეს ადამიანის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო!.. დასწყევლოთ ღმერთმა, რეებს არ მოიგონებენ კაცის მაცდურებისათვის! გვიხსენ, უკუღმართო წუთო-სოფელო, ამ ბოროტებისაგან! ბევრი კევრი დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ამისთანა კი ჯერ არც ერთხელ. რაებს ბოდვენ!.. ახლა გინდათ ეგ ვალიც დაგვადოთ კისერზედ, რომ კაცის უფლებას, ზნეობითს კანონს საყარაულო გავუმართოთ - ცოტა ვალი გვაქვს, რომ ეგეც ზედ არ დაართათ. ამ საადგილმამულო ბანკებს კი გადვურჩით, რომ მაგაებისათვის მოვიცალოთ! თუნდ ეგეც არ იყოს, მაშ მასხარაობას ქვეყანაზედ ადგილი აღარ ჰქონია. მაშ ადამიანმა რით უნდა მოიშოს გულიდამ ყოველ ცისამარის დღის ვალალება! რით უნდა გაართოს გული! და თუ მასხარაობას ადგილი აქვს, რაზედ და ვისზედ იმასხარებთ, თუ არ ადამიანზედ, თუ არ ჩვენს მოძმეზედა? დავიჯერო, რომ თქვენ აქ ფეხი არ წაგისხლტებათ და ადამიანის უფლებას და ზნეობითსა კანონსა თქვენ ცოტად თუ ბევრად არ დაარღვევთ? პაჭიჭი გახსოვდეთ, პაჭიჭი! მაგრამ რა? მიგიხვდით, მიგიხვდით თქვენს ოინბაზობას. დახეთ, დახეთ, შიშით რა სოროში შეძვრა დაბადებისვე უმალ ეს „ივერია“? თუმცა სოროში მიმალეთ თავი, კუდი კი გარედ დაგრჩათ. არ ვიკადრებთო! ეს კაცის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო, დამეკარგენით! თქვენ კარგად იცით, რომ თქვენს გაზეთს გამჩხრეკი აუჩნდება ვინმე. უამისოდ გაზეთი უსულოა, უფეროა, უღონოა. რადგანაც თქვენ თქვენის თავის იმედი არა გაქვსთ, რომ თქვენს მოპირდაპირეს სიტყვა შეუბრუნოთ, თვალი გაუსწოროთ, შიშით და სირცხვილით ხმას გაიკმენდთ და იტყვით: არავკადრულობთო. თუ ეგრეა, ასე მოვუხჩოლებთ ამ თქვენს „ბურთივით რგვალს“ რედაქტორსა, ასე მოვუყეფავთ, რომ აიღოს და თითონვე გამოძვრეს სოროდამა. აბა სეირი მაშინ იქნება, აი! აბა მაშინ ვიცინებთ და ვიხარხარებთ. ჩვენს უგემურს ცხოვრებაში ამის მეტი არც გვინდა. ჩვენ ქართველები ვართ, ბედს ჩვენთვის გული არასფერზედ არ აუსუყებია, ამიტომაც ზოგჯერ ცოტასაც ვიმყოფინებთ ხოლმე.
ადამიანის უფლების დარღვევაო!.. ვიშ, რა მოუგონიათ! რა გაბერილი სიტყვაა!.. რამოდენი კალთები აქვს! რასაც გინდა, ქვეშ იმას შეაფარებ. აი, აი, აი!.. ახლა მაგ ქანდარაზედ რომ შემსხდარხართ, ვითომ ფეხს მოიკიდებთ და თავდაყირა ძირს არ დაეშვებით? ერთი მითხარით, თქვენ ადამიანები ხართ თუ არა? თუ ადამიანები ხართ, „არარა ადამიანური თქვენ არ უნდა გეუცხოებოდეთ“... ვითომ თქვენ უარჰყოფთ ვნებათაღელვის ძალმომრეობასა; ვითომ უმგზავსოდ დაბრეცილი და აწოწვილი თავმოყვარეობა ადამიანისა არაფრად მიგაჩნიათ, ვითომ ადამიანის შური, მტრობა, შურისძიება თქვენ დაგიმორჩილებიათ; ვითომ გაწუწკებულის გულის ლაქლაქობის სენი - ადამიანის თვისებად არ გიცვნიათ! დავიჯერო, რომ ესენი ყველა ერთად და თვითეულად ცალკე გულიდამ სამუდამოდ გაგიდევნიათ? მაშ ადამიანობისა საერთოდ და ქართველობისა საკუთრივ რაღა დაგრჩენიათ? აი, თქვე ანგარების მოყვარენო! თქვე ადამიანის უარმყოფელნო, თქვე ქართველობის მოღალატენო! მიგიხვდით, მიგიხვდით; რაც ადამიანობის, ქართველობის უბედურებას შეადგენს, იქიდამ თავს ისხლეტთ, და რაც სიკეთეს და ბედნიერებას, იმაში კი წილს იდებთ. ფუ, თქვენს ვაჟკაცობასა, გულშემატკივრობასა, თქვენს სულგრძელობასა! განა ეგრე უნდა? ლხინში მეც შენთანაო, ჭირში კი შენ შენთვისო და მე ჩემთვისო. ამას უცილოდ თქვენ ვინ დაგითმობთ!..
ჩვენი გაზეთიო ჩვენის ცხოვრების სარკე უნდა იყოსო. თუ ეგრეა, მაშ ხომ ჩვენს ცხოვრებაში უნდა ჩაებათ. ის კი აღარ იცით, ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო, ვნახოთ, თუ ფერიცა და ზნეც არ გაცვლევინოთ. მე ადამიანის ცხოვრება ცოტად თუ ბევრად მიწვნევია და მწამს, რომ შექსპირი მართალია; „სულელთ თამაშაა ადამიანის ცხოვრებაო, - ამბობს იგი, - გინდათ თუ არა, უნდა ჩავდგეთ და ვიტრიალოთო“. ჩვენც, გვინდა თუ არა, ჩავდგებით, ვიტრიალებთ და თან ჩავითრევთ ამ ახალს გაზეთსაცა. მაშინ ვნახავთ, ეს თქვენი „ივერია“ როგორ გადიხატავს ამ ტრიალსა. ერთი სიტყვით, კარგი რამ გეჭირება - გაგვიკვირდება, ავს კი აღარ გავიკვირვებთ. ვნახოთ, მოვიცდით! ჯერ კი როგორღაც უგემურია. უფხოა, უფხო, თუ შენც იტყვი, მკითხველო. იქნება გემო და ფხა იმაშია, რისთვისაც ამ „ივერიას“ თავი დაუნებებია? ვინ იცის! ეჰა, ქვეყნის უკუღმართობავ, არა იყავნ ნება შენი!..
[1877 წ., 1 მარტამდე]
„კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“
ხელნაწერი: ასლი, U № 217, გვ. 678-681; ასლი, U № 1052, გვ. 143-147.
ნაბეჭდი: კვირეული გაზ. „ივერია“, 1877 წ., 3 III, № 1, გვ. 13-15 (ცენზურის ნებართვა: 1877 წ., 1 მარტი).
ამ ხელმოუწერელ ფელეტონს ილიას პირად არქივში დაცულ ორივე ხელნაწერ კრებულში აქვს მინაწერი: „ივერია“, 1877 წ., № 1, რაც ცხადყოფს, რომ ხელნაწერები გაზ. „ივერიის“ ტექსტიდანაა გადაწერილი.
ფელეტონი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IX ტომში. მითითებულ გამოცემაში და ილიას თხზულებათა შემდგომ გამოცემებში ფელეტონი 1877 წლითაა დათარიღებული. წინამდებარე ტომში წარმოდგენილ დათარიღებაში გათვალისწინებულია ცენზურის ნებართვის თარიღიც.
პირველნაბეჭდთან შედარებით ტექსტში შეტანილია შემდეგი სწორებები:
172. 10 კარგად] კარგათ. 173. 8 მოციქულად] მოციქულათ. 174. 15 ვვალალებთ] ვალალებთ. 175. 10 გადვურჩით] გადურჩით; 29 მოვუხრჩოლებთ] მოუხრჩოლებთ; 30 მოვუყეფავთ] მოუყეფამთ. 176. 14 თვისებად] თვისებათ; 24 უცილოდ] უცილოთ; 34 ვნახავთ] ვნახამთ.
სათაურად წარმოდგენილი ფრაზა ციტატია „ვეფხისტყაოსნიდან“.
172. 3 აი, ესეც ახალი გაზეთი ჩვენის ძველის სახელითა. - იგულისხმება ყოველკვირეული გაზეთი ”ივერია”, რომლის პირველი ნომერიც გამოვიდა 1877 წლის
3 მარტს.
176. 31 „სულელთ თამაშაა ადამიანის ცხოვრებაო... გინდათ თუ არა უნდა ჩავდგეთ და ვიტრიალოთ“. - ციტატა მოყვანილია შექსპირის „მეფე ლირის“ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბელისეული თარგმანიდან.
![]() |
2.9 ფიქრი და შენიშვნა |
▲back to top |
I
იმ სხვადასხვა საგანთა შორის, რომელთათვის ინიშნება ეს დროგამოშვებითი საუბარი, უმთავრესი ყურადღება მიქცეული იქმნება კავკასიის რუსულს მწერლობაზედ. იმდენად გახშირდა ჩვენში რუსული მწერლობა, თანდათან იმდენად ვრცელს ადგილს იპყრობს და ფესვებს იმაგრებს იგი ჩვენს ცხოვრებაში, რომ მასზედ სიჩუმე შეუძლებელია მისთვის, ვინც ცოტაოდენად მაინც ადევნებს თვალ-ყურს გარემოცულს ცხოვრებას და გულგრილად არ უცქერის ამ ცხოვრების ავკარგიანობას, ბედსა და უბედობას. მართალია,... ჩვენი ცხოვრება და ბედ-იღბალი იმგვარად არის მომართული, რომ რუსული ლიტერატურა მთლად, საზოგადოდ, მთის იქით თუ მთის აქეთ, ღირსშესანიშნავია და ცნობისათვის საჭირო. მართალია, ჩვენს ნიადაგზედ იქმნება აღმოცენილი რუსული მწერლობა თუ რუსეთში, ორივე უნდა იქონიოს კაცმა მხედველობაში და ორივეს უნდა ადევნოს თვალ-ყური, მაგრამ ამ ორთა შორის განსხვავებაც არის. რუსეთის მწერლობა იმდენად ღირსშესანიშნავია, რამდენადაც ღირსშესანიშნავია თვით რუსეთის ცხოვრება, მისის ჭკუისა და აზრის მიმართულება და წარმატება. რაც ხეირიანი და გამოსადეგი რამ აბადია რუსულს აზრს და ჭკუა-გონებას, არსებობს სატახტო ქალაქის ჟურნალ-გაზეთობაში. ეს არის რუსის საზოგადოების აღმზრდელი და იმავე დროს მისის სურვილისა და მიდრეკილების გამომთქმელი. მაშასადამე, თუ საჭიროა ჩვენთვის რუსეთის ცხოვრების გაცნობა, საჭიროა იმავე საბუთით იმ ლიტერატურის გაცნობაც, რომელიც დასტრიალებს მას და სულს უდგამს.
რასაკვირველია, რუსეთის ლიტერატურაში მოიპოვება ზოგჯერ ბევრი იმისთანა რამ, რომელიც ერთგვარად შესანიშნავია, რა ენაზედაც და რა საზოგადოებაშიაც უნდა გადატანილ იქმნას. ამაზედ ლაპარაკი საჭირო არ არის. მისი მნიშვნელობა ცხადია, როგორადაც ცხადია ახალის ცოდნისა და აზრის შეთვისების საჭიროება, ვისიც და სადაურიც უნდა იყოს იგი აზრი.
რაც შეეხება ჩვენს აქაურს რუსულს მწერლობას, ე.ი. კავკასიისას, მის მნიშვნელობას და ღირსშესანიშნაობას ჩვენთვის სხვა საბუთი უძევს. მას არ შეუძლიან იქონიოს არც ერთი იმ თვისებათაგანი, რომელნიც მოსდევენ რუსულს მწერლობას რუსეთში და რომელნიც ზემოდ იყვნენ მოხსენებულნი. თუ მოვძებნით ახალს აზრს და მეცნიერების ახალს ღვაწლს ჩვენს, ე.ი. აქაურს რუსულს მწერლობაში, ვერას ვპოვებთ. მეცნიერების ახალი ღვაწლი და ახალი აზრი ნდომულობს ფართო გზას, გაშლილ ადგილს, მრავალ მსმენელს. ჩვენში რა უნდა? ნუ მოჰკითხავთ აგრეთვე ამ მწერლობას ნურც რუსის ხალხის და საზოგადოების სურვილს და მიდრეკილებას, ნურც მის აღზრდას და წრთვნას. ჩვენი აქაური რუსული მწერლობა მოძრაობს და იღვწის არა იმ ადგილას, სადაც სუფევს რუსეთის ხალხი და რუსეთის საზოგადოების ბუდე. ვისაც რომლისამე ხალხისა და საზოგადოების აღზრდა უნდა, ვისაც ჰსურს საზოგადოებრივის აზრისა და სურვილის მიმართვა, იგი უეჭველად მონახავს იმ ნიადაგს, სადაც მის სურვილს და ნდომას უფრო ვრცელი და უფრო მტკიცე დაკმაყოფილება მოელის. აქაურს რუსულს მწერლობას კი ფეხქვეშ უგია განსაკუთრებული ნიადაგი, აღსავსე განსაკუთრებულის თვისებებით, გარემოცული განსაკუთრებულის ჰაერით. მისი მნიშვნელობაც ჩვენთვის განსაკუთრებულია და ჩვენის აზრით აი რაში მდგომარეობს.
ჯერ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ აქ სრულიად არ ვეხებით სახელმწიფოს და საპოლიტიკო ცხოვრებას. ამ მხრით ჩვენი ქვეყანა სათრეველაა ერთს დიდს ურემზედ გამობმული. საითაც გაიწევს ურემი, იქით მიდის სათრეველაც. ეს ყველასთვის ცხადი და უეჭვოა. მაგრამ აქ თავდება ერთგვარობა და იწყება მრავალი სხვადასხვაფერი თვისება, რომლითაც განირჩევა ჩვენი ქვეყანა და რუსეთი. ენა, ჩვეულება, წესიერება, ისტორია, ყველა ეს შეადგენს იმ განსაკუთრებულს ნიადაგს, რომლის მიუხედველად შეუძლებელია ხალხის ცხოვრებაზედ ზედმოქმედება, მისი წარმატება და მისის კეთილმდგომარეობისათვის სარგოიანი მოღვაწეობა. დღეს ამ ნიადაგს დასტრიალებს რუსეთის ცხოვრების ზედმოქმედება. მაშასადამე, საჭიროა შუამავალი ამ ნიადაგისა და ზედმომქმედის შორის. ამ შუამავლად უნდა იყოს ადგილობრივი რუსული მწერლობა. იგი იმდენად ღირსშესანიშნავია და ცნობისათვის საჭირო, რამდენადაც იგი გულწრფელად ასრულებს ამ თანამდებობას. თუ არა-და მისი შრომა ფუჭია და გამოუსადეგი; უამისოდ იგი არის იგივე რუსეთის გაზეთი ან ჟურნალი, მხოლოდ შინაობაში გამოცემული; კარგია თუ ავი, ჭკვიანია თუ სულელი, მისი არსებობა ტყუილ-უბრალოა, რადგანაც ამგვარ მწერლობას აქამდისინაც არ ვყოფილვართ მოკლებული.
მაშ დავაკვირდეთ ჩვენს შინაურს რუსულ მწერლობას, ავადევნოთ თვალი როგორ ასრულებს იგი თვის თანამდებობას, როგორ ემსახურება ჩვენს გზადაბნეულს ცხოვრებას.
რუსული მწერლობა ჩვენში ახალი სტუმარია. გაზეთს „კავკაზს“ არ ვიხსენიებთ, რადგანაც იგი აუცილებელი კუთვნილებაა ჩვენის ქვეყნისა, იმის მსგავსად, როგორც მაგალითად ყოველ გუბერნიაში უნდა იყოს გუბერნატორი, ყოველ სოფელში მამასახლისი და სხვ. გაზეთი „კავკაზიც“ უნდა არსებობდეს, ავია თუ კარგი, ემსახურება რასმეს თუ არაფერს. იქნება ეს გარემოება რომ არ ყოფილიყო, დიდი ხანია გაქარწყლებულიყო კიდეც. რასაკვირველია, ყოველის გაზეთის, აგრეთვე „კავკაზისაც“, ხეირიანი თუ უხეირო მომართვა ცოტად თუ ბევრად მის მოღვაწეებზედ ჰკიდია. ამაზედ შემდეგ იყოს. აქ მარტო იმას ვამბობ, რომ „კავკაზის“ არსებობა უნებურია, და ამის გამო მას ჩვენ სხვაფრივ უნდა დავუწყოთ ყურება, ვიდრე იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომელნიც თავისთავად იდგმენ სიცოცხლის სულს, თავის ნებით არსებობენ დედამიწაზედ. ამათ სხვა პასუხიც მოეკითხებათ. რად გამოდის ახალი რუსული გაზეთი? რა მოთხოვნილება და საჭიროება უნდა დააკმაყოფილოს? რა სამსახურს გაუწევს იგი იმ განსაკუთრებულს ნიადაგს, რომელზედაც არის აღმოცენილი და რომლისთვის მოღვაწეობა შეადგენს განსაკუთრებულს მოვალეობას რუსულის მწერლობისას ჩვენში? ამ ნიადაგზედ ახლად მოსულს სტუმარს, ესე იგი რუსულს გაზეთს, უხვდება აქაური ქართულ-სომხური მწერლობა, რომელიც შეადგენს ამ ნიადაგის იმისთანავე აუცილებელს კუთვნილებას, როგორც ენა, წესიერება, ჩვეულება, ისტორია და სხვ. როგორ მიეგებება ახალი სტუმარი ამ მწერლობას? ეს კითხვა ყოვლად მძიმეა და არსებითი. ამ კითხვის პასუხი შეადგენს რუსულის გაზეთის ფეროვნობას ჩვენში, ამ პასუხზედ არის დამოკიდებული იმ განზრახვის სიცხოველე, რომლისთვისაც გამოდის რუსული გაზეთი (და მარტო ამ განზრახვითაც უნდა გამოდიოდეს) ჩვენის ცხოვრების მოედანზედ. აი ამ საგანზედ გაგიწევთ ჯერჯერობით საუბარს.
ჩვენში რუსული მწერლობა ახალი სტუმარია-მეთქი. ამ ახალთა შორის უახლესი არის უფ. ნიკოლაძის გაზეთი „ობზორი“. მაშ ჯერ ამ გაზეთს მივმართოთ ჩვენი ყურადღება. მასპინძლობაც ამას ითხოვს.
მომწონს კაცი ყველგან ყოველ შემთხვევაში პირმღიმარი, წარბგაშლილი, გულღია. მას ატყვია გულადობის და უშიშრობის ნიშანი. იქნება თავზედ ლაფს ისხამს და პირს ირცხვენს საქვეყნოდ, იქნება იძენს თავის მოძმეთა რისხვას და შეჩვენებას, - არას დაჰსდევს. ღმერთმანი წარბს შეიძრავს, ღმერთმანი დაფიქრდება თუ! შენც არ მომიკვდე. იგი დგას პირმღიმარე, გულახდილი, თავმომწონე, თითქო მართლა საქები და სასახელო ღვაწლი დაუდვია. მომწონს ეს თვისება. ამისთანა კაცთან საქმის დაჭერა უფრო ადვილია, ვიდრე იმისთანასთან, ვისაც დაერთვის პირმოთნეობა, მშიშარაობა, თითქო თვითონაც არ იცის თავის თავისა, - ჭკვიანია თუ სულელი, კეთილია თუ ბოროტი. პირველი გეძგერება გულდაგულ, პირდაპირ გაგიმჟღავნებს თავის იდუმალ აზრს და სურვილს, გაგიშლის თვის ჭკუის და გულის საუნჯეს - აბა გაოცდი და მაქეო. მართლა და საქებიც არის.
საქებია აგრეთვე „ობზორიც“, რომელიც გულდაგულ დაჰსძგერებია იმ საგანს, რომელზედაც გესაუბრებით. გულწრფელად ასრულებს „ობზორი“ თავის მოვალეობას. დახე მის პატიოსნებას: მისთვის არავის არ უკითხავს, როგორ ფიქრობ ჩვენს სამშობლო მწერლობაზედაო, მაგრამ იმდენად ჰსწამს თავისი მოვალეობა, რომ თვითონვე ასწრობს და პირმღიმარე, გულახდილი, აძლევს პასუხს იდუმალს კითხვას. ბარაქალა... დავუგდოთ ყური „ობზორს“. მის №40-ში დაბეჭდილია მოწინავე წერილი „ადგილობრივი მწერლობა“. მართალია, წერილი შეთხზულია „მშაკის“ თაობაზედ და სომხებისაკენ არის მიმართული, მაგრამ როგორც სათაურის წერილის, აგრეთვე შიგადაშიგ ჩართული აზრი და სიტყვა, პირდაპირ გვეხება ჩვენც - ქართველებს და ქართულს მწერლობას.
გაზეთის „მშაკის“ რედაქტორს სამდურავი გამოუცხადებია თურმე თავის მკითხველთათვის, რომ ხელს არ მიმართავთო, და თუ ამას იქითაც ასე ცოტა ხელისმომწერი მეყოლებაო, იძულებულ ვიქმნებიო მოვჰსპო ჩემი გაზეთიო და სამწუხაროდ აღვიაროვო, რომ სომხები ღირსეულნი არ არიანო ცალკე გაზეთის ქონებისაო. ეს სამდურავი უთქვამს „მშაკის“ რედაქტორს, „ობზორის“ სიტყვით.
როგორც სჩანს, ძალიან გამწარებულა უფ. არწრუნის გული და „ობზორი“ ნუგეშსა ჰსცემს: სომხების ღირსებას რად უკიჟინეო, შენს გამწარებულის გულისთქმას მეც დავეთანხმებიო, ამ სიტყვებით რომ იყოს გამოხატულიო: სომხები „მცირე საჭიროებას“ ხედვენ მათთვის ცალკე გაზეთის გამოცემაშიო. ერთის სიტყვით, „ობზორი“ ეუბნება „მშაკს“, სომხებისათვის ცალკე გაზეთის გამოცემა არა ღირსო, რადგანაც მათ იგი არ ეჭირებათო.
რაც შეეხება სომხებს და „მშაკს“, მათი საქმე მათთვისვე მიგვინდვია. თვითონ უფ. არწრუნმა იცეს თავში. რათ მიუშვირა „ობზორს“ ზურგი და რათ აკვრევინა წიხლი. ნეტა რად დაინდობდა პირმღიმარე, წარბგაშლილი, უშიშარი „ობზორი“! ვაი ჩვენი ბრალი, რომ ზურგი არ მიგვიშვერია, მაგრამ „ობზორის“ წიხლი მაინც გვეცა. „ობზორის“ წერილი მიქცეულის საერთოდ ადგილობრივ მწერლობისაკენ და რაც არის თქმული სომხურს მწერლობაზედ, მომართულია აგრეთვე ჩვენკენაც. მაშ ჩვენი საზოგადოებაც „მცირე საჭიროებას“ ჰხედავს თავისათვის ცალკე გაზეთის გამოცემაში? ვინ უთხრა ეს „ობზორს“?. ის ამბობს, ვითომ ადგილობრივ მწერლობაში საზოგადოდ ხშირად მოიპოვება იმგვარივე სამდურავიო, როგორიც წარმოუთქვამს „მშაკს“. ქართულ მწერლობაში, როგორც გვახსოვს, არ ყოფილა ამისთანა უცნაური სამდურავი... „ობზორი“ დარწმუნებულია, რომ ქართული მწერლობა ძალიან მცირე თანაგრძნობას ჰპოვებს თვის საზოგადოებაში. ეს მოვლენა მისის აზრით დამოკიდებულია იმაზედ, ვითომ აწინდელი ქართული (და სომხური) მწერლობა იღვწის საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ქართული ლიტერატურა და რომელიც თავის ჭკუისა და გულის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს რუსეთისა და უცხოეთის მწერლობით. მოჰყოლიაო ქართული (და სომხური) ლიტერატურა მაღალ-მაღალ სფერაში ფრენას და ჩივისო, რომ თანაგრძნობას არა ვპოვებო. მაღალი ფრენა რა თქვენი საქმეაო, ეგ რუსულს მწერლობას (სხვათა შორის „ობზორსაც“) მიანებეთო. თქვენ მხოლოდ მდაბიო და უმეცარს ხალხს უნდა მიჰმართოთო თქვენი მოღვაწეობაო. მაგრამ საქმე ის არის, რომ არც მაგისი ნიჭი და თავი გაქვთო.
აქ მოყვანილ აზრთა თეორიულ განრჩევას შევუდგებით შემდეგ; აგრეთვე შემდეგ მოგახსენებთ თვით „ობზორის“ ჭკუა-გონების სიმდიდრეზედ და იმ მაღალს სფერაზედ, რომელსაც იჩემებს იგი, როგორც რუსული გაზეთი. აქ მოგახსენებთ მხოლოდ თუ როგორ ასრულებს „ობზორი“ იმ თანამდებობას, რომელიც ზემოდ მოვიხსენიეთ და რომელშიაც სუფევს, ჩვენის აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა რუსულის გაზეთისა ჩვენში.
„ობზორის“ აზრით ჩვენ, ე.ი. ქართულ-სომხური მწერლობა, განათლებულს საზოგადოებას არ უნდივართ და უმეცარ ხალხისათვის კი არ ვიცით არც ლაპარაკი, არც მოქმედება. ამას ამბობს შუამავალი ჩვენის თავად ისეც საწყალის ცხოვრებისა, ამას ამბობს ჩვენი წარმომადგენელი იმ ძალის წინაშე, რომელიც დასტრიალებს ამ ცხოვრებას. „მაშ რიღას დამაშვენებელიაო და რიღასთვის დაეხეტებაო დედამიწაზედ ეს რაღაცა ქართული თუ სომხური მწერლობაო“, - იტყვის „ობზორის“ მკითხველი. როდის აქეთ, ბატონო, ბატონო!..
[1878 წ. 11 - 15 თებერვალი]
ფიქრი და შენიშვნა
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1878 წ., 16 II, №7, გვ. 10-13 (ცენზურის ნებართვა: 1878 წ., 15 II).
„ფიქრი და შენიშვნა“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა, ავტორისეული შენიშვნით: „შემდეგი იქნება“. მაგრამ წერილის გაგრძელების ნაცვლად, „ივერიის“ 1878 წლის მე-8 ნომერში გაზეთის რედაქციის ასეთი განცხადება გამოქვეყნდა: „ადვილად გასაგები მიზეზების გამო, „ობზორის“ შესახები წერილი არ დაიბეჭდება იმ გარემოების გამო, რომელიც ჩვენ ხელთ არ არის“. გასაგებია, რომ წერილის გაგრძელების დაბეჭდვა ცენზურას აუკრძალავს (წერილის ეს აკრძალული ნაწილი - ისევე, როგორც დაბეჭდილის ავტოგრაფი, - შემონახულა).
„ფიქრი და შენიშვნის“ ილიასეულობა დაადგინა და მწერლის თხზულებათა კრებულში (ათტომეულის III ტომში) პირველად შეიტანა პავლე ინგოროყვამ, რომელსაც მითითებული წერილის ატრიბუციის თაობაზე, როგორც თვითვე აღნიშნავს, თამარ მაჭავარიანმა გაამახვილებინა ყურადღება.
ზემოხსენებული გამოცემის სარედაქციო შენიშვნებში „ფიქრი და შენიშვნის“ დაწერის ისტორია დეტალურად არის მოთხრობილი:
სომხური გაზეთის „მშაკის“ რედაქტორი გრ. არწრუნი 1878 წელს ერთ-ერთ წერილში მკითხველის ნაკლებობას უჩიოდა. ამ წერილს სარედაქციო მეთაური (ხელმოუწერელი) წერილით - «Туземная печать» - გამოეხმაურა რუსული გაზეთი „ობზორი“ (1878 წ., № 40, 11 II), გაზეთის რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე იმ დროს ავად ყოფილა, მაგრამ ზემოხსენებული სარედაქციო წერილი მისი მითითებით და გეგმით გაზეთის თანამშრომელს ჟუკოვს დაუწერია.
წერილში გატარებული იყო აზრი, რომ ადგილობრივი პრესა («Туземная печать») უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მარტივი ხასიათის წერილების ბეჭდვით, ნაკლებგანათლებული მკითხველების დასაკმაყოფილებლად, რაც შეეხება ინტელიგენციას (წერილში სომეხ ინტელიგენციაზე იყო ყურადღება გამახვილებული), იგი რუსული და უცხოური პრესის საშუალებით იკმაყოფილებსო თავის გონებრივ მოთხოვნილებებს.
„ობზორის“ ამ სარედაქციო წერილს პასუხი გასცა არა მარტო სომხურმა გაზეთმა „მშაკმა“, რომლის წინააღმდეგაც იყო მიმართული „ობზორის“ მითითებული წერილი, არამედ მის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა ქართულმა „დროებამაც“ (კერძოდ, - გაზეთის რედაქტორმა სერგეი მესხმა, გაზეთის 1878 წლის 12 თებერვლის ნომერში „სოლოლაკელის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ფელეტონში და 19 თებერვლის ნომერში დაბეჭდილ ვრცელ მეთაურ წერილში - „რუსულ „ობზორს“ და ქართველ ნიკოლაძეს“), რადგან „ობზორის“ წერილში საერთოდ ადგილობრივი პრესის მნიშვნელობა იყო დამცირებული.
ილია ჭავჭავაძეს საჭიროდ მიუჩნევია ვრცელი და საფუძვლიანი პასუხი გაეცა „ობზორისა“ და მისი რედაქტორის ნ. ნიკოლაძისთვის. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ილიამ, სამწუხაროდ, თავისი „ფიქრი და შენიშვნის“ მხოლოდ დასაწყისის გამოქვეყნება შესძლო.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულში (ტ. III, 1953 წ.) „ფიქრი და შენიშვნა“ 1878 წლითაა დათარიღებული. წინამდებარე ტომში წარმოდგენილი დათარიღება - [1878 წ., 11-15 თებერვალი] - ემყარება ერთის მხრივ, გაზ. „ობზორში“ ზემოთ მითითებული წერილის გამოქვეყნების, ხოლო მეორე მხრივ, „ივერიაზე“ ცენზურის ნებართვის თარიღებს.
ტექსტში შეტანილია ერთი სწორება: 184. 13 აქეთ] აქედ.
![]() |
2.10 საქართველოს მატიანე, ტფილისი (შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ ქართულ სცენაზე) |
▲back to top |
სამას აპრილს საზაფხულო თეატრში წარმოადგინეს ქართულის სცენის მოყვარეთა შექსპირის ტრაღედია „ვენეციელი ვაჭარი“, თარგმნილი დ. ი. ყიფიანის მიერ. დიდძალი მაყურებელი დაესწრო ამ წარმოდგენაზედ. არც ერთი ლოჟა არ იყო ცარიელი და თვით პარტერიც თითქმის სავსე იყო. აშკარაა, რომ ქართულს სცენას ბევრი მიმყოლი და მაყურებელი ეყოლება, თუ რომ რიგიანად გაიმართება და მოეწყობა.
ეს ხომ ასე იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას ვიტყვით. ჯერ მინამ წარმოადგენდნენ, ჩვენ გვიკვირდა, რომ ჩვენის სცენის მოყვარეთა ეგ ტრაღედია ამოარჩივეს წარმოსადგენად. ჩვენ ამით წუნს კი არა ვსდებთ თვით ტრაღედიას, ანუ მის თარგმანს, რადგანაც ტრაღედიაც ნაქებია და თარგმანიც საკმაოდ კარგია. ჩვენ მარტო იმის თქმა გვინდა, რომ ეგ ტრაღედია სცენისათვის ისე მოსახერხებელი არ არის, როგორც საჭიროა. ამიტომაც მაგ ტრაღედიას ძალიან იშვიათად ნახავთ სცენაზედ არამც თუ რუსეთში, არამედ სხვაგანაც, და თუ ნახავთ, ან ცალკედ ამოღებულს სცენას, ანუ შემოკლებულს და სცენისათვის გადაკეთებულს, როგორც, მაგალითებრ, გადაკეთებულია რუსულად აპ. გრიგორიევის მიერ.
ეს ერთი იმისთანა მიზეზია, რომლის გამოც წარმოდგენილი სამს აპრილ „ვენეციელი ვაჭარი“ ვერ უნდა გამოსულიყო კარგად. მეორე მიზეზი, სწორედ მოგახსენოთ, თვით მოთამაშეების ბრალია. მოთამაშენი ვერ იყვნენ კარგად შერჩეულნი. ზოგი სრულიად არ ვარგოდა. ზოგიერთი ხელებს ისე უღმერთოდ და უალაგოდ იქნევდა, თითქო მკლავების სავარჯიშოდ არის მოწვეულიო; ზოგმა კიდევ როლი არ იცოდა და ამის გამო ბევრჯელ მოიკუმშა ტუჩები და, რაც სათქმელი იყო, გადაყლაპა. რა დაგვემართა ამ ქართველებს! ეს როლების უცოდინარობა რა ღვთის წყრომაა! ეს ხელ-ფეხის ხმარება როგორ ვერ მოგვიხერხებია! ამას გარდა ის რაღა ჩვეულებაა, რომ ზოგიერთი იტყვის ერთს-ორს სიტყვას თუ არა, მაშინვე ბოლთა უნდა გამართოს. ეს წამდაუწუმ წინა და უკან სიარული, საჭიროა თუ არა, რა ამბავია! ნუთუ ძნელია ამის დაშლა!
ჩვენის ფიქრით ლაზათიანად წარმოდგენილ იქმნა ლანსლოს და გობბოს ერთმანეთთან შეყრა. ნამეტნავად გობბომ საკმაოდ კარგად ითამაშა, ცოტა რომ ბოლოს არ დაემჟავებინა. უფ. ავალიშვილი რიგიანი მოთამაშეა და უფრო კარგი იქმნება, რომ წამდაუწუმ თავის ქნევა და ხელისა დაიშალოს. ურიგოდ არ იყო უფ. შიშნიაშვილიცა; ეგ ყოველთვის რიგიანი აღმსრულებელია თავისის როლისა. ძალიან მოგვეწონა ნურისსას თამაშობაცა. ჩვენის ფიქრით ტრაღედიაში უმთავრესის ქალის როლი მარ. ყიფიანისას რომ არგუნონ ხოლმე, არ შეჰსცდებიან. ჩვენ ორჯელ გვინახავს მარ. ყიფიანის თამაშობა და ორჯერვე ის აზრი გამოგვიტანია, რომ მას სხვაზედ უკედ შეუძლიან მძიმე და ძნელის როლის აღსრულება. არც ჯასსიკა იყო ურიგოდ.
ჩვენი ნიჭიერი მოთამაშენნი ვოდევილსა და კამედიებში უფ. კ. ყიფიანი და ელ. ყიფიანისა ვერ იყვნენ ისე, როგორც შეჰფერის მათს ნიჭიერებას. მართალია, სხვას რომ ისე ეთამაშნა, როგორც ამათ ითამაშეს, მაინც ბარაქალას ვეტყოდით, მაგრამ ამათ კი ვერ ვეტყვით. „ვისაც ბევრი მიჰსცემია, იმას ბევრიც მოეთხოვებაო“, ნათქვამია. უფ. კ. ყიფიანმა შევლოხა წარმოადგინა ისე, თითქო სავოდევილო ურია არისო და არა ის კაცი, რომელსაც ამოქმედებს რწმენა, დაუძინებელი მძულვარება ქრისტიანების მიმართ და შურისძიება. ამის გამო ბევრი სატირალი სცენა სასაცილოდ გახდა. ელ. ყიფიანის მოთქმას უფრო ქადაგობის სახე ედვა, ვიდრე მეტყველებისა და საუბრისა. ამის გამო ერთი გულით აღმოთქმული სიტყვა ვერ გავიგონეთ პორციასაგან მთელს საღამოს. განა კი ცოტა გულით სათქმელი სიტყვა აქვს პორციას? ესეც კი უნდა ითქვას, რომ შევლოხას როლი და პორციასი გამოჩენილთ მოთამაშეთაც უჭირდებათ ხოლმე.
[1878 წ. 3-5 აპრილი]
საქართველოს მატიანე. ტფილისი
შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ ქართულ სცენაზე
ხელნაწერი: ასლი, U № 217, გვ. 691-170; ასლი U 1052, გვ. 1-20.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1878 წ., № 14, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა: 1878 წ., 5 IV).
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, ხელმოუწერლად. მისი ილიასეულობა დადგინა ნოდარ ტაბიძემ, რომელმაც ილიას ეს რეცენზია ალმანახ „კრიტიკაში“ გამოაქვეყნა (იხ. ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები, - „კრიტიკა“, 1977 წ., №3).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
რეცენზია დავათარიღეთ „ვენეციელი ვაჭრის“ წარმოდგენისა და ცენზურის ნებართვის თარიღებზე დაყრდნობით.
![]() |
2.11 სხარტულა („ივერიის“ რედაქციას) |
▲back to top |
ბატონებო, როცა ამ ნომერში დაბეჭდილს წერილს „ფიქრი და შენიშვნა“ სინჯავდით მთელის რედაქციის კრებით, დავბეჭდოთ თუ არაო, მეც ვიყავ მსინჯველთა შორის, როგორც ერთი მუდამი თანამშრომელი „ივერიისა“. დიდი ბაასი ატყდა ჩვენს შორის მაგ წერილის თაობაზედ. ზოგი ამბობდა, რომ გ. თუმანიშვილი არა ღირს იმადაო, რომ მასზედ წერილი დაიბეჭდოსო და მერე ისეთის პატივისცემით დაწერილიო, როგორც დამწერს დაუწერიაო; გ. თუმანიშვილი ბავშვსა ჰგავს, რომელსაც ენა ეხლა ამოუდგამსო და რაც ენაზედ მოჰსდგომია, არახუნებსო. ამიტომაც მასზედ დარბაისლურად ლაპარაკი არა პატივსაცემს კაცს არ შეშვენისო. მე ძალიან გამაფიცხა ამისთანა საუბარმა. მეც თვითონ, როგორც მოგეხსენებათ, წინააღმდეგი ვიყავ მაგ „ფიქრის და შენიშვნის“ დაბეჭდვისა, მაგრამ იმ მიზეზით კი არა, რა მიზეზითაც ზემოხსენებულნი „ზოგნი“ იყვნენ. როგორ ღირსი არ იყო, - დახედეთ იმ „ზოგთა“ სიბრიყვეს! როგორ ღირსი არ იყო გ. თუმანიშვილი, რომ იმისთანა სახელოვანმა მწერალმა, როგორც ბატონი ნიკოლაძეა, რომელიც დაბადების დღიდგანვე ქვეყანას გაჰკივის „მე დიდი ხანია საქვეყნო სახელი მწერლობისა ვიშოვეო“, ამისთანა სახელოვანმა მწერალმა-მეთქი თავისი ძვირფასი ყურადღება მიაქცია გ. თუმანიშვილის „ალმანახსა“. ეგ კიდევ არაფერი: „დროების“ კრიტიკოსმა სამი წერილი უძღვნა ამავე „ალმანახს“. არც ეგ არის არაფერი: გაზეთმა «Кавказ»-მა ქებით შეამკო იგივე „ალმანახი“. ბრმანი იყავით თუ რა ეშმაკია, რომ ამის შემდეგ მაინც ლაპარაკობდით, ღირსია თუ არაო.
მე ვამტკიცებდი გაცხარებით, ღირსია-მეთქი, მაგრამ მაგგვარი წერილი იმისთანა ღირსეულ კაცზედ არ უნდა დაიბეჭდოს-მეთქი. თქვენ კი გადაჰსწყვიტეთ, ღირსი არ არისო, მაგრამ თუ დაიბეჭდება, სწორედ ამისთანა წერილი უნდა დაიბეჭდოსო და დაბეჭდეთ კიდეც ჩემდა სამწუხაროდ და „ივერიის“ სახელის გასატეხად. მე მაშინვე გთხოვეთ, ნება მომეცით-მეთქი თქვენს გადაწყვეტილობაზედ ჩვენს საზოგადოებას შევჩივლო და ჩემი საბუთები წარვუდგინო-მეთქი. თქვენ ნება დამრთევით და აი, მოგახსენებთ კიდეც ჩემს საჩივარს.
გ. თუმანიშვილი!.. იცით, გესმით, რა დიდი ღვთის წყალობა მოგვევლინა, რომ თქვენგან დაწუნებულმა გ. თუმანიშვილმა ჩვენი ღარიბი ლიტერატურა იკადრა და მის მოღვაწედ გამოვიდა!.. მაგისთანა მწერალი ჯერ არ უნახავს ქართველობას. ქართველობას-მეთქი?!.. ქართველობას კი არა, მთელს ევროპას. აბა, რა მხრით გინდათ გასინჯეთ: აბა ქართული ენა გაუსინჯეთ, აი წერა, ნამდვილი ქართული თუ გინდათ, ეგ არის, აი! აბა აზრები და მსჯელობა გაუსინჯეთ, აბა „ახალი“ დაუმჭკნარი აზრები იმის აზრებია, აი! განა „დროების“ კრიტიკოსმა მიდგომით და ფარისევლობით ჰსთქვა, რომ გ. თუმანიშვილი „ჭკვიანი კაციაო? განა რუსულმა გაზეთმა „კავკაზმა“ ტყუილად შეუთვალა გ. თუმანიშვილს მთელის ქართველობის მხრით მადლობა, რომ ამისთანა ჭკვიანურ წიგნებსა ჰსწერო ქართველებისათვის? განა იმისთანა პირუთვნელი, მიუდგომელი, სახელგანთქმული მწერალი ბატონი ნიკოლაძე თავის ძვირფასს კალამს ხელში აიღებდა, რომ გ. თუმანიშვილი ცოტათი მაინც არა ჰგვანებოდა ბატონს ნიკოლაძეს ჭკვითა და სიღრმითა? თქვენ ნუ გგონიათ, მე ცარიელის სიტყვების ძალით გამოვიდე „ივერიის“ რედაქციასთან საბრძოლველად. სხვა ქვეყანაში რომ ვიყოთ, ეს სამგზით ქებაც გ. თუმანიშვილისა სამყოფი იქნებოდა, რომ მე ჩემი თავი გამემართლებინა და გ. თუმანიშვილი დამეყენებინა თქვენს თვალში იმ სიმაღლეზედ, რომელიც სიმართლით ეკუთვნის. მაგრამ თქვენთან კაცი რას გააწყობს? „დროების“ კრიტიკოსის სიტყვას არ იწყნარებთ, „კავკაზს“ ყურს არ ათხოვებთ და თქვენი გამბედაობა იქამდის მიდის, რომ ჩვენს ბატონს ნიკოლაძესაც კი არ უჯერებთ ფიცს, რომ დიდი მწერალი ვარო. არა, მე სხვა საბუთებსაც წამოგიყენებთ, რომ თავი მოგაქექინოთ და ჰსთქვათ: „ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, გ. თუმანიშვილი რატომ ვერ ვიცანითო“.
ჯერ დავიწყოთ რამოდენად გაამშვენიერა გ. თუმანიშვილმა ჩვენი ქართული სიტყვიერება. რომ ეს მისი ღვაწლი უფრო ნათლად დაინახოთ - მისს ახალს ქართულს დაგანახვებთ. აი ნიმუშები გ. თუმანიშვილის ნათარგმნიდამ, „ჟორჟ დანდენი“ რომ ჰქვიან.
ერთი მომქმედი პირი ამბობს, იმან ფული მაჩუქაო: „რომ მეთქვა იმის სიყვარულზედ აქაურ ქალბატონისთვისაო“ (გვერდი 13).
ახლა თქვენ ახირდებით და იტყვით: ეს გ. თუმანიშვილის ნათქვამი ქართული არ არისო. ვაი, უმეცრებავ! ქართულია, მაგრამ „ახალი“ ქართულია, ბატონებო, „ახალი“. აბა რუსულად გადათარგმნეთ, თუ სიტყვა-სიტყვით არ გადითარგმნოს.
გ. თუმანიშვილი მე-15 გვერდზედ ალაპარაკებს ჟორჟ დანდენს თავის თავზედ და ჰსურს ათქმევინოს, შენ აზნაურობამ ხელ-ფეხი შეგიკრაო, და ამის მაგიერ აი რა ლამაზად ლაპარაკობს:
„აზნაურობა შენ გინახავს ხელფეხშეკრული!“
ახლა კიდევ ახირდებით და იტყვით, გ. თუმანიშვილს ერთის თქმა უნდოდაო და სულ სხვას ამბობსო. ჰსტყუით! თქვენ რომ „ახალი“ არ გესმოდეთ, გ. თუმანიშვილისა რა ბრალია. აბა რუსულად ჰსთარგმნეთ, თუ ცუდად არის ნათქვამი. ახლა კიდევ ამას იტყვით, რომ თუ „გინახავს“ იმის მნიშვნელობისაა, როგორც ვინახავ, ინახავს და სხვა ამგვარი, მაშინ უნდა ითქვას „გინახავს ხელფეხშეკრული“ კი არა, „ხელფეხშეკრულს“, მართალია, ამ აზრის ზმნა ამ კანკლედობაში მიცემითსა ბრუნვას თხოულობს, მაგრამ ეგ ხომ ისევ ის ძველებური ქართული იქმნება! გაიგეთ, რომ გ. თუმანიშვილი ახლისათვის არის თავდადებული, ახლისათვის.
იგივე გ. თუმანიშვილი ამბობს ამრიგად ჟორჟ დანდენის პირით (მე-15 გვერდი).
„მზათა ვარ შემოვარტყა სილები ჩემს თავსაო“.
უჰ, აი სიტყვის მშვენიერება! „ახალო“, რა კარგი რამ ხარ! თქვენ კი ამის მაგიერ მძიმედ იტყოდით: მზადა ვარ ერთი ლაზათიანად შემოვსილაქო ჩემი თავიო. იტყოდით, მაგრამ რა? ეგ ძველი ქართული იქნებოდა და არა „ახალი“.
ერთგან კიდევ ცოლი ჰღალატობს ქმარს და საყვარელს ეუბნება:
„ჩუმ-ჩუმად უნდა წავიყვანოთ საქმეო“.
ახლა იტყვით „ჩუმ-ჩუმად საქმის წაყვანა“ რა არისო? ღმერთმა ნუ იცის თქვენი თავი! „ახალი“ ქართულია და ის არის.
ჟორჟ დანდენი მე-19 გვერდზედ ამბობს:
„მე თქვენ გეუბნებით, რომ კმაყოფილი არა ვარ ჩემი ცოლის შერთვითა“.
ახლა არც ეგ მოგეწონებათ, თქვენი ამბავი რომ ვიცი. მშვენიერი ქართული კია: კმაყოფილი არა ვარ ჩემი ცოლის შერთვითა. ახლა დაიჟინებთ, თუ ეგ მშვენიერია, მაშ ესეც მშვენიერი იქნებაო: კმაყოფილი არა ვარ ჩემი თავითა. ეგ „ახალი“ ქართულია, ბატონებო, თორემ მეც ვიცი, ძველებური ქართული ასე უნდოდა: კმაყოფილი არა ვარ ჩემის თავისა, ჩემის ცოლის შერთვისა. აბა ახლა რუსულად ჰსთარგმნეთ, რა კარგად გამოვა სიტყვა-სიტყვით!..
მე-18 გვერდზედ აზნაურს სიმამრს ჰსურს გლეხს სიძეს უკიჟინოს და უთხრას, რომ თუმცა ჩემი ქალი შენი ცოლიაო, მაგრამ ცოლობით არ უნდა ახსენოო, როცა ჩემს ქალზედ ლაპარაკობო, და ამის მაგიერ გ. თუმანიშვილი აი რა ლამაზს ქართულს ალაპარაკებს:
„მართალია, ჩემო სიძევ, თქვენი ცოლია (ჩემი ქალიო), მაგრამ ნება არ გაქვთ იმას ეს (რა?) დაუძახოთ“.
არც ეს „ახალი“ ქართული მოგწონთ? ფუ, თქვენს სიბრმავეს!
დანდენი მე-20 გვერდზედ ამბობს:
„ჩემი შვილები აზნაურები იქნებიან და მე კი - მოტყუებული ქმარი“.
ახლა იტყვით, რომ ასე გამოდისო: ჩემი შვილები აზნაურები იქნებიანო და მე კი მოტყუებული ქმარი „იქნებიანო“, რადგანაც მეორე ნახევარს ფრაზისას თავისი საკუთარი ზმნა უნდოდა და არა აქვს. მართალია ძველი ქართული ასე იტყოდა: ჩემი შვილები აზნაურები იქმნებიანო და მე კი მოტყუებული ქმარი ვიქნებიო და მარტო პირველის ზმნის ანაბარად არ დააგდებდა ამ ფრაზას, მაგრამ ეგ ძველი იქმნებოდა და არა საყვარელი „ახალი“.
22-ე გვერდზედ გ. თუმანიშვილი ასე ალაპარაკებს დანდენის სიმამრს:
„მერე დარწმუნებული კი ბძანდები თქვენ ნაამბობის სინამდვილეში?“
ნუთუ არც ეს მშვენიერება მოგწონთ! არ მოგეწონებათ, ვიცი თქვენი ხასიათი. თქვენებურად ასე იტყოდით: „მერე დარწმუნებული ბძანდებით, რომ რასაც ამბობთ, მართალია?“ მაგრამ ეგ კიდევ ძველი ქართული იქნებოდა და არა „ახალი“, ყურებიდამ ბამბა გამოიღეთ.
ერთს ადგილას (29-ე გვერდი) ესეთს მუქარას ათქმევინებს გ. თუმანიშვილი ერთს მომქმედს პირს:
„ღირსია, რომ ამას მართალ-მართალი უთხრან“.
ახლა იტყვით, რომ ამას მუქარად ვერავინ ვერ მიიღებსო, ვერც გაიგებენო, რა არის „მართალ-მართალიო“, თუნდა რუსულად ჰსთარგმნონო. უმეცრებას ბევრი რამ შეჰსძლებია!
ერთს ადგილს კიდევ ჩვენი მშვენივრად მეტყველი გ. თუმანიშვილი აი რა მშვენივრად ათამაშებინებს სიტყვას ჟორჟ დანდენს:
„მე, მე უნდა მოვჰსთხოვო ბოდიში იმის უკან...“
(ამ სიტყვაზედ ათავებს თავის გაოცებას დანდენი).
ძველი ქართული ასე გამოჰსთქვამდა: „მე! მე უნდა მოვსთხოვო ბოდიში იმის შემდეგ...“ და იმის „უკან“ კი ბოდიშის მოთხოვნა მართლა გასაოცარია: მაგრამ თქვენ რა იცით „ახალის“ ყადრი? მაშინ არის უფრო კარგი, როცა გასაოცარია.
„რაც უნდა თქვან, ფრანტები დასდევენ იმას, ვისაც ეს მოსწონს!“.
ახლა იკითხავთ, რა „ესო?“ თქვენ თქვენებურად ასე იტყოდით: რაც უნდა თქვან, ფრანტები დასდევენ იმას, ვისაც ეს დევნა მოსწონსო. დასდევენ იმას, ვისაც ეს მოსწონს, რიღათია ვითომ ცუდი? სიტყვა „ეს“ ან „დასდევენს“ მიერთმევა, ან „იმას“. ძველებურ ქართულ სასაცილოდ არ ეყოფოდა „ეს დასდევენის“ მოწონება, ანუ „იმასი“, მაგრამ „ახალ“ ქართულს კი ძალიან უხდება. აბა თუნდა გ. თუმანიშვილსა ჰკითხეთ.
ესეც სამყოფი საბუთი კია, რომ დაგიმტკიცოთ, რა კაცი გამოგვიჩნდა გ. თუმანიშვილი ჩვენის სიტყვიერების აღსაყვავებლად, მაგრამ დამიჭერია ვერ თავი, მოხიბლული, მოჯადოებული ვარ იმ „ახალის“ სიტყვიერებით, რომლითაც გ. თუმანიშვილმა გაამდიდრა ჩვენი ღარიბი ენა და მისი მიმოხვრა. მაგალითებრ:
„მინდა ცოტად მაინც ვინანო (ვერც ძველ ქართულად ეს გვითარგმნია და ვერც რუსულად) დიდკაცობა და ვასიამოვნო თავი ჩემ ტკბილ ქების გაგებით“; ანუ „დარწმუნდნენ ისინი თავიანთ ქალის უნამუსობა(ზედ)ში“; ანუ: „ვგრძნობ ჩემს სისხლს შენს საქციელში“; ანუ: „სწორედ მართებს მაგას ბრაზობა“; ანუ: „ეს ისეთვე მაცინებს, როგორც ამას წინანდელი იმის მიტყეპვა ჯოხითა“; ანუ: „უნდა გავგზავნო ჩემ სიმამრის და სიდედრის დასაძახებლად და ეს (რა ეს?) გავხადო („ეს გავგზავნო“ გავხადო) ჩემ ცოლთან გაყრის მიზეზად“; ანუ: „გამოაშქარდება (ძველებურად: გამოაშკარავდება) საქმე“; ანუ: „მიზეზი ამ ღამურ (?) მოგზაურობისა“ (რუსულად ночного путешествия); ანუ: „მე თქვენ გეხვეწებით, ნუ გამცემთ ჩემ ჭირვეულ დედ-მამას“; (ეს კი ძველ ქართულად ვერ ითარგმნება, რუსულად კი კარგად გამოდის: Не выдавайте меня моим упрямым родителям. ახლა იტყვით, რომ გ. თუმანიშვილს რუსულიდამ არამც თუ სიტყვა-სიტყვით უთარგმნია, ბრუნვაც კი გადმოუღიაო, ბრუნვაც! აბა რუსული «Кавказ»-ი ქებას როგორ არ შეასხამდაო ამისთანა „ახალის“ ქართულის მთესველსა. ამის მნახველი «Обзор»-იც აღტაცებაში როგორ არ მოვიდოდაო!..). - ანუ „დაუსჯელად დააგდონ ჩემი მომკლავი“ (ძველებურად მკვლელი); ანუ: „თქვენ დაგსაჯავენ“ (ძველებურად - თქვენ დაგსჯიან;) ანუ: „ოღონდ კი დაღუპოს იმით ის, ვინც თავის ავკაცობით მიიყვანა ის ამ გაჭირებამდი“ (ვიშ ამ ნაცვალსახელების სიმრავლეს! რარიგად უხდება: „იმით, ის, ვინც, თავის, ის, ამ“! მართლა რომ ახალია. რა გესმით თქვენ?)
არ გეყოთ ამდენი მაგალითები? ათასი მაგისთანა სხვა მაგალითებია გ. თუმანიშვილის ნაწერში, სულ ანდაზად გადავა ხალხში, თორემ ნახავთ. მე კი მაგას ვერ მოვესწრობი, დღენაკლები ვარ. არც ეხლა დაიჯერებთ, რომ გ. თუმანიშვილს, აგრე მდიდარს ქართულის ცოდნით, აგრედ ლაზათიანად მოუბარს, აგრე „სუბუქს“, აგრე „მჭევრმეტყველობის შუშხუნით“ (გ. თუმანიშვილის სიტყვაა ესეც და ამიტომ ასე მშვენიერია) აღჭურვილს დიდი საბუთი მიუძღვის, რომ „ივერიას“ ქართულს უწუნებს. ამას გარდა ხედავთ თუ არა, რა ღვაწლსა ჰსდებს ქართულს ენას, რომ მაგისთანა ყოვლისფრით შემკული ენა შემოაქვს ჩვენში „ახალის“ სახელითა. სიმდიდრე ენისა მწერლობაში მაგას ჰქვიან, თორემ მოჰყოლიხართ თქვენ და იძახით - ეგ ქართული არ არისო. ტყუილად კი არ გიკიჟინებთ გ. თუმანიშვილი, რომ თქვენ „ღეჭავთო“; თურმე, ნუ იტყვით, ღეჭვა კი არ სდომებია ქართულს, ყლაპვა სდომებია ისე, როგორც გ. თუმანიშვილი დაუღეჭავად ჰყლაპავს. აბა ბატონი ნიკოლაძე რატომ არ მოუწონებდა, იმანაც კი ისურვა გადაეყლაპა ქართული, მაგრამ „დროებამ“ ასეთი ძვალი გაუჩხირა ხახაში, რომ ვეღარ იკადრა.
ეს ხომ დაგიმტკიცეთ, რომ გ. თუმანიშვილი ენის შესახებ პირველი მოენეა ჩვენში და „ახალის“ ქართულის დამადგენელი. ახლა მისის სიბრძნისა, ცოდნისა, აზრების და ზნეობის სიახლეს და წარჩინებულებას დაგიმტკიცებთ.
დავიწყოთ ჯერ იქიდამ, რას ეძახის გ. თუმანიშვილი „ახალს ჭეშმარიტებას“, იმიტომ, რომ ეს არის იმისი დედააზრი, საიდამაც, როგორც აბრეშუმის ჭიას, გ. თუმანიშვილს თავისი ქსელი გამოაქვს. გ. თუმანიშვილი ბძანებს:
„ნუ დაივიწყებთ, რომ ვერც ერთ ისეთ ახალ ჭეშმარიტებას ვერ იტყვით თქვენ დღეში (მე დღეში, თუ ჩემს დღეში), რომელიც კი როდისმე არ თქმულიყო“ (57 გვ.).
გესმით, ბატონებო, ეს ჭეშმარიტება სრულიად, მთლად „ახალია“. ჯერ ეს არავის უთქვამს ქვეყანაზედ, გ. თუმანიშვილის მეტს. მაშასადამე, ეს ჭეშმარიტება ახალზედ უფრო ახალია და ამის შემდეგ კიდევ იტყვით, რომ გ. თუმანიშვილი ღირსი არ არის ქვეყანაზედ იხსენიებოდეს? ახლა თქვენ იტყვით, რა ვუყოთ რომ ახალი რამ ჰსთქვაო? ეგ ახალი ჯერ ყველაზედ უწინარეს ჭეშმარიტება უნდა იყოსო. ეგ კი ტყუილიაო. თუ ტყუილი არ არის, მაშ ნიუტონმა ისეთი ჭეშმარიტება არა ჰსთქვა რა, რომელიც სხვას არ ეთქვასო მეტყვით თქვენ? კაცობრიობის მეცნიერება თითქმის ყოველდღე დღესასწაულობს ჭეშმარიტების შეძენას და მაშ მეცნიერნი ტყუილად ფართი-ფურთობენო და წინათ-თქმულს ჭეშმარიტებას ახლად გვეუბნებიანო? მაშ კაცობრიობის ტვინი წაჯექ-უკუჯექობას თამაშობსო და სხვას არასფერსო. მაშ მართლა ქვეყანაზედ ისეთი ჭეშმარიტება არავის უთქვამსო, რომ სხვას არ ეთქვასო. ათას ამისთანაებსა მკითხავთ, მაგრამ ვაი რომ გ. თუმანიშვილის სიბრძნე არა მაქვს, თორემ მე ვიცოდი რა პასუხს მოგცემდით. ერთის სიტყვით, თქვენ ჰსტყუით და გ. თუმანიშვილი მართალია. თუ მართალი არ იყოს, „დროების“ კრიტიკოსი რად იხსენებდა გ. თუმანიშვილს „ჭკვიან კაცად“? რუსული «Кавказ»-ი რად გადუხდიდა ქართველობის მაგიერ მადლობას? ბატონი ნიკოლაძე რად იკადრებდა გ. თუმანიშვილის ნაწერის განხილვასა? ბატონი ნიკოლაძე!.. თქვენ ეს უკანასკნელი საბუთი ცოტა გგონიათ? ერთს დროს ლუი ბლანს დარიგებას აძლევდა, როგორ უნდა მოევლოს საფრანგეთსა, ხუმრობაა!..
იქნება ეს არ დაიჯეროთ! თვითონ ნიკოლაძემ გვაუწყა „კრებულში“ ეს ამბავი. იტრაბახაო, იტყვით. ნიკოლაძემ დაიტრაბახა?.. ვის გაუგონია იმისაგან ამისთანები! იქნება ესეც ტრაბახობა გგონიათ, რომ ამ იანვრის «Обзор»-ის რომელიღაც ნომერში ნიკოლაძემ აუწყა ქვეყანას, რომ მინდოდეს, სენატორის ჯამაგირს დღესვე მამცემენო. თქვე უმეცარნო! საფრანგეთში იანვარში ახალ სენატორების ამორჩევა იყო და რა საკვირველი იქნებოდა, რომ ნიკოლაძე იქ მიეწვიათ და სენატორის ჯამაგირი მიეცათ! აქ შეუძლებელი რა არის, თქვე საწყლებო? საკვირველია, ღმერთმან იცის კაცი! რომ ჰსთქვა შენის პირით, კაცი მოვკალიო, მაშინვე დაგიჯერებენ და ციმბირში გიკრამენ თავსა, და შენს თავზედ რომ ჰსთქვა, თუ მინდა დღესვე სენატორობას მამცემენო, არ დაუჯერებენ, ტრაბახობსო, იტყვიან. უგემური რამა ხარ, ადამიანო!
ამას თავი დავანებოთ. გ. თუმანიშვილი მაგარზედ დგას და ამბობს, ახალი ჭეშმარიტება ის კი არ არისო, რომელიც ჯერ სხვას არ ეთქვასო, არამედ „ყოველი ჭეშმარიტება (თუნდა ძველიც?) ითვლება ახალ ჭეშმარიტებად მხოლოდ მაშინ, როცა ხალხი იმას ჯერ ვერ შერიგებიაო“. (57 გვერდი).
ახლა ამასაც იტყვით, სიბრძნე არ არისო. ახლა კიდევ ამისთანა მაგალითს მეტყვით: მზე დგას და დედამიწა ტრიალებს. ეს ჭეშმარიტებაა, მეცნიერებით დამტკიცებული. ხალხს იგი არ ჰსჯერა, არ „შერიგებია“ ამ ჭეშმარიტებას, მაშასადამე ქვეყნისათვის მიწის ტრიალი ახალი ჭეშმარიტება იქნებაო. მაშასადამე დღეს გაზეთი „დროება“ და „ივერია“ ამ ჭეშმარიტების გავრცელებას რომ შეუდგნენ, გ. თუმანიშვილი ტაშს დაუკრავსო და აღტაცებით დაიძახებსო: „აი, ახალ ჭეშმარიტებას ჰქადაგობენო ჩვენი ჟურნალ-გაზეთებიო“. ამისთანა ტაშისმკვრელს ხომ გიჟს დაუძახებენო. თქვენისთანები დიაღაც დაუძახებენ, თორემ სხვანი კი იტყვიან, რა კაცია ეს ვიღაცა არისო.
ერთის სიტყვით, მე არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ აქ გ. თუმანიშვილმა ისა ჰსთქვა, რაც სხვას არამც თუ უთქვამს, ფიქრადაც არ მოჰსვლია, იმიტომ, რომ მეტად „ჭკვიანი კაცი“ ყოფილა. „ახალი“, რომლისათვის აგრე გულმოდგინედ და სამართლიანად წუწუნებს გ. თუმანიშვილი, აი ამას ჰქვიან, აი! თქვენ კი მოჰყოლიხართ და იძახით: „ჭკუასა შენსასა ნუ მიჰსცემ დაძინებასაო“1. ჭკუა რომ არ დააძინოთ და მართლა თქვენი რჩევა ასრულდეს, გ. თუმანიშვილს რაღა გასავალი ექნება. ბატონებო, ის კაცი, რომელიც გამოსულა და თამამად იძახის: „ჟურნალს შეუძლიან უძღვანს თავისი ფურცლები მხოლოდ ძველს, დამჭკნარს ამბებს, მაგალითებრ, ისტორიულ, ეტნოგრაფიულ და საზოგადოდ (???) მეცნიერების (???) სტატიებს“ - თქვენ ის კაცი ხუმრობა კაცი გგონიათ. კაცს, რაც საზოგადოდ ქვეყნის მეცნიერებაა, მჩვრად და მჭკნარ რაღათაც გახდომია და თქვენ აქ მოჰყოლიხართ და ამისთანა საზოგადო მეცნიერების უარმყოფელს, რასაკვირველია, გიჟს დაუძახებთ. ბარაქალა თქვენს კადნიერებას, ბარაქალა!.. აბა თუ კაცები ხართ და ამისთანა ახალს ჭეშმარიტებას იტყვით სადმე, რომ ისტორია, ეტნოგრაფია და საზოგადო მეცნიერება - ერთი რაღაც ძველი, დამჭკნარი ამბებიაო. ღმერთი, რჯული, ვერ გაჰბედავთ. მაშ ნურც ამ თავზედხელაღებულს გმირობას მოუწონებთ. აი გმირობა, რომელიც არც ერთს ანბანში არა ჰსწერია. მართალს ამბობს გ. თუმანიშვილი: „მარტო გენიოსს შეუძლიან გამოჰსძებნოს უეჭვო ჭეშმარიტებაში (ამხანად გმირობაში) ახალი, ჯერ არნახული სხვებისაგან კუთხეები“. გ. თუმანიშვილი გენიოსია და ამიტომაც „გამონახა ახალი, ჯერ არნახული მხარე გმირობისა“. თქვენ რას მიჰსწვდებით ამას, ყოვლად ბრმანო!
ახლა ჩვენმა გ. თუმანიშვილმა, როგორც ყოველისფერში ახალის ჭეშმარიტების მქადაგებელმა, ესე იგი იმისთანაების, რომელთაც ხალხი ვერ შერიგებია, ბძანა: „გმირობა, გიყვარდეს მოძმე შენიო, ვითა თავი შენიო, თავგანწირვით გიყვარდეს სამშობლოო, ქართველების ვაჟკაცობაო, თავისუფლების, ძმობის და სიყვარულის სურვილი ქვეყნისათვის, - ყოველს ანბანში ჰსწერიაო და ამაებზედ სიმღერა ვერაფრად მეჭაშნიკებაო“.
ახლა თქვენ იტყვით, მთელი კაცობრიობის ლიტერატურა კი არა მარტოო, არამედ მთელი მოძრაობა სულ ამ საგნებს დაჰსტრიალებსო, ყოველი იმაზეა მიმართული ათადამ-ბაბადამ დღემდე, რომ ამ საგნებს ფართო გზა გაუკაფონ ადამიანის ცხოვრებაში; ყოველისფერი - მეცნიერება, ხელოვნება - სულ იმაზედ აღამებს დღეს, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სიყვარული მოძმისა ჩამოაგდოს კაცთა ურთიერთობაში. ყოველი საქმე, რაც უნდა აიღოთ ამ ქვეყნიერობაზედ, ამ საგნებიდამ არის წარმომდგარი და მასვე მიერთმევაო; და მინამ ადამიანი ადამიანად იქნებაო, ეგ ჭეშმარიტებანი ყოველთვის ახალი იქნებიანო და ყოველდღე საჭირონი, თუნდა ათას ანბანში ეწეროსო და გ. თუმანიშვილს კი არ მოსწონსო, და გ. თუმანიშვილს კი არ ეჭაშნიკებაო ამ საგანზედ მღერაო, - მეტყვით თქვენ, - აბა რა ჭკუის პატრონიაო? დიაღ, დიდის ჭკუისა, თუნდა „დროების“ კრიტიკოსსა ჰკითხეთ. ბატონო, ახალი აზრები თუ გინდათ, ეგ არის. რით ვერ შეიტყეთ, რომ გ. თუმანიშვილი აგებული კი არ არის ახალის აზრებით, გადაგებულია. მაშ ახალი აზრი არ არის, რომ აქაო და არტაანში ჩინოვნიკები ცუღლუტობენო, და აქ „ალმანახში“ ჩვენი გ. თუმანიშვილი ხტის სიხარულით და სიძველით დაწუნებულს ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაზედ იძახის: „ერთი ალილო ღვდელსაც წასცდებაო“.
ვაი ჭკუის სითხეს გ. თუმანიშვილისას კი არა, თქვენსას, რომ წერილის საგნად გმირობა, მამულისათვის თავის გაწირვა, ძმობა, თავისუფლება, თანასწორობა, სიყვარული ქვეყნისა მოგწონთ და არა ჩინოვნიკების ცუღლუტობა, როგორც გ. თუმანიშვილს.
არა, თქვენ გ. თუმანიშვილს ვერ იცნობთ, ვერა. აბა ეხლა უყურეთ, რარიგ ახალ-ახალ ჭეშმარიტებას ჰქადაგობს. ერთს გვერდზედ რომ ერთს იტყვის, მერეზედ იმავე საგანზედ სულ სხვას ამბობს და ამით თვითონ გვაჩვენებს, რომ ახალი ჭეშმარიტება ცალკე კაცისათვისაც ისა ყოფილა, რაც მთელი ხალხისათვის, ესე იგი, იმისთანა ჭეშმარიტება, რომელსც ვერ შერიგებია კაცი.
გ. თუმანიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ჟურნალ-გაზეთობა ამ ბოლოს დროს ძალიან გამოიცვალაო და ასე განაგრძობს:
„საკვირველი არ არის, რომ ამ ცვლილებაზედ არავინ ხმას არ იღებსო, იმიტომ, რომ ყოველ ახალ საქმეს ცვლილებას - თან მოჰყავს ახალი კაცები“ (33).
იქავე იგივე გ. თუმანიშვილი ამას ამბობს: „ქართულ მწერლობაში კი ისე წავიდა საქმე, რომ მისი მდგომარეობა თუმცა ძლიერ გამოიცვალა, მაგრამ იმისი მედროშენი კი ისევ ისინი დარჩნენ, რომელნიც იყვნენ ადრე“ (33).
ახლა იმას იტყვით, რომ აქ ლოღიკა არ არისო; ჯერ ამბობსო, ახალ საქმეს, ცვლილებას თან მოჰყავს ახალი კაცებიო, და მერე კი თვითონვე მოჰყავს მაგალითიო, რომ ვსტყუიო, აიო, ქართული მწერლობა თუმცა ძლიერ გამოიცვალაო, მაგრამ ახალი კაცები არ მოჰყვნენო, ისევ ძველები დარჩნენო. ლოღიკა რომ არა ჰქონდეს, ჭკვიან კაცად რად აღიარებდა „დროების“ კრიტიკოსი! თქვენ ჰსტყუით. ეგ იმასა ნიშნავს, რომ გ. თუმანიშვილი ახალ ჭეშმარიტებას ჰქადაგობს, ესე იგი, იმისთანა ჭეშმარიტებას, რომელსაც თვითონაც ვერ „შერიგებია“ და სხვისა კი დავი არა აქვს. თქვენ, მე ვიცი, არც ეს ლოღიკა მოგეწონებათ:
„ჩვენს საზოგადოებაში, - ამბობს გ. თუმანიშვილი, - ისე არ არის გავრცელებული ცნობისმოყვარეობა, რომ შეიძლებოდეს იმგვარ დიდ გაზეთების გამოცემა, როგორებსაც ვხედავთ ევროპაშიო“.
იგივე ამბობს შემდეგ: „ქართული პატარა გაზეთი კი, შეძლებას მოკლებული, ჩვენ ქვეყნის ამბებსაც კი ვერ ასწრობს შეგვატყობინოს დროზე“.
ახლა აქ მეტყვით კიდევ: ერთი შეგვატყობინეთ, რა უნდა გ. თუმანიშვილს: დიდი გაზეთიო, თუ პატარაო. ვაი, თქვე საწყლებო! მებრალებით! აი, ის უნდა, რომ „დიდს ქვაბში არ ეტეოდეს, პატარაში ლაღე იყოს“, როგორც ერთი ქართული ზღაპარი ამბობს.
ახლა აქაც დაუწუნებთ ლოღიკას, მე ვიცი:
„ჩქარა გაიგო „დროებამ, - ამბობს გ. თუმანიშვილი, - რა იამება მკითხველებს და მას აქედ ის ცდილობს ყოველ ღონისძიებით დააკმაყოფილოს იმათი დღიური (?) მოთხოვნილება (37).
იგივე ამბობს იმავ წერილში:
„ქართულ ჟურნალ-გაზეთები (მაშასადამე „დროებაც“) არ აჰყვა საზოგადოებას, არ დაუკრა იმას ტაში და არც უკიჟინაო“.
ახლა ამას იტყვით, რომ ორში ერთი ტყუილი უნდა იყოსო. ან აჰყვა, ან არ აჰყვაო, და ჰოც და არაც ერთსა და იმავე საგანზე რა სათქმელიაო. არა, ბატონო, ახალი ჭეშმარიტებაა, ესე იგი იმისთანა ჭეშმარიტებაა, რომელსაც ერთგან ურიგდება თითქო გ. თუმანიშვილი და მეორეზედ „ვერ ურიგდება“. ახალი ჭეშმარიტებაა-მეთქი, რომელსაც მდაბიურად „წაჯექ-უკუჯექის“ ცეცხლს ეძახიან.
არც აქ არის რაღა, თქვენის აზრით, ლოღიკა:
„ეხლანდელს მწერლობას ასე ჰსწუნობს გ. თუმანიშვილი: „გიყვარდეს მოძმე შენიო, თავგანწირვით გიყვარდეს სამშობლოო, ამგვარ უეჭვო ჭეშმარიტებაზედ (საეჭვო ჭეშმარიტება, რასაკვირველია, უმჯობესი იქმნებოდა) სიმღერა ეხლა, როდესაც თავში გვერევა (მწერლობისა რა ბრალია, რომ გერევათ!) ათასი ძნელი გადასაწყვეტი საგანი, სწორედ მოგახსენოთ, ვერაფრად მეჭაშნიკება“.
წინანდელს ჩვენ მწერლობას კი ამით იწონებს იგივე თუმანიშვილი: „არა იმას (წინანდელს მწერლობას) სხვა მიზანი ჰქონდა, წავიდოდა, ივლიდა, ივლიდა და ბოლოს მაინც ან გლეხის თავისუფლებაზედ დაჰგუგუნებდა, ან ხალხის სიყვარულზედ და განათლებაზედ“.
რაო? რა გიხარიანთ? ახლა ამას დაინიჟებთ, რომ გ. თუმანიშვილისაგან დაწუნებული „გიყვარდეს მოძმე შენიო“ უფრო ვრცელი მოძღვრებააო საყოველთავო სიყვარულისა, თავისუფლებისა და განათლებისა, ვიდრე მარტო გლეხის თავისუფლება, მარტო გლეხის სიყვარული და განათლებაო. ახლა იმას უკიჟინებთ და იტყვით, თუ უწინ ჩვენი მწერლობა, გ. თუმანიშვილის აზრით, მოსაწონი იყო, როცა ისე ფართოდ არ აშლევინებდა ფრთას საყოველთაო სიყვარულსაო, ეხლა უფრო არ უნდა მოსწონდესო, როცა, მისისავე სიტყვით, საყოველთავო სიყვარულს ჰქადაგობსო და არა მარტო გლეხობისასაო. თქვენ ეგრე გგონიათ. ის კი არ იცით, რომ ზოგიერთი აბები, თუ ცოტას ჰყლაპამთ, წამალია, თუ ბევრს - საწამლავია. გ. თუმანიშვილმა ეგ კარგად იცის, როგორც ეტყობა.
რაო? განა ულოღიკობა იქნება კაცმა ჰსთქვას: ეს კაცი გუშინ მომწონდა იმიტომ, რომ ჭკვიანი იყო და დღეს კი არ მომწონს იმიტომ, რომ დღეს უფრო ჭკვიანიაო.
ეგ ეგრე უნდა იყოს ჩვეულებრივ კაცისათვის, და არა გენიოსისათვის, რომელმაც „ახალი“ მხარე გამოუნახა ლოღიკასა. თქვენ რა გესმით. კარგი მეჭურჭლე ის არის, ვინც ყურს იქით გამოაბამს, საითაც ჰსურს. ესეც არა გცოდნიათ, თქვე საწყლებო.
„შექსპირმა ჩაჰმატა („ჩაუმატა“ რომ იყოს, ძველი ქართული იქნება) ორი-სამი ანგელოზი სული, მაგალითებრ, ლირის უმცროსი ქალი კორდელია და კენტი, რომელნიც თავიანთ კეთილშობილურ მოქმედებაებით (ახლა არც ამ „ბაებს“ მოიწონებთ) თითქმის გვანუგეშებენ: ნუ დავარდებით, გამხნევდით, ცარიელ ღონეს და შეძლებას არ დარჩენიაო ბურთი და მოედანი. ქვეყანა მარტო ავაზაკებით არ არის სავსეო, ვეცადოთ და ამ ჩვენ ცოდვილ მიწაზე აჰყვავდება ძმობა, თავისუფლება და თანასწორობა“.
1879 წელს იგივე გენიოსი გ. თუმანიშვილი ბძანებს (51 გვ.): „ყველამ კარგად იცოდა აკ. წერეთლის ლექსების გამოსვლამდინაც, რომ ძველი ქართველები განთქმულნი იყვნენ თავიანთ მამაცობით და მეტად მოსაწონი რამ არის თავისუფლება, ძმობის და სიყვარულის სურვილი“. მერე უმატებს: „ამგვარ ადამის ჟმის ძველ ჭეშმარიტებაების (ვაი, ყურებო, კიდევ ბაები!) დამტკიცება ვერ დააყრიდა ხეირს ვერც პოეტს, აკ. წერეთელზე უფრო ნიჭიანს“.
არა, თქვენმა მზემ, არც აქ არის განა ახალი მხარე ლოღიკისა, „გამონახული“ გენიოსის გ. თუმანიშვილისაგან! მე თქვენი ხასიათი რომ ვიცი, შურით არც აქ აღიარებთ და დაცინვით იტყვით: შარშან თვითონ თუმანიშვილი გვამხნევებდა და გვიქადაგებდაო, ნუ დავარდებითო, ვეცადოთ და ამ ჩვენ ცოდვილ მიწაზე აჰყვავდება (მაშ შარშან ჯერ არ ყოფილა აყვავებული) ძმობა, თავისუფლება და თანასწორობა; წელს კი ის ჯერ არაყვავებული ძმობა, თავისუფლება, თანასწორობა „ადამის ჟმის“ ჭეშმარიტებანი არიანო, იმავე თუმანიშვილის სიტყვითაო. არა, ბატონებო, შარშანაც ეგ ჭეშმარიტებანი „ადამის ჟმისანი“ იყვნენ, მაგრამ გიორგი თუმანიშვილმა აქ ერთი ხერხი იხერხა. წაიტყუა აკ. წერეთელი, აბა ერთი მაგაებზედ დაწერე რამეო და მერე მე ვიციო. დააწერინა და მერე უკიჟინა: „იი, ეგ ხომ „ადამის ჟმის“ ჭეშმარიტებას ჰქადაგობო, მოგატყუე, თუ არაო“! დიაღ, ბატონებო, აკ. წერეთელი გამოიტყუა და მერე უკიჟინა, თორემ თუ ეს ჭეშმარიტებანი წელს „ადამის ჟმისანი“ არიან, შარშანაც ხომ ისე იქნებოდნენ. ეს, ბატონებო, „ვოენნაია ხიტროსტ“ გახლავთ, ის „ვოენნაი ხიტროსტ“, რომელიც ეგრე სასახელოდ ბატონმა ნიკოლაძემ ფერუცვლელად შარშან მოიგონა. თქვენ რა გესმით! სადა ხართ? ამ ქვეყანაში ჰსცხოვრობთ, თუ რა ჯანაბაში ხართ! ქვეყანა იცვლება, ახალ-ახალი აზრები შემოდის, ბაშვმაც კი ისწავლა „ვოენნაია ხიტროსტ“ ნიკოლაძის მეოხებით და თქვენ კი რაღაც ძველ ლოღიკას ღეჭავთ. ამის გარდა, გ. თუმანიშვილმა მართალი ბძანა, რომ ამგვარ „ადამის ჟმის ჭეშმარიტებაების“ დამტკიცება „ვერ დააყრიდა ხეირს ვერც პოეტს, აკ. წერეთელზე უფრო ნიჭიანს“. ხოლო თუმანიშვილს კი კეთილი დააყარა შარშანაც და წელსაც: ბატონმა ნიკოლაძემ აქო, „დროების“ კრიტიკოსმა აქო, «Кавказ»-მა აქო. მეტი კეთილის დაყრა გინდათ? აკ. წერეთელს რად წაუხდა ეგრე საქმე და გ. თუმანიშვილს რად გაუკეთდაო, იკითხავთ. იმიტომ, რომ აკ. წერეთელი ნიჭიანი პოეტია და გ. თუმანიშვილი კი - გენიოსი. რაც თუმანიშვილს მოუხდება, ის აწყენს აკ. წერეთელსა, ძალიანაც აწყენს, თუ აკ. წერეთელიც დამეთანხმება.
„გიყვარდეს მოძმე შენიო, ვითა თავი შენიო, თავგაწირვით გიყვარდეს სამშობლოო. ამგვარ უეჭვო ჭეშმარიტებაზე სიმღერა, - ამბობს გ. თუმანიშვილი, - ეხლა, როდესაც თავში გვერევა ათასი ძნელი გადასაწყვეტი საგანი, სწორედ მოგახსენოთ, ვერაფრად გვეჭაშნიკება“.
მაშ რა ეჭაშნიკება გ. თუმანიშვილსაო, ბძანებთ თქვენ. აი, რას ბძანებს ამაზედ გენიოსი გ. თუმანიშვილი: ”აბა ერთი დაეხატა სწორედ ილ. ჭავჭავაძეს რამდენჯერ (ახლა ამას იტყვით: რამდენჯერს თვლა უნდა და არა ხატვაო!..) ეცემა ხოლმე ტალახში ჩვენებური კაცი; რამდენჯერ (რატომ არა ჰსთვლი, ილ. ჭავჭავაძევ!) ივიწყებს ის თავის წმინდა გრძნობას, რომ შიმშილით არ მოკვდეს; რამდენ (დათვალე, ილ. ჭავჭავაძევ!) სილას ჰსჭამს, რომ უბრალოდ არ დაიღუპოს; რა გარემოება (აქ კი ჰხატე, ილ. ჭავჭავაძევ!) აკვლევინებს თავს საპყრობილეში ახალგაზდას, შეძლებულ, განათლებულ კაცს; რა ადვილია ჩვენებური გლეხის დაქცევა და დანელება და დარწმუნებული იყავით“... და სხვანი.
ახლა არ შეგრცხვებათ და იტყვით, რომ ახალგაზრდა განათლებული კაცი თავს იკლავს საპყრობილეში სწორედ „იმ ადამის ჟმის ჭეშმარიტებაებისათვის“, რომელთაც ასე იწუნებს სიძველით ჩვენი გ. თუმანიშვილი. ახლა იმას იტყვით, რომ „რა ადვილია ჩვენებური გლეხის დაქცევა და დანელება“ ახალი ჭეშმარიტება არ არისო? ძმობა, თანასწორობა და თავისუფლება ზღვააო და ეს გლეხისათვის გულის ტკივილი კი პატარა წყაროაო, რომელიც იმ ზღვას ერთვისო, და გ. თუმანიშვილი კიო ზღვას ვერა ხედავსო და მარტო წყაროში გვირჩევს ჭყუპალაობასაო. ბევრს რასმე იტყვით, ენას ძვალი არა აქვს.
გ. თუმანიშვილი სხვა კაცია, არაჩვეულებრივი, თქვენ რა გესმით! აი, თუნდა ერთი კიდევ მაგალითი: „თითქმის მთელი ქართული პოეზიაო, - ამბობს იგი, - ჩაყლაპული იყო ვარდ-ბულბულის, წალკოტის და იადონის, აშიყთ ჭიკჭიკის სიმღერებითაო“. ტყუილია თუ? ეგ მართალიაო, მეტყვით, მაგრამ თუ ეგ პოეზიის წუნია, მაშ რაღად დაბეჭდა თავის სამაგალითო ალმანახში (1879 წ.) სამი ლექსი თ. მ. თუმანიშვილისაო; მაგ ლექსებში მაგ „ვარდ-ბულბულის და აშიყით ჭიკჭიკის“ მეტი სხვა რა არისო? არაფერია, მაგრამ, რასაც გენიოსი იქმს, ის სხვამ არ უნდა ქმნას; აი, ამ მაგალითით გასწავლით თქვენ გენიოსი გ. თუმანიშვილი, რომ შეიძლება კაცი სიტყვით ერთი იყოს და საქმით სხვა.
ბოლოს გ. თუმანიშვილმა უფრო ცხოვლად დაგვანახვა, რა არის პოეზია და რაგვარი თხზულებანი უნდა ითარგმნოს ქართულად. „მშვენიერი ელენა“ 1879 წ. „ალმანახში“ ამის ნიმუშად დაბეჭდა ჩვენმა „ჭკვიანმა კაცმა“ და ეს ამბავი ისე მოეწონა „დროების“ კრიტიკოსს, რომ, თუმცა პირდაპირ ქება არ შეასხა, მაგრამ ეს კი აუწყა მთელს ქართველობას, რომ მთელმა ევროპამ გათარგმნაო ეს „მშვენიერი ელენა“, მერე რა ნიჭიანი მთარგმნელიც შეხვედრია! 106-ე გვერდზედ უკანასკნელი სტრიქონები უკეთესი ალმასია იმ გვირგვინისა, რომელიც ძლიერმა ხელმა გ. თუმანიშვილისამ დაადგა თავზედ თ. დ. ერისთავსა, ნეტავი იმას! აკ. წერეთელო, შე დალოცვილო, მოჰყოლიხარ და იძახი: ძმობა, თავისუფლება, თანასწორობაო. ერთი დაავლე ხელი ამისთანა საგანს, როგორც „მშვენიერი ელენაა“ და! მაშ გ. თუმანიშვილის ქება შენთვინ მეტია? გულს არ გიფხანს შურით იმისთანა სახელი, როგორც დაინარჩუნა თ. დ. ერისთავმა ამ „მშვენიერის ელენის“ თარგმნითა.
მოდი და „კავკაზი“ მადლობას ნუ განუცხადებდა გ. თუმანიშვილს ქართველების მაგიერ ამ პოეტურ, ამ პატიოსნურ, ამ ზნეობის ამამაღლებელ თხზულებისათვის!.. აი, გენიოსებმა რა იციან! ერთის უბრალო რამით უკვდაებას მოიპოვებენ ხოლმე. დ. ერისთავი დიდი ხანია განზედ გაუჯდა ქართულს ლიტერატურას, ოთხი-ხუთი წელიწადია არა უწერია რა2, მაგრამ ამ ხანგრძლივმა დრომ უსარგებლოდ არ ჩაუარა ქართველობას. თურმე, ნუ იტყვით, „მშვენიერი ელენა“ უთარგმნია. გიხაროდეს, ქართველობავ! თქვენდა სასიხარულოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ეგ „მშვენიერი ელენა“ არც ერთს პატიოსნურს ჟურნალში, თუ „ალმანახში“, თუ წიგნში არსად ჩართული არ ყოფილა. მაგრამ? აქ გ. თუმანიშვილი ახალის სიტყვით გამოვიდა მოედანზედ და სხვაგან კი ყოველგან სულ „დამჭკნარს და დაობებულს ჭეშმარიტებას ღეჭვენ“. ახალი გინდოდათ და ახალიც ქართველებისათვის „მშვენიერი ელენაა“.
ამით ვათავებთ გ. თუმანიშვილზედ ბაასს. ახლა სხვა მხრივ მოგივლით, ბატონო „ივერიის“ რედაქციავ.
როგორ გაბედეთ და ისე წარამარად ახსენეთ იმისთანა გამოჩენილი კაცები, როგორც დ. ერისთავია და ბატონი ნიკოლაძე? ჰა, როგორ გაბედეთ? „ვიღაც ერისთავიო“. რა პასუხია! როგორ თუ „ვიღაც“! კაცმა ორი ფელეტონი დაწერა «Тифлисский Вестник»-ში და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცს ორი თუ სამი წელიწადი ადმინისტრატორობა ჰქონდა «Тифлисский Вестник»-ისა და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცმა ისე მშვენივრად უადმინისტრატორა, რომ კინაღამ ბოლო არ მოუღო «Тифлисский Вестник»-სა და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცი ერთბაშად მაგ დაბალ თანამდებობიდამ ასკუპდა მაღალ რედაქტორობამდე და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! თუმცა მერე თვითონვე გაუკვირდა ეს ამბავი და დაიძახა «Обзор»-ის მეოხებით: ვა! მე ვინ და რედაქტორობა ვინაო, და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცმა „მშვენიერი ელენა“ ჰსთარგმნა ზნეობის აღსამაღლებლად და თქვენ მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცი ბოლოს «Голос»-ის აგენტად გახდა და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! ვიღაცაო! ფუ, თქვენს სიბრამავეს, რომ რაკი გაჯიუტდებით ხოლმე, არა სამსახურის დანახვა არ იცით!.. ეგრე წარამარად როგორ იხსენიებთ დ. ერისთავსა! შეგშინებოდათ, რომ ჯავრის ამოსაყრელად მაშინვე «Голос»-ში დააძგერებს წერილს და თქვენ რედაქტორს კი არა, იმის ბანკსაც დააბიზღებს საზოგადოების წინაშე. აი, ვნახოთ, თუ არა.
ეგ დ. ერისთავის ვიღაცაობა კიდევ არაფერი. ბატონი ნიკოლაძე ცრუპენტელად გამოგყავთ. ვჰსთქვათ, ეგ ბაშვმა გ. თუმანიშვილმა წამოიყრანტალაო, ამბობთ თქვენ. მაგით თავს ვერ იმართლებთ. პირველი, რომ გ. თუმანიშვილი ბაშვი არ არის - ეს ერთი, მეორე, რომ ბატონი ნიკოლაძე...
„იყო ქართლ-კახეთს, იმერეთს ნიკოლაძეი სვიანი,
ერთი ცუღლუტი, მანქანა, გულმშრალი, ენაწყლიანი
„ობზორ“-ისა რედაქტორი, ტყიბულით ნახშირიანი.
და თვით ტრაბახა უებრო, რაღაც ჩხავანა ხმიანი.
ერთხელ ბძანა: „გეტყვით საქმეს ერთგან სასაუბაროსა:
ჩემი სახელი ამ ქვეყნად რამ უნდა დაამჭკნაროსა?
მე ვარ, რაცა ვარ მწერალი მწერალთა საბაღნაროსა,
მინდოდეს, ხვალვე დავჯდები სენატის მაღლა თაროსა.
ცოტა რამ ნაკლი, სისუსტე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
ტრაბახი ვიცი ხანდისხან, რა ვქნა, სოფელი ჭრელია,
სხვა რომ არ მაქებს, თვით ვკვეხავ, მითამ რა საწუნელია,
იქ ყველა გამოგვადგება, საცა რომ ხალხი ბნელია.
„დროებამ“ ჰკადრა: „ბატონო, რათ ბძანეთ თქვენი მკვეხრობა?
როცა მწერალი ტრაბახობს, უმეცართ ჰმართებსთ ჯერობა.
თქვენივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა, -
ამას გვარწმუნებს თვითონვე თუმანიშვილის მჭევრობა.
მაგას ნუ ბძანებთ, ბატონო, ჯერ ვარდი არ დაგჭკნობია,
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია,
იკვეხე, მინამა ხალხი თქვენი არ არის მცნობია,
როცა გიცნობენ, მაშინ კი прощай, გამარჯობია!..“
[1879 წ. თებერვლის მეორე ნახევარი]
_______________
1. ეს სიტყვები მოჰყავს გ. თუმანიშვილს „ივერიიდამ“ და აზრს იწუნებს, საანბანოაო. საანბანოა, მართალია, მაგრამ ეგ ანბანი რომ კარგად შეესწავლა გ. თუმანიშვილს, მეტი არ იქნებოდა, თუ შენც იტყვი, მკითხველო. (შენიშვნა „ივერიის“ რედაქციისა).
2. როგორ არ უწერია: ორი ფელეტონი დასწერა. (შენიშვნა „ივერიის“ რედაქციისა)
სხარტულა
(„ივერიის“ რედაქციას)
ხელნაწერი: ასლი, U № 168, გვ. 102.
ნაბეჭდი: ჟურნ. „ივერია“, 1879 წ., № 2, გვ. 173 (ცენზურის ნებართვა: 1879 წ., 7 II).
ხელმოწერა: თქვენი თანამშრომელი.
ფელეტონი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პავლე ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IV ტომში.
რამდენადაც ჟურნ. „ივერიის“ იმ ნომრის (1879 წ., №2) გამოქვეყნება, რომელშიც „სხარტულაა“ მოთავსებული, ცენზურის მიერ 1879 წლის 7 თებერვალს იქნა ნებადართული, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს ფელეტონი 7 თებერვლამდეა დაწერილი, მაგრამ როგორც პ. ინგოროყვაც აღნიშნავდა ილიას თხზულებათა ზემომითითებული გამოცემის სარედაქციო შენიშვნებში, „სხარტულაში“ მოხსენიებული სამი წერილი გაზ. „დროების“ კრიტიკოსისა, მიძღვნილი გიორგი თუმანიშვილისეული „ალმანახის“ განხილვისადმი, დაბეჭდილი იყო „დროების“ 1879 წლის 27, 30 იანვრისა და 7 თებერვლის ნომერში (დაწვრილებით იხ. ქვემოთ) და, ამდენად, ცხადია, რომ „სხარტულა“ ვერ დაიწერებოდა 1879 წლის 7 თებერვლამდე. აქვე დავძენთ, რომ გარდა პ. ინგოროყვასი მიერ მოხსენიებული, გაზ. „დროებაში“ დაბეჭდილი წერილებისა, „სხარტულაში“ ილია ეხება აგრეთვე, გაზ. „კავკაზში“ გამოქვეყნებულ ერთ ხელმოუწერელ წერილსაც («Кавказ»-მა ქებით შეამკო იგივე ალმანახი», წერს ილია), ეს წერილი კი გაზეთის 1879 წლის 18 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა (დაწვრილებით იხ. ქვემოთ). ამრიგად აშკარაა, რომ სხარტულა 1879 წლის 18 თებერვლის - და, მაშასადამე, ცენზურის ზემოაღნიშნული ნებართვის - შემდგომაა დაწერილი.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა წინა გამოცემებში „სხარტულა“ 1879 წლითაა დათარიღებული. წინამდებარე ტომში წარმოდგენილი დათარიღება ზემომოხსენებულ ცნობებს ემყარება.
188. 3 ...ამ ნომერში დაბეჭდილს წერილს „ფიქრი და შენიშვნა“... - იგულისხმება ჟურნ. „ივერიის“ 1879 წლის №2-ში დაბეჭდილი ნ. დავითაშვილის (ნიკ. დავითის ძე ქანანოვი) „ფიქრი და შენიშვნა“, რომლის ქვესათაურია: „კიდევ ჩვენი მწერლობის თაობაზედ. - უფ. თუმანიშვილი და მისი „ალმანახი“. ნ. დავითაშვილი ამ წერილში აკრიტიკებს გიორგი თუმანიშვილის წერილს - „ეხლანდელი ჟურნალ-გაზეთების მიმართულება“, რომელიც დაბეჭდილია მისმიერვე შედგენილი „ალმანახის“ II წიგნში (1879 წ.).
აღნიშნულ წერილში გ. თუმანიშვილი წერდა, - უკანასკნელ ხანებში ჩვენს ლიტერატურაში სურათი მკვეთრად შეიცვალა: თუ წინათ მწერლობას აინტერესებდა „ახალი“ იდეები - გლეხთა განთავისუფლება, განათლების საკითხი და სხვა, ახლა გაზეთები წვრილ-წვრილმა ამბებმა აავსოო. ამ ფაქტის ნათელსაყოფად მას მაგალითები მოაქვს ილიასა და აკაკის შემოქმედებიდან. გ. თუმანიშვილი ერთმანეთს უპირისპირებს ამ მწერლების ადრინდელ და უკანასკნელ ხანებში დაწერილ თხზულებებს: ილია ჭავჭავაძის ლექსებს „მუშა“, „პოეტი“ და პოემას „დიმიტრი თავდადებული“, აგრეთვე აკაკის ლექსს „მუშური“ და პოემებს „ორი ქართველი“ და „სხვადასხვა ერი“. გ. თუმანიშვილი ასკვნის: ლექსებში „ახალი აზრი“ იყო გამოთქმული, პოემებში კი ახალი არაფერია - სამშობლოს სიყვარული ხომ „ძველი“ გრძნობა არისო. აქვე გ. თუმანიშვილი, ჟურნალ „ივერიისა“ და გაზ. „დროების“ საპირისპიროდ, ქებით იხსენიებს იმდროინდელ რუსულ პრესას და გაზ. «Обзор»-ის რედაქტორს ნიკო ნიკოლაძეს.
188. 29. 189. 1. ნ. ნიკოლაძემ „თავისი ძვირფასი ყურადღება მიაქცია გ. თუმანიშვილის „ალმანახსა“.- აქ იგულისხმება ნ. ნიკოლაძის „საახალწლო ფელეტონი“, დაბეჭდილი «Обзор»-ის 1879 წლის №350-ში.
189. 2-3. „დროების“ კრიტიკოსმა სამი წერილი უძღვნა ამავე „ალმანახსა“. - იგულისხმება ალ. სარაჯიშვილის (1851-1914) რეცენზია გ. თუმანიშვილის „ალმანახის“ II წიგნზე, რომელიც „ა“-ს ხელმოწერით სამ ნაწილად დაიბეჭდა 1879 წლის გაზ. „დროების“ №№ 21, 22 და 29-ში. ამ რეცენზიაში ალ. სარაჯიშვილი დადებით შეფასებას აძლევს „ალმანახის“ II წიგნში დაბეჭდილ გ. თუმანიშვილის ზემოხსენებულ წერილს - „ეხლანდელი ჟურნალ-გაზეთების მიმართულება“.
3-4 გაზეთმა «Кавказ»-მა ქებით შეამკო იგივე „ალმანახი“, - იგულისხმება 1879 წლის 18 თებერვლის გაზ. «Кавказ»-№ 38-ში დაბეჭდილი ხელმოუწერელი წერილი, რომელიც დადებით შეფასებას აძლევს „ალმანახის“ ამ II წიგნს მთლიანად და კერძოდ მასში დაბეჭდილ გ. თუმანიშვილის წერილს - „ეხლანდელი ქართული ჟურნალ-გაზეთების მდგომარეობა“ (მცირე საყვედურს გამოთქვამს რეცენზენტი დ. ერისთავის თარგმანის - „მშვენიერი ელენეს“ ხარისხზე).
190. 15-16 ...გ. თუმანიშვილის ნათარგმნიდამ „ჟორჟ დანდენი“ რომ ჰქვიან... - მოლიერის ამ სამმოქმედებიანი კომედიის ქართული თარგმანი, მთარგმნელის გვარის მითითების გარეშე, დაიბეჭდა გ. თუმანიშვილის „ალმანახის“ I წიგნში, 1878 წელს. მაგრამ ერთი წლით ადრე (1877 წ.) კომედიი პირველი და მეორე მოქმედება გაზ. „დროებაში“ იყო გამოქვეყნებული (№№ 30-34) როგორც გ. თუმანიშვილის თარგმანი, რაც, თითქმის უდავოდ, ადასტურებს, რომ აღნიშნული კომედია თავიდან ბოლომდე გ. თუმანიშვილის თარგმნილია.
194. 31-33 ნ. ნიკოლაძემაც „...კი ისურვა გადაეყლაპა ქართული, მაგრამ „დროებამ“ ისეთი ძვალი გაუჩხირა ხახაში, რომ ვეღარ იკადრა“. - აქ იგულისხმება შემდეგი: 1878 წლის 10 დეკემბერს გაზ. „დროების“ № 253-ში დაიბეჭდა სოლოლაკელის (სერგეი მესხის) „მასლაათი“, რომელშიც ავტორი აკრიტიკებს ნ. ნიკოლაძეს. ნ. ნიკოლაძემ თვითონვე თარგმნა სოლოლაკელის ეს წერილი და დაბეჭდა «Обзор»-ში (№242). აი ამ თარგმანის უზუსტობასა და ქართულიდან მის არასწორ თარგმანს მიეძღვნა „სოლოლაკელის“ საპასუხო ფელეტონი, რომელიც „დროების“ №265-ში დაიბეჭდა (1878 წლის 24 დეკემბერს). სოლოლაკელის სწორედ ამ ფელეტონს გულისხმობს ილია, როცა წერს: ნ. ნიკოლაძეს ქართულის გადაყლაპვა უნდოდა, მაგრამ „დროებამ“ ძვალი გაუჩხირა ხახაშიო.
195. 34, 196. 1-4 ნ. ნიკოლაძე „ერთს დროს ლუი ბლანს დარიგებას აძლევდა... ეს თვითონ ნიკოლაძემ გვაუწყა „კრებულში“. - იგულისხმება 1837 წელს ჟურნ. „კრებულში“ (№4) დაბეჭდილი ნ. სკანდელის (ნ. ნიკოლაძის) მოგონება „სხვათა შორის (ნაგრძნობი და განაგონი)“. ამ მოგონების XII თავში“ - საუბარი ლუი ბლანთან“ - აღწერილია ნ. ნიკოლაძის შეხვედრა ლუი ბლანთან და გადმოცემულია მათი შეხედულებანი საფრანგეთის საშინაო პოლიტიკის საკითხებზე.
196. 6-8 ...ამ იანვრის «Обзор»-ის რომელიღაც ნომერში ნიკოლაძემ აუწყა ქვეყანას, რომ მინდოდეს სენატორის ჯამაგირს დღესვე მომცემენო. - იგულისხმება 1879 წლის «Обзор»-ის №350-ში დაბეჭდილი ნ. ნიკოლაძის „საახალწლო ფელეტონი“, რომელშიაც ნ. ნიკოლაძეს აღნიშნული აზრი აქვს გამოთქმული, - ნახევრად სერიოზულად.
197. 9 ...ჟურნალში შეუძლია უძღვნას თავისი ფურცლები მხოლოდ ძველს... ამბებს. - აქ იგულისხმება ჟურნ. „ივერია“, რომელიც ადრე გაზეთის სახით გამოდიოდა და ამის გამო საშუალება ჰქონდა მკითხველისათვის ყოველდღიური ამბები მიეწოდებინაო, - წერს თუმანიშვილი.
204. 5 ...სამი ლექსი თ. მ. თუმანიშვილისა... - ეს ლექსებია: „ღამე“,** (მიბაძვა პუშკინისადმი) და **(„როდის იქნება...“).
205. 16-18 ...კაცს ორი თუ სამი წელიწადი ადმინისტრატორობა ჰქონდა «Тифлисский Вестник»-ისა. დ. ერისთავი ამ გაზეთის რედაქტორი იყო 1878-1880 წლებში.
პირველნაბეჭდთან შედარებით ტექსტში შეტანილია შემდეგი სწორებები:
189. 18 მოღვაწედ] მოღვაწეთ. 194. 6 შეასხამდაო] შეასხავდაო; 27 ტყუილად] ტყუილათ; 30 ჰყლაპავ] ჰყლაპამ. 196. 20 ჭეშმარიტებად] ჭეშმარიტებათ. 197. 2 გულმოდგინედ] გულმოდგინეთ. 202. 10 აყვავებული] აჰყვავებული. 202. 26 ბაშვმა] ბავშმა25. 203. 1 იკითხავო] იკითხამო.
___________
25. ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები ცხადყოფს, რომ ილია წერის პროცესში ყოველთვის იყენებდა ფორმას „ბაშვი“ და ხშირად ასეც ბეჭდავდა („ბავშვის“ პარალელურად), ამიტომ აქ „ივერიაში“ დაბეჭდილი „ბავში“ (რასაც ილია არასოდეს არ ხმარობდა), „ბაშვით“ შევცვალეთ. ჩვენს თვალსაზრისს მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ „ივერიაში“ აქვე, ქვემოთ, ეს სიტყვა დაბეჭდილია ფორმით „ბაშვი“ (იხ. წინამდებარე გამოცემის გვ. 206, სტრ. 1).
![]() |
2.12 შინაური მიმოხილვა |
▲back to top |
ნიშანი ერის ჰასაკში მოსვლისა. - როდის უფრო უტყუარია ეგ ნიშანი. - ევროპა წინაშე მისთა მოღვაწე კაცთა. - რუსეთის მაგალითი. - იგივე მაგალითი ჩვენში. - აკაკი წერეთელი გორსა და თელავში. - მისი სიტყვა. - ანდერძი ჩვენის მამა-პაპისა. - გაუმარჯოს!
როცა ერი ყოველთვის მოვლინებას და საქმეს მის გარეშე მომხდარს, ყოველს ნახულს, გაგონილს და ყოფილს საზოგადო მნიშვნელობისას გონებით დააკვირდება, ღირსსახსოვარს, ავსა თუ კარგს, ხსოვნისათვის ანუსხავს, გულში ჩაირჩენს და სასწორზედ სწონის ფასის დასადებლად, - მაშინ პირდაპირ და უტყუარად შეიძლება კაცმა სთქვას, რომ იგი ერი გონებითად ჰასაკში შედის, ჭკუა, გული და ცნობიერება დასძვრია მოქმედებისათვის და ფეხი შინიდამ გარეთ გამოუდგამს კაცურის ცხოვრებისათვის. ეს ნიშანი მაშინ უფრო ნამეტანად უტყუარია, როცა ესეთი ყურადღება ერისა მიიქცევა ხოლმე იმისთანა კაცზედ, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის ერის წინაშე. ამისთანა კაცის დაფასება და დამსახურებულის პატივისცემა ცხადი მაგალითია, რომ ერის გონების თვალი ახილებულია.
განათლებულმა ევროპამ დიდი ხანია ჩვეულებად მიიღო ამისთანა კაცების მიმართ პატივისცემის და სიყვარულის გამოცხადება საჯაროდ, საქვეყნოდ. ვის არ ახსოვს გარიბალდის სადღესასწაულო მსვლელობა იტალიაში, მინამ ცოცხალი იყო; ვის არ ახსოვს საქვეყნო გლოვა იტალიისა, როცა იგი დიდებული გმირი იტალიისა მიიცვალა? ვის არ ახსოვს ვოლტერის სახსოვრად გამართული დღესასწაულობა საფრანგეთში, ვიქტორ ჰიუგოს ოთხმოცწლოვანობის იუბილე და სხვა ამგვარნი? ვის არ ახსოვს, რა დიდებით, თავმოწონებით, საქვეყნოდ აღიარა საფრანგეთმა თავისი გულითადი პატივისცემა, რა მხურვალე გრძნობით გამოაცხადა თავისი გულწრფელი მადლობა ამა თვისთა მოღვაწე კაცთადმი მადლიერებით სავსე გულმა მთელის საფრანგეთისამ? ვის არ ახსოვს შილლერის დღეობა გერმანიაში? სწორედ დღეობა იყო მთელის გერმანიისა და ამ დღეობით მთელმა გერმანიამ დიდებული პატივი სცა თავის დიდებულ პოეტის გვამსა და მტვერსა. ინგლისში ცალკე სასაფლაოა, საცა ვერც სიმდიდრე, ვერც გვარიშვილობა, ვერც დიდკაცობა ადგილს ვერ შოვობს, და საცა მარტო სახელოვანთა ინგლისელთა - გამოჩენილთა ლიტერატურაში, მეცნიერებაში, ერის სამსახურში - უკანასკნელი სადგური ეძლევათ ხოლმე მადლობელის ერისაგან, საცა დასაფლავება ყოველს ინგლისელს სანატრელად და სასახელოდ მიაჩნია და საცა ყოველი ინგლისელი თაყვანებით თავს იხრის ხოლმე და მუხლს იდრეკს თავისის ერის დიდებულთა წარმომადგენელთა მტვერის წინაშე.
იქ, ევროპაში, ერისათვის მოღვაწე კაცი არამც თუ მარტო ქვეყნის სახელი და დიდებაა, არამედ თვითვეულის თანამემამულისაცა ცალკედ. იქ თვითვეული მამულისშვილი ისე უფთხილდება ერისათვის მოღვაწე კაცის სახელსა, პატიოსნებას, დიდებას, როგორც საკუთარის თავისას. იქ იქნება საკუთარის თავისათვის ისე არ გამოიდოს თავი კაცმა, როგორც მისთვის, ვისაც ერისათვის შრომა გაუწევია, ვინც ქვეყნისათვის, მამულისათვის შეძლებისამებრ გარჯილა, რომელსამე საქვეყნო სარბიელზედ ფეხი მოუკიდებია და თავისის ნიჭით, ღონით, მეცადინეობით უმსახურნია და რაიმე კვალი დაუმჩნევია. იქ გამოჩენილის კაცის სახელით თვითვეული მისი თანამემამულე თავს იწონებს, თითქო ის სახელი მისი საკუთარი სახელი იყოს; თავისთავის გაუპატიურებას ირჩევს, დასთმობს, და თავისის ქვეყნის გამოჩენილის კაცისას კი არა; თავს შეაკლავს იმას, ვინც კი გაბედავს და უპატიურად ახსენებს მისის ქვეყნის სახელოვანს კაცს.
შორს რად მივდივართ? აი, თვითონ რუსეთი ავიღოთ მაგალითად. ჯერ ჩვენ ხსოვნაშივე თავის გამოჩენილთა კაცთა არავითარს ყურაღებას არ აქცევდა რუსეთი და თუ რამ პატივისცემა ჰქონდათ, ისიც ორიოდე კაცისაგან, რომელთაც ესმოდათ ფასი საქვეყნოდ მოღვაწის კაცისა და ამისთანა კაცების ჩამოსათვლელად ადამიანისათვის ათი თითი იყო სამყოფი იმ ოთხმოც მილიონს ხალხში. ეხლა კი თვითონ რუსეთმაც თვალი აახილა, იგრძნო თვისი უმადურება თვისთა მოღვაწე კაცთადმი და ჩვეულებად მიიღო ყოველს შემთხვევაში მათდამი პატივისცემის გამოცხადება საქვეყნოდ. ნეკრასოვის, დოსტოევსკის დასაფლავებაზედ მოსკოვმა და პეტერბურგმა დიდი გულისტკივილი და მადლობა გამოაცხადეს მათდა ღვაწლისათვის. ეხლაც ცოცხალის ტურგენიევის იუბილეი საქვეყნოდ იდღესასწაულეს, მისი ღვაწლი ლიტერატურაში თავმოწონებით გასთქვეს და ადიდეს. ყოველმა კერძომ რუსეთისამ ამ საერთო მადლობის ხმას ბანი მისცა. პუშკინის სახსოვრად მადლობელმა რუსეთმა ძეგლი ამართა მოსკოვში და ამ ძეგლის ამართვის დღე დიდის ყოფით და დიდის ამბით გადაიხადა. უკეთესნი კაცნი რუსეთისანი ამ დღესასწაულზედ დაესწრნენ და, ვისაც როგორ შეეძლო, ისეთი პატივი, ქება და დიდება შეასხეს ამ პოეტს, რომელმაც პირველად დაანახვა რუსეთს სიტურფე და სიტკბო რუსულის ლექსისა და სიტყვიერებისა. რუსეთის ლიტერატურამ თავმოწონებით შეიტანა თავის მატიანეში ეს ამბები, სასიქადულოდ მიიღო ამისთანა ყოფა და თითქმის ერთხმად წარმოსთქვა, რომ ჩვენ ამ ამბავში ვხედავთო ნიშანს ჩვენის განვითარებისას, ჩვენის ზნეობის და გონების ამაღლებისას, ჩვენის ცხოვრების აღმატებისასაო.
ჩვენდა სასიხარულოდ, ჩვენშიაც თითქმის ჩვეულებად შემოდის პატივისცემა ერისათვის გარჯილ კაცისა, საჯაროდ მადლის გადახდა მისი, ვისაც ერისათვის სამსახური რამ გაუწევია, შრომა დაუდვია, სიტყვით თუ საქმით შესწევნია თავის მამულსა და მემამულესა. ამისი მაგალითი ბ-ნ აკაკი წერეთლის მოგზაურობაა ამას წინათ გორში და ამ ბოლოს ჟამს კახეთში; ერთგან და მეორეგანაც შესაბამის პატივით დახვედრია ქართველობა თავის პოეტსა და პირუთვნელის სიტყვით გამოუცხადებია თავისი მადლობა და პატივისცემა მისთვის, ვინც ტკბილის და გრძნობიერის სიტყვით ამ ოცდახუთს წელიწადში ატკბობდა ქართვლის ყურს, აფხიზლებდა გონებას და ჰმართავდა ქართვლის გულს ქართვლისა და საქართველოს სიყვარულისათვის. ამ სიყვარულის აღფრთოვანებაში ბ-ნ აკაკის გამოჩენილი ადგილი უჭირავს ჩვენს ლიტერატურაში. ბედნიერი, ჩვენის ფიქრით, აკაკი, რომ იღვაწა და თავისის ღვაწლის ნაყოფი სიცოცხლითვე თავისის საკუთარის თვალით ინახულა. ვამბობთ, ინახულა, იმიტომ რომ საქართველოს და ქართვლის სიყვარულისაგან არის წარმომდგარი ის პატივისცემა, რა პატივისცემითაც დახვედრიან ჩვენს პოეტს გორსა და თელავში და ამ სიყვარულის აღორძინებისათვის თითონ აკაკი წერეთელს არაერთხელ დაუკვნესებია თავისი ტკბილი ქნარი, უმოქმედებია თავისი მიმზიდველი ნიჭიერება, თავისი მარილიანი სიტყვა, თავისი სიტურფით სავსე ქართული. საცა წავიდა ბ-ნი აკაკი, წინ დახვდა მისგან ფრთაასხმული და გაღონიერებული სიყვარული საქართველოსი და ქართვლისა, წინ დახვდა გულწრფელის პატივისცემითა და მადლიერებით აღსავსე გულითა. აგრეთ თითონვე იგემა ბ-ნმა აკაკიმ ნაყოფი თავის დანერგულისა და დათესილისა.
ჩვენ ესეთი მიღება ბ-ნ აკაკი წერეთლისა ავნიშნეთ, როგორც სანუგეშო ამბავი, როგორც სასიხარულო მაგალითი და ნიშანი ჩვენის ცხოვრების წარმატებისა. მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი ფრიად შესანიშნავი საგანიც არის. ეგ არის სიტყვა აკაკი წერეთლისა, თქმული თელავში კახელების წინაშე. ამაზედ მშვენიერი სიტყვა ჩვენ არ გვახსოვს ქართულს ენაზედ. კითხულობთ და გიკვირთ, გიკვირთ და კითხულობთ. არ იცით, რა რას დაამჯობინოთ, სიტყვა აზრს თუ აზრი სიტყვას, ისე შეზავებულია, ისე შეხამებულია, ისე შეხორცებულია სიტურფე სიტყვისა აზრის მშვენიერებასთან. ყოველი წესი ორატორის ხელოვნებისა დაცულია და ხმარებული, რომ სიტყვამ ისე გასჭრას, როგორც მთქმელს განუზრახავს და აზრმა და გრძნობამ იმ გზით მიაღწიოს დანიშნულ ადგილამდე, როგორც მთქმელს სურვებია.
„ღმერთმა ჰქნას, შენ და შენისთანები მომავალშიაც ბევრი გვყოლოდესო“, - უთქვამთ ბ-ნ აკაკისათვის. „ღმერთმა ნუ გაამართლოს ეგ თქვენი სიტყვაო, - უპასუხნია აკაკის: - რასაც დღესა ვჯერდებით, ის ხვალ საკმაო აღარ არის ხოლმეო“. დიაღ, ბატონებო, ხვალე დღევანდელს უნდა სჯობდეს, მერმისი აწინდელს. კანონი განვითარებისა და ბედნიერების იმედისა ამაშია და სხვა არაფერში. ამ იმედით, რომ ხვალე უკეთესი უნდა იქმნას, გულს იმხნევებს ამ დღევანდელის დღის ვაი-ვაგლახით და ნაცარ-ტუტით ტანში მოხრილი ადამიანი. ხვალე არ უნდა ჰგვანდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია. რაც არიან აწინდელნი მოღვაწენი ჩვენის ერისა - ღმერთმა ამრავლოთ, დიდი დღე და გამარჯვება მისცეთ, მაგრამ, აკაკისა არ იყოს, ნუ ვიკმარებთ მას, რაც დღეს არის! ჩვენა გვჭირია ამათზედ ბევრად ძლიერნი, ბევრად ნიჭიერნი, ბევრად მომქმედნი. „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“ - დაუგვირგვინებია თავისი სიტყვა ბ-ნ აკაკის. ასეც უანდერძნიათ ჩვენ მამა-პაპებს, რომელთაც ჩვენთვის თავი დაუდვიათ, რომელთა ძვლებით ჩვენს ქვეყანას ზღუდე შემოვლებია, რომელთა სისხლით ჩვენი ქვეყანა მორწყულა. თუ ის დევ-გმირნი, რომელთ საქმენი სწორედ რომ დაუჯერებელნი არიან, ამბობდნენ, რომ ის ურჩევნია მამულსაო, რომ ჩვენი შვილები ჩვენა გვჯობდნენო, ჩვენ რაღა გვეთქმის, ჩვენ, რომელნიც იმათ წინაშე ქონდრისკაცებად თუ ჩავითვლებით!..
ღმერთმა ადიდოს, ასახელოს, გაუმარჯოს იმ შვილს, რომელიც მამას დაემჯობინება ქვეყნის სამსახურში და რომელიც ეგრე ეჭირვება ჩვენს მშვენიერს მიწა-წყალს, ჩვენს საყვარელს საქართველოს! გაუმარჯოს აკაკი წერეთელსაც, რომლის სამსახურს და ღვაწლს ქართველი გულში ჩაირჩენს სამუდამო სახსოვრად, და რომლის მშვენიერის ლექსებით არაერთხელ დაიტკბობს ყურს და გრძნობას და არაერთხელ გულს მოიცემს მამულისშვილობისათვის.
[1882 წ., სექტემბერი.]
შინაური მიმოხილვა
ხელნაწერი: ასლი, U № 168, გვ. 260.
ნაბეჭდი: ჟურნ. „ივერია“, 1882 წ., № 9, გვ. 140-144.
წერილი ხელმოწერილი არ არის, - ისევე როგორც საერთოდ ჟურნალ „ივერიაში“ 1879 - 1885 წლებში დაბეჭდილი სხვა „შინაური მიმოხილვები“, - მაგრამ მისი ილიასეულობა (ისევე, როგორც „ივერიის“ სხვა „შინაური მიმოხილვების“ დიდი უმეტესობისა) ეჭვმიუტანლად იქნა დასაბუთებული პ. ინგოროყვას მიერ, როცა ეს წერილი, „ივერიის“ სხვა „შინაურ მიმოხილვებთან“ ერთად, გამომცემლებმა (პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა) პირველად შეიტანეს ილიას ნაწერების სრული კრებულის VI ტომში, 1927 წელს (იხ., აგრეთვე დასახ. გამოცემის ტ. VII, 1928 წ. - პ. ინგოროყვას სარედაქციო შენიშვნები („ილიას ნაწარმოებთა ტექსტი და ქრონოლოგია“).
207. 22 ვის არ ახსოვს გარიბალდის სადღესასწაულო მსვლელობა იტალიაში... - იგულისხმება ჯუზეპე გარიბალდისა და მისი ლეგენდარული „ათასეულის“ განმათავისუფლებელი ბრძოლები იტალიის 1859-1860 წლების რევოლუციის პერიოდში: 1860 წლის 27 მაისს გარიბალდის ლაშქარმა პალერმო გაათავისუფლა ესპანეთის ბურბონთა ბატონობისაგან, 10 ივლისს მესინა აიღო, ხოლო შემდეგ, 1860 წლის 7 სექტემბერს, ნეაპოლში შევიდა, რის შედეგადაც ნეაპოლის სამეფო იტალიის გაერთიანებულ სამეფოს შეუერთდა.
როგორც ცნობილია, ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამ პერიოდში პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, გარიბალდის მოხალისეთა რაზმში აპირებდა შესვლას; ცნობილია ისიც, რომ სწორედ ამ ხანებში (1860 წ., 29 VII) დაწერა ილიამ გარიბალდისადმი მიძღვნილი შესანიშნავი ლექსი - „მესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა“ (იხ. წინამდებარე გამოცემა, ტ. I, 1987 წ., გვ. 388).
208. 2 საქვეყნო გლოვა იტალიისა, როცა იგი დიდებული გმირი იტალიისა მიიცვალა. - ჯუზეპე გარიბალდი გარდაიცვალა 1882 წლის 2 ივნისს კუნძულ კაპრერაზე, სადაც იგი დევნილობისას არაერთხელ ცხოვრობდა ხოლმე, და უდიდესი პატივის მიგებით დაიკრძალა, როგორც ეროვნული გმირი.
208. 3 ...ვოლტერის სახსოვრად გამართული დღესასწაულობა საფრანგეთში. - ალბათ იგულისხმება ვოლტერის ჩასვლა პარიზში 1778 წლის თებერვალში, როცა საფრანგეთის საზოგადოებამ არნახული პატივი მიაგო მას.
208. 5 ვიქტორ ჰიუგოს ოთხმოცწლოვანობის იუბილეს... - იუბილე გაიმართა პარიზში 1882 წელს.
208. 13 ინგლისში ცალკე სასაფლაოა, საცა ვერც სიმდიდრე, ვერც გვარიშვილობა, ვერც დიდკაცობა ადგილს ვერ შოვობს... - იგულისხმება ვესტმინსტერის სააბატო ლონდონში (გოთური სტილის, ლათინური ჯვრის ფორმის დიდი და ბრწყინვალე ტაძარი, აშენებული 1245-1509 წწ.), რომელშიც მოთავსებულია გამოჩენილ ინგლისელ მოღვაწეთა, მეცნიერთა და მწერალთა აკლდამები. მთელი კუთხე აქვს დათმობილი უდიდეს ინგლისელ პოეტებს. ბევრი ამ საფლავთაგანი მხოლოდ სიმბოლურია.
209. 14-15 ნეკრასოვის, დოსტოევსკის დასაფლავებაზედ მოსკოვმა და პეტერბურგმა დიდი გულისტკივილი და მადლობა გამოაცხადეს. - ნეკრასოვის დაკრძალვა შედგა 1877 წლის 30 დეკემბერს პეტერბურგში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. მრავალრიცხოვან საზოგადოებაში იგრძნობოდა ახალგაზრდობის დიდი იდეური აღმაფრენა. ეს იყო მეორე არაოფიციალური დაკრძალვა პეტერბურგში მსახიობ მარტინოვის შემდეგ (1860 წ.). დოსტოევსკი და სხვა ცნობილი რუსი მოღვაწენი, მათ შორის იმ დროს სტუდენტი პლეხანოვი, მგზნებარე სიტყვებით გამოვიდნენ ამ დაკრძალვაზე.
დოსტოევსკი გარდაიცვალა 1881 წლის თებერვალში, დაკრძალეს პეტერბურგში, ტიხვინის სასაფლაოზე, ალექსანდრე ნეველის ლავრაში. ეს იყო ჭეშმარიტად მანამდე არნახული სახალხო გლოვა და პატივის მიგება
209. 17 ...ახლაც ცოცხალი ტურგენევის იუბილეი საქვეყნოდ იდღესასწაულეს. - თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ი. ს. ტურგენევი ჯერ 1879 წელს ჩამოვიდა ბუჟევალიდან რუსეთში და მისი ჩამოსვლა გადაიქცა რუსი ინტელიგენციის ჭეშმარიტ ზეიმად; ხოლო 1880 წელს, „პუშკინის დღეებში“ მისი ჩამოსვლა მოსკოვში იყო გრანდიოზული დღესასწაული, გამოჩენილი რუსი რომანისტის პატივსაცემად გამართული. ალბათ, ამ დღესასწაულს გულისხმობს ი. ჭავჭავაძე.
209. 20 პუშკინის სახსოვრად მადლობელმა რუსეთმა ძეგლი ამართა მოსკოვში. - მოსკოვის ცენტრში, ტვერის ბულვარში 1880 წლის 6 ივნისს დაიდგა პუშკინის ძეგლი (სკულპტორი ა. მ. ოპეკუშინი). ძეგლის გახსნა საყოველთაო დღესასწაულად იქცა. ხარების რეკვა და ორკესტრის ხმები თან ახლდა პროცესისას, რომელიც სტრასტნოი მონასტრიდან ტვერის ბულვარისაკენ მიემართებოდა.
210. 03 ...ბ-ნ აკაკი წერეთლის მოგზაურობა ამას წინათ გორში და ამ ბოლო ჟამს კახეთში... - გორში აკაკი წერეთელმა იმოგზაურა 1882 წლის მარტში. 15 მარტს გაიმართა ლიტერატურული საღამო, აქ მან წაიკითხა ორი ლექცია „ვეფხიტსტყაოსანზე“ და ლექსები, 16 მარტს კი სიტყვა წარმოთქვა მის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე. აკაკის ეს სიტყვა დაიბეჭდა გაზ. „დროებაში“ 1882 წლის 23 მარტს (№ 61).
აკაკის საპატივცემლო სადილი თელავში გაიმართა 1882 წლის 17 აგვისტოს. სიტყვა, რომლითაც აკაკი წერეთელმა მიმართა თელავის საზოგადოებას, დაიბეჭდა გაზ. „დროებაში“ 1882 წლის 2 სექტემბერს (№183).
![]() |
2.13 სიტყვა, წარმოთქმული გრიგოლ ორბელიანის დასაფლავებაზე |
▲back to top |
აჰა, ჩვენ წინაშე მდებარეა საუკუნოდ განსვენებული კაცი, რომლის მიცვალებამ გლოვის ზარით გაიხმაურა მთელს საქართველოში და ყოველის ჭეშმარიტის ქართველის გული შესძრა მართლადა ჭეშმარიტის მწუხარებითა.
მისმა წარჩინებულმა სახელმა შეჰკრიბა აქ ყოველი წარმომადგენელი ჩვენის ქვეყნისა. აქ არიან ქალი და კაცი, უცნობი და ნაცნობი, ნათესავი და უცხო, მოხუცი და ჭაბუკი, ღარიბი და მდიდარი, სოფლელი და მოქალაქე, მცირე და დიდი, გლეხი და მუშაკი, რათა ერთად, შეერთებულის გლოვით, ამ უკანასკნელს ჟამს საქართველოს ერი, მაგათგან ესეთის ერთობით წარმოდგენილი, გამოეთხოვოს თავის სასიქადულო კაცს, სახელოვანს შვილს, სიტყვამაღალს მოძღვარს, საუკუნოდ ჩვენთვის დადუმებულსა, საუკუნოდ ჩვენგან წასულსა.
არა მარტო მისმა ხარისხმა და ნამსახურობამ, არა მარტო მისმა ღვაწლმა მხედრობისამ და მოქალაქობისამ მოიწვია აქ, ამ საერთო გლოვის ჟამს, ამდენი ხალხი სხვადასხვა წოდებისა, სქესისა, ხარისხისა და ჰასაკისა, არამედ იმანაც, რომ იგი იყო თვითმპყრობელი ჩვენის ქართულის ენისა, იგი იყო „მეუფე“ ჩვენის სიტყვიერების ძალ-ღონისა და სიმდიდრისა. იგი იყო მწერალი და მთქმელი, მაღლის ნიჭით ცხებული, იგი იყო მოძღვარი ჩვენი და ჩვენ - სასოებით მისი მსმენელი. იგი იყო -
სულითა წრფელი, მშვიდი გულით, ფიქრით განწმენდილ,
ვის არ შეეხო ზაკვის გესლი ძმისა განკითხვად,
ვინც ძლიერებას მძლევის სიტყვით ამცნო სიმართლე
და ძმებს დაცემულთ მისცა ხელი აღსადგენათა.
იგი იყო კაცი, რომელმაც ქვეყანას უანდერძა:
მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას!
იგი იყო კაცი, რომელიც -
დაჰნატრდა დროთა, როს აქვნდათ ტრფობა
მამულისადმი გულს აღბეჭდილად.
იგი იყო კაცი, რომელმაც ღაღადებით წარმოსთქვა:
იცოდეთო, რომ არიან ღარიბნიც,
არის სადმე სიმწარითა ცხოვრება.
იგი იყო კაცი, რომელსაც სწყუროდა:
რომ ჩვენ განვახლდეთ,
სულით ავმაღლდეთ -
და განქრეს ბნელი უმეცრებისა.
იქნება ზოგმა სთქვას, ყოველი ეგე სიტყვაა და არა საქმეო. მაგრამ არიან ქვეყანაზედ იმისთანა რჩეულნი, იმისთანა „ზეგარდმომადლით ცხებულნი“, რომელთაც მინიჭებული აქვთ ერთი სასწაულთმომქმედი ძლიერება. იგი სასწაულთმომქმედი ძლიერება თითონ სიტყვასაც საქმედა ჰქმნის. ერთი იმათგანი, ერთი იმ რჩეულთაგანი, ერთი იმ ზეგარდამო მადლით ცხებულთაგანი იყო იგი, ვისაც დღესა ვსტირით და ამიტომაც მისი სიტყვაც თითონ საქმეა.
ჩვენს მშვენიერს ქვეყნით თავმოწონებულმა აღტაცებით წარმოსთქვა: „სხვა საქართველო სად არისო“! და, ეჰა, ეხლა თითონ საქართველო დაჰყურებს შენს საფლავს და სასოწარკვეთილებით, გლოვით იძახის: „სხვა გრიგოლ ორბელიანისა დარისო“.
შენ აღარ ხარ და შენს საყვარელს საქართველოს გულში ჩასწყდა კიდევ ერთი ძარღვიცა.
ფუჭია იგი სიცოცხლეო, რომელიც ვერარას არგებსო მამულსაო, - სთქვი შენ.
ჩვენ მაგას შენზედ ვერ ვიტყვით.
შენ განვლე შენის ცხოვრების გზა და აღბეჭდეცა ნავალი.
შენი ქვეყნის შვილი ქართველი რომ დააკვირდება მაგ შენს ბრწყინვალე ნავალს, მაღალის ნიჭით და მაღალის სიტყვიერებით შუქმოფენილსა, ქვეყნის წინაშე თამამად თავს მოიწონებს, რომ საქართველოს შენისთანა კაცი ჰყვანდა და იმავე დროს იგლოვებს კიდეც, რომ შენ ჰყვანდი და აღარ ეყოლები.
მშვიდობით, ჩვენო სასიქადულო მამულისშვილო, ჩვენო სახელოვანო ქართველო, ჩვენო დიდებულო მწერალო!
[1883 წ., 26 მარტი]
სიტყვა, წარმოთქმული გრიგოლ ორბელიანის დასაფლავებაზე
ნაბეჭდი: გაზ. „დროება“, 1883 წ., 27/ III, № 65, გვ. 3; „შრომა“, 1883 წ., 30/ III, 13, გვ.1-2.
სათაური: თ. ილია ჭავჭავაძის სიტყვა.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში ეს სიტყვა პირველად შეტანილ იქნა 1927 წელს, - ნაწერების სრული კრებულის IV ტომში (მითითებულ გამოცემაში - და, მასზე დაყრდნობით, მწერლის თხზულებათა შემდგომ გამოცემებშიც, - ილიას მიერ წარმოთქმული სიტყვა ქაშვეთის ეკლესიაში გრ. ორბელიანის დაკრძალვისას - 1883 წლის 26 მარტს, შეცდომით 25 მარტითაა დათარიღებული).
გრ. ორბელიანის დაკრძალვა გადაიქცა ჭეშმარიტ ეროვნულ გლოვად. ყველა იმდროინდელი გაზეთი ფართოდ აქვეყნებდა პოეტისადმი მიძღვნილ წერილებს, ნეკროლოგებს, სამგლოვიარო დეპეშებს. საგანგებო წერილში დაწვრილებით იყო აღწერილი დაკრძალვის თადარიგი. გარდაცვალებულს წესი აუგეს ანჩისხატის ეკლესიაში, დაკრძალეს ქაშვეთში. მთელი გზა სახლიდან ანჩისხატამდე და შემდეგ - ქაშვეთის ეკლესიამდე გაჭედილი იყო ხალხით. ყველა საზოგადოებრივი ფენისწარმომადგენლები გვიგვინებით ამკობდნენ გარდაცვალებულის კუბოს, სხვადასხვა სასწავლებლების ყმაწვილ ქალთა და ვაჟთა გუნდები განუწყვეტლივ გალობდნენ. ილია ჭავჭავაძის სიტყვა გამოხატულებაა ამ დიდი ეროვნული გლოვისა.
214. 3 „სულითა წრფელი, მშვიდი გულით, ფიქრით განწმენდილ“ - სტრიქონი გრ. ორბელიანის ლექსისა „ფსალმუნი“.
214. 10 „დაჰნატრდა დროთა, როს აქვნდათ ტრფობა“... - სტრიქონი გრ. ორბელიანის ლექსისა „იარალის“ („დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა“).
214. 13 „იცოდეთ, რომ არიან ღარიბნიც...“ - სტრიქონი გრ. ორბელიანის ლექსისა „მუშა ბოქულაძე“ („ჰსჩანს არ იცის, რომ არიან ღარიბნიც“).
214. 16 „რომ ჩვენ განვახლდეთ“... - სტრიქონი გრ. ორ ლექსისა „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ („რომ განვიღვიძნეთ“...).
214. 28 „სხვა საქართველო სად არის“... - სტრიქონი გრ. ორბელიანის პოემიდან „სადღეგრძელო“.
![]() |
2.14 „ვისრამიანის“ დაბეჭდვის გამო |
▲back to top |
„ვისრამიანი“, - ეს ყოველ მხრით შესანიშნავი განძი ქართულის ლიტერატურისა, - არ ყოფილა დღევანდლამდე დაბეჭდილი სრულად. მხოლოდ ზოგიერთი კარი ბატ. ჩუბინოვი ქრისტომატიებშია ჩართული. არც მისი ხელნაწერებია ისე ხშირი ჩვენში, როგორც თვით თხზულების ღირსება სამართლიანად ითხოვს.
ეს თხზულება ეკუთვნის დიდებულს დროს თამარ მეფისას. ამას ჰმოწმობს თვით ენის სიკეთე, სიცხოველე და კილო. დამწერად სარგის თმოგველს ამბობენ, თუმცა მტკიცე საბუთი ამისი, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერას გზით ვერსად ვიპოვეთ. ეს კი ცოტად თუ ბევრად საფიქრებელია, რომ „ვისრამიანი“ „ვეფხვის-ტყაოსანზედ“ ადრეა დაწერილი, იმიტომ რომ რუსთაველი რამდენსამე ადგილას თვისს პოემაში იხსენიებს „ვირამიანის“ გმირთა: ვისსა და რამინსა; იმათი ერთმანერთის სიყვარულის და ტრფიალება მაგალითებსავით მოჰყავს.
არ ვიცით, „ვისრამიანი“ საკუთარი ქართული თხზულებაა თუ ნათარგმნია. ამ საგანზედ ჩვენში სამგვარი აზრია გავრცელებული.
ზოგნი ამბობენ, რომ საკუთარი ქართული თხზულებააო და ამას ამყარებენ, პირველ, იმაზედ, რომ მეტად თვალსაჩინო მაგალითებია წმინდა ქართულის ჩვეულებისა შიგ მოყვანილიო; მეორე, იმაზედ, რომ ენა მეტად ფაქიზია, მკაფიო, სიტყვების გაწყობა ფრაზაში თითქმის არ ჰღალატობს წმინდა ქართულს ენასაო და თუ თარგმანი იყოსო, რაც უნდა ნიჭიერი მთარგმნელი ყოფილიყო ამის გადმომღებიო, არ შეიძლება, ბევრგან არ აჰყოლოდა უნებლიედ იმ ენის წყობილებას და თვისებას, რომლიდამაც სთარგმნიდაო.
ზოგნი ამბობენ, რომ თუმცა თვითონ ამბავი ვისისა და რამინისა სპარსულია, მაგრამ ეს ამბავი ქართველს მწერალს მხოლოდ გაუგონია, თვითონ მხოლოდ შინაარსი აუღია და თავისით დაუწერია, და არა გადმოუთარგმნია სპარსულის ტექსტიო. ამ აზრსაც ისევ ის ზემოხსენებულის აზრის საბუთები უდგება მოწმად და ეს აზრი პირველზედ უფრო დასაჯერებელი უნდა იყოს, რადგანაც ნამდვილად ცნობილია ევროპის მეცნიერთაგან, რომ ვისისა და რამინის ამბავი სპარსელებს ეკუთვნისო, და შესაძლოა ჩვენს მწერალსაც გაეგონოს და მერე თავისით ახალი თხზულება დაეწეროს.
მესამე აზრი ის არის, რომ „ვისრამიანი“ თარგმანია და არა საკუთარი ქართული თხზულება. ამას ამტკიცებს თვითონ პირველი კარი ამ თხზულებისა, საცა მოხსენებულია, რომ ამბავი ფაჰლაურიდამ სპარსულად გადმოთარგმნილია. ამ გარემოებას მით უფრო მეტი ძალა ეძლევა, რომ დღესაც სპარსულად დარჩენილა „ამბავი ვისისა და რამინისა“, „ქილილა და დამანასავით“ ლექსად და პროზად შერევით დაწერილი მეთერთმეტე საუკუნეში. ამბობენ სპარსულითგან ეს თხზულება ნემენცურადაც გადაუთარგმნიათ.
ეს სპარსული ნემენცური და ქართული „ვისრამიანი“ რომ ერთმანერთს შეუფარდდეს, მაშინ საბუთი მოგვეცემოდა ან ერთს, ან მეორეს, ან მესამე აზრზედ დამყარებულვიყავით. ჩვენდა სამწუხაროდ, ამისათვის მასალა ვერ მოვიპოვეთ, ვერც სპარსული ვიშოვეთ და ვერც ნემენცური, რომ ენის მცოდნე კაცთათვის გადაგვესინჯებინა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შემდეგში ამ შესანიშნავის თხზულების სრული ვითარება გამოუძიებლად არ დარჩება, მით უფრო, რომ ეს თხზულება ამისი ღირსია და, ჩვენის ფიქრით, სასახელოც იმ ერისათვის, რომელსაც იგი პირველად შეუქმნია.
საჭიროება „ვისრამიანის“ დაბეჭდვისა ქართულის მწერლობისათვის აუცილებელი იყო. მაღალი პოეტური მისი ღირსება, მაღალი ნიჭიერების ბეჭედი, ძლიერი გამომხატველობა ადამიანის გულის მოძრაობისა, თვით პროზაული ენა, მაჩვენებელი ლიტერატურის შემუშავების ხარისხისა, - ყოველივე ესე ამ თხზულებასა ხდის ძვირფასს საუნჯედ ჩვენის მწერლობისას. ამგვარი ღირსება ყოფილა მიზეზი „ვისრამიანის“ დარჩენისა, რომ ჟამთა ვითარების დაუდგრომლობას არ წაუშლია, სხვათა მრავალთა თხზულებათა მსგავსად. მართალია ჩვენში „ვეფხვის-ტყაოსანსავით“ გავრცელებული არა ყოფილა ყოველს ოჯახში და, როგორც ამბობენ, ქალებს სულ არც კი აკითხებდნენო, მაგრამ შესწავლულ კაცებში, უმაღლეს საზოგადოებაში მიღებული ყოფილა „ვეფხვის-ტყაოსნის“ დაწერის წინადაც; ამას გვიმტკიცებს თვით „ვეფხვის-ტყაოსანში“ რამდენჯერმე მოხსენებული ვისის და რამინის სახელი1. ამ პროზაულს თხზულებას რომ ზედმოქმედება ჰქონია ჩვენს მწერლობაზე, ამას გვაჩვენებს ის გარემოება, რომ იმისთანა დიდს პოეტს, როგორც რუსთველია, ყურადღება მიუქცევია და სამაგალითოდაც გახდომია. ზოგი ადგილი „ვეფხვის-ტყაოსნისა“ მოგვაგონებს მსგავსებას „ვისრამიანისას“ და ზოგის აზრის გამეორებას; თითქოს რუსთველს „ვისრამიანიდამ“ ამოეღოსო, რასაკვირველია, უმეტესის მშვენებით და გამოხატვით. წერის კილო ორისავე თხზულებისა, თუმცა ერთი ლექსია და მეორე პროზა, ერთმანერთს უახლოვდება, რადგანაც თითქმის ერთსა და იმავე დროს ეკუთვნის. ამ საფუძვლით აიხსნება საჭიროება „ვისრამიანის“ დაბეჭდვისა.
ტექსტის სინამდვილით დაბეჭდვისათვის რედაქციას მხოლოდ ოთხი ხელნაწერი ჰქონდა. ამათგანი ერთი „წერა-კითხვის საზოგადოების“ ბიბლიოთეკისა, მეჩვიდმეტე საუკუნეში ანუ მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში მშვენიერის ხელით ნაწერი, დანარჩენ სამს დედანზე უკეთესი აღმოჩნდა სისრულით და შეურყვნელობით. სხვა მეორე ხელნაწერი სრულებით ეთანხმებოდა უცვალებლად პირველსა, მხოლოდ აკლდა რამდენიმე დახეულ-დაკარგული ნაწილი. დანარჩენი ორი დედანი აღმოჩნდა დამახინჯებული: ერთია შეცვლილი, თითქოს გადმომწერს ძნელად გასაგონის აზრების თარგმა დაუწყია, წყობა წინადადებათა, სიტყვათა და თვით სიტყვები შეუცვლია; და მეორე - მწერლობის უცოდინარს გადმოწერის დროს თვისის უმეცრების ბეჭედი დაუსვამს. ორივე ეს უკანასკნელი დედნები ამ შერყვნილების გამო სავსეა უაზრობით, ანუ ძლიერი აზრი, ძლიერად გამოხატული, დაუძლურებულა და სიცხოველე დაჰკარგვია. ამ ოთხს დედანს უნდა დასჯერებოდა რედაქცია, რადგანაც მეტი ხელნაწერი ვერ მოიპოვა. ბატონ ჩუბინოვის ქრისტომატიებში დაბეჭდილი, მეტადრე პირველი გამოცემის ნაწყვეტი, „ვისრამიანის“ არც ერთს, ოთხ მოხსენებულ დედანს, არ ეთანხმება; ეტყობა ძლიერი ცვლილება და ამიტომ მისი ვარიანტების მოხსენება არ მოხერხდა. ტექსტი დაიბეჭდა პირველის დედნიდამ, ზოგიერთს იშვიათ ადგილებს გარდა, და ცვლილება-ვარიანტები დანარჩენის ხელნაწერ ეგზემპლარებითგან სხოლიოებად იქმნა მოხსენებული. ამ სხოლიოებშივე ზოგი საჭირო განმარტება რედაქციამ შემოიტანა.
ტექსტის ბეჭდვის მართლწერა რედაქციამ დაიცვა ძველის ხელნაწერის დედნისა, ზოგი იქნება შეცთომილებითურთ, იმ საფუძვლისა გამო, რომ ამ ძველ ნაწერ თხზულებას რამდენადმე მიეცა მასალა სასაუბრო ენის გამოთქმის, მეტყველების და ხმათა ცვლის ისტორიისათვის. მაგალითად უ დაუტევეთ და არ შევცვალეთ ეხლანდელ ვ-ინად, და არც მეთვრამეტე საუკუნეში შემოღებულ ამ ორ ასოთა აღსანიშვნელ უ̂ (უ ბრჯგუდ).
ტექსტს დაერთვის ლექსიკონი, შედგენილი საბა ორბელიანის ლექსიკონის თანახმად ცოტაოდენის დამატებით ანუ შეცვლით და სხვათა ენების ლექსიკონთა და კარტათა დახმარებით ისტორიულ-გეოგრაფიულ სიტყვათა ახსნისათვის.
[1883 წ.-884 წ. იანვარი]
____________
1. ხანა 182; „იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა“. ხანა 1074: „და ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა“. ხანა 1536: „და ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა ნუმცა თუ რამინს და ვისსა“. „ვეფხვის-ტყაოსანი“, გამოცემული დ. ჩუბინოვისაგან. ს.-პეტერბურღს, 1860 წ.
„ვისრამიანის“ დაბეჭდვის გამო
ხელნაწერი: ავტოგრაფი, U № 174.
ნაბეჭდი: „ვისრამიანი“, რედაქტორობით ილ. ჭავჭავაძისა, ალ. სარაჯიშვილისა და პეტ. უმიკაშვილისა, ტფილისი, 1884.
„ვისრამიანის“ მითითებულ 1884 წლის გამოცემას „ვისრამიანის“ დაბეჭდვის გამო“ წინასიტყვაობის სახით აქვს წამძღვარებული. მას ხელს აწერს გამოცემის სამივე რედაქტორი - ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი და პეტრე უმიკაშვილი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ბარამიძემ მიაკვლია აღნიშნული წინასიტყვაობის ავტოგრაფს - U № 174-ს (იხ. ალ. ბარამიძე, ილია ჭავჭავაძე და ვისრამიანი“, - ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული, 1939 წ., გვ. 223-228), აშკარა გახდა, რომ „ვისრამიანის“ დაბეჭდვის გამო“, ფაქტობრივად, ილია ჭავჭავაძისა და პეტრე უმიკაშვილის დაწერილია. კერძოდ, როგორც მითითებული ავტოგრაფი ადასტურებს, ილიას ეკუთვნის ამ წინასიტყვაობის პირველი ნაწილი, - პირველი შვიდი აბზაცი წინამდებარე ტომში დაბეჭდილი ტექსტისა (გამოცემის წინასიტყვაობა თავდაპირველად პ. უმიკაშვილს დაუწერია და ილია ჭავჭავაძისათვის გადაუცია განსახილველად. ილია არ დუკმაყოფილებია წინასიტყვაობის პირველ, განმაზოგადებელ ნაწილს, თვითონ დაუწერია იგი და პეტრე უმიკაშვილისათვის გაუგზავნია, მინაწერით: „პეტრე! თუ მოგეწონოს, თავი ესე დავიწყოთ და ბოლო შენი ნაწერი იყოს, საცა ნიშანია, იქიდამ“26. და მართლაც, „ვისრამიანის“ წინასიტყვაობა სწორედ ისე დაიბეჭდა, როგორც ილიას მიაჩნდა მიზანშეწონილად.
ილია ჭავჭავაძის ზემოაღნიშნული ავტოგრაფისა და პირველნაბეჭდის ტექსტებს შორის მცირეოდენი სხვაობაა (ჩანს, ბეჭდვის პროცესში, ილიასეულ ტექსტში ცალკეული სწორებები იქნა შეტანილი).
წინამდებარე გამოცემაში „ვისრამიანის“ დაბეჭდვის გამო“ სრული სახით იბეჭდება, ხოლო იმ მიზნით, რომ მკითხველმა დაუბრკოლებლად აღიქვას ილიას მიერ დაწერილი პირველი ნაკვეთი ამ შესავალი წერილისა, შენიშვნების ბოლოს ვათავსებთ ილიას ავტოგრაფის ტექსტს უცვლელად.
„ვისრამიანის“ გამოცემას ნებართვა ცენზურას 1884 წლის 29 ივლისს აქვს გაცემული. მაგრამ, როგორც ირკვევა, „ვისრამიანის“ ტექსტი და, ასევე ზემომითითებული წინასიტყვაობაც ილია ჭავჭავაძეს, პეტრე უმიკაშვილსა და ალექსანდრე სარაჯიშვილს უკვე 1884 წლის დამდეგისათვის ჰქონიათ გამოსაცემად მომზადებული: 1883 წლის 10 დეკემბერს გაზ. „დროება“ (№ 429) ასეთ ცნობას აქვეყნებს: „ვისრამიანის“ გასასწორებლად დანიშნულ კომისიას შეუმოწმებია ერთად რამდენიმე ხელნაწერი ამ ძველის წიგნისა და დასაბეჭდათაც მოუმზადებიათ. ბეჭდვას ამ დღეებში შეუდგებიან“; ხოლო 1884 წლის 5 იანვრით დათარიღებულ წერილში ილია ჭავჭავაძე ილია ოქრომჭედლიშვილს წერს: „ვისრამიანს“ სამი კაცი ვასწორებთ, ლექსიკონსაც ვუკეთებთ შენის აზრისამებრ და ამ ორ კვირაზედ დაბეჭდვასაც შევუდგებით“; 1884 წლის 18 იანვარს ილია ჭავჭავაძე საადგილ-მამულო ბანკების წარმომადგენელია მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად პეტერბურგში ჩადის (რუსეთში ილიამ ორ თვემდე დაჰყო). ეჭვგარეშეა, რომ ამ პერიოდისათვის „ვისრამიანზე“ მუშაობა გამომცემლებს უკვე დასრულებული აქვთ (1884 წლის 11 თებერვალს ილია პეტერბურგიდან ილია ოქრომჭედლიშვილს წერს: „თუმცა მრცხვენიან, მაინც გამოგიცხადებ, რომ „ვისრამიანის“ დაბეჭდვას მოუთმენლად ველი“ (იხ. შ. გოზალიშვილი, „ილია ოქრომჭედლიშვილი“, თბ., 1976 წ., გვ. 93).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიგვაჩნია „ვისრამიანის“ დაბეჭდვის გამო“, პირობითად, 1883 წლის დამლევითა და 1884 წლის დამდეგით დავათარიღოთ.
216. 3 ...მხოლოდ ზოგიერთი კარი ბატ. ჩუბინოვის ქრესტომატიებშია ჩართული. - დავით იესეს ძე ჩუბინაშვილმა (1814-1891 წწ.) 1846 წელს პეტერბურგში გამოსცა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, ნაწ. I, რომელშიც მოათავსა 4 თავი „ვისრამიანიდან“, ხოლო 1860-1863 წწ. გამოცემულ II ნაწილში ამ ქრსეტომათიისა კიდევ სამი თავი თხზულებიდან (იხ. აგრეთვე, „ვისრამიანი“, აკად. გამოცემა, 1962 წ., გვ. 18).
218. 27 ტექსტის სინამდვილით დაბეჭდვისათვის რედაქციას მხოლოდ 4 ხელნაწერი ჰქონდა. - ძირითადი ხელნაწერი რომელიც საფუძვლად დაედო „ვისრამიანის“ 1884 წლის გამოცემას, დღესდღეობითაც ყველაზე სრულყოფილ ხელნაწერად ითვლება და თვით აკადემიურ გამოცემას ამ თხზულებისას („ვისრამიანი“, 1962 წ. ალ, გვახარიას და მ. თოდუას რედ.) სწორედ ეს S-27 ხელნაწერი დაედო საფუძვლად. დანარჩენი სამი ხელნაწერიც, რომლებიც ტექსტშია მოხსენიებული (როგორც არასრულფასოვანი წყაროები), ისევე როგორც S-27 ხელნაწერი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული (№ 17-S, № 96-S, № 102-S).
219. 12 ...ამ ოთხს დედანს უნდა დასჯერებოდა რედაქცია, რადგან მეტი ხელნაწერი ვერ მოიპოვა. - ამ ხარვეზის შესავსებად „ვისრამიანის“ სარედაქციო ჯგუფს პეტერბურგელი ორიენტალისტის - სალ. გრინისათვის მიუმართავს თხოვნით - მიეწვდინა მათთვის ყველა ხელმისაწვდომი ცნობა „ვისრამიანის“ ტექსტთან დაკავშირებით და შეედგინა განმარტება-კომენტარები ტექსტობრივი თუ ენათმეცნიერული ხასიათისა. ამ მიზნით მათ „ვისრამიანის“ უკვე დაბეჭდილი ტექსტი პეტერბურგში გაუგზავნიათ (იხ. ალ. ბარამიძე, ილ. ჭავჭავაძე და ვისრამიანი, - ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული, 1939 ., გვ. 223-225).
დასასრულ, გავეცნოთ წერილს ილიასეული ნაწილის ავტოგრაფის მიხედვით (U № 174).
____________
26. ილია ჭავჭავაძის მიერ მოხსენიებული „ნიშანი“ ავტოგრაფში მერვე აბზაცის („საჭიროება „ვისრამიანის“ დაბეჭდვისა...“) წინ არის დასმული.
ვისრამიანის დაბეჭდვის გამო
ვისრამიანი, - ეს ყოველ მხრით შესანიშნავი განძი ქართულის ლიტერატურისა, - არ ყოფილა დღევანდლამდე დაბეჭდილი სრულად. მხოლოდ ზოგიერთი ხანა ამ მშვენიერის წიგნისა ბატ. ჩუბინოვის ქრისტომატიებშია ჩართული. არც მისი ხელნაწერებია ისე ხშირი ჩვენში, როგორც თვით თხზულების ღირსება სამართლიანად ითხოვს.
ეს თხზულება ეკუთვნის დიდებულს დროს თამარ მეფისას, ამას ჰმოწმობს თვით ენის სიკეთე, სიცხოველე და კილო. დამწერად სარგის თმოგველს ამბობენ, თუმცა მტკიცე საბუთი ამისი, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერას გზით ვერსად ვიპოვეთ. ეს კი ცოტად თუ ბევრად საფიქრებლია, რომ ვისრამიანი ვეფხვის ტყაოსანზედ ადრეა დაწერილი, იმიტომ რომ რუსთაველი რამდენსამე ადგილას თვისს პოემაში იხსენიებს ვისრამიანის გმირთა: ვისსა და რამინსა; იმათი ერთმანერთის სიყვარული და ტრფიალება მაგალითებსავით მოჰყავს. სჩანს, ამ თხზულებას დიდი ზემოქმედება ჰქონია მაშინდელებზედაც, რადგან იმისთან დიდის პოეტის, როგორიც რუსთაველია, ყურადღება მიუქცევია და სამაგალითოდ გახდომია, როგორც ამას ქვემორეც შევნიშნავთ.
არ ვიცით, ვისრამიანი საკუთარი ქართული თხზულებაა თუ ნათარგმნია. ამ საგანზედ ჩვენში სამგვარი აზრია გავრცელებული.
ზოგნი ამბობენ, რომ საკუთარი ქართული თხზულებააო და ამას ამყარებენ, პირველ, იმაზედ, რომ მეტად თვალსაჩინო მაგალითებია წმინდა ქართულის ჩვეულებისა შიგ მოყვანილიო; მაგალითებრ: ძიძის ავანჩავანობა, შუამავლობა ტრფიალთა შორის და მისი მოქმედება საერთოდ და, მეორე, იმაზედ, რომ ენა მეტად ფაქიზია, მკაფიო, სიტყვების გაწყობა ფრაზაში არცერთგან თითქმის არ ჰღალატობს წმინდა ქართულს ენასაო და თუ თარგმანი იყოსო, რაც უნდა ნიჭიერი მთარგმნელი ყოფილიყო ამის გადმომღებიო, არ შეიძლება, ბევრგან არ აჰყოლოდა უნებლიედ იმ ენის წყობილება და თვისებას, რომლიდამაც სთარგმნიდაო.
ზოგნი ამბობენ, რომ თუმცა თვითონ ამბავი ვისისა და რამინისა სპარსულია, მაგრამ ეს ამბავი ქართველს მწერალს მხოლოდ გაუგონია, თვითონ მხოლოდ შინაარსი აუღია და თავისით დაუწერია, და არა გადმოუთარგმნია სპარსული წიგნიდამაო. ამ აზრსაც ისევ ის ზემოხსენებულის აზრის საბუთები უდგება მოწმად და ეს აზრი პირველზედ უფრო დასაჯერებელი უნდა იყოს, რადგანაც ნამდვილად ცნობილია ევროპის მეცნიერთაგან, რომ ვისისა და რამინის ამბავი სპარსელებს ეკუთვნისო, და შესაძლოა ჩვენს მწერალსა გაეგონოს და მერე თავისით ახალი თხზულება დაეწეროს.
მესამე აზრი და უფრო საბუთიანი ის არის, რომ ვისრამიანი თარგმანია და არა საკუთარი ქართული თხზულება. ამას ამტკიცებს თვითონ პირველი კარი ამ თხზულებისა, საცა სწერია, რომ აქ მოსხენებული ამბავი ფაჰლაურიდამ სპარსულად გადმოთარგმნილია. ამ გარემოებას მით უფრო მეტი ძალა ეძლევა, რომ დღესაც სპარსულად დარჩენილა „ამბავი ვისისა და რამინისა“, ქილილა და დამანასავით ლექსად და პროზად შერევით დაწერილი მეთერთმეტე საუკუნის პოეტის фაჰრალდინ ასათისა. ამბობენ სპარსულითგან ეს თხზულება ნემენცურადაც გადაუთარგმნიათ.
ეს სპარსული, ნემენცური და ქართული „ვისრამიანი“ რომ ერთმანერთს შეუფარდდეს, მაშინ საბუთი მოგვეცემოდა ან ერთს, ან მეორეს, ან მესამე აზრზედ დამყარებულვიყავით. ჩვენდა სამწუხაროდ, ამისათვის მასალა ვერ მოვიპოვეთ, ვერც სპარსული ვიშოვეთ და ვერც ნემეცური, რომ ენის მცოდნე კაცთათვის გადაგვესინჯებინა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შემდეგში ამ შესანიშნავის თხზულების სრული ვითარება გამოუძიებლად არ დარჩება, მით უფრო, რომ ეს თხზულება ამისი ღირსია და, ჩვენის ფიქრით, სასახელოც იმ ერისათვის, რომელსაც იგი პირველად შეუქმნია.
![]() |
2.15 „ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა“ |
▲back to top |
ტფილისი, 9 იანვარს
გუშინდელ და დღევანდელს „ივერიის“ ფელეტონში ორმა სულ სხვადასხვა ავტორმა ერთი და იგივე საგანი დაგვიყენა თვალწინ განსაჩხრეკად და განსაკითხავად. უნდა ვსთქვათ, რომ ეგ საგანი მწვავი ტკივლია დღევანდელის დღისა, დღევანდელის დღის ვარამია. ორივე ავტორნი ერთნაირის გულწრფელობით, ერთნაირის გონებადამჯდარობით, საგნის ღირსებისამებრ მართებულობით გველაპარაკებიან ჩვენის ლიტერატურის დღევანდელ ყოფაზედ; რიგიანის დაკვირვებით და დინჯად ჰსინჯავენ ამ ყოფას საზოგადოების მიმართ და თვით საზოგადოებას ამ ყოფის მიმართ. ორივე თითქმის იმ აზრზედ ჰსდგანან, რომ ჩვენის ლიტერატურის დღევანდელი უღონობა იმაზეა დამოკიდებული, რომ ლიტერატურა ჩვენში ლუკმა-პურს არ იძლევინებაო და ამიტომ მწერლობა ჩვენში შემთხვევითია და არა დაჩემებული, გამოსაკუთრებული მოღვაწეობაო. ამ დადგინებას სიტყვა არ შეებრუნება. ვინ არ იცის, რომ ვინც ჩვენში ლუკმა-პურის შოვნის ზრუნვას დროს გადაარჩენს და მოიცლის, მარტო იგი იღებს ხელში კალამსა და ჰსწერს და ისიც მარტო მაშინ, როცა მოცლილია. ლიტერატურული მოღვაწეობა ბუნებითად იმისთანა რამ არის, რომ დღემუდამ უკან დევნა უნდა, დღემუდამ მის სფერაში ტრიალი, დღემუდამ ფიქრსა და ტვინის მოძრაობაში უნდა იყოს მისი მიმდევარი კაცი. ამისთანა გარემოება აიძულებს კაცს მთლად ამ მოღვაწეობაზედ იყოს გადაგებული, გადადებული და მაშინ იგი მოიქმედებს მას, რის შემძლეც არის თავისის ნიჭითა და მომზადებულობითა. დღევანდელი ჩვენი ყოფა-ცხოვრება ამის ნებას არ იძლევა. ამისთანა გარემოებას კიდევ სხვა ზარალიც მოაქვს. რადგანაც არავის არ ეგულება, რომ ლიტერატურული შრომა და ჯაფა ცხოვრების საღსარს მომცემსო, არც არავინ ჰბედავს ამგვარის მოღვაწეობისათვის რიგიანად და საფუძვლიანად მოემზადოს. ქვეყნიერობაზედ არ არის, ჩვენის ფიქრით, სხვა იმისთანა საგანი და მოღვაწეობა, რომ ასეთი ხანგრძლივი და საფუძვლიანი მომზადება უნდოდეს წინათვე, როგორც ლიტერატურა და ლიტერატორობაა. ცარიელი, მოუმზადებელი, უწურთვნელი ნიჭი არგადახალისებული მადანია და ამიტომაც ბევრს ვერას შეჰსძლებს ლიტერატურის სარბიელზედ.
ჩვენ ყოველივე ეს სამართლიანს საბუთს გვაძლევს, რომ პატივცემულთ ავტორებს განვუზიაროთ აზრი შესახებ იმა უმთავრესის მიზეზისა, რომლის მეოხებითაც ჩვენ არც თავგადადებული მუშაკი გვყავს ლიტერატურისათვის და არც საკმაოდ ამისათვის მომზადებული. აქ გასამტყუნარი არავინ არ არის, გარდა გარემოებისა.
ყველამ ვიცით, რომ ლიტერატურას ასაზრდოებს საზოგადოება. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა აღვიაროთ, რომ ჩვენს ლიტერატურას დღედადღე საზოგადოება აკლდება. დღეს თუ ჩვენს ლიტერატურას მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავს, ერთი ეგრეთწოდებული ინტელიგენციაა, რომელსაც თითონაც არა აქვს საზრდო ცხოვრებისა, და მეორე - ძველნი ქართველნი, კაცნი თუ ქალნი. ყოველი კი ახლად მომავალი. ნამეტნავად ქალები, ჰთაკილობენ ქართულს ლიტერატურას და იკვებებიან იმ წვრილად ფშხვნილ ნამცეცებითა, რომელიც აქაურს წვრილმან გაზეთებს ყოველდღე ტომრებით მოაქვთ. თუმცა ეს ასეა დღეს, მაგრამ იმედია, რომ ქართული ლიტერატურა გავრცელდება ჩვენში და მაშინ ჩვენი ეგრეთწოდებული მაღალის წოდების ხალხი, თუნდა სრულად დაეთხოვოს კიდეც ჩვენს ლიტერატურას, დიდი არაფრისაა. საქმე ის არის, ჩვენი ერი მომზადდეს, გონების გახსნის გზაზედ იმოდენად წარიმართოს, რომ როგორც პურის საჭიროებას ჰგრძნობს ხორცისათვის, ისეც ლიტერატურა მიიჩნიოს სულისა და გულისათვის. თუ, ღვთის მადლით, ჩვენი სასოფლო სკოლები და ერთობ ის სასწავლებელნი, რომელთაც კარი მუდამ და დაუბრკოლებლივ ღია აქვთ ყველასათვის, რიგიანად მოიმართნენ და თავის უწმინდაესს დანიშნულებას გვერდი არ აუქციეს, უეჭველია გამრავლდება როგორც მუშაკი ლიტერატურისა, ისეც მუშტარი და მაშინ ლიტერატურა და საზოგადოება უკეთ მოეწყობა, უკეთ მორიგდება და მოთავსდება ერთმანეთში.
ამ იმედით აღფრთოვანებული და გატაცებული იბრძვის და იღვწის დღეს მშიერ-მწყურვალი უანგარო მუშაკი დღევანდელის ჩვენის ლიტერატურისა. ეს, მართალია, თავგანწირვაა, სხვერპლია, და თუმცა ამ სხვერპლ ქართველთა დღევანდელი უმადურება აორკეცებს და წამებად ჰხდის, მით უფრო უმშვენიერესია ის ბრწყინვალე სახსოვარი, რომელიც აღიმართება ძეგლად მერმისის გულში.
[1886 წ., 9 იანვარი.]
ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა
ხელნაწერი: ასლი, U №1052, გვ. 252-254.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 10 I, № 6, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს, დაასათაურეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IX ტომში.
220. 4 გუშინდელმა და დღევანდელმა ორმა ავტორმა ერთი და იგივე საგანი დაგვიყენა თვალწინ... - იგულისხმება გაზ. „ივერიის“ 1886 წ. № 5-ში (9 I) დაბეჭდილი ფელეტონი - „ტფილისიდამ თეირანს (წერილი მეგობართან)“, მოლა ბაშირის (ნ. ხიზანიშვილი) ხელმოწერით და № 6-ში (10 I) მოთავსებული - ალ. მირიანაშვილის „რა მოეთხოვება ქართულს ლიტერატურას?“
![]() |
2.16 „დასავლეთის ეტიკეტი“ |
▲back to top |
ტფილისი, 17 აპრილს.
გუშინდელს «Новое Обозрение»-ს ნომერში ბბ-ნთ აკაკის და სოსლანის გამო დაბეჭდილი იყო ერთი წერილი, სახელ და გვარ-მოუწერელი. თუმცა ამის გამო ნება გვაქვს ვიფიქროთ, რომ იგი წერილი ან თითონ რედაქტორისაა, ან მის მიერ თანაგაზიარებული, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაკადრებთ პატივცემულს რედაქტორს «Новое Обозрение»-სას. ჩვენ კარგად ვიცნობთ ბ-ნს რედაქტორს: იგი კარგად გაზრდილი, კარგად მომზადებული და განათლებულია და, მაშასადამე, თავის თავისა და სხვის პატივისმცემელიცა. იგი თავის დღეში თავის-თავს ნებას არ მისცემდა საპოლემიკო საგანს გადუხვიოს, უმიზეზოდ გადასწვდეს ერთობ ქართულს ლიტერატურას და როგორც გაუნათლებელმა ბატონმა ყმა, ამაოდ გაზვიადებულმა დიდმა მცირე, უზრდელმა მდიდარმა გლახაკი, რაღაც ზიზღით მოიხსენიოს ქართული ლიტერატურა, თითქო ერთი რამ უკადრისი და ფეხით გასასრესი ჭია იყოსო. სამართლიანის ქებით და დიდებით იხსენიებს ავტორი ხსენებულის წერილისა ერთობ რუსულ ლიტერატურას, მაგრამ დიდება რუსულის ლიტერატურისა სხვის დამცირებასა და ზიზღით ხსენებაზედ არ არის დამყარებული. ჩვენც დიდი პატივისცემა გვაქვს რუსულის ლიტერატურისა, მით უფრო, რომ მისთა უკეთესთა წარმომადგენელთაგან გრძნობა ადამიანის ღირსებისა აღიარებულია საქვეყნოდ დიდსა და მცირეშიაც, მდიდარსა და გლახაკშიაც, ბატონსა და ყმაშიაც, თავადსა და გლეხშიაც; ყველგან იგი კაცსა ჰხედავს და კაცსა სცემსპატივსა.
ეს უკეთესი მოძღვრება რუსულის ლიტერატურისა ხსენებულის წერილის ავტორს როგორღაც დაჰვიწყებია და ისეთის თავსაცილით იხსენიებს ქართულს ლიტერატურას, თითქო იმისი ფეხის მტვერი იყოს. ჩვენა გვგონია, ვინც ასე იქცევა, ის ტყუილუბრალოდ ჰჩემობს ერთობას რუსულს ლიტერატურასთან, იმიტომ რომ უკეთესნი წარმომადგენელნი მისნი, ყოფილნი და დღესაც არსებულნი, ამისთანა ქცევას არ იკადრებენ და უცებობაში ჩამოართმევენ თვით მქცეველსაც.
„აღმოსავლეთის2 ეტიკეტი სავსებით მიუთვისებია ქართულს ლიტერატურასაო“. ვინც სხვის დაბეზღებით არ იცნობს ქართულს ლიტერატურას და თავისით დაჰკვირვებია, ის არამც-თუ ერთმანეთის ქებას და დიდებას დააბრალებდა ქართულს ლიტერატურასა, პირიქით, გადაჭარბებულს ერთმანეთის კილვასა და კიცხვასა, ჩვენდა სამწუხაროდ.
ჩვენში წუნი უფრო ხშირია, ვიდრე ქება და დიდება ერთმანეთისა. არც ერთს ქართველს მწერალს, დღეს ცოცხალს, ვერ გვიჩვენებთ, რომ თავისი სახელი მოეპოვებინოს სხვისის ქებითა და დიდებითა. ყოველი ჩვენი მწერალი, თუ რამ სახელი მოუპოვებია, თავისის ნიჭის მადლობელია და არა ლიტერატურულ რეკლამებისა. თუ ეს ტყუილია, ვთხოვთ წინააღმდეგი მაგალითი გვიჩვენონ. ჩვენს სიცოცხლეში მარტო ერთი შემთხვევა გვახსოვს, რომ ორს მწერალს საჯაროდ ერთმანეთი კეთილის სიტყვით ეხსენიებინოს და გვგონია, ამ შემთხვევაშიაც ვერავინ იკადროს ან ერთს, ან მეორეს უსაბუთობა, პირმოთნეობა და ყიზილბაშობა შესწამოს. მაშასადამე «Новое Обозрение» რომ თავისის დიდების ქანდარიდამ წუნსა გვდებს, ვითომც ქართულს ლიტერატურაში მწერალნი ერთმანეთს ქება-დიდებით იხსენიებენო, როგორც ყიზილბაში ჰაჯიებიო, მტკნარი ტყუილია და მარტო სხვის სიტყვით მოგონილი ცილია.
„რუსულ მწერლობაში, რომელიც კი თავის თავის პატივმცემელია, - ამბობს ავტორი, - არ არის მიღებულიო, რომ სხვადასხვაობა აზრისა აუგობაში ჩამოერთვას კაცსა. პირიქით, აღიარებულიაო, მოპირდაპირე პატიოსან კაცად მიაჩნდეს, ვიდრე წინააღმდეგი არ დამტკიცდებაო. ამ ორს ძირეულ წესსა არ მისდევს ქართული მწერლობაო“.
ქართულს მწერლობაში, როგორც ყველა სხვა მწერლობაშიაც, ბევრი რამ არის ცუდი, ამას ჩვენ ქართულს მწერლობას ვერ დავუფიცავთ, მაგრამ, რომ ხსენებულს „ორს ძირეულს წესს“ არ მისდევდეს ქართული მწერლობა, ეგ კი ტყუილია. აქაც ვთხოვთ მაგალითი გვიჩვენონ. წინათვე კი აღვიარებთ, რომ მაგისთანა მაგალითს მოიპოვებენ მხოლოდ იმ მწერალთა შორის, რომელთაც თითონ «Новое Обозрение» ასე ცხარედ ესარჩლება და რომელთაც ერთი-ორი დამქაში სხვაცა ჰყავს. ჩვენ კი თუნდა არა ერთს მაგალითს მოვუყვანთ იმისდა საბუთად, რომ ქართულს მწერლობას არაერთხელ გაუკიცხავს მაგ „ორის ძირეულის წესის“ წინააღმდეგი მქცეველი. ეხლა ვიკითხოთ: ნუთუ რუსულ ლიტერატურას მარტო ხსენებული ორი ძირეული წესი მიუღია და მესამე კი, რომელიც მართლის თქმას ვალად სდებს მწერალსა, ღობეს იქით გადაუსროლია, როგორც უხმარი რამ საგანი?.. ჰკიცხვენ მთელს ლიტერატურას, უმართებულობის ბრალსა სდებენ, ჰფიცავენ, რომ ყოველი მოპირდაპირე პატიოსნად მიგვაჩნია, ვიდრე წინააღმდეგი არ დამტკიცდებაო, და წინააღმდეგის დასამტკიცებლად ტყუილი საბუთები კი მოჰყავთ. აი ამასა ჰქვიან: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო.
„რადგანაც, - ამბობს ავტორი, - თავის ნაწარმოებზედ ლაპარაკი ქართველ ლიტერატორისათვისაც კი სათაკილოაო“ და სხვანი. მიაქციეთ ყურადღება ამ კილოს. „ქართველ ლიტერატორისათვისაც კი“. მითამ რაო? ქართველი ლიტერატორი კი ადამიანი არ არის რაღა!.. მისი გრძნობა თაკილობისა სქელის ტყავით არის შემოსილი, ასე რომ სათაკილო რამ ადვილად ვერ გაატანს ტყავსა და გრძნობამდე ძნელად მიაღწევს. ასე უშვერად ხსენება არამცთუ ერთის ცალკე კაცისა, არამედ რამდენისამე, არა გვგონია წესად ჰქონდეს მიღებული რუსულს ლიტერატურას, რომლის სახელის ქვეშაც ამოსდგომია ასე კადნიერად და თვითნებობით ხსენებულის წერილის ავტორი.
საკვირველი არსებაა ადამიანი. მართალია, თავის ნაწარმოებზედ ლაპარაკი სათაკილოა ქართველ ლიტერატორისათვისაც კი, მაგრამ «Новое Обозрение»-ს ვკითხავთ: ეგ თავის ნაწარმოებზედ, ანუ უკეთ ვსთქვით, თავის თავზედ ლაპარაკი ყოველთვის და ყოველ შემთხვევაში სათაკილოა თუ არა? როგორც ვხედავთ, არა. ეგ სათაკილო ყოფილა მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ჩაიდენს მაგ სათაკილო საქმეს, თორემ «Новое Обозрение»-ს თავის გარშემო რომ თვალი მოეტარებინა, ჰნახავდა, რომ არიან მწერალნი, რომელნიც საქვეყნოდ იძახიან, „დევგმირები“ ჩვენა ვართო; ამასაც არა კმარობენ და მოურიდებლად გვარწმუნებენ, რომ პოლემიკა ჩემს ხელში ლახტია და სხვისაში კი ჩოგანიო. იქნება მართლა დევ-გმირებიც იყვნენ, იქნება მართლა პოლემიკა მათ ხელში ლახტი იყოს, მაგრამ ხსენებული თაკილობა აქ სადღა არის, იგი თაკილობა, რომელიც, «Новое Обозрение»-ს სიტყვით, თვით ქართველ ლიტერატორის სქელს კანსაც კი გაატანს?
სოსლანმაო, - ამბობს იგივე ავტორი, - დასწერაო რეცენზია „თამარ ცბიერზეო“. აქამომდე რაც იყო თქმული «Новое Обозрение»-ზედ, ასე თუ ისე ცოტაოდნად მაინც მისატევებელია, რადგანაც ეგ გაზეთი ქართულს ლიტერატურას თუ იცნობს, სხვის სიტყვით იცნობს, და შესაძლოა ამ შემთხვევაში შეცდომაში შეეყვანოს ვისმე. ხოლო არ მიეტევება ამის თქმა, რომ „თამარ ცბიერზედ“ დაწერილი «Новое Обозрение»-შივე რაღაც ცარიელი ფრაზები „რეცენზია“ იყოვო. რა უგვანდა „რეცენზიას“? „რეცენზია“ თითქმის იგივე კრიტიკაა, ჩვენი ფიქრით. რეცენზიაში, როგორც კრიტიკაში, გარჩევა თხზულებისა, მისი დაფასება, მისი კარგი და ავი საბუთებით აღნიშნული უნდა იყოს. ცარიელი სიტყვები, მაგალითებრ, კარგია ანუ ცუდია, ვერ მორევია ავტორი მასალას თუ მორევია, მოძრაობა არ არის პიესაში ანუ არის, და სხვანი ამისთანები ხომ უსაბუთო ფრაზებია და არა რეცენზია. რეცენზიას ბევრი რამ მოეთხოვება და იგი ბევრი რამ აკლდა იმ წერილსა, რომელსა «Новое Обозрение» რეცენზიას ეძახის. ჩვენ ამას იმისთვის კი არ ვამბობთ, რომ სარჩლი გავუწიოთ ბ-ნს აკაკის, არამედ იმისათვის, რომ «Новое Обозрение» სწამებს ქართულს ლიტერატურას, რომელიც, როგორც მიმდევარი „აღმოსავლეთის ეტიკეტისა“, ვითომც არ იწყნარებს მცირეოდენს კრიტიკასაც. ჩვენ ეს კი არ გვიკვირს, ის გვიკვირს, რომ «Новое Обозрение»-ს „თამარ ცბიერზედ“ დაწერილი ორიოდე უსაბუთო სიტყვა კრიტიკად ანუ რეცენზიად შეუწყნარებია, და ვისაც ამისთანა კრიტიკა არა სჯერა, იმას ეუბნება, რომ ეგ მარტო „აღმოსავლეთის ეტიკეტის“ გამო მოგდისო. ეს კი დავიწყებისათვის მიუციათ, რომ არამცთუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის და ვურჩევთ ქართულს ლიტერატურას, თავის დღეში არც ერთი და არც მეორე არ შეიწყნაროს, რაც უნდა პტყელი სახელი კრიტიკისა თუ რეცენზიისა დაარქვან უსაბუთო ქცევასა. კიდევ ამგვარი „აღმოსავლეთის ეტიკეტი“ სჯობია იმ უწესო და უკადრისს ეტიკეტს, რომლის კანონებითაც კაცს, თუ არა თავის თავი, სხვა ადამიანად არ მიაჩნია.
ჩვენ არა გვგონია, რომ ერთობ იგი წერილი, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, იძულებულ ვიყავით ძალუნებურად ეხლა გაგვერჩია, „დასავლეთის ეტიკეტისათვის“ ძალიან სასახელო იყოს, და გვგონია, არც იმ ლიტერატურამ თავის სასიქადულო ნაყოფად ჩაითვალოს, რომელსაც მცირის პატივისცემაც ძირეულ წესად მიღებული აქვს, და რომელსაც ავტორი ძალმომრეობით თავის ფარადა ჰხმარობს. ჩვენ გვიკვირს, ქართულის ლიტერატურის ავად ხსენება რა გასამართლებელი საბუთია «Новое Обозрение»-სათვის იმაში, რომ ბ-ნს აკაკის პასუხი არ დაუბეჭდა ბ-ნ სოსლანის წინააღმდეგ... ქართული ლიტერატურა აქ რა შუაში იყო... ქებულო დასავლეთის ეტიკეტო, ნეტავი ძაგებულ აღმოსავლეთის ეტიკეტისაგან ამ შემთხვევაში ცოტა რამ მაინც მოგსმოდა ხელს.
[1886 წ., 17 აპრილი]
_________________
2. მითამ-და „ყიზილბაშურიო“.
„დასავლეთის ეტიკეტი“
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 296-300.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 18 IV, № 83, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IX ტომში (სათაურით - „მეთაური. 17 აპრილს, 1886 წელს“). ამჟამინდელი სათაურით წერილი პ. ინგოროყვამ შეიტანა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულის VIII ტომში, 1957 წელს.
223. 3 გუშინდელს «Новое Обозрение»-ს ნომერში ბბ-ნი აკაკის და სოსლანის გამო დაბეჭდილი იყო ერთი წერილი სახელ და გვარ მოუწერელი. - იგულისხმება 1886 წლის 16 აპრილს «Новое Обозрение»-ს № 796-ში დაბეჭდილი წერილი «Последние слово г. Акакию» (გვ. 2). „პატ. რედაქტორს «Новое Обозрение»-სას - აქ იგულისხმება გაზეთის რედაქტორი ა. ვ. სტეპანოვი.“
226. 24 სოსლანმაო... დასწერაო რეცენზია „თამარ ცბიერზეო“. - იგულისხმება 1886 წლის 12 მარტს «Новое Обозрение»-ში (№ 765) დაბეჭდილი დ. სოსლანის (დავით კეზელის) სტატია «Библиография» «Коварная Тамара» (четырехактная драматическая поэма соч. Акакия).
![]() |
2.17 გოგოლის „რევიზორის“ საიუბილეოდ |
▲back to top |
ტფილისი, 8 მაისს
...ექვს მაისს ჩვენის დრამატულის საზოგადოების გამგეობამ იდღესასწაულა გამოჩენილის კომედიის „რევიზორის“ მეორმოცდაათე წელიწადი იმ დღიდამ, როცა იგი პირველად წარმოდგენილ იყო პეტერბურგში. მისი დამწერი, აწ განსვენებული გოგოლი, ყოველის რუსისათვის დიდად სასიქადულო და თავმოსაწონებელი კაცია. თითქმის მთელმა რუსეთმა ეს დღე საქვეყნოდ იდღესასწაულა და თავის სახელოვანის კაცის სახელს თვისი გულითადი და სამართლიანი პატივისცემა გამოუცხადა. რუსეთმა ამ ბოლოს ხანებში არაერთხელ დაუმტკიცა ქვეყნიერობას, რომ იმანაც იცის თვისთა უკეთესთა კაცთა დაფასება; რომ იმასაც ესმის, რა სახელია ერისათვის, როცა მის კალთაში დაბადებული, მისის ძუძუთი აღზრდილი კაცი, მისი სისხლი და ხორცი, შოულობს და იხვეჭს მას, რაც, ჩვენის რუსთაველის სიტყვით, ”სჯობს ყოველსა მოსახვეჭელსა“.
ამ ბოლოს ხანობამდე რუსეთს თითქმის ჩვეულებად არა ჰქონია, რომ თვისთა დიდბუნებიანთა კაცთა მეთაურის ღვაწლი გაიხსენოს რაიმე საჯარო მოქმედებითა და პატივისცემითა. ეხლა კი განათლებული ნაწილი რუსეთისა არა შემთხვევას არა ჰკარგავს ხოლმე, რომ სახელოვანი კაცნი თვისის ქვეყნისანი რაიმე დიდებით და დღესასწაულობით არ მოიხსენიოს. ეს ცხადი საბუთია, რომ გონებითად, ზნეობითად რუსეთმა იმატა და ცოტად თუ ბევრად დღეს ეგ აღმატება იმ სიმაღლეს მიუახლოვდა, რომელზედაც იწვევდნენ მას მისნი უკეთესნი შვილნი. პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი, ტურგენიევი, ტოლსტოი და სხვანი ამგვარნი მოღვაწენი რუსეთის დიდებად, სახელად ცნობილ არიან უკეთესთა რუსთაგან. მათის წყალობით და მეოხებით ევროპამ დღეს სხვა თვალით შემოხედა რუსეთის სულიერს ძალ-ღონეს, რომლის გამომეტყველნიც იყვნენ ხსენებულნი დიდბუნებიანნი კაცნი რუსეთისანი. ამისთანა კაცნი მით არიან სახელოვანნი, რომ თუმცა სისხლით და ხორცით ერთს რომელსამე გვარტომობას ეკუთვნიან, მაგრამ თვისის ღვაწლით ამასთანავე გვაჩვენებენ ხოლმე, რით არის მათი გვარტომი თანამოზიარე მთელის კაცობრიობისა და რაგვარი ნაკადული შეაქვს იმ დიდ ზღვაში, რომელსაც კაცობრიობას ეძახიან, რა განძსა და საუნჯესა სდებს იმ მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარში, რომელიც ყველას ეკუთვნის და რომლის კარი მუდამ ღიაა ყველასათვის ერთნაირად და თანასწორად, მიუხედავად რჯულისა, გვარტომობისა და დიდ-პატარაობისა.
ეს საყოველთაო მნიშვნელობა დიდბუნებიანთა კაცთა ჩვენს დრამატიულს საზოგადოებას ჩვენზედ უკეთ სცოდნია თვისდა სასახელოდ და ამიტომაც 6 მაისს გამართა დღეობა გოგოლის სახსოვრად. ჩვენმა პოეტმა აკაკიმ ქართველის ერის სახელით დაადგა გვირგვინი გოგოლის სურათს და მშვენიერი ლექსიც წარმოსთქვა. ჩვენ აქ არ გვინდა შევეხოთ არც იმ საღამოს მოწყობილობას, მორთულობას, არც თვით „რევიზორის“ წარმოდგენასა. ეგე ყოველი ამ შემთხვევაში სიტყვაში მოსატანი არ არის. მხოლოდ ერთი სამწუხარო ამბავი უნდა შევნიშნოთ. იმ დროს, როცა ქართული დრამატიული საზოგადოება დღესასწაულობდა რუსეთის სახელოვანის მწერალის თხზულების დიდებასა, როცა ამ დღესასწაულობამ თეატრში მიიწვია საკმაოდ ბლომა ხალხი ქართველთა საზოგადოებისა, ჩვენდა სამწუხაროდ, დამსწრეთა შორის თითქმის არც ერთი იგი ვერა ვნახეთ, რომლისთვისაც გოგოლი, და ყოველივე მცირეც რამ ამ სახელოვანის კაცის შესახებ საკუთარი გულის და სულის საქმე უნდა ყოფილიყო. რას დავემდუროთ გონებაგაუხსნელს კაცს, როცა თვით რუსულის მწერლობის წარმომადგენელნიც კი არა სჩანდნენ დარბაზში!.. ცარიელს ცნობისმოყვარეობას მაინც უნდა მოეზიდნა იგინი, რომ სხვა არა იყოს რა. გარეგანს წესსა მართებულობისას მაინც უნდა მოეწვია, თუ თვით სახელმა გოგოლისამ ეგ ვერ შესძლო და ვერ გასჭრა!..
[1886 წ., 8 მაისი]
გოგოლის „რევიზორის“ საიუბილეოდ
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 9 V, № 100, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნია პ. ინგოროყვამ, რომელმაც პირველად შეიტანა იგი ილი ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში (ათტომეულის III ტომში) 1953 წელს, - ზემოაღნიშნული სათაურით.
230. 24 ...ჩვენმა პოეტმა აკაკიმ... ლექსიც წარმოსთქვა... - საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საღამოზე აკაკი წერეთელმა წაიკითხა ლექსი „გოგოლის შესახებ”, რომელიც დაიბეჭდა გაზ. „ივერიაში“ 1886 წ., №99, 8 V.
![]() |
2.18 პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულთ |
▲back to top |
ტფილისი, 28 ივნისს
ჩვენ აუარებელი ლექსები მოგვდის დიდის თხოვნითა, რომ დაგვიბეჭდეთო. ჩვენდა სამწუხაროდ და დამწერთა არასასიქადულოდ, ათასში ერთი ძლივს გამოდგება ისეთი, რომელზედაც შესაძლო არ იყოს სამართლიანად თქმა: რაზედ მომცდარა დამწერიო. ჩვენ ჩვენის მოვალეობისამებრ, რასაკვირველია, იძულებულ ვართ გადავიკითხოთ ხოლმე ყოველივე ეს წარამარად კუდგადაბმული მწყობრსიტყვაობა, რომელიც გაუსაპნავ ურემსავით ჭრიჭინებს ყურისათვისაც და გულისათვისაც. ვკითხულობთ და ვნანობთ, - რაზედ დავკარგეთ დრო და რაზედ წავიხდინეთ, გავივუგემურეთ გუნება. ჩვენ კიდევ იმედი მაინც გვანუგეშებს, როცა ამისთანა უმადურს, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელს შრომას ხელსა ვკიდებთ. ვფიქრობთ, იქნება ათასში ერთს კარგსა და მარილიან რასმეს შევხვდეთ, და თუ ეს იშვიათი, ძლიერ იშვიათი ბედი გვეწვევა, სიხარულით წავავლებთ ხოლმე ხელსა, როგორც ობოლს მარგალიტსა, აუარებელ ლექსში ნაპოვნსა. მაშინ ჩვენც ვსიამოვნობთ და ვსტკბებით და ჩვენს მკითხველსაც ვასიამოვნებთ დავატკბობთ.
ვამბობთ, ეს ბედი იშვიათად გვეწვევა ხოლმე. ხშირად მთელ დასტა ქაღალდს გადიკითხავთ და ერთს სტრიქონსაც ვერ ნახავთ „ღვთაებურის ცეცხლით“ გამთბარსა. სანანური მარტო ეს ჩვენი ამ გადაკითხვაში დაკარგული დრო არ არის: ეგ ჩვენი მოვალეობაა, მართალია, მეტად უსიამოვნო და შემაწუხებელი, მაგრამ მაინც მოვალეობაა. ხოლო საკვირველი ეს არის, - დამწერი რათა სცდება, რათა ჰკარგავს დროს, ხარჯავს ქაღალდს, მელანს, მაშინ როდესაც არავისაგან დავალებული არ არის? უსაქმურს კაცს, რა თქმა უნდა, ამისთანა უხეიროდ საქმიანობა არ ეკიჟინება, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო, ნათქვამია. ჩვენ ამისთანა კაცის არც დრო გვენანება, არც ჯაფა, იმიტომ რომ არც ერთია მისთვის გამოსაყენებელი და არც მეორე, დეე ისევ ლექსებში სიტყვები აჭრიჭინოს თვისდა სასიამოვნოდ და რედაქტორის შესაწუხებლად. ხოლო სამწუხარო და სანანური ის არის, რომ ამაზედ სცდებიან თითქმის უსუსური ყმაწვილები, რომელთაც მძიმე მოვალეობა სწავლისა ჯერ კიდევ წინ მიუძღვით და, მაშასადამე, დროსა და ჯაფას მათთვის თავისი საფასური აქვს.
დღე არ გავა - არ მოგვივიდეს ლექსი და ქვეშ არ ეწეროს „მოსწავლე ამა და ამ სკოლისა“. დღევანდელი ჩვენი სიტყვა ამათ გვინდა მივმართოთ; ვშიშობთ კი, რომ ჩვენი სიტყვა ისე არ იქმნას მიღებული ზოგიერთ ჩვენთა მოკეთეთაგან, ვითომც ჩვენ ხალისის დახშვა და გაცუდება გვინდოდეს. ღმერთმა ნუ ქმნას!.. ხალისი კარგი საქონელია, ხოლო მაშინ კი, როცა იგი იმოდენად ფრთაშესხმულია, რომ სიმაღლეს საგნისას, რომელზედაც მიმართულია, შესწვდეს. ვიდრე ამისი ძალ-ღონე კაცს არ შეუძენია, ნუ ჰფიქრობს ცარიელის ხალისით გახდეს რასმე.
ამიტომაც ჩვენი პატარა მეგობრები ნუ გვიწყენენ პირდაპირს სიტყვას. პირდაპირი სიტყვა სჯობია ტყუილუბრალო წაქეზებას. ქართულად ლექსად მოწყობა სიტყვისა მეტად ადვილია. არა გვგონია, სხვა რომელიმე ენა წარმოადგენდეს ამისთანა სიადვილეს. ხოლო ლექსი იმით არა ლექსობს, რომ სიტყვების ბოლოები ერთმანეთისათვის შეუწყვიათ. ლექსი პოეზიის შვილია. რა არის პოეზია, ამას ვერა კაცი ვერ აგიხსნით, მთქმელიც ტყუილად მოსცდება და გამგონიცა. პოეზია საგრძნობელია და არა საცნობელი. ჩვენ მხოლოდ მისი ზედმოქმედება ვიცით. ვიცით რომ იგი გვატკბობს და გვასიამოვნებს ჭირსა და ლხინშიაც. ვიცით, რომ იგი ხატებაა ჩვენთა გრძნობათა, გულისთქმათა, ფიქრთა, ნაღველთა, ლხინთა, ერთის სიტყვით ხილულთა და არ ხილულთა. ვიცით, რომ მისგან მოხიბლულს კაცს „ავიწყდება საწუთროება“, მის მიერ გატაცებული „გულისთქმა კაცის ცისა იქით ეძიებს სადგურს, ზენა არსთ სამყოფთ“, როგორც ამბობს ჩვენი გამოჩენილი პოეტი ნ. ბარათაშვილი. ყოველივე ეს ვიცით, და თვითონ პოეზია რა არის - ეს კი არავინ იცის, პოეზია უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლით მოსილი კაცია.
მადლი ხომ მადლია, მაგრამ ამასაც მოვლა უნდა, უნდა პატრონობა, ხელის შეწყობა, გაზრდა და დავაჟკაცება, თუ ესე ითქმის. ეგ ისეთი აზიზი, მზეთუნახავი ყვავილია, რომ მალე ჭკნება, თავის სუნნელებას ჰკარგავს, თუ მეცნიერების შუქი არ ადგია, თუ მეცნიერება თავის უკვდავების წყაროს არ ასხურებს და სიბრძნის ხელი კიდევ დღემუდამ არა ჰფურჩქნის.
თუ ღმერთს პოეტობის ნიჭი მოუმადლებია თქვენთვის, ჩვენო პატარა მეგობრებო, ნუ ჩქარობთ მაგის გამოჩენასა. ნუ გეშინიანთ, იგი არ მიგემალებათ არსად. იგი თავის დროზედ გამოიხეთქებს, როგორც ანკარა წყარო კლდის გულიდამა. ოღონდ პირველ ხანშივე ნუ მოაკლებთ მაგ უსუსურს მადლს მეცნიერების ნოყიერს ძუძუსა. ჯერ თქვენ სწავლობთ და ღმერთმაც მოგიმართოთ ხელი მაგ საკეთილო გზაზედ. ჯერ ისწავლეთ, ჯერ თქვენ შეიძინეთ, რომ მერე სხვასაც შესძინოთ რამე. კიდევ გეტყვით: პოეზია ღვთაებური ღონეა, გულის სიღრმიდამ ადამიანის გრძნობათა მარგალიტების ამომტანელი, მხატვარია ცხოველმყოფელი და ხორცთშემსხმელი უსხეულო აზრისა, ფიქრისა, გრძნობისა, ერთის სიტყვით ადამიანის და მსოფლიოს სულის მოძრაობისა. ეს მსოფლიო სული - ზღვაა უძირო, არამცთუ თვალ-ფიქრ-მიუწდომელიცა. ამ ზღვისათვის კაცი გემია, ნიჭი - აფრა და მეცნიერება - საჭე, გემის მიმმართველი. ადამიანი ამ ზღვაზედ სიარულს გამარჯვებით შესძლებს მხოლოდ მაშინ, როცა სწავლითა და ცოდნით განსწმენდია „თვალნი ზე ზეცისა და ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად“.
ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, - ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ წერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვითა, პოეზია კი ხატებითა და სურათითა. მეცნიერების ნათარგმნი ჯერ უნდა, რაც შეიძლება ბლომად, მოგროვდეს გულის საგანძეში, რომ მერე პოეტის მხატვრობითმა სიტყვამ აღმობეჭდოს, სული ჩაუდგას, ხორცით შემოსოს ადამიანის გასატაცებლად, აღსაფრთოვანებლად და გასაოცებლად. თუ პოეტი მეცნიერებას არ მოიწვევს, მარტო ცარიელი ნიჭი ვერ უთარგმნის ამ წიგნსა. საცა არ არის მეცნიერება, იქ მკითხველიც ამ წიგნისა არ არის. „უკეთუ მთარგმნელი არ იყოს, მკითხველნი დუმენო“, ნათქვამია ერთის ძველის ბრძნისაგან. ჯერ თქვენ, ვითარცა მოსწავლე ყრმათა, ეგ მთარგმნელობა არ შეგიძლიანთ, ვიდრე საკმაოდ არ შეისრულებთ სწავლასა. ამიტომაც მოგახსენებთ: სდუმენ იმ დრომდე. ამას გირჩევთ ყველას, ვისაც ხალისი ლექსის წერისა ადრეულად გაგღვიძებიათ. ვცდებით ამაში თუ არ ვცდებით, ეს კი გვერწმუნეთ, რომ რჩევა ჩვენი გულწრფელია ორსავე შემთხვევაში. გვერწმუნეთ, რომ ამ რჩევას იძლევა თქვენი გულითადი მეგობარი, თქვენი კეთილის მოსურნე.
[1886 წ., 28 ივნისი]
პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულთ
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 430-433.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886, 29 VI, № 139, გვ. 1-2.
U-ში განსხვავებული ხელით სათაურად მიწერილია: „პოეზიისათვის მომზადებაა საჭირო“.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად. წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის V ტომში ზემოაღნიშნული სათაურით.
![]() |
2.19 ჩვენი საზოგადოების გულგრილობა თეატრისადმი |
▲back to top |
ქართული თეატრი
გუშინ, 15 სექტემბერს პირველად გაიღო ქართულის თეატრის კარი, რომელიც თითქმის ოთხი თთვე იყო დაკეტილი. გუშინ პირველი დღე იყო ჩვენის თეატრის ხელახლად თავის გამოჩენისა და პირველ დღესვე ცოტა ხალხი დაესწრო. რას უნდა მიეწეროს ჩვენის საზოგადოების ასეთი გულგრილობა? ნუთუ ჩვენს ქართულ საზოგადოებას ცნობისმოყვარეობა სრულიად დაეხშო და საჭიროდ არც კი ჰხედავს პირველ წარმოდგენაზედ მაინც დასწრებასა? შეიძლება ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ პირველი წარმოდგენა ორშაბათს იყო, მძიმე მუშაობის დღეს და ამასთან დარიც ვერ უწყობდა ხელს. ღმერთმა ჰქმნას, ასე იყოს: ეს მიზეზი უფრო შესაწყნარებელია და არც გულსატკენია. ან იქნება ჩვენ საზოგადოებას, წინანდელ წლების მნახველს, გულით აუცრუვდა ქართულ თეატრზე? არც კი ეს არის შეუწყნარებელი საბუთი. ჩვენ გვახსოვს, მაგალითად, შარშანდელი უკანასკნელი დღე, როდესაც ქართული თეატრი თავის სეზონს ათავებდა, ჩვენ გვახსოვს და თვით თეატრის გამტვერიანებული კედლები იყვნენ ამის მოწმად, როდესაც სცენაზედ გამოვიდა ერთი არტისტი და მაღალის, რიხიანის ხმით ქება-დიდებას უძღვნიდა თეატრის მოღვაწეებს, ცარიელი ლოჟები დაცინვით დასცქეროდა ზევიდამ, ობლად დარჩომილა სკამები ჩაფიქრებული უსმენდა და მხოლოდ ათიოდე „კრესლა“ გულმოდგინედ უკრავდა ტაშსა არტისტის მჭევრ სიტყვასა...
დღეს, როდესაც ქართულს თეატრს დრამატიულ საზოგადოების გამგეობამ ჩაავლო ხელი, იმედი გვაქვს, რომ ყველა ის სამწუხარო მიზეზები, რომელიც ქართველ საზოგადოებას გულს უცრუებდა ქართულ თეატრზე, მოისპობა და თეატრის საქმე რიგიანად წავა. ახალი გამგეობა ეტყობა ჰცდილობს, გულმოდგინედ ეკიდება საქმესა და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაც თანაგრძნობას აღმოუჩენს, ხელს შეუწყობს და მხარს მისცემს.
ახალ გამგეობის ცდას უქმად არ ჩაუვლია: თეატრს ეხლავე საკმაო ცვლილება დასტყობია და ეს ცვლილება სასიამოვნო ამბად უნდა ჩაითვალოს. შარშან ყველა თეატრში დამსწრეს პირველადვე თვალში ეჩხირებოდა გამტვერიანებული, ჭუჭყიანი, განცხადებებით აჭრელებული ფარდა. დღეს ეს ფარდა გაულაზათიანებიათ და ზედ ახლად დახატული სურათიც უფრო შეჰშვენის თეატრსა, ვიდრე „ზინგერის საკერავი მაშინა“. სცენასაც ლაზათი და ფერი დასტყობია: დაგლეჯილ, დაძველებულ მებელის და მოსართავის მაგიერ სცენა ახალის ლაზათიანის მოწყობილობით მოურთავთ. თუმცა სიმდიდრე კი არ ეტყობა სცენასა, მაგრამ სისუფთავე, სიფაქიზეც სასიამოვნო სანახავია თვალისთვის.
ერთის სიტყვით, პირველ ნახვაზედვე კაცს სასიამოვნო შთაბეჭდილება გამოგაქვს თეატრიდამ. ეტყობა, თეატრის ახალი გამგეობა არა ღონეს და ფულს არა ჰზოგავს, რამდენადაც კი, რასაკვირველია, ხელი გაუწვდება, საქმე ისე მოაწყოს, რომ კაცი მართლა სიამოვნებით მიდიოდეს თეატრში. ახალი გამგეობა ისე იქცევა, როგორც ნამდვილი ქართველი სტუმრისმოყვარე მასპინძელი, რომელიც არაფერს ჰზოგავს, რომ სტუმრებს რიგიანად დაუხვდეს. მხოლოდ ერთში კი ვერ გამოიჩინა ნამდვილი პურადობა და გულადობა ჩვენმა ახალმა გამგეობამ. ნამდვილი პურადი და სტუმრისმოყვარე მასპინძელი პირველად უთუოდ კარგს ღვინოს მიართმევს თავის სტუმრებსა და ბოლოს შეიძლება მოაწყალწყალოს კიდეც. ჩვენი ახალი გამგეობა კი პირველადვე წყალწყალა ღვინოთი გაუმასპინძლდა თავის სტუმრებსა.
მართლა და სხვა რა სახელი დავარქვათ იმ უფერულ, გაცვეთილ და სიცოცხლემოკლებულ პიესას, როგორც „ახლანდელი სიყვარულია“, თუ არა წყალწყალა ღვინო? რა აზრი აქვს ამ პიესას? რას მოასწავებს? რას ეუბნება ეს პიესა ან ჭკუას, ან გრძნობას? ქალის მიერ ძალად შერთვას ბებრის კაცისას?
ეს ისეთი ძველი, აშმორებული და ათასჯერ დაღეჭილი ამბავია, რომ ამაზედ არა ერთხელ თქმულა და თქმულა უფრო უკეთესად!
თეატრის გამგეობამ ახალი ხილიც მოგვართო ნობათად, თუმცა ეს ახალი ხილიც მკვახე, უგემო და ცოტა დაჭიანებულიც გამოდგა. ეს გახლდათ დავით სოსლანის სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან, ეს გახლდათ უკბილო, უგემოვნო ოხუნჯობა დაბალის ხარისხისა, უმნიშვნელო სიტყვების მიხლა-მოხლა და არა გონების მახვილობა, რომელიც აზრების ერთიერთმანეთის წინააღმდეგობიდამ გამომდინარეობს. მთელი მახვილობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ვიღაც „აბლოკატი“ თუთიყუშივით და სხაპასხუპით ისვრის სიტყვებს, პროტავს რაღაცა კანონის ქვიშაზედ უმრავლესს მუხლებსა და ერთი ვიღაც „აჯილღა“ ათასჯერ იმეორებს, რომ მე „ტიტულიარნი სოვეტნიცა“ ვარო. დარწმუნებული ვართ, რომ ვინც ერთხელ ნახა „მომრიგებელი მოსამართლე“, მეორედ აღარ მოისურვებს ამის ნახვასა.
არტისტებზე და ამათ თამაშობაზე ბევრს არაფერს ვიტყვით, არტისტები სულ ჩვენი ძველი ნაცნობები იყვნენ და რიგიანად, თანახმადაც თამაშობდნენ. მხოლოდ ერთი ფრიად სასიამოვნო გარემოება კი უნდა მოვიხსენიოთ. დიდად სასიამოვნოდ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ნიჭიერი არტისტი ბ-ნი აბაშიძე უფრო მეტს წარმატებაში შედის. შარშანაც გვინახავს ამავე როლში, რომელსაც გუშინ ჰთამაშობდა და დიდი განსხვავება შევნიშნეთ: ბ-ნი აბაშიძე უფრო მეტის ხელოვნებით, უფრო მეტის ჭკუით ასრულებდა თავის როლს. კარგი იქნებოდა, რომ ბ-ნი აბაშიძე უფრო კიდევ კარგად დაუფიქრდეს თავის თამაშობას, არ შეაყენოს თავის განვითარება და გაისწოროს ზოგიერთი ნაკლულევანება, რომელიც დღემდინ კიდევ შეჰრჩენია. მაგალითად, აქამდინ ვერ მოუშლია ის ცუდი ჩვეულება, რომ ზოგიერთ ადგილას არ გადააჭარბოს, არ გადაამლაშოს ხოლმე. აი თუ გინდა ავიღოთ ის, როდესაც ბ-ნი აბაშიძე მესამე მოქმედებაში უკან-უკან მიდის და ფეხით კარს აღებს. ფეხს ისე იქნევს, რომ სიცილსა და ტაშსაც იწვევს თეატრში, მეტადრე „ზემო სართულში“, ჭერთან ახლო რომ არის, ჩვენ კი სწორედ გითხრათ, ცირკის „კლოუნი“ მოგვაგონდა. მართალია, ყველა ეს წვრილმანია, მაგრამ კარგმა არტისტმა, არც წვრილმანები უნდა დასტოვოს უყურადღებოდ.
ჯამბარაშვილის როლს ბ-ნი მაქსიმიძე თამაშობდა. ამ როლში წინად ჩვენ გვინახავს ბ-ნი მოხევე. ბ-ნ მაქსიმიძეს პირდაპირ მოხევე აუღია მაგალითად და იმასა ჰბაძავს. მასწავლებელი რა არის, რომ შეგირდი რა უნდა იყოს.
ჩვენ თეატრს ახალი არტისტი-ქალი შეუძენია, ქ-ბ-ნი ჩერქეზიშვილისა, სამწუხაროდ დღეს ამ არტისტ-ქალზე ვერას ვიტყვით. ისეთი უფერული, უშნო როლი ჰქონდა, რომ ძნელი იყო ან თვითონ მოთამაშეს თავისი ნიჭი გამოეჩინა, ან ჩვენ შეგვენიშნა. მთელი როლი იმაში მდგომარეობს, რომ ქალი დადის სცენაზე და ამთქნარებს. კარგი გამოცდილი, კარ სკოლაში გამოვლილი არტისტი უნდა იყოს, და ამასთან პირისახის მოძრაობა კარგად უნდა ჰქონდეს შესწავლილი, რომ არტისტმა ცოტად ფერი დასდოს ამისთანა უფერულ როლს. წინასწარ სჯას ისევ მოცდა სჯობია. მაშ მოვიცადოთ, მანამ ეს არტისტი ქალი რომელსამე თვალსაჩინო როლში გამოსცდის თავისთავსა და მაშინ დაწვრილებით გავაცნობთ მკითხველსა.
მაინცდამაინც ეს პირველი წარმოდგენა ისე მწყობრად ნათამაშები იყო არტისტებისაგან, ისე ლაზათიანად თვალთათვის მოწყობილი, ისე რიგიანი, წესიერი, რომ სასიამოვნოდ დაგვრჩა თეატრში ყოფნა. წარმოდგენა თავის დროზედ დაიწყო, ანტრაქტებმა დიდხანს არ გვალოდინა და, წარმოიდგინეთ, არტისტებმა თავისი როლებიც კი იცოდნენ! დიდ ხანია ეს სიკეთე ჩვენი არტისტებისაგან არავის გვენახა. ყოველსფერში ეტყობა, რომ ჩვენის თეატრის საქმე მცოდნ კაცის ხელში ჩავარდნილა, ჩვენდა სასიხარულოდ, და არამცთუ მარტო მცოდნე, თეატრის მოყვარე და გულმოდგინე გამგებელიც ყოფილა. ყოველივე ეს დიდს იმედს იძლევა, რომ ჩვენი თეატრი ფეხზე დადგება და ერთ უკეთესს გასართობად შეექმნება ჩვენს მოწყენილს საზოგადოებას. ღმერთმა ჰქმნას... თუ დასაწყისი თავმდებია შემდეგისა, ჩვენ სიხარულით შეგვიძლიან ეს ვთქვათ, რომ ეს პირველი წარმოდგენა ბევრს სასიამოვნო კეთილს გვიქადის სამერმისოდ და თუ ამ პირველის წარმოდგენის გამო ქვების ტაში ვისმე სამართლიანად ერგებოდა, ეგ თეატრის ახალს დამწყობთა და გამგებელთა უნდა ერგოს. იმედია, თუ საქმე ასე რიგიანად და წესიერად წავიდა, ჩვენს თეატრს მაყურებელი არ დააკლდება და საზოგადოებაც ყოველთვის სასიამოვნო დროდ ჩასთვლის ორ-სამს საათს, თეატრში გატარებულს.
[1886 წ., 16 სექტემბერი]
ჩვენი საზოგადოების გულგრილობა თეატრისადმი
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886, 17 IX, № 200, გვ. 2-3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 16 IX).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
წერილი ილიასეულად მიიჩნია თამარ მაჭავარიანმა. - იხ. მისი „ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია“ (ტ. III, ნაკვ. II, თბ., 1964 წ.). წერილი შეტანილია აგრეთვე თინათინ ნაკაშიძისა და ნინო კორძაიას წიგნში „ილია ჭავჭავაძე, ბიობიბლიოგრაფია. 1857-1907“ (თბ., 1966 წ.). წერილის ილიასეულობა დაასაბუთა და გამოაქვეყნა ნადია შალუტაშვილმა, ნაშრომში - „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ“ (თბ., 1969 წ.).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღის მიხედვით.
236. 14 გუშინ, 15 სექტემბერს პირველად გაიღო ქართული თეატრის კარი, რომელიც ოთხი თთვე იყო დაკეტილი - აქ ილია ჭავჭავაძე თეატრის ახალი სეზონის გახსნას გულისხმობს.
![]() |
2.20 თეატრის როლი ერის ცხოვრებაში |
▲back to top |
ტფილისი, 2 ოქტომბერი
ჩვენს თეატრს მართალის თეატრის ფერი დაედვა მას აქეთ, რაც მისი საქმე თავს იდვა ჩვენმა დრამატიულმა საზოგადოებამა. თვითონ დარბაზი თეატრისა უფრო ფაქიზად და თვალთა სასიამოვნოდ იყურება, ვიდრე უწინ, სცენის მოწყობილობა და მორთულობა ლაზათიანია, არტისტები სცენაზედ კარგად და მართებულად იცმენ და იხურვენ და მაყურებელს თვალში აღარ ეხიჩრება დახეული შარვალი, ტალახიანი ჩექმები და სხვა ამისთანა ხელდახელ ნაშოვნი, მიბლანდულ-მობლანდული სამკაული. წარმოდგენის მიმდინარეობას რიგიანობა და წესიერება ეტყობა, მოთამაშედ ჩვენნი უკეთესნი არტისტები არიან მოწვეულნი. ყოველივე ეს ცხადად გვარწმუნებს, რომ ეხლანდელ მეთაურთ თეატრისა მარჯვედ და ცნობიერად ჩაუკიდნიათ ხელი ამ ფრიად დიდ საქმისათვის, რომელსაც ჩვენ ჩვენის ერის ცხოვრებაში დიდს მნიშვნელობას ვაძლევთ. ქართული თეატრი ქართველთათვის ბევრის სიკეთის მომასწავებელია. ამ სიკეთის ჩამოთვლა საჭირო არ არის მისთვის, ვინც ჩვეულია საგანს ყოველის მხრით და მრავალ კერძოდ ჩაუკვირდეს ადგილისა, დროისა და გარემოების წინამძღოლობითა. თეატრი ბევრს შემთხვევაში მარტო ხელოვნების მსახური არ არის. ადგილი, დრო და გარემოება მას ზოგჯერ სხვა სამსახურსაც კისრად სდებს და ამ მხრით თეატრი დაუფასებელი რამ არის და ჩვენ არ ვიცით სხვა მისებრ უებარი საშუალება, რომელიც ეგრე გამარჯვებულად, სასწრაფოდ და პირდაპირ მოქმედებდეს ადამიანის უკეთესთა გრძნობათა გამოფხიზლებასა და მოძრაობაზედ. ამიტომაც დიდი ღვაწლია ჩვენ წინაშე იმათი, ვინც ჩვენს თეატრს წინ წაუძღვება და მის მრავალგვარს მნიშვნელობას ყოველმხრივ გზას გაუკაფავს და გაუხსნის. ამის იმედს, ამის თავდებობას გვაძლევს იგი გარემოება, რომ დღეს ჩვენის თეატრის საქმე მარჯვე კაცების ხელშია, რომელთაც ეს ჩვენთვის მრავალგვარი დანიშნულება თეატრისა ჩვენზედ უკეთესად ესმით და, მაშასადმე, თეატრის საქმეს წარმართავენ იმოდენად კარგად, რამოდენადაც კი ადგილი, დრო და გარემოება მოითხოვს და შეიწყნარებს.
ხოლო სამწუხარო ეს არის, რომ ჩვენი ეგრედ წოდებული მაღალი საზოგადოება როგორღაც ჰთაკილობს ქართულს თეატრს და მეტისმეტად გულგრილად ექცევა. აი რამდენიმე წარმოდგენა იყო და არც ერთხელ არც ერთი იმათგანი არავის უნახავს თეატრში. ბევრი გაოცებული იკითხება: როცა ჩვენი თეატრი ასე გამოკეთდა, რას უნდა მიეწეროს იმათი თეატრში არყოფნაო? იმათს მართლადა „არაყოფნას“ და სხვას არაფერს, - და თუ ჩვენ ეს სამწუხარო ამბავი აქ მოვიხსენიეთ, მარტო მისათვის, რომ გვეთქვა: ჩვენს თეატრს მარტო ღარიბი ხალხი ინახავს, მარტო ეგრედ წოდებული მდაბიო ხალხი, რომელიც ამ შემთხვევაში, როგორც ბევრს სხვაში, უფრო გულშემატკივარია, უფრო მგრძნობიერია, უფრო ხელის შემწყობია და სულისა და გულის საქმის უფრო მიმდევარია, უფრო ამყოლი.
ამ გარემოებამ ჩვენს საზოგადოებაში დაჰბადა ერთი აზრი, რომელსაც იმოდენად საკმაო და ჩასაფიქრებელი საბუთი მიუძღვის, რომ დანაშაულობა იქმნება ყური არ ვათხოვოთ. ამბობენ: რაკი ესე სამარცხვინოდ ზურგი შემოაქცია ჩვენს თეატრს შეძლებულმა წრემ ჩვენის საზოგადოებისამ, თვითონ თეატრმაც ზურგი შეაქციოს იმათაო და ჩვენი თეატრი საერთო თეატრად გადავაქციოთ საკუთრივ იმათთვის, ვისაც, ვითარცა დღისის მუშაობით დაღალულს და დაქანცულს, სულისა და გულის ჭეშმარიტი გასართობი, ადამიანურად დროის გატარება და სიამოვნება სწყურიან და ეჭირვებაო. ეს აზრი იქნება ძნელად აღსასრულებელი იყოს, რადგანაც მისის განხორციელებისათვის საჭიროა სულ სხვა რეპერტუარი იქონიოს ჩვენმა თეატრმა, სულ სხვა საფუძველი და მიმართულება მიეცეს ეხლანდელ მის მოქმედებას და თვითონ ფასები თეატრში შესვლისათვის უფრო შემცირებულ იქმნას, ხოლო არავინ იტყვის, რომ ეგ აზრი სახეში მისაღები არ იყოს, არ იყოს გასაკითხი ყოველმხრივ და კარგად და დალაგებით გამოსარკვევი. ეს აზრი, ჩვენის ფიქრით, იმათა ჰღირს, რომ კაცი ღრმად ჩაუკვირდეს და, თუ რამ მოევლება, მოევლოს და ეშველოს. რასაკვირველია, პირველი სიტყვა ამ რთულს საგანზედ იმათ ეკუთვნის, ვინც თეატრის საქმეს ახლო უდგანან და ვინც, მაშასადამე, ყოველს წვლილს ამ აზრისას გამოცდილებით გაზომავს და ამ გამოცდილებაში მოუპოვებს სამართლიან საბუთსა, ჰოსა თუ არასა.
[1886 წ., 2 ოქტომბერი]
თეატრის როლი ერის ცხოვრებაში
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886, 3 X, № 212, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 2 X).
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
მისი ილიასეულობა დაადგინა ნ. შალუტაშვილმა, რომელმაც წერილი გამოაქვეყნა თავის ნაშრომში - „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ“, თბ., 1969 წ.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება, დასათაურება ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
241. 3 ჩვენს თეატრს მართლის თეატრის ფერი დაედვა მას აქეთ, რაც მისი საქმე თავს იდვა ჩვენმა დრამატულმა საზოგადოებამ. - ქართული დრამატული საზოგადოება, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული თეატრალური ხელოვნებისა და საერთოდ ქართული კულტურის ისტორიაში, დაარსდა 1879 წელს. წესდება, რომელიც შეადგინეს დიმიტრი ყიფიანმა და ნიკო ნიკოლაძემ, 1881 წელს დამტკიცდა. დრამატული საზოგადოება შედგებოდა 52 წევრისაგან. საზოგადოების დამფუძნებელი წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ყიფიანი, ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი, ანტონ ფურცელაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ალექსანდრე ბერიძე, იოსებ ბაქრაძე, ნიკო ავალიშვილი. საზოგადოებამ თავმჯდომარედ აირჩია ილია ჭავჭავაძე, მოადგილედ - აკაკი წერეთელი, ხაზინადარად - გიორგი თუმანიშვილი, მდივნად - კოტე ყიფიანი.
დრამატული საზოგადოება საზოგადოებრივ საწყისებზე დაარსდა, მას მატერიალურ დახმარებას უწევდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი და „შავი ქვის“ მრეწველთა საბჭო.
1886 წლის იანვარში მოხდა დრამატული საზოგადოების გამგეობის მორიგი გადარჩევა. წერილში სწორედ ეს გადარჩევნებია ნაგულისხმები. ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი თუმანიშვილი მოადგილედ - დავით ერისთავი. ახალმა გამგეობამ დასახა მთელი რიგი ღონისძიებები მუშაობის გარდაქმნისათვის. პირველ რიგში თეატრის ახალი რეპერტუარისათვის დაიწყო ზრუნვა. წახალისების მიზნით ახალი ორიგინალური პიესის დამწერს გამგეობა აძლევდა წარმოდგენის შემოსავლის ათ პროცენტს ხოლო თარგმანსა და გადმოკეთებაში - ხუთ პროცენტს. თეატრში შემოღებული იქნა შეღავათიანი აბონემენტები. გამგეობამ შეძლო თეატრის გარშემო კვლავ შემოეკრიბა მსახიობთა ძლიერი კოლექტივი. თეატრის სასარგებლოდ კვლავ დაწესდა საზოგადოების წევრთა საპაიო გადასახადი.
1886 წლის თეატრალური სეზონი დრამატული საზოგადოების ახლად არჩეული გამგეობის ხელმძღვანელობით წარიმართა.
![]() |
2.21 ზოგიერთი დადგმის შესახებ ქართულ სცენაზე |
▲back to top |
ქართული თეატრი
გუშინდელი დღე ვერაფერ ბედნიერ დღედ ჩაითვლება ჩვენის თეატრისათვის, თუმცა „ბედნიერ დღეს“ კი თამაშობდნენ; ხალხი გაცილებით ნაკლებ დაესწრო გუშინდელ წარმოდგენას, ვიდრე წარსულ კვირას, თუმცა გუშინდელ ნათამაშევ პიესას გამოჩენილის ოსტროვსკის სახელი ჰქონდა მოწერილი და წარსულ კვირას ნათამაშევს კი ა. ცაგარელისა. რას მოასწავებს ესა? რას უნდა მივაწეროთ ეს გარემოება? ნუთუ იმას, რომ ჩვენს ხალხს თეატრი ჯერ ვერ შეყვარებია, რომ ჩვენი ხალხი თეატრში სიამოვნებას ვერა ჰპოულობს? არა, დიდი შეცდომა და ცოდვა იქნება ვსთქვათ, რომ ჩვენი ხალხი მოკლებულია ამგვარს გრძნობასაო. არა, ვიმეორებთ, ეს ცილისწამება იქნება და ამის დასამტკიცებელი საბუთი წარსული კვირაა. წარსულს კვირას ითამაშეს ა. ცაგარელის პიესა „ხანუმა“: თეატრი თითქმის სავსე იყო, ხალხი ბლომად მოვიდა, ყველას დიდი მხიარულება და სიამოვნება ეტყობოდა. რათა? იმიტომ რომ „ხანუმა“. ავია თუ კარგი, ჩვენის ცხოვრების სურათია, ჩვენის ცხოვრების ღვიძლი შვილია; ამ პიესაში დახატული ცხოვრება ჩვენთვის ყველასათვის ადვილი მისახდომია, ადვილად შესათვისებელი და ყველას გულში გვხვდება: ხანუმა, აკოფა, თავადი ფანტიაშვილი - სულ ჩვენები არიან, ჩვენის ენით ლაპარაკობენ; ამათი ლაპარაკი, დარდი, მხიარულება, ამათი ავი და კარგი, ნაკლი და ღირსება გვესმის, არც გვეუცხოება, - ყველა ეს ჩვენის თვალით გვინახავს, ჩვენის ყურით გაგვიგონია.
აი ამიტომ თავს იყრის ხოლმე დიდძალი ხალხი ამგვარ წარმოდგენაზე, აი ეს გარემოება იზიდავს ხალხს თეატრში. მოსაწონია თუ არა მაჭანკალ-ხანუმას ოინბაზობა, მატყუარობა, აკოფას ლოთიბაშობა და ქეიფობა, ფანტიაშვილის სასაცილო და არასაქებური საქციელი, - ეს სულ სხვა საქმეა, ამას ყველა ისე გასჯის, როგორც ჭკუა და გონება უჭრის, როგორც განათლება, გონების განვითარება, ზნეობის სიდიდე ხელს უწყობს. ასე თუ ისე ამგვარი სურათები მაინც დააფიქრებს კაცსა, სამუშაო მასალას მისცემს მის გონებას.
ყველა ამით ჩვენ იმის თქმა კი არ გვინდა, რომ ქართულ თეატრს მაგარი ზღუდე შემოევლოს, ჩინეთის კედელი შემოერტყას და სხვა ენებიდამ ნათარგმნი პიესები სრულიად განიდევნოს ჩვენის სცენიდამ. არა, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. ჩვენც გვესმის, რომ საჭიროა ჩვენმა საზოგადოებამ, თეატრის შემწეობით, უცხო ქვეყნების ცხოვრებაც გაიცნოს, კლასიკურ მწერლების მაღალი აზრებიც შეიტყოს. ვინ იტყვის, რომ ეს დიდად სასურველი არ იყოს, მაგრამ აქ ორი გარემოებაა სახეში მისაღები: ჯერ ერთი, რომ მომეტებული ნაწილი ნათარგმნ პიესებისა სრულებით უვარგისია.მართლა- და საკვირველია, ღმერთმანი! თითქოს განგებ იმისთანა პიესებს სთარგმნიან, რომელთაც თითქმის არავითარი ღირსება არა აქვთ, მერე, რა ენით? ავიღოთ, მაგალითად, ჯიაკომეტის ტრაგედია „დამნაშავეს ოჯახი“, იმას ნუღარ ვიტყვით, რომ მთარგმნელს სულითაც და ხორცითაც დაუტანჯავს პიესის ავტორი და ქართული ენაც. ვიკითხოთ ისა, რას წარმოადგენს თვითონ პიესა? - გულის გასაწვრილებელ მელოდრამას, რომელიც თაფლის კვერივით გულს უბლანდავს კაცსა და გონებას კი ბევრ ვერაფერ საზრდოს აძლევს, მეტადრე ჩვენს ქართველის გონებას. ან კიდევ გუშინდელი პიესა ოსტროვსკისა! განა ამ გამოჩენილის მწერლის კალამს სხვა უკეთესი არა დაუწერია რა, რომ არ გადმოეთარგმნათ „ბედნიერი დღე“, პიესა, რომელიც თვით რუსებსაც არ მოსწონთ, თუმცა ორის დრამატურგის, ოსტროვსკისა და სოლოვიოვის, სახელიც აწერია. თუ თვითონ რუსებს, რომლის ცხოვრებაც აწერილია პიესაში, არ მოსწონთ, ნეტა ქართულის თეატრისათვის რაღა განძი უნდა იყოს!
მეორე გარემოება უფრო კიდევ მეტად ყურადღების ღირსია. საქმე იმაშია, რომ მარტო ბუნებით ნიჭი საკმაო არა არის, რომ არტისტმა გადმოღებულს პიესაში თავი თუ არ იჩინოს, რიგიანად მაინც შეასრულოს თავისი როლი. არტისტს აქ მეტი ცოდნა, გამოცდილება, ხელოვნება, გონების განვითარება, ხელთმძღვანელობა უნდა; არტისტს თუ არ უნახავს, წიგნებიდამ მაინც უნდა ჰქონდეს შესწავლილი სხვა ცხოვრება, ჩვეულება. ამას ჩვენ. სამწუხაროდ, ყურადღებას არ ვაქცევთ: თითქოს არტისტი მარტო რაღაც ზეგარდმო შთაგონებით ყველაფრის თამაშობას შეიძლებსო. ეს, რასაკვირველია, დიდი შეცდომაა.
ვიმეორებთ, არტისტებს, რომელნიც დღეს ჩვენს სცენაზე მოღვაწეობენ, ნიჭი აქვთ და ეტყობა, სურვილიც, რომ რიგიანად აასრულონ თავიანთი მოვალეობა, მაგრამ, როგორც ზემოდა ვსთქვით, მარტო ნიჭი და სურვილი საკმაო არ არის, რომ გადმოთარგმნილ პიესებში კარგად ითამაშონ; მარტო სურვილი, კეთილი განზრახვა არა კმარა, რომ კაცმა საქმე შეასრულოს, უნდა კაცს ამის შეძლებაც ჰქონდეს, ძალი და ღონეც მოსდევდეს. მოიპოვება დღეს ჩვენს მუდმივ ტრუპაში ამოდენა ძალა? პირდაპირ ვიტყვი, არა. გარდა აბაშიძისა და ალექსეევ-მესხიევისა კაცებში და აბაშიძე-საფაროვისა ქალებში, რომელთაც ცოტაოდენი ცოდნა, გამოცდილება და ხელოვნება მოსდევთ, დანარჩენს ვერავის ვუჩვენებთ ჩვენს ტრუპაში, რომ გადმოთარგმნილ პიესებში ხეირიანად შესძლოს თამაშობა და გააწყოს რამე.
ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, გუშინდელი წარმოდგენა სრულიად ამართლებს ჩვენს სიტყვებს. ვინ იტყვის, რომ გაბუნია-ცაგარელისა და აწყურელი ნიჭიერი არტისტები არ არიანო? ჩვენ დიდს პატივსა ვცემთ ამ არტისტების ნიჭსა. მაგრამ როდის და სად იჩენენ ესენი თავიანთს ნიჭსა? მაშინ და იქა, როდესაც ჩვენის ცხოვრებიდამ დაწერილს პიესაში ჰთამაშობენ. იმ ცხოვრებიდამ, სადაც თვითონ აღზრდილან. სადაც ყველაფერი თავიანთ თვალით უნახავთ, თავიანთ ყურით გაუგონიათ და ყოველი ნანახი და გაგონილი, როგორც ნიჭის პატრონებს, კარგად შეუთვისებიათ და შეუხორცებიათ.
აბა, ახლა გუშინდელ წარმოდგენაზე გენახათ ეს არტისტები! ქ-ტონ გაბუნია-ცაგარელისა „პოჩტმეისტერის“ ცოლის როლს ჰთამაშობდა. განა ჰგვანდა ქ-ტონი გაბუნია იმ „პოჩტმეისტერის“ ცოლსა, რომელიც ყველას, ვინც კი რუსეთის ცხოვრება იცის, ცოცხლადა ჰყავს თვალწინ წარმოდგენილი? დიახ, ჰგვანდა, თუ გნებავთ, მაგრამ ჰგვანდა იმიტომ, რო რუსული კაბა ჩაეცვა და თავი რუსულად გააკეთებინა. აბა, აქვე, ამის მაგიერ, ქართულად თავი დაეხურა და შავს წარმოსასხმელში გამოსულიყო: მაშინვე ისევ იმ ხანუმას წარმოიდგენდით, რომელიც წარსულს კვირასა ჰნახეთ! ბ-ნი აწყურელი მოხელეს, ჩინოვნიკის როლში, ვინ იტყოდა, რომ ეს ის აწყურელია, რომელსაც კინტოების, ბაზაზხანის ბიჭების როლში აღტაცებაშიმოვყევართ თავის ნამდვილის არტისტულის თამაშობით? ჩვენ წინ იდგა უფერული, თითქმის სრულიად გამოუცდელი მოთამაშე.
ახლა შეადარეთ ამ არტისტის თამაშობას ბ-ნ ალექსეევ-მესხიევის მშვენიერი თამაშობა. ბ-ნი ალექსეევი-მესხიევი ექიმის როლს თამაშობდა, ჯერ ერთი, რომ ნამდვილი ექიმის სახე გაეკეთებინა, მერე შეგეხედნათ, როგორ მშვენივრად ჰთამაშობდა. ყველაფერში ეტყობოდა, რომ არტისტს კარგად შეუსწავლია, შეუთვისებია, სრულიად ესმის, იცის ის როლი, რომელსაც ჰთამაშობს. მეტადრე მეორე მოქმედებაში, რა მ ადლიანად, რა ნამდვილის არტისტულის გრძნობით წარმოსთქვა პატარა მონოლოგი: „შევდივარ, შევცურავ ცხოვრებაში...“ სცენაზე ნამდვილს საქმის მცოდნე არტისტს ჰხედავდით.
ბ-ნ გუნიას, ჩვენი ფიქრით, ვერ გაუგია „პოჩტმეისტერის“ როლი. მართალია, პიესაში ისეა გამოყვანილი, თითქოს ამ კაცს ამ ქვეყნისა არა ესმის რა, ცხოვრებაში არა გაეგება რა, არაფერი აფიქრებს და აწუხებს, მაგრამ არც ისე უსისხლო და უხორცოა, არც ისე სიცოცხლეს მოკლებულია, როგორც ბ-ნმა გუნიამ გუშინ დაგვიხატა. ავიღოთ, მაგალითად, ის, როდესაც „პოჩტმეისტერი“ გაზეთებს შემოჰჯდომია, ჩაჰფიქრებია რუკას და გაფაციცებით არდაგანს ეძებს და სწუხს, რომ ვერ უპოვნია. რას შვრებოდა გუშინდელს წარმოდგენაზე „პოჩტმეისტერი“ - გუნია? ისე უგულოდ ჩასცქეროდა გაზეთს, რუკას, ისე დუდუნებდა, რომ თითქოს ამისთვის სულერთია, ვიპოვნი არდაგანს თუ არა, და თითქოს გაზეთსაც ისე, „ფორმი“ გულისთვის კითხულობსო.
შარშან ამავე როლში ბ-ნი საბუელი ვნახეთ. ბ-ნი საბუელი სულ სხვანაირად თამაშობდა. დღესაც თვალწინ გვიდგა ყბადასაღები პოჩტმეისტერი - საბუელი. უნდა გენახათ, როგორ თვალდაცეცებით დაეძებდა ქარტაში არდაგანს და მერე რა სიხარული გამოეხატა სახეზე, როდესაც იპოვა. გარდა ამისა, ბ-ნი საბუელი სახის გამომეტყველებით გვაჩვენებდა, რომ მას აღელვებს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს გაზეთის კითხვა, ჩვენის ფიქრით, ბ-ნ საბუელს უფრო უკეთესად ჰქონდა შეთვისებული „პოჩტმეისტერის“ როლი, ვიდრე ბ-ნ გუნიას. საქმე იმაშია, რომ „პოჩტმეისტერს“ მართლა არაფერი აწუხებს, ყველას გულგრილად უცქერის, რაც მის გარშემო ხდება, მაგრამ ეს კაცი სრულიად გაქვავებული არ არის: ერთის აზრით ესეც არის გატაცებული, გაზეთის კითხვას სულითა და გულით ეძლევა. როდესაც კაცს რომელიმე საქმე ასე გატაცებით, თავდავიწყებით უყვარს, ძნელი წარმოსადგენია, რომ აქ მაინც ცოტაოდენი სიცოცხლე არ გამოიჩინოს.
აგრეთვე, ვერ მოუვიდა კარგად წარმოდგენა ბ-ნ გუნიას მეორე მოქმედებაში, როდესაც გენერალთან შემოდის. მართალია, კაცს შიშისაგან ხმა აუკანკალდება ხოლმე, ხშირად ენაც ებმება, მაგრამ არც ისე კი, რომ ცოდვიანივით ენის ლუღლუღი დაიწყოს. ბ-ნ გუნიას ვურჩევთ მაგალითი ბ-ნ აბაშიძისაგან აიღოს, რომელიც ამგვარ სცენებში მართლა რომ შეუდარებელია. ერთი ნაკლულევანება აქვს კიდევ ბ-ნ გუნიას: ენას როგორღაც უკიდებს, ხშირად სისინი გამოისმის ხოლმე. მეტადრე გუშინ ყურს როგორღაც ეჩოთირებოდა, ეხმაუხებოდა, როდესც მოხუცებული, თმაგათეთრებული ”პოჩტმეისტერი” ხანდახან ყმაწვილივით ენას უკიდებდა ხოლმე.
[1886 წ., 6 ოქტომბერი.]
ზოგიერთი დადგმის შესახებ ქართულ სცენაზე
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 7 X, № 215, გვ. 3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 6 X).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა, რუბრიკით - „ქართული თეატრი“. პლ. კეშელავას ცნობაზე დაყრდნობით, წერილის ავტორად ილია ჭავჭავაძეა დასახელებული თ. მაჭავარიანის „ქართული გაზეთების ანალიტიკურ ბიობიბლიოგრაფიაში“ (ტ. III, ნაკვ. II, 1964 წ.) და თ. ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას წიგნში: „ილია ჭავჭავაძე, ბიობიბლიოგრაფია. 1857-1907“ (1966 წ.).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ ტექსტის შინაარსისა და ცენზურის ნებართვის თარიღზე დაყრდნობით.
244. 4 გუშინდელი დღე ვერაფერ ბედნიერ დღედ ჩაითვლება ჩვენის თეატრისათვის. - იგულისხმება 1886 წლის 5 ოქტომბერი.
![]() |
2.22 ქართული თეატრი და მაყურებელი |
▲back to top |
ტფილისი, 17 ოქტომბერი
გუშინდელს „ივერიაში“ მოყვანილია ცნობა, რომ ქართულს თეატრში ხალხი ბევრი არ დადისო, დრამატიულმა საზოგადოებამ უკვე იზარალა ორმოცდახუთი თუმანი ერთის თთვის განმავლობაში და თუ ახალ სახსრად მოგონილმა აბონემენტმაც არ გასჭრა, შენი მტერი იქნება ჩვენის თეატრის საქმეო.
ეს ფრიად საყურადღებო, გულსატკენი და ამასთანავე სამარცხვინო ამბავია. რას უნდა მივაწეროთ ასეთი გულგრილობა ჩვენის საზოგადოებისა, გულგრილობა, რომელიც დანაშაულობად და ცოდვად ადვილად ჩასათვლელია, თუ ჩავუფიქრდებით რა არის ერისათვის თეატრი და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვისა, დიაღ, ჩვენთვისა, ჩვენთვისა!...
ზოგიერთის წინდაუხედავს ავყიაობას რომ ავყვეთ, იმ ავყიაობას, რომელსაც ყოველ ამისთანა სამწუხარო საკითხავზედ ერთი და იგივე პასუხი აქვს ხოლმე წინადვე მომზადებული, ვიტყოდით გაცვეთილს ფრაზას: საქმე კარგად ვერ მიჰყავთ, თორემ საზოგადოება როგორ არ მიეშველებოდაო, - და ამით ჩვენ თავსაც მოვატყუებდით და სხვასაც თვალებს ავუბამდით. მაგრამ ამის თქმა ცოდვაა, ცოდვაა იმით, რომ აშკარა ტყუილი იქნება. დრამატიულმა საზოგადოებამ, რომელმაც კისრად იდვა ჩვენის თეატრის საქმე, დიდ მხნეობა გამოიჩინა თეატრის კარგ გზაზედ დაყენებისათვის, დიდი შრომა და ჯაფა შეალია ზედ. ამ მხნეობამ, შრომამ და ჯაფამ ამაოდ არ ჩაიარა: ჩვენი თეატრი დღეს მართალს თეატრსა ჰგავს ყოველისფრით. თვალისათვის საკმაოდ ფაქიზად და ლამაზად მომართულია. გინა სცენის მორთულობა აიღეთ, გინა დეკორაციები, გინა არტისტების ჩაცმა-დახურვა სცენაზედ, გინა წესი და რიგი წარმოდგენების მიმავლობისა - ყველა ეს იმოდენად კარგია და მართებული, რომ გვიკვირს კიდეც, ამ მოკლე ხანში როგორ შესძლო დრამატიულმა საზოგადოებამ, რომ ამ მხრით ესე მალე განაკარგა თეატრის საქმე. ამ მხრით თეატრის საქმის განკარგება მით უფრო დიდ ღვაწლად გამოჩნდება, თუ გავიხსენებთ, რა იყო ჩვენი თეატრი ამას წინად. გარდა ამისა დრამატიულის საზოგადოების მხნეობამ და განმჯელობამ თავისი მარჯვე ხელი დაატყო თვით შინაგანს მხარესაც თეატრისას. უკეთესნი არტისტები მოწვეულნი ჰყავს, არტისტები კარგად მომზადებულნი გამოჰყავს სცენაზედ, როლები არამც თუ იციან მარტო, არამედ ეტყობათ კიდეც, რომ დაჰფიქრებიან, გაუგიათ, უცვნიათ, შეუთვისებიათ თვითონ როლების მნიშვნელობაცა პიესაში. მართალია, ცოტაოდნად რეპერტუარი ჰღალატობს, ზოგჯერ უფერულს და ხშირად ნახულს პიესას გვაყურებინებენ ხოლმე, მაგრამ ნუთუ ეს ბრალად უნდა დაედვას დრამატიულს საზოგადოებას! აქ დრამატიული საზოგადოება არაფერს შუაშია იმიტომ, რომ რეპერტუარის სიმდიდრე, სიკარგე, განახლება - ყოველივე ეს მწერალთა საქმეა და მწერალნი კი, ჩვენად საუბედუროდ, ჯერხანად არსად სჩანან. გაუჩენელს დრამატიული საზოგადოება ვერ გააჩენს და თუ ამ მხრით რაიმე ესაყვედურება, მარტო ისა თუ, - სადმე მწერალი იყოს და დრამატიულმა საზოგადოებამ გზა არ მისცეს, ხელი არ მოუმართოს, წინ გადაეღობოს. აბა სად არიან ამისთანა მწერალნი? აბა დაუწერია ვისმე იმისთანა პიესა, რომლის გამო კაცს ნება ჰქონდეს შეჰსწამოს დრამატიულს საზოგადოებას, რომ მიდგომით პიესა დაიწუნაო და წარმოსადგენად უარჰყოვო!.. აკი მოგახსენებთ, დრამატიულს საზოგადოებას ამ მხრით ბრალი მაშინ დაედებოდა, თუ რომ ან მწერალი იყოს და ხელს უცარავდეს, გზას არ აძლევდეს, ან პიესები რამ იყოს და იგი მიდგომით კარგს უკან აყენებდეს, ცუდს ირჩევდეს, ანუ ახალს სდევნიდეს და ძველსა ჰრჩეობდეს განგებ, რაისამე ანგარიშით. აქ თუ დანაშაულობაა რამე, ჩვენს საზოგადო ვითარებას და გარემოებას უნდა დაჰბრალდეს, ესე იგი იმას, რის შეცვლაც და შესწორებაც დრამატიულ საზოგადოების ხელთ არ არის, რაც უნდა დიდად მოიწადინოს. უმადურობა იქნება ჩვენ მიერ, არა ვთქვათ, რომ ამ მხრითაც დრამატიული საზოგადოება თვის მზრუნველობას არა ჰზოგავს და რაც შესაძლებელია სცდილობს ამ მხრითაც საქმეს ეშველოს რამე.
მაშასადამე, ის ყველგან წამოსაჩხირებელი და გაცვეთილი ფრაზა, რომ ვერ ირჯებიან საქმის მოთავენიო და ამიტომაც საზოგადოებამ თეატრზედ გული აიცრუაო, ვითარცა ქარის მოტანილი, ქარმავე უნდა წაიღოს. ეს ფრაზები მივაჩემოთ იმათ, ვისაც თავი და ბოლო ვერ გაუგია, ვერ გამოურკვევია და იმის საჩვენებლად, რომ „მეც ნახირ-ნახირო“, საცა არ გინდათ, ამისთანა ფრაზას ჩამოაჩხირებს ხოლმე. მაშ რა უნდა იყოს მიზეზი ჩვენი საზოგადოების ასეთი საქციელისა, რომ თეატრში არ დაიარება? ნუთუ ისა, რომ დახშული აქვთ გრძნობა სასიამოვნო გართობისა, სულისა და გულის ერთნაირად მარგებელისა, ერთნაირად დამატკბობელისა, ერთნაირად აღმზრდელისა და წარმართველისა!.. ნუთუ ჩვენი საზოგადოება იმის წყურვილს მოკლებულია, რომ კვირაში ერთხელ თუ ორჯელ მაინც ერთს საჯარო ადგილას თავისი თავი ჰნახოს, ერთი-ორიოდ საათი მართალს ადამიანურს სიამოვნებას მიეცეს და ცხოვრების საყოველდღეო ჭუჭყს და ვალალებას ცოტას ხნობით მაინც თვალი მოაშოროს!.. არა გვგონია, რომ ეს მართებული გრძნობა, რომლითაც ადამიანი პირუტყვთაგან განირჩევა, რომლითაც ადამიანი მართლა ადამიანობს, ჩვენ გულშიაც ისე არ იყოს ბუნებისაგანვე ჩანერგილი და თანდაყოლილი, როგორც სხვისაში. თქმა არ უნდა, რომ მეტ-ნაკლებობა ამა გრძნობისა დამოკიდებულია განათლებაზე, გონების გახსნილობაზე და სულის და გულის რიგიანად, ადამიანურად გაწვრთნილობაზე, ხოლო ხელაღებით უარყოფა მისი, ხელაღებით თქმა, რომ ადამიანს ეს გრძნობა, ცოტად თუ ბევრად. არა აქვსო, მეტისმეტი აშკარა ტყუილი იქმნება და არ მისატევებელი შეცდომა.
მაშ რა აბრკოლებს ჩვენს საზოგადოებას? უფულობა? ამას ცოტაოდენი საბუთი აქვს და ამიტომაც გვინდა ჩვენის დრამატიულის საზოგადოების ყურადღება ამ საგანზედ მივაქციოთ. თეატრში შესასვლელი ფასი, ჩვენის ფიქრით, დიდია. ჩვენი ჯიბე გაუჭირებლად ვერ გაუძღვება მაგოდენა საფასურსა. თეატრში მოსიარულე საზოგადოება იმოდენად პატარაა ჯერხანად მაინც, რომ ძნელად საფიქრებელია ამ პატარა წრემ შეინახოს თეატრი. დღეს თეატრში თითქმის ერთი და იგივე ხალხი დადის და მაშასადამე თეატრის შესანახავი ხარჯი მთელის თავის სიმძიმით ამ პატარა წრეს აწევს ტვირთად და ეს ტვირთი ძნელი გასაძღოლია ერთისა და იმავე ჯიბისათვის. ფასებს დაკლება უნდა. ამ გზით საიმედოა, რომ თეატრში მოსიარულე ხალხი იმატებს და ვინც შეუძლებლობის გამო დროგამოშვებით დაიარება დღეს, იმას გაუადვილდება ეს ერთადერთი საჯარო ადამიანური სიამოვნება ჩვენში უფრო ხშირად იგემოს. ჩვენა გვგონია, რომ უფრო ბევრი შემოსავალი ექნება დრამატიულ საზოგადოებას, თუ ლოჟებს, სელებს და სკამებს ფასები დაუკლო ერთის მეოთხედის ოდენად. ლოჟები, მაგალითებრ, ოთხ მანეთად გაჰხადოს, დახურულ და განაპირა ლოჟებს გარდა, პირველის რიგის სელები, ანუ სავარძლები ორ-ორ მანათად, მეორისა და მესამისა - მანათნახევრად, მეოთხისა და მეხუთისა - მანათად, სკამები ნახევარი, სახელდობრ, წინა რიგებისა - თხუთმეტ შაურად და დანარჩენები - ათ შაურად. ამ სახით, თუ არა ვცდებით, სავსე თეატრის შემოსავალი ოცდაათს თუმანს დაიჭერს. მართალია, ეხლანდელი ფასების მიხედვით, სავსე თეატრის შემოსავალი ორმოცდაორ თუმანს იჭერს, მაგრამ ეგ შემოსავალი ყინულზე დაწერილია; თუმცა სასურველია, მაგრამ ტყუილი იმედია. უფრო საიმედოა ცოტ-ცოტაობით მრავალთაგან უფრო რიგიანი ჯამი დადგეს, ვიდრე თითო-ოროლისაგან ბევრ-ბევრობით. დამტკიცება არა სჭირია, რომ როცა რაშიმე გამოსაყენი საგანი იეფია, უფრო ბევრს მუშტარს მიიზიდავს და ათისაგან თითო გროში აღებული უფრო მეტს ჯამს დაიჭერს, ვიდრე ერთისაგან მთელი ხუთი გროში. რასაკვირველია, ეს ანგარიში თავს არ დაიჭერდა, თუ რომ იმედი იქნება თეატრი ყოველთვის სავსე იყოს. როდესაც ეს ასე არ არის და დღევანდელი შემოსავალი თეატრისა ძნელად თუ თორმეტს-ხუთმეტს თუმანს გადაემეტება ხოლმე, მაშინ რომ თეატრის შემოსავალი სათუო ორმოცდაორ თუმნიდან უფრო საიმედო ოცდაათს თუმანზედ ჩამოახდინონ, - მოგება იქნება და არა ზარალი. თუნდაც ფასების დაკლებამ ეხლანდელს ნამდვილს შემოსავალს არც კი გადააჭარბოს და იმოდენა ჯამი დააყენოს, რაც ეხლაა დიდის ფასების დროს, ხალხის იეფობის გამო სიმრავლე გულს მაინც გაუკეთებს როგორც მოთამაშეებს, ისე თვით მაყურებლებსაც. ამისთანა გარემოებასაც თავისი სიკეთე მოაქვს თეატრის საქმეში. იქნება ამ ჩვენმა რჩევამ თავი არ დაიჭიროს, თუ კაცი ყოველს წვლილს ამ საქმისას სახეში იქონიებს. რა თქმა უნდა, ამ მხრით დრამატიული საზოგადოება ბევრით ჩვენზედ წინ არის, რადგანაც საქმეს იგი შიგ სათავეში უდგა და მაშასადამე, ყოველ მხრივად და დაწვრილებით ჩვენზედ უკედ იცნობს. ჩვენ მის გამოცდილებას და საბუთიანობას უფრო ვენდობით, ვიდრე ჩვენს ზემოხსენებულს ანგარიშსა, მხოლოდ სასურველი კია, - როგორც ამას წინადაც ვსთქვით, - რომ ჩვენის თეატრის საქმე ამ მხრითაც აწონვილ-დაწონვილ იქმნას და გამორკვეულ.
[1886 წ., 17 ოქტომბერი.]
ქართული თეატრი და მაყურებელი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 18 X, № 225, გვ. 1-2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნია თ. მაჭავარიანმა, რომელმაც შეიტანა იგი „ქართული გაზეთების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში“ (ტ. III, ნაკვ. II, 1964 წ.). წერილი შეტანილია აგრეთვე თ. ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას წიგნში - „ილია ჭავჭავაძე. ბიობიბლიოგრაფია. 1857-1907“ (1966 წ.). წერილის ილიასეულობა დაასაბუთა და გამოაქვეყნა ნ. შალუტაშვილმა. - იხ. მისი „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ“, 1969 წ.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. დასათაურება ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
250. 3 გუშინდელს „ივერიაში“ მოყვანილია ცნობა, რომ ქართულს თეატრში ხალხი ბევრი არ დადისო. - იგულისხმება 1886 წლის 17 ოქტომბრის გაზ. „ივერიაში“ (№ 224) გამოქვეყნებული ცნობა.
![]() |
2.23 ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვპოვე“ |
▲back to top |
ქართული თეატრი
სცხოვრობს სოფელში ერთი ხანშიშესული, ძველებური, ქვრივი თავადიშვილი. მამული გაუოხრებია. მთელი თავისი ცხოვრება გაუფლანგავს და აი, ეხლა ზის გაღარიბებული, გაღატაკებული და ჰფიქრობს, თავს რითი ვუშველოვო. მაგრამ რა დიდი ფიქრი უნდა! ამის წამალი დიდი ხანია მოგონილია: მოდის ჩვენი თავადიშვილი ქალაქში, ეძებს ცოლს, რასაკვირველია, მდიდარს, რომ ამის ფულითა და მზითვით საქმე გაიკეთოს. ეს საქმე, რასაკვირველია, უმაჭანკლოდ არ მოხერხდება. მაჭანკალი დატრიალდა თავისებურად, ატყუებს ვაჟსაც და ქალსაც და ბოლოს თვითონაც სტყუვდება, გასამრჯელოს არ აძლევენ. გაჯავრებული მაჭანკალი ყოველ ღონისძიებას ჰხმარობს, რომ საქმე ისევ ჩაშალოს, მაგრამ ვერ მოუხერხებია რა: აბა ჯვარდაწერილებს ხომ ვეღარ გაჰყრის, თუმცა მოტყუებული თავადიშვილი დიდად მოხარული იქნებოდა, თავი დაეხწია და თავის ახალ ცოლს შორს სადმე გაჰქცეოდა. საქმე იმაშია, რომ თავადიშვილი, რასაც ეძებდა, ის ვერა ჰპოვა: ამას უნდოდა, რომ ცოლის მთელი შეძლება და ქონება თავის სახელზე დაემტკიცებინა, მაგრამ ცოლი დიდ უარზე დაუდგა. არ ვიცით საქმე რითი გათავდებოდა, რომ ორი მოულოდნელი გარემოება, როგორც ევროპიელების პიესებში Deus ex machina, საქმეში არ ჩარეულიყო. ჯერ მოვიდა თავადიშვილის მოურავი და ამბავი მოუტანა, რომ შენი ცოლი ტყვეობიდამ დაბრუნდა და სოფელში მოუთმენლად გელისო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეფე ქვრივი არ ყოფილა. ამის ცოლი თურმე შვიდი წელიწადია ლეკებში ტყვედ ყოფილა წაყვანილი და აი, ეხლა თავი დაუხსნია და თავის ქმართან დაბრუნებულა. მინამ მოურავი ამას იტყოდა, ფოსტალიონს წერილი მოაქვს თავადიშვილთან, შვილი, რომელიც რუსეთში იყო სასწავლებლად წასული, წერდა მამას, რომ ცოლი შევირთე და 20 ათასი თუმანი მზითვად ავიღეო. გახარებული თავადიშვილი თავს ანებებს თავის ახალს ცოლს და შინისკენ მიეშურება. საწყალი ქალი, ახალი ცოლი, გაშტერებული, გულჩათუთქული რჩება, მაჭანკალი და მიკიტანი - ბიძა ნიშნს უგებენ, რომ ქალს ასეთი უბედურება მოუვიდა და ამით თავდება კამედია.
აი მოკლედ შინაარსი კნ. ბარ. ჯორჯაძის პიესისა: „რას ვეძებდი და რა ვპოვე“, რომელიც ამ კვირას ქართულ სცენაზე ითამაშეს. ეს პიესა, როგორც გვითხრეს, ამ ექვსის წლის წინად ყოფილა ნათამაშევი ქართულ სცენაზე და მას აქეთ ხელუხლებლად დებულა თეატრის წიგნთსაცავში. ჩვენის ფიქრით, ურიგოს არ იზამდა თეატრის ეხლანდელი გამგეობა, რომ, თუ შეიძლება, იშვიათად შეაწუხონ ხოლმე ეს პიესა.
პირველმა მოქმედებამ ძალიან სუსტად, უსიცოცხლოდ და მოსაწყენად ჩაიარა. რასაკვირველია, აქ მარტო ავტორის ბრალი არ იყო, მოთამაშენიც ბევრში იყვნენ დამნაშავენი.
ჯერ ავიღოთ ბ-ნი ავ. ცაგარელი, რომელიც თავადიშვილის როლს თამაშობდა, ე.ი. იმ როლს, რომელზედაც თითქმის მთელი პიესაა აშენებული. ჩვენის აზრით, ბ-ნ ცაგარელს ამისთანა საპასუხისგებო როლის ასრულება არ უნდა ეკისრნა. ბ-ნი ცაგარელი ჯერ სრულებით გამოუცდელი არტისტია, სცენას კარგად ვერც კი შეჰჩვევია: როლებს არა თამაშობს კი, კითხულობს და აქაც კი ხშირად წაიბორძიკებს ხოლმე: ხან სიტყვები შეეშლება და ხან სრულიადაც ჰყლაპავს.
გარდა ამისა, ბ-ნ ცაგარლის თამაშობას ყოველთვის რაღაცა ერთგვარობა ეტყობა. ამის მიხვრა-მოხვრას, ლაპარაკს, კილოს სიცხოველე, სულის მოძრაობა, გულის ღელვა აკლია; პიესის ისეთ ადგილებშიაც კი, როდესაც კაცს გული უნდა უფანცქალებდეს, ბ-ნი ცაგარელი გრძნობას ვერ აღვიძებს, გულს ვერ შესძრავს ხოლმე.
ვიმეორებთ, ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს, დიდი გამოცდილება, ხელოვნება უნდა შეიძინოს ბ-ნმა ცაგარელმა, რომ საპასუხისგებო როლები იკისროს და ასრულებაც შესძლოს.
არ ვიცით, ვისი ბრალია, პიესის ავტორისა, რეჟისორისა თუ თვით არტისტისა, და მოურავის როლი კი ისე არ უნდა ეთამაშნათ, როგორც ბ-ნი მაქსიმიძე ჰთამაშობდა. ბ-ნი მაქსიმიძე - მოურავი ძალიან გლეხურ კილოს უქცევდა, ჩვენის ფიქრით, ეს შეცდომაა. მართალია, მოურავი გლეხთაგანი არის, მაგრამ მაინც მოურავია. თავადიშვილის მოურავი კი, მერე უწინდელ დროის თავადიშვილებისა, თუნდა გლეხიცა ყოფილიყო, ყოველთვის ჰცდილობდა ლაპარაკში გლეხური კილო, გლეხური მიხვრა-მოხვრა დაევიწყებინა და ბატონების კეთილშობილურ ზრდილობიან სიტყვა-პასუხისათვის მიებაძნა. ამითი იმას თავი მოჰქონდა გლეხებთან, ამითი აჩვენებდა, რომ ის მდაბიო გლეხებზე მაღლა სდგას. პიესაში კი ტყაპუჭში გახვეული გლეხი გამოვიდა, მერე იმისთანა, თითქო მეხრეობის მეტი არა უნახავს რაო. არ გვესმის, მოურავი ტყავში რად იყო გახვეული? თუ ამით იმის ჩვენება უნდოდა, რომ თვითონ თავადიშვილი ღარიბი იყო, ღარიბად ჩაცმული და მაშასადამე მოურავიც ღარიბად უნდა ყოფილიყო შემოსილი, ესეც, ჩვენის ფიქრით, შეცდომაა. რაც უნდა ღარიბის კაცის მოურავი იყოს, რაკი მოურავია, არ შეიძლება ტანისამოსითაც სხვა გლეხებთაგან არ გაირჩევოდეს. მეორე გარემოება თუ მისატევებელი შეცდომაა, პირველი მაინც უყურადღებოდ არ უნდა დასტოვოს არტისტმა, თუ ჰსურს ნამდვილი ტიპი გამოჰხატოს.
მეორე მოქმედებაში, როდესაც სცენაზე გამოვიდნენ ბ-ნი აბაშიძე, ქალბ-ნი გაბუნია-ცაგარლისა და აბაშიძე-საფაროვისა, სცენა სრულიად გამოიცვალა, სულ სხვა ფერი დაედო, სიცოცხლე მოემატა და თეატრიც გამხიარულდა. თქმა არ უნდა, რომ სამი ჩინებული არტისტი ჩვენის თეატრისა, ბბ-ნები გაბუნია, საფაროვისა და აბაშიძე მკვდარსაც გააცოცხლებენ, თუკი ავტორი ერთად შეჰყრის სათამაშოდ. ეს არტისტები უმარილო პიესასაც ისე გამოაკეთებენ, ისე მარილიანად ითამაშებენ, რომ ერთბაშად სიამოვნებას მოჰფენენ ხოლმე მთელს თეატრსა.
ბ-ნს აბაშიძეს ავტორის განზრახვით სირაჯის როლი უნდა ეთამაშნა. მაგრამ ბ-ნი აბაშიძე, როგორც გამოცდილი არტისტი, სახელით არ მოსტყუვდა, ავტორის მიერ გამოყვანილი კაცი სრულებით სირაჯი არ არის: იგი დაბალის ხარისხის, დაბალის სჯულის ჩარჩი-მიკიტანია და არც როლის შინაარსით, არც სიტყვა-პასუხით იმ ყველასაგან ცნობილს სახეს არ წარმოადგენს, რომლითაც თვალსაჩინოდ ერჩევა სირაჯი სხვაგვარ ვაჭართაგან. ბ-ნმა აბაშიძემ იგრძნო, რომ აქ სახელი ერთია და სახრავი კი სხვაა და, ვგონებ, ამიტომაც მან სირაჯობას თავი დაანება და დაბალი ჯურის ჩარჩი-მიკიტანი წარმოგვიდგინა. რაკი ესე ცნობიერად მოექცა ამ მარტო სახელით სირაჯის როლსა და საქმით კი - ჩარჩ-მიკიტნისას, ამ გზით სახელის საქმესთან შეუფერებლობა არტისტმა ავტორს გაუსწორა და, სწორედ გითხრათ, დიდად დაავალა კიდეც ავტორსა, თორემ ეგ როლი არც ჩლავი იქნებოდა და არც ფლავი. ჩარჩ-მიკიტნის როლში კი ბ-ნი აბაშიძე შეუდარებელი იყო; ჩაცმა-დახურვა, მიხვრა-მოხვრა, კილო ლაპარაკისა - ნამდვილი სურათი იყო მისი, ვისიც ჩვენება უნდოდა ჩვენთვის არტისტსა. თვალწინ გედგათ ნამდვილი ჩარჩი-მიკიტანი და არა სირაჯი, რომელსაც სულ სხვა თავისებური ჩაცმა-დახურვა აქვს, ასე რომ, თუნდა არ იცოდეთ, სირაჯს მაშინვე ტანისამოსზედ შეატყობთ. გარდა ამისა, სირაჯს მიხვრა-მოხვრა, ლაპარაკი უფრო დამჯდარი, უფრო დარბაისლური აქვს, და ამის გამო უფრო სხვარიგად მოაქვს თავი ხოლმე და არასფრით არა ჰგავს ჩარჩ-მიკიტანსა, რომელიც ცხოვლად და მიხვედრილად დაგვიხატა ბ-ნმა აბაშიძემ, რადგანაც სხვა გზა არ იყო. კარგი რამ იყო ბ-ნი აბაშიძე, როცა თალალო დაინახა და გული იმის სილამაზეზე შეუვარდა. მისი მაყურებელი მხოლოდ ვნანობდით, რომ ამისთანა ტალანტი, ამისთანა უფერულ როლზე სცდებოდა.
ბ-ნი გაბუნია მაჭანკლის როლსა ჰთამაშობდა. განა თქმაღა უნდა, რომ მშვენივრად წარმოადგინა!... თქმაღა უნდა, რომ იმ არტისტს-ქალს ვერავინ ვერ შეედრება, რაკი ჩვენის ცხოვრების სურათი, ხასიათი, ავკარგიანობა და თვისება შეხვდება ხოლმე გამოსახატავად!
ერთი ფრიად სამწუხარო ნაკლი კი შევნიშნეთ ბ-ნს გაბუნიას. ვინ არ იცის, რომ არტისტისათვის დიქცია, სიტყვების მკაფიოდ და სრულად გამოთქმა ერთი უმთავრესი ღირსებათაგანია. დღეს-აქამომდე დიქციაში, სიტყვების სრულად და მკაფიოდ გამოთქმაში ბ-ნს გაბუნიას და ბ-ნს საფაროვისას არავინ სჯობდა ჩვენს ტრუპპაში. ყოველივე მათი სიტყვა მოჭრილად მკაფიოდ და სავსებით ისმოდა სცენიდამ ხოლმე. კვირას კი ბატონს გაბუნიას სიტყვებში როგორღაც ასოები აკლდებოდა, ნამეტნავად ბოლოებსა ჰკვეცდა და სიტყვა მთლად არ გაიხმაურებდა ხოლმე. ეს, რასაკვირველია, ბუნებით ნაკლი არ არის და ადვილად მოსაშლელია, თუ არტისტი მოიწადინებს. ჩვენ ეს ნაკლი იმიტომ შევნიშნეთ, რომ ამ ნიჭით შემკულმა არტისტმა-ქალმა ყურადღება მიაქციოს, თორემ თუ თავი მიანება და ჩვეულებად გადაექცა, მერე ძნელი ასაცილებელიღა იქნება. ცოდვაა, რომ მაგისთანა ნიჭმა ამისთანა ნაკლი არ მოიცილოს.
ბ-ნ საფაროვისას ვერაფერი როლი ჰქონდა, მაგრამ აქაც კი კარგი იყო და ამით ერთხელ კიდევ დაგვიმტკიცა, რომ კარგი ყოველთვის და ყველგან კარგია.
ბ-ნმა მელიქოვისამ ურიგოდ არ წარმოადგინა ხანგარდასული გასათხოვარი ქალი, თუმცა ბევრი რამ კიდევ უნდა შეიძინოს, რომ უფრო უკეთესად ითამაშოს და უკეთესად თამაშობა საჭიროა. ნამეტნავად ყურადღება უნდა მიაქციოს ქართულს მართალ ლაპარაკსა, ხშირად სიტყვების ერთმანეთთან კანონიერად გადაბმაში სცდება და ქართველის ყურს ეხამუშება. მაგალითებრ, ერთი რაღაც ანდაზა უნდა ეთქვა, მაგრამ სიტყვები ისე არივ-დარია, რომ ჩვენ ვერა გავიგეთ რა. გარდა ამისა, ვერც როლის შესაფერად იყო კვირა დღესა ჩაცმული და სახეგაკეთებული, სახის კარგად გაკეთება, ესე იგი, როლის შესაფერად და შესაფერადვე მოკმაზულობა დიდი რამ არის თვითონ თამაშობის სიკეთისათვის. სცენაზე ჰლაპარაკობენ, რომ ორმოცის წლის მახინჯი ქალიაო და ჩვენ კი მაყურებლები არც ისე მახინჯს და არც ისე ხნიერს ვხედავდით. ამისთანა შეუფერებლობაში, როცა ყური ერთს გვეუბნება და თვალი სხვასა ჰხედავს, - მაყურებელს ილლუზია ეკარგება და მაშასადამე, სიამოვნება უფუჭდება.
კომედიის შემდეგ დივერტისმენტი იყო. ბ-ნმა ალექსიევ-მესხიევმა ქართული ლექსი წაიკითხა. ჩვენ ამის მეტად არ გაგვეგონა და ვგონებ თვითონ არტისტსაც ამის მეტად არსად წაეკითხოს ქართული ლექსი. საკმაოდ კარგად წაიკითხა და სანუგეშო ეს არის, რომ ამ პირველ შემთხვევაზედვე ჩვენ დავრწმუნდით, რომ ბ-ნის ალექსიევ-მესხიევისათვის ღმერთს ყოველისფერი მიუნიჭებია, რაც კი საჭიროა კარგად წაკითხვისათვისა. იმედია, რომ ამ მხრივაც იგი ისახელებს თავს და ქართველს საზოგადოებისთვის ამ ტკბილს სიამოვნებას ხანდისხან მაინც არ დაიშურებს. ოღონდ შეეჩვიოს ლექსთა კითხვას, შრომა არ დაიზაროს, დაუკვირდეს ხოლმე და უეჭველია, ლექსთა კითხვაში თავს გამოიჩენს.
ბ-ნმა გაბუნიამ იმღერა „ჭმუნვის მახვილი“ ალექ. ჭავჭავაძისა. სამწუხაროდ, ხმაზედ ვერ იყო, თუმცა ჰანგი კი მშვენივრადა სთქვა და ბევრი ტაშიც დაუკრეს. ვგონებთ, მეთარემაც როგორღაც ვერ ააყოლა თარი.
ბოლოს ითამაშეს ვოდევილი „სუსტი მხარე“. კარგი მხიარული ვოდევილია. ქ-ნნი საფაროვისა და მელიქოვისა, აწყურელი და მაქსიმიძე ჰთამაშობდნენ ამ ვოდევილში. ისე მწობრად და თანხმად მიდიოდა ვოდევილი, რომ სწორედ მოსაწონი იყო.
ბ-ნი მაქსიმიძე გამოცდილი არტისტია, სცენა იცის და ამ ვოდევილში არ იყო ურიგო. ბ-ნი აწყურელი კი, დიდი ხანი არ არის, რაც სცენაზე ფეხი შეუდგამს, მაგრამ სასიამოვნო სანახავი იყო ამ ვოდევილში. ბ-ნ აწყურელის თამაშობა თუმცა ისე სრული, დახელოვნებული, ერთბარი არ არის, როგორც სასურველია, მაგრამ ყოველს ამის მიხვრა-მოხვრაში, ამის სიტყვის კილოში დიდი ბუნებითი ნიჭი, მდიდარი სახის გამომეტყველება, სიცოცხლით სავსე მოძრაობა სჩანს. იქ, სადაც სიტყვა სწყდება და სრულ შთაბეჭდილებას ვერ გიხატავთ, სახის მოძრაობა, გამომეტყველობა გეუბნებათ დანარჩენს. თუ სასაცილო თქვა რამე და არ გაგეცინათ, სახეს და მთელს სხეულს ისეთ მოძრაობას მისცემს, რომ უთუოდ სიცილს მოგგვრით და ისეთ სიცილს, როგორიც სწორედ გარემოებას შეჰფერის. ასეთია ნამდვილის ნიჭის თვისება!
[1886 წ., 19-21 ოქტომბერი]
ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვპოვე“
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 22 X, № 228, გვ. 2-4 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 21 X).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა. პლ. კეშელავას ცნობაზე დაყრდნობით, რეცენზიის ავტორად ილია ჭავჭავაძეა მოხსენიებული თ. მაჭავარიანის „ქართული გაზეთების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში“ (ტ. III, ნაკვ. II, 1964 წ.) და აგრეთვე თ. ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას წიგნში „ილია ჭავჭავაძე. ბიობიბლიოგრაფია. 1857-1907“ (1966 წ.). წერილის ილიასეულობა დაასაბუთა და გამოაქვეყნა ნ. შალუტაშვილმა. - იხ. მისი „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ“, 1969 წ.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ ბ. ჯორჯაძის პიესის „რას ვეძებდი და რა ვპოვე“ წარმოდგენისა (19 X) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
256. 17 ...პიესისა: „რას ვეძებდი და რა ვპოვე“, რომელიც ამ კვირას ქართულ სცენაზე ითამაშეს. - იგულისხმება 1886 წ., 19 ოქტომბერი.
![]() |
2.24 „ცოლი-მეუღლე“ ქართულ სცენაზე |
▲back to top |
ქართული თეატრი
ოთხშაბათს, ამ 22-ს ოქტომბერს ქართულმა დრამატიულმა დასმა წარმოადგინა ერთი კამედია, რომელსაც არ ვიცით მთარგმნელმა რად უწოდა „ცოლი-მეუღლე“ და არ აკმარა მარტო ეს უკანასკნელი სახელი. კამედია აზრმოკლებული არ არის და ვგონებთ ბევრმა მაყურებელმა თითზედ იკბინა იმის ნიშნად, რომ იგი ამბავი, რაც კამედიაშია გამოყვანილი ან თავს გარდახედია, ან უნახავს და მოწმად ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ერთს ღარიბს სახლობაში მარტო დედა და შვილია. შვილს მიუღია რიგიანი სწავლა-განათლება, ის სწავლა-განათლება კი არა, რომელიც მარტო ოსტატობაა მოძმეთა საცარცველად და მოსატყუებლად, ან რომელიც ბულვარზედ გასასაღებელია და მტვერის ასაყენებელი, არა, ამისთანა განათლება არა!.. ყმაწვილი კაცი განათლებულია ჭკუითა, სულითა და გულითა. გრძნობაც, ნამუსიც გაწურთვნილი აქვს პატიოსან მოქმედებისათვის ჭკუასთან ერთად. იგი სცხოვრობს თავისის პატიოსანის შრომითა და თუ დედა ემდურება რასმე, მხოლოდ იმას, რომ მეტისმეტად დაუღალავად მუშაობს და ჯანს ზედ ალევს საქმესა.
მისდა საუბედუროდ, მას მოეწონება ერთის თავადისშვილის ქალი. ამ ქალს დედა ჰყავს, რომელსაც წამდაუწუმ თავი იმით მოაქვს, რომ მამა გენერალ-ლეიტენანტი ჰყოლია და ქმარიც რაღაც გენერალი. ამ ტყუილს დიდკაცობას ისე გაუბრუებია დედის ჭკუა და გონება, რომ მორთვა-პრანჭვა, წვეულება, თეატრი, ბალები ჰგონია საგნად ადამიანის ცხოვრებისა. რაც რამღა ქონება ჰქონია სულ ამ ცუდმედიდურობისათვის უნაცვალებია, ბოლოს ნავთიც კი ნისიად ვეღარ უშოვია, რომ დიდ წვეულობის ღამეს ოთახები გაენათებინა. ამისთანა დედის ხელში გაზრდილი ქალი, რასაკვირველია, კარგს არას ისწავლიდა. ხოლო ქალი, თუმცა ცუდად არის გაზრდილი, მაგრამ მაგ ავადზრდილობას თითქო მარტო ჭკუა დაუბრმავებია და გული მისი კი არ დაუხურავს კეთილისათვის. იგი კეთილს მაშინვე ჰგრძნობს, თუმცა დიდხანს კი და თავგამომეტებით ვერ აჰყვება ხოლმე გრძნობას კეთილისას და გაფუჭებულს ჭკვას უფრო ემორჩილება. მით უფრო, რომ გონებაგაქსუებული და ცუდმედიდობით მთლად წაღებული დედა ხელს უწყობს და აქეზებს. ყმაწვილი კაცი გამოუტყდება ქალს, მიყვარხარო და ხელსა ჰსთხოვს, ქალი, რომელსაც ეს ყმაწვილი კაცი უამისოდაც მოსწონდა და რომელზედაც გული უკვე შეჰვარდნოდა, თანახმა გაუხდა. დედა, რომელსაც გუნებაში ჰქონდა მიეთხოვებინა ქალი ერთ გადაყრუებულ, მაგრამ მდიდარ გენერლისათვის, მეტად მალე დაითანხმეს შეყვარებულთა. პიესა ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს გაუგებარია, ამიტომ რომ მაყურებელს ამოცანად ჰრჩება ესეთი სწრაფი დაყოლიება დედისა მაშინ, როდესაც იგი სულ იმის ნატვრაშია, მდიდარს ვისმე შევრთა ჩემი ქალიო, რომ თეატრსა და ბალებში დადიოდნენ და მეც მატარონო და ეხლა კი ისე უბრძოლველად, ერთბამად უთმობს თავის ქალს ღარიბს ყმაწვილ კაცსა. ერთის სიტყვით, ყმაწვილი კაცი, რომელმაც თავისი სიღარიბე წინადვე აუწყა თავის საცოლოს და მარტო გაუჭირებელი ლუკმაპური აღუთქვა, ირთავს იმ ქალს. გადის ორი წელიწადი, ქალი, დედის ფართიფურთობას ჩვეული, უზომო ხარჯს აწევინებს საწყალს ქმარსა, რომლის ავლადიდება მარტო პატიოსანი შრომაა და პატიოსანი შრომა, ხომ მოგეხსენებათ, ეხლანდელს დროში მარტო იმას თუ იძლევა, რომ კაცი მშიერ-მწყურვალი არ მოკვდეს. ქმარს მეტად უყვარს თავისი წინდაუხედავი ცოლი და თუმცა ერთხელ თუ ორჯელ უბედავს დარიგებას, მაგრამ დარიგება არა სჭრის. ცოლი თეატრსა, ბალებსა და ტანისამოსზედ უთავბოლოდ ახარჯვინებს ფულებს, საწყალი ქმარი დღედაღამ ათენებს, რომ თავი ბოლოს როგორმე გამოაბას, ვალებში ცვივა, ვალებს ვეღარ უძღვება. ეს გარემოება სტანჯავს, აწამებს ზნეობითად, სინდისი და ნამუსი სწვავს, რომ ისესხა და ვეღარ იხდის. ამ ზნეობრივ წამებასთან დღედაღამის გასწორება, გამუდმებული, თავაუღებელი მუშაობა და ჯაფა თავისას არ იშლის და ყმაწვილი კაცი ჰჭლექდება. ცრუპენტელა დედის ამყოლს ქალს აინუნშიაც არ მოსდის, რომ მისის ქმრის დღენი უკვე დათვლილნი არიან და სწორედ იმ ღამეს, როცა მისი ქმარი სულსა ჰლევს, იგი ბალში ბრძანდება დედითურთ და დროს ატარებს ერთ ყმაწვილ კაცთან, რომელიც თვალში მოსდის და მოსწონს. საუბედუროდ, სწორედ ამ ღამეს ქმარი უტყუარს საბუთს ჰპოულობს მისას, რომ მის ცოლს ვიღაცა ასდევნებია და არშიყობის ბარათიც მოუწერია. ამან მოუჩქარა სიკვდილი. მინამ სულს დაჰლევდა, ბალიდამაც გათენებისას დაჰბრუნდნენ ცოლი და სიდედრი. მომაკვდავი ხალვათობას ითხოვს იქ დამსწრეთაგან, ყველანი გადიან და ცოლ-ქმარნი მარტო ჰრჩებიან. ქმარი ყველაფერს ეუბნება ცოლსა: ცოლი გულწრფელად არწმუნებს, მე შენთვის არ მიღალატნიაო და შენდობას ითხოვს. ქმარი ეუბნება, რომ მე შენზედ არა ვჯავრობო, შენ უბრალო ხარ, მხოლოდ შენი აღზრდაა აქ ყველაფერში დამნაშავეო. ქმარი კვდება და ამით თავდება კამედია.
ყველაზედ ძნელად ასასრულებელი როლი, შინაარსით მაგოდენად არაფერი, ხოლო ერთმანეთთან მოუთავსებელის თვისებით უხერხულად ნაქსოვი, სიდედრის როლი იყო. მაგისთანა ქარაფშუტა დედაკაცი, როგორიც სიდედრია ამ პიესაში, ჩვენებური ხასიათი არ არის. რაც უნდა გულწამხდარი დედა იყოს, ჩვენებური დედა თავის დღეში არ ეტყვის თავის ქალს: რამდენი გეკურკურებოდა წუხელის ბალშიაო და ამით არ მოაწონებინებდა თავს. გულშიაც რომ სდომოდა ეს, ვერ გაჰბედავდა წარმოთქმას. ასეთი ძლიერია ჩვენებურის მართებულობის კრძალვა, რიდი და კდემა. ეს ამისთანა ხასიათის დედაკაცები ხშირნი არიან იმ საზოგადოებაში, რომლის ენაზედაც დაწერილია დედანი პიესისა. ჩვენში კი ძნელად მოიპოვება, თუმცა ამ ბოლოს ხანებში თითო-ოროლა მაგალითებია მისი, რომ ეგ ჭირი ცოტ-ცოტაობით და ნელ-ნელა ჩვენც გვეპარება, ჩვენდა საუბედუროდ. ქარაფშუტა, წინდაუხედავი, უთავბოლო დედაკაცები ჩვენშიაც ბევრია, მაგრამ თავისებურნი არიან და არასდროს ერთს ალიაქოთს იმაზედ არ ასტეხენ, რატომ თეატრში აბონემენტით ლოჟა არა გაქვს ჩემის ქალისათვისაო. დიდი შეცდომაა პიესის გადმომკეთებლის მხრით, რომ ჰსურვებია ქართველი ცუდმედიდი დედაკაცი ეჩვენებინა და ქართული ცუდმედიდობა კი დაჰვიწყებია მიეთვისებინა. არტისტი-ქალი, რომელსაც ეს როლი შეხვდა სათამაშოდ, ორ წყალშუაა მოყოლილი, გადმომკეთებლის წყალობით. მიხვრა-მოხვრით, ტანსაცმლით, მიმიკით, სიარულით, ერთის სიტყვით, ყველაფრით ქართველი დედაკაცი უნდა წარმოედგინა და თვისება და ხასიათი კი ქართველისა არა ჰქონოდა. აი რისთვისა ვსთქვით, რომ ეს როლი ძნელი ასასრულებელია. ბ-ნმა გაბუნიამ, რაც კი შესაძლო იყო, დასძლია ეს სიძნელე და თუ რამ ნაკლი იყო, ეგ ნაკლი ავტორის ბრალია და არა არტისტისა.
ვერ მოვუწონებთ თამაშობას ბ-ნს საფაროვისას. მისი როლი, ყმაწვილის კაცის ცოლისა, შინაარსით მეტად ძნელია, ძნელია იმიტომ, რომ ჭკუაგაუხსნელი, ჭკუაგაფუჭებული ქალი უნდა წარმოედგინა და ამასთანავე გულწაუმხდარიცა, გულწმინდა და კეთილისათვის ყოველთვის გულღია. იგი სხვერპლია ავადგაზდილობისა და არა ძვალსა და რბილში გამჯდარ ავზნეობისა. იგი მაგალითით, ნახულით და გაგონილით არის წამხდარი და არა სულითა და გულითა. ჩვენის ფიქრით, ბ-ნ საფაროვისამ ეს ერთბუნებიანი ორნაირობა ხასიათისა ვერ გამოგვისახა. ამით სიბრალული კი არ აღძრა მაყურებელთა გულში, რომ ასეთი გულკეთილი, ბუნებითად მადლიანი ქალი, რომელსაც ღმერთმა ყველაფერი მიანიჭა, რომ ჩვენი უგემური ცხოვრება ნეტარებად გადააქციოს, ასე წამხდარია ავადაღზრდილობის გამო და სიკეთისათვის კიდევ შერჩენილი გული იმავ მიზეზით უქმად რჩება, თითქოს დიდი ხნის მოძრაობისათვის ღონე არ აქვსო. ამ სიბრალულის მაგიერ ჩვენს გულში გულისწყრომა ჰლაპარაკობდა, რისხვა და ძულება ჰტრიალებდა და ამ გზით სხვერპლს ვახდევინებდით იმ სასჯელს, რომელიც მემსხვერპლეს, სხვერპლის მიზეზს უნდა გადახდომოდა. ზოგიერთს ადგილას ბ-ნი საფაროვისა მაინც არტისტი იყო და არტისტი. მაგალითებრ, როცა ბალში წასვლაზედ იმედგადაწყვეტილს კვლავ მოეცა იმედი წასვლისა. აქ შეუდარებელი იყო.
ყმაწვილის კაცის დედის როლს ბ-ნი ლეონიძისა თამაშობდა და თამაშობდა რარიგად!.. იმისთანა გულის მოძრაობა, რომელიც ამ პატივცემულმა არტისტმა ქალმა გამოგვატარა, არა გვგონია ბევრჯელ შეხვედროდეს მაყურებელს არამცთუ ჩვენს სცენაზედ, არამედ დიდ და გამოჩენილს სცენებზედაც. საოცრად კარგი რამ იყო პირველს ორ მოქმედებაში და ნამეტნავად მეორეში. ჩვენებური დინჯი, აუჩქარებელი, დარბაისელი, ოჯახის მონა დედაკაცი, რომლისათვისაც ყოველივე სხვერპლი, სხვერპლი კი არ არის, წყურვილია, ბუნების მოთხოვნილებაა, საზრდოა სულისა, როგორც ჭამა-სმა ხორცისათვის, - წამოგვიყენა თვალწინ ბ-ნმა ლეონიძისამ. ამისთანა დედაკაცი, რომელიც, ვაი რომ, უკანასკნელ მოგიკანადღა თუ შეგხვდებათ სადმე ეხლანდელს დროში და რომელზედაც უწინ დამყარებული იყო დიდება, სახელი ოჯახისა და ოჯახზედ თვითონ ქვეყნის სიკეთეცა, - ამისთანა დედაკაცი საოცარის ხელოვნებით გაგვიტარა თვალწინ და გულმა უნებურად კვნესა დაგვიწყო, რომ იმისთანა დედაკაცები მართლა იყვნენ და დღეს აღარ არიან. მეორე მოქმედებაში ისე ბრწყინვალედ, დიახ, ისე ბრწყინვალედ დაასრულა თავისი როლი, რომ ბევრს დიდს არტისტს შეენატრება. მთელი თეატრი ერთის გრძნობით შესძრა და ერთიანმა ხანგრძლივმა ტაშმა გულამომჯდარ მაყურებლებისამ დაგვანახვა, რომ ჭეშმარიტის ხელოვნების დაფასება ჩვენც ვიცით. ბევრმა თეატრში თავი ვეღარ შეიმაგრა და ტირილი დაიწყო, ამას ბევრი არტისტი ვერ მოახდენს. სამწუხაროდ ჩვენდა, უკანასკნელს მოქმედებაში ბ-ნი ლეონიძისა ისე აღარ იყო, როგორსაც გულისცემით მოველოდებოდით, რომ ხელახლად მოვეხიბლნეთ ხელოვნურ თამაშობით. მომაკვდავ შვილის წინ ისეთი მწუხარება გამოსახა, როგორც ყველა მგრძნობიერი უცხო კაცი სწუხს ხოლმე, როცა შემთხვევით შეხვდება ამისთანა უბედურებას. ამისთანავე მწუხარება გამოხატა, როცა მის წინ საყვარელმა შვილმა სული დაჰლია და არა იგი თვალუჩინარი გულისგლეჯა და ტეხა, რომელიც გაარინდებს ხოლმე კაცსა, გააშეშებს, ცრემლს უშრობს, თითქო მეხი დაეცა და ყოველივე ძალი სიცოცხლისა უეცრად მოსწყდაო.
ბ-ნს ალექსიევს-მესხიევს მშვენივრად მოუვიდა უკანასკნელ მოქმედებაში სიკვდილი. ერთობ იგი საკმაოდ კარგად ჰთამაშობდა და უკანასკნელ მოქმედებაში ხომ იმ სითბოთი გაატარა თავისი როლი, რა სითბოსაც მხოლოდ ჭეშმარიტად ნაგრძნობი გული იძლევა.
ბ-ნს აბაშიძეს, მართალია, დიდი როლი არა ჰქონდა, მაგრამ არც ისე ტყუილ-უბრალო იყო, როგორც მან წარმოგვიდგინა. იმისთანა ქალს, როგორიც, ავტორის აზრით, ყმაწვილი კაცის ცოლი უნდა ყოფილიყო, იმისთანა წყალ-წყალა კაცი ვერ გაიტაცებდა, როგორიც ბ-ნმა აბაშიძემ წარმოგვიდგინა და ამის გამო, როცა იგი თავის ტრფიალებას უცხადებდა ქალს, მაყურებელს ყოველივე ილლუზია დაეკარგა. ჩვენის ფიქრით, სვიმონი, თუმცა თავქარიანი და ქარაფშუტა კაცია, მაგრამ ის ვარაყი, ის გარეგანი გაწვრთნილობა ცუღლუტის კაცისა მაინც უნდა ჰქონოდა, რომლის წყალობითაც ამისთანა კაცები თვალს აუბმენ ხოლმე ყმაწვილ-ქალსა.
დასასრულ, ნამეტანობაში არავინ ჩამოგვართმევს ვსთქვათ, რომ ოთხშაბათის საღამო ერთს სასიამოვნო საღამოდ უნდა დაინიშნოს ჩვენის თეატრის მატიანეში. გულწრფელად ვიტყვით, რომ ვინც ამ საღამოს თეატრში არ დაესწრო, უნდა ჰნანობდეს. ბ-ნმა ლეონიძისამ რომ პირველ ორ მოქმედებაში ითამაშა, იშვიათი სანახავია და ვინც ეს არა ჰნახა, ბევრი დაჰკარგა.
[1886 წ., 22-23 ოქტომბერი]
„ცოლი-მეუღლე“ ქართულ სცენაზე
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 24 X, № 229, გვ. 2-3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 23 X).
რეცენზია ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ატრიბუციისა და პუბლიკაციის შესახებ იხ. წინა წერილის შენიშვნა. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ სპექტაკლის „ცოლი-მეუღლეს“ წარმოდგენისა (22 ოქტომბერი) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
22 X გაზ. „ივერიაში“ გამოქვეყნდა ცნობა: დღეს წარმოდგენილი იქნება „ცოლი-მეუღლე“ დრამა 5 მოქმედებად ა. მოჩხუბარიძისა (აზრი რუსულიდამ).
![]() |
2.25 გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალა“ |
▲back to top |
ქართული თეატრი
ჩვენ შევიტყვეთ, რომ ქართულს დრამატიულს საზოგადოებას მუდმივ თამაშობისათვის მოუწვევია ბ-ნი კონსტანტინე ყიფიანი და ამას ვულოცავთ როგორც დრამატიულს საზოგადოებას, ისეც თეატრის მოყვარეთა. ბ-ნი ყიფიანი საკმაოდ ღონიერი ნიჭია და ნიჭს გარდა დახელოვნებული არტისტიც არის. ნიჭი და დახელოვნება განუყრელი და-ძმანი არიან და აუცილებელი საჭიროებაც არის კარგის არტისტისათვის. ნიჭი არდახელოვნებული, არგაწურთვნილი, ხელოვნება ნიჭით შუქ-არშესხმული და არგაბრწყინვალებული, გვერდჩამოთლილი სიკეთეა არტისტისა, ცალკერძია და ერთის მქონებელი კაცი უმეოროდ ნახევარარტისტია. ბ-ნს ყიფიანს კი ეტყობა, რომ ორივე სიკეთე სჭირს და ამიტომაც ძნელად შეხვდება კაცი, რომ მან თავისი სათამაშო ოდესმე გააფუჭოს, რაც უნდა არ უხდებოდეს, არ შეესაბამებოდეს იგი სათამაშო ბ-ნ ყიფიანის ნიჭსა და მიდრეკილებასა. ხოლო საცა კი ბ-ნი ყიფიანი შეხვდება ხოლმე თავის ნიჭის და მიდრეკილების სათამაშოსა, მაშინ იგი სრულიად დაატყვევებს მაყურებელთა ყურადღებას და ამ დატყვევების სამაგიეროს იმითი გადაგვიხდის ხოლმე, რომ ჭეშმარიტის გრძნობის სიმებს ააჟღერებს ადამიანის გულში და ესტეტიურს სიამოვნებას აგრძნობინებს.
ამ ორ სიკეთეს, ერთად ბედნიერად შეერთებულს, უნდა მიეწეროს ის მუდმივი ღირსება ბ-ნ ყიფიანის თამაშობისა, რომ თავიდამ ბოლომდე მწყობრად, დალაგებულად, თანაბრად გაჰყავს თავისი სათამაშო მაყურებელთა წინაშე. ნიჭი ხელოვნებას ეკითხება თავის სამზღვარს და ხელოვნება ნიჭსა სთხოვს სითბოს და ბრწყინვალებასა. ერთი მეორეს ჰშველის იმოდენად, რამოდენადაც საჭიროა. არც ერთი ნამეტანობს და კლებულობს და არც მეორე, ორივე ერთმანეთს ემორჩილებიან ერთისა და იმავე ზედმოქმედების მოსახდენად. სამართალი ითხოვს ვსთქვათ, რომ ძალიან იშვიათად შეგვხვედრია, ბ-ნს ყიფიანს ეგ ერთიანი, მთელი ზემოქმედება არ მოეხდინოს მსმენელებზედ თვისდა სასახელოდ და ჩვენდა სასიამოვნოდ. თუ ოდესმე ამაში ბრალი რამ შესწამებია, ნიჭისა და ხელოვნების ღალატს ეს ბრალი არ უნდა მიეწეროს. მიზეზი ყოფილა როლის არცოდნა და ორი სხვა გარემოებაც, რომელსაც ქვევით მოვიხსენიებთ. როლის არცოდნა მაგისთანა არტისტისათვის შეუნდობელი ცოდვაა. ეგ თავის საკუთარის ღირსების გამომეტებაც არის, გარდა იმისა, რომ უკადრისობაა მაყურებელთა საზოგადოების წინაშე, რომელსაც არტისტი თითქო არარად აგდებს, რადგანაც არცოდნით გამოდის სცენაზედ.
ბევრს უშლის ბ-ნს ყიფიანს, რომ ზოგჯერ ენა ებმის და სიტყვების ბოლოებს ჰყლაპავს. ჩვენი ფიქრით, ეს ისეთი ზადი არ არის, რომ ბ-ნმა ყიფიანმა, თუ ყური ათხოვა, არ აიცილოს. ერთი ნაკლულოვანება კიდევ აქვს ბ-ნს ყიფიანს, რომელზედაც გვსურს მისი ყურადღება მივაქციოთ: მეტად ხშირად და უადგილო ადგილას იცის ხელებისა და თითების უთავბოლო მოძრაობა. ეგრედ წოდებული „მიმიკა“ სახსარია მხოლოდ სიტყვით გამოთქმულის აზრის შესავსებელი, ანუ ცალკე აზრის მოძრაობით გამოხატვისა, იმისთანა აზრისა, რომლის გამოთქმაც „მიმიკით“ უფრო მკაფიო და მჭრელია, ვიდრე სიტყვითა. თუ „მიმიკა“ ან სიტყვიერის აზრის სამატად არ არის ხმარებული, ან ცალკესი და თვითმყოფის აზრის გამოსახატავად, იგი მაყურებელთათვის მეტი ბარგია და ადამიანს ეხამუშება, სიამოვნებას უფრთხობს, უკარგავს. გარდა ამისა, უადგილო ადგილას ხელებისა და თითების მოძრაობა არტისტისა, მაყურებლის თვალს უნებლიედ უქმად და ტყუილუბრალოდ აიყოლიებს ხოლმე, და ხომ ყველამ იცის, ბუნებითად ასეა, რომ საცა თვალია, ყურიც, თუ არა სრულად, ნახევარზედ მეტად მაინც არ არის. ამ გზით მაყურებლის ყურადღება ორად იბნევა, იფანტება და ერთიანი, მთელი ზედმოქმედება აღარა აქვს თამაშობას მაყურებელზედ.
ჩვენდა სასიამოვნოდ უნდა აღვიაროთ, რომ კვირას, როცა „ხათაბალას“ არდგენდა ჩვენი დრამატული დასი და ბ-ნ ყიფიანმა ითამაშა ზამბახოვის როლი, არც ერთი ხსენებული ნაკლულოვანება ვეღარ შევნიშნეთ. როლი საკმაოდ კარგად იცოდა, თუმცა სასაცილო კია, რომ მაგისთანა გამოჩენილს არტისტს ეს ამბავი ღირსებად უნდა ჩაეთვალოს და არა აუცილებელ კუთვნილებად, არა იმისთანა ამბავად, როგორც ისა, რომ კაცს ცხვირი აქვს, თვალი, ყური... ენასაც ხერხიანად ჰხმარობდა, იმოდენად ხერხიანად, რომ არც ერთხელ წაუბორძიკნია. სწორედ გითხრათ, ეს ამბავი ძალიან გვიამა, მით უფრო, რომ მან უფრო დაგვარწმუნა მასზედ, რასაც დიდი ხანია ვამბობდით, - სახელდობრ მასზედ, რომ ენის დაბმა და სიტყვების ყლაპვა ჩვეულებაა ბ-ნის ყიფიანისა და არა ბუნებითი ზადი და, მაშასადამე, ადვილი მოსაშორებელია. არც ხელების და არც თითების უადგილო ადგილას მოძრაობამ იჩინა თავი. ამ შემთხვევაში „მიმიკა“ აზრისა და სიტყვის შესაბამი და შესაფერი იყო და მაყურებელთა ყურადღების ერთად მოკრებას არ უშლიდა. როლი შეასრულა საკმაოდ კარგად, კილო ლაპარაკისა მშვენივრად შეეწყო და თავიდამ ბოლომდე ამ კილოსათვის არ უღალატნია. ეს მარტო დახელოვნებულმა არტისტმა იცის. მხოლოდ ის ადგილი, სადაც ბ-ნი ყიფიანი ამბობს: „მე გერასიმ იაკულიჩ ზამბახოვს მეძახიანო“ - კვირას ვერ მოუვიდა. ჩვენ გვინახავს ბ-ნი ყიფიანი კვლავაც მაგ როლში და გაგვიგონია, რა არტისტულად წარმოუთქვამს ეს სიტყვები!.. ეხლა ისე ვეღარ მოუვიდა, ჩვენდა სამწუხაროდ. ერთი მცირეოდენი შენიშვნაც. ბ-ნი ყიფიანი თუმცა ხანშიშესულს კაცს არდგენდა, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანმრთელსა, მუხლმაგარს და მხნე კაცსა. სწორედ ესეც წარმოადგინა, მხოლოდ ზოგიერთგან ისე მოიდუნებდა ხოლმე მუხლსა, თითქო გადაყრუებულ ბებერსავით ფამფალებსო. ამან, ცოტა არ იყო, ილუზია სურათისა შეშალა. ჩვენ ყოველს ამას მოვახსენებთ ბ-ნს ყიფიანს იმიტომ, რომ ვიცით კეთილგონიერი არტისტია და თუ ჩვენი შენიშვნა მართალია და ჭკუაში დაუჯდა, უეჭველია გამოიყენებს. ჩვენ გვინდა ბ-ნი ყიფიანი ყოვლად უნაკლულოდ დაგვენახვებოდეს ხოლმე სცენაზედ. ეს მეტისმეტი სურვილი არ არის ჩვენ მიერ, რადგანაც ღმერთს საკმაო ნიჭი მიუცია და შრომას - საკმაო ხელოვნება.
ბ-ნი აწყურელი ჰთამაშობდა ისაიას როლსა. არ იყო ურიგო, თუმცა კარგა მანძილზე ჩამოჰრჩა ბ-ნს აბაშიძეს, რომელიც ამ როლს უწინ დიდი ხელოვნებით და საგანგებოდ ასრულებდა. ბ-ნი აწყურელი უეჭველი ნიჭია. მას იმოდენა ნიჭი აქვს, ჩვენის ფიქრით, რომ შეუძლიან თავისებურობა გამოიჩინოს, თვითმყოფი არტისტობა გასწიოს. სამწუხაროდ ჩვენდა, იგი თვის ნიჭსა ბაძვაზედ ჰხარჯავს; იგი მარტო იმასა სცდილობს, რომ სხვას ემსგავსოს და არა თავის თავსა. ბ-ნ აწყურელს რომ უყურებთ, გეგონებათ ბ-ნ აბაშიძის ტყუბსა ხედავთო. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ბ-ნს აწყურელს სათავისთავო ნიჭი აქვს, შეუძლიან თვით შეიქმნას სხვისათვის მაგალითად და საბაძავად და ის კი თვითონ ჰბაძავს სხვასა!.. რომ ეს მართალია, ცხადად დაგვანახვა მან უკანასკნელ მოქმედებაში. მთელი ეს მოქმედება მას შემდეგ, რაკი ჩაის სმას მოჰყვა, ბოლომდე თავისებურად, მიუბაძავად გაატარა და ძალიან კარგი რამაც იყო. ნამეტნავად მაშინ, როცა გაიგო, რომ მისი ცოლი ენახა და მოსწონებოდა გიორგისა და გულზედ ცეცხლმოკიდებულსავით წამოიძახა: ვა! ეს ხომ ჩემი ცოლია!.. ამ ძახილში მთელი დრამა იყო იმ გულუბრყვილო კაცისა, რომელსაც ჰგონია, რომ უცხო კაცისაგან ქალის დანახვა და ქალის ნამუსის ახდა ერთია. აი ჭეშმარიტი არტისტობა ეს არის, რომ ერთს ამოკვნესას, ერთს ძახილს კაცმა მთელი თავისი გული ამოაყოლოს, მთელი დრამა დასტიოს სიტყვაში!.. ბ-ნ აწყურელმა ეს შესძლო და ამიტომაც გაბედვით ვიტყვით, რომ თუ თავის უეჭველს ნიჭს რიგიანად და გულდადებით მოუარა, თუ მიბაძვას თავი დაანება და თავისით დაიწყო თამაშობა, ჩვენი დასი ერთს სახელოვანს არტისტს კიდევ შეიძენს.
ბ-ნმა მესხიევმა ჭკვიანურად და ლაზათით აასრულა თავისი როლი. ეგ მაინცდამაინც რიგიანი და წინდახედული არტისტია. ყოველს როლში იგი სასიამოვნო სანახავია, ხოლო მეტად უყურადღებოდ ექცევა ქართულს ენას, ზოგიერთგან გრამატიკული შეცდომაც კი მოსდის და კილო ლაპარაკისა ყოველთვის ქართული არა აქვს. ვწუხვართ, რომ მაგისთანა არტისტს ამისთანა უსიამოვნო ნაკლულოვანება აქვს. ნუთუ არ შეიძლება ენა მოიტეხოს და ქართულს მართლსიტყვიერებას ყური ათხოვოს! ჩვენის ფიქრით, ორივე შესაძლებელია, თუ გული ჰგულობს.
ბ-ნი საფაროვისა ჰთამაშობდა ისაიას ცოლის როლსა. დიდი არაფერი როლია იმისთანა არტისტის ქალისათვის, როგორც ბ-ნი საფაროვისაა. ამ კომედიაში, რომელსაც კვირას ჰთამაშობდნენ, მაინც ქალების როლები სუსტი და უღონოა. არც ერთს ქალს ფრთაგასაშლელი როლი არა აქვს. ამისდა მიუხედავად, ბ-ნ საფაროვისამ კარგად ითამაშა და სიმღერაც ისე კარგად მოუვიდა, რომ მთელმა თეატრმა, რომელიც ამჟამად საკმაოდ სავსე იყო, ტაშით დაიგრიალა.
ბ-ნი ლეონიძისა მარგარიტას როლში ვერ იყო კარგად. მაინცდამაინც უნდა ვსთქვათ, რომ ეგ როლი თვითონ ავტორსაც ვერა აქვს კარგად გამოყვანილი და რაც არის, ისიც კი წახდა ბ-ნ ლეონიძისაგან. აქაო და ერთხელ გაიცინა „სამოთხემ“, რომ მაღალქუსლიან წუღების გამო წაიბორძიკა, ბ-ნმა ლეონიძისამ კიდევ განიმეორა და ამით გადაამლაშა უამისოდაც უგემური როლი მარგარიტასი. დიდი შეცდომაა არტისტის ქალის მხრით, თუ ჰგონია, რომ მარგარიტას როლი სასაცილო როლია მაყურებელთათვის. ჩვენის აზრით, ამ როლის მოთამაშე ქალმა გულშემატკივრობა უნდა აღუძრას მაყურებელს და არა სიცილი და სასაცილოდ აგდება. სასაცილოდ აგდება იმისთანა ადამიანისა, რომლის უბედურობა მარტო ის არის, რომ მახინჯად არის დაბადებული, ავზნეობის ნიშანია და ჭკუაგახსნილს და გულგანათლებულს მაყურებელს უნდა ეზიზღებოდეს. აქ ბ-ნს ლეონიძისას უფრო დრამატიული როლი ჰქონდა, დამაფიქრებელი, გულის სატკენი და იმან კი ზნემოკლებულ სავოდევილოდ გახადა. გვეწყინა ეს ბ-ნ ლეონიძისაგან, იმიტომ რომ მან „ცოლი მეუღლეში“ ნამდვილ დრამამდე მიაღწია და გვეგონა აქაც, მარგარიტას როლში, არტისტული გრძნობა ჩააგონებდა, რომ მარგარიტა სასაცილო კი არ არის, შესაბრალისია, გულშესატკივარია მაყურებელთაგან. სიბრალული, გულშემატკივრობა, მეტად პატიოსანი გრძნობაა და არა არტისტს არ მიეტევება, თუ შემთხვევა აძლევს და ამ მშვენიერ გრძნობამდე არ აღზიდავს დღიურ ბოროტით მოქანცულს მაყურებელსა. დედის როლში იგივე ბ-ნი ლეონიძისა არ იყო ურიგო.
ბ-ნი გაბუნია ჰთამაშობდა გიორგის დეიდის როლსა. როცა იგი პირველად შემოვარდა ჩადრით სცენაზედ და სხაპასხუპით დაიწყო ლაპარაკი, - მარტო ეს ერთის წუთის სცენა ჰღირდა ერთ მთელ წარმოდგენად. საოცარი რამ იყო!.. მთელმა თეატრმა გრიალი მოიღო ტაშისცემითა და კარგა ხანს აღარ დააყენა ტაში. ეგეთის უხვის შუქით და სხივით გამოკაშკაშებული ნიჭი ბევრჯერ არ ენახება ადამიანს!.. მართლა საოცარი რამ იყო!.. მაგრამ... მაგრამ ისა, რომ ბ-ნი გაბუნია ხშირად თავიდან ბოლომდე თავის როლს ვერ გაატარებს ხოლმე ისე, როგორც ზოგიერთგან მოსდის. აქაც ისე მოუხდა, ხოლო ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეს ან იმას უნდა დავაბრალოთ, რომ მისი შემოსვლა ისეთი ბრწყინვალე იყო, რომ დანარჩენი ბნელად გვეჩვენება, როგორც მზის სხივთაგან დაჩაგრულს თვალს ეჩვენება ხოლმე, ან თვითონ არტისტი ქალია ამაში ბრალი. იქნება ერთიც იყოს ბრალი და მეორეც, მაგრამ მესამეც არ უნდა დავივიწყოთ. თვითონ ავტორსაც აქ ცოტა წუნი ედება. გარეშემონი, მახლობელნი რისხვით, ქოქოლით და წყევლით მისეულნი არიან პიესაში გიორგის დეიდაზედ და გიორგის დეიდა კი უტყვად და უქმად დაუგდია ავტორს, მერე რამდენ ხანს!.. რა ქნას აქ არტისტმა? მერე იმისთანა როლში, რომელიც თავიდამ ისეა დაწყობილი, რომ არამც თუ ყურის გდების უნარი აქვს, როგორც დამჯდარს, დარბაისელს ვისმე, არამედ ისეთი აშაქარია, რომ მაშინაც კი უნდა იჭაჭებოდეს ლაპარაკით, როცა სხვანი ლაპარაკობენ, არამცთუ სწყევლიდნენ, ქოქოლას აყრიდნენ, და ის კი ხმაამოუღებლივ იჯდეს და მოთმინებით ისმენდეს ყოველს ამასა.
ჩვენ ეს, რაცა ვსთქვით ჩვენს არტისტებზედ, ზოგიერთში მეტისმეტი გამოკიდებაა, მარტო კარგად ნაწურთვნს არტისტებს მოეთხოვება. ჩვენ ის გვიხარიან, რომ ჩვენი არტისტები კარგნი არიან და ამით საბუთს გვაძლევენ ბევრი მოვსთხოვოთ და დავავალოთ. საერთოდ კი უნდა ვსთქვათ, რომ წარსულს კვირას „ხათაბალა“ საკმაოდ კარგად და რიგიანად წარმოდგენილ იქმნა. რაც რეჟისორს მოეთხოვებოდა, ყოველიფერი ისე მშვენივრად იყო, რომ მადლობელმა საზოგადოებამ გამოიწვია რეჟისორი თ. თუმანიშვილი და ტაშისცემით გადუხადა მადლობა. ავტორიც დიდის ყოფით და ამბით გამოიწვია საზოგადოებამ და დიდხანს ტაშისცემა და ბრავო არ შეწყვეტილა.
[1886 წ., 2-4 ნოემბერი.]
გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალა“
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 5 XI, № 239, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 4 XI).
რეცენზია ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ილიასეულობა დაასაბუთა ვახტანგ კუპრავამ. - იხ. „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები“, გაზ. „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1952 წ., 18 VII, № 24/430.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეიტანა პ. ინგოროყვამ 1953 წელს, - ათტომეულის III ტომში, სათაურით - „ქართული თეატრი. წერილი პირველი“.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ „ხათაბალას“ წარმოდგენისა (2 XI) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
270. 8 ჩვენდა სასიამოვნოდ უნდა აღვიაროთ, რომ კვირას, როცა „ხათაბალას“ არდგენდა ჩვენი დრამატიული დასი - იგულისხმება 1886 წლის 2 ნოემბერი.
![]() |
2.26 ქართული ხალხური მუსიკა |
▲back to top |
ტფილისი, 17 ნოემბერი
შაბათს, 15 ნოემბერს, ერთი ფრიად სასიამოვნო და ახალი ამბავი მოხდა. ქართულს თეატრში გამართული იყო ქართული კონცერტი. ქართულმა ხორომ იგალობა ჩვენი საერო სიმღერები. ჩვენ მუსიკობაში თავს არა ვსდებთ, იმიტომ რომ ამ ხელოვნებისა ჩვენ არა ვიცით რა. ჩვენ ამ კონცერტის გამო ზოგიერთი ფიქრები აგვეშალა და, ვიდრე თვით კონცერტის თაობაზედ ვიტყოდეთ რასმე, გვსურს ზოგიერთი ჩვენი ფიქრი გამოვსთქვათ, რამოდენადაც შესაძლოა.
მთელს ქვეყანაში სახელგანთქმულმა გერმანელმა ლესსინგმა ერთს თავის სახელოვანს თხზულებაში, რომელსაც „ლაოკოონი“ ჰქვიან, სთქვა: „მუსიკა არის უტყვი პოეზია და პოეზია - მეტყველი მუსიკაო“. ჩვენ კიდევ ამას ვიტყვით, რომ სიმღერა, გალობა სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში, მწყობრი ხმა ჰშველის წყობილსიტყვაობას და წყობილსიტყვაობა მწყობრს ხმასა, რათა მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თვისის გულის ძარღვის ცემა. ხმა და სიტყვა ცალკ-ცალკე ბევრს შემთხვევაში უღონონი არიან ადამიანის გულის სიღრმიდამ ამოზიდონ იგი სხვილი და წვრილი მარგალიტები, რომლითაც სავსეა ადამიანის გული და რომელნიც აიშლებიან ყოველთვის, როცა ან სევდა-მწუხარება, ან სიხარული შესძრავს ხოლმე ღვთაებურს სიმებს ადამიანის სულიერებისას. სიმღერა ამ მხრით იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ჩვენებური „ზარი”, ეგ გლოვის მუსიკა, პოეზიასთან და-ძმასავით შეთვისხორცებული, იგივე სიმღერაა სევდა-მწუხარებისა, როგორც მაგალითებრ „მაყრული“ - სიხარულისა და ბედნიერებისა, როგორც „ორპირი“ - ვაჟკაცობისა, მედგრობისა და მხნეობისა. გალობა ისეთივე მოთხოვნილებაა, ისეთივე საჭიროებაა, ისეთივე განუყრელი თვისებაა ადამიანის ბუნებისა, როგორც ცრემლი, როცა კაცი არ ჰხარობს, ან ჰგოდებს, როგორც კვნესა, - როცა გული შეხუთულია, როგორც ძახილი, თქმა - როცა გული მხიარული და ბედნიერია.
ხოლო რადგანაც ქვეყანაზედ გულსა ადამიანისას სძრავს ხოლმე არა მარტო სიხარული და მწუხარება, არამედ სხვა ათასგვარი მიზეზიცა, ამიტომაც სამწუხარო და სასიხარულო სიმღერას შუა კიდევ მრავალგვარი სიმღერა და გალობაა. ამ მხრით ადამიანის გული იგივე ზღვაა, რომელიც კოვზით არ დაილევა თავის დღეში. მინამ გული სძგერს, გულივე ათასნაირს სიმთ ააჟღერებს ხოლმე ათასნაირის მიზეზითა, და რადგანაც მიზეზი გულისთქმისა ულეველი და დაუსრულებელია, თვით სიმღერას, რომელიც მარტო გულისთქმაა და სხვა არარა, ბოლო და დასასრული არ ექნება თავის დღეში, ვიდრე ეს დედამიწის ზურგი ატარებს და იშვნევს ადამიანსა. კაცთ გარე, ქვეყნიერობაში სიმღერა არ არის1. ეგ მხოლოდ კაცის კუთვნილებაა, ვითა ღვთის კერძოისა. ეგ ღვთაებური ნიჭი ბუნებამ მარტო ადამიანს მოჰმადლა და იგი ნიჭი იმოდენად ძვირფასად მიაჩნია კაცობრიობას, რომ არ არის ცასქვეშეთში იმისთანა კაცი, იმისთანა ერი, რომ ეგ ნიჭი არ ემოქმედებინოს და ეგ მშვენიერი ნერგი, ადამიანის სულში ბუნებისაგან ჩარგული, არ ეხეირებინოს და ცოტა თუ ბევრი ყვავილები არ გამოესხმევინებინოს.
ჩვენა ვსთქვით, რომ სიმღერა გულისთქმაა. როგორც ცალკე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს... ამის გამო გულისთქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზია, რომელსაც ლესსინგი მუსიკას ეძახის, იგივე ენაა, მხოლოდ ხორცშეუსხმელი, სიტყვით არგანსაზღვრული, სიტყვით არგამორკვეული - იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა. ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა - სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველობა. ქართველი, როცა ჰკვნესის, სხარიგად, სხვა ხმით, სხვა კილოთი ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი ანუ გერმანელი; ქართველი, როცა ჰხარობს, სულ სხვარიგადა ჰხარობს და სიხარულის გამოთქმაც სულ სხვარიგია. რა არის, მაგალითებრ, ქართველის: „ვაი“, „ვიშ-ვიშ“, „ვაშა-ვაშა“ თუ არ თქმა, თუ არ ძახილი, თუ არ ყეფა ასე თუ ისე ნაძგერის გულისა!.. ეგ ხომ ცარიელი ხმაა, ხომ იგი უტყვი ბგერაა ხმისა, რომელიც უტყვს პოეზიაზედ უფრო ახლოა, ვიდრე მეტყველ მუსიკაზედ, ესე იგი უფრო მუსიკაა, ვიდრე სიტყვიერება! როცა ქართველი იძახის: „ვაი, ვიშ, ვაშ“, ჩვენ, ქართველებს, მთლად და სავსებით გვესმის ეს ბგერა ქართველის გულის ძარღვისა, ასე თუ ისე ძლიერად ნატკენისა და განწონილისა. სხვა ერის კაცი ვერ გაიგებს: ამას ამავე შემთხევისათვის სხვა მწყობრი აქვს ხმებისა, რომელიც ჩვენ, ქართველებისათვისაც ისევე გაუგებარია, როგორც მისთვის ჩვენია გაუგებარი, თუ ან იმას ჩვენთვის ყური არ შეუჩვევია, ან ჩვენ მისთვის. ამიტომაც ერთის ერის სიმღერა რომ მეორეს მოეწონოს, უნდა მისთვის გასაგები იყოს, და რომ გასაგები იყოს, ისე უნდა შეაჩვიოს ყური, როგორც ენა-მეტყველობას. შეიყვანეთ ჩვენი გლეხკაცი, ანუ იმისთანა ვინმე, თუნდა თავადიც იყოს, რომელსაც ევროპიული მუსიკა თავის დღეში არ გაუგონია, შეიყვანეთ და თუნდა ბახისა, მოცარტისა და ბეტჰოვენის სიმფონიები მოასმენინეთ, იმას არ მოეწონება, თუმცა კი მთელი ევროპა აღტაცებაში მოდის ხოლმე. ეგ იმიტომ კი არ მოსდის, როგორც ზოგიერთნი ბრიყვნი ამბობენ, რომ იგი გლეხკაცი ანუ თავადი კაცობრიულ ნიჭს მუსიკის სიამოვნებისას მოკლებულია. ეგ იმას ეგვანებოდა, რომ კაცს კაცმა მეტყველების ნიჭის უქონლობა შესწამოს, როცა, ვსთქვათ, ბაირონის ლექსს ინგლისურად უკითხავდნენ ამ ენის არმცოდნე კაცს და ამის გამო არმცოდნე კაცი კითხვის დროს თვლემაში იყოს, როცა სხვანი აღტაცებულნი არიან. იგინივე, რომელნიც მოცარტისა და ბეტჰოვენის მუსიკით აღტაცებაში მოდიან, იგინივე ცხვირზევით აიცილებენ ხოლმე ჩვენს სიმღერასა, ჩვენს მუსიკასა, მაშინ როდესაც ჩვენ აღტაცებაში მოვდივართ ხოლმე. აქ მიზეზი მარტო გაუგებრობაა, არცოდნაა, და არა გრძნობამოკლებულობა, გრძნობადახშულობა. სიმღერის, პოეზიის სიამოვნების ნიჭი საყოველთაო კუთვნილებაა ადამიანისა. არ არის ქვეყანაზედ ადამიანი ამ ნიჭს მოკლებული, ყრუისა და მუნჯის მეტი, ისიც იმიტომ, რომ აქ ხორცის ნაკლულევანებაა მიზეზი ამ ნიჭის უქონლობისა და არა სულისა.
რასაკვირველია, ყველა ერს ერთს ხარისხამდე არა აქვს აყვანილი თავისი მუსიკა, როგორც თვით ენა-მეტყველობაც. ამ მხრით ზოგი ერი ძალიან წინ წასულია, ზოგი ჯერ მიდის. ევროპამ ამ მხრით დიდად შორს დააგდო აზია და დღეს ევროპიული მუსიკა დიდად გაბრწყინვებულია, განწმენდილია, დახელოვნებულია, და რა თქმა უნდა, ქვეყნიერობაზედ უპირატესობს. ხოლო ვინც დააკვირდება აზიურს მუსიკასა და შეაფარდებს ევროპისას, იგი ადვილად ჰგრძნობს, რომ ამ ორთა მუსიკათა შორის ბუნებითი, არსებითი სხვადასხვაობა არის. სულ სხვა ძარღვი აქვს ერთს და სულ სხვა ძარღვი მეორეს, და თუმცა ერთი ისე განკარგებული, შეკეთებული და დახელოვნებული არ არის, როგორც მეორე, მაგრამ არა გვგონია - ერთმა მეორეს ოდესმე სძლიოს და გზა დაათმობინოს; აზიური მუსიკაც იმრიგადვე თავის გზაზედ იდგება და ივლის, როგორც ევროპიული თავის გზაზედ მდგარა და უვლია... სიტყვა გაგვიგრძელდა და დანარჩენს ხვალ ვიტყვით.
ტფილისი, 18 ნოემბერი
რომ ქართული სიმღერა და გალობა ევროპიულს არა ჰგავს, ეგ აშკარაა და ამას არავითარი დამტკიცება არ სჭირია, როგორც გვარწმუნებენ მცოდნე კაცები. ჩვენ მუსიკისა, როგორც წინადაც მოგახსენეთ, სულ არ გვესმის რა და მის გამო ვშიშობთ და სითამამედ მიგვაჩნია წარმოვსთქვათ ერთი აზრი, რომელიც დიდი ხანია მოსვენებას არ გვაძლევს და რომელზედაც პასუხი ჩვენთვის არავის მოუცია, თუმცა ბევრჯერ და ბევრგან ჩამოგვიგდია ამაზედ ლაპარაკი მუსიკის მცოდნე კაცთა შორის. ქართული სიმღერა ხომ ევროპიულს სრულებით არა ჰგავს, ჰგავს კი აზიურსა? ჩვენ აქ სახეში გვაქვს ქართული საერო, თუ საეკკლესიო, ბანით საგალობელნი და არა მარტოდ სათქმელნი. ყოველისფრით უნდა იგულისხმებოდეს, რომ უნდა აზიურსა რაშიმე ჰგვანდეს: საქართველო უფრო აზიაა, მისი ისტორია უფრო აზიის კულტურისა და ცივილიზაციის გავლენის ქვეშ იყო უკანასკნელ საუკუნემდე. მისვლა-მოსვლა, ისტორიული დამოკიდებულება, ისტორიული მეზობლობა უფრო აზიის ერთა თანა ჰქონია და რა საფიქრებელია, რომ ყოველს ამას არ ემოქმედნა აქაურს სიმღერათ მწყობრობასა და აგებულებაზედ. ვსთქვათ, რომ საეკკლესიო გალობაზედ ზედმოქმედება იქონია საბერძნეთის გალობამ მას შემდეგ, რაკი ჩვენში ქრისტიანობა შემოვიდა, რადგანაც ყოველისფერი საეკკლესიო იქიდამ მივიღეთ. ეს საერო სიმღერა თვითნაჩენია თავით, თავისითმყოფია, თვითმოარული, თუ საერთო რამა აქვს აზიის სხვა ერთა სიმღერებთანა. მაგალითებრ, საფრანგეთის მუსიკას, გერმანიისას, იტალიისას - ბევრი მგზავსება აქვთ ერთმანეთში, ისეთი მგზავსება, რომ გაუჭირვებლად სრულიად თავისუფლად - ერთის ერის მუსიკა მეორესათვის პირდაპირ გასაგებია, პირდაპირ მოსაწონია, თუმცა ამასთანავე ყოველის ამა ერის მუსიკას თავისი საკუთარი ფერი აქვს ზედ დაჩნეული. ეგევე განა ითქმის, მაგალითებრ, აქაურს ბანით სათქმელს სიმღერებზედ და სპარსულებზედ? არა გვგონია. სულ სხვადასხვა არის: სპარსელს ჩვენი ბანით სათქმელი სიმღერა სულ არ მოსწონს, იმიტომ რომ არ ესმის. რომ ესმოდეს, ეგ იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ძირი ან ფერი ერთი აქვთ აქაურს და იმათ სიმღერებს. ან თუნდა აზიის სხვა ერი აიღეთ, - განა აქაური სიმღერები ჰგვანან რომელისამე ერის სიმღერას აზიაში?
არ ვიცით, თეორია ამაზედ რას იტყვის, ხოლო რამოდენადაც ეს სხვადასხვაობა გასარჩევია ყურისათვის, იმოდენად მართალი ვიქნებით ვსთქვათ, რომ აზიის არა რომელისამე ერის სიმღერას არა ჰგავს აქაური ბანით სათქმელი სიმღერა. აქ საკუთარი, თვითნაჩენი, თვითმყოფი სიმღერა აქვს და ამ მხრით მუსიკის მცოდნე კაცთა თვალში ქართული სიმღერები სრულს ახალს ამბავს უნდა წარმოადგენდეს მუსიკის ისტორიისა და თეორიისათვის. არიან ჩვენში მუსიკის მცოდნე უცხო ქვეყნის ორიოდე კაცნი, რომელნიც ამ მხრით დაჰკვირვებიან ჩვენს სიმღერებს, ჰსცდილან მისი ვითარება, თვისება, ხასიათი ზედმიწევნით და ღრმად ემცნოთ და იმათაც ფიქრად მოსდით იგივე, რაც ჩვენა ვსთქვით ქართულის სიმღერების თვითნაჩენობასა და თვითმყოფობაზედ. ესენი მეტად შორს არიან იმ უმადურობაზედ, თუ გნებავთ - სიბრიყვეზედაც, რომელიც ასე კადნიერად უარჰყოფს მუსიკობას ჩვენის სიმღერებისას და ამბობს, რაღაც ველურის, ნადირ-კაცის ბღავილიაო და არა იგი მწყობრი ხმატკბილი გალობა, რომელიც კაცს ესიამოვნებაო.
ის მუსიკის მცოდნე კაცნი, რომელნიც დღეს მიუზიდნია ქართულის სიმღერების სიკეთეს და სიტკბოებას, ბევრს ღირსებას ჰპოულობენ და ბევრსაც მეცადინეობენ გადაიღონ ნოტებზედ საყოველთაო საცნობელად. ამ მხრით თვითონ ჩვენი ყმაწვილი კაცებიც ჰშრომობენ და აი ამ შრომის ნაყოფი დიდი სიამოვნებით გავიგონეთ ჩვენის ყურით შაბათს, 15-ს ნოემბერს. ქართულმა ხორომ, თუ არ ვცდებით, ოცი, ოცდაათი კაცი იქნებოდა, ბ-ნ რატილის ლოტბარობით იგალობა თეატრში თერთმეტამდე სხვათა შორის ქართული საერო სიმღერები, ნოტებზედ გადაღებული. ხალხი საკმაოდ ბლომად დაესწრო და სიამოვნებით კი არა, აღტაცებით დაჰხვდა და მიეგება ამ ახალს და სასიამოვნო ამბავს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყველა ქართული ხმები კარგად იყო გადაღებული, მაგრამ მაინც კიდევ ჩვენ მიერ ქება და დიდება ეკუთვნით ამ საქმის დამწყებთა. იგი ნაკლულევანება, რომელიც ყოველს ახალს საქმეს აუცილებლად მოსდევს ხოლმე, და რომელიც აქ ვახსენეთ, უკეთესის სურვილით მოგვივიდა და რა წუნის დასადებად. ამისთანა საქმეში თვითონ წუნიც კი უნდა ჰმდუმარებდეს, იმიტომ რომ თვითონ საქმე ქველმოქმედებაა თავით თვისით. სწორედ ამ გრძნობითაც დაჰხვდა ჩვენი საზოგადოება ამ მშვენიერს საქმეს და ამ გრძნობითვე გამოვიდა თეატრიდამ. დიდი მადლობა გვმართებს ბ-ნ აღნიაშვილისა, რომელმაც ეს მართლა სახელოვანი საქმე იკისრა, შეჰყარა ხორო, გაგვიმართა ქართული კონცერტი და დაგვატკბო იმ მივიწყებულის ხმებით, რომლითაც მღეროდნენ ჩვენი წინაპარნი და რომელსაც ისეთის აღტაცებით ისმენდა იმ ღამეს თეატრში შეყრილი საზოგადოება... არანაკლებ მადლობის ღირსია ბ-ნი რატილი, ეგ უცხო კაცი, რომელმაც მოამზადა და გასწურთნა იგი ხორო. მადლობელმა საზოგადოებამ იქავ თეატრში მოაგროვა ფული და საჩუქარი მიართვა ბ-ნს რატილს. ძახილს და ტაშის ცემას ბოლო არა ჰქონდა. სასურველია, რომ ამ დიდად სასიამოვნო საქმემ ხშირად გვასიამოვნოს ხოლმე ისე, როგორც შაბათს საღამოს გვასიამოვნა.
ნუთუ კარგი არ იქნებოდა, რომ ჩვენმა დრამატიულმა დასმა ეს ახალი საქმე, ხოროთი გალობა ქართულის ხმებისა, ზედ გადააბას წარმოდგენებსა! ეს აზრი და სურვილი ბევრმა გამოსთქვა თვით თეატრშივე და ჩვენც სხვასთან ერთად გვგონია, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთს შეავსებს და ერთმანეთს უშველის, ამრავალფეროს სიამოვნება და, მაშასადამე, თეატრში მოსიარულე საზოგადოებაც ამრავლოს და ბლომად მოიწვიოს. ეს გაერთება ორის ერთგვარად სასურველ და სანატრელ სიამოვნებისა ერთსაც ახეირებს და მეორესაც, როცა ორივე და-ძმურად ერთად მოწვეულ იქნებიან ჩვენდა გასართობად.
[1886 წ., 15-18 ნოემბერი.]
________________
1. ჩვენ აქ სახეში გვაქვს სიმღერა, როგორც მწყობრი ხმა, მწყობრ სიტყვასთან შეერთებული.
ქართული ხალხური მუსიკა
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 492-498.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 18 XI, № 250, გვ. 1-2; 19 XI, № 251, გვ. 1-2.
წერილი „ივერიის“ მეთაურებად დაიბეჭდა, უსათაუროდ და ხელმოუწერლად. წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის V ტომში, ზემოხსენებული სათაურით.
![]() |
2.27 ახალი პიესები ქართულ სცენაზე |
▲back to top |
ქართული თეატრი
ჩვენის ქართულის თეატრის საქმე თანდათან უფროდაუფრო კეთდება და ეს სასიამოვნო ამბავი არ იქნება არ შევნიშნოთ. კვირას, 16 ნოემბერს, წარმოდგენილი იქმნა თარგმნილი მელოდრამა „შეშლილია“ და „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწილდნენ“ - ვოდევილი, ქართულად გადმოკეთებული თ. რაფ. ერისთავისაგან. შინაარსი მელოდრამისა ის არის, რომ ერთი მდიდარი, თავის ქვეყანაში საკმაოდ გამოჩენილი ინგლისელი ყმაწვილი კაცი ჯვარდაწერილია ერთს გამოჩენილ ოჯახის ქალზედ და ცოლი გაგიჟებით უყვარს. ცოლი ყოვლისფრით პატიოსანი ქალია და დიდად მოყვარული ქმრისა, რომელსაც ამისათვის არც სიტურფე-სილამაზე აკლია, არც ზრდილობა და განათლება, არც სიმდიდრე და არც ყმაწვილკაცობა, ერთის სიტყვით, ყოვლისფრით შემკულია. ამათა ჰყავთ აყვანილი საპატრონებლად ერთი ნათესავი გასათხოვარი ქალი, ერთი ცუგრუმელა, გულუბრყვილო და ტრედივით უგუნური, როგორც ჩვენი გლეხები იტყვიან ხოლმე ქვეყნის ბოროტებისა და ბიწისაგან ჯერ ხელუხლებელ ქალზედ და ამ ბოროტების და ბიწის ყოვლად უცოდინარზედ. ამ ქალს სახელად ნელი ჰქვიან. ერთს ყმაწვილ კაცს, ყრმობის მეგობარს და ამხანაგს ქმრისას, შეუყვარდება ნელი, და ამიტომ ხშირად დაიარება ამ ოჯახში. პატიოსანმა ყმაწვილმა კაცმა შეამჩნია, რომ ქმარმა აითვალწუნა მისი ხშირად სიარული, შეატყო, რომ მის ძველს მეგობარს არ მოსწონს და დაეთხოვა ამ ოჯახს. ხოლო ამ ოჯახს გარეთ, საცა კი ცოლ-ქმარნი თეატრსა, ბალსა და წვეულებაში სადმე მიდიოდნენ და ნელი თანა ჰყვანდათ, ის ყმაწვილი კაციც იქ გაჩნდებოდა. ქმარს, ამის მნახველს, გულზედ ცეცხლი ეკიდებოდა, ეგონა, რომ იგი, მისი ყრმობის მეგობარი, მის ცოლს დასდევს, მის ცოლს ეარშიყება. ეჭვმა ქმარი სრულად დაატყვევა და სრულად დაიმორჩილა. დაუწყო ქმარმა თვალყურის დევნა თავის ცოლსა და მეგობარსა, რომ რაიმე საბუთი ხელში ჩაეგდო და ეჭვით ტანჯული გული ერთს საბუთიანს საგანს რაზედმე დაეყენებინა. ერთხელ ცოლი სასეირნოდ წავიდა მარტოდ: უეცრად და მოულოდნელად, საიდამაც არ იყო, გაჩნდა მის წინ იგი ყმაწვილი კაცი. ყმაწვილმა კაცმა ხვეწნა დაუწყო, მომისმინე, გევედრებიო... არ დასცალდა ყმაწვილ კაცს სიტყვის დასრულება, რადგანაც ამ დროს ბუჩქებში რაღაცამ გაიხმაურა, თითქო კაცი ვინმე დაიძრაო. შეშინებული ცოლი მყისვე გამოიქცა. თურმე ბუჩქებში დამალულია ქმარი და რაკი ეს ამბავი დაენახა, მთლად არეოდა გონება და გამოჰკიდებოდა მოსაკლავად თავის მეგობარს, რომელსაც ეხლა კი დარწმუნებით შესწამა ღალატი. რა მოხდა ქმარსა და მეგობარს შორის - ეგ ძალიან საჭიროც არ არის სათხრობლად. ხოლო ქმარი ამაზედ ჭკუიდამ შეიშალა, თავის საყვარელის ცოლის ღალატს ვეღარ გაუძლო მისმა გონებამ და გულმა. ეს ჭკუიდამ შეშლილობა ხანდაზმობით მოსდიოდა, სახელდობრ მაშინ, როცა მახლობელნი ამის მგზავსად რაზედმე ჩამოაგდებდნენ ლაპარაკს და ან იმისთანა საგანს რასმე გაიხსენებდა, ან ჰნახავდა, რომელიც ასე თუ ისე მოაგონებდა ხოლმე ზემოხსენებულს ამბავს. საყურადღებო და სადრამო ამბავი ის არის, რომ ჭკუიდამ შეშლილს ქმარს თავისი თავი ჭკვათამყოფელად ჰგონია და ჭკვათმყოფელი ცოლი კი შეშლილად. ქმარს არ უნდა, სცხვენიან, რომ ცოლის ჭკუიდამ შეშლა შეუტყოს ვინმემ და ამიტომაც ლონდონიდამ, რომლის მაღალ საზოგადოებაში ბევრი ნაცნობები ჰყავს, იყრება და ერთს მიყრუებულ ადგილას ჰბინავდება ლონდონს გარეთ. ცოლი ატყობს ჭკუიდამ შეშლილობას ქმარსა და იგიც იმის მეცადინეობაშია, რომ ეს ამბავი ქვეყანას დაუმალოს და ამიტომაც სიხარულით მისდევს თავის ქმარსა და ნელიც თან მიჰყავთ. ქმარს თანდათან უფრო ერევა სიგიჟე და ამ გაძლიერებულ სიგიჟეში თანდათან ჰმატულობს მისი ცდუნებაც ცოლის ჭკუიდამ შეშლილობაზედ. ბოლოს ამ ცდუნებით სრულად შეპყრობილი და მოტყუებული იბარებს ლონდონიდამ თავის დიდი ხნის სახლის ექიმს, რომელიც მკურნალობაში სახელგანთქმულია. ექიმმა სრულიად არაფერი იცის, რა ამბავია ამ ოჯახში. ექიმი მოდის და ჭკუიდამ შეშლილი ქმარი ყველაზედ უწინარეს ჰნახავს ექიმსა. ქმარი იმ წუთს სრულს ჭკუაზედ არის, იმოდენად სრულს ჭკუაზედ, რომ გამოცდილი ექიმიც კი ვერას ატყობს. ქმარი გაენდობა ექიმს, როგორც თავის ოჯახის ძველ მეგობარსა, ევედრება, ჩემი უბედურება არსად არ გასცეო და აჯერებს, რომ ჩემი ცოლი ჭკუიდამ შეიშალა და მის მოსარჩენად მოგიწვიეო. ექიმი პირველ ხანად მოსტყუვდა და მართლა ცოლს დაუწყო გამოკითხვა იმ აზრით, რომ როგორმე მიაგნოს საგანს და მიზეზს ცოლის გაგიჟებისას. მერე, რასაკვირველია, გამომჟღავნდა, ვინ არის მართლა ჭკუიდამ შეშლილი და ექიმმა ქმარს დაუწყო მკურნალობა.
ქმარს უტყუარი საბუთით დაუმტკიცეს, რომ მისი ცოლი ამ საქმეში ყოვლად წმინდა და უბრალოა და ყოველი უბედურობა იქიდამ მოხდა, რომ ნელისა და მის მეგობარს ყმაწვილ კაცს ერთმანეთი ჰყვარებიათ და უყვართ და ჩუმადაც ჯვარდაწერილები არიან. ამ ამბავმა ჭკუიდამ შეშლილი კაცი ისევ გონებაზედ მოიყვანა ყოველთა სასიამოვნოდ და ამით თავდება მელოდრამაცა.
ქმრის როლსა ჰთამაშობდა ბ-ნი მესხიევი. პირველ ორ მოქმედებაში ყოვლად უნაკლულო იყო მისი თამაშობა. ყოველისფერი: მიხვრა-მოხვრა, ლაპარაკი, ხმა, სიტყვის გამოთქმა და ქართული კილოც კი, რომელიც წინად ხშირად უმტყუვნებდა ხოლმე ამ ნიჭიერს და ჭკუით სავსე არტისტს, ეხლა ყოველივე ეს ბედნიერად შეუერთდნენ ერთმანერთს, რომ სავსებით და მთელი ზედმოქმედება ექონიათ მსმენელზედა. მისი თამაშობით გატაცებულმა საზოგადოებამ არა ერთხელ და ორჯერ გამოიწვია არტისტი ტაშისცემით და ბრავოს ძახილითა. ჩვენ განსაკუთრებით გაგვაოცა ამ არტისტმა პირველ მოქმედებაში. ავტორი ერთის სიტყვითაც, ერთის ნიშნითაც არ ამჟღავნებს მსმენელთა წინაშე, რომ ქმარია შეშლილი. პირიქით, თითქო ყველა ღონისძიებასა ჰხმარობსო, რომ აცდინოს მაყურებელი და ქმრის სიტყვით შეშლილად ცოლი აგულისხმოს მსმენელსა. ბ-ნ მესხიევმა, ამ ჭკვიანმა და ნიჭიერმა არტისტმა, აქ სწორედ მთელი დრამა შეჰქმნა და ამით მეტად ძლიერ შესძრა მაყურებელთა გული, როცა იგი უამბობს ექიმს თავისის ცოლის შეშლილობის ამბავს. აკი მოგახსენეთ, ავტორი არც სიტყვით, არც რაიმე ნიშნით ნებას არ აძლევს არტისტს თავისი ჭკუიდამ შეშლილობა გამოამჟღავნოს. მთხრობელის შეშლილობას იმოდენად ჰმალავს ჯერ კიდევ ავტორი, რომ თვით გამოცდილ ექიმსაც კი გუმანი ვერ შეუტანია, რომ მართალს შეშლილს უგდებს ყურსა და მართალს შეშლილს ელაპარაკება. ჩვენის ფიქრით, არტისტული, ჭეშმარიტად არტისტული თამაშობა კი ჰთხოულობს ამ სცენაში ქმარმა ეჭვი შეაპაროს მაყურებლებს და გულში ათქმევინოს: რა ვქნა, თვითონ ეს ხომ არ არის ჭკუიდამ შეშლილიო. ეს ეჭვი ბოლოს გამართლდება თუ გამტყუვნდება, სულ ერთია, ხოლო ეგ ეჭვი ატყვევებს მაყურებლის გულსა და გონებას და ინტერესს უჩენს, რომ თვალგაფაციცებით და გულისლევით თვალი და გონება აადევნოს მოქმედებასა და თვითონ პიესასა.
ასეც მოახდინა ბ-ნმა მესხიევმა და მოახდინა საოცარის ხელოვნებითა. ეს მეტისმეტად ძნელია, ნამეტანად თუ გავიხსენებთ, რომ ავტორმა არავითარი ხორციელი ღონისძიება არ მისცა და განგებაც არ მისცა, რომ ეს ენიშნებინა მაყურებელთათვის. ჩვენ ვამბობთ, განგებ არ მისცაო, იმიტომ კი არა, რომ ავტორს ეგ ფიქრად არა ჰქონია; პირიქით, ხელოვანი ავტორი თავის დღეში შემთხვევას არ დაჰკარგავს, რომ ამისთანა გულის დამტყვევებელი და წამღებელი საგანი, ამისთანა საყურადღებო სულის მოძრაობა და ხალისი არ აუჩინოს მაყურებელსა. კვანძი მელოდრამისა აქ უნდა შეიკრას ავტორის აზრით და ეს სრულიად მიანდო მან არტისტის ნიჭს, არტისტის ჭკუასა, არტისტის მიხვედრილობას და გამოცდილებასა, და თვითონ ავტორი კი უკან მიდგა. მით უფრო ღრმად აღსაბეჭდია ადამიანის გულზედ იგი სულის მოძრაობა, რომელიც არც სიტყვით, არც მოქმედებით განგებ არა თქმულა და უნდა კი ითქვას იმოდენად, რამოდენადაც შესაძლოა კაცმა უთქმელი საგულებელად გაჰხადოს მაყურებელისათვის. ეს შეუძლიან მარტო ჭკვიანს, გონებაგახსნილს და ღრმად გამკითხავს არტისტს და სწორედ ამისთანა არტისტად გვეჩვენა ჩვენ ბ-ნი მესხიევი კვირა დღეს იმ სცენაში, როცა ექიმს ჭკვიანად უამბობს თავისის ცოლის ჭკუიდამ შეშლილობას, მაშინ, როდესაც თვითონ არის შეშლილი, და ავტორი კი ამასა ჰმალავს, თითქო არტისტს ეუბნებოდეს, შენ იცი და შენმა ნიჭმაო, მე თქმაც მინდა და არათქმაცაო, და ეს, თუ არტისტი ხარ, შენ მოახერხეო. გულწრფელად ვიტყვით, რომ ბ-ნმა მესხიევმა მოახერხა. არა ერთი და ორი მაყურებელი ჰლაპარაკობდა ამ სცენის შემდეგ: აი ვნახოთ, თუ თვითონ ქმარი არ გამოდგეს ჭკუიდამ შეშლილადაო და ისეთის კილოთი ამბობდა ამასა, რომ თავისივე სიტყვა სჯეროდა კიდეც და არცა სჯეროდა. ჩვენ დიდხანს შევდექით ამ ერთს სცენაზედ, იმიტომ კი არა, რომ სხვა სცენები არა ჰქონდა კარგი და საყურადღებო ბ-ნს მესხიევს. აკი ვსთქვით, პირველი ორი მოქმედება ყოვლად უნაკლულოდ გაატარა. ხოლო ეს სცენა, ჩვენის ფიქრით, ერთი იმისთანა სცენაა, რომელსაც მარტო ნიჭი და ცოდნა არტისტისა შესწვდება ხოლმე და სხვა ყოველივე ამისათვის უღონოა. ბურთი და მოედანი არტისტისა მაგისთანა სცენებია ხოლმე და ამიტომაც ასე გრძლად მოგვივიდა სიტყვა მაგ სცენის თაობაზედ.
მესამე მოქმედებაში ვერ იყო ისე ბ-ნი მესხიევი, როგორც სასურველია. შეშლილობიდამ გონება-მოსვლაზედ მეტად სწრაფად გადავიდა, ასე რომ მომხიბლავი ცდუნება სცენისა, რომელსაც ილუზიას ეძახიან, სრულად დაეკარგა მაყურებელსა. ჩვენ მით უფრო გვწყინს ესა, რომ ბ-ნს მესხიევს აქაც შეეძლო თავი ეჩინა, მაგრამ მესამე მოქმედებაში რაღაც დაღალულობა, დაქანცულობა ეტყობოდა და ეს სცენა ააჩქარა. გულიც იმისთანა მხურვალებით ვეღარ ააყოლა, როგორც პირველ ორ მოქმედებაში. საკვირველიც არ არის. ადვილად დასაჯერებელია, რომ ორმა პირველმა მოქმედებამ დაჰღალა. ხორცის მოძრაობა ისე როგორ დაჰღლის კაცსა, როგორც სულისა, და პირველი ორი მოქმედება ხომ თითქმის სულის მოძრაობა იყო.
ჩვენდა სამწუხაროდ ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ ეგრედ წოდებული დრამატებური ყელში ლაპარაკი (Драматический шопот) ვერ მოსდის ბ-ნს მესხიევსა, თუმცა ისე კი მშვენიერის ხმის პატრონია. არ ვიცით, ეს ხმის გაუწურთვნელობის ბრალია, თუ ორგანებური ნაკლულოვანებაა. ეგ დრამატებური ყელში ლაპარაკი დიდი ღირსებაა სადრამო არტისტისათვის და დიდი ზარიცა აქვს მსმენელთათვის, თუ კაცსა მაგის უნარი აქვს. სასურველია, რომ ამ მხრით ყურადღება მიაქციოს ბ-ნმა მესხიევმა თავის ხმასა და, თუ შეიძლება, ხმა შეაჩვიოს და გაიწურთნოს.
ჩვენა გვგონია, რომ დიდი შეცდომაა რეჟისორისაგან, რომ ცოტად თუ ბევრად სადრამო როლს აკისრებინებს ხოლმე იმისთანა არტისტს, რომელსაც საზოგადოებამ თვალი შეაჩვია როგორც კომიკსა. მაგალითებრ, ბ-ნს აბაშიძეს, რომელსაც ისე შევეჩვივენით, რომ ყოველს მის ფეხის გადადგმაზედ სიცილი აგვიტყდება ხოლმე, არ უნდა აკისრონ იმისთანა როლები, საცა სიცილი მეტია და საჭიროა არტისტმა გულშემატკივარის ნაღვლიანობით მოიზიდოს ყურადღება მაყურებლისა. მაყურებელი, ჩვეული სიცილს, როცა კი ბ-ნს აბაშიძეს თვალს მოჰკრავს ხოლმე, იქაც კი უნებურად იცინის, საცა ბ-ნი აბაშიძე უნდა ჰნაღვლიანობდეს როლის მიხედვითა. კვირას ბ-ნი აბაშიძე ჰთამაშობდა ექიმის როლსა, და ეს კაცი, რომელიც, ავტორის აზრით, ჭკუადამჯდარი, ჭეშმარიტი გულშემატკივარი, სხვის უბედურების მგრძნობელი და თანამგრძნობი უნდა ყოფილიყო და, მაშასადამე, მაყურებელთათვისაც საყვარელი და პატივსაცემი, ჭკუაცერცეტა სასაცილო კაცად წარმოგვიდგა. აქ, რასაკვირველია, ბევრში ის არის დამნაშავე, რომ ჩვეული ვართ ბ-ნ აბაშიძისაგან გულწრფელის სიცილის ატეხას და ბევრშიც თვითონ ბ-ნი აბაშიძეა ბრალი. ჯერ ისა, რომ არც სახე გაეკეთებინა ისე, როგორც დამჯდარს მეცნიერს, სხვის უბედურების მგრძნობელს და გულშემატკივარს კაცს შეეფერება და არც მიხვრა-მოხვრა ჰქონდა იმისთანა კაცისა, რომელიც სწუხს სხვისის მწუხარებითა და ყოველთვის მზად არის ხელი შველისა გაუწოდოს უბედურსა. ამისთანა კაცი სასაცილო კი არ არის, პატივსაცემია და ამნაირ კაცად ჰყავს გამოყვანილი ავტორს. ბ-ნმა აბაშიძემ კი ბევრგან თვითონ გახადა ეს საყვარელი კაცი სასაცილოდ. ნამეტნავად უკანასკნელ სცენაში, საცა მამობრივის გრძნობით აღელვებული პატიოსანი და გულკეთილი ექიმი ჰლოცავს მთელს ოჯახს, რომელიც უბედურებისაგან თვითონვე დაიხსნა. ბ-ნმა აბაშიძემ ისე სასაცილოდ გადიგდო თავი, ისე სასაცილოდ დაიღმიჭა თავისი საოცრად მოძრავი სახე, რომ ხარხარი ასტეხა თეატრში და არა იგი ტკბილი და თბილი გრძნობა მოჰფინა ადამიანის გულს, რომელსაც ჰბადავს ხოლმე მადლი კეთილმოქმედებისა და უკუვმოქცეულის წელის ბედნიერებისა. ეს სიამოვნების და კმაყოფილების ცრემლმოსარევი სცენაა და არა სიცილის მომგვრელი და ხარხარის ამტეხი. გარდა ამისა, წაღმა-უკუღმა ზემოქმედება იქონია იმ სცენამაც, საცა ბ-ნი აბაშიძე თავისთავად უნდა ჰლაპარაკობდეს და ამის სამაგიეროდ მიაშტერა თვალები შეშლილს, თითქოს იმას ელაპარაკებაო, მაშინ როდესაც ის, რასაც ჰლაპარაკობდა, არამცდაარამც არ უნდა გაეგონა შეშლილს, თორემ ყოველივე განზრახვა, დაწყობილობა და მეცადინეობა ექიმისა შეშლილის მოსარჩენად უქმად ჩაივლიდა. ამ სახით სიტყვა ერთს გვანიშნებდა, თვალი სულ სხვასა და მაყურებელი გაოცებული შეჰყურებდა არტისტსა გულწრფელის ლოდინით, რომ აცა ეხლა გაისწორებს შეცდომასა და აცა ეხლაო, მაგრამ ბოლომდე ეს სცენა ასე გაატარა.
ეს ხომ ესე იყო მელოდრამაში, მაგრამ აბა გენახათ იგივ ბ-ნი აბაშიძე ვოდევილში „ჯერ დაიხოცნენ და მერე დაქორწილდნენ!“, დაჰღალა მაყურებელნი სიცილითა. არ გაგონილა ამისთანა კომიკი, როგორიც ბ-ნი აბაშიძეა, როცა თავის როლშია და გუნებაზედაც არის. ნამდვილი არტისტია. ბ-ნს აბაშიძეს ერთი ისეთი შემოქმედელობის ნიჭი აქვს, რომელიც იშვიათად ექმნება ხოლმე დიდს გამოჩენილს არტისტსაც და რომელიც ჩვენს არტისტებში არ შეგვინიშნავს. ყოველს მომქმედს პირს, თუკი მისის შესაფერის როლისაა, იგი განასახოვნებს ხოლმე და „ტიპად“ გარდააქცევს, რაც უნდა ცოტა სახსარი ჰქონდეს მიცემული ავტორისაგან არტისტს ამისათვის. უყურებთ ბ-ნს აბაშიძეს სცენაზედ და ჰფიქრობთ, რა ვქნა, ამისთანა კაცი სადღაც მინახავსო და არ მაგონდება კი, სადა და ვინ არისო. სწორედ ასეთი კაცი წარმოგვიდგინა კვირას ბ-ნმა აბაშიძემ ხსენებულ ვოდევილში. სახის მეტყველება, ჩაცმა-დახურვა, მიხვრა-მოხვრა, ყოველი გადადგმა ფეხისა, ყოველი სიტყვა იყო შეზავებული და შეწყობილი იყო და შემოქმედებლობის ნიჭით ისე გარდაქმნილი, რომ გულში კაცი იტყოდა: აი, აი ახლა კი მომაგონდა ვინც არისო და მოგონებისვე უმალ თვალთაგან უქრებოდა, როგორც აჩრდილი, მოჩვენება. როცა სცენაზე წარმოდგენილ სახეს კაცისას იცნობ კიდეც და არც იცნობა, ეს უტყუარი ნიშანია, რომ იგი სახე „ტიპია“, ზოგადი სახეა ერთგვარის კაცებისა, რომელთაგანაც თვითვეულად ცალკე თვალსაჩინო ნიშნებია მოგროვილი და ერთად შექსოვილი, ერთ ადამიანად ქცეული. ამიტომაც „ტიპი“ ყველასაც ჰგავს ზოგადად და არც ერთსაცა ცალკე. ამიტომაც „ტიპად“ გარდაქმნილი სახე გეცნობათ კიდეც და არც გეცნობათ ერთსა და იმავე დროს. ჩვენის ფიქრით, ამ იშვიათის, ძალიან იშვიათის ნიჭით მიმადლებულია ბ-ნი აბაშიძე და ერთი ამისი უტყუარი საბუთი და მაგალითი კვირანდელი მისი თამაშობა იყო ვოდევილში.
მელოდრამაში ცოლის როლს ჰთამაშობდა ბ-ნი ავალოვისა. ბ-ნ ავალოვისას მშვენივრად უჭირავს თავი სცენაზედ. მიხვრა-მოხვრა, ქცევა სცენაზედ სწორედ დიდკაცური ჰქონდა, ესე იგი იმისთანა, როგორც შეჰფეროდა მის როლსა. არც ერთმა ჩვენმა არტისტ ქალმა არ იცის, როცა საჭიროა დიდკაცურად თავის დაჭერა იმოდენად, რამოდენადაც ბ-ნ ავალოვისამ. რაც შეეხება თამაშობას, როგორც გამომსახველს გულის მოძრაობისას, რაც შეეხება სიტყვა-პასუხს, ლაპარაკს, როგორც გამომეტყველს იმავე გულის მღელვარებისას - ყოველს ამაში გულგრილობა ეტყობა, ნამეტნავად ლაპარაკში. აქ თითქო ბ-ნ ავალოვისას ხმა არ მოსდევს, არ უჯერებს, რომ სიტყვას ის სითბო და სიტკბო მიანიჭოს, რაც სიტყვას თვით ბუნებითად აკლია და რაშიაც სიტყვა ყოვლად უღონოა, ერთის სიტყვით, ის კილო არა აქვს, რაც მუსიკასა ჰქმნის ხოლმე ანდაზისამებრ. როლის ცოდნამაც, ცოტა არ იყოს, უღალატა ბ-ნ ავალოვისას კვირა დღეს. ხშირად გვესმოდა „რომელიც, რომელზედა, რომელიც რომ“ უადგილო ადგილას და სმენას გვიუგემურებდა. ბ-ნ ავალოვისას ყვავილების კონა მიართვეს, ლამაზად მორთული, უსათუოდ იმისათვის, რომ ამ სეზონში პირველად ეჩვენა საზოგადოებას სცენაზედ.
ბ-ნი საფაროვისა თავის როლში იყო, ნელის ჰთამაშობდა. რა თქმა უნდა, კარგი იქმნებოდა: ამისთანა როლებში იგი შეუდარებელი რამ არის. ბ-ნ საფაროვისასაც ერთი იმისთანა სცენა ჰქონდა, რომელიც, როგორც ზემოდა ვსთქვით, ბურთი და მოედანია არტისტის ნიჭისა და ცოდნის საცდელი. როცა შეშლილი ნათესავი ჰკითხავს ნელის, - განა გიყვარს ვინმეო? გულუბრყვილო ნელის შეუტოკდა გული; ცალკე მორცხვობა, რომ როგორ გაამჟღავნოს, ცალკე სიხარული, რომ თქმის შემთხვევა მიეცა, ცალკე ჰოს თქმა და ცალკე არასი, ერთად აეშალა პაწაწა, ტრედივით უბიწო გულში. ეს მორცხვობა და სიხარული, ეს ჰოს თქმის წყურვილი და იმავე დროს არასიცა, ეს ტოკვა, ჭოჭმანობა, გაბედვა და გაუბედველობა, ისე მშვენივრად მოათავსა ორიოდე სიტყვის ხმაში და გამოთქმაში ბ-ნმა საფაროვისამ, რომ კაცს მარტო ეს ერთი სცენა ენახა, იტყოდა: თუ მართლა არტისტია სადმე, ეს ქალი ყოფილაო.
ვოდევილმა მშვენივრად და წყობილად ჩაიარა. უმთავრესი როლები ბ-ნ აბაშიძესა და ბ-ნს გაბუნია-ცაგარლისას ჰქონდა. ბ-ნ აბაშიძის თამაშობაზედ ხომ ზემოდა ვსთქვით. ბ-ნმა გაბუნია-ცაგარლისამ დაჰხოცა მაყურებელნი სიცილითა. მაყურებელთა სიცილისა და ხარხარისაგან აღარ ისმოდა, რას ამბობდნენ სცენაზედ, ასეთი მხიარულობა ასტეხა ბ-ნმა გაბუნია-ცაგარლის თამაშობამა. მის თამაშობას წუნი არ ჰქონდა. ეგრე კარგად და მშვენივრად ასრულებული როლი ხშირად არ გვინახავს. საქებარი ეს არის, რომ თავიდამ ბოლომდე ბ-ნმა გაბუნია-ცაგარელმა ერთგვარის ხელოვნებით და ნიჭიერებით გაატარა თავისი როლი. არსად არც გადაუმეტებია, არც არა დაუკლია რა. ბრავოს ძახილს და ტაშისცემას ბოლო არ ჰქონდა. თვითონ ავტორიც კი, თ. რაფ. ერისთავი, გვეუბნებოდა, რომ ეგრეთ ნათამაშევი ეს პიესა თავის დღეში არ მინახავსო. ჩვენ მოწამენი ვართ, რომ სიცილისაგან თვითონ ავტორს ცრემლი მოჰრეოდა თვალებში. კმაყოფილმა საზოგადოებამ დიდის ტაშისცემით გამოიწვია ავტორი. ერთობ უნდა ვსთქვათ, რომ კვირანდელი საღამო სასიამოვნო საღამოდ დაგვახსოვდა და ჩაგვრჩა გულში.
ესეც კი გულში ჩასარჩენია, რომ ჩვენი დრამატიული დასი უფრო და უფრო კეთდება და ეს სიკეთე უფრო და უფრო იზიდავს თეატრის მოყვარეს საზოგადოებას, რომელიც ეხლა, ცოტა არ იყოს, ხალისიანად დადის თეატრში. ღმერთმა ჰქმნას, რომ საზოგადოებამ არტისტებს არ უღალატოს და არტისტებმა საზოგადოებას.
[1886 წ., 16-18 ნოემბერი]
ახალი პიესები ქართულ სცენაზე
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 19 XI, № 251, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 18 XI).
რეცენზია ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. მისი ატრიბუციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (გ. სუნდუკიანცის „ხათაბალა“)“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეიტანა პ. ინგოროყვამ 1953 წელს, - ათტომეულის III ტომში, სათაურით: „ქართული თეატრი. წერილი მეორე“.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ სპექტაკლის წარმოდგენის დღისა (16 XI) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
![]() |
2.28 თეატრის რეცენზენტი |
▲back to top |
ქართული თეატრი
ვერაფერი ხელობაა თეატრის რეცენზენტობა. ბევრი ავი და კარგია ეგრედ წოდებულ სასცენო ხელოვნების მიმავლობაში და პატიოსნება და სინიდისი ავალებს რეცენზენტსა ერთიც შეჰნიშნოს და მეორეცა გულწრფელად, მიუდგომელად და დაუმალავად. სხვაგვარს რეცენზენტს საქმე ერთ კაცთანა აქვს და ამიტომაც ადვილია გაუთამამდეს იმის წყრომასაც, თუ სიმართლე აიძულებს დაუწუნოს რამ და გაუძლოს იმის ყბადაღებასაც, თუ წყრომამ მძულვარებამდე მიაღწია და აღვირი წამოჰყარა ენამჭევრობას, შურისძიებით გააფთრებულსა. სულ სხვა ყოფაშია თეატრის რეცენზენტი. აქ ბევრი კაცია ხელშესახები და სიმართლის სასწორზედ ასაწონი: პიესის ავტორი, რეჟისორი, არტისტები, ქალი თუ კაცი, ერთის სიტყვით, მთელი ჯგუფი. თუ კარგი რამ არის ამათზედ სათქმელი, ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ, რეცენზენტი სიხარულით და სიამოვნებით ჰკისრულობს კარგის თქმასა, მაგრამ ვაი უბედურს მაშინ, როცა სიმართლე ავალებს შენიშნულის ავის თქმასაცა. არა სთქვას, ცოდვაა საზოგადოების წინაშე და სთქვას, - ვინ იცის, როგორ ჩამოართმევენ ისინი, ვისზედ ცუდია ნათქვამი, თუნდაც ეგ ნათქვამი მართალზედ უფრო მართალი იყოს და ცხადზედ ცხადი. დასაფიქრებელი ის არის, რომ ერთზედ თქმული ბევრს სხვასაც შეეხება ხოლმე ერთსა და იმავე დროს, სასცენო ხელოვნება ამისთანა რამ არის, და ბევრის ერთად წყენა ჰხუთავს ადამიანის გამბედაობასა ცოტად თუ ბევრად. ამას კიდევ შეიძლება არ შეუშინდეს რეცენზენტი, მაგრამ ამაო წარამარა ლაპარაკს, სულმოკლედ ჩხრეკას რეცენზენტის სინიდისისას როგორღა გაუძღვეს კაცი დღემუდამ? არც ერთს ადამიანს ქვეყნიერებაზედ გრძნობა თაკილობისა ისე გაძლიერებული არა აქვს, როგორც, მაგალითებრ, ავტორსა, არტისტსა და სხვა ამათთანა ხალხსა, რომელთაც საქმე კაცის გონებასა და სულთანა აქვთ. ყველაფერს შეგინდობთ ავტორი, არტისტი, ოღონდ ავტორობას, არტისტობას კი ნუ დაუწუნებთ, რაც გინდა სიმართლე გაიძულებდეთ, რაც გინდა გულწრფელად და სიკეთის სურვილით გამოთქმული იყოს თქვენ მიერ წუნი.
თქმა არ უნდა, რომ რეცენზენტს ავისა და კარგის საზომად და საწყაოდ სხვათა შორის თავისი საკუთარი გრძნობა აქვს და აი სწორედ ეს გარემოება აუხსნის კაცს ფართო გზას ათასნაირ მითქმა-მოთქმისა და ბრალდებისათვის. თუ ჩემი ჯავრი არა სჭირს, განა თავის გრძნობას ჩემ საქებრად ვერ მოუვლიდა თავსაო! განა მისი გრძნობა მის ხელთ არ არისო? რაკი ასეა და მე მაინც წუნს მდებს, სჩანს ჩემი ჯავრი სჭირებია და ჯავრს იყრისო, ამბობენ ხოლმე წუნდებულნი ბატონები იმისდა მიუხედავად, შენიშნული წუნი მართალია თუ ტყუილი.
მართალია, რეცენზენტს ავისა და კარგის საწყაოდ, სხვათა შორის, თავისი საკუთარი გრძნობა აქვს, მაგრამ რამოდენადაც ეგ გრძნობა აქვს გაწვრთნილი, რომ ზოგადს გრძნობას კაცობრიობისას ასწვდეს და არ უმტყუვნოს, იმოდენად იგი ახლოა მართალსა და ჭეშმარიტებაზედ და იმოდენად მორჩილია ამ მართალისა და ჭეშმარიტებისა და არა თავისუფალი. მეცნიერებას ხელოვნებისას, რომელსაც ესტეტიკას ეძახიან, შენიშნული აქვს ზოგიერთი ზოგადი თვისებანი ხელოვნებისა, რომელნიც ყოველს გრძნობაგახსნილს კაცს უნდა ერთნაირად ესიამოვნებოდეს და ურომლისობა კი უნდა უსათუოდ სწყინდეს და უუგემურებდეს გუნებასა. ამ სახით წუნი ყველასათვის წუნი უნდა იყოს და მოსაწონი - მოსაწონი. აი, როცა რეცენზენტი თავის წუნსა სდებს რომელსამე ნამოქმედარს ხელოვნებისას, მისი სიტყვა და წუნისდება ამ მხრით უნდა აიწონ-დაიწონოს სიმართლის სასწორზედა. სწორედ მოგახსენოთ, ქების თქმაშიაც ამავე გზით უნდა დაჰფასდეს რეცენზენტის სიტყვა. ჩვენის ფიქრით, წუნი თუ ქება რეცენზენტისა, ამ წრეს გადაცილებული, ორივე სათაკილოა და ტყუილად ქებულმა კაცმაც ისე უნდა იწყინოს, როგორც ტყუილად დაწუნებულმაცა. გარნა კაცი ყოველთვის კაცია და ქება, თუნდაც ტყუილი, სასიამოვნოა, და წუნი, თუნდაც მართალი, საწყენია. რასაკვირველია, ეს ერთში ტყუილის შეწყნარება და მეორეში მართალის განდევნა ადამიანის სულმოკლეობის ბრალია. სულგრძელი კაცი არც ერთს იკადრებს და არც მეორესა. განა ამისთანა სულგრძელნი ბევრნი არიან!.. ყველაზედ ნაკლებ მოიპოვებიან იქ, საცა უფრო მოსალოდნელი უნდა იყოს, ავტორებსა და არტისტებს შორის, ესე იგი იმათ შორის, ვინც სულიერს ღონეს ადამიანისას ასე თუ ისე ხელსა სჭიდებენ და ამოქმედებენ.
სამწუხარო ის არის, რომ საწყენად და საფიქრებლად ის კი არა აქვთ - საწუნარი რადა გვაქვსო და შემდეგისათვის როგორ მოვიშოროთო, არამედ ის, თუ რად შეგვნიშნეს, რად გამოგვიმჟღავნეს იგი წუნიო. წუნი კი ამის გამო ისევ წუნად ჰრჩება, თითქო ბოროტი თვითონ წუნში კი არ იყოს, არამედ იმაში, რომ რად შეგვამჩნიესო, კიდევ ვიტყვით, რომ გონება-და გრძნობა-გაუხსნელი კაცი ამაში უფრო სცოდავს, ვიდრე განათლებული და მიხვედრილი. განათლებულს, მაღალზნეობის კაცს მართლად შენიშნული წუნი უფრო ნაკლებ ეთაკილება, ვიდრე ტყუილი ქება-დიდება; გაუნათლებელს სულმოკლეობას კი, პირიქით, სულ სხვა მადა აქვს ამაებისათვის.
ჩვენ ასე გავაგრძელეთ სიტყვა იმიტომ, რომ სიმართლე გვაიძულებს ზოგიერთი წუნი დავსდვათ კვირინდელს წარმოდგენას. კვირას ბ-ნის საფაროვის ბენეფისი იყო. ჰთამაშობდნენ „დავიდარაბას“, რომელსაც უწინ „ორღანო და ლეკვი“ ერქვა, და ახალს ვოდევილს, „ბარაქალა მასწავლებელო“-სა, თვით მებენეფისეს მიერ თარგმნილსა და გადმოკეთებულს. არ ვიცით, ეს პიესები ვინ ამოარჩია. ჩვეულებად მიღებულია, რომ თვითონ მებენეფისემ უნდა ამოარჩიოს თავისის ბენეფისისათვის წარმოსადგენი. თუ ამ შემთხვევაშიაც ასეა, ბ-ნ საფაროვისას ვერ მოვუწონებთ გემოვნებას. ჯერ, იმიტომ რომ მაგისთანა შესანიშნავს არტისტს ქალსა თავის ბენეფისისათვის იმისთანა პიესა უნდა ამოერჩია, რომელიც მისის ნიჭისათვის ფართოდ ფრთაგასაშლელი ყოფილიყო, რომელსაც ღონისძიება უნდა მიეცა მებენეფისესათვის შესაძლებელ სავსებით და სხივოსნობით გამოეჩინა მაყურებელთა წინაშე ის საოცარი ხელოვნება, რომელითაც ბ-ნ საფაროვისას კარგა დიდი რეპერტუარი აქვს და ძნელი არ იყო ამ მხრით ესიამოვნებინა ჩვენის თეატრის მოყვარეთათვის. „დავიდარაბა“ კი ერთი უაზრო, უგემური რაღაც რამ არის და აზრიანს და მარილიანს ხელოვნებას ბ-ნ საფაროვისას არავითარს სახსარს არ აძლევს ფრთები გაშალოს. მართალია, სასაცილო პიესაა და მაყურებელთაც ბევრი იცინეს, მაგრამ სამმოქმედებიან პიესაში ერთი გულში ჩასარჩენი, ერთი გულში დასაჭდევი არც სიტყვაა, არც მოძრაობა სულისა, არც ერთი სურათი, არც ერთი ხასიათი, რომ ღირებულიყო კაცს გული აეყოლებინა და სად უნდა გაეშალა ფრთა მებენეფისეს ნიჭსა, რომელსაც ხშირად აუძგერებია მაყურებელთა გული იმ წმინდა გრძნობით, რომელსაც ესტეტიურ სიამოვნებას ეძახიან.
მართალია, სასაცილო პიესაა, მაგრამ მარტო ეგ განა ღირსებაა, მაშინ, როდესაც მაგ სიცილის შემდეგ რაღაც მჭვარტლი ეკიდება კაცის გულს? იგი სიცილი მაშხალასა ჰგავს, რომელიც მინამ ანთია კიდევ ჰო, როცა კი დაიწვის და ჩაქრება, დამწვარი მჩვარიღა დარჩება და ცხვირის მოსარიდებელი ნატისუსალი. იქნება იგი პიესა საფრანგეთის ზნესა და ყოფა-ცხოვრებას უხდებოდეს, და ჩვენთვის კი, სწორედ მოგახსენოთ, შემაზრზენია. ჩვენ ჯერ საბულვარო ცივილიზაციისაგან იმოდენად ხელუხლებელნი ვართ, - ვიტყვით, ჩვენდა სასიხარულოდ, - რომ გარყვნილება და ნამუსახდილობა ჯერ კიდევ საზიზღარია ჩვენთვის და არა გასართობი და სახუმარი. იგი პიესა ზიზღით კი არ ამღვრევს ადამიანის გულს, ავზნეობის დანახვითა გაწბილებულს, გულისწყრომას კი არ ააფთრებს და ამგელებს ბოროტის შესამუსრველად, არამედ აგრილებს გულს სიცილითა და, ამრიგად, ბოროტს სახუმარ საგნადა ჰხდის და არ საზიზღისად. რომ სიცილი პიესისა ხუმრობის და მხიარულების სიცილი არ იყოს, და იყოს იგი გამკითხავი, გამკიცხავი და ბასრ ხმალზედ უფრო მჭრელი სიცილი, რომელიც „ზოგჯერ ცრემლზედ მწარეა“ და ბოროტის საკლავად შხამზედ უარესი, პიესას ამ მხრით წუნი არ დაედებოდა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეგ ეგრე არ არის. ჩვენ ვამბობთ იმ - უკაცრავად არ ვიყვნეთ - უშვერ და შეუწყნარებელ სცენებზედ, საცა ზნეობადაცემული დედა და არანაკლებ ზნეობაწამხდარი ქალიშვილი მოქმედებენ მაყურებელთა სახარხაროდ. ადამიანის გრძნობას როგორღაც ეთაკილება, ეზიზღება ხუმრობა და გასართობი სიცილი იქ, საცა ზრზენამ და ზიზღმა თავისი მრისხანე და სამართლიანი განაჩენი უნდა წარმოსთქვას და მახვილმა შეგინებულის ზნეობისამ თავი უნდა იჩინოს.
რაც შეეხება თვითონ თამაშობასა, საკმაოდ კარგად ითამაშეს. აბა რა თქმა უნდა, საცა ბ-ნი გაბუნია, ბ-ნი საფაროვისა და ბ-ნი აბაშიძე ერთად შეიყრებიან, იქ თამაშობა კარგი იქნება! ნამეტნავად ბ-ნმა გაბუნიამ თავი იჩინა და ერთმა ნაცნობმა ესეც გვითხრა: ამ არტისტების უბედურობა ის არის, რომ ქართველებად არიან დაბადებულნიო. ეგენი რომ ან რუსეთში იყვნენ ან სხვაგან სადმე და რომელიმე გავრცელებული ენა ჰცოდნოდათ და ისე ეთამაშნათ, აუარებელს სიმდიდრეს და დიდს სახელს შეიძენდნენო. მართალიც არის: ჩვენ მეტისმეტის ქების სურვილით არ მოგვდის, რომ ესე გაოცებულნი ვართ ხსენებულ არტისტების ნიჭისაგან. ერთნი და იგივენი კვირაში ერთხელ სულ სხვადასხვა პიესებს ამზადებენ, ხანდისხან კვირაში ორჯელაც და მერე რარიგად ჰთამაშობენ!.. ეს რომ უთხრათ ვისმეს ევროპიელს, არ დაიჯერებს. იქ რომელი არტისტი გაჰბედავს სცენაზედ გამოვიდეს, რომ ათი და ოცი რეპეტიცია მაინც არ გამოიაროს, სულ ცოტა, ორი და სამი თვე არ ემზადოს. ჩვენები კი ორ და სამ რეპეტიციით, ზოგჯერ ამაზედ ნაკლებითაც ახერხებენ თამაშობასა და მერე ისე, რომ თქვენი მოწონებულია. ცოდვაც არის შევნიშნოთ ხოლმე როლების უცოდინარობა, რაკი საქმე ასეა. მაგრამ მაინც ამ ცოდვას ვკისრულობთ და ვიტყვით, რომ ბ-ნ საფაროვისამ და ბ-ნ აბაშიძემ როლები საკმაოდ არ იცოდნენ კვირა დღეს. ბ-ნ საფაროვის როლის უცოდინარობამ ძალიან გაგვაკვირვა მით, რომ თავის დღეში ეგ ნაკლი არა ჰქონია. ვგონებთ, ამ უცოდინარობას უნდა მივაწეროთ, რომ ბ-ნი საფაროვისა და აბაშიძე ისე სხაპასხუპით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, რომ არა ისმოდა რა, და არა ისმოდა რა თითქო, იმიტომ რომ როლის უცოდინარობა როგორმე ჩაეფუჩეჩებინათო. დიქცია, სიტყვის მკაფიოდ გამოთქმა, ბ-ნი საფაროვისა შეუდარებელია და ყოვლად უწუნარი. კვირას კი „დავიდარაბაში“ ეს წუნი შევამჩნივეთ და ჩვენ უფრო როლის უცოდინარობას მივაწერთ ამ წუნსა, ვიდრე ენის ნაკლულოვანებას. მოგეხსენებათ, ამ ნაკლულოვანებისაგან იგი სრულიად თავისუფალია. სწორედ მოგახსენოთ, როლიც ისეთს სხაპასხუპით ლაპარაკს ჰთხოულობდა, რომ როლის უცოდინარობის ამ გზით გადაფუჩეჩება მეტად ადვილად მოსახერხებელი იყო და ბევრი ზიანი არ მისცა თვით თამაშობასა. ბ-ნს გაბუნიასაც, რომელმაც საოცრად და მშვენივრად აასრულა თავისი უმადური სათამაშო, ეტყობოდა სიტყვების ყლაპვა ზოგიერთგან.
ერთობ გრძელის სიტყვისა და ფრაზის მკაფიოდ და გარკვევით გამოთქმას, ენისა და ხმის მორჩილების გარდა, ცოდნაც ეჭირება. ამაში ჩვენი არტისტები ყველანი ცოტად უკაცრაოდ არიან. ხოლო ეს არცოდნა მარტო ბ-ნ საფაროვისას და ბ-ნ მესხიევს სრულებით არ ემჩნევათ, რადგანაც ის წუნი, რომლის გამოც ჩვენ ვლაპარაკობთ, ამათზედ შორს არის. გრძელის სიტყვისა და ფრაზის სათქმელად საჭიროა კაცმა სული, ესე იგი, ჰაერი იმოდენად ჩაიბრუნოს, იმოდენად ჩაიგუბოს, რომ მთელს ფრაზას გასწვდეს და ეყოს გამოსათქმელად. უამისოდ, გინდათ თუ არ გინდათ, ხმა უალაგო ალაგას გაწყდება და ფრაზა წახდება. ამრიგად ხმის საგზალის მოპოებას თავისი კანონი და წესები აქვს. ურიგო არ იქნება ამ კანონს და წესს ყური ათხოვონ ჩვენმა არტისტებმა და შეისწავლონ, თორემ თუ, ჩვენის სიტყვისამებრ, თამაშობის დროს სულის შეგუბებას მოჰყვნენ და ლოყები მუზრნეებსავით გამოიბერეს, თქვენი მტერი, ჩვენ საქმე დაგვემართება!.. ჩვენ თუ აქ ამაზედ სიტყვა ჩამოვაგდეთ, მარტო იმისათვის, რომ გვენიშნებინა სახსარი შველისა. ამ საგანზედ მთელი სწავლაა და ამ სწავლას დასწავლა უნდა იმის მხრით, ვინც საკუთარის გამოცდილებით და ვარჯიშობით ვერ შესჩვევია ფრაზის სიგრძეს შეუფეროს აღმოსუნთქვის და, მაშასადამე, ხმის გაწვდენა. თქმა არ უნდა, რომ გულმოდგინებით ვარჯიშობა და წვრთნა ხმისა უთეორიოდაც ასწავლის ადამიანს ხმისა და ფრაზის შეზომვასა. ამისათვის სურვილია მარტო საჭირო და ბეჯითობა.
„დავიდარაბაში“ არ იყო ურიგო ბ-ნი აწყურელი. თუმცა თვითონ როლი მაგდენი არა იყო რა, მაგრამ, ჩვენდა სასიამოვნოდ, აქ პირველად გვაჩვენა ბ-ნმა აწყურელმა თავისით, მიუბაძველად თამაშობა და ამით გაგვიძლიერა იმედი, რომ ეს ნიჭიერი არტისტი თავისებურებას, თვითმყოფელობას გამოიჩენს და საკუთარი ნიჭის შთაგონებას აჰყვება და არა სხვის განმეორებას და გადმოღებას სარკესავით.
შესანიშნავი იყო ამავე პიესაში „სტოროჟი“ სასამართლოსი. სცენაზედ ბევრი სალაპარაკო და სამოქმედარო არა ჰქონდა რა, მაგრამ იმოდენად ხერხიანად იყო, ისე თავის დროზედ და გარემოების შერჩევით გაივლ-გამოივლიდა ხოლმე, ან შეაღებდა და გამოაღებდა კარებს, ან ისე სასაცილოდ აიტუზებოდა, არც არავის უშლიდა, არავის ეჩხირებოდა წინ, ისე სასაცილოდ გაჭიმული იქ, სადღაც კუთხეში მიიპარებოდა და ორ ბიჯზედ უკუმოტრიალდებოდა, რომ იმ სიცილში, რომელიც სცენაზედ „დავიდარაბამ“ ასტეხა, თავისი წვლილი ამ „სტოროჟმაც“ შეიტანა. სასაცილო რამ იყო და, ჩვენის ფიქრით, სწორედ ზედგამოჭრილი „სტოროჟიცა“: ყოველივე ასო, ყოველი მიხვრა-მოხვრა, წარბშეკრული სახის მეტყველება და ამასთანავე რაღაც სულელური გულზვიადობა ტყუილის მედიდურობით გაბრიყვებულ კაცისა - ყოველივე ეს ერთად უთქმელად გვეუბნებოდა: ეგრე კი ნუ მიყურებთ... მეც ნახირ-ნახირიო. ძალიან მოგვეწონა იგი „სტოროჟი“ და ეს გვაბედვინებს ვურჩიოთ დრამატიულს საზოგადოებას, ერთი კარგი წარმოსადგენი რამ შეურჩიოს და გამოსცადოს. ვინ იცის, იქნება თავი იჩინოს. ჩვენ, მის მნახველს, ზოგიერთი იმედი გვაქვს, რომ სწორედ თავს გამოიჩენს.
ვოდევილი „ბარაქალა მასწავლებელო“ არაფერი შვილია. ერთადერთი ღირსება მისი ის არის, რომ მოკლეა, და ღვთისა და თქვენის წყალობით, მალე გათავდა. უგემური, უშნო, უმარილო რამ არის. პასუხისაგებელი როლი მარტო ბ-ნ საფაროვისასა ჰქონდა. მართალია, ბევრნაირად სათამაშოა იგი როლი, ტირილიც უნდა, გულის შემოყრაცა, ყმაწვილური სიყვარულიცა, ყმაწვილური უგუნურობაც, ყმაწვილური ნაღველი, ყმაწვილური სიხარული, სიცილიც, მხიარულობაც, და ყოველ ამ მრავალგვარობას საკმაოდ კარგად გაუძღვა ბ-ნი საფაროვისა, მაგრამ ჩვენ რომ მის თამაშობას ვუყურებდით, გულში ვიძახდით: აფსუს, ნიჭო და ხელოვნებავ, რომ ამაზედ სცდებიო! სწორედ გვენანებოდა ბ-ნი საფაროვისა, რომელმაც ყველა თავისი ხელოვნება კარგად მოიხმარა, მთელი თავისი ნიჭი უხვად მოჰფინა, მაგრამ უშნო პიესას შნო მაინც ვერ მისცა. „არარაისგან არ იქნების არარაიცა“, თუნდა რა ძალ-ღონის ნიჭიც შეეჭიდოს.
თეატრი თითქმის სავსე იყო და მებენეფისემ რამოდენიმე საჩუქარი მიიღო. სასიამოვნოდ ჩასათვლელია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ დაივიწყა სამსახური და ღვაწლი ბ-ნ საფაროვისა და ნიშნად პატივისცემისა, ბლომად დაესწრო რა მის ბენეფისზედ, საჩუქრით გადაუხადა სამაგიერო იმ სულიერის სიტკბოებისა, რომელიც ბ-ნ საფაროვისას არა ერთხელ მოუვლენია თვისის მშვენიერის თამაშობით მაყურებელთათვის.
[1886 წ., 23-26 ნოემბერი.]
თეატრის რეცენზენტი
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 27 XI, № 257, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 26 XI).
რეცენზია ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
წერილის ატრიბუციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი“ (გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალა“)“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად შეიტანა პ. ინგოროყვამ 1953 წელს, ათტომეულის III ტომში, სათაურით - „ქართული თეატრი. წერილი მესამე“.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით. წერილს ვათარიღებთ „დავიდარაბას“ წარმოდგენის დღისა (23/XI) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
23 ნოემბერს გაზ. „ივერიამ“ გამოაქვეყნა ცნობა: “დღეს, 23 გიორგობისთვეს ბენეფისი მ. საფაროვა-აბაშიძისა ბანკის თეატრში. ქართულის დრამატიულის საზოგადოების დასისაგან წარმოდგენილი იქნება: „დავიდარაბა“, კომედია სამ მოქმედებად ფრანცუზ. გადმოკეთებული თ. დავ. ერისთავისაგან“.
![]() |
2.29 წერილები გადაღმითგან |
▲back to top |
წერილი მეორე
ჩემო თადეოზ, მუსიკოსები და მხატვრები იქით იყვნენ და ამ ჩვენის მიწა-წყლის შვილებსაც ვეღარა გაუგიათ რა ჩვენი. ხომ გაიგონებდი, ჩემო თადეოზ, ყორღანაშვილის დაწერილს ბაიათში რომ ლეკურს უკვრენ? ამასაც რაღაც მარილი აკლია. აქ არის ყოველისფერი იმის მეტი, რაც საჭირო არის ლეკურისათვისა. ან იქმნება ვერ უკრავდნენ კარგად იმის დაწერილსა, ამისი არ ვიცი, მხოლოდ ის მიკვირს, რომ ყორღანაშვილმა თუ ვერა გაიგო რა ჩვენის ჰანგებისა, ელიზე რეკლიუმ როგორ შეგვატყო მუსიკის უნიჭობა.
გაბედვით შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ევროპიელმა დაგვიხშო ბუნება და შეგვექმნა ძნელადღა შემგნებელი ჩვენის საკუთრებისა. იქმნება ეს იყვეს ჩვენთვის საბედნიერო, მე ამას არ მოგახსენებ, ჩემო თადეოზ; მხოლოდ მე ის მინდა ვსთქვა, რო ჩვენ ჩვენი აღარ გვესმის და სხვა ვინ უნდა გავამტყუნო...
აი იმისი მცირედი მაგალითი, თუ როგორ არეულია ჩვენში საკრავი და ენა, ერთი - გრძნობისა და გულის გამხარებელი და მეორე - გონების გამომხატველი. ავიღოთ ყორღანაშვილის ბაიათი და ბ-ნ აბაშიძის „თეატრი“. როგორც პირველში, ისე მეორეში ადგილი არის ჩვენებური და სახე ქართულ-ლათინური, არეული ერთად. პირველი ცხრა ნომერი „თეატრისა“ ცხადად ამტკიცებს ჩვენს აქ ნათქვამსა, რომ ბევრნაირადა ვართ დამახინჯებული. პირველსავ „თეატრის“ ნუმერში ნახავთ ორს განთქმულს ლიტერატორსა: ერთ ქართველს - შოთა რუსთაველსა და მეორეს ფრანცუზს - ვიქტორ ჰიუგოსა.
ამათის აქ მოყვანილის სურათებით ალბად რედაქტორს სურდა ეთქვა, მე მინდა ამ ორის განთქმულის ადამიანის ენა შევურიო ერთმანეთში და შევაერთოვო. ეს აზრი პირდაპირა სჩანს პირველის 9 „თეატრის“ ნუმრებიდგან, მართლადაც, ძალიან დიდი სამსახური მიუძღვის იმასა, ვისაც ფრანციზული თხზულება ქართულის ასოებით გადმოუწერია. ეს იქმნება ვიქტორ ჰიუგოს იამოს, მაგრამ არა მგონია რუსთაველმა მოიწონოს, რომ იმის სურათის ასე მახლობლად დაიბეჭდა ყოვლად წაპილწულის ქართულის ენითა „ჩვენ ლიტერატურაზე“, „თეატრი და მსახიობნი“, „ბიბლიოგრაფიული შენიშვნა“ და სხვანი. აშტარხნელის სომხების ენა ამ თხზულებათა ენასთან საკვეხარია. განა ჰღირს, ჩემო თადეოზ, რომ იმ მცირე აზრების სათქმელად, რომელიც ამ ნომრებში არის ნაამბობი, ასე გაიბრუნდოს ადამიანმა თავისი დედაენა? არა მგონია, ამის შემდგომ ზოგიერთი ქართული სათეატრო თხზულება, რომელშიაც სომხებს დასცინოდნენ ხოლმე, საჭირო იყოს ეხლა; პირველი ცხრა ნომერი „თეატრისა“ წაიკითხოს სახალხოდ მსახიობმა და ვგონებ, რომ საკმარად შესაქცევარი უნდა გამოვიდეს.
- - - - - - -
გასაოცარი ახალი ქართული ენა გამოდის, ჩემო თადეოზ, რომ დააკვირდე „თეატრის“ მთხზველებსა:
პარიჟს დაჰბერა რეაქციამ; თებერვლის რევალიუციის იდეების წინააღმდეგ;
ამ პიესას სათაურად ჰქონდა ცნობილი პრუდონის პარადოქსი.
გველი სატანის როლი; აი საქმე რა არის;
კლერვილმა დაიწყო მადლობის გადახდა; წარემატა ხელი პიესის წარმატებასა; ლიტერატურა არის გამოხმობა ცნობილი ხალხის ცხოვრებისა; ადვილად გარდავიდეთ ლიტერატურის სხვა ნაწილებზე და სხვ.
ქალაქში მცხოვრებელ სომხებს დასცინიან ხოლმე - „იმან მოვიდა“-ო. აბა რითი სჯობია ამ სომხურ-ქართულსა ეს თქმა:
კაცმა სულ სხვაგვარად უნდა შეხვდეს ხვალინდელ დღეს; მოსურნეს არ შეეძლოს გაეცნოს მათ, მაინც დაათავა დაწყობილი არიაო.
ბევრს ამისთანასა და უარესსაცა ვნახავთ, რომ დაუკვირდეთ. ამათდა გარდა იმ ეკატერინე გაბაშვილის თხზულებაშიაც, რომელსაც ზედ აწერია „მონარდენი“, შევხვდებით აგრეთვე ახალ ქართულსა:
„მრავლობამ ყური არ ათხოვა“ (ეს რუსულს ენაზედ კარგად გამოდის და ქართულად კი ღმერთმა დაიფაროს).
„შუბლსაც არ ინძრევდა იმ საგრძნობელს წაგებაზე“ (ქართულად სხვანაირად იტყვიან ამასა).
მაყურებლები უფრო მიუახლოვდით ჩვენს სიმპატიეს. (სანუკვარია ვიცოდეთ, რომელი კუთხითგან შემოგვაწიეს სიტყვა „სიმპატიეს“).
„ვინ დამლახვრა“ - არაქელა არ იტყოდა, „ვინ დამნავსა“-ს იტყოდა უთუოდ.
„ჩვენ სიცილი წაგვსქდა“ - უნდა ითქვას „წაგვსკდა“, თორემ ისე გამოდის, როგორც ერთმა ქართველმა ქალმა ბრძანა, როდესაცა ჰკითხეს, სად იყავიო? ქუქიაშიო, მიუგო.
- - - - - - -
ჩვენი კეთილმოსურნე დავით სოსლანი იმასა სჩივის, რომ ქართულს ენაში არა გვაქვს ის კაცისჭამია მორევები და ლოდები, რომელიც იპოვებიან უცხო ენებში. იმისი სურვილი, ვეჭვობთ, ის არის, რომ ლიტერატურაშიაც ბატონები გვყვანდნენ და ამ ბატონთა შორის დავით სოსლანის მეტმა წერა არავინ იცოდეს. ეს ბოროტი სურვილი მოგვაგონებს იმ კორტოხელსა, რომელმაც ლურსმანი იპოვა და სთქვა: ღმერთო, ამოაგდე სარკინეთიო.
ამისი მსურველი დიდის მრისხანებით შეურაცხჰყოფს იმ დაცემულს, რომელიც ჩვენთან სალაპარაკოსა და სათქმელსა „ახალ მიმოხილვის“ შემწეობით გვეუბნება და თავზედ კაკალს გვამტვრევს, თუმცა ჯერ ჩვენთვის ჭკუა არ უსწავლებია. ასე ჰგონია იმ დალოცვილსა, რომ ჩვენი ბავშური ლაპარაკი და კინკლაობა ძალიან ეპიტნავებათ „ახალის მიმოხილვის“ მკითხველებსა.
თუმცა ბევრს ფახაფუხობს ბატონი დავით სოსლანი, მაგრამ ისიც კი ევროპიულს მოუხრჩვია ძალზე. ასე რომ, რუსულად ჰფიქრობს და ქართულადა სწერს. ერთს ადგილას დავით სოსლანი სწერს: ... „თავისი წინააღმდეგობა ჯიბეში მუშტის ღერებით არ დაასრულოსო“...
მეორე ადგილასა: ... „მაშინ გამოვიდნენ ასპარეზზედ შვილები, რომელთაც უარჰყვეს და დაჰგმეს მამათა საქმენი და ზეთისხილის ყლორტით მოფრინდნენ“...
- - - - - - -
ჩემო თადეოზ, რანაირად დაგვაჭერდა ფეხსა, დავით სოსლანი რომ ყოფილიყო მაშინ, როდესაც ამ 25 წლის წინად ქართულის ანბანითგან ცოცხით გავხვეტეთ ის ფეხწამოსაკრავი ცენტრები, რომელსაც ეძახდნენ: უ̂, ჱ, ჲ, ჴ, ჳ, ჵ, და ჶ - აი ის ლოდები, რომელსაც თავს შეახლიდნენ ხოლმე მოსწავლენი; აი ის ლოდები, რომლის ხმარებითაც ძალიან თავი მოჰქონდათ ბევრსა. ამ ასოების ამბავს ასე გვასმენდნენ ჩვენი წინაპარნი, რომ ვითომ ეს ასოები თავდაპირველად იყო შემოტანილი ქართულში რიცხვების აღსანიშნავად. მაგრამ, ეს თუ მოგონილი ამბავი არის, რათა ხმარობდნენ წერაში? შეიძლება ვიფიქროთ, რომ, როდესაც საქართველოში იყვნენ არაბები (ვინ არა ყოფილა საქართველოში!), მაშინ ალბად ქართველებმა ზოგიერთის სიტყვის დასაწერად არაბულის ანბანითგან მიიღეს ჲ, რომელსაც ზეითგან წერტილი რომ დავუსვათ ისეთი ხმა აქვს, როგორც ჶ-ს. შესაძლებელია უწინდელს დროში თათრულს სიტყვას ფიქრსა სწერდნენ ჲიქრსა, როგორც ჩვენი ჩინოვნიკები რუსულს სიტყვებში ხმარობდნენ ჶ. მაგრამ, როგორც ეტყობა, სხვის ასოს ქართულს წერაში ფეხი ვერ მოუკიდნია ისე, როგორც ჶ-ს. ხან მიიღებდნენ, ხან გამორიცხამდნენ და ხმარობდნენ თავის ასოს ფ, მეტადრე ბერძნობის დროსა, მართლადაც, ის ქართველი, რომელმაც ქართულის მეტი არა იცის რა, ჶ-ს ვერც კი გამოსთქვამს. ჯერ სხვა ენის მცოდნე ქართველი მწერლებიც, რომელნიც ასე ძალიან ეტანებიან ასოს ჶ, მრავალს სიტყვაში სრულიად არა ხმარობენ ამ ასოს. მათგანი არავინ დასწერს ფილოსოფოზსა, სოფიოსა, ფიქრსა, ფეოფილაქტეს, ეფემიასა, საფრანგეთსა, ფარვანასა, ქეიფსა და სხვ. ჶ-თი. მაგრამ თუ მიადგნენ სხვა სიტყვებს, რომელნიც ჩვენ წინაპართ არ უხმარიათ, მაშინვე დაივიწყებენ მამაპაპურს ჩვეულებასა და სწერენ: ჶარსსა, აჶრიკასა, ბენეჶისსა, ამჶიტიატრსა, ჶებასა და სხვა ამისთანებსა. ხანდახან შევხვდებით, რომ ერთი და იგივე მწერალი ხან ჶ-ს ხმარობს, ხან ფ-ს. ტყუილად კი ეჭიდებიან და ეპატიჟებიან ჶ-ს, ვგონებ, რომ ამ ასოს დამკვიდრება ჩვენში არ შეუძლიან. მეტადრე ის არის გასაკვირველი, რომ მეტისა და არასაჭირო ასოების განდევნაში „ივერიის“ რედაქტორიც ერია და ახლა კი ასოს ჶ დიდის პატივისცემით ეპატიჟება.
უნდა მოგახსენო, ჩემო თადეოზ, რომ ის ჟამი, როდესაც ეს მეტი ასოები შემოიფანტეს, უნდა დაიდვას სადღესასწაულოდ, რადგანაც ამითი შემსუბუქდა სწავლის სიძნელე და გაადვილდა მართლწერა.
ქართველი ხალხი იმითი არის ბედნიერი, როგორც ამბობს ყოვლად სახსოვარი ენების მეცნიერი უსლარი (აწ განსვენებული), რომ მრთელს დედამიწის ზურგზე არც ერთს ხალხს არა აქვს ისეთი თავის ენის შესაფერისი ანბანი, როგორც ქართველებსა: „ყოველს ხმასა აქვს თავისი გამოხატვის ნიშანი“. ეს უნდა მიგვაჩნდეს საკვეხრად, სულითა და გულით მონდომილები ვიყვეთ, რომ არაფრით შეგვეცვალოს და გაგვიძნელდეს მამა-პაპათაგან დატოვებული ენა...
ყველამ ვიცით, რა გაჭირვებაში არიან სლავიანები მხოლოდ იმითი, რომ ვიღაცა გულქვას ამათს ანბანში ჩაურთავს ერთი ასო „იატი“, რომელსაც, როგორც ჩვენს უნ-ბრჯგუსა, არაფერი მნიშვნელობა აქვს (ერთის შემთხვევის გარდა, სადაც მისცემს განსხვავებას სიტყვებს есть - არის, არსებს და ъсть - ჭამა), მაგრამ მახრჩობელასავით ყელში სჩრია ყველას (აი დავით სოსლანის სანატრელი მახრჩობელა, იმაზედ რომ იყვეს საქმე დამოკიდებული, ხუთს „იატს“ შეურევდა ქართულს ანბანში). ეს ასო რომ გააძევონ ანბანითგან, მრავალი ასი კაცი მოემატება იმ რიცხვსა, რომელნიც ამჟამად მცოდნეთ ირიცხებიან.
ვარსკვლავთმრიცხველიც რომ იყო, წერაში თუ ასო „იატი“ თავის ადგილას არ დასვი, შენისთანა უზრდელი არსადღა იქმნება. ეს ისე მიიღება, თითქო არაფერი არა გვცოდნია რა.
ქართველებშიაც ასე იყო. თუ უნ-ბრჯგუდი და მარჯვნივ ჰიე არ დაგესვა (ნამდვილი კი არავინ იცოდა), დიდად შეფუცხუნდებოდნენ ხოლმე ამ ასოების თაყვანისმცემელნი.
- - - - - - -
მეორე ბედნიერება (დავით სოსლანს კი უბედურებად მიაჩნია) ქართველებისა ის არის, რომ სიტყვა იწერება ისე, როგორც გამოითქმის. მკითხველო, თუ გისწავლია რუსული, ფრანციზული (და არა ფრანგული, როგორც „ივერიაში“ სწერენ), ინგლისური, თათრული და სხვ. რასაკვირველია, ჩემი თქმა საჭირო აღარ არის თქვენთვის და თქვენვე იგრძნობთ, რასაც მოგახსენებთ. თუ არ გისწავლიათ, მოიხსენეთ, რომ ფრანცუზები და ინგლისელები 10 ასოს დაწერენ და 5 გამოსთქმენ; რუსები დასწერენ ო-სა და გამოსთქმენ ბევრჯელ ისე, ვითომ ა ზის, თათრები დასწერენ რამდენსამე უხმო ასოებს, ერთიერთმანერთზედ მობმულსა და შენ თვითონ უნდა გამოიცნო, სად უნდა ჩაურთო მთელი ხმოვანი, სად ნახევარხმოვანი, ამას გარდა ბევრჯელ ხმოვანი და ნახევარხმოვანი ზეითგან უნდა დაჰყვეს სიტყვასა, ხან სტრიქონს ქვემოთგანა. ამ იკლიკანტურების დასწავლა (დავით სოსლანების სასიხარულოდ) ისეთი ძნელია, რომ, ვიდრე ბავშვი ამას შეითვისებს, თავი გამოელაყება. როდესაც შეუდგება უმაღლესს მეცნიერებასა, მაშინ საკმაოდ მოქანცულია ადამიანი და ვეღარ უძლებს ჯაფასა, ქართველმა ადამიანმა თუ სწორე ლაპარაკი იცის, იმას ანბანის დასწავლის შემდგომ შეუძლიან მართლწერა, მაშინ როდესაც მდაბიო ხალხი ფრანციზულის მართლწერის ღირსი თავის დღეში არ შეიქმნება. ხშირად შეხვდები თათრის მოლასა, რომელიც თავის დაწერილს ბევრჯელ მარდად ვერ წაიკითხამს და სხვის დაწერილს ხომ თქმა არ უნდა.
ქართულის ენის კანონის წინააღმდეგად ჩვენი ევროპიულისაგან მამხრჩვალნი უცხო ქვეყნის სიტყვებს ხშირად სწერენ ისე კი არა, როგორც გამოითქმებიან, არამედ ისე, როგორც სხვა ენაზედ იწერება, მაგალით., „გეოგრაფიის“ მაგივრად (ვინ იცის, რისთვის) სწერენ „ღეოღრაფიასა“, „გუბერნატორის“ მაგივრად „ღუბერნატორსა“, „ტრაგი-კომედიის“ მაგივრად „ტრაღი-კომედიასა“, „უკოშკასა“, „ვოდევილსა“ და სხვ.
რის მიზეზით, ეს არ ვიცით და ბევრს სემენარიაში მსწავლულებსა, მეტადრე უწინ, ჰქონდათ წარმოდგენილი, რომ რუსულს ენაში г გამოითქმის ისე, როგორც ქართული ღ, და ბრალიანად და უბრალოდ г-ს მაგივრად, რომელიც ქართული გ-ვით გამოითქმის, ხმარობენ ღ-სა და გამოდის „ღეოღგრაფია“, „ტრაღედია“ და სხვ.
- - - - - - -
ვგონებთ, რაც მწერლობისა და სალაპარაკო ენა ერთიერთმანერთსა დაუახლოვდებიან, მით უკეთესი არის (ამისი წინააღმდეგი იქმნებიან მხოლოდ დავით სოსლანები). მაშასადამე, ჩემო თადეოზ, ჩვენი საწადელი და სამარადისო სანუკვარი ის უნდა იყვეს, რომ არაფრით არ დაშორდეს სალაპარაკო და მწიგნობრობის ენა. მაგრამ ამაშიაც ერთი რაღაც ხუშტური სჭირთ ზოგიერთს მწერლებსა. ერთი-ერთმანერთის ლაპარაკში ხმარობენ: ის, ისინი, იმან, იმათ, თავისი და სხვ. და როგორც აიღებენ ხელში კალამსა, მაშინ რაღაც ბიძები მოუვლიან და ამპარტავნულად სწერენ: იგი, იგინი, მან, მათ, თვისი და სხვ. რა არის ამის მიზეზი, მე ვერ მიმხვდარვარ, თუმცა, ჩემო თადეოზ, შენ კი კარგად გეცოდინება.
ერთის მხრით, ჩეჩქივით გვაყრიან თავსა და კისერში მრავალს ახალ-ახალ შემოსულს აზრებსა, ლათინურ-ბერძნულს სიტყვებსა, არც კი გვკითხვენ, შეგვიძლიან მოვინელოთ, თუ არა. არც იმასა ჰფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნის სიტყვების ლექსიკონი შეადგინონ და, მეორეს მხრით, თავს გვახვევენ გულაღმა გადმობრუნებულს ქართულს სიტყვებსა და ამასთან თითქო მოწიწებით უყურებენ ჩვენს უწინდელს მწერლებსა, რომელნიც ხმარობდნენ სიტყვებს: იგინი, იგი, მან...
- - - - - - -
ჩემო თადეოზ, ეს ჩემი მოხსენება სულ არაფერია იმასთან, რაც ამ უკანასკნელს დროში ძველი სევდები აგვიშალა ყოვლად პატივცემულმა ილია ხონელმა. ეს დალოცვილიც დაუბრუნდა უწინდელ ქართველ ჩინოვნიკების ჩვეულებასა, რომელნიც ძალიან სცდილობდნენ ჩვენს ენაში შემოეტანათ ახალი კანონი, სრულებით წინააღმდეგი ჩვენის ენისა. ბუნების წინააღმდეგად იმათა სურდათ ერთის სქესის სიტყვა გადაექციათ მეორე სქესისად ბოლოზედ ერთისა ანუ ორის ასოს მომატებითა. ეს სურვილი მეტად ცხადად გამოიჩინა „კალმასობის“ დამწერმა. ამას რუსეთში ენახა, რომ რუსები თავადს ეძახიან „კნიაზსა“ და თავადიშვილის ცოლსა - „კნიაგინიასა“, დაფიქრდა ამაზე, ეს გარჩევა რატომ ქართველებსაც არა გვაქვსო, ადგა და თავადიშვილის ცოლს დაარქვა „თავადინა“. კარგია, რომ ეს ამბავი ვერავინ გაიგო, თორემ, რა ჩიჩინი უნდა ამას, წაჰბაძავდნენ და მივიღებდით ახალ სიტყვას „თავადინასა“ ისე, როგორც ეხლაც ეძახიან მთავრის ცოლს „მთავრინასა“.
პოლიციელმა ქართველმა ჩინოვნიკებმა უფრო წარმატებაში შეიყვანეს ჩვენი ენა და სწერდნენ: ხელმწიფე - ხელმწიფავ, მეფე - მეფა, ვითომ ერთი იყო მამრობითი სიტყვა და მეორე მდედრობითი. ხალხმა არ უგდო ამას ყური, მით უმეტესად, რომ უწინ გაზეთების ბეჭდვაზე ნაკლებად გახლდით. იმათი მოგონება მიეცა დავიწყებასა, მაგრამ უუპატივცემულესმა ი. ხონელმა ეს დავიწყებული ამბავი გააახლა.
ჩემო თადეოზ, თუ გინდა, რომ მამრობითი სიტყვა გადააქციო მდედრობითად, ამას დიდი ჯაფა და წვალება არ უნდა, მხოლოდ ერთი ასო რომ მოუმატო, მაშინ კაცი ქალად გადაიქცევა და მამალი დედლად. აი ასე:
მამრობითი |
მდედრობითი |
ხელმწიფე მთავარი მამალი ერკემალი ხონელი ერკემალი კამბეჩი |
მეფა მთავრინა მამალა ან მამალინა ერკემალინა ხონელა ერკემალა კამბეჩინა |
ბატონის ნასიძის გრამატიკა თუ გვიშველის რასმე, თორემ წახდა საქმე, ძალიან დაგვარეტიანა „ევროპეიზმობამ“.
ეს ხუმრობა იქით იყვეს, ჩემო თადეოზ, და რამდენის კარგის საქმის გაკეთება შეეძლოთ ამ ორს კაცსა, ე. ი. დავით სოსლანს და ილია ხონელსა, რომ წვრილმან საქმეს არ მისდევდნენ. უნდა აღვიაროთ, რომ იმათის კალმის ძალა ამ წვრიმალ ნაწერებთაგანაც კარგადა სჩანს. ეს ორნი ამტკიცებენ იმასა, რომ ქართულის ენითაც ითქმის ეხლანდელი აზრი, მაგრამ ეს არის ჩვენი ყისმათი: ფული გვაქვს, უსაგნო ზიზილ-პიპილა მხატვრობაში ვაძლევთ; ცოდნა გვაქვს და ენა გვიჭრის, ერთმანერთის ლანძღვაში და კინკლაობაში გამოვიყენებთ; თვალს ავახელთ მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენი სასარგებლო საგანი ვერა დავინახოთ რა, ერთი-ერთმანერთს თავზე კაკალს ვამტვრევთ და ელიზე რეკლიუმ საქვეყნოდ მოსდო ჩვენი სიმხეცის ამბავი, ყოვლად უსამართლოდ და სიცრუითა და ჩვენს მცოდნეთა ხმა ვერ ამოუღიათ, თუმცა ფრანციზულის ენის მცოდნე ბევრი იპოვება.
ჩემო თადეოზ, მართლის თქმისათვის არ მოელის მრისხანებასა
შენი სფირიდონ ჩიტორელიძე.
[1886] 21 გიორგობისთვეს.
ძაუჯი-ყაუ
წერილები გადაღმითგან
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 504-518.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 2 XII, № 261.
ხელმოწერა: სფირიდონ ჩიტორელიძე.
(ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 1 XII).
წერილის პირველი ნაწილი („წერილი პირველი“), რომელიც ამ სათაურითა და ხელმოწერით დაიბეჭდა 1886 წლის გაზ. „ივერიის“ № 260-ში (30 XI) არ ეხება ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს და ამიტომ არ არის დაბეჭდილი წინამდებარე ტომში.
ფელეტონის ილიასეულობა დაადგინა ლ. ჭრელაშვილმა. - იხ. მისი „ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ატრიბუციისა და გამოცემის საკითხები“ (ჟურნ. „მაცნე“, 1981 წ., №2); მისივე, „ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ და გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწერების ატრიბუციის საკითხები“ (კრებ. „ქართული ჟურნალისტიკა“, 1981 წ.).
ფსევდონიმ სფირიდონ ჩიტორელიძის ილიასეულობის შესახებ იხ. აგრეთვე შენიშვნა წერილისა „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
![]() |
2.30 ქართული თეატრის ნაკლოვანებანი |
▲back to top |
ქართული თეატრი
ჩვენის თეატრის ერთი დიდი ნაკლი ის არის, რომ სათეატრო თხზულებანი არა გვაქვს. რომ ჩვენი საკუთარი, ჩვენ მიერ ქმნილი, ჩვენის ცხოვრებიდამ ამოღებული თხზულებანი არა გვაქვს, - ეგ ადვილად მისახვედრელია. ამას ბევრი საპატიო და შესაწყნარებელი მიზეზი აქვს და იმ ბევრში ერთი ისეთი რამ შეგვიძლიან დავასახელოთ, რომ იმის გაგონებაზედ კაცი თუმცა გულის ტკივილით, მაგრამ მაინც კი იტყვის: რაკი ესრეა, აქ კისრად უნდა ვიდოთ იგი მიზეზი და დავდუმდეთო. ის „ერთი ისეთი რამ“ ის გახლავთ, რომ მწერალი არ გვყავს. ამ არყოლას ყოლად ვერავინ გარდაჰქმნის, ღვთისა და ჩვენის წარმატების მეტი, და ამიტომაც იგი სამდურავი, მრომელიც ამ მხრით ისმის ჩვენს დრამატიულს საზოგადოებაზედ, სულ ცოტა რომ ვსთქვათ, მოშლილის წისქვილის რახუნია და მოკლე ჭკუის უჯიათობა და ჭირვეულობა. ამაზე ჩვენ ადრევაც გვილაპარაკნია და ეხლა კვლავ იმისი განმეორება მეტისმეტი დაბრიყვება იქნება კალამისა და მკითხველის გულკეთილობისა.
ჩვენ დღეს გვსურს ყურადღება მივაქციოთ სხვაგვარს თხზულებას ჩვენის რეპერტუარისას, ესე იგი, თარგმნილსა და გადმოკეთებულს სხვა ენებიდამ. ამ მხრით არ ითქმის, რომ ჩვენი რეპერტუარი მეტად ღარიბი იყოს: ამგვარი თხზულებანი საკმაოდ ბევრი აქვს ჩვენს თეატრსა. მაგრამ გონება კი რომ ააყოლოთ, დაინახავთ, რომ ამ რიცხვით ბევრს ძალიან ცოტა სიკეთე სჭირს ღირსებისა. იქნება ორიოდე ამგვარი თხზულება ამ საზომში არ მოვიდეს, რადგანაც ზოგიერთს ნათარგმნს და გადმოკეთებულს თხზულებას ღირსების მხრითაც შეიწყნარებს ადამიანის გაწრთვნილი გემოვნება, მაგრამ უმრავლესობა კი თითქმის ყოვლად უღირსია; ამაზედ არა გვგონია აგვიხირდეს ვინმე. ჩვენ ამ უღირსთა თხზულებათა ჩამოთვლას არ მოვუნდებით; ჩვენ ერთი რამ გვაქვს სათქმელი.
რაკი კაცი იცლის სხვა ენიდამ თხზულების გადმოღებისა და გადმოკეთებისათვის, რაკი ამაზედ მიიზიდა მისი ხალისი და რაკი ამისათვის შრომა და ჯაფა იტვირთა, რატომ იმისთანა სათარგმნელს თუ გადმოსაკეთებელს არა ჰკიდებს ხელს, რომელიც სულის მარგებელიც იყოს და ხორცისაც. აი რა გვაკვირვებს ჩვენა. ამის მიზეზს გამორკვევა უნდა. რომ ვსთქვათ, - სხვა ენებზედ კარგი თხზულებანი არ არის - და ამას დავაბრალოთ უხეირობა ნათარგმნებისა, აშკარა ტყუილი იქნება. ასარჩევად ამ შემთხვევაში მეტად დიდი და გადაშლილი მოედანია. რუსული, ფრანგული, გერმანული, იტალიური და ინგლისური სათეატრო თხზულებანი იმდენია, რამდენიც კი შესაძლოა ადამიანის ხარბმა გულმა ინატროს და დაიტივოს. თქმა არ უნდა, რომ ამ უზარმაზარ თხზულებათა ხვავში ბევრი კარგია და ბევრი ცუდი. ჩვენი მთარგმნელი სათოფე ნადირსავით გაისისწვრივებს ხოლმე, ივლის, ივლის და ზედ კი წააწყდება მარტო ცუდსა, უფერულსა, რომელიც არც სააქაოსია და არც საიქიოსი. თავის გასამართლებლად დაუჟინიათ, სასაცილოა და იმიტომ ვსთარგმნეთო. განა თავი და ბოლო სათეატრო თხზულებისა მარტო სიცილია და სხვა არაფერი?!.
არ ვიცით რა საბუთით და ამბობენ კი: ჩვენს საზოგადოებას სასაცილო წარმოდგენანი უფრო იზიდავს, ვიდრე ნაღვლიანნი და ჩამაფიქრებელნიო. ჩვენ არ გვესმის ამისთანა ლაპარაკი. ქართველიც იმისთანა კაცია, როგორც სხვა, და ამიტომაც არარა კაცებური არ უნდა ეუცხოებოდეს. ბუნება ცრემლისა და სიცილისა, ჩვენის ფიქრით, ერთისა და იმავე სათავიდამ მოდის. იგი შეკუმშვა ადამიანის ძარღვისა, რომელსაც სიცილი თუ ცრემლი მოსდევს, მწუხარებისაგანაც მოივლინება და მხიარულებისაგანაც. ამიტომაც ხშირად ცრემლსა ჰხედავთ იქაც, საცა დიდი სიხარულია და სიცილს იქაც, საცა დიდი სატირალია. ხოლო პირველს შემთხვევაში ცრემლს სიტკბო აქვს სიცილისა და სიხარულისა, და მეორეში სიცილს - სიმწარე ტირილისა და მწუხარებისა. როცა ადამიანის სული და გული ძლიერ არის აღძრული, მაშინ ერთი მეორის ადგილს იჭერს და მთელი დრამა სიცილისა და ცრემლისა სწორედ ამაშია. საშინელია, როცა გული სტირის და კაცი ტირილის მაგიერ სიცილით ქვითინებს; მეტისმეტად მომხიბლავია და დამატკბობელი, როცა გული სიხარულით უმღერს კაცს და ცრემლით კი იცინის და მხიარულობს. უდიდესი გამოცხადება, უდიდესი ზედმოქმედება ადამიანის გულზედ, თავით-ფეხებამდე ზარდამცემი ძლიერება ცრემლისა და სიცილისა სწორედ მაშინ არის, როცა ერთს მეორის ადგილას ჰხედავთ, თუმცა მიზეზი მოვლინებისა ერთისაა და არა მეორისა.
კიდევ ვიტყვით, არა გვგონია, იმ ცრემლზედ უტკბესი რამ იყოს ქვეყანაზედ, როცა იგი ჰჟონავს ბედნიერებისა და სიხარულის ნამეტანობისაგან, და იმ სიცილზედ უმწარესი რამ, როცა კაცი ტირილით ჰხარხარებს უბედურობისა და მწუხარების სავსებისაგან. აი ეს ცრემლიანი სიცილი და სიცილიანი ტირილი არის იგი უზენაესი სიტკბოება, რომლის ფრთებითაც ჭეშმარიტი და უდიდესი ხელოვნება ადამიანისა თავის უმწვერვალეს სიმაღლეზედ აზიდავს ხოლმე კაცსა, და გონებამიუწვდენელის თილისმითა დიდს ბოროტსაც, დიდს მწუხარებასაც, როგორც დიდს კეთილსა და დიდს ბედნიერებას, ადამიანის გულში ჩააფენინებს ხოლმე მადლის მაცხოვარს შუქს სათნოების კვირტის გამოსაკვანძავად და მერე მშვენიერ ყვავილის გარდასაშლელად. ამაშია მომხიბლავი ძალა და არსებობის მიზეზი ხელოვნებისა საზოგადოდ და სათეატროსი საკუთრივ. იგი გრძნობა, იგი ღონე, რომელსაც ეს შუქი ჩააქვს ადამიანის გულში, ესტეტიკური გრძნობაა. ეს გრძნობა უზენაესს სიტკბოებას ეძებს ყველგან, სიცილი იქნება თუ ტირილი, ბოროტი იქნება თუ კეთილი. ამ გრძნობისათვის ზარდამცემი ბოროტებაც ისეთივე მშვენიერებაა, როგორც გულწამტაცი კეთილი, იმიტომ რომ ხელოვნება თვით ბოროტს აბოროტებს კეთილისათვის და კეთილი ხომ კეთილია. სისხლისმსმელი, კაცისმკვლელი მაკბეტის აფთარი ცოლი ისეთივე მშვენიერებაა ხელოვნების თვალით და ესტეტიურის გრძნობის შეხედულობით, როგორც გულკეთილი, გულწრფელი და კეთილმომქმედი კორდელია. თუმცა ერთი გძულს და მეორე გიყვარს, მაგრამ აქ ძულებაც და სიყვარულიც ერთსა და იმავე საგანზეა მიმართული, ერთსა და იმავე ძარღვს ადამიანის გულისას სძრავს ერთი ბოროტის უარყოფის გზით და მეორე სათნოების დამტკიცებითა. ერთიც და მეორეც, მართლად მიმავალი, ესტეტიურს გრძნობას საამურად მიაჩნია, და იქნება პირველს შემთხვევაში სიტკბოება უფრო მეტიც იყოს ესტეტიურ გრძნობისათვის, ვიდრე მეორეში, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში უფრო ძლიერ იძვრის ადამიანის გული, უფრო დიდს ჭრილობას და ტკივილს ადამიანის გულისას აყუჩებს იგი დიადი ძულება, რომელიც იბადება დიდის ბოროტის დანახვაზედ. ხორცის ტკივილიც განა ამავე კანონს არ ექვემდებარება? რამოდენადაც დიდია ტკივილი ხორცისა, იმოდენად საამურია მისი დაყუჩება და დაამება. ეს ყველას ექმნება გამოცდილი თავის თავზედ.
ამ სახით, კაცმა რომ სთქვას, ამადაამას ჭეშმარიტი ხელოვნება სიცილით, მხიარულებით, სალხენით უფრო იზიდავს, ვიდრე ცრემლით, ნაღველით და მწუხარებითო, იგი სცდება. ჩვენის ფიქრით, აქ მარტო ესტეტიურს გრძნობაზედ უნდა იყოს ლაპარაკი და სხვა არარაზედ, და თუ ეს გრძნობა სიცილის აღსაბეჭდად გაღვიძებულია, არ არის მიზეზი, რომ ნაღვლის აღსაბეჭდად მძინარე იყოს. ცალის თვალით ღვიძილი მარტო კურდღელმა იცის და ესტეტიურს გრძნობას კი ერთის თვალით გაღვიძება არ შეუძლიან, ისე რომ მეორეც არ მღვიძარეობდეს. საქმე ის არის, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება სიცილისა თუ ტირილისა თავისის თილისმითა ჰქმნიდეს ხატს ესტეტიურის გრძნობის გამოსაწვევად. აქ სხვა არაფერია საჭირო და კაცი ყოველთვის ერთნაირად მიზიდულ იქმნება.
თუნდ ამას ყველაფერს თავი დავანებოთ და ეს ვიკითხოთ: განა ყველა სიცილი საგანია ხელოვნებისა? სიცილიც არის და სიცილიცა. უაზრო, უმიზეზო სიცილი ლაზღანდარობაა და მთელი სამი-ოთხი საათი, რომელსაც ჩვენ თეატრში ვატარებთ, რომ მარტო ლაზღანდარობას მოვახმაროთ, ჯერ ერთი, რომ მოსაწყენია და მერმე ტვინის გამოლაყებაა. კაცმა სამი და ოთხი საათი სულ იცინოს სალაზღანდარო სიცილითა და ერთადერთი სულის მაცხონებელი აზრი მაინც არ ჩაიყოლიოს გულში, სწორედ მოგახსენოთ, მეტისმეტი ჭირია. მხიარულობა, სიცილი კარგია, მაგრამ ვერც მხიარულება, ვერც სიცილი, ვერც ვერაფერი სხვა სიამოვნება ვერ გაუძლებს მომაბეზრებელს თვისებას ხანგრძლიობისას, ერთნაირობისას და უაზრობისას. ხანგრძლივი და ერთნაირი ლხინი ბოლოს ჭირად გარდექმნება ხოლმე კაცსა. ეგ იმიტომ, რომ ისე მალე არა ჰღალავს რა კაცს და, მაშასადამე, ისე არა უხდენს რა გუნებასა, როგორც გრძელი, გაუთავებელი უაზრო ლხინი და სიცილი. ყველას თავისი საზღვარი აქვს და თავისი მიზეზი. მოკლე ვოდევილის მხიარულს უაზრობას სიამოვნებით აიტანს მაყურებელი, მაგრამ სამ- და ოთხ- მოქმედებიანს სიცილის გუდას არა გვგონია გაუძლოს ადამიანის გულმა. ამაოდ სცდებიან, ვისაც ჰგონია, რომ რაკი ამ სიცილის გუდას პირს მოვუხსნი, მაყურებელს თავს მოვაწონებ და თეატრსაც სამსახურს გავუწევო.
მარილიანს, ჯანიანს და მარგებელს სიცილს აზრი უნდა, მომავლინებელად საბუთი უნდა, ადამიანის გულის ძარღვთაგან მოქსოვილი იმ მრავალფერობით, რითაც ასე მდიდარია ცხოვრება და ადამიანის გული, ეს უტყუარი სარკე ცხოვრებისა. როგორც უმიზეზოდ მტირალა კაცი საზიზღარია, ისეც უმიზეზოდ, უაზროდ მოცინარიცა. დაუჟინიათ, სასაცილოაო!.. ბევრი რამ არის ქვეყანაზედ სასაცილო, მაგრამ ესტეტიური გრძნობა ყველა სიცილს ვერ შეიწყნარებს, თავის შვილად ვერ გაიხდის. სიცილი თავის დღეში არ უნდა გარდაიქმნას ლაზღანდარობად და ტირილი კიდევ უგემურ კნავილად.
ეს ხშირად ავიწყდებათ ჩვენს საკუთარს ავტორებსაც, მთარგმნელებსაც და ზოგჯერ ზოგ-ზოგ ნიჭიერ არტისტებსაც. საცა ჭეშმარიტს სიცილს ან ჭეშმარიტს ცრემლს ვერ აჭრევინებენ, იქ სიცილი ლაზღანდარობაზედ გადააქვთ და ცრემლი უმარილო კნავილზედ.
ერთი ამისთანა პიესა, რომელიც - სწორედ უნდა სთქვას კაცმა - ამგვარებში ზოგს სხვებსა სჯობია და მაინც კი ვერაფრად მოსაწონია, კვირას, 30-ს ნოემბერს, წარმოადგინეს ჩვენს ქართულ თეატრში. ამ პიესას სახელად „ალერსთა ბადე“ ეწოდება და რუსულიდამ არის გადმოკეთებული. ქარგა, რომელზედაც ამოქსოვილია ხლართი (ინტრიგა) პიესისა, ერთი უფერული რამ არის. ერთს კარგად შეძლებულს სახლობას, რომელსაც შეჰკედლებია ახლო ნათესავი, სამსახურიდამ გამოსული კაცი თავისი ცოლითა, ერთადერთი გასათხოვარი ქალი ჰყავს. ამ ქალთან ერთად შეზრდილია ერთი ყმაწვილი კაცი, რომელსაც სწავლა შეუსრულებია და მოსულა თავის გამზრდელების სანახავად. დედ-მამას ქალისას ძალიან უნდათ, რომ ამ ყმაწვილმა კაცმა შეირთოს მათი ქალი, რომელსაც ერთი მეზობლად მყოფელი მემამულე ყმაწვილივე კაცი უყვარს და უკვე ცოლქმრობის პირობა აქვს მიცემული. დედ-მამა თანშეზრდილის მოყვრობას უფრო ჰრჩეობს და გულის მოსაგებად დიდს პატივში ჰყავთ და ულოლიავებენ. გამდელი, რომლის ხელშიაც ეს ყმაწვილი თითქმის გაზდილა, და ის სამსახურიდან დათხოვნილი ნათესავი, თავისის ალერსით, - დაჯე, შენი ჭირიმე, ადეგ, შენი ჭირიმე, დაიძინე, გაიღვიძე, ეს იგემე ანუ ისა, ხომ არავინ შეგაწუხა, ხომ თავი არ გტკივა, და ათასი ამისთანა გულმტკივნეულობით - დღემუდამ აბეზრებენ თავს; აქ თვითონ გასათხოვარი ქალიც ჩაერია და ცდილობს ისე აჩვენოს თავი, რომ მითამ ძალიან უყვარს იგი, მაგრამ დიდად იჭვიანია, ანჩხლი, დაჟინებული და ჯიუტი. რაკი ამ ხასიათებს შემამჩნევსო, თვითონვე ადგება და ჩამომეცლება, რადგანაც კლდეზედ გადასაჩეხებს უფრო ირჩევს, ვიდრე ჩემს ცოლობასა, და მაშინ ვისაც პირობა მივეც, იმას შევირთამო.
ეს აბეზარი ალერსი და ლოლოება გამდლისა და ქალის ნათესავ კაცისა და ზედ ახირებული ჭირვეულობა საცოლესი იქამდე მიიყვანს, რომ საწყალი ყმაწვილი კაცი ქალის სანდომს საქმროს გამოუტყდება და ეხვეწება, ერთი ამ ჯოჯოხეთს გადამარჩინეო, არც ამათი ქალი მინდა და არც ამათი ალერსიო, ქალის საქმრო გააპარებს ამ ყმაწვილ კაცს, და თუმცა გამდელი სადღაც მოასწრობს და უკანვე მოიყვანს, მაგრამ ქალი მაინც თავის სასურველს შეირთავს და პიესა ამით თავდება.
ბ-ნი საფაროვისა გასათხოვარ ქალსა ჰთამაშობდა და, უნდა მოგახსენოთ, თავიდამ ბოლომდე კარგი იყო და ნამეტნავად მეორე და მესამე მოქმედებაში. არტისტულად სასაცილო რამ იყო ბ-ნი გაბუნია გამდლის როლში. თვალწინ წარმოგვიდგა იგი ცოცხალი სახე ძველებურის გამდლისა, რომელსაც დღეს ძალიან იშვიათად სადმეღა შეხვდებით და რომელიც თან გადიყოლია ჩვენმა ძველმა დრომ. ხოლო საცინალის სალაზღანდაროდ გარდაქმნამ ბევრად წაუხდინა თამაშობა უკანასკნელს მოქმედებაში. ზედ დაეხურა გაპარულის ყმაწვილის კაცის შლიაპა, პალტო წამოესხა, უშველებელი ქოლგა გადეშალა და ისე შემოიყვანა ქურდულად წასული ყმაწვილი კაცი. ამის დანახვაზედ, მართალია, თვითონ სცენაზედ არტისტებსაც ყველას სიცილი აუტყდათ და თეატრმაც ხარხარი დაიწყო, მაგრამ ეს ის სიცილი არ იყო, რომელსაც ესტეტიური გრძნობა იწყნარებს და ითხოვს. არტისტი ამგვარად სიცილის ატეხას უნდა ძლიერ ერიდოს, თორემ არტისტობა, ბერიკაობად გარდაქმნილი, მეტისმეტად სამწუხაროა და დიდ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ბ-ნს გაბუნიას, რომლისათვისაც ღმერთს დიდი სიუხვით მიუმადლებია შეუდარებელი ნიჭი არტისტობისა.
ბ-ნ აბაშიძის თამაშობა ძალიან მოგვეწონა. იგი ჰთამაშობდა ალერსით მობეზრებულ ყმაწვილ კაცსა. თვითონ სათამაშო მისი სასაცილო არ არის არც სიტყვის ქცევითა, არც მიმიკითა; თვითონ მისი ყოფა და მდგომარეობაა სასაცილო და, ჩვენის ფიქრით, ღირსება მისის თამაშობისა ის იყო, რომ ამ მხრით თავის როლს არც ერთხელ არ უღალატა, თუმცა კი ზოგან, მაგალითებრ იქ, საცა ბ-ნი აწყურელი, ნათესავის კაცის მოთამაშე, თავისის უადგილო-ადგილის გულმტკივნეულობით და დაშაქრებულის ალერსით თავს აბეზრებს, - იქ შესაძლო იყო ბ-ნ აბაშიძეს მეტის სიცხოვლით თვისი აბეზარად მოსვლა გამოეხატა.
ბ-ნი აწყურელიც არ იყო ურიგო, მაგრამ ერთგან როლი დაავიწყდა და ძალიან გვიან მოაგონდა. რაწამსაც შემოვიდა ბ-ნ აბაშიძესთან და ბ-ნი აბაშიძე ფეხზედ წამოუდგა, აწყურელს მაშინვე უნდა ეთქვა, დაბძანდი, შენი ჭირიმე, ნუ ირჯებიო, და ეს ასე გვიან სთქვა, რომ ვიღაცამ ჩვენს გვერდით წამოიძახა: ვა, აქამდე სად იყო, ეხლა დაინახაო?..
ბ-ნი მესხიევი ვერ იყო, ჩვენის ფიქრით, ისე კარგი, როგორსაც მოველოდებოდით. გულსწრაფობა და სიფიცხე, მკვახე სიტყვები, მოურიდებლობა, პირში თქმა მართლისა, ვერ მოსდიოდა ისე, როგორც მოსდის ხოლმე პატიოსანს კაცს, რომელიც ვერ იშვნევს პირფერობას და მართლის გამოსათქმელად არ არის ჩვეული სიტყვის კმაზვაზედ ტყუილუბრალოდ მოსცდეს.
დასასრულ, წაკითხულ იქმნა რამდენიმე ლექსი და გლეხური სცენები. რამოდენადაც პირველი ცოტად თუ ბევრად იყო მოსაწონი, იმოდენად დასაწუნი იყო მეორე. ლექსი კარგად და გარკვევით გვესმოდა, ხოლო სხვადასხვა აზრს თავთავისი კილო ყველგან ვერ შეუწყო ლექსის მთქმელმა და ამიტომაც უფრო ერთნაირობა კილოსი აწუხებდა სმენას, ვიდრე საჭირო მრავალგვარობა ატკბობდა. გლეხურმა სცენებმა ხომ სულ უგემურად ჩაიარეს.
[1886 წ., 30 ნოემბერი - 3 დეკემბერი.]
ქართული თეატრის ნაკლოვანებანი
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 4 XII, № 263, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა: 1886 წ., 3 XII).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მის ატრიბუციასთან დაკავშირებით იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალა“)“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეიტანა პ. ინგოროყვამ 1953 წ., - ათტომეულის III ტომში, სათაურით - „ქართული თეატრი. წერილი მეოთხე“.
წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
წერილს ვათარიღებთ პიესის „ალერსთა ბადეს“ წარმოდგენის დღისა (30 XI) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
![]() |
2.31 „გავიყარნეთ“ და „ხანუმა“ |
▲back to top |
ქართული თეატრი
7-ს დეკემბერს ქართულს თეატრში წარმოადგინეს პირველად ახალი პიესა „გავიყარნეთ“. ეს პიესა თავდაპირველად ეკუთვნის სახელგანთქმულს მწერალს საფრანგეთისას სარდუს და ფრანგულად ჰქვიან: „Divorçons“. არ ვიცით, ბ-ნი სარდუ იცნობდაღა თავის შვილს, რომ იგი ენახა ჩვენს სცენაზედ? ჩვენ ამას იმიტომ ვამბობთ, რომ მისი „დივორსონი“ ჯერ აუღია ვიღასაც და რუსულად გადაუკეთებია, მერე რუსულად გადაკეთებულიდამ ქართულად გადმოუკეთებია ბ-ნ აბაშიძეს და ამ გადაკეთებ-გადმოკეთებაში თავისი შნო და მარილი სრულად შერჩენია თუ არა, - ეს თუნდა კოდელ ნინოსა ვკითხოთ.
რომ რუსულიდამ ქართულად გადმოკეთებაში ბევრი არაფერი დაჰკლებია ამ პიესას, ამას კი გულდაჯერებით ვიტყვით, იმიტომ რომ ქართულში გადმოკეთებულია მარტო სახელი და გვარები მომქმედ პირებისა, მოსკოვის სასტუმრო «Славянский Базар»-ი ტფილისის სასტუმროდ „ლონდონად“ არის გადაქცეული, მოსკოვის ქუჩა, ვგონებთ «Мясницкая», ავლაბრად მონათლულია და სხვა ყოველისფერი კი ისეა, როგორც რუსულად გადაკეთებულში. როგორც ვატყობთ, ჩვენში ჯერ გამორკვეული არ არის: რას უნდა დაერქვას გადმოკეთება? ამას განმარტება სდომებია, როგორცა სჩანს, და ჩვენც ნუ გვიკიჟინებენ, რომ ამ განმარტებას ორიოდე სიტყვა მოვანდომოთ.
სამართლიანად ჰნატრულობენ ბევრნი ჩვენგანნი, რომ ჩვენმა ქართულმა სცენამ რაც შეიძლება ხშირად გაგვიტაროს თვალწინ ჩვენის ცხოვრების ხატი და ამ ხატში გაგვიხორციელოს აზრი და საგანი ასე თუ ისე მიმავალ წუთისოფლისა. ხატი ცხოვრებისა ადამიანის ხასიათშიაც გამოითქმის და ზნეშიაც. ამიტომაც სასცენო ხელოვნებაში უფრო ორგვარი კომედიაა, ერთი კომედია ხასიათთა და მეორე ზნე-ჩვეულებათა. არ არის ქვეყანაზე არც ერთი იმისთანა კომედია, რომ ან ერთის ამგვარისაკენ არ იყოს მიხრილი, ან მეორესაკენ, ან ერთს ამგვარს არ ეკუთვნოდეს, ან მეორესა. ხასიათი და ზნე-ჩვეულება ყველგან არის, მაგრამ ყოველის თესლის ერს თავისი განსხვავებული ხასიათი აქვს და ზნე-ჩვეულება, იმიტომ რომ ხასიათის და ზნე-ჩვეულების ასე თუ ისე აგებაზედ მოქმედებს მთელი კრებული იმ გარემოებათა, რომელთ წრეშიაც სული და ხორცი დიდი ხანი უტრიალებია ერს და დღესაც ატრიალებს. შორს რომ არ წავიდეთ, ჯერ თუნდ ადგილმდებარეობა ვიქონიოთ სახეში, მიწა-წყალი, ერთობ კაცთ-გარეთი ბუნება, - ესეც კი ძლიერ მოქმედებს ადამიანის ხასიათისა და ზნე-ჩვეულების სხვადასხვაობის შესაქმნელად. ჯერ ერთისა და იმავე თესლის კაცი მთიული და ბარელი აიღეთ და ამათშიაც, ხასიათს მიხედავთ თუ ზნეს, თვალსაჩინო განსხვავებას იპოვით და რაღა ითქმის იმ კაცებზედ, რომელნიც სულ სხვადასხვა თესლისანი არიან და სხვადასხვა ქვეყნის შვილნი. თუ ესეა, რაღა გვეთქმის ერის ისტორიასა, საოჯახო და საზოგადოებრივს წყობილებაზედ და ერთობ იმ რთულ და მრავალგვართა ხილულთა და არახილულთა ძალთა ყოვლად ძლიერ ზედმოქმედებაზედ, რომელნიც შიგნიდამვე ჰქმნიან ხასიათსა და ზნე-ჩვეულებასა ერთისა თუ მეორე ერისას.
ამიტომაც, როცა სასცენო ხელოვნება სხვისის ცხოვრების ხატსა ჰკიდებს ხელს ჩვენს სცენაზედ გადმოსატანად, ორში ერთი უნდა იქონიოს სახეში: ან იგი, რომ სხვისი ცხოვრება, ხასიათს თუ ზნე-ჩვეულებაში გამოთქმული, გვაცოდინოს ისე, როგორც არის, უტყუარად და შეუცვლელად, ან იგი, რომ მარტო აზრი, საგანი აიღოს, თუნდა მთელი აგებულებაც პიესისა, ოღონდ იქ კი, საცა სხვისა ხასიათი, ზნე-ჩვეულება და ვითარება ცხოვრებისა არ შეგვეფერება, არ გვიხდება, გვეუცხოება, იქ ჩვენი ხასიათი, ჩვენი ზნე-ჩვეულება, ჩვენის ცხოვრების ვითარება ჩააყენოს. ამით უცხო ხატი სხვისის ცხოვრებისა ცოტად თუ ბევრად ჩვენის ცხოვრების ხატად გარდიქმნება და რამოდენადაც ეს გარდაქმნა დიდია, იმოდენად ნაშრომი კარგია და მოსაწონი. პირველს შემთხვევაში ნაშრომს თარგმანი ჰქვიან და მეორეში - „გადმოკეთებული“. გადმოკეთებას სხვა აზრი არა აქვს, სხვა არავითარი საბუთი არა აქვს, თუ არ იგი, რაც ჩვენ ვსთქვით ამის შესახებ.
გადმომკეთებელს უფრო დიდი საგზალი უნდა, უფრო მეტი ღონე სჭირია, უფრო მეტი ცოდნა, უფრო მეტი ნიჭი, ვიდრე მთარგმნელსა. გადმომკეთებელს ის ღონეც უნდა ჰქონდეს, რაც მთარგმნელს, და ამას გარდა თვითმომქმედი ძალიც შემოქმედობისა. იმიტომ რომ საგნადა აქვს იგი ხატი კი არა, რომელიც მზად გამოსახულია პიესაში და რომელსაც მარტო გადაღებაღა უნდა, არამედ იგი, რომელიც პიესაში არ არის და ახლად შექმნა სჭირია, რომ ჩვენის ცხოვრების ხატად გვეჩვენოს. აქ ხორცუსხმელნი შთაბეჭდილებანი სულ ახალის, თუმცა კი წინადვე განცდილის, ნათვალიერების და ნახულის ცხოვრებისა ხორცშესხმას ჰთხოულობენ და ამისათვის ცოტად თუ ბევრად საჭიროა ცხოველმყოფელი ფანტაზია და ძალი შემოქმედებისა, როგორცა ვსთქვით. ამ სახით, გადმომკეთებელი უფრო თვითმომქმედია, ვიდრე მთარგმნელი, რომელიც, რაც უნდა ვსთქვათ, მაინც ცოტად თუ ბევრად მონაა მისი, ვისაც სთარგმნის. გადმომკეთებელს კი შეუძლიან თავი მოიწონოს იმით, რომ ქარგა სხვისაა, იქმნება ფერადიც სხვისა იყოს, მაგრამ სახე კი ჩემია და ჩემი ნაქსოვიაო. ეს „ჩემი“ დიდი სამაცდურო რამ არის და ამით თუ აიხსნება იგი, რომ პირდაპირ ნათარგმნი ხშირად „გადმოკეთებულის“ სახელით აგვეტუზება ხოლმე თვალწინ. გადმოკეთებას უფრო დიდი აბრუ აქვს და ამ აბრუს დაკუთვნებაზედ ბევრი უსაბუთოდ ხელს იწვდის ხოლმე.
გადმოკეთება პიესისა, ისე როგორც ჩვენ, ჩვენის შეძლებისამებრ აღვნიშნეთ, დიდად საპატივო შრომაა, ვისაც კი შეუძლიან. რა თქმა უნდა, ჩვენი საკუთარი პიესები რომ გვქონდეს, იმას არა ემჯობინება რა, მაგრამ როცა ეგ არ არის, მაშინ გადმოკეთება რიგიანის პიესისა ორს კურდღელს ერთად დაგვაჭერინებს: ერთი, რომ ყოველი რიგიანი პიესა საყურებლად სასიამოვნოა და ჩვენს საკუთარს ურიგო პიესაზედ ბევრად სამჯობინარია, და მეორე - თუ კარგად გადმოკეთებულია ჩვენს ხასიათსა და ზნე-ჩვეულებაზედ, ნატვრას ჩვენის საკუთარისას ცოტად თუ ბევრად აკმაყოფილებს. ჩვენ თუ დღეს ამ გადმოკეთებაზედ სიტყვა ჩამოვაგდეთ, აზრად ისა გვქონდა, რომ ეს ორკეცი კმაყოფილება სახეში იქონიონ მათ, ვინც საპატიო შრომას სხვის პიესის გადმოკეთებისას ხელსა ჰკიდებს.
წარსულ კვირას წარმოდგენილი „გავიყარნეთ“ პირველს საჭიროებას გადმოკეთებულის პიესისას საკმაოდ აკმაყოფილებს. პიესა რიგიანია ყოველისფრით, სასიამოვნო საყურებელია და არანაკლებ სასიამოვნოა სასმენადაც, რადგანაც აზრიანია, მერე მეტისმეტად თანასაგრძნობი აზრიანი, და კაცი ხალისიანად ადევნებს გულისყურს ბოლომდინ. ვერ ვიტყვით, რომ ნასკვი პიესისა (завязка) ღრმად ჩასაფიქრებელს რასმეს მოასწავებდეს, ან ისე რთულად შეკრული იყოს, რომ მისი გამოხსნა ატყვევებდეს ადამიანის ყურადღებას და იზიდავდეს ჭკუა-გონებასა. პიესა აგებულია ერთს სადა აზრზედ, რომელსაც მით არანაკლები ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხან ერთის სახით, ხან მეორის სახით, და რომელიც ხშირად დიდ უბედურობის სათავედ და მიზეზად შეექმნება ხოლმე ადამიანს, თუ კაცმა მართალი, ბუნებური ძარღვი ვერ უპოვა, თვის ცხოვრებაში განუკითხველად უადგილო ადგილი დააჭერინა და სადავე მიანება, ერთის სიტყვით, თუ რიგიანად არ მოუარა და არ გაუძღვა.
თუმცა ამ პიესაში მიზეზი ცოლ-ქმართა აშლისა, რომელმაც გაყრის სურვილამდე და გადაწყვეტილებამდე მიაღწია, ჩვენს ცხოვრებაზედ მეტად შორს არის, ასე, რომ სრულებით არ უხდება არც ჩვენს ზნე-ჩვეულებასა, არც ჩვენს ხასიათსა, არც ჩვენებურის კაცის თუ ქალის გულის ტკივილსა, მაგრამ იგივე სხვა გულის მოძრაობიდამ, სხვა გულის ნადებთაგან მოივლინება ხოლმე ხშირად ჩვენ შორისაც, და რადგანაც კაცმა მისი ჯეროვანი გაძღოლა არ იცის, თვითონაც იმწარებს ცხოვრებასა და სხვასაც უმწარებს. საქმე ის არის, რომ გულუბრყვილო, გულწმინდა შეცდომილებას, უგუნურს და უცოდველს გატაცებას, თუნდ ბიწისა და ბოროტისაკენ, ახირება და ბორკილი უფრო გამოადგება წამლად და გამოსაკეთებლად, თუ ტკბილად და დაყვავებით მოქცევა? ავტორი გვასწავლებს, რომ ტკბილად მოქცევა ამ შემთხვევაში უებარი წამალია ცდომილის მორჯულებისათვის. ჩვენა ვსთქვით, რომ იგი ნასკვი, საიდამაც ამ პიესაში ცდომილება წარმოსდგა და ცოლქმრობა შეარყია, ჩვენს ცხოვრებაში სრულებით იმ ძაფთაგან არ გამოინასკვება, მაგრამ თვითონ მაგალითი და გზა გამოკეთებისა ისე ზოგადია, ისე მშვენივრად და ნათლად არის გარკვეული, ისე ცოცხლად არის გატარებული, ისეთის ხერხით და ჭკუითა, რომ მაყურებელს, ვინც უნდა იყოს, ერთნაირად გული ბოლომდის ინტერესით უცემს, ვნახოთ ერთი, რა გამოვაო. სიმართლე ამ გზისა საყოველთავოა, კაცობრიულია და ყველასათვის მეტისმეტად საგულისყურო.
სვიმონ ლომინაძეს, კარგა მდიდარს და ამასთანაც ჭკუადამჯდარს და გამოცდილს ყმაწვილ კაცს, ცოლად ჰყავს ყმაწვილი ქალი ნინო. ქალი არ არის უჭკუო, მაგრამ ცოტად თუ ბევრად ჭკუა შელახული აქვს წინდაუხედავის სწავლითა და ურიგო, გულდაუდებელ წვრთნითა და გაზდილობითა. მაგრამ არც კი ისე წარამარად მოუბარია, როგორც თითქმის ყველა ეხლანდელი ზეზეურა და ნასწავლი ქალი, რომელიც ქალის საზოგადოდ დაჩაგრულს ყოფას თითქმის მარტო იმაში ჰხედავს, რომ მამაკაცსავით თავისუფალი არ არის გაუკიცხავად გულისწადილს აჰყვეს და ტრფიალების ეშხით დაითროს ჟინი გულისა.
„თქვენ მამაკაცთა რა გიჭირს, - ეუბნება ერთგან ცოლი ქმარსა: - თქვენ თქვენი საქმე ლამაზად მოგიწყვიათ. მინამ უცოლონი ხართ და ყმაწვილკაცობაზედ თავს სდებთ, ჰცელქობთ, ჰსჭექთ და ჰქუხთ, თავს ირთობთ ათასნაირის სიამოვნებით და სიტკბოებით. იმხიარულე, შეექეც, ჩემო კარგოო, გეუბნებათ დედა. დეე, იქეიფოს, ჟინი მოიკლას, დრო მოვა და დადუღდებაო, იძახის მამა. ყმაწვილი კაცი ხტის, დარბის, ქეიფობს ხან ქერათმიან ქალთან, ხან შავთვალწარბასთან. გაუმარჯოს ყმაწვილკაცობას!.. ასე ატარებს დროს, ვიდრე ქანცგაწყვეტილი, ღონემიხდილი, გაქელილი, გაცვეთილი არ იტყვის: ეხლა კი დროა ცოლი შევირთოო. აიღებენ და ამისთანას მისცემენ ხოლმე ნაზს, ყმაწვილს, გამოუცდელს და უმწეო ქალს, ის-ის არის დედის უბისაგან მოშორებულს. საბრალო ქალმა არა იცის რ ამ წუთისოფლისა, გარდა იმისა, რომ ყველაფერს უმალავენ, არა იცის რა ბუნებისა, გარდა იმისა, რომ ყველაფერს უკრძალავენ, არა იცის რა ტრფიალებისა, გარდა იმისა, რასაც თვითონ მიაგნებს ხოლმე. ქანცგალეული ქმარი უგულოდ დაისაკუთრებს ხოლმე ცოლსა, თითქო რაიმე ნივთიაო და ეუბნება: რა ბედნიერი ხარ, ჩემო კარგო, რომ ჩემისთანა ქმარი შეგხვდაო... ჩემზედ მეტად ვერავის ეცოდინება შენი სიყვარულიო. საბრალო ყმაწვილი ქალი, ჰგრძნობს რა ამაში ცოტაოდენ სისაძაგლეს და სიაუგეს, ოხრავს და ჰფიქრობს: „ეს რა ამბავია!.. ნუთუ მარტო ეს არის და სხვა არარა!.. მე კი რას არ მოველოდებოდი! რა არ მეგონა!..“ უგუნური ბატკანი ყოველს ამას ემორჩილება და იჯერებს; გულგრილი დედაკაცი - აინუნშიაც არ იტარებს და იტანს. ხოლო ცოლი კი, ჭეშმარიტი ცოლი კი ამბობს თავის გულში: რაო? სულ ტყუილია!.. სულელობაა!.. უკეთესიც არის ხოლმე. განა ამ დაშაქრებულ პირწყლიანობისაგან აინთება ხოლმე გულთა ვნება სიშმაგემდე... დანაშაულობამდე... ცოდვამდე!.. განა ამისთანა უმარილო ბედნიერებისათვის რომეო სასიკვდილოდ თავს გაიწირავდა, მოაჯრიდამ რომ ყირამალა წამოვიდა!.. ლეანდრი ზღვას შეეჭიდებოდა და გავიდოდა!.. ეღირებოდა კი იგი ბედნიერება ამ თავგანწირვად!.. ტყუილია!.. ცხოვრება სხვაგვარიც არის და უფრო მშვენიერიცა... და იგი ცოლი ეძებს, აქეთ-იქით თვალს აკვირვებს, ჰტყობილობს, სწავლობს წუთისოფელს და ბოლოს იმოდენად მაინც გაისწავლება ხოლმე, რომ შეუძლიან ქმარს თვალი გაუსწოროს და პირდაპირ უთხრას: თქვენ მე მომატყუეთო... თქვენთვის ქორწინება, ჯვარისწერა რა არის? თქვენთვის უკანასკნელი საფეხურია ცხოვრების კიბისა, ჩვენთვის კი პირველი. ქმრისათვის დასასრულია ის, რაც ცოლისათვის დასაწყისია. ღმერთო, რა მშვენიერი ნატვრა და ოცნება მქონდა ინსტიტუტში... რასაც კი წადილი გულისა ნეტარებას ჰლამობდა, ყოველს იმას მოველოდი ცოლქმრობაში. ქმარი გმირი და მოტრფიალე, - აი რა იყო ჩემი ნატვრა! მე წარმოდგენილი მყვანდა იგი მშვენიერ, ბუნდოვან და მოხდენილ ყმაწვილ კაცად: ხან თავდაჭერილი და მორჩილი, ხან ჟინიანი, შეუპოვარი და თავის ნებისა; ხან ფეხქვეშ ფიანდაზად მეშლებოდა, ხან მეცემოდა, ვითარცა ვეფხვი, რომ ხვევნითა დავერჩვი... ერთის სიტყვით, მშვენიერს სიზმრებში ვიყავი და მათთა სამაგიეროდ რას ვხედავ? ღმერთო ჩემო! ერთნაირს ტაკა-ტუკს კედლის საათის ენისას... ერთსა და იმავე უგემურს შიშინს მწვადისას გაღუებულს მაყალზედ... არც მარილი, არც პილპილი... არაფერი იმისთანა, რაც ახალისებს და აძლევს გემოსა. მე თქვენს გაცვეთილს გულს, თქვენს საქებურს გამოცდილებას ვეუბნები, მე ყმაწვილი ქალი ვარ, ჩემს ძარღვებში საღი და მხურვალე სისხლი ჰტრიალებს, მე ვგრძნობ რაღაც ჩემთვისაც კი გამოურკვეველს წყურვილს დატკბობისას... ღვთის გულისათვის გემუდარებით, გეხვეწებით, ცოტა „ტრუფელები“, ცოტა შამპანური ღვინო!.. და თქვენ კი მეუბნებით: „არა, უკეთესია და უფრო ნოყიერია დაკეპილი ხორცი კართოფილითაო“. მადლობელი გახლავართ, მადლობელი მაგ წყალობისათვის!“
სიტყვა გაგვიგრძელდა და ამაზედ შევწყვიტავთ ლაპარაკსა შემდეგამდე. რაკი გაზეთში უადგილობის გამო წერილების შეწყვეტა მოგვიხდა, ჩვენ ვარჩიეთ ამ უადგილო-ადგილას შეგვეწყვიტა, იმიტომ რომ ჯერ ნასკვი პიესისა, ჩვენის ფიქრით, ამ სიტყვებშია, და მერე, - ჩვენ გვსურს მკითხველს დრო მიეცეს ამ ქალის საგულისხმიერო სიტყვებს ღრმად ჩაუფიქრდეს და ვიდრე ჩვენ ჩვენსას ვიტყოდეთ, მკითხველსაც წინადვე შედგენილი ჰქონდეს თავისი საკუთარი აზრი ჩვენის აზრის შესამოწმებლად.
***
ჩვენ წინად მოვიყვანეთ ლომინაძის ცოლის სიტყვები და, თუ კაცი დააკვირდება პიესას, ჰნახავს, რომ მიზეზი ცოლქმრობის აშლილობისა პიესაში „გავიყარნეთ“ ამ სიტყვებით გამოთქმულ აზრებშია გამონასკვული. ესეც ვიცით, რომ ამისი მთქმელი ქალი ინსტიტუტშია გაზდილი, მაშასადამე, ცოტად თუ ბევრად სწავლამიღებულია და განათლებული. ეხლა ვიკითხოთ, შესაძლოა ამისთანა მიზეზი წარმოსდგეს იმ ქალის გულისნადებთაგან, რომელიც ჩვენებურს ინსტიტუტშია გაზდილი? პირფერობა რა საჭიროა და პირდაპირ ვიკითხოთ: შეგხვედრიათ, მკითხველო, ჩვენს ეხლანდელს, ეგრედ წოდებულ, განათლებულთა ქალთა შორის ერთი იმისთანა მაინც, რომ გონების თვალწინ გამოხატული ჰქონდეს რაიმე სასულიეროდ სასიამოვნო საგანი, რომლის მისაღწევად მართლა ან გული ერჩოდეს, ან ჭკუა-გონება!.. ნუ არევთ ამაში ხორცის თვალთა წინ გამოხატულს საგანსა, ამისი უნარი ყველასა აქვს, და იქონიეთ სახეში მარტო გონების თვალი და ისე გვიპასუხეთ.
სჯობს საყვარელსა უჩვენო
საქმენი საგმირონია, -
დიდი ხანია სთქვა გულთამხილველმა რუსთაველმა და აი გულაღფრთოვანებული ნინო ამ „საქმეთა საგმიროთა“ ელოდდა თავის ქმრისაგან. ქმარი გმირი და მოტრფიალე - აი ჩემი ნატვრა რა იყო, - ეუბნება იგი ქმარსა. განა რომეო, რომელმაც თავი გაიწირა სიყვარულისათვის და მოაჯრიდამ თავდაყირა წამოვიდა, ან ლეანდრი, რომელიც იმავე სიყვარულისათვის ზღვას არ შეეპოვა და გააპო, ესე მოიქცეოდაო, - ჰკითხავს იგი თავის თავს და სრულის რწმენის ძალით მოსილი იძახის: არა, არაო! ყოველ ამაში სჩანს, რომ აქ მოძრაობს სული, რომელიც თავისთავს შეხუთულად ჰგრძნობს. ყოველ ამაში სჩანს, ნინოს ის მწვავი წყურვილი და ხალისი აქვს, რომ ყველაფერი საკუთარის ჭკუით გამოსწლას, გამოშიგნოს, ბუნება შეუტყოს და თავის სახელი დაარქვას. ეგ არაფერია, თუ ამაებში სცდება, საქმე გამორკვევის წყურვილი და ხალისია, რომელიც ჭკუადახშულს ან გულს, სულიერი სიტკბოებისათვის მკვდარს, თავის დღეში არ მოევლინება. ამიტომაც რომეოსი და ლეანდრის ამბავი ზღაპარსავით კი არ დახსომებია - რომეომ ესა ჰქმნა, ლეანდრმა ესაო, როგორც ჭკუაგაუხსნელთ, ტყუილ-განათლებულთ მოსდით ხოლმე; იგი ჰცდილა და თვით ხორცთუსხმელის აზრისათვის ასე თუ ისე მიუგნია და ატაცებულა გულწრფელად იმ სიყვარულის ყოვლად ძლიერებითა, რომელსაც ადამიანი თავისთავის გაწირვამდე მიჰყავს უანგარიშოდ, უანგაროდ და უნანებლად.
რაკი თავისი ქმარი ამ სურვილით გაღვიძებულმა ქალმა თავის ნატვრას შეუწონა და ცოლქმრული მშვიდობიანი სიყვარული - განსაცდელიანს სიყვარულსა, ჰნახა, რომ ნატვრა გაუმტყუვნდა. მისმა პატიოსნებამ ვერ აიტანა გაცუდება ნატვრისა, ეგ გულის ადრე და მალე სიკვდილი, და განქორწინებაღა დარჩა თავისის ნატვრის აღდგენისა და განხორციელებისათვის. ვსთქვათ, ყოველ ამაში სცდება ნინო, მაგრამ რა გულის შესატკივარი, რა ლამაზი, თუ ეგრე ითქმის, რა მარილიანი და მომხიბლავი შეცდომაა!... აქ გული კი არ გვემღვრევა ცდომილზედ, არამედ გინდა ამ გულუბრყვილო ცდომილს ცდომის კარამდე სიყვარულით და სიტკბოებით მიჰყვე, რომ თვითვე დაინახოს თავისი შეცდომა და გამოკეთდეს. იმიტომ, რომ გულუბრყვილო, გულწმინდა ცდომილისათვის - დანახვა ცდომისა და ერთბაშად გამოკეთება ერთია. განა ჩვენებური ეხლანდელი, ეგრედ წოდებული, განათლებული ქალი იმოდენად სულით გაღვიძებულია, რომ გონება და გული ატრიალოს იმისთანა აზრებში, რომელიც მიჰსევია ნინოს? ჩვენში არა გვგონია, ეხლანდებურად განათლებული ცოლი ქმარს აეშალოს იმის მიზეზით, რომ გაღვიძებულის სულისაგან შექმნილი ნატვრა გაუმტყუვნდა და გაუცუდდა. იმიტომ რომ ჯერ სულის ღირსის ნატვრის ღონე და უნარი უნდა იყოს, მერე თვითონ ნატვრა და მერე მისი გამტყუვნება. სად არის?
ჩვენს ეხლანდელებრ განათლებულს ქალს განა „საქმენი საგმირონი“ გულს სიყვარულით აუფეთქებენ? გმირს კი ეძებს ვინმე და არა ფერ-უმარილით გაგლესილს თოჯასა, ანუ ოქროთი გატენილ ტომარასა?
ჩვენში უფრო ადვილია ეხლანდებურად განათლებული ცოლი ქმარს აეშალოს, რატომ ატლას-ბაბთის კაბა არ მიყიდეო, ვიდრე იმის გამო, რომ რატომ რომეოს და ლეანდრს არა ჰგევხარო. ჩვენში უფრო ადვილად წარმოსადგენია „შლიაპიანი“ და „ტურნურიანი“ ქალი ქმარს შემოსწყრეს და კიდეც გაეყაროს, - ჩოხა რად გაცვია და ყალმუხის ქუდი რადა გხურავსო, ვიდრე იმის გამო, რომ გმირი არ ხარო.
შესაძლებელია განა ჩვენებურმა ეხლანდელებრ მითამდა განათლებულმა ქალმა შავი ზანგი ოტელო შეიყვაროს მარტო მისთა „საგმიროთა საქმეთა“ გამო, როგორც იგი შეიყვარა მშვენიერმა დეზდემონამ და როგორც უსათუოდ შეიყვარებდა იმისთანა ქალი, როგორიც ნინოა? გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლიან და სხვას არასფერს. ჯერ ჩვენში ამისთანანი არ არიან მამაკაცთა შორისაც, რომელთაც ჭეშმარიტის განათლებისათვის კარი ყველგან ღია აქვთ, და ქალები სად მოიპოვებიან.
აი, ამიტომაც ვსთქვით დასაწყისში, რომ იგი მიზეზი ცოლ-ქმრობის აშლისა ადვილად ჭკვადმისაღებია საფრანგეთში და ჩვენში კი ციდამ ჩამოსული ამბავია. ჩვენებურთა მითამდა განათლებულთა ქალთა გულისნადები, გულისტკივილი, ნატვრა-სურვილი სულ სხვაა, ჩვენდა სამწუხაროდ. ჩვენში ხორციელი თვალი უფრო მოქმედებს, ვიდრე თვალი სულისა. ჩვენში შესაძლოა ხორცის თვალით წარმოდგენილი საგანი ნატვრისა გამტყუნდეს და ამან აშალოს მშვიდობიანი მდინარეობა ცოლქმრობისა. ამისი არა ერთი და ორი მაგალითია. მაგრამ რომ ვიგულოთ სულიერის ღონით აგებული საგანი ნატვრისა და ცხოვრების აშლილობა ამისთანა ნატვრის გამტყუნებას დავაბრალოთ, ეგ ჯერ კიდევ სანატრელი სიზმარია. ამიტომაც, რაკი ხსენებულის პიესის გადმომკეთებელს მართლა გადმოკეთება მოჰსურვებია, სხვა, ჩვენებური მიზეზი აშლილობისა უნდა გამოენასკვა პიესის ნასკვად. სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი გვეოცებოდა, რომ პიესის მსვლელობას ვუყურებდით: სად ჩვენებური მითამდა განათლებული ქალი და სად სულიერად სასიამოვნო ნატვრა და ამ ნატვრის გაცუდება!.. გონებას არა სჯეროდა, რაც ყურს სცენიდან ესმოდა. ისიც კი გვეხამუშა და გვეხამა ყურში, რომ ქმარმა, ესე იგი მითამდა ქართველმა ლომინაძემ, ათიათასი თუმანი აღუთქვა თავის ცოლს მზითვად, რაკი მეყრები და სხვას ირთავო. რომ ეს ცოტაოდნად მართალსა ჰგვანებოდა, ეს ათიათასი თუმანი ხუთას თუმანზე მაინც გადმოეკეთა გადმომკეთებელს, რომ აღთქმა მაინც ქართველების ჯიბის შესაფერი ყოფილიყო. ეს წუნი ცოტა რამ არის, მაგრამ სასცენო ხელოვნებაში ამისთანა ცოტა რამაც მაყურებელს ცოტად თუ ბევრად უფუჭებს გუნებასა.
მართალია, ნინო იმდენად სხვაზედ წარმატებულია და გონებაგახსნილი, რომ წყურვილი და სურვილი სულიერად სასიამოვნო ნატვრისა არა აქვს მოკლული და ასე თუ ისე იგი საგანი ნატვრისა შეუქმნია თავის საკუთარის, თვითმომქმედის სულიერის ძალღონითა. ესეც, როგორცა ვსთქვით, დიდი საქმეა, იმისდა მიუხედავად, თუ რა სიკეთისაა თვით საგანი ნატვრისა, იმოდენად დიდი საქმეა, რომ ჩვენს მითამდა განათლებულ ქალებში ძნელად იგულისხმება. ნინო ჯერ ყმაწვილი ქალია. მართალია, გამორკვევის წყურვილი იმოდენად გაღვიძებული აქვს, რომ რაც კი ყმაწვილობის მოკლე ხანში უნახავს, გაუგონია, გამოუცდია, ყოველ აქედამ ზოგიერთი ჭკუა უსწავლია და თავისი აზრი შეუდგენია. ამ საგნებზედ მისი ნათქვამი სიტყვები მეტისმეტად არიან გამსჭვალულნი რწმენის ძლიერებითა და ზოგან ძლიერ მართალნიც, ასე, რომ სიმწვავე და სუსხი უფერუმარილო მართლისა გულში მოსახვედრია და საგრძნობელი. კაცი ყურს უგდებს და სასიამოვნო გულის ტკივილით თანაუგრძნობს ქალს, რომელსაც გული გაჰდაშლია პატიოსანის, წმინდის, მაგრამ მჭექავ-მქუხავის სიყვარულისათვის და იგი მჭექავ-მქუხავი სიყვარული ცოლქმრობაში ვერ უპოვია. ყოველივე ეს მართალია, მაგრამ ნინო ამასთან იმოდენად უცოდინარია წუთისოფლისა, რომ ადამიანის ცხოვრება რომანი ჰგონია და ცოლქმრობა კი - სარბიელი ამ რომანისა. ის კი არ იცოდა, რომ ჭეშმარიტი სიტკბოება ცოლქმრობისა ნელსა, წყნარსა და მშვიდობიან სიყვარულშია და ცოლქმრობას ამის მეტის მოტანა არ შეუძლიან. ესეთი სიყვარული ჰქონდა ქმარს ნინოსი, მაგრამ ნინომ სიყვარულად არ იცნა. „თქვენ მე მომატყუეთო“, ეუბნება სიმწარით ქმარსა, რადგანაც განსაცდელიანი, რომანებში ამოკითხული მოუსვენარი სიყვარული ვერ იპოვა და მშვიდობიანი კი ვერ იცნა. აი გულწმინდა, პატიოსანი ბავშვი, აქ კი წარამარა სწავლისა, გაწრთვნისა და კითხვისაგან წარამარად თვალახილებული! სწავლისაგან საკმაოდ არგანათლებული გონება, გაუწურთნავი ამ მხრით გული, ვერ მისწვდა ამისთან სიყვარულსა. ეს კიდევ არაფერია, კაცი ამისთანა გულწრფელს ცდომას, როგორც იქნება, შეიწყნარებს. წარამარად სწავლასა და გაწვრთნასა სხვა არანაკლებ მძიმე საგანი ცხოვრებისა მისთვის ბნელში გაუგდია. ნინოსა ჰშურს მამაკაცის თავისუფლება. მერე რაში ჰშურს? იქნება გეგონოთ იმაში, რომ მამაკაცს ყველგან გზა გახსნილი აქვს საქვეყნო მოქმედებისათვის და ქალს კი დახშული? ეს ხომ სამართლიანი და პატივსადები შური იქნებოდა. ქალს საბუთი აქვს ამ მხრით გულისწყრომისა და საყვედურისა, იმიტომ, რომ დღეს საქმე ასეა მოწყობილი, ეხლანდელი საზოგადოება ასეა აგებული. არა, ნინოს თავისუფლება მამაკაცისა ჰშურს მარტო იმაში, რაც გასაკიცხავია და დასაძრახისი თვით კაცისათვის. „თანასწორობა გვინდაო“, ეუბნება ერთგან ცოლი ქმარს პასუხად: „თქვენა ჰქეიფობთ, ჩვენც მოგვეცით ნება ვიქეიფოთო, და თუ ჩვენ მოწყენილი ვართ, თქვენც მოიწყინეთო“. თქვენ, მამაკაცებს, რა გიჭირთო, ეუბნება ისევ ქმარს სხვა ადგილას: მინამ უცოლოები ხართ, ხან ერთ ქალთან ქეიფობთ და სტკბებით, ხან მეორესთან, და როცა მოიქანცებით და მოგწყინდებათ, მხოლოდ მაშინ იტყვითო: ახლა კი დროა ცოლი შევირთოო. ნინო, ამისი მთქმელი, გულწმინდა და პატიოსანი ქალია, მაგრამ იმოდენად წინდაუხედავად ნასწავლია და გულდაუდებლად ნაწურთვნი, რომ მარტო ესა ჰშურს მამაკაცის თავისუფლებისა და გონება ვერ მიუწვდენია იმ ჭეშმარიტ განათლებულ თავისუფლებამდე, რომელიც მარტო მაღალ ზნეობას გზას უხსნის და ამისთანებში კი ადამიანს ჰხუთავს და ჰზღუდავს რკინის ბორკილზედ უარესად. რა არის იგი სწავლა, განათლება, ზნეობა-გაწრთვნილობა, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა, იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა, რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ყმობა არ არჩევინოს! ამაში კი, სწორედ მოგახსენოთ, არც ჩვენებური განათლებული ქალები ჩამოუარდებიან ნინოსა.
***
ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ ლომინაძის ახალგაზრდა ცოლი ნინო ჭკუაგაღვიძებული და გრძნობაწარმატებული ქალია. მისი გონება და გული ჰტრიალებს იმისთანა სფეროში, რომელიც ჭკუაგაუხსნელ და გრძნობადახშულ ადამიანისათვის ძნელი საფიქრებელია და მიუწდომელიც. მაგრამ ესეცა ვსთქვით, რომ არც იმოდენად განათლებული, გაწრთვნილი, და თვალახილულია, რომ ამ სფეროში გზა-კვალი გამოეგნო. ყოველივე მისი ცდომილება აქედამ არის წარმომდგარი. მაღალი სიყვარული უნდოდა, შეჰხედა ამ სიყვარულს და ვერ იცნა; თავისუფლება უნდოდა და არა იგი ჭეშმარიტი თავისუფლება, რომელიც ბოროტისათვის რკინის ბორკილია; გმირი უნდოდა ქმრად და საყვარლად და ერთს ვიღაც მჩვარს კაცს კი გადაეკიდა, იმისთანა ყმაწვილ კაცს, რომელიც მისის ქმრის ფეხის მტვრადაც საკადრისი არ იყო. იგი ყმაწვილი კაცი, რომელსაც პიესაში ჰქვიან ანაპოდისტე და რომელსაც ნინომ თავისი, ქმარზედ აყრილი, გული მითამდა დააკუთნა, ერთი იმისთანა გულამოჭვარტლული, ჭკუადაბინდებული და ზნეწამხდარი კაცია, რომელსაც ქვეყანაზედ არა გააჩნია რა გარდა იმისა, რომ ყოვლად უსირცხვილოა და მეტისმეტად კადნიერი ქალებთან. აი, ეს გაგლესილი თოჯა, ჭკუით მკვდარი, გულით წაბილწებული ყმაწვილი კაცი შეიყვარა მითამ ნინომ და ამაში იპოვა იგი გმირი და მოტრფიალე საქმრო, რომელსაც ინსტიტუტში ჰნატრობდა და რომელიც ქმარში ვერ იპოვა. რადგანაც ნინო ამასთანავე პატიოსანი ქალია, ჰზიზღობს ცოლქმრობის გარე სიყვარულსა და ამიტომაც გადაჰკიდებია ქმარს, გამეყარე კანონიერად, რომ ჩემი საყვარელი კაცი შევირთოო.
ჭკვიანი ქმარი მიუხვდა, რომ ნინოს ყოველივე ეს მოსდის გულუბრყვილო უმეცრებითა, რომ ნინო ამ შემთხვევაში გულწმინდად არის გატაცებული. ამასთან ეჭვაღებული ქმარი უტყუარის საბუთებით დარწმუნდა, რომ ნინო ყოვლად უცოდველია, თუმცა მიზიდული კია იმ მჩვარ ყმაწვილ კაცისაკენ და ერთმანეთისათვის გული კიდეც აუხდიათ და სიყვარული გამოუცხადებიათ. ქმარი სწუხს იმიტომ, რომ ნინო უყვარს სულითა და გულით, მაგრამ მწუხარებას არ ეჩაგვრინება და გონიერებას არ ჰკარგავს. თვისდა საბედნიეროდ, ჰხედავს, რომ ამისთანა საქმეში ახირება, ტუქსვა, წყრომა, რისხვა, ყვედრება უფრო გააჭირვეულებს, გააძლიერებს, გააჯიუტებს მცდარის სიყვარულის გრძნობას და ნინო სამუდამოდ ხელიდამ გამოეცლება. ამასთან დარწმუნებულია, რომ ცდომის დანახვა და ერთბაშად გამობრუნება ერთი იქნება, თუკი ნინოს ამ ცდომას მისისავე თვალით როგორმე აჩვენებს. როგორ მოახერხოს ეს ძნელი საქმე? გულდინჯად ავყვები ნინოს და ვაჩვენებ თავს ისე, ვითომც მეც ვხედავ, რომ მართლა მე გადავეღობე წინ მის ბედნიერებას და ზნეობა ნებას არ მაძლევს ჩემს საკუთარს ბედნიერებას სხვისი ბედნიერება შევწირო და მტლად დავუდოო. ამასაც მიხვდა ჭკვიანი ქმარი ნინოსი, რომ ამისთანა პატიოსანი ქალი, როგორც ნინოა, მართლის სიყვარულით ვერ შეიყვარებდა იმისთანა ყოვლად უხეირო კაცს, როგორც ანაპოდისტეა, და თუ აქ თვისი გრძნობა მისდამი სიყვარული ჰგონია ნინოს, ეგ შეცდომაა. რაც უნდა იყოს, ნინო სულიერს სიამოვნებას ეძებდა სიყვარულში და სწორედ ამ მხრით ყოვლად უვარგისი იყო ის ჩიტირეკია ანაპოდისტე. ყოველივე ეს გულდინჯად მოისაზრა ლომინაძემ და ცოლს აჰყვა და ახირებით არ გააკაპასა და არ გააჯიუტა. ბატონი ხარ, გაგეყრებიო, ეუბნება ცოლს და კანონიერს განქორწინებას მე თვითონ მოვახერხებო. მაშინ თავისუფალი იქნები, შეირთე შენი ანაპოდისტე, და რადგანაც შენი ახალი საქმრო ღარიბია, ათიათას თუმანს მზითევსაც მოგცემთო.
ამისთანა სულგრძელებას, რასაკვირველია, არ მოელოდა ნინო, მისმა შემცდარმა და არაგაფუჭებულმა გულმა მაშინვე აღიბეჭდა ეს ამბავი, რაკი ეს ნინომ თავის ყურით გაიგონა და თავის თვალით დაინახა. სულგრძელება თვისებაა გმირისა და ყველაზედ უწინარეს ამ სულგრძელებამ იმოქმედა ნინოზედ მით უფრო, რომ არ ეგონა ამისი უნარი ჰქონოდა მის ქმარსა. ქმარზედ ნინოს ეხლა სხვაფრივ აეხილა თვალი და ამან აჩქარებული ფეხი ცდომისა, ცოტა არ იყო, შეუფერხა. ხომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ქმარს უნდა გავეყაროო, მაგრამ ამ სულგრძელებამ მაინც ამოათქმევინა გულიდამ ნინოს თავისი მართალი განაჩენი: რა კარგი ხარო, ეუბნება ნინო გულიდამ ამოღებულს ქმარსა. ეს პირველი ისარი იყო, რომელიც თუმცა სასიკვდინოდ არ მოხვდა ცდომასა, მაგრამ კარგად საგრძნობელად კი გაჰკინწლა. შემდეგ ქმარი ეუბნება, მე ეხლა ამ სახლში მეტი ვარო, ჩემი აქ ყოფნა თვალში ჩხირად გექნებათ შენა და ანაპოდისტესა და ამიტომაც გიტოვებთ აქ ყველაფერს და მე სასტუმროში გადავდივარო. ნინოს პირველ ხანში თითქო იამა ესა, მაგრამ მერე კი ჩაუფიქრდა. ესეც სულგრძელება იყო ქმრისაგან, რადგანაც იმის მაგიერ, რომ ცოლი გააგდოს სახლიდამ, წადი, რაც გინდა ჰქენიო, იგი თვითონ გადის თავის სახლიდამ და სახლ-კარს უთმობს ცოლს, რომელიც ეყრება, და ყმაწვილ კაცს, რომელიც ცოლს ართმევს. ეს ამისთანა სულგრძელება ვერ აუხსნია ნინოსა. მე თავისუფლებას დღესვე მაძლევსო, - ჰფიქრობს ნინო, - სჩანს იგი თავისუფლება თვითონაც თავისთვისაც ჰსურვებია, რომ თავის გულისწადილს მიეცეს შორს ჩემგანაო. ნინოს ეხლა კი თითქო ეზიზღა ამისთანა თავისუფლება. რაო? რად გადადიხარ სასტუმროში? რას ეჩქარებიო? - ეუბნება თავის ქმარს: ჰო, ვიცი, ვიციო, შენ გინდა თავიდამ მე მომიშორო, რომ თავისუფლად ისამოვნო სხვა ქალთან, რომელიც შენ გიყვარს და რომელსაც ეხლა არაფრის რიდი აღარ ექნება შენ ყოველდღე გინახულოსო. ამ სახით პატიოსანმა თავმოყვარეობამ ქალისამ ხმა ამოიღო; იჭვიანობამ თავისი ადგილი დაიჭირა. არაო, - ეფიცება ქმარი. მაშ თუ არა, დღეს ჩვენთან დარჩი, სადილი ერთად ვჭამოთო, - ეუბნება ცოლი, - ანაპოდისტეც ხომ შენგან მოწვეულია დღეს სადილად, დარჩი, ერთად ვისადილოთო. ანაპოდისტე მე შენთან მოვიპატიჟე და არა ჩემთანაო, - უპასუხებს ქმარი, - მე მეტი ვიქნებიო და ამიტომ დღეს სადილი ჩემს ოთახში სასტუმროში უნდა ვჭამოო. ჰო, ვიცი, ვიციო, - ეუბნება ცოლი, - შენი საყვარელი ქალი გეყოლება დღეს სადილად მოპატიჟებულიო. ქმარი ეფიცება არაო, ცოლს არა სჯერა. მაშინ, თუ ეგრეა, მეც შენთან წამოვალ სადილადაო, - ამბობს ნინო. ბატონი ხარო, - უპასუხებს ქმარი, - მაგრამ ანაპოდისტე რას იტყვისო. - ეჰ, რაც უნდა სთქვასო, დაჯდეს მარტოკა და ისადილოს, სადილო ხომ მზად არისო, - ეუბნება ცოლი. მაშ კარგი, დღეს ჩემი სტუმარი ბძანდები, წავიდეთ სასტუმროში და რაცა გნებავთ მოიკითხეო, - უთხრა ქმარმა.
ნინო სიხარულით ფეხზე ვერა დგება. ეჰ, რა კარგია, რა კარგი!.. იძახის სიხარულით აღტაცებული ნინო, - მარტოკანი მე და შენ სასტუმროში ვიქნებით ცალკე ოთახში და, ვინ იცის, რას არ მოაჭორებენ. იმისთანა საყვარლები ვეგონებით, რომელთაც საქვეყნოდ სიყვარული აკრძალული აქვთ და იმიტომაც ჰშიშობენ და ჰრიდობენო. ის ერთნაირი მდინარეობა ცოლქმრობის სიყვარულისა, რომელიც ნინომ შეადარა საათის ენის ერთნაირს ტაკა-ტუკსა, და რომელსაც ამ მიზეზით უჩივოდა, ეხლა როგორღაც განსაცდელიან სიყვარულად იმოსება იმის თვალში, იმ სიყვარულად, რომელიც ცოლქმრულს პატიოსნებას არ არის მოკლებული, მაგრამ გარეგნობით კი ჰგავს იმისთანას, რომელიც საზოგადო აზრით აკრძალულია და, მაშასადამე, რომელიც თავს იმალავს, ჰშიშობს, ჰკრთის და ყოველ ამით ჰფხიზლობს. ერთნაირი მდინარეობა მათის ცოლქმრულის ცხოვრებისა რომ ამნაირად დაირღვა და ფერი იცვალა, ეს მოეწონა ბავშვს ნინოსა და აი მისის სიხარულის სათავე სად უნდა ეძიოს კაცმა. სიტყვა რომ აღარ გავაგრძელოთ, მოკლედ მოვსჭრით.
მოხერხებული ავტორი პიესისა ამ სასტუმროში, როცა ქმარი და ცოლი მარტოკანი არიან ოთახში და სადილს შეექცევიან, ჰხსნის თავის პიესის ნასკვსა. ეს უკანასკნელი მოქმედებაა პიესისა და აქ ყველა მომქმედნი პირნი ხელახლად წარმომდგარნი არიან მაყურებელთა წინაშე. ნინო ჰხედავს, რომ იგი მჩვარი კაცი, რომელზედაც ჰცვლიდა თავის სულგრძელს და ნამუსიანს ქმარსა, მართლა მჩვარია და უღირსი. ქმარმა ისე მოაწყო საქმე, რომ ნინოს საკუთარის თავლით დაანახვა ვის ვისზედ სცვლიდა. მაყურებელიც აშკარადა ჰხედავს, რომ ნინოს გრძნობა ანაპოდისტეს მიმართ სიყვარული არ არის. ეს ის გულწმინდა, მაგრამ ბრმა გრძნობაა, რომელსაც ფეხი აუდგამს, მაგრამ საკმაოდ კი თვალი არ აუხილებია. ეს ის გრძნობაა, რომელსაც თავისი მოწადინებული ბინა და სადგური ჯერ ვერ უპოვია და აქეთ-იქით დააქვს აფორიაქებულს გულს, როგორც აღელვებულ წყალს შტოდამ მოწყვეტილი ფოთოლი. როგორც წყალმა არ იცის, სად გააჩერებს ფოთოლს სამუდამოდ, ისეც ამისთანა შემთხვევაში გულმა, სად აუჩენს სამუდამო სადგურს ბრმად მოარულს, თუნდაც წმინდა გრძნობასა. ყმაწვილი კაცი თუ ქალი, გამოუცდელი, გამოურკვეველი, თვით ამ გრძნობის უგზო-უკვლოდ ტრიალში ჰხედავს ხოლმე თავის სიამოვნებას, და რაკი ტრფობისათვის მწყურვალე გრძნობას თავს ვეღარ დაუჭერს, მთელის ძალ-ღონით მიეცემა ხოლმე მის „მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას“. ბაშვი რომ გარბის, განა იმიტომ, რომ ბინამდე მისვლა ეჩქარება. ბაშვს რა საქმე ესწრაფება!.. ბაშვს თვით სირბილი მოსწონს, იმიტომ რომ მოძრაობაა უდიდესი სიამოვნება ახლად ფეხადგმულის სიცოცხლისა. როგორც სიცოცხლეს ხორცისას ეს მოსდევს. ისეც სიცოცხლეს სულისას, როცა სულს დრო მოუვა ფეხის დგმისა, ნამეტნავად პირველ ხანში. „გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი!“ იძახის სული, რომელსაც სიცოცხლის მომნიჭებელმა სხივმა დაჰკრა და ამოაყვავა. აი ეს ქარის გაკვეთა, გაპობა წყლისა, გარდავლა კლდეთა და ღრეთა თავისთავად მომხიბლავია, თავისთავად გამტაცებელია სულღონიერ ჭაბუკისა, ქალი იქნება თუ კაცი.
ნინოს ანაპოდისტე შეხვდა და მისმა სიკეთემ კი არ მოჰხიბლა ტრფიალების სიტკბოებითა, არამედ ამ შეხვედრამ შემთხვევა აპოვნინა ნინოს, გაჰკვეთოს იგი ქარი, გააპოს იგი წყალი, გარდაიაროს იგი კლდე და ღრე, რომელიც კანონიერმა ცოლქმრობამ მითამ თვალწინ გადუღობა და რომელმაც მითამ შეჰხუთა მისი სული, მოძრაობისათვის ფეხადგმული და ამაების მწყურვალე. ნინოს ანაპოდისტე კი არ უყვარს, უყვარს მარტო ეს განსაცდელიანი გზა, სადაც სული ჰფხიზლობს და ომობს, და არა ისე უგემურად ჰხმაურობს, როგორც ერთნაირი ტაკა-ტუკი კედლის საათის ენისა. ნინოს ჯერ პირველში არც ქმარი უყვარს და ამ სახით მისი გული ჯერ დაუბინავებელია. ნინო ჯერ კიდევ საყვარელის არჩევანშია და როცა ჰნახა კი, რომ მისი ქმარი სულგრძელია და, მაშასადამე, ცოტად თუ ბევრად გმირი; როცა ამასთან გული დააჯერა, რომ ჩემი პატიოსნება და ნამუსი იმოდენად სწამს, რომ გაჰბედა და, თუნდა ერთი წამით, ჩემს ნებაზედ გამიშვა და არავითარს შიშს ჩემს გამო გულში ადგილი არ მისცაო, - მაშინვე იგრძნო, რა საუნჯე იყო მისი ქმარი; მაშინვე იგრძნო, რომ გმირიც ეს არის და ჭეშმარიტი მოტრფიალეცა. მაშინვე მისი მოუსვენარი გული დაწყნარდა და სთქვა: აი ჩემი სადგური, აი ჩემი სამუდამო ბინა სად არისო. გადაეხვია ქმარს და ცდომილი ცოლი კვლავ დაუბრუნდა ჭკვიან კაცს, ეხლა კი იმ სიყვარულით, რომელსაც წინად აქეთ-იქით ეძებდა ნინო და რომელიც ერთადერთი თავმდებია ცოლქმრობის ბედნიერებისა. ყოველ ამაში მარტო ჭკუაგახსნილმა ქმარმა გააგებინა დახლართული გზა, თორემ თავის გაუწრვთნელ ჭკუას და გულს რომ აჰყოლოდა, ვინ იცის სად გადიჩეხებოდა. ამით თავდება იგი პიესა, რომელსაც „გავიყარნეთ“ ჰქვიან და რომლის გამო ასე გრძლად მოგვივიდა ლაპარაკი.
თუ ჩვენ რამდენადმე მართლად მივუხვდით ნინოს ხასიათის ნასკვსა, მის სულისა და გულის მოძრაობასა, მკითხველი ცხადად დაინახავს, რა ძნელი სათამაშოა ნინო სცენაზედ. ბ-ნმა საფაროვისამ, ჩვენად სასიამოვნოდ, საქებურად სძლია ამ ძნელსა. მრავალგვარი მოძრაობა სულისა და გულისა უნდა გამოესახა მაყურებელთა წინაშე და ერთის კილოდამ გადასვლა მეორე კილოზედ ისე ლამაზად მოსდიოდა, რომ ბევრგან თვითონ ჟინიანი, ახირებული და მოწადინებული წუნიც კი წუნს ვერ დასდებდა. ხან გულისწყრომით წარბშეკრული და მრისხანე გრძნობით გულამღვრეული, ხან ადამიანის გულის უკეთესთა სიმებზედ მომჟღერალი; ხან პირქუში, როგორც წყრომა, ხან ტკბილი, როგორც ბედნიერების ღიმილი, ხან „ვარდის ყნოსვით მთვრალი, ხან ეკლით განფხიზლებული“; ხან ნაზის, ნებიერის და აზიზის გრძნობით შუქფენილი, ხან ამაყი, თავმომწონე, შეუპოვარი და წინდაუხედავი მეომარი, რომელიც იბრძვის დარღვეულის უფლების აღსადგენად, ყოველივე ეს საოცარის ზედმიწევნით და გულის სითბოთი გაგვიტარა ბ-ნ საფაროვისამ თვალწინ. მარტო ის არ მოგვეწონა, რომ ზოგან სხაპასხუპით მოსდიოდა ლაპარაკი და სიტყვებს ვერ ვარჩევდით. ცუდი ჩვეულებაა, თუ არტისტს ეს დასჩემდა. მართალია, ზოგან აჩქარება გრძნობისა ლაპარაკის აჩქარებასა ჰთხოულობს, მაგრამ აქ გადაჭარბება არ ვარგა და სიტყვა უსათუოდ უნდა ისმოდეს თვითეულად და გარკვევით. ამ ნაკლს ვერა თამაშობა ვერ შეავსებს.
ბ-ნი აბაშიძე ვერ იყო ისე, როგორც საჭიროა. ცოტა არ იყოს, ქვეითობდა და ის ჭკვადამჯდარობა აზრთა მკვლევის კაცისა არ ეტყობოდა, რომელიც, ჩვენის ფიქრით, ლომინაძის სათამაშოს მოსახდენია. უკანასკნელ მოქმედებაში, როცა გამოკეთებული ნინო სიყვარულით გულზე მივარდება და სთხოვს, - ყველაფერი დავივიწყოთ, მე შენი ვარო, აქ ისე უგემურად უთხრა პასუხი გახარებულს ნინოსა, თითქო ეხუმრებოდაო და თვითონ არავითარ სიხარულს არა ჰგრძნობს, რომ ასე მარჯვედ მოუვიდა თვისი დაწყობილი საქმე და საყვარელი ცოლი ცნობიერის და მართლის სიყვარულით უკან დაუბრუნდა. ეს სწორედ ტკბილის ცრემლის მოსაგვრელი სცენაა, რომ ბ-ნ აბაშიძეს არ ეღალატნა ხელოვნებისათვისა და იმ სითბოთი და სიტკბოთი მოქცეულიყო, როგორც ბ-ნი საფაროვისა. ბ-ნს მესხიევს ვერაფერი სათამაშო ჰქონდა და უგულოდ, უგემურად ითამაშა. არც ბ-ნი აწყურელი იყო კარგად. მეტისმეტად შეუფერებლად ეცვა, ასე რომ უყურებდით და გიკვირდათ, - ეს როგორი იმისთანა ყმაწვილი კაცია, რომელსაც ქალების უკან დევნის მეტი სხვა ღვთისაგან განაჩენი არა უღირსებია რა ბედსა. გვესიამოვნება, რომ საბუთი გვაქვს შევნიშნოთ, რომ ბ-ნი მაქსიმიძე არ იყო ურიგო, ძალიან რიგიანად ითამაშა. სჩანს ამ არტისტსაც შეუძლიან კარგად თამაშობა და რას მივაწეროთ, რომ ხშირად ესე არ არის? ნუთუ რუსულს «авось, вывезет»-ს? ბ-ნ თამაროვისაზე ჯერ ვერას ვიტყვით, თუ არა ვცდებით, მისი გამოსვლა სცენაზედ პირველი შემთხვევაა და ჯერ საკმაო დრო არა ჰქონია თავისი ნიჭი დაგვანახვოს. ერთობ უნდა შევნიშნოთ, რომ როცა დანიშნულს საღამოზედ სტუმრები თავს იყრიან ლომინაძის სახლში, ჩვენს არტისტებს ვერაფრად მოუვიდათ თამაშობა. რაღაც უგემურად და ზლაზვნით მიდიოდა მოქმედება, თითქო არტისტები ეხლა ემზადებიან სათამაშოების გასაკვეთადაო.
***
14-ს დეკემბერს ითამაშეს ყველასაგან ცნობილი და არაერთხელ ნათამაშები „ხანუმა“ ბ-ნ ას. ცაგარელისა ბ-ნ აწყურელის საბენეფისოდ. თეატრი სავსე იყო.
თვითონ პიესის შინაარსზედ არას ვიტყვით, იმიტომ რომ ვინ არ იცის ეგ შინაარსი და, სწორედ რომ ვსთქვათ, არც მეტი სახარბიელოა და ვერც თვითონ პიესაა რიგიანად აგებული. ეს ხომ ასეა, მაგრამ ჩვენს სასცენო ლიტერატურაში მაგგვარს პიესას, ნამეტნავად ახლებში, არა სჯობია რა. იგი, ნამეტნავად პირველი ორი მოქმედება, ცოცხალი სურათია ჩვენის ცხოვრებისა, სურათი მარტო თვალად სახილველი და მეტისმეტად მართლად გადმოღებული და ჩვენს ცხოვრებამდე ზედგამოჭრილი. ჭეშმარიტად „სანაკვესო“ სიტყვებით ბრწყინავს და ელვარებს თითქმის ყოველი სათქმელი ყოველის მომქმედისა. თეატრი ამის თამაშობაზე ერთს განუწყვეტელს გულითადს ხარხარად გარდაიქცა. რომ გენახათ, ხარხარებდა ყველა, დიდი თუ პატარა, იმ სასიამოვნო ხარხარითა, რომელსაც მართლადა მხიარულების სიცილი ჰქვიან. არა ერთსა და ორს შემოუჩივლია ჩვენთვის, რომ დავიხოცენით სიცილითაო. მართალიც არის: უბოროტო სიცილით ყველა იცინოდა იმოდენად, რომ ზოგჯერ სცენაზედ არტისტები იძულებულ იყვნენ გაჩერებულიყვნენ, მინამ ხმამაღალი სიცილი დაწყნარდებოდა. მკვდარსაც კი გაეცინებოდა 14-ს დეკემბერს „ხანუმას“ წარმოდგენაზედ. ვერა სიტყვით ვერ გამოიხატება იგი თითქმის სასწაულმოქმედება ხელოვნებისა, როგორიც გამოხატა ბ-ნმა გაბუნიამ, რომელიც ხანუმას თამაშობდა. უკეთესი თამაშობა აღარ შეიძლება, ამას ზევით ხელოვნება ვერ წავა. ვისაც ოდესმე მოსწყურებია საკუთარის თვალით ნახვა მისი, თუ სად არის სამზღვარი სასცენო ხელოვნების ძლევამოსილობისა, იმას უნდა ენახა ბ-ნი გაბუნია, ხანუმას რომ ჰთამაშობდა 14 დეკემბერს, ნამეტნავად იმ სცენაში, როცა აკოფას დიდი ხნის შემდეგ პირველად ჰხედავს. სამწუხაროდ ჩვენდა, ერთი სასაცილო სცენა წახდა, როცა ორი მაჭანკალი, ხანუმა და ქაბატუა, შეეძიძგილებიან ერთმანეთს, ეს სცენა ვერ მოუვიდათ კარგად. ქაბატუას ჰთამაშობდა ბ-ნი საფაროვისა და პირველი შემთხვევაა ეს, სხვა არ გვახსოვს, რომ ბ-ნმა საფაროვისამ თავის სათამაშოს გადააჭარბა და სასაცილო ძიძგილაობა დასანახავადაც კი სანანურად და შესაწუხებლად გაუხადამაყურებლებსა. ბ-ნ ყიფიანზედ არას ვიტყვით, მაგრამ ეს დუმილი ის დუმილი კი არ არის, რომელიც დაემართა შავთელსა თამარ მეფის დიდებით გაკვირვებულსა და რომელმაც ამ გაკვირვებით ენაშეკრულს პოეტს წარმოათქმევინა აღტაცებით: მაშა დუმილიც მიითვალე შენდამი ქებადაო. ბევრჯელ მივუყვანივართ ბ-ნს ყიფიანს იმ გაოცებამდე, რომ დუმილიღა დაგვრჩენია მისდამი ქებად, მაგრამ 14-ს დეკემბერს, როცა იგი ვანო ფანტიაშვილს ჰთამაშობდა, იმ „ბევრჯელში“ ადგილი არა აქვს.
ბ-ნი აწყურელი კარგი იქნებოდა, თუ რომ თვალწინ წარმოდგენილი არა გვყვანდეს ჩვენი შეუდარებელი ამისთანა სათამაშოებში ბ-ნი აბაშიძე, რომელსაც ეს სათამაშო არა ერთხელ უთამაშნია. ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ბ-ნი აწყურელი თავისთავად კარგა საკმაო ნიჭის მქონებელი არ იყოს. ბ-ნი აწყურელი იმოდენად კარგი რამ არის საზოგადოდ და იმოდენად კარგი იყო 14 დეკემბერსაც აკოფას სათამაშოში, რომ მართლა მოსაწონია. მაგრამ ვისაც უნახავს ბ-ნი აბაშიძე, მარტო იმას ეჩვენება ხოლმე ბ-ნი აწყურელი მკრთალად და შუქმიბინდულად. ბ-ნის აწყურელის წუნი, თუკი ეს წუნად ჩაითვლება, მარტო ის არის, რომ შესადარებლად იმსიდიდე ნიჭი თვალწინ გვიდგა, როგორიც ბ-ნი აბაშიძეა. აქ კი ადგილი უნდა დაუთმოს ბ-ნმა აწყურელმა ბ-ნს აბაშიძეს. ბ-ნი აწყურელი მთვარეა და ბ-ნი აბაშიძემზე და ამიტომაც მისი შუქი აბინდებს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი:
„მთვარე მზესა მოეშოროს,
მოშორება გაანათლებს;
რა ეახლოს, შუქი დასწვავს,
გაეყრების, ვერ იახლებს“.
[1886 წ., 7-16 დეკემბერი]
„გავიყარნეთ“ და „ხანუმა“
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ., 17 XII, № 273, გვ. 1-2; 19 XII, № 275, გვ. 1-2; 23 XII, № 278, გვ. 1 - 3 (ცენზურის ნებართვა: 16 XII, 18 XII, 22 XII, 1886 წ.).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მის ატრიბუციასთან დაკავშირებით იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (გ. სუნდუკიანცის „ხათაბალა“)“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეიტანა პ. ინგოროყვამ 1953 წ., - ათტომეულის III ტომში, სათაურით „ქართული თეატრი. წერილი მეხუთე“.
წერილს ვათარიღებთ პიესის „გავიყარნეთ“ წარმოდგენის დღისა (7/XII) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
6 ნოემბერს გაზეთ „ივერიამ“ გამოაქვეყნა ცნობა: კვირას, 7 ქრისტეშობისთვეს, წარმოდგენილი იქნება პირველად „გავიყარნეთ“, კომედია 3 მოქმედებად, გადმოკეთებული ვ. აბაშიძისაგან“.
![]() |
2.32 „თამარ ცბიერი“ და „მეჯლისი იტალიელებით“ ქართულ სცენაზე |
▲back to top |
ქართული თეატრი
ოთხშაბათს, 28-ს იანვარს, ბ-ნ საფ[აროვა-] აბაშიძის საბენეფისოდ, პირველად ითამაშეს აკაკის დრამატიული პოემა „თამარ ცბიერი“, ლექსად დაწერილი. ქართულ სცენაზედ ჩვენ ეს პირველად ვნახეთ, რომ ლექსით დაწერილი პიესა ეთამაშნათ. ლექსების კითხვას სცენიდამ საზოგადოდ დიდი ხელოვნება და გამოცდილება უნდა. არტისტმა ლექსთა წყობისა და კითხვის წესი უნდა იცოდეს, რომ ლექსის თქმის წესი და რიგი თამაშობას შეურჩიოს და შეუწონოს. ყველამ ვიცით, რომ ჩვენს არტისტებს არც სკოლა აქვთ გამოვლილი და თითქმის არც შეჰხვედრიათ ლექსით ნაწერ პიესების თამაშობა. ამიტომ ცოტა გვეფიქრებოდა, რომ ვაითუ ვერა გააწყონ რა და წარმოდგენამ უფერულად ჩაიაროსო. მაგრამ ჩვენი შიში ტყუილი გამოდგა და დღეს დიდის სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა არტისტებმა ამ შემთხვევაშიაც თავი იჩინეს და ისახელეს: ისე მშვენივრად, გამორკვევით, მკაფიოდ, რითმის დაცვით კითხულობდნენ, რომ ყურისთვის სწორედ სასიამოვნო იყო; ლექსს ფერი არ ეკარგებოდა და ლექსის კითხვაც თამაშობას არ უშლიდა. ურიგო არ იყო ანდრონიკოვის ქალი თამარის როლში. ზოგან ძალიან კარგად ამბობდა ლექსს და თვითონ თამაშობასაც ლექსის აზრს შეუფერებდა ხოლმე. საკმაოდ კარგად ამბობდა ლექსებს და თამაშობდა ბ-ნი ალექსიევი-მესხიევი, თუმცა ზოგან რითმი ლექსისა არა ერთხელ ეშლებოდა. მეორე მოქმედებაში დიალოგი ბ-ნმა ანდრონიკოვის ქალმა და მესხიევმა ძალიან კარგად გაატარეს და აღტაცებაში მოსულმა საზოგადოებამ ძალიან მოიწონა.
თეატრი სავსე იყო. საზოგადოებას ძალიან მოეწონა აკაკის ახალი ნაწარმოები, ავტორი ბევრჯელ გამოიწვიეს და დიდის აღტაცებით, ხანგრძლივის ტაშისკვრით გადუხადეს მადლობა.
„თამარ-ცბიერის“ შემდეგ ითამაშეს ერთმოქმედებიანი ოპერეტი „მეჯლისი იტალიელებით“. თუმცა ოპერეტი სრულიად უშინაარსოა, მაგრამ ძალიან სახუმარი კია. მთელს ამის თამაშობაში თეატრში ხარხარი და სიცილი არ შეწყვეტილა. საუცხოვო რამ იყვნენ თვით მობენეფისე საფაროვი-აბაშიძისა და აბაშიძე კანიფასის როლში. თავიანთ სიცოცხლით სავსე თამაშობით მთელი თეატრი შესძრეს და მხიარულობა მოჰფინეს. სიმღერისა კი რა მოგახსენოთ და ხუმრობამ კი მართლა მხიარულად ჩაიარა. არ იყვნენ ურიგონი აგრეთვე ბ-ნი აწყურელი და ბ-ნი მაქსიმიძე მოსამსახურის როლში. მარტო ამის გრიმს, ტანსაცმელს და მიხვრა-მოხვრას რომ უყურებდა, სიცილს ვეღარ იჭერდა კაცი. გაუთლელს, ცოტა ჭკუაზე თხელს და გამოყეყეჩებულს, ბეჩავს კაცს რომ იტყვიან, სწორედ ისეთი კაცი წარმოგვიდგინა თვალწინ ბ-ნმა მაქსიმიძემ.
მობენეფისეს ორი საჩუქარი მიართვეს. საზოგადოება არამცთუ კმაყოფილი, თითქმის აღტაცებულიც გამოვიდა თეატრიდამ.
წარმოდგენის დროს სამდურავი ისმოდა, რომ ანტრაქტები ძალიან ხანგრძლივი იყოვო. მაინც ამ ბოლოს ხანებში მეტად აჭიანურებენ ანტრაქტებს და ეს შეუნიშნავი არ დაჰრჩათ ჩვენის თეატრის მოყვარეთა.
[1887 წ., 28-30 იანვარი]
„თამარ ცბიერი“ და „მეჯლისი იტალიელებით“ ქართულ სცენაზე
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., 31 I, № 23, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ. 30 I).
რეცენზია ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ატრიბუციისა და პუბლიკაციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვპოვე“)“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. წერილის ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით
წერილს ვათარიღებთ „თამარ ცბიერის“ წარმოდგენის (28 I) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
![]() |
2.33 რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს |
▲back to top |
ტფილისი, 7 თებერვალი
ჩვენს განათლებულს საზოგადოებაში ხშირად ისმის გულისტკივილი, რომ ჩვენს ლიტერატურას კრიტიკა აკლიაო. მართალიც არის, - ეს დიდი და ფრიად დიდი დანაკლისია. ლიტერატურა, თავისის ფართო მნიშვნელობით, გონების ნაჭირნახულევი ხვავია, საცა წმინდა ხორბალიც არის და ბალახბულახის თესლიცა. რაც ცხავია ხვავისათვის, ისიც კრიტიკაა ლიტერატურისათვის. ამ ნაკლის მიზეზად ზოგი იმას ამბობს, რომ ჩვენი ლიტერატურა კრიტიკისათვის მეტად ცოტას საზრდოს იძლევაო; ჯერ ხვავი ჩვენის ლიტერატურისა იმოდენა არ არის, რომ ღირდეს კაცმა კრიტიკის ცხავში გაატაროს და წმინდა ხორბალი ბალახბულახისაგან გამოარკვიოსო. ამ თქმას დიდი საბუთი არ მიუძღვის: ცოტაა თუ ბევრი, მაინც გარჩევა უნდა და გარკვევა. ამიტომაც სხვები ამბობენ, მარტო სიცოტავე ლიტერატურისა ჯერ კიდევ მიზეზი არ არის, რომ კრიტიკა თავს არ იჩენსო; აქ რიცხვს იმოდენად მნიშვნელობა არა აქვს, რამოდენადაც თვით ღირსებას, ესე იგი ლიტერატურის შინაარსსაო, და აი ამ მხრით მეტად ხელმოკლეა ჩვენი ლიტერატურა და კრიტიკას ამიტომაც ჩვენს ლიტერატურაში ჯერ არავითარი საქმე და სარბიელი არა აქვსო.
არც ამისთანა თქმა იმართლებს თავს იმ კაცის წინაშე, ვინც პარიჟის ყავახანის სიბრძნით კი არ დაჰკვირვებია ჩვენს ლიტერატურას, არამედ გამჭრიახის გონების თვალითა, რომელიც ცოდნითა, სწავლით და მეცნიერებით გაწურთვნილია და გაწმენდილი ხედვისა და ჩხრეკისათვის. ჩვენ არას ვიტყვით ჩვენს ძველს ლიტერატურაზედ, რომელსაც ასეთის სიუხვით ასხივოსნებს „ვეფხვის-ტყაოსანი“ - ეს უძირო მორევი, ზღვა აზრისა და გრძნობისა; ჩვენ არას ვიტყვით არც დავით გურამიშვილზედ, რომლის დიდაქტიური პოეზია პირს არ შეირცხვენს თუნდ ლუკრეცის, ვირგილის და ჰორაციოს დიდაქტიურ პოეზიას დაუყენეთ პირისპირ, და რომლის სარწმუნოებრივი ღაღადება დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნების სიმაღლემდეა ასული. არას ვიტყვით მეფე ვახტანგ VI-ზე, არჩილ მეფეზე, თეიმურაზ I-სა და II-ზედ, რომელთაც, ნამეტნავად პირველს ორს, ვერავინ ვერ დასწამებს სიმჩატეს აზრებისას და გრძნობისას და რომელნიც მოელიან გონებამახვილს კრიტიკოსს, რომ თავისი მიუწყონ და სამართლიანის შარავანდედით მოჰრთონ მათი ღირსშესანიშნავი გონებრივი ღვაწლი.
საკმაოა გავიხსენოთ ამ მეცხრამეტე საუკუნის ჩვენი პოეზია და მათი წარჩინებულნი წარმომადგენელში, თ. ალ. ჭავჭავაძედამ დაწყობილი დღევანდელ მწერლებამდე, და მაშინ აშკარად დავინახავთ, რომ კრიტიკის უქონლობა ჩვენის ლიტერატურის უშინაარსობას კი არ უნდა დაჰბრალდეს, არამედ ჩვენს ქონდრისკაცობას, რომელიც იმოდენად უძლურია, იმოდენად უღონოა, რომ ვერც ჩვენი ლიტერატურის სიღრმისათვის გონების თვალი ჩაუწვდენია და ვერც ჩვენის პოეზიის სიმაღლისათვის თვალი გაუსწორებია. ამ საგანზედ არა ერთხელ დაგვჭირდება კიდევ ლაპარაკი, და ვეცდებით, ჩვენის შეძლებისამებრ, ეს მიზეზი ჩვენის უძლურობისა და უღონობისა უფრო ვრცლად გამოვიძიოთ.
9 თებერვალი
იმ დღეს კვირის ნომერში წარმოვსთქვით, რომ კრიტიკის უქონლობა ჩვენში არ უნდა მიეწეროს უშინაარსობას ჩვენის ლიტერატურისას საერთოდ და პოეზიისას საკუთრად. უშინაარსობა ჩვენის ლიტერატურისა აშკარა ტყუილია. ვინც ამ ბრალს სდებს, იგი უმართლოდ ექცევა ჩვენს ნაწარმოებს და ნაღვაწლს გონებისას და გულისას, და ეს მოსდის ან უვიცობით, ან განგებ, რომ კრიტიკის უქონლობის სირცხვილი თავისთავს მოაშოროს და სხვას გადააბრალოს. ჩვენ, რასაკვირველია, ვერ ვიტყვით, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ სანატრელი არ იყოს ჩვენის ლიტერატურისათვის საზოგადოდ და პოეზიისათვის ცალკედ, მაგრამ ისიც, რაცა გვაქვს ჩვენ დღეს, ღირსშესანიშნავი განძია და მრავალგვარად გამოსაყენი და სახმარი ჭეშმარიტის კრიტიკისათვის. ამას ყველა გვიმოწმებს, ვისაც კი საკუთარის თვალით ჩაუხედნია ჩვენს ლიტერატურაში და არა სხვის შთაგონებით, სხვის ჩაძახვითა. მაშასადამე, თუ კრიტიკას დღეს ჩვენში ფეხი არ აუდგამს, ამისი მიზეზი სულ სხვა უნდა იყოს და არა იგი, რასაც იძახიან ზოგნი იმისათვის, რომ ჩვენს ლიტერატურას ამაო თავმოწონებით უკადრისობენ და ჰთაკილობენ, როგორც მითამდა ბალღებისათვის სათამაშოს ჰთაკილობს დავაჟკაცებული კაცი და ზოგნი იმისათვის, რომ საკუთარს უღონობას ნიღაბი ჩამოაფარონ, ბრალი თვით აიცილონ და თვითონ ლიტერატურას დასდვან.
ჩვენ წინა წერილში კრიტიკის უქონლობის ბრალი თვითონ ჩვენს აკუთარს უძლურებას და უღონობას მივაწერეთ, და აი რა საბუთი მიგვიძღვის. ჩვენი ლიტერატურა საერთოდ და პოეზია ცალკედ ჯერ ხელუხლებელი განძია. არც ერთს უცხო ქვეყნის მეცნიერს, რომელსაც ჩვენს თვალში სახელი და აბრუ აქვს, მისთვის ჯერ ხელიც არ მიუკარებია, არავის ამ მხრით თავისი აზრი არ გამოუთქვამს, თავისი ბეჭედი არ დაუსვამს. მაშასადამე, ჩვენს ლიტერატურაზე მზამზარეულს აზრს ვერ ამოიკითხავთ ვერც წიგნებში და ვერც გაზეთებში. ამ საგანზედ ერთს სიტყვასაც ვერ იპოვით ვერსად. ეს გარემოება იძულებულ ჰყოფს ყოველს ჩვენგანს, ვისაც კი მოუწადინია ჩვენის ლიტერატურის კრიტიკა, თავისის საკუთარის ჭკუით, საკუთარის ცოდნით, საკუთარის მსჯელობით შეუდგეს კრიტიკის რთულს და მძიმე საქმესა, რომ თავისი საკუთარი განაჩენი დაადგინოს, ჩვენი უბედურებაც სწორედ ამ იძულებაშია. რას იზამთ? ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ!.. ჩვენი ეგრედ წოდებული „ინტელიგენცია“ მეტად სუსტია ამ თვითმოქმედებისათვის. ჩვენნი „სწავლულნი, განათლებულნი“, დარვინის თეორიას ზედმიწევნით გაცოდინებენ, ჰეგელის ესტეტიკას, ლესინგისა და ტენის ფილოსოფიას ხელოვნებისას თავისის ხელისგულისავით გადაგიშლიან, შექსპირზედ, გეტეზედ, ბაირონზედ და თუნდა ჰომეროსზედაც, რომელნიც, ჩვენში კი ითქვას, ათასში ერთს არ წაუკითხავს, თუნდა მთელს უზარმაზარ წიგნებს დასწერენ, და იქნება ისეთი სასწაულიც მოხდეს, რომ წასაკითხად ღირსი წიგნებიც დასწერონ, - და ერთს პაწია ლექსს კი ჩვენის რომელისამე პოეტისას ვერ გაუძღვებიან, როგორც რიგია. ნუ გაიკვირვებთ, რომ ეს ასეა. პატარა რომ ჩაუფიქრდეს კაცი ამ საოცარს ამბავს, მიზეზს მალე მიუხვდება.
შექსპირი, გეტე, ბაირონი სხვა მეცნიერთაგან დიდი ხანია გარჩეულია მრავალგვარად. ამაზედ მრავალი უწერიათ, მრავალი უთქვამთ. მაშასადამე, ამათზედ ასეთისა თუ ისეთის აზრის შედგენა მეტისმეტად ადვილია და აზრის საბუთის პოვნაც არ არის ძნელი. აქ ყველაფერი, აზრიც და საბუთიც, მზად არის, თქვენ ოღონდ იმოდენა ღონე იქონიეთ, რომ მოჰკრიბოთ, ერთიერთმანეთს შეუფარდოთ, შეუწონოთ და ყოველივე შეკრებილი, შეფარდებული და შეწონილი ერთს ძნად შეჰკრათ და ისე მიართვათ მკითხველსა. რა თქმა უნდა, რომ ამასაც ჭკუა, ცოდნა უნდა და მცირეოდენი ხელოვნებაც, მაგრამ აქ თვითმოქმედება უფრო ხელისაა, თუ ესე ითქმის, ვიდრე იმ სულიერის ძალ-ღონისა, რომელიც თვითონ ჰქმნის, თვითონ სჯის, თვითონ სწლავს, თვითონ სჭრის და თვითონ ჰკერავს. აქ ყველაფერი უჯრა-უჯრად აწყვია ევროპიის ლიტერატურის სალაროში მზამზარეულად, ოღონდ იმ სალაროში შესვლის ღონე მოიპოვეთ და, რაკი ეს გექნებათ, ხელის გაწვდენის მეტი არა არის რა საჭირო, რომ უჯრა გამოსწიოთ და, რაც გსურთ, ის გამოიღოთ.
სულ სხვაა, თუ სურვილი დაგეძრათ ჩვენის მწერლობის თუ მწერლების საკრიტიკოდ. აქ ყველაფერი საკუთარის ჭკუით უნდა ჰზიდოთ და საკუთარის გონების შუქი მიაყენოთ. თქვენს გარე აქ ვერას იპოვნით, ვერას იშოვით, აქ სხვა უნარია საჭირო, სხვა გამჭრიახობა, სხვა ძალ-ღონე. შეიძლება კაცს აუარებელი ცოდნა და სწავლა ჰქონდეს და აქ ერთი ფეხიც ვერ წადგას, თუ ის „სხვა უნარიც“ არა ჰშველის. ის „სხვა უნარი“ იგია, რასაც თვითმსჯელობას, თავისით მოქმედებას, თავისით სვლას ეძახიან. აი, ჩვენი სისუსტე სწორედ ამ თვითმსჯელობის, თვითმოქმედების უქონლობაშია. თუ რომელსამე საგანზედ ჩვენებურს „ინტელიგენტს“ სხვისის აზრისათვის ყური არ მოუკრავს, თუ რომელსამე საგანზედ სხვა უცხო ენის წიგნებსა და გაზეთებში აზრი არ ამოუკითხავს, ის საგანი იმისათვის ყოვლად ბნელია და იმ საგანისათვის იგი ყოვლად მუნჯია: ვერას იტყვის, იმიტომ რომ თვითმსჯელობას, თავისის გონების გაძღოლას იგი ჩვეულ არ არის. რამდენი სასაცილო მაგალითია თვითონ ჩვენს ლიტერატურაში, რომ საზოგადო თეორიის გულმხურვალე მქადაგებელს ვერ ეცნოს ცალკე მაგალითი ამავე თეორიისა და, რასაც ზოგადად, თეორიით ამტკიცებდეს თავგამოდებით და მხურვალებით, იმას იმავე თავგამოდებით უარჰყოფდეს ცალკე მაგალითში. რათა? იმიტომ, რომ ამ ცალკე მაგალითს ქვეშ არა ჰქონია წარწერილი, რომ ამა და ამა მოძღვრებისააო, და თვითონაც მოძღვარს იმოდენა თვითმსჯელობა არა ჰქონია, რომ თავისავე მოძღვრების ერთი მაგალითთაგანი საქმეში ეცნო.
თვითმსჯელობა, თვითმხედველობა გონებრული უმაღლესი წერტილია ადამიანის განვითარებისა და წარმატებისა. შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს და ის უნარი კი, რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ გახსნოდეს, არ გაშლოდეს სამოქმედოდ. ამგვარის მშრალის და უქმის გონების კაცი სახელოვანმა გეტემ დაგვიხატა თავის „ფაუსტში“. ფაუსტში რომ გამოყვანილია ვაგნერი, სწორედ ზედგამოჭრილი სახეა იმგვარის კაცებისა, რომელთაც ცოდნა აქვთ და საკუთარის ჭკუით ტარების უნარი კი ღმერთს თუ ბედს იმათთვის არ მიუმადლებია. ნუ გაგვიწყრებიან, თუ ვიტყვით, რომ ჩვენს ინტელიგენციას სწორედ ეგ უნარი თვითმსჯელობისა, თვითმხედველობისა არა აქვს გახსნილი და გადაშლილი. ეგ ნაკლია მიზეზი, რომ ჩვენს საკუთარს საქმეში, ჩვენს საკუთარს ავკარგიანობაში ვერაფერი გაგვიგნია, თავი და ბოლო ერთმანეთზედ ვერ გადაგვიბამს. ეგ არის მიზეზი, რომ ჩვენ ჩვენი კრიტიკა არა გვაქვს არა რომელისამე საგნისა საზოგადოდ და ლიტერატურისა საკუთრად. ჩვენ იმედს არა ვკარგავთ, რომ ეგ კრიტიკა ჩვენც გვეღირსება ოდესმე და მაგის მოვლენა, ვითა შვილი თვითმსჯელობისა, ჩვენის სულიერ ძალ-ღონის აღმატების და განდიდების ნიშანი იქნება.
[1887 წ., 7-9 თებერვალი]
რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 632-636.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., 8 II, № 29, გვ. 1; 9 II, № 30, გვ. 1-2.
U-ში, ტექსტის ზემოთ, ლურჯი ფანქრით, მიწერილია: „რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს“.
დაიბეჭდა „ივერიის“ მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად 1909 წ. დაიბეჭდა, - ზემოაღნიშნული სათაურით (იხ. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, - ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგ. გამოცემა, №97, ტფილისი, 1909).
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
![]() |
2.34 ისევ „თამარ ცბიერის“ დადგმის გამო |
▲back to top |
თუ ვისმე ოდესმე სწყურებია თვალით ნახვა მწერლობის აპოთეოზისა, კვირას უნდა მოსულიყო ქართულს თეატრში და ამ ნეტარებას დასწაფებოდა. თუ არ თვალით ნახულს, ძნელად წარმოიდგენს კაცი იმას, თუ როგორ დახვდა საზოგადოება „თამარ ცბიერის“ წარმოდგენას და მის ავტორს აკაკის. საზოგადოების აღტაცებას დასასრული არა ჰქონდა. ავტორი დიდის ტაშისცემით და „ბრავოს“ ძახილით რამდენჯერმე გამოიწვიეს. სცენაზედ გამოსულს აკაკის ერთიანის ტაშის გრიალით და ერთიანისვე დიდის აღტაცების კიჟინით მიეგება მთელი საზოგადოება, დიდი თუ პატარა. თეატრში ტაშისცემა და ძახილი კი არ იყო, იყო ერთი რაღაც გვრგვინვა და ჭექა-ქუხილი აღტაცების ფრთით გატაცებულის გულისა. სამწუხაროა, რომ ეხლა გარემოება ხელს არ გვიწყობს, ღრმად და ვრცლად ჩავუკვირდეთ ამ არაჩვეულებრივს ამბავსა და განვუზიაროთ მკითხველებს იგი დიადი სიამოვნება, რომელმაც ასე ააძგერა საზოგადოების გული მისდა სასახელოდ... ჩვენმა არტისტებმა მიართვეს ბ-ნს აკაკის დაფნის გვირგვინი და საათი, და საზოგადოებამ - ძვირფასი სამწერლო იარაღი.
[1887 წ., 8-9 თებერვალი]
ისევ „თამარ ცბიერის“ დადგმის გამო
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., 10 II, № 30, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ., 9 II).
წერილი უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა. წერილის ატრიბუციისა და პუბლიკაციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის “რას ვეძებდი და რა ვპოვე“)“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
წერილს ვათარიღებთ „თამარ ცბიერის“ წარმოდგენის დღისა (8 II) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
347. 2 თუ ვისმე ოდესმე სწყურებია თვალით ნახვა მწერლობის აპოთეოზისა, კვირას უნდა მოსულიყო ქართულ თეატრში... - იგულისხმება აკაკი წერეთლის დრამატული პოემის „თამარ ცბიერის“ დადგმა, რომელიც დიდი წარმატებით იქნა განხორციელებული კვირას, 8 თებერვალს, ბანკის თეატრში.
![]() |
2.35 „ჰამლეტი“ შექსპირისა |
▲back to top |
ქართული თეატრი
„შექსპირი, - ამბობს ერთი გამოჩენილი მწერალი: - მეფეა ყოველის წესისა და არა ყმა. შექსპირი რომ სხვებსა ჰგვანდეს, ვიტყოდით: ჰამლეტი ხასიათია სალირიკო და არასგზით არა ჰთავსდება სადრამო ყალიბში. ჰამლეტი რაღაც არსებაა არყოფილი, არგაჩენილი, არდაბადებული; იგი სიკვდილზედ უარესია. მაგრამ მაგის შემოქმედი შექსპირია და ამიტომაც უნდა დავემორჩილნეთ და ხმა გავიკმინდოთო“.
ამ სიტყვებში ბევრი რამ არის მართალი და ამიტომაც ჩვენ ყოველთვის იმ აზრისანი ვიყავით, რომ ჰამლეტი, როგორც სალირიკო ხასიათი, არტისტისაგან უფრო კარგს მეტყველებას, კარგად თქმას როლისას ითხოვს, ვიდრე თამაშობასა. ჰამლეტის როლი უფრო სათქმელია, ვიდრე სათამაშო და სამოქმედო. ამიტომაც ჰამლეტის როლის ხელაღებით გაფუჭება მარტო მაშინ არის შესაძლო, როცა სათქმელს კარგად ვერ ამბობს არტისტი. საზოგადოდ ჩვენს არტისტებს ერთი დიდი ნაკლი აქვთ ამ მხრითა. კარგს გამომეტყველობას, კარგად თქმასა მკაფიოდ გამოთქმა უნდა სიტყვისა, რომ თვითვეული ცალკე სიტყვა გარკვევით და ცალკე ისმოდეს. ვისაც დაბადებითვე ენა არ ებმის, ეს იმისათვის მეტად ადვილია, თუ სათქმელი კარგად დაუსწავლია და თუ თვითონ არტისტი ცოტაოდნად მაინც ჰცდილა მკაფიოდ გამოთქმასა. გამომეტყველობის სიძნელე კილოა. აზრს, გრძნობას, სიტყვით გამოსახატავს, კილო თუ მოსახდენი და შესაფერი არ შეურჩია, მეტყველება უქმია და ვერარა ზემოქმედებას ვერ იქონიებს მსმენელზედ.
ჩვენს არტისტებს, ვგონებთ, დავიწყებული აქვთ, რომ ყველა ფრაზაში ერთი იმისთანა სიტყვაა და ყველა ხანაში ერთი იმისთანა ფრაზა, რომელიც შუაგულია ფრაზისა თუ ხანასი და რომელსაც დანარჩენი სიტყვები ფრაზისა და ფრაზები ხანასი გარს ახვევია, როგორც ვარსკვლავნი მზესა. ამ შუაგულის გამოსახსნელად, გასანათლებლად საჭიროა შესაფერი ხმა შეეწყოს, შესაფერი კილო მოემარჯვოს. ერთხელაც გვითქვამს, რომ ადამიანის სიტყვა თავისთავად ხშირად უღონოა სულისა და გულის მოძრაობის გამოსათქმელად და რაც ბუნებითად აკლია სიტყვას, ის კილომ, ხმამ, თქმის მუსიკამ უნდა შეამთავროს, შეავსოს. ჩვენ თითქმის არც ერთი არტისტი არ გვეგულება ჩვენში, რომ ეს შუაგული სიტყვა ფრაზისა და შუაგული ფრაზა ხანასი მისგან განგებ შემჩნეულ ყოფილიყოს და შესაფერის კილოთი გამოთქმულ, და თუ ხანდისხან ეგ მოსდით ხოლმე, უფრო ზეგარდმო შთაგონებას უნდა მიეწეროს, ვიდრე განგებ დასწავლასა. თუ ამ მხრით გამოსარჩევია ვინმე, კიდევ ბ-ნი კ. ყიფიანი და კ. მესხი. ერთსაც და მეორესაც ზოგჯერ ამისი ხელოვნება გამოუჩენიათ და სასიამოვნოდ უმოქმედნიათ მსმენელზედ. ვის არ ახსოვს ის მართლა საოცარი კილო, როცა ბ-ნი ყიფიანი იტყვის ხოლმე: „მე გერასიმ იაკულიჩ ზამბახოვს მეძახიან“. ამ ფრაზაშია თითქმის მთელის როლის ნასკვი და ბ-ნს ყიფიანს ეს უცვნია და დიდის ოსტატობით შეურჩევია შესაფერი კილოცა. ბ-ნი ყიფიანი ყოველთვის ერთნაირის ფხით ამბობს ამ ფრაზას და ეს გვიმტკიცებს, რომ იგი არ მოსდის ზეგარდმო შთაგონებით, რომელიც ხშირად ჰღალატობს ხოლმე არტისტსა, არამედ ცოდნით და დასწავლითა, ცოდნა და დასწავლა კი თავის დღეში არ უმტყუნებს ხოლმე არავის. პირველი და, თუ გინდათ, უკანასკნელი მოვალეობა კარგის არტისტისა ის არის, რომ სათქმელი ამის მიხედვით ისწავლოს. როლის ცოდნა მარტო სიტყვების გაზეპირება არ არის, ეგ თუთიყუშსაც შეუძლიან. საქმე სიტყვის თქმის კილოს პოვნაა. ყოველს ფრაზაში შუაგული სიტყვა უნდა უსათუოდ იპოვოს არტისტმა და ყოველს ხანაში შუაგული ფრაზა. რაც უნდა მდარე თხზულება იყოს, ეს შუაგული არ შეიძლება არა ჰქონდეს ფრაზასა და ხანასა. უამისოდ როლის ცოდნა, როლის თქმა, როგორცა ვსთქვით, თუთიყუშობა იქმნება, უგემური, უფერული. რაკი ეს შუაგული იპოვა ფრაზისა თუ ხანასი, მაშინ კილოც უნდა შეურჩიოს შესაფერი და მოსახდენი აზრისა თუ გრძნობისა. ამ კილოსაც დასწავლა უნდა, ზედმიწევნით დასწავლაცა. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ყოველი დიდი არტისტი ერთსა და იმავე შუაგულის სიტყვას და ფრაზას ერთისა და იმავე კილოთი ამბობს. ეს დაუსწავლელად შეუძლებელია. ხოლო იმისათვის, რომ არტისტმა შუაგულს სიტყვას მიაგნოს ფრაზაში და შუაგულს ფრაზას ხანაში, საკმაოდ გონებაგახსნილი კაცი უნდა იყოს და რომ შესაფერი კილო შეუწყოს მიგნებულს სიტყვას თუ ფრაზას, დიდი მცოდნე უნდა იყოს ადამიანის შიგნითის ბუნებისა, იმიტომ რომ ყოველს სიტყვაში მარტო სული და გული ადამიანისა მეტყველებს და ყოველს მოძრაობას სულისას და გულისას თავის კილო აქვს, თავის ჰანგი, თავისი მუსიკა.
ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ „ჰამლეტის“ წარმოდგენაში არც ერთმა არტისტმა ქალმა თუ კაცმა ამ მხრით თავი არ იჩინა. ჩვენ რომ ბ-ნი მესხიევი ვნახეთ „თამარ ცბიერში“, გვეგონა, რომ ჰამლეტის როლში არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ჩვენი იმედი გაგვიმტყუნდა და მეტისმეტადაც. მშვენიერი სათქმელნი ჰამლეტისა სულ ხელაღებით გაუფუჭდა, გაუცუდდა ბ-ნს მესხიევს. ძნელად გამოარჩევდა კაცი, სად რას ამბობდა, სად რას მოგვითხრობდა. ბევრზედ არას ვიტყვით, მხოლოდ ესეც საკმაოა ვსთქვათ, რომ სახელოვანი მონოლოგი ჰამლეტისა „ყოფნა თუ არყოფნა“ ისე დაიკარგა, რომ ბევრნი ეჭვობდნენ, ითქვა თუ არაო, ბევრნი ჰკითხულობდნენ, ეს ადგილი გამოუტევა არტისტმა, თუ რა მოუვიდაო? ცოდვაა, ასე უგულოდ, ასე მოუმზადებლად მოექცეს კაცი შექსპირს, მერე სად? „ჰამლეტში”, საცა კარგად თქმას ასეთი დიდი და უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ წრფელის გულითა ვწუხდით, რომ ასეთი მარცხი მოუვიდა ბ-ნს მესხიევს, რომლის მოსაწონს ნიჭს არა ერთხელ უსიამოვნებია საზოგადოებისათვის.
ოფელიას ოფელიობამდე ბევრი რამ აკლდა, მაგრამ ბ-ნ საფაროვისას ისე არ წაუხდენია როლი, როგორც ბ-ნმა მესხიევმა წაახდინა. ესევე ითქმის ლეონიძისაზედ, რომელიც ჰამლეტის დედას თამაშობდა. პოლონიოსს თამაშობდა ბ-ნი აბაშიძე. ჩვენის ფიქრით, ბ-ნი აბაშიძე ვერ შესწვდა ამ როლის შინაარსსა. პოლონიოს, მართალია, კარისკაცია, ძალიან გაოსტატებული, ცბიერი, ლაქუცა, მაგრამ ამასთანაც თავმოწონებული ტახტის აზნაურია. ეს დიდის გვარიშვილობის ღირსება და კარისკაცის, საცა საჭიროა, ფიანდაზად ფეხქვეშ გაშლა ერთად უნდა მოეთავსებინა მოთამაშეს და იმან კი ისე წარმოგვიდგინა, თითქო სოფლის გზირი იყოსო და არავითარი თავმოწონება და მედიდურობა არ უნდა ჰქონდესო.
ერთის სიტყვით, „ჰამლეტმა“ უგემურად ჩაიარა, ბევრს არა ესმოდა რა, რა ამბავია სცენაზედ. რადგანაც სიტყვას არამცთუ კილო ჰქონდა, თვითონ სიტყვაც რაღაც დუდუნად გადაჰქმნეს ასე, რომ კაცი ვერას არჩევდა. თუმცა თვითონ პიესა საკმაოდ კარგად არის ნათარგმნი და კარგნი მთქმელნი რომ მაინც შეჰხვედროდა, თავის სიკეთეს და ფხას არ დაჰკარგავდა ასე ხელაღებითა. მარტო ერთი არტისტიღა გამოჩნდა ამ წარმოდგენაზე, რომელიც არამცთუ შესწვდა თავის როლსა, არამედ მშვენივრად და ხელოვნებით გამოსახა. ეგ არტისტი ბ-ნი აწყურელი იყო მესაფლავის როლში. ძალიან კარგი რამ იყო. სრულს სიამოვნებას იმან დაუშალა, რომ ბ-ნი აწყურელი სიტყვებს გასაგონად არ ამბობდა, როცა მღეროდა. სხვაფრივ კი მისი ლაპარაკი და თამაშობა საგანგებო რამ იყო. რაც შეეხება ამ პიესის გარეგან მოწყობილობას, ესე იგი რეჟისორის საქმეს, ამ მხრით თითქმის ყოველივე არსებითი საჭიროება დავიწყებული იყო. ვწუხვართ, რომ „ჰამლეტის“ წარმოდგენამ, რომელმაც აუარებელი ხალხი მოიწვია თეატრში, ასე უხერხულად, ასე ფუჭად, ასე ცუდად ჩაიარა.
პიესის მთარგმნელი რამდენჯერმე გამოიწვია საზოგადოებამ და მობენეფისეს
ბ-ნს მესხიევს საჩუქარი მიართვა.
[1887 წ., 11-18 თებერვალი]
„ჰამლეტი“ შექსპირისა
ქართული თეატრი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., 19 II, № 36, გვ. 2-3 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ., 11 II).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ატრიბუციისა და პუბლიკაციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვპოვე“).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილს ვათარიღებთ „ჰამლეტის“ წარმოდგენის დღისა (11 II) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
352. 1 „ჰამლეტის“ წარმოდგენამ, რომელმაც აუარებელი ხალხი მოიწვია თეატრში... - იგულისხმება შექსპირის დრამის „ჰამლეტის“ დადგმა 1887 წლის 11 თებერვალს, რომელიც გაიმართა ლადო ალექსი-მესხიშვილის საბენეფისოდ ბანკის თეატრში.
352. 4 პიესის მთარგმნელი რამდენჯერმე გამოიწვია საზოგადოებამ... - იგულისხმება ცნობილი მწერალი და შექსპირის ნაწარმოებთა უბადლო მთარგმნელი ივანე მაჩაბელი (1858-1898).
![]() |
2.36 იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო |
▲back to top |
ტფილისი, 21 მარტი
„როცა გვაქვს, არ ვინახავთ,
როცა ვკარგავთ კი, ვსტირით“.
დადუმდა საუკუნოდ კიდევ ერთი „მთქმელი“! მოსწყდა ჩვენს ცას ერთი ცოტად თუ ბევრად მანათობელი ვარსკვლავი! კიდევ ერთი „ჩვენგანი“ შეიწირა ყოველთა შემწირველმა წუთის-სოფელმა!..
ერთი „ჩვენგანიო“ რომ ვამბობთ, განგებ ვამბობთ. ბევრი კვდება ჩვენში ყოველ დღეს, ყოველს წამს, „სოფელი ასე მქნელია“, - მაგრამ ამ ბევრში ყველაზედ არ ითქმის „ჩვენგანიო“. იმიტომ კი არა, რომ ჩვენის სისხლისა და ხორცისა არავინ ჰკვდებოდეს, არა. ერი თუ საზოგადოება მარტო იმას უნდა ეძახოდეს „ჩვენგანს“, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის სიტყვით თუ საქმით და თუ ეს ღვაწლი გაბრწინვალებულია, შუქშესხმულია მადლითა. აქ სულ ერთია, თქმაა ეს ღვაწლი თუ ქმნაა, იმიტომ რომ ზოგჯერ თქმა ქმნა არის. დიახ, მქმნელია იგი მთქმელიცა, რომელსაც განწმენდილნი აქვს „თვალნი ზე ზეცისა და ქვე ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი - ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი - ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა - ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად“.
რა თქმა უნდა, რომ ერთნაირის უხვებით არ არის ყველა ამ მადლით მიმადლებული. ამაშიაც არის დიდი-პატარაობა, მაგრამ დიდი თუ პატარა, რაკი ცოტად თუ ბევრად ამ მადლის მექონია, იგი რჩეულია მრავალთა შორის და ეს რჩეულობა არის სამართლიანი მიზეზი და საბუთი, რომლის ძალითაც ერს შეუძლიან თავმოწონებით სთქვას: ეს კაცი ჩვენგანიაო. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო იგი გლეხიკაცი, იგი მდაბიო და მით უფრო მაღალი, რომ მდაბიოა, რომელსაც დღეს ჩვენ იოსებ დავითაშვილის სახელითა კურთხევით ვიხსენიებთ და ვგლოვობთ. მეო, ამბობს იგი ერთს ლექსში:
სოფლელი გლეხის შვილი ვარ,
მჭადითა გამოზრდილია,
უქუდო, ჩოხის ამარა,
ქალამნებგაცვეთილია.
ობოლი დავრჩი დედ-მამას,
დრო მადგა გასაჭირია,
სადაც კი ვარდსა დავეძებ,
იქ მხვდება ეკლის ძირია.
მამაც ამრიგად ტანჯულა,
ვით ვიტანჯები შვილია,
თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს,
ვერ გამიღია პირია.
ნუ გეგონოთ, რომ მას ჰშურდეს ვისი რამე, ვისმე რასმე სიხარბით შეჰნატროდეს, ვისი რამე უნდოდეს, სხვისაზე რაზედმე ხელი ეტანებოდეს, გული უთქმიდეს. არა! ყოველს ამაზედ იგი მაღლა სდგას, ამაში ჰსჟღერს დიდი სიმი ეროვნებისა და აქა სცემს უბოროტო ძარღვი ჩვენის ერის უბოროტო გულისა. იგი ამბობს:
თავზედ დამექცეს ცა რისხვით,
სხივი ვერ ვნახო მზისა მე,
მაღალი ღმერთი გამიწყრეს,
თუ რამ ვინდომო სხვისა მე.
ნუ გეგონოთ, რომ ან ტანჯვით გამწარებული ვისისამე მტრობას იგი გულში გაიტარებდეს, გულში ადგილს აძლევდეს, ან ტანჯვითვე გაბოროტებული ვისიმე ჯავრის ამოყრას, სამაგიეროს გადახდას ჰლამოდეს! არა, ამისათვის იგი მეტად სულგრძელია, მეტად ყოველთა შემწყნარებელი და მიმტევებელია, როგორც მარტო დიდბუნებოვანი კაცია ხოლმე. მტრობა, ძულება, ჯავრი, შურისძიება შორს არის მისგან. მისი ნათელი სული არ იკარებს ამ ჭუჭყსა, ამ ჟანგსა. იგი ამბობს:
კაცი ხარ, კაცად შობილი
კაცი გიყვარდესო...
ეკლესიას დახვიდოდე
ყოველ უქმე დღესო,
დავითნი და სახარება
ორივ იქა ძევსო.
იმათში ესე სწერია:
კაცი გიყვარდესო,
კეთილისათვის ბოროტად
თუ ვინმე გხდიდესო.
სამაგიეროს ნუ უზამ,
დეე, თვით მიხვდესო!..
ჩვენსა მხსნელსაც ეს დაჰმართეს,
კაცთა მოყვარესო.
აი, ვის ჩაუხედნია გლეხკაცის გულში, ვის უნახავს იქ მისნი საიდუმლონი, ვის გაუგონია მისი გულისძგერა და, მაშასადამე, ვინა ტანჯულა კიდეც მათთვის მართლად და ჭეშმარიტად!.. ეს აზრები, ეს გრძნობა, ეს სიტყვა ქარით მობერილი არ არის. ეს მარგალიტები იმ ზღვიდამ არის ამოღებული, რომელსაც ერის გულს ეძახიან. აქ არაფერია ნათხოვარი, არაფერია განგებ ჩაძახილი და მერე ამოძახილი. აქ თავის დიდებას, თავის დიდბუნებოვანობას, სულგრძელობას თვითონ ერი მეტყველობს, თვითონ ერი ჰღაღადებს ერთის თავის ჭეშმარიტის შვილის ბაგითა! ტყუილი თავმოწონება კი არ არის განსვენებულის მხრით, როცა იგი ამბობს:
მუშა რომ ვარ, მისთვის ვიცი
მუშის გულისპასუხები.
ეს გულისპასუხები იცის და მით უფრო გულს მოსახვედრია, გულს ჩასამჩნევია, მით უფრო საკვირველია, რომ მშვიდობის მთქმელი მოციქული იქიდამ მოდის, საცა ესოდენი გულნატკენობაა ჩვენგან, ესოდენი მიზეზია წყრომისა და სამდურავისა. დიახ, იქიდამ მოდის იგი სიტყვითა ყოვლადმხსნელის სიყვარულისა და მოაქვს მწვანე შტო შერიგებისა, ძმობისა და ურთიერთობისა! ბოროტი არ გვახსოვსო, აჰა, ძმური ხელიო! გიძმობთ და გვიძმეთო! ამისთანა მარგალიტები მარტო ზღვის ძირშია... ერის გული ზღვაზე უფრო ღრმაა და დიდი საქმეა, ვისაც ღონე შესწევნია და თავის საკუთარი გული და თვალი იქამდინ ჩაუწვდენია. ჩვენში ბევრი ვერ დაიქადებს ამასა.
ყველგან, საცა კი რაიმე შემთხვევა ეძლევა, განსვენებული დავითაშვილი სულ ამას იძახის ტკბილისა და მშვიდობიანის სიტყვითა, რომ ჩვენი, მუშა ხალხის ხსნა სწავლა და განათლებააო. ერთს ლექსში ამას ურჩევს თავის მოძმეთა:
გლეხებმა წიგნი ვისწავლოთ,
ეს არის ჩვენი ვალიო;
გვეყოფა, რაც რომ გვეძინა,
დროა გავაღოთ თვალიო.
ანუ:
მე კარგსა რასმე აგირჩევ,
მიღება შენზედ ჰკიდია:
სწავლაა ბნელის ფანარი,
სწავლა ცხოვრების ხიდია.
მარტო ხელობის რისამე ცოდნა ცოტაა და თუ გინდა, რომ იგი ტვირთი აიხსნა, რაც ეხლა გკიდიაო:
არ დაივიწყო, გახსოვდეს
მხსნელი და შემოქმედია,
მოძმისა ტანჯვა გაიგე,
მამულს რა გადახედია...
კარგა გაიგე დროთ ბრუნვა,
ზე მყოფი ბევრჯელ ქვედია...
ჩემი რჩევანი ეს არის,
სხვა რამ ვსთქვა, იტყვი: ყბედია.
განსვენებული ხელოსანი იყო და ჩუქურთმის ჭრა იცოდა, და თუმცა ლუკმაპურსა ვშოულობ ამ ხელობითა, მაგრამ უსწავლელი რომ ვარ, ქვეყნის ბარგი ვარო. იგი ამბობს:
მეც მისწავლია რამე,
ხელოსნათა ვწერივარ,
ხელში მიჭირავს ხვედა,
ჩუქურთმისა მჭრელი ვარ...
ყალბად და მატყუარად
არვის დაუჭერივარ,
შრომით ლუკმას ვშოულობ
და მით ბედნიერი ვარ.
მოძმეს რომ შევეწიო,
სულ ყოველთვის მზათა ვარ,
მაგრამ ვსტირი ჩემს ბედსა -
უსწავლელი რათა ვარ.
მხოლოდ ხელობა ვიცი,
შრომაშიაც მარდი ვარ,
მაგრამ ამასა ვწუხვარ,
რომ ქვეყნისა ბარგი ვარ.
სულ ამ ცოდნისა და განათლების უქონლობასა სჩიოდა და მისი მწუხარება და ნაღველი ის იყო, რომ გლეხი უსწავლელია. ეს ჰკბენდა გულში, ესა სტანჯავდა გარდა იმისა, რომ ეს წუთის-სოფელი სხვისათვის მამა იყო და იმ საცოდავისათვის კი - მამინაცვალი. რამოდენად მართალი, გულშემატკივარი და აღმომეტყველი იყო გარდაცვალებული გლეხთა გულისნადებისა, მისისავე მოძმის სიტყვიდამა სჩანს1:
სიცოცხლეს ჰლევდი ტანჯვაში,
გული რაღასაც ელოდა,
თავისზედ გაჭირებულსა,
რითაც შაეძლო, ჰშველოდა.
მიწამ გიმოყმა, ბედშავო,
დღენი ვერ ნახე მზიანი,
ვერც გაზაფხული, ბულბული,
ვერც აგიყვავდნენ იანი.
მოშორდი ცოდვის ქვეყანას,
რომ ცრემლით აღარ გენამა...
დაჰმარხე გულში, წარიღე
რაც ვერ გამოსთქვა ენამა.
მუშა იყავი, მით ჰგრძნობდი
მუშისვე გულის წუხილსა
და შენაც თანაუგრძნობდი
ტანჯულის სისხლის დუღილსა!
მხნეობდი, ძმაო, მათ შუა,
არ ჰშორდებოდი კრებასა,
დაზგაზე რანდით ჰლამოდი
მრუდე ხის გასწორებასა...
კიდევ იკითხავთ: ვინ იყო აწ განსვენებული იოსებ დავითაშვილი? ნუთუ ამას კითხვაღა უნდა! ცოტად რომ მაინც დაუკვირდეთ მთელს მის ნათქვამს ლექსებს, ჰნახავთ, რომ იგი იყო კაცი, რომელსაც ცოტად თუ ბევრად განწმენდილი ჰქონდა თვალნი გლეხთა გულის საიდუმლოთა მნახველად, ყურნი - გლეხთა გულის ძგერის უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი - გლეხთა მაჯისცემის შემტყობად და ენა - ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად. გული ერისა იგივ ზესკნელი და ქვესკნელია და ამიტომაც თვალისა, ყურის და ხელის იქამდინ მიწვდენა მხვედრია მარტო რჩეულის კაცისა და ერთი ამათგანი იყო იგიც, ვინც დღეს დავკარგეთ. კურთხეულ იყოს სახსენებელი მისი! კურთხეულ იყავ შენ, ვინც:
დაზგაზე რანდით ჰლამოდი
მრუდე ხის გასწორებასა.
[1887 წ., 21 მარტი]
_____________
1. იხ. „ივერია“ №58-ე, 1887 წ.
იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 637-640.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., 22 III, № 61, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა 1927 წელს, - ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, ზემომითითებული სათაურით. დასახელებული გამოცემის სარედაქციო შენიშვნებში, ისევე როგორც ილიას თხზულებათა შემდგომ გამოცემებში, აღნიშნულია, რომ ამ წერილის ილიასეულობას (და აგრეთვე ილიასეულობას წერილისა - „მოკლე ბიოგრაფია იოსებ დავითაშვილისა“) „ადასტურებს მოწმობა ნ. მთვარელიშვილისა (რომელიც 80-90-იან წლებში ილიასთან თანამშრომლობდა წ.კ. საზოგადოებაში). იოსებდავითაშვილის ნაწერების 1890 წლის გამოცემას დართული აქვს ბიოგრაფია პოეტისა, დაწერილი ნ. მთვარელიშვილის მიერ, რომლის ბოლოს მოთავსებულ ბიბლიოგრაფიაში ნ. მთვარელიშვილი აღნიშნავს: „მეთაური სტატია იოსების გარდაცვალების გამო და მისივე მოკლე ბიოგრაფია“ 1887 წ. „ივერიის“ № 61-ში - ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნისო“ (იხ. ი. დავითაშვილის თხზულებანი, ქართ. ამხ. გამოცემა № 2, 1890 წ., გვ. XXXIX).
წერილის ილიასეულობა აღნიშნული იყო უფრო ადრეც, კერძოდ 1887 წლის 24 მარტის გაზ. „ივერიაში“ (№ 62, გვ. 2), სადაც ნათქვამია, რომ იოსებ დავითაშვილის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე კალოუბნის ეკლესიაში „ჩვენი გაზეთის რედაქტორმა იოსებ დავითაშვილის მოღვაწეობასა და მნიშვნელობაზედ სიტყვა წაიკითხა, რომელიც დაბეჭდილია „ივერიაში“ 22 მარტსა“.
354. 13
სოფლელი გლეხის შვილი ვარ...
ვერ გამიღია პირია!
სტროფები აღებულია ი. დავითაშვილის ლექსიდან „გლეხის პასუხი“, რომელიც პოეტმა 1883 წელს დაწერა.
354. 31
თავზე დამეცეს ცა რისხვით...
თუ რამ ვინდომო სხვისა მე!
ეს სტროფიც „გლეხის პასუხიდანაა“.
355. 9
კაცი ხარ, კაცად შობილი...
კაცთა მოყვარესო.
სტროფები აღებულია ი. დავითაშვილის 1878 წ. დაწერილი ლექსიდან „მიბაძვა (დავით გურამიშვილისა)“.
356. 17
გლეხებმა წიგნი ვისწავლოთ...
სწავლა ცხოვრების ხიდია.
სტროფები აღებულია ი. დავითაშვილის ლექსიდან „სტვირი“ (1880 წ.).
356. 28-357. 1
არ დაივიწყო, გახსოვდეს...
სხვა რამ ვსთქვა, იტყვია, ყბედია.
სტროფი აღებულია ი. დავითაშვილის ლექსიდან „დატვირთულ მუშას“.
357. 8
მეც მისწავლია რამე...
რომ ქვეყნისა ბარგი ვარ.
სტროფები აღებულია ი. დავითაშვილის ლექსიდან „სიმღერა ჩუქურთმის მჭრელისა“ (1877 წ.)
357. 31-358, 1
სიცოცხლეს ჰკლევდი ტანჯვაში...
მრუდე ხის გასწორებასა.
ილიას ეს სტროფები აღებული აქვს გაზეთ „ივერიის“ № 58-ში დაბეჭდილი ლექსიდან “იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო“. ლექსს შემდეგი სარედაქციო შენიშვნა ახლავს: „ეს ლექსი მოგვივიდა შემდეგს წერილთან ერთად: „ბ-ნო რედაქტორო! გუშინდელს გაზეთს „ივერიაში“ დაბეჭდილმა დეპეშამ, რომელიც იყო გამოგზავნილი თელავიდამ განსვენებულის იოსებ დავითაშვილის სიკვდილზედ, მიგვცა ფრიად შემაძრწუნებელს მწუხარებას გორის საზოგადოების მოყვასნი და მცნობნი გარდაცვალებულისა. ვწუხვართ სულითა და გულით და ვგლოვობთ სახალხო კილოთი მწერალს, პოეტს და ყველა ხელოსანის კეთილს დამრიგებელსა და სწორე გზაზედ დამაყენებელს კაცს. გთხოვთ მისცეთ ადგილი თქვენს პატივცემულ გაზეთ „ივერიაში“ ამ ჩვენს მწუხარებას შორიდგან მიუწვდენელს ცრემლის მაგიერ“.
წერილიც და ლექსიც ხელმოუწერელია.
![]() |
2.37 მოკლე ბიოგრაფია ი. დავითაშვილისა |
▲back to top |
იოსებ დავითაშვილი იყო შვილი გლეხის სვიმონა დავითაშვილისა. დაიბადა სოფელს რუისში, გორის მაზრაში, ამბობენ 1852 წელსაო, თუმცა ეს ცნობა ბევრს საეჭვოდ მიაჩნია. მამა მისი სვიმონი საბატონო კაცი ყოფილა, თ. ალექსანდრე ციციშვილის ყმა. სამის წლისა ყოფილა იოსები, რომ ბატონს მამამისი აუყრია და გადაუსახლებია მთელის ოჯახით სოფელს გარდატენში. იოსები ცხრა წლამდე აქ იზრდებოდა თურმე სოფლის გოგო-ბიჭებსა და მწყემსებს შორის. ცხრა წლისა ბატონმა წაიყვანა თურმე შინ მოსამსახურედ სოფელ დოესში. სამი თუ ოთხი წელიწადი უმსახურნია და მერე მის ბედზედ მოსწრებია ბატონყმობის გაუქმება, და ამის შემდეგ უფროს ძმას, რომელიც კარგა ხანია უკვე გარდაცვლილია, ჩამოუყვანია თბილისში, რომ რაისამე ხელობის სასწავლებლად მიებარებინა სადმე, თვითონ იოსების სურვილისა და თხოვნისამებრ. ძმამ მიაბარა იოსები ერთ რუსს მეჩუქურთმეს, გვარად რუბცოვს. აქ დაუყვია ხუთი წელიწადი. მერე ქარგლად შესულა მეჩუქურთმე დავით აბდუშელიძესთან და მას შემდეგ კი თითქმის 1885 წლამდე სულ მეჩუქურთმე დავით გიგაურთან უმუშავნია.
წიგნის სწავლა შაგირდობაშივე დაუწყვია 1874-5 წლებში და გონება გაუხსნია მარტო ქართულის მწიგნობრობის და ჟურნალ-გაზეთების კითხვით. ლექსების წერა, თუ არა ვცდებით, დაიწყო 1877 წელს: არ არის არც ერთი ჩვენი ჟურნალ-გაზეთი, რომ მისი ტკბილი და მარილიანი ლექსი არ იყოს: „დროება“, „ივერია“. „იმედი“, „ნობათი“, „თეატრი“ - ერთის სიტყვით ყველგან იპოვით იმის თქმულსა. ცალკე არის გამოცემული ერთი პატარა წიგნაკი, სახელად „სტვირი”. აქ არის ათიოდე მისი ლექსი.
საკვირველი თავდაბალი, უწყინარი, უბოროტო კაცი იყო განსვენებული. იმისაგან წყენა, ავი სიტყვა, ავი საქმე არავის ახსოვს. დიდი მოყვარული იყო თავის ქვეყნისა, ქართულის ლიტერატურისა და სიტყვიერებისა. რაც კი რამ დაწერილა და დაბეჭდილა ამ უკანასკნელს ათს-თხუთმეტს წელიწადში, ყველა გულმოდგინეობით ჰქონდა გადაკითხული. ბევრი არა უწერია რა, მაგრამ რაც დაწერა, იმათში ასეთი მარგალიტები ამოირჩევა, რომ კაცს დაატკბობს აზრითაც და სიტყვიერებითაც.
აქეთ-იქით ბევრს დადიოდა განსვენებული, მონასტრებსა და ძველს ნაშთებსა სინჯავდა. საცა კი რაიმე შესამჩნევს ან ჩუქურთმას, ან წარწერილს ჰნახავდა, გადმოიღებდა ხოლმე. არა ერთი და ორი კორრესპონდენციაც მოუწერია გაგონილისა და თვალით ნახულის თაობაზედ. მეტად საყვარელი, ტკბილი, ჩუმი კაცი იყო. ქალაქის ხელოსნებს და სხვაგანაც, საცა იცნობდნენ, ყველას უყვარდა და ყველა პატივსა სცემდა.
[1887 წ., 21 მარტი]
მოკლე ბიოგრაფია ი. დავითაშვილისა
ნაბეჭდი: „ივერია“, 1887 წ., 22 III, № 61, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ., 22 III).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
წერილის ავტორად ილია ჭავჭავაძე მოხსენიებული იყო უკვე 1890 წელს, მ. მთვარელიშვილის მიერ (იხ. შენიშვნა წინა წერილისა - „იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო“).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა 1927 წელს, - ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, ზემოხსენებული სათაურით.
პირობითად ვათარიღებთ წერილის გამოქვეყნების წინა დღით.
![]() |
2.38 აკაკი წერეთელი და „ვეფხვის-ტყაოსანი“ |
▲back to top |
ტფილისი, 17 აპრილი
წელს ერთი იშვიათი ამბავი ჩვენში ის მოხდა, რომ ბ-მა აკაკი წერეთელმა წაიკითხა საჯარო ლექცია რუსულად „ვეფხვის-ტყაოსანის“ თაობაზედ. ეს აზრი, რომ რუსებსაც აცოდინოს კაცმა - რა ღირსებისაა იგი სულიერი განძი, რომელიც სამკვიდროდ და სასახელოდ უანდერძა ჩვენმა წარსულმა ჩვენს ერსა, მეტად მოსაწონი აზრია და დიდის თანაგრძნობის და მადლობის ღირსიცა ჩვენ მიერ.
ჩვენ, ქართველებს, სამართლიანად მოგვაქვს თავი მით, რომ ეგ დიდებული პოემა, შექმნილი ჩვენის ერის დიდებულობის დროსა, ჩვენის კაცისაგან და ჩვენს ენაზედ დაწერილია. ყველამ იცის, რომ ამით ჩვენ თავს ვიწონებთ, ვსახელობთ, ვქადულობთ. ხოლო ყველამ, ნამეტნავად ჩვენის ენის უცოდინარმა, არ იცის - რა გვაძლევს უტყუარს საბუთს ამ თავმოწონებისას, სახელისას, ქადილისას. ყველამ არ იცის, რითია ეგ სახელოვანი ნაშთი ჩვენის სულისა და გულის მოძრაობისა შემკული, რომ დიდი და პატარა, სრა-სასახლე და ქოხი, ასე ერთნაირად, ერთპირად შეჰხაროდა უწინ და შეჰხარის დღესაც, როგორც დიდს რასმე საუნჯესა, საშვილიშვილოდ საპატიოსა და ამ რვა საუკუნეს განმავლობაში არდაჭკნობილსა, არგაბათილებულსა, არდავიწყებულსა. ამიტომაც მეტისმეტად ბედნიერ აზრად ვსახავთ ბ-ნ აკაკის აზრსა, რომ მოიწადინა რუსულად წაიკითხოს საჯარო ლექცია ამ საგანზედ რუსთა საცოდნელად.
ჩვენ, ჩვენდა სამწუხაროდ, ხელთ არა გვაქვს იგი ლექცია, რომ პატივცემულს ლექტორს კვალდაკვალ მივყვეთ და მის მიერ თქმული ისე მოვიყვანოთ, რომ არც მეტი გამოვიდეს, არც ნაკლები. რადგანაც ამ შემთხვევაში მარტო ჩვენს ხსოვნას, ჩვენს მეხსიერებას უნდა ძალაუნებურად დავემყაროთ, ამ მიზეზით ყოველს თქმულს ლექტორისას ვერ გამოვუდგებით იმის შიშით, რომ შეცდომა რაიმე არ მოგვივიდეს. ამის გამო ჩვენ კვალდაკვალ მიყოლას თავს ვანებებთ და მარტო დედააზრს ბ-ნის აკაკის ლექციისას დავუკვირდებით.
ბ-ნის აკაკის ლექცია, რუსულად თქმული, ქართველთა საზოგადოებისათვის ახალი ამბავი არ არის. ბ-ნმა აკაკი წერეთელმა იგივე ლექცია ქართულად წაიკითხა ამ რამდენისამე წლის წინათ და, თუ ხსოვნა არა გვღალატობს, ეხლანდელი რუსული ლექცია მაშინდელს ქართულს შორს არ წასვლია: თითქმის ერით და იგივეა. თუ რამ ცვლილებაა, ისიც იმისთანაა, რომ არავითარი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ, როგორც მაშინდელი ქართული ლექცია, ისეც ეხლანდელი რუსული, ერთსა და იმავე დედააზრზეა აკინძული თავიდამ ბოლომდე. მართალია, რამდენიმე ამბავი ახალია ეხლანდელს რუსულში, მაგალითებრ, ის საოცარი საბუთი, როგორც კამბეჩის ცემის ამბავია და სხვა, მაგრამ ეგ ორიოდე ახალი ამბავი თუ საბუთი მარტო ერთისა და იმავე დედააზრის განსასურათებლად და განსაძლიერებლად მოჰყავს პატივცემულს ლექტორს.
მთელი სამი ლექცია ბ-ნის აკაკისა წარმოადგენს ერთს იმ დედააზრის აკიდოს, რომ რუსთაველმა გამოსახა თავის პოემაში სამი, საქართველოს სხვადასხვა ნაწილის, ქართველი. მისი სიტყვით, ტარიელი, რადგანაც ზარმაცია - ქართლელია, ავთანდილი, რადგანაც წინდახედულია და ცბიერი - იმერელია, და ფრიდონი კი - არ გვახსოვს რა მიზეზით და რის გამო - ზღვისპირის ქართველია: იქნება იმის გამოც, რომ „ცოტა აქვს, მაგრამ ყოველგან სიკეთემიუწვდომელი“. ამ აკიდოზედ ბევრი მართალი მარგალიტები აასხა ლექტორმა გონებამახვილობისა, ლამაზის შედარებისა, როგორც ბ-ნ აკაკის ბედნიერის ნიჭის ამბავი მოგეხსენებათ, მაგრამ, ჩვენის ფიქრით, თვითონ აკიდოს ღერო კი მეტისმეტად სუსტი რამ არის და, თუმცა ზედ ასხმულს მარგალიტებს ჰზიდავს, მაგრამ კრიტიკის ხელშეხებას კი ვერ გაუძლებს.
იმ საბუთებით, რომ ტარიელი ზარმაცია, ავთანდილი წინდახედულია და მებრვე სხვა, ძნელია იმისთანა მართლა სახელოვანი პოეტი, როგორიც რუსთაველია, კაცმა უბრალო ეტნოგრაფის საჩხირკედელო საქმეზედ ჩამოახდინოს. ეს მეტისმეტი დაქვეითებაა პეგასზედ მჯდომ ცხენოსნისა. თუნდ ეგეც არ იყოს, ეს ამისთანა გზა კვლევისა სად არ მიიყვანს კაცსა?! ფალსტაფს, რომელიც შექსპირს ტყუილებისა და კვეხნა-ბაქიაობის გუდად გამოუხატავს, განა ათასს მსგავსს ვერ მოვუპოვებთ ჩვენს საქართველოში?! აკი თვითონ ბ-ნმა აკაკიმაც თავის ლექციებზედ დაგვაჯერა, ქართველები ტყუილების და კვეხნა-ბაქიაობის მოყვარენი არიანო. მართალიც არის: ჩვენში ტყუილებისა და კვეხნა-ბაქიაობისა ასეთი ფალავნები არიან, რომ თვითონ ფალსტაფი, ეგ ზოგადი ტიპი ცრუ და მკვეხარა კაცისა, ტაშს დაუკრავს მოწონებისას და შაგირდად მიებარება. ნუთუ ეს გარემოება ნებას მისცემს ვისმეს სთქვას: შექსპირმა ფალსტაფით ქართველები გამოსახაო. მსოფლიო გენიოსები - მწერალნი იმიტომ არიან მსოფლიონი, რომ მათს ნახატში, რომელის ერისაც გინდათ, იმ ერის კაცს იცნობთ, იმიტომ რომ იგინი ადამიანის საზოგადო ტიპსა ჰქმნიან. ადამიანი ყველგან ყოვლთ უწინარეს ადამიანია და ადამიანს ხომ არაფერი ადამიანური არ ეუცხოება.
ფალსტაფი ისეთივე შვილია მთელის კაცობრიობისა, როგორც ჰამლეტი, ოტტელო, ტარიელი, ავთანდილი და სხვანი ამისთანანი, დიდის შემოქმედობის ძალით შექმნილნი. რამოდენადაც მწერალის შემოქმედობის ძალი სწვდება ამ ზოგადკაცობის ტიპსა, იმოდენად მწერალი დიდია, იმოდენად მსოფლიოა. თქმა არ უნდა, რომ ერი, რომელსაც ეკუთვნის ამისთანა მწერალი, თავისის სამკაულით აკაზმინებს, თავის საფერავით აფერვინებს პოეტს ყოველს ხატს, ყოველს ნამოქმედარს შემოქმედობისას, მაგრამ ეგ მარტო სამკაულია, ფერია და არა იგი შინაგანი ბუნება ხატისა, რომელიც ამ შემთხვევაში ზოგადია და არა კერძო, და რომელიც მარტო თავის საკუთარს კანონებს ექვემდებარება.
ჩვენის ფიქრით, ამ საზომით, ამ საწყაოთი უნდა შესდგომოდა ბ-ნი ლექტორი თავის რთულს და მძიმე საქმეს იმისთანა თხზულების ვითარების გამოძიებისას, როგორიც „ვეფხვის-ტყაოსანია“. დანარჩენს ხვალ ვიტყვით.
ტფილისი, 18 აპრილი
ჩვენს წინა წერილში ჩვენის შეძლებისამებრ ვაჩვენეთ, რა საზომით და საწყაოთი უნდა შესდგომოდა კაცი „ვეფხვის-ტყაოსნის“ ავკარგიანობის გამოსარკვევად და საცოდნელად. ამ საზომისა და საწყაოს უარყოფა - უარყოფაა იმისი, რომ „ვეფხვის-ტყაოსნის“ გმირნი საერთო-კაცობრიულს რასმე წარმოადგენენ. ნუთუ მართლა ტარიელის ხასიათსა, თვისებასა და ბუნებაში, ანუ ავთანდილისაში, ანუ სხვისაში სხვა არა მოიპოვება რა საერთო-კაცობრიული იმისთანა, რომლის მეტნაკლები გამოხატვა ერთადერთი საზომია, ერთადერთი საწყაოა მწერალის შემოქმედობის ძალის მეტნაკლებობისა! განა ამ შემოქმედობის ძალის მეტნაკლებობის გამორკვევა არ არის პირველი და უკანასკნელი საგანი კრიტიკოსისა?! თუ ასეა, ნუთუ ამ გმირების ავკარგიანობა ისე ცხოვლად, ისე მთლად და ისე მართლად განსურათებული მათისავე მოქმედებით, ქცევით, სიტყვა-პასუხით, გულისთქმის და საქციელის ერთმანეთზედ დამოკიდებულობით, ეპიზოდების ერთმანეთისაგან წარმომდინარებით - არასფერს ზოგადს საპსიხოლოგიო, საესტეტიკო, საეტიკო, საფილოსოფიო საგანს არ წარმოადგენს?! ნუთუ ის ახოვანი, ღონიერი, ჯანმრთელი, სულითა და გულით ძლიერი, უშიშარი ვაჟკაცი ტარიელი რუსთაველმა თავის ნებაზედ ბოლოს მჩვრად აქცია და ყოველს ამას სხვა მიზეზი არა აქვს რა, გარდა რუსთაველის თვითნებობისა და ზარმაცის ქართლელის გამოსახვის სურვილისა?! ეს რომ ასე იყოს, მისი თხზულება ხომ პამფლეტი იქნება, თუ ძაგებაა, და რეკლამა, თუ ქებაა - და არა დიდებული ნამოქმედარი შემოქმედობისა!
ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და სხვანი მამაკაცნი და დედაკაცნი „ვეფხვის-ტყაოსანისა“, ყველაზედ უწინარეს ადამიანები არიან და, მაშასადამე, ზოგად ადამიანის ბუნების მიხედვით შექმნილნი და აგებულნი. აი, თუნდა ავიღოთ ლექტორის მიერ თითქმის სასაცილოდ აგდებული მაგალითი, რომ ტარიელს ნესტან-დარეჯანის პირველ დანახვაზედ გულს შემოეყარა და დაბნდა. ამ შემთხვევამდე კი რუსთაველმა ბევრგან გვაჩვენა, რა ძლიერი კაცია ყოვლისფრით ტარიელი სულითა თუ ხორცითა. ამ თვალად მცირე შემთხვევაშია მთელი ნასკვი, რომლისაგანაც გამოიხსნება მთელი რთული ხასიათი იმისთანა კაცისა, როგორიც ტარიელია. კარგს, გონებამახვილს და გამჭრიახს პსიხოლოგს რომ ეს ძლიერება და ძალღონივრობა ტარიელისა აცოდინოთ და ამასთან ეს უეცარი შემოყრა გულისა დაწვრილებით უამბოთ, პირდაპირ მოგახსენებსთ, რომ ტარიელი დიდის გულისთქმის კაცია, იმისთანა გულისთქმისა, რომელსაც ვეღარც ხორცი უძლებს და ვეღარც სული, და რომელიც ჭკუას, გონებას მთლად იმორჩილებს, როგორც ზარი, ელდა, მეხი. რაკი კაცს ჭკუა და გონება გამოეცლება, ის მკვდარია საქმისათვის, მოქმედებისათვის. ამიტომაც ტარიელისთანა ძალღონიერი კაცი და მისთანავე გულისთქმისა ყოვლად შემძლებელია, თუ გარემოება ცხოვრებისა გულისთქმაში ხელს უწყობს, ესე იგი, თუ გულისთქმას კმაყოფილებას აძლევს და აჩუმებს, და თუ არა, ამისთანა კაცი სუსტია, უღონოა, უქმია, ერთის სიტყვით, სნეულია. ეს თვისება გულისთქმისა რუსთაველმა ძლიერ კარგად იცის და ამიტომ აქებს იმ კაცს, ვინც გულისთქმას იმორჩილებს და ეურჩება. მინამ გულის შემოყრის ამბავს აამბობინებს ტარიელს, იგი გვეუბნება:
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან
(საწუთროს ნდომასაო)
ნუთუ ძნელი მისახვედრია, ამით რის თქმა უნდა რუსთაველსა? რა პსიხოლოგიური შუქი მოჰფინა ამის თქმით გულის შემოყრის ამბავსა? დიდის გულისთქმის კაცის ამბავი ასეაო და ბრძენს კაცს კი, რომელიც გულისთქმას იმორჩილებს, ჭკუას აუფლებს, ეს არ მოევლინებაო. აკი ჭკვიანი და ბრძენი ავთანდილი, რომელსაც გულისთქმა დამორჩილებული ჰყავს, არსად არც ერთს მაგალითს არ წარმოგვიდგენს ან დაბნედისას, ან გულშემოყრისას და სხვა ამგვარის მარცხისას გულისთქმისაგან.
ავთანდილმაც ძალიან კარგად იცის, რომ ტარიელი წადილს, გულისთქმას წაუღია და იმითია სნეული, რომ ვერც ერთი ვერ უძლევია. ამიტომაც ავთანდილი ამ მართლადა უებარს წამალს ურჩევს ტარიელს:
რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, - ნუ სდევ წადილთა ნებასა.
ნესტარი სწორედ შიგ წყლულში ჰკრა ამით ავთანდილმა.
თვითონ ტარიელმაც ძალიან კარგად იცის, რომ თავი ხელთ აღარა აქვს და რა ყოფაშია ჩავარდნილი გულისთქმისაგან, რომელიც ვეღარაფრით ვერ დაუდუმებია. ასე იცის გულისთქმამ, როცა კაცი სადავეს ხელთ მისცემს და მიუშვებს. აბა, ყური დაუგდეთ, რა პასუხს იძლევა ტარიელი, როცა ავთანდილი ამრიგად დარიგებას აძლევს:
თუ ბრძენი ხარ, ყოვლი ბრძენი აპირებენ ამა პირსა:
ჰხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად სტირსა;
ჭირსა შიგან გამაგრება ასე უნდა ვით ქვითკირსა,
თავისისა ცნობისაგან ჩავარდება კაცი ჭირსა.
ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ.
მართალია, ტარიელი ბრძენია, მაგრამ ბრძენია მარტო მაშინ, როცა გულისთქმას არ შეუპყრია, და გულისთქმით შეპყრობილი კი სნეულია, ცნობადაკარგულია. იგი ეუბნება ავთანდილს:
ბრძენი?! ვინ ბრძენი, რა ბრძენი? ხელი ვითა იქმს ბრძნობასა!
ეგ საუბარი მაშინ ჰხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა...
გულისთქმამ ცნობა წაართვა, ცნობის წართმევამ - ღონე, და უღონობამ მჩვრად აქცია ეს ახოვანი კაცი. აქ რა შუაშია ან ქართლელი, ან კახელი, ან იმერელი!.. აქ კაცად-კაცია, გულისთქმის ქარ-ცეცხლში გატარებული თავიდამ ბოლომდე.
ან აიღეთ ერთი მაგალითი კიდევ, საცა რუსთაველმა საოცარი ღრმად ცოდნა ადამიანის გულისა დაგვანახვა. გაიხსენეთ ის ადგილი, როცა ტარიელი პირველად შეეყრება სალაპარაკოდ ნესტან-დარეჯანსა, რომელიც ისეთისავე დიდის გულისთქმის დედაკაცია, როგორიც მამაკაცი ტარიელი. ტარიელი ამ ამბავს ასე მოგვითხრობს:
ამიგდო ქალმა ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,
სადა სდგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა.
შიგან ჰჯდა იგი პირითა, მზისაებრ ელვა მკრთალითა;
მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.
დიდხანს ვსდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,
ოდენ ტკბილად შემომხედის, ვითამცა რა შინაურსა,
ასმათ უხმო, მოუბნეთა, ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
„აწ წადიო, ვერას გითხრობს“ და სხვ.
ამისთანაზედ იტყვიან ხოლმე, გენიოსური კალმის მოსმააო და სწორედაც ესეა. დიდად საგრძნობელს, თუნდ ერთი და იგივე ძირი ჰქონდეს, ისეთი ბოლო და ზედმოქმედება არა აქვს, როგორც პატარას. დიდი მწუხარება ცრემლს უშრობს კაცს, პატარა კი ცრემლს ადენს; დიდს სიხარულს ხშირად ცრემლი მოჰყავს და პატარას კი - ღიმილი; დიდი გულისთქმა, ჭეშმარიტი გრძნობა მუნჯია, უტყვია და პატარა კი - ყბედი და ლაქლაქა.
აი, გულთამხილავი რუსთაველი რამსიდიდე გრძნობას ჰხედავს ნესტან-დარეჯანის გულში და რა ხატით გვაჩვენებს ჩვენც მის ძლიერებას, სიდიადეს და ძლევამოსილობას: ქალმა ვეღარა სთქვა რა, სიტყვა შეეკრაო. ეგ რატომ არ მოუვიდა თინათინს, როცა ავთანდილი დაიბარა პირველად სალაპარაკოდ? იმიტომ, რომ ღრმად კაცადკაცის მცოდნე რუსთაველმა იცოდა, რომ თინათინი სხვა ბუნებისაა და ნესტან-დარეჯანი სხვა და ეს ბუნების სხვადასხვაობა სხვადასხვა ზედმოქმედებასაც ექვემდებარება. ერთისა და იმავე მიზეზისაგან წარმომდგარსა, ამ შემთხვევაში, სატრფოთა პირველად სალაპარაკოდ შეყრისაგან. ასე მართლად მკვლევარია რუსთაველი, ასე საოცრად მართლმხედველია მისი, თუ რა ბუნებამ როგორ უნდა აღიბეჭდოს თუნდ ერთისა და იმავე მიზეზის ზედმოქმედება.
ჩვენ რომ ვსთქვით, ზემოხსენებული მაგალითი გენიოსური კალმის მოსმააო, ჩვენ იმიტომ კი არ ვსთქვით, რომ რუსთაველმა ეს პსიხოლოგიური წუთი შეჰნიშნა და პსიხოლოგიის მიხედვით მართლადაც დაგვიხატა. ეს ხომ ქების ღირსია და ღირსი. ჩვენ აქ სხვა მხარესაცა ვხედავთ. ჩვენ იმაზედაც გვინდა მივაქციოთ ყურადღება მკითხველისა თუ რა ხელოვნებით არის ნანიშნი იმა გრძნობის ძლიერება და სიდიადე, რომელსაც იმ წუთს უნდა შეეპყრა იმისთანა გულისთქმის ქალი, როგორიც ნესტან-დარეჯანია. რუსთაველი, სასწაულთმოქმედსავით, ერთის კალმის მოსმით ჰქმნის ამ სასწაულსა და გვეუბნება, ტარიელი დაითხოვა, ისიც სხვისა პირით: „აწ წადიო, ვერას გითხრობს“. ესე იგი, ქალი დამუნჯდაო, - და, აბა, იფიქრეთ, რა გრძნობაა ამის მოქმედი გრძნობა! შეიძლებაღა ამაზედ ცხოვლად, ამაზედ უკეთესად ოთხის სიტყვით კაცმა კაცს ანიშნოს ძლიერება და სიდიადე გრძნობისა, როგორც მით არის ნანიშნი, რომ იმ გრძნობამ ადამიანი დაამუნჯაო მაშინ, როცა თქმა და ლაპარაკი სამოთხესავით სანატრელია და ასე მოსალოდნელი ტრფიალის ქალისაგან, რაკი პირველად სალაპარაკოდ შეეყრება თავის სატრფოსა? აქ ერთის კალმის მოსმით გამოთქმულია ის, რასაც ეხლანდელი მწერალი მთელს ფურცლებს მოანდომებდა და მაინც ესოდენ ცხოვლად ვერ გამოგვიხატავდა სათქმელსა.
სახელოვანი გერმანელი კრიტიკოსი ლესსინგი, დიდად უქებს რა ამისთანა გენიოსურს მანერას მსოფლიო გენიოსს ჰომიროსსა, ამბობს: ჰომიროსმა იცის და იმისთანა ხატს საოცარის მშვენიერებისას, როგორც ელენეა, ისე გვიხატავს, რომ ვერა მხატვრობა მაგას ვერ შესძლებს. გავიხსენოთ მარტოო ის ამბავი, რომ ელენე შეჰყავს ჰომიროსს ტროადის ერის მოხუცთა კრებაში. ჰნახეს თუ არა, დარბაისელნი მოხუცნი ერთმანეთს ასე ეუბნებიან: „არა, განკიცხვა შეუძლებელია, რაკი ამისთანა ქალისათვის ერთმანეთს ეომებიან ტროადის ძენი და აქეველნი და ამ ხანგრძლივს სისხლის ღვრაში ამდენს ვაებას ითმენენ. ჭეშმარიტად, უკვდავთა ღმერთთა თანა შესარიცხია იგი მშვენიერებითაო“.
მოჰყავს რა ეს ადგილი ჰომიროსის უკვდავის თხზულებიდამ, ლესსინგი ასე ათავებს: „სხვას რას შეუძლიან ასე ცხოვლად აცოდინოს კაცს ის მომჯადოებელი მშვენიერება, რომელსაც თვით გულცივი სიბერეც კი ჰხადის ღირსად იმ ომებისა, რომელთაც იმოდენი სისხლი და ცრემლი მთელს ერს დაანთხევინესო“. რით ჩამოუვარდება ზემომოყვანილი მაგალითი რუსთაველისა ამ ჰომიროსის გენიოსობის მაგალითსა?!
ტფილისი, 20 აპრილი
ჩვენს წინა წერილში სიმოკლისათვის მარტო ორი მაგალითი მოვიყვანეთ და ისიც იმოდენა განმარტებით არა, რაოდენსაც თვითონ საგანი ჰთხოულობს. შესაძლოა, ჩვენი აზრი, ამ ორის მაგალითისაგან გამონასკვილი, შემცდარი იყოს. ამჟამად საქმე ამაში არ არის. საქმე ის არის, რომ ეს ორი მაგალითიც საკმაოა, თვით მკითხველიც ჩვენთან ერთად დაარწმუნოს მასზედ, თუ რაოდენად მდიდარი და ფართო მოედანია „ვეფხვის-ტყაოსანი“ ჭეშმარიტის კრიტიკის ფრთის გასაშლელად, თუ ეგ ფრთაგასაშლელი სარბიელი თვითონ კრიტიკამ შეცდომით, თუ განგებ, ვიწრო ფარგალში არ მოამწყვდია და ტარიელის, ავთანდილის და სხვათა ავკარგიანობაში ქართლელს, კახელს, პეტრეს, ივანეს ძებნა არ დაიწყო. ზოგადი სახე ადამიანისა, რამოდენადაც ამ შემთხვევაში უფრო წვრილზედ დახურდავებული იქნება, მაგალითებრ, ზოგადი კაცი რომელისამე ერის კაცად, ერის კაცი რომელისამე თემის კაცად, თემის კაცი რომელისამე გვარეულობის კაცად, გვარეულობის კაცი ოჯახის კაცად, ოჯახის კაცი ივანედ, ფრიდონად და მებრვე სხვა, იმოდენად შემოქმედობა მწერალისა მაღლიდამ დაბლა ჩამოდის, იმოდენად მწერალი ნიჭნაკლებია და დაქვეითებული.
შემოქმედობის ძალის ღონიერობა ერთი და იგივე არ არის, როცა ერთი მთელს გადასწვდება ხოლმე და მეორე კი - მარტო ნაწილსა. მწერალმა თუ სხვა ვინმე ხელოვანმა, რაც უნდა ზედმიწევნით და მშვენივრად გამოხატოს რთი რომელიმე ცალკედ სახელწოდებული კაცი - ივანე თუ პეტრე, ყოველთვის უპირატესობა უნდა დაუთმოს იმას, ვინც ზოგადის კაცის გამოხატვის შემძლებელია. ამიტომაც პორტრეტების მხატვარი, დიდად სახელგანთქმულიც და გამოჩინებული, ყოველთვის უმდაბლესია, უმდარესია მასზედ, ვინც ზოგადის კაცის ტიპის შემოქმედია, თუნდაც ხელთსაქმობით, ტეხნიკით ამისი თანასწორი იყოს. ამიტომაც თვითონ პორტრეტების წერას, ესე იგი ცალკე კაცის ხატვას, მხატვრობაში უკანასკნელი ადგილი უჭირავს და თითქმის ხელოვნებადაც არ არის ცნობილი, რადგანაც ეგ უფრო ოსტატობაა, ვიდრე ხელოვნება.
ჩვენ ვერ მიგვიგნია, რისთვის მოჰსურვებია ბ-ნს აკაკის რუსთაველის აგრე დაქვეითება? ორში ერთი: ან რუსთაველი მართლა იმისთანა ხელმოკლე ნიჭია, რომ კაცადკაცობის ვრცელს მოედანს ვერ გადასწვდენია და, რაკი ესრეა, ლექტორმა მწარე მართალი ამჯობინა ტკბილსა ტყუილსა და შეცდომით განდიდებულს ჩვენ მიერ რუსთაველს თავისი მიუწყო და კუთვნილი ადგილი დააჭერინა. თუ ეს ესრეა, საქებური გაბედულობაა ჭეშმარიტების მოყვარისა, მაგრამ ამას დამტკიცება უნდოდა, და ჩვენი გულითადი რწმენაა, რომ ამის საბუთს რუსთაველი და მისი „ვეფხვის-ტყაოსანი“ არ იძლევა და ვერც ვერავინ უპოვის. ამით იმისი თქმა არ გვინდა, რომ ან ერთს, ან მეორეს ნაკლი რამ კაცმა ვერ მოუჩხრიკოს, მაგრამ იმ მხრით ხელმოკლეობას ნიჭისას კი ვერ ვუკიჟინებთ, რა მხრითაც ამ შემთხვევაში ეკიჟინება. ან იქნება ბ-ნმა ლექტორმა რუსთაველის განდიდებისათვის მოიწადინა, რომ ტარიელი უსათუოდ ქართლელი ყოფილიყო, ავთანდილი - იმერელი და ფრიდონი - ზღვისპირის ქართველი? მითამ შექსპირს განა იმითი იწუნებს ვინმე და, პირიქით, განა იმითი არ ადიდებენ ყველანი და მსოფლიო გენიოსად არა სთვლიან, რომ კაცადკაცნი გამოჰყვანდა თავის სახელოვანს დრამებში და არა შოტლანდიელი, ვალისელი და ინგლისელი!.. ვიწრო მოედანი მარტო პატარა ფალავნის სარბიელია და არა იმისთანა გოლიათისა, როგორიც შექსპირია და თუნდა ჩვენი რუსთაველიცა. რუსთაველის ტიპებს იმ პაწია ჯუჯრუტანიდამ სინჯვა კი არ უნდა, საიდამაც მარტო ქართლელი, კახელი, იმერელი და სხვა ცალკე სახელწოდებული კაცი დაინახება, არამედ იმ უშველებელ სარკმლიდამ, რომ მთელს კაცადკაცობას თვალი გადევლებოდეს, მის სრულს სიგრძე-სიგანესა და სიღრმე-სიმაღლეზედ. და, თუ აქ კრიტიკის შუქს ვერ გაუძლო რუსთაველმა, მაშინ და მარტო მაშინ ჩვენ მიერ უჯეროდ დადგმული გვირგვინი დიდებისა და სახელოვანებისა უნდა მოეხადოს თავიდამ.
კიდევ ვიტყვით, რომ ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და სხვანი კაცადკაცნი არიან, ზოგად ადამიანის ბუნების მიხედვით აგებულნი და სულდგმულნი. არც ერთი მათი მოქმედება, არც ერთი ეპიზოდი მათის ცხოვრებისა ძალად და განგებ ჩართული არ არის და ყოველივე იგი წარმომდგარია იმ კაცობრიულ ზოგად ბუნებისაგან, რომელიც მარტო თავის საკუთარს კანონს ექვემდებარება და არა სხვასა. ამაშია მთელი სიდიადე რუსთაველის გენიოსობისა. ტარიელი მჩვრად იქცა იმიტომ კი არა, რომ ზარმაცი ქართლელია, არამედ იმიტომ, რომ მაგისთანა ბუნების კაცი უსათუოდ მჩვრად უნდა იქცეს, რაკი იმ გარემოებაში ჩავარდება და ბედი თუ ქვეყანა ისე უმტყუნებს და უღალატებს. აქ სიზარმაცე ვითომ ქართლელისა არაფერს შუაშია და მეტისმეტად უადგილოა. ლომი არ შეიძლება არ დაეტაკოს სპილოსაც კი და შუა გაგლიჯოს საჭმელად, როცა ჰშიან, მაგრამ იგივე ლომი, როცა მაძღარია, ბატკანსაც კი ხელს არ ახლებს, ადგილიდამაც არ დაიძვრის; მგელი კი მაგას არა იქმს. ნუთუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ლომს ეთქმის ზარმაციაო და არა ბუნებაა მისი ასეთი, როგორც მსუნაგობა და გაუმაძღრობა მგლის ბუნებაა. სვიმონ მესვეტე სვეტზედ ავიდა და იქ მიეცა გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზედ კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში და, რამოდენად ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება მხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი. ავთანდილი ცბიერი კაცი კი არ არის, იგი იმისთანა ბუნების კაცია, რომ ჯერ მინამ ერთხელ გამოსჭრას რამე, ათჯერ წინდაწინ გაჰზომავს. ეგ ჭკუის დამკითხველი კაცია და არა გულისა, გულისთქმისა, როგორც ტარიელი. მთელ პოემაში მარტო ორგან არ დაეკითხა ჭკუას და გულს აჰყვა. ორგანვე ვერ ემარჯვა და მერე ინანა. არც კი ავთანდილია უგულო კაცი, ესეც მგრძნობიერია, მაგრამ, გული და გრძნობა ამისი ჭკუის მორჩილია.
აბა, ნახეთ რუსთაველი, ყოველთვის უტყუარი და მართალი ბუნების წინაშე, რარიგად გვანიშნებს ავთანდილის გულის მოძრაობას, მის სიყვარულის სიდიადეს, მინამ ავთანდილი ფხიზელია, ესე იგი, როცა ჭკუას ბუნებითად ღონე აქვს მოქმედობისა; რუსთაველი ავთანდილის ბუნებას უღალატებდა, თუ გულისთქმას გაატაცებინებდა და ავთანდილზედ გრძნობას აუფლებდა. ამასთანავე რუსთაველმა კარგად იცის, რომ კაცი, რომელიც უგულოა, რომელსაც გული ტრფიალებისა და სიყვარულისათვის დახშული აქვს, ის კაცი კი არ არის, ნახევარკაცია, მოკლებული იმ ღვთაებურს ნიჭსა და მადლსა, რასაც სიყვარულს ეძახიან. როგორ ანიშნოს მკითხველს სიღრმე ამ გრძნობისა, როცა მისი პატრონი კაცი ისე მორჩილად ჰხდის გულსა ჭკუის წინაშე და ზედგავლენას გულისთქმისას ჭკუითა ჰლაგმავს. ძნელია კაცი ამ ორს ერთმანეთის მოპირდაპირეს, ერთიმეორის გამაბათილებელს გრძნობას გაუძღვეს ისე, რომ არც ერთს მოაკლოს რამ და არც მეორეს მოუმატოს ბუნების წინააღმდეგ. ბრძენი რუსთაველი ამ სიძნელესაც ადვილად სძლევს. ამისათვის იგი იმ ყოფაში გვაჩვენებს ავთანდილსა, როცა ჭკუა ბუნებითად უღონოა მოქმედებისათვის: იგი აძინებს ავთანდილსა და, ხომ მოგეხსენებათ, ძილში ჭკუა არ მოქმედობს. რუსთაველი თავისებურად, ერთის კალმის მოსმით გვანიშნებს, რა ძლიერ აღბეჭდილია ავთანდილის გულში სიყვარული თინათინისა. იგი ამას ასე გვიხატავს:
რა მილულნის (3), სიახლოვე საყვარლისა ეოცების(4),
შეჰკრთის, დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების(5).
მაგრამ თუ ფხიზლად მყოფია, ნუ ელოდებით, რომ ავთანდილმა ასეთი ნება მისცეს გულსა და გულისთქმასა. აი, რა ხელოვანია რუსთაველი, რომ ჭკუაც ჭკუად დაარჩინა და გულიც გულად და ორივე ამოქმედა ერთიმეორის შეუბღალველად, მათთა ბუნებისამებრ. ამისთანა ბუნების კაცს გონიერება ცბიერობად რად უნდა ჩამოერთვას, ცბიერობა რად უნდა შეეწამოს, არ ვიცით. იქნება ქართლის მოძმენი იმერლები ბევრში ჰგვანდნენ ავთანდილსა, როგორც ბევრი ფრანგი ჰყავს, ბევრი ინგლისელი, ბევრი ამერიკელი და სხვა მილეთის ხალხი, რადგანაც კაცად-კაცის ზოგადი ტირია, მაგრამ ამისათვის რა საჭირო იყო ავთანდილის და იმერთ-ქართველთა შორის ცბიერობის ხიდის გადება. რაკი ერთხელ ამ ხიდის გადებაზედ მიიქცა ბ-ნი ლექტორი, არ შეიძლება არ ეგრძნო, რომ ეს გზა მოლიპულია და ფეხის მოსასხლეტი და, გვგონია, იმიტომაც მოუნდა „ვეფხვის-ტყაოსანისათვის“ თავი დაენებებინა და უადგილო ადგილას გრძელი ლაპარაკი მოერთო მასზედ, თუ რა არის ცბიერობა და როდის არის იგი შესაწყნარებელი და როდის არა. ეს ნაწილი ლექციისა მეტისმეტად უგემური რამ გამოვიდა და მსმენელთათვის მეტად მოსაწყენი იყო.
რაკი ის, ჩვენის ფიქრით, შემცდარი დედააზრი წარიმძღვარა ბ-ნმა ლექტორმა წინ, რომ უსათუოდ ტარიელი ქართლელად გამოეყვანა, ავთანდილი - იმერლად და ფრიდონი - ზღვისპირის ქართველად, იგი სულ ამის დამტკიცებას მოუნდა. სხვა, რაც მწერალის განსაკუთრებულს ხასიათს გვანიშნებს, მის შემოქმედობის ძალსა, მის მხატვრობასა, მის სიტყვიერებას, მისთა აზრთა შემოხაზულობას, პოემის აგებულებას, ეპიზოდების ერთმანეთზედ დამოკიდებულებას, ერთის სიტყვით, მანერას და თვისებას მწერლისას, შინაგან თუ გარეგან სიკეთეს მის ნამოქმედარისას, ესენი ან სულ არ იყო ხსენებული, ან თუ იყო, ისე გაკვრით და გზადაგზაობით, რომ გულში არავის არა ჩასჭდევია რა, თითქო მართლა ყოველივე ეს უკან დასაყენებელია და მარტო ისღაა წამოსაყენებელი და დასამტკიცებელი, რომ რუსთაველი დიდად სადიდებელი პოეტი კი არ არის, არამედ უბრალო ეთნოგრაფია, ან ამის მსგავსი ერთი ჩურუქი რამ არამკითხე მოამბე.
ჩვენ რუსთაველის სახელი მეტისმეტად დიდ სახელად მიგვაჩნია და მოგვიტევონ, რომ მის სახელს და დიდებას ადვილად ვერავის დავუთმობთ.
[1887 წ., 17-20 აპრილი]
_____________
1) რა ჩასთვლემსო. 2) ესიზმრებაო. 3) ერთი ოცად ემატებაო.
აკაკი წერეთელი და „ვეფხვის-ტყაოსანი“
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 643-654.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., 18 IV, № 75, გვ. 1-2; 19 IV, № 76, გვ. 1-2; 21 IV, № 77, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ., 17 IV; 18 IV; 20 IV.
მითითებულ ხელნაწერში ტექსტის თავზე ფანქრითაა მიწერილი სათაური: „აკაკი წერეთელი და „ვეფხვის-ტყაოსანი“.
დაიბეჭდა „ივერიის“ მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილის ილიასეულობა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იყო ცნობილი, რასაც ცხადყოფს აკაკის წერილი - „რამდენიმე სიტყვა ბ-ნ ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ „ვეფხვის-ტყაოსნის“ გამო“, რომელიც 1887 წელს ცალკე ბროშურად გამოიცა (1898 წელს იგივე წერილი დაიბეჭდა „აკაკის თვიური კრებულის № 5-ში).
აკაკი წერეთლის „საჯარო ლექცია რუსულად „ვეფხვის-ტყაოსნის“ თაობაზედ“ რომელსაც ილიას წერილი ეხება, წაკითხულ იქნა 1887 წლის 26 და 29 მარტს. 31 მარტის „ივერიაში“ (№ 67), რუბრიკაში „ახალი ამბავი“ ნათქვამია: აკაკი დაგვპირდა, რომ მესამე (უკანასკნელ) ლექციაში დაწვრილებით გაარჩევს პოემის გმირთა ხასიათებსო. მაგრამ მესამე ლექციის ჩატარების შესახებ ცნობას პრესაში ვერ მივაკვლიეთ. აკაკის ლექციების ტექსტი გამოქვეყნდა 1898 წელს, „აკაკის თვიური კრებულის” № 5-6-ში, სათაურით - „სამი ლექცია „ვეფხვის-ტყაოსანზე“).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად შეტანილ იქნა 1909 წელს (იხ. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, - ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც. საზოგ. გამოცემა № 97, ტფილისი, 1909), ზემომითითებული სათაურით.
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
362. 14 ...ბ-ნმა აკაკი წერეთელმა იგივე ლექცია ქართულად წაიკითხა ამ რამდენიმე წლის წინათ... - აკაკი წერეთელმა ლექციები „ვეფხისტყაოსანზე“ წაიკითხა 1881 წელს, - ჯერ თბილისში, შემდეგ ქუთაისში, ხოლო 1882 წელს - გორში.
362. 22 ...რამდენიმე ამბავი ახალია ეხლანდელს რუსულში, მაგალითებრ, ის საოცარი საბუთი, როგორც კამბეჩის ცემის ამბავია... - ილია აქ გულისხმობს აკაკის ლექციის იმ ადგილს, სადაც ქართლელის დასახასიათებლად პოეტს ასეთი მაგალითი მოჰყავდა: ერთი გლეხის კამეჩი შესულიყო სხვის ბოსტანში. ბოსტნის პატრონს ეწყინა და გლეხი სცემა. გლეხმა ხელი არ შეუბრუნა, მაგრამ, როდესაც ბოსტნის პატრონმა წკეპლა გადაჰკრა კამეჩს, მაშინ კი გლეხი ვეფხვივით მივარდა ბოსტნის პატრონს, ფეხქვეშ ამოიდო და უწყალოდ დაუწყო ცემა. როდესაც ჰკითხეს, რატომ შენი თავი ვერ დაიფარეო, გლეხმა უპასუხა: კამეჩს რა დანაშაული ჰქონდაო. თურმე ის, რომ თავის საქონელს ყური ვერ უგდო, თავის დანაშაულად მიაჩნდა და ცემაც ამიტომ აიტანა, მაგრამ უსამართლოდ კი პირუტყვიც არავის დააჩაგვრინა.
აკაკის ლექციების ტექსტში, რომელიც 1898 წელს დაიბეჭდა („აკაკის თვიური კრებული“, № 5 - 6), ეს ადგილი არ არის, მაგრამ იგი გამოქვეყნებულია აკაკის წერილში „რამდენიმე სიტყვა ბ-ნ ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ „ვეფხვის-ტყაოსნის“ გამო”.
365. 33 „ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან“. „ვეფხვის-ტყაოსნის“ 345-ე სტროფი27.
366. 14 „რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, - ნუ სდევ წადილთა ნებასა“ - „ვეფხისტყაოსნის“ 374-ე სტროფი მცირე ცვლილებით.
366. 22 „თუ ბრძენი... კაცი ჭირსა“ - „ვეფხისტყაოსნის“ 369-ე სტროფი მცირე ორთოგრაფიული ცვლილებით.
366. 31 „ბრძენი?!... თუცაღა ვიყო ცნობასა...“ - „ვეფხისტყაოსნის“ 380-ე სტროფი.
367. 11 „ამიგდო ქალმა... ვერას გითხრობს...“ - „ვეფხისტყაოსნის“ 391-ე და 392-ე სტროფები მცირე ორთოგრაფიული ცვლილებებით.
369. 7 „მოჰყავს რა ეს ადგილი ჰომიროსის... დაანთხევინესო“ - ციტატა ილიას აღებული აქვს ლესინგის ნაშრომიდან „ლაოკოონი ანუ მხატვრობისა და პოეზიის საზღვრების შესახებ“ (XXI თავის დასაწყისი).
372. 32 სვიმონ მესვეტე - ანტიოქიელი განდეგილი (დაახლ. 390-459 წწ.), რომელმაც 36 წლის ასაკში, განდეგილობის ათი წლის შემდეგ, ააგო სვეტი და ამ სვეტზე ცხოვრობდა სიკვდილამდე.
_______________
27 ილიას მიერ „ვეფხისტყაოსნის“ დამოწმებული ციტატები შედარებულია 1860 წლის გამოცემასთან (იხ. შოთა რუსთაველი, „ვეფხვის-ტყაოსანი“, დავით ჩუბინაშვილის განმარტებითურთ, 1860 წ., სანკტ-პეტერბურღი).
![]() |
2.39 პასუხი ნიკო ნიკოლაძეს |
▲back to top |
ტფილისი, 10 ოქტომბერი
მას აქეთ, რაც ბ-ნი ნიკოლაძე მიემხრო «Новое Обозрение»-ს, ამ ბედნიერმა გაზეთმა ჩვენც გაგვაბედნიერა და, ცოტა არ იყოს, მოწყალის თვალით გადმოხედა ჩვენს „ივერიას“. გაბედნიერებას ჩვენსას იმაში ვხედავთ, რომ დარბაისელი გაზეთი ზოგჯერ ჰკადრულობს და ჩვენს გაზეთსაც იხსენიებს ხოლმე. ახლა იტყვით: „ვაი მაგ ხსენებასაო!... რათა ვაი? ქებაა თუ ძაგება, ორივე წყალობად მისაღებია იმისთანა მაღალ ფარდებზედ მომართულ გაზეთისაგან, როგორც «Новое Обозрение» არის.
დიდმა კაცმა რომ იმოდენად მოიცალოს და პატარას წუნი შეამჩნიოს, ეგეც ღვთის წყალობად ჩაეთვლება პატარას. განა ქება კი ყოველთვის და ყოვლისაგან გულში ჩასახუტებელია? ზოგი მაქებარია, რომ სამართალი ითხოვს, ჰკითხო:
რად მაქებ,
ავი რა წამკიდებია?
ესეა თუ ისე, აი გუშინაც ბ-ნმა ნიკოლაძემ შემოგვაწია ჩვენის „ნასკვესების“ გამო ერთი თავისი საკუთარი ნაკვესი, რომელსაც სახელად ჰქვიან: «Критика. Из грузинской литературы», და რომელსაც მარტო ის წუნი აქვს, რომ მეტად გძელია, გაპტყელებული მოკლე სათქმელისათვის.
გვიწუნებს ბ-ნი ნიკოლაძე ჩვენ მიერ ცალკე წიგნად დაბეჭდილ „ნაკვესებს“ და ამბობს, რომ მცოდნე კაცი, რომელსაც გარჯისა და შრომისა არ ეშინიან, სამს წილს წიგნისას ამოხევდაო და დარჩებოდა რჩეული, მშვენიერი ერთი მეოთხედი ნაწილიო. ეხლა კი, წადი და ეძებე ამ ყოველგვარ ნაგავში ეს მარგალიტებიო. ამ მარგალიტების საბუთად რამდენიმე მაგალითი მოჰყავს თავის წერილში და ნაგავის საბუთად კი ერთის მაგალითის ჩვენებაც არ უნებებია, უსათუოდ იმიტომ, რომ ნაგავში ხელის რევა და ნაგავის ქექა ვერაფერი სასიამოვნო საქმეა, ან იქნება იმიტომაც, რომ ეხლანდელ დროში ქებას და მოწონებას უსაბუთოდ არავინ იჯერებს და ძაგება, კიცხვა, აბუჩად აგდება კი უსაბუთოდაც ძალიან კარგად ჰსაღდება და გადის.
ყოველივე სტრიქონი ამ მართლადა „ნაკვესისა“, როგორც ყოველივე ის, რასაც ამ ბოლო ხანებში ბ-ნი ნიკოლაძე სწერს, ბევრნაირად ჩამაფიქრებელია. ყველას რომ გამოვუდგეთ, შორს წავა და მეტიც იქმნება, იმიტომ, რომ:
„ზოგჯერ მისსა საუბარსა
ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა
ყურნიცა დავალდებიან“.
ჩვენ გამოვეკიდებით მარტო იმ ადგილს ბ-ნ ნიკოლაძის ეგრედ წოდებულ საკრიტიკო ნაკვესისას, ან სანაკვესო კრიტიკისას, რომელიც ქართულს ენას შეეხება. სწორედ მოგახსენოთ, ამაზედ მეტიც ლაპარაკის ღირსი სხვა არც კი რამ არის იმ მითომდა „კრიტიკაში“. აი თუნდ მაგალითად: რა სათქმელია მცოდნე კაცისაგან, თუ არ ალალბედობაზედ მოლაპარაკესაგან, რომ ანტონ ქათალიკოზმა თავისი გრამმატიკა თითქმის მთლად რუსულისაგან გადმოიღო და გადმოსთარგმნაო.
ვინც ალალბედად სჯასა და ლაპარაკს არა ჰკადრულობს არასფერში, ნამეტნავად იმისთანა საყურადღებო საქმეში, როგორც ისტორიაა გრამმატიკის შედგენისა, ის, მინამ იტყოდა რასმე ამის თაობაზედ, ჩაიხედავდა მაინც თვითონ გრამმატიკაში. ეს მით უფრო საჭირო იყო ამ შემთხვევაში, რომ თვითონ ანტონ ქათალიკოზი გულწრფელად გვიამბობს, საიდამ, როგორ და ვის შემწეობით შეადგინა თვისი გრამმატიკა. აქ ერთის სიტყვითაც ნახსენები არ არის, რომ რუსული გრამმატიკა სახეში და სახელმძღვანელოდ ჰქონოდა, არამცთუ სათარგმნელად.
როცა რუსეთიდან დაბრუნდა 1774 წელსა და შეუდგა ხელახლად მეორე გრამმატიკის შედგენას, ანტონი მარტო ამ უკანასკნელის გამო ამბობს, რომ, როცა რუსეთში ვიყავიო, მაშინ მცოდნე კაცებს ბერძნულის ენისას, ლათინურისას, ფრანგულისას, იტალიურისას, გერმანულისას და რუსულისას გამოვკითხეო, როგორ იხმარებიან სიტყვის ნაწილები და სიტყვის კუთვნილებანი მათს ენებშიო. იმათ ამიხსნეს და გონებამ ჩემმა უფრო უკეთესად შეიგნო გრამატიკის ხელოვნებაო. ჩვენზედ უკეთესად მცოდნე ამისთანა საქმისა, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ქართული ენისა ბ-ნი ცაგარელი სრულად უარჰყოფს არამცთუ თარგმანს, მსგავსებასაც კი ლომონოსოვის გრამმატიკისა და ამისათვის ცხადი საბუთებიც მოჰყავს.
დავანებოთ ჩვენ ამასაც თავი, საკვირველი ეს არის, რომ ბ-ნი ნიკოლაძე ქართულის ენის ზედმიწევნით მცოდნე კაცის რიხითა გვიკიჟინებს ენის არცოდნას და გარყვნას ჩვენ მიერ ხმარებულ ფრაზისა გამო: „სიტყვანი ძველთა და ახალთა ქართველთანი“. აი რას გვიბრძანებს ჩვენი თამამი მცოდნე ქართულისა:
«По-грузински нужно сказать... „ძველი და ახალი ქართველების სიტყვა“. Но по языку, искусственно созданному в прошлом столетии, но нарочито обруселому грузинскому языку, слепые приверженцы старины пишут иногда: სიტყვანი ძველთა და ახალთა ქართველთა. В заглавии разбираемой брошюры (ნაკვესების წიგნი) поставлено даже „ქართველთანი“. Но это - ошибка даже и с точки зрения Антония Католикоса».
გვიკვირს და გვეოცება კადნიერება ამისთანა გამოლაშქრებისა. ერთი განსაკუთრებული თვისება ჩვენის ენისა, იმისთანა განსაკუთრებული, რომ არა გვგონია სხვა ენაში და ნამეტნავად რუსულში მოიპოვებოდეს, ის არის, რომ ნათესაობითს ბრუნვაში მდგომარე განმავითარებელი სიტყვა ისე ბრუნავს, თითქო პირველდაწყებითი სიტყვა იყოსო, როცა განსავითარებელს სიტყვას მისდევს. ამ სახით ჩვენს ენაში რთული, ანუ უკეთ ვსთქვათ, ორკეცი ბრუნვაა, როგორც მხოლობითად, ისე მრავლობითად, მაგალითებრ: სიტყვასა ბრძნისასა, სიტყვამან ბრძნისამან, სიტყვანი ბრძნისანი, სიტყვათა ბრძენთათა და მებრვე სხვანი, ეს იმიტომ არის, რომ ნათესაობითს ბრუნვას ქართული ენა ისე უყურებს, როგორც ზედშესრულსა და ამის გამო სიტყვა ნათესაობითის ბრუნვის გამოუკვლევლად მიიღებს ხოლმე იმ ბრუნვას, რომელსაც სახელი არსებით ჰთხოულობს „განმავითარებლად“. ახლა წარმოიდგინეთ გაკვირვება ბ-ნ ნიკოლაძისა, რომ თვითონ ანტონ ქათალიკოზს მოჰყავს ამისი მაგალითნი ამ სახით: „ძენი ღვთისანი, გვამისა ქრისტესისა, ხელთა მოციქულთათა, ძენი კაცთანი“ და სხვანი.
განა შორს არიან ყოველნი ესენი ამ ფორმაზედ: „სიტყვანი ქართველთანი“? მაშ რად ბრძანებს ბ-ნი ნიკოლაძე, «Это - ошибка даже и с точки зрения Антона Католикоса».
რადგანაც ქვეყანაზედ ყველაფერი შესაძლოა, იქნება ბ-ნმა ნიკოლაძემ ანტონ ქათალიკოზს შესწამოს, როგორც ჩვენა გვწამებს, რომ მითამ ეგ ფორმა სიტყვათა ბრუნვისა რუსულიდამ გადმოეღოს? თუ ეგრეა, აბა, სად არის რუსულში მაგნაირი ფორმა? მაგნაირი სრულებითაც არ არის და იმნაირი კია, რომელსაც კანონად გვიდებს ბ-ნი ნიკოლაძე და ამით თავის დანაშაულობის გადასახადს ჩვენ გვახდევინებს. ბ-ნ ნიკოლაძისაგან დაქადებული ფრაზა: „სიტყვანი ძველთა და ახალთა ქართველთა“ - სწორედ რუსულის ენის ფორმაა და სწორედ ამავე ფორმით ითარგმნება, სახელდობრ: «Слова древних и новых грузин». აბა ეხლა ზემოხსენებული ნამდვილი განსაკუთრებული ფორმა ქართულის ენისა „სიტყვანი ქართველთანი“ გადიტანეთ ამავე ფორმითა!
ესეთი ფორმა ძალად, განგებ გადარჯულებული და შექმნილია წარსულ საუკუნოებშიო, ამბობს ბ-ნი ნიკოლაძე. ნუთუ ამას მართლა ბძანებს და არა მარტო იმისთვის, რომ ჩემი არ გითხრა, გული რით გატკინოო. უამისოდ ასე თამამად ლაპარაკი მასზედ, რაც კაცმა არ იცის, დაუჯერებელია. რამდენი მაგალითი გნებავთ მოგიყვანოთ, რომ მაგაში ბ-ნს ნიკოლაძეს გასაოცრად ჰღალატობს ხსოვნა. აი მაგალითები:
აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისა-ნი.
(სახარება იოანნესი, თავი 1, მუხლი 29)
„ჰრქვა მას ერთმან მონათაგან მღვდელთ-მთავარისა-მან“.
(სახარება იოანნესი, თავი 18, მუხლი 26)
„ორთა კაცთა წვეროსან-თა
ძმა მოჰყვანდათ უწვერული“
(რუსთაველი, ტაეპ. 196)
„იგი ორნივე საგრილად
გარდახდეს ძირთა ხეთა-სა“
(რუსთაველი, ტაეპი 83)
მიმდომნი საწუთროსა-ნი
მისთა ნივთთაგან ჰრჩებიან.
(რუსთველი)
ესე ამბავნი უცხონი
უცხოთა ხელმწიფეთა-ნი.
ანუ
პირველ ზნენი და საქმენი,
ქებანი მათ მეფეთა-ნი.
(რუსთაველი, ტაეპი 1591).
იქნება ბ-[ნ]მა ნიკოლაძემ ესენი სიძველით დაგვიწუნოს, აი დ. გურამიშვილიც, ესე იგი, იმისთანა მწერალი, რომელსაც დიდი ძველისძველობა და მძიმე ენით წერა არ ეკიჟინება:
„გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთა-ნი“
(გურამიანი, გვერდი 287).
რადგანაც სიტყვას ბაჟი არ ადევს, შესაძლოა ეს მაგალითებიც დაგვიწუნოს ბ-ნმა ნიკოლაძემ და გვითხრას: ეგენი სულ მწიგნობარნი არიან და თავიანთ მოგონილ ფორმებსა ჰხმარობენ გადამეტებულის სიბრძნის გამოსაჩენადაო. რომ ეს გასაძვრენიც ამოვუქოლოთ ამის მთქმელსა, აი მაგალითები თვითონ ხალხის სიტყვიერებისაგან ამოღებული:
„ცა წითლად, ყვითლად ჰღუოდა,
სეტყვას ისროდა ქვისა-სა;
ანუ
„დილაზე შემოგვეტივნეს
პირშავნი ლომნი მთისა-ნი;
ან
„დამასტეს ვარდნი ყვაოდეს,
ძირადნი ერთის ხისა-ნი“
და სხვანი და სხვანი.
თუ დრო და ადგილი გვქონებოდა, ათას სხვა მაგალითს მოვიყვანდით იმის დასამტკიცებლად, რომ ეს რთული, ორკეცი ბრუნვა ჩვენს ენას წარსულს საუკუნეში კი არ მიუღია, არამედ თავის გაჩენის დღიდამ ჰქონია, აქვს და ექნება და ამ ჩათლახა მეცხრამეტე საუკუნემ კი სხვა უცხო ენის ზედმოსევის გამო ეს განსაკუთრებული, მარტო ჩვენის ენის კუთვნილი თვისება გადაავიწყა ჩვენს ახალს მწერლებს და უცხო ენის ფორმა მიაღებინა. ამ სახით ბ-ნ ნიკოლაძისაგან ქებული „სიტყვანი ძველთა და ახალთა ქართველთა“ უცხო ენის ფორმა უფროა, ვიდრე ქართულისა.
ეს რთული ბრუნვა, ეს მართლადა განსაკუთრებული თვისება* ჩვენის ენისა პირველად გამოიკვლივა და შესაბამი უტყუარი საბუთი და რიგი ხმარებისა აღმოუჩინა, იცით ვინ? წარმოიდგინეთ გაკვირვება ბ-ნ ნიკოლაძისა: იმ ანტონ ქათალიკოზმა, რომელსაც ბ-ნი ნიკოლაძე აბრალებს ამ კანონის უარყოფასა. ამაში გვემოწმება თვითონ პროფესორი ქართული ენისა ბ-ნი ცაგარელი, რომელსაც ამ მხრით ანტონ ქათალიკოზის ღვაწლი საკმაოდ სარწმუნოდ და ვრცლად გამოძიებული აქვს. რომ ეს ორკეცის თუ რთულის ბრუნვით სიტყვის ხმარება ბ-ნ ნიკოლაძეს შეცდომად ჩვენს კისერზედ არ დაეჭდივა, სხვა არა იყოს რა, ამ ლოცვას მაინც გაიხსენებდა, რომელიც ჩვენში ხუთის წლის ბავშვმაც კი იცის: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. მართლა რომ ამინ და კირილეისონ.
[1887 წ., 10 ოქტომბერი]
_________________
* რომ ეს თვისება მართლადა საკუთარი კუთვნილებაა ჩვენის ენისა, ამას ევროპიელი მეცნიერი ბოპპეც კი გვარწმუნებს. ახლა განსაჯეთ: ბ-ნი ნიკოლაძე ამ განსაკუთრებულს კუთვნილებას ართმევს ჩვენს ენას; ჩვენ კი ვარჩენთ და მაინც იგივ ბ-ნი ნიკოლაძე ჩვენვე გვწამებს ენის გაძარცვასა. მოდით და ნუ იტყვით: სამართალო, სადა ხარ!
პასუხი ნიკო ნიკოლაძეს
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., 11 X, № 211, გვ. 1-2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად. მისი ილიასეულობა, ჩვენის აზრით, არავითარ დაეჭვებას არ იწვევს.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
375. 16 „რად მაქებ, ავი რა წამკიდებია?“ - ციტატა „ქილილა და დამანადან“.
375. 18 ...გუშინაც ბ-მა ნიკოლაძემ შემოგვაწია... საკუთარი ნაკვესი - იგულისხმება ნ. ნიკოლაძის წერილი «Критика. Из Грузинской литературы», რომელიც დაიბეჭდა გაზეთ «Новое Обозрение»-ში 1887 წლის 9 ოქტომბერს (№ 1312). აღნიშნულ წერილში ნ. ნიკოლაძე აკრიტიკებს 1887 წ. „ივერიის“ რედაქციის მიერ გამოცემულ პატარა წიგნს სათაურით „ნაკვესნი ანუ მოსწრებული სიტყვანი ძველთა და ახალთა ქართველთანი“.
376. 20 „ზოგჯერ... დავალდებიან“ - ციტატა „ვეფხისტყაოსნიდან“. პირველი სტრიქონი - „მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან“ საგრძნობლადაა შეცვლილი.
377. 28 По-грузински нужно сказать... с точки зрения Антония Католикоса - ციტატა მოტანილია ნ. ნიკოლაძის «Новое Обозрение»-ში დაბეჭდილი სტატიიდან.
![]() |
2.40 ბულვარის აკადემია |
▲back to top |
ტფილისი, 13 ოქტომბერი
ერთგვარის ყალიბის მწერალნი არიან ჩვენში, რომელთაც ერთი სასაცილო ზნე სჭირთ, როცა საპოლემიკოდ გამობძანდებიან ხოლმე მოედანზედ. როცა ჰსურთ თავის მოპირისპირეს წუნი რამ დასდონ, ვითომ სახელი გაუფუჭონ, საზოგადოებაში აბრუ გაუტეხონ, ამისათვის მარტო ერთი იარაღი აქვთ: აიღებენ და რის და ვის ათვალწუნებაც უნდათ, იმას მიაკერებენ ხოლმე მარტო ერთს სიტყვას: „ძველიაო“ და საქმე, მათის ფიქრით, გათავებულია და დამში მოსული. რა თქმა უნდა, ამნაირის ფარ-ხმლით მეომარი დიდის ტყვია-წამლის პატრონი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თვითონ ეგ იარაღი მეტისმეტი ძველია და დღეს მარტო ბავშვებსღა აქვთ ხელში სათამაშოდ და მარტო იმათი შესაფერია და მოსახდენი.
გონებაში ჩავარდნილ, ჭკვათამყოფელ კაცისათვის კი სათაკილოა მაგისთანა იარაღის ხელში ჭერა, იმიტომ რომ არასფერი ქვეყანაზედ არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.
ხომ ესეა, მაგრამ ზემოხსენებულ ყალიბის მწერლებმა იმოდენა მოედანი მოიპოვეს ჩვენს უმეცარს წვრილფეხობაში, რომ ჩვენის ბულვარის აკადემიაში ეხლა კარგა საკმაოდ დიდი წრეა მკითხველებისა, რომელიცა ჰკმარობს ავისა და კარგის გასარჩევად მარტო ორს სიტყვას: „ძველია, ახალია“. ზემოხსენებულ ყალიბის მწერლებს ეს ორი სიტყვა დაუხვევიათ ხელზე და სხვა ყველაფერში რომ უღონონი არიან, თვითონ „ახალობით“ იწონებენ თავს და სხვას კი „ძველობით“ ჰწუნობენ. მოგახსენეთ, ამისთანა მანერამ მწერლობაში დიდი ხანია იქაც თავისი დრო მოიჭამა, საცა დაიბადა და საცა პირველ გაჩნდა ქვეყნის სასაცილოდ.
სასაცილოდ, ვამბობთ იმისათვის, რომ საქმისა, თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედაც მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი გარჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკლებულ წისქვილსავით. სასაცილოზედ მეტი არ არის, მაშ რა ეშმაკი და ქაჯია!..
ერთადერთი ბაზარი, საცა უვაჭრელად, ესე იგი ფასის გამოუჩხრეკლად და გამოურკვევლად გადის ამისთანა სასაცილო საქონელი, ჩვენის ბულვარის აკადემიაა. არც საკვირველია.
„ბევრს ჭიქას კენჭიც ეყოფა,
უგუნურს - დრამის წონანი“.
სწორედ ამ აკადემიაზედ არის ზედგამოჭრილი; ბევრს არას დაგიდევთ, ცოტასა ჰკმარობს და თუნდაც არ იკმაროს, ბევრის მოსათავსებელი გოგრაც არა აქვს. თუნდა ჰქონდეს კიდეც, რად უნდა? მეტი ბარგია. აქ ოღონდ სთქვით ვისზედმე და რაზედმე „ძველია“ და კმარა კიდეც: ორს კურდღელს ერთს გამოდგომაზედ დაიჭერთ. ჯერ იმას, რომ „ძველობით“ ხსენებულს მაშინვე შეჰბოჭვენ და სამარცხვინო ბოძზედ გააკვრენ: „დახე, დახე, ძველი ყოფილა და არ ვიცოდითო“. აღარავინ ჰკითხულობს: „კაცო, რა ვუყოთ რომ ძველია! იქნება კარგია, იქნება მართალი მაგ ძველშია. თქვე დალოცვილებო, ერთი საქმესაც ჩახედეთ გულში!.. ერთი მოსჩხრიკეთ, სინჯეთ, მთელს სიგრძე-სიგანეზედ მოატარეთ ეგ თქვენი გონების თვალი და!..“ თქვენც არ მომიკვდეთ, იმ წვრილფეხობის აკადემიაში ამ მჩხვრიმალისათვის ყურიც არავინ შეიბერტყოს, „ძველია“ და რაღა კითხი უნდა, არ ევარგებაო. დაჰკვრენ კვერს და დაასმენ ბეჭედსა.
ამ სახით, ძველობით ხსენებული ხომ სამარცხვინო ბოძზეა გაკრული საჯაროდ და ერთი კურდღელი ეს არის, რომელსაც იგი აკადემია დააჭერინებს ხოლმე „ძველობით“ წუნმდებელს მწერალსა. ეს მწერალი ამავე დროს მეორე კურდღელსაც იჭერს წვრილფეხობის აკადემიის მწევრებითა. რაკი მწერლის მიერ ათვალწუნებული აზრი, საგანი თუ კაცი ძველი ყოფილა, აშკარაა, თვითონ წუნმდებელი მწერალი, მისი აზრი, ახალი იქნება და, რაკი ახალია, კარგი უნდა იყოს. მაშ „ტააშ-ტაში“ ამ ახალსა და მაშინ ნახეთ ის წვრილფეხობის აკადემია, თავის აკადემიკოსთან ერთად, როგორ აიკრეფს კალთებს და რა ფერხულს და ბუქნას დაუვლის!..
რა თქმა უნდა, ჭკვათამყოფელი ნაწილი საზოგადოებისა, გონებაგახსნილი მსმენელი ნანვითა და ნაღვლით უყურებს ამ ლიტერატურულს ბუქნას დარბაისელის აკადემიისას, მაგრამ მაინც ამ ბუქნისა და ფერხულისაგან აყენებული მტვერი ბევრს თვალს უბნელებს და ამ თვალთა დაბნელებაშია კიდეც ზოგიერთების იმედი გამარჯვებისა.
ჩვენ ყოველ ამას ვამბობთ იმიტომ კი არა, რომ ყოველივე „ძველი“ მოგვწონდეს და ყოველსავე „ახალს“ ვწუნობდეთ. ავკარგიანობა ახალშიაც არის და ძველშიაც. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ „რა ვარდმან თვისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. ეს ყოვლად მხსნელი წესი და რიგია ადამიანის წინმსვლელობისა და ქვეყნიერობის ბრუნვა-ტრიალისა. მაგრამ ისიც დასავიწყარი არ არის, რომ ზოგჯერ „ახალსა ნამუდრაგალსა ძველის სჯობიან ჩანჩალი“. აი სად არის ის ბეწვის ხიდი, რომელზედაც გავლას საღი ჭკუა უნდა, მართლის სიყვარული და ვაჟკაცური გამბედაობა, ნამეტნავად ჩვენში, საცა უფროს-ერთი მარტო იმისათვის ჰთრთის და ჰძრწის, ბულვარის აკადემია რას მეტყვისო, მომიწონებს თუ დამიწუნებსო, ესე იგი ახლობაში ჩამომართმევს თუ ძველობაშიო. ტკივილი ამაშია!
თუნდ ესეც არ იყოს, რით ვერ გაიგეს, რომ ეგეთი საპოლემიკო იარაღი ჭკვათამყოფელთათვის არა სჭრის. იგი გამოუდეგარი და ყოვლად უხეირო იარაღია და მერე სხვისაგან ნათხოვარი, სხვის გამონაცვალი. მაგას ერთს დროს ძალიან ხშირადა ჰხმარობდნენ რუსეთში, მაგრამ მალე ჰნახეს, რომ მარტო ბეღურების საფრთხალად თუ გამოდგება და დიდი ხანია თავი დაანებეს, ხოლო გამონაცვალს ჩვენები მიესივნენ და დაეპატრონენ.
დაძველდა, ბატონებო, ეგ იარაღი, გაცვდა, იმიტომ რომ თავდაპირველადვე ხანგრძლიობის უნარი და ღონე არა ჰქონია, ქარისაგან მობერილი იყო და ქარმავე წაიღო და საწყაოდ ავისა და კარგისა, მართლისა და ტყუილისა დარჩა სიავე და სიკარგე, სიმართლე და სიცრუე და სხვა არაფერი. ნუთუ ამის გამოცნობას დიდი ჭკუა უნდა, რომ ავკარგიანობა, ტყუილმართლობა არც ახალს ახლობით მიეწებება, არც ძველს ძველობით. ავსაც და კარგსაც, ტყუილსაც და მართალსაც თავისი საკუთარი ბუნება აქვს და თვითვეული თვისდა ბუნებისამებრ უნდა გაირჩეს და გამოიზომოს და არა სიახლით და სიძველითა.
ყველას, ძველია თუ ახალი, მინამ მსჯავრს დასდებდეთ, კბილი კი არ უნდა უსინჯოთ, ბუნება უნდა გამოუჩხრიკოთ და მარტო მაშინ დაეჭდევა თქვენს მსჯავრს ადამიანის საკადრისი ღირებულობა და ფასი.
ძველობით ხსენება სხვისა, ამით კილვა და ძაგება ძველი იარაღია უღონობისა, გაცვეთილი ფანდია სახსარმოკლებულ ფალავნისა. მწერლისა თუ მთქმელის არარაობის, ცარიელობის უტყუარი ნიშანი მაგ იარაღის ხმარებაა. რაკი მაგგვარს იარაღს ხელი წაავლო კაცმა, იმას თავი დაუკარით და „მშვიდობის მგზავრობა“ დაულოცეთ. იგი წასულია, გარდასულია და ვერც სიმარდე წერისა, ვერც სუსხიანობა კალმისა ვერ იხსნის ამისთანა მწერალს ამ სამწუხარო ბედისაგან. ნუ ენდობით და ერიდენით მაგ უღონო ღონესა. მაგ იარაღის მხმარებელი მწერალი გადაბერებულს გასათხოვარსა ჰგავს, ანუ, უკეთ ვსთქვათ, საპატარძლოდ მორთულს ბებერსა, და ტყუილად კი არ არის ნათქვამი:
„ბებერსა, სასძლოდ მორთულსა,
უფრთხილდი, მოერიდეო“.
[1887 წ., 13 ოქტომბერი]
ბულვარის აკადემია
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 752-755.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., 14 X, № 213, გვ. 1-2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
ხელნაწერ კრებულში წერილის ზემოთ ლურჯი ფანქრით მიწერილია: Спор о старой и новой литературах.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IX ტომში, ზემომითითებული სათაურით.
383. 26
ბევრ ჭიქას კენჭიც ეყოფა,
უგუნურს - დრამის წონანი.
ციტატა ვახტანგ VI-ის ლექსიდან „სატრფიალონი“ (იხ. ბ. დარჩია „ვახტანგVI-ის პოეტური სამყარო“, თბილისი, 1988 წ., გვ. 140.
386. 8
ბებერსა, სასძლოდ მორთულსა,
უფრთხილდი, მოერიდეო.
ციტატა „ქილილა და დამანადან“.
![]() |
2.41 ყალბი და ნამდვილი |
▲back to top |
ტფილისი, 17 ოქტომბერი
ლოღიკა თითქო ბაჟს რასმე ემალებაო, სადღაც გაექცა, სადღაც დაეკარგა ადამიანსა. ღრმად დაკვირვება არ არის საჭირო, კაცმა დაინახოს, რომ ადამიანის ჭკუას რაღაც გაუტყდა, ბუნებური მართულები მოეშალა, რაღაც სალტე ან მოჰშვებია, ანუ უფრო მეტად წასჭერია, რაღაც სოლი ამოვარდნია და ძირით თხემამდე თავი და ბოლო დაჰბნევია. კაცს ეხლანდელ დროში ვერა გაუგია რა, ვერა გამოურკვევია რა, ხედვით ერთსა ჰხედავს, სმენით სულ სხვა ესმის. არის ერთი არეულობა.
იპარვენ პატიოსნების სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად პატიოსნება და სად მპარაობა?
აბეზღებენ და ცილსა სწამებენ გულმტკივნეულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს, სად ცილი და ბეზღი და სად გულმტკივნეულობა?
ჰღალატობენ საქმეს, ჰღალატობენ ერთმანერთსა ერთგულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ღალატი და სად ერთგულება?
სხვის ნაკლს, სხვის უბედურობას თვის ღირსებად, თვის ბედნიერებად, თვის სიხარულად სთვლიან კაცთმოყვარეობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად სხვის ნაკლის და უბედურობის გამო სიხარული და ცეკვა და სად კაცთმოყვარეობა?
სტყუიან, ცრუობენ სიმართლის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ტყუილი და სად სიმართლე?
კაცს სამარცხვინო ბოძზედ ტყუილ-უბრალოდ გასაკრავად არა ჰზოგვენ, არ ჰთაკილობენ, და იძახიან კი, ადამიანის ღირსება, ადამიანობა ხელშეუხებელია, სათაყვანებელიაო და გამკითხავი არავინ არის: სად ტყუილ-უბრალოდ ადამიანის თავზე ლაფის დასხმა და სად ხელშეუხებელობა ადამიანის ღირსებისა?
ათასს ამისთანას ჩამოგითვლით, საცა თქმა საქმეს არ ებმის და საქმე თქმას არ ემსგავსება, არ ეთანხმება. ყველაფერი ეს ცარიელის სახელით გადის და სახრავს კი არავინ დაგიდევთ. ფიცი სწამთ და ბოლო კი არავის აკვირვებს, თქმა ერთია და ქმნა სხვა. ნუთუ ამას არ ეთქმის, რომ ლოღიკა დაკარგულია, ხელიდამ წასულია, სადღაც ბარდებშია განაბული?...
ეს ყოფა და ამბავი დიდი ჭირია. ამ ჭირს კაცთა კერძო ცხოვრების ერთმანერთობაში ადამიანი კიდევ როგორც იქმნებოდა, ვაითა და ვაგლახით აიტანდა, გაუძღვებოდა. ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა. უამისოდ იგი ერთს დღესაც ვერ გაიჭაჭანებდა კაცთა შორის, ერთს დღესაც ვერ გააბამდა თავის სამაცდურო ბადესა კაცთა საჭერად. თუმცა ესეა, მაგრამ ეს ბოროტი, ეს ჭირი ასე თუ ისე ადვილად მოსანელებელია, ადვილად სახდელია, როცა შინაობაში, ერთმანერთობაში ცალკე კერძო კაცი მოგვივლენს ხოლმე.
სულ სხვაა და დიდი და მეტისმეტი უბედურებაა, როცა ეს ბოროტი, ეს ჭირი გზას გაიხსნის, მოედანს მოიპოვებს იქ, სადაც თქმა და ქმნა ერთი უნდა იყოს, სადაც ჭეშმარიტება უნდა ჭეშმარიტობდეს, მართალი ჰმართლობდეს, კეთილი ჰკეთილობდეს და პატიოსნება ჰპატიოსნებდეს, სადაც ხმა ერისაა და მაშასადამე, ღვთისაცა. ამისთანა „წმიდა წმიდათა“ ლიტერატურაა, საცა ჭკვათამყოფელი, უკეთესი, თავანკარა ნაწილი ერისა უნდა მეტყველებდეს აშკარად, უფერუმარილოდ, უტყუილოდ და უხვანჯოდ. ლიტერატურას სხვათა შორის ერთი შვილი ჰყავს, რომელიც დღეს ყველა სხვა შვილებზე უფრო გაძლიერებულია, უფრო გავლენიანია. ამ შვილს „ჟურნალ-გაზეთობას“ ეძახიან. ამ ჟურნალ-გაზეთობაზე, რომელიც სხვა არა არის რა გარდა ყოველდღიურის ცხოვრების სარკისა, ერი აჭდევს ხოლმე თავის ავკარგიანობასა დღითი დღემდე.
აი სავაგლახო ის არის, როცა ზემოხსენებული ჭირი აქ, ამ ჟურნალ-გაზეთობაშიაც დაიბუდება, როცა აქ თქმა და ქმნა ერთმანერთის განუყრელნი და-ძმანი არ არიან. მაგრამ რა თქმა და რა ქმნა! დღევანდელ ჟურნალ-გაზეთობას სხვა რა სჭირს კარგი, რომ ეგა სჭირდეს და თქმასა და ქმნას ერთმანერთს არ აშორებდეს და ერთმანერთს არ უპირისპირებდეს. ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემაძრწუნებელი ზნე, რომ დღეს ჟურნალ-გაზეთობაში არ დაბუდებულიყოს, ოღონდ, ავად თუ კარგად, ჟურნალ-გაზეთობასთან მოსათავსებელი იყოს და ასე თუ ისე მოსახმარებელი.
გამოცინცვლა რისამე, გნებავთ ვისგანმე, იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს, რომელიც მზაა სამსახურისთვის. სახელის გატეხა გინდათ ვისიმე, რამსიგრძეთაც გნებავთ დაგრიხეთ ბაწარი ჭორებისა და იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს, რომელიც სიხარულით დაგითმობთ ადგილსა და თავს მოიწონებს კიდეც ლიბერალობითა. მაშ... ყველას ჰპენტავს და სწეწავს, ლიბერალობა არ არის, მა რა ეშმაკია!... ჯავრის ამოყრა გინდათ ვისიმე, შესთხზეთ ერთი სამარცხვინო ამბავი თქვენს გამჯავრებელზედ, მოაყარეთ პილპილი ცილისწამებისა, მარილი ლაზათიანის გინებისა და გათავებულია საქმე. არიან იმისთანა გაზეთები, რომელნიც არამცთუ ხელაღპყრობით მიგიღებენ, როცა მიუტანთ ამისთანა განძსა დასაბეჭდად, არამედ თვით მოგნახვენ და თავს შემოგევლებიან, ოღონდ ხელიდამ არ წაუვიდეთ თქვენ მიერ შეთითხნილი ლანძღვა-გინება.
ჭირთა ჭირი ეს არის, რომ აღარც მკითხველებსა აქვთ ხალისი და კბილი უკეთესის კითხვისათვის. შეაჩვიეს ყური ამისთანა უწმაწურს ქარაფშუტობას და ცუღლუტობას და ყოველივე ჭკუის გასამრჯელო, გრძნობის ამამაღლებელი მოიძულეს, მოიწყინეს, თითქო სიტყვა ადამიანისა სამურველი იყოს, რომ მარტო ყური ჰფხანოს და ჭკუას, გონებას, სულსა და გულს არ მიეკაროს არასგზით. დღეს სიკეთეს თუ სიავეს მწერლობისას მარტო ამ საწყაოთიღა სწყვენ. ვაიც ამაშია და ვაგლახიც დღევანდელის დღისა.
ძნელია, როცა სახელმძღვანელო დედააზრებს ფეხქვეშედამ მიწა გამოეცლება; ძნელია, როცა თქმასა და ქმნას შუა ხიდი ჩატყდება. აი მაგალითი ამისთანა ყოფისა, რომელმაც გამოიწვია ეს ჩვენი საუბარი და რომელიც ერთი მრავალთაგანია.
კითხულობთ ჟურნალ-გაზეთებს და გიკვირთ - რაზედ შემოსწყრომია მწერლობა ლოღიკასაო? სად მიჰმალვია სახელმძღვანელო დედააზრი, რომ ესე არახუნებს უთავბოლოდაო? აი რაშია საქმე. ერთი რუსის მწერალია, რომლის სახელიც ბევრისათვის უცნობია და, სწორედ რომ ვსთქვათ, არც კი დიდად საცნობელია. ამ მწერლის სახელი ა. გორშენევია. ამას ბევრი რაღაცები საწვრილმანო უწერია სხვადასხვა გაზეთებში და ამის ნაწერები აუღია და პატრონის დაუკითხავად გადაუბეჭდია გაზეთს «Судебная Газета»-ს. გორშენევსაც აუღია და უჩივლია სამართალში ამ გაზეთის რედაქტორზედ, ჩემი საკუთრება მიითვისაო და საზღაურად ფასი მოითხოვა, რაცა ჰღირს ჩემი ნაწერები, დამნაშავემ მომცესო. სამართალს შეუწყნარებია თხოვნა გორშენევისა და საზღაური დაუდვია «Судебная Газета»-ს რედაქტორისათვის გორშენევის სასარგებლოდ.
აქ, როგორც ხედავთ, არაფერი ნამუსისა და პატიოსნების წინააღმდეგი არა არის რა. კაცს, ცუდია თუ კარგი, თავისი ნაამაგარ-ნაშრომი ნაწერები აქვს; ეგ მისი კუთვნილებაა, მისი საკუთრებაა, მერე იმისთანა, რომელსაც დღეს რუსეთში მუქთად არავინ არავის არ უთმობს და, ცოტაა თუ ბევრი, თავისი ფასი აქვს. ეს საკუთრება მუქთად დაიჩემა მეორემ და პატრონმა ეს მუქთამჭამელობა არ დაუთმო და თავისი მოითხოვა. აქ არაფერი უკადრისობა არ შეეწამება პატრონსა. პირიქით, ჩვენა გვგონია, რომ პატრონმა ამ შემთხვევაში თვისი მოქალაქური მოვალეობა შეასრულა საზოგადოების წინაშე, რომლის დედაბურჯი ის არის, რომ ყველამ თავისი მოიხმაროს და თავისით ირჩინოს თავი და რომლის წინაშე ყველა დავალებულია, რომ ეს წესი ცხოვრებისა არავის არ დაარღვევინოს დაუსჯელად.
ხომ ესეა და ესე უნდა იყოს უფრო იმისთანა გაზეთისათვის, რომელსაც სახელად „სამართლის გაზეთი“ ჰქვიან და თვისის პროგრამმით სამართალს და სამართლიანობას ემსახურება. მაგრამ სახელი ერთია და სახრავი სხვა ეხლანდელს დროში; როგორც ეტყობა, აქაო და გორშენევმა ეს საქმე დამაწიაო, გაზეთს აუღია და ერთი ლაზათიანი, თქვენი მოწონებული ზღაპარი გაუპრტყელებია თავის ფურცლებზედ და ამ ზღაპარში საწყალი გორშენევი თავიდამ ფეხამდე ლაფში ამოუტანტლავს და სამარცხვინოდ და სასაცილოდ გაუხდია, თუმცა სახელი კი ნიშნობლივ არ უხსენებია.
ახლა რას იტყვით ამისთანა საქმეზედ, მკითხველო! როგორ გგონიათ: იმ «Судебная Газета»-მ რომ ერთს ნატეხ პურის ქურდობაში სამის დღის მშიერ-მწყურვალი გლახა-ღატაკი დაიჭიროს, ხომ ნაცარტუტას აადენს: ეს რა მოხდა, ჯვარს აცვით ქურდი, ჯვარს აცვით!.. აქ კი დღის ნათელზედ თვითონ არა მშიერ-მწყურვალმა ხელდახელ დაიჩემა სხვის ნაწვავ-ნადაგი, პატრონმა უსასყიდლოდ არ დაანება თვისი კუთვნილება და იმან კი აიღო და ბოდიშის მაგიერად ჯავრი ამოიყარა. რით? ლანძღვითა და თრევითა! ნუთუ დროთა ნიშანი არ არის ესეთი თელვა ყოველის ლოღიკისა, დედააზრისა, ყოველის ადამიანობისა, ყოველის მართებულობისა და უფლება-მოვალეობისა!..
ეხლაც არ დაგვეთანხმებით, რომ ლოღიკა საძებნელი და საპოვნელი გაუხდა ადამიანსა ცალკედ და მწერლობასა საერთოდ! აბა ეხლა იანგარიშეთ, რამდენი ამისთანა გაზეთია, რომელიც დედააზრობით ერთს გვეფიცება და საქმით კი სულ სხვასა საქმობს. არ შეიძლება, რომ ჩვენ თვითონ არ ვაქეზებდეთ ამისთანა მიმართულებას, თორემ დღეს-აქამომდე ამისთანა მწერლობას სული ათჯერ ამოეხუთებოდა, რადგანაც, როგორც ჭირიანს, შემოეფანტებოდნენ მკითხველები და მკითხველები იძლევიან მას, რითაც მწერლობაც ავად თუ კარგად იკვებება და სულდგმულობს. რაკი ესეა, ბოროტიც ამ მხრით არის გაძლიერებული და ამაშია დღის სავალალოც.
[1887 წ., 17 ოქტომბერი.]
ყალბი და ნამდვილი
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 755-59.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., 18 X, № 217, გვ. 1-2.
ხელნაწერ კრებულში წერილის ზემოთ, ლურჯი ფანქრით მიწერილია: «Илья в роли моралиста».
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად. წერილი ილიასეულად მიიჩნია პ. ინგოროყვამ, რომელმაც პირველად შეიტანა იგი ილიას თხზულებათა გამოცემაში (ათტომეულის VIII ტომში) 1957 წელს, ზემოაღნიშნული სათაურით.
![]() |
2.42 დიმიტრი ყიფიანი |
▲back to top |
ტფილისი, 30 ოქტომბერი
ყველა სწუხს, ყველა ჰგლოვობს, ყველა მისტირის უკან დიმიტრი ყიფიანსა: დიდი თუ პატარა, ყრმა თუ ხნიერი, სწავლული თუ უსწავლელი, მაღალი თუ მდაბალი, ნაცნობი თუ უცნობი, მახლობელი თუ შორეული, - ყველანი ერთად და თვითვეული ცალკე ჰგრძნობს, რომ რაღაც დააკლდა, რაღაც დაეკარგა, რაღაც ძარღვი ჩასწყდა გულში.
რა არის ყოველ ამისი მიზეზი? მისი ხარისხი ნამსახურობისა? არა. რამდენი დიდხარისხოვანი სხვაცა ყოფილა და ეგრე საერთო ტკივილით გულს ტეხვა არ დაუწყია.
მისი გამოჩენილი ღვაწლი მეცნიერობაში? არა. უფრო დიდღვაწლიანნი კაცნი ყოფილან და გული ადამიანისა კი არ შეუპყრიათ გლოვითა და მწუხარებითა ეგრე საერთოდ და საყოველთავოდ.
მისი თავგამოდებული და ღირსსახსოვარი გარჯა მოძმეთათვის? არა. ამ სფერაშიაც მჯობს მჯობი არ დაელევა, მაგრამ აქაც გულს ადამიანისას შავები არ შეუმოსია გლოვის ნიშნად ასე საერთოდ და საყოველთავოდ.
მაშ, რით აიხსნება იგი საიდუმლოება, რომ ჩვენი სული და გული ჰკვნესის და იხუთება დიმიტრი ყიფიანის დაკარგვის გამო?
მით, რომ იგი იყო კაცი, რომელსაც გულში ჩაჭდეული ჰქონდა, რომ
უნებურს გემოს სჯობია
ნებითა უგემებანი.
იგი იყო კაცი, რომელსაც სიყმაწვილის დღიდამვე ბოლოს ჟამამდე სამართალი მიუძღოდა ეთქვა:
ჩემი ნავი ნაღვლის ზღვასა
შევაცურვე სარგებელად,
ან დავითქმი, ან მარგალიტს
ამოვიღებ, ვიგდებ ხელად.
იგი იყო კაცი, რომელიც, როცა ბედნიერი იყო, ვერც ბედნიერებამ წაიცდინა, ვერც უბედურობამ დაიტყვევა, რადგანაც იცოდა, რომ
ბრძენი არც იშვებს ფრიადა,
არც დია შეწუხდებისა.
იგი იყო კაცი, რომელსაც რჯულად ჰქონდა შეთვისებული, რომ
სჯობს სიგლახაკე სიმართლით,
ცრუს დიდსა გამდიდრებასა.
იგი იყო კაცი, რომელსაც ცხოვრების საგზლად ერთი საჭირნახულო მცნება ჰქონდა:
სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა
ზე სიმართლით ავიბარგო.
ერთმა ჩვენმა მეგობარმა გვითხრა: „იგი იყო კაციო, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა „ჰოს“, როცა მისი გული ამბობდა „არას“. ძნელია უკეთესად გამოთქმა ადამიანის ღირსებისა; დიახ, დიმიტრი ყიფიანი იყო მართალი კაცი; იმიტომ, რომ მართალი მარტო ის არის, რომ „ჰო“ არა სთქვა, როცა გული „არას“ ამბობს. „მართალიო, - ამბობს ერთი ჭკვიანი კაცი*, - ის კი არ არის, რომ კაცმა სთქვას, რაც ჭეშმარიტია, არამედ ისა, რასაც ვფიქრობთ და რაც გულში გვაქვსო“.
ცხადია, რა კაცი იყო დიმიტრი ყიფიანი. იგი იყო გულთასრული კაცი... იგი იყო კაცი ხასიათისა... ჩვენდა სამწუხაროდ, ეს დიდი და ძვირფასი სიკეთე მარტო ჩვენს ძველებსღა მოსდევთ და აი რას მივტირით, როცა იგინი მიდიან...
არიან ბევრნი დიდხარისხოვანნიცა, მეცნიერნიცა, მოღვაწენიცა, მწერალნიცა და არ არიან მხოლოდ ხასიათის კაცნი, კაცნი გულთასრულნი.
მძლედ მობურთალნი ქვეყნიერობის მოედანზედ მარტო დიდ-ხასიათის კაცნი არიან. ქვეყნის ღერძს მარტო ის ატრიალებს, ვისაც მიჰმადლებია გულთასრულობა, დიდხასიათობა, იმისდა მიუხედავად, - ტრიალი ემარჯვათ თუ ემარცხათ. ყოველივე დიდებული საქმე, რითაც კი კაცობრიობა ჰქადულობს და თავს იწონებს, ქმნილია ხასიათიან კაცთა მიერ და არა ვისმე სხვისაგან. ამიტომაც ხასიათიან კაცის წინაშე ყველა უნებლიეთ თავს იხრის მოწიწებით და სასოებითა; ამიტომაც ყველა, დიდი და პატარა, უკან მისტირის, როცა ამისთანა კაცი მიდის უკან დაუბრუნებლად და სამუდამოდ...
აღარ არის დიმიტრი ყიფიანი! აღარ არის ის, ვისაც
ფეხი მთებრ ედგა ქვეყანად,
ტინურად გამტკიცებული.
ტფილისი, 3 ნოემბერი
_____________
* De Livry.
კაცი მოკვდა ან მოჰკლეს!... რა იშვიათი ამბავი ეს არის, რომ დიდი და პატარა შეიძრას? რამდენი ათასი კაცი ჰკვდება ყოველდღე, ყოველს საათს, მაგრამ მრავლის-მრავალს ყურსაც არ ვათხოვებთ ხოლმე. ვინ არა კვდება? ვინ შეჰრჩენია ამ წუთისოფელს საუკუნოდ? ადამიანი სიკვდილის შვილია და თუ ვინმე კვდება, თუნდა სხვისის ხელითაც, აქ რა არის უცნაური და საკვირველი? თუმცა ესეა, მაგრამ ძნელად იქმნება იმისთან უბედურება, რომ მკვდარს არავინ მისტიროდეს. ხოლო მრავლის-მრავალს მისტირის მხოლოდ მახლობელი და ნათესავი, სხვა კი მცხედარის დანახვაზედ მარტო სიბრალულით შენდობას თუ ეტყვის და ამით ათავებს თავის საქმეს...
ადვილად მისახვედრია, ადვილად გამოსაცნობია - რადა სტირის გული, როცა მახლობელი ან ნათესავი გვეკარგება. აქ მწუხარებას და გლოვას ადვილად გამოსარკვევი მიზეზი აქვს, როგორც ყოველს იმას, რაც კერძოობითია, რაც ცალკე ადამიანს განსაკუთრებით შეეხება. სულ სხვაა, როცა გული გვტეხს და გვიკვნესის იმისთანა კაცის გამო, რომელიც სისხლით და ხორცით შორეულია, რომელიც არც ჩვენი საკუთარი მახლობელია, არც ჩვენი საკუთარი ნათესავი.
დიმიტრი ყიფიანიც სიკვდილის შვილი იყო, როგორც ყველანი ჩვენ. აქ ის გულგრილი ფილოსოფია, რომ სააქაოს საუკუნოდ არავინ შერჩენიაო, არა გვყოფნის, არა გვკმარის. გული არ ემორჩილება ამ ფილოსოფიასა, თავისას ჰთხოულობს, თავისას ამბობს. აქ მეცა ვსტირი, თქვენცა, სხვაც, მახლობელიც და ნათესავიც. რადა? რამ შეგვყარა ერთად გლოვისა და მწუხარებისათვის შორეულნი და მახლობელნი, უცხონი და ნათესავნი? დიმიტრი ყიფიანის სახელი რადა სცვლის მრავლის-მრავალის ხვედრს, მარტო მახლობელთაგან დატირებისას. ამას გამორკვევა უნდა.
კაცთა საზოგადოება თავისის სიმკვიდრისა, შეურყეველობისა და არსებობისათვის ყოველ ცალკე ადამიანისაგან ითხოვს იმოდენა სათნოებას, რომ ნაკლები შეუძლებელიღაა კაცთა კრებულად ცხოვრებისათვის. იგი გვეუბნება, თუ ერთმანერთობა გინდა, თუ კრებულად ყოფნა გსურს, ამა და ამაზედ ნაკლები სიმართლე არ იქონიო, ამა და ამაზედ ნაკლებ გულმოდგინედ და ერთგულად არ მოეკიდო შენს მოვალეობას, ამაზედ ნაკლები თანაგრძნობა, თანაზიარობა ერთმანერთობაში არ დაიზარო, ამა და ამაზედ ნაკლები საყოველთავო ტვირთი არა ჰზიდო და მებრვე სხვა. ამ სახით კაცთა საზოგადოება, მოქალაქური ერთმანერთობა და ყოფა-ცხოვრება ჰკმარობს მარტო minimum-ს სათნოებისას.
ამ minimum-ზედ, ამ ხაზზედ დგომა ყველასათვის სავალდებულოა. ხოლო შესაძლოა ადამიანი ამ ხაზს ძირსაც დასცილდეს და ზე ასცილდეს კიდეც. დამცილებელი სცოდავს საზოგადოებას და ისჯება საზოგადოებისაგანვე, რადგანაც ამ შემთხვევაში დაცილება დანაშაულობაა. ამიტომაც არდაცილებას ითხოვს კაცისაგან საზოგადოება, ვითარცა მოვალეობას და ზეაცილებას კი თვითვეულის ნებაზედ სტოვებს, იმიტომ რომ ყოველს კაცს სრული ნება აქვს და შეუბღალველი ნებაც, ეს minimum-ი სათნოებისა იქონიოს და არა მეტი. ამ ხაზზედ ზეაცილება, ესე იგი ამ ნაკლების სათნოების წარმატება, განდიდება, გაძლიერება, მოვალეობა აღარარის კაცისა: იგი ღვაწლია, გადამეტებული სამსახურია, სხვერპლია, გმირობაა.
ამ ღვაწლისათვის, ამ სხვერპლისა და სამსახურისათვის მრავლის-მრავალი კაცი უღონია. ამისთანა კაცების ცხოვრებას რომ ანგარიში გავუკეთოთ, გავთვალ-გამოვთვალოთ, ან ჯამად არაფერი არა დადგება რა, ან იშვიათს შემთხვევაში ამათის ცხოვრების ჯამი ის იქმნება, რომ არა ვცოდეო, ესე იგი ხსენებულს ხაზზედ დაბლა არ დავიწიეო. ეხლანდელს დროში ესეც კარგია, მაგრამ თვით ეხლანდელს ცოდვილს დროშიაც ამისთანა კაცის სიკვდილი ყველას გულს არ შესძრავს და ძაძით არ მორთავს. ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა. მარტო მადლის-მყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი კაცობა არქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა. კაცურის კაცობის ნიშანი minimum-ი სათნოება კი არ არის, რომელიც არცოდვის საზღვარია, არამედ maximum-ი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულო.
დიდბუნებოვანობა კაცისა იმოდენად მაღალხარისხოვანია, რამოდენადაც „არცოდვის“ სამზღვარი უკან შორს დაუგდია და „მადლის“ საზღვარს მიახლოებია. ამ გზით წაჭარბებული მანძილი ერთადერთი საზომია დიდბუნებოვანის კაცისა, ესე იგი იმისთანა კაცისა, რომელსაც ყველა, დიდი და პატარა, თავისიანად ჰხდის, თავისიანსავით შეჰხარის, თავისიანსავით ჰგლოვობს.
„რომ მე მართლადა ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო, საჭიროა ყველა სხვა სულიერნიც ბედნიერნი იყვნენო“, - ამბობს ერთი მეცნიერი. მადლის მოედანი და სარბიელი ეს არის. ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღვწის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული არა აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფელად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია.
ამ გაერთებისათვის დიდის ხიდის გადებაა საჭირო და ამას დიდი ღონე უნდა სულისა, დიდი შეძლება გულისა და ყველა კაცს არ მოეკითხება. ვისაც კი ეგ ღონე და შეძლება აქვს, იგი მით ნაწილია ყველასი: ჩემიც, თქვენიც და სხვისაც, იმიტომ რომ, იგი ჩემს, თქვენს და სხვის ბედნიერებაში ეძებს მხოლოდ და ჰპოულობს თავის საკუთარს ბედნიერებას და, მაშასადამე, იმისი ბედნიერება თუ უბედურობა ჩემი, თქვენი და სხვის ბედნიერება და უბედურობა უნდა იყოს.
ეს ისეთი ძნელი გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითვეული ბიჯი ღვაწლია და სხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც სხვერპლია, ამიტომაც მადლია, და რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც კი ჰგრძნობს, თუმცა არა ჰხედავს.
როცა ამისთანა კაცი სამუდამოდ მიდის, თითქო ჩემი და თქვენი წილადხდომილი სინათლე მზისა თან მიაქვსო, თითქო თვითვეული ჩვენგანი გრძნობს, რომ თან ჩემი, თქვენი ნაწილი, ჩემი, თქვენი ბედნიერება წაიღო, თითქო ვგრძნობთ, რომ ამისთანა კაცთან ერთად ჩვენს საკუთარს ბედნიერებასაც ვკარგავთ და ამის შემდეგ რაღა საკვირველია, რომ მივტირით ამ დაკარგულს ბედნიერებასა.
ტფილისი, 7 ნოემბერი
უფროს-ერთი ადამიანი ისე გაივლის ხოლმე თავის ცხოვრების გზასა, ისე დაჰლევს ხოლმე თავის სიცოცხლეს, რომ ერთხელაც არ ჩაახედებს თავის თვალს გულში იმის გამოსარკვევად, თუ რისთვის ვიყავ, რისთვის ვარ და რა გამიკეთებიაო. ესე მიდის და ილევა ცხოვრება ათასისა და ათიათასისა. მარტო ათასში ერთი თუ იქნება იმისთანა, რომ ამ მხვედრს არ ექვემდებარებოდეს და თავისთავი განსაკითხველად თავის თავისავე წინაშე დაეყენებინოს, ანუ, როგორც რუსთაველი იტყოდა, გაეთავისწინებინოს.
უფროს-ერთი კაცი დღე-ყოველ იბრძვის და გართულია ამ წუთისოფლის ავკარგიანობითა. ზოგს ბედი ისე უმძიმს, რომ ამ ბრძოლას და გართვას არა ჰყოფნის მისნი დღენი, მისნი საათნი, მისნი წუთნი: ყველა ესენი შეწირული აქვს მთლად და გადურჩენელად იმ მცირეზე მცირე სიამოვნებისათვის, რომელსაც ადამიანი ძლივ-ძლივ გამოჰგლეჯს ხოლმე ამ ძვირს წუთისოფელსა და ურომლისობა ადამიანის არსებობას შეუძლებელადაღა ჰხდის. ამ წრეში მოტრიალეს კაცს მოცალეობა არა აქვს თავისთავს ჩაუბრუნოს თვალი განსაკითხავად და დღიურ ლუკმისათვის გარჯილსა და მაშვრალსა არც ხალისიღა აქვს ამისთანაებისათვის. ამისთანა კაცისათვის ბრძოლის მოედნიდამ თვალის მოშორება ერთს წამსაც, დღიურის ლუკმის პირიდამ გამოცლას მოასწავებს და ძნელია სხვა რიღასთვისმე მოიცალოს.
ზოგი, თუნდაც მოცლილი იყოს და არ იცოდეს სად მიაფშვნიტოს თავისი დრო და ხანი, საჭიროდ არა ჰხედავს ათასში ერთხელ მაინც თავისთავს ანგარიში ჩამოართვას, თავისთავს მოჰკითხოს თავისივე ადამიანური ვინაობა, ადამიანური ავკარგიანობა.
მართალია, დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი შემძლებელი იყოს თავისი თავი გაითავისწინოს, და თავისთავს მსაჯულად გაუხდეს პირუთვნელად, იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს, მოსარჩლეც, ბრალმდებელიც და ბრალდებულიცა. მაგრამ აქ ამ წარმატებულობაზედ არ არის ლაპარაკი: ჩვენ ვამბობთ იმ საჭიროების არმქონებლობაზედ, რომელსაც ყოველი კაცი უნდა შეჰყვანდეს ამ საიდუმლო და გათავისწინებულს სამსჯავროში განსაკითხველად და რომლის უქონლობა ვერც ცალკე კაცს წასწევს წინ წარმატების გზაზედ, ვერც საზოგადოებას, ვითარცა ცალკე კაცთა კრებულსა.
რასაკვირველია, ამ საჭიროების აჩენასაც თავისი შესაფერი, თავისი შესაწონი ღონე უნდა სულისა. ვისაც ეს ღონე არა აქვს, ის, ჩვენის ფიქრით, მჩვარია და არა კაცი. ხოლო თვითვეულ ცალკე კაცთა შესანდობრად ესეც უნდა ითქვას, რომ აქ, ამ უღონობაში, თვითონ საზოგადოება ბევრშია დამნაშავე. ზოგიერთის კაცთა კრებულის ყოფა-ცხოვრება ისე ბედნიერად მოეწყობა ხოლმე, რომ თითქმის ყოველს კაცს, ღონიერს თუ უღონოსა, ძალას ატანს მოჰკითხოს თავისთავს - რისთვის იყო, ან რისთვის არის? უამისოდ ამისთანა საზოგადოებაში კაცი ვერ გაიჭაჭანებს, ვერ ისადგურებს, გზას ვერ გაიკაფავს, ვერ იხეირებს, ერთის სიტყვით, თავს ვერ გამოიჩენს. აქ ცალკე კაცის ღონის ნაცვლად ბძანებლობით მოქმედობს თვითონ იგი ზნე საზოგადოებისა, რომელიც სხვა არა არის რა, გარდა შეერთებულის ღონისა და ამიტომაც ამ ზნეს ვერავინ უმტყუნებს, თუ კაცური კაცობა ჰსურს.
ეს ასეც უნდა იყოს იმიტომ, რომ ყოველი კაცი ყოველდღე გამკითხველის თანამდებობაშია. დაუკვირდით ყოველის ცალკე კაცის ყოველდღიურს ცხოვრებას და, რა ხარისხზედაც გინდა იდგეს, ჰნახავთ, რომ ამ ცხოვრების დახლართულ ბადეში ბედი ყოველს ცისამარა დღეს ერთმანეთს გვახვედრებს და თვითვეული ჩვენგანი სხვის გამკითხველია და, მაშასადამე, თვითონაც სხვისაგან არის განსაკითხველი. დააკვირდით თვითვეულს, თუნდა ყოვლად უმნიშვნელო ბიჯს თქვენის ცხოვრებისას, თუნდა, მაგალითებრ, იმას, რომ მოსამსახურეს უბრძანეთ, წაღები გამიწმინდეო და უსათუოდ დაგვეთანხმებით, რომ არ ყოფილა შემთხვევა, საცა არ გამკითხველობდით. მართალია, ამ წაღების გაწმენდის მაგალითში პირდაპირ თვალში არ გეცემათ თქვენი გამკითხველობა, მაგრამ იგი გამკითხველობა აქაც არის, მხოლოდ თქვენგან დავიწყებულია, თქვენგან შეუმცნეველია. აქ მთელი წინათყოფილი მოქმედება გამკითხველობისა სწარმოებს და ამას არ იმცნევთ, რადგანაც ხშირი შემთხვევაა ათასჯერ წინათვე განკითხული და, მაშასადამე, ზნედ მიღებული. ვიდრე ბიჭს თქვენის წაღების გაწმენდას დაავალებდით, განა უკვე განკითხული არ არის: რათ ავალებთ? თქვენის წაღების გაწმენდაში რა მოვალეა? შეუწონეთ მისი ღონე ნაბძანებ საქმესა და სხვა ამისთანა? ეს ბძანება ზნედა გვაქვს ქცეული და რა გზით შევიძინეთ იგი, აღარ გვახსოვს, თუ განგებ გონება არ მივახედეთ, არ დავაკვირვეთ.
რაკი ადამიანს არ შეუძლიან კაცთა კრებულის გარეთ იცხოვროს ცალკედ და მიუკარებლად, რაკი ერთმანეთობა ბედისწერასავით თვითვეულს ჩვენგანს, გვინდა თუ არა, სხვის გამკითხველადა ჰხდის და უამისოდ კაცი კაცს ვერ შეხვდება, ვერ შეეყრება, ვერ გაეყრება, აქედამ ცხადია, რა დიდძალი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს გრძნობას განკითხვისას კაცთა საზოგადოების არსებობისათვის. ხოლო ისიც ცხადია, რომ ვერგამკითხველი თავისთავისა სხვის განკითხვასაც ვერ შესძლებს და სწორედ აქ არის სათავეც ყოველის უბედურობისა, იმიტომ რომ მაშინ მართალი აღარ ჰტრიალებს საზოგადოებაში და ყოველივე უბედურობა ხომ უმართლობისაგან არის წარმომდგარი.
ჩვენ ვსთქვით, რომ თავისთავის განკითხვას შესაფერი ღონე უნდა სულისა და საცა ეს ცალკე კაცს არა აქვს, ბევრში თვითონ საზოგადოება არის დამნაშავეო. ეს მართალია, მაგრამ არა გვგონია ქვეყნიერობაზედ იმისთან საზოგადოება იყოს სადმე, რომ თითო-ოროლაჯერ მაინც ამისათვის არ გამოაფხიზლოს კაცი, ისეთი რამ არ მოუვლინოს, რომ კაცს თვალები ძალაუნებურად გულში ჩაუბრუნოს თავისთავის განსაკითხავად. ამიტომაც ყოველი ამისთანა შემთხვევა ზნეობითად მწრთვნელია, ყოველი ამისთანა შემთხვევა ცოტად თუ ბევრად ჰზრდის თვითვეულს კაცს და, მაშასადამე, საზოგადოებასაც, მაგალითი თვალწინა გვაქვს.
დიმიტრი ყიფიანი გარდაიცვალა. ხუთი ათას კაცამდე ნაცნობი და უცნობი მოდის იმის პანაშვიდზედ, რათა სხვასთან ერთად, ერთ კრებულად უთხრას: განისვენე მართალთა თანაო. დიდი, პატარა ჰგოლოვობს და მწუხარებს. ამის მნახველს, ყოველს ამის მსმენელს, უნებლიეთ გაუელვებს ფიქრი: სჩანს, ეს კაცი... ყოფილა რამ; სჩანს, რისთვისმე უცხოვრია; სჩანს, რამ გაუკეთებია, თორემ დღეში რამდენი კაცი კვდება, რატომ სხვაზედ არ არის ეს ამბავიო.
აქედამ დიდი სახტომი არ არის იქამდე, რომ კაცმა თვალი შიგნით ჩაიბრუნოს და თავის გულში დაიწყოს იმის პასუხის ძებნა, თუ: რისთვისა ვარ? რა გამიკეთებია? რით მომიგონოს ჩემმა შემდეგმა? დიახ, ამისთანა მაგალითი მოგვივლენს ხოლმე თავისთავის განკითხვის დღესა, გვწურთნის, გვასწავლის და გვზრდის.
[1887 წ., 30 ოქტომბერი - 7 ნოემბერი]
დიმიტრი ყიფიანი
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 763-771.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1887 წ., 30 X, № 227, გვ. 1; 4 XI, № 230, გვ. 1; 8 XI, № 234, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა: 1887 წ., 30 X, 4 XI, 7 XI).
დაიბეჭდა „ივერიის“ მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად. წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის VII ტომში, ზემომითითებული სათაურით.
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
394. 3 „უნებურს გემოს სჯობია ნებითა უგემებანი“ - ციტატა „ქილილა და დამანადან“.
394. 7
„ჩემი ნავი ნაღვლის ზღვასა...
ამოვიღებ, ვიგდებ ხელად“.
ციტატა „ქილილა და დამანადან“.
394. 14
„ბრძენი არც იშვებს ფრიადა“,
არც დია შეწუხდებისა.
ციტატა არჩილის პოეზიიდან.
394. 18
„სჯობს სიგლახაკე სიმართლით,
ცრუს დიდსა გამდიდრებასა“.
ციტატა არჩილის პოეზიიდან.
394. 22 „სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო“ - ციტატა დ. გურამიშვილის „დავითიანიდან“.
395. 21
„ფეხი მთებრ ედგა ქვეყანად,
ტინურად გამტკიცებული“.
ციტატა „ქილილა და დამანადან“ მცირე ცვლილებით: „ედგას“ ნაცვლად დედანშია „დასდგას“.
![]() |
2.43 კრიტიკული აზრის უქონლობა |
▲back to top |
ტფილისი, 8 იანვარი
თუ ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებას ჩაუკვირდებით, შენიშნავთ ერთს არასასიამოვნო გარემოებას, რომელიც ხელს უშლის ერთის და მეორის წარმატებასაც. არც მწერლობასა და არც საზოგადოებას არ აღმოუჩენია ნამდვილი გზა, რომლითაც უნდა მსვლელობდეს აზრი და გონება, არ დაუდგენია ნამდვილი აზრი ჩვენის წარსულ და აწმყოს ვითარების შესახებ და სამართლიანად ვერ დაგვიფასებია, ვერ გამოგვიკვლევია ჩვენი ყოფა-ცხოვრება. ჯერჯერობით ვერ შევთანხმებულვართ და ვერ აღმოგვიჩენია ის ცენტრალური წერტილი, სადაც გადანასკვულია ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარეობა. ერთის სიტყვით, დღემდის ვერ დაგვიდგენია სამართლიანი კრიტიული აზრი ჩვენის ცხოვრების შესახებ. ეს გარემოება ამით არის უსიამოვნო, ჩვენის წარმატების დამაბრკოლებელი, და გვიჩვენებს ჩვენის გონების გაუწრთვნელობას, ჩვენს გაუფრთხილებლობას და დაუკვირებლობას. აი, აქ არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყოველი კეთილი საზოგადო საქმე ჩვენში ერთობ ნელის ნაბიჯით მიდის წინ...
ჩვენა ვთქვით, რომ კრიტიკული აზრი ვერ დაგვიდგენია ჩვენის ვითარების შესახებ, სამართლიანად ვერ დაგვიფასებია ჩვენი წარსული და აწმყო. კრიტიკულის აზრის უქონლობა იმოდენად შესამჩნევია ჩვენში, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ, თუ ცოტათი მაინც ჩაუკვირდებით ჩვენს აზროვნებასა. აი, სხვათა შორის, აქ არის იმის მიზეზი, რომ ვერც ჩვენის ისტორიის შესწავლა და კვლევა ვერ დამდგარა ჯერჯერობით ნამდვილს გზაზე და ვერც საზოგადო აზრის მიმდინარეობა. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, ვითომ ყველანი ერთისა და იმავე გზით უნდა ვმსვლელობდეთ, ერთსა და იმავე ყაიდაზე ვგრძნობდეთ და ვგონებდეთ, რომ ყველანი ერთისა და იმავე აზრისა ვიყვნეთ, არამედ იმასა, რომ ჩვენ ერთმანერთის აზრი და მოქმედება ვერ დაგვიფასებია და სამართლიანის თვალით არ გაგვისინჯავს, და თუ ერთმანერთს წუნს ავდებთ, მხოლოდ იმისთვის, რომ სურვილი და ღონე არა გვაქვს ერთმანერთის აზრსა და მიზიდულებას საძირკველი გავუსინჯოთ.
ყოველ დაწინაურებულ საზოგადოებაში აზრის სხვადასხვაობა, მრავალგვარობა კრიტიკის შედეგია და სხვადასხვა აზრისა და მიმართულების მიმდევართ აქვთ ისეთი წერტილი, რომელიც ყველასათვის საერთოა. ჩვენში კი სხვადასხვაობა აზრისა კრიტიკულის აზრის უქონლობის ბრალია და ჩვენის გაუფრთხილებლობისა. ჩვენში ხშირად ერთისა და იმავე საგნის შესახებ იმდენად შეუთანხმებელს და წინააღმდეგს აზრს გაიგონებთ, მერე ისეთს საგნებზე, რომელთა შესახებ მორიგებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ სწორედ გასაოცარია. მაგალითად, ადიდეთ წარსული, აქეთ ძველთა გმირობა და საქვეყნოდ აღიარეთ, რომ ჩვენნი ძველნი შესანიშნავნი იყვნენო, და უსათუოდ გამოვარდება ვინმე და დაგვძახებს, ვითომ თქვენ ადიდებთ ყოველს ნაკლულევანებას წარსულისას, სამარეში იყურებით და მერმისისათვის ზურგი შეგიბრუნებიათ: რა არის პატივსაცემი წარსულშიო, რომელს ერს არ გამოუჩენია გმირობა, რომელს არ გამოუცდია ლხინი და ჭირიო. პირიქით, თუ ვინმემ სთქვა, რომ ჩვენი წარსული შესანიშნავს არაფერს წარმოადგენს, იმაში არც ერთი ნათელი წერტილი არ მოიპოვებაო, მაშინ უსათუოდ ვინმე ყელში გეცემათ და დაგძახებთ, როგორ თუ ჩვენი წარსული სრულიად ტიალ-ოხერიაო. თუ გაბედეთ და სთქვით, რომ ვახტანგ მეფის კანონდებულება დიდი ნაშთია ჩვენის წარსულისაო, რომ იგი ნაყოფია დიდის შრომისა და ჭკუისა, არ შეიძლება ვინმემ არ გიპასუხოთ, რომ იგი კანონდებულება შეიცავს მრავალს მუხთლებს, რომელნიც სრულიად არ ეთანხმებიან კაცთმოყვარეობას და დაწინაურებულის ერის ცხოვრებასაო და, მაშასადამე, არც თვით კანონდებულება არის საყურადღებო და შესანიშნავიო. გაბედეთ და სთქვით, რომ ესა და ეს მწერალი დიდად შესანიშნავია, თავისის ნაწერებით დიდი სამსახური გაუწია სამშობლო მწერლობასა და ენასაო და მაშინვე მოგვარდებიან და შეგძახებენ, რომ თქვენა სცდებით და უღირს მწერალს ადიდებთო. საბუთად იმას დაგისახელებენ, რომ ამ მწერალმა ამა და ამ დროს ესა და ეს უგვანო აზრი წარმოსთქვა და თანაც ესა და ეს საქციელი ჩაიდინაო. თუ გაბედეთ და სთქვით, რომ ჩვენში მწერლობა დიდი ძალაა საზოგადოების წარმატებისაო, მაშინვე, თქვენის აზრის მიუხედავად, გაიძახიან, რომ ჩვენი მწერლობა სრულიად უძლურია, უფერულია, ენა გარყვნილიაო და სხვანი და ამასთანავე დაგწამებენ, რომ საკუთარის ნაკლულევანების აღმოჩენას ერიდებითო და უფრთხითო. ვინმემ რომ სთქვას, საჭიროა ვეცადოთ, თავადაზნაურობამ საკუთარი სკოლები იქონიოსო, იმ წამსვე მოგვარდებიან და დაგწამებენ, რომ საკუთრად თავადაზნაურობის მომხრე ხართ, არისტოკრატიულის აზრებითა ხართ გამსჭვალულიო და გლეხობას სრულიად არ დაეძებთო. თუ გლეხობაზე იზრუნეთ, მაშინ დაგწამებენ მტრობას თავადაზნაურობისამდი და სხვა.
ეხლა ვიკითხოთ, ნუთუ ამგვარი უთანხმოება აზრისა, ერთმანერთის გაუგებლობა სამწუხარო არ არის? განა ყოველივე ესე შესაძლებელი იქნებოდა, ჩვენში რომ კრიტიკული აზრი მუშაობდეს? განა ეგ შესაძლებელი იქნებოდა, თუ რომ ჩვენ შეჩვეულნი ვიყვნეთ სამართლიანს მსჯელობას და ყოველსავე საქმის რიგიანად დაფასებას და აწონ-დაწონვას?
ცხადია, რომ ზემოთ მოხსენებული გარემოება ხელს უშლის ყოველ საზოგადო საქმის წარმატებას, რადგანაც ყოველივე უსაფუძვლო შეტაკება აზრისა მოითხოვს გარდამეტებულს ლაპარაკს, მითქმა-მოთქმას, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია იქ, სადაც კრიტიკული აზრი მუშაობს. ასე და ამრიგად ხშირად მრავალს სიტყვასა ვხარჯავთ იმისათვის, რაიცა სრულიად უეჭველი უნდა იყოს.
[1888 წ., 8 იანვარი]
კრიტიკული აზრის უქონლობა
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 786-788.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., 9 I, № 5, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნია პ. ინგოროყვამ, რომელმაც პირველად შეიტანა იგი მწერლის თხზულებათა გამოცემაში (ათტომეულის VIII ტომში) 1957 წელს, ზემოაღნიშნული სათაურით.
![]() |
2.44 „დრამატული საზოგადოების“ გასაჭირი |
▲back to top |
ტფილისი, 30 იანვარი
გუშინწინ ჩვენს გაზეთში ერთმა ჩვენის სცენის მოყვარემ გვაუწყა, რომ ჩვენის დრამატიულის საზოგადოების გამგეობა დიდს შეწუხებასა და გაჭირებაშიაო. ეგ კიდევ არაფერი, არაფერი იმიტომ, რომ ჩვენში არც ერთი საზოგადოებური საქმე არ არის, რომ შესაწუხარი და გასაჭირებელი არ იყოს იმათთვის, ვისაც ბედად ჰხვდება ხოლმე გაძღოლა და გამგეობა საქმისა, ყველამ, ვინც კი თავის ღონეს და მხნეობას სწირავს ხოლმე საზოგადოებურს საქმეს, წინადვე იცის, რა თოკს იჭერს ყელში, რა წვალებისა, წყენისა და შეწუხების უღელში ებმის. რაკი ყოველივე ეს წინადვე იცის და საზოგადოების და ქვეყნის სიყვარულით საქმეში მაინც ჩასდგება ხოლმე, სჩანს, რომ ეს წვალება, წყენა, შეწუხება არ აშინებს და არ აფრთხობს. ამაშია სათავე და საბუთი იმ პატივისცემისა, რომელსაც ყოველი გულ-პატიოსანი კაცი ჰგრძნობს ხოლმე ჩვენში საზოგადო მოღვაწის მიმართ. ერთადერთი ნუგეში, ერთადერთი ჯილდო ამ მოღვაწეებისათვის მარტო ეს პატივისცემაა. ხოლო ეს პატივისცემაც ისე ხშირი არ არის, როგორც სასურველია: ამ პატივისცემას ერთი ორიოდ კაცი თუ ატარებს ხოლმე გულში და ათასი სხვა კი მარტო იმის ცდაშია, რომ მოღვაწეს გული გაუტეხოს და რაც შესაძლოა მომატებული წყენა მიაყენოს.
ეს ყოველი, რასაკვირველია, წინადვე ცნობილი ექმნებოდა დრამატიულ საზოგადოების გამგეობას და გაჭირება და შეწუხება, რომელსაც ჩვენის სცენის მოყვარე იხსენიებს, იმისთვის მოულოდნელი და ახალი ამბავი არ უნდა იყოს, ნამეტნავად თუ წარმოვიდგენთ, რა რთული და ძნელი მოსავლელი საქმეა ჩვენის თეატრის საქმე. ამიტომაც ვსთქვით, რომ გამგეობის შეწუხება და გაჭირება კიდევ არაფერიაო, იმიტომ რომ გამგეობამ იცოდა, რომ ეგ ეგრე იქნება და მაინც თავის სასახელოდ ხელი მოჰკიდა ამ საქმეს და არ შეუშინდა. ჭირი მხოლოდ ის არის, რომ სცენის მოყვარის სიტყვით, ამ შეწუხებას და გაჭირებას ფიალა მოთმინებისა აუვსია და იქამდე მიღწეულა საქმე, რომ გამგეობას ფიქრი გაუტარებია გულში, სრულად დაჰშალოს და დაითხოვოს ჩვენი დასი და ამ სახით ქართული წარმოდგენანი დიდ თუ პატარა ხნობით შეაყენოს.
რა თქმა უნდა, რომ ყოველსფერს თავისი საზღვარი აქვს. შესაძლოა, შეწუხება და გაჭირება იქამდე გაძლიერდეს, რომ კაცს სული შეუხუთოს და მოქმედებისათვის ყოველივე ღონე და სახსარი მოუშალოს. ამისთანა განსაცდელი, ამისთანა შიში, ამისთანა საზღვარს გადაბიჯება უფრო საფიქრებელია თეატრის საქმეში, ვიდრე სხვა საქმეში. საკმარისია, რომელმამე არტისტმა თავზედ ხელი აიღოს და სთქვას, არ ვითამაშებო, მაშინ როცა ფარდა უნდა აიხადოს წარმოდგენისათვის და ის არტისტი უნდა გამოვიდეს სათამაშოდ, საკმარისია ერთი ამისთანა უმსგავსო მაგალითი, რომ გამგეობამ ყოველივე მოთმინება დაჰკარგოს და სულ დაჰშალოს საქმე, ვიდრე ყოველ წარმოდგენაზედ ამისთანა შიშსა და განსაცდელქვეშ დააყენოს თავისი თავი, საზოგადოება და თვითონ საქმეცა. ეს ერთი მაგალითი და რამდენი ამისთანა ხათაბალა შეუძლიან მიაყენოს თეატრის საქმეს არტისტმა, თუ გაკადნიერდა და თავზედ ხელი აიღო.
მართლა რომ ძნელი რამ არის, ამისთანა და ან ამის მგზავს საქციელს არტისტისას გაუძლოს კაცმა, ძნელია და მეტისმეტადაც ძნელია კაცი ყოველ დღე, ყოველ წუთს არტისტისაგან შიშსა და განსაცდელს ქვეშ იყოს, აცა, ან ეხლა გაუწყრება ღმერთი და უმართებულობას რასმე ჩაიდენს, ან ეხლაო, ამისთანა შიშისა და განსაცდელის ზედმოქმედება ისეთი ძლიერია, რომ თვითონ სიყვარული საქმისა იძულებულ ჰყოფს კაცს თავი დაანებოს საქმეს და სრულებით ხელი აიღოს. ხოლო ეს ხელის აღება და თავის დანებება მარტო მაშინ არის შესაწყნარებელი, როცა სხვა გზა აღარ არის, როცა საქმეს არსაიდამ აღარ მოევლება. ჩვენის თეატრის საქმე აქამომდე არა გვგონია მისული.
მართალია, ვერაგვარი ქაღალდზედ დაწერილი წესი ვერ შეჰკრავს თეატრის საქმეს ისე, რომ რომელმამე არტისტმა შეუწყნარებელი უმსგავსობა რამ არ მოახდინოს, რაკი ერთხელ და ერთხელ თავისი საკუთარი ღირსება არაფრად მიაჩნია და რაკი იმოდენად უწვრთნელია, გონება- და გულ-დახშულია, რომ არ ესმის რის მოვალეა საზოგადოების წინაშე, როცა უკისრნია თეატრის სამსახური, სასცენო მოღვაწეობა. ყოველს ამაში მხოლოდ თვით არტისტის ზნეობითი ღირსებაა თავმდები მისის რიგიანობისა, წესიერობისა და მართებულობისა. ზნეობიანი, ღირსებიანი არტისტი თავის დღეში არ იკადრებს უმზგავსობა რამ ჩაიდინოს, თავისთავიც შეირცხვინოს და საქმეც, რომელსაც ემსახურება, საკუთარის თავის პატივი ამის ნებას არ მისცემს და აი სწორედ ამაშია ის სახსარი, რომელსაც ხელი უნდა მოჰკიდოს ჩვენის დრამატიულის საზოგადოების გამგეობამ ჩვენის სცენის დასახსნელად გაუქმებისაგან.
ჩვენს დასში, თუ, ჩვენდა სამწუხაროდ, არის იმისთანა არტისტი, რომელმაც არ იცის საკუთარის თავის პატივი, რომელსაც მისი საკუთარი ზნეობითი ღირსება არა ჰთავმდებობს და რომელსაც სცენა მარტო თავის თვითნებობის მოედნად მიაჩნია და უწესოებას, ურიგობას არა ჰთაკილობს, არ უკადრისობს, იგი ერთს დღესაც დასაყენებელი არ არის დასში, რაც უნდა დიდის ნიჭის პატრონი იყოს. რასაკვირველია, ნიჭიერი არტისტი დიდი რამ არის სცენისათვის, მაგრამ თუ სხვაფრივ ყოვლად აუტანელია, ისევ უმისობა სჯობია, თორემ ჩვენის თეატრის საქმე ყოველთვის ბეწვზედ ეკიდება და ეს არაგზით შესაწყნარებელი არ არის.
ამიტომაც სრულად თანამოზიარენი ვართ იმ აზრისა, რომელიც ჩვენს გაზეთში გამოსთქვა ერთმა ჩვენის სცენის მოყვარემა, რომ ან ეხლანდელს დასში ავი კარგისაგან გაირჩეს, ან სულ ახალი დასი შესდგეს. ძნელია, მართალია, ახალის დასის შედგენა, მაგრამ, ჩვენის ფიქრით, შეუძლებელი კი არ არის. იქნება ამით არტისტული ღირსება ცოტად თუ ბევრად მოაკლდეს ჩვენს სცენასა პირველ ხანში, მაგრამ ადამიანურს კი უსათუოდ მოიმატებს სამუდამოდ ად არა გვგონია, ამისათვის სამდურავი ვინმემ გამოაცხადოს. დრომდე არტისტიულ ღირსების მოკლებას ავიტანთ, როგორც იქნება, ოღონდ ადამიანურმა ღირსებამ დუღაბივით შეჰკრას ჩვენი სცენა და მაგარს საფუძველზედ დაამყაროს. სრულიად დაშლა კი დასისა და გაუქმება ჩვენის სცენისა, თუნდაც დროებითად, ღმერთმა გვაშოროს! ამას ქართველნი თავის დღეში არ შეუნდობენ ეხლანდელს გამგეობას დრამატიულ საზოგადოებისას, ამისთანა არასანატრელს განზრახვას მხოლოდ მაშინ უნდა მისცენ გზა, როცა სხვა ყოველივე ღონე და სახსარი უქმია და ამაო.
[1888 წ., 30 იანვარი]
დრამატული საზოგადოების გასაჭირი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., 31 I, № 23, გვ. 1-2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად. მისი ილიასეულობა, ვფიქრობთ, არავითარ დაეჭვებას არ იწვევს.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
407. 3 გუშინწინ ჩვენს გაზეთში ერთმა ჩვენის სცენის მოყვარემ გვაუწყა... - 29 იანვარს „ივერიის“ № 21-ში, რუბრიკით „ქართული თეატრი“, დაბეჭდილია წერილი დრამატული საზოგადოების გასაჭირის შესახებ. სტატიის ავტორი გვაუწყებს, რომ საზოგადოების მმართველობამ გადაწყვიტა დასის სრულიად დათხოვნა და დაშლა. ავტორი ამ უკანასკნელი ღონისძიების გატარების წინააღმდეგია. წერილს ხელს აწერს „ქართული სცენის მოყვარე“.
407. 4 ...დრამატიულის საზოგადოების გამგეობა... - იხ. შენიშვნა წერილისა „თეატრის როლი ერის ცხოვრებაში“.
![]() |
2.45 იონა მეუნარგიას მომავალი ლექციები გრიგოლ ორბელიანზე |
▲back to top |
ტფილისი, 23 მარტი
სიტყვამოსწრებული სახელოვანი პოეტი გერმანიისა ჰეინე ერთს ადგილას ამბობს: „თვითვეული ცალკე ადამიანი მთელი ერთი ქვეყანაა, რომელიც მათთან ერთად იბადება და მასთან ერთად ჰკვდება. ყოველ საფლავის ქვისა ქვეშ სძევს მსოფლიო ისტორიაო“. თუ ეს ითქმის საზოგადოდ თვითვეულს ცალკე კაცზედ, რომელიც სხვას არაფრით აღემატება და კაცთა დაუსრულებელ მწკვრივში ნამეტნაობით სხვისაგან არ ირჩევა, რა უნდა ითქვას იმისთანა განსხვავებულ კაცზედ, რომელიც რითიმე სხვაზედ მეტი ყოფილა, მწკვრივიდამ თავისი სიმაღლით ცოტად თუ ბევრად გამორჩეულა, სხვაზედ უფრო შესამჩნევად უვლია ცხოვრების გზაზედ და კვალი სვლისა ასე თუ ისე დაუმჩნევია.
რაც უნდა სთქვით და ამას კი არავინ უარს არა ჰყოფს, რომ ყოველს ჩვენგანს რაღაც გაუგებარი წყურვილი აქვს თვალით ჰნახოს და ცნობისმოყვარეობით ჰსინჯოს კაცი, რითიმე გამოჩენილი, რითიმე სახელგანთქმული. ეს წყურვილი ისეთია, თითქო დაბადებითვე თანდაყოლილი აქვს ადამიანსა და იმოდენად ძლიერია, რომ ვერავინ წაუვა და ვერავინ გაუმაგრდება. ამ წყურვილს ფენიმორი კუპერი ინსტიქტურს წყურვილს ეძახის და გამოჩენილი კარლეილი უდიდესს და უკეთესს წყურვილს სხვათა წყურვილთა შორის, რაც კი ადამიანის ბუნებაშია.
„ადამიანსაო, - ამბობს კარლეილი, - აქვს ერთი უდიდესი და უკეთესი წყურვილი. ეს ის წყურვილია, რომ დაბადებითვე თანდაყოლილის გულითადის სიყვარულით უყვარს დიდბუნებოვანი კაცი და დაბადებითვე გული ერჩის აქოს, ადიდოს და ასახელოს თავისნი გმირნიო... გმირთა მიმართ პატივისცემა თვით ადამიანის ბუნების წყურვილია და ქვეყნის გაჩენის დღიდამ ეგ წყურვილი ადამიანის განსაკუთრებული თვისება არისო... ამასთან არ უნდა დავივიწყოთ, რომ გმირთა მიმართ პატივისცემა ყოფილა პირველი, მეორე და უკანასკნელი რჯული ადამიანისა, რჯული დაურღვეველიო... ამიტომაც ეძიეთ და აღმოაჩინეთ დიდბუნებოვანი კაცნი, თუ შეიძლებთო. თუ დიდბუნებოვანი არ არიან, ნუ მოიშლით ძიებას: რაკი დიდბუნებოვანი არ არიან, რითიმე გამოჩენილნი კაცნი მაინც დაგვანახვეთო“.
რისთვის? იმისთვისაო, ამბობს იგივე კარლეილი, რომ გამოჩენილის კაცის ღვაწლი სასახელოა, სამაგალითოა, ნაყოფიერია თანამედროვთათვის, შთამომავლობისათვის და საუკუნოებისათვისაო. ამიტომაც დავალებულნი ვართ სიამოვნებით და მადლობით მივეგებნეთ იმ ამბავს, რომ ბ-ნს მეუნარგიას მოუწადინებია ამ დღეებში საჯარო ლექცია წაიკითხოს და თვალწინ გაგვიტაროს ერთი იმისთანა ჩვენი კაცი, რომლის ნახვაც ადამიანის ბუნების წყურვილს შეადგენს. იგი კაცი განსვენებული თ. გრ. ორბელიანია, კაცი მრავალგვარად სახელოვანი, კაცი, რომელზედაც ერთს ევროპიულს გაზეთში ნათქვამი იყო, რომ ერთი უდიდესი ლირიკოსია ამ მეცხრამეტე საუკუნისაო.
სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი ისე გვგონია, რომ გრ. ორბელიანს როგორც პოეტს წინ ვერავინ გადურბენს ჩვენში, ამ მეცხრამეტე საუკუნეში. ნუთუ დიდი საქმე არ არის ჩვენთვის საბუთიანად ვიცოდეთ, ჩვენის თვალით ვნახოთ, ჩვენის ყურით გავიგონოთ, რა საგანი ჰქონია ცხოვრებისა ჩვენს გამოჩენილს კაცს, რა ნაღველი უტარებია გულში, რა იმედი და ნუგეში დაუგდია ჩვენთვის, ჩვენს ავსა და კარგს როგორ გასძღოლია და ჩვენი ავი და კარგი როგორ აღბეჭდია, როგორ ჩასჭდევია გულში, ამისთანა კაცის ისტორია ხომ ჩვენი საკუთარი ისტორიაა!..
ბევრი ჩვენგანი თ. გრ. ორბელიანს იცნობს, როგორც მეტისმეტად ტკბილს და ხელოვანს ლექსის მთქმელს, ხოლო ათასში ერთმა არ იცის, რა კაცი იყო განსვენებული შინ, გარეთ, სახელმწიფო და საზოგადო სამსახურში, მახლობელთა, შორეულთა და მეგობართა შორის; რა გრძნობის, რა აზრის კაცი იყო ყოველ იმ მრავალგვარ საზოგადო საქმეში, რომელთაგანაც თითქმის არც ერთს ისე არ გაუვლია, რომ მისი ტკბილი, მგრძნობიერი, მოსიყვარულე გული არ მიეზიდნა, იმისი ჭკვიანი, გონიერი თვალი ზედ არ გაეჩერებინა გულდინჯად და გულდასმით ჩხრეკისა და ძიებისათვის. ხანგრძლივი სიცოცხლე იმისი მოწამე და მნახველი იყო ბევრის ავისა და კარგისა, რაც კი ყოფილა და მომხდარა ჩვენში იმის დროს. გრ. ორბელიანი თითქმის ყოველ საგანს, ცხოვრებისაგან ჩაძახილსა, ამოსძახებდა ხოლმე თავის გულიდამ ასე თუ ისე, ხოლო ყოველთვის კი ტკბილად, აუმღვრეველად და აუჩქარებლად, როგორც ბრძენი კაცი, თავის აზრისა და სიტყვის პატივით მპყრობელი.
ერთი დიდი ბრძენი კაცი ამბობს: „პირველი, რასაც კი მე ვკითხავ ხოლმე ყოველს ცალკე კაცსა, ეს საკითხავია: „გაქვს რაიმე იმისთანა საგანი, რომელსაც შენ მთელის შენის სულით და გულით მისცემიხარ, რომელსაც ერჩი, ეტანები და რომელსაც ბოლოს და ბოლოს მიეღწევი კიდეცაო? ცუდია თუ კარგი იგი მისი საგანი, ეს ჩემი მეორე საკითხავიაო“.
ბ-ნ მეუნარგიას საქებური აზრი მოსვლია, ერთი ჩვენი სახელოვანი კაცი თვალწინ დაგვიყენოს, რომ ვკითხოთ: რა საგანი გქონია იმისთანა, რომელსაც მთელის შენის სულით და გულით ეძლეოდი, რომელსაც შენს სიცოცხლეში ერჩოდი, ეტანებოდი და რომელსაც დასასრულ მიეღწივე კიდეც? ცუდია თუ კარგი იგი შენი საგანი - ამასაც მოვიკითხავთ, ხოლო მას შემდეგ, რაკი პირველზედ პასუხს გვეტყვი. თუ ყოველს ცალკე კაცს ეს ეკითხება, გამოჩენილს კაცს უფრო სასურველი არ არის მოეკითხოს? აი ბ-ნი მეუნარგია სწორედ ამ სასურველ სამსახურს გვიწევს და მადლობის ღირსიც ამიტომ არის.
უეჭველია იმ ორს საკითხავზედ საბუთიან და უტყუარს პასუხს მოაცემინებს გრ. ორბელიანს ბ-ნი მეუნარგია. ამას ჯერ იმიტომ ვამბობთ, რომ გრ. ორბელიანს აუარებელი წერილები და მიწერ-მოწერა დაჰრჩა. არა გვგონია ჩვენში იმისთანა კაცი იყოს, რომ იმოდენა მიწერ-მოწერა ჰქონოდეს, რაც გრ. ორბელიანს ჰქონია. ზოგი დიდხარისხოვან კაცებთან მინაწერია სხვადასხვა საზოგადო საქმეთა გამო, ზოგი მახლობელთან, შორეულთან, მეგობართან და ყოველივე ეს დიდ სახსარს მისცემდა ბ-ნ მეუნარგიას, სრული სახედ დაგვანახვოს გრ. ორბელიანისა და იმის სულსა და გულში ჩაგვახედოს. ნუთუ ეს წყურვილის ღირსი საგანი არ არის? ჯერ ხომ ეს.
მერე იმიტომ ვამბობთ, რომ ბ-ნი მეუნარგია ამისთანაებში ძალიან ხელოვანია, ძალიან ხერხიანია. ეგ მან დაგვიმტკიცა კიდეც გ. ერისთავის ბიოგრაფიითა. ეს ისეთის ოსტატობით და ხელოვნებით შედგენილი ბიოგრაფიაა, ისეთის ცოდნით და გულმოდგინებით, რომ ყოველს ევროპიულს ლიტერატურაშიაც კი თვალსაჩინო და თავმოსაწონებელი იქნებოდა, ჩვენთვის ხომ, რაღა თქმა უნდა.
ზოგიერთისათვის ბ-ნს მეუნარგიას წაუკითხავს კიდეც თავისი ლექციები გრ. ორბელიანზედ. ვისაც გაუგონია წაკითხული, ქებით აღარ არიან. სწორედ ამისი იმედიც უნდა გვქონოდა, რაკი ვიცოდით, რომ თ. გ. ერისთავის ბიოგრაფიის დამწერი ბ-ნი მეუნარგიაა. გრ. ორბელიანის ბიოგრაფია მით უფრო სავსე იქნება ხელოვნებითა და ცოდნითა, რომ ამ შემთხვევაში აუარებელი საბუთები და ცნობები ხელთა ჰქონია ბ-ნს მეუნარგიას და, გარდა ამისა, თვითონაც პირისპირ იცნობდა განსვენებულსა. ყოველივე ეს იმ ნიჭთან და ხერხთან, რაც ბ-ნ მეუნარგიამ გამოიჩინა თ. გ. ერისთავის ბიოგრაფიის დაწერაში, საკმაო თავმდებია, რომ იმისი ლექციები გრ. ორბელიანზედ ერთს უკეთესს სიამოვნებას შესძენს ქართველს საზოგადოებას.
ამბობენ, პარასკევს იქნება პირველი ლექცია სათავადაზნაურო ბანკის თეატრში. მივულოცავთ ქართველს საზოგადოებას ამ ახალს ამბავს და დარწმუნებულნი ვართ, არ დაგვემდურებიან, რომ ასე წინასწარვე ვუქადით სიამოვნებასა.
[1888 წ., 23 მარტი]
იონა მეუნარგიას მომავალი ლექციები გრიგოლ ორბელიანზე
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., 24 III, № 63, გვ. 1-2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
პლ. კეშელავას ცნობაზე დაყრდნობით, წერილი ილიასეულად მიიჩნია სოლომონ ცაიშვილმა და გამოქვეყნდა წიგნში: იონა მეუნარგია, ქართველი მწერლები, I, სოლომონ ცაიშვილის რედაქციით, წინასიტყვითა და შენიშვნებით, თბ., 1954 წ. (სარედაქციო შენიშვნები, გვ. 437-439).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
415. 3 ამბობენ პარასკევს იქნება პირველი ლექცია სათავადაზნაურო ბანკის თეატრში - პარასკევს, 25 მარტს იონა მეუნარგიას ლექცია გრ. ორბელიანზე არ შემდგარა. გაზეთ „ივერიის“ № 64-ში რუბრიკაში „ახალი ამბავი“ გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა შემდეგი შინაარსის ცნობა: „დღევანდელს ჩვენს გაზეთში დაბეჭდილია წერილი რედაქციის მიმართ ბ-ნ იონა მეუნარგიასი. პატივცემული ბიოგრაფი თ. გრ. ორბელიანისა გვაუწყებს რომ ლექციებს ზემოხსენებულს სახელმწიფო კაცზე და საქართველოს პოეტზე ვეღარ წავიკითხავ, თუმცა სურვილი დიდი მქონდაო. ბ-ნ მეუნარგიას განზრახვა აქვს თავისი ხელნაწერი ცალკე წიგნად დაბეჭდოს, რომ ამ სახით მაინც აცოდინოს ქართველ საზოგადოებას გრ. ორბელიანის ბიოგრაფიის შინაარსი“. „ივერიის“ მომდევნო № 65-ში კი რუბრიკაში „ახალი ამბავი“ წერია, რომ ის დაბრკოლებანი, რომლებიც შეხვდა ი. მეუნარგიას, უკვე აცილებულია და ამ მოკლე ხანში შეუდგება ლექციების კითხვას გრ. ორბელიანზეო. მართლაც, ი. მეუნარგიამ პირველი ლექცია წაიკითხა 4 აპრილს, მეორე - 6 აპრილს (თუმცა 6 აპრილს, „ივერიის“ № 73-ის „ახალ ამბავში“ დაბეჭდილი ცნობა იუწყებოდა, რომ ი. მეუნარგიამ პირველი ლექცია წაიკითხა და კიდევ სამი ლექცია იქნებაო).
„ცხოვრება და ღვაწლი თ. გრიგოლ ორბელიანისა“ ავტორმა პირველად 1904 წ. ჟურნ. „მოამბის“ „№№ 3, 4, 5, 7, 8, 10, 12 და 1905 წ., № 2-3 გამოაქვეყნა. იმავე 1905 წ. იგი „მოამბიდან“ ცალკე წიგნად დაიბეჭდა. ჟურნ. „მოამბეში“ ამ ვრცელი ნაშრომის მხოლოდ 21 თავია დასტამბული. დანარჩენი თავების ბეჭდვა ცენზორის მიერ იქნა შეჩერებული. ნაშრომის ეს ნაწილი დაიკარგა. შემდეგში სოლ. ცაიშვილმა მიაგნო ამ ხელნაწერს, რომელიც 1940 წ. „ლიტ. მატიანეში“ გამოაქვეყნა, მაგრამ ისიც ნაკლულია. 1954 წ. მკვლევარმა გამოსცა იონა მეუნარგიას „ქართველი მწერლების“ პირველი წიგნი, სადაც „მოამბეში“ დაბეჭდილს დაუმატა „ლიტ. მატიანეში“ დაბეჭდილი ტექსტი.
![]() |
2.46 „თერგდალეულნი“ და ახალი თაობა |
▲back to top |
ტფილისი, 16 მაისი
„ივერიის“ წარსულს №-ში დაბეჭდილი იყო ბ-ნ ნ. გ-ლის წერილი, რომელსაც შეუძლებელია ყურადღება არ ვათხოვოთ, რადგანაც ეს წერილი ეხება მრავალს საგულისხმო და თან სავალალო საგანს ჩვენის ცხოვრებისას. ბ-ნი ნ. გ-ლი, რომელსაც კვალდაკვალ თვალი არ უდევნებია ჩვენის ვითარებისათვის, ადარებს ერთმანეთს ორს თაობას, ძველსა და ახალსა, და ორს ხანას ჩვენის მწერლობისას. ერთის სიტყვით, ავტორი ეხება ისეთს საგნებს, რომელთაც შეუძლებელია კაცმა გვერდზე აუაროს, თუ რომ ქვეყნის ავსა და კარგზე ზრუნავს და გული შესტკივა. მართლადაც, განა საინტერესო და საჭირო არ არის ვიცოდეთ, რა მოიღვაწა ძველმა ან ახალმა თაობამ, რამდენი ფეხის ნაბიჯი გადადგა წინ ან უკან ჩვენმა მწერლობამ, ჩვენმა ცნობიერებამ, რამდენად შევიმატეთ თუ შევისუსტეთ გონებითი და ზნეობითი ძალ-ღონე? დიაღ, ყოველივე ეს მეტად საყურადღებოა და ამიტომაც ჩვენ ვუძღვნით ჩვენს შენიშვნას ბ-ნის ნ. გ-ლის წერილს და თან ვისურვებთ, მკითხველმა ყურადღება ათხოვოს აღნიშნულს საგნებს.
რა უნახავს, რა შეუნიშნავს ბ-ნს ავტორს წინად და ეხლა სამშობლო ქვეყანაში, რა აზრისა არის ძველსა და ახალს თაობაზე, ძველსა და ახალს მწერლობაზე? იხსენიებს რა ავტორი ძველ თაობას, ეგრედ წოდებულს თერგდალეულებს, ამბობს, რომ თერგდალეული მხნე და მამაცი, კარგად მომზადებული და დროების შესაფერად განვითარებული იყოვო. თერგდალეული აღიზარდა რუსულს მწერლობასა და მეცნიერებაზე და შეითვისა, შეიხორცა ნათელი აზრები რუსეთის განათლებული საზოგადოებისა და ხელსავსე მოვიდა სამშობლო ქვეყანაშიო.
„თერგდალეულმა ენა შეგვინახა, ცოტათი მაინც გაგვიმდიდრა და ქართულს ჭკუას, ზნეობას და მწერლობას ბევრი სიმდიდრე შეჰმატა“. რა იყო მიზეზი თერგდალეულის გამარჯვებისა? თერგდალეულთა თაობაში „არ მოიპოვებოდა არც ძალიან დიდის, უზარმაზარის ჭკუის პატრონი, არც მეტისმეტად განათლებული კაცი... მაგრამ ძლიერი და გამარჯვებული იმიტომ გამოვიდა, რომ იმ დროის ნათელი აზრები მართლაც შეითვისა და განიხორციელა“.
თერგდალეულმა მოგვცა, რისიც მოცემა შეეძლო და გზა დაუთმო ახალს თაობას, რომელიც დღეს ჰმოქმედობს მწერლობასა და საზოგადოებაში. აქ იწყება ახალი ხანა ჩვენი ვითარებისა; სამწერლო თუ საზოგადო სარბიელზე გამოვიდა სულით და გულით ფუჭი და უღონო, გონებით გაუხსნელი და დროის შესაფერად მოუმზადებელი თაობა, რომლის შუბლის ბეჭედი „გულგრილობა და გულქვაობაა“. ამ თაობამ კარგად და საფუძვლიანად არა იცის რა, არც უცხო მწერლობა და მეცნიერება და არც საკუთარი ვითარებაო.
ერთის სიტყვით, როგორც ხედავს მკითხველი, სურათი ჩვენის მწერლობისა და ცხოვრებისა სრულიად შეიცვალა და ჩვენც სრულიად დავქვევითდით. „განცვიფრებით ვუყურებ ადრინდელს თერგდალეულებს და იმათს ნაყოფს - ამ ჟამის ახალ თაობას“, ბრძანებს ავტორი და მართლაც რომ განსაცვიფრებელია ავტორის მიერ ნათლად დასურათებული გარემოება.
ეხლა ვიკითხოთ, სად და რა არის მიზეზი ამ სამწუხარო გარემოებისა? თუ ეს ახალი თაობა ნაყოფია თერგდალეულებისა, როგორც ბრძანებს ავტორი, - როგორ მოხდა, რომ ყოველისფერით კარგმა თაობამ, რომელმაც „მართლა შეითვისა და განიხორციელა იმ დროის ნათელი აზრები, თუმცა მეტისმეტად განათლებული არ იყო“, რომელმაც შემუსრა სიცრუით, სიბნელით და ფარისევლობით სავსე ოჯახი წინა თაობისა, შეარღვია ზღუდე უმეცრებისა, რომელმაც ენაც, ჭკუაც, ზნეობაც და მწერლობაც გაგვიმდიდრა და, სადაც ფეხი გადასდგა, ყოველგან და ყოველს საქმეს დაასვა „პატიოსნების ბეჭედი“, - როგორ მოხდა, რომ იმ თაობამ, რომელმაც თავისს „საყვარელსა უჩვენა საქმენი საგმირონია“, ვერ აღზარდა კარგი, მხნე და გონიერი თაობა, ან, უკეთ ვსთქვათ, აღზარდა ისეთი უშნო და გულსაკლავი თაობა, როგორიც დღევანდელია? ვიმეორებთ, სად არის იმის მიზეზი, რომ დღევანდელი თაობა, რომელსაც აღმზრდელად კარგი თაობა ჰყოლია, რომელსაც თვალწინ ჰქონდა და აქვს მართლა რომ მშვენიერი და მდიდარი, უფრო ადვილად ხელმისაწვდომელი რუსული და სხვა, თუგინდ საფრანგეთისა და გერმანიის, მწერლობა, ასე უძლური და უფერულია და არაფრით არა ჰგავს წინა თაობას? როგორ მოხდა, რომ ჩვენი ახალი თაობა დღემდის ვერ მიმხვდარა, „რას უნდა დაებღაუჭოს ხელით, ფეხით, სულითა და ხორცით“, რომ რუსულის მწერლობისა და ცხოვრების შესწავლა იმისთვის აუცილებლად საჭიროა და ვერა შეუძენია რა ვერც აქ, სამშობლოში, და ვერც უცხო ქვეყნებში „საფრანგეთსა და გერმანიაში ნამყოფიც ბევრი მოიპოვება ჩვენს ახალგაზდობაშიო, - ბრძანებს ავტორი, - მაგრამ ამათ ფრანგული და გერმანული რუსულს ენაზე უარესად იციანო. ეგ არის და! როდესაც მთელს ახალს თაობას აზრი არა აქვს, გინდ პეტერბურგში გაგზავნე, გინდ პარიზსა და გინდ ბერლინში, ვერსაიდგან ვერაფერს სარგებლობას ვერ გამოიტანსო...“
„მიზეზი ჩვენის უთავბოლო ხეტიალისა ის არის, რომ ჩვენი ახალი თაობა უაზროა, უსაგნოაო...“ როგორც სჩანს ავტორის სიტყვებიდგან, ჩვენს ახალ თაობას საგანი ცხოვრებისა და ნათელი დედააზრი ვერც აქ, სამშობლოში უპოვნია და ვერც უცხო ქვეყნებში. ვგზავნით თვრამეტისა, ცხრამეტისა და ოცის წლის უსაგნო და უაზრო ყმაწვილებს უცხო ქვეყნებში საგნისა და დედააზრის საპოვნელად, მაგრამ სულ ამაოდ. სად უნდა შეიძინოს დედააზრი? რა მიზეზია, რომ აზრი ვერ გვიპოვნია ვერც შინ და ვერც გარეთ? ერთის სიტყვით, რამ დასეტყვა და დანაცრა ჩვენი გრძნობა-გონება, რა მიზეზია, რომ „რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა“ და რა მიუვალი ქაჯეთის ციხე ყოფილა ეს ჩვენი ახალი თაობა, თუ რომ ვერც თერგდალეულების მაგალითმა და მოღვაწეობამ განსწმინდა და გააფაქიზა იმისი გრძნობა და გონება, სული და გული, ზნე და ხასიათი, და ვერც მდიდარმა უცხო მწერლობამ მოხიბლა იმისი თვალი? აი, სხვათა შორის, ის საკითხავი, რომელიც თავში გებადებათ, როცა ბ-ნის ნ. გ-ლის წერილს კითხულობთ.
ტფილისი, 17 მაისი
რამ დასეტყვა და დანაცრა ჩვენი ახალი თაობა? - ვიკითხეთ ჩვენ ზევით წერილის დასასრულში. აი, ის რთული საკითხავი, რომლის გამოცნობა მეტად საჭირო და საინტერესოა. ჩვენ აქ ვერ ვიკისრებთ ამ საკითხავის გადაწყვეტას და მხოლოდ გაკვრით აღვნიშნავთ იმ საშუალებას, რომლითაც, ვგონებთ, შესაძლო იქნება ცოტათი მაინც ნათელი მოვფინოთ საგულისხმო საგანს და ასე თუ ისე გადავსწყვიტოთ დადგენილი საკითხავი. წარსულსავე წერილში მოხსენებული იყო, რომ დღევანდელს თაობას, რომელიც სამწერლო თუ საზოგადო სარბიელზე ვარჯიშობს და მოქმედობს, ჰყავდა კარგად გაწვრთვნილი და მომზადებული თაობა, თვალწინა ჰქონდა და აქვს გადაშლილი მდიდარი რუსული მწერლობა და ევროპის მწერლობა-მეცნიერება, გზა თავისუფალი ჰქონდა პეტერბურგისაკენ, პარიჟისა და ბერლინისაკენ, მაგრამ აქედგან არა გამოდნა რა, რადგანაც, როგორც ბ-ნი ნ. გ-ლი ბრძანებს, იგი ახალი თაობა უაზრო და უსაგნოა. ბ-ნ ნ. გ-ლთან ერთად ჩვენ აღვნიშნეთ ის ორი უმთავრესი ძალა, სახელდობრ, კარგად მომზადებული, გრძნობა-გონება განწმენდილი და გაფაქიზებული წინა თაობა და სხვადასხვა ერთა მდიდარი მწერლობა-მეცნიერება, რომელიც ჰქმნის ახალს თაობას. ეს ორი ძალა ხომ მართლა ისეთია, როგორადაც იმათ გვიხატავს ბ-ნი ნ. გ-ლი. მართლადაც, განა ვისმე ნება და საბუთი აქვს თერგდალეულების საზოგადო და სამწერლო მნიშვნელობა და უცხო მწერლობათა სიმდიდრე უარჰყოს, ან შეამციროს? დიაღ, ეს ორი ძალა მეტად შესამჩნევად მოქმედებს ყოველს ახალს თაობაზე, მაგრამ, როგორც ავტორის სიტყვებიდგანა სჩანს, ჩვენის ახალის თაობის სულისა და ხასიათის ჯიუტობას კი ვერ შეემკლავა.
ახლა ნება გვაქვს ვიკითხოთ, რა იყო იმის მიზეზი, რომ ამ ორმა ძალამ შესაფერი ნაყოფი ვერ გამოისხა? განა შესაძლო არ არის ვიფიქროთ, რომ ჩვენის ახალის თაობის ვითარებაში კიდევ სხვადასხვა ძალა მოქმედებს? თუ ამგვარი ძალა არა ყოფილა, მაშინ საბუთი მოგვეცემა ვიფიქროთ, რომ ჩვენ დედის მუცლიდგან დაგვყოლია „გულქვაობა, გულგრილობა, უაზრობა, უსაგნობა“, ერთის სიტყვით, ყველა ის სენი, რომელიც ბ-ნს ნ. გ-ლს თავის წერილში აღუნიშნავს. მაგრამ ეს საბუთი ხომ ტყუილი საბუთი იქნებოდა, რადგანაც შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ მთელი თაობა ბუნებითგანვე უნიჭო, გულქვა და გულგრილი იყოს; რომ მომაკვდინებელი სენი ბუნებითგანვე სისხლს და ხორცში შეგვხიზნებოდეს. ჩვენის აზრით, მთელი თაობა შუათანა ნიჭისა, ჭკუისა და ხასიათისა მაინც უნდა იყოს, რადგანაც წარმოსადგენი არ არის, რომ სულსა და ხორცში დაბადებიდგანვე დაგვბუდებოდეს ყოველგვარი მძიმე სენი.
მაშასადამე, როცა ჩვენს ახალს თაობაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ არა ერთი ან ორი შემომქმედი ძალა, არამედ რამდენიმე, თუ გვინდა, რომ უტყუარი განაჩენი დავსდოთ და შევიგნოთ საკუთარი ვითარება. უნდა აღმოვაჩინოთ ყველა ის ძალა, რომელიც ავად თუ კარგად მოქმედებდა ჩვენს ახალს თაობაზე, ავწონ-დავწონოთ და გავზომოთ თვითოეულის სიღრმე და სიგანე და მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, თუ რამ დასეტყვა და დანაცრა ჩვენი ახალი თაობა და ან ააყვავა და ზეციური მადლი შთაბერა სულსა და გულში. მაშინ იმასაც შევიტყობთ, თუ რა ძალა რა ზომისაა და რა მონაწილეობა მიუღია ახლის თაობის აღზრდასა და გაწვრთვნაში.
როცა, მაგალითად, ახალს თაობაზე ვლაპარაკობთ, განა მარტო ის ორი ძალა - წინანდელი თაობა და უცხო მწერლობა უნდა ვიქონიოთ მხედველობაში? არა, ეს ყოვლად შეუძლებელია, რადგანაც ცხოვრებაში სხვა მრავალი ძალა მოქმედობს და დროზე არის დამოკიდებული ერთისა ან მეორის ზედმოქმედების სიღრმე და სიგანე. ეს სხვადასხვა ძალა ზოგჯერ თანაბრად მოქმედებენ და ერთი მეორეს ხელს უწყობს, ხან ერთი მეორეს ეწინააღმდეგება და გზაზედ ეღობება და აი სად არის მიზეზი ცხოვრების მოვლენათა რთულობისა და მრავალნაირობისა. ავიღოთ, მაგალითად, რომელიმე კერძო ადამიანი, ან კრებული ადამიანთა, საქმე, ჩავუკვირდეთ თვითოეულის ვითარებას და დავრწმუნდებით, რომ იმათს შექმნაში მოქმედობს მთელი საშინაო და საზოგადო ვითარება. იგივე ითქმის ჩვენს ახალს თაობაზე, რომლის ავი და კარგი დამოკიდებულია რამდენსამე ძალთა კრებულზე და ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარეობაზე. აი, ჩვენის აზრით, ის გზა, რომელიც გაგვიადვილებს ჩვენის ახალის თაობის ვითარების და ავისა და კარგის გამორკვევას; მხოლოდ ამ გზით შეგვიძლიან შევიგნოთ ზოგი რამ, რაიცა ბ-ნს ნ. გ-ლის სრულიად სამართლიანად შეუნიშნავს ჩვენს ახალს თაობაში. ჩვენ აქ არ შევუდგებით ამ ორს წერილში დადგენილის საკითხავის ვრცლად გამორკვევას; მხოლოდ ერთს გარემოებას ჩავუდგებით კვალში, სახელდობრ იმას, თუ რა მონაწილეობა აქვს ჩვენს ძველს თაობას ახალის თაობის შექმნასა და ვითარებაში და დღევანდელის მწერლობის ავკარგიანობაში. მეტისმეტად საინტერესოა გამოვარკვიოთ, თუ როგორ მოქმედობდა ძველი თაობა ახალზე და როგორ დაეტყო ეს ზედმოქმედება. ამისათვის ჩვენ ისევ ბ-ნ ნ. გ-ლის მივყვეთ და განვიხილოთ ზოგიერთი იმისი აზრი და შეხედულობა.
ტფილისი, 19 მაისი
ჩვენა ვსთქვით, რომ ჩვენის ახალთაობის შექმნაში მოქმედებდა რამდენიმე ძალა, სახელდობრ, მთელი საშინაო და საზოგადო ვითარება, საკუთარი და უცხო მწერლობა. თითოეულის ძალის გამოკვლევას ჩვენ აქ არა ვკისრულობთ. მხოლოდ ერთი ძალა გამოვყოთ იმ ძალათა კრებულიდგან და ამ ერთს ძალას ჩავუდგეთ კვალში. ხოლო ის კი უნდა ვაღიაროთ, რომ ეს რამდენიმე ძალა ზოგჯერ ერთმანეთს ხელს არ უწყობდნენ და თუ ამ აზრს მივიღებთ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლიან გამოვიცნოთ, რამ დასეტყვა და დანაცრა ჩვენი გრძნობა-გონება და რამ მისცა, ჩვენის ფიქრით, საბუთი ბ-ნს ნ. გ-ლს ისეთი გულსაკლავი აზრი შეედგინა ჩვენის ახალის თაობის შესახებ.
ძველი თაობა, რომელსაც ეგეთის სიყვარულით და სიამოვნებით იხსენიებს ბ-ნი ნ. გ-ლი, აღზრდილი და განსწავლული იყო რუსულს მწერლობა-მეცნიერებაში და უცხო მწერლობაშიაც, ისიც რუსულის შემწეობით. მაშინ ჩვენი საზოგადოება ხომ გონებით ძალიან დაქვეითებული იყო და საკუთარის ვითარებისა თითქმის არა გაეგებოდა რა. ნასწავლმა თაობამ, გარდა იმისა, რომ მოჰფინა, რამდენადაც შეეძლო, ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო ნათელი აზრები, ხელი მიჰყო საკუთარს ვითარებას. ამ ორს საგანს ერთსა და იმავე დროს ემსახურებოდა და ამ ნათელის აზრების მიხედვით ჩაუკვირდა ჩვენს ცხოვრებას, აღმოაჩინა ზოგი იმისი ღირსება-ნაკლულევანება და ამით აღძრა იმ დრომდე მიძინებული საზოგადო აზრი. ვინც თვალხილული იყო და ყურთასმენა ჰქონდა, ყველამ შეიგნო, თუ რა იყო მიზეზი ჩვენის დაქვეითებისა, რა იყო ხელჩასაჭიდებელი და საზრუნველი. ასე თუ ისე საზოგადოებამ ცოტათი მაინც იგრძნო, რამდენად საჭიროა საკუთარის ვითარების გამორკვევა და შეგნება. ამის ნაყოფი იყო ისიც, რომ ჩვენმა მწერლობამ ხელი მიჰყო ძველის ვითარებისა და მწერლობის შესწავლასა. საზოგადოების ყურადღება და აზრი მიიპყრო იმანაც, რაიცა იმ დრომდე მივიწყებული და უკუგდებული იყო, და აი მაშინდელმა თაობამ ხელი ჩასჭიდა ამ მივიწყებულსა და საზოგადოებას მისდამი სიყვარული გაუღვიძა. გადაათვალიერეთ საუკეთესო ნაწერები იმ ძველის თაობისა და თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენი აზრი უსაბუთო და ქვიშაზე აშენებული არ არის. მას აქეთ თანდათან ძლიერდება საკუთარის წარსულისა და აწმყოს შესწავლა, რომლის მნიშვნელობას ვერავინ ვერ უარჰყოფს, რადგანაც ის მწერლობა უქმი და მკვდრად შობილია, რომელსაც საძირკვლად საკუთარის ვითარების შესწავლა არ დაუდვია.
ეს საქმე მოიმოქმედა იმ ძველმა თაობამ და ეს არის უმთავრესი იმისი სამსახური. მას აქეთ, როგორც ვსთქვით, დღითი-დღე იზრდება, თუმცა წყნარის ნაბიჯით, ის საძირკველი მწერლობისა და აი სად არის მისი მიზეზი, რომ ჩვენ თავს დავსტრიალებთ ჩვენს ღარიბს, ახლად ფეხადგმულს ლიტერატურას.
ჩვენ აქ ვეცადეთ დაგვედგინა, რომ ეხლანდელი მწერლობა შთამომავალია იმ ძველის მწერლობისა და თუ ამ შთამომავალს უსაყვედურებს ბ-ნი გ-ლი ძველისა და ახალის მწერლობით გატაცებას, არც ის უნდა დაევიწყნა, რომ ეს დანაშაულობა ძველის, თერგდალეულთა თაობის საქმეა. ამიტომაც საბუთი არავისა აქვს სთქვას, ვითომ ახალის თაობის მწერლობას ნათესაობა არა ჰქონდეს ძველს მწერლობასთან.
როგორც ჰხედავს მკითხველი, ძველის თაობის მწერლობამ თავისი ფერი დასდო ახალსაც, შესამჩნევი გავლენა იქონია ახალზე და ამ გავლენას ვერასგზით ვერ მივიჩნევთ მავნებელ გარემოებად. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ საკუთარის ვითარების საფუძვლიანად შესწავლა ჩვენში ნელის ნაბიჯით მიდის წინ. ამას ბ-ნი ნ. გ-ლიც ჰმოწმობს, როცა ამბობს, რომ რაკი ეხლანდელი თაობა უცხო ენაზე ლაპარაკში ყბას მოიღლის, მხოლოდ მაშინ წაავლებს ხელს ქართულს ენას, ვითარცა მდაბიო და სამასხარაო ენას, თუმცა „სიტყვით ყველგან ჰყვირის, რომ ქართულისთანა ტკბილი, ყურისათვის სასიამოვნო, მდიდარი და ყოვლად შემკობილი ენა მთელს ხმელეთზე არ დაბადებულა და არც დაიბადებაო“.
თუ ჩვენ ქართულს ენასაც კი ამრიგად ვეპყრობით, რასაკვირველია, ყველა იმას უნდა ჩაგვჩიჩინებდეს: ისწავლეთ ქართული ენა და მწერლობა, გამოირკვიეთ საკუთარი ვითარება, თორემ უამისოდ მწერლობის წარმატება ყოვლად მოუხერხებელი და შეუძლებელიაო. მართლაც, ბ-ნს ნ. გ-ლს სამართლიანად შეუნიშნავს ქართულის ენისა და საკუთარის ვითარების ნაკლებად ცოდნა ჩვენის ახალთაობისათვის. მხოლოდ ის უნდა აღიაროთ, რომ ის ცოდნა ენისა და მწერლობისა, რამდენიც დღესა გვაქვს, უმთავრესად ისევ ძველის მწერლობის საქმეა. რაც გვაკლია, იმას ძველს მწერლობას დანაშაულებად ვერ ჩამოვართმევთ, რადგანაც ეს ნაკლი სხვა გარემოებათა საქმეა და არა ძველის მწერლობისა. ერთის სიტყვით, მწერლობა ყველგან ვერ მისწვდა და ვერ შეემკლავა ზოგიერთს საშინაო და საზოგადო გარემოებასა. აქედგან, ჩვენის აზრით, ცხადია, რომ ჩვენი ახალი თაობა, რომელსაც სჭირს ზოგიერთი სენი, ბ-ნ ნ. გ-ლის მიერ აღნიშნული, დაისეტყვა და დაინაცრა იქ, სადაც მწერლობა ვერა სწვდებოდა. ჩვენთან ერთად ამ გარემოებას ბ-ნი ნ. გ-ლიც ჰმოწმობს, როცა შემდეგს ამბობს: „როდესაც მთელს თაობას აზრი არა აქვს, გინდ პეტერბურგში გაგზავნე, გინდ პარიჟსა და გინდ ბერლინში, ვერსაიდგან ვერაფერს გამოიტანს... მიზეზი უთავბოლო ხეტიალისა ის არის, რომ ჩვენი ახალი თაობა უაზროა, უსაგნოა...“ როგორც წინა წერილში ვსთქვით, სხვა ქვეყნებში უმეტესად ჯერ კიდევ ყმაწვილებს ვგზავნით, რომელთა ავი და კარგი უფრო სხვა ძალაზეა დამოკიდებული, ვიდრე მწერლობაზე.
ტფილისი, 20 მაისი
ჩვენ, ვგონებთ, საერთოდ ნათლად ვუჩვენეთ მკითხველს, რომ დღევანდელს ჩვენს მწერლობას უნდა ჰქონდეს და კიდევაცა აქვს ნათესაობა წარსულ მწერლობასთან; რომ საფუძველი, დედააზრი ძველისა და ახლისა ერთი და იგივეა. ვგონებთ, ისიც ცხადია, რომ საფუძველი თანდათან იზრდება, თუმცა, როგორც წინათვე ვსთქვით, ჯერჯერობით ენა და მწერლობა იმდენად ვერ შეგვიმუშავებია, რამდენადაც საჭირო და სანატრელია. ამას ისიც დავუმატოთ, რომ, როგორც ბ-ნი გ-ლი ამბობს, ჩვენ ნაკლებად გაცნობილი და შეთვისებული გვაქვს, მაგალითად, რუსული მწერლობა და ცხოვრება. ხოლო ბ-ნ ნ. გ-ლის წერილიდგან არა სჩანს, რომლის არცოდნას უფრო სწამებს ავტორი ახალს თაობას, ქართულის მწერლობისას და ცხოვრებისას, თუ უცხოისას. ჩვენის აზრით, მეტად საჭიროა ეს საკითხავიც გამოვიძიოთ. ერთისა და მეორის მეტ-ნაკლებად ცოდნა ძლიერ ჰმოქმედობს ჩვენს ახალს თაობასა და მწერლობაზე. ბ-ნი ნ. გ-ლი ბრძანებს, რომ ახალი თაობა „მარტო ამ ჩვენს ღარიბს, ახლად ფეხადგმულს ლიტერატურას“ ჩასჭიდებია; თანაც გვეკითხება: „სხვები განა ჩვენს ახალ თაობასავით წამდაუწუმ მარტო ავის საკუთარს თხზულებებს დასტრიალებენო“, და ჰკვირობს, რომ ჩვენ უყურადღებოდა ვტოვებთ მდიდარს რუსულს მწერლობას, მაგრამ ამ სიტყვებიდგან მაინც ცხადად არა სჩანს, რა უფრო ნაკლებად ვიცით - ჩვენი საკუთარი მწერლობა და ცხოვრება თუ რუსული.
ჩვენის აზრით კი ცხადია, რომ უცხო მწერლობა და ვითარება ბევრად უფრო კარგად ვიცით, ვიდრე საკუთარი. განა თვითვეულმა განათლებულმა ქართველმა უცხო მწერლობა საკუთარზე უკეთ არ იცის, რადგანაც სწავლის დაწყებიდგანვე თვით დასრულებამდე უცხოსა სწავლობს და არა საკუთარს? ბევრს შეხვდებით, რომლებსაც გადაკითხული და გაცნობილი აქვსთ მთელი, მაგალითად, რუსული სიტყვაკაზმული ლიტერატურა, მაშინ როდესაც სრულად წაკითხული არა აქვსთ საუკეთესო ნაწერები ქართულის ლიტერატურისა. იგივე ითქმის უცხო და საკუთარს ისტორიასა და ცხოვრებაზედაც. ჩვენ აქ იმას კი არ ვამბობთ, ვითომ ჩვენ იმდენად კარგად ვიცით უცხო მწერლობა, რომ მეტი საჭიროც არ იყოს; პირიქით, ჩვენ იმ აზრისანი ვართ, რომ რუსულის მწელობის შესწავლა და ცოდნა ჩვენთვის აუცილებლად საჭიროა, რომ რუსეთის ცხოვრება იმდენად საინტერესო და განსაკუთრებულის ხასიათისაა, რომ ორისავე შესწავლა ჩვენთვის აუცილებელს საჭიროებას შეადგენს. მართლაც, რუსეთი ყოველის მხრით იმდენად შესანიშნავია, რომ დაწინაურებული ევროპა, საიდგანაც რუსეთმა გადმონერგა საკუთარს ნიადაგზე სწავლა-მეცნიერება და საიდგანაც დღესაც ეზიდება წყალსა და ჯავარსა განათლებისას, ჰკვირობს რუსულის მწერლობის სიმდიდრეს და თავისებურობას. ჩვენც, რასაკვირველია, ზედმიწევნით უნდა გავიცნოთ რუსული მწერლობა და აგრეთვე უნდა ვსცდილობდეთ, სხვა უცხო მწერლობაც შევისწავლოთ. ჩვენთვის ეს იმდენად აშკარა და ჭეშმარიტია, რომ მეტი ლაპარაკი საჭირო არ არის... ხოლო ჩვენი აზრის ის არის, რომ ყოველს სწავლასა და ცოდნასა საძირკვლად საკუთარის მწერლობის და ვითარების ცოდნა უნდა დაედოს... ახლად ფეხადგმულმა საზოგადოებამ საკუთარი ვითარება უნდა შეისწავლოს... მაგალითად, თუ დიდმა და პატარამ ქართული ენა საკმარისად არ ვიცით, ცხადია, რომ ამ ენის შესწავლა ჩვენთვის აუცილებელი და უმთავრესი საგანია; თუ ეს ენა კარგად შევითვისეთ, მაშინ აშკარაა, უცხო ენასაც და მწერლობასაც უკეთ შევისწავლით.
ჩვენის საუბრიდგან ცხადი უნდა იყოს, რომ ბ-ნი ნ. გ-ლი ტყუილად უსაყვედურებს ჩვენს ახალს თაობას გადაჭარბებულს გატაცებას საკუთარის მწერლობით და უყურადღებობას უცხო მწერლობისადმი. ჩვენის აზრით, არც პირველში გადაგვიჭარბებია იმ ზომამდე, რომ ვინმემ გვისაყვედუროს და არც მეორეში შეუძლიან ვისმე შეგვწამოს, ვითომ საკუთარს ქერქში გამოვხვეულიყოთ და სინათლისა გვეშინოდეს. ჩვენ კი იმ აზრისანი ვართ, რომ ერთისა და მეორის შესწავლა ჩვენთვის აუცილებლად საჭიროა, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ რაც შეიძლება მეტი ძალღონე მოვახმაროთ ჩვენს მწერლობას და საკუთარის ვითარების შესწავლა გავიხადოთ ქვაკუთხედად ყოველისავე ცოდნისა. ჩვენის ფიქრით, თუ ამ გზას დავადგებით, მაშინ, იმედია, შემდეგი თაობა ზოგში მაინც არ იქნება ისე დასეტყვილი და დანაცრული, როგორც დღევანდელია.
ბ-ნს ნ. გ-ლს ჩვენს მწერლობაში აღმოუჩენია ერთი მეტად კარგი თვისება, რომელსაც შეუძლიან ბევრი ჩვენი ნაკლულევანება შეისყიდოს. მართლაც რომ დიდი საუნჯეა ადამიანთა ცხოვრებაში სინიდისი და ნამუსი. „მარტო ერთი ძალიან სასიამოვნო და საკვეხური ზნე სჭირს ჩვენს ჟურნალ-გაზეთობას; ეს ის გახლავთ, რომ ყოველგვარს ნაკლულევანებასთან სინიდისი და ნამუსი თავის დღეში არ დაუკარგავს. მაგრამ რა გააწყოს ცარიელმა ზნეობითმა მხარემ, როდესაც კაცის ჭკუას, გულს, გრძნობას და თითონ სულს იგი არას ეუბნება(?)“.
პირველი ნახევარი ამ წინადადებისა იმდენად მართალია, რომ თვით ბ-ნს ნ. გ-ლს, რომელიც სასოწარკვეთილებაში ჩაუგდია ჩვენს ახალს თაობას და მწერლობასა, შეუნიშნავს იგი სასიამოვნო და საკვეხური ზნე. ხოლო მეორე ნახევარი წინადადებისა კარგად ვერ გაგვიგია, მაგრამ ამას ნუ გამოვეკიდებით. ჩვენ აქ ის უნდა შევნიშნოთ, რომ ავტორი ერთს ადგილას ისეთს რასმე ამბობს, რაიცა პირდაპირ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზემოთ მოყვანილს ადგილს იმის წერილისას. ბ-ნი ნ. გ-ლი, გვიხატავს რა სურათს ჩვენის ახალის თაობისას, ამბობს: „რაკი ღეჭით ლაპარაკში ყბას მოიღლის (ახალი თაობა)... ქართულს ენას წამოავლებს ხელს, რადგანაც ეს უბედური ქართული ენა უფრო მდაბიო და სამასხარო ენად მიაჩნია; რასაკვირველია, ეს მხოლოდ გულში მიაჩნია, თორემ სიტყვით კი ყველგან ჰყვირის, რომ ქართულისთანა ტკბილი, ყურისათვის სასიამოვნო, მდიდარი და ყოვლად შემკობილი ენა მთელს ხმელეთზედ არ დაბადებულა და არც დაიბადებაო“. ამ სიტყვებიდგანა სჩანს, რომ ავტორს ახალ თაობისათვის სიყალბე შეუმჩნევია და, თუ ამისთანა სიყალბე მართლა სჭირს ჩვენს ახალს თაობას, მაშინ რაღა სახსენებელია სასიამოვნო და საკვეხური ზნე - სინიდისი და ნამუსი. მაგრამ დავარწმუნებთ ბ-ნს ნ. გ-ლს, რომ მის მიერ აღნიშნული გარემოება ქართულის ენის შესახებ სიყალბის ნაყოფი კი არ არის, არამედ სულ სხვა მიზეზისა, რომელიც თვითვეულს ჩვენგანს დიდად სამწუხარო გარემოებად მიაჩნია.
[1888 წ., 16-20 მაისი]
„თერგდალეულნი“ და ახალი თაობა
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 834-844.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., 17 V, № 101, გვ. 1-2. 18 V, № 102, გვ. 1; 20 V, № 104, გვ. 1-2; 21 V, № 105, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა: 1888 წ., 16 V, 17 V, 19 V, 20 V).
დაიბეჭდა „ივერიის“ მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IX ტომში, ზემომითითებული სათაურით.
416. 3 „ივერიის“ წარსულს №-ში დაბეჭდილი იყო ბ-ნ ნ. გ-ლის წერილი... - გაზეთ „ივერიის“ 1888 წ., № 100-ში დაიბეჭდა წერილი „ფიქრი და შენიშვნა გარეთყოფილისა“, რომელსაც ხელს აწერდა „გ-ლი ნ.“ - გარეჯელი ნინია (ივანე ჯაბადარი).
418. 8-9 ... „საყვარელსა უჩვენა საქმენი საგმირონია...“ - „სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია“ - სტრიქონი მოტანილია „ვეფხისტყაოსნიდან“.
419. 4-5 „რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა“... - სტრიქონი აღებულია „ვეფხისტყაოსნიდან“.
![]() |
2.47 ორნი არიან ტოლნი არიან ანუ აგანგალა, განგალა, შავროვი და სანდალა |
▲back to top |
I
ეს მეცხრამეტე საუკუნე, რომელიც, ჰა, სულის დალევამდეა მიწურული, ნაქებია და სახელგანთქმული მრავალგვარ აღმონაჩენებითა და ნაქნარ-ნამოქმედარითა. რა არ შეჰქმნა ამ მეცხრამეტე საუკუნემ! მიიხედ-მოიხედეთ და განკვირვებასა თქვენსა არა აქვნდეს საზღვარი დასრულებისა, რამეთუ მრავალ არიან საქმენი მისნი, კაცად-კაცამდე საოცარ.
ეს თავმოწონებული, მაგრამ სასიკვდილოდ მიბერებული საუკუნე მაინც თავისას არ იშლის და მაშინ, როდესაც „საფლავისაკენ ფეხი გაუშვერია“, კვლავ იმასა ჰნაღვლობს, რომ ახალის აღმონაჩენით რამით გააკვირვოს უამისოდაც გაოცებული ქვეყანა და ისე ჩაჰბარდეს პატრონს, რომელსაც დრო და ჟამის უფსკრულს ეძახიან.
ეს ქვეყანა მრავალ საიდუმლოებით არის სავსე. ჯერ კიდევ შექსპირმა სთქვა, რომ ქვეყანაზედ ბევრი იმისთანა საიდუმლოებაა, რომელიც თქვენს ფილოსოფოსებს სიზმრადაც არ მოსჩვენებიათო. აი თუნდა იმისთანა რამ, როგორც მოვლენაა „სანდალასი“. საიდუმლოებაა, მაშ რა ეშმკი და ქაჯია, მერე იმისთანა საიდუმლოებაა, რომელიც ფილოსოფოსებს არც დღემდე მოსჩვენებიათ და არც არასოდეს მოეჩენებათ და სულელებისა კი რა მოგახსენოთ.
საიდუმლოების მალულ-ფარულობას კიდევ აიტანდა ეს ცოდვილი ქვეყანა, რომ ამას სხვა ჭირიც ზედ არ მოჰხვეოდა თავს. იყოს საიდუმლოება საიდუმლოდ, ვის რას უშლის? ჭირი ის არის, რომ ეს ქვეყანა შეცდომებითაც სავსეა. ამისი კი რა მოგახსენოთ. ცდომა ერთობ ვერაფერი რამ არის. ცდომა მგომბელი და მოღალატე რამ არის ადამიანისა, იმისი შინაური მტერია და, ხომ მოგეხსენებათ, შინაური მტერი რა ადვილადა სტეხავს შიგნიდამ ციხესა. დღეს თუ კაცი გატეხილია, თუ დღეს თავსა და ბედს იწყევლის, სწორედ ამ შეჩვენებულის ცდომისაგან არის.
შენი მტერი იქნებოდა, რომ ან საიდუმლოების ფარდის ამხელი არავინ გაჩენილიყო ქვეყანაზედ კაცთვა სასიხარულოდ და ან ცდომის მასწორებელი. რა ვიქნებოდით მაშინ? მაგრამ არა! განგებამ შეგვიბრალა, შეგვიწყალა და ათასში ერთხელ იმისთანა კაცი გაგვიჩნდება ხოლმე, რომ ან საიდუმლოებას თავის ჯურღმულიდამ მზეზე გამოიყვანს ხოლმე, ან ცდომას აბათილებს და ასწორებს. ამიტომაც მადლიერ ადამიანისაგან ქებული და დიდებული ან ის არის, რომელიც რომელსამე საიდუმლოებას ქვეყნისას სამალავს უპოვნის, სარქვეველს ახდის, დამალულს აღმოაჩენს და სიხარულით შესცინებს: „ჯიჯიტაო“, ან ის, რომელიც ცდომას კუდში ხელს წაავლებს, მიწაზედ დაანარცხებს და გამარჯვებით დასძახებს: აგრე უნდა შენისთანა მატყუარასაო.
სხვა ქვეყნებში ამისთანა კაცები თითო-ოროლა აჩუქა ამ მეცხრამეტე საუკუნემ, დარჩა უამისთანოდ მარტო ჩვენი ქვეყანა. ერთი ამისთანა კაცი არ გაიმეტა ჩვენთვის, არ გვაღირსა და დღეს-აქამომდე ვიყავით პირდაღებულნი და ამ მხრით სხვაზედ უკან ჩამორჩომილნი. ბოლოს გვიბრალა ამ შეუბრალებელმა მეცხრამეტე საუკუნემ, ჩვენც გადმოგვხედა მოწყალის თვალით და გაგვრია ქვეყანაში. დღეს ჩვენც თავმოწონებით შეგვიძლიან გამოვიდეთ და ვიძახოთ: ჩვენცა გვაქვს უნარი საქებ-სადიდებელის კაცების ყოლისაო. ჩვენის ცხოვრების მოედანზედ შეგვიძლიან ვაჩვენოთ ორი ამისთანა ფალავანი კაცი და თუმცა არც ერთს მათგანს საიდუმლოება რამ ქვეყნისა ბნელ სამალავიდამ გარეთ არ გამოუთრევია, მაგრამ კი თვითვეულს მათგანს ცდომისათვის ყელში თოკი წაუჭირებია, ლამის დარჩობასა და დიდის ხნის ცდომისაგან ჩვენს დახსნასა.
მინამ ან ერთს და ან მეორეს დავასახელებდე, გეტყვით ან ერთმა, ან მეორემ სად რა ცდომა აღმოაჩინა და რა სარმა გამოჰკრა პირქვე დამხობისათვის, რამეთუ ნაყოფისაგან მისისა ხე იგი საცნაურია.
მათემატიკა, - ხომ მოგეხსენებათ - ზედმიწევნილი მეცნიერებაა, უტყუარი და უცდომელი, ვითარცა პაპი რომისა. მას აქეთ, რაც მათემატიკა მეცნიერებად ცნობილია, მისი უტყუარობა და უცდომელობა არავის უარ არ უყვია, თვით სანდალასაც კი, რომელიც ყველაფერს უარს ჰყოფს და ჰგმობს. თურმე ნუ იტყვით, ამ ვაჟბატონს მათემატიკას ამდენი ხანი ქვეყანა უტყუებია და არც უტყუარი ყოფილა, არც უცდომელი, წარმოიდგინეთ, რა ცდომაში შევყვანდით ამ მატყუარა მეცნიერებასა. მაგალითებრ, ერთს მილიონს ჯარს თუ მეტს რომ ორასი ათასი კაცი დააკლდეს, ძველი მატყუარა მათემატიკა გვეფიცებოდა, რომ ეგ კლება არისო და ჩვენც, სულელებს, გვჯეროდა ეგ ფიცი. ეხლა გამოდის, რომ ეგ კლება კი არ არის, თითქმის მატებაა.
ეს საშინელი ცდომა აღმოაჩინა ბ-ნმა შავროვმა და თუ ვინმე ეხლა საქებ-სადიდებელია ჩვენს ქვეყანაში, იმათში პირველი ბ-ნი შავროვი უნდა იყოს. რას ბრძანებთ, დღეის ამას იქით რომ ჯიბიდან ორასი ათასი მანეთი ამოვიღო და წყალში გადავყარო, თურმე ნუ იტყვით, მე არა დამაკლდება რა. სომხები, რასაკვირველია, ამას არ დაუჯერებენ ბ-ნ შავროვსა და შავროვის დანახვაზე ჯიბეს უფრო ხელს მოუჭერენ, მაგრამ ქართველებისათვის კი ეს სწორედ ხსნა არის. ეხლა და მარტო ეხლა გავიგე და შევიტყვე, რა საბუთი ჰქონია ქართველს კაცს, რომ ჯიბიდამ ფული უფანტავს. თურმე ამით არ დაჰკლებია რა და რისთვისღა უნდა შეწუხებულიყო გაფრთხილებისათვის.
თუ ესეა, სამართალი მოითხოვს, რომ ამ ცდომის აღმოჩენაში სახელი ქართველებს დარჩეს და არა ბ-ნს შავროვს, რომელსც ამ შემთხვევაში მარტო ის სამსახური მიუძღვის, რომ თეორიით აღმოაჩინა ის, რაც დიდი ხანია ქართველებს საქმით აღმოჩენილი გვქონია. მაგრამ არა, განა ვაშლი ხიდამ ჩამოვარდნილი და მიწაზედ დაცემული სხვას არავის ენახა, რომ მარტო სახელოვანმა ნიუტონმა აქედამ თავისი დიდი კანონი აღმოაჩინაო. სამართლით, ამ დიდი კანონის გამომჟღავნება ვაშლს უნდა მიეწერებოდეს, მაგრამ კაცობრიობამ კი არ იყაბულა ეს და სახელი და დიდება აღმოჩენისა მაინც ნიუტონს დაულოცა.
ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და ბ-ნი შავროვი სახელისა და დიდებისაგან არ უნდა გამოვწიროთ და თუმცა მოედანი ჩვენია, ბურთი კი იმას უნდა დავუთმოთ უცილებელად. ამინ და კირილეისონ.
აი საქმე რაშია. ბ-ნს შავროვს ერთს რუსულს ჟურნალში დაუბეჭდია წერილი და იმ წერილში ბრძანებს, რომ ერთის დაძახის მეტი არ უნდა და ამიერკავკასიის მკვიდრთაგან ორასი ათასი ცხენოსანი ჯარი გამოვაო. თუ ომი ასტყდა, ეს ორასი ათასი ჩათუქესანი ცხენოსანი მივუსიოთ მტერსაო. მოლტკეც რომ იყოს, იმასაც კი გზა და კვალი დაებნევა ამ მისევისაგან და სულ ბრეს გავადენთო. მართალია, იქნება ამ ორასის ათასისაგან არც ერთი არ გადარჩესო, მაგრამ ჩვენ ამით არა დაგვაკლდება რაო. მართალიც კია, მე და ჩემმა ღმერთმა! აბა ბ-ნს შავროვს იმათს გაზრდაში რა დაჰხარჯვია, რო იმათს გაჟლეტაში დააკლდეს რამე.
საოცარ არიან საქმენი ძეთა ადამისთანი. უფრო საოცარია ჭკუა ადამიანისა. ზოგან, ბატონო, სულ ვერა სჭრის და ზოგან კი სადამდე აღიწევა ხოლმე! ჭკუა, რომელიც ფოთის ნავთსადგურის ძირს ვერ ჩასწვდა, დახეთ, სადამდე ავიდა, რომ მთელი არითმეტიკა თავდაყირა ჩააყუდა უმადურს შავს ზღვაში, თითქო ნიშნმოგებით ეუბნებოდეს: არც ახლა დამყვები ჩემს ნებაზედაო!
არ ვიცით, შავი ზღვა დაჰყვება თუ არა და ეს კი უეჭველია, რომ ბ-ნს შავროვს მხედართმთავრად არავინ მიიწევევს, თუნდ დილიდამ საღამომდე იფიციოს, რომ ორას ათასს კაცს ერთს დღეს შევაკლავ მტერსა და მით არაფერი დამაკლდებაო.
საკვირველი ორფეხია ადამიანი! ხომ ამბობენ, რომ ზნე-ხასიათი ადამიანს მემკვიდრეობით დაჰყვებაო და მაზეა გამოთქმული ქართული ლანდაზა: „მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო“, მაგრამ არც ერთია მართალი და არც მეორე.
აბა, როგორ მართალია: მამა-შავროვი ორას ათასს კაცსა ჰჟლეტს და აინუნშიაც არ მოსდის ამოდენა ხალხის გაწყვეტა და შვილი-შავროვი კი დღესა და ღამეს ასწორებს, რო მჭია ჰზარდოს და აცხოვროს. ხომ მოგეხსენებათ, რომ ამ ჭიათმოყვარე შვილმა არაკაცთმოყვარე მამისამ ხელი მიჰყო და აბრეშუმის ჭიის მოყვანას შეუდგა. აბა ერთი მეორეს საიდამა ჰგავს! ერთისათვის ორასი ათასის კაცის გაჟლეტა არაფერია, მეორისათვის კი ერთისჭიის გაზრდაც დიდი რამ არის. მოდი და ამის მნახველმა მამა ჰნახე და შვილი ისე გამონახე. ამ გამონახვაზედ რომ მივარდეს საქმე, კაცთამჟლეტია მამას კაცთამჭამელი შვილი უნდა გამოსვლოდა, მაგრამ ღმერთმა გვიხსნა ამ რისხვისაგან და თუმცა კაცთა რიცხვს მამა ათხელებს, მაგრამ შვილი ჭიასაც კი ამრავლებს.
რის ნიშანია ეს? ნუთუ იმისი, რომ შვილი აღზდგა მამასა ზედა! არა, ღმერთმა გვიხსნას ამისთანა ცოდვილ ფიქრისაგან. ვინ იცის, იქნება აქ არავითარი განხეთქილება არ იყოს მამისა და შვილის შუა. პირიქით, იქნება ორივე ერთს საგანს ემსახურებიან? დაჟინებული და ჯიუტი ჭკუა რატომ ამას არ იფიქრებს, მაგალითად, რომ კაცთა რიცხვს მამა ათხელებს, რათა ჭიათა გამრავლებას ადგილის ვიწროობამ არ დაუშალოს და ადგილი მოცარიელდეს. გრძნობა სამართლიანობისა გვაიძულებს ვსთქვათ, რომ ეს მეტისმეტი გესლიანი განმარტებაა რთულის ამოცანისა, თუმცა კი ლოღიკას აქ ვერაფრით შეუხვალთ.
II
დიდი უმადურობა იქნება მეცხრამეტე საუკუნის წინაშე, რომ, როცა მისდა საქებ-სადიდებლად ბ-ნი შავროვი ვახსენეთ, იქ ბ-ნი „სანდალა“ დავივიწყოთ. ამათზე ითქმის:
ორნი არიან, ტოლნი არიან
სარდაფს ჩადიან, ჩაიმღერიან.
მართლადა ვინ არის ეს ვიღაც ჭკუის გლახა „სანდალა“? ამ კითხვით მისის სახელისა და გვარის შეტყობა არა გვწადიან, მხოლოდ გვინდა ვიცოდეთ, რა სულიერია? ამაზედ პასუხს იძლევა თვითონ მის მიერ დაწერილი წიგნი „წერილები ქართულს მწერლობაზედ“ და ამიტომაც ამ საგანზედ თვითონ „სანდალას“ ვალაპარაკებთ.
„მეო, ამბობს იგი 50-ე გვერდზე, ერთი გლეხი კაცის შვილი ვარ, რომლის მამამ თავის ბატონისაგან 150 მანეთად დაიხსნა თავიო... მე არ გახლავარ დიდი ვინმე და აწითელი კვერცხიო... (51 გვ.). მე ვფიქრობ, ბევრნი უკუღმართის თვალით გადმომხედვენ მე, რადგანაც - საცა გინდა, არ გინდა - ფურცელაძეს სჩხირავსო, ფურცელაძის თაყვანისმცემელიაო. ამის შესახებ კეზელმაც ათასჯერ მისაყვედურაო... (20 გვ.) ამის (მითამ წიგნის) დასაწერ ცნობებისათვის მე ვისარგებლე „ცისკრის“ რედაქტორისაგან“ (გვ. 13)...
ამ სახით, ბ-ნი „სანდალა“ ამხელს თავის თავსა და გამოდის, რომ იგი გლეხკაცის შვილია, მის მამას ბატონისაგან 15 თუმნად დაუხსნია თავი. სწორედ ბევრი მიუცია. რომ სცოდნოდა მაგისთანა ტვინთხელა შვილი გამოუვიდოდა, არა მგონია, მაგოდენა ფული გაემეტნა. ეს ერთი, რომ სანდალა გლეხკაცის შვილი ყოფილა. მეორე ისა, რომ გვეფიცება, დიდი ვინმე და წითელი კვერცხი არა ვარო. თუმცა ბ-ნი სანდალა აქ თავს იკატუნებს, მაგრამ ამისთანა „რამეებს“ - ვიხმარებთ სანდალას კილოს - მაინცადამაინც არავინ არ შესწამებს, ხათრიჯამად ბძანდებოდეს. არა, ბატონო, განა ვინ აგიხირდათ, დიდი ვინმე ბძანდებით და წითელი კვერცხიო, რომ საჭიროდ დაინახეთ ამისი გადაფიცვა.
ეს შთამომავლობა და დიდპატარაობა სანდალასი ხომ შევიტყეთ, ეხლა გამოვარკვიოთ რა კაცი ყოფილა. იგი ყოფილა ის, ვინც „საცა გინდა, არ გინდა, ფურცელაძესა სჩხირავს და ფურცელაძის თაყვანისმცემელია“.
ვერაფრად უნდა ესიამოვნოს ბ-ნს ფურცელაძეს, რომ იგი ამისთანა კაცის საქებ-სადიდებელიღა გამხდარა. ხოლო ეს მესამე მუხლი ისეთი უტყუარი ნიშანია სანდალას ვინაობისა, როგორც დიდი ყურები ერთგვარის პირუტყვისათვის, რომელიც დავით გურამიშვილს „უნახავს გორსა და ახალს გორსაო, თავისთვის მუტრუკს აკეთებს, სხვას კი უკეთებს ჯორსაო“.
ამ ნიშნით დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, კაცმა გამოიცნოს სახელდობრ ვინ არის სანდალას სახელქვეშ ამოფარებული. ეს ნიღაბჩამოფარებული უშიშარი და უწუნარი რაინდი ვიღაც კეზელის „ნაცნობიცა ყოფილა“ და „ცისკრის“ რედაქტორთანაც დაშინაურებული. მითხარი - ვის იცნობ, გეტყვი - ვინა ხარო, ნათქვამია.
ეხლა გამოვიძიოთ, რა თვისებებისა და ღირსების კაცი ბძანებულა ეს ჩვენი ბ-ნი სანდალა. მე იმ თვისებისა და ღირსების კაცი ვარო, ამბობს იგი 50-ე გვერდზედ, რომელსაც:
„არ შემეფერებოდა ის, რომ ჩვენთა ძველებურთა მამათა ცხოვრებათა აღწერას გავყოლოდი, მათგან დატოვებულ წიგნების შეკრებას, სიგელ-გუჯრების და სხვების. ეს რა ჩემი საქმე იყო, ეს არ ჩემს მოვალეობად უნდა ყოფილიყოო“.
სჩანს, მინამ ეს ვაჟბატონი სანდალად გადაიქცეოდა და გადაირეოდა, თავისის თავის უნარი კარგად სცოდნია და დანახული ჰქონია, რომ საჭკუო საქმე მისი ხელობა არ არის. ვწუხვართ, რომ ბოლომდე ამ აზრზედ არ დამდგარა.
„მე უნდა შემეძინაო, - ამბობს იგი მერმე, - ისეთი სწავლანი და ცოდნანი, რაც
უფრო გამოსადეგი იქნებოდა როგორც ჩემთვის, ისევე ჩემი ფერისავე ქუჩის
მუშა ძმაბიჭებისათვის. ადრე თუ გვიან მეც უნდა მეცვნა ეს სოფელი და მისი
მუხანათი წესები, მაგრამ მე ეს ვერ ვიცანიო“.
მართალს ამბობს. მთელი მისი ოთხმოცგვერდიანი წიგნი ემოწმება, რომ ბ-ნს სანდალას ამ ქვეყნიერობისა არა გაეგება რა, საწყალს სურვილი კი ჰქონია, მაგრამ რას იზამთ: სურვილს ჭკუა და გონება არ მიჰყოლია. ტყუილად კი არ ამბობს ერთს ადგილას ბ-ნი სანდალა:
„ვფიცავ ნეტარხსენებულ ძველ ტკბილ მამების საფლავს, რომ აქ (მითამ ჩემს წიგნშიო) ტყუილი და ძალდატანებით არა იქნება რა, და რაც იქნება ნათქვამი, ყველაფერი მართალი და ჭეშმარიტიაო“.
არც ეხლა დაუჯერებთ ამ უბედურს, რომ უნდოდა რაღაც „სწავლანი და ცოდნანი“ შეეძინა და ვერა შეიძინა რა; უნდოდა ეცნა „ეს სოფელი და მისი მუხანათი წესები”, მაგრამ ვერ იცნა. მოდით და ნუ იტყვით, რომ ბ-ნი სანდალა გულახდილი კაცია. საცოდავს ჰგონებია, ვაი თუ ფიცი არ დამიჯერონო და თავის მტკნარ უმეცრობის დასამტკიცებლად მთელი ოთხმოცგვერდიანი წიგნი დაუწერია, თითქო ამბობდეს: არც ეხლა დამიჯერებთო?
„მე მაინც ჩემი თავის ქებაში არ შევალო, - ამბობს იგი მე-8 გვერდზედ (ესღა
გვაკლდა!), - ეს აქ მხოლოდ სიტყვამ მოიტანა, რადგანაც მე არა ერთხელ
მკიცხეს და მისაყვედურეს იმის შესახებ, რომ შენ ქართულ მწერლობის
მოკამათე ხარო და მწერლობასაც უარჰყოფო. ამაზე უნდა ვსთქვა, რომ ეს
სწორედ ასეა და მე ვგმობ ქართულს მწერლობას და მწერლებსაც (ვაი იმათი
ბრალი!) მიტომ, რადგანაც (როგორ მოგწონთ ეს „მიტომ, რადგანაც“) მე მათს
მოქმედებასა და მწერლობაში საერთოს და თანასწორს არას ვხედავო“.
ვსთქვათ, ბ-ნი სანდალა კარგსა ჰშვრება, რომ თავის ქებაში არ შედის და თუნდ რომ შესულიყო, ვინ რას დაუჯერებდა - საკითხავი ეს არის: ეს „გმობა“ რაღა დარდუბალაა? ნუთუ სანდალას არ ესმის, „გმობა“ რას ჰნიშნავს? აქედამ სჩანს, რომ ბ-ნი სანდალა სირცხვილის გრძნობას მოკლებულია. ესეც კი უნდა ითქვას, რომ ეს უწმინდური და უწმაწური ლაყბობა, რომლისათვისაც ბ-ნ სანდალას უწოდებია „წერილები ქართულს მწერლობაზედ“ სწორედ „გმობაა“, თუ ამაზე მეტი არ ეთქმის. დავანებოთ ამას თავი და ერთი ეს ვიკითხოთ: „საეროს და თანასწორს ჩვენს მწერლობაში არასა ვხედავო“, რომელი სიტყვის პასუხია? ვსთქვათ, არა ჰხედავს, ბრმას არხედვა არ ეკიჟინება და ყრუს არსმენა. ეს „საერო და თანასწორი“ რაღა ეშმაკი და ქაჯია? რა უნდა ეთქვა ამით? ნუთუ ჭკვათამყოფელი კაცი ასე თუთიყუშივით ამოიყრანტალებს ყურში ჩაძახილ სიტყვებს? აი რა თვისებისა და ღირსებისა ყოფილა ჩვენი სანდალა მისისავე სიტყვით.
ახლა ეს გამოვიძიოთ, რომელს ხატს დაუწყევლია ბ-ნი სანდალა, რას შეურისხავს, რას დაუკრავს თავში, რომ გადარეულა და თავის აბდაუბდა გადასკუპდა დაუბეჭდია და საგიჟეთისაკენ ფეხი გაუშვერია?
ვალაპარაკოთ თვითონ ჭკვამოკლე და ენაგრძელი ბ-ნი სანდალა, იმიტომ რომ იგი ცხრილია და წყლის ზიდვა კი მოჰსურვებია.
„ჩვენი წარსული არისო, - ამბობს იგი, - ყოველივე ჩვენი უბედურების მიზეზნი და შეცდომანი... (გრამატიკამ რა მოგახსესონთ!) ეს შეცდომები ჩვენმა მამებმა არ აგვაცილეს გზიდამ... (ვერ უყურებთ, რა უქნიათ?) რომ ყოველივე ჩვენი უბედურების მიზეზნი თვით ჩვენი წინაპრები არიან, ამას ფიქრი არ უნდა (ოღონდაც! რად უნდა ფიქრი! ფიქრთან ბ-ნი სანდალა უმძრახია და შემომწყრალი).
ბ-ნი სანდალა რაკი დარწმუნებულია, რომ მისი სიტყვა ბეჭედია და იმისთანა ხურდა-მურდას, როგორც ჩვენი მამა-პაპის შეცდომებია, ფიქრის ღირსადაც არა ჰხადის, განაგრძობს:
„მაგრამ ამ უბედურობაზე უარესი უბედურობა ის არის, თუ (?) ასეთს
შეცდომებს არც შთამომავლობა აკვირდება და იგი არ სცდილობს, რომ ეს
თავის მამა-პაპური შეცდომები თავიდამ აიცილოს. მე ჩვენს ძველს მამებს
მაინცდამაინც დიდის საყვედურებით არ მივმართავ (აფერუმ
სულგრძელობავ!), მე მინდა აქ შევეხო მხოლოდ იმ ძველ ქართველ მამებს...“
და სხვანი.
როტვა გაგიგონიათ და ამისთანა? ეს „ძველი მამები“ რა ამბავია! განა ახალი მეამებიც არიან, ბ-ნო სანდალავ, რატომ ეგრე გაულეწველად ანიავებთ? მამა ერთია, ძველი და ახალი ვის გაუგონია! ღმერთმა იხსნას ჩვენი სანდალა უარესისაგან. ეს სიტყვები ბ-ნ სანდალასი იმიტომ კი არ მოვიყვანეთ, რომ ენაჭარტალობა მისი გვეჩვენებინა, არამედ იმიტომ, რომ მოყვანილის სიტყვებისაგან სჩანს, რა განზრახვა ჰქონია ბ-ნ სანდალას და რისთვის აუღია ხელში კალამი, რომ თავისი წიგნი დაეწერა. თუ ბ-ნმა შავროვმა მათემატიკა დაიჭირა ტუყილში, მისი ცდომილება აღმოაჩინა თავის საქებ-სადიდებლოად. ჩვენს სანდალას რაღად ეკიჟინება, რომ სულ სხვა სფერაში ეგევე მოახდინა ამავე საქებ-სადიდებლად. აქ ბ-ნი შავროვი და სანდალა ერთს ლარზედ და ხაზზედ უნდა დავაყენოთ. ამას ითხოვს სამართალი. მაშ, საცა თქვენი სთქვათ, იქ ჩვენიც ნუ დაგავიწყდებათ. ამიტომაც დავარქვით ამ ფელეტონს:
აგანგალა, განგალა,
შავროვი და სანდალა.
იპოვა რა ბ-ნმა სანდალამ შეცდომები ჩვენის მამა-პაპისა, სასახელოდ თვისდა, ამსაზედ არ გაჩერდა. ამ შეცდომებს, როგორც ეტყობა, რჯულამდე, შვილიშვილამდე მიჰყვა და ამბობს: უფრო დიდი უბედურება ის არისო. რომ ამ შეცდომებს შთამომავლობა ასე აკვირდება და არა სცდილობს მამა-პაპური შეცდომები თავიდამ აიცილოსო, ამ რჯულამდე ჩაყოლაში კი, სწორედ მოგახსენოთ, ბ-ნმა შავროვმა პირველობა სანდალას უნდა დაუთმოს, და ამიტომაც სრული საბუთი აქვს მეცხრამეტე საუკუნეს, ჯერ სანდალათი მოიწონოს თავი და მერე ბ-ნ შავროვით. ჩვენც ქართველები ამ პირველობას ბ-ნ შავროვს ვერ დავუთმობთ, თუმცა ძალიან გვიყვარს და ჩვენც ძალიან ვუყვარვართ.
ამ სახით ბ-ნმა შავროვმა მათემატიკას გაუსწორა ლარი და სანდალამ კი ჩვენს შთამომავლობას. მოდი და მადლს ნუ გადაუხდი ან ერთს, ან მეორეს. ხოლო მინამ მადლობას გადავუხდიდეთ, ზოგიერთი რამ უნდა ვკითხოთ ბ-ნ სანდალას, მაგრამ ეს შემდეგისათვის იყოს.
III
რა შეცდომებია ჩვენი მამაპაპური ისეთი, რომ ჩვენს სანდალას მოსურვებია დააკვირვოს შთამომავლობა, თავიდამ ააცილოს და შეცდომების აღმოჩენით იქებ-იდიდოს ბ-ნ შავროვისავით.
„ავიღოთ, - ამბობს იგი, - მაგალითად თუნდ ბატონყმობა და ვიკითხოთ ის, თუ ჩვენი 1850 მწერლები ამ დროის დაბალ ჩაგრულ ერის „შესახებ რას გადმოქვცემენ თავიანთ უნამუსო (ერიჰა ...) მწერლობითაო... (6 გვ.). ამ გამოჩენილმა მუხანათმა (ბიჭოს!) მამებმა სხვის შრომით და სისხლით გასუქებულებმა, მხოლოდ თვის დროების გასატარებელს ზღაპრებს მიაქციეს ყურადღებაო... (15 გვერდი) რა უკეთებიათ ამ მამებს და თავიანთის ლექსებით ქართველთ ქალთა მნიშვნელობა მხოლოდ საკბეჩ ვაშლად გადაუქცევიათ... (17 გვ.). ამ გამოჩენილს ტირან მამებს (აღარა ჰხუმრობს, აი!) ქართველს ძველს უნამუსო (კიდევ!) მელექსეებს თავის კერძო ეგოიზმების (რამდენი ეგოიზმი ვიგულისხმოთ?) გამო სხვის საკუთარი ემანსიპაციური მხარეები (როგორ მოგწონთ ეს „ემანსიპაციური მხარეები!“) არად მისჩნევიათ და მის გამო თავის საძაგლობის მეოხებით სხვებისათვის მონება უქადნიათ!“ (52 გვ.).
ამ სახით ბ-ნი სანდალა უწმაწურის სიტყვა-პასუხით იხსენიებს ჩვენს „ძველ ქართველ მამებს“ იმ საბუთით, რომ ბატონყმობა შესაფერის დაღით არ დასდაღესო და ეგრეთ წოდებულ ქალების ემანსიპაციაზედ, რომელსაც სანდალა „ქალების კითხვებს“ ეძახის, არა სთქვეს რაო. ჩვენი ძველი მამები და მათი შვილები „იცავდნენო მარტო თავის ავაზაკურ ინტერესებსა და ქვეყნის მღლეტავ და მყვლეფავ პირებად“ იყვნენო.
„რაიც შეეხება ჩვენს წინანდელს მელექსეებს და მწერლებს, მათთან ჩვენ ფურცელაძის ხსენებას ვერა ვბედავთო (მითომდა ფურცელაძე იუკადრისებს და გვიწყენსო), რადგანაც ყველა ჩვენი ძველი მწერლები ერთ უვარგისს, უნამუსო და წამხდარ (ვა, ვა, ვა!) პირებად მიგვაჩნია. ამათში ყველა პატიოსანი და კეთილშობილური გრძნობანი სრულიად დამხობილი იყოვო“.
ჰლანძღავს რა უშვერისა და დაბახანურის სიტყვით ჩვენს ძველს მწერლებს და მამებს, ბ-ნი სანდალა ერთს სხვა ბრალს კიდევ სდებს და ამ ბრალის აღმოჩენაში ბ-ნი სანდალა შეუდარებელია და დიდბუნებოვანი. აქებს რა ჭონქაძეს „სურამის ციხის“ დაწერისათვის, გვიამბობს რომ ჭონქაძემ დასწერა ეს მოთხრობა თუ არა, ოთხ თვეს უკან გადაიცვალაო, და ამ სამწუხარო ამბავს საბუთად ჰხმარობს ჭონქაძის ქება-დიდებისათვის. ჩვენს ძველს მწერლობაში უდროუდროდ და ახალგაზდა მხოლოდ „სურამის ციხის“ დამწერი გადაიცვალაო, ამბობს ბ-ნი სანდალა და დიდის პათოსით ჰკითხულობს, რატომ სხვა პატრიოტ მწერლები არ იხოცებოდნენ და არ იჟლიტებოდნენო.
იქნება არ დაიჯეროთ ამსიდიდე სულელობა და უტვინობა, გადაშალეთ სანდალას წიგნი და იპოვეთ 26 გვერდი.
ვაი თქვენი ბრალი, მწერლებო! თუ გინდათ სანდალას ქება-დიდება მოიპოვოთ, რა წამსაც დასწერთ რასმე, მაშინვე უნდა დაიხოცნეთ, თორემ ვაი თქვენი ბრალი.
თუ ეს უეჭველი საწყაოა საქებ-სადიდებელის მწერლისა, მაშ ფურცელაძე რაღად არის ქებული და დიდებული სანდალას მიერ? ფურცელაძე, ღვთის მადლით, ჯერ ხომ ცოცხალია და არც თვითონ სანდალაა მკვდარი, თუმცა მკვდრებში კი რომ გაერიოს, არავინ დაემდურება.
ახ, სანდალო, სანდალო,
რა ჭკუაზედ თხლად ხარო!
არ იშლის და ამ საწყაოთი სწყავს ბ-ნი სანდალა მწერლის დიდ-პატარაობას. მართალია, ნ. ბარათაშვილიც ახალგაზდა გარდაიცვალაო, მაგრამ ეს ანგარიშში მოსატანი არ არისო, რადგანაც ეს „ცრუ-იდეალისტ-ფანტაზიტორი6, როგორც უდიდეს არისტოკრატ ბურჟუათაგანი არისტოკრატიულ გზასა და კვალსაც ადგაო“. სჩანს, ცარიელი სიკვდილი ჯერ კიდევ არაფერია სანდალას ამოთხრილს თვალში. ჯერ უნდა სოციალ-დემოკრატიულ გზას დაადგე და მერე მოიკლა თავი და დიდი მწერალი იქნები. ვხედავთ, რომ ბ-ნი სანდალა ამ გზას უკვე დასდგომია, თუმცა რა არის სოციალ-დემოკრატობა, იმოდენად ესმის, რამოდენადაც ძროხას სოკრატის ფილოსოფია. რაკი ამ გზას დასდგომია, ისღა დარჩენია სანდალას, თავისივე რეცეპტი იხმაროს, რომ საქებ-სადიდებელ მწერლად იჩინოს თავი.
ამ სახით დიდი ღვაწლი და სამსახური იმით გაგვიწია ბ-ნმა სანდალამ, რომ კრიტიკა, რომელმაც, არ იქნა, ჩვენში ფეხი ვერ მოიკიდა, გაუადვილა კაცობრიობას. თუ გნებავთ შეიტყოთ მწერლის სიდიდ-სიპატარავე, სამი რამ მოსთხოვეთ: სთქვა რამე ბატონყმობაზე თუ არა, „ქალების კითხვებზედ“ ხმა ამოუღია თუ არა და თქმისა და ხმის ამოღების უმალ მომკვდარა თუ არა?
მასხარაობა იქნება და ამისთანა! ბ-ნი სანდალა გულახდილი კაცია და თვითონვე ამხელს თავის თავს, როცა მე-17 გვ. გვეუბნება: „ასეთის საძრახისის მასხარაობის შემდეგ მე მზათა ვარ, რომ ყველა ჩვენი ჟამპაპა მწერლები ერთის თქმის და გარდაწყვეტით ვგმოო“.
ვითამ რა ჭკუა დაუშლის!... რაკი ამ საძრახისს მასხარაობას დასდგომია ბ-ნი სანდალა, არამცთუ მზად და გამოწკეპილი ყოფილა საღალატოდ და საგმობლად, არამედ საუარესოდაც. ეს მის სინდისზედ მიგვიგდია და მის საძრახის მასხარაობაზედ.
გვეყოფა ამოდენა მასლაათი ამ ბატონ სანდალაზე. ჩვენ რომ ამ „ვარდის კონის და დრამის წონის“ უწმაწურ ლაზღანდარობას და ლაზღანდარა უწმაწურობას გავყვეთ, მთელის მისის წიგნის ამოწერა მოგვინდება.
პირველ ფურცლიდამ უკანასკნელამდე ეს წიგნი ისეთი საზიზღარი რამ არის, რომ უნდა დააფურთხოთ და გადააგდოთ, მაგრამ მე ეგ არა ვქენი. მე იმის ცნობისმოყვარეობამ ამიტანა, რომ შემეტყო, სადამდე მივა ადამიანის ურცხვობა, სადამდე გამბედავია პირგახეულობა უნიჭოებისა, სადამდე კადნიერია სილაღე უცოდინარობისა, სადამდე უწმაწურია უმართებულობა გაუთლელისა, გონებაგაუხსნელისა და ტვინდანთხეულ კაცისა - და ჩემს გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა ბოლომდე გავედი.
წარმოუდგენელია, რამოდენა ზღვა უწმინდურება და სულელობა დაუტევია, უკაცრაოდ არ ვიყო, ბ-ნს სანდალას ამ ოთხმოცგვერდიან წიგნში. რა სიტყვებს არა ჰხმარობს უთავბოლოდ, რეებს არა ჰბოდავს. უცხო ენის სიტყვებით აუჭრელებია თავისი წიგნი, აცა, იქნება, ამ სიტყვებით ბაშვები და ქუჩის „ძმაბიჭები“ მაინც გავაბრიყვო და წავიტყუოვო. საწყალი ბაშვები, საწყალი „ქუჩის ძმაბიჭები!“ იქნება მართლა გაბრიყვდნენ და დაუჯერონ რამ ბ-ნ სანდალას! ამას ვჩივით და ამასა ვსტირით! საცოდავო ბაშვებო, საცოდავო „ქუჩის ძმაბიჭებო!“ დამიჯერეთ, რომ ეს თქვენი ძალად ძმა სანდალა ყოვლად უცოდინარი კაცია, სხვისაგან გაბრიყვებულია, იმოდენად ტვინცარიელია, რომ სხვის ჩაძახილიც რიგიანად ვერ ამოუძახნია და ამ სახით ცარიელის ქვევრის უნარიც არა ჰქონია. აბა გასინჯეთ ეს მის მიერ ბაშვებისა და ძმაბიჭების მოსატყუებლად ხმარებული სიტყვები: „ინტულეკტუარული მხარეები და ნაციონალური სამხედრო გრძნობები, ფეოდალი ანუ მცოდნე პირი, კაბინეთური თავადი, იდეალისტ-ფანტაზიტორი, დესპოტიტური ტირანები, ფატალისტ-მართმადიდებელი, რეალური პროგრესი, რეალური მეცნიერი, მუხანათობის ცრუიდეალისტი“, მითამდა იდეალური პროგრესიც არსებობს, იდეალური მეცნიერიც და მუხანათობის მართალი იდეალისტიც და სხვანი და სხვანი.
გასინჯეთ და ჰნახავთ, რომ არც ერთი სიტყვა არ არის უიმისოდ, ან შეშლილი არ იყოს, ან უადგილოდ ხმარებული. ნუთუ აქედამ არა სჩანს, რომ ამ სიტყვებისათვის ბ-ნს სანდალას სადღაც ყური მოუკრავს და უთავბოლოდ არახუნებს ბაშვების მოსატყუებლად და ქუჩის ძმაბიჭების გასაბრიყვებლად. ერთს ადგილას (65 გვერდი) ბ-ნი სანდალა ჰლანძღავს რა უშვერის პირით საერთოდ ჩვენს ძველს მწერლებს და მამებს, განაგრძობს ისე, თითქო მართლა ევროპის საქმე მართლა ზედმიწევნით იცისო.
„ევროპაში არამცთუ ჩვენებურის, მსგავსის ასეთი მესიმღერე დილეტანტები
არიან უარყოფილნი, არამედ იმისთანა პირიც, როგორი შილერი იყო,
კომპოზიტორი ბეთხოვენი და სხვანი. ამათ დაბადებას გერმანიის ერისათვის
რეაქციონურს ბიჯათ ჰფიქრობენ“.
მართალია, ჰფიქრობენ, მაგრამ მარტო მტკნარი სულელები და სანდალასავით ყოვლად უმეცარნი და უცოდინარნი. აბა, ამისთანა არცოდნა და მატყუარობაღა გაგონილა? გერმანია და შილერის უარყოფა! რომელმა სულელმა ჩააწვეთა ეს სანდალას ყურში? როცა გერმანიას თავის მოწონება უნდა, პირველი, ვისაც თავის სასახელოდ ასახელებს ხოლმე, გეტე და შილლერია და ეს მართლა სახელოვანი მწერალი სანდალამ უნდა უარჰყოს! აფსუს შილლერის სახელო! ამბობენ, მეტყველება ადამიანისათვის ძვირფასი ნიჭიაო და აბა ეს ნიჭი ბ-ნ სანდალასათვის განა უბედურება არ არის? პირუტყვად გაჩენა არა სჯობია იმისათვის, ვინც ასე გაულეწველად ანიავებს!...
ეს კიდევ არაფერი, საქმე ის არის, რომ ყოვლად უვიცს სანდალას ბეტჰოვენიც მელექსე ჰგონებია, თუმცა კომპოზიტორობით კი ახსენებს. კომპოზიტორი მუსიკის მთხზველი კაცია და სად ლექსთა მთხზველი და მწერალი შილლერი და სად კომპოზიტორი ბეტჰოვენი, საიდამ სადაო. რაზედ აურევია ერთმანეთში, რა გზით მოსდგომია ენაზედ შილლერის ხსენებაზედ ბეტჰოვენი? რაზედ ჩაურთავს მემუსიკე ბეტჰოვენი მწერლებში? ვსთქვათ, შილლერი მწერალი იყო და წყალს წააღებინა, ბეტჰოვენს რაღას ემართლებოდა. სადამდე შესძლებია უმეცრების სილაღეს და კადნიერებას მისვლა. ნუთუ აქედამ არა სჩანს, რომ სანდალას მიერ ხმარებული სიტყვა „კომპოზიტორი“ სანდალასავე არ ესმის და არ გაეგება.
ჩვენი მწერლები და მამები რა სახსენებელნი არიანო, - ამბობს სანდალა, - აბა იმათ რა მოეკითხებათ, პოლიტიკური ეკონომია და ბიოლოგია არ იცოდნენო. სად პოლიტიკური ეკონომია, სად ბიოლოგია? რომლის ლოღიკით მოაგონდა პოლიტიკურ ეკონომიასთან ბიოლოგია, რომელიც იმდენად შორს არის პოლიტიკურს ეკონომიაზედ, რამდენადაც ბ-ნი სანდალა ჭკუასა და ცოდნაზედ. აბა ამისთანა კაცს, რომელსაც არ გაეგება რას ჰბოდავს და რას არა, და რაც ენაზედ მოადგება, უანგარიშოდ წამოიყრანტალებს, რა უნდა მოეკითხოს?
ეგ კიდევ არაფერი, რომ უცხო ენის სიტყვებსა ჰხმარობს და არა გაეგება რაკი საქმე ის არის, რომ ქართული მარტივი სიტყვებიც აღარ იცის რას ჰნიშნავენ. ყველაფერში გზაარეულს, ქართულის სიტყვების ხმარებაშიაც გზა და კვალი არევია. აი ერთი მაგალითი ბევრისაგან:
„მთელს ერს ემუქრებიან (?), რომ თქვენ ასეთი და ისეთი გამოჩენილი მამები გყვანდათო, - ბძანებს ერთგან ბ-ნი სანდალა და განაგრძობს მეორეთგან, - მაძღარ პატრიოტ არტისტები ასეთს (მითამ ჩვენს საწყალს მელექსეებს) მელექსე პირებს ქებას უძღვნიან... ადიდებენ, აქებენ და მთელს ქვეყანას ემუქრებიან (?), რომ თქვენ ასეთი და ისეთი მამები გყვანდათ და თქვენ კი ამ ძვირფასს მამებსა არ იცნობთო“.
მოდით და ერთი ჰკითხეთ ამ „დესპოტიტურ, ფანტაზიტორ, კომპოზიტორ“ მასხარას, აქ „ემუქრებიან“ რა მოსატანი სიტყვაა? კაცმა რომ კაცს უთხრას, ასეთი და ისეთი გამოჩენილი მამა გყვანდაო, ეს თქმა განა მუქარაა? სხვა მაგალითი საჭირო აღარ არის, ესეც საკმარისია, რომ „ქუჩის ძმაბიჭებმა“ შეიგნონ, რა წითელი კოჭია ეს ვიღაც სანდალაა.
„დრო იყოვო, - სჩივის და ჰნანობს ბ-ნი სანდალა, - როცა მე ჩვენი მკვდარი და მოღალატურის (!!!) თავადაზნაურული პატრიოტობის მიმდევარი ვიყავიო“.
ეხლა კი თავი იქოს, რომ ამ ერთს „მოღალატურს“ საქმეს გასდგომია და მეორეს შესდგომია, სახელდობრ, ბაშვების და „ქუჩის ძმაბიჭების“ მოტყუებასა და გაბრიყვებას იმით, რომ თუთიყუშსავით აბარტყუნებს ეს „კომპოზიტორიო, ეს ფანტაზიტორიო, ეს დესპოტიტორიო, ეს რენანიო, პისარევიო, შილლერიო, პრუდონიო“ და სხვანი.
კმარა სნეულთან, რომელსაც სანდალა ჰქვიან, დიდხანს ყოფნა, თორემ სულელობაც შესაყარი და გადამდები ჭირია. ჭკვათა მყოფელის კაცისაგან წარმოუდგენელია, რეებს არა ჰლაყბობს და ჰლაქლაქობს. ამ ოთხმოცგვერდიან წიგნში ერთი აზრიც არ არის, რომ გიჟების აბანოდამ გამოსულს კაცს არ მომაგონებდეს, ერთი სიტყვაც არ არის, რომ სამარცხვინო და ადამიანის ღირსების შემაგინებელი არ იყოს. ახლა ჰნახეთ რა ურცხვობით თავი მოაქვს, მითამ ბელინსკი, პისარევი, დობროლიუბოვი, ჩერნიშევსკი, რენანი, პრუდონი, შილლერი, ბეტჰოვენი (?) და სხვანი ამისთანანი, მითამ ევროპა და მისი ავკარგიანობა ზედმიწევნით იცოდეს! ახლა ჰნახეთ თავის მტკნარს არცოდნას, არგაგებას, თავის არარაობას რარიგად აჭრელებს უცხო ენის სიტყვებით, რომ ყოველივე ეს როგორმე ამ სიტყვების ქვეშ დაჰმალოს და არ შეუტყონ „ძმაბიჭებმა“, რომლის წინაშეც ეს უხეირო ჯამბაზი თავის მაჩტი-მალაყებს ასე ურიცხვად გადადის. ერთის სიტყვით, მის ნაწერში ყველა არის ჭკუისა, ცოდნისა და ნამუსის მეტი.
ვინ იცის, იქნება გულშიაც ამბობდეს: განა არ ვიცოდიო, რომ ჩემს ნათქვამს ეხლანდელნი ვერ მიმიხვდებიან და ლანძღვას დამიწყებენო, მაგრამ საქმე შთამომავლობა და მერმისია, იქ დაინახვენ რა კაციცა ვარ და რის მაქნისიო. დიაღ, დაინახავენ, თუ მინის ჭურჭელში ჩასვეს და სპირტში შეინახეს ეს საოცარი სულიერი, რომელსაც სანდალა ჰქვიან და რომელიც ცხადი ნიმუში და მაგალითი იქნება იმისი, თუ რამოდენად შესაძლოა კაცი არაკაცი იყოს, დამდაბლდეს და მიწასთან გასწორდეს.
ამის შემდეგ ნუთუ საკითხავი არ არის, რის მომავლინებელია ეს უმსგავსო სანდალა და მისი უწმინდური ნაწერი! ნუთუ მართლა მარტო შეშლას ჭკუისას, გლახაკ-ღალატობას გონებისას და ურცხვობას უმეცრებისას მოასწავებს და სხვას არაფერს! იცით, რა საძაგელი და საზიზღარი იარა უნდა ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებას ტანზედ, რომ ამისთანა ჩირქი გამოსდის? ეს იარა, უსინიდისობისაგან ჩირქჩაყენებული და მტკნარ უმეცრებისაგან დახეთქილი, შესაყარია ბაშვებისა და „ქუჩის ძმაბიჭებისათვის“. ღმერთმა ჰკითხოს, ვინც ამ ჭირიან იარისაგან არ ინდობს არც პირველებს, არც მეორეებს. გვეცოდება და გვებრალება საცოდავი სანდალა, - ეგ ერთი ჭკუა-გონებით საპყარი რამ ყოფილა, მაგრამ უფრო საცოდავნი და შესაბრალისნი არიან ის გულუბრყვილო ბაშვები და პატიოსანი „ქუჩის ძმაბიჭები“, რომელნიც სანდალს ნიშანში ამოუღია მოსატყუებლად და გასაბრიყვებლად.
ნეტა რა გითხრა შენ, ჩვენო „დესპოტიტურო, ფანტაზიტორო, კომპოზიტორო და მუხანათობის მართალო იდეალისტო“, სანდალავ! ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, მინამ საგიჟეთში ამოჰყოფდე თავს ან დაბახანაში გაირეცხებოდე.
უკაცრაოდ, ბ-ნო რედაქტორო, რომ ამისთანა უმართებულო და უკადრისს სიტყვებს არ მოვერიდე ამ წერილში. ვიცი, თქვენს გაზეთს ეხამუშება ამისთანა სიტყვები, მაგრამ განა არის ქვეყანაზედ იმისთანა სიტყვა, რომ სანდალას არ ეკადრებოდეს? ერთი წაიკითხეთ, თქვე დალოცვილებო, მის მიერ დაბღაჯნილი წიგნი და ისე გამიკითხეთ. რა ვქნა? განა არ მინდოდა ტკბილად ლაპარაკი! სამართლიანად ამღვრეული გული ვერ დავიმორჩილე, ვერა და ვერა. ერთი წაიკითხეთ სანდალას წიგნი-მეთქი, ამით მამართლეთ და ნუ გამკიცხავთ.
მე, თქვენმა უმორჩილესმა მონამ, ეს უწმაწური და ყოვლის უწმინდურობით სავსე წიგნი თავიდამ ბოლომდე გადავიკითხე - არ გებრალებით! - თავიდამ ბოლომდე-მეთქი. მე ამისთანა სალახანური, დაბახანური, მურტალი, უგონო, უტვინო, უმსგავსო, უსინდისო, უსირცხვილო და უნამუსო, - ვიტყვი სანდალასვე სიტყვით, - წიგნი ჩემს დღეში არა წამიკითხავს რა.
[1888 წ., 12-15 სექტემბერი]
___________________
6. სანდალას სიტყვებია, ჩემი არ გეგონოთ. ავტ.
ორნი არიან, ტოლნი არიან ანუ აგანგალა განგალა, შავროვი და სანდალა
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., 13 IX, № 191, გვ. 1-2. 14 IX, № 192, გვ. 1-2; 16 IX, № 193, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა: 1888 წ., 12 X, 13 X, 15 X).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა, მაგრამ მისი ილიასეულობა, ჩვენი აზრით, არავითარ დაეჭვებას არ იწვევს. აღსანიშნავია, რომ ზაქარია ჭიჭინაძის წიგნზე - „წერილები ქართულს მწერლობაზე“ (რომელიც სანდალას ფსევდონიმით გამოიცა 1888 წელს და რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს წერილი), კერძოდ, წიგნის თავფურცელზე, იოსებ გრიშაშვილს - ქართული მწერლობისა და პრესის ისტორიის შესანიშნავ მცოდნეს - მიუწერია: „ზ. ჭიჭინაძისაა. ილიას დაუწერია „ჰა განგალა, განგალა, შავროვი და სანდალა“. მეთაურიც არის ბოლო ფელეტონის ბეჭდვის დროს“ (იხ. ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი, ტ. I, ნაკვ. II, 1979 წ., გვ. 122).
ილიას ეკუთვნის ზ. ჭიჭინაძის დასახელებული წიგნის საწინააღმდეგოდ მიმართული მეორე წერილიც - „სანდალას წიგნის გამო“ (იხ. ქვემოთ), რომელიც 1888 წლის 16 სექტემბერს „ივერიის“ მეთაურად დაიბეჭდა, - გაზეთის იმავე ნომერში (№193), რომელშიც დასრულდა წინამდებარე წერილის („ორნი არიან, ტოლნი არიან...“) ბეჭდვა. ი. გრიშაშვილის ზემოციტირებული სიტყვები - „მეთაურიც არის ბოლო ფელეტონის ბეჭდვის დროს“, - გაზ. „ივერიის“ სწორედ ამ მეთაურ წერილს გულისხმობს.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
431. 29-30 „ფოთის ნავთსადგურის ძირს ვერ ჩასწვდა... - იგულისხმება, რომ შავროვი - მამა 1863-1873 წწ. აწარმოებდა კვლევას და მონაწილეობდა ფოთის პორტის პროექტის შედგენაში. 1875 წ. იგი პორტის მშენებლობის უფროსი იყო, ხოლო იმავე წელს თავი დაანება სამსახურს და თავის ძმასთან ერთად დააარსა გაზეთები: «Биржа» და «Наш век».
![]() |
2.48 სანდალას წიგნის გამო |
▲back to top |
ტფილისი, 15 სექტემბერი
დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი ვალაპარაკეთ ჩვენი მეფელეტონე. გვეტყვიან: ჰღირდა კი ამდენი ლაპარაკი ამ უწმაწურ ნაწერზედაო? განა ორიოდე სიტყვით სასაცილოდ აგდება საკმარისი არ იყოვო? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი ამ უსინიდისო, უგონო, უტვინო და „მოღალატურს“ ნაწერს მარტო სასაცილოდ აგდება ვერ ვაკმარეთ. მაგისთანა კაცთა მოვლენა, როგორიც ბ-ნი სანდალაა თავისის ნაწერითა, დროთა ნიშანია და ავთა დროთაცა, დაგვიჯერეთ. რა უკადრისობა, რა ლანძღვა-თრევა, რა უწმაწურობა არ აკადრა ჩვენს საწყალს მამებს, ჩვენს მამა-პაპას, ჩვენს წარსულს, სასიქადულო-საისტორიო კაცებს, ჩვენს თავმოსაწონებელს ძველ თუ ახალს მწერლებს! ყველა ესენი მუხანათები, მოღალატენი იყვნენო, ავაზაკები, ქვეყნის, - უკაცრაოდ არ ვიყვნეთ, - მღლეტავნი და მძარცველნიო, უნამუსონი და ათასი ამისთანა.
ასე გაუპატიურებული, ასე შეგინებული, ასე უშვერად და ურცხვად ავადხსენებული ჯერ არავისაგან არ ყოფილან ჩვენნი წინაპარნი, ჩვენი წარსული, ჩვენი „წმიდათა-წმიდა“. ამ სახით, შეგვიგინა მთელი ერი, მთელი ქვეყანა, და ნეტავი ერთი იოტის ოდენა მაინც ლოღიკა, ცოდნა, გაგება ჰქონდეს ან მისი, რასაც ლანძღავს და ათრევს, ან მისი, რასაც უწმინდურის ხელით საქებრად ეპოტინება. მთელი წიგნი ერთი თავმოდგმული ჭუჭყია, ერთი რაღაც მურტალი ტალახია, ყოვლად უმეცრების, ყოვლად უვიცობის და უჭკუობის ფურთხით ურცხვად აზელილი. მოდით და აქ იცინეთ და მთელის გულისწყრომით ნუ აიმღვრევით, ნუ აფეთქდებით.
სხვა რომ არა იყოს რა, მარტო ის იქონიეთ სახეში, რომ „გმობა“, - ეს სამარცხვინო და ყოვლად საზიზღარი ხელობა ფლიდობისა და დაბალსულობისა, სათაკილოდ აღარ მიაჩნია, პირიქით. ამით საქვეყნოდ, საჯაროდ თავსაც იწონებს ეს ვიღაც სანდალაა. რაკი ასეა, ეს სახუმარი ამბავი აღარ არის. საცა შესაძლებელია ამით კადნიერადა თავის მოწონება, იქ კაცური კაცობა, ადამიანობა შეუძლებელიღაა. და ნუთუ დღეს ჩვენ ამ დღეში ვართ ჩაცვივნულნი!.. გვეტყვიან: ჯერ სანდალა რა არის, რომ იმისმა ნაწერმა კაცი ამ უკიდურესს სჯამდე მიიყვანოსო. მართალია, სანდალა, როგორც სჩანს მის ნაწერისაგან, არაფერზედ უფრო არაფერია, არარაზედ უფრო არარაა, მაგრამ საქმე თვითონ სანდალა არ არის. საქმე იგი ცხოვრებაა, რომელიც შესაძლოდა ჰხდის იმისთანა კაცის გაჩენასა და მოვლენასა.
ნუ დაივიწყებთ, რომ სანდალა ასე უშვერად, ასე უმსგავსოდ უწმაწურობს, და ამასთან, გლეხისშვილობის სახელით გამოდის და ჰქადულობს. ნუთუ ჩვენი პატიოსანი და ნამუსიანი გლეხობა იგი ხეა, რომელიც ამისთანა ხილს ისხამს! ვაი გლეხისშვილობავ, თუ შენს სისხლ-ხორცს ამისთანა კაცი უჩენია! ჩვენ არა გვჯერა ეს და ღმერთმაც ნუ ჰქმნას. არავინ გლეხი, როგორც არავინ კაცი, ასეთის ლანძღვით და თრევით თავის მამა-პაპას საფლავიდამ არ ამოიღებს, ასე არ გააუპატიურებს თავისს დედ-მამის ხსენებას, ასე არ მოსთხრის და არ მოსვრის ყველაფერს, რაც კი „წმიდათა-წმიდას“ შეადგენს ადამიანისათვის. ვინც არ უნდა იყოს, გლეხი, თავადი, ერი თუ ბერი, ისტორია ყველას ღვაწლია, საერთოდ მთელის ერის ნამოქმედარია და იგი მამა-პაპა, რომელსაც თავისი სახელი ისტორიაში ასე თუ ისე მოუქცევია, ყველას მამა-პაპაა საერთოდ და განუყოფელად, იმიტომ რომ საისტორიო კაცი ხორცია ხორცისაგან მთელის ერისა და ძვალი ძვლისაგან. ამიტომაც ისტორიაში მომქმედ მამა-პაპის ავად ხსენება გლეხის მამა-პაპის ავად ხსენებაც არის და ამას გლეხი, ვით შვილი ერთისა და იმავე ქვეყნისა, ერთისა და იმავე ერისა, თავის დღეში არ იკადრებს, თუ სანდალასავით ღმერთგამწყრალი და თავში დაკრული არ იქნება. მართლადა გლეხის სახელი და ერთობ ერი უნდა ჰგმოს კაცმა, რომ ამისთანა ურცხვობამდე მივიდეს.
ვაი გლეხისშვილობავ, რომ შენი პატიოსანი და ნამუსიანი სახელი სანდალას დაუჩემებია და ასე უსირცხვილოდ ჰლახავს, ათრევს, ასე პირგახეულად სვრის და თავის უწმინდურობით ატურტლიანებს. ღმერთმა ჰქმნას, რომ შენ ამისთანა კაცთან, რომელსაც „გმობა“, მამა-პაპის ლანძღვა-თრევა სახელად მიაჩნია, არავითარი ურთიერთობა, არავითარი ნათესაობა სულითა და ხორცით არა გქონდეს არასოდეს. ბევრს რასმე მოკლებული ხარ, ბევრი რამ წართმეული გქონდა და მარტო ერთი პატიოსანი და ნამუსიანი სახელიღა შეგრჩა და ამასაც კი მოესია ეს ვიღაც სანდალაა და გართმევს.
ნუ დაიჯერებთ, რომ მაგისთანა კაცი თქვენი „ძმაბიჭი“ იყოს. ვინც მგმობელია, ის ძმაბიჭობას ვერ გაგიწევთ. ის კაცი, რომელიც გლეხისშვილობას იქადის და ამასთან სირცხვილის ალიმული არ ასდის, როცა ამბობს: მე გლეხი შვილი ვარ და ვგმობ ჩვენს წარსულსა, ჩვენს სახელსა, ჩვენს სახელოვან და დიდებულ კაცებსაო, ამისთანა კაცი თქვენის სისხლისა და ხორცისა არ უნდა იყოს. იგი სხვა ჯიშისა და მოდგმის კაცია და ერიდენით. ვინ ამბობს, როგორც სხვას, ისეც სანდალას ვერავინ უკიჟინებს, ვერავინ გაჰკიცხავს, რატომ ჩვენი წარსული, ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი საისტორიო კაცნი თუ მწერლები არ მოგწონსო. ყველას ნება აქვს მოიწონოს თუ დაიწუნოს რამ, რადგანაც კაცია და გუნება, მაგრამ ნებაც არის და ნებაც: დედ-მამას საფლავიდამ არავინ ამოიღებს ლანძღვითა და თრევითა, მამა-პაპას არავინ შეაგინებს, არავინ გააუპატიურებს, არავინ წაჰბილწავს, არავინა ჰგმობს, თუ არ მართლა სანდალასავით მგმობელი და ურცხვი.
იქნება, სანდალა მართლა გლეხის შვილიც იყოს, მაგრამ ვერაფერი შვილია. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო. ეგ ავშვილობა სანდალას დაუთმეთ, სანდალას დაულოცეთ. თუ კარგია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, თქვენ კი შორ მისგან! როგორც ჭირს, ისე მოერიდენით. ამ მხრით იგი თქვენი ნატამალი არ არის, თქვენი სისხლ-ხორცი არ არის. თვითონვე ამბობს, მინდოდა და ამ წუთისოფლისა ვერა გავიგე რა, ვერა ვიცანი რაო*. თვითონ თავის ნაწერითაც ამტკიცებს, რომ მართლა ვერა გაუგია რა, ვერა უცვნია რა და რაღას უნდა გამოელოდეთ ამისთანა კაცისაგან! რა ჭკუა უნდა გასწავლოთ ყოვლად გაუგებარმა, ყოვლად უვიცარმა, რომელსაც ყოველ არარაობასთან ის „ცარიელის ქვევრის“ უნარიც არა აქვს, რომ ჩაძახილი სწორედ ამოიძახოს, თავისაგანვე ხმარებული სიტყვა თვითონვე გაიგოს, რას ჰნიშნავს და რას არა.
სანდალა ერთს ადგილას ამბობს, რომ „მე უნდა შემეძინა ისეთი სწავლანი და ცოდნანი, რაც უფრო გამოსადექი იქნებოდა, როგორც ჩემთვის, ისევე ჩემი ფერის ქუჩის მუშა ძმაბიჭებისათვისაო“, და აი სწავლა და ცოდნა გმობისა, ურცხვობისა, დედ-მამის საფლავებიდამ ამოღებისა, ლანძღვა-თრევისა, უჭკუობისა და უტვინობისა შეუძენია, როგორც „უფრო გამოსადეგი“ ეხლანდელს დროში და მიურთმევია „მისი ფერის ქუჩის მუშა ძმაბიჭებისათვის“. აი თურმე ვინ ჰყოლია ნიშანში ამოღებული სანდალასა, ვისი წატყუება და ჩათრევა სდომებია! უსათუოდ სანდალას ის ანგარიში ჰქონია, რომ აქ ჩემ ბადეს თევზი ადვილად მოჰხვდებაო. „ქუჩის მუშა ძმაბიჭები“ მერე სანდალას შესაფერი ხუმრობაა, თუკი ამისთანანი არიან სადმე! ჯერ თვითონ სანდალა რა არის, რომ მისი შესაფერნი რა იყვნენ! თავის შესაფერებს ესვრის თავის უმეცრების ბადეს, ამათ ესვრის თავის გაცვეთილს ჩანგალს. იცის, რომ ამათ დასტამბული, დაბეჭდილი სიტყვა აუწონლად უცილებელ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, მხოლოდ კი არ გვესმის, ასე უწყალოდ რათ გამოუმეტნია ეს საცოდავნი?
დიაღ, ბატონებო, სანდალას ნაწერისთანა მოვლენა სახუმარო მოვლენა არ არის. ეგ ნაწერი, მართალია, ჩვენის ცხოვრების ჩირქია, უკვე მუწუკიდამ გამორწყული, რაკი დაიწერა, მაგრამ ვინ გვითავდებებს, რომ მაგ მუწუკს საზრდო და საკვებავი აღარა აქვს ჩვენში? ვინ გვითავდებებს, რომ რაკი გამოირწყა, მუწუკიც მოგვირჩა და ჩვენს ტანს ცხოვრებისას კვლავ ზედ არ აზის ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენდა სატკივარად? სანდალასავით რომ ნაცარქექიები მოედანზედ გამოდიოდნენ, ვითარცა აზრთა აღებ-მიმცემნი და მოჭიდავენი, ეს ვერაფერი ნიშანია დანარჩენების ფალავნობისა: იმედი უნდა აიყარო ყველაფერზე და ხვალინდელი დღე აღარ იწამო. ვაი სანდალას და უფრო ვაი იმ საზოგადოებას, იმ ერს, იმ ქვეყანას, საცა სანდალასავით მბღაჯნავები შესაძლებელნი არიან! აი რას უნდა დაუფიქრდეს კაცი, აი რაზედ უნდა ივალალოს და ივაგლახოს!..
[1888 წ., 15 სექტემბერი]
______________
* ნახე 50 გვერდი სანდალას წიგნისა.
სანდალას წიგნის გამო
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., 16 IX, № 193, გვ. 1-2.
დაიბეჭდა „ივერიის“ მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IX ტომში, ზემომითითებული სათაურით.
446. 3 დღეს დასრულდა ფელეტონი... - იგულისხმება გაზეთ „ივერიის“ 1888 წლის № 191-193-ში ხელმოუწერლად დაბეჭდილი ილიას ფელეტონი „ორნი არიან, ტოლნი არიან ანუ აგანგალა, განგალა, შავროვი და სანდალა“ (იხ. ზემოთ).
446. 3 ...სანდალას წიგნის თაობაზედ... - იგულისხმება სანდალას (ზ. ჭიჭინაძის) წიგნი „წერილები ქართულს მწერლობაზე“ (1888 წ.).
![]() |
2.49 უარმყოფელობა ჩვენში |
▲back to top |
ტფილისი, 10 დეკემბერი
ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გაუბრუნდდაო. სულ ყველაფერი აირივ-დაირივა, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია, ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა - თავანკარად, თითქო ჭკუისა და გულის აღებ-მიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა.
ყველანი ვხედავთ ამას, ყველას თვალწინ ათასი ამისი მაგალითი გვიდგა და ყველანი ვიშვნევთ და ვიწყნარებთ ამისთანა ყოფას, თითქო ამითი არავითარი რიგი ურთიერთობისა არ ირღვევოდეს, თითქო ამ არევ-დარევაში, ამ გაურჩევლობაში ვპოულობდეთ მაგარს ტინს, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენის ბედნიერების ციხე-სიმაგრე, თითქო კეთილს, მართალს, მადლს უღონობა შეაჩნდათ და ამის გამო ბოროტს, ტყუილს და ცოდვასღა მივენდენით სრულის იმედით, რომ იგი ჰქმნან კაცის ბედნიერებისათვის, რაც კეთილმა, მადლმა და მართალმა ვერ შესძლეს.
ამ უნუგეშო ყოფას ხშირად ჩავუფიქრებივართ ჩვენ და ხშირად მოგვწყურებია გამორკვევა მიზეზისა, უფრო იმიტომ, რომ ეს არევ-დარევა აზრებისა, ეს გაურჩევლობა ტყუილისა და მართლისა, ბოროტისა და კეთილისა, არსად სხვაგან ისეთის თავმოწონებით არ გათამამებულა, არ გაკადნიერებულა, როგორც ჩვენში. ეს ადვილი მისახვედრიც არის: სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში, საცა ჭკუა და გული ადამიანისა დღეს-აქამომდე სხვისის ნასუფრალით იკვებება აუწონ-დაუწონველად. ჩვენში, გაიგებენ თუ არა ალია მომკვდარაო, იმას აღარ დაეძებენ, მართლა მომკვდარა თუ არა, და თუ მომკვდარა, რომელი ალიაა. საკმაოა მხოლოდ ყური მოჰკრას „ჰოსა“ თუ ”არას”, და გათავდა საქმე, ყოველს სასაცილობას წამოიყრანტალებენ გამოუძიებლად, საბუთის უკითხველად, ნამეტნავად მაშინ, თუ ყურში წასჩურჩულეთ, რომ ეს უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა, ახალი მიმართულება და უეჭველი ნიშანია ლიბერალობისა.
ამის მაგალითებს ბევრი ძებნა არ უნდა. კაცი, მაგალითებრ, მოგითხრობთ, რომ საქართველოს სამი ათასი წელიწადი უცხოვრია და ამ სამი ათას წელიწადში არც ხელი გაუნძრევია, არც ჭკუა და გონება უმოქმედებია, არც გული და გრძნობა გამოუჩენიაო, არც წესი და რიგი ცხოვრებისა გამოურკვევია, არც არაფრის ცოდნა და გაგება ჰქონია, ერთის სიტყვით, ისტორია არა ჰქონიაო. ეუბნებით, თუ ყოველი ეს მართალია, მაშ როგორღა გაუძლია საქართველოს დღემდე, რას შეუნახავს ამ სამი ათას წელიწადში და რატომ მტვრად არა ქცეულა ამოდენა მტრებ შორის მოქცეული? ეჰ, თქვენ რა იცითო? გიპასუხებთ: თქვენ „ჰოს“ მთქმელები ხართ და მე უარმყოფელიო, თქვენ ძველს მოძღვრებას მისდევთ და მე ახალსაო. გამოდის მეორე და იძახის: შექსპირი რა კაცია, ერთხელ ერთს ვიღაცა სულელს წამოურახუნებია - დიდი მწერალიაო, და თქვენც, არანაკლებ სულელებს, გჯერათო. აბა რა მწერალია, რომ იმდენი რაღაცები დაუწერია და აბა თუ ერთგან ნახსენები ჰქონდეს рабочий вопрос-იო. გამოდის მესამე და იძახის: ჩვენი მწერლები სულ მუხანათები და ქვეყნის მოღალატენი იყვნენო, რადგანაც ბატონყმობის სიმწარეზედ ხმა არ ამოუღიათო. ეუბნები: კაცო, ეგ რა ადლი დაგიჭერია ხელში? არისტოტელი არამცთუ სწუნობდა დღეს სამართლიანად გაკიცხულსა და მოსპობილს ბატონყმობას, არამედ იგი უფრო უარესის მონობის მომხრეც იყო, და აქედამ განა ის გამოდის, რომ არისტოტელი სულელი იყო და ქვეყნის მუხანათი? ეგრე ხელაღებით უარყოფა გაგონილა! მაშ ჰომეროსიც მჩვარში გასახვევია, რომ ბატონყმობა არ უხსენებია თავის „ილიადაში“? მაშ დარვინიც ქვეყნის მოღალატეა და ჭკუის გლახა, რომ თავის სახელოვან თხზულებაში ერთი სიტყვაც არ დაუხარჯავს ბატონყმობის თაობაზედ?
გამოდის მეოთხე, სულ სხვა ჯურისა და მოდგმის კაცი და იძახის: თქვენ, ქართველები, ვინა ხართო? გუშინ ჩამოთრეულხართ საიდღამაც მთებიდამ და დიდად თავი მოგაქვთ - ძველი მკვიდრნი ვართ საქართველოსიო. თუ დასაბუთებულს სიტყვას შეუბრუნებთ, ის მაინც თავისას არ იშლის და გეუბნებათ: თქვენ თქვენს თავისმოყვარეობას მთლად გაუტაცნიხართ და მართლმოყვარეობა დაგკარგვიათო. თქვენს თვალში მართალს თავისი ფასი არა აქვს, თუ თქვენთვის სასიამოვნო არ არისო. მართალი კია, რაცა სთქვით? - ეკითხებით დაჟინებულს უარმყოფელს. მე კი უარვყოფ და მართალია თუ არა, ეგ ჩემი საქმე არ არისო. მაგისათვის თავი შენ გაიცხელე, თუ გესიამოვნებაო. გამოდის აქაც იგივ ქებული უარყოფა, ხოლო სხვა სარჩულზედ ამობლანდული. ეს უკანასკნელი სხვა ჯურის უარყოფაა და სხვა სათავიდამ მოდის. ამას ყური არ ეთხოვება. სულ სხვაა ჩვენი შინაური უარმყოფელობა. იგი რაღაც სიბრძნესა, ცოდნასა და ლიბერალობას ჩემულობს და თუ გამვლელ-გამომვლელი თავს არ უკრავს და მუხლს არ უყრის, ყველანი სულელები ჰგონია, უცოდინარი და რეტროგრადი. ამის მსმენელს ბალღებსაც სჯერათ ეს ყველაფერი და ვნებაც აქ არის.
აკი მოგახსენებთ, ჩვენში იმისთანები არიან, რომ სახელად მიაჩნიათ გამოვიდნენ და იყვირონ - დღისით დღე არ არის და ღამით ღამეო. თითქოს მარტო იმისთვის, რომ ბალღებს მოაწონონ თავი და ტაშის ცემით ათქმევინონ: აი უარმყოფელი და, მაშასადამე, ბრძენი, მცოდნე და ლიბერალი. თორემ გონებაში ჩავარდნილი კაცი ამ უარმყოფელს საგიჟეთში ამოუყოფდა თავსა. ამ უარმყოფელს რომ უთხრა: კაცო, რას ჰროშავ! როგორთ თუ დღისით დღე არ არის და ღამით ღამე, გიპასუხებთ: შენ რა იცი, ხურმა რა ხილია! მე უარმყოფელის მიმართულებისა ვარ და ეს მიმართულება უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა და განა არ ვიცი, - შენს გაცვეთილსა და დაობებულს მიმართულებას ვერაფრად ეჭაშნიკებაო. ამასაც ხომ არ გაკმარებთ. რადგანაც ტაშს არ უკრავთ, წამების გვირგვინსაც დაიწნავს ამ სასაცილო მჩვრისაგან, დაიდგამს თავზედ, გამარჯვებულსავით დოინჯსაც შემოიყრის და თავმოწონებულად დაიწყებს სიარულს. ბალღები უცქერიან ამ ბერიკად მორთულს დონ-კიხოტსა და ქება-დიდებას მისძახიან: „აღა ბაღში მიბძანდება, მიხედ-მოხედვის ჭირიმეო“. დონ-კიხოტსაც სჯერა ეს „მიხედ-მოხედვის ჭირიმე” ბალღებისა და შუბლზედ ბუზსაც არ იფრენს.
ჩვენა გვსურს ამ სასაცილო მიმართულებაზედ მკითხველთა ყურადღება მივაქციოთ, ამ მოძღვრებას გზა-კვალი გავუსინჯოთ, მიზეზი ვუპოვოთ, თავისი მივუწყათ და ამ გზით, ჩვენის შეძლებისამებრ, ტყუილი მართლისაგან გავარჩიოთ, გამოვარკვიოთ. დროა ბალღების საცთუნალო სიტყვებს ფერ-უმარილი ჩამოვაცალოთ, პირისპირ გავუსწოროთ თვალი და ნათხოვარი ფრთები ჩამოვაკვეცოთ. ეს შემდეგისათვის იყოს.
ტფილისი, 13 დეკემბერი
ჯერ ეს ვიკითხოთ, - რა არის ბუნებითად ეგრეთ წოდებული უარმყოფელობა? ამას რომ გამოვარკვევთ, თავისთავად გამომზევდება, რა წითელი კოჭია თვითონ უარმყოფელი მიმართულებაცა.
თვითონ სიტყვა რო ასო-ასოდ გამოვწლათ, დავინახავთ, რომ უარმყოფელობა „არას“ თქმაა, ანუ მდაბიოდ რო მოგახსენოთ, ჩვენებურად, ქართულად, ჰაშას კვრაა და სხვა არაფერი. არ ვიცით, იქნება ეს სიტყვა ჯეროვანად არ არის შედგენილი ქართულად, ხოლო ეს კი უეჭველია, რომ იგი თარგმნილია რუსულისაგან. რუსულად ამ უარყოფას, ანუ უარმყოფელობას, отрицание ჰქვიან. თვითონ რუსულადაც, საიდამაც ნათხოვარსავით გადმოგვიღია ეს «отрицание», ჰაშას კვრაა, თუ ამ სიტყვას პატარა ენა არ დავუმოკლეთ და ნება მივეცით მთელის თავის სიგრძე-სიგანით იმეტყველოს. ამიტომაც, ვინც ამ სიტყვას ჰხმარობს რუსულ ლიტერატურაში, იმას ამ სიტყვის სარბიელი ვიწრო ფარგლითა აქვს შემოვლებული, რომ „არას თქმას“ არავინ „ჰაშას კვრა“ არ შესწამოს, რადგანაც „ჰაშას კვრა“ მტყუანისა და სულელის ხელობაა და არა მართლისა და ჭკვათმყოფელისა.
ესგვარი უარმყოფელობა, რომელიც არსად მიღებული არ არის და მარტო რუსულს ლიტერატურას კი როგორღაც აეკვიატა, ძველისძველი ამბავია და სტყუიან ისინი, ვინც ახალის სახელით ამ უარმყოფელობას ასაღებენ. მას აქეთ, რაც კაცთა ენამ „ჰო“ და „არა“ მოიგონა და სამეტყვოდ თვის სიტყვიერებაში შეიტანა მყოფობისა და არმყოფობის გასარჩევად, ეს უარმყოფელობა არის ქვეყნიერობაზედ და იქნება კიდეც, ვიდრე კაცის გონება არ დასცხრება ჭეშმარიტების ძიებისაგან. ხოლო ამ ძიებაში მარტო „არა“ კი არ მოქმედობს, „ჰო“-საც ისეთივე ღვაწლი მიუძღვის, როგორც „არასა“.
მთელი ისტორია კაცობრიობისა ყოველგვარს სფეროში, საცა კი ადამიანს წარმატების ძლევამოსილობა მიუძღვის და არ მიუძღვის, სხვა არა არის რა, გარდა გაუთავებელის ჭიდილისა „ჰოსა და არას“ შორის. ყოველივე ჭეშმარიტება, ყოველივე საქმე, რაც კაცობრიობას აღმოუჩენია კაცთა ცხოვრების გულის, გონების განსაკარგებლად, გასაძლიერებლად, წარსამატებლად, ამ ჰოსა და არას ჭიდილით მოუპოვებია. ჭეშმარიტების აღმოჩენას, საქმეს ცხოვრების ასე თუ ისე გაწყობისასა და გარიგებისას, სხვა გზა არა აქვს ამ ერთადერთის გზის მეტი. რა საგანსაც, რა მოვლენასაც კი, კაცთა ხელიდამ თუ გონებიდამ გამოსულს, გულში ჩაჰხედავთ, დაინახავთ, რომ „ჰო-არაობის“ ჭიდილსა და ქარცეცხლშია გამოტარებული. მართალია, გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებასა, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ერთის მეცნიერის ბრძნისაგან, რომ ცდომისაკენ ათასი გზა მიდისო და ჭეშმარიტებისაკენ კი მარტო ერთადერთიო. ეს ერთადერთი გზა ჰოსა და არას დაპირისპირებაა.
ამიტომაც, უარყოფა ცალკე, „ჰოსთან“ არდაპირისპირებული, არშეჭიდებული, ჭეშმარიტებისათვის სვის გატანაში სრულად უღონოა, როგორც ჰო, ამ შემთხვევაში ცალკედ უღლის მწეველი. შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამ გზით კვლევა მართლისა - კრიტიკაა. კრიტიკა ბუნებითად ისეთი რამ არის, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთისა და იმავე საგნის კვლევაში ჰოსაცა და არასაც ამოქმედებს მართლის გამოსარკვევად და გამოსაჩენად. იგი ნებას არ იძლევა, რომ ან ერთმა და ან მეორემ ცალკე გაიწიოს და ცალკერძ სჭიმოს ჭაპანი ძიებისა და კვლევისა. როგორც ურემი სწორედ ვერ გაივლის, თუ ცალმხრივ გააწევინე ხარსა, ისეც ძიება და კვლევა ჭეშმარიტებისა, ცალკერძ ტარებული და განზიდული.
აი, ჩვენის ფიქრით, ჭეშმარიტი მნიშვნელობა უარმყოფელობისა და მისის არსებობის მიზეზი, საბუთი და ადგილი. ეგ ერთი მოჭიდავეა კრიტიკის მბრძანებლობის ქვეშ, ერთი ხელია, ხოლო უმეოროდ წარმოუდგენელი და სასაცილოდ ასაგდები. ჩვენ ამაზედ შორსაც წავალთ: უარმყოფელობა, კრიტიკაზედ დამოუკიდებლად ცალკედ დაბინავებული კაცის გონებაში, დიდი სულელობაა. რა არის უარყოფა ცალკედ? ჰოს გაბათილებაა და მის სამაგიეროდ „არას“ გაჰოება, თუ ესე ითქმის. თუ ამ უარყოფას თავისთავად შეუძლიან რამ, ხომ ამ გაჰოებულს არასაც თავისი ქამანდი უნდა უგდოს და ტახტიდამ გადმოაბრძანოს, თუ ბოლომდე თავის საკუთარს წერას ჰსურს რომ აჰყვეს და თავის თავს არ უღალატოს, თავის თავივე უარი არა ჰყოს, არ გააბათილოს. ნუთუ ამისთანა წაჯეგ-უკუჯეგობა, მოძღვრებად გადაქცეული, მომცდარის ჭკუის სასაცილო ცუღლუტობა არ არის! თუნდ ამასაც თავი ვანებოთ: უარყოფა სხვა მხრითაც რაღაც ჭკვაშეშლილის მასხარაობას მოგვაგონებს, იმიტომ რომ „ჰოც“ ისეთივე უარყოფაა „არასი“, როგორც „არა“ „ჰოსი“, და თუ სიმართლე, სიბრძნე და ლიბერალობა მარტო უარყოფაშია, „ჰოსაც“ ვით „არას“ უარმყოფელს, ისეთივე პატივი უნდა ჰქონდეს, როგორც „არას“, „ჰოს“ უარმყოფელს.
შორს რომ არ წავიდეთ, განა, მაგალითებრ, სქოლასტიკა უარმყოფელობა არ იყო გონების თავისუფლად მსჯელობისა? განა ეგრეთწოდებული „ეპოქა განახლებისა“ უარყოფა არ იყო სქოლასტიკისა? განა ერთსაცა და მეორესაც ერთსა და იმავე დროს თავისი ჰო არა ჰქონდათ, რომლის სახელითაც სხვის „ჰოს“ უარსაჰყოფდნენ! ორივე ერთმანეთის უარმყოფელნი იყვნენ და თუ ცარიელი უარყოფა სასახელოა და საპატივო, მაშ განახლების ეპოქის უარმყოფელი სქოლასტიკა ისეთივე სასახელოდ მისაჩნევი უნდა იყოს უარმყოფელთა მოძღვრებისათვის, როგორც განახლების ეპოქისაგან უარყოფა სქოლასტიკისა. უფრო ახლოდამ მოვიყვანთ მაგალითს. «Московскiя Ведомости» დღეს უარჰყოფენ ყველა იმ სახელოვანს რეფორმებს, რომელიც მოახდინა განსვენებულმა იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ, და მთელი დასი ლიბერალებისა რუსეთში ებრძვის «Московскiя Ведомости»-ს და ყოველს მის „არას“ ერჩის „ჰოს“ თქმითა. ამ ჭიდილში უარყოფა რომ საშველად მიუშვას კაცმა, - აბა შენს მომხრეს დააძლევინე მოჭიდავეო, არ ეცოდინება ვის მიეშველოს, რადგანაც „ჰოს“ მთქმელნიც ისეთივე უარმყოფელნი არიან «Московскiя Ведомости»-ს „არასი“, როგორც ეს უარმყოფელია ლიბერალთა დასის „ჰოსი“.
თუ ეს სულელური უარყოფა ამ სასაცილო ყოფაში ჩაიგდებს ხოლმე თავსა, როცა კრიტიკის მბრძანებლობიდამ გამოდის და ცალკე ჰბატონობს, მაშ რიღას მაქნისია, რომ ესე ებღაუჭებიან და მაგ კრიტიკის საბძანებლიდამ გამოპარულს ყმასა კალთაზე რაღას ეჭიდებიან, წადი და წაგვათრიე საომრადაო. ეს ხომ იმასა ჰგავს, მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე წამიღეო. მართლადა, რა არის ეს ცალკე უარმყოფელობა, თუ არ „ჰაშას კვრა“ ყველგან და ყველაფერზედ! ეგ „ჰაშას კვრა“ დიდი ხანია შემოღებულია და ნაგეში ყველგან საერთოდ და ჩვენში ცალკედ. ერთს ქურდსა და ავაზაკსაც ვერა ჰნახავთ, რომ ამ „ჰაშას კვრაში“ გაოსტატებული არ იყოს. ნუთუ ესეთი ხელობა, ესეთი ოსტატობა მომასწავებელია სიბრძნისა, ლიბერალობისა და სხვა ამისთანა საქებურ სახელოვანებისა! ნუთუ ეს ჭეშმარიტების ძიება და კვლევაა და არა სოროსა და ხვრელის თხრა, რომ ტყუილი შეძვრეს და თავი შეიფაროს! გვიკვირს, უარმყოფელობა თავისთავად, როგორც ერთი რამ ცალკე განსაკუთრებული მოძღვრება, როგორ ჰბოგინობს ადამიანის საღს გონებაში და ან კაცის გონება როგორ იშვნევს და ჰკადრულობს ამ სასაცილობას. ეს ხომ ადამიანის ჭკუის გაუქმება და გაბათილებაა. ამ დუდგულას თოფით სვლას უარმყოფელ მიმართულებას ეძახიან და, წარმოიდგინეთ, არც კი ჰთაკილობენ...
თუ ჩვენს შინაურ უარმყოფელებს ამის თქმით ისა ჰსურთ აუწყონ ქვეყანას, რომ „არას“ ჭეშმარიტების ძიებაში თავისი კუთვნილი ადგილი უნდა ეჭიროსო, როგორც თანასწორ მოპირისპირეს „ჰოსას“, მაშინ რაღა საჭირო იყო ახალის სახელის მოგონება, როცა უკვე მოგონილი სახელი უფრო უკეთ გვამცნევს საგანს და ყველგანაც მიღებულია, როგორც საგანის ზედგამოჭრილი სახელი. ეგ სახელი კრიტიკაა და იგი ერთსა და იმავე დროს „ჰო“-საცა და „არა“-საც ერთნაირად და მიუდგომელად ამოქმედებს და როგორც ტალსა და კვესსა ერთმანეთს ახვედრებს ჭეშმარიტების დასაკვესებლად. თუ უარმყოფელობის სახელქვეშ კრიტიკა ეგულებათ, მაშინ მარტო ესღა გვეთქმის ჩვენს შინაურ უარმყოფელობაზედ: ღმერთო, შეუნდე, რამეთუ არ იციან რას იქმან, და სწორედ შესანდობარნიც არიან, იმიტომ რომ არცოდნა არცოდვაა.
[1888 წ., 10-13 დეკემბერი]
უარმყოფელობა ჩვენში
ხელნაწერი: ასლი, U № 1052, გვ. 852-858.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., 11 XII, № 261, გვ. 1-2, 14 XII, № 263, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა: 1888 წ., 10 XII; 13 XII).
დაიბეჭდა „ივერიის“ მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IX ტომში, ზემომითითებული სათაურით.
457, 20-22 ...უარჰყოფენ... რეფორმებს, რომლებიც მოახდინა განსვენებულმა იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ... - ყირიმის ომში (1853-1856 წ.) დამარცხების შემდეგ, რევოლუციური სიტუაციის გამო, რუსეთის მთავრობამ გააუქმა ბატონყმობა (1861 წ.) და გაატარა მთელი რიგი ბურჟუაზიული რეფორმები (სასამართლო, სამხედრო და სხვ.).
![]() |
2.50 გაბრიელ სუნდუკიანცის „პეპო“ და სომხის ლიტერატორები |
▲back to top |
ტფილისი, 4 თებერვალი
ერთი არასასიამოვნო თვისება დაეკვება აქაურს სომხის ლიტერატურას და სომხის ლიტერატორებსა, თუ ყველას არა, უფროს-ერთს მაინცა. საცა კი შემთხვევა ეძლევა ქართველი ახსენონ, ისე ერ მოურჩებიან, რომ ქართველი და ქართველობა არ გაჰკინწლონ ცოტად უ ბევრად. ღვთის წინაშე, უნდა ითქვას, რომ არც ჩვენ, ქართველები, ვაკლებთ რასმე სომხებს და ჩვენც ხელიდამ არ ვუშვებთ შემთხვევას, ასე თუ ისე ავად არ ვახსენოთ. ხოლო ჩვენად გასამართლებლად ესეც უნდა ითქვას, რომ ჩვენ. ქართველები, ავად ვიხსენიებთ ხოლმე მარტო იმ ჯურის სომხებს, რომელნიც წურბელებსავით მოჰკიდებიან აქაურობას, სწოვენ ქვეყანას და რომელთაც ჰკიცხვენ და ავად იხსენიებენ თითონ გონიერნი და პატიოსანნი სომეხნი. ვერც ჩვენს ლიტერატურაში, ვერც ჩვენს საზოგადოებაში ერთს მაგალითსაც ვერ გვიჩვენებენ, რომ ქართველი ავად იხსენიებდეს მთელს სომხობასა, მის ინტელიგენციას, რომელზედაც დამყარებული აქვს სომხობას მთელი თავისი სამართლიანი სასოება და რომელიც ხსენებულ ჯურის სომხების წრეს გარედა ჰდგას თავის სასახელოდ და თავის მოძმეთა ნუგეშად. ჩვენში ჩვენგან მთელი სომხობა, როგორც ერი, თავის დღეში არც გაკითხულა, არც გაკიცხულა და არც ავად ხსენებულა. სულელობაც იქნებოდა ეს ჩვენ მიერ იმიტომ, რომ ქვეყანაზედ არ მოიპოვება იმისთანა ერი, რომ ავთან კარგიც არ იყოს მის შორის. პირიქით, არა ერთი და ორი მაგალითი ყოფილა, რომ ყოველს კარგს სომხისას პატივისცემით დაჰხვედრია ქართველობა და მისი ინტელიგენცია. ამის საბუთს იპოვით როგორც ჩვენს ლიტერატურაში, ისეც ცხოვრებაში.
სამწუხაროდ ჩვენდა, ესე არ იქცევიან აქაური სომხის ლიტერატორები. ვიმეორებთ, ყველაზედ ამას ვერ ვიტყვით და უფროს-ერთი კი სწორედ უკუღმართად იქცევა ყოველს ამისთანა შემთხვევაში. ჩვენ ამის დასამტკიცებლად შორს არ წავალთ. ამ იანვრის თვიდამ დაიწყო გამოსვლა ახალმა სომხურმა ჟურნალმა, რომელსაც „მურჯი“ ჰქვიან. ამ ჟურნალში დაბეჭდილია ბიოგრაფია პატივცემულ სომხის დრამატურგისა ბ-ნ სუნდუკიანცისა. ამ ბიოგრაფიის ავტორი ბ-ნი ჩიმიშკიანცი ძალიან გაუფიცხებია ხსენებულ თვისებას სომხის ლიტერატორებისას და ამ სიფიცხეს იქამდე გაუთამამებია, რომ შემდეგის თქმა უნებებია:
„პეპომ“* იმოდენად გაითქვა სახელი, რომ პირველ წარმოდგენის შემდეგ გავიდა მცირეოდენი ხანი და ქართველთა ინტელიგენციის ყმაწვილკაცობამ, მოისურვა რა გამოცოცხლება ქართულის თეატრისა, რომელმაც დიდი ხანია დალია სული, ამ პიესით აღადგინა მკვდრეთით უკვე მიცვალებული ქართული სცენაო“.
საკვირველია ეს სასწაულთმოქმედება ხსენებულ პიესისა, და თუ მართალ ეგრეა, ჩვენ მადლობის თქმის მეტი არა გვმართებს რა. ხოლო მეტი არ იქნება ეს ვიკითხოთ: თუ ეგ პიესა ესეთ უკვდავების წყაროდ გაუხდა ქართულს სცენას და მკვდრეთით აღადგინა ქართული თეატრი, სომხებს რაზედ შემოსწყრა, რომ მის ხელში ცოცხალი სომხური სცენა ეგრე უდროვოდ მოკვდა და დღესაც მკვდარია? მკვდარია, ვამბობ იმიტომ, რომ მუდმივი სცენა ჰქონდათ და დღეს აღარა აქვთ სომხებსა და ხამუშ-ხამუშად წარმოდგენანი სცენისმოყვარეთაგან ხომ ამ შემთხვევაში ანგარიშში მოსატანნი არ არიან. როგორ მოხდა ეს, რომ „პეპომ“ მკვდარი ქართული გააცოცხლა და ცოცხალს სომხურს კი იმოდენაც ვერ უშველა, რომ არ მომკვდარიყო. აქ ან ის უნდა ვიგულვოთ, რომ რაც ქართველისათვის მაცოცხლებელია, ის სომხისათვის მომაკვდინებელია, ან ის, რომ ბ-ნ ჩიმიშკიანცის აზრი თავიდამ ფეხამდე ტყუილია. ქართველებიც და სომხებიცა დაგვეთანხმებიან, რომ უკანასკნელი საგულვებელი უფრო ჭკუაზედ ახლოა. ბ-ნი ჩიმიშკიანცი ტყუილად გაუჭირვეულებია წყურვილს ქართულის გაკინწვლისას და მოუფიქრებლად ტყვედ მისცემია თავის გაჯანჯლებულს გულისნადებსა. ბ-ნი ჩიმიშკიანცი შემდეგ ამბობს:
„პეპო“ იმოდენად გაქართველებულია ეხლა, რომ დღესც კი მოიპოვება იმისთანა ქართველი, რომელსაც ძნელად დააჯერებთ, რომ „პეპო“ სომხურს ენაზეა დაწერილი და სომხის პოეტის გენიოსობით შექმნილიო“.
არ ვიცით, ბ-ნს ჩიმიშკიანცს საიდამ აჰკვიატებია ამისთანა უცნაური აზრი. ჩვენ დავუშოშმანებთ ატკივებულს გულს ბ-ნს ჩიმიშკიანცს და დავარწმუნებთ, რომ მაგისთანა ქართველს მარტო თავის საკუთარს ფანტაზიაში თუ იპოვის. თუნდ რომ ეგრეც იყოს, რა ცუდი უქმნია ქართველს, რომ სომხის კარგი შეუთვისტომებია, საკუთარ შვილად მიუჩნევია. ეგ მარტო ჩვენს სიტყვას ამტკიცებს, რომ ყოველივე კარგი სომხისა ჩვენში ჰპოულობს პატივისცემას და სიყვარულს იმოდენად, რომ თავისას და სომხისას ერთმანეთშიაც აღარ არჩევს. თუ ესეა. ბ-ნი ჩიმიშკიანცივე საბუთს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ქართველი არ არის დამწყვდეული თავის გვარტომობის ვიწრო წრეში, არამედ სხვა ერის პატივისცემაც იცის და გულგაშლით ეკიდება ყოველს სხვა გვარტომსა. ესეთი თვისება საქებურია და არა საწუნარი. თუმცა ბ-ნი ჩიმიშკიანცი ამ შემთხვევაში ქართველის საქებელ საბუთს გვაძლევს, მაგრამ არ ესმის, რომ ეს საბუთი მართლა ქების მომასწავებელია. იგი ამას ჰხმარობს წუნის დასადებად და ქართველთა გასაკიცხად - რად იშვილეს სომხური ქართველებმაო. აკი მოგახსენეთ, ჩვენ არ ვიცით, ქართველებმა იშვილეს თუ არა, და თუნდაც ეშვილათ, ვის რა დააკლეს ამითა? აქ ცუდი რა არის? გონების ნაწარმოები იმისთანა მადლიანი რამ არის, რომ მთელის კაცობრიობის კუთვნილებას შეადგენს და აქ გვარტომობის ჩაჩხირება ჭკუის უღონობას მოასწავებს და სხვას არარას. ხელოვნებასა და ერთობ გონების ნაწარმოებსა გვარტომობა არა აქვს. ერთიცა და მეორეც მთელის კაცობრიობისაა და ამ აზრს ვერ მისწვდენია დაქვეითებული ავტორი ბ-ნ სუნდუკიანცის ბიოგრაფიისა.
ბ-ნი ჩიმიშკიანცი, გაჭირვეულებული იმ თვისებისაგან, რომ ქართველს ავად ხსენება უნდაო, სწამებს, ვითომც ჩვენა ვცდილობდეთ ამოვფხვრათ კაცის ხსოვნისაგან, რომ „პეპო“ სომხურ ენაზედა დაწერილი, „სომხის პოეტის გენიოსობით“ შექმნილი.
ამის დასამტკიცებლადაო, ამბობს იგი, შესაძლოა მოვიყვანოთ შემდეგი გარემოებანიო: პირველი, თავის დღეში, როცა „პეპო“ ქართულად წარმოუდგენიათ, აფიშაზედ არა წერებულა, რომ თარგმანია სომხურიდამდა; მეორე გარემოება, შურაცხმყოფელი სომეხთა ერის თავმოყვარეობისა, გარემოება, რომელიც საზოგადო მაგალითი ქართველის ბაქიაობისაო, იმაში მდგომარეობს, რომ ქართულს სცენაზედ თითონ „პეპოს“, ამ ზოგად გმირს სომხის „პაჟარნისას“, ქართველ აზნაურად მორთვენ ხოლმე, მაშინ როდესაც ხალხის მყვლეფავი სომხის ვაჭარი კი, მდიდარი არუთინა, უთუოდ სასაცილო სომხის ვაჭრად გამოჰყავთ. ამ გარემოებათა მიზეზით, რამდენსამე წელიწადს შემდეგ, ვინ იცის, მოიპოვებაღა თუნდ ერთი იმისთანა ქართველი მთელს საქართველოში, რომელსაც დააჯერებთ, რომ „პეპო“ სომხურს ენაზეა დაწერილი და არა ქართულზედ.
გაგიგონიათ სადმე ან ამისთანა ჩივილი და ან ამისთანა საბუთები?!. არა, როგორ მოგწონთ ეგ შეურაცხყოფა სომეხთა ერის თავმოყვარეობისა მით, რომ ქალაქელი კინტო ქართველებმა ვითომდა გააზნაურშვილეს და სომეხი არუთინა გაასომხეს. გაგიგონიათ სადმე ესეთი თავმოყვარეობა, მერე ამრიგად გაუპატიურებული?!.
ან სად უნახავს და როდის ბ-ნს ჩიმიშკიანცს, რომ წარმოდგენის დროს პეპო ქართველ აზნაურშვილად მოერთვათ და გადაეკეთებინოთ? ჩვენ ბევრჯელ დავსწრებივართ „პეპოს“ წარმოდგენას და ეს არც ერთხელ არ შეგვინიშნავს. ან არს ეგვანებოდა ქალაქელი კინტო მეთევზე, მებადური, ქართველ აზნაურშვილად მორთული! თითონ ბ-ნ ჩიმიშკიანცს არაერთხელ უთამაშნია „პეპო“ ქართულ სცენაზედ და ნუთუ ქართველ აზნაურშვილად ირთვებოდა? ტყუილი იქნება და ასე მოკლეფეხებიანი!
ამაებისთანა ნაზუქებს თავი დავანებოთ. ჩვენ ბ-ნ ჩიმიშკიანცის ნაწერს სხვა მხრით მივაქციეთ ყურადღება და ტყუილს ამბობს თუ მართალს ბ-ნი ჩიმიშკიანცი, ეს, არამცთუ გარჩევისა, ყურადღების ღირსიც არ არის. არც იმის მართლით მოგვემატება რა, არც იმის ტყუილით დაგვაკლდება. ტყუილიცა და მართალიც ამ შემთხვევაში მისი საკუთარი საქმეა. ჩვენ გვინდოდა გამოგვერკვია მარტო მიმართულება და თვალთახედვის ავკარგიანობა ზოგიერთა სომეხთ ლიტერატორებისა, რომელთაც ცოდვად მიაჩნიათ ქართველი გაუკინწლავად ახსენონ. ხომ ჰნახეთ, რა საბუთებით მოგვესია ქართველებს და რა ჩივილით ბ-ნი ჩიმიშკიანცი.
ახლა ვიკითხოთ, ამ საბუთებით და ჩივილით რასა გვწამებს ბ-ნი ჩიმიშკიანცი? იმას, რომ „სომეხთ პოეტის გენიოსობით“ შექმნილს პიესას ჩვენ ვიჩემებთ და დღედაღამ იმ ფიქრში ვართ, რომ ქართველებს აღარ ახსოვდეთ, რომ იგი სომხური პიესაა. როგორ მოგწონთ შიში ბ-ნი ჩიმიშკიანცისა? განა თითონ პიესა იმდენად სახარბიელო კია, რომ კაცმა მის დაჩემებისათვის თავი იტკინოს? ვის რად უნდა? ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს სომხობას თავისის „პოეტის გენიოსობით“ შექმნილი პიესა. დაგვიჯეროს ბ-ნმა ჩიმიშკიანცმა, რომ მაგ პიესაზედ ხელს არავინ წაიწვდენს და სომხებს ქვეყანაზედ არავინ შეეცილება. ნუთუ ბ-ნს ჩიმიშკიანცს ჰგონია, რომ რაკი „პეპო“ „სომეხთა პოეტის გენიოსობით“ შექმნილია, მართლა გენიოსური რამ არის! სხვა რომ არა იყოს რა, ჯერ თითონ პიესის გმირი პეპო გასინჯეთ. რა არის პეპო? ეგ ზოგადი სახე კი არ არის, „სომხის პაჟარნისა“, როგორც ჰგონია ბ-ნს ჩიმიშკიანცს, ეგ ერთი აბელას ფეხებზედ შეყენებული ორფეხია, განგებ გაბერილი და გატენილი მაღალ ფარდების ფრაზებით. სხვას რას ჰხედათ „პეპოში“? ვერ ვიტყვით, რომ პიესაში ზოგიერთი მართალი სახეც არ იყოს, ცოცხლად გამოხატული, და თუ „პეპოს“ მოთმინებით ისმენენ თეატრში, ამ ზოგიერთა მართალ სახეთა წყალობით მოსდით. ამაზედ მეტსაც ვიტყვით: ჩვენს ქართულს რეპერტუარში, ნათარგმნთა გარდა, „პეპო“ ბევრს პიესას სჯობია, მაგრამ მაინც ეგ პიესა თავისთავად ბევრი არფერია და არავის არ მოჰგვრის არც შურს, არც სიხარბეს დაჩემებისასა. კიდევ დავუფიცებთ ბ-ნს ჩიმიშკიანცს, რომ მისი შიში ტყუილი მოლანდებაა: მარხვას არავინ გასტეხს დოსთვისა და ქურდობას არავინა იქმს ხბოსთვისა.
რა უნდა ვსთქვათ ყოველ ამის გამგონთა სომხურ ახალ ჟურნალზედ? ჩვენა ვწუხვართ, და გვგონია ყოველი გონიერი სომეხიც შეწუხდება, რომ ახალმა სომხურმა ჟურნალმა პირველ ხმის ამოღებაზედვე საჭიროდ დაინახა მიესიოს ქართველებს და ასეთის სასაცილო საბუთებით უკიჟინოს. ბ-ნ სუნდუკიანცის ბიოგრაფიაში რა მოსატანი იყო, ქართველებმა როგორ ჰთარგმნეს „პეპო“ და როგორ მოჰრთეს წარმოდგენის დროს გმირი პიესისა, ან სწერენ თუ არა ქართველები აფიშაზედ, რომ „პეპო“ სომხურიდამ არის ნათარგმნი? აშკარაა, აქ აშლილს საღერღელს ქართველების ავად ხსენებისას თავბრუ დაუსხამს მწერლისათვის, თორემ ყოველი ეს რა შუაშია ბ-ნ სუნდუკიანცის ბიოგრაფიაში, მერ ეგრე სასაცილოდ აკონკებული? ბ-ნ ჩიმიშკიანცს კიდევ ეპატიება ამისთანა საქციელი იმიტომ, რომ ამისი ჟინი ჰქონია და ჟინს ყველა კაცი ვერ დაიმორჩილებს ხოლმე. რედაქცია კი, როგორც კრებული მოღვაწეთა, ამისთანაებში უნდა ჰფრთხილობდეს, რადგანაც ეს ერთი იმისთანა საგანია, რომლის გამოც ნათქვამი სიტყვა მიმართულების მანიშნებელია და თუ ამგვარს მიმართულებას იჩემებს ეს ახალი სომხური ჟურნალი, გზა დაგვილოცნია: ბევრს ეგ ერთიც მოემატოს. როგორ იქნება გავუძლებთ.
[1889 წ., 4 თებერვალი]
__________________
* „პეპო“ ბ-ნ სუნდუკიანცის პიესაა.
გაბრიელ სუნდუკიანცის „პეპო“ და სომხის ლიტერატორები
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1889 წ., 5 II, № 27, გვ. 1-2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IX ტომში, უსათაუროდ (განყოფილებაში - „სომხური პრესა“). წერილი წემოაღნიშნული სათაურით დაბეჭდა პ. ინგოროყვამ ილიას თხზულებათა ათტომეულის III ტომში (1953 წ.).
![]() |
2.51 დედათა საქმის გამო |
▲back to top |
ტფილისი, 15 მარტი
თქმა არ უნდა, რომ რუსულმა ლიტერატურამ დიდი ხელმძღვანელობა გაგვიწია წარმატების გზაზედ და დიდი ზედმოქმედება იქონია ყოველს მასზედ, რაც ჩვენს სულიერს ძალ-ღონეს შეადგენს და ჩვენს გონებას, ჩვენს აზრს, ჩვენს გრძნობასა და ერთობ ჩვენს მიმართულებას ზედ დააჩნია მან თვისი ავ-კარგიანობა. არ არის დღეს ჩვენში არც ერთი მოღვაწე და მომქმედი კაცი მწერლობაში, თუ საზოგადო საქმეთა სარბიელზედ, რომ თავისუფალი იყოს ხსენებულ ლიტერატურის ზედგავლენისაგან. საკვირველიც არ არის: რუსულმა სკოლამ - მეცნიერებამ გაგვიღო კარი განათლებისა და რუსულმავე ლიტერატურამ მოაწოდა საზრდო ჩვენს გონებასა და გამოჰკვება ჩვენი აზრი მოძრაობის გზაზედ. თვითოეული ჩვენგანი, გინდა თუ არა, უნდა დასწაფებოდა ამ ორს წყაროს თავის სულიერ წყურვილის მოსაკლავად. სხვა გზა არ იყო. ამიტომაც საბუთი გვაქვს ვსთქვათ, რომ თვითოეული ჩვენგანი რუსულის ლიტერატურით გაზრდილა, თვითოეულს ჩვენგანს მის გამონარკვევზედ აუგია თავისი რწმენა, თავისი მოძღვრება და თავისი საგანი ცხოვრებისა საზოგადო საქმისათვის ამ გამონარკვევის მიხედვით გამოურჩევია.
რასაკვირველია, ამ ზედმოქმედებამ რუსულის ლიტერატურისამ მარტო იმას შესძინა სიკეთე, რომელმაც ყოველი გამონარკვევი ამ ლიტერატურისა თავის საკუთარ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, ბრმად არ იწამა, ბრმად არ მიიჩემა და ამრიგად არ დაიხვია ხელზედ ცხოვრებაში იოლად წასვლისათვის. ყოველი აზრი მარტო ცარიელი ფრაზაა იმის ხელთ, ვისაც კრიტიკის ცეცხლში არ გამოუფოლადებია და ისე არ შეუთვისებია. ამნაირი კაცი კაჭკაჭია და არა ჭეშმარიტი წარმომადგენელი მის მიერ ქადებულის აზრისა, რომელიც თუ სხვისაგან დაუჩემებია, კრიტიკის ძალით უნდა უსათუოდ თავისად გარდაექცია. უამისოდ ზედმოქმედება უძლიერესისა უღონოზედ, უკეთესისა უარესზედ მარტო ცარიელი მაიმუნობაა, სხვის ფეხის ხმაზედ ბრმად აყოლაა, ტყვეობაა და არა თავისუფლება და თვითმოქმედება გონებისა, რომელიც ერთადერთი ნიშანია ჭეშმარიტის განათლებულობისა და აღმატებულობისა. ამ სახით ყოველივე ზედმოქმედება - ავია თუ კარგი - არაფრის კეთილის მომასწავებელი არ არის. პირიქით, იგი აძინებს, ჰკლავს მსჯელობის უნარსა, ყოველს მჭრელობასა და გამჭრიახობას გონებისას სჩაგრავს და აბათილებს.
ჩვენდა საბედნიეროდ, ვიტყვით, რომ ზოგნი ჩვენში, რუსულ ლიტერატურის მეოხებით გაზრდილნი და გაწურთვნილნი, ასე ბრმად ტყვედ არ მისცემიან ამ ლიტერატურის აუცილებელს ზედმოქმედებას. ამათ ჯერ გამოუძიებიათ მისი გამონარკვევნი და მერე ისე ან შეუთვისებიათ, ან უარუყვიათ. ჩვენდა სანუგეშოდ, მარტო ამას არ დასჯერებიან: იმავ კრიტიკით და გამოძიებით მხარდამხარ ასდევნებიან ამ ლიტერატურის წინსვლასა, წარმატებას და არ გაჩერებულან მის რომელსამე ხანაზედ. ლიტერატურა, რომელსაც მადლი ცხოველმყოფელობისა სძრავს და ამოქმედებს, ერთი გაუწყვეტელი გრეხილია აზრთა ზედმიყოლებით განვითარებისა და წარმატებისა. ამისთანაა რუსული ლიტერატურაცა. ხშირად მოხდება ხოლმე, რომ რაც გუშინ სწამდა ლიტერატურას, რა მოძღვრებაც გუშინ ჰბატონობდა ლიტერატურაში, დღეს ყოველივე ის უარყოფილია და დევნული იმავ ლიტერატურისაგან. ხშირად ერთს რომელსამე ხანაში აღძრული აზრი, თუ საგანი, მეორე ხანაში ისევ იმ საგნადა და აზრად რჩება, მხოლოდ სულ სხვა სახით, სხვა შუქით, სხვა სიგრძე-სიგანით გამოდის. ამას ყოველსფერს თვალის დევნა უნდა და თუ არ კრიტიკითა და გამოძიებით გამორკვევა, შენიშვნა მაინც და ანგარიშის გაწევა. თორემ აქაო და ამ ოცისა და ოცდაათ წლის წინათ ამა და ამ საგანზედ ესა და ეს ითქვაო და დაიჟინონ, - ეს არის უკანასკნელი სიტყვა მეცნიერებისა და ლიტერატურისაო, მაშინ როდესაც უკანასკნელი სიტყვა დღეს სულ სხვაა, უჯიათობა და ჭირვეულობა იქნება ერთხელ და ერთხელ შებორკილებულ და დატყვევებულ გონებისა.
სწორედ ამისთანა საქმე მოსდის დღეს ჩვენში, სხვათა შორის, ერთს მოძღვრებასაც, რომელიც ეგრედ წოდებულ „დედათა უფლების საქმეს“7 შეეხება. ეს საქმე ჩვენში დღესაც იმ საბუთებზე ჰტრიალებს, რა საბუთებითაც ამ ოცისა თუ ოცდაათის წლის წინად თავი იჩინა და მოედანზედ გამოვიდა. თითქო კაცობრიობას საზოგადოდ და რუსულ ლიტერატურას ცალკე მას აქეთ ეს საქმე წინ არ წაეწიოს, უფრო ფართოდ არ გადეშალოს, არ დაეყენებინოს და უფრო საბუთიანს საფუძველზედ არ ამოეყვანოს.
თუმცა ეს საქმე დიდად შესანიშნავი რამ არის და ჩვენთვისაც ისე საჭიროა, როგორც სხვისთვის, მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოდ, უნდა ვსთქვათ, რომ იგი ჩვენის თაოსნობით არ არის დღეს ჩვენში ფეხზედ დამდგარი. ამ საქმეს და მის საჭიროებას კვლავ იმავ რუსულმა ლიტერატურამ მიგვახვედრა და დღეს აქამომდე იმ საბუთებითა და იმ აზრებით იკვებება, რომელნიც, როგორცა ვთქვით, ხელზედ დახვეული ჰქონდათ ამ საქმის მომხრეთა ამ ოცისა და ოცდაათის წლის წინათ. აბა გადასინჯეთ ყოველი, რაც ამ საგანზედ ჩვენში წერებულა და იწერება დღეს, თუ უწინდელებრ მარტო სახელითა „დედობისათა, ცოლობისათა და დობისათა“ არ ითხოვდნენ ამ საქმის ასე თუ ისე წარმართვას. ასე იყო დასაბუთებული ღაღადი დედათა უბედობის თაობაზედ ამ ოცისა თუ ოცდაათის წლის წინათ რუსულ ლიტერატურაში, თითქო დაავიწყდათო რომ დედაც კაცია, ადამიანია და მარტო კაცისა და ადამიანის სახელით დედათა უფლების საქმე უნდა ჰღაღადებდეს და თხოულობდეს თვის წარმართვასა. ამ ფართო გზაზედ ჰდგას ეს საქმე ევროპაში დღეს და გვგონია ვერაფერს სამსახურს უწევენ ქალებს ისინი, ვინც ამ საქმეს მოკლე ფარგალით უზომავენ ადგილს და დედაკაცი ადამიანობიდამ ჩამოჰყავთ, რომ მარტო დედობისა, ცოლობისა და დობის უღელი გააწევინონ, ესე იგი ბევრისაგან ცოტა უწყალობონ.
ჩვენს მეთაურს, რომელმაც გამოიწვია „ქართველის ქალის“ წერილი, დღეს ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი, სხვა არა უთქვამს რა ამის მეტი. დღეს ჩვენ ხელთა გვაქვს საბუთი ვსთქვათ, რომ რუსულმა ლიტერატურამაც ამრიგად დაუწყო ყურება ამ საქმეს. 7-ს მარტს პეტერბურგში დაბეჭდილ და 13-ს მარტს ქალაქში მოსულ გაზეთებიდამ ამოვიკითხეთ, რომ სწორედ იმ დღეს რა დღესაც ჩვენი მეთაური დაიბეჭდა, პეტერბურგში გამოსულა ჟურნალი «Женское Образование». ამ ჟურნალშია წერილი რუსეთში ცნობილ პედაგოგის ი. გ. გურევიჩისა, რომელიც სწორედ იმასვე ამბობს, რაც ჩვენის „ქართველის ქალის“ მიერ დაწუნებულ მეთაურში ჩვენ ვსთქვით. გაზეთს მოჰყავს რა ამ გურევიჩის სიტყვები, თავის მხრით ამისთანა წინასიტყვაობას უძღვნის:
«Шаблонные моралисты, говоря о женском образовании, любят часто повторять по адресу школы классическое требование: «дайте нам хороших жен, матерей и хозяек...» და მერე: Гуревич доказывает всю риторическую пустоту этого притязательного требования».
აი თვითონ გურევიჩის სიტყვებიცა:
„ამ კეკლუცმა ფრაზამ, - ამბობს სტაიუნინიო თავის თავზედ, - მეც ერთხელ ამიყოლია. ხოლო მერმედ კი სხვა მეორე საგანმა მიმიზიდა და ვკითხე ჩემს თავსა: რატომ მამაკაცის შესახებ კი არავის წამოსცდენია სურვილი, რომ მოგვიმზადეთ კარგი ქმრები, კარგი მამებიო? ეს ღირსებანი ხომ ისე საჭირონი არიან მამაკაცისათვისაც ოჯახში, როგორც დედაკაცისათვის კარგი ცოლობა და კარგი დედობა. რატომ არავინ ჰფიქრობს, რომ ეს ღირსებანი დაუნერგონ და განუვითარონ მამაკაცებსა? იმიტომაო, - ამბობს ახლა თავისით გურევიჩი, - რომ მამაკაცთა სწავლა-განათლების თაობაზედ ჩვენ უფრო უკეთესი და მართალი აზრი გვაქვს, ვიდრე დედაკაცის სწავლა-განათლების თაობაზედაო. როცა მამაკაცი გვყავს სახეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზედ უწინარეს უნდა განვანათლოთ ადამიანი და რაკი ადამიანი განათლებულია, მალე გაიგებს თავისს მოვალეობას, რომელიც მან უნდა იკისროს იმ გარემოების მიხედვითა, რაშიაც ცხოვრება ჩააყენებს, და მალე შეიძენს იმ განსაკუთრებულ ცოდნასაც, რაც დასჭირდება ცხოვრების ამა თუ იმ გზაზედ.
ამის შემდეგ, რასაკვირველია, სასაცილოა ის სურვილი, რომ მამაკაცი ვამზადოთ მარტო საკარგქმროდ და საკარგმამოდ. განა ამავე აზრით არ უნდა მივმართოთ ქალების სწავლა-განათლების საქმეს? განა ქალიც არ უნდა გამოვზარდოთ იმის შესაფერად, რასაც სიტყვა ადამიანი ჰნიშნავს მამაკაცის შესახებ? განა საჭირო არ არის ყოველი ჩვენი მეცადინეობა მივაქციოთ იმაზედ, რომ ქალს გონება გავუხსნათ ჭეშმარიტის აზრებისათვის, აღვუფრთოვანოთ გულისტკივილი კაცობრიულის და მოქალაქობრივის ინტერესებისათვის, გავაგებინოთ იგი ვალი, იგი თანამდებობა, რომელიც ამ ინტერესებს თან მოსდევს? ესეთის აზრებით, რწმენით და თვალთამხედველობით დედაკაცი გაუთანასწორდება მამაკაცსა და მისებრივ ადვილად გაიგებს, ადვილად მიხვდება მოვალეობას კაი ცოლობისას, კაი დედობისას და უკვე განათლებული ჭკუითა და გულით ადვილად შეიძენს იმ განსაკუთრებულს ცოდნასაც, რომელიც ოჯახში ასე თუ ისე მისთვის საჭირო იქნება“.
აი დღეს დედათა საქმე რა გზაზედ და რა ფართოდ არის დაყენებული რუსულ ლიტერატურაში და ჩვენი პატივცემული ქალი-ავტორი ამაოდა ჰცდილობს გამოვლილ გზაზედ უკანვე დაბრუნებას. ამ ახალს მოძღვრებას დედათა საქმის შესახებ ვერავინ გაემკლავება, რადგანაც დღევანდელი ბურთი და მოედანი უფრო მეტის ცნობიერებით, უფრო მეტის სიმართლით და საბუთით ამ მოძღვრებას დაუჭერია არამცთუ მარტო რუსეთში, სხვაგანაც. დღეის ამას იქით აგრე სამართლიანად განდიდებულს და გაფართოებულს საქმეს ვეღარავინ გამოჰკვებავს წინანდელის ნამცეცებითა. ჩვენ ამასაც ვიტყვით, რომ მარტო ამ მოძღვრებას შეუძლიან თავი გაატანინოს დედათა საქმეს ყოველთა სასიხარულოდ და სასიქადულოდ და ვისაც დედათა საქმის სიდიადე გულწრფელად და გაგებულად გულში სდებია, არა გვგონია, ამ გზაზედ საქმის დაყენება მიიჩნიოს გზის გამრუდებად და არა გასწორებად.
[1889 წ., 15 მარტი]
________________
7. Женский вопрос.
დედათა საქმის გამო
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1889, 16 III, № 57, გვ. 1-2.
დაიბეჭდა „ივერიის“ მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის VIII ტომში, სათაურით „დედათა საქმე (წერილი მესამე)“.
სათაურით - „დედათა საქმის გამო“ წერილი პ. ინგოროყვამ დაბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულის VIII ტომში (1957 წ.), სადაც მითითებული წერილი გაერთიანებულია 1889 წლის 7 მარტის „ივერიის“ მეთაურ წერილთან (აღსანიშნავია, რომ ილიას თხზულებათა ათტომეულში ეს წერილი მეორედაც არის დაბეჭდილი, - IV ტომში, სათაურით: „დედათა საქმე და ქალთა განათლება“).
![]() |
2.52 წერილები სხვადასხვა რაგინდარაზე |
▲back to top |
პატივცემულო თადეოზ!
მკვდრის თავები მეცნიერებს დავანებოთ, რაც ინებონ, ისა ბრძანონ. მაგრამ ის კი არ არის სასიამოვნო, რომ, რაც ხალხმა იცის და დიდის შრომით შეუძენია, დაივიწყოს. ამ უკანასკნელს დროში ჩვენს დედაქალაქში შევნიშნე, რომ როგორც თეატრში, აგრეთვე შინაც და გარეთაც აღარ ისმის ის საკრავები და აღარ იმღერიან იმხმებს, რომელიც რამდენსამე საუკუნეში ჩვენ გვქონდა შეთვისებული და ჩვენად ვრაცხდით. მე აქ მოგახსენებ, ჩემო თადეოზ, ჩვენს საყვარელს ბაიათურს სიმღერებზე და ამათ შესაფერს საკრავებზე. ამათ მაგივრად ერთის მხრით გვესმის სოფლური სიმღერები ხოროთი და მეორე მხრით გარმონიკა (ან, როგორც ჩვენი გლეხები ეძახიან, ბუზიკა). ხოროთი სიმღერაც კარგი და ჩინებულია, ქართულის ოპერისათვის გამოდგება, მაგრამ ერთს მეორე არ უნდა დააჩაგვრინონ. ჩვენ და ჩვენმა შთამომავლობამ არ უნდა დავივიწყოთ, ბესიკ გაბაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ფერშანგიშვილი და სხვანი, რომელნიც არიან ჩვენი თავმოსაწონნი და ჩვენი გამამხიარულებელნი. ყველამ ვიცით, რომ ამათს ნათქვამში, იმათგან მოგონილს ჰანგებში ბევრი რამ არის სანუკვარი და შესანიშნავი. ძალიან შემცდარნი არიან ისინი, რომელთაც ჰგონიათ, რომ ყოველი ხმა სპარსეთის საკუთრებააო. ამ სიმღერებში ბევრი ურევია ქართველების გამოთქმული ხმები, რომელნიც სპარსელებს სრულიად არც გაუგონიათ. ბევრი სპარსული ხმები ქართველებს თავისებურად გადმოუკეთებიათ. ძალიან ახირება იქმნება, რომ ინდოეთში ან იტალეთში მოგონილს ჭიანურზე მომგონის მეტმა აღარავინ დაუკრას. ვინც რა უნდა მოიგონოს კარგი, ადამიანის სასარგებლო და სასიამოვნო, არის მარადის მთელი კაცობრიობის საკუთრება. გარდამოცემით ვიცით, რომ როდესღაც, რასაკვირველია, დიდი ხანი იქნება მას შემდგომ, - ბესიკ გაბაშვილმა თარის დაკვრით ისე გააკვირვა ყეენი თვით თეირანში, ელჩობის დროს, რომ ყეენმა თავისი საოჯახო ბრილიანტებით მოჭედილი თარი აჩუქა. ვინ გამოარკვევს ამჟამად, რამდენი წელიწადია, რაც საქართველოში ჰხმარობენ: თარსა, ჭიანურსა, ჩონგურსა, სანთურსა, დუდუკსა, ზურნასა, ნაღარასა, ან საიდგან შემოუტანიათ ეს საკრავები საქართველოში, ან რომლის ხალხის საკუთრებას შეადგენს. ამჟამად ეს საკრავები იპოება მრავალგან აზიაში. ერთს თხზულებაში წავიკითხე, რომ შიგ შუაგულ აფრიკაში ნაღარასა ხმარობენო.
ასეა თუ ისე, ის კი საძირკვლიანად ვიცით, რომ ფერხულის ადგილს ვერ დაიჭერს ჰეიდარი და რასტის ალაგს - მაყრული. ყველას თავისი ადგილი აქვს. დიდი საქებურია ის მოქმედება ჩვენის ყმაწვილებისა, რომელნიც სცდილობენ სოფლურის სიმღერების განოტვასა. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საწადელს. ის სიმღერები კი, რომელსაც ისპანურად ეძახიან რომანსეროსა და ფრანციზულად რამანსებსა, ეს სიმღერების კილოები კი, როგორცა სჩანს, რჩება მოძულებულივით და, ვინ იცის, იქნება დაგვეკარგოს კიდეც, რადგანაც ამათს შეგროვებაზე და განოტვაზე არავინ ჰფიქრობს.
ეს, სწორედ მოგახსენო, ჩემო თადეოზ, შესანიშნავი ამბავია. არა მგონია ჰფიქრობდნენ იმას, რომ ბაიათის სიმღერები არ გაინოტებოდეს და, თუ ჰფიქრობს ვინმე ამას, ძალიან შემცდარია. ფიზიკურს კანონებს რომ ვსწერდე, ძალიან ადვილად დაგიმტკიცებდით, რომ ჩონგურს, თარსა, ჭიანურსა, დუდუკსა, ზურნასა, სალამურსა ისევ ის შვიდი ხმა აქვს, რომელსაც ევროპიელნი ეძახიან: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა და სი თავისს დიეზებითა და ბემოლებითა. ამისათვის ყოველი ჩვენებური სიმღერა გაინოტება შეუცდომელად. მაგრამ ეს ხომ ყორღანაშვილმაც დაამტკიცა. არც ის ითქმის, რომ ხალხს მოძულებული ჰქონდეს ჩვენებური მღერა. ამისი დასამტკიცებელი საბუთი, ჩემო თადეოზ, მე თვითონ ვნახე ქართულს თეატრში, სადაც ქალბატონ გაბუნიას სიმღერა სცენაზე ისეთის სიამოვნებით და ტკრციალით მიიღო ხალხმა, რომ გაოცებული დავრჩი, იმანაც კი გამაოცა, რომ თეატრში ჩვენებურის საკრავების მაგივრად უკრავდა ევროპული ორკესტრი, შედგენილი ათიოდე უხეირო „მუზიკანტებისაგან“, რომელნიც თითქო სამადლოდ დაენიშნა ფორკატის ქართულის თეატრისათვის.
როგორ, მოსაფიქრებელი და საწუხარი არ არის, რომ როდესაც ქართველებს საკუთარი თეატრი არა ჰქონდათ, ჰყვანდათ ხოლმე თავისი დამკვრელები და მომღერალნი და ახლა კი თეატრი აქვსთ და ფორკატის ხელში მაყურებელნი არიან. ასე, ჩემო თადეოზ, ჩვენ სულ მუდამ ქუდგადმობრუნებული უნდა დავდიოდეთ და ჩვენსასაც სხვასა ვსთხოვდეთ.
არა, არა მგონია ქართველებმა დაივიწყონ თავიანთი მგოსნები. რადგანაც კარგს მომღერლებსა და დამკვრელებს პატივი აჰყარეს, ამისთვის აღარც მომღერალი სჩანს და აღარც ხეირიანი დამკვრელი. სად არიან ევანგულა, სერგო, იოვანე, ბრილიანტა?... თუ საჭიროება მოითხოვს, განა არ გამოჩნდებიან? ნიჭიერი საზანდრები მდაბიო ხალხში არიან მიმალულნი, იქიდგან მხოლოდ საჭიროება გამოიყვანს. ჯერჯერობით ჩვენის იმედის ბურჯად ვხედავთ ბატონს აღნიაშვილს. იმის განზრახვას ქართულ საკრავების დასის შედგენისას დიდი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ ქართველს ადამიანს (მე აქ სე ტენ ლობიოებს არა ვსთვლი) ჩვენი საკრავებისა უფრო ესმის და უფრო ესიამოვნება ჩვენებური ხმები, ვიდრე რუბენშტეინის მუსიკა, მაგრამ იქამდის მივსულვართ, რომ ჩვენისავე ჩვეულებისა თითქო ჩვენვე გვრცხვენია. რისგან წარმოსდგება ეს ტყუილი სირცხვილი, იქნება შენ ახსნა, ჩემო თადეოზ?
თუმცა ბევრს ჩვენგანს ბევრი არა ესმის რა ნემენცების მუსიკისა, მაგრამ, კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო, უნდათ მარაქაში გარევა. ერთი ყური დაუგდეთ იაკობ სვიმონიძეს (№51 „ივერიის“ 1889), მუზიკალურს კრიტიკოსსა, როგორ იწმაწნება. ისეთს აღტაცებაში მოუყვანია დარდაკოვის სიმღერას, რომ ცხელებამორეულივით ჰბოდავს. ფაფას, ფაფლუკს, ფაფუკს ამსგავსებს დარდაკოვის ხმას. ამას გარდა სტერეომეტრიულის საწყაოთი ჰზომავს დარდაკოვის სიმღერის ღირსებას და ისე ლუყურტად და უგემურად აქებს, რომ მგონია ისიც არ დაეჯერება, რომ თვითონ ავტორსაც მოსწონებოდეს იმისი სიმღერა. ან კი რაში გამოიყენებს დარდაკოვი ქართულ ქებას. რუსულად რომ დაეწერა, მაშინ იქნება დარდაკოვს გაზეთი წაეღო თანა და განთქმულ მუსიკალურ კრიტიკოსის ნათქვამით თავი მოეწონებია ვისთვისმე. თუ არა, რა გამოვიდა, თუკი ვერაფერში გამოიყენებს დარდაკოვი თავის მოარშიყის ჭიკჭიკს.
ასეთი არეულობა არის ჩვენს პატარა ქვეყანაში. სვიმონიძეებს, ბერიძეებს, ქორიძეებს თავის სამშობლოსი ვერა გაუგიათ რა და სხვისას რას გაიგებენ. შუა გზაზე დამდგარნი ვეღარც აქეთს წვერსა სწვდებიან, ვეღარც იქითს; ტყუილად კი არ გვირჩევს ჩვენი კეთილის მყოფი (იხილე „ჩრდილოეთის მოამბეში“ რუსულს ენაზე) ნარ-დონი, რომ დაეშურეთ, ქართველებო, და მალე მოაგროვეთ მოთხრობებიო, ზღაპრები, გადმოცემანი და ამისთანებიო, თორემ ახლის განათლების სხივი ისე ამოგწვავსთო, ისე გაგაქრობთო, რომ ვეღარც კი მოასწრებთ იმათს მოგროვებასაო. აი მოგვდგომია ის მოსალოდნელი განათლების შარავანდედი, რომელიც მთავარს ჭკუას გვიფრთხობს. რასაკვირველია, სვიმონიძეს რომ ერთი ზღაპარი დაეწერა, ის უფრო გამოსადეგი იქნებოდა კაცობრიობისათვის. მაგრამ ნარ-დონი თავისს სიტყვას თვითონვე ამტყუნებს იმითი, რომ თუკი თვითონ ისე დაწვრილებით იცის ფარნაოზ მეფის ავი და კარგი, თუკი მაშინდელს ამბებს რამდენისამე ათასის წლის შემდგომ ცხადად და გულთმისნეულად ჰხედავს, განა ის კი არ შეუძლიანთ სწავლულთა, რომ ათასის წლის შემდგომ საქართველოს ცხოვრების ამბავი შეუცდომლად აუხსნან, ვისთვისაც სანუკვარი იქნება? მაშ სწავლულები რისთვის არიან ქვეყანაზე, თუკი ბაიერნისაგან გაგზავნილი გამოხრული თავი იცნეს პარიჟში და სთქვეს სკვითის თავი არისო. იმათ რა დაემალებათ ცას ქვეშეთ. ამ შემთხვევაში სხვა არაფერი არ არის საჭირო, მხოლოდ იმის მეტი, რომ სწავლულობის სახელი ჰქონდეს დავარდნილი და ამასთან ცოტა გაბედვა და გულადობა; მაშინ ყოველისფერს დაუჯერებენ. აბა, ვინ გაბედავს და ვინ იტყვის, რომ მცხეთაში ნაპოვნი თავი ქართველისა არის და რა სკვითისა, სომეხისა არის და არა სარკინოზისა. სარწმუნო უნდა იყოს, ყველას, ვინც შეიტანს ეჭვს, დაუარდება უზრდელობის სახელი. სწავლულს ყოველისფერი დაეჯერება. მოდი და ნუ დაიჯერებ ნარ-დონისა და ჯანაშვილის ნაამბობს. ესენი დაწვრილებით გიამბობენ, ჩემო თადეოზ, ფარნაოზ მეფის ამბავს, დაგატარებენ იმის სასახლესა, გიამბობენ, რასა სვამდა და რას სჭამდა ფარნაოზი, როდის ეძინა, როდისასჯიდა სახელმწიფო საქმეებს, როგორ ზედმიწევნით იცოდა სპარსული ენა, როგორ ცელქობდა ყმაწვილობისასა და როგორ მისტყეპდნენ ხოლმე მამიდები და დეიდები. ჯანაშვილი ამას დაუმატებს იმ ამბავს, როგორც ერთხელ ფარნაოზ მეფეს მიუტანეს დაწერილი წიგნი (ალბათ ვექსილები იქნებოდა), რომელშიაც მხედრული და უშნო ხუცური ასოები იყვნენ ერთმანეთში შერეულნი. ძალიან გარისხდა და გასცა ბრძანება, რომ ამ მშვენიერს მხედრულს ასოებში ხუცური არ აერიათ. არ არის არც იოტისოდენი ეჭვი, რომ ბ-ნ ცაგარელს ის გამბედაობა ჰქონდეს, რაც ნარ-დონსა აქვს, მაშინ შავ ზღვაში ქვიშას დაგვითვლიდა და არც ნარ-დონის საყვედურის ღირსი შეიქმნებოდა. ნარ-დონს უთუოდ ერთი რაღაც დინგი უნდა ჰქონდეს, ისე სუნით მიაგნებს, თუ სადმე არის დამალული და რაც დიდი ხნისა იქნება იმისი საუნჯე შენახული, მით უფრო მალე მიხვდება. ამისთანა ბრძენისათვის გამბედაობის მეტი ხომ არა არის რა საჭირო. რაც უნდა სთქვას, ბოლო საბუთად გამოდგება ყველა მოლაყბესავით, მეტადრე, თუ ხმა არავინ ამოიღო და არ დაურღვია დაწყობილი და გამოგონილი აზრები. მერე იტყვიან, აი უტყუარი, დაურღვეველი საბუთიო.
[1889 წ. 4-27 აპრილი]
წერილები სხვადასხვა რაგინდა-რაზე
ხელნაწერი: ასლი, U № 1052.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1889 წ., 28 IV, № 88, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა: 1889 წ., 27 IV).
ხელმოწერა: სფირიდონ ჩიტორელიძე.
ამ სათაურით ილიამ ორი წერილი გამოაქვეყნა, - ორივე სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით. პირველი წერილი (დათარიღებული 4 აპრილით), რომელიც არ ეხება ხელოვნებისა და ლიტერატურის საკითხებს 1889 წლის 25 აპრილის ნომერში დაიბეჭდა (№ 85).
„წერილები...“ შეტანილია თედო სახოკიას მიერ 1917-1920 წლებში შედგენილ „ილია ჭავჭავაძის ბიბლიოგრაფიაში“ (იხ. ჟურნ. “მაცნე”, 1981 წ., № 2, - ლ. ჭრელაშვილის პუბლიკაციით).
წერილის ილიასეულობა დაადგინა ლ. ჭრელაშვილმა. ფსევდონიმ სფირიდონ ჩიტორელიძის ილიასეულობის თაობაზე იხ. შენიშვნა წერილისა „წერილები გადაღმითგან“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
ერთი ყური დავუგდოთ იაკობ სვიმონიძეს (№ 51 „ივერიის“ 1889 წ.) მუსიკალურს კრიტიკას... - იგულისხმება იაკობ გოგებაშვილის წერილი „ტარტაკოვის კონცერტი“, რომელიც „ივერიის“ 1889 წლის 9 მარტის ზემომითითებულ ნომერში დაიბეჭდა.
476. 15-27 ...მოდი და ნუ დაიჯერებ ნარ-დონისა და ჯანაშვილის ნაამბობს. ესენი დაწვრილებით გვიამბობენ, ჩემო თადეოზ, ფარნაოზ მეფის ამბავს... ჯანაშვილი ამას დაუმატებს იმ ამბავს, როგორ ერთხელ ფარნაოზ მეფეს მიუტანეს დაწერილი წიგნი (ალბათ ვექსილები იქნებოდა), რომელშიაც მხედრული და უშნო ხუცური ასოები იყვნენ ერთმანეთში შერეულნი. ძალიან განრისხდა და გასცა ბრძანება, რომ ამ მშვენიერს მხედრულს ასოებში, ხუცური არ აერიათ... - ილიას მხედველობაში აქვს ივანე ჯაბადარის მიერ პეტერბურგის ჟურნალი „სევერნი ვესტნიკის“ თებერვალ-მარტი ნომრებში (№№ 9, 10) «Н. Д.»-ს ფსევდონიმით დაბეჭდილი ნაშრომი «Письма о Грузии» და მოსე ჯანაშვილის მიერ 1887 წელს ილია ოქრომჭედლიშვილის წინააღმდეგ დაწერილი წერილების სერია (გაზ. „ივერია“. №№ 115-119, 121-123, 127-128) - „რა დროს და საიდგან შემოიღეს ქართული ანბანი“.
წინამდებარე წერილი დათარიღებული არ არის, მაგრამ რადგან ჩვენ მიერ ზემოთ მოხსენიებულ - 1889 წლის გაზ. „ივერიის“ № 85-ში ამავე სათაურით დაბეჭდილ ილიას წერილს, როგორც აღვნიშნეთ, თარიღად 4 აპრილი უზის, წერილი. ცენზურის ნებართვის ზემომითითებული თარიღის გათვალისწინებით, 1889 წლის 4-27 აპრილით დავათარიღეთ.
![]() |
2.53 დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო |
▲back to top |
ტფილისი, 12 თებერვალი
დიდი უბედურება გვეწვია! გულმა შემოგვკვნესა და საზარელი, გულჩამწყვეტი ხმა გაისმა. ელდასავით შემოირბინა ამ ხმამ ჩვენი ქვეყანა და მისწვდა ყოველს კუთხეს, ყოველს კუნჭულს, საცა კი ერთი ქართველი მაინც არის, მისწვდა და თავზარი დასცა.
შეუბრალებელმა სიკვდილმა წაგვართვა უკეთესი შვილი მამულისა, უკეთესი შვენება, სახელი და თავმოწონება ჩვენი. აღარ გვყავს დიმიტრი. ჩვენი მშვიდი, ჩვენი თავდადებული, უწყინარი და ყველას ერთნაირად შემწყნარებელი, ყველასათვის ერთნაირად გულშემატკივარი მამულიშვილი, აღარა გვყავს დიდი გულმოდგინე, პირუთვნელი მოამბე მამა-პაპათა თავგადასავალისა.
განქრა ლამპარი, წარსულთა დროთა გასანათებლად ანთებული, მოსწყდა ვარსკვლავი, წარსულის წყვდიადის გასაშუქებლად ამოსული, ჩაქრა ცეცხლი მამა-პაპათა სამაგალითო სიყვარულისა, მათთა საქმეთა თავდაუზოგველის, გამუდმებულის კვლევა-ძიებისა!
დიმიტრი თითქმის მარტოდმარტო შეეჭიდა ამ ორმოცის წლის წინად დიდსა და ძნელს საქმეს ჩვენის წარსულის გამორკვევისა და გამოძიებისას და სიკვდილამდე მარტომ ჰზიდა ეს ტვირთი. ბევრმა არ იცოდა მაშინ, რა დიდს საქმეს მოჰკიდა ხელი და ეს დიდი საქმე რა დიდ სიყვარულს, რა თავდადებას ითხოვდა შესასრულებლად. ბევრმა არ იცოდა მაშინდელს უმეცრებასა და სიწყვდიადეში, რას მოასწავებდა დიმიტრის ამაგი, მისი ღვაწლი წარსულის ძიებისა. მარტო იყო, უამხანაგო, უმწეო, მარტომ გადასწმინდა გამოცდილის ხელით მტვერი ძველ ხელნაწერებს, ეტრატებს, ძველისძველ გუჯრებსა და სიგელებს და მკვდართა ამა მოწამეთა ხმა ამოაღებინა, აალაპარაკა მოსათხრობლად ძველისა. არ დარჩა ძველი ტაძარი, ძველი ეკკლესია, არ დარჩა თითქმის არც ერთი ქვა წარწერილი, არც ერთი ძველი ნაშთი, რომ მის მიერ ნახული და გამოძიებული არ იყოს.
და აი როცა ღვაწლი იმისა მოიმწიფა, ამაგმა მისმა გამოიღო ნაყოფი, როცა სახელი დიმიტრისა გაისმა თავმოწონებით, არა თუ ჩვენში, არამედ რუსეთსა და ევროპაშიაც კი, როცა დიმიტრის მეოხებით განათდა, გაშუქდა ამბავი ჩვენთა წინაპართა, როცა გვაცოდინა, ვინა ვართ და რანი ვართ, როცა ყველამ დავინახეთ საქმენი მისნი, თავდადება დიმიტრისა და აღვივსენით იმის სიყვარულითა და პატივისცემით, როცა იგი ჯერ კიდევ მხნე იყო და მეტის იმედს იძლეოდა, სწორედ ახლა დადუმდა, ახლა გადუტყდა კალამი ხელში, ახლა გამოეთხოვა, გამოესალმა ყოველსავე, რაც უყვარდა უმეტეს საკუთარის თავისა, უმეტეს სიცოცხლისა, რასაც ემსახურა თითქმის ნახევარ საუკუნე!
შენ წარხვედ და საქმენნი შენნი დაგვრჩნენ ჩვენ შენდა სახსოვრად. ჩვენ არ დაგივიწყებთ არც შენ და არც შენს ღვაწლს, არც შენს ამაგს, არც შენს თავდადებას ისტორიისათვის იმიტომ, რომ გვახსოვს სახელოვანის მიშლეს ნათქვამი: ისტორია აღდგომა არისო და შენ ისტორიით აღგვადგინე.
არ დაგივიწყებთ იმიტომ, რომ არდავიწყება ისტორიისა, რომელსაც შენ შესწირე შენი სიცოცხლე, ანთებული კერაა მამულიშვილობისა, სამშობლოს სიყვარულისა და ეს კერა შენ აღგვინთე.
არ დაგივიწყებთ იმიტომ, რომ მხოლოდ იმას შეუძლიან თვალი გაუსწოროს და უშიშრად უცქიროს მერმისს, ვინც იცის წარსული და ეს წარსული შენ გვაცოდინე.
არ დაგივიწყებთ იმიტომ, რომ მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა და ეგ წარსული შენ მოგვეცი.
არ დაგივიწყებთ იმიტომ, რომ „ყოველი ერი ისტორიით სულდგმულობს, რომ ისტორიაა საგანძე, საცა ერი ჰპოულობს თვისის სულის ღონეს, თვისის გულის ძგერას, თვის ზნეობრივსა და გონებრივს აღმატებულობას, თვის ვინაობას, თვის თვითებას“ და შენ ყოველივე ესე გაგვითავისწინე.
დასასრულ, არ დაგივიწყებთ შენ იმიტომ, რომ შენნი საქმენი ჩვენზედ უკეთესად ჰღაღადებენ შენს დაუვიწყრობას, შენს საუკუნოდ ხსენებას!
[1890 წ., 9 თებერვალი]
დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1890 წ., 13 II, № 32, გვ. 1.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად.
წერილი ილიასეულად მიიჩნია თ. მაჭავარიანმა, რომელმაც შეიტანა იგი „ქართული გაზეთების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში“ (ტ. III, ნაკვ. I, 1964 წ.), წერილი შეტანილია აგრეთვე თ. ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას წიგნში - „ილია ჭავჭავაძე. ბიობიბლიოგრაფია. 1857-1907“. წერილის დასათაურება დასახელებული წიგნიდანაა აღებული).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
![]() |
2.54 დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლი |
▲back to top |
ტფილისი, 13 თებერვალი
13 თებერვალს, სამშაბათს, დაასაფლავეს დიმიტრი ბაქრაძე დიდის ყოფითა და ცერიმონიითა. დიდძალმა ხალხმა პატივი სცა და მიაცილა იგი უკანასკნელ ბინამდე. აქ ჰნახავდით ყველა წოდების ხალხს.
ზოგს, ამ დიდების და გაპატიოსნების მნახველს, როგორც ეტყობოდა, არ ესმოდა, რის გამო სცა ამოდენა პატივი ქართულმა საზოგადოებამ, „რა საზოგადო საქმე ჩაიდინაო ისეთი?“ ჩვენ გძლად არ გავაბამთ ლაპარაკს და ამ „ზოგთ“ აი რას ვეტყვით პასუხად:
„ივერიაში“ უკვე ნათქვამია, რომ ვისაც ნამყო არა აქვს, არც აწმყო აქვს, ვისაც აწმყო არა აქვს, იმას არც მომავალი აქვს. იმ კაცმა, რომელსაც ჩვენ უკანასკნელად გამოვესალმენით, მთელი ორმოცი წელიწადი იღვაწა და დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ ნამყო გვქონდა, აწმყო გვაქვს და მომავალი გვექნება. იმედი ხვალისა მან მოგვამადლა ჩვენ. თვითონ წავიდა და ჩვენ ხელთ მოგვცა მწვანე შტო იმედისა, სასოებისა, რომელიც მან ხეს მეცნიერებისას და ცნობადისას მოჰკვეთა და ნოეს მტრედსავით მოგვიტანა და გვახარა: ნუღა გეშინისთ წარღვნისაო. სხვაგან ამისთანა კაცის საფლავი სალოცავია მამულისა.
ახლა ხომ ცხადია, სად არის სათავე იმისი, რომ დღეს თითქმის მთელი საქართველო მისტირის დ. ბაქრაძეს, როგორც საუკუნოდ დადუმებულ მახარობელს ჩვენის იმედისას, ჩვენის სასოებისას.
[1890 წ., 13 თებერვალი]
დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1890 წ., 14 II, № 33, გვ. 1.
წერილის ატრიბუციისა და დასათაურების შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
![]() |
2.55 კარგად წაკითხვა წასაკითხისა |
▲back to top |
ტფილისი, 17 თებერვალი
დიდი რამ არის, ვინც იცის კარგად წაკითხვა წასაკითხისა. ერთი ფრიად სასიამოვნო და ფრიად სასარგებლო ხელოვნება ეგ კარგად წაკითხვაა და ვისაც ამ ხელოვნების უნარი აქვს, შეუძლიან სთქვას, რომ მეც მომმადლებია მადლი ღვთისაგანაო, არც მე დავვიწყებივარ ჩემს დამბადებელსაო. კარგად წაკითხული სიტყვა ერთი ათად აძლიერებს აზრსაც, გრძნობასაც, რადგანაც ერთსაცა და მეორესაც მეტისმეტად ამშვენიერებს და ამკობს, აცხოველებს და აფერადებს. ამის გამო ხელოვნური, კარგი წაკითხვა არა მარტო სასურველია, სასარგებლოც არის, ნამეტნავად იქ, საცა წასაკითხს საქმე გრძნობასთან აქვს, საცა სიტყვამ გულამდე უნდა მიაღწიოს მთელის სავსეობით, მთელის თავის სიღრმე-სიგანით, მთელის თავის მხურვალებით, რომ გული მისძრას-მოსძრას, ჩვეულებრივ თვლემისაგან გამოაფხიზლოს და ფრთა შეასხას ან ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის, ანუ რისხვისა და წყრომის ქარტეხისა და ჭექა-ქუხილისათვის.
ძლიერია თავისთავადაც სიტყვა. ხოლო რაც გინდ ზედმიწევნილი იყოს, რაც გინდ ზედგამოჭრილი, რაც გინდ მოსწრებული, სიტყვა ბუნებითად მაინც უძლურია მთელი „მზიან-ჩრდილიანობა“ გრძნობისა გამოსთქვას უმეტნაკლებოდ. სიტყვას, მთელის ხელოვნების მეოხებით მორთულსა და გაწყობილს, მაინც ბევრი იმისთანა ჰრჩება გამოუთქმელად, რაც მთქმელის გულში ჰბგერს და სძგერს და რაშიც საკუთრივ არის ძალ-ღონე, მთელის ასე თუ ისე გამოსათქმელ გრძნობისა. სიტყვა, ენა კაცისა უღონოა ყოველივე ეს აღმობეჭდოს იქამდე ზედმიწევნით, რომ მსმენელმა იგრძნოს მთელი სავსეობა გულის ძგერისა. მარტო შეწყობილს, შეფერებულს ხმას ადამიანისას ანუ, უკედ ვსთქვათ, წაკითხვას შეუძლიან გაუწიოს სიტყვას იგი სამსახური, რომ საიდუმლო გამოთქმული ბგერა, ბგერა და მოძრაობა გულისა გამომეტყველდეს და მთქმელისაგან მსმენელს გადაეცეს სავსედ და უნაკლულოდ.
აქ ხმა სიტყვას ჰშველის და სიტყვა ხმასა. მოჭარბებული არ მოგვივა ვსთქვათ, რომ აქ ცოტად თუ ბევრად სიტყვიერება ჰმუსიკობს და მუსიკა ჰსიტყვიერობს. სწორედ მუსიკა და სიტყვიერება აქ ხელიხელ ჩართულნი არიან საყვარელ და-ძმასავით, რომ ერთმანეთის შემწეობით, ერთიანი გრძნობა აღმოშობონ მთელის ზედმიწევნილობით და ძალ-ღონით. ტყუილად კი არა სთქვა სახელოვანმა ლესსინგმა, რომ პოეზია ენამეტყველი მუსიკაა და მუსიკა უტყვი პოეზიააო. აქ რომ სიტყვა „პოეზია“ „სიტყვიერებად“ შევცვალოთ, დიდი შეცდომა არ მოგვივა, იმიტომ რომ ხმა-შეწყობილი გამოთქმა სიტყვისა, თუნდა უბრალო ლაპარაკში, თუ მთლად მუსიკა არ არის, მისი ერთი დარგია მაინც, რადგანაც მის კანონს ცოტად თუ ბევრად ექვემდებარება.
ასეა თუ ისე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წასაკითხისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად სასურველი არ იყოს ყველგან საერთოდ და იქ ცალკე, საცა გრძნობა გრძნობას ელაპარაკება, რომ გული აღიძრას ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის, როგორც ზემოდა ვსთქვით. ეს ამისთანა ადგილი ეკკლესიაა, რომლის ზარი მიიწვევს ხოლმე ხალხს ლოცვისათვის და წასაკითხი კიდევ სამღვთო წერილია, რომლის მაღალმეტყველებამ უნდა განმსჭვალოს მთელი კრებული მლოცველთა ერთიანის სასოებითა და ღვთის მიმართ აღმაფრენით.
ჩვენთა წინაპართა კარგად ესმოდათ, რა დიდი ზედმოქმედება აქვს კარგად წაკითხულს სამღვთო წერილს ეკკლესიაში, საცა დიდება და სახელი ღვთისა შეჰკრებს ხოლმე ღვთის მოსავს ხალხსა საერთო ლოცვისა და ვედრებისათვის. კარგად ესმოდათ და ძვირადაც აფასებდნენ კარგად მკითხველს მღვდელს, მთავარს-თუ დიაკვანსა. ჩვენ ზოგიერთი იმისთანა მაგალითებიც ვიცით, რომ ყმობიდამაც კი განუთავისუფლებიათ კაცი მარტო იმისთვის, რომ კარგი კითხვა სცოდნია სამღვთო წერილისა. ბევრს, უკვე განსვენებულს მოძღვარს, დღესაც პატივისცემით იხსენიებს ქართველობა კარგის კითხვისათვის. მამა ტარასის, დანიელ ზურიაშვილს და ბევრს სხვას დღესაც ბევრნი ჰნატრულობენ და ქებითა და პატივისცემით იხსენიებენ.
ჩვენი უწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწურთვნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ვლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთ აღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრა მაღლისა და სიკეთისათვის ბევრად დამოკიდებულია სამღვთო წერილის კარგად წაკითხვაზედ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეკკლესია სახლია ღვთისა, საცა ხალხი თავს იყრის, რომ მღვდელმსახურთა წინამძღვრობით ერთად ილოცონ, ერთად ევედრონ, ერთად იგემონ ის წყნარი და უცოდველი სიტკბოება, რომელსაც გაღვიძებული გრძნობა სარწმუნოებისა მოუვლენს ხოლმე ღვთისმოსავს ადამიანს. აი რა მიიზიდავდა, რა მიიწვევდა ხოლმე ჩვენში მლოცველს წირვა-ლოცვაზედ უწინდელ დროში.
იესო ქრისტემ ბრძანა, საცა ორი და სამი შეიკრიბებით სახელითა ჩემითა, მეც თქვენთანა ვარო და ეკკლესიამ, წირვაა თუ ლოცვა, უნდა გვაგრძნობინოს ჩვენთან ყოფნა ქრისტესი, როცა ერთად თავმოყრილი ვართ ეკკლესიაში. ამას მარტო კარგად და სასოებით გამოთქმულ ლოცვით, კარგად და სასოებით წაკითხულ სამღვთო წერილით გვაგრძნობინებს ხოლმე იგი წმინდა საკრებულო, რომელსაც სახლი ღვთისა ჰქვიან. აი მიზეზი, რომ დიდი და პატარა უწინდელ დროში მიისწრაფებოდა ეკკლესიაში სალოცავად, როცა წირვისა თუ ლოცვის ზარი სამრეკლოდამ გაიხმაურებდა.
ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ქართულად კარგი მკითხველი სამღვთო წერილისა იშვიათია და ძნელად მოიპოვება ჩვენს სამღვდელოებაში. დღეს აღარავის არ მიაჩნია სასიქადულოდ კარგად კითხვა ეკკლესიაში და ეს არცოდნა კითხვისა მით უფრო უნდა ემძიმებოდეს სამღვდელოებას, მით უფრო შესაწუხებელი უნდა იყოს, რომ, თუ სულ არა, ბევრში მაინც ამაზეა დამოკიდებული მეტნაკლებობა სარწმუნოებრივის გრძნობისა, რომელსაც ეკლესია დღეყოველ უნდა აღვიძებდეს და აძლიერებდეს. ამისათვის სამღვდელოებას ხელთა აქვს ის დიდებული, მშვენიერი სიტყვიერება ქართულის სამღვთო წერილისა, ქართულის ლოცვებისა, რომლის ძალა, რომლის ზედმოქმედება გულს თავის ბუდეში სასოებით შესძრავს ხოლმე, როცა კარგად წაკითხულია, კარგად გამოთქმულია.
ჩვენ კარგა ხანია არ გაგვიგონია ჩვენის სამღვდელოებისაგან კარგად თქმული ლოცვა ან კარგად წაკითხული სამღვთო წერილი ეკკლესიაში. არც არსაიდამ ისმისღა ხმა, რომ ამისთანანი დღეს იყვნენ სადმე. სამწუხაროა ეს ამბავი და მით უფრო მადლობით სახსენებელია მთავარდიაკვანი კარგარეთელი, რომელმაც დ. ბაქრაძის დასაფლავების დღეს წაიკითხა წმინდა სახარება; მან დაგვანახვა, რომ ჯერ კიდევ - ღვთის მადლით - ჩვენ, ქართველები, არ გამოვკლებივართ მშვენიერს კითხვას, რომ ჩვენში არიან კიდევ იმისთანა ღვთისმსახურნი, რომელთაც მიმადლებული აქვთ ნიჭი და ცოდნა, დიდებული მეტყველება სამღვთო წერილისა მსმენელთა გულში უმეტნაკლებოდ აღბეჭდონ და ღვთის მიერ აღთქმული ნუგეშინის ცემა და სასოება ხსნისა უნუგეშოს და უსასოოს ღვთისმოსავს მიჰმადლონ. მთავარდიაკვანმა კარგარეთელმა თავის სასახელოდ ეს შესძლო და ეს, ვით იშვიათი ამბავი, მეტი არ არის, რომ ჩვენ ჩვენს მატიანეში შევიტანეთ ჩვენის სამღვდელოების სამაგალითოდ და საყურადღებოდ.
[1890 წ., 17 თებერვალი]
კარგად წაკითხვა წასაკითხისა
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1890 წ., 18 II, № 37, გვ. 1-2.
დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად, წერილი შეტანილია თედო სახოკიას „ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ბიბლიოგრაფიაში“ (იხ. ჟურნ. „მაცნე“, 1981 წ., № 2) წერილი ილიასეულად არის მიჩნეული აგრეთვე თ. მაჭავარიანის „ქართული გაზეთების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში“ (ტ. III, ნაკვ. II, 1964 წ.) და თ. ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას წიგნში „ილია ჭავჭავაძე, ბიობიბლიოგრაფია. 1857-1907“ (1966 წ.).
წერილის ილიასეულობა დაასაბუთა და გამოაქვეყნა ნ. შალუტაშვილმა 1969 წელს. - იხ. მისი „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
![]() |
2.56 ერნესტო როსი მეფე ლირის როლში |
▲back to top |
კვირას, 27 მაისს, სახელგანთქმულმა მთელს ევროპაში არტისტმა როსიმ წარმოადგინა თავადაზნაურთა ბანკის თეატრში „მეფე ლირი“ შექსპირისა. ამავე დღეს რუსეთში გამოჩენილ არტისტ ქალის სავინას ბენეფისი იყო და მთელი საზაფხულო სახელმწიფო თეატრი აივსო, მაგრამ ამ გარემოებამ არ დაუშალა ტფილისის საზოგადოებას აევსო მთელი ბანკის თეატრიცა. თუმცა ფასები ადგილებისა ერთიორად გაეხადნათ, მაგრამ მაინც თეატრში ტევა არ იყო, არამცთუ ლოჟები, სკამები პარტერში იყო გაჭედილი მაყურებლებითა, არამედ სხვა მრავალი მიდგმული სკამებიც პარტერის აქეთ-იქით და იქ, სადაც მემუსიკენი სხდებიან ხოლმე. ეგრეთწოდებული „ქანდარაც“ კი (რაიოკი) ძლივს იტევდა ხალხსა.
„მეფე ლირი“ ერთი უმთავრესი და უკეთესი როლია ბ-ნ როსის რეპერტუარშიო, ამბობენ კრიტიკოსები, და თვით არანაკლებ სახელოვან არტისტს სალვინის უთქვამს თურმე, რომ „მეფე ლირის“ წარმოდგენაში პირველობა და უპირატესობა ბ-ნ როსის უნდა დავულოცოთ ყველამაო. მართლა რომ კარგი რამ იყო ბ-ნი როსი კვირა დღეს მეფე ლირში. საზოგადოება აღტაცებული დარჩა. მშვენივრად მოუვიდა წყევლა უფროსის ქალისა გონერილასი. ყველა მშვენიერებაზე უმშვენიერესად გაატარა ის ადგილი, როცა უფროსის ქალისაგან გულნატკენი ლირი შესჩივის მეორე ქალს რეგანას - რა უდიერად და უმადურად მომექცა შენი და გონერილაო. ვერ წარმოიდგენს კაცი, რა საოცრებით გადადიოდა ხოლმე როსი წყრომის ელვა-ჭექისაგან, როცა იგონებდა უფროსის ქალის ქცევას, იმ სილბოსა და სიტკბოზე, როცა რეგანას ეუბნებოდა, - „არა, რეგანავ, შენ იმისთანა არა ხარო“. მეტისმეტად კარგი რამ იყო ბ-ნი როსი, როცა უფრო ქალის უმადურობისაგან ყელში სისხლმოსული იკავებს რისხვასა და წყრომასა და თითქმის გულამოჯდომით ეუბნება, შენდობასავით: ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, მე შენს თავზე არ მოვიწვევ რისხვას მღვთისას, რომ მოხუცებულს მამას ესე მოეპყარიო. ხოლო კალმით აუწერელია და უნახავადაც დაუჯერებელი იგი სცენა, როცა ლირი, შემდეგ ჭკუისაგან შეშლისა, იღვიძებს კარავში, გონზე მოდის და ცნობილობს მის მიერ უსამართლოდ განდევნილს და დაწყევლილს უმცროსს ქალს კორდელიას და მის მიერვე დასჯილს ერთგულს კენტსა. როცა როსი წამოდგა ფეხზე საწოლიდამ, მივიდა კორდელიასთან და მოწიწებით მუხლზე დაეშვა თავის უმცროს ქალის წინაშე და შენდობა სთხოვა, უსამართლოდ მოგექეციო, ეს სცენა ისეთის უაღრესის ცოდნით, ოსტატობით და გრძნობით გაატარა, რომ არა გვგონია მომეტებული ხელოვნებაღა შესაძლისი იყოს ადამიანისაგან. ბევრს მაყურებელს, თუ არა ყველას, ამ სცენის დანახვაზე გული ამოუჯდა და ბევრმა გულამოჯდომისაგან ყურება ვეღარ შესძლო, ვერ აიტანა. კალამი უღონოა, სიტყვა ადამიანისა უქმია წარმოსთქვას ის „ქებათაქება“, რომელიც ღირსეულად ეკუთვნის ბ-ნ როსის. ვისაც როსი არ უნახავს „მეფე ლირში“, ის ნუ იტყვის, რომ ხელოვნება მინახავსო: ის გონებითაც ვერ მისწვდება, რა შესძლებია ჭეშმარიტს ხელოვნებასა და მღვთისაგან მიმადლებულს და სწავლისაგან გაბრწყინვალებულს არტისტსა. ერთის სიტყვით, ბ-ნმა როსიმ გვაჩვენა და თვალწინ გაგვიტარა ცხოვლად და ნამდვილად მეფე ლირი - ეს უცნაური და ჰოარაობით და ავკარგიანობით სავსე კაცი მთელის მისის უხიაკობით, მთელის მისის მეტნაკლებობით. გვაჩვენა იმისი საშინელი რისხვა, წყევლა-კრულვა, უაღრესის გრძნობის ჭექა-ქუხილი, მეფური თვითნებობა და მოუდრეკელობა და ამასთანავე მისი კაცური კაცობა, მისი ადამიანური გულმტკივნეულობა, მისი ჭეშმარიტი გულლბილობა, დატკბობა, სიყვარული, ალერსიანი სიტყვა იქ, საცა გულისძვრალირისა მოითხოვდა.
ბ-ნ როსის ხელოვნებისაგან გაოცებულნი მაყურებელნი დიდის ყოფით და ამბით დახვდნენ სახელოვან არტისტსა, ტაშისა და ბრავოს ძახილს დასასრული არა ჰქონდა. ბოლოს, როცა წარმოდგენა გათავდა და ბ-ნი როსი ხელახლა გამოწვეულ იქმნა, ბ-ნი ფორკატი თან გამოიყვანა სცენაზე და ნიშნად მადლობისა ხელი მისცა.
[1890 წ., 27-28 მაისი]
ერნესტო როსი მეფე ლირის როლში
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1890 წ., 29 V, № 110, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა: 1890 წ. 28 V).
რეცენზია უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ატრიბუციისა და პუბლიკაციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა“ ვეძებდი და რა ვპოვე“)“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. დასათაურებულია ტომის შემდგენლების მიერ.
წერილს ვათარიღებთ „მეფე ლირის“ წარმოდგენისა და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
![]() |
2.57 წერილი მეგობართან |
▲back to top |
28 თიბათვეს შევესწარი რატილის ქართულ ხოროს გალობას, უწინ რომ ნემცების კოლონია იყო, იქაურს ბაღში; სწორეთ გითხრა, ძალიან მიამა ეს შემთხვევა. აი ახალი ამბავი ჩემთვის... გამოცხადებული იყო, რომ ქართული ხორო რატილის ლოტბარობით იმღერებსო შემდეგ სიმღერებს: ნანინასა, ვის რა უნდა, რებასა, გემსა, შევკრათ წითელ-წითელი, ჩუხჩუხით ჩამორბოდა, თამარის დროშა, დელი-ოიდა, უკვე მიხმობს, გალიაში რომ გავზარდე, დილა, კუნჩხა ბედნიერი და აღსდეგ, გმირთაგმირო. მე ასე მეგონა, რომ ისე მოაწყდება ამ ბაღს ქართველობა, რომ ადგილსაც ვერსად ვიშოვნი-მეთქი, მაგრამ ძალიან შევცდი. ძუნძულით სიარულმა უსაგნოდ ჩამიარა. როგორც თქვენ, ჩემო თადეოზ, არა ბრძანებულხართ იქ, ისე დანარჩენი ქართველები. თეატრში მივიხედ-მოვიხედე და ერთადერთი თავდახურული ქართველი ქალი იყო და ორიოდე კაცი, დანარჩენი რუსები იყვნენ. ახადეს ფარდა და დავინახეთ 10 თუ 12 კაცი, ქართულად ქულაჯებით მორთულები, კარგი წარმოსადეგნი, კარგად დარბაისლურად მქცევნი და წინ უდგათ ფრაკჩაცმული თვითონ რატილი, ხნიერი, სასიამოვნო შეხედულების კაცი, პატარა ტანისა და სათვალებიანი. მოჰყვნენ სიმღერას და ერთიერთმანეთს მოაყოლეს სხვადასხვა ხმა: ქართული, იმერული, მეგრული, კახური და რამდენიმე ევროპიულიც.
პირველი განყოფილება რომ შეასრულეს, გამოვედით ბაღში სასეირნოდ. აირია ხალხი, ზოგი აქებდა, ზოგი აძაგებდა. იმათში ერთი ყმაწვილი კაცი მეტად ცერცვივით ხტოდა და ყველას იმას ჩასძახებდა: აი, ქულაჯები ჩაუცვამთ და რუსეთში უნდა წავიდნენ და ფრანციზული ხმები იმღერონო. რადგანაც რუსულად ეცვა და რუსულად ლაპარაკობდა, არ ვიცით, ვინა ბრძანდებოდა და რის თქმა უნდოდა ამ სიტყვებით?
თუ ისა სწყინდა, რომ ქართულის ტანისამოსის მქონეთ ფრანციზულის ხმების მღერა არ შეშვენითო, იქ ტანისამოსს რა მნიშვნელობა აქვს? რა უჭირსთ, სლავიანსკის ხორის მგალობელთ რომ პადიოვკები აცვიათ და ევროპიულს ხმებსა მღერიან? რა არის აქ ცუდი? თუ იმ გაცხარებულს ყმაწვილ კაცს ქართული ხმები უფრო უყვარს სხვა ხმებზე და ის აწუხებდა, რომ ამ სიამოვნებას რად მოაკლო ქართულმა ხორომა, ესეც დიდი უსამართლობაა, იმიტომ რომ რატილის ხოროს ქართველები სულ არ ეტანებიან და იმათის იმედით რომ დარჩნენ, შიმშილით დაიხოცებიან ეს მომღერალნი და, არამც თუ რუსეთში, ვგონებ მცხეთამდისაც ვერ მიაღწიოს; მეორე ისა, რომ ევროპიული ხმები, რომელსაც ესენი მშვენივრად მღერიან, განა ქართველებს კი გულს დასძმარავს, რომ გაიგონონ; მესამე ისა, რომ მარტო ოროველას სიმღერითა და დელა-ოიდასით განა წინ წავდგებით და კარგის რისამე გემოს გავიგებთ? მეოთხე ისა, რომ ხომ ჰხედავს ის დალოცვილი ამ არეულ-დარეულ ხალხს, სიმღერები როგორღა გადარჩება შეურეველი? თეატრში იყო-მეთქი ძალიან ცოტა ხალხი, მაგრამ ეს ცოტა ხალხიც შერეული იყო; იქ იყვნენ ძალიან ცოტა ქართველები, ბლომად რუსები, ნემენცები და ფრანცუზებიც; რა დააშავა ხორომ, რომ ყველაგვარი ხმები იმღერა, ყველას მოაგონა თავისი სასიამოვნო სიმღერა? ამ შემთხვევაში ისიც არის შესანიშნავი და სასიამოვნო, რომ რატილის ხორო ევროპიულს ხმებს ქართულის სიტყვებითა მღერის და, როგორც შევნიშნე, სიმღერები კარგადაც არის ნათარგმნი.
სწორედ ასე ფიცხობდნენ ქართველები მაშინაც, როდესაც ცხონებულმა გიორგი ერისთავმა ქართული თეატრი გამართა. ყველას როგორღაც ეჩოთირებოდა, რაღაც უკმაყოფილებასა გრძნობდა, მაგრამ ვერ გამოეკვლიათ კი, რაში მდგომარეობდა ეს უკმაყოფილება და ზოგი ალთას იძახდა, ზოგი ბალთას. ბოლოს შეეჩვივნენ და მგონია არც ერთს ხალხს არ შეუთვისებია ისე თეატრი, როგორც ქართველებს.
როგორც გიორგი ერისთავია დამაარსებელი ქართულის თეატრის, ვინ იცის, იქნება ბატონი რატილი შეიქმნეს დამაარსებელი ქართულის ოპერისა. ჩემო თადეოზ, მე იმ კონცერტზედ ქართულის ოპერის სუნი მომედინა. ვინ იცის, რამდენმა სხვადასხვანაირმა ფიქრმა და ოცნებამ გაირბინა ჩემს ტვინში, როდესაც ყურს ვუგდებდი რატილის ხოროს სიმღერას. იქნება დადგეს ისეთი დრო, რომ ქართულ ენაზედაც დაიწეროს ოპერის მსგავის რამ ჩვენის ძველ მატიანედგან და რატილის შთამომავლებმა მომღერლებმა ჩაგვიღიღინონ რამ თამარ მეფის ცხოვრებიდგან ან გიორგი სააკაძის მიერ მოქმედებიდგან?...
დავუბრუნდეთ ისევ რატილის ხოროს სიმღერებს. იმის კონცერტი შემდეგაცა ვნახე ქალაქს გარეთ სამჯერ; მაშასადამე, სულ ოთხჯერ მოვისმინე ახლად შემდგარ ხოროს სიმღერა. ზემოდ მოხსენებულ ხმებს გარდა მოვისმინე: გავლესოთ, ძმებო, ნამგალი; კაცი ის არის; ჯგირი-ჯგირიშა; ორთავ თვალის სინათლევ; ვინა სთქვა საქართველოზე; მოდი, ჩემო კალამო; თვალის ჩინო, გულისავ; ვის რა უნდა (ჩეხური სიმღერა); მაღლა ცაზედ; ფაცხა; აღარ მწადიან ცხვარშია; გლესავთ და გლესავთ, ნამგალო; სამშობლო (შკრაუპის თქმული), ლაჟვარდს ცაზე (ტოვაჩევსკის ნათქვამი), მუმლი მუხასა და სხვ.
ამაში, ჩემდა სამწუხაროდ, არ ერია არც ერთი ისეთი ხმა, რომ გამეგონოს სადმე და მცოდნოდეს, ორთავ თვალის სინათლეს გარდა. სულ პირველი გაგონება იყო ამ ხმებისა. მომეტებული ხმები იმერული, მეგრულია, გურული და კახური და ქართლური კი არ ვიცი რომელია, ვერავინ ვერ გამომირკვია.
ორიოდე ქართველს კაცსა ვკითხე, როგორ მოგწონთ-მეთქი ხოროს სიმღერა და იმათ ერთხმად სთქვეს, რომ ძალიან კარგად, წყობითა მღერიან, მაგრამ ჩვენებური კი არ არის, თუმცა ჰგავსო.
მართლადაც, ძალიან კარგად დააფასეს ჩემმა თეატრის მეზობლებმა რატილის შრომა. ყველაფერს შეჩვევა უნდა, მესამედ და მეოთხედ ნახვაზედ უფრო მომეწონა ამათი სიმღერა, ვიდრე პირველად. ეს უეჭველად იმას ამტკიცებს, რომ ხორო კარგად არის შედგენილი და მიმხვდარან წყობილს სიმღერას. მეტადრე ევროპიულს ხმებს მშვენივრად მღერიან, იმიტომ რომ ჯერ თითონ ხმები არის კარგად შედგენილი და მეორედ რატილმაც ზედმიწევნით იცის ეს ხმები. რაც შეიძლება ევროპიელის ყურისათვის, რატილს კიდევაც კარგად შეუთვისებია ჩვენებური სიმღერები. ეს მითვისება უცხო ხალხის ხმებისა ადვილი ნურავის ეგონება. ერთმა მომღერალმა ქალმა, გვარად ფაბიანმა, მიამბო, რომ მილანში ორჯელ წარმოადგინეს რუსული ოპერა „სიცოცხლე ხელმწიფისათვის“, მაგრამ სრულიად ვერ მოახერხეს და მეორედ წარმოდგენაზე სტვენით აიკლო ხალხმა მილანის თეატრიო. თუმცა ეს ოპერა ნოტებზე არის დაწყობლი და მაშასადამე, წაკითხვა ყოველ ევროპიელს შეუძლიან, მაგრამ რუსულ კილოს მაინც ვერ მიხვდნენ იტალიელები და ეს ოპერა ვერ წარმოადგინეს, რადგანაც იტალიის სიმღერის ანბანი და რუსულისა სულ სხვადასხვაა. აგრეთვე იტალიანური ოპერები რუსეთში, ვისაც ყური არა აქვს შეჩვეული, არ მოსწონთ, არ ესმით, ისე როგორც იტალიანელებს რუსული ოპერა არ მოსწონებიათ.
ამაზე მომაგონდა ერთი ჩემი ამხანაგი რუსი. როდესაც ქალაქში იტალიანური ოპერა გამართეს და ხალხი შეეჩვია, იმ ჩემს ამხანაგსაც გაგიჟებით მოსწონდა იტალიანური ოპერა და უნდოდა, რომ ეს სიამოვნება ეწილადებინა თავისი მოხუცებული დედ-მამისათვის, ჩააცივდა და ძლივძლიობით მოიყვანა თეატრში, ჩასხა ლოჟაში და გულში უხაროდა, რომ ამისთანა ბედნიერებას ეღირსნენ იმისი საყვარელი მშობლები; უგდეს, უგდეს ყური, ძლივსძლიობით პირველი მოქმედება გაატარეს და მერე, როცა გათავდა ეს მოქმედება, გაჯავრებულმა მამამ შეჰყვირა შვილს: „ვიტია, პაიდომ დამოი, ჩტო ანი, კაკ სვინი პოდ ზაბორომ პისჩატ“ (ვიტია, წავიდეთ შინ, რას ჭყივიან, როგორც ღორები ღობეს ქვეშაო). ასე გააბიაბრუეს განათლებული შვილი ხურმის უმეცრებმა.
აკი მოგახსენებ, ჩემო თადეოზ, დაჩვევა არის ყველაფერი. ჩვეულება რჯულთ უმტკიცესიაო, იტყვიან ხოლმე ჩვენები. მე მიკვირს კიდეც, რომ რატილს ამისთანა ძნელის საქმისათვის მოუკიდნია ხელი და ზოგიერთი ყაიდები შეუთვისებია. დაგარწმუნებ, რომ „ორთავ თვალის სინათლევ“ ისე კარგად იმღერა თითონ რატილმა, რომ ხელის ტკრციალით თეატრი აიკლეს.
ამავე დროსა მომიახლოვდა ერთი ჩეხი, გვარად კინდლი, რომელიც ძალიან გვარიანი მემუსიკეა, და მეუბნება: „ყურთასმენად გადავიქეცი და ამ თქვენებურის სიმღერებისა კი ვერა გავიგე რა, ვერცარა დავიხსომე რა; ვერც ის გავარჩიე, სადა თავდება ერთი ხმა და სად იწყება მეორე. ერთის სიტყვით, ეს მეორედ მოვდივარ და ვერაფერი ვერა გავიგე რაო.
ყოჩაღ, რატილ, რომ ამ ძნელის საქმისა არ შეშინებია და საქმე საქმეზედ მოჰყავს. მერე ვინა ჰყავს ხოროში: სულ ყმაწვილი ხალხი, რომელთაც, ვინ იცის, იქნება კეთილწყობილი სიმღერა არც კი გაეგონათ. სასაცილო ხალხნი ვართ, ჩვენი არა მოგვწონს რა: არც სიმღერა, არც ჩაცმა, არც დახურვა, არც დარბაისლობა, არც ენა, სულ სხვებისას ვეტანებით და ჩვენი სწავლა და თვისება დამპალ-გნილოი გამოდის და რადგანაც ბუნების მონიჭებულ თვისებას ვერ ვიცვლით, ამისათვის ვერც აქეთა ვართ, ვერც იქით. სხვა უჩვენო რატილისთანა ადამიანს ხელს მოუწყობდა და იმის წადილსა და ცოდნას სარგოიანად მოიხმარებდა. ყოველი ჭკვიანი კაცი თავისის თავის მოყვარე, ნაშურის ახალუხზე ღილებგახსნილ სერთუკს არ ჩაიცვამს და იმავე დროს თავზე ფაფანაკს არ წამოიდებს, მაგრამ რაღაც მახინჯობა დაგვჩემდა და მზადა ვართ, რომ ოსმალურად სარტყელი თავზე შემოვიხვიოთ და ამითი მოგვწონდეს თავი. ამასთან, ქართულს სიმღერებში ევროპიული ხმები რად აურიესო, ის კი გვწყინს, ან ქულაჯა რადგანაც ჩაიცვეს, ფრანციზულს რომანსებს რაღადა მღერიანო, ამაზედაც ძალიან წიწმატობენ. სათეატრო ხალხს მარტო „მუმლი მუხასა“ ვერ დააკმაყოფილებს, იმისათვის უთუოდ საჭიროა ახალი რაიმე კარგი სიმღერაც. რაც ძალზე გადათხლეშილს ქორწილში სიმღერა მოეწონება, იმავე ადამიანს თეატრში უფრო სხვანაირი ყურის დასაამელი ხმა უნდა. ამისათვის არ იქნებოდა ურიგო, რომ ჩვენმა ქორიძეებმა, მიდუმებულ და მძინარეთ, თავი წაართვან ტკბილს ძილსა, ქართულს ჰანგზე დააწყონ რომელიმე საუკეთესო ხმები და მით ასიამოვნონ თავის მშობელს ქვეყანას. რატილთან კი რა სამდურავი გვმართებს, დიდის მადლობის ღირსია როგორც რატილი, ისე იმისი პატარა ხორიც, რომელსაც ასე კარგად შეუთვისებია კეთილხმოვნება; ასე რომ ერთი მათგანი - ფალიაშვილი ერთხმადაც ჰმღერის. ეს ცოტაა? მაშ თუ კმაყოფილი არა ხართ, მოიწვიეთ ქართველის ტომის ხალხი, რომელნიც ამდენს ფულს ჰხარჯავენ მუსიკის სწავლისათვის, გააღვიძეთ ქორიძე, რომელსც თავი ღრმა ძილისათვის მიუცია და ან სხვა ვინმე, ვისაც იცნობდეთ და ვისიც იმედი გქონდეთ და ესენი, როგორც ნამდვილი ხალხი, ოროველას და ნანინას თქმასა და გაგონებაში აღზრდილნი, დააწყობენ ნოტებზე იმ ხმებს, რომელიც რატილის ხოროში არ მოგწონთ. კარგი არ გვაბადიანო და ავს არ გვაკადრიანო, ამაზეა ნათქვამი, ჩემო თადეოზ. ქართველის კაცისათვის წითელი ღვინო გაუჩენია ღმერთს, გადაღლევს და მოჰყვება ღრიალს. ეს არის იმისი ოპერაც და ბაიათიც. ან არა და ბანქოს თამაშობას ხომ სად წაუვა, ამაში უნდა ამოირთვას სული. რად უნდა ან გაზეთი, ან თეატრი, ან წიგნი და ან სწავლა. ღვინისა, გარყვნილებისა და ქაღალდის სათამაშო ფულს ყოველთვის ვშოულობთ და ადამიანურის შექცევისათვის კი არა მოგვეძევება რა.
ასე, ჩემო თადეოზ... შენ მგონია კითხულობ და გიკვირს, რას ამბობს ეს კაციო!...
ძაუ-ჯიყაუ
[1890 წ., 20 აგვისტო]
წერილი მეგობართან
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1890 წ., 21 VIII, № 179, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა: 1890 წ. 20 VIII).
ამ სათაურით ილიამ ორი წერილი გამოაქვეყნა (ორივე - სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით). პირველი წერილი, რომელიც გაზ. „ივერიის“ 1890 წლის 20 აგვისტოს ნომერში (№ 178) გამოქვეყნდა, არ ეხება ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს და ამიტომ არ არის დაბეჭდილი წინამდებარე ტომში.
„წერილი მეგობართან“ შეტანილია თედო სახოკიას მიერ 1917-1920 წლებში შედგენილ „ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ბიბლიოგრაფიაში“ (იხ. ჟურნ. „მაცნე (ენისა და ლიტერატურის სერია)“, № 2, - ლ. ჭრელაშვილის პუბლიკაცია). წერილის ატრიბუციასთან დაკავშირებით იხ. აგრეთვე შენიშვნა წერილისა „წერილები გადაღმითგან“.
წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა კრებულში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, ილიას ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, თუმც შემდგომში ამ წერილის ავტორად ილიას მიჩნევა (ისევე, როგორც წერილისა „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“) შეცდომად ჩათვალეს (იხ. შენიშვნა წერილისა „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“).
ილია ჭავჭავაძის რჩეული ნაწარმოებების ხუთტომეულის III ტომში, რომელიც 1986 წელს გამოსცა გამომც. „საბჭოთა საქართველომ“ (ტომი შეადგინეს და შენიშვნები დაურთეს ს. ცაიშვილმა და გ. გვერდწითელმა), „წერილი მეგობართან“, მსგავსად „სფირიდონისა და თადეოზის ბაასისა“, დამატებათა განყოფილებაშია დაბეჭდილი (როგორც ნაწარმოები, რომლის ავტორის ვინაობა, შენიშვნების ავტორთა აზრით, დღესაც სადავოდ ითვლება).
წერილს ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის თარიღის მიხედვით.
489. 2 28 თიბათვეს შევესწარი რატილის ქართულ ხოროს გალობას უწინ რომ ნემეცების კოლონია იყო იქაურ ბაღში. - „ნემეცების კოლონია“ დასახლებული იყო ახლანდელი დავით აღმაშენებელის პროსპექტის გასწვრივ. აღნიშნული ბაღი გაზ. „ივერიაში“ მოხსენებულია „სემენის“ სახელით (1890 წ. 28 ივნისი). ამჟამად იგი არის დავით აღმაშენებლის პროსპექტზე, № 105, სადაც მოთავსებულია ქალაქისგანათლების სამმართველოს მოსწავლეთა მხატვრული აღზრდის სახლი.
![]() |
2.58 თ. დავით გიორგის ძე ერისთავი |
▲back to top |
(ნეკროლოგი)
ესეც ჩვენი ბედი! სიკვდილიც ჩვენ გვჩაგრავს და, თითქო მარტო ჩვენთვის მოუცლიაო, ზედიზედ მოგვტაცა და გამოაკლო ჩვენს უიმისოდაც მცირე საზოგადოებას ორი გულშემატკივარი ქვეყნისა, ორი კარგი მამულისშვილი. ჯერ ერთის წასვლამ დაგვწყვიტა გული და ახლა დღეს მეორე მიდის და გვესალმება საუკუნოდ. მიდიან ასე თითო-თითოდ ჩვენი უკეთესნი კაცნი, ჩვენი გულშემატკივარნი, ჩვენი ბევრის ავისა და კარგის ნახვით დაბრძენებულნი და ჩვენთვის ღვაწლმოსილნი; მიდიან და ობლად სტოვებენ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ სამშობლოს, რომლისათვისაც იმდენს ჰფიქრობდნენ, იმდენსა სწუხდნენ და ნაღვლობდნენ და რომელიც ისე გულწრფელად უყვარდათ. ერთი მოსთქვამდა და ჰგლოვობდა თავის ლექსებში ჩვენის წარსულის დიდებას, სტიროდა მისთვის და ჩვენც გვაფრქვევინებდა ცრემლებს: ხოლო მეორე გამუდმებით სცდილობდა, აეგო ის წმინდა ტაძარი, საცა იცინიან კიდეც დ სტირიან კიდეც, მხოლოდ იმიტომ, რომ განიწმინდონ ავისა და ბიწისაგან, საცა ორივ ცრემლი, სიხარულისაცა და მწუხარებისაც, უკვდავების წმინდა წყაროდამ მომდინარეობს ჩვენდა გასაადამიანებლად, ჩვენდა გასაკეთილშობილებლად.
ეს წყარო ადინა ჯერ დღევანდელის გარდაცვალებულის მამამ, რომელმაც დააარსა ქართული თეატრი და ამისათვის ქართულის თეატრის მამად იქნა წოდებული, და მერე შვილმა, დამწერმა „სამშობლოსამ“. თავად დავით გიორგის ძე ერისთავს სხვა ღვაწლიც მიუძღვის ჩვენის ქვეყნის წინაშე. დავითი კარგად განათლებული კაცი იყო, მუდამ თვალყურს ადევნებდა რუსულსა და ფრანგულს ლიტერატურასა და მხურვალედ მონაწილეობდა ჩვენს აქაურს მწერლობაში, როგორც რუსულში, ისე ქართულში. მისი წერილები და ლექსები იბეჭდებოდა კრებულში, «Тифлисский Вестник»-ში და „ივერიაში“ ხომ ყველასაგან ცნობილია იმისი ფელეტონები „უცხოთა შორის“. თავ. დავით გიორგის ძე მონაწილეობდა საოხუნჯო გაზეთ «Фаланга»-შიაც და გაზ. «Кавказ»-ი სამი წლის განმავლობაში მისის რედაქტორობით იბეჭდებოდა და უკეთესადაც იბეჭდებოდა. ამას გარდა დავითი იყო მშვენიერი მკითხველი რუსულისა და ქართულის ლექსებისა.
მაგრამ უმთავრესი ღვაწლი თ. დავით გიორგის ძეს ჩვენის თეატრის წინაშე მიუძღვის. ქართული თეატრი მეტად უყვარდა განსვენებულს. სიტყვითა და საქმით სცდილობდა დახმარებოდა ამ ახლად ფეხადგმულსა და დიდად კეთილს საქმესა და დაეხმარა კიდეც. მისი „სამშობლო“ ერთი საყვარელი პიესაა ჩვენის საზოგადოებისა და სწორედ დიდი განძია ჩვენის ღარიბის რეპერტუარისა. „სამშობლომ“ არა თუ თეატრი დააყენა ცოტად თუ ბევრად ფეხზედ, არამედ თვით საზოგადოებაც გამოაფხიზლა და რამდენისამე საფეხურით მაღლა ასწია მისი ეროვნული ცნობიერება, მისი გრძნობა მამულისმოყვარეობისა. ვისაც უნახავს პირველი წარმოდგენები ამ პიესისა ან ტფილისში, ან ქუთაისში და ყოფილა მოწმე იმ მამულიშვილობის აღფრთოვანებისა, რომელიც ამ პიესას გამოუწვევია საზოგადოებაში, გულითა და სულით იგლოვს დავითის გარდაცვალებას. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, „სამშობლოთი“ სამშობლოსათვის ღვაწლმოსილო დავით! დაჩაგრული მამულიშვილი ხშირად მოიგონებს სვიმონ ლეონიძესა და ლევან ხიმშიაშვილს, კვლავ გამხნევდება და მადლობითა და კურთხევით მოგიხსენიებს შენცა და შენს კალამსაც!..
[1890 წ., 11-13 ოქტომბერი]
თ. დავით გიორგის ძე ერისთავი (ნეკროლოგი)
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1890 წ., 14 X, № 219, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა: 1890 წ., 13 X).
ნეკროლოგის ატრიბუციისა და პუბლიკაციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვპოვე“)“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილს ვათარიღებთ დ. ერისთავის გარდაცვალებისა და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
![]() |
2.59 ახალი დრამების გამო |
▲back to top |
ამ სეზონში ჩვენს ქართულს თეატრს თითქო კარგი ამინდი დაუდგა. საკმაოდ შესანიშნავი ამბავია, რომ ჩვენმა ღარიბმა სცენამ რამდენიმე ახალი პიესა მოიპოვა და ჩვენმა სათეატრო დასმა ეს ახალი პიესები ითამაშა. ამ ახლებში, სხვათა შორის, ორმა დრამამ მიიზიდა უფრო მეტი ყურადღება და არ ითქმის, რომ საზოგადოებას ამ დრამების ნახვა და მოსმენა სასიამოვნოდ არ დარჩენოდეს. ერთი დრამა „მტარვალი“-ა და მეორე „ქართვლის დედა“, 9-ს დეკემბერს წარმოდგენილი ჩვენის ნიჭიერ არტისტის ქალის ქ-ნ გაბუნია-ცაგარლის საბენეფისოდ.
ორივე ზემოდასახელებული დრამა ისტორიულია. ხოლო იმ საბუთით კი არა, რომ თვალწინ გაგვიტაროს ან ისტორიული კაცი ვინმე თავის ავკარგიანობითა, ან თვით ცხოვრება, კერძო თუ საზოგადოებური, რომელისამე წარსულის დროსი და ეპოქისა; გვაჩვენოს, რა აზრი, რა გულისტკივილი, რა სწრაფვა სულისა, რა გონებაგახსნილობა, რა ზნე-ჩვეულება ხელთ ჰქონია მაშინდელობას კერძო ცხოვრების თუ საზოგადოებურის ასე თუ ისე წასამართავად. არც „მტარვალი“, არც „ქართვლის დედა“, არც ერთი იმისთანას სახეს ადამიანისას თუ ცხოვრებისას არ გვიხატავს, რომ მნახველმა სთქვას: აი, იმ დროს რა შესძლებია, რა კაცები შეუქმნია, რა ავკარგიანობა, მეტნაკლებობა ჰქონია; აი, მაშინდელი კაცი, რა აზრით, რა ფიქრით, რა გრძნობით, რა ძლიერებით თუ უძლურებით შეჰბმია თავის საკუთარს თუ საქვეყნო საქმეს და რა ზნე-ჩვეულებას უტარებია დროთა ვითარების გზაზე.
ვიმეორებთ, არც ერთს ხსენებულს დრამაში ამას ვერა ვხედავთ და უამისოდ ერთიც და მეორეც წარმოგვიდგენს მარტო წარსულს ამბავს, ავტორისაგან მოგონილს და მასზე აშენებულს, ადამიანთა ერთმანეთზე ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც ყოველს დროს და ჟამს, ყოველს ეპოქას ერთნაირად მიეჩემება. აქ ისტორიული მარტო ის არის, რომ ავტორები გვეუბნებიან: საქართველოს თავს წარმოსდგომია მტერი და ყოველგან მუსრს ავლებსო. ეს მტრისაგან ჟლეტა-მუსრვა დღეს ჩვენთვის კარგა ხნის წარსულია და ის დრამები ამით თუ არიან ისტორიულნი, თორემ სხვა თვისება მართლა ისტორიულისა, ჩვენის ფიქრით, არ მოეპოვება არც ერთს მათგანს.
ჩვენ წუნად არა ვსდებთ ავტორებს, რომ დრამის ამბავი, არაკი (ფაბულა) მოგონილია მათ მიერ. დრამატურგი ისტორიკოსი ხომ არ არის, რომ ისტორია გვასწავლოს, ისტორიული ქრონიკა გვიწეროს. დეე, თუნდ ამბავი, არაკი დრამისა თავის საკუთარის ფანტაზიით შეჰქმნას, ხოლო, თუ სურს ისტორიული ღირსება მიანიჭოს თავის დრამას, უსათუოდ მოვალეა სული და გული ეპოქისა იმ ამბავში ჩანასკვოს, ჩაჰსახოს და დრამის სვლაში გადაგვიხსნას, გადაგვიშალოს საგრძნობელად და დასანახავად.
ამისთანა დრამის დამწერს წინ უნდა უძღოდეს დიდი ცოდნა ისტორიისა, დიდი გონებაგახსნილობა, დიდი განათლება, ღვთივმიმადლებულ ნიჭის გარდა და, ჩვენის ფიქრით, ამაოდ ირჯებიან ისინი, ვინც ამისთანა დრამის დაწერას მოუმზადებლად და, მაშასადამე, კადნიერად ეტანებიან. ერთობ დრამის შექმნა დიდად ძნელი რამ არის, იმიტომ რომ დრამა სულისა და გულის ცხოვრებაა, სულისა და გულის დიდს ძვრაზეა ასაგებელი და ასაშენებელი. მეტისმეტი მჭრელი, მეტისმეტი მხილავი ნიჭი უნდა, მეტისმეტი ნათელი გონება, რომ კაცი მისწვდეს, შუქი რამ მიჰფინოს იმ საოცარს, იმ უცნაურს საიდუმლოებას, რომელსაც ადამიანის სულისა და გულის ძვრა ჰქვიან და რომელიც იმოდენად უფრო დიდ საიდუმლოებად გვევლინება, რამოდენადაც უფრო ახლო მიუვალთ. ამიტომაც დრამის შექმნა ყველა სხვაგვარ პოეტურ თხზულებაზე გაცილებით ძნელია და ყველა მწერალი, თუნდ ნიჭიერიც, ვერა ჰბედავს ხელი შეჰმართოს.
ჩვენში ეს საქმე მეტად ადვილად არის მიჩნეული. ოღონდ თხზულება მონოლოგებით და დიალოგებით იყოს დაწერილი, სცენებად და მოქმედებად დაყოფილი, შიგ ორიოდე ალაგას ქალისა თუ კაცის სიკვდილიც ჩაკერებულ იქნას და ავტორს არ უჭირდება ზედ დააწეროს „დრამა არისო“ და ამ სახელით მოედანზე გამოიტანოს. ის კი ავიწყდებათ, რომ გარეგანი სახე დრამისა ვერადროს ვერ დაჰფარავს შინაგანის ცარიელობას, ფუქსავატობას, არარაობას. აკი ვამბობთ, დრამა უსათუოდ სულისა და გულის უდიდეს ძვრაზე უნდა იყოს აგებული და აშენებული და ეს უდიდესი ძვრა სულისა და გულისა ერთადერთი საგანია დრამისა, ერთადერთი ბუნებაა მისი. ამით იცნობება იგი დრამად. სხვა საწყაო არა აქვს და არც სხვა მიზეზი არსებობისა. სასურველია, ამ აუცილებელს მოთხოვნილებას დრამისას დაუკვირდნენ ისინი, ვისაც დრამის დაწერა სურს და ამ მოთხოვნილებას შეუწონონ თავიანთი ძალ-ღონე, ვიდრე ხელში კალამს აიღებენ.
ამ მხრით რომ შევხედოთ, ამ მხრით რომ თვალი გავუბნიოთ ხსენებულ დრამებს, რა თქმა უნდა, ვერც ერთი თავს ვერ გაიმართლებს, ვერც ერთი ვერ შეირჩენს ამაოდ დაჩემებულ დრამის სახელსა. ორსავ საგნადა აქვს მამულისშვილობა და ვაჟკაცობა ქართველობისა და არც ერთს ეს მამულისშვილობა და ვაჟკაცობა სადრამო განსაცდელში არ ჩაუგდია, რომ გრძნობათა ჭიდილმა გვაჩვენოს, რა ქარტეხილში ჩავარდნილა ამ გრძნობათა მქონებელი კაცი, რა წვა-დაგვა გამოუვლია და ამ განსაცდელიან ქარტეხილიდამ როგორ გაუტანია თავი გამარჯვებულ გრძნობას. არც ერთს დრამაში სული და გული ადამიანისა თავისით არა მოქმედობს, თვისდა ბუნებისამებრ არ იშლება, არ იხსნება მოქმედებაში. თვითონ ავტორები მომქმედთა პირით გვეუბნებიან, ეს ასეა, ეს ისეაო, მაშინ, როდესაც ამაებს ჩვენ თვითონ უნდა ვხედავდეთ, ჩვენ თვითონ უნდა ვგრძნობულობდეთ საქმითა და არა ავტორების სიტყვითა. კაცი თუ ქალი თავიანთ ავკარგიანობას თვითონვე მოგვითხრობენ - მე ასეთი და ისეთი ვარო და თავიანთ ასეთ-ისეთობას ან სულ არ გვაჩვენებენ საქმითა, ან ძალიან იშვიათად, ისიც მეტისმეტად მკრთალად და გაკვრით, თითქო დრამისთვის ამისთანები მეტი ბარგი იყოს.
ეს ამისთანა ქცევა მომქმედთა პირთა მათ მიერ ბაქიაობას უფრო ჰგავს, ვიდრე ხასიათების გამოხსნას და გამოშლას და ისე უამურად და საწყენად მოქმედობს მაყურებელზე, როგორც ცუდუბრალო კვეხნა, თავისთავის ქება და წინდაუხედავი ფართიფურთობა ქარაფშუტა კაცისა. ჭეშმარიტი, მართალი გრძნობა ყბედი როდია, პირიქით, იმოდენად თავდაჭერილია, იმოდენად სიტყვაძვირია, რამოდენადაც უფრო ძლიერია და, თუ გნებავთ, ამ სიტყვაძვირობაშია იმისი მიმზიდველი ღირსებაცა, იმისი გულსაწვდენი ზედმოქმედებაცა მაყურებელზე. არც ერთს ავტორს ზემოხსენებულ დრამებისას ამ მხრით არა აქვს მიქცეული საკმაო ყურადღება და მათ მიერ სცენაზე გამოყვანილი კაცი თუ ქალი შუბლზე მიკრულ ბილეთებით გამოდიან - აი, ეს ამისთანა კაცია და ეს ამისთანაო. ავტორის მოწმობა შესაძლოა ამ შემთხვევაში ვინმემ იწამოს, ხოლო ამისთანა მოწმობა და დრამა ერთმანეთზე მეტად შორიშორია, შუა დიდი ზღვარი უდევთ და ერთმანეთში გარევა ამაებისა გაუწურთვნელ გრძნობას თუ ეპატიება და შეენდობა, თორემ სხვას არარას.
გარდა იმისა, რომ ამ ორთავე დრამას ერთი და იგივე საგანი აქვთ, მამულისშვილობა და ვაჟკაცობა ქართველებისა, სხვა ყველაფერშიაც საოცარს მსგავსებას წარმოადგენენ, თუმცა შიგადაშიგ ცოტაოდნად განსხვავებულსა. „მტარვალშიაც“ და „ქართვლის დედაშიაც“ მამულისშვილობის და ვაჟკაცობის მომასწავებელნი შვილები არიან და შვილების ქვეყნისათვის გამწირავნი - მათი მშობლები. განსხვავება მარტო იმაშია, რომ ერთში მამა იმეტებს ქვეყნისათვის შვილებს და მეორეში - დედა. ორსავეში დრამის ნასკვად, ანუ, უკედ ვთქვათ, მცირეოდენი ცდა ავტორებისა დრამის ნასკვის გამოსანასკვად, ერთი და იგივე ქსელია გაბმული, სახელდობრ, სიყვარული, რომელსაც ერთი მამულიშვილთაგანი ჰგრძნობს მტრის ქალის მიმართ და მტრის ქალი - მამულისშვილის მიმართ. განსხვავება იმაშია, რომ ერთგან ქალი, ერთ დროს ქართველად ყოფილი, შვილად აყვანილია და გაზდილი, თუმცა მერე საცოლოდაც ნიშანში ამოღებული გამზდელისაგან, და მეორეში კი ღვიძლი შვილია. ორსავ დრამაში, რა თქმა უნდა, მტერნი კაცისმჭამელნი არიან. ქართველების სისხლის მსმელნი, ყოველს ადამიანობაზე ხელაღებულნი, და ქართველები კი - ყოვლის ადამიანობით სრულნი.
ეს ყოვლად მხეცობა მტრისა, ყოვლადვე სისრულე და სავსება ქართველებისა, ბაშვური წადილია, კაცმა თავი მოაწონოს მაყურებელსა. ბუნება ადამიანისა, ქართველია თუ გარმიანელი, ავკარგიანობით არის სავსე და ქვეყანაზე არ არის იმისთანა ერი, რომ მიწყული ჰქონდეს ან მარტო კარგი, ან მარტო ავი. ავი და კარგი ყველგან არის და ვისაც ეს ავიწყდება, ის დიდ მანძილს ვერ გაირბენს მწერლობაში. თუნდ ეგრეც არ იყოს, თვითონ ცალკე, თვითეულ ადამიანის ბუნების ავკარგიანობაშია იგი მოძრაობა სულისა და გულისა, რომელიც დრამას საგნადა აქვს და რომლის თვალწინ ცხოვლად წარმოდგენა ასე თუ ისე არყევს ხოლმე მაყურებელს და მთელს აგებულებას შეუძრავს ან სიხარულით, ან მწუხარებით, ან სიყვარულით, ან მძულვარებით.
ჩვენ კარგნი ვართ, ისინი კი მხეცები და აფთრები არიანო. ეს გრძნობის ჭეშმარიტს გზაზე დაყენება კი არ არის, გრძნობის წაწყმედაა, გატყუებაა, დაბრმავებაა, ეგ ცეცხლია, ჩალაში გაჩენილი, რომელიც აპრიალების უმალვე ჩაქრება და ხელში მარტო ფერფლი გვრჩება და ჰაერში - ნატისუსალი. ყალბად და, მაშასადამე, უქმად აპრიალებულ გრძნობაზე უსაძაგლესი არა არის რა ქვეყანაზე და მით უფრო მოსარიდებელია, რომ წამტყუებელია, მაცდურია ყოველ გაუწურთნავ და გონებაგაუხსნელ კაცისათვის.
რა თქმა უნდა, რომ ორსავ დრამაში ქართველებს გააქვთ გამარჯვების ბურთი მოედნიდამ. ერთსაცა და მეორეშიაც მოსეული მტერი არის დამარცხებული და გამარჯვებას გადაჩვეული ეხლანდელი ქართველი ამას რომ ჰხედავს, აღტაცებაში მოდის. მართლა რომ ვსთქვათ, სწორედ ამ ავტორებისაგან შეთხზულს გამარჯვებაში უნდა ვეძიოთ მიზეზი ტაშის ცემისა წარმოდგენის დროს და არა თვითონ დრამების ღირსებაში. ეს ამისთანა აღტაცება იგივ აპრიალებული ჩალაა. ამისთანა აღტაცება ისე ჰგავს ჭეშმარიტს აღტაცებას, როგორც მართალი სიცილი იმ სიცილს, რომელსაც კაცი კაცს ღიტინით განგებ მოჰგვრის ხოლმე მაშინაც, როცა კაცს სულაც არ ეცინება, როცა სასაცილო არა არის რა. ესეთი ფესვგაუდგმელი, გულთჩაურჩენელი, ესეთი ტყუილი აღტაცება გროშადაც არა ღირს და უფრო მავნებელია, ვიდრე მარგებელი, თუმცა წამცდენია კი იმისათვის, ვისაც არ ეთაკილება ადვილად მომკოს ის, რაც არ უხნავს და არ უთესნია. აქ გრძნობის აღფრთოვანება კი არ არის, რომ ადამიანი თავის ადგილიდამ მისძრა-მოსძრას სამოქმედოდ, აქეთ-იქით მიახედოს ფხიზელის თვალით, გული ჭეშმარიტის ცრემლით აუტიროს, ან ყოვლთმომქმედის სიხარულით, სიყვარულით გაუძლიეროს, გაუღონიეროს. აქ მარტო უქმი აპრიალებაა ყალბის გრძნობისა, უღონო, უთავბოლო და ხანმოკლე. აქ ახოვანი ძახილი კი არ არის სულთა ბრძვისა, გულის ჭიდილისა, არამედ წრიპინია, წუწუნია ცუდუბრალო მტირალასი. ორსავ დრამას ის ერთგვარი და ერთსახის ნაკლულევანება აქვს, რომ გაანგარიშებულია გარეგან ზიზილ-პიპილებით კაცს თავი მოაწონოს და ტაშისცემა გამოიწვიოს.
ეს მით უფრო სამწუხაროა შესახებ ბ-ნ ცაგარლისა, რომ იგი ცნობილი მწერალია. ავტორი „ქართვლის დედისა“ დღეს-აქამომდე გვაჩუქებდა ხოლმე პიესებს, ცოცხლად ამოღებულს აწმყოფის ცხოვრებიდამ. ამ პიესებს საგნადა ჰქონდა სურათები დღევანდელის ცხოვრებისა და ამ გზაზედ ბ-ნს ცაგარელს ჩვენში ჯერ წინ ვერავინ წასწრებია. აქ ბ-ნ ცაგარელს უცილობელი სახელი აქვს მოპოვებული და, ცოტად თუ ბევრად, ღირსეულადაც. ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ მისმა დრამამ „ქართვლის დედამ“ ამ სახელს შეჰმატოს რამ.
არ ვიცით, რამოდენად ჰგავს ეს დრამა მის პირველსახე დედანს, საიდამაც ავტორს იგი აუღია და გადმოუკეთებია, ხოლო თვითონ გადმოკეთებულზე კი ვიტყვით, რომ მთელს ოთხს მოქმედებაში, ჩვენის ფიქრით, დრამა თითქმის არსად არის. თვით „დედა“, თავი და თავი მომქმედი დრამისა, ისეა გამოსახული, თითქო მეტხორცია დრამისაო და სრულადაც გამოკლებული რომ იყოს, პიესას თითქმის არა დააკლდება რა. ამასთან ეს „ქართვლის დედა“ რაღაც უგრძნობელი და გულქვავი რამ არის. დედაშვილურს გრძნობას, აგრე მოსალოდნელს, აგრე სასურველსა და საპატიოს, მის გულში არავითარი ადგილი არ უჭირავს. ამიტომაც მის მიერ შვილთა მამულისათვის გაწირვას არაფერი ფასი არა აქვს. გაწირვა მაშინ არის დიდსულოვნობის საქმე, როცა გამწირველი თვითონ დიდს რასმე ჰკარგავს ამით, როცა ვხედავთ, რომ ამ გაწირვამ გულში ერთი უმთავრესი ძარღვი ჩასწყვიტა გამწირველსა, ერთი დიდი რამ დააკლო, ძნელად გასაწირი, ძნელად გასამეტებელი, ძნელად დასათმობი ადამიანისაგან. ამ შემთხვევაში გულთა ჭიდილი დედისა უნდა გამართულიყო დედაშვილურ და მამულისშვილურ სიყვარულისა გამო, რომელნიც ამ დრამაში ერთმანეთს შეხვდნენ, ისე რომ ან ერთი უნდა გაიწიროს, ან მეორე, ორივე სიყვარული კანონიერია, ბუნებურია და მით ორივე დიდს გრძნობას წარმოადგენს ადამიანის ბუნებაში, ძნელად გასაწირს, ძნელად გასამეტებელს და რამოდენად ან ერთი, ან მეორე ძნელად გასაწირია, ძნელად გასამეტებელი, იმოდენად თვით განწირვა დიდია, საპატიო და სახელოვანი.
„ქართველის დედა“ ამ შემთხვევაში ავტორმა დაგვიყენა იმ სადრამო განსაცდელს გარედ, საცა ძლიერს გრძნობას დედაშვილურ სიყვარულისას წინ წარმოუდგა, თუ არ მეტი, არა ნაკლებ ძლიერი გრძნობა მამულისშვილურ სიყვარულისა და ეუბნება: იქ შვილის დედა უნდა დაჩუმდეს, უნდა გაიწიროს, საცა ქართვლის დედა უნდა ჰლაპარაკობდეს და მოქმედებდეს... მე ამას ვითხოვ და, აბა, რას იტყვი, მე თუ შენ? ორში რომელს რჩეობო? აი, განსაცდელიც ორთავ გრძნობისა აქ, ამ საკითხავშია, ამის პასუხშია. ხოლო ავტორს არ მოუნებებია გმირი ქალი დრამისა ამ ორ დიდთა გრძნობათა ქარტეხილის ქვეშ გაეტარებინა ჩვენს თვალწინ და ამ გრძნობათა ჭიდილში ეჩვენებიან დიდსულოვნობა და ადამიანობა დედისა. დედა სცენაზე შემოდის წინადვე გადაწყვეტილის აზრით და გვარწმუნებს, რომ მე ჩემის ქვეყნისათვის გავზარდე ჩემი ხუთი შვილი, საქართველოსათვის ვაწოვე ჩემი ძუძუო და სხვა არაფერი აინუნში აღარ მოსდის, თითქო დედაშვილური სიყვარული ისე ცოტა რამ იყოს, რომ უომრად, უბრძოლველად, ლაჩარსავით დაჰნებდეს, თუნდ იმისთანა დიდპატიოსანსა და დიდმშვენიერს გრძნობას, როგორიც მამულისშვილური სიყვარულია.
არც ის მოქმედობს მაყურებელზე სასიამოვნოდ, რომ „დედა“, საცა გინდა და არ გინდა, წამდაუწუმ გაიძახის - მე ჩემი შვილები ჩემის მამულისათვის გამიზრდიაო. ერთხელ ამისი თქმაც მეტია, იმიტომ რომ ეგ უნდა გვაუწყოს მისმა მოქმედებამ, მისმა საქმემ და არა მისმა სიტყვამ, რომელიც ამ შემთხვევაში უფრო ბაქიაობას მოასწავებს, ვიდრე საქმესა. ხოლო რამდენჯერმე განმეორება ამისი ყოვლად შეუწყნარებელია და დედის მიერ წამდაუწუმ ამისი თქმა ისე მოქმედობს მსმენელზე, თითქო გვამუნათებს და გვაყვედრის, რომ ჩვენთვის ამისთანა სიკეთე გაუწევია. დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, ჩვენის ფიქრით, ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.
სხვა დანარჩენნი მომქმედნი არასფერს გულის საგრძნობელს არას წარმოადგენენ. ხუთს მამულისათვის გაწირულს შვილს პირველ მოქმედებიდამვე კაცი უგულოდ ადევნებს გულისყურსა, იმიტომ რომ წინათვე ვიცით, ვის რა კაცობის ბილეთი აკრავს შუბლზე ავტორისაგან. შემოდიან თუ არა ხუთნივ ერთად სცენაზე, ჯერ დედა ქებულობს თავს იმითი, რომ ჰა, იცოდეთ მამულისათვის გაგზარდეთო და მერე შვილები მოგვითხრობენ, ვის რა კაცობა დააწერა შუბლზე ავტორმა წინათვე. ხოლო ერთი ვახტანგია, უმცროსი შვილი, რომელსაც უფროსმა ძმამ ჯაშუშობა დაავალა, წადი, შეეტყუე მტერსა და იმათი ამბავი გვიზიდეო. ყმაწვილი კაცი ამისთანა ხელობას ჰთაკილობს და არა ჰნდომობს. დედა უჯავრდება, ბოდიშს ახდევინებს ურჩობისათვის და ისიც ჰნებდება წილადხდომილს ბედსა. ეს სცენა ცოტა რამ გულმოსახვედრია, ცოტა რამ საგრძნობელი, ხოლო მეტად ხელდახელ გატარებულია. ჩვენის ფიქრით, მეტი არ იქნებოდა, რომ ამ მართლადა ვაჟკაცისათვის სათაკილო ხელობის ავკარგიანობაზე ცოტა დიდხას შეეჩერებინა ავტორს ყურადღება მაყურებლისა და დაენახვებინა, რა აუცილებელმა გაჭირებამ, რა სხვა უმაღლესმა გრძნობამ გააწირვინა ან დედას, ან შვილს ნამუსი ვაჟკაცობისა. მაშინ ჩვენც ხელში საწყაო გვექნებოდა იმის გამოსარკვევად, თუ რა მსხვერპლი მოიტანა ან დედამ, რომ ვაჟკაცისათვის უკადრისი საქმე აკისრა შვილსა, ან შვილმა, რომ სათაკილო კისრად იდვა და დედის ბრძანებას დაუდუმდა.
უამისობაა მიზეზი, რომ მაყურებელს ვერ გამოურკვევია - რა აწუხებს და ჰქენჯნის ვახტანგსა, როცა იგი მტრის ბანაკშია და ხელში დაჭრილი გამოდის სცენაზე. იგი ჰკვნესის, ოხრავს, მტკივნეულობს, რაღაცასა სწუხს და ვაობს და ვერავის კი გამოუცვნია მისი ტკივილი გულისა. მაყურებელს ჯერა ჰგონია, უსათუოდ ის აწუხებს, რომ იგი მტრის ბანაკში ჯაშუშობას უნდება, როცა მისი ძმები და მახლობელნი მტერს ებრძვიან გულდაგულ. მერე როცა უსუფ-ფაშის ქალი გამოდის სცენაზე და ვახტანგს შეეყრება, მარტო მაშინ ვტყობილობთ, რომ ამათ ერთმანეთი უყვართ და თითო-ოროლა ფრაზა ვახტანგისა გვაუწყებს, რომ მას ემძიმება საყვარელ ქალთან ალერსი და ნებივრობა მაშინ, როცა მისნი მოძმენი ომში იხოცებიან. ხოლო ეს კვნესა-ვაება ვახტანგისა ორსავ შემთხვევაში ისე გამოუხსნელი და გამოუშლელია, რომ მაყურებელი თეატრიდამ გამოდის და მაინც არ იცის, ორში ერთი რომელი აწუხებდა და აკვნესებდა ვახტანგსა.
თუ გაჭირდა, შეიძლება კაცმა სთქვას, რომ ერთადერთი სადრამო მდგომარეობა უსუფ-ფაშის ყოფაა, იმიტომ რომ მარტო ამ კაცში ვხედავთ გრძნობათა ცოტაოდენს ჭიდილსა, თვით დრამის მიმოსვლით მოვლენილსა და არა ავტორისაგან განგებ ჩაკერებულსა. ამ კაცში, მხეცობასთან ერთად, თითქო სახელის მოპოების სურვილსაც ვპოულობთ და მამაშვილურ სიყვარულსაცა და ამ მხრით, ცოტად თუ ბევრად, ადამიანად გვესახება თვალწინ, და აქ თითქო იმის ცდაც არის ავტორის მიერ, რომ ეს სურვილი და მამაშვილური სიყვარული ერთმანეთს შესჭიდოს. დაღალული გულისყური მსმენელისა ამ გაკვრით გამოსახულს ჭიდილზე ცოტაოდნად ფხიზლდება, ჰცოცხლდება. სხვაგან ყველგან, თუნდ ვახტანგისა და უსუფ-ფაშის ქალის ერთმანეთზე დამოკიდებულება რომ ავიღოთ, ან ვახტანგის საწამებლად თავის გამომეტება, ან დედისაგან გაწირვა ვახტანგისა, რომ ნაძრახ სიცოცხლეს, მტრისაგან ჩუქებულს, სახელოვანი სიკვდილი წამებულისა ირჩიოს, - ყოველს ამაში წუწუნს მტირალა ადამიანისას უფრო ვხედავთ, ვიდრე აფორიაქებულ გრძნობათა გრიალ-ქროლვას, ვიდრე თავის ბუდიდამ დაძრულ გულის ქარ-ცეცხლსა. ეგ იმიტომ, რომ გული დრამისა ფუჭია და მარტო გარეთი კანი, ნაჭუჭი, ზედ წარწერებით არის აჭრელებული. გული დრამისა უნდა გამოხსნას თითოეულმა სცენამ, თითოეულმა მომქმედმა ისე, როგორც გორგალი ძაფის წვერმა და, საცა ეგ გორგალი არ არის ან ავტორს არ დაუხვევია, იქ ამაოა ძაფების ტყუილუბრალო ცოდვილობა, წევა და გრეხა. შინაგანი ძალი დრამისა უნდა გამომეტყველებდეს გარეთ და არა ავტორი შიგ ჩასძახოდეს გარედამ. ჩვენის ავტორების საერთო ნაკლულევანება ეს არის და ეს ისეთი ნაკლულევანებაა, რომ იგი და დრამა ერთმანეთში ვერ მოთავსდება, როგორც ცეცხლი და წყალი.
ერთობ დრამა „ქართვლის დედა“, როგორც ხელოვნური თხზულება, ანგარიშში ჩასაგდები არ არის, თუმცა იგი მაყურებელთაგან მოწონებულ იქმნა იმოდენად, რომ ავტორი რომ გამოვიდა, ხელში აიყვანეს და ისე ჩააცილეს კიბეებს. ეს პატივი ბ-ნ ცაგარლისათვის მეტი არ არის, იმიტომ რომ კარგა სამსახური მიუძღვის ჩვენის სცენის წინაშე და ამ სამსახურისათვის ჩვენც, სხვასთან ერთად, სიხარულით ტაშს ვუკრავთ. ხოლო ამ სიხარულის და ტაშის გამოწვევაში „ქართვლის დედას“ გრძნობა სამართლიანობისა არავითარს მონაწილეობას არ აკუთვნებს, ჩვენის ფიქრით.
[1890 წ., 9-15 დეკემბერი]
ახალი დრამების გამო
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1890 წ., 16 XII, № 268, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა: 1890 წ. 15 XII).
„ახალი დრამების გამო“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად შეტანილ იქნა 1909 წელს - იხ. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც. საზ. გამოც. № 97, 1909 წ.
წერილს ვათარიღებთ ნ. გაბუნიას ბენეფისისა (9 XII) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
![]() |
2.60 გრ. ელისეევი |
▲back to top |
ამას წინათ გარდაიცვალა პეტერბურგში ერთი მეტად დამსახურებული და დიდად ღვაწლმოსილი კაცი რუსეთის მწერლობაში, გრიგოლ ზაქარიას ძე ელისეევი. ამ კაცს ძალიან ნაკლებად იცნობდა რუსეთის მკითხველი საზოგადოება, თუმცა კი ღირსი იყო არათუ ცნობისა, არამედ დიდის პატივისა და თაყვანისცემისა. ნაკლებად იცნობდა იმიტომ, რომ თვითონ სრულიად არ ცდილობდა თავის გამოჩენას, არ აწერდა თავის სახელსა და გვარს წერილებქვეშა. სარედაქციო შრომა, რედაქციის ხელმძღვანელობა ხომ უფრო ძნელი დასანახავია ქვეყნისათვის, თუმცა დიდი და თან ძნელი საქმე კია. განსვენებულს ელისეევს იცნობდა, პატივსა სცემდა და ადიდებდა მხოლოდ ის მცირედი გუნდი მწერლებისა და ამხანაგ-მეგობრებისა, რომელთაც ბედმა არგუნა მასთან ერთად შრომა და მოღვაწეობა, მასთან ახლო ყოფნა და ცხოვრება. განსვენებული ბევრსა სწერდა ერთხელ სახელოვან «Современник»-სა და შემდეგ «Отечеств. Записки»-ში, მისი წერილი წელსაც დაიბეჭდა «Вестн. Европы»-ში. ყველა ეს ნაწერები რომ ერთად შეაგროვოს კაცმა, რამდენიმე დიდი წიგნი გამოვა, მაგრამ ამოდენა ნაწერებში ერთს-ორს თუ ეწერა ქვეშ მისი სახელი და გვარი, რამდენსამე კიდევ მისი პსევდონიმი „გრიცკო“, ხოლო სხვა აუარებელი მისი ნაწერები სახელ და გვარ მოუწერელი იბეჭდებოდა. მისი ღვაწლი მარტო წერაც არ იყო. ელისეევს დიდად უყვარდა მწერლობა და სული და გული იყო ჯერ «Современник»-ისა და მერე «Отеч. Записки»-ს რედაქციისა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი ამ გავრცელებულის ჟურნალებისა განსვენებული იყო. ძნელია, როცა ამისთანა კაცი ესალმება წუთისოფელს, აკლდება ქვეყანას და ქვეყანამ კი არ იცის, რა დასაკარგსა ჰკარგავს, რა ლამპარი ჰქრება მისთვის, არ იცის, რომ იმ ძვირფას კაცს, ქვეყნისთვის მშრომელს, თავისი თავი დავიწყებული ჰქონდა, რომ ამ კაცმა კერძო „მე“ საზოგადო, საჟურნალო, სარედაქციო „ჩვენ“-ს ანაცვალა. აი ამისათვის უყვარდათ თითქმის ყველა მწერალთა დასს ეს ღირსეული ადამიანი. ყველა დიდად აფასებდა იმის ჭკუადამჯდარ, გონიერს სიტყვა-პასუხსა და სჯას. თუ იყო ვინმე მისი მტერი და მოშურნე ან არ მოსწონდა მისი უეჭველი, თუმცა კი არა ყველასათვის ცნობილი გავლენა და მნიშვნელობა, ისიც ვერას ახერხებდა და იძულებული იყო გულში ჩაეკლა თავისი გრძნობა და ქედი მოეხარა, დაჰმორჩილებოდა გარემოებას.
ჟურნალებში წერას, ჟურნალების ხელმძღვანელობას არა სჯერდებოდა ელისეევი; გაზეთებსაც დიდის ხალისით ეტანებოდა. სწერდა «Искра»-ში, ჰრედაქტორობდა გაზ. «Век»-სა და მერე «Очерки»-ს. ეს გაზეთები სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ წავიდა კარგად და ბოლოს დროს მისი ფიქრი სულ ის იყო, რომ კიდევ დაეწყო რომელისამე გაზეთის ბეჭდვა. გაზეთიც, იმის აზრით, «Отеч. Записки»-ს მიმართულებისა უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ყოველდღიურად უნდა აღენიშნა მრავალი წვრილმანი გარემოება და თითოეულის დღის მწუხარება და ვაგლახი, რაიცა დიდის ჟურნალისათვის ძნელი და თითქმის მოუხერხებელი საქმეაო. ცნობილმა მწერალმა რუსეთისამ ნ. მიხაილოვსკიმ საკმაოდ ვრცელი წერილი დაჰბეჭდა ელისეევის სახსოვრად გაზ. «Рус. Вед.»-ში. ამ წერილში ის ამბობს, სხვათაშორის, რომ ასეთი მოღვაწე იყო განსვენებული და საზოგადოება კი არ იცნობდა იმასაო, არ იცნობდა იმას, ვის ნაწერებშიაც ჰპოვებდა კეთილსა და მშვენიერს აზრებს, თავის გამამხნევებელს გრძნობასაო. ვინ იცის, იქნება ბევრმა მის სიკვდილამდინაც ვერ გაიგო, ვინ იყო ის, რომელიც ისე ათბობდა, ისე უნათებდა გზას სიცოცხლეშიო. კარგია, რომ თვითონ მისი სურვილი იყო, არ გაეგო მკითხველს დამწერის ვინაობა, თორემ ამაზე მეტი ცეცხლი რაღა იქნება, რომ კაცი ჩემთვის წელებზე ფეხს იდგამდეს, ჩემთვის ჰზრუნავდეს გამუდმებით და მე კი იმისი ცნობაც არ მქონდესო, რაიცა შემეხება კერძოდ მეო, - განაგრძობს რუსეთის პუბლიცისტი, - ახლო ვიცნობდი განსვენებულს, მასთან ერთად ვშრომობდი და ბევრი სიკეთე და მამობრივი მზრუნველობა მახსოვს მისიო. განსვენებული იყო ჩემთვის ნათელი და ნათელი იგი დღესაც მინათებს გარშემოხვეულს სიბნელესაო, მე ბევრად ახალგაზდა ვიყავ, ის მოხუცი გრძელის თეთრად გაჭაღარავებულის თმა-წვერით, მოხუცი სავსე ჯერ კიდევ მხნეობით, გამოცდილი, დაბრძენებული, ბევრის ავისა და კარგის მნახველი. ისე გვექცეოდა ახალგაზდა მწერლებს, როგორც მამა შვილებს და დიდის ხალისით ისმენდა, როდესაც ვუამბობდით, ამა და ამ საგნის შესახებ გვინდა წერა და ჩამოგდება ლაპარაკისა ჟურნალშიო. თვითონ დიდი მომხრე და მოყვარული იყო ერისა, უფრო გლეხკაცობისა, რომელიც მარტო გონებით კი არა, სულითა და გულით უყვარდა, უყვარდა მთელის თავის არსებით. როცა მივუტანდით წერილს, წარბქვეშ ეჭვით გამოგვყურებდა, ალბათ ეფიქრებოდა: „ვაი თუ ის არ მოეტანოთ, რაც საჭიროაო“. ხოლო, როცა დარწმუნდებოდა, რომ ჰო, სწორედ ის მოიტანეს, რაც საჭიროაო, გულით ხარობდა და თავი მოსწონდა, ქებით იხსენიებდა «Отеч. Записки»-სა.
ჩამომავლობით ელისეევი მღვდლის შვილი იყო: კლერიკალების გვარისა ვარო, იტყოდა ხოლმე. მისი პაპა მიწის მხვნელ-მთესველი, გუთნისდედა ყოფილიყო. ბევრს აღარ ახსოვს, როცა ცხოვრების ზღვის პირზე მოექცევა, ის გონებრივი და ქონებრივი სიღატაკე, რომელშიაც აღიზარდა. ელისეევი ასეთი არ იყო. დემოკრატობა ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. პრინციპები კი არა, ინსტინქტებიც კი დემოკრატებისა ჰქონდა. არც უღალატნია ამ პრინციპებისა და ინსტინქტისათვის 1858 წლიდამ, როცა დაიბეჭდა მისი პირველი წერილი «Современник»-ში, 1891 წლამდე. ესე იგი, უკანასკნელ სულისდგმამდე. აი სახელწოდება ზოგიერთის იმის წერილებისა: „როდის იყო ბედნიერი რუსეთის გლეხკაცი და როდის დაიწყო მისი უბედურობა?“, „გლეხკაცთა საქმე“, „ბატონყმობის გადავარდნა“, „მომცემი და სხვ. ძალა რუსეთისა და მწარმოებელი“.
გლეხკაცობის შესახების წერილების გარდა, ბევრ სხვაგვარ საგნების შესახებაცა მწერლობდა ელისეევი. სწერდა, მაგალითად, ქალების განათლების შესახებ, რომელსაც დიდს მნიშვნელობას აძლევდა თავისთავადაც და იმიტომაც, რომ ქალებისთანა კარგი გამავრცელებელი წერა-კითხვისა ხალხში სხვა არავინ არისო. სწერდა «Современник»-ში შინაურს მიმოხილვას მრავალის საგნების შესახებ რამდენისამე წლის განმავლობაში განუწყვეტლად. განსვენებული სწერდა საეკონომიო წერილებსაც და ყველგან, ყველა თავის ნაწერებში მუდმივს დარაჯობას უწევდა ერისა და გლეხკაცობის ინტერესებსა. ვერაფრით, ვერა სიტყვების კაზმა-ლამაზობით, ლიბერალურის სიტყვების რახარუხით ვერ მოატყუებდა ელისეევს კაცი და ვერ გადაახვევინებდა ერთხელ არჩეულს სადემოკრატო გზას. სუნით მიხვდებოდა ხოლმე, როცა უნდოდათ დამცირება და დაჩაგვრა გლეხკაცობისა, იმდენად ხალხის მოსიყვარულე გული ჰქონდა განსვენებულს. როცა «Современник»-ი გაუქმდა, ელისეევი დიდს გაჭირვებაში ჩავარდა. ამ დროს ჟურნალ «Дело»-ს რედაქტორმა ბლაგოსვეტლოვმა სთხოვა დახმარება კარგის პირობითა, მაგრამ, რაკი ელისეევი არ თანაუგრძნობდა ჟურნალის მიმართულებას, არ მიიღო ბლაგოსვეტლოვის წინადადება. საზოგადოდ, ხასიათად არა ჰქონდა დაახლოვებოდა ვისმე მეტისმეტად. სახლში ჯდომა უყვარდა და ხალხში აგრერიგად არ გამოდიოდა. ყველა მის ნაცნობს გაუკვირდა, როცა პუშკინის ძეგლის აგებაზე მოსკოვში ელისეევი დაინახეს დეპუტატად «Отеч. Записки»-ს მხრით. ლორის-მელიქოვის დროს ელისეევი მივიდა მწერლობის მთავარ სამმართველოს უფროს აბაზასთან, მოილაპარაკა იმასთან იმის შესახებ, თუ რა გზას ადგა საშინაო პოლიტიკა და მერე ამ საგანზე ვრცელი წერილი დაბეჭდა «Отеч. Зап.»-ებში. ამ ამბავმაც დიდად გააკვირვა თურმე მისი ნაცნობნი. აბაზასაც, ლიტერატურის კარგს მცოდნეს, იმ დღემდე არა სცოდნოდა რა მის მწერლობის შესახებ. განსვენებულს ელისეევს არც ბევრი ლაპარაკი უყვარდა. უფრო ხშირად ჩუმად იყო და სხვის ლაპარაკს ისმენდა. ისმენდა ისე, რომ სიტყვა არ გამოეპარებოდა. არათუ თქმული ესმოდა, იმასაც კი მიხვედრილი იყო თითქო, ვის რა ედო გულში და რას ჰფიქრობდა. ის უნარიც ჰქონდა განსვენებულს, რომ თავად ჩუმად იყო და სხვას ალაპარაკებდა, ყველაფერს ათქმევინებდა. სკეპტიკი დიდი იყო. მაგრამ ცივს წყალს არავის გადაასხავდა ხოლმე, თუმცა იმასაც კი სცდილობდა, რომ მეტისმეტს გატაცებას არ მისცემოდა ადამიანი.
ერთის სიტყვით, განსვენებული დიდად თავდაჭერილი, დინჯი და დარბაისელი კაცი იყო, დიდად მორიდებული მაშინ, როცა ნაცნობთა და თანამშრომელთა შორის ჰქონდა საქმე. თუ მეტისმეტს გატაცებას შეგამჩნევდა, დაგცინებდა, მასხარად აგიგდებდა, მაგრამ არა ისე, რომ გული ეტკინებინა და დაეწვა. იმის სახეს ამასთანავე გულკეთილობის ღიმილი არა შორდებოდა, ამიტომ ყველა ეტანებოდა იმასთან ახლო ყოფნას, ყველა ჰგრძნობდა, რომ ამ კაცს მეტად კეთილი გული აქვს, მაღალი და ცხოველი სული, მოხარული ყოველის სიკეთის გამოვო.
ელისეევს შემდეგ არ გასულა ერთი კვირა, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა. მეუღლე მისი, მართალია, ჭკუითა და განათლებით ბევრად დაბლა იდგა ქმარზედ, მაგრამ სამაგიეროდ დიდად გულკეთილი ადამიანი იყო, დიდს პატივს სცემდა ქმარს და თან გაგიჟებითაც უყვარდა.
სიკვდილის შემდეგ ცოლ-ქმართ დარჩათ 50.000 მან., რომელიც უანდერძეს სალიტერატურო ფონდს.
[1891 წ., 11-22 მარტი.]
გრ. ელისეევი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1891 წ., 23 III, № 64, გვ. 3 (ცენზურის ნებართვა: 1891 წ., 22 III).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა. მისი ატრიბუციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვპოვე“)“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილს ვათარიღებთ გრ. ელისეევის გარდაცვალების (1891 წ., 11 III) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
![]() |
2.61 ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი |
▲back to top |
12 აპრილს გარდაიცვალა პეტერბურგში რუსეთის ერთი საუკეთესო მწერალი და პუბლიცისტი ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი. 15 აპრილს დიდის ამბით დაასაფლავეს. მრავალი ხალხი და მეტადრე აუარებლი ახალგაზრდობა თურმე დაესწრო მის დასაფლავებას. სწორედ დასაფლავების დღესვე მისულიყო პეტერბურგში აპრილის წიგნი ჟურნალის «Русская мысль»-ისა, რომელშიაც იყო დაბეჭდილი მისი უკანასკნელი წერილი «Очерки Русской жизни». ეს წერილი საკმაოდ ვრცელია და დაუწერია განსვენებულს მძიმე ავადმყოფობაში. თითონ რომ ვერ შესძლებია წერა, თითონ ულაპარაკნია და სხვისთვის უწერინებია. ასევე დაუწყვია წერა მეორე წერილისაცა «Р. Мысль»-ის მაისის წიგნისათვის.
„დასაფლავება ბევრია და ნათლობა კი იშვიათი არისო“, - უმახვილნია ვიღასაც გრ. ელისეევის დასაფლავებაზე. მართლაც, ამ ბოლოს დროს თითქმის ზედიზედ გამოეთხოვნენ წუთისოფელს რუსეთის უკეთესნი მწერალნი, რომელნიც ამშვენებდნენ რუსეთის ლიტერატურას და მათ მაგიერ კი ახალნი მნათობნი როგორღაც აღარ ჩნდებიან.
შელგუნოვისთანა მწერალის დაკარგვა, თუმცა განსვენებული მოხუცებაში იყო და 67 წელში გადადგა წელს, დიდი დანაკლისია რუსეთის მწერლობისათვის. ამისთანა ერთგული მუშაკი მწერლობისა, ამისთანა გულითა და სულით მწერლობის მოყვარული კაცი იშვიათია ყველგან და, რასაკვირველია, რუსეთშიაც. შელგუნოვმა სწავლა-განათლება მიიღო წინანდელ სატყეო კორპუსში. 30 წლისა იყო, რომ უკვე შესამჩნევი თხზულებანი დაჰბეჭდა ტყეთა მოვლისა და ხმარების შესახებ. სამსახურში სწრაფად მიდიოდა წინ და ბოლოს მალე მიიღო ადგილი სატყეო დეპარტამენტის ვიცე-დირექტორისა. ამ დროს გაჰგზავნეს სამზღვარგარეთ თავის საქმის უკეთ შესწავლისათვის. იქ ჯერ ისევ ახალგაზრდა, გულით წმინდა და გონებით გამჭრიახი შელგუნოვი გაიტაცა ახალმა აზრებმა კაცთმოყვარებისა და სიმართლის სამსახურისამ. რუსეთში რომ დაბრუნდა, მიეკედლა მაშინდელ შესანიშნავ მეთაურ და მესვეურ კაცებს და იმათთან ერთად დაიწყო მოძღვრება-ქადაგება განთავისუფლების აზრებისა, უფრო დაახლოვებული იყო განსვენებული მწერალ მ. ლ. მიხაილოვთან და როცა ეს მიხაილოვი ციმბირში გაჰგზავნეს, შელგუნოვმა თავი დაანება სახელმწიფო სამსახურს და თავისი ნებით გაჰყვა თან თავის მეგობარს.
პატარა ხანს უკან დაბრუნდა იქიდამ და მაშინ დასწერა პირველი თავისი თხზულება «Сибирь по большой дороге». ეს იყო და ეს. მისი ბედი გადაწყდა და შელგუნოვი შეიქნა მწერალი და მხნე თანამშრომელი მაშინდელის ჟურნალის «Русское слово»-სი, როცა ამ ჟურნალში მოღვაწეობდა რუსეთის შესანიშნავი პუბლიცისტი დ. პისარევი, შემდეგ შელგუნოვი მუდმივი თანამშრომელი იყო ბლაგოსვეტლოვის «Дело»-სი, 70 წლებში სწერდა «Неделя»-ში, საცა შესანიშნავი იყო მისი 22 წერილი «Письма о воспитании» და «Заметки провинциального философа». ამ ბოლოს დროს ხომ შელგუნოვი მუდმივი თანამშრომელი იყო ჟურნალის «Русская мысль»-ისა. ბევრგვარი გაჭირვება გამოიარა ნ. ვ. შელგუნოვმა თავის ხანგრძლივს სალიტერატურო მოღვაწეობაში. ბევრი ვაივაგლახი, უბედობა და სიმწარე ჰნახა განსაკუთრებით ამ მოღვაწეობის გულისათვის, მაგრამ არც ერთხელ არ შემდრკალა, არ უღალატნია თავის დროშისათვის, არ შეუწყვეტია კალმით ბრძოლა უსამართლობისა და უმეცრების წინააღმდეგ.
სად არ მოუხდა განსვენებულს ძალაუნებურად ცხოვრება: ჯერ ვოლოგდაში, მერე კალუგაში, ნოვგოროდს, ვიბორგში და ბოლოს სმოლენსკის გუბერნიაში. ყრუ და ბნელ პროვინციაში ცხოვრებამაც ვერ დააცხრო სიკეთისათვის აღგზნებული მისი გული და კალამი. ის იქაც განუწყვეტლივ მუშაობდა, იქაც განუწყვეტლივ აკეთებდა თავის საქმეს და ემსახურებოდა კეთილსა. მისი თხზულებანი დღეს რამდენსამე დიდ ტომად არის დაბეჭდილი და წინ უძღვის ვრცელი წინასიტყვაობა რუსეთის ეხლანდელის უკეთესის პუბლიცისტ-კრიტიკოსის ნ. მიხაილოვსკისა. ამ წინასიტყვაობაში დაწვრილებით არის გარკვეული მთავარი აზრები, რომელსაც ემსახურებოდა თავის სალიტერატურო მოღვაწეობაში განსვენებული: გარკვეულია რა განსაკუთრებული ხასიათი და თვისება და მნიშვნელობა ჰქონდა ამ მოღვაწეობას და მცირეოდენი საბიოგრაფიო ცნობაც არის შიგ ჩართული და გაკვრით მოხსენებულია იმისი კაცური კაცობაცა.
იმის კაცურის კაცობის შესახებ უფრო დაწვრილებული წერილი უძღვნა მანვე განსვენებულის ხსოვნას გაზ. «Рус. Вед.»-ში. 15 წელიწადი იქნება, რაც გავიცანი განსვენებულიო, ამბობს ბ-ნი ნ. მიხაილოვსკი და მას უკან მისი პატივისცემა და სიყვარული თანდათან უფრო მიძლიერდებოდა. ბევრი კარგი კაცი გავიცანი ჩემს სიცოცხლეში და მით დიდი ბედნიერი ვიყავ. და აი ამ კარგ, ჭეშმარიტად კაცურ კაცებში ერთი უპირველესი ადგილი განსვენებულსაც ეჭირა. აღარ მინახავს იმაზე კეთილის, ნაზის გულის ადამიანი და თან ისეთი გულმტკიცე, გულმაგარი. თითონვე ამბობდა, რომ არიან კაცნი დედაკაცივით ნაზნი და თან ვაჟკაცისავით გულმაგარნი კაცნიო და აი სწორედ ასეთი კაცები მგონია მე კაცური კაცები, ჭეშმარიტი ადამიანებიო. სწორედ დიდად საგულისხმიერო და სათნო სანახავი იყო განსვენებული იმ დროს, როცა ბედი ისე ხშირად აწვევდა ხოლმე დიდს განსაცდელსა და სიმწარეს“.
იმისთანა კაცები რომ ბევრნი იყვნენო, - განაგრძობს იგივე მწერალი შელგუნოვის შესახებ თავის მოგონებასა, - რაღა გვიშავდა, ვითომ სამოთხეში ვყოფილვართო. ძვირფასი და შესანიშნავი იყო მისი ისე ჭკუა და ნიჭი არა, როგორც სავსება, მრავალკერძოობა და, სასწვრის უღელივით გაწონილი, გაუმრუდებელი სული.
შელგუნოვს ისეთი ავადმყოფობა ჰქონდა, რომ სასმელ-საჭმელს არ იღებდა მისი სტომაქი. თირკმლების კუმ დაადნო და ჩამოახმო განსვენებული. შემთხვევით რომ ფილტვების ანთება არ გახდომოდა საბაბად, სიმშილით სიკვდილის წერა უნდა გამხდარიყო. და აი ამ ყოფაში მაინც ისეთი მხნე იყო სულითა, როგორც ახალგაზდა, ოცისა და ოცდაათის წლის ჭაბუკი. პროფ. მანასეინი და სხვა მკურნალნი საკვირველებიდამ იყვნენ გამოსულნი ამ ცალიერ ძვლების სულის მხნეობას რომ ჰხედავდნენ. საშინელი წვა და ტკივილები სტომაქისა თითქო ვერას აკლებდა მის ძლიერ სულს. შელგუნოვი მომეტებულ ნაწილად მხიარულად იყო თურმე, დამშვიდებული, კითხულობდა ბევრს, სწერდა უფრო მეტს და, როცა თვით არ შეეძლო წერა სისუსტის გამო, სხვას აწერინებდა კარნახითა. ვინ მოიფიქრებსო, გაკვირვებით ამბობს ზემოხსენებულივე მიხაილოვსკი, რომ უკანასკნელი მისი წერილი 66 წლის მოხუცებულის კარნახით (ხელით აღარ შეეძლო) არის დაწერილიო. ამ წერილს რომ ჰკითხულობ, ასე გგონია, ყმაწვილს უწერია, აღტაცებულს ჭაბუკს, სავსეს სიცოცხლით, იმედებითაო.
„მთელი სიცოცხლე განსვენებულისა ერთი დიდი მაგალითია, ღირსი წაბაძვისა და თაყვანებისა. ამბობენ, რომ ვითომ აღტაცება და უმაღლესი ნატვრა და სწრაფვა სულისა ხვედრია მხოლოდ ახალგაზდობისაო. ვითომ მარტო ახალგაზდას შეუძლიან ეტანებოდეს დიდს და ზნემაღალს საქმეს, გასწიროს თავი ქვეყნისათვის და სხვ. რომ ვითომ გამოცდილება, დაბრძენება ჰთრგუნავს, უარჰყოფს, მასხარად იგდებს ყოველსავე ამას, იდეალების მაგიერ პრაქტიკულს ცხოვრებას, სიმდიდრესა და ქონებას აყენებს წინაო. მართალს ამბობენ: ასეა ხოლმე. მაგრამ ის კი მართალი არ არის, რომ ვითომ მუდამ ასე იყოს, და უფრო მართალი არ არის, რომ ვითომ ეს ასე უნდა იყოს და ვითომ ამაში იხატებოდეს თვით ბუნების კანონი ზრდისა. შელგუნოვის კუბოს ათასობით აცილებდნენ უფრო ახალგაზდანი, სასოებით და ზარით შეპყრობილნი. ვუცქერდი ამ ახალგაზდობას და ვფიქრობდი: ეს ყმაწვილნი კაცნი ოდესმე დაბერდებიან, ეს ქერა და შავი თმა მათი გათეთრდება-მეთქი. ვსთქვათ, ეს მართალია, მაგრამ მათ ყმაწვილს გულს რომ ხავსი მოეკიდოს, გაქვავ-გაკლდევდეს, მათი გონება დაიხშოს, ეს კი არა მგონია სავალდებულო იყოს-მეთქი. აგერ ხომ მოხუცებული გარდაიცვალა კაცი, მაგრამ დროშა მაინც სიკვდილამდე ეჭირა, როგორც ეწერა ერთს გვირგვინს, რომლითაც იყო შემკობილი შელგუნოვის კუბო, და აი ეს არის დიდი მაგალითი ჩვენთვის!“
პირველში შელგუნოვი ერთად მუშაობდა იმისთანა ბუმბერაზებთან, როგორნიც იყვნენ ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი და შემდეგ პისარევი. ისინი აჩრდილებდნენ შელგუნოვის ნიჭსა და უნარს. მაგრამ შელგუნოვმა მაინც დიდის ღირსებით და დამშვიდებით აიტანა ეს ადგილი მეორეხარისხოვან მწერლისა და იშვიათია მაგალითი, რომ ისეთის გულწრფელის პატივისცემით მოჰქცეოდა სხვა თავის პირველხარისხოვან ამხანაგებს, როგორც მოექცა შელგუნოვი, თუმცა კი ისიც უნდა ითქვას, რომ მისი სახელი მაშინაც საკმაოდ იზიდავდა მთელის რუსეთის მკითხველ საზოგადოების ყურადღებას.
სალიტერატურო ფონდმა თვითონ იტვირთა შელგუნოვის დასაფლავება თავის ხარჯით, რადგან განსვენებულს სიკვდილის შემდეგ არავითარი შეძლება არ დარჩენია. «Русск. Мысль»-ის რედაქციამ გადასდო საკმაოდ ბლომად ფული ძეგლის ასაგებად. იმედია, მალე დაიბეჭდება შელგუნოვის კერძო წერილები, რომელიც უფრო ცხადად დაგვანახვებს, რა პატიოსანი, უწყინარი და ოქროს გულის კაცი იყო განსვენებული და რა საუნჯე დაჰკარგა მის დაკარგვით რუსეთის ლიტერატურამ.
[1891 წ., 12-26 აპრილი.]
ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1891 წ., 27 IV, № 88, გვ. 2-3 (ცენზურის ნებართვა: 1891 წ., 26 IV).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა განყოფილებაში - „რუსეთი“. მისი ატრიბუციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვპოვე“)“; იხ. აგრეთვე შ. გოზალიშვილის „ილია ჭავჭავაძე და რუსი პუბლიცისტი ნ. ვ. შელგუნოვი“, - გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1957 წ., 21 IX, № 114.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება.
წერილს ვათარიღებთ ნ. შელგუნოვის გარდაცვალების (1891 წ., 12 IV) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
![]() |
2.62 დავით ერისთავის „სამშობლოს“ განახლებული დადგმა |
▲back to top |
თეატრის მატიანე
11-ს ამ თთვეს, ოთხშაბათს დღეს ჩვენი ქართული თეატრი, სწორედ რომ იტყვიან, ჭედით იყო სავსე. არც ერთი ლოჟა, არც ერთი სელი და სკამი დარბაზში არ იყო დაუჭერელი, პირიქით, გზად დადებულს ადგილებზედაც კი მეტი სკამები მიედგათ და, ამბობენ, მაინც მსურველნი ბევრნი უადგილობის გამო გულდაწყვეტით შინ დაბრუნებულან. დიდი ხანია ჩვენს თეატრს ამისთანა ამბავი არ უნახავს. რა იყო მიზეზი? სათამაშოდ დანიშნული იყო ჩვენის საზოგადოების დიდად საყვარელი პიესა „სამშობლო“, რომელიც კარგა ხანია „მიზეზის გამო სხვისა და სხვისა“ ჩვენ აღარ გვინახავს ჩვენს სცენაზე.
სახელი და მადლობა ჩვენს დრამატიულს საზოგადოებას, რომ ეს მადლი მოგვამადლა და იმეცადინა ხელახლად გვენახა „სამშობლო“ სცენაზე. ვინც ამ ღვაწლს ხსენებულ საზოგადოებისას ბევრ არაფრადა სთვლის, იგი, უკაცრაოდ არ ვიყოთ, სცდება. ვინც იცის, სად იწყება ამისათვის შუამდგომლობა და სად თავდება, ის, უეჭველია, ჩვენთან ერთად გულითადს სიტყვას მადლობისას ეტყვის მეცადინეთ.
პიესა ვნახეთ ნათამაშევი. ერთობ რომ სთქვათ, პიესამ როგორღაც უფხოდ ჩაიარა. ბ-ნი სვიმონიძე თითქო გუნებაზე არ იყო. თავის სათამაშოს ის მადლი ვერ დასდო, რომელსაც მისი როლი ითხოვს. ვერც სიხარული, ვერც მწუხარება ვერ გამოხატა ისე, როგორსაც მაყურებელი უნდა მოელლოდდეს იმისთანა ვაჟკაცისაგან, როგორიც ლევან ხიმშიაშვილია.
მეტისმეტი გრეხა და პრანჭვა არ უხდება ლევან ხიმშიაშვილის სათამაშოს. კლაკვნა მწუხარებისაგან და აქეთ-იქით თავის ხრა ვაჟკაცს არ შეშვენის. მაგისთანაები უფრო გულსუსტის კაცის გრძნობათა გამოსახვაა და არა გაუტეხელის ვაჟკაცის ღრმად დაძრულის გულისა. ვაჟკაცსაც უნდა დაატყოს თავისი ბეჭედი ღრმა მწუხარებამ, მაგრამ ვაჟკაცურად კი. დიადობა ვაჟკაცობისა და მთელი მისი ღირსება, ესე საოცრად მაყურებლის სასიამოვნოდ ამაღელვებელი, იმაშია, რომ კაცმა გული რკინისა გამოიჩინოს და აბჯარი ხისა იქ, საცა სუსტი კაცი გულს ბამბისას იჩენს და აბჯრად ცრემლსა ჰხმარობს. ნუგეში ვაჟკაცისა ვაი და ვიში არ არის. იგი ყოველს შემთხვევაში ბატონი და მბრძანებელი უნდა იყოს მწუხარებისა და უბედურებისა და არა ყურმოჭრილი ყმა და მონა. იგი უბედურობას უნდა ჰგრძნობდეს და არ კი ელახვინებოდეს იმიტომ, რომ ვაჟკაცობა ძალაა და არა უღონობა, რომელსაც ვაისა და ვიშის მეტი სხვა გზა არა აქვს.
ერთი სხვა არასასიამოვნო ჩვეულებაცა სჭირს ბ-ნს სვიმონიძეს: მეტისმეტად დიდი ქშენა იცის სცენაზე, მითამდა გრძნობათა აფორიაქების ნიშნად. ვერაფერი ნიშანია და მეტისმეტად წამხდენია მაყურებლის გუნებისა, როცა ეგ ქშენა, საერთოდ დასაწუნი, უადგილო ადგილასაც თავს იჩენს ხოლმე, მართალია, გამოჩენილმა როსსიმ ხანდისხან იცოდა ხოლმე, რომ მკერდი აუდის და ჩამოუდის, როცა გული, მოქმედების მიხედვით, შეეძროდა რაიმე დიდის გრძნობითა, მაგრამ იცის ხანდისხან და თავის ადგილას და არა ისე ხშირად და თითქოს ყველგან, როგორც ბ-ნს სვიმონიძეს მოსდის.
ეგ მკერდის ძვრა და გახშირებული დიდი ქშენა ბ-ნ სვიმონიძისა უფრო უმიზეზო დაღალვასა და დაქანცვას გვისახავს ხოლმე, ვიდრე საშინელს ძვრას იმ ძლიერის გრძნობისას, რომელიც კაცის გულის სიღრმეში აიშლება ხოლმე და ადამიანის მკერდს აქეთ-იქით აქანებს, იმიტომ რომ გული, გრძნობის ქარტეხილით შეპყრობილი, თავის ბუდეში იძვრის და არა დგება. დიდი ოსტატობა უნდა, დიდი გამოცდილება, დიდი ხელოვნება, რომ მკერდის ძვრამ და გახშირებულმა, აჩქარებულმა ქშენამ აღმობეჭდოს ჭეშმარიტი გულის ძვრა და არ მიემგზავსოს დაღალვის და დაქანცვის განსურათებას. ჩვენ ვურჩევთ ბ-ნს სვიმონიძეს მაგ ჩვეულებაზე ხელი აიღოს.
უკანასკნელს მოქმედებაში, როცა ხიმშიაშვილი, თანახმად აღთქმისა, ჰკლავს ხანჯლით ქეთევანსა, ბ-ნმა სვიმონიძემ საგანგებოდ გაატარა სცენა.
ბ-ნი ყიფიანი? ბ-ნი ყიფიანი ლეონიძის როლში თავით ფეხამდე არტისტია და როცა უყურებთ იმის თამაშობას, იმის მიხვრა-მოხვრას, იმის ქცევას სცენაზე, მართლა სტკბებით, ისე ყველაფერი შეფერებულია, შეხამებულია ყველა თავის ადგილას, ნამდვილი და ჭეშმარიტია. არტისტს ყოველს ამისთანაში თითქმის მეტი არ მოეთხოვება რა. აღტაცებული ყოველ ამით, უნებლიედ წამოიძახებთ: ცოდვა არ არის, რო ამისთანა ნიჭით შემკულს არტისტ ენა არ ემორჩილება! ცოდვა არ არის, რომ ამისთანა არტისტი სიტყვებს ჰყლაპავს და ენა ებმის ხოლმე!...
ბ-ნი აბაშიძე შაჰის როლსა ჰთამაშობდა. თუმცა ჩაცმით, დახურვით, სახის მეტყველებით სასაცილო არა სჭირდა რა და ყოველი გარეგანობა შაჰის როლისა ჭკვიანურად შეეხამებინა, მაგრამ პირველს გამოსვლაზევე სიცილი აუტყდათ მაყურებლებსა. ესეთი ბედი აქვს ყოველს იმას, ვისაც სხვიმის განსაკუთრებით სასაცილო როლებში ვხედავთ ხოლმე. საკომიკო არტისტი რაც გინდ სატრაგედიოდ მოირთოს, სახე გაიკეთოს, რაც გინდ მოქმედების მიხედვით ოსტატურად მოიქცეს, ხელოვნურად ითამაშოს, მაინც ისე არ გადურჩება, რომ იქ, საცა იგი სტირის, მაყურებელმა არ გაიცინოს, თითქო მისი ტირილი არა სჯერათო, იმიტომ რომ მაყურებელნი ჩვეულს არიან იმისაგან მარტო სიცილს და ყოველი სხვა მოქმედება მისი სასაცილოდვე მოგონილად მიაჩნიათ. ესეთია ძალმომრეობა ჩვეულებისა და ამიტომ სასურველი არ არის, რომ მაგისთანა სახელოვანი არტისტი, როგორიც ბ-ნი აბაშიძეა, რეჟისორმა თავის კუთვნილს ადგილას არ ჩააყენოს ხოლმე. არტისტიც ცუდს მდგომარეობაშია ხოლმე და მაყურებელსაც ვერ უძლევია ჩვეულება და ილუზია ეკარგება იმის მოლოდინით, რომ საცაა ბ-ნი აბაშიძე სასაცილოს რასმე გამოატყვრენსო.
სხვა გარეგანი მოკაზმულობა სცენისა, ზოგიერთა უსწორმასწორობის გარდა, ურიგო არ იყო, ჩვენა გვგონია, რომ უწინდელზე უფრო მეტი მეცადინეობა ეტყობოდა, როგორც არტისტების ჩაცმა-დახურვას, ისეც სცენის მორთულობასა. ჩვენ არ გვახსოვს, რომ ყოველივე ეს წინად როდისმე უკეთესად მოწყობილი ყოფილიყოს.
[1891 წ., 11-12 დეკემბერი.]
თეატრის მატიანე
დავით ერისთავის „სამშობლოს“ განახლებული დადგმა
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1891 წ., 13 XII, № 265, გვ. 2.
თეატრის მატიანე ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
რეცენზიის ატრიბუციისა და პუბლიკაციის შესახებ იხ. შენიშვნა წერილისა „ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვპოვე“)“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. ქვესათაური ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
517. 12-13 ...პიესა „სამშობლო“ რომელიც კარგა ხანი მიზეზის გამო სხვისა და სხვისა... აღარ გვინახავს... - რეაქციულმა ძალებმა საქართველოსა და რუსეთში, როგორც ჩანს, გავლენა მოახდინეს ხელისუფლების სათანადო ორგანოებზე, რომლებმაც საიდუმლო მიწერილობით აკრძალეს „სამშობლოს“ სცენაზე დადგმა („სამშობლო“ პირველად დაიდგა 1882 წლის 21 იანვარს). პიესა კარგა ხანს აღარ იდგმებოდა, მაგრამ შემდეგ, 1891 წელს, ბაბო ავალიშვილმა (1851-1900) კავკასიის მთავარმართებლობისაგან გამოითხოვა თავის საბენეფისოდ ამ პიესის დადგმის უფლება.
![]() |
2.63 წერილები ქართულ ლიტერატურაზე |
▲back to top |
ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი იყო წერილი, რომელსაც სახელადა აქვს: „ხმა შორიდამ“* და რომელიც შეეხება ეგრედ წოდებულს „ახალს და ძველს თაობას“ ჩვენში. ჩვენ გვინდა ჩვენს მკითხველს განვუზიაროთ ჩვენი აზრი ამ წერილის საგანზე, და ვიდრე ამას ავასრულებდეთ, საჭიროდ დავინახეთ მოკლე წინასიტყვაობისავით წარვუმძღვაროთ წინ შემდეგი.
არა ერთხელ ატეხილა ჩვენს ფეხმოკლე ლიტერატურაში საუბარი ახალ და ძველ თაობაზე. ზოგი მწერალი საყვედურს აძლევს ახალს თაობას, რატომ არას აკეთებო, ზოგი ძველს თაობას, რატომ არა გააკეთე რაო. იქნება ერთიც მართალი იყოს და მეორეც, ხოლო დღემდე კი არავის გამოურკვევია, რა არის და ვინ არის ან ახალი, ან ძველი თაობა, და არავინ იცის ვისზე ლაპარაკობენ, როცა ან ერთს, ან მეორეს ახსენებენ.
მართლადა, რა არის და ვინ არის ახალი ან ძველი თაობა? ამ სახელებქვეშ ვინ და რა უნდა ვიგულისხმოთ? აშკარაა, ვინც ამ სახელებს რაიმე ფასსა სდებს და თუთიყუშივით გაგონილს არ იმეორებს, ახალს თუ ძველს თაობას იმათში ეძებს, რომელნიც საზოგადო სარბიელზე გამოსულან სამოქმედოდ. უეჭველია, ეს სახელები უნდა ეკუთვნოდეს ამ ჯურის ხალხსა, იმიტომ რომ სხვა ყველა, თავის ცალკე ბუდეში კარჩაკეტილი, ამისთანა სახელების წინაშე არაფერს შუაშია. თუ ასეა და, ვგონებთ, უამისობა არც შეიძლება, მაშ სიახლეს და სიძველეს ერთისა თუ მეორის თაობისას აქ უნდა მოვუნახოთ საბუთი და საფუძველი.
ხოლო საკითხი ეს არის: რა საწყაო ვიხმაროთ, რომ ან ერთს მივუწყათ ახლობა, ან მეორეს ძველობა? ჰასაკი და წლოვანება? ეგ ხომ მტკნარი ბავშობა იქნება! ან კიდევ ის, რომ ერთი გუშინ მოვიდა და მეორე დღეს მოდის? არც ხომ ეს იქნება საკადრისი ჭკვათამყოფელის მკვლევარისათვის! მაშ სხვა რა ვიხერხოთ, რომ ერთის ჯურის საზოგადო სარბიელზე მომქმედი კაცი გავარჩიოთ მეორისაგან?
აი, როცა ამ საკითხს მივაწყდებით ხოლმე ძალაუნებურად, მარტო მაშინ ვხედავთ, რომ ხსენებული სიტყვები ჩვენში ცალიერი სახელებია უსაგნო, ნაჭუჭია უგულო, ფრაზაა უსაქმო. საზოგადო სარბიელზე გამოსული კაცი უსათუოდ ან აზრის კაცია, ან საქმისა, ან ორისავ ერთად, თუ ისე ბედნიერად მიმადლებულია ბუნებისაგან, რომ შემძლებელია ერთისაც და მეორისაც. საზოგადო სარბიელი მოედანია საზოგადო ცხოვრებისა, რომელიც ამ შემთხვევაში სხვა არა არის რა, გარდა აზრთა და საქმეთა ერთმანეთთან ბრძოლისა ცხოვრებისავე ესე თუ ისე მოსაწყობად და მისამართავად; იმიტომ, რომ ყოველი აზრი, ყოველი საქმე, ცხოვრებისათვის ასე თუ ისე შესაწყნარებელი, იმავ არსებობისათვის ბრძოლის კანონს ექვემდებარება, როგორც სხვა ყოველი ამ ქვეყნიერობაზე, და ისე არ იჩენს თავს, რომ ან ყოფილს აზრს, ან საქმეს წინ არ შეეხალო და ომი არ გადაუხადოს ადგილის დასაჭერად.
ყოველს ამისთანა აზრს თუ საქმეს, სხვა ბევრ ძარღვთან ერთად, ერთი უმთავრესი ძარღვიცა აქვს, რომელიც, ვითარცა უაღრესი და თვალსაჩინო ნიშანი ცნობისა, ჰხდება საბუთად სახელწოდებისა. ამ სახელწოდებითვე იწოდება საზოგადო სარბიელზე მომქმედი კაცი იმისდა მიხედვით, თუ რომელის აზრისა ან საქმის პატრონია და მიმყოლი. მაგალითებრ, როცა იტყვიან: ეს კაი ნაციონალისტია, კოსმოპოლიტია, ლიბერალია, კონსერვატორია, იდეალისტია, რეალისტია, ფრიტრედერია, პროტექციონისტია, რესპუბლიკელია, მონარქიელია, ამით არამცთუ მარტო მის მიერ დაჩემებულს, შეთვისებულს და მოძღვრებულს საზოგადოებურს აზრს და მიმართულებას გვისახელებენ, არამედ მათდა საპირისპიროსაც.
რადგანაც ყოველს საზოგადო აზრს თუ საქმეს ამყოლი, მოსარჩლე და მოძღვარი, ბერიცა ჰყავს და ერიც, ჭაბუკიც და მხცოვანიც, ახალიც და ძველიც, გუშინდელი და დღევანდელიც ერთსა და იმავე დროს, ამიტომაც ვერც ერთი და ვერც მეორე, ვერც ძველი და ვერც ახალი, ვერ მიაკერებს რომელსამე აზრს თუ საქმეს ცხოვრებაში ასე თუ ისე მოარულს, თავისს სახელსა; პირიქით, თვითონ აზრი ან საქმე აკისრებს ხოლმე თავისს სახელს თავის ამყოლსა და გამძღოლსა.
რასაკვირველია, იშვიათი არ არის ქვეყნიერობაზე, რომ ცალკე კაცის სახელითაც იწოდებოდეს რომელიმე აზრი თუ საქმე, მაგალითებრ, დარვინის სამეცნიერო აზრს და მოძღვრებას დღესაც დარვინიზმობით იხსენიებენ, ბაირონის მიმართულებას და აზრთა წყობას - ბაირონიზმობით. ამის მიხედვით იტყვიან ხოლმე, ეს კაცი დარვინისტია, ბაირონისტია და მებრვე სხვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, წინ აგვეტუზება ერთი საკითხი: თუ ცალკე კაცის სახელით საზოგადო სარბიელზე გამოსული კაცი განირჩევა ერთი მეორისაგან, რატომ მთელი წყობა, მთელი კრებული, რომელსაც ან ერთი, ან მეორე თაობა წარმოადგენს, თავის სახელით ვერ აღნიშნავს მის მიერ მოძღვრებულს საზოგადო აზრსა თუ საქმესა? ჩვენ ამის უარს არ ვამბობთ: ეგეც შესაძლებელია. ხოლო დავაკვირდეთ იმას, რომ ამ შემთხვევაში სახელი ახალის თუ ძველის თაობისა უნდა მიეთვისოს იმ წყობას საზოგადო აზრებისას, მიმართულებისას თუ საქმისას, რომელთაც აღიარებს, ჰმოძღვრებს და ასულდგმარებს ერთი თაობა, და მეორე ეწინააღმდეგება, ეურჩება და უარობს. ხომ მარტო ამითი უნდა გაირჩეს ერთი თაობა მეორისაგან, და აბა გვიჩვენეთ, ვის რა ამისთანა საზოგადო აზრი, მიმართულება ან საქმე უწერია თავის დროშაზე? ან ვისი საზოგადო აზრი, მიმართულება თუ საქმე - ვისას ერჩის და ვისას ებრძვის?
კვლავ ვიმეორებთ: როცა ამისთანა საკითხს წავაწყდებით ხოლმე, მხოლოდ მაშინ ვცნობილობთ, რომ ჩვენში ამისთანა სიტყვები, როგორც ძველი და ახალი თაობა, ცალიერი და ფუყე სახელებია და დროა თავისს პატრონს ჩაჰბარდნენ და საიდამაც მოსულან, იქ წავიდნენ. ამ სახელების ხმარება ჩვენში სხვა არა არის რა, ბაშვობის მეტი, იმიტომ რომ მარტო ენაამოუდგმელს ბაშვს შეჰფერის ხმარება იმისთან სიტყვებისა, რომელთაც არც საგანი აქვთ, არც საბუთი, არც მიზეზი არსებობისა.
ამიტომაც, როცა საყვედურს აძლევენ ახალს თაობას - არას აკეთებთო, ჩვენ ვერ გამოგვირკვევია, ვინ უნდა მიიღოს ეს საყვედური თავისს თავზე. თუ ამით ეხლანდელს დროს ემდურიან, ეგ სხვაა. ეხლანდელს დროში, როგორც წინანდელშიაც, ჰმოქმედობენ ახალნიც და ძველნიც და, მაშასადამე, აქ ან ერთი, ან მეორე არაფერს შუაში არიან ცალ-ცალკე, და თუ არიან, ორნივ ერთად არიან დამნაშავენი. თუ რომელიმე წყობა ცალკე გამდგარა და განგებ დაურქმევია თავისთავისათვის ძველი ან ახალი თაობა და ყოველს სხვას, თავ-თავის წყობის გარედ მოქცეულს, ან ერთს, ან მეორე სახელს ეძახიან, - ეგ ხომ საქმის ვითარებისაგან წარმომდგარი არ იქნება, ეგ ხომ ძალად აკვიატებულს სახელს მოასწავებს, თვითნებობით დაჩემებულს! ამისთანა ხალხზე მარტო ეს ითქმის: დეე, ბალღებმა თავი შეაქციონ, ოღონდ კი ნუ იტირებენო.
რა თქმა უნდა, ამ საგანს ბევრი სხვა ახსნა და გარკვევა სჭირია, მაგრამ რაცა ვსთქვით, ვგონებთ, საკმარისია ჩვენს თავს ვურჩიოთ, რომ დროა თავი დავანებოთ ამ გაცვეთილს სახელებს და მოვიკითხოთ მარტო ის, გუშინ რას ვდევდით ძველნიცა და ახალნიცა და დღეს რასა ვდევთ; რას ითხოვდა წინა დღე და რა პასუხი მისცა დღევანდელმა. ჩვენ ვეცდებით შემდეგ ეს საგანი ამ მხრითაც, ჩვენის შეძლებისამებრ, გამოვარკვიოთ.
____________
* იხ. „ივერია“, №20. [1892 წ.]
***
ჩვენ ჩვენი წინანდელი მეთაური წერილი იმით გავათავეთ, რომ ვირჩიეთ გამოვარკვიოთ: გუშინ რას ვსდევდით ახალნიცა და ძველნიცა? რას ითხოვდა წინა დღე და როგორ გაუძღვა იმ თხოვნას დღევანდელი? ჩვენ ესე დავაყენეთ ეს საქმე იმიტომ, რომ ჩვენს ამ საუკუნის ცხოვრებაში ვერა ვპოულობთ ერთს იმისთანა ხანას, რომელიც წარმოგვიდგენდეს აზრთა და მიმართულებათა ერთმანეთთან დაჯახებას, ბრძოლას და ჭიდილსა. პირიქით, მთელს ამ უკანასკნელს საუკუნეს რომ თვალი გადავავლოთ, დავინახავთ, რომ ჩვენს ტაატით მოარულს ცხოვრებაში, როცა კი აზრს ფეხი აუდგამს და უსაქმია, წინ სამტროდ არა სხვა აზრი და მიმართულება არ დახვედრია და მშვიდობიანად უვლია თავის განვითარების გზაზე, გაუფართოებია თავისი მოედანი, გაშლილა, შეფოთლილა, გამოუღია თავისი ნაყოფი, მერე თესლიც დაუყრია შემდეგისათვის და აგრე მოდენილა ჩვენამდე.
მართლაც, მთელი ეს მეცხრამეტე საუკუნე ისე დაგველია, რომ ამ საკმაოდ დიდს მანძილზე არც ერთი ხანა ჩვენის ცხოვრებისა თითქმის არ ყოფილა იმისთანა, რომ ორი სახსენებელად ღირსი აზრი, ორი მიმართულება, ორი საქმე, ერთმანეთის მოპირისპირე, ერთმანეთს დასჯახებოდეს ცხოვრების მოედანზე ადგილის დასაჭერად თუ სხვა რისთვისმე. ვერ ვიტყვით, რომ ამ გრძელ დროს განმავლობაში არ ჰყოფილიყოს ხანა და ხანა, რომელნიც განირჩევიან თვისთა აზრთა წყობით, მიმართულებით თუ საქმიანობით, ხოლო ჩვენ იმის თქმა გვინდა, რომ ჩვენ ვერ ვიპოვით ერთსა და იმავე ხანაში იმისთანა სხვადასხვაობას აზრთა წყობისას და მიმართულებისას, რომ ცალ-ცალკე ბანაკებად გასვლა-გამოსვლას საზოგადო მოღვაწეებისას რაიმე საჭიროება წინ გასძღოლოდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ სახეში გვაქვს სხვადასხვაობა მარტო იმისთანა აზრების და მიმართულებისა, რომელნიც სახსენებელად ღირსნი არიან, თორემ ჩხირკედელობის ჰოარაობა ბევრი იყო, ნამეტნავად ამ უკანასკნელ ხანებში, როცა რუსულ ლიტერატურის ძალმომრეობამ ჩაგვითრია წინდაუხედავად, უკრიტიკოდ, და ამ გზით რუსეთის აზრთა და მიმართულებათა ბრძოლა ჩვენში გადმოვიტანეთ და ვლამოდით ჩვენის ცხოვრებისათვის ძალად მოგვეხვია თავზე, ვითომცდა ჩვენც ნახირ-ნახირო. ის კი დაგვავიწყდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ამ ბრძოლას არავითარი მიზეზი არა ჰქონდა არამცთუ არსებობისა, ფეხის ნელად მოკიდებისაც კი.
ამ ბრძოლის ატეხა და მოვლენა ჩვენში, ამტეხელთა და მომავლინებელთა უნებურად, იმას მოასწავებდა ჩვენის მოაზრე ცხოვრებისათვის, რაც დროთა ვითარებამ დაჰმართა მოსაქმე ცხოვრებასა, მით, რომ თავით თვისით წინსვლა შეუფერხა და გადაეღობა მის თვითმოქმედების ძალღონესა, თითქო ჰსურთო, არამცთუ მოსაქმე ცხოვრებით, არამედ მოაზრეთიც, ყოველი ჩვენი დაგვკარგოდა, ავყოლოდით სხვისას, სხვას დავმსგავსებოდით როგორც საქმითა, ისეც აზრითა, ჩვენ ჩვენობა აღარ დაგვტყობოდა, ერთის სიტყვით, მოვლენილ დროთა ვითარებას მივცემოდით სულითაც და ხორცითაც. მადლობა ღმერთს, ამ ბრძოლის გადმოტანა ჩვენში ქარის მობერვასა ჰგვანდა და ქარსავითვე გაგვექარვა და ჩვენმა და ჩვენობამ ომგადუხდელად თავისი თავი გაიტანა ჩვენდა სანუგეშოდ. როგორც ვნახავთ შემდეგში.
ამიტომაც ჩვენს ცხოვრებას ამ საუკუნეში რომ გულამდე თვალი გავუბნიოთ, ვნახავთ, რომ იგი წარმოგვიდგენს აზრთა და მიმართულების წინსვლას, წარმატებას, მერე ისე, რომ შემდეგი წინაზე უფრო სრულია, უფრო სავსე, უფრო ვრცელი და უკეთესი. აქ ზრდაა, მატებაა აზრისა, გონების თვალთახედვის გაგანიერება, განდიდება, გაძლიერება, და არა ჭიდილი და ბრძოლა, რომელთაც გაბატონება, ბრძანებლობა მოსდევს ერთისა და დაჩაგვრა და ყმობა მეორისა. ამიტომაც ვხედავთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არც ერთს ცალკედ ფეხადგმულს აზრს თუ მიმართულებას ბუნება ჟამთა სიარულში არ გამოსცვლია, არ დაჰშლია, და ყოველივე იგი, დაწყებიდამ დღევანდლამდე, თითქმის ერთისა და იმავე ბუნებისაა, ერთისა და იმავე თესლისა, ხოლო განსხვავება იმაშია, რომ როგორც ყოველივე მოზარდი, დღეს ისეთი აღარ არის, როგორიც გუშინ იყო: დღეს უფრო დასრულებულია, უფრო ტანადოვანია, თუ ესე ითქმის, უფრო განწმენდილი და გაფაქიზებული. აიღეთ რომელიც გნებავთ ცალკე აზრისა და მიმართულების მატება და წინსვლა, ყველგან ჰნახავთ, რომ ერთს მეორესთან მოთავსებით, ერთმანეთის შეწყნარებით უცხოვრია, ხელშეუშლელად, მშვიდობიანად უვლია და ამ სახით ყველა მოღვაწენი ერთს დიდს უღელში ჰბმულან, და ვისაც სად, რა და როგორ ეხერხებოდა, ეს უღელი უწევია იმიტომ, რომ აქ ყოველი გზა რომში იყო მისასვლელი.
აბა მივიხედ-მოვიხედოთ, მართლა ესეა, თუ არა. მეთვრამეტე საუკუნის ვაივაგლახმა და მეცხრამეტის პირველ წლების წეწვა-გლეჯამ ჩვენი ერი მოჰღალა, ქანცი გაუწყვიტა, თავისთავის იმედი დააკარგვინა. როცა შემთხვევა მიეცა, თავი თითქო მოსვენებას მისცა: გაუყუჩდა და თითქმის ხმაამოუღებლივ დაემორჩილა ახლად მოვლენილს ბედსა და გარემოებას. თუ დააკვირდება კაცი იმ საშინელ გარემოებათა, რომელთაც აბეზარს მოიყვანეს ჩვენი ერი, უამისოდაც ილაჯგაწყვეტილი შინაურ ამბოხებისაგან ცალკე, და ცალკე გარეულ მტერთა ზედმოსევისა, ხოცვისა და რბევა-აკლებისაგან, ის არა გვგონია ისე გაკადნიერდეს, რომ ამ წყურვილს დასვენებისას უკიჟინოს. ხანგრძლივ შფოთებს შემდეგ სვენება უპრიანია, როგორც ცალკე კაცისათვის, ისეც მთელი ერისათვის. ამას ბუნება ითხოვს.
მართალია, ამ სვენების ხანაშიაც კიდევ დაჰნათოდა ჩვენს ცხოვრებას შუქი წინა დღის ჩამავალის მზისა, წინადღიდგან გამოყოლილნი და გულში ჩარჩენილნი ანდერძნი კიდევ ასულდგმარებდნენ საზოგადო მოღვაწესა და თუმცა ამისთანა მოღვაწეებმა ერთად თავი მოიყარეს და იფეთქეს ამ ანდერძების სახელითა, მაგრამ დაჰმარცხდნენ. მართალია, მაშინდელი აწმყო ისეთი მიზეზიანი იყო, რომ საზოგადო მოღვაწეებს საბუთი ჰქონდათ ცალ-ცალკე ბანაკებად გასვლისა, იმიტომ რომ ეს იმისთანა მოძრაობის დრო იყო, როცა მომხრეობას წარსულთა ანდერძებისას წინ უნდა დაჰხვედროდა იმ აწმყოს გამომწვევი აზრი და მიმართულება. გარნა, რაკი წარსულის მომხრენი დამარცხდნენ, მთლად დაუთმეს ცხოვრების მოედანი გამარჯვებულთა. მისწყდა ამ ანდერძთა რიხიანი ხმა და მაშინდელმა მოღვაწეებმა ზურგი შეუქციეს წარსულ ანდერძთა ღაღადებას. დამარცხებულნი სრულად გაეცალნენ ცხოვრების სარბიელიდამ, დაიქსაქსნენ, თუმცა კი გულისტკივილი მათი თესლად დარჩა ცხოვრების ხნულში.
ჩვენა ვწუხვართ, რომ მეტის სავსებით ვერას ვიტყვით ამ თესლად დარჩენილისას, რომელიც, როცა ამინდი დაუდგებოდა, ხელახლად უნდა გაღუებულიყო აღმოსაცენად, თუ ცხოვრებას ჰსურდა თავისი მახლობელი სათავე არ დაჰკარგოდა სამუდამოდ. ხოლო რაცა ვსთქვით, ისიც საკმაოა გვაცოდინოს, რომ ამ თესლზე გასწყდა ჯაჭვი ცხოვრების ზედმიყოლებისა, აწმყოსა და წარსულ შუა ჩაჰსტყდა ხიდი, შემდეგს სათავე და დასაბამი მოუწყდა. ამიტომაც ამ ხანაში ბოლოს და ბოლოს ვხედავთ, რომ ბუნებური ორკეცი დენა ცხოვრებისა შედგა, გაჩერდა. ჩვენ ორკეცი დენა ვახსენეთ იმიტომ, რომ ცხოვრება ყოველთვის ორ დიდ ტოტად დადის: ერთი ტოტი მოაზრე ცხოვრებაა*, მეორე - მოსაქმე**, რომელნიც ისე არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი, რომ ხან ერთია მეორისაგან წარმოდგენილი, ხან მეორე პირველისაგან. თვით აზრიც სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ საქმეა ჯერ განუხორციელებელი, და საქმეც აზრია, უკვე განხორციელებული.
ამიტომაც ამ ხანაში ვხედავთ სრულს უკაცურობას. არც ერთს მხარეს ბუნებითად რთულ ცხოვრებისას მოღვაწე აღარ უჩანს. მოსწყდა ორკეცი დენა ცხოვრებისა და დაცარიელდა საზოგადო მომქმედთა სარბიელიცა. რაკი წარსულსა და მაშინდელ აწმყოს შუა დედამიწა გაირღვა, წარსულ ანდერძებთან ერთად ყველაფერი დავკარგეთ. ისიც კი დავივიწყეთ, - ვინა ვართ და რანი ვართ. ამ გარემოებამ ხომ სრულიად გაგვიუქმა ჭკუა-გონება, ამოგვიშრო ტვინი იმიტომ, რომ საგანი ცხოვრებისა დავკარგეთ ამაების დავიწყების გამო და ჭკუა-გონებას, სულს და გულსა აღარა ჰქონდა მიზეზი ფრთა გაეშალა, და რა თქმა უნდა, მოაზრე ცხოვრება ვეღარ დაიძროდა ადგილიდამ და შედგა, თითქო ერთს ადგილს შეიკრა და გაიყინაო.
არც მოსაქმე ცხოვრებაში შეეძლო თავი ეჩინა საზოგადო მოღვაწესა. ეს მხარეც ცხოვრებისა, თავის საწყლეში მომწყვდეული, შეჰგუბდა და გაჩერდა შეგუბებული, თითქო ახალ გარემოებათაგან გზადაკარგული ელისო, აცა საით გამიხსნიან ნაპირს, რომ იქიდამ დავიძრა და მივედინოო. გახსნა ნაპირისა თვით ცხოვრების შვილთა ხელში აღარ იყო და რა საკვირველია, რომ აღარც საგანი, აღარც საქმე იყო მოსაქმე ცხოვრებისათვის. უსაქმობამ და უსაგნობამ ცხოვრებისაგან გახიზნა მაშინდელი კაცები და შეუხიზნა ახალ ვითარებას. ვისაც რაიმე ნიშანწყალი ადამიანობისა ჰქონდა, ყველანი ერთობ გაიწივნენ სამსახურისაკენ და მის ფარგალში შეიმწყვდიეს თავი, დანარჩენნი კი შინ, თავის ოჯახებში შეიკეტნენ, ვნახოთ ხვალე რას მოგვიტანსო. პირველნი იმისათვის, რომ ახალ ვითარების კალთას ქვეშ თავი როგორმე გაიტანონ და მეორენი იმისათვის, რომ თავის პატარა ოჯახების პატარა სანათურიდამ თვალი ადევნონ, აცა ციდამ ვაშლი როდის ჩამოვარდება, რომ პირველი მე მივვარდე და მოვკმინჩოო. საზოგადო ცხოვრება კი უკაცურად დარჩა, არც ერთთა და არც მეორეთა იგი აინუნში აღარ მოსდიოდათ, თითქო რაკი იგი, როგორც მეტი ბარგი, მოიხსნეს, მოხარულნი არიან, რომ მისთვის ზრუნვა, ურვა და გარჯა თავიდამ მოჰშორდათ და სხვამ იდვა კისრადაო.
აი, ჩვენის ფიქრით, ნიშნობლივი ძარღვი იმ ხანასი, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლების თითქმის მეორე ნახევრამდე თავი იჩინა ჩვენში.
ჩვენდა სანუგეშოდ, ამისთანა უქმად ყოფნამ, როგორც აზრისამ, ისეც საქმისამ, თავი დიდხანს ვერ შეინახა. ვერც შეინახავდა, იმიტომ რომ, რამოდენადაც ხანი მიდიოდა, იმოდენად ჩვენობა და უცხოობა თუმცა ერთმანეთს იშვნევდნენ, მაგრამ გულში კი ერთმანეთში ვერა ჰრიგდებოდნენ.
ამ ამბავს, რა თქმა უნდა, აზრი უნდა დაეძრა ასე თუ ისე სამოქმედოდ და ის უპასუხოდ დარჩენილი საკითხი: „ვინა ვართ და რანი ვართ“ - ხელახლად უნდა გამოსულიყო მოედანზე.
პირველი ასეთი ნიშანი ერის ვინაობისა ენაა და, აი, სწორედ პირველმან ამან აიდგა ფეხი ჩვენში, შემდეგ კარგა ხნის დუმილისა. ამასთან ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს აზრთა სვლას, ჩვენს ზრუნვას და ფიქრსა, მთელის ბუნებითად რთულის ცხოვრების ფართო მოედნიდამ მცირე კუნჭულიღა ჰქონდა დათმობილი ჟამთა ვითარებისაგან. მარტო ამ კუნჭულშიღა გახდა შესაძლებელი ჩვენის ცხოვრებისათვის მოღვაწე კაცს თავი ეჩინა. ეგ იყო მწერლობა, რომელიც ჰზრდის და ინახავს ენასა და რომელმაც ხელახლად ხმა ამოიღო ამ საუკუნის ოცდაათიან წლებში. ამით დაიწყო, ჩვენის ფიქრით, მეორე ხანა ჩვენის ცხოვრებისა. ჩვენმა აზრთა სვლამ, მიმართულებამ, საქმიანობამ აქ შეიფარა თავი და ამიტომაც მათის გამონასკვის, ზრდის და მატების ამბავი აქ უნდა ვეძიოთ. აქ გამოჩნდება, გუშინ რას ვსდევდით ახალნიცა და ძველნიცა, აქ დავინახავთ, რას ითხოვდა ჟამთა სიარულში წინა დღე და რა პასუხს აძლევდა შემდეგი.
ყოველს ამაზე მერე მოვილაპარაკებთ.
***
მწერლობა ჩვენი, ოცდაათიან წლებში ხელახლად ფეხადგმული, პირველ ხანს უფრო შინაური საქმე იყო, ვიდრე საყოველთაო, უფრო შესაქცევარი, ვიდრე გარჯით მკვლევარი. შინაურს ვამბობთ, რადგანაც შინაურობაში იბადებოდა და ისე შინაურობის მოკლე წრეში ჰტრიალებდა, იმიტომ რომ მაშინ არც ჟურნალგაზეთობა იყო, არც ჩვეულობა ცალკე წიგნად ბეჭდვისა და, სწორედ მოგახსენოთ, არც სათქმელი ჰქონდა საყოველთაო, რადგანაც საყოველთაო საგანი ახლად ახილებულ მწერლობის თვალისათვის მიუწვდენელი იყო, თუნდ რომ თვით ცხოვრებაში ყოფილიყო მაგისთანა საგანი. ყველა ასაკს თავისი შემძლეობა აქვს და ახლად ფეხადგმულს ვერ მოსთხოვთ ნაბადზე გადახტომას. შესაქცევრად იმიტომა ვხადით იმ პირველდაწყებითს მწერლობას*, რომ იგი მარტო ერთს, თუმცა დიდგავლენიანს შტოს ლიტერატურისას ემსახურებოდა, სახელდობრ - პოეზიას, ისიც იმ ფარგალში, რომელსაც „ლირიკას“ ეძახიან და რომელიც უფრო თვითონ მწერლის გულთა წვა-დაგვას, ჭირსა და ლხინს გვიგალობს, ვიდრე მოაზრე ცხოვრების აზრთა სვლას და წარმატებას.
ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ამისთანა მგალობელი მწერლობა მეტი იყოს ადამიანის ერთობ მოწყენილ ცხოვრებისათვის: ქანცგაწყვეტილი მუშაც კი საჭიროებას ჰხედავს დაიტკბოს სიმწარე თავისი ცხოვრებისა სიმღერით და გაიქარვოს თავისი ჭირ-ბოროტი და ერისათვის რატომ აღარ უნდა იყოს საჭირო, თვისთა მწერალთა ტკბილ გალობით ასე თუ ისე გაიქარვოს კაეშანი. ხოლო ამით იმის თქმა გვინდა, რომ რაკი საზოგადო ცხოვრება ჩვენს კაცს ხელიდამ გამოეცალა, რაკი კაცს ხელთ შერჩა მარტო ავის თავიღა, სხვა რა ექმნა, რომ უსაგნო გარეშემოსაგან ლტოლვილი თვალი თავის საკუთარს გულში არ ჩაეხედებინა და იქ არ მოეკლა წყურვილი გულთათქმისა და ჭკუა-გონების ხედვისა.
ამისთანა იყო მწერლობა თ. ალ. ჭავჭავაძისა, თუ მარტო მის უმთავრესს ძარღვს მწერლობისას მივიღებთ სახეში, თორემ ამ ტკბილს მთქმელსაც საყოველთაო უნუგეშყოფამ მაშინდელის დროისამ წარმოათქმევინა ერთგან თვისი სამძიმარი, საცა ისმის ეგრედ წოდებული „მოქალაქური გულისტკივილი“ მის გამო, რასაც გულში იმალავდა მაშინდელი ცხოვრება:
ძალი დავალს ღიმით ნაქცევთა ზედა,
სად სიმართლე მისგან შენარაზედა,
მის ყვავილთა ფერხით ჰლახავს გზაზედა,
რომელნი სჭკნებიან
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
ეს ძალა, რომ ღიმით დადიოდა ნაქცევთა ზედა და ფეხით ჰლახავდა გზადაგზა სიმართლის ყვავილსა, რომელნიცა სჭკნებოდნენ მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით - ნათელი სურათია მაშინდელის ყოფა-ცხოვრებისა. პოეტი უჩივის ამ ყოფას და უქადის, რომ დრო მოვა და სხვა იქნებაო და ამბობს, გაფრთხილდითო:
რომელნიც ამწარებთ ღარიბთ ცხოვრებას
და სთხოვთ ურცხვად, უსამართლოდ, მონებას,
მოელოდე მათთან თანასწორებას!..
არ მარადის იშვათ
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
ამ სხვა დროთა მოსვლის იმედი გულიდამ ამოღებული არა ჰქონია ჩვენს პოეტს. პირიქით, იგი ამბობს:
რადგან იქნება, სულგრძელება იხმაროთ რად არ!
ნუთუ კვლავ ღმერთმან გკურნოსთ ერთმან...
და თუ სწუხს, მარტო იმას, რომ ვაი თუ მე ვეღარ მოვესწროო, იმას ვსტირიო, ამბობს იგი:
......ვაჰ, თუ ვესწრა ვერ,
თვარაღა ჟამი, გულთ მაამი, კვლავცა იქნების.
ხოლო ამისთანა საზოგადო ყოფისაგან ამოკვნესილი სიტყვა და ნუგეშმცემელი იმედი უმთავრესი ძარღვი არ არის ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში, რომელიც უფრო სიყვარულის და ტრფიალების ჭირი და ლხინი და, მაშასადამე, სიყვარულის და ტრფიალების პოეზიაა. და თუ ეს ცალკე მაგალითები მოვიყვანეთ მამულისშვილურ გულისტკივილისა, მარტო იმისათვის, რომ ვნახოთ, მაგისთანა გულისტკივილს, მერე სამოციან წლებში ეგრე გაძლიერებულს ჩვენს მწერლობაში, სათავე სადა ჰქონია და მცირე ნაკადულად გამონაწური მერე როგორ გაზრდილა და უმატნია.
პირველ ხანებში თ. ალექ. ჭავჭავაძის გზას დაადგა თ. გრ. ორბელიანიცა. ხოლო იმავე დროს პირველმან ამან მიგვახედა ჩვენ მიერ დავიწყებულს წარსულს. იგი ერთს თავის თანამედროვეს მოხუცს სწერს: „ნეტავი ოდეს -
..................შენ მომითხრობდე,
..................მე ყრმა გისმენდე
გამოუცდელი მოხუცებულსა, -
..................თუ ვით ივერნი,
..................ლომგულნი გმირნი,
ჰბრძოდნენ, სცხოვრებდნენ დროსა წარსულსა.
თითქო იგრძნოო, რომ უწარსულოდ აწმყო უფესვო ნერგია, თავგაუტანელი, ფეხმოუკიდებელი. მართალიც არის: აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, არც მომავალი აქვს, იმიტომ რომ, ერთის მეცნიერისა არ იყოს, „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. უწარსულოდ იგი უფესვ-უშტოა, რადგანაც ერთის მხრით უდედმამოა და მეორეს მხრით უშვილო. დიაღ, მან პირველმან შეჰკვნესა ჩვენს დავიწყებულს წარსულსა:
წარსულთა დროთა, დიდების დროთა,
ყოვლი კეთილი თანა წარიღეს!..
რა კეთილი ერთგულება და სარწმუნოებაო, რომელნიც ქართვლის თვისებას შეადგენდაო და რომელსაც იგი უსათუოდ ვეღარ ჰპოულობდა თვის გარშემო; ვაჟკაცობა და მამაცობაო, რომელნიც ქართვლის სახელს აღარ ადიდებდნენ უწინდელებრ და ყოველ ამის ვეღარ მნახველი ამბობს:
დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე
თვისსა მამულსა შესწირა მსხვერპლად,
დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა
მამულისადმი გულს აღბეჭდილად.
ამ გზით გრ. ორბელიანმა ერთი ახალი ნაკადული კიდევ ჩაურთა ჩვენს პოეზიის მდინარებას და ამით ცოტად თუ ბევრად განადიდა იგი და შეავსო. მან პირველმა ჩაუდგა ქვაკუთხედი იმ ხიდს, რომელიც დროთა გარემოებამ ჩატეხა წარსულსა და აწმყოს შუა და რომლის ხელახლად გადებას შეუდგა დღევანდელი დღე.
ამ სახით თ. გრ. ორბელიანი გამგრძობია თ. ალ. ჭავჭავაძის პოეზიისა; და ამას გარდა, თითქმის ერთგვარი დენა მწერლობისა გაამრავალგვარა, წინ წასწია ჩვენი პოეზია როგორც შინაარსით, ისეც ფორმითაც, რადგანაც ამან სრულად განდევნა სპარსული კილო და მითოლოგიურ სახელებით აჭრელება სიტყვიერებისა, რომელშიაც, ცოტა არ იყოს, წილი უდევს თ. ალექ. ჭავჭავაძეს. ამას ჩვენ წინწაწევას და წარმატებას საქმისას ვეძახით და ვსთვლით განუწყვეტელ ჯაჭვად აზრთა ზრდისა ზედმიყოლებით, იმიტომ რომ აქ ერთი მეორეს ერთვის, როგორც ცალ-ცალკე ტოტი ერთსა და იმავე მდინარესა და ერთი მეორისაგან გამოდის, როგორც თესლისაგან ნაყოფი სადღეისოდ და ნაყოფისაგან თესლი სახვალიოდ.
ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ უფრო მეტად არ დავასურათეთ მთელი სიმდიდრე თ. გრ. ორბელიანის პოეზიისა. მაგრამ ყოველ იქიდამ, რაც ზემოთ მოვიხსენიეთ, ცხადად დასანახია, რამოდენად ჩააღრმავა და გააგანიერა ბუნებითად დიდი საწყლე პოეზიისა თ. გრ. ორბელიანმა. თუნდ ესეც არ იყოს, ჩვენ საგნად აღებული გვაქვს არა განკითხვა ჩვენის მწერლებისა კრიტიკის თვალითა, არამედ იმის გამორკვევა, თუ რამოდენად იზრდებოდა, ჰმატულობდა ჩვენი აზრი, რამოდენად შორსა და შორს სცემდა ჩვენი თვალთახედვის ისარი, რამოდენად დიდდებოდა ჩვენი მსოფლმხედველობა, და გუშინდელი რას სთესდა დღეისათვის და დღევანდელი დღე რას ითხოვს ხვალისათვის.
დანარჩენს შემდეგ ვიტყვით.
________________
* აქ პირველდაწყებითად ვრაცხთ ამ საუკუნის მწერლობის დასაწყისსა და გადავიწყებული არა გვაქვს წინა საუკუნეების ცოტად თუ ბევრად სახელოვანი მწერლობა, რომელიც თითქმის მეთვრამეტე საუკუნედამ შესწყდა ამ საუკუნის ოცდაათიან წლებამდე.
***
გრ. ორბელიანის თანამედროვე იყო ნ. ბარათაშვილი, რომელმაც თავის პოეტური მოღვაწეობა დაიწყო ოცდაათიან წლებში და, ჩვენდა სამწუხაროდ, გაათავა 1845 წ. ესეც უგალობდა სიყვარულს და ტრფიალებას, როგორც ალ. ჭავჭავაძე და გრ. ორბელიანი, ხოლო იმ განსხვავებით, რომ იგი უფრო სულის მშვენიერებას ჰხადიდა ტრფიალების საგნად, ვიდრე ხორცისას და ამიტომაც ამბობს იგი:
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
და მარტო მშვენიერთ სულთა კავშირი ჰშობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსაო.
მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი;
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება.
გარდა ამისა, რომ ნ. ბარათაშვილმა განაწმიდავა სიყვარული და სიყვარულში სულიერობას უფრო თაყვანს სცემდა, ვიდრე ხორციელობას, იგი მით იყო უფრო ძლიერი ლირიკაში ალ. ჭავჭავაძესა და გრ. ორბელიანზედ, რომ მისნი გულისთქმანი, მისნი გრძნობანი, მისნი ჭირნი და მწუხარებანი უფრო საყოველთაო, საკაცობრიონი არიან, ვიდრე კერძონი, ვიდრე მარტო მის საკუთარ გულისანი. მისი კვნესა კაცობრიობის კვნესაა, მისი ჩივილი კაცობრიობის ჩივილია, მისი ვერმიწვდენა სურვილისა კაცობრიობის უღონობაა. ჰხედავს ცას და შეჰკვნესის უღონობის სიმწვავითა:
ჰე ცაო, ცაო, ხატება შენი აქამდისა მაქვს გულს დაჩნეული,
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდე ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!
განა მარტო მისნი ფიქრნი? მთელის კაცობრიობისა, რომლისათვისაც ცა ჯერ კიდევ საიდუმლოთა საიდუმლოა:
მე შენსა მჭვრეტელს მავიწყდების საწუთროება,
გულისთქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება,
მაგრამ ვერ სცნობენ გლახ მოკვდავნი განგებას ციურს!
ნუთუ აქ გამოთქმული სურვილი ძიებისა მთელის კაცობრიობის სურვილად არ უნდა ჩაითვალოს და უღონობა ამ სურვილის მიუწვდენელობისა მთელის კაცობრიობის უღონობად? ამისთანა სურვილი, ამისთანა საქმეში უღონობა ერთის ცალკე ადამიანის სურვილი და უღონობა არ არის.
ნ. ბარათაშვილს ხშირად მოსდიოდა ფიქრად საყოველთაო საკითხი, რომლის პასუხსაც იგი ეძებდა მარტო თავის გულში კი არა, მთელის კაცობრიობის გულში.
მაინც რა არის ჩვენი ყოფა, წუთის-სოფელი, ჰკითხულობს იგი:
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
ყურს უგდებს ჩონგურს და იქაც კი ერთობ ადამიანის გულის ჩივილი ესმის და არა თავისი:
მე შენგან მესმის მოკლულის გულის ოდენ ჩივილი.
ჰხედავს მტკვარს და იმასაც საყოველთაო საკითხის პასუხსა სთხოვს:
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი,
მრავალ დროების მოწამე ხარო, მაგრამ ხარ უტყვი და არას მეუბნებიო და განაგრძობს:
არ ვიცი, ამ დრო ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?
ფიქრმა ცხოვრების ამაოებისამ ადრე აიჩინა ბინა იმის გულში. მას აქეთ, გამოვედი თუ არა ყმაწვილობის ასაკიდამაო, მას აქეთ რაღაც „იდუმალი ხმა“ - თან სდევს ყოველთა ჩემთა ზრახვათ და საწადელთა.
ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი, თუ მაცდური ეშმაკიო, მას აქეთ რაღაც „იდუმალი ხმა“ -
ბოლოს, როცა ეს „ხმა იდუმალი“, პირველში სუსტი, თანდათან გაუძლიერდა და ყურთასმენა მისი სრულად დაიმორჩილა, აკი გაიგო, რომ იგი ხმა მისი მფარველი ანგელოზი კი არ არის, არამედ „ბოროტი სულია“, რომელმაც აურია წრფელნი ზრახვანი და „მოუკლა ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება“. ამისთანა „იდუმალი ხმა“ მხვედრია მარტო მისი „ვისაც ცეცხლი სული აქვს და ზღვა გული“, როგორც თვით ნ. ბარათაშვილი ნაპოლეონზედ ამბობს.
მისი ფრთაასხმული ფიქრი შორსა ჰქრის და ჰსცდილობს მაშინაც კი, როცა მყუდროებაშია და დაწყნარებული, ცა განსჭვრიტოს გონების თვალითა და შეიტყოს, რა არის იქ, და ამბობს: „ჰე, ცაო, ცაო...
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდე ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან.
განა შეტყობა იმისი თუ, რა არის ცაში ან ცას იქით, მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერმიღწევის უღონობა ზოგადკაცობრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგადკაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში, რომელსაც არც თავი აქვს, არც ბოლო, არც ჰო და არც არა?
მისი მშვენიერო „სულო ბოროტო“ სხვა არა არის რა, გარდა ყოველ იმ ადამიანის ჩივილისა, რომელსაც მოხვედრია „ხელი მსახვრალი“ ეჭვისა, რომელსაც ეჭვქვეშ „მოჰკვდომია ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება“, რომელსაც „ვეღარც ღელვანი ვნებათანი უკვლენ წყურვილსა“, რომელსაც ბედი უქადდა თავისუფლებას ამ სოფლად და უმტყუნა, და რომელიც დარჩენილა „უსაგნოდ მარტო, ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მსახვრალი“.
სწორედ ამისთანა ყოფას მოსდევს ის საშინელი კივილი გულისა, ის საშინელი სულისკვეთება, ის თავგანწირული გიჟური ლტოლვა და სრბოლა უგზო-უკვლოდ კლდეებსა და ღრეებზედ, რომელნიც მან თავის „მერანში“ გამოსთქვა. განა არა, მინამ „მერანს“ იტყოდა, მისი ჭკუა-გონება თავის მყუდროების სადგურიდამ უკვე დაძრული იყო და სასვენს ბინას ვეღარ ჰპოულობდა დედამიწაზედ და ცას ეუბნება:
გულისთქმა ჩემი შენს იქითა ეძიებს სადგურს,
რადგანაც ქვეყანაზედ ბინა აღარსად ეგულებოდა, რომ ჭკუა-გონებისათვის ეთქო: „აჰა, დაჰსდეგ და შეისვენეო“. ერთს დროს ეგონა, რომ იქნება სიყვარულმა, ტრფიალობამ მაინც შემიხიზნოს და დამიწყნაროს დუღილი სულისაო და ამბობს: ვპოვე ტაძარი, შესაფერი, უდაბნოდ მდგარი, და მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით, მუნ ვეძიებდი განსვენებასაო; გულსა მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით ლამპარი წმინდა განმიტფობდა ციურის სხივითაო, მაგრამ განჰქრა ტაძარი და უდაბნო ჩემდა მდუმარებს და სიყვარულის ნეტარების მაგიერ სევდამ და წყვდიადმა დაისადგურა ჩემს გულშიო:
ვერღა ამიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!
...და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი.
აქაც ვერ იპოვა საგანი თავისი გულისა და გულის წყურვილისა. მერე მიჰმართა სარწმუნოებას, იქნება ამან მაინც შემიკედლოს და დამინთქას სალმობანი გულისა სენთაო და ევედრება ღმერთს, დამიურვეო, შემიტკბე, როგორც მამამ შემცოდე შვილიო:
ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა;
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა,
არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!
მაგრამ ვერც აქ იპოვა იგი სადგური მყუდროებისა, რომელსაც ეძებდა, და იმედდაკარგულს მიესია „შავად მღელვარი ფიქრები“ სულისა და გულის უბინაობისა და არ იცის, სად და როგორ მოიშოროს, სად და როგორ გაექცეს, და ეხვეწება თავის „მერანს“, რომლის ჭენებას მართლა რომ ბუნებით საზღვარი არა აქვს, ვითარცა ჭკუა-გონების ქროლას, გასწიო
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი-ო.
ყველაფერი დამითმიაო: ჩემი მამული, სწორნი და მეგობარნი, მშობელნი, ტკბილად მოუბარი სატრფოც კი, ერთის სიტყვით, ყოველი იგი, რაც შეადგენს ცალკე კაცის ცალკე საგანს გულის ტეხისას, ჭირისას და ლხინისას, ოღონდ
ვარსკვლავთა თანამავალთა
ვამცნო გულისა მე საიდუმლო-ო.
რაკი კაცს მამული ამოუღია გულიდამ, მშობლები დაუთმია, სწორნი და მეგობარნი, სატრფოც კი გაუწირავს, განაღა საფიქრებელია, რომ მისი „შავად მღელვარი ფიქრი“, მისი „საიდუმლო გულისა“ ზოგადკაცობრიულს ვაებას არ მოასწავებდეს, „ჭკუით ურწმუნოებისა და გულით უნდოობისაგან“ წარმომავალს?!
მართალია, ცას იქით ვერ იპოვა სადგური, რადგანაც ადამიანის უძლურ გონებისათვის მიუწვდენელიაო, მაგრამ მაინც თავის „მერანის“ იმედი არ დაჰკარგვია და ეუბნება: თუ ცას იქით ბინას ვერ მიწვდი, შენ შენსას მაინც ნუ დაიშლიო:
გასწი, მერანო, გარდამატარე ბედის სამზღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი.
აშკარაა, სამზღვარდადებული სიგრძე-სიგანე ადამიანის აზრიანობისა ჩვენის პოეტის „სულის კვეთებას“ ვერ იტევს. მას სწყურს ეს საზღვარი ბედისა გაარღვიოს და ნიავს მისცეს თავისი „შავად მღელვარი ფიქრი“, რომ დაუსრულებელი სივრცე ცისა და ქვეყნისა მოიაროს. ბაირონის კაინმა ამისთვის ლუციფერი აიჩინა, გეტეს ფაუსტმა - მეფისტოფელი და ჩვენმა პოეტმა - თავისი „მერანი“, ესე იგი თავისის სულის ქროლა.
ამ სახით, იგი ჰთაკილობს დაემორჩილოს ბედს, რომელსაც ადამიანის გონებისათვის საზღვარი დაუდვია, და განაგრძობს:
დაე მოვკვდე მე უპატრონოდ, მისგან ოხერი,
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი,
და ჰნუგეშობს, რომ ეს გაძალიანება, ეს თავგანწირულება, ეს „სულის კვეთება“, ეს პირდაპირი ომი ბედთან ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლისო,
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.
რას გაურბოდა? საით მიიზიდებოდა? სად ემუდარებოდა თავის მერანს მიმიყვანეო, როცა ეუბნება:
გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი,
გარდაიარე კლდენი და ღრენი?
ამის პასუხს ვერ ვიპოვით „მერანში“ ხოლო თუ სახეში მივიღებთ სხვადასხვა დროს თქმულს მის მიერ ლექსებს, ცხადად დავინახავთ, რომ იგი მიურბის იმ „ჭკუით ურწმუნოებას“, იმ „გულით უნდოობას“, იმ „გონებით და ცხოვრებით“ აღშფოთებას და გაფეთებას, რომელიც შუბის წვერისავით გულს დაესობა ხოლმე აზრგაღვიძებულს ადამიანს, ეჭვით გულ-ღვიძლამდე გაბნეულს, მოუსვენარ და ჭეშმარიტების მუდამ მძებნელ მწყურვალ გონებისაგან. თვითც არ იცის პოეტმა, საით მიიზიდება, სად იპოვის შესასვენებელს სადგურს, ნავთსაყუდარს, რომ იქ შეასვენოს „ვნებათა ღელვანი“. იგი მარტო ამას გვიქადაგებს, რომ ძებნა უნდა ამასაო თავგანწირულად და უშიშარად. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ იგი ჰლამოდა ცას იქით მიეწვდინა თვალი ამ სადგურის დასანახავად, მაგრამ უქმად ჩაუარა ცდამ. ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილები მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ. ჩვენს პოეტს ეს რწმენა დაკარგული ჰქონდა, როგორც მისი „სულო ბოროტო“ გვიმტკიცებს, და რაღა საკვირველია, რომ რასაც იქ ეძებდა, ვერ იპოვა.
ისიცა ვნახეთ, რომ ამავ მის მიერ სანატრელს სადგურს იგი ეძიებდა სიყვარულში, მაგრამ დაექცა ეს ტაძარი და ისევ შეუსაფარი დარჩა. მერე მასვე ეძიებდა სარწმუნოებაში, ჯერ მინამ სასოება გულს შერჩენილი ჰქონდა და არ მოეკლა ეჭვსა, მაგრამ ვერც აქ განისვენა, ვერც აქ იპოვა იგი ნუგეში, რომელსაც ასეთის „სულის კვეთებით“ ეძიებდა. ბოლოს მთლად მიენდო თავის „მერანს“, რადგანაც მის ჭენებას საზღვარი არა აქვს: შენ გასწიე, ნურას მოერიდები, ნურც მე შემიბრალებ დაქანცულობითა, და თუ ვიპოვეთ რასაც ვეძებთ, ხომ რა კარგი, თუ არა და, ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩებაო.
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა
სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი
შავის ბედის წინ გამოუქროლდეს.
ეს მსუსხავი და მწვავი ქროლა გონებისა, ადამიანის ამღვრეულ გულის ქარტეხილისაგან მოვლენილი, განა საკმაო მიზეზი არ არის ესეთის თავგანწირულ სულისკვეთებისა და ეს სულისკვეთება განა ზოგადკაცობრიული არ არის? მაშ, მაშინ არც ბაირონის დიდებული და ზარიანი ჭექა-ქუხილი ყოფილა ზოგადკაცობრიული? განა ერთობ მოუსვენარი ცხოვრება ადამიანისა, რომლის ეჭვით გალესილი ჭკუა დღემუდამ ტაძარს აშენებს რწმენისას და ისევ თავის ხელითვე აქცევს, იმავ სადგურს მყუდროებისას არ ითხოვს, რასაც ჩვენი პოეტი? განა ამ ქცევა-შენებით დაღალული გული კაცობრიობისა, ქვეყნის დაწყებიდამ დღევანდლამდე, არ ეძებს მოსვენებისათვის სადგურს და მაგ სადგურის პოვნა განა საყოველთაო წყურვილი არ არის ზოგადკაცობრიული? განა ვაება კაცობრიობისა ის არ არის, რომ მიზეზი აქვს ძებნისა, ეძებს და ვერ უპოვია? აი სად არის სათავე ადამიანის სასოწარკვეთილებისა, თავგანწირულებისა, ჭკუა-გონების არევისა, ყოვლისფრის უარყოფისა, რომელიც ზოგჯერ, ხანადახანა, ასე დაიპყრობს ხოლმე მთელს მოაზროვნე კაცობრიობასა და შავად მღელვარის ფიქრებით ავსებს ადამიანის ცხოვრებასა. ბაირონი და მთელი მის მიერ დაპყრობილი ხანა ევროპის სულიერ ცხოვრებისა განა ამისი მაგალითი არ არის? ჰამლეტის „ვიყო თუ არ ვიყო“ განა სულის უბინაობისაგან არ არის ამოკვნესილი?
შორს რათ მივდივართ, ეს დღევანდელი სპირიტობა, ბუდიზმობა, გრაფ ტოლსტოის „სულისკვეთება“, ის ამბავი, რომ ამერიკაში სადღაც ბაშვი დაბადებულა და დიდი და პატარა მირბის იმის თაყვანისსაცემლად, და ბევრი სხვა ამისთანა განა იმას არა ჰმოწმობს, რომ დღევანდლამდე ყოფილს ბინას ადამიანის მყუდროებისას ფუძე დაენძრა და თვით თაღიც მთელის შენობისა გაირღვა და ჰლამის გადმოქცევას? განა ყოველივე ეს იმის მაგალითები არ არის, რომ დღესაც მოუსვენარი გონება ადამიანისა ხან რას ეჭიდება, ხან რას, რომ სადგური რამ მყუდროებისა სადმე და რაშიმე უპოვოს უბინაო სულსა, რომელიც დღეს ნაცარტუტასავით ჰდუღს?
აი, სწორედ ამ თვალთგადუწვდენელს სარბიელზედ მიუშვა სადავე ნ. ბარათაშვილმა თავის „მერანსა“.
ჩვენის ფიქრით, „მერანი“ წინასიტყვაობაა „სულო ბოროტოსი“ არა მარტო იმითი, რომ წინ არის დაწერილი, არამედ შინაარსითა. „სულო ბოროტოში“ მხოლოდ მიზეზია ნაპოვნი იმ „გონების და სიცოცხლის აღშფოთებისა“, რომელიც შავად მღელვარე ფიქრად მიჰსევია ჩვენს პოეტსა „მერანში“ და ის მიზეზი იგი მსუსხავი და მწვავი ეჭვია, რომელმაც პოეტს მოუკლა „ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება“, დაუკარგა „სულის მშვიდობა“, აღუთქვა და არ მისცა კი „თავისუფლება ამ წუთის-სოფლად“.
ამ სახით, ნ. ბარათაშვილმა ჩვენს აზრს, ჩვენ გულთათქმას, ჩვენს ჭკუა-გონებას დიდი განი და სიღრმე მისცა, კაცობრიობის წყურვილს ქართველიც თანამოზიარედ გაუხადა და კაცობრიულ წყურვილის მოსაკლავ წყაროს ქართველიც დააწაფა. ამ მიმართულებას ჩვენის აზროვნობისას ნ. ბარათაშვილის შემდეგ არც ერთი მწერალი აღარა ჰყოლია ჩვენში და, სწორედაც რომ ვსთქვათ, ბაირონები, ლერმონტოვებიც, მარტონი არიან და იშვიათად მემკვიდრეებს სტოვებენ, რადგანაც ტვირთი მათებრ კაცების მემკვიდრეობისა „არ არის სუბუქ“.
ეს ჩვენი აზრი ნ. ბარათაშვილის შესახებ იქნება მეტისმეტი ეჩვენოს ვისმე, ხოლო ამაზედ კი ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს, ჩვენდა საუბედუროდ, უდროოდ ჩვენთვის დაკარგული პოეტი ერთადერთი მწერალია, რომელიც სხვაზედ უფრო მეტად, სხვაზედ უფრო მკაფიოდ და თვალნათლად ატრიალებს ჩვენს აზრს და ცნობის წყურვილს იმ თვალგადუწვდენელს სფეროში, საცა ზოგადკაცობრიობის დაუსრულებელი საჭირბოროტო კითხვა-პასუხია რწმენისა და არრწმენისა, მყოფობისა და არმყოფობისა, საცა ღაღადებაა ყოველგვარ სულისკვეთებისა და ვნებათა ღელვისა. თ. ნ. ბარათაშვილის დიდი მნიშვნელობა, ჩვენის ფიქრით, ამაშია; ამიტომაც მართალი სთქვა, რომ მის მიერ გავლილი გზა ჩვენში ჯერ უვალი იყო, მან თვისს მერანს გადაათელინა და ნავალიც დააჩნევინა, ვინ იცის ვისთვის და საროდიოდ? ამის პასუხს ჩვენი აზრთა ზრდა შემდეგ როდისმე იტყვის.
არც ნ. ბარათაშვილი იყო უიმისო, რომ გულში დარდად არა ჰქონოდა ბედი ქართლისა, ბედი მის მამულისა.
სად სულსა სული თვისად მიაჩნის
და გულსა გულის პასუხი ესმის.
ის დიდებული სახე მეფე ერეკლესი და არანაკლებ დიდებული სურათი სოლომონ მსაჯულისა, გამოხატულები „ქართლის ბედში“ იმ განწირულების დროს, როცა საქართველოს ბედი სწყდება, ბევრს საგულისხმოს რასმე გვეუბნება და ქართვლის ამომშრალს გულში ბევრს ნამს ნატვრისას და ნანვისას აწვეთებს. იგიც შეჰნატრის წარსულს, თ. გრ. ორბელიანისავით, იგიც შეჰნატრის უწინდელებს, რომელთაც -
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ ჭერთ-ქვეშე თავისუფლება.
და, სოლომონ მსაჯულის მეუღლისაგან აღტაცებული, მაშინდელ ქართვლის ღირსეულ დედებს სახსოვარს უშენებს ამ სიტყვებით:
ჰოი დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილ სახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ!
თუმცა ბოლოს, როცა თვისი მამული დამშვიდებული ნახა და მტერთაგან უშიშარი, შეიფერა მის მიერ ეგრედ წოდებული „ახალი ქართლი“ და მის ყოფა-ცხოვრებას თითქოს შეურიგდა, მაგრამ ესეც კი მისი ნათქვამია:
რა ხელ ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული?
***
ჩვენ სახეში არა გვქონდა და არცა გვაქვს ისე ვრცლად გამოკიდება არც ერთის ჩვენის მწერლისა, რომელთაც ცოტა თუ ბევრი ღვაწლი მიუძღვის ჩვენს აზრთა ზრდაში, როგორიც მოგვიხდა ნ. ბარათაშვილის შესახებ. გზა-კვალი მისის პოეზიისა, სიგრძე-სიგანე და სიღრმე მისთა აზრთა დენისა მეტად ღირსშესანიშნავია, რომ დაუსაბუთებლად ადვილად დასაჯერი იყოს. იგი ობოლი მარგალიტია, ობოლი იმიტომ, რომ მარტოდმარტოა ჩვენს მწერლობაში. არც წინამორბედი ჰყავს, არც უკან მიმდევი. მართალია, ამ უკანასკნელ ხანებში ერთმა ახალგაზრდამ და, ჩვენის ფიქრით, დიდსაიმედო პოეტმა ორიოდე სასახელო მაგალითი გვიჩვენა, რომ აპირობს მის კვალში ჩადგომას, მისთა აზრთა სფეროში გახმაურებას, მაგრამ თითო-ოროლა მაგალითი ჯერ საკმაო საბუთი არ არის ეს ახლად გამოსული მწერალი ნ. ბარათაშვილის მემკვიდრედ მივიჩნიოთ.
ესეთი იყო საწყლე ჩვენთა აზრთა დენისა ორმოცდაათიან წლებამდე მთელის თავის სიგრძე-სიგანითა და სიღრმე-სიმაღლითა. მოვიდა ახალი ხანა ორმოცდაათიან წლებისა. სამწერლო მოედანზე დარჩა წინააღწერილ სამ მწერალ შორის მარტო გრ. ორბელიანი. ამავე დროს გამოჩნდნენ თ. გ. ერისთავი, თ. ვახტანგ ორბელიანი, თ. რაფიელ ერისთავი.
თ. გ. ერისთავს ორი დიდი სამსახური მიუძღვის ჩვენს წინაშე. ერთი ისა, რომ ჟურნალი შეჰქმნა და ამით ღონისძიება მიეცა ჩვენთა აზრთა დენას შინიდამ გარეთ გამოსულიყო საქვეყნოდ და მწყურვალისთვის აზრთა წყარო ესმია. მართალია, მაშინდელი „ცისკარი“ მეტად ფეხმოკლე და ხელმოკლე იყო, მაგრამ ეს ეპატიება, როგორც ახალს საქმეს, ჯერ უჩვეულო და უასაკოს. ისიც მართალია, რომ არც მის შემდეგ „ცისკარს“ გამოუჩენია რაშიმე თავი ისე შესანიშნავად, რომ ჩვენთა აზრთა ზრდაში ადგილი რამ დაეჭიროს. ხოლო იმისი კარგი ის იყო, რომ არსებობდა. ზოგჯერ მარტო არსებობაც ღვაწლია, ნამეტნავად იმ გაჭირებაში, როგორშიაც იყო „ცისკარი“. ბევრი ავი დღე გამოუვლია, ზოგი იმისაგან, რომ მეშველი მწერალი არა ჰყოლია და მარტოსათვის ჟურნალის ტვირთი მართლა რომ ღვაწლია, და ზოგიც იმისაგან, რომ სახსარიც კი არსებობისა არა ჰქონია. მაინც კარგა ხანს თავი დაიჭირა და თითქმის აკვნობა გაუწია იმ ყმაწვილ მწერლებს, რომელთაც მერე, სამოციან წლებში, წინანდელ მწერლებთან ერთად, ისეთი ძლიერი ტალღა ჰკრეს ჩვენს აზრთა დენასა.
მეორე ღვაწლი გ. ერისთავისა ის იყო, რომ შეჰქმნა ქართული თეატრი და სათეატრო მწერლობის მამამთავრად მოგვევლინა. ამით მარტო სიყვარულის და ტრფიალების მორევში მოარული გული ჩვენი და მარტო განლტოლვილ ფიქრებში წასული ჩვენი გონება ჩვენს შინაცხოვრებას დააკვირვა, მიახედა: მისი „გაყრა“ ამისი მაგალითია. მართალია, მისი კალამი უფრო სათავადიშვილო არემარეში ატარებდა ჩვენს გონებას, მაგრამ მისგანავე ფრთაასხმულმა ანტონოვმა, რაკი იგრძნო, რომ მე ჩემი საკუთარი ფრთები მასხიაო, თავის ოსტატს გაასწრო, მის ვიწრო მოედანს ღობეები შორს გაუდგა, სარბიელი გაუდიდა და ეგრედ წოდებულ მდაბიო ხალხის ყოფა-ცხოვრება, ავკარგიანობა, მის ზნე-ჩვეულება ცოტად თუ ბევრად დაგვანახვა. მისი „მზის დაბნელება“, „ხევსურთა ქორწილი“, თუ ყოველ ამის სრული სურათი არ არის, მწერლობის ამ მხრივ მიმართულების მაგალითი ხომ არის და არის.
გ. ერისთავი, როგორც პოეტი, იმითია შესანიშნავი, რომ ჩვენს პოეზიას ჩაუმატა ის პირწვეტიანი ეკალი, რომელსაც „სატირას“ ეძახიან და რომელიც ზოგჯერ გამოსაკეთებლად აწყლულებს ხოლმე იმას, ვისაც კი დაეძგერება და სხვას კი ყოველთვის აფრთხილებს. მის მიერ სასაცილოდ აგდებული ჩვენი ტფილისის მაღალი საზოგადოება „შეშლილში“ და თითო-ოროლა წვრილი ამავე თვისებისა ლექსი ზემოთქმულის მოწამენი არიან.
თ. ვახტანგ ორბელიანს ამ ორმოცდაათიან წლებში განსაკუთრებულ მიმართულებით თავი არ უჩენია. მან სამოციან წლებიდამ მიიქცია ყურადღება საზოგადოებისა და როგორც ამ წლების ხანაში, ისეც მერმე თითქმის მარტო ერთი სფერო აუჩინა თავის პოეზიას და მით მოიპოვა სახელი და ადგილი ჩვენს აზრთა მსვლელობის ისტორიაში. ამას თავის ადგილას ვიტყვით.
თ. რაფ. ერისთავმა ამ ორმოცდაათიან წლების ხანაში დაიწყო თვისი მოღვაწეობა. ამანაც, როგორც თითქმის ყველა ჩვენმა პოეტმა, მიართვა პირველ ხანებში თვისი ხარკი სიყვარულსა და ტრფიალებას, მაგრამ ამასთანავე არ უიმისოდ მორჩა, რომ ეგრედ წოდებულ საჭირბოროტო საგანს ცხოვრებისას არ გაჰხმაურებიყოს. ჯერ ბატონყმობის [გადავარდნის] ჩუჩუნიც არსად იყო, რომ კაცმოყვარემ გულმა პოეტისამ იგრძნო უსამართლობა მისი და ყმა-დედა აჩვენა მსაჯულთან: „სხვა რად ჰბატონობს ჩემსა ნაშობსაო“, შვილი ჩემია და ბატონმა წამართვა, მიბრძანე „ვისი უპყრია ძალიო“.
ეს პირველი ხმა იყო ჩვენში სამწედ უსამართლოდ ჩაგრულთათვის. რაფიელ ერისთავამდე ეს მწვავი ჩივილი ყმობით გაუპატიურებულ ღმრთის-კერძო ადამიანისა არავის გაუთვალისწინებია, არავის უკითხავს თავის თავისათვის ეს მართლადა ჰეინესი არ იყოს „დაწყევლილი საკითხი“: ერთის ნაშობს მეორე რად ჰბატონობს, „ვისი უპყრია ძალი“? ეს წესით დაჩაგრული ადამიანი, და ახლა ნახეთ, რა ტკბილის გულისტკივილით ჩვენი პოეტი ბედით დაჩაგრულს მთხოვარას ალაპარაკებს: კვირაობით საყდარს დავალო სათხოვარად,
სხვა დროს ვგდივარ ერთის კედლის ძირასა
უქალამნო, უშალვრო, თავშიშველი,
ძვირად მაძღარ, ხშირად მშიერი, სველი.
მკერდს არ მწვდება დაგლეჯილი მუნდერი...
თავზე დამდის წვიმა, თოვლი და მტვერი.
ქვეყანას კი აინუნში არ მოსდის ამ საწყლის ჩაგრულყოფა. მიდის-მოდის ხალხი და გათახსირებულს გლახაკს არავისაგან საკმაო ნუგეში არ ეძლევა და სჩივის: „მე პურს ვსთხოვო, ის ქვას მიდებს ხელშია!“
არიან, რასაკვირველია, იმისთანანიც, რომ ხანდისხან უწყალობებენ რასმე:
ზოგიერთი მოიგონებს მკვდრის სულსა,
სულთაობას სადილს მომცემს და ფულსა,
მაგრამ მცირეს, რომ არც კუჭს ჰხვდეს, არც სულსა!
თუ ცხონდება მკვდარი ერთის ჭამითა,
მაშ აცხონოს ღმერთმა იგი ამითა.
თუმცა ჰხედავს თავის გარეშემო ამისთანა გულქვაობას რომ გლახა „პურს ითხოვს და ქვას აწვდიან ხელში“, მაგრამ ჩვენი პოეტი მაინც საწყლის გულში ბოროტს არ ატრიალებს, რომელიც კაცს ხელს გამოაღებინებს ხოლმე სხვის ძარცვა-გლეჯად, ან, თუ უღონოა, სხვის საწყევლად და საქოლვად. მისს გლახა-მთხოვარს სწამს, რომ ქვეყანაზე განკითხვა, შებრალება, ქრისტიანობა კიდევ არის და ამ იმედით ნუგეშცემული კი არ იწყევლება, კი არ ჰბოროტობს, შებრალებას ითხოვს: ქრისტიანნო -
შემიბრალეთ, შიმშილმა გამამწარა-ო!
იტყვიან, არც ეგეთი ქედის მოხრა, არც ეგეთი უბოროტო მორჩილობა ბედისა უნდაო, მაგრამ თუ სახეში მივიღებთ გულკეთილობას, გულჩვილობას, რომელიც იშვიათი თვისება არ არის ჩვენებურ მშვიდობისმოყვარე გლეხკაცობაში, დავინახავთ, რომ ჩვენს პოეტს ბუნებისათვის არ უმტყუვნია.
ამ სახით ვხედავთ, რომ რაფ. ერისთავმა პირველმა დაჰძრა ენა ადამიანის გაუპატიურებულ ღირსებისათვის და ჩამოაგდო სიტყვა ადამიანურ დატყვევნილ უფლების აღსახსნელად და აღსადგენად. მანვე ყველა...*
...ამ გზით და ამ ყოფით იზრდებოდა ჩვენი აზრი, თან-თან გაძლიერებული და მატებული, როგორც ვნახეთ. ამ სიგრძე-სიგანით, ამ სიღრმე-სიმაღლით მოაღწია მან სამოციან წლებამდე. თვალნათლად დასანახია, რომ სამოციან წლებში ახალი ხანა დაწყებულ იქმნა. ჩვენდა სამწუხაროდ, იძულებულნი ვართ ეს სამოციანი წლები და მათდა შემდეგნი დრონი ერთს საერთო ფარგალში მოვაქციოთ. მიზეზი ის არის, რომ თხზულებანი ორმოცდაათიან წლების შემდეგ მოღვაწეებისა ერთად შეკრებილი არ მოგვეძევება და ცალ-ცალკე გაფანტულები კი ძნელად საპოვნელია და საძიებელი. ეს გარემოება ხელს გვიშლის გამოვარკვიოთ, რა დროს რამ იმატა ჩვენში, რა დრომ რა განსაკუთრებული ადგილი შემოიხაზა და დაიჭირა, რა დრომ რა წაიმძღვარა და რა იღაღადა. ამიტომაც ხანად და ხანად დაყოფა ჩვენის აზრის ისტორიისა სამოციან წლებიდამ შეუძლებელად დავინახეთ. ეს დავაცალოთ ჩვენზე მეტს მცოდნეს და ჩვენზე მეტად მდიდარს შესაფერის საბუთებითა.
გარდა ამისა, ამ ხანაში გამოსულ მოღვაწეების თხზულებათა უქონლობა სხვაფრივადაც ხელს გვიშლის, სახსარი არა გვაქვს თვითვეულს მათ ცალ-ცალკე კვალში ჩავუდგეთ და მათის ნაღვაწევითვე დავასაბუთოთ ჩვენი აზრი მათდა შესახებ. ყოველ ამ მიზეზის გამო იძულებულნი ვართ ეს სამოციან წლების მდიდარი ხანა და არანაკლებ ნაყოფიერნი მის შემდეგნი დრონი მარტო ზოგადის ნიშნებით ზეპირად აღვნიშნოთ, ესე იგი ისე, როგორც ჩაგვსახია გულში, რადგანაც მას აქეთ აქამომდე ჩვენ ჩვენის აზრის მოძრაობისათვის, როგორც დროთა მოწამეს, გვიდევნებია თვალი იმოდენად, რამოდენადაც თვითონ თვალი გვიჭრიდა. საცა კრებული რომელისამე მწერლის თხზულებათა ნებას მოგვცემს, ჩვენს თქმულს დავასაბუთებთ კიდეც.
სამოციან წლებში ყველაზე უწინარეს გამობრწყინდა დავიწყებული სიტყვა „მამული“ მთელის თავის გულთ მიმზიდველ და დიდებულ მნიშვნელობითა. ვისაც კი რაიმე ნიშანწყალი ჰქონდა ღმრთის მიერ მინიჭებულ მადლისა და კალამი ხელთ ეპყრა, თითქმის ყველანი იმ გზას დაადგნენ, რომ ქართველს გულში ჩაუსახონ მამული, რომელიც ჟამთა ვითარებამ უძრავ ქონების სახელამდეღა დააქვევითა და დაამდაბლა. აგრე გაუპატიურებულმა სიტყვამ სამოციან წლების მოღვაწეთა მეოხებით და ღვაწლით კვლავ დაიჭირა ჩვენში კუთვნილი ადგილი, ვითარცა მზემ და თავისი სხივოსანი შუქი მოჰფინა მთელს სივრცეს ჩვენის ცხოვრებისას. რაკი „მამულს“ ბინა დაედვა ქართველთა გულში, მისმა ცხოველმყოფელმა სითბომ და ნათელმა მთელი მრავალგვარობა ჩვენის ცხოვრებისა გაუთვალისწინა თვითვეულს მოღვაწეს ცალკე და ყველას ერთად. არ დარჩა არც ერთი მცირეოდენი კუნჭული ეგრედ წოდებულ მოსაქმე ცხოვრებისა, რომ ან ერთს, ან მეორე მწერალს, ძველსა თუ ახალს, თვისი კალმის წვერი არ მიეწვდინა და დიდი ხნიდამ დადუმებული ჩივილი დაჩაგრულ ადამიანობისა, მთაბარობა უსწორმასწორო ცხოვრებისა არ გაეხადნა თვისის დაკვირვების და გულისთქმის საგნადა და ყოველივე ეს ცალკე თავის კალმის წვერზე არ აეგო.
აღდგენილმა მამულმა დაჰბადა მამულის სიყვარული, მამულისშვილობა. და საკვირველი არ არის, რომ მისი წარსული, მისი აწმყო და მერმისი კვლევისა და გამოძიების საგნად შეიქმნა. „ვინა ვართ და რანი ვართ“ - ამ ზღვაებრ ფართო საკითხს შემოეჯარა გარს ჩვენი მწერლობა, გვერდთ ამოუდგა სხვადასხვა მხრიდამ და ერთიანის ძალ-ღონით ფეხზე წამოაყენა გონების თვალის გულ-ღვიძლამდე გასაბნევად. ზოგი წარსულით გვინათებდა ამ საკითხს, ზოგი აწმყოს განკითხვითა, ზოგი მერმისის გამოსახვითა. პროზით თუ ლექსით, ყველა ჰღაღადებდა ადამიანობის დარღვეულ უფლების სახელითა და თვით მოსაქმე ცხოვრების განკარგების წყურვილითა. ამ ეგრედ წოდებულ „რეალურმა მიმართულებამ“ ჩვენის აზრიანობისამ ჩვენი გონება დააკვირვა ჩვენს მიწიერ ავკარგიანობას და სამოციან წლებიდამ დღევანდლამდე, ამ ოცდაათის წლის მანძილზე, ბევრი საყურადღებო ღვაწლი დასდო, ბევრი ნაყოფიერი თესლი დაჰყარა სამერმისოდ.
საოცარი ის არის, რომ ამ დროებამდე ჩვენდა სანუგეშოდ მოღწეულთა ძველთა მწერალთა ის მათთვის უცნობი და ახალი ქროლა ჩვენის აზრიანობისა არა იუარეს, არ იუცხოეს, პირიქით, მთელის თავის ძალ-ღონით მიეცნენ ამ ახალს მდინარეობასა, დროთა ჩაძახილს ღირსეულ მობანედ გამოუჩნდნენ და ახალთან ერთად ძმურად იღვაწეს ამ მიმართულების გასაძლიერებლად. იმ მრავალგვარ საგნებში, რომელიც მამულმა, მამულის სიყვარულმა და მამულისშვილობამ თვალწინ გამოგვიფინა, თვითვეულმა მათგანმა თვისი სხივოსანი შუქი შეიტანა იმისდა მიხედვით, ვის რა უფრო ეხერხებოდა და სადამდე თვალი უწვდებოდა. ვერა ვძლებთ უიმისოდ, რომ ის მართლადა საკვირველი ამბავი მაგალითებით არ დავასაბუთოთ, მით უფრო, რომ ხელთა გვაქვს ამ ჯურის მწერალთა თხზულების კრებული.
ერთი ამ ჯურის მწერალთაგანი იყო გრ. ორბელიანი, რომელიც თითქო ელოდაო ამ ახალ მიმართულებას, რომ გულს ჩარჩენილი სიყვარული წარსულისა გაჰღვიძებოდა და „ვინა ვართ და რანი ვართ“ - ამის აღსახსნელად ეთქვა:
...ძმანო, მივმართოთ თვალნი
წარსულთა ძველთა საუკუნეთა,
მათში სახენი სჩანან ნათელნი
გმირთა, მამულის განმადიდეთა.
მართალიც არის: ჯერ შინაობაშიაც როცა გვინდა ვისიმე ვინაობა შევიტყოთ, დედა-მამას და წინაპართ ვუკითხავთ ხოლმე, იმიტომ რომ - დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. მხოლოდ იმასა სწუხს, რომ არავინ არის გვთხრას ამბავი ჩვენთა გმირებისაო:
ვინ გვითხრას, ვინა გვიჩვენოს,
სადა სცხოვრობდნენ ძველ-გმირნი?
დრომან შეჰმუსრა, აღგავა
მიწით მათიცა საფლავნი...
მარამ ცოცხალა ჯერედაც
დიდების მათ მოედანი,
მათი სახელი, მათ ხმალი,
საქმენი სახელოვანნი.
იცოდა მაღალგონიერმა პოეტმა, რომ
მათთა საქმეთა მოთხრობით
მოხუცს ცრემლ მოედინება,
მხნეობით აღტაცებული
ჭაბუკი ხმალსა მისწვდება.
ეს ცრემლი მოხუცისა იგი ჟუჟუნა წვიმაა, რომელიც ასე ჰშველის თესლსა ნაყოფის გამოსაღებად, და ეგ ხმალთწვდენა ჭაბუკისა იგი ომი და ბრძოლაა არსებობისათვის, რომლისათვის მოწოდებულია ყოველი შემძლებელი ღონე.
გრ. ორბელიანის „სადღეგრძელო“, „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ ცხადი მაგალითებია, რომ მან თავისი ძლიერი მხარი მისცა ახალს მიმართულებასა და მამულის სიყვარულს ღრმა კვალი დააჩნევინა ჩვენს გულში. სიყვარულმა მამულისამ, სამშობლო მიწისამ, აღფრთოვანებულმა სამოციან წლებში, სულით და გულით მიიზიდა პოეზია გრ. ორბელიანისა და ამ სიყვარულის გასაღვიძებლად და დასანერგად ახლებთან ერთად არა ერთი და ორი უთქვამს თავის მშვენიერის ლექსითა. მამულისშვილობას გრ. ორბელიანმაც შთაჰბერა იგი ღონიერი სული, რომელმაც, როგორც სამოციან წლებში, ისეც მერმე, ჩვენს პოეზიას განსაკუთრებული მიმართულება დაუნიშნა. ესე შეჰღაღადებდა ჩვენი მხცოვანი პოეტი მამულს და ასე გვამცნევდა მამულისშვილობის უწმინდაესს მოვალეობას:
ჰე, მამულო, სასურველო,
ვინ გახსენოს, რომ მის გული
არ ათრთოლდეს სიხარულის
აღტაცებითა აღვსილი?
ვინ გიხილოს დროსა საშიშს,
არ დასთხიოს თვისი სისხლი,
არა დაჰკლას თავი თვისი
შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი!
ჩვენ წინა ვნახეთ მისი სურვილი, რომ ხსოვნა არ დავკარგოთ წარსულისა და ახლა ვნახოთ ახალმა მიმართულებამ რომ მიახედა აწმყოს, რას გვეუბნება. დროთა ვითარებისაგან ძირს დაცემულს საქართველოს მაყურებელი ასეთის გულისტკივილით მოგვითხრობს აწმყოს ამბავსა: ვეღარ ვცნობო
დამცირებულსა,
ხმამოღებულსა
ბედდაკარგულის ივერიის ძეს,
ეჭვით აღვსილსა,
უსასოდ ქმნილსა,
გულუიმედოს, გაუხარებელს!
ეგრედ გათახსირებულს შვილს სხვა რაღა მამული უნდა ჰქონოდა, თუ არ შვილისავით დამცირებული, ხმამიღებული, ეჭვით აღვსილი, უსასოდ ქმნილი, და მამულისშვილურ სევდით და მწუხარებით მოსთქვამს: ნეტავი აღარ ვიყო,
რომ აღარ ვგრძნობდე
ჩემის მამულის სულით დაცემას!
ეს წარსული და აწმყო, ხოლო რა მერმისი სწყუროდა თავის მამულისათვის, თავის სამშობლო ქვეყნისათვის, რომელზედაც მამულისშვილურ აღტაცებით ერთგანა სთქვა: სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისაო? სწყუროდა, რომ კვლავ:
...ივერი
აღსდგეს ძლიერი
და დადგეს ერთად სხვა ერთა შორის.
წმინდის საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული.
ზნეამაღლებით,
ძლევის დიდებით,
სამშობლოს მიწის სიყვარულითა.
სამოციან წლებამდე, ალ. ჭავჭავაძედამ დაწყებული, ჩვენი პოეზია, თითო-ოროლა მაგალითებს გარდა, ისიც ორმოცდაათიან წლების ბოლო ხანებში, დაჰფუფუნებდა ჩვენის დიდკაცობის გულთათქმას, თითქო უკადრისობს ამათ გარე რაიმე საგანი უპოვოს პოეზიას. სამოციან წლებმა ამ ვიწროდ შემოღობილს სარბიელს ჩვენის პოეზიისას თავისი ტალღა გაჰკრეს და შემოამტვრიეს ღობეები. ამ ხანაში მოღვაწეებმა მიაგნეს, რომ მდაბიოთა ცხოვრებაშიაც არის ადამიანური გულთათქმა; რომ ამ მდაბიოთა გული იგივ ზღვაა, საცა თუ არ მეტი, ნაკლები მარგალიტები არ არის გლოვისა და სიხარულისა, ჭირისა და ლხინისა, ძულებისა და სიყვარულისა; რომ ამ მდაბიოთაცა აქვთ თავისი იდეალები, თავისი სანატრელები, ოღონდ კი კაცს მადლი ჰქონდეს ამაების დანახვისა, ამაების გამოხატვისა. გრ. ორბელიანმა არც აქ უმტყუვნა დროთა მიმდინარეობას და ზურგი კი არ შეუქცია, როგორც უღირსს რასმე, თან აჰყვა. მისი „ო-ს დარდები“, „ლოპიანა“, „მუშა ბოქულაძე“, რომელნიც თითო-თითო პოემადა ღირს, ამისი მოწამენი არიან. აი, რა მწვავე სიტყვებს ათქმევინებს იგი ერთს ამისთანა მდაბიოს, „მუშა ბოქულაძეს“:
რად მიყურებ ეგრე გაკვირვებითა?
ნუთუ მართლა კაცი არა გგონივარ?
რადგანცა ვარ სიღარიბის სამოსლით,
არა მქონდეს კეთილისა გრძნობაცა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ღრმადა ვმალავ გულში სიმწარის ოხვრას,
მალვით ვიწმენდ თვალში მორეულ ცრემლსა...
ეჰ, ვის ესმის, თუ სადღაც მუშა ჰკვნესის!..
მართალია, სამოციან წლებამდე იგინი, „ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაჰქცევია შოვნისათვის მხოლოდ ლუკმაპურისა“, არავის მოსვლია ფიქრად. ამ ხანამ ამ უნუგეშო ყოფასაც ადამიანისას თავისი ძლიერი კლანჭი გამოჰკრა და შეჰზარა ქართველთა გული მწვავის სურათებითა. ფხიზელმა პოეტურმა ალღომ გრ. ორბელიანისამ არც აქ იმტყუვნა, აქამომდე დამალულ წყლულსა საზოგადოებურ სატკივარისას, სამოციან წლებში გამოქვეყნებულს, თავისებური შუქი მიაფინა. თავისებურს ვამბობთ იმიტომ, რომ მუშა, სამოციან წლებში პირველწამოყენებული, უფრო ხორციელობის უნუგეშობას უჩივის და გრ. ორბელიანის ბოქულაძე კი ჰკვნესის სულიერობის შევიწროებისათვის. იქ ხორცი მტკივნეულობს, აქ სული იდაგვ-იწვის უნუგეშმყოფელობისაგან.
ასეა თუ ისე, ახალ მიმართულების ტალღებისაგან გატაცებულმა გრ. ორბელიანმაც მიაგნო ამ ღრმად გულში დამალულს სიმწარით ოხვრას მუშაკაცისას, ამ მალვით მოწმენდილს თვალში მორეულ ცრემლსა და სხვებთან ერთად მისმა ყურმაც გაიგონა, სადა ჰკვნესის მუშა:
მკერდით ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,
ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული,
კაცი, გულით დაჩაგრული ბედითა,
სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,
ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაჰქცევია
შოვნისათვის მხოლოდ ლუკმაპურისა.
გარდა ყოველ იმისა, რომ გრ. ორბელიანმა არ იუცხოვა ახალი მიმართულება და, პირიქით, თავისი ძლიერი ბანი მისცა, მანვე დაგვანახვა პირველი, მაგრამ საუცხოვო და შეუდარებელი მაგალითი ქართულის ურითმო ლექსისა, არა იამბიკოს მსგავსისა, და მით დაგვიმტკიცა, რომ ქართულს სიტყვასაც თავისი ასამაღლებელი ხმა ჰქონია, ეგრე საჭირო ლექსთაწყობის ხმოვანებისა და მუსიკისათვის. მან ამით გვაჩვენა, რომ ქართულადაც შესაძლოა ურითმო ლექსი, ეგრედ წოდებული „თეთრი ლექსთწყობა“, რომელიც ხმოვანებით და მუსიკით არანაკლებია რითმიან ლექსისა. მისი „მუშა ბოქულაძე“ ამ მშვენიერ „მწყობრსიტყვაობის“ შეუდარებელი მაგალითია.
მართალია, სამოციან წლებში გამოსულთ მწერალთა დაიწყეს გახსენება წარსულისა და ჩაუდგეს ქვაკუთხედი იმ ხიდს, რომელიც ჩასტყდა წარსულსა და აწმყოს შუა, და რომლის ხელახლად გადებას სცდილობს დღევანდელი დღე, მაგრამ ისე სულით და გულით არავინ მისცემია ამ წარსულის ნატვრას და სიყვარულს, როგორც თ. ვახ. ორბელიანი. ამისთანა ერთგული მოყვარეც წარსულისა საჭიროა იქ, საცა იგი დავიწყებულია, იმიტომ რომ ერის დაცემა იწყება იქიდამ, სადაც თავდება წარსულის ხსოვნა. თვითონ პოეტი ჰგრძნობდა ამას, როცა ერთ ადგილას ამბობს, რომ ვისაც და რასაც არ აქვს წარსული, მომავალიც მას არ ექნებაო და ამიტომაც ნუ გვიკვირს, რომ ვახ. ორბელიანმა თითქმის მთელი თავისი პოეტური ძალ-ღონე სულ ამ საგანს მოახმარა და ამით განმსჭვალული ცოტად თუ ბევრად იმ სფერომდე მივიდა, რომელსაც «რომანტიზმს“ ეძახიან და რომელსაც ერთ დროს ევროპის პოეზიაში მთელი მოედანი ეჭირა და რომლის უდიდესი წარმომადგენელი იყო ვიქტორ ჰიუგო, საფრანგეთის სახელოვანი პოეტი...
[1892 წ., 28 იანვარი - 14 აპრილი.]
________________
* აქ ხელნაწერს აკლია ერთი გვერდი, რის გამოც ტექსტი ნაკლულია. (რედ.)
წერილები ქართულ ლიტერატურაზე
ხელნაწერი: ავტოგრაფი, U № 183.
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1892 წ., 21 II, № 39, გვ. 1-2; 15 IV, № 77, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა: 1892 წ., 20 II, 14 IV).
თარიღი: 1861 წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა.
ხელმოწერა: * * *
გაზ. „ივერიის“ № 39-ში მეთაურ წერილებად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად, გამოქვეყნდა „წერილების“ I თავი, № 77-ში კი (ხელმოწერის ნაცვლად ასტრონომით - სამი ვარსკვლავით) - IV თავი სათაურით: „ნიკოლოოზ ბარათაშვილი (პატარა ეტიუდი ერთის წერილიდამ ამოღებული)“. დანარჩენ წერილებს (II, III, IV თავები) ილიას ხელნაწერებში მიაკვლია პ. ინგოროყვამ, რომელმაც აღნიშნული წერილები გააერთიანა და დაასათაურა.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში „წერილები“ პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IV ტომში. მანამდე ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში „წერილებიდან“ დაბეჭდილი იყო მხოლოდ ზემომითითებული ეტიუდი ნ. ბარათაშვილზე. (იხ. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, - ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც. საზოგ. გამოცემა № 97, ტფილისი, 1909).
ავტოგრაფი ნაწერია შავი მელნით, თაბახის ფურცელზე (ნახევარზე), რომლის ჭვირნიშანი იკითხება: «Литяковскаго товарищества № 18» საინვენტარო აღწერით შეიცავს 1-28 გვერდს, სინამდვილეში ტექსტს უკავია მხოლოდ გვ. 1-24, გვ. 12, 25, 26, 27 წარმოადგენს შესაბამისი გვერდების (21 - 24) განმეორებას, რედაქციულ ცვლილებას. გვ. 28-ზე განმეორებულია მთელი აბზაცი მე-17 გვერდიდან (ჩვენი გამოცემის გვ. 544, 12-17 ჩვენ... ადვილად და 18-26 საჯერი... მივიჩნიოთ); გარდა ამ აბზაცისა მასზე ამოწერილია ადგილები რაფ. ერისთავის ლექსებიდან: „მთხოვნელი მსაჯულისადმი“, „მათხოვარი“, „ბუზები“, „ყადის ჯოხი“ და „იავ-ნანა“ (ჩანს, რომ ავტორს ეს მასალა საილუსტრაციოდ უნდოდა, ნაწილი გამოიყენა, ნაწილი არა). ამიტომ, 12, 25, 26, 27 და 28 გვერდებს ტექსტის დასადგენად მნიშვნელობა არა აქვს.
ყველა ფურცელს თავში მიწერილი აქვს „მეთაური“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ილიას განზრახული ჰქონდა თავისი ეს ჩანაფიქრი „ივერიაში“ მეთაური წერილების სახით გამოექვეყნებინა, ისე როგორც ამ ჩანაფიქრის ერთი ნაწილი, რომელიც ხელმოუწერელი მეთაური წერილის სახით დასტამბა თავისი გაზეთის 1892 წლის 39-ე ნომერში. ილიას დაუნომრავს კიდევაც სავარაუდოდ ეს წერილები: გვ. 1 და 5-ის verso-ზე მიწერილია „№ 1“, გვ. 6, 9 და 16-ის verso-ზე კი - „მეთაური №2“.
ავტოგრაფს გააჩნია ავტორისეულივე პაგინაცია 1-დან 24-მდე და 1-დან 5-მდე (გვ. 25-28), მასში მრავალი ადგილი გადახაზული და გადაკეთებულია, რაც ადასტურებს იმას, რომ ის პირველადი ხელნაწერია, რომელიც კარგად ასახავს ავტორის შემოქმედებით პროცესს.
„ივერიის“ 1891 წლის № 20-ში, როგორც ამაზე ილია ჭავჭავაძე მიუთითებს, გამოქვეყნდა დ. ხ.-ს (დიმიტრი ხოშტარიას - დუტუ მეგრელის) წერილი „ხმა შორიდამ (ჩვენთა მწერალთა საყურადღებოდ)“, რომელშიც დ. ხ. არ ეთანხმება „ივერიაში“ (1891, №225) დაბეჭდილი წერილის - „ჩვენ მწერლობაზე“ - ავტორს „პ“-ს (პოლიევქტ კარბელაშვილს), რომელიც ამ და „ივერიაში“ ადრე გამოქვეყნებულ წერილებში აღნიშნავდა: „ნუთუ ეს ახალი ხანა მომასწავებელია, რომ ქართული მწერლობა ხელს იღებს საზოგადოების ხელმძღვანელობაზეო?“ და „ზარ-ზეიმით“ ილაშქრებდა ახალი თაობის წინააღმდეგ, ბრალს სდებდა მათ უმოქმედობაში, ძველი თაობისაგან მაგალითის აუღებლობაში. დიმიტრი ხოშტარია თავის ვრცელ წერილში უმთავრეს ყურადღებას სწორედ ამაზე ამახვილებს და გამოთქვამს სურვილს, რომ „საერთო სიჩუმეს ბოლო მოღებოდეს... თუ ეხლანდელი თაობა არა, მომავალი თაობა მაინც მომზადებული და გამხნევებული გამოსულიყოს ცხოვრების ასპარეზზედ“ - (დ. ხ.-ს წერილი დაწერილია 1891 წლის 14 დეკემბერს, „ივერიამ“ დასტამბა 1892 წლის 28 იანვარს, №20). აღძრულმა საკითხმა საზოგადოებაში სათანადო რეაქცია გამოიწვია და „ივერიამ“ იმავე წლის № 39-ში დაბეჭდა ხელმოუწერელი მეთაური წერილი - „ტფილისი, 19 თებერვალი“, რომელიც შეიცავს საკმაოდ დამაჯერებელ პასუხს მითითებულ წერილებზე, რომ ამ მეთაურის ავტორი ილია ჭავჭავაძეა, დასტურდება ხელნაწერის სათანადო ადგილით, სადაც ავტორი წერს: „ჩვენ ჩვენი წინანდელი მეთაური წერილი [„ივერია“, № 39] იმით გავათავეთ, რომ ვირჩიეთ გამოვარკვიოთ: გუშინ რას ვდევდით ახალნიცა და ძველნიცა“, და რეზიუმეს უკეთებს, თუ რაზე ჰქონდა საუბარი წინა მეთაურ წერილში და აგრძელებს მსჯელობას მასზე. ჩვენი გამოცემის გვ. 521-524, თავი I, ხელნაწერში არ იკითხება, იმის ნაწილი შემონახული არ არის, მისი ტექსტი გადმობეჭდილია „ივერიიდან“. ილიას ხელნაწერი თავებად არა აქვს დაყოფილი (როგორც აღვნიშნეთ, ისინი დანომრილი აქვს ავტორს: № 1, № 2, მაგრამ ეს ნუმერაცია ეკუთვნის უკვე ხელნაწერში შემავალ ტექსტს და მას ვერ მივაკუთვნებთ „ივერიის“ № 39-ში გამოქვეყნებულ მეთაურ წერილს, რომელიც ამ წერილის ორგანული ნაწილია). ავტორმა ხელნაწერი ტექსტიდან გამოაქვეყნა მხოლოდ ერთი ნაწილი - „ნიკოლოოზ ბარათაშვილი (პატარა ეტიუდი ერთი წერილიდამ ამოღებული)“, „ივერია“, № 77, 1892 წ.15 აპრილი, რომელიც ხელმოწერილია ილიას ცნობილი ასტრონომით - სამი ვარსკვლავით. დადგენა იმისა, თუ რა იყო მიზეზი ამ წერილის დაუმთავრებლობა-გამოუქვეყნელობისა, ჭირს, რამდენადაც მას ხელის შემშლელი მიზეზები (ცენზურული თუ სხვა) წინ არ დახვედრია, ავტორმა ყველაზე უკეთ იცოდა, რომ წერილი დაუმთავრებელი ჰქონდა, წერილში იგი ისწრაფვოდა მოეცა ახალი ქართული ლიტერატურის, უფრო სწორად, ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების მეცნიერული ანალიზი (რასაც მან ბრწყინვალედ მიაღწია 60-იანი წლების დასაწყისამდე, მაგრამ, რამდენადაც მუშაობა წერილზე საბოლოოდ არ ჰქონდა დამთავრებული. დაკმაყოფილდა ორი ნაწილის გამოქვეყნებით „ერთის წერილიდამ“. ხელნაწერი უსათაუროა. სათაური („წერილები ქართულ ლიტერატურაზე“) მას მიეცა 1937 წელს, ილიას ნაწერების სრული კრებულის IV ტომში. როგორც აღინიშნა, ამ „წერილების“ წერა ილიამ დაიწყო არა უადრეს 1892 წლის 28 იანვრისა (როცა გაზ. „ივერიაში“ გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის ზემოთ მოხსენიებული წერილი - „ხმა შორიდამ“). „წერილებზე“ მუშაობის დასრულების თარიღად კი უნდა ჩაითვალოს 1892 წლის 14 აპრილი, - რა რიცხვითაც არის გაცემული ცენზურის მიერ „წერილების“ IV თავის („ნიკოლოოზ ბარათაშვილი“) გამოქვეყნების ნებართვა.
აქვე ვუჩვენებთ ამ ნარკვევზე ავტორის შემოქმედებით მუშაობის პროცესის ამსახველ ყველა ნიუანსს:
525. 10 „აზრს“ შემდეგ გადახაზულია: „რასმე უსაქმიდან“, „უსაქმიას“-ს შემდეგ გადახაზულია: „უვლია განვითარების გზაზე“; 10 „წინ“-ის შემდეგ გადახაზულია: „მტერი არ დახვედრია“; 12 „გაუფართოებია“-ს შემდეგ გადახაზულია: „თორემ. თო. ფეხი“; 15 „მოდენილა“-ს შემდეგ გადახაზულია: „დღევანდლამდე“; 17 „ამ“-ის შემდეგ გადახაზულია: „დიდმა“; 29 „გვაქვს“ შემდეგ გადახაზულია: „მარტო“; 31 „თორემ“-ის შემდეგ გადახაზულია: „ჰო“, 33 „ძალმომრეობამ“ შემდეგ გადახაზულია: „იძულებულ გვყო“, „წინდაუხედავად“ შემდეგ გადახაზულია: „და მისია“.
526. 1 „ბრძოლა“-ს შემდეგ გადახაზულია: „ჩვენს ჰოდა“, „და“-ს შემდეგ „ჩვენს ც”, „ცხოვრებისათვის“ შემდეგ გადახაზულია: „თავზე“; 3 “კი”-ს შემდეგ მიწერილია: „(ნახე მეორე გვერდზე)“ და ტექსტი გრძელდება I-ლი გვერდის verso-ზე, „ამ ბრძოლის“ წინ იკითხებოდა: „ამ სახით არამც თუ მოსაქმე ცხოვრება ყურმოჭრილ ყმასავით დაემორჩილა ახალ ვითარებას, არამედ“; 9 „მით რომ“ შემდეგ გადახაზულია: „თითქო ჰსურთო არამც თუ მოსაქმე ცხოვრებით, არამედ მოაზრეთიც ყოველი ჩვენი დაგვკარგოდა და ავყოლოდით სხვებს როგორც საქმით, ისე აზრითაც“; 13 „სხვისას“ შემდეგ გადახაზულია: „როგორც ხორცით, ისეც სულით და როგორც საქმითა, ისეც აზრითა“; 15 „დაგვტყობოდა“-ს შემდეგ გადახაზულია: „ერთის სიტყვით, როგორც საქმით, ისეც აზრითა“ და მის მაგიერ მიწერილია: „ერთის სიტყვით“; 17 „ბრძოლის შემდეგ გადახაზულია: „მოვლენა“; 21 „გულამდე თვალი“ - იყო „თვალი გულამდე“; 22 „გაუბნიოთ“-ის შემდეგ გადახაზულია: „გულამდე“, „იგი“-ს შემდეგ გადახაზულია: „ერთი განუწყვეტელი გრეხილია“.
527. 4 „უცხოვრია“-ს შემდეგ გადახაზულია: „მშვიდობიანად უვლია“; 9 „აბა“-ს წინ იკითხებოდა: „ეს უღელი უწევია, იმიტომ, რომ აქ ყოველი გზა რომში იყო მისასვლელი“; 12 „მიეცა“-ს შემდეგ გადახაზულია: „თავის“; 13 „მისცა“-ს შემდეგ გადახაზულია: „გავ“; „და“-ს შემდეგ გადახაზულია: „ხმ“; 24 „შუქი“-ს შემდეგ გადახაზულია: „წარსულისა, როგორც“; 27 „მოიყარეს“ შემდეგ გადახაზულია: „ერთად“. 33 „მიმართულება“-ს შემდეგ გადახაზულია: „მაგრამ რა“.
528. 5 „ხნულში“ შემდეგ გადახაზულია: „ხელახლად განაღვიძებდა და აღმოცენდებოდა, ჩვენ ვწუხვართ, რომ მიზეზისაგან სხვისა და სხვისა უფრო“; 6 „თუ“-ს შემდეგ გადახაზულია: „რომ“; 8 „ცხოვრებას“ შემდეგ გადახაზულია: „არა“; 14 „შუა“-ს შემდეგ გადახაზულია: „ჩასაწყ.“; „ხიდი“-ს შემდეგ გადახაზულია: „გაირღვა, ორ შუა დედამიწა“, „ორად დედამი“; 15 „დასაბამი“-ს შემდეგ გადახაზულია: „ხელიდამ გამოეცალა“; 16 „რომ“-ის შემდეგ გადახაზულია: „ორგვარი ორპირი ანუ უკეთ ვსთქვათ, ორკეცი დენა ცხო ჩვეული“; 17 „გაჩერდა“-ს შემდეგ გადახაზულია: „ვეღარც მოაზრე მხარემ ცხოვრებისამ ღა იმოქმედა. ვერც მოსაქმე ცხოვრებამ“; 19 „ისე“-ს შემდეგ გადახაზულია: „სწარმოებენ, რომ ხან ერთია მეორისაგან“; 21 „პირველისაგან“ შემდეგ გადახაზულია: „იმიტომ, რომ აზრიც არის ჯერ განსახორციელებელი საქმე და საქმე უკვე განხორციელებული აზრია, საქმეა, ხოლო ჯერ განსახორციელებელი და საქმე კიდევ აზრია უკვე განხორციელებული“; 23 „და“-ს შემდეგ გადახაზულია: „თვით“; „საქმეც“ შემდეგ „სხვა არ არის გარდა იმისა, რომ“; 24 „ამიტომაც“ წინ გადახაზულია: „აზრი არაკი“, „ამ ორსავ სფეროში“; 25 „მოსწყდა“- იყო „დადგა“, გადახაზულია: „გაიყინაო“.
529. 1 „ადგილის“ შემდეგ გადახაზულია: „გაიყინაო“; 6 „გზადაკარგული“-ს ნაცვლად იყო „თავბრუდამსხმელი“, გადახაზულია; 5 „ნაპირს“ ნაცვლად იყო „ნაპირ კიდეც“, გადახაზულია; 9 „მოსაქმე ცხოვრებისათვის“ გადახაზულია და მერე კვლავ აღდგენილია; 18 „უსაქმობამ“-ის შემდეგ გადახაზულია: „აქაც უკადრობა გამოიღო ნაყოფად“; 15 „მოგვიტანსო“-ს ნაცვლად იყო „გვეტყვისო“, გადახაზულია; 21 „რაკი... როგორც“ ამის ნაცვლად იკითხებოდა: „მოხარულნი არიან, რომ მისთვის“, გადახაზულია; 22 „რომ“-ის შემდეგ გადახაზულია „მის“; 25 „ოცდაათიანი წლების“ - იყო „პირველ წლებში“, გადახაზულია; 31 „ჰრიგდებოდნენ“-ის შემდეგ გადახაზულია: „რანი არიან და რანი ვართ სიმწვავით ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, აზრი უნდა დაძრულის (....) აზრი“; 32 „უნდა“-ს შემდეგ გადახაზულია: „მთელის თავის სიმწვავით“; 33-34 „მოედანზე“-ს შემდეგ გადახაზულია „ხოლო საკითხი ეს არის“.
530. 5 „ამასთან“ შემდეგ გადახაზულია: „ჟამთა ვითარებამ“; 11 „რომელმაც“ შემდეგ გადახაზულია: „თავი იჩინა ამ საუკუნეში“; 13 „ცხოვრებისა“-ს შემდეგ გადახაზულია: „და როგორ იარა ამ ხანამ და რა აზრთა სვლა და მიმართულება გაგვიჩნდა, ამის შემდეგ ვიტყვით“; 24 „რადგანაც“ შემდეგ გადახაზულია: „იმიტომ რომ ისევე“; 26 „სათქმელი“-ს ნაცვლად იყო „საგანი“, გადახაზულია; 27 „საყოველთაო“-ს შემდეგ გადახაზულია: „რომ საყოველთაოდ მიიეც“.
531. 21 „თორემ“-ის შემდეგ გადახაზულია: „გზადაგზა“; 22 „მთქმელსაც“ შემდეგ გადახაზულია: „წა..სც შეჰქმნა ორმა გულით, თუმც იშვიათად კი“; 31 „აქ პირველდაწყებითად“-ს ნაცვლად იყო „პირველ დაწყებით“, გადახაზულია.
532. 2 „ხვეჭით“ შემდეგ გადახაზულია: „თუმცა ესეაო, მაგრამ მაინც გულს არ იტეხს და ასეთს იმედს იძლევა:
რომელნიც ამწარებთ ღარიბთ ცხოვრებას
და სთხოვთ ურცხვად, უსამართლოდ მონებას,
მოელოდეთ მათთან თანასწორებას!
არ მარდის იშვათ
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით, ხვეჭით“
6 „სურათია“-ს ნაცვლად იკითხებოდა: „სურათი იყო“; 15 „რომ“-ის შემდეგ გადახაზულია: „დიდს“; 8 „იქნებოდაო“-ს შემდეგ გადახაზულია: „და აფრთხილებს იმას“; 23 „პოეზიაა“-ს შემდეგ გადახაზულია: „თუ ეს ს“; 25 „ვნახოთ“ შემდეგ გადახაზულია: „ამისთანა გულისტკივილს სად ჰქონია სათავე, სად“; 27 „როგორ“-ის შემდეგ გადახაზულია: „შეიქმნა მოზრდილ მდინარედ“;
533. 8 „წარსულსა“-ს შემდეგ გადახაზულია ოთხი სტრიქონი გრ. ორბელიანის ლექსისა:
როს ერთგულება, სარწმუნოება
ივერთ დიდებას.........
ოდესცა ბრძოლა და მამაცობა
მათსა სახელსა განადიდებდნენ
14 „უფესვ-უშტოა“ - იყო მკვდარია“, გადახაზულია: 15 „უშვილო“-ს შემდეგ გადახაზულია: „ამ სახით გრ. ორბელიანმაც ერთი ნაკადული კიდევ ჩაურთა ჩვენს პოეზიის მდინარებას და ამით ცოტათ თუ ბევრად განადიდა იგი და შეავსო“; 18 „წარიღეს“ შემდეგ გადახაზულია: „გულს წუხილისას რა განადიდებს“; 20 „ქართველის“ შემდეგ გადახაზულია: „გულს წუხილისას რა განადიდებს, დღენი წარსულის ნეტარებისა“; 21 „ჰპოულობდა“-ს შემდეგ გადახაზულია: „და ამ ყოვლის კეთილის წამღებ წარსულს“; 23 „ვეღარ... ამბობს“ ნაცვლად იყო: „და გულდამწვარი ამბობს“, გადახაზულია.
534. 18 „ბუნებითად“-ს შემდეგ გადახაზულია: „ფართო საწყ. თვალ გაუწვდენელი“; „საწყლე“-ს შემდეგ გადახაზულია: „ჰო. ჩვ“; „ორბელიანმა“-ს შემდეგ გადახაზულია: „ეს ერთი“; 21 „იმის“ შემდეგ გადახაზულია: „აზრი არ“. მე-9 გვერდის verso-ზე მიწერილია “მეთაური № 2”. 33 „ხოლო“-ს შემდეგ გადახაზულია „ამაშიაც ამა ამ აქ“.
535. 2 „ამიტომაც“- იყო „რადგანაც“, გადახაზულია. 14 „გრძნობანი“-ი შემდეგ გადახაზულია „უფრო საყოველთაოკაცობრიონი არის, ვიდრე“; 15 „ვიდრე“- იყო „მის“, გადახაზულია: 16 „მარტო“-ს შემდეგ გადახაზულია: „მისნი კუთვნილებანი“, „მის“ შემდეგ გადახაზულია: „გულისანი“, „გულისანი“-ს შემდეგ გადახაზულია: „რასაც ხელს ჰკიდებს, ყოველგან საყოველთაო პასუხს ითხოვს, მისი ლირიკა დასტრიალებს უფრო იმისთან საგნებს“; 29 „განგებას ციურს“ შემდეგ გადახაზულია: „უდიდესნი კაცნიც კაცობრიობისაც იქითა ეძიებენ სადგურს, ზენაართ სამყოფთ, მაგრამ არა ერთს მათგანში“. 30 „აქ“ შემდეგ გადახაზულია: „უღონო“; 31 „უღონობა“ - იყო „უიმედობა“, გადახაზულია.
536. 5 „პასუხსაც“ შემდეგ გადახაზულია: „ჰლამობდა“, „ეძებდა“-ს შემდეგ გადახაზულია: „შინ და გარედ“; 11 „ისი იკმაროს“ შემდეგ გადახაზულია: „ჰხედავს მტკვარს და იმასაც საყოველთაო საკითხის პასუხსა სთხოვს:
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ,
ვისთვის რას იტყვი!“
12 „ერთობ“ - იყო „სხვის“, გადახაზულია; 14 „ჩივილი“-ს შემდეგ მიწერილია: „ნახე მეორე გვერდი“ (ტექსტის ეს ადგილი გრძელდება გვ. 1-ს verso-ზე); 18 „და“-ს შემდეგ გადახაზულია: „შენ არას მეუბნები, მტკვარიც არას მეუბნება“; 22 „ფიქრმა“-ს შემდეგ გადახაზულია: „ამაოებისამ“; 23 „გულში“ს შემდეგ გადახაზულია: „მას აქეთ რაც“, „და“-ს შემდეგ გადახაზულია: „რაღაც ხმა იდუმალი თანა სდევს მისთა ზრახვათა და საწადელად“; 26 „ხარ“ შემდეგ გადახაზულია: „ჩემო“; 27 „იდუმალი“-ს შემდეგ გადახაზულია: „აუშლის მოსვენებას, როცა ამ ხმას ვეღარსად გაექცევა და თვით ხმაც გაუძალიერდა, გაუძალიანდა“.
537. 3 „არამედ“ - იყო „რომ იგი“, გადახაზულია: 4 „სარწმუნოება“-ს შემდეგ გადახაზულია: „ამ ვნების გზას ადგია ყოველი ადამიანი“; 10 „შეიტყოს“ შემდეგ გადახაზულია: „ყველა ადამიანისათვის მუდამ შესატყობარი“; 11 „ამბობს“ - გადახაზულია და ისევ აღდგენილია; 19 „ზოგადკაცობრიობის“ შემდეგ გადახაზულია: „რა არის იმედგაშიშვლებულ საშ (...)“
538. 5 „ეგულებოდა“-ს შემდეგ გადახაზულია: „განა არა, საცა გონებ.“ 10 „განსვენებასაო“-ს შემდეგ გადახაზულია: „წრფელითა ზრახვით“; 18 „წყურვილისა“-ს შემდეგ მიწერილია: „ნახე მეორე გვერდი“ (ტექსტის გაგრძელება verso-ზე იკითხება); 21 „ღმერთს“ შემდეგ გადახაზულია: „მასვი ცხოვრების წყაროვ, მასვი წმინდათა წყალთაგან შენთა, ნუთუ“; 22 „შვილიო“-ს შემდეგ გადახაზულია: „მამაო, მაგრამ აქ განისვენა, ვერც აქ მოასვენა თავისი კვეთება სულისა“.
539. 1 „რომლის“ შემდეგ გადახაზულია: „სამზღვარი“; 16 „რადგანაც“ შემდეგ გადახაზულია: „გონება ვერ მისწვდება“; 17 „გონებისათვის“ შემდეგ გადახაზულია: „მიუწვდენელია ღმერთი“; 19 „მიწვდი“-ს შემდეგ გადახაზულია: „შენ მაინც გასწიო ეუბნება, შენ მაინც გასწიო და ბედის სამზღვარი გადამალახვინეო. არ თუ დავემორჩილები ბედს, არ გავექელვინები“; 22 „სიგრძე-სიგანე“ - იყო „სივრცე“, გადახაზულია: 24 „გაარღვიოს“ - იყო „გადაიაროს“, გადახაზულია: 25 „სივრცე“ - იყო „სიგრძე-სიგანე“; 26 „მოიაროს“ - იყო „შემოატაროს“; „შემოიაროს“, გადახაზულია: 30 „რომელსაც“ შემდეგ გადახაზულია: „მის გონებისათვის“; 31 „დაუდვია“-ს შემდეგ გადახაზულია: „ცას იქით სადგურს ვერ მიმწვდარა“.
540. 16 „შუბის“ შემდეგ გადახაზულია: „პირისთავი“; 18 „გაბნეულს“ შემდეგ გადახაზულია: „ჩვეულებრივი მყუდროებისგან შეზარულს ლტოლვას“. 25 „ცდამ“ შემდეგ გადახაზულია: „მერე ამ მხრით იმედოვნებულმა მიჰმართა ღმერთს და სთხოვდა, მინამ ჯერ კიდევ სათნოება მისი მოეკლა ეჭვსა, გულს შერჩენილი ჰქონდა და არ მოეხარა ეჭვსა:
ბოროტ ღელვილი!
არა დაჰქროლოს ჩემსა ქართ ვნებისა
არამედ მომეც სადგური მყუდროებისაო.
26 „რომ“ - იყო „რომელიც“, გადახაზულია: „დაინახე“-ს შემდეგ გადახაზულია: „კაცმა“; 27 „დაინახავ“-ს შემდეგ გადახაზულია: „ცას და ცას იქით საგნის დანახვას სწორედ რწმენა უნდა და ჩვენს პოეტს კი ეს რწმენა დაკარგული ჰქონდა, როგორც მისი „სულო ბოროტო“ გვიმტკიცებს და აქ არის მიზეზი, რომ მას ცასა და ცას იქით სადგური ვერ უპოვა ბედმა“.
541. 1 „მიერ“ შემდეგ გადახაზულია: „ძებნილს სადგურს“; 2 „სიყვარულში“ - იყო „სარწმუნოებაში“, გადახაზულია; 15 „გამოუქროლდეს“ შემდეგ გადახაზულია: „ამ სამშვიდობო ადგილ-სადგურის ძებნა, ეს აშფოთებული სულის სათუთი განსასვენებელი ბინა, ეს გაფეთებულ თავმომწონე და გაფეთებულ დაუძინებელ მაძიებელ გონებისათვის დასაწყნარებელი ნავთსადგური“.
542. 2 „ავსებს“ შემდეგ გადახაზულია: „ხო“; 10 „ბინას“ შემდეგ გადახაზულია: „სულისას“; 11 „თაღიც“ შემდეგ გადახაზულია „შენობისა“; 19 „მერანი“ - იყო „საზღვარ“, გადახაზულია. 29 „დიდი განი“ - იყო „უფრო მეტი“, გადახაზულია.
543. 1 „მარტონი“ - იყო „თვითოები“, გადახაზულია; „არიან“ შემდეგ გადახაზულია: „ხოლმე“; 2 „ტვირთი“-ს შემდეგ გადახაზულია: „მათს შემ.“; 6-8 „ეს... მკაფიოდ და” ხელნაწერში არ იკითხება; 12 „საცა ღაღადებაა“ - იყო: „და სხვა კვეთება ადამიანის სულისა“, გადახაზულია; „ყოველგვარ“ - იყო: „ყოველ სხვა“, გადაკეთებულია: „ყოველგვარ“; 14 „ამიტომა“ შემდეგ გადახაზულია: „მართალია, როცა თავის „მერანს“ უბრძანებს გზა უვალი“; 15 „რომ“-ის შემდეგ გადახაზულია: „ჩვენში ეგეთი“; 16 „გადაათელინა“-ს შემდეგ გადახაზულია: „ნავლის დასარჩენად“, „ნავლიც“ შემდეგ გადახაზულია: „დასტოვა“; 19 „არც“ - იყო; „წარსულის“, გადახაზულია; 20 „მამულისა“ შემდეგ გადახაზულია: „გულში დარდად ჰქონდა“; 21-22 „სად... ესმის“ ხელნაწერში არ იკითხება. 23 „არა ნაკლებ“ - იყო: „უფრო“, გადახაზულია: 32 „აღტაცებული მაშინდელ“ - იყო: „აღტაცებული იძახის“.
544. 1 „უშენებს“ იყო „უგებს“; გადახაზულია „ღირსეულ დედამ ქართველებისამ“; 7 „თუმცა ბოლოს“ - იყო, „ბოლოს კი“ გადახაზულია; „თვისი მამული“ - იყო: „ქართლი“, გადახაზულია; 10 „მისი ნათქვამია“ - იყო: „სთქვა“, გადახაზულია; 12 „დატყვევებული“- ემატება კიდევ ორი სტრიქონი:
სად სულსა სული თვისად მიაჩნის
და გულსა გულის პასუხი ესმის.
23 „მის“ შემდეგ გადახაზულია: „კვლა“; 25 „არის“ შემდეგ გადახაზულია: „ბარათაშვილის ვრცელი სარბიელი“; 29 „სიმაღლითა“ შემდეგ გადახაზულია: „დაჰ“; 31 „მოედანზე“ შემდეგ გადახაზულია: „იყვნენ ისინი, ვინც წინა ამ“.
545. 1 „ორბელიანის“ შემდეგ გადახაზულია: „ამას მოეშველნენ“; 3 „ორი“ იყო „ერთი“ გადაკეთებულია „ორი“; 5 „და“-ს შემდეგ გადახაზულია: „აზრის“, „მწყურვალისათვის“ შემდეგ გადახაზულია: „წყარო დასაწაფებლად“, „ესმია“-ს შემდეგ გადახაზულია: “მეორე მან შეჰქმნა თეატრი“; 10 „ისე“ იყო „გარდა იმედისა“ გადახაზულია; 12 „არსებობდა“-ს შემდეგ გადახაზულია: „ეგრედ წოდებულს ჟურნალობაში გვაჩვევდა“; 17 „დაიჭირა“-ს შემდეგ გადახაზულია: „ვაივაგლახითა“; 18 „ყმაწვილ“ იყო „ახალგაზრდა“ შემდეგ „მოხუც და ყმაწვილ“ ორივე გადახაზულია; 19 „წლებში“ შემდეგ გადახაზულია: „დიდი სვე გაიტანეს“; 20 „დენასა“ შემდეგ გადახაზულია: „რომ უწინდელმა“.
31 „სარბიელს“ შემდეგ გადახაზულია: „გაუფართოვა“; 34 „არ“-ას შემდეგ გადახაზულია: „არ არ“.
546. 2 „ჩაუმატა“ იყო „ხელთ მისცა“ გადახაზულია: „ეკალი“-ს შემდეგ გადახაზულია: „რომელსაც „სატირას“ (იუმორს) ეძახიან და რომელიც მერე გამოსაკეთებლად სჩხვლეტს ხუთჯერ ხოლმე მას ვისაც კი დაესობა და ეძგერება, მისი „შეშლილი“ მის მიერ სასაცილოდ აგდება (....)“; 7. „ზემოთქმულის“ იყო „ამისი“; 11 „და“-ს შემდეგ გადახაზულია: „ამ“; 12 „მერმე“-ს შემდეგ გადახაზულია: „ერთი საგან“.
22 „პოეტისამ“ შემდეგ გადახაზულია: „დაინახა უსამართლობა პირველ ყ“; 25 „ძალიო“-ს შემდეგ გადახაზულია: „ეს პირველი ხმა იყო ჩვენში: და ამ რაფ. ერისთავამდე და არც კარგა ხანს მის მერე ეს მწვავე ჩივილი ყმობით დაჩაგრული ღმრთის ძის ადამიანისა არავის გაუთვალისწინებია, არავის უკითხავს“; 26 „სამწედ“-ს შემდეგ გადახაზულია: „ჩაგრულს“; 30 „ამითა“-ს შემდეგ გადახაზულია: „აქ საწყლის გულში ბოროტი კი არა ჰტრიალებს, რომ მე ასე ვარ რომელიც კაცს ხელს გამოაღებინებს ხოლმე სხვების ძარცვა-გლეჯად, არამედ“.
547. 10 „ატრიალებს“ შემდეგ გადახაზულია „მას მაინც“; 21 „საქოლვად“ შემდეგ გადახაზულია: „არა“; 22 „მთხოვარს“ შემდეგ გადახაზულია: „არ მაინც“; 23 „არის და“-ს შემდეგ გადახაზულია: „ამ იმედით შეპყრობილი კი არ იწყევლება, შებრალებას ითხოვს კაპიკისთვის გამვლელ-გამომვლელს, ქრისტიანს “შემიბრალეთ შიმშილმა გამამწარაო“; 27 „მოხრა“-ს შემდეგ გადახაზულია: „უნდა“; 28 „ბედისა“ შემდეგ გადახაზულია: „მაგრამ“, „მაგრამ“-ის შემდეგ გადახაზულია: „ჩვენს პოეტს ჩვენზე უკეთესად სცოდნია გული ქართველის კაცისა, რომელიც ჩვენებურ გლეხკაცის“.
548. 28 „ჩვენ“ შემდეგ გადახაზულია: „რამდენადაც გვიჭირდა გონების თვალით“;
549. 2 „კიდეთ“ შემდეგ გადახაზულია: „თუნდ ეგეც არ იყოს ჩვენ საგნად არც კი, ჩვენ ის თუ“; 3 „წლებში“ შემდეგ გადახაზულია: „ჩვენში“; 6 „ჰქონდა“-ს შემდეგ გადახაზულია: „თუ არა ჰქონდა“; 7 „გზას დაადგნენ“ იყო „გზაზე დავიდა“ გადაკეთებულია „გზაზე დაადგნენ“; 7“8 „ქართველს“ შემდეგ გადახაზულია: „მამული“; 12 „და“-ს შემდეგ გადახაზულია: „რომლის“; 14 „ქართველთა“ იყო „ადამიანის“.
28 „მწერლობა“-ს შემდეგ გადახაზულია: „ჩაავლო“; 31 „ამ“-ის შემდეგ გადახაზულია „წარსულის საკითხს“.
550. 20 „რომელიც“ შემდეგ გადახაზულია: „იყო“, 21 „ელოდაო“-ს შემდეგ გადახაზულია: „რომ პირველი“.
551. 14-15 „ასე ჰშველის“- იყო: „დასდის“, გადაკეთებულია; 19 „რომ“-ის შემდეგ გადახაზულია: „გრ. ორ“; 23 „გულით“ შემდეგ გადახაზულია: „მიიზიდა“; 24 „ახლებთან“ იყო „სხვებთან“ გადახაზულია, „ორი“-ს შემდეგ გადახაზულია: „ლექსი“; 30 „მამულისშვილობის“” შემდეგ გადახაზულია: „მოწმინნ“.
552. 7 „ვითარებისაგან“ შემდეგ გადახაზულია: „საქართველო“, „დაცემულს“ იყო „დაცემული“. 17 „შვილისავით“ შემდეგ გადახაზულია: „ეჭვიანი და ძილით“; 18 „მამულიშვილურ“-ის შემდეგ გადახაზულია: „ნატვრით მოსთქვამს“; 19 „მოსთქვამს“ შემდეგ გადახაზულია: „რომ“; 23-24 „რომელზედაც“ შემდეგ გადახაზულია: „სთქვა, სხვა საქართველო“.
553, 12 „ზღვაა“-ს შემდეგ გადახაზულია: „რომლის“. 21 „იგი“-ის შემდეგ გადახაზულია: „ამ მდ.“, „ერთის“ შემდეგ გადახაზულია: „ამ მდაბიოს“. 554. 2 „არც აქ იმტყუვნა“ იყო „აქაც მიაგნო“, გადახაზულია; „აქამომდე“ იყო „წყეულ დამა“, „იუცხოვა და“ გადახაზულია; 3 „სატკივარისას“ შემდეგ გადახაზულია: „თავისებური შუქი მოჰფინა მან“; 4 “წლებში” შემდეგ გადახაზულია: „გამოქვეყნებულს“, „თავისებური“ იყო „თავისი“ გადახაზულია: 5 „რომ“-ის შემდეგ გადახაზულია: „სამოციან წ.“; 10 „ისე“-ს შემდეგ გადახაზულია: „სამოციან წლებში“. 21 „გარდა“ იყო „მართალი“; 23 „პირველი“-ს შემდეგ გადახაზულია „მაგალითი“; 26 „საჭირო“-ს შემდეგ გადახაზულია: „ხმოვან“; 27 „მან ამით“ იყო „მაშასადამე“.
555, 4 „მოყვარეც“ შემდეგ გადახაზულია: „საჭიროა“; 5 „იწყება...სადაც“ იყო „დასაბამი წარსულის დავიწყებაა“; 10 „და“-ს შემდეგ გადახაზულია: „ამ სავ.“; 11 „რომელსაც“ შემდეგ გადახაზულია: „რომლის უდიდესი წარმომადგენელი“. გვ. 25, 26, 12, 27 არის 532-535 გვერდების გადაწერილი ცალი, ის ასე იკითხება:
მეთაური
თუ ჩვენი პოეტი სწუხს რაზედმე, იმაზე კი არა, კაი დრო აღარ მოვაო, პირიქით, იგი ამბობს:
რადგან იქნება სულგრძელება, იხმაროთ რად არ!
ნუთუ კვლავ ღმერთმან გკურნოსთ ერთმან...
არამედ იმაზე სტირის:
ვაჰ, თუ ვესწარ ვერ,
თვარღა ჟამი, გულთ მაამი, კვლავაც იქნების.
ხოლო ამისთანა საზოგადო ყოფისაგან ამოკვნესილი სიტყვა და ნუგეშისმცემელი იმედი უმთავრესი ძარღვი არ არის ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში, რომელიც უფრო (გადახაზულია: „სიყვარულის და ლხინის პოეზია“ სიყვარულის (გადახაზულია: პოეზიაა ტრფიალების ჭირი და ლხინია (გადახაზულია: პოეზიაა), მაშასადამე სიყვარულის და ტრფიალების (გადახაზულია: ჭირი და ლხინია) პოეზიაა.
პირველ ხანებში თ. ალ. ჭავჭავაძის გზას დაადგა თ. გრ. ორბელიანიცა. ხოლო მერე და მერე პირველმან ამან მაღალ გრძნობიერების სიტყვით მიგვახედა ჩვენ მიერ დავიწყებულს წარსულს (გადახაზულია: თითქო იგრძნო, რომ უამისოდ).
თუ ვით ივერნი
ლომ-გულნი გმირნი
ჰბრძოდნენ, სცხოვრობდნენ წარსულსა დროსა.
თითქო იგრძნო, რომ აწმყო უფესვო ნერგია, თავგაუტენელი, ფეხმოუკიდებელი მართლაც არის (გადახაზულია: უწარსულო) აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, არც მომავალი აქვს, იმიტომ, რომ ერთის მეცნიერისა არ იყოს, მხოლოდ „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. უწარსულოდ იგი მკვდარია იმიტომ რომ ერთის მხრით უდედმამოა (გადახაზულია: და უშვილო) და მეორეს მხრით უშვილო.
ვინ გვითხრას, ვინა გვიჩვენოს
სად სცხოვრობდნენ ძველნი გმირნი?
დრომ შემუსრა, აღგავა
მიწით მათნიცა საფლავნი,
მაგრამ ცოცხალა ჯერათაც
დიდების მათ მოედანი,
მათი სახელი, მათ ხმალი
საქმენი სახელოვანნი.
ძმანო, მივმართოთ თვალნი
წარსულთა ძველთა საუკუნეთა,
მათში სახელნი სჩანან ნათელნი
გმირთა, მამულის განმადიდეთა.
იცოდა მაღალგონიერმა თ. გრ. ორბელიანმა, რომ:
მათთა საქმეთა მოთხრობით
მოხუცს ცრემლთ მოედინება,
მხნეობით აღტაცებული
ჭაბუკი ხმალსა მისწვდება.
თ. გრ. ორბელიანმა პირველმან მოჰბერა ჩვენს ხელახლად ფეხადგმულს პოეზიას ეს ახალი სიო განახლებისა, განცოცხლებისა და მან პირველმა ჩაუდგა ქვაკუთხელი (გადახაზულია: მით განადიდა იგი, საწყლე დენა) იმ ხიდს, რომელიც ჩასტყდა წარსულსა და აწმყოს შუა და რომლის ხელახლად გადებას სცდილობს დღევანდელი დღე, როგორც შემდეგ ვნახავთ...
მისი „სადღეგრძელო“, „იარალისადმი“, „თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ ამისი ცოცხალი მაგალითებია. პირველმან ამან საჯაროდ იგრძნო, რომ დროთა გარემოებამ ძირს დასცა საქართველო და სწუხს (ამის ნაცვლად პირველად იკითხებოდა: „საქართველოს შვილი სწუხს“, გადახაზულია), რომ ვეღარ ვსცნობო:
დამცირებულსა,
ხმა-მოღებულსა
ბედდაკარგულის ივერის ძეს!
ეჭვით აღვსილსა,
უსახოდ ქმნილსა,
გულუიმედოს, გაუხარებელს!..
ეგრედ გათახსირებულს შვილს სხვა რაღა მამული უნდა ჰქონოდა, თუ არ შვილისა სულით დაცემული და ამიტომ პოეტი ამბობს კვნესითა, მინდაო:
რომ აღარ ვგრძნობდე
ჩემი მამულის სულით დაცემას!
და მარტო იმის მწყურვალი იყო, რომ კვლავ:
ივერი
აღსდგეს ძლიერი
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის
წმინდის საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული,
ზნე ამაღლებით,
ძლევის დიდებით
სამშობლოს მიწის სიყვარულითა!
სწორედ ამ სიყვარულმა მამულისამ, სამშობლო მიწისამ მიიზიდა პოეზია თ. გრ. ორბელიანისა და ამ სიყვარულის გასაღვიძებლად არა ერთი და ორი უთქვამს თავის მშვენიერის ლექსითა. ეგრედ წოდებულს მამულიშვილობას, პატრიოტობას, დროთა ვითარებისაგან მიძინებულს, პირველი თ. გრ. ორბელიანმა შთაბერა იგი ღონიერი სული, რომელმაც ბოლო ხანებში ჩვენს პოეზიას ერთ დროს განსაკუთრებული მიმართულება მისცა. ესე შეჰღაღადებდა დავიწყებულს მამულს ჩვენი პოეტი:
ჰე, მამულო სასურველო,
ვინ გახსენოს, რომ მის გული
არ ათრთოლდეს სიხარულის
აღტაცებითა აღვსილი?
ვინ გიხილოს დროთა საშიშს,
არ დასთხიოს თვისი სისხლი,
არა დაჰკლას თავი თვისი
შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი!
ჩვენ ვხედავთ, რომ თ. გრ. ორბელიანს ის ეგრედ წოდებული „მოქალაქური (გადახაზულია: მამულიშვილური) გულისტკივილი“ უფრო გამორკვეულად (იყო „უფრო მეტის ფერადით შეტანილი“ - ი. ლ.), უფრო ბეჯითად შეტანილი აქვს თავის პოეზიაში, ვიდრე სხვას ვისმე მის დრომდე.
მარტო ყოველ ამით არ განადიდა საწყლე ჩვენის პოეზიისა თ. გრ. ორბელიანმა. მისმა მწერლობამ შესანიშნავის სახით კიდევ გაამდიდრა (ამის შემდე გადახაზულია: „მის დრომდე“) ვიწროდ დენილი ჩვენი პოეზია. მის დრომდე თ. ალ. ჭავჭავაძიდამ დაწყებული ჩვენი პოეზია დაჰფუთფუთებდა მარტო ჩვენის დიდკაცობის გულთათქმას, თითქო უკადრისობსო ამით რაიმე საგანი უპოვოს პოეზიას. თ. გრ. ორბელიანმა პირველმან შეასწრო თვალი, რომ მდაბიოთა ცხოვრებაშიაც არის ადამიანური გულთაძვრა, რომ ამ მდაბიოთა გული იგივ ზღვაა, საცა თუ არ მეტი, ნაკლები მარგალიტები არ არის წუხილისა და სიხარულისა, ჭირისა და ლხინისა, ძულებისა და სიყვარულისა, რომ ამ მდაბიოთაც აქვთ თავისი იდეალები, თავისი სანატრელები, ოღონდ კი კაცს მადლი ჰქონდეს ამეების დანახვისა და სხივოსან სიტყვით გამოხატვისა. მისი „ო-ს დარდები“, „ლოპიანა“, „მუშა ბოქულაძე“, აი რა მწვავე სიტყვებს ათქმევინებს ერთს ამისთანა მდაბიოს:
რად მიყურებ ეგრე გაკვირვებითა?
ნუთუ მართლა კაცი არა გგონივარ?
რადგანცა ვარ სიღარიბის სამოსლით,
არა მქონდეს კეთილისა გრძნობაცა?
. . . .
ღრმადა ვმალავ გულში სიმწარის ოხვრას,
მალვით ვიწმენდ თვალში მორეულ ცრემლსა,
ეჰ, ვის ესმის, თუ სადღა მუშა ჰკვნესის!
მართალია (ამის შემდეგ გადახაზულია: „თ. გრ. ო.“) „ვის ესმოდა, თუ სადღაც მუშა ჰკვნესის! მარტო ალღომ პოეტისამ მიაგნო ამ ღრმად გულში დამალულს სიმწრის ოხვრას, ამ მალვით მოწმენდილ თვალში მორეულ ცრემლსა, მარტო მისმა ყურმა ისმინა, სადა ჰკვნესის მუშა:
მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,
ფერით რკინა, კისერ-ჩაჟანგებული,
კაცი, გულით დაჩაგრული ბედითა,
სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,
ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაჰქცევია,
შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა პურისა.
ამ სახით გრ. ორბელიანი გამგრძობია ალ. ჭავჭავაძის პოეზიისა და მხოლო ის სამსახური მიუძღვის პირველ ხანებში, რომ თითქმის ერთგვარი დენა მწერლობისა ცოტათ თუ ბევრად გაამრავალგვარა, წინ წასწია და გააფართოვა მოედანი ჩვენი პოეზიისა როგორც შინაარსით, ისე ფორმითაც, რადგანაც ამან სრულიად განდევნა სპარსული კილო და მითოლოგიურ სახელებით აჭრელება სიტყვიერებისა, რომელშიაც ცოტა არ იყოს წილი უდევს ალ. ჭავჭავაძეს (ამის შემდეგ გადახაზულია: „გარდა ყოველი ამისა, ამან დაგვანახვა საუცხოო და შეუდარებელი მაგალითი ურითმო ლექსისა, ქართული ურითმო ლექსისა, არა იამბიკოს მსგავსისა და მით დაგვიმტკიცა, რომ ქართულადაც შესაძლოა ურითმო ლექსი, ეგრედ წოდებული „თეთრი ლექსთწყობა“, ხმოვანებით და მუსიკით არა ნაკლები რითმიან ლექსისა. მისი „მუშა ბოქულაძე“ ამ მშვენიერი ლექსთწყობის შეუდარებელი მაგალითია“).
521. „ჩვენს გაზეთში ... „ხმა შორიდამ - იგულისხმება დ. ხ.-ს (დიმიტრი ხოშტარიას - დუტუ მეგრელის) წერილი, რომელიც დაიბეჭდა „ივერიაში“ 1882 წლის 28 იანვარს (№ 20).
525. „ჩვენი წინანდელი მეთაური წერილი“ - იგულისხმება წინამდებარე წერილის პირველი ნაწილი, რომელიც მეთაურ წერილად, ხელმოუწერლად გამოქვეყნდა „ივერიაში“ 1892 წლის 20 თებერვალს (№ 39).
![]() |
2.64 ბ-ნი გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლში |
▲back to top |
ვისაც ჰსურვებია ოდესმე ნახვა ნამდვილ დარბაისელ ძველ ქართველის კაცისა, რომელსაც გულში გამონასკული აქვს დარბაისლურადვე დიდი სურვილი და დიდი გრძნობა, უნდა დასწრებიყო წარსულს კვირა დღეს, 12 აპრილს, „სამშობლოს“ წარმოდგენას ჩვენს თეატრში. ჩვენ არას ვიტყვით სხვა მოთამაშეებზე, რომელნიც უკვე ცნობილ არიან, ხოლო არ შეგვიძლიან არ აღვნიშნოთ ის ფრიად ჭკვიანური, გრძნობიერი, უმეტნაკლებო აღსრულება როლისა, რომლის ცხადი მაგალითი თვალწინ გაგვიტარა ბ-ნმა გამყრელიძემ, სვიმონ ლეონიძის წარმომდგენელმა.
ჯერ ერთი ისა, რომ ისე შესაფერად მორთული იყო, რომ პირველს დანახვაზედვე ჰგრძნობდით, რომ ამრიგად უბრალოდ, სადად, მაგრამ ფაქიზად ტანჩაცმული კაცი უსათუოდ შინაგანის ღირსებით უნდა იყოს მდიდარიო. ასეთიც არის სწორედ სვიმონ ლეონიძე „სამშობლოში“. მერე ყოველივე მიხრა-მოხრა ბ-ნ გამყრელიძესი, ყოველივე მოძრაობა, ხელის თუ სახის ასე თუ ისე ხმარება ისე ეშესაბამებოდა ძველს, დარბაისელს ქართველს და ამასთან დიდსულოვანს და დიდგულოვანს კაცს, როგორც სვიმონ ლეონიძეა, რომ სწორედ აკვირვებდა მაყურებელს. არც ჭიმვა, რომ აცა დიდსულოვანის კაცის როლსა ვთამაშობ და გავიბღინძოო, არც გრეხა და პრანჭვა, არც გაჭაჭვა, რომ აცა გმირად გამოვჩნდეო, არც ერთი ამისთანა უმგზავსობა არ მოსვლია ბ-ნ გამყრელიძეს სცენაზედ და იმოდენად იხელოვნა, რომ ყოველ ამ უგემურ უფერუმარილოდ დაგვანახვა ნამდვილი გმირი კაცი. არც ბუკი დაუკრავს ამისათვის, არც ნაღარა, და ჭეშმარიტი დიდსულოვანი ძველი ქართველი დაწყნარებით, დიდის ხელოვნურ თავდაჭერით, გადუმეტებლივ დაგვიხატა გაოცებულ თვალწინ. მისი თამაშობა ამ შემთხვევაში თვით ბუნება იყო, არაფერი მეტი, არაფერი ნაკლები. თავიდამ ბოლომდე ერთნაირად, თანასწორად, ფრთხილად და ცოდნით, ნამდვილ გმირის ბუნების შეუბღალავად გაატარა თავისი როლი.
სიტყვა-პასუხის კილო მშვენიერი გამოიჩინა. მის ლაპარაკში თითქმის ყოველი სიტყვა თავის ადგილას ისეთის შესაფერის კილოთი იყო თქმული, როგორც ეკუთვნოდა, აუჩქარებლივ, დინჯად, მშვიდობიანად მოლაპარაკემ ისეთი სიმხურვალე და მნიშვნელობა აძლია სიტყვას, რომ არა ერთს და ორს მოჰგვარა ცრემლი და აუდუღა გული დიდის გრძნობის ცეცხლით. უკანასკნელს სცენაში, როცა ლევან ხიმშიაშვილს ეთხოვება და სასიკვდილოდ მიდის, აქ ასეთი ბუნებით სავსე კილო იხმარა ბ-ნმა გამყრელიძემ, რომ პირველხარისხოვან არტისტსაც ხშირად გაუძნელდება. სვიმონ ლეონიძის დიდბუნებოვანობის ზარი მთელის თავის ძალმომრეობით იგრძნო მთელმა კრებამ მაყურებლებისამ და იმოდენად გაინაბა ყველამ სული, რომ ბ-ნ გამყრელიძესაგან თქმული: „ლევან, აღთქმა, აღთქმა, არ დაივიწყო აღთქმაო“ - გასავალ კარებში ხმადაბლად, თითქმის ჩურჩულით თქმული, მოეფინა მთელს დარბაზს თეატრისას თავიდამ ბოლომდე.
არც მაყურებელნი დარჩენ უიმისოდ, რომ თავისის მხრით პატივი არ ეცათ და თავისი აღტაცება არ გამოეთქვათ არტისტისათვის. გარდა იმისა, რომ ბევრჯერ გამოიწვიეს ტაშის კვრითა თამაშობის დროს, მერეც, როცა დასრულდა „სამშობლოს“ წარმოდგენა და ბ-ნი გამყრელიძე, დიდი ხანი თავის როლს მორჩომილი, იჯდა ლოჟაში, დიდის ძახილით ხელახლავ გამოიწვიეს და ერთიანის ტაშის გრიალმა აჩვენა არტისტს, რომ ნიჭის დაფასება ჩვენცა გვცოდნია. ბევრს არტისტს არ უმოქმედნია ასე ძლიერ და ხანგრძლივ მაყურებლებზედ, რომ ორ-სამ მოქმედების შემდეგ, საცა მას აღარ უთამაშნია, მაყურებელი იძულებულ იქმნას წარსულის აღტაცებისაგან ხელახლად გამოიწვიოს პატივსაცემად აღტაცების მიზეზი. ბ-ნი გამყრელიძე კვირას, 12 აპრილს, სწორედ ღირსი იყო ამ სასახელო პატივისცემისა.
[1892 წ., 12-14 აპრილი.]
ბ-ნი გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლში
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1892 წ., 15 IV, № 77, გვ. 2-3 (ცენზურის ნებართვა: 1892 წ., 14 IV).
წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა.
ის ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის V ტომში.
ილიას ამ წერილთან დაკავშირებით არსებობს მსახიობ ვიქტორ გამყრელიძის მოგონება (იხ. „თეატრალური მოამბე“, 1969 წ., № 2, გვ. 7), აგრეთვე მოგონება ილია ზურაბიშვილისა (ელეფთერიძისა), - იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეული, ტ. III, 1953 წ., გვ. 492.
წერილს ვათარიღებთ „სამშობლოს“ წარმოდგენისა (12 IV) და ცენზურის ნებართვის თარიღების მიხედვით.
![]() |
2.65 სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე |
▲back to top |
„თვითვეული ცემა გულის ძარღვისა გვჭრის და გვაწყლულებს ჩვენ და ჩვენი სიცოცხლე ჭრილობიდამ სისხლის შეუწყვეტელი დენა იქნებოდა, რომ ქვეყანაზე პოეზია არ ყოფილიყო“, - სთქვა ერთმა ბრძენმა.
ღმერთი რომ ერს, ქვეყანას მოწყალების თვალით გადმოხედავს, მოუვლენს ხოლმე კაცს, პოეზიის მალით ცხებულსა, როცა ადამიანს ჰსურს შეიტყოს ღირსება და დიდება ერისა, ყოვლთ უწინარეს ამას იკითხავს, - რამდენი მთქმელი და მწერალი ჰყავსო. ღირსებას და სიდიადეს ერისას მარტო ამ საწყაოთი სწყავს ადამიანი. რაკი ესეა, ეხლა ცხადი უნდა იყოს, რა ძვირფასი განძია ჩვენთვის იგი მტვერი, რომლის წინაშე ვდგევართ ჩვენ დღეს.
პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა, ღვთივ რჩეულთა. მადლია, მაგრამ ამასთანავე ტვირთიც არის, რადგანაც იგი მოვლენილია, რომ ჭრილობიდამ სისხლის შეუწყვეტელი დენა კაცთა სიცოცხლეს შეუყენოს.
ამ მადლს, ამ ტვირთს დიდი ძალ-ღონე უნდა სულისა და ხორცისა და ამიტომაც, როცა ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენდა ნუგეშად და თავმოსაწონებლად ნიკოლოოზ ბარათაშვილი, უკურთხა ენა მეტყველებისათვის, თვალნი ხედვისათვის, ყურნი სმენისათვის, გულს ჩაუდვა გაუქრობელი ცეცხლი კაცთა გულის გასათბობლად, და უბრძანა, - წადი და კაცთა ნათესავს ამცნე უზენაესი მცნება ჩემი და სიტყვით გული აუნთეო.
კიდევ ვიტყვი, პოეზია მადლია, ნიჭია, მაგრამ ხომ ჰხედავთ, იგი დიდი ტვირთიც არის. დიდ ტვირთადვე იცნო იგი ამ ჩვენმა სახელოვანმა კაცმა და მას ყველაფერი ანაცვალა. ოღონდ ეგ ტვირთი დაუღალავად ვზიდო, ოღონდ ერთგულად ვემსახურო და ყველაფერს შევსწირავ განწირულის სულისკვეთებამდეო. ამ განწირულობამ, გარდაცვალების ერთის წლის წინად, ეს სიტყვები ამოაკვნესა, რომლებიც წინასწარმეტყველებად გადაექცა ბოლოს:
ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში,
ჩემთა წინაპართ საფლავებ შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,
ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის!..
შავი ყორანი გამითხრის საფლავს
მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა
ზარით, ღრიალით მიწას მომაყრის!..
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა, ოხერსა,
დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად
მივალალებენ სვავნი მყივარნი.
ეს მწვავი წინასწარმეტყველება გაუმართლდა: იგი არ დაიმარხა თავის მამულში, მას არ დაედინა ცრემლი თავის ქვეყნის შვილისა. ეს ჯავრი თან ჩაიყოლია ამ ჩვენმა განმადიდებელმა კაცმა, და დღეს ჩვენ, ჩვენდა სასახელოდ, მოვასვენეთ აქ მისი მტვერი, მისი ნეშტი, რომ დღეის ამას იქით მისმა სამშობლო ცამ თვისი ნამი ცრემლად ზედ ადინოს, მისმა სამშობლო დედამიწამ გული გადიხსნას და მისი მტვერი მიიბაროს, მისდა განსასვენებლად და ჩვენდა სალოცავად.
მართალია, ეს მოგვიხდა ორმოცდაშვიდს წელიწადს შემდეგ, და იქნება სთქვან, გვიან არისო, მაგრამ რა არის ორმოცდაშვიდი წელიწადი უკვდავებისათვის? მხოლოდ ერთი წამია. ნიკოლოოზ ბარათაშვილი უკვდავია და უკვდავისათვის არც რაიმე ქვეყნიერობაზე გვიანია, არც რაიმე ადრე. ეს დიდებული წამი, რომელმაც დღეს აქ შეჰკრიბა წარმომადგენლობა მთელის საქართველოსი, მაგალითია იმისი, რომ ჩვენი ერი აღმაღლებულა სულითა და გულითა, რადგანაც მარტო ჭკუაგახსნილმა და გულგაწმენდილმა კაცმა იცის ესე ღირსეულად დაფასება და ესეთის პატივით ხსენება დიდბუნებოვან კაცისა.
დიდბუნებოვანი იყო იგი, ვის სამარესაც გარს ვარტყივართ დღეს, და აკი იწინასწარმეტყველა კიდეც:
ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის
ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება...
და დარჩა კიდეც. ეგ გზა უვალი თვითვეულ ქართველის გულია, საცა მისმა მერანმა ღრმად ჩააჭდია მისი ანდერძი, მისი ნათქვამი. ვაპირობთ აქ ძეგლის დადგმას, ხოლო რა დასადარია ხელთქმნილი ძეგლი, თუნდ დიდფასიანი, იმ ხელთქუმნელ ძეგლთან, რომელიც მისმა დიდბუნებოვანობამ ჩვენ გულში აღაგო.
მე არ ვეტყვი საუკუნოდ ხსენებას იმიტომ, რომ თვითვეულის ქართველის გული მისი საუკუნოდ სახსენებელია.
„სატრფოს ცრემლის წილ დამეცემა ციურნი ცვარნი და ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად სვავნი მყივარნი მივალალებენო“. აღსრულდა ეს წინასწართქმული მისი მაშინ და დღეს კი მის მტვერს, მის ნეშტს, მის კუბოს, მის საფლავს დასტირიან მისნი ტრფიალნიცა, მისნი ნათესავნიცა. და ამათს ცრემლს ზედ დასდის დიდებული ცრემლი მთელის საქართველოსი.
[1893 წ., 25 აპრილი.]
სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1893 წ., 27 IV, № 88, გვ. 2; გაზ. „კვალი“, 1893, № 18, გვ. 4.
სათაური: სიტყვა, თქმული ილ. ჭავჭავაძის მიერ ნ. ბარათაშვილის ნეშტის დიდუბეში დასაფლავებაზე („ივერია“); სიტყვა ილია ჭავჭავაძისა („კვალი“).
ილია ჭავჭავაძის თხზულებებში ეს სიტყვა პირველად დაიბეჭდა 1927 წელს, - ნაწერების სრული კრებულის IV ტომში, ზემოხსენებული სათაურით.
![]() |
2.66 მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის თავ. ჯამბაკურიან-ორბელიანისა |
▲back to top |
თავ. ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი დაიბადა 5-ს აპრილს 1812 წ. მამამისი პოლკოვნიკი თავ. ვახტანგ ორბელიანი თავის შვილის დაბადების წელსავე გადაიცვალა და შესაძლოა ამ მიზეზით ახალდაბადებულს შვილს მამის სახელი უწოდეს. მამისაგან პირველ წელსვე დაობლებული თავ. ვახტანგ დარჩა მარტო თავის სახელოვანის დედის მზრუნველობის ქვეშ.
დედამისი ბრძანდებოდა თეკლე ბატონიშვილი, უმცროსი ასული მეფის ერეკლის მეორისა. პირველ ცამეტს წელს თავ. ვახტანგ იზდებოდა თავის მამის ოჯახში, დედასთან. 1825 წელს კი იგი მიუბარებია დედას პაჟთა კორპუსში და გაუსტუმრებია პეტერბურგს. იქ თავ. ვახტანგ დარჩენილა ხუთი წელიწადი, და თუმცა კარგი გულისყური და ბეჯითობა გამოუჩენია, მაგრამ ცივი ჰავა ჩრდილოეთისა ვერ აუტანია და შეშინებულს დედას თავისი შვილი დათხოვნით წამოუყვანია პეტერბურგიდამ. როგორც ეტყობა, ვერც მერე გამოუმეტნია შვილი საპეტერბურგოდ, ვაი თუ უფრო ავად გამიხდესო და თავისთან დაუტოვებია. მაშინ თავ. ვახტანგი 18 წლისა იყო და, თუმცა კურსი არა ჰქონდა შესრულებული, მაგრამ, რადგანაც კარგად უსწავლია, რაც ხანი ყოფილა კორპუსში, პირველი სამოქალაქო ჩინი მიუღია.
ამ სახით 1830-1832 წლამდე თავ. ვახტანგი თავის ოჯახში ყოფილა. მისნი ტოლ-ამხანაგნი ამბობენ, რომ თვრამეტის წლის ყმაწვილკაცს თავ. ვახტანგს, თუმცა მხიარულება და საზოგადოებაში ყოფნა ჰყვარებია, მაგრამ ამაზე მეტად უფრო ჰყვარებია წიგნების კითხვა, ნამეტნავად საფუძვლიან და გამოჩენილ წიგნებისაო. ამას უნდა მივაწეროთ ის ამბავიც, რომ მის სწორ-ამხანაგთა სიტყვით, იგი ყოველთვის ირჩეოდა თურმე მაშინდელ ყმაწვილკაცთა შორის თავის ცოდნით და გონებაგახსნილობითაო. ეს სიყვარული წიგნთა კითხვისა არ მოჰკლებია სიკვდილამდე. მისი ლექსი „ძველს მეგობარს“ ამას ცხადად გვიმტკიცებს. ამ ლექსში „ძველ მეგობრად“ იგულისხმება, თუ არა ვცდებით, სახელოვანი დ. ყიფიანი, რომელიც დიდად განათლებული და გონებაგახსნილი კაცი იყო, კარგად მცოდნე ქართულის, რუსულის, ფრანგულის და ინგლისურ ლიტერატურისა. ჩვენი პოეტი განსვენებულს დ. ყიფიანს არაერთხელ იხსენიებს თავის მეგობრად თავის ლექსებში.
მოდიო, - იწვევს თავ. ვახტანგ თავის მეგობარს:
მოდი, აქ მიძევს თვალთ წინა რუსთველის დიდი ქმნილება,
იმის ფურჩქვნილის ლექსებით სული და გული დავიტკბოთ;
გეტე, შექსპირი, შილლერი კვლავ ერთად გადავიკითხოთ.
აი, რა გამოჩენილ ავტორებთან ჰქონია საქმე თავ. ვახტანგ ორბელიანსა და წიგნების კითხვის წყურვილით რა ზღვას დასწაფებია. სჩანს, ხუთს წელიწადს პაჟთა კორპუსში ამაოდ არ ჩაუვლია და მის გრძნობიერს გუნებასა და ბუნებას, გარდა საშკოლო, ოფიციალურ ცოდნისა, სხვა უფრო უკეთესი ყვავილიც გამოუტანია კორპუსიდამ, სხვა უფრო უდიდესი თვალთახედვა და სულთასწრაფვა. განდიდებულ თვალთახედვით და სულთასწრაფვით გაძლიერებული სურვილი გამოჩენილ წიგნთა კითხვისა, რა თქმა უნდა, სიკვდილამდე არ დადუმდებოდა ცნობისმოყვარე კაცის გულში და ამიტომაც ადვილად მისახვედრია, რომ თავ. ვახტანგს საფლავის კარამდე მიჰყოლია ეგ სიყვარული კითხვისა. ამ გზაზე ბევრსა ჰშველოდა ზედმიწევნით ცოდნა ქართულისა, რომელსაც თავის ოჯახშივე თავის დედის ხელმძღვანელობით შეიძენდა, და რუსულის და ფრანგულის ენისა, რომელიც კორპუსში ესწავლა.
1832 წელს თავ. ვახტანგს მოეშალა სამშობლოში შვება და სიამოვნება. ეს მაშინდელ ყმაწვილკაცობისათვის თავმოსაწონებელი, მაგრამ უბედური წელიწადი ყველას მოეხსენება. ამა წლის შემთხვევათა გამო ჩვენი პოეტი, სხვებთან ერთად, იძულებულ იყო თავის სამშობლო ქვეყანას გამოჰკლებოდა და 1833 წელსა თავისი ბინა გადაეტანა კალუგაში. აქ 1836 წელს გუბერნატორის კანცელარიაში განწესდა. კალუგაში დაჰყო ოთხი წელიწადი და მარტო 1837 წ. ნაპატივები და შენდობილი დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
1-ს ივლისს 1838 წ. იგი მიღებულ იქმნა პროპორჩიკად ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში. 1844 წელს ჯერ პორუჩიკი იყო, როცა ოცდათორმეტის წლისამ თ. ვახტანგმა შეირთო მაშინდელს დროს გამოჩენილი თავის მშვენიერებით ასული დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის ილინსკის ეკატერინე. 1846 წ. გარდაეცვალა სახელოვანი დედა თეკლე ბატონიშვილი.
1838 წლიდამ მიყოლებული 1881 წლამდე თ. ვახტანგს არ დაუნებებია თავი სამხედრო სამსახურისათვის. ბევრი ომები და ლაშქრობა გამოუვლია. 1858 წ. პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა, რომ დანიშნულ იქმნა ყუბანის მაზრის მმართველად. 30 აგვისტოს 1860 წელს ღენერალ-მაიორობა მიიღო და 1863 წ. დანიშნულ იქმნა დროებით აღმასრულებლად თერგის მხრის უფროსის თანამდებობისა. 1864 წ. შერიცხულ იქმნა კავკასიის არმიაში და თერგის მხარე დასტოვა. ბატონყმობის გადავარდნის ჟამს, 1864 წელს, დაინიშნა ჯერ გლეხთა საკრებულოს წევრად და მერე სხვადასხვა ადგილას ასრულებდა მიროვოი პოსრედნიკის თანამდებობას. ამ თანამდებობაში გაიცვალა ტფილისში 1890 წელს. სექტემბრის 29-ს, სამხედრო სამსახურიდამ გამოსული 1881 წლიდამ.
ჩვენდა სამწუხაროდ, სხვა არავითარი წყარო არა გვქონდა, რომ ცხოვრება თ. ვახტანგისა იმოდენად აგვენიშნა, რამოდენადაც კერძო ცხოვრება და თავგადასავალი პოეტისა ამხსნელია და გამომრკვეველი მისის პოეზიისა. ხოლო იმისთვის, რომ ცოტად თუ ბევრად გამონათლდეს კაცის თვალწინ პოეტის სულიერი სახე, სათავე და მიზეზი უპოვოს მის ჩანგის სიმთა ძვრას, სულთა სწრაფვას, გულთა ძგერას, ძარღვის ცემას, მის ჭირსა და ლხინს, მის გზას და მიმართულებას, არანაკლებ სამსახურს გაუწევს იგი პოეტის გარე ცხოვრების ავკარგიანობა, რომელთა შორის დიდი ადგილი უჭირავს საზოგადო ყოფა-ცხოვრებას, ჟამთა ვითარებას, ჭირ-ბოროტს ქვეყნისას, პოეტის ოჯახს, პოეტის მახლობლობას და ნაცნობობას.
თავ. ვახტანგ ორბელიანი დაიბადა და გაიზარდა იმისთანა დროს, როცა ჯერ კიდევ ცხოვრებას ზედ ეჩნეოდა წყლულნი და დაკოდილებანი მეთვრამეტე საუკუნისა, და მეცხრამეტე საუკუნის ქარს ვერ გაეფანტა მათ მიერ მოვლენილი ნაღველი, მწუხარება და სასოწარკვეთილება. ჯერ კიდევ თითო-ოროლა ოჯახში ცოცხალი იყო ხსოვნა მეთვრამეტე საუკუნისა, რომელმაც სული დალია 1795 წ. 11-ს სექტემბერს სოღანლუღს, კრწანისის ბაღებთან, და წამების სახელოვანი გვირგვინი დაადგა იმ ქვეყნისათვის თავგაწირულ მამულისშვილებს, რომელთაც ფიცი დასდეს:
თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვდევნეთ მტრის ძალი,
იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი!*
და გაფიცებულთაგან ერთიც არ გამოსულა ომიდამ ცოცხალი. ტყუილად კი არ ამბობს თავ. გრიგოლ ორბელიანი: „ფიცი ვაჟკაცთა წმიდა არს“-ო... ჯერ კიდევ აქა-იქ ანათებდა იმ დიდებულის მეფის შუქი, რომლის
...დღენი ემზგავსნეს ჩასვენებულსა ბრწყინვით მზეს:
მის შუქი თუმცა გვინათებს, მაგრამ ვეღარ ვსჭვრეტთ მისს სახეს!..
მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს!..
დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს!..**
რა თქმა უნდა, ამ „ჩასვენებულს ბრწყინვით მზეს“ და მასთან „დამარხულს დიდებას ივერიისას“ თავის მთხრობელი, მახსენებელი და ჭირისუფალი ეყოლებოდა, სხვათა შორის, ვახტანგ ორბელიანის ოჯახშიაც. ამისთანა ჭირისუფალი იყო დედა მისი თეკლე ბატონიშვილი.
თეკლე ბატონიშვილი ზედმიწევნით მცოდნე ყოფილა მის დროინდელ ქართულ მწერლობისა, სამღთო წერილისა, კარგად განათლებული მაშინდელ კვალობაზე, ჭკუით, სიბრძნით და სათნოებით შემკული, ამასთან საკვირველი მხნე და გამჭრიახი. ძველ კაცთაგან ამბად დარჩენილია და თ. გ. ი. ერისთავისაგან არა ერთხელ ნაამბობი, რომ ერეკლე მეფეს თავის უმცროსი ასული თეკლე ბატონიშვილი განსაკუთრებით ჰყვარებია და ხშირად უბრძანებია თურმე: „ჩემს ვაჟიშვილებს ჩემის თეკლეს სიკეთე რომ სჭირდეთ, ბედნიერი ვიქნებოდიო“.
საკვირველი არ არის ამის შემდეგ, რომ ჩვენი პოეტი თ. ვახტანგ ორბელიანი ასეთი გულწრფელი ტრფიალია თავის სამშობლო ქვეყნისა, ასე გულმწუხარე მგოდებელია მის წარსულის დიდებისა, ასე გულაყრილია აწმყოზე. ყოველი ამისი სათავე უნდა ვეძიოთ იმ გარემოებაში, რომ თ. ვახტანგი იმისთანა ოჯახში გაიზარდა, საცა ბრძანებლობდა საყვარელი ასული მეფის ერეკლისა, იმ დიდებულ მეფისა, რომლის შუქი დღესაც კი გვინათებს, და მაშინ უფრო ხომ ცხოველი იქმნებოდა, ნამეტნავად მის საყვარელ და ჭკვიან ასულისათვის. ამისთანა დედა, როგორიც იყო თეკლე ბატონიშვილი, რა თქმა უნდა, ბევრს რასმე სანაღვლელს და სანატრელს სახელოვანის წარსულისას ჩააგონებდა თავის შვილს და გაუთბობდა გულს სამშობლო ქვეყნის სიყვარულითა და წარსულის ღრმა პატივისცემითა.
სული მიკვნესის, - ამბობს ერთგანა ჩვენი მგოსანი: -
გული ჩემი მწარედ ღონდება,
რა მაგონდება, რასაც დედა ნორჩს მომითხრობდა.
აშკარაა, ჭკუიანის დედის მოთხრობებმა გამოუნასკვეს ჩვენს მგოსანს იგი სიყვარული სამშობლოსი, იგი სიყვარული და ნაღველი წარსულთა დროთა მიმართ, რომელიც დედაძარღვად შეექმნა თავ. ვახტანგ ორბელიანის პოეზიას და ბოლოს ასე უხვად გაიშალა და გაიფურჩქნა მის ლექსებში. ამ სიყრმიდამ ჩანერგულ სიყვარულით შევიდა იგი ცხოვრებაში იმ დროს, როცა უკეთესს ნაწილს მაშინდელ საზოგადოებისას, მაშინდელ ყმაწვილკაცობას, უკვე განცხოველებული ჰქონდა იგივე სიყვარული, და როცა აქედამ წამომდგარი ნაღვლიანი ფიქრი და გულმტკივნეული ზრუნვა ქვეყნისათვის უკვე დაძრულიყო.
მართალია, მეთვრამეტე საუკუნის თავზარმა და მეცხრამეტის პირველ წლების წეწვა-გლეჯამ საქართველოს ერი მოჰღალა, ქანცი გაუწყვიტა, თავისთავის იმედიც კი დააკარგვინა და, რასაკვირველია, რომ როცა შემთხვევა მოეცა, ერმა თავი თითქო მოსვენებას მისცა და თითქმის ხმაამოუღებლივ დაემორჩილა ახლად მოვლენილ სვე-ბედსა. მაგრამ ამ ილაჯგაწყვეტილის, ღონემიხდილის ერის ხმაამოუღებლობა ემჩნევა მარტო ამ საუკუნის პირველ მეოთხედის წლებსა. მთელი ეს მეოთხედი საუკუნისა ისე გავიდა, რომ თვითვეული ცალკე კაცი და მთელი საზოგადოება საერთოდ თავბრუდასხმულსავით გარინდებული იყო და საქვეყნოდ არც ხალისი, არცა ღონე არ გამოუჩენია არც უკან მიხედვისათვის, არც წინ დანახვისათვის, თითქო დიდი ნისლი მიხვევიათ და ელიან, აცა გადიყაროსო, ან თავზარი დასცემიათ და გამოურკვეველ ელდას შეუკრავსო.
ასეთი მდგომარეობა დიდხანს თავს ვერ დაიჭერდა და ამ ხანგრძლივ სვენაში უნდა რამ გამონასკულიყო, იმიტომ რომ ძნელია ერის ცხოვრების მაჯისცემა ისე შესწყდეს, რომ არა მოქმედებდეს რა ასე თუ ისე სახვალიოდ. ჯერ კიდევ იყო, როგორც წინად ვსთქვით, თითო-ოროლა ოჯახი, თითო-ოროლა მამულისშვილი, რომელთაც ასულდგმულებდა ჩვენის ძველის ცხოვრების ანდერძები, აქა-იქ შერჩათ კიდევ ხსოვნა მეთვრამეტე საუკუნის თავგაწირულ გმირთა. გმირთა საქმენი მოხუცს ცრემლს ადენდნენ და მხნეობით აღტაცებულ ჭაბუკს ხმლის ტარზე უთრთოლებდნენ ხელს. თუმცა ყოველი ეს კარჩაკეტილი იყო, ხმაამოუღებელი, დაქსაქსული, აქა-იქა ცალ-ცალკე ბჟუტავდა, მაგრამ არ შეიძლება თავისი საქმე კი არ ეკეთებინა, თავისი ნასკვი არ გამოენასკვა და ადრე თუ გვიან არ წამოეყენებინა ცხოვრებისათვის გამოსახსნელად.
დაიწყო მეორე მეოთხედი ამ საუკუნისა თუ არა, ეს ნასკვი შეიკრა ახლა კი საქვეყნოდ და ბოლს გაიხსნა კიდეც: ცხოვრებამ თავისი უკეთესნი კაცნი, სამშობლოს სიყვარულით თვალახილებულნი, აქედ-იქიდ მიახედ-მოახედა, ყოფილსაც თვალი გადაავლებინა და არსებულსაც. მოიკითხეს - რა წაიღო ძველმა და რა მოიტანა ახალმა. ამ მოკითხვამ შესძრა გონება და გული მაშინდელ ყმაწვილკაცობისა. მოძრაობამ კიდევ შეჰკრა ის ბრწყინვალე წრე გონებაგახსნილ ყმაწვილკაცობისა, საიდამაც გამოვიდნენ თ. გრ. ორბელიან, დ. ყიფიანი, ორნი გიორგი ერისთავნი, ზაქარია ერისთავი, იოსებ და კონსტანტინე მამაცაშვილები, თ. ნ. ბარათაშვილი, ალ. და დიმ. ორბელიანები, ძმები ჩვენის პოეტისა და ბევრნი სხვანი, რომელთაც სახელოვნად იჩინეს თავი ზოგმა ლიტერატურაში, ზოგმა საზოგადო და სახელმწიფო სარბიელზე. ამ წრის წმიდათაწმიდა იყო სამშობლოს სიყვარული, რომელმაც ბოლოს თავდადებულ ტრფიალებამდე გაიწია მათდა სასახელოდ.
ამ მართლადა ბრწყინვალე წრეში ტრიალებდა სულითა და გულით თ. ვახტანგ ორბელიანი და, რა თქმა უნდა, მის სიყრმიდამვე გამოყოლილს სიყვარულს სამშობლო ქვეყნისას ამ წრეში უფრო აესხმოდა ფრთები, უფრო დიდი სიგრძე-სიგანე მიეცემოდა.
რა ადგილი სჭერია ამ წრეში წარსულს, რა სასურველი ყოფილა მისი ცოდნა და ხშირი ხსენება, ეს იქიდგანა სჩანს, რომ ჩვენი პოეტი უკეთეს დროს გასატარებლად სთვლის წარსულის გამო საუბარს და წარსულის სახელით ასე იბარებს და იწვევს თავისთან მეგობარს: ”მოდიო,
გული საუბარს მივანდოთ და მოვიგონოთ წარსული,
სამშობლო ისტორიისა გადავხსნათ დიდი რვეული.
სხვა, მეორე ლექსში მეგობარსვე ემუდარება:
მიამბე მე გულსაამო ზღაპრები...
და ძველ გმირთა საკვირველი ამბები...
...მიამბე მე აზათხანთან ომები.
ის ქართველთ ხმალთ დიდებული დროები,
იმ დროებზე ბევრი გამიგონია...
და მაინც კიდევ სწყურიან ამ ამბების გაგონება.
წარსული უყვარს იმიტომ, რომ დიდ არიან საქმენი წარსულისა; იმიტომ, რომ იქ ბრწყინავენ დიდნი გმირნი, დიდნი მამულისშვილნი, დიდის ანდერძებით და სურვილებით გულატკივნებულნი. უყვარს იმიტომ, რომ იქა მარხია მისი სახელოვანი და დიდებული პაპა მეფე ერეკლე და მასთან დიდებაც; უყვარს იმიტომ, რომ დღევანდელ ნანგრევთა შუაც კი ანათებს ძველთა მამულისშვილთა დიდბუნებოვანობის ლამპარიო:
„და თუ აქამდის არ დაბნელდა ჩვენი გონება
და თუ სწავლისთვის, სამშობლოსთვის კვლავად ადგება,
და თუ აქამდის არ დავკარგეთ სითბო გულისა,
იგი მადლია იმ ნათლისა წმინდის ლამპრისა“, -
ამბობს თ. ვახტანგ ორბელიანი და გლოვობს, რომ რაც იყო, ის აღარ არისო, და რაკი აღარ არის, დეე, მისი ხსოვნაც ნუღარ იქნება ჩემს სატანჯავადაო, იმოდენად გულმტკივნეულია წარსულისათვის და გამწარებული აწმყოსაგან. იგი ასე სწუხს დასწყრება დმანისის დიდებულ ნანგრევების წინაშე:
„ვდგევარ თქვენს წინა თავმოხრილი, ფიქრით მოცული,
ვდგევარ და ფიქრში მიახლდება, რაც არს წარსული;
მაგრამ რისთვისა და რად მინდა მის მოგონება,
რაც რომ ყოფილა, წარსულა და აღარ იქმნება,
რაც ფიქრს აწუხებს, გულს აკვნესებს და სულსა სტანჯავს,
რაც რომ მდიდარსა ფანტაზიას და ზღაპარსა ჰგავს?!..
განჰქრი, დმანისო და დაინთქე უფსკრულსა შინა,
ჩემს სატანჯავად რომ არ იდგე ჩემს თვალთა წინა!“
ჩვენს მგოსან უყვარს წარსულის დიდების ამბები, უყვარს, მაგრამ რაკი ჰხედავს, რომ ის დიდება აღარ არის და მის სანაცვლოდ წარმომდგარა ახალი შენობა, რომლის „კირსა და ქვას, ვით სუსტს ასულს, არც ძალი და არც ღონე აქვს“, გულამოსკვნით მოსთქვამს:
„მაგრამ რად გვინდა მის ამბავი, რაც არს აღარა,
რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა“.
მართლაც რომ კმარა... თვალწინ ჩვენს ტკბილს და გრძნობიერს მგოსანს მუდამ თვისი სამშობლო უდგა, იგი სამშობლო, რომელსაც ოდესღაც თავისი ჭერი ჰქონია, თავისი პატრონი ჰყოლია და სახელით და დიდებით ჰყვავებულა. განა ეს მწვავი სურათი საკმაო არ არის, კაცს ეს ამოაკვნესოს:
რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა!
უმთავრესი ძარღვი თ. ვახტანგ ორბელიანის პოეზიისა ერთი გულსაკდომი, მაგრამ გულწრფელი გოდებაა წარსულისათვის, თითო სიტყვა მის უკეთეს ლექსებისა თითო ცალკე მარგალიტია ცრემლისა, ღრმად ნატკენ გულისაგან წარმოდინებული. იგი დასტირის იმ წარსულის დამხობილს დიდებას, მაგრამ არც იმას გვიმალავს, რა ჭირი და ვაგლახი გადახედია საქართველოს:
ჩვენი ივერი მშვენიერი არს სისხლის კალო,
გმირთა აკლდამა, გულსაკლავი და სავალალო. -
ამბობს იგი ერთს თავის სახელოვან ლექსში, რომელსაც ჰქვიან „იმედი“ და რომელიც ერთი უწარჩინებულესი მარგალიტია ქართულ პოეზიაში. ხოლო ეს ჭირი და ვაივაგლახი ყოფილისა, როგორც უკვე გარდასული ამბავი, ისე არა სწვავს ადამიანის გულს, როგორც გარდასული ბედნიერება და დაკარგული დიდება. იმ იმედის გარდასვლას და დაკარგვას იმ უმწვერვალეს ტკივილამდე მიჰყავს ჩვენი პოეტი, როცა ყოველივე გრძნობა დუმდება, სასოებას ადგილი აღარა აქვს და საცა მარტო სასოწარკვეთილებაღა ჰღაღადებს მთელის თავის საშინელის ზარითა:
გონება ჰხელობს, - იძახს გამწარებული პოეტი: -
გაშმაგებულს აზრი მერევა,
სარწმუნოებას გულის ჭმუნვის ძალა ერევა!..
და რისხვა-წყრომით ამღვრეული იკითხება, თუ ქვეყანაზედ ღმერთია, „მაშ საქართველო ასე მწარედ რისთვის დაემხო?“...
აქ სჩნას მთელი სიდიადე, მთელი ძალ-ღონე მამულისშვილურ სიყვარულისა, რომლის რისხვამ თვით სარწმუნოებაც კი აგმობინა ღრმად მორწმუნე პოეტსა. რომ იგი ღრმად მორწმუნე და ღვთისმოყვარე კაცი იყო, ამას, სხვათა შორის, გვიმტკიცებს მისი „ლოცვა“ და მისი მოთქმა იმავ „იმედში“, საცა თითქო თავისი წარმოთქმული გმობა თვითონვე მთქმელმა შეიზარაო და ტკბილის სინანულით მიიხედა ისევ ღვთისაკენ ვედრებით, მომიტევეო:
ღმერთო კეთილო, მომიტევე შენს დაბადებულს,
ნუ მკითხავ გმობას გაშმაგებულს, გულგადაგებულს!
რა ვქმნა ცოდვილმა? გულსა და სულს ცეცხლი მედება,
რა საქართველო დანგრეული მომაგონდება,
რა ფიქრს მომივა, თვით ნანგრევნიც იქმნება განქრნენ,
და მათ სახელნი, მათ ხსენება აღარსად დარჩნენ.
ვაითუ წარსულ დიდების იგი სახსოვარნი, იგი დიდებულნი ნაშთნი და ნანგრევნი, ეგ უტყვნი და უტყუარნი მთხრობელნი წარსულისა, განქრნენ და მათი სახელიც და ხსენებაც აღარ დარჩესო, - ამ ცეცხლმოსადებმა და ძალღონიერმა ფიქრმა, ამ ელდაცემულმა შიშმა შეაჯახა ერთმანეთს პოეტის გულში დიდი მამულისშვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება, ეს ორი უძლიერესი გრძნობა ადამიანისა. დიდი გული უნდა, რომ კაცმა ეს ამისთანა ბრძოლა და ჭიდილი აიტანოს და ომგადახდილმა თავის წადილში ისევ მოათავსოს ეს ორი ერთმანეთზე ხმალამოწვდილი გრძნობა. დიდი წუთია ეს ამისთანა წუთი ადამიანის ცხოვრებაში, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა ეღირსებათ ხოლმე მადლი ამისთანა წუთების განცდისა და გაძლებისა.
იმ იმედს, რომელიც ამ დიდს და განსაცდელიანს წუთს ჩვენს პოეტს მოვლინებია ტურფა და მშვიდ ასულის სახით, დაუწყნარებია საშინელი დრამა გულისა და ერთმანეთთან მოურიგებია რისხვით მგრგვინავნი მამულისშვილური სიყვარული და მის მიერ გმობილი, მაგრამ მშვიდობიანი სარწმუნოება. მომიახლოვდაო, - მოგვითხრობს თ. ვახტანგ ორბელიანი:
...მაშინ ტურფა, მშვიდი ასული,
გრძნობითა სახე უბრწყინავდა, უძგერდა გული:
„გწამდესო, ღვაწლნი მამა-პაპათ არ განქრებიან,
გწამდეს, ეს შთენნი დიდებულად კვლავც აღსდგებიან:
მართლმადიდებელთ ჭეშმარიტი ღმერთი ძლიერი
მოგფენსთ თვისს სხივსა, თვისს სიუხვეს და თქვენი ერი,
ქრისტეს ჯვარისთვის წამებული, კვლავ გამრავლდება;
თქვენი სამშობლო დანგრეული კვლავ აყვავდება...“
ამ სახით ყოვლადმხსნელმა იმედმა დაუამა პოეტს ტკივილი გულის საშინელის ჭიდილისა და „ნათელი და სიცოცხლე სცა ჩემს მოკლულს გულსაო“...
ამ იმედით და ნუგეშით დაგვტოვა ჩვენ ჩვენმა პოეტმა და ამ იმედით და ნუგეშით გადვიდა იმ მსოფლიოს, საცა სარწმუნოება საუკუნო ბინას და სადგურს უქადის ყოველს ადამიანს.
მართალია, თ. გრიგოლ ორბელიანმა ჩვენს პოეტზე უწინ მიგვახედა წარსულს და ამით ახალი საგანი გაუჩინა ჩვენს პოეზიას, მაგრამ ამ გზაზედ ისე გადუხვევლად, ისე სისწვრივ ჩვენში არც ერთს პოეტს არ უვლია, როგორც თ. ვახტანგ ორბელიანს. მან თითქმის მთელი თავისი პოეტური ძალ-ღონე სულ ამ საგანს ამსახურა და თვისი უკეთესი ლექსები ამ საგანს უძღვნა და შესწირა. ამასთან თ. ვახტანგ ორბელიანს, ვითარცა მამულის სიყვარულის მადლით მოსილს პოეტს, დიდი წილი უდევს, რომ ამ გრძნობამ ჩვენში ფეხი მოიკიდა და ფრთა აისხა. დედა მის წარსულის სიყვარულისა - მამულისშვილური სიყვარულია და პირველი გაზდილია მეორეს ძუძუთი. იგი წარსული უყვარს, როგორც ფუძე ჩვენის მომავლისათვის: „დიდს წარსულს დიდი მომავალიც ექმნება“ - ამბობს იგი.
დასასრულ, მეტი არ იქმნება აღვნიშნოთ ის, რომ თ. ვახტანგ ორბელიანი ნამდვილი ლირიკოსია რომანტიულ სკოლისა, ეგრედ წოდებულ „რომანტიზმს“ იგი ჰყავს ჩვენში თითქმის ერთადერთი წარმომადგენელი. ერთადერთს ვამბობთ იმიტომ, რომ მისი პოეზია ამ მხრით თითქმის შეურეველია და აუჭრელებელი. „რომანტიზმს“ ევროპის პოეზიაში იმ ხანებში დიდი ადგილი ეჭირა და მისი უდიდესი დედაბოძი იყო ვიქტორ ჰიუგო, საფრანგეთის სახელოვანი პოეტი, რომლის თხზულებათა კითხვა თ. ვახტანგ ორბელიანს, როგორც სჩანს მის ლექსებიდან, ხშირად ჰყვარებია.
[1894 წ., 28 მარტამდე]
_______________
* გ. ორბელიანი
** გ, ორბელიანი
მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის თავ. ჯამბაკურიან-ორბელიანისა
ხელნაწერი: ავტოგრაფი, U № 178, 4 ფ. (B).
ნაბეჭდი: ლექსები: ვახტანგ ორბელიანისა (სრული გამოცემა მისი ასულის მარიამ ორბელიანისა), ტფ., 1894 წ., № 4, გვ. V-XX (A).
ხელმოწერა: ილია ჭავჭავაძე A.
B შავი ავტოგრაფია, ნაწერი და ნასწორებია შავი მელნით თაბახის 4 ფურცლის 7 გვერდზე (ფურცლები სიგრძეზეა გაკეცილი, მარცხენა მხარე გაბმული ტექსტისათვის არის გამოყენებული, მარჯვენა მხარე კი - სწორებისა და ჩამატებისათვის). სათაური, თარიღი და ხელმოწერა არა აქვს. ავტოგრაფი იმდენად ნასწორებია (ესა თუ ის ადგილი გადახაზულია, ზოგი კვლავ აღდგენილია, ისევ გადახაზულია, ჩამატებულია, ეს ჩამატება კვლავ გადახაზულია ან სხვაგვარად არის გადაკეთებული და ა.შ.), რომ მისი ჩვენება ვარიანტებში საჭიროდ არ ვცანით, ვინაიდან იგი პირველი შავი მონახაზია. ა აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ პ. ინგოროყვას ამ შავი ავტოგრაფიდან დაუბეჭდავს ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან „ორი შენობა“, რომელიც თვით ილიას დასაბეჭდად გამზადებულ ტექსტში ეტყობა აღარ შეუტანია. აი, ის ციტატაც:
„...ძველი წინაპართ სადგურის შთენი,
სავსე ღონით და ღონით სავსით ხელით ნაშენი,
კოშკნი მაღალნი, ვრცელი, წმინდა ტაძარი,
დიდი პალატი, დიდი არე, როსმე მდიდარი,
დღეს კი უჭერო, უპატრონო, აოხრებული...“
ვინაიდან ჩვენთვის ამოსავალია ტექსტი (ე.ი. ვ. ორბელიანის ლექსების 1894 წ. გამოცემა), სადაც ზემოთ მოყვანილი ციტატა არ არის დაბეჭდილი, ჩვენც სტრიქონები არ შევიტანეთ ძირითად ტექსტში.
ილია ჭავჭავაძის თხზულება „მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის თავ. ჯამბაკურ-ორბელიანისა“ ზემოხსენებული გამოცემის შემდეგ პირველად პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედაქციით გამოცემულ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა IV ტომში დაიბეჭდა 1927 წელს.
564. 3 „1832 წელს თავ. ვახტანგს მოეშალა სამშობლოში შვება და სიამოვნება. ეს მაშინდელ ყმაწვილ-კაცობისათვის თავმოსაწონებელი, მაგრამ უბედური წელიწადი ყველას მოეხსენება“ - იგულისხმება ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ 1832 წელს ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულება, რომელიც შეთქმულთა ერთმა მონაწილემ ღალატით გასცა და ვახტანგ ორბელიანი, როგორც შეთქმულების ერთ-ერთი თაოსანი, სხვებთან ერთად მკაცრად დაისაჯა.
565. 14 „ჯერ კიდევ თითო-ოროლა ოჯახში ცოცხალი იყო ხსოვნა მეთვრამეტე საუკუნისა, რომელმაც სული დალია 1795 წ. 11-ს სექტემბერს სოღანლუღს, კრწანისის ბაღებთან და წამების სახელოვანი გვირგვინი დაადგა იმ ქვეყნისათვის თავგანწირულ მამულის-შვილებს...“ - იგულისხმება ირანის განმგებლის აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა საქართველოში 1795 წელს და ქართველების თავგანწირვა უთანასწორო ბრძოლაში.
565. 20 „თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვდევნეთ მტრის ძალა,
იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი“.
ციტატა გრ. ორბელიანის ლექსიდან „სადღეგრძელო“ (1827-1870 წ.)
565. 26 „...დღენი ემზგავსნეს ჩასვენებულსა ბრწყინვით მზეს...
დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს!“...
ციტატა გრიგოლ ორბელიანის ლექსიდან „სადღეგრძელო“.
566. 28 „სული მიკვნესის...
რა მაგონდება, რასაც დედა ნორჩს მომითხრობდა“.
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან „იმედი“ (1859-1879 წ.).
567. 9 „...მეთვრამეტე საუკუნის თავზარმა და მეცხრამეტის პირველ წლების წეწვა-გლეჯამ საქართველოს ერი მოჰღალა“ - იგულისხმება 1795 წ. ირანის განმგებლის აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა საქართველოში, ქართველების დამარცხება კრწანისის ბრძოლაში, 1798 წ. მეფე ერეკლე II-ის გარდაცვალება, მისი შვილის, გიორგის XII-ს მეფობის დროს ერთი მხრივ ტახტის მემკვიდრეობისათვის ბრძოლა ერეკლესა და გიორგის მრავალრიცხოვან შვილებსა და შვილიშვილებს შორის, მეორე მხრივ ფეოდალთა დაჯგუფებები საგარეო ორიენტაციის საკითხზე (ზოგი რუსეთის მფარველობაში საქართველოს შესვლის მომხრე იყო, ზოგი - ამის მოწინააღმდეგე), 1800 წ. გიორგი XII-ს გარდაცვალება, 1801 წ. პეტერბურგში გამოქვეყნებული მანიფესტების თანახმად ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და მისი რუსეთთან შეერთების დამტკიცება.
568. 30 „გული საუბარს მივანდოთ და მოვიგონოთ წარსული,
სამშობლო ისტორიისა გადავხსნათ დიდი რვეული“.
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან „ძველს მეგობარს“ (1883 წ.),
569. 1 „მიამბე მე გულსაამო ზღაპრები...
იმ დროებზე ბევრი გამიგონია...“
ციტატა ვ. ლექსიდან „ქარიშხალი ჰბერავს“ (1887 წ.).
569. 15 „და თუ აქამდის არ დაბნელდა ჩვენი გონება...
იგი მადლია იმ ნათლისა წმინდის ლამპრისა“.
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან „ნანგრევთა შუა ლამპარი“ (1885 წ.).
569. 24 „ვდგავარ თქვენს წინა თავმოხრილი, ფიქრით მოცული...
ჩემს სატანჯავად რომ არ იდგე ჩემს თვალთა წინა!“
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან „ძველი დმანისი“ (1866 წ.).
570. 4 „მაგრამ რად გვინდა მის ამბავი, რაც არს აღარა,
რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა“.
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან „ჯვარი ვაზისა“ (1880 წ.).
570. 19 „ჩვენი ივერი მშვენიერი არს სისხლის კალო,
გმირთა აკლდამა, გულსაკლავი და სავალალო“
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან „იმედი“ (1859-1879 წ.).
571. 1 „გონება ჰხელობს...
სარწმუნოებას გულის ჭმუნვის ძალა ერევა!...“
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან „იმედი“ (1859-1879 წ.).
571. 14 „ღმერთო კეთილო, მომიტევე შენს დაბადებულს...
და მათ სახელნი, მათ ხსენება აღარსად დარჩნენ“.
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან „იმედი“ (1859-1879 წ.).
572. 6 მომიახლოვდაო „...მაშინ ტურფა, მშვიდი ასული...“
თქვენი სამშობლო დანგრეული კვლავ აყვავდება...“
ციტატა ვ. ორბელიანის ლექსიდან „იმედი“ (1859-1879 წ.).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში წერილი პირველად დაიბეჭდა 1927 წელს, - ილიას ნაწერების სრული კრებულის IV ტომში. ვახტანგ ორბელიანის ლექსების 1894 წლის გამოცემას ცენზურის ნებართვა 1892 წ. 27 აპრილს მიუღია, მაგრამ ილია ჭავჭავაძეს, რომელსაც სურვილი გამოუთქვამს ამ კრებულისათვის წაემძღვარებინა ვახტანგ ორბელიანის ბიოგრაფია და შემოქმედების განხილვა, მოუცლელობის გამო 1894 წლამდე ვერ მოუხერხებია ჩანაფიქრის განხორციელება და წიგნიც მხოლოდ 1894 წელს გამოცემულა.
დათარიღება - [1894 წ., 29 მარტამდე] - ემყარება ნ. კილანავას წერილს - „ილია ჭავჭავაძის „ვახტანგ ორბელიანის ბიოგრაფიის“ დათარიღებისათვის“ (იხ. „ტექსტოლოგიის საკითხები“, II თბ., 1971).
![]() |
2.67 სიტყვა, წარმოთქმული რაფიელ ერისთავის იუბილეზე |
▲back to top |
ჩვენს სახელოვან მოხუც პოეტს შესანიშნავი ალაგი უჭირავს ქართულ პოეზიაში. მისი ლექსები აღბეჭდილია ხალხური გრძნობით. ის ღრმად შეეხო ჩვენი მუშა ხალხის ცხოვრებას და არის მომღერალი მის გულნადებისა. იმან შექმნა თავისი საკუთარი შკოლა ხალხური პოეზიისა. მისი მიმდევარნი არიან ძმები რაზიკაშვილები. ჩინებულად ასრულებს ამ გარემოებას ჩვენი პოეტის გალექსვით მიწერ-მოწერა ერთ ხალხიდან გამოსულ პეოტთან, რომელმაც აი რა გრძნობით გამოხატა ჩვენი მოხუცებული პოეტის გავლენა ახალშობილს პოეტზე:
„შენი ჭირიმე, მოხუცო,
ია გესროლე, მამაო!
ძილშიით გამომაღვიძა
შენმა ფანდურის ხმამავო:
შაერთო გრძნობის მორევსა,
ჩემ გულიც აიჩქამაო,
იქათ იორმა შაიტყო,
აქეთ ალაზნის წყალმაო.
ბუნებამ ჯერი მიიღო,
მთამ ქედი მოგიხარაო,
დუშმანი გათავებულა,
სამშობლომ გაიხარაო.
ბიწსა ჰძლო სათნოებამა,
სიცოცხლე გაუმწარაო,
საწყალმა ღამის მეხრემა
მადლობა დაგიბარაო...
ნება მიეცი, დაგდაფნოს
გამოუცდელმა ყმამაო.
ამ მშვენიერ წერილზე აი როგორ უპასუხა ჩვენმა სახელოვანმა მოხუცმა:
გადმახალისა, ძმობილო
შენგან ნასროლმა იამა,
შენი ფანდურის ჟღერაი
მოხუცს გულს მეტათ იამა!..
ყური დავუგდე სიმებსა:
დამიტკბეს ბერი სულია,
გადამახედეს ფშაველში,
მთლათ ამიჩქროლე გულია! -
მასმინა შენმა ფანდურმა
მთის ყვავილების ქებანი,
„ფშაური ქალის ტირილი“
და „ტყვის სიმღერით“ შვებანი...
ბაასი ბებერ მუხასთან
ალმასებრ ლექსით მსმენია,
დავღონებულვარ ბეჩავი,
ცრემლი ვერ დამითმენია!...
შენ დამანახვე ძმობილო,
„მგზავრის საღამო მთებშია“,
ფრთები დავუშვი მე დაბლა,
ვეღარ მოგყვები ფრთებშია.
შენ ყმაწვილი ხარ, მე - ბერი,
ღმერთმა გიკურთხოს ჩანგია! -
მაწაფე, მოძმევ ახალო,
ბერსა ახალი ჰანგია“.
[1895 წ., 22 ოქტომბერი]
სიტყვა, წარმოთქმული რაფიელ ერისთავის იუბილეზე
ნაბეჭდი: წიგნი - „საერო დღესასწაული თ. რაფიელ ერისთავის იუბილეს გამო (1895 წ., 22 ღვინობისთვეს)“, თბ., 1899 წ., გვ. 112-113.
სათაური: ილიას სიტყვა თ. რაფიელ ერისთავის იუბილეს გამო. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში ეს სიტყვა პირველად იბეჭდება.
574. 8 ...ძმები რაზიკაშვილები - იგულისხმებიან ვაჟა-ფშაველა და ბაჩანა.
574. 8 ჩინებულად ასრულებს ამ გარემოებას ჩვენი პოეტის გალექსვით მიწერ-მოწერა ერთ ხალხიდან გამოსულ პოეტთან, რომელმაც აი რა გრძნობით გამოხატა ჩვენი მოხუცებული პოეტის გავლენა ახალშობილს პოეტზე... - აქ იგულისხმება ბაჩანა (ნიკო პავლეს ძე რაზიკაშვილი, 1866-1928 წწ.), რომელმაც სიტყვაში მოყვანილი ლექსი უძღვნა რაფიელ ერისთავს. ლექსი დაიბეჭდა გა. „ივერიაში“ (1886 წ., № 168). სათაურით: „რაფიელ ერისთავს“, ხოლო რაფიელ ერისთავის საპასუხო ლექსი, სათაურით: „ბაჩანას პასუხად“, დაიბეჭდა გაზ. „ივერიის“ 1886 წლის 211-ე ნომერში.
![]() |
2.68 კრიტიკა სანათურია ლიტერატურისა |
▲back to top |
ტფილისი, 7 თებერვალი
ყველაზე დიდი ნაკლი ჩვენის ქართულის ლიტერატურისა ის არის, რომ ეგრედ წოდებული სალიტერატურო კრიტიკა სრულიად არ არსებობს ჩვენში. ბევრნი იმდურებიან და სამართლიანადაც, რომ ეს ასეა, მაგრამ კრიტიკა ჩვენში მაინც ვერ იშვა და ვერ. უკრიტიკოდ კი სვლა და წარმატება ლიტერატურისა, თუ არ რიცხვით, ღირსებით მაინც ძალიან ძნელია და, რომ ვთქვათ, შეუძლებელია, არც ეს იქნება, ვგონებთ, მეტი. ცხოველმყოფელობა ლიტერატურისა, მისი სიცოცხლე, მისი სული და ხორცი თავს იჩენს არა მარტო მით, რაც იწერება, არამედ ნაწერების განკითხვითაცა. რაც უფრო ბევრი ნაწერია და მაღალისა თუ დაბალის ხარისხისა, მით უფრო საჭიროა კაცს ხელთ ეჭიროს იგი სანათური, რომელსაც კრიტიკა წარმოადგენს. კრიტიკა სწორედ სანათურია ლიტერატურისა, იგი სწორედ სამტკიცია, რომელიც ფქვილს არჩევს ქატოსაგან.
რამდენადაც ამ უწმიდაესს დანიშნულებაზე ახლოა კრიტიკა, იმდენად იგი დიდს სამსახურს უწევს მკითხველს საზოგადოებას და თვით ავტორებს, რომელთ შორის იგი მოციქულიც არის და ხელმძღვანელიც ერთსა და იმავე დროს. მრავალ სალიტერატურო საგნებში გზის გაგნება, კარგისა და ავის გარჩევა, ღვარძლის დაგლეჯვა, მარგვლა ხორბლის გაძლიერებისათვის, ადვილი საქმე არ არის. ამას ნიჭიც უნდა და დიდი ცოდნაც და ამასთან მაღალზნეობაც, რომ მიდგომით, თვალღებით მართალს არ უმტყუნოს და ტყუილს გზა არ მისცეს. საცა კაცი სჯის, იქ შეცდომაც შესაძლებელია, მაგრამ ყოველის კაცის მართალი ის არის, რაც გულით მიაჩნია მართლად და არა მიდგომით და თვალღებითა, ან იმ განზრახვით, რომ ამას ვასიამოვნო, იმას ვაწყინოო და სასწორი განკითხვისა ერთ-ერთს ამისთანა უღირსს სურვილს დააძლევინოს.
ხოლო კრიტიკამ რომ თავი იჩინოს, კრიტიკა რომ აღმოცენდეს და თავისი სანატრელი ფრთა გაშალოს, ამისათვის საკმაო არ არის მარტო ერთი - სურვილი. კრიტიკა ერთი დიდი საფეხურია ზეაღსვლისა კაცთა საზოგადოების წარმატების გზაზედ. კრიტიკა საზოგადოების გონებისათვის ასაკის საქმეა. როგორც ბავშვს ვერ მოეთხოვება წვერ-ულვაში ჰქონდეს, ისეც საზოგადოებას - კრიტიკა, თუ გონების უასაკობით ხსენებულ ზეაღსავლის საფეხურამდე არ მიუღწევია. კრიტიკა ციდამ ვერ ჩამოვარდება მანანასავით, რაც გინდა ხელები ბევრი ვიშვიროთ ცისკენ. მისი მშობელი და გამჩენელი თვით საზოგადოებაა და იგივეა მისი მზრდელი და ძუძუმწოებელი.
ამ შემთხვევაში პირველი ნიშანი საზოგადოების ასაკოვნებისა და აღმატებულობისა, სხვათა მრავალთა შორის, ის არის, რომ საზოგადოება სხვისის აზრის შეწყნარებამდე ტანში იყოს გამართული. შეწყნარება დაჯერებას კი არ ჰნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს. პატივით მოქცევა კიდევ იმას ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ თქვენს საკუთარს სასწორზე, ასე თუ ისე საკუთარი ფასი დასდოთ და მისაწყავი ისე მიუწყათ. ყოვლად საკადრისი საქციელი გონებაგახსნილისა და მართლა განათლებულის კაცისა სწორედ ეს გზაა და სხვა არარა. ვისაც ეს არა სჭირს, ტყუილად თავსა სდებს განათლებაზე, ტყუილად აბრიყვებს თავისთავსაც და სხვასაც, განათლებული ვარო. იგი ყოველ გონებადახშულზედ უარესია.
საცა ჩვეულ არ არიან ასეთს პატივით მოექცნენ სხვის აზრს, ის კრიტიკა მშვიდობიანი სამსახური კი არ არის საზოგადოების წინაშე, არამედ თავის გამომეტებაა სალანძღავად, საქიშპოდ, ჭუჭყისა და ჩირქის მოსაცხობად და ამასთან თვით ხმაც კრიტიკისა ღაღადებაა უდაბნოში. მართალია, კაი საქმისათვის, მართალისათვის თავდადება, უშიშარობა, დეე მლანძღონ, ჭუჭყი, ჩირქი მაცხონ, ჯვართ მაცვანო, ოღონდ რაც მართალი მგონია, იმას ფეხი მოვაკიდებინო საზოგადოებაშიო, დიდი სასახელო რამ არის, მაგრამ დიდს ვაჟკაცობას, დიდს სულის ღონესაც ჰთხოულობს და ყველა ეს დიდბუნებოვანის კაცის საქმეა. ხოლო სად არის ამისთანა კაცი? ეს საჭიროება თავგამეტებისა, ეს ამაოება ღაღადებისა განა არ უნდა უშლიდეს კრიტიკის მოვლენას, მხნეს გულს არ უნდა უტეხდეს და გულგატეხილს გასამხნევებლად ღონეს არ უნდა უფრო უუძლურებდეს!..
ესეთი გარემოება ისე არსად ჰხუთავს სულს კრიტიკას, როგორც პატარა ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, საცა ყველანი თითქმის ერთს ვიწრო მოედანზე ვტრიალებთ ურთიერთობისათვის. მართალია, არიან პატარა ქვეყნები, საცა კრიტიკა ფრთაგაშლილია, მაგრამ იქ თუ შინაობაში შემწყნარებელი არა ჰყავს გამკითხველსა, გარედ მაინც ჰშოულობს, რადგანაც ან ამ პაწია ქვეყნების ენა, ან იგი, რომლის წყალობითაც კრიტიკა თავისას ამბობს, სხვაგანაც გავრცელებულია. ქართული ენა კი ამას სრულიად მოკლებულია, ქართული მარტო საქართველოში იციან. მაშასადამე, თუ არ შინ, გარედ ჩვენებურ კრიტიკოსს გამკითხავი არა ჰყავს.
შინ კი ყველანი თითქმის ერთმანეთს ვიცნობთ, თითქმის ყოველდღე ერთმანეთსა ვხედავთ, ზოგს წინადვე დაკვებებულნი მაქებარნი ჰყავს, ზოგს - მოწუნარნი, ზოგსა სწყინს, ჩემს საყვარელს კაცს რად რასმე უწუნებენო, ზოგი ჰჯავრობს, ჩემს უსიამოვნო კაცს რად აქებენო, თუნდ ძაგება თუ ქება ისე ცხადი იყოს, როგორც ორჯელ ორი ოთხია. ჩვენში თუ წუნი რამე დასდე ვისსამე ნაწერს, რაც გინდ საბუთიანი და ცხადი წუნი იყოს, არიან იმისთანანი, რომ მტრობაში ჩამოგართმევენ ისე უარარაოდ, უმიზეზოდ, საბუთების უჩხრეკელად. არიან იმისთანებიც, რომ თუ აქებ ვისმე, მოუწონებ ნაწერს, რაც გინდ საბუთიანი ქება და მოწონება იყოს, მაინც ნათელმირონობას, ფარისევლობას დაგწამებენ და ქებას თუ მოწონებას ახსნიან მით, რომ სადილ-ვახშმებით მისყიდული ხარ. აქ ჩვენში განკითხვა გამკითხველისა კაცის გუნებაზეა მიგდებული და არა გონებაზე, რომელმაც მარტო საბუთით უნდა ჰსაჯოს. აქ „მე ასე მინდა, ასე მიამება“, უფრო მეტად სჭრის, ვიდრე საბუთით გამოჩხრეკილი და გულში გამონასკვილი მართალი.
საკვირველი იქნება, რომ თვითვეული ეს გარემოება ცალკე და ყოველი ერთად პირში ბურთი არ იყოს კრიტიკისათვის, პირს წყლით არ უვსებდეს კრიტიკასა. იქ, საცა კაცი კაცს ამართლებს იმით, რომ კაცია და გუნებაო, თქვენს კრიტიკას ისეთს კუდს გამოაბამენ, თქვენ თვითონ ისეთს ჭუჭყში ამოგავლებენ, რომ თავი და ბედი უნდა იწყევლოთ - ეს რა ღმერთი გამიწყრა და ხმა ამოვიღეო, რატომ ჩემთვის არ ვიჯექიო.
რაც ბეჭდურ სიტყვით შეუძლებელია ჩირქი მოგვცხონ, იმას მითქმა-მოთქმითა და ჭორებით მოგცხებენ, მითქმა-მოთქმა, ჭორი ჩვენში უფრო შორსა სწვდება, პატარა ქვეყანაა, მალე შემოუვლის ხოლმე გარს, ვიდრე ბეჭდური სიტყვა, რომელიც დღემდე ტაატით დადის. თუნდაც კარგი მარბენალიც იყოს, სრულიად უღონოა კუდმოძუებულს ქურდულს მითქმა-მოთქმას და ჭორებსა უკან სდიოს და პირში ლაგამი ამოსდოს. მითქმა-მოთქმა და ჭორი თაგვსავით ჩუმ-ჩუმად დაძვრება სოროებში და მოდით და სდიეთ! ტყუილუბრალოდ გაგაუპატიურებენ, თავზე ლაფს დაგასხამენ, თავს მოგჭრიან.
ეგ კიდევ არაფერი: მითქმა-მოთქმას და ჭორებს როგორმე აიტანს და გაუძლებს კაცი. კიდევ ვიტყვით, ჩვენი ქვეყანა პატარა ქვეყანაა, ყოველ ცისმარა დღეს ერთმანეთს თვალში ვეჩხირებით, გინდა თუ არა, ერთმანეთსა ვხედავთ, მოდით და იმისი გაბუტვა და თვალთა ბრიალი აიტანეთ, ვისაც ნაწერი დაუწუნეთ, თუნდ ძალიან საბუთიანადაც. რომ გამკითხველს გაკითხული მტრად გადაეკიდება და ეცდება სხვაც გადაჰკიდოს, ამას ეჭვი არა აქვს და ყოველს ამას უნდა თუ არა გაძლება? განა ჯვართცმა არ არის ასეთი გარემოება კრიტიკოსისათვის!.. აი სწორედ ეს არის: საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო, და აკი გაცლილია კიდეც ჩვენში კრიტიკა. კრიტიკოსიც ადამიანია, იმასაც უნდა ქვეყანაში ტკბილად, სიამოვნებით ცხოვრება და განა უნდა გიკვირდეს, რომ ამ ტკბილისა და მშვიდობიანის ცხოვრების წყურვილმა სძლიოს იმ ჯვართაცმას, რომელიც მოელის ჩვენში კრიტიკოსსა, იმ საწამლავს, რომელიც დაშხამავს ყოველ წუთს მისის სიცოცხლისას.
ყოველი ეს არის ჩვენში იმიტომ, რომ სხვის აზრის შეწყნარებამდე ჯერ არ აღვზრდილვართ. საბუთიანად განკითხვისა კი არ ეშინიან კრიტიკას, უსაბუთოდ განკითხვას უფრთხის და ერიდება. უსაბუთოდ განკითხვა ლანძღვაა, გინებაა და გონებადახშულის, გულწამხდარის კაცის საქმეა. შეწყნარება სხვისა აზრისა, ესე იგი, საბუთიანი განკითხვა მართლმსაჯულებაა და გონებააღმატებულის, გულგაწმენდილის, ჭეშმარიტად განათლებულის კაცის საქმეა. სხვისა აზრის შეწყნარება რომ საზოგადოებაში იყოს, კრიტიკაც ხმას ამოიღებს, ფრთას გაშლის, თუ ამასთან ყოველივე სხვა გარემოება მზაა საამისოდ. ეხლა კი, მინამ კაცი, თუნდ კარგად მომზადებული, კრიტიკას ხელს მიჰყოფს, ჯერ თავზედ ხელი უნდა აიღოს, ჯვარსაცმელად თავი დასდოს, სალაყბოდ და გასაუპატიურებლად გახდეს, ჭუჭყისა და ჩირქის მოცხებას არ შეუშინდეს, ნაცნობები და მეგობრები გადაიკიდოს, გამოესალმოს მშვიდობიანს ცხოვრებას, მოიწამლოს თავისის სიცოცხლის დღენი, ერთი სასიამოვნო დღე არ ჰნახოს და ყოველ ამ უბედურების წინაშე არ შედრკეს. ძნელია კაცმა ამოდენა დიდსულოვნობა და გულოვნობა იქონიოს, თუმცა კი დიდად სანატრელი, მაგრამ ნატვრა და ახდენა ნატვრისა ერთი და იგივე არ არის.
კიდევ ვიტყვით, პატარა ქვეყანაა ჩვენი ქვეყანა და ამიტომაც ყოველივე ხსენებული უბედურება აქ უფრო შესაძლებელია, ვიდრე სხვაგან, თუ სახეში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ სხვის აზრის შეწყნარება ჩვენში ჯერ მოუწევარი ხილია და მკვახე ხილი კი, როგორც მოგეხსენებათ, კბილსა სჭრის.
იტყვიან, მაშ დიდსულოვანი და გულოვანი ყოფილა იგი თითო-ოროლა კაცი, რომელთაც ჩვენში ზოგიერთხელ კრიტიკის ხმა მორთესო. არა, ბატონებო, ჩვენებური კრიტიკაც იმ საფეხურზეა, რაზედაც საზოგადოება, რომელსაც მარტო ერთადერთი საწყაოდ ის ხელმძღვანელი აზრი აქვს, რომ „კაცია და გუნებაო“. ყოველი მზგავსი მზგავსსა ჰშობსო, ნათქვამია. თუ სადმე ეხლა კრიტიკის ხმა ისმის ჩვენში, ეს ხმა ისევ იქიდამ გამოდის, საცა „კაცია და გუნებაო“ ჰბუდობს. „მე ასე მინდა, ასე მიამება“ უფრო ჰლაპარაკობს ჩვენში, ვიდრე განკითხულის ნაწერის საქები თუ საწუნი.
ეხლანდელი ჩვენებური კრიტიკა ან ღვარძლის ნთხევაა იმის თავზე, ვინც ნიშანშია ამოღებული, უარარაოდ, უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად, ან ქების ხმაა და გუნდრუკთ კმევა ეგრევე უარარაოდ, უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად. ამისთანა კრიტიკოსს რა აქვს, რომ იმის დაკარგვის შიშმა დააბრკოლოს? ამისთანას ჭორი და მითქმა-მოთქმა რას ჩამოართმევს, რაც არა აბადია რა? რას გაუფრთხილდეს, რომ ღმერთს გასაფრთხილებელი არა უღირსებია რა? კარს იგი ჰკეტავს, ვისაც დასაკარგავი საუნჯე რამა აქვს. ვისაც არარა, იმისი ქოხი ფარღალალაა: თუ ღმერთმა მიშველა და შემოვიდა ვინმე, იქნებ იმას დარჩეს რამე აქ, თორემ აქედამ რას წაიღებს, რაც არ არისო. ეს გულოვნობა კი არ არის, პირდაპირი ანგარიშია.
სულ სხვაა, ვისაც გრძნობა ადამიანურ ღირსებისა გაღვიძებული აქვს. ამ საუნჯეს კაცი ისე ადვილად ვერ გაიმეტებს სხვის მიერ სათელავად და ჩირქმოსაცხობად, ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ლაფში სათრევად. მართალია, ადამიანთა სასახელოდ, ბევრნი ყოფილან სიმართლისათვის წამებულნი ქვეყანაზე და ამიტომაც არიან წმიდათა შორის შერიცხულნი. ხოლო ეს ყველას არა აქვს დიდებული უნარი სიმართლისათვის ჯვარს ეცვას. ამისთანა ბუნებისანი იშვიათნი არიან. შესწირე თავი მართალს, დეე, გლანძღონ და გათრიონ, დეე, მოგიწამლონ სიცოცხლე, ჩაგიმწარონ წუთ-სოფლის დღენი, ადვილი სათქმელია და ძნელი საქნელი.
[1898 წ., 7 თებერვალი]
კრიტიკა სანათურია ლიტერატურისა
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1898 წ., 8 II, № 29, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა: 1898 წ., 7 II).
დაიბეჭდა მეთაურ წერილად, უსათაუროდ დ ხელმოუწერლად. ცნობა წერილის ილიასეულობის თაობაზე ეკუთვნის თ. სახოკიას (იხ. მისი „ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ბიბლიოგრაფია“, ლ. ჭრელაშვილის პუბლიკაციით, - ჟურნ. „მაცნე“, 1981 წ., № 2).
1984 წელს ეს წერილი დაიბეჭდა ალმანახ „კრიტიკაში“ (№ 2) ლ. სანაძის პუბლიკაციით, - სათაურით: „ილია ჭავჭავაძის წერილი ლიტერატურულ კრიტიკაზე“.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. დასათაურება ტომის შემდგენლებს ეკუთვნით.
![]() |
2.69 სიტყვა, წარმოთქმული ქართული თეატრის 50 წლის იუბილეზე |
▲back to top |
თითქმის იმ დღიდამ, როცა ჩვენი თეატრი დაიბადა, ფეხი აიდგა ჩვენმა ჟურნალ-გაზეთობამაც. ამ მხრით ჩვენი თეატრი და ჩვენი ჟურნალ-გაზეთობა თითქმის ტოლები არიან და ჩვენ შემთხვევა გვაქვს ტოლმა ტოლს მიულოცოს და სადღესასწაულო სალამი ძმამ ძმას დაუყეფოს.
შექსპირმა თქვა: „არარაისაგან არ იქმნების არარაიცაო“. ჩვენმა თეატრმა ცხადად დაგვანახვა, რომ შესაძლოა არარაისაგანაც იქმნას რამ. ამ ორმოცდაათის წლის წინად არარა იყო და ეხლა ვხედავთ, რომ ამ არარაისაგან იქმნა ჩვენი თეატრი. მარტო ის, რომ იქმნა ჩვენი თეატრი, - ეს ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის. საქმე ის არის, რომ იქმნა, გაიზარდა, გაძლიერდა და ორმოცდაათ წლოვან ასაკამდე მოიყარა. რამ მოახდინა ეს თითქმის სასწაული? მხნეობამ და თავდადებულმა სიყვარულმა მამულიშვილობისამ. დიახ, ამიტომ მხნეობას შეძლებია არამცთუ არარაისაგან რისამე ქმნა, არამედ ქმნილის გაზდა და გაძლიერება. მე არას ვიტყვი თეატრის ღირსება-მნიშვნელობაზე. დღეს აქ ბევრი რამ ითქვა ამ საგანზე უჩემოდაც. მე მოკლედ მოვჭრი სიტყვას და სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ჩვენმა თეატრმა, მისმა ზრდამ და გაძლიერებამ ცხადი მაგალითი გვიჩვენა იმის, თუ რა შესძლებია მხნეობას, საქმისათვის თავდადებულს. ტყუილად კი არ უთქვამთ ჩვენთა წინაპართა: მხნე იყავ და გაძლიერდი!
მოგილოცავთ რა ამ ორმოცდაათი წლის დღეობას ჩვენის თეატრისას, ვისურვებ ჩვენის თეატრის მოღვაწეთათვის ცალკე და ჩვენ ყველასათვის საერთოდ, რომ თითოეულს ჩვენგანს გულში ანდერძად ჩაჭდეულ ჰქონდეს: ვიმხნეოთ და გავძლიერდეთ.
[1900 წ., 2 იანვარი.]
სიტყვა, წარმოთქმული ქართული თეატრის 50 წლის იუბილეზე
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1900 წ., 6 I, № 4, გვ. 2-3.
ილიას სიტყვა „ივერიაში“ დაბეჭდილია დრამატული საზოგადოების გამგეობის საანგარიშო მოხსენების შემდეგ: „ამას უნდა ადვძინოთ, - ვკითხულობთ გაზეთში, - რომ როცა თ. ილია ჭავჭავაძემ გაათავა წაკითხვა წერა-კითხვის საზოგადოების მილოცვის წერილისა ჩვენი თეატრის ორმოცდაათი წლის დღეობის გამო, დასძინა შემდეგი სიტყვა, როგორც „ივერიის“ რედაქტორმა“, და იქვე დაბეჭდილია ზემოაღნიშნული სიტყვა.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში ილიას ეს სიტყვა პირველად იბეჭდება. იგი არც ერთ ბიბლიოგრაფიაში მოხსენიებული არ არის.
![]() |
3 დაუმთავრებელი წერილები და ნაწყვეტები |
▲back to top |
![]() |
3.1 მასალები „ცისკრის“ წარმოების გასარჩევად |
▲back to top |
ცისკარი 1857 წლიდან - 1862 წლამდინა
[ნაწყვეტი პირველი]
ჩვენ ვიცით, რომ რა წამსაც ჩვენი მკითხველები ამ სტატიის სახელს თვალს მოჰკრამენ, მაშინვე (ზოგიერთნი) გულმტკივნეულად წამოიძახებენ: „აი, ბატონო, კიდევ მოჰყვნენ ლანძღვასაო“. საკვირველი კაცია ქართველი!.. ძალიან თვალების აბმა იცის, - სხვის თვალებისა კი არა, მაგოდენა არ შეუძლიან, თავის საკუთარის თვალებისა. თუ მოინდომა, და თუნდაც არ მოინდომოს, ისე ხელობად დაჰსჩემებია, რომ რაც უნდა კეთილსვინიდისიანი საქმე იყოს, ასეთს კუდს გამოაბამს, ასეთნაირად წაშლის-წამოშლის, რომ შენი გაკეთებული საქმე შენვე ვერ იცნო, შენი ნათქვამი სიტყვა შენვე ვეღარ გაიგო. რათ უყვარს ქართველს ამისთანა სულის კლაკვნა? მრავალი რამ არის ამის მიზეზი, ჩემო მკითხველო, სხვათა შორის ისიცა, რომ სიკეთეს ყველანი გადავჩვეულვართ, კეთილი არა გვწამს, სული და გული ამოგვშრობია. კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შეჰსწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას ავის თავსა დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ იმას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი „არა“ იქნებოდა, რასაკვირველია... „მაშ არც ის იქმოდა“, - დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგაწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართვლის თვალში. რისთვის? მარტო იმისთვის, რომ თითონ ქართველი იმის ადგილას პატიოსნებისთვის თავს არ გაიწირავდა, თუ რომ სხვა დაბალი განძრახვა გულში არა ჰქონდეს. მე ვიცნობ ერთს კაცს, რომელმაც სიმართლისათვის სამსახური დაჰკარგა, მაგრამ არც ერთმა ქართველმა ეს არ დაიჯერა, და იგი, სიმართლისათვის გამოგდებული სამსახურიდამ, საზოგადოობაში არამც თუ ნუგეშსა, შეურაცხყობას პოულობდა. ქართველის შეუსყიდებელი გული ეხლა შეისყიდება ხოლმე. თითონ რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანაც სიკეთე აღარა ჰსჯერა; აღარა ჰსჯერა, რომ იმ დედამიწაზედ, საცა თითონა ჰსცხოვრობს და ათასი კიდევ სხვა მის მგზავსი, აღარა სჯერა, რომ იმ დედამიწაზედ კაცი არის, რომელსაც სიკეთე სიკეთისათვის უყვარს, რომელსაც იმოდენა სულის ძალაცა აქვს, რომ უ გაჭირდა, სიკეთისათვის თავსაც დაჰსდებს. ქართველი, როგორც თითონ არის, ისე თავის მოძმეც ჰგონია; ამიტომაც ყოველი პატიოსანი საქმე პატიოსნობის სიყვარულისაგან კი არა ჰგონია წარმომდგარი, არამედ რომელიმე დაბალი და სამარცხვინო გრძნობისა და წადილისაგან. ამით ჩვენში ყოველ ბრწყინვალე საქმეს სამარცხვინო ფერს მოაცხობენ ხოლმე, ყოველ კეთილშობილურს განძრახვას ლამით მოსვრიან, ყოველს თავგამოდებითს ხალისს ადრე და მალე ჭუჭყიანის ხელით ფრთას მოჰკვეთენ ხოლმე. დიდი სულის ღონე უნდა, რომ კეთილმა კაცმა თავი შეიმაგროს და საზოგადო განკიცხვის კიჟინამ არ შეაყენოს თავის დანიშნულ საგნის შუაგზაზედა.
ჩვენი საზოგადოება სწორედ ჭრიანტელია, მერე რუსული ჭრიანტელი, რომელსაც აკროშკას ეძახიან, და რომელშიაც კიტრიც არის, ისვრიმიც და უფრო რუსული კვასი (რომლის ხმარება ჭრიანტელში თანდათან უფრო მოდაში შედის, ასე რომ დღესა თუ ხვალე ჩვენი საკუთარი ისვრიმის სახელიც გაქრება, არამც თუ გემო), ძმარიც, ხარდალიც, ყინულიც, ხორციც და თევზიც და ათასნაირი სხვა რაღაცაები, მაგრამ არც ერთი მათგანი იმოდენა არ არის, რომ სხვაზედ ნამეტნავად გამოჩნდეს; სუყველანი ხორცით თუ სულით, დაკეპილნი და დანამცეცებულნი არიან. როგორც ჭრიანტელს თავისი მასალა, ისე ჩვენს საზოგადოებას თავისი მწევრნი ცოტად თუ ბევრად თავის გემოს აძლევენ, და არ ითქმის, რომ ის გემო ერთობ გემრიელი იყოს. მწარეა, როგორც ხარდალი, ჩემო მკითხველო, ცივია, როგორც ყინული, მჟავეა, როგორც ძმარი, ფხიანია, როგორც თევზი და თევზსავით პირუტყვი, იმ ანდაზის ძალით, რომლითაც თევზი პირუტყვობაში თავს იმართლებს: პირი წყლით არა მქონდეს სავსეო, მეც ვილაპარაკებდიო. აი, ჩვენი საზოგადოება რამდენში ჰგავს ჭრიანტელსა. ერთი მგზავსება კიდევ აქვს: ჩვენი საზოგადოება ისე ადვილად შეიხვრიტება, როგორც ჭრიანტელი, მაგრამ ჭრიანტელი რომ ბევრი შეხვრიტოს, კუჭს მოუშლის კაცსა და ჩვენს საზოგადოებას კი მაგოდენა შნოც არა აქვს. ჭრიანტელი ერთი იმითი მაინც არის კარგი, რომ სიცხის პაპანაქებაში კაცს აგრილებს; ჩვენი საზოგადოებაღა რისთვის არის? ამის ახსნა მეტად ძნელია. ჩვენმა საზოგადოობამ რომ თითონვე იცოდეს ამის პასუხის გება, ხომ ჭრიანტელი აღარ იქნებოდა, არამედ იქნებოდა გონიერი მწყობრი, რომელმაც იცის, რისთვის არის, ე.ი. ერთი აზრი აქვს თვალწინ, ერთი საგანი, ერთი იდეალი, რომლის მისაწდომელად საზოგადოდ იბრძვიან. ვაი იმ ხალხს, რომელმაც არ იცის, რისთვის ცხოვრობს, რომელიც ხავსს იკიდებს ერთს დამპალს გუბეში და არ იცის, რომ გუბეს გარედ მინდვრებია ამწვანებული და ჰაერი ცხოვრების მიმნიჭებელი; უფრო ვაი იმ საზოგადოებას, რომელმაც არამც თუ ეს, ისიც არ იცის, რომ უნდა ცხოვრობდეს უთუოდ რისთვისამე!
რა ვქნათ? ავბედისანი ვართო, ვიტყვით ხოლმე. „რეგვენი საქმეს წაახდენსო. ფათერაკს დააბრალებსო”, ნათქვამია. ბედი რა არი? ბედს თითონ კაცი ჰქმნის და არა ბედი კაცსა. ჩვენი თავის მტრები ჩვენ თითონვე ვართ, ამის ღვიარება ჩვენ გულს გვიძმარებს და ამიტომაც ყველაფერს ბედს ვაბრალებთ. რა მიზეზია, რომ ჩვენ თავს ჩვენვე ვმტრობთ? ათასია, ჩვენ საუბედუროდ, მაგრამ... ეს ხომ ვიცით, რომ მამა-პაპით ეგ თავის მტრობა კაცს არ დაჰყვება ხოლმე. მაშასადამე, ჩვენის ბუნების თვისებაში არა ყოფილა. ესეც გვეყოფა სათქმელად, რომ მიზეზს მივაგნოთ...
მრავალი წელიწადია, ჩვენო დავრდომილო ქვეყანავ, რაც შენს შვილს ერთი ცოცხალი აზრი, ერთი პატიოსანი გრძნობა არ ჩავარდნია გულში. თუნდ რომ თავი გამოედოს ვისმე და აზრი ად გრძნობა აღედგინოს, შენივე შვილები მიწასთან გაასწორებდნენ. „გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო“: ჩვენ გულს გაგვიგმირავს ხოლმე ცხოველი სიტყვა, ჩვენის ძმისვე სიკეთე, ჩვენი ძმისვე ჩვენთვის თავგამოდება. პირველი ქვა, რომელიც თავგამოდებულს მოხვდება ხოლმე, ქართველისაგანვე არის გამოტყორცნილი. წადი აქა და ძლიერი მუხლი ნუ მოგეჭრება. რათა ვართ ესე? იმიტომ, რომ ჩვენ აზრსაც, გრძნობასაც გადავჩვეულვართ. მერე ასე გადავჩვეულვართ, რომ ცოცხალი აზრი, პატიოსნური გრძნობა, უანგარო გულმხურვალება, თავგამოდებული ხალისი რომ ვნახოთ, ვერც კი ვიცნობთ. ეს კიდევ არაფერი, რომ ვერ ვიცნობთ: ავიღებთ და იმასაც ლაფში გავსვრით, - იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს ბნელს საპყრობილეში დამწყვდეული კაცი, როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს იფარებს, რადგანაც სინათლეს ისე გადაჩვეულა, რომ სინათლე თვალებსა ჰსტკენს, და ამის გამო რაც ნათელია, ბრწყინვალე, იმას თვალების აფარებით აბნელებს. საწყალო ქვეყანავ! შენს ღონიერს დედამიწაზედ იქნება ორიოდე კაცი იმისთანა დადიოდეს, რომელიც სადმე მარტო ჩუმათა სტირის შენს მაგ ყოფაზედ, ჩუმათა ტირის იმიტომ, რომ შენ შვილებს რომ თავისი ცრემლი დაანახოს, ის პატიოსანი, მდუღარე ცრემლი, შენი კეთილი შვილები თითონვე დაჰსცინებენ და პატიოსანს ცრემლს უპატიოდ გაუხდიან. რა გამოვა, რომ შენთვის მტირალთა ხმამ შენ შვილებამდინ მოახწიოს?..
[ნაწყვეტი მეორე]
...სჩანს თითონ ჟურნალსა არა ჰქონია იმოდენა ღონე და მიხვედრა, რომ მიეგნო, რა უჭირს საზოგადოებასა, ცხოვრებასა, რომ იმას უშველოს; ან მიუგნია და ვეღარ შეჰსძლებია შველა; ან კიდევ ცხოვრებას არ მოუთხოვნია და ის კი ადრეულად გამოსულა ცხოვრების საშველად. ამას გარდა კიდევ არის სხვა მიზეზიც, რის გამოც ჟურნალი არ მოეწონება ხოლმე ხალხსა. ეგ იმისთანა ჟურნალია, რომელიც დაგვიანებულა და უკან დარჩომია ცხოვრებასა: ცხოვრება წინ წასულა და ის კი უკან მოჰსჩანჩალებს, როგორც ფეხმოტეხილი ცხვარი თავის ფარასა. თავის ჩანჩალაში ის კოჭლი ჟურნალი არამც თუ არჩევს და ხსნის, რაც თვალწინ უტრიალებს საზოგადოობასა, არამედ თავმოწონებით ჰკრეფს. რაც თვით საზოგადოობას თავის განვითარების გზაზედ გადუყრია, როგორც უვარგისი და გამოუსადეგი. აი, სწორედ ამგვარ ჟურნალებს ეკუთვნის ჩვენი ფერმიხდილი, ჭლექი, მამულის-ერთა „ცისკარიცა“.
ჩვენ ვეცდებით ეს წინად თქმული აზრი „ცისკარზედა“ თვით „ცისკრითვე“ დავამტკიცოთ; მაშინ თვით მკითხველსაც შეეძლება შეამოწმოს ჩემი აზრის სიმართლე თუ სიმტყუნე, იმ ფაკტებთან რომელსაც ჩვენ წარმოუდგენთ.
***
რაცა ვჰსთქვით ჟურნალის მნიშვნელობაზედ საზოგადოთ, გვგონია, სამყოფი იყოს „ცისკრის“ სიკეთის გასაზომად, გვგონია, რომ სამყოფად ვიცით ეხლა, როგორ და რის მიხედვით უნდა გაირჩიოს „ცისკარი“. მაგრამ მინამ ჩვენ შევუდგებით „ცისკრის“ განხილვასა, მეტი არ იქნება ვჰსთქვათ რამე იმ ზოგიერთ პირზედ, რომელსაც თავის უმეცრებით არ ესმის, რომ განხილვა რისამე შეიძლება არ წარმოდგეს არც მტრობითა და არც შურითა. ჩვენ არ ვამტყუნებთ იმ პირთა, რომ ეგრე არ ესმის საქმე: ჩვენმა ცხოვრებამ დააჩვია ქართველი კაცი შურსა და მტრობასა. მაგ ორ დასაღუპავ თვისებათაგან ყოველ ქართვლის გული შეშინებულია ასე, რომ სიკეთე რო გინდოდეს კაცისა, მაშინაც არ გენდობა, თითქო შიშობსო, რომ ეგ სიკეთე ჩემი დასაღუპავი საფთხე არ იყოსო. ქართველს თითქმის ყოველი კაცი გველი ჰგონია, რომელიც ჯერ გულში ჩაეკვრება, რომ ბოლოს დრო იხელთოს და დაშხამოს. ჩვენ არ ვამტყუნებთ იმისთანა პირს, - ყველგან ჩვენ გარეშემო იგი ხედავს მხოლოდ მტრობას, შურსა, ღალატობასა, მოდი აქ და ნუ შეგიშინდება გული; ჩვენ მხოლოდ გვებრალება იგი, რომ ამაობაში ისე გაბეცებულა, რომ იქაცა შიშობს, სადაც შიში არ არის; იქა ხედავს შურს და მტრობას, სადაც გულწრფელი შენიშვნა არის სიკეთისაც და სიცუდისაც.
იმას არ ესმის, რომ ვინც შენიშნავს ნაკლულოვანებას კაცშია, შეიძლება რომ იმასვე უნდოდეს იმისი გასწორება და სიკეთე; იმას არ ესმის, რომ რაც უფრო მკაფიოდ და დაუნდობელად არის გამოთქმული ის ნაკლულოვანება, მით უფრო ჰსჩანს გამომთქმელის გულის სიმხურვალე, მოუთმენელი ცხარი წადილი გასწორებისა. ბევრჯერ იყო გამოთქმული „ცისკარშიც“ და გარეშე პირთაგანაც გაგვიგია, რომ განხილვა ხოლოდ შურია და მტრობაო. ამას ხოლოდ ის იტყვის, ვინც თავის სიცოცხლეში მაგათთან ჩართული ყოფილა, მაგათი შხამიანი ძუძუ უწოვია, ვინც თითონ შურიანია და მტერი. ვინც ლაფში გასვრილია, არ იქნება ისე შეეხოს სხვას, რომ იმასაც არ მოაცხოს თავისი ლაფი. ჩვენ არ ვამტყუნებთ იმათ, მგზავსი მგზავსსა შობს, ნათქვამია; ჩვენ ხოლოდ გვებრალებიან, რომ მთელი არსება მოშხამული აქვთ შურის და მტრობის შხამითა. ჩვენ იმითი უფრო გვებრალებიან ეს წამხდარი ხალხი, რომ ბევრი მათგანი ხარისხით თუ მდგომარეობით წინწასულები არიან; ჩვენ ურჩევთ იმათ მედიდურობას და გლახა-ამპარტავნობას, რომ თუ თითონ არ ესმით ეს, პატარა დაიხარონ თავიანთი მოუდრეკელი თავი და უბრალო გლეხკაცს მაინც დაუგდონ ყური და მისგან ისწავლონ და აიხილონ დაბრმავებული თვალები. „შვილი მტრულად გაზარდეო, რომ მოყვრულად გამოგადგესო“, ნათქვამია გლეხთაგან. როგორც მტერშია დაუნდობელად შენიშნავ ნაკლულოვანებასა და მკაცრადა ზდევ, ისე შვილშიაც უნდაო, რომ მოყვრულად გამოგადგესო, ამბობს ხოლმე ჩვენი გლეხკაცის გაუნათლებელი ჭკვა, რომელიც უკეთესია ბევრ ცრუ სხივით განათლებულ და ეპოლეტებიან ჭკვაზედა. ჰსჩანს, რომ შეიძლება კაცს უყვარდეს კაცი და მტერსავით კი მოეკიდოს, როცა მასში სიცუდეს შენიშნავს.
ამას გარდა ჩვენ საწყალ ქართველებს ერთი სხვა საძაგელი სენიც გვჭირს - ყიზილბაშობა. გულის შემაზრზენი, კაცის ღირსების დამმდაბლებელი პირფერობა, ურცხვი ტყუილი ქება, საძაგელი კლაკვნა და პირიდამ თაფლის დენა, რომელსაც ქართველი „ზდილობას“ ეძახის, - ესენი ერთად შტოები არიან დამპალ ყიზილბაშობისა. ისე უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცდომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ესა და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის ხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია - ცუდად, რაც კარგია - კარგად. პირფერობა და ურცხვი, უალაგო ქება გლახის და მათხოვარის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.
ჩვენც უშიშრად და დაუნდობელად შეუდგებით „ცისკრის“ განხილვასა. ჩვენ არ დავიშურებთ მის ძაგებას - რაც საძაგელია, მის ქებას - რაც საქებია (ჩვენის აზრით, რასაკვირველია), მტრულად მოვეკიდებით „ცისკარს“, რომ, თუ გაჰსწორება უნდა, გაჰსწორდეს და მოყვრულად გამოადგეს სასახელო საქმეს, რომელიც უტვირთვია. ღმერთმა ქმნას და ეგრე მიიღოს ჩვენი განხილვა როგორც „ცისკარმა“, ისე მის წამკითხველმა!..
რო გავაადვილოთ „ცისკრის“ გარჩევა 1857-1862 წლამდინ, ჩვენ ვარჩიეთ განვწილოდ „ცისკარი“ ორ დიდ ნაწილად; პირველი ნაწილი იქნება ლექსთ-თხზულება და მეორე - პროზა. ჩვენ გარჩევას დავიწყობთ ლექსებითგან და რაკი ამას მოვრჩებით, გადავალთ პროზაშიაც.
რაკი ყურადღებით გადავიხილეთ მთელი ლექსები 1857-1862 წ., ჩვენ შევნიშნეთ, უფრო მომეტებულნი მოლექსენი უკაცრაოდ არიან პოეზიაზედ. არამც თუ პოეზია, ენა დამახინჯებული აქვთ, შეუბრალებლად წამხდარი.
1) ლირიკული მიმართულება ჩვენის პოეზიისა;
2) მიზეზი ამისთანა მოვლენისა - სისუსტე ტალანტებისა;
3) მოლექსეთა შორის მარტო რუსთაველის გენიამ შეიძლო შექმნა ეპოპეისა, თუმცა იმის პოემაშიაც ურევია ბევრი ლირიკა; უნიჭობა ჩვენის მწერლებისა, რომელთაც უნდოდათ რამ მის მსგავსი დაეწერათ რამე, მაგრამ მაინც ლირიკაზედ გადადიოდნენ;
4) იდეა ძველის პოეზიისა და ფორმა გამოთქმისა: ა) ჩივილი, წუთის-სოფლის მდურვა; კაცის ამაოება, აქაურ ცხოვრების ამაოება და ნუგეშით თვალ-შეჩერება ცისა, სადაც მოელიან საუკუნო განსვენებას და მართლ-მსაჯულებას; ბ) სიყვარული უფრო პლატონიკური, მუხთლობა სიყვარულისა და დაუდგრომელობა; თუ აქ არ შევხვდი ერთმანეთს - ცაში და-ძმანი ვიქნებითო; გ) ქალი ან ანგელოზია და უფრო ხშირად - დემონი, წამწყმედი კაცისა; დ) ბუნება წმინდა სანთელია იმათ ხელში, რასაც უნდა, იმას გამოსახვენ; ბუნება თუ არის მშვენიერი, - იმათ გრძნობის მიხედვით; ის როგორც ობიექტი, არ არსებობს იმათთვის;
5) ფორმა გამოთქმისა: ფიგურობა და ალეგორია სპარსულის ლიტერატურის გავლენისა გამო.
დავით გურამიშვილი, რომელმაც ჰსცადა თითქმის პირველად, ზოგიერთგან რასაკვირველია, ევროპეიზმის შემოტანა ქართულ ლექსის გამოთქმაში; ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელიც უფრო ხშირად ცდილობდა მაგ ევროპეიზმის განვრცელებასა, მაგრამ მაგასაც აქვს ფიგურალი ლექსი; გრ. ორბელიანი, გამგრძელებელი ევროპეიზმისა; ნ. ბარათაშვილი, ბრწყინვალე წარმომადგენელი ევროპეიზმისა; ეხლანდელი მწერლები, რომელნიც ბაძვენ მაგ ევროპიულ გამოთქმასა, მაგრამ თავის აზრების მიმართულებით, იდეებით, ძველებსა ჰგვანან. დამტკიცება ამისა ფაკტებით.
[ნაწყვეტი მესამე]
რო გავაადვილოთ „ცისკრის“ 1857-1862 წ. მექმეობის განხილვა, ჩვენ ვარჩიეთ გავყოთ იგი ორ დიდ ნაწილად და ყოველი მათგანი ცალ-ცალკე გავარჩიოთ. პირველ ნაწილში შემოვა ლექსთ-თხზულება, მეორეში - პროზა. ჩვენ ლექსებითგან ვიწყობთ განხილვასა.
რაკი ყურადღებით გადავიხილეთ ექვსის წლის ნაწარმოები ლექსები, ჩვენ შევნიშნეთ, რომ „ცისკრის“ ახალ მოლექსეებს, ზოგიერთ გარდა, დიდი კავშირი აქვსთ ძველებზედა, კავშირი ისტორიულ განვითარებისა კი არა, მგზავსებისა. ეხლანდელი მოლექსენი თითქოს იმას იმეორებენ, რაც უწინდელებს უთქვამთ, ისეთნაირად ჰგვანან ამათი აზრები იმათ აზრებსა, ამათი მიმართულება - იმათ მიმართულებასა. რომ თითონ მკითხველმაც დაინახოს ეს მგზავსება, ჩვენ ვეცდებით შეძლებისამებრ წარმოვუდგინოთ მოკლე ისტორია ქართულ ლექსთ-თხზულებითის პოეზიისა იმოდენად, რამოდენადაც ჩვენთვის ამჟამად საჭიროა. თუ ამ საქმეს გაგვიძნელებს, უფრო ისა, რომ ჩვენი თხზულებაები, საუბედუროდ, სულ ერთიანად არ არიან ცნობაში მოყვანილნი და დაბეჭდილნი. დაბეჭდილები რო იყვნენ, მაშინ უფრო უშიშრად გამოვსთქვამდით ჩვენს აზრსა, რადგანაც როგორც მკითხველს, აგრეთვე განმხილავსა ხელთ ექნებოდათ მრავალი ფაკტი, რომელთზედაც უფრო მტკიცედ დაიმყარებოდა აზრი. ეხლა კი ვჰსთხოვთ მკითხველმა სახეში იქონიოს, რომ ჩვენ თითონ ჩვენი აზრი იმოდენად მართალი გვგონია, რამოდენადაც შეგვხვედრია ხელნაწერების შოვნა და წაკითხვა. ვინც იცის, ხელნაწერი, ნამეტნავად ძველ დროებისა, რა ძნელი საშოვარია, ის, რასაკვირველია, გაგვამართლებს, თუ ვინიცობაა ჩვენი მოკლე ისტორია არ იქნება შედგენილი არა სრულ ქართულ ლექსების მიხედვითა.
ძველ დროთაგან დაწყობილი აქამომდე ჩვენ ლექსთ-თხზულებითს პოეზიაში შევნიშნეთ განვითარება მხოლოდ ლირიკულ პოეზიისა, რომელიც არის ერთი გვარი პოეზიისა და რომელსაც მუსიკის და პოეზიის შუა-ადგილი უჭირავს, ამისათვისაც ამგვარი ლექსი სულმუდამ თითქმის უფრო სამღერალია; ასე გონია - მთელი არ არისო, ასე გონია - რაღაც აკლიაო, როცა არ დაიმღერება; მუსიკა აქ თითქო ჰშველისო პოეზიასა, პოეზია - მუსიკასა. საგანი ამგვარ პოეზიისა თითონ პოეტის სულის მდგომარეობაა სხვადასხვა შემთხვევებში და გარემოებაში; წუთის გრძნობის, წუთის აღბეჭდილების გამოთქმაა, ერთის სიტყვით, თითონ პოეტი აქ მხოლოდ თავის გრძნობას ხატავს, თავის გულის მოძრაობას და აღბეჭდილებას. გარეგანი ბუნება მისთვის არ არსებობს, და თუ არსებობს, იმის ხელში ის წმინდა სანთელსავით ლბილია; გაათბობს თუ არა თავის გულის ცეცხლითა, იმას გამოსახავს ზედ, რაც თითონ უგრძვნია და არა იმას, რაც თვით ბუნებაშია, როგორც აუცილებელი თვისება მისი. ეს მიმართულება ისე გაუფლებულია ჩვენში, რომ არამც თუ ჩვენი სასიქადულო და სახელოვანი პოეტები, არამედ ისიც, ვინც კი უნიჭოდ მოაწყობს ხოლმე ორ რითმას, ისიც კი ამგვარ პოეზიის მიმდევარია. ჩვენ მოლექსეთა შორის მარტო რუსთაველის გენიამ შეიძლო შექმნა ეპოპეისა, ასე რომ აქომამდე მის მეტი თითქმის არავინა ჩანს. თუმცა არიან ზოგიერთნიც ჩვენ ლიტერატურაში, რომელთაც მოინდომეს მიბაძვა რუსთაველისა, მაგრამ არც ერთს მათგანს არც ნიჭი ჰქონდა იმდენი, რომ წარმატებით ევლოთ რუსთაველისაგან ნაჩვენებ გზაზედ, და არც განათლება. იგინი ხშირად იწყებდნენ მოთხრობით და ბოლოს მაინც ლირიკისაკენ გადუხვევდნენ ხოლმე...
[ნაწყვეტი მეოთხე]
ცისკრის ლექსთ-მთხზველები
(1857 წლიდან 1862 წლამდე)
ჩვენი საზოგადოება სწორედ ჭრიანტელია, მერე რუსული ჭრიანტელი, რომელსაც აკროშკას ეძახიან და რომელშიაც კიტრიც არის, ისვრიმიც, რუსული კვასიც (ამის ხმარება ჭრიანტელში თანდათან უფრო მოდაში შემოდის, ასე რომ დღესა თუ ხვალე ჩვენი ქართული ისვრიმი თავის ადგილს დაუთმობს სრულიად), ძმარიც, ხარდალიც, ხორციც, თევზიც, ყინულიცა და ათასნაირი სხვა რაღაცაები. მაგრამ ერთი ამათგანი იმოდენა არ არის, რომ სხვაზედ ნამეტნავად გამოჩნდეს: სულ ყველანი. ხორცით თუ სულით ერთნაირად დაკეპილნი და დანამცეცებულნი არიან. როგორც ჭრიანტელს თავისი მასალა, ისე ჩვენს საზოგადოებას თავისი წევრნი ცოტად თუ ბევრად ერთს საზოგადო გემოს აძლევენ და არ ითქმის, რომ ის გემო ერთობ გემრიელი იყოს. მწარეა, როგორც ხარდალი, ცივია, როგორც ყინული, მჟავეა, როგორც ძმარი, ფხიანია, როგორც თევზი და თევზსავით პირი წყლითა აქვს გატენილი, თორემ ლაპარაკის შნო ექნებოდა. აი, ჩვენი საზოგადოება რამდენში ჰგავს ჭრიანტელსა. ერთი მსგავსება კიდევ აქვს: ჩვენი საზოგადოება ისე ადვილად შეიხვრიტება, როგორც ჭრიანტელი. მაგრამ ჭრიანტელი რომ ბევრი შეხვრიტოს, კუჭს მოუშლის კაცს და ჩვენს საზოგადოებას კი მაგოდენა შნოც არა აქვს; - ერთობ უწყინარია, ამიტომაც მადაზედ მოსული იმას არ ერიდება. ჭრიანტელს ერთი კაი შნოცა აქვს: სიცხეში კაცს აგრილებს, ჩვენი საზოგადოება-ღა რისთვის არის? ამის ახსნა მეტად ძნელია. ჩვენმა საზოგადოებამ რომ ამ კითხვის პასუხი მოახერხოს, ხომ ჭრიანტელი აღარ იქნებოდა, არამედ იქნებოდა გონიერი მწყობრი, რომელმაც იცის რისთვის არის, ე.ი. ერთი აზრი აქვს, ერთი საგანი, ერთი იდეალი, რომლის მისაწდომად ყოველივე ერთად და ყოველივე ცალკე იბრძვის და ჯაფასა ჰსწევს. ვაი იმ ხალხს, რომელმაც არ იცის რისთვისა ცხოვრობს! უფრო ვაი იმ საზოგადოებას, რომელმაც არამც თუ ეს, ისიც არ იცის, რომ უნდა უთუოდ რისთვისამე ჰსცხოვრებდეს.
ავბედისანი ვართო, ვიტყვით ხოლმე, რომ ჩვენვე ჩვენი თავი მოვატყუოთ. „რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსო“, ნათქვამია. ბედი რა არის? ბედს თითონ კაცი ჰქმნის და არა ბედი კაცსა. ჩვენი თავის მტრები ჩვენ თითონვე უფრო ვართ, ვიდრე სხვანი. ამის აღიარება ჩვენ სირცხვილად მიგვაჩნია და ამიტომაც ყველაფერს ბრმა ბედს ვაბრალებთ. ჩვენა ვართ ცუდნი, მაგრამ ესეც კია, რომ სიცუდე ბუნებით კაცს თან არ დაჰყვება ხოლმე. მაშასადამე, ჩვენის ბუნების თვისებაში სიცუდე არა ყოფილა. ესეც გვეყოფა სათქმელად, რომ მიზეზს მივაგნოთ...
მრავალი წელიწადია, რაც ჩვენს საზოგადოებას ერთი ცოცხალი აზრი, ერთი ფხიზელი გრძნობა არ ჩავარდნია გულში. ასეთნაირად დავნამცეცდით, რომ დიდი სიტყვა „მამულიც“ გავანამცეცეთ. მამული ერთობ ჩვენ სამშობლო ქვეყანას კი არა ნიშნავდა, არამედ თვითვეულის სოფლის საკუთრებასა. არ იქნება ხუთი წელიწადი, რაც მაგ საოცარმა და საყვარელმა სიტყვამ, რომლის ხსენებაზედაც სხვა ბედნიერ ქვეყნებში უღონოსაც ძალი მიეცემა ხოლმე და მტლად დაედება საყვარელს მამულს, არ იქნება ოთხი-ხუთი წელიწადი, რაც მაგ სასწაულთმოქმედმა სიტყვამ თავისი დაკარგული მნიშვნელობა ჩვენში ისევ დაიბრუნა. ღმერთმა უშველოს „ცისკარს“. ეგ იმისი მეოხება არის. სიტყვა აღვადგინეთ, ჩვენ-კი ვეღარ აღვდეგით, ვეღარ ავყევით თანა.
თავდაპირველადვე ქართველი კაცი უბედური ყოფილა, დაჩაგრული. უბედური და ყოველთვის ჩაგრული ყოველთვის ეჭვიანია და უნდო. ქართველს კაცსაც ისე დაუშინდა გული სხვისაგან თუ თავის მოძმესაგან, რომ სიკეთეც რომ გინდოდეს, აღარ გენდობა, თითქო შიშობსო, რომ ეგ სიკეთე ბოლოს ჩემ დასაღუპავ მახედ არ დამეგოსო. მართლაც, ვისაც თავის დღეში სიკეთე არ უნახავს, არ შეუძლიან პირველ ნახვაზედვე არ დაფთხეს. მრავალმა ბოროტებამ, მრავალმა ღალატმა, გმობამ, მტრობამ და შურმა ქართველი იქამდინ დააშინა, რომ ყოველი კაცი მიაჩნივა გველად, რომელიც ძნელად მოგეკარება და, თუ მოგეკარა, ჯერ გულში ჩაგიძვრება, რომ მერე უფრო კარგად დაგშხამოს. ჩვენი ცხოვრება ათას მაგალითს აჩვენებდა. ჩვენ სიკეთე აღარა გვწამს, იმიტომ რომ გადაჯერებულნი ვართ, რომ კაცმა კაცს სიკეთე უყოს; იმიტომ გადავჯერდით, რომ ჩვენს გარეშემო სულ ერთი-ერთმანეთის მტრობასა ვხედავთ. ამიტომაც ქართველსა საზოგადოების აზრი დაეკარგა, ყოველი ჩვენგანი ცალკე გადგა, გული აიცრუა სხვაზედ, იმიტომ რომ სხვამაც ამაზედ გული აიცრუა, გული აიგრილა; იშოვა პატარა მიწა, შემოღობა, განზედ გადგა და იმ შემოღობილს დაარქვა სახელად: „მამული“, - იმიტომ, რომ ის დიდი, საზოგადო, სამშობლო ქვეყანა გაირღვა, პატარა მამულებად დაიყო და თვითვეულმა წილი ირგუნა. მაშინ ყოველი ფიქრი, ყოველი აზრი იმ წილად-რგებულს მამულს ანაცვალა. ეგრე განამცეცდა ქართველი და განამცეცდა მამულიცა...
[ნაწყვეტი მეხუთე]
ცისკარი 1857-1863 წლამდინ
ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ხალხის ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აარ არის, რომ ის თანდათან იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველფერისა. რაც ადრევ კაცს ჰგონებია დაურღვეველ ჭეშმარიტებად, ხშირად მოხდება, რომ ის დღეს გაუთლელ შეცდომად მიგვაჩნივა, ასე რომ კიდეც გვიკვირს, ადრინდელ კაცს როგორა ჰსწამდა ამისთანა ცხადი სისულელე ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და მხედველობა, რომ თეთრი და შავი გაერჩივა, თეთრისათვის თეთრი დაერქმია, შავისათვის - შავი. ეს ასე მოხდება ხოლმე, განა იმისაგან - რომ ჩვენ ადრინდელებზედ გონიერები ვართ, - სხვა სხვის ომში ბრძენიაო, რუსთაველი ამბობს; ჩვენ რომ ამ თავმოწონებულ გონიერებითაც ვყოფილვიყავით და იმ ადრინდელ კაცის დროების ვითარება გარს შემოგვრტყმოდა, არა მგონია, ავცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც დღეს ეგრე თავმოწონებით დავჰსცინით. დიდი გენია უნდოდა და იმის მახვილ ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა, რომ მსჯელობით დროებაზედ მაღლა დავმდგარვიყავით, საზოგადო ცხოვრების წრის გარეთ გავდგომილვიყავით და შეუმცდარად, წმინდა აზრითა, დაგვენახა საგანი ისე, როგორიც არის და უნდა იყოს. რუსთაველმა ჩვენზედ წინა ჰსთქვა, რომ მარტო ბრძენი საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმისი მონები არიანო. იმ დროების გარემოების მოწყობილობა, ფიქრი, აზრი, გამსჯელობა, ერთობ ცხოვრების მდინარეობა, ჩვენისთანა ჩვეულებრივ კაცს ჩააყენებდა თავისს რუსხმულში და წაიღებდა თან, რაც უნდა ძალიან ცდილიყო თავის შემაგრებასა. შორმხედველობა, დროებაზედ ბატონობა და უფლება, მარტო გენიის საქმეა; ის თავის თამამ სიარულში შემოიბღერტამს ხოლმე დროების შეცდომაებსა, გულუშიშრად და ცნობიერად ყველაზედ წინ მიდის, და იმას მიზდევს დანარჩენი ხალხიც, როცა გაიგებს გენიის თქმულსა. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამით ვამბობდეთ, ვითომც გენია ციდამ იყოს ჩამოსული და თავისი სწავლა და მეცნიერება იმას იქიდამ თან ჩამოჰყოლოდეს. ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროების ვითარებისა, როგორც სხვანი, ხოლოდ ეს ნაყოფი სრულია, დამწიფებულია, შემოსულია სათესლოდ მომავალ ცხოვრებისათვის. არც ერთი გენია ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის ხოლოდ გვიხსნის მას, რაც თვითონ ცხოვრებას ამოურიყავს თავის მდინარეობითა, რაც თავის დაუდგრომელ დუღილშია მოუგდია ზედაპირზედა.
ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი არსება, იზდება, ყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება; მის ნაყოფის თესლზედ ამოდის სხვა, ახალი ცხოვრება, რომელიც ისევ ისე მიდის თავის განვითარების გზაზედ, როგორც პირველი.
ცხოვრების ძალანი დაუღალავად და დაუყოვნებლად მოქმედობენ, მოძრაობენ და ჰბადამენ მრავალ ფაკტებს, მრავალ ახალ საჭიროებას, მოაგუბებენ მრავალ ნაყოფსა, რომელთაც შეგროვება უნდა, მოაჯგუფებენ მრავალ კითხვაებს, რომელთაც პირდაპირი პასუხი და გადაწყვეტა უნდათ. ესე ყოველიფერი ერთიერთმანეთში დარეულები, ცხოვრებისაგან კარზედ მოყენებულნი, ელიან მზრუნველსა ხელსა გასარჩევათა, გამჭრიახ თვალსა - გასამხილებლად; მაგრამ ხალხს, მომეტებულ ნაწილს, იმოდენა მოხერხება არა აქვს, რომ მოიყვანოს ცნობაში, გაიგოს ჟამთა ვითარება. მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც მუდამდღე ზედ დაჰსტრიალებენ ცხოვრებასა და მის მცირედსა ცვლილებასა ცნობიერად გარდმოიცემენ, იკისრებენ ხოლმე ამა ყოველისფერის ახსნასა და ცნობაში მოყვანასა. ამათი უკეთესნი წარმომადგენელი, ხალხის დაწინაურებული თავობა, მაშინვე მოხვდება ცხოვრების ნაყოფის შემოსვლასა, ჰგრძნობს, რომ ამის შემდეგ უნდა მოვიდეს მახარობელიც ახალ გაზაფხულისა, განახლებისა; ჰგრძნობს, რომ ძველი ცხოვრება აივსო, დამწიფდა და ჭკნება, მის დამწიფებულ ნაყოფთა მოგროვება, გარჩევა, განჩხრეკა უნდა და თესლის გამოკრება ახალის ცხოვრებისათვის. ეს თავგაწირულნი, მოჭირნახულენი ცდილობენ აღასრულონ დროების მოთხოვნილება, შეაგროვონ მოსავალი, რომ მეცნიერების და ხელოვნების შემწეობით მოიყვანონ ცნობაში თვითვეული მარცვალი იმ მოსავლისა, ყოველი მათგანი გაარჩიონ და დაუნიშნონ თავისი შესაფერი ადგილი, რათა თავის დროზედ ყოველმა მარცვალმა მოიტანოს ახალი ნაყოფი, იმ ნაყოფმა - ახალი თესლი სხვა ახალ ცხოვრებისათვის. მაგრამ ძალიან ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ეგ თავგაწირულნი მოჭირნახულენი ვერ ჰსძლევენ ცხოვრებისაგან მოყვანილ მოსავლის სიმრავლესა, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ თვით მეცნიერება და ხელოვნება უღონონი არიან ერთობ მოსავლის ცნობაში მოყვანისა; თუმცა ზოგიერთს ახსნიან, ზოგიერთს გაგვაგებინებენ, მაგრამ უფრო მომეტებულს ვერ დასდებენ ფასს, ვერ დაუნიშვნენ შესაფერ ადგილსა. მაშინ გამოჩნდება გენია.
ჩვენ არ გვინდა ამით ვჰსთქვათ, რომ ვითომც სწორედ იმ წამს იბადებოდეს გენია. ის იქნება აქამდინაც იყო და უთუოდაც უნდა ყოფილიყო, რომ ცხოვრებას თავისთან გამოეცადა, შეეზარდა, მოემზადებინა თავის ვითარებისვე ასახსნელად, თავის საჭიროებისვე დასაკმაყოფილებლად. თუ აქამდინ არ გამოჩნდა იგი, იმიტომ, რომ იმის ძლიერის სულის შესაფერი საქმე არსად იყო. გამოჩნდა თუ არა საქმე, იმანაც გაშალა თავისი ძლიერი ფრთები და გამობრწყინდა ცხოვრების გასანათლებლად. ეს გოლიათი გონიერებისა თავის ძლიერის მკლავით გადაჰსწვდება ხოლმე მთელ ცხოვრების მოსავალსა, შემოაგროვებს ერთად რაც ცხოვრებას გამოუჩენია, თავის გამჭრიახ თვალით თავიდამ ბოლომდინ განსჭვრეტავს ამ შემოგროვილსა, გაანათლებს თავის ჭკვის სხივებითა, ყოველ ცხოვრების კითხვას მიჰსცემს თავის შესაფერ პასუხსა, ყოველ ფაკტსა - ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ყოველ საჭიროებას - კუთვნილ გზასა და ღონისძიებასა; ერთის სიტყვით, ახსნის და ცნობაში მოიყვანს მას, რაც იმის მოსვლამდინ გაუგებარი და უცნობი იყო მეცნიერებისათვის და ხელოვნებისათვის.
მეცნიერება და ხელოვნება - ეგ სახელოვანნი სალარონი კაცის გონიერებისა - არიან კანონიერნი მემკვიდრენი გენიისაგან დაშთომილ საუნჯისა. იგინი მადლობით მიიღებენ ხოლმე გენიის ახალ გამოკვლეულ ცნობაებს, ახალ აზრებსა, ახალ ახსნასა, რომელზედაც დაწინაურებული თავობა ხალხისა დაამყარებს ხოლმე თავის შემდეგსა გამოკვლევასა და ცნობიერების წინწაწევასა. მაგათგან, მაგ გამომკვლეველთაგან, ცხოვრებისაგან დაბადებულნი ფაკტები, მეცნიერების და ხელოვნების შემწეობით ცნობაში მოყვანილნი, გადადიან დანარჩენ ხალხშიაც, რომელიც თანდათან მტკიცდება მათ სიმართლეზედ, ამის გამო აძლევს თავის ცხოვრებაში ადგილსა და ამით ჰსცვლის თვით ცხოვრებასა. რამოდენათაც ეს ახალი აზრები, ცნობაები, ადვილად გასაგებნი არიან ხალხისათვის, იმოდენად იგინი განსდევნიან უწინდელებსა, რომ თითონ დაიჭირონ ცხოვრებაში იმათი ადგილი და იწარმოვონ შემდგომში. ეგრე ცხოვრებისვე მოღებულსა, გენიით გადაკეთებულ და ცნობაში მოყვანილს, ცხოვრებავე მიიღებს ხოლმე თავის წარმატებისათვის. რასაკვირველია, მინამ ეს ასე მოხდება და ხალხი, თუ არ სრულიად, უფრო მომეტებული ნაწილი მაინც, მიიღებს განახლებასა, დიდი დრო გადის. ცხოვრება განახლებული ისევ იზდება, ყვავის, ბერდება და მოამწიფებს ახალ სათესლე ნაყოფსა. ის არ მოუცდის ხოლმე ხალხსა, „აცა, ჯერ რაც ამას წინად მოვამზადეო, და რაც მეცნიერებამ და ხელოვნებამ გენიის შემწეობით ცნობაში მოიყვანა, ჯერ ისინი ხალხმა მიიღოსო, დაისაკუთროსო“; არა, ცხოვრება ამას არ მოუცდის ხოლმე, ის დაუყოვნებლივ გაჰსწევს თავის წარმატების და განვითარების გზაზედ, ასე რომ მინამ ხალხი მიიღებს დიდიდამ პატარამდინ მის უწინდელ ჭირნახულსა, იგი ხელახლად მოასწრობს ხოლმე ახალ მოსავალის მოყვანასა, სხვა ახალ აკტების და საჭიროების შემუშავებას, შემოჯგუფებას. კიდევ მოვა დრო განახლებისა, კიდევ დადგება ახალი პერიოდი, კიდევ ამრიგად მეცნიერება და ხელოვნება ახსნის ცხოვრების მოთხოვნილებასა, ცნობაში მოიყვანს „ახალსა“ და ამათ შემწეობით ეს „ახალი“ გადადის ისევ ცხოვრებაში. ამისთანა დამოკიდებულებააქვს ცნობიერებას ცხოვრებაზედა; ცნობიერება ხოლოდ ცხოვრების გამხილავი და გამომეტყველია. ეს დამოკიდებულება მშვენივრად და ცხოვლად არის გამოთქმული ერთ ჩვენ დროების ფილოსოფოსის მოსწრობილ შედარებაში: ”ხე ცხოვრებისა, - ამბობს იგი, - და ხე ცნობადისა ერთს ფესვზედ ამოდიან, ხოლოდ იმათი აღყვავება სხვადასხვა დროს მოდის. როცა ცხოვრების ხეზედ ჭკნება ყვავილი, მაშინ მწიფდება ნაყოფი ცნობადის ხეზედ; ამ ნაყოფის თესლი ჰბადავს ახალ ყვავილებსა ცხოვრების ხეზედა“.
ჩვენ იქნება დაგვგმონ, რომ გაუკეთეთ ამისთანა შესავალი ამ სტატიასა. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებიან, რომ ცხოვრება არ გამოიჭრება ხოლმე კაცისაგან მოგონილ რიკრიკაზედ; რომ თუმცა იგი ბერდება, მაგრამ თითონვე გვაძლევს ხოლმე თესლს მომავალ გადახალისებულ ცხოვრებისათვის; რომ მეცნიერება და ხელოვნება არ არიან მოგონილნი კაცის ჭკვის და გამოხატულობის ვარჯიშობისაგან, რომ იგინი იბადებიან ცხოვრებისაგან და არსებობენ ცხოვრებისათვის; რომ იგინი წინ მიდიან ცხოვრების მეოხებით და მერე თითონ მიჰყავთ ცხოვრება წინა; რომ რაც მაგათგან არის მოყვანილი ცნობაში, მხოლოდ ის გადადის ხალხში და ხოლოდ იგი ჰსცვლის ხალხის მდგომარეობასა.
მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მეცნიერება და ხელოვნება, - ეგ უდიდესნი სალარონი, სადაც კაცობრიობის გენია აწყობს ხოლმე თავის გონიერების საუნჯესა, - არ არიან ყველასათვის გაღებულნი. მაგ სალაროში შედიან ხოლმე ხოლოდ აღმორჩეულნი პირნი, ხოლოდ ხალხის დაწინაურებულს თავობას აქვს იმათ კარის გასაღები, ხოლოდ იგინი სარგებლობენ და ისაკუთრებენ იმათ საუნჯესა, მაშინ როდესაც იმათი განმანათლებელი სხივები საჭირონი არიან ყველასათვის. სადაც, რომელ ხალხშიაც ეგ არის, იქ მომეტებული ხალხი სიბნელეში დადის, მცირედი ნაწილი კი ინათლებს თავის ცხოვრების გზასა. ხალხი ყოველთვის საჭიროებს, რომ იხელთოს მეცნიერების და ხელოვნების საუნჯენი, მაგრამ ვერ მიჰსწვდომია. მაშინ იბადება საჭიროება იმ საშუალობისა, იმ ღონისძიებისა, რომელმაც იმისთანა თვისება უნდა იქონიოს, რომ მრავალთათვის მისაწდომი გახადოს ის, რაც მეცნიერებაში და ხელოვნებაში დასაკუთრებული აქვს უმცირესსა ნაწილსა; იმ ღონისძიებამ, საშუალობამ უნდა მოჰკრიფოს ნაყოფი მეცნიერების და ხელოვნების ხეზედ და გადმოჰსცეს ხალხსა. ის საშუალობა, ის ღონისძიება უნდა ცდილობდეს, რომ თუ არ სრულიად ხალხთან, მომეტებულ ნაწილთან მაინც დაიჭიროს საქმე, შეიქმნას შუამავლად მეცნიერების და ხელოვნების - ერთის მხრით, საზოგადოებისა და ხალხისა - მეორის მხრით. მაგ ძნელ საქმეს არეულებს ყველგან სხვათა შორის ლიტერატურა.
ლიტერატურა, ვრცლად რო გავსინჯოთ, ნიშნავს ყოველფერს, რაც კი რამ არის დაწერილი. იგი განიყოფება ორ დიდ ნაწილად: 1) წმინდა ლიტერატურა, ანუ ბელლეტრისტიკა, ანუ კიდევ როგორც ჩვენა ვბედავთ თარგმანსა, საუცხოვო ლიტერატურა. ამ ნაწილს ეკუთვნიან წერილნი ხელოვნებისანი; 2) სამეცნიერო ლიტერატურა; ამას ეკუთვნის ყოველი წერილი მეცნიერებისა. არის კიდევ ერთგვარი ლიტერატურა, რომელიც უფრო ადვილად ასრულებს ზემოდთქმულს შუამავლობასა, - მაგგვარ ლიტერატურას ჰქვიან „ადვილი ლიტერატურა“, იმიტომ რომ იგი დანიშნულია ხოლოდ იმისათვის, რომ უფრო, რამოდენათაც შეიძლება, გააადვილოს მეცნიერების და ხელოვნების ნაყოფის მოკრეფა საყოველთავო მოსახმარებლად, მეცნიერების და ხელოვნების ძნელი მისახვედრი ცნობაები გაამარტივოს, გააადვილოს საყოველთავო გასაგებად, და ამით განავრცელოს საჭირო სწავლა და ცნობაები ხალხშია. ამგვარ ლიტერატურას ეკუთვნის ჟურნალიცა...
[ნაწყვეტი მეექვსე]*
ჩვენი საზოგადოების ფიზიოლოგია
Нет, нет! нигде приюта нет!
მრავალი, მრავალი წელიწადია, ჩვენო დავრდომილო ქვეყანავ, რაც შენს შვილს ერთი ცოცხალი აზრი, ერთი პატიოსნური გრძნობა არ ჩავარდნია გულში. შენ გადაჩვეულხარ ერთსაც და მეორესაც, იმიტომ რომ სიპ ქვაზედაც რომ წვეთი მუდამ, დაუყოვნებლივ სწვეთდეს, იმასაც გაარღვევს. მერე ასე გადაჩვეულხარ, რომ ნახო კიდეც ცოცხალი აზრი, პატიოსნური გრძნობა, ვერ იცნობ. ეს კიდევ არაფერი, რომ ვერ იცნო, აიღებ და იმასაც ლაფში გასვრი, იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს ბნელს საპყრობილეში დამწყვდეული კაცი, როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს იფარებს. რადგანაც სინათლე თვალებსა სტკენს, - იგი გადაჩვეულია, და რაც ნათელია - იმას თვალებზედ ხელის აფარებით აბნელებს. შენს ღონიერ დედამიწაზედ იქნება ხუთი და ექვსი კაცი იმისთანა დადიოდეს, რომელნიც სადმე კუთხეში ტირიან შენს ყოფაზედ, მაგრამ იმათი ხმა შენამდინ როგორ მოახწევს. თუნდ მოახწიოს, რა გამოვა? კეთილს რომ გადაჩვეულნი ვართ, იმათ ბოროტების კუდს გამოვაბამთ; სიტყვას, რომელსაც იქნება გულიდამ სისხლიც ამოაყოლა, წაუმურტლავთ, გრძნობას ფეხ-ქვეშ გაუსრესთ, იმედს სასაცილოდ აუგდებთ. რა ქნას იმან? უნდა მოგვშორდეს ჩვენ, წავიდეს სადმე, დაიმალოს და იგლოვოს ის ხალხი, რომელიც უყვარს, რადგანაც თვით იმ ხალხის შვილია, და რომელსაც ისე გასწვრილებია, გასწბილებია გული და გონება, რომ სხვასაც არ ინდობს და, როგორც შურიანი, მართალს სიტყვას, პატიოსნურს ქცევას ამურტლებს და ჰყრვნის. კარგია, თუ ვინმე იმათგანი მისთანა თამამი გულისაა, რომ ხალხის სიყვარულისათვის ამ საძაგლობას არ დაერიდება და ათას ჭირში და ვაი-ვაგლახში გააპობს მკერდით თავის მოძმეთა ბოროტებასა; მაგრამ მაინც კიდევ ხომ სიკვდილია იმისათვის, როცა ხედავს, რომ ვისთვისაც ჭირშია, ვისთვისაც იბძვის, ვისთვისაც იტანჯება, ის პირველი ესვრის ქვასა სხვათა შორის. რაც უნდა თავგამოდებული იყოს, რაც ღონე და ამბედაობა ქონდეს, მაინც და მაინც ღონეც და გამბედაობაც მოაკლდება, მუხლი მოეჭრება ცოტად მაინცა და ხალისიც დააკლდება. თქვენ არ იცით რა ძალა აქვს საზოგადო ხმას: როცა ის კაცს აქეზებს, კლდეს გაარღვევინებს, სუსტსა ახოვნებას აძლევს; და როცა ისევ ის ხმა ბოროტობს, თვით ახილესსა ქონდრის-კაცად თუ არა ხდის, დაასუსტებს მაინცა. ტყუილად კი არა აქვთ მუშა ხალხთა ჩვეულება, რომ როცა მძიმე რასმესა სწევენ, ერთხმად დასძახებენ: ეს ხმა ბევრსა ჰშველის, სუსტს თავის უღონობას ავიწყებს. ტყუილად კი არ იციან მეომართა კიჟინა, როცა უნდათ, რომ მტრის რაზმი გაარღვივონ, - ამ კიჟინით მხდალი ლომადა ხდება.
მძიმე საცხოვრებელია ეს ჩვენი ქვეყანა გონიერი კაცისათვის, იმ კაცისათვის, რომელიც თავის-თავად გარეითად, სხვაზედაც ფიქრობს, სხვაზედაცა სწუხს. ის ჩვენში ფრთას ვერ გაშლის, სულს ვერ მოიბრუნებს. შევა დიდკაცის სახლში, თუ თითონ დიდი კაცია - პატივი აქვს, ე.ი. კანონიერად გაუღიმებენ, კანონიერად ხელს ჩამოართმევენ. თუ პატარა კაცია, მაშინ წელს გაუშინჯვენ, კარგად იგრიხება თუ არა; თუ გაჭირდა, თავს ისე დაუკრავს, რომ შუბლი მიწას დაჰკრას თუ არა; თავი მზეუჭვრიტისა აქვს თუ არა: როგორც მზეუჭვრიტე მზისკენ მიბრუნდება, ისე თავიც იმისაკენ უნდა მიბრუნდეს, ვინც ორი თუ სამი სტრიქონით თავად-აზნაურობის სიაში წინ არის მოხსენებული. ვინც ესე არ არის მოწყობილი და აგებული, ის იმათ ხელს არ მისცემს. ის დიდკაცობა, როგორც სხვაგან, ისე ჩვენში, სწორედ კუბოა, რომელიც გარედამ ხავერდით არის მოსილი და ბუზმენტებით გაბრწყინვებული, მაგრამ ახსენით ის ბუზმენტები და ახადეთ თავი, შიგ ძვლების და სულის და ხორცის გახრწნილების მეტს ვერას დაინახავთ. ისინი, მართალია, ცხოვრებენ და შურსა მოჰგვრიან ხოლმე ღარიბსა, რომელიც ოფლით შოობს ლუკმასა, მზესთვის ვერ შეუხედნია, იმიტომ რომ თუ თავის საქმეს თვალი მოარიდა, შიმშილით სული ამოუვა. მაგრამ ნუ გშურს, ღარიბო! შენი ძონძები, შენი ცრემლში ამომბალი ლუკმა, გამხმარი პური, ირჩიე იმათ ბრწყინვალებასა. შენს ოფლით ჩამწვარ თვალებზედ და მზემოკიდებულ სახეზედ ის მაინცა ჩანს, რომ შენ მოცლა არა გქონია, რომ შენს კაცობაზედ გეფიქრნა, გონება გაგეხსნა, გული გაგეთბო; იმათ ეგეც არა აქვთ. იმათ მინის თვალებში ეტყობათ, რომ მოცალეობა...
[1862 წ.]
_________________
* დასაწყისი ამ ტექსტისა წარმოადგენს ზემოთ დაბეჭდილი მეოთხე ნაწყვეტის განმეორებას. ამიტომ ეს ნაწილი გამოვტოვეთ. (რედ.)
მასალები „ცისკრის“ წარმოების გასარჩევად
ხელნაწერი: ავტოგრაფები, U კრებული (რვეულის დაშლილი ფურცლები) № 158, გვ. 1-38 (A; U, № 187/B).
სათაური: „მასალები „ცისკრის“ წარმოების გასარჩევად“ (თავფურცელზე), „ცისკარი“ 1857-1862 წლამდინა“, „ცისკარი“ 1857-1863 წლამდინა“, „ცისკარი“, ლექსთმთხზველები 1857-1862 წლამდინა“ (ცალკეული ნაწყვეტების სათაურები) A; „ჩვენი საზოგადოების ფიზიოლოგია“ B.
პირველად დაიბეჭდა პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედაქციით გამოცემული ილია ჭავჭავაძის ნაწერების სრული კრებულის IV ტომში 1927 წელს სათაურით „ცისკარი“, 1857 წლიდან 1862 წლამდინა“.
№ 158 ხელნაწერ კრებულში სხვადასხვა ფერის მელნით (აქა-იქ ფანქრით) ნაწერი და ნასწორები ავტოგრაფების ნაწყვეტებია (ამათგან ზოგი შიდა და ბოლო გვერდები დაუწერელია). აქ არის 1857-1862 წლების „ცისკრის“ მასალების შესწავლისას წამოჭრილი მოსაზრებების ფრაგმენტები. წერილის წერა ილიას რამდენიმეჯერ დაუწყია თითქმის ერთი და იგივე სათაურით, მაგრამ არც ერთი დასრულებული არ არის. ამათგან მეხუთე ნაწყვეტის დასაწყისი და ზოგიერთი დებულება ილიას შემდეგ გამოუყენებია თავის სტატიაში „დ“. ასევე მეოთხე ნაწყვეტიდან დებულებები ილიას უფრო გვიან გამოუყენებია წერილში - „ზოგიერთი რამ“, ხოლო მესამე ნაწყვეტიდან „წერილებში ქართულ ლიტერატურაზე“.
რვეულს ბოლოში ერთვის ილიას შედგენილი კონსპექტი, სადაც ამოწერილია განსახილველი მასალა - ჟურნ. „ცისკრის“ ფურცლებზე 18571863.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის მითითებულ გამოცემაში პავლე ინგოროყვას ეს ნაწყვეტები დაულაგებია; ერთი საკითხის შესახებ რამდენიმეჯერ განმეორებული მსჯელობიდან ძირითადი ამოურჩევია და დაუნომრავს: - ნაწყვეტი პირველი, ნაწყვეტი მეორე, ნაწყვეტი მესამე და ა.შ. სულ ექვსი ნაწყვეტია, აქედან პირველი ხუთი ნაწყვეტი № 158 ავტოგრაფშია მოთავსებული, ბოლო - მეექვსე ნაწყვეტი კი - № 187 ავტოგრაფში (ეს უკანასკნელი შავი მელნით არის ნაწერი და ნასწორები).
პ. ინგოროყვას ცნობით ბოლო ნაწყვეტის ავტოგრაფი (ალბათ მისი ვარიანტი) ი. გრიშაშვილის არქივში ყოფილა დაცული (ფონდის ან ავტოგრაფის ნომერი მითითებული არ არის). ჩვენ ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ხსენებულ ავტოგრაფს ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის არქივში ვერ მივაკვლიეთ.
მეხუთე ნაწყვეტს პირველად სათაური ჰქონია „ჟურნალის მნიშვნელობა“. შემდეგ ეს სათაური ავტორს წაუშლია და მის ნაცვლად დაუწერია „ცისკარი“ 1857-1863 წლამდინ“.
წინამდებარე ტომში ტექსტი იბეჭდება იმ თანამიმდევრობით, როგორც იგი ილიას ნაწერების ზემომითითებულ გამოცემაში (და მასზე დაყრდნობით - შემდგომ გამოცემებში) გამოქვეყნდა.
როგორც პ. ინგოროყვა აღნიშნავს, „ილიას ეს წერილი თავდაპირველად, ჩანს, ფართოდ ჰქონდა განზრახული. იგი ფიქრობდა მოეცა ამ წერილში საფუძვლიანი კრიტიკული ანალიზი თანამედროვე ქართული ლიტერატურისა, რომელიც ამ დროს წარმოდგენილი იყო ჟურნალ “ცისკრის“ სახით, და მასთან დაკავშირებით დაესახა ქართული მწერლობის განვითარების მომავალი გზები. თუ რამდენად ფართო მოცულობით უნდა ყოფილიყო ეს წერილი, ამას სხვათა შორის გვიჩვენებს ილიას მიერ შედგენილი კონსპექტი, რომელიც შენახულია ამ წერილის ესკიზებთან ერთად“.
ილიას თხზულებათა 1925-1929 და 1951-1961 წლების გამოცემებში ამ კონსპექტიდან მხოლოდ რამდენიმე ადგილია დაბეჭდილი. ჩვენს გამოცემაში ეს კონსპექტი მთლიანად დაიბეჭდება ილიას სხვა ჩანაწერებთან ერთად, რომელთა შეტანაც ნავარაუდევია XIX ტომში.
![]() |
3.2 ხელოვნება და მეცნიერება |
▲back to top |
...სიტყვა შემოიტანა. ვსთქვათ მოიგონა შესაფერი სიტყვა, წმინდა ქართული, ან ჰსთარგმნა, ან კიდევ უცხო ენის სიტყვა იხმარა, მაინცდამაინც არც ერთს შემთხვევაში მწერალი დაჯერებული არ არის, რომ აზრი, რომელსაც მიანდობს იმ სიტყვას, ადვილად გასაგები იქნება. რაც უნდა კარგად მოიგონო სიტყვა, თუნდა წმინდა ქართულიც იყოს, რაკი იმ სიტყვას ახალს მნიშვნელობას მიჰსცემ, ისიც ისე გაუგებარი იქნება ჯერხანად, როგორც უცხო ენის სიტყვა. ამ უკანასკნელ დროს რამდენი ახალი სიტყვა შედგა წმინდა ქართული: შიგ-მდებარება (содержание), მიქცევ-მოქცევა (отношение не в смысле математического отношения), წარლტოლვილი (отвлеченный), მოთხოვნილება (требование), გავლენა (влияние), მიმართულება (направление), მეცნიერება (наука), და თვით „მამული“ უწინ იხმარებოდა როგორც მარტო დედულ-მამულის სახელი, ეხლა ეგრეც იხმარება და ისეც, როგორც მთელი სამშობლო ქვეყნის საზოგადო სახელი, მაგ. ჩემი მამული საქართველო. აი, ეს სიტყვები ხომ სულ წმინდა ქართულია, მაგრამ მაინც კიდევ ადვილად გასაგებნი არ არიან, იმიტომ რომ ახლები არიან, ე.ი. ახალის აზრით და მნიშვნელობით იხმარებიან. რასაკვირველია, ამ სიტყვების აზრს შევეჩვევით თავის დროზედ, მაგრამ მინამ შევეჩვევით, იმ დრომდე ეგენი ბნელნი იქნებიან და ძნელად გასაგონნი. რაც ხალხი უფრო ნაკლებ განათლებულია, მით უფრო ცოტა სიტყვა აქვს თავის ენაშია. ანგლიაში ერთ პასტორს გამოუკვლევია, რომ ანგლიის გლეხი - თუ ხსოვნამ არ მიღალატა - თავის გრძნობის, საჭიროების, აზრის გამოსათქმელად მარტო 3.000 სიტყვას ხმარობსო. დარწმუნებული ვარ, რომ 3.000 აზრის მეტი იმის გონებაში არ არის, იმიტომ რომ ყოველი სიტყვა აზრის წარმომადგენელია; თუ მეტია - მეტი აზრიც ექნებოდა. ფილოსოფოსი ხმარობსო 10.000 სიტყვას; ჰსჩანს, რაც აზრი მეტია, სიტყვაც მეტია. შექსპირი კიო, - ამბობს იგივე, - შექსპირი, რომლის მსგავსი მწერალი ჯერ არ ყოფილა, ხმარობდაო 15.000 სიტყვასა. რაც ერთზედ ითქმის, ის მთელ ხალხეზდ ითქმის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობ ჩვენი ხალხი ანგლიის ხალხზე უფრო ცოტა სიტყვით იოლად მიდის, იმიტომ რომ ისინი ჩვენზედ განათლებულები არიან: მეტი საჭიროება, მეტი გრძნობა, ერთის სიტყვით - მეტი აზრი აქვსთ და, რასაკვირველია, იმ აზრების გამომთქმელს მეტი სიტყვაც უნდა ჰქონდეს. თუ ხალხი ცხოვრობს, განვითარებაში არის, ე. ი. აზრიანობა, გამსჯელობა ემატება, სიტყვაც მოემატება, ენაც გაუმდიდრდება. ვინც იძახის, ნუ იხმარებთ ახალს სიტყვებსაო, იმან არ იცის, რას ამბობს. ის ამით ამბობს, რომ აზრს ნუ გვმატებთო, გონებას მხედველობას ნუ უვრცელებთო, წინ ფეხს ნუ გვადგმევინებთო, ერთი სიტყვით - კაცნი კაცობას ნუ ჩემობთო.
თუ სტატია ძნელი გასაგები გამოვა, ცოტაოდენად მაინც წინადვე ბოდიში მოვიხადეთ ამ წინასიტყვაობით ეხლა გულუშიშრად შევუდგებით ჩვენს საგანსა.
რა არის ხელოვნება? რა არის მეცნიერება? ხელოვნებიდამ დავიწყოთ. აი, ვჰსთქვათ, მიდიხართ და ხედავთ ლუსკუმას (статуя), მარმარილოდამ გამოკვეთილს ადამიანის სახეს და აგებულებას. თუ ის ლუსკუმა მართლა-და წმინდა ხელოვნებაა, თანდათან უფრო მიგიზიდავთ, იმიტომ რომ იმ მარმარილოდამ თანდათან გამოჰსჭვივის შიგ-მდებარე აზრი, რომელიც თან სულსავით ჩაუყოლებია გამომკვეთსა. როგორ გამოჰსჭვივის და რაში? დააცქერდებით სახის ყოველს ნაკვეთსა, იმიტომ რომ გამომკვეთსა, რაკი ეგ სახე შეუქმნია, ის ფიქრი ჰქონია, რომ მაგ სახით მიგახვედროსთ შიგ-მდებარე აზრსა. ვჰსთქვათ, ის აზრი ვაჟკაცობის, თავგამოდების, დიდებულების აზრია, რაკი აზრს მიხვდით, მაშინვე იმას ჰგრძნობთ, რომ ამ მარმარილოს სახემ უსიტყვოდ, უთქმელად შეგატყობინათ გამომკვეთელის აზრი. ის აზრი სახეზედ და სახის ნაკვეთებში იყო აღბეჭდილი, მერე ისე ცხადად, რომ თქვენ მაშინვე იცანით. საკვირველია, ქვამ, ქვიდამ გამოკვეთილმა, ისე ცნობიერად როგორ გითხრათ აზრი, რომელიც გამომკვეთსა ჰქონია და სახეზედ აუბეჭდია? საკვირველია, ისე როგორ გამოუყვანია სახე, რომ მარტო ვაჟკაცობას, თავგამოდებას, დიდებულებას ნიშნავს და სხვა არაფერს. საკვირველია და ამ საკვირველებაშია მთელი საიდუმლოება ხელოვნებისაცა. ვჰსთქვათ, თქვენს სიცოცხლეში გინახამთ ვაჟკაცი, დიდებული, თავგამოდებული ადამიანი. ვჰსთქვათ, ამ ლუსკუმის ყურებაზედ მოგაგონდათ იმ ადამიანის სახეც და შეხედულობაცა. ახლა გინდათ, რომ ეს ორი, ლუსკუმა და იმ ადამიანის სახე, ერთმანეთს შეადაროთ. შეადარეთ, მაგრამ ნახამთ, რომ ეს ლუსკუმა ვაჟკაცობაში, დიდებულებაში, თავგამოდებაში ჰგავს იმ თქვენს ნაცნობსა და სხვაში სრულიად არა, - ერთის სიტყვით ეს მარმარილოს სახე იმ კაცის სახე არ არის; ახლა სხვა ვაჟკაცის, დიდებულის, თავგამოდებულის კაცის სახე მოგაგონდათ, ახლა ისიც შეადარეთ, - ხედავთ ისევ იმას, რომ ეს ლუსკუმა ვაჟკაცობაში, დიდებულებაში, თავგამოდებაში ამასაც ჰგავს, მაგრამ რომ ჰსთქვათ, რომ ეს სახე იმის სახეა, რა არის იმის სახე; ახლა მესამე, ახლა მეოთხე, მთელი ქვეყნის ვაჟკაცების, დიდებულების და თავგამომდებლების სახეები ამ მარმარილო სახეს რომ შეადაროთ, არც ერთი არც ეგვანება და ეგვანება კიდეც. გიკვირთ თქვენ, მაგრამ საკვირველი აქ არ არის რა. ჰგავს იმიტომ, რომ რაც საზოგადო ნიშნები ჰქონიათ მთელ ქვეყნის ვაჟკაცებს, დიდებულებს, თავგამომდებლებს, ისინი სულ არიან გამოკვეთილნი ამ მარმარილოს სახეზედ და ამიტომ გვანან და ამიტომაც ადვილად მიუხვდით გამომკვეთელს აზრსა; და რაც კი კერძოობითი ნიშნები ჰქონიათ, რაც კი ერთსა ჰქონია და მეორეს კი არა, იმათთვის გული არ უთხოვებია გამომკვეთსა, ამიტომ არა ჰგავს. რაც საზოგადო ჰქონიათ, ის მოუკრეფია გამომკვეთსა, და რაც კერძოობითი, მისთვის თავი დაუნებებია, იმიტომაც ისინი ჰგვანან კიდეც და არცა ჰგვანან. ამ საზოგადო ნიშნების ერთად, წყობილად შეკრეფითა იზომება სიბრძნე და გონიერება ხელოვანისა...
[1862-1863 წ.წ.]
ხელოვნება და მეცნიერება
ხელნაწერი: ავტოგრაფი, U № 162, გვ. 1-2.
ავტოგრაფი უსათაუროა, ხელმოუწერელი და უთარიღო. იგი, ჩანს, რაღაც წერილის ნაწყვეტს წარმოადგენს. სათაური - „ხელოვნება და მეცნიერება“, - გვიანდელი მინაწერია, უცნობი ხელით.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემაში ნაწყვეტი პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს, ამავე სათაურით, ილია ჭავჭავაძის ნაწერების სრული კრებულის IV ტომში. აღნიშნულ გამოცემაში „ხელოვნება და მეცნიერება“ 1862-1863 წლებით იქნა დათარიღებული, რადგან ამ ნაწყვეტსა და მითითებულ პერიოდში დაწერილ ილიას სხვა წერილებს შორის აშკარა მსგავსება შეინიშნება. ასეთი დათარიღება სარწმუნოდ მიგვაჩნია.
![]() |
3.3 „მამის მკვლელი“ |
▲back to top |
1) დაწყებული არ არის ურიგო.
2) ბევრი მეტია შიგ ჩართული, მაგალითებრ, იხილე სალდათების საუბარი, იაგოს გაქცევის საქმე (გვერდი 145 და შემდეგი. აგრეთვე დიამბეგის სიავის ამბები ერთობ გადამეტებულია და ავტორს არც წესი სცოდნია).
3) კარგი აღწერის მაგალითი (გვ. 107, 155, 168, 190, 231)**.
4) მანერად კარგია, როცა ეპიზოდია აწერილი და ეპიზოდის ახსნას ავტორი მკითხველს უთმობს. ყაზბეგს ამისი მაგალითები აქვს.
5) მეორე ნაწილიც არ გვიხსნის ნასკვს მოთხრობისას, ვინ არის მამის მკვლელი და რად ჰქვიან ეს სახელი მოთხრობას.
6) მაგალითი კარგის ნათქვამისა 164, 165, 168, 198.
7) ლამაზი ეტნოგრაფიული სურათი 165.
8) გადახვევა 260, 274, 288, 318, 330 და შემდეგი.
9) გაუგებარი ადგილები. 226, 262, 316, 318, 322, 323, 326, 328, 331.
10) ენის უხერხობა 180, 182, 195, 208, 212, 216, 222, 229, 256, 257, 264, 272, 285, 288, 312, 314.
11) ჩორა ვინ არის 262, 281. მარტია? 292.
[1891 წ.]
„მამის მკვლელი“
ხელნაწერი: ავტოგრაფი, U № 182.
ავტოგრაფში პირველი ხუთი შენიშვნა შავი მელნით არის ნაწერი, მომდევნო ნაწილი კი - ფანქრით. ფანქრითვეა შეტანილი ერთი სწორება მე-5 საკითხის შენიშვნის მეორე სიტყვაში („ნაწილიც“), რომლის ნაცვლად თავდაპირველად (მელნით) ილიას დაუწერია „მოქმედებაც“ ფანქრითაა ჩაწერილი მესამე შენიშვნის უკანასკნელი სამი ციფრი (168, 190, 231), ხოლო მეცხრეში გვერდების მინიშნების დასაწყისში გადახაზულია - „177“ - და იქვე, შესაბამის ადგილზე, - „329“.
ავტოგრაფი პირველად გამოაქვეყნა პ. ინგოროყვამ, - ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის III ტომში, 1953 წელს.
როგორც პ. ინგოროყვაც აღნიშნავს, ილიას ჩანაწერში, „მამის მკვლელის“ ესა თუ ის გვერდი ალ. ყაზბეგის თხზულებათა 1891 წლის გამოცემის მიხედვითაა მითითებული, - იხ. თხზულებანი ა. ყაზბეგისა (ა. მოჩხუბარიძის) ტ. II, თბილისი, „ქართველთა ამხანაგობის“ გამოცემა № 6, 1891, - ამიტომ ჩანაწერი, პირობითად, 1891 წლით დავათარიღეთ.
![]() |
4 ვარიანტები, კომენტარები, შენიშვნები ტექსტისათვის |
▲back to top |
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოცტომეულის წინამდებარე ტომში თავმოყრილია და ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი ილიას სამოცდათორმეტი წერილი, რეცენზია, ფელეტონი, სიტყვა და ჩანაწერი. აქედან ცალკეა გამოყოფილი მხოლოდ დაუმთავრებელი წერილები და ნაწყვეტები, რომლებიც - ასევე ქრონოლოგიური თანამიმდევრობით, - ტომის ბოლოს არის დაბეჭდილი.
ტომში შესული მასალების უმრავლესობა, როგორც ეს ტომის წინასიტყვაობაშიც აღინიშნა, არაერთხელ გამოქვეყნებულა და მკითხველთათვის საყოველთაოდაა ცნობილი, ხოლო საკმაოდ დიდი ნაწილი დღემდე არ დაბეჭდილა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულებში და სპეციალისტთა გარდა, ფაქტობრივად, სრულიად უცნობია ჩვენი საზოგადოებისათვის; ზოგიერთი წერილისა თუ ფელეტონის ილიასეულობა კი მხოლოდ უკანასკნელ ხანებში, წინამდებარე გამოცემაზე მუშაობის პროცესში გაირკვა. კერძოდ, ტომის შემდგენლების მიერაა დადგენილი ილიასეულობა ტომში დაბეჭდილი წერილებისა და ფელეტონებისა: „წერილები გადაღმითგან“, „პასუხი ნიკო ნიკოლაძეს“, „დრამატული საზოგადოების გასაჭირი“, „ორნი არიან, ტოლნი არიან, ანუ აგანგალა, განგალა, შავროვი და სანდალა“, „წერილები სხვადასხვა რაგინდარაზე“, „კრიტიკა სანათურია ლიტერატურისა“; ტომში იბეჭდება აგრეთვე „სფირიდონის და თადეოზის ბაასი“ და „წერილი მეგობართან“, რომელთა ავტორობის საკითხი დიდი ხნის მანძილზე აზრთა სხვადასხვაობის საგანს წარმოადგენდა; ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულებში დღემდე არ ყოფილა შეტანილი ილიას სიტყვები, წარმოთქმული რაფიელ ერისთავის იუბილეზე და ქართული თეატრის 50 წლის იუბილეზე, ასევე - „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნებული რიგი წერილებისა და თეატრალური რეცენზიებისა, რომელთა ილიასეულობა ეჭვს არ იწვევს სპეციალისტთა შორის და რომელთა ნაწილი სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულიც იყო ილიას შემოქმედების მკვლევართა მიერ. ესენია: „საქართველოს მატიანე (შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ ქართულ სცენაზე)“, „ქართული თეატრი (ჩვენი საზოგადოების გულგრილობა თეატრისადმი)“, „თეატრის როლი ერის ცხოვრებაში“, „ქართული თეატრი (ზოგიერთი დადგმის შესახებ ქართულ სცენაზე)“, „ქართული თეატრი და მაყურებელი“, „ქართული თეატრი (ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვპოვე“), „ქართული თეატრი („ცოლი-მეუღლე“ ქართულ სცენაზე)“, „ქართული თეატრი („თამარ ცბიერი“ და „მეჯლისი იტალიელებით“ ქართულ სცენაზე)“, ისევ „თამარ ცბიერის“ დადგმის გამო“, „ქართული თეატრი („ჰამლეტი“ შექსპირისა)“, „იონა მეუნარგიას მომავალი ლექციები გრიგოლ ორბელიანზე“, „დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო“, „დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლი“, „კარგად წაკითხვა წასაკითხისა“, „ერნესტო როსი მეფე ლირის როლში“, „თ. დავით გიორგის ძე ერისთავი“, „გრ. ელისეევი“, „ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი“, „თეატრის მატიანე (დავით ერისთავის „ამშობლოს“ განახლებული დადგმა)8.
აღსანიშნავია, რომ არამარტო მითითებული მასალები, არამედ წინამდებარე ტომში თავმოყრილი ილიას სხვა წერილების, რეცენზიებისა თუ ფელეტონების დიდი უმეტესობაც გასული საუკუნის ქართული პერიოდიკის ფურცლებზე ხელმოუწერლად ან, ცალკეულ შემთხვევებში, სხვადასხვა ფსევდონიმებით ქვეყნდებოდა და, ბუნებრივია, მათი ატრიბუცია გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.
ილია ჭავჭავაძის ზოგიერთი ხელმოუწერლად გამოქვეყნებული ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის ილიასეულობა მკითხველი საზოგადოებისათვის 1909 წელს გახდა ცნობილი - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემული „ილია ჭავჭავაძის ნაწერების“ მომცრო კრებულიდან9. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი კი ამ მხრივ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1929 და 1951-1961 წლების გამოცემებმა შეასრულა10, რომლებშიც ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებისადმი მიძღვნილი, ილიას სამ ათეულამდე მანამდე უცნობი (ხელმოუწერლად ან ფსევდონიმებით გამოქვეყნებული თუ არქივებში მოძიებული) კრიტიკული და თეორიული წერილი, რეცენზია და ფელეტონია დაბეჭდილი. დასახელებულ გამოცემებში, აღნიშნულ მასალათა ატრიბუციისას, მათი შინაარსისა და სტილის თავისებურებებთან ერთად, გათვალისწინებულია როგორც ილიას თანამედროვე ქართველ მოღვაწეთა - ნიკო ნიკოლაძის, გრიგოლ ყიფშიძის, არტემ ახნაზაროვის, თედო სახოკიას, ილია ზურაბიშვილის, ნიკოლოზ მთვარელიშვილის, - მოწოდებული ცნობები და გაზეთ „ივერიის“ რედაქციისეული კომპლექტები 1886-1889 წლების „ივერიისა“ (სადაც ილია ჭავჭავაძის ხელმოუწერელ წერილებს მწერლის ინიციალები აქვს მიწერილი)11 ასევე, - ის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მითითებული მასალები ილიას სიცოცხლეშივე იყო შეტანილი მისი თხზულებების ხელნაწერ კრებულებში12, რომლებიც ზემოდასახელებული გამოცემების რედაქტორებმა, სრულიად სამართლიანად, თვით ილიას უშუალო ხელმძღვანელობით შედგენილად მიიჩნიეს13.
კვლევა-ძიება ილიას შემოქმედებითი მემკვიდრეობისა, საერთოდ, და საკუთრივ ლიტერატურულ-ესთეტიკური ნაწერების გამოსავლენად, შემდგომ წლებშიც გაგრძელდა და ილია ჭავჭავაძის ჩვენ მიერ ზემოთ მითითებული წერილები და რეცენზიები ქართველმა მკვლევრებმა სწორედ ამ ბოლო ათეული წლების განმავლობაში მოიძიეს.
როგორც წინამდებარე ტომის წინასიტყვაობაშია აღნიშნული, ტომში შესულია ილიას ყველა წერილი, რეცენზია, ფელეტონი, სიტყვა თუ ჩანაწერი, რომლებიც ლიტერატურის და ხელოვნების თეორიულ პრობლემებსა თუ კონკრეტულ ფაქტებს და მოვლენებს, ან მწერლობისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგების წარმომადგენელთა შემოქმედებით მოღვაწეობასა და მხატვრულ მემკვიდრეობას ეძღვნება. განმარტებისათვის დავძენთ, რომ ტომში არ არის შეტანილი ილია ჭავჭავაძის ის წერილები თუ სიტყვები, რომლებიც, მართალია, ამა თუ იმ მწერლის ან ხელოვნისადმია მიძღვნილი, მაგრამ რომლებიც არ ეხება ამ მწერალთა თუ ხელოვანთა საკუთრივ მხატვრულ შემოქმედებასა და მოღვაწეობას და არ განეკუთვნება ილიას ლიტერატურულ-ესთეტიკური ნააზრევის სფეროს (ასეთია მაგ., ილიას წერილი ი. ს. აქსაკოვის შესახებ, - გაზ. „ივერია“, 1886 წ., №25; ასევე - ილიას სიტყვები, წარმოთქმული არტურ ლაისტის, ერნესტო როსისა თუ ევგ. მარკოვის პატივსაცემად გამართულ წვეულებებზე, - იხ. გაზ. „დროება“, 1884 წ., № 119; გაზ. „ივერია“, 1890 წ., № 129; გაზ. „ივერია“, 1899 წ., № 949 და სხვ.).
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინამდებარე ტომში დაბეჭდილია მხოლოდ და მხოლოდ ის მასალები, რომელთა ილიასეულობა, ტომის შემდგენლების აზრით, არავითარ დაეჭვებას არ იწვევს. ამიტომ ტომში არ არის შეტანილი ზოგიერთი წერილი და რეცენზია, რომლებიც თუმცა ცალკეულ მკვლევართა შეხედულებით ილიას მიეკუთვნება, მაგრამ ტომის შემდგენელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი ილიასეულობა უთუოდ შემდგომ დასაბუთებას მოითხოვს.
თავის წერილებს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე (ისევე, როგორც პუბლიცისტურ წერილებსაც) ილია ჭავჭავაძე, მეტწილად, არა მხოლოდ ხელმოუწერლად, არამედ, ამასთანავე, უსათაუროდ აქვეყნებდა. ამ წერილების დასათაურება შემდგომში მოხდა, - ორიოდე შემთხვევაში ილიას თხზულებათა ხელნაწერ კრებულებში მათი შეტანისას, ძირითადად კი მწერლის ნაწერების 1925-1929 და 1951-1961 წლების გამოცემებში გამოქვეყნების დროს. ილია ჭავჭავაძის უსათაურო წერილების (კერძოდ, საგაზეთო მეთაურების) დასათაურებასთან დაკავშირებით პავლე ინგოროყვა წერდა: „ამ წერილების რიცხვი საკმაოდ დიდია, და თუ ჩვენ მათ უსათაუროდ დავტოვებდით, ამით, რასაკვირველია, ძალზე გაძნელდებოდა ციტაცია ამ ნაწერებიდან, მითითება ამა თუ იმ წერილზე მათი განხილვის დროს და სხვა... სათაურების არჩევის დროს ჩვენ ვცდილობდით არ დავშორებოდით წერილების საერთო ტონს, და თითქმის ყველა სათაური აღებული გვაქვს თითონ წერილის ტექსტიდან“14.
სათაურები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის დაუსათაურებელ წერილებს ზემომითითებულ გამოცემებში მიეცათ, შემდგომში ილიას თხზულებათა უკლებლივ ყველა გამოცემაში განმეორდა და მტკიცედ დამკვიდრდა სამეცნიერო ლიტერატურასა და მკითხველთა ცნობიერებაში. ეს სათაურები წინამდებარე ტომშიც უცვლელადაა გადმოტანილი. ხოლო სათაურები ილიას მიერ დაუსათაურებელი იმ წერილებისა და რეცენზიებისა, რომლებიც ილიას თხზულებათა კრებულში პირველად იბეჭდება, უმეტესწილად ტომის შემდგენლებს ეკუთვნით (სათაურები თუ ქვესათაურები, რომლებიც ილიასეული არაა, კუთხოვან ფრჩხილებშია ჩასმული).
ტომში შესული წერილების, რეცენზიებისა და ფელეტონების დიდი ნაწილი თვით ილია ჭავჭავაძის მიერვეა დათარიღებული, ნაწილი - ილიას თხზულებათა 1925-1929 და 1951-1961 წლების გამოცემათა რედაქტორებისა და წინამდებარე ტომის შემდგენლების მიერ (დათარიღებანი, რომლებიც ილიას ეკუთვნის, ცხადია, უცვლელად არის დატოვებული, რომლებიც ილიასეული არაა, კვადრატულ ფრჩხილებშია ჩასმული, ხოლო შენიშვნებში განმარტებულია, თუ სახელდობრ რას ემყარება ესა თუ ის დათარიღება).
როგორც ტომის წინასიტყვაობაშიც არის აღნიშნული, ტომზე მუშაობის დროს შემდგენლები იმ პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც წინამდებარე გამოცემის პირველი ტომის სარედაქციო წერილშია ჩამოყალიბებული და წინა ტომებშიც დაცულია: გამოსაცემად ტექსტის მომზადებისას გათვალისწინებული იყო ილია ჭავჭავაძის ყველა დღემდე მოღწეული ავტოგრაფი და მწერლის სიცოცხლისდროინდელი ყველა ხელნაწერი და ნაბეჭდი წყარო (ეს წყაროები შენიშვნებშია დასახელებული); კალმისმიერი თუ კორექტურული შეცდომების, პუნქტუაციისა და კომპოზიტების დაწერილობასთან ერთად, ტექსტში შესწორდა აგრეთვე ზოგიერთი ორთოგრაფიული თუ გრამატიკული ფორმაც, - იმ ენობრივ ნორმებზე დაყრდნობით, რომელთაც თვით ილია ჭავჭავაძე იცავდა (ყოველი ასეთი სწორება შენიშვნებშია აღნუსხული); შენიშვნებში წარმოდგენილია როგორც ბიბლიოგრაფიული ხასიათის ცნობები ტომში დაბეჭდილ ტექსტებთან დაკავშირებით, ასევე - სათანადო მასალების არსებობის შემთხვევაში, - ძირითადი ტექსტის ვარიანტული ნაირწაკითხვები, განსხვავებული დათარიღებები და ავტორისეული ხელმოწერები თუ ფსევდონიმები; შენიშვნებში მოცემულია, აგრეთვე, განმარტებები ტექსტის ამა თუ იმ ადგილთან დაკავშირებით და სხვ. (კომენტირებისას პირველი ციფრი აღნიშნავს წინამდებარე ტომის გვერდს, მეორე - სტრიქონს).
შენიშვნებს ერთვის ანოტირებული საძიებლები ტექსტში მოხსენიებული პიროვნებებისა, ნაწარმოებების და პერსონაჟებისა, წიგნების და პერიოდული გამოცემებისა, დაბოლოს - გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.
ტომში დაბეჭდილი ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს და შენიშვნები დაურთეს: ეთერ შარაშენიძემ - 1860-1878 წლების წერილები, „მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის თავ. ჯამბაკურ-ორბელიანისა“ (1894 წ.), „სიტყვა, წარმოთქმული რაფიელ ერისთავის იუბილეზე“ (1895 წ.) და დაუმთავრებელი წერილები და ნაწყვეტები; ლეილა სანაძემ - „სხარტულა („ივერიის“ რედაქციას)“ (1879 წ.); ლამარა გვარამაძემ - 1882-1884 წლების წერილები და 1886 წლის ორი წერილი - „ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა“ და „დასავლეთის ეტიკეტი“; ლამარა მეგრელიშვილმა - 1886 წლის წერილები, „კრიტიკა სანათურია ლიტერატურისა“ (1898 წ.) და „სიტყვა, წარმოთქმული ქართული თეატრის 50 წლის იუბილეზე“ (1900 წ.), ცისანა ყიფშიძემ - წერილები 1837 წლიდან 1888 წლის მარტის ჩათვლით; ლამარა შავგულიძემ - წერილები 1888 წლისა (აპრილიდან), „ერნესტო როსი მეფე ლირის როლში“ (1890 წ.) და 1891 წლის წერილები; ლევან ჭრელაშვილმა - 1889-1890 წლების წერილები; იოსებ ლორთქიფანიძემ - 1892-1893 წლების წერილები.
__________________
8. მითითებული წერილებისა და რეცენზიების აბსოლუტური უმეტესობის ავტორად ილია ჭავჭავაძე პირველად დასახელებული იყო თამარ მაჭავარიანის „ქართული გაზეთების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში“ (ტ. III, ნაკვ. II, თბილისი, 1964 წ.), შემდეგ - ამ ბიბლიოგრაფიაზე დაყრდნობით, - თინათინ ნაკაშიძისა და ნინო კორძაიას წიგნში „ილია ჭავჭავაძე. ბიბლიოგრაფია. 1837-1907“ (თბ., 1966 წ.). განსხვავებული აზრი არასოდეს გამოთქმულა. ქვემოთ, შენიშვნებში, ეს ბიბლიოგრაფიები დამოწმებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი მათში შეტანილი წერილებისა თუ რეცენზიების ილიასეულობა ადრე არ იყო ცნობილი.
9. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც. საზოგ. გამოცემა №97, ტფილისი, 1909 წ.
10. იხ. ილია ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული ცხრა ტომად, შედარებული პირველწყაროებთან და შევსებული ახალი ტექსტებით, პავლე ინგოროყვას და ალ. აბაშელის რედაქციით, - გამომცემლობა „ქართული წიგნი“, ტფილისი, 1925-1929 წწ. (შენიშვნებში მოვიხსენიებთ მოკლედ: „1925-1929 წლების გამოცემა“, ან „ნაწერების სრული კრებული“); ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პავლე ინგოროყვას რედაქტორობით, - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი, თბილისი, 1951-1961 წწ. (შენიშვნებში მოვიხსენიებთ მოკლედ: „1951-1961 წლების გამოცემა“, ან „თხზულებათა ათტომეული“). ქვემოთ, შენიშვნებში, როცა აღნიშნული გვექნება, რომ წინამდებარე ტომში დაბეჭდილი ესა თუ ის წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის ნაწერების გამოცემებში პირველად შეიტანეს ამ გამოცემათა რედაქტორებმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღარ განვმარტავთ, რომ ამ წერილების ილიასეულობა დასაბუთებულია დასახელებული გამოცემებისათვის დართულ სარედაქციო შენიშვნებში, რომლებიც პავლე ინგოროყვას ეკუთვნის.
11. გაზ. „ივერიის“ 1886-1889 წლების მითითებული კომპლექტები, რომლებიც თვით „ივერიის“ რედაქციის მიერ იყო გადაცემული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავისათვის, ამჟამად საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. (F1 - №№ 2241, 2242, 2243ა, 265ბ).
12. იგულისხმება ხელნაწერი კრებულები, რომლებიც ამჟამად დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, ილია ჭავჭავაძის ფონდში, - №1052, №217. დასახელებული ფონდი შენიშვნებში - ისევე როგორც ჩვენი გამოცემის წინა ტომებში, - U ლიტერით აღინიშნება.
13. ეს შეხედულება, რომელმაც შემდგომში ფართო აღიარება პოვა, უკანასკნელ ხანებში დოკუმენტურადაც დადასტურდა (იხ. ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ატრიბუციისა და გამოცემის ისტორიის საკითხები, - ჟურნ. „მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია“, №2, 1981 წ.). ქვემოთ, შენიშვნებში, როცა მითითებული გვექნება, რომ წინამდებარე ტომში დაბეჭდილი ესა თუ ის წერილი, რომელიც ადრე ხელმოუწერლად იყო გამოქვეყნებული, შეტანილია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ხელნაწერ კრებულებში - U № 1052 და № 217, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღარ განვმარტავთ, რომ ამ ფაქტს იმთავითვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ წერილების ილიასეულობის დასადგენად. ასევე აღარ დავაზუსტებთ, თუ დასახელებულ გამოცემებში ილიას ხელმოუწერელი წერილების შეტანისას სახელდობრ რა შემთხვევებში ემყარებოდნენ გამომცემლები ილიას თანამედროვეთა მიერ მოწოდებულ ცნობებს, ან გაზეთ „ივერიის“ რედაქციისეული კომპლექტების ზემოთ მოხსენიებულ მინაწერებს.
14. ილია ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული, ტ. X, 1929 წ., გვ. 304-305.
![]() |
5 საძიებლები. |
▲back to top |
![]() |
5.1 პიროვნებანი |
▲back to top |
აბაზა ნიკოლოზ სავას ძე (1837-1899), სენატორი და ბეჭდვითი საქმის მმართველი
აბაშიძე ვ. ვასილ (ვასო) ალექსის ძე (1654-1926), ცნობილი ქართველი მსახიობი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთურთი ფუძემდებელი, ჟურნ. „თეატრის“ რედაქტორი. დრამატულ თხზულებათა ავტორი და მთარგმნელი. საქართველოს სსრ პირველი სახალხო არტისტი (1922 წ.).
აბაშიძე სამსონ (1835-1894) პუბლიცისტი, კრიტიკოსი.
აბდუშელიძე დავით მეჩუქურთმე.
ავალიშვილი ნიკოლოზ იაკობის ძე (1844-1929), ჟურნალისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე. 1878-1879 წლებში განახლებული ქართული თეატრის ერთ-ერთი მესვეური.
ავალოვისა (ავალიშვილი) ბაბო (ბარბარე) ანდრიას ასული (1851-1900), ქართული თეატრის მსახიობი.
აზათხანი აზატ-ხანი (გარდ. დაახლ. 1762 წ.) ირანის ჯარების სარდალი, იბრძოდა ირანის ტახტისათვის, ააოხრა ერევნის სახანო, დაამარცხა ერეკლე II-მ.
აკაკი იხ. წერეთელი აკაკი
ალექსანდრე II (1818-1881). რუსეთის იმპერატორი 1855 წლიდან გარდაცვალებამდე.
ალექსი-მესხიშვილი, სარდიონ დიმიტრის ძე (1814-1863), მწერალი, მთარგმნელი.
ალექსეევ-მესხიევი, ალექსიევი-მესხიევი, ალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ სარდიონის ძე (ლადო მესხიშვილი) (1857-1920), ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
ანაკრეონი ანაკრეონტი (დაახლ. ძვ. წ. 570-487), ძველი ბერძენი პოეტი.
ანდრონიკოვის ქალი ანდრონიკაშვილი ქეთევან (1862-1939), ქართული თეატრის მსახიობი.
ანტონოვი ზურაბ ნაზარის ძე (1820-1854), ქართველი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე.
ანტონ კათალიკოზი, ქაოალიკოზი, ანტონ I (ერისკაცობაში - თეიმურაზ ბაგრატიონი) (1720-1788), ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი.
აპოლონი ძვ. ბერძნულ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი და უძველესი ღვთაება.
არაგო დომინიკ ფრანსუა (1786-1853), ფრანგი ასტრონომი, ფიზიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე.
არისტოტელი, არისტოტელე (ძვ. წ 384-322), ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი, პლატონის მოწაფე, ალ· მაკედონელის აღმზრდელი.
არჩილ მეფე არჩილ II (1647-1713), ქართველი მეფე, პოეტი.
არწრუნი გრიგოლ (1845-1892) სომეხი პუბლიცისტი, მწერალი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, გაზ. „მშაკის“ რედაქტორი.
აღნიაშვილი ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე (1860-1904) ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი. მან 1885-1886 წლებში ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი (ქართული ხორო) ი. რატილის ლოტბარობით.
აწყურელი დავით მერაბის ძე გამყრელიძე (1863-1928), ქართველი მსახიობი.
აღა-მაღომედ-ხანი აღა-მაჰმად-ხანი (1742-1797), ირანის გამგებელი 1794-დან, შაჰი - 1796-დან, ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი.
ბაბინე ჟაკ (1794-1872) ფრანგი ფიზიკოსი, ასტრონომი.
ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ (1788-1824), ინგლისელი პოეტი, რომანტიკოსი.
ბაიერნო ბაიერი ფრიდრიხ (თევდორე) სამუელის ძე (1817-1886), ავსტრიელი ნატურალისტი და არქეოლოგი, კავკასიის სამუზეუმო ფონდების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბაიერნმა 1872 წელს დაიწყო სამთავროს გათხრები.
ბარათაშვილი გრ.
ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845), ქართველი პოეტი.
ბარათაშვილი რევაზ ვახტანგის ძე (1834-1863) - მთარგმნელი, ჟურნ. „ცისკრის“ თანამშრომელი.
ბარათოვი გ. (ბარათაშვილი გიორგი) XIX საუკ-ის 50-60-იანი წლების მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი.
ბაქარ ქართლელი იხ. ყიფიანი დიმიტრი
„ბაქია“ იხ. ფურცელაძე ანტონ.
ბაქრაძე დიმიტრი (1827-1890), ცნობილი ქართველი ისტორიკოსი.
ბახი იოჰან სებასტიან (1685-1750), გერმანელი კომპოზიტორი და ორ· განისტი.
ბელინსკი ბესარიონ გრიგოლის ძე (1811-1848), რუსი კრიტიკოსი.
ბერიევი დიმიტრი პოეტი, ჟურნ. „ცისკრის“ თანამშრომელი.
ბერნარდენ დე სენ-პიერი ჟაკ ანრი (1737-1814) - ფრანგი მწერალი.
ბეტჰოვენი ბეთხოვენი ლუდვიგ ვან (1770-1827), გერმანელი კომპოზიტორი.
ბლაგოსვეტლოვი გრიგოლ ევლამპის ძე (1824-1880), რუსი პუბლიცისტი და ჟურნალისტი (ჟურნალების «Русское слово» და «Дело»-ს), რედაქტორ-გამომცემელი.
ბლანი ლუი (1811-1882) ფრანგი უტოპისტ-სოციალისტი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი.
ბოდბელი
ბოპპე ბოპი ფრანც (1791-1867), გერმანელი ენათმეცნიერი, უცხოელი წევრ-კორესპონდენტი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიისა.
ბრილიანტა სახალხო მომღერალი და მუსიკოსი.
ბულგარინი ფადეი ბენედიქტეს ძე (1783-1859), რუსი რეაქციონერი მწერალი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი.
გაბაშვილი ბესიკ (1750-1791), ცნობილი ქართველი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე.
გაბაშვილი ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938), ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
გაბუნია-ცაგარლისა ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-4910), ქართული თეატრის მსახიობი.
გალახოვი ალექსი დიმიტრის ძე (1807-1892) რუსი მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი.
გამყრელიძე ვიქტორ მერაბის ძე (1866-1942), ქართველი მსახიობი.
გარიბალდი ჯუზეპე (პ. კაპრესა) (1807-4882), იტალიის სახალხო გმირი, გენერალი, იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
გეზიოდი (ჰესიოდე) VIII-VII სს, ძვ. წ.·-·ძველი ბერძენი პოეტი.
გეტე (გოეთე) იოჰან ვოლფგანგ (1749-1832) - გერმანელი მწერალი.
გიგაური დავით მეჩუქურთმე.
გოგებაშვილი იაკობ იხ. სვიმონიძე იაკობ
გოგოლი (იანოვსკი) ნიკოლოზ ვასილის ძე (1809-1859) -·რუსი მწერალლი.
გომერი იხ. ჰომეროსი
გორშენევი ა. რუსი მწერალი.
გრიგორიევი აპოლონ (1822-1864) - რუსი ლიტერატორი, კრიტიკოსი და პოეტი.
„გრიცკო“ იხ. გ. ელისეევი.
გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938), ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.
გურამიშვილი დავით (1705-1792), ქართველი პოეტი.
გურევიჩი ი. გ·
დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე (1850-1887), ქართველი პოეტი.
დავითაშვილი სვიმონი იოსებ დავითაშვილის მამა.
დავით წინასწარმეტყველი ებრაელთა ბიბლიური მეფე (მე-10 ს. ძვ. წ.), ფსალმუნების ავტორი.
დარდაკოვი - ტარტაკოვი იოაკიმ ვიქტორის ძე (დაიბ. 1860) რუსი მომღერალი.
დარვინი ჩარლზ რობერტ (1809-1882), ინგლისელი ბუნებისმეტყველი, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი შერჩევის გზით ორგა ნიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ (დარვინიზმი).
დიდი ეკატერინე იხ. ეკატერინე II
დობროლიუბოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1836-1861), რუსი კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი.
ევანგულა სახალხო მომღერალი და მუსიკოსი.
ეზოპე ძველი ბერძენი იგავთმწერალი (VI ს. ძვ. წ·).
ეკატერინე პოეტ ვახტანგ ორბელიანის მეუღლე.
ეკატერინე II ალექსის ასული, დიდი ეკატერინე (1729-1796), რუსეთის იმპერატორი 1762 წლიდან.
ელისეევი გრიგოლ ზაქარიას ძე (1821-1891), რუსი ჟურნალისტი, პუბლიცისტი.
ერეკლე მეფე ერეკლე II (1720-1798), 1744-62 წლებში კახეთის, 1762-98 წლებში ქართლ-კახეთის მეფე.
ერისთავი გიორგი დავითის ძე (1813-1864), ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრალური მოღვაწე, პირველი ქართული სალიტ ჟურნ; „ცისკრის“ დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853).
ერისთავი გ. ი. გიორგი იესეს ძე (1760-1863), ცნობილი გენერალი, სენატორი.
ერისთავი გიორგი რევაზის ძე (1812-1891), 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, გენერალი, საზოგადო მოღვაწე.
ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890), მწერალი, თეატრალური მოღვაწე.
ერისთავი ზაქარია
ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901), ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე.
ერისთავი რევაზ შალვას ძე (1828-1899), პოეტი, მთარგმნელი. ესხილე (ესქილე) (დაახლ. 525-456 წწ. ძვ. წ ა.), ძველი ბერძენი დრამატურგი, ტრაგიკოსი.
ვალტერ სკოტი იხ. სკოტი
ვახტანგ VI (1675-1737), ქართლის მეფე (1703-4724), პოეტი.
ვახუშტი ვახუშტი ბატონიშვილი, ბაგრატიონი (1695-1757), გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი, ქართლის მეფის ვახტანგ VI·ის შვილი.
ვირგილი ვირგილიუსი, პუბლიუს მარონ (ძვ. წ. 70-19), რომაელი პოეტი.
ვოლტერი მარი ფრანსუა არჟე (1694-1778), მწერალი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, საფრანგეთის აკადემიის წევრი.
ზინგერი
ზურიაშვილი დანიელ სამღვთო წერილის კარგად მკითხველი მოძღვარი.
„თავხედი“ იხ. ფურცელაძე ანტონ
თამარ მეფე (დაახლ. 1160-1213).
თამარ დედოფალი იხ. თამარ მეფე
თამაროვი მსახიობი
თეიმურაზ I (1589-1663), კახეთის მეფე 1606-1648 წლებში, ქართლა-კახეთის მეფე 1625-1632 წლებში, პოეტი.
თეიმურაზ II (1700-1762), კახეთის მეფე 1709-1715 წლებში, გამგებელი 1733-1744 წლებში, ქართლის მეფე 1744-1762 წლებში, პოეტი.
თეკლე ბატონიშვილი მეფე ერეკლე II-ის უმცროსი ასული, პოეტ ვახტანგ ორბელიანის დედა.
თემურ ლენგი (1336-1405), შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405).
თმოგველი სარგის თაყაიდინის ძე, XIII ს. 30-60-იანი წლების ქართველი მოღვაწე.
თულაშვილი ვ. ვახტანგ დიმიტრის ძე (1834-1910) - ქართველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი. ჟურნ. „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი.
თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920), პუბლიცისტი, ქართული დრამატული ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
თუმანოვი იხ. თუმანიშვილი გიორგი
ილინსკი მეფის რუსეთის მოხელე.
იოვანე სახალხო მომღერალი და მუსიკოსი.
კაზლოვი (კოზლოვი) ივანე ივანეს ძე (1779-1840) რუსი პოეტი და მთარგმნელი.
კალცოვი (კოლცოვი) ალექსი ვასილის ძე (1809-1842) რუსი პოეტი.
კამაროვი (კომაროვი) მათე - XVIII ს. რუსი მწერალი, კომპილატორი.
კარამზინი ნიკოლოზ მიხეილის-ძე (1766-1826) რუსი მწერალი, კრიტიკოსი; ისტორიკოსი, რუსული სანტიმენტალიზმის მამამთავარი.
კარგარეთელი ია (1862-1939), ქართველი მუსიკოსი და პედაგოგი.
კარლეილი კარლაილი თომას (1795-1881), ინგლისელი მწერალი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი.
კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907), ქართველი საზოგადო მოღვაწე, წერდა „ზოილისა“, „დავით სოსლანის“ ფსევდონიმებით.
კერესელიძე ივანე (1829-1892) მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ჟურნ. „ცისკრის“ რედაქტორ-გამომცემელი 1857-1875 წლებში.
კინდლი 493 კრილოვი ივანე ანდრიას ძე (1769-1844) რუსი მწერალი.
კუპერი ჯეიმზ ფენიმორ (1789-1851) ამერიკელი მწერალი, ამერიკული რომანის ფუძემდებელი.
ლანგ-თემური - იხ. თემურ-ლენგი
ლეონიძისა - მარიამ ლეონიძე, ქართველი მსახიობი ქალი.
ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე (1814-1841), რუსი პოეტი.
ლესინგი გოტჰოლდ ეფრაიმ (1729-1781), გერმანელი მწერალი, განმანათლებელი.
ლომონოსოვი მიხეილ ვასილის ძე (1711-1765), რუსი მეცნიერი, პოეტი, თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენის ფუძემდებელი.
ლორის-მელიქოვი მიხეილ ტარიელის ძე (1825-1888) რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, 1880-1881 წწ. რუსეთის შინაგან საქმეთა მი· ნისტრი.
ლუგოვსკი XIX საუკუნის რუსი მთარგმნელი.
ლუი XIV ლუდოვიკო მეთოთხმეტე (1638-1715), საფრანგეთის მეფე.
ლუკრეცი ლუკრეციუსი ტიტუს კარუს (ძვ. წ I ს.) რომაელი პოეტი და ფილოსოფოსი.
მაიკოვი აპოლონ ნიკოლოზის ძე (1829-1897), რუსი პოეტი.
მამა ტარასი.
მამაცაშვილი იოსებ (1810-1874), საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ჟურნ. „ცისკრისა“ და „გუთნის დედის“ თანამშრომელი.
მამაცაშვილი კონსტანტინე (1818-1900), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, საზოგადო მოღვაწე.
მანასეინი ვიაჩესლავ ავქსენტის ძე (1841-1901), რუსი თერაპევტი და საზოგადო მოღვაწე, ჟურნ. «Врач» რედაქტორ-გამომცემელი. (1880-1901).
მარმონტელი ჟან ფრანსუა (1723-1799) ფრანგი მწერალი, საფრანგეთის აკადემიის წევრი.
მარსიაზი, მარსიასი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით მდინარე მარსიასიწ ღვთაება.
მაქსიმიძე კონსტანტინე (მძინარიშვილი), ქართული თეატრის მსახიობი.
მელიქოვისა მელიქიშვილი ეკატერინე (1854-1928), „დროების“ რედაქტორის ს. მესხის მეუღლე.
მესხი კ. კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914), ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
მესხიევი იხ. ალექსეევ-მესხიევი
მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
მიცკევიჩი ადამ (1798-1855) პოლონელი პოეტი.
მიშლე ჟიულ (1798-1874) ფრანგი ისტორიკოსი.
მიხაილოვი მიხეილ ლარიონის ძე (1629-1865), პოეტი, მთარგმნელი; კრიტიკოსი.
მიხაილოვსკი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე (1842-1904), კრიტიკოსი, პუბლიცისტი.
მოლტკე (უფროსი) ჰელმუთ კარლ ბერნჰარდ (1800-1891), პრუსიისა და გერმანიის სამხედრო მოღვაწე, სამხედრო თეორეტიკოსი.
მორიერი ჯეიმზ ჯუსტინიან (დაახლ. 1780-1849), ინგლისელი დიპლომატი და მწერალი. წერდა „ხაჯიბაბას“ ფსევდონიმით.
მოცარტი ვოლფჰანგ ამადეი (1756-1791) ავსტრიელი კომპოზიტორი.
მოხევე იხ. ყაზბეგი ალექსანდრე
ნარ-დონი ჯაბადარი ივანე სპირიდონის ძე (1852-1913), რევოლუციონერი ხალხოსანი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935), პედაგოგი, კრიტიკოსი.
ნ. გ.-ლი (ნინია გარეჯელი) - ჯაბადარი ივანე (1852-1913), ხალხოსნური მოძრაობის მონაწილე.
ნეკრასოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (1821-4877), რუსი პოეტი.
ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843-1928), ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, წერდა „ნ. სკანდელის“ ფსევდონიმით.
ნიუტონი ისააკ (1643-1727), ინგლისელი ფიზიკოსი.
ორბელიანი (ჯამბაკურიან-ორბელიანი), ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869), ერეკლე მეფის ასულის თეკლას ძე. ძმა პოეტ ვახტანგ ორბელიანისა კრიტიკოსი, პოეტი, დრამატურგი, ისტორიულ თხზულებათა ავტორი.
ორბელიანი გრ. - გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე.
ორბელიანი დიმიტრი
ორბელიანი ვ·- ვახტანგ ვახტანგის ძე (1812—1890), ქართველი პოეტი.·
ორბელიანი ვახტანგ (გარდ. 1812 წ·), პოლკოვნიკი, პოეტ ვახტანგ ორბელიანის მამა.
ოსტროვსკი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1823-1866), რუსი დრამატურგი.
პეტრე პირველი, პეტრე დიდი (1672-1725), რუსეთის იმპერატორი.
პინდარი (პინდარე), დაახლ. 522-442 ძვ. წ. ა.), ძველი ბერძენი პოეტი.
პისარევი დიმიტრი ივანეს ძე (1840-1868), რუსი რევოლუციონერ-დემოკრატი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.
პლატენი ავგუსტ გრაფ ფონ ხალლერმიუნდე (1795-1835), გერმანელი პოეტი.
პლატონი (427-347 ძვ· წ. ა.), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი.
პრუდონი პიერ-ჟოზეფ (1809-1865), ფრანგი წვრილბურჟუაზიული სოციალისტი, ანარქიზმის თეორეტიკოსი.
პუშკინი ალექსანდრე სერგის ძე (1799-1837), რუსი პოეტი.
ჟან-ჟაკ რუსსო იხ. რუსსო
ჟუკოვსკი ვასილ ანდრიას ძე (1783-1852), რუსი პოეტი, რომანტიკოსი.
რატილი იოსებ ივანეს ძე (ნავრატილი) (1840-1912), ქართველ მომღერალთა გუნდის ლოტბარი, წარმოშობით ჩეხი.
რეკლიუ ელიზე ჟან-ჟაკ ელიზე (1830-1905), ფრანგი გეოგრაფი, სოციოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე.
რენანი ჟოზეფ ერნესტ (1823-1892), ფრანგი მწერალი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე.
როსი ერნესტო (1829-1896), იტალიელი მსახიობი, იმყოფებოდა გასტროლებზე საქართველოში 1890 წ.
რუბენშტეინი რუბინშტეინი ანტონ გრიგოლის ძე (1829-1894), რუსი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
რუბცოვი მეჩუქურთშე.
რუსთაველი
რუსსო ჟან·ჟაკ (1712-1778), ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, კომპოზიტორი.
სააკაძე გიორგი სიაუშის ძე (დაახლ. 1570-1629), დიდი მოურავი, საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.
ყიფიანი კ. კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921), ქართველი მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი.
ყიფიანისა მარ. მსახიობი.
ყორღანაშვილი
შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1826-4899), ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე.
შავროვი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (დაბ. 1858), შვილი ნ. ი. შავროვისა. ზოოლოგი, 1887 წ. მუშაობდა თბილისის მეაბრეშუმეობის სადგურის დირექტორად.
შელგუნოვი ნიკოლოზ ვასილის ძე (1824-1891), რუსი რევოლუციონერი-დემოკრატი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. 1880-—1884 წ.წ. ჟურნ. „ჰაიო-ს ფაქტიური რედაქტორი.
შენიე ანდრე (1762-1797) ფრანგი პოეტი და პუბლიცისტი.
შექსპირი უილიამ (1564-1616), ინგლისელი დრამატურგი, პოეტი.
შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ (1759-1805), გერმანელი დრამატურგი, პოეტი, ხელოვნების თეორეტიკოსი, გერმანული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
შიშკოვი ალექსანდრე სიმონის ძე (1754-1841), რუსი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე.
შიშნიაშვილი მსახიობი.
შკრაუპი
ჩახრუხაძე XII საუკუნის ქართველი პოეტი.
ჩერნიშევსკი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (1828-1889), რუსი რევოლუციონერ-დემოკრატი, მწერალი, კრიტიკოსი.
ჩერქეზიშვილი ელისაბედ ალექსანდრეს ასული (1863-1948), ქართველი მსახიობი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი.
ჩიმიშკიანცი
ჩიქოვანი გიორგი (1841-1887), მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი ჟურნ. „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი.
ჩუბინოვი, ჩუბინაშვილი დავით ესეს ძე (1814-4891), ქართველი მეცნიერი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, მთარგმნელი.
ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902), ქართველი დრამატურგი, მსახიობი.
ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929), ქართველი ფილოლოგი, 1886 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი.
ციციშვილი ალექსანდრე
წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915), ქართველი პოეტი.
წმინდა ნინო
ჭავჭავაძე ალ. ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1846), ქართველი პოეტი.
ჭავჭავაძე ილია გრიგოლის ძე (1837-1907).
ჭიჭინაძე ზაქარია იხ. სანდალა
ჭონქაძე დანიელ (1830-1860), ქართველი მწერალი.
ხერასკოვი მიხეილ მათესმე (1733-1807), მწერალი, რუსული კლასთ ციზმის წარმომადგენელი.
ხონელი ილია ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900), ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.
ჯანაშვილი მოსე გიორგის ძე (1855-1934), ქართველი ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
ჯიოკომეტი პაოლო (1817-1889), იტალიელი დრამატურგი.
ჯორჯაძე ბარბარე დავითის ასული (1811-1895), ქართველი მწერალი.
ჰეგელი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხი (1770-1831) გერმანელი ფილოსოფოსი.
ჰეინე, ჰაინე ჰაინრიხ (1797-1856), გერმანელი პოეტი და პუბლიცისტი.
ჰიუგო ვიქტორ მარი (1802-1885), ფრანგი მწერალი.
ჰომიროსი, ჰომეროსი - ძველბერძენი ეპიკოსი პოეტი, რომელსაც მიეწერება „ილიადასა“ და „ოდისეას“ ავტორობა.
ჰორაცი ფლანკ კვინტ ჰორაციუსი (65-8 ძვ. წ·), რომაელი პოეტი 342
![]() |
5.2 ლიტერატურული ნაწარმოებები და პერსონაჟები |
▲back to top |
«Абидосская невеста» — ბაირონის პოემა
ავთანდილი „ვეფხისტყაოსნის“ გმირი
აკოფა ა. ცაგარლის პიესის „ხანუმას“ პერსონაჟი
„ალერსთა ბადე“ ვ. კრილოვის კომედია ოთხ მოქმედებად, გადმოკეთებული რუსულიდან პ. უმიკაშვილის მიერ, იდგმებოდა თბილისის ქართულ სცენაზე 1886 წ.
ანაპოდისტე სარდუსა და ნიჟაკის კომედიის „გავიყარნეთ“ პერსონაჟი
ანეგინი იხ. ონეგინი
ასმათი „ვეფხისტყაოსნის“ გმირი
„ახლანდელი სიყვარული“ ვ. ა. დიაჩენკოს ოთხმოქმედებიანი კომედია, გადმოკეთებული ვ. აბაშიძის მიერ. ქართულ სცენაზე წარმოადგინეს 1886 წ. 31 მარტს
ბაბა იაღა რუსული ზღაპრის პერსონაჟი
„ბაბა-ამირი“ პერსონაჟი ზღაპრიდან „ბაბა-ამირიანი“
„ბარაქალა, მასწავლებელო“ ბულაცელის ერთმოქმედებიანი ვოდევილი, თარგმნა მ· საფაროვამ
„ბედნიერი დღე“ ა. ოსტროვსკისა და ნ. სოლოვიოვის სამმოქმედებიანი კომედია, თარგმნა ვ. აბაშიძემ
„ბეჟანიანი“ ქართული ხალხური სიტყვიერების ძეგლი
ბობჩინსკი ნ. გოგოლის კომედეა „რევიზორის“ პერსონაჟი
„გავიყარნეთ“, „უნდა გავიყარნეთ“, სარდუსა და ნიჟაკის სამმოქმედებიანი კომედია, გადმოკეთებული ვასო აბაშიძის მიერ
„გაზაფხული“ ი. ჭავჭავაძის ლექსი
გალახოვის „ქრესტომატია“, „რუსული ლიტერატურის ქრესტომათია“
„გაყრა“ გ, ერისთავის კომედია
„გამოსალმება“ გრ. ორბელიანის ლექსი
გიორგი გ. სუნდუკიანცის „ხათაბალას“ პერსონაჟი
გობბი უ, შექსპირის პიესის „ვენეციელი ვაჭრის“ პერსონაჟი
გონერილა გონერილია - შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირის“ პერსონთჟი
„გურამიანი“ დ. გურამიშვილის თხზულებათა კრებული, იგივე „დაეითიანი“
„დავიდარაბა“ ვ. კრილოვის ოთხმოქმედებიანი კომედია გადმოკეთებული დ. ერისთავის მიერ
„დავითნი“ ძველი აღთქმის ფსალმუნთა წიგნი
„დამნაშავის ოჯახი“ („სამოქალაქო სიკვდილი“) პაოლო ჯიოკომეტის ხუთმოქმედებიანი დრამა თარგმნეს ვ. გუნიამ და ი. ჯაჯანაშვილმა. თბილისის ქართულ სცენაზე დაიდგა 1882 წელს
„დაუჯდომელი“ ძვ. ეკლ. სავედრებელ შესხმათა კრებული
დეზდემონა შექსპირის ტრაგედიის „ოტელოს“ პერსონაჟი
დერჟიმორდა ნ. გოგოლის კომედია „რევიზორის“ პერსონაჟი
„დივორსონი“ (Divorcons) იხ. „გავიყარნეთ“
დობჩინსკი ნ. გოგოლის კომედია „რევიზორის“ პერსონაჟი
„დონ-კიხოტი“ სერვანტესის ნაწარმოები
„ევგენი ონეგინი“ ა. პუშკინის პოემა
ელენე ჰომეროსის „ილიადას“ გმირი
„ელოიზა“ ჟან-ჟაკ რუსოს რომანი „ჟიული ანუ ახალი ელოიზა...“
ვაგნერი გოეთეს „ფაუსტის“ გმირი
„ვარდ-ბულბულიანი“ თეიმურაზ 1-ის მიერ სპარსულიდან გადმოქართულებული პოემა
ვახტანგი ავქს. ცაგარლის დრამის „ქართვლის დედის“ პერსონაჟი
„ვენეციელი ვაჭარი“ შექსპირის პიესა
„ვერტერი“ გოეთეს რომანი „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“
„ვეფხვის-ტყაოსანი“
«Вечерный звон» -
ვისი „ვისრამიანის“ პერსონაჟი
„ვისრამიანი“ ძვ. ქართული მწერლობის ძეგლი, თარგმნილი სპარსულიდან
ზამბახოვი გერასიმ იაკულიჩ გ. სუნდუკიანცის კომედიის „ხათაბალას“ პერსონაჟი
«Заметки провинциального философа» - ნ. ვ. შელგუნოკის წერილი
ზარეცკი
თადეოზი ილია ჭავჭავაძის წერილის „სფირიდონისა და თადეოზის ბაასის“ პერსონაჟი
თამარი აკაკი წერეთლის დრამატული პოემის „თამარ ცბიერის“ პერსონაჟი,
„თამარის ქება“ ჩახრუხაძის სახოტბო ლექსთა კრებული „თამარიანი“
„თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ გ. ორბელიანის ლექსი
„თამარ ცბიერი“ აკაკი წერეთლის დრამატული პოემა
თინათინი „ვეფხისტყაოსნის“ გმირი
იაგო ა. ყაზბეგის მოთხრობის „მამის მკვლელის“ გმირი
„იარუსლან ლაზარევიჩი“
„ილიადა“ ჰომეროსის ეპიკური პოემა
„იმედი“ ვ. ორბელიანის ლექსი
„იმერული ლეგენდა“ ანტონ ფურცელაძის თხზულება
ისაია გ. სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალას“ პერსონაჟი
კაინი კაენი
„კავკასიის ტყვე“ ა. პუშკინის პოემა
„კალმასობა“ იოანე ბატონიშვილის თხზულება
კანიფასი ოფენბახის ოპერეტის „მეჯლისი იტალიელებით“ პერსონაჟი
კენტი შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირის“ პერსონაჟი
„კნიაზ მურომსკი“
კორდელია შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირის“ პერსონაჟი
ლარი შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირის“ მთავარი მოქმედი პირი
ლანსლო შექსპირის პიესის „ვენეციელი ვაჭრის“ პერსონაჟი
„ლაოკოონი“ ლესინგის ნაშრომი
ლეანდრი
ლენსკი პუშკინის პოემის „ევგენი ონეგინის“ პერსონაჟი
ლეონიძე სვიმონ დ. ერისიჰავის პიესის „სამშობლოს“ პერსონაჟი
ლომინაძე სვიმონ ვ. აბაშიძის მიერ გადმოკეთებული კომედიის „გავიყარნეთ“ პერსონაჟი
„ლოპიანა“ იგულისხმება გრიგოლ ორბელიანის ლექსი „მუხამბაზი“ [„გინდ მეძინოს...“], 1861 წ., რომელიც დაწერილია ლოპიანას მონოლოგის სახმო. ლოპიანა გრ. ორბელიანთან დაახლოვებული ცნობილი თბილისელი ყარაჩოხელი იყო
„ლოცვა“ ვ. ორბელიანის ლექსი
ლუციფერი
მაკბეტი შექსპირის ტრაგედიის „მაკბეტის“ პერსონაჟი
„მამის მკვლელი“ ალ. ყაზბეგის მოთხრობა
„მანფრედი“ ბაირონის დრამატული პოემა
მარგარიტა გ. სუნდუკიანცის პიესის „ხათაბალას“ პერსონაჟი
„მერანი“ ნ. ბარათაშვილის ლექსი
მეფისტოფელი გოეთეს ნაწარმოების „ფაუსტის“ პერსონაჟი
„მეჯლისი იტალიელებით“ ჟაკ ოფენბახის ოპერეტა, თარგმანი ვ, აბაშიძისა. თბილისის ქართულ სცენაზე პირველად წარმოადგინეს 1882 წლის 24 ნოემბერს
„მზის დაბნელება“ ზ. ანტონოვის კომედია
„მილორდ გიორგი“, „მილორდიანი“ იგულისხმება მ. კომაროვის მიერ ლიტერატურულად გადამუშავებული, ინგლისურიდან თარგმნილი მოთხრობა «Повесть о приключении английского милорда Георга»
„მინდა კნეინა გავხდე“ ზ. ანტონოვის კომედია
მოლჩალინი გრიბოედოვის კომედიის „ვაი ჭკუისაგან“ პერსონაჟი
„მომრიგებელი მოსამართლე“ დ. კეზელის კომედია, გადმოკეთებული რუსულიდან
„მონარდენი“ ე. გაბაშვილის მოთხრობა
„მოურავიანი“, „დიდმოურავიანი“ საისტორიო პოემა დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის ცხოვრებასა და ღვაწლზე
„მოხუცის ნაამბობი“ რაფ. ერისთავის ლექსი
„მუმლი მუხასა“
„მუშა ბოქულაძე“ გ. ორბელიანის ლექსი
„მტარვალი“ პიესა
„მშვენიერი ელენა“ მელიაკისა და ჰალევის ფარსის (რომელზედაც შეიქმნა ოფენბახის ამავე სახელწოდების ოპერეტა) დავით ერისთავისეული თარგმანი
„მხეცური შურისგება“ „მხეცური შურისგება იტალიელის მხატვრისა“ რ. ბარათაშვილის მიერ რუსულიდან თარგმნილი სტატია
„ნაამბობი მოხუცისა“ იხ. „მოხუცის ნაამბობი“
„ნაკვესები“ „ნაკვესი ანუ მოსწრებული სიტყვანი ძველთა და ახალთა ქართველთანი“ („ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1887 წ.)
„ნამდვილი შემთხვევა“ სამსონ აბაშიძის თარგმანი «Наталия Долгорукая», «Княгиня Наталия Борисова Долгорукая» ი. კოზლოვის ისტორიული პოემა
ნაცარქექია
ნელი დ. მანსფელდის დრამა „შეშლილიას“ პერსონაჟი
ნესტან-დარეჯანი „ვეფხისტყაოსნის“ გმირი
ნინო სარდუსა და ნიჟაკის კომედიის „გავიყარნეთ“ პერსონაჟი
ნოე ბიბლიური პერსონაჟი
ნურისსა შექსპირის პიესის „ვენეციელი ვაჭრის“ პერსონაჟი
«Объяснительный словарь иностранных слов»
ოლგა პუშკინის პოემის „ევგენი ონეგინის“ პერსონაჟი
ონეგინი პუშკინის პოემის „ევგენი ონეგინის“ პერსონაჟი
„ორჯანო და ლეკვი“ იხ· „დავიდარაბა“
ოტელო შექსპირის ტრაგედია „ოტელოს“ პერსონაჟი
ოფელია შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტის“ პერსონაჟი
„ო-ს დარდები“ იგულისხმება გრ. ორბელიანის ლექსი „დიმიტრი ონიკოვის დარდები“
„პეპო“ გ. სუნდუკიანცის პიესა ·
«Письма о воспитании» - ნ. ე. შელგუნოეის წერილი
„პოლ და ვირგინია“ ფრანგი მწერლის ბერნარდ დე სენ-პიერის რომანი
პოლონიოსი (პოლონიუსი) უ. შექსპირის ტრაგედიის „ჰამლეტის“ გმირი
პორცია შექსპირის პიესის „ვენეციელი ვაჭრის“ პერსონაჟი
„ჟორჟ დანდენი“ მოლიერის კომედია
ჟორჟ დანდენი მთავარი მოქმედი პირი პიესისა „ჟორჟ დანდენი“
რამინი „ვისრამიანის“ პერსონაჟი
„რას ვეძებდი და რა ვპოვე“ ბ. ჯორჯაძის სამმოქმედებიანი კომედია
რეგანა შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირის“ გმირი
„რევიზორი“ გოგოლის პიესა
რეპეტილოვი ა. გრიბოედოვის კომედიის „ვაი ჭკუისაგან“ პერსონაჟი
«Роман Дездемоны» შექსპირის ტრაგედიის „ოტელოს“ კოზლოვისეული თავისუფალი თარგმანი
რომეო შექსპირის ტრაგედიის „რომეო და ჯულიეტას“ პერსონაჟი
„სადღეგრძელო“ გ. ორბელიანის პოემა
„სამშობლო“ დ. ერისთავის პიესა, გადმოკეთებული ფრანგი დრამატურგის ჟორჟ სარდუს პიესიდან „ფლანდრია“
„საღმრთო წერილი“
„სახარება“
„სახარება იოანესი“
„სიცოცხლე ხელმწიფისათვის“ გლინკას ოპერა („ივანე სუსანინი“)
«Сибирь по большой дороге» ნ. ვ. შელგუნოვის თხზულება
«Сказание о языческих богах»
სკალაზუბი (სკალოზუბი) ა. გრიბოედოვის კომედიის „ვაი ჭკუისაგან“ პერსონაჟი
სკვოზნიკ-დმუხანოვსკი გოგოლის კომედია „რევიზორის“ პერსონაჟი
სოლომონ მსაჯული ნ. ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისას“ პერსონაჟი
„სტვირი“ იოსებ დავითაშვილის ლექსთა კრებული
„სულო ბოროტო“ ნ. ბარათაშვილის ლექსი
„სურამის ციხე“ დანიელ ჭონქაძის ნაწარმოები
„სუსტი მხარე“ კ. სტარნოვსკის ერთმოქმედებიანი ვოდევილი, გადმოკეთებული დავით მესხის მიერ
სფირიდონი ილია ჭავჭავაძის წერილის „სფირიდონის და თადეოზის ბაასის“ პერსონაჟი
ტარიელი „ვეფხისტყაოსნის“ გმირი
ტატიანა პუშკინის პოემის „ევგენი ონეგინის“ პერსონაჟი
„უბედური ლიზა“ ნ. კარამზინის მოთხრობა
„უსტარი ანტიკრიტიკული“ სარდიონ მესხიევის წერილი
უსუფ-ფაშა
ფალსტაფი შექსპირის ნაწარმოებთა გმირი
ფამუსოვი გრიბოედოვის კომედიის „ვაი ჭკუისაგან“ პერსონაჟი
ფანტიაშვილი ავქს. ცაგარლის კომედია „ხანუმას“ პერსონაჟი·
„ფაუსტი“ გოეთეს ნაწარმოები.
„ფიქრი და შენიშვნა“ გ. თუმანიშვილის წერილი
ფრიდონი „ვეფხისტყაოსნის“ გმირი
ქაბატუა ავქს. ცაგარლის კომედია „ხანუმას“ პერსონაჟი
„ქართლის ბედი“ - „ბედი ქართლისა“, ნ. ბარათაშვილის პოემა
„ქართვლის დედა“·ა. ცაგარლის დრამა
ქეთევანი დ. ერისთავის „სამშობლოს“ პერსონაჟი
„ღარიბი ყმაწვილი კაცის რომანი“ თარგმნილი ბაქარ ქართლელის (დიმიტრი ყიფიანის) მიერ
„ყარამანიანი“, დავით ორბელიანის მიერ სპარსულიდან თარგმნილი სადევგმირო თხზულება
„ყირიმის სონეტები“ ადამ მიცკევიჩის სონეტების ციკლი
„შამი-ფარვანიანი“ თეიმურაზ I-ის მიერ სპარსულიდან გადმოქართულებული პოემა
შევლოხა (შეილოკი) შექსპირის პიესის „ვენეციელი ვაჭრის“ პერსონაჟი
„შეშლილი“ კოზლოვის პოემა
„შეშლილია“ ლ. მანსფელდის სამმოქმედებიანი დრამა, თარგმნა ვასო. აბშიძემ
«Чернец» ი. კოზლოვის პოემა
ჩუბინოვის ლექსიკონი დავით ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი
„ცოლი-მეუღლე“ ალ. ყაზბეგის მიერ რუსულიდან გადმოკეთებული პიესა თბილისის სცენაზე წარმოადგინეს 1886 წელს
„ძველს მეგობარს“ ვახტანგ ორბელიანის ლექსი
„ძუნწი“ გ. ერისთავის კომედია
„ჭმუნვის მახვილი“ ალ. ჭავჭავაძის ლექსი 260
„ხათაბალა“ გ. სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედია, თარგმნა ი. ბაქრაძემ
„ხანუმა“ ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი კომედია
ხანუმა ავქსენტი ცაგარლის კომედია „ხანუმას“ პერსონაჟი
„ხევსურთა ქორწილი“
„ხმა შორიდან“
ხიმშიაშვილი ლევან დ. ერისთავის „სამშობლოს“ პერსონაჟი
ხლესტაკოვი გოგოლის კომედია „რევიზორის“ პერსონაჟი
ჯამბარაშვილი კომედია „ახლანდელი სიყვარულის“ პერსონაჟი
ჯასსიკა შექსპირის პიესის „ვენეციელი ვაჭრის“ პერსონაჟი
„ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწილდნენ“ („ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწილეს“), მაქსიმოვის ორმოქმედებიანი კომედია, გადმოკეთებული რაფ. ერისთავის მიერ
„ჰამლეტი“ შექსპირის ტრაგედია
ჰამლეტი შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტის“ პერსონაჟი
„ჰაჯი-აბრეკი“ ლერმონტოვის პოემა
„ჰაჯი-ბაბა“
![]() |
5.3 პერიოდული გამოცემები |
▲back to top |
„ალმანახი“ შედგენილი გ. თუმანიშვილის მიერ (ნაკვეთი II) 1879 წ.
„გოლოსი“, «Голос» ყოველდღიური პოლიტიკური გაზეთი, გამოდიოდა პეტერბურგში (1863-1884 წ.წ.), რედაქტორი კრაევსკი ანდრია ალექსის ძე (1816-1889)
«Дело» ყოველთვიური მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა პეტერბურგში 1866-1888 წწ. 1868 წლიდან გადაკეთდა ლიტერატურულ-პოლიტიკურ ჟურნალად
გაზ. „დროება“ დაარსდა 1866 წელს. პირველი რედაქტორი იყო გიორგი წერეთელი (1869 წლამდე). შემდეგ რედაქტორობდნენ ს. მესხი და ივ. მაჩაბელი. „დროება“ მეფის მთავრობამ დახურა 1885 წელს.
«Век» რუსული გაზეთი
«Вестник Европы» ყოველთვიური ლიტერატურულ-პოლიტიკური ჟურნალი, ბურჟუაზიულ-ლიბერალური მიმართულებისა, გამოდიოდა 1866-1918 წწ. პეტერბურგში
„თეატრი“ ქართული ყოველკვირეული სამხატვრო-ლიტერატურული გაზეთი, პირველი თეატრალური ბეჭდვითი ორგანო (1885-1891). მისი დამაარსებელი, გამომცემელი და პირველი რედაქტორი იყო მსახიობი ვასო აბაშიძე.
„ივერია“ ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული ორგანო, გამოდიოდა თბილისში 1877-1906 წწ. (1877-1878 წლებში - კვირეული გაზეთი, 1879-85 წლებში - ჟურნალი, 1886 წლიდან ყოველდღიური გაზეთი). მისი დამაარსებელი და, რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე თანარედაქტორები - ს. მესხი·(1881 წ. „დროებისა“ და „ივერიის“ რედაქციების გაერთიანებისას), ი. მაჩაბელი (1882-1884), ა. სარაჯიშვილი (1901 წლის 4 დეკემბრიდან), გ. ყიფშიძე (1903-1905), შემდეგ, გაზეთის დახურვამდე (1906 წ. 27. VIII) - ფ. გოგიჩაიშვილი
„იმედი“ ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1881 წლის იანვრიდან 1883 წლის ივნისამდე; რედაქტორ-გამომცემელი მ. გურგენიძე
„ისკრა“ რუსული ყოველკვირეული სატირული ჟურნალი, გამოდიოდა პეტერბურგში 1853-1873 წლებში. გამომცემლები - ვ. კუროჩკინი და ნ. სტეპანოვი.
„კავკაზ“ ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი გო მოდიოდა 1846-1918 წლებში თბილისში რუსულ ენაზე.
„კრებული“ - ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალი (1871-1873).
„Memorial d'Amient“ - ფრანგული ჟურნალი
„მოამბე“ იხ. „საქართველოს მოამბე“
«Московские Ведомости» - უძველესი რუსული გაზეთი (1756 -1917). 1863 წლიდან - რეაქციულია (რედ. მ. კატკოვი და პ. ლეონტიევი)
„მშაკი“ სომხური ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი გამოდიოდა 1872-1920 წლებში. თბილისში დააარსა გ. არწრუნიმ.
„მურჯი“ სომხური ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც თბილისში გამოდიოდა 1889 წლიდან ა. არასხანიანის რედაქტორობით
«Неделя» ყოველდღიური ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი, გამოდიოდა პეტერბურგში. 1866-1901 წწ., 1874 წლიდან - ხალხოსნების ორგანო
„ნობათი“ ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1906 წელს თბილისში, გამოვიდა სულ 14 ნომერი. რედაქტორ-გამომცემელი - დ. ერისთავი (განდეგილი)
«Новое Обозрение» ყოველდღიური რუსული გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1884 წლიდან. ბურჟუაზიულ-პროგრესული მიმართულების ორგანო. გაზეთის გამოცემას 1887-1891 წწ. სათავეში ედგა ნ. ნიკოლაძე
„ობზორი“ - «Обзор» ყოველდღიური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1878-1883 წლებში რუსულ ენაზე. დააარსა და რედაქტორ-გამომცემელი იყო ნ. ნიკოლაძე.
«Отечественные записки» ყოველთვიური რუსული გაზეთი, გამოდიოდა 1838-1884 წწ.
ოჩერკი, «Очерки» რუსული გაზეთი
«Женское Образование» - პედაგოგიური ჟურნალი მშობელთათვის, ზედამხედეელი ქალებისა და მამაკაცებისათვის. გამოდიოდა პეტერბურგში 1871 წლიდან, რედაქტორ-გამომცემელი ვ. ლ. სინოვსკი
«Русские Ведомости» - ყოველდღური გაზეთი, გამოდიოდა მოსკოვში 1863-1918 წწ. „საქართველოს მოამბე“ ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო, გამოდიოდა 1863 წ. თბილისში, რედაქტორ-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. გამოვიდა სულ 12 ნომერი
«Современник» - ლიტერატურის, პოლიტიკის, მეცნიერების, ისტორიისა და ხელოვნების ყოველთვიური ჟურნალი, 1900-1915 წწ. გამოდიოდა პეტერბურგში
«Судебная газета» - ყოველკვირეული გაზეთი, გამოდიოდა 1882 წლიდან სანკტ-პეტერბურგში რედაქტორ-გამომცემელი ფ. ვ. დე-ვეკი
„ტიფლისსკი ვესტნიკ“, «Тифлисский Вестник», - რუსული ლიტერატურულ პოლიტიკური გაზეთი, დააარსა კ. ა. ბებუთოვმა 1879 წ., გა ნაახლა ნ. ნიკოლაძემ
„ჩრდილოეთის მოამბე“ იგულისხმება ჟურნალი «Северный Вестник», ნაროდნიკული მიმართულების ლიტერატურულ-მეცნიერული ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც გამოდიოდა პეტერბურგში 1885-1898 წლებში
„ცისკარი“ ქართული ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1852-1853 წწ. (რედ. გ. ერისთავი), 1857-1875 წწ. (რედ. ი. კერესელიძე)