![]() |
აკაკი წერეთელი. თხზულებანი (ტომი VI, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: წერეთელი აკაკი |
| თარიღი: 1957 |
| აღწერა: 1840-1940 სრული კრებული შვიდ ტომად სახელმწიფო გამომცემლობა ლევან ასათიანის რედაქტორობით თბილისი, 1957 ტექსტი დასაბეჭდათ მოამზადა ს. ხუციშვილმა მხატვარი ლადო გრიგოლია; ტექრედაქტორი ან. ღვინიაშვილი; კორექტორი თ. ახალაია ხელმოწერილია დასაბეჭდად 22/XI-56 წ. ანაწყობის ზომა 7X11. ქაღალდის ზომა 70X108. ნაბეჭდი თაბახი 39,25. ტირაჟი 5.000. შეკვ. №480. საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს მთავარპოლიგრაფგამომცემლობის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი, თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 5. |
![]() |
1 წერილები ლიტერატურაზე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 აკაკის კრიტიკული და პუბლიცისტური შემოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
აკაკი წერეთლის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის კრიტიკულ და პუბლიცისტურ ნაწერებს.
აკაკიმ თავისი პირველი სტატია „ახირებული ფურცელი“ გამოაქვეყნა 1862 წელს. ამის შემდეგ მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე აკაკის არ შეუწყვეტია თავისი კრიტიკულ-პუბლიცისტური შემოქმედება. დიდია და განუზომელი აკაკის, როგორც მხატვრის, სიტყვის ოსტატის, როგორც ბრწყინვალე პოეტის და მწერლის დამსახურება მშობლიური ლიტერატურის წინაშე; მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანია მისი როლი როგორც პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და ლიტერატურის კრიტიკოსისა ქართველი ხალხის საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების ისტორიაში.
დიდი ლენინი ამბობდა, რომ „პუბლიცისტების მუდმივი საქმეა - თანამედროვეობის ისტორიის წერა“ (თხზულებანი, ტ. 8, გვ. 108). შეიძლება ითქვას, რომ აკაკი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, ილია ჭავჭავაძის მსგავსად, უბადლო ოსტატობით წერდა თავისი „თანამედროვეობის ისტორიას“.
საკითხების მოკლე ჩამოთვლაც კი საკმაო წარმოდგენას მოგვცემს აკაკის, როგორც პუბლიცისტის, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსის, როგორც ჩვენი კულტურის მესვეურის ინტერესთა ფართო დიაპაზონზე. თავის წერილებსა და ფელეტონებში დიდი ქართველი პოეტი-პუბლიცისტი ეხება უმთავრესად ქარ თველი ხალხის სოციალურ და ეროვნულ პრობლემატიკას, საკითხების იმ რიგს, რომელსაც წინა პლანზე აყენებდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. საქართველოს პოლიტიკური ვითარება, გლეხობის მდგომარეობა, თვითმპყრობელობის პოლიტიკა, ქართული ბანკი, თეატრი და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დიდი რუსი ხალხი და მისი კულტურა, ურთიერთობა მოძმე სომეხ, უკრაინელ და სხვა ხალხებთან, განათლების საქმის დაყენება, ქალთა სწავლა-აღზრდა, ჭიათურის შავი ქვა და ტყიბულის ქვანახშირი, - აი მოკლედ თემებისა და საკითხების ის რკალი, რომელიც წარმოადგენდა აკაკის პუბლიცისტური წერილებისა და ფელეტონების შინაარსს.
განსაკუთრებით დიდ ინტერესს წარმოადგენს აკაკის ლიტერატურულ-კრიტიკული შემოქმედება. მისი სტატიები ქართულ ლიტერატურის საკითხებზე, ცალკეულ მწერლებზე, თეატრსა და დრამატურგიაზე და სხვა, მოიცავენ პრობლემათა ფართო სფეროს, რომელიც დღესაც არ ჰკარგავს მნიშვნელობას და დიდ ინტერესს შეიცავს თანამედროვე საბჭოთა მკითხველისათვის.
აკაკის წერილებში დასმულია და გადაჭრილი მრავალი კარდინალური საკითხი, რომელთაც ღრმად პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდათ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის. აკაკიმ, ისევე როგორც ილიამ, პრაქტიკულ-პოეტურ მოღვაწეობასთან ერთად თეორიული საფუძვლები შეუქმნა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებას. მან ილიასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა რეალისტურ ესთეტიკას ქართულ ლიტერატურაში, ჩამოაყალიბა ახალი სალიტერატურო ენა და თავის თეორიულ წერილებსა და ფელეტონებში დაასაბუთა სალიტერატურო ენის ცოცხალ ხალხურ ენასთან მჭიდრო სიახლოვის აუცილებლობა.
თავის პირველ წერილებშივე („რამდენიმე სიტყვა „ჩანგურის“ შესახებ“ და სხვ.) აკაკიმ სასტიკად დაგმო რეაქციული ლოზუნგი „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ და როგორც ჭეშმარიტმა მესამოციანელმა, დიდი რუსი რევოლუციურ-დემოკრატიული მოაზ-როვნეების, ჩერნიშევსკისა და დობროლუბოვის ფილოსოფიურ და ესთეტიკურ იდეებზე აღზრდილმა მწერალმა-მოაზროვნემ, თავის ძირითად ამოცანად დასახა ხალხურობისათვის ბრძოლა ლიტერატურაში, სინამდვილის სწორი ასახვა მწერლობაში, მწერლობის გამოყენება, როგორც იდეური იარაღისა უკუღმართი სოციალური და პოლიტიკური სინამდვილის გარდასაქმნელად.
ასევე მეტად საგულისხმო წერილებსა, ნარკვევებსა და ზეპირად წარმოთქმულ სიტყვათა ჩანაწერებს შეიცავს განყოფილება, მიძღვნილი ქართველ, რუს და მოძმე ხალხთა მწერალ-მოღვაწეებისადმი. ამ განყოფილებაში მოთავსებულია აკაკის ღრმა აზრების შემცველი სტატიები, სადაც დახასიათებულნი არიან პოეტები და მწერლები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, ბარბარე ჯორჯაძე, ივანე კერესელიძე, ილია ჭავჭავაძე, ალ. ყაზბეგი, რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი, სერგეი მესხი, ანასტასია ერისთავ-ხოშტარია, გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ლევ ტოლსტოი, ნეკრასოვი, შევჩენკო და სხვ.
დიდად საგულისხმოა და მდიდარი როგორც აზრებით, ისე ფაქტიური მასალებით აკაკის წერილები, რეცენზიები და შენიშვნები, მიძღვნილი თეატრისა და ხელოვნების საკითხებისადმი. ასევე ღრმა მნიშვნელობის მატარებელნი არიან აკაკის სხვა წერილებიც ქართული კულტურის საკითხებზე. განსაკუთრებული ადგილი უკავიათ აკაკის მემკვიდრეობაში მის სტატიებსა და შენიშვნებს ზეპირსიტყვაობის შესახებ.
დიდი ქართველი მწერლის წერილები ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე, ერთად თავმოყრილი, პირველად გამოდის ჩვენს გამოცემაში.
აკაკის კრიტიკულ-ლიტერატურული მემკვიდრეობა თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს საბჭოთა კულტურის საგანძურში, იგი გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის დარგში, გააღრმავებს და გააფართოებს ჩვენს წარმოდგენას აკაკიზე, როგორც დიდ ქართველ მწერალსა და მოაზროვნეზე.
ლევან ასათიანი
![]() |
1.2 რამდენიმე სიტყვა „ჩანგურის“ შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ძლივს ერთი ხეირიანი წიგნი გვეღირსა: უ. ლორთქიფანიძემ გამოსცა ლექსების კრება „ჩანგური“, რომელმაც მოულოდნელად გაგვახარა და ისე გულწრფელობითაც არის ეს ჩვენი სიხარული, როგორც პირმშო შვილის ძეობაზე მისი მშობლებისა და ახალ მონათესავებისა... სიტყვა „პირმშო“ აქ ჩვენ უმიზეზოდ არ გვიხმარია: ეს „ჩანგური“ არის პირველი წიგნი, რომელსაც ასხია ქართული ხორცი, უდგია ქართული სული, სტირის და კვნესის ქართველების კვნესით და მაშ რაღა საეჭვოა, რომ ყოველ რიგიან ქართველთ ნათესავისათვის სასიხარულო იქნება?.. მიზეზიც ამისი არიან ორი პირველი მწერალთაგანი, როგორც ღირსებით, ისე რიცხვითაც: თ. ნ. ბარათაშვილი და თ. ი. ჭავჭავაძე.
ვიცი აქ მკითხველი ვერ შემომხედავს წყალობის თვალით, რადგანაც აქ ჩემგან ხმარებული სიტყვა „პირველი“ ორივე შემთხვევაში აკვირვებს და ფიქრობს: „პირველი ღირსებით? როგორ თუ პირველი ღირსებითაო?! ვთქვათ თუ გინდა ბარათაშვილი დიდი მწერალია, მაგრამ იმასთან ი. ჭავჭავაძეს რა უნდა? ვინ აძლევს იმას, ბარათაშ-ვილის გვერდით ალაგს? ჰმ, ეს ილია ჭავჭავაძე, ჭაპან-წყვეტით ლექსების მწერალი, რომლის ლექსებშიაც არც სულის განმაცხოვლებელი პოეზია იპოვება და არც სასმენელის დამტკბობი ჰარმონია ისმის, ნუთუ ერთ ტახტზე უნდა გვერდით მოუჯდეს ბარათაშვილს?“... ჯავრობს მკითხველი... დიახ, ჩემო ბატონო! ეგ თქვენი ნაქები და შემკული ბარათაშვილი და ჭავჭავაძე, სწორედ ერთს ტახტზედ სხდომის ღირსები არიან, ერთგვარი დამსახურება აქვთ ჩვენს ლიტერატურაში, ერთგვარად დაუვიწყრები არიან, ერთს გაუწყვეტელის ჯაჭვით გადაბმულები ერთი მეორეზედ, ერთის უმეორესოდ გაგება ძნელია! ერთის სიტყვით, ეგენი არიან მოსე და აარონი ჩვენის ლიტერატურისა. ამის დამტკიცებას ქვემორე შევუდგებით და აქ ჯერ მეორე „პირველის“ დამტკიცებას ვეცდებით. - მეორე „პირველი“, ესე იგი „პირველი“ რიცხვით ვიცი არ აჯავრებს მკითხველს, როგორც ზემოთ „პირველი“, მაგრამ აცინებს-კი ჩემზედ: „ეს რა უთქვამსო? ეს რა დაუწერიაო?“ „პირველი რიცხვით“ ხა, ხა, ხა!.. ნუთუ მაგათზედ ადრე მწერლები არა გვყოლიაო? ეტყობა, ამ სტატიის ავტორს არც ერთი ძველი წიგნი არ წაუკითხავს, მაგრამ სიმღერები მაინც არ გაუგონია, თუ ყოფილა როდისმე საქართველოშიო? სხვა არ იყოს რა მარტო ბესიკის და მისი ჰამქრების ლექსები უნდა სცოდნოდა და ამისთანა სიცრუე არ გამოეთქვაო“. ბატონო მკითხველო! მეც წამიკითხავს ძველი წიგნები, ვყოფილვარ საქართველოში და არა თუ გამიგონია ბესიკისა და მისი ჰამქრების თხზული ლექსები, კიდევაც თვითონ მე მიღიღინებია. დრო იყო, რომ მის „ტანო ტატანო“-ს, „შავნი შაშვნი“-ს და „სევდის ბაღს შეველ“-ს აღტაცებაში მოვყავდი ხოლმე და ახლა, ვერ დავფარავ მე, რომ ის ლექსები მოცლილი კაცის სასმენელს ატკბობენ ხოლმე, ისე ჰარმონიულად არიან დაწერილი. მაშ ეს მწერლები, მეუბნება მკითხველი, სულ ყველა ბარათაშვილზე და ჭავჭავაძეზე ადრე ცხოვრობდენ და წერდენ და თქვენ რაღა მიზეზით ეძახით ამ უკანასკნელებს „რიცხვით პირველებს“?.. ამ სურვილს, იმედი მაქვს, აქვე დავამტკიცებ, მაგრამ ჯერ მე თვითონ უნდა ვიკითხო: მკითხველო! ვიცი, რომ საქართველოში ბრძანდებით და მიბძანეთ: ხომ გაგიგონიათ ჩვენში ბულბულის ყეფა, შაშვის სტვენა და მერცხლის ჭიკჭიკი? რასაკვირველია, არათუ შენ მარტო, ყველას გაუგონია და თუ მოცლილიც ვყოფილვართ, დაგვიგდია ყური და დაგვტკბობია სასმენელი, ათასად უფრო, ვიდრე ბესიკის ჰარმონიული ლექსებისაგან, და მაშ ეს ჩიტები, რაკი საქართველოში ეგ ბუნება ყოფილა, არ გამოლეულან და მაგრე უსტვენიათ; მაშასადამე, ეგენი უნდა იყვნენ უპირველესნი რიცხვით პოეტები, მაგრამ, იმედი მაქვს, შენს გულშიაც არ შეუშვებ, რომ მგონი ჩვენს ლიტერატურაში რაიმე დამსახურება ჰქონდესთ, თუმცა სასმენელს კი გვიტკბობენ. რასაც თქვენ ფიქრობთ მაგ ჩიტებზე, მეც იმას ვფიქრობ მაგ თქვენს ნაქებ მწერლებზე, რომლებსაც ერთი და იგივე ღირსება აქვსთ მაგ ჩიტებთან, რადგანაც მაგათ ლექსებში ცარიელი სტვენის მეტი არაფერი მოისმის. მაგალითად ავიღოთ თუ გინდა ეს ლექსი:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! და სხვა.
ეს ბულბულის „ტიუ! ტიუ! ტია! ტია! ტია!“ არ არის, აბა რა არის? ცარიელი სტვენა არ არის?! და მაგათ ისეთი დამსახურება არა აქვთ ჩვენს ლიტერატურაში? კიდევ განვიმეორებ, როგორც ის ჩიტები, ისე არ მომყავს ეგენი მწერლების რიცხვში. აქ ეგება იფიქროთ, რომ მე უმიზეზოდ, ურიგოდ ვიქცეოდე და ცუდ განზრახვით ვადარებდე მწერლებს ჩიტებს და ვცდილობდე მათს მოქმედებაში ერთისა და იმგვარისავე ღირსების პოვნას? სრულიადაც არა, მე მაგაზე არაფერს არ ვამბობ და თუ თქვენ გნებავთ მიჩვენოთ განსხვავება რამ მაგათ დამსახურებაში, მაშინ-კი ვალდებული ვარ მოგახსენოთ ჩემი წინააღმდეგი აზრი. ახლა მე მსურს სხვა საგანზე ვილაპარაკო, ვუჩვენო მკითხველს, რა განსხვავება არის ადამიანისა და პირუტყვის შუა. პირუტყვი ჯერ ჩაისახება დედის მუცელში, იზრდება შიგ, მერე იშობება, იზრდება, მომწიფდება, ბერდება და ბოლოს კვდება ისე, როგორც კაცი; იმასაც კაცივით ხუთივე გრძნობა აქვს: სმენა, ხედვა, შეხება, გემოვნება და ყნოსვა; ისე ბრუნავს იმათშიაც სისხლი, როგორც კაცში, ისე სჭამს და ისე ინელებს, როგორც კაცი; ერთი სიტყვით, საზოგადოდ ფიზიკურად იმათში განსხვავებას ბევრს ვერასა ვხედავთ... და მაშ რითი განსხვავდებიან? რასაკვირველია, მეტყვით, რომ კაცსა აქვს უკვდავი სულიო და პირუტყვს-კი არაო. ამას გვასწავებს საღმთო ისტორია და ისეც რომ არ იყოს, მაინც თვალ და თვალ მისახვედრია, რომ კაცი არის უკვდავი, მეუფე ყოველთა პირუტყვთაო! დიახ, თანახმა გახლავარ; ძალიან უგნური უნდა იყოს კაცი, რომ ვერ შენიშნოს კაცში პირუტყვზე უმაღლესობა, მაგრამ რაში მდგომარეობს, რაზე არის დაფუძნებული და რაში ისახება კაცის უკვდავება? მის მაღალ განვითარებული ჭკუა-გონიერებაში, რომელსაც გვიჩვენებს როგორც ენის შემწეობით, ისე მოქმედებითაც, სადამდისაც პირუტყვი ვერ მისწვდება. აქედან ჩანს, რომ პირუტყვში არის მხოლოდ ერთი მხარე - ფიზიკური, და ადამიანში ორი: ერთი ფიზიკური ისე, როგორც პირუტყვში და მეორე-კი მომატებული ზნეობაში, - მხარე, რომელიც პირუტყვს მოკლებული აქვს, რადგანაც სჯა, მაღალი ჭკუა, გონიერება, რომელიც ჩვენ გვიჩვენებს კაცის უკვდავს სულს, პირუტყვს არა აქვს. - თვის ცხოვრების მსვლელობაში პირუტყვი ცდილობს დააკმაყოფილოს მხოლოდ თვისი ფიზიკური მოთხოვნილება და რადგანაც მას გრძნობა შეუძლიან მხოლოდ აწმყოთი და მომავლისათვის ბევრს არას ფიქრობს; როდესაც ის თავის მძორს დააკმაყოფილებს, ე.ი. საჭმელ-სასმელს ბლომად იშოვის და კარგი ამინდიც დაუდგება, ის არის მაშინ სრული ბედნიერი, მაგალითად: ასუქეთ პირუტყვი: სჭამს, სვამს, ნავარდობს და სრული ბედნიერია და, იმას კი ვერ მიხვდება, რომ ხვალ თავს მოსჭრიან და იმიტომ ასუქებენ. მაგრამ კაცი-კი სულ სხვა არის!.. ის მისი ცხოვრების მსვლელობაში ცდილობს დააკმაყოფილოს ორივე მხარე: ფიზიკურიც და მორალურიც (სული), და ამისათვის მარტო აწმყოთი არ ცხოვრობს და არც არის ბედნიერი აწმყოთი, თუ მომავალს კეთილს არ იმზადებს და არ მოელის; ცდილობს, რომ ყოველ კეთილის მომნიჭებელს მიზეზს მომავალისას ხელი შეუწყოს და წინააღმდეგი თვისი მომავალის ბედნიერებისა დაარღვიოს. მაგრამ, რადგანაც გრძნობს, რომ პირად-პირადად მისი შრომა სუსტია და რომ უფრო ძლიერად იმუშაოს, შემოიწევს სხვის ძალასაც; ამ აზრით ის ეკიდება ოჯახობას და ინახავს ცოლ-შვილს, ნათესავებს და რომ თვითონაც უფრო ბედნიერი იყოს, ცდილობს და ზრუნავს მის ბედნიერებაზედაც.
აი აქედან დაიწყება კაცობრიობის პირველი ბიჯი, რომლითაც ის გამოდის პირუტყულ მდგომარეობიდან. მეორე ბიჯი - როდესაც ფიქრობს, რომ ჩემი ახლო ნათესავების ბედნიერება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც საზოგადოება, რომელშიაც ვცხოვრობთ, ბედნიერი იყოსო და დაიწყებს საზოგადოებისათვის კეთილ-მზრუნველობას; ამ გვარად შეჰყვება კაცი და ზრუნავს და შრომობს თავის ხალხისათვის და გახდება პატრიოტი, რომელიც ხშირად თავს შესწირავს ხოლმე თავისი ხალხის კეთილდღეობას; და სულ უკანასკნელი ბიჯი, როდესაც კაცი ზრუნავს საზოგადოდ მთელი კაცობრიობისთვის და მაშინ შერაცხს თავის თავს ბედნიერად, როდესაც მთელი კაცობრიობის მოთხოვნილება შეძლების გვარად დაკმაყოფილებული იქნება. ამ გვარი კაცი არის კოსმოპოლიტი... აქ ვხედავ, რომ გადავსცდი მას, რასაც ზემოთ ვამტკიცებდი, მაგრამ ეს ამიტომ ვქმენი, რომ მეჩვენებია განსხვავება კაცსა და პირუტყვს შუა და ახლა გკითხავთ: ის კაცი, რომელიც მხოლოდ თავის თავზედ ჰფიქრობს, სურს დააკმაყოფილოს მხოლოდ თავისი მძორი, აწმყოთი იყოს ბედნიერი და არა ფიქრობს მომავალზე და ამ მიზეზით მსხვერპლად შესწიროს სხვების ბედნიერება განსხვავდება პირუტყვისაგან? პირუტყვია თუ არა? რასაკვირველია, რომ პირუტყვია, რადგანაც მის ცხოვრებაში ვხედავთ მხოლოდ პირუტყვულ მოთხოვნილებას. ის არის სულით მკვდარი, მას დაუკარგავს ღვთის ხატება და დაუფარავს მინიჭებული მისდამი ქანქარი.
ვითომც ბოდბელს უთქვამს: „თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუღარ ყოფილაო“. და ეს ანდაზა, ჩვენდა შესარცხვენად, ქართველების ანდაზად გახდა; ვის არ გაუგონია ჩვენში ბოდბელის ქება? ჭკვიანი კაცი ყოფილა, ასე უთქვამსო! და კიდევ გკითხავ მკითხველო: ვინც ამ ბოდბელის აზრს თანაუგრძნობს და იმეორებს მის სიტყვებს?..
ისტორიულმა მდგომარეობამ ისე დასცა საქართველო და მოსდრიკა წელში, რომ იმან მხოლოდ აწმყოს მოავლო ხელი და დრო აღარ ჰქონდა, რომ მომავალზე ეფიქრა. საუკუნოებითმა ტანჯვამ ისე გააუბედურა ჩვენი ხალხი, რომ როდესაც დასაძინებ-ლად დაწვებოდა ხოლმე, იმას ნამდვილი იმედი არ ჰქონდა მეორე დღეს ცის სინათლის დანახვისა; თვისი მომავალი ცდილობდა დაემზადებინა ზეცას და ამ ქვეყნად აღარას ეძებდა. - ამ მდგომარეობაში იყო ჩვენი ხალხი დიდხანს; ცხოვრობ-და მხოლოდ თავისთვის, ფიქრობდა მხოლოდ თავის აწმყოზედ, რომელსაც თუკი დააკმაყოფილებდა როდისმე ბედნიერად, რაცხდა თავს ბედნიერად, მოილხენდა და შეექცეოდა... და რომელმაც-კი მათგანმა სიმღერაც იცოდა, აჭიკჭიკდებოდა ხოლმე ისე, როგორც ზემოხსენებული ჩიტები, მაგრამ რა იყო მაგ სტვენაში? მათი საკუთარი აღტაცება და სიხარული... მათი მძორის დაკმაყოფილება; და ამისათვის ძველი მწერლების ლექსებში ჩვენ ვერაფერს ვხედავთ, გარდა ბუნების აღწერისა, სიყვარუ-ლისა, ღვინის, ვარდის, ბულბულის და ვირისა, ერთის სიტყვით მათი საკუთარის გრძნობისა და ამ მიზეზით ისე ეკუთვნიან ისინი ჩვენს ხალხს, როგორც ზემოხსენებული ჩიტები. აი ამგვარ მდგომარეობაში იყო ჩვენი ხალხი და ამგვარად სტვენდნენ მისი მწერლები, როდესაც პირველად გამოვიდა ჩვენს ხალხში ბარათაშვილი. ბარათაშვილიც, რასაკვირველია, კაცი იყო ხორცშესხმული და აღტაცებაში მომყვანმა საქართველოს ბუნებამ იმასაც აუშალა გრძნობა და დაუტკბო ისე, როგორც იმ ზემოხსენებულ მწერლებს; ის მიდის ტურფად გაშლილ სურნელების აღმომფშვენ ვარდთან, სჭვრეტს, შედის ეშხში და უგალობს:
ბულბული ვარდზედ მჯდარი ეტყოდა მას მსტვინავი:
„ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,
მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი“ და სხვ.
აქ იხატება, რომ ბარათაშვილის ბულბული, ე.ი. მისი მოთხოვნილება მარტო მძორის დაკმაყოფილებას არ დასჯერდა; ფიზიკური ვალი თუმცა დაკმაყოფილებული ჰქონდა ვარდის ტურფა შლილობითა, მაგრამ, იმან მოინდომა დაეკმაყოფილებინა თავისი გონების თვალიც და, გულმტკივანმა ჰკითხა: „როგორ არს გაშლა შენი მღინავი?“ მაშინ გამოეცხადა ეს დემონი, რომელსაც ის ბოროტ სულს ეძახის (მაგრამ ჩვენ-კი უნდა ვსცნობდეთ კეთილ-სულად) და უთხრა: „ეგრე! ეგრე! გამოიძიე! მიიხედ-მოიხედე, თუ რომ გინდა კაცი გახდე, ეცადე გონების დაკმაყოფილებასაც! შეხედე! ამ ბუნებას ხალხი ასხია, შენც იმ ხალხში ცხოვრობ; მიტომ მოგწონს ეს ბუნება და მისთვის მოჰყავხარ მას აღტაცებაში, რომ მაგ ბუნებით შენს გარდაც ხალხი სტკბება, თორემ რომ ხალხი არ იყოს და უდაბური იყოს, მაშინ გინდ სამოთხის დარიც იყოს, არ გვინდა!.. მარტო ბუნებას ნუ შესცქერიხარ, შეხედე ხალხსაც, გამოიძიე რას შვრება, რა ეჭირვება კეთილ-დღეობისათვის“ და სხ....
მოუსმინა პოეტმა, გადახედა ხალხს და რა დაინახა? ხალხის დაბალი ცხოვრება და სხვა ვერაფერი. აუღელდა გული, ვეღარ ემონა მათ პირუტყულ საზოგადო კანონებს, გადაადგა დიდი ბიჯი, მოშორდა მათ და დაინახა თავი მარტოდ უდაბნოში. - აქედან იწყება მისი ტანჯვა და ამბობს:
ნუვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუვინ სჩივის თავის უთვისტომობას!
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი და სხვანი.
დიახ, საბრალო იყო პოეტი დაობლებული მარტო უდაბნოში, ვერვის მიმხდომი. - და თვით უკეთ გვიხატავს თავის მდგომარეობას შემდეგის სიტყვებით:
არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის,
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა და სხვანი.
რასაკვირველია, რომ ეს აზრი მეორე ჩვენმა სასიქადულო მწერალმა ი. ჭავჭავაძემ სხვა სიტყვებით გამოსთქვა:
მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ ამდენ ხალხში კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!..
ეს სიტყვები ეკუთვნოდა ბარათაშვილს და არა ჭავჭავაძეს და ჭავჭავაძემ გადაიტანა თავის თავი ბარათაშვილის დროინდელ ქართველებში. - მართლა და ძნელია სულით ობლობა!.. ბარათაშვილი იმდენზედ მიიყვანა სულით ობლობამ, რომ თითქმის დასცა და გაბოროტებულ ტანჯვით მოაგონა მისი დემონი, რომელიც ადრე სანუგეშოდ გამოეცხადა მას; მოაგონდა პოეტს და წყევით უსაყვედურა:
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?
რა სარწმუნოება იყო ეს, რომელსაც ბარათაშვილი ნანობს, თუმცა ბრმად და ცრუდ-კი რაცხავს?
ეს სარწმუნოება იყო, რომელსაც მთელი ხალხი საქართველოსი, გარდა ბარათაშვილისა, აღიარებდა და ბედნიერი ეგონა თავის თავი; ეს სარწმუნოება იყო ბოდბელის ანდაზა: „თუ მე აღარ ვიქნე, ქვა ქვაზედაც ნუღარა ყოფილაო!“ ბარათაშვილი კარგად ხედავდა, რომ ეს სარწმუნოება ბრმა იყო და მისი მიმდევარნიც უბრმავესნი იყვნენ, მაგრამ მაინც ისე შეაწუხა სულით ობლობამ, თვითონაც დაბრმავება არჩია, მაგრამ გვიანღა იყო მისი უგვანი ნატვრის აღსრულება! ხედავდა, რომ მისმა „სულმა ბოროტმა“ მოუკლა მისი ყმაწვილური ბრმა სარწმუნოება და გამწარებული ბარათაშ-ვილი მუქარით ეუბნება:
განვედი ჩემგან, ჰოჲ მაცთურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო,
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მიხვდეს ხელი შენი მსახვრალი.
ამ უკანასკნელ სიტყვებში იხედება პოეტის სულით სრულად დაცემა, მაგრამ ძნელია ისეთის დიდის ნიჭის დაცემა აღუდგენელად, როგორც ბარათაშვილი იყო და ამისათვის ეს დაცემის გამომხატველი გრძნობები იყო მხოლოდ წამითი, მოკლე ხნის აღბორგების გამო; შემდგომ ლექსებით თვითონვე არღვევს თავის ნათქვამს სიტყვებს და ინანებს, როდესაც პოეტი მიდის მტკვრის პირზედ და ჰფიქრობს: მტკვარო, ბევრი დროს მომსწრე ხარო და ჩვენს საქართველოს ამაზედ უკეთესი დრო არა ჰქონიაო? თუ მუდამ ასე საზიზღრად დაცემული იყო, როგორც ეხლა მე ვხედავო? და თანავე დაუმატებს კვნესით: ანკი რა არის ეს ჩვენი წუთისოფელიო? ვცდილობთ, ვშრომობთ, ვფიქრობთ, ვმუშაობთ და ჩვენის გულის შეჯერება მაინც ვერ შეგვიძლიაო, ბოლოს მოვკვდებით და თუ სიცოცხლე ღირსათ გაგვიტარებია, შთამომავლობისაგან კურთხევას მივიღებთო, მაგრამ ესეც მოკლე ხნის დიდებაა კაცისათვის, რადგანაც ერთხელაც არის ამ სოფელსაც ბოლო მოეღებაო, რადგანაც საუკუნო არ არის რაო და მაშ რაღაზედ ვიკლავთ თავსაო? რას ვეძებთო? ჰკითხავს თავის თავს!.. ჰკითხავს და თვითვე მიუგებს ჭეშმარიტ პასუხს:
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არრა იზრუნვოს.
მიაგნო ამ აზრს, მოავლო ხელი და მოინდომა სოფლის რგება და მისი ხალხის ბედნიერება, მაგრამ რა კარგათ ხედავდა, რომ მისი აწმყო ბრმა და გაფუჭებული იყო და დაიწყო მიზეზის გამოძიება: რა არის იმისი მიზეზი, რამ დასცა ასე ხალხიო? წარმოიდგინა ძველი დრო და ნახა, რომ ჩვენი წინაპრები უსაყვედუროდ რჩებიან თვის ცხოვრებაში და არა გგვანან ჩვენ: მათ დროს საქართველო მოითხოვდა ქართველებისაგან მტერზედ გულის რისხვას და სისხლის თხევას და ეს მოთხოვნილება თავშეწირვით აღსრულდებოდა ხოლმე ჩვენი მამებისაგან. ჩვენი დრო მოითხოვს ჩვენგან ძმების სიყვარულს, ერთპირობას და პატიოსანს ოფლს და ამ მოთხოვნილებას ჩვენვე დავსცინით და ვსდევნით. ამას ხედავს პოეტი და ამბობს: მიზეზი რა გვქონდა ასე დაცემისო? ჰფიქრობს, ხედავს, და ჩვენც გვიჩვენებს მის „ქართლის ბედში“ სადაც ამ უბედურობის მიზეზს გვიხატავს მეფის ირაკლისა და სოლომონ მდივნის საუბარში. მაგრამ ამ გვარის სამსახურით ვერ სრულყოფდა ბარათაშვილი მის დანიშნულებას. მისგან მოითხოვებოდა კიდევ სხვაც რამე; თვითონაც გრძნობდა ამას, მარტო აწმყოს და წარსულის ცნობაზედ ბევრს კარგს ააშენებდა. აქ კიდევ წასჩურჩულა მისმა დემონმა (სულმა ბოროტმა): მარტო წარსულზე და აწმყოზე ნუ სტრიალებ, იფიქრე მაგ ხალხის მომავალზედაც! ამოსთხარე ძირიანი ეკალი და მის ნაცვლად იქვე ჩასთესე კეთილი თესლი და არ დაიკარგება: ამოვა მომავალში და მოიტანს კეთილს ნაყოფს!.. ეს რჩევა სულით და გულით შეითვისა ბარათაშვილმა და ზეწამომდგარმა და ამაღლებულმა შეურყევლად თავისი მომავალი ცხოვრების და შრომის, რჩევის დასკვნა დაგვიწერა „მერანში“, მაგრამ, ვაი რომ სიკვდილმა მოუსწრაფა დღეები და მისი სურვილი დარჩა შეუსრულებლად, თუმცა შეკაზმა კი მოასწრო მისი მერანის (პეღასი) და გაექცა თვალ-ბედითს ყორანს:
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი,
ამბობს. - რა ყორანი იყო ეს თვალ-ბედითი შავი ყორანი? ის უგუნურება, რომელსაც დაპყრობილი ჰყვანდა საქართველო. - პოეტი გაექცა, გაუსწრო წინ იმ შავს ყორანს და გადმოსძახა ახალ შთამომავლობას: მე არ დავეძებ არც ტოლს, არც ნათესავს და არც სხვა რამეს, შენთვის შემომიწირავს შთამომავლობავ, ჩემი აწმყო ბედნიერებაო:
ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!
აი რა გადმოსძახა საქართველოს, მაგრამ ასრულება-კი აღარ დასცალდა რაში მდგომარეობდა მისი დაპირება და რა იყო მის კვნესაში, ის ჭეშმარიტება დიდხანს დარჩა ჩვენთვის დაფარულად და გაუგებრად. - დიდმა ხანმა გაიარა ბარათაშვილის შემდეგ და მის კვალზედ წასული არავინ გვინახავს. თუმცა ნიჭიანი მწერლები-კი გამოჩნდენ საქართველოში და ხელოვნებაც კარგად გაიგეს, მაგალითად თ. გ. ო., თ. ალ. ჭავჭავაძე, თ. რ. ერისთავი, კ. ბ. ჯორჯაძისა და სხვანი, მაგრამ რაო? ამათ ხალხის დარდი არა ჰქონიათ, თავის ქეიფს უნდებოდნენ, ერთი ანბობდა: სულო-ჯან, მეორე: დავეხსნათ ცოდნის ძებნასა ღვინო სჯობს ყოველ ცოდნასაო, მესამე: რათ შემიყვარებ, განა არ ვიცი, შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე-კი მოხუციო; მეოთხე: ეგ თვალები ცეცხლის ბურჯღლებს ისვრისო! და სხვანი (აქ რიცხვში არ მომყავს კომედიის „გაყრა“-ს ავტორი, რადგანაც აქვს ჩვენს ლიტერატორებთან კავშირი), სხვები-კი ღმერთმა შეინახოს!.. ლექსებს-კი ბევრი სწერდნენ, მაგრამ რა გვარს: ზოგი ლოცვებს, ზოგი მოდებს, ზოგი რას და ზოგი რას. მაგრამ იმათი მღერა, რასაკვირველია, ჩხავილი იყო და არა სტვენა, რადგანაც თვითონაც არა ბრძანდებოდნენ ბულბულები.
ამ სიკოტრის ჟამს გამოჩნდა ილია ჭავჭავაძე. პირველად, რასაკვირველია, თარგმნა დაიწყო პუშკინით, ლერმონტოვით და სხვ., მაგრამ ბოლოს დააგდო ეს გზა და შეუდგა ბარათაშვილის კვალს და, რადგანაც დროც ხელს უმართავდა, უფრო თამამად, ტირილით დაუწყო ხალხს შეჩივლა: „აი რა უნდა ეთქვა თქვენთვის ბარათაშვილსაო! აი რას მოასწავებდა და რას ნიშნავდა მისი კვნესაო!“ ერთი სიტყვით, ჭავჭავაძე არის ბარათაშვილის მოკანანახე და მისი დიდი ღირსებაც ამაზედ არის დაფუძნებული. ყოველ მის ლექსში ვხედავთ ქართველების ტანჯვას და გოდებას, მაგრამ რა საგანიც უნდა აიღოს ტანჯვის გამოსახატავად, მომქმედ პირად მაინც თვითონ არის; ავიღოთ მისი ჭკვიანი ლექსი, მაგალითად „გუთნის დედა“. რა სურათს გვიხატავს ავტორი? ასე ჰგონია კაცს, რომ სერზედ შემჯდარი ჭავჭავაძე მიჩერებია გულგრილად მოღიღინე გუთნის დედას და ეუბნება: „შე სულელო, აი რას უნდა გრძნობდე და აი რასაო“ - ავიღოთ კიდევ მისი მეორე ლექსი: „ხმა სამარითგან“ - ავტორი ცდილობს, რომ მკვდარს ათქმევინოს მისი ცოდვები; ამ შემთხვევაში ან უნდა ისე ამოიძახდეს ხმა სამარიდან, კაცი გააცინოს და ან ისე, რომ შეაძრწუნოს და დააფიქროს მსმენელი, მაგრამ ჭავჭავაძე ამ პირობებს ვერც ერთს ვერ ასრულებს, მაგალითად:
სამართალს ფულითა ვსჭრიდი,
გროშისათვის კაცს გავყიდდი,
თვით ძმას ორმოს გავუთხრიდი
და ჩემს ჯიბეს ნელ-ნელა ვზრდიდი;
საზრდოს გლეხსა წავართმევდი,
მშიერს, მწყურვალს დავაგდებდი,
თუ შიმშილით მოკვდებოდა,
მე ის არ დამნანდებოდა! და სხვ.
ან და ეს იმავე ლექსიდან:
გლეხებთან ვიყავ ჭკვიანი,
ტუტუცი ნაჩალნიკთანა;
უხმოსთან ვიყავ ხმიანი
და უსიტყვო ხმიანთანა.
ვინც მე შიშით მიყურებდა
მას ბრაგა-ბრუგს დავუწყებდი,
და ვინც კი დამიყვირებდა -
მას მე ფეხქვეშ ვუძვრებოდი და სხვ...
ამ ლექსებში ჩვენ სამარიდან კი არ გვესმის ხმა, ეხლა ვხედავთ ილია ჭავჭავაძეს, რომელიც, როგორც სასტიკი მსაჯული, ეუბნება შემცოდეს: „შენ ეს ცოდვები გაქვსო და ესაო“. - ამ ლექსებში პოეზიის ნატამალიც არ იპოვება; ეს არის მხოლოდ ცარიელი რიტორება, ლექსების შემარცვლა უსწორ-მასწორია და რითმაც - პირველი სიმდიდრე ჩვენის ლექსისა - არსად სჩანს. ერთის სიტყვით, როგორც ლექსი, - ძალიან სუსტია, მაგრამ ამის ერთს სტრიქონს, ფუთობით რომ მიბოძოთ ჩვენის ბულბულების ნაწერში, რომელშიაც პოეზიაც იქნება, მარცვლებიც და რითმებიც, არ გავცვლი; და მიზეზიც ის არის, რომ ამ ლექსებში ოცნებას-კი ვერა ვხედავთ, მაგრამ ყოველს დღიურს ჭეშმარიტებას, ჩვენს ნაკლულოვანებას და ჩვენს საჭიროებას და ამისთვის მოგვწონს პოეტი და ამაში მდგომარეობს მისი მაღალი ღირსებაც. - რაც ამ ერთს ლექსზედა ვსთქვით, ის შეიძლება საზოგადოდ ვთქვათ ყველა მის ლექსებზედ. თუ ჭავჭავაძის ლექსებში მარტო ხელოვნებას მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ მის ლექსებს არ ექნება დიდი ღირსება, მაგრამ ჩვენ მარტო ხელოვნებას არ ვეძებთ (ხელოვნურად ნათქვამი სისულელე და ოცნება, მაინც სისულელე და ოცნება იქნება), - ჩვენ ვეძებთ ჭკვიან აზრებს და ამას კიდევაც ვპოულობთ ჭავჭავაძის ლექსებში. - ამასაც ვერ დავფარავთ, რომ, ჩემის აზრით, ამახინჯებს ქართულს და სიტყვებს კვეცავს, რომ ძალდატანებით ლექსი გამოიყვანოს ხოლმე და რა საჭიროა! უმჯობესი არ არის და მისთვისაც უკეთესი და უადვილესი, რომ ის, რასაც ლექსად გვეუბნება, პროზით გვითხრას? ამითი არა-თუ დაჰკარგავს ღირსებას, კიდევაც მოიმატებს? ჭკვიანი აზრები რომ კაცმა კარგის ტკბილის სიტყვებით გვასმინოს, უეჭველია, სიხარულით და სიამოვნებით მიუგდებთ ყურს, მაგრამ იმავე ჭკვიანი აზრების გადმოცემა რომ სიმღერით მოინდომოს და სიმღერა-კი უჭირდეს, მაშინ სიცილს მოგვგვრის, მაგრამ თუ კი მღერალიც იქნება, მაშინ რასაკვირველია, ეშხში უფრო მოგვიყვანს, რომ სიმღერით გვასმინოს; ჭავჭავაძეც რომ დარბაისლურად გვემუსაიფოს, უკეთესი იქნება. კიდეც დაგვიმტკიცა ეს თავისი პროზებით, სადაც ძალას არ ატანდა თავის ნიჭს და თავის გზაზედ იდგა... ჩემის აზრით, მისი „კაცია, ადამიანი“ და „გლახის ნაამბობი“ ობოლ მარგალიტად რჩებიან ჩვენს ლიტერატურაში. - მე არ მინდა შევეხო მის პროზებს, რადგანაც მკითხველს ზემოთ ვპირდებით მხოლოდ მის ლექსებზედ მოლაპარაკებას და მგონია ეხლა-კი ხედავდეს მკითხველი, რომ ჭავჭა-ვაძე თუმცა ჭაპან-წყვეტით სწერს ლექსებს, მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვსთ მის ლექსებს ჩვენთვის. აი რას ამბობს ჭავჭავაძე მის „პოეტში“:
მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა!
ანუ ეს:
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში.
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული.
აი რას ამბობს პოეტი! ჭავჭავაძის გარდა უთქვამს ვისმეს ეს აზრი? აი რას ნიშნავს კაცობა და არა ბულბულობა!..
მისთვის შევეხე აქ ჭავჭავაძესა და ბარათაშვილს, რომ ეგება ჩვენმა განათლებულმა სწავლულებმა, რომელთაც ჯიბეში ხელი ჩაუწყვიათ და დაცინების მეტს არას აკეთებენ, ეგება იმათ მოჰკიდონ კალამს ხელი და კრიტიკულად გაარჩიონ ჩვენი მწერლები. - თუმცა ბევრჯერ გამიგონია იმათგან, რომ ჯერ უნდა იყოს რამე, რომ მერე კრიტიკოსი გამოჩნდეს და დაჰსწეროს მისი განხილვაო, მაგრამ ეს სულ ტყუილი თვალის ახვევა არის; ის კაცი, რომელსაც წინ უდევს რუსთაველი, ბარათაშვილი და ჭავჭავაძე, სტყუა ამ სიტყვებით, - არაფერი გვაქვსო!.. - სწავლულებო, მოგვხედეთ! რა არის ეს გულის შემზარებელი თქვენის მხრით გულ-გრილობა? გვიჩვენეთ გზა და კვალი და თუ ვერ გამოგყვეთ, მაშინ დაგვცინეთ და მაშინ შეგვრისხეთ!.. მაგრამ ეს კი უნდა იცოდეთ, რომ თუკი თქვენ თითონ დაცინებისა და უსაქმობის მეტს არაფერს გაგვიკეთებთ, მაშინ არა გვრწამს თქვენი წინასწარმეტყველობა. - თქვენც გვიჩვენეთ ისეთი შრომა, როგორც ჭავჭავაძემ, და ან როგორც იმათ, რომელთაც პანსიონები გახსნეს და ზრდიან ყმაწვილებს და ან მასწავლებლად შევიდენ სასწავლებლებში, - ერთი სიტყვით, რითაც შეიძლოთ, კეთილის სიტყვით მაინც, და თუ ვერ დაგაფასებთ, მაშინ დაგვიძახეთ უმადლო ქართველები.
„ჩანგურის“ გამოცემით ლორთქიფანიძემ დაიმსახურა საზოგადო მადლობა და არა ვკარგავ იმედს, რომ ამ ჩემს ჰაზრს დაამტკიცებს საზოგადოება... ესეც შევიტყვეთ, რომ ლორთქიფანიძეს თავისი შრომა ტყუილად, ე.ი. უინტერესოდ შეუწირავს. ხალხი-სათვის და იმ ფასით ჰყიდის წიგნს, რამდენიც თვითონ დაჯდომია იმას გამოცემა. ღმერთმა ხელი მოუმართოს სხვა ამგვარ საზოგადო საქმეზედაც.
(ცისკარი, 1865 წ., 1 9)
რედაქტორის შენიშვნები
რამდენიმე სიტყვა „ჩანგურის“ შესახებ
1. დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1865 წ., №9, გვ. 3-21, სათაურით: „რაოდენიმე სიტყვა „ჩანგურის“ შესახებ“.
2. კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე (1839-1918) - თერგდალეულთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. მისი პირველი სტატია, მიმართული ძველი თაობის წინააღმდეგ, ილია ჭავჭავაძის პოზიციების დასაცავად, დაიბეჭდა „ცისკარში“, 1862 წ., №4-ში, „თერგდალეულის“ ფსევდონიმით. ამის შემდეგ იგი თანამშრომლობდა ილიას „საქართველოს მოამბეში“, გაზ. „დროებასა“ და ჟურ. „კრებულში“ (ფსევდ.: თერგდალეული, თომა კარგარეთელი). 1864 წელს პეტერბურგში გამოსცა პოეზიის ანთოლოგია, რომლის სრული სათაურია: „ჩონგური. ნ. ბარათაშვილის, ილ. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლისა და სხვა მწერლების ლექსების კრება, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან“. კრებულს სატიტულო ფურცელზე მიუძღოდა ეპიგრაფად ნ. ბარათაშვილის სტრიქონი: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება“. კრებული იხსნება ნეკრასოვის პოემით: „პოეტი და მოქალაქე“ (თარგმანი ეკუთვნოდა კ. ლორთქიფანიძეს), მას მოსდევდა ნ. ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის (სამი ვარსკვლავით ხელმოწერილი), აკაკი წერეთლის, რაფ. ერისთავის, გრ. ორბელიანის და სხვ. ლექსები.
1873-74 წ.წ. კ. ლ. რედაქტორობდა გაზ. „დროებას“ (სცვლიდა საზღვარგარეთ წასულ ს. მესხს). კ. ლ. ახლო მეგობარი იყო ილიასი, აკაკისა, გიორგი წერეთლისა, ნიკო ნიკოლაძისა. აკაკიმ 1861 წელს პეტერბურგში მას უძღვნა ლექსი „საბრალო გული“. ილიას 60-70-ან წლებში მასთან ხშირი მიმოწერა ჰქონდა ლიტერატურული საქმე-ების გამო.
კ. ლორთქიფანიძის შესახებ იხ.: ი. ჭავჭავაძე, წერილები, 1949 წ., გვ. 27-33; აკაკი, ჩემი თავგადასავალი; სოფრ. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1938 წ., გვ. 174.
3. იგულისხმება პოეტი გრიგოლ ორბელიანი (1804-1883).
![]() |
1.3 რამდენიმე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძისა |
▲ზევით დაბრუნება |
გოლვიან ზაფხულში, როდესაც სიცხით დამწვარი და ნაყოფის ვეღარ აღმომცენი დედა-მიწა მხოლოდ მარტო მტვერს იდენს გახურვებულს ზურგზედ, სადმე მოწმენდილ ცის კიდეზედ ერთი ნაგლეჯი ღრუბელიც, თავის თაავად ვერ შემძლებელი ვერც ჰაერის გაგრილებისა და გაწმენდისა და ვერც დედა-მიწის დალბობისა, ყოველის კეთილ-მუშაკის გულს ახარებს!.. სურვილი მოჰგვრის მას სხვადასხვა იმედებს და სიხარულით ეუბნება კეთილი მუშაკი თავის თავს: „კიდევ სადმე გამოჩნდებიან, ღვთის მადლით, იმ ცაზედ სხვა ნაგლეჯებიც ღრუბლისა, შეუერთდებიან ერთმანეთს, დაჰფარავენ სრულიად ცას და იწყებენ წვიმას, რომლითაც გაიწმინდება ჰაერი და იხარებს დამბალი, გულ-გამაძღარი და გულუხვი დედა-მიწაც“. ამ ღრუბლის ნაგლეჯის მსგავსად მოსჩანს ჩვენში ჯერ მხოლოდ მარტოთ კ. ბ. ჯორჯაძისა, რომელსაც შეეხება ეს ჩვენი სტატიაც. მაგრამ ჯერ გვსურს, რომ აქ წარმოვსთქვათ მოკლედ რამოდენიმე ჰაზრი საზოგადოთ დედა-კაცობის ღირსებაზე, როგორც დედობაში, ისე ცოლობაშიაც. - ერთის სიტყვით, დედა-კაცი არის ჩვენი ცხოვრების გვირგვინი, მაგრამ რათი უნდა აგვირგვინოს მან ჩვენი ცხოვრება და გვინეტაროს სხვადასხვა მიზეზებისა გამო გამწარებული სიცოცხლე? სიყვარულითო! - გვეტყვიან. - დიახ, სიყვარულით! ჩვენც ვუპასუხებთ; იმათ უნდა დანერგონ ჩვენში სიყვარული და აღგზნან ჩვენს გულში ტრფიალება, მაგრამ ოცნებითი სიყვარული კი არა, არა ის სიყვარული, რომელიც აპატიოსნებს კაცს და რომლის საფუძველი არის პატიოსანი შრომა და განათლება!.. - რაგვარი ღირსება ეჭირვებათ დედა-კაცებს, რომ ამგვარი სიყვარულის აღგზნება შეიძლონ ჩვენში? სილამაზეო! - მიპასუხებენ; იმგვარი სილამაზე, სიტურფე და კეკლუცობა, რა გვარიც აგვიწერეს პოეტებმაო! და მართლათაც აღტაცებულს პოეტებს არ დარჩენიათ, სილამაზის იდეალის გამოხატვის დროს, აუწერელი არც შავი თვალები, არც ბროლის კბილები, არც საროს ტანი, არც თმაგი-შერი, არც შვილდივით მოხრილი წარბები და არც ისარივით ინდოს ჯარათ წამოზიდული წამწამები. ერთის სიტყვით, იმათ გვიჩვენეს ჩვენ მათს პოეტიკურს აღწერილობებში სხეულის მშვენიერების სრული სურათი. მართალია, ფიზიკური მშვენიერება არის ბუნების წესით კაცობრიობის ერთი მოთხოვნილებათაგანი, მაგრამ კაცის სრულს ღირსებას დიახაც ვერ შეადგენს, რადგანაც კაცში მარტო ფიზიკური მხარე არ არის, მაგრამ იმასა აქვს მეორე უმაღლესი მხარეც - სულიერი (ზნეობითი), ურომლოთაც ის ძალიან შორს ვერ აცდება პირუტყვულს თაობას. კაცს უნდა ჰქონდეს სულის ანუ ჭკუის სილამაზეც; ის უნდა ამშვენიერებდეს იმას, რასაც ჭკუა მოითხოვს. - სხეულის მშვენიერება არის მხოლოდ პირველი ბიჯი კაცობრიობის წარმატებისა. მის შემდეგ, რა ის გამოვიდა პირუტყვულ მდგომარეობიდან, როდესაც კაცმა ეს პირველი ბიჯი გადადგა, თავის მოყვარეობამ დააწყებია მას თავის თავზედ ზრუნვა და ფიქრი, რომელიც გამოცხადდა მხოლოდ მისის ფიზიკურის მხრის წვრთნითა და გამშვენიერებით, რადგანაც ეს უფრო ადვილი და თვალდათვალ დასანახავი განსხვავებული ღირსება იყო; ამგვარი ფიზიკური წვრთნა უფრო ძლიერად გამოცხადდა დედა-კაცში, რადგანაც ეს მოთხოვნილება უფრო დედა-კაცის ბუნებაში იდვა და დედა-კაცებმა კიდევაც მიაწევინეს თვისის სხეულის მშვენიერებას უკანასკნელს წერტილამდის. სულ ამაზედ გაჩერებაც არ იქნებოდა, და წინ მიიწევდა, კაცობრიობამ გადმოდგა მეორე ბიჯიც, გამოახილა გონების თვალიც და, რაც დაინახა, მითი შეუდგა იმის ზრუნვასაც, ესე იგი, სულიერის მხრის გაზრდას და გამშვენიერებას და ისე კი გაიტაცა ამ შრომამ, რომ ფიზიკური მხარე დაავიწყა და ყურიც აღარ უგდო!... ამგვარი შრომაც არ იყო სრული ღირსების მომნიჭებელი. თუმცა გონების წურთვნა კი უმჯობესია ფიზიკის წურთვნისა და მის გამშვენიერების ცდაზედ! - პირველს ბიჯში კაცობრიობა ემსგავსებოდა მშვენიერს საჭურჭლეს, რომელშიაც იდვა ურიგო და უხმარი განძი და მეორეს ბიჯში, საჭურჭლეს ურიგოს და განძსა კი ძვირფასსა. მესამე ბიჯი იქნება, როდესაც კაცი ეცდება თვისის ორივე მხრის თანასწორ განშვენიერებას! - ამგვარი პირები დღითიდღე მრავლდებიან უცხო ქვეყნებში; ასე გასინჯეთ, რომ რუსეთშიც კი გამოჩდნენ ამ დროში; მაგრამ ჩვენში?!.. ჩვენში კი ნუღა მკითხავთ!.. არა თუ თავის თავად ცდილობდნენ ამ გვარ ღირსების მოპოებას, სხვა ვინც ამხილებს, იმათაც-კი სდევნიან და კიდეც ეს არის საღმრთო წერილის სიტყვა: „ამხილე უგუნურ-თა და შეგიძულონ შენ“. ანუ მდაბიურათ ვსთქვათ: „ბავშვო, პირი დაიბანე, გასვრილი ხარო“ რომ ეტყვიან, ის ტირილს მოჰყვება და იძახის: „დამეხსენი შე მამა...“ და სხვანი. - ჯერჯერობით მოვეკრძალოთ აქ მათზედ ლაპარაკს და გავსინჯოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოთ დედა-კაცს ცოლობაში? ყოველს დედა-კაცს შეუძლია, …………….. მაგრამ განა ეს არის მისი საკმაო ვალი? ყოველი კაცი თავის თავათ იშენებს კეთილ-ცხოვრებას, რომლის გამოც იდგამს უღელს და რომლისათვისაც ეჭირვება მომხრე, რომ გაუადვილოს ის უღელი და შეუსუბუქოს მძიმე ტვირთი. მასთანავე ეჭირვება მის ბუნებას, ყოველს შემთხვევაში ჭირშიდაც და ლხინშიდაც, თანა მოზიარე მეგობარი და ეს ვალათ აძევს ცოლს, - განვიმეორებ, რომ კაცი იშენებს ცხოვრების სადგურს და მაშინ ეჭირება კეთილი მომხმარე, თანაშემწე, რადგანაც ბევრი მისთანა სამუშაო გამოჩნდება მაშინ, რომელიც უფრო შეჰფერის დედა-კაცის ბუნებას და უფრო ადვილათ მას ეშველება ცოლისაგან, ვიდრე ქმრისაგან და, მაშასადამე, იმგვარი შრომა უნდა იხვედროს მუშაობის განაწილების დროს კეთილმა და ღირსმა ცოლმა: ეს არის მისი უმაღლესი ცოლობის დანიშნულება!.. ახლა ნება მომეცით ვიკითხო, როგორ ასრულებენ ამ ვალს ჩვენში ცოლები? ისინი მხოლოდ იმას სთხოვენ ქმრებს, რომ შეძლებაზედ მეტათ შეინახონ; ასვან, აჭამონ, ჩააცვან, დაახურონ, იშრომონ და ისინი-კი არ გასარჯონ. და ნაცვლად ამისა რას მიიღებენ ხოლმე საწყალი ქმრები ჩვენში? ერთს, ორს გენაცვალეს, სამიოდეს შენიჭირიმეს და ამათთანაც ერთს შეფერებულ-კოცნას და ეს არის იმათი კარგი ცოლობა!... მაგრამ, უკაცრავათ! კიდევ წამომცდა მათზედ ძვირი! - უმჯობესია მაგათ თავი მოვაშოროთ და ახლა ისიც გავსინჯოთ რაში მდგომარეობს დედობა?!.. ვინ არ იცის, რომ შვილების თავდაპირველი გამოზრდის ვალი აძევსთ დედებს? იმათ უნდა დაუდგან შვილებს განათლების საფუძველი!.. ის დედა, რომელიც ჯერ ცხრა თვეს ატარებს მუცლით შვილს. ჰშობს, მერე აწოვებს ძუძუს და შეუდგება მას, სხეულს ზრდის და ჰზრუნავს მაზედ, სანამ არ დაამთავრებს, ის დედა ასრულებს მარტო ბუნებითი მოვალეობას. ამგვარ დედობრივ ღირსებას არც პირუტყვები არიან მოკლებულნი. მაგრამ ღირსი დედა წვრთნის შვილს და ზრდის მის სულიერ მხარესაც, რომელსაც საფუძვლად უდებს უმეტესად სხვათა შორის. ქრისტეს მოძღვრებას ნამდვილს და არა ფანატი-კობით ზღაპრულად გადაქცეულ ოცნებებს ჩვენში ძვირათ იპოება დედა ამ ღირსებით აღჭურვილი. ვინ იტყვის, რომ ჩვენს დედებს არ უყვარდეთ შვილები? მაგრამ უყვართ და სურთ მათთვის კეთილი ისე, როგორც მათ ესმით და მათ უნებურათ მტრობენ თავის ნაშობებს!.. ჩვენში, საზოგადო აზრის მიმდევარს დედებს ჰგონიათ კაცის ღირსება მხოლოდ გარეგანი მნიშვნელობის მოპოება! საკაცად-კაცადო ღირსება დაუვიწყებიათ და ამის გამო დედის რძესთანავე თან შეაწოვებენ ხოლმე ამ სასურველს და სანატრო, მათის აზრით, ბედნიერების ძებნის სურვილს; შვილებიც, რასაკვირველია, სიყრმითგანვე შეუდგებიან მის ძებნას.... ახლა შედარებით ვსთქვათ, უწინდელი დედებიც ამათთანაები იყვნენ ჩვენში თუ არა? დიახაც არა! - ის სოფიოები, რომლებზედაც გულდაწყვეტით ქვითინებს ბარათაშვილი, დღეს აღარსად არიან!.. - ძველ დროში ქართველს ძვირათ იპოვიდით ჩვენში, რომ არ ყოფილიყო განსწავლული საღმრთო-საეროზედ; იცოდნენ ქართული ზედმიწევნით, იყვნენ კარგი მოსაქნარი და მეოჯახეები: მათი გონება მუდამ გართუ-ლი იყო რიგიან საქმეებში და ახლა კი ძვირათ იპოება საქართველოში დედაკაცი ამ ღირსებით სრული; დღეს სწავლა ჰგონიათ მხოლოდ ჩიქორთული, რუსული და ტანცაობა და ის დედაკაცური ბუნებაც, რომელსაც უყვარს მშვიდობიანობა და სიწყნარე, მათში აღარ იხედება, მაგრამ ნაცვლად შფოთსა და უთანხმოებას ახდენენ ხალხში: „ამან ეს თქვა და იმან ეს სთქვაობით!“ - მე ვერ მოგახსენებთ, რომ ახლანდელ დროში ჩვენში ქალები ყველა ამგვარი იყონ! ზოგნი დიახ ღირსი დედა-კაცები არიან რომლების რიცხვშიდაც, ჩვენის აზრით, ერთი უპირველეს ადგილთაგანი უჭირავს კ. ბ. ჯორჯაძისას ისე, რომ შემეძლოს მასზედ გრძლად სჯა და არც კი ვხდი ჩემს თავს ვალდებულად პირად პირადათ მაზედ სალაპარაკოთ. მე მხოლოდ მოგახსენებთ იმ კ. ბ. ჯ., რომლის სტატიებიც ხშირად შეგვხვდება ხოლმე ჟურნალში. - მართალია, ევროპული მნიშვნელობა კი არა აქვს რა მის სტატიებს და მისს შრომას (და კიდეც რომ ჰქონდეს, უადგილო იქნება ჯერ ჩვენში), მაგრამ იქიდან ცხადათა მოსჩანს, რომ მათ ავტორს სხვებსავით არა აქვს უბრალოთ გული გაქსუებული, არამედ კეთილად ამოქმედებს თვის გონებას და განჭვრეტაც საგნების რიგიანი და მართალი აქვს. დასამტკიცებლათ ჩემის სიტყვისა წაიკითხეთ მისი ლექსი: „დედა შვილს“ და მაშინ მიბრძანეთ მართალს მოგახსენებთ თუ არა?..
(დროება, 1868 წ., №3)
რედაქტორის შენიშვნები
რამდენიმე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძისა
1. ხელნაწერი H-1508/2, ფურც. 6г14г (სახ. მუზეუმის ხელნაწ. აღწ. ტ. 4, გვ. 14). ნაბეჭდი - გაზ. „დროება“, 1868 წ., №3.
2. ბარბარე ჯორჯაძისა (1833 - 1895), ლიტერატორი, პოეტი, დრამატურგი, პოეტ რაფიელ ერისთავის და. ყველაზე კოლორიტული წარმომადგენელი კონსერვატორული თაობისა, რომელთანაც ლიტერატურული პოლემიკა მოუხდა თერგდალეულთა თაობის მეთაურს ილია ჭავჭავაძეს. ბ. ჯ-ს მიღებული ჰქონდა შინაური აღზრდა. თანამშრომლობდა „ცისკარში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“. პირ-ველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1859 წ. („სევდიანი ქალი მდინარის პირას მჯდომი“). 1860 წ. „ცისკრის“ №1-ში ბ. ჯ. ბეჭდავს წერილს „გარკვევა“, სადაც ეკამათება ლ. არდაზიანს ქართული ენის და მწერლობის შესახებ. 1863 წ. „ცისკარში“, №3, ნინო ერისთავის ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას გრ. რჩეულიშვილის მოთხრობაზე „ანუკა ბატონიშვილი". ბ. ჯ-ს პოლემიკა ი. ჭავჭავაძესთან წარმოებდა 1861 წ. „ცის-კრის“ ფურცლებზე. („თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ“ და „პასუხის პასუხი“). 1863 წ. „ცისკრის“ №2-ში ბ. ჯ. ბეჭდავს პირველ დრამატიულ ნაწარმოებს „შური“, ხოლო იმავე წლის №11-ში - კომედიას „რას ვეძებდი და რა ვპოვე“. ბ. ჯ. ხშირად აქვეყ-ნებდა ლექსებსაც. 1874 წ. ბ. ჯ. წერს კომედიას „მკითხავი“. ამავე წელს აქვეყნებს ცნობილ „სამზარეულო წიგნს“. 1880 წ. წერს დრამას „მშვენიერი კეკელა“. 90-ან წლებში დასწერა კრიტიკული განხილვა დ. ჩუბინაშვილის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნისა“ (არაა დაბეჭდილი). ამავე ხანებში „კვალში“ და „ჯეჯილში“ აქვეყნებდა ლექსებს. 80-ან წლებში ბ. ჯ-მ შეადგინა პირველდაწყებითი სკოლის სახელმძღვანელო. 90-იან წლებში ბ. ჯ. აქვეყნებს პროზაულ ნაწარმოებებს წარსული ცხოვრების თემებზე - „შამილიანობა კახეთში“, „თაზო მომღერალი“, „მარიამი“, „ალავერდობა“, „ამბავი სოფელ ხევთა პირში“.
ბ. ჯორჯაძის გარდაცვალებას „კვალი“ და „ივერია“ გულთბილად გამოეხმაურნენ.
აკაკი აფასებდა ბ. ჯ-ძეს, როგორც თვალსაჩინო ნიჭით დაჯილდოებულ ქართველ ქალს. 1864 წ. აკაკიმ, პასუხად ბ. ჯ-სგან წინა წელს მიძღვნილი ლექსისა („ცისკარი“, 1863 წ., №9) დასწერა ლექსი „პასუხი კ. ბ. ჯ.“; 1868 წელს „დროების“ №3-ში გამოქვეყნებული წერილით აკაკიმ თანამედროვე ქალებს დაუპირისპირა ბ. ჯ., რომელსაც „სხვებსავით არა აქვს გული გაქსუებული, მაგრამ კეთილად ამოქმედებს თავის გონებას“.
აკაკის წერილს მკაცრად გამოეხმაურა „დროების“ ფურცლებზე მ. ბეთანელი (იხ. ქვემოთ შენიშვნა).
ბ. ჯორჯაძის შესახებ იხ. ილია ჭავჭავაძე - „პასუხი“ („ცისკარი“, 1861 წ., №6); აკაკი წერეთელი - „პასუხი კ. ბ. ჯ.“ („ცისკარი“, 1863 წ., №9); „რამდენიმე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძისა“ („დროება“, 1868 წ., №3); „პირველი და უკანასკნელი სიტყვა „დროები-სადმი“ („ცისკარი“, 1868 წ., №5); „გახსენება“ („კვალი“, 1893 წ., №14). მ. დემურია - „მოგონება“ („ივერია“, 1895 წ., №91); ნეკროლოგები ბ. ჯორჯაძეზე - „კვალი“, 1895 წ., №17 და „მწყემსი“, 1895 წ., №8; ქეთევან ირემაძე - ლიტერატურული მედალიონები, 1945 წ. (ნარკვევი ბ. ჯორჯაძეზე), გვ. 61-126. ლ. მეფარიშვილი, „ბარბარე ჯორჯაძის ლიტერატურული მემკვიდრეობისათვის“ („საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე“, წ. 12-ბ, 1944 წ., გვ. 269).
![]() |
1.4 პირველი და უკანასკნელი სიტყვა დროებისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
„გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა!“ - აი რას დამღერს თავის უბიწო და უკვდავ ქნარს წმინდა წინასწარმეტყველი, დიდი პოეტი დავით!.. დავითის მსგავსად უნდა იგონებდეს ამ ჭეშმარიტ სიტყვებს ყოველი პოეტი, როდესაც ის იწყებს წერას, თვინიერ ამისა ვერ იხილავს ის „ზეგარდმო შთაგონებას“ და მისი მწერლობა იქნება ძალა-დატანებითი სიტყვების რახა-რუხი. - სიტყვას „ზეგარდმო შთაგონებას“ დაცინებითი მნიშვნელობა აქვს მიცემული ზოგიერთებისაგან, მაგრამ, რადგანაც მე არ ვეკუთვნი მათს რიცხვს, ამის გამო უნდა მოგახსენოთ, თუ როგორ მესმის მე ეს ზეგარდმო შთაგონება და რა მნიშვნელობას ვაძლევ საზოგადოდ ამ ლექსს?.. როდესაც პოეტი შეუდგება რომელიმე საგნის ხელოვნებით გამოხატვას, მაშინ მისი გონება ექვემდებარება მხოლოდ იმ ერთს მხატვრობის საგანს, არის მისგან გატაცებული და იმ დროს პოეტის ფიქრები სხვა რამეებზედ ჩვეულებ-რივად აღარ გადადიან: ის ერთი საგანია მხოლოდ. მაშინ მისი გულისთქმა, მისი სურვილი, გარეშე ფიქრები ვეღარ ეხებიან მღელვარე გულს და აღშფოთებულ სულს, თითქმის უნებურ გრძნობით განმსჭვალული პოეტი მხოლოდ თვის მხატვრობაში, თვის ქმნილებაში ჰხედავს თვის ჯოჯოხეთს და თვის სასუფეველსაც; და უკეთუ წინააღმდეგ ამისა მას გულში იმ დროს სხვა გარეშე პასუხებსაცა აქვსთ ბინა, მაგალითად: წინათვე განზრახულ რამე მიდგომილებას ანუ დევნას, მაშინ არ შეიძლება, რომ რაგინდ მშვენიერი მხატვარიც იყოს პოეტი, თითო ორ-ორი ხაზი მრუდედ არ გაჰკრას, რომლითაც მისი მხატვრობა გარდაიქცევა ცრუ მხატვრობად. აი რისთვის ეჭირვება ყოველს მწერალს გული წმინდა და სული წრფელი, - ამგვარივე ღირსება ზნეთ უნდა სჭირდეს კრიტიკოსსაც: უნდა ესმოდეს მას ის საგანი, რომელსაც ჰსწონის და აფასებს, უნდა იცოდეს ის ენაც, რომელზედაც გაარჩევს პოეტის თხზულებას და წინა-განზრახულის მიდგომით არ უნდა შეუდგეს წერას. ამ ღირსებაებას ყოვე-ლივეს მოკლებულია უ. ბეთანელი, ავტორი პოეტური გაკენწლისა. ამ წლის „დროე-ბის“ №12 გამოხტა ცილისწამებით და უსამართლო ცრუმეტყველებით ჩემ საპირდაპიროდ შეიარაღებული დიდი რაინდი უ. ბეთანელი... ამ გვარის სტატიის, როგორათაც გულმრუდედ დაწერილის, პასუხის მიცემა, რასაკვირველია, რიგიც არ იყო, მაგრამ რადგანაც „დროებას“ დღემდის ცოტაც იყო პატივსა ვსცემდი და არ მინდოდა შეძლების გვარად, თუკი რამედ გამოადგებოდა, ჩემი სუსტი შრომის გამოლევა მისთვის, მხოლოდ ამ მიზეზით უნდა ვუპასუხო უ. ბეთანელს, რომელსაც ჩემი სტატიიდან ამოუღია სიტყვები უადგილოდ, ზოგი სიტყვა გამოუკლია, ზოგი ჩაუმატებია, თავისებურად გადაუკეთებია, მით ნამდვილი ჰაზრი დაუკარგვინებია და იძახის: აი წერეთელი რას ამბობს. ამის გამო ჩვენდა თავის მოსაწყენად, უნდა ყოველი მუხლი ამოვსწერო მისი სტატიიდგან, რადგანაც ყოველს მუხლში ცილსა მწამებს, პასუხი გავსცე და სახალხოთ ცილისმწამებელი, სახალხოდვე გავამტყუნო და უკეთუ ეს ჩვენი პასუხი გაგრძელდეს, ჩვენი ბრალი აღარ იქნება.
„ამ წლის „დროების“ 3-მე ნომერში (ასე იწყებს უ. ბეთანელი) წავიკითხე სტატია სათავით „ორიოდე სიტყვა კნ. ბ. ჯორჯაძისა... სტატიაზედ მიწერილია თ. აკ. წერეთელი“. ჯერ სამი სიტყვა ამოგიწერიათ უ. ბეთანელო, ჩემი სტატიიდგან და იქაც იმ განზრახვით, რომ ჰაზრი სხვები გამოიყვანოთ, ერთი სიტყვა გამოგიკლიათ, ურომლოთაც სულ სხვა აზრი გამოდის. იქ ეწერა: „ორიოდე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძისა...“ ამას ეს აზრი აქვს, რომ სხვა ამბობს ორიოდე სიტყვას კ. ბ. ჯორჯაძისაზედ და თქვენ რომ ამოგიწერიათ და ის ერთი ლექსიც „შესახებ“ რომ გამოგირიცხავთ, მაშინ სხვა აზრი გამოდის, ე.ი. რომ ის ორიოდე სიტყვა ეკუთვნის თვით კ. ბ. ჯორჯაძისას და არის მისივე ნათქვამი. ამითი თქვენ ჩემი სტატიის აზრი განზრახვით სათავეშივე შეგიშლიათ.
„ჩვენ გვეგონა, რომ წერეთელი ამ სტატიით კრიტიკულად გაარჩევდა კნ. ბ. ჯორჯაძის თხზულებას... მაგრამ ჩვენი იმედი და ლოდინი ამაოდ დარჩა“.
რათ გეგონათ, თქვე დალოცვილო, რა საფუძველი გქონდათ? ხომ წაიკითხეთ სათავე, რაც სათავეში ეწერა ის უნდა გგონებოდათ და არა სხვა რამე! იქ ეწერა: რამდენიმე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძისა, ეს სიტყვები აქ ნათლად ნიშნავენ, რომ იქ იქნებოდა სჯა კნ. ბ. ჯორჯაძისაზედ და არა მის სტატიებზედ... და თუ მის სტატიებზედ გვდომებოდა ლაპარაკი, მაშინ ჩვენს სტატიასაც სულ სხვა სათავე ექნებოდა: ე.ი. რამოდენიმე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძის თხზულებისა და მაშინ დიახაც საფუძვლიანი იქნებოდა თქვენი იმედი და ლოდინი, მაგრამ მე ეგ სათავე არ მიხმარია და თქვენ რომ ქართული არ დაგზარებოდათ და კარგათ წაგეკითხათ, ჩემის სტატიის სათავიდგანვე მიხვდებოდით, თუ რა უნდა მეთქვა ჩემს სტატიაში და აღარ გეგონებოდათ სხვა რამე. მეგონაობით როგორ იქნება საქმე. რაც თქვენა გგონიათ, ყველა ხომ მართალი არ იქნება? თქვენ ისიც კი გეგონათ, რომ მე პოეტურათ გამკენწლეთ თქვენის კრიტიკით, მაგრამ ბოლოს ნახავთ, რომ ცარიელი „მეგონა“ გამოდგებით.
„თ. აკ. წერეთელი არ ვალდებულობს კრიტიკის ვალის ასრულებას“. მე კრიტიკის ვალს ვერ ავასრულებ, არ მოხერხდება, და კრიტიკოსისას კი, შეიძლება, რადგანაც კრიტიკა იმასა ჰქვიან, რასაც კრიტიკოსი დასწერს, მაგრამ თქვენ კრიტიკა და კრიტიკოსი ერთი გგონებიათ.
„როგორც ავტორი ანბობს „არ ვალდებულობს წერეთელი პირად-პირადად ლაპარაკს კნ. ბარ. ჯორჯაძისასთან“.
ეს ვინ მოგახსენათ, რომ მე არ ვალდებულობდე პირად-პირადად კ. ბ. ჯორჯაძისასთან ლაპარაკს? თუ კი შემთხვევა მექნება, დიდი სიამოვნებით შევუდგები მასთან ლაპარაკსა და სჯას! მე ამის წინააღმდეგი არსად მითქვამს, მაგრამ თქვენ თქვენებურათ ამოგიწერიათ ჩემი სიტყვები და ცილი შემოგიწამებიათ! აი მე როგორა ვსწერდი: მე ისე ვერ ვიცნობ კ. ბ. ჯორჯაძისას, რომ შემეძლოს გარეშე ღირსებაების ქება და რომ კიდეც ვიცნობდე, მაშინაც არ ვიხდი ჩემს თავს ვალდებულად, რომ პირად-პირადად მაზედ ვიწყო სჯა. მე მხოლოდ იმ კ. ბ. ჯორჯაძისაზედ მოგახსენებთ, რომლის სტატიებსაც ხშირად შეხვდებით ხოლმე ჟურნალებში. ეს სიტყვები იმას ნიშნავენ, რომ მე არ ვეხები გარეშე კერძოობით ღირსებაებს კ. ბ. ჯორჯაძისას, მაგრამ ვაქებ მას ვითარცა მწერალ ქალს, რადგანაც ამ ჩვენს დაცემულს დროში ქალის მწერლობით შრომას დიდათ ვაფასებ. ეს სიტყვები ადვილი მისახდომი არიან, მაგრამ თქვენ დაგზარებიათ გაგება მათი და ლექსის „პირად-პირადად“ მნიშვნელობა არ გსმენიათ.
„ის მხოლოდ შეიარაღებული ჰმოსავს კ. ბ. ჯორჯაძისას იმავე პოეტურ ღრუბლით და ჰგზავნის საქართველოში, რომ მან აწვიმოს და უხვად დაალბოს გოლვიანის დამწვარ-დახრაკული საქართველოს ნიადაგი“. ეს რაღაც უგუნური, ობროდული ცილისწამება საიდან გაგიჩენიათ. თუ თქვენ მიჩვენებთ იმ ჩემს სტატიაში და დამიმტკიცებთ, რომ ეს ამ გვარი აზრები ჩემი იყოს, მაშინ სწორეთ სახალხოთ მოვითხოვ ბოდიშს, მაგრამ ვიცი, რომ ამგვარს ვერას იპოვით ჩემს ნათქვამს. აი მე რას ვანბობდი: „გოლვიან ზაფხულში მუშაკი რომ შენიშნავს მოწმენდილს ცაზედ მცირე ღრუბლის ნაგლეჯს, ამას იტყვის სიხარულით: ეს ღრუბელი კარგი ნიშანია, მართალია, თავის თავად ეს პატარა ღრუბლის ნაჭერი ვერც ჰაერს გააგრილებს და ვერც წვიმას მოიყვანს, რომ მიწა დაალბოს, მაგრამ იმედია, ამ ღრუბლის ნაჭერს სხვა ღრუბლებიც შეუერთდებიან, გაიზრდებიან, დაჰფარავენ ცას და კიდეც გაავდარდება, დაიწყებს წვიმას“... სწორედ ამ ღრუბლის ნაჭრის მსგავსად შევყურებთ კ. ბ. ჯორჯაძისას... „აი რა საქმე“ და ამ შედარებით ის გამოდის, რომ ჩვენი ქალები არ ეძებენ წერა-კითხვას, ერცხვინებათ, ეთაკილებათ და კ. ბ. ჯორჯაძისა კი გამოჩდა და მართალია თავის თავად გენიოსურს ვერას შეგვძენს, მაგრამ მაინც სანუგეშო და სასიხარულოა მისი გამოჩენა, რადგანაც სხვებს მაგალითს აძლევს! და ახლა გკითხავთ, უ. ბეთანელო! ეს აზრები რათ გადა-აკეთეთ თქვენებურათ? როდის გავგზავნე კ. ბ. ჯორჯაძისა საქართველოში პოეტურ ღრუბლით შემოსილი საწვიმარად? რამ გათქმევინათ ამისთანა ობროდული? ვერ გაიგეთ ჩემი აზრი, რომელიც ისე მოსახდომად იყო დაწერილი, რომ ვინც სულ აზრდაკარგული არ არის მიხვდებოდა ადვილად, ვერ გაიგეთ თქვენ, თუ განგებ გამოცვალეთ აზრი? ამ ორში უერთობა არ შეიძლება და მაშასადამე პირველს შემთ-ხვევაში ამტკიცებთ მიუხდომლობას და მეორეში კი ცილის-მწამებლობას და ახლა თქვენთვის მომინდვია ამ ორს ღირსებაში ერთი და ერთი თქვენზე მიიწერეთ, რადგანაც აცდენის მოხერხება აღარ შეიძლება. ამასთანავე მიწყრებით და მტუქსავთ, როგორ აქე შენ კ. ბ. ჯორჯაძისა და საფუძველი გქონდაო? აი რა: ისეთი დაცემულია ჩვენი საზოგადოება, რომ მთელს საქართველოში ათასში ერთ ქალს ვერ მიჩვენებთ, რომ არ ჰკიცხავდეს ყოლიფერს და არ ეთაკილებოდეს ქართული ენა, ათს დედა ქალს, რომელიც რომ ქართულად რამეს ჰკითხულობდეს და რომ თვითონაც სწერდეს, დღეს ვერავის ვხედავთ, გარდა გ. ბ. ჯორჯაძისა. ახლა თქვენვე გკითხავთ - ამ შემთხვე-ვაში საქებია კ. ბ. ჯორჯაძის ქცევა, თუ არა?
,,დასამტკიცებლად მისა, რომ ბარბარე ჯორჯაძისა საქებია, აკ. წერეთელი გვირჩევს, რომ კ. ბ. ჯორჯაძის ლექსი „დედა შვილს“ წავიკითხოთ და თვითონ კი არ ამოეწერა ის ლექსი და ამ გვარათ აკ. წერეთელი ჩიკოლიკსა ჰგავს, რომელიც „მგზავრის წერილებში“ გიზოს ფილოსოფოსობას და ისტორიკოსობას ამტკიცებსო“, ბრძანებთ ვითომც ოხუნჯობით, უ. ბეთანელო, მაგრამ ამგვარი შედარება ისეთი მოსაფიქრებელი და სასაცილოა და ისე მარჯვეთ მოგიხერხებიათ, როგორც ჰაერისა და აქლემის ერთად შედარება.
ჩიკოლიკი ამბობს უადგილოდ და უდროვოდ გიზოზედ და ვისაც ის ეუბნება და უმტკიცებს გიზოს კარგს ფილოსოფოსობას და ისტორიკოსობას, იმათ არც სცხელათ და არც სცივათ გიზოსი! რა დარდი აქვსთ ერთი ვიღაც უცხო ქვეყნის მწერლისა. მე კი ქართველ მკითხველებს ვურჩევ იმ ლექსის წაკითხვას, რომელიც ქართველისაგან იყო დაწერილი, ქართულად დაიბეჭდა ქართულს ჟურნალში და ეკუთვნის ქართველებს - მაინც და მაინც ჩამცივებიხართ ჭინჭყლიან კაცსავით (მწერლობაშიდაც ხომ პოლიციის ძალა არ იქნება) - უნდა ამოგეწერაო... არ ვნახე საჭიროდ, რადგანაც ის ლექსი ერთხელ დაბეჭდილი იყო ჟურნალში და აღარ ამოვწერე.
„რაზედ დასწერა ან რისთვის თვისი სტატია წერეთელმა: საქართველოს გვალვაზედ, ქალების ემანსიპაციაზედ, თუ კ. ბ. ჯორჯაძის თხზულების გასარჩევად და ტალანტის დასაფასებლად?“
არც ერთზე! მე მხოლოდ წარმოვსთქვი რამოდენიმე სიტყვა კ. ბ. ჯორჯაძისაზედ, როგორც მწერალ ქალზედა და მაგალითად მოვუყვანე ჩვენს ქალებს! თქვენ რომ ვერ მიხვდით, ჩემი რა ბრალია! სხვისთვის გეკითხათ!
თუ „ჩვენ სკეპტიკურის თვალით (სათვალებიანით ხომ არა, რადგანაც ზოგიერთი ყმაწვილები წამოიცმენ სათვალეებს და ჰგონიათ, თუ სკეპტიკურის თვალით იხედებიან) გადავხედავთ მის სტატიას, მაშინ ჩვენ რიგიანს ვერას გამოვიტანთ წერეთლის სტატიიდან“.
ამაზედ აი რას მოგახსენებთ: ვინც წაიკითხავს ჩემს სტატიას და მერე თქვენსა, იტყვის, რომ ურიგიანობა თქვენა გქონიათ და ჩემი ცილისწამება გდომებიათ და მისთვის თქვენებურად გადაგიკეთებიათ ჩემი სტატია!
შემდგომ უადგილოდ და უსაფუძვლოდ მოჰყვებით, სწორეთ ჩიკოლიკივით, და გვიმტკიცებთ, რომ კრიტიკოსმა უნდა თხზულება გაარჩიოს და არა მწერლის კერძო ცხოვრებაო და აკ. წერეთელი კი მეორე შედეგს ხმარობსო. რათა სტყუით? არ კი მევე მოგახსენეთ ჩემს სტატიაში, რომ მე არც თხზულებაზედ ვსწერ და არც კერძო ცხოვრებაზედ-თქო? მე მხოლოდ მწერლობაზედ ვლაპარაკობდი, თქვენ, მგონია, ამ ორი ლექსის „მწერლობა და ნაწერის“ გარჩევა არ გესმით, ამ ორ სიტყვას სულ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს!.. ამას არ აქცევთ ყურადღებას, ვერ გაგიგიათ და თუმცა არავინ გკითხავსთ, მაინც ამტკიცებთ, რომ კერძო ცხოვრების აწერა არ შეიძლებაო; შეიძლება კარგი კაცი ცუდი მწერალი იყოს და ცუდი კაცი კი კარგი მწერალიო - ამის დამტკიცებას ორ გვერდს ანდომებთ, და სხვა მაგალითებთა შორის მოგყავსთ ილია ჭავჭავაძეც და მკითხავთ: როდესაც „კაცია, ადამიანს“ ვარჩევთ, რაზედ უნდა ვფიქრობდეთ იმ დროს, - იმაზედ რომ „კაცია, ადამიანი“ კარგი მოთხრობაა, თუ იმაზედ, რომ ილია ჭავჭავაძე, ავტორი „კაცია, ადამიანის“, კარგი, გულკეთილი და მშვიდი მამა არის თავის შვილებისა და სხ... იმიტომ რომ იმან დასწერა „კაცია, ადამიანიო“. ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, ადრიდგანვე დამტკიცებული, რომ ახალი ანბავი აღარავისთვის არის, მაგრამ გეტყობათ, რომ დიდი ხანი არ არის რაც ეგ ჭეშმარიტება თქვენ შეგიტყვიათ და გგონიათ თუ თქვენს მეტმა ჯერ არავინ იცის, მაგრამ ვინ რამეს გკითხავსთ ამაზედ და ვინ გედავებათ, ვინ გეუბნებათ წინააღმდეგს! მართალია, „კაცია, ადამიანი“ უნდა ვაქოთ და არა ილია ჭავჭავაძე, მისი ავტორი! მე არ შემიძლია რომ ვსთქვა რამე ილია ჭავჭავაძის სილამაზეზედ და კაცობაზედ, მაგრამ, უ. ბეთანელო, მე რომ თქვენისთანა მწერლებს ვუჩიოდე და მოგახსენოთ „ჩვენმა მწერლებმა არ იციან თვითონაც რასა სწერენ, წაიკითხვენ, ვერ გაიგებენ და ისე სწერენ კრიტიკას და კარგს იზმენ, რომ ილია ჭავჭავაძეს მიბაძონ ხოლმე, ჯერ წაკითხული გაიგონ და მერე სწერონ; მასთანაც მიდგომით ნურას დასწერენ და თავისებურად რამე სხვა განზრახ-ვით ნუ გადააკეთებენ სტატიას. - ამ შემთხვევაშიდაც ილია ჭავჭავაძეს მიბაძონ, რადგანაც მხოლოდ ერთი ის მოკლებულია ამ ცოდვებს“ - ეს რომ ვსთქვა ხომ შემიძლიან, რადგანაც მაგალითად მომყავს თქვენისთანა კრიტიკოსებისათვის? მაშ ამ გვარად ვაქე მეც კ. ბ. ჯორჯაძისა; არც მისი თხზულება გამირჩევია და არც მისი ტალანტი და არც მისი კერძო ღირსება, მაგრამ მაგალითად მოვუყვანე ქართველ ქალებს. თქვენ იმასაც მიწყრებით რათ აქებო და რა სამაგალითოაო. - ახლა გკითხავთ, ვინ უფრო საქებია თქვენის აზრით: ის ქალები, რომელნიც უსაქმურად ატარებენ დროს და თითქმის ჰკიცხავენ ყოველივე ქართულს, თუ ის, რომელიც არა თუ ჰკიცხავს, თანაუგრძნობს და მაგალითსაც აძლევს სხვებს: შეძლებისა გვარად სწერს და კითხულობს! თქვენ ეს, როგორც გეტყობათ, არაფრათ მიგაჩნიათ, რომ ყოველივე დროსი და ადგილის მიხედულობით ჰფასდება? რომ ჩვენ საზოგადოებას ასი და ორასი უკეთესი მწერალი ჰყავდეს, მაშინ ვგონებ დიდი ფასი აღარ ექნებოდა კ. ბ. ჯორჯაძისას, მაგრამ ჯერ კი სხვა არსადა სჩანს! თქვენ კი უცხო ქვეყნის სათვალე-ებით დაჰყურებთ ჩვენს საზოგადოებას. გაგიგონიათ, რომ საფრანგეთში ჟორჟ-ზანდი არის მწერალი ქალიო და თუ საქართველოშიდაც მისთანები არ იქნენ, სხვა აღარ გვინდაო. - სოფლური ანდაზა მაინც გაიხსენეთ: „სადაც არ იყოსო, ცოტაც კმარიყოსო“ და ან ეს: „არაობას ცალი უღელი ხარი სჯობიაო“. ნათქვამს ბრძანებთ: მისი ლექსი „დედა შვილს“ რა წასაკითხავია და საქებიო... დიახ სამაგალითო და საქებია: მშვენიერი და მოსაწონი აზრებია შიგ გამოხატული და ვინც იმასა ჰგმობს, ის იქნება სინიდისის წინააღმდეგი.
იქ ერთი დედა არიგებს თავის შვილს და ეუბნება: შვილო, შენ ეკუთვნი შენს მამულს, შენს სამშობლო ქვეყანას და მას უნდა შესწირო შენი თავიო; მაშინ, როდესაც სხვა დედები საზოგადოთ მას ჩასძახიან თავის შვილებს: „თუ შენ არ იქნები, ქვა ქვაზედაც ნუღარ ყოფილაო, და შენ კი მიიღე რაცა გსურს და სხვები წყალსაც წაუღიაო“, ახლა გკითხავთ თქვენ, რომელი დედა უფრო მოგწონსთ, პირველი თუ მეორეები? როგორც სჩანს, თქვენის სიტყვებით მეორეებს უფრო თანაუგრძნობთ და მეც მირისხდებით, პირველი რათ უფრო მოგწონსო. რაზედაც მე ვსჯიდი, თქვენ იმისთვის ყურადღება არ მიგიქცევიათ და სხვა რამეზედ იდებთ თავს. ჩვენ ჯერ აზრადაც არა გვქონია კ. ბ. ჯორჯაძის თხზულებაების კრიტიკულად გარჩევა და თუმცა თქვენ მოინდომებთ მის დამტკიცებას, რომ მისი თხზულება, აგრეთვე ბერიევისა და რჩეულოვის არ იყონ კრიტიკის ღირსი, მაშინ დიახაც გამოგიჩნდებიან მოპასუხენი და დაგიმტკიცებენ, რომ მათ თხზულებას დროებითი მნიშვნელობაცა ჰქონიათ და სარგებლობაც მოუტანიათ.
არა ცოდნა, არა ცოდვაო, ნათქვამია ანდაზად და თქვენც, უ. ბეთანელო, ჩემი სტატიის ამ გვარად უკუღმა გარჩევა მოგეტევებოდათ, რადგანაც ან კარგად ვერ გაიგებდით და ან სულ სხვა აზრისა იქნებოდით, ვიდრე მე, მაგრამ პირად-პირადად მე რად მეხებოდით? თქვენ ცილსა მწამებთ, ვითომც მე შევხებოდე ვისმეს კერძო ღირსებას, მიწყრებით კიდევაც და თვითონ თქვენ კი იმავე სტატიაში ჩემს კერძო ღირსებაებს ცილს სწამებთ, ჩვეულებრივად ეხებით აი ამ გვარად: თქვენ მეძახით მე, ვითომც საცინლად აგდებით, აკაკიას, მაშინ, როდესაც კარგად იცით, რომ სახელი აკაკია ისეთი გაკიცხვითია როგორც გოგიელა, ივანიკა, ნიკოია და სხვანი. იცით, რომ ჩემი ნამდვილი სახელი არის აკაკი და არა აკაკია, ხშირად თქვენ თვითონვე წაგცდებათ ხოლმე ნამდვილი სახელი ჩემი, უცოდნელობით არ მოგსვლიათ, მაგრამ თქვენ აკაკიას დაძახება დიდი გაკიცხვა გგონიათ?! სახელით როგორ გაიკიცხება კაცი? იუდა მიტომ არის საზარელი სახელი, რომ ის კაცი, ვისაც ეს სახელი ერქვა, გამცემელი იყო და არა მისთვის რომ იუდა ერქვა!.. - კაცს შეუძლია სახელი შეარცხვინოს, მაგრამ სახელი კი ვერ შეარცხვენს კაცს! ეს ვერ მოგიფიქრებიათ და თქვენი დაცინება რაღაცა მდაბიური გამოდის და არა ლიტერატურული... ხშირად ხმარობთ დაცინებით „პოეტი წერე-თელი“, - თვითონვე ამბობთ, რომ პოეტობა კაცის ნიჭია და მაშ რაღათ დასცინით პოეტობას? და თუ მე მეძახით საცინლად აგდებით პოეტსა, თვითონვე რაღათ გვარწმუნებთ, რომ მე ვითომც მშვენიერს ლექსებსა ვსწერდე? მე ჩემ და თავათ არ მომიხსენებია, რომ პოეტი გახლავართქო და თქვენ გინდ დამიძახეთ პოეტი და გინდ ნუ, მითი ვერც მომიმატებთ ღირსებას და ვერც მომაკლებთ, მაგრამ ეგ უსაფუძვლო დაცინება შუაბაზრული გახლავსთ, და არა ლიტერატურული. - რა მიზეზით ეძახით თქვენი და თქვენი მკითხველების თავს უბრალო მომაკვდავებს, და მე-კი თქვენზედ მაღალ, არა უბრალო მომაკვდავს. ამგვარის ცილისწამებით თქვენ გდომებიათ, რომ მკითხველებისათვის შეგესმინათ, რომ მე ამაყი და ამპარტავანი ვიყო, დიდათ მომქონდეს ჩემი თავი და მით უგუნურად გამოგეყვანეთ. მაგრამ იმედი მაქვს, ვინც არ მიცნობს, არ დაგიჯერებს რიგიანს და ვინც კი მიცნობს, ათში ცხრა მაინც გაგკიცხავსთ თქვენვე და იტყვის, რომ ამგვარი ტყუილი საქმე დედაბრული და არა ლიტე-რატურულია!.. ესენი კიდევ არაფერი, მაგრამ ახლა უნდა ის სიტყვები ამოვსწერო თქვენი, რომელიც სხოლიოდ დაგიწერიათ: „ლიტერატურა არ არჩევს ტიტულებს, მაგრამ რადგანაც თ. აკ. წერეთელი ლიტერატურაშიაც თავადობს, ამისთვის ჩვენ არ გვსურს მისი თავადური ღირსება უბრალო მომაკვდავების ღირსებასთან შევათანას-წოროთ!“ ეს სიტყვები რა სინდისმა დაგაწერინათ უ. ბეთანელო? ეს რა არის თუ არ... დაბეზღება საზოგადოებისადმი? პატიოსანი კაცისაგან ეს საკადრისია? ათი წელიწადია რაც მე ვსწერ და აბა ერთი სადმე გვიჩვენეთ, რომ მე ლიტერატურაში ვთავადობდე და ვიფასებდე თავს. გვარიშვილობით? წინააღმდეგ კი შეგიძლიათ ნახოთ... და თუ იმას მიბრძანებთ, თავადს რათ აწერო, აბა რა უნდა მომეწერა თქვენის აზრით? და ან რა დაშავდებოდა? თავადობა რა გასაკიცხი გგონიათ! კარგი და ცუდი ყოველს წოდებაშიდ არის, მაგრამ თქვენ კი თავადობა საზოგადოთ ბიწიერება გგონიათ და გლეხობა კი საქები!.. თქვენ გეტყობათ, ამერიკა გგონიათ და გიკვირთ სადაც მარტო მოქალაქეები არიან, თავადი როგორ გამოერიოს! აგრეთვე ბრძანებთ, ვითომც ცხოვრებაშიდაც ვთავადობდე და დიდათ ვამაყობდე თავადობით, ამათზედ ჩემგან პასუხის მიცემა აღარ არის საჭირო; თქვენს გარდა სხვებიც მიცნობენ. მე არ გახლავარ იმგვართაგანი, რომელნიც გვარიშვილობით ამპარტავნობენ და არც იმათთაგანი, რომელნიც თავადობას სახალხოდ ჰგმობენ და თვითონ კი ჩუმათ აზნაურის-შვილობას ეძებენ! მაგრამ ასეთი ცილისწამებით თქვენ გინდოდათ, რომ უგუნურად გამოგეყვანეთ. ამგვარ საქმეს ჰქვიან მოენური და არა ლიტერატურული ქცევა, უფალო! ეს უგვანი ცილისწამებითი სტატიაა, რასაკვირველია. ვინ ვერ მიხვდება, ვინც ჯერ ჩემს სტატიას წაიკითხავს „შესახებ ჯორჯაძისა“, და მერე უ. ბეთანელის კრიტიკას მაზედ, რომ გულიწმინდით არ არის დაწერილი ბეთანელისაგან! ეს მისგან არ მიკვირს, მაგრამ ეს კი მაკვირვებს, „დროებამ“ როგორ იშვილა ამისთანა ბოროტგანზრახული სტატია?!.. ამის შემდეგ ჩემს პატივისცემასაც „დროებისადმი“ აღარ ექნება ადგილი. რაც უნდა დაიწეროს ჩვენზედ „დროებაში“ პასუხსაც აღარ გავსცემთ, თუ კი ამისთანა ცილისწამება და პირად-პირადად შეხება დაიწყო და გადახდა ლიტერატურულს კანონსა და ზრდილობას.
(ცისკარი, 1868 წ., №5)
რედაქტორის შენიშვნები
პირველი და უკანასკნელი სიტყვა დროებისადმი
1. დაიბვჭდა ჟურ. „ცისკრის“ 1868 წ. №5-ში.
2. მიხეილ ბეთანელი (ბეთანიშვილი) - ლიტერატორი, შემდეგ კომერსანტი. მისი პირველი წერილი იხ. „დროება“, 1867 წ., №23 (ახალგაზრდა მწერალ თომა მაჭავა-რიანის გარდაცვალების გამო ნეკროლოგი).
იბეჭდებოდა „დროებაში“ (1867 წ., №23 და 27, 1868 წ., №12) და „ცისკარში“ (1869 წ.,№7) 1869 წელს პეტერბურგში ქართველ ახალგაზრდათა ამხანაგობის დავალებით გამოსცა ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (იხ. ამის შესახებ მისი „შენიშვნა“ - „დროება“, 1870 წ., №10). 1875 წელს მ. ბ. ამერიკაშია სავაჭრო საქმეების გამო (იხ. „დროება“, 1875 წ., №122), შემდეგ წელს ჩამოდის სამშობლოში. უკანვე გაბრუნებული, ჯერ ამერიკაში (ფილადელფიაში) და შემდეგ პარიზში აწყობს ქართულ კონცერტებს („დროება“, 1876 წ., №№36, 45, 58). 1876 წელს მ. ბეთანელი თავისი „აზიური საკრავების ტრუპპით“ ბრუნდება საზღვარგარეთ მოგზაურობიდან (იხ. „დროება“, 1876 წ., 11 აგვ. №84).
მ. ბეთანელის სტატია „პოეტური გაკენწლა“, მიმართული აკაკის წინააღმდეგ, დაიბეჭდა „დროების“ 1868 წლის 22 მარტის №12-ში. სტატია თავისთავად ბევრ მართებულ დებულებას შეიცავდა საერთოდ მწერლობის საკითხებზე, კერძოდ ლიტერატურული კრიტიკის დანიშნულებასა და ამოცანებზე. მთავარი ნაკლი სტატიისა მდგომარეობდა მის ქედმაღლურსა და გამომწვევ ტონში, რასაც ბუნებ-რივად მოჰყვა აკაკის მეტად ცხარე პასუხი.
3. „მგზავრის წერილები“ გიორგი წერეთლისა, სათაურით „მგზავრის წიგნები“, დაიბეჭდა „დროებაში“, 1867 წ. №№12, 13, 15, 36, 37, 39 და 1870 წლის №№16 და 22. ჩიკოლიკი - „მგზავრის წერილების“ პერსონაჟი.
გიზო (1787-1874) - ფრანგი ბურჟუაზიული ისტორიკოსი და რეაქციული პოლიტიკური მოღვაწე. მის შესახ. იხ. კ. მარქსი - „კლასთა ბრძოლა საფრანგეთში“, „თვრამეტი ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა“, „სამოქალაქო ომი საფრანგეთში“. გერცენი - „წარსული და ფიქრები“, „იმ ნაპირიდან“. ქართველი პუბლიცისტები თავიანთ ნაწერებში ხშირად ეხებიან გიზოს: იხ. გ. წერეთელი - „ამ დროების ფრანციის მწერალნი და იმათი თხზულებანი“ („დროება“, 1868 წ., №34 და 35; თხზულებანი 1931 წ., ტ. I, გვ. 247). აგრეთვე იხ. შენიშვნა „დროების“ 1874 წ. №441-ში გიზოს გარდაცვალების შესახებ.
ჟორჟ-ზანდი (1804-1876) - გამოჩენილი ფრანგი მწერალი ქალი, ავტორი რომანებისა „ინდიანა“, „მოგზაური ქარგალი“, „კონსუელო“ და სხვ.
![]() |
1.5 წერილი რედაქტორთან |
▲ზევით დაბრუნება |
უ. რედაქტორო!
„კავკაზში“ დაბეჭდილია მცირე შენიშვნა ქართულ სალიტერატურო საღამოს შესახებ. უ. რეცენზენტი განსაკუთრებითის ყურადღებით მიგონებს მე და აფასებს ჩემს კითხვას. კილო მისის ნაწერისა ამტკიცებს, თუ რა მეგობრულის მუცლის წვითა და წმახვნით მიხსენიებს. მე, როგორც მის ქართულის ცოდნაზე, ისე მის პატიოსნებაზედ არა მაქვს ეჭვი და მჯერა მისი ნათქვამი. უნდა გამოვსტყდე, რომ წასაკითხავად არჩეული პიესები ვერ იყვნენ გაზეთს „კავკაზს“ რომ უნდოდა, მისთანები. „ადვოკატის დილის“ და „საპატიმროში სცენების“ წაკითხვის დროს ხალხი იცინოდა და რა იყო იქ საცინელი, მაშინ როდესაც ავტორი აქ დასცინოდა იმ გვარს ადვოკატებს, რომელნიც გაზეთის „კავკაზის“ იდიალები არიან. და მეორეც, როდესაც მე ისტორიული პოემა „ბაგრატ დიდი“ წავიკითხე, აღარავინ აღარ იცინოდა და ეს მით უფრო გასაკვირველია გაზეთის „კავკაზისთვის“ პირველად, რომ იმ პოემაში საქართველოს ტანჯვა იყო გამოხატული. და მეორეც ის, რომ ხალხი მიჩვეულია სიცილს ისტორიულ ლექციების კითხვით. დიახ, განვიმეორებ, რომ მე სრულიად თანახმა ვარ უ. რეცენზენტის და კიდევაც მივიღებ მის რჩევას პიესების ამორჩევის შესახებ. შემდეგის სალიტერატურო საღამოსათვის მე წავიკითხავ: 1) „ადვოკატის დილის“ მაგიერ „რედაქტორის დილას“, 2) სცენების მაგიერ მცირე მოთხრობას: „ხურმა რა ხილია!“ იმედი მაქვს, ამ გვარის პიესების ამორჩევით უ. რეცენზენტი კმაყოფილი დარჩება, მით უფრო, რომ მისს პატიოსნებაზედ არც მე მაქვს ეჭვი და აღარც იმათ, ვინც იმ ღამეს იმ კითხვაზედ დაესწრენ.
(დროება, 1875 წ., №42)
რედაქტორის შენიშვნები
წერილი რედაქტორთან
1. დაიბეჭდა გაზ. „დროებაში“, 1875 წ., 9 აპრილის №42-ში.
2. აკაკის წერილი წარმოადგენს პასუხს გაზ. „კავკაზის“ 1875 წ., 6 აპრილის №41-ში დაბეჭდილ ანონიმურ რეპორტაჟზე. ეს უკანასკნელი შეეხებოდა თბილისის საზაფხულო თეატრის შენობაში იმ წლის 4 აპრილს გამართულ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოს, რომლის ლიტერატურულ ნაწილში მონაწილეობა მიიღეს დიმ. ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ, დავით ერისთავმა, რაფიელ ერისთავმა და აკაკიმ. რეპორტიორი, აქებდა რა ზემოჩამოთვლილ მონაწილეთა კითხვას, იწუნებდა აკაკის გამოსვლას. ის წერდა:
„ბ. წერეთლის კითხვა ჩვენ არ მოგვეწონა; ბ. წერეთელი კარგად კითხულობს, მაგრამ წასაკითხავად განკუთვნილი პიესების შერჩევა მეტად ნაძალადევი აქვს. ბ. წერეთელი ჯერ თემურ-ლენგის დროს შესახებ ლექსად დაწერილი ისტორიული პოემის ნაწყვეტით გაგვიმასპინძლდა. საერთოდ რომ ვთქვათ, ლიტერატურულ საღამოებზე ამდაგვარი ნაწარმოებების კითხვა ბუნებრივ მოწყენას იწვევს. შემდეგ ბ. წერეთელმა წაიკითხა „სცენები საპატიმროში“ - ფრიად მხიარული ნაწარმოები, რომელიც მკითხველმა უსაშველოდ გააჭიანურა და ამით ძალიან ავნო საერთო შთაბეჭდილებას.
ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ ლიტერატურულ საღამოზე ბ. წერეთელი, როგორც გაზეთ „დროების“ მუდმივი თანამშრომელი, შესძლებს უფრო მეტი ლიტერატურული გემოვნებითა და ტაქტით ჩაატაროს თავისი ლიტერატურული კითხვა“.
აკაკიმ, როგორც მისი წერილიდან ვხედავთ, „კავკაზის“ რეპორტიორის ამ მტრულ გამოხდომას სათანადო შეფასება მისცა და გამოააშკარავა მისი ფარული მიზანდასახულება ქართული ისტორიული თემატიკის გაბიაბრუებისა.
![]() |
1.6 ПОХОРОНЫ НЕКРАСОВА |
▲ზევით დაბრუნება |
(Письмо из Петербурга)
Вчера, 30 декабря, хоронили одного из талантливейших русских поэтов Н. А. Некрасова. С раннего утра собралась толпа в числе трех-четырех тысяч человек на Литейной, перед домом А. Краевского. Усердный деятель 60-х годов и один из редакторов «Современника» в последнее время жил в доме Краевского и принимал горячее участие в издании «Отеч. зап.». Ровно в 9 часов утра вынесли гроб и процессия двинулась по Литейной, через Невский и по Загородному проспекту по направлению к Новодевичьему монастырю. Гроб поэта до самого кладбища был несен на руках почитателями его таланта. Впереди гроба несли несколько венков с надписями: «От русских женщин», «Некрасову от студентов», «Безсмертному певцу народа», «Печальнику народного горя» и проч. Похоронное шествие продолжалось несколько часов. Большая часть шедших за гробом народного поэта состояла из учащейся молодежи и литераторов. К удивлению моему я не заметил только тех, на служение которым поэт посвятил большую часть своей жизни, именно крестьян. Невольно бросалось в глаза отсутствие простого класса. Правда, по дороге из кабаков высовывали свои горячие головы лапти, но на приглашение следовать за гробом покойника, не без удивления спрашивали: «А кто он такой будет, батюшка».
- Некрасов!
- Некрасов?
- Ну, да. Народный поэт.
- Поэт?.. Не могим знать! Не слыхал-с! - отвечали они, качая головою, и уходили себе продолжать прерванное занятие.
- А что, барин... это все Плиавна? - спрашивал извозчик.
- Как так?
- Да все это он, Асман проклятый!.. Много христианских душ он загубил, не жалеючи... Чтобы ему провалиться в тартарары... Тьфу! - Спасибо Скобылиоу, что наконец-то взял его на цугундер...Буссурман... во слово, буссурман. - Как есть буссурман, самый что ни на есть настоящий - кипятился, отплевываясь, извозчик.
Эти люди и до сих пор не могут себе представить, чтоб кто-нибудь мог умереть своей смертью... без Плевны.
- Тут, братец мой, Осман-паша не причем. Он умер своею смертью, ответил я.
- Стало быть свой конец ему пришел. Значит, своя вышла ему планида... По-ни-ма-ем-с. Теперича, надо полагать, что покойник выходит штацкий инерал... не военный, потому, коли ежели теперича, примерно сказать, был-бы военный, то тут беспременно то первым делом музыка и войско, потому это его, значит артикул, но и коли всего этого нет, - а так себе всего другого уважения, окромя почести много, значит, пола- гать надо штацкий инерал.
- Ошибаешься.
- Ну.. Аль самый большой из полицейских? Потому больно уж много городовых. Другой раз по эфтой-то самой, значит, улице, хошь, режь всех, не дозовешься их, а теперь, вот-оно... видимо не видимо.
- А этих венков разве не видишь. - Кому они даются, голова?
- Нешто, ахтер, ваше благородие?
- Поэт.
- Поэт?.. А что это, батюшка, больше инерала.
―Ну брат, пошел скорее, поверни налево да и махни прямо в Новодевичий монастырь. - Мне хотелось обогнать процессию и заранее занять в церкви удобное место. Церковь была битком набита. Блюстители порядка стояли в две шеренги, а за ними поместилась публика. Между ними я заметил нескольких дам, непохожих на почитательниц таланта поэта и долго думал: «Что им здесь надо». Но потом они вывели меня из заблуждения своим разговором: «Она больше всего меня интересует, - говорила одна из них, - говорят красавица, но совершенно из простых... Правда-ли?
- Да, - отвечала другая. - Ведь прежде он был совсем другим, воспевал наших, но в 60-х годах его окружили нигилисты, познакомили его с нею, вскружили ему голову и пошел, и пошел, и пошел после того воспевать простой класс, и все из любви к ней!
- Неужели.
- Да. Поль мне рассказывал. Он все это отлично знает. Он со всеми ими знаком. И со всеми на ты... - Ясно было, что она все это врала и для пущей важности прикрывалась авторитетом какого-то Поля...
- А что, речи будут? - спрашивала она опять кого-то.
- Может быть.
- А скандалов никаких!
- Не думаю.
- Ах, поедем, ma chére, не стоит - решили старушки, а все же остались, так как в это время внесли в церковь гроб и началась страшная давка. Во время отпевания в церкви отец Горчаков, профессор университета, сказал прочувственное слово и даже прочел отрывки из стихотворения «Рыцарь на час». На монастырском кладбище у могилы дожидалась огромная сплошная масса. Когда опустили гроб в могилу, посыпались со всех сторон маленькие венки и цветки и затем наступило гробовое молчание. - «Оратора» крикнули со всex сторон, вышел В. Панаев и начал горячо защищать поэта, восхволяя его как человека... В речи своей он упомянул и о Белинском, который 30 лет тому назад встретил Некрасова, и угадав в нем сильный талант, вывел его на дорогу. Оратору аплодировали. Если не ошибаюсь, это тот самый Панаев, который недавно имел литературный процесс в Париже, с Луи-Бланом. Заметно было, что за границею видывал как хоронили народных любимцев, и слушал как над их могилами произносили речи. - Вслед за ним вышел Ф. Достоевский и между прочим сказал, что Лермонтов, если бы он жил дольше, то непременно пошел бы по той же дороге, по какой пошел и покойник Некрасов, за что Некрасова можно считать продолжателем начатого уже Лермонтовым дела, и что его можно поставить на ряду с Пушкиным и Лермонто-вым... «Выше, Выше!» закричали оратору некоторые и прервали его речь. Затем говорили студенты, частью горячо - но не особенно удачно, а ведь можно-бы иначе сказать о том, кто при личном благополучии вспоминал иной раз о народе и восклицал:
Холодно родименький, холодно,
Голодно родименький, голодно...
(Обзор, №8, 1878 г.).
რედაქტორის შენიშვნები
ნეკრასოვის დასაფლავება
1. დაიბეჭდა ნ. ნიკოლაძის რუსულ გაზეთ „ობზორის“ 1878 წ. 10 იანვრის №8-ში.
2. ნეკრასოვი ნ. ა. (1821-1877) - გენიალური პოეტი, რევოლუციონერი-დემოკრატი, ნ. გ. ჩერნიშევსკის თანამებრძოლი. 1847 წლიდან პანაევთან ერთად სცემდა ჟურნალ „სოვრემენიკს“, რომელიც წარმოადგენდა მესამოცე წლების რუსული რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობის ძირითად ორგანოს და იდეურ ცენტრს. 1868 წლიდან ნეკრასოვი სათავეში უდგება ჟურნალ „ოტეჩესტვენიე ზაპისკი“-ს. ნეკრასოვის გარდაცვალება რუსეთის პროგრესულმა საზოგადოებრიობამ გამოიყენა უსამართლო სოციალურ-პოლიტიკური წყობის საწინააღმდეგო დემონსტრაციისათვის.
3. პლევნა (პლევენი) - ქალაქი ბულგარეთში, რომლის მახლობლად 1877 წელს რუსის ჯარმა სასტიკად დაამარცხა თურქების ჯარი. ამ სისხლისმღვრელ ბრძოლაში დიდძალი ჯარი გაწყდა. „ეს სულ პლევნაა?“ - იგულისხმება კითხვა: „ესეც პლევნას-თანაა დაღუპული?“...
4. წყეული ოსმან - იგულისხმება თურქების ვიცე-ადმირალი ოსმან-ფაშა, რომელიც 1877 წელს იცავდა პლევნას. თურქებმა მას მიანიჭეს „გაზის“, ე.ი. უძლეველის ტიტული; მიუხედავად ამისა, იგი მაინც სასტიკად დამარცხებული იქნა რუსის ჯარის მიერ. ამაზე წინ (1853 წელს) მან იგემა დამარცხება დიდი რუსი ადმირალის ნახიმოვისაგან.
5. სკობელევი მ. დ. (1843-1882) - რუსი გენერალი, რუსეთ თურქეთის ომის დროს (1877-78 წ.წ.) რუსთა ლაშქრობის სარდალი ბალკანეთის ფრონტზე.
6. პანაევი ი. ი. (1812-1862) - რუსი მწერალი და ჟურნალისტი. 1847 წლიდან ნეკრასოვთან ერთად სცემდა ჟურნალ „სოვრემენიკს“. მისი ნაწერებიდან დღემდე ცხოველი ინტერესი შეინარჩუნა მისმა მემუარულმა ნაწარმოებებმა: „მოგონებები ბელინსკზე“ (1860 წ.) და „ლიტერატურული მოგონებები“ (1860-61 წ.წ.). ეს უკანასკნელი რუსული მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება.
7. ლუი-ბლანი (1811-1882) - ფრანგი პუბლიცისტი, მწერალი და ისტორიკოსი.
8. დოსტოევსკი, თ. ა. (1821-1881) - დიდი რუსი მწერალი. მისი გამოსვლა ნეკრასოვის დასაფლავებაზე და ამით გამოწვეული ინციდენტი აწერილია მრავალ მემუარულ ნაშრომში. იხ. ამის შესახებ თვითონ დოსტოევსკის თხზულებანი, ტ. 21, პეტერბურგი, 1911 წ., გვ. 400-401; გ. ვ. პლეხანოვი - ხელოვნება და ლიტერატურა (რუს.), კრებული სტატიებისა, მოსკოვი, 1948 წ. გვ. 642-645.
ნეკრასოვის დასაფლავებას, აკაკის გარდა, დაესწრო ქართველი სტუდენტი იაკობ მანსვეტაშვილი. უკანასკნელმა თავის მემუარებში საინტერესოდ აღწერა რუსული პროგრესული საზოგადოებრივობის და ახალგაზრდობის გამოთხოვება „ხალხის ვარამის მომღერალ“ პოეტთან. იხ. ე. მანსვეტაშვილის მოგონებანი, თბილისი, 1936 წ., გვ. 51-54.
![]() |
1.7 მცირე რამ შენიშვნები* |
▲ზევით დაბრუნება |
არდასავიწყებელმა ვორონცოვმა საქართველოს ასადგენად, სხვათა შორის, მის მწერლობასაც მიაქცია ყურადღება. იმის დროს გაახლდა სტამბა, გამოიცა ჟურნალი, გაიმართა თეატრი და ამით ყველამ, პირველ ბიჯს რომ შეეფერებოდა, იმაზედაც მეტი ნაყოფი მოიტანეს.
წავიდა ის დრო. მას უკან მეოთხედმა საუკუნემ გაირბინა. ბევრი აღმა იხნა და დაღმა იფარცხა. დრო საზოგადოდ წინ წავიდა, სწავლა მეტი შემოვიდა ჩვენში, საშუალებაც გამრავლდა; შევექიშპეთ ზეციურ მნათობებს: გამოვეცით „ცისკარი“, „მნათობი“, „კრებული“, „საქართველოს მოამბე“, „ივერია“ და სხვა. ვინც ადრე ლობიოს ამოსრესაც არ იცოდა, ისინიც კი წიგნებსა სცემენ დღეს, მაგრამ ლიტერატურა კი უკუღმართობაში შევიდა. სიმრავლემ არა უშველა-რა! გაბედვით ვიტყვი, რომ ამ უკანასკნელს დროს ლიტერატურა შავ ლაქათ დარჩება ჩვენს ლიტერატურის ისტორიაში. და რისი ბრალია? - დრო და ვითარების.
ამ რამოდენიმე წლის წინათ ერთის კეთილმოსურნეს სტატია იყო დაბეჭდილი „კრებულში“ - „შეერთებული შრომა“. ავტორი ესაყვედურებოდა თანამედროვე მწერლებს უნაყოფიერებაზედ, და სამაგალითოდ ვახტანგ მეფისა და ვახუშტი ბატონიშვილის დროის მწერლებზედ უთითებდა. ეს მე ირონია მგონია!...
საქართველოს ძველი მწერლები უზრუნველები იყვნენ. მათი საჭიროება და ყოველგვარი მოთხოვნილება, როგორც მატერიალური, ისე ზნეობითაც, რომ უნდოდა, იმაზედაც მეტათ იყო დაკმაყოფილებული. ბატონი მწყალობელი ჰყავდათ და ხალხი მადლიერი.
თანამედროვე მწერალი რაღას უნდა ელოდეს? ვინ არ იცის, რომ ჩვენში მწერლობით და საზოგადოებისათვის თავგანწირულის შრომით კაცი თავს ვერ ირჩენს, მაშინ როდესაც ვინმე ადვოკატი ანუ მოსამსახურე პირი, რომელსაც თვინიერ გაიძვერობის და ცუღლუტ-კლიაუზობის გარდა, არც დიდი სწავლა, არც ნიჭი და არც შრომა არ ეჭირვება, პატივ-დიდებაში და კეთილდღეობაშია. ამგვარ პირობებში რომ კაცმა მაინც კიდევ გაიმეტოს თავი და საზოგადო საქმეზედაც იფიქროს, პირადობის გაწირვით, დასტურ, უნდა რომ ქართველი იყოს! და მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არ გამქრალა ჩვენში ქართველ-სულობა! დღითი-დღე მომეტებულად ახალგაზრდობა გამოდის სამუშავო ასპარეზზედ; არ უდრკება აუცილებელს უსიამოვნებას და მოთმინებით იღვწის, იმან კარგათ
იცის, რომ ლიტერატურა ხალხისათვის სიკეთეში გადამყვანი ხიდია და ფონი! როგორც კეკლუცისთვის სარკე ისე ხალხისთვის ლიტერატურა საჭიროა, რომ შიგ ჩაიხედოს და თავის სახე მისის ღირსებით და ნაკლულევანებით დაინახოს. აი ამის ბრალია, რომ ჩვენი მწიგნობრობა ხშირდება. დიახ, ხშირდება, მაგრამ ვაი, რომ მაინც უნაყოფოთ რჩება! რას მივაწეროთ ეს? ნუ თუ ერისთავები, ანტონოვები, იოსელიანები და სხვა ვორონცოვის დროის მწერლები უფრო ნიჭიერები და სალიტერატუროდ მომზადებულები იყვნენ, ვიდრე ჩვენი დროის მშრომლები? რა ბრძანებაა?! ლიტერატურულ მომზადებაში ისინი დიახ უცოდველები იყვნენ და ნიჭითაც დაბლა იდგნენ ზოგიერთ ახლანდელ მწერლებზედა; მაგრამ ის ნიჭი შერჩათ იმათ ბოლომდე, მაშინ, როდესაც ახლანდელ მწერლებს მალე ულაყდებათ. მაგალითად მოვიყვანოთ ჭალადიდელი. მისი პირველი ბიჯის გადმოდგმა ლიტერატურაში ძლიერი და საიმედო იყო. მაგრამ დღეს სად არის? ზარბაზნის კომლში გამოახვია ის ნიჭი!.. ფაზელმა შელახა თავისი ნიჭი, გარდახვეწილმა არად ჩააგდო და მეველემ ჩაახოხბ-ჩაამწყერა!.. მაგრამ რაღა ამათზედ ვსთქვა, რომ ანტონ ფურცელაძემაც, წმინდა გიორგის უღელი მოხსნა თავის მწერლობას და არაყის სუნი აუდინა!.. თუ კი ამ ძლიერ ნიჭებმა (?) წაიბორძიკეს, რაღა თქმა უნდა, რომ სხვებს ვარესიც მოუვიდოდათ და მართლათაც სანამ ჩვენი ლიტერატურა მრუდე გზაზედ იდგომება, ბევრი ნიჭი მოიტეხს კისერს უნაყოფოდ.
ახლა ისიც გასინჯეთ, თუ რა ცოდვა ატეხინებს მათ კისერს? და რა აცუდებს, აჭიანებს ჩვენს ლიტერატურას?
ჩვენი საქართველო სხვა რომელიმე ქვეყანასავით ერთ-პირად გაშლილი არ არის; ის არის სხვადასხვა კუთხეებისაგან შეხამებულ-შეფერადებული. თვითეულ იმ კუთხეებთაგანს თავისი საკუთარი ფერ-ხორცი აქვს. მათი ხალხი, თუმცა ტომით და ენით ერთნი არიან, მაგრამ კილო-კი თავთავისი საკუთარი აქვსთ; ამას ისიც დავამატოთ, რომ ამ სხვადასხვა კუთხეებს სხვადასხვა შემთხვევები ჰქონიათ და სხვადასხვა გავლენის ქვეშ ყოფილან ხოლმე; მაგალითად შავი ზღვის-პირელ ქართველებზედ დიდი გავლენა ჰქონდათ ბერძნებსა და რომაელებს, იმერეთზედ - ოსმალებს და ქართლ-კახელებზედ კი - მონგოლ-სპარსელებს; ამის გამო ბევრი რამ ძველებური ზნე და ხელოვნება ამოიფხვრა ერთ კუთხეში და მეორეში კი დარჩა; აგრეთვე ბევრი ახალი რამ შემოვიდა ერთს კუთხეში, ან ერთს მხარეში და მეორეში კი არა, და მაშასადამე, ვისაც უნდა, რომ საქართველო გაიცნოს, უნდა ყოველი მისი კუთხე შეისწავლოს, თორემ მარტო ქართლის, ან კახეთის, ან იმერეთის, ან სამეგრელოს, ან გურიის და ან სხვა რომელიმე კუთხის შესწავლით ვერას გახდება. ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი თანამედროვე მწერლები არა თუ საზოგადო, კერძო გაცნობასაც მოკლებული არიან. ან კი რა ქნან? სიყრმიდანვე მოსხლეტილებს, მათ მშობ-ლიური არა ჰხვდებათ რა გულზედ, მიდიან უცხოეთში, იქ სხვაფერდებიან და ბოლოს, როდესაც გონებაში ჩახვდებიან, უნდათ ქვეყანას არგონ და სამშობლოს წყლული გაუკურნონ. მაგრამ რა გვარად? ჩვენში ექიმებმა იციან, რაც უნდა გტკივოდესთ, მაშინვე მზათა აქვთ ქინაქინა; ისინი არც ავადმყოფის ბუნებას დაგიდევენ, არც ავადმყოფობის მიზეზს და არც სხვა რამეს; თუ მორჩა, ხომ კარგი, თუ არა და რა ჩემი ბრალია, ცდა არ დამიკლიაო! იმას არ უყურებს: ცივ ქვეყანაში შედგენილი რეცეპტი და იქ შეზავებული წამალი გამოსადეგი იქნება თუ არა ცხელ ქვეყნელისათვის.
ღმერთთან სწორი სჯობს, ესევე ემართება ჩვენებსაც. ამას ნათლად გვიჩვენებს ჩვენი ახლანდელი ლიტერატურა, რომელშიაც მშობლიური, ნაციონალური არა არის-რა. ის არის მხოლოდ მონური მიბაძვა რუსულ ლიტერატურისა...
ვორონცოვის დროს მწერლები რაც იყვნენ, თავისთავად იყვნენ და იმიტომაც მათ თხზულებაში იქა-აქ რაღაცა სასიამო და მშობლიური ისმის. ამგვარებია: ერისთვის თხზულებანი, ანტონოვის, ალექსანდრე ორბელიანის (გარდა მისი ტრაგედიისა), ჭონქაძის და არდაზიანის! თუმცა ესენი ყველა უკანონოდ და უთავბოლოდ დაწერილია, მაგრამ უმჯობესი და უსიამოვნესი არიან ახლანდელ კანონიერ და ხელოვნებით ნათხზვებზედ.
დასასრულს კიდევ ვიტყვი, რომ თუ ჩვენს ლიტერატურას ენა და ხასიათი არ გამოეცვალა და არ ეშველა-რა, ცუდათ არის საქმე.
ერთი მწერალის მეტი არ გვეგულება, რომ თავის სამშობლო ქვეყანა იცოდეს იმ გვარის ცოდნით, რომელიც ზემოთ ვთქვით, და გადარჯულებულად არ სწერდეს: ეს მწერალი არის თ. რაფიელ ერისთავი და საჭიროა, რომ მის ნაწერებს ყურადღება მიექცეს. სხვათა შორის, იმას აქვს (თარგმნილი) კრილოვის ზღაპრები და ცოდვა არ არის, რომ ის ასე ხელნაწერად რჩებოდეს და ობროდობროები კი იბეჭდებოდნენ, როგორც სახალხო რამე?!
(დროება, 1878 წ., №№107, 109)
__________________
* იბეჭდება შემოკლებით.
რედაქტორის შენიშვნები
მცირე რამ შენიშვნები
1. დაიბეჭდა „დროებაში“, 1878 წ. №№107, 109. რედაქციამ შემდეგი შენიშვნა გაუკეთა ამ წერილს: „თუმცა ჩვენ არ ვეთანხმებით ამ შენიშვნებში გამოთქმულ ზოგიერთ ჰაზრებს, მაგრამ ეს სტატია ისეთი ორიგინალურია და ისეთს საინტერესო საგნებს ეხება, რომ ხელუხლებლად ვბეჭდავთ“.
2. მ. ს. ვორონცოვი (1782-1856), მეფის ნაცვალი კავკასიაში 1845-1854 წ. წ. თავის წინამორბედებთან და კავკასიის შემდეგი დროის მმართველებთან შედარებით, იგი ატარებდა მოქნილ კოლონიზატორულ პოლიტიკას. ვორონცოვი ერთგვარ მფარვე-ლობასაც უწევდა ქართულ კულტურულ წამოწყებებს (ჟურნალ „ცისკრის“ დაარსება, ქართული თეატრის განახლება და სხვ.) ამ გარემოებამ ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილში ვორონცოვს შეუქმნა რეპუტაცია ქართველი ხალხის კეთილისმყოფელისა. ასეთ შეხედულებას ვორონცოვზე იზიარებდა აკაკიც. ვორონცოვს მან უძღვნა ლექსები: „ქართველი ძეგლის წინ“ (1882 წ.), „ბებიას ნაამბობი“ (დაწ. 1900 წლამდე), პოემა „ვორონცოვი“. აკაკი ვორონცოვს დადებითად იხსენიებს თავის სტატიებში („დროება“, 1871 წ., №31; „დროება“, 1873 წ., №13; გ. ერისთავის თხზულებათა წინასიტყვაობა; 1883 წ.; „თემი“, 1911 წ., №14, „თემი“, 1912 წ., №93 და სხვ.).
3. ჟურ. „ცისკარი“ გამოდიოდა გიორგი ერისთავის რედაქტორობით 1852-1853 წ. წ. და ივ. კერესელიძის რედაქტორობით 1857-1875 წ. წ.
4. ჟურ. „მნათობი“, სალიტ. და სამეცნ. ჟურნალი, ყოველთვიური, გამოდიოდა 1869-72 წ.წ. ნიკ. ავალიშვილის რედაქტორობით.
5. ჟურ. „კრებული“, სალიტერატ. ჟურნალი, ყოველთვიური, გამოდიოდა 1871-73 წ. წ. გიორგი წერეთლის რედაქტორობით.
6. ჟურ. „საქართველოს მოამბე“, გამოდიოდა 1863 წელს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით.
7. „ივერია“, დაარსებული იქნა ილია ჭავჭავაძის მიერ 1877 წელს. ჯერ გამოდიოდა ჟურნალის სახით, 1886 წლიდან გადაკეთდა გაზეთად. ილია მას ხელმძღვანელობდა 1902 წლამდე - დაიხურა 1906 წელს.
8. სტატია „შეერთებული შრომა“ ეკუთვნოდა მ. პეტრიძეს (პეტრე უმიკაშვილს). მისი სრული სათაური იყო „შეერთებული შრომა ჩვენის ლიტერატურისათვის (ფიქრები ამ უკანასკნელ ოცის წლის ლიტერატურაზე)“, დაიბეჭდა ჟურნალ „კრებულში“, 1872 წ., №8-9.
9. ჭალადიდელი (გიორგი ქოჩაკიძე) - (1847-1898), პოეტი. აკაკიმ მას უძღვნა ლექსი „პასუხი ჭალადიდელისადმი“ (1869 წ.). ჭალადიდელის ლექსები გამოცემულია ერთ ტომად - იხ. გ. ჭალადიდელის თხზულებანი, ქუთაისი, 1913 წ.
10. ივანე IV, ვასილის ძე (1530-1584) - რუსეთის მეფე.
11. აკსაკოვი ი. ს. (1823-1886) - რუსი პუბლიცისტი, გვიანდელი სლავიანოფილობის გამოჩენილი წარმომადგენელი.
12. ოსტროვსკი ა. ნ. (1823-1886) - დიდი რუსი დრამატურგი.
13. აკაკი კალმისმიერი შეცდომით წერს „კრილოვის ზღაპრებს“, უნდა იყოს „კრილოვის არაკები“. რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი კრილოვის არაკები იმავე 1878 წელს გამოცემულ იქნა ცალკე წიგნად - „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი და გადაკეთებულნი ქართულად და გალექსილნი თავ. რაფიელ ერისთავისაგან“. თბილისი, ი. ვაჩნაძის და გ. ჩარკვიანის გამოცემა.
![]() |
1.8 სამი ლექცია „ვეფხისტყაოსანზე“* |
▲ზევით დაბრუნება |
ბბ., ბოდიშს ვიხდი თქვენთან, რომ მე ჩემი პირველი საუბარი არაკით უნდა დავიწყო და ისეთი არაკითაც, რომელიც თუ არ თვითოეულ თქვენგანს, უმეტესობას მაინც მოხსენებული ექნება.
ერთ ისპანიელ მონადირეს შემოაღამდა მთაში და გაუავდარდა; დაღალული, დაქანცული და დასველებული ის მიადგა ტყის მცველის ქოხს, დაურეკა კარებზე და სთხოვა ღამის გათევინება. ტყის მცველმა ჰკითხა - ვინ ხარო? და მონადირემ უპასუხა: მე ვარ დონ-ხოსე-მარია-დე-ტრავანოს-დე-ცესპოდოს დე-კორდოვა-მარკიზ-დი-ტროს-მონტეს და სხვა. ერთი სიტყვით ორმოც სახელამდე ჩამოუთვალა. ტყის მცველი ვერ მიხვდა, რომ საზოგადოდ კათოლიკების და განსაკუთრებით, ისპანიელების ჩვეულებით ამდენი სახელი ერთსა და იმავე პირს ერქვა. ეგონა, თუ ჯარი მიადგა კარზე და ასე გადასწყვიტა: მე ერთი ქვეშაგების მეტი არა მაქვს და კარზე კი ამდენი კაცი მადგიაო, თუ ერთი შემოუშვი და ღამე გავათევინებიე, სხვებმა რაღა ჰქნანო? უმჯობესია გულს არც ერთს არ დავწყვეტო, თქვა და მიაძახა მოგზაურს: არა მაქვს თქვენთვის ბინაო. სწორეთ ამ ისპანიელ მონადირეს გვაგონებს საქართველო, როდესაც ის მსოფლიო ისტორიის კარებს ერეკება. ბევრი დარი უნახავს საქართვე-ლოს, უფრო მეტჯერ ავდარი დასდგომია... დედამიწის ზურგზე არ გვეგულება ჩვენ ქვეყანა იმდენათ თავგადასავლიანი და იმგვარათ ჭირნახული, როგორც ჩვენი საქართველო. უძველეს დროიდან აქამომდე არ დარჩენილა ხალხი, რომელსაც არ შეხლოდეს ძალაუნებურათ და ან რამე დამოკიდებულება არ ჰქონოდეს. სპარსეთი, ასურეთი, არაბეთი, სომხეთი, რომი და საბერძნეთი მხარაქცეულათ არ დარჩენიათ. თურქნი-სელჯუკნი და თვით მონგოლნი არა ერთ გზის მოზვირთებულან საქართველოზე. ჩინგის ყაენების, ლანგ-თემურების და მათი მძვინვარე ნოინების წინამძღოლობით და თუ ყოველთვის უკანქცევით არ გაბრუნებულან და უძლევიათ ქართველთ ერი, - მაშინ ისე მაინც დასუსტებულან და იმდენათ მოჰკლებიათ ძალა, რომ მძვინვარეებს სურვილი სხვა ტომების მოსრვისა დიდხნობით შეჰყენებიათ. თვით ევროპის ხალხებიც, რომელთაც დღეს უპყრიათ ხელში მეცხრამეტე საუკუნის ლამპარი განათლებისა, - საშუალ აზიიდან გამოსულნი, შუა აპობდენ კავკასიას და საქართველოს გულზე გადადიოდენ.
ერთი მითოლოგიური სიბრძნე-სიცრუე, ანუ იგავ-არაკი, მოგვითხრობს, რომ პრომეთეოსი, იგივე ჩვენი ამირანი, ღმერთებისაგან შერისხული მისთვის, რომ იმან ოლიმპიელებს მოჰპარა საიდუმლო ცეცხლის ანთებისა და ბნელის განათებისა და ჩამოუტანა და ასწავლა მიწის შვილთა, - მიჯაჭვული იყო კავკასიის ქედზე; თუმცა ტანჯულს შავი ყორანი გულ-ღვიძლს უგლეჯდა, იტანჯებოდა, მაგრამ პრომეთეოს, ისეთივე ზვიადი და შეუპოვარი, როგორც თვით კავკასიის ქედი, არ იდრეკდა ქედს მრისხანე ღმერთების წინაშე და ამპარტავნებით ითმენდა დაუსრულებელ ტანჯვას. გლეჯდა შავი ყორანი გულ-ღვიძლსა, მაგრამ რამდენსაც უგლეჯდა, ნაგლეჯზე იმდენი ახალ-ახალი ამოდიოდა. არ ვიცით, ძველათაც ტანჯვაში ყოფილა საქართველო, თუ ეს არაკი იყო წინასწარმეტყველება საქართველოზე, მაგრამ ეს კი ვიცით, რომ ამ პრომეთეოსს გვიხატავს კავკასიის ქედის ფეხთით გაშლილი, ტანჯული მრავალგვარათ, წამებული საქართველო. ვიმეორებ, არ დარჩენილა ხალხი, რომელსაც, როგორც შავი ყორანს პრომეთეოსისათვის, საქართველოსთვის არ ჩაევლოს გულ-ღვიძლში ხელი. მაშ, თუ ამდენი ჭირი უნახავს და ამდენი თავგადასავალი ჰქონია, რა მიზეზია, რომ მსოფლიო ისტორიაში ვრცლათ და გამოკვლევით არ არის ნახსენებიო? ეგება იკითხოს ვინმემ. ეს იმის ბრალია, სხვათა შორის, რომ, იმ ისპანიელი მონადირისა არ იყოს, ერთი სახელწოდება თავის დღეში არ ჰქონია. ეძახდნენ: მოსოხი, მესხი, იმერი, ამერი, ივერია, კოლხიდა, ალბანია, გეორგია, გრუზია, კარდოანი, თობალი, ხალიბი, მაკრონი, ქართლი და სხვ. და სხვ. რა კუთხითაც მოადგებოდა რომელიმე ხალხი, იმ კუთხის სახელით იწოდებოდა მთელი საქართველო და ამ გვარათ, თუმცა მოხსენებული კი არის ისტორიაში, მაგრამ მეტათ გამოურკვევლათ და ნაკუწ-ნაკუწათ. მოვა დრო, როდესაც მომავალი ჩვენი ისტორიკოსები მოუყრიან თავს ამ ნაწყვეტ-ნაწყვეტებს, გამოარკვევენ და ისე, როგორც ხელოვან-მოსაქნარემ სხვადასხვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ფერადებისაგან მოქარგოს ძვირფასი სამოსელი, შეადგენენ ერთ ვრცელ ისტორიას ჩვენი სამშობლოისას. მაგრამ ეს იქნება საქართველოს საზოგადოთ ტრაგედია და კერძოთ მოწმობა ენის, რჯულის და ერობისათვის.
შეიძლება ვინმემ იკითხოს: მაშ, თუ ისტორიაში არ არის მოხსენებული ეს ამბები, საიდან ვიცით, წარმოდგენით ვიგულისხმებთ თუ კვალი რამე დაგვრჩენიაო? არის ნიშანი: ეს ის კვალია, რომელიც ყოველთვის ხალხში იბეჭდება აუხოცელათ, ეს ის კვალია, რომელიც არა თუ ადამიანის მოქმედებას, არამედ მის გულის მოძრაობასაც გამოგვიხატავს ხოლმე. ეს არის ენა, უტყუარი და ძვირფასი განძი ხალხისა. ძვირათ რომელიმე ხალხი გვეგულება, რომ ქართველებსავით მდიდარი ლექსიკონი ჰქონდეს. ვიცი ზოგიერთები ჩვენი სამშობლო ენის სიმდიდრეზე ლაპარაკს ოცნებათ ჩამომართმევენ; ბევრნი კიდევაც ამტკიცებენ, რომ ჩვენს ენაზე რთული აზრის გამოთქმაც არ შეიძლებაო, მაგრამ ეს რა საბუთია და რა ენის ბრალია? ის ვაჟბატონები მოგვაგონებენ იმ კატას, რომელიც ძეხვს ვერ შეწვდა და ჭყაოდა „პარასკევიაო“. არა, ჩვენი ენა მდიდარი არის ძვირათ დარჩენილა ენა, რომელსაც არ შემოეწიროს ჩვენთვის რამდენიმე სიტყვა. ჩვენს ენაში ვხედავთ სხვადასხვა ენების სიტყვებს: სპარსულს, არაბულს, ებრაულს, სომხურს, ბერძნულს, თათრულს, რომაულს და სხვ., და ამ მიზეზით ხშირად ერთისა და იმავე საგნის გამოსახატავად ჩვენ გვაქვს რამოდენიმე სიტყვა. საკვირველი ეს არის, ამდენ ვაი-ვაგლახში ჩვენი ქართული ენა არ გადასხვაფერებულა, ვერც ერთ ენის ძალას ვერ დაურღვევია ჩვენი ენის კანონები, ვერ გადურევია, ვერ გადურჯულებია, დაუთმია ჩვენი ენისათვის და ჩვენკენ თვითონ გადმორჯულებულა. სხვათა შორის, შესანიშნავი კიდევ ეს არის, რომ, როდესაც ერთისა და იმავე საგნის გამოსახატავად სხვადასხვა სიტყვები შემოსულა განსაკუთრებითი, ცოტა რამ განკერძოებითი ხასიათიც მისცემია. გნებავთ, მოვიყვანოთ მაგალითი. სიტყვა „უარის ყოფა“ ჩვენებურათ, ძირეულ ქართულად ნიშნავს რაიმეს გადათქმას; ამგვარივე მნიშვნელობა აქვს შემოღებულ სიტყვებსაც: „აშა“ და „ატკაზი“ და ამ სამსავე სიტყვასაც თავთავისი საკუთარი სახე აქვთ. მაგალითად, როდესაც კაცი რამეს გადათქვამს მაგრამ იმედია, რომ შეინანებს და ხელახლა აღიარებს, მაშინ ამბობენ: „უარჰყოვო“. მაგ. პეტრემ სამ გზის უარჰყო ქრისტე, მაგრამ მამლის ყივილმა შეანანებიაო.
როდესაც ისეთ უარის გამოთქმაზე ამბობენ, რომლის შენანება ძალიან საეჭვოა, მაშინ იტყვიან: „აშა ჰკრაო“ და როდესაც აღარაფერი იმედი აღარ არის გამოტეხისა, მაშინ ამბობენ: „ატკაზი“ თქვაო. ავიღოთ მეორე მაგალითი. ჭკუა-ნაკლებ კაცს, საზოგადოთ ვეძახით სულელს, მაგრამ დიდი ხანი არ არის, რაც შემოვიდა იმერეთში ერთი სიტყვა, რომელსაც ხმარობენ მაშინ, როდესაც ახირებული სისულელის გამოხატვა უნდათ: ეს კაცი სულელი კი არა, სულელზე უარესიც არის, წმინდა „დურაკი“ არისო, „გადურაკდაო“ და სხვ. ასე, ამ გვარათ, ბევრი სიტყვები გვაქვს შემოღებული სხვა-დასხვა ენებიდან, მათი წყალობითაც შეგვიძლია შევიტყოთ, თუ რა დამოკიდე-ბულება ჰქონია ჩვენს ხალხს ამა თუ იმ ხალხთან. ამ გვარათ, მიგვიღია რამდენიმე ლექსები, მაგრამ ჩაგვიდგამს მათთვის ქართული სული და შეგვისხამს ქართული ხორცი. იმ ძალაუნებურ შეტაკებაში მაინც ძლევამოსილი დარჩენილა დედაენა. ერთ სტაქან წყალში რამდენიმე წვეთი ღვინისა რომ ჩაურიოთ, უთუოდ ფერს უცვლის წყალს, მაგრამ რამდენიმე წვეთი წყალი რომ ერთ ყანწი ღვინოში ჩაურიოთ - ვერც ფერს დააკარგვინებს და ვერც ძალას. სწორეთ ასე წვეთ-წვეთებათ შემოსულან ზოგიერთი სიტყვები უცხო ენებიდან ჩვენს ენაში. მაგრამ დავანებოთ ამაებს თავი. ეს მივანდოთ მომავალს. დეე, ენის მეცნიერებმა, როგორც ისტორიკოსებმა, ეს აგვიხსნან შემდეგში. ამ ჟამათ ჩვენი საუბრის საგანი სულ სხვა არის.
რასაკვირველია, კარგია, რომ ვიცოდეთ, თუ რა ვყოფილვართ ძველათ, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც გვეცოდინება, თუ რა ვართ ახლა. და ამაზე, უნდა მოგახსენოთ, მეტათ ხელცარიელათ გახლავართ, პირდაპირ, გამოტეხით მოგახსენებთ და ბოდიშსაც არ მოვითხოვ, რომ ჩვენი აწმყოსი ჩვენ არა გაგვეგება-რა. არ ვიცით, თუ დღეს რა არის ქართველობა, რა შეადგენს მის ზნეობითს და ფიზიკურს ან სისუსტესა და ან ძალას. თვითეულს ჩვენგანს მხოლოთ ის ადგილი და მისი ახლო მახლო გარემო მიაჩნია საქართველოთ, სადაც თვითონა დგას. იმ ენას რაცხს წმინდა ქართულ ენათ, რომელზედაც თვითონ და მისი მეზობლები ლაპარაკობენ, და ქართველების საერთო საზოგადო ზნეთ, ხასიათათ და ჩვეულებათ - მათი კერძოობითი ზნე და ჩვეულებანი მიაჩნიათ. ამ გვარათ, იმერი ამერს ვერ იცნობს და ამერი იმერს და სხვა კუთხეები საქართველოსი ხომ სულ უფრო უცნობი იქნებიან. ამის შემდეგ სრულიათ გასაკვირველათ არ მიგვაჩნია, რომ უცხოქვეყნელები ჩვენ ვერ გვიცნობდენ და არც უნდოდესთ ჩვენი ცნობა. დიდი ღვთის წყალობაა, ხანდახან გაკვრით თუ მოგვიხსენიებენ ხოლმე და ისიც ისე აგდებით და კილოკავათ, რომ უმჯობესია სულაც არაფერი თქვან. რას არ ადარებენ. ის უმეცრები ჩვენს საქართველოს, რას არ ამბობენ იმაზე და რას არა სწერენ?! ხან პატარა კრავად თვლიან, რომელსაც ყოველი კუთხით მგლები ეხვეოდეს და თუ მწყემსი კეთილი არ მისწრებოდა და არ დაეფარა, აქამდი ჩაინთქებოდაო; ხან წიწილას ადარებენ, ხან რასა და ხან რას! საკვირველია ღმერთმანი, თუ ის მართლა ცხვარი იყო, რა ახირებული რქები უნდა ჰქონებოდა, რომ რამოდენიმე საუკუნოების განმავლობაში შემოსეულ მტრებს ისე ღონიერათ იგერიებდა! ასე გასინჯეთ, რომ ამ ოცი წლის წინეთ ერთმა ჩვენმა მწერალთაგანმაც-კი შეადარა პატარა მოღუღუნე გვრიტს. ერთი სიტყვით, ვისთვის და რისთვის არ შეუდარებიათ აგდებით ჩვენი პატარა საქართველო!... მათი მიბაძვით ნება მომეცით, რომ დღეს ავათამაშო ჩემი ოცნება და შევადარო საქართველო ჩანგურს, დიაღ, ჩანგურს! ვის არ მოგეხსენებათ, რომ ჩანგურს რამდენიმე ძაფი აქვს აბმული, რომლებსაც სიმებს ეძახიან. თვითეულს ამ სიმთაგანს თავის საკუთარი ხმა აქვს და თავის შესაფერი ძალა. კერძოთ მათი ხმა უსიამო და უმნიშვნელოა. ერთ ძაფად რომ გადავგრიხოთ ყველა ეს სიმები, არც მაშინ ივარგებს; ხმა უფრო გაუმს-ხვილდება, მაგრამ მაგიერში უსიამო და უმნიშვნელოც იქნება: მისი ხმა ემგვანება ლარის ბაგაბუგს. მაგრამ, როდესაც კი ეს სიმები ცალ-ცალკე თავთავის საკუთარი ხმითა ჟღერენ ერთსა და იმავე დროს, შეერთებულათ, შეთანხმებულათ, მაშინ მოისმის სასიამო გარმონიული, სამუსიკო - ძლიერი რამ ხმა. როგორც ჩონგურს სიმები, ისე საქართველოს სხვადასხვა მხარეები, სხვადასხვა კუთხეები აქვს მობმული. ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა, ლაზისტანი, ფშავი, ხევსურეთი და სხვა და სხვა. თვითეულს ამ მხარეთაგანს სხვადასხვა ბუნების გავლენით, თავის საკუთარი ხასიათი, ჩვეულება, ზნე, და საკუთარი ცხოვრების პირობები აქვს. კერძოთ, ცალცალკე, ძალას და მნიშვნელობას მოკლებულნი არიან, მაგრამ შეერთებულათ კი შეადგენენ ძლიერსა და ვრცელ საქართველოს! არ შემიძლია გაკვრით არ მოვიხსენიო, რომ საქართველოს ძველათ ჭირში გამაგრება და სრულიად ამოუფხვრელობა ამ სხვადასხვა ფერობის ბრალი იყო. როდესაც მტერი საქართველოს ერთ რომელსამე კუთხეს მოადგებოდა და დაიპყრობდა ერთ რომელსამე ნაწილს, მაშინ ქართველობა მეორე კუთხეში, მეორე მხარეში გადადიოდა, იქ იფარავდა თავს და იქ ძლიერდებოდა. მოსულ მტერს ერთი რომელიმე დროთაგანი წლისა უდგა, იმავე დროს ქართველებს ოთხივე დრო ხელთ ეჭირათ: დაბლა, ბარში, სიცხე უდგათ, მაღლა, მთაში, ყინვა იყო. ასე, ამ გვარათ ბუნების წყალობით შეუნახავთ თავი, არასოდეს არ ყოფილან ერთსა და იმავე დროს ერთიანათ დაპყრობილი და ამ საუკუნის დასაწყისამდე არც შეყენებულა მისი პოლიტიკური ცხოვრების მსვლელობა. ამ უკანასკნელი საუკუნის დასაწყისს დაიძინა საქართველომ, მაგრამ ეს ძილი არის სამკურნალო, დროებითი შესვენება. პოეტი, ბარათაშვილი, ამბობს ერთ თავის თხზულებაში: „მინდა, რომ მზე ვიყო ქვეყნის მნათობი და ქვეყნის განმაცხოველებელი, საღამოს მიტომ ჩავიდეო, რომ შევისვენო, შევასვენო ბუნება და მეორე დღეს უფრო ძლიერათ ამოვიდე და უკეთ გავანათო ქვეყანაო“. საკვირველია ბუნების განგება! ყოვლისფერი ისე დაუწყვია, რომ რაც კი მოძრაობს და სიცოცხლე აქვს, საჭირო არის მისთვის მოსვენება, რომ ხელახლა ძალ-ღონე მოიკრიფოს. დღიური მუშა, დაღლილი და დაქანცული, თითქმის უსულოთ აგდია ღამე, სძინავს და იმ ძილში იკრებს ძალ-ღონეს სახვალიოთ. თუმცა ის ძილის დროს მკვდარივითა ძევს, მაგრამ სიცოც-ხლესთან არა აქვს კავშირი გაწყვეტილი და უგნურის მეტი არავინ მიამსგავსებს იმას მკვდარს; გონიერი კი ყურს დაუგდებს, შენიშნავს ძლიერს სუნთქვას, მოელის მის გამოღვიძებას. ამ მუშაკისა არ იყოს, ესევე ითქმის ჩვენს ხალხზედაც. დღემდის ეძინა, მოსვენებაში იყო, ზოგიერთებმა ეს ძილი სიკვდილათ მიიღეს, ხელი აიღეს იმისაგან, უარჰყვეს არა თუ მისი წარსული და მომავალი, - მისი ენაც კი დაივიწყეს. მაგრამ დღეს, დროთა ვითარების შემწეობით, ახლათ იღვიძებს საქართველოს ყოველი კუთხე. როგორც საზოგადო წესია ახალ-გამოღვიძებულის, ის ჯერ კიდევ ბურანშია ცოტას, იქნება კიდეც ბოდავდეს, ეგება კიდეც ფეხი ეშლებოდეს, ბარბაცობდეს და ჩვენი ვალია, რომ ამ თავითვე მივაწვდინოთ ხელი, დავაყენოთ სწორ გზაზე ფეხ-მარჯვეთ და მოვუმზადოთ სამუშაოთ მათი გულის შესაფერი იარაღები. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა გვეცოდინება მათი ძალა, შევისწავლით მათ ხასიათებს და გამოვიკვლევთ, თუ რა არის მათში ავი ან კარგი: რა ზნე და ჩვეულება უნდა გავაძლიეროთ მათში და ან რომლის ამოფხვრას უნდა ვეცადოთ. აი, ამგვარათ ჩვენ უნდა შევიტყოთ, თუ რა ვართ საზოგადოთ ქართველები, რა განსხვავებაა თვითეულ საქართველოს ერებთაგანში, ან რა ერთობაა ახლანდელ დაცემულ დროში და ან რა ყოფილა ადრე ძლიერების დროს. მე ვეცდები, რომ პირველი ამ კითხვა-თაგანი შეძლებისა დაგვარათ, თუმცა სუსტათ, მაგრამ მაინც აგიხსნათ დღეს, და მეორეს კი შეგატყობინებთ დიდი რუსთველის წყალობით, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეების, სხვადასხვა ხალხების ღირსებები და ნაკლულევანებები პოეტურათ და ძლიერათ აქვს გამოხატული მის დაუვიწყარ „ვეფხისტყაოსანში“.
ხასიათები
სურათი პირველი
„იმერელი ვარო,
არას გარგივარო;
შეგსვამ, შეგჭამ,
ისევ წაგივალო!“
„უუ, იმერელო! იიი, კორტოხელს!..“ და სხვა. „თქვენმა მზემან, საკვირველნი ხალხნი არიან ეს იმერლები: ტიტლიკანათ გადმოეხეტებიან კორტოხსა, ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში და იდგმენ ზურგზე კურტანსა. მათთვის არც ქეიფია, არც ტანი, არც ფეხი!.. აგროვებენ ფულებსა და მემრე, ჯიბე გასქელებულები, ბრუნდებიან იმერეთისაკენ. შიმშილით რომ კვდებოდენ, პურს არ იყიდიან, სანამ არავინ შეაძლევს; ყელამდე რომ აავსო ფულით, მაინც იღრიჭებიან, რომ საწყალი ვართო, არა გაგვაჩნია-რაო! ერთი სიტყვით, მათგან სიმართლის თქმა არ შეიძლება და ფხიკიანები კი ისეთნი არიან, რომ, თითი რომ უჩვენოთ, კორტოხს გადაევლებიან!“
აი, რას ამბობენ რაღაც უმანკო სიცილით ქართლელები, როდესაც იმერლებზე სიტყვა ჩამოვარდება ხოლმე.
„შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, ეს ქართლელები სწორეთ სიცრუის გუდები არიან! ასეთ-ასეთი სიცრუვეების გაპენტვა იციან, რომ არც ღვთის იყოს და არც კაცის! ამ მთას იმ მთას მიახლიან, ცას დრეკენ, მასკვლავებს მოჰკრეფენ და ზღვიდან თევზებს გამორეკენ მინდვრებში საბალახოთ. მისთანა უწმაწურობის ლაპარაკი იციან, რომ კაცს, თუ მაგრათ თითებით არ დაიცევი, ყურები აგიწივლდება მისი გაგონებით. ენაწაპილწულები არიან, ერთი სიტყვით! ახლა, ბატონო, ტრაბახობას აღარ ბრძანებთ? თავი ყეენი ჰგონიათ და ერთი ჭიან მანეთს მეტი რომ არა უჭყაოდესთ-რა ჯიბეში, მაინც თავისას არ იშლიან და ირიხებიან. ერთი სიტყვით, სწორეთ ძანუალ უყვარსთ თავის გამოჩენა და სულ მისი ბრალია, რომ სიცრუის გუდებათ გადაქცეულანო!“ რაღაც მზაკვრულის სიცილით მოჰყვებიან ხოლმე იმერლები ქართლელებზე ამ სიტყვებს. ამნაირათვე გურულები მეგრელებს დასცინიან, მეგრელები ქორთუებს, ერთი სიტყვით, თვითო ყველას და ყველა ერთს. არ მოსწონთ ერთმანეთის ქცევა. ერთი მეორეს ცრუს ეძახიან და რომელია მათში მართალი?
ყველა, როგორც ქართლელი, ისე იმერელი, ისე მეგრელი და ისე გურული ერთიანათ დღეს ცრუები არიან, მაგრამ მათ სიცრუეში განსხვავება არის და რადგანაც იმ სიცრუეში გამოიხატება თვითოეული მათგანის ხასიათი, ამისათვის ჩვენ გავარჩევთ და გამოვიკვლევთ იმ განსხვავებებს.
ქართლური ან ამერული სიცრუე უმანკოა: იმაში, ბევრიც რომ ეცადოთ, ისეთ მზაკვრულ ნიშნებს ვერ იპოვით, როგორც იმერულ სიცრუეში. და მართლაც, აბა დაუკვირდით ქართლელს, როდესაც ის ტყუილებს ამბობს, თუ იმ სიცრუეში პატიოსნური სულისკვეთება არ დაინახოთ! ქართლელი მისთვის კი არა ცრუობს, რომ ვინმე მოატყუილოს; არა, როშავს, ისე თავისთვის, რასაც თავის გული ეუბნება... ის ტრაბახობს სულ კეთილ საქმეებზე: სკოლებს მართავს, ქვრივ-ოხრებს ეწევა, მტერს ამარცხებს, მოყვარეს ეხმარება, - ერთი სიტყვით, რაც საპატიოსნოა და კაცის ღირსების გამომჩენი, სულ იმაებზე ბაქიობს.
რა არის ამის მიზეზი? ის არის, რომ ადრეც, როდესაც ქართლელი ღონიერი იყო და ამაების ასრულება შეეძლო, კიდეც ასრულებდა და დღეს, როდესაც დროთა ვითარებამ დასჩაგრა, დააღარიბა, თუმცა საქმით ასრულება მისი თანშობილათ გადაქცეული კეთილ თვისებაების აღარ შეუძლია, მაგრამ სიტყვით მაინც კი ისევ აცხადებს თავის სურვილს და დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ, რომ ხელში თუ მოჰყვა შეძლება, რასაც ტრაბახობს, იმას კიდევაც აასრულებს საქმით.
რა ვქნათ რომ გაღარიბდენ და აღარა შეუძლიათ რა? ქება მისთვის, რომ ჯერ კიდევ გული არ გატეხია, შიგ კეთილი სურვილები აქვს ჩამარხული და, თუ დრო წაღმა მოუბრუნდა, მაშინ კი, უეჭველია, სიტყვას საქმეთაც გადააქცევს. ხომ გინახავთ გაკოტრებული სოვდაგარი, რომელსაც ჯიბეში გროშიც აღარ აქვს, მაგრამ სულ თუმნობით ანგარიშობს და ამ ოცნებით იტყუებს თავს? აი, სწორეთ ამ გაღარიბებულ სოვდაგარს ჰგავს დღეს ქართლელი მისი ტრაბახობით. ვიმეორებ, ეს სიცრუე ქართლელებს, თუ კი შეიძლება, რომ ამას სიცრუე დაერქვას, ბიწიერებათ არ უნდა ეთვლებოდეს, რადგანაც პატიოსანი და საქები მიზეზების შედეგი არის!.. ამ ნაკლულევანებას გარდა, ვიმეორებ კიდევ, თუ კი ეს ნაკლულევანებათ შეიძლება ჩაითვალოს, ქართლელში სხვა საძრახ რამეს ვერა ვხედავთ. ის არის ყოველთვის და ყოველ შემთხვევაში პირდაპირი, ხერხიანობაზე ხელაღებულია და როგორც სიარულში, ისე სიტყვა-პასუხში და საქმეებშიაც პირდაპირობს და არ უყვარს მიხვეულ-მოხვეულობა; მაგრამ აწ ესეცა ვთქვათ, თუ ეს პირდაპირობა რისი ბრალია, სასიხარულო, თუ სამწუხარო მიზეზების? რასაკვირველია - სამწუხაროსი.
პირდაპირობა წარმოდგება ორი სულ სხვადასხვა მიზეზებისაგან:
1) როდესაც კაცი იმდენ ძალას გრძნობს, რომ საჭიროთ აღარ ხედავს ვისმეს ანუ რისმეს საწინააღმდეგოთ შემწეობას, მაშინ ის მოიწევს იმაზე პირდაპირ ლომურათ და არც გარეშე ხერხებს, იმ სისუსტის ნიშნებს, გამოუდგება, რომელსაც სუსტი საჭიროთ ხედავს, რომ მელური მოქმედებით მაინც გაიმარჯვოს.
2) როდესაც კაცს სასოება წარეკვეთება თავის დაცვისა და მოემზადება ძლიერების უსიტყვო დასამონებლათ, ის მაშინ ხერხზე, როგორც გამოუდეგარ იარაღზე, ხელს იღებს და პირდაპირობს; ან რატომ არ იპირდაპიროს, როდესაც იცის ხერხიც ვეღარას უშველის გულგატეხილს და თუ გაისრისოს, პირდაპირ ბრძოლაში მაინც გაისრისოს და გული მაინც მოიფხანოს. არ ემჯობინება?
აი, ორი სულ სხვადასხვა მიზეზი ერთი და იმავე ნაყოფის მომცემი! და ჩვენი აზრით, ქართლელების პირდაპირობა ამ მეორის ბრალია. სანამ შეიძლეს, ებრძოლეს დროთა ვითარებას და ბოლოს, როდესაც გაუტყდათ გული, გააქნიეს უიმედობის ნიშნათ ხელი, თქვეს „რაც იქნეს-იქნესო, იყავნ ნება შენიო“ და დაადგენ პირდაპირობას. ამ გვარათ, თავის ბედნიერი დროის თავისთავად, სხვის შეუწევნელათ, დაბრუნება ამ ხალხს აღარ შეუძლია და თუ ვინმე დაუბრუნებს კეთილდღეობას, - ქართლელები საქართველოს ყველა სხვა ხალხებზე უფრო წმინდათ და მტკიცეთ მიიღებენ და შეითვისებენ იმ ახლათ მოპოებულს.
რაც აქ ქართლელებზე ვთქვით, სულ ამის წინააღმდეგებს ვხედავთ იმერლებში.
სურათი მეორე
იმერელი ცბიერია. და ეს ზნე არა თუ მოქმედებაში და სიტყვა-პასუხში, სიარულშიაც კი უცხადდება. მართლაც, აბა შეხედეთ იმერელს და დააკვირდით მის სიარულს: წინ, რაც უნდა სწორი გზა ედვას, მაინც იქით-აქეთ მიუხვ-მოუხვევს და ისე მიდის!.. თუმცა იმან შორიდანვე შეგნიშნათ, მოგკრათ თვალი, მაგრამ ისე კი გიახლოვდებათ, რომ თითქოს არ დაენახოთ, მერე ერთი უეცრათ შეგეფეთებათ, შეკრთება, რასაკვირველია, აქტიორულათ და ბოდიშს მოიხდის ალერსიანი სიტყვებით. მთის ამბავი რომ უნდოდეს სათქმელათ, ჯერ ბარის ამბით დაგიწყებს, რაც გულში აქვს და რაც სურს გითხრას, იმას პირდაპირ არ მოგახლის და ამას იმიტომ შვრება, რომ ჯერ, სანამ მანევრობს, ე.ი. იმისთანა საგანზედ გემუსაიფებათ, რომელსაც მისთვის მნიშვნელობა არა აქვს-რა - აგათვალიერ-ჩაგათვალიერებს, აგწონის, თქვენს სახეზე და სიტყვაში წაიკითხავს თუ რა გუნებაზე ბრძანდებით და მერე, თქვენი ხასიათის ანუ გუნების შესაფერად, ბანგივით ნელ-ნელა შემოგაპარებს, რაც უნდა სათქმელათ. დარწმუნებული ხართ, რომ იმ დროს თქვენს მოტყუებას ცდილობს, მაგრამ ისე ხელოვნურათ კი ასრულებს ამ თავის წინა განზრახვას, რომ თქვენ რაღაც უცნაური ძალით მოტყუებული რჩებით და არა ნაღვლობთ იმ დროს თქვენს უნებურ მოტყუებას.
იმერელი პირდაპირ არც აქებს კაცსა და არც აგინებს. ვისიც ქება უნდა, იმას აგინებს, მაგრამ იმ გინებაში ისეთი გამოანგარიშებული სიტყვებია, რომ ყოველ ქებაზე უკეთესია; და ვისიც გალანძღვა უნდა, იმას, აქებს, მაგრამ ისე მოხერხებულათ და სოფისტიკურათ კი დაუწყებს ქებას, რომ ვაი იმ ქებას... მაგალითად, იმერელს უნდა ვინმე აქოს, - პირდაპირ რომ ქება დაიწყოს, ჰფიქრობს, ვაი, თუ მიდგომით ჩამომართვანო და ისეთ გვარათ დაიწყებს გმობას, რომ თვითონ თქვენ გამოგასარჩლებს და ისე ხელოვნურათ კი გებაასებათ, რომ გაგიტყუებს და მომეტებულ სურვილს აღძრავს თქვენში მისი ქებისას, ვისიც ქება თითონ ჰსურს გულში და სიტყვით კი სხვას ამბობს; ბოლოს დაგეთანხმება, თვითონ შენანებული დარჩება და თქვენ კი გაამაყე-ბული რჩებით მითი, რომ სულ წინააღმდეგი დაუმტკიცეთ თქვენს მოპირდაპირეს და დაითანხმეთ. შემდეგ იმეორებთ ხან ერთთან, ხან მეორესთან ამ ამბავს და იმერელსაც ის უნდა, მისი გულის წადილი სრულდება და რა ენაღვლება. თუ შეატყო, რომ სადმე უგუნურება უფრო გამოადგება, ვინემ გონიერება, ისე გაიუგუნურებს თავს, რომ მეტი აღარ შეიძლებოდეს და გულში კი ამას ამბობს: „ამყოლს აჰყევი და დამყოლს დაჰყევიო“. ერთი სიტყვით, უანგარიშოთ არას იქმს, არც არას იტყვის. მუდამ შრომობს, მაგრამ მისი ფიქრი და შრომაც კი ყოველ შემთხვევაში მრუდეა. გარეთ, სხვა მხარეს, ღმერთმა მოგცესთ იმერელი, ყველაფერში გამოგადგება; შინ კი, იმერეთში, ერიდეთ, არ გაგიტანს. ის არის უკიდურესათ შურიანი და ოღონდ მისი მოძმე ნუ შეიძენს და თვით უკანასკნელს არ დაჰზოგავს დასაღუპავათ. „მეც წავხდი, შენც წაგახდინე, ქრისტიანო, გვიხაროდესო“. ამბობს გუნებაში კმაყოფილი.
აი, ამის ბრალია, რომ, თუმცა ყოველთვის მოუსვენრათ შრომობს იმერელი, ცხოვრებაშიაც ზომიერია, ხერხიანიც, მაგრამ მაინც ღარიბია და არა გააჩნია-რა, თორემ თავის თავის სასარგებლოთ რომ შრომობდეს და არა მოძმეების დასაკლებ-დასამცირებლათ - მდიდარი იქნებოდა. ვიმეორებ, რომ იმან არ იცის არც ძმობა-მეგობრობა, არც გატანა და არც სიყვარული. დღეს ის მომეტებულათ უზნეურია, მაგრამ ამ დღევანდელ უზნეურობაში, თუ დავუკვირდებით, ჩვენ დავინახავთ მომავლისათვის საიმედო ნიშნებს; მაგრამ ჯერ კი ის გამოვიკვლიოთ, თუ რამ მოიყვანა ამ მდგომარეობამდე, ამ გვარ ზნეობით სიღარიბემდის ნიჭიერი იმერელი?
დროთა ვითარება გველეშაპათ აწვა თავზე იმერეთს. მრავალ საუკუნეების განმავ-ლობაში ცდილობდა შეეყენებია მისი მსვლელობა თავისუფალ ცხოვრებაში. გზას უღობავდა და წასვლის ნებას აღარ აძლევდა, მაგრამ იმერელი არ გატეხილა გულით და სასოება არ დაუკარგავს ისე, როგორც ქართლელს. როდესაც იმას პირდაპირ და სწორი სასვლელი გზა გადაუღობეს, ის მაინც არ შეჩერებულა. დაანება თავი, დააგდო ძალაუნებურათ სწორი გზა, მაგრამ მაგიერათ მიხლართულ-მოხლართული გზა გამონახა, აღარ დაერიდა არც ტალახს, არც ეკალს, არც წყალსა და არც ცეცხლს; დაიწყო ხოხვა, აქეთ-იქით გაძრომ-გამოძრომა; გზა მრუდეთ მიდის, მაგრამ მაინც ხომ მიდის ცხოვრების გზაზე და თუ ისეთი გასაშტერებელი მოხერხებითა და გამჭრი-ახობით მიდის დღეს ტალახიან მრუდე გზაზე, იმედია, როდესაც სწორ გზაზე დადგომის ღონისძიება მიეცემა, მაშინ, რასაკვირველია, მრუდეს დააგდებს და დღეს რომ ხერხებს ხმარობს, იმავ ხერხებს გამოიყენებს კეთილ და სწორ გზისთვისაც მაშინ, აბა მაშინ ჩადგება იმერელი თავის ნამდვილ კალაპოტში და გამოიბრუნებს თავის თანშობილ კეთილ ზნეობას.
დღევანდელ მის შურიანობას აქვს საფუძველი: დღემდე ვინც კი გაკეთებულა და გაბედნიერებულა იმერეთში, ყოველთვის თავის ქვეყნის მტერი ყოფილა და ყოფილა მტერი მიტომ, რომ ძლიერების სურვილი უსრულებია. რადგანაც გარეშე მტრების პოლიტიკაში ძველათ იყო ხალხის დაჩაგვრა, ამისათვის ისინი იმისთანაებს აძლიერებდნენ, რომელნიც უსათუოდ თავის ხალხს მისდგებოდენ დასაჩაგრავათ. ეს შეუნიშნავს ხალხს და ცდილობს არავინ ამაღლდეს მისდა საჭირდღეოთ, თორემ აბა დაუმტკიცეთ თქვენ იმერლებს ის, რომ გაკეთებული და გაბედნიერებული კაცი არა თუ არას დაგაკლებს, კიდევაც მოგეხმარება-თქო და მაშინ ნახავთ, თუ კიდეც არ მოეხმარონ იმ საბედნიერო კაცს და არ მოუმართონ ხელი. დროთა ვითარებამ დაუმტკიცა იმას, რო ძნელია ვინმეს ნდობა და ამისათვის აღარავის ენდობა თავის თავის მეტს. აღარც სიყვარული სწამს და აღარც ნათესაობა-მეგობრობა. მოტყუების ეშინია და გულს არ აძლევს ნებას თავისუფლად გათამაშებისას, თორემ აბა დაარწმუნეთ ის წინააღმდეგში და მაშინ ნახავთ, თუ რა გრძნობები გამოიჩინოს! თავის ქვეყანაში ერთმანეთის ეშინიათ, ერთმანეთს ვერ ენდობიან და ამ მიუნდობლობაში ჰკვდებიან; მაგრამ გარეშე ქვეყანაში, სადაც არ მოელიან სხვებისგან მოტყუებას, იქ თვითონაც გულწრფელობენ და პატიოსნებაზე თავს სდებენ. მომავლისათვის - ეს ხალხი ყველაზე უფრო საიმედოა და პირველ ჭახრაკათ საგულებელია.
სურათი მესამე
რაც იმერლებზე ითქვა, ისევე ითქმის მეგრელებზედაც ცოტა რამ დამატებით.
მეგრელი უფრო წვრილმან საქმეებს ჰკიდებს ხელს, ვიდრე იმერელი. იმერელზე მომეტებული გულისყური აქვს, მაგრამ „სიბრძნის ზღვაში“ კი ისე ვერ მოსცურავს, როგორც იმერელი. მეგრელი ხელოსანია და ვაჭრობის მიდრეკილებისა, ასე რომ ოდესმე, როგორც ყოველგვარი სახელოვნო-სახელოსნო რამეები, ისე ვაჭრობაც მეგრელების ხელში იქნება. სომხებს აღარას გაატანებენ, რადგანაც მათ სომხურ თვისებებთან თავისიც შეერთებული აქვთ. სომხურ თავიანობას, ანგარიშის ცოდნას, გროშის დევნას და ძუნწობას უმატებენ თავიანთ მეგრულ ღირსებებსაც: მაღალ ნიჭს, გამბედაობას, სიმართლეს და სხვა.
რაც შეეხება დღევანდელ მის სიცრუეს, მეგრელი ისე არ ბაქიობს, როგორც ქართლელი და არც ისე განზრახვით აქტიორულად იტყუება, როგორც იმერელი. აღტაცებაში მომყვანი ბუნება სამეგრელოსი მეგრელს პოეტურა ჩაესახა გვამში და ისე არას იტყვის, რომ აღტაცებულათ არა თქვას, ცოტაც არის არ გაათამაშოს თავისი ფანტაზია. ამბავს რომ მოჰყვება, მაშინ იმას კი არ გიხატავს, რაც თავისი თვალით ნახა, არა, იმას, რაც უნდოდა ენახა. მოჰყვება ტკბილ-ქართულათ შვენიერს მოთხრობას, ასე რომ იმ დროს, როდესაც ლაპარაკობს და თქვენც შეჩერებულხართ, სასიამოვნოთ გირჩებათ, მაგრამ ბოლოს, როდესაც მოშორდებით და მოიგონებთ მის ნაუბარს, მაშინ კი მიხვდებით და იტყვით: რა ილაპარაკა იმ კაცმაო? და სხვა.
თუ მოტყუება უნდა ვისიმესი საქმეში, ის ისე ვერ ახერხებს, როგორც იმერელი: მაშინვე ატყობ, რომ მოტყუებას გიპირებს, თვითონაც კი იცის, რომ შეატყვეთ, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის და ყელგამოწევით გეხვეწებათ დამიჯერეო; მაგრამ ესეც უნდა ვთქვათ, რომ გაუჭირველათ არ ცდილობენ არავის მოტყუებას და გაჭირვებას კი რაღა გაეწყობა!.. რაც შეეხება ნათესაობას და მეგობრობას, განსაკუთრებით მეგობრობა, ძლიერი იციან: მოყვარისთვის თავს გასწირავს და არას დაინანებს. ამ თვისებით მეგრელები დღესაც სჯობიან იმერლებსა. ერთი სიტყვით, დღეს იმერლებზედაც უფრო გაავზნიანებული მეგრელები იმავე მიზეზით, რითაც იმერლები, მომავლისათვის ბევრ რასმეს გვპირდებიან და აღარც საეჭვოა.
გურულები ბევრით ემსგავსებიან ამ ორგვარ ხასიათს, მაგრამ მათსავით ხანგრძლივი და ფეხდადგმული ვერ არიან. ვერც შრომას აიტანებენ ბევრსა; ისინი ყოველთვის და ყოველგან ჰფეთქენ თოფის წამალივით. მოძრაობაში, სიტყვა-პასუხში თუ საქმეში ყოველგან მოსწრებულნი არიან. ლხინში ღმერთმა მოგცესთ, მაგრამ ჭირში კი რა მოგახსენოთ. ერთი სიტყვით, იმ საქმეში, რომელიც დიდ როლს არ თხოულობს, გურული დაუფასებელია და მის მაგიერობას ვერავინ იზამს. ვაგლახათ ნუ შეეხებით მის თავმოყვარეობას! ის დროთა ვითარებამ „გააკუჭიანა“, მაგრამ ვერ გატეხა. ის გრძნობს, რომ კაცია დასაფასებელი და თუ შეუხვდა დროზე, „თავი კიტრათ მიაჩნია“, როგორც სხვისა, ისე თავისი. ის არის ლხინის შვილი და ჭირშიაც სიცილით მოგეხმარება იმ ერთ იერიშზე და მერე, თუ იმ ერთი იერიშით ვერ გაარიგა-რა, მეორეთ იქ აღარ „გიყუნცულებს, ქე წავა მისდა შინისკენ“. მომავლისათვის დიდი საიმედო არიან. დანარჩენებზედაც საზოგადოთ ამასვე ვფიქრობთ.
აი, ამგვარათ დღეს თვალს ვავლებთ ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეების ხალხს და მართლა სასიამოს აწმყოში ვერასა ვხედავთ, რადგანაც ისტორიულმა მიზეზებმა მავნებლათ იმოქმედეს იმათზე, მაგრამ მომავლისთვის კი ბევრს გვიქადიან და მაშინ ვნახავთ, თუ რაც იქნებიან. აწ-კი ჩვენ ის გავშინჯოთ, როგორები იყვენ დღეს აქ მოყვანილი ტომები ძველ დროს, მაგალითად მეთორმეტე საუკუნეში, თამარ მეფის დროს. ამისათვის ჩვენ ავიღოთ უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, გავარჩიოთ და იქ ვნახავთ ჩვენს ქვეყანას მისი კუთხეებით და მცხოვრებლებით ისე გამოხატულს, როგორც სარკეში ჩასახულ რამეს.
II
„ვეფხისტყაოსნის“ ტიპების ხასიათები
მრავალფეროვან და საგულისხმო ქართულ ანდაზებში ერთი ახირებული და გულსაწყვეტი ანდაზაც გვირევია: „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“. და ეს ანდაზა სწორეთ ზედგამოჭრილია რუსთაველსა და მის „ვეფხისტყაოსანზე“. ამ უკანასკნელ დროს, როდესაც ყოველგვარ მშობლიურ რამეებზე გავგულ- გრილდით, რუსთაველზედაც, რასაკვირველია, გული ავიყარეთ. თამამათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ათასში ხუთი თუ მოიპოვება, რომ „ვეფხისტყაოსანი“ გადაკითხული ჰქონდეს; და იმ რჩეულ ხუთ-ხუთისაგან შემდგარ ათასში - კიდევ ხუთი, რომ მისი დედააზრი გაგებული ჰქონდეს.
ერთმა ახალგაზდა ცნობისმოყვარე ქართველმა ინატრა: „ნეტავი სპარსული ენა ვიცოდე, რომ მისი გამოჩენილი პოეტები - ჰაფის და ფირდუსი დედანში წავიკითხო, განსაკუთრებით მინდა შევიტყო, თუ რა არის შაჰ-ნამე, ე.ი. წიგნი მეფეთა, რომელსაც ასე აქებენო“. „განა როსტომიანი არ წაგიკითხავს-მეთქი?“ - ვკითხე მე. - „ის არის შაჰ-ნამე ქართულად ნათარგმნი და როსტომიანი დაურქმევიათ მისთვის, რომ შაჰ-ნამეს გმირს ჰქვიან რუსთემ ანუ როსტომ-მეთქი“. ჩემდა გასაკვირველათ შევიტყვე, რომ იმ ყმაწვილს არც კი სცოდნოდა, თუ ძველთაგან რუსთაველს გარდა სხვა წიგნი რამე დაგვრჩენია! - „დალოცვილო, „ვეფხისტყაოსანში“ რომ მოხსენებული არიან: „ვისრამიანი“, „ამირანდარეჯანიანი“, „დილარიანი“ და სხვანი, ესენი მაინც როგორ დაგავიწყდენ-მეთქი?“ გამოდგა, რომ, თურმე, რუსთველიც არ წაუკითხავს, თურმე გაგონებით სცოდნია და ბოდიშს ამითი იხდიდა, რომ რამდენჯერმე დავაპირე წაკითხვა, მაგრამ შიგადაშიგ უცნობმა სიტყვებმა გამიძნელეს საქმე და ხელი ამაღებინესო. - „დალოცვილო, თუ კი სპარსული ენის სწავლას ეპირები, რომლისაც არც ერთი სიტყვა არ იცი, უადვილესი და უმჯობესი არ იქნებოდა, რომ ის რამოდენიმე სიტყვა ამოგეწერა, შეგესწავლა და მერე ადვილათ წაგეკითხა „ვეფხის-ტყაოსანი“-მეთქი?“ სიცილით მიპასუხა: „განა არ იცი, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო?“ დღეს ეს შენდობის უქონლობა ძალიან ატყვია „ვეფხისტყაოსანს“, მაშინ, როდესაც ის წინა საუკუნოებში ბრმათ სათაყვანო იყო საზოგადოთ ქართველებისათვის. ძვირათ სადმე მოინახებოდა მისთანა ვინმე, რომ წაკითხული არ ჰქონებოდეს: განსაკუთრებით დედათ სქესში უმრავლესობამ თავიდან ბოლომდი ზეპირადაც იცოდა და მათ რიცხვში მისთანები ერიენ, რომელთაც არც წერა იცოდენ და არც კითხვა. „ვეფხისტყაოსნის“ წყალობით დიდ ოჯახებში სკოლა იყო გამართული, როდესაც ერთი ვინმე ხმამაღლა დაიწყებდა „ვეფხისტყაოსნის“ კითხვას, იმ დროს, ვინც კი მოცლილი იყო - დიდი, პატარა, შინაური, გარეშე, ბატონი თუ მსახური - ირგვლივ ეხვეოდენ მკითხველს, უგდებდნენ ყურს გულმოდგინეთ და „ვეფხისტყაოსნის“ ტკბილი სიტყვები ღრმათ ებეჭდებოდათ გულის ფიცარზე. ეს კიდევ ცოტაა. მისგან აღტაცებაში მოყვანილ ხალხს „ვეფხისტყაოსანი“ მიაჩნდა რაღაც დიდებულ და საკვირველ განძათ, უმისოთ დიდებული ოჯახი დიდებულათ არ იწოდებოდა, რაც უნდა სიმდიდრით სავსე ყოფილიყო; ის ქორწილი საქებრათ არ ჩაითვლებოდა და ის მზითვი მზითვათ არ იხსენიებოდა, თუ რომ მზითვის სიაში პირველათ „ვეფხისტყაოსანი“ არ იქნებოდა მოხსენებული. მოვიყვან ორ მაგალითს:
ა) თქმულობაა, რომ ამ რამოდენიმე საუკუნის წინეთ ერთმა გამოჩენილმა, სახელგანთქმულმა რაინდმა - ქველმა წერეთელმა თხოვა ქალი არგვეთის თავადს, მორჭმულსა და სახელოვან კაცს და იმან ასე მოსწერა სიძეობის მძებნელს: „აღმომავალო მნათობო, ვიცი, რომ განთქმული ხარ ხალხში, საყვარელი ერის და ერთგული მეფის (მაშინ მეფის ერთგულება ნიშნავდა ხალხის ერთგულებას). თუმცა შენისთანა კაცს ქალი არ დაეჭირება, მაგრამ შენი დაუდევრობა უარზე მიწვევს. საღმრთო წერილი ბრძანებს: „ორთა უფალთა სამსახური არ ჯერ არსო“. კაცი რომ ოჯახობას შეუდგება და ცოლშვილს მოეკიდება, იმან უნდა დაუდევრობაზე ხელი აიღოს, რომ საოჯახო რამ მოიმომჭირნოს, მოიხვეჭოს და შენ კი ამაებს ყველას არ დასდევ! აბა სადა გაქვს ციხე, რომ გაჭირვების დროს თავი შეიფარო? სადა გაქვს მონასტერი, სასაფლავო, მკვდრის სულის საოხებლათ და ცოცხლის სალოცავათ? როგორ იხსენიოს შენი ოჯახი დიდებულათ, რომ „ვეფხისტყაოსანიც“ არ გაქვს?!..
გულნატკენმა სასიძომ პასუხათ შეუთვალა: „სანამ ჩემი მარჯვენა მაგრათა მაქვს და გულ-მკერდი არ გამტეხია, მე სხვა ციხე არ მეჭირვებაო. ჩემი წმინდა ტაძარი ჩემი გული და სვინიდისიაო: და რაც შეეხება სასაფლავოს, ყოველი კუთხე ჩემი სამშობლოსი, ტყე იქნება თუ ველი, მთა თუ მინდორი, სადაც კი ჩემი მამულისშვილები წამებულან და მათი სისხლი დანთხეულაო - ყველგან სასურველი და ღირსეული სამარხი იქნება ჩემი, სხვა საჭირო აღარ არისო. ამ ორში მიუგო პასუხი, მაგრამ მესამემ კი ძალიან დააფიქრა და შეუთვალა იმაზე: „რაც შეეხება „ვეფხისტყაოსანს“, მართა-ლია, არა მაქვს, ჯერ ახალშენი ვარ, მაგრამ იმასაც უეჭველათ შევიძენო“.
მეორე მაგალითი: ერთ თავადს გაუთხოვებია ქალი, მზითევში გაუტანებია „ვეფხის-ტყაოსანი“, მაგრამ სიძეს უკანვე დაუბრუნებია მისთვის. ამ შემთხვევას ისე გაუკვირ-ვებია სიმამრი, რომ საარაკოთ დაუწერია ქვაზე ამბავი ამ გვარათ:
„ქალი მყვანდა ედემს ზრდილი, ოქრო ხუჭუჭ თმაოსანი,
გავათხოვე, მზითვად მივეც ჩემი „ვეფხისტყაოსანი“,
მაგრამ ისევ დამიბრუნა, თურმე იყო სვანოსანი“! და სხვ...
სვანოსანიო, ესე იგი უმეცარი, უსწავლელი, გაუგებარი სვანივითო, ისე როგორც ახლა ვიტყვით ხოლმე - ყრუ გადამთიელი ან მთიულიო.
ეს ორი მაგალითი სრულიად საკმაოა, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა სათაყვანო ყოფილა ხალხისათვის „ვეფხისტყაოსანი“; მაგრამ ესეც კი უნდა ვთქვათ, რომ ეს თაყვანისცემა ყოფილა რაღაც უნებური, ბრმა. ამას გვიმტკიცებს უწარჩინებულესი ჩვენი ხალხის წარმომადგენლები.
ვახტანგ მეფე, დიდად შესანიშნავი ისტორიული პირი, კაცი ბრძენი და განვითარებული მწიგნობარი, გულდაწყვეტილია „ვეფხისტყაოსანზე“, რომ მისი აზრი ხალხმა ვერ გაიგოვო და მით მასზე ცუდი ზედ-მოქმედება აქვსო. ფატმანისაგან გატაცებულმა ქალებმა ფერუმარილის ხმარება ისწავლეს და კეკლუცობას მიჰყვეს ხელი და საზოგადოთ ხალხმა ტრფიალების მოედანზე ძალიან თამამათ დაიწყო ნავარდიო. და ეს სულ მითი მოსდით, რომ ნამდვილი აზრი „ვეფხისტყაოსანისა“ მათთვის გაუგებარი რჩებაო. მოუნდომებია თვითონ ახსნა „ვეფხისტყაოსნისა“ საღმრთო მეტყველების კვალობაზე და მისთან-მისთანა დასკვნა გამოჰყავს, რომელიც რუსთაველს აზრათაც არ მოსვლია!
ანტონ პირველმა, კათოლიკოსმა, არა ნაკლებ ვახტანგზე გამოჩენილმა პირმა, ისე ურიგოთ დაინახა „ვეფხისტყაოსანი“, რომ მოაგროვებინა ხელნაწერები, შეაჩვენა, დაწვა და თავის „წყობილ-სიტყვაობაში“ ასე ამბობს: „რუსთველი ის დიდი პიიტიკოსი, ტყვილათ დაშვრა ამაოთათვის, ღმერთო შეუნდევ, ნუ მოჰკითხავ ამ დიდ ცოდვასო“.
მეფე არჩილ თავის თხზულებაში მოლექსობაში აჯიბრებს ერთმანეთს რუსთველს და თეიმურაზ პირველს, იმ თეიმურაზს, რომელიც, მართალია, კარგი პოეტთაგანი იყო, მაგრამ რუსთველის აჩრდილადაც არ ჩავარდებოდა. ამ ორ პოეტს განზრახ აბაასებს ერთმანეთთან და ძლევას არჩენს მეფე თეიმურაზს და ამ უპირატესობას აძლევს, ანტონ კათალიკოსისა არ იყოს, არა მისთვის, რომ რუსთველის ლექსთა-წყობას სხვისი ვისიმე ჯობდეს, არა, საგანს უწუნებს. მართალია ბევრი ქომაგიცა ჰყავდა მის პოემის საგანს, მაგრამ ვაი იმისთანა ქომაგობას!.. მაგალითად, ციციშვილმა მანუჩამ ანუ ნანუჩამ გადააფარა თავის მოწყალების კალთა „ვეფხისტყაოსანს“, მოუალერსა, როგორც საყვარელ შვილს, მოუნდომა გაშალაშინება და შიგადაშიგ, სადაც აზრები ვერ ნახა ნათლად გამოთქმულათ, ვითომ თავისი აზრით გააშვენიერა „ვეფხის-ტყაოსანი“ მით, რომ შიგადაშიგ თავის საკუთარი ლექსები ჩაუმარგალიტა, რითაც ძალიან აწყენია ხალხს ძველათ და დღესაც დიდ გაჭირვებას აყენებს „ვეფხის-ტყაოსნის“ გამრჩევლებს. მხოლოთ ერთი გამოჩენილი მწერალთაგანი - დავით გურამიშვილი - იხსენიებს რუსთველს მოწიწებით: „რუსთველი სიბრძნის ზღვა არის, მას ვერავინ შეედრებაო“.
აქ უნდა მოვიხსენიოთ სხვათა შორის, რომ „ვეფხისტყაოსანს“ ორგვარი გავლენა ჰქონდა მწერლობა-მწიგნობრობაზე: ერთი მხრით მისი წყალობით წერა-კითხვა და მწიგნობრობის ხალისი თანდათან მტკიცდებოდა ხალხში და მეორე მხრით - საკუთრათ პოეზიაზე რაღაც ბატონური, მავნებელი გავლენა ჰქონდა. მრავალ საუკუნეების განმავლობაში ქართველი პოეტები ისე ბრმათ გატაცებული იყვენ რუსთველისაგან, ისე ძლიერათ დამონებული, რომ ვეღარც კი წარმოედგინათ, თუ კიდევ შეიძლებოდა სხვა გვარი ლექსის წერა, თუ არა თექვსმეტმარცვლოვან და ოთხტაეპიან შაირისა. მიდიოდენ რუსთველისაგან ერთხელვე გათელილ გზაზე, უდგენ კვალში, მაგრამ იმოდენი ფეხმარჯვობა არა ჰქონდათ და მათი მსვლელობა, შედარებით რუსთველის მსვლელობასთან, კოჭლობა იყო.
პირველი მწერალი, რომელმაც გადაარჩინა თავი ამ მონებას და საკუთარი გზით მოინდომა მსვლელობა იყო დავით გურამიშვილი. ჯერ ისიც მისდევდა რუსთველს, ბოლოს მიხვდა, რომ მაჩანჩალა იყო მისი და სხვა არაფერი და მაშინ კი თქვა, „რუსთველი სიბრძნის ზღვა არის, მას სხვა ვერ შეედრებაო“, იკადრა გადახვევა და დაიწყო იმგვარ ლექსების წერა, როგორიც არიან მისი „ქაცვია მწყემსი“ და მისი სახალხო „ეო-მეო“-ები.
ახლა ერთი ესეც უნდა ვიკითხოთ, თუ მართლა ისე გაუგებარი იყო, როგორც ხალხისა, ისე მწერლობისათვისაც „ვეფხისტყაოსნის“ დედა აზრი, მაშ რიღასი ბრალია, რომ საყოველთაოდ ისეთი მიმზიდველი და გამტაცი ძალა ჰქონდა და აქვს? ნუთუ ის გატაცება და ხალხის აღტაცება უბრალო შემთხვევის ბრალი იყო? ნუთუ ამგვარი რამე უბრალო ხმის აყოლით მოდა ანუ წამხედურობა იყო? არა! მოდა ანუ წამხედურობა დროებითი, ფეხმოკლე მოვლინებაა: იმას ხანგრძლივობა არა აქვს. მართალია, ხარბი თვალი, უბრალო რამით მიტაცებული, გულს იტყუებს, მაგრამ ამგვარი რამ მალე ჰქრება: ხარბი თვალი მალე ძღება, გულს ის უსაფუძვლო ახირებულობა მალე ჰყირჭდება და ის შეცდომა მეორეთ აღარ იჩენს ძალას, აღარ მეორდება. „ვეფხისტყაოსნის“ თაყვანისცემა კი მრავალ საუკუნოებითია და მასთან ისეთი ბედი, როგორც „ვეფხის-ტყაოსანს“, არც ერთი ხალხის კლასიკურ თხზულებებს არა ჰქონია. მაგალითად, ავიღოთ უკვდავი შექსპირის თხზულებები: - რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ხალხისათვის გაუგებარი იყო. აგრეთვე სხვების, ერთ დროში რომ ქება- დიდებაში ყოფილან, ის დრო წასვლიათ, ქება-დიდება გათავებიათ და დავიწყებაში მიცემულან; მასთანაც ყოველი წრისგან ერთნაირად მოწონებაში არა ყოფილან. „ვეფხისტყაოსანი“ კი, დაიწერა თუ არა, ავტორის თქმის არ იყოს, მაშინვე გახდა ხელის-ხელ საგოგმანებელ, ობოლ მარგალიტათ და მას შემდეგ, მრავალ საუკუნოების განმავლობაში დგმიდან-დგმაზე გადადის საყოველთაოდ, საამურად და სათაყვანოთ. ეს იმის ბრალია, რომ „ვეფხის-ტყაოსნის“ შესაყვარებლათ მისი თავიდან ბოლომდი შესწავლა და დედააზრის გაგება საჭირო აღარ არის. რაგინდ ბუნდში იყოს და შავი ღრუბელი ფარავდეს თვითონ მზის ბურთს, რა კი ერთხელ ამოვა, მისი შუქი მაინც გვინათებს; ღამით ჩასული იგივე მზე, შორიდან ნატყორც სხივებით ნათელს აძლევს მთვარეს და მთვარეც იმ ნარეკლ, უკუქცეულ სხივებით ჩვენც ნათელს გვაძლევს და თვითონაც ბრწყინვალეთ გვეჩვენება. რუსთველისთანა გენიოსები სწორეთ იმ მზის გვარათ ანათებენ ხალხის ჭკუა-გონებას. ამგვარ გენიოსებს წვრილმან პლანეტებივით ახვევიან გარშემო პატარ-პატარა ნიჭის პატრონები, თვით იღებენ მისგან ძალას და მერე თავისთავად გვინაწილებენ ჩვენ. კარგათ ამბობს დავით გურამიშვილი: რუსთველი სიბრძნისა და პოეზიის ზღვა არისო. შეიძლება, რომ ჩვენ ზღვა თვალითაც არ გვენახოს, მაგრამ მისი წყალობით გამონადენი წყაროები და მდინარეები გვაგრილებდენ, ნაყოფს გვაძლევდენ, წყურვილს გვიკლავდენ და გვაცოცხლებდენ. სწორეთ ამ პატარ-პატარა მდინარეებისა და წყაროების მსგავსათ შიგ „ვეფხის-ტყაოსანში“ გაბნეული არიან ადგილები, რომელთაც შეუძლიანთ მარტო თავისთავადაც, მიუხედავათ მთელი თხზულებისა, შეაყვარონ მკითხველს და სათაყვანოთ გაუხადონ მთელი თხზულება. „ვეფხის-ტყაოსანში“, რა წოდებისაც უნდა იყოს კაცი, რა სქესისაც, რა მდგომარეობაშიაც და რა ხანშიაც - მისთანა რამ გულის საპასუხოს იპოვის, რომ იმ პატარა ნაწყვეტიდან გატაცებული შეიქნება და ბრმათ დაემორჩილება მთელ თხზულებას ისე, როგორც პატარა შავი თვალებისაგან გატაცებული აშიყი სათაყვანოთ და სატრფიალოთ იხდის იმ თვალების პატრონს მანდილოსანს. მაგალითებრ:
„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი
მისგან გასწორდეს ყოველი - სუსტი და ძალ-გულოვანი,
ბოლოს შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“.
ნეტა თუ იყოს იმისთანა ქართველი, რომ ეს წაიკითხოს და რაღაც უცნაური გრძნობა არ გაემსჭვალოს გულში და სასიამოვნო ჟრუანტელმა არ დაუაროს ტანში?! და ეს იმიტომ, რომ ამ რამდენიმე სიტყვაში იხატება მთელი საქართველოს თავგადასავალი! ეს იყო ჩვენი ძველების აღსარება და მათი ფარ-ხმალი. დედები ამ სიტყვებით უდებდენ თავის შვილებს პირველ ძუძუს პირში, ამ სიტყვებში ადგმევინებდენ ენას, ამ გრძნობით ამღერებდენ და ამ სასოებით ალოცებდენ. მრავალ საუკუნოების განმავლობაში, დგმიდან დგმაზე, რჯულის კანონათ გადასულიყო ეს ჩვეულება, ძლიერათ გაუჯდა ქართველს ძვალ-რბილში და დღესაც, როგორც წინეთ მოვიხსენეთ, ეს ძველი თანშობილი სიკეთე მიძინებული აქვს ჩვენს ხალხს, მაგრამ დროდადრო ამ გვარი ძლიერი ლახვრის ძგერებით, როგორც ეს სიტყვები არიან, ძალაუნებურათ იღვიძებენ ხოლმე. ნაპოლეონმა თქვა ერთ ხალხზე: „ცოტა გაფხიკე და თათარი ამოჰყოფს თავსაო“. აგრეთვე შეგვიძლია დღევანდელ ქართველებზედაც ვთქვათ: ცოტა რომ გავფხიკოთ იგივე ძველი ქართველი გამოჰყოფს თავს. მართალია, დროთა-ვითარების გამო, ის წმინდა ადგილები დაჰფარვია დღეს ქართველს გარედან შემოტანილი ტალახის წყალობით და ხანგრძლივი მუშაობაცაა საჭირო, რომ ის გაიფხიკოს, მაგრამ რუსთველის სიტყვები-კი, ნესტარივით სამკურნალოთ, ადვილათ წვდებიან იმ წმინდა დაფარულ ადგილს, ჩხვლეტენ და აღვიძებენ. აი, რის გამოა რუსთველი ყველასათვის საყვარელი! ვიმეორებ, რომ მის თხზულებაში ყველა ჰპოულობს მისი წყლულის წამალს, მის სანუგეშო მალამოს. იქ დედათ სქესს შეუძლია იპოვოს თავის სიმართლე მით, რომ რუსთველი „ვეფხისტყაოსანში“ გამოყვანილ ქალებს აძლევს არა თუ თანასწორ ღირსებებს და მნიშვნელობას მამაკაცებთან, თითქმის უმთავრეს მოქ-მედების მიზეზათ ისინი გამოჰყავს. განა შეუძლია ქალს, რომ ეს ლექსი წაიკითხოს და გული მადლობით არ აევსოს ავტორისადმი:
„თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია...
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.
აქ მეგობრობის მოსურნე ნახავს უმაღლეს მაგალითს მეგობრობისას ტარიელის, ავთანდილის და ფრიდონის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში და სურვილს გაიმტკიცებს შემდეგი ლექსებით:
„ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“.
განა შეუძლია გრძნობა მორეულ ახალგაზრდას, რომ ჭეშმარიტი აღტაცებით არ მიიღოს ეს სიტყვები:
„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან,
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან,
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან“.
ჭკუადამჯდარი, ჭირნახული და სისხლმოკლებული, დარბაისელი მოხუცი განა ისე შეიძლებს ამ ლექსების წაკითხვას, რომ სიამოვნებით თანხმობის ნიშნათ თავი არ გაიქნიოს და ჭაღარაზე ხელი არ დაისვას:
„რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯისა შემტყვებარი,
მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
სხვამან სხვისი უკეთ იცის სასარგებლო საუბარი“.
და ანუ ეს ადგილი:
„გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი“.
ჭირში და უბედურებაში მყოფ კაცს, როგორ სანუგეშოთ არ დარჩეს ეს ჭეშმარიტება:
„საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების,
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების“.
განა სანუგეშოთ და გასამხნევებლათ არ მოხვდება გულში არა დიდ მომავლობის კაცს შემდეგი ჭეშმარიტება:
„ფილოსოფოსნი შემოკრბენ, ამაზედ ჰქონდათ ცილობა:
ბატონი კაცსა ასაქმებს და ჭკუას გამოცდილება:
ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზდილობა,
თუ კაცი თავათ არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა“.
არა თუ ამგვარი რამეები, თვით უსიამო და უსამართლო რამეც საამურათ და სამართლიანათ გამოხატული ჰყავს რუსთველს „ვეფხისტყაოსანში“. მაგალითად, რა იქნება ბატონყმობაზე უსაძაგლესი და უუსამართლოესი, სადაც ერთი მხრით უსამართლო უფლება და ძლიერებაა და მეორე მხრით კი დაჩაგრული სისუსტე და მონობა? მაგრამ ესეც კი ისე საყვარლათ და სასიამოთ გამოუხატავს რუსთველს, რომ უკეთესი აღარ შეიძლება! ამას ვხედავთ ჩვენ როსტევან მეფის ავთანდილთან, ავთანდილის შერმადინთან და ნესტან-დარეჯანის ასმათთან ერთმანეთთან დამოკიდებულებაში და კიდევ ბევრგან სხვაგანაც.
ესეც კი უნდა ვთქვათ, რომ ამგვარი რამეები თავისთავად სამაგალითოდ არ შეუთ-ხზავს რუსთველს; იმან მხოლოდ ის აიღო და გამოგვიხატა, რასაც ხალხში ხედავდა. და მართლადაც, ამ უკანასკნელ დრომდე ბატონყმობას ისეთი ხასიათი არ ჰქონია საქართველოში, როგორც სხვაგან: ის იყო მხოლოდ ძმური, ერთმანეთთან უფროს-უმცროსული დამოკიდებულება. გავარჩიოთ ეს კარგათ.
ბატონი მეგრულათ პატონია და ჭანურათ პატრონი. ცხადია, რომ აქ მხოლოთ ორი ასო „ტ“ და „რ“ არიან გადასმულ-გადმოსმული, თორემ ეს სიტყვები ერთად ნიშნავენ მზრუნველი, მფარველიო და არა უფალი. აგრეთვე ჩვენი ძირეული სიტყვა „ყმა“ არ ნიშნავს მონას. ყმა, ე.ი. ყმაწვილი ანუ ახალგაზდა. რუსთველი ხშირათ ყმას ეძახის თვით ტარიელსა და ავთანდილსაც. ამ ნაირათ ბატონყმობა ნიშნავდა თანასწორ, ძმურ, უფროს-უმცროსულ დამოკიდებულებას, განაწილებას და არა ნაძალადევ ბრძანებლობას. და რუსთველსაც სწორეთ ამგვარადა აქვს გამოსახული. ამ ზემო-მოყვანილ ნაწყვეტ-ნაწყვეტ პირებიდან, რომლებიც აქ სანიმუშოთ მოგვყავს, შეგვიძ-ლია დავრწმუნდეთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ დედააზრის გაუგებლობა მის სიყვა-რულს ბევრს ვეღარას უშლიდა. ამ გზის დაბნევაში და სინამდვილის გაუგებლობაში, ცოტა არ იყოს, თვითონ რუსთველსაც აქვს ბრალი, რადგანაც თვითონვე უთქვამს ერთგან შემდეგი:
„ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები“-ო.
და სხ.
ამაზე ვახტანგ მეფე, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა სპარსული მწერლობა, ამბობს, რომ მთლად გადავიკითხე, რაც კი რამ იყო სპარსულათ დაწერილი და ამ ამბავს კი ვერსად შევხვდიო. ამასაც რომ არ ეთქვა, ისეც ცხადია, რომ ეს არის მართალი და რუსთველი იძულებული ყოფილა ტყუილი ეთქვა. მართალია მაშინ ცენზურა და ცენზორი არ ყოფილა, მაგრამ აზრის ყლაპიები კი მაშინაც, უეჭველია იქნებოდენ. ხალხის უმეცარი უმეტესობა მეტათ თავმოყვარეა და არ იფერებს, არ ტყდება თავის უმეცრებაში და ყოველივეს თავისებურათ ხსნის, რასაკვირველია, სრულიად წინააღმდეგ სიმართლისა და მოქმედების განზრახვისა. ბევრნი დღესაც კი ამტკიცებენ, რომ რუსთველმა მისი და თამარ მეფის სიყვარული აწერაო და მაშინ, რასაკვირველია, ამას უფროც იტყოდენ. აი, რას მოერიდა ავტორი და მით გადაასხვაფერა! მართალია, თვითონ რუსთველი ამბობს:
„ჩემი აწ ცანით ყველამან, მას ვაქებ, ვინცა მიქია,
ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია“-ო.
და ან ეს:
„თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული;
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.
მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს რუსთველისაგან თამარის შეყვარებას და მის სასიყ-ვარულო ქებას. ხალხში, როდესაც საქებარი რამ გახდება, ის ყოველთვის საზოგადოთ მის წარმომადგენელს მიეწერება ხოლმე საქებათ. მაგალითად, თამარ მეფის დროს სახელოვანმა მოძღვართ უხუცესებმა ააგეს ტაძრები, რომელნიც სახსოვრათ და სადიდებლათ თამარისა დარჩენ. მხედარი ცდილობდა მისვე ასამაღლებლათ გამარჯვებას, - მაგალითად, ზაქარია არღუთაშვილმა შორსა და შორს გადააწვდინა თავისი ძლევამოსილი მკლავი, რისთვისაც თვითონ მიიღო მხარგრძელის წოდება და ადიდა თამარის სახელი. აგრეთვე მწერლებმაც იჩინეს თავი და მათ რიცხვში რუსთველიც გრძნობდა, რომ მისი „ვეფხისტყაოსნით“ ის აქებდა და ადიდებდა თამარ მეფეს. არა, მისი საგანი სულ სხვა იყო. იმას სურდა, რომ „ვეფხისტყაოსანში“ დაეხატა მთელი საქართველოს სურათი და გამოეყვანა მისი საიდეალო გმირი, როგორც მამაკაცის, ისე დედაკაცისაც. საქართველო რომ გაშლილი და თანასწორ ბუნებიანი იყოს, მაშინ ის ერთ პირს აიღებდა გმირათ, მაგრამ რადგანაც, როგორც წინეთ ვნახეთ, ის სხვადასხვა ბუნებიანი და ხალხებიც სხვადასხვა ხასიათების მექონი, ამისათვის იმან საჭიროთ დაინახა, ერთი გმირის მაგიერ აეღო სამი, გადაეკავშირებია ერთმანეთთან, ერთი მეორით შეევსო და ისე წარმოედგინა ჩვენთვის. ამ აზრით იმან აიყვანა ამერიდან ტარიელი, იმერიდან ავთანდილ და შავი ზღვის პირიდან ფრიდონ და მათი შეერთებით დაგვიხატა ერთი სრული გმირი მთელი საქართველოისა. ამას თვითონვე აღიარებს შემდეგით:
„აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -
ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება“.
ამ ლექსებით ცხადათ ჩანს, რომ რუსთველს უძნელდება ამ სამი გმირის ერთმანეთის დამონება; ერთს მეორეზე უპირატესობას არ აძლევს, სამივე თანასწორათ მოწონს მათი სხვადასხვა ხასიათებით და მიტომაც იმეორებს: „სამთა ფერთა საქებელთა, ლამის ლექსთა უნდა ლევაო“.
არჩევანში რომ შევიყვანოთ ქართველები ამ სამი გმირის შესახებ, უეჭველია, ქართლელები ტარიელზე მიგვითითებენ, იმერლები ავთანდილს აირჩევენ და საზოგადოთ შავი ზღვის პირელები ფრიდონს მოიწონებენ. ეს მისი ბრალია, რომ ის განსაკუთრებითი ხასიათები, რომლებიც ამ სხვადასხვა კუთხის საქართველოს ხალხს ერთმანეთისაგან განასხვავებენ, რის შესახებაც შევნიშნეთ წინა ლექციაშიც, ამ გმირებში იხატება და თვითეული კუთხე თავის საკუთარ, ახალ ნაცნობს ხედავს იმათში. განსხვავება მხოლოთ იმაშია, რომ ახლა, როგორც პირველ ლექციაში ვამტკიცებდით, ცუდათ ხმარობენ ხასიათებს და მაშინ კი კეთილისაკენ ჰქონდათ მიქცეული.
ტარიელ რაღაც უცნაური ძალის მექონი გმირია! მის სურვილს ტყვილა ნურავინ ეწინააღმდეგება! რასაც კი თვალს მოჰკრავს და ხელს მოავლებს, პირდაპირ მიიწევს მასზე და დაუმსხვრეველ-გაუსრესელს არ გაუშვებს - ის ქარიშხალივით გააბნ-გამოაბნევს! ყოველთვის და ყოველგან პირდაპირია. იცნობს მხოლოთ თავის საკუთარ გულს, მისი ამყოლია, ისა რწამს, იმას ემსახურება და უმისოთ ქვეყანა ჩალათ უჩანს. ეტირება - მოურიდებლად ტირის მოთქმით და თუ ეცინება - იცინის. ერთი სიტყვით, ხილული ქვეყანა მისი სათამაშო ბურთია. მაგრამ, როცა გონების ძალღონეზე დგება საქმე, მაშინ კი ცოტათი აკლდება ფერი მის გმირობას.
სულ ამის წინააღმდეგია ავთანდილი. ნაკლებ ძალღონის არც ის არის, თუმცა სანდომიანობა კი აკლია მის გმირობას. ეს მისი ბრალია, რომ ყოველთვის და ყველგან გული დამონებული ჰყავს თავით. მისთანას არას იზამს, რომ ჯერ თავს არ დაეკითხოს; ასჯერ გაზომავს და მერე ერთხელ გამოჭრის. თავის თავს გარდა იმას სხვებიც ჰყავს ხოლმე სახეში და ამისთვის გულს უდროვოთ და უადგილოთ გათამაშების ნებას არ აძლევს. იმასაც, ტარიელივით, გული გაუმეფებია, მაგრამ ვეზირათ მიუჩენია მისთვის თავი და უმისოთ არ ამოქმედებს. ჭირში თუ ლხინში ყველგან ზომიერია. „კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდესო“ ამბობს და ამის გამო საძნელოსა და საბოლოვოთ შეუძლებელს ვერსად ხედავს, გულს არაფრით არ იტეხს. „ცისა და ღვთისგან ნაბრძანებიაო“. - ამას ამბობს, როდესაც ის ნესტან-დარეჯნის საძებნათ მიდის. მაშინ, როდესაც ტარიელი კი გულგატეხილი მოთქვამს, ტირის, თავს იკლავს და ამბობს: უგანგებოთ არა იქნება რაო და ტყულა ჩემგან მისი ბრძოლა წინააღმდეგობააო! ავთანდილ ჭკუა-გონების გმირია და ღირსეულადაც აფასებს თავის თავს, იცის, ვინც არის.
„მე ისა ვარ, ვინცა სოფლად არა მოჰკრეფს კიტრსა ბერად“!
მართალია, ეს ორი გმირი ერთი ერთმანეთის ტოლები არიან, როგორც სხეულის, ისე ჭკუის ძალითაც, მაგრამ ჩვენ კი უპირატესობას სხეულის ძალაში ტარიელს ვაძლევთ ძალაუნებურათ და გონებისაში კი ავთანდილსა. ტარიელი, თუმცა დიდი ჭკუა-გონების პატრონია, მაგრამ მუდამ გულის გადაყოლა უფარავს ამ ჭკუას და ხშირათ თავხედათ გამოჰყავს; მაგალითად ნესტან-დარეჯანის დაკარგვა მისივე წინდაუხედაობის ბრალია და ამით მისი ბუნებითი ჭკუა ჩვენს თვალში ფასს იკლებს. ავთანდილი, თუ არ მეტი - ნაკლები გოლიათი არ არის ტარიელზე, მაგრამ, როგორც ზემოთა ვთქვით, მის ვაჟკაცობას მიმზიდველობა აკლია, და ეს მისი ბრალია, რომ გაზომილ-გამოანგარიშებულათ იბრძვის. ტარიელს გული აბრკოლებს, ავთანდილს თავი. და თანაგრძნობას კი გული უფრო იზიდავს თავზე. მართლაც, ავიღოთ ამათი გადანახადი ჩხუბები და ერთმანეთს შევუწონოთ.
ტარიელი რომ ხატაველებზე მიდის საომრად, - ისე თავხედათ იქცევა, რომ ერთი ათასზე მიჰყავს. თვითონაც იქითკენ მიიწევს, სადაც მეტი ჯარია და ისეთ ნაირათ იბრძვის, რომ ზარსა ჰცემს მოწინააღმდეგეს: ყვირილითა და ვაჟკაცური შეძახილებით აბრუებს!.. უთვალავ გარე შემორტყმულ ჯარში ლომივითა ტრიალებს!.. ისე გამხნევებულია, რომ იმ დროს ომის მეტი აღარა ახსოვს რა და განსაცდელს არ ერიდება! გეშინია იმ დროს, რომ არა მოუვიდეს-რა მარცხი ტარიელს და ეჰ, მართლაც, შუბი გაუტყდა, გადაემტვრა!.. მაგრამ კიდევ არა უშავს-რა: აქა აქვს მისი ხმალი, ახლა იმას მიჰყო ხელი და უარეს საქმეს შვრება: ჰფლეთავს, ჰგლეჯავს, ცხენს და კაცს შუა აპობს, ზოგს მანდიკურათ გადაჰკიდებს ხოლმე, ცხენ-კაცის გორასა დგამს და ბოლოს ძლევაც რჩება... მისი ხმლის ბასრობა თვითონაც კი მოწონს და შეჰკივის: „ვაქებ, ხმალო, ვინცა გლესაო!“ ბრძოლის ეშხით აღტაცებულია!.. ის თვითონ ზეგარ- დმო შთაგონებით იბრძვის. სრული პოეტური სურათი გვეხატება მის ბრძოლაში, იტაცებს ჩვენს გრძნობას... შიშით ერთ წამს თვალს ვერ ვაშორებთ და როცა გამარჯვება რჩება, ჩვენი გულიც დამშვიდებულია და ერთი ორათთანავუგრძნობთ მის ვაჟკაცობას. მისი ბრძოლა პოეტურია, ლირიკული, თუ კი შეიძლება კაცის ჟლეტა-კვლაზე ასე ითქვას, - გული, გული და გული!..
ახლა ავიღოთ ავთანდილის ომი მეკობრეებთან ზღვაში. ის რაღაც მშვიდობიანათ და გულგრილათ ემზადება საომრათ. იარაღსაც ახირებულს ჰკიდებს ხელს: რკინას და კეტს! ვაჭრებს ეუბნება: „თქვენ აქ თუ რამეს დამიშლით, თორემ მოხმარებით ვერ მომეხმარებითო! თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ და ომის უჩვეველნი, გასწით, დაიმალენით, ძირს ჩადით და ომი მე დამაცადეთ, მარტოც ვეყოფი იმათაო!“ და აი, იმართება ომი!.. მეკობრეებმა მოუახლოვეს ნავი და უნდათ რკინის ცხვირით თავისი ნავი ატაკონ ავთანდილის ნავს და დაამარცხონ, მაგრამ ავთანდილი ჯერ მშვიდობიანათ დგას და ხმასაც არ იღებს. ბოლოს, მოახლოვდენ თუ არა, უცბათ, დევივით, რკინის კეტს მოუხვედრებს და მეკობრეების ნავის ცხვირს ამტვრევს, მარილის ქვიშივით ფშვნის (აი, თურმე, რისთვის უნდოდა ის რკინის კეტი)! ბოლოს საბელით აჩერებს მტრის ნავს, გადაუხტება და, ვაი მეკობრეების ბრალი: შავ დღეს აყენებს, ვეღარავინ გადაურჩება მის მარჯვენას! ეს ბრძოლა მართლა რაღაც ზღაპრული, დევ-გმირულია, მაგრამ ჩვენ კი მაინც ისე არ გვატყუებს, როგორც ტარიელის ომი!.. და ეს მისი ბრალია, რომ აქ წინდაწინვე ვიცოდით, - ავთანდილი გაიმარჯვებდა. იმას გამოანგარიშებული ჰქონდა, რაც მოხდებოდა. ჩვენი გულიც დამშვიდებული იყო. რაც ადრევე ვიცოდით, ის მოხდა. ჩვენი გული არაფერს შეუშფოთებია, მოულოდ-ნელს არას გაუკვირვებივართ.
ტარიელის ომში გული ბრძანებლობდა, აქ კი, ავთანდილისაში - თავი. ის თუ აღტაცებული, პოეტური, ლირიკული ბრძოლა იყო, ეს დამჯდარი, კრიტიკულია და მიტომ უფრო საყვარლათ ხვდება პირველი ჩვენს გულს და გვიტყუებს ტარიელისაკენ. ახლა მივმართოთ მესამე გმირს - ფრიდონს.
ის ამ ორ გმირს ცოტათი ჩამორჩება. არც ტარიელის ოდენა გული აქვს და არც ავთანდილის სწორი თავი. ის არის საყვარელი გუნების მექონი: უშიშარი, მხნე, ღონიერი, ქეიფის მოყვარე და ტოლ-ამხანაგისათვის თავგანწირული. უკანასკნელს არას დაიშურებს მეგობრისათვის! სიყვარულს მაინცა და მაინც ძალიან არ გადაჰყვება. ის უფრო ქორ-მიმინოს და მწევარ-მეძებარს ეტანება. ქეიფობს თავისთვის. ზღვა და ხმელეთი მისი სანადირო, საქეიფო მოედანია. თავისთავად მოქმედება არ შეუძლია, მაგრამ მხარის მიცემა კი უკეთესი არ იქნება. ამას ამტკიცებს ის მისი თანამოზიარობით და მომხრობით ნესტანის გამოხსნის დროს. ის, ქაჯეთის ციხეზე მიმდგარი, თოკით გადასვლას ეპირება, მხოლოთ საბელის გაგდებას ევედრება. მასთანაც ის მასალის მძლეველია. თუ მისი მასალებით ხელი არ შეეწყოთ, შორს ვერ წავიდოდენ ვერც ტარიელი და ვერც ავთანდილი. ჯარი მისი წაიყვანეს, იარაღი მისი, ნავი მისი; ტარიელის შავი ტაიჭიც მისეულია, ერთი სიტყვით, უმცროსი, მაგრამ საჭირო და გამოსადეგი არის, უმისობა არ მოხერხდება, უთუოდ ჭირშიაც და ლხინშიაც თანამოზიარე უნდა იყოს. რადგანაც, თუმცა მცირეთ კი, მაგრამ მაინც ორივეს ჩამოჰგავს ფრიდონი, როგორც ავთანდილს, ისე ტარიელსაც, ამისათვის ცალკე იმაზე ბევრ ლაპარაკს მაინც და მაინც აღარა ვხდით საჭიროთ. ჩვენ მხოლოთ შევადარებთ ერთმანეთს იმ ორ გმირს - ამერელ ტარიელს და იმერელ ავთანდილს, ისე, როგორც რუსთველი აგვიწერს. მაშინ დავინახავთ, თუ რა განსხვავებაა მათს მოქმედებაში ერთსა და იმავე საქმეში, რა გვარიც უნდა იყოს ეს საქმე.
ნუ დავივიწყებთ, რომ ორივეს, როგორც ტარიელს, ისე ავთანდილსაც, სიყვარული ამოქმედებს. პირველს უყვარს ინდო მეფის ფარსადანის ქალი - ნესტან-დარეჯანი და მეორეს - თინათინ, როსტევან არაბთა მეფის ქალი.
III
დავიწყოთ სიყვარულიდან. ტარიელი არის ინდოეთის მეფის ფარსადანის ამირბარი და ამირ-სპასალარი, თვითონაც მეფის შვილი და შვილივით შეყვარებული მეფე-დედოფლისაგან, რომელთაც ერთი ქალის მეტი არა გააჩნიათ-რა. ამ ქალს ეწოდება ნესტან-დარეჯანი. ერთხელ, როდესაც მეფე ბრუნდება ნადირობიდან, ტარიელს უბრძანებს - „მინდა ჩემი ქალი ვნახო და შენ ეგ ერთი ასხმა დურაჯები თან წამოიღე, მივუტანოთო“. ქალი მზეთუნახავათ იზრდება: საკუთარი კოშკია მისთვის აგებული და იქა ზის, არავის არ ეჩვენება, გარდა ნათესავებისა, მას ერთი ასმათ ჰყავს მოახლეთ მიჩენილი. შედის მეფე თავის ქალთან, ტარიელი კი გარეთ რჩება. მეფე ასმათს უბრძანებს, რომ გარეთ მყოფ ტარიელს, რომელსაც ნება არა აქვს მზეთუნახავთან შემოსვლის, დურაჯები ჩამოართვას და შემოუტანოს ნესტან-დარეჯანს. ასმათ რომ გამოდიოდა, რაღაც უნებურათ იმგვარათ აუხია ფარდას პირი, რომ ტარიელმა მოჰკრა თვალი მშვენიერ ნესტან-დარეჯანს და გარეტიანდა: მოხვდა გულში ტრფიალების ისარი და მოედო სიყვარულის ცეცხლი... მაშინვე დაბნდა და უსულოთ დაეცა იქვე!.. სამი დღის განმავლობაში გონს არ მოსულა. შეძრწუნდენ მეფე-დედოფალი, შეიძრა სასახლე!.. არ იციან, რას უნდა მიაწერონ ამგვარი უცები ავადმყოფობა!.. მოასხეს ყოველი კუთხით მკურნალები. ახვრეტენ სხვადასხვა სასმელებს. მუყრნი (მოლლები) შეშინებულისას ულოცავენ. ზოგი ამბობს ბელზებელს შეჰყრია, ე.ი. ეშმაკეულობისაგან არისო, ზოგი სენს აბრალებს, ზოგი სევდას და ზოგი რას! ბოლოს მკლავიც გაუხსნეს, მაგრამ არა ეშველა-რა. მართალია, თუმცა ცოტა კი მოიხედა, მაგრამ მორჩენა-განკურნება კი ძნელია!.. მისი მკურნალი მხოლოთ მისი უნებურათ და უეცრათ მკვლელი ნესტან-დარეჯანია. და, აი, ის კიდევაც უგზავნის ასმათის ხელით სამკურნალოს: ატყობინებს, რომ თავს რათ იკლავ. მეც მიყვარხარო!.. ამ სიტყვამ უეცრათ გაჰკურნა ტარიელი, ახლა აღარა ტკივა რა... ის ისევ გამთელდა, გალომგულდა!... მზათ არის, რომ ქვეყანას შეებრძოლოს!.. ქეიფობს, ლხინობს, ტოლამხანაგებში სვამს და ამგვარათ ზრდის მის ნესტანისადმი სიყვარულს. ბოლოს ხედავს თავის სატრფოს და ტყობილობს მის სურვილსაც. ნესტან უბრძანებს:
„ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია“.
თუ რომ გინდა ჩემი შენდამი სიყვარული გამტკიცდეს და ჩემი ღირსი შეიქნე, ჯერ სახელი რამ მოიპოვე, თავი იჩინე, მამულს ემსახურე: წადი, შეები ხატაველთ და მათი ჯინი ამოგვაყრევინეო. ტარიელს ერთი თქმის მეტი არ დაჭირვებია. რწამს ნესტანის ნათქვამი, ეჭვი აღარა აქვს მის სიყვარულზე და სულწასული, მოუთმენლად გაიჭრება ხატაველებზე და ომს გამოუცხადებს.
ავთანდილიც არაბთა მეფის - როსტევანის სპასპეტია, მის სამეფოში პირველი კაცია. იმას მისი პატრონის - როსტევანის - ქალი თინათინი უყვარს... ეს სიყვარული ღრმათ აქვს გამჯდარი, მაგრამ ტარიელისავით კი ვერ რევს ხელს. უყვარს, იტანჯება ჩუმათ, თავისთვის და ელის მარჯვე დროს. აი, როგორ აგვიწერს რუსთველი ამ სიყვარულს:
„გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად,
რა მოჰშორდეს, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შეჰქმნის ფერნაკლულად,
ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულმოკლულად“.
გრძნობს, ითმენს სიყვარულს ავთანდილ, ტარიელივით არა ბნდება, დროს მოელის და, აჰა, ბედი იმ დროსაც, იმ შემთხვევასაც აძლევს: როსტევან მეფე სიცოცხლეშივე უპირობს თავის ასულს თინათინს გამეფებას და რჩევას ჰკითხავს დარბაისლებს: ქალი რომ არის მიმძიმსო. ეს რომ ესმა ავთანდილს, იმედი გაუმართლდა გულში, მაშინვე გამოიანგარიშა, რომ რაღაი თინათინ მეფეთ იქნება, მე როგორც სპასპეტი და პირველი კაცი ვალდებული ვიქნები ხშირათ ვეახლო ხოლმე, ხშირათ წარვდგები ხოლმე ჩემი სატრფოს წინ და მაშინ ადვილათ შესაძლებელია ჩემ სიყვარულს რამე მოუხერხდესო. და ამ აზრით პირველი მედასტურე შეიქნა მეფის; სხვებიც აიყოლია. აი, როგორ გვიწერს ამას რუსთველი:
„რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა,
თქვა: ზედი-ზედა მომხდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!“
ამ აზრით წახალისებული და გულდაშოშმინებული, ის ზრდის თინათინის სიყვარულს, მაგრამ ისე არა, როგორც ტარიელი სახალხოთ, აღტაცებით და სმა-შექცევით. როდესაც პირველათ ცნობა მიუვიდა ნესტან-დარეჯანისაგან, მაშინ ტარიელი ქეიფობდა ტოლ-ამხანაგებში და სმას ეძლეოდა. ავთანდილი კი მარტოობას ეძებს... სიყვარული იმას დიდ საიდუმლოთ მიაჩნია, იმაზე ფიქრი და ლოცვა - ერთი და იგივეა. როგორც ლოცვის დროს საჭიროა მარტოობა, და მხოლოთ სალოცავზე ფიქრი, ისე აქაც, სიყვარულის გრძნობის დროს, საჭიროა მარტოობა, რომ სხვა რამემ გონება არ გაიყოლიოს. და, აი, ავთანდილიც მარტო ზის ოთახში, იგონებს თავის საყვარელს, ხელში უჭირავს საკრავი და დაჰღიღინებს ზედ, გრძნობით ავსილი. ამ ყოფაში ხედავს იმას თინათინის მიგზავნილი კაცი, რომელიც ეუბნება: - მისგან დაბარებული ხარო:
„ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მის წინაშე თინათინის მონა ზანგი,
მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.
ავთანდილ მხიარული მიდის თინათინთან და იქ ტყობილობს მისგან, რომ იმასაც ჰყვარებია და მის მეტს არავის დაასაკუთრებს თავს, მაგრამ ჯერ კი, როგორც ნესტანმა ტარიელს, ისე უდებს ესეც პირობას, მაგრამ სულ სხვა გვარს. „წადი, ჯერ ის მოძებნე, ვიღაც უცხო მოყმე რომ გინახავსთ შენ და მამა ჩემს, შეიტყვე ხორციელი იყო ვინმე თუ უსულოო, ადამიანი, მიწის შვილი, თუ ეშმაკეული რამე, ციდან ჩამოვარდნილიო“. სამ წელიწადს აძლევს დროს ვადათ, მერე კი მოდი, მე ისევ ასე უფურჭკვნელათ და დაუჭკნობლათ დაგიხვდებიო და შენც „შეგეყრები, შემეყა-რეო“. მოხვდა ამით ავთანდილს სიამე. რწამს ესები ყველა, მაგრამ ტარიელივით შლეგათ არ გარბის მაინც. იცის, რომ ქვეყანა ცვალებადია; კაცის გული მალე გადატ-რიალდება ხოლმე და ამისთვის საიმედო ნიშანს რამესა თხოვს საყვარელს დასამ-ტკიცებლათ:
„მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე,
ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე,
მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე,
სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე“.
ასე ეუბნება, ხატზე აფიცებს, თვითონ ეფიცება, საბუთს ჰკიდებს ხელს და მერე მიდის ბრძანების ასასრულებლათ; ტარიელივით უეჭვოთ, უცბათ არ გარბის.
ახლა როგორ ასრულებენ ისინი მათ მათ მინდობილებას? ტარიელს, როგორც კი მიუახლოვდა ხატაეთს - ბრძოლის სურვილი აენთო. წინ ხატაველთა ხანის მოციქულები მიეგებენ და თხოვეს, რომ ბევრი ჯარით ნუ მოხვალ და ნუ აგვაოხრებთო: ჩვენ მზათა ვართ უბრძოლველათ დაგმორჩილდეთო. ამაზე ვაზირები ურჩევენ ტარიელს: ნუ დაუჯერებთ, ისინი მოღალატენი არიან მოტყუებას გიპირებენო. ამასთან, მართლა, მთხრობელიც მოუვიდა ტარიელს, მაგრამ ის მაინც თავისას არ იშლის, სული მიუდის, ცოტა ჯარით გარბის და უნდა მალე აასრულოს მისი საყვარლის სურვილი. იმაზე კი აღარ ჰფიქრობს, რომ შეიძლება ადვილათ ფათერაკს გადაეკიდოს, მისი აჩქარებით და გულის აყოლით შეიძლება ისიც გააფუჭონ, ჯარი დაუმცირონ, მეფეც შეარცხვინოს და საყვარელსაც გული მოუკლას, მაგრამ ის რას დასდევს ამაებს!.. ან სიკვდილი ან ძლევა!.. თავს იმეტებს, საეჭვოში ვარდება, მაშინ, როდესაც აუჩქარებლათ და გაუჭირვებლათ, მთელი ჯარით რომ მივიდეს, შიში და ეჭვი აღარაფრის იქნება.
ავთანდილ აუჩქარებლათ კვალში უდგია მისდა მინდობილ საგანს: დადის, დაეძებს გულმოდგინეთ. აჰა, ერთი თვეღა დარჩენილა ბორჯამდი! ეს უკლავს გულს!.. შედის ერთ უდაბურ ადგილში, სადაც მონადირე ქურდებს წაატყდება მოულოდნელათ და მათგან გაიგებს, რომ ის ვიღაც უცხო მოყმე, შავ ცხენიანი, აგერ მიდისო. გამოუდგება და დაინახავს თვითონაც. ტარიელი რომ ყოფილიყო, პირდაპირ, ჯიქურ მივარდებოდა ამ თავის საძებარ საგანს, მაგრამ ავთანდილ კი შეჩერდა და არ შეუტია, არ შეეჯახა და ეს არა მიტომ, რომ ვითომც შემკრთალიყოს და შეშინებოდეს. არა! მაშინვე ეს განიძრახა: ეს ვიღაც არის, მეტათ შლეგი და ახირებული ვინმეა, ადამიანს ერიდება, ეკრძალება, ამის მაგალითი გვიჩვენა ადრევაც ნადირობის დროს, ახლაც ეს ქურდები მათრახით უცნაურათ შეუმწიფებია! რომ მივიდე პირდაპირ და შევებრძოლო, ან იმან უნდა მომკლას და ან მე, და რათა? ის, რისიც შეტყობა მინდა, რისთვისაც გადმოვჭრილვარ საძებრათ და ამდენი დრო დამიკარგავს მაინც გაუგებარი დამირჩება. და მისი ამბვი დაიკარგება საუკუნოდო!
„რათგან ისი არის სადმე უცნობო და ისრე რეტად,
რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,
მივეწევი, შევიყრებით ერთმანეთის ცემა-ჟლეტად,
ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად“.
_____
რაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი,
სადაცა მივა, მივიდეს, რაზომც მოვლიდეს ზღუდენი,
მუნითგან ვძებნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი“.
აი, რა მიზეზით არ უნდა შეტაკება ავთანდილს ტარიელის და მართლაც აუჩქარებლათ, აჩრდილივით მისდევს შეუნიშნავათ ტარიელს, თვალს არ აშორებს. ორი დღე და ღამე იარეს ამ გვარათ: მესამე დღეს, საღამო ჟამს ერთი შამბნარი გაიარეს, წყლის პირათ ქვაბი გამოჩნდა და იქით მიემართა ტარიელი. ახლა კი მიხვდა ავთანდილი, რომ ის არის მისი ბინა და ბუდე. შეჩერდა, მეტს აღარ მიჰყვება, თავს არიდებს. ცხენი ძირს მიაბა, თვითონ გავიდა მაღალ ხეზე და იქიდან ათვალიერებს, თუ რა ამბავიაო. ტარიელ გადახტა ცხენიდან, გამოეგება შავით მოსილი ქალი - ასმათ, ერთმანეთს გადაეხვიენ, მიატირეს... ცოტა ხანი დაჰყო ტარიელმა და ბოლოს ისევე გაუდგა თავის გზას, მარტო დააგდო ასმათი. ამას ყველას უყურებდა ავთანდილი და უკვირდა. ეხლა კი ჩამოვიდა ხიდან, წყნარათ მივიდა ქვაბში, შეიპყრა გაკვირვებული ასმათი და მოინდომა მისგან შეეტყო ტარიელის ამბავი. აღარაფერი ღონე არ დაუზოგავს, მუხ-ლიც მოუყარა და ყელგამოწევით ეხვეწებოდა, მაგრამ მაინც ვერას გახდა. ბოლოს თმით წამოზიდა და მოკვლა დაუპირა, რომ შეეშინებია, მაგრამ ასმათმა უთხრა - „მომკალ, მე სიკვდილი კიდეც მენატრება და შენ მაინც ვერას შეიტყობო!“ ტარიელი რომ ყოფილიყო, ამდენს ვეღარ მოითმენდა და ისე დაანარცხებდა მიწაზე უსულოდ, როგორც ის ვეფხი, ნესტანს რომ შეადარა. მაგრამ ავთანდილი კი თავისას არ იშლის. იცის, რომ აქ რაღაც საიდუმლოა და უთუოდ სიყვარულის ამბავი რამ იქნებაო. მიჯდა თვალთმაქცურათ კუთხეში და დაიწყო ტირილის მოთქმით... ბოდიშს თხოვს, რომ გაგარისხეო, მაგრამ რა ვქნა სიყვარულისაგან გამხეცებული ვარ, ცეცხლი მეკიდება და მაპატივეო, მიჯნური მტერსაც კი შეებრალებაო... ამგვარი სიტყვებით გული მოუბრუნა ასმათს, ანკესივით წამოაგო ზედ მისი გული; შეირიგა და დაიდობილა ისე, რომ იმის შუამდგომლობით ტარიელს თავი გააცნო და ისიც გაიცნო: მაინც შეიტყო, რასაც ეძებდა და დაკმაყოფილებული წაემართა საყვარლისაკენ.
ტარიელმა ძებნა ერთხანათ მისი საყვარელი და რომ ვეღარსად შეხვდა, - გაიტეხა გული, დაეცა სულით და სრულიად გამხეცდა: ცხოვრობს ქვაბში, ასმათის მეტს არავის იახლებს, მოთქვამს და ტირის... ოცნებათ არის გადაქცეული, უდაბურ ადგილებს ეძებს და ადამიანს ერიდება! მაშ როგორღა უნდა გაიგოს საყვარლის ამბავი? ავთანდილი კი ისეთ ადგილებს ირჩევს, სადაც ხალხი მეტია. შეიტყო თუ არა, ამა და ამ ადგილას ზღვის ხელმწიფის სამფლობელოა, სადაც ყოველი კუთხით თავს იყრიან ხმელეთიდან თუ ზღვითაო, - იქით მიაშურა. რადგანაც იცის, რომ იქ ვაჭრული ქალაქია და ვაჭრების ქვეყანა, თვითონაც ვაჭრულად ირთვება, „რა ქვეყანაშიაც მიხვიდე, იმ ქვეყნის ქუდი დაიხურეო“ ჰფიქრობს. აქ ერთ დიაცს გადაატყდება, ფატმან ხათუნს, ვაჭართ უხუცესის ცოლს, რომელიც პირდაპირ აშიყობას დაუწყებს ავთანდილს და იწვევს თავისკენ. ჯერ უკვირს ავთანდილს, როგორ შემომბედა და რა ჩემი საარშიყოაო! ბოლოს დაფიქრდება და ამბობს: ის ქალი ბევრის მნახველი იქნება, ბევრი რამ საიდუმლოებაც ეცოდინებაო, აქ ისეთი ადგილია, რომ მგზავრი არ გამოეპარებაო: მოდი ერთი მივჰყვები ნებას, თავს მოვაჩვენებ შეყვარებულათ და მაშინ მისგან ბევრ საიდუმლოებას გავიგებ, რადგანაც დედაკაცებს ზნეთა აქვთ, საყვარელს ყოლიფერს, რაც კი იციან გაუმჟღავნებენ ხოლმეო და ვინ იცის, ეგება ზოგი საძებარი საქმისაც რამ გავიგოვო.
„ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა,
მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა,
მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა, ცეცხლო, მწვავ ალთა,
ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა.
თქვა: დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა,
რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
მიჯობს, მივჰყვე განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა“.
ამას გადაწყვეტს, წერს პასუხს და, მართლაც, უცნაური შემთხვევით ტყობილობს საძებარ ამბავს. წიგნს მიაწერინებს ფატმანს ქაჯეთში ნესტან-დარეჯანისაკენ, პასუხსაც ჩაიგდებს ხელში და მიუტანს ტარიელს. ამ გვარათ, ტარიელს ხელიდან წაუვიდა მისი სატრფო. ფრიდონმაც ნახა ერთხელ ზღვის პირათ, რომ ნავით გამოიტანეს ზანგებმა, მიაშურა მისი ცხენით, მაგრამ გაასწრეს და ვერას გახდა-რა. ავთანდილს კი თვალითაც არ უნახავს, მაგრამ გონების თვალის შემწეობით შეიტყო, სადაც იყო. ქაჯეთის ციხეზედაც მიმდგარი სამივე მეგობრები, თავთავის ხასიათის შესაფერისად თათბირობენ. ფრიდონ საბელით ქურდულათ გადაპარვას აპირობს, ავთანდილ ვაჭრულათ, მოტყუებით შესვლას და ტარიელ კი პირდაპირობაზედა დგას. ამგვარათ ჩვენ ეხედავთ, რომ ტარიელი მოქმედობს გულის აყოლით და ავთანდილი კი თავს ეკითხება. თუ გავიხსენებთ წინა ლექციას, როდესაც ამერლების, იმერლების და შავი ზღვის პირელების ხასიათების განსხვავებაზე ვლაპარაკობდით, მაშინ ნათლად დავინახავთ, რომ ტარიელში იხატება ქართლელების ხასიათი და ზნე, ავთანდილში იმერლების და ფრიდონში შავი ზღვის პირელების. მაშასადამე, ჩვენი შენიშვნაც რუსთაველის სურვილის შესახებ საფუძვლიანი ყოფილა.
რაც აქ კაცების შესახებ ვთქვით და დავინახეთ, იგივე ითქმის ქალების შესახებაც. ნესტანი ამერია და თინათინი იმერი. რადგანაც წინა ლექციებში, საზოგადო ხასიათების გარჩევის დროს, ჩვენ ქართველ ქალებზე არა გვითქვამს რა, ამისათვის საჭიროთ დავინახეთ, რომ ახლა აქ, სანამ ნესტანზე და თინათინზე ვიტყოდეთ რამეს, მოვიხსენიოთ ისინიც. იმ თავითვე გაგონილი ჰქონდა და კიდევაც სწამდა ქართველ ხალხს, რომ, როდესაც მოციქულებმა წილი ჰყარეს მაზედ, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგნა სიტყვა ქრისტესი, მღვთისმშობელმაც მოინდომა მონაწილეობის მიღება და წილათ ხვდა საქართველო. სხვათა შორის, ჩემი აზრით, ამის ბრალიც იყო, რომ სხვა ქვეყნებში ისეთი ნდობა და თავისუფლება არა ჰქონდათ ქალებს, როგორიც ჩვენს ქვეყანაში. უნდა გამოვტყდეთ, რომ ეს პატივი ღირსეულათაც შეიფერეს ჩვენში დედებმა. პირველათ ანდრია მოციქული მოვიდა საქართველოში საქადაგებლად კოლხიდით, დაასო ჯვარი ენგურის პირათ (დღესაც იმ ადგილს ჯვარი ჰქვია), მაგრამ ვერას გახდა, მაშინ, როდესაც ნინო მოციქულთა სწორმა, ნანა დედოფლის, მირიანის მეუღლის, შემწე-ობით კი მთელს საქართველოს მოსდო ქრისტიანობა. არც ერთ მეფის დროს ისე არ განთქმულა საქართველო, როგორც თამარ მეფის დროს, თუმცა ქალი კი იყო; არც ერთ მოწამეთაგანს იმდენი ტანჯვა არ მიუღია რჯულისა და ქვეყნისათვის და მისთანა მაგალითი არ უჩვენებია ხალხისათვის, როგორც ქეთევან დედოფალმა. საქართველოს ისტორიის შესწავლა თვალდათვალ დაგვანახვებს ჩვენ, რომ ჩვენს წარსულ ცხოვრებაში უმეტესი ღვაწლი მიუძღვის დედათა სქესს. ჭირში თუ ლხინში, შინ თუ გარეთ ცხოვრების მანქანა მათ ხელში ყოფილა და ჯარაც მათ უტრიალებიათ. სამშობლოსათვის თავის განწირვა, უბრალო რამ, ჩვეულებრივი ყოფილა. ათას და ათი-ათას მაგალითებიდან ერთიც რომ მოვიყვანოთ, საკმაო იქნება. მარაბდის ომში, სადაც ცხრა ძმა ხერხეულიძე მედროშენი ერთს დღეს მოიკლა, უკანასკნელ შვილს, მომაკვდავს, ჩამოართვა ხელიდან ბაირაღი მოხუცმა დედამ... იმ დროს სძლია ქართველმა ქალმა დედობას და თვითონ წაუძღვა წინ ქართველ ჯარს!.. ჩვენში მაშინ ივდითებიც ცოტანი არ ყოფილან და, მართალია, ეგება ბიბლიურ ივდითივით ქვეყნის გამოსახ-სნელათ თავი არ მოუჭრიათ ონოფრეებისათვის, მაგრამ საქართველოს დასაღუპავათ შახებში და სულთნებში აღძრულ სურვილებისათვის კი ბევრჯერ მოუკვეციათ თავი მათი საკუთარი თავგაწირვით. არა თუ ხორცით, სულითაც კი ემსხვერპლებოდენ ხოლმე მამულის სიყვარულს: რჯულზე ხელს იღებდენ და ცოლებათ მიჰყვებოდენ უსიამო შახებსა და სულთნებს, ოღონდა სამშობლოს შესახებ მათი გული მოეგოთ!.. დღეს, ამ საზოგადო ზნეობით დაცემის დროს, ხასიათების მრუდობა, თუ არ უმეტესათ, ნაკლათ მაინც არ ატყვიათ ქალებს კაცებზე, მაგრამ ეს კი უნდა ვთქვათ, რომ მომავლისათვის საიმედო ნიშნები ქალებში უფრო იხედება. ორმოცდაათი წელიწადია, რაც ვაჟებს გზა ეძლევათ, მიდიან სხვაგან და სხვაგან სწავლა-განათლების მისაღებათ, მერე მოდიან აქ და წინ სამუშაო ბევრი რამ უხვდებათ. მართალია ჩვენ მისი თანახმა არა ვართ, რომ ვითომც ამ ხალხს არა გაეკეთებიოს რა. ბევრი გააკეთეს. მართალია ციხე-დარბაზები არ აუგიათ, ვერც თავის კეთილდღეობა წაუყვანიათ კარგათ, მაგრამ აქ სულ სხვა მიზეზებია. ვისაც სურს მათი შრომის და ნაყოფის დანახვა და მათი აწონ-დაფასება, თვითონაც უნდა გონების თვალი გამოახილოს და მაშინ უეჭველია აზრს გამოიცვლის მათ შესახებ. არა, ბევრი გაუკეთებიათ ამ ვაჟებს, მაგრამ იმათ ადგილზე ქალები რომ ყოფილიყვენ, იმათაც რომ იმდენი დრო და საშუალება ჰქონოდათ, ეჭვი არ არის, მეტ სარგებლობას მოუტანდენ ჩვენს ქვეყანას თავისთავად და ვაჟებსაც აღძრავდენ ენერგიულათ კეთილსამუშაოთ. ეს მომავალი და წარსული დროს დედები უცნაურათ და საკვირველათ გამოუხატავს რუსთველს თავის უკვდავ „ვეფხისტყაოსანში“. ამგვართაგანი არიან ნესტან-დარეჯანი და თინათინ. პირველი ამერთა ქალია და მეორე იმერთა. ერთი მათგანი ძალიან ემსგავსება ხასიათებით ტარიელს და მეორე ავთანდილს. აქ ისინიც შევადაროთ ერთმანეთს.
ნესტან-დარეჯანმაც, ნახა თუ არა ტარიელ, მაშინვე შეუყვარდა და ისე გადაჰყვა გულს, რომ ვეღარ მოახერხა დაფარვა; არა თუ ასმათს გამოუტყდა, თვითონ ტარიელსაც წიგნსა წერს და საბუთს უგდებს ხელში, სიყვარულის სენით გამსჭვალულებისათვის იმ სამკურნალო მალამოს, რომელიც ხშირათ ბოლოს სამსალათ გადაიქცევა ხოლმე. მაგრამ ამეებზე აღარა ჰფიქრობს ნესტან. პირველათ რომ შეიყვანა სანახავათ ტარიელი, - რაღაც უცნაური რამ მოუვიდა... კრძალვა-სირცხვილი და სიყვარულის გრძნობა ორივე ერთად მოაწვა, ააჟრჟოლა და ენა დაუბა... ბოლოს ძლივს მოიბრუნა სული, მოიხმო ასმათ და ყურში ჩაუჩურჩულა: „მოახსენე ამირბარს, რომ წავიდეს, მეტი აღარ შემიძლია-თქო“.
„დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,
ოდენ ტკბილად შემომხედის, ვითამცა რა შინაურსა;
ასმათ უხმო. მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
„აწ წადიო, ვერას გითხრობს!“ მე კვლა მიმცა ალმან მურსა“.
რა დიდებული გრძნობაა და რა მდიდარი სურათია გამოსახული ამ რამდენიმე სიტყვაში! სესტან-დარეჯან, მისი ატაცებული სიყვარულით, მისი უნებური და ურცხვი კეკლუცობით და მისი ყმაწვილური კრძალვა-ახირებულობით უცნაურათ იზიდავს ჩვენს გულს, ჩვენს თანაგრძნობას და მზათა ვართ სულში ჩავიძვრინოთ. ახლა ვნახოთ ესევე ნესტან-დარეჯანი, როდესაც შეიტყო, რომ ხორასნელ მეფის შვილს აძლევენ. რჩევა ჰქონიათ, ტარიელი იქ ყოფილა და დათანხმებია! ეს პატარა, მორცხვი, მშვიდობიანი გვრიტი უეცრათ იზრდება ჩვენ თვალწინ და როდესაც თავის სიმართლისა და სურვილის დაჩაგვრასა ხედავს, …... ვეფხვათ გადაქცეულია და ზარ-დამცემათ მრისხანეობს. სადღა არის ადრინდელი უმანკო, ნაზი და გამოუცდელი პატარა ნესტანი?!
„ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხვი პირ-გამეხებული;
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული.
ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული“.
„მიბრძანა: მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მოგცემსო. ზენა, მი, ცისა“.
ეს კიდევ ცოტაა, მარტო ამას არ აჯერებს და ემუქრება:
„რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს“.
და
„ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო,
თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო,
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“
სწორეთ ამ დღიდან ჩაეხატა ტარიელს ნესტანი ვეფხვის მსგავსად და ამიტომ იცვამს ვეფხვის ტყავს. მართლა, რომ გასაოცარი სანახავია! ახლა ეს ის აღარ არის, როდესაც ჩვენ გვიყვარდა და სულში ჩაძვრენას ვუპირებდით. არა, აქ ძლიერი ვინმეა! იქ თუ ტკბილი გრძნობით გვიმონებდა, აქ გამწარებული გრძნობის ძალით გვაკვირვებს და უსიტყვოთ გვიმონებს... ახლა სულში ჩაძვრენას კი ვეღარ ვუბედავთ, - გვინდა, რომ თაყვანი ვსცეთ და ფეხთ ვემთხვიოთ მას!.. ესეც ქალთა შორის ტარიელია - ძლიერი და გამბედავი, მაგრამ, როგორც გულის ამყოლი, იმასავითვე უთანასწორო თავის მოქმედებაში. ცოტა რამ ამაღლებს ცამდი და ცოტა რამვე დაჰცემს ხოლმე. მაგალითად, ამისთანა ძლიერი ხასიათის მექონი უსიტყვოდ ემორჩილება მამიდა მისს დავარს! დავარ უმოწყალოდ ჰცემს, ლანძღავს უშვერი სიტყვებით, ბოლოს კუბოში ამწყვდევს, ისტუმრებს დასაკარგავათ და ნესტანი არა თუ ვერ ეწინააღმდეგება, ერთ „მიშველესაც“ ვერ იძახის!.. იმდენი გზა გაიარა - ზღვა-ხმელეთი, ბოლოს ფატმანის ხელშიაც ჩავარდა... ისე დაცემულა სულით, რომ ხმას არ იღებს, მხოლოთ ტირის და მოთქვამს!.. ისიც ტარიელსავით გარეტიანე-ბულია... დარწმუნებული უნდა ვიყოთ, იმან რომ თავის ვინაობა და მდგომარეობა გაამჟღავნოს, ზღვის მეფე იმას შეიბრალებს და სურვილს აუსრულებს, მაგრამ ნესტან კი გულს ვეღარ ერევა და მხოლოთ ტირილს უნდება. გზაშიაც, მერე, გაპარვის შემდეგ, რათ არ იფარავს სახეს?! რატომ განგებ არ იცვლის სახეს და მიდის და მიანათებს თავისი საკუთარი სახით და მით ყველას ყურადღებას იქცევს და უვარდება ხელში ქაჯეთის მეფის მეკობრეებს?! მიტომ, რომ ყოვეთვის და ყოველგან, როგორც არის, ისე უჩვენებს თავს!.. პირდაპირია ტარიელივით. ქაჯეთში, შეპყრობილი კოშკში, ის სულ მუდამ ტარიელზე ფიქრობს და განძრახვაც აქვს, როცა მეფის ძე დაბრუნდება ქაჯეთში და მოინდომებს მის ცოლათ შერთვას, ის მაშინვე გადავარდება მაღლიდან, დაეხეთქება კლდეს, თავს მოიკლავს და საიქიოს პირნათლად შეხვდება მის საყვარელს, - არ უღალატებს. აქაც ყველგან. - გული, გული და გული!..
სულ სხვა გვარია თინათინ. ის, ავთანდილის არ იყოს, გულის ამყოლია იმდენათ, რამოდენადაც თავი ნებას აძლევს. იმას უყვარს ავთანდილი, მაგრამ ამ სიყვარულს დრომდე გულში იმალავს და არავის არ შეამჩნევინებს. ასე გასინჯეთ, რომ მამასთანაც აღარ შევიდა, მისი უგუნებობა რომ გაიგო; ყოველთვის და ყოველგან მარჯვე დროს ეძებს. აი ახლაც, როდესაც გამეფდა და ნება აქვს - ვინც უნდა ნახოს, იბარებს ავთანდილს. იცის, რომ ავთანდილს ის უყვარს, მოწონს და ამიტომ კეკლუცათ მიიღო, ვითომ უბრალოთ, მოურთველათ: ახირებულათ ჩაცმული დაუხვდა, მაგრამ ის მორთულობა ნაანგარიშები და საკეკლუცო იყო.
„გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,
ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი“.
უბრძანა წყნარათ დაჯდომა, უთხრა, რომ ვიცი ჩემი შენგან სიყვარულიო, შეგატყვეო, მაგრამ ახლა ერთი რამე მსურს და ჯერ ის ამისრულეო: შეიტყვე, ის ყმა ვინ იყო და მერე იცოდე შენი ვარ, შეგეყრები და შემეყარეო.
„ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად,
მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად,
წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად“.
ამას დაასაქმებს მშვიდობიანათ, წყნარათ და მერე, მხოლოთ მერე, ამის ასრულების შემდეგ უსრულებს პირობას და მაშინ მხოლოთ აძლევს კადნიერების ნებას ავთან-დილს და ესიყვარულება. ერთი სიტყვით, გულდამშვიდებით, გამოზომილათ და გამოანგარიშებულათ მოქმედებს ავთანდილივით. აქ უნდა ვთქვათ, რომ, როგორც ტარიელში ამერთა და ავთანდილში იმერთა კაცები, ზნე და ხასიათი იხატება, ისე ნესტანში ამერთ და თინათინში იმერთ ქალების ხასიათები.
ახლა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა დანარჩენ პირებზედაც - ფატმან ხათუნზე და ასმათზე. ფატმან ხათუნ ქვეყანაში გამოსული ქალია, უმისოთ არც ავი იქნება და არც კარგი, არც მომსვლელი და არც წამსვლელი არ გამოეპარება, ვაჭართუხუცესის უსენის ცოლია. სიმდიდრე-ქონებისაგან სულ გალაღებულია, გასუქებულია და სიმსუქნე უხიცინებს. ის ქეიფობს ხან ერთთან, ხან მეორესთან. სასახლეში შესულია ისე, რომ იმას მიპატიჟებაც არ უნდა; იქ შინაურია: თვითონ როცა უნდა შედის და დანიშნულ დროზე სხვის ცოლებსაც წაასხამს ხოლმე. სასახლეში ამბების შემტან-გამომტანი და მაჭანკალი ის არის; უმისოთ ძვირათ თუ რამე საქმე გარიგდება. ქმარი ჰყავს უხეირო რამ, მაჩანჩალა, ნეზვი როგორც თვითონ ეძახის. საბრალო სწორეთ ცოლის ყურმოჭრილი ყმაა, ამიტომ როგორ რამეს გაბედავს, რომ ცოლის წყალობით სასახლეში მიღებულია, პატივცემული და გაკეთებული! ესენი ისე აფასებენ სასახ- ლის სალამს, რომ ყოველიფერს ჩაიდენენ მისი გულისათვის. თავის ქვეყნის ხედსა და საიდუმლოს ისე შესწირვენ ერთ უბრალო ალერსიან სიტყვის სულისათვის, როგორც უსენმა შესწირა სასახლეს ნესტან-დარეჯანი. ამგვარი ქალები ყოველთვის და ყოველ-გან არიან და, რასაკვირველია, საქართველოშიაც, ქართველი ქალებიც, ზღვის პირათ, ბოღოზ ადგილებზე გამოერეოდენ ხოლმე. მაგრამ ამისთანა კარგ დროს, საზოგადო ბედნიერების დროს, ისინიც საკეთილოთ მოსახმარნი არიან და გამოიყენებს კაცი ისე, როგორც ავთანდილმა გამოიყენა. ქვეყნის დაცემის დროს კი ფატმანები საძაგლები არიან და ქვეყანას ბევრ ვნებას აძლევენ. დღეს უფრო ვრცლათ ლაპარაკი ფატმანებზე მოუხერხებელია, რადგანაც... რადგანაც... თვითონ მიხვდებით რადგანაც... მისთვის, რომ საკვირველი სარკე და სასწორია ზოგიერთებისათვის... ასმათ გვიხატავს ერთ იმ პირთაგანს, რომელნიც დღეს აღარ არიან, მაგრამ ძველათ კი იყვნენ. როგორც წინეთ მოგახსენეთ, ჩვენში ბატონყმობას არ ჰქონია ისეთი ხასიათი, როგორც სხვა ქვეყნებში. სხვაგან მონა ყოველთვის მონათ რჩებოდა, ჩვენში კი არა. მოსამსახურე ქალს, ჯერ, სანამ პატარა იყო, გოგოს ეძახდენ, რომ წამოიზრდებოდა მოახლობას მიიღებდა, ე.ი. დაუახლოვდებოდა შინაურებს, და მერე გამდლობას იგდებდა ხელში. ის თითქმის პირველი პირი იყო. ოჯახის შვილებს ისა ზრდიდა და უმისოთ არა იქნებოდა რა იმ ოჯახის შესახები, თუმცა სისხლ-ხორცით ვერა, მაგრამ სულითა და გულით კი ის გახდებოდა ხოლმე ოჯახის ნათესავი. დღეს ამ გვარ რამეს ვეღარა ვხედავთ ჩვენში. დღეს ასე, ამგვარათ ჩვენ დავინახეთ, რომ „ვეფხისტყაოსანში“ გამოხატული ტიპები, როგორც კაცები, ისე ქალები ნამდვილი ქართველები არიან. სხვადასხვა კუთხე-ებიდან აღებული. მაგრამ მარტო ეს მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის რუსთველის „ვეფხისტყაოსანს“. აქ ჩვენ ვხედავთ დიდ წინასწარმეტყველობას ჩვენი სამშობლოს შესახებ: ნესტან-დარეჯანი არის ჩვენი ქვეყნის მდგომა-რეობა. აქ, რასაკვირველია, თქვენც მიხვდებით, რომ მე ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ და ზნეობითი მდგომარეობაზე მოგახსენებთ, იმის გაუმჯობესობა, გამოხსნა მარტო ტარიელს, რაგინდ რომ უცნაური ძალისაც იყოს, არ შეუძლია მისი პირდაპირობით, თუ იმას ავთანდილიც არ მიეხმარა თავის წინდახედული მიხვევ-მოხვეულობით და თუ ფრიდონმაც მასალები და ხელსაწყოები არ მოუმზადა და არ მოეხმარა.
წინა ლექციაში მოგახსენეთ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხე იღვიძებს და საჭირო არის ჩვენც მათ-მათი შესაფერი მასალები და იარაღები მოვუმზადოთ მეთქი. რა მასალებია ეს მასალები? ის მასალები, რომლის წყალობითაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია დაიბრუნოს ძველებური ზნე და შეინახოს. სხვადასხვა მის კუთხეში, ერთმანეთთან გადაკავშირებული და ერთი მიზნის მიმდევარი ტარიელ, ავთანდილ და ფრიდონები, რომელთაც ამხნევებდენ მომავალი თინათინები და ეუბნებოდენ: „წადი, ჯერ ქვეყანას ემსახურეთ, გვიჩვენეთ ჩვენცა საქმენი საგმირონი და მაშინ მოდით, პირნათლად შეგვეყარეთ და შეგეყრებითო!“ დასასრულ, ბოდიშს ვიხდი თქვენთან: თქვენ რომ გესიამოვნებათ, ისე ვერ მოვახერხე ტკბილქართულობა და ეგება, თქვენ რომ მოელოდით, მისთანა აზრების წარმოთქმაც ვერ მოვახერ მაგრამ ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ ხანგრძლივი მუნჯობის შემდეგ ეს თითქმის პირველათ არის დედაენაზე სახალხოდ ხმის ამოღება. ეს მარჯვე შემთხვევა არ მინდოდა დამეკარგა და თქვენც ჩემ გამბედაობას, იმედი მაქვს, სასტიკათ და მკაცრათ არ მოეკიდებით.
(აკაკის კრებული, 1898 წ., №№5, 6)
___________________
* ეს ლექციები ჯერ არსად ყოფილა დაბეჭდილი, მხოლოდ საჯაროდ წავიკითხე ორჯელ: ერთხელ ქუთაისში და ერთხელაც თბილისში. თბილისში, როგორც, საზოგადოდ მოსალოდნელი იყო ჩემგან, განგაში და მითქმა-მოთქმა ასტყდა: გამოვიდნენ მებუკე-მეგანგაშეები და ამტკიცებდენ, რომ მე რუსთაველი დავამცირე, შეურაცხყოფა მივაყენე, ქართლელებს სულელები დავუძახე, იმერლებს - გაიძვერა და სხვანი... ეს ხმები ბ. ილია ჭავჭავაძემ ბეჭდვითაც დაამოწმა. ჩემს ლექციებზე, რასაკვირველია, მხოლოთ ზოგიერთები დაესწრენ და უმეტესობა შეიძლებოდა ამ ცილის წამებით მართლა მოტყუებულიყო და ამიტომაც მეც პასუხი დავწერე. რადგანაც ის პასუხი მაშინ არ დაიბეჭდა „ივერიაში“, დღეს ვბეჭდავ აქ მეორე განყოფილებაში.
რედაქტორის შენიშვნები
სამი ლექცია „ვეფხისტყაოსანზე“
ეს ლექციები აკაკიმ წაიკითხა თბილისში 1881 წელს, არწრუნისეული თეატრის შენობაში პირველი ლექცია შესდგა 19 მარტს, მეორე და მესამე ლექცია წაკითხულ იქნა იმ დღეებშივე. ლექციების ანგარიში მოათავსა „დროებამ“ 1881 წ. 7 აპრ., №74.
ეს ლექციები აკაკიმ იმავე წლის აპრილში გაიმეორა ქუთაისის აუდიტორიის წინაშეც. ლექციებმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია („დროება“, 1881 წ., №89).
1887 წელს აკაკიმ თავისი ლექციები, უკვე რუსულ ენაზე, წაიკითხა ისევ თბილისში (იხ. ამის შესახებ ეკ. გაბაშვილის მოგონება - გაზ. „ლიტერატ. საქართვ.“, 1938 წ., №18). ლექციებს საპოლემიკო წერილით გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე („აკაკი წერეთელი და ვეფხისტყაოსანი“ - „ივერია“, 1887 წ., №№75, 76, 77). აღნიშნა რა დადებითი მნიშვნელობა აკაკის მიერ რუსთაველზე საჯარო ლექციების წაკითხვისა, ილია არ დაეთანხმა მის ძირითად აზრს პოემის პერსონაჟების ქართული წარმოშობის შესახებ (აკაკი ამტკიცებს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი პერსონაჟები - ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი თავიანთი ხასიათით ქართველი ტომების - ქართლელების, იმერლების და ზღვისპირის მცხოვრებთა განმასახიერებლები არიანო).
აკაკიმ თავისი პასუხი გამოაქვეყნა ცალკე ბროშურის სახით „რამდენიმე სიტყვა ბატ. ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ ვეფხისტყაოსნის გამო“ (თბილისი, 1887 წ., გამოც. ზ. ჭიჭინაძისა).
ტექსტი „სამი ლექციისა „ვეფხისტყაოსანზე“, ილიასადმი პასუხის დართვით, აკაკიმ გამოაქვეყნა ჟურნალ „აკაკის კრებულში“ 1898 წ., №№5 და 6.
საქ. მუზეუმის რუსულ ხელნაწერთა კოლექციაში (Ros., №228) დაცულია აკაკის რუსულ ენაზე წაკითხული ტექსტი «O Бapcoвой кoжe», - იხ. H - 1495, ავტოგრაფი, №29.
![]() |
1.9 წერილი რედაქტორთან |
▲ზევით დაბრუნება |
I
ბატონო რედაქტორო! თუ ჩემი შენიშვნები „ვეფხისტყაოსნის“ გმირების შესახებ ოდესმე დაიბეჭდა, მაშინ, რასაკვირველია, მკითხველები თავისთავად დაინახავენ, რომ „დროების“ №69-ში დაბეჭდილი ბ-ნი მოჩხუბარიძის სტატია, ჩემის ლექციების შესახებ, თავიდამ ბოლომდე ცილის წამება არის.
არ ვიცი, განძრახვის ბრალია, თუ უცებობის, მაგრამ ეს კი ცხადია, რომ ავტორს გადაუსხვაფერებია ჩემი სიტყვები, ისეთ რამეებს ამბობს, ჩემ ნათქვამათ შესახებ ქართველებისა, იმერლებისა, აფხაზებისა, მეგრელებისა და სხვ., რომ მე აზრადაც არ მომსვლია. სხვის ნათქვამს რომ თავი მოჰკვეთო, ბოლო მოაჭამო, შუადაშუა ამოგლიჯო, შენი სურვილისამებრ დაამახინჯო და მერე სხვისათ აღიარო, მე მგონია კარგი არ უნდა იყოს!
არ ვიცი, რისთვის და ვისთვის გაუწევია ბ-ნ მოჩხუბარიძეს ამგვარი შრომა, თუ მარტო მხოლოდ მისთვის, რომ დაენახვებია „დროების“ მკითხველებისათვის ჩემი „შენიშვნების ახირებულობა“, წინდაწინვე შეზიზღებია, მოეშალა მათთვის სურვილი მისი წაკითხვისა, მაშინ აღარას ვიტყვით. მხოლოთ ღიმილით შევნიშნავთ, რომ იმ აზრს, რომელიც ჩემს ნათქვამათ მოჰყავს იმერლების შესახებ, თვითონ იდებს გულში თავის-თავისვე შესახებ. „ბისმარკს თვალებს აუხვევს, წყალზედ ჩაიყვანს, წყალს არ დაალევინებს და უკან ისე ამოიყვანს, რომ ვერც კი გაიგებს“.
კეთილი და პატიოსანი; მაგრამ მაშინ მხოლოდ ამას ურჩევთ ბ-ნ ავტორს, რომ ვიცით მისი კეთილი გულის ამბავი: ზაფხული, როდესაც ცხელა და მის გამო წყურვილიც მეტი აქვს ხოლმე კაცს, ნუ უზამს იმ ზემო მოყვანილ საქმეს ბისმარკს, ნუ დააგდებს ურწყულს, თორემ ხუმრობა ხომ არ არის, არ დაეხრჩოთ გერმანელებს ის უბედური ბერიკაცი... ან იმას რათა ჰღუპავს და . თვითონ რად ვარდება ცოდვაში!...
(დროება, 1881 წ., №70)
რედაქტორის შენიშვნები
წერილი რედაქტორთან
1. დაიბეჭდა გაზ. „დროებაში“ 1881 წ. 2 აპრილის, №70-ში.
2. მაჩხუბარიძის (ალ. ყაზბეგის) სტატია აკაკის ლექციების შესახებ „ვეფხისტყაოსან-ზე“ დაიბეჭდა „დროების“ 1881 წ., №69-ში.
![]() |
1.10 ორი სიტყვა ბანკეტზე, დ. ჩუბინაშვილის, ი. ოქრომჭედლიშვილისა და ალ. ცაგარლის პატივსაცემად |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონებო!
სამშობლოსადმი ერთგულება და მისთვის თავგანწირულად ბრძოლის ველზე სისხლათ დაწურვა, დიდსულობის ნიშანია და თანაც საჩინო ბეჭედი ერთგვარ მამულისშვილობისა. არის მეორე გვარის ნიშანიც იმავე მამულისშვილობისა, თუ არ მეტი, არა ნაკლები, როდესაც კი სიყვარულით, დაუღალავად, ხანგრძლივად, გულგაუტეხლად შრომობს სამშობლოსათვის და ოფლსა და ცრემლს, ერთმანეთში არეულს, ჰღვრის მისი გულისათვის. წასულმა საუკუნოებმა რიცხვი არ იცოდა პირველ გვარი მამულისშვილების, რადგანაც მაშინ დრო და ვითარება მათ ხელს უმართავდა სათვალდათვალოთ. დღესაც, როდესაც გარემოება ხელს უშლის მეორე გვარ მამულისშვილობას, დღესაც არა ვართ მოკლებული ამ გმირებს და ნება არ გვაქვს, რომ ქართველის ლექსიკონიდგან გამოვრიცხოთ სიტყვა: „მამულისშვილი“.
სად არიან? რატომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ რჩეულებსო? გვეტყვიან შორს ვერმჭვრეტელნი. და აი ჩვენ რას მოვახსენებთ:
„დღიური მუშა, საღამოს ჟამს დაბრუნებული თავის ქოხში, ხედავს კერაზედ გამქრალ ცეცხლს და ნაცარს გაცივებულს. ხედავს, მაგრამ მაინც რაღაც იმედით გაქექს იმ ცივ ნაცარს, მიატანს ღადრამდე და იქ პოვებს ობოლ ნაკვერცხალს, რომლის საშუალებითაც აჩენს ხელახლა საოჯახო ცეცხლს. ის ცეცხლი არის გაგრძელება წინა ცეცხლისა! სწორეთ ამ ობოლ ნაკვერცხალივით დაფარული არიან იქა-აქ დღეს ჩვენი მამულისშვილები; დროთა ვითარება ცივ ნაცარს აყრის მათ თავზედ, მემრე ოდესმე მათის საშუალებით ხელახლად აინთება ჩვენი ცხოვრება!.. ისინი არიან ნასკვი, ჩვენის წარსულისა და მომავალის შემაერთებელი.
მათი მაგალითის მიმცემი და მამამთავარი არის დღეს აქ მყოფი, ჩვენი სასურველი სტუმარი - დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი. გაუმარჯოს და ხანგრძლივი იყოს მისი სიცოცხლე, რომ მოესწროს ჩვენის სამშობლოს აყვავებასა და დაგვირგვინებას, და დღეს კი ნიშნად და წინასწარად იმ ბედნიერი დღისა მიიღოს ჩვენგან ეს ყვავილების გვირგვინი!
„დროების“ რეპორტიორის ცნობით, აკაკის სიტყვის შემდეგ, „ვლადიმერ მიქელაძემ წარმოსთქვა ტოსტი ორი პოეტის სადღეგრძელოდ, რომელნიც ჩვენ შორის ცხოვრობენო, რომელნიც ეს ოცდახუთი წელიწადია იღწვიან სამშობლო ლიტერატურის ასამაღლებლად და რომელთაც არა ერთი ჩინებული გრძნობა და აზრი დაბადეს ჩვენშიო. ვსვამ სადღეგრძელოს თ. აკ. წერეთლისა და თ. ილ. ჭავჭავაძისაო. თ. აკ. წერეთელი ხელმეორედ წამოდგა და ამ სადღეგრძელოს შესახებ სთქვა შემდეგი, პირველზე არანაკლები მოხდენილი სიტყვა“:
ბატონებო! სამადლობელის გადახდამდე ნება მიბოძეთ რამდენიმე სიტყვის თქმის!
ჩემი სიჭაბუკიდან დაწყებული, აქამომდე, როდესაც ჭაღარა გამომერია, ბედუკუღმართობა ისეთ ბორბალს ატრიალებდა ჩემს თავზედ და ისე ხელფეხშეკრული ვყოფილვარ დროთა ვითარებისაგან, რომ ჩემის ნდომისა და შეძლების არა თუ მეასედი, მეათასედიც არა მიმსახურნია-რა ჩვენის სამშობლოსათვის!
შემიძლია მხოლოდ ესა ვსთქვა თამამად, რომ როგორც ქართველს, გული არ გამტეხია და სურვილი არ გამგრილებია და თუ ოდესმე მომავალში ბედის ვარსკვლავი ჩემ-თვისაც გამოიჭიატებს, იმედი მაქვს სურვილი განვახორციელო და სიტყვაც საქმედ გადავაქციო. მაშინ, მხოლოდ მაშინ მე შემეძლება მივიღო ის სადღეგრძელო და ის პატივი, რომელსაც დღეს მე თქვენ მანიჭებთ, და მანამდე-კი, ჯერ ნება მომეცით გადავულოცო ეგ ჩემდამი მომართული სადღეგრძელო იმათ, ვინც ჩემზედ ბედნიერი ყოფილან, მითი რომ სამსახური შეძლებიათ სამშობლოსი და უფრო ბევრი ღვაწლი მიუძღვისთ.
გაუმარჯოს იმ ჩემ ტოლებს და ჩემ წინანდლებს, რომელთაც ქვეყნისათვის უშრო-მიათ!.. გაუმარჯოს იმ მომავალ თაობას, რომელიც საზოგადო საქმეს, თავის საკუთარ-საპირადო საქმეზედ წინ აყენებს და გაუმარჯოს მანამდი, სანამ სწორი გზიდამ არ გადაუხვევიათ!.. ეს საზოგადოთ... და კერძოთ გაუმარჯოს ჩვენ სტუმრებს ილია ოქრომჭედლიშვილს და ალექსანდრე ცაგარელს, რომელთაც უცხო ქვეყნის სიცივემა და ყინვებმა გული ვერ გაუგრილეს ჩვენის ქვეყნისადმი! - ხანგრძლივი იყოს და ნაყოფიერი მათი შრომა!
(დროება, 1881 წ., №195)
რედაქტორის შენიშვნები
ორი სიტყვა ბანკეტზე...
1. დაიბეჭდა „დროებაში“, 1881 წ. 19 სექტემბრის, №195-ში.
2. ჩუბინაშვილი დავით იასეს ძე (1814-1891) - ქართული ენის პროფესორი, პირველი ქართველი, რომელიც პროფესორად აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტში დ. ჩ. დაიბადა თბილისში, დაამთავრა პეტერბურგის გიმნაზია, შემდეგ იქვე უნივერსიტეტი. 1844 წ. პეტერბ. უნ-ტის ქართული ენის დოცენტი, 1859 წ. - ორდინარული პროფესორი, 1870 წ. - დამსახურებ. პროფესორი. 1871 წ. თავს ანებებს სამსახურს, მის ადგილს იკავებს ალ. ცაგარელი. დ. ჩ-მა შეადგინა ქართული ქრესტომათიები (1846 წ.), გრამატიკა, რუსულ-ქართულ-ფრანგული და ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი (1846). დ. ჩ-ს შესახებ იხ. ალ. ცაგარლის «Cвeдeния о пaмятниках гpyзинской словестности», T. 3; ა. შანიძე - „პროფ. ალ. ცაგარელი“ - „თბ. უნ-ტის მოამბე“, წ. 10, გვ. VII-XII; შ. ძიძიგური „ქართული ენისა და ლიტერატურის გამოჩენილი მკვლევარი“, გაზ. „ლიტ. და ხელოვნ.“, 1945 წ., №4.
1881 წელს ქართველი პროფესორები: დ. ჩუბინაშვილი, ალ. ცაგარელი და ილია ოქრომჭედლიშვილი რუსეთიდან ჩამოვიდნენ თბილისში რუსეთის მეხუთე არქეოლოგიურ ყრილობაზე მონაწილეობის მისაღებად. ქართველმა მოწინავე ინტელიგენციამ მათ პატივსაცემად გამართა ბანკეტი, რომელსაც, სხვებთან ერთად, დაესწრნენ აკაკი და ილია ჭავჭავაძეც. აკაკიმ თავისი სიტყვა, მიმართული დ. ჩუბინაშვილისადმი, სწორედ ამ ბანკეტზე წარმოთქვა.
აკაკი დიდ პატივს სცემდა თავის მასწავლებელს დ. ჩუბინაშვილს. 1891 წელს იგი დაესწრო დ. ჩ-ს დასაფლავებას პეტერბურგში და წარმოთქვა გრძნობიერი სიტყვა (მოკლე ანგარიში ამ სიტყვისა დაიბეჭდა „ივერიაში“, 1891 წ., №125).
3. ილია ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) - მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორი. მოსკოვში და შემდეგ საქართველოში ეწეოდა ხე-ტყის მრეწველობას. იყო მეცენატი ქართული კულტურული დაწესებულებებისა. ი. ოქრომჭედლიშვილი ახლო მეგობარი იყო ილია ჭავჭავაძისა. თანამშრომლობდა ქართულ პრესაში, სადაც აქვეყნებდა წერილებს ქართული ენისა, ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის თემებზე (იხ. „საქართ. მოამბე“, 1863 წ., №6; „ივერია“, 1881 წ., №10; „ივერია“, 1886 წ., №167, „ივერია“, 1887 წ., №№194, 197, 200; „ივერია“, 1890 წ., №36, 38, 40, 41, 42 და სხვ.).
ი. ოქრომჭედლიშვილი გარდაიცვალა 1898 წ. მის შესახებ გულთბილი ნეკროლოგი დასწერა ილია ჭავჭავაძემ - „ივერია“, 1898 წ., №2. ი. ოქრ-ლი დასაფლავებულია დადუბის პანთეონში.
4. პროფ. ალ. ცაგარელი (1844-1929) - ცნობილი მკვლევარი, ლინგვისტი და ქართ. ლიტ-რის ისტორიკოსი. სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტში, შემდეგ გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან ა. ც. პეტერბ. უნ-ტში იკავებს ქართული ენის კათედრას. ა. ც-ლს აქვს მრავალი შრომა ქართული ენისა, ლიტერატურისა და ისტორიის საკითხებზე. თარგმნა რუსულად სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტში. გარდაიცვალა ღრმად მოხუცი. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.
ალ. ცაგარლის შესახებ იხ. აკ. შანიძე - „პროფ. ალ. ცაგარელი“ („თბ. უნ-ტის მოამბე“, წ. 10, გვ. VII-XII); შ. ძიძიგური - „ქართული ენისა და ლიტერატურის გამოჩენილი მკვლევარი“ (გაზ. „ლიტ. და ხელოვნება“, 1945 წ., №4).
![]() |
1.11 სიტყვა, წარმოთქმული გორის საზოგადოებაში |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონებო!
ქართველებს, სხვათა შორის, ერთი ანდაზაცა გვაქვს: „სადაც არ იყოსო, ცოტა კმარიყოსო!“ დღეს ჩვენ თუმცა, მაინცდამაინც სრულიად მოკლებული არა ვართ ქვეყნისა და საზოგადოებისათვის მზრუნველ პირებს, მაგრამ, საზოგადოდ თუ ვიტყვით ეს არ არის საკმაო არც რიცხვით და არც ნაწარმოების ძალით. თქვენგანვე წათამამებული, გავბრიყვდები და ვიტყვი, რომ ერთი მათთგანი, თუმცა ყველაზე უსუსტესი და უნცროსი, მეც გახლავართ; და მაშ რასაც აქ ახლა ჩემზედ მოგახსენებთ, ის იქნება საზოგადოდ დანარჩენების შესახებიც: ეს პატივი, რომელსაც მე თქვენ დღეს მანიჭებთ, ერთის მხრით მაკრთობს, რადგანაც ჩემს თავს ვერა ვგრძნობ მაგდენის ღირსად, მაგრამ მეორის მხრით კი მაგ აღტაცებაში მოვდივარ, რადგანც მე თქვენს აღტაცებულ სიხარულში ვხედავ სანუგეშო ნიშნებს: თქვენში გაღვიძებულა საზოგადო თანაგრძნობის სურვილი და მზა ხართ სადღესასწაულოდ მიეგებოთ მომავალ მამულისშვილებს, ჩვენზედ უფრო ბედნიერებს, როგორც უფრო მეტის ნაყოფის მოტანის შემძლებლებს. ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, როდესაც ყველანი წვიმას შენატრიან, ერთი მცირე ნაგლეჯი ღრუბლისა, შორს სადმე ცის კიდეზედ შენიშნული, ახარებს მუშაკებს. ისინი აღტაცებით ამბობენ მაშინ. „- მადლობა ღმერთს! კარგი ნიშანია. ეს ღრუბელი თუმცა თავის თავათ ბევრს ვერას გაარიგებს, მაგრამ იმედია, ამას სხვებიც მოემატებიან, გაიზდება; ღრუბელი დაჰფარავს ერთიანად ცას და მოგვცემს წვიმას ჰაერის გასაგრილებელს და ნაყოფის მოსაცემად დედამიწის გამაპოხიერებელსო!“ კარგათა ვგრძნობ, რომ ჩვენ იმ ღრუბლის ნიშანს წარმოგიდგენთ თქვენ და თქვენ კი - იმ გულმხურვალე მუშებს. მაშ, ბატონებო, ვისურვოთ ერთად, რომ ეს ნამდვილი მზრუნველები,……. მალე გამოჩნდენ ჩვენში და ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რიცხვი თქვენებ თანამგრძნობისა და თქვენსავით კეთილის მოსურნე გვამებისა იმატებს. ნათქვამია: ძალადაუტანებლად, თავისთავად, დანაშაულობაში შენანებით გამოტეხა გმირობის ერთი მუხლთაგანიო! და რადგანაც ჩვენს წინაპრებს არც ერთი გმირობის მუხლი არ დარჩენიათ, რომ ჩვენთვის არ გადმოეცესთ, მე დღეს გამოვტყდები, არა თუ თქვენ მაგიერ, ჩემ მაგიერათაც, და გაბედვით ვიტყვით, რომ ჯერ ჩვენში ცოტანი არიან თქვენებრ მძრახველნი. ერთი რომ მოყვრის თვალით იყურება, ასი მტრულათ! ასი რომ მუშაა, ათასი ხელის შემშლელი!! მაშ ბატონებო, ღმერთმა გაამრავლოს რიცხვი ჩვენი ქვეყნისათვის კეთილად მძრახ-ველებისა! გაუმარჯოს მათ ყოველთვის და ყოველგან, საზოგადოდ ყველას და კერძოთ თვითოეულ თქვენგანს!
(დროება, 1882 წ., №61).
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა, წარმოთქმული გორის საზოგადოებაში
1. სიტყვის ტექსტი გამოქვეყნდა გაზ. „დროების“ 1882 წ. 23 მარტს, №61-ში.
2. აკაკის ამ სიტყვას და აგრეთვე სიტყვას, წარმოთქმულს თელავში, იმავე წლის 17 აგვისტოს, დიდი თანაგრძნობით გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე თავის „შინაურ მიმოხილვაში“ ჟურნალ „ივერიის“ ფურცლებზე (1882 წ. სექტემბრის ნომერი). ილია წერდა: „საქართველოს და ქართვლის სიყვარულისაგან არის წარმომდგარი ის პატივისცემა, რა პატივისცემითაც დახვედრიან ჩვენს პოეტს გორსა და თელავში, და ამ სიყვარულის აღორძინებისათვის აკაკი წერეთელს არა ერთხელ დაუკვნესებია თავისი ტკბილი ქნარი, უმოქმედებია თავისი მიმზიდველი ნიჭიერება, თავისი მარილიანი სიტყვა, თავისი სიტურფით სავსე ქართული“.
![]() |
1.12 სიტყვა, თქმული თელავში 1882 წ. 17 აგვისტოს |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც მომეტებული ჯავრი და მწუხარება, ისე უზომო და გადაჭარბებული სიხარულიც ხშირად ენას უბამს კაცს და უნებურად ადუმებს. სწორედ ამ მდგომარეობაში გახლავართ ამ ჟამად, და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა, თორემ მეასედადაც რომ შემეძლოს მისი გამოთქმა, თუ რა სიამოვნება მაგრძნობინა კახეთმა, მაშინ თქვენ ან პირმოთნეობად მიიღებდით ჩემს სიტყვებს, ან სიგიჟედ ჩამითვლიდით და ორივე შემთხვევაში კი შემცდარი იქნებოდით. სწორედ აღტაცებაში ვარ კახეთისაგან, და მხოლოდ ეს კი მკბენს გულში, რომ ეს მშვენიერი მხარე მისთანა მდგომარეობაში ვერ არის, როგორც ეკადრება. ამას მე არავის სასაყვედუროდ არ ვამბობ!.. ეს მოიტანა აუცილებელ ისტორიულმა მიზეზებმა: უხსოვარ დროდგანვე ამ მშვენიერ ქვეყანას ურიცხვი მტრები ყოველის კუთხით მონავრად ეხვევოდნენ. ამის გამო ჩვენი წინაპრების გრძნობა-გონება მხოლოდ იმაზედ უნდა ყოფილიყო მიქცეული, რომ მტერი არ შემოეშვათ, და ეს კიდევაც საკვირველად აღასრულეს... გაუკეთეს საქართველოს სიმაგრეები და საკუთარის ძვლების გალავანი შემოავლეს!.. ბევრისაგან მესმის აქ კახეთის მიწების ქება: - ისე მდიდარია, რომ რამდენიც უნდა გადააბრუნო არ იღალებაო. - მე ეს არ მიკვირს. ეს ყველგან ასეა ჩვენში. ჩვენს სამშობლოში მისთანა ადგილზედ ფეხს ვერ დაადგამთ, რომ ჩვენის წინაპრების ძვლებით არ იყოს დაპოხიერებული და მათის სისხლით დამბალი, - ისე ლუკმა პურს ვერ ჩავიდებთ პირში, რომ ჩვენი მამა-პაპების ნაწილი არ ჩაგვყვეს და წვეთ ღვინოს ვერ ჩავყლაპავთ ისე, რომ შიგ ჩვენი თავგანწირული გმირების სისხლიც არ ერიოს! ეს ლუკმა და წვეთი არიან ჩვენი „წმინდა-წმინდათა“ ზიარება ჩვენთვის, რომელიც სიწმინდითა და სასოებით უნდა მივიღოთ ხოლმე და გვაგონებდეს წინაპართ ღვაწლსა, და ჩვენც იმავე გზით მივემართებოდეთ, რა გზითაც მათ უვლიათ, მხოლოდ დროების შესაფერად კი: თუმცა ხმალდახმალ დღეს აღარ გვეხვევიან მტრები ყოველის კუთხით, მაგრამ მშვიდობიანობა კი მაინც არსად არის და ბრძოლა საჭიროა, მაგრამ ბრძოლა უფარხმალო, სადაც ნაცვლად სისხლისა პატიოსანი ოფლი და ცრემლი უნდა იღვრებოდეს. მაშასადამე, საჭირო არიან მეომარი - გმირი - მამულიშვილები იმავე გრძნობითა და გონებით სრულნი, რა გრძნობითა და გონებითაც ჩვენი წინაპრები იმსჭვალებოდნენ. - ეს სურვილი რომ თვითეულს თქვენგანში აღძრულია, ამას იმითი ამტკიცებთ, რომ მცირე რამესაც უზომო ფასსა სდებთ: ეს პატივისცემა, რომელსაც მე ვხედავ, და ის სიტყვები, რომელიც მესმის თქვენგან, ამტკიცებენ ერთის მხრით თქვენს სტუმართმოყვარეობას და მადლიერ გულსა და მეორით იმას, რომ თქვენ გენატრებათ გყავდესთ ნამდვილი მამულისშვილები და ამის გამო მათს „ჩრდილოებსაც“, ესე იგი მე და ჩემისთანებსაც არ ივიწყებთ და წინამორბედად შეჰხარით. მადლობით და სიხარულით პატივს ვცემ ამ თქვენს გრძნობას! - არ შემიძლიან წინააღმდეგობა გაგიწიოთ საზოგადოდ. მხოლოდ ერთ რამეს კი ვერ შეგარჩენთ. ბრძანებთ: „ღმერთმა ქნას შენ და შენისთანები მომავალშიც ბევრი გვყოლოდესო“. ამის წინააღმდეგად ვალდებული ვარ მოგახსენოთ, რომ ღმერთმა ნუ გაამართლოს ეგ თქვენი თხოვნა! ეგ ხომ წყევლა იქნება! რასაც დღესა ვსჯერდებით, ის ხვალ საკმაო აღარ არის ხოლმე... ჩვენი დრო მოითხოვდა, ხანგრძლივის უკუღმართობის შემდეგ, პირველი ნაბიჯის წინ სწორად წადგმას, რომ მითი ის აზრები აღძრულიყო ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ამ ოცი წლის წინეთ, როგორც ბატონი როსტომაშვილი ბრძანებს, ყველას ეუცხოვებოდა და დღეს კი თვითეულის თქვენგანის გულშიაც ჰღვივის. როდესაც დროზედ მამალი ჰყივის, მუშაკი იღვიძებს მის ხმაზედ და მიდის სამუშაოდ, ხშირად პატარა ფინია, ერთის დროზედ შეყეფით, ძლიერ მპარავსა და ავაზაკს, შეშინებულს, უკუ აბრუნებს ხოლმე, ჩვენი ღვაწლიც სწორედ ამგვარივე იყო და დღეს სიხარულით ვხედავთ, რომ სურვილი არ დაგვღუპვია. ხალხი გამოღვიძებულია და მტერი შენიშნული! ერთი ბიჯი გადადგმულია. რაც ჩვენ წვა და დაგვით მიგვიღია, რაც სისხლის ოფლით და მწარე ცრემლებით მოგვიპოვებია, დღეს იმას ჩვენ სიხარულით და ადვილად გადავსცემთ შემდეგ დგმას და იმიტომაც შემდეგის დგმისაგან მეტს მოვითხოვთ და მამულის-შვილობაც მათ მეტი უნდა გამოიჩინონ! ჩვენისთანაობა მათ აღარ შეჰფერისთ და ჩვენი ხელობა აღარ არგებსთ, მომავალმა დრომ უნდა მოგვცეს ნამდვილი მამულის-შვილები ყოვლის უნაკლოდ. - ძველადაც, საზოგადო ბრძოლის დროს, როდესაც ჩვენი წინაპრები თავისის თავგანწირულ მამულისშვილობით ქვეყანას აკვირვებდნენ, კახელები ყოველთვის მოწინავე რაზმში ყოფილან და მომავალშიაც, იმედია, თქვენი შვილები, თავის განთქმულ წინაპრებს არ ჩამოურჩებიან. ჩვენ დროსაც მეთაური და მოწინავე იყო თქვენივე შვილი თ. ილია ჭავჭავაძე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყოველი თქვენგანი სიამოვნებითა და ამპარტავნებით იგონებს და რომლის სადღეგრძელოსაც ახლა მე გიახლები, იმედი მაქვს თქვენივე თანხმობით. ვისურვოთ, რომ მალე გამრავლებულიყოს ჩვენში ნამდვილი მამულისშვილები! და ეს ადვილად ასრულდება, თუ კი ჩვენი დედები მოინდომებენ და თავის პაწაწა შვილებს, ძუძუსთან ერთად შეაწოვებენ მამულის სიყვარულს და ერთგულებას. და თუ მამებიც უფრო სწორგანათლების გზაზედ დააყენებენ, რომ იმათ სწავლას, უცხოობიდან გამოსულს, საძირკვლად ექმნეს ჩვენის ცხოვრების წარსული, აწმყოზედ გადაკავშირებული, და დიდებული ტაძარი ჩვენის ცხოვრებისა გაახლდეს. ჩვენი ქვეყნის წარსულ ცხოვრებაში უპირველესი ადგილი უჭირავთ საზოგადოდ დედებს და განსაკუთრებით კახელ ქალებს. თვით უპირველესმა ჩვენთვის მოღვაწე დედამ, წმინდა ნინომ, კახელი ქალები გამოირჩია ტოლ-ამხანაგებად, აქ გადმოესახლა და აქაურ დედებს ძეგლად და სახსოვრად დაუტოვა თვის საფლავი. იმედია, რომ აწინდელი დედებიც, ძველ დედების მიბაძვით, შეუდგებიან ქვეყნის სამსახურს და შვილების სამაგალითოდ ზრდას!.. ღმერთმა მოგასწროთ იმ დროს, რომ თქვენი შვილები ქვეყნის სასახელონი გამოსულიყვნენ და მითი თქვენი მშობლობაც ხალხთაგან კურთხეულ იყოს. მაშინ, სწორედ მაშინ გაიშლის გულს საბრალო ჩვენი, დღეს დაჯავრიანებული, ქვეყანა და ყოველის კუთხით გაისმის „ვარხალალო“ აღტაცებულის სიტყვებით: „ისა სჯობს მამულისათვის, შვილი რომ სჯობდეს მამასო“...
(დროება, 1882 წ., №183)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა, თქმული თელავში 1882 წ. 17 აგვისტოს
1. დაიბეჭდა გაზ. „დროებაში“, 1882 წ. 2 სექტემბრის №183-ში.
2. აკაკის ამ სიტყვას გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე ჟურნალ „ივერიის“ 1882 წ. სექტემ-ბრის ნომერში („შინაური მიმოხილვა“). ილიამ მეტად დიდი შეფასება მისცა აკაკის სიტყვას, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
![]() |
1.13 შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
განუვითარებელი ჭკუა-გონების კაცი ზნეობრივად ბეცია; შორს ვერ გამჭვრეტელი მხოლოდ ახლო-მახლო იხედება და მის პირს იქით თუ რამ ამბავი ხდება ქვეყანაზედ, ვერ წარმოიდგენს... საზოგადოდ უმეცარი ყოლისფერში და ყველგან კერძოობასა და პიროვნებასა ჰხედავს, - ერთს მეორისაგან ვერ არჩევს!.. ამ მდგომარეობაშივე იყო ჩვენი საზოგადოებაც ამ ოცდახუთის წლის წინეთ, როდესაც ჩემი ზოგიერთი სატირული ლექსები გამოვიდა: თუმცა მე სასაზოგადოთა ვსწერდი, მაგრამ სხვები კი მაინც პირადობას ჰხედავდენ და ხან ერთს აწერდენ და ხან მეორეს. მაგალითად ავიღოთ ლექსი „ფარისეველი“, ის ერთხმად მიაწერეს, დაბეჯითებით, ისეთ კაცს, რომელსაც ჩემის შეხედულობით ყველაზედ ნაკლებ შეჰფეროდა ის წოდება. ამგვარივე მნიშვნელობა მიეცა სხვა ლექსებსაც ზოგიერთების შესახებ და ამგვარად შემცდარი საზოგადოება და პირები, თუ რა ტკბილს ტაბლას დამიდგამდნენ სამაგიეროდ, ადვილად მისახდომია. მაგრამ მე კი იმაზედ არას ვიტყვი და მხოლოდ იმას ვაქცევ ყურადღებას, რომ დღესაც კიდევ არიან ამგვარი პირები!.. ხშირად მეტყვიან ხოლმე: „საუცხოვოა, თქვენმა მზემ! მივხვდი, ვიზედაც არისო, ან რაზედაც არისო“ და სხვ. მაშინ ჩვენ რაღა გვეთქმის? მხოლოდ ის ჩურჩუტი გვაგონდება, რომელმაც პირველათ სარკეში ჩაიხედა და გაიკვირვა: „დიდება შენს სახელს, ღმერთო! რა იცოდა ამის გამკეთებელმა, რომ ასე უნახავად ნამდვილათ ჩემი სახე გამოუყვანიაო?“ ამაებს ჩვენ არა ვჰკადრებთ არც ერთს „დროების“ მწერალთაგანს, მაგრამ ერთს კი აჩქარებით და თანაც, ვფიქრობთ, სიტყვის უცოდინარეობით, ამგვარი რამ ჩაუდენია და რომ ეკადრება, ისე ვერ მოუხსენებივარ. - „ვერაგი“, „კუდიანი“, „ბუნდოვანი“ და სხვა ამ გვარი წოდება ან ალერსი ჰგონებია და ან, თუ მრისხანებით ბრძანებს, ცოტა აჩქარებულა და წაკითხული ვერ გაუგია ჯეროვანად. ამას წინათ „შრომაში“ იყო ჩემი ერთი პატარა სახუმარო ლექსი ბ. კეზელისადმი მიძღვნილი, რადგანაც მისს კერძოობით იყო გამოწვეული. აზრი ამგვარი იყო: შეყვარებული ლამაზი ქალი ბრწყინვალე ვარსკვლავსა ჰგავს და გულგაგრილებული მოწყვეტილსო! სადაც ერთი ვარსკვლავია, იქ სხვებიც იპოება, ერთი რომ მოსწყდება, მეორე დარჩება და მაშ ქალმაც, ერთმა რომ შეგიძულოს, ნუღა მისდევ, მეორე სძებნეთქო, და სხვ... თუ ამის გაგება სხვა ნაირად შეიძლებოდა, მე ფიქრათაც არ მომსვლია! მაგრამ „დროების“ მეფელეტონეს კი ისე მიუღია, ვითომც კეზელის ლექციების გამო დამეწეროს და საკვირველია! „საიდან სადაო, წმინდა საბაო!“ აბა ეს არის. არა სასაყვედუროდ, მაგრამ საგულისხმოდ კი მოვახსენებ ზოგიერთებს ანდაზას - „ასჯერ დაზომე და ერთხელ გამოსჭერო“, მწერალსაც ისე მართებს! ასჯერ უნდა იგრძნოს, ასჯერ დაფიქრდეს და ისე მოჰკიდოს ხოლმე კალამს ხელი, თორემ უცები კალმის „ჩხაბა-ჩხუბიდგან“ მხოლოდ ხბოს თავი გამოვა და არა მოსესებრივი მცნება.
(შრომა, 1882 წ., №41)
რედაქტორის შენიშვნები
რედაქტორის შენიშვნები
შენიშვნა
1. დაიბეჭდა გაზ. „შრომაში“, 1882 წ. 20 ოქტომბრის №41-ში.
2. ლექსი „ფარისეველი“ დაწერილია 1862 წ. პეტერბურგში. პოეტის სიტყვით, ეს ლექსი მისი გამოქვეყნების შემდეგ „ერთხმად მიაწერეს დაბეჯითებით ისეთ კაცს, რომელსაც ჩემის შეხედულებით ყველაზე ნაკლებ შეჰფეროდა ეს წოდება“. როგორც აკაკის სხვა წერილიდან ჩანს, ეს კაცი იყო გიორგი წერეთლის მამა ექვთიმე. კირილე ლორთქიფანიძის სიტყვით, ძველი თაობის ადამიანის პროტოტიპად ლექსში „ფარისეველი“ აკაკის აღებული ჰყოლია საკუთარი მამა. მართლაც, ლექსის პირველ ორ ნაბეჭდს - „ცისკარსა“ და „ჩონგურში“, ქვესათაურად მიწერილი ჰქონდა: „პოემიდამ „რუსეთუმე“. ამ პოემაში კი აკაკის, მისივე სიტყვით, ახალ თაობის წარმომადგენლად თავისი თავი ჰყავდა გამოყვანილი, ძველი თაობის წარმომადგენლებად კი თავისი ოჯახის წევრები. აქედან ირკვევა, რომ აკაკის ზემოხსენებულ ლექსში ნაგულისხმევი ჰყავდა საკუთარი მამა და არა ექვთ. წერეთელი.
3. დავით კეზელი (1854-1906) - ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ფელეტონისტი.
4. „ამას წინათ „შრომაში“ იყო ჩემი ერთი პატარა სახუმარო ლექსი ბ. კეზელისადმი მიძღვნილი“ - იგულისხმება ლექსი „დარიგება“ („ვარსკვლავსა უცბად მოწყვე-ტილს...“), დაბეჭდილი გაზეთ „შრომის“ 1882 წ. 6 ოქტომბრის №39-ში. ქვესათაურად ფრჩხილებში მიწერილი ჰქონდა: „დ. კეზელს“.
![]() |
1.14 სიტყვა გრიგოლ ორბელიანის დასაფლავებაზე |
▲ზევით დაბრუნება |
იმერეთის მხარეს, შავი ზღვის პირად, ზოგან დღესაც ჩვეულებათა აქვსთ მოთქმით ტირილი და ძველად კი მთელ საქართველოში საზოგადოდ ყველგან მიღებული. დღევანდელის შეხედულობით ეს ჩვეულება ახირებულად ჩაეთვლებათ ჩვენ ძველებს, მაგრამ მაშინ კი დროთა ვითარება მოითხოვდა: ყოველი მომტირალი წარსდგებოდა მიცვალებულის წინ და მოთქმით შესხმას ეტყოდა, რაც იცოდა ან ნახვით, ან გაგონებით იმ განსვენებულის შესახები თავგადასავალი. ერთის სიტყვით, უმოწმებდა საგმირო და საქველმოქმედო საქმეებს. ამით უკანასკნელ პატივს აძლევდა მიცვალებულს, ანუგეშებდა ჭირისუფლებს და მაგალითს აძლევდა მსმენელებს. დღეს, როდესაც ბეჭდვის წყალობით, ე.ი. ჟურნალ-გაზეთების საშუალობით, აღარა რჩება რა შეუტყობელი, იმ ჩვეულებას ადგილი აღარა აქვს. თვით განსვენებულს გრ. ორბელიანზედაც ბევრი ითქვა სიცოცხლეშივე, უფრო მეტი ითქმის სიკვდილის შემდეგ; დღესაც ბევრი სიტყვა წარმოითქვა და ამისათვის საჭიროდ აღარ ვხედავდი, რომ მეც რამე მეთქვა, მაგრამ ვასრულებ ბევრის სურვილს და ჩემდა თავადაც ვერ დავფარავ, რომ მწუხარებით დამძიმებული გული თხოულობს შემსუბუქებას.
კაცის ნამსახურის დავიწყება და დაუფასებლობა უმადურობაა ჩვენის მხრით: გაზვიადება და ნამეტანობა კი შეცდომაა, რადგანაც ამით ნამდვილი ღირსებაც იჩრდილება. ეს კარგად მესმის და ამისათვის, რაც უნდა ვსთქვა დღეს აქ შესახებ განსვენებულის ორბელიანისა, ნამეტანი არ იქნება, მით უფრო, რომ უამისოდაც იძულებული ვართ ბევრი რამ ჩავთქვათ. მე არ მახსოვს, და ვგონებ არც თქვენგანი ვინმე უნდა იყოს მომსწრე, რომ ვისმეს ამგვარი დიდებული განსვენება ჰღირსებოდეს საქართველოში. ერთ უბრალო შემთხვევას, ყოველდღიური მოვლინებას, ჩვეულებრივ სიკვდილს შეუყრია ერთად ამდენი აუარებელი ხალხი; მაგრამ რას ვამბობ? გრ. ორბელიანის ბრწყინვალე სახელს თვით სიკვდილიც გაუდიდებია, გაუმრავალკეცებია და გადაუქცევია რაღაც უჩვეულო მოვლინებად. ჩვენ ვხედავთ აქ სხვადასხვა რჯულის, წრის, წოდების, სქესის და მიმართულების ხალხს. ამ შემთხვევას ისინი შეუკავშირებია ერთ გრძნობად და დაუყენებია ერთ გულისთქმაზედ. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ თ. გრ. ორბელიანი ბედისაგან მრავალგვარად იყო დაჯილდოებული: სიმდიდრე ნებას აძლევდა, რომ საიდუმლო ქველმოქმედებით ღარიბების, ქვრივ-ობლების და საწყლების გული მოეგო, ხარისხი ხელს უმართავდა, რომ პირადობის მეძიებლებისათვის შემწეობა მიეცა და წინ ბიჯი წაედგმევინებინა, ღირსეულად დამსახურებული ხარისხები ფასს უმატებდენ უმაღლესობის თვალში და შთამომავლობითი დიდებულობა, ე.ი. წინაპართ ისტორიული ღვაწლი ამ დროს შესაფერად ღირსეულად ეპყრო ხელში შეუბღალავად და ამით მაღლად სჩანდა. ეს უთუოდ ასრე უნდა ყოფილიყო, აქ საკვირველი არა არის-რა; მაგრამ ჩვენ ვხედავთ აქ იმისთანა ხალხსაც, რომელიც ამ ზემომოყვანილ ღირსებათ იმდენად არ აფასებს, როგორც შინაგანს ღირსებათა. იმ ნიჭს, რომელსაც ღმერთი - ბუნება აძლევს მხოლოდ მისგან რჩეულებს და თუ ის რჩეულებიც ღირსეულად ასარგებლებენ იმ ზეციურს ჯილდოს და არ მარხვენ ისე, როგორც ზარმაცმა და ორგულმა მონამ დამარხა უნაყოფოდ მისდამი მინიჭებული ქანქარი, ანუ ტალანტი.
მათი რიცხვი დღეს აქ ბევრია. მაგრამ მრავალათასად უმეტესი იქნებოდა, თუ გარემოებას მათთვის ხელი არ შეეშალა. ისინი შორს არიან, საქართველოს სხვადასხვა კუნჭულში, მაგრამ სულით და გულით კი ამ ჟამად აქ არიან და ნიშნად თავიანთ თანაგრძნობისა კიდეც გამოუგზავნიათ გამოსათხოვარი გვირგვინები, როგორც მამათ, ისე დედათ სქესს. უმეტეს მათგანს არც კი უნახავს ჩვენი გამოჩენილი მამულისშვილის დიდებული სახე, არ გაუგონია მისი ტკბილი სიტყვა, მაგრამ მაგის იდეალი კი ცხადად გამოჰხატვია თვალწინ და ჰსმენია მაგისი ხმა. და მით უფრო გულწრფელობითია მათი გრძნობა, რომ კერძოდ საპირადო მისამადლებელი არა ჰქონიათ-რა, ეგება, ოდესმე ერთმანეთში საყვედურიც ჰქონოდესთ და ეს უგუნურებას გაეზვიადებიოს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ მწერალთ თავადის რუსთველის სიტყვებს: „მცირე რამე სამდურავი მოყვარეთა წესია“-ო. მტრისაგან მოქნეული ხელი ისე არ გვატკენს გულს, როგორც ჩვენი მოყვრის და მეგობრის ერთი წარბის შეჭმუხვნა. როცა საყვარლისა და მეგობრისაგან მცირე რამ ჭმუნვა შეგვდის გულში, ჩვენ არ გვინდა, რომ ის ბუნდად ჩავიხვიოთ გულში და ვჩქარობთ, რომ ისევ გავიწმინდოთ ის გულის კუნჭული, სადაც ჩვენს საყვარელსა აქვს ბინა სიტყვის საშუალებით და ეს სიტყვა არის საყვედური; მაგრამ ვინ იტყვის, რომ ამ საყვედურში უფრო მეტი სიყვარული არ იყოს, ვიდრე მოპირდაპირე ფარისევლების მლიქვნელობა-ქალაჩუნობაში. ამას მიტომ ვამბობ, რომ არავინ იფიქროს, ვითომც ეს გრძნობა გამოწვეული ყოფილიყოს განსვენებულის სიკვდილით. ეს გრძნობა მაგის სიცოცხლეშივე ყოველთვის შეურყევლად ყოფილა.
რითი დაიმსახურა ესრეთი სიყვარული იმ მოწაღმართე ჩვენი ქვეყნის შვილებისა, რომელთაც დღეს ახალთაობად უწოდებენ? მითი, რომ განსვენებული თ. გრ. ორბელიანი იყო კავშირი ძველისა და ახალის თაობის შორის, სხვადასხვა დგმის შემაერთებელი ხიდი. როგორც ყოველივე შემაერთებელ რამეს, მაგას ერთი თავი რომ ერთი მხრისკენ ჰქონდა, მეორე - მეორისაკენ, მაგრამ მაგის გულზედ არ გადმოსულა და არ გადასულა მცირე რამეც, ან ერთი მხრის შემაწუხებელი სავნებელი და სასაყვედურო და ან მეორის. ეგ მოყვარული იყო და თანამგრძნობი იმისთანა კაცების, რომელთაც დღეს ახალთაობის კაცებად ვუწოდებთ და ამგვარ მოწაღმართე პირებს ეძებდა, როგორც ახლებში, ისე ძველებშიაც. ხნოვანებით არ საზღვრავდა: ბევრს მოხუცებულებაში ჰხედავდა მოწაღმართე ახალთაობის კაცს და აფასებდა. ზოგჯერ ახალგაზდებშიაც პოულობდა მოუკუღმართე ძველთაობის კაცს და ეზიზღებოდა. ამას ყოველთვის გვიმტკიცებდა სიტყვითი-გრძნობითა და სურვილით. რადგანაც ყოველივე დრო და ადგილის ვითარება ჰფასდება, ჩვენც არ შეგვიძლიან არ დავაფასოთ და არ მოვიხსენიოთ კეთილად ეს გრძნობები. ამისთანა კაცს დღეს ჩვენ ვაბარებთ ცივ მიწას, ვანდობთ ბნელ სამარეს. მაგრამ მაგისი ნამდვილი სამარე კი მარტო ეგ არ არის. სადაც კი ქართველი კაცის ნათელი და მხურვალე გულია - ყველა მაგის სამარეა და მომავალშიც იმატებენ. იმ ანდაზებს: „როგორც თვალი შორს, ისე გულიცაო“ და „ცივი მიწა ყველას აგრილებსო“ აქ ადგილი არა აქვსთ! ეს იმ პირა-დობის მაძიებელ კაცუნებს შეეხებათ, რომელნიც მანამდი იგონებენ კაცს, სანამ გამორჩენას ელიან და არა იმ პირებს, რომელზედ მე მოგახსენებთ, ე.ი. ახალთაობაზედ. გაივლის დრო, საუკუნოები საუკუნოებს გამოსცვლიან, ერთი დგმა მეორეს, მაგრამ მაშინაც შეხედვენ ამ საუკუნეს გონების თვალით და როდესაც მოწინავე რაზმში დაინახავენ დღევანდელ მამულისშვილს, მათი გული იმ გვარისვე გრძნობითა და მადლობით აღივსება, როგორითაც დღეს ჩვენი გულია სავსე. როგორც სიცოცხლე ისე სიკვდილი თ. გრ. ორბელიანისა იყო დიდებული და სანატრელი. ნეტავი იმას, ვინც მაგისთანა სიკვდილს ეღირსება: დღენი ცხოვრებისა მისისანი სამოცდაათი წელი და უკეთუ ძლიერებასა შინა - ოთხმოც წელო, ამბობს წინასწარ-მეტყველი და ჩვენმა მამულისშვილმა კიდეც გადააცილა ამ დანიშნულ დროს და მაშასადამე უდროვო და უკანონო არ ყოფილა მაგისი მიცვალება, მაგრამ რა ვქნათ, რომ გული ხარბია და გაუმაძღარი, ვინც გვიყვარს, არ გვემეტება და საუკუნოებიც რომ იცოცხლოს მაინც გვეადრება მისი დაკარგვა. დიაღ, დიდხანს იცოცხლა განსვენებულმა მამულისშვილმა, მამაცად განვლო ეს ბოროტების საფრთხით სავსე ქვეყანა, არც ერთხელ ფეხი არ წამოუკრავს და თუ წამოუკრავს, ისე როგორც მამულისშვილს. ჩირქის მომდებმა სოფელმა ვერ შებღალა და, აჰა, დღეს ეს ეთხოვება სააქაოს. გულ-წმიდად, რომ პირნათლად წარსდგეს იქ ჩვენ წინაპრებთან. ეჰ, რაღა დაგვრჩენია მეტი, ვისურვოთ, რომ შემდეგმა საუკუნოებმა გამოგვიზარდონ ნამდვილი მამულის-შვილები, რომ ერთად მათთან დღეს განსვენებულის თ. გრ. ორბელიანის ხსენებაც საუკუნო იყოს.
(დროება, 1883 წ., №66)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა გრიგოლ ორბელიანის დასაფლავებაზე
1. დაიბეჭდა გაზ. „დროებაში“, 1883 წლის 29 მარტის №66-ში და გაზ. „შრომაში“, 1883 წ. №14.
2. გრ. ორბელიანი გარდაიცვალა 1883 წლის 21 მარტს. მის დასაფლავებას იმ დროის მასშტაბით გრანდიოზული ხასიათი ჰქონდა. დასაფლავების დროს ქაშვეთის ტაძრის გალავანში გამოსათხოვარი სიტყვები წარმოსთქვეს აკაკიმ და ილიამ.
![]() |
1.15 სიტყვა სერგეი მესხისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონებო!
„მარტოხელობა დიდი სიღარიბე და გაჭირვებააო“ ამბობენ ჩვენი მუშა გლეხები. და მართლაც, რომ საშვილიშვილოთ მოსახლეობა არ აუოხრდეს და საოჯახო ცეცხლი არ გაუქრეს, მარტოხელი კაცი იძულებულია ყოველგვარ საქმეს ობლობით ჰკიდებდეს ხელს. გარემოება ნებას არ აძლევს, რომ ერთი რომელიმე საქმე აიღოს და გულდასმით შეიმუშაოს, საჭიროა რომ აქაც იყოს, იქაც და ამგვარად თავის დრო და ძალა ბევრად გაანაწილოს. და როდესაც მოუვა ბედნიერი დრო და ახალგაზრდა მუშები წამოეზრდებიან, მაშინ კი თავისუფლად შეუძლიან ამოისუნთქოს, რადგანაც იძულებული აღარ იქნება, რომ ყოველგან თვითონ მარტოხელად მუშაობდეს და ის საქმე, რომელსაც ის მხოლოდ რამდენიმე წამს ახმარდა, გადავა მისთანა მუშის ხელში, რომელიც საკუთრად მას შესწირავს მთელს მის დროსა და ღონეს.
დიდი ხნის შეფერხების შემდეგ, ამ ოცი, ოცდახუთის წლის წინედ გადაიდგა ჩვენის ცხოვრების წარმატების ნაბიჯი. მაშინდელი ახალთაობა მარტოხელი იყო და იძულებულიც იყო, რომ ბევრის სხვადასხვა საქმისათვის მოევლო ხელი ერთსა და იმავე დროს ყოველ დღიური მოვლინებაების საპასუხოდ. ამის გამო არც ერთს მათს ნამუშევარს არ ატყვია კერძოთ განსაკუთრებითი შრომის კვალი, მაგრამ პირველი ნაბიჯი იყო ეს და ღირსეულადაც გადაიდგა. ახლანდელის დროის შედარებით არ შეგვიძლიან წარმოვიდგინოთ, თუ რა ძნელი იყო იმ ბიჯის გადადგმა!... ბევრი სისხლის ცრემლი და ოფლი შეეწირა მას. დღეს ღმერთმა შეგვასწრო მისთანა დროსაც, რომ ახალგაზრდობა გამრავლდა და მარტოხელობა აღარ ეტყობათ... ჩვენ სიხარულით ვუყურებთ, როდესაც ისინი, გაკვალულ გზაზედ გაუჭირვებლად და თამამად მიდიან, რომ წინ წადგენა და შემდეგი ნაბიჯებიც გადადგან. - მისთანა უგნური არავინ არის ჩვენში, რომ გზაზედ გადაეღობოს და უთხრას, შენც ისე იმუშავე და იმდენად, როგორც და რამდენადაც ჩვენ ვმუშაობდითო. და აგრეთვე მათის მხრითაც უგნურება იქნება, რომ მედიდურობა დაგვიწყონ: აქაო და ჩვენ უფრო ბარაქიანად ვმუშაობთო და ერთი ორადაც მეტს ვაკეთებთ თქვენზედაო. არა, ისინი ვალდებულნი არიან ერთი ოცად და ერთი ასადაც მეტი გააკეთონ, რადგანაც დღეს ბევრი არიან და მათი დრო და ძალა ოცად და ასად არ იყოფა.
ავად არის თუ კარგად, ამ დღემდი მოგვიტანია ჩვენი სამუშაო და [უნდა] პატიოსნად, სიყვარულით გადავსცეთ უფრო ახალ დგმას, რომ იმანაც შემდეგში ისეთივე სიწმინდითა და სიყვარულით გადასცეს მათ შემდეგებს, რომ ამ გვარად კავშირი არ იშლებოდეს, არა სწყდებოდეს...
მაგრამ თავის სიცოცხლე შესწირეს და ზოგნიც ისე დასნეულდენ სხეულით, როგორც დღეს ვხედავთ ბ-ნ სერგეი მესხს. მართალია, ზოგიერთები გვარიან მსუქნებათაც გვეჩვენებიან, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნობაა, და მათ გულში რომ ჩავხედოთ, მაშინ კი შევიტყობთ, რომ ვის არ დააწყლულებენ თანამშრომელ ამხანაგის სიკვდილი, თუ სნეულებით დაკარგვა. მაგრამ ამაებზედაც უფრო სამწუხარო ის იყო, ხშირად ცხოვრებისათვის ცუდი პირობების ვერ ამტანი სუსტი აგებულების ამხანაგები გვეკარგებოდენ და ჩვენს ბანაკიდან გადადიოდენ სხვაგან. მცირეა რიცხვი მათი, რომელთაც ბოლო გაატანეს და ერთი მათგანია სერგეი მესხიც. მაგას რომ უთხრათ: - აბა სად არის შენი მისთანა ღვაწლი, რომელიც ყველასათვის სათვალდათვალო და საშვილიშვილოდ საგანძო იყოს-თქო! მაშინ ეს, როგორც ყველა ამის ამხანაგები, ვერას გვიპასუხებს, მაგრამ თუ მოვიგონებთ დროს, გავსინჯავთ იმ სხვადასხვა სარბიელებს, რომლებზედაც ეგ მდგარა, შევაერთებთ და ავსწონით, მაშინ კი გამოდგება დიდე-ბული რამ, რომლისთვისაც საჭირო იყო მაღალი ნიჭი, სულისა და ხორცის ძლიერება და თუ განწირულობა და ესეები ყველა ერთად სიმართლესთან მაგან შესწირა საზოგადო საქმეს. დღეგრძელ იყოს სერ. მესხი.
(დროება, 1883 წ., №86)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა სერგეი მესხისადმი
1. დაიბეჭდა გაზ. „დროებაში“, 1883 წ. 11 მაისის №86-ში.
2. სერგეი მესხი (1844-1883) - ცნობილი პუბლიცისტი და ჟურნალისტი, რედაქტორი გაზ. „დროებისა“ 1869 წლიდან. დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი (1867 წ.). ს. მესხი შეიწირა გადაჭარბებულმა შრომამ „დროების“ რედაქციაში. 1883 წ. დამდეგს მძიმედ დაავადებული ს. მ. იძულებული შეიქნა თავი დაენებებინა მუშაობისათვის და სამკურნალოდ წასულიყო. აკაკის სიტყვა ს. მესხის გამოსათხოვარ ნადიმზე იქნა წარმოთქმული 1883 წ. 9 მაისს. სერგეი მესხს ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი გარდაიცვალა 1883 წლის 25 ივლისს, აბასთუმანში. ს. მ. დასაფლავებული იქნა მშობლიურ სოფელ რიონში, ქუთაისის მახლობლად.
აკაკიმ გარდაცვალებულ მეგობარს უძღვნა ლექსები: „ს. მესხის გარდაცვალებაზე“ („დროება“, 1883 წ., 14 აგვისტოს, №160) და „სახსოვრად სერგეი მესხს“ (პირვ. დაიბეჭდა „თეატრსა და ცხოვრებაში“, 1915 წ., №25). აკაკის „ჩემ თავაგადასავალში“ ცალკე თავი აქვს დათმობილი ს. მესხს.
![]() |
1.16 ფოლადი თუ ტალს არ მოხვდა, ისე ნაპერწკალს ვერ გაჰყრის! |
▲ზევით დაბრუნება |
ფოლადი თუ ტალს არ მოხვდა, ისე ნაპერწკალს ვერ გაჰყრის! და თუ ცოტა არ მოღამდა, ვარსკვლავები თავს ვერ იჩენენ!
ერთი ამგვარი მოღამება ჩვენში „ყაზარმობა“ იყო.
ამ დროს გამოჩნდნენ მამულისშვილები, აქა-იქ გავარდა ნაპერწკალი და თანვე მოჰყვნენ მგოსნები, რომელთ რიცხვში ყველაზედ უფრო შესამჩნევად ბრწყინავს თ. გ. ერისთავი და ბრწყინავს არა მიტომ, რომ ვითომც მას სხვებზედ უფრო მეტი ძალა და სხივოსნობა ჰქონოდეს, არა, მხოლოდ მიტომ, რომ ის იყო გზის მაჩვენებელი და წინამსრბოლი, მაშინ როდესაც სხვები, მისი თანამედროვე მგოსნები კი, თუმცა ძლიერად, მაგრამ უნაყოფოდ, მხოლოდ თვალსაჩინოდ ბრწყინავდნენ.
მართალი არის, ამ უკანასკნელების პირად სიცილ-ტირილში ზოგიერთები თავის გულის პასუხებსაც ჰხედავდნენ, მაგრამ ერთიანი საზოგადო ხალხის კვნესა და ხარხარი კი არსად იყო.
ეს წილად ხვდა მხოლოდ ერისთავის ჩანგს, რადგანაც ბედმა იმას უფრო უმოყვრა სხვებზედ: მისი ამხანაგები რომ აქა-იქ უხეირო ადგილებში მიამწყვდია, იმას კი ისეთ ქვეყანაში უჩინა ბინა, სადაც ადამიანის ავ-კარგობა უფრო ნათლად იყო გამოკვლეული და სადაც ახალგაზრდა პოეტის ნორჩი ბუნება თავისუფლად შესარგებ და გამოსაფხიზლებელ საზრდოს იშოვიდა ჭკუა-გონებისათვის. დაჰყო რამოდენიმე ხანი ვარშავაში და იქ, გამოჩენილის მიცკევიჩისა და სხვა მოწინავე იქაური მამულისშვილების გავლენით, გაიკვლია გზა: მიხვდა, რომ ციური ნიჭი ქვეყნის სასამსახუროდ და არა საპირადო რამედ ეძლევა კაცს და რომ მწერლობა არის უძლიერესი და უპირველესი იარაღი, რომელიც სიმართლით უნდა ილესებოდეს და უსუსტრად იხმარებოდეს სამშობლოს საკეთილდღეოდ! დაბრუნდა თუ არა სამშობლოში, მაშინვე შეუდგა გ. ერისთავი თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანას: გამოსცა ჟურნალი „ცისკარი“ და დააარსა ქართული თეატრი. დიდი გოლიათობა ეჭივრებოდა იმ დროში ამაების სისრულეში მოყვანას, მაგრამ ახალგაზრდა მოღვაწემ ყოველივე სძლია, რადგანაც, მაშინდელმა მთავარმართებელმაც, მ. ს. ვორონცოვმა, წყალობის თვალით შეხედა, სამართლიანად დააფასა და მხარი მისცა გამოჩენილ მამულისშვილს. ამგვა-რად, თ. გ. ერისთავმა სამარადისოდ სახსოვარი საგანძური რამ შესძინა თავის სამშობ-ლოს და თავის თავსაც საჩინო ძეგლი აუგო.
ახლა გადავიდეთ საკუთრად მის მწერლობაზედ და გავშინჯოთ მისი ხასიათი.
მწერლობა ზნეობითი და გონებითი მესარკეობაა. ნაწერში, როგორც სარკეში, ნათლად უნდა ისახებოდეს მწერლის თანადროება მისის სისწორ-სიმრუდით, რომ საისტორიო სურათებად გადაეცეს მომავალ დროებს. და როგორც სარკეში ის იხატება, რაც მხოლოდ მის გარშემოა და რაც მის გულში ჩაჰყურებს, ისე პოეტის ნაწერშიაც იმას უნდა ვხედავდეთ, რაც მის გულს, როგორც ხალხის თანაზიარს, მოხვედრია. და მაშასადამე მწერალს ნება არა აქვს, რომ ყოველდღიურ საერო მოვლინებას, რაგინდ წვრილმანიც იყოს, თვალი აარიდოს. - რაც უფრო ნიჭიერია პოეტი, უფრო ძლიერად ექვემდებარება ამ ზემომოყვანილ პირობებს. - რასაკვირველია, რომ თ. გ. ერისთავიც ამგვართაგანი იყო მწერლობის მიზანი ერთა მხილებაა და მხილება კი ორგვარია: ყვედრებითი და დაცინებითი. ძნელი სათქმელია, თუ სად უფრო მეტი ნაღველია! პირველ შემთხვევაში სულის ამაშფოთრად ოხვრენ და ჰგოდებენ; მაგალითად ისე, როგორც ნ. ბარათაშვილი და მეორეში კი მხოლოდ იცინიან, მაგრამ, ვაი მისთანა სიცილს!.. ვინც გაარჩევს, იქ უფრო მეტს სიმწარეს დაინახავს... საზარელი სანახავია მოთქმით მტირალი ჭირისუფალი, მაგრამ ერთი-ორად კი უფრო შემაძრწუნებელია ის მაშინ, როდესაც, სრულიად ცრემლებ გამშრალი, უცნაურად ჯოჯოხეთის კილოზედ ხარხარებს! ამ უკანასკნელთაგანს ეკუთვნოდა გ. ერისთავი - თუმცა გაკვრით, მაგრამ სამუდამოდ ნიშანსადებლად კი ეხებოდა ყოველიფერს; არ დაუგდია, რომ სიცილით არ მოეხსენებინოს, არც ერთი მხარე და არც ერთი წოდება ჩვენის ქვეყნისა მისის სხვადასხვა იმ დროს მოვლინებით. გვიხატავს თავადაზნაურობის ვითარებას, გლეხების მდგომარეობას, ხელისუფალთა გაიძვერაობას, მაშინდელ რუსეთუმეების ქარაფშუტობას და სხვ. და სხვ. მაგრამ ყველაზედ უფრო ძლიერად კი სომეხთ ვაჭრობას და მით ის თითქმის ნახევარის საუკუნით ადრე წინასწარმეტყველებს მას, რაც ერთხელ ჩვენს ქვეყანაში სიმწარით ზოგიერთს თავს მოაფხანინებს. ბედნიერი მამულისშვილები არა თუ თვითონ მსახურებენ სამშობლოს, თვისის ზედგავლენით, სხვებსაც ამსახურებენ ხოლმე. ერისთავსაც ჰყავდა მიმბაძველები და მათ რიცხვში მისთანა შესანიშნავებიც, როგორიც იყო მისივე მოწაფე ზ. ანტონოვი.
უკანასკნელ დროს, ბატონყმობის გაყრაზედ მოსწრაფებულმა ხმებმა სადღესასწაულოდ გამოიხმო ახალგაზრდობა და ყველა მოწინავე პირები, მაგრამ თ. გ. ერისთავი კი, თითქოს, მონაწილეობას არ იღებდა ამ სიხარულში, როგორღაც დაღონებულად იყო და ეს, ცოტა არ იყო, რომ გასაკვირველად მიიჩნიეს ზოგიერთებმა. მაგრამ ნამდვილი მიზეზი კი სულ სხვა იყო: პოეტს უნდოდა ენახა ბატონ-ყმობის გაყრა ისე, რომ შემდეგისათვის საჭირბოროტო და საჩხიკინო აღარა დარჩენილიყო-რა, და რადგანაც წინანიშნები სულ სხვას უქადდენ, ის თავისებურის სიცილით, ნაღვლიანად ამბობდა ხოლმე: „ეს ფონი კარგია, მაგრამ ერთს ადგილას კი აღრჩობსო“ და ეს ნაღველი საფლავში თან ჩაიტანა ორის თვის წინეთ გლეხების განთავისუფლებამდე. თავისთავად ვალმოხდილმა პოეტმა დაუტევა სამშობლო, პირნათლად მიჰმართა გამოჩენილ წინაპართ და ჩაერიცხა მათ გუნდში, მათთან ერთად სამარადისოდ სახსენებლად.
(გიორგი ერისთავის თხზულებათა გამოცემა, 1884 წ.)
რედაქტორის შენიშვნები
ფოლადი თუ ტალს არ მოხვდა, ისე ნაპერწკალს ვერ გაჰყრის!
1. აკაკის ეს სტატია დართული აქვს გიორგი ერისთავის თხზულებათა კრებულს (თბილისი, 1884 წ., მეორე გამოცემა. ცენზორის ნებართვა 1883 წ. 29 ოქტომბრის თარიღით). თხზულებათა კრებულში აკაკის სტატიას მოსდევს ი. მეუნარგიას მიერ შედგენილი ვრცელი ბიოგრაფიული ნარკვევი გ. ერისთავის შესახებ.
![]() |
1.17 სახსოვრად |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს სერგეი მესხის მიცვალების წლისთავია! გონებას ჰსწამს მისი დაკარგვა, მაგრამ გულს კი არა სჯერა და კიდევ გვგონია, რომ, აი, სადაც არის, გააღებს კარებს, შემოვა და ჩვეულებრივის ღიმილით გამოგვეცხადება ჩვენი დაუვიწყარი ამხანაგი. ანდა სადმე ქუჩაში წინ შევხვდებით დაქანცულს, სახე დაღვრემილს, დღიურ-საშუალობის მაძიებელ რედაქტორს, რომ ხვალ კიდევ ერთი ნომერი გამოსცეს როგორმე! დიახ, სწორედ დღეს, ამ 21 მკათათვეს, წელიწადი შესრულდა, რაც ის აღარ არის ჩვენთან, მაგრამ განა წელიწადს შეუძლიან დაგვავიწყოს ის, ვისიც სახე და სახელი კუბოს კარამდე გულის ფიცარზე გვაქვს დაბეჭდილი? ვინ არ იცის, რომ სიჭაბუკის მეგობარი, რომლისთვისაც ადამიანს გული გაუზიარებია და რომელთანაც ერთად სიამოვნება და ლხინი უნახავს, სიკვდილამდე დაუვიწყარია? თურმე უფრო დაუვიწყარი ყოფილა ის, ვინც ჭირში გვერდში გდგომია და ვისთანაც, გარდა საერთო საზოგადო ტანჯვისა, გასაზიარებელიც არა გქონია-რა!.. დიახ, სანამ ის გზა, რომელზედაც ჩვენ ვიდექით, რომელსაც ვკვალავდით და სისხლის ოფლითა ვრწყავდით, არ მოგვშლია; სანამ ის მიზეზები, რომლისადმიც ჩვენ ერთად მივილტვოდით, არ გამჰქრალა, - სერგეი მესხიც ცოცხალივით ჩვენს გვერდით იდგომება სიმხნისა ნუგეშის მცემელად! ყოველი მოღვაწე დროს და ადგილის ვითარების დაფასებით უნდა იხსენიებოდეს... განსვენებული სერგეი იმ დროის მოღვაწეთაგანი იყო, რომელსაც მარტოხელობის პერიოდი (ხანა) უნდა დაერქვას ჩვენს ცხოვრებაში! მარტოხელა კაცმა, რომ საოჯახო ცეცხლი არ დაუქრეს, ყოველიფერი თვითონ უნდა აკეთოს, ყოველისფერს ხელი უნდა მოჰკიდოს; აქაც იყოს, იქაც და მისი დღე და ღამე ათასგვარ სხვადასხვა საქმეს უნდა მოანდომოს, როგორც წვრილმანს, ისე მსხვილებსაც. რასაკვირველია ცალ-ცალკე მის ნამუშევარს დიდი ძალა და ნამუშავრობა არ დაეტყობა, მაგრამ იმ ყველა წვრილმანებს რომ ერთად თავი მოვუყაროთ და ისე ავსწონოთ, მაშინ კი დავინახავთ იმ მარტოხელა მუშაკის ძალ-ღონესა და ბეჯითობას. როდესაც მისი მარტოხელობა გათავდება და ახალი მუშები წამოეზრდებიან, მაშინ კი სულ სხვა არის!.. იმ ერთის სამუშაო ბევრათ გაიყოფა, თვითოეული თვითო რომელიმე საქმეს დაადგება, საკუთრად მას მოანდომებს მთელს მის დროსა და ძალას და, რასაკვირველია, საქმე უკეთაც გაკეთდება. მაგრამ იმას მაინც არა აქვს ნება, რომ მამას უსაყვედუროს, აღარაფრად ჩააგდოს და უთხრას: მე, აი, როგორი მუშა ვარ და შენ კი ეს საქმე ჩემსავით ვერ გიწარმოებიაო! მაშინ მამას შეუძლია საფლავიდგანაც უპასუხოს: ჰოი, უმადურო და გაუსჯელო! შენ ერთს საქმეს ადგიხარ! წინაც გზა გაკვლეული გიძევს და მე კი დრომ და ჟამმა სულ სხვა მახვედრა წილადო სწორედ ამგვარივე მარტოხელობის ჟამი იყო საზოგადოთ, როდესაც სერგეი მესხი, ზოგიერთებთან ერთად გამოვიდა სამოქმედო ასპარეზზედ. გრძნობითა და სურვილებით აღვსილი ახალგაზრდა, ჭაბუკი, გამოდის ცხოვრების სარბიელზე და ჰხედავს, რომ მის წინ ორი გზა იშლება: ერთი საპირადო და მეორე საზოგადო. პირველი ექადის მას კეთილდღეობას, ყოველგვარ ხორციელ წარმატებას, ამაღლებას და დიდებას; მეორე კი ტანჯვას, სიღარიბეს, შიმშილ-წყურვილს, უმეტესობის, და მერე როგორის უმეტესობის, თვალში დამცირებას, უბრალო რამ სურვილებისაც კი უხმოდ გულში ჩაკვლას, სხვებისაგან დევნას, თავისიანებისაგან გაწირვას და სხვ. და სხვ. მაგრამ ის კი მაინც უკანასკნელს ირჩევს და საზოგადო გზას ადგება. ოხვრით იკიდებს წინათვე დასა-ხულ ტვირთს, მიდის, იქანცება, დნება ნელ-ნელა და ბოლოს იმ აუტანელ ტვირთს ქვეშ შუა გზაზე ეცემა და მხოლოდ ასე ესაყვედურება თავის უკუღმართ ბედსა: „ვაი, რა უდროვოთა ვკვდები!.. ჯერ კიდევ შემეძლო ჩემი საქმე გამეგრძო და მემუშავ-ნაო!..“, ი. მეტანჯაო, რაღა. წმიდა არის ამგვარი გრძნობა... და სათაყვანო!.. ბევრი გვყოლია ჩვენ მოწამეები და მამულისათვის თავდადებულები!.. მათი ტანჯვა და მოწმობა მსწრაფლი ყოფილა: ისინი რამოდენიმე საათში დაწურულან სისხლად ბრძოლის ველზედ და ან საკირეში ჩადუღებულან თვალსაჩინოდ და სათანაგრძნობოდ. ქება და დიდება მათ! მაგრამ რითი არიან მათზე ნაკლები ისინი, რომელთაც ხანგრძლივის მოწამეობით და ტანჯვით სული დაულევიათ?.. რას აძლევს ჩვენი ქვეყანა მათის შრომის სამაგიეროს ან მატერიალურად და ან ზნეობრივად? - ბევრს, ძალიან ბევრს... შეიძლება რომ რომელიმე მათგანს სადილი სადმე გაუკეთონ, მაგრამ თვითონ სადილის მიზეზი კი სადილის ჭამას გადაჩვეულიც იყოს... - რომ მოკვდება, ზოგიერთა კუდაბზიკები მხოლოდ თავის თავის გამოსაჩე-ნათ ყვავილების გვირგვინს დაადებენ თავზე... სიტყვასაც წარმოსთქმენ თავისავე საქებრად და გაჰყვებიან საფლავამდე თვალისსეირის სანახავად... გარდა ერთი-ორისა, უმეტესობა სწორედ ამგვარად მოიქცევა. და ნუ თუ ეს არის სამაგიერო მოღვაწის ნამსახურისა?.. ძალიან ცოტაა, ძალიან! მაგრამ სერგეი მესხისთანა კაცები ამ ცოტასაც არ მოითხოვენ თავის თანამოძმეებისაგან. იმათი სურვილი მხოლოდ ის არის, რომ მათ გზაზე მომავალში სხვებმაც გაიარონ! საუკუნოდ იყოს სერგეი მესხის ხსენება და იკურთხოს სამარადისოდ მისი საფლავი...
(„ნობათის“ დამატება, 1884 წ., №5-6)
რედაქტორის შენიშვნები
სახსოვრად
1. ავტოგრაფი - აკად. ს. ჯანაშიას სახელი საქართ. სახ. მუზეუმი, H - 1506/27, ფურც. 42r-45r.
2. დაიბეჭდა ჟურნ. „ნობათში“, 1884 წ., დამატება №5-6, გვ. 57-59.
3. აკაკის სტატია დაწერილია ს. მესხის გარდაცვალების ერთი წლისთავთან დაკავშირებით. ს. მესხის ხსოვნას აკაკიმ წინა წელს მიუძღვნა აგრეთვე ორი ლექსი - „ს. მესხის გარდაცვალებაზე“ და „სახსოვრად სერგეი მესხს“ (აკროსტიხი).
![]() |
1.18 მცირე რამ შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
გამოვიდა თუ არა ჩემი შავბედითი თხზულება „თამარ ცბიერი“, ზოგიერთებმა რუსულ გაზეთებში თანვე მოაყოლეს კილვა, რომ საკადრის ქაღალდზე არ დაუბეჭდიათ და რიგიანათ ვერ გამოუციათო. ეს საყვედური საკუთრად ჩემზედ რომ იყოს, ჩვეულებრივად გულში ჩავიცინებდი და გავჩუმდებოდი, მაგრამ, რადგანაც გამომცემელსაც ჰხვდება, უნდა ხმა ამოვიღო: ოცდაშვიდი წელიწადია, რაც ვსწერ და ჯერ კიდევ ჩემ ნაწერებს ცალკე წიგნათ გამოსვლა არ ღირსებია, მაშინ როდესაც სხვების, ჩემ თანამოკალმეების, მაგალითად სკანდარნოვის, რიჟან-ოღლანის და მათის დამქაშების ნაწერები კი ცალ-ცალკე წიგნებათ განმეორებით იბეჭდებიან. მე უსაშუალო ვიყავ რომ გამომეცა და სხვისაგან დახმარება აბა რა საფიქრებელი იქნებოდა?!.. დღეს გამოჩნდა კაცი, რომელმაც იკისრა ჩემი ნაწერების გამოცემა!.. მითი ის ვერც სახელს შეიძენდა და ვერცა რამ სარგებელს ნახავდა. მხოლოდ ჩემთან პირადი დამოკიდებულება ახელმძღვანელებდა. მართალია, მე რომ მეთხოვა, ის ოქრო-ვარაყშიდაც ჩასვამდა იმ გამოცემას, მომეტებულ ხარჯს არ დაერიდებოდა... და კიდევაც მოინდომა, მაგრამ მე არ დავეთანხმე და აი რა მიზეზითაც: სრულიათ არ მესმის, რა საჭიროა მდიდრულად წიგნის გამოცემა ჩვენში, მაშინ როდესაც, როგორც კერძოთ, ისე საზოგადოთაც ყველას კუჭი გვიხმება?.. ცხონებული გადიაჩემი იტყოდა ხოლმე: „შვილო! მორთვა-მოკაზმა და გარეგანი დიდება ქვეყნად რჩეულთაგანს შეჰშვენისო, თორემ მე ლაინის კაბაც კარგად მეკადრებაო!“ მისი არ იყოს, მდიდრულად დეე, სხვებმა გამოსცენ ჩვენში მათი გრძნობა-გონების ნაწარმოები და ჩემთვის კი ესეც საკმაოა. მე კი ჩემის მხრით გულითად მადლობას ვსწირავ ბ-ნს ნ. დიასამიძეს, როგორც გამომცემს და სხვებს, - იმ ზოგიერთებს ან ჩემთვის რა მოუბარებიათ და ან მისთვის, რომ მოგვთხოვონ? იმათი ქცევა შემდეგ ამბავს გვაგონებს: ერთი მდიდარი გაქურდეს ისე, რომ სახლში აღარა დარჩენია-რა; ბევრი ძვირფასი ნივთი წაიღეს, მაგრამ სახლისპატრონი კი იმან უფრო შეაწუხა, რომ ვერცხლის ხონჩა მოჰპარეს!.. „რა ვქნა, რა მეშველებაო?“ ამბობდა, - „ამდენი მიწერ-მოწერა მაქვს და როგორღა წავი-კითხო წერილი, რომ მომივიდესო?“ საბრალო, დარწმუნებული იყო, რომ თუ არ ვერცხლის ხონჩით შემოტანილი, ბარათი ისე არ წაიკითხებაო.
(ივერია, 1886 წ., №62)
რედაქტორის შენიშვნები
მცირე რამ შენიშვნა
1. დაიბეჭდა გაზ. „ივერიაში“, 1886 წ., №62-ში.
2. „თამარ ცბიერი“ ცალკე წიგნად გამოვიდა 1886 წ. თბილისში. მისი გამომცემელი იყო ნიკო დიასამიძე.
3. ნიკო დავითის ძე დიასამიძე (1845-1897) - აკაკის მეგობარი, საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, ქართული თეატრის მოამაგე. თავისი ქონება ნ. დ-მ ქართველ საზოგადოებას უანდერძა. აკაკიმ მისი გარდაცვალების გამო დასწერა ლექსი „ნიკო დიასამიძის სახსოვრად“. ნ. დ-ს შესახებ იხ. სოფ. მგალობლიშვილის მოგონებანი, 1938 წ., გვ. 181.
![]() |
1.19 რამდენიმე სიტყვა ბატ. ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ „ვეფსისტყაოსნის“ გამო |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემი უკანასკნელი საუბარი „ვეფხისტყაოსნის“ თაობაზე შემდეგი სიტყვებით დავაბოლოვე: „ბატონებო, მოგახსენებენ, რომ მგალობელ-არტისტები საზოგადოთ ჯიუტები არიანო. თუ ერთხელვე გაკერპდენ, მათი გამობრუნება ძნელია. მათზე აღარა სჭრის არც ვედრება, აღარც ყვედრება და არც სხვა რამე და უკანასკნელი სახსარი ისღა არის, რომ მათთან წამოაყენებენ ხოლმე სხვა რომელსამე მდარე არტისტს და ამღერებენ. შეეშლება თუ არა ჰანგი უხეირო მღერალს, მაშინ ჯინზე მოსული არტისტ-მგალობელი, ხელოვნების შეურაცხყოფის ვეღარ ამტანი, თვითონვე გამოდის და თავისთავად დაიწყებს მღერას ყველას სასიამოვნოთ. მეც ამჟამად იმ უხეირო მღერლის დღეს ვაყენებ ჩემ თავს. ჩვენს ქართველობაში ბევრი მეგულება ჩემზე უფრო ნასწავლი, ნიჭიერი და დახელოვნებული, როგორც საზოგადოთ ყველაფერში, ისე კერძოთ „ვეფხისტყაოსნის“ შესახებაც და თუ ამ ჩემმა დღევანდელმა გამბედაობამ ისინიც როგორმე გამოიტყუა საასპარეზოთ, ჩემი სურვილი დაკმაყოფილებული იქნება და მეც უფრო თამამათ შემეძლება ბოდიში მოვიხადო თქვენთან, თუ ნამეტანი ლაპარაკით თავი როგორმე შეგაწყინეთ“. არ გაუვლია დიდ ხანს, რომ ჩემი მოაზრება გამართლდა და არა თუ ისინი, ვისზედაც მე ვფიქრობდი, თვით მათი მთავარიც კი, ბატონი ილია ჭავჭავაძე, გამობრძანდა მოძღვრათ. ნათქვამია: „კარგ მთქმელს გამგონიც კარგი ეჭირვებაო“ და, მაშასადამე, ბატ. ჭავჭავაძის სიტყვას, როგორც საგულისხმოსა და ყურადსაღებს ცალყბათ მიგებება არ შეჰფერის და ჩვენც ჩვენი შეძლებისდაგვარათ სიმდაბლით, გულწრფელათ მივეგებებით.
ერთისა და იმავე აზრის გადასაცემათ უმთავრესად სამგვარი საუბრის კილოა საჭირო: 1) როდესაც მსმენელი შეგნებულია და მახვილგონიერი, იმისათვის მრავალ-მეტყველება აღარ არის საჭირო, გაკრულ-გამოკრული სიტყვებითაც გაიგებს დედა-აზრს; 2) თუ მსმენელი ჩქარი მოაზრე არ არის, იმას უფრო დალაგებით ესაუბრებიან და ხშირათ უმეორებენ არა თუ ფრაზებს, სიტყვებსაც და 3) თუ მსმენელი გონება ჩლუნგია, იმის შესაგონებლათ სხვადასხვა ხერხებს იგონებენ და უმთავრესათ ეჩიჩინებიან. საზოგადოთ ჩემს ლექციებზე მე არ ვეგულებოდი იმ ზოგიერთებს, რომლებისთვისაც საჭირო გახდა განმეორებით უბნობა, მაგრამ ახლა კი ჭავჭავაძის წერილებით ჩანს, რომ, თურმე, ჩიჩინიც ყოფილა საჭირო! ამას მე ვერ შევჰკადრებ საზოგადოთ მსმენელებს და მით უფრო ჭავჭავაძეს... „საჩიჩინოთ“ მიმაჩნია მხოლოთ ის მცირე გუნდი ზოგიერთებისა, რომელმაც ჩემი სიტყვები თავისებურათ გაიგო და რომლის აყოლითაც ბატ. ილია ჭავჭავაძემ სამსჯავროზე გადმოდგა ფეხი ბანის სათქმელათ. „აყოლით“ მეთქი მიტომ ვამბობ, რომ ბატ. ჭავჭავაძე არ ბრძანებულა ჩემს ლექციებზე და, მაშასადამე, თუ არ გაგონებით, თავისთავად როგორ ეცოდინებოდა, თუ რითი დავათავე ჩემი საუბარი და როგორ დავსკვენი? შეიძლება ბრძანოს, რომ მე იმთავითვე, წარმოითქვა პირველი სიტყვა თუ არა, შევატყვე, რაც უნდა თქმულიყო და რითაც უნდა დაბოლოვებულიყო საუბარიო და სხვანი. შესაძლებელია!.. ნამეტანი გამჭრიახობა იგივე გულთამხილაობაა, მაგრამ გულთამხილავმა მხოლოთ ის უნდა ამოიკითხოს სხვის გულში, რაც იქ სწერია და არა ის, რაც თვითონ სურს რომ ჩაწეროს. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ ბატ. ჭავჭავაძეზე, მაგრამ რა ვქნა, რომ არ შემიძლია შევიწამო ის, რაც არ მითქვამს!.. „ხასიათების გარჩევის დროს უსამართლოთ, ურიგოთ მოიხსენია ქართლელები და იმერლებიო, დასცინა, გაჰკიცხა და მით შეურაცხყოფა მიაყენაო“, ავრცელებენ ზოგიერთები ჩემზე! და ეს მართალია თუ არა? კეთილსინდისიანი მსმენელების მოწმობით ვიმეორებ აქ ბეჭდვით იმ სიტყვებს, რომლებიც მაშინ წარმოითქვა ან ერთისა და ან მეორის შესახებ.
„ქართლელი საზოგადოთ გულწრფელი, სიმართლის მოყვარე და გაუდრეკლათ პირდაპირი ხასიათის მიმდევარია; საოცარი ვაჟკაცი და იმავე დროს იმდენათ დიდსულოვანი, რომ სხვისი დანაშაულობის ადვილად მიმტევებელია. დღეს, როდესაც დრო და ვითარება შეეცვალა, დამძიმდა, ზარმაცსა ჰგავს, დღიური ვარამს თავს ვეღარ ართმევს და წვრილმან საქმეებს რომ შეეჭიდოს, ვერ ახერხებს, მისი ბუნების წინააღმდეგია. და რადგანაც ცხოვრება დღეს წვრილმანი მოვლინებების ხორხალია (აკიდო), ამიტომაც ის, ე.ი. ქართლელი, ცხოვრებაში ვერ მოთავსებულა. ამას გარდა, მას უყვარს ბაქიაობა. მაგრამ ის ბაქიაობა, თუ კი კარგათ დავუკვირდე-ბით და გავიგებთ, მისი დამამცირებელი და შემარცხვენი არ არის, რადგანაც იმ ბაქიაობაში იხატება ისეთ გვარი სულისკვეთება, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ადიდებს. იმის ბაქიაობა საუბარია მხოლოთ ქველმოქმედებისა და სხვა მრავალგვარი საგმირო და სამამაცო საქმეებისა. სანამ კარგათ არ დაუახლოვდები ქართლელს, ის თავის უპატიური და დაუდევარი გეგონება, მაგრამ ეს სულ მოჩვენებული ჭეშმარიტებაა და არა ნამდვილი. მოვიყვან ერთ კერძო მაგალითს, რომელიც საზოგადო ხასიათსაც ხატავს: ერთი გლეხის კამბეჩი შესულიყო სხვის ბოსტანში, ბოსტნის პატრონს ეწყინა და გლეხი გალახა. გლეხმა ხელი ვერ შეუბრუნა, მხოლოთ ეხვეწებოდა საცოდავი, რომ „კმარა, მეყოფაო“ და თანაც შესაბრალი სანახავი იყო იმ დროს ის ლაჩარი... მაგრამ, როდესაც იმავ ბოსტნის პატრონმა წკეპლა გადაჰკრა კამბეჩს, მაშინ კი რაღაც უცნაურმა ძალამ სრულიად გადაქმნა ის ლაჩარი გლეხი: ვეფხვივით მივარდა ბოსტნის პატრონს, თვალის დახამხამებამდი ამოიდო ქვეშ და ხელიდან ვეღარ გამოაცალეს. „კაცო, რატომ შენი თავი ვერ დაიფარე მეთქი?“ ვეკითხებოდი და ის პასუხად მხოლოდ ამას მეუბნებოდა: „კამბეჩს რა დანაშაული ჰქონდაო?“ თურმე ის, თავის საქონელს რომ ყური ვერ უგდო, თავის თავს თვლიდა დამნაშავეთ და შეურაცხყოფაც მიტომ აიტანა, მაგრამ უმართლოთ კი პირუტყვიც არავის დააჩაგვრინა“.
„ამგვარი მაგალითები ბევრია, მაგრამ ავიღოთ ახლა საზოგადო: ძველადანვე, როცა ქართველობა ერთპირათ საზღვრებზე იდგა და ქვეყანას შემომსევ მტრებისაგან იცავდა, იმმავე დროს სცხოვრობდა ერთგვარი ხალხი, რომელსაც ვაჭრებს ეძახდნენ. იმათ სხვა საქმე არა ჰქონიათ-რა, გარდა უკუღმართი აღებმიცემობისა, ისინი, შინაურების მოტყუებით და დროს შერჩევით, მიწა-წყალს, ე.ი. მამა-პაპეულ ადგილ-მამულს, ნელ-ნელა ხელიდან აცლიდენ!... მაგრამ წარმოიდგინეთ საზოგადოთ ქართველების ხასიათი, რომ თუმცა გული კი წყდებათ, მაგრამ მტრულის თვალით კი მაინც არ უყურებენ იმ ძალათმოზიარეებს, რადგანაც გრძნობენ, რომ მათი თანხმობითაც მოხდა ის საქმე. თავს დამნაშავეთა თვლიან და ითმენენ. მაგრამ აბა უმიზეზოთ, უდასტუროთ და მათ უნებურათ მოინდომოს იმავ მოვაჭრემ, რომ ქართლელს რამ წაართვას და ნახავს რაც მოუვა! სწორეთ საკვირველია ქართლელის სულგრძელობა!.. რას არ მოითმენს, თუ კი ცოტაც არის თავს დამნაშავეთა თვლის?! სხვის დანაშაულობას კი ადვილათ ივიწყებს და აღარ ირჩენს გულში! ეგება ბრძანოს ვინმემ, რომ ეს ხომ საოცარი ქრისტიანობრივი კეთილმოქმედებაა და ნუთუ აქამდი მიაღწევს ქართლელიო? აქ გასაკვირველი არა არის რა. ვის უნდა ჰქონდეს ეს დიდი ღირსება, თუ არ ქართლელს, რომელმაც ქრისტეს მოძღვრება მრავალსაუკუნეების განმავლობაში თავის არსებაში განიხორციელა? საკვირველია, რაც ზნე, ხასიათი და განსაკუთრებით თვისებები შევნიშნეთ დღევანდელ ქართლელს, იმასვე ვხედავთ ტარიელშიაც, მხოლოთ იმ განსხვავებით, რომ ტარიელის სარბიელი უფრო დიდი საგმირო იყო და უფრო ნათელიც, ასე რომ დღევანდელი ქართლელი იგივე ტარიელია, მხოლოდ დაკნინებული“.
„იმერელი დიდი ნიჭის მექონია, მოფიქრებული, გონიერი, წინ დახედული და გამჭრიახი: გულს ვაგლახათ არ აჰყვება, „ასჯერ გაზომავს და ერთხელ გამოსჭრის“. ბუნება მალხაზი და მოუსვენარია; საქმეს არ ერიდება იმ მიზეზით, რომ დიდი საქმე დღეს აღარა მაქვსო. ქართლელი კი უსაქმურათ არ დადგება: საჭიროების დროს პატარა, წვრილმან საქმეებსაც გულდაგულ ჰკიდებს ხელს. მაგრამ ბუნებისაგან ამ უხვათ მონიჭებულ სიმდიდრეს დღევანდელი იმერელი, დრო და ვითარების მიხედვით, უკუღმართად ხმარობს. მრუდე გზას ადგას, მიხვეულ-მოხვეულობა უყვარს ცხოვრებაში. დღეს ის გაუტანელია, შურიანი და მოძმის ხელის შემშლელი. მართალია, ეს თუმცა ყველა ასეა, მაგრამ მისი ძირეული ხასიათის ბრალი როდია. ამ უკუღმართობას მისი დედა-ბუნება როდი თხოულობს. მხოლოთ, უკეთეს დრომდე გარემოება აიძულებს. ამას ის ამტკიცებს, რომ იმერელი მხოლოთ თავის სამშობ-ლოში, სადაც ყველას სიფრთხილითა და მიუნდობლათ უყურებს, უკუღმართობს და სხვაგან კი თავის სამშობლოს გადაღმა, ყოველგვარათ სრულია და საქები. თავის თავსაც არგებს და სხვებისათვისაც გამოსადეგია. ადვილათ ტოვებს თავის შვენიერ მიწა-წყალს და მიდის შორს სადმე იმ განძრახვით, რომ იქ თვალი გაახილოს, შეიძი-ნოს რამე, გონებითად, ზნეობითად თუ ნივთიერად და მერე გამდიდრებული დაუბრუნდეს თავის სამშობლოს. დღევანდელი მისი უკუღმართობა, მართალია, მოსაწონი არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც ნება არ გვაქვს, რომ ზიზღით ვუყუროთ იმერელს, რადგანაც ეს დროებითი და იძულებითი მოვლინებაა და კიდეც ამ გვარათ იქცევა იმერელი. თუ ქართლელის მცნება ანდაზაა: „ან მოჰკლავს, ან შეაკვდებაო!“ იმერელის სულ სხვაა: „ხერხი აჯობებს ღონესო, თუ კაცი მოიგონებსო“, „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო“, „ზოგჯერ თქმა სჯობს უთქმელობასო“ და სხვანი. ერთი სიტყვით, დღევანდელი იმერლის მოქმედებაში ბევრი საძრახი რამ მოჩანს, მაგრამ იმავე დროს აქვე სამერმისოთ ბევრი საიმედო და სანუგეშოც რამ იხედება! როგორც ტარიელი ქართლელს, ისე ავთანდილიც იმერელს წარმოგვიდგენს. ავთანდილშიაც იმ თვისებებს ვპოულობთ, რაც იმერელს შევნიშნეთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ავთანდილის სარბიელი უფრო ვრცელი, ფართო და ბრწყინვალეა და მიზანიც უფრო წმინდაა. ერთი სიტყვით, დღევანდელი იმერელი ისევე ავთანდილია, მხოლოდ დამცირებული და გადაუკუღმართებული“.
აი, რა წარმოვთქვი მე უმთავრესად ქართლელებსა და იმერლების შესახებ ლექციების დროს და დასამტკიცებელი ფაქტებიც ბევრგვარი წარმოვადგინე. მე რაცა ვთქვი, არც მათ საქებლათ მითქვამს და არც საგინებლათ, მხოლოთ სიწრფელით აღვიარე ჩემი შეხედულობა. ახლა ნება მაქვს ვკითხო იმ ზოგიერთებს, მებუკეებათ რომ გამოსულან და გადასხვაფერებულათ ავრცელებენ ჩემ ნაუბარს: ვერ გაიგეს დედააზრი და გულწრფელად ჰბოდვენ, თუ განზრახვით ამახინჯებენ სხვის სიტყვებს? ორივე შემთხვევაში იმათზე არა ღირს ლაპარაკი და მათგან არა მოითხოვება რა ისე, როგორც იმ ბავშვებისაგან, რომელნიც წამხედურობით ხახვის ფოთოლს (ღერს) თავს წააგლეჯენ, ვითომ სტვირიაო, ჩაჰბერვენ და სულ „პიიპუ-პიიპუს“ აძახებენ ხოლმე. მაგრამ აქ მისთანა ვინმე აძლევს მათ კრიმანჭულ ბანს, რომ გაჩუმება აღარ შეიძლება. ბატ. ილია ჭავჭავაძეც იმასვე ამოწმებს ბეჭდვით, რასაც ისინი სიტყვით აღიარებენ და ზედაც დაცინვით უმატებს: „საოცარია კამბეჩისა და გლეხის ამბავიო“. რა არის საოცარი და სასაცილო იმ ჩემ ნათქვამ კამბეჩისა და გლეხის ამბავში, რომ ისე ახირებულათ მოხვდათ გულში ყველას - ბატონ-ყმიანათ? ნუთუ მართლა უაზროდა და უადგილოთ იყო ნათქვამი? ეგებ ბატ. ჭავჭავაძეს ის არ მოეწონა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ თავობაზე საუბრის დროს ჩვენ მიწაზე ფეხი დავდგით და უღირსი საგნები ვახსენეთ: გლეხი და კამბეჩი, მაშინ როდესაც აღმაფრენა იყო საჭირო და ვარსკვლავებთან ჭიკჭიკი? შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს, მაგრამ ჯერ სხვებს დავაცლით აღმასაფრენ გარჩევას „ვეფხისტყაოსნისას“ და ჩვენ მაინც იმ აზრზე ვდგებით, რომ თვით რუსთველსაც მიწაზე ედგა ფეხი და თუ იმავ დროს ცასაც მიაჭირა თავი, ეს მისი სიდიდის ბრალი იყო და არა მისი, რომ ვითომ ის ქვეყნიდან მოსხლეტილიყოს! მაგრამ აქ ამაზე ჩვენდა თავად მეტს აღარას ვიტყვით და მხოლოთ შევუდგებით იმ ბრალდებითი საბუთების განხილვას, რომლებითაც ბ. ჭავჭავაძე დაბეჯითებით და დინჯათ კანანახობს.
„ეს ფონი კარგია, მაგრამ ერთს ალაგს აღრჩობსო“, „ეს კაცი ძალიან ჭკუიანია, როცა სძინავსო“, „ეს და ეს ვინმე ძალიან გულადია, როცა გარბისო,“ და სხვ. ამ ვითომდა საქებარ კილოს ხმარობს ხალხი, როდესაც ძალიან გულით უნდა, რომ ვისმე დასცინოს. ეს კილო ბატ. ჭავჭავაძესაც კარგად შეუთვისებია, რომ მით უფრო ხელმარჯვეთ გვტყორცნოს ისარი, მაგრამ ის კი ავიწყდება, რომ ისრათ ნამდვილი საბუთი უნდა იხმაროს და არა მისგანვე შეწამებული!.. და რომ ის ამ კანონს არ ემორჩილება, ამას ახლავე დავინახავთ.
მე ჩემი საუბარი „ვეფხისტყაოსნის გამო“ ასე დავსკვენი: „თუმცა თვით ავტორი კი გვარწმუნებს, მაგრამ ეს ამბავი სპარსულით არ არის გადმოღებული. აქ უცხო არა არის რა და მოთხრობაში დასახელებული ქვეყნები მხოლოთ გადარქმეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეებია; ხალხიც ქართველთა ტომია და პოემის გმირებიც მათი წარმომადგენლებია. ამას იმათი ზნე, ჩვეულება, თვისება და ცხოვრების წესწყობილება გვიმტკიცებს. ამას გარდა, ეს თხზულება არც ზნეობითი ალლეგორიაა, როგორც გვიმტკიცებს ვახტანგ მეფე, არც ამაო რამ საავზნეო ზღაპარი, როგორც ამბობს ანტონ კათალიკოსი და არც საკუთრათ თამარის ქება და რუსთველის პირადი გრძნობები, როგორც ზოგიერთებსა ჰგონიათ!.. დედააზრი სულ სხვაა: ეს გენიოსის წინასწარმეტყველებაა, მარად სახელმძღვანელოთ ავტორისაგან რუკად გადმონაცემი! უკვდავმა მგოსანმა თვალდათვალ დაგვანახვა, რომ ვერც ტარიელი მისი გმირული პირდაპირობით, ვერც ავთანდილ - საოცარი გამჭრიახობით და ვერც ფრიდონ მისი საჭურჭლით ცალ-ცალკე ვერ გამოიხსნიდენ დაკარგულ ნესტან-დარეჯანს, თუ ერთმანეთისათვის ძმურათ მხარი არ მიეცათ და ერთი მეორის შეთანხმებით არ ემოქმედნათ!
აი, ბატონებო, ამ მცირე აზრის დამტკიცებას მოუნდა ის დრო, ის რამოდენიმე საათი, რომელიც მე ხელთა მქონდა და უმთავრესი აზრები კი სამერმისოთ გადაიდვა. „ვეფხისტყაოსანი“ ისეთი თხზულება არ არის, რომ რამდენიმე სიტყვით გაათავოს იმაზე კაცმა საუბარი! იმის გასარჩევათ წელიწადებია საჭირო და, მაშ, ჩვენ რა უნდა მოგვესწრო რამდენიმე საათის განმავლობაში? ამიტომაც არ შევხებივართ და არა გვითქვამს-რა არც „ვეფხისტყაოსნის“ საზოგადო, მსოფლიო მნიშვნელობაზე, არც გარეგან შვენიერებაზე და არც იმ სამეცნიერო და საფილოსოფოსო აზრებზე, რომლებიც შიგადაშიგ საოცარი ხელოვნებით ჩაუნერგავს ავტორს და სხვ. აი, რა იყო ნათქვამი და ამ სიტყვების შემდეგ ვიღას ჰქონდა სიმართლე, რომ ეკითხა ჩვენთვის: „ყველაფერი ის, რისაც კი თქმა შეიძლებოდა „ვეფხისტყაოსანზე”, რატომ სრულათ, დაბოლოებულათ არ იყო წარმოთქმულიო? რატომ ყველაფრის თქმა ვერ მოასწარ რა- მოდენიმე საათის განმავლობაში და მით შეურაცხყოფა მიაყენე თხზულებასაცა და შემთხზველსაცაო?“ როდის შემოსულა ეს კანონი, რომ, რადგანაც ერთ თავად ყოველიფერის თქმა არ შეიძლება ზოგიერთ საგანზე, ამისთვის აღარც მის რომელიმე ნაწილზე ილაპარაკოთო?! ავიღოთ სამაგალითოდ თვით ის შექსპირი, რომელიც ბატ. ჭავჭავაძეს ხშირათ აგონდება. ვინ მოთვლის, რამდენი რამ დაწერილა მის თხზუ-ლებაზე! განსაკუთრებით ბიბლიოთეკაც არსებობს მის ნაწერების შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დაუბოლოებიათ იმაზე საუბარი და მსჯელობა! რომელიმე ერთი აზრის, ერთი მუხლის და სიტყვის გამოსარკვევათ მრავალფურცლოვან წიგნებს ადგენენ, მაგრამ არა მგონია, რომ იმათ ყველას ერთად და თვითეულს ცალ-ცალკე უკიჟინონ: რატომ ყველაფერი, რისაც კი თქმა შეიძლებოდა შექსპირზე და მის თხზულებაზე, სულ ერთად არა თქვით, არ მოათავეთო და სხვ. სწორეთ ამნაირ გზას დადგომია ჩვენს შესახებ ბატ. ჭავჭავაძე და ამასაც ხომ აღარ გვაკმარებს. ისეთ რამეებს გვეწამება, რაც არა თუ არ გვითქვამს, მხოლოთ გულშიაც რომ გაგვლებოდა მიუტევე-ბელი შეცდომა იქნებოდა. მაგალითად, აი, რაებს ამბობს ჩემზე: „მდიდარი და ფართო მოედანი „ვეფხისტყაოსანისა“, ჭეშმარიტის კრიტიკის ფრთის გასაშლელათ ვრცელი სარბიელი, შეცდომით, ან განგებ ვიწრო ფარგლებში მოუმწყვდევიაო“ და სხვ. „იმ საბუთით, რომ ტარიელი ზარმაცია, ავთანდილი წინდახედულია და მებრვე სხვა, რუსთველი უბრალო ეტნოგრაფის საჩხირკედელო საქმეზე ჩამოუხდენია და მით პეგასზე მჯდომი ცხენოსანი დაუქვეითებიაო!“ „ნუ თუ ის ახოვანი, ღონიერი, ჯანმთელი, სულითა და გულით ძლიერი, უშიშარი ვაჟკაცი - ტარიელი - რუსთველმა თავის ნებაზე ბოლოს მჩვრათ აქცია და ყველას ამას სხვა მიზეზი არა აქვს-რა, გარდა რუსთველის თვითნებობისა და ზარმაცი ქართლელის გამოსახვის სურვილისა?! ეს რომ ასე იყოს, მისი თხზულება ხომ პამფლეტი იქნებოდა, თუ ძაგებაა და რეკლამა, თუ ქებაა, და არა დიდებული ნამოქმედარი შემოქმედებისა“ და სხვ.
აქ, რასაც ბრძანებს ბატ. ჭავჭავაძე, ყველა კარგია, მაგრამ საიდან წარმოუდგენია ის, რომ ვითომ ჩემი აზრი და ჩემი ნათქვამი იყოს ესეები ყველა და არა საკუთარი მისი ოცნება? მთელს ჩემ საუბარს რომ თავი დავანებოთ და მარტო ის ნაწყვეტები ავიღოთ, რომლებიც სანიმუშოდ ზემოთ მოვიყვანეთ, მე მგონია, მაშინაც უნდა დარწმუნდეს ყველა, რომ მე ის ფიქრადაც არ მომსვლია, რასაც ბატ. ჭავჭავაძე ასე გულდაგულო მწამებს. და რამ აიძულა? ვერ გაიგო? შეუძლებელია! განძრახვით გადაასხვაფერა? რა საფიქრებელია! აბა რა? ის, რომ, უთუოდ, როდესაც მე დაბლა ვიდოდი, ის აღმა ჰფრენდა მაშინ. არ მისმინა, არ უგდო ყური ჩემ საუბარს და განაგონებს მიენდო! ეს შემდეგი საბუთებით უფრო ნათლათ მტკიცდება: მე ვთქვი ტარიელზე და ავთანდილზე: „ტარიელი დიდებული ბუნების კაცია, მაგრამ ნამეტნავათ გულის ამყოლია; ხშირათ თავს ვეღარ იჭერს. მისი უზომო გრძნობა ხელსა ჰრევს გონებას და ამის გამო გმირი საფრთხეში ვარდება ხოლმე. თავის დღეში არ მოუვა ამ გვარი რამ ავთანდილს, თუმცა ნაკლები ბუნებისა და მდარე გრძნობის არც ის არის! ეს გმირი მისთანას არას იზამს, რომ გრძნობა გონებას არ დააკითხოს: „ასჯერ გაზომავს და ისე გამოსჭრის“ და სხვ. აქ მე გმირი ერთმანეთს შევუდარე და სამაგალითო საბუთებიც ბევრი მქონდა ხელში. ბატ. ჭავჭავაძეს კი ასე გაუგონია, რომ მე ტარიელს უგნური, ზარმაცი ქართლელი დავუძახე და ავთანდილს უგრძნობელი, ცბიერი და მძიმეთ აღჭურვილი იმერელი. ამ ჩემგანვე ზემოწარმოთქმულ აზრს იმ გმირების შესახებ მევე მიმტკიცებს!! ნეტავი ვისთვის და რისთვის დაუხარჯავს იმოდენა კეცა-კეცა ფრაზები და მრავალ-სართულიან ზედ შესრულებით შეკაზმული გოლიათი სიტყვები? თუ მე მართლა ვერ მოვახერხე ჩემი აზრის ნათლათ და გასაგებათ გამოთქმა და საბუთებიც ხეირიანი ვერ მოვიტანე, მაშინ ჯერ უნდა ის ჩემი საბუთები გაერჩია, დაემტკიცებია მათი უვარგისობა ბატ. ჭავჭავაძეს და მერე თავის საკუთარი საბუთებითა და უფრო საგულისხმო ლოღიკით გამოელაშქრა!.. თორემ ჩვენსას არ იხსენიებს, თავისი საკუთარი საბუთი მოჰყავს და ისიც მისთანა, რომელიც თავისთავად ვერას ამტკი-ცებს! ასე რომ, თუ მე ჩემი საკუთარი საბუთები არა მქონდეს ტარიელის დიდბუნებიანობის დასამტკიცებლად და მარტო ჭავჭავაძის საბუთზე დავრჩე, მაშინ ჩემ თვალში ტარიელის გმირობას სანაცარქექიო ფერი დაედებოდა.
აბა რა საბუთია ამის თქმა, რომ „ტარიელს ეცინება - იცინის, ეტირება - სტირის, ყოველთვის გულის ამყოლია, გრძნობას ვეღარ ერევა და ეს მსოფლიო გმირობის ნიშნებიაო“ და სხვ. ასე რომ იყოს, მაშინ ხომ უსუსური ბავშვებიც მსოფლიო გმირები იქნებოდენ, რადგანაც ისინიც მხოლოთ გულის ამყოლი არიან და გრძნობის მორჩილი? მაგრამ ტარიელი იმავ დროს გონიერიც არისო, ამბობს ჭავჭავაძე, ამას მისი შემდეგი სიტყვები ამტკიცებსო:
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან! (საწუთროს ნდომასო).
„თუ ბრძენი არ იყოს, ამას ვერ იტყოდაო“.
სწორე მოგახსენოთ, ეს საბუთი დიდი ვერა არის-რა, ჩვენდა თავად რომ კიდევ სხვა საბუთები არა გვქონოდა, არ გვქონდეს და მარტო ჭავჭავაძის ეს ერთადერთი საბუთი ვიკმაროთ, დიდ აზრს ვერ შევადგენდით ტარიელის ჭკუა-გონებაზე!.. უჭკუო კაცი ბევრჯერ იტყვის: „ჭკუა რომ მქონდეს, ასე ვიზამდი და ისეო“. მაგრამ ეს კიდევ არ ამტკიცებს მის ჭკუიანობას. საპყარი იტყვის: „ფეხები რომ მქონდეს, მთელ ქვეყანას შემოვირბენდიო“, მაგრამ ამით მისი მუხლების სიმაგრე არ მტკიცდება. დედაბრებიც ხშირათ წუწუნებენ ხოლმე: რომ ვიყოთ, რას არ მოვიმოქმედებდითო“ და სხვ., მაგრამ ამით ისინი ბევრს ვერას არიგებენ და მაინც ისევ ისე დედაბრებათ რჩებიან. თათრული ანდაზაა: „ვინც უზალთუნს მიწუნებს, იმან უნდა აბაზი მაინც ამოიღოს და მიჩვენოსო“. მისი არ იყოს, ტარიელის გრძნობა-გონების დასამტკიცებლათ ჩვენგან მოყვანილი საბუთები თუ დაიწუნა ბატ. ჭავჭავაძემ, მისი საკუთარი საბუთები სადღა არის? ეს მხოლოთ, რაც უთქვამს? ფიიე!.. განა ეს საბუთია?! ამგვარათვე იქცევა ქალების შესახებაც. აი, მე რას ვამბობდი იმათ შესახებ:
„ნესტან-დარეჯანიც ტარიელივით დიდებული ბუნების მექონია და გრძნობა გადაჭარბებული, მაგალითად: როდესაც ტარიელი პირველათ ნახა, გრძნობამ აიტაცა: ერთსა და იმავე დროს ორი სხვადასხვა გრძნობა აეძრა გულში: კრძალვა სირცხვილისა და სიყვარულისა. ხმა ვეღარ ამოიღო, მაგრამ იმ ხმის ჩავარდნით უფრო მეტი გრძნობა გამოთქვა, ვიდრე მრავალ მეტყველებით. სულ სხვა გვარათ გვეჩვენება თინათინი, თუმცა არც გრძნობაში და არც სიყვარულში ნესტან-დარეჯანს არ ჩამოუვარდება“ და სხვ. საკვირველია, რომ აქაც ბატ. ჭავჭავაძე ისევ იმას ამტკიცებს, რასაც მე ვამბობ და მთელ ფურცლებს აჭრელებს იმაზე, თუ რა არის გრძნობა? როგორ სხვადასხვა რიგათ იჩენს ხოლმე თავს? თავის საკუთარ მსჯელობას, რომელიც არავისათვის გაუგებარი არ არის, ლესინგის აზრებსაც უმატებს და ჰომეროსი მოჰყავს, მაგრამ ვისთვის და რისთვის? ეგება ჩემი ნათქვამი ბუნდოვანი იყო და გაუგებარი, რადგანაც მე ვერ ვახერხებ კეცა-კეცათ საუბარს და ყოველთვის უბრალო სიტყვებით, მდაბიო ლექსებით გამოვთქვამ ხოლმე ჩემ აზრს?.. მაშინ კიდევ, ჰო! ეს, თითქმის, დახმარება იქნებოდა, ჩემი მხრით მადლობის მოსახსენებელი. და მეც სწორეთ გულწრფელათ მოვახსენებ მადლობას, მაგრამ უფრო მადლობელი კი ვიქნებოდი, რომ ჩემი აზრების განმეორებისათვის თავი დაენებებია და თავის საკუთარი აზრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ისე გამოეთქვა, რომ მეც გამეგო რამე, თორემ უნდა მოგახსენოთ, როგორღაც ახირებულათ მეჩვენება.
„მისი დამტკიცება, რომ რუსთველს მართლა საქართველო აეწეროს, ქართველები ეგულისხმოს და გმირებიც ქართველებიდან გამოეყვანოს, ავტორის შეურაცხყოფა და მისი პეგასის დაქვეითება იქნებოდა, რადგანაც მსოფლიო გმირებსა ჰხატავდა და არა ქართველებსო!“ - ამბობს ჭავჭავაძე. მაშინ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ყოველ-გვარ მოვლინებას თავისი წინასწარი და შემდეგი მიზეზები აქვს: უამისობა არ შეიძლება და, მაშასადამე, ამ საზოგადო კანონს ვერც „ვეფხისტყაოსანი“ გადაურჩებოდა. რუსთველი და მისი თხზულება განა ზეციდან ჩამოგვივარდა და ქვეყნათ ნიადაგი არა ჰქონია? „ვეფხისტყაოსანში“ გამოხატული გმირები ნუთუ ნაოცნებარი და ჰაეროვანი არიან და არა ცხოველი, ნამდვილი არსებანი? თუ ავტორს მხედველობაში მიწის შვილები არა ჰყოლოდა, მაშინ მისი „ვეფხისტყაოსანი“ ზღაპარი იქნებოდა, მისი გმირები ბაყბაყ-დევის მსგავსი რამ ნაოცნებარი და არა გულში ჩასარჩენი და შესაწყნარებელი პირები. მაგრამ საქმეც ის არის, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ჩვენს ისტორიულ ცნობილ პირებს ვხედავთ, მაგალითად: ვახტანგები, დავითები, ბაგრატები, გიორგები და, თუ გნებავსთ თვით ირაკლიც, იგივ ტარიელ-ავთანდილ-ფრიდონები არ არიან? რითი ჩამოუვარდება მათ გიორგი სააკაძე? რომელი ერთი მოვთვალოთ? განა ცოტა ყოფილა საქართველოში გმირი, რომ მსოფლიო გმირათაც გამოსადეგი ყოფილიყოს და ედიდებიოს, ესახელებიოს ყოველი ხალხი, რომელსაც უნდა ჰკუთვნებოდეს? საზოგადო გმირებათ განა არ ვარგებულან? მაშ, რატომ არ შეიძლება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირებიც ერთსა და იმავე დროს ქართველებიც იყონ და საზოგადო, საყოველთაო ტიპებიც? მე რომ სწორეთ ასე მგონია, ნუთუ მით რუსთველის შემოქმედების ძალას ვამცირებ და ვჰკიცხავ მას? პირიქით, მე რომ ის ვიფიქრო, რომ რადგანაც რუსთველს თავის გმირებში მსოფლიო, ზოგადი ტიპები გამოუსახავს და ამიტომაც ის გმირები, ქართველები ვეღარ იქნებიან-მეთქი, მაშინ რა აზრის უნდა ვიყო ქართველებზე? ნუთუ მართლა ქართველები ისე ყოფილან, რომ მათგან ზოგადი ტიპი და მსოფლიო გმირი არ გამოიხატებოდეს?! ჭავჭავაძე კი, ჩანს, სულ სხვა აზრისა არის, სამაგალითოდ შექსპირის გმირები მოჰყავს და იმას კი ივიწყებს, რომ იულიოს კეისარი, ანუ კორიოლანუსი, მართალია, მსოფლიო ტიპები არიან, მაგრამ იმავ დროს ყველაზე უმალ რომაელებიც არიან და მათ ზოგადობას ეს არა თუ უშლის რასმე, კიდეც ეწევა!.. ტიმონ ათინელი ბერძენია, ჰენრიკო - ინგლისელი და სხვა და სხვანი.
ჩვენ რომ ის ვიფიქროთ, რომ მსოფლიო, საზოგადო ტიპები მხოლოთ ისინი არიან, რომელნიც კერძოთ არც ერთ ერს არ ეკუთვნიან და საზოგადოთ კი ყველას ერთნაირადო, მაშინ გიჟებიც სამაგალითო მსოფლიო საგმირო ტიპები იქნებოდენ, რადგანაც ყოველი ქვეყნისა და ხალხის გიჟები ერთმანეთსა ჰგვანან!.. და მათი ამწერიც დიდი შემომქმედი გენიოსია რაღა?... „ფალსტაფი, რადგანაც ბაქიაა და ქართველიც ბაქია, მაშ, ის ქართველი ყოფილაო?“ გვიკიჟინებს ბატ. ჭავჭავაძე და ძალიან მსუბუქათაც ბრძანებს: სახალხო ტიპათ იმასა თვლიან, რომელიც რომელიმე ხალხის უმეტესობას გვიხატავს. ფალსტაფი ისე რომ აეწერა შექსპირს, რომ უმეტეს ნაწილს ქართველებისას მის სახეში თავისი თავი ეცნო, რასაკვირველია ქართველი ტიპი იქნებოდა; თორემ მარტო მითი, რომ ის პურსა ჭამს და ქართველიც პურსა ჭამს, ისიც იცინის და ქართველიც, ისიც ახველებს და ქართველიც, განა დამტკიცდება რამე? სხვა აღარა არის-რა საჭირო? მე რომ ტარიელის ქართლელობის დასამტკიცებლათ ბაქი-აობა მეთქვა და მეტი სხვა აღარაფერი, მაშინ, რასაკვირველია, ბატ. ჭავჭავაძესაც სიმართლე ჰქონდა ეთქვა ჩემთვის: „ფალსტაფი ბაქიაა, ქართველიც ბაქიაა და, მაშ, ფალსტაფიც ქართველი ყოფილა!“ მაგრამ ჩვენ ხომ არც ის სიტყვა „ბაქიაობა“ გვიხმარია იმ კილოთი და იმ აზრით, როგორც ჭავჭავაძე გვეწამება და მის გარდა კიდევ სხვა საბუთები განა ცოტა ვიხმარეთ უფრო საქები და საჩინო ტარიელის ქართლელობისა და ავთანდილის იმერლობის დასამტკიცებლათ? მარტო ეს ერთი სიტყვა რომ მოჰყავს, ისიც თავისებურათ თავბოლო მოკვეცილათ და გადასხვაფერებულათ, სხვა სიტყვები - იმ სიტყვის მოკავშირე და შემავსებელი რათ გადაუფუჩეჩებია? თუ რომ სიტყვა-სიტყვით არ გავიმეორებთ და ჩვენებურათ შევცვლით, სიტყვებს გადავს-გადმოვსვამთ, ზოგს გამოვაკლებთ და ზოგს ჩავუმატებთ, რასაკვირველია, ყოველი ნათქვამი სხვანაირათ გამოვა. ხანდახან არა თუ ფრაზებისა და სიტყვის, ერთი მარცვლის ჩამატებით ან გამოკლებითაც შეიძლება აზრი შესცვალოს კაცმა. აი, თუ გინდა ეს მაგალითი ავიღოთ. მე ვამბობ: „ბატონი ჭავჭავაძე არ ყოფილა ლექციაზე და რაც წარმოსთქვა მის შესახებ, გულწრფელობით მოსვლია და არა სხვა გვარ რამ კრიმანჭულობით და სხვ...“ ეს რომ ვინმემ შესცვალოს ამ გვარათ: „ბატ. ჭავჭავაძე არ ყოფილა ლექციაზე და რაც წარმოუთქვამს მის შესახებ, გულწრფელობით არ მოსვლია, გარნა სხვა გვარ კრიმანჭულობით და სხვ...“ ეს ჩემი ბრალი იქნება? აი სათვალდათვალო მაგალითი, როგორ შეიძლება აზრის გადასხვაფერება ერთი უბრალო მარცვლის ჩამატებით!.. თავის წერილებს ბატ. ჭავჭავაძე ისე ათავებს, როგორც შეშვენის სახელგანთქმულ კაცს: „ჩვენ რუსთველის სახელი მეტისმეტად დიდ სახელად მიგვაჩნია და მოგვიტეონ, რომ მის სახელს და დიდებას ადვილად ვერვის დავუთმობთო!“ კეთილი და პატიოსანი! რასაკვირველია, ის, ვინც დიდათ მიგვაჩნია, ვისაც ვაფასებთ და ვინც გვიყვარს ძნელი შესალევია და მის სახელსაც ადვილათ ვერავის დავუთმობთ, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ერთსა და იმავე არსების სიყვარული და დაფასება ერთსაც შეუძლია და მეორესაც, დიდსაც და პატარასაც; განსხვავება მხოლოთ ის არის, რომ თავ-თავის შეძლებისდაგვარათ აფასებენ. მე ჩემი პატარა აზრი წარმოვთქვი „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთ რაზედმე. შეიძლება, რომ ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს, მართლა „გალიფულ გზაზე დავდექ და ფეხი ამისხლტა“, საუბარიც მეტისმეტათ უგემური რამ გამოვიდა და მსმენელთათვის მეტათ მოსაწყენი, მაგრამ ამას კი აღვიარებ, რო რაცა ვთქვი - გულწრფელათ იყო გამოთქმული. და ახლა დიდი სიამოვნებით და ნატვრით ველი იმ დროს, როდესაც იმავ საგანზე ბატ. ჭავჭავაძე წარმოთქვამს თავის საკუთარ აზრს. დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მე დიდი სიამოვნებით ჩემი საკუთარი ყურით მოვისმენ მის საუბარს და შემდეგაც დიდი დაკვირვებისა და მოფიქრების შემდეგ დავაფასებ შეძლებისა-დაგვარათ და ცხრა თავიან დევივით ისრებს არ გავტყორცნი ძლევამოსილი უეჭველობით. ამას მოითხოვს, როგორც რუსთველის დიდი ვინმეობა და ბატ. ჭავჭავაძის ღირსება, ისე ჩემი საკუთარი თავის პატივისცემაც. დასასრულ ესეც უნდა მოგახსე-ნოთ, რომ ჩემი საუბარი რუსთველზე და მის „ვეფხისტყაოსანზე“ ჯერ არ დაბეჭდი-ლა, და თუ რატომ არა, ეს ბატონმა ჭავჭავაძემ ყველაზე უკეთ იცის. დაბეჭდილი რომ ყოფილიყო, მე ყურადღებასაც არ მივაქცევდი იმ ხმას, რომელსაც ზოგიერთები ავრცელებდენ, მაგრამ დღეს კი იძულებული შევიქენი, რადგანაც თვით ბატ. ჭავჭავაძემაც ბანი მისცა საჯაროთ და ნურაფრის უკაცრავათ.
(აკაკის კრებული, 1898 წ., №5)
რედაქტორის შენიშვნები
რამდენიმე სიტყვა ბატ. ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ „ვეფხისტყაოსნის“ გამო
1. გამოქვეყნდა ცალკე ბროშურის სახით - თბილისი, 1887 წ., გამოც. ზ. ჭიჭინაძისა, ხელაძის სტამბა, 21 გვ.
ტექსტი ამ პასუხისა აკაკიმ შემდეგ „ვეფხისტყაოსანზე“ ლექციებთან ერთად გამოაქ-ვეყნა „აკაკის კრებულში“, 1898 წ., №5.
ილიას საპოლემიკო წერილი აკაკის მიერ წაკითხულ ლექციების შესახებ გამოქვეყნდა ხელმოუწერელი მეთაურების სახით „ივერიაში“, 1887 წ., №№75, 76 და 77.
![]() |
1.20 სიტყვა იოსებ დავითაშვილის პანაშვიდზე |
▲ზევით დაბრუნება |
ბევრჯელ დავსწრებივართ, რომ ვისიმე სულის მოსახსენებლად დღევანდელზე მეტი ხალხი შეგროვილიყოს, უფრო დიდებული აღაპიც გადეხადოთ, მაგრამ დღეისთანა შესანიშნავი კი არ გვინახავს! რომელიმე გამოჩენილ გვამის სიცოცხლეშივე საჩინო მდგომარეობა, სიმდიდრე, სხვადასხვა გვარი გარეგანი დიდებულობა, ნათესაობა, მტერ-მოყვრობა, პურ-მარილის კაცობა და სხვადასხვა იძულებულს ჰყოფენ საზოგადოებას, რომ იმგვარ კაცს, არ თუ მარტო სიცოცხლეში, სიკვდილის შემდეგაც უკანასკნელი პატივი სცენ. ასეც არის ხოლმე, მაგრამ ამგვარად გამოწვეულ პატივისცემაში უფრო მეტად ვალდებულებითი რამ იხატება და არა გულითადი. არც ერთი ამ ზემო მოყვანილ ღირსებათაგანი სიცოცხლეში არა ჰქონია განსვენებულს იოსებ დავითაშვილს. ის იყო ერთი საწყალი დღიური მუშა გლეხი, რომელსაც არც ჩამომავლობა და არც ნათესაობა არავინ ჰკითხულობდა. ყოველი რიგიანი და შეგნებული კაცი იმას ჰსახავდა კარგ ადამიანად და ძმურის თვალით უყურებდა. განა პურ-ღვინით შეეძლო განსვენებულს სხვებისავით ზოგიერთების გულის მოგება, როდესაც თვითონ დღიურ საზრდოს მოკლებული იყო. მაგრამ ჰხედავთ ამ გასაკვირველ ამბავს, რომ ამოდენა სხვადასხვა წოდების მუშა ხალხი თავის საკუთარ საქმეს მომცდარა და შეკრებილა დღეს აქ, რომ გულწრფელად, და არა ვალდებულებით, პატივი სცეს მის სახელს. რითი დაიმსახურა ეს მიცვალებულმა? ის არ ყოფილა არც გამოჩენილი მეცნიერი და არც სამაგალითოდ შესანიშნავი მწერალი. შემცდარია ის, ვისაც ჰგონია, რომ მარტო მელექსეობისათვის ვსცემდეთ მას პატივს. დაბალ წოდებაში ნიჭი იშვიათი არ არის და არც მოშაირობაა განსაკუთრებითი მოვლინება. განსვენებული იმითი იყო შესანიშნავი უფრო, რომ თავის პირადობაზე იმდენად არა ჰფიქრობდა, რამოდენადაც საზოგადოებაზე. მისი გრძნობა-გონება იმაზე ჰქონდა მიპყრობილი, რომ მოძმეების კეთილდღეობას მოსწრებოდა, მათი სწორწარმატება ენახა. ეს სურვილი სიტყვად ჰქონდა გადაქცეული და სიტყვაც საქმედ შეძლებისდაგვარად. ახლანდელ დროში, როდესაც ყველა ფიქრობს, რომ თავისი პირადი მდგომარეობა გაიუმჯობესოს და უგნურთ უმეტესობის თვალში ხარისხი და პატივი მოიხვეჭოს, ამგვარის კაცების გამოჩენა, როგორიც იყო მიცვალებული, შესანიშნავი და დიახ სამაგალითოა და ეს დღევანდელი კრებაც გვიმტკიცებს, რომ ადამიანის ღირსება ხალხში კი არ იკარგება ფასდაუდებლად. კარგი კაცები მარტო მითი კი არ არიან სასარგებლო, რომ სიცოც-ხლეში თავის თავად ბევრს კარგს რამეს აკეთებენ, ისინი სიკვდილის შემდეგაც თავის სახელით სხვებსაც იწვევენ საკეთილმოქმედოდ, დღევანდელი საქმეც კარგი და სამაგალითო მოვლინებაა. ღარიბს შეუძლიან დარწმუნდეს, რომ ჩვენში სრულიად საჭირო არ ყოფილა მრუდე გზით შეძენა. საკმაო არის მხოლოდ იყოს პატიოსანი, შრომის მოყვარე, საზოგადო კეთილთანამგრძნობი და თანა-მოზიარე, და ის შეუნიშნავი და დაუფასებელი არ დარჩება... გამოიწვევს რიგიანის წრის სიყვარულსა და პატივისცემას... საუკუნოდ იყოს ხსენება იოსებ დავითაშვილისა, რომელმაც ჩვენ გამოგვიწვია მისდა სულის მოსახსენებლად და გაუმარჯოს იმათ, ვინც ცხოვრებაში იმას მიჰბაძავენ და მისგან ამორჩეულ სწორ გზას დაადგებიან.
(ივერია, 1887 წ., №63)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა იოსებ დავითაშვილის პანაშვიდზე
1. დაიბეჭდა გაზ. „ივერიაში“, 1887 წ. 25 მარტს, №63-ში.
2. იოსებ დავითაშვილი (1851-1887) - მუშა-მწერალი, ხელოსანი, ხეზე მეჩუქურთმე. დაიბად. ქართლში, ღარიბი გლეხის ოჯახში. ადრე დაობლდა. მსახურობდა მებატონე ციცშვილთან. შემდეგ სამ წელიწადს იყო შეგირდად ხელოსანთან, ადრიდანვე დაეწაფა თვითგანვითარებას. ი. დ-ლს ნაცნობობა და ურთიერთობა ჰქონდა თავისი დროის მოწინავე მწერლებთან (აკაკი, სოფო. მგალობლიშვილი და სხვ.) და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან 1876-78 წ.წ. მსახურობს ზეიცერის ქარხა-ნაში და აქტიურად მონაწილეობს მუშათა გაფიცვაში. მუშაობს თვითგანვითარების წრეებში. ავრცელებს არალეგალურ ლიტერატურას. ალექსანდრე მეორის მოკვლის გამო, 1881 წ. მარტში წერს ცარიზმის წინააღმდეგ მიმართულ ლექსს, სადაც ასეთი სტრიქონებია:
„საამურად დაჰბერა
გაზაფხულის ნიავმა,
მე იმან გამახარა,
რაც რომ სხვებსაც იამა“.
ი. დავითაშვილმა თავისი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაიცვალა თელავში, ფილტვების ანთებისაგან. ი. დ-ის გარდაცვალებას მხურვალედ გამოეხმაურა ქართული პრესა. ილიამ თავის „ივერიაში“ დაბეჭდა მთელი რიგი სტატიები, მიძღვნილი ი. დ-ის ბიოგრაფიისა და შემოქმედებისადმი. მეთაური წერილი გაზეთისა - „იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო“ („ივერია“, 1887, №61) დაწერილი იყო თვით ილიას მიერ.
ი. დ-ლის პანაშვიდზე თბილისში, კალოუბნის ეკლესიაში, 1887 წ. 22 მარტს, აკაკის-თან ერთად სიტყვა წარმოსთქვა ილიამაც.
![]() |
1.21 საპასუხოდ |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ერთი ხანია მოსვენება აღარა მაქვს!.. ჩემიანი თუ სხვისიანი, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა ერთად და ერთნაირად მესაყვედურება; „რა მიზეზია, რომ შენს ნაწერს, ამ ოცდაათის წლის განმავლობაში აქა-იქ გაბნეულს, არ მოაგროვებ და ცალ-ცალკე წიგნებად არ გამოსცემო?“
რომ ეს საყვედური თავიდგან ავიცილო, იძულებული ვარ ერთხელ და საუკუნოდ ჩემი გულის პასუხი გამოვამჟღავნო: ბევრჯელ მითქვამს და ეხლაც ვამბობ, რომ ძნელია ოჯახში მარტოხელობა!.. ყოველგვარი საოჯახო ერთს ატყდება თავზედ და, რომ არა გაფუჭდეს-რა, ყველაფერს ძალა-უნებურად უნდა წაეტანოს, ყველაფერს მოჰკიდოს ხელი და ცოტ-ცოტა ყველაფერი აკეთოს!!. ამ გვარს მოუსვენარსა და გაბნეულს შრომას ჯახირს ეძახიან, მაგრამ თუ მაინც ასე არ იჯახირა მარტოხელა კაცმა, უეჭველია, ოჯახში ცეცხლი გაუქრება და კერაც გაუცივდება. ამ ყოფაში უნდა იყოს, სანამ შვილები არ წამოეზრდება და ოჯახი არ გაკაცრიელდება; მაშინ კი შეუძლიან მოისვენოს, რადგანაც, მუშები გაინაწილებენ საოჯახო საქმეს და სათითაოდ არჩეული საქმეც უკეთ წავა. ახლა ის შვილები რომ მივიდნენ მამასთან, ანუ იმ მოხუცებულთან, ვინც უნდა იყოს, და სათითაოდ უსაყვედურონ: „შენც ჩვენს ხელობაზედ მდგარხარ; მე რომ დღეს საქმეს ვაკეთებ, ადრე შენც ხომ იმას აკეთებდი, მაგრამ ჩემსავით კი ვერა!.. შენს ნამუშევარს აჩქარება, აფუსფუსება ეტყობა და სხვანიო!“ რა უნდა უპასუხოს მამამ? აი რა: „მართალი ხართ, შვილებო, რომ აღარ მოგწონთ ჩემი ნაწარმოები! თქვენ ბევრად უკეთ აკეთებთ დღეს ჩემზედ, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ჰნიშნავს, რომ მე ან ნიჭი, ან ოჯახის ერთგულება, ან შრომისმოყვარეობა მკლებოდეს! თქვენ დღეს შეგიძლიანთ თითო თავ საქმეს დაადგეთ და მთელი დრო იმ არჩეულ საქმეს მოახმაროთ ხელ-შეუშლელად და მე კი ცოტ-ცოტა ყოველიფერი უნდა მეკეთე-ბინა, რომ თქვენამდის ცოცხალ-მკვდრად მაინც მომეტანა ის საქმეები!“
სწორედ ამგვარი მარტოხელობა იყო ჩვენში სამოციანს წლებში, როცა რამდენიმე ახალგაზდა გამოვიდა სარბიელზედ ქვეყნის მუშად და დღიურ ავკარგიანობის სამსახურს შეუდგა. ნამდვილი მუშა სწორედ იმ ხელსაწყოს ჰხმარობს, რომელიც საჭიროა, და არას აურ-დაურევს: ხვნა-თესვის დროს სახნისსა ჰკიდებს ხელს, თოხნის დროს თოხს აიღებს ხელში და მკის დროს კი ნამგალს ატრიალებს. ზარმაცი და თვალთმაქცი მუშა კი დროს შესაფერად არ ირჯება! თესვა-ხვნის დროს ის ნამგალს ჰლესავს და თანაც გაიძახის: მე უფრო შორს-გამჭვრეტელი ვარ და მომავალზედა ვფიქრობო: პური რომ შემოვა, ნამგალი მზად მექნებაო და სხვანი... მაგრამ ამგვარს მუშას ცუღ-ლუტს ეძახიან. ყოველი კაცი უნდა აწმყოს მისდევდეს და აწმყოს კეთებაში იქნება მომავლის სამსახურიც იმდენად, რამდენადაც ეს ორი დრო ერთმანეთზედ გადაკავ-შირებულია. საქმეს ვინც წინ უსწრებს, ის ნაყოფს ვერ მოიტანს. ამ აზრზედ იდგნენ სამოციან წლების ახალგაზდა მუშები და ამიტომაც მათი გაზომ-აწონვა, იმ დროის შეუსწავლელად, ამ დროთი არ შეიძლება. ისინი მხოლოდ იმ ფიქრში იყვნენ, როგორ დავეხ-მაროთ და მივეშველოთ მისაშველებელს და რა გვარად ვეწინააღმდეგოთ ამ მავნეს და საწინააღმდეგოსაო. „ეს საქმე პატარაა და არ მეკადრება“, „ის პირადად არას მარგებს“, „ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო“... და სხვანი ამისთანანი აზრადაც არ მოსდიოდათ!... ხმარობდენ ყოველგვარს ხელსაწყო იარაღს, რაც კი უფრო ემარჯვებოდათ!.. იმ დროს, აბა ვინ იფიქრებდა, ჩემი ფარ-ხმალი მოვჭედო და მოვქარგო, რომ ლამაზი მოსაწონი გამოვიდესო?
ამ ახალგაზრდების რიცხვში ერთი უმცროსთაგანი მეც ვიყავი და რადგანაც კალამიც მემარჯვებოდა, სხვათა შორის იმასაც იარაღად ვხმარობდი. მაშინ მე ხელოვნებაზედა და მომავალზედ კი არა ვფიქრობდი, მხედველობაში მხოლოდ ისა მქონდა, რომ ჩემს ნაწერს დღიურ ავ-კარგიანობაზედ გაეჭრა. ის დრო წავიდა, ახლა სულ სხვა დროა. მაშინდელი ჩვენი ნაწერი და ნამუშევარიც იმავე დროს თან გაჰყვა. რასაც მაშინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, დღეს სრულიად უმნიშვნელოა!.. და აი რად არა მსურს, რომ ჩემი ნაწერები იბეჭდებოდეს! თუ ისე დაიბეჭდება, როგორც იმ დროის მასალა, მაშინ არას ვიტყვი, მაგრამ თუ ისე შეხედვენ, როგორც სახელოვნო და საპოეზიო ნიმუშებს, თანახმა არა ვარ! ამას მე არც თავმდაბლობით ვამბობ და არც მეტიჩრობით!.. გულ-წრფელად აღვიარებ და სხვებმა რაც ენებოთ, ის იფიქრონ, მათი ნებაა!..
(ივერია, 1892 წ., №81)
რედაქტორის შენიშვნები
საპასუხოდ
1. დაიბეჭდა გაზ. „ივერიაში“, 1892 წ. 19 სექტემბრის №81-ში.
2. აკაკის სრული თხზულებების პირველი ორი ტომი გამოსცა „ქართველთა ამხანა-გობის გამომცემლობამ“ 1893 წელს, თბილისში. მანამდე, 1874 წლიდან, გამოდიოდა აკაკის მხოლოდ ცალკე ნაწარმოებები. მათ შორის ცალკე წიგნებად გამოვიდა: ბაგრატ დიდი, გოგია მეჩანგურე, ბუტიაობა, ალექსი, თორნიკე ერისთავი, გადია, თამარ ცბიერი, კიკოლას ნაამბობი, პატარა კახი და სხვ.
![]() |
1.22 შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
დიდ ბუხარს ბევრი შეშა ეჭირვება და პატარა ფეჩს კი ორი ღერიც ეყოფა. ასეა ადამიანზედაც: ბუნება მდიდარ კაცს, რაც უფრო მეტი ნიჭი აქვს, უფრო ბევრი მასალა ეჭირვება გრძნობა-გონების გასახურვებლად, რომ აენთოს, მიდამოს შუქი მოჰფინოს - გაანათოს და გარემოს სითბო არ გამოულიოს. ეს უბრალო ჭეშმარიტება რომ შეგნებული გვქონდეს, ქართველებს მეტი აღარა გვინდა-რა!.. ჩვენში თითქმის ყველა ნიჭიერია. უნიჭო ახალგაზდას იშვიათად შეხვდებით, მაგრამ რა გამოვიდა? ის ნიჭი, უსაზრდოოდ დარჩენილი ნელ-ნელა ჭკნება და ბოლოს ხელში გრჩებათ ფუჭი კაკალივით გამოთავცალიერებული ვინმე! ვინ დასთვლის, რამდენჯერ დაგვწყვეტია გული, იმედი რომ გაგვცრუებია?!.. ჰხედავთ ახალგაზდას, ნიჭით მდიდარს, ჯერ კიდევ ცხოვრებისაგან შეულახავს, კეთილ სურვილებით სავსეს. სიამოვნებით შეჰყუ-რებთ და ფიქრობთ: აი, ეს ყმაწვილი თანდათან გაიწვრთნება, გაიძლიერებს ბუნებას და ოდესმე ფრთაგაშლილი ინავარდებს ჩვენდა სასიხარულოდ; მაგრამ გადის დრო და ის საიმედო კი უკან-უკან მიდის!. ბოლოს ხედავთ, რომ ფრთებ-ჩამოყრილი ინდაურივით უგზო-უკვლოდ დაყვანჩალობს და ცხვირ-ჩამოშვებული იბერება; ან და აღმაფრენის მაგიერ ქვეშ-ქვეშ ძრომას მიჩვეულა და გველივით დასრიალებს ცხოვრებაში. ამ გვარი მოვლინება საზოგადოა ჩვენში ყოველგვარ სარბიელზე, მაგრამ სათვალდათვალო და ადვილი შესანიშნავი მწერლობაშია. ჩვენი ახალგაზრდები, დაიწყებენ თუ არა წერას, ისეთ ნიჭს იჩენენ ხოლმე, რომ იმედით გული გევსებათ! მართალია მათ ნაწერს გამოუცდელობაც ეტყობა და ბევრი ნაკლიცა აქვს, მაგრამ ეს ყველა ადვილად გასწორდება, თუ სწავლას და გულ-დადებით შრომას თავი არ დაანება მწერალმა.
ჩვენი მწერლები კი, წარმატების ნაცვლად, რაც ხანში შედიან, უფრო და უფრო უძლურდებიან და ბოლოს დროს, არა თუ ვეღარასა სწერენ, კითხვაზედაც ხელს იღებენ. აბა, გადაათვალიერეთ ჩვენი ჟურნალ-გაზეთები ამოცდაათის წლის განმავლობაში რაც გამოსულა და თუ არ შეგხვდესთ იქ იმისთანა ნაწერები, სადაც ავტორის ნიჭი ცხადადა სჩანს. ეგება იკითხოთ: სად არიან, რატომ შემდეგში აღარსადა სჩანან ის ავტორებიო? ამის პასუხი ადვილია: შრომა ეზარებოდათ, აჭია-ბაჭიობამ გაიტაცა და არა თუ მწერლობაზე, სხვა რამ საზოგადო საქმეებზედაც ხელი აიღეს... უსაქმუ-რობითა და სიზარმაცით გაცუღლუტებულებს ნიჭმაც ვეღარა უშველა-რა!.. აი, ახლაც, ხელში გვიჭირავს ერთის ახალგაზდა მწერლის პოეტური თხზულება, „მწირი“, რომელიც ნათარგმნია, მაგრამ მით უფრო საყურადღებოც არის. ქართულ ენას დიდი სიტყვის-კონა აქვს, მისი ლექსიკონი ისევ ვრცელია, რომ ბევრჯელ მთელი აზრი ერთს სიტყვაში მოთავსდება ხოლმე და, რასაკვირველია, ვისაც შესწავლილი აქვს რიგიანად ეს ენა, იმას თარგმანი არ გაუჭირდება, - ამას გვიმტკიცებენ ძველი ჩვენი მთარგმნელები. აიღეთ უცხო ენებიდან ნათარგმნი წიგნები: საერო, თუ საღმრთო-სასულიერო და მაშინ დარწმუნდებით, თუ რამდენად შემუშავებული და სრულია ქართული ენა! - დღეს ენის უცოდნელობის გამო მთარგმნელები თითქმის აღარა-ვინა გვყავს და თარგმნა ყველას ეძნელება. - რაც კი ამ უკანასკნელ დროს უთარ-გმნიათ, გარდა ერთი ორიოდისა, ისევ ხელახლად გადასათარგმნია არა თუ მარტო დედა-ენიდან, ქართულიდან ქართულადვე...
ლერმონტოვი, როგორც კავკასიის ბუნებისა და კავკასიელთა ზნე-ჩვეულების მღერალი უფრო ხვდება ქართველ გულს და ჩვენი მწერლებიც ხშირად მიჰმართავენ ხოლმე. - ბევრი გვაქვს ლერმონტოვიდან ნათარგმნი, მათ რიცხვში პოემებიც ურევია, მაგრამ არც ერთი, შედარებით „მწირის“ თარგმანთან, სახსენებელი არ არის!.. - ამის მთარგმნელს პოეტური ნიჭიც ეტყობა და ენის ცოდნაც. მხოლოდ შიგა და შიგ, აჩქარებით თუ გულ-დაუდებლობით, შეცდომები გაურევია. მაგალითად: საუარყოფო სიტყვებს „არა“ და „ვერას“ ვერა ხმარობს თავის ადგილზე. „არ ვნახე“ ნიშნავს, რომ მე შემეძლო მენახა, მაგრამ არ ვისურვე. - „ვერ ვნახე“ კი ჩემის სურვილის წინააღმდეგად რასმე ხელი შეუშლია.
„ხელის მოხვევა“ სხვა არის და „გადახვევა“ სხვა. „გველი ბეჭდების მსგავსად იხვეოდაო“ ეს არ ითქმის, - რგოლივით და არა ბეჭედივით.
ეს და ამგვარი წვრილმანი შეცდომები ბევრი მოიპოვება, მაგრამ საზოგადოდ კი ერთნაირად ღირსეულია და მისი შეძენა ფუჭი არავისთვის იქნება.
(კვალი, 1893 წ., №6)
რედაქტორის შენიშვნები
შენიშვნა
1. დაიბეჭდა „კვალში“ 1893 წ. 7 თებერვალს, №6-ში.
2. „ხელში გვიჭირავს ერთის ახალგაზრდა მწერლის პოეტური თხზულება, „მწირი“, რომელიც ნათარგმნია, მაგრამ მით უფრო საყურადღებოც არის“. აკაკი გულისხმობს ლერმონტოვის „მწირის“ ქართულ თარგმანს, რომელიც ეკუთვნოდა პოეტ გრიგოლ აბაშიძეს (1866-1903). გამოვიდა ცალკე წიგნად ქუთაისში, ქუთაისის ამხანაგობის გამოცემით, 1892 წელს.
![]() |
1.23 შავი ფიქრები |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ბარათაშვილის დასაფლავების გამო
„სიცოცხლეში გატირებ, რომ მოკვდები გიტირებ“. ეს არის საერთო მცნება ქართველების და ამ მცნებას ვერც ერთი საზოგადო მოღვაწე გვერდს ვერ აუვლის. - მართალია ბატონყმობა გათავდა, მაგრამ ბატონობისა და სხვისი დამონების სურვილი ჯერ კიდევ არ ამოფხვრია კაცობრიობას გულიდან: ყველას ეჯავრება მონობა და ბატონობას კი, ასე თუ ისე, ყველა ეტანება. - ერთობა, ძმობა და სიყვარული ჯერჯერობით კიდევ მხოლოდ ფარისევლური სიტყვის მარგალიტობაა, საქმით დამტკიცებას კი გლადსტონობა უნდა და გლადსტონები ბევრი არ არიან. - ეს სამწუხარო კანონი უცხო ქვეყნებში, სადაც განათლება ძლიერია, ჯერ კიდევ მარჯვეთ ფეხმოკიდებულია და ჩვენში ხომ, რაღა თქმა უნდა, უკანასკნელ წერტილამდე იქნება მიღწეული!.. ჩვენი ხალხი ნამდვილ საზოგადო მოღვაწეს ისე უყურებს, როგორც ბატონი მონას: ძველათ ბატონებს უყვარდათ ერთგულობით და მუშაობა-სამსახურით განსხვავებული მონა, მაგრამ ამ სიყვარულს მხოლოდ ცარიელი სიტყვით აცხადებდენ და საქმით კი უფრო მეტს ჯაფასა და შრომასაც სთხოვდენ, ვიდრე სხვა მონებს. - თუ მშრომელი მეტს ჯაფასა და შრომას ვერ აიტანდა და თან გადაჰყვებოდა, მაშინ კი იტყოდა ხოლმე ბატონი: „მეწყინა ჭეშმარიტათ, ნეტავი არ მომკვდარიყო, სასარგებლო იყო ჩემთვის და სხვა...“ ამას, რასაკვირველია, წრფელი გულით ამბობდა, მაგრამ მისი ბატონური გონება მაინც ვერ ურჩევდა, რომ მეორეთ არ გაემეორებინა ეს შეცდომა და ერთგულ მოსამსახურებისათვის სიცოცხლეშივე ეგდო ყური და გულგრილობით, უპატრონობითა და უსამართლობით არ დაემოკლებია იმისთვის დღე. სწორედ ამ მდგომარეობაში არიან ჩვენი მოღვაწენი ჩვენი ხალხის ხელში.
ნაცვლად მისა, რომ ხელი შეუწყონ, წინ ეღობებიან, ხელ-ფეხს უკრავენ სიტყვით თუ საქმით, ტალახსა და ქვას ესვრიან, წინ ეკალს უფენენ და როდესაც მოღვაწე შეუპოვარ ბრძოლაში სულს დალევს, მაშინ კი ყირამალას გადადიან და ასკი-კუკუს თამაშობენ. ამ დროს რომ კუბოდან წამოახედა მიცვალებული, რას იტყოდა? უეჭველია, გაუკვირდებოდა: „სიცოცხლეში მატირებენ - დღეს მღერიან. მაშინ ლუკმა პური მიჭირდა, ახლა ჩემი სახელით სხვებს ქელეხს უმართავენ. ეკლით მჩხვლეტდენ და ახლა გვირგვინს თავზე მაყრიან. ვისთვის და რისთვის! ის არა სჯობდა, რომ სიცოცხლეში არ ვედევნეთ და არ ცდილიყვნენ ხელ-ფეხის შეკვრას, რომ თავისუფლად, უფრო ნაყოფიერად შემძლებოდა მათი ერთგულება, ქვეყნის სამსახური და საფლავში თან არ ჩამეტანა ჯავრი, რომ მე ის ვერ ავასრულე ქვეყნიერად, რისიც ასრულება შემეძლო და სურვილი მქონდა. არა, არა! ეს არის ფარისევლობა, მაგრამ უგნური ფარისევლობა: მათივე თავის დაცინება და ჩემი საშინელი შეურაცხყოფა, უფრო მწარე და საზიზ-ღარი დაცინება, ვიდრე სიცოცხლეში“. უეჭველია, ამას იტყოდა და გადაბრუნდებოდა კუბოში, რომ ხელახლად მომკვდარიყო.
მე მგონია, ეს ფიქრი ხშირად მოუდის თავში საზოგადო მოღვაწეებს და მათ სიკვდი-ლი ერთი ორად მწარედ მიაჩნიათ. რომ ეს ასე არ იყოს, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ მოღვაწეებს უკანასკნელ სურვილს მაინც ვუსრულებდეთ და ნაცვლად იმ ძვირ-ფასს გვირგვინებისა, რომელსაც თავზედ ვაყრით, თუ მაინცდამაინც არ მოგვიშლია, მხოლოდ ცარიელი უბრალო რამე ნიშანი გვირგვინისა მიუძღვნათ ხოლმე და ფულები კი, რომელიც ასე ტყუილა იკარგება, დავდვათ ფონდათ მომავალი მოღვაწეებისა, რომ მათ სიცოცხლეშივე დაეხმაროს ხოლმე საზოგადოება. ეს ტკბილი მოფიქრება სიკვდილის წინეთ გულს დაუმშვიდებს ნამდვილ საზოგადო მოღვაწეს.
(კვალი, 1893 წ., №18)
სიტყვა ნ. ბარათაშვილის დასაფლავებაზე
მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი
ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე,
რომ დილა უფრო ვაცხოვლო.
მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი,
განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ,
ტყეთა ფრინველნი და ვარდი.
ეს ინატრა ახალგაზდა მგოსანმა ამ ნახევარი საუკუნის წინეთ და ეს ნატვრა წინასწარმეტყველებად გადაექცა: გახდა წინამორბედათ ჩვენი ახალი ცხოვრების განთიადისა და იქ შორს, სამშობლოდან უცხოს მხარეს, მზესავით ჩაესვენა, რომ დღეს აქ უფრო მეტის ძლიერებით აღმობრწყინებულიყო. ამას ვხედავთ და დღევანდელი ჩვენი მიგებება, გლოვა და არ არის, ლიტანიობაა და მზე-შინა. დიაღ, არავის გეგონოსთ აქ ეს ნამდვილი სამარე და კუბო ბარათაშვილისა, იმისი კუბოა ყველა ქართველის გული და ისე ხშირი, როგორც თვით მგოსნის მთელი საქართველოსადმი სიყვარულით ავსებული გულის-ძგერა. ეს ადგილი არის მხოლოდ ნიშანი, სადაც ამიერიდან უნდა დაესვენოს ჩვენი მნათობი, რომ მთელს საქართველოს სხივი ჰფინოს და მართლაც რომ უკეთეს ადგილს ვერ გამოვძებნიდით. მართალია, ყოველი კუთხე საქართველოსი წმინდაა, მაგრამ ეს ადგილი, ეს დიდუბე წმინდა-წმინდათაა. აქ დაიდგა პირველად ძლევის გვირგვინი უპირველესმა ჩვენმა საისტორიო მნათობმა თამარ მეფემ. მართალია დღეს დიდუბეს ის ფერი აღარ ადევს, აღარც ის ტაძარი, აღარც ის სასახლე, აღარც ის წალკოტია. ჟამთა მსვლელობამ, დროთა ვითარებამ ის გადაასხვაფერა, მაგრამ დიდებული ხატი კი მაშინდელი შეუცვლელად დარჩა საქართველოს ხსოვნაში. აქამომდე ჩვენ წარმოვიდგენდით თამარს თავზედ ძლევა-მოსილი გვირგვინით, რომელსაც გვერდით უდგა ძლიერი ჩანგით საკადრისი მისი მღერალი რუსთველი, დღეიდან უფრო დასრულებული იქნება ეს ხატი. მეორე გვერდით ედგომება ბარათაშვილი.
როგორც ამ შვიდასი წლის წინეთ დასავლეთ-საქართველოდან, ე.ი. იმერეთიდან, მოვიდა ხალხი, რომ თაყვანი ეცა დიდებული თამარისათვის და საზოგადო საერთო ლიტანიაში მონაწილეობა მიეღო, დღესაც მოვსულვართ იმერეთით, რომ ნიშნად სამარადისო ძმობისა და განუყრელი ერთობისა დავადვათ გვირგვინი ბარათაშვილის კუბოს, გვირგვინი, შეკონვილი პურის თავთავისაგან საგულისხმოდ მისა, რომ მგოსანი იყო უპირველესი მთესველი გონებრივი ნაყოფისა, არა მარტო ერთი კუთხისა - მთელი საქართველოსი. ნაყოფიერი იყოს ეს ხორბალი, როგორც დღემდე, ამიერიდანაც, რომელთანაც ერთად დაუვიწყარი იქნება სახსენებელი ნიკოლოზ ბარათაშვილისა.
(კვალი, 1893 წ., №18)
რედაქტორის შენიშვნები
შავი ფიქრები
1. დაიბეჭდა „კვალის“ 1893 წლის 2 მაისის №18-ში.
2. ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი განჯიდან თბილისში გადმოსვენებულ იქნა 1893 წლის გაზაფხულზე. ეს ამბავი საბაბი გახდა დიდი სახალხო დემონსტრაციისა ცარიზმის წინააღმდეგ. ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებას უამრავი ხალხი დაესწრო. საქართველოს ყოველი კუთხიდან გამოგზავნილი იქნენ წარმომადგენლები, გვირგვინები, დეპეშები. გადმოსვენების დროს თბილისში სიტყვები წარმოსთქვეს ილიამ, აკაკიმ, გიორგი წერეთელმა; ლექსით გამოვიდა ახალგაზრდა სომეხი პოეტი ოვანეს თუმანიანი. ნ. ბარათაშვილის ნეშტი დაასაფლავეს დიდუბის ეკლესიის გალავანში (1935 წელს აქედან იგი დასვენებული იქნა მთაწმინდაზე, ქართველ მოღვაწეთა პანთეონში).
3. გლადსტონი ვილიამ (1809-1898) - ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლიბერალური ბურჟუაზიის ლიდერი. 1868 წელს არჩეულ იქნა ინგლისის პრემიერ-მინისტრად. გლადსტონმა თავისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაატარა მთელი რიგი რეფორმები ინგლისის სახელმწიფოს შინაგან ცხოვრებაში... განსაკუთრებით ცნობილი გახდა ირლანდიის საკითხთან დაკავშირებით. ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის ზეაღმავლობის შედეგად იგი იცავდა ჰომრულს (ირლანდიელთა მოძრაობა დამოუკიდებელი პარლამენტისათვის, რომელსაც საფუძ-ველი ჩაეყარა მე-19 ს-ის 70-ან წლებში. ამ მოძრაობას კონსტიტუციურ-ლიბერალური ხასიათი ჰქონდა და განირჩეოდა ირლანდიაში არსებული რევოლუციურ-სეპარატისტული მოძრაობისაგან) გლადსტონის ეს პოლიტიკა გამოწვეული იყო ერთის მხრით ირლანდიაში რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებით, ხოლო მეორეს მხრით სურვილით - უზრუნველეყო ირლანდიელთა ხმები საპარლამენტო არჩევნებში. სიტყვა ნ. ბარათაშვილის დასაფლავებაზე დაიბეჭდა „კვალის“ იმავე ნომერში, სათაურით: „სიტყვა თ. აკაკი წერეთლისა (ქუთაისის თავად-აზნაურობის წარმომადგენლისა)“.
![]() |
1.24 ალექსანდრე ყაზბეგის კუბოზე |
▲ზევით დაბრუნება |
გული მიღონდება უდროვოდ მიცვალებულის კუბოს რომ ვხედავ... სათქმელიც ბევრი მაქვს, მაგრამ ლამის ენა დამებას!.. და ამის მიზეზი უფრო სიცოცხლეა განსვენებულისა, ვიდრე სიკვდილი, ის სიცოცხლე, რომელიც სიკვდილზე ბევრათ უფრო მწარე იყო. ქართველებს ძველთაგანვე ერთი ახირებული ჩვეულება გვქონდა: მიდიოდნენ ცხედართან და მოთქმით სტიროდნენ, ქებას შეასხამდნენ, არა მარტო თვისიანი, მოყვრები და მახლობელნი, ისინიც კი, ვისაც სიკვდილამდე მიცვალებულის სიცოცხლეში იმაზე ძრახვისა და აუგის მეტი გულში არ სდებია-რა!.. ეს ჩვეულება ჩვენში დღეს თანდათან ვარდება: ვეღარ ვხედავთ ვერც დაქირავებულ მოზარეებს, ვერც მოყიდულ მომტირლებს და ვერც მოცლილ მომთქმელებს!.. მაგრამ მაგიერად ეს ახირებული ჩვეულება შემოვიდა იმ მოწინავე დასში, რომელსაც ინტელიგენციას ვეძახით!.. ამის მაგალითს დღესაც ვხედავთ. ვიცი, ზოგიერთები იტყვიან და თუ არ იტყვიან, გულში მაინც გაივლებენ, რომ აქ ამისი თქმა უდროო და უადგილო არისო, მაგრამ მე სხვა აზრისა ვარ: გამოჩენილი კაცები იმით უფრო არიან შესანიშნავი, რომ მათი, არა თუ სიცოცხლე, სიკვდილიც კი სამოძღვრო და საგულისხმოა ქვეყნისათვის!.. ვინც მთელს მის სიცოცხლეში ჭეშმარიტებას უქადაგებდა ერს, ის ღირსია რომ მის კუბოს წინაც წარმოითქვას რამდენიმე საგულისხმო ჭეშმარიტება!.. ხალხის სიბრძნე ზღაპრის პირითაც კი გვეუბნება, რომ ცხოვრებაში ორი სხვადასხვა გზა არის ორ კოშკისაკენ მიმავალი, სადაც ერთში ბოროტი ცხოვრობს და მეორეში კი კეთილი. პირველი გზა საპირადო, გატკეცილი, სულ ია-ვარდით მოფენილი და ადვილი, სასიამოვნო გასავლელია. ამ გზით ცდილობს სიარულს ქვეყნის უმეტესობა... მიდიან და მიიმღერიან: „თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, ქვა ქვაზედაც ნუღა იქნებაო“. მეორე გზა ეკლიანი, უსწორმასწორო და სახიფათოა. ამ გზით მხოლოდ რჩელი გმირები ჰბედავენ სიარულს!.. იმ გზების სათაურში ზის დედაბერი და გულ-მტკივნეულობით ამხილებს ეკლიან გზით მიმავალთ: „აბა საითკენ მიდიხართ, ამ გზით ამვლელი ბევრი მინახავს, მაგრამ ჩამომვლელი კი აღარაო“ - ,,მართალია, დედი, ჯერ არ გენახვება ჩამომვლელები, მაგრამ იმასაც ერთ დროს მოესწრებიო“, უპასუხებენ გმირები. უკვირს დედაბერს მათი ახირებულობა და მწარედ ეცინება... ეს დედაბერია ხალხი, ბრბო, ის დიდი ნაწილი ერისა, რომელსაც თავისი გრძნობა-გონება სხვის თვალსა და ყურში აქვს!..
ამ დედაბერსავით ვექცევით ჩვენც ჩვენი ქვეყნის რჩეულ შვილებს და ამგვარადვე მოვექეცით იმას, ვისაც დღეს მომეტებულის ზარითა და თავში ცემით ვეთხოვებით... რასაც დღეს იმას თანაგრძნობას ვუცხადებთ, მისი მეასედი და მეათასედიც რომ სიცოცხლეშივე გამოგვეცხადებინა მისთვის და მეტი ჭირისუფლობა გაგვეწია, ეგებ დღეს ის ისევ ჩვენში ყოფილიყო, ჩვენის ქვეყნის სასარგებლო მუშაკად. მე აქ ქონებრივ შეძლებაზე და პურზე კი არ ვლაპარაკობ: „არა მარტო პურითა ცოცხალ არს კაციო“. არა, ჩვენში ჯერ შიმშილით არავინ მომკვდარა და არც მოკვდება; მე ვამბობ სულიერ საზრდოზე... თანაგრძნობაზე, რომელიც პურზე უფრო მაღლა დგას და უფრო სანატრელია.
ვინც უფრო ძალუმად მუშაობს, ის უფრო ძლიერად იღლება, ვინც მეტსა ჰგრძნობს, იმას უფრო ხშირად უტყდება გული, მაგრამ, საკვირველია ადამიანის ბუნება, ათასგვარ უგუნურობისაგან გატეხილს გულს ერთი გონივრული თანაგრძნობა ამთელებს და ამხნევებს ქვეყნის მუშაკთ... მათთვის თანაგრძნობა იგივეა, რაც მცენარისათვის მზის სხივები და ყვავილებისათვის დილის ნამი. განა დღეს კი არ არიან ჩვენში მისთანა საიმედო ახალგაზდა ნიჭიერები, რომელნიც ამ განსვენებულის გზას ადგიან?.. დიაღ, საჭიროა იმათთვის თანაგრძნობა, მოძღვრება, კეთილ გზაზე გამოყვანა და ფეხზე დაყენება, მაგრამ ჩვენ თითქოს მათ ვერც კი ვხედავთ, არ ვიცნობთ და რომ მოკვდებიან, მაშინ კი უეცრად დავიძახებთ: ჩაესვენა მზე, დაბნელდა მთვარე, მოსწყდა ვარსკვლავიო და სხვანი... ეს თითქმის ფარისევლობასა ჰგავს და ვისი ბრალია? არა ხალხისა!.. არა... მხოლოდ იმათი, ვისაც ქვეყანამ კალთაში თავი ჩაუდვა და სთხოვს: შენ მიმითითე ავზედაც და კარგზედაცაო, - ესე იგი ინტელიგენციის და მათი მეთაურებისა, რომელთაც აღარ სცალიანთ და პირადობას უნდებიან.
ეს მე ბევრჯერ გამიგონია თვით განსვენებულისაგან მის სიცოცხლეში და ახლა ვიმეორებ - თითქოს ის განსვენებული ჩემი პირით გელაპარაკებოდეთ... დიაღ, ნუ დავაკლებთ მიცვალებულებს შესაფერ პატივს, მაგრამ გვახსოვდეს კი ცოცხლებიც!.. ამას მოითხოვს ქვეყანა და ქვეყნის საჭიროება... ახლა კი პირადად მიცვალებულის შესახებ ვიტყვი ორიოდე სიტყვას:
აჰა, საზღვარი სიკვდილ-სიცოცხლის,
უცნობ-ნაცნობი რამ გამოცანა...
აქ იყრებიან, ვით დღე და ღამე,
ის საუკუნო და ეს ქვეყანა!...
ამ საიდუმლო საზღვრის წინაშე
წამდგარვართ დღეს ჩვენ თვალცრემლიანი
და თაყვანსა ვცემთ, ვინც ღირსეულად
განვლო ამ ქვეყნის გზა ეკლიანი.
სხვაგვარი იყო ამისი ნატვრა
და სულ სხვაფერი მისი ოცნება!..
ძვირფას საუნჯედ ემარხა გულში
ქრისტეს მოძღვრება და წმინდა მცნება:
ძმათ სიყვარული და სათნოება
შრომის კავშირით შეერთებული.
გული სიწმინდით და სული მარად
წრფელი ზრახვებით გაახლებული.
ამ ღირსეული საგზლით მიჰმართა
ზეცას პირნათლად ღირსსა წინაპრებს
და აქ მსოფლიო ვალის გადახდით
ამიერიდან იქ ინეტარებს!
და ჩვენც მხოლოდღა გვრჩება ვუსურვოთ
„წმინდათა თანა მას განსვენება...“
და აქ სახსოვრად საშვილიშვილოდ
სამაგალითო „ქებათა-ქება!“
(მოამბე, 1894 წ., №1)
რედაქტორის შენიშვნები
ალექსანდრე ყაზბეგის კუბოზე
1. დაიბეჭდა ჟურნალ „მოამბეში“, 1894 წ., №1-ში (ცენზორის ნებართვა 1893 წ. 25 ნოემბრის თარიღით).
2. ალ. ყაზბეგი გარდაიცვალა 1893 წლის 10 დეკემბერს. მის გარდაცვალებას ფართოდ გამოეხმაურა ქართული პრესა და საზოგადოება. „ორჯელ დაბადებულს ერთი სიკვდილი ვერას უზამს, - წერდა ილიას გაზეთი „ივერია“, - ყაზბეგი კი მეორედ მაშინ დაიბადა, როდესაც თავისი ნიჭიერი კალამი უძღვნა ქვეყანას; დაიბადა ისე, რომ მისი აკვანი ყოველი ქართველის გულში ირწეოდა, და ასეთ აკვანში გამოზრდილს ადამიანს კი სიკვდილი ხელს ვერ შეახებს“. აკაკიმ „ჩემ თავგადასავალში“ საგანგებო თავი უძღვნა ალექსანდრე ყაზბეგს.
3. აკაკის სიტყვებში: „განა დღეს კი არ არიან ჩვენში მისთანა საიმედო ახალგაზრდა ნიჭიერები, რომელნიც ამ განსვენებულის გზას ადგიან?. დიაღ, საჭიროა იმათთვის თანაგრძნობა“... - ნაგულისხმევი იყო იმ დროს ავადმყოფი ეგნატე ნინოშვილი.
![]() |
1.25 ჭრელი ფიქრები* |
▲ზევით დაბრუნება |
ზეპირსიტყვაობამ ერთი ზღაპრული ტიპი გადმოგვცა ქართველებს: „ნაცარქექია“, რომელიც ისეთივე სასაცილოა, როგორც „დონკიხოტი“, „ფალს ტაფი“ და „ივან დურაკი“, თუმცა ეს უკანასკნელი ყველასაგან განსხვავდება. დონკიხოტი, ეს ფერმიხ-დილი რაინდობის სახე, სასაცილოა თავის გამოჩურჩუტებულობით, როდესაც ქარის წისქვილებს ებრძვის, ვითომც დევების წინააღმდეგ ვიბრძვიო, ცხვრის ფარაში ფარ-ხმლით ჩაერევა და ჟლეტავს სრულიად დარწმუნებული, რომ სარკინოზებსა მუსრს ვავლებო. ეს დონკიხოტი გულწრფელი და პატიოსანი კაცია და გატაცებულია კაცთა-მოყვარული იდეით. ამისთანა ვერ არის მეორე ტიპი ფალსტაფი. ის არის ცრუ, ბაქია, მატყუარა, უძლური, ტრაბახი და იმავე დროს თავის კუჭის მონა. სულ რაინდულ რამეებზე და პატიოსნებაზე ლაპარაკობს ეს ყოვლად მხდალი და ლაჩარი არსება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ თავისი შინაგანი სილაჩრე მიმალოს და ბაქი-ბუქობით სხვას ლუკმა გამოსტაცოს. ეს ორივე ტიპი ნაციონალური არის და მსოფლიოცა.... ჩვენი „ნაცარქექია“ კი საკვირველი ტიპია. ფიზიკურად უძლურია. სული რომ შეუბერო ცხრა მთას იქით გადავარდება, ამას თვითონაც კარგათ გრძნობს, და პირიქით არავის ეტანება: მაგრამ ფარს კი დროზე ხმარობს და ეს ფარი არის მისი ჭკუა-გონება. მოსწრებული ხერხიანობით არა თუ იგერებს დევებს, ამ საოცარ ფიზიკურ ძალის წარმომადგენლებს, არამედ კიდეც იმორჩილებს. ეს ტიპები ყველა ძველისძველია, ძველი კაცობრიობის კულტურის ნაყოფია. ახლა გადავიდეთ იმ ახალ ტიპზე, რომელიც თვალწინ ხორცშესხმით დაგვიყენა „მგზავრის წიგნების“ ავტორმა. ეს გახლავს „კუდაბზიკა“. თუ მართლა „დონკიხოტი“ დაძველებული რაინდობის ტიპია, ეს „კუდაბზიკა“ უსუსური და სწორად ვერგაგებული კულტურის ნაყოფია. როდესაც „კუდაბზიკა“ თავის გახრეკილ ბახზე ზის, თავს უქინჩავს, დეზებს გვერდებში უჩხუკურებს და ახტუნებს, სრული დარწმუნებულია, რომ რაშზე ვზივარო და უნდა თავი ზეცას მიაჭიროს; მაგრამ როდესაც მისი რაში, მუცლის ტკივილით გამწარებული, მიწაზე კოტრიალს დაიწყებს, „კუდაბზიკაც“ სასოება-დაკარგული დედამიწაში აპირებს ჩაძვრენას. ამგვარი ტიპები, რასაკვირველია, მსოფლიო ტიპებიც არიან, მაგრამ კერძოთ კი ნამდვილი ნაციონალური ტიპია დღევანდელი ჩვენი ცხოვრებისა. დასამტკიცებლად გადავავლოთ თვალი ამ ოცდაათის წლის ხანას ჩვენის ცხოვრებისა. რომელი გინდა ასპარეზიც აიღე, რას დავინახავთ უმეტესობაში, თუ არ „დონკიხოტებს“, „ფალსტაფებს“ და „კუდაბზიკებს“. ავიღოთ თუნდ მარტო ჩვენი ლიტერატურა. სულ ამგვარი რაინდებით არ არის ავსილი? ის ჩვენი პუბლიცისტები, ის მწერლები, რომელნიც სხვა ქვეყნის იარაღით შეჭურვილნი მტერსა და მოყვარეს ვერ არჩევენ, დღეს ქარის წისქვილებთან და ცხვრის ფარასთან არ იბრძვიან? და ის პუბლიცისტები, რომელნიც, თითქოს ასკი-კუკუს თამაშობენო, დღეს აქ არიან და ხვალ იქ, წინდა-პაიჭივით იცვლიან აზრსა და მიმართულებას მხოლოდ კუჭის მიმდევრობით და ფარად სხვადასხვა წმინდა იდეებს ხმარობენ, იგივე საზიზღარი „ფალსტაფები“ არ არიან? ის ახალგაზრდა მწერლები, რომელნიც პირველად გამოინადირებენ ხოლმე ჩვენში დიდი თავმოწონებით, მაგრამ ისევ მალე უკუიქცევიან ხოლმე და თავს ანებებენ არა თუ მწერლობას, ქართველობასაც კი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათი სათავმოყვარო იმედები გაუცრუვდათ, რითი არ ჰგვანან ჩვენ „კუდაბზიკას“, ცხენის მუცლის ტკივილის გამო დედამიწასთან გასწორებულს? თვით ჩვენი მკითხველი საზოგადოება, რომელიც ქების ტაშს უკრავს ამ რაინდებს და ჩვენი სჯობია სხვისასო ამბობს, რა არის, თუ არ იგივე შემკრებლობითი „კუდაბზიკა“? მაგრამ, აწ კი მადლობა ღმერთს, დღეს ნიშნებია, რომ ჩნდება ჩვენში მისთანა ტიპი, რომელსაც ამდენი ხანია სვიმეონ მოხუცებულივით მისარქმელად ვუცდით. მომავალი ამ ტიპის არის და დღევანდელი კუდაბზიკობაც მაშინ კუდს ამოიძუებს. ის ახალ-თაობა, რომელიც დღეს თავს იჩენს, მაგალითად ეგ. ნინოშვილები, დ. მეგრელები, თ. რაზიკაშვილები, ანასტასია ერისთავის ქალები და ის ახალგაზრდა პუბლიცისტები, რომელთაც თავის ქვეყანა შეუსწავლიათ, თავის დედაენაც, ევროპული კულტურის მომავალი იდეები შეუსისხლხორცებიათ, რომ გულწრფელად ემსახურონ თავის სამშობლოს და არა ჩვეულებ-რივი კუდაბზიკური მხნეობით. აი, ესენი არიან პირველი მერცხლები მომავალის გაზაფხულისა. ჯერ ჩვენ იმათზე კრიტიკას არა ვსწერთ, მხოლოდ სიტყვამ მოიტანა და გაკვრით ვამბობთ, რომ ან. ერისთავისა და თ. რაზიკაშვილი, რომელთაც ისეთი მომზადება არა აქვთ როგორც განსვენებულ ეგ. ნინოშვილს ეტყობოდა და აგრეთვე დუტუ მეგრელს, მაგრამ ბუნებითი ნიჭით კი შესანიშნავები არიან და ბევრს კარგსაც უნდა ველოდეთ მათგან მომავალში, თუ თავის ნიჭს შესაფერს საზრდოს არ დააკლებენ და გულის ფიცარზედაც დაიწერენ იმ მცნებას, ურომლისოდაც, რაც უნდა ნიჭიერი მოღვაწე იყოს, ვერ აცდება „ფალსტაფობას“ და „კუდაბზიკობას“.
(კვალი, 1894 წ. №23)
__________________
* იბეჭდება მცირე შემოკლებით.
რედაქტორის შენიშვნები
ჭრელი ფიქრები
1. დაიბეჭდა გაზ. „კვალის“ 1894 წლის 29 მაისის №23-ში. ჩვენს გამოცემაში ქვეყნდება მცირე შემოკლებით.
![]() |
1.26 საყურადღებოთ |
▲ზევით დაბრუნება |
ყოველ ქვეყანაში, ყოველი ხალხისაგან, გარდა ველურისა, მიღებულია, რომ თავიანთ გამოჩენილ შვილების ოცდახუთი წლის მოღვაწეობა იდღესასწაულონ ხოლმე. ამ დღესასწაულს ეძახიან „იუბილეის“. ჩვენ ქართველები არ მივდევთ ამ ჩვეულებას, ალბათ იმიტომ, რომ ოცდახუთი წელიწადი არ მიგვაჩნია საკმარისათ, და მეტსა ვთხოულობთ. კეთილი და პატიოსანი!. მაგრამ დღეს გამოდის, რომ ორმოცდაათიც თურმე არა კმარა და ასი უნდა იყოსო!?. ცხადია, რომ ეს დროს გაჭიანურება, ნამეტანი სურვილითა და უზომო სიყვარულით მოგვდის: ისე გვიყვარს ჩვენ ჩვენი მოღვაწეები, რომ სასიკვდილოთ არ გვემეტებიან, სულგრძელობით მოველით და ვუცდით საუკუნის შესრულებას და ის ანდაზა კი გვავიწყდება, რომ „თქვენს სულგრძელობას ჩემი დღეგრძელობაც ეჭირვებაო“. სწორეთ ორმოცდაათი წელიწადია, რაც გამოსულა სალიტერატურო ასპარეზზე ჩვენი საყვარელი მოხუცი, პატიოსანი მოღვაწე თ. რაფაელ ერისთავი და დიდი უმადურობა იქნება ჩვენგან მის შესახებ გულმავიწყობა და ჩვეულებრივი დაუდევრობა.
(კვალი, 1895 წ., №22)
რედაქტორის შენიშვნები
საყურადღებოთ
1. დაიბეჭდა „კვალის“ 1895 წლის 21 მაისის №22-ში.
აკაკის ამ წერილით საფუძველი ჩაეყარა ქართველი მოწინავე საზოგადოების სამზადისს მხცოვანი პოეტის რაფიელ ერისთავის იუბილესათვის (იხ. ამავე საგანზე აკაკის განცხადება „კვალის“ 1895 წ. 17 სექტემბრის №40-ში).
![]() |
1.27 სიტყვა რაფიელ ერისთავის საიუბილეო ნადიმზე |
▲ზევით დაბრუნება |
დიდებული მგოსანი რუსთველი, რომელიც ამ შვიდი საუკუნის განმავლობაში ასე ძლიერათ გვფენს შუქს, რომ მისი ანარეკლი სხივებით დღესაც კიდევ ზოგიერთები ბრწყინავენ, აი, რას ამბობს ერთგან: „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?“ ეს სიტყვები დღეს სწორეთ ჩემზედ არის გამოჭრილი: რაღა სიტყვაა ის სიტყვა, როდესაც მთქმელი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რომ არ აღელდეს და არა ივნოს-რა, როგორც ავადმყოფმა. - სწორეთ ეს იყო მიზეზი ჩემი დღევანდელის მდუმარების და არა ის, რასაც აქ ბრძანებენ. ის უსამართლო სიტყვები ეკლად მოხვდენ ჩემ გულს და კიდევაც მაიძულებენ, რომ მოგახსენოთ რამ და სიმცირისათვის ნუ შემრისხავთ. - თ. რ. ერისთავის პოეზიის შესახებ ბევრი რამ წარმოითქვა დღეს აქ; იმ ორმოცდაათის წლის განძავლობაშიაც ბევრი თქმულა. მე თვითონ ერთ დროს ბეჭდვით წარმოვთქვი ჩემი აზრი და რადგანაც ზედ დასამატებელი ახალი აღარა მაქვს-რა, ამისთვის პირდა-პირ გადავალ მაგის ღირსების სხვადასხვა მხარეებზე. ბ. რაფიელი ეკუთვნის მესამო-ცე წლების მოღვაწეთა გუნდს. ეს დრო ჩვენში დიდი მარტოხელობის დრო იყო და ხომ მოგეხსენებათ, თუ რა ტვირთი აწვება მარტოხელა კაცს ოჯახში? რომ ოჯახი არ დაექცეს და კერა არ გაუცივდეს ყოველიფერს უნდა წაუპოტინოს ხელი. ესეც აკეთოს - ისიც, აქაც იყოს - იქაც და თავის სიცოცხლე უნდა ათენ-აღამოს სხვადასხვა მრავალგვარ წვრილმან საქმეების კეთებაში. როდესაც წამოეზდებიან შვილები და შვილიშვილები, ოჯახი გაკაცსულიანდება და ერთის სამუშაოს ასი და ორასი გაინაწილებს, მაშინ სულ სხვებრ წავა საქმე. საოცარი შესანიშნავიც რომ იყოს მარტოხელის მუშა, რომელიც ბევრს სხვადასხვა რამეს აკეთებს და ერთისათვის მარტო ვერ იცლის, რომელიმე ნასაქმის სიდიადით ვერ გაგვაკვირვებს. მისი ნაშრომი მთას ვერ წარმოგვიდგენს და მისი ნაღვაწი ზღვას, მაგრამ თუ ამის ათასგვარ წვრილმან ნასაქნარს ერთმანეთს შეუხორცებთ, მაშინ კი მთაც გამოვა და ზღვაც. სწორედ ამ თვალით უნდა ვუყურებდეთ ზოგიერთ მესამოცე წლების მოღვაწეებს და მათ რიცხვში თ. რ. ერისთავსაც. - ორმოცი წელიწადია თვალყურს ვადევნებ მაგის მოღვაწეობას და არც ერთხელ არ შემინიშნავს, რომ მაგას გულგრილათ გვერდი აევლოს ჩვენი შინაური საქმეებისათვის და შესაფერი თანაგრძნობა არ გამოეცხადებიოს. მაგას ყავდენ ამხანაგები, მაგრამ ბევრი ჩამოშორდა და გადაუხვია. მარულაში, ანუ როგორც აქ ეძახიან, დოღში ყველა ბედაურებს თანასწორათ მიაქვთ ხოლმე იერიში პირველ გამოხტომაზე, მაგრამ გზათ კი ძალა უნებურათ ჩამორჩებიან ხოლმე ერთიმეორეს და დანიშნულ ადგილამდი მხოლოთ მცირედნი მიაწევენ. ისე იყო აქაც; და ბ. რ. ერისთავმა ორმოცდაათი წლის წრემდე პირნათლად მოაწია. თავის ხანგრძლივ ცხოვრებაში ბევრი თვალსაჩინო ადგილი სჭერია მაგას სხვადასხვა ასპარეზზე და მაგის ნიჭისა და შრომის პატრონს დღეს გულ-მკერდი ვარსკვლავებით უნდა ჰქონდეს მოჭედილი და ჯიბე სქლათ გატენილი. მაგრამ ვერცერთს ვერ ვხედავთ დღეს! არა თუ იმ დროში, დღესაც უმეტესობას უდრეკი ხასიათი უხასიათობათ მიაჩნია და ჰკიცხავს. ეგება ამასვე ფიქრობდენ ზოგიერთები ამის შესახებაც და ეს დიდი შეცდომა იქნება. თ. რ. ერისთავი მხოლოთ მაშინ ხდებოდა იძულებული დაენებებია თავი რომელიმე მოღვაწეობისთვის, როდესაც გარემოება მოითხოვდა მისგან, რომ საკუთარის რწმუნების წინააღმდეგ, სხვის ნებაზე წასულიყო და გადაეხვია. მაშინ მხოლოდ ივიწყებდა თავის თავს, ოჯახს, ცოლ-შვილს და რჩებოდა რიყეზე. ამისთანა დროს გულ-გაუტეხლობა და გულ-დაუჩაგვრელობა, სწორედ გმირობაა და ეს ძალა კიდეც ჰქონდა მინიჭებული რაფიელს. აქ უადგილო არ იქნება, რომ გავიხსენოთ ერთი შემთხვევა: ერთხელ ამ ოცდათხუთმეტის წლის წინათ მოვინდომეთ შინაურულათ სალიტერატურო საღამოს გამართვა და რის ყოფით, ძლივს მოვაგროვეთ ოციოდე კაცი. მაშინ ეს პირველი და უცხო ამბავი იყო. ჩაისა და ხილის მორთმევას შემდეგ, როცა შეუდექით საქმეს, ათი გაგვეპარა, იმ შიშით, რომ ვაი თუ გვიწყინონო, ხუთს დაეძინა იქვე და დავრჩით მხოლოთ მარტო ხუთიოდე... მაშინ შევეკითხეთ ერთმანეთს: ,,ეჰ, რას უნდა მოველოდეთ?!“ და სანუგეშოთ ჩვენვე მივეცით ჩვენ თავს პასუხი: „არაფერია! დღეს ხუთი იყოს, ხვალ ათი იქნება, ზეგ ასი და ამგვარათ!.. ვაი, რომ ჩვენ ვეღარ მოვესწრებით, თვარა კეთილი თესლი უნაყოფოთ არ დარჩებაო“ და სხვანი.. თურმე ვცდებოდით მაშინ და დღეს, შემიძლია, მაშინდელის საპასუხოთ მიუთითო ამ ხალხზე ბ-ნ იუბილიარს და ვუთხრა: „აი, თუმცა დაგვიანებული, მაგრამ ჭეშმარიტი პასუხი! ხომ ხედავ, სხვადასხვა კუთხეებიდან ჩვენი ქვეყნისა მოსულან ქართველები, რომ იდღესასწაულონ შენი ბედნიერი დღე და თანაგრძნობა გამოგიცხადონ!.. და ზედაც კიდევ ეს დავძინოთ: ბედნიერო მოხუცო! ნუ დაივიწყებ, რომ დღემდისაც გადახდილა იუბილეები ზოგიერთების, მაგრამ ეს ანბავი კი არ ყოფილა!.. ეს ანბავი შეუძლია მხოლოთ ნიჭს, რომ გამოიწვიოს, მაგრამ რას ვანბობ? რა არის მარტო ნიჭი, თუ თანვე არ ეახლება შრომისმოყვარეობა და გულწრფელობა? და ესეები კი ყველა ერთათ მომადლებული ჰქონდა ბ. რ. ერისთავს. იცოცხლოს დიდხანს მომავალი თაობის სამოძღვრო-სამაგალითოდ.
(კვალი, 1895 წ., №46)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა რაფიელ ერისთავის საიუბილეო ნადიმზე
1. დაიბეჭდა „კვალის“ 1895 წლის 29 ოქტომბრის №46-ში.
2. რაფიელ ერისთავის (1824-1901) სამწერლო-საზოგადოებრივი მოღვაწეობის ორმოცდაათი წლისთავის იუბილე დიდი ზეიმით იქნა აღნიშნული 1895 წლის 22 ოქტომბერს. ამ იუბილეს ინიციატორი იყო აკაკი (იხ. წერილი - „საყურადღებოდ“ „კვალის“ 1895 წლის 21 მაისის №22-ში). აკაკის მოწოდებას მხარი დაუჭირა ილიამ თავის გაზეთ „ივერიაში“. საიუბილეო ზეიმზე სიტყვები წარმოსთქვეს ილიამ, აკაკიმ, გ. წერეთელმა, ივ. მაჩაბელმა და სხვ.
რ. ერისთავის იუბილეს ფართოდ გამოეხმაურა ქართული პრესა. „კვალსა“ და „ივერიაში“ დაიბეჭდა მრავალი წერილი, იუბილარის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი. „ივერიაში“, სხვა მასალასთან ერთად, სოსელოს ფსევდონიმით დაიბეჭდა ლექსი „თ. რ. ერისთავს“. ლექსი ეკუთვნოდა ჭაბუკ სემინარიელს, იოსებ ჯუღაშვილს.
რ. ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი მასალები შემდეგ ცალკე წიგნადაც იქნა გამოცემული, სათაურით: „საერო დღესასწაული თ. რაფ. ერისთავის იუბილეს გამო“, თბილისი, 1899 წ. ექვ. ხელაძის გამოცემა, 143 გვ.
3. „მე თვითონ ერთ დროს ბეჭდვით წარმოვთქვი ჩემი აზრი“ (რაფ. ერისთავის შემოქმედების შესახებ. - რედ.) - აკაკი გულისხმობს თავის წერილს „მცირე რამ შენიშ-ვნები“ - (დროება, 1878 წ., №109), სადაც იგი წერდა: „ერთი მწერლის მეტი არ გვეგულება, რომ თავის სამშობლო ქვეყანა იცოდეს იმ გვარის ცოდნით, რომელიც ზემოთ ვთქვით, და გადაჭარბებულად არ სწერდეს: ეს მწერალი არის თ. რაფიელ ერისთავი და საჭიროა, რომ მის ნაწერებს ყურადღება მიექცეს“.
![]() |
1.28 შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
მოლა მასრადინი ენა-მჭევრი კაცი ყოფილა და ბევრი მისი ნათქვამი ანდაზათაც დავარდნილა. მაგრამ ხალხს ეს რომ არ უკმარებია მისთვის, საუკუნოების განმავლობაში ვისაც კი რამე უთქვამს, სუყველას იმ საცოდავ მოლას აწერენ, ასე რომ მისი სახელით წიგნებია კეცა-კეცათ გამოსული. რასაკვირველია იმ წიგნებში მეასედი და მეათასედიც არ არის მასრადინის ნათქვამი, მაგრამ ახლა ბევრიც რომ იუაროს, საიქიოს რაღას გააწყობს. უნდა იტვირთოს საბრალო მოლამ სხვების სისულელე და უმარილო ოხუნჯობა.
რაც ამ მოლა მასრადინს სიკვდილის შემდეგ მოუვიდა, ის მე სიცოცხლეშივე მემართება: ისეთ რამეებს იმეორებენ ჩემ ნათქვამათ და ჩემ ნაკვესებს ეძახიან, რომელიც მე პირველათ მესმის ხოლმე. ბევრი მათგანი ისეთი უწმაწური და უმნიშვნელო ნათქვამია, რომ გიკვირს და ფიქრობ: „თუ არ გონება ჩლუნგს, ვის უთქვამს ეს ვითომ „მოსწრებული“ და ან სხვები როგორ იმეორებენ“. ზოგჯერ ჩემ ნათქვამსაც იმეორებენ, მაგრამ ისე დამტვრეულათ კი, რომ თითქმის აღარა გამოდის-რა. ამ გარემოების თავიდან ასაცილებლათ მე თითონვე ვიკისრე ახლა, რომ შევკრიბო და ცალკე წიგნათ გამოვცე ნამდვილი ჩემი ნაკვესები, მარტო მისთანები, რომელთაც მხოლოთ საზო-გადო მნიშვნელობა აქვს და შეეხებიან ასე თუ ისე ჩვენი ცხოვრების საგანს. ხოლო, რაც შეეხება სხვების ნათქვამს და დასტამბულს, „ვითომ ჩემ ნათქვამათ“, ვთხოვ მკითხველს ის ისევ მოლა მასრადინს მიაწეროს და მე თავიდან ამაშოროს.
(კვალი, 1895 წ., №20)
რედაქტორის შენიშვნები
შენიშვნა
1. სტატია დაიბეჭდა გაზ. „კვალში“, 1895 წ. 7 მაისის №20-ში.
2. აკაკი გულისხმობს თედო სახოკიას მიერ „შეკრებილსა“ და 1895 წელს გამოცემულ კრებულს, სათაურით „აკაკის ნაკვესები“, წიგნი პირველი. ამ გამოცემის გამო სასტიკი რეცენზია მოათავსა „კვალის“ რედაქციამაც, სადაც გაკიცხული იქნა კრებულის შემდგენელი. რედაქცია წერდა, რომ შემდგენელს აკაკის სახელით „თავისი ნაკვესები შეუთხზავსო“ („კვალი“, 1895 წ., №15).
![]() |
1.29 განთიადი* |
▲ზევით დაბრუნება |
ახირებული დრო იყო „მესამოცე წლები“ რუსეთში!.. მწერლობა ორ ბანაკათ გაიყო: ერთი ამტკიცებდა, რომ ხელოვნება მხოლოდ ხელოვნებისათვის უნდა იყოს და არა ცხოვრებისათვისო. მეორე კი იმ აზრზე იდგა, რომ ხელოვნება ცხოვრებისათვისო. აიშალენ. ბრძოლა ისე გამწვავდა, რომ ორივე მხარე უკიდურესობაში ჩავარდა და გზა და კვალი აერიათ: წმინდა ხელოვნების მიმდევრებმა ჰაერში მოინდომეს ფრენა და ძირს, დედამიწაზე, ფეხს აღარ აკარებდენ, ყოველდღიურ ავ-კარგიანობას ზურგი შეაქციეს და მხოლოდ ტკბილ-ხმოვანობა“ და „საამო ფერადობა“ მოიქარგეს დროშაზე!… მშიერს რომ მათთვის ხელი გაეწვდინა და მოწყალება ეთხოვა, ისინი პურის ნაცვლად ჭიანურსა და ოქრო-ქსოვილებს მიაშველებდენ, სრულიად დარწმუნებული, რომ მხოლოთ ის თუა მათი წამალი და სხვა არა ეჭირებოდათ რა!..
მეორე მხარემაც ისეთი ვიწრო ფარგლით შემოზღუდა ცხოვრება (თითქოს ადამიანი პირუტყვზე მაღლა აღარ მდგარიყოს), რომ ყოველივე, რაც კი სულით აამაღლებს ადამიანს და დაუახლოვებს ციურს, უარჰყო!.. თამამათ და გულწრფელათ ამტკი-ცებდა, რომ მოცარტისა და ბეტხოვენის მუსიკაზე გოჭის ჭყივილი უფრო სასიამოვნო გასაგონია, რომ ორფეოსის სიმღერას ძაღლის ყეფა ჯობია და მჭევრ-მეტყველებაზე ბლოყინ-სიტყვაობა უფრო სასიამოვნოა, როგორც ცხოვრებაში უფრო გამოსადეგიო. ის, ვინც ორივე მხარეს განზე გაუდგებოდა და მათ უკიდურესობას უარსა ჰყოფდა, არც იქით იქნებოდა, არც აქეთ და შუათანობას აირჩევდა. უეჭველია ორივე გუნდისაგან შეურაცხყოფილი შეიქნებოდა ისე, როგორც გამოჩენილი მწერალი ტურგენევი და ან პოეტი ალექსი ტოლსტოი. - ამ უცნაურმა და უკუღმართმა მოვლინებამ იმ დროში შეაფერხა რუსეთში ყოველგვარი ხელოვნება. ეს საშიში სენი ჩვენც გადმოგვედვა მაშინ ქართველებს და უფრო მეტი ვნებაც მოგვიტანა ვიდრე რუსეთს. - ეს ნიგილიზმად წოდებული სენი რუსეთში კანონიერი მოვლინება იყო, როგორც მაშინდელ დროთა ვითარების ძალით, რუსეთისვე ცხოვრებიდან გამოწვეული, მაგრამ ჩვენში კი წამხედურობით იყო გადმოტანილი და ნაძალადევი და ამიტომაც უფრო მეტი ვნება მოგვიტანა. ზოგიერთ სახადს, მაგალითათ, ყვავილს, განგებ აუცრიან ხოლმე კაცს, რომ ნამდვილს ძალა დააკარგვიონ. ის ზემოხსენებული სენი ანუ სახადი სწორეთ აცრა იყო ძროხის ყვავილივით რუსეთში, მაგრამ ჩვენში კი ნამდვილ ჭირ-ბოროტათ შემოვიდა, დაგვასახიჩრა და დაგვაწყლულა.
რუსეთში ისე მალე გადაჰკვეთა, რომ ათ წელსაც არ გაუვლია, მაგრამ ჩვენ კი ჯერ თითქმის ნახევარი საუკუნე გადის და ვერ მოგვიხდია. ყოველგვარი ხელოვნება დღემდისაც შეფერხებულია ჩვენში და ხალხმაც სწორ-მხედველობის სასწორ-საზომი დაჰკარგა. ჩანგურ-სალამურის ადგილი „ბუზიკამ“ დაიჭირა, მშობლიური ხმები, საიდანაც ჩვენი წარსულის კვნესა-სიცილი გამოისმოდა, საუკუნოებით იყო გადმოცემული, - როტიდან გამოსულმა სიმღერებმა გააძევა. სანიმუშოთ ავიღოთ ის მრავალჟამიერი, რომელსაც დღეს დიდი და პატარა ყველა იმღერის, თითქმის ძაღლებიც კი მის კილოზე ზუვიან და ისე შეეხორცა მთელ ქვეყანას, რომ თითქო მისი საკუთარი ცხოვრების ნაყოფი ყოფილიყოს.
მხატვრობაზე სულ არაფერი გვეთქმის და რაც შეეხება მწერლობას, ის ხომ სათვალდათვალო გადაუკუღმართებული და დამახინჯებულია. დამპალ ჯირკებივით და ხმელ ფიჩხივით აქა-იქ მოკრეფილი სხვისი ნაწყვეტი აზრები და ღაზლის ძაფით შეკონვილი, საკუთარი სიბრძნე-მეცნიერება გვგონია. სიტყვების უსიამოვნო ბრახა-ბრუხი - მუზიკა - გარმონია და გაბერილი აზრების ფართი-ფურთი . პოეზია..... არა! ვიტყვით გულწრფელათ, ნამდვილი განთიადი ხელოვნებისა მხოლოთ ამ უკანასკნელ ხანებში დგება. ამას გვიმტკიცებენ ახალგაზდა მწერლები თავის პატარ-პატარა ფსიხოლოგიური ეტიუდებით, რომელთა რიცხვში პირველი ადგილი უჭირავს შიო დედაბრიშვილს. ვიცი, ბევრი იტყვის, მაგრე პატარა რამეებზე ღირს ლაპარაკიო, მაგრამ ხელოვნებამ, ზომისა და წონის მხრით დიდი და პატარა არ იცის. გამოჩენილმა ისპანიის მხატვარმა მურილიომ პატარა ტილი დახატა. ეს არის მისი ერთი საუკეთესო ნაწარმოებთაგანი. როდესაც გამოფინეს ეს ნახატი მსოფლიო სანიმუშოთ და ქვეყანა აღტაცებაში მოდიოდა, ერთმა უნიჭო მხატვარმა სპილო დახატა და ჩამოუკიდა გვერდით და რომ არავინ მიაქცია ყურადღება, ჰკვირობდა: ჩემი ნახატი უფრო დიდი არ არისო! ჯერჯერობით ბოდიში უნდა მოვიხადო და ვთქვა, უმეტესობას ჩვენშიაც ასე ესმის ხელოვნება.
ეს დღევანდელი პატარ-პატარა ფსიხოლოგიური ნაწყვეტები მამლის ყივილივით განთიადის წინამორბედი არიან ჩვენ ცხოვრება-ლიტერატურაში.
ერთი ამგვარი რამ ამ დღეებშიაც დაიბეჭდა საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილში“. ვოლტერმა თქვა, ყმაწვილებისათვის ის არის კარგი და სასარგებლო, რაც არც დიდებს აწყენსო. ეს პატარა ბოტანიკური მოთხრობა „ფითრი“ თ. რაზიკაშვილისა, როგორც ხელოვნების მხრივ, ისე თავის კილოთიც გამტაცია ახალგაზდა გრძნობა-გონების და იმავე დროს დიდათ საგულისხმიერო დიდებისთვისაც. აქ არ გვინდა ამოვწეროთ შინაარსი, რომ არ დავამახინჯოთ, ვურჩევთ ყველას, თავის თავათ წაიკითხონ. აქ არის გამოხატული ჩვენი ქვეყანა და ძველთაგანვე მის გულში შემოხიზნული ერი. ეს არის ისტორია ჩვენის ცხოვრების და იმავე დროს ებრაული წინასწარმეტყველება მომავალზე. და ვინც გულდადებით წაიკითხავს, ჩვენთან ერთად იტყვის, მადლობა ღმერთს, ახალი ხანა დგება ჩვენ მწერლობაში და მისი განთიადიც მოახლოვებულიაო.
(კვალი, 1896 წ., №21)
________________
* იბეჭდება შემოკლებით.
რედაქტორის შენიშვნები
განთიადი
1. დაიბეჭდა „კვალის“ 1896 წ. 12 მაისის №21-ში. წერილი მიძღვნილია შიო არაგვისპირელისა და თ. რაზიკაშვილის შემოქმედებისადმი.
2. ამ წერილში გამოთქმული შეხედულება მე-60 წლების რუსულ ლიტერატურაში არსებული იდეური ბრძოლის შესახებ აკაკის გატარებული აქვს აგრეთვე „ჩემი თავგადასავალის“ მეორე ნაწილში.
3. აკაკის ტენდენციური და უმართებულო შეხედულებები მე-60 წლების ქართული მწერლობის ახალ თაობაზე, გამოთქმული ამ სტატიაში, როგორც სჩანს, გამოწვეული იყო შემთხვევითი და წარმავალი სულიერი განწყობილებით. ამ ნიჰილისტურ შეხედულებას იმ ლიტერატურული თაობის როლსა და მნიშვნელობაზე, რომელსაც თვითონვე ეკუთვნოდა ახალგაზრდობაში, პოეტი სხვა თავის წერილებში აღარ იმეორებს.
4. აკაკის თავისი აზრი 90-იანი წლების ახალგაზრდა ქართველ მწერლებზე სხვა წერილებშიაც აქვს გამოთქმული, მაგ. შ. არაგვისპირელზე - იხ. „კვალი“, 1896 წ., №23, „აკაკის კრებული“, 1898 წ., 1 9, თედო რაზიკაშვილზე - „კვალი“, 1894 წ., №23, „აკაკის კრებული“, 1899 წ., №2; „ჯეჯილი“, 1899 წ., №12; „ივერია“, 1901 წ., №103 და სხვ. 5. თედო რაზიკაშვილის მოთხრობა „ფითრი“ დაიბეჭდა საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილში“ 1896 წლის №4, გვ. 5-15.
![]() |
1.30 უკანასკნელი პასუხი |
▲ზევით დაბრუნება |
ვიღაცას უთქვამს, რომ ქართველი გინებაში იდგამს ენასაო. საზოგადოთ ეს ტყუილია, მაგრამ ზოგან კი მართლა შევხვდებით მისთანა ბავშს, რომ ჯერ ენა არ გამაგრებოდეს და უწმაწურებს კი ამბობდეს: „მამაძალო“, „დედაძალო“, „ღოისილო“, „გაგახამ“, „მოკლამ მე სენო“ და სხვანი. გარეშეებისათვის ამისთანა ნორჩი მოსაწონი არ არის, მაგრამ მშობლებს კი არ ეჯავრებათ... პირიქით კიდეც უხარიათ და ამბობენ გუნებაში: „ვენაცვალე ჩემ პატარა ტიტინა ბიჭს, ახლავე ეტყობა მჭევრ-მეტყველობის ნიჭიო... მართალია, ჯერ ცუდი სიტყვების მეტს არას ამბობს, მაგრამ ეს ხომ უგნურობით მოსდის და, როცა გაიზდება და ჭკუაში ჩავარდება, მაშინ ზდილობიან სიტყვა-პასუხზე გადავაო“. მართალი არიან მშობლები!.. მესმის მათი გულის პასუხი, მით უფრო, რომ მეც ბევრჯელ ვყოფილვარ იმათ მდგომარეობაში: ძვირათ ვინმე გამოსულა ჩვენში ან სამწერლო და ან სხვა რომელსამე საზოგადო სარბიელზე, რომ პირველი ბიჯი ჩემკენ მუქარით არ გადმოედგას და ჩემი ლანძღვით არ დაეწყოს თავისი დებიუტი. იმ თავიდან ამ ბოლომდე ეს ისე დაკანონდა, რომ თითქოს უამი-სოთ ნება არა ჰქონდეს ახალგაზდას პირველი ბიჯის გადადგმისა!.. ისე როგორც ქრისტიანი ვერ მიიღებს ზიარებას, თუ „მწამს უფალო და აღვიარებო“ არა სთქვა, ან და ნათვლობის დროს თუ არ გაიმეორეს მის მაგიერ სამჯერ „ვიჯმნი ეშმაკისაგანო!“. ვინ თხოულობს ამას და ვისთვის არის საჭირო, არას ვიტყვი, მაგრამ სწორეთ ასე კი არის და!... ვისაც არ ჯერა, გადაათვალიეროს ჩვენი მწერლობა ამ ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში, და, თუ ვსტყუოდე, ცუდი კაცი დამიძახოს!.. ამასაც ნუ მაკმარებს... აგრეთვე თუ სადმე შეხვდეს, რომ მე პირველი შევხებოდე ვისმე პირადობას და მხოლოთ ცილისწამების თავიდან ასაცდენათ მარტო პასუხი არ მეწეროს, მოუსვენარი მიწოდოს და დამგმოს. აი, ახლაც სრულიათ კანონიერათ მეჩვენა „ივერიის“ ახალგაზდა კრიტიკოსის ჩემსკენ გამოლაშქრება:
„აკაკის ნაკი წელიწადი დაუდგაო“, „მისი მოთხრობა სახელს ვერ შემატებსო“ და სხვანი. ესე იგი, უბოდიშოთ რომ ვსთქვათ, „ხელს რომ აიღებდეს წერაზე, კარგი იქნებაო“. ეს ეგება მართალიც იყოს, მაგრამ, რადგანაც მე ჩემ დღეში არ მიფიქრია სახელის მოპოებაზე და არც ახლა ვცდილობ მის გადიდებას, ამისათვის ბოდიშს ვიხდი, რომ ვერ ვასრულებ მისსა და მისიანების სურვილს და ისევ ისე ვსწირავ, როგორც მიწირავს შეძლებისდა გვარათ. დეე, სახელის გადიდებაზე იმათ იფიქრონ, ვისაც მხოლოთ მის მოსაპოვებლათ უღვაწნიათ, ჩემი სურვილი და მისწრაფება კი ყოველთვის სხვა ყოფილა და დღესაც სხვა არის.
ცხოვრებაში რომ ფეხი შევდგი, კარგათ ვიცოდი ავ-კარგის გარჩევა და მწარესა და ტკბილსაც ვატყობდი. ჩემ წინ იდვა ორკაპი გზა: მარჯვნივ - სწორი, გატკეცილი და ვარდით მოფენილი, ადვილი გასავლელი და საფუნდრუკო, ციხე-დარბაზში საბედ-ნიეროთ მიმყვანი: მარცხნივ - უსწორ-მასწორი, ოღრო- ჩოღროიანი, ეკლიან-ტალახიანი, სახიფათო, საჭირბოროტო, შორი, მაგრამ ზედ უკვდავების წყაროზე კი მიმსვლელი. საზოგადო აზრი სირინოზის ხმით მიჩურჩულებდა ყურში: „აირჩიე მარჯვნივ! ხოლო იმ პირობით კი, რომ დაივიწყო წარსული, ხელი აიღო მომავალზე და იფიქრო მხოლოთ შენს საკუთარ აწმყოზე! ეს სალხინო გზა მიგიყვანს იმ სადგურამდე, სადაც მოგელის სიმდიდრე და მაღალი ხარისხი, ეს ორი უპირველესი განძი, და ნატვრის თვალი ქვეყნიური ცხოვრებისა. შენი გარეგანი შემკულობა ქვეყანას თვალს მოსჭრის, ტკბილი სიტყვა-პასუხი ყურს მოუხიბლავს, უწყინარი და ზდილო-ბიანი ქცევა გულს მოიგებს და სიმდიდრეც საშუალებას მოგცემს, რომ ღორმუცელათა გუნდი პურ-ღვინით მოინადირო და გაიერთგულო, იცოცხლებ სახელგანთქმულათ, დაბერდები სიტკბოებით და სამარეშიაც დიდებულათ ჩახვალო, მერე კი, რაღაი შენ აღარ იქნები, შენთვის სულ ერთი იქნება, ქვა ქვაზედაც ნუღა ყოფილაო“. „არა! არა! ნუ გაუგონებ მაგ მაცდურს! - ჩამძახოდა მეორე ყურში ჩემი გადიას ხმით ბავშვობისას გაგონილი ზღაპარი - განა ადამიანს შეშვენის წარსულის დავიწყება და მომავალზე ხელის აღება? ეს ხომ საკუთრათ პირუტყვის ხვედრია? შენ კაცი ხარ და, როგორც კაცს, არ უნდა გავიწყდებოდეს არც მშობელი და არც ნაშობი! თავგანწირული უნდა იყო შენი სატრფოსათვის, არც ჭირში და არც ლხინში არ უნდა გავიწყდებოდეს საყვარე-ლი! მათთვის თავის განწირვა და ჭირის ატანა ლხინათ უნდა მიგაჩნდეს. ხომ ხედავ, რომ შენი მშობელი, შენი სატრფო, შენი საყვარელი, ოდესმე გამოჩენილი მზეთუნახავი, დღეს დასნეულებული და დაწყლულებული ძლივსღა იბრუნებს სულს? მისი ფეხზე წამოყენება და განკურნება უკვდავების წყაროს მეტს არაფერს შეუძლია და იქამდის მისასვლელი კი ამ გზის მეტი სხვა გზა არსად არის! არა! დაადექი ამ გზას, ნუ შეუშინდები ხიფათს, ნუ მოერიდები განსაცდელს, აიტანე ყოველგვარი უბედურება და თავგანწირვით მიჰყევ ამ გზას, სადამდისაც მიგიყვანოსო!“ კი მაგრამ მე ხომ გმირი არა ვარ, რომ შევიძლო მთელი გზის გაკაფვა უკვდავების წყარომდე? - ვაძლევდი პასუხს ჩემ გუნებაში - სადმე ახლოსვე ჩავკვდები საწყლათ... ჩემ თავსაც დავაკლებ და ვერც არას ჩემ საყვარელს შევმატებ მეთქი. „ჰაი, სულმოკლეო! გმირი თუ არა ხარ, უბრალო დღიურ მუშათ ხომ მაინც გამოდგები და ისიც კარგიაო! - მარწმუნებდა გადია. მართალია მთელ გზას ვერ გაივლი მაგრამ რამდენიმე ბიჯის გადადგმას ხომ მოასწრებ? იმ შენ გაკვალულ გზას შენს შემდეგ სხვები ადვილათ, გაუჭირვებლათ გაივლიან და ახალ მუშაობას დაიწყებენ იქიდან, სადაც შენ შეჩერებულხარ. ამრიგათ ერთი მეორეზე დღეს-ხვალიობით გაიკაფება მთელი გზა, უკვდავების წყარო ესხურება შენს სატრფოს და გაიკურნება. მართალია შენ ვეღარას მოესწრები, მაგრამ სიკვდილის წინეთ მოვალეობის ასრულების ტკბილი გრძნობა და საფლავში იმედის ჩატანა იგივე ცხონებააო“. - მითხრა დაბეჯითებით. მეც მარცხნივ გადავდგი ფეხი და აღარც გადამიხვევია... ხშირად მოხდება, რომ საროსკიპოში მიმავალმა კაცმა გზაში ფეხი წამოჰკრას, დაეცეს, მაგრამ წამოდგეს ისევ და გაუდგეს საბინძურო გზას. აგრევე შესაძლებელია, რომ ეკლესიაში სალოცავათ მიმავალსაც ასევე მოუვიდეს: ნამეტანი სიჩქარით ფეხი წამოკრას რასმე, გაგორდეს მიწაზე, მაგრამ მაინც არ მოიშალოს ეკლესიაში შესვლა. მართალია იქაც წაქცევაა და აქაც, მაგრამ მიზანი და მიმართულება კი ამ ორი შემთხვევის სულ სხვა-დასხვა არის და საროსკიპოში მიმავალს ნება არა აქვს უკიჟინოს მეორეს: „შენც ხომ წაქცეულხარო!“ და სხვა. - წავქცეულვარ თუ არა მეც ამ მარცხენა გზაზე, არას ვიტყვი! ეს სხვებისთვის მიმინდვია სათქმელათ, მაგრამ შეცდომით კი ზოგჯერ შემცდარვარ: ნამეტანი გულ-მხურვალობის მტერი მოყვრათ მიმიღია და მოყვარე მტრათ მომჩვენებია, თუმცა მალე კი გამოვრკვეულვარ ხოლმე და მევე გამისწორებია ჩემი შეცდომა. მოვიტან აქ ერთ მაგალითს:
თბილისში რომ ჩამოვედი, „ძველმა მოღვაწეთა წრემ“ ძალიან სიამტკბილობით მიმიღო და მით ფრთები შემასხა!.. მით უფრო, რომ სტუდენტებისაგან ძალიან გულ-დაჩაგრული ვიყავი: რატომ წერაზე ხელი არ აიღო და ჩვენი სურვილის წინააღმდეგ წავიდაო. გარდა ერთი-ორისა, უმეტესობა მოსვენებას აღარ მაძლევდა, კიჟინას მაყრიდა, საცინლათ მიგდებდა. ქართველების ტრედიაკოვსკის მეძახდა და სხვანი. ერთხელ ლავრენტი არდაზიანმა თავის სახლში წამიყვანა. გზაში, სხვათა შორის, ჩამოაგდო ლაპარაკი ერთ ახალგაზდა მწერალზე და მითხრა: იმასთან მეგობრობას არ გირჩევო. მართალია, შენი თქმისა არ იყოს, ის ნიჭიერი კაცია, გამრჯელი, სწავლა-განათლების მოსურნეც, მაგრამ თავმოყვარეობით სნეულია და კეთილ ნაყოფს ვერ მოიტანსო. გუშინ მთელი დღე მედავა ქვეყნის გაჩენაზე... შემთხვევით მოძრაობას, „სლუჩაინი მეხანიზმას“ აბრალებდა, რომ არ დავეთანხმე, დედამიწასთან გამასწორაო. საზოგადოთ შემინიშნავს, რომ ამგვარი კაცები ქვეყანას არას არგიანო და ბოლოს, როცა მათი აღარა გაუვათ-რა, ან თავის გულს შემოასკდებიან და ან გაცოფიანებული ბრუნდსა და მართალს განურჩევლად კბენას დაუწყებენო. ამ ლაპარაკში რომ ვიყავით, წინ ერთი ვიღაც კვარტალნი შეგვხვდა: ლავრენტიმ ხელი ჩამოართვა და ისიც თან წამო-იყვანა. გზაში ერთმანეთს გაგვაცნო: დიმიტრი ბერიევი გამოდგა და მეც შევკრთი, რადგანაც პოლიციელისა და პოეტის ერთათ წარმოდგენას ვერ ვახერხებდი. ლავრენტის სახლში ბევრი ნაცნობი დამიხვდა, უფრო მეტი კი უცნობი და, როდესაც წარმადგინეს, ყველამ სიამოვნებით შემომხედა. ყური მოვკარი, ერთმა დედაბერმა წაულაპარაკა მეორეს: გენაცვა, შვილო, რა ახალგაზრდა ყოფილაო?! ძნელი წარმოსადგენია ახლა, თუ რა სიამოვნება ვიგრძენი იმ სღამოს! უმეტესათ მაშინ, როდესაც ერთმა ახალგაზდა მღვდლის ქალმა ჩემი „საიდუმლო ბარათი“ იმღერა. იმ საღამოს ბევრ რაზედმე ვლაპარაკობდით, მაგრამ უფრო კი მწერლობაზე. ივანე კერესელიძე მომიბრუნდა და მკითხა: როგორ მოგწონს დიმიტრი ბერიევის ახალი ლექსი „ლხინი“?
- კარგია! - მივუგე მე - წყობილებაც კარგია და მუზიკაც, მაგრამ აზრი კი ღმერთმა შეინახოს!
- როგორ თუ ღმერთმა შეინახოს?! ყველას მოსწონს და თქვენ კი, სტუდენტებს ძველი კაცების თავის დღეში არა მოგეწონებათ-რა, აპა რას უწუნებ!
- ავიღოთ, თუ გინდა ეს ტაეპი: „მომეცით ყანწი! რათ მინდა ჭიქა? გასტყდეს, ვეძებდე მე აქა-იქა“. ეს აზრის წინააღმდეგობა არ არის?! თუ მთელი ჭიქა არ უნდა და გასატეხათ იმეტებს, ნამტვრევებს რაღათ ეძებს აქა-იქა? ცხადია, რომ ეს სიტყვა „აქა-იქა“ მიტომ უხმარია, რომ რითმა გამოსულიყო „ჭიქა და აქა-იქა“. მაგრამ მაშინ არ ჯობდა, ესე ეთქვა: გასტყდეს, გაიბნეს ის აქა-იქა. მაშინ ისევ ის ლექსი გამოვიდოდა და აღარც აზრის წინააღმდეგობა იქნებოდა.
- შემცდარი ხარ! - ჩამოგვერია არდაზიანი. ჭიქა რომ გატყდება ძალაუნებურათ უნდა ვეძებოთ და ვათვალიეროთ აქა-იქ, რომ ფეხში არავის შეერჭოს.
- ეგ კარგი სოფიზმია, მაგრამ პოეზიაში კი არ გამოდგება. არა მგონია, რომ მაგ აზრით ეხმაროს ავტორს ეგ სიტყვა? ამას გარდა რა დასაწერი იყო ეს მეორე სიტყვები: „მიყვარს გაძღომა, ადრე სადილი, იქვე მიწოლა და იქვე ძილი“ მეთქი. ამ სიტყვებზე ყველამ სიცილი დაიწყო, თვითონ ბერიევმაც გადაიხარხარა, მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა: პირველში მართალი ხარ, მაგრამ მეორეში კი არა! ნასადილევს ძილი რომ სასურველია, ამას, ჩემი ხნის რომ მოიყრები, მაშინ იგრძნობო.
ღმერთო, შეგცოდე, ხანდახან ახლა მეჭაშნიკება ხოლმე მაშინდელი მისი სიტყვები!
მეორეთ, კუკიისკენ მიმავალს, ამედევნა ბერიევი და მე გავეხუმრე:
- რომ ვინმემ დამინახოს ახლა, თუ მტერია, იამება, თუ მოყვარე, ეწყინება.
- რათა?! - მკითხა გაოცებით.
- ეგონებათ, რომ კვარტალს დაუჭერივარ და პოლიციაში მივყავარ.
- იმერელო! არც მაგრე ამოჩემება ვარგა კაცისა. რას უკიჟინებ ამ ჩემ მუნდირს? მაინცდამაინც პოეტობას ეს რას დაუშლის?
- ორი ნესვი, ერთი გარეული და ერთი შინაური, ცალი ხელით არ დაიჭირება.
- მე რომ დაბალ ღობეთა მხედავ, მიტომ მეუბნები მაგას, თორემ რატომ გრიგოლს, გიორგის, ივანეს, იაკინთეს და სხვებს არას ამხილებ, უფრო დიდი გარეული ნესვები არ უჭირავთ ხელში?
- მე იმათთან რა საქმე მაქვს? ისინი განზე დგანან თავისთვის, შენ კი ჩვენ წრეში ხარ და, მაგ მორთულობით რომ გხედავ, მეხიმხება. გაიხადე და მეტს აღარას გეტყვი.
ამ სიტყვის შემდეგ ხმა აღარ გაუცია, ისე ჩავედით ხიდამდინ. იქ ერთი ცალფეხა გლახა შეგვხვდა, ყავარჯნით ხელში. ბერიევმა გროში მისცა და დაუწყო კითხვა: რათ გინდა, ჩემო ძმაო, ეგ ჯოხი რომ გიჭირავს ხელში? - როგორ თუ რათა? - უპასუხა გლახამ - უამისოთ რა მეშველება?.. ფეხს ვეღარ დავადგამ და აქვე დავვარდები მიწაზე. - ფეხი რომ გაგიმთელდეს, მაშინ ხომ შეელევი მაგ იარაღს? - რაღა ოხრათ მენდომებაო, უპასუხა ღიმილით.
აი, ჩემო წერეთელო, შენი პასუხიო! - მომიბრუნდა ბერიევი - ეს მუნდირიც ჩემი ყავარჯენია, უამისოთ ფეხს ვეღარ გადავდგამდი და ოჯახიც შიმშილით ამომიწყდებოდაო.
ეს სიტყვები გულში მომხვდენ და თანხმობის ნიშნათ ხელი გავუშვირე პოეტს. ამგვარი შეცდომა სხვიმისაც ბევრჯელ მომსვლია, მაგრამ დანაშაულობათ არა ვთვლი!.. ოჯახის ერთგული ძაღლი ზოგჯერ უცხო ტანისამოსით რომ ნახავს, შინაურებსაც კი შეუყეფს ხოლმე, მაგრამ ახლოს რომ მივა და იცნობს, მრისხანე ყეფას საალერსო წუწკუნით აბოლოვებს. რაღაი კი გადასული ამბების მოგონებაში შევტოპე, ერთსაც კიდევ გავიხსენებ: გიორგი მუხრანსკის დავებარებიე და ვიახელი. ის საკვირველი თავდაბალი, ალერსიანი და ტკბილი მოლაპარაკე კაცი იყო. ისე მიმიღო, რომ მეგონა ჩემ ტოლ-ამხანაგ სტუდენტთან ვიყავი. დიდხანს ვისაუბრეთ და ბოლოს უცბათ მკითხა: წერეთელო, დიდხანს უნდა იარო მაგრე თმაგაჩეჩილმა? მართალია პოეტი კი ხარ, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ის დრო წავიდა, როცა პოეტები პარნასზე ღმერთებთან ერთათ ფერხულს უვლიდენ. აქ საქართველოა.
- მერე რა? - ვუპასუხე მე.
- ის, რომ შენ თავზე ფიქრი გმართებს. პოეტი ხარ და ქვეყანა ვარდისფრათ გეჩვენება!.. და ცხოვრება გაფურჩვნილ ვარდათ, მაგრამ ერთხელ უეჭველათ ფოთლები დასცვივა, მარტო ეკლები დარჩება და მაშინდელისთვის ხელთათმანები მზად უნდა გქონდეს, რომ ხელები არ გაიკაწრო.
- რა ხელთათმანები?
- გამოუცდელი რომ ხარ და ცხოვრება არ იცი, მიტომაც ვერ მიმხვდარხარ!.. მე შემიტყვია, რომ შევიწროებულ მდგომარეობაში ხარ, ცოლ-შვილის პატრონი ხარ და ფიქრი გმართებს. ამთავით ყოლიფერს ადვილათ აიტან, მაგრამ ოდესმე ცხოვრება თავისას მოგთხოვს და მზათ უნდა იყო. ქართული მწერლობა თუ რასმე დაგაკლებს, თორემ ვერას შეგძენს!.. ქართველი უსამსახუროთ ძნელი წარმოსადგენია! აი, ახლა კარგი შემთხვევა არის, ახალი რეფორმები შემოდის ჩვენში და შედი სამსახურში.
- გმადლობთ რჩევისათვის, მაგრამ რომ ვერ გამოვდგე! და რომ კიდეც ვივარგო, განა მომცემენ?
- მაგაზე კიდეც მოველაპარაკე სტარიცკის და, რაც შეეხება ვარგობას, რასაც დღეს შენთვის უნაყოფოთ შრომობ, მაგის მეათედიც რომ გაისარჯო, მალე დაწინაურდებიო. ამისთანები ბევრი რამ მირჩია მამაშვილურათ და, რომ აღარ დავეთანხმე, მითხრა: ნუ ჩქარობ! წადი, კარგათ მოიფიქრე და ამ სამ დღეში გადაჭრილი მითხარიო. მე მის საპასუხოთ ერთი ალეგორიული ზღაპარი დავწერე „სნეული და მკურნალი“ და ის მიუტანე. წაიკითხა, ნაღვლიანათ გაიცინა და მითხრა: ჰო, ეს სულ სხვა არის. მე მეგონა, თუ გამოუცდელობით ცხოვრება არ იცოდი, შენ კი ფანატიკოსი ყოფილხარო. შენი ნებაა, მაგრე იტანტალე ჭირვეულათ, მაგრამ თუ ცხოვრებამ ოდესმე ეგ დღევანდელი აზრი გამოგაცვლევინოს, მოდი ისევ ჩემთანო. ეს მითხრა, ჩამომართვა ხელი და გამომეთხოვა. იმ კვირაში ალექსანდრე ორბელიანის სასახლის მღვდელი მოვიდა ჩემთან და მითხრა: კნიაზმა გამამგზავნა, გთხოვთ, რომ ამ საღამოს იმასთან მიბძანდეთ და, მუხრან ბატონისათვის რომ რაღაც წერილი წაგიკითხვი-ნებიათ, ისიც თან მიიტანოთო. ავასრულე მათი სურვილი. ახლაც თვალწინ მიდგას ეგზარხოსის მოედანზე სვეტებიანი სახლი, სადაც ორბელიანი, ის უკეთესი ძველი ქართველი ცხოვრობდა. კიბის თავთან მომეგება, ჩვეულებრივი სიყვარულით და ალერსით მიმიღო. გამომკითხა ყოველიფერი, რაც მუხრანსკისთან ნათქვამი მქონდა, გამომართვა ხელნაწერი, გადაიკითხა და ცრემლები გადმოყარა: ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ, ვაი თუ, შვილო, ვერ აიტანო! მთელი საქართველოს ისტორია ერთი დაუსრულებელი ტანჯვაა, მაგრამ ამ პატარა, ერთ ბოხჩა, ღვთიშობლის საუფლისწულოს ჯერ კიდევ გული არ გატეხია და ანდერძად ესა აქვს: „ჭირსა შინა გამაგრება ისე უნდა ვით ქვიტკირსაო“, ნურც შენ გაიტეხ, შვილო, გულს, ნუ დაივიწყებ, რომ ქართველი ხარ, დედაღვთისა იყოს შენი შემწეო. მე სიცილი დავიწყე და მოვახსენე: ისე მელაპარაკებით, თითქო ომში მივდიოდეთქო.
- არა, შვილოო! - განაგრძო თავის ქნევით - ადვილი ნუ გგონია ცხოვრებასთან ბრძოლა! ომი ხანმოკლეა, ცხოვრება კი ხანგრძლივიო.
მასუკან ბევრი დრო გავიდა, მაგრამ რამდენჯერაც კი ჩავარდნილვარ განსაცდელში, ყოველთვის მის სიტყვებს უნუგეშებივარ და ცრემლებს გავუმხნევებივარ. კურთხეულ იყოს მისი სახსენებელი!!
ეს ამდენი წილადობილა „ივერიის“ კრიტიკოსის საპასუხოთ მოვიტანე. შეუძლია მიხვდეს, რომ სახელისთვის არაოდეს არ მიფიქრია. გამოვდიოდი მხოლოდ უბრალო დღიურ მუშათ, რომელსაც ნება არა აქვს, რომ ყოველ დღიურ სამუშაოს გვერდი აუქციოს, გინდ წვრილმანიც იყოს. არაოდეს მის გარჩევაში არ შევსულვარ, რომ ეს დიდი საქმეა და უფრო გამომაჩენს, ეს კი პატარა და შეუნიშნავი; ეს სასახელო, ის სხვების სასიამოვნო და გულის მოსაგები, ის კიდე საწყენი და სხვანი და სხვანი.
სამუშაო იარაღათაც ბევრ სხვადასხვა რამესაც ვხმარობდი: როგორც ყვედრებას, ისე ვედრებასაც, როგორც წყევლა-კრულვას, ისე ლოცვა-კურთხევასაც. სადაც ძაღლივით ყეფა იყო საჭირო, იქ ზევსური არ მიმღერია და, სადაც გალობა, იქ ყეფი არ დამიწყია. კალამიც ისე მეჭირა ხელში, როგორც ყოველდღიური სამუშაო იარაღი. სახუროთმოძღვროთ არ მომიცლია, თვარა ჩემ ნაწერებს ხელათ კი არ გამოვხანხლავდი, უფრო მეტ დროს მოვახმარებდი, გავაშალაშინებდი, თითო წამის მაგიერათ წელიწადებს მოვანდომებდი და მაშინ სახელიც მეტი მექნებოდა. მაგრამ რა ჯანაბათ მინდა ეგ სახელი? არც ისე უგუნური ვარ, რომ მაგას რამე მნიშვნელობა მივცე! მოცლილმა ხელმა, რომელიც მზათ იყო ყოველთვის ყელში წამჭირებოდა, დღეს რომ ტაში დამიკრას, ის სასიამოვნოთ როგორ დამრჩება, მით უფრო, რომ ამგვარი ხელები, როცა ქავილი მოუვათ, მაიმუნებსაც კი უტყაპუნებენ და ვაშა ვაშას უძახიან. რაც შეეხება სიკვდილს შემდეგ სახელის დატოვებას, ესეც ხომ სასაცინო თავის მოტყუებაა. რაღაი კი მოვკვდები და გაგება აღარაფრის მექნება, პირადათ ჩემთვის მაშინ ყოლიფერი ერთი იქნება: გინდა მზე და მთვარე დამიდგით ძეგლათ და გინდ ძაღლი დამაკალით საფლავზე. არა! შეგნებული მოღვაწე, რაღაც მომავალი სახელით კი არ იტყუებს თავს, იღვწის იმ სიტკბო-სიამოვნებისათვის, რომელსაც აქვე, სიცოცხლეშივე გრძნობს მუშაობის დროს. მართლაც, რაღა ჯობია იმ შეგნებას, როცა მუშაობის დროს გწამს, რომ შენი შრომა უნაყოფოთ არ დარჩება და გამოადგება ქვეყანას, არა თუ დღეს, ხვალ და ზეგაც! ეგები თავსაც ვიტყუებდი, მაგრამ მე ყოველთვის ჩემ თავზე ამ აზრის ვიყავ და ამ ერთათ ერთი სიტკბოებით ვცოცხლობდი. ამ ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ბრძანებლები და მრჩევლები არ დამკლებია, რომ ჩხირ-კედელაობაზე ხელი აიღო, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მე მაინც ჩემი გზა არ შემიშლია და დღიური მუშაობისათვის თავი არ დამინებებია. დღეს, როდესაც უმეტესობა მწერლობის მაგიერათ მხოლოთ ადვოკატობს და, სადაც კი მეტ სარგებელს ხედავს, იქითკენ გარბის, რომ თეთრი როგორმე გააშაოს და შავი გაათეთროს, უფრო საჭიროც არიან ჩემისთანა დღიური მუშა მწერლები! ამაზე ისე დარწმუნებული ვარ, რომ, თუ სიმრთელე არ მიშლიდეს ხელს, მთლათ მწერლობათ გადავიქცეოდი და ის იქნებოდა ჩემი მხრით „ივერიის“ კრიტიკოსების უკეთესი პასუხი. - სვიმონ მაჩაბელს უთქვამს: „მთელი რუსეთი მამდგა და ვერ გამტეხა და აქ კი ცხინვალის ხიდზე ვინღაც ერთი ურია მიპირებს გაბრიყვებასო!“ იმისი არ იყოს, თუ კი აქამდინ მე წერაზე ვერ ამაღებიეს ხელი და ჩემი ნაწერების წამკითხველებს - კითხვაზე, ახლა რაღა იმედი აქვთ „ივერიის“ კრიტიკოსებს, რომ მათი პურტყულით შეგვაშინონ?!. არ სჯობია, რომ თავისი დიპლომატიური კალამი სამაისო არჩევნებისათვის შეინახონ და გარეშე მკვდრებსა და ცოცხლებს თავი დაანებონ? თვარა დღეს დიმიტრი ყიფიანის საფლავისაკენ გაისვრიან შურდულს, ხვალ ჩემკენ, ზეგ კიდევ სხვებისაკენ, რომელნიც მაგათ ყურ-მოჭრილ ყმობას ვერ აიტანებენ და მათ ფერხულში არ ჩაებმებიან... და რა გამო-დის აქედან? ნუთუ ესა ჰგონიათ ქვეყნის სამსახური და ერთგულება?! ,,ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მას ვერ ვიტყვი კახაბერათო“, ამბობს დავით გურამიშვილი. მისი არ იყოს, ვინც თავის პირადობაზე მეტს ფიქრობს, ვიდრე , საზოგადო საქმეზე, სადილობამდე ერთსა სწერს და ნასადილევს მეორეს, მისი კი რა მოგახსენოთ! რა ვუთხრა მისთანა ქართველს, რომელსაც გაურჩევლათ ყოველი ქართველის სიკეთე და ბედნიერება არ უხარია, გინდ მტერი იყოს და გინდ მოყვარე!
(კვალი, 1896 წ., №9).
რედაქტორის შენიშვნები
უკანასკნელი პასუხი
1. დაიბეჭდა გაზ. „კვალის“ 1896 წ. 25 თებერვლის №9-ში.
2. აკაკი თბილისში თავისი პირველი ჩასვლის (1862 წ.) ამბავს მოგვითხრობს ცოტა გვიანდელ სტატიაშიც - იხ. მისი მოგონება „ორი შეხვედრა“, რომელიც დასწერა ივ. კერესელიძის გარდაცვალების გამო („კვალი“, 1893 წ., №2).
3. გიორგი კონსტანტინეს ძე მუხრანსკი (1821-1877). სენატორი, მეფის მოადგილის საბჭოს წევრი, შემდეგ მთავარ სამმართველოს უფროსი. 1872 წ. დასწერა ბროშურა, სადაც ამტკიცებდა, რომ აუცილებელია პატარა ერების ასიმილაცია დიდ ეროვნულ ერთეულებში. ამ ბროშურის და მისი ავტორის წინააღმდეგ გაილაშქრეს ქართული საზოგადოებრიობის მოწინავე წარმომადგენლებმა ილიამ, აკაკიმ, სერგეი მესხმა. ილიამ „დროებაში“ (1872 წ., №35) დაბეჭდა პამფლეტი „რჩევა“. გრ. ორბელიანის წინააღმდეგ მიმართულ „პასუხის პასუხში“ ილია წერდა გ. მუხრანსკის შესახებ:
„პირველ თქვენგანმა,
იმა ბედშავმა
მას მკვდრის სუდარა გადააფარა“.
„მას“ - იგულისხმებოდა სამშობლო.
აკაკიმ გ. მუხრანსკიზე დასწერა იუმორისტული ლექსი „ენების გასამართლება“ (1874 წ.). გ. მუხრანსკის წინააღმდეგ გაილაშქრეს აგრეთვე სერგეი მესხმა („დროება“, 1872 წ., №35) და პ. უმიკაშვილმა (მ. პეტრიძემ) „კრებულში“ (1872 წ., №№10-11-12).
![]() |
1.31 ბიბლიოგრაფიული შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ახირებულია ჩვენი საზოგადოება!.. ყველგან და ყოველთვის სხვისგან გადამეტს თხოულობს და თვითონ კი თავის მხრით მცირეც ეზარება. ბევრისაგან უმადურობა ისმის ჟურნალ „მოამბის“ შესახებ: ჟურნალი კი არა, უბრალო კრებული არისო. თუ ჟურნალობას ჩემობს, რატომ ისიც ისე არ გამოდის, როგორც სხვა ქვეყნის ჟურნალებიო, რომ არც შინაური მიმოხილვა აქვს და არც პოლიტიკურიო და კრიტიკის ხომ ხსენებაც არსად არისო. იმ დალოცვილებს ავიწყდებათ, რომ ის, რაც ერთგან მოსახერხებელია, მეორეგან შეუძლებელია. ქალმა თქვაო: „სულ ნუ მეყოლება შვილები, ის მირჩევნია, ვიდრე დამახინჯებულსა ვხედავდეო“. მართალია მხოლოთ ერთი ის, რომ კრიტიკული სტატიები არ იბეჭდება, მაგრამ აქაც რაღა „მოამბეს“ გადავახდევინოთ, რომ ჯერ კრიტიკოსები საზოგადოთ არც ყოფილან და არც არიან ჩვენში, რომ ან სხვა-გან სადმე ეწეროსთ და წერონ კრიტიკული სტატიები?!
მაგრამ, მიუხედავათ ამისა, მაინც ეს ჟურნალი „მოამბე“ სინიდისიერათ გამოდის, სასარგებლოც არის და მაინცა-და-მაინც ხელაღებ წუნის დადება მიზეზ-მიზეზობა იქნება. აი, თუ გნებავთ, ავიღოთ ამ წლის №1 „მოამბე“. სხვა რომ არა იყოს, მარტო ისიც კმარა მოსაწონათ, რომ აქ თ. სახოკიას სამგზავრო წერილებია „გურია-აჭარა“ დაბეჭდილი და ან აქვე უსახელო ავტორის სტატია „აფხაზეთის ახალშენები“. ამისთანა რამეებს სხვა ხალხის ჟურნალებშიაც ვერ შეხვდებით. ამათ მარტო ზღაპრული გადაკითხვა კი არ უნდა, საგულისხმოთ ჩაფიქრებაც ეჭირვება. თუ გნებავთ, ესენი იგივე პოლიტიკური და შინაური მიმოხილვაა იმდენად, რამდენადაც კი მოსახერხებელი იყო. ამათ გარდა თავი და თავი საყურადღებო რამ პატარა მოთხრობაა დ. კლდიაშვილისა „მრევლში“. ამის გამო გვინდა ცოტა რამ ვთქვათ. საზოგადოთ ქართული მწერლობა ხელოვნების მხრივ თავს ვერ მოიწონებს. მართალია იქა-აქ შეხვდებით ნიჭიერ ნაწარმოებს, მაგრამ იმათაც ხელოვნების მხრივ დიდი ნაკლი აძევსთ, ჩვენმა მწერლებმა არ იციან კანონი ნაწარმოების შეფერადებისა, სწორად ლარის გაყვანის, დროზე შეჩერების და ადგილზე წერტილის დასმის. და მიტომ მათი ნაწარმოები, გინდ ნიჭიერიც იყოს და აზრიანი, ხელოვნების მხრივ კოჭლობს და შიგადაშიგ არის დამახინჯებული.
ნამდვილი ხელოვნება ისეთი რამ არის, რომ, თუ ან მეტი, ან ნაკლები რამ შიგ გამოურიე, მორჩა, გათავდა, მისი მთლიანობაც და ერთიანობაც ირღვევა, რუსთველს და ბარათაშვილს გარდა ეს კანონი არავის არ აქვს დაცული ჩვენს მწერლობაში. ეს ბევრჯელ მწერლის ბრალიც არ არის. გარემოება აიძულებს ხოლმე მწერალს, რომ თავისი ნაწარმოები თვითონვე დაამახინჯოს, თუ უნდა რომ გასავალი ექნეს. ამ ოცდათხუთმეტი წლის წინეთ მე ერთი ლექსი დავწერე: „სიმღერა მკის დროს“. იმ დროის შესაფერათ არ იყო ურიგოთ დაწერილი, მაგრამ კიჟინი დამცეს: ეს უნაყოფო ბულბულობაა და სხვა არაფერიო!.. ხელოვნება ხელოვნებისათვისო... აქ სასარგებლო არა არისო. მეც ავდექი და ბოლოში მივაწერე:
უხვად მოვიდა დღეს პური,
მაგრამ ბედს მაინც ვემდური,
რომ მას ბატონი წამართმევს
და მე კი ოფლსა ტყვილად ვღვრი.
ეს რომ ნახეს მომატებული, მაშინ მოიწონეს და დამიბეჭდეს. მე კი ვხედავდი, რომ ეს ხელოვნების შეურაცყოფა იყო, ჩემს სიმღერას ვირის კუდი გამოვაბი, მაგრამ რას ვიზამდი, რომ უმისობა აღარ მოხერხდებოდა! და მეც არარაობას „კირაობა“ ვარჩიე. შეიძლება დღესაც კიდევ ამგვარი რამ უშლიდეს ხელს ჩვენს ახალგაზდა მწერლებს და სამწუხაროა, რომ ამდენ ხანს უმეცრებისათვის თავი ვეღარ დაგვიხწევია. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ახალ მწერლებში ყველაზე უფრო საყურადღებოა არაგვისპირელი, მისი პსიხოლოგიური ეტიუდებით. მისი ზედ გავლენით მიმბაძველობით ბევრი გამოიწვია, თითქმის სკოლა შექმნა. პირველ ბიჯათ ეს დიდი რამ არის, მაგრამ ის კი საფიქრებელია, რომ ჯერ ამდენ ხანს უფრო დიდზე და უფრო იდეურზე ვერ გადადის, მაგრამ ამაზე კიდევ გვექნება შემდეგშიაც შემთხვევა ვილაპარაკოთ და ახლა გადავალთ იმ ახალგაზდა მწერლებზე, ხალხს რომ მიმართეს და ცდილობენ სოფლების ცხოვრება გაგვითვალისწინონ. ამ გვარი მწერლები ადრევაც გვყვანდნენ, მაგ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ე. გაბაშვილისა და სხვა, მაგრამ იმათ ნახევრადაც ვერ გაგვიმართლეს იმედები და აი რის ბრალი იყო.
ზოგიერთები საზოგადოთ იმ აზრისა არიან როგორც სხვაგან, ისე ჩვენშიც, რადგან ჩვენები მხოლოთ მიმბაძავები არიან, რომ რეალიზმი მოითხოვს მწერლობაში მხოლოდ პროტოკოლურ აწერილობას უმეტ-ნაკლებოთ, ისე, როგორც ხედავს და ესმის მწერალს ისე, რომ იქ თავისი არ უნდა გაურიოს-რა. მაგალითათ, სოფლის ცხოვრება გინდა აწერო? მიდი გლეხისას, რაც ნახო, ან რაც გაიგონო - უტყუვრათ ჩაწერე და ეს იქნება ნამდვილი ხელოვნებაო. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ფოტოგრაფიულ სურათებს უპირატესობა ექნებოდათ ხელოვნებითი მხატვრობაზე და უბრალო ფოტოგრაფი ემჯობინებოდა გამოჩენილ მხატვარს რაფაელს. მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია ფოტოგრაფია სწორა აღწერს, ერთ ფიორსაც არ დააკლებს, მაგრამ მაგი-ერათ განმაცხოველებელი სულს ვერ ჩაუდგამს იმას, რასაც მიბაძვით უახლოვდება და ხელოვანი მხატვარი კი იმისთანა რამ დამახასიათებელ ნიშანს აიღებს, შეურჩევს მისთანა წამს გრძნობა-გონების გამომეტყველებისას, რომ სულს ჩაუდგამს და განახორციელებს ნახატს. ამაშია მისი შემოქმედების საიდუმლო ძალა, რომელსაც უფრო სწრაფგადამღები, მაგრამ უსულო ფოტოგრაფი ვერ მიწვდება. ასევე უნდა ვთქვათ წერლებზედაც. ნიჭიერმა მწერალმა სტენოგრაფიულათ კი არ უნდა გადაიღოს ყველაფერი, რაც გაიგონა, ნახა, არამედ ჩაწეროს. არა, ასისა ათასი სიტყვა-ფრაზისაგან უნდა აირჩიოს მასალები, რომელნიც უკეთ დაახასიათებენ მისგან აღებულ საგანს, რასაკვირველია შემოქმედებითი ძალით. ეს, რასაკვირველია, ძვირათ ვისმე შეუძლია და მათ რიცხვში ჩვენი დ. კლდიაშვილიც უხვათ არის დაჯილდოებული. მისი პატარა მოთხრობა „მრევლში“ ამ გვართაგანია და სამაგალითოც რამეა.
უბრალოთ, თითქო თვითონაც არ აძლევს მნიშვნელობას, ისე გაკვრით გზადაგზა გვიხატავს სოფლის ცხოვრებიდან ერთს სურათს: რა იმედებითა და სასოებით მიდის ახალგაზდა მღვდელი სოფელში, როგორ დაუხვდება მრევლი, როგორ იტანჯება საბრალო მღვდელი და ბოლოს, როგორ უნდა დაანებოს თავი სულის მოძღვრებას და გახდეს „კანჭიათის“ ხუცესი.
თავიდან დაწყებული იმ ადგილამდის, როდესაც მღვდელმა აზიარა მომაკვდავი გლეხი, დაბრუნდა შინ ცოლ-შვილში და დაქანცულმა თავი მისცა ძილს - სწორეთ ძვირფასი რამ არის და აქვე უნდა გათავებულიყო მოთხრობაც, მაგრამ ზემოთაც ვთქვი, ჩვენმა მწერლებმა დროზე წერტილის დასმა არ იციან-მეთქი. ბ. დ. კლდიაშვილს მოგონებია მომაკვდავი გლეხი, დაბრუნებია და გვიწერს როგორ მოკვდა და როგორ იტირეს. ეს სულ სხვა, მეორე ამბავია, რომლის გადაბმასაც წინა მოთხრობი-სათვის ძალა დაუკლია. კაცმა რომ ბედაური რაში დახატოს და მერე აიღოს და მეორე კუდიც გაუკეთოს და ისიც კიდევ ვირის, - აბა რა იქნება? პოეტები, როგორც ბუნება თანაზიარი და ადვილათ გამტაცებელი ხალხი, ხშირათ ისეთ რამეს გადაჰყვებიან ხოლმე, რომ სანამ იმ თავის შთაბეჭდილებებს სხვებსაც არ გაუზიარებენ და არ გამო-აქვეყნებენ, ვერ მოისვენებენ და შეიძლება ამ გვარი რამ შეემთხვა ავტორსაც იმ ხანებში, სადამდინაც ის შესაზარი სურათია გლეხის სიკვდილისა.
გადააბა, შეიძლება, მაგრამ ნათქვამია: „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“. „მოამბის“ რედაქციას, როცა ბეჭდავდა, როგორ მოუვიდა, რომ ეს ხორცმეტი არ ჩამოაცალა. აი, ეს კი არის სასაყვედურო, თვარა ამ ჟურნალის დაწუნება უსამართლობაა. მსჯობნის მჯობნე არასოდეს არ დაილევა, მაგრამ, სიმართლეს თუ ვიტყვით, ჟურნალი „მოამბე“ იმ თავიდან ამ ხნობამდე უმნიშვნელოთ არ გამოდის და ხშირათ კარგი და სასარგებლო რამ იბეჭდება შიგ ხოლმე.
(აკაკის კრებული, 1898 წ., №9)
რედაქტორის შენიშვნები
ბიბლიოგრაფიული შენიშვნა
1. დაიბეჭდა „აკაკის კრებულში“, 1898 წ. №9-ში.
2. თედო სახოკიას „გურია. აჭარა. მგზავრის წერილები“ იბეჭდებოდა ჟურნალ „მოამბის“ ფურცლებზე 1897, 1898, 1900 და 1901 წლების ნომრებში.
3. წერილი „აფხაზეთის ახალშენები. გუმისთის ნაწილი“ - დაიბეჭდა „მოამბის“ 1898 წ. №1-ში.
![]() |
1.32 შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
1
რაც დღეს ქართულ ენაზე წიგნები, წიგნაკები და ბროშურები იბეჭდება, უანგარიშოა, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესი მათგანი სრულიად უვარგისი და უმნიშვნელოა, რამე სარგებლობის მოტანის ნაცვლად, პირიქით, ენასა რყვნიან, გრძნობას აჩლუნგებენ და გონებას ალაყებენ, ასში რომ ერთი-ორი რიგიანი გამოერიოს, ისიც დიდი ღვთის წყალობაა... ამ გარემოებამ ბევრი დააფიქრა ჩვენში და მეც თანახმა ვარ მათი, მაგრამ იმავე დროს არ შემიძლია, არ აღვიარო ისიც კი, რომ ეს საზოგადო მოვლინებაა!.. სადაც ერთი რამ კარგია, იქვე ათასი ცუდია. პური ისე ვერ ამოვა ყანაში, რომ იქვე ღვარძლმა და გორგალამაც არ იჩინოს თავი, სადაც ერთი ყვავილი გაიშლება, იქვე ირგვლივ უთვალავი ბალახ-ბულახი და უსარგებლო მცენარეც ამოდის!.. იქ სადაც ოქროს მადნებია, ასი და ორასი საპალნე მიწა-ტალახი უნდა გადაარჩიონ, რომ მცირე ოდენი ოქრო გამოიღონ. საქმე მხოლოდ გარჩევაა და ეს გარჩევა კი ყველას არ შეუძლიან. ზემო ხსენებულ წიგნაკებსაც გარჩევა უნდა, რომ მკითხველმა ურიგო მათგანი თავიდან აიშოროს და რიგიანს კი პირდაპირ მისწვდეს. ეს მოვალეობა კისრად აძევსთ ჟურნალ-გაზეთებს, მაგრამ ისინი კი თავს არ იწუხებენ. მათი შენიშვნები იმ წიგნაკების შესახებ სწორეთ სასაცინოა, რომ სამწუხარო არ იყოს, აი მაგალითი: „ამ დღეებში გამოვიდა ესა და ეს წიგნი ბატონ კუდაბზიკაშვილისაგან დაწერილი. წიგნი სუფთად არის გამოცემული და ღირს ხუთი კაპეიკი (ხუთ კაპეიკათ), გვარიანი სქელი წიგნია და ამიტომ ძვირი არ არის და სხვანი...“ „აგრეთვე გამოვიდა ამა და ამ ცნობილი მწერლის თხზულება, წიგნი პატარაა და ფასი კი დიდი აქვს და არც სახალხოა“ და სხვანი. ახლა ისიც უნდა იცოდეს მკითხველმა, რას ეძახიან ეს რეცენზენტები სახალხო წიგნს და რას არა?.. ეს წიგნი, რომელსაც ერთ შაურზე მეტი ფასი არ აქვს, მათი აზრით სახალხოა, გინდ უგნურების დომხალიც იყოს, და უთითებენ მკითხველებს, რომ შეაძენინონ. და თუ წიგნი შაურზე მეტი ღირს, გინდ მართლა კარგი რამეც იყოს, სახალხოდ არ მიაჩნიათ. ამ გვარი სასწორ-საზომი ერთხელვე დამყარდა ჩენში და გამორკვევას ვეღარავინ ახერხებს, მკითხველებს კი, რაღაი ერთი და ორი ცუდი წიგნი ჩაუვარდებათ ხელში, მერე საზოგადოთაც გულს გაიტეხენ ყველაზე. მართალიც არის!.. ბაღში რომ ყვავილების მოკრეფა გინდოდეს და ეკალნარს ვერ გაატანო, მაშინ ვარდის მოწყვეტის სურვილიც დაგეკარგება, თავს დაანებებ და გამობრუნდები უკანვე. - აგერ რამდენიმე წელიწადია რაც „მწყემსის“ რედაქცია აბეჭდვინებს პატარ-პატარა იაფ-ფასიან წიგნაკებს. ისინი მართლა რომ სახალხო არიან, სულსაც რგებენ და ხორცსაც, და მათი შეძენა ყველასათვის საჭიროა. სირცხვილია და დიდი ცოდვაც, რომ ის წიგნაკები ყოველ ოჯახში არ მოიპოვებოდეს! მათი ნაკლი მხოლოდ ის არის, რომ კორექტურული შეცდომები შიგადაშიგ ბევრია, მაგრამ ან კი რა ვქნათ, რომ დღეს ჯერჯერობით კიდევ ბეჭდვის საქმე ჩვენში რიგზე ვერ არის დაყენებული და მისთანას ვერას დააბეჭდვინებ, რომ არ დამახინჯდეს ზოგი ასოთამწყობლების წყალობითა და ზოგიც კორექტორების. - „მწყემსი“ თავისთავადაც ვარდება ხოლმე ცოდვაში, როცა რუსულის წამხედურობით ქართულშიაც შემოაქვს სქესი და მდედრობით სქესს ხმარობს: „მეფა“, „ხელმწიფა“, „ებრაელების კნეინა წმ. ნინა“ (ნინოს მაგიერ) და სხვანი... იმედია შემდეგში ამ წვრილმან ნაკლს შეავსებენ, და არ მოაკლებენ ჩვენ ხალხს მომავალშიაც არჩეულ წიგნაკებს!.. სიტყვამ მოიტანა და არ შეიძლება არა ვსთქვათ: ამ დღეებში ქართულ ენაზე გადმოითარგმნა ჯიაკომეტის დრამა „ივდითი“, ეს ასრულება ისეთი რამ არის, რომ სახარებასა და ჯვარივით საჭიროა ყოველ ქართველ ოჯახისათვის. ბატ. მაჭავარიანის ნათარგმნია და ის ხომ ერთი უკეთესი მთარგმნელთაგანია ჩვენში. თუმცა მცირე რამ იმასაც უნდა შევნიშნოთ. მაგალითად, სხვების მიბაძვით ამბობს სიტყვას: „ბედ-იღბალი“ და ეს ხომ ენის გარყვნაა? „ბედი“ ქართულია „იღბალი“ თათრული და რა საჭიროა ორივეს ერთათ ხმარება, რომ ორ ეტაჟიანი სიტყვა გამოვიდეს და ქართულზე თათრულიც დაასკუპდეს? სარწმუნოება და მოქალაქობა ბიზანტიიდან შემოვიღეთ, ადრე ვახტანგ გორგასლამდი ბერძნულათ გვქონდა წირვა-ლოცვა და მეხუთე საუკუნეში, როცა ქართულად ითარგმნა... ჩვენმა სამღვდელოებამ, მხოლოდ მოსაგონებლად, ორი სიტყვა დატოვა „აქსიოს“ (ღირსა-არს) და „კირალეისონ“ (უფალო შეგვიწყალენ). ეს კიდევ მესმის... მაგრამ ეს თათრული სიტყვა „იღბალი“ რაღათ გვინდა და რაღა უნდა მოგვაგონოს თუ არ ის, რომ თათრებისაგან საუკუნოების განმავლობაში სულითაც და ხორცითაც დატანჯული ვიყავით?! აგრეთვე გვიკვირს, რომ ისეთი მცოდნე ქართულისა, როგორც არის მაჭავარიანი, რად ხმარობს „აღვიარების“ ნაცვლად „ვაღიარებო“? აბა თუ გაუგონია სადმე, რომ ზიარების მიღების დროს რომელიმე ქრისტიანს ეთქვას! „მწამს უფალი და ვაღიარებო“ „აღვიარების“ ნაცვლად? ვინ იტყვის „ვაღიარებ“ ერთსა ნათლის ღებასო და არა „აღვიარებო“? მწერლობის მოვალეობაა, რომ დამახინჯებულ სიტყვებს ასწორებდეს, არა თუ ამახინჯებდეს! მართალია ყველა ეს წვრილმანია, მაგრამ, ვაი რომ, საზოგადოთ, წვრილმანებს თან მსხვილმანებიც მოყვებიან ხოლმე... სხვებს რომ ეპატიოს, ბატ. ი. მაჭავარიანს მაინც არ ეპატივება ამგვარები...
2
დიდი კამათობა გამოიწვია იმან, თუ როგორ უნდა ითარგმნოს რუსული სიტყვა „ვოდოპად“? ზოგმა „წყალვარდნილი“ იხმარა, ზოგმა „ჩანჩქერი“, ზოგმა რა და ზოგმა კიდევ რა? ვერ შეთანხმდენ და ერთ გადაჭრილს ვერ დაადგენ... არ იციან რა დაუძახონ, მაშინ როდესაც სიტყვა „ვოდოპადი“ ქართულათ სხვადასხვა წოდებით იხმარება, მათ-მათი განსაკუთრებითი ხასიათის შესაფერად: „ჩქერი“ ანუ გადამახინჯებული იგივე „შაქერი“ ჰქვია მდინარის იმ ადგილს, სადაც ქვები ყრია და გაქანებული წყალი, ქაფად გამსქდარი, თავზე ევლება ლოდებს… რუსები იმას „პაროგს“ ეძახიან. - სიტყვა „ჩაქერი“ „ჩქარისაგან“ უნდა იყოს წამომდგარი. - როდესაც მაღლიდან კლდეზე გადმოჩუხჩუხებს წყალი, კლდის კედლებს კი არა შორდება, იმას ეძახიან „ჩანჩქერს ანუ ჩენჩქერს”. როდესაც მაღლიდან შორსა სცემს ცოტად და კლდის კედელს არ ეკარება, იმას „საჩქეფი“ ჰქვია. აგრევე როცა მაღლიდან უფსკრუ-ლისაკენ ექანება, ჯურმუღლში ჩადის და კაცი ზეიდან დაჰყურებს, თუ პატარა წყალია ,,ჩახრიალა“ ჰქვიან და თუ დიდი წყალი „ჩაქუხა“. ეს ხალხმა კარგათ იცის და არ ვიცით მხოლოდ ჩვენ, რადგან კაბინეტში ვზივართ და ხალხს არ ვიცნობთ!.. აი ახლაც, სოფლელებს ზღაპრებს ვათქმევინებ ხოლმე და უნდა ნახოთ, რამდენს სიტყვებს მისთანას ხმარობენ, რომელიც მე ან დავიწყებული მაქვს და ან არ მცოდნია, მაგრამ ნამდვილი ქართული სიტყვები კი არის. როცა უცხო ენებიდან რასმე ვთარგმნით და სიტყვებს ვეღარა ვპოულობთ, ჩვენ ყოველთვის იმით ვიმართლებთ თავს, რომ ქართული ენა ღარიბიაო და იმას კი არა ვფიქრობთ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ცოდნით ღარიბი! ძველ წიგნებს ჩვენ აღარ ვკითხულობთ, ხალხში ჩამდგარი არა ვართ, რომ მათს სიტყვა-პასუხს ყური ვუგდოთ, ვიგონებთ რაც მოგვაგონდება ენაზე და მორჩა გათავდა... მეტი გზა აღარ არის, ზეპირსიტყვაობას უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ ისე კი უნდა ჩავწეროთ ხოლმე, როგორც თვითონ ხალხი ამბობს.
(აკაკის კრებული, 1898 წ., №11)
რედაქტორის შენიშვნები
შენიშვნები
1. დაიბეჭდა „აკაკის კრებულში“, 1898 წ., №11-ში.
2. „მწყემსი“ - პოპულარული სასულიერო ორკვირეული ჟურნალი. გამოდიოდა ზესტაფონში დეკანოზ დ. ღამბაშიძის რედაქტორობით, 1883-1910 წ.წ. ჟურნალი თავის ფურცლებზე, გარდა სასულიერო ხასიათის წერილებისა, ათავსებდა აგრეთვე სტატიებს ქართული სკოლისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე.
3. ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიანი ტრაგედია „ივდითი“ დაიბეჭდა ჟურნალ „მოამბეში“, 1897 წ., №10; ცალკე წიგნად გამოსცა იმავე წელს „წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხ-ბამ“.
4. საკითხმა იმის გამო, თუ რომელი ფორმა უფრო სწორია „აღვიარებ“ თუ „ვაღიარებ (აკაკი პირველ გამოთქმას იცავდა), ქართულ პრესაში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ცხარე კამათი გამოიწვია (იხ. აკაკის წერილი - „არ ცოდნა არ ცოდვააო“, „კვალი“, 1894 წ., №30; სილოვანი - „ვინ უნდა გამართოს სადილი? პასუხი ბ. ი. სიმონიძეს“ - „კვალი“, 1894 წ., №39; გ. წერეთელი - „შენიშვნა“ - „კვალი“, 1894 წ., №43).
![]() |
1.33 უბრალო საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
„მოლიპულ გზაზე“
ბუნებითად ნიჭიერი და ჭკვიანი, მაგრამ გაუწვრთნელი, უსწავლელი და უმეცარი კაცი ჯაჭვით დაბმული ლომია, რომელიც შორს ვერ წავა, ვერას მისწვდება, მაგრამ ახლო-მახლოს კი, ადგილობრივ, მაინც კიდევ ძლიერია! - აგრევე ნიჭ-ნაკლე და ჭკუა მჩატე, მაგრამ ნასწავლი და განვითარებული კაცი - თავისუფლად მფრინავი კაჭ-კაჭია, რომელიც შორს დაფარფატობს, ყველგან ჩხავის წარა-მარად: ხან დროზე და ხან უდროოდ წამოიძახებს ხოლმე ჩაგონებულს, მაგრამ შეთვისებულს კი, სხვის სიტყვებს.
ეს ჭეშმარიტება ყოველთვის მაგონდება, როცა კი გავითვალისწინებ ხოლმე ერთი მხრით ჩვენს ინტელიგენციას და მეორით სოფლელებს: პირველი შორს მფრინავი კაჭკაჭი მეტია და მეორეში კი ჯაჭვით დაბმული ლომები. ამით მე ის კი არ მინდა ვსთქვა, რომ ჩვენ ხალხს სწავლა სწყინდეს და უსწავლელობა უხდებოდეს. არა!.. პირიქით, დღევანდელი უსწავლელობა გვაფორხებს და გვატყვევებს. და მხოლოდ სწავლა-განათლებას შეუძლია შესაფერ ძლიერების კალაპოტში ჩააყენოს ჩვენი ხალხი, მაგრამ, ეს კია რომ, სწავლაც არის და სწავლაც!.. ყოველგვარ ძუძუ-მწოვარისათვის, მხოლოდ დედის რძეა უკვდავების წყაროსავით მარგი და სანამ მარტო მითი არ მოიზრდება და არ შეიმაგრებს აგებულებას, სხვა, გარეშე რამ საზრდო მისთვის, უდროვოდ მიწოდებული, მავნებელი წაქი და წათხია!
ჩვენ, დღევანდელ ქართველებს, სახლი (ოჯახი) აღარა გვაქვს, რომ დედის რძეთ მივაწოდოთ რამ შვილებს!.. ნაცარქექიად გადაქცეულები, სხვისი შემყურე-მოიმედე ვართ და იმ თავითვე მშობლიურ ნიადაგს ვაკარგვინებთ, ფეხს აღარ ვადგმევინებთ, უსუსურად შეგვყავს პირდაპირ საკაჭკაჭოში და ღვთისგან მონიჭებული, თან-შობილი ცხოვრების საგზალი, გრძნობა-გონება - სასხვისშვილოზე უობდებათ. თუ კაცი სწორი გზით არ მიდის და მიხვევ-მოხვევა ეჭირვება, ის მაშინ ან გზას დაჰკარგავს და ან გვიანობამდე ვერ მიაწევს იქამდე, სადაც მიდის.
დღეს ჩვენი ახალგაზდობაც უგზო-უკვლობის გამო უნაყოფოდ ხეტიალობს. აბა, დაუკვირდით! ზოგი ისე გაქარაფშუტებულა, რომ აღარაფერს სადროვოს აღარ ადევნებს თვალ-ყურს!.. თავისი საკუთარი აღარც სმენა აქვს და აღარც მხედველობა და სხვის ჩაგონებით წამოიძახებს ხოლმე: „შია შოშიასო!“ და სხვანი. - ზოგიერთები კი ებრძვიან გარემოებას!. არ უნდათ, რომ დროს ჩამორჩენ, მაგრამ მაინც ნაყოფი ვერა მოაქვთ-რა და ამაოდ იტანჯებიან.
წყალი თუ სათავეში იმღვრევა, ბოლოში მისი გაწმენდა მოუხერხებელია!.. ეს, ზემოხსენებული ახალგაზდებიც, თავდაპირველად რომ არ ყოფილან სწორ გზაზე დაყენებული, მიტომაც უქმად ჩამვლელია მათი შრომა-მეცადინეობა. მართალია, ესენი დიდად ცდილობენ, რომ თავდაპირველი ნაკლი როგორმე თავის-თავად შეივსონ... მეცადინეობენ… სწავლობენ, კითხულობენ, მაგრამ სწავლა-კითხვასაც თავის კანონი და წესრიგი აქვს, ისე როგორც ყველაფერს! მაგალითად, ვინ არ იცის, რომ კუჭს საზრდო უნდა და ჭამა საჭიროა? მაგრამ ჭამაც არის და ჭამაც!.. კუჭს უნდა ვაძლიოთ მისთანა საზრდო, რომელიც ადვილი მოსანელებელია და მარგი, თვარა, რაც კი ხელში მოგვხვდება, წარამარად და გაურჩევლად ყველა რომ პირში ვიტენოთ, ზოგი უმი და ზოგი დამპალი, უეჭველია კუჭს დაასნეულებს და გაუჩენს სატკივარს, რომელსაც კუჭის კატარს ეძახიან და რომელიც ასე ხშირია ჩვენ დროში. კითხვა-ზედაც ასე ითქმის: უსისტემოდ, მოუმზადებლად რომ მისთანა წიგნებს ეპოტინოს მოსწავლე, რომელსაც მისი არსება ვერ მოინელებს და ვერ შეისისხლხორცებს, რასაკვირველია, ტვინი შეელახება! და ამიტომაც ბევრი არის ჩვენში „ტვინ-კატარა“ მოღვაწეები!.. ყველა ამ ზემოთქმულის დასამტკიცებლად საჭიროა მიჰმართოს კაცმა იმ უტყუარ სარკეს, რომელსაც „ლიტერატურას! უწოდებენ!.. ჩვენ, ქართველებს, მართალია, ნაწერებიც ბევრი გვაქვს, წიგნებიც ბლომად იბეჭდება, ჟურნალ-გაზეთებიც გამოდიან, მაგრამ ლიტერატურა კი მაინც არა გვაქვს. როგორც უბრალო მძივებისაგან ასხმულ „ყელ-საკიდს“ არ ეწოდება „მანიაკი“ და თაღლით მარგალიტს „შადა“, გინდა შიგადაშიგ, - აქა-იქ, ობოლი მარგალიტებიც ერიოს, ისე დღევანდელ ჩვენ ლიტერატურას ლიტერატურობა არ ეთქმის... მაგრამ ნათქვამია: „ავია თუ კარგიაო, მაინც შენი ქმარიაო!“ და ჩვენც კიდევ მაინც ჩვენს მწერლობას უნდა გადავავლოთ თვალი. ხშირად შეხვდებით ჩვენს მწერლობაში მცირე რამ პოეზიის ან პროზის ნაწყვეტს, რომელიც ამტკიცებს მისი ავტორის ნიჭსა და შემოქმედებითი ძალას, მაგრამ იმავე დროს სხვა მისი ნაწერები კი სულ წინააღმდეგს ამტკიცებენ!... როდესაც შინაურობაში, ახლომახლოზე რამეს შეეხებიან - სადამდისაც კი საბელს გაუშვია - ძლიერი არიან და შორს რომ მოუნდომებიათ გაწევა, დაცემულან. ჩვენი ცხოვრებიდან რაც კი აუღიათ, ის კარგად აქვთ დასაბუთებული, მაგრამ შორეულსა და იდეიურ რამეზე კი ფეხი წაუმტვრევიათ. - აბა, დაუკვირდით ჩვენს ქართველს არტისტებს, ჩვენებურ ვაჭრებს, გლეხებს, თავადებს, მაჭანკლებს და სხვ. დიდის ხელოვნებითა და სინამდვილით ადგენენ, მაგრამ სხვა უცხო ხალხების ტიპის შეგნების ძალაც აღარ შესტანთ, არა თუ ხელოვნური განხორციელება. რა არის ამის მიზეზი? ის რომ, რაც სიყრმიდგანვე, ახლოსვე, შორს წაუსვლელად, თვალ-ყურში შესჩხირებიათ, ის ძალაუნებურად შეუსისხლხორცებიათ, და ძლიერად უჭირავსთ ხელში და რაც კი შორეულია, რასაც შესწავლა და შეგნება უნდოდა, შორს დარჩენიათ და ვეღარ მიმწვდარან!.. ამგვარ ცეცხლშივე არიან ჩავარდნილი ჩვენი მწერლებიც უფროს ერთად... ახლა ნასწავლ და განვითარებულ პირებსაც მივუბრუნდეთ!.. გვიწერენ კრიტიკულ, პუბლიცისტურ, პოლიტიკურ და სხვა ყოველგვარ „ტიკურ“ რამეებს!.. ევროპიული ავტორიტეტები სულ ბურთივით გააქვთ-გამოაქვთ, მაგრამ, მუშტრის თვალით რომ გასინჯოთ, შიგ საკუთარი მათი არა არის რა... და მარტო „შია შოშიას“ გამოდის. ამათზე საუბარს და მათ ნაწერების გარჩევას მივანდობ მომავალ კრიტიკოსებს, იმედია რომ ბ-ნი ხომლელი ოდესმე მათ უყურადღებოდ არ დააგდებს და მე კი მხოლოდ გაკვრით ვიტყვი რამდენიმე სიტყვას იმ რომანის შესახებ, რომელ-საც „მოლიპულ გზაზე“ ეწოდება და ეკუთვნის ახალგაზრდა მწერლის კალამს. ეს თხზულება, მართლა რომ დიდი საბუთია მისი, რასაც ჩვენ ვამბობთ ლომ-კაჭკაჭების შესახებ. ამ დიდი რომანის ავტორმა ქ-ნ ტასო ერისთავის ქალმა თავდაპირველად ორი პატარა მოთხრობა დაგვიწერა: „ბატონებმა არ დაიწუნეს“ და „ლაზარემ გადააჭარბა“, ორივე ეს გლეხების ცხოვრებიდან იყო შემოღებული და დამწერმაც, ახალგაზდა მწერლის პირობაზე რომ უნდოდა, უფრო მეტი ყურადღებაც დაიმსახურა მკითხველებისაგან. და მართლათაც დიდი ნიჭის პატრონობა ეტყობოდა და საიმედოც იყო მომავლისათვის. ამ თანაგრძნობამ წაათამამა ახალგაზდა მწერალი და ცოტა არ იყოს აჩქარდა და უდროვოდ შეეჭიდა დიდ რამეს: გლეხების ცხოვრებას რომ აღარ დასჯერდა, მთელი ქართლის გამოხატვა მოინდომა „მოლიპულ გზაში“ და რომ აქა-იქ ფეხი არ ასხლეტოდა განა შეიძლებოდა ამისთანა დიდ ტვირთს, ნიჭს გარდა, დიდი გამოცდილებაც ეჭირვება და თუ არ ხანში შესული და ბევრის მნახველი, უტყუვრად ამწონ-გამზომი მწერალი, ახალგაზდა ვერ მოახერხებს, გინდ უდიდესი ნიჭის პატრონიც იყოს. ეს მწერალიც დღევანდელ ქართლის მდგომარეობას, როგორც თავადაზნაურობის, ისე გლეხებისაც, ახალგაზდობის, თუ ძველ თაობის შესახებ დიდის ხელოვნებით გვითვალისწინებს, მაგრამ, როდესაც წარსულში და მომავალში გამოდის, აქ კი „საკაჭკაჭოზე“ გამოდის და სხვის სიტყვებს იმეორებს უსწორმასწოროდ...
რომ ყველაზე ცალ-ცალკე არ მივუთითოთ, ავიღებთ მხოლოდ ერთს ამგვარ ადგილთაგანს მის თხზულებაში, იმ ადგილს, სადაც გადასულ ბატონყმობაზე მსჯელობს და კიჟინასა სცემს. ჯერ ერთი ის, რომ ის ძველი დრო სიმართლით ვერ წარმოუდგენია, ცილსა სწამებს!. და მეორეც, ვისთვის რა საჭიროა, რაც აღარ არის და რასაც მნიშვნელობა აღარა აქვს იმაზე რისხვა-გოდება?.. მაგრამ ეს მისი ბრალია, რომ დღეს ბატონ-ყმობაზე ჩმახვა ჩვენში მოდა არის საზოგადოდ და მოდას კი ისეთი გიპნოტიზმური ძალა აქვს, რომ გონიერებასაც იმორჩილებს. დღეს ბატონყმობაზე წუწუნი სწორეთ რომ კაჭკაჭური „შიაშოშიაობაა!“ ამის გამო ჩვენი აზრი ბევრჯელ ვრცლად გამოგვითქვამს და ახლაც კიდევ გაკვრით ვიტყვით, რომ ბატონყმობის ისტორიას ჩვენში, ცოტა არ იყოს, ცილსა სწამებენ და აწმყოში რომ გადმოაქვთ, ამითი დიდი ვნება მოაქვსთ ქვეყნისათვის. ყოველგვარი მოვლინება, რომელიც კი ფეხს იკიდებს ცხოვრებაში, როგორც დროთა ვითარებისაგან გამოწვეული, კანონიერია. ამგვართაგანს ეკუთვნის ძველებური ბატონყმობაც საზოგადოდ ყველგან და მით უფრო ჩვენში, სადაც ეს „ბატონყმობა“ საუფროს-უმცროსო შეთანხმებით იყო შეკავშირებული და არა ძალ-მომრეობითი ბორკილით გადაბმული. და ამ უფროს-უმცროსობას უნდა უმადლოდეთ, რომ საქართველომ მეცხრამეტე საუკუნემდე თავი შეინახა. მაშინდელმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ორად გაჰყო ქართველი ერი: მეომრად და მეურნედ. პირველი გუნდი მტერს იგერებდა, სისხლს ათხევდა საქართველოს კიდეებზე, რომ წარმტაცი არ შემოეშვა და ქვეყნის თვითარსებობა.. თავისუფლება დაეცვა!.. მეორე შიგნით ტრიალობდა, ოჯახს ეკიდა და პირველ გუნდს საზრდოს აწოდებდა. პირველი თავადობდა და ბატონი, ე.ი. პატრონი ერქვა!.. მეორეს ყმას ანუ გლეხს ეძახდენ. დღეს ყველგან გაწრთვნილი ჯარია, სადაც უფროს-უმცროსობა სასტიკად არის დაცული. არიან უბრალო პაიკები, სალდათები და აგრევ მათი მეთაურ-უფროსები, აფიცრობა. მათ ყველას ხაზინა ინახავს და არჩენს. ძველად ეს შეუძლებელი იყო და ამიტომაც ერისთვები და თავად-აზნაურები იგივე სარდლები, ღენერლები და სხვადასხვა ხარისხის აფიცრები იყვენ. - რა კუთხიდანაც საქართველოს მტრები მოადგებოდნენ, იმ კუთხის თავადები იმაგრებდენ საერისთავოს!. პირველ საფარს ისინი უკეთებდენ და მერე სხვებიც მიეშველებოდენ ხოლმე. მეცხრამეტე საუკუნემდე ეს წესწყობილება აუცილებელი იყო ჩვენთვის, რადგანაც უკეთესი აღარ მოხერხდებოდა-რა!.. მაგრამ ამ საუკუნეში კი მნიშვნელობა დაჰკარგა და საზოგადო სიკარგიდან კერძო სიცუდეზე გადავიდა: კავშირი ბორკილად შეიცვალა და შეთანხმება ძალმომრეობად. საჭირო იყო, რომ ამ უსამართლობას მალე ბოლო მოღებოდა და მიტომაც მესამოცე წლების მწერლებმა იერიში მიიტანეს. ერთი მხრით უნდოდათ, რომ ჩაგრულებისათვის თვალი აეხილათ და მეორეთი მჩაგვრელებისათვის ემხილათ მათი უსამართლობა. - „მოქნეული და მოზომილი არ გაგონილაო“ ამბობს ანდაზა და ჩვენც, რასაკვირველია, გავაზვიადეთ და ბევრი რამ გადაჭარბებულათა ვსწერეთ: ის შევსწამეთ ჩვენებურ ბატონყმობასაც, რაც არ ყოფილა და მხოლოდ სხვა ხალხის ზნე-ჩვეულების და ხასიათის წამონაშობი იყო. გავაზვიადეთ, მაგრამ ამას გარემოება მოითხოვდა მაშინ, დღეს კი, როდესაც ბატონყმობა გადავარდნილია, იმაზე ლაპარაკი უბრალო წყლის დღვებაა. ეს არ ესმით ჩვენ კაჭკაჭებს და წოდებათა შორის შურსა და მტრობას აგდებენ უსამართლო მისისინებით. აბა, ამაზედ არის ნათქვამი: „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო“. - თავად-აზნაურობაზე დღეს იერიშის მიტანა, მხოლოდ მიტომ, რომ ოდესმე, ერთ დროს მათი წინაპრები დიდი კაცები იყვენო, უსამართლობაა! მადლობა ღმერთს, იმთავითვე ჰქონდა ჩვენ ქართველობას წარმოდგენილი, რომ „თუ კაცი თვითონ არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობაო“ და დღეს ხომ კიდევ უფროცა აქვს შეგნებული. რამდენი ოჯახის შვილია, კარგი ჩამომავლობის, რომ უვარგისობის გამო ქვეყანას აბუჩათა ჰყავს აგდებული და აგრეთვე ცოტანი არიან ჩვენში მდაბალი, უგვარო ჩამომავლობის ახალგაზრდები, რომ მთავრის შვილებზედაც უფრო პატივცემული და მოწონებული ჰყავს ქვეყანას? მაშ აქ გვარიშვილობაზე და ჩამომავლობაზე რისთვის და ვიღასთვის არის საჭირო ლაპარაკი?. უბრალო ენის ქავილია სხვა არაფერი!.. მართალია არიან დღესაც ზოგიერთი ტუტუცები, რომ თავი მოაქვთ გვარიშვილობით, მაშინ როდესაც თითონ ღირსი კი არ არიან იმ გვარიშვილობის, მაგრამ განა ხალხი საცინლათ არ იგდებს მათ? და ვინც ღირსია თავის წინაპრების და გვარს არ არცხვენს, იმას რათ უნდა დასცენ კიჟინა? - ეს არ ესმით ჩვენ კაჭკაჭებს და „თავად-აზნაურობა“ ბიწიერება ჰგონიათ და გლეხობა დიდი სავაშავაშო მოვლინება.
არა ერთხელ გაიგონებს ჩვენში კაცი, რომ ერთი უხეირო ვინმე, რომელიც გინდა ძველი თავადის ნაშთი იყოს და გინდ გლეხის არაფრად ღირს, ტრაბახობდეს: „ჩემ წინაპრებში გამოჩენილი და ქვეყნის ნამსახური არავინ ყოფილა, უბრალო გვარის იყვნენ, მაგრამ, რადგანაც მე მათი ნაშიერი ვარ, პატივცემული და ყველასთან გათანასწორებული უნდა ვიყოვო!..“ აი, ამგვარი ხალხია, რომ დღეს ფარ-ხმალი აუღიათ და კიჟინასა სცემს თავადაზნაურობას, რომელიც ისეც თავისთავად კანონიერად ფერს იცვლის, რომ სხვაგვარ თავადობას დაულოცოს თავისი უფლება!. ამათ ყოველიფერი ეპატივებათ, მაგრამ ისეთ პირს, როგორიც არის ქ-ნი ტასო ერისთავი, არ შეჰფერის ფეხის აყოლა და საკაჭკაჭოზე გამოსვლა. როგორც მწერლის, მისი მოვალეობაა, რომ საქები ყველგან აქოს და საძაგი დაჰგმოს წოდების მიუხედავად. ნიჭი რაც უფრო დიდია, უფრო მეტი ზრდა და წრთვნა ეჭირვება, რომ თავის დროზე ჯეროვნად გაიწრთვნას და შეცდომა არა მოუვიდეს რა და ამას გულით ვურჩევთ ჩვენ მაღალ ნიჭიერ ავტორს „მოლიპულ გზისას“, რომ მომავალ იდეალების ხატვას ჯერჯერობით თავი დაანებოს და რისიც მორევა და შესისხლხორცება შეუძლია, იმას მოჰკიდოს ხოლმე ხელი. ნათქვამია: „აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო!“..
(„აკაკის კრებული“, 1898 წ., №12)
რედაქტორის შენიშვნები
უბრალო საუბარი
1. დაიბეჭდა „აკაკის კრებულში“, 1898 წ., №12-ში.
2. ხომლელი (რომანოზ ფანცხავა, 1861-1928) - კრიტიკოსი, ჟურნალისტი. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში. პირველი სტატია დაბეჭდა გაზ. „შრომაში“ 1882 წ., 1889-90 წ.წ. ხელმძღვანელობდა ჟურნ. „თეატრს“. 1914 წ. ქუთაისში სცემდა ჟურნალ „ცხოვრებას“. 1893 წ. „კვალში“ მოათავსა კრიტიკული წერილები - „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“. ხომლელმა მრავალი წერილი მიუძღვნა ქართველ მწერალთა შემოქმედების განხილვას; მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია „ნ. ბარათაშვილი და მისი დრო“. ხომლელს ეკუთვნის აგრეთვე წერილები ბელინსკიზე („მოამბე“, 1898 წ.), ლესინგზე („აკაკის კრებული“, 1899 წ.); ხომლელმა გამოაქვეყნა სერია საინტერესო მოგონებებისა - „ცხოვრების მოედანი“ - მწერალ-მოღვაწეთა შესახებ (კირ. ლორთქიფანიძე, გრ. ვოლსკი, ი. ხონელი, არტ. ლეისტი და სხვ.).
ხომლელის შესახებ იხ. ს. ხუნდაძის ნეკროლოგი „ქართულ მწერლობაში“, 1928 წ., №4; შ. რადიანის „ხომლელი“ - „ლიტერ. საქართველოში“, 1941 წ., №22.
3. ანასტასია ერისთავ-ხოშტარია (1868-1951) - ცნობილი ქართველი მწერალი-რომანისტი, ავტორი რომანებისა „მოლიპულ გზაზე“ (1896 წ.), „ბედის ტრიალი“ (1907 წ.), „სალი“ (1924 წ.), მოთხრობებისა „მიწა“, „განთიადი“ და სხვ. ა, ერ.-ხოშტარიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოგონებები აკაკისა და ილიაზე. 1946 წ. გადახდილ იქნა ან. ერ.-ხოშტარიას სალიტ. მოღვაწეობის 60 წლისთავი.
ან. ერისთავ-ხოშტარიას პირველი ნაწარმოები დაიბეჭდა 1893 წ. „ჯეჯილში“, №3. აკაკის გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ან. ერ-ხოშტარიას შემოქმედებითს ბიოგრაფიაში. ერთი ადრინდელი მოთხრობათაგანი მწერალი ქალისა - „ბატონებმა არ დაიწუნეს“ პირველად აკაკიმ წაიკითხა, მოიწონა და დააბეჭდინა „კვალში“ (1893 წ.).
რომანი „მოლიპულ გზაზე“, რომელსაც შეეხება აკაკის სტატია, გამოქვეყნდა ჟურნალ „მოამბის“ ფურცლებზე 1896 წ., №12, 1897 წ., №№1-9.
4. ძველ საქართველოში ბატონყმობის რაღაც განსაკუთრებული, ჰუმანიური ხასიათის შესახებ თავის მცდარ შეხედულებას აკაკი სხვა წერილებშიაც იმეორებს. შეად. მისი სტატიები „კვალში“, 1894 წ., №4; „ივერიაში“, 1901 წ., №168; „თემში“, 1911 წ., №20; 1913 წ., №118 და სხვ.
![]() |
1.34 ბიბლიოგრაფიული შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
1. ბერანჟეს ლექსები ქართულად
პოეტურ თხზულების ერთი ენიდან მეორეზე გადაღება საზოგადოთ ძნელია. მთარგმნელმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს ის ენა, საიდანაც სთარგმნის, ასე რომ წვრილმანიც რამ არ უნდა გამოეპაროს; თავის საკუთარ ენაში, რომელზედაც გადააქვს უცხოდან, რაღა თქმა უნდა, დახელოვნებული იყოს და ამას გარდა კიდევ ნიჭითაც თანაბარი დედნის დამწერის, რომ გაუსწორდეს; თვარა სიტყვითი სიტყვად გადმოთარგმნა, ცოცხლის მოკვლა და მერე მკვდრის ღვლერჭით გადათრევა იქნება.
ამიტომაც საზოგადოდ თარგმანი დედნის ჩრდილია ხოლმე. - ყველა მთარგმნელს, ზემო-მოხსენებულ ღირსებითაც რომ სრული იყოს, ე.ი. ზედმიწევნით იცოდეს ორივე ენა და ნიჭითაც უტოლდებოდეს დედნის დამწერს, მაინც კიდევ გამოეპარება ის წვრილმანობა, რომელიც შეადგენს თვითეული ხალხის განსაკუთრებითს სულის საიდუმლო მოძრაობას, და რომელიც მხოლოდ დედნის ავტორს შეეძლო დედის რძესთან ერთად შეესისხლხორცებია, რომ პოეტური ნაწარმოები მოექარგა და გაესხივოსნებია. ამას ჩვენ ვამბობთ შესანიშნავ კლასიკურ თხზულებათა შესახებ, თვარა უმნიშვნელო და უხეირო რამ თარგმანში რას დაჰკარგავს, თუ არ მოიგებს პირიქით! მაგალ. ჩვენი უნიჭო ოჩოპინტრე რომ ნიჭიერმა მთარგმნელმა გადაიღოს უცხო ენაზე, რასაკვირველია, როგორმე გამოაკოპიტებს, სალაშინსა ჰკრავს და მოსაწონი იქნება!.. მაგრამ რუსთველის სავსებით გადაღება კი მოუხერხებელია. „თუ კი აზრი იგივე იქნება, სიტყვები შეუცვლელი, ჰანგი მსგავსი, კეთილხმოვანობა დაცული და სხვანი... რატომ არ შეიძლებაო?“ ეგები იკითხოს ვინმემ, და აი ჩვენ რას მოგახსენებთ: პატტი ანუ მაზინი, ყველას გაგვიგონია, რომ საოცარი მომღერლები არიან და დღეს ტოლი არა ჰყავთ! მათი მიმბაძავი კი ბევრია... იმღერიან მასვე, რასაც ისინი, იმავე კილოთი, იმავე მიმოხვრითა, ჰანგებიც ვითომ იგივეა, მაგრამ მათი მაგიერობა კი მაინც არ შეუძლიათ! - ის საიდუმლო მადლი, რომელიც ერთსა აქვს მაღლით მინიჭებული, მეორეზე იმავე სისწორით აღარ გადადის. ისე რომ ვისაც უნდა მაზინის, ან პატტის სიმღერა გაიგოს, უთუოდ მათი პირიდან უნდა მოისმინოს! მეტი საშველი არ არის და უსულო ფონოგრაფიც მაინცადამაინც ბევრს ვერას მოეხმარება.
პოეტური ნაწარმოები, ლექსები, ორგვარია; ერთი აღვიძებს გონებას, ამაღლებს, მერე გადადის გრძნობაზე და ორივეს ერთად ჰჭვალავს. მეორე კი - თითქოს საქმეც კი არ აქვს რა გონებასთანაო, თავის თავად უძვრება სულსა და გულში და თითქმის უნებურად ჰხიბლავს ხალხს. ამ უკანასკნელთაგანს ეკუთვნიან სახალხო მგოსნები; მათი ლექსები უფრო სასიმღერო არიან, ვიდრე სადეკლამაციო, ხმამაღლა საკითხავი, და მართლაც, მათი კითხვის დროს გულში უეჭველად იმღერის მკითხველი. ამ უკანასკნელი დარგის მგოსნები იშვიათად იბადებიან, როგორც ინგლისელების ბორნსი, გერმანელების ჰეინე და, თუ გნებავთ კოლცოვიც, რომელიც რუსის გრძნობა-გონების პირობაზე, ქებით მოსახსენებელია. ამათთაგანია, მაგრამ უფრო ძლიერი, ფრანცუზების მგოსანი ბერანჟე, რომელმაც თავისი თანამედროვე საფრანგეთის ყოფა-ცხოვრება სასიმღერო ლექსებით გამოსახა. მისი ლექსები ერთსა და იმავე დროს კიდეც ატკბობენ და კიდევაც ანაღვლიანებენ მკითხველს, ამ გვარი ნაწარმოების სხვა ენაზედ გადაღება თითქმის მოუხერხებელია და ვერც არავინ დაიჩემებს, რომ ბერანჟე სამაგალითოდ გვაქვს გადმოღებულიო. კუროჩკინისა არ იყოს, ზოგიერთი მთაგრმნელი ნიჭიერი პოეტები დაუახლოვდენ ბერანჟეს, მაგრამ ისე კი, როგორც მწუხრი განთიადს და მეტად კი არ მოხერხდებოდა. ჩვენში პირველად სინჯა გადმოქართულება მისი გ. მუხრან-ბატონმა, რამოდენიმე ლექსი გადმოიღო, მაგრამ, რომ შეატყო თავის თავს უვარგისობა, აიღო ხელი. ჩვენ რამოდენჯერმე ვსინჯეთ, მაგრამ ჩვენი შრომა ბერანჟეს თავში კეტის დაკვრა გამოდგა და დავანებეთ თავი. ყველას რომ ჩვენთვის მოებაძნა და ხელი აეღო ბერანჟეს თარგმანზე, თქვენი მტერია, ქართველები ისე დავრჩებოდით, როგორც ანდაზა ამბობს: „კარგი არ მაღირსიან და ცუდი არ მაკადრიანო“! მაგრამ ღმერთმა უშველოს, ჩვენსავით არ მოქცეულა ახალგაზდა პოეტი გვაზავა და ცდილა, რომ ბერანჟეს რამოდენიმე ლექსი გადმოეღო ქართულად და ცალკე წიგნაკადაც გამოეცა. „არაობას კარაობა სჯობიაო“ ნათქვამია და ახალგაზდა პოეტიც მადლობის ღირსია: ეტყობა, რომ რაც კი შეიძლებოდა ბევრი უცდია და უფრთხილებია; ბერანჟეს შეჭიდების რა მოგახსენოთ, და ისე კი ეტყობა ბ. გვაზავას, რომ ნიჭი არ აკლია, მაგრამ როგორცა სჩანს, იმასაც თანვე სდევს თანამედროული ქართული დაუდევრობა და ზარმაცობა: დედაენის ცოდნაში კოჭლობს და ეს სირცხვილია ნიჭიერ ქართველისათვის!... ჯერჯერობით მეტს აღარას ვიტყვით!!..
2. სიტყვიერების თეორია
ეს სახელმძღვანელო წიგნი, ამ დაკნინებისა და დაცარვის დროს, ჩვენში შესანიშნავი მოვლინებაა და ქართულ ოჯახებში აუცილებელ განძად შესატანი. ამის შემდგენლებს არ ჰკლებიათ არც ცოდნა, არც ბეჯითობა, არც სხვა რამ, რაც კი რამ საჭიროა ამგვარ სახელმძღვანელოს შესადგენათ. ცხადია, რომ ნიჭი კეთილად მოუხმარიათ, მაგრამ სალიტერატურო ნიმუშების დამატებაში კი ცოტა უსუსტებიათ: თუმც არც ნიმუშები არიან უვარგისი. მაგრამ ჩვენ მწერლობაში მოიპოვებიან უკეთესი სანიმუშოები და ისინი გამოპარვიათ. აგრეთვე დიდი შეცდომაა გაურჩევლად რაზიკაშვილების ნაწერების სანიმუშოდ შემოტანა სახელმძღვანელოში. ამით მე ის კი არ მინდა ვსთქვა, რომ რაზიკაშვილებს ნიჭი აკლდეთ!... პირ აქეთ, უხვად არიან მაღლით მიმადლე-ბული. ამ კრებულში რომ დაბეჭდილია ვაჟა-ფშაველას პოემა „გოგოთურ და აფშინა“, ერთი უკეთესთაგანია ჩვენს მწერლობაში. წვრილმანი ლექსები, როგორც საკუთრად ვაჟასი, ისე მისი ძმის ბაჩანასი და თედოსი საზოგადოთ სამარგალიტო შაირები არიან!.. პროზა ხომ კიდევ უკეთესი. მაგრამ საწყენი ის არის, რომ განგებ ამახინჯებენ თვითვე მათ ნაწარმოებს ქართულის გადაჯორჯვ-გადმოჯორჯვით და შიგადაშიგ ისეთ რამეებს ახორცმეტებენ, რომ შვენიერებას საუწმინდუროთ ჰდაღვენ!.. ვინ არ იცის, რომ ქართული ენის სიმდიდრეს უმეტესად შეადგენენ ზმნები, მათი უღვლილება და მიმოხვრა!.. ვინც ზმნებს ჯეროვნად ვერ ხმარობს, ის უეჭველად ქართული ენის უმეცარია!.. და ზმნებს საზოგადოდ, რაზიკაშვილებიც ვერა, ანუ უფრო მართალი იქნება ვთქვათ, განზრახ არა ხმარობენ სისწორით. ამახინ-ჯებენ და ეს უკუღმართობა სიტყვიერების გარეგანი სხივცისკროვნება ჰგონიათ!.. მაგალითად.
„ვაჰმე, იღუპვის ქვეყანა
ფშავლები ჩაუხოცავის, (ე.ი. დაუხოციათ)
წასულა სისხლის ღვარიო, —
ლეკეთში გაურეკავის, (ე.ი. გაურეკიათ). (გვ. 614).
ანუ ეს:
იქით გავხედნებ - მთებია, (ე.ი. გავიხედავ - მთებია)
მაღლა ავხედნებ - ცა არის (ე.ი. ავიხედავ - ცა არის) (გვ. 615).
და ანუ თედოსი
„მინდორო, მინდვრის დედაო!
ნიკორა შეიბრალოდეთ!
რომ მოკვდეს, თქვენსა კალთაში
მიიღეთ, მიიბაროდეთ,
ნუ გახდით საყვავ-ყორნედა
შვილურად შეინახოდეთ! და სხვანი (გვ. 618).
ეს ზმნები: „ჩაუხოცავის, გაურეკავის, გავხედნებ, ავხედნებ, შეიბრალოდეთ, მიიბაროდეთ“ და სხვა ამგვარნი, ნეტავი რა ფრაზებია და ღრამატიკულს რომელ კანონთაგანს ეთანხმებიან?.. არ გაგონებსთ ეს რუსის მოჩორთვილ ქართულს, როდესაც ის „წადის“ მაგიერად „ცაუდის“ ამბობს და „გავაკეთებ“-ის ნაცვლად „გაუკეტინ მე“-ს? გვეტყვიან: „მათ მხარეში, მთებში ხალხი სწორედ მაგრე ხმარობს მაგ სიტყვებს და ეს პროვინციალიზმიაო!“ ჩვენ საზოგადოდ პროვინციალიზმის წინააღმდეგი არა ვართ!.. სხვადასხვა მხარეებში ბევრი მისთანა სიტყვებია დარჩენილი, განსაკუთრებით მთა-ადგილებში, რომ მათი გამოძებნა და მითი ჩვენი დღეს დაკნინებული ენის შევსება საჭიროა; აგრეთვე ახალი რამ სიტყვის ხმარება, თუ კი სადმე პროვინციაში გასპეტაკებულა და დედაენის კანონის თანახმად აღმოცენებულა, მისაბაძავია საყოველთაოდ... ამგვარ კანონიერ რამეებით რომ შევავსოთ და გავასუქოთ ქართული ენა, საჭიროც არის. მაგრამ ის, რაც დედაენის წინააღმდეგ სხვადასხვა მხარეებში, პროვინციებში გადაუმახინჯებიათ და გაუფუჭებიათ, ხელმოსაკიდები კი არა, პირიქით, გასადევნია!.. მაგალითად გურიაში ამბობენ: „ნენა! რას უყუნცულებ? დროა პაწა შუკიდოთ ცეცხლს და ჩა ვსვათ (დედა! რას უცდი, დროა შევუკიდოთ ცეცხლს და ჩაი დავლიოთ).
იმერეთში: დანები მოსულარიან და აქანეი ჯილარიან (დები მოსულან და აქ ჯიან, ანუ სხედან).
რაჭაში: ქვე ქნიან ფონ ქვერე ჩემ გოჭუკელას (ფონს ქვეით (წყლის პირას) ასო-ასოდ სჭრიან ჩემ გოჭს).
ქართლში: ჯალაბი ობაზე წავასხი და ჩვენთან ერთად ფოფოდიაც მოაბოტებდა (სახლობა ხატობაზე (ანუ ჯვარობაზე, ანუ დღეობაზე) წავიყვანე და ჩვენთან ერთად მღვდლის ცოლიც მოდიოდა). ამგვარი რამ ყოველ კუთხეშია - ესენი ყველა პროვინ-ციალიზმია; მაგრამ ქართულ ენაში ამგვარი რამეების შემოტანა, აქაო და ჩვენ კუთ-ხეში ასე ხმარობენო, ნუთუ ენის გარყვნა არ იქნება? სხვებმაც რომ რაზიკაშვილებ-სავით ზმნები ამახინჯონ და სწერონ: „ჯილარიან, გაშპა, ქვე ქნიან, მოაბოტებს“ და სხვანი - ბაბილონის გოდოლის დაქცევის შედეგი იქნება!.. მიუხედავად ამ წვრილ-მან ნაკლისა, მაინც კიდევ ვიტყვით, რომ ეს წიგნი ყოველ ქართულ ოჯახისათვის საჭიროა, მით უფრო, რომ შეძენაც ადვილია: სულ ღირს ერთ მანეთად.
3. ისტორია საქართველოს ეკკლესიისა. წიგნი I
მოქცევა ქართველთა, შედგენილი რუსულ ენაზე მ. ჯანაშვილისაგან
ბევრის თქმა საჭირო აღარ არის! ამ წიგნის შემდგენელის სახელი ამტკიცებს, რომ ეს თხზულება კარგი რამ უნდა იყოს. ბ. მ. ჯანაშვილი იმ იშვიათ მოღვაწეთაგანია, რომელნიც დღეს ცოტათი კიდევ გვაგონებს ძველ ქართველ მოღვაწეებს - იმ სადიდებელ პირებს, რომელნიც თავ-დადებით შრომობდენ და სასყიდლად ითვლიდენ საქვეყნო ვალის მოხდით გამოწვეულ საიდუმლო სიტკბოებას!..
4. ანტონ ჭყონდიდლის ქადაგებანი
ყოვლად სამღვდელოის იმერეთის ეპისკოპოსის ბესარიონის გამოცემა
მამა-პაპების ზეპირ-გადმონაცემებით ვის არ გაუგონია ჩვენში ანტონ ჭყონდიდელის ქება-დიდება და როგორც მჭევრმეტყველის მქადაგებელის მაღალ საფეხურზე დგომა?! გადმოცემული გვაქვს აგრე მისსიონერ-პატრის ნათქვამი მის შესახებ: ერთხელ თურმე ფრანგების პატრს მისსიონერს, რომელმაც სიონში მოისმინა ანტონ კათალი-კოზის ქართული ქადაგება, სასახლეში ჰკითხეს: როგორ მოგწონს კათალიკოზის ქადაგება და ვინ უკეთ ჰქადაგებს: ეს თუ ჭყონდიდელიო?!... პატრმა მიუგო: კარგი მქადაგებელი ის არის, ვინც თავისს აზრს დიდსა და პატარასა, ნასწავლსა და უსწავლელს ყველას ერთად ნათლად გააგებიებსო. დიდი საგანი ისე უნდა დაგრიხოს, დააწვრილოს ორატორმა საჭიროების დროს, რომ ღირსება-დაუკარგავად ნემსის ყუნწში გააძვრინოსო. ამას ყოლიფერს შემძლებლობს ანტონ ჭყონდიდელი და მისებრივ მქადაგებელი დასავლეთშიაც ძვირად მოიპოება სადმეო! ეს ყოლიფერი რაც აქამდი ამბად გაგვიგონია, დღეს შეგვიძლია დავამოწმოთ ყოვლად სამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის ბესარიონის წყალობით, რომელმაც კეთილ-ინება რამდენიმე ქადაგების ცალკე წიგნად გამოცემა. ამ წიგნს შესავალად მიუძღვის წინასიტყვაობა ბ. თ. ჟორდანიასი, რომელიც თუმცა ყოველ-გვარ მოღვაწეობას ჭყონდიდელისას არ ეხება, სრული ბიოგრაფია არ არის, მაგრამ მაინც კარგი და მოსაწონი რამ არის!.. საგნის სიკეთეს განხილვის სიკარგეც გამოუწვევია და ორივე, როგორც ქადაგებანი, ისე წინასიტყვაობა, ერთი მეორეს ავსებენ. მას აქეთ რაც ეს ქადაგებანი თქმულა ერთ საუკუნეზე მეტია, მაგრამ დღესაც კიდევ, როგორც ენის მხრით, ისე აზრის სიდიადითაც სამაგალითო ნიმუშებად ჩასათვალია! - დღეს რომ კითხვის დროს კაცი ასე საოცრად იხიბლება, რა უნდა ეგრძნოთ იმ დროს მსმენელებს, რომელთაც ორატორის პირისაგან ესმოდათ ცხოველი სიტყვა? - იმათ, ვინც ჩვენს წარსულს აბუჩათ იგდებს, წაიკითხონ და ნახონ, რა მაღალ ხარისხზე ყოფილა აყვანილი საქართველოში საღმრთო სიტყვიერება? - და როგორი წარმომადგენლები ჰყოლია? შეადარონ იმათ, რომელთაც დიპლომები ხელში უჭირავთ, მაგრამ თავისი საკუთარი კი ჭყუტ!.. როგორც თავში, ისე გულშიაც!.. მის ნაცვლად, რომ ჩვენ დღევანდელმა ქართველებმა ფარდა ავხადოთ და სინათლე მივაფინოთ, უფროც ვაბნელებთ!.. ვინ იცის, რამდენი ამისთანა, შეიძლება კიდევ უკეთესიც, საერო განძი გადმოუციათ ჩვენ ძველებს ჩვენთვის და სადა ჰყრიან, ჩვენ არც კი ვიცით. ვინც იმათ გამოძებნის და გამოსცემს, ღვთისა და კაცის სასიამოვნო საქმეს იზამს! - მაგრამ დღეს ვინღა ეძებს ან ერთსა და ან მეორეს? ბაღებში, სასტუმროებში და ათას ამგვარ საცუნდრუკო რამეებში არასა ვზოგავთ! საზანდრების გადასაგდებად, არტისტების თავზე გადასაყრელად, უღირსების შესაწევრად, სამეტიჩროდ და სამაიმუნოდ არასა ვზოგავთ და რაც ხელში მოგვყვება ვხარჯავთ!.. და ამგვარ საშვილიშვილო რამეზე მცირედსაც ვერ ვიმეტებთ! აი რას ჰქვიან დაგონჯება?! ამისთანა დროს ცოტა რამეც დიდათ ჩაითვლება, და ამიტომაც საქებია ამ წიგნის გამომცემი. გამოცემული კარგათ არის სტამბის მხრივაც, არც ძვირია: მანეთნახევრათ (1,50) ღირს. მხოლოდ გულსანაკლო ის არის, რომ ცოტა გამოუციათ, მხოლოდ ეკლესიების შესაძენად, მაშინ როდესაც, უფრო მეტი რომ ყოფილიყო და იაფიც, ერის კაცებიც შეიძენდენ და კარგი იქნებოდა.
5. მეექვსე ნომერი, ანუ ხალიფის წინააღმდეგი
ამბავი ილდიზ-კიოსკიდან
მეორე წელიწადია, რაც ეს ამბავი გამოვიდა ცალკე წიგნაკად. ბოლოში რომ „იასე რაჭველი“ არ იყოს მოწერილი, ჩვენ ეს პატარა მოთხრობა ვინმე ცნობილ, ევროპიელ მწერლის ნაწარმოები გვეგონებოდა. მართლა რომ ევროპიულ გემოზეა დაწერილი!.. ავტორი გაუჭირველად, თვითო-ოროლა კალმის გაკვრით გვითვალისწინებს სტამ-ბოლის ცხოვრებას, მისის ფარდა-ჩამოფარებულ ჰარემხანებით. ამ თხზულების შინაარსი აქ არ მოგვაქვს, „იმიტომ რომ ცნობისმოყვარე მკითხველი პირდაპირ მიჰ-მართავს დედანს და უკეთაც შეიგნებს, ჩვენ მხოლოდ, ამ თხზულების გამოისობით, ცოტას განზე გადავუხვევთ და ვიკითხავთ: ვინ არის ეს „იასე რაჭველი“? - ეს იმ ქართველთაგანია, ვისთვისაც ბედს ურგუნებია ჩვენი ქვეყნის მოშორება!.. მერე და სამშობლოს მოშორება განა დიდი უბედურება არ არისო? - იკითხავს ვინმე და ჩვენც, რასაკვირველია, იმავ აზრისა ვართ. სამუდამოდ თავის სამშობლოს მოშორება ნახევარი სიკვდილია, მაგრამ დროებითი კი მხოლოდ გადახალისება! ეს საზოგადო კანონია, რომელიც კერძოდ ჩვენ ხალხზე ერთი ორად სჭრის. ჩვენ ბევრჯელ გვითქვამს და სხვებსაც, რასაკვირველია, შეუნიშნავი არ დარჩებოდათ, რომ იმერელი შინ სხვაა და გარედ კიდევ სულ სხვა: ერთგან - ცუდი, მეორეგან - კარგი და რას უნდა მივაწეროთ ეს?.. იმას, რომ იმერელი თან-შობილად მდიდარი გრძნობა-გონების მქონეა: მისი ბუნებაც ყოველთვის კარგს მოითხოვს, მაგრამ გარემოება ჰცარავს მის წაღმართობას და აფუჭებს. დღევანდელი ცხოვრების მიმდინარეობა იმერეთში იმდენად უკუღმართია, რომ აუზნეურებს იმერელს!.. ის იძულებულია მისი ბუნების წინააღმდეგ იუკუღმართოს, რომ სიცოცხლე შეირჩინოს და ან კი რა ჰქმნას? სწორის გზით რომ წავიდეს, ათასი რამ, ზოგი სხვებისაგან განზრახ შემოტანილი და ზოგიც შინაური უგნურების ნაყოფი, წინ ეღობება, და თუ არ მიუხვ-მოუხვია, ხომ დარჩება საპყრად და სასაცინო ნაცარქექიად! იცის რომ გარს ისეთი ხალხი ახვევია, რომელიც მას არა ზოგავს: სადაც მოასწრებს იქ ჩაჰკრავს; და თვითონაც იმავე იარაღს ეპოტი-ნება, რომ მტერი მოიგერიოს. თუ ასე არა ჰქმნა და ფარ-ხმალი დააგდო, დაიღუპება. მაგრამ იგივე იმერელი ნახეთ სხვაგან სადმე, სადაც იმას კოჭებში არავინ შეჰყურებს და ხელს არავინ უშლის?!.. მართლა რომ კაცია, თავისთვის კარგი და სხვისიც გამოსადეგი!.. საზოგადო კანონია, რომ ზოგჯერ ერთის უკუღმართობა მეორესაც გამოიწვევს ხოლმე საუკუღმართოდ. ეს თვით ჩვენ თავზედაც გამოგვიცდია: ამას წინად ერთი უცხო მათხოვარი შემხვდა და გამომიწოდა ხელი სამოწყალოსათვის; მე შემეძლო რამოდენიმე გროში მიმეწოდებია, მაგრამ ხმაც არ გავეცი, გავიარე ჩემთვის, ვითომდა ვერც კი შევნიშნე. შინ რომ მივედი სინიდისმა დამიწყო ქენჯნა!.. გული მეუბნებოდა: რად ჩაიდინე შენი ხასიათისა და ქრისტიანობის წინააღმდეგი საქმე? შეგეძლო გლახა-კისათვის შემწეობა მიგეცა და უყურადღებოდ კი დასტოვე? ეგებ შიმშილითაც კვდება ახლა და შენ კი... ამგვარი რამეები მოსვენებას არ მაძლევდენ. იმავე დროს გონება მეჩურჩულებოდა: ის უცხო მათხოვარი, მართალია, დღეს შესაბრალისია, მაგრამ როგორც კი სულს მოიდგამს შენი წყალობით, ყოველივეს დაივიწყებს, არც გიმოყვრებს და არც გიმეგობრებს, ძმობასაც შორს დაიჭერს და თუ მოგერია, ჩაგყლაპავს!.. ნურც შენი შვილები მოელიან მაგის შვილებისაგან სასიკეთოს! შეიძლება შენი შვი-ლები გაანადგურონ და შენ ნამოსახლზე მაგათ გამოჭიმონ ციხე-გალავანი!.. ეს კიდეც დაგვიმტკიცა ისტორიამ. და ხელმეორედ კიდევ წაყრუება და თვალის დახუჭვა უგნურება იქნება. არა! თუ შენ შენი სამშობლო ქვეყანა გიყვარს, მისი წარსული არ დაგივიწყებია და მომავალზედაც ჰფიქრობ, ნუ აჰყვები გულს, ნუ გაიკითხავ იმ მოყვრულად მოსულს, მაგრამ მერმისისათვის კი სამტროდ მომზადებულ გარეშეს. იმას არც ბუნება, არც ისტორია, არც დღევანდელი მისი გარემოება არ მისცემს ნებას, რომ სამაგიეროდ შეგეკავშიროს... შენი დანით დაგკლავს!.. ასე ეწინააღმდეგებოდენ ჩემი გრძნობა და გონება ერთმანეთს... მე ვიტანჯებოდი და ბოლოს მაინც ჩემი სურვილის საწინააღმდეგო საქმე ჩავიდინე. არ გავიკითხე გლახაკი!. - ამისი არ იყოს, ბევრი ამგვარი რამ უშლის იმერელსაც ხელს, რომ მან თავის სახლში კარგი რამ ჩაიდინოს. - მე რომ ჩემდა თავად შემეძლოს, ყოველ იმერელს, დროებით, რასაკვირველია, სადმე გავისტუმრებდი... მოვაშორებდი სამშობლოს, რომ გადახალისე-ბულიყო და ადამიანად დაბრუნებოდა ჩვენს ქვეყანას. - მაგრამ ადგილიც არის და ადგილიც, იქითკენ გავისტუმრებდი, სადაც ადამიანის გრძნობა-გონების გაუმჯობესებას ფართო სარბიელი აქვს... საზოგადოდ, ამ აზიიდან ევროპისაკენ. სტამბოლი რა არის?! სტამბოლი!.. თურქების სატახტო ქალაქია, რომელიც ბარბაროსის სახელით არის ყველგან ცნობილი, მაგრამ იქაც კი, რადგანაც ევროპიელებს ხშირად ხვდებიან, შეუძლია კაცს გრძნობა- გონებას საზრდო მისცეს და გაიმტკიცოს... აქ შეიძლება მკითხველმა გაიკვირვოს: „საიდან სადაო წმინდა საბაო?“ სად „მეექვსე ნომერი, სად ჩვენებიო?“ მაგრამ ნუ დაივიწყებს, რომ ჯერჯერობით კიდევ ნამდვილ განათლებისათვის ჩვენი მხარეც იგივე კარდაკეტილი ჰარემხანაა, სადაც ზნეობითი საჭურისები მხოლოდ სასულტანოზე ჰფიქრობენ....
6. ქართული ლეგენდები
რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ხანდახან იწერება ხოლმე ზოგიერთი რამ „გულბათის“ სახელით და დღეს კი ცალკე წიგნათაც გამოიცა იმავე „გულბათის“ სახელით „ქართული ლეგენდები“. - „გულბათი“ ფსევდონიმია და რადგანაც ავტორს არა სურს თავისის სახელისა და გვარის გამომჟღავნება - არც ჩვენ გვაქვს უფლება მისი ვინაობა აღვიაროთ. ამას კი ვიტყვით მხოლოდ, რომ ის არის ქართველი, დიდი ჩამომავლობისა და ოჯახის ასული, რომელიც რუსეთში დაბადებულა, იქვე გაზრდილა და, რასაკვირველია, ქართული დედაენა ვერ შეუსწავლია. მაგრამ უცხო ენებიდან კი რაც გაუგონია და გაუგია მისი სამშობლოს შესახებ, უყურადღებოდ არ დაუგდია - გულსმოდგინებით და სიყვარულით უდევნებია თვალ-ყური. შეუსწავლია უფრო, რასაკვირველია, წარსული ჩვენი ცხოვრება და იმ ძველთაგან გამოუკრებია ეს „ქართული ლეგენდები“. ეს ლეგენდები დაიბეჭდებიან ჩვენ „კრებულში“ დროგამოშ-ვებით. ამის გადმოქართულება იკისრა პატივცემულმა ალექსანდრა მაკარის ასულმა კნეინამ მელიქოვისამ, რომლის შვენიერი ნათარგმნი დრუჟინინას მოთხრობა „პოლინკა საკსი“ ერთხელ კიდევაც იყო ქართულ ჟურნალში დაბეჭდილი. დე, ახლა მაინც იგულისხმონ იმ ცდომილმა, ქართველ ძველი ოჯახის ასულებმა, რომელნიც თავმოწონეობით გაიძახიან: „ჩვენ კარტული არ ვიცით“! „რად გვინდა კარტული?“ და სხვანი, რომ გვარიშვილობა და ხარისხი არა თუ დამცირდება მშობლიურთან დაახლოვებით, პირაქით, ამაღლდება: შინაურობაში სიყვარულს მოუპოვებს და გარეთ პატივისცემას. - და მართლაც, ვისაც მამა-პაპების არა სწამს-რა, შინაურები ეჯავრება, თავის საკუთარ ოჯახის გარეწარია, განა იმას შეუძლიან სხვისი სიყვარული და გარეშესთან გულ-მართლად შეკედლება?! არა!.. ის არის უგულო და უგულოებაზე დიდი ხანია გადაჭრითა სთქვა რუსთველმა: „უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდია!“ და ჩვენც ამ კაცთაგან განაკიდ ქალბატონებს მივუთითებთ ამ ორ ოჯახის ასულისაკენ: ერთი მათგანი სამშობლოს გარედ დარჩენილა, მაგრამ იმ სიშორედან კავშირი არ გაუწყვეტია, და ქართულად უძგერია მის გულს!.. მეორე მაღალ საფეხურზე ასულა, მაგრამ აქაც კიდევ დაუჯდომელად გაუხდია ის დედაენა, რომლითაც ღაღადებდენ ნინო, თამარ, ქეთევან და ჩვენი ძველი დედათა გუნდი.
(აკაკის კრებული, 1899 წ., №2).
რედაქტორის შენიშვნები
ბიბლიოგრაფიული შენიშვნები
1. დაიბეჭდა „აკაკის კრებულში“, 1899 წ., №2-ში.
2. ბერანჟე, პიერ-ჟან (1780-1857) - ფრანგი პოეტი, დემოკრატი, პოლიტიკური სატირის გამოჩენილი ოსტატი. მისმა ლექსებმა უდიდესი როლი შეასრულეს საფრანგეთის 1830 წლის ივლისის რევოლუციის მომზადებაში. ბერანჟეს პოლიტიკურმა სატირამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა რუსეთში, სამოციან წლებში. ბერანჟეს ლექსებს თარგმნიდნენ ქართველი პოეტებიც. მისი პირველი ქართველი მთარგმნელი იყო გიორგი ერისთავი. ბერანჟეს თარგმნიდნენ აგრეთვე აკაკი, რაფიელ ერისთავი, ირ. ევდოშვილი და სხვ. ბერანჟედან აკაკიმ თარგმნა ლექსი „ქმრის გოდება“.
ბერანჟეს ქართული თარგმანების ისტორიისთვის იხ. ლევ. ასათიანის წერილები: „ბერანჟე ქართულ ლიტერატურაში“ („მნათობი“, 1932 წ., №7), „პიერ-ჟან ბერანჟე“ („ლატერატ. საქართველო“, 1937 წ., №18).
3. „სიტყვიერების თეორია“. აკაკის რეცენზია ეხება არქიმანდრიტ კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოს: „სიტყვიერების თეორია და ქრისტომატია“, თბილისი, 1898 წ.
აკაკის მიერ გაკრიტიკებული სტრიქონები ეკუთვნიან ბაჩანას (ლექსი „ფშაველი ქალის ტირილი“) და თედო რაზიკაშვილს (ლექსი „ნიკორას ჩივილი“).
4. აკაკის რეცენზია ეხება წიგნს „ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი“, ქუთაისი, იმერეთის ეპისკოპოს ბესარიონის გამოცემა, 1898 წ.
5. აკაკის რეცენზია ეხება იასე რაჭველის წიგნს „მეექვსე ნომერი ანუ ხალიფის წინააღ-მდეგი. ამბავი ილდიზ-კიოსკიდან“. თბილისი, გამოც. ივ. როსტომაშვილის რედაქციით, 1897 წ.
6. აკაკის რეცენზია ეხება რუსულად გამოცემულ წიგნს: Гульбат, «Cборник грузинских легенд». Mocквa, 1899 г., cтp. 467. კრებული შეიცავს 23 ლეგენდასა და მოთხრობას. ავტორი წიგნისა, რომლის ფსევდონიმსაც, არსებული ლიტერატურული ეთიკის თანახმად, აკაკი ხსნიდა თავის რეცენზიაში, იყო ილია ბატონიშვილის (გიორგი მეცამეტის ვაჟის) ასული - ოლღა გრუზინსკაია. დაიბ. 1846 წ. ახალგაზრდობაში იყო სეფექალი იმპერატორის კარზე. შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვში. გარდაიცვალა 1913 წ. ცნობები მის შესახებ და ორი ფოტო იხ. ბ. ესაძის რუსულად გამოცებულ კრებულში „ლეტოპის გრუზიი“, ნაკვეთი 1, 1913 წ., გვ. 193 და 241.
აკაკიმ გულბათს 1909 წელს მიუძღვნა საგანგებო ლექსი (იხ. აკაკის თხზ., ტ. 1, 1940 წ., გვ. 809).
აქვე მოგვყავს ეს ლექსიც:
სურათზე ბატონიშვილს ოლგას
უცხო ენით მოსაუბრემ
აღარ იცი შენ ქართული,
მაგრამ მაინც შეგრჩენია
ჩვენებური სული.. გული!
შენს ნაწერში ორივე სჩანს
ჩაქსოვილი, ჩაქარგული...
მადლობა ღმერთს, რომ შენ მაინც
არ ხარ ჩვენთვის დაკარგული!
![]() |
1.35 სიტყვა გიორგი წერეთლის საფლავზე |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო ამხანაგო, თან შეზრდილო და თანვე შებერებულო გიორგი! ამ ნახევარ საუკუნის განმავლობაში მე და შენი ნაცნობობის კავშირი არ გაწყვეტილა და იმ თავიდან ამ ბოლომდე ერთმანეთთან საუბარი არ დაგვლევია. მაგრამ სჩანს, რომ ჯერ კიდევ არ მოგვყირჭებია, რომ ახლაც კიდევ, კუბოს კარებთან, მინდა გულხელდაკრეფილსაც გამოგელაპარაკო! რომ გხედავ სამარის პირად მოსვენებულს, გული მიღონდება, თვალებზე ცრემლი მომდგომია და ტირილს კი ვერ გიბედავ, და ვერ გიბედავ იმიტომ, რომ შენისთანა განსვენებულებს ტირილი არ შეშვენისთ. ყველასათვის აუცილებელ სიკვდილსაც კი აქვს თავისი შესაფერი სიტკბილ-სიმწარე! - „სიკვდილი მართალთა განსვენებააო“ ბრძანებს საღმრთო წერილი, და ეს ჭეშმარიტება სწორედ შენისთანებზეა გამოჭრილი: მთელი შენი სიცოცხლე ტანჯულ-შრომით გაატარე საზოგადო სამსახურში მოუსვენრად და ახლა მხოლოდ გეღირსა განსვენება. უკანასკნელ წამს შენი ცხოვრებისას, უეჭველია, ცოტაც არის გიტკბობდა ის სამართლიანი შეგნება, რომ შენი ქვეყნის ვალი მოხდილი გქონდა, პირნათლად შეგეძლო წადგომა ღირს წინაპრებთან და აქაც შენ სამაგიეროდ სტოვებდი შვილებს სწორ-გზაზე დაყენებულებს და ანდერძადაც უგდებდი შენს მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადო მოღვაწე... აი, ამიტომ ვეღარ გიბედავ ტირილს და აღარც შენ ცოლ-შვილს ვეუბნები სამძიმარს! მივუსამძიმრებ შენს დაკარგვას მხოლოდ საზოგადოებას, რომელმაც შენი სიკვდილით ბევრი დაჰკარგა!.. დიახ, განსვენებული ერთი უკეთეს მოღვაწეთაგანი იყო ამ ჩვენს დროში. მოვა დრო, როდესაც საზოგადო მოღვაწეებს საკუთარის შეგნებით და არა სხვების ხმის აყოლით დააფასებენ, და მაშინ გიორგის ნაწერების სიდიადე და სიკეთე გააკვირვებს ყველას. მაგრამ მარტო ნაწერებით ჩვენი მესამოცე წლების მოღვაწეთა დაფასება დიდი შეცდომა და უსამართლობა იქნება! მწერლობა მათთვის მხოლოდ ერთი სხვათა შორისი იარაღი იყო ქვეყნის სასამსა-ხუროდ აღებული! ისინი ყოველგან და ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებდენ, იყვნენ დღიურ მუშებად ჩამდგარი და შავი სამუშაო რამეც არ ეთაკილებოდათ. - ერ- თი მათგანი იყო განსვენებული გიორგიც, მაგრამ ამ ღირსებას დღეს ზოგიერთები ცოდვად სდებენ და დასცინიან: „ყოველიფერს ეპოტინებოდაო“. სცდებიან. თუ კი დღესაც კიდევ აქა-იქ გაისმის საჩივარი, რომ სამკალი ბევრი გვაქს და მუშები ცოტა გვყავსო, რა უნდა ყოფილიყო ამ ორმოცი წლის წინეთ, როდესაც არაფერი არ ყოფილა მოწეული. სამკალი არსად ჩანდა. და პირველ სამუშაო ხვნა-თესვისათვის უნდა გადადგმულიყო პირველი ნაბიჯი? მესამოცე წლის წრე ძალიან პატარა იყო, ისე კაც-მრავალი არ ყოფილა როგორც დღეს; მაშინდელი ერთის საქნარი, სამუშაო, დღეს ასადაც კი შეიძლება განაწილდეს. ნუ დავივიწყებთ ნურც იმას, რომ იმ მაშინდელ მცირე გუნდიდანაც ბევრმა გადაუხვია და სულ სხვა გზას დაადგა, უდროოდ რომ გული გაუტყდა. მაგრამ გაფანატიკოსებულ გიორგის კი იმ თავიდან ამ ბოლომდე დედა-ბოძი თავისის მცნებისა არ შერყევია. - შეიძლება რომ საზოგადოებისადმი მისწრაფების დროს ოდესმე გზას გადასცდენოდეს შეცდომით, ფეხი წამოეკრას და წაეფორხილებიოს, ეს მის პირდა-პირობას ვერ დაჩრდილავს, რადგანაც, ვიმეორებ, თუ კი მართლა ოდესმე გზას გადაცდენია, ეს გადაცდენაც წმინდა განზრახვისა და სურვილების გამო ყოფილა გამოწვეული და არა საპირადო რამ გამოანგარიშებით. ამისთანა კაცებს განყენებული, კერძო, მხოლოდ საპირადო არა აქვთ-რა, ყოველგვარ მათ კერძოსაც სარჩულად იგივე საზოგადო უძევს; ცოლ-შვილს მიტომ ეკიდებიან, რომ ქვეყანას თავის სამაგიერო მოღვაწეები გაუზარდონ, შეძენას მიტომ ნატრობენ, რომ ქვეყანასვე გამოადგენ და უფრო ხელშეუშლელად ემსახურონ გაუჭირვებლად! ამას ბრბო ვერა ჰხედავს და ცოდვად უთვლის მათ იმას, რაც მადლისაგან გამოწვეულია.. საზოგადოთ უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ დაკნინებულსა და დაცარულს საუკუნეში სხვათა შორის ერთი სენიც შემოგვეპარა: ჩვენ ნამდვილ მოღვაწეებს ჯიბრში უდგივართ, სწორი გზით მიმავალს ჩვენვე წინ ვეღობებით, ფეხ-ქვეშ ქვა და ლოდს ვუგორებთ და თუ იმათაც უნებურად ფეხი წამოჰკრეს, ჩვენ მზაკვრულ სიხარულს საზღვარი არა აქვს: ყოველგვარ ღირსებას ვუქარწყლებთ და ქვეყანას ვუთითებთ, რომ აი ფეხი წამოჰკრაო. - ამ ფარისევლობის საპასუხოდ ერთი რამ მაგონდება თვით განსვენებულ გიორგის თავგადასავლიდან: ერთ კვირა დღეს გიორგი წერეთელი თავის ამხანაგებით ერთად თავმოყრილნი თამაშობდენ მამა მაგისის დიდ ეზოში. დაჰკრეს წირვის ზარები და პატარა გიორგი გაეშურა ეკლესი-ისაკენ. გზაში ფეხი წამოჰკრა ქვას და დაეცა, მაგრამ უკანვე არ დაბრუნებულა, წამოდგა ზეზე, დაიბერტყა ტანისამოსი და წავიდა მაინც საყდარზე. ნაწირვებს რომ დაბრუნდა, ამხანაგებმა სიცილი დააყარეს, რად წაიქეციო!.. მაშინ გამოესარჩლა შვილს, გიორგის მამა, ექვთიმე წერეთელი და უთხრა სხვებს: „თქვენ, უგუნურებო, როდესაც ჩემი გიორგი კარგის გრძნობით გატაცებული წირვაზე მიეშურებოდა, თქვენ მაშინ აქ თამაშობდით და ნუთუ მისი წაქცევა, ისევ წამოდგომა და კეთილი განზრახვის აღსრულება უფრო მოსაწონი არ არის, ვიდრე თქვენი აქ დარჩენა, უბრალო ბურჭალი და სახედრის გაჩინდრიკ-გამოჩინდრიებაო?!“ განსვენებულ გიორგისაც შეეძლო ამავე სიტყვებით ეპასუხნა ზოგიერთებისათვის!.. მეტს აღარას ვიტყვით - საუკუნოდ იყოს ხსენება შენი საყვარელო ძმაო და მეგობარო ...
(აკაკის კრებული, 1900 წ., №2)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა გიორგი წერეთლის საფლავზე
1. დაიბეჭდა. „აკაკის კრებულში“, 1900 წ., №2; „კვალში“, 1900 წ., №2.
2. გიორგი წერეთელი (1842-1900) - ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თაობის გამოჩენილი წარმომადგენელი. სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტში. 1861 წ. გაძევებული იქნა უნ-ტიდან სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობის მიღებისათვის. ამავე მიზეზით იჯდა რამოდენიმე თვეს პეტერბურ-გისა და კრონშტადტის ციხეებში. პირველი წერილი დაიბეჭდა „ცისკარში“, 1862 წ.; 1863 წ. თანამშრომლობდა ილიას „საქართველოს მოამბეში“; 1866-69 წ.წ. რედაქტო-რობდა „დროებას“, 1868-73 წ.წ. - „სასოფლო გაზეთს“, 1871-73 წ.წ. - ჟურნალ „კრებულს“; 1893 წ. დააარსა გაზ. „კვალი“. გ. წ-ის კალამს ეკუთვნის რომანები და მოთხრობები: „პირველი ნაბიჯი“, „გულქან“, „რუხი მგელი“, „მგზავრის წერილები“, „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“, „მამიდა ასმათი“ და სხვ. მასვე ეკუთვნის უამრავი წერი-ლი პუბლიცისტურ, პოლიტიკურ, ეკონომიურ, არქეოლოგიურ თემებზე.
გ. წ. ახლო მეგობარი იყო აკაკისა. პოეტმა 1879 წელს მას უძღვნა ლექსი „გ...ს“ (ივერია“, 1879 წ., №5-6) და აგრეთვე სახუმარო სტროფები საახალწლო „მესტვირულ-ში“ („ივერია“, 1880 წ., №1). გიორგი წერეთელს აკაკი არა ერთხელ ასახელებს თავის კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში (იხ. „ცისკარი“, 1868 წ., №5; „კვალი“, 1894 წ., №23; „კვალი“, 1895 წ., №22; „აკ. კრებული“, 1897 წ., №№ 3 და 4; „ჯეჯილი“, 1899 წ., №12; „ივერია“, 1901 წ., №247; „ივერია“, 1902 წ., №257; „ივერია“, 1903 წ., №185 და №229; „ივერია“, 1904 წ., №200; ჟურნ. „საქართველო“, 1908 წ., №3; „თემი“, 1912 წ., №93; „თემი“, 1913 წ., №109 და სხვ.). აკაკის „ჩემ თავგადასავალში“ ცალკე თავია მიძღვნილი გიორგი წერეთლისადმი. აკაკი მას სთვლის ქართული „რეალური სკოლის მამამთავრად“. აკაკის თავისი მაღალი შეხედულება გ. წერეთელზე, როგორც მწერალზე და მოღვაწეზე, ბევრგანა აქვს გამოთქმული თავის ნაწერებში.
გ. წერეთელი გარდაიცვალა 1900 წლის 12 იანვარს, იგი დასაფლავებულ იქნა 16 იანვარს, დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში. აკაკიმ თავისი სიტყვა წარმოს-თქვა გ. წერეთლის საფლავზე.
![]() |
1.36 თანამედროვე თავადი |
▲ზევით დაბრუნება |
12 იანვარს გარდაიცვალა გ. ე. წერეთელი და 16-ს დაკრძალეს დიდუბის ეკლესიის გალავანში. ჩვენს მახსოვრობაში ჯერ ისეთი პატივით არავინ გასვენებულა, როგორც ის!.. გაგონებით კი გაგვიგონია, რომ ძველად, როცა რომელიმე, ქვეყნის მოჭირნახულე, თანამედროვე დიდებულ თავადს მარხავდენ, მაშინ კი, თურმე მოიყრიდა თავს ხალხი სხვადასხვა კუთხეებიდან და გულ-მტკივნეულად ეთხოვებოდა ქვეყნის მოკეთეს. ეს დიახ ჩინებული ჩვეულება ძველ დროსვე თან გაჰყვა და დღევანდელი გასვენება, საზოგადოდ, მხოლოდ ოფიციალურია. მართალია, დღეს კიდევ, როცა გვარიშვილებსა და მაღალ-ხარისხოვანებს ასაფლავებენ, წინ მუსიკა მიუძღვით, უკანიდან საკუთარი ეკიპაჟების ხრიგინი, ბანს აძლევს, კუბოს მისდევენ მდიდრულად მორთულ-მოკაზმული ხელ-ქვეითები და ნათესავ-მოყვრები... მაგრამ ესეები ყველა მხოლოდ თვალსა სჭრის და გულს კი მაინც არას ეუბნება!.. სულ სხვაგვარი იყო გ. წერეთელის გასვენება: არც მუსიკა, არც ეკიპაჟები, არც ხელქვეითები და არც პურ-ღვინით მომადლიერებული ვინმეები!. დაესწრენ მხოლოდ ნამდვილი გულშე-მატკივრები და მათი რიცხვიც უთვალავი იყო, - სწორედ ისე, როგორც ძველად, ხალხმა დამარხა თანამედროვე თავადი. განსვენებული გ. წერეთელი არ ყოფილა დიდი ოჯახის ჩამომავალი, მაგრამ ეტყობა, რომ ხალხის გრძნობა-გონებას დღევან-დელ შეხედულობით, აღუარებია ის თავადად და მის სწორ-მხედველობას ვეღარც ჩვენ წაუვალთ!.. ქვეყნის განჩინება არის „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“... ასჯერ დაგვიწერია და ათასჯერ გვითქვამს და ახლაც კიდევ უნდა გავიმეოროთ, თუ როგორ ესმის ქართველ ხალხს სიტყვა „თავადი“? ძველად, როდესაც ქვეყანა განსაცდელში იყო ჩავარდნილი და გარემოსეულ მტრის მომგერებელი ეჭირვებოდა, მთელი ერი ორ წოდებად იყო გაყოფილი: მხედრებად (მეომრებად) და მუშაკებად. პირველი შეად-გენდა მაღალ წრეს და მეორე დაბალს. თავად-აზნაურობა ბრძოლის ველზე ათენ-აღამებდა და გლეხობა კი საზრდოს აწოდებდა მათ და თანვე თავის თავსაც არჩენდა, და იმ დროის მიხედულობით უკეთესი წესწყობილება მოუხერხებელიც იყო. დღეს სულ სხვა არის!.. დღეს ჯარის კაცებს ხაზინა ინახავს: ეძლევათ ჯამაგირები და შემდეგში პენსიები: ყმისა და მამულის სანაცვლოდ; მხოლოდ ფორმა გამოიცვალა, თვარა შინაარსი იგივეა. დღესაც არიან გენერლები, შტაბ-აფიცრები და ობერი აფიცრები, ისე როგორც ძველად იყვნენ ერისთავები, თავადები, აზნაურები, აზატები და სხვანი. ერისთავებად და თავადებად ისინი იყვნენ, ვისაც იმ დროს საქმის მეთაურობა და თავში დგომა შეეძლოთ. ერისთავი და თავადი იგივე ღენერლები იყვნენ, როგორც დღეს. საწერეთლო, სააბაშიო, საამილახვრო, საციციანო, საბარათიანო და სხვანი... იგივე კორპუსები იყო, და ერისთავი, ამილახვარი, ბარათაშვილი, ციციშვილი, აბაშიძე, წერეთელი, ორბელიანი და სხვანი იგივე კორპუსის კამანდირები. „კი, მაგრამ, ეს თავადობა და ერისთაობა შვილსა და შვილის-შვილზე გადადიოდაო“ - იტყვის ვინმე, - და რა ვუყოთ მერე? - განა დღეს კი არა ვხედავთ, რომ რომე-ლიმე ღენერლის შვილიც ღენერალი ყოფილიყოს და შვილიშვილიც?.. თუ კი შვილი მამის საკადრისი იქნებოდა, მით უნდა ჩამორთმეოდა მამის ხარისხი?.. ისტორია აუარებელს მაგალითს გვიჩვენებს წარსულში, რომ როცა რომელიმე დიდებულ გვარიშვილს შესაფერი შვილი ვერ გამოსვლია, მაშინ მისი ადგილი მათსავე გვარში სხვას დაუჭერია, უფრო გამოჩენილს, და თუ აღარავინ ყოფილა აღარც გვარში, რომ საგვარეულო დროშა ღირსეულად ხელში დაეჭირა, გვარი დაკნინებულა და მის მაგივრობა სხვის გვარს დაუჭერია ხელში. - ლიპარიტიანებს ჩამოართვეს დადიანობა ჩიქოვანებმა და გიორგი ჩიქოვანი გადადიანდა, გოშაძეები, გუნაბიძეები, თოდაძეები და სხვანი მრავალნი, ოდესმე თავადები ყოფილან, მაგრამ გამოცლიათ ხელიდან, მათ მოადგილედ სხვები ჩამდგარან და დღეს გლეხებად იწოდებიან. ეს ასეთ უბრალო კანონიერ მოვლინებად მიაჩნია ქვეყანას, რომ ისტორიას არც კი შეუნიშნავს. ეს წარმოდგენა ქართველს შესისხლხორცებული აქვს დღესაც, და მიტომაც იმეორებს ძველების მცნება-ანდაზას: „თუ კაცი თვითონ არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობაო“.
ძველი დრო წავიდა და მას თან გაჰყვა ძველ-გვარი თავად-აზნაურობაც. ახლა სულ სხვა დრო დადგა, სხვა მოთხოვნილებით და თავადებიც სხვა გვარი გვეჭირვება. ეს ესმის ხალხს და ნურაფერს უკაცრავად, თუ ძველ თავად-აზნაურთა ჩამომავალთ, რომელთაც დღეს არა თუ მეთაურობა და თავადობა არ შეუძლიათ, ფეხიც ვეღარ მოუკიდებიათ იმაზე, რაცა მამა-პაპათაგან დარჩათ, იმავე პატივით ვერ იხსენიებდეს, როგორც მათ წინაპრებს და სულ სხვას აღიარებდეს დღევანდელ თავადად! მართლაც, მოდი და უთხარი ქვეყანას: „დღევანდელი გაქსუებული „მრავალჟამიერის“ მოღრი-ალე და ხანჯლის მოტრიალე ძველი ოჯახების ნაშთები იწამე და ეთაყვანე მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესმე მაგათ კარგი ძველები ჰყოლია-თქო!“.. ამას ბრბო თუ დაიჯერებს, თვარა ხალხი არა!.. მე ხალხს ვეძახი დაბალ წრეს, იმ წრეს, რომელსაც ნიადაგი არ გამოსცლია ფეხ-ქვეშ და არ გახუნებულა ზედაპირსავით, მისი ინსტინქტი უტყუარია, მაშინ როდესაც მისი ზედა-პირი, ნამდვილი ბრბო, იმას როშავს, რაც თვითონ არ გაეგება!.. მათ რიცხვში ბევრს შეხვდებით მისთანას, რომ თავი მარტო წინაპრებით მოჰქონდეს და თვითონ კი არა იყოს-რა და აგრეთვე ნახავთ მისთანა ტუტუცებსაც, რომელნიც ტრაბახობენ, ჩვენი ძველები, მადლობა ღმერთს, გამოჩენილი გვარის არ ყოფილანო და პატივი გვეცითო! დღეს თვითონაც გლახაკებს, მამა-პაპის სიგლახე საკმარის ღირსებად მიაჩნიათ და პატივისცემას მოითხოვენ; ამათი რიცხვი დღეს იქნება ბევრიც იყოს, მაგრამ ხალხის თვალში მათი კრედიტი დაკარ-გულია და, ძველების პატივისცემით მომხსენებელი ჩვენი ერი დღესაც მხოლოდ იმას სცემს თაყვანს და აღიარებს თავადად, ვინც დღევანდელ საქმეს თავში უდგია და ქვეყანას გულწრფელად ემსახურება; ამგვარი მოღვაწე, რომელ წრიდან და რომელ წოდებიდგანაც უნდა იყოს, ქვეყნისთვის ერთია, ის აფასებს კაცურ კაცობით, და არა საისტორიო მოწმობით. ეს ნათლად დაგვანახვა გ. წერეთლის გასვენებამ. მიუხე-დავად იმ წრისა, რომელიც დედამიწასთან გასწორებას სცდილობდა განსვენებულ გიორგი წერეთლისას და სიცოცხლეში მოსვენებას არ აძლევდა, დაბალმა ხალხმა, ფესვმა ეროვნობისამ, თვით დასდვა მას თავისი საკუთარი უტყუარი მსჯავრი და „ვაშა“ მის განაჩენს!..
(აკაკის კრებული, 1900 წ., №2)
რედაქტორის შენიშვნები
თანამედროვე თავადი
1. დაიბეჭდა „აკაკის კრებულში“, 1900 წ., №2-ში.
2. ანალოგიური შეხედულება ძველ საქართველოში წოდებათა ურთიერთობის შესახებ აკაკის გამოთქმული აქვს სხვა წერილებშიაც - შეად. მისი სტატიები „კვალში“, 1894 წ., №4 „ივერიაში“, 1901 წ., №168, „თემში“, 1911 წ., №20 და 1913 წ., №118 და სხვ.
![]() |
1.37 სიტყვა რაფიელ ერისთავის სახსოვრად |
▲ზევით დაბრუნება |
განსვენებულ რაფიელ ერისთავის სახელი, როგორც პოეტისა, ჩვენში ვის არ გაუგონია? მაგრამ როგორც საზოგადო მოღვაწეს, ისე ყველა ვერ იცნობს სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ჩვენში საზოგადო საქმეებს გონების თვალით ვერ უჭვრეტენ და რაც თვალსა და ყურს ნაძალადევად არ ეჩხირება, იმაზე ბევრი არა იციან-რა და სწორეთ ამით აიხსნება ის სამწუხარო მოვლენაც, რომ ჩვენში ვისაც ერთი-ორი ლექსი დაუწერია, ან და სცენაზედ გაუკუნტრუშებია, გინდ უნიჭოც იყოს, მოღვაწედ არის ცნობილი და იმათი კი, რომელთაც თავისი სიცოცხლე ჩუმ შრომასა და ტანჯვაში გაუტარებიათ, ვერ ხედავენ. რაფიელ ერისთავიც, რომ პოეტი არ ყოფილიყო, როგორც საზოგადო მოღვაწე, უყურადღებოდ დარჩებოდა, მით უფრო, რომ ის მოღვაწეობდა დასავლეთ საქართველოში, ე.ი. იმერეთში, და არა საქართველოს იმ შუა გულში, რომელსაც „ქალაქი“ ეწოდება და სადაც ყოველი ნაბიჯი, გინდ მცირედიც იყოს, თვალსაჩინოა.
ამ ნახევარ საუკუნის წინეთ იმერეთისაკენ გადმოიყვანეს სამსახურში თავადი რაფიელ ერისთავი, ჯერ კიდევ ახალგაზდა, იმ დროისთვის შესაფერად კარგად ნასწავლი და გამოზრდილი. კალამი უჭრიდა და თანშობილ ნიჭთან ერთად შეკავ-შირებული თან შეზრდილი შრომის მოყვარეობა დიდებულ მომავალს უქადდა, მაგრამ ახალმა მოთხოვნილებამ, იმ „სულმა ბოროტმა“, რომელმაც მეორე ჩინებული მგოსანი ნ. ბარათაშვილიც აატირ-ააქვითინა, შეუშალა ხელი, შეაფერხა მისი ჩინოვნიკური წინ-მსვლელობა და, ნაცვლად აღმატებულებისა, ის გახდა მხოლოდ ჩვეულებრივად, ჩვენებურად ხელწამოსაკრავ „ჩვენ რაფიელად.“ გაზაფხულის პირად სულ პირველ ხანებში, სანამ ტყე ფოთოლს მოისხამდეს და ხე ყვავილს გამოიღებდეს, კუკური გაიფურჩქნებოდეს, ჯერ კიდევ ისევ გაცრეცილ მცენარეობას რაღაც სხვაფერობა ეტყობა, თითქოს კარგს რასმე ეპირება და ღიმილი მოსდისო. ეს გაზაფხულისაკენ გადასადგმელი პირველი ბიჯია, ის დრო, როდესაც ჯერ კიდევ მცენარის ტანში უჩინრად ჩამდგარი ცხოვრების წყალი ნელ-ნელა მხოლოდ მაჯას აცემინებს, რომ მერე, ერთთავად გამოხეთქოს, გამოაღვიძოს მიძინებული ბუნება და სიცოცხლით სავსე შემოსოს ფოთოლ-ყვავილებით. მაშინდელ ჩვენ ცხოვრებაშიაც სწორედ ამგვარი დრო იყო: ჯერ მესამოცე წლების მოღვაწეები არსადა სჩანდნენ, მაგრამ პირველი ბიჯი კი მათკენ იყო მიმართული და ერთ განმაცხოვრებელ წევრთაგან იყო თ. რ. ერისთავიც. ახალ ცხოვრების მონაბერით განმსჭვალულმა მგოსანმა მიმოიხედა გარშემო და დაინახა მის წინ მდებარე ორტოტი, კაპარჭი გზა: ერთი საპირადო, გატკეპნილი, „ია-ვარდით მოფენილი“, „ზევსური მზეშინით“ და „იავნანინათი“ პირდაპირ საფუნდრუკოსაკენ წამტყუებელი; მეორე საზოგადო, უსწორმასწორო, ოღრო-ჩოღრო, შამბნარ-ეკლიანი, სახიფათო და საშიში, მაგრამ ერთხელ ოდესმე უკვდავების წყალის სათავემდე მიმყვანი. და დაფიქრდა მგოსანი: რომელი ერთი მათგანი მირჩიოს? საპირადო, რომლის გავლაც ადვილია და დიდების მომნიჭე-ბელიც, თუ საზოგადო, სიკვდილამდე სანაღველ-ძმარო? ერთს აჰყავს მაღალ საფეხურზე, ადიადებს მიმდევარს და მისის გარეგნობით თვალ-მოჭრილ და მოხიბლულ ხალხის სათაყვანოდა ჰხდის. მეორე კი ამცირებს და სასაცილოდაც გამოჰყავს თანამედროვე ბრბოს თვალში, დღიურ მუშაკად და წვრილმან მებრძოლად გადაქცეულს, მის უანგაროდ მიმყოლს. ეს კარგად ესმის მგოსანსა და ყოყმანობს! განსაცდელშია ჩავარდნილი მისი ადამიანური თავმოყვარეობა. აღარ იცის, რომელი რომელს შესწიროს? სული უმსხვერპლოს ხორცს თუ ხორცი ანაცვალოს სულს? საფრთხეშია! მაგრამ ამ დროს თვალწინ ეხატება ნ. ბარათაშვილი და მგოსანი მგოსანს მაღლით ჩამოჰბერავს დაუვიწყარ სიტყვებს:
ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება,
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედისწინა გამოუქროლდეს.
ამის გამგონე, გამოერკვევა ახალგაზდა მგოსანი და გადაჭრით ამბობს:
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!
ამ გზით მიდიოდნენ ზღაპრული გმირები უკვდავების წყაროს მოსატანად. ამ გზით იარა ნესტან-დარეჯანის მძებნელმა ტარიელმაც: მინდვრად მეკობრენი უხვდებოდენ, ტყეში მხეცები, შამბნარში ლომ-ვეფხვი და ქვაბში დევები, მაგრამ არ შეუშინდა ბედს!.. მხლებელნი გაუწყვიტეს და თითონ კი მაინც გადარჩა და გამოიხსნა სათაყვანო. აი, ამ გზით, სწორეთ ამ სახიფათო გზით გაივლის მომავალი ტარიელი, ჩვენის ცხოვრების საერო გმირიც, და ჩვენ კი, როგორც ტარიელს მისმა მხლებლებმა, ხელი უნდა შევუწყოთ მის გმირობას და თავი მსხვერპლათ დავდვათო! - გადასწყვიტა გუნებაში და კიდევაც შერჩა სიკვდილამდე საზოგადოს ისე, როგორც ძველი გამდე-ლები შერჩნენ უსასყიდლოთ ძველ, ოდესმე დიდებულ, მაგრამ ბოლოს კი დაქცეულ ოჯახებს. როგორც ნამდვილი ოპოზიციის წევრი - ის იყო ფრთხილი, წინდახედუ-ლი, ამწონ-გამზომი საქმისა და გარემოებისა; გრძნობა მოუყიდველი და გამბედავ-შეუპოვარი.
ბატონყმობა ჯერ კიდევ გადავარდნილი არ იყო, მხოლოდ ხმები დადიოდა მის შესახებ. მართალია ჩვენში თუმცა ბატონყმობას მისთანა მტარვალური და მონური ხასიათი არაოდეს არ ჰქონია, როგორც სხვაგან, მაგრამ მაინც იმ უჩვეულო მოლოდინმა საერთოდ ყველა ააღელვა და ორივე მხრით დიდი განგაში გამოიწვია. საჭირო იყო, რომ შუაში ვინმე ჩამდგარიყო და როგორც ერთის, ისე მეორის მოკანანახედ გამხდარიყო. ამ გვარი მოვალეობა, სახიფათო და სამძიმო, თავს იდვა მაშინდელმა ახალგაზდობამ, და კიდევაც გაისმა მისი შეუპოვარი ხმა. საზოგადოების უფროსმა ნაწილმა იუცხოვა მათი საქმეში „არა-მკითხე მოამბედ“ ჩარევა. ამათ ვინ რასა ჰკითხავთ, რომ ღრიალებენო? ალბათ ღრიალა თერგის წყალი დაულევიათ, იმას უწყენია და მიტომ ღრიალობენ ესენიცო. ასე გადასწყვიტეს და კიდევაც დაარქვეს მათ „თერგ-დალეულები“, ვერ მიხვდნენ, რომ „თერგ-დალეულების“ სურვილი იყო საქმე კეთილად გათავებულიყო - „არც მწვადი დამწვარიყო და არც შამფური“. მოწინააღ-მდეგეები კი არც ერთს არა ჰზოგავდნენ... ერთის მხრით ფარისევლური სათანგი, მეორეთი ქრისტიანული სიმართლე!. მარცხნივ უფლებითი ძალა, - მარჯვნივ მოციქულებრივი თავის განწირვა და შეუპოვრობა! გაიმართა ბრძოლა! ბრძოლა „კოღო-ბუზებისა“. ისინი უნდა ხერხს დადგომოდნენ: უნდა ცხვირში შეძრომოდნენ ძლიერ მოპირდაპირეს და ეს კი საშიში იყო, რადგანაც ცხვირთან პირი ახლოა. ბატონყმობის გადავარდნას მალე თან მოჰყვა სხვადასხვა რეფორმებიც. აქაც იგივე განზრახვა ერთის მხრით და იგივ ჩაგრულთა სარჩლი და შეუპოვრობა მეორისა. თ. რაფიელ ერისთავი თუმცა ფრთხილობდა, მაგრამ მაინც შენიშნული იქმნა. ჯერ მაზრის უფროსად იყო ზუგდიდში, სადაც დღესაც კიდევ იგონებენ და კურთხევით იხსენიებენ. შემდეგში დააყენეს ქუთაისის მომრიგებელ-მოსამართლედ; აქაც სახელი გაითქვა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც იძულებული გახდა სამსახურისათვის თავი დაენებებია. წვრილ ცოლ-შვილით დატვირთულმა ადვოკატობას მიჰყო ხელი. ნუ დაივიწყებთ, რომ მაშინდელი ადვოკატობა სულ სხვაგვარი იყო. დღეს ძვირად მოიპოვება მისთანა ადვოკატი, რომ მდიდარს კლიენტს, რომლისაგანაც გულ-საჯერო სასყიდელს გამოელის, ზურგი აქციოს და ღარიბს, მაგრამ მართალს მის მოპირდაპირეს გამოესარჩლოს უსასყიდლოდ. განსვენებულ რ. ერისთავს კი, ისე როგორც სხვა მის თანამოღვაწეებსაც, ბევრჯერ ჰქონია ამგვარი შემთხვევა.
იმავე დროს ის იყო თეატრის მოყვარული. სცენა მიაჩნდა ერთ იმგვარ ადგილთა-განად, საიდამაც ხალხი იმოძღვრება და იწრთვნება. მაშინ ხომ სამუდამო თეატრის ხსენებაც არ იყო. იყვნენ მხოლოდ თეატრის მოყვარენი და მათში რ. ერისთავიც დაუღალავი მუშაკი იყო: სწერდა პიესებს, თამაშობდა სცენაზე, სუფლიორობდა, რეჟისორობდა და სხვანი და სხვანი. ერთი სიტყვით, იმ დროის საზოგადო მოვლენა მისთანა არ ყოფილა-რა, გინდ წვრილმანიც ყოფილიყოს, რომ მაშინდელ გუნდს და მასთან ერთად რ. ერისთავსაც გვერდი აექციოს, არ გარეულიყოს. მაშინდელი დრო ამ ჩვენი დროდან ისე განსხვავდება, რომ ვინც დამსწრე არ არის და ან გულდაგულ არ შეუსწავლია ის დრო, ვერც კი წარმოიდგენს. დღეს ხშირად გვესმის ხოლმე საყვედური მაშინდელ მოღვაწეებზედ: მართალია, ნიჭი ჰქონდათ, მაგრამ მოუმზადებელნი იყვნენ, თანაც ზარმაცობდნენ და ამიტომაც ნაყოფიერობა ვერ გამოიჩინეს და სადიადო ვერა დაგვიტოვეს რაო. შემცდარი აზრია!.. მესამოცე წლების მოღვაწეებს ჩვენ ვცნობთ დღეს მხოლოთ განაგონებით. წაგვიკითხავს რამდენიმე მათი სასიმღერო, ან სასაცილო ლექსთაგანი და მორჩა-გათავდა!.. ეს არ კმარა!.. მუშტრის თვალით რომ გვქონდეს გადაკითხული და გულწრფელათ შესწავლილი მაშინდელი მწერლობა, სადაც გამოცხადებულია მაშინდელ მოღვაწეების პროგრამა, უფრო მეტი რამ გვეცოდინებოდა მათ შესახებ და ისინიც საყვედურს ასცდებოდნენ. მაგალითად: „დროებაში“ იყო დაბეჭდილი ერთი ზღაპარი, რომელიც მაშინდელ მოღვაწეობის სარკე იყო: ერთი მარტოხელა კაცი იყო. რომ საოჯახო ცეცხლი არ გაჰქრობოდა და კერა არ გაცივებულიყო, ყოველგვარი საოჯახო საქმე იკისრა და აქაც ეტანებოდა და იქაც, რომ არც ერთი მათგანი არ გამქრალიყო და ცოცხალ-მკვდარი მაინც მიეტანა იმ დრომდე, როცა წვრილი შვილები წამოეზრდებოდნენ, და ჩაებარებინა მათთვის. ნატვრა აუსრულდა. მართალია მოესწრნენ შვილები და შვილი-შვილები და ოჯახიც გამობრუნდა და სიკეთისაკენ წავიდა. თავმომწონე შვილებმა უსაყვედურეს მოხუც მამას: ხომ ხედავ, როგორ ვაკეთებთ საქმესო? შენ ხელში ჩვენ საოჯახო საქმეებს სიცოცხლის ნიშან-წყალი ძლივს ეტყო-ბოდა და ახლა კი ძლიერიაო. ალბად გიზარ-მაცნიაო!.. „შვილებო! რასაც ამბობთ, სულ მართალიაო, მიუგო მამამ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ რასაც დღეს ყველა აკეთებთ, მაშინ მარტო მე უნდა მეკეთებია, როგორც მარტოხელ კაცსაო. თქვენ დღეს საქმეები გაგინაწილებიათ, თვითოს თვითო საქმე აგიღიათ და მე კი ყველასათვის ერთად უნდა მედევნაო. და თუ ასე არ მექნა, ეგ თქვენი საქმეები აქამდინ ვეღარ მოაღწევდნენ, ოჯახი გაცივდებოდა და თქვენც სადმე წახვიდოდით ბოგანოდო“.
დიდი ხანია მას აქეთ, რაც ეს იგავი დაიბეჭდა „დროებაში“ და ნათლათ გვიხატავს არა თუ მარტო მაშინდელ ახალგაზდობას, დღევანდელსაც-კი. მესამოცე წლების მოღვა-წეებზე სხვა-გვარი საყვედურიც ბევრი გაგვიგონია და გვესმის დღესაც: „ზარმაცები იყვნენ; რაც შეეძლოთ, იმის მეოთხედიც არა გაუკეთებიათ-რაო. აქეთ-იქით ცუდად ატარებდნენ დროსო, გაუტანელები იყვნენ და მიუკარებელიო და სხვანი“. მაგრამ ეს მართალი არ არის. შემცდარი აზრია... და ეს შეცდომაც თითქმის კანონია საზოგადოდ ცხოვრებაში. მოვიტანოთ მაგალითი: ყველამ კარგათ იცით, თუ რა არის ფუტკარი, ის სულისა და ხორცის მოსამსახურე მუშაკი!.. მისი ნაწარმოები გვატკბობს და ბნელს გვინათებს. ქვეყანას სასოებათ ჰყავს წარმოდგენილი!.. ჩვენი ხალხიც „იობის ჭიას“ ეძახის, იობის გვამიდან გამოსული და ღვთისგან ნაკურთხიო. თანაც ანდაზა გამოუთქვამს: „ბუზი ყველა ბზუის, მაგრამ ფუტკართან ყველა სტყუისო“. ოჰ, რამდენი სიყვარულია ამ სიტყვებში. - ხალხს უყვარს ფუტკარი, მაგრამ იმავე დროს კიდეცა სძულს. უყვარს შორიდან და ეჯავრება ახლოს.
როცა ჩვენ გვიდგას წინ თაფლი და ბუზები ეხვევიან, ჩვენ ხანდახან ხელის აქნევაც კი არ გვინდა, რომ ბუზები გავრეკოთ, მაგრამ აბა იმავე დროს შემთხვევით როგორმე შემოფრინდეს ოთახში ფუტკარი, თვით იმ თაფლის მომნიჭებელი, და გავიგონოთ მისი ბზუილი, თუ მაშინვე არ ავშფოთდეთ და არ ვეცადოთ მის ოთახიდან გაგდებას!.. და რათა? ბუზებმა რა გააკეთეს, რომ არას ერჩით და ფუტკარმა რა დააშავა, რომ სდევნით? „მართალია, ბუზი ხან იარაზე გვაჯდება, ხან ცხვირსა და პირში გვიძვრება და გვაწუხებს, მაგრამ ფუტკარივით მწარეთ არ იკბინებაო.“ ეს მართალია, მაგრამ განა ფუტკარი ვინმესა ჰკბენს მაშინ, როდესაც, პირიქით, ხელს არ უშლიან მის საქმიანობას? ვინ არ იცის, რომ ის ღვთის ბუზი თავის ცოტა შხამიან ისარს მხოლოდ ფარად ხმარობს, როგორც დამხდური?! მაგრამ სად არის სამართალი?.. „ფუტკარი რომ მოუსვენარი არ იყოს, აქეთ-იქით არ ბზუოდეს ტყუილა-უბრალოდ და ხარაბუზასავით დამჯდარი მუშა იყოს, რა კარგი რამ იქნებოდაო,“ ამბობენ ხოლმე ხშირად. მაგრამ ესეც ხომ შემცდარი აზრია და გონიერების ბეჭდით დაუმოწმებელი!! განა საგანი მათის საქნარის ერთი და იგივეა? ხარაბუზა ფუნას აკვარკვალიტებს და ინახავს თავისთვის და მასალაც იმდენი აქვს, რომ შორს წასვლა საჭირო არ არის. ფუტკარი კი სანთელ-თაფლის წმინდა ნაწილებს ფიორ-ფიორად ეძებს ყველგან. ხან აქ არის, ხან იქ, ხან ერთ ადგილს დააჯდება, ხან მეორეს, მოუსვენრად დაჰფრენს და ბზუის, ვინ იცის რამდენ ხაშმიან მცენარეს წააწყდება, მყრალ-ბალახს თავს ევლება, მაგრამ მისი სიწმინდე არაფერს ცუდს არ იკარებს, მხოლოდ სადაც კი იპოვნის საჭირო მასალას, იქ შეჩერდება სრულის მისის გრძნობა-გონებით, ამოსწუწნის წმინდა ნაწილებს, იხვევს ფეხებზე და საღამოს დატვირთული ბრუნდება თავის საფუტ-კრეში, რომ იქ სიწმინდით და სიტკბოებით შეამზადოს საქვეყნო ძღვენი. აი, სწორედ ამ ფუტკარს მოგვაგონებენ საზოგადოდ ყველგან გულწრფელნი, ქვეყნის ერთგულნი მოღვაწეები, და კერძოდ მესამოცე წლების ჩვენი მშრომელნიც, რომელთა რიცხვშიც რაფიელი ერთი ჩინებულთაგანი იყო, და ამასვე გვიპასუხებენ, საიქიოდან ჩემის პირით, მით უფრო, რომ მათში მეც ვერიე, როგორც ერთი უმცირესი მათგანი.
შეიძლება ვინმემ იფიქროს და გაგონებითაც კი გაგვიგონია, რომ რაფიელი მაგ ბედისა არ ყოფილაო, მაგრამ ეს შემცდარი აზრია: მართალია ბოლოს დროს ის იყო მოსვენე-ბულად თავისთვის, არც არავის რას ჰყვედრიდა და პირიქით სიყვარულს უცხადებდნენ, მაგრამ ეს იყო ამ ბოლოს, როდესაც საზოგადო მოღვაწეობაზე თვითონაც ხელი აიღო, მაგრამ იმ დროს კი, რომელიც ჩვენ ზემოთ დავასახელეთ, იმას ბევრი მოხვედრია, ბევრი შეურაცხყოფა აუტანია უსამართლო და ბევრი სიმწარე უგრძვნია!.. და იმან დააბერ-დააუძლურა უდროვოდ. ხშირად გვესმის: უცხოეთში მოღვაწენი დიდხანს სძლებენ და შრომობენო. იქ სხვა არის. ერთისაგან დაწყლულებულს გულს ათასი ამთელებს და სხვადასხვა გვარ მალამოთი უშუშებს. აქ ათასი რომ გცემს, ეგებ ერთმა ძლივს მოინდომოს ხელის დაფარება და ამიტომაც ჩვენებური მოღვაწე ბერდება და იჩაგრება ხორცითა და სულით.
ამ ორის წლის წინად ერთხელ კიდევ მქონდა შემთხვევა, რომ თელავში მენახა თ. რ. ერისთავი... დიდად გაიხარა და ახალგაზდულ აღტაცებით იგონებდა ბევრს რასმე საზოგადო საქმის გამოისობით. ბოლოს ამოიხვნეშა და მწარის ღიმილით მითხრა:
დაებერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა;
შინ ცოლ-შვილს მოვძულებივარ,
ბატონს უნდივარ აღარა-ო.
მე გავუტრიზავე: სცდები, არავის დავიწყებიხარ და კიდევაც ყველას უყვარხარ მეთქი. - რაღადო? მიპასუხა ნაღვლიანად.
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა!
თამამად ვეღარ იძახის
ჩემი დაფი და ნაღარ-ო!..
და, მართლაც, ის აღარ იყო, რაც მინახავს!.. ძალ-ღონე აღარ შესტანდა, რას გულს კი მაინც გულობა არ მოშლოდა... საზოგადო საქმეებზე ლაპარაკობდა და წამდაუწუმ ღმერთს ახსენებდა: არაფერია, გულს ნუ გაიტეხთ, ერთი მოწყალეა, ღვთის-მშობლის წილ-ხვედრი ვართ და მისი მადლი არ გაგვწირავსო. მე ყურს ვუგდებდი და მაგონდებოდენ ძველი გმირები, სხეულის დაძაბუნების შემდეგ რომ ყრუ უდაბნოებს მიმართავდნენ ხოლმე და ლოცვაში ავედრებდენ ღმერთს საქართველოს.
მომაგონდნენ და მეც გავმხნევდი!... არა, „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს“-მეთქი. მაშინ თუ თორნიკე ერისთავები იყვნენ, დღეს რაფიელ ერისთავი გვყავს სანუგეშოდა მეთქი... ამ გრძნობით გამოვეთხოვე საამქვეყნოდ სამარადისოდ ჩინებულს მგოსანსა და გულ-წრფელს მოღვაწეს.
(ივერია, 1901 წ., №57)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა რაფიელ ერისთავის სახსოვრად
1. ეს სიტყვა აკაკიმ წარმოსთქვა 1901 წ. 11 მარტს, დაიბეჭდა „ივერიაში“, 1901 წ. 13 მარტის №57-ში.
2. რაფიელ ერისთავი (1824-1901) - გამოჩენილი პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოგრაფი. სახელი გაითქვა გლეხთა ცხოვრებისა და შრომის ამსახველი ლექსებით, აგრეთვე ლექსებით საბავშვო და ისტორიულ-პატრიოტულ თემებზე. რ. ე-მა დასწერა საყურადღებო ეთნოგრაფიული ნარკვევები ხევსურეთსა, სვანეთსა და იმერეთზე.
1873 წ. გამოსცა „შემოკლებული ლათინური, რუსული და ქართული მცენარეთა ლექსიკონი“; იმავე წელს ილიასთან ერთად - „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები“; 1878 წელს „იგავარაკნი, გამოკრებულნი სიბრძნე-სიცრუიდან“ და გალექსილნი მის მიერ; 1879 წ. - „ქართული გამოცანები“; 1880 წ. - „გრამატიკა“; 1881 წ. - კრილოვის „იგავ-არაკები“; 1882 წ. გამოდის რ. ერისთავის თხზულებათა პირველი ტომი - ლექსები; 1884 - „მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი მცე-ნარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებიდან“; 1890 წ. - თხზულებანი, ტომი მეორე, ლექსები; 1893 წ. - თხზულებანი, ტ. 1, „ქართველთა ამხ-ბის“ გამოცემა.
1895 წელს ქართველმა საზოგადოებამ ილიას და აკაკის ინიციატივით რ. ე-ს მოუწყო დიდი საიუბილეო ზეიმი.
აკაკი დიდ პატივს სცემდა რ. ერისთავს. თავის სტატიებში იგი მის სახელს არა ერთხელ მოიხსენიებს გულთბილად. იხ. „დროება“, 1878 წ., №109; „კვალი“, 1896 წ., №6; „ივერია“, 1901 წ., №№57, 70, 168 და 1904 წ., №200; „საქართველო“, 1908 წ., №3; „თემი“, 1912 წ., №55 და 1913 წ., №138 და სხვ.
აკაკიმ რ. ერისთავს მეგობრული პატივისცემით გამსჭვალული სტრიქონები უძღვნა სახუმარო ლექსში „მწერლების ფერხული“ (1881 წ.).
რაფ. ერისთავის თხზულებათა სრული კრებული ოთხ ტომად გამოვიდა 1935-1938 წლებში, სახელგამი, შ. რადიანის რედაქციითა და შენიშვნებით.
![]() |
1.38 მცირე შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ბატ. ივ. გომართელმა „კვალის“ №29-ში, თავის „ქართულ საერო პოეზიაში“, თ. რ. ერისთავის შესახებ, ორი უმთავრესი აზრი წარმოსთქვა და ორი დიდი შეცდომა და უნებური ცილისწამებაა. პირველი: „სამოცდაათ წლამდ რაფიელ ერისთავის ერთადერთი მოტივი ქალები და წარსულ გმირთა დიდება იყო. ამ დროის განმავლობაში მან ფრიად სუსტი და წარმავალი ნიჭი გამოიჩინა, რადგანაც ცარიელი რითმა და ქება წარბთა და წამწამთა არც ნიჭსა და არც პოეზიას არ შეადგენსო“ და სხვანი.
ჯერ ეს მუხლი გავარჩიოთ. ეს აზრი, რომ „სატრფიალო და საგმირო ლექსების წერა არც ნიჭსა და არც პოეზიას არ შეადგენსო“, მეტად მოცვეთილი აზრია! სამოციან წლებში, როდესაც ხელოვნებამ ისე გაიტაცა რუსეთის მწერლობა, რომ უკეთესი და უნიჭიერესი წარმომადგენელნი ძირს ფეხს აღარ ადგამდნენ და მხოლოდ მიმოფრენდენ ცის ლაჟვარდში, ცხოვრებისაგან მოსხლეტილნი, მაშინდელმა გამოჩენილმა მწერალმა ჩერნიშევსკიმ შენიშნა მათ, რომ ხელოვნება მარტო უნაყოფო ხელოვნებისათვის კი არ უნდა იყოს... ცხოვრებას უნდა ემსახურებოდეს... ამით იმას უნდოდა, რომ უკიდურესობაში ჩამდგარი ხელოვნება როგორმე გამოებრუნებია და საჭირო კალაპოტში ჩაეყენებია!,,
მაგრამ ამ მეცადინეობამ მეორე, უფრო სამწუხარო, უკიდურესობა გამოიწვია: ჩერნიშევსკის საფუძვლიან აზრით გატაცებულმა პისარევმა, ზაიცევმა და სხვათა, თავი ვეღარ შეიმაგრეს, ზომა დაკარგეს და თითქმის სასაცილო უკიდურესობაში ჩაცვივდენ: უარყვეს საზოგადოდ ხელოვნება და დაჰგმეს პოეზია. უნიჭო „საზანდარ-რაიოშნიკები“ პუშკინზე მაღლა დააყენეს, რაფაელის მადონას ტყაპუჭა-აკულინაები ამჯობინეს და მიქელ-ანჯელოის მექანდაკეობაზე მეჭურჭლეობა უფრო სასურველად აღიარეს.
იმ დროს უმეტესი ნაწილი რუსეთის ახალგაზდობისა ამავე აზრით იყო მოხიბლული და გატაცებული. ამგვარი მოვლინება ხალხში ხშირად შეადგენს ხოლმე შესაყარ სენს... მაგრამ რუსეთმა დიდი ხანია მოიხადა ეს სატკივარი და დღეს იქ იმისთანას ვეღარავის იპოვით, რომ ეს ზემომოყვანილი პისარევ ზაიცევების ნამოძღვრალი სწამდეს! ჩვენ კი, რადგანაც რუსეთის ნასუფრალით ვიკვებებით და მათზე გვიან გამოვხრავთ ხოლმე ნაწყალობებს, უფრო დიდხანსაც ჩაგვრჩება ხოლმე პირში გემო და აი მიტომაც, ჩვენდა სამწუხაროდ, კიდევ ყოფილან ჩვენში პოეზიისა და ხელოვნების უარმყოფელნი! და მათ რიცხვში ბატ. ივ. გომართელიც, თორემ არ იტყოდა, რომ სატრფიალო და საგმირო ლექსების წერას არც ნიჭი უნდა და არც პოეზიაო!
პეტრარკას ლაურასადმი სატრფიალო სონეტები, რომელთაც ხალხის გრძნობა-გონებაში ფესვი გაიდგეს და დაუვიწყარი გახდენ, არ ვარგებულან გომართელის აზრით, როგორც უმნიშვნელო რამ! ძველთა გმირთა მოხსენებაც თურმე უგნურება ყოფილა!.. და მაშ მსოფლიო ლიტერატურაში ჰომეროსმა, ვირგილიუსმა, - მილტონმა, დანტემ, ტორკვატო ტასომ, არიოსტომ, ჰაფიზმა, ფირდუსმა და სხვათა როგორღა მოიპოვეს საშვილიშვილოდ დაუვიწყარი სახელი. თვით ჩვენი რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიაც ენა და ეროვება შეგვენახა, რა არის, თუ არ საგმირო ეპოპეია?
ნიჭი და ხელოვნება საგნის დიადობაში კი არ არის, მათ გამოხატვაში და გთვალისწინებაშია, გინდ დღევანდელი ვარამი იყოს ის და გინდ გადასული ძველებური ამბავი. რ. ერისთავი, - განაგრძობს რეცენზენტი, - მხოლოდ მაშინ ჩახვდა „ჭკუა-გონებაში“, „როდესაც სიბერის გამო სააშიკო ლექსების“ წერას თავი დაანება და გადავიდა გლეხებზე და იმათ გამოესარჩლაო და სცდილობდა მათ ამაღლებას, მაგრამ გვიანღა იყოო!.. ეს მაშინ მოხდა, როცა თავის თავად ფეხზე წამომდგარმა გლეხობამ თავი დაანახვა პოეტს და აალაპარაკაო და სხვანი.
გამოდგა, რომ გომართელის აზრით, სატრფიალო და საგმირო თხზულება |ყოველ-თვის უნიჭობა და სისულელეა; და თუ გლეხების ცხოვრება, აღებული საგნად, გინდ უნიჭოდაც გამოისახოს, მაინც მოსაწონი და სათაყვანოა!.. მაგრამ ეს არ არის მართალი: რ. ერისთავს რომ იმ ნიჭითვე, რა ნიჭითაც სწერდა სატრფიალო ლექსებს, არ ეწერა გლეხების შესახებაც და უხერხულად გამოეთქვა ის, რისაც განმეორება უნიჭობისათვისაც არ არის საძნელო, სახელს ვერ მოიპოვებდა! მაგრამ საქმეც ის არის, რომ პოეტობის ნიჭს მისთვის არ უღალატნია და მხოლოდ სასიმღერო საგანი გამოსცვალა. მართალია, ცოტა გვიან მოუვიდა ჩვენი ცხოვრებისათვის უფრო საჭირო და ნაყოფიერ გზაზე გამოსვლა, მაგრამ ამის მიზეზი სულ სხვა იყო და არა ის, რასაც ბატ. გომართელი ჰფიქრობს!
როდესაც რ. ერისთავის ლექსები პატარა წიგნაკად გამოვიდა, ერთმა მისმა მეგობართაგანმა გაარჩია მისი ლექსები და აი რა აზრი წარმოსთქვა სხვათა შორის: თ. რ. ერისთავი ნამდვილი პოეტია და არა ნაძალადევი სხვებსავით; ეს მან იმთავითვე, ახალგაზდობის დროს, დაამტკიცა, როცა დასწერა ბაიათი „ცეცხლი მოედოს, ვინც რომ ენდოს აშიყსა ქალსაო“, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად ამ ნიჭისა, მისი ლექსთაკონა, გარდა ორიოდისა, უბრალო რაღაც ახირებულობის გროვაა. და ეს მისი ბრალია, რომ ის იმას კი არა მღერის, რასაც მისი გუნება მოითხოვს, იმას ზუზუნებს, რასაც ძალდატანებით სხვები ამღერებენ, წამხედურობით... თანამედროვე საჭიროებაზე.
კეთილი და პატიოსანი!.. ეს ვის არ მოეწონება, მაგრამ ამას, ნიჭს გარდა, ბევრი სხვა რამეც ეჭირვება: სწავლა, მომზადება, გამოცდილება, შეგნება და შეთვისება იმ აზრებისა და იდეების, რომელთა სამოძღვროდ გამოდის ავტორი სამწერლო სარბიელზე. რ. ერისთავი კი, მიუხედავად ამეებისა, პირდაპირ გავიდა იმ უნიჭოთა რაზმში, რომელიც პისარევს ემონავებოდა და ილია ჭავჭავაძის მიმდევრობით კი მოჰქონდა თავი. ის კი ავიწყდებოდა, რომ „ყოველი კაცი კაცია, მაგრამ კახაბერი სხვა კაციო“.
ადამიანი სუსტი ქმნილებაა, ადვილად მოსახიბლავი. ძვირად იპოება მისთანა კაცი, რომ კარგი მომღერალი მოისმინოს და შემდეგ თვითონაც არ მიჰბაძოს და არ წაიხმა-ხრინწიანოს, იმ იმედით, რომ მეც არა მიშავს რა, მგონი, კარგად ვმღერიო. მიმბაძაობა ნიშანია ხშირად უნიჭობისა. მგოსანს ხელს უნდა უწყობდეს მისი საკუთარი შემოქმედებითი ძალა. ყოველგვარი ხელოვნური ნაწარმოები რომ შესისხლხორცებული უნდა ჰქონდეს არტისტს, გულით ნატარები და შემდეგ ღვიძლ-შვილივით წამონაშობი და არა სხვაგან, გარეშეთ დაგდებული და სხვის შვილად აყვანილი, თორემ უამისოთ თაღლითობა გამოვა.
ავიღოთ სათვალდათვალო მაგალითი: ქალბატონი გაბუნია, როგორც არტისტი, სწორ-უპოვარია, როცა ის ჩვენი ცხოვრებიდან აღებულ ტიპებს, მაჭანკლებს, გლეხის ქალებს, ქვრივებს, გამდლებს და სხვათა გვითვალისწინებს, მაგრამ როცა შექსპირისა და შილლერის პიესებს წეეპოტინება ხოლმე, რომ მარკიზები და გრაფინიები დაგვიხატოს, მაშინ კი რა მოგახსენოთ?! რაც თვალით უნახავს, შეზდია და შეუთვისებია, იმას კიდევაც ახორციელებს შესანიშნავად და რაც მხოლოდ შორიდან წარმოსადგენად გახდომია, იქ, რასაკვირველია, ღალატობს შემოქმედებითი ძალა, ნასესხული მიმბაძაობა გამოუდის.
ესევე უნდა ვიფიქროთ რ. ერისთავზედაც, რომ მისი ნიჭი მარტო საპირადო გრძნო-ბებს არ გადაჰყვეს, საჭიროა გზა მოუძებნოს მას. მის ლექსებში ერთი პატარა ლექსი ურევია „პურის მკა“, რომელიც ობოლი მარგალიტია მთელ ჩვენ მწერლობაში. ეტყობა პოეტს კარგად აქვს შესწავლილი სოფლელების ცხოვრება და ამიერიდან რომ ყურადღება მიაქციოს გლეხობას და მის ორგინალურს რთულს ცხოვრებას, მისი ავ-კარგი და ტანჯვა-სიხარული გაგვითვალისწინოს და ჩაგვახედოს სოფლელების გულში, ეს კარგი იქმნება და მისი ნიჭიც თავს იჩენს!
ეს იყო დედა აზრი იმ რეცენზიისა, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა. იმ დროიდან რ. ერისთავი დაადგა მინათითებ გზას და რეცენზენტსაც მადლობით იხსენიებდა.
ახლა გადავიდეთ იმ მეორე შენიშვნაზე, სადაც ბატ. გომართელი უნებურად ცილსა სწამებს თ. რ. ერისთავს და ამბობს: „რაფიელი იყო საუკეთესო გვარიშვილი; აღიზარდა ისეთ წრეში, რომელიც ყმების განთავისუფლების წინააღმდეგი იყო. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ისეთი პირნი, როგორც გრ. და ვახ. ორბელიანები ყმების განთავისუფლებას არა თანაუგრძნობდნენ - ერთი მათგანი გლოვითაც კი მიეგება მანიფესტს: რაღა გვეშველება, დავიღუპეთო; თუ ამას მივუმატებთ რაფიელის სრულ სიჩუმეს ბატონყმობის კითხვის შესახებ და მის რწმენას: „ბატონი ყმასა ჰძამობდა, ყმა შვილიც ახლდა სვიანი“ („მგზავრები“, გვ. 280). მე მგონია, უფლება გვექნება, უფრო იმ მოსაზრებას მივემხროთ, რომ რაფიელი არ თანაუგრძნობდა გლეხების განთავისუფლებასო“.
ეს მოსაზრება არ არის ჭეშმარიტი. სჩანს, რომ ბატ. გომართელს წარმოდგენაც არ აქვს იმ მღელვარე დროისა, როდესაც უნდა განთავისუფლებულიყვნენ გლეხები, და ამიტომ ნებასა ვაძლევ ჩემს თავს, რომ როგორც დამსწრემ, რამდენიმე ცნობა გადავსცე მკითხველებს.—ბატონყმობის ურიგობა და აღარ-დროობა ყველას კარგათ ჰქონდა შეგნებული თავისთავად ჩვენში და მიტომაც მანიფესტის მოლოდინს ისე მტრად არ მიჰგებებიან ჩვენში, როგორც სხვაგან. თავადაზნაურთა უმეტესობა სწუხდა, რასაკვირველია, თავის ზარალსა და დაღუპვას, მაგრამ იმას მაინც ვერ ათქმევინებდით, რომ მონების განთავისუფლება, მეთორმეტე საუკუნიდგანვე რუსთველის ნაანდერძევი, ურიგო ყოფილიყოს, საქართველოს თავადაზნაურობამ მართლა რომ იმ დროისათვის საარაკო რამ ჩაიდინა:
ქართლ-კახეთის მებატონეთა უმეტესობამ პირიქით მიჰმართა მთავრობას შემდეგის თხოვნით: ჩვენც ვხედავთ, რომ ბატონყმური კავშირი უნდა მოისპოს ამიერიდან, მრავალ საუკუნეთა კავშირი უნდა გაწყდეს, ერთმანეთს უნდა გავშორდეთ, აუცილებელია. და ჩვენი სურვილია ისე გავეყაროთ ერთმანეთს, არც ჩვენ დაგვწყდეს გული და არც ისინი დარჩენ ჩვენზე უმადურნი: საქართელოს მიწა-წყალი თავად-აზნაურობის სისხლით არის შერჩენილი და ჩვენი მამულები გლეხკაცობის ოფლით მორწყული და მოვლილი. უნდა ძმურად გავყოთ საგლეხო: ნახევარი ჩვენ და ნახევარი იმათ, რომ ერთმანეთში საჩხიკინო და სადავო აღარა დაგვრჩესრაო. მაშინდელი უმეტესობა ამ აზრისა იყო. შეიძლება დღესაც კიდევ ცოცხალი იყოს ზოგი მათგანი და ერთზე მე თვითონ შემიძლია მიუთითო, მაგალითად, თ. რევაზ ვაჩნაძეზე. ამავე აზრს ადგენ იმერეთშიაც.
იმ დროს არათუ წერილით გამოსარჩლება, ბატონყმობაზე კრინტის დაძვრაც არ ხერხდებოდა. მაშინდელ მოღვაწეებს ბევრი უსიამოვნება გარდახდათ და რ. ერისთავს, როგორც მოსამსახურე პირს, ვინ რას გააბედვინებდა. წერა აღარ შეიძლებოდა და საქმით კი დიდი თანამგრძნობი მომხრე იყო დაჩაგრულებისა. ამხნევებდა მებრძოლ ახალგაზდობას და მათს ჭირსა და ლხინში თანამოზიარობდა, ხანდახან წერაც წასცდებოდა ხოლმე... ერთი ლექსის გულისთვის, რომელიც შემდეგ ი. მიქაბერიძის სახელით ბ-ნ კ. ლორთქიფანიძის გამოცემულ კრებულში მოჰყვა, „მთხოვნელი მსაჯულისადმი“-ს, ადგილიც კი დაეკარგა. და ამისთანა კაცზე ბრძანებს უსამართლოდ ბ-ნი გომართელი, რომ ის, როგორც დიდი გვარიშვილი არ თანაუგრძნობდა ბატონყმობის გადავარდნას და წინააღმდეგი იყო ახლად შემოღებულ რეფორმებისა ისე, როგორც სხვები დიდი გვარიშვილებიო, მაგალითად, ვახტანგ ორბელიანი, გრიგოლ და სხვანიო!..
აი ეს მითითებაც უადგილოა!.. ვახტანგ ორბელიანს და მის მსგავს ჩვენ მამებს ჩვენზე ნაკლებ არ ესმოდათ რეფორმების მნიშვნელობა და გრძნობაც ნაკლები არ ჰქონიათ: სწორეთ იმ ვახტანგ ორბელიანმა, რომელსაც ნიშანში იღებს ბატონი გომართელი, ისეთი საქმე ჩაიდინა, რომ მისი მსგავსი არც ერთი იმ მყვირალა ვაჟბატონთაგანს არ ჩაუდენია: ყმის სულზე მისაღები ფული არ მიიღო რამდენიმე ათასი თუმანი! ისინი ჩემი უმცროსი მოძმეები იყვნენ და არა გასაყიდი პირუტყვებიო. ხელუხლებლად დასტოვა ბანკში - დეე იმ ფულით როგორც თავად-აზნაურებისა, ისე მათი შვილებიც გაიზარდონო.
ბოდიშს ვიხდი გომართელთან, რომ ესეები გავიხსენე არა მის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ჭეშმარიტების აღსადგენად, რისაც მეძიებელი, უეჭველია, თვით ბ-ნი გომართელიც უნდა იყოს.
(ივერია, 1901 წ., №168)
რედაქტორის შენიშვნები
მცირე შენიშვნა
1. დაიბეჭდა „ივერიაში“, 1901 წ., №168-ში.
2. ივ. გომართელის კრიტიკული წერილი დაიბეჭდა „კვალის“ 1901 წ. №№9, 20, 21, 23 და 29-ში, სათაურით „თავადი რაფიელ ერისთავი, როგორც საერო პოეტი“. „კვალის“ მე-20 ნომრიდან სათაური შეიცვალა და იბეჭდებოდა: „ქართული საერო პოეზია, რ. ერისთავი“.
![]() |
1.39 წერილი მეგობართან |
▲ზევით დაბრუნება |
ძმაო სოფრომ!
როცა კარგს რასმე ვხედავთ ჩვენში ან გაკეთებულს და ან დაწერილს, გინდ ჩემის მოსისხარ მტრისაგანაც იყოს, აღტაცებაში ვვარდები!.. მავიწყდება ყოველიფერი საპირადო და მზადა ვარ მტერი გულში ჩავისვენო და წინ ფიანდაზად დავეფინო!.. აგრეთვე უნიჭოდ დაწერილი და უხიაგოდ ჩანადენი რამ გულს მიკლავს და მაბრაზებს... ჩემთვის თავდადებული მეგობარიც რომ იყოს, ხელს ვერ დავაფარებ და პირისპირ წუნს დავდებ. დღევანდელ ცხოვრებისათვის ეს ახირებულობა საწამლავია: მოყვარეს არა ჰზოგავს? - გაუტანელიაო! მტერზე კარგს ამბობს? - უხასიათოაო! ჰფიქრობს უმეტესობა. ეს ყოველიფერი, მართალია, კარგად მესმის, მაგრამ განა გულს შეუძლიან მისი ღალატი, რაც ადამიანს შესისხლხორცებია და რჯულად გადაჰქცევია? მე არ მინდა, რომ კიდეც მოვინდომო, ვერ მოვახერხებ, გულ-გრილად გვერდი ავუარო ჩვენის ქვეყნის ავსა და კარგს, გინდ მცირედიც იყოს ის, თუ საქმით ვერა, სიტყვით მაინც ჩავერევი და კიდეც ეს არის ჩემის ცხოვრების ნარი-ეკალა!.. სიტყვა ერთგან თქმული და მეორეგან სხვებისაგან გადატანილი, იგივეა, რაც ნამდვილი და მისი აჩრდილი: ერთი ხორცშესხმული და მეორე კი ხელში ვერ დასაჭერი, კაცუნა ნაცარქექიების დამფრთხობი და ამაყაყანებელი ლანდი.
ბავშვობისას ერთმა მთიულმა გლეხმა დამლოცა: „გაგზარდოს და გაგადიდოს უფალმა, ისე როგორც მაღლიდგან დაგორებული თოვლის გუნდა და ან სოფლის ჭორიო“.
რამდენი ჭეშმარიტება და სიბრძნეა ამ ორს ლექსში! დიახ! ხშირად ერთი რომელიმე პატარა მთის ჩიტი უცაბედად შეარხევს შტოს, უნებურად ჩამოაგდებს თოვლის ნაგუნჯალს, ის დაკოტრიალდება თავდაღმართისკენ და თანდათან იზრდება, გადაიქცევა დიდ უშველებელ ზვავად და უცნაურის ხმაურობით ჩადის ბარად. აქ კი იშლება ათას სხვადასხვა თოვლის გუნდებად და სანამ გაზაფხული არ გააქარწყლებს, ყველას წინ ხვდება. თვალში ეჩხირება.. სწორედ ამგვარივეა გადატანილ-გადმოტანილი სიტყვაც, ანუ სოფლის ჭორი! მხოლოდ იმ განსხვავებით კი, რომ ბარს გაზაფხული რამდენიმე თვის შემდეგაც უდგება და ჭორებით ყბად აღებულ ადამიანს კი გვიან - სიკვდილის შემდეგ.
ჰერიჰაა! ესეები რა დროსიაო? - იტყვის ჩემზედ, - ახალი ნააღდგომევია, მე ჩემს კონსისტორიაში ყელამდი საქმეებში ვარ ჩაფლული, წამ-წუთი თვეებად მიღირს და ამას კი ჭიანური გაუბამს?! მართალია, მეც გეთანხმები, მაგრამ შენივე ბრალია: რათ გაუბი ჩემდა უნებურად სიმები ჩემს ჭიანურს? „ნუ შეხვალ, ნუ ებანები, ნუ გამოხვალ, ნუ თრთიო“, ხომ გაგიგონია? აბა, ყური უნდა დამიგდო! მეტი გზა აღარა გაქვს. სატაბლო საქმეებს მერეც მოესწრები. სულ პირველად რომ შენი „ცეცო“ წავიკითხე, მომეწონა. მართალია, ნაცადი ხელის ძალიანი შალაშინი აკლდა, სხვადასხვა ნაწევრების ერთმანეთთან გადაკავშირება ხელოვნური ვერ იყო, მაგრამ შიგადაშიგ, ცალ-ცალკე კი ჰკაფიობდა ავტორის ნიჭი და შემოქმედების ძალა. „აი ვისგან უნდა გამოველოდეთ ბევრს, თუ გრძნობა-გონებას საზრდოს არ გამოულევს-მეთქი“... ვამბობდი აღტაცებით. გაიარა დიდმა ხანმა და მოლოდინი არ გამიმართლდა!.. ხელოვნებამ ადგილი დაუთმო პუბლიცისტურ ქადაგებას შენს მწერლობაში და აღმა-ფრენას ფრთები შეეკვეცა! შენც, მიუხედავად შენის დიდი ნიჭისა, დაგიხელთა, დაგიმორჩილა იმ სენმა, უცხოეთიდან რომ შემოგვეპარა, ესე იგი, კაზმულ სიტყვით ქადაგებამ, რომელიც ასე უდგება და უხდება ჩვენს ცხოვრებას, ზნესა და ჩვეულებას, როგორც ვოდკა კახურს და კვასი ოჯალეშს! ხელოვნება თავის-თავად მარტივად მშვენიერება და ძლიერებაა! როგორც მზეთუნახავს არ ეჭირვება ფერ-უმარული და მორთვა-მოკაზმვა, ისე არც ხელოვნურ ნაწარმოებს ზედმეტი სიტყვა-კაზმულობა და გაცვეთილი აზრებით გაელფერება. ეს უბრალო ჭეშმარიტება შენ ჩემზე ნაკლებად არ გესმის, მაგრამ ძნელია წამხედურობა! ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „წამხედაობამ წაახედაო, სხვისი თვალით გაახედაო“! შენ გული სხვების მიხედვას გადააყოლე და მეც მომიკალი გული.
ხომ იცი?! როცა ვისმესგან ბევრს გამოელი და ცოტას მეტს ვეღარ ღებულობ, გინდ სულაც არ მიგეღოს, ისე გწყდება გული. შარშანდელმა შენმა თხზულებამ „წარსუ-ლიდგან“ ისევ მომიბრუნა გული მოულოდნელად. აქ ყოველიფერი იყო, რაც კი მოეთხოვება ნიჭს: სიტყვა, კილო, აზრი, „ცალ-ცალკეობა და გაერთიანებაცა“. ის იყო უფურჩო სარკე ჩვენი მამების ცხოვრებისა. მღვდელი, ერი, ბატონი, ყმა, ქალი, კაცი, მოხუცი და ყმაწვილი, ყველა თავ-თავისის სახით წინ დაგვიდგა. ეტყობოდა, რომ ავტორის სამხატვრო საგანი შეესისხლხორცებია და ძალდაუტანებლად, დიდხანს ეტარებია გულით, ისე როგორც დედას მუცლით შვილი, და მერე წამოეშობა დროზედ კანონიერად. თუ გახსოვს, კიდევაც გირჩიე მაშინ: ეს პირველი ნაწილი თავის-თავად დამთავრებული რამ არის და ზედ ნუღარას გადააბამ-მეთქი! არ დამიჯერე და მიაკერე მეორე ნაწილიც. „ჩემის ცხოვრებიდან“ დასებური „პროტოკოლები“ და მით ჩააშხამე პირველი ნაწილის სიტკბოება!.. სალხინო მაყრულს სამგლოვიარო ზარი მიაყოლე!.. ამით ის კი არ მინდა ვთქვა, რომ ის მეორე ნაწილი არ ვარგია-მეთქი! არა, ცალკე, თავის თავად ისიც არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ აქ კი უადგილოდ გამოდგა. ზარსაცა და მაყრულსაც თავ-თავისი დრო და ადგილი აქვს. პირველს - ჭირში, ტირილის დროს და მეორეს კი ლხინში, ქორწილზედ. ეს უადგილობა არ მეჭაშნიკა და როცა შემდეგში მას თან მოჰყვნენ შემონაკვეთი და ნაფაცა-ფუცებად გამონასხარტი შენი საკვირაო ფელეტონები, მაშინ კი სრულიად გადავწყვიტე იმედი. მაგრამ დაილოცოს ძალთა-ძალი!..
აღდგომის კვირაში მეგაზეთე შემოვიდა ჩემთან, ჩვეულებისამებრ მიმახარობლა „ქრისტე აღსდგაო!“ და მომაწოდა „ცნობის ფურცელი“. ჩამოვართვი და გავშალე... „უკვდავების წყარო ვარ“-ს მოვკარი თვალი და შევუდექი კითხვას. გამიტაცა. თედო რაზიკაშვილისა და ან ვაჟას დაწერილი მეგონა, რადგანაც ისინი საქართველოს ბუნებასთან, როგორც მთიელები, თანშენაზარდნი არიან. თანდათან უფრო და უფრო მატკბობდა მოთხრობა და ბოლოს რომ დავხედე, მაშინ კი გამიორკეცდა სიხარული, აქ შენი სახელი და გვარი იყო მოწერილი, და უნებურად წამოვიძახე: „ჭეშმარიტად აღსდგა“-მეთქი. ნუ დამძრახავ, კაცი ვარ სუსტი და თავმოყვარეობა მომეცა, რომ ჩემი წინანდელი იმედები შენ შესახებ არ გამიმტყუნდა. ეს პატარა თხზულება სწორედ ძვირფას მარგალიტის მანიაკად დარჩება ჩვენს მწერლობაში და მეც, ამის მკითხველს, მეგრული ღიღინი მადგება ენაზე:
„ყელსაბმელო მარგალიტო,
ნეტავ მარად ჩემთან იყო!
ნამეტანის სიყვარულით
მეშინიან არ ჩაგკვნიტო!“
კარგი რამეა, კარგი... მხოლოდ ერთი, ბეწვის ოდენა, პატარა რამ ფურჩი კი შეპარვია და ის უნდა გაიწმინდოს, ჩემის აზრით: წყარო რომ ამბობს - ბერძნები ტყუილად კი არ მაღმერთებდნენო, ის ცოტა არ იყოს, წაკუდაბზიკაობა არის! სად ჩვენებური წყარო და სად ბერძნების მითოლოღია... უკეთესი არ იქნებოდა და უფრო ნამდვილიც, ეთქვა: „ტყუილად კი არ შემომტრფის და შემომხარის ქართველიო“ და ან სხვა რამე ამგვარი, ადგილობრივი და არა უადგილოდ შორისად ხელწანაპოტინები. რასაკვირველია, ეს არც კი ღირდა შესანიშნავად, მაგრამ, ხომ გაგიგონია მოტრფიალეს ჟინი: ჩემს სატრფოს მუმლიც ნუ დააჯდებაო!.. ახლა კი ვხედავ, რომ შენს ნიჭს შესაფერი გზა აურჩევია და თუ აღარ გადაუხვევ, შენ იცი! თითოეულ ერს თავისი საკუთარი ერთი მეორისაგან განსხვავებული სახე აქვს და მათ ლიტერატურასაც, როგორც სარკეს ამა თუ იმ ერისას, განსაკუთრებითი ელფერი უნდა ედვას. ჩვენი მწერლობაც უტყუარი სარკე უნდა იყოს ქართველობისა; შიგ უნდა ისახებოდეს საქართველოს მრავალ-ფეროვანი ბუნება მისის მიწა-წყლით, მთა-ბარით, ტყით და ველით და სხვანი. ქართველის გრძნობა-გონება ხორცშესხმულად უნდა მოძრაობდეს შიგ უმეტნაკლოდ, ზომიერად; აწმყო წარსულს უნდა ეთანხმებოდეს და ორივე ერთად კი მომავლისაკენ მიიწევდეს. თუ ეს არ იქნება, ჩვენი მწერლობაც უმნიშვნელო იქნება, როგორც უბრალო რამ, უსახო ლანდი. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაინც ასეა და მიუხედავად ამისა, რომ ნიჭიერები არ გვაკლიან, ჩვენი ლიტერატურა გადასხვარჯულებული და გახუნებულია. ლიტერატურას თავისი მშობლიური სარჩულ-საპირე ეჭირვება და რაც გვაკლია, და საჭირო კი არის, მისი გადმომყნა და გადმონერგვა აუცილებელია, მაგრამ ამ შრომასაც თავისი შესაფერი წესრიგი და კანონი აქვს: ჯერ ნიადაგი უნდა მოვუმზადოთ, თორემ უამისოდ ნერგი ვერ იხარებს. და ნიადაგი კი მზადდება საზოგადოდ მხოლოდ იმგვარ ნაწარმოებებით, რომელნიც ჩვენის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს გვიხატავს და მათთან სულიერად გვაკავშირებს. ეს არის პირველი საფეხური ლიტერატურისა. ჯერ ეს უნდა გამაგრდეს, გამტკიცდეს და მერე თან სხვაც მიჰყვება. თანდათანობას და ზედი-ზედობას ვინც გაურბის, იმას ნახტომი ეშლება. „უკვდავების წყარო ვარ“ სწორედ სანიმუშოა ამ შემთხვევაში და როცა ჩვენი ახალგაზდა მწერლები ამავე გზას დაადგებიან, მაშინ მეც სიამით ვიტყვი: „აწ განმიტევე“-მეთქი და მანამდე კი მეც ისე უნდა ვიგალობო, როგორც ანჩისხატის დეკანოზი გალობდა, როცა უცხო მკვდარს წინ წაუძღოდა: „არ ვიცი ჩვენიაო, არ ვიცი სხვისიაო, ღმერთმა იცის თუ ვისიაო“.
(ივერია, 1901 წ., №103)
რედაქტორის შენიშვნები
წერილი მეგობართან
1. დაიბეჭდა გაზ. „ივერიაში“, 1901 წ., 13 მაისის №103-ში.
2. სოფრომ მგალობლიშვილი (1851-1925) - ცნობილი ხალხოსანი მწერალი. პირველი მოთხრობა - „რა მიზეზია“ დასწერა 1872 წ., იგი „დედა მაიას“ სახელწოდებით დაიბეჭდა „ივერიაში“ (1881 წ.). ს. მ-მა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1867 წ., შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორში 1893 წლამდე. 1886 წლიდან თანამშრომლობდა ილიას „ივერიაში“. წერდა გუნცაძის და ერაძის ფსევდონიმებით. ს. მ-ის მოთხრობები გამოსულია ორ ტომად 1926 წ. და ერთ ტომად 1851 წ. (გ. თავზიშვილის რედაქციით).
ს. მგალობლიშვილს ეკუთვნის საინტერესო მოგონებები „წარსულიდან“, „სოციალ-რევოლუციური მოძრაობა საქართველოში 1870-80 წ.წ.“ და მოგონებები ქართველ მწერალ-მოღვაწეებზე (გამოცემულია ერთ ტომად - იხ. „მოგონებები“, თბილისი, 1938 წ. ლევ. ასათიანის რედაქციით).
3. ს. მგალობლიშვილის მემუარულ-ბელეტრისტული ხასიათის ნაწარმოები „წარსულიდან“ დაიბეჭდა ჟურნალ „მოამბეში“, 1898, 1899 და 1900 წ.წ. ნომრებში.
![]() |
1.40 მცირე რამ პროფესორ მარრის უკანასკნელი თხზულების გამო |
▲ზევით დაბრუნება |
„კარგი შვილის დედა ხარ, ღმერთმა გიბედნიეროს შენი მზე-ჭაბუკიო!“ - უთხრეს ერთ დედას. საბრალომ ამოიოხრა და სთქვა:
მეც ვიცი, რომ კარგიაო,
მაგრამ არას მარგიაო!
რაც რამე მაქვს და რაცა აქვს,
სულ გულთამზის ბარგიაო!
თურმე იმ დედის ერთას მეზობლის ქალი, გულთამზე, შეჰყვარებოდა და მის მეტი აღარავინ ახსოვდა. სხვებს რომ ხედავდა, ის ელანდებოდა, რასაც კი სადმე ნახავდა - მისი იყო თუ სხვისი - ყველაფერი გულთამზის ეგონა. ამისი არ იყოს, ღმერთმა კარგი მოგცესთ, კარგი რამ ჩვენი პროფესორი მარრი იყოს, როგორც მეცნიერი, შრომის მოყვარე და სასარგებლო მაგრამ... მაგარი ის არის, რომ გულთამზეზეა გადაყოლილი და მისი გულთამზეც სომხეთია. საითაც უნდა გაიხედოს - მარტო სომხეთი ეხატება თვალწინ, რაც უნდა ნახოს - ყველაფერი სომხებისა ჰგონია და სომხურ ბრძმედში უნდა გაატაროს, მართლა რომ სნეულება ყოფილა სიყვარული! და .რუსთაველსაც მიტომ უთქვამს: მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითაო! - დიახ! შმაგობა ყოფილა სიყვარული და უმართლოთ არც ალექსანდრე ჭავჭავაძე დამღერის:
სიყვარულო, ძალსა შენსა
ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს?...
შენგან მეფე მონას ეყმოს,
შენგან ბრძენი ხელად რებდეს და სხვა.
რას მოვიფიქრებდით, რომ მიჯნურობით გაშმაგებული ბატონი მარრიც თურმე ველად რბოდა, სანამ ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ არ აგვიხილა თვალი. ჩემს კრებულში მცირე რამ შენიშვნა დავბეჭდე სომხების შესახებ, და თურმე ის ეწყინა ბატონ პროფესორს. შეხტა და შებზრიალდა, ახა, ვაგლახმეო! ვინ გაბედა ჩემი სატრფოს ხსენებაო! გადაღუნა ისტორიული შვილდი, გაამრუდა ისარი და ამომიღო ნიშანში; მაგრამ, საკვირველი ის იყო, რომ ჩემსას კი არ შემოვიდა, სხვების ბანაკში გადაშპა (გადაიჭრა) და იქიდან ამიტეხა განგაში. ქართულად კი აღარა მითხრა-რა, რუსულად დამიბაბასინა და სომხურად ბანი მიაცემინა. გამიკვირდა და, რომ გამო-მერკვია ეს უცნაურობა - სიმდაბლითა და მორჩილებით წარვუდგინე საბუთები. მაშინ სულ მოთმინებიდან გამოვიდა და უფრო ახირდა, რა საბუთი, ვისი სიტყვა და რისი ჭეშმარიტება? შენ რა იცი ჩვენ სამეცნიეროში გოჭს კუდი სად აბიაო, რომ სიტყვას მიბრუნებო? შენთვის ისიც დიდია რაცა ვთქვი, თორემ ისტორიული ფაქ-ტები რომ დაგირღვიო, სადა მცალიანო? და სხვა. წინ დაუხედავათ და უბოდიშოთ ქვა და გუნდას მაყრიდა თავზე, და მაშინ კი მივხვდი, რომ მზეჭაბუკი - მარრი, სომეხ გულთამზის სტვირზე შუშპარობდა... და მეც გავჩუმდი. - ყველაფერსა აქვს დასასრული! - ვამბობდი გუნებაში. - მიჯნუ-რობის სიცხე რომ გამოუნელდება ჩემს მოკამათეს, მაშინ უფრო სწორი თვალით შეხედავს ყველაფერს, გამობრუნდება, დედასაც იცნობს და ჩვენც უფრო სამართლიანად მოგვეპყრობა-მეთქი. მაგრამ თურმე ვცდებოდი! რამდენიმე წლის შემდეგ რუსულად დაიბეჭდა ერთი კრებული, სახელათ „ძმათა დახმარება“; მიზანი მისი ის იყო, რომ გამომცემელს მთელს რუსეთში ფულები შეეგროვებია ოსმალეთში გაჭირვებულ სომხებისათვის და თანაც, იმავე დროს, მეგანგაშობა (რეკლამა) გაეწია მათთვის ამ კრებულში, თუმცა მისი ადგილი კი არ იყო, მაგრამ მაინც თვალსაჩინო ადგილი ჰქონდა დათმობილი ბატონ მარრის პოლემიკას ჩემთან, მაგრამ იმდენათ გადაკრიმანჭულებული და გაუკუღმართებული კი იყო ის ჩვენი წინანდელი პოლემიკა, რომ მე შემრცხვა გამომცემლის მაგიერ. მაშინ კი გადავწყვიტე, რომ ჩვენი მზეჭაბუკის მიჯნურობის სენი უკურნებელი ყოფილა-მეთქი და გადავიგდე გულიდან; აღარ მეგონა, თუ კიდევ როდისმე მომაგონდებოდა, მაგრამ ნათქვამია, მთა მთას არ მოხვდება, თუ არა კაცი კაცს კიო. ბატონ კარიჭაშვილის შეფ-რქვევით შექებამ მეც სურვილი ამიძრა, რომ გადამეთვალიერებია ბატონ მარრის უკანასკნელი შრომა და გამოცემა შავთელისა და ჩახრუხას შესახებ. გადავსინჯე და კმაყოფილი დავრჩი. ეს უკანასკნელი შრომა მართლა რომ მოსაწონია; რვა საუკუნის განმავლობაში გადამწერლებისაგან დაბურდული და დახლართული ტექსტი ორივე პოემისა ბატონ მარრს წესიერად აღუდგენია და შესაფერი ლექსიკონიც ჩაურთავს, მაგრამ მაინც ეს მაგალითო შრომა დამთავრებული არ არის. მიკვირს, როგორ ავიწ-ყდება ბატონ პროფესორს, რომ რაც მეცნიერისათვის ცხადია, ის ჩვენთვის, უბრალო მკითხველებისათვის, ბნელია და ძნელი გასაგები. საჭირო იყო, რომ ტექსტის აღმდგენელს იქვე გვერდით პროზით დაეწერა ჩვენდა გასაგებათ, რასაც ლექსები გვეუბნებიან, და აეხსნა ჩახრუხაულებისა და მაჯამების მნიშვნელობა, რადგანაც ისინი პოეტურ გამოცანას შეადგენენ და დიდ ისტორიულ ცოდნასაც მოითხოვენ, რომ გაარკვიოს კაცმა, თუ არა, უამისოდ, მარრისაგან აღდგენილი ტექსტიც ისეთივე გაუგებარია, როგორც ადრინდელი ნაბეჭდები. ამისივე ბრალი უნდა იყოს ისიც, რომ პირადად მე ვერ მაკმაყოფილებს ეს ნაშრომ-ნაღვაწი და ბევრში ვერ დავთანხმებივარ პატივცემულ პროფესორს. რომ შავთელს აბდულ-მესია არ რქმევია, ეს არ ახალია, ძველია; თვითონ ჩუბინაშვილმაც შეიგნო თავისი შეცდომა მესამოცე წლებში და ამაზე ერთ ვისმესაგან სტატიაც იყო „დროებაში“ დაბეჭდილი, და იმ დღიდან ვთვლიდით შავთელისაგან დაწერილ აბდულ-მესიას დაკარგულათ. განსვენებული ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი, ძველ მწერლობის დიდი მოტრფიალე, ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ „აბდულ-მესიანი“ შავთელისა ჩვენ საგვარეულო წიგნთსაცავში იყო, ჩემამდეც მოაღწია და როდესაც ნოქალაქევში სახლი გადამეწვა, სხვა წიგნებთან ერთად ის ეგზემპლიარიც დაიღუპაო. მთლად თავიდან ბოლომდის აღარ ახსოვდა ის თხზულება, მაგრამ ზოგ-ზოგი ადგილები კი მოჰყავდა ხოლმე ზეპირად. რამდენიმე ტაეპი მეც მაგონდება, მაგალითად, ერთი ნაწყვეტი:
აბდულ მესსია,
მტერთა მესია
სარკინოზთ მეპყრა
ხელთა მესია.
მეორე კიდევ:
მტერთა მძლეველსა,
ისრით მძლეველსა
თვით ჰყოფს მეხარკეთ
ხარკთა მძლეველსა და სხვა.
ამგვარ ნაწყვეტებს ბევრჯელ იტყოდა ხოლმე, და, რადგანაც იმერეთი იმას ბევრი იცნობდა - უეჭველია, სხვებთანაც ექნება ნათქვამი და ან ეგება მის ქაღალდებშიაც დარჩა და საჭიროა გამოკვლევა. რამდენათ უეჭველია, ესეები ყველა, არ ვიცი, მაგრამ მე არც მარტო ამაზე ვამყარებ ჩემს რწმუნებას, რომ „აბდულ-მესიანი“ სხვა არ ყოფილიყოს და ის კი, რომელზედაც გვითითებს ბატონი პროფესორი. ჩემი აზრით, ეს თხზულება დავით აღმაშენებლის ქება კი არ არის, დავით სოსლანს, თამარის მეუღლეს, შეეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგიერთი ადგილები ამ ჰარმონიულის თხზულებისა გაუგებარი რჩება. მაგალითად პირველი:
ღმერთმა სამოთხით
მოგვცა სამოთხით
ეთერ ბრწყინვალე
მზეებრ სადარი... და სხვა.
ეს პირდაპირ დავით სოსლანს შეჰფერის, ქმრათ რომ მოჰგვარეს თამარს. ღმერთმან სამოთხით მოგვცაო, ე.ი. ედემიდან გამოიყვანაო. მაგრამ მეორე სამოთხით რაღას ნიშნავს, თუ არ იმას, რომ ეს სიძე ბაგრატიონის გვარისავე იყო და ნათესავი თამარის მესამ-მეოთხით, ე.ი. შორეული სახლის შვილი. დავით აღმაშენებელზე კი ეს არაფერ შემთხვევაში არ ითქმებოდა. მეორე:
მან იოსებსა
არ იოსებსა
სიტურფე ართვა
თვით მზგავსი მისა... და სხვა.
აი, რას ამბობს აქ ქების შემსხმელი: იოსებ მშვენიერს სიტურფე წაართვა და მიემსგავსაო. არ იოსებსო, რომ ამბობს, ეს რაღას ნიშნავს? იმას, რომ უბრალო ოსს არ გავსო. თუმცა (იგულისხმეთ) ოსებიდან კი არისო; და დავით სოსლანიც ხომ ოსთ ბატონი იყო. არც ეს ლექსი მიუდგება დავით აღმაშენებელს. მესამე:
გვრიტთა მართვისა
თვარ აქვს მართვისა
თქვენებრ სურვილი
მეუღლობისა... და სხვა.
თუ არ თქვენ, მაშ სხვას ვისა აქვს თქვენებური სურვილი გვრიტივით შეუღლებისაო. ნუ თუ ეს დავით სოსლანზე და თამარზე არ არის ნათქვამი? და ეკუთვნის დავით აღმაშენებელს და მის ცოლს, ყივჩაღეთის მეფის ასულს გურანდუხტს? ეს სიტყვები მაშინ სრულებით უადგილოთ და უაზროთ მიწებებული იქნებოდა. მეოთხე:
წარ თუ წარსულ ვართ
არ განწირულვართ,
რადგან თქვენ გპოეთ
მზედ უფლებისა... და სხვ.
არ განწირულვართ, უცხოს ხელში არ ჩავარდნილვართ, რადგან თქვენ გპოვეთ, ბაგრატიონისივე სამეფო გვარის წევრი, ღირსად მზეთ უფლებისა, ე.ი. თამარის მეუღლებისა და სხვა.
ვიმეორებ, ამგვარი ადგილები რომ სიტყვითი სიტყვით ახსნილი ჰქონოდა ბატონ მარრს, ჩვენთვისაც ნათელი იქნებოდა და უმისოდ კი ამ სადაო ადგილებს იჭვში შევყევართ და ვერ ვეთანხმებით, რომ ეს მუნასიბი „აბდულმესიანი“ იყოს და არა დავით სოსლანის ქება.
სხვა, რაც შეეხება ჩახრუხაულის ახსნას, ბატონი პროფესორის აზრი დიახ საგულის-ხმოა; ეს არ არის ერთიანი პოემა, სხვადასხვა დროს ნაწერ სასიმღერო მაჯამებისა და ჩახრუხაულების კრებულთა, ერთმანეთზე გადაკინძული. ჩახრუხაძე რომ არ ყოფილა მწერალი - ეს იჭვს გარეშეა. ამას აკადემიკოსი ბროსეც ჰფიქრობდა, „ჩახრუხაული“ ლექსის გვარია, (ისე როგორც ბაიათი, შაირი, ფისტიკაური, მაჯამა, მუხამბაზი და სხვა). მაჯამა იმნაირ სამღერალ ლექსსა ჰქვიან, რომელსაც ბოლოში რითმათ ერთიდა-იგივე სიტყვები აქვს, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელოვანი კი. მაგალითად:
ვიწყო წერა მაჯამით,
დაშრეს ჩემი მაჯა მით,
სიყვარულის შარბათი,
რომ შემასვა მა ჯამით... და სხვ.
„ჩახრუხაული“ კი მისთანა გვარის ლექსია, რომელიც თავშივე ერთისა და იმავე სიტყვებით იწყება, მაგალითად:
არ იონათან,
არ იონათან
ვინ ქმნა მას ზედა... და სხვ.
ან კიდევ:
ხარკე - ის - არი,
ხარკე - ის - არი
სიმდიდრით ლაღი - და სხვ.
„ჩახრუხაული“ იმასვე ნიშნავს, რასაც კრიმანჭული; ეს ორივე სასიმღერო და საგალობელი ტერმინი იყო ძველად, მაგალითად, სასულიერო გალობის დროს კრიმანჭული ანუ კნინმანჭვული იმ წვრილ ხმას ერქვა, რომელიც ბანს, მაღალ-ბანს, თქმულს და სხვებს ერთმანეთს უკავშირებდა, გადააბამდა ხოლმე. ახლა კი კრიმანჭულს საერო სიმღერებშიაც ხმარობენ, მაგალითად, გურია-იმერეთში კრიმანჭულს ერთისა და იმავე ხმის სულმოუბრუნებლად ამოსკვნას ეძახიან; იმასავე ნიშნავს, რასაც ტრელი, და ჩახრუხაულიც ამავე ტრელს უნდა ნიშნავდეს იმ განსხვავებით კი, რომ სიტყვები უნდა იყოს ჩართული. ამ საუკუნის გამოჩენილი მგალობელ-მღერალი და ავთანდილის მაგვარი ტიპი, დათა გუგუნავა, კრიმანჭულით შეკაზმულს სიტყვებს ჩახრუხაულს ეძახდა. ჩახრუხაული ჩახრუხაძისაგან კი არ უნდა იყოს წარმომდგარი, ამისი სათავე სხვაგან უნდა ვეძიოთ... მაგალითად, ჩახრუხი სპარსულად ერთგვარ ბულ-ბულის მსგავს მოჭიკჭიკე ჩიტსა ჰქვია, და ახლაც რომ ვამბობთ ხოლმე, სიმღერა რომ მოგვეწონება, ჩააბულბულა, ჩაბულბულებულიო და სხვა. და რატომ ამგვარადვე არ წარმოსდგა სიტყვა „ჩახრუხაული“-ცა.
რაც შეეხება ბატონ მარრის იმ უკანასკნელ აზრს, რომ ჩახრუხაულის სახელით დაწერილი თამარის ქება რუსთაველის დაწერილიაო და ჩახრუხას ეძახის თავის თავსო, ამაზე ვეთანხმებით კი არა, კიდევ უფრო შორსაც მივდივართ. არა თუ მარტო თამარის ქება, ჩახრუხაული დაწერილია დავითის ქებაც, ის, რომელსაც ბატონი მარრი შავთელს აწერს - რუსთაველისავე დაწერილია და სამივე ერთად „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის, ამას არა თუ აზრის თანხმობა, თვით სიტყვების ერთგვარი ხმებიც კი გვიმტკიცებს. და თუ მართლა ერთისა და იმავე ავტორის ნაწარმოები არ არის და სხვადასხვის, მაშინ სჩანს, რომ ერთი მეორისაგან გადმოუღიათ, მოუპარავთ, ბრმათ მიუბაძავთ და ამას როგორ იკადრებდა ან ერთი მათგანი, მაშინ როდესაც თავის თავად შემოქმედებითი ძალი უმწვერვალესობამდე მიუყვანიათ.
ამას ყველაფერს გულდაგული შრომა და გამოკვლევა ეჭირვება; და მეც მიტომ წარმოვსთქვი ჩემი აზრი, რომ სხვებმაც მოჰკიდონ ხელი, ჩაუკვირდნენ, თავისი შენიშვნა მოგვაწოდონ და არ გადაიგდონ გულიდან სამარადისოთ დასავიწყებლათ ის, რაც ქართველებისათვის ისე საგულისხმოა, როგორც ინგლისელებისათვის მილტონი და იტალიელებისათვის დანტე და სხვანი.
(ივერია, 1902 წ., №154)
რედაქტორის შენიშვნები
მცირე რამ პროფესორ მარის უკანასკნელი თხზულების გამო
1. დაიბეჭდა გაზ. „ივერიაში“, 1902 წ., 21 ივლისის №154-ში.
2. აკაკი, როგორც ჩანს, გულისხმობს თავის სტატიას - „უბრალო საუბარი (შენიშვნე-ბი)“, რომელიც დაბეჭდილი იყო „აკაკის კრებულში“, 1898 წლის №7-ში.
პროფ. ნ. მარმა აკაკის ამ წერილის გამო რუსულ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ მოა-თავსა „ქართველი პოეტი აკაკი სომხების შესახებ“ (1898 წ., №№4841, 4842).
აკაკიმ საპასუხო წერილი დაბეჭდა გაზეთ „კავკაზში“ (1898 წ.). ამას მოჰყვა ნ. მარის წერილი იმავე „ნოვოე ობოზრენიეს“ ფურცლებზე „პასუხის ნაცვლად პუბლიცისტ-პოეტს“ („ნოვოე ობოზრენიე“, 1898 წ., №№4892, 4894).
3. „ბატონ მარრის უკანასკნელი შრომა და გამოცემა შავთელისა და ჩახრუხაძის შესახებ“ - აკაკი გულისხმობს ნ. მარის ნაშრომს: «Дpeвне-гpyзинские одописцы (XII в) I Пeвец Давида Строителя; II Певец Тамары» 1902 г.
![]() |
1.41 განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
ერთად-ერთი ჩემი თხზულებათაგანი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს და გასაოხრებლად მენანება, არის „ჩემი თავგადასავალი“. ნათქვამ ია: „ყვავსაც თავის ბახალა მოსწონსო“. შეიძლება დიდი არა იყოს-რა, მაგრამ მე კი წმინდა გული და წრფელი სული მაქვს შიგ ჩადებული. ამ თხზულებაში ყოლიფერია მოხსენებული, რაც კი ნახევარ საუკუნის განმავლობაში მინახავს და სარწმუნოდ გამიგონია. საკუთრად ჩემ შესახებ საინტერესო, მაინცდამაინც, იმდენი არა არის-რა, რამდენიც სხვებისა. აქ არიან მოხსენებული: 1) ჩვენი მოღვაწეების წერილები, მაგალითად: გაბრიელ ეპისკოპოზის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილის, გიორგი წერეთლის, ნ. ნიკოლაძის, ვანო მაჩაბლის და სხვათა მრავალთა, ვისიც წერილი კი საზოგადო საქმეს შეხებია. 2) ბიოგრაფია საზოგადო მოღვაწეების და ჩემი პირადი შეხედულება მათ შესახებ. 3) ბანკების დაარსება ჩვენში, წერა-კითხვის საზოგადოების, თეატრისა და მათ გამო გამოწვეული არჩევნები, ზედ მოყოლებული ავან-ჩავანებით. 4) ბატონ-ყმობის ამბავი. 5) ძველებური ზნე-ჩვეულებანი. 6) მათი გადავარდნა და სამაგიეროს მემოღება. 7) საისტორიო ანეკდოტები და სხვანი... ერთი სიტყვით, ჩემი შეძლებისა და გვარად, ნამდვილი სარკე ნახევარ საუკუნისა! ეს ნაწარმოები, რომლის ხელმძღვანელობას თვით მე ვკისრულობ, რომ ჩემდა გუნებისად გამოიცეს, მრავალ ტომიანი იქნება. და რადგანაც ერთად მათი გამოცემა არ მეხერხება, ჯერ უნდა გამოიცეს პირველი ტომი, რომლის ბეჭვდასაც ამ იანვრიდან შევუდგები. ფასი თვითეულ ტომისა მანეთია და ვისაც ჰსურს შეძენა, რადგანაც ათასორასზე (1200) მეტი არ იბეჭდება, შეუძლია ამ თავითვე დაიკვეთოს შემდეგის ადრესით: Tифлис, типогрaфuя «Гyтeнбepг», князю Акакию Ростомовичу Церетели და აგრეთვე ხელის მოწერა შეიძლება ტფილისში „ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ კანცელარიაში, შიო ქუჩუკაშვილის სახელობაზე და ქუთაისში ბეჟანეიშვილის წიგნის მაღაზიაში.
(ივერია, 1902 წ., № №257, 260, 266)
რედაქტორის შენიშვნები
განცხადება
1. იბეჭდებოდა „ივერიაში“, 1902 წ., №№257, 260, 266.
2. როგორც ცნობილია, აკაკიმ, სხვადასხვა გარემოებათა წყალობით, თავისი განზრახვა მთლიანად ვერ შეასრულა: „ჩემი თავგადასავალი“ აკაკის „განცხადებაში“ წარმოდგენილი გეგმით ვერ იქნა მის მიერ ბოლომდე დაწერილი.
![]() |
1.42 მცირე რამ |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული სტამბის ისტორია ნაამბობი აქვს ჩვენ თანამედროვე, საყურადღებო მოღვაწეს ზ. ჭიჭინაძეს და მიტომაც პირდაპირ გადავდივარ დიუბელირის სტამბაზე. მესამოცე წლებში გ. წერეთლის მეცადინეობით გამოწვეულმა და ნ. ნიკოლაძის მეოხებით სულ-ჩადგმულმა პატარა წრემ შეიძინა დიუბელირის სტამბა. ამ სასიამოვნო გარემოებამ იმ საღამოს ლხინიც გამოიწვია და სწორედ იმ ღამის სუფრაზე ითქმის: „ყველი და პურიო, მოლხენა ძმურიო“. ყველსა და პურს მხარს უმშვენებდა მწვანილეულობა და ზედმეტად ძეხვები, მადის გასაღვიძებლად კოტრიალობდა სუფრაზე, და ბოთლებიც წყალ-წყალა ღვინით მზად იყვნენ თავი მოეხარათ მოქეიფეთა წინაშე. ამის მეტი სანოვაგე სუფრას არა წაჰკარებია-რა. არც ჩვეულებრივი საპირფერო სადღეგრძელოები და არც გამაღლებული „მრავალჟამიერი“, მაგრამ მოლხენა კი გულწრფელი და წმინდა იყო!.. ბევრი საგულისხმო სიტყვა წარმოითქვა იმ მრავალმნიშვნელოვან სუფრაზე. სხვათა შორის, მაგონდება გ. წერეთლის აღტაცებული სურვილ-იმედები. სახე გაბრწყინებული და ოცნებით აღფრთოვანებული ამბობდა: ეროვნულმა წმინდა გრძნობამ, სჯულთან ერთად დაკავშირებულმა, შემოიღო ვალახეთით ჩვენში სტამბა. იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა ხალხში საღმრთო წერილები. ჩამოსხმული ანბანი, ასოები სახატეზე ედვათ და ისე ინახავდნენ, როგორც სიწმინდესა. ტიპოგრაფია საკურთხევლად მიაჩნდათ და საბეჭდავი დაზგა - მსხვერპლის შესაწირველ ტრაპეზად. თუ რა სიფრთხილითა და სიმართლით ასრულებდნენ მესტამბეები თავიანთ მოვალეობას, ამას გვიჩვენებს მაშინდელი მათი ხუცურად ნაბეჭდი წიგნები. დღეს ჩვენ შევიძინეთ მხედრული სტამბა სწორედ ამავე განძრახვით, რა განძრახვითაც ხელმძღვანელობდნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენც სამოციქულო, სადღესასწაულო და სასახარებო „გიხაროდენად“ უნდა დავუდვათ წინ ხალხს ჩვენი ნაწარმოებ-ნაშრომი. ვსწეროთ და ვბეჭდოთ მხოლოდ ის, რაც სულის ასამაღლებლად სიწმინდით შეერგება ადამიანის გრძნობა-გონებას. ყოველი ერთადი მაგალითი მრავალს გამოიწვევს და ეს ჩვენი სტამბაც ბევრს სხვებს გამოიწვევს მომავალში... და მაშინ გამრავალკეცებული და შეერთებული შრომა ჩვენში ფრთებს შეასხამს დღევანდელ პირველ ბიჯს და გაამართლებს ბარათაშვილის წინასწარმეტყველებას: „გასწი მერანო! შენს ჭენებას არ აქვს საზღვარიო“ და სხვანი. - გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ სტამბას და ჩვენს მისწრაფებას ერთად იმ მომავალ სტამბებთან და მოღვაწეებთან, აქედანვე, დღესვე რომ გათვალისწინებული გვყავს და საერთო გვირგვინად წარმოდგენილი! - გაუმარჯოს, გაუმარჯოს! დასძახა აღტაცებულმა ახალგაზდობამ და დაუწყეს ერთმანეთს ხვევნა-კოცნა.
საზოგადო ლიტანიობა იყო... ყველა ხარობდა, მხოლოდ ერთი მათგანი სულ სხვასა ჰფიქრობდა და ნაღვლიანის ღიმილითა სთქვა:
ამინ და კირილეისონ! სასიხარულო და სასიქადულოა ეს დღევანდელი განძრახვა, მაგრამ მომავლის იმედები კი, ცოტა ნაადრევია!.. ვაი თუ გადაჭარბებულ ოცნებით მოქარგული მომავალი გაგვიხუნდესო!.. ამ მოულოდნელმა და უადგილოდ წარმოთქმულმა სიტყვამ ყველას გული დასწყვიტა; ნ. ნიკოლაძემ ნაძალადევ-სათვალეებში გამოაკიაფა დემონიური თვალები და კბილის კრაჭუნითა სთქვა: აი, რა ვუთხრა იმ ბულბულს, რომელიც ყორანივით ჩხავისო!.. მეც რა ვუთხრა იმ მოციქულსა და წინამორბედს, რომელიც თვით გულს იტეხს და სხვებსაც უფრთხობს მომავალსო!.. სთქვა მესხმა. თუ ეს წინასწარმეტყველებაა, მაშ ყიამყრალობა რაღა არისო, - ჩაიბღუკუნა ერთმა მათგანმა და მივიდა ალავერდით მომღიმართან. განკიცხულმა ღიმი-ლითვე მიიღო სტაქანი და მოჰყვა: უსიამო წინასწარმეტყველება ყოველთვის ყიამყრალობა ჰგონიათ ხოლმე! - ერთხელ მუშები გასულიყვნენ სათოხარშია. მოსავალს კარგი პირი უჩანდა და, მომავლის იმედით გამხიარულებულნი, ნადურს (მუშურს) აგუგუნებდნენ. ერთი მათგანი კი მოწყენილი და დაფიქრებული ცის კიდეს შესჩერებოდა და, რომ ჰკითხეს, შენ რატომ არ იმღერიო? დაღონებით უპასუხა: ცის კიდეში რომ პატარა შავი წერტილივით ღრუბელი მოსჩანს, ის მაშინებსო! - ვაი თუ ის გაიზარდოს, გადიდდეს, გადმოუაროს თავს ამ ჩვენ ნამუშევარს და დაგვისეტყვოსო, მარტო ამ ყანის იმედით ნუ დავდგებით და სხვაზედაც ვიფიქროთო. ამისი არ იყოს, მეც ჩვენში მისთანა ნიშნებს ვხედავ რომ... აქ სიტყვები გააწყვეტია ს. მესხმა და ბავშვურის სიცილით მიაძახა: „ეჰ, მგლის შიშით ფარა ვის გაუწყვეტიაო?“ და გადაჰ-კრა მომავალ თაობის სადღეგრძელო! გამხიარულდა ყველა და დიდხანს, დიდხანს სიცილ-ხარხარის მეტი აღარა ისმოდა-რა!.. მას აქეთ ორმოცი წელიწადია. გამართლდა გ. წერეთლის ნათქვამი: ერთი სტამბის მაგიერ, დღეს ათობით და ასობით არის ჩვენში ყველგან მოდებული სტამბები, გამომცემლები მრავალი და მწერლებიც უთვალავი, მაგრამ? მაგრამ ვაი, რომ მნიშვნელობა კი ყველას დაკარგული აქვს და, სამწუხაროდ, მაშინ ყიამყრალად დასახულის ნათქვამი გამართლდა. გ. წერეთელები და ნ. ნიკოლაძეები, ს. მესხები და მათიანები ზოგნი დაიხოცნენ, ზოგს გარემოებამ ხელ-ფეხი შეუკრა და მათი ადგილი კი სხვებმა დაიჭირეს. მაგრამ რას ვამბობ? დაიჭირეს კი არა! მოიტაცეს და სულ სხვა გზით მიდიან! მივიწყებულა ძველი სურვილ-აღთქმანი და დღევანდელი სტამბები და გამომცემელ-მწერლები, მათის მოღვაწეობით ხელს უწყობენ მისთანა რამეებს, რაც საწამლავად ენთხევა ჩვენის ხალხის გრძნობა-გონებას. დღეს ჩვენში საზოგადო მოღვაწის სახელით გამოსვლა, რა სარბიელიც უნდა იყოს, ადვილია. მწერლისათვის სრულიად საჭირო აღარ არის არც ნიჭი, არც ცოდნა და არც ენის შესწავლა. საკმაოა, რომ რამოდენიმე გროში გამოიღოს, დააბეჭვდინოს მისი ნაწარმოები-ოცობოდია და გადასცეს გამყიდველებს ან მუქთად და ან მცირე ფასდადებით და ისინიც ამ საწამლავს, რასაკვირველია, - ალბათ სარგებლობისათვის, - ავრცელებენ ხალხში და ისე მიაჩვიეს მკითხველები და გარყვნეს ამ გამყიდველებმა, რომ თუ მკითხველს ნაძალადევად არ მიაჩეჩე ხელში წიგნი, თვითონ არ მოითხოვს!.. ამას გარდაც, ხშირად რომელსამე სქელ, მაგრამ მხოლოდ სისულელით გაბერილ წიგნებს დიდ ფასს ადებენ და მყიდველს კი იაფად უთმობენ და ამგვარად გაწუწკებული მყიდველიც აღარც მართლა და ღირსეულსა და ღირებულ წიგნებს ჰყიდულობს, თუ ფასი არ დაუკელით. ოღონდ ფასად შაური კი ეწეროს და, ყოველი წიგნაკი სახალხო გამოცემა ჰგონიათ. სხვა წარმოდგენა აღარა აქვსთ! გინდ სასარგებლო იყოს და გინდ მავნებელი!
ერთმა წიგნის გამყიდველთაგანმა მირჩია: შენი დიდი პოემები, თუ გინდა გაიყიდოს, სახალხოდ გამოეცი და ერთი შაური დაადევი ფასადო. - მერე ხომ მე თვითონ გამოცემა ერთი ათად მეტად დამიჯდება-მეთქი? მან გადაჭრით მიპასუხა: მაშ ნაწყვეტ-ნაწყვეტებად გამოეცი, თორემ მთლად არავინ მოჰკიდებს ხელს, თუ ზედ შაურზე მეტი ეწერებაო. ცხადია, რომ ხალხი იმ აზრზეა დამდგარი, რომ ოღონდ შაური კი ეწეროს წიგნზე და, სისულელეა თუ სიბრძნე, მისთვის სულერთია. რკინის გზის სადგურებზე შაურად რომ ხილსა ჰყიდიან, ისე ყიდულობენ წიგნებსაც. ამ უკუღმართობას წიგნის მაღაზიები და ბუკინისტები მიტომ უწყობენ ხელს, რომ პირადად ისარგებლონ, თვარა საზოგადოებასა და ხალხს რას დასდევენ? მათი მდგომარეობა კარგია: ვნებაც მოაქვსთ, და მოღვაწეებათაც ითვლებიან. ერთ ტიპოგრაფიის პატრონს ვუსაყვედურე: რად ჰბეჭდავ მავნებელ წიგნაკებსა-მეთქი? და გაოცებით მიპასუხა: ჩემი რა საქმეა ავისა და კარგის გარჩევაო? მე მოგებას ვეძებ და ვინც ფულს მომცემს, რაც უნდა იყოს, დავუბეჭდავო!.. ეს სწორეთ ისეთივე თავის მართლებაა, რომ მღვდელმა სთქვას: რადგანაც ჩვენ სამლოცველოში მლოცველები ცოტა დაიარება და მოგება აღარა გვაქვს, მეც ტაძარი საფუნდრუკოდ გადავაკეთეო!
ახლა უნდა ვიკითხოთ: სად არის იმ მესამოცე წლების სასურველი იმედები და მოლოდინი? და მართალი ყოფილა თუ არა ერთი მათგანი, შავ ღრუბელს რომ მოელოდა? მართალი იყო, და ეს დღევანდელი მწერლობა-მწიგნობრობის საქმე ჩვენში ისეთი მავნებელი მოვლინებაა, რომ ყოველგვარ ჭირზე უარესი!.. ამის წაყრუება ცოდვაა და ჩვენს ჟურნალ-გაზეთებს კი უმნიშვნელო ჰგონიათ და განს უვლიან.
ამისთანა დროს კარგისა და ღირსეულის ნაწარმოების გამოცემა ცოდოც არის: უყურადღებოდ დარჩება და არც გაიყიდება, გინდ მარგალიტიც იყოს, და ამგვარ მარგალიტად მიგვაჩნია ჩვენ გრიბოედოვის კომედია „ვაი ჭკუისაგან“, ქ-ნ განდეგილის ნათარგმნი და დრამატულ საზოგადოების გამოცემული. რომ ვსთქვათ თარგმანი ორგინალზე უკეთესიაო, ეს ნამეტანი იქნება, მაგრამ უნდა აღვიაროთ კი: ამაზე უკეთესი თარგმანი არა თუ ქართულსა, არც სხვა რომელსამე ენაზე მოხერხდებოდა. მთარგმნელის ნიჭს, ენის ცოდნას და მეცადინეობას უძლევია ყოველიფერი და შემოუტანია ქართულ სალიტერატურო სალაროში ღირსეული განძი. აქ მთარგმნელის ნიჭი ორგინალის დამწერის ნიჭს კვესივით მოჰხვედრია და ამიტომაც არ ჰგავს ეს უკანასკნელი სხვა ნათარგმნებს! აქ, სხვათა შორის, გაკვრით ისიც უნდა მოვიხსენიოთ, რომ ჩვენში საზოგადოდ ქალები რომ უდებენ გულს საზოგადო საქმეს, ისე კაცები ვერაა! და მწერლობაშიაც იგივე შეგვინიშნავს. ჯერ კიდევ მესამოცე წლებზე ცოტა უფრო ადრე, როცა სანავარდო ასპარეზზე იყო გამოსული მცირე ჯგუფი, არც ერთი მათგანი ნაყოფიერი არ ყოფილა, გამრჯელობას გულს ვერ უდებდნენ. წერა მათთვის სხვათა შორისი შემთხვევა იყო. ჩვენმა დიდმა პოეტებმა: გრ. და ვ. ორბელიანებმა, რ. ერისთავმა და სხვა, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს იცოცხლეს, პატარ-პატარა წიგნაკების მეტი ვერა დაგვიტოვეს-რა. ასე მოუვიდათ პროზის მწერლებსაც: ჭონქაძემ ერთადერთი, პოეზიის მხრით უმნიშვნელო, „სურამის ციხე“ დაგვიტოვა. ლ. არდაზიანმა „მეჯღანუაშვილი“ და „მორჩილი“, ბერიძემ „ხანიზდეგ“ და „ტფილისის საიდუმლოება“. ვერც ერთმა ვერ გამოიჩინა თავი საქმის გულდადებით. იმათში მხოლოდ ერთი ქალი ერია: კნეინა ბარბარე ჯორჯაძისა, და მისი შრომა-ბეჯითობა გასაოცარი იყო, იმდენი რამ დასწერა!.. დღესაც ქალები უფრო ბეჯითები არიან კაცებზე, მაგალითად: ეკ. გაბაშვილისა, ა. თუმანიშვილისა, ა. ერისთავისა და განდეგილი!.. მწერლობის გარდა სხვა ასპარეზზედაც ქალები გვჯობნიან... ერთი მ. დემურია უდრის მრავალსმოღვაწე კაცთაგანს.
ბევრ ახალგაზდა კაცს გადმოუდგამს ჩვენში პირველ ხანებში საიმედოდ ბიჯი, მაგრამ გული რომ ვეღარ დაუდეს, ნიჭიც დაუჭკნათ და სურვილიც! ქალებს კი არ ეთქმისთ ესევე!..
მაგალითად ავიღოთ განდეგილი; იმან რომ პირველად მისი ლექსები მაჩვენა ქუთაისში და რჩევა მკითხა, ბუნებითი ნიჭის მეტი არა ეტყობოდა-რა! არც ენის ცოდნა, არც არა სწავლა-განვითარება და არც საიმედო რამე, მაგრამ, გიოტეს თქმისა არ იყოს, „თუ ვარდია, თავისთავად გაიშლებაო“. ამანაც ხელი რომ შეუწყო ბუნებით ნიჭს, დღეს მის ნაწერებს არა თუ ჩვენი „ჯეჯილი“, უცხო ქვეყნის მწერლობაც არ დაიწუ-ნებს. და აი, ეს მაძლევს მე იმედს, რომ ჩვენში, თუ კი რამ გამობრუნდება, ისევ ქალების მეოხებით და, სასურველია, რომ დღევანდელი ჟურნალ-გაზეთებიც მათ ხელში გადავიდეს.
(ივერია, 1904 წ., №200)
რედაქტორის შენიშვნები
მცირე რამ
1. დაიბეჭდა გაზ. „ივერიაში“, 1904 წ., 29 აგვ., №200-ში.
2. აკაკი გულისხმობს ზაქარია ჭიჭინაძის (1855-1931) წიგნს, „ისტორია ქართულის სტამბისა და წიგნების ბეჭდვისა 1626-1900“, თბილისი, 1900 წ., ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 55 გვ.
3. პოეტი ქალის განდეგილის (დომინიკა ერისთავი-მდივნისა, 1865-1929) მიერ თარგმნილი ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ გამოვიდა 1904 წ. თბილისში, ქართული დრამატიული საზ-ბის გამოცემით. მეტად საყურადღებოა აკაკის მაღალი აზრი ამ თარგმანზე. როგორც ცნობილია, განდეგილის მიერ გაკეთებული თარგმანი გრიბოედოვის კომედიისა დღემდე საუკეთესოდ ითვლება. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში იგი ორჯერ იქნა განმეორებით გამოცემული (1937 და 1945 წ. წ.).
![]() |
1.43 ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას! |
▲ზევით დაბრუნება |
ბევრი ქვეყნები დამივლია, გავცნობივარ სხვადასხვა ერებს, შემიდარებია ქართველობისათვის, მაგრამ ბუნებრივ გრძნობა-გონების სისპეტაკეში უპირატესობა ჩვენზე არ მინახავს-რა! და სწორეთ ამით უნდა აიხსნას, უმეტესად, ის ისტორიული საკვირველება, რომელიც ჩვენ წინაპრებს გადმოუციათ ჩვენთვის: მაჰმადიანობამ მუსრი გაავლო ქრისტიანობას: დიდებული ბიზანტია სრულიად დაამხო, სლოვანთა ქვეყნები დაიპყრო და ევროპის კალთებს ზარი დასცა, მაგრამ ამ პატარა სამეფომ, ამ ერთმა მუჭა-ხალხმა კი გაუჭირვა საქმე; ყოველ კუთხით მომდგარმა თათრობამ დიდ გასაჭირში ჩააგდო საქართველო, მაგრამ იმან მაინც გაბედა გამკლავება. სთქვა: „ჭირსა შინა გამაგრება ისე უნდა, ვით ქვითკირსა“-ო და „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო“. ამით იმაგრებდა გულს. შეუკავშირა რჯული ეროვნებას, პირველი შეადგენდა მის გონებას, მეორე გრძნობას. და ამ შეკავშირების მეოხებით მეცხრამეტე საუკუნის კარებამდე მოიტანა ორივე შეუბღალავად და მაშინ კი შეუერთა ამალად დიდ რუსეთს იმ უბედურმა…
ნუთუ ამგვარი ხალხი, ამდენ ტანჯვას გამოვლილი და ამდენის ამტანი, იმდენად დასცა ასმა წელიწადმა, რომ თავის მოღვაწეს, ახალ-მოძრაობის წინამორბედს, მესვეურს, რომელიც ყოველ საქმეს წინ უდგა, თავის ხელით გაიმეტებდა. არა! - ამას ვერ დავიჯერებ და ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას!.. მოღალატეები ძველ დროშიაც ჰყოლია საქართველოს. მამელუკები და იანიჩარები უმეტესად გადარჯულებული ქართველები ყოფილან. ძირეულ თათრებზე ისინი უფრო ემტერებოდნენ საქართველოს, სდევნიდნენ რჯულსა და ეროვნებას, მაგრამ მით საქართველო არ შებღალულა და ქართველობას სახელი არ გასტეხია!
დღევანდელ სკოლებშიაც, რომელსაც ასე ებრძოდა განსვენებული ილია და ისე ალმაცერად შეჰყურებდა შეგნებული ქართველობა, სადაც ახალგაზდობისათვის გმირები საბერძნეთიდან და რომიდან მოჰყავდათ სამოქმედოთ, აზეპირებინებდნენ ტაციტს და იმავე დროს ავიწყებინებდნენ ჩვენს ისტორიას, ჩვენს წარსულს, ქართველ გმირებს, ამისთანა სასწავლებლებში, რომ ერთი ორი ჩვენი დროის შესაფერი მამელუკ-იანიჩარი გამოვიდეს, ქვეყნის მტერი და მოსისხარი - რა გასაკვირველია? და სწორედ იმათაც ჩაიდინეს ეს დღევანდელი საზიზღარი საქმე!.. და არა გლეხობამ, ან რომელიმე დასმა, რომელზედაც სულ სხვა წარმოდგენა მაქვს და ტყვილა ნუ მიწამლავთ მოხუცებულს გრძნობას დღევანდელ მითქმა-მოთქმით.
(ისარი, 1907 წ., №197)
რედაქტორის შენიშვნები
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას
1. დაიბეჭდა გაზ. „ისარში“, 1907 წ., 8 სექტ., №197-ში.
2. ილია ჭავჭავაძე ცარიზმის აგენტების მიერ მოკლულ იქნა 1907 წლის 30 აგვისტოს, ნაშუადღევს, სოფელ წიწამურასთან. იმ დღეებში ქართული და ადგილობრივი რუსული პრესა ყოველდღე აქვეყნებდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებულ მასალას, სტატიებს, ლექსებს, ინფორმაციას, სურათებს. იმ დღეებში გამოქვეყნდა სტატიები და ლექსები აკაკის, ვაჟა-ფშაველასი, ი. გოგებაშვილის, ირ. ევდოშვილის, ა. ხახანაშვილის, არტურ ლაისტის, ია ეკალაძის, გრ. ყიფშიძის, ს. შანშიაშვილის, ცახელის, განდეგილის, ქრ. მამაცაშვილისა და მრავალი სხვა მწერლის, პოეტის და საზოგადო მოღვაწისა.
3. „აზეპირებდნენ ტაციტს“ - ტაციტი (პუბლიუს-კორნელიუსი, ცხოვრობდა 55-120 წ.წ. ახლო ხანებში ჩვენის წელთაღრიცხვისა) - სახელგანთქმული რომაელი ისტორიკოსი; მისი მთავარი თხზულებებია: „ისტორია“, „მატიანეები“ და „გერმანია“.
![]() |
1.44 სიტყვა ილია ჭავჭავაძის ცხედარზე |
▲ზევით დაბრუნება |
ახალ-მოძრაობის წინამორბედი, მაგრამ საწაღმართოსი და არა საუკუღმართოსი, დღეს უკუღმართად მოკლული, ძევს კუბოში ჩვენ წინ და, თითქოს, გვეკითხება: „რა დაგიშავეთ, რომ ეს დღე დამაყენეთო“. გვეკითხება და ჩვენ, ქართველებს, თავის გასამართლებელი საპასუხოდ ვერა მოგვიხერხებია რა!... და მეც, როგორც ქართველს, მწუხარებას გარდა, სირცხვილიც ენას მიბამს, ვეღარას ვამბობ და გადავდივარ საპირადოზე: მშვიდობით ძმაო! - გარემოებამ გადაგვაბა ჩვენ ერთმანეთზე. ნახევარ საუკუნის განმავლობაში ერთ უღელს ვეწეოდით; ერთი გზით დავდიოდით. ახლა ჩემი მარტო დარჩენა, დაობლება საძნელოა, მაგრამ ეჰ, არ ღირს პირადობაზე რაიმეს თქმა და ისიც ჩვენში დღეს!..
შენ კი შენი ქვეყნიური ვალი შეასრულე და განისვენე სამარადისოდ. ამიერიდან ეკუთვნი ისტორიას. შენი საქმეები და ღვაწლი თავის თავად იღაღადებენ. იმათ ჩვეულებრივი მითქმა-მოთქმა ვეღარც არას დააკლებს და ვეღარც რაიმეს მიუმატებს! თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც ზოგიერთებს სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინა-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარა ნახავ! როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი შენი გახდა მიზეზად ხალხის ამოძრავებისა და აჰა, საქართველოს ყოველ კუთხიდან თავ-მოყრილნი გეხვევიან გარს!.. და, ვინ იცის, ეგება სიკვდილით მაინც განამტკიცო ის, რასაც შენი სიცოცხლე შესწირე: ერთობას, თანასწორობას, ძმობას და სიყვარულს! მშვიდობით ძმაო!.. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი!..
(ისარი, 1907 წ., №198)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა ილია ჭავჭავაძის ცხედარზე
1. დაიბეჭდა გაზ. „ისარში“, 1907 წ. 11 სექტემბრის №198-ში.
2. ილიას დაკრძალვა მოხდა 1907 წლის 9 სექტემბერს. ილიას გასვენებაზე, როგორც პროცესიის დროს, ისე სამარესთან, უამრავი სიტყვები იქნა წარმოთქმული როგორც ქართველი მწერლებისა და საზოგადო დაწესებულებათა წარმომადგენლების, ისე მოძმე ხალხთა კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ. ქართველ მწერალ-მოღვაწეთა შორის, აკაკის გარდა, დაკრძალვის დღეს სიტყვები წარმოსთქვეს ვაჟა-ფშაველამ, ნიკო ცხვედაძემ, ი. მეუნარგიამ, ნინო ნაკაშიძემ და სხვ.
აკაკის მიერ სიტყვის წარმოთქმას იმდროინდელი პრესა შემდეგნაირად აგვიწერს: „ძაძებში შემოსილი წ-კ. საზოგადოების სადგომიდან გადმოდგა რამდენიმე კაცის დახმარებით ამჟამად შეუძლოდ მყოფი მხცოვანი აკაკი წერეთელი და განსვენებულს ილიას გამოსათხოვარის სიტყვით მიმართა. ავადმყოფობისაგან დასუსტებული მგოსანი ძლივს ლაპარაკობდა, მაგრამ როგორც მისი სიტყვები გაიგონეს, ქვითინი და ტირილი გაისმა. სიტყვა აკაკიმ ქვითინით დაათავა... მცირე პანაშვიდის შემდეგ პროცესია ხელახლა დაიძრა“ („ისარი“, 1907 წ., 11 სექ., №198).
![]() |
1.45 თანამედროვე აზრები რუსთველისაგან მე-12 საუკუნეში ნაწინასწარი |
▲ზევით დაბრუნება |
ლექცია*
ყველაზე უმალ ბოდიშს ვიხდი, რომ ვბედავ საჯაროდ გამოსვლას. მე თვითონ ვგრძნობ, რომ დროს თავისი მიაქვს, მაგრამ ერთხელ კიდევ წამძლია სულმა და გულმა, რომ გულში ნადები გაგიზიაროთ და თუ თქვენი მოლოდინი არ გამარ-თლდეს და საკადრისი ვერა მოგახსენოთ რა, იმედია, მაპატივებთ.
რაც ბუზ-მწერებში დანიშნული აქვს პატარა ფუტკარს, ისევე ადამიანებში აქვთ მგოსნებსაც, ესე იგი პოეტებს. ფუტკარს, რასაკვირველია, ყველა თქვენგანი იცნობს: ის არის ერთი მოუსვენარი ბუზი, რომელიც დილიდან საღამომდე დაბზუის, დაჰფრენს შეუპოვრად: ხან ერთ ყვავილს ევლება თავს, ხან მეორეს; ეძებს ნაწილებს იმ სამზადისისას, რომელსაც ქვეყანას უკეთებს; სადაც კი ნახავს, ამოსწუწნის, იხვევს. და საღამ-საღამობით დატვირთული ბრუნდება საფუტკრეშივე, რომ მოამზადოს თაფლი პირის ჩასაგემრიელებლად და სანთელი - ბნელის გასანათებლად. - ამგვარი მოჭირნახულე, რა თქმა უნდა, უნდა უყვარდეს ყველას, ღირსეულად აფასებდეს და მიტომაც უთქვამს ხალხს: „ბუზი ყველა ბზუისო, მაგრამ ფუტკართან კი სტყუისო!“ მართლაც რომ ხალხი პატივსა სცემს ფუტკარს, უყვარს, როგორც მარდი მუშა, მაგრამ... შორიდან კი!.. და ახლოს ერიდება. ოთახში უეცრად შეფრენილი რომ ნახონ, აშფოთდებიან. განსაკუთრებით ყმაწვილები, ის თაფლის წუწკები, გაურბიან ხოლმე და იმავე დროს კი მოკიაფე უნაყოფო ციცინათელას დასდევენ და ჭრელ პეპელას გულში იძვრენენ. და რათა? რა დაუშავებია ფუტკარს? - ის, რომ მწარედ იკბინებაო! მაგრამ განა ეს მართალია? კბენაც არის და კბენაც, ყველამ ვიცით, რომ ფუტკარი პირიქით არავის არ ერჩის. ის, როგორც კეთილი მუშა, თავის გზას ადგია და მხო-ლოდ მტერს იგერიებს: ვერ აიტანს, რომ უკადრისად ვინმემ ხელი შეახოს და ვინც ხელს უშლის და წინ ეღობება მის წმინდა სამუშაოს, იმას მხოლოდ ისრავს და თანაც გადაჰყვება ხოლმე თავისვე ნაკბენს. სწორედ ამგვარივე ბედი ჰრგებიათ მგოსნებსაც ადამიანებში: მათი ნაწარმოები უყვართ და თვითონ მათვე ერიდებიან და გულში ჩამკვრელი უშიშრად არავინა ჰყავთ!.. მე მოგახსენებთ ნამდვილ მგოსნებზე და არა იმ მოშაირეებზე, რომელთა რიცხვი უთვალავია და რომელთაც რუსთაველი ასე ახასიათებს:
მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი-ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი...
მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო“, უცილობლობს ვითა ჯორი!
დიახ! მე მოგახსენებთ ნამდვილ პოეტებზე და ჩვენ პატარა საქართველოსაც, როგორც უძველეს ხალხს და ისტორიულად გამოცდილს, ჰყოლია დიდი მგოსნებიც და მათ რიცხვში უპირველესი ადგილი უჭირავს რუსთაველს!.. უპირველესი არა მარტო ქართველებში, თამამად ვიტყვი, უპირველესთაგანი მსოფლიო მწერლობაშიაც. დიახ!.. მაგრამ მე დღეს არას მოგახსენებთ მისს მაღალ პოეტურ ნიჭზე და გადავალ პირდაპირ მის იდეებზე, თავის „ვეფხისტყაოსანში“ რომ აქვს ჩართული მეთორმეტე საუკუნეში, ამ რვაასის წლის წინეთ და რასაც დღეს... მხოლოდ დღეს მოითხოვს კაცობრიობა... სქესთა, ესე იგი, დედა-კაცის მამა-კაცთან თანასწორობაზე, გვარიშვილობისა და ჩამომავლობის არა რაობაზე, თუ კაცი თვითონ არ ვარგა, მეგობრის არ დავიწყებაზე, თანხმობით მოქმედებაზე და სხვანი... დავიწყოთ სქესთა თანასწო-რობაზე. ერთ ალაგას რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ გვიამბობს შემდეგს: მეფე როსტევან, რომ დაბერდა, საგონებელში ჩავარდა და მიზეზიც მისი მწუხარების ის იყო, რომ ერთი ქალის მეტი არა ჰყავდა-რა და რადგანაც ქალი მეფედ ვერ დაჯდებოდა, არა თუ მაშინდელ შეხედულობით, დღევანდელისაც, ტახტი უმემკვიდროდ რჩებოდა. მოიხმო კარისკაცები სავეზიროდ, გაუმჟღავნა თავისი ფიქრები და იმათაც ერთხმად და ერთ პირად ურჩიეს, რომ ქალი გაემეფებია. სულ ერთია კაცი იქნება მეფე თუ ქალი, ოღონდ თვითონ კი ვარგოდესო! - ქალი კი განა ღვთისავე განაჩენი არ არისო?
თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია.
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლადია.
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია!
აქ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ყოლიფერი უმაღლესი ქათინაურია, ე.ი. კომპლიმენტი, და ეკუთვნის მხოლოდ მეფესა და მის ჩამომავლობასო, მაგრამ შემცდარი იქნება; რუსთაველის მთელს „ვეფხისტყაოსანში“ ქალი საზოგადოდ, მეფის ჩამომავალია, როგორც ნესტან-დარეჯანი, თინათინი, თუ უბრალო ვაჭრის ცოლი, როგორც ფატმანი, თუ მოახლე ასმათი, - ყველას თავის თავად ამოქმედებს, თვითნება არიან და არა ჩვენ რომ დღეს გვესმის მისთანა მონა. მოვალეობას ასრულებენ და მბრძანებელი არავინა ჰყავთ, მხოლოდ მიტომ, რომ აქა და ქალია ჩვენზე სუსტიო. - იმ დროში, ამ რვაასის წლის წინათ, საიდან შემოიტანა ეს ჰაზრი რუსთველმა? როგორც ფუტკარი თავისს სამზადისს ნაწილ-ნაწილად აგროვებს თავისივე ქვეყნის ყვავილებიდან, ასე იმანაც, ესე იგი რუსთველმაც თავისი გრძნობა-გონების მასალა იპოვა ქართველებშივე, აქა-იქ გაბნეული მოაგროვა და გააერთიანა. და მართლაც, როსტევანი სარკეა მეფე გიორგის, თამარის მამის. იმასაც ერთი ქალის მეტი არა ჰყავდა-რა, მაგრამ უმაგალითო საქმე ჩაიდინა და კარისკაცების თანხმობით გადასცა ტახტი ქალს, თამარს. ქალის გამეფება, რაღა თქმა უნდა, საზოგადოდ ქალთა უფლებას გაამტკიცებდა! თუმცა მანამდისაც ქალთა უფლება არაოდეს არ ყოფილა შეზღუდული საქართველოში და ქართველი ქალები განსხვავდებოდენ სხვა ერების ქალებისაგან. ამ ჩვენი პატარა სამეფოსი, საქართველოს ისტორიული მიმდინარეობა ისეთი იყო, რომ მამა-კაცები ნიადაგ საზღვარზე იდგენ, ყოველ კუთხით შემოსულ მტრების მოსაგერებლად და რთული საოჯახო საქმე და შვილთა აღზრდა დედებს რჩებოდათ ხელში. აქ ისიც უნდა მოვიხსენიოთ, რომ მერვე საუკუნიდან დაწყებული არაბებს შემოჰქონდათ საქართველოში სწავლა-მეცნიერება, რაიცა მაჰმადიან ქალებს ყურანის ძალით აკრძალული ჰქონდათ და ქართველი ქალები კი, როგორც ქრისტეს მიმდევრები, ხელშეუშლელად ეწაფებოდნენ იმ სწავლა-მეცნიერებას. ყოველივე ამან გაავითარა, აამაღლა ქართველი ქალი და აიყვანა მამაკაცის სისწორემდე. და, მაშასადამე, ლექსი:
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.
ეს თანამედროვე აზრი, გამოთქმული რვაასის წლის წინად ჩვენში ეკუთვნის არა მარტო მეფესა და მის შთამომავლობას, არამედ მთელ ხალხს, მთელ ქართველობას, რომლის გრძნობა-გონების გამომხატველიც იყო რუსთაველი. დედა-კაცისა და მამა-კაცის უფლებათა თანასწორობა ძველთაგანვე რომ უეჭველი იყო, ამას საისტორიო ქალებიც გვიმტკიცებენ: ძმის წული დავით აღმაშენებლის, მცირე აზიაში განთქმული და „გურჯი თამარად“ წოდებული, ბურდუ-ხანუმ, მეფე გიორგი III მეუღლე, რუსუდან გიორგისავე და, ბრწყინვალე თამარის გამზრდელი, კრავაი ჯაყელი, ხოშაგი, რატი სურამელის დედა, ვახახი, რომლის ჩამომავლობა დღესაც ვახვახიშვილებად იწოდებიან, სავძივარი და სხვანი. ყველა გამოჩენილი ქალების სახელი რომ ვახსე-ნოთ, დღეს აქ სიტყვა გაგვიგრძელდება და მხოლოდ შემოკლებით ვიტყვით რუსთაველთან ერთად:
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.
მაგრამ ესეც უნდა ვთქვათ, რომ სქესთა თანასწორობა სხვა გვარად ესმოდა ჩვენ ძველებს, ვიდრე დღეს ესმის ზოგიერთებს: ადრე, წინად ქალს დედა-კაცი ერქვა. ეს სიტყვა „ქალი“ VIII საუკუნიდან შემოიტანეს არაბებმა ჩვენში და ნიშნავს სიტყვა-სიტყვით რომ ვსთარგმნოთ „მშობიარეს“. მანამდის ქალს „დედა-კაცს“ ვეძახდით, მაგრამ დღეს ისე გადარჯულებულა, „ქალის“ მაგიერ „დედა-კაცი“ უთხრა ვისმეს, საუკადრისოდ მიიღებს: აგრეთვე „ცოლი“, „მეუღლე“ - გვიხატავს ხალხის შეხედულებას ქალზე: „მეუღლე“ ნიშნავს უღლის ცალსა, თანასწორად გაბმული ცხოვრების უღელში ქალი და კაცი ერთი მეორის დაუჩაგრავად უნდა მიისწრაფოდენ თანასწორად. აგრეთვე მეორე სიტყვა „ცოლი“ წარმოდგება სიტყვიდან „ცვალი“, ესე იგი საჭიროების დროს ერთი მეორის ადგილის დამჭერი. აქედან ის იგულისხმება, რომ ქართველი კაცის შეხედულებით „ქალსა“ და „კაცს“ თანასწორი ადგილი უნდა ეჭიროსთ ცხოვრებაში და ისტორიულად სწორედ ასეც იყო ეს. მაგრამ, როგორც ერთმანეთის თანასწორ ორს ნახევარს, საქმე განაწილებული ჰქონდათ. ის, რაც უფრო ეადვილებოდათ და ეხერხებოდათ ქალებს, ესე იგი ქმარ-შვილის მოვლა-აღზრდა და მათი გაწვრთნა-განათლება, ოჯახის თვალ-ყურის გდება, საზიარო საქმეებში ჩარევა, მკურნალობა, გარდა დოსტაქრობისა, და სხვანი იმათ ხელში იყო და ქმრებს კი, როგორც სხეულით უფრო ძლიერებს, გარეშე საქმეებში, ე.ი. მტრის მოგერება და საძარღვო ჭაპან-წყვეტის გაწევა, მოწეულის გარედამ შემოტანა ოჯახში და სხვანი ამგვარი რჩებოდათ. მაგრამ ეს საქმის შესაფერად განაწილება არც ერთ მხარეს უფლებას არ აძლევდა, რომ მეორის უფლება დაერღვია. ქალიცა და კაციც, როგორც ცხოვრების მიმდინარეობაში, ისე უფლებითაც, ერთმანეთის თანასწორნი იყვნენ და რუსთაველის სიტყვაც:
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.
სავსებით ამას ნიშნავს და სხვას არაფერს.
ახლა გადავიდეთ ჩამომავლობა-გვარიშვილობაზე. ჩვენ, ქართველები, ერთ უძველეს ხალხთაგანს ვეკუთვნით. მრავალ საუკუნეების განმავლობაში, რამდენიმე ათასი წელი გვიცხოვრია საკუთარის ეროვნულ ელფერით, ყოველთვის გვქონია საკუთარი სამეფო და ვხსენებულვართ მსოფლიოდ ქართველ-ერად, თუმცა ხან გიორგიანებად, ხან კოლხიდელებად, ხან ივერიელებად, ხან გურჯებად, ხან გურგანელებად და ხან კიდევ რად? მაგრამ მაინც ქართველებად. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა ხალხი და სამეფო გაბრწყინებულა მსოფლიო მნიშვნელობით, მაგრამ გამქრალა და დღეს აღარსად სჩანს; ზოგი სულ ამოფხვრილა ქვეყნის პირისაგან და ზოგიც უმნიშვნელოდ დარჩენილა. აბა სადღა არიან: ასურეთი, ბაბილონი, ეგვიპტე, არაბეთი, დიდი განთქმული ბიზანტია, დიდებული რომი და სხვანი? მაგრამ საქართველოს კი გაუვლია ჭირვარამი, ეს გრძელი ხანა, გადარჩენილა დამხობას და მეცხრამეტე საუკუნის კარებამდე მოუტანია თავისი თავის არსებობა და თავისივე სურვილით შეკედლებია სხვა, უცხო ხალხს სამოყვაროდ და არა სამონაოდ თავისს გუნებაში!.. რას უნდა მივაწეროთ მისი ეს ხანგრძლივობა? - იმას, რომ ქართველები დროს შესაფერად და გარემოების საკადრისად ყოველთვის ეკუთვნოდენ მოწინავე ერთაგანს და შინაგანი წესწყობილება მტკიცე ჰქონდათ, მით რომ წოდებათა შორის ზნეობითად დიდი განსხვავება არ ყოფილა და ყველა ერთად, ერთი მიზნით ყოფილა გამსჭვა-ლული. ზემო ჩამოთვლილი სახელმწიფოები კი წოდებათა უთანხმობამ დაამხო. იმათში წოდება შთამომავლობითი იყო. ერთისაგან მოპოებულ ღირსებათ სამემკვიდროდ გადაიტანდა მისი შთამომავლობა და ეს იწვევდა საერთო უთანხმოებას. მაღალი წოდება მედიდურად გადაჰყურებდა დაბალს, მდაბალი შიშითა და სიხარბით შეჰყურებდა მაღალს, რომელიც ვეღარ ასრულებდა მისი წინაპრის საქვეყნო ვალს და ამიტომ მათ შორის კავშირი სწყდებოდა. ამ შინაგანი არეულობით სარგებლობდა მომსვლელი გარეშე მტერი და აოხრებდა ოდესმე დიდებულ ქვეყანას და აი სწორეთ, ამაზე უთქვამთ ჩვენ ძველებს - „ციხე შიგნიდან გატყდებაო“! მაღალი და დაბალი წოდება ჩვენ სამეფოშიაც ყოფილა, მაგრამ არა იმ ძალითა და უფლებით, როგორც სხვაგან. ჩვენი წარსული რომ შესწავლილი გვქონდეს, ისტორია გვეტყოდა, რომ ქართველებსაც გვყოლია, „მაღალი“ და „დაბალი“ წოდება, ისე როგორც ყოველ მოწესრიგებულ სამეფოში, მაგრამ ამაღლება არავის აძლევდა უფლებას, რომ დაბალი დაემონავებია... დაეჩაგრა. ყველა მხოლოდ თავთავის მოვალეობას ასრულებდა საქვეყნოდ. მართალია, მაღალ წოდებას შეადგენდნენ თავადები, ე.ი. ისინი, ვინც სათავეში უდგნენ რომელიმე საერთო საქმეს, ერისთავები და დიდებულები, მაგრამ მათი ნაშიერები იწოდებოდნენ მხოლოდ თავადიშვილებად, ერისთავის შვილებად და დიდებულიძეებად. ეს მხოლოდ იყო უბრალო წოდება და არ აძლევდა იმათ იმ საერთო უფლებას, რომელიც მათ გამოჩენილ წინაპრებს ჰქონდათ ოდესმე, ერთ დროს. და მიტომაც ერთ რომელიმე საუკუნეში რომ თავადებს ვხედავთ, შემდეგ საუკუნეებში თავადებად სულ სხვა გვარები გამოდიან. მაგალითად ავიღოთ თამარ მეფის თანამოღვაწეები: გამრეკელი, ამანელიძე, კახაბერი, აბუსერიძე, სავარსამიძე, მხარგრძელები და სხვანი. სადღა არიან დღეს და თუ არიან, რატომ აღარ იხსენებიან მათი წინაპრების სახელით? ბერძნების ისტორიაში მეოთხე საუკუნეში მოხსენებული კოლხიდის მთავარი „გუბაძე“, ოდესმე დიდებული „ჭილაძე“, „გოშაძე“ და სხვანი სადღა არიან და რატომ მათი გვარი დღესაც აღარ თავადობს? „გუბი“ და „საჭილაო“ კი დღესაც ისევ არიან ვაკე-იმერეთში. მაგრამ რაღა შორს მივალ? ავიღოთ სულ ახალი დრო. გამოჩენილმა გიორგი ჩიქოვანმა ჩამოართვა დადიანობა ლიპარიტიანს, დაიჭირა მისი ადგილი და დღეს ლიპარტიანები გლეხებად იხსენებიან. ჩვენ ქვეყანას მაღალის დამდაბლება და მდაბალის ამაღლება ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია. ვინ იყო სურამელი და ან გიორგი სააკაძე, დიდ მოურავად წოდებული? სულ უბრალო შთამომავლობის... უგვარტომო კაცები და საქვეყნო პირველ როლს კი თამაშობდნენ, მაშინ როდესაც ერისთავის შვილებით, თავადიშვილებით და დიდებულიძეებით სავსე იყო ჩვენი სამეფო! და აი სწორედ ამგვარმა მოვლინებამ ათქმევინა რუსთაველს, ის, რაც იმ დროში სხვაგან არა თქმულა:
ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა!
თუ კაცი კაცად არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა...
დიახ! ეს ჭეშმარიტება იმ თავითვე შესისხლხორცებული ჰქონია ქართველს! მართალია, უკანასკნელი მეცხრამეტე საუკუნე, რაღაი კი სხვას შევუერთდით, მარტო იმასა სცდილობდა, რომ დაერღვია ჩვენი ძველი წესწყობილება, დაევიწყებინა ჩვენთვის წინაპრების ყოველგვარი ანდერძი, რომ მათ მაგიერ თავისი შემოეტანა, მაგრამ დღევანდელი მოძრაობა გვიმტკიცებს, რომ ქართველს ჯერ კიდევ არ დაჰვიწყებია ძველი ჭეშმარიტება და რუსთაველთან ერთად გაიძახის:
თუ კაცი თვითონ არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობაო.
გადავიდეთ ბატონყმობის უსამართლობაზე. დღეს ჩვენში მისთანა ჭკუათა მყოფი არავინ არის, რომ ბატონყმობა არ ეზიზღებოდეს და უფროს-უმცროსობა ძმური, ამხანაგური და არა ბატონური არა სწამდეს, მაგრამ ძველად კი ეს საზიზღარი მოვლინება დაკანონებულიც იყო. თავდაპირველად სუსტი მოძმეები მიეკედლნენ ძლიერებს, მოითხოვეს მათგან შემწეობა, მფარველობა და ძლიერებმაც ისარგებლეს ამ შემთხვევით: დღეს-ხვალიობით დაიმონავეს სუსტები. ეს ბოროტება მოედვა დედა-მიწის ზურგს და ბოლოს გაჩნდა დაკანონებული მონობა. როგორც სხვა ხალხებში, ისე ქართველებშიაც იყო „ბატონყმობა“, მაგრამ არა ისე ფეხმოკიდებული შედარებით როგორც სხვაგან, სადაც ადამიანი პირუტყვივით იყო დამონებული. ჩვენში კი, ეს არასასურველი მოვლენა, ბატონყმობა იყო პირობითი და არა ძალ-მომრეობითი. მონობა თითქმის არ ყოფილა. გლეხებს ერთხელვე ჰქონდათ გადაჭრილი პირობითი გადასახადი, ბეგარა, და იმას მხოლოდ იხდიდენ. ადგილ-მამული შეადგენდა გლეხის საკუთრებას; ბატონს შეეძლო გლეხი გაეყიდა, მხოლოდ იმ პირობითა და უფლებით, რა უფლებითაც თვითონ ჰყავდა, და ადგილ-მამულს კი ბატონი ვერ შეეხებოდა. გადასახადი, ანუ ბეგარა, განაწილებული იყო გლეხობაში: ზოგს მარტო პური ემართა, ზოგს მარტო შინაყმა და ამ გვარად რაც ერთხელვე დაწესებული არ იყო, იმაზე მეტს ვერავინ რამეს მოსთხოვდა მათ კანონით. მონა-ობითი „ბატონყმობა“ შემოგვიტანა მე-19 საუკუნემ, როცა ჩვენი ქვეყნის წესწყო-ბილება დაირღვა და უცხოეთით ახალი კანონი შემოვიდა.
მე თვითონ მომსწრე ვარ იმ არასასურველ ბატონყმობისა და მოგახსენებთ ერთ შემთხვევას, რომელიც ჩემის თვალით მინახავს: თავ. სიკო წერეთელს გლეხი გადაუშენდა. იმას მხოლოდ ერთი ათი წლის ქალი დარჩა და ის ქალი ბატონმა გამოიყვანა სასახლეში. ეს იუკადრისა სოფელმა, შეატყობინა სხვა ახლო სოფლებსაც ეს უსამართლობა და რამდენიმე ათასი გლეხი მოადგა მებატონეს მუქარით: ჩვენ გლეხები ვართ და არა მონა-მოჯალაბე, რომ მოახლე გვემართოსო! მართალია გლეხი გადაშენდა, მაგრამ დარჩა მცირეწლივანი ქალი, რომელზედაც სოფელმა უნდა იზრუნოს, ადგილ-მამულსაც მოუაროს და დროზე ქალიც გაათხოვოსო. მებატონე იძულებული გახდა, რომ ქალი მათთვისვე დაებრუნებია. ეს ძალმომრეობა, თუმცა გლეხების მხრით იუკადრისა წერეთლის გვარმა და იმ დროს გამოჩენილის პოლკოვნიკ სვიმონ წერეთლის მეთაურობით აღიჭურვა დიდი და პატარა, საერთოდ წერეთლის გვარი, თან წაიყვანა აზნაურები, გამოუდგა გლეხებს და მოეწია ყვირილის პირად. გლეხები, ყველა ხელ-კეტით მომზადებულები, მიუბრუნდნენ ბატონებს და მოახსენეს: ნუ იზამთ იმას, რაც თქვენ წინაპრებს არ ექნას!.. ჩვენ მოახლე არ გვმართებს და თუ ძალ-მომრეობაზე უნდა მივარდეს საქმე, მზათ ვართ, რომ თავები დავიხოცოთო!... ნურც თქვენ გასტეხთ, ნუ გადააჭარბებთ თქვენს უფლებას და ნურც ჩვენ გაგვატეხინებთ ჩვენს მოვალეობასო! ნურც დააქცევთ და ნურც დაგვაქცევიებთ სისხლსო. ამ გადაჭრილ პასუხის შემდეგ ჩაგულისხმებული მებატონეები გამობრუნდენ უკანვე უჩხუბრად და ქალი გლეხებმა წაიყვანეს. იმავე ხანებში, ქართლში ერთ მებატონეს სამუშაოდ უნდა მოხმარებოდა მისი გლეხი ერთი უღელი ხარით, მაგრამ ცალი ხარი მოკვდომოდა. ბატონი განრისხდა და უბრძანა გლეხს: იშოვნე სადმე უღლის ცალი და ან შენ გაები ხარის მაგიერ უღელშიო! - ხომ იცი, რომ ახლა სხვა კანონიაო. ამან გამოიწვია მთელი სოფლის აღელვება და მებატონე ცოლშვილიანად ამოსწყვიტეს იმ ღამესვე. ცნობილ ნესტორ წერეთლის მამა, დიმიტრი, დეკაბრისტი, რომ დაბრუნდა სამშობლოში, მეურნეობას მიჰყო ხელი. ერთ დღეს ნახა, რომ ძროხები არ შეერეკათ საჩეხში და გარეთ დარჩენილიყვნენ. მოსამსახურეებს რომ გამოჰკითხა მიზეზი, იმათ ასე უთხრეს: მწყემსი ავად გახდა და ვიღას უნდა შემოერეკაო? გაგულისდა რუსეთში გაზრდილი მებატონე: თქვენ რაღა, ხომ უსაქმოდ იყავით და რა გაგიჭირდათ ძროხე-ბის დამწყვდევაო? არა, ჩემს ოჯახში დღეიდან ის ნუღა იქნება, რომ გაგინაწილებიათ შრომა: ზოგს წყალ-ტაშტი მოგაქვსთ, ზოგს პირსახოცი, ზოგს სავარცხალი და ამგვარადო. ეს არ მმარ-თებია, ის არ მმართებია, მე არ ვიციო! როცა უსაქმოდ ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთოო! მეორე დილით ტყვიით გახვრეტილი, მკვდარი ნახეს საწოლ ოთახში. ეს ყველა რას მოასწავებს? იმას, რომ ქართველს არ ჰქონია გამჯდარი ძვალსა და რბილში მონაობა, ძალ-დატანებით არ იკისრებდა რამეს. და მხოლოდ ასრულებდა იმ მოვალეობას, რაც წინაპრებისაგან ჰქონდა გადმოცემული: და რომ ჩვენ ძველებს სხვაგვარად ესმოდათ, „ბატონყმობა“, ამას თვით სახელიც გვიმტკიცებს! სიტყვა „ბატონი“ წარმოსდგება სიტყვიდან „პატრონი“, პატრონი ნიშნავს მზრუნველს, ხელმძღვანელს და მომვლელს. „ყმა“ ნიშნავს ახალგაზდას, გასაწრთვნელსა და გასაზდელს. მაშასადამე სიტყვა „ბატონყმობა“ არ ნიშნავს იძულებით მონაობასა და ძალმომრეობას. არის თანხმობითი კავშირი ძმური, მამობრივ-შვილობრივი და არა უფალ-მონური, რომელიც უკანასკნელ მე-19 საუკუნეში სხვებმა შემოგვიტანეს. სწორეთაც ესმოდა ჩვენ ძველებს, რასაც ნათლად გვიხატავს მე-12 საუკუნეში, იმ გახურვებულ მონობის დროს, საქვეყნოდ რუსთველი მის „ვეფხისტყაოსანში“. როსტევან მეფეს შვილივით უყვარს მისი ყმა ავთანდილი, მისგან გაწვრთნილი და გამოზრდილი, ქალს აძლევს და სამეფო ტახტზე აჰყავს თავის მაგიერ. ავთანდილ რომ ტარიელის საძებრად მიდის, თავის მოადგილედ მის ყმას შერმადინს სტოვებს და ანდობს ყოფა-ცხოვრებას. ფრიდონ რომ გამარჯვებული ქაჯეთიდან დაბრუნდება სამეფოში, თვალ-ცრემლიანი ეუბნება ჭირისუფლებს: ძვირად მიზის გამარჯვება! ჩემ სიცოცხლეში სამწუხაროდ და საგლოვად ის მეყოფა, რომ ჩემი ყმები ზოგიერთები ჩხუბში დაიხოცენო და ცოტა ნუგეში მხოლოდ ისღაა, აქ სახელი ნახეს და იქ პირნათლად წარსდგებიანო. ტარიელ ისე ექცევა მოახლე ასმათს, როგორც უძვირფასეს მეგობარს და არა მონას და სხვანი. ამის შემდეგ რაღა გასაკვირვალია ის, რომ რაც სხვაგან არ ითქმოდა იმ დროში, ის გამოითქვა ავთანდილის ანდერძში:
...ათავისუფლე მონებიო,
იღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონებიო!
„მოვეგონები“! მაგრამ ეს „მოვეგონები“ დღეს გადავარდნილია: დიახ, სამწუხაროდ დღეს ჩვენში წარსულს ფასი აღარა აქვს, მაშინ როდესაც „წარსულს“ ბევრი რამ საანდერძო დაუგდია ჩვენთვის. და რომ ის ჩვენ შესწავლილი გვქონდეს, გვეცოდინებოდა, თუ რა ვიყავით ძველად ქართველები და რა უმნიშვნელო ვართ დღეს. მაგრამ ამ უნუგეშობაშიაც კიდევ ნუგეშს გვცემს და გვამხნევებს რუსთველი. მისი „ვეფხისტყაოსანი“, სხვათაშორის, პოეტური წინასწარმეტყველებაა! ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ქაჯებისაგან დამონებული და წაყვანილი ნესტან-დარეჯანი საქართველოა და იმისი მაძებარი მისივე შვილები. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ის სამი გმირი: ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონ წარმომადგენელნი არიან მთლიანად საქართველოსი. იმათ თუ ძალა ერთმანეთს არ შეუერთეს, ისე ვერას გახდებიან ცალ-ცალკე და ვერ გამოიხსნიან ნესტან-დარეჯანს. სწორედ ასე, ამერ-იმერმა და შავი ზღვის პირმა უნდა შეაერთოს ძალა და ძმურის თანხმობით მიადგენ ქაჯეთს. - დაცალ-ცალკება დასუსტებაა... სიკვდილი, მეცხრამეტე საუკუნისაგან გამოანგარიშებული. დიახ! მეცხრამეტე საუკუნემ შემოიტანა ჩვენში ის, რაც წინეთ არ ყოფილა: გაამტკიცა „ბატონყმობა“ და დააბეჩავა ხალხი. ძალმომრეობამ ყველა დააჩუმა. რაღაც ძილმა წაიღო ხალხი, მაგრამ თურმე ის ძილი ყოფილა საღათას ძილი და არა მკვდრის, როგორც ზოგიერთებს ეგონათ! დღეს თავისთავად გამოახილა თვალი, გამოიღვიძა. ნელ-ნელა გამოერკვევა, მიმოავლებს თვალს აწმყოს, შეისწავლის წარსულს და ისე გაითვალისწინებს მომავალს. რაც წარსულს ჩვენთვის დღეისათვისაც გამოსადეგი და სასიკეთო უანდერძებია. იმაზე ხელს ვერ აიღებს!.. რამდენიმე ათასი წელიწადია, მთელი მისი სიცოცხლე, სისხლი უღვრია მოწამებ-რივი, რომ მონობა თავიდან აეცდინა და ვერც დღეს იკისრებს მონობას!.. „ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“. აი ამისათვის დასდებს თავს და თუ ვერა, რუსთველთან ერთად გაიმეორებს:
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!...
(დაწერილია 1908 წ., გამოქვეყნებულია „თემში“,
1911 წ., №20)
_____________________
* ეს ლექცია აკაკის დაწერილი ჰქონდა 1908 წ. სათაურით: „თანამედროვე აზრები XII ს. ქართულ ლიტერატურაში, უმთავრესად შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ (იხ. გაზეთი „ცხოვრების სარკე“, 1908 წ. №23). რედ.
რედაქტორის შენიშვნები
თანამედროვე აზრები რუსთველისაგან მე-12 საუკუნეში ნაწინასწარი
ეს სტატია ლექციის სახით აკაკის დაწერილი ჰქონდა 1908 წელს სათაურით - „თანამედროვე აზრები მე-12 ს. ქართულ ლიტერატურაში, უმთავრესად შ. რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“ (იხ. გაზ. „ცხოვრების სარკე“, 1908 წ., №23).
1911 მაისში აკაკიმ ეს ლექცია წაიკითხა თბილისში.
ამ ლექციაში, ისევე როგორც სხვა თავის წინანდელ სტატიებში, აკაკი კვლავ იმეორებს შეხედულებას, თითქოს ძველ საქართველოში ბატონყმობას არ ჰქონდეს ისეთი მკაც-რი ფორმები, როგორიც ჩვენში დამყარდა მე-19 საუკუნის დამდეგიდან, რომ იგი მხოლოდ „პატრონყმობას“ წარმოადგენდა და იძულებულ მონობასა და ძალმომრეობაზე არ იყო დამყარებული (იხ. სტატიები „აკაკის კრებულში“, 1898 წ., №12; 1900 წ., №2 და სხვ.).
აკაკის ლექციის ტექსტი გამოქვეყნდა გაზ. „თემის“ 1911 წ. №20-ში, როგორც სჩანს, შემოკლებული სახით. ჩვენი ტექსტი ამ გაზეთიდან იბეჭდება.
![]() |
1.46 სიტყვა იუბილეზე |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონებო!
ორმოცდაათი წელიწადი ვებრძოდი უსამართლობას, განსაკუთრებით შინაურ უკუღმართობას. იარაღად ვხმარობდი სიტყვას და კალამს, სადაც ძალიან მცირეოდენ თაფლთან ბევრი ნაღველი იყო ჩემსავე ცრემლებში ჩალესილი. ამნაირი სამზადისი ბევრს, რასაკვირველია, მწარედ მოეჩვენება; თუ ვინმე მუშტრის თვალით გადაათვალიერებს იმ ნაწერებს და გაიხსენებს გადაუსხვაფერებლად ჩემს სიტყვებს, იქ საპირადოს ვერას ნახავს ვერც ერთში. მაგრამ თავმოყვარეობა იქ ჰხედავს იმას, სადაც არ არის და ადამიანი კი, საზოგადოდ, თავმოყვარეა. ასე თუ ისე, ამ ჩემმა ხელობამ ბევრი სიმწარე გამომაცდევია და ვინ იცის, რამდენჯერ გამისკდებოდა გული, რომ აქა-იქ თანამგრძნობელი არ მყოლოდა, უმეტესად ქალებში, მათის გულკეთილობით, და ახალგაზდებში, მათის გულუბრყვილობით, რისთვისაც საჯაროდ ვწირავ მათ მადლობას.
მე ჩემი თავი ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია პატარა დღიურ მუშად, ძალიან მცირედ, ასე, რომ, თუ ჩემ შრომას ვინმე ყურადღებას მიაქცევდა, არ მეგონა, მაგრამ ეხლა ვხედავ, რომ შემცდარი ვყოფილვარ და დღეს ჩემი შრომა ერთი ათასად ფასდება და რას უნდა მივაწეროთ ეს? იმას, რომ ხალხში აღძრულა ეროვნული გრძნობა, რომ ჰყავდეს ნამდვილი მოღვაწე და გმირი, რისაც მე მხოლოდ მოჩვენება ვარ, მათ ამ დიად გრძნობას შეუერთებ ჩემს ნატვრასაც, რომ მოვლინებოდეთ ის სანატრელი გმირი და მე კი
ის არ ვარ, თქვენ რომ გგონივართ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა;
თამამად ვეღარ გაჰკივის
ჩემი დაფი და ნაღარა.
გული არ იშლის გულობას,
მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე,
ვარ ბევრი „ვაის“ მნახველი
და ბევრი „უის“ გამგონე.
აივსო გული წვეთწვეთად
ნაღველითა და შხამითა,
ისე, ვით საუკუნენი
სხვადასხვა მრავალ წამითა.
და რაღად მინდა სიცოცხლე,
მე, აწმყო გამწარებულსა,
თუ ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს
ვხედავ მას აოხრებულსა.
მაგრამ იმედი, ცის ნიჭი,
რომ გამიელვებს გლახ გულსა,
თავი ტარიელ მგონია,
ოცნებით გარემოცულსა.
ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს,
მხარი მხარს მისცენ, ხელი-ხელს;
ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს,
მოელის ტურფა გამომხსნელს.
რა უყოთ, თეთრი თმა მქონდეს -
სისხლით შევღებავ ჭაღარას
და საგმირო ხმას ვაძახებ
ჩემსა დაფსა და ნაღარას.
მაგრამ, ვაიმე, რომ იჭვი
მოუგზავნია ჯოჯოხეთს,
მაცდურ სარკეში მახედებს,
ოცნებას მიკლავს, გულს მიხეთქს.
ამბობს, ფრიდონ და ავთანდილ
ჯერ ვერ გადიხდის ომსაო
და შენც ტარიელს მოჰგავხარ,
ისე, ვით კატა ლომსაო.
მართალი არის, მაგრამ რა,
რად გავიტეხო იმედი,
გმირს წინა უძღვის ყოველთვის
უძლური წინამორბედი!
არა, არ ვკარგავ იმედსა,
ვერ შემაშინებს ჭაღარა,
გმირებს მოელის თქვენგანვე
ჩემი დაფი და ნაღარა!
(დროება, 1908 წ., №19)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა იუბილეზე
აკაკის სიტყვისა და ლექსის ტექსტებს ვბეჭდავთ გაზ. „დროებიდან“, 1908 წ. 10 დეკემბრის №19.
![]() |
1.47 პასუხი |
▲ზევით დაბრუნება |
მუშათა წარმომადგენლების სიტყვაზე, ბაქოში, 1908 წლის
21 დეკემბერს საიუბილეო საღამოზე
მუშებისგან საყვედურები მესმის. ასე იყო ეს თბილისში და ქუთაისშიაც, მაგრამ იქ არ მიმიქცევია ყურადღება და აქ კი, ბაქოში, არ შემიძლია არ ვუპასუხო მოკლეთ.
მე რომ მოღვაწეობა დავიწყე, ამ 50 წლის წინეთ, მაშინ პროლეტარიატი არ იყო, ეს ახალი საქმეა. ამ ახალ საქმეში მე ხელი არასდროს არ შემიშლია. აბა მიჩვენეთ, სად არის ჩემგან დაწერილი „არ გაუმარჯოს პროლეტარიატს“-ო. მართალია, მე ჩემი აზრი მაქვს და ვერც შევცვლი მას, ვერ დავანებებ თავს ნაციონალისტობას, თავისუფლება მსურს მეც, მაგრამ მე სხვა გზით მივდივარ მის მოსაპოვებლათ და თქვენ სხვა გზით. მე ამ შემთხვევაში ვუყურებ ქართულ ანდაზას: „აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია“-ო და ვამბობ, რომ ჯერ ერთი ბიჯი უნდა წავდგათ წინ, მერე მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ხტუნაობით კი, ჩემი ფიქრით, არაფერი არ გაკეთდება.
ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც წინ გასაკეთებელია. აქ ერთმა დეპუტატმა, ბ. ხატისოვმა მითხრა, რომ „დადგება დიდებული დრო, როცა აღარ იქნება არც ქართველი, არც სომეხი, არც მაჰმადიანი, არც რუსი და სხვა, არამედ იქნება ერთი დიადი კაცობრიობა, აგებული ძმობა-ერთობა-სიყვარულზე და თანასწორობაზე“-ო. რა მშვენიერი სიტყვებია. ვინ დაიწუნებს ამას? მაგრამ ასე ადვილათ არ მოხერხდება. თვით ბუნება არაა ერთფეროვანი, ის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირია და ამის მიხედვით სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ერებიც სხვადასხვა ხასიათის და ზნე-ჩვეულებისაა, რაც აძნელებს მათ გაერთებას. ჩემი აზრით, ჯერ საჭიროა თვით ერი შეერთდეს, ცალკე ერთ მთელათ და მერე შეიძლება სხვა ერებთან გაერთიანებაზე ფიქრი თავიანთი ეროვნების დაცვით. მე ვამბობ ამას თქვენს წინ გულახდილათ და ვფიქრობ, არ დამემდურებით, რადგან თითონაც ამბობთ, საჭიროა გულახდილობაო.
მე ორმოცდაათი წელი დავმღერი სამშობლოს და მშრომელ ხალხს და ამ დროს განმავლობაში თუ სადმე მიჩვენებთ, რომ მე მუშის წინააღმდეგ დამიწერია, მაშინ ბოდიშს მოვიხდიდი.
(ჩვენი ხმა, 1909 წ., №2)
რედაქტორის შენიშვნები
პასუხი
1. ამ სიტყვის ტექსტს ვბეჭდავთ გაზეთიდან „ჩვენი ხმა“, 1909 წ. 3 იანვრის №2.
2. ეს საპასუხო სიტყვა აკაკიმ წარმოსთქვა 1908 წ. 21 დეკემბერს, ბაქოში, მისი იუბილეს აღსანიშნავ საღამოზე.
![]() |
1.48 წერილი რედაქტორისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო რედაქტორო!
ამ ოცდაათი წლის წინეთ მე და განსვენებული მამია გურიელი ერთ დროს მოვხვდით აბასთუმანში. ერთმანეთს ხშირად ვხედავდით და საუბარიც უმეტესად პოეზიაზე გვქონდა ხოლმე. ერთხელ მომიტანა გადათარგმნილი პუშკინის „ეგვიპტური საღამოები“. ნათარგმნი მშვენივრად იყო, მაგრამ მე თვითონ საგანი არ მოუწონე და შეგვექნა შემდეგი ბაასი: მაშ არ მოგწონს ეს, ეს პოეზიით სავსე თხზულება გენიოსის? - მკითხა გაოცებით. - არა! - მიუგე მე. - რაც უფრო მეტი ნიჭიერია, მით უფრო ვეწინააღმდეგები მწერალს მაგ გვარ რამეებში. მწერალი მთელი ხალხის მოძღვარია. მის ნაწერებს ყოველთვის პედაგოგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და არა გრძნობა-გონების წარმტაცი უნაყოფო ოხუნჯობა!
- როგორ? შენ გინდა, რომ სიცოცხლით სავსე პოეტებს გრძნობა-გონება მოუკლა და აღარც კი ახუმრო? საოხუნჯო არა ათქმევინო რა?!
- ის ოხუნჯობა, სადაც უწმინდური სიტყვებია ნახმარი და საგანიც სიტყვების შესაფერია, სწორედ არ მომწონს, გინდა გენიოსის ნაწერიც იყოს. აზროვანი დაწერა კი, როცა არც სიტყვებია უწმინდური და საგანიც პირდაპირად არის გამოთქმული, კი შეიძლება. ეს უთხარი და დასამტკიცებლად ჩემის აზრისა მეორე დღესვე წარვუდგინე ლექსი „მეჩანგურე“. დიდი ხანი არის, რაც ის ლექსი ვიპოვე ჩემს ძველ ქაღალდებში და გამოგიგზავნეთ და კიდეც დაიბეჭდა „ნიშადურში“. ახლა, როგორც ვხედავ და თქვენგანაც მესმის, მაგ ლექსს კბილი მოუკვეთია ბევრისათვის და საწყენათ მიუღიათ, როგორც უჯერო რამ!.. ბრბო ყველგან ბრბოა და იმაზე არა ითქმის რა, მაგრამ თქვენ კი მაკვირვებთ, ბატონო რედაქტორო, რომ, თითქმის, ეთანხმებით მას და, ამიტომაც ახლა თქვენთან მსურს საუბარი. მისთანა მწერალი არ გამოჩენილა რომელიმე ხალხში, რომ საოხუნჯო რამეც არ დაეწეროს. ინგლისის ხალხი ძალიან ფაქიზი და პირდაცულია. იმას ყავს ერთი პოეტი, რომელსაც მხოლოდ პოეტობის გულისათვის დედოფალმა ვიქტორიამ ლორდობა მიანიჭა. გადაიკითხეთ ის პოეტი ტენისონი, და ნახეთ თუ მის თხზულებაში საოხუნჯოც რამ არ ურევია, მაგრამ არავინ იმას არც ზნეობით სიქვეითეს ეწამება და არც სიბერით გამოჩურჩუტებას. გეტეს, მსოფლიო პოეტს აწერილი ჰყავს „ახალგაზრდა ტყეში“, სადაც ოხუნჯობა გადაჭარბებულია, მაგრამ არავის გაუკიცხავს. აგრეთვე ჰეინე, ბერანჟე და ათასი სხვები, მაგრამ რაღა შორს მივდივართ, ავიღოთ ქართველობა: მეთორმეტე საუკუნეში, თამარის დროს, გენიოსმა რუსთველმა თავის „ვეფხისტყაოსანში“ გამოურია ისეთი ტაეპი, რომელიც იწყება: იმ ერთსა მიჯნურობასა და სხვ. მეთვრამეტე საუკუნეში დავით გურამიშვილმა დასწერა „ქაცვია მწყემსი“, სადაც სიტყვებიც კი უწმაწურია! მე ერეკლემ რომ რძალი მიიყვანა, კათალიკოსი ხუმრობით შეეკითხა ძმას: „წუხელი როგორ გაატარე დროვო“? და პასუხად მიიღო შემდეგი ლექსი:
აღმართა ბროლისა სვეტნი ვარდმა, რა ნახა იამან,
უბრჭკვნილი ვარდის კონამან მიზიდვით მიიისა მან;
სამთავე ერთად იდინეს ლალმან, ბროლმან და იამან,
იტვირთა ცრემლი ობოლი სამოთხის კარმა ღიამან.
ეს ლექსი დაბეჭდილია პროფესორ დავით ჩუბინოვისაგან. ახლა უნდა მოვიკითხო იმ ჩემს ლექსში „მეჩანგურეში“ რა ნახეთ ამ გვარი? აბა თუ სადმე ერთი უკადრისი და უწმაწური სიტყვა არის? ნუ თუ პირდაპირ არ არის იქ გამოთქმული პირდაპირ მეჩანგურის შესახები აზრი? კი მაგრამ ორ აზროვანიაო, იტყვით! დიდება შენს სახელს ღმერთო!... აქამდი ერთი აზრის გაგებაც უჭირდათ და ახლა ერთი ორად გამოყავთ? ოცნებას მიტომ ქვია ოცნება, რომ თუ ფიქრს გაჰყვა კაცი, ერთი საგანი ოცნაირად მოეჩვენება. თუ წარმოიდგენ, ცაზე პატარა ღრუბლის ნაგლეჯი გველეშაპადაც მოგეჩვენება, მზეთუნახავადაც, ციხე-დარბაზადაც და სხვანი...
მკითხველმა ისე უნდა მიიღოს ნაწერი, როგორც და რა აზრითაც ავტორი სწერს და თავისი ორაზროვნობა და ოცნება განზე უნდა გადადვას.
მართლა, რომ უწმინდურიც რამე დამეწეროს, მიკვირს რათ გაუკვირდა დღევანდელ ქართველს? წმინდა მოძრაობის სახელით, დღეს ჩვენში ყოველგვარ საძაგლობას ჩადიან: ქურდობას, ავაზაკობას, კაცის კვლას, პატივ-ნამუსის საჯაროდ ახდას და სხვანი, და ამაზე არა თუ ხმას არ იღებენ, პირიქით, ქების ტაშსაც უკვრენ და ისინივე ჩემს ლექსს, აქაო და ორაზროვანიაო, გაუცხარებია?! აქ რაღაც სხვა არის და მეც მათდამი მეტი არა მეთქმის რა:
ვაი ბაბუას!
(ნიშადური, 1908 წ., №41)
რედაქტორის შენიშვნები
წერილი რედაქტორისადმი
1. წერილი გამოქვეყნდა ჟურნალ „ნიშადურში“, 1908 წ., №41.
2. აკაკის ლექსი „მეჩანგურე“ დაწერილია პეტერბურგში, 1908 წ. თებერვალში, დაიბეჭდა „ნიშადურში“ იმავე წლის 17 თებერვლის №27.
3. მამია გურიელი (1836-1891) - პოეტი, ბეჭდავდა მ. ფაზელის ფსევდონიმით. მისი თხზულებების ერთტომეული დაიბეჭდა ქუთაისში, 1897 წ., დართული ჰქონდა ი. მეუნარგიას მიერ დაწერილი ბიოგრაფია პოეტისა (ეს ბიოგრაფია მეორედ გამოიცა ჩვენს დროს - იხ. ი. მეუნარგია, „ქართველი მწერლები“, წ. II, თბილისი, საბლიტ-გამი, 1944 წ.).
![]() |
1.49 სიტყვა ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე |
▲ზევით დაბრუნება |
1910 წლის 29 აგვისტოს
ბ-ბო! ნაცარქექიების ფართიფურთზე ძველთაგან ერთი ანდაზა გვაქს დარჩენილი: „შორიდან მტერს უხეთქს გულს და ახლო მოყვარესო“. ჩვენდა საუბედუროდ, ეს ანდაზა შესისხლხორცებული გვაქვს დღევანდელ ქართველებს. ენით ყველაფერი ვართ და საქმით კი არაფერი. ჩვენი საზოგადო მოღვაწეები სიტყვით ცამდინ აგვყავს და საქმეს კი განზე გაურბივართ ხოლმე. ამას დღევანდელი დღეც გვიმტკიცებს! მას აქეთ სამი წელიწადია, როცა ამ დიდბუნებოვან ქართველს საარაკოდ ვმარხავდით, და ვინ იცის, რა პირობას არა ვდებდით მაშინ! დღეს რასა ვხედავთ? აგვისრულებია ან ერთი? სად არიან დღეს ის ქართველები, რატომ არსად სჩანს ის მაღალი წოდება, რომელსაც ჭავჭავაძის სუფრაზე პირველი ადგილი ეჭირა და განსვენებულის, ვითომ თაყვანის მცემელიც იყო? დღეს რატომ აღარ არიან ერთი-ორის მეტი, მაშინ, როდესაც ერთი ვინმე ჩინოვნიკისათვის თავის მტვრევა აქვთ ხოლმე, რომ უმაღლესად ასიამოვნონ? სად არიან ჩვენი სხვადასხვა დაწესებულებათა მეთაურნი? ვაი, ქართველების გულგრილობას და მარტო ენის გადაყოლებას! რამ რას ვამბობ? ხალხის რა ბრალია? ჩვენი დაბალი, ღარიბი ხალხი კეთილ გრძნობებით არის გამსჭვალული, რაც კი შეუძლია, თავს არ იზოგავს, მაგრამ მეთაურები არა ჰყავს შესაფერი! - ტყვილა კი არ არის ნათქვამი: „ხელი ხელს ჰბანსო“. ის ვაჟბატონები, რომელთაც ჩვენი დაცემული ცხოვრების სადავე უჭირავთ ხელში, ერთი ერთმანეთს მიდგომით ირჩევენ და საზოგადოებაზე არა ჰფიქრობენ!... საკუთარი, საპირადო ხაზი და ლარი გაჰყავთ ცხოვრებაში და საქმის მაგიერ ენას ატრიალებენ, - და მაშ როდის? როგორღა უნდა დადგეს ის დრო, რომელსაც ნატრობდა განსვენებული და რომელსაც თავიც შესწირა? დიახ თავი შესწირა და კურთხეულიც იყოს მისი სახსენებელი.
(თეატრი და ცხოვრება, 1910 წ., №35)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე
1. სიტყვის ტექსტი მოგვყავს „თეატრი და ცხოვრების“ 1910 წ. 5 სექტემბრის №35-დან.
2. აკაკის სიტყვის მრისხანე ტონით გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ილიას სამი წლისთავის აღსანიშნავ პანაშვიდს ნაკლებად დაესწრო ქართველი „მაღალი“ საზოგადოება, ქართული საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებების მეთაურები, რომელთაც, აკაკის ირონიული თქმით, იმ დროს „ჩვენი დაცემული ცხოვრების სათავე ეჭირათ ხელში“.
![]() |
1.50 ლევ ტოლსტოი |
▲ზევით დაბრუნება |
სალოსობას რუსეთში ყოველთვის დიდი გასავალი ჰქონია. სალოსების გარეგანი ახირებულება და გაუგებარი, ბოდვით საუბარი, რაღაც მომხიბლავ ზარსა სცემდა ხალხს. ის მათ უაზრო მოქმედებაში სასწაულ-მოქმედებას ჰხედავდა და იმათ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბოდვიდან წინასწარმეტყველების გამოყვანას სცდილობდა. ამ მისტიურ ძალას ექვემდებარებოდა არა მარტო დაბალი წოდება, მაღალი წოდებაც კი და ხშირად სამღვდელოებაც. მეფე იოანე მრისხანემ რომ ნოვგოროდი გაანადგურა და იმავე განზრახვით მოადგა პსკოვსაც, ვერც მთელის ხალხის ვედრებამ, ვერც წარჩინებულთა მოციქულობამ, ვერც სამღვდელოების შუამდგომლობამ გული ვერ მოუბრუნა, ვერ შეაყენებინა მრისხანე განზრახვა, და ერთმა ქუჩაში მოსიარულე სალოსმა კი რაღაც მიაძახა მეფეს და იმანაც შესწყვიტა გულის თქმა და მშვიდობით დაბრუნდა მოსკოვისაკენ. ამ ატავიზმით გამსჭვალულია რუსეთი და ჩვენს დღემდისაც მოჰყვა ეს რაღაცა სახადი სენი, თუ გამოურკვეველი ძალა, რის ნიმუშებსაც ხშირად ვხედავთ. ამ ბოლო დროს, პეტრე დიდისაგან გამოჭრილ სარკმელში, თუმცა ძლიერად შემოაშუქა ევროპიდან განათლებამ, მაგრამ მაინც კიდევ ბევრია დარჩენილი სიბნელის ოაზისი. მესამოცე წლებში, როდესაც ივანე იაკობის ძე კორეიში დაეცა ქადაგად მოსკოვში და მკითხაობა დაიწყო, ყოველ კუთხიდან მიაწყდა რუსეთი და გაიძვერა მქადაგებლის სიტყვა-პასუხიდან საპირადო გულის საფხანი წინასწარ-მეტყველება გამოჰყავდათ, რამაც საქვეყნოდ გაუთქვა სახელი მატყუარას, და თუ ეს ასეა, რაღა გასაკვირველია, რომ ნამდვილმა გენიოსმა, რუსეთში წარმოშობილმა, გაითქვას სახელი და ცამდი აიყვანოს მისი დიდება! მე ვამბობ გრაფ ლევ ტოლსტოიზე, რომლის სიკვდილმაც თუმცა არა უდროომ, დიდად შეაძრწუნა ყველა ადამიანი. ტყუილად კი არ ჰყავდა ის ტურგენევს საოცრად წარმოდგენილი. გრაფ ტოლსტოის ხელოვნური ნაწარმოები, პატარ-პატარა მოთხრობები სევასტოპოლის ბრძოლის შესახებ, კავკასიის ამბების აწერა, „კაზაკები“ და სხვანი მართლა საოცრად ჰხიბლავენ მკითხველს. დიდმა რომანებმა: „ომი და ზავი“, „ანნა კარენინა“ და სხვათა საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი, როგორც გენიოს ხელოვანს. სიბერის დროს საფილოსოფიო გზას დაადგა და შეიძლება, ზოგი რამ მისთანა წასცდა, რაზედაც არ დაეთანხმოს მკით-ხველი, მაგალითად „კრეიცერის სონატა“, საჭურისებური რამ, ბუნების წინააღმდეგი მოძღვრება, როგორც დრამატურგის შექსპირის გაკიცხვა, მეცნიერების უარყოფა, ხელოვნების გადადგომა და სხვანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მთლიანი მისი მოსაზრება ყველასათვის სასარგებლოა და ზედ სიბრძნის ბეჭედიც აზის, წარსულმა თავისი პური მოსჭამა და ზოგიერთი მისი წესწყობილებათაგანი, დღეისათვის არა სასარგებლო, საგინებელიც არის. საჭიროა ახალი გზა და სხვა მიმართულება. ძველნი რაც მალე დაემხობიან, ისა სჯობს. ამას, რასაკვირველია, ბევრი გრძნობს, მაგრამ ისე შეგნებულად და გამბედავად მებრძოლს, როგორც ტოლსტოი იყო მთელს მის სიცოცხლეში, ძვირად ვხედავთ. მის მოძღვრებას სარჩულად სახარება ედვა. ის ჰქადაგებდა: „ერთობას, თანასწორობას და სიყვარულს“. წინააღმდეგი იყო ძლიერისაგან სუსტის დაჩაგვრისა, დიდისაგან პატარის ჩაყლაპისა. ბევრ რამ წვრილმან, სასაცილო მოვლინებას ცხოვრებაში შემოღებულს, ეურჩებოდა. აი ამით მოიზიდა მან ყველა დაჩაგრულთა გული და გაიჩინა მიმდევრები არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპასა და ამერიკაშიაც, როგორც მოციქულმა და მახარობელმა მომავლისამ. მაშ რა საკვირველია, თუ ქართველებიც დღეს მას გულწრფელად იგლოვებენ?..
(სახალხო გაზეთი, 1910 წ., №154)
რედაქტორის შენიშვნები
ლევ ტოლსტოი
1. სტატია გამოქვეყნდა ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზ. „სახალხო გაზეთის“ 1910 წ. 10 ნოემბრის №154-ში.
2. ლევ ტოლსტოის (1828-1910) - გენიოსი რუსი მწერლის გარდაცვალებას ფართოდ გამოეხმაურა ქართული პრესა. ლევ ტოლსტოის გარდაცვალებას, აკაკისთან ერთად, მხურვალედ გამოეხმაურა დიდი ქართველი მგოსანი ვაჟა-ფშაველა ლექსით „ლევ ტოლსტოის გარდაცვალებაზე“ - ჟურ. „ნაკადული“ (მოზრდ.),№11, გვ. 38-39.
![]() |
1.51 განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
არც ერთი ხელობა ჩვენში ისე აგდებული არ არის, როგორც მწერლობა!... თავის ნაშრომ-ნაღვაწს ყველა ეპატრონება, უბრალო ჩხირი რომ ვინმემ გათლოს, ხელს დაადებს: ეს ჩემი შრომაა... ჩემი საკუთრება და სხვას ზედ უფლები არა აქვსო. ამის ყველა თანახმაა და ნაწერები კი, სადაც შრომის გარდა, ცრემლ-ნაღველიც ბევრია, არავის არ მიაჩნია ავტორის საკუთრებად. - ქართული მწერლობა ისეც დაჩაგრულია მით, რომ გასავალი არა აქვს და ავტორი იძულებულია, რომ ღარიბ რედაქციებს უსასყიდლოდ დაუთმოს ხოლმე თავის შრომა და რომ დაიბეჭდება, მაშინ სხვები იგდებენ ხოლმე ხელში. ავტორს აღარავინ რასმე ჰკითხავს და მისდა უნებურად ჰბეჭდავენ თავისს ნება-სურვილზე, ასე რომ შეცდომებსაც აღარ ასწორებიებენ პირში ჩალა გამოვლებულ ავტორს. ამისთანა უკუღმართობას და უზრდელობას საცენზურო კომიტეტიც ხელს უწყობს: ვინც უნდა მოუტანოს წიგნაკი, ანუ სხვების ნაწარმოებისაგან შემდგარი ბროშურა, არ ჰკითხავს: ავტორისაგან ნება გაქვს აღებული თუ არაო. ნებას აძლევს და თავს მითი მართლულობს, რომ ვითომც საცენზურო წესდების ერთი მუხლი ნებას აძლევს ყველას, ვინც უნდა იყოს, რომ მესამედი მთელის თხზულებისა გამოსცეს ცალკე წიგნად ავტორის ნება დაურთველად... ეს რომ მართლა ასე იყოს, მაშინ სამ ამხანაგს შეუძლია განაწილება: თითოეული მათგანი მესამ-მესამედად გამოსცემს მთელ თხზულებას და ავტორი დარჩება მშრალზე. მართალია, არის იმისთანა მუხლი, რომელიც მესამედის ნებას აძლევს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მთელი თხზულების მესამედი გამოეცითო!... არა! - ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ როცა რომელიმე ავტორის კრიტიკულ განხილვას შეუდგება კრიტიკოსი, მაშინ იმას შეუძლია მთელი თხზულების მესამედი ნაწილი ამოწეროს თავის აზრის დასამტკიცებლად და არა ცალკე თხზულებად გამოსცეს.
ჩვენში კი ამ შეცდომით სარგებლობენ, აქამდე რაც ყოფილა - ყოფილა და დღეიდან მე კი ვაცხადებ საყოველთაოდ: თუ ჩემ ნება დაურთველად ჩემი თხზულებიდან რამე დაჰბეჭდა ვინმემ, მე იძულებული ვიქნები პასუხი ვაგებიო სამსჯავროში და ნურას უკაცრავად!..
სხვა რედაქციებსაც ვთხოვ, რომ ეს ჩემი განცხადება გადაბეჭდონ.
(ფასკუნჯი, 1910 წ., №1)
რედაქტორის შენიშვნები
განცხადება
ტექსტი ამ განცხადებისა მოგვყავს ჟურნალ „ფასკუნჯიდან“, 1910 წ., №1.
![]() |
1.52 განცხადება ნაწერების სრული კრებულის გამოცემის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული მწერლობა საზოგადოდ ვერა სდგას კარგ ნიადაგზე, მაგრამ ყველაზე უფრო მეტი უბედურობა კი ჩემს ნაწერებს ეწვია: ამ ნახევარ საუკუნის განმავლობაში ორი პატარა ტომის მეტი არ გამოსულა, მაშინ როდესაც რამდენიმე ათეული მაინც უნდა გამოცემულიყო. ამის მიზეზი ხელმოკლეობა და დაუდევრობა იყო.
რადგანაც ეს ორივე მიზეზი დღეს თავიდან აცილებულია, მე თვითონ განვიზრახე სრული ჩემი ნაწერების გამოცემა ამგვარად: გამოვა კრებული ყოველ თვიურად, წელიწადში თორმეტი წიგნი, ორას ფურცლიანი.
პირველ ას ფურცელზე იქნება დაბეჭდილი ჩემი ახალი ნაწერები, ჯერ სრულიად არსად დაბეჭდილი და მეორე ასზე კი ძველი, უკვე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი აქა-იქ, მაგრამ გასწორებული და შენიშვნებით, თუ რა დრომ და ვითარებამ გამოიწვია ეს ანუ ის თხზულება (მასალები მთელი წლის, ე.ი. 12 წიგნისა მზადაა).
წლიური ფასი ერთი თუმანი, რომელიც განაწილდება ოთხად. თითო წიგნი კი ეღირება თითო მანეთი.
ხელის მოწერა მიიღება ჯერჯერობით: თბილისში, წერა-კითხვის საზოგადოების კანცელარიაში, ქუთაისში მთავრიშვილისა და ისიდორე კვიცარიძის წიგნის მაღაზიებში. დაწვრილებით შემდეგში.
(თეატრი და ცხოვრება, 1910 წ., №17)
რედაქტორის შენიშვნები
განცხადება ნაწერების სრული კრებულის გამოცემის შესახებ
ტექსტი ამ განცხადებისა მოგვყავს ჟურნალიდან „თეატრი და ცხოვრება“, 1910 წ., 2 მაისი, №17.
![]() |
1.53 ნადუღი |
▲ზევით დაბრუნება |
მას უკან ორმოცი წელიწადი იქნება, რაც ჩვენში, მაშინდელმა ინტელიგენტებმა, ასტეხეს ერთი ვაი-უშველებელი: რა ენით უნდა ვსწეროთ, ახალით, თუ ძველითო. სხვადასხვა უბნებად გაიყვენ და სამაგალითო მტკიციც წარმოადგინეს. თავადმა დავით ციციშვილმა დასწერა ერთი პატარა მოთხრობა: „შინაგანი უშვერება გარეგან შვენიერებასა შინა“. ეს პატარა სამტკიცო მოთხრობა ისეთის ძველის ენით იყო დაწერილი, რომ მისი გაგება ანტონ კათოლიკოზსაც კი გაუჭირდებოდა. ნიჭიერმა ლავრენტი არდაზიანმა „ჰამლეტი“ გადმოთარგმნ და ძველი და ახალი ენა ერთმა-ნეთში დომხალივით აურია! „თერგდალეულმა“ ორივე დაიწუნა და სთქვა, რომ იმ ენით უნდა ვსწეროთ, რა ენაზედაც დღეს ლაპარაკობს ხალხი, რომ გასაგები იყოსო. „თერგდალეულს“ მიემხრო მოხუცი ალექსანდრე ორბელიანი; შეეკამათა პლატონ იოსელიანს და დასწერა ახალენით საგულისხმო წერილი „მე და ის“, მაგრამ არც ამით გადასწყდა საქმე!… მაინც ყველა თავ-თავისს გზით მიდიოდა, სანამ თერგდალეულებმა არ გაიმარჯვეს. გამოვიდენ სარბიელზე ფელეტონის მწერლები „მოლაყბის“ სახელით: გრიგოლ წინამძღვარიშვილი, გაბო სულხანიშვილი, ივანე კერესელიძე, არდაზიანი, ალექსანდრე სავანელი და სხვანი. მათ რიცხვში თავი იჩინა, რასაკვირველია, არდაზიანმა თავის ენა-მჭევრობით და ნელ-ნელა მწერლობაში ახალმა ენამ დაიჭირა ადგილი. იმ დღიდან მე ყურს ვადევნებ ენას და იმ დასკვნამდი მივედი, რომ ქართული ენა არის ერთი უძველესი ენათაგანი. მეათე საუკუნეში ენის კანონები, გრამატიკა, დამთავრებული იყო, არა მარტო ქაღალდზე, ხალხშიაც კი სასაუბროდ. რუსთველს ენა კი არ შეუქმნია, იმან მხოლოდ ხალხის ენა გადმოიღო უმეტნაკლებოდ, რადგანაც მის დროს ენა გაწმენდილი იყო... სათავე ქართველობისა და ქართული ენის, ჯერ არა აქვს ისტორიას გამოკვლეული. მაგრამ ნიშნებს კი ძალიან შორს მივყავართ!.. ვანში ნაპოვნმა ლურსმულმა წარწერამ, ცოტა არ იყოს, გამოგვახელია თვალი. გამოჩენილმა ორიენტალისტებმა წაიკითხეს და სთქვეს: არ ვიცით რა ენაზეა დაწერილი, მაგრამ ქართულ ენასთან კი ნათესაობა აქვსო. და მართლაც... ყველა არ მაგონდება, მაგრამ ეს წარწერა ასე იწყება: „ას მილი აღვუღ მენა“ და სხვანი. ესენი ყველა ჩემ ყურს ქართულადა ხვდება, მაგალითად, სიტყვა „ას“ ნაცვალსახელია და ნიშნავს დღევანდელ ნაცვალსახელს „ეს“, „მილი“ ხომ დღესაც მილია, არხი, წყლის გასაყვანი; „აღვუღ“ ზმნა არის. სვანურად „აღვუღ“ ნიშნავს „ავაშენე“, „ავაგე“ ანუ „გავაკეთე“. და ქართულადაც იგივე „აღვაგე“ არ არის? და „მენა“ მეა. ზოგან საქარ-თველოში და განსაკუთრებით მთებში ახლაც „მეს“ მაგიერ „მენას“ ხმარობენ. ასე, რომ ის ლურსმული წარწერა გამოდის ამგვარად „ეს მილი აღვაგე მე“ ამან და ამან (აქ დასახელებულია აღმგებელი და სხვანი). ამას მე, მაინც და მაინც, არ ვამტკიცებ, გაკვრით ვამბობ იმ მოსაზრებით, რომ მეცნიერი მარრი უფრო დაჭეშმარიტებით აგვიხსნის. და მე კი გადავალ პირდაპირ ჩემ სასაუბროზე. როგორც ზემორე მოვიხსენიე, რუსთველის დროს ქართული ენა გაწმენდილი, ძლიერი და გაერთიანებული იყო ისე, როგორც თვით ქართველი ერიც. მონგოლებმა რომ მუსრი გაავლეს საქართველოს და თათრობამ ნაწილ-ნაწილად დაჰყო, მაშინ ენაც დაკნინდა. სხვადასხვა კუთხეებში სხვადასხვა ზედ-გავლენით ქართული სიტყვების ადგილი უცხო სიტ-ყვებმა დაიჭირა. მთლიანი ქართული ენა იმდენად გაიყო, რომ ერთ კუთხეს მეორის ენა ეჩოთირებოდა. დღეს ამისთანა დღე გვადგას და რა ეჭირვება მწერალს? - ის, რომ იმან არ წარმოიდგინოს საერთო ქართულ ენად ის ენა, რომელიც მის სოფელში გაუგონია! უნდა მოვლილი ჰქონდეს ყველა კუთხეები საქართველოში, ყური დაუგდოს ყოველი მხრის საუბარს, დაუკვირდეს, ამოჰკრიფოს ის ქართული სიტყვების მარგალიტები, რომელიც დღეს აქა-იქ გაბნეული არიან, აგრეთვე გამოჰყოს ის უცხო სიტყვები, რომელნიც ნაძალადევად შემოღებულან, არ მიუდგებიან ქართულს და ისე სწეროს. განსაკუთრებით კეთილ ხმოვანება დიდ საქმეს სჩადის ქართულ ენაში. ხშირად კეთილხმოვანება გრამატიკას ეწინააღმდეგება და არღვევს ფორმებს. მაგალითად: მეხრე, მეშეშე, მეპურე, მეღვინე. სიტყვა წყალი კი კეთილხმოვანების გამო არღვევს გრამატიკის კანონს და იწოდება მერწყულად. ხშირად ერთი ასო იცვლება მეორით დაენას არ ეწინააღმდეგება. მაგალითად, კანონიერი დაბოლოება არის „ური“, ე.ი. აბხაზური, სვანური, კახური და სხვანი. ამის მიხედვით უნდა ითქმოდეს: ქართური, იმერური, მეგრური, მაგრამ ამისთანა სიტყვებში „ური“ - „ულათ” გადადის და ვამბობთ: მეგრული, ქართული, იმერული და სხვანი. მიტომ რომ კეთილხმოვანება მოითხოვს ერთ სიტყვაში ორი ერთი და იგივე ასო არ გამეორდეს, ორი „რ.“ იმერეთში ხმარობენ სიტყვას: „რთველი“, ქართლში ამბობენ ,,სთველი“. ორივე კანონიერია და რად უნდა ვინმემ დაუძახოს ან ერთს და ან მეორეს ჟარგონი? ბევრი სიტყვებია სადმე მიყრუებულ ადგილას წმინდა ქართული დარჩე-ნილი და მის ნაცვლად მეორე კუთხეში სხვა სიტყვაა შემოღებული. მაგალითად ქართლში „ქუჩას“ ხმარობენ, გურიაში და ქვემო იმერეთში კი „შუკას“. ცხადია რომ „შუკა“ ქართული სიტყვაა და „ქუჩა“ შემოღებული და რად უნდა დავჰკარგოთ ჯერ კიდევ სრულად არ დაკარგული სიტყვა ქართული „შუკა“. ნუ თუ ეს ჟარგონია? მართალია, ბევრი რამ არის იმერეთში გადასხვაფერებული უკანონოდ, მაგრამ უფრო მეტი კანონიერი ქართულია დარჩენილი განსაკუთრებით შორაპნის მაზრაში. მაგალითად, იმერეთში ამბობენ: „ჯიან“. ეს სიტყვა წარმოსდგება სიტყვისაგან „ჯდომა“ და ქართლში კი ამბობენ „სხედან“ და რომელია მათგანი ჟარგონი? ნახირს, ჯოგს რომ საძოვარზედ გაისტუმრებენ, იმერეთში იტყვიან, გარეკეო და ქართლში, წაასხიო. და მე რომ „წაასხის“ მაგიერ „გარეკე“ ვიხმარო, ჟარგონი იქნება იმერული? იმერეთში ამბობენ „ყოლიფერი“ და მეც ასე ვხმარობ. ქართლში კი „ყველაფერს“ ამბობენ და რომელია მართალი? ძირი ამ სიტყვისა არის ,,ყოველი ფერი“ და შემოკლებით, „ქარაგმით“ უნდა გამოითქვას „ყოლიფერი “ და არა „ყველა-ფერი“ მით უფრო, რომ კეთილხმოვანებასაც არღვევს ამგვარი გამოთქმა... თითქო ყველზეა ლაპარაკიო. არის სიტყვა „გვანება“. იმერეთში ხმარობენ „ვჰგავარ“, ქართლში „ვგევარ“. სად არის სიმართლე? იმერეთში ამბობენ: უთუოდ, ქართლში კი - უთაოდო და რომელია მართალი? აქაოდა ქართლიაო, მიტომ აქ რაც შემოღებული სიტყვებია, გინდა უკანონოდაც იყოს, უნდა მივიღოთ და სხვა კუთხეებში კანონიერადაც რომ იყოს, დავიწუნოთ, ჟარგონი დავუძახოთ? „საცვლების“ მაგიერ „თეთრეული“ ვსთქვათ, ცხვირში სისხლი წასქდას მაგიერ ცხვირიდან სისხლი წასქდა ვსთქვათ? ცხენზე ან კლდეზე გადავარდნას მაგიერ ცხენიდან, ან კლდიდან გადავარდნა ვიძახოთ? ენის ცოდნა განა კრივი ან ბურთაობაა, რომ უბან-უბან გავიყოთ და ვიძახოთ: არა ჩვენ მხარეს დარჩეს გამარჯვება, თუ არა თქვენსასო. ეს ყოლიფერი მაგონებს იმ დროს, როცა ჩვენი ინტელიგენტები ხმის უმეტესობით ლექსიკონს ადგენდენ და „ვეფხის-ტყაოსანს“ არჩევდენ. ენა, როგორც ნაგრძნობ-ნაფიქრალის გამომხატველი იარაღი, ადამიანის განვითა-რებას თან მიჰყვება და მიტომაც თანდათან ივსება და მდიდრდება. ახალი ძველს აღარ ჰგავს და დღევანდელისაგან მომავალი უნდა განსხვავდეს. უნდა გაიზარდოს, მაგრამ ამ ზრდასაც თავისი კანონები აქვს. იმ კანონების გადახვევა ჟინითა და ხმის უმეტესობით არ შეიძლება. მეც, თქვენს უმორჩილეს მონას, ბევრი სიტყვები შემომი-ტანია ქართულში, რომელიც ჩემამდი არავის უხმარია: „გაიძვერა“, „ბობოლა“, „შეხმატკბილება“ და სხვანი. გურიაში ამ მოკლე ხანში ერთი სიტყვა შემოიღეს და ჩემის აზრით ძალიან კანონიერათაც, - ჩემსავით, შენსავით. რომ დაეკითხები ვისმეს, ის მის ნაცვლად რომ მოგიგოს: დიახ, ჩემსავით, დიახ, შენსავით, მოკლედ მოგიჭრით პასუხს უკანასკნელი მარცვლით, „სავით“ გეტყვისთ. - ესენი ყოლიფერი „ჟარგონს“ კი არ ნიშნავს, ენის ზრდა არის. საქართველოს ერთი რომელიმე კუთხე კი არ შეადგენს, რომ მთლიანი საქართველოს ენა მარტო მას დაუმორჩილოთ, იმერეთიც ისეთივე საქართველოა, როგორც ამერეთი და მიტომაც იმერლობას ნურავინ მიკიჟინებს. ღმერთმა ნუ მომიშალოს იმერლობა, რომელიც იგივე ქართველობაა... ქართველი მწერალი წერის დროს „ჩემიან-შენიანობით“ კი არ უნდა სარგებლობდეს. უნდა ყოველი კუთხე ჰქონდეს მოვლილი, შესწავლილი და გამოკვლეული. და თუ რამე ქართული ნახოს, ამოკრიბოს და იმითი კი არ იხელმძღვანელოს, რომ ეს ქართული არ არის და სხვა კუთხეაო. მაგალითად, ჭრილობის შესახვევ, ანუ ნაღრძობის შესაკრავ ფირფიტებს ქართველები არტაშნებს ვეძახით. ეს სიტყვა, ცხადია, რომ სომხურიდანა გვაქვს გადმოღებული და ნუთუ ქართველებს თვისი საკუთარი სიტყვა არ ექნებოდათ? ექნებოდათ, მაგრამ დაკარგულია. მეგრე-ლებში კი დარჩენილა, აქ არტაშნები არ იციან რა არის და „ხერკალს“ ეძახიან, რაიცა ქართულია. და მაშ უფლება აღარა გვაქვს „ხერკალი“ ვიხმაროთ, რადგანაც ქართლში აღარ იციან? ეჰე, თავი უნდა დავანებოთ ამ მაგალითებს, თორემ შორს წაგვიყვანს... პირდაპირ უნდა გადავიდე იმ სამაგალითო სამ სიტყვაზე, რომელსაც ბატონი იმერელი, ჩემ სამოძღვროთ გამოსული, ჟარგონს ეძახის და მე კი კანონიერი ქართული მგონია: იმერეთში ხმარობენ „უდგიან“ და მეც ვხმარობ. ეს სიტყვა წარმოსდგება სიტყვიდან „დგომა“. პირველი პირი ვდგავარ, დგახარ, ანუ უდგავარ, უდგიხარ, უდგიან და სხვანი. რომელია მართალი და რომელია ჟარგონი? მეორე - „დღესეც“ ეჩოთირება ბატონ იმერელს და რათა? ღრამატიკულად უნდა იყოს „დღესც“, მაგრამ კეთილხმოვანებისათვის, რომ მკაფიოდ გამოითქვას, ემატება ერთი ხმოვანი ასო და ანს ჩაუმატებთ თუ ენს, ერთი და იგივე არ იქნება? ასთე როგორც „საუკუნო“ და „საუკუნე“, „იყვენ“, „წამოვიდენ“, „გაიქცენ“ და სხვანი ჟარგონი კი არ არის, ახალი ფორმა არის და მიტომაც ვხმარობ „იყვნენ, წამოვიდნენ და გაიქცნენის“ მაგიერ. ისე, როგორც კანონია ქართული სიტყვის შემოკლებისა, მაგალითად ავდექი, ადრე „აღმა ვდექი“ იქნებოდა, მერე ,,ავსდექი“ და მერე კი „ავდექი“, მთელი სიტყვის ადგილი ერთ ასოს დაუჭერია, ისე როგორც სიტყვას „თქვენ“ ერთი „თ“ იჭერს. ერთი სიტყვით, არ ვიცი, რად დასჭირვებია ბატონ იმერელს ჩემი განქიქება. თუ იმისთვის, რომ ქართული მასწავლოს, გვიანღაა... რაღა დროს ჩემი სწავლაა, მის მეტი, რაც არ ვიცი? ან რად უკვირს, რომ მე ახლა ისე აღარ ვსწერდე, როგორც უწინ, თუ მართალია? კაცი რომ დაბერდება განა მარტო სხეული იკლებს მისი, ჭკუა-გონებაც, რასაკვირველია, დაჩლუნგდება და ამ კანონს ვერავინ ვერ ასცდება. აქ ბატონი იმერელი ანდაზას ასრულებს, მგონია: „რძალს ლანძღავდენ და მულს ასმენდენო.“ მე მიტომ მასწავლის, რომ ახალგაზდებს გააგონოს და მიტომ მეც მადლობელი ვარ. ასწავლეთ, ასწავლეთ, ასწავლეთ ახალგაზდობას ქართული, მაგრამ თქვენი თავიც ნუ გეგონებათ უცოდველი და ჯერ თვითონ თქვენ შეისწავლეთ.
(თემი. 1911 წ., №12)
რედაქტორის შენიშვნები
ნადუღი
1. არსებობს ამ სტატიის ავტოგრაფი აკად ს. ჯანაშიას სახელი საქ. სახ. მუზეუმის H-1500/4, ფურც. 15r-19r.
დაიბეჭდა „თემში“, 1911 წ., №12.
2. დავით ციციშვილი - არქაისტი ლიტერატორი, „ცისკრის“ თანამშრომელი ბეჭდავდა ლექსებს და მოთხრობებს (იხ. „ცისკარი“, 1857 წ., №№7, 9, 11 და 1858 წ., №1), აგრეთვე თარგმანებს დერჟავინიდან („ცისკარი“, 1857 წ., №№7, 12). დ. ციციშვილს ეკუთვნის აგრეთვე თარგმანები რუსულიდან ბაუმეისტერის „მეტაფიზიკისა“ (1822-24 წ.წ.) და რუსოს ტრაქტატისა „აღდგინება სწავლათა და ხელოვნებათა შეეწეოდა წარმართვასა ზნეთა ანუ ყოფაქცევასა“ (1849 წ.).
დავით ციციშვილის მოთხრობა, რომელსაც იხსენიებს აკაკი თავის წერილში, დაიბეჭდა „ცისკრის“ 1858 წ., №11-ში სათაურით: „უსარგებლო ცბიერება და დაფარული კაცთა შორის გარეგანთა მშვენიერებათა შინა შინაგანი უშვერება“.
დაკით ციციშვილის შესახებ იხ. ლევ. ასათიანის „ვოლტერიანობა საქართველოში“, 1933 წ., გვ. 79-88.
3. აკაკი გულისხმობს ალექსანდრე ორბელიანის წერილს „მე და ის“, რომელიც დაიბეჭდა „ცისკრის 1858 წ., №7-ში.
![]() |
1.54 ივანე ელიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
სიტყვის უმეტნაკლებობა ნიჭიერების სასწორ-საზომია. ნიჭიერება ორი-სამი სიტყვით გამოსთქვამს იმას, რასაც ძალდატანებული ვითომ-ნიჭი რამდენიმე სტრიქონს მოანდომებს. ზომიერება იქ შეჩერდება, სადაც უნიჭობა თავს ვერ შეიკავებს და გააჭიანურებს საუბარს.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,
შაირია ამად კარგი-ო.
ამბობს რუსთაველი და მიტომაც ბევრი ბრძნული რამ აქვს მოკლედ გამოთქმული. მაგალითად:
ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა;
თუ კაცი თვითონ არ ვარგა,
ცუდია გვარიშვილობა-ო.
ამის ძალასა და მშვენიერებას რომ ვერ შეიგნებს კაჭკაჭური ნიჭი, ჰფიქრობს: რუსთველს სრულიად ვერ გამოუთქვამს აზრიო, ბევრი რამ დაუკლიაო. შეუდგება დამატებით შესწორებას და მოჰყვება: რა ხარ შენ, გვარიშვილო სრულიადაც არაფერი!.. რას იჭიმები? გროშ-კაპეიკად არა ჰღირს ჩამომავლობა და გვარიშვილობა, თუ თვითონ კაცად არ ვარგიხარ! და შენ კი არც მუშა ხარ და არც გლეხი!.. მიტომაც შენი ფასი დღეს კიტრია და ჩალა-ბზე... რას იბერები, როგორ იბერები და რა გგონია შენი თავი? და სხვანი. იტყვის ამას და სრული დარწმუნებულიც არის, რომ რუსთველზე უკეთა ვსთქვიო, რუსთველს გადავაჭარბეო!.. იმ რუსთველს, რომელიც გულდამშვიდებით გვიმოძღვრებს:
ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
ეს ჭეშმარიტება უნდა შეგნებული ჰქონდეს მწერალს, რომ მეტ-ნაკლებობა არა მოუვიდეს-რა. მწერლობა იგივე მხატვრობაა, მხოლოდ სიტყვითი. როგორც უხეირო მხატვარი ხაზის უსწორ-მასწორობით შეჰბღალავს ნახატს, ისე მწერალიც სიტყვის მეტ-ნაკლებობით ამახინჯებს ნაწერს, რადგანაც რაც ხაზია მხატვრობისათვის, ისევეა სიტყვაც მწერლობისათვის!.. დიახ, სიტყვებში და მათ ერთმანეთთან შეკავშირებაშია მწერლობის საიდუმლოება. მოვიტანოთ მაგალითი: რაფაელმა რომ მსოფლიო-საოცნებო მადონა დაჰხატა, მას შემდეგ ბევრმა საუკუნემ გაიარა და საზოგადოდ მხატვრობამაც მისთანა ბიჯი წასდგა წინ, რომ კერძო ნაწევრებს ადამიანისას მაგალითად: თვალს, ყურს, ცხვირს, ხელს, ფეხს და სხვათა, ისე მშვენიერად ხატავენ დღეს სხვა მხატვრები ცალ-ცალკე, რომ რაფაელის ნახატს არ ჩამოუვარდებიან... მაგრამ მეორე მადონა, ანუ მისი მსგავსი რამ, ჯერ არავის შეუქმნია. და რაშია საიდუმლოება მხატვრობის? იმ ცალკე ნაწევრების ერთმანეთთან გადაბმა-შეკავშირებაში, რომ უტყუარი, უმეტნაკლებო, სწორ-ნახაზი მთლიანი გამოვიდეს. ამგვარ კანონს ექვემდებარება მწერლობაც. შეიძლება საგანი დიდი იყოს მწერლობის, სიტყვები სამარგალიტო და ზოგადი აზრიც საამო, მაგრამ მთლიანად კი დღე ნაკრული. იყო დრო, როცა ზოგიერთ ნაწერს საქართველოში „ვეფხისტყაოსანზე“ მაღლა აყენებდენ. მაგალითად: „თეიმურაზიანს“, „არჩილიანს“, „წყობილ-სიტყვაობას“ და სხვ. „ვეფხისტყაოსანი“ შეაჩვენეს და დასწვეს. როგორც უგუნურებისა და შეცდომის ჭირი გადაჰკვეთა და დღეს ამ აზრს აღარავინ თანაუგრძნობს. ხშირად მოხდება ხოლმე, რომ რომელიმე მწერალს გაუდიადდება სახელი. თანამედროვე მკითხველებს ერთი მეორის წამხედურობით, დიდ რამედ მიაჩნიათ უბრალო მწერლუკაები და თუ არ აღფრთოვანებით, ისე არ იხსენიებს მათ სახელს, მაგრამ რომ მოითხოვოთ მტკიცი, ვერ მიგითითებენ. იმათ, მართალია, წაკითხვით წაუკითხავთ, მაგრამ გულსა და გონებაში არ ჩასჭრიათ, რომ დახსომებოდესთ. ნამდვილი და ნიჭიერი მწერალი ის არის, რომე-ლიც ძალაუნებურად, თავის თავად, გზას იკვლევს მკითხველის გულისაკენ და გულის ფიცარზე დაუ-ვიწყარ ასოებით ებეჭდება, იმიტომ რომ ნაწერში ყოველგვარი კანონია მწერლობის დაცული და მაიმუნურ-მიმბაძაობითი არა არის-რა! მართალი ნათქვამია: „ბუზი ყველა ბზუისო, მაგრამ ფუტკართან კი ყველა სტყუისო“! წერა ყველას შეუძლია, მაგრამ ნამდვილი შემოქმედებითი მწერლობა კი არა!.. ნამდვილი მწერალი, ანუ მხატვარი, ბუნებისაგან არის მოწოდებული და თვით ისვე უდგა სათავეში!.. არის მაგალითები, რომ ზოგიერთი ქალი, რომელსაც შვილი არა ჰყავს და გულით კი უნდა ჰყავდეს, დედობას მოიგონებს ხოლმე: გაიკეთებს მუცლის გასადიდებლად ბალიშს და იმას ატარებს. ბოლოს მიდგება მშობიარობაზედაც, მაგრამ რადგან მუცელში არა ჰყავს-რა საშობი, სხვის შვილს შეიგორებს ხოლმე. ატყუებს ყველას და ბოლოს თვითონაც სჯერა, რომ მისი ნამდვილი შვილია!.. ამისივე მსგავსია მწერლობაც. ნამდვილი მწერალი ჯერ ნაწილ-ნაწილად მოაგროვებს საწერ საგანს, ჩაიგუბებს გულში, აქ ისისხლხორცებს, ზრდის და მერე, როცა დამწიფდება, დროზე წარმოჰშობს. მართალია ის კი არ იცის (ქალის არ იყოს), ვაჟი იქნება თუ ქალი, მაგრამ კანონიერად კი წარმოშობს სულიერს. აი, ამგვარ მწერლებს ეწოდება მწერალი. საზოგადოდ ყველგან და უმეტესად ჩვენში „ვითომ და მწერლები“ შემოიგორებენ ხოლმე სხვის ნაწერს და ატყუებენ, როგორც მკითხველებს, ისე თავის თავსაც. - მართალია, იმათში ზოგიერთებს ეტყობათ ნიჭი, მაგრამ სრულიად გაუვითარებელი და გრძნობა-გონება ვეღარ აჰყავსთ უმაღლეს საფეხურამდე. ნამდვილი მწერალი კი, რომელსაც ქართული სული უდიოდეს, როგორც ჩვენ ქვეყანაში აღზრდილს, ცოტა არის ჩვენში და მათ რიცხვში ერთი უკეთესი ადგილთაგანი ივანე ელიაშვილს უჭირავს. იმას, ზემო მოტანილ მწერლობის კანონისათვის არ გადაუხვევია, რასაც მისი საყმაწვილო წიგნაკი „სამშობლო ბუნების სარკე“ გვიმტკიცებს და რისაც გარჩევას ჩვენც შეუდგებით!.. ყმაწვილებისთვის ის არის გამოსადეგი და სასარგებლო, რაც არც დიდებს აწყენს! სწორედ ამ კალაპოტზეა გამოჭრილი ბ. ივანე ელიაშვილის საყმაწვილო წიგნაკი, რომლისთვისაც სახელიც შესაფერი დაურქმევია: „სამშობლო ბუნების სარკე“. ამ წიგნაკში მოთავსებულია სულ რვა ორიგინალური მოთხრობა და ერთიც ნათარგმნი. როგორც ობოლი მარგალიტი, თანასწორად ასხმული ყელსაბამად, ასე აქაც ყველა მოთხრობა უმეტნაკლებოდა არის შენათხზი. სიტყვები აზრს და აზრიც გარემოებას ეთანხმებიან. შიგა და შიგ შესაფერ ადგილებზე ქართული ანდაზებია, სწორედ დროზე ჩანაქსოვი. მცენარე, პირუტყვი: ოთხფეხი, თუ ფრინველი, ისეთის მარტივობით მოგვითხრობენ თავის თავგადასავალს და იმავე დროს წინ გვიშლიან თავ-თავის განსაკუთრებულ ბუნებას. იმ ვითომდა უბრალო, ბავშურ ტიტინში ბევრი რამ დიდების საგულისხმოც იხატება. კითხულობ, უბრალო რამ გგონია და იმავე დროს იხიბლები... იმსჭვალები!.. მაღალის ნიჭით უნდა იყოს მწერალი და ნიჭიც განვითარებული უნდა გქონდეს, რომ ასე ტკბილად ჩასჩურჩულო ყმაწვილს და იმავე დროს დიდებიც გაიტაცო!.. საჯაროდ მივუთითებთ მკითხვე-ლებს: „ბულბულის ამონაკვნესზე“ და „ნაძვის აღსარებაზე“. თუ არ დიადი ნიჭი, ამისთანა რასმე ასე ხელოვნურად შექმნიდა რამე? ეს სამაგალითო წიგნი ყოველ ქართველის ოჯახში უნდა იყოს შეტანილი განძად და საწიგნის დასამშვენებლად, როგორც „ვეფხისტყაოსანი“, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მარტო დიდებისათვის არის დაწერილი და ეს კი ყმაწვილებისათვის და დიდებისათვისაც სასარგებლოა. წიგნი შესაფერ ნახატებით არის შემკული და ხელმისაწდომიც. - ჭეშმარიტად დიდი მადლობის ღირსია გამომცემელიც.
(თემი, 1911 წ., №41)
რედაქტორის შენიშვნები
ივანე ელიაშვილი
1. აკად. ს. ჯანაშიას სახელი საქ. სახ. მუზეუმში არსებობს ამ სტატიის რამდენიმე ხელნაწერი H-1493/12, ფურც. 40r-41r. H-1479/25, ფურც. 30v; H-150/3, ფურც. 10r-13r.
დაიბეჭდა გაზ. „თემში“, 1911 წ., №41.
2. ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი (1864-1932) - ექიმი, საბავშვო მწერალი, საზო-ადო მოღვაწე, აკაკის ერთი ახლო მეგობართაგანი.
ივ. ელიაშვილის საყმაწვილო მოთხრობების წიგნი გამოვიდა თბილისში 1911 წელს, ავტორის გამოცემით. არის ამ წიგნის მეორე გამოცემაც - თბილისი, 1920 წ., ქართვ. ბეჭდვ. ამხ-ბის გამოცემა.
ივ. ელიაშვილის სხვა წიგნებია: „დედა-ბუნების ძირითადი კანონები“ (თბილისი 1920 წ., ქართ. ბეჭდ. ამხ-ბის გამოცემა) და „წაღებიანი კატა“ (ბაქო, სომეხთა კულტ. კავშირის გამოცემა). პრესაში გამოქვეყნებული წერილებიდან აღსანიშნავია მისი ნეკროლოგი პროფ. ვ. პეტრიაშვილზე („ამირანი“, 1908 წ. №130).
აკაკი თავის სტატიებში არა ერთხელ მოიხსენიებს ივ. ელიაშვილს (იხ. „კვალი“, 1895 წ., №22; „თემი“, 1913 წ., №105 და სხვ.).
ანდერძში, რომელიც აკაკიმ 1912 წელს დასწერა, სხვა რამდენიმე პირთან ერთად ივანე ელიაშვილიც დაასახელა თავისი ნების აღმსრულებლად („სახალხო ფურც.“, 1915 წ., №205). ივანე ელიაშვილის კალამს ეკუთვნის ვრცელი მოგონება აკაკიზე (იხ. საიუბილეო კრებული - „აკაკი წერეთელი“, თბილისი, 1940 წ., გვ. 430-448).
![]() |
1.55 სიტყვა, თქმული თელავში |
▲ზევით დაბრუნება |
(1911 წ. 21 ივლისს)
ბატონებო!
მე რომ დარწმუნებული არ ვიყო ადამიანის არარაობაზე საზოგადოთ და კერძოდ ჩემსაზე, ჩემი თავი თქვენ ხელში რაღაც მეგონებოდა!.. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ვცნობ ჩემ თავს და თქვენი გრძნობის უხვებაც გათვალისწინებული მაქვს და აღარ ვსტყუვდები... განსვენებულმა გრიგოლ ორბელიანმა, ქართველებს, რომ ახასიათებ-და, თქვა: „ერი გულადი, პურადი, მტერთა მიმცემი რისხვისაო“
ეს უკანასკნელი სიტყვები გადავდოთ! დღეს დრო და ჟამი ხელს არ გვიწყობს, რომ გავამართლოთ!.. მაგრამ „გულადობა“ და „პურადობა“ კიდევ გვაქვს მერჩენილი. „გულადობას“ ვამტკიცებთ მითი, რომ დღეს, ამისთანა უკუღმართ დროში, ჯერ კიდევ გული არ გაგვტეხია და სასიცოცხლოდ ვფართხალობთ!.. და „პურადობას“ კი დღევანდელი ნადიმი გვიმტკიცებს. მაშ თუ ასეა, რატომ ვეღარ ვახერხებთ, რომ დღევანდელ მოთხოვნილებას პასუხი გავსცეთ? ამის მიზეზი სულ სხვა არის: ქართ-ველი ჭირშიაც და ლხინშიაც ისტორიულად პირდაპირობას არის ნაჩვევი, ტყუილად კი არ ამბობს ალექსანდრე ჭავჭავაძე: „ან მოჰკლავს, ან შეაკვდებაო!“ დიახ, პირდა-პირობას არის ნაჩვევი და ვეღარ ახერხებს დღევანდელ მოთხოვნილებას პასუხი გასცეს!.. - ვეღარ ახერხებს, მაგრამ თანაგრძნობით კი მოელის მოპასუხეს. ამას წუხანდელი „ილიას საღამო“ და დღევანდელი ნადიმი ამტკიცებს. თქვენს გადაჭარბებულ სურვილს წარმოუდგენივართ ჩვენ გმირებად - მე ჩემს თავზედ მოგახსენებთ - მაშინ, როდესაც ჩვენ აჩრდილი ვართ იმ გმირების, რომლებსაც თქვენ მოელით და თქვენ გეკადრებათ. დიახ, ჩვენა ვართ მხოლოდ წინამორბედი... ძალიან სუსტი წინა-მორბედი და მახარობელი მათი! შემიძლია გიმახარობლოთ, რომ ის გმირი მოგევლინებათ. ამ შავ დღეში, როგორც ახალგაზდა ქალებში, ისე ახალგაზდა კაცებშიაც, მე ვხედავ ნიშნებს… ის ნიადაგი, ის ხალხი, რომელმაც წამოშობა ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, დიდი მოურავი, მთაწმინდელები, პეტრიწი, რუსთაველი და სხვები... მსოფლიო გმირები... კიდევ წარმოშობს იმისთანა გმირებს, რომელიც თქვენ გეჭივრებათ და მოელით. - სვიმონ მოხუცე-ბულმა რომ ქვეყნის მხსნელი მიირქვა, წარმოსთქვა: „აწ განუტევე მონა შენიო“ და განისვენა. მე ვერ მოვესწრები იმ მომავალ გმირის მირქმას, მაგრამ გულში იმედებით კი ჩავალ საფლავში და ჩემი უკანასკნელი სიმღერა იქნება: „არ მომკვდარა მხოლოდ სძინავს“-მეთქი. და ახლა კი, ამ უზომო თანაგრძნობისათვის გულითად მადლობას გწირავთ, ბატონებო, იმ გმირის სახელით რომელსაც თქვენ მოელით.
(ჩვენი თაობა, 1938 წ., №3)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა, თქმული თელავში
ავტოგრაფი ამ სიტყვისა დაცულია თელავის მხარეთცოდნეობის მუზეუმში. ავტოგრაფში სათაურზე ფრჩხილებში სხვა ხელით მიწერილია: „ნადიმზე“ და ბოლოს თარიღი - „21 ივლისი, 1911 წელი, ქ. თელავი, ჭადარი“. მინაწერი ეკუთვნის ვანო პაატაშვილს, რომლისთვისაც აკაკის გადაუცია ავტოგრაფი თავისი სიტყვისა.
ტექსტი სიტყვისა პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ჩვენ თაობაში“, 1938 წ., №3.
![]() |
1.56 სიტყვა ი. გოგებაშვილის დაკრძალვაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ძმაო იაკობ!
უკანასკნელად დაგყურებ ორკეცად მგლოვიარე: გიგლოვ, როგორც პირად მეგობარს და უფრო მეტად კიდევ, როგორც საზოგადო მოღვაწეს. ჩვენი მეგობრობის კავშირი მაგ შენი სიკვდილით გაწყვეტილი ხანგრძლივ არ იქნება, - ჩემი დღეებიც დათვლილია და მალე დაგეწევი! მაგრამ შენმა დაკარგვამ, როგორც საზოგადო მოღვაწისამ კი სამარადისო ხაზი დაასვა გულზე ყოველ შეგნებულ ქართველს. წამოდგომა რომ შეგეძლოს ახლა, დაინახავდი, თუ რა გრძნობით ყოფილა შენდამი გამსჭვალული ამერ-იმერი!.. გულ-წრფელად გიგლოვენ დიდები და ჩაგბღავის საფლავში მოზარდი ახალ-თაობა, როგორც საერთო მამას. ამ გვარი სიკვდილი სანატრელია!!.. შენზე აღსრულდა საღმრთო წერილის სიტყვა „სიკვდილი მართალთა განასვენებს“. შენ წარსდგები პირ-ნათლად ჩვენ სახელოვან წინაპართა წინაშე... და ამოუდგები მათ გვერდში, საუკუნო განსვენებით!..
აქ კი იღაღადებენ შენი ნაშრომნი და დარჩება სამარადისოდ შენგან გატკეპნილი გზა და ვინც იმ გზას არ გაივლის, ის არც ქართველად იხსენიება. კურთხეულ იყოს სამარადისოდ ის წმინდა გზა და მასთან ერთად სახსენებელი შენი... ამინ!..
(თემი, 1912 წ., №76)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა ი. გოგებაშვილის დაკრძალვაზე
1. ავტოგრაფი ამ სიტყვისა დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელ. საქ. სახ. მუზეუმში - H-1499/5, ფ. 20r.
ტექსტი სიტყვისა დაიბეჭდა გაზ. „თემში“, 1912 წ., №76.
2. იაკობ გოგებაშვილი (1840-1912) - დიდი ქართველი პედაგოგი. აკაკი ახლო მეგობარი იყო მისი და ღრმად პატივისმცემელი, როგორც სამაგალითო ქართველი მოღვაწისა. თავის პირად წერილებში იგი მას „იაკობ აღმზრდელს“ და „წარსულის შვილს, მომავლის მამას და მყობადის გადიას“ უწოდებდა, ილიასთან ერთად „ჩვენი ქვეყნის ბურჯად“ მიიჩნევდა. აკაკის ხშირი მიმოწერა ჰქონდა იაკობთან, იგი მას ხშირად მოიხსენიებს თავის კრიტიკულ-პუბლიცისტურ სტატიებშიც (იხ. „დროება“, 1879 წ., №223; „კვალი“, 1894 წ., №21; „ივერია“, 1902 წ., №257; 1903 წ., №186; 1904 წ., №130; „თემი“, 1912 წ., №№79, 92; 1913 წ., №109 და სხვ). აკაკიმ 1915 წელს იაკობს მიუძღენი ლექსი „ყანა“ („ჯერ ამ ჩემს თვალს არ ენახავს მოსავალი ამისთანა...“ - დაიბეჭდა „ივერიაში“, 1905 წ., №59).
1907 წელს დაწერილ „უკანასკნელ სურვილში“ აკაკიმ იაკობ გოგებაშვილი დაასახელა თავისი ანდერძის აღმასრულებლად. მაგრამ აკაკიმ სამი წლით მეტი იცოცხლა იაკობზე და მასვე მოუხდა საყვარელი მეგობრის სამარესთან უკანასკნელი გამოსათხოვარი სიტყვის წარმოთქმა.
![]() |
1.57 სიტყვა, ალ. ხახანაშვილის დაკრძალვის დღეს წარმოთქმული |
▲ზევით დაბრუნება |
რაჭა-ლეჩხუმის ეროვნული აღფრთოვანების დროს, როცა, ქართველთა ჩვეულებისამებრ, ნეტარ-ხსენებულ გოგებაშვილის შესანდობარსა სვამდენ თვალ ცრემლიანები, სწორეთ იმ დროს დეპეშამ გადმოგვცა არა ნაკლებ სამწუხარო ამბავი, რომ ბ. ა. ხახანაშვილი გარდაიცვალა უცხოეთშიო. ამან ყველას, განურჩევლად წოდებისა, სქესის და ხნოვანების, თვალთ ცრემლი მოადინა, ლხინი ჭირად გადააქცია. და მეც მოვაშურე აქეთკენ, რომ დასაფლავებას დავსწრებოდი და ერთხელ კიდევ ჩამებეჭდა უკანასკნელად გულში სახე დიდი ქართველისა. შეიძლება ზოგმა არც კი იცოდეთ, თუ ვინ იყო პროფესორი ხახანაშვილი. არ იცოდეთ მიტომ, რომ აქ, ჩვენში, ძვირად ყოფილა განსვენებული. იმას ბედმა არგუნა უცხოეთში ყოფნა, საიდანაც მთელი მისი ჭკუა-გონებით შეძლებისა და გვარად ემსახურებოდა სამშობლოს, სდნებოდა სანთელივით მისი გულისათვის და იმ შორიდან უნათებდა. და მარტო ეს რომ არ დააჯერა, შეზღუდა თავისი პირადი ცხოვრება იმ განზრახვით, რომ თავისი ოფლითა და შრომით მონაგარი რამე დაეტოებია ქართველობისათვის საშვილისშვილოდ. ამგვარად მკვდარი არ მოკვდება, სანამ ქართველობა არ მოისპობა და ამგვარ სიკვდილს უწოდებს „სახელოვანს“ რუსთველი. ვისურვოთ, რომ მიმბაძველი გამოსჩენოდეს ამ დიდებულ ქართველს და საუკუნო იყოს სახსენებელი მისი.
(თემი, 1912 წ., №83)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა, ალ. ხახანაშვილის დაკრძალვის დღეს წარმოთქმული
1. სიტყვის ტექსტი გამოქვეყნდა „თემში“, 1912 წ., №83-ში.
2. ალ. ხახანაშვილი (1966-1912) - ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი, ცხოვრობდა და ლექციებს კითხულობდა მოსკოვში. ა. ხ. არის ავტორი კაპიტალური ოთხ-ტომიანი შრომისა რუსულ ენაზე „ნარკვევები ქართული სიტყვიერების ისტორიიდან“ და აგრეთვე მრავალრიცხოვანი წერილებისა და გამოკვლევებისა ქართული ლიტერატურისა და ისტორიის საკითხებზე.
ალ. ხახანაშვილი თავის დროზე მხურვალედ გამოეხმაურა აკაკის „განცხადებას“ ზეპირსიტყვაობის შეგროვების შესახებ, რაც მოთავსებული იყო 1995 წლის „კვალის“ №6-ში („კვალი“, 1895 წ., №13). 1910 წ. ზაფხული ალ. ხახანაშვილმა პატარა ცემში გაატარა აკაკისთან ერთად. 1911 წლის ზაფხულზე სავანის ეკლესიის და ჯრუჭის მონასტრის დასათვალიერებლად საჩხერეში ასული ალ. ხახანაშვილი აკაკისაც ეწვია სხვიტორში და ესაუბრა ქართული მწერლობისა და ცხოვრების საკითხებზე. ეს იყო მისი უკანასკნელი შეხვედრა დიდ ქართველ პოეტთან.
![]() |
1.58 სიტყვა, ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნაზე |
▲ზევით დაბრუნება |
1913 წ. 5 მაისს
ბატონებო! მრავალმეტყველება და ბევრი მითითება არ არის საჭირო იმისთვის, ვინც სიცოცხლეშივე ძალ-უნებურად ჩაესახა თვალსა და გულში მის თანამედროობას. - ამისთანას ეკუთვნოდა ისიც, ვის პატივსაცემლად დღეს აქ შევკრებილვართ. თვალწინ გვიდგია მისი ვერაგული სიკვდილი და გვიკვირს, თუმცა კი გასაკვირი არ არის-რა: ქრისტე მაცხოვარმა თორმეტი მოციქული აირჩია მთელ კაცობრიობაში და იმათთაგანი ერთი იუდა გამოდგა! - სადაც ვარდი იფურჩქნება, იქ ეკალიც ამოდის! ადამი-ანებშიც ასეა: შეგნებულებს შეუგნებლები უდგიან გვერდში და აი, სწორედ ამისთანებმაც ჩაიდინეს უსამართლობა! - დიახ, ჩაიდინეს, მაგრამ მათ-და უნებურად შეს-ძინეს კიდევ ერთი გვირგვინი მწუხარებისა და გულ-დაწყვეტისა. მთელი შეგნებული ქართველობა იგლოვს და სტირის თავის დაუვიწყარ შვილის დაკარგვას. იდეის მხრით დიდია ეს ქანდაკება და ამას ახლავ თქვენის თვალითაც ნახავთ.
(იმერეთი, 1913 წ., №50)
რედაქტორის შენიშვნები
სიტყვა, ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნაზე
1. ამ სიტყვის ავტოგრაფი დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელი საქ. სახ. მუზეუმში, H - 1499/7, ფურც. 22r.
2. ილიას ძეგლი მთაწმინდაზე „მწუხარე საქართველო“, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის ნამუშევარი, გაიხსნა 1913 წლის 5 მაისს. აკაკიმ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ თვითონ ჩამოხსნა ქანდაკებას საბურველი.
![]() |
1.59 ს. კაკაბაძის მოხსენების გამო |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყნიერების წინ-სვლა თვალსა და ყურზეა დამყარებული. მხოლოდ ნახული და გაგონილი ავითარებს გონებას, მაგრამ გაუმაძღარი გული არ სჯერდება მარტო ერთხელ ნახულს და ერთხელ გაგონილს და მოითხოვს კიდევ ახალ-ახალს. ეს მსოფლიო კანონია, რომ ავითარებს კაცობრიობას და მიჰყავს საკვირველებამდე, თორემ თუ ადამიანს შესძლებოდა ერთხელ ნახულით და გაგონილით დაკმაყოფილება და მეტი აღარ ეძებნა-რა, მაშინ ქვეყნიერების წინ-სვლა შეფერხდებოდა!.. მაგრამ დიდი საქმეა ცნობის მოყვარეობა და მკვლევარობა!... სამუშაოდ გამოსულ ქართველობას ყოველთვის ვსთხოვდით და ვსთხოვთ არა კაჭკაჭურად სხვების ნათქვამის განმეორებას... არა სხვების ნაღეჭის ცოხნას, არამედ თავის საკუთარ განგრძობისა და ნაფიქრალის გამოფენას, გინდ შემცდარიც იყოს! მკვლევარობა დიდი საქმეა და მისი შედეგიც სასარგებლო!..
ჩვენ, ქართველებს გვქონდა დიდებული წარსული, რომელზედაც ბევრი რამ გაგვიგონია და მიგვიღია შეუმოწმებლად. ჩვენს ისტორიკოსს დ. ბაქრაძეს, გუჯრების გამომცემელს ბ. ფურცელაძეს ისეთი უცნაური შეცდომა შეეპარათ თავ-თავის თხზულებაში, რომ მისი გასწორება და ახსნა წერილობით დღეს მოუხერხებელია. დიახ, ჩვენს წარსულს ეჭირვება გამტკიცვა და საჭირო არიან მკვლევარები. ბ. აკადემიკოსმა მარმა გვიჩვენა მაგალითი და მას სხვებიც მიჰყვენ. - ამ ახალ-გზაზე დადგომა, ამ კვალის ძებნა თავის თავად კეთილი მოვლენაა. გზა-დაბნეულად გზის ძებნა სჯობია გაურჯელად შინ გდებას. - ერთი ამ მკვლევართაგანს ეკუთვნის ახალგაზდა სარგის კაკაბაძეც, რომელსაც 17 მარტს თბილისის საქალებო უმაღლეს კურსებთან არსებულ ეთნოგრაფიისა, ისტორიისა და ენათა მეცნიერების საჯარო კრებაზე წაუკითხავს მოხსენება თემაზე „როდის ცხოვრობდა ქართველების გამოჩენილი პოეტი შოთა რუსთაველი“. ამ მოხსენებას აუღელვებია საზოგადოება და პრესაც: როგორ გაბედა, რომ შოთა თამარს მოაშორა და სხვა საუკუნეს მიაწებაო? და რა არის აქ ან საწყენი და ან საუკადრისო?
განა თამარ მეფის დიდებას დააკლებს რასმე ურუსთავლობა და ან „ვეფხისტყაოსანს“ უთამარობა? ისინი ორივე თავის თავად თვალუწვდომელი მნათობები არიან საქართველოს ისტორიულ ჰორიზონტზე... დიდი გენიოსები... გენიოსობა არის ეროვნების ნაყოფი. მხოლოდ გენიოს ერს შეუძლია წარმოშობოს ვინმე გენიოსი - ესე იგი განმახორციელებელი და განმაერთებელი იმ საგენიოსოს ნაწილების, რომელიც აქა-იქ, ხალხშივეა გაბნეული. თამარ მეფე წარმოშობა ოქროს ხანამ. ისეთივე ხანა ეჭირვება რუსთაველის წარმოშობასაც, და მაშ მითი, რომ ორივე ერთსავე დროს არ იყოს წარმოშობილი, რა დააკლდება ჩვენს ისტორიას, რაც არა მიემატება: მაშინ ის გამოჩნდებოდა, რომ მეთორმეტე საუკუნის გარდა, ჩვენ კიდევ გვქონია სხვა საუკუნოებიც!.. ამის დამტკიცებას რომ შეიძლებდეს მკვლევარი, მე პირველი ვეტყოდი: „შენ პირს თაფლი“ მეთქი. ეს საეჭვოა, მაგრამ თვით მის მისწრაფებაში და სურვილში რა არის ყბად-ასაღები? პირიქით, მოსაწონიც არის... მე თვითონ არ ვარ დარწმუნებული, რომ „ვეფხისტყაოსანი“ თამარის დროს იყოს შეთხზული!... ის უნდა იყოს დაწერილი არა ბედნიერების დროს, არამედ როცა უბედურობაში ჩავარდა საქართველო და ქაჯეთში დატყვევებულ ნესტან-დარეჯნის გამოხსნა ტარიელის, ფრიდონის და ავთანდილის შეერთე-ბულის ძალით პროგრამაა და წინასწარმეტყველობაა მომავ-ლის!.. და არის მისთანა კაცისაგან დაწერილი, რომელიც თამარ მეფის ბედნიერ დროსაც მოსწრებია სიყმაწვილეში და რუსუდანის შავ-დღეებსაც სიბერეში. მე მგონია, რომ რუსთაველმა ნებით თუ უნებლიეთად იერუსალიმში ჯვარის მონასტერში დამწყვდეულმა სიბერის დროს დასწერა ეს საარაკო თხზულება.
აი, ამგვარი იჭვები იმას გვიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ არა გვაქვს გამოკვლეული: როდის დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“, და ამიტომაც ჩვენ ჩვენის მხრით მადლობით მივეგებებით მკვლევარის სურვილს და ვთხოვთ, რომ იმან დანიშნოს დრო, შეაგროვოს ქართველი საზოგადოება და წაგვიკითხოს თავისი რეფერატი!. მიიწვიოს საკამათოდ ისინიც, ვინც უკმაყოფილონი არიან. ორივე მხარემ წარმოადგინოს თავთავისი საბუთი და მაშინ დავინახავთ სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში, სიმართლეც რომ არ გამოჩნდეს, მაინც დიდი საქმე იქნება ეს შეკამათება და ფრთებს შეაკვეცს იმ მითქმა-მოთქმასა და „ძმაბიჭობით“ ხმის უმეტესობით მოგროვებულ ჭეშმარიტების დამტკიცებას, რომელიც მესამოცე წლებს აქეთ გამეფებულია ჩვენში!..
ერთი ჭეშმარიტება, თანამედროვეთაგან გინდ ყბადაც აღებული, უფრო ძლიერია და საბოლოვო, ვიდრე თანამედროვე ბრბოს ჰიპნოტიზმით და წამხედურობით, ათას-გვარად ბღავილით გაბერილი ვინმე, ან რამე, რომელიც შემდეგისთვის სიზმარივით ჰქრება.
(თემი, 1913 წ., №117)
რედაქტორის შენიშვნები
ს. კაკაბაძის მოხსენების გამო
1. სტატია დაიბეჭდა გაზ. „თემში“, 1913 წ. 1 აპრილის №117-ში.
![]() |
1.60 სიზმარი |
▲ზევით დაბრუნება |
გადასულ ერებში, ყველაზე უფრო ურიები მომწონს. სიტყვა „ურია“ ჰნიშნავს დიდს და მართლაც, რომ ძველად ოდესმე, როგორც სულიერი მკვლევარი და კერპობის დროსვე „ერთღმერთობის“ მიმდევარი, დიადი ყოფილა ურიობა. არც ერთ ერთაგანს ბიბლიისებური ჩვენთვის არა დაუტოვებია-რა. იქ არა თუ „შექმნათა საკითხავი“, „მეფეთა წიგნი“, „საწინასწარმეტყველოები“ და სხვანი შესანიშნავია, უბრალო იგავ-არაკებსაც კი გენიოსობის ბეჭედი ასვიათ. ავიღოთ სამაგალითოდ ერთი მათგანი: ნაბუქოდონოსორ მეფემ, ქვეყნად განდიდებულმა და გაზვიადებულმა, მოინდომა ზეცის გამოკვლევა და ღვთის გატოლება. დაიწყო „გოდოლის“ შენება. თითქმის ცამდე მიიყვანა, ბევრი აღარა აკლდა-რა, მაგრამ უცბად დაინგრა-დაიშალა შენობა; გაიფანტა შეშინებული ერი და აერიათ ენა. - რას გვიხატავს ეს იგავ-არაკი? - ქვეყნიერობას და მის განვითარება-სწავლას. - კაცობრიობა იზრდება, წინ-წინ ადგამს ბიჯს, აუყვება ცხოვრების გოდოლს, ჯერ პირველ საფეხურზე ადის, მერე მეორეზე და ამგვარად აღარა რჩება-რა ქვეყნად დაუმორჩილებელი: მთა და ველი გადალახა ელექტრონის ძალით, ზღვას იმორჩილებს, ჰაერში დაფრინავს, უახლოვ-დება ცას, მაგრამ ამ დროს უეცრად რაღაც მოულოდნელი, უცნაური, სტიქიონური ძალი გამოჰკრავს ფეხს და ანგრევს საუკუნოების ნაშენს... კაცობრიობა დედამიწაზე განართხული, ხელახლა იწყებს იმის „ანა-ბანას“, რაც ასისა და ათასის წლის წინეთ ჰქონია, თუმცა სხვა გვარად, მაგრამ მაინც გამოკვლეული. ასე ყოფილა დასაბამიდან სოფლისა და ასე იქნება მის დასასრულამდე. ჩვენი ცხოვრება და მისწრაფება „ბაბილონის გოდოლის“ გებაა. გამაგრდება ოდესმე ეს „გოდოლი“, მიაწევს ზეცამდე? - რასაკვირველია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ საძირკვლად იმ „გოდოლს“ დაედება მცნება და მოძღვრება ქრისტესი, რამოდენიმე სიტყვით გამოხატული: „იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“-ო, „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარ-ცა თავი თვისი“-ო და „მიუტევე, რათა მოგეტეოს“-ო.
სულ თავდაპირველად ქრისტიანობა ბიზანტიამ და ივერიამ მიიღო, მაგრამ პირველმა სისხლის თხევით გაავრცელა ის, რაც წინააღმდეგი იყო ქრისტეს მოძღვრების და მეორემ კი მარტო წყლით და ნათლის-ღებით შეიმოსა მშვიდობიანად, უფრო წინდახედულად და სასოებით. და მიტომაც საქართველო, ეს პატარა და რიცხვ-მცირე საქრისტიანო სამეფო, იმდენად გაძლიერდა, რომ გაუტოლდა დიდ სახელმწიფოებს და მაშინდელ სახელ-განთქმულ აზიაზე გავლენა ჰქონდა. - იმ ხანებში არა თუ მარტო მცხეთაში, სიონში, სამთავისში, საფარაში, ქუთაისში, გელათში და სხვა ამგვარ დიდ მონასტრებში, სოფლებადაც კი, რომელიც მოფენილი იყო ეკლესიებით, გაისმოდა ტკბილი ქართული ღვთის მსახურება და მეფე-მთავართ მოხსენება... ამასაც რომ არ სჯერდებოდენ, ქართველებს გადაჰქონდათ თავისი ღვთის მსახურება უცხოეთში, ბიზანტიის სხვადასხვა ქალაქებში და აშენებდენ მონასტრებს საკუთარის ხარჯით, იმ მონასტრებთან ერთად იყო გამართული სკოლები, სადაც ბერძნულ-ქართულზე გაწვრთნილი ახალგაზდობა უბრუნდებოდა სამშობლოს. ერთი ამგვარ-თაგანი იყო აგებული იქაც, სადაც მაცხოვარმა თავისი ფეხით მიმოიარა ადგილები, ესე იგი, იერუსალიმში, - „ჯვარის მონასტერი“. იქ ცხოვრობდენ ქართველი მღვდელ-მონაზვნები და წინამძღვრად ჰყავდათ არჩეული მამა ქრისტეფორე, ათონს, მთა-წმინდაზე გაზდილი და გამოწვრთნილი, სულითა და გულით ქართველი. აი ამისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობდენ წმინდა მამები და ღვთის მსახურების მაგალითს აძლევდენ სხვებსაც.
ახალ გაზაფხულზე, ნააღდგომევს, წირვა-ლოცვით დამაშვრალი წინამძღვარი, სკამ-ლოგინზე იყო ნახევრად წამოწოლილი და ქარვის კრიალოსანს ათამაშებდა, მის წინ სამფეხა სკამზე იჯდა ახალგაზდა მორჩილი და საუბარი ჰქონდათ გაბმული: „შვილო ნეოფიტე! დღეს როგორღა არის შენი ავადმყოფი?“ დაეკითხა ქრისტეფორე.
- მარადულად. - მიუგო ახალგაზდამ. - ვეღარა გამიგია რა!.. ყველა კარაბადინები გადავიკითხე და იქ ვერა ვნახე-რა მისთანა, რომ მიუდგეს.
- მართლა რომ ახირებული ავადმყოფია! მხოლოდ წირვა-ლოცვის დროს არის დამშვიდებული და ისე კი სხვა დროსა, გვემულსა ჰგავს. გაჭრილი ველად, დღისით ხეს შეჰღაღადებს და ღამ-ღამობით მთვარესა და ვარსკვლავებს შესჭიკჭიკებს...
- განა მარტო გარეთ?.. შინაც, როცა მარტოა თავისს სენაკში, ვერ ისვენებს და შფოთავს. ბევრჯელ, კარებზე მიმდგარს, დამიგდია ყური და შინ შესვლა კი ვერ გამიბედნია! ხან იცინის, ხან სტირის, ხან ვიღაცას უჯავრდება და ხან უტკბება. თითქო ჯარი ჰყავს გარს შემოხვეულიო, სხვადასხვა ვინმებს სხვადასხვანაირად ესაუბრება. ვაკვირდები და ვერა გამიგია-რა! გვემულ-ეშმაკეულს არა ჰგავს და, არც კი უმისობაა!..
- არა, შვილო! გიჟი არ არის! მანდ საეშმაკო არა არის რა! ეგ მხოლოდ ჭმუნვისაგან უნდა იყოს ატანილი.
ეგ უბრალო ადამიანი არ არის. აქ რომ გადმომიყვანეს, ჩემმა წინა მოადგილემ ვეღარ მოასწრო ეთქვა ჩემთვის: ვინ არის ეგ მოხუცი. თვისის ნებით არის აქ მოსული თუ ძალით გამოგზავნილი? მაგრამ მე კი ჩემად რამდენადაც ვიცი, ერთ დროს ეგ შესანიშნავი იყო: ახალგაზდა მოესწრო თამარის დროს და მისის თვალით ნახა საქართველოს ძლიერება. გამოჩენილი იყო ეგ თამარ მეფის ხელში, მისი თანამძრახველი და ეგეც „ქებათა-ქებას“ უძღვნიდა ჩახრუხას სახელით საარაკო ქმნილებას.
სწორედ ამ საუბრის დროს მოადგა სენაკის კარებს ახოვანი ღრმა მოხუცი. თავზე თუშური ქუდი ეხურა, ტანზე აბგა ჰქონდა მოდებული და ზურგზე ტვირთი ეკიდა. მის ნახვაზე შეკრთენ მოძღვარ-მოწაფე. ნეოფიტე ზეზე წამოდგა, ქრისტეფორე წამოჯდა და გასწორდა. მოხუცი წარსდგა წინამძღვრის წინ სიმდაბლით, მოიხსნა ტვირთი და აკიდული ეტრატები დაუდვა წინ წინამძღვარს.
- ეგ რა არის? - ჰკითხა ქრისტეფორემ.
- ჩემი ნაჯღაბნი საწინასწარმეტყველო! სახელად „ვეფხისტყაოსანი“.
- რაო?!. ვეფხის ტყავი და წმინდა საწინასწარმეტყველო?
- დიახ! - სახელწოდება ვერც აამაღლებს და ვერც დაამდაბლებს საგანს.
- მე მაინც ვერა გამიგია რა!..
- ეს გახლავსთ ზღაპარი! აქ ამ ზღაპარში ის არის ნათქვამი, რაც მე ცხადად მინახავს და წარმომიდგენია მომავალშიაც. საქართველომ თავის თავში განიხორციელა თამარ მეფე და იმანაც შეიმოსია საქართველო ასე, რომ ორი ერთად შეადგენენ ერთს. მე ვსცხოვრობდი თამარის დიდებულ დროს, ჩემის ხელებით დავაყარე მიწა მის კუბოს და მოვესწარი იმ უბედურ დროსაც, როცა მისმა მემკვიდრეებმა გადაუხვიეს დედა-მათის საღმრთო სხივებით გაბრწყინვებულ გზას... ლაშა გიორგიმ მამაკაცებს და რუსუდანმა დედაკაცებს გაუდიადა ვნებათა ღელვა - მაშინ შეიბორძიკა საქართველომ და დღითი-დღე უკან და უკან მიდის!.. და როდესაც იქნება მიაღწევს უფსკრულამდე... მაგრამ დედა-ღვთისა არ გასწირავს „მის წილხვედრს“ და გამოიხსნის. აი ეს გავითვალისწინე მე და თამარ მეფე, ესე იგი, თვით საქართველო გამოვხატე ნესტან-დარეჯნად. ავწერე მისი სხივოსანი დრო, მოვიხსენიე ის ხანებიც, როცა იმას მაღლით რისხვა ატყდებოდა თავზე და როგორ ამოჰყო თავი ქაჯეთის ციხეში, ცხრა-კლიტულში. ბოლოს უმახარობლე ქვეყანას მისი ტყვეობიდან გამოხსნა და მიუთითე იმ გზასა და საშუალებას, თუ რომელსაც უნდა მიეცენ მხსნელნი.
ვერც ტარიელი, ქართლ-კახეთის წარმომადგენელი, მისის საარაკო რაინდობით, ვერც ავთანდილი, განხორციელებული იმერეთი და ვერც ფრიდონი შავ-ზღვის პირის შვილი, აფხაზ-მეგრელ-გურულ-აჭარელთა ჯარი, ცალ-ცალკე ვერას გააწყობენ, თუ ყველა ერთად, შეერთებულად, არ მიადგენ ქაჯეთს. და მაშინ კი, გამოხსნილ ნესტან-დარეჯანს შეეცვლება ჭირი ლხინად.
აი ის წინასწარმეტყველება, ნაოცნები ჩემს „ვეფხისტყაოსანში!“ აი ამას გიტოვებ ანდერძად, წმინდა მამაო, რომ ეს გადასცე ქართველობას საშვილიშვილოდ და მე კი, როგორც ხორციელად ცოდვილს, მათქმევიე აღსარება და შემინდე ცოდვანი, რადგანაც, ვატყობ, რომ მალე მოვშორდები წუთისოფელს და მიახლოვდება სიკვდილი, ყოველთა აუცილებელი.
სადაც „ჯვარის მონასტრის“ კედელზე მე დახატული ვარ ჩემი ხელითვე, სწორეთ იმ კედლის პირას, ჩემ ნახატქვეშ გამითხარეთ სამარე.
არ გასულა ერთი თვე, რომ კელაპტრებით გაბდღიალებულ და ხალხით გაჭედილ ტაძარში ასაფლავებდენ ახირებულ მოხუცს და გუნდი მგალობელთა ხმატკბილ-ქართულად გაიძახოდა: „წმინდათა თანა განუსვენეო“.
გამომეღვიძა!.. ეს რა სიზმარი ვნახე გადასულის, შვიდასის წლის ამბავი!? ეს არის ცხადი, სიზმრად ჩაყოლილი.
არსდება ჩვენში „რუსთველის საზოგადოება“, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს ყოველი მისი ბიჯი, მისი სიტყვა და რაც კი რამ შეეხება რუსთაველს, აღადგინოს მკვდრეთით. მასთან ერთად გაიღვიძებს თამარ მეფეც, რომლის საფლავიც კი მივიწყებულია დღეს.. - დედაო ღვთისავ! სვიმონ მოხუცებულმა მიირქვა ყრმა, ძე შენი, 29 წლის წინათ მისი ქვეყნად გამოჩენისა და რქვა მას: „გიხილე თვალთა ჩემთა“, „აწ განმიტევე მონა შენიო“.
სწორედ მეც ასე ოცნების თვალით წინასწარ-მხედველი ჩემი სურვილის აღდგენისა, გევედრები: „აწ განმიტევე მონა შენი“.
(თემი, 1913 წ., №121)
რედაქტორის შენიშვნები
სიზმარი
1. ამ სტატიის ავტოგრაფი დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელი საქ. სახ. მუზეუმში, H-1501/12; ფურც. 63r - 62r.
დაიბეჭდა გაზ. „თემში“, 1913 წ., №121.
![]() |
1.61 ნადუღი |
▲ზევით დაბრუნება |
ნეტავ, თუ იყოს ისეთი ადამიანი, რომ სიცოცხლეში ხანდახან მაინც არ ემღეროს!.. შეიძლება ხმა არ ვარგებოდეს, კილო არ სცოდნოდეს, არც სამუსიკო სმენა ჰქონდეს და მიტომ საჯაროდ, სხვებთან ვერ გაბედოს მღერა, მაგრამ მარტო თავის თავთან რომ დარჩენილა, ერთხელ მაინც რომ არ წაეღუღუნებიოს, შეუძლებელია. მუნჯიც კი მინახავს, რომ ღიღინებდა. ეს ასეთი მოთხოვნილებაა ცოცხალი ადამიანისათვის, როგორც დახველება, ცხვირის დაცემინება, დამთქნარება და სხვანი… სწორეთ ამისთანა რამ არის მელექსეობაც: არ ნახულა მისთანა მწერალი, არც დრამატურგი, არც რომანისტი, არც პუბლიცისტი, არც კრიტიკოსი და სხვა, რომ თავდაპირველად მოლექსედ არ გამოსულიყოს... ლექსები არ ეწეროს და მერე არ დადგომოდეს თავის გზას. ეს საქვეყნო კანონია და თუ ასეა, რაღა უნდა იყოს ქართველობა, რომელიც ეს რვაასი წელიწადია, ისე მოხიბლულია „ვეფხისტყაოსნით“, რომ შაირ-სიტყვაობა საადვილოდ და უბრალო რამედ მიაჩნია!.. ბევრი მინახავს რომ პროზით მოკითხვის წიგნსაც ვერა სწერდენ და შაირები კი ეხერხებოდათ. მათ რიცხვში მაღალ ნიჭიერებიც კი ურევიან. ავიღოთ სამაგალითოდ პოეტი გრიგოლ ორბელიანი: მისის ლექსების წაკითხვით ვინ არ დამტკბარა, მაგრამ პროზა კი არ ეხერხებოდა. გიორგი წერეთელს ერთხელ შენიშვნები მისცა, კრიტიკა დაუწერა და პატარა ბროშურად გამოსცა. იმ ბროშურას ფსევდონიმი აწერია: „ძველი სემინარიელი“. წაიკითხეთ და იქიდან გაიგებთ, რომ მის დამწერს პროზით წერა არ შესძლებია. დრამატურგმა გიორგი ერისთავმა ერთხელ მარლინსკის მოთხრობა „მოლლანური“ გადმოთარგმნა და მის გამოცემულ „ცისკარში“ დაბეჭდა. წაიკითხეთ და გაიგებთ, თუ რა ქართული სცოდნია!
რაფიელ ერისთავმა მესამოცე წლებში რომანი დასწერა: - „ნინო“, ისეთის უხერხულის პროზით, რომ არა მჯერა მის ნაწერად!... დიდის, პატარის, მაღალის თუ დაბალის, ყველას გრძნობა-გონება ისე შეკრულ-შებოჭილი იყო რუსთველისაგან, რომ ყველას თავი მგოსანი ეგონა.
ძველად, როცა სხვა თავშესაქცევი არა იყო-რა ჩვენში, ხალხი რომ თავს მოიყრიდა, სხვადასხვა გუნდებად იყოფოდნენ და გაუშაირდებოდენ ხოლმე ერთმანეთს. ეს ჩვეულება, ბარად გადავარდნილი, დღეს კიდევ შერჩენილია მთებში, მაგალითად ფშავეთში!.. აქ ძვირად ნახავთ მისთანა ფშაველს ქალს, გინდა კაცს, რომ თავს მოშაირედ არა სთვლიდეს. უკეთესი მესტვირეები - „საზანდრები“ რაჭიდან გამოდიან! რაც საუკუნოების ჭირ-ვარამმა ვერა დააკლო რა საქართველოს, ის ასი წლის თავზე ხელის სმამ შესძლო და დღევანდელი ქართველობა მხოლოდ ლანდიღაა წარსულისა! გადასული ყოლიფერი მივიწყებულია და მათ რიცხვში ძველი მწერ-ლობაც. რუსთველისებურ ოთხ-რითმიანს და თექვსმეტ მარცლოვან შაირს დღეს აღარავინ სწერს!.. სამაგიეროდ შემოვიდა სხვადასხვა გვარი ლექსები და წაიღო ყურთა სმენა! ვისაც ქართული „ანა-ბანა“ უსწავლია, მაშინვე უნდა რომ მოლექსეობით თავი იჩინოს. და ათში ორს თუ ჰნახავთ, რომ ლექსს არა სწერდეს! - სწორედ სნეულებათ-სახადათ არის გადაქცეული მოლექსეობა და უგნურება და „ძმა-ბიჭობაც“ ხელს უწყობს ამ ჭირს. ტყვილა კი არ არის ნათქვამი: „როგორიც ალხანა, მისთანა ჩალხანაო!“ დღევანდელი პუბლიცისტები და კრიტიკოსები ზოგი გაუგებრობით და ზოგიც განძრახ, ჰბერავენ ხოლმე პატარ-პატარა ტიკჭორებს. და ისინიც დიდ-კაცებად გადაქცეული, გამაგრდებიან ხოლმე საზოგადოებაში და თავი დიდ-ვინმედ მოაქვსთ! თითქო ერთი-ოთხი უხერხული ლექსის დაჩხაპნა მართლა დიდი შრომა და მოღვა-წეობა იყოს!.. ისინი კი დარწმუნებული არიან, რომ იმათთვის სწავლა- განათლება და გრძნობა-გონების გავითარება სრულიად საჭირო არ არის, რადგანაც ისინი ზეგარ-დმო ჩაგონებით არიან გამსჭვალულნი და ღმერთი ელაპარაკება მათ! საკვირველია!. ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მე ლექსებს ვსწერ, სხვა ხელობა არა მაქვს რა და ერთხელაც არ მახსოვს, რომ ღმერთი დამლაპარაკებოდეს!.. მაგრამ დავანებოთ თავი ყვედრებასაც და ვედრებასაც და გადვიდეთ პირდაპირ მელექსეობაზე!.. რომ გავცხრილოთ ჩვენი მრავალ-რიცხოვანი მოლექსეები, ორი-სამი თუ გამოდგება მისთანა, რომ მართლა პოეტად იყოს დაბადებული. და ისინიც თუ ნიჭს საზრდოს არ მისცემენ... არ შეიმუშავებენ, არ ვარგიან! და ტყუილად სხვა ნამდვილ, მათ შესაფერ გზას სცდებიან. ეს მოლექსეობის სენი, შესაყარი და მოსახადი, არა თუ მარტო ახალგაზდებს და სუსტებს შეეყრებათ ხოლმე, დიდებსა და ჭკვიანებსაც კი ემართებათ. მაგალითს მოვიტანთ:
ამ დღეებში ბ. ილია ჭყონიამ გამოსცა ერთ წიგნათ თვისი ნაწერები. ამ წიგნში ნახევარი ლექსებია და ნახევარი პროზა. ლექსები ზოგი მიბაძვაა, ზოგი ნათარგმნი და ზოგი საკუთარი. კითხულობ ლექსებს და მოგწონს; აქ ენაც კარგია, ლექსთა წყობაც და აზრიც. გრძნობაც არის და გონებაც. ჰხედავ, რომ დამწერი ჭკვიანიც არის და ნიჭიერიც! მაგრამ პოეტი კი არ არის!... აკლია ის საიდუმლოება, რომელიც დამწერსა და წამკითხველს შუა საიდუმლოდ გადამჯაჭველია. სამაგიეროდ გადადიხარ პრო-ზაზე და აღარ იცი რა სთქვა. პოეტურად ჩამოსხმული მარგალიტებია! ეს პატარ-პატარა მოთხრობები, სადაც სულ უბრალო რამეზეა საუბარი, სულსა და გულს ჰხვდება! რამდენჯერმე გინდა, რომ წაიკითხო. ერთხელ წაკითხვა არ კმარა! იქარგა... იქარგა ქართული ქართველის სულსა და გულში ქარ-ცეცხლად გატარებული. აქ არც სხვისი კაჭკაჭური მიმბაძაობაა და არც სხვილ-სხვილი იდეების გამოდგომა... სულ უბრალო რამ, თითქმის უმნიშვნელო შემთხვევა არის მოქარგული. როგორც გრილი სიო მხურვალე ზაფხულის დღეს, ისე ხვდებიან ეს პატარ-პატარა მოთხრობები ქართველის გრძნობა-გონებას. ავიღოთ ერთი მათგანი - „ბრუსილოვი მოკლეს“. ვის არ გაუგონია იმერეთში ეს ნამდვილი ანეგდოტისებური შემთხვევა. ავტორს ამ პატარა შემთხვევაზე გადაუკავშირებია სახალხო ზნე-ჩვეულება: ლხინი, ჯირითი, ბურთაობა და სხვა, რომ კითხულობ, ასე გგონია, ახლა ხდება ეს ყოლიფერი და მეც მონაწილე ვარო!.. სწორეთ ამგვარივე მწერალი იყო საფრანგეთში გიუ დე-მოპასანი... ეს ორი სხვადასხვა ერის მწერალი, ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ მოპასანი ფრანგი იყო და მიტომ საქვეყნოთაც გაითქვა სახელი და ეს ჭყონია კი ქართველია და ვინ მიაქცევს ყურადღებას. მე კი ჩემის მხრით მადლობას ვსწირავ.
(თემი, 1913 წ., №138)
რედაქტორის შენიშვნები
ნადუღი
1. ამ სტატიის ავტოგრაფი დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელ. საქართველოს სახ. მუზეუმში, H-1500/10, ფურც. 48r - 49v.
გამოქვეყნდა გაზ. „თემში“, 1913 წ., №138.
2. აკაკის სტატია დაწერილია ილია ჭყონიას თხზულებათა ერთტომეულის გამო. ამ წიგნის სათაურია: „ილია ჭყონიას ნაწერები. თავისთავადი და ნათარგმნი“, თბილისი, 1913 წ., 608 გვ.
ილია ჭყონია ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა წვრილ-წვრილ ლექსებს, საოხუნჯო ესკიზებს დღიურ ჭირ-ვარამზე, ნარკვევებსა და მოთხრობებს. მან თარგმნა პოემა „პოლტავა“, რილეევის პოემა „ვოინაროვსკი“, დასწერა პოემა „მურზაყან დადეშქელიანი“. ი. ჭ-ს ჰქონდა აგრეთვე პუბლიცისტური ნაწერებიც.
ი. ჭყონიას ცალკე კრებულები გამოდიოდა თ. მაგმაძის ფსევდონიმით („კალმის მონასმი“, თბილისი, 1903 წ. და „ჭოლოკი“, თბილისი, 1903 წ.). ი. ჭ-ს ეკუთვნის წინასიტყვაობა გ. ავალიშვილის პოემისა - „ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი“, თბილისი, 1884 წ.
პეტერბურგში 1910 წელს მეცნ. აკადემიამ გამოსცა ი. ჭყონიას ლექსიკონი „სიტყვის კონა“ (საბა-სულხ. ორბელიანის და დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონებში გამოტოვებული სიტყვები).
![]() |
2 თეატრი, დრამატურგია, ხელოვნების საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 ცნობა ქუთაისიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი ქუთაისი ისეთს დარდიანობაშია ჩავარდნილი, რომ არ იცის, თუ როგორ გაიქარვოს სევდა და თავის მძიმე ტვირთით, მწუხარებით ჯდება ფაიტონში და დახრიგინობს მტვრიან ქუჩებზედ, თორემ სხვა გასართობი საშუალება მას არა აქვს-რა!... ათასში ერთხელ, როგორც უდაბნოში დამშეულ ებრაელებს მანანა, თითქოს ციდან ჩამოუვარდება ხოლმე სპექტაკლები. ამ წარმოდგენებზედ ხალხი მიდის, მაგრამ მიდის მონურის განძრახვით, სხვისი მომადლებით და არა თავისუფლად, საკუთრად თავის სასიამოვნოთ და მით თვალწინ გვიხატავს იმ ბატონყმობის დროს, როდესაც დაჩაგრული და ზნეობა გაქვავებული მონები, რაღაც უიმედოთ, უგულოთ, ცოცხალ-მკვდრულად ატარებდენ თავიანთ დროს, ეტენებოდენ ღობე-კედლებს, რომ იქ მიფარვით მიეძინათ და თუ როდისმე ბატონი გახალისებული უბრძანებდა მათ მოლხენას, ისინიც სულმკვდრად და ძალდატანებულის ღიმილით მოძახებდნენ ხოლმე: ხა! ხა! ხა! ხა! რომ თანაგრძნობით, თუ არ მომადლებით ჩვენი ხალხი არ მიდის წარმოდგენებზედ, ამის დამტკიცება ბევრჯერ გვქონია და ამ დღეებშიდაც ვნახეთ, როდესაც სომხებმა წარმოადგინეს პიესები, სომხურად და ქართულად სანაქებოდ და მოსაწონათ. - ქართულს ენაზე ითამაშეს დრამა: „შუშანიკის წმება“ და სომხურზედ ვოდევილი: „მოხუცებულების ჭკუის სწავლება“. უნდა გამოვტყდე, რომ მე უფრო მისთვის წავედი თეატრში, რომ დავკვირვებოდo თუ როგორ მიიღებდნენ ჩვენი ქალები „შუშანიკის წამებას“, და რა გვარად იმოქმედებდა მათზე ის წამების სურათი. წინდაწინვე არ ვფიქრობდი ჩვენი ქალების სასარგებლოდ, აი რა მიზეზებით: ჩვენს ქალებს არც დრო და არც ის წრე, რომელშიდაც ისინი დგანან, არ აძლევენ იმისთანა საზრდოს, რომ ისინი სულით ამაღლდენ და გულით გასპეტაკდენ. ამდროულ ჩვენს ქალს უკიდურეს ტრაგიკულ მწუხარებათ ის მიაჩნია, თუ სადმე მეჯლისში ვერ წავიდა და თუ წავიდა და კადრილი არავინ ეტანცავა. მისი სული მხოლოდ მაშინ შეძრწუნდება, თუ სხვა ქალის ტანზედ უკეთესი კაბა დაინახა და გულიც მაშინ აუდუღდება, თუ ქმარმა ლოტოს სათამაშოთ არ გაუშვა, თორემ სხვა მოთხოვნილებები არც აქვს და არც დაეძებს მათ და მათი ბრალიც არ არის ეს. ვინ გამტყუნებს მათ? არვინ. კოკასა შინა რაცა დგას, მხოლოდ ის წარმოდინდება. მაშ ამ მოკლე გრძნობების პატრონ ახლანდელ ქალებს როგორ შეეძლოთ, რომ გაეგოთ და თან ეგრძნოთ შუშანიკისათვის, იმ მაღალ გრძნობიან და სასიქადულო ქალისათვის, რომლის მსგავსებით სავსე იყო ძველ დროში საქართველო და სომხეთი... სომხეთში გამოჩენილის გვარის მამიკონიანის ქალს შუშანიკს ირთავს ერთი საქართველოს ძლიერი მთავართაგანი ვასგენ, რომელიც თავის ცოლს შვიდი წლის განმავლობაში სტანჯავს საპყრობილეში, რომ ქრისტიანობის სჯული დაატოვებიოს და გააკერპთ-მსახუროს, არა მისთვის, რომ ის უპირატესობას აძლევდეს კერპობას ქრისტიანობაზედ, არა, მხოლოდ მისთვის არ ზოგავს თავის მოძმის სომხის ქალს და თავის ცოლს, რომ მათი ორივეს მოსისხარი მტერი სპარსეთი გაახაროს. მაგრამ მაღალ-სულოვანი დედაკაცი თავის მოქმედებით ჰკიცხავს ბოროტ ვნებაებით ავსილ მამაკაცის მოქმედებას და თავის სამშობლოსა და სარწმუნოების გულისათვის ითმენს ყოველივე სატანჯველს, აი ამ შუშანიკის როლს ადგენდა სათინიკი და ადგენდა სწორეთ სანაქებოთ საზოგადოთ; მაგრამ ის ადგილი, როდესაც მთავარი ურისხდება თავის ცოლს და აძლევს წინადადებას: „ან იტანჯე და ან გაკერპდიო“, მართლა რომ შესანიშნავი იყო ხელოვნურის თამაშობით: მრისხანე მთავარი, მტარვალი, პირიდან დორბლის ყრით ურისხდებოდა სუსტ დედა-კაცს, მაგრამ იმ დროს შუშანიკი (სათინიკ) რაღაცა მაღალ გრძნობებით განათლებული, უსიტყვოდ, ესე იგი ხმა ამოუღებლად, შეჰყურებს მრისხანე ქმარს და აი რას ხატავდა მაშინ მისი სახე ისე, რომ სიტყვები აღარც კი იყო საჭირო: რას მრისხანებ, ჩემო ქმარო და მთავარო! დროთა ვითარებამ, მისმა მტარვალობამ და ხალხის უგუნურმა მიუხვედრობამ ჩვენს ცოლ-ქმრობით კავშირს მისცა რაღაც მონური ხასიათი. თუმცა მე უნდა ვიყო შენთან მეგობრულის, თანასწორის კავშირით შეერთებული, მაგრამ ვაი, რომ ჯაჭვი მაქვს მობმული უსამართლოდ და ის ჯაჭვიც შენ გიჭირავს უკანონოდ მაგარის და მძლავრის ხელით. დრო და ხალხის უგუნურება შენ გეხმარება და მეც, ამ ოდესმე მოსასპობელ, მაგრამ დღეს მტარვალ კანონს უნდა ვემონო, რადგანაც მარტო ჩემთვის არ არის ეს კანონი, მაგრამ საზოგადოა დედათ სქესისათვის; რაღა გაეწყობა, ჩემი გვამი გეკუთვნის შენ, შეგიძლიან ისე მოიხმარო, როგორც გსურს, მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ მე მაქვს სული, ჩემშიც არის ზნეობითი მხარეებიც, რომელიც მთლად ეკუთვნის ჩემს სამშობლოს და მის სარწმუნოებას. ამგვარ რამეს ახლანდელი ქალები სიზმარშიდაც ვერ ნახვენ და რასაკვირველია ეს სცენა იმათ არ ეჭაშნიკებოდათ; და მართლადაც პუბლიკა ისე მოიქცა, როგორც ეკადრებოდა; მოჰყვა სიცილ-ხარხარს!!.. ორიოდე-სამიოდე მსმენელთაგანმა უკმაყოფილობა გამოაცხადეს მის უადგილო ქცევაზედ და მოკისკისე ქალბატონებს ძალიან უკვირდათ! რაო და, ჰფიქრობდენ გუნებაში, ორი მანეთი გადამხდა, ორი შაურის მაინც არ უნდა გავიცინოო. ეს ხომ კანონიერი სარგებელია და მაშ რაღას მიედებ-მოედებიან უსამართლოთაო და სხვ... საზოგადოთ გვარიანი მოლხენა იყო, მაგრამ ბოლოს კი, როდესაც უ. ამერიკიანი შემოვიდა, სომხეთიდან გასულის მოხუცის როლში და მოუყვა მომაკვდავ შუშანიკს მისი საყვარელი სამშობლო ქვეყნის, სომხეთის ჭირნახულები და თავის გადასავალი, ჩვენ მოხარულ ქალბატონებს როგორღაც გადაუბრუნდათ უნებურათ გული, გაუთბათ ძალდატანებით გრძნობა, გაულღვათ გულის ყინული, ცრემლები გადმოეწურათ თვალებიდან და იკადრეს ცხვირსახოცების მოძებნა. აი სწორეთ ამაზედ არის ნათქვამი, რომ სიმართლე ქვასაც დაადნობსო. როგორც იქნა გატყდენ ჩვენი ქალების ქვა-გულები. ამაზედ უკეთესი ქება და მადლობა აღარ იყო საჭირო მოთამაშეებისათვის.... თუმცა ამ სცენის შემდეგ ჩვენი პუბლიკა აღარ თხოულობდა, რომ სიცილით აეღო სარგებელი, მაგრამ აქტიორებმა ისიც არ დაამადლეს, როდესაც წარმოადგინეს ერთი ვოდევილი სომხურათ: „მოხუცებულების ჭკუის სწავლება“. ვისაც ორი მანეთი ჰქონდა გადახდილი, იმან ორი თუმნისაც იცინა, ისე მშვენიერათ ითამაშეს ეს პატარა პიესა... საზოგადოთ პუბლიკა დიდათ კმაყოფილი დარჩა და ვინც კი იმ წარმოდგენას არ დასწრებია, მეორე დღეს გულ დაწყვეტას იჩენდა. აი ესე გათავდა ის სომხურ-ქართული წარმოდგენა. ტერ-დავით იარალიანცის ცდითა და შრომით ამაზედ ადრევაც წარმოადგინეს ქუთაისში სომხურ-ქართული პიესები, ისე რომ ეს პირველი ნიმუში არ იყო. მე არ დავსწრებივარ იმ წარმოდგენას, მაგრამ, როგორც შევიტყვე, ისიც ძალიან კეთილ-სინიდისიანათ და კარგათ თურმე წარმოუდგენათ… დასასრულ ორიოდე სიტყვა მინდა ვსთქვა საზოგადოთ თეატრულ წარმოდგენებზედ… არა თუ ამ დროში, ძველათ პერიკლოსის დროსაც თეატრი ხალხის გასაწვრთნელ და ზნეობითად ასამაღლებელ მოვლინებათ და საგნათ მიაჩნდათ და მართლათაც ვინ არ იცის, რომ ისტორიის მთელი ტომები ისე ვერ იმოქმედებენ კაცზედ, როგორც ერთი ხეირიანი პატრიოტიკული დრამული რამ წარმოდგენა, ერთი ან ორის საათის განმავლობაში მის თვალწინ ცოცხალის სურათებით წარმოდგენილი და ისიც შესაქცევის კილოთი და ხასიათით, და მაშ რას უნდა მივაწეროთ, რომ თბილისის ქალაქში ჩვენ ერთი სომხურ-ქართული თეატრიც არა გვაქვს: ვინ არიან დანაშაული, სომხები თუ ქართვე-ლები? ორივე, მაგრამ უფრო მეტად კი სომხები. აი რისთვის. ჩვენ ქართველთაგანს დაუმოკლებელი სიმდიდრე არავის არა აქვს, სიღარიბე გვაწუხებს, ისინი არიან მდიდრები მხოლოთ, რომელიც სამსახურში შეუძენიათ, მაგრამ, დღეს იმათთვის თეატრი, ლიტერატურა, სამშობლო, კაცობრიობა და სხვ…სულ ცარიელი ფლისტი-ფლუსტებია, მეტი არაფერი და ახალთაობას კი შეძლება არა აქვს, რომ თანაუგრძნოს მაგგვარ საქმეებს. სომხების მდგომარეობა კი სულ სხვანაირია: იმათ აქვთ თვალწინ მაგალითები ვენეციის, სტამბოლის და სხვ... მასთანა აქვს დიდი დაუმოკლებელი შეძლება, არა თუ ძველ თაობას, ასე გასინჯეთ, რომ ახალ თაობაშიდაც ბევრი ჰყავთ შემძლე, მაგრამ ეტყობა, რომ მათ ახალ თაობასაც სხვა საქმე აქვს ჯერ: ისიც პოღოსასავით თავის მუცლის ზდას უნდება და ბოლოს ეპირება კარაპეტასავით კუბოში ჩაწოლას! მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ ეს აზრი გამიმტყუნდეს...
(დროება, 1873 წ., №39)
![]() |
2.2 „ლუკმა გავარდესო, ჯამში ჩავარდესო“ |
▲ზევით დაბრუნება |
„ჩვენი სატახტო თბილისი წაგვართვეს, ჩაიგდეს ხელში სომხებმაო! ამან კიდევ თქვენი ჭირი წაიღოს; მაგრამ საქართველოში შიგადაშიგ რაც უპირველესი მამულები იყო დაისაკუთრესო და სხვა“...
აი საყვედური, რომელიც ხშირად შეგიძლიანთ გაიგონოთ გულ-დამწვარ ქართველებისაგან! მაგრამ არის კი ამ საყვედურში რამე საფუძველი? არავითარი, თუ კი გავიხსენებთ ერთს მშვენიერ ჭკვიანურ ანდაზას: „ლუკმა თუ გავარდესო, ჯამში ჩავარდესო!“. რაც კი ჩვენის უხეირობითა და ხელ-მოშვებით ჩვენგან დაიკარგება, უმჯობესია, რომ ბედმა ისევ სომხებს ჩაუგდოს ხელში!..
რაინდული დრო თუმცა დიდი ხანია წავიდა, მაგრამ ჩვენ, ქართველები კი, მაინც არ ვიშლით რაინდობას: მუშაობას, შრომას ვერიდებით და ისიც აღარ გვინდა, რომ სხვები რამეს იძენდენ და ჩვენ დანაკარგსაც ხელში იგდებდენ. ბატონობა არ არის ეს, მაშ რა არის? და მერე როგორი უსამართლო და უსაფუძვლო ბატონობაც!..
ქართლელ ხალხს ჯერ სძინავს, გამოღვიძებას არ აპირობს, და იმერეთი, თუმცა ფხიზლადა მუშაობს, მაგრამ შეძენისათვის კი არა, სხვისი დაკლებისათვის, ასე რომ თვითო ყველას მდევნელი და მტერია და ყველა ერთად კი თითოსი. გურული კოხტაობას უნდება და ჩონგურს მისის ღიღინ-მრავალ-ჟამიერებით, მეგრელი თავის მაღალსა და ხერხიანი ნიჭს წვრილმანობაზე ჰხარჯავს და სვანს ჯერ კიდევ კომბალი არ გაუგდია ხელიდამ. ამგვარ მდგომარეობაში რომ სომხებმა ერთმანეთს ძმურათ ხელი მოჰკიდონ, ერთმანეთს დაეხმარონ და არა თუ თავისი რამე დაჰკარგონ, ჩვენი დანაკარგიც მონახონ, საყვედურს ვემართლებით?
რომ რამე მატერიალური სარგებლობა შეეძლოს, დარწმუნებული ვარ, რომ სომხები ჩვენ დედა ენასაც ხელში ჩაიგდებდენ და მაშინ ნაცვლად მისსა, რომ ჩვენ ჩვენი ქართული ენა არ დაგვეკარგა, დავიწყებდით საყვედურს, თავის გასამართლებლათ: „წაგვართვეს ჩვენი დედა ენა სომხებმა, ჩაიგდეს ხელში, დაისაკუთრეს და სხვა“.
ღვთის მადლით, ნიშნებს ახლაცა ვხედავთ: ქართული წიგნები ვენეციაში სომხებისაგან იბეჭდება; რაც ერთს ხიზამბარელ ტერტერას სომხურიდამ, თუ ლათინურიდამ, თუ სხვა ენებიდამ ქართულათ უთარგმნია, იმდენი ქართველებისაგან მეთორმეტე საუკუნის აქეთ რიცხვით არა დაწერილა რა. აქ ვამბობ მე მხოლოდ რიცხვზედ და არა ღირსებაზედ, აქ მე შრომა მაქვს სახეში. - რაც ტერ-დავით იარალიანცს კომედიები აქვს მშვენიერ-ქართულით ნათარგმნი, ჩვენ საზოგადოთ ახალ განათლებულებს სიზმრათაც არ მოგვჩვენებია. ეს რისი მიზეზია? მისი, რომ ისინი სომხები არიან, შრომის მოყვარენი და ჩვენ კი ქართველები - რაინდები!!
დიდი ხანი არ არის, რაც ქუთაისში გაჩნდენ სომხები და თუმცა მათი რიცხვი ძალიან მცირეა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელ საქმეებს ხშირად ისინი აკეთებენ. - მაგალითად, წარმოდგენების შესახებ ვიტყვით, რომ ისინი ხშირად ადგენენ ხოლმე ქართულ ენაზედ პიესებს.
თუმცა ენას კი სომხურად უქცევენ, მაგრამ თამაშით კი მშვენიერათა თამაშობენ ხოლმე. აი, ამას წინათ წარმოუდგენიათ უფ. სუნდუკიანის შესანიშნავი კომედია „პეპო“. ამბობენ, რომ საუცხოვოთ წარმოადგინესო და მე კი არ მქონდა შემთხვევა, რომ დავსწრებოდი და ამისათვის ჩემის მხრით ვერას იტყვი. - მაგრამ ამ კვირას რომ სცენის მოყვარეებმა სომხებისავე დახმარებით (გთხოვთ ამას ყურადღება მიაქციოთ: სომხების დახმარებით ქუთაისში!) ოსტროვსკის პიესა „შემოსავლიანი ადგილი“ წარმოადგინეს, იმას კი დავესწარ და კიდეც ვიტყვი მაზედ ორიოდე სიტყვას.
ათს ამ თვეს ერთმა მტკაველმა აფიშამ გვაუწყა, რომ სცენის მოყვარენი წარმოადგენენ კომედიას „შემოსავლიან ადგილს“ ჩვენ მეტად გვეუცხოვა, რომ აფიშაში ვერ ვნახეთ გამოცხადებული სახელი აქაური გამოჩენილი მოთამაშეებისა, მაგალითებ ეფროსინე კლდიაშვილისა, ვ. აბაშიძისა და თ. ლეჟავასი. მაგრამ, ჩვენგან მოულოდნელად მშვენიერად წარმოადგინეს ის პიესა. საზოგადოდ თამაში მართლა ხელოვნური იყო, მაგრამ ენა კი ჭრელ-ქართული: სომხური კილო, იმერული, გურული და რუსული ერთმანეთში იყო არეული, ხშირათ ისმოდა შემდეგი სიტყვები: უბედურმა ხარ, მაქანეი ისეთ, წავხდი და სხვანი; მაგრამ მშვენიერმა თამაშმა ენა ყველას დაავიწყა. არამიანცის ქალს რომ ცოტა სომხური კილო არ ეხმარა, მართლა რომ შესანიშნავად ითამაშა. ბარხუდარიანციც საუცხოვო იყო, მაგრამ საზოგადოთ ამ ნიჭიერ მოთამაშეს ერთი ზნე სჭირს: პირს მანჭავს მაშინ, როდესაც ისეც სასაცინო სახე აქვს და მითი ამჟავებს მიმიკას. სხვებზედაც ეს შეიძლება სთქვას კაცმა, რომ ყველამ კარგად ითამაშა.
მაგრამ იმ ღამის პირველობის გვირგვინი კი ეკუთვნის ტერ-სტეფანოვის ქალს, რომელმაც მართლა რომ დიდი ნიჭი გამოიჩინა; მაგრამ მის საზოგადოთ თამაშზედ გადაწყვეტით ვერას ვიტყვით, რადგანაც მეტჯერ ის არ გვინახავს სცენაზედ. ვფიქრობთ კი, რომ საზოგადოთ მშვენიერი მოთამაშე უნდა იყოს.
ხალხი ბევრი იყო. მთარგმნელებს გამოუძახეს მადლობის სათქმელად... - დასასრულ კიდევ გავიმეორებ: „ლუკმა გავარდეს და ჯამში ჩავარდეს“. რადგანაც ჩვენ ვერ ვახერ-ხებთ, თუ არ სომხების შემწეობით პიესის წარმოდგენასაც ქართულად, მაშ მათი გზა მაინც დაილოცოს...
(დროება, 1874 წ., №450)
![]() |
2.3 წერილი ეფროსინე კლდიაშვილისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
რასაკვირველია, თქვენ შეტყობილი გექნებათ, რომ თბილისში „სკაპენის ცუღლუტობა“ წარმოადგინეს. მაშ, ისიც უნდა გიკვირდესთ, რომ მოთამაშე ქალების გვარში სულ უცხო ქვეყნელების გვარსა ჰხედავთ?.. ეგება, ეს ფსევდონიმებათ, ე.ი. გამოგონებულ გვარებათ მიიღეთ? არა, გარწმუნებთ, რომ სწორეთ ნამდვილი გვარებია. ამ პიესისათვის საჭირო იყო სამი მოთამაშე ქალი და როგორც აფიშაშია გამოცხადე-ბული, სწორედ იმ გვარის ქალებმა ითამაშეს: ზაიცევისამ, ანტონოვსკისამ და დაკიშევიჩისამ... განა გიკვირთ? უნდა გამოგიტყდეთ, რომ აქ არ ვიყო და კარგათ არ ვიცნობდე აქაურ საზოგადოებას, მეც ძალიან გამიკვირდებოდა, მაგრამ ახლა კი ვიცი მიზეზი: აქაური ახალგაზდობა, როგორც მამრობითი, ისე მდედრობითის სქესისა (რასაკვირველია, აქ უმრავლესობაზედ ვამბობ) არავითარს საქმეში არ გაერევა ისე, თუ მისი საპირადო, კერძო და თავის გამომჩენი არ იქნება. საზოგადო ინტერესი ამათთვის ჩალაა და ბზე! მაგალითად ავიღოთ, თუ გინდ თეატრი: რა შემთხვევაში მიიღებს წარმოდგენაში მონაწილეობას აქაური ქალი? მაშინ, როდესაც რომელიმე კერძო უფროსი პირის სიამოვნება უნდა და კერძოდ თავის გამოჩენა, თორემ უამისოთ გინდ ქვა-ქვაზედაც ნუღარ ყოფილა!.. საზოგადო კეთილი საქმე რა მისი ხელობაა? აი, ამ შემთხვევაშიაც რა პასუხები მივიღეთ აქაურ ქალებისაგან: ერთმა შემოგვითვალა, რომ დიდი ოჯახისა ვარ და არ მეკადრება ამგვარს წვრილმან საქმეებში გარევა, ჩემი საქმე დიდი და გამოსაჩენი საქმეებიაო, ე.ი. ბალები, ტანცაობა და ფაიტონებით აქეთ-იქით სირბილიო. მეორემ გვითხრა, რომ მე დიდი სურვილი მაქვს საზოგადოთ კეთილ-საქმეებში მონაწილეობის მიღებისაო, მაგრამ ნათესავები მიშლიანო. მესამემ გვიპასუხა, რომ თუ მისთანა როლი არ მექნება, სადაც ჩემი მაღალი ნიჭი გამობრწყინდება, არ ვითამაშებო. მეოთხემ პირობა გვთხოვა, ჯერ ათასი მეტანია მიყავით, მერე ცამდი ქება შემასხით და მხოლოდ მაშინ ვითამაშებო და სხვ. სხვებმა კი უფრო მოკლე მიზეზები გვითხრეს: მოგცლიათ! რა დროს საზოგადო და საქველმოქმედო საქმეებია, გაზაფხულია, ბაღებში ქეიფი გვინდაო! მაგრამ დავანე-ბოთ თავი ამ ქალებს და ზოგი ვაჟებზედაცა ვთქვათ. კანონით ჩვენ უნდა იმასა ვნატრობდეთ, რომ ნიჭიერი და გაზდილი სპეციალისტები ბევრი გვეყოლოს; მაგრამ მე კი დღეს ამ სურვილის წინააღმდეგი ვარ, რადგანაც ვინც კი გვყავს ნიჭიერები და რამეს მცოდნეები, ისინ სულ აღარას გვარგიან საზოგადო საქმეებში. მხოლოდ თავის პირადობაზედ არიან გადაყოლილები და იბერებიან. ამას წინათ კონცერტი იყო და მე წამომცდა, მოდი ერთი ჩვენი შესანიშნავი მუსიკოსები უუ. მ. და ს. მოვიწვიოთ-თქო და სიცილი დამაყარეს: განა არ იცი, რომ ისინი არ იკადრებენ მაგგვარს საქმეებსო? და თურმე მართალიც მითხრეს. ერთმა ახალგაზდა კაცმა ამას წინათ სახალხოთ აღიარა, რომ მე მხოლოდ მისთანა საქმეში მივიღებ მონაწილეობას, სადაც ჩემი მშვენიერი ნიჭის და კეთილხმოვანების გამოჩენა შემეძლებაო და დააფასებენო, თვარა საზოგადო საქმე რა არისო? აქედამ ის გამოდის, რომ აქაური ახალგაზდობა არ იღებს მონაწილეობას არაფერს საქმეში და თუ იღებს, მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს გამოიჩენს, ე.ი. პრანჭიობს. მაგრამ იმდენი გამბე-დაობა კიდევ აქვსთ, რომ მისის ენაჭარტა-ლაობით სცდილობს სხვებსაც, რომელნიც შეძლებისა დაგვარად სცდილობენ საზოგადო კეთილს, ხელი შეუშალონ როგორმე. ამ შემთხვევაში რაღა დარჩება ჩვენს პატიოსან ახალგაზრდობას მის მეტი, რომ ამ ბატონ-კაცებს ზურგი უჩვენოს ყოველს შემთხვევაში. დიახ, გულს გვიკლავს აქაური ახალგაზდობა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, იმედი არ გვექნება სრულიად დაკარგული, მაშინ როდესაც თუ ამერებში ვერა, იმერებში მაინც ვხედავთ საზოგადო საქმისათვის თავგამოდებულებს, როგორც ვაჟებს, ისე ქალებსაც და მათს რიცხვში პირველად თქვენ. ეს ათი წელიწადია, რაც თქვენი თავგანწირული და ყოველის მხრით უანგარო შრომა საზოგადო საქმეებში სამაგალითოა და ჯერ მიუბაძავი, ამისათვის ვისურვებთ ერთად თქვენს კეთილ-დღეობასთან იმასაც, რომ თქვენის მიხედვით სხვებიც გამო-სულიყვნენ საზოგადო ასპარეზზედ.
(დროება, 1875 წ., №56)
![]() |
2.4 TEATP |
▲ზევით დაბრუნება |
(Письмо к другу театралу)
Последнее письмо твое напомнило мне наше прошлое, когда мы, будучи студентами, каждый вечер парились в райке и, притаив дыхание, с замиранием сердца следили за выходом того или другого, любимого нами, актера. Незаменимый Садовский, увлекательный Шумский, симпатичный Самарин и уморительный Живокини, как часто заставляли тогда трепетать наши юные сердца. А милая Федотова, наивная Никулина, бойкая Колосова и страстная Васильева на крыльях мечты уносили нас за пределы земного!.. Помнишь-ли мой друг, как мы раз, заложивши наш общий фрак, на последние гроши отправились в театр чуть-ли не в сотый раз видеть «Горе от ума», и когда вместо ожидаемого Шумского вышел на сцену в роли Чацкого актер Вильде, мы пришли в негодование и ты во всю глотку гаркнул: «Вон Вильде! Долой его со сцены и пр. и пр...»! Увлеченный твоим примером, раек начал бушевать, при чем увлеклась и часть партера и пошла потеха!.. А помнишь, чем все это кончилось? Ты, как коновод, главный ценитель игры Вильде и горячий театрал, очутился в холодной кутузке?!.. Да... Прошло то блаженное для нас время и оно не воротится никогда!.. Неутомимая Фемида тебя забросила в такую глушь, где нет простора твоим чувствам и ты поневоле должен довольствоваться лягушечьими концертом да перебранками тяжущихся сторон в судах!!
Жаль мне тебя видеть в провинциальной глуши; но не завидуй и ты моему пребыванию в Тифлисе: здесь много пищи для зрения и для слуха, но мало для эстетических наслаждений. Ты угадал; ты прав; каждый вечер сижу я в театре, но клянусь тебе, мой друг, я готов все эти вечера променять на один тот миг, когда покойный Садовский в роли Любима Торцова волшебным голосом восклицал: «отдай мне прежде моих триста тысяч, а за племянницу миллион; миллион триста тысячь, ни копейки меньше!» или же в роли Расплюева, когда он с благоговейным удивлением отзывался о Кречинском: «Наполеон, говорю, Наполеон! великий богатырь, маг и волшебник: Вот объехал, оболванил человека на веки вечные... человека?.. нет, ростовщика оболванил - и великую по себе память оставил». Да, многих хороших артистов приходилось потом мне видеть в этих же ролях, но перед моими глазами восставала тень Прова Михай-ловича Садовского и ушах звенели так волшебно произносимые им слова: «...был здесь, в Москве, профессор натуральной магии и египетских таинств, г. Боско: из шляпы вино лил красное и белое, канареек в пистолеты заряжал, из кулака букеты жертвовал, и всей публике, - ну этакой теперь штуки, закладываю вам мою много-грешнюю душу, исполнить он не мог, и выходит он, г. Боско, против Михаила Васильевича мальчишка и щенок». - Да, действительно, нет теперь таких актеров. В последнее время стала упадать у нас драматическое искусство и мне кажется это от того, что все слишком увлечены натуральной школой, но не тою, родоначальниками которой были Щепкины, Мартыновы, Садовские и Шумские и другие знаменитости русской сцены, а какой-то своеобразной... Я видывал сморкающегося на сцене Горбунова, желавшего представить натурально русского мужика, имел случай видеть и актрис, изображающих деревенских баб, когда оне преоригинально чесали себе спины и плевали по сторонам, но артистов натуральной школы все-же не встречал. Большин-ство современных артистов вместо того чтоб вдумываться в роли и изучать характеры изображаемых ими личностей, вдумываются в свои собственные физиономии и пред зеркалом изучают различные гримасы, могущие вызвать смех у райка. А артистки не скупятся на скромные телодвижения, расчитывая на молокососов и на многочис-ленных старикашек. И так, если хорошие артисты в столицах редки, подавно не следует нам искать их в Тифлисе, а потому относиться строго к недавно прибывшей к нам в Тифлис, общине драматических артистов было-бы грешно и несправедливо и я никогда-бы не заговорил об них, если-бы не имел в виду твою просьбу познакомить тебя с ними заочно. Начну с того, что они приехали сюда «с целью осуществить заветную мечту всякого любящего театральное дело, т. е. ассоциацию артистов, где нет ни хозяина, ни антрепренера». Прежде всего одно это обстоятельство может вызвать симпатию всякого театрала к ним. Что-же касается до самой игры, нельзя не сознаться, что они относятся к своему делу в высшей степени добросовестно. Все изучают роли, вдумываются в характер ролей и передают их с пониманием; исключение составляет только один из них, который, надо полагать, по молодости своей мало разумеет в «театральных притчах». Впрочем есть между ними и выдающиеся личности. Пальма первенства принадлежит г. Пальму, любимцу публики. В комических ролях он старается копировать Живокини, а в серьезных слепо подражает Шумскому. Но мы это в упрек ему не ставим, так как пользоваться нравственным богатством других не только можно, но и должно. Со временем он, как талантливый любитель, мог бы выработать свои собственные манеры; но так как он берется за всякие роли, то, мне кажется, что эта разнородность сильно мешает ему сделаться недюженным артистом. Больше всех надежды подает молодой артист Арбенин. Он имеет все задатки замечательного артиста, если только не будет довольствоваться лаврами, весьма часто сомнительного свойства, пожинаемыми на подмостках провинциальных театров и серьезно будет заниматься делом.
Почти то же самое можно сказать о Шумилине. Теперь несколько слов об артистках. Как это ни странно, а однако же замечено, что талантливых актрис на сцене вообще мало видать, тогда как вне сцены женщины великие актрисы. На этом общем основании и в этой общине драматических артистов нет выдающихся артисток. Благосклонным вниманием публики тользуются только две из них: Долинская и Полонская. Когда первую вызывают, то мне кажется, что апплодируют не ей лично, а родителям ея, что они произвели на свет такое миленькое и хорошенькое существо. Вторая весьма бойкая и опытная артистка и кто раз видел ее в пиесе «Проказы студентов» в роли лорда, не забудет ее никогда и пожелает еще несколько раз видеть ее в этой-же роли. Но за-то, кто имел несчастье видеть ее в роли Офелии, тоже долго будет помнить и жалеть ее. Недавно давали одну сцену из Гамлета. Только что подняли занавесь, на сцене очутились король и королева. Боже мой, какая эта была царская чета! Первый из них напоминал экзекутора Кутузовских времен, согнувшегося в дугу перед начальником отделения, а вторая - провинившуюся Акулину, которая, нечаянно перебив всю кухонную посуду, ждет головомойки от своей хозяйки.
Немного спустя после этого раздался за сценой шум и влетел с обнаженной шпагой Лаэрт, готовый отомстить виновным за смерть отца и безумие сестры. Ну, ужь Лаэрт! Точь в точь ребенок, гнавшийся с палкой в руке за кошкой, стащившей со стола кусок говядины. Странно, я видел прежде этих же самых актеров в других ролях, но ничего подобного не мог себе представить! Должно быть они конфузились за Офелию, которую представляла Полонская, совершенно непонявшая роли: вместо кроткой, печальной, меланхолической Офелии, она представила нам какого-то неистового Орланда в юбке; взамен симпатии и жалости вызвала в публике ужас и отвращение к Офелии.
Глядя тогда на этих артистов, мне казалось, что они умышленно представляют в карикатурных видах героев и героинь Шекспира, чтобы отомстить ему за его пиесу «Троил и Кассандра», в которой так безжалостно пародировал великий драматург героев Гомера и которая в свою очередь породила несколько комических опереток в роде «Прекрасной Елены», «Орфея в аду» и др. Несмотря на все это, желательно было бы, чтоб эти молодые артисты почаще и подольше гостили бы у нас в Тифлисе, но с тем условием, чтоб они оставляли в покое Шекспира.
И вот мой друг, Ормузд Ариманович, я исполнил твою просьбу. Вот все что я могу сказать тебе об общине русских драматических артистов и прошу тебя сообщить мне после всего этого: все-ли еще ты завидуешь моему пребыванию в Тифлисе или нет?
Твой друг Акакий.
(გაზ. Тифлисский вестник, 1877., №171)
![]() |
2.5 თეატრი |
▲ზევით დაბრუნება |
სამშაბათს, 26 თებერვალს, სცენის მოყვარეებმა დამშეულების სასარგებლოდ წარმოადგინეს ერთი რუსული პიესა „ლალა“ («Гyвepнep»), რომლის შინაარსი და თავი-აზრი ის არის, რომ ერთი მდიდარი მებატონე ღენერლის ქვრივი ცხოვრობს თავის მამულში და სახლში უდგას ლალა - ფრანცუზი. ეს უზნეური მოძღვარი იმდენათ აღარას არგია ოცის წლის მუტრუკს - ღენერლის შვილს, რამდენათაც თვითონ დედას; დამწიფებულ და დაფატმანხათუნებულ ქვრივისათვის კი საჭიროა და კიდევაც შეძლებისადაგვარად ემსახურება, თუცა, ძვირად კი უფასებს იმ სამსახურს, მუდამ იმას იძახის, როცა ფული აღარ იქნება, აღარც მე ვიქნებიო. ამ სიტყვებით შეშინებული დედა-კაცი გაიკრავს ხოლმე ჯიბეს ხელს და ტრფიალების კრუტუნით ეუბნება: როდის იყო, რომ მე ფული მქონდა, შენ არ მოგეციო. აქ შერიგდებიან ხოლმე და იმართება ტლაშა-ტლუში. ამგვარი მაგალითები თვალ-წინ უძევს ღენერლის ოცი წლის შვილს, ფრანცუზის გაზრდილს და ერთს ახალგაზდა ქალსაც, რომელიც ღენერლის ცოლმა, როგორც ღარიბი მეზობლის შვილი, აიყვანა, გამოზარდა და ჰყავს სახლში. ეს მაგალითიც, რომ თვალწინ არა ჰქონდათ ახალგაზდებს, უიმისოთაც არ მოხდებოდა, რომ ერთმანეთი არ შეჰყვარებოდათ და მართლაც რომ ერთმანეთს დაუახლოვდენ და გადაეკიდენ, ეს გაიგო ყველამ, როგორც ქალის ნათესავებმა და ახლობლებმა, ისე ვაჟისამაც და ატყდა ერთი ალიაქოთი. ღენერლის ცოლი ნებას არ აძლევს შვილს, რომ ის ქალი შეირთოს, რადგან მდარე კაცის შვილია და ისე კი ურჩევს: იცხოვრე მაგასთან რამდენიც გინდაო და სხვ...
აი ეს აზრი არის იმ რუსულ პიესაში გატარებული და მართლათაც, რომ ნამდვილად არის გამოხატული იმათი ცხოვრება.
ის წრე, რომელმაც იმ დღეს ეს კომედია წარმოადგინა, დროებითია, მხოლოდ საქველ-მოქმედოდ შემდგარი და ამისათვის სასტიკად ვერ გავარჩევთ და მადლობის მეტი არც არა გვმართებს-რა, რომ ვუთხრათ.
და მასთანაც არც ურიგოთ წარმოუდგენიათ: ქვრივს ადგენდა ც. - რემერტისა და ძალიანაც მოწყობილი იყო ამ როლისათვის. ზოგან და ზოგან ლამაზათ თამაშობდა და მართლად კი ვერ გადმოსცა როლის ხასიათი. ესევე ითქმის გერშელმანზედ, მაჩანჩალა ქალის როლში. ახალგაზდა ქალის როლი ითამაშა ვიქტოროვის ქალმა. თვალ-ტანადობას დიდი მნიშვნელობა აქვს სცენისათვის. სიყვარულის როლში, რაც უნდა სუსტი იყოს ლამაზი მოთამაშე, მაინც თვალს უხვევს მაყურებლებს. მაგრამ ამ ქალმა კი კარგათაც ითამაშა.
დანაშთენები ცდილობდენ რაც კი შეეძლოთ.
უმთავრესი როლი ლალის რგებოდა თ. ალ. მუხრანსკის და თამაშობდა კიდეც უნაკლოდ. ვისაც ამ როლში უნახავს ამისთანა არტისტები, როგორც სამოილოვი და პეტროვი, ისიც კი არ შეინანებდა, რომ მუხრანსკიცა ნახა. ჩვენა გვგონია, რომ ადვილია ნემეცის, ფრანცუზის, სომხის, ურიის და სხვების საზოგადოდ ქვეყნის კაცის წარმოდგენა და ეს მისი ბრალია, რომ ყოველს ხალხსა აქვს თავის განსაკუთ-რებით რამ ნიშნები, ე.ი. მიხრა-მოხრა, კილო, მოძრაობა და სხვანი, რომელიც ერთი მეორისას არ ემსგავსება. და რადგანაც თვალ-ყური მიუჩვეველი აქვსთ, ერთმანეთი ეჩოთირებათ და ერთს მეორეზედ ეცინებათ და ცდილობენ, რომ ერთმანეთი გააჯავრონ და წარმოადგინონ. - რაც უფრო მომეტებულათ გააჯავრებს ერთი მეორეს, უფრო სასაცილო იქნება, მაგრამ, რომ ნამდვილად ერთმა მეორე წარმოადგინოს და არ გადააჭარბოს დაცინვა, უნდა ნამდვილი არტისტული ნიჭი ჰქონდეს. მაგალითად ავიღოთ ქალაქელი სომხები. ყოველი ქართველი მზათ არის, რომ წარმოადგინოს სომეხი, გააჯავროს, მაგრამ რა გამოვა?. რამდენჯერ გვინახავს სცენაზედ წარმოდგენილი სომეხი, მაგრამ ყოველთვის გადაუჭარბებიათ, ამიტომ რომ ნამდვილი არტისტები არ ყოფილან და ზომა არა სცოდნიათ. აბა ნახეთ ვასო აბაშიძე იმავე როლებში და მაშინ მიხვდებით, რომ ნამდვილი წარმოდგენა და უბრალო გაჯავრება, გაქირდვა სულ სხვადასხვა არის. რასაკვირველია, ფრანცუზი უფრო ძნელი წარმოსადგენია სომეხზედ. და ამისათვის ლალა ფრანცუზი დორსის როლში ხანდახან მისთანა არტისტიც კი შედრკება ხოლმე, როგორც სამოილოვი. მხოლოთ ერთი პეტროვია მთელს რუსეთში, რომ უნაკლულოდ თამაშობს ამ როლს და ისიც იმიტომ მგონია, რომ თვითონ ფრანცუზია, და მით უფრო გაგვაკვირვა ჩვენ თ. მუხრანსკის თამაშმა. უნდა გამოვსტყდეთ, რომ იმან ეს როლი თავიდამ ბოლომდე სამაგალითოდ ითამაშა, ნიჭიერად და გამოცდილად. მხოლოდ ერთ ადგილს იყო სუსტათ და ისიც შედარებით სხვა ადგილებთან: ეს იმ დროს, როდესაც სევასტოპოლზედ ლაპარაკობს. ფრანცუზები იმდენათ მოყვარული არიან თავის ქვეყნისა, რომ რაც კი მათი სასახელოა, იმას გულგრილათ ვერ გამოთქმენ და როდესაც დორსი იწყებს მოთხრობას, თუ როგორ მივიდენ იერიშით რუსებზედ ფრანცუზები, ის უნდა აღტაცებით მოდიოდეს და ცხარობდეს. თ. მუხრანსკი კი თავს იჭერდა. საზოგადოთ უკეთესი ლალა დორსი კი არსად გვინახავს გარდა პეტროვისა.
(დროება, 1880 წ., №47).
![]() |
2.6 ქართული თეატრი |
▲ზევით დაბრუნება |
შარშანდელმა არეულობამ წელს ფრთები მოჰკვეცა ქართული თეატრის საქმეს. კომიტეტის ბრალი იყო, თუ თვითონ ტრუპპისა, ამის გამოკვლევაში ახლა არ შევდივართ; მაგრამ ამას კი ვხედავთ, რომ ტრუპპა უბინაოთ, გარიყული დარჩა: ჩვენს ერთად ერთ თეატრში, სადაც მთავრობს პატ. პალმი მისის რუსული წარმოდგენებით, რუსული ოპერებით და ბალეტებით და მხოლოდ ერთს დღეს უთმობს სომხებს, ქართველებს ნება არა აქვსთ, რომ იქ რამ წარმოადგინონ და ამის გამო იძულებული არიან მიმარ-თონ ბატ. არწრუნის ვითომ თეატრს, რომელიც ერთი ორად ნაკლებია პალმის თეატრზედ, ერთი ათად უხერხული და ერთი ორათაც ძვირი; აქ კოსტიუმები, მუზიკა და სხვ. და სხვ. ყველა საშოვნი და საქირაოა, მაშინ, როდესაც პალმის თეატრში კი მზა იყო.
ამას გარდა, როდესაც პალმის თეატრში ქართული წარმოდგენა იყო ხოლმე შარშან, მაშინ სხვა წარმოდგენა აღარსად იყო. ახლა კი ყოველთვის, როდესაც ქართული წარმოდგენა არის არწრუნის თეატრში, მაშინ პალმისაშიაც უთუოდ ოპერა და სხვა რამეა, რომელიც, რასაკვირველია, უფრო იზიდავს ხალხს.
ამგვარად, ჩვენი ქართული ტრუპპა ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი; მაგრამ ის მაინც თავისას არ იშლის და კიდევაც დაიწყო წარმოდგენები.
რას უნდა მივაწეროთ ტრუპპის მხრით ამგვარი კერპობა, რომ თავს მაინც არ ანებებს თეატრის საქმეს? მაინცადამაინც ისეთი თავ-გამოსაჩენი ასპარეზი არ არის თეატრი, რომ თავ-მოყვარეობამ და ხალხის სიყვარულმა აქ შეიტყუოს კაცი, მატერიალურათ თუ რამეს დააკლებს კაცს, თორემ ახლანდელი ჩვენი თეატრი, ცდა, ვერას შესძენს! იქ ემსახურებიან მისთანა პირები, რომელთაც ადვილად შეუძლიათ სხვა გზას დაადგენ, სხვა ხელობა აიღონ და უმწუხაროთ იცხოვრონ, მაშინ როდესაც თეატრი მათ დღიურ საზრდოსაც ვერ აძლევს... მაშ რაღა აზრია, რომ ამ თეატრს ჩასცივებიან? აი, რა:
როდესაც რომელიმე ხალხი ვეღარაფერს მოქალაქურს ვეღარ ახერხებს და სხვათა შორის არა აქვს იმას არც სასწავლებლები, არც მწიგნობრობა და არც თეატრი მშობ-ლიური, მაშინ ის ხალხი ითვლება ან ველურ ხალხათ და ან მკვდრათ; ის საზოგადო კრების ანგარიშიდამ გამორიცხული არის და იმაზედ გული აღარავის შესტკივა, ვერავინ იცნობს, მაზედ აღარავინ ჰფიქრობს. ის ხალხი მაშინ დედა-მიწის ზურგიდამ აღმოფხვრილია. როდესაც კაცი უძრავად, მკვდრათ სძევს და აღარ იჩენს სიცოცხლის ნიშან-წყალს, მაშინ იმასთან ექიმი აღარ მივა და წყალსაც აღარავინ ასხურებს მოსაბრუნებლად; მაგრამ, თუ კიდევ ფართხალობს და ცდილობს გამობრუნდეს, მომხრეები გაუჩნდებიან. ასეა საზოგადო კანონი და ბუნება.
მხოლოდ ერთადერთი ასპარეზი დაგვრჩენია - თეატრი, საიდამაც შეგვიძლიან გავიგონოთ ჩვენი დედა-ენა: ის ენა, რომელზედაც მუსიკობდა რუსთველი, ბრძანებლობდენ თამარები, რომელზედაც ჰქადაგობდენ ნინოები და რომელზედაც წამებულნი სიმდაბლით ღმერთს ადიდებდენ - ქეთევანები და მათი მსგავსები!
ჩვენ, ამ თეატრის წყალობით, შეგვიძლიან გავიხსენოთ ჩვენი წარსული, დავინახოთ აწმყო და წარმოვიდგინოთ მომავალი!
აი რასა ჰფიქრობს ქართული ტრუპპა და რათ ითმენს ბევრს გასაჭირს.
შემცდარია, ვინც ჰფიქრობს, რომ თეატრის მნიშვნელობა მხოლოდ ის იყოს, რომ მოცლილი ხალხი გააცინოს და გაამხიარულოს. მაგისათვის ცირკი და კლოუნები არიან. არა, ჩვენი ტრუპპა სულ სხვა გვარად უყურებს ამ საქმეს: იმას სურს, რომ სასაცინო და საგულისხმო, სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუერთოს და ისე ეჩვენოს სცენიდამ მაყურებელს. უნდა, რომ დაანახვოს საზოგადოებას მისი ავი და მისი კარგი, იმათზედ დააფიქროს, ხან ამხიარულოს და ხან დაანაღვლიანოს.
აი ამის ბრალია, რომ პირველათვე ტრუპპამ წარმოადგინა მისთანა მოსაწყენი პიესა, როგორიც არის დრამმა „კუდურ-ხანუმ“.
ეს დრამა უთუოდ წაკითხული ექნებათ ჩვენის გაზეთის მკითხველებს. მის ღირსე-ბაზედ ან ნაკლულოვანებაზედ ჩვენ არც არა გვეთქმის-რა და არც არას ვიტყვით. იმის დროც მოვა. მაგრამ მის მთავარ აზრზედ კი უნდა ვსთქვათ ორიოდე სიტყვა:
ამ დრამაში არის გამოხატული ის დრო, როდესაც ოსმალებმა ჩაიგდეს ხელში საქართველოს ნაწილი და ცდილობდენ, რომ მათთვის დაევიწყებიათ მათი ვინაობა; მოეკლათ მათი ერობა და გამოეცვალათ რჯული, გაეთათრებიათ. ეს აზრი რომ სისრულეში მოეყვანათ, იმადლიერებდენ დიდი გვარის შვილებს, იერთგულებდენ და მათის შემწეობით სისრულეში მოჰყავდათ თავისი აზრი. ეს დიდი წოდებისა და დიდი გვარის-შვილები, თავის საკუთარი ბედნიერების გულისათვის, ჰყიდდენ ქვეყანასა და მამულს და ხელს უწყობდენ ოსმალოს პოლიტიკას.
საკვირველი ეს არის, ზოგიერთებმა ამ დრამაში გამოყვანილს ტიპებში თავის თავი იცვნეს და თავიანთი მეგობრები, მაშინ, როდესაც იმათზედ კალამი არავის მოუცლია. კაცი ყოველთვის კაცია; ერთის საუკუნის კეთილი ანუ ბოროტი კაცი ყოველთვის ემსგავსება მისთანავე მომქმედს მეორე საუკუნის კაცს. აქ გასაკვირველი არა არის-რა. რომ დაუკვირდეთ, „დაბადებაშიაც“ შევხვდებით ჩვენს მსგავსს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ებრაელებმა ჩვენ აგვწერეს: ეს მხოლოდ იმას გვიმტკიცებს, რომ ის ტიპები, რომელნიც პიესაში გამოხატულია, ყოფილან ნამდვილი ცხოვრებიდამ აღებული აზრები და არა ოცნებითი. იმისთანა პირები ყოფილან, არიან და იქნებიან!.. ამაზედ ლაპარაკის გაგრძელება არა ღირს და აწ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ვიტყვით იმ პიესის მოთამაშეებზედ - თუ როგორ აასრულა თვითეულმა მათგანმა თავიანთი როლი.
არტისტის ვალია, რომ ისე წარმოადგინოს ის პირი, რომელსაც ახორციელებს, როგორც პიესის ავტორს ჰყავს გამოხატული და არა სხვებს. როგორც მწერალს, ისე აქტიორს წარმოდგენის დროს უნდა ჰქონდეს სახეში მხოლოდ იმ პირის სინამდვილით გადმოცემა და გამოხატვა, რომელსაც ადგენს და არა სხვა რამე. იმას არ უნდა ჰქონდეს იმ დროს მხედველობაში პუბლიკა და მისი მოწონება ან დაწუნება. თვისის აზრისა და გრძნობისაგან ერთი ფიორიც არ უნდა დაუთმოს მაყურებლებს, მისთვის, რომ ვაი თუ ეს არ იამოს და ეს კიო და სხვ. ის არტისტი არ არის, ვისაც თავისი ხელობა არ უყვარს და თავის ღირსებას მხოლოდ მაყურებლების აწონით აფასებს. სასიამოვნო მაშინ არის ტაში არტისტისათვის, როდესაც ის გრძნობს, რომ ნამდვილად ითამაშა და თავის ხელოვნება და გრძნობა აგრძნობინა სხვებსაც და ძალა-უნებურათ გაიტაცა, თორემ მოტყუებით ან ფოკუსით გამოწვეული ტაში არტისტს ამცირებს...
„კუდურ-ხანუმის“ წარმოდგენამ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ არტისტებს ესმით ესეები და სიყვარულითაც ჰკიდებენ ხელს თავიანთ საქმეს. მაგალითად: ქ. საფაროვი-აბაშიძისა ისეთის სინამდვილითა და მოხერხებით თამაშობდა ელენეს როლს, რომ ავტორი უკეთესს ვეღარ ინატრებდა. ეს მეტათ ძნელი როლი ისე აასრულა ამ მაღალ-ნიჭიერმა მოთამაშემ, რომ ვისაც კი ესმის ხელოვნება, უთუოთ დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნილება ამ შემთხვევაში. მხოლოდ ერთი ადგილი ვერ მოუვიდა შედარებით ძლიერათ: ეს ის ადგილი, როდესაც კარებს ეჭიდება.
თვითონ კუდურ-ხანუმის როლს თამაშობდა ერთი სცენის მოყვარულთაგანი, რომელსაც მშვენიერათ გაეგო როლი და მართლა ხელოვნურათაც გადმოგვცა; მხოლოდ საწყენი ის იყო, პირველ მოქმედებაში ისე ნელა და დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა, რომ შორს არა ისმოდა-რა.
კ. ყიფიანი და განსაკუთრებით ვ. აბაშიძე საუცხოვონი იყვნენ, თუმც პირველი კი ცოტას აჭარბებდა და მეორე მეტათ ღრმა მოხუცათ მოკაზმულიყო.
საზოგადოდ კი ამათ ყველამ ისე ითამაშეს, რომ, თუ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს მაყურებლებზედ, ეს იქნება პიესისა და არა მათი ბრალი.
მოხევემ იქ, სადაც ძნელია საზოგადოთ თამაში, ე.ი. სიყვარულისა და ტრფიალების როლში, იქ სამაგალითოთ ითამაშა; მაგრამ მაგიერათ მერე-და-მერე ბოლო მოუღო, მაგრამ ეს როლის გაუგებრობით არ მოსვლია: უთუოდ სხვამ რამემ შეაკრთო და შეუშალა თამაში...
თომაშვილი მშვენიერათ თამაშობდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამას ის მოურავი არ უთამაშნია, რომელიც ავტორსა ჰყავდა სახეში; იმან თავის საკუთარი ტიპი შეთხზა და კარგათაც წარმოადგინა. მაგრამ ამით პიესას აზარალა ბევრი, რადგანაც საზოგადო პიესის მსვლელობაში უმნიშვნელოთ გამოვიდა. - დოქტორის როლში მაქსიმიძე მეტად სუსტი რამ იყო, თუმცა იქ მაინც-და-მაინც საძნელო არა იყო-რა.
უნდა დავაბოლოვოთ ეს შენიშვნები გაბუნიათი. ეს აქტრისა რომ ისეთის სიყვარულითა და გულით ეჭიდებოდეს თავის ხელობას, როგორც საფაროვისა, მართლა და ერთი რამ შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ის არც მოიფიქრებს, არც შრომას გასწევს და არც ემზადება ისე, როგორც რიგია. ის ისე თამაშობს როგორც უცბათ ნიჭი აგონებს და თუ ქება მიიღო, ჰგონია, რომ კარგათ ვითამაშეო და ვეღარ დააჯერებ, რომ შემცდარი არის. მაგალითად ავიღოთ მისი როლი „კუდურ-ხანუმში“: სანამ კომიკური ხასიათი ჰქონდა ესმას როლს, მშვენიერათ თამაშობდა, თუმცა ცოტა კი აკლდა დარბაისლობას; მაგრამ ბოლოს კი, როდესაც დრამული ხასიათი მიეცა, მაშინ კი სულ აურ-დაურია. განა დიდი ღრიალი და მოთქმა დიდ მწუხარებას ამტკიცებს? როდესაც ის მესამე მოქმედებაში შემოდის ელენეს სანახავათ, მაშინ რომ იმას წარმოედგინა ჩვენთვის დაჩაგრული, გულ-მოკლული და ჩუმის მწუხარებისაგან გულ-დამწვარი მოხუცი, უფრო გულს დაგვითუთქავდა და უფრო ნამდვილიც გამოვიდოდა; მაგრამ ღრიალმა და წუწუნმა კი ბევრი გააქარწყლა. როდესაც მომაკვდავი ელენე გამოჰყავთ და იმას თან მოჰყვება გამდელი, მაშინ ის გამდელი გაქვავებული უნდა იყოს და გამშრალი მწუხარებისაგან; მისი სახე მხოლოდ შინაგან ტანჯვას უნდა ჰხატავდეს, უძრავათ, რომ მითი მაყურებლების თანაგრძნობა მოიგოს. ეს ისეთი ადგილია, რომ მაყურებელმა არ იცის - რომელი უფრო მეტად შეიბრალოს: მომაკვდავი ელენე, თუ დღე-დაბნელებული მოხუცი - მისი გამდელი. ეს მოხუცი მხოლოდ მაშინ მოდის გონსა და ფხიზლდება, როდესაც ესმის ელენესაგან: „მომწამლესო!“ და მერე კი ისევ უსულოთ ეცემა...
ესეები ვერც ერთი ვერ გაეგო გაბუნიას ქალს და ამ შეცდომით არა თუ თავის საკუთარი, სხვისი თამაშიც გააფუჭა.
ეგება ვინმემ იფიქროს, რომ გაბუნიას ქალს მარტო კომიკური ნიჭი ჰქონია და არა დრამულიო? არა; ორივე შემთხვევაში საგანგებო ნიჭის პატრონია, რომ სცდილობდეს მოხმარებას. მაგრამ ის ერთხელ გაქალაჩუნებულა პუბლიკისაგან, რომლისაც უმეტესი ნაწილი ისე არ მისდევს ხელოვნებას, როგორც თავის წამით ქეიფსა და გამხიარულებას.
იმ ტრუპპას, რომელსაც ჰყავს ისეთი ნიჭები, როგორც გაბუნია, საფაროვ-აბაშიძისა, კ. ყიფიანი და აბაშიძე ბევრი მოეთხოვება და ჩვენც რომ ჩვენს გარჩევაში ცოტა სასტიკათ მოვეპყრათ ხოლმე, იმედია არ გვიწყენენ.
(დროება, 1880 წ., №208)
![]() |
2.7 სათეატრო შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგიერთებისაგან ცამდის აყვანილი დრამა „სამშობლო“ „ივერიის“ ნომერში მეათე ნომერში დაიბეჭდა. წავიკითხეთ და გვეუცხოვა. აწინდელს ბედ-უკუღმართობის დროს, ყოველგვარს საზოგადო საქმეებში არეულ-დარეულობასა ავ-კარგის გაურჩევლობასა ვხედავთ. ამგვარი უთავბოლობა ყველაზედ ყფრო ეტყობა ჩვენს მწერლობას და განსაკუთრებით ქართულ სცენას, რომელსაც ჯერ-ჯერობით ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რა მნიშვნელობაცა ჰქონდა ძველად ძეობაში, საღამისთევოდ გამოგონებულს სხვადასხვა თამაშობას, მაგალითად: ხიჭინობელას, კიჭობიას, ტკეჩობიას, მუჭობიას, ხელმწიფობიას და სხვ... და უნდა სწორი ვსთქვათ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელიც არის ქართულ სცენისაგან უკეთესობის მოთხოვნა, მაშინ, როდესაც მაყურებლები ისეთის სურვილითა და განძრახვით დაიარებიან თეატრში, რა სურვილითა და განძრახვითაც მიდიან ხოლმე მარულაზედ (დოღზედ) ცირკში, ყოჩების ჭიდაობის საყურებლად და სხვ... ისინი ასე ეუბნებიან მოთამაშეებს: „ოღონდ კი შეგვიქციეთ, გაგვაცინეთ, გვასიამოვნეთო და თქვენ გინდ ყირაზედ შედექით და თავ-პირი გაიმურეთო“. მათი გამრჩევლები ხშირად ამავე აზრისანი არიან და რაც შეეხებათ თვითონ მოთამაშეებს, იმათზედ ხომ სულ აღარა ითქმის რა საბოდიშო!.. საზოგადოთ მსახიობი (აქტიორი, ანუ აქტრისა) ნასწავლი და ჭკუა-გონება გავითარებული უნდა იყოს, თორემ მარტო ნიჭი ვერას უშველის! უმეცარი მსახიობი, ცამდინაც რომ ნიჭიერი იყოს, ვერას გახდება, მაშინ როდესაც საჭირო არის სხვადასხვაგვარის სულის მოძრაობა და ძლიერის კვეთების გადმოცემა. ის მხოლოდ იმას წარმოგვიდ-გენს კარგათ, რაც ვალით უნახავს და რასაც მისი განუვითარებელი გონება მორევია, მაგალითად ყოველ-დღიურს მოვლენას: თუ როგორ იქცევიან მაჭანკლები ჩვენში, რანაირად ჰგრეხენ სიტყვას სომხები და იმერლები, როგორ მუშტი-კრივობენ ბაზრის ბიჭები და სხვ. ჩვენს არტისტებს კი, ორიოდეს გარდა, არავითარი სწავლა და განათლება არ მიუღიათ და არათუ უცხო, ის ენაც არ იციან, რომელზედაც ადგენენ. ერთის სიტყვით დღევანდელი ჩვენი ქართული სცენა თავად შახოვსკოის დროის რუსის სცენას მოგვაგონებს, როდესაც უნიჭო სუმაროკოვებს გენიოსად სთვლიდენ, ზოგს შექსპირს ეძახდენ, ზოგს რასინს, ზოგს კორნელს და ზოგს მოლიერს. სხვადასხვა ჯამბაზები კინები, ბურბეჯები და რაშელები ეგონათ. იმ დროს რომ სცენაზედ გამოსულიყვნენ გოგოლი, გრიბოედოვი, ოსტროვსკი, სადოვსკი, შჩეპკინი, მარტინოვი, სამოილოვი და ვასილიევის ქალი, ფედოტოვისა, რალფი და სხვ… რასაკვირველია, რომ შეუწყნარებელი დარჩებოდენ. მაშინ, როგორც საზოგადოება, ისე მწერლებიცა და მოთამაშეებიც სრული დარწმუნებული ბრძანდებოდენ თავის ვინმე-რამეობაზედ და გულწრფელათაც მაღლა იღებდენ თავს, მაგრამ დღეს კი მათი მოგონება სასაცილო და სამასხაროა. რასაკვირველია მომავალში ესევე მოელის ამ დღევანდელს ჩვენ სცენას, თუ საფუძველი არ გამოეცვალა და უმეცრების ამაყობას არ გადაჰყვა. აი ამისთანა დროს შეიძინა ქართულმა სცენამ ის ზემოხსენებული დრამა „სამშობლო“. ამ პიესის დედანი ფრანცუზულად არის დაწერილი ვიქტორიენ სარდუსაგან ისეთის გრძნობითა და ხელოვნებით, შინაარსი ისეთ ნაირად არის გამოჭახრაკებული, რომ, რაც უნდა აფუჭოთ სხვა ენაზედ გადატანის დროს, სრულიად ღირსებას მაინც ვერ დაუკარგავთ და კიდევ ბევრი რამ შერჩება მოსაწონი. ქართულათაც ეს პიესა, როგორც სათაური გვიცხადებს, გადმოკეთებულია. საზოგადოთ ამ გვარი თხზულებები მაშინ არიან კარგი და ნაყოფიერი, თუ რომ თავის საკუთარ ნიადაგზედ ამოსულან და მშობლიურს მიწაში გაუდგამთ ფესვი, ისე როგორც ხეს; და თუ უცხო მხრიდან არის გადმოტანილი ნერგივით, უნდა შესაფერი შტო აურჩიოთ და მარჯვედ, მოხდენილად დამყნათ, რომ შეეზარდოს, შეეხორცოს, შეეთვისოს და ერთად იმ ხესთან, რომელზედაც დაუმყნიათ, იხაროს, თორემ უამისოთ ხანგრძლივობას ვერ ეღირსება და გახმება! სხვა ქვეყნებიდგან ჩვენში რომ სათვალეები მოაქვსთ ხოლმე ვაჭრებს, განა ის სათვალეები ყოველ კაცს ერთ-გვარად გამოადგება? იმათ აურჩევენ ხოლმე თვალსა და ცხვირს და თუ ერგო მერე ხმარობენ, და კუდზედ რომ ვინმემ წამოიცვას, სასაცილო იქნება და არა სასარგებლო. უცხო ქვეყნიდგან გადმოკეთე-ბულს თხზულებებსაც, სწორეთ შესაფერი და მოწყობილი დრო და ადგილი უნდა აურჩიოს მწერალმა, რომ უცხოობა აღარ ეტყობოდეს, თორემ ტყუილი დროს დაკარგვა იქნება. ახლა ვნახოთ „სამშობლოს“ ქართულად გადმომკეთებელს ჩვენის ცხოვრებიდგან რომელი დრო და რაგვარი ვითარება აუღია, რომ გადმოემყნა ეს მშვენიერი დრამა, ხერხიანად მოქცეულა, თუ უხეირობით კუდზედ სათვალე წამოუცვამს. რადგანაც იმედია, ამ თხზულებას ყველა წაიკითხავს, ამისათვის ჩვენ მხოლოდ მოკლედ მოგვყავს მისი შინაარსი: შაჰ-აბაზი თბილისში შემოსულა და მუსრს ავლებს საქართველოს, თუმცა მისი ქალი ფაიხოში ხელს აფარებს, მაგრამ მაინც ქრისტიანების დაზოგვა აღარ არის; გამძვინვებული სპარსელები უბრალო რამ მიზეზისათვის იკლებენ და ძაღლსავით აღრჩობენ ქართველებს, ასე რომ თოკები აღარა ჰყოფნისთ. ამ დროს თბილისში მყოფი ქართველები პირს გაჰკვრენ სპარსელების საღალატოდ; მათი მეთაური სვიმონ ლიონიძეა და მისი გაზრდილი და მეგობარი ლევან ხიმშიაშვილი. შეთქმულები მოელიან დავით ბატონიშვილს ჯარით, უნდა კარები გაუღონ, შემოუშვან ქალაქში და ამოჟლიტონ სპარსელები... ეს ისე კარგად და მოხერხებულად დაუწყვიათ, რომ საეჭვო აღარ არის ასრულება, მაგრამ სვიმონის ცოლი ქეთევანი ჩაუშლისთ ამ საქმეს. იმას ლევან ხიმშიაშვილი უყვარს, ქმრის თავიდგან მოშორება უნდა, რომ ლევანი დაისაკუთროს და ამ განძრახვით გაამხელს და ღალატობს არა თუ მარტო ქმარს, სუყველა შეთქმულებსაც. ლევანს კი გადაარჩენს სიკვდილს და მითი ისრულებს გულის წადილს. ეს არის მთავარი აზრი ამ დრამისა და ამაზედ არის მოქარგული მთელი პიესაც, რომელსაც ადვილად შეუძლიან მკითხველი მოხიბლოს, თვალი წარუტაცოს და გული მოუტყუოს. მკითხველს თავისთავადაც შეუძლია მიხვდეს, რომ ამ დრამაში გარდა მისა, რომ შაჰ-აბაზი ერთ დროს მართლა იყო თბილისში და საქართველოც დიახ ააოხრა, არავითარი სიმართლე არ მოიპოვება, ყოველიფერი გამოგონებულია, როგორც მოქმედება, ისე მოქმედი პირებიც, და მაშასადამე ბოდიშს იხდის ისტორიულ პიესობაზედ. საზოგადოთ ისტორიული თხზულება უეჭველია ჭეშმარიტებაზედ უნდა იყოს დამყარებული; მაგრამ არის ერთგვარი თხზულებაც, თუმცა არა ნამდვილად ისტორიული, მაგრამ „ვითომ ისტორიული“ ანუ „ისტორიულგვარი“, როდესაც თხზულებაში როგორც მოქმედება, ისე მომქმედი პირებიც, გამოგონებულია, განზრახვით, მაგრამ ისე ნამდვილათ კი, რომ იმ დროს, რა დროსაც ეკუთვნის, ხასიათსა და ვითარებას ნამდვილად გვიხატავს, და რაც ანბავი მოხდებოდა, სწორეთ ისე უნდა მომხდარიყო, როგორც ავტორი აგვიხატავს, არა სხვა გვარად. დრამა „სამშობლო“, ქართულად გადმოკეთებული, არც ამგვართაგანია! კაცები: სვიმონ ლიონიძე, ლევან ხიმშიაშვილი, დადიანი და გოგია დიაკონი სწორედ ისე არიან გამოხატული, როგორც ჩვენს ძვე-ლებს ეკადრებოდათ, მაგრამ დანაშთენი კი ყოველიფერი თითქმის ცილისწამებაა ჩვენის, იმ დროის, წინაპრების: ქართველთ ჯარები ისე ჯაბანად არიან გამოყვანილი, რომ მართლა და ცხვრები ეგონება მკითხველს. იჭერენ თხებსავით და აღრჩობენ ძაღლებსავით, ასე, რომ როგორც პიესიდან სჩანს, აღარც თოკები ჰყოფნისთ მათ ჩამოსახრჩობად და აღარც სამარხი ადგილი დარჩენილა თბილისში. თვითონ სპარსელების სარდლები სწუხან: რა უბედურებაა, რომ მოჰყავთ და მოჰყავთ ეს ქართველი ტყვეები, ვეღარ გაუვედითო. შაჰ-აბაზს რომ ჯარი ცოტა ჰყავს, ეს მტკიცდება მითი, რომ დავით ბატონიშვილი, რომელსაც მხოლოდ რვაათასი კაცი ახლავს, აშინებს და მოსვენებას არ აძლევს, მაგრამ საკვირველი ეს არის, ის მძვინვარე ყაენი ხომ ვერ ჩამოფრინდებოდა თბილისში. ჯერ ხომ მთელი კახეთი და ქართლი გაიარა და თუ კი მაშინ თბილისს გარეთ მთელს ქართლ-კახეთს არ შეუშინდა, თბილისში - იმ გამაგრებულ ციხე-ქალაქში დავით ბატონიშვილის ციხის გარშემორტყმა აშინებს. და ან თბილისში ქართველი ჯარი (იგივე ქართველი არ არის) რამ შეაშინა და ისე დააძაბუნა, რომ ხელს ვეღარ ანძრევს. მე იმას არ ვამბობ, რომ ქართველებს ვერ ამარცხებდენ და ტყვეთ არ მიჰყავდათ!.. მაგრამ დამარცხებაც არის და დამარცხებაც. ვაჟკაცობით მორევა სხვა არის და რიცხვით სხვა. ასი რომ ერთზედ მივიდეს, რასაკვირველია, დაიმორჩილებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ ერთის სიმხდლეს. თუ ოდესმე დაუმარცხებიათ ქართველები, დაუმარცხებიათ რიცხვით და არა ვაჟკაცობით. თუ რომ ჩვენი ძველები გმირები არყოფილიყვნენ, ვერ გაუძლებდენ ყოველ-კუთხით მოსეულს მტრებს! თვითონ შაჰ-აბაზმა ორასიათასი ტყვე წაიყვანა, გადაასახლა სპარსეთის განაპირზედ ინდოეთისაკენ (მათი ნაშთენი დღესაც იქ ქართველობს), მაგრამ ახლა ესეც ვიკითხოთ, ბევრი ერია იმ ტყვეებში მისთანები, რომელთაც იარაღის ხმარება კიდევ შეეძლოთ, თუ სულ ქალები, ყმაწვილები, მოხუცები და ჭრილობისაგან დასუსტებულები იყვნენ? სანამ იარაღის ხმარება კიდევ შეეძლო ქართველს, ის ტყვეთ თავს არვის ჩაუგდებდა. ეს ხომ კარგად ვიცით. ჩვენი წინაპრების ფიცი ომის დროს ეს იყო: „ვინც ცოცხალი დაბრუნდეს გაუმარჯვებლად, დედა ცოლად შეირთოსო“ და არც სტეხდენ ამ დიდს ფიცსა. რადგანაც პიესისთვის ტყვეები საჭირო იყო, ავტორს შეეძლო, რომ ისინი ყოფილიყვნენ, მაგრამ დაენახვებია კი ჩვენთვის: იმათი დაჭერა რა ძვირად უჯდებოდა მტერს. თუ მოქმედებით ვერ გამოხატა, სიტყვით მაინც დაენიშნებია!.. ორი სიტყვი რომ ეთქვა ერთს ვისმეს სპარსთაგან ამაზედ, სიმართლე იქნებოდა და პიესაც ერთი ასად გაუმჯობესდებოდა. ბერი რომ შემოჰყავს და გაყავსთ ისე, რომ თითქოს ხბოს თავი შემოჰქონდესთ, რათა და რისთვის? მხოლოდ მისთვის, რომ დაგვიმტკიცოს ავტორმა: თათრებს ჩვენი ბერები ძალიან სძულთო. რადგანაც შემოიყვანა, კიდეც შეეძლო, რომ ის მართლა ტიპათ გამოეყვანა. ეჩვენებია ჩვენთვის, თუ რათ დაიჭირეს და რა იყვნენ ძველი ბერები. უნდა ეთქმევინებია რამე, მაგალითად წყევლა-კრულვა და შეჩვენებაც. ისე უმნიშვნელოდ არ უნდა გამოეხატა ჩვენთვის ბერი. ძველად სულიერი მამები, მარტო ჭამაზედ არა ჰფიქრობდენ: იმათაც დიდი ღვაწლი მიუძღვისთ ჩვენს ცხოვრებაში. ხშირად ისინი მაშინ შედიოდენ ბერებად, როდესაც ხორცის სისუსტე ნებას აღარ აძლევდა, რომ მამულისათვის თავი დაედვათ. უკეთესი მეომრები, ბევრჯელ სისხლით დაწერულები სხვადასხვა ომებში, სიბერის დროს ბერებად შედგებოდენ ხოლმე და სულს ამსახურებდენ სამშობლოს. მოვიგონოთ თორნიკე ერისთავი, ათონზედ ქართველთ მონასტრის ამშენებელი და სინობია დედოფლის დროს საბერძნეთის გამომხსნელი ბერობისვე დროს მისის დროებითის სარდლობით. ამას გარდაც ბევრი რამ წვრილმანი წუნი აქვს ამ მშვენიერს პიესას, როგორც მაგალითად ის, რომ დადიანი ტყვეთ მიჰყავსთ. ზღვის პირად მდებარე ქალაქს რომ მტერი უეცრად, მოულოდნელად შემოესიოს, დაიპყროს და იმ დროსვე ახლოს სადმე მონადირეც შეიპყრას, ადვილად მოსახერხებელია, როგორც დედანშიაც არის, მაგრამ ყაენმა რომ ქართლ-კახეთი ამოაგდოს, თბილისი დაიჭიროს და იმერეთში ვერ გაეგოსთ, შეუძლებელია. კარგი, ვსთქვათ, თუ გინდა, დადიანი, მთავრის შვილი მაშინ წამოვიდა, როცა არ იცოდა, მაგრამ ისე როგორ მოჩერჩეტდა თბილისამდი, რომ ვერა გაიგო-რა და ან ისე ოხერ-ტიალათ მთავრის შვილი ერთად-ერთი როგორ მოდიოდა დავით ბატონიშვილთან. ყოველივე ეს ისეთი წვრილმანებია, რომ მაინცადამაინც ამითი პიესა არ მახინჯდება და არც გადასწორება მოუხერხდება, მაგრამ ზოგ-ზოგ ამისთანაებს რომ შალაშინი გაევლოს, არას აწყენს ამ დრამას. თუ და უკვირდება და არ აუჩქარდება, იმ შეცდომებს თვითონ გადმომკეთებელიც მიხვდება და გაასწორებს და ჩვენ კი ერთს დიდს და უმთავრეს ნაკლულოვანებაზედ ვიტყვით აქ რამდენსამე სიტყვას და მით გავათავებთ ამ მცირე შენიშვნას. ახლანდელს დრო-ზედ რომ იყოს ლაპარაკი, ბევრს დავას არ გავუწევდით ავტორს, მაგრამ რადგანაც ძველ დროს ეკუთვნის, ამისათვის არ შეგვიძლიან არ მოვახსენოთ, რომ ქეთევან ისე მოჰგავს ქართველ ქალს, როგორც გველი მტრედსა. საქართველოს ცხოვრებაში ქალებს თუ არ მეტი, კაცებზედ ნაკლებ ღვაწლი არ მიუძღვისთ... ვალდებულია ისტორია, რომ თუ არ უკეთ, ნაკლებ მაინც არ უნდა მოიხსენიოს ქალები კაცებზედ. და მაშასადამე ჩვენის დედების ისე უკუღმართად სცენაზე გამოყვანა, როგორც ქეთევანია, უსამართლო ცილისწამებაა. ეგება ეს გვიპასუხონ, რომ საზოგადო ტიპათ ხომ არ გამოგვყავს ქეთევანიო, და კერძოთ თვითო ვინმე ქეთევანისთანა საძაგელი რატომ იმ დროსაც არ იქნებოდაო. და აი რას მოგახსენებთ: კერძო ტიპათ მაშინ იგულისხმებოდა ქეთევანი, რომ მასთან ერთად დრამაში სხვა ქალიც იყოს გამოყვანილი უკეთესად და თუ ავტორს საქმით არ გამოუყვანია სხვა, სიტყვით მაინც ეჩვენებია ჩვენთვის, რომ ქეთევანი იშვიათი საძაგელი მოვლინებაა ჩვენს ქალებშიო; თორემ იმ ქალისათვის უპირველესი გმირები, ლიონიძე და ლევანი, გიჟდებიან; სჩანს, რომ იმაზედ უკეთესი ქალი ვეღარ უნახავთ საქართველოში, თორემ რაღა იმ მოღალატესა და გულ-ბილწს გადაჰყვენ თავის შეწირვამდე. ამგვარი ქალი, როგორც არის ქეთე-ვანი, არათუ საზოგადო, კერძო ტიპათაც შეუძლებელია! თუ რომ სიყვარულის ბრაზებმა გააგიჟეს და დააკარგვინეს ადამიანობა, რატომ მის მოქმედებაში გიჟურს ვერასა ვხედავთ? მართალია ერთგან კი ამბობს თვითონ, გიჟი ვარო, მაგრამ მოქმე-დებით არა სჩანს მისი არევა და ყველგან მოქმედობს განძრახ-ბოროტად, თითქო შურის მძიებელმა დრო იხელთა და დღესასწაულობს მის გამარჯვებასაო, ქეთევანი ისეთ ნაირათ მოქმედობს, რომ არც წინეთ მისის საძაგელ საქმეების ჩადენისა და არც შემდეგ სინანულში არ შედის. არა სჩანს არსად, რომ მის გულში ბრძოლა და წინააღ-მდეგობა რაიმე იყოს, გულ-გრილად მიდის საცუდსაქმოდ და შემდეგაც სინიდისი არას ეუბნება, ოღონდ კი თავისი გაიტანოს, ლევან საკუთრად ჩაიგდოს ხელში და თვითონაც მხოლოდ მისი გახდეს: ამგვარი ადამიანი ადრიდგანვე ბუნება გარყვნილი უნდა ყოფილიყოს, რადგანაც „მზა სიცუდეთ“ გამოჰყავს ავტორს სცენაზედ, მაშინ კიდევ იფიქრებდა კაცი, რომ ავტორი ამ ტიპის გამოსახვაში მართალიაო! მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ქეთევანს ორგვარის, სულ სხვადასხვა, ერთი მეორის წინააღ-მდეგის ხასიათით გვიხატავს, რომლისაც ერთ გვამში მოთავსება შეუძლებელია. საზოგადოთ მაღალი ტრფობა და სიყვარული ბიწიერება არ არის! კანონიერი და უკანონო სიყვარული ჩვენი გამოგონებული ფლისტი-ფლუსტობაა! თუ კი ადამიანს იმ გრძნობით უყვარს, რომელსაც რუსთველი გვიხატავს, ვისდამიც უნდა იყოს და სადაც უნდა იყოს, ის სიყვარული კანონიერია. ეს სიყვარული, რასაკვირველია, თვალ-გულის აყოლ-გადაყოლასა და „გადაჯექ-გადმოჯექა“ სიყვარულს არა ჰგავს, რომელსაც მართლა და გარყვნილება ჰქვიან. ამგვარი სიყვარული „დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა“ ყველას შეუძლიან, ვისაც კი ბუნება გაქსუებული აქვს, მაგრამ ის პირველი ზემოთქმული სიყვარული რომ შეიძლოს, უთუოდ სულით მაღალი და ბუნება წმინდა უნდა იყოს ადამიანი. სწორეთ ამგვარის სიყვარულით გამსჭვალულად გვიხატავს ავტორი ქეთევანს: ის რომ გარყვნილი ადამიანი იყოს, მაშინ თავს აღარ შეიწუხებდა, ქმარი ქმრად ეყოლებოდა და ლევანი ზედ-ნადებათ, ეჭვსაც ვერავინ აუღებდა; მაგრამ მისი სიყვარული ნამდვილი სიყვარულია! ის ერთს მოინახავს სულის ტოლს, ვერც არავინ გაამტყუნებს, რომ ქმარს ლევანი ურჩევნია! „ოხ, რა საძაგლობაა, როდესაც სხვა გიყვარს და ვალდებული კი ხარ, რომ ქმარს უნდა ეხვეოდეო!“ „მე ვიტანჯები, რომ ჩემს ქმარს, იმ პატიოსან კაცს, ვატყუებ და თვალებში ვეღარ შემიხედიაო, ეს საძაგლობა არისო“. „უნდა ეს როგორმე გათავდესო“. იტანჯება ამ მცირე რამისათვის შედარებით, და იქვე კი სასიკვდილოთ იმეტებს. თუ ცუდი ადამიანია, იმ ზემო ფიქრებში როგორ შედის და თუ კარგია, სასიკვდილოთ როგორ-ღა გასწირა. სიყვარულში როგორ ვუღალატეო იმ კარგ კაცს, იმას კი სწუხს, და რომ კლავს, ის კი არაფერიო? რასაკვირველია, ქალის ამგვარი ორ-ბუნებიანობა შეუძლებელია. ეს არის მოგონება და ბუნების წინააღმდეგი უმართლოება. ამგვარს შეცდომაში მიტომ შეუტოპავს ავტორს, რომ მზა ხასიათის გადმოკეთება მოუნდომებია, და რაც დედანში შესაძლებელი იყო, გადმოღებულში აღარ მოხერხებულა. იქ, დედანში, ჰისპანიელი ქალი ღალატობს თავის ქმარს, რომელიც მისი სჯულისა და ხალხის არ არის, და მიუდგება თავის ქვეყნის ხალხსა და თავისივე რჯულის საყვარელს. ის არც სამშობლოსა ღალატობს ამგვარად და არც თავის სარწმუნოებას. ეს ადვილად შესაძლებელია. გადმოკეთებულ თხზულებაში კი ქართველი ქალი თავის სამშობლოსა და რჯულის გამწირველია. ადვილად შეეძლო ავტორს, რომ გადმოკეთების დროს, ქეთევანად გამოეყვანა არ ძირეულად ქართველი ქალი... შეეძლო რომ ქეთევანი სპარსელი ქალი ყოფილიყო, მონათლული და გაქართველებული, რომლის მიძინებულმა გრძნობამ სამშობლოსა და მამულისადმი, სპარსელების თბილისში შემოსვლის დროს, გაიღვიძა და ამოქმედდა ისე, როგორც ქეთევანი მოქმედობს ამ პიესაში. მაშინ ამ პიესაში არც წინააღმდეგი და არც საწყენი არა იქნებოდა-რა და აზრი და დრამის ჭახრაკიც კი ისევ ის დარჩებოდა. თუ ეს დრამა „სამშობლოს“ ავტორმა ხელახლად ამგვარად გადააკეთა და ცოტა შალაშინიც გაჰკრა იქა-აქა, მაშინ ეს პიესა ჩინებულს ადგილს დაიჭერს ჩვენ მწერლობაში, გადიქცევა „ისტორიულ-გვარ“ პიესად და მადლობასაც გვათქმევინებს ავტორისათვის.
(შრომა, 1881 წ., №12)
![]() |
2.8 სათეატრო შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
„ცოლ-შვილის პატრონი კაცი რომ საითმე გაემგზავრება, დაბრუნების დროს ყოველთვის ის უნდა ჰქონდეს სახეში, რომ ოჯახი არეულ-დარეული დაუხვდება, ქონება სულ დამწვარი, ფულები მოპარული, ცოლი მკვდარი, ვაჟიშვილი ყელ-გამოჭრილი და ქალიშვილი გაუპატიურებული, და თუ ესეები ყველა ერთად არ ასრულდა, ღმერთს მადლობა უნდა შესწიროს და თავი ბედნიერათ ჩაითვალოს. ჩემთვის მაინც ესეები ყველა ცხოვრების კანონია: როდესაც შინ ვბრუნდები, ყოველიფერს ერთად მოველი ხოლმე: ბატონის რისხვას, ლანძღვას, გინებას, გათრევას, გაუპატიურებას და სხვ... და თუ ესენი ყველა ერთად არ გადამხდა, ჩემს ბედზედ კმაყოფილი ვარ და ღმერთს მადლობასა ვსწირავ ხოლმე“. ასე ეუბნება სკაპენი არჟანტს ერთს მოლიერის პიესაში - „სკაპენის ცუღლუტობა“. ეს სიტყვები უნდა ახსოვდეს იმას, ვისაც უნდა, რომ საზოგადო სპარეზზედ გამოვიდეს, იმისთანა ასპარეზზედ, რომელიც არც შრო-მის სასყიდელს აძლევს და ვერც გარეგნობით ამაღლებს მშრომელს, რომ მით უგნური უმეტესობის თვალში ფასი მოემატოს და პატივ-საცემი ჰყოს. საზოგადოთ გაუნათლებელ ქვეყნებში და განსაკუთრებით ჩვენში ამგვარ ასპარეზებში უპირველესი ადგილი უჭირავს სამწერლო ასპარეზს. ჩვენში პატიოსანი და ნამდვილი მწერალი ყოველთვის უნდა იგონებდეს თავის გასამხნევებლად ამ სკაპენის სიტყვებს. მწერალი მუდამ თვალ-ყურს ადევნებს მისის ქვეყნის ცხოვრება-მოძრაობას; შეუნიშნავი არა ურჩება-რა და ყოველს მოვლინებას თავის საკადრისს პასუხს აძლევს, ავს ავათ იხსენიებს და კარგს კარგათ, საქებს აქებს და საგმობელს აძაგებს, და კიდეც ეს არის ის საფუძველი, რომელიც მას ცხოვრებაში ეკალს უთესავს სამაგიეროთ. აი როგორ: კაცი ისეთი თავმოყვარე ცხოველია, რომ რაც უნდა მოიწონო, რამდენიც უნდა შეასხა ქება, გინდ ცამდინაც აამაღლო, მაინც არაფრათ შეიმჩნევს და ასე ფიქრობს: „რა ვუყოთ მერე, რომ მაქეს. მე კიდევ მეტის ღირსიცა ვარო!“ და სხვ... რომ აქეს, ის კი არ დაავიწყდება, მაგრამ ვინც აქო, ის კი აღარ აგონდება... მაგრამ, თუ კი კაცი ავათ მოიხსენიე, გინდ გაკვრით, მცირეოდნათაც გინდ პირდაპირაც არ იყოს მოხსენებული და მხოლოდ თავისთავი როგორმე იცნოს, მაშინ კი უეჭველად აიჭურვება მომხსენებლის სამტროდ და სიკვდილამდე არ ამოსცილდება გულიდამ; ხშირათ თვითონ მწერალს აღარ ახსოვს ის, რაც სხვათა შორის გაკვრით ოცის ან რამოდენიმე წლის წინეთ უთქვამს... ვიზედაც იყო, ისე კი დაუძინებელი მტერია და ხმარობს იმ იარაღს სამაგიეროს გადასახდელათ, რისაც ხმარება შეუძლია, ე.ი. ქვეშ-ქვეშობს, გაიძვერულად სდევნის, ჭორიკანობს მაზედ, ცილის-მწამებლობს, ცრუდ-მობეზღრობს და სხვ. და სხვ... ახლა მარტო ერთი, ორი და ასი ხომ არ იქნება მწერლისაგან ამ გვარათ ნაჩხვლეტი!.. უმრავლესობა, რადგანაც ცუდი ყოველთვის მეტია კარგზედ. ამასაც დავმატოთ ის მათი ამყოლი ხალხის უმეტესი ნაწილი, რომელსაც მხოლოდ სხვისი ყურით ესმის, სხვისის თვალებით იყურება, თავის-თავათ აწონა რამესი კი ეზარება და მაშინ მიხვდებით თუ რა მიზეზია, რომ საზოგადოთ იმგვარ მუშა კაცებზედ რათ არის ხალხი სიცოცხლეში უსამართლოთ, უსაფუძვლოთ მიმდგარი და სიკვდილის შემდეგ კი, როდესაც მხოლოდ იმ პირების ნაწარმოები ურჩებათ ხელში, იცვლიან ჰაზრს და მადლობელი რჩებიან. მაგრამ არის ერთი ასპარეზი კი, რომელიც არ ეკუთვნის ამგვარ ზემოხსენებულ ასპარეზებს და სრულიად განცალკევებული ძალაცა აქვს. ეს გახლავსთ სათეატრო ასპარეზი. იქ საჭირო არ არის ხანგრძლივი შრომა და თავ-განწირულობა, რომ კაცმა სიცოცხლეშივე თავის საქმე გაიუმჯობესოს და კმაყოფილი დარჩეს თავისი ბედისა, ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში, ხშირად ერთს, ორ დღეში ისინი იგებენ ხალხის გულს და თანვე დიდ სასყიდელსაც იღებენ, როგორც მატერი-ალურის, ისე მათის თავ-მოყვარეობის და საკმაო ყოველ მხრითაც. სცენაზედ არა თუ დიდი ნიჭი, მცირეოდენიც არ რჩება დაუსაჩუქრებელი. იმათი ერთი გაცინება, ერთი უბრალო დაპრანჭვა, ერთი ხელის, ან ფეხის განძრევაც არ იკარგება მათთვის მაშინ, როდესაც სხვა ასპარეზებზედ კი მართლა დიდი ნიჭი და თავ-განწირვა შეუნიშნავათა რჩება, ანუ უფრო მართალი იქნება რომ ვსთქვათ, უმნიშვნელოთ არ რჩება, მაგრამ მომქმედი პირების საშავ-დღეოთ და არა სასარგებლოდ. ავიღოთ მაგალითი: რამდენი თავგანწირული მუშაა როგორც ქალებში, ისე კაცებში, თუ გინდა, მასწავლებლებს შუა. აბა ვინ იცის მათი ან სახელი, ან გვარი, ვინ დაეძებს მათ ტანჯვას, მათ შიმშილს; თეატრის მუშაკს კი საჩუქრებით აბეზრებენ თავს, იცნობენ ყველგან და აქებენ. მადლობა ღმერთს, ეს ერთი ასპარეზი მაინც არის, სადაც შრომა არ იკარგება. არტისტები ღირსი არიან ამაების ყველასი, თუ კი თავის მოვალეობას კეთილათ შეასრულებენ, რადგანაც მათი მოვალეობა და მნიშვნელობაც დიდია ხალხისათვის, თუ სწორ გზაზედ კი ივლიან... აქტიორი იგივე მოძღვარია ხალხისა. ის არის მწერლის თანაშემწე მოკანანახე. მწერლის სურათებს ის ანხორციელებს და ერთად თავმოყრილ ხალხს ცოცხლად და ნათლად გადასცემს. ერთსა და იმავე დროს აქტიორს ან აქტრი-სას შეუძლიან ამოდენა ხალხს აგრძნობინოს ისე, როგორც თვითონა გრძნობს, თვალი აუხილოს და დაანახვოს, რა არის ცუდი და რა არის კარგი, რა არის საგულისხმო, ან რა არის საქები და სასიამოვნო. ერთის სიტყვით დააფიქროს, აგრძნობინოს და ამოქმედოს... რასაკვირველია, თუ ამაებს ყველაფერს აასრულებენ, დაკარგული არ არის ის პატივი, რომელსაც ხალხი მათ უძღვნის და თუ კი ამაებს არ აასრულებენ და ცდილობენ მხოლოდ ხალხის გაცინებასა, გარეგნობით გულის მოგებას, ეს ხომ ჯამბაზობა იქნება და მაშინ სასტიკათ მოსაპყრობიც იქნებიან. ახლა აქედამ შეგვიძლიან გადავიდეთ კერძოზედაც და მოვიხსენიოთ ჩვენი აქტიორები. იმათ არ შეუძლიათ უჩივლონ ბედს და ესაყვედურონ საზოგადოებას, თუ არ დავივიწყებთ იმას, რომ სხვები ხსენე-ბაშიდაც არ არიან და ლუკმა ენატრებათ მაშინ, როდესაც მათი პატიოსანი შრომა არაფრად არ ჯილდოვდება, და აქტიორების კი უხვად. და, მაშასადამე, ჩვენი აქტიორები ვალდებული არიან ასე ასრულებდენ თავიანთ მოვალეობას, როგორც ზემოთ საზოგადო კანონათ დავსახეთ აქტიორისათვის. - ამ მოვალეობას მწერლობა პირ-უთვნელათ მოსთხოვს მათ და წინააღმდეგ შემთხვევაში ეცდება თავისი მკაცრი აზრი წარმოსთქვას ხოლმე მათ შესახებ და ნურაფერს უკაცრავათ.
(დროება, 1881 წ., №25)
![]() |
2.9 თეატრი |
▲ზევით დაბრუნება |
ჯერ არ გვახსოვს, რომ ქართულ ტრუპპას ისე რიგიანად წარმოედგინოს რომელიმე პიესა, როგორც 15 თებერვალს, კოტე ყიფიანის ბენეფისში, გაბრ. სუნდუკიანცის „ხათაბალა“, და ამის უმთავრესი მიზეზიც, როგორც ჩვენა გვგონია, თვითონ პიესის სიკეთე უნდა იყოს. გაბრ. სუნდუკიანცი დიდი ხანია შენიშნულია ჩვენს მწერლობაში და თითქმის გადაჭარბებულადაც დაფასებული. იმას მისთანავე მნიშვნელობას აძლევენ ჩვენში ზოგიერთები, როგორაც, დიახ სამართლიანათ, მიუღია რუსეთში ოსტროვსკის, მაგრამ მე ამისი ცოტა წინააღმდეგი ვარ. მართალია, ორივე თანასწორის ნიჭით და ერთგვარად ეხებიან ერთგვარსავე წრეს, ვაჭრებისას, მაგრამ ნაყოფი მათის შრომისა კი სულ სხვადასხვა არის. ადვილათ შესაძლებელია, ერთნაირის ნიჭითა და ხელოვნებით, ერთგვარის შრომით და ძალით იმუშაოს ორმა; მაგალითად, ერთმა რძე დღვებოს და მეორემ კი წყალი; პირველს კარაქი გამოუვა და მეორეს კი არაფერი.. მაშასადამე, სუნდუკიანცისა და ოსტროვსკის შესადარებლად და მათის ნამსახურის რავდენობის ასაწონათ საჭირო არის, რომ ჯერ მათგან შეხებული საგნები, რუსეთის ვაჭრები და ქალაქელები, შევადაროთ ერთმანეთს და გამოვიკვლიოთ მათი ვინმე-რამეობა. ოსტროვსკი ძლიერად ჰკიდებს ხელს რუსის ვაჭრებს, იმ ვაჭრების წრეს, რომელსაც ძირეული, მამა-პაპისეული არა დაუკარგავს-რა და უცხო გავლენით ფერი არა სცვლია. ნიჭიერად შეეხო მათ შინაგან ცხოვრებას და გამოამჟღავნა. მისგან დანიშნულ და დახატულ ტიპებში ჩვენ მარტო ვაჭრებს და ან მარტო რომელიმე კერძო წრეს კი არა ვხედავთ, საზოგადოთ რუსეთის ტიპებს ვუყურებთ, რადგანაც იქ იხატება მთელი რუსეთის თავგადასავალი, საერთო ზნე და საერთო მხარეები. როგორი არიან ოსტროვსკის ტიპები, მისი ტიტ ტიტიჩები? იმათ სწამთ ქვეყანაზედ მხოლოდ ერთი ძალა - ფული, და ესმით კაცთა შორის მხოლოდ ორგვარი დამოკიდებულობა: ბატონობა და მონობა. ერთი უნდა ბრძანებლობდეს, მეორე უსიტყვოდ ასრულებდეს. მონა უნდა იყოს სუსტი, ბატონი ძლიერი... სიღარიბე - სისუსტეა, სიმდიდრე - ძლიერება. ის მდიდარია, მაშასადამე, ძლიერი ყოფილა, შეუძლია ბატონობა და ბატონს წინ ვერა აღუდგება-რა!... კანონი უძლურია მაზედ. იმას შეუძლია დალეწოს, დაამტვრიოს, რასაც კი ხელს მოავლებს და წინააღმდეგობას ნურავინ გაუბედავს!.. ის არის მეფე-მტარვალი მის პატარა ოჯახში. როგორც იმას ექცეოდენ სხვები მის უძლურებაში, დღეს ესეც ისე იქცევა ძლიერებაში. რაც უნდა ჩაიდინოს, შეშვენის. რჯული და სარწმუნოებაც თავისებურათ ესმის: ათასს საძაგლობას ჩაიდენს, იქურდებს, ათიათასს გაგლეჯს, ქვრივ-ობლების ცრემლით იხარებს და ამაების მოსანანებლათ გლახაკს გროშებს დაურიგებს და დარწმუნებულია, ცოდვაც აღარ მოეკითხება. დილიდამ საღამომდე მისის პირისაგან საზარელი უშვერება ამოდის; მაგრამ რა ენაღვლება, იცის, რომ დანიშნულ დროზედ სალოცავად წავა და მოინანებს. - ღორმუცლობს, ლოთობს და უძღებობს, მაგრამ მაგიერათ მარხვას ინახავს. მეძაობს, მრუშობს, მაგრამ მღვდლის პატივი იცის: ხელზედ ემთხვევა და სადილად ეპატიჟება ხოლმე. გაზვიადებულს თავი მაღლა ცაზედა აქვს მიბჯენილი და თუ მცირე რამ საწინააღმდეგო შეხვდა, სადაც ფული ვეღარა სჭრის და ზნეობითი ძალაა საჭირო, მაშინ კი უცბათ ვარდება სინანულში, იყრის თავზე ნაცარს და სრულიად თავდამდაბლებული წაღმა-უკუღმა შენდობას ითხოვს. მიეცით ამას ტახტი და ისვე იოანე მრისხანე იქნება, მტანჯველი და მომქენჯნელი ქვეშემრდომებისა: ჯერ გულს გაიძღებს მათის სისხლით და მერე, როდესაც ამაოთ მორწმუნეობის მცირე რამ ნიშანი გამოაფხიზლებს, მაგალითად: ან სიზმარს ნახავს, ან თვალი, ან წარბი, ან სხვა რამე უმღერებს, ან მღვდელი შეეყარა, ან კურდღელი გზას გადაუჭრის, ან ძაღლი იზუილებს და ან სხვა რამე, მაშინ ერთბაშად ვარდება სინანულში და იხედება მაღლა ზეცისაკენ. მიეცით ამ ვაჭარს, ტიტ ტიტიჩს, უფროსობა სამსახურში და ის იქნება იგივე მტარვალი ხელ-ქვეითებისა და როდესაც ფეხს წაამტვრევს, ჩავარდება უკიდურესს სინანულში დროს გამობრუნებამდი. დაამცირეთ ეს ზვიადი ტიტ ტიტიჩი და გახადეთ გლეხ-კაცათ და ეს მაშინ ქვეყნის მონობას ბინძურებამდი მიიყვანს, შეიხორცებს, მაგრამ თავის ოჯახში, თავის ცოლ-შვილში კი იმავე მტარვა-ლათ რჩება, თავის გულის ბუხარს მათზედ ამოიყრის. ერთი სიტყვით, თავის ძირეულ ნასისხლ-ნახორცალ ხასიათს ყველგან გამოიჩენს. ხასიათი და ზნე კი არ ასხვავებსთ ამ პირებთ, მხოლოდ მოედანი: დიდია დიდათ გარბის, პატარაა-პატარათ. ძალა, სურვილი და მოქმედება კი ერთიდაიგივეა. აქედან სჩანს, რომ ოსტროვსკიმ, ვაჭრების ხასიათის გამოხატვის დროს, მთელი რუსეთი გამოხატა და დაგვანახვა. და ეს მიზეზია, რომ ოსტროვსკის ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მწერლობაში. ახლა ქალაქელი ვაჭრებიცა ვნახოთ, ის ვაჭრები, რომელთაც სუნდუკიანცი ეხება. ვინ არიან ეს ვაჭრები და რა ნაციას ეკუთვნიან?.. ჩვენის ჰაზრით, ესენი არც ერთ ხალხს არ ეკუთვნიან! ესე, თავის-თავად ქალაქელები არიან... მხოლოდ მიუღიათ ერთის მხრით სომხებისაგან და მეორე მხრით ქართველებისაგან ის, რაც მათ ხელობას, მათ ქალაქელობას გამოადგებოდა: სომხური ანგარიში და ყაირათობა და ქართული გულ-გაშლილობა და გულ-ჩვილობა; მაგრამ ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ხანდახან, როცა იარაღათა ხმარობენ და ქსელათ. მაგალითად, აბა თუ ვისმეს უნახავს, რომ ქალაქელი ვაჭარი ანგარიშის დროს ქართულათ ლაპარაკობდეს და ალერსისა და დარბაისლობის დროს სომხურათ. ვერ მოახერხებენ!.. ძირეულათ იმათ არცარა ქართული აქვსთ და არცარა სომხური. ისინი რამოდენიმე საუკუნის წინეთ ტიტველ-კანათ მოსულან საქართველოში, თავი შეუფარებიათ, მასპინძლებსაც შეუწყნარებიათ ისე, როგორც რიგია ყარიბის შეწყნარებისა და მას შემდეგ იმათ მისთანა სამუშაო არა ჰქონიათ-რა, რომელიც ადამიანს სულით ამაღლებს. უკანონოთ მონობაში და ყარიბო-ბაში ნელ-ნელა გაძლიერებულან, ქვეშ-ქვეშა და უკადრისის იარაღის ხმარებით და დღესაც, თუმცა კან-შემოსილი არიან, მაგრამ მაინც ვეღარ იღებენ ხელსა ჩვეულ იარაღზედ და ზამბახოვობა სარწმუნოებათ გადაქცევიათ... ვიმეორებთ, რომ ეს სარწმუნოება არც ერთი ნაციის არ არის!.. მათი საკუთარი მოპოებულია. მართალია, დღეს ისინი მეპატრონეები არიან, მაგრამ ფეხი კი არაფერზედ ედგმით და ერთის შეცაცხანებით, ერთის ჰაი, ჰაით ბურტყლივით წავლენ, მათ ქალაქელობას ბოლო მოეღება და ვერც არავის არგებენ... შემცდარი არიან ისინი, ვინც იმათგან იმედობენ. იმათი წრე უმნიშვნელოა და მოკლე, და მაშასადამე, მათი აწერაც უფერულია. ჰეი! ჰეი! რომ სუნდუკიანცს მისი კალამი მათზედ მოუცდენია! რაც შეეხება პიესის წარმოდგენას, მე მგონია, ავტორმა საყვედური ვერა სთქვას: კ. ყიფიანიდან დაწყებული ნ. თომაშვილამდი, რომელსაც უკანასკნელი როლი ჰქონდა პიესაში, ყველანი ჩინებულათ თამაშობდენ. არ იფიქროს ნ. თომაშვილმა, რომ მე ის უკანასკნელ მოთამაშეთ მიმაჩნდეს ტრუპპაში და მიტომ მოვიხსენიე ბოლოში. არა, ჩემის აზრით, ის ბევრზედ უფრო ნიჭიერია და როდესაც საოხუნჯო პიესები ისე აღარ იქნებიან საზოგადოებისაგან შეწყნარებაში, როგორც დღეს არიან და როდესაც მათს ადგილს დაიჭერენ მართლა და რიგიანი პიესები, ხალხის ცხოვრებიდან აღებულები, მაღალი კომედიები და დრამები, მაშინ უეჭველია ზოგიერთებს წინ წაუვლიან თომაშვილები და მხეიძეები, თუ რომ სულმოკლეობით გულს არ გაიტეხენ და ისე შეხედვენ თავის ხელობას, როგორც დღეს კ. ყიფიანი უყურებს. მაგრამ საზოგადოთ არტისტების გარჩევას კიდევ მოვესწრებით და დღეს მხოლოდ კ. ყიფიანზე ვიწყებ საუბარს. გაბედვით შემიძლიან ვსთქვა, რომ ის არის არტისტი სულით, გულითა და ჭკუით. უყვარს მისი ხელობა და მხოლოდ იმასა ცდილობს, რომ გვეჩვენოს როლებში ისე, როგორც ჰსურვებია პიესის ავტორს. თამაშობის დროს იმას თითქოს დავიწყებული ჰყავდეს მაყურებლები და მხოლოდ ფიქრობს როლის სინამდვილეზედ. თამაშობს დაწყნარებით, მშვიდობიანათ და სხვების გულის მოსაგებათ არას უმატებს. თქვენ ვერ შენიშნავთ, ბევრიც რომ ეცადოთ, მის სახეზედ გადაჭარბებულ მოძრაობას და მიხრა-მოხრაში საოხუნჯო მანჭიაობას. მხოლოდ ხანდახან, როცა როლი დაავიწ-ყდება ხოლმე, ჩოხის წმენდას მოჰყვება და თავზედ ხელის სმას; მაგრამ ესეც ისე მოხდენილათ მოუდის, რომ არაფერს უფუჭებს. ყოველი მისი მიმიკა შესაფერია და ძალიან საგულისხმო. თუ გინდათ, სამაგალითოდ ავიღოთ ერთი მისი მიმიკა ზამბახოვის როლში: როდესაც ზამბახოვი მიხვდა თუ ვინ ყოფილა ის ქალი, რომელიც მასისიანცს უნახავს. კ. ყიფიანი აკეთებს შემდეგ მიმიკას: ჯერ ცხვირზედ მიიდებს თითს, მერე შუბლზედ და შემდეგ გაიქნევს ხელს, რომლითაც ხატავს, რომ მივხვდი რაც ამბავიაო. ცხვირზედ თითის მიდება რაღას ნიშნავსო, ეგება იკითხოს ვინმემ, და აი რას: ჩვენში საზოგადოთ არის მიღებული, „სუნით ეძებს საქმესო, სუნით მიაგნოვო“ და სხვ... მართლადაც ზამბახოვისთანა კაცები ისეთ ცუდსა და მყრალს საქმეებსა ჰკიდებენ ხელს, რომ სუნით უნდა ეძებდენ... იმ შემთხვევაშიდაც ჯერ სუნი იცა ზამბახოვმა: საიდამ მოდის ეს საქმეო; მერე ასწონა და შემდეგ გადასწყვიტა. მაშასადამე, კ. ყიფიანის მიმიკა: ჯერ ცხვირზედ თითის მიდება, მერე შუბლზედ და შემდეგ ხელის შეტკაცუნება ნამდვილი გულის-თქმის გამომხატველი ყოფილა. კ. ყიფიანს მეტად ვრცელი რეპერტუარი აქვს; მაგრამ ჯერ კიდევ არ შეგვიძლიან გადაწყვეტითა ვსთქვათ, თუ რომელია მისი პირდაპირი ამპლუა. ყოველიფერს სინდისიანათ და ნიჭიერათ თამაშობს; მაგისი მოედანი ჯერ კიდევ წინ არის. ერთის სიტყვით, ჯერჯე-რობით ეგ არის ქართული ტრუპპის დედა-ბოძი და ტოლი არა ჰყავს. ხანდახან როლი არ იცის, მაგრამ მაგითი ბევრს არას აშავებს, რადგანაც მხოლოდ სიტყვები ავიწყდება ხოლმე, თორემ ხასიათი და თამაში როლისა ახსოვს და იცის და ამით ეს ნაკლულევანება ადვილათ სწორდება მოკანანახის (სუფლიორის) წყალობით. უფრო უარესი ესა აქვს, რომ სიტყვებს ჰყლაპავს და ხშირათ სასაცინო სიტყვები გამოუდის, როგორც მაგალითად ზამბახოვის როლში, უნდა ეთქვა, რომ „შვილები პატარაები მყავს“ და იმან კი ასე სთქვა: „შვილები პატრები მყავსო“! იმედია, ამ ნაკლულევანებას ადრე თუ გვიან გაისწორებს. ამას გარდა დივერტისმენტში რომ არ გამოდიოდეს კარგს იზამს; იქ იმოდენათ სუსტია, რამდენათაც აქტიორობაში ძლიერი, განსაკუთრებით ლექსების კითხვაში.
(დროება, 1881 წ. №37).
![]() |
2.10 თეატრი |
▲ზევით დაბრუნება |
„მეტის-მეტიო - ცეტის-ცეტიო“, ნათქვამია და ეს ანდაზა სწორეთ რომ მოწყობილია ამ კვირის წარმოდგენაზედ. საყველიერო ბალაგანურ პიესებზედ ლაპარაკი არა ღირს და ჩვენ მხოლოდ პირდაპირ მებენეფისე - მხეიძის ქალზედ ვიტყვით ცოტა რამეს. იმან მიიღო ხუთი სხვადასხვა საჩუქარი და მეექვსეც ყვავილების გვირგვინი. წარმოდგენის გათავების შემდეგ გარეთ უცდიდენ ზოგიერთები, რომელთაც ტაშის-კვრით, ბრავოთი და ჩირაღდნით გააცილეს, და ესეები ყველა ჩვენ მოსაწონათ ვერ დავინახეთ. ამგვარად დასაჩუქრება მებენეფისესი მეტის-მეტი იყო. არავინ იფიქროს, რომ ის საჩუქრები გვშურდეს მხეიძის ქალისათვის. არა; ნეტავი ათასი იმოდენაც ეჩუქებიათ! თუ კი ქართველების ფულები ას-ას და ორას-ორას თუმნობით ჩადის იმისთანაების ჯიბეში, რომლებიც ჩვენთვის არა თუ გამოსადეგარი, მავნებელნიც არიან, მაშ ჩვენ მცირეოდენი ჯილდო ჩვენებისათვის რათ დაგვენანება. მაგრამ აქ სულ სხვა მიზეზი გვალაპარაკებს. სცენა საზოგადო ასპარეზია, კერძო მოედანი არ გახლავსთ. აქ უნდა ფასდებოდეს ნიჭი, შრომა, ნამსახური და ღვაწლი და არა მისთანა რამ, რომელსაც მხოლოდ სცენის გარე აქვს ფასი და მნიშვნელობა. ჩვენ პირადად იმ ჰაზრისა ვართ, რომ მხეიძის ქალი მომავალში შესამჩნევი არტისტკა შეიქნება, თუ კი სწავლა-ბეჯითობას მიჰყოფს ხელს, მაგრამ ჯერ კი, ბუნებისაგან კარგათ დასაჩუქ-რებული ახალგაზდა ქალი, სათეატრო ანა-ბანას არ გასცილებია, არც დიდი ხანია თამაშობს, რომ ნამსახური რამ მიუძღოდეს, და მაშ ისეთი მიღება რა იყო მაშინ, როდესაც საფაროვის ქალი, რომელიც დღეს ისე მაღლა დგას შედარებით მხეიძის ქალზედ, როგორც იალბუზი მახათაზედ, სრულიად დაუჯილდოვებელი დასტოვეს. ვიმეორებთ, რომ სცენის გარეგან ანგარიშებს, პირად-სანდომიანობასა და უსანდობას აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს!.. მართალია, უსამართლოდ დაჩაგვრა ნიჭიერისა და საიმედო მუშისა, რა ასპარეზზედაც უნდა იყოს, ცოდვაა და საძაგლობაა; მაგრამ უზომო წახალისებაც კი მავნებელია და ამის მაგალითები თვალ-წინ გვიდგას. სათეატრო ასპარეზი ყველგან საზოგადოთ ისეთი რამ არის, სცენას ისეთი ხასიათი აქვს, რომ იმოდენი უსამართლობა, შური და ერთმანეთის ორმოს გათხრა არც ერთს სხვა ასპარეზზედ არ მოხერხდება. არა თუ ახალგაზდა ნიჭს არ ეძლევა ხშირათ გზა, გამომდგარ და გამოსულ არტისტებსაც ხშირათ ბოლო ეღებათ უსამართლობით. რაც უნდა უმაღლესი ნიჭის პატრონიც იყოს არტისტი, თუ კი იმის შესაფერ როლებს არ მისცემ და განძრახვით სხვა როლებში გამოუშვი, მაყურებლების თვალში, რომელმაც არ იცის კულისის გარეთ რა ამბებია, თანდათან ღირსება აკლდება და ბოლოს სულაც ეცემა. და წინააღმდეგ იმისა, ცოტაოდენი ნიჭის პატრონიც რომ იყოს რომე-ლიმე არტისტი, თუ კი მუდამ გამორჩეული როლები ეძლევა, მაყურებლების თვალში კარგათ გამოჩნდება და სახელიც ექნება. ამგვარათ არტისტის ბედი და უბედობა ბევრის ხელშია ჩავარდნილი: 1) რეჟისორის ხელში, რომ შესაფერი როლები აძლიოს; 2) მოკანანახის ხელში, რომ კანანახი არ აურიოს და 3) თანამოთამაშეების ხელში, რომ არ გაუფუჭონ განძრახვით თამაში. ხშირად, როდესაც ისეთი სათამაშო აქვს ერთს არტისტს, რომელიც ნელ-ნელა თხოულობს მაყურებლების ყურადღებას, იმ დროს მეორე განძრახვით ისეთ რამეს ჩაიდენს, რომ მაყურებლებს გააცინებს, მაგალითად ან ცხვირს დააცემინებს განგებ, ან სასაცინო მოძრაობას იზამს და ან სხვა რამეს, რომელსაც პიესა და მისი როლი არ თხოულობს და მითი უფუჭებს თამაშს. ესეები ყველა, რასაკვირველია, მისაღებია მხედველობაში; მაგრამ უზომო წახალისებაც კი მავნებელია როგორც საქმისათვის, ისე პირადად მოთამაშისათვისაც. ამის მაგალითები გვქონდა: ვინც კი ვაქეთ წინა წლებში წასახალისებლად და გულის გასაკეთებლად, ისეთ ნაირათ შეიფერეს და ისე გაზვიადდენ, რომ ნამდვილათ დარწმუნდნენ თავის რაღაცაობაზედ და თუ ჩვენი ქვეყანა მათგან დიდი დავალებული არ იყო, აღარ ეგონათ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არც თამარ მეფე, არც ნინო განმანათლე-ბელი, არც დავით აღმაშენებელი, არც ირაკლი და არც სხვა ვინმე ჩვენი ქვეყნის გმირთაგანი იმდენს არ ჰფიქრობდა თავისთავზედ და არ მოქონდა თავი ისე, როგორც ამ ჩვენ ნორჩ თეატრის მოთამაშეებს მაშინ, როდესაც ჯერჯერობით ჩვენი თეატრი ახალ-ნორჩია და როგორც პიესები, ისე თამაშობაც „ჭია-კოკონა“ და მალაყო-ბია არის. რაც შეეხება თამაშს: აბაშიძე მოლას როლში კარგი იყო. მოხევე ძალიან მოგავდა ახმახ ოსმალოს, გაბუნიას ქალი იცინოდა, მხეიძის ქალი ჩინებული რამ იყო და სხვებს კი, შემდეგისათვის ღმერთმა მეტ შნო მისცეთ. - „პარიკმახერისას“-ში მხეიძის ქალი უშნო და სუსტი რამ იყო შედარებით მისვე პირველ თამაშთან ამავე როლში. ამგვარი როლები გაჩენილი არიან საფაროვის ქალისათვის და ამის შემდეგ ნუღარავინ გამოდის. - გაბუნიას ქალი... მაგრამ ახლა რაღა უნდა ვსთქვათ ამ მაღალ ნიჭიერ, მაგრამ ცუღლუტ არტისტკაზედ.
(დროება, 1881 წ., №41)
![]() |
2.11 სამგზავრო წერილებიდან |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ერთის ვინმე კაცადის, ისე საზოგადოდ ყოველის ერის უმდაბლეს-უმაღლესი სულის კვეთება და მოძრაობა უკიდურესად მის ტანჯვა-ლხენაში გამომეტყველდება. - როგორც ხალხის ყოველ გვარი ზეპირ-სიტყვაობა, მაგალითად: ზღაპრები, შაირები, გამოცანები და სხვანი, ისე სიმღერაც შეადგენს მის უტყუარს ისტორიას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პირველები არიან ჭკუა-გონების ნაჭადრაკევი და მეორე კი გულითადი აღსარება და წრფელი მოთხრობა ხალხის თავგადასავლის. - რადგანაც ჩვენი საქართველო მრავალ-გვარად ჭირ-ნახული და მრავალგვარად თავგადასავლიანი ყოფილა, ამისათვის სასიმღერო ხმებიც: სალხინო თუ საზარო, მუშური თუ საომარი, ბევრი და მრავალგვარი ჰქონია. ჩვენი ისტორიული ცხოვრება მოითხოვდა ჩვენის მამებისაგან ჭირში თუ ლხინში, ომში თუ მუშაობაში, საზოგადო შრომას და შეერთებულს ძალას, ამისათვის სასიმღერო ხმებიც საგუნდო ყოფილა და არა კერძოდ ერთის სათქმელი; მხოლოდ ერთი რამ შეეძლო სხვის დაუხმარებლად გაეკეთებინა ძველს ქართველს; ეს ერთი რამ იყო დაძინება და ამიტომ მხოლოდ „ნანინა“ იმღერებოდა ერთის ხმით. ბაიათების თქმა დროთა ვითარებისაგან ნაძალევად შემოტანილია საქართველოში აღმოსავლეთიდგან და რომ ის უცხო არის ქართული ბუნების, ამას ის გვიმტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოს მცხოვრებლებს, ე.ი. იმერლებს ეჯავრებათ და თვითონ აღმოსავლეთის ქართველებსაც რომ დავკვირვებივარ, ისინი უფრო გრძნობიერს, ქართულს სიტყვებს უგდებენ ყურს, თორემ თვითონ ხმა ბევრად არც იმათ მოსწონსთ; მაგალითად, იმავე ხმით, რა ხმითაც ქართულს სიტყვებს ამბობენ, რომ იმის უცოდინარს სხვა ენაზედ უმღეროთ, აღარ მიუგდებს სიამოვნებით ყურს. მაშ სჩანს, რომ მხოლოდ აზრი და სიტყვები იტაცებენ მის სასმენელს და არა მუზიკალური მხარე. მაგრამ ნამდვილი ძველებური ქართული ხმები კი უსიტყვოთაც, მხოლოდ თავის მომხიბლავის კილოთი, საამოდ ხვდებიან ქართველის გულს. დღეს ეს ძველი ქართული ხმები, ძველი სიმღერები აღარ არიან პატივდებაში და მხოლოდ ოდნადღა კიდე დარჩენილა კახეთში და ამ ხმებში დღესაც სწორედ რომ სარკესავით იხატება ჩვენი წარსული ცხოვრება. იქა ვხედავთ რაღაც თავგამომეტებულს ბრძოლას, პირდაპირ შეტევებას, ხელგაშლილად მიმართვას და ერთი მეორის დახმარებას. ავიღოთ მაგალითად „სუფრული“: ერთი შემოსძახებს გულ-გაშლილად რაც ძალი და ღონე აქვს, აჰყავს მაღლა ხმა, თითქოს ზეცას უნდა შესტყორცოს თავის გულითადი სურვილი; მეორე იქვე გვერდში უდგია და შეტევებით მოსძახებს. შენიშნავს თუ არა მთქმელს, ხმა დაბლა დაიღოვო, ის მაშინ აუწევს ხმას შეტაკებით, მხარს აძლევს, ამხნევებს და მერე ისევ თანასწორად მიდიან შეტევებულად. იქვე გარს ახვევიან სხვებიც და ყოველის კუთხით ბანს აძლევენ. აი ეს არის სარკე ჩვენის წარსულის ცხოვრების და მახინჯი უნდა იყოს ის ქართველი, რომელიც დღეს ამ სარკეს თვალ-ყურს არიდებს. ავიღოთ კიდევ მეორე ხმა, კახეთშივე დარჩე-ნილი: „მუმლი მუხასა გარს ეხვევოდაო“. აქ ხალხს მუხად გამოუხატავს საქართველო და მუმლად ყოველი კუთხით მოსეული მტერი; როდესაც ერთი სათვალავს ამბობს ამ ლექსისა და დანარჩენები მწუხარე ბანს დაჰგუგუნებენ, მაშინ ნამდვილ ქართველისაგან ეს საზარო სიმღერა ნაღველს მოითხოვს, ნაღველი ცრემლებს და ყველა ერთად უნებურს ოხვრას. აქ არ შეიძლება არ მოვიხსენიო იმერული სიმღერებიც. დღევანდელი „ოდელიები“ და „ჰარალალოები“, თუმცა ძველებურს სიმღერებს აღარ გვანან, მაგრამ ეს ახლად შემზადებული კრინმანჭულები ძალიან ხატვენ დღევანდელ იმერეთის მდგომარეობას. მომღერლები ერთი მეორეს უგდებენ სიტყვას მაქოსავით, პირიდგან ართმევენ სიტყვას ერთმანეთს, გააგდებენ, გამოაგდებენ, ხვრელში აძვრენენ, დაფანტვენ სიტყვებს და მერე ისევ თავმოყრილად გათავების დროს შეაერთებენ. როდესაც ყურს უგდებ ამ სიმღერას, გინდა, რომ ერთსა და იმავე დროს ერთს თვალს - ერთს უქნევდე და მეორეს - მეორეს და თანაც სურვილი გაქვს, ვინმე ყინვაზე გაასრიალო. ეს კრინმანჭული სიმღერები მხოლოდ გურიაშია და სხვაგან იმერეთში კი უფრო სკვითური ხმებია გავრცელებული. ნამდვილ სახალხო ნიადაგზე შედგენილი სიმღერები თავისი კილოთი უნდა ეთანხმებოდნენ იმ საგანს, რომლის გამოც ისინი გამოგონებულან და, რასაკვირველია, დღევანდელი სკვითური ხმები ქართულის გრძნობის და ხასიათის გალაყების გამო შემოღებულან. მაგალი-თად ავიღოთ ახალი „მრავალ-ჟამიერი“. იმაზე უფრო საზარელს ქართველის ყური ვერას გაიგონებს. თვალ-ახვეულს კაცს რომ გააგონო, თუ სუფრა ვერ დაინახა, ეგონება, რომ მკვდარს წესს უგებენო და საკმევლის სული მიედინება. სხვადასხვა გადაგრეხილადაც რომ დაიწყეს ამ მრავალ-ჟამიერის მღერა! ამოიჯინებენ ზედი-ზედ: „ჟამი, ჟამი, ჟამიო“. აწრიპინდებიან ქალები, აბღავლდებიან კაცები, გიწუხდება მსმენელს გული, გეკარგება მადა და გულში ამბობ: ჟამი თქვენ და შავი ჭირიო. აგრეთვე მიიჯინებენ ხოლმე: „ბელი ვარ, ბელი ვარ, ბელი ვარო“... პუნტულა ქალებმა რომ სთქვან, კიდე არაფერი, მაგრამ ეს დიდი უშველებელი დათვები, კაცები, რომ ბღავიან „ბელი ვარ, ბელი ვარ, ბელი ვართო“, ვინ უნდა მოატყუონ? - აქ, თუ უკაცრავად არ ვიქნები მკითხველებთან, ცოტა ხნით გადაუხვევ და ორს ნამდვილ ანბავს მოვახსენებ ამ სიმღერის შესახებ. შემოქმედის სასწაული და ძალა მის გაჩენილ ბუნების მშვენიერებაში. მოჩანს. მშვენიერების თაყვანის ცემა, უპირველესი ლოცვაა კაცისათვის და მართალი იყვნენ ბერძნები, სისრულესა და მშვენიერებას რომ აღმერთებდენ. - საამო სანახავი არიან იმერეთის მშვენიერები გარეგნობით, მაგრამ, როდესაც შეატყობ, რომ გარეგნობას სულისა და გულის სიმშვენიერესთან თანხმობა არა აქვს, გული უნებურად იკოდება. ერთს იმერელს ქალს ვიცნობ, რომელიც მართლა სათაყვანოდ შეუმკია ბუნებას. მისის ჭვრეტით თვალი არ იღალება და გულს არ წყინდება ზედი-ზედ ნახვა; მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა საზარელია მისი ნახვა, როდესაც ის ახალს „მრავალ-ჟამიერს“ შემოჰკივლებს ხოლმე! და ისეთი გრძნობითაც იმღერის, რომ უეჭველად გაფიქრებინებს კაცს, ამაში ქართველური აღარა დარჩენილა-რა, გრძნობა გალაყებიაო და ამ მშვენიერებას ზიზღით აშორებ თვალს. ახლა ნახეთ მეორე მაგალითი, სულ ამის წინააღმდეგი: შედარებით სხვა მხრის საქართველოს ქალებთან, კახეთის ქალები უფრო შესანიშ-ნავნი არიან. ისე ლამაზი ვერ არიან, როგორც საზოგადოდ იმერეთის ქალები, მაგრამ ნაზიერობა მეტი აქვსთ. ერთი კახელი ქალია, რომელიც თუ დროთა ვითარებას მისთვის ხელ-ფეხი არ შეეკრა, შესანიშნავ მნათობთაგანი იქნებოდა, მაგრამ დღეს კი ცდომილ ვარსკვლავივით, ხან მარჯვნივ აუხვევს და ხან მარცხნივ, თუმცა არც ერთის მხრისაკენ თავის სხივები არ აკლდება. - იყო დრო, როდესაც საქებს აქებდენ და საძაგელს აძაგებდენ. დღეს ეს განსაზღვრა აღარ არის. საგმობელზედ საქებს უფრო გმობენ და, რასაკვირველია, რომ ეს ქალიც სოფლის ჭორიკანაობას ყბად ეყოლებოდა აღებული. კახეთშივე არის ერთი დიახ საქები და რიგიანი ყმაწვილი კაცი, რომელსაც ბევრი რამ გაეგონა ამ ქალზედ და სანახავადაც ეჯავრებოდა. ერთხელ მოხვდენ ორივე ერთს საზოგადოებაში; ნახა იმ ქალის მიხვრა-მოხვრა, სიტყვა-პასუხი, ქცევა, სუფრაზედ მისი მოლხენა, მშობლიურს ხმებზედ სიმღერები; ძალა-უნებურად მოეხიბლა გრძნობა და თავ-დაღუნვით მივიდა ქალთან და აღტაცებით ხელზედ აკოცა: მაგრამ ეს კოცნა არ იყო კინტოური პროშტი! არა, ეს იყო პატიოსნურის გრძნობისაგან აღელვებულის, ნამდვილის ქართველ მამულისშვილის წმიდა ამბორება. აი ამგვარი ნიშნებია, რომელიც მომავალზედ ჩვენ გულს არ გვიტეხს და ჩუმად გულში გვიღიღინებს: „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“ და სხვა.
(შრომა, 1883 წ., №7)
![]() |
2.12 რამოდენიმე სიტყვა ქართული გალობის აღდგინების გამო |
▲ზევით დაბრუნება |
მე მგონია, ცხადი იყოს ყველასათვის, რომ საქართველოს ერთობის დროს ენაც ერთი გვქონდა, ღრმად შემუშავებული და წესიერადაც დაკანონებული; ამას გვიმტკიცებენ: „ვეფხისტყაოსანი“, „ვისრამიანი“, „დარეჯანიანი“, „რუსუდანიანი“ და სხვ... აგრეთვე აღარც ის არის საეჭვო, რომ სამეფოს გაყოფისა და დაცალცალკევების შემდეგ ენასაც ხრწნილება შეჰპარვია, ადგილობრივი კილო მიუღია და ისე შელახულა, რომ დღეს ის კანონიერი ენა აღარსად ისმის, - მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს ენის სრულიად დაკარგვას. - ავიღოთ, მაგალითად, ძვირფასი რამ მანიაკი: ის რომ იმისთანა უფსკრულში ჩავარდეს, საიდანაც ამოღება შეუძლებელია, მაშინ ეთქმის დაკარგულობა და თუ მხოლოდ ის ძაფი გაუწყდა, რომელზედაც აუსხამსთ მისი მარცვლები, გაიფანტა მარგალიტები და გაიბნა აქეთ-იქით, სხვადასხვა კუთხეებისაკენ, ეს არ იქნება დაკარგვა. საჭირო იქნება მხოლოდ იმ გაბნეული მარგალიტების მოძებნა, პოვნა, აკრეფა, მოგროვება და ხელახალ ძაფზედ ასხმა, და ხელში დაგვრჩება ისევ ძველი სამკაული, გაწმენდილი და გაახლებული. მაგრამ მარტო ერთ რომელიმე კუთხეში რომ აჰკრიფოს ვინმემ მხოლოდ იქ მიგორებული მარცვლები და სხვაგან აღარ ეძიოს, თანვე იმ მარგალიტებს ააყოლოს ლობიოს მარცვლებიც, აასხას მანიაკად და იძახოს: ეს არის ნამდვილი ის ჩვენი ძველი მანიაკიო, ეს იქნება პირდაპირი ან უგნურება და ან სიზარ-მაცის ნიშანი. სწორედ ამგვარ მდგომარეობაშია დღეს ქართული ენა და ზოგიერთა მისი ცოდნის მჩემებლებს - ზოგს ქალაქური, კინტოური, სხვადასხვა ენებისაგან შემდგარი ენა ჰგონია ნამდვილი ქართული, ზოგს სიტყვებ დაკარგული ამერული და ზოგს სხარტულობით გაცეტებული იმერული, მაგრამ ყველანი კი სტყუიან და სანამ ყოველ კუთხეს არ მოივლიან, ყველგან არ გამოსძებნიან სიტყვებს და არ შეასწორებენ ძველთან, ცუდად მოყვრობენ სამშობლო ენას. რაც ენის შესახებ ვსთქვით, ისევე ითქმის ქართულ გალობაზედაც. თავდაპირველ ბერძნულიდან შემოგვიღია გალობა, მაგრამ ისე კი გაგვიქართულებია, ესე იგი მიგვიცია ისეთი ადგილობრივი კილო და ხასიათი, რომ დედანს აღარ გვაგონებს და ჩვენს ეკლესიას, პატივისცემად და საგონებლად იმ პირველ მოძღვრისა, ქართულ გალობაში „ისპოლა“ დაუტოვებია და დღესაც ბერძნულის სიტყვებით ჰგალობს. ენისა არ იყოს, გალობაც ადრევე ერთიდაიგივე ყოფილა საზოგადოდ საქართველოში და დღეს კი ისიც დამახინჯებულია. ამ ნაკლულევანებას ყოველთვის ვგრძნობდით, გვინდოდა როგორმე ნოტებით აღგვედგინა, მაგრამ დღემდის მცოდნე პირები გვარწმუნებდენ, რომ შეუძლებელიაო და დღეს კი, როდესაც ბ. ქორიძემ მაგალითი გვიჩვენა, ყოველი კუთხიდან გამოჰყვეს თავი და შინაური, თუ გარეული იმას იძახის: არა, მე უკეთ შევადგენ და არა მეო!.. კეთილი და პატიოსანი!.. ძალიან კარგი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ იმათ პირადი რამ ანგარიში და კუდაბზიკობა ამოქმედებთ და სხვადასხვა ჩვეულებრივ ხრიკებს იქამდე მიუწევია, რომ ლამის საქმე არივ-დარიონ რაღაც წვრილმანური პატიოსნების გამოჩენით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაკვირვებს კომიტეტის მოქმედება: ის ისეთ რამეებს აჰყოლია, რომ თუ ერისკაცთაგანაც საზოგადო თანაგრძნობისა და დახმარების სურვილი აქვს ამ საქმეში, ასე არ უნდა იქცეოდეს! ერთი ამბობს: „მე ჯერ შევისწავლი ნოტებს, მერე დავივლი იმერეთს, შევისრულებ გალობას და მერე დაგიწერთო“. მეორე არწმუნებს, რომ მე არც ენა ვიცი და არც ხასიათი, მაგრამ ნოტებზედ კი, რაც გინდათ, თვალის დახამხამებამდი გადაგიღებთო და სხვ. და სხვ... კომიტეტიც ყურს უგდებს და არ იცის, რა ქნას!.. საქმეს ტყუილ-უბრალოდ აჭიანურებენ და საგულის-ხმო ვერა გამოურჩევიათ-რა. ბოლოს კი, თითქოს აუქციონით ჰყიდდენ რამეს, გადუწ-ყვეტიათ, ვინც უფრო იაფად გადაიღებს, იმას მივსცეთო და, რასაკვირველია, რომ ესეც უბრალოდ და უსარგებლოდ დროს დაკარგვაა. როგორ თუ გადაიღებს? ჯერ აღდგინება უნდა და მერე გადაღება!.. განა დაწერა და გადაწერა ერთი და იგივეა? ვინც კი ანბანი იცის, იმას ადვილად შეუძლიან უმეტნაკლებოდა გადახატვით გადას-წეროს, რასაც კი მისცემთ გადასაწერად, მაგრამ თუ ის ენა არ ესმის და შესწავლილი არა აქვს, რომლიდანაც სწერს, როგორ გაიგებს - სად რა შეცდომაა, სად მეტია, სად აკლია, და მაშ როგორღა გაასწორებს და აღადგენს დედანს. გალობაც ისეა: „ანაბანურად“ ნოტებით მისი გადაღება ძნელი არ არის, მაგრამ აღდგინება? ნუთუ ქართული გალობა ისე დასრულებულია, რომ აღარა ეჭირვება-რა, გარდა ნოტებით გადაცემისა? და სად არის ეს გალობა? და რომელია? ზოგი ამტკიცებს „კარბელოვის“ გალობააო და ზოგი იძახის „გურულიაო“! უკაცრავად კი გახლავართ, მაგრამ ორივე მხარე კი სტყუის... „კარბელოვის“ გალობა არის მხოლოდ პირველი დასაწყისი გალობისა, პირველი გაკვეთილი და იმ პირველი მუხლით გალობენ ყოველ საგალობელს, ისე როგორც ახალი მოსწავლე ამოსაღებით ჰკითხულობს ყოველგვარ წიგნს. - „ალილოს“, „სალხინოს“, „საზაროს“, „საძილისპიროს“, „სადღესასწაულოს“ და „ჭრელს“, თუ „საკანანახოს“ - ყველას ერთნაირად იმავ კილო-ხმით გალობენ. გურული გალობა მართალია სრული სკოლა არის, მაგრამ მეტის კრინმანჭულებით გადაუსხვა-ფერებიათ, გადაუცდენიათ კანონზე და ძველებურად ვეღარც ის ხატავს საგანს. და მაშასადამე, ეს გალობები რომ გადავიღოთ და მითი მოვრჩეთ საქმეს, პირველ შემთხვევაში უგუნურება იქნებოდა და მეორეში - შეცდომა. არა, კომიტეტს თუ მართლა გულწრფელად ჰსურს გალობის აღდგინება, უნდა აიჩინოს მცოდნე პირი. იმან უნდა მოიაროს მთელი საქართველო, ყოველ კუთხეში და ყოველგან დაუგდოს ყური საერო კილო-ხმებს, თვითონაც შეისწავლოს; ნამეტანი რაც შეჰპარვია გალობას, გამორიცხოს, რაც აკლია შეავსოს, აღადგინოს ნელ-ნელა, აუჩქარებლად და სხვებსაც ასწავლოს; ამ გვარად შედგება სკოლა და გალობაც თანდათან სისრულეში მოვა. როგორც საქმის მოსარჩლე და არა პირადობისა, ვიტყვი, რომ ამგვარი მოთავე კიდეცა გვყავს, ბ. ქორიძე. ვისაც გაუგონია მისგან ნოტებზედ გადაღებული გალობა და სიმღერები, თუ არა ჟინით, წინააღმდეგობას ვერ დაიწყებს. ჩვენ არ ვიტყვით, რომ კიდევ უკეთესიც არ შეიძლებოდეს, მაგრამ ეს საზოგადო კანონია ყოველიფრი-სათვის!.. დღეს თუმცა მხოლოდ მარტო სამს ხმაზედ არის შედგენილი ეს გალობა, დანაშთენი ხმები არ ჩაერთვის და გუნდიც არ შემდგარა, მაგრამ მაინც გულს ელხინება მისი მოსმენა. განსაკუთრებით გურული კრინმანჭულები საუცხოვოდ არიან გადაღებულნი. გალობას მხოლოდ ერთი მცირე რამ შევნიშნეთ, რომელიც ადვილი გადასასწორებელია: სამივე ხმა ერთად იწყებს და ეს წინააღმდეგია ქართუ-ლი გალობის; „მოძახილი“ მიტომ ჰქვიან ერთ ხმათაგანს, რომ მერე უნდა დაეხმაროს. საზოგადოდ მთქმელი იწყებს, მაღალი ბანი მოსძახებს, კრინი აბამს, ბანი მხარს აძლევს, დვრინი აგვირგვინებს და ძილი ატკბობს... ამათ ყველას თავთავის დრო აქვს და შიგადაშიგ შეერთებულად ხმას გამოსცემენ ხოლმე და კიდეც ამაშია ჩვენი გალობის ტკბილ-ხმოვანების საიდუმლო.
(დროება, 1884 წ., №40)
![]() |
2.13 ბენეფისი ვ. ალექსი-მესხიშვილისა |
▲ზევით დაბრუნება |
(„ბაგრატ IV“, დრამა კ. მესხისა)
„ზრასტი ზნაკომ, გაგიმარჯოს, კუდა იდიოშ, საითკენაო!“ ასე იწყება ერთი მუხლი არსენას შაირისა და ეს ტაეპი ბევრჯელ მოგვაგონდება ხოლმე ზოგიერთა, ვითომ ახალი თხზულების წაკითხვის დროს. ცალ-მოგვი ავტორები აიღებენ ხოლმე სხვის თხზულებას, შეკრეჭ-შემოკრეჭენ, სცხებენ ფერ-უმარილს, სახელს გამოუცვლიან და არწმუნებენ მკითხველს: ჩვენი საკუთარი ნაწარმოებიაო. - ვინც არ იცის, რასაკვირველია, დაიჯერებს, მაგრამ ვინც კი იცის, იმან რაღა უნდა თქვას თუ არ: „მახლასო!“ სწორეთ ამგვართაგანი არის ბ. მესხის „ბაგრატ IV“. ეს გვაგონებს ერთის რუსის მწერ-ლის ბ. პოლონსკის უხეირო დრამას, რომელსაც სახელად „დარეჯან“ ჰქვიან. - ქართველ ავტორს ეს დარეჯანი გაუბაგრატებია: კაბა გაუხდევინებია, წვერ-ულვაში გამოუბამს და გაუძღვნია მკითხველებისათვის. - მაგრამ იმ დალოცვილმა უკეთესი ვეღარა ნახა-რა? აბა სწორედ ამაზეა ნათქვამი: „მარხვა ვჭამე დოსთვისო და ქურდობა ვქენ ხბოსთვისო“! ეს დრამა იმდენად ისტორიულია, რამდენადაც ზღაპრული და ისეც ქართული, როგორც ჩინეთური. - სწორეთ: „კუდა იდიოშ, საითკენაო!“ ამისი საქმეა, - და, მაშასადამე, არც მოსვლაა ამისი საკითხავი და არც წასვლა!.. „რა ვუყოთ რომ ისტორიული სიმართლე არ არისო? ისტორიული ჭეშმარიტება არც „სამშობლოში“ იყოო!“ შეიძლება ვინმემ სთქვას, მაგრამ დრამა „სამშობლო“ სულ სხვა იყო: სხვა ღირსებასთან იმას ის დანიშნულებაც აქვს, რომ მკითხველს გაუღვიძოს წრფელი ძრახვები და სულით აამაღლოს, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი დრამა „ბაგრატი“ სულ წინააღმდეგად მოქმედობს კაცზე. ამის წამკითხველს, ანუ მნახველს ეგონება, რომ ჩვენს წარსულ ცხოვრებაში, გარდა საძაგლობისა, არა ყოფილა რა. - მადლობა ღმერთს, რომ ეს ცილის წამებითი პიესა ისე უხეიროდ არის დაწერილი, რომ შთაბეჭ-დილებას ვერავისზედ მოახდენს!... „ბაგრატი“-სათვის ნდომებია თვალების დათხრა და თვითონ კი დაუთხრია თავის საკუთარი თვალები, უჯოხოთ სცენაზედ, ვგონებ, ვეღარ გამოვიდეს; და თუ ვინმე გამოიყვანს, უთუოდ მოწყალების სათხოვრად იქნება. - გუშინ 11-ს ამ თვისას ეს პიესა ითამაშეს ქართულ სცენაზე. საზოგადოდ კარგად ითამაშეს, ყველაზე უკეთ ბ. მოხევე თამაშობდა და ყველაზე უფრო საძაგლად ბ. ვ. აბაშიძე, რადგანაც ამისთანა უხეირო პიესაში კარგად თამაშობა ხელოვნების შეურაცხყოფაა და აბაშიძემ კი ხელოვნურად ითამაშა.
(თეატრი, 1885 წ., №17)
![]() |
2.14 ვისი ბრალია? |
▲ზევით დაბრუნება |
მისთანა სრული არტისტი, როგორიც არის ბ-ნი ვ. აბაშიძე და მისთანა მაღალ-ნიჭიერი მოთამაშეები, როგორიც ბრძანდებიან ქ.-ბ. საფაროვა და გაბუნია, არა თუ ჩვენ ნორჩ სცენას, უფრო დიდებულსაც ეკადრებიან, მაგრამ ერთხელვე წაბორძიკებულს ქართულ თეატრს კი მაინც ვერასა შველიან! - თეატრში აღარავინ დადის, მოთამა-შეებს დღიური საზრდო აკლდებათ!.. არტისტებს საზოგადოებაზე გული სწყდება, საზოგადოება კი პირიქით იმათვე ემდურის და ორივე მხარეც კი მართალია: ერთმანეთს გულს უტეხენ!.. აიხდება თუ არა ფარდა, სცენაზედ დგანან მოთამაშეები და ჩასცქერიან საკარნახო ხვრელს, მოკანანახე ღრიალებს და ისინიც ბანს ეუბნებიან; თანაც ისე მიმოძრაობენ და ირხევიან, როგორც დღევანდელ „ვითომ ქართულ სუფრაზე“ მომეტებულ ღვინისაგან ძალ-დატანებული მომღერლები. და მერე რას ადგენენ? ისეთ პიესებს, რომელიც გრძნობა-გონებას არას აძლევს სანუგეშოს, ან სასიამოვნოს. უცხო ენებიდან თავხედურად გადმოჯაგლაგებული კომედიები და თავხედურადვე შედგენილი ვითომ ისტორიული დრამები, რომელნიც მხოლოდ შეურაცხჰყოფენ ჩვენს ისტორიას და ცილსა სწამებენ წარსულ ცხოვრებას, გულს უწუხებენ ყურის-მგდებლებს! - ბაბილონურად არეული ენით გადმოგვძახიან სცენიდან: თათრულ-სომხურით, სკვითურ-ბრითურით შეზავებულ ჩიქორთულს ქართულს ეძახიან!.. მოდი და გაამტყუნე საზოგადოება!!.. ახლა მეორე მხარეც ავიღოთ!... თუ კი თეატრის დარბაზი ყოველთვის ცარიელი იქნება და მით დღიური საზრდო დააკლდებათ მოთამაშეებს, რამღა უნდა წაახალისოს ისინი და გაუმთელოს გული? მიკვირს რომ სცენაზევე არ ეყრებათ გულს და კიდევ ახერხებენ კანანახის განმეორებას!.. ერთი დრო კი ჩვენ თეატრსაცა ჰქონდა... საზოგადოებამ გულიდან გადიგდო. ვისი ბრალია? დღეს, ზემოთაც აღვიარეთ, არავისი! - ყოველგვარ შენობას თავისი საძირკველი აქვს, ყოველ საქმეს თავისი სათაური და იმათი გამოკვლევა ყოველთვის საჭიროა. - სოფლელებმა იციან: „რძალ-დედამთილი რომ გადიკიდებიან, იმ სახლში ფუტკარი ვეღარ იხეირებსო“. ასეა ყოველივე საზოგადო საქმეც, როცა ხვანჯიანობა მოჰყვება და ხრიკები გაიმართება... მისი ფეხის ღრძობა აუცილებელია და, მაშასადამე, თეატრი, როგორც უფრო ცხადი და თვალსაჩინო სარბიელი როგორ-ღა ასცდებოდა ამ საზოგადო კანონს?.. ჩვენში ნიჭი საზოგადო მოვლინებაა, მაგრამ მას თანვე მოსდევს ერთი საშინელი სენი, რომელიც ნიჭიერებას სწყლავს: უზომო თავ-მოყვარეობა და გიჟური თავ-გასულობა. არ ვიცით ზომიერად ჩვენი თავის დაფასება!.. საზოგადო საქმის გამო რწყილმა რომ გვიკბინოს, ჯვარცმულობას ვჩემობთ და იმავე დროს სხვა რომ მართლა ჯვარცმულიც ვნახოთ, ჭიის ნაკბენათ არ ჩავაგდებთ! - უზომო თავ-მოყვარეობისაგან გატყუებულებს, ქალაჩუნა და ცბიერი მოყვრები საზოგადო მუშები გვგონია, ჩვენც ვითომ მაგიერს ვუხდით და ხელს ვუწყობთ; მაშინ როდესაც სწორ-მხედველობა და მოპირდაპირენი გვეჯავრებიან - ვბღალავთ მათ ცილის წამებით და საქმითაც გამეტებული გვყავს!.. აბა გადავავლოთ თვალი ჩვენ სხვადასხვა ასპარეზებს და ავიღოთ ერთი მათგანი. მაგალითად, სამწერლო ასპარეზი. - რას დავინახავთ? გამოვა თუ არა, გადადგამს თუ არა ახალგაზრდა ქართველი პირველ ბიჯს, მაშინვე მიმოიხედავს აქეთ-იქით და თუ შეატყო, რომ მომიწონეს, შემნიშნესო, ისე გაზვიადდება, რომ თავს მეშვიდე ცასა ჰკრავს. - გარდა თავისთა-ვისა აღარავინა სწამს ქვეყნად და უკვირს, რომ დედა-მიწაც მის ნებაზედ არა ტრიალებს... გარდა ზვიადისა, ყოლიფერზე ხელს იღებს, მით თავის ბუნებით ნიჭს იქარწყლებს და ქარაფშუტდება!.. ბევრი ამგვარი მაგალითი გვინახავს. სამწუხაროდ!.. ზოგიერთები ხშირად ჩვენვე გვესაყვედურებიან: „თქვენი ბრალია! რათ მოიწონეთ! რათ შენიშნეთ! რათ გაათამამეთ და სხვანიო!“ მაგრამ ეს სამართლიანი საყვედურია? ყმაწვილი რომ პირველად ფეხს აიდგამს, ან ტიტინს დაიწყებს მშობელი, აღტაცებაში მოსული იმ აზრით, რომ მისი ნორჩი არც საპყარი იქნება და არც მუნჯიო, აქებს თავის პატარა საყვარელს და, ხშირად იმედებისაგან გატაცებული, ნამეტანსაც აზვიადებს, მაგრამ ამას მარტო მიტომ შვრება, რომ ყმაწვილი მხარ-თეძოს წამოწვეს, აღარ იმოძრაოს, აღარა ისწავლოს-რა და აღარავის რამ გაუგონოს? ამ ზოგიერთების სენს საზოგადოებაც ხელს უწყობს... ერთხელ რომ ვინმე აქო და მეორეთ რაშიმე აძაგო, მაშინვე გაუტანლობას შეგწამებს, უპირობათ ჩამოგართმევს და იტყვის: „მაგის სიტყვა რა დასაჯერებელია! ხან აქებს და ხან აძაგებსო!“ იმას ავიწყდება, რომ ადამი-ანში ბევრი სხვადასხვა მხარეა… ბევრი სხვადასხვა რამ სამოქმედო!.. ზოგი მოსაწონი, ზოგი დასაწუნი; ზოგი სასარგებლო, ზოგი მავნებელი! და, მაშასადამე, ჩვენც ვალდებულნი ვართ გავარჩიოთ ის ადამიანი და ყოველ მის მხარეს, ყოველგვარ მის მოქმედებას შესაფერი სახელი დავსვათ. აქ სად გამოდის უპირობა?.. მაგრამ ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ საკუთარი თვალით არას უყურებს, განაგონით, სხვისი აყოლით სჯის და შეცდომაში ჩავარდნილი, ნამდვილს მიმსგავსებულისაგან ვეღარ არჩევს. - თუ ამას გარჩევა შეეძლოს, აი რას იტყოდა: „მე აღვიარებ საზოგადო მომქმედ პირად იმას, ვინც მხოლოდ იმდენათ ჰფიქრობს თავის თავზე, რამდენიც საჭიროა მისი დღიური არსებობისათვის, და დანარჩენ ყოველივეს მსხვერპლად სწირავს საზოგადო საქმესო! მე ვენდობი მხოლოდ ამგვარ მუშასა! და ის კი, რომელიც თავის თავზე მომეტებუ-ლად ზრუნავს, რომელსაც მისი ცხოვრების ხიდათ და გზათ უნდა საზოგადო ასპა-რეზი: საჩემო არ არის და შორს ჩემგანო. - აი მაშინ, მხოლოდ... მაშინ კი თაღლითი მარგალიტში ვერა გამოერევოდა, სამანიაკო არ გახდებოდა და ქვეყანაც წარმა-ტებაში შევიდოდა. - მაგრამ, ეჰ, დავანებოთ თავი ამ საზოგადო მსჯელობას, უმისოთაც გაჭიანურდა ეს სტატია, და მიუბრუნდეთ ქართულ თეატრს და ჩვენ არტისტებს: - ის მოთამაშე, რომელიც მხოლოდ თავის თავზედა ჰფიქრობს, სცენაზე მიტომ გამოდის, რომ ტაში გამოიწვიოს, საჩუქარი მიიღოს, თვალები პუბლიკისკენ გადააპროწიალოს, ულვაშები გადიგრიხ-გადმოიგრიხოს, ვინმეს გაუცინოს, გააცინოს, ინიშნოს და ანიშნოს რამ და სხვანი და სხვანი, განა არტისტი იქნება? ამას მე საზოგადოდ ვამბობ, დღეს მხედველობაში არავინა მყავს და ტყვილა ნურც ვინმე მიიღებს თავის თავზე. - არტისტს ისე უნდა ავიწყდებოდეს სცენაზე თავის თავიცა და გარეშე წვრილმანობაც, როგორც ეს ზნეთა აქვს გადაქცეული ვ. აბაშიძეს, და მაშინ შეიძლებს მხოლოდ მოვალეობის ასრულებას. - დიდი ნიჭიც რომ არ ჰქონდეს არტისტს, თუ კი გულ-დადებით გაირჯება, პატივსაცემი გახდება, სასარგებლო. ამგვართაგანი იყო განსვენებული შიშნიაშვილი და აგრეთვე არიან დღეს მძინაროვის ქალი და მოხევე. თუ ეს თვისება აკლია არტისტს, დიდი ნიჭიერიც რომ იყოს, არად ღირს. - რაც უფრო დიდი ნიჭის პატრონია კაცი, უფრო მეტი შრომა, სწავლა, განვითარება და თავ-დადება ეჭირვება!.. ავიღოთ მაგალითად ორი ჩვენი არტისტი: ვ. მესხიევი და კ. მესხი. ორივე ერთსა და იმავე დროს გამოვიდენ. პირველი უფრო შესანიშნავი იყო მეორეზედ. - მაგრამ პირველმა შეაფორხა თავის დიდი ნიჭი, მეორემ კი საზრდო მისცა და დღეს მათში ისეთი განსხვავებაა, რომ შედარებაც მოუხერხებელია!... კმარა! ამით ვათავებთ ჩვენს მოყვრულ სტატიას… იგულისხმონ ჩვენმა არტისტებმა და დაანებონ თავი რძალ-დედამთილობას, მაშინ მათი ფუტკარიც იხარებს და უფლებაც ექნებათ, რომ ჩვენ საზოგადოებას თაფლი მოსთხოვონ.
(ივერია, 1886 წ., №30)
![]() |
2.15 სიტყვა ვ. აბაშიძის იუბილეზე |
▲ზევით დაბრუნება |
ვინც შორიდან უყურებს და დაახლოებით არ იცის, იმას არ შეუძლია წარმოიდგინოს, თუ რა ძნელია სასცენო მოღვაწეობა საზოგადოდ ყველგან და უმეტეს ჩვენში. მძიმე უღელია და მწარე ტვირთი არტისტის ხვედრი და ამიტომაც მისი ხანმოკლე მოღვაწეობაც მრავალ-კეცობით საანგარიშოა, მე არ მოგახსენებთ ამას იმ „ვითომ არტისტებზე“, რომელთაც სცენა საპარადო მოედნად მიაჩნიათ, რომ ადვილად თავი იჩინონ და იაფად საზოგადოების გული მოიგონ. მე ვამბობ იმ ჭეშმარიტ არტისტებზე, რომელნიც სცენას თხემის ადგილად სთვლიან, საიდანაც გულწრფელად გადმოდგებიან ხოლმე ავკარგიანობის სამოძღვრებლადა, და თვითც გვეჩვენებიან გულუბრყვილო ცოცხალ სარკეებად, რომ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვაგვარი მოვლინება თვალდათვალ დაგვანახონ და აღძრან ჩვენს გულში კეთილისადმი სურვილი და ბოროტებისადმი სიძულვილი.
ამ უკანასკნელთაგანს ეკუთვნის ბ-ნი ვასილ აბაშიძეც... ათი წლის განმავლობაში მას არ უღალატნია მისის ნიჭისათვის და არ უორგულებია მოვალეობისათვის... და ამიტომ ეს მადლობითი თანაგრძნობა, რომელსაც მას უცხადებს დღეს თვითეული ჩვენგანი კერძოდ და ყველანი ერთად, ღირსეულად აქვს დამსახურებული. ამასთანავე არ შემიძლია არ დავუმატო ისიც, რომ ხმა არის, ვითომც ბ-ნი აბაშიძე სტოვებს სცენას და დღევანდელი მისი გამოსვლა უკანასკნელი, გამოსათხოვარი იყოს. ეს რომ მართლა დასაჯერებელი იყოს, ჩვენს სიამოვნებას ფრთები მოეკვეცებოდა, მაგრამ არ გვჯერა...
რადგანაც საზოგადოდ ნამდვილი არტისტები, თუმცა ხანდახან ნერვების ამყოლნი არიან, მაგრამ, იმავე დროს კი სამუდამოდ მორჩილნი მაინც იმ ნიჭისა, რომელიც ბუნებას მათს არსებაში მკვიდრად ჩაუნერგავს და ხანგრძლივ მოღვაწეობას სიცოცხლესთან შეუკავშირებია... და ამის გამო ისინი მათს ასპარეზს ვერასოდეს ვერ დააგდებენ, სანამ სული არ ამოხდებათ. ამ საზოგადო კანონს ექვემდებარება ბ-ნი აბაშიძეც და იმედია, რომ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ სცენაზე. ჩვენ მხოლოდ ვისურვებთ, რომ გვედღესასწაულებიოს მარტო ათწლიური მისი მოღვაწეობა კი არა, ოცდახუთისა და ორმოცდაათის წლისაც.
(ივერია, 1887 წ., №89)
![]() |
2.16 შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნებას რომ ბევრი ჰყავდეს შეგნებული დამფასებელი, დღეს განათლება უფრო წინ ფეხ-წადგმული იქნებოდა, მაგრამ მისი ავ-კარგიანობა ასში ერთს, ან ორს თუ ესმის და სხვა ყველა კი მარტო ფეხის ხმას აჰყოლია. ავიღოთ მაგალითად მხატვრობა: გამოვიტანოთ რომელიმე სახელ-განთქმული მხატვრობის ნაწარმოები, და ნუ იტყვით კი ვისია, თუ უმეტესობამ არ დაიწუნოს და ყბად არ აიღოს?.. და თუ წინდა-წინ შევატყობინებთ ვისიც არის, მაშინ კი, რასაკვირველია, ყველა აღტაცებაში მოვა და ძრახს ვეღარავინ შეჰბედავს. ამგვარივეა მუსიკა და ამგვარივეა მწერლობაც!.. ცოტა გვინახავს და ცოტასა ვხედავთ მაგალითს, რომ ნამდვილი ნიჭი უყურადღებოდ რჩებოდეს და იმავე დროს მის გვერდში მდგარი უნიჭოება სათაყვანო იყოს ხალხი-საგან. მართალია, ნიჭი და ხელოვნება, ერთხელაც არის თავისას გაიტანს, ძალა-უნებურად იპარავს ხალხის გრძნობა-გონებას, მაგრამ ამას დიდი ხანი უნდება, მაშინ როდესაც ხშირად უნიჭობა, გამოსვლისთანავე, უღირსად ტახტზე ადის და უმეტესობის სათაყვანო ხდება ხოლმე. ამის მიზეზი ცოტა ისიც არის, რომ ნიჭი მარტივად გამოდის, თავის-თავად, გარეშე დაუხმარებლად და უნიჭობა კი ფერ-უმარილითა და ძღვნით; მაგრამ უფრო მეტი მიზეზი კი ფეხის ხმის აყოლაა. პუშკინი, როგორც მწერალი, მთელის რუსეთის სათაყვანო შეიქმნა. როდესაც ბელინსკიმ იმაზე თავისი აზრი წარმოსთქვა, ხალხი ისე მოიხიბლა, რომ პუშკინის ნაკლულოვანებაც კი ღირსებად მიაჩნდათ. ამ ოცის წლის წინედ პისარევმა უარ-ჰყო იგივე პუშკინი და მთელმა ახალ-თაობამაც ბანი მისცა. ასე, რომ მისი ყოველგვარი ღირსებაც-კი უარ-ჰყვეს. დღეს კი ყველას სასაცილოდ მიაჩნია და შეცდომად სთვლის მაშინდელს აზრს. რა არის იმისი მიზეზი? რასაკვირველია, ფეხის ხმის აყოლაა. უმეტესობა ყურს უგდებს იმ თითო-ოროლა პირებს, დამფასებლად რომ მიაჩნია, და იმათ ნათქვამს იმეორებს, როგორც თავისს საკუთარს აზრს. ეს არის საზოგადო კანონი და კერძოდ ჩვენს ხალხზე აღარ ვიტყვი, რადგანაც ჩვენის მოწინავე დასის უმეტესობა ჯერ კიდევ უსუსურია და თავის თავად შეგნება ეძნელება; იმას პოეტობა მესტვირობა ჰგონია და ცარიელის სიტყვების რახა-რუხი - პოეზია და ხელოვნება და ამის გამო ჩვენში საზოგადოდ ყოველგვარი ხელოვნება ჯერ კიდევ ხოჭიჭშია. მაგრამ ყველაზედ უფრო დაბრიყვებული კი დრამატიული ხელოვნებაა და არტისტები, სცენაზე მოთამაშეები, ყველას გადასაბიჯებელი დაბალი ღობეა. მისთანა მაყურებელს ვერ ნახავთ, რომ გულში არ ამბობდეს, როდესაც სხვის სცენაზე თამაშს შეჰყურებს: მე უკეთ ვითამაშებდი ამადაამ როლს, რომ სცენაზე გამოსვლა არ მეთაკილებოდეს და ან არა მრცხვენოდესო. ასე რომ, მათის აზრით, მხოლოდ უკადრისობა და მორცხვობა უშლის ხელს, თორემ არტისტები არიან და არტისტები. მაგიერად დამფასებლებად და კრიტიკოსებად კი თამამად გამოდიან, რადგანაც აქ არც საუკადრისო და არც დასარცხვენი არა არის-რა… ერთი ამბობს: „საუცხოვო არტისტია ესადაესაო: იმნაირად დამანჭა სცენაზე სახე, რომ სიცილი ვეღარ დავიჭირეო“. მეორე იძახის: „რა საცოდავად აწუწუნდა ის აქტრისა, არ კი ამატირაო. სჩანს, რომ კარგი ყოფილაო“ და ამგვარად. ესეც საზოგადო კანონია და კერძოდ ჩვენ ხომ არც უპირატესობა გვაქვს სხვებზე. ერთის სიტყვით, ჯერჯერობით ჩვენში ხელოვნება ხელობად არის გადაქცეული და გარჩევა არა გვაქვს. ეს წინასიტყვაობა ჩვენ გვათქმევინა არტისტმა კ. ყიფიანმა. ეს ერთი ხანია კ. ყიფიანი რუსის არტისტების დასში გადავიდა, მაგრამ ღამურას საქმე დაემართა, თაგვებსაც რომ მოშორდა და ჩიტებმაც აითვალისწუნეს. მალე დაუვარდა ხმა უვარგისობის: „არა თუ კილო არ უვარგა რუსულის გამოსათქმელად, თამაშსაც ვეღარ ახერხებსო. უცხო სცენაზე მოთამაშობა განა ასე ალა-ალა არის? რასაკვირ-ველია, აქ უკანასკნელადაც აღარ ივარგებდაო და სხვა და სხვანი!“ - გაიძახოდენ ჩვენიანი და სხვისიანი. სწორე მოგახსენოთ, ძალიან მიკვირდა!.. მართლა კი ყიფიანს როლის დასწავლა არ უყვარს საზოგადოდ და კანანახის (სუფლიორის) წყალობით თამაშობს ხოლმე, მაგრამ ბუნებით ნიჭი კი იმდენი აქვს, რომ კარგ არტისტად ითვლებოდეს მაინც. და აი ამიტომ მოვინდომე, რომ თვითონვე ჩემის თვალით მენახა ის რუსულს სცენაზე. ამ დღეებში მისი ბენეფისი იყო და თითონ თამაშობდა რიშელიეს როლს. უნდა გამოვტყდე, რომ ბევრი კარგი პირველი ხარისხის მოთამაშე მინახავს ამ როლში და არც ერთზე ნაკლებ შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე ამ უკანასკნელს. სხვადასხვა გამოჩენილი არტისტები სხვადასხვა ნაირად გვიხატავენ ხოლმე ამ შესანიშნავს ისტორიულს პირს, რიშელიეს… ზოგი იეზუიტად, ზოგი მედიდურად და ამაყად, ზოგი ბოროტად და გულქვად, ზოგი რათა და ზოგი რათა!.. ამგვარად რიშელიეს გამოხატვა და სცენაზე წარმოდგენა, თუმცა გარეგანის ეფექტით დიდს შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებლებზე, მაგრამ ისტორიისა და დრამატურ-გის, ე.ი. ავტორის აზრს კი სრულიად ეწინააღმდეგება. ყიფიანი კი სწორეთ სინამდვილით გვიხატავს რიშელიეს: ის არის ისეთივე მომაკვდავი, როგორიც ყოველი სული; გენიოსია, მაგრამ წვრილმანი ნაკლულოვნებაცა აქვს. უყვარს თავისი სამშობლო საფრანგეთი და მის ამაღლებაზედ ჰფიქრობს, ასე რომ თითქმის ფანატიკოსად გადაქცეულა... თუ ეჭვი აიღო ვისიმე, რომ ქვეყნის ორგულია და მავნებელი, არა ჰზოგავს, იმიტომ კი არა, რომ უგულო და ბოროტია, ისე, როგორც მკურნალი, რომელიც წარბშეურხევლად ჰკვეთავს სნეულს რომელსამე ასოს, რომ მით სიკვდილს გადაარჩინოს. არც მედიდურია და არც იეზუიტი, თუმცა გარემოება ხშირად ჩააყენებს ხოლმე იმათ მდგომარეობაში და, მაშასადამე, ბუნებითად რომ ის ან იეზუიტი ეგონოს ვისმე და ან მედიდური, დიდი შეცდომა იქნება. ყიფიანმა სწორედ ნამდვილი ისტორიული რიშელიე წარმოგვიდგინა თვალ-წინ და, ჩვენის აზრით, უკეთესი რიშელიე საზოგადოდ. ამის დაწვრილებით დამტკიცებას ჩვენ შევუდგებით მაშინ, როდესაც ქართულ სცენაზე წარმოადგენენ იმავე დრამას და მანამდინ კი მხოლოდ ამითი მოვჭრით სიტყვას, რომ რასაც კი ყიფიანზე ამბობდენ, სულ ხმის აყოლით ყოფილა ნათქვამი უმეტესად. ის როგორც არტისტი დასაწუნებელი არ არის, თუ სხვა რამეს არ მივიღებთ მხედველობაში.
(ივერია, 1888 წ., №256)
![]() |
2.17 სიტყვა თქმული ერნესტო როსსის პატივსაცემად გამართულს ვახშამზე |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს სასიამოვნო და შემდეგშიაც სანატრელო სტუმარო, ბატონო როსსი!
მარტო ენის უცოდნელობას ნუ მიაწერთ, რომ მე დღეს ქართულად გიპირებ შესხმით სიტყვას!.. გამოვტყდები, ზედმიწევნითაც რომ ვიცოდე უცხო ენა, მაინც მაშინაც ქართულს ვერ ვუღალატებდი, რადგანაც ეს ჩემი დედა-ენაა, ყოველ ენაზე უფრო უტკბესი და უძვირფასესი ჩემთვის და ამიტომაც მსურს, რომ გულითად სარჩულად დავუდვა იმ აზრებს, რომელსაც შენ შესახებ წარმოვსთქვამ. მხოლოდ სტიქიურ მოვლინებას შეუძლიან აგრძნობინოს უხმო-უსიტყვოდ ქვეყანას თავისი საკუთარი ძალა და ამავ დროსვე მოაგონოს ყოვლის შემოქმედის ძლიერებაც. ერთ ამგვარ ძალთაგანად ხარ დღეს შენც მოვლენილი, რადგანაც უსიტყვოდ (უკაცრავად, თუმცა უსიტყვოდ კი არა, მაგრამ ჩვენთვის სწორედ რომ უსიტყვოდ, რადგანაც შენი ენა არ გვესმის), მხოლოდ სახის გამომეტყველებითა და გარეგანის მიმოხვრით გვაგრძნობინე შენი ძალა და თანვე შეგვასმინე შექსპირის შემოქმედებით ძლიერებაც.
დღეს ჩვენ, დღიურ ვარამისაგან გარეშემოზღუდული და წვრილმანობისაგან გატაცე-ბული, ისე დავჩიავდით, რომ ვეღარ ვსწვდებით ჩვენდა თავად იმ სიმაღლემდე, საიდამაც საოცარი გულთა-მხილავი და გულთა-მხიბლავი პოეტი გვიქუხს და გვიელავს. საჭირო იყო გამოგვჩენოდა გოლიათი, რომ ავეყვანეთ და მივეწვდინეთ იმ სიმაღლემდე, და ამგვარ გმირად გამოგვიჩნდი კიდევაც შენ. ის ულუმბიური ხასიათები და ჯოჯოხეთური ვნებათა ღელვა, რომელიც პოეტმა გამოსახა და ჩაჰბეჭდა სხვადასხვა გვამში, შენ დაგვანახვე თვალდათვალ და შეგვასწავლე; დღეს ჩვენ არა თუ ვიცით, კიდევაც ვგრძნობთ, თუ როგორ იტანჯება სიბერემდე ზვიადი, უკადრი და თავ-გასული მეფე ლირი, როდესაც წვრილმანი უმადურობა გველივით გარს ეხვევა!? დავინახეთ, შევიტყეთ, თუ სადამდე მიიყვანს უსაზღვრო თავ-მოყვარეობა და პატივის-მიმდევრობა მაკბეტს და რა უკიდურესობაში აგდებს მისის საზიზღარის შედეგით!
თვალ-წინ დაგვეხატა დიდ-ბუნებიანი ჰამლეტი, რომელიც უკიდურესის გრძნობა-გონების მექონია, მაგრამ რადგანაც ის ორი ძალა ერთი მეორისათვის ვერ შეუთვისებია, ვერ შეუთანხმებია და ვერც დაუმონებია, ორჭოფობს, ჰბორგავს და შემთხვევის მსხვერპლად ხდება. გავიცანით ნერონი, ეს ძლიერი ქვეყნის მპყრობელი, რომელსაც შემთხვევითი, შთამომავლობითი დიდება ვერ აკმაყოფილებს, უნდა თავის თავადაც რამე იყოს და მზად არის სამეფო გვირგვინი არტისტის გვირგვინზე გასცვალოს, მაგრამ უვარგისი მეფე უნიჭო არტისტის როლში უფრო სასაცილო ხდება, ვიდრე უნიჭო არტისტი მეფის როლში სცენაზე. შენვე გაგვაცანი... მაგრამ რას ვამბობ?! უკაცრავად! კი არ გაგვაცანი, მოგვაგონე ჩვენი საკუთარი „რომეობა“, ჩვენი სიჭაბუკე!.. ის ნეტარი დრო, როდესაც ეკალი ვარდად გვეჩვენება და ჩვენ ჩვენი პირველის სიყვარულის საგანი ჯულიეტა რჯულად მიგვაჩნია და სიცოცხლედ გვიღირს. გაგვახსენე ის პირველი კოცნა, რომლის უტკბესი სამარეში თან აღარა ჩაგვყვება-რა.
ეჰ, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ეს ერთი ხანია შენ მიიპყარ ჩვენი გრძნობა-გონება, თვალი ვეღარ მოგვიშორებია, გული სხვა ნაირად გვიძგერს და გრძნობა სხვა გვარად გვიღელავს... და შედეგიც ყველა ამისა ის არის, რომ შენი სახე და სახელი ამიერიდგან ჩვენი გულის ფიცარზე იქნება დაბეჭდილი და რაგინდ შორს იყო ჩვენგან, მაინც გვეხსომები, და ისე ლხინი არ გვექნება, რომ გულში შენი სადღეგრძელო არ დავლიოთ, ისე, როგორც ახლა ვსვამთ ამ სასმოთი. გაგიმარჯოს!.. და მრავალ ჟამიერ შენი სიცოცხლე!..
(ივერია, 1890 წ., №133)
![]() |
2.18 თეატრის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ხანია, საზოგადოდ საყვედური ისმის ჩვენს თეატრზე და ხალხიც უკმაყოფილოა: „ბატონო, რომ გვესაყვედურებით: რატომ არ დადიხართ ქართული წარმოდგენების საყურებლად, აბა რისთვის უნდა ვიაროთ? სასიამოვნოს ვერასა ვხედავთ და არც-არა გვესმის-რა!... ხელოვნების მაგიერ, რაღაც საუკადრისო მასხარობა გამოდის... ჯერ წყალი უნდა იყოს, რომ მერე შიგ თევზებიც გაჩნდენო... ჯერ თეატრი უნდა გქონდესთ, რომ მოსიარულე ხალხიც გამოიწვიოთ და თქვენ კი თეატრი არა გაქვსთო“ - ასე ამბობენ ზოგიერთები და, ღმერთთან სწორი სჯობს, საფუძველიცა აქვსთ. უნდა გამოვტყდეთ, რომ ქართველებს თეატრი არა გვაქვს და ჩვენ რომ თეატრად მიგვაჩნია, ის მისი აჩრდილიც არ არის. თეატრისათვის ოთხი რამ არის საჭირო: შენობა შესაფერ მოწყობილობით, კარგად გაწვრთვნილი არტისტები, მწერლები და თანამგრძნობი ხალხი, რომ თეატრში სიარულის სურვილი ჰქონდეს. ესენი დღეს არცერთი არ გვაკლია: შენობა საკუთარი გვაქვს, მწერლები მეტიც არიან, მოთამაშეები გვყვანან და თანამგრძნობიც საკმაოა, მაგრამ თეატრი კი მაინც არა გვაქვს!.. ვისი ბრალია. ცოტა-ცოტა ყველასი, მაგრამ უფრო კი მოწინავე დასისა... ჩავუდგეთ კვალში სათვითაოდ ყველას, და დავიწყოთ არტისტებიდან!.. ისინი ამბობენ: „საზოგადოების გულგრი-ლობამ ჩვენც გული გაგვიტეხაო. წარმოდგენებზე არავინ დაიარება, შემოსავალი ხარჯს ვერა ჰფარავს და ჩვენ რომ ულუკმაპუროდ არ დავრჩეთ, განზე, სხვა საქმეები უნდა გავიჩინოთ ხოლმე“.
ეს თუმცა მართალია, მაგრამ გასამართლებელ საბუთად მაინც არ ეყოფათ: ჩვენში, დღემდის კიდევ, საზოგადო მოღვაწეობა - ქველ-მოქმედებაა... საზოგადო მოღვაწე არა თუ ვერას იძენს პირადად, პირიქით თავისსაც ჰკარგავს... ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ორი ნესვი ცალი ხელით არ დაიჭირებაო! ან ერთი უნდა იყოს და ან მეორე. და ვინც საზოგადოების სასამსახუროდ გამოდის ჩვენში, ის სწორედ რომ თავზე ხელს იღებს. მართალია, ეს ერთი ხანია, რაც საზოგადოება გამოფხიზლდა და თანაგრძნობას უცხადებს დამსახურებულებს, მაგრამ როდის? როცა მოკვდებიან. ნათქვამია, „მოლა ჯერ სიმშილით მოჰკლეს და მერე პირში ფლავს ატენიდენო“. სწორედ ჩვენი საქმეც ასეა. - სიკვდილის შემდეგ მალაყებსა და „ვაი“ „უის“ ძახილს, უმჯობესი არ არის, რომ ჩვენს მოღვაწეებს თვალ-ყური ვადევნოთ, სიცოცხლეშივე მხარი ვაძლიოთ და ხელიდან არ ვაგდებიებდეთ იმ იარაღს, რომლითაც ჩვენვე გვემსახურებიან. „არა, არც მაგრე იქნებაო - ანბობენ ზოგიერთები. - მაგას ჩვენ სხვების დასანახავად ჩავდივართ, რომ სხვა მოღვაწეებიც გამხნევდენ და იცოდენ, რომ სიკვდილს შემდეგ, იმათაც მოელისთ პატივი!..“ აი, სასაცილო მოტყუება!..
ნამდვილი საზოგადო მოღვაწე, რომელსაც სიცოცხლეშივე თავზე ხელი აქვს აღებული და პირადობა დავიწყებია, განა იმის ფიქრს გადაჰყვება, რომ მე სიკვდილის შემდეგ კუბოზე გვირგვინებს დამადებენ და ერთი-ორი ვინმე „ენა-ქავილა“ მოცლილი ქებას შემასხამსო. ამას მხოლოდ ჭკუა-ნაკლე კაცი ისურვებს და ან ისეთი თავმოყვარე, რომელიც სულ თავის თავზედა ჰფიქრობს. არა, ნამდვილ მოღვაწეს ისა სურს, რომ სიცოცხლეშივე ჰყავდეს თანამგრძნობლები!.. და თანამგრძნობლადაც იმას კი არა სთვლის, ვინც იმას პირადად ადიდებს და ქების ტაშს უკრავს, მხოლოდ იმას, ვინც იმის აზრების მიმდევარია და უყვარს ის, რაზედ და რისთვისაც თვით მოღვაწე თავ-დადებულია. - მაგრამ ესეები ყველა ჩვენი ქვეყნისათვის ჯერ კიდევ ზღაპარია გაუგებარი! და თვითო-ოროლა ჩვენ მოღვაწეებს მხოლოდ მოციქულთა მიბაძვა ჰმართებთ, იმ მოციქულთა, რომელთაც დიდი მოძღვარი უქადაგებდა: „უარ ჰყავ თავი შენი და შემომიდექ მეო!“ დიაღ, დღეს მოციქულებრივი მოღვაწეობაა ჩვენში საჭირო და ეს ასე ძნელია, რომ თუ არ რჩეული, სხვა ვერ აიტანს, და ქვეყანაზე განა ბევრია რჩეულთაგანი. არა! - მაგრამ სანუგეშოდ ჩვენდა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ყოფილან და დღესაც აქა-იქ მოიპოვებიან. „აბა, სად არიან და რატომ ჩვენ ვერა ვხედავთო“, - იტყვიან ზოგი-ერთები. იმიტომ ვერა ჰხედავთ, რომ ისინი მაღლა ხის წვერზედ არ არიან ასულნი და ან მაღალ კოშკზე შემდგარნი, რომ გამვლელ-გამომვლელებს თვალში ეჩხირონ!.. ძირს, დაბლა სადმე მიყრუებულ კუთხეებში მუშაობენ გულდასმითა და თავდადებით. მაგალითად ავიღოთ გინდ სოფლის მასწავლებლები. რასაც ისინი გაჭირვებას ითმენენ, წარმოუდგენელია... თითქმის დღიური საზრდო აკლიათ, მაგრამ მაინც თავს არ ანებებენ ამ მათგან არჩეულ-საზოგადო საქმეს, მაშინ, როდესაც ადვილად შეეძლოთ თავის საკუთარ საქმეს გამოდგომოდენ, გაეუმჯობესებიათ საკუთარი კეთილ-დღეობა და ხალხში თავი ეჩინათ. ამ მოღვაწეებზე ჩვენ კიდევ გვექნება საუბარი უფრო ვრცელი და გარკვეული, დღეს მხოლოდ სამაგალითოდ და მისათითებლად მოგვყავს!.. და თანაც დამატებით, რომ თითქმის ყოველგვარი საზოგადო ასპარეზი ჩვენში საჭირბოროტოა, გარდა სათეატრო ასპარეზისა!.. და ეს კი სულ სხვაა. ჩვენი აქტიორ-აქტრისები შემოდგმენ ფეხს სცენაზე თუ არა, მაშინვე თავს იჩენენ; მათი სამსახური მატერიალურადაც დაკმაყოფილებულია! - სიმშილით არცერთი არ მოკვდება... ვალდებულნი არიან, რომ გული დაუდვან თავის ხელობას, მაგრამ ჩვენ რასა ვხედავთ? ისე უყურე-ბენ სცენას, თითქოს საბურთაო და საკოჭაო მოედანი იყოს. ამდენი ხანია თავდადე-ბული სცენისათვის, გარდა ვ. აბაშიძისა, ჩვენ არავინ გვინახავს. როგორც თევზს უწყლოთ, ისე იმას არ შეუძლია უსცენოთ ცხოვრება. სხვებმა კი, ზოგიერთა ნიჭიერებმაც, როგორც დაინახეს განზე უფრო სასარგებლო საქმე გადაუხვიეს და ქართული თეატრი აგონდებათ მხოლოდ მაშინ, როცა სხვა საქმე აღარა აქვთ-რა. დღევანდელ დასზედაც არ შეგვიძლია, რომ უნიჭობა ვსთქვათ, მაგრამ რა გამოვიდა. ისე გამოდიან სცენაზე, თითქოს კოჭაობას აპირებენო... არათუ შინაარსი არ იციან იმ პიესისა, რომელსაც ადგენენ, თავის საკუთარ როლსაც სუფლიორის (კანანახი) წყალობით თუთიყუშივით იმეორებენ ხოლმე - და, რასაკვირველია, გასამართლებელი პირი არა აქვს, მაგრამ აქაც კიდევ უმეტესად მეთაურები არიან დამნაშავე.
ახლა გადავიდეთ მწერლებზე. პიესების მწერალი ბევრია, მაგრამ დამწერიცა და ნაწერიც ორივე ღმერთმა შეინახოს!.. ამათ წერას, რომ სულ არა იწერებოდეს-რა, ისა სჯობს. ზოგიერთებს გაუგონიათ, რომ მწერლისათვის ზეგარდმო შთაგონებაა საჭიროო და ის კი აღარ იციან, რომ იმასაც კიბე ეჭირება მაღლით ჩამოსასვლელად და ეს კიბე არის, ნიჭს გარდა, სწავლა, ცოდნა და შრომის მოყვარეობა!.. აიღებენ რომელსამე თხზულებას, უცხო ენაზე დაწერილს, მოქმედ პირებს სახელებს გამოუცვლიან: სუსანინს დავით აღმაშენებელს დაარქმევენ, აკულინას თამარ დედოფალს, გადმოთარგმნიან ბაზრულის ენით მთელ შინაარსს, შიგადაშიგ ჩაურთავენ „გაუმარჯოს საქართველოს!“ და ისტორიულს დრამას არქმევენ. არც ისტორია, არც ხასიათი და არც რამე ქართული ნიშან-წყალი!... მოდი და გულგრილად დაუგდე ყური!..
ნუთუ ყველა ჩვენი მწერლები უნიჭოები არიან და თავისას, საკუთარს ვერას ახერხე-ბენ... ვისაც შეუძლია რატომ ის არა სწერს? აი, ამის პასუხი:
ერთ ჩვენ მწერალთაგანს ვუსაყვედურე: „კაცო, რა არის, რომ თეატრისათვის არასა სწერ. ქართული სასცენო პიესების ნიჭი არა გაქვს, მაგრამ, რაც უნდა იყოს, აზრი მაინც იქნება იმ შენ ნაწერში და ნამდვილი ქართული ენა. - მართალია, იტყვი, რათა ვწერო სათეატრო რამ, როდესაც სხვაგვარი მწერლობა უფრო მემარჯვებაო, მაგრამ მაგითი თავს ვერ გაიმართლებ. ვინ გაამართლებს იმ დედას, რომელსაც მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი მზარეულობა არ შეუძლია, მშიერს შვილს ფაფასაც აღარ უმზადებს, სანამ ნამდვილი მზარეული გამოჩნდებოდეს და სხვების ხელში აგდებს გულ-გრილად, რომ პირი ტალახით გამოუტენონ ხოლმე-მეთქი“. და, აი, რა მიპასუხა: „ეგ კარგად მესმის და მით უფრო მიკვდება გული, რომ გარემოება ხელ-ფეხს მიკრავსო!.. ერთხელ ახალი პიესის წარმოდგენაზე დავესწარი და ბრაზი მომერია: ვნახე, რომ ახალი პიესის ავტორს აუღია ჩემი ერთი თხზულებათაგანი, დაუმახინჯებია ენა, აზრი, სახელი და ყოველიფერი მიუთვისებია იმ საცოდავს. რომ შევხვდი, საყვედური ვუთხარი, მაგრამ რა გამოდგა? თურმე იმისი ახალი პიესა, აფიშაში გამოცხადებული, რაღაც მიზეზით გადაედვათ და მის მაგიერად ჩემი პიესა დაედგათ ხელად. ამას შემდეგ შემიძლია კიდევ ვიფიქრო სცენისათვისო“. მეც, რასაკვირველია, ვეღარა ვუთხარი-რა!
- „მაშ, თქვე დალოცვილებო, თუ არც არტისტები გივარგანან, არც მწერლები, არც ნაწერები, ჩვენ რაღად გვამტყუნებთ, რომ არ დავდივართ იმ თქვენ თეატრებშიო. შეუძლია გვითხრას ქართველმა საზოგადოებამ; მაგრამ ჩვენ იმას ვამტყუნებთ როგორც ჭირისუფალს!.. ქართველი საზოგადოება ჭირისუფალი უნდა იყოს ჩვენი საზოგადო საქმეებისა და ჭირისუფალს განა შეშვენის, რომ თავის ნათესავის სისხლსა და ხორცს თვალი აარიდოს და ხელი ააღოს, მხოლოდ იმიტომ რომ სასიამოვნო სანახავი ვერ არის, როგორც ავადმყოფიო და გარეწრობა დაიწყოს. რასაკვირველია, მტყუანია საზოგადოებაც და შემცდარი, მაგრამ ამ შეცდომაშიაც ბრალი უფრო ახალთაობას ედება კისრად და მათ მეთაურებს.
დიდი ხანია ჩვენმა ხალხმა გული მიანდო ახალთაობად წოდებულს ინტელიგენციას, თავიც ჩაუდვა კალთაში და ყოველგვარ სარბიელზე მეთაურად იწვევს. - „აბა, გვი-წინამძღვრეთ, მიგვითითეთ ავზე და კარგზე, გვირჩიეთ, რა უნდა ვქნათ. და მაშინ ჩვენ ვიცითო!“ ამბობს ქართველი საზოგადოება. - და მართლაც ჯერ იმისთანა არა დაწყებულა-რა ჩვენში, რომ უთანაგრძნობოთ ვრჩენილიყოს. ამას მე ვამბობ უმეტესობაზე და არა იმ წრეზე, რასაკვირველია, რომელიც დიდი ხანია გადარჯულებულია და ქართული გული აღარ უცემს. -
გაიგონებს თუ არა ჩვენი ხალხი: „ესა და ეს საქმე, ესა და ეს პირი თანაგრძნობის ღირსიაო“, მაშინვე თავის თავს აკლებენ, მაგრამ შემოსაწევარს კი გზავნიან, და განა მარტო ნივთიერად? ყოველგვარად, როგორც კი მოეხერხებათ!.. ეს თუმცა ასეა, მაგრამ საზოგადო საქმეები კი მაინც კოჭლობენ ჩვენში და თუ აქა-იქა რამე კეთდება, ისიც ცალმოგვად. - ამაში დამნაშავე მხოლოდ ახალთაობაა, როგორც მოწინავე დასი და მეთაური.
მთიულს უთხრეს: „დეკანოზი ის არის, წვერები რომ აქვსო!“ და იმანაც გაკვირვებით უპასუხა: „სხვა ნიშანი უნდა იყოს რამე სადეკანოზო, თორემ წვერები ჩემ თხებსაცა აქვსო!“ ამისი არ იყოს, ვინც კი ჯერ ახალგაზდაა, ერთი ორი პრიშტი-პრუშტი უსწავლია და კუდა სერთუკი ჩაუცვამს, ყველას ახალთაობის კაცად მოაქვს თავი და ქვეყანა ტყუვდება. - ერთ ნამდვილ ახალთაობის კაცზე, ათი-ოცი თაღლითი და მოჩვენებული მოდის. ერთი რომ აკეთებს, ათი და ოცი იმ ერთის ნაკეთებს ცარავს და ფარცხავს რამე საპირადო განძრახვით და ქვეყანა კი ზარალშია.
ეს ერთი ხანია, ჩვენში გაიძახიან: „ამ ოცდაათის წლის წინად რამდენიმე ახალგაზდამ იჩინა თავი და შემდეგ კი ნიჭიერი აღარავინ გამოგვჩენიაო.“ ეს დიდი შეცდომაა.... ის რამდენიმე პირი განა ციდან გადმოგვივარდენ? ნიჭი ბევრია ჩვენში დღესაც, მაგრამ მათი ნიჭი ჩვენისავე წყალობით დაზრულია და ძალას ვეღარ იჩენს!.. ერთს მეცნიერს ჰკითხეს: „ეს ბუჩქი ვარდისაა, თუ სხვის რასიმეო?“ და მან უპასუხა: „მოიცადეთ, კუკურს უყურეთ და თუ ვარდია, გაიშლებაო!“ მართალია, მაგრამ კუკურს რომ თავზე ნაცარტუტი დააყარო და მდუღარე დაასხა, გაშლამდივე დაჭკნება. - როდის იყო, რომ ჩვენ ნიჭიერებს ვეძებდით, ვსწვრთნიდით და სწორ გზაზე ვაყენებდით. ჩვენ ნიჭიერად და ქვეყნის სასარგებლო კაცად იმას აღვიარებთ ხოლმე, ვინც პირადად ჩვენი მასიამოვნებელი მორჩილია, და ნიჭიერებს თავში ვუყენებთ ხოლმე...
მას შემდეგ მაინც რაც ეს რაღაც არჩევანები შემოიღეს და კენჭებითა წყვეტენ საქმეს, სულ „აირია მონასტერი“. მოპირადე უმეტესობა იმ მცირე ნამდვილ მოღვაწეებს წინ ეღობება, ნიჭიერებს სჩაგრავს, გზას არ აძლევს და საქმე კი უმეცრებას უვარდება ხოლმე ხელში. ასარჩევს ან ღვაწლი უნდა მიუძღოდეს და მცოდნე კაცად უნდა იყოს ნაცნობი იმ საქმის შესახებ, რისთვისაც ირჩევენ, ან იმედს უნდა იძლევოდეს მომავლისას, ან სხვებ როგორმე იყოს გამოსადეგი საქმისათვის და ჩვენ კი არც ერთს ამ გარემოებას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენიან-სხვისიანობით ვათავებთ საქმეს და თუ სადამდის მიაღწევს ეს ჩვენი ახირებულობა, აქედან იგულისხმეთ: როდესაც „ვეფხისტყაოსანს“ ვარჩევდით და ტექსტებს ვასწორებდით, ხმის უმეტესობით ვსწყვეტდით საქმეს და ხშირად მისთანებიც იძლეოდენ ხმას, რომელთაც ქართული არ იცოდენ. მართალია ძალიან აურდავურიეთ საქმე: „შადი“ - „შარდად“ აღვიარეთ, მაგრამ ჩვენი ხომ გავიტანეთ და მეტი რა გვინდოდა. ესევე ხდება სხვა ყოველგვარ საარჩევანო საქმეებშიაც: საზოგადო საქმე მხოლოდ ხელსახვევადა გვაქვს, ნამდვილად კი სხვა ხრიკები და სხვა ფანდები გვაღელვებს. - ამისივე ბრალია, რომ ჩვენი სცენის საქმეც ვერ მოდის ხეირიანად და თეატრი არა გვაქვს. დიახ, ჩვენ პირშავად ვრჩებით საზოგადოების წინაშე და ვისურვებთ, რომ შემდეგში მაინც გაასწოროს ეს ჩვენი დამნაშაობა შემდეგ მომავალმა შთამამავლობამ.
(კვალი, 1893 წ., №3)
![]() |
2.19 უძღები შვილი* |
▲ზევით დაბრუნება |
ძველმა აღთქმამ თავის მცნების პირველ მუხლად წინ წამოაყენა შურისძიება: „თვალის წილ თვალი და კბილის წილ კბილიო“, ამბობს მოსე წინასწარმეტყველი. - ახალმა აღთქმამ კი უარჰყო ეს და თავის მცნებას ქვაკუთხედად დაუდვა სიყვარული: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისიო და მიუტევე, რათა მოგეტევოსო“. - ამას ღაღადებს დიდი მოძღვარი. როდესაც ფარისევლებმა და მწიგნობრებმა უსაყვედურეს უკვდავ ჯვარცმულს: რა არის რომ მეზვერებსა და მეძავებს არ ერიდები, გარს შემოგიხვევია და ესაუბრებიო, მაშინ მათ ეს იგავი მოუყვანა საპასუხოთ: ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა, უნცროსმა გამოართვა მამას ქონებიდან რაც ერგებოდა თავის წილი, დაიწყო გარეწრობა და ცუდი ყოფაქცევით გაფანტა და გაღარიბდა, ისე რომ საზრდო აღარა ჰქონდა. მივიდა ერთ მდიდარ კაცთან, სთხოვა, რომ ჯამაგირში დაეყენებია და იმანაც მწყემსად ღორებში გაგზავნა. ბოლოს იფიქრა ამ საბრალომ, მე აქ ღორებთან ერთად რკოსა ვჭამ და შიმშილითა ვკვდები, მამაჩემს კი დიდი შეძლება აქვსო, არა სჯობს რომ შევინანო ჩემი გარეწრობა, ჩემი უძღებობა და გულ-წრფელად მივმართო ისევ მამაჩემსო? სთქვა და კიდეც აასრულა. მამამ რომ მისკენ მიმავალი შენანებული შვილი დაინახა, სიხარულით წინ მიეგება, შვილი ჩაუვარდა მუხლებში და გულწმინდად შენდობას სთხოვდა და მამამაც გულში მიიკრა, გამხიარულდა, დააკვლევინა ზვარაკი მეწამული და მიიწვია მეგობრები. უფროსი შვილი რომ დაბრუნდა სამწყემსურიდან, გამოიკითხა ლხინის მიზეზი, გაუკვირდა და უსაყვედურა მამას: „მე ამდენი ხანია გემსახურები, სულ შენთანა ვარ, არა გამიბნევია-რა და ჩემთვის ერთი ცხვარიც არ გაგიმეტებია, ჩემ უნცროს ძმას კი, რომელიც მოგშორდა
და საცხოვრებელი გააბნია, ლხინს უმართავო“. მაშინ უთხრა მამამ: „შენ სულ ჩემთან ხარ, ეს კი დაკარგული იყო და დღეს დამიბრუნდა - ჩემთვის მკვდარი იყო და დღეს კი ისევ მკვდრეთით აღდგაო“. მწყემსი, რომელიც ას სულ ცხვარსა მწყსის, ერთი მათგანი რომ დაეკარგოს, წავა იმ ერთის საძებნელად და მიატოვებს დანარჩენ ოთხმოცდაცხრამეტს, სანამ დაკარგულს არ იპოვის და რომ იპოვის, გამხიარლებული შეიდებს კისერზე და მოიყვანს იქ, სადაც სხვები ჰყავდა დატოვებული. ეს ნახატი წარმოგვიდგენს ამ საგულისხმო იგავს. ავტორს, ბატონ დორეს, აუღია ის წამი, როდესაც შენანებული შვილი ფეხქვეშ უვარდება მამას, მამა სიხარულით გულზე იკრავს და სამწყესურიდან დაბრუნებული შვილი ესაყვედურება. ეს სამი წამი შეუერთებია მას ერთ სამაგალითო ნახატად.
(კვალი, 1894 წ., №14)
__________________
* მხატვარ დორეს სურათის განმარტება. - რედ.
![]() |
2.20 ქართული სცენა |
▲ზევით დაბრუნება |
„კარგ მთქმელს კარგი გამგონიც უნდაო“ ნათქვამია და ეს ანდაზა ზედ გამოჭრილია ყოველგვარ ხელოვნებაზე, რომლის შემოქმედებითი ძალა უმეტესობისათვის შეუგნებელია. როდესაც ფოთოლი გამოდის და ყვავილები იშლებიან, ეს დიდებული შემოქმედებითი პროცესი, ადამიანს არაფრათ არ მიაჩნია უმეცრების გამო, მაგრამ იგივე ადამიანი ელვა-ჭექა-ქუხილის დროს კი პირჯვრის წერით იძახის: „დიდება შენს ძლიერებას ყოვლის შემოქმედოო“ და სხვანი.
უმეცარს რაც თვალში არ ეჩხირება და ყურში მკვახეთ არ მოხვდება, ის არაფრად მიაჩნია და ამის ბრალია, რომ ბრბო იმასა სცემს თაყვანს, რაც გაბერილი, გადაპრანჭული და გაზვიადებულია. სხვისი ფეხის ხმის აყოლა ქვეყნისათვის, თითქოს, ცხოვრების კანონია!.. და ძლიერიც არის ეს უგუნური კანონი! ავიღოთ, მაგალითად, გინდ მუზიკა. საზოგადოთ ასში ნახევარს არ ესმის! - უმეტესობას ზურნა-ჭიანური ურჩევნია ფორტოპიანს და შოპენის მელოდიებზე უბრალო „ტიპ-ტი-პიტო“ უფრო მოსწონს, მაგრამ ვერ ბედავს გამხელას, არ შევრცხვეო, და სხვების აყოლით აქებს და ადიდებს იმას, რაც არც იცის და ვერც შეიგნებს! - აბა, დაუკარით და მოასმინეთ ვაგნერის მუზიკა, მაგრამ იმ პირობით კი, რომ უთხრათ: „ეს უბრალო ვისმეს შეთხზულია-თქო“, თუ მაშინვე არ დაიწუნოს. - წინდაწინვე რომ ეცოდინება ვაგნერისააო, მაშინ კი, რასაკვირველია, მოიწონებს, რომ სხვები დააჯეროს!.. ეს კიდევ არ კმარა... იმდენს ეცდება, თავის თავიც კი დააჯეროს და ძალდატანებით წარმოიდგინოს: კარგია და სწორეთ მომწონსო. ესევე შეეხება მხატვრობას, ქანდაკებას, მწერლობას და სხვა... სხვა ქვეყნების მწერლობას რომ არ მივმართოთ სამაგალითოდ, ავიღოთ ჩვენივე: მეთორმეტე საუკუნის აქეთ, სადაც კი რუსთველს ახსენებდენ ჩვენში, იქ მაშინვე თავში შავთელს წამოუსკუპებდენ და თუ არ მეტათ, ნაკლებ რუსთველზე არ აფასებდენ. - რა იყო ამ ორ მწერალში საერთო? არაფერი!.. ერთი მგოსანი და მეორე კი გაბერილი უნიჭო რიტორი!.. ერთი ყველასათვის ადვილათ გასაგები და სისხლ-ხორცში გამჯდომი და მეორე კი გაუგებარი გრძნობა- გონების მძიმე ტვირთი!.. მაშ როგორ მოხდა? რა მიზეზი იყო შავთელის გაზვიადებისა და რუსთველზე უმაღლესად დაყენების? უმეცრების თავმოყვარეობა!.. როდესაც ქართველი მწიგნობრები და მწერლები ადვილათ გასაგებ რუსთველს ჰკითხულობდენ, ასე ეგონათ აქ სიტყვებია კარგი თვარა აზრი არა არის-რაო!. მაგალითად: „კაცი უნდა ხერხი იყოს გაქონდეს და გამოქონდეს“, ან: „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი“, და ან კიდევ: „მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა“ და სხვანი. „ეს ყველა და ამისთანები სხვებიც, ისეთი უბრალო სიტყვებია, რომ თუ არ მითქვამს, შემეძლო კი რომ მეთქვა და ყველა ჩემი ნაცნობებიც კი მოახერხებდენ ამის თქმასო“.
საკვირველია კაცი. რაც ადვილათ და გაუჭირვებლათ ეძლევა, არაფრათ აგდებს! უბრალო ჰგონია. და რაც გაჭირვებას უჩვენებს, ის კი დიდ რამეთ მიაჩნია! შავთელისა ჩვენ ძველებს არა ესმოდათ-რა! მისი სიტყვების რახა-რუხი ჰარმონია ეგონათ!.. რომ ამოიკითხავდენ, მაგალითად, ამგვარ რამეს: „ბოლუქ ბოლუქად და სასალუქად“, „არიონა თან არიონა თან“, „რომელნი ელნით რომელნი ელნით“, ბრახუნ-ბრახუნი, ბრაგუნ-ბრაგუნი, ბრუხუნ-ბრუხუნი და სხვანი ამგვარები სიბრძნე ეგონათ: სიღრმე-სიგანეს უზომავდენ და რომ ვეღარ გაატანდენ სისქეში, ჰფიქრობდენ: ალბათ ეს დიდი რამეაო. სხვა ან კი რა მოეთხოვებოდათ იმ საბრალო მწიგნობრებს, მაშინ როდესაც ინსტინქტი, ავ-კარგის საგრძნობელი, დაკარგული ქონდათ და დაჩლუნგებულ ჭკუა-გონებით შემოქმედების ძლიერების მიწდომა არ შეეძლოთ?. იტყუებდენ თავს და ატყუებდენ ქვეყანასაც: გაჰკიოდენ შავთელის დიდებას. - ფეხის ხმის ამყოლი ქვეყანაც იმეორებდა მათ ნათქვამს, მაგრამ საქმით კი სულ სხვა გამოდიოდა. მაშინ, როდესაც რუსთველი ყველამ ზეპირად იცოდა, ჭირსა და ლხინში აუცილებელ მასალათ იყო გადაქცეული, შავთელის მხოლოთ სახელი იცოდენ და მაინც მოწი-წებით იხსენიებდენ!.. და აქ გასაკვირველიც არა არის რა: ფეხის ხმის აყოლა, იგივე „გიპნოტიზმი“ - ჯადოა და ამიტომაც უთქვამთ ჩვენს ძველებს: „ჯოგმა რომ ხეს შებღავლოს, ხეც გახმებაო!“ ძლიერია „დავარდნილი ხმა“!.. ვინ მოსთვლის რამდენი უსამართლოთ იჩაგრება ქვეყნის ხმით ქვეყანაზე და რამდენი უსაფუძვლოთ ამაღლდება ხოლმე? - დაუარდება ვისმე, მაგალითად, სიცუდის ხმა და ქვეყანა ჰგმობს იმ უბედურს. რათა? რისთვის? აქვს ვისმე საფუძველი? უჭირავს რამე ფაქტი ხელში? არა!. მაგრამ როცა ზოგიერთები ანბობენ სხვებმაც ხომ უნდა გაიმეორონ? ზოგი კაციც ისეთ ვარსკვლავზეა დაბადებული, რომ სიკარგის სახელი დაედება და დიდი და პატარა ყველა მის ქება-დიდებაშია. რაც უნდა ცუდი საქმე ჩაიდინოს - რაც უნდა ქმნას - გინდ თავზე ხელიც აიღოს, მაინც ყველა ამართლებს და მისი ცუდი არავის სჯერა. ამიტომაც არის ნათქვამი: „ზოგისა ბამბა ჩხრიალებს და ზოგის კაკალიც არაო!“ - დიახ. ქვეყნის ხმა და ხმის აყოლა სენია... სახადი!.. მართალია, ოდესმე ქვეყანაც გამოერკვევა, მოიხდის ხოლმე იმ სენს, მაგრამ გვიან... ძალიან გვიან - ბევრჯერ საუკუნოებია საჭირო!.. ეს ფიქრები ძალაუნებურად მომდის თავში, როდესაც ჩვენ მოღვაწეებს გავითვალისწინებ ხოლმე. ორი-სამი რომ გამოვაკლოთ, დანარჩენები სულ ქვეყნის ხმით არიან გაბერილები: მაშინ როდესაც ღირსეულები მიჩრდილულან... მივიწყებულან!!. ესევე მომაგონდა დღეს, როცა ქართულ სცენას შევეხე!.. ვერც ის ასცდენია ამ საერთო კანონს. მაგრამ რადგანაც უფრო ვრცელი სტატია მექნება ჩვენი თეატრის შესახებ, ახლა ბევრს აღარას ვიტყვი და პირდაპირ გადავალ იმ ორ წარმოდგენაზე, სადაც მონაწილეობას იღებდენ მესხები. კვირას წარმოადგინეს „კომლი უცეცხლოდ“, ერთ მოქმედებიანი დრამა. ეს დრამატიული ნაწყვეტი რიგიანი და კარგია. შვენიერი იყო გრაფის როლში კ. მესხი და მის დას ე. მესხს კი, რომელიც გრაფის მეუღლეს ადგენდა, დაეტყო დიდი ხნის სცენაზე გამოუსვლელობა: ჩქარობდა და სიტყვებს ყლაპავდა!.. თამაშით კი შვენიერათ ითამაშა!.. ზოგიერთ არტისტებსა ჰგონიათ, რომ თამაში მხოლოთ მაშინ უნდა, როდესაც თვითონ, სუფლიორისაგან მოწოდებულ სიტყვებს იმეორებენ და ირხევიან და რომ გაათავებენ თავის სათქმელს, მერე აქეთ-იქით იყურებიან. თავი და თავი ღირსება არტისტის სხვებთან შეთამაშებაა, როდესაც უსიტყვოთ, მხოლოდ სახის გამომეტყველებით უკავშირდება სხვებს და სახიბლავ ძაფს არა სწყვეტს. - ეს ნიჭი უხვად აქვს მიმადლებული ე. მესხის ქალს და კარგი რამ საყურებელი იყო, როდესაც მისი მეტყველი სახე ორგვარ, ორკეც ტანჯვას გვიხატავდა: თავის საკუთარს, როგორც უსამართლოთ დასჯილისას და იმავე დროს უბედური ქმრის სათანაგრძნობოსაც!.. სწორეთ მომხიბლავი წამი იყო, მაგრამ, დახეთ უბრალო რამ შემთხვევას, იქაც კი უმტყუნა ბედმა და იმ დროს, როდესაც უკიდურეს განწირულებაში იყო ჩავარდნილი, იძულებული შეიქმნა შინიონზე მოევლო ხელი და სწორება დაეწყო!.. გაიფანტა ოცნება და გაფუჭდა შთაბეჭდილება!!. - მეორე წარმოდგენაც ოთხშაბათს იყო, კ. მესხის საბენეფისოდ წარმოგვიდგინეს ფრანგულიდან ნათარგმნი პიესა „მადამ სან-ჟენი“. ეს პიესა აქ, ამასწინეთ, რუსებმა წარმოადგინეს; ნახული გვქონდა და საფიქრებელი იყო, რომ ისე აღარ მოგვეწონებოდა, როგორც ახალი რამ. საჭირო იყო, რომ ჩვენს არტისტებს უკეთ ეთამაშნათ და მართლაც ასე მოხდა: საუცხოვოთ გამოვიდა კ. მესხი, გარეგნობით სრულიად ნაპოლეონის მსგავსი, როდესაც მრავალკეც ფიქრებით დატვირთულმა მიჰმართა სამწერლო სტოლს. მაგრამ, მისდა საუბედუროთ, მოყვრებმა უმტერეს: ასტეხეს ტაშის კვრა და გამოიხმეს! - ნაპოლეონის ნაცვლათ ჩვენ წინ იდგა ვიღაც ულვაშ-მოპარსული მატყუარა და ქანდარას თაყვანსა სცემდა!.. ამას შემდეგ რაც უნდა კარგათ ეთამაშნა, მაინც ვეღარ გამოგვიბრუნებდა სავსებით დაკარგულ ოცნებას!... ვინც კი გვინახავს ამ როლში, ყველაზე უკეთ წარმოადგინა. - თუმცა ერთი რამ კი უნდა შევნიშნოთ. საზოგადო ყველა მოთამაშეები და კერძოთ მესხიც ნაპოლეონს ისე გვისურათებენ, თითქოს იოვანე მტარვალი იყოს! სასტიკი, უგულო, გრძნობა გალაყებული და საშიში. ეს დიდი შეცდომაა. ნაპოლეონს, როგორც დიდ-ბუნებოვან კაცს, გრძნობაც დიდი აქვს და გონებაც, მაგრამ დიდების მოყვარეობამ იმ ზომამდე მიიყვანა, რომ იძულებულია გრძნობას არ აჰყვეს და მუდამ ხელში ეჭიროს თავისი გული. ხანდახან წასცდება ხოლმე, მისი გრძნობაც შეითამაშებს ხოლმე, მაგრამ გონება შეეჭიდება, უცბათ იმორ-ჩილებს და თითქოს აქვავებს. ეს პიესიდანაც ნათლათ სჩანს.
როდესაც მადამ სან-ჟენი განრისხებულ ნაპოლეონს უანბობს თავის თავგადასავალს და მასაც მოაგონებს მის წარსულს, ელაპარაკება სხვადასხვა პოლკებზე, ომებზე, საკუთარ მონაწილეობაზე და ბოლოს ჭრილობასაც უჩვენებს, ნაპოლეონს გრძნობა უდიდდება - ავიწყდება ახალი მიზანი, ტვირთი გულიდან უვარდება და თავდავიწყებას ეძლევა: სულ სხვა გუნებაზე დამდგარი, ჰკოცნის მადამ სან-ჟენსა ზედ ჭრილობაზე... მერე სხვაგანაც უნდა, რომ აქედან გადაცოცდეს, მაგრამ ერთი უბრალო სიტყვა: „მანდ მე ჭრილობა არ მიმიღიაო“ აფხიზლებს და უეცრათ გრძნობა დახშული ნაპოლეონი იქვავებს სახეს. - აი სად არის საჭირო სახის გამომეტყველება და ორგვა-რობა!!. - მიუხედავათ ამისა მაინც კარგი იყო ბ. კ. მესხი. - ეს არტისტი ჩვენი სცენისათვის შესამჩნევი მოვლინებაა. - ჭკვიანია, წინდახედული, შრომის მოყვარე და შრომის მოყვარეობაც, ხომ ნიჭის მონახევრეობაა?.. ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ვინმე მემკვიდრე მილიონებს მიიღებს სამკვიდროთ, მაგრამ ისე გაჰფანტავს, რომ ბოლოს ღარიბათა რჩება. - ზოგი მილიონებს ვერ მიიღებს, მაგრამ სამყოფს კი და ისე შეუწყობს ხელს, ისე რიგიანათ წაუძღვება წინ თავის სამკვიდროს, რომ ბოლოს ერთი ასათ აქვს ხოლმე. ამ მეორეთაგანს ეკუთვნის კ. მესხიც. რა არის ნიჭი, თუ კაცი ხელს არ შეუწ-ყობს და შრომას მოერიდება? მართალია, მარტო შრომით, თუ სულ უნიჭოა კაცი, ბევრს ვერას გაარიგებს, მაგრამ პატარა ნიჭის პატრონს კი შეუძლია, გაადიდოს მისი ნიჭი, გაზარდოს და ანაყოფიეროს. ეს ღირსებაა, რომ კ. მესხს ფასს უმატებს და შესანიშნავათ ჰხდის, ახლა გადავიდეთ მის და ეფემიაზე.
ურიგო არ იყო არც პირველ მოქმედებაში, მაგრამ რაც უნდა კარგათ ეთამაშნა, ჩვენ მაინც არ დავჯერდებოდით, რადგანაც იმ დროს, იმ როლში, შეუდარებელი საფაროვის ქალი გვეხატებოდა თვალწინ. ამას ვგონებ თვითონაც გრძნობდა მესხის ქალი და ცოტა ნაძალადეობა ეტყობოდა, განსაკუთრებით სიარულს რომ სწავლობდა იმ დროს!.. მაგრამ დანარჩენ მოქმედებაში კი სწორეთ შესანიშნავი და სწორუპოვარი იყო. ნამეტურ მაშინ, როცა ნაპოლეონს თავის თავგადასავალს უანბობდა... ამ როლში სხვებიც გვინახავს, მაგრამ უკეთესი კი არა!.. ეს ეგება მისი ბრალიც იყოს, რომ ქართველის ბუნება ცოტათი წააგავს ფრანცუზისას. სხვები რუსის მრეცხელ-ქალებს გვაგონებდნენ თავიდან ბოლომე და ეს კი ნამდვილ ფრანგის ქალს. ფრანგის ქალი მდაბალი წოდებისაც რომ იყოს, მაინც შეუძლია, ხანმოკლეთ შეიფეროს მედიდურობა, დარბაისლობა და ჰაეროვნება, რომელსაც ისინი „შიკს“ ეძახიან. მადამ სან ჟენიც იმ გვართაგანია. ოღონდ დიდხანს ვერ გასტანს, თვარა, ცოტა ხნით ადვილათ შეუძლია შეიფეროს და დაიშვენოს დარბაისლობა. როდესაც ნაპოლეონის დებს ეჩხუბება, მაშინ კიდევ ეტყობა მედიდურობა. - ხანდახან უდროვო დროს, თავისი უგვარ-ტომობის შესაფერი ხმა წასცდება ხოლმე: ხან ასეა და ხან ისე. ეს კარგათ ჰქონდა შეგნებული ე. მესხს და მიტომაც უფრო მაღლა ვაყენებთ სხვებზე. საზოგადოთ თეატრის შესახებ და არტისტების საგულისხმოთ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, მაგრამ შემდეგისათვის გადაგვიდვია.
(კვალი, 1895 წ., №51)
![]() |
2.21 სამძიმარი |
▲ზევით დაბრუნება |
ოც ნოემბერს დაასაფლავეს სიონის ტაძარში კნეინა ქეთევან გიორგის ასული ორბელიანისა, დიდი ოჯახის შვილი და არა ნაკლებ ოჯახისავე რძალი. ეს შესანიშნავი მოხუცი მოწამე იყო ყოველგვარ იმ ცვლილებისა, რომელიც კი შემოუღიათ ჩვენში ამ საუკუნის განმავლობაში და შეგნებულადაც ჰქონდა გათვალისწინებული, როგორც ჩვენი წარსული, ისე აწმყო და, შეიძლება მომავალიც. ის ეკუთვნოდა იმ ქართველების გუნდს, რომელთაც თავის მცნებათა აქვთ აღსარებული რუსეთთან საქართველოსი სიყვარულით შეკავშირება და ოქროს ჯაჭვითა და არა ჩინოვნიკური გრეხილით გადაბმა. მთავრობისაგან პატივცემული, ხალხის საყვარელიც იყო და ის სიყვარული იხატებოდა იმის უბრალო, უტიტულოთ სახელწოდებაშივე. „კნეინა ქეთევანო“ რომ ახსენებდენ, მთელმა აღმოსავლეთის ქართველობამ იცოდა, თუ ვინ იყო ის „ქეთევანი“, განსვენებული განკერძოებითს მოვლენას არ წარმოადგენდა საზოგადოთ ქართველ ქალებში. ეს იყო მხოლოდ უკანასკნელი ნაშთთაგანი იმ ძველი დედებისა, რომელთაც დღეს ვეღარა ვხედავთ და რომელთა თვისებას შეადგენდა მახვილი და გამჭრიახი გრძნობა-გონება, ხასიათის სიმტკიცით დაგვირგვინებული. გარდა სხეულის დაჩაგვრისა, სიბერემ ვერა დააკლო-რა და, იმ თავიდან ამ ბოლომდე განსვენებულს არ უმტყუნია თავის ზნე-ჩვეულებისათვის. გულ-წრფელი და სიმართლის დროს შეუპოვარი, კარგათ არჩევდა ავსა და კარგს და თავის საკუთარ მსჯავრსაც უშიშრათ სდებდა: მოსაწონს აქებდა და დასაწუნს აძაგებდა. ერთხელ, წირვის დროს, ეკლესიაში მივიდენ მასთან და უთხრეს: „ჩამოდექით, მანდ თქვენი ალაგი არ არის!“ შეხედა მშვიდობიანათ და წყნარათ უპასუხა: „აქ არის შესაკრებელი უფლისა, რომლის წინაშეც ყველა თანასწორია. მე ვადგივარ თავზე ჩემი თანა-მეცხედრის საფლავს და ღმერთს ვავედრებო!“ ერთხელ კიდევ ჰკითხეს: „ქეთევან, რას იტყვი ახლანდელ ქალებზე, როგორ მოგწონსო?“ გაიცინა და თქვა: „რა უნდა მოგახსენოთ? ძველი ქალი ვარ და ახალი რამ აღარა მომწონდეს-რა, განა გაგიკვირდებათ? ჩვენ სულ სხვებ ვიყავით გაზრდილი და ესენი კი სულ სხვა ნაირათ იზრდებიან. ჩვენ დროში უსაქმურათ შინიდან ფეხის გადგმა და აქეთ-იქით ხეტიალი დიდი სირცხვილი იყო!.. მახსოვს კარგათ, ერთი უცხო სახლობა ჩამოგვერია, იმ ოჯახში ქალებიცა და კაცებიც ნაადრი იყვნენ, ე.ი. მაშინ მარტო ისინი იქცეოდენ ისე, როგორც დღეს ყველა: გათენ-დებოდა თუ არა, მოირთვოდენ, მოიკაზმოდენ და... ერიჰა!.. გაუდგებოდენ გზას. „სად დადიან? სად არიან?“ ვკითხულობდი და „საგულაოთო“ გვეუბნებოდენ, რა საქმეა და რა ხელობა ეს რაღაც „გულაობაა“? ვეკითხებოდით ერთმანეთს მაშინდელი ქართვე-ლი ქალები და ვერა გაგვეგო-რა!..
მოატანა ზამთარმა, დადგა ჩვეულებრივი ტალახი და ლაფი, როცა კარგი ძაღლიც კი ძნელი გასამეტებელია კარში გასაგდებათ. ვამბობთ: მადლობა ღმერთს, ახლა მაინც ეგება შეისვენონ იმ ტრახუნა ქალებმა!, მაგრამ რა ბრძანებაა?... ისინი კიდევ მაინც თავისას არ იშლიან, სტოპავენ ამ დიდ ლაფში დილიდან საღამომდე. ჩვენ ავდექით და იმ ქალებს „ლაფი-ტოპია“ დავარქვით. რა ვიცოდით მაშინ, რომ ეს თურმე განათლებაა და ოდესმე ჩვენს ქალებსაც მისთანავე განათლება მოელოდათო!..“
ამისთანაები ბევრი რამ და კიდევ უფრო საგულისხმოც ბევრი ისმოდა კნეინა ქეთევანის პირიდან, მაგრამ ყველა რომ მოვიხსენიოთ დღეს აქ, გარემოება ნებას არ გვაძლევს, იმედია, რომ უფრო სრული და ვრცელი ბიოგრაფია განსვენებულისა დაიბეჭდება და გამოქვეყნებულიც იქნება. დღეს კი მხოლოთ გაკვრით ვიხსენიებთ მცირე რამეებს. ამბობენ, სიცოცხლეში ხშირად ინატრებდა ხოლმე, რომ ნეტავი იკორთაში დამმარხავდენო! ეს ნატვრა უსაფუძვლო არ არის და კიდეც შეეფერებოდა განსვენებულს. იკორთა ერთი იმ ძველ ტაძრებ-მონისტრებთაგანის ნაშთია, სადაც არა თუ მარტო ერისთავთა გვარეულობის ისტორია, თვით მთელი საქართველოსიც კი დიდებულათ დაკრძალულია. აქ არის გმირთა სავანე და მათში ურევია წმიდა ნაწილები შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა, ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად რომ ეწამენ შაჰ-აბაზისაგან და მოწამეთათანაც შეირიცხენ. ესენი ყველა განსვენებული ქეთევანის წინაპრები იყვნენ და მათთან ერთად განსვენება და გვერდით დასაფლავება დიახ სანატრელი იქნებოდა ქართველი ქალისათვის. მაგრამ ჩვენ დღეს აღარც კი ვიცით რა არის იკორთა და მისთანაები და ან სად რა საუნჯე-სამკაულია ჩვენი?! მაგიერათ შესწავლილი გვაქვს ტროტუარის პირზე, გაღმა-გამოღმა მაღაზიები, იცით რა აწყვია ჩარახჩიანის მაღაზიაში და რა მოუტანია ბერლემონს! კალენდარიც გვიჭირავს ხელში, რომ დღევანდელი გმირების დღეობა არ გამოგვეპაროს და ამ მაღაზიებიდანაც მისალოცავი საჩუქრები გამოვიტანოთ ხოლმე მამის-სისხლათ შეძენილი. განსვენებულს დიდძალი შეძლება დარჩა და გონივრულათაც გაუნაწილა მემკვიდრეებს. არც საზოგადო საქმე დავიწყებია და ასი თუმანი უანდერძებია „ქართული დრამატიული საზოგადოებისათვის“. ეს შესაწირი მის ქონებასთან იგივეა, რაც ზღვაში ერთი წვეთი, მაგრამ ეს ერთი წვეთიც კი დღევანდელ დღეს დიდ-მნიშვნე-ლოვანია ჩვენი საზოგადო ცხოვრებისათვის. დღეს-დღეობით ქართველებს არა გვაქვს შეგნებული, თუ რა მნიშვნელობა აქვს „საეროსა“ და „საზოგადო“ საქმეს. ქართველი არა თუ სიცოცხლეში, სიკვდილის შემდეგაც, როცა მისი შეძლება და ქონება საიმ-ქვეყნო საგძლათა და ბარგათ აღარ მიჰყვება, არას სტოვებს საქველმოქმედოთ. რამდენი მაგალითი ყოფილა, ამა თუ იმ შეძლებულ ქართველს პირდაპირი მემკვიდრე რომ აღარ დარჩენია, გარეშეებისათვის დაეგდოს მისი ადგილ-მამული და ამ ნაანდერძევს უსიამოვნობაც გამოეწვიოს: მემკვიდრეებს შორის მომხდარიყოს ერთი უსიამოვნობა, ერთი შფოთი, ვაი-უბედურება და განსვენებულის არა თუ სული, ხორციელათ სახელიც საწყევრათ გამხდარიყოს!.. და ეს მით უფრო გასაკვირველია ჩვენში, რომ ქართველი საზოგადოთ გულ-უხვია და უზომოთ მფანტავი... სხვა ქვეყნებში რომ არ გადავიდეთ, საკმაოა შევხედოთ სომხებს: მათში მისთანა არავინ მოკვდება, არც მდიდარი და არც ღარიბი, რომ ცოტა რამ წვლილი მაინც არ დააგდოს ქვეყნის სასარგებლოთ. ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს ჩვეულება არც ჩვენ წინაპრებს ჰქონიათო, მაგრამ შემცდარი აზრია.
ქართველებს გვქონდა მონასტრები სხვადასხვა ქვეყნებში, - მაგალითად: იერუსალიმში, ანტიოქიაში, შავ-მთაში და კიდევ მრავალგან მცირე აზიაში; აქ ცხოვრობდენ ქართველი ბერები, ჰქონდათ სკოლები, საიდანაც უკეთესი ქართველი მამულის-შვილები გამოდიოდენ: ვინ იყვნენ სირიელი მამები, შავმთელები, ათონლები, იერუსალიმლები და სხვები, თუ არ იქ გაწვრთნილ-გამოზრდილი ქართველები? ამ მონასტერს, ამ სკოლებს დიდ-ძალ ყმასა და მამულს სწირავდეს ჩვენი ძველები და მით ქვეყანას და ქვეყნის საქმეს სამსახურს უწევდენ. დღეს, მართალია, ის იმათი ანდერძი და შესაწირი ჩვენთვის გამოსადეგი აღარ არის, მაგრამ ეს უბრალო გამოურკვეველობის ბრალია და არა მათი. ის ტაძრები, დროთა ვითარების მიხედვით, სხვებმა ჩამოგვართვეს, ჩვენი იქ აღარც ბერები არიან, ქართულად ქვეყნის ღვთისადმი მავედ-რებელნი, აღარც ქართული სკოლებია და შეწირული მამულები კი დღესაც მათვე უჭირავთ ხელში და სარგებლობენ!.. აბა, ჰკითხეთ ჯვარის მამებს: სად და რიღასთვის შეგაქვთ ჩვენი ქვეყნიდან შესაწირი მაშინ, როდესაც იქ აღარც ჩვენი ვინმეა და აღარც სკოლები გაქვთ ჩვენი შვილების გამოსაზრდელათ-თქო? უეჭველია, ვერას გიპასუ-ხებენ. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები შინვე, რუსეთში იზრდებიან, რატომ ის შესა-წირიც აქვე არ უნდა იხარჯებოდეს? იმ შემოსავლიდან რომ რამდენიმე სტიპენდია აკადემიებში და უნივერსიტეტებში გვქონდეს დადგენილი, გვაწყენდა? მაგრამ აქ ამაზე ჩვენ არ გვალაპარაკებენ და ესეც, რაცა ვთქვით, ვთქვით მხოლოთ მის დასამ-ტკიცებლად, რომ ჩვენი ძველები ჩვენ არა გვგავდენ და საქვეყნო ანდერძიც იცოდენ. დღეს კი სადღა არის ეს წმინდა მოვალეობა და შეგნება? სასულიერო წოდებაში იმერეთში მხოლოთ ნეტარ-ხსენებული გაბრიელ ეპისკოპოსი იყო და აქ ამერეთში, ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე, რომ უკანასკნელ თავის შეძლებასაც კი საზოგადო საქმეს ახმარებენ. ერის კაცებში ამ ორი წლის წინათ თ. გიგო წერეთელმა გვიჩვენა მაგალითი: ასი თუმანი შესწირა საქველმოქმედოთ, საიდანაც ოცი თუმანი ზეპირ სიტყვაობის საქმესაც ერგო. აქაც თ. ნ. ჭავჭავაძემ და ერთმა-ორმა სხვამაც შემთხვევით გაიხსენეს საზოგადო საქმე და მითი მორჩა და გათავდა. განსვენებულმა ქეთევანმა რომ თეატრი არ დაივიწყა და ის მცირე წვლილი დაუგდო, კარგი ჰქნა და აქაც გონივრულათ მოიქცა. ადრე ისე სასირცხვილოთ მიაჩნდათ ჩვენში თეატრში სცენაზე გამოსვლა, რომ თავის მოჭრა ეგონათ. ვორონცოვის დროს რომ „გაყრა“ ითამაშეს, პირველი მაგალითი კნეინა ქეთევანმა უჩვენა ყველას: ითამაშა და მით აგრძნობინა სხვებსაც, რომ აქ სასირცხვო არა არის-რაო. დღეს, როდესაც ჩვენი ქალები სხვა თეატრებში დაცუნცულობენ, ქართულს კი გაურბიან და მიზეზადაც იმას იგონებენ, რომ კარგათ ვერ თამაშობენო. და ან იმას, რომ ქართული არ გვესმისო კნეინა ქეთევანის ანდერძი დიდი საგულისხმოა, თუ მიხვდებიან. ღმერთმა საუკუნო განსვენება ნუ მოუშალოს ერთად იმ ჩვენ საქებ დედებთან კნეინა ქეთევანს!
(აკაკის კრებული, 1897 წ., №4)
![]() |
2.22 მირზა-ფატალი ახუნდოვის კომედიის თარგმანზე |
▲ზევით დაბრუნება |
„ივერიის“ 25 №-ში „თეატრის მატიანეში“ დაბეჭდილია ჩვენის ფალავან-კრიტიკოსის „მე გახლავარ“-ის აზრი ოთხ მოქმედებიანი კომედიის „ხანის ვეზირ“-ის შესახებ. ავტორი, რასაკვირველია, უფრო პირადად მე მეხება, ვიდრე იმ კომედიას. ამ თხზულებას მე მაწერს და პირდაპირ ამბობს: „აზრი ნასესხებია თათრულ პიესიდგანო“. ეს ცნობა სიცრუეა და მატყუარობა, რომ მკითხველები დააჯეროს. ეს პიესა ეკუთვნის თათრის მწერალს მირზა-ფატალი ახუნდოვს, რომლის ნაწერები უცხო ენებზედაც არის ნათარგმნი. ერთს დროს რუსეთის მწერლობამაც ყურადღება მიაქცია და იმ დროის შესანიშნავმა კრიტიკოსმა აპოლონ გრიგორიევმა, რომელსაც ცოტათი უკეთ ესმოდა ხელოვნება, ვიდრე ზოგიერთს ჩვენებურს ნაცარქექიებს, მოლიერს შეადარა. ეს, რასაკვირველია, გადაჭარბებულია, მაგრამ საზოგადოდ კი ახუნდოვის პიესები ნიჭიერად არიან დაწერილნი და ისე ნათლადაც გვიხატავენ ჩვენებურ თათრების ცხოვრებას, როგორც სარკეში ჩასახულს რასმე - და ის სიტყვებისა და ცრუ აზრების გაზვიადებული ბრახა-ბრუხი, რომელსაც ჩვენში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ფასი აქვს, მის ნაწერში არსად მოსჩანს. რადგანაც ჩვენ, ქართველები, ვერც ამ მწერალს ვიცნობთ და არც ჩვენის მეზობელ თათრების ცხოვრება გვაქვს შესწავლილი, ამიტომ ავიღე მეც ახუნდოვის ერთი პიესა „ხანის ვეზირი“ და სიტყვა-სიტყვით გადმოვთარგმნე, რომ „კრებულში“ დამებეჭდა. სრულიად აზრადაც არა მქონია მისი სცენაზე დადგმა. და ან კი როგორ შევკადრებდი დრამატიულ საზოგადოებას: „ითამაშეთ-მეთქი“! მაშინ, როდესაც ჩემი საკუთარი პიესები: „პატარა კახი“, „თამარ ცბიერი“, „მედია“, „კუდურ-ხანუმი“, „ახალი გმირი“, „გაიძვერები“, „ძველსა და ახალს შუა“ და სხვანი, არც ერთი ღირსი არ გამოდგა მათის ყურადღებისა და როგორც ჩემი ნაწერები, სცენიდან გაძევებულნი არიან. ალბათ თვითონ მოისურვეს სცენაზე მისი დადგმა და თანაც შეცდომით გამოაცხადეს: „აკაკისაგან გადაკეთებულიო“. ეს შეცდომა თვითონვე გაასწორეს სახალხოდ: როდესაც ზოგიერთებმა ავტორი გამოიხმეს, რადგანაც მე ვეგონე, სცენაზე გამოვიდა სუფლიორი და მოახსენა მაყურებლებს, რომ ეს პიესა აკაკის დაწერილი ნუ გგონიათ, ავტორი დიდი ხანია მკვდარი არისო. ეს, რასაკვირველია, ყველამ კარგად გაიგონა, მაგრამ უკუღმართი სურვილი ძნელია! კიდეც აბრმავებს და კიდეც აყრუებს ვნებით გატაცებულს კაცს! ისინი, რომელთაც ჩემი ცუდი და საწყენი რამ ცხოვრებაში ასე სწყურიათ (არ ვიცი კი რად?), როგორც ებრაელებს წყარო უდაბნოში და ისე ელო-დებიან სამიზეზო, ხელმოსაკიდებელ შემთხვევას რასმე, როგორც ზეციურ მანანას, მაინც კიდევ, სუფლიორის მიუხედავად, იქვე არწმუნებდნენ სხვებს, რომ ეს პიესა სწორედ აკაკის საკუთარია და ახლა გადათქვაო. ეტყობა, რომ იმათს რიცხვში ბრძანე-ბულა ჩვენი „მე გახლავარ“ კრიტიკოსიც და განზრახ ყური მოუყრუებია სუფლიორის სიტყვებზე, რომ, ვითომდა წრფელის გულით, შემთხვევა ხელიდან არ გაეშვა და ჩემზე გამოელაშქრა. ეჰ! მტრობასაც ჭკუა უნდა!.. ვიტყვი მისივე სიტყვებით, რომ ქვეყანა ბრმა ნურავის ჰგონია!.. საბოლოოდ ის ყოველთვის კარგად დაინახავს ხოლმე: სად არის გულწრფელობა და სად იმალება უწმინდური გულის-თქმა. საზოგადოდ ერთი რამ უნდა აღვნიშნო, მადლობა ღმერთს! ჩვენში მისთანა არა დაწერილა-რა ჯერ, გინდ უმნიშვნელოც რამ ყოფილიყოს, რომ ავად თუ კარგად, ჩვენს ჟურნალ-გაზეთებს და კალმის მწვალებლებს არ აღენიშნოთ: „აი ამან ეს დასწერა“ „ეს ამასა სწერს“, „ჩვენ შევიტყვეთო“, „გავიგონეთო“ და სხ. მხოლოდ მე ერთად-ერთი კი მოკლებული ვარ მათს ყურადღებას - რაც უნდა დავწერო, კრინტსაც არ ძრვენ და მხოლოდ ათასში ერთხელ, როცა საზოგადოების შერცხვებათ ხოლმე, მაშინ კი წაილაპარაკებენ ცალ-ყბად და იმასაც იმიტომ, რომ მეტი ავი სთქვან, ვიდრე კარგი. ამ მოკლე ხანში გამოვიდა: „ნათელა“, „ბაში-აჩუკი“, „მედია“ და სხვანი, მაგრამ აბა თუ მიუქცევიათ ყურადღება, მაშინ, როდესაც სხვების ნაწერებზე საუბრით ყურები გამოგვიჭედეს. საზოგადოდ ყველგან მიღებულია, რომ ახალ გამოცემაზე იტყვიან რასმე და აგერ ნახევარი წელიწადია, რაც ჩემი „კრებული“ გამოდის და აბა თუ ხმა ამოუღიათ? თუ საზოგადოთ ჩემი შრომა ღირსი არ არის, რომ იმაზე ხმა ამოიღებოდეს მაშ იმ სხვის ნაწერზე, რომელიც ჩემი ეგონათ, რაღა ისე მარდად გამოხტენ საფარიდან და მოგვაყარეს ტყვია-წამალი!.. ხშირად ვნებისაგან გატაცებულ მონადირეს ისე იტყუებს სურვილი, რომ აჩრდილს უმიზნებს ხოლმე! ისე მოუვიდათ დღესაც ჩემს შესახებ, მაგრამ, იმედია, ბოდიშს მაინც არ მოიხდიან, რადგან ბოდიშის მოხდაც ერთი ღირსებათაგანია ადამიანისა.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ საუბარი!!. ეს სულ დიპლომატიის ბრალია... იმ დიპლომატიის, რომელმაც ბევრი ვნება მოუტანა ამ ორმოცის წლის განმავლობაში ჩვენს ცხოვრებას! გარყვნა მწერლობაცა და მოქმედებაც!.. სიმართლე სიცრუეს დაუმონა, ჭეშმარიტება ფარისევლობას და ნიჭი უნიჭობას!.. დიახ, ეს სულ დიპლომატობის ბრალია და ღმერთმა შეგინდოსთ დიპლომატებო!.. ჩემი მხრითაც დიდი ხანია შენდობილი ხართ!.. მაგრამ ვაი იმ ერს, რომელსაც თქვენი მოძღვრება სჯერა!..
(ცნობის ფურცელი, 1898 წ., №447)
![]() |
2.23 პეპო ხონში |
▲ზევით დაბრუნება |
ობოლი მარგალიტი, სადაც უნდა იყოს, თავის ღირსებას არ დაჰკარგავს. გინდ მდიდ-რის ფარჩა-დიბაზე ეკეროს და გინდა ღარიბის ძონძზე...
გუშინ, 25 ივლისს, სახალხო თეატრში სცენის მოყვარეებმა „პეპო“ წარმოადგინეს და მეც შემთხვევით ერთი დამსწრეთაგანი ვიყავ.
ხონელები საზოგადოდ ტიპიური იმერლები არიან: სიცოცხლით სავსე, მკვირცხლი, მოძრავი და სხაპასხუპით მოლაპარაკე და „პეპოში“ კი ქალაქელები არიან დასახული, დინჯი და ენაპრტყელები. როგორ მოახერხებენ იმათ გამოხატვას სცენის მოყვარეები, მაშინ როცა ზოგს იმათგანს სოფლიდან ფეხი არ გამოუდგამს და არა თუ ქალაქელი ვაჭრები და კინტოები, თვით ქალაქიც კი თვალით არ უნახავს? - ვფიქრობდი გუნებაში, მაგრამ შევსცდი. თვით ჩვენი საყვარელი სათნო ავტორიც რომ დასწრე-ბოდა წარმოდგენას, უეჭველია იტყოდა: ესენი ხომ ნამდვილი ჩემი ნათლულები არიან, მაგრამ ე რა სხვანაირად უქცევენ კილოს?
„პეპოს“ როლს თამაშობდა ერთი ადგილობრივი შუახნის მკურნალი და უმეტესობა უფრო მის სცენაზე სანახავად წავიდა. და მიტომ კი არა, რომ ის განთქმული არტისტი იყოს!.. მხოლოდ მიტომ რომ ეუცხოვათ!
და მართლაც, საუცხოებელი იყო: ამ ჩვენ გუდა-ტიკჭორობის დროს სხვები, მისთანა ვინმეები, არ კადრულობენ მონაწილეობის მიღებას, რომ დარბაისლობას არ უღალატონ. მათის აზრით, ამისთანა წვრილმანი საბურჭალო რამეები, გინდ საქველ-მოქმედო მიზნითაც იყოს გამოწვეული, არა ღირს საყურადღებოდ. სალიტერატურო საღამოები, წარმოდგენები, სხვადასხვა საზოგადო საქმეების გამო კრებები, მათთვის მეტი ბარგია. იმათ არცა სცალიათ მათთვის, თავისი საკუთარი საქმეებიც ბევრი აქვსთ: ავათმყოფებს მაჯას უსინჯავენ, ენას აყოფინებენ და ჯიბეებს უბერტყვენ, ანდა მსუქან-მსუქან კლიენტებსა სთლიან უდანოდ. და თუ მოსამსახურე პირები არიან, მაშინ ხომ კიდევ უარესი: თავ-კოტოშა ინდოურებივით იბერებიან, ფრთების დაბლა ხოხიალით კუდს მარაოდ შლიან და მედიდურად ყლოჭინობენ, რომ ქვეყანას ამჩატებულად არ ეჩვენონ.
ამგვართაგანი არ გამოდგა დოქტორი ჩხიკვიშვილი: სთხოვეს თუ არა: „შენს იქით გზა არა გვაქვს... პეპოს როლის მოთამაშე არავინა გვყავს და შენ უნდა გვიშველოო“, დასტური მისცა: „ბატონი ხართ! მაგაზე როგორ გაგაწბილებთო!.. პეპო არა ვარ, მაშ რა ჯანაბა ვარო?“
და მართლაც, გამოვიდა სცენაზე, მაგრამ ის პეპო და კინტო მეთევზე ვერ გამოგვისახა!.. მაგივრად საუცხოვო ტიპი გაგვითვალისწინა დღევანდელ პეპო-ინტელიგენტისა.
პეპო ჩვენი ქვეყნის საზოგადო ტიპია; საქართველოს მიწის შვილი ძვირად მოიპოვება მისთანა, რომ, ცოტად თუ ბევრად, პეპოობაში წილი არ ედვას. ის ყოველ წრეშია და ყოველ წოდებაში. პეპოობის საძირკველი ყველასი ერთია; მხოლოდ თვით შენობა, ე.ი. ხორცშესხმულობა წრისა და წოდების შესაფერად სხვადასხვა გვარად იხატება. ვინ არის საზოგადოდ პეპო? სახარების ქრისტიანი, რომელიც, მაცხოვრის ბრძანებისამებრ ხვალისთვის არა შფოთავს, არა ზრუნავს; სჯერდება მხოლოდ დღევანდელ დღეს. ეს დღე ხომ ჩემ ხელთ არის, „ხვალესაც“ ვნახავთ და შესაფერად მოვექცევითო! ამბობს... იმედი აქვს ჯერ ღვთისა და მერე თავისის, საკუთარ, ჰალალ-მარჯვენის. რასაც იშოვის და მოიმკის დღიურად, მით კმაყოფილია. ცოტა იქნება - დასჯერდება... ბევრი? - სხვებსაც გაუზიარებს და გუნებაში იმღერის:
სანამ ცოცხალ ვარ ასე ვჭამ,
დავკრეფავ ვარდს და იასა...
მოვკვდები გაეხარდება
სამარის კარზე ჭიასა-ო.
ჰალალი ლუკმა გემრიელიაო და მართლაც რომ ტკბილი ჭამა აქვს. ხვალინდელზე ფიქრით დღევანდელ ლუკმას არ იმწარებს!.. ხვალაც ისევ თავისი მარჯვენის იმედი აქვს და თუ ბედი უმტყუნებს და მარჯვენა უღალატებს, მაშინ რაღა გაეწყობა? გასესხებულს მოიმკის და უპატრონოდ მაინც არ დარჩება. ეს სესხი მისი საკუთარი გულია და სიყვარული, ძმა-ბიჭებში დარიგებული. მხოლოდ სიკვდილის სამზადისს კი არ ივიწყებს და რომ თავისი თავი თვითონვე დაიმარხოს, ვერცხლის ქამარი წელზე არტყია; იმას შემოხსნიან, ფულად აქცევენ და დამარხავენ... მორჩა, გათავდა!..
პეპოს ხელობა მეთევზეობაა, იმას შესტრფის და შეჰხარის!.. მისი საფუნდრუკო „პეტრეს მორევია“. იქ რომ ბადეს გაისვრის, ცივ წყალში ფეხებ ჩაყოფილი, გულმკერდზე რომ გრილი თელხი (წყლის ნიავი) სცემს და თავზედაც ვარსკვლავები დაჰფეთქენ-დასჭიკჭიკობენ, ის მაშინ ბედნიერია; მით უფრო, რომ მის სიხარულს საძირკვე-ლად წმინდა საქმიანობა უდევს.
ამ მხრით ბ-ნ სუნდუკიანცის კინტო - პეპო დიდად განსხვავდება მოქეიფე კინტო - ლოპიანასაგან, რომელიც მხოლოდ მაშინ გრძნობს ნეტარებას, როცა „საყვარელი ზედ წამწამზე უზის და ორთაჭალის ბაღებში ქეიფობს“!.. მაშინ მხოლოდ თავს აჭერს ცას. პეპო კი ყველგან პეპოა, სადაც კი ჰალალი შრომა ამოძრავებს!.. და თავისი თავისაც თითონვე იცის. არავის არ დააჭერს ფეხს, მაგრამ არც თვითონ ვისმეს გაეთელინება. მაღლა ღმერთი სწამს, დაბლა ადამიანობა, მისი მოქმედება ლოცვაა, მაცხოვრის მონიჭებული „მამაო ჩვენო!“
ახლა გადავიდეთ მის ამხანაგ ძმა-ბიჭებზე. ის ვინღაა? ისიც კინტოა, პეპოს მიმდევარი, მისი თანამგრძნობი, ლხინში წამახალისებელი, ჭირში გამამხნევებელი და გაჭირვების დროს სულისაც კი არ დამზოგველი და დამჭერი. მისს უკანასკნელ ვერცხლის ქამარს, სიკვდილის საფასურს, სულის საანდერძოს აძლევს პეპოს: „აჰა, სხვა ნივთებთან ერთად, თუ არ გყოფნის, რაცა გაქვს შენი, ეს ქამარიც მიუმატე, გაჰყიდე და აღა არუთინას კი ნუ დააჩაგვრინებ თავსაო“.
დღეს, როცა ძველებურმა ყოლიფერმა იცვალა სახე, კინტოობაც გახუნდა და პეპო-კაკულები გაძვირდნენ; მაგრამ ადრე კი მათი იყო ბურთი და მოედანი.
ეგებ იფიქროს ვინმემ: სად მეთევზე კინტო და სად მოღვაწე ინტელიგენტიო? საერთო რა არის მათ შუაო? პასუხი საძნელო არ არის: პატიოსანი ყველა სასურველია! მართალია, ცხოვრებაში ზოგი დიდს ეპოტინება და ზოგი პატარას სჯერდება, მაგრამ ერთიცა და მეორეც საჭიროა და გამოსადეგი ქვეყნისათვის.
პეპო-კინტო ბადეს ისვრის „პეტრეს მორევში“, შიგ აბამს ფართხალა თევზებს… მართალია, ხანდახან გველ-ბაყაყებიც ჩაუძვრებიან ხოლმე ბადის საღომეში, მაგრამ არც ამას ერიდება.. ორივეს თავთავის შესაფერს გზას აძლევს და არ იშლის ხელობას სანამ არ მიდგება საფლავის კარზე, რომ იქ „ჭია ახაროს“.
ნამდვილი საზოგადო მოღვაწეც იგივე პეპო არ არის, ჩვენი ცხოვრების მორევის პირად მომდგარი? მისი შეუპოვარი და სამართლიანი ქვეყნის გამოსაფხიზებლად განატყორცი სიტყვა, იგივე ბადე არ არის, სადაც თევზებიც ებმიან და გველ-ბაყაყებიც? თვით უდიდესმა მოძღვარმა მეთევზეები არ აირჩია პირველ მოწაფეებად! „დღეს თქვენ სათხეველით იჭერთ თევზებს და ამიერიდან მე დაგაჭერიებთ კაცებს მათდავე საბედნიეროდო“.
რითი განსხვავდებოდენ ჩვენი სამოციან წლების მოღვაწეები პეპო-კაკულებისგან, მაგალითად, ს. მესხი, ა. ყაზბეგი და გ. წერეთელი? საპირადო „ხვალესათვის“ არც იმათ უფიქრიათ და უზრუნიათ... და, მართალია, სიცოცხლეში პეპოს „ია“ ვერ კრიფეს, მაგრამ „ჭია“ კი მაინც პეპოურად ახარეს.
ის მაშინდელი ახალგაზდები, რომელნიც თავისის მეგობრულის თანაგრძნობით გულს უკეთებდენ და ამხნევებდენ მათ, იგივე კაკულები არ იყვნენ?
დღეს, ვიმეორებ, „პეპო-კაკულობა“ ყველგან იშვიათია! სამაგიეროდ აღა-არუთინობა და ზიმზიმოვობა გაიმართა წელში და გამრავლდა. ვინ არის ეს ვაჟბატონები? ის ინტელიგენტები, რომელნიც მხოლოდ პირად კეთილ-დღეობაზე ფიქრობენ და ყოველივე საზოგადო კი მათთვის საპირბადო და საფარისევლოა. დღეს ჯერ კიდევ მათი კოჭი ალჩუ ჯდება და აღარსად არიან ადრინდელი პეპო-კაკულები, რომ ცხვირ-პირში მიარტყან ხოლმე მათი სიყალბე.
და თუ თითო-ოროლა აქა-იქ კანტი-კუნტად კიდევ შერჩენია ცხოვრებას, ის ძველებური პირდაპირი გამბედავი შეუპოვრობა მაინც აღარა აქვთ და გადაკრულ-მათრახულებით იქარვებენ გულის ჯავრს, სწორედ ამგვარი პეპო დაგვანახვა ბ-ნმა ჩხიკვიშვილმა ხონის სახალხო სცენაზედ. ისეთის ნაღვლიანის კილოთი იმეორებდა პეპოს მონოლოგებს არუთინ-ზიმზიმოვების შესახებ, რომ ეტყობოდა, ბევრი მათგანი უნახავს ჩვენს ინტელიგენტებში და იმათ იღებს ნიშანშიო.
დიახ, პეპოობამ გამოიყვანა დარბაისელი ექიმი სცენაზე და თუ ხელოვნურად არა, გულწრფელად მაინც ათამაშა სხვების საგულისხმოდ და სამაგალითოდ.
(ივერია, 1901 წ., №170)
![]() |
2.24 სიტყვა წარმოთქმული ქუთაისში ვასილ აბაშიძის იუბილეზე |
▲ზევით დაბრუნება |
ბ-ნო იუბილიარო! ადამიანის ცხოვრებაში ორი შესანიშნავი მომენტია: დაბადება, ე.ი. არა არსიდან არსად შემოსვლა, და სიკვდილი, ანუ ხორციელი არსებიდან არა არსად გადაცვლა. ეს ორივე მოვლინება, ჩვენი უნებური და ჩვენგან დამოუკიდებელი, ტირილით იწყება და ოხვრით თავდება. ასეთია საზოგადო კანონი ყოველი ხორცთ-შესხმულისათვის გაურჩევლად. მაგრამ არის კიდევ ერთი დიდი მომენტიც ჩვენს ცხოვრებაში, სადაც გრძნობაცა და გონებაც შეგნებულად შემოქმედობენ: ეს მაშინ, როდესაც მაღლით მომადლებული, რომელიმე რჩეულთაგანი თავისს ნიჭს, ზეციურ მოწყალებას „მსგავსად ზარმაც მონისა“ არ ჰკარგავს უნაყოფოდ, ქვა-კუთხედად უდებს სულსა და გულს, აწარმოებს ქვეყნის სასარგებლოდ და მადლიერი ერიც, სამაგიეროდ, აგვირგვინებს მას.
ამგვარი შემთხვევა იშვიათია არა თუ სიცოცხლეში, სიკვდილის შემდეგაც და შენ კი, ღირსეულო იუბილიარო, სიცოცხლითვე მოგენიჭა. გილოცავთ წრფელის გულით ამ ნეტარებას, როგორც პირადად შენ, ისე თვით საზოგადოებასაც, რადგანაც შეგნება ეროვნული სიმართლისა თვით ხალხის გამოცოცხლების ნიშანია და მისი მომავლის განთიადი.
ახლა გადავიდეთ პირდაპირ საგანზე - ზომიერება ყოველგვარ საქმეში გრძნობა-გონების სიმწიფის ნიშანია! - კარგის გადაჭარბება ისეთივე უხერხული და უსიამო რამ არის, როგორც სილამაზის ფერ-უმარილით შეთითხვნა და მიტომაც, ბატონო იუბილიარო, რასაც კი შენ შესახებ ვიტყვი, ის იქნება ჩემის მხრივ გადაუჭარბებელი ჭეშმარიტება.
სცენა რომ სარკე უნდა იყოს ცხოვრების ავ-კარგის უტყუარად მაჩვენებელი, და იმავე დროს ხალხის გამწრთვნელი უმაღლესი სკოლაც, ეს ბევრს არ ესმის და ისე უყურებენ თეატრს, როგორც გასართობ საფუნდრუკო რამეს. ასე ფიქრობენ არა მარტო მაყურებლები, ხშირად თვით წარმომდგენლებიც... მაგრამ, შენ კი, ბ-ნო იუბილარო, როგორც ერთ რჩეულთაგანს, შეგნებული გქონდა საჭირო ჭეშმარიტება!.. იმ თავიდან ამ ბოლომდე, ოცდახუთი წლის განმავლობაში მამა-შვილურის თანაგრძნობით თვალ-ყურს ვადევნებდი შენს ნიჭიერ მოღვაწეობას და არც ერთხელ არ შემინიშნავს, რომ გემტყუნებიოს სიმართლისათვის და გადაგეხვიოს სწორე გზიდან!.. და დღეს პირნათლად შეგიძლია სთქვა: „რაც შემეძლო, კიდევაც გავაკეთეო!“ პატივი შენ ნიჭს, გამარჯვება გულწრფელ მოღვაწეობას და ვაშა მამულის საკადრის შვილს ვასილ აბაშიძეს!
(ივერია, 1902 წ., №60).
![]() |
2.25 სიტყვა, თქმული 1903 წლის 8 სექტემბერს ქართული თეატრის არტისტთა წინაშე |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონებო! მხიარული ვარ, რომ გარემოებამ ამ სიბერის დროს კიდევ გამომიყვანა თქვენთან ერთად სამუშაოდ. დიდის სიამოვნებით გავებმი მეც თქვენს უღელში. მართალია, თქვენ, როგორც ახალგაზდებს, ჯან-ღონითა და ენერგიით სავსეს, მეტი შრომის ატანა შეგიძლიანთ, ვიდრე მე, სიბერით ღონე-მოკლებულს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ გონიერი მუშაკი, როდესაც გახედნას უპირებს სისხლ-ჭარბს და ჯანღონით გატაცებულ მოზვერს, გვერდში უღლის ცალად ბებერ ხარს ამოუყენებს ხოლმე, რომ ჯერ უცადმა, გასახედნმა, თავში არ გაიწიოს და ნაცადმა, ბებერმა ხარმა, რომლისაც „რქაც კი ჰხნავს“, სასურველ კალაპოტში ჩააყენოს. მეც სწორედ ამ ბებერ ხარად გამაბა თქვენთან ერთად უღელში გამგეობამ... რომ ეს შედარება არ გეუცხოვოთ, ერთს მაგალითს სხვასაც კიდევ მოგაგონებთ „სამშობლოდან“: მოხუცი ლიონიძე ეუბნება ახალგაზდა ხიმშიაშვილს: „ჩემი მკლავი ისე მტკიცე აღარ არის, როგორც შენი; წინ გაუძეღ ჯარსა. შენ გამარჯვება ასწავლე და მე სიკვდილს ვასწავლიო“... ამაზე უფრო საგულისხმოს მე ჩემთავად, რომ კიდეც მოვინდომო, ვერას მოვახერხებ და, მაშასადამე, მეც იმას მივბაძავ და გეტყვით: თქვენ დამანახვეთ ერთგულება, მხნეობა და გამრჯელობა ქართულ თეატრისადმი და მე გიჩვენებთ მაგალითს მისის სიყვარულისას. შეიძლება ვინმემ იფიქროს: სად „სამშობლო“ და სად თეატრიო? ვინ ლიონიძე - ხიმშიაშვილი და ვინ რეჟისორ - არტისტებიო? მართალია, შორი-შორაა, მაგრამ რაც კი საჭიროა ჩვენის ცხოვრებისათვის და სასარგებლო, დიდია თუ პატარა, ყველა ხელჩასაკიდებელია. თეატრი ხელოვნების ტაძარია, სამოძღვრო ამბიონი და არა უბრალო გასართობი, საფუნდრუკი რამ. სცენა არის ეროვნული სარკე, რომელიც უშიშრად და უტყუვრად უნდა გვისახავდეს ჩვენი ცხოვრების ავკარგს, რომ სანახაობით მოხიბლული, მშვენიერებისაკენ სიყვარულით მივისწრაფოდეთ და უშვერებას ზიზღით გავურბოდეთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ეს ძლიერი სარკე თქვენ უნდა დაიჭიროთ ხელში. მე, რასაკვირველია, შეძლებისადაგვარად, ვეცდები ავასრულო ჩემი თქვენდამი მოვალეობა და თქვენგანაც მოვითხოვ შემდეგს:
1. გამტკიცულ-გასპეტაკებულ ქართულ ენას და არა ჩიქორთულს.
2. როლების გაზეპირებას, რომ კარნახის (სუფლიორის) იმედით აღარ იყოთ.
3. პიესების მთავარი აზრის შეგნებას.
4. თავთავის როლების დაკვირვებით შესწავლას და
5. რეჟისორის სურვილთან თქვენი სურვილის შეთანხმებას, რომ აღარავინ სთქვას: „ეს დიდი როლია“, „ეს პატარა“, „ეს შემშვენის“, „ეს არა“, „ამას ვითამაშებ“, „იმას არა“ და ამგვარები. ხელოვნება მშვენიერებაა და მშვენიერებამ კი თავისთავად დიდი და პატარა არ იცის. თუ ჩვენ ამგვარად ნელ-ნელა დღეს-ხვალობით სწორე გზას დავადგებით, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც უყურადღებოდ და უთანაგრძნობოდ არ დაგვაგდებს და უამისოდ კი ნებაც არა გვაქვს გულგრილობა ვუკიჟინოთ საზოგადოებას.
(ივერია, 1903., №192)
![]() |
2.26 სათეატრო შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
I
ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა რუსმა თავის თავგადასავალი მიამბო: გამოდგა, რომ ის ღარიბი დიაკვნის შვილი ყოფილიყო, თითონვე, საკუთარის მეცადინეობით გაეკვლია ცხოვრების გზა და, ულვაშშეურცხვენლად, ქუდი ღირსეულად დაეხურა თავზე.
მაინც ვინ იყო შენი მოძღვარი და ვინ გიწინამძღვრა-მეთქი? რომ ვკითხე - თეატრიო! - მიპასუხა, სწორედ იმან დამაყენა საწაღმართო გზაზეო! ჩვენს დროში - მოჰყვა გულ ახსნით - რუსული სცენა მაინც და მაინც ხელოვნების მხრით არა ყოფილა-რა. კუკოლნიკისა და მის მსგავს მწერლების უხეირო პატრიოტული და ცრუისტორიული დრამები გრგვინავდა თეატრებში და არტისტებიც, მაგალითად: კარატიგინები, იაკოვლევი, კოლოსოვი, გრიგორიევები, ბრიანსკი და სხვანი ბუნებრივად ვერ თამაშობდენ, უფრო გადაპრანჭულ, ვითომდა კლასიკურ სკოლას მისდევდენ, მაგრამ მაინც ჩვენზე კი დიდი გავლენა ჰქონდათ. თეატრიდან მოხიბლული გამოვდიოდით, მათი წარმოდგენილი გმირები თვალში გვებლანდებოდენ; ვცდილობდით მათ მიბაძვას და, როგორც ლოცვის დროს, ისე ვესისხლხორცებოდით ჩვენს გრძნობა-გონებაში გათვალისწინებულ გმირებს!.. ვინ იცის, რამდენი ღამე გაგვიტარებია უძილობით საზენაო ფიქრებით გართულს? დღეს კი სულ სხვაა: ჩვენი სცენა თითქმის სარკეა ჩვენის ცხოვრებისა. ხელოვნებამაც უმწვერვალესობამდე მიაღწია, მაგრამ ნაყოფი კი უფრო უკუღმართია. ჩემი შვილი, ჩემი ვასინკა, ჩემზე უფრო ბედნიერია. გაუჭირვებლად სცხოვრობს, საშუალება დიდი აქვს, არა აკლია-რა და მაშ რატომ ვერ უნდა იხეიროს? იმიტომ, რომ დღევანდელი სცენა წინ ეღობება და, სულიერ საზრდოს ნაცვლად, საეშმაკო ჯანჯაფილს აყლაპებს: თეატრში ჰხედავს ტიტველკანჭა მშვენიერ ელენეს და მისის ეროტიულ მოძრაობით გატაცებული, გათავდება თუ არა წარმოდგენა, აქედან პირდაპირ საროსკიპოში მირბის და მისთანა წრეში ვარდება, რომელიც სვრის და ღუპავს!.. მეორე დღეს სასწავლებელში იმას გინდა ციცერონი უკითხე და გინდა კორნელიოს ნეპოტი. მის თავსა და გულში აღარა შევა-რა!.. კლასიკური გმირების შესწავლა ვეღარ გამოაბრუნებსო! შეიძლება ეს აზრი მკითხველს გადაჭარბებულად ეჩვენოს, მაგრამ მე კი ვეთანხმები იმ ჩემს მეგობარს, რომ სცენა დიდი საღმრთო ამბიონია და წარამარად თეატრის ხელის შეხება დიდი დანაშა-ულობაა! ჩვენ დღევანდელ მდგომარეობაში სცენა დიდად საჭირო და მრავალგვარად საგულისხმო ასპარეზია და მიტომაც ყველა შეგნებულები გაიძახიან: „ქართულ სცენას ხელი შევუწყოთო“. მართალია, სცენას ეჭირვება ჩვენგან ხელის შეწყობა, მაგრამ უფრო კი ჩვენვე გვეჭირვება, რომ სცენამ შეგვიწყოს პირიქით ხელი: უნდა გატეხილი გული გაგვიმრთელოს, გაგვამხნეოს, ჩვენი ცხოვრების ავ-კარგი გაგვაცნოს, ბოროტი შეგვაძულოს და კეთილი შეგვაყვაროს. ეს შესაძლებელია, თუ ჩვენს გრძნობა-გონებასთან ექნება საქმე და მშობლიურ ნიადაგს ფეხ-ქვეშ არ გამოიცლის. თუ რომ ჩვენ ისტორიული პიესები არ გვექნება, მაშინ მინამგვანებს უნდა დავჯერდეთ; თუ საკუთარ ცხოვრებიდან ხელოვნურად ბევრი ვერა აგვიღია-რა, ვიკმაროთ დრომდე სცენებიც კი და ჩვენი ეროვნული რეპერტუარი უნდა გავიჩინოთ. ნათარგმნი, უმნიშვნელო დეკადენტური პიესები ჩვენთვის არაფერი ხელსაყრელია!.. მართალია, ზოგიერთ პიესებს, რომელნიც ყველა ეროვნებისათვის ერთნაირად საგულისხმოა, გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ხოლმე ხანდახან და არა ყოველთვის. ჩვენი პიესები შეიძლება წყალ-წყალაც გამოდგეს და ვერ უტოლ-დებოდეს უცხოეთის პიესებს, მაგრამ რა ვუყოთ მერე? ვინ არ იცის, რომ შამპანიური ღვინო სჯობია წყალს? მაგრამ თუ არჩევანზე შევარდება საქმე და ორივესი ერთად შოვნა არ შეიძლება და ერთსა და ერთ მათგანზე სამარადისოდ ხელის აღება საჭირო იქნება, წყალს მიეცემა უპირატესობა, როგორც აუცილებელ საჭიროებას. ჩვენი ცხოვრებიდან არა ხელოვნურად დაწერილი პიესებიც, შედარებით „ურიელ აკოსტასი“ და „ჰამლეტისა“, წყალია... მაგრამ რა ვქნათ, უწყლოთ გაძლება არ შეგვიძლია. ზოგიერთები იმ აზრისა არიან, რომ თუ ქართულ სცენაზე ამისთანა პიესები არ წარმოვადგინეთ, რომელნიც ცნობილნი და სახელგანთქმულნი არიან სხვაგან, და ქართულ რეპერტუარს დავადექით, მაღალი წოდებისანნი აღარ ივლიან თეატრშიო.
არა მგონია, ეს ჭეშმარიტება იყოს და, თუ მართალია, მაშინაც კიდევ ჩვენ ჩვენის ეროვნულის გზით უნდა ვეცადოთ გავლას და ვისაც არა ჰსურს, გადაუხვიოს! მათი ნებაა, იპოვოს იმან, ვინც ეძებს და გაეღოს იმას, ვინც ირეკს.
II
საზოგადოდ ხელოვნება ისეთი რამ არის, რომ ბევრს მისი არა გაეგება-რა, მაგრამ ყველას კი მაინც ჰგონია, მესმისო. მაგალითად ავიღოთ მუსიკა: ასში ათსაც არა აქვს შეგნებული და შესწავლილი მისი კანონები იმდენად, რომ მისი სისწორ-სიმრუდე ასწონ-გაზომოს, მაგრამ ისეთის, რიხით კი ბაასობს სხვადასხვა დამკვრელ კომპოზიტორებზე, თითქოს მართლა და მსაჯულიაო. ნამეტანის უტიფრობით თავსაც ატყუებს და სხვებსაც ატყუებს. ესევე ითქმის მხატვრობის, ქანდაკების და ყოველგვარ სახელოვნო დარგის შესახებაც. მაგრამ მწერლობა, ესე იგი, პოეზია კი, როგორც ყველაზე უფრო რთული და მრავალკეცი, ყველაზე საბრალოა ქვეყნის ყბაში ჩავარდნილი… აქაოდა სიტყვები გვესმისო, ყველა მსაჯულობასა ჰკისრულობს და თავისებურ მსჯავრსაც სდებს. „ეს კარგია, ის არ ვარგია; ეს მომწონს და ის კი არაო“ და სხვანი. საბუთი? კანონი? საკუთარი ჭირვეულობა, თავგასული ახირებულება და მეტი არაფერი!.. მხოლოდ ორგვარი საშუალებაა ხელოვნების გაგებისა. ან ნიჭი და ცოდნა და ან უბრალო ალღო.
ამას ორივეს მოკლებულია ბრბო (ბრბოს ვეძახი იმათ, რომელნიც გულს აღარ უჯერებენ და ჭკუა კი იმას აღარ ეთანხმება) და მისი ხმა ცხვრების ბღავილია, ერთი რომ უმნიშვნელოდ დაიძახებს, მთელი ფარაც მიჰყვება. სწორეთ ამით აიხსნება ის ამბავი, რომ ზოგჯერ და უფრო ხშირადაც ნიჭიერებს გვერდს აუვლიან ხოლმე მისი თანამედროვეები და უნიჭოებს კი ტაშს უკვრენ. სულ სხვა არის გენიოსების საქმე: მართალია, გაგებით მაინცა და მაინც ბევრი არცა-რა მისი ესმით-რა მის თანამედროვეებს, მაგრამ ძალაუნებურად კი ემორჩილებიან, თავის ჭკუაში წუნსა სდებენ და იმავე დროს კი გამოურკვევლად წასცდებათ ხოლმე სიმართლეც: „მაინც კარგიაო“. ეს „მაინცი“ ის უცნაური ანკესია, რომელზედაც ხანდახან გველებიც წამოეგებიან ხოლმე. როგორც გაჭირვებასა და უბედურებაში ღმერთი აგონდება ადამიანს, გინდ ურწმუნოც იყოს, ისე სწორეთ ბრბოც ხანდახან ივიწყებს შურსა და მტრობას და წაეპოტინება ხოლმე მისგან ათვალისწუნებულ ნიჭიერებს, მაგრამ გაივლის თუ არა მათი გასაჭირი, ისევ გადაუბრუნდებათ ხოლმე გული, გაუცივდებათ ხოლმე.... მაგრამ იმ გაცივებულ გულში მაინც კიდევ იმალება უნებურად ჩარჩენილი გენიოსობის ნაპერწკალი, ისე როგორც გაციებულ კერაზედ ცივ ნაცარში უჩინრად გახვეული ობოლი ნაკვერცხალი, და ერთხელაც არის თავს იჩენს და ნათელს მიმოჰფენს გარშემო. სწორედ ამგვარად მიიმალა თავი თანამედროვეთაგან ვერ შეგნებულმა ჰომეროსის გენიოსობამაც ბერძნების გულში... სანამდე მეფე დიმიტრიომ არ გამოჩხრიკა. ამან შეაგროვა ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიმღერები აქა-იქ დარჩენილი და მამა-პაპებისაგან საშვილიშვილოდ გადმონაცემი თანამედროვე მეცნიერების შემოწმებით აასხა ერთ ძაფზე ძვირფას მანიაკად ეს გაბნეული მარგალიტები და აღადგინა მკვდრეთით მივიწყებული გენიოსი. ესევე მოუვიდა რუსთაველსაც. ეგებ იფიქროს ვინმემ, რომ ეს მარტო ძველ დროში მოხდებოდაო. არა, ბატონო. ამგვარი მოვლინება ყოველ საუკუნეს სჩვევია - ძველსაც და ახალსაც. მწერალთა უფალს და პოეზიის აპოლონს შექსპირს ვინ აფასებდა მის დროში? როგორც დრამატურგს, ნიჭიერ მარლოზე კი არა, ვიგინდარა მჯღაბნელებზედაც კი დაბლა აყენებდენ, და ნამდვილი მისი ფასი იცოდა მხოლოდ მისმა ამხანაგმა მსახიობმა ჰენრიკო ბერბეჯმა, მისმა მეგობარმა ფილოსოფოსმა ბეკონმა და ეგებ თითო-ოროლამ სხვებმაც, მაგრამ მარტო ისინი რას გახდებოდენ და ისე ადვილად როგორ შეუცვლიდენ ბრბოს აზრს? რამოდენიმე ნაკადული წმინდა წყაროსი განა შეაჩერებს და უკუაქცევს მოზღვავებულ ამღვრეულ სტიქიონს? რასაკვირველია, ვერა! - და შექსპირიც დაიმარხა... მივიწყდა. ორი საუკუნის განმავლობაში აღარავის გახსენებია. და მერე კი მაინც აღსდგა მკვდრეთით. ისიც არა სამშობლოში… გერმანიაში, რომ ყველასათვის საერთო ძეგლად დადგმულიყოს. საკვირველია, არა თუ საყველ-პუროდ ნასწავლ-განათლებულები, თვით მეთვრამეტე საუკუნის ბრძენთა ბრძენ ვოლტერს არა გაეგებოდა-რა შექსპირის პოეზიისა და ხელოვნების: მაღალ ნიჭიერ, მაგრამ უმეცარ ველურად უწოდებდა ამ მსოფლიო გენიოსს, რა არის, - რატომ კლასიკურ კალაპოტში არ ჩააყენა მისი დრამები და რატომ გადაუხვიაო. ამგვარ შეცდომებში ხელოვნების შესახებ ხშირად განათლებულებიც კი ვარდებიან, თვარა უმეცრებს რაღა მოეთხოვებათ.... რაღა თქმა უნდა, რომ რუსეთიც ვერ ასცდებოდა ამ ჭირს და მართლაც, იყო დრო, რომ ოზეროვს შექსპირზე მაღლა აყენებდა, კუკოლნიკს შილერს უტოლებდა და ხერასკოვს ბაირონზე მაღლა აყენებდა. დღეს ეს ობროდობა სასაცილოდაც აღარა ჰყოფნისთ თვით რუსებსვე, მაგრამ მაშინ კი ხმის აყოლით მოხიბლულებს, ყველას, დიდს და პატარას, შეგნებულსა და შეუგნებელს, სჯეროდა იმ უნიჭო მწერლების დიადობა. წუწუნა მწერალს მერზლიაკოვს სახალხო მწერლადა სთვლიდნენ და ცამდი აჰყავდათ. და ვინ მოსთვლის, როდესაც მის „მუხას“ მღეროდენ რუსის ქალები, რამდენი ცრემლი დაღვრილა გიტარის სიმებზე? და იმავე დროს კალცოვს კი ყურადღებასაც არ აქცევდენ, სანამ საკრიტიკო ასპარეზზე არ გამოვიდა შესანიშნავი კრიტიკოსი ბელინსკი და არ გადაატრიალა ჩხირი ეროვნული შეგნებისა.
ახლა გადმოვიხედოთ ჩვენსკენაც! ჩვენ, ქართველებს, უნდა აღვიაროთ, ჯერ კიდევ ლიტერატურა არა გვაქვს. გვყვანან მწერლები ათობით და ასობით; მათ რიცხვში თითო-ოროლა მართლა მწერალიც ურევია, მაგრამ ისინი სწერენ ისე, როგორც ღმერთი აგონებთ, ხან აღმა და ხან დაღმა; გამკითხავი და გამრჩევი არა ჰყავთ. ეროვნული გზა ვერ გაუკვლევიათ და ეს, რასაკვირველია, მისი ბრალია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენი ბელინსკი არ გამოგვჩენია. დღეს ჩვენ მწერლობას იგივე ხანა უდგას, როგორიც უდგა რუსეთს ხერასკოვ-კუკოლნიკების დროს. გვყვანან რეცენზენტები, მაგრამ წყალსა დღვებენ და კარაქის მაგივრათ, ქაფი გამოდისთ. ამისთანა დროს, რაღა თქმა უნდა, რომ თეატრიც ვერ იხარებს. და მიტომაც ჩვენი ქართული სცენაც განსაც-დელშია ჩავარდნილი.
III
დღეს ჩვენი ქართული სცენა სწორედ იმ ყოფაშია, რა ყოფაშიაც რუსის სცენა და თეატრი იყო ნეტარხსენებულ თავ. შახოვსკოის დროს. მაშინდელი დრამატიული ლიტერატურის გაბერილობა რუსულს ენაზე გააოცებს მკითხველს. აქაო და დრომ მოიტანა და სცენას ალო დაუდგა, რადგანაც თვით იმპერატრიცა ეკატერინე II-ც კი სწერს კომედიებსო. მიჰყვეს ხელი და დიდი და პატარა, უნიჭო და ნიჭიერი ყველა დრამატიულ მწერლებად გადაიქცა მის გუნებაში. მიუბაძავათ, თავის საკუთარს, რასაკვირველია, ვერას მოახერხებდენ და ევროპიულ ცნობილ პიესებს შექსპირიდან დაწყებული უკანასკნელ კოცებუმდე ამახინჯებდენ და ამახინჯებდენ... გადმოვაკეთეთო. პირდაპირ ნათარგმნებს კიდევ უფრო ცუდი დღე დაუდგათ: მაშინ, იმ დროის რუსები, ცოტა მწყრალად ბრძანდებოდენ მშობლიურ წერა-კითხვაზე, განსაკუთრებით მაღალი წოდება უცხო ენებს ეტანებოდა და ფრანგული უფრო ემარჯვებოდა, ისე როდია დღეს ჩვენში. და უცბად, მოულოდნელად, რომ დრომ მოდათ შემოიღო პიესების ჩხაპვნა, იმათაც გაუსვეს ხელი და ბარბაროსულის ენით სთარ-გმნიდენ, რასაც კი წააწყდებოდენ უცხო ენებზე. რუსის შავი პურივით ცხვებოდა პიესები ვითომდა რუსულს ენაზედ. უთვალავი იყო მათი რიცხვი, მაგრამ სათვალ-თვალო კი არც ერთი არ გამომდგარა. დღეს იმათი გადასინჯვა კი სიცილს მოჰგვრის ადამიანს. „როგორიც ალხანად, ისეთი ჩალხანაო“, ნათქვამია, იმ დროში გაპამპულავებულ რუსის სცენას რეცენზენტ-კრიტიკოსებიც შესაფერი ჰყავდა. თამამად მსჯელობდენ მასზე, რაც არ გაეგებოდათ.
დღეს ჩვენც ამავე ყოფაში ვართ და ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ შეგვეძლო თავიდან აგვეცდინა ეს ჭირი. პიესებიცა გვაქვს, ნიჭსაც ვერ დავემდურებით, მაგრამ დროთა ვითარებამ გაგვანაცარქექიავა, და... მკვდრის ძილმა წაგვიღო, თვალის გახელა გვიჭირს და ცხვირს იქით ვეღარასა ვხედავთ. აბა, რა შვილები ხართ? სად რამე გბადებიათ როდისმე, რომ ახლა გებადოთ რამ? ვინ მოგცათ ნიჭი? რა შეგიძლიათ? და სხვ... ასე დაგვცინიან მტრები და ჩვენც ოჩონპეტრულად ვეთანხმებით... ბანს ვაძლევთ ჩვენთვის ავის მსურველებს და ვჰყვირით: „მართალია, მართალია!.. არა გვაქვს-რა! არა გაგვაჩნია-რაო!“
ეს უარყოფა საზოგადო თვისებაა უმეტესობისა. რაც თითონ არ უნახავს და არ იცის, ის არცა სჯერა. მოვიტან ერთ მაგალითს: ამას წინეთ ერთი ნაცნობი ინტელიგენტი შემხვდა და მეგობრულად მისაყვედურა: „ცოდვა არ არის, რომ ზარმაცი ხარ და არასა სწერო?! რამდენიმე სასიმღერო ლექსი დაგიწერია და მორჩა გათავდაო!.. თურმე რა გამოდგა? იმ ვაჟბატონს არაფერი არ უკითხავს და ის ორიოდე ლექსიც სიმღერის დროს გაუგონია ძალა-უნებურად. უმეტესობა ამ ვაჟბატონსა ჰგავს. ხშირად გვკითხავენ ხოლმე: რატომ აღარა სწერო? და თუ უპასუხეთ: როგორ არ ვწერ, აი ამადაამ გაზეთში, ანუ ჟურნალშიო. მართლაო - გაგიმეორებენ - ჩვენ არ მოგვდის, არ ვიწერთ მაგ გაზეთსო და სხვანი!.. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ფეოდალურის გრძნობით არის გამსჭვალული, თვითონ არაფრისათვის არ იწუხებს თავს. უნდა ყოველიფერი კარზე მიაყენო, და მწერლებმაც მათი ნაწერი უნდა ხონჩაზე დაულაგონ ცხელ-ცხელი ხაჭაპურებივით და ქუდ-მოხდილებმა ძღვნით მიართვან: მოიღეთ მოწყალება, იგემეთ, ნუ დაგვამწყრალებთო და სხვანი... და, მართლაც, თუ მოიღეს მოწყალება, მაშინაც მხოლოდ თუ უსუნებენ. ამავე საკირეშია ჩავარდნილი ქართული რეპერტუარიც. ან ისტორიული, ან ცხოვრებითი ნაციონალური რამ სად გაგვაჩნიაო, რომ გაიძახიან, რა უფლება აქვთ და რა იციან? ვის და როდის უდევნებია თვალ-ყური, ასე დაბეჯითებით რომ უარსა ჰყოფენ? ჩვენ არტისტს ბატონ ვასილ აბაშიძეს შეუდგენია სია, რასაკვირველია, სრული არც ის არის, მაგრამ მაინც იქიდან სჩანს, რომ ჩვენი დრამატიული ლიტერატურა ღარიბი არ არის. თუ იტყვიან, რომ რიცხვით ბევრი გვაქვს, მაგრამ სახსენებელი არ არიანო, მაშინაც შეცდებიან. რაც უნდა ნაკლულოვანი იყოს რ. ერისთავის, გ. წერეთლის, თ. გ. შარვაშიძის, დ. მიქელაძისა და სხვების პიესები ჩვენის ცხოვრებიდან აღებული, კიდევ მაინც არ სჯობდეს კრილოვების, ივანოვების და ათას ჯანდაბავოების ნაჩხაბნებს, სადაც ჩვენთვის სანუკვარი არა არის რა!.. და რა მიზეზია, რომ ჩვენი თოფის სასროლზედაც აღარ მიგვიკარებია და სხვები-სას კი ვეტანებით, გინდ შიგ კვასისა და შავი პურის მეტი არა ეყაროს-რა. აი სწორეთ ამასა ჰქვიან „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“. სულ ცოტა რომ ვსთქვათ, ასამდი მეტია ქართული ორიგინალური პიესები, რომლის წარმოდგენა შესაძლებელია, შეიძლება ისინი მაინცა და მაინც ხელოვნების მხრით შესანიშნავები არ იყვნენ, მაგ-რამ იმ ჩიქორთულად ნათარგმნ-ნაჯღაბნ პიესებს კიდევ აჯობებენ, რომლითაც ჩვენს სცენას თავი მოაქვს. რა მიზეზია, რომ ამ პიესებს წიხლი ჰკარით. ვინ და რა უშლის ხელს მათ გამოჩვენებას? 1) სცენის სიღარიბე, 2) თვით არტისტების ნაკლულევანები, 3) საზოგადოების ახირებულობა და 4) ბავშვური ტიტინი სხვადასხვა რეცენზენტებისა, რომელთაც ჩაუგდიათ ხელში ამა თუ იმ ჟურნალ-გაზეთის ფურცლები და მსჯავრსა სდებენ ხელოვნებას. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ყვავი რომ ვარდზე შეჯდება, თავი ბულბული ჰგონიაო“.
IV
ორგინალურ ისტორიულ პიესების წარმოდგენა ჩვენს სცენაზე თითქმის რომ მოუხერხებელია სიღარიბის გამო. ერთი საუკუნე მეორეს აღარა ჰგავს. სხვადასხვა საუკუნეს ელფერიც სხვადასხვა აძევს, როგორც შინაარსი ისე გარეგნობითაც; სცენა ვალდებულია, რომ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქის გათვალისწინების დროს სინამდვილეს არ უმტყუვნოს. და ჩვენ კი ვერ ვახერხებთ, რომ დავანახვოთ მაყურებელს დიდებულ დროების პალატები, ციხე-გალავნები, დარბაზები დარბაისლებით და მათი საჭურველ-სამკაულები, მართალია, ესენი ყველა, როგორც სათეატრო მაჩვენებელი, უნდა იყვნენ სათვალთმაქცო და არა ნამდვილი, მაგრამ ჩვენ ამის შეძლებაც არა გვაქვს და კარიკატურული წარმოდგენა ხომ ცილის წამება იქნება ჩვენი ძველი დიდებისა, ჩვენივე გულ-სატკენად. სწორეთ ამის ბრალია და სხვისი არაფრის, რომ ჩვენ ზოგიერთ ისტორიულ პიესებს ჯერ კიდევ ვერ შემოუდგამთ ფეხი სცენაზე, გვეტყვიან: ეს ხომ მარტო ქართულ სცენას არა სჭირს, მაგრამ ხარჯს სხვაგან არ ერიდებიან და შესაფერად უწყობენ ხელს ისტორიულ პიესებსაო? მართალია, მაგრამ იქ სხვა საზოგადოებაა, და ჩვენში კი სულ სხვა: უცხოეთში ერთს პიესას რომ დადგამენ, მთელი სეზონის განმავლობაში სულ ყოველღამ იმასვე ადგენენ და ის, რაც დახარჯულია იმ პიესის დადგმაზე, საოცარის მოგებით უბრუნდება თეატრს.
ჩვენში კი რა ღირსებისაც უნდა იყოს პიესა, ერთხელ თუ დაიდგა, მეორეთ აღარავინ წავა სანახავად. „მინახავსო“, - ამბობს და მეორეს თხოულობს. ეს ახირებულება მით უფრო საკვირველია, რომ მხოლოდ ქართული სცენის შესახებ არიან ჩვენში ამ აზრის, თორემ ცირკში და გლდანელის ჭიდაობაზე, სადაც ახალი არა არის-რა, ყოველთვის დადიან. ცხადია, რომ ქართული ახალი პიესა ხარჯს თავის დღეში ვერ ანაზღაურებს და ყოველ პიესის დადგმის დროს ახალ-ახალ ხარჯსა და ზარალს როგორ აიტანს ჩვენი სცენა? ესეც რომ არ იყოს, სხვა ქვეყნების არტისტები ერთ პიესას რომ მოამზადებენ ათისა და ასის რეპეტიციით, მერე დიდხანს შესვენებულნი არიან. ჩვენმა არტისტებმა კი, დროს უქონლობისა გამო, თითქმის ურეპეტიციოთ უნდა აცხონ სულ ახალ-ახალი პიესები, და სად არის სამართალი?
აი, სწორეთ ამისი ბრალია, რომ ჩვენი ისტორიული ორიგინალური პიესები მაგალითად: „ჯავახიანი“, „მარიამ დედოფალი“, „რუსთაველი“, „დავით აღმაშენებელი“, „მედია“ და სხვანი მივიწყებულნი არიან. ახლა ვნახოთ თანამედროვე ჩვენი ცხოვრე-ბიდან აღებული პიესები! ამათაც ვერ მოიკიდეს ფეხი სცენაზე. რიცხვი მათი ასზე მეტია. იმათგან ერთი მეოთხედი მაინც, თუ არ მეტი, გამოსაცდელია ჩვენი სცენი-სათვის, მაგრამ ზოგი მათგანი სულ არ გვითამაშნია და ზოგიც ერთხელ რომ დადგმულა, მერე აღარ გამეორებულა.
ცხოვრებიდან აღებულ თანამედროვე პიესებში, რა თქმა უნდა, ნაცნობ პირებს დაინახავს მკითხველი თუ მაყურებელი, და ავტორის უნებურად თვისი მიმხვედურობა, ნაცნობებზე გადააქვს და ვიწრო პირადობასა ჰხედავს, რაიცა ბევრს უსიამოვნებას იწვევს. ამგვარი ბედი ეწვია პიესებს: „ძველსა და ახალს შუა ", „მომაკვდავ სურათებს“, „კუდურ-ხანუმს“, „ახალ გმირსა“ და სხვათა. ამ ჭირს გარდა არის ერთი კიდევ სხვა მიზეზიც, მიზეზი ეტნოგრაფიული. ამერი და იმერი, როგორც ბუნებით, ისე მოქმედებითაც, სულ სხვადასხვაა... მართალია, ორთავეს ქვაკუთხედად და საფუძვლად ნამდვილი ქართველობა უძევს, მაგრამ კონგლომერატი (ზედნაყარი) კი სულ სხვადასხვა; რაცკი ამ ორ ტყუპისცალ მოძმეებს ამერ-იმერელს შესისხლხორცებია, იმერეთს ბიზანტიის გავლენა ატყვია და ამერს, ანუ ქართლ-კახეთსა, სპარსეთისა. მართალია, შინაარსი ორივეს სულიერის მოძრაობისა ერთი და იგივეა, მაგრამ გარეგანი გამოსახვა კი სხვადასხვანაირია და იმიტომაც ერთმანეთი ეუცხოვებათ ხოლმე. იმერეთის ცხოვრების სარკეში ჩახედვა არ ეხერხებათ ამერლებს, რადგანაც სპარსეთში გაჭედილის სათვალეების მოშორება ეძნელებათ. და მითი აიხსნება ის, რომ ზოგიერთი პიესები, იმერულ კალაპოტში ჩასმული, აქაურებისათვის გაუგებარია; მაგალითად, კომედია „ხაფანგი“ და სხვანი.
ამას დავუმატოთ ახლა ჩვენი არტისტების დანაშაულობაც და მაშინ ადვილი მისახვედრია, რომ წმინდა ქართული რეპერტუარი განსაცდელშია, უჭირს ცაზე ფეხის მოკიდება და ჩიქორთულად, დამღრჩვალ ძაღლივით ღვლერჭით უცხო ენიდან გადმოთრეული პიესები წინ ეღობებიან ნამდვილ ქართულ სცენას, თუ რაში არიან და როგორ დამნაშავე არტისტები, ამას შემდეგ ვიტყვით.
V
განუვითარებელი ნიჭი - ფრთა-შეკვეცილი შევარდენია, რომელიც მაღლა ვეღარა ჰფრენს. და დაბლა სიარულსაც ვერ ახერხებს. როგორც ყვავილი უციურნამოთ, ისე ნიჭი უსულიერ-საზრდოდ სჭკნება და ნაყოფი ვეღარ მოაქვს. და საბრალოა ის, ვინც ნიჭს ვერა ჰხმარობს ისე, როგორც სახარების საიგავო ორგული მონა, რომელმაც მისდამი მინიჭებული ერთი ქანქარი (ტალანტი) ვერ ამრავლა და უსარგებლოდ დაუბრუნა მიმნიჭებელს.
ჩვენ, ქართველები, ნიჭის მხრით ვერ ვუსაყვედურებთ ბედს, მაგრამ ძალის-ძალობით, ჩვენსავე დაუდევრობით, ვაჭკნობთ ყვავილს და ქარს ვეძლევით ქვეყნის პირისაგან აღსაგველად. ეს გვეტყობა ყოველგვარ ხელოვნებაში: პოეზიაში, მხატვრობაში, ქანდაკებაში, სათეატრო მოღვაწეობაში და სხ... დასამტკიცებელი საბუთი ყველგან შეგვიძლია წარმოვადგინოთ, მაგრამ დღეს ჩვენ მხოლოდ თეატრის შესახებ ვსაუბრობთ და ამიტომაც არტისტებს მივმართავთ. როგორც საყოველთაო, ისე საარტისტო ნიჭიც ორგვარია: პირველი „თავისთაობითი“, რომელსაც ქვაკუთხედათ შემოქმედებითი ძალა უძევს, და მეორე „მიმბაძაობითი“, რომელსაც უბრალო წამხედურობის მეტი არა ეჭირვება-რა. ეს ორივე თვისება ისე ნათლად არსად სჩანს, როგორც სცენაზე, სადაც ხშირად წამხედურა-მსახიობი იმავე როლს თამაშობს, რომელსაც შემოქმედების ძალით აღჭურვილი. კლასიკურ პიესებში, კლასიკურ როლების მოთამაშე და მშვეტიერადაც მოთამაშე არტისტები ასობითა და ათასობით არიან ქვეყანაზე, მაგრამ ბერბეჯები, ჰარიკები, როსსები, კინები, სალვინები, რაშელე-ბი, რასტორიები, სარა ბერნარები, დუზეები და სხვანი კი მხოლოდ თითო-ოროლა. და ეს იმიტომ, რომ ეს უკანასკნელები თვითონ ქმნიან როლებს, სულს უდგმენ და სხვები კი ამათ მხოლოდ ჰბაძავენ. ავიღოთ უფრო ახლო მაგალითი. „კრეჩინსკის ქორწინებაში“ რუსის მსახიობმა სადოვსკიმ შეჰქმნა რასპლუიევის როლი. იმავე დროს, მეორე არტისტიც, დიაღ უნიჭო, ბურდინი იმავე როლს ისე თამაშობდა, რომ ძნელი გასარჩევი იყო სადოვსკში, თუმცა ის მარტო მხოლოდ ჰბაძავდა პირველს. ჩვენმა არტისტმა ვ. აბაშიძემ, სხვათა შორის, შეჰქმნა ისაიას როლი „ხათაბალაში“ და იმ როლს ბ. აწყურელი სამაგალითოდ ასრულებს, როგორც შესანიშნავი პირი (კოპიო) უფრო შესანიშნავ დედნისა (ორიგინალის). ვისაც დედანი (ორიგინალი) არ უნახავს, იმას ხშირად პირი (კოპიო) ნამდვილი ჰგონია და სტყუვდება. ვისაც ნამდვილი არტისტი არ უნა-ხავს განმახორციელებელი ამა თუ იმ როლისა რომელიმე პიესაში, იმას, რასაკვირველია, მისი წამხედურა-მსახიობიც დიდ ვინმედ მოეჩვენება. ორი უვიცი ბაასობდენ ერთხელ: პირველი ამბობდა, - მზე სჯობია მთვარესაო და მეორე კი ამტკიცებდა: - არა, მთვარე უმჯობესია, რადგანაც დღე უმზეოდაც ნათელია და მთვარე კი ღამე, ბნელში ანათებსო. რა იცოდა იმ საწყალმა, რომ, თუ მზე არ იყოს, აღარც დღე იქნებოდა, და აღარც მთვარე!. ხელოვნების შესახებაც სწორედ ასე სჯის ბრბო. ბრბომ თქვენი ჭირი წაიღოს, უფრო სამწუხარო ის არის, რომ ბრბოს მსჯელობას ვერ ასცილდებიან ხელოვნების შესახებ მჯღაბნავი ვითომ და კრიტიკოსებიც. ჯერ რუსეთშიაც რა არიან კრიტიკოსები, რომ ჩვენ, ქართველები, იმათის ნასუფრალით გამოკვებულები, ვიყოთ რამე?.. ერთს დროს რუსეთში პეტერბურგის სცენაზე ერთი ხეირიანი არტისტი იყო, გვარად ბრიანსკი, რომელიც შექსპირის დრამაში რიჩარდ მესამეს კარგად ადგენდა. ეს ძუნწი მეფე, როდესაც გაექცა მტერს და ცხენი მოუკლეს, ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ დაიღრიალა: „არიქა, ცხენი! მიშოვნეთ ცხენი და ნახევარი სამეფო წაიღეთო!“ როცა ადგენდა ამ მეფეს ბრიანსკი, შექსპირულ სინამდვილეს არ ჰღალატობდა და როგორც სახეზე, ისე ხმის კილოშიაც დიდი სულიერი ტანჯვა ეტყობოდა. მოსკოველებმა რომ ნახეს, დაიწუნეს ავტორიცა და მსახიობიც; არაო, ამბობდნენ, - იმ ვიღაც შექსპირს ჩვენი კუკოლნიკი სჯობნებიაო და დრამაც იმან უკეთესი დასწერაო. „ცხენი, ცხენი“, რომ იძახის, აქ რა დრამა არისო? აი, დრამა ჩვენი კუკოლნიკის ნაწერებში იხატებაო. მაგალითად ავიღოთ გინდ ეს ადგილიო: თათრების სარდალმა რომ დიმიტრი დონელს ელჩები გამოუგზავნა, დამნებ-დიო! დიმიტრიმ უპასუხა. „წადით, უთხარით, მაჰ-მაის, რომ კბილებს ჩავამტვრევ და გვერდებს ამოვულეწო!“ აი სად არის ნამდვილი დრამაო!.. სწორედ ასე ესმით ჩვენ კრიტიკოსებსაც დრამა, რასაც მათი შენიშვნები გვიმტკიცებენ. ნუ გამიწყრებიან და, იმათ, რაც სარიტორიკო სახელმძღვანელოებში ამოუკითხავთ, ის ჰგონიათ სიმართლე. მესამოცე წლებში ერთმა ჩვენმა ინტელიგენტთაგანმა გაარჩია გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ და აი რა დაბეჭდა „დროებაში“: „ეს პიესა თუმცა კარგი რამ არის, მაგრამ მაინც არც დრამაა და არც კომედიაო!“ დრამა რომ ყოფილიყო, ხუთ-მოქმედებიანი უნდა იყოსო და კომედია სამ-მოქმედებიანი, და ეს კი ოთხ-მოქმედებიანიაო. ერთხელ კიდევ იმ ხანებშივე განსვენებული გიორგი წერეთელის კომედია წარმოადგინეს - „ოჯახის ასული“. პიესა ისე ჩინებულია, რომ დღესაც კიდევ შეიძლება მისი წარმოდგენა, მაგრამ მაშინდელმა კრიტიკოსებმა წუნი დასდვეს, პიესაში მოძრაობა ცოტა არისო და ჩაუმატეს პიესაში უხმო პირები, რომელნიც მოქმედების დროს გარბოდნენ და გამორბოდნენ სცენაზე. რასაკვირველია, პიესა გააფუჭეს და მერე აღარ უთამაშნიათ. ამას წინად „ივერიაში“ წერილი იყო ვიღაცისაგან დაბეჭდილი და ამ ვაჟბატონს, რომელსაც სულიერი მოძრაობა და ხორციელი კუნტრუში ვერ გაურჩევია, შესანიშნავ რეჟისორად ჰყავდა მოხსენებული. დღევანდელი რეცენზენტებიც სწორედ ამავე ძველ საფეხურზე სდგანან. „სამშობლოში“, სხვათა შორის, ერთი ადგილია, სადაც ქეთევანს აწამებს შაჰი: თითებზე ქანჩს უჭერენ, რომ შეთქმულების სახელები ათქმევინონ. ქალიც, როცა უჭერენ ქანჩს და მეტს ვეღარ აიტანს, ასახელებს და როცა შეუშვებენ ხოლმე ხელს, ისიც გულს იბრუნებს და აღარას ამბობს. ეს როლი რასაკვირველია, ნამდვილად შეასრულა ჩხეიძის ქალმა, მაგრამ რეცენზენტს არ მოსწონებია და უწერს: „საკვირველია, რომ ქეთევანს ისე მალე ავიწყდებოდა ტკივილი და შეუშვებდნენ თუ არა ხელს, სახეზე ტანჯვისა აღარა ეტყობოდა-რაო“!.. მართლა საკვირველი ის არის, რომ რეცენზენტს ისიც კი არ უნახავს რაც ცხადზედაც უცხადესია, მაგალითად, ყმაწვილს რომ ეკალი შეერჭობა ფეხში, სანამ გამოიღებდეს, სტირის და გამოიღებს თუ არა, მაშინ დაჩუმდება, თუმც წყლული მაინც რჩება. მწვავი ტკივილი რომ შეჩერდება, ადამიანს ეფონება და ასე ჰგონია თუ სულაც აღარა მტკივა-რაო. მდუნე ტკივილი იარისა შემდეგში იჩენს თავს. ქეთევანს რომ ქანჩის შეშვების შემდეგაც თითებზე სულის ბერვა დაეწყო და ხელის ქნევა, განა ეს ნამდვილი იქნებოდა? მერე კიდევ როდის? როცა უარესი ცეცხლი გულში ედებოდა... ვიღას აგონდება წვრილმანი სატკივრები, დიდი ტკივილის დროს?.. ეს არ ცოდნია შენიშვნის დამწერს და თავის უვიცობას კანონათ სდებს. კარგი რომ ჩხეიძის ქალი შეგნებულია, თორემ სხვა რომ ყოფილიყო, დაიჯერებდა და შემდეგში გააფუჭებდა თამაშს. ერთს ახალგაზრდა არტისტს პიესაში საზიზღარი კაცის როლი უნდა ეთამაშნა და გრიმი კი ისეთი გაეკეთებინა და სახეც ისე გაემშვენიერებინა, რომ ანგელოზს ჰგავდა. კაცო! შენ ხომ საზიზღარის როლს თამაშობ და გარეგნობითაც უნდა ეთანხმებოდე-მეთქი, - შევნიშნე, ვიციო, - მიპასუხა, - მაგრამ რა ვქნა, რომ პუბლიკას არ მოსწონს ამგვარი როლები და ზიზღი მოთამაშეზე გადმოაქვსო. მართალი სთქვა. მაყურებლები ხშირად ვერ არჩევენ ნამდვილ სულის მოძრაობას და უფრო გარეგნობითა სჯიან. უმეტესობას ლამაზი მსახიობი მოსწონს და ხელოვნებასაც თვალებში ეძებს.
ამაების გარჩევა და გამორკვევა რეცენზენტების მოვალეობაა და ამიტომაც რეცენზენტობას არ უნდა ჰკისრულობდნენ ისინი, ვისაც ხელოვნების ანბანიც არ გაუვლიათ! რეცენზენტებს უნდა მივაწეროთ ისიც, სხვათა შორის, რომ არტისტები ახალ პიესებს, ახალ-ახალ როლებს გაურბიან და ძველებს ეტანებიან, იმ ძველ პიესებს, რომლის გზაც დიდი ხანია გატკეცილია და ზედ გავლაც ადვილია, თუ სულ საპყარი არ არის კაცი.
(ივერია, 1903 წ., №№214, 216, 220, 225, 229)
![]() |
2.27 წერილი რედაქციის მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
„ცნობის ფურცლის“ №2310 გამოცხადებულია ქართულ თეატრის რეპერტუარი ამ გვარის ზედ-დამატებით: „დრამატიულ კომიტეტისა და ბატონ რეჟისორის სასტიკის დადგენილებით, არც ერთი ახალი პიესა არ დაიდგმება ქართულ სცენაზეო“ და სხვანი.
ეს ამბავი განზრახული ცილის წამებაა, თუ მოუფიქრებელი წინდაუხედაობა, თუ მახინჯი ოხუნჯობა, არ ვიცით. ეს თვითონ ავტორმა იცოდეს და გაიხაროს. მაგრამ ის კი უნებებია, რაც არ ეკადრება: რეპერტუარი თვითონ გამოუგონია. „გამგეობასაც“ ცილსა სწამებს და რეჟისორმა ხომ თვისი აზრი ამ მოკლე ხანში „ივერიის“ საშუალებით კიდეც გამოაქვეყნა?!. დახლართული საქმის გამობრუნება ერთის სულის შებერვით მოუხერხებელია. დრო ეჭირვება და „გამგეობასაც“ იმედი აქვს თავის დროზე დაანახოს ყველას თავისი შრომაც და განზრახვაც. მართალია, დღეს ვერ არის სასურველ მდგომარეობაში ქართული სცენა, მაგრამ ამის მიზეზი ძველის-ძველი ცოდვებია, რომლის გამომჟღავნება არაფერი სასურველი იქნება, რადგან საქმეს მაინცა და მაინც ვერას მოეხმარება. რომ ქართულს სცენას გამობრუნება ეჭირვება და სასურველ საფუძველზე დაყენება, ეს ყველაზე უმალ, როგორც უფრო დაახლოვებულებს სცენასთან გამგეობასა და რეჟისორს ესმის და იმიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ხელის შემშლელები ბევრი ჰყავთ, შინ თუ გარეთ, თავისს საცადისს არ დააკლებენ, იმედია. თუ ეს გულწრფელი პასუხი არ აკმაყოფილებს „ცნობის ფურცელს“ და მაინცა და მაინც უნდა გამოაშკარავებული იყოს დღევანდელ სცენის ნაკლი, დაგვიდგინოს საკითხავები: 1) რატომ დღევანდელი ქართული სცენა არ არის მდიდარი, რომ სცენაც მდიდრულად იყოს მორთული, მეფე-დედოფლის ამალაც მრავალი და სანაქებო მორთულ-მოკაზმული? 2) რატომ ხანდახან არტისტებმა როლები არ იციან ხოლმე? 3) რატომ ახალ-ახალ პიესებს არ ვდგამთ ხოლმე? რატომ უარს არა ვყოფთ ისტორიულ და ჩვენის ცხოვრებიდან აღებულ პიესებს? 4) რატომ არა გვჯერა ზოგიერთ რეცენზენტების რჩევა? და სხვა ყოველიფერი, რაც ასე აშფოთებს მას!.. ეს და ამგვარი საკითხავები დაგვიდგინოს და ჩვენც ყველაზე პასუხს გავცემთ, გულწრფელად და უპირბადოდ. მაგრამ ამასაც კი ვსთხოვთ, რომ პირბადე ნუ იქნება!.. გულწრფელობა და უშიშრობა მოითხოვს, რომ მხილებული ღობე-ყორეს არ ეფარებოდეს და თავს არ იმალავდეს.
(ივერია, 1903 წ., №235)
![]() |
2.28 გაიძვერობის (ინტრიგების) სეზონი |
▲ზევით დაბრუნება |
„გაჩუმება დათანხმების ნიშანიაო“ - ამბობს ანდაზა, მაგრამ განა ყოველთვის? ზოგჯერ სხვა მიზეზიც იწვევს სიჩუმეს, უფრო პატივსადები და საფაქიზო. შესაძლებელია, ერთმა ვინმემ გაიმაგროს შუბლის კანი, მოგდგეს ურიგოდ, უპატიოდ მოგიხსენიოს, უკადრისები გაკადროს, ცილი დაგწამოს და შენ კი მაინც ხმა არ გასცე... წაუყრუო. პატივცემულმა მკითხველმა, როგორც გენებოს, ისე ახსნას, მაგრამ ჩვენ კი სწორედ ამ მეორე მიზეზით უპასუხოთ ვსტოვებთ „ცნობის ფურცელში“ დასტამბულ წერილს, სახელდობრ „სიცრუის სეზონი“ და პირდაპირ გადავდივართ „ღალატის“ ისტორიაზე. ამ სეზონში თ. სუმბათაშვილის დრამამ „ღალატმა“ თავი იჩინა. მთელი რუსეთი აღტაცებით მიეგება მას. ადგენდენ ყოველ ქალაქში, სადაც კი თეატრი იყო, ზედი-ზედ, მიჯინებით. ანტრეპრენიორებმაც სული მოიბრუნეს. რაღა თქმა უნდა, რომ ქართველებსაც ხელი უნდა ჩაევლოთ მისთვის და ქართულ დრამატიულ გამგეობის წევრებიც შეუდგნენ საქმეს.
სწორედ ამ დროს გამოხტა არტისტი კ. მესხი და მიჰმართა გამგეობას: ავტორმა მე დამავალა ამ პიესის ქართულად გადათარგმნა და ჩემ ბენეფისში დავდგამო, და თქვენც ნუღა შემიშლით ხელს! მე გადავთარგმნი ჩემ საბენეფისოდ. ზეინაბის როლის შემსრულებლად ჩემ დას ეფემიას გამოვიხმობ ბაქოდან და მერე კი თქვენ დაგრჩებათ ის ჩემი ნათარგმნი და წარმოადგინეთ ხოლმეო. მხოლოდ ჩემ დას კი მოურიგდით, თუ რამდენს დაგჯერდებათ ყოველ წარმოდგენაშიო. კომიტეტმა დაუჯერა, დაეთანხმა, ეფემია მესხის ქალი მოიწვია და დაიმშვიდა გული. კ. მესხმა საბენეფისოდ ვითომ ვეღარ მოასწრო პიესის გადათარგმნა; სხვა პიესა აირჩია და როცა კარგა დიდი დრო გაატარა, მაშინ გადასცა თარგმანი კომიტეტს: აბა, დროს ნუღა ჰკარგავთ, საცენზურო ნებართვა აიღეთო! როცა მართლა ყველაფერი დამზადდა, შევუდექით როლების დარიგებას. მე, როგორც რეჟისორს, ნება მქონდა არავის დავკითხებოდი, მაგრამ, როგორც ზრდილობა მოითხოვდა, მოვიწვიე კოტე მესხი და მასთან შეთანხმებით, თითქმის სულაც მის სურვილ-ნებაზე, დავუნიშნეთ არტისტებს მათ-მათი შესაფერი როლები...
მესხი ქუთაისისკენ გაემგზავრა. ოთხი დღის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო და მაშინ შევდგომოდით რეპეტიციებს, რადგანაც ერთ უმთავრეს როლთაგანს თვით მესხიც თამაშობდა ამ პიესაში. ამ ხანობაში მე გავიგონე, რომ კ. მესხს ღალატი უდევს გულშიო.
იმას თურმე იმ თავითვე განეძრახა გამგეობის ხელის შეშლა, რომ ამ სეზონში ვეღარ მოესწროთ „ღალატის“ ქართულ სცენაზე დადგმა და მერე კი, როცა სეზონი გათავდებოდა, თვითონ მას საკუთრად შეედგინა ამხანაგობა და წარმოედგინა ხოლმე „ღალატი“ ყველგან; ამაზე მოლაპარაკებაც გაემართა საიდუმლოდ ზოგიერთებთან: სეზონში რაც გვერგება იმას მოგვცემს კომიტეტი… მეტი გზა არ აქვთო და პიესა „ღალატი“ საკუთრად ჩვენთვის გამოვიყენოთ, რადგანაც, იმედია, დიდ შემოსავალს მოგვცემსო. ეს ხმები მართლა გამართლდა: ჩამოვიდა თუ არა მესხი, ყოვლის უმიზეზოდ ამიზეზდა და დაიწყო რაღაც უადგილო ყოყოჩობა. აღსრულდა: პიესის პატრონი და ბატონი მე უნდა ვიყოო!.. სხვას ხელსაც არავის მოვაკიდებიებ... როლებიც მე უნდა დავარიგო და გუნიას ნაცვლად სხვა ვინმე უნდა დავნიშნოო და სხვანი...
როდესაც მოვაგონე, რომ გუნიას ოთარბეგის როლი მისივე თანხმობით გადაეცა, სათქმელი რომ აღარ ჰქონდა-რა, მედიდურად ბრძანა: მართალია, მაგრამ ახლა აღარა მსურსო. ერთი სიტყვით, მაშინდელი მისი სიტყვა-პასუხი და ქცევა უხერხული... სასაცილო რამ იყო და მეც „ვიცინოდი“, მაგრამ იმ ჩემ სიცილში უფრო სიბრალული და ზიზღი უნდა გამოხატულიყო მოღალატობისა და გაიძვერობისადმი და არა სიხარული და მიკვირს, რომ ვერ გამოუცვნია მესხს. მე მეტს აღარას ვიტყვი. მაგრამ იმ დროს სხვებიც იყვნენ აქ, მათ რიცხვში ადმინისტრატორი და ხაზინადარი გამგეობისა და დანარჩენი იმათ სთქვას, რაც იკადრა იმ საღამოს ბ-ნმა კ. მესხმა. ასე თუ ისე, ჭირვეულობა გათავდა მითი, რომ მესხმა გამოგვტაცა პიესა ხელიდან: აღარ გაძლევთო, - დაიღრია და იმავე დროს რაღაც ეშმაკურის ღიმილით თვითონვე მიგვითითა გ. ყიფშიძის თარგმანზე... ახლა კი ეჭვი აღარ იყო, რომ დიდი ხნიდან გულში ფარულად ნადები მისი ჭანდრაკული განძრახვები სისრულეში მოჰყავდა და პირველი „ქიშიც“ უთხრა გამგეობას.
ყიფშიძემ მოგვაწოდა მისი თარგმანი და მეორე დღეს მოვინდომეთ რეპეტიციის განგრძობა, მაგრამ ერთმა არტისტთაგანმა შეგვნიშნა: „ტყუილად რათა სცდებით? მესხი მისს თარგმანს არ გაძლევსთ და სხვა თარგმანით კი, თუ ნებადართული არ არის, არ შეიძლება თამაშიო. ეხლა რომ კიდეც წარადგინოთ ეგ მეორე თარგმანი, სეზონის გათავებამდი მაინც ვეღარას მოასწრებთ, გვიანღაა, რადგანაც ბევრი დრო აღარა რჩება და ნებართვის გამოტანა ადვილი არ არისო“. აი თურმე სად იმარხებოდა ბ. მესხის „ძაღლიცა“ და „ღორიც“. გამარჯვებული მესხი სიხარულით ფეხზე აღარ იდგა, მაგრამ საქმე გადატრიალდა და ყიფშიძის თარგმანის ნებართვა ერთ დღესვე გამოიტანეს, რასაც, აბა, ვინ მოელოდა და მით უმეტეს მესხი. წაუხდა ჭირნახული, მაგრამ იმისთანა რაინდები გულს არასოდეს არ იტეხენ და ისიც სხვა გზას დაადგა. ალბათ მისის ალალმართლობისათვის საწყალ კრავ ბიჭს ღმერთმა ხელი მოუმართა და ეფემია მესხისაგან ჯერ დეპეშითა და წერილით უარი მოუვიდა კომიტეტს - ჩემი იმედი ნუღა გაქვთ... ავად ვიქნები და ვეღარ ვითამაშებო.
გადავეცით როლი ჩხეიძის ქალს, მაგრამ „ჰოი, საკვირველებავ“! აქაც კიდევ სიალალ-მართლობამ გასჭრა და დედოფლის როლი აღარც ჩხეიძის ქალმა მიიღო. ახლა კი ნამდვილად დაამარცხა სცენაზე მოჭადრაკემ, კულისების ჩიგორინმა, დრამატიული გამგეობა და სუმბათაშვილის „ღალატი“ მესხის ღალატით აღარ გამოუშვა სცენაზე. - საზოგადოება კი მაინც უცდიდა და წამ და უწუმ გვეკითხებოდა: როდისღა დასდგამთ „ღალატსაო“? მეტი გზა აღარ იყო, მეც გამოვნახე ერთი ვინმე სცენის მოყვარულთაგანი და დავაპირე მისი მომზადება ზეინაბის როლში. ახლა კი დაღონდა ბ. კ. მესხი და კიდევ სხვა გზას დაადგა: დეპეშა წარმოადგინა მისი დისაგან, რომ ავად აღარ არისო და წერილიც მოუწერია ამ ერთი კვირის წინეთო. და მართლაც, ეს უცნაური წერილი სწორეთ ერთის კვირის შემდეგ წარმოადგინა თვით კოტე მესხმა. აქ გდებულიყო ეს წერილი კანცელარიაში ეს ერთი კვირაა და დღეს მე გამოვნახეო. წერილს მართლა ძველი რიცხვი ჰქონდა, მაგრამ სად იმალებოდა და როგორ იმდენ ხანს ის დალოცვილი, ვეღარ გავიგეთ.
ამ წერილს თანვე მოჰყვა ქ-ნ ეფემია მესხის ქალიც და მოითხოვა: გადმომეცით როლი, მე მზათა ვარ ჩემი პირობა შევასრულოვო. საკვირველია, აქაც კიდევ სასწაული: იმავე დროს ჩხეიძის ქალმაც მოიბრუნა გული და განაცხადა: მეც ვემზადები, რომ დედოფლის როლში გამოვენაცვლო ხოლმე ეფემიასო, რადგანაც უეჭველია, ბევრჯერ მოგვიხდება „ღალატის“ განმეორებაო. ქ-ნმა ეფემიამ სხვა პირობაც დაუდვა გამგეობას: 1) უთუოდ ჩემი ძმის თარგმანით უნდა იხელმძღვანელოთო და 2) რეჟისორიც ჩემი ძმა უნდა იყოსო.
აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რად ამოვყავი მე თავი იმ ხანებში ქუთაისში და არა ის, რასაც კოტე მესხი ამბობს, რომ ვითომც მე არ მდომებოდეს „ღალატის“ დადგმა და გამგეობას გავეტყუებინო ქუთაისისაკენ. ქუთაისიდან დავბრუნდი სწორედ წარმოდგენის დღეს და უკანასკნელს რეპეტიციას დავესწარი, როგორც კერძო პირი, და კიდევაც საყვედური გამოვუცხადე: მე რად გამოგიცხადებივართ რეჟისორად-მეთქი?
ამ რეპეტიციის დროს ბევრმა რამ დამარწმუნა, რომ „ღალატის“ წარმოდგენა სირცხვილს გვაჭმევდა. ყველა რომ არ ჩამოვთვალო, საკმაოა ეს ერთი მაგალითიც: როდესაც გლახა ანანია დედოფალს ელაპარაკება ალეგორიულად, ვითომდა ცხენებზე, მაგრამ ნამდვილად კი მეფის მემკვიდრეზე აგულისხმებს, სხვათა შორის, ამბობს: მის ძარღვებში, ესე იგი ირაკლის ძარღვებში, ერთი წვეთი არც სპარსულისა და არც არაბულის სისხლისა არა ურევია-რაო. ჩვენებურია და მის ძარღვებში - სდუღს მეფური სისხლი მეჩვიდმეტე ჩამომავლობისაო. კ. ყიფიანმა, რომელიც ამ ანანიას როლს თამაშობდა, სთქვა: „პირველ ნახვაზედვე შეატყობ, რომ ჩვიდმეტი მეფის საჯინიბოს მოდგმისააო“. მე გავოცდი და რომ ვკითხე ყიფიანს, ეგ რას ნიშნავს-მეთქი? არა მესმის-რაო, მიპასუხა, - მაგრამ თარგმანში ასე სწერია და რეჟისორიც ძალას მატანსო. აი როგორ ჰქონდა შეგნებული პიესის აზრი ბ-ნ კ. მესხს, როგორც მთარგმნელს, როგორც რეჟისორსა და როგორც გამოცდილს და თავმომწონე არტისტს! მეტს აღარას ვიტყვით, ესეც საკმარისია და ადვილად მისახვედრი, თუ რად მოგვჭრა თავი ქართველობას „ღალატის“ პირველმა წარმოდგენამ. მაგრამ მაინც, მიუხედავად ამაებისა, ოთხჯერ ბათუმში და ქუთაისში წარმოადგინეს „ღალატი“ და სამჯერ თბილისში. როგორც იყო, უკანასკნელმა ორმა წარმოდგენამ გაასწორა პირველი უხერხულობა. ქ-ნი მესხის ქალი ყველაში იღებდა მონაწილეობას, სანამ არ წავიდა, და მერე კი, როდესაც ჯერი მიდგა ჩხეიძის ქალზე, რომ ეთამაშნა, მან მოულოდნელად კ. მესხთან ერთად თავი დაანება ქართულ სცენას. დღესაც ვერ წარმომიდგენია, თუ რა საფუძველი ჰქონდა ჩხეიძის ქალს ამგვარის მოქცევისა და მესხმა კი თამამად აღიარა: „მე საუკადრისოდ მეჩვენა მისთანა მეთაურებთან ერთად მოღვაწეობა, როგორიც წლევანდელ სეზონში ჩვენა გვყვანანო“ და სხვანი. ეს სწორედ რაინდული პირდაპირობაა! ეს კი არის მხოლოდ საფიქრებელი: სანამ ამ დალოცვილმა თავისი ჭანდრაკული განზრახვა სისრულეში არ მოიყვანა, სანამ სეზონი არ მიიწურა და სანამ რაც უნდოდა არ გაინაღდა, სად იყო მისი მაღალი გრძნობები? ეჰ, სიტყვას ბაჟი არა აქვს და ამბობს, თუმცა იმავე დროს გულში კარგადა გრძნობს, რომ დააღალატა ყველა და დააზარალა. საზოგადოებასაც საყვედური ათქმევინა. დიაღ, შეისრულა გულის წადილი. გაიმარჯვა, მაგრამ განა ყველა გამარჯვება სატრაბახო და სასაცილოა?
აი ნამდვილი ისტორია „ღალატის“ თავგადასავალისა. უნდა გამოვტყდეთ, რომ მისი ასის თავიც არ გვითქვამს, რისის თქმაც შეიძლებოდა, მაგრამ რაცა ვსთქვით, ვგონებ, ისიცა კმარა საქმის გასათვალისწინებლად. და თუ მეტი რამე მითქვამს, იმედია, ქართული დასის არტისტები გამოესარჩლებიან ბ-ნ მესხს ყველანი ერთად დაამტკიცებენ, რომ რაცა ვსთქვი ბ-ნ მესხის შესახებ, ის არ ყოფილა და არც დრამატულ საზოგადოების კომიტეტი იკადრებს, რომ მკითხველი შეცდომაში შემაყვანინოს უმართლო სიტყვებით. „ცნობის ფურცელში“ დასტამბულ სტატიას რომ არ გამოვეწვიე საპასუხოდ, მე ჯერ-ჯერობით, დრომდი, არ მინდოდა მეთქვა რამე წლევანდელ სეზონზე. მით უფრო, რომ სასაყვედურო არავისაგან-რა მიმიძღვის და მხოლოდ მევე უნდა ვუსაყვედურებდე ჩემს თავს, რომ ქართულ სცენაზე ფეხი შემოვდგი და თუ შემოვდგი, რატომ იმ თავითვე არ გავშორდი? მაგრამ აქაც მაქვს შესაწყნარებელი მიზეზები.
ერთი რომ მეგობრები მირჩევდენ: რაც უნდა გაგიჭირდეს, უნდა მოითმინო და, სეზონის გათავებამდე თავს მაინც ნუ დაანებებო! ერთბაშად გასწორება საქმისა შეუძლებელია, მაგრამ მაინც რაც შეიძლო და როგორც, ეცადე ხელი შეუწყო ნელ-ნელაო!.. და მეორეც ის, რომ მე თვითონ მინდოდა გამეგო ზოგი რამ:
1) რა მიზეზია, რომ ქართულ სცენაზე ამდენი ხნის განმავლობაში, ნიჭიერი აღარავინ გამოჩენილა და ძველების ამარად ვრჩებით?
2) რისი ბრალია, რომ წმინდა ქართულის ნაცვლად რაღაც ბაზაზხანური ენა გვესმის სცენიდან?
3) რატომ ისე არ ადგენენ პიესას, როგორც ავტორებს უწერიათ? რა ნება აქვთ მოთამაშეებს, რომ ზოგს ჰკვეცავენ, ზოგს თავისას უმატებენ, ამახინჯებენ პიესებს და თავის საკუთარს გემოზე ადგენენ? და არა თუ სხვების, შექსპირის პიესებიც ვეღარ გვიცვნია: პეტრუჩიოს მაგიერად ვიღაც კუდაბზიკა იმერელს გვიხატავენ და შტოკმანის ნაცვლად ჩვენებურ ბანკობიას მოთამაშეს, ენატარტალა ზუთხის მაძიებელ მოკენჭეს!
4) რა მიზეზია, რომ არტისტებს უმეტესად არა თუ როლები არა აქვთ ხოლმე შეგნე-ბული, ხეირიანათაც არა სწავლობენ მათ სათქმელ ორიოდე სიტყვას და სუფლიორს იერიქონის საყვირივით აღრიალებენ?
5) რატომ არ ხერხდება ქართულ სცენაზე ახალ-ახალი პიესების დადგმა და ძველი რეპერტუარით რად გვაბეზრებენ თავს?
6) რად ასე შეუპოვრად და კადნიერად ეპყრობიან საზოგადოებას, რომელსაც უკანასკნელი წვლილი შემოაქვს თეატრში?
და ბევრი რამ კიდევ სხვა ამგვარები! ესეები ყველა გამოვიკვლიე, შევისწავლე და მსურს მოვახსენო საზოგადოებასაც ამ მოკლე ხანში, იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ვაწყენინო და სხვის პირადობას შევეხო... არა! მხოლოდ იმ განზრახვით, რომ იმ გამოქვეყნებამ ეგების სარგებელი მოუტანოს ქართულ თეატრს და დღევანდელი „კოჭობია-ლაზრობაის“ ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ნამეტანის ნდობით ხელოვნებად აღვიარებთ, მართლა და ნამდვილმა დრამატიულმა ხელოვნებამ მოიკიდოს ფეხი ქართულ სცენაზე. და მანამდე კი აღარას ვიტყვი.
(ივერია, 1904 წ., №42)
![]() |
2.29 უბრალო საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
მელიას მონაპარავი მგელმა დაირჩინა! მესხის ნახნავ-ნათესი გუნიამ იგდო ხელში და შიგ ნამგალიც შეიტანა: ამ დღეებში წარმოადგინეს „ღალატი“, თეატრი გატენილი იყო. გუნიასა და მის ამხანაგებს „ჩხრიალ-ჩხრიალი“ ჯიბეში. მესხსა და მისს თანაშეთქმულებს - „ბრაწი-ბრუწი!“ აბა ამაზედ არის ნათქვამი: „როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო“, ანუ, სახარებას რომ მივმართოთ: „რომლითა საწყაულითა მიუწყო, მოგეწყოს შენო!“
პიესა „ღალატი“, როგორც სასცენო ფერადი ოქროქსოვილი, სწორედ სათვალთმაქცოა: თვალსა სჭრის, გულს იტაცებს და გონებას ატყუებს და ამიტომაც მნახველი არაოდეს არ მოაკლდება. ბ-ნმა სუმბათაშვილმა „ჯიმშედის კვერცხივით“ გამოაგორა სცენაზე ეს დრამა, რომელიც ჭირისა და ლხინისაკენ ერთნაირად მიკოტრიალობს. ხან გვატირებს და ხან გვაცინებს. გვატირა, როცა პირველად რუსებმა წარმოადგინეს, გვაცინა, როცა პირველად ჩვენ, ქართველებმა დავდგით სცენაზე და ამ უკანასკნელმა წარმოდგენამ კი ვეღარც გვატირა და ვერც გვაცინა. არტისტები „ვერ სცემდნენ ხელმარჯვედ ჩოგანს“. ამ ჩვენ სარკე-კაცებს ვერ ჩაესახათ სავსებითა და სინამდვილით ის, რაც მერე ჩვენთვის უნდა დაენახვებინათ. სარკეს თუ ზედაპირიც გამურული აქვს, რაღას ვარგა? და ჩვენი არტისტების კი, ამ სარკე-კაცების, ზედაპირიც გამურულია და ეს მურია ქართულის უცოდინარობა. ამ მხრით ყველა მათგანი კოჭლობს და ვაი მის ყურთასმენას, ვინც კარგად იცის ქართული... რამდენი ეკალი ეჩხვლიტება ყურში?! - არა!... ვისაც უნდა, რომ ქართულ თეატრში იაროს, იმან უნდა ქართული დაივიწყოს და მთქმელს გაუთანასწორდესო. უნდა გაიხსენოს ძველებური არაკი: ერთ მეფეს, საომრად მიმავალს, ჯარი გზაში გაუგიჟდა, არ გადარეულა მხოლოდ მეფე და მისი ვეზირი. ჯარს თურმე „გიჟი წყარო“ დაელია და რადგანაც მორჩენა აღარ შეიძლე-ბოდა, მეფემ და მისმა ვეზირმაც ასე გადასწყვიტეს: ჩვენ ორი მარტო რომ ჭკვიანად დავრჩეთ ამდენ გიჟში, რაღას გავაწყობთო? სჯობს, რომ სხვებს გაუთანასწორდეთ და ჩვენც გავიგიჟოთ თავიო. წავიდნენ და თვითონაც დაეწაფნენ იმ უცნაურ წყაროს. სწორედ ასე უნდა მოიქცეს ქართულის მცოდნე ქართველიც, როცა ქართულ თეატრში მიდის, თუ უნდა, რომ გაიგოს რამე. ის პიესები, რომელიც წმინდა ქართულის ენით არის ხოლმე დაწერილი, ქართულ სცენაზე წამებული არის და გაუგებარი!..
მაგრამ ესევე კი არ ითქმის „ღალატის“ შესახებაც: რუსულადა აქვს ყველას წაკითხული და მხოლოდ თამაშს უყურებს. ჩვენ აღარ გამოვუდგებით ქართულ სიტყვიერებას და პირდაპირ გადავალთ თამაშზე.
1) ბ-ნი კოტე ყიფიანი სოლეიმანის როლში.
ნათქვამია: კაცი ბედაურიდან ჩამოხტა და ჯორზე შეჯდაო. ყიფიანმაც ანანიას როლი უკუაგდო და სოლეიმანისას გამოუდგა. ალბად ჰარამხანამ წაიტყუა და მესხიშვილობა მოინდომა! მაგრამ სად ახალგაზრდის ვნებათაღელვის ჭექა-ქუხილი და სად მოხუცის ნაძალადევი ოხვრა-გმინვა? პირველი პრაქტიკაა ძლიერი, უთეორიოდ, და მეორე კი ძლიერი თეორია უპრაქტიკოდ. მესხიშვილი ნამდვილი სოლეიმანი იყო და ყიფიანი კი ნაძალადევი და მიტომაც ძალას ატანდა მოძრაობას. ხვანხვალობდა... რაც არ შეჰფერის სოლეიმანს. სოლეიმანი აღმოსავლეთის ფანატიკოსი მტარვალია. ძლევამოსილობას გაუდიდგულებია. „ჩემზე მაღლა ღმერთია მხოლოდ“, გაიძახის. თავმოყვარეობას გაუქვავებია. დაბლა მხოლოდ კრიალოსანს ათამაშებს ზარმაცად ჩაფიქრებული! ალბად ანგარიშობს, თუ სად და როდის, რამდენჯერ გავიმარჯვეო და მაღლა ალლაჰს შეჰყურებს. უმოძრაოა, მარტო გულის-თქმად გადაქცეული და მღელვარებასაც მხოლოდ თვალებით გადასცემს. სხვების სიტყვებს, გინდა რიგზე ნათქვამიც იყოს, ის პასუხს არ აღირსებს და სხვას რასმე უბრძანებს, თითქოს დასცინისო. მაგალითად, როცა ზეინაბი თავის გრძნობა-სურ-ვილს ფიანდაზად უფენს, ის უპასუხებს: „რუქაია გამომიგზავნეო“! იმადლება ყოველგვარ სიტყვა-პასუხს, გარდა ბრძანებისა. თვით მხურვალების დროსაც კი ზარმაცად იღებს ხელს, რომ რუქაიას ხუჭუჭ თმას შეეხოს. ერთის სიტყვით, გარეგნობით ქანდაკ-კაცია და იმავე დროს შიგნით კი აგზნებული კოცონი (საკირე), და ამისთანა კაცი ააცუნდრუკა სცენაზე ბ-ნ ყიფიანმა. გვიკვირს, როგორ მოუვიდა, რომ ვერ შეიგნო სოლეიმანის განსაკუთრებითი ხასიათი? ალბათ რაღაც გარეშე მიზეზმა ააჩქარა და დაავიწყა ბრძნული ანდაზა: „აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო“.
2) ბ-ნი გუნია ოთარ-ბეგის როლში.
ვინ არის ოთარ-ბეგი? - ბუნებითად ქართველი და აღზრდით კი სპარსელი. სასახლის კარზე გაფლიდებულს, სახარებისა და „ვეფხისტყაოსნის“ ნაცვლად, გულში ყურანი და ფირდუსი შეჰპარვია. საორჭოფოდ არევია გრძნობა-გონება— „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისიო“, - უბრძანებს სახარება. „დაიმონე ცეცხლითა და მახვილითაო“, - ურჩევს ყურანი, „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო“, ეხმატკბილება „ვეფხისტყაოსანი“, „რასაც მოიხვეჭ შენია, რასაც არა ის სხვას დარჩებაო“, ელაზღანდარავება „შაჰ-ნამე“. ქართულმა ბუნებამ შეამკო ის ყოველგვარ საგმირო ღირსებით, ყიზილბაშურმა აღზრდა-წვრთნამ კი გაუხუნა ყველაფერი და გააორბუნებოვანა, გააქართველთათრა. მის წაღმა-უკუღმა საფრიალო დროშაზე აწერია: „თუ მე აღარ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო!“ პირველობას ეძებს და რადაც უნდა მოიპოვოს ის და გზითაც სულ ერთია მისთვის. ქართველობის დროს უპირველესი ქართველია და თათრობის დროს პირველი თათარი. ამისთანეები იყვნენ უცხო კარზე აღზრდილნი, ზოგიერთი ერისთავ-დიდებულები და ოთარ-ბეგიც ერთი მათგანია: სანამ ქართველობა ბრწყინავს და მეფეც მორჭმით ზის, ოთარ-ბეგიც საქართველოს პირველი ბურჯია, თეიმურაზ მეფის მეინახე და მარჯვენა ხელი: ქრისტეს მმოსავი, რაინდი, გმირი. და როცა თათრობა შემოდის, მაშინ კი მაჰმადის მიმდევარი, სოლეიმანის ერთგული ვეზირი. აღარ აგონდება ჯვარი და სახარება!.. თვალთმაქცობით ყურანსა და მთვარეს ეპოტინება. ყოველ თათარზე უარესი თათარია! უფრო მავნებელი და მაზარალებელი ძველ თანამოძმე ქრისტიან ქართველების. სოლეიმანს ეზიზღება, მაგრამ დრომდი ენდობა, რადგანაც კარგად იცის, რომ „ადგილის კურდღელს, ადგილის მწევარით უფრო ადვილად დაიჭერს“; და მიტომ მხოლოდ იმ განზრახვით ჰმოსავს პატივითა და დიდებით, რომ გადიადებულ-გამდიდრებულის მოღალატის ხელით უფრო ადვილად და მოხერხებულად ამოჰხადოს სული საქრისტიანო-საქართველოს. ეს ოთარსაც კარგად აქვს შეგნებული, ფრთხილობს და შიშით კანკალებს. მეტი ან კი რაღა გზა აქვს და როდესაც გაიგებს, ქართველობა იღვიძებსო, მაშინ კი იმართება წელში და ამბობს, „გამაუკუღმართეს, მაგრამ იაფად არ დავუსვამ იმათ ჩემს გაუკუღმართებასაო!“ ამ მომენტიდგან სამარცხვინო ტვირთმოშორებული ოთარი ისე მაღლა უნდა იდგეს წინანდელ ოთარ-ბეგზე, როგორც სახარება ალ-ყურანზე. სასცენოდ ამის დასურათებას დიდი ძალი უნდა. და ჯერჯერობით ჩვენში არვინ გვეგულება მართლა, რომ ოთარ-ბეგობა ისე შეჰფეროდეს, როგორც გუნიას. ამ ჭკუა-მეცადინეობით გაარტისტებულ კაცზე ბევრი რამ გვაქვს სათქმელი და კიდევაც ვიტყვით თავის დროზე, და დღეს კი მის უკანასკნელ თამაშს შევეხებით: ის ვეღარ იყო, რაც უნდა ყოფილიყო. როლი ავიწყდებოდა და შიგა და შიგაც კოჭლობდა. სასცენოდ მომადლებულ ხმასაც ვეღარ ხმარობდა; რუსის სატრაქტირო მოშლილ არღანსავით ხან უადგილოდ ბობღინებდა და ხან წრიპინებდა. გუნებაზე არ იყო, როლში ვეღარ შედიოდა და მსმენელთა მოსატყუებლად გარეგნობას ატანდა ძალას, მაგრამ არა გამოდიოდა-რა. მაგალითად, რა იყო ის უცნაური ბეჭების რხევა და რომელის გრძნობის გამომხატველი? ყოველგვარ სულის მოძრაობას თავისი შესაფერი გარეგანი გამომეტყველებაცა აქვს. ამას ეძახიან მიმიკას. რა გრძნობითაც არის ადამიანი შებოჭილი, იმ გრძნობის შესაფერი მიმიკაც თან ახლავს, თავისთავად, ძალდაუტანებლად გამომეტყველი. და როცა გრძნობა ნაძალა-დევია, მაშინ კი გარეგნობაც ვეღარას გვაგულისხმებს. როდესაც ვნებათაღელვით გამსჭვალული ზოგიერთი ცხოველი, მაგალითად, ფრინველი, სატრფიალო სიამოვნებასა ჰგრძნობს, მხრებს აიწევს და ფრთებს აფართქუნებს. ადამიანსაც იმ აღელვების დროს მხრები ეწურება, თითქოს ბეჭებში შეუღიტინესო. ეს რომ იციან კეკელა (კოკეტკა) მზეთუნახავებმა, დიდ ყურადღებას აქცევენ გულ-მკერდ-ბეჭის ფრთებს და დეკოლტეში გამოჭიმულები, როცა უნდათ, შეათამაშებენ ხოლმე ბროლ ფიქალს, თითქოს მიძინებული ზღვის ტალღა შეარხია სიომო. ამას რომ მოტრფიალე მამაკაცები თვალს მოჰკრავენ, წარმოუდგებათ ხოლმე: ეჰ, გავკეთდით კაცი! გვეშველა, ეს არის!.. ჩვენის სურვილის მინაბერმა გასჭრაო! გადაჰყვებიან ხოლმე ნაოცნებარ სურვილს და მათი შეცდომა, მათკენვე უკუქცეული, მათს გულში ქარ-ბუქივით უბერავს და აჩენს სახმილს. დიაღ, ეს სატრფიალო საზოგადო კანონია, მაგრამ ოთარ-ბეგს ამგვარი ხომ არა სჭირს-რა?! სულ სხვა გრძნობით არის გამსჭვალული! სხვა გვარი ვნებათაღელვა ამოძრავებს და გარეგანი მათი გამოსახვაც სხვანაირი უნდა იყოს. და მაშ გუნია ბეჭებს რაღად იწუხებდა თრთოლვა-ფართხალით? გრიმიც არ უვარგოდა. მაზეპასავით ჩამოფარცხული ულვაშები არა ჰგავდა ქართულად გადაგრეხილ ულვაშს! ეტყობა, რომ შეგნებული არტისტი აღარ ჩაჰკვირებია შიგა და შიგ როლს, - მოუცლელობის გამო... ალბათ დრო აღარ დარჩენია! ნათქვამია „მწევარი რომ ორ კურდღელს ერთად გამოუდგება, ვეღარც ერთს ვეღარ დაიჭერსო“. ცხადია, გუნიასაც უძნელდება ერთად ორი საქმის ერთად დაჭერა: არტისტობისა და თეატრის გამგეობისა, მით უფრო, რომ პირველის ვეზირი გულია და მეორესი - კუჭი. და, ახლანდელ დროში, როცა ეს ზედა და ქვედა სართულის ბატონები ერთმანეთს შეეტაკებიან ხოლმე, გამარჯვება კუჭსა რჩება... ოჰ, რამდენი რამ კარგი გაუფუჭებია წყეულ კუჭს!.. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: გული ანგელოსის სადგურია და კუჭი ეშმაკისაო. რა კარგი იქნება, რომ გუნიაც იჯმნას ეშმაკისაგან.
3) ქ-ნი კარგარეთელი ზეინაბის როლში.
ჯერ, სანამ ზეინაბ-კარგარეთელზე ვიტყოდეთ რასმე, თამარ-ზეინაბზე უნდა ჩამოვაგდოთ საუბარი. ვინ არის ეს პიესის ვითომდა გმირი ქალი? ნამდვილი ტიპია ჩვენის ისტორიული ქალების? თუ ავტორის ნაოცნები საზღაპრო ვინმე?... არც ერთი და არც მეორე!.. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ქართველი დედები ისე, რომ არ მოგვაგონდეს სარწმუნოება ნინოსი, მოწამობა ქეთევანისა და სიბრძნე-სათნოება თამარისა!..
„სამაია სამთაგან, რა კარგი რამ ხარო!“ გადმოგვცემს ზეპირსიტყვაობა და ეს ზეციური „სამაიაც“ ისტორიულ ლიტანიაში ერთად მოფერხულე, პირად გადასაღები დედანი იყო ქართველ ქალებისათვის, და მიტომაც არც ერთ საუკუნეში ივდითები არა გვკლებია!.. მაგრამ ივდითები ჩვენებური და არა ბიბლიისებური. ისინი მახვილით ჰფარგლავდენ მოხიბლულსა და ვნებამიძინებულ ოლთერნებს, საქართველოს გასამუსრავად ამოღებულ ხმალს უკანვე, ქარქაშში აბრუნებიებდნენ თავის ქალურის სათნოებით. იმათგანი იყო მთავრის ასული და მთავრის ნაცოლარი მარიამ დედოფალი, როსტომ მეფის მეუღლე. თვით ქრისტიანობის არა უარმყოფელი, ქართლში წამოჰყვა ცოლად მაჰმადის აღმსარებელს მეფეს და, როგორც მზე გადმონატყორცნი, სხივები მაღლით უნათებდა და უთბობდა გულს მოხუცს თანამემცხედრეს საქრისტიანო საქართველოს საკეთილდღეოდ და ისიც მეუღლის ნებასურვილის მიმყოლი, მამობას უწევდა საქართველოს: ამაგრებდა ციხე-დარბაზებს და აშენებდა ტაძარ-მონასტრებს. თვით პიესაში მოხსენებული თამარ-დედოფალი, ასული ვახტანგ-მეფის, სჯულის მდებელისა, ცოლი თეიმურაზ მეფის და გამზრდელი დედა პატარა-კახის ირაკლის, სახელს იხვეჭდა შორს ქვეყნებშიაც კი და ამიტომაც შემოუთვალა სპარსეთის ყეენმა: „დამეხმარე და დამიმშვიდე შენის ზედგავლენით დაღისტანიო!“ რომელი ერთი დავასახელოთ? ამისთანები იყვნენ ჩვენი დედები საზოგადოდ და ფეხქვეშ არავის უვარდებოდნენ!..
მაშ ეს ვიღაც ზეინაბ-თამარი საიდან-ღა გამოტყვრა მისის ზნეობითი უშვერებით? - როგორც მოციქულთა შორის იუდა, თამარ-ცბიერისა არ იყოს, შიგა და შიგ გამოერეოდნენ ხოლმე ჩვენს დედებში ამგვარი ტიპებიც: სპარსულ გემოზე აღზრდილნი, ტარიელების მიმდევარნი და ფუფუნების მაძიებელნი. ერთი იმათგანია ზეინაბ-თამარიც. იგივე ოთარ-ბეგია მანდილ მოხვეული. სანამ თავისუფალის ხალხის დედოფალი იყო და მეფე თეიმურაზს გვერდში უპირბადოდ უდგა, თამარობდა, და როცა შემოვიდა თათრობა, მაშინ ზეინაბობა იკისრა და სოლეიმანის ფეხთა მტვერ ცოლად გადაიქცა. მართალია, თვითონ ამბობს, შურის ძიება მინდოდა და შორეულ განზრახვას ვემონებოდიო, მაგრამ ეს სულ ტყუილია! სინდისის გამოღვიძების დროს სხვებს ატყუებს და თავის თავსაც იტყუებს!.. განა შესაძლებელია, რომ ოცის წლის განმავლობაში პირბადით იაროს ადამიანმა, ითვალთმაქცოს, ყოველგვარი სისაძაგლე ჩაიდინოს და კიდევ წმინდა რამ შეინარჩუნოს გულში? ის თვალთმაქცობა ხომ ჩვეულებად გადაექცეოდა და ამიტომაც ამბობს ანდაზა: „ჩვეულება რჯულზედაც უმტკიცესიაო“, ამას აკი თვითონაც ამტკიცებს ზეინაბი, როცა სიტყვა საქმეზე მივარდება?.. როცა საბა-სალოსებისა და ანანიების მეოხებით „აღდგომა“ მოახლოვდა, ზეინაბის გულშიაც იფეთქა ქართველობამ. მოაგონდა ადრინდელი თამარობა და მოჰყვა ფიცს: „ოცის წლის განმავლობაში, მხოლოდ წმინდა შორეულ მიზნის განსახორციელებლად, ყოველიფერი უარვყავიო: ჩემი ადამიანობა, ქმარი, შვილი, პატივი, დიდება, სარწმუნოება და ყოველიფერიო. და მათ ნაცვლად გულში საიდუმლოდ ვატარებდი მხოლოდ ჩემის დატანჯულისა და წამებულის ხალხის სიყვარულსა!“ რა კარგი და მსწრაფლ მომხიბლავი სიტყვებია!.. მაგრამ მხოლოდ სიტყვებია!.. და საქმით ვერ დაამტკიცა, როდესაც „აღდგომა“ დაუდგა. ქართველობას და გამარჯვებულმა ხალხმა, იმ წამებულმა ხალხმა, რომელიც, როგორც ამბობდა, გულში ედვა, „ქრისტე აღდგაო“ მოულოცა გამობრუნებულ დედოფალს, - იმან ვეღარ მოახერხა, რომ ეთქვა: „ჭეშმარიტადო!“ და თავისუფალი ერისთვის უპირბადოდ შესაფერი დედოფლობა გაეწია!.. აღარ უნდოდა ზეინაბობა და თამარობა კი ვეღარ მოახერხა და თავი მოიკლა!.. ამგვარი სინანული, და ეს თავის მოკვლა ქრისტიანი ქართველის ქალისა ისტორიული არ არის და თუ მომავლის წინასწარმეტყველობაა, ისმინოს უფალმა!.. ესენი ყველა გათვალისწინებულ უნდა ჰქონდეს ზეინაბის როლის მოთამაშეს და არ უნდა დაივიწყოს, რომ თამარ-ზეინაბი ბუნებაჭრელი, უძალმოსილო არსებაა და მისი ძლიერი სიტყვებიც ვერა სჭრის. მაგალითად, როდესაც ის აღგზნებით თავისს სურვილზე ესაუბრება სოლეიმანს, სოლეიმანი იმ დროს ავალებს: რუქაია მომგვარეო ჩქარა! ცხადია, რომ მისს სიტყვაში რაღაც სიყალბეს ჰგრძნობს შორს მჭვრეტელი. ძნელია მდგომარეობა ზეინაბისა და უფრო ძნელი მისი სასცენოდ გადმოღება!.. ჯერ არსად გვეგულება ქართველებში მისთანა ვინმე, რომ ზეინაბი უნაკლულოდ წარმოგვიდგინოს!... მაგრამ ნათქვამია: „საცა არ იყოსო, ცოტა კმარიყოსო“, და ჩვენ მიტომ ქ-ნ კარგარეთელის ქალსა ვსჯერდებით. ეს არტისტი ქალი სცენისათვის, სვიმონიძისა არ იყოს, სწორედ გაჭირვების ტალკვესია!.. დაუზარებელი და უსაყვედურო. შეჰფერის თუ არა როლი, მიუდგება მის ამპლუას თუ არა, სულ ერთია - მოახვევენ თავზე და ისიც ჰკისრულობს. ალბათ, ზეინაბის როლშიაც ამგვარად გამოიყვანეს და უნდა ვსთქვათ, სხვებზე ნაკლებ არ უთამაშნია და კიდევ უკეთესიც იქნებოდა, რომ როლი სცოდნოდა. აღელვების დროს წამდაუწუმ კავებზე ივლებდა ხელს.
ბევრს ეგონა, რომ ეს ქართული მიმიკა არისო; მწუხარების დროს კავებს იგლეჯს და მორცხვობის დროს კი იგრეხს; მაგრამ რა შუაშია?!.. მიზეზი თურმე სხვა იყო: სქელი კავები ყურებზე ედებოდა და სუფლიორის ყურის გდებას უშლიდა და ზეინაბიც იმ მოუსვენარს აქეთ-იქით მიდენ-მოდენიდა.
4) ქ-ნი გაბუნიას ქალი ისახარის როლში.
დარბაისელი, დიდის ოჯახის ბურჯი, ჭირში და ლხინში ბატონების თანამოზიარე, ძველებური გამდელი ვერ წარმოგვიდგინა გაბუნიას ქალმა. გულში ნაღვლად ჩაკვრივებული პირადი უბედურება, მოთმინებითა და დროს მოლოდინით ატანილი, არ სჩანდა მის სიტყვებში. ის უფრო სოფლის დედაკაცსა ჰგავდა კალოზე მოწუწუნეს, გზირებს რომ სწყევლის ხოლმე: „მამასახლის-სუდიების ბრძანებით ამიკლოო!“ ბევრად უკეთესი იყო ამ როლში ჩერქეზიშვილის ქალი. ცხადია, რომ ამ მაღალ ნიჭიერ არტისტ ქალს, გაბუნიას, აღარ რჩება დრო, რომ ხელოვნებაზე იფიქროს და დღიურ წვრილმანობას არ გადაჰყვეს.
5) ბ-ნი აბაშიძე ბესოს როლში
კარგი რამ იყო. ნამდვილი ზემოური იმერელი, საწერეთლოს მცხოვრები, ჭკვიანი, დროზე მთქმელი, დროს შესაფერად მოსიტყვაპასუხე; როცა უნდა წინდახედული და თავშეკავებული და, თუ საჭიროებამ მოითხოვა, თავაშვებული ხუმარაა. ქართველ მეფეებისა და დიდებულთა კარზე სწორედ ამ ტიპის ხუმარები იყვნენ ხოლმე.
6) რონელი გაიანეს როლში
გამოხტა სცენაზედ თამამად, როგორც სცენის შინაური. თამაშით კარგად თამაშობდა, მაგრამ სიტყვებს კი აფუჩეჩებდა, სურდომოკიდებულის სოფლის გოგოსავით რაღაცას წიწინებდა, თითქოს ინდოურის ჭუკებს „ჭუკ-ჭუკ-ჭუკს“ უძახისო. სად იყო დავითაშვილის ქალის შნო, ბუნებრივობა და მარტივობა?.. ბოლოსდაბოლოს კი შევიდა როლში, სიტყვებსაც უკეთ ამბობდა და მითი დაგვანახა, რომ მარტო ნიჭის იმედზედა სდგას, შრომა-წვრთნას გაურბის, თორემ უკეთესი გაიანე იქნებოდა.
7) მდივნის ქალი რუქაიას როლში.
ლამაზი, ცუგრუმელა, ბავშვივით მოჩიფჩიფე გოგონა, სრულიად არა ჰგავდა ვნებით სავსესა და ქვენა ზრახვებით გავერაგებულ ხარჭას, პირველ ცოლობის მოიმედე ხასას. მისი კოცნა-ალერსი უმადო იყო, თითქო ელოგია უნდა ჩამოართვას მოძღვარსაო. მის თამაშს, თუმცა-კი შეგნებულს, სიცოცხლე აკლდა და არა თუ მაყურებელს, თვით მის ირაკლისაც ვეღარა ჰხიბლავდა. აღარც სიტყვებსა ჰქონდა მისას ძალა და არც მოძრაობას სიცოცხლე, თითქოს გული უღონდება და მოსასულიერებლად ნიშადური ეჭირვებაო.
8) გედევანოვი ანანიას როლში.
ეს ჭკვიანი და კეთილსინდისიერი არტისტი არავითარს როლს არ წაახდენს. კარგად ესმის თავისი მოვალეობა და თუმცა, როგორც ქართველ-სომეხს, ესე იგი ქალაქში მცხოვრებს, წმინდა ქართული ეძნელება, მაგრამ თავი მაინც არასოდეს არ შეურცხვენია და ახლაც კარგი იყო, რომ ბოლოს დროს უკანასკნელ მოქმედებაში არ დასუსტებულიყო.
9) შალიკაშვილი საბა სალოსის როლში ჩვეულებრივად კარგი იყო, რომ ბოლოს არ წაეხდინა. ვერ მოუვიდა კარგი „ქრისტე აღსდგა“! ისე გამოსთქვა ეს სიტყვა, თითქოს სასოება-მიხდილი გლახა-მათხოვარი შესწუწუნებს ქრისტეს მმოსავ მდიდარს „ქრისტე აღსდგა“-ს და შენც მოწყალება უნდა მოიღოო, მაშინ, როდესაც გვრგვინვით უნდა ყოფილიყო ეს ჭეშმარიტება წამონატყორცნი. ისმინა ღმერთმა საბასი და მრავალ მისთანათა ლოცვა-ვედრება... გაუძლო ქვეყანამ იობის განსაცდელს... ახლა ხედავს საბა, რომ ზეცამ მოიბრუნა გული საქრისტიანო საქართველოზე... სჯულის გამტეხლები და მოღალატეები სინანულში ვარდებიან და მაშ, თუ ამ დროს არა, როდის-ღა აღაფრთოვანებს ჭირნახულს ქართველს და ძლევამოსილ უეჭველობით როდის-ღა დააძახებს „ქრისტე აღსდგაო?“ ეს უკანასკნელი ორი სიტყვა გვირგვინია მთელის პიესისა. სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ იწყება ფანატიკოსობით გაბერილ უსულო სიტყვებით: „დიდ არს ალლაჰიო!“ და უნდა გათავდეს განხორციელებულ ჭეშმარიტებით „ქრისტე აღსდგაო!“ ამ სიტყვებს სულ სხვა გრძნობა უნდა, სხვა ძალა გამოთქმის დროს, რაიცა ვერ შესძლო ბ-ნმა შალიკაშვილმა. დიაღ, უნდა გამოვტყდეთ, რომ დიად გრძნობას საზოგადოდ ვერ სწვდებიან ხოლმე ჩვენი არტისტები!..
10) ბ-ნი სვიმონიძე დათოს როლში და ჩარკვიანი ირაკლისაში.
ეს ორი არტისტი, როგორც გარეგნობით, ისე სიტყვა-გამოთქმითა და ერთმანეთთან შეთანხმებით, სწორედ თავთავის ადგილზე იყვნენ და უნაკლულოც. საზოგადოდ სატრფიალო როლები ძნელი სათამაშოა და ერთი უბრალო ხაზის გამრუდებით სიცილ-ხარხარს იწვევს. ჰოი, საკვირველებავ! სვიმონიძემ როლი იცოდა, იმერულად აღარ უკიდებდა და აღარც თვალებს ატანდა ძალას, რომ ჩვეულებრივად დაებრი-ალებინა. სუფლიორის ყურის გდება აღარ უშლიდ ხელს მისის გრძნობის სინამ-დვილეს. ესევე უნდა ვსთქვათ ჩარკვიანზედაც. ამ არტისტს ყველაზე უფრო უხერხული და უმადური როლი შეხვდა - ირაკლის როლი. თვით ავტორს ეს მემკვიდრე უფლისწული ისე გამოუსახავს, რომ არ იცი რა უწოდო! არც გმირია, გამბედავი, არც ლაჩარ-მშიშარა; არც სულელი, არც ჭკვიანი; ვითომ ყველაფერია და არაფერი კია და ამ გვარის ტიპის გადმო ცემა სცენიდან ძნელია, მაგრამ სძლია გასაჭირს ახალგაზრდა მსახიობმა, რადგანაც ყველაფერი ხელს უწყობდა: გარეგნობაც, ენის ცოდნაც, გამოთქმაც, კილოც, ნიჭიც და მონდომაც... დანარჩენ არტისტებზე აღარას ვიტყვი - ისინი შესაფერად და საკადრისად იალხან-ჩალხანებოდნენ სხვებს.
(ივერია, 1904 წ., №55)
![]() |
2.30 ქართული თეატრი |
▲ზევით დაბრუნება |
ამბობენ, რომ ხელოვნებას სამშობლო არა აქვს და მთელ ქვეყანას თანასწორად ეკუთვნისო. მე კი ასე არა მგონია. ყოველ დარგს ხელოვნებისას აქვს სამშობლო, მაგრამ განსაკუთრებითი... განკერძოებული სამფლობელო, მამული კი არა, ის ღვიძლი შვილია იმ კუთხისა და იმ ერის, სადაც პირველად თავი უჩენია და იმავე დროს შვილად შეტკბობილი გერია მთელის კაცობრიობისაც. და მიტომაც ხელოვნებას საზოგადოდ პირველი ადგილი უნდა ჰქონდეს დათმობილი, როგორც საერთაშორისო კავშირს. გაუკუღმართებულმა ცხოვრების მოთხოვნილებამ იმდენად გააწუწკა ადამიანი და აუშალა საპირადო საღერღელი, რომ თვითეული კაცად-კაცადი მხოლოდ თავის თავზე ჰფიქრობს. საკუთარ კერას იჩაღებს და სხვებისაზე კი წყალს ასხამს. ამ გზასვე ადგიან საერთოდ თვით სხვადასხვა ერები, რამაც გამოიწვია ერთა შორის უთანხმობა, შური, მტრობა, გაუტანლობა და ბრძოლა. დღეს ეს უსამართლობა იმდენად მოდებულია საქვეყნოდ, რომ სახარებაც ვეღარ ასწორებს. და ან კი როგორ უნდა გაასწოროს, რომ, სადაც გული წმინდა არ არის და სული წრფელი, იქ სიტყვა ქრისტესი ვერ ისადგურებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ყველას შეგნებული აქვს და საერთოდ სცდილობენ ადამიანის გრძნობა-გონების ასამაღლებლად სულისა და გულის გასპეტაკებას, რომ კაცთა შორის მშვიდობა და სათნოება დამყარდეს. დიაღ, სცდილობენ, მაგრამ გზა და ხიდი სხვადასხვა აქვთ არჩეული: უმეტესობა შიშითა და ძალმომრეობით... ცეცხლითა და მახვილით ჰფიქრობს ამ პროგრამის განხორციელებას და რჩეულნი კი, მომავალ აღთქმის მოციქულ-წინამორბედები, სულისა და გულის გასასპეტაკებელ იარაღად მხოლოდ სხვადასხვაგვარ ხელოვნებას აღიარებენ. სათეატრო ხელოვნებაც ერთი მათგანია. იგივე მხატრობაა, მხოლოდ უფრო მეტყველი და საგულისხმო. შემცდარია ის, ვისაც უბრალო, უნაყოფო გასართობ რამედ მიაჩნია!.. სცენა სწორედ რომ წმინდა ტრაპეზია, რომელიც გულწრფელ მსახურებას მოითხოვს.
ასე ვფიქრობდი მე, როდესაც ქართულ სცენაზე შემოვდგი ფეხი. სურვილი დიდი მქონდა მემსახურნა, იმედები კიდევ უფრო მეტი, მაგრამ, ზოგი ჩემის უძლურებით, და ზოგიც სხვადასხვაგვარი მოულოდნელ დაბრკოლებათა გამო, ჩემმა ოცნებამ ამაოდ ჩაიარა და დამარწმუნა, რომ არავითარ შრომასა და მეცადინეობას არ შეუძლია იმ უკუღმართობის გასწორება, რომელიც დღეს ქართულ სცენაზე არსებობს, თუ სამკურნალო ცვლილებანი არ იქმნა შემოღებული. რასაც ტყვილა არ ვტრაბახობთ, დრამატიულ ხელოვნებას ჯერ ფეხიც არ შეუდგამს ქართულ სცენაზე და ჩვენ რომ ვჯერდებით, ის მხოლოდ უბრალო ტიკინობია, ანუ ბავშური ბურჭალობაა უსულო დედოფალებთან. მართალია, ქართულ სათეატრო დასშიაც თითო-ოროლა მისთანაც ურევია, რომ არტისტობა ეთქმის, მაგრამ ეს არა კმარა... მესაკრავეთა გუნდში, რომ ორიოდე კარგი დამკვრელიც იყოს, თუკი დანარჩენები უვარგისები იქნებიან, რაღა კონცერტი შესდგება? ან და მომღერლებში, რომ ერთი და ორი კარგად იმღეროდეს და სხვები კი ხრიწიანის ხმით ალთა-ბალთას გაიძახოდენ, რაღა გასაგონა იქნება? ამ გვარი გუნდია სწორედ ჩვენი მსახიობთა დასიც. მათ დღევანდელ უვარგისობას, უნიჭობას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ რა გამოვა მარტო ნიჭით? უდაბნოში სურნელოვანი ყვავილი ვერ იხარებს, თუ მზის სხივები და ციური ნამი აკლია. ხელოვნებაც ისეა. თუ სულიერი საზრდო გამოელია და გრძნობა-გონების წრთვნამა და განვითარებამ არ ააბიბინა, უნაყოფოდ დასჭკნება. ჩვენ არტისტებსაც, ნიჭს გარდა, ყოლიფერი აკლიათ.
არ გამოუვლიათ სათეატრო შკოლა, არ იციან ის დედა-ენა, რომელზედაც ადგენენ, ხელოვნებისა არა გაეგებათ-რა და არც სურვილი აქვსთ, რომ შეისწავლონ. ამისთანა ხალხის წინ წაძღოლა და სწორ გზაზე დაყენება ძნელია. მაგრამ მაინც რადგანაც უსაშველო არა არის-რა ამ გვარ შემთხვევაში, მეც თავი არ მოვარიდე, ამოვუდექ გვერდში ქართულ დასს და ვფიქრობდი, ნელ-ნელა, დღეს ხვალობით ცოტა რამ გამესწორებინა!.. სწორეთ გულით ვიყავ მონდომილი, მაგრამ სხვადასხვა მოულოდნელი დამაბრკოლებელი მიზეზები გადამეღობა წინ.
ნაპოლეონმა ჰკითხა ერთხელ ერთს მისს სარდალთაგანს: ომში რატომ არ მიიღე მონაწილეობაო? და სარდალმაც უპასუხა: სამას სამოცდა ხუთი მიზეზი მქონდა.. პირველი ის, რომ ტყვია-წამალი შემომაკლდაო... აქ ნაპოლეონმა გააწყვეტინა სიტყვა სარდალს: ეგ ერთიცა კმარა! სხვების ჩამოთვლა რაღა საჭიროაო?.. ამისა არ იყოს, ის დაბრკოლებანი, თეატრში რომ დამიხვდენ, მისთანები იყვნენ, რომ თვითეული მათგანიც საკმარისია საბუთად! მაგრამ მე კიდევ მაინც მოვიხსენებ ზოგიერთს:
პირველი. დავიწყოთ თეატრის შენობიდან!.. შენობა თავშესაფარ სათბურის ნაცვლად საყინულე გამოდგა. სცენაზე არტისტები ცახცახობენ სიცივით და პარტერში პუბლი-კა. ერთხელ ნაწვნევი, მეორეთ ვეღარ მოისურვებდა მოსვლას და თუ კიდევ გაბედავ-და და მეორედ მოვიდოდა, ალბათ ნამეტანი პატრიოტულ მხურვალების ბრალი იქნებოდა. თეატრის ზალას ათბობდენ, შეშას საჟენობითა სწვავდენ, მაგრამ მაინც არა გამოდიოდა-რა, რადგანაც მიზეზი გარედან იყო: სარკმელებიდან და კედლების ჯუჯუტანებიდან უბერავდა. საგულდაგულო რემონტი იყო საჭირო და ფულები კი არსად იყო. ხალხი ერთი ორად მეტი ივლიდა, რომ სიცივეს არ დაეფრთხო, და ამ მხრივ დიდი ზარალი ნახა სეზონმა.
მეორე. რას ადგენენ ამ საყინულეში? - ვითომ და პიესებს! სათეატრო ბიბლიოთეკაში ორასზე მეტია წარმოსადგენად ნებადართული პიესები, მაგრამ ყველა ერთად კი ერთ ხეირიან პიესად არა ღირს, მათის უვარგისობით. ორიგინალური პიესები ჩიქორთულის ენით არიან დაწერილი და ნათარგმნები და გადმოკეთებულები კი ბარბაროსულად გადმოტყავებული. ამას გარდა აზრიც დამახინჯებულია, ერთ ნათამაშევ პიესას ვერ ნახავთ ბიბლიოთეკაში, რომ ნაწამები არ იყოს, როგორც რეჟისორის, ისე არტისტების წყალობითაც. რაც არ მოსწონებიათ, გამოუკლიათ, გამოურიცხავთ და, სამაგიეროდ, თვისი რაღაცაები ჩაუკერებიათ. მაგალითად აიღეთ შექსპირის კომედია „კაპასის მოთვინიერება“, სადაც შექსპირის ისე წარმოდგენა, როგორც დღემდის ყოფილა, სწორი რომ ავტორების აგდებაა. ამათ ენის გასწორება და აზრის აღდგენა უფრო ძნელია, ვიდრე ხელ-ახლა გადათარგმნა. აი ერთ-ერთი ამ გვარ პიესათაგანი უნდა აირჩიო წარმოსადგენად, ენა გააშალაშინო, აზრი აღადგინო, რაც ბევრს შრომასა და დროს მოითხოვს და სეზონში კი, როცა წარმოდგენები დაწყებულია, აღარ ესწრობა... მოუხერხებელია. ვთქვათ, რომ გაიჭირვე საქმე, გაიტეხე ძილი, ჩაუჯექი გათენებამდი, გადაასწორე პიესა და გადაეცი როლების გადასაწერად. გაუნაწილე არტისტებს მათ მათი შესაფერი როლები და დანიშნე რეპეტიციები. მაინც არა გამოვა-რა... ერთხელვე დამყარებულ რეპეტიციების წესრიგსა ვერ მოშლი!.. ყოვლად შეუძლებელია, რომ მოთამაშეები დროზე მოვიდენ. ზოგი რამდენიმე წამს იგვიანებს... ზოგი ნახევარ საათსა და ზოგიც კიდევ უფრო მეტს. უნდა უცადო შუადღემდი და მაშინაც კიდევ ოთხი ხუთი მათგანი სულ არ მოდის დილის რეპეტიციაზე, რადგანაც სამსახურში არიან და თავს ვერ დაანებებენ. უნდა საღამოსთვის გადადო რეპეტიცია, მაგრამ აქაც კიდევ უარესი ამბავია: ერთი იწერება: „ქმარი არ მიშვებს, ღამეაო“, მეორე: შინ არავინ მყავს და ბავშვებს მარტო ვერ დავყრიო“, მესამე: „ავადა ვარო, არ შემიძლიან მოსვლაო“, მეოთხე: „სახალხო თეატრში ვიყავიო“ (ტყუილათ) და სხვანი. ასე რომ, გინდ დილით დაგინიშნავს რეპეტიცია და გინდ საღამოთი, სულ ერთია! ყველას მაინც ვერ მოუყრი თავს. მეტი გზა აღარ არის, უნდა შეუდგე ამ ცალყბა რეპეტიციას მაინც და მათ სამაგიეროდ ვინც არ მოვიდა, დროებით სხვანი ჩააყენო და ან სუფლიორი ალაპარაკო, რომ დანარჩენებს ცოტაც არის უხელმძღვანელოს!..
მესამე. დასი უმნიშვნელოდ არის შემდგარი. ბევრმა მათგანმა ქართული არ იცის, აზრი პიესისა არ ესმის და ხშირად, რომ გააგებიო, უნდა რუსულად აუხსნა, თუმცა, მაინცა და მაინც, არც რუსული ემარჯვება და მხოლოდ „ადექ-დაჯექ და მიდი-მოდის“ ენა იცის! ბევრს მათგანს ხელნაწერის წაკითხვა არ ეხერხება. სხვის ნაწერს ვერ არჩევს და თავის ანჩინურით უნდა გადაიწეროს როლი. - და აი რას გამოუწ-ვევია ეს ახირებულობა, რომ შინ როლს არავინა სწავლობს, და არა თუ რეპეტიციების დროს, წარმოდგენის დღესაც არტისტი სუფლიორის თვალებში შემჩერეა, რომ მისი კარნახი თუთიყუშივით გაიმეოროს. რაღა თქმა უნდა, რომ ამისთანა არტისტს არა-თუ პიესის დედა აზრი არ ექნება შეგნებული, თვით თავისი როლიც არ ექნება გათვალისწინებული. იძულებული ხარ, რომ ყველა მათგანს სათითაოდ აუხსნა პიესის დედა აზრი... გააგებიო როლის ხასიათიც, მაგრამ აქაც კიდევ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ნერვებ მომართულ ხალხთან უსიამოვნება არა მოგივიდეს-რა!.. ძველი არტისტები (რასაკვირველია არა ყველა) დიდი აზრის არიან თავის თავზე და სწყინთ ყოველ გვარი შენიშვნა. ჩვენ ცნობილი და პუბლიკის მოწონებული არტისტები ვართ და თვითონ ვიცით, როგორც უნდა ვითამაშოთ და რაც გვეჭირვებაო. ეუბნები: კი ბატონო, ეგ ყოლიფერი მართალია! თქვენ თქვენს ღირსებას არავინ გართმევსთ, ვსთქვათ, ზოგი სალვინები ხართ, ზოგი კოკლენები, მაგრამ ხომ არც ის გენიოსი არტისტები გამოდიან მოუმზადებლად, ურეპეტიციოდ. რეპეტიციის დროს თუ არ ითამაშებთ და მაგალითს არ უჩვენებთ ახალგაზრდა არტისტებს, არ შეეთამაშებით იმათ და ისინიც თვალყურს არ გადევნებენ, ხომ უშკოლოდ დარჩებიან? და სხვანი. ეუბნები, მაგრამ არტისტები სხვა კანონისა და სხვა გუნების კაცები არიან საზოგადოდ.
ერთი ამბობს: „გუნებაზე არა ვარ, რადგანც ჯიბეში გროშ-კაპეიკი არ მიჭყავა და ჯამაგირს არ მაძლევენო!“ მეორე იძახის: „ხმა არ წამიხდეს, მეშინია, და მიტომ რეპეტიციის დროს ჩუმათ, გულში ვიმეორებ ჩემ როლსო!“ და სხვანი. ახლა ენის შესახებ უნდა ბრძანოთ! რაც უნდა გაუსწოროთ, ისინი მაინც თავისას გაიძახიან. „ასთე“, „მაქა-ნეი“, „გოუშვი“, „შავიტყე“ შევიტყვეს მაგივრად, „დავიწყობ“ დავიწყებ მაგიერ და ათასი რამ ამისთანები. ზოგი უცხო კილოზე ლაპარაკობს, ზოგს მრავალ მარცლოვანი ლექსის გამოთქმა არ შეუძლია და „განხორციელების“ მაგიერ განხორცებასა, გახორციელებასა და განხოცვას იძახის. ზოგმა არ იცის უფლისწული რასა ნიშნავს და უფლის წელებს იძახის. რასაკვირველია ამაების ყოლისფრის გასწორება შეიძლებოდა, რომ არტისტები არ უკადრისობდენ შენიშვნას და სურვილი ქონდეთ, მართლა გულწრფელად აასრულონ თავისი მოვალეობა და არა ჩვენებურად, ქართველურად ყოველ საქმეში რომ ბოდიშის მოსახდელად გაიძახიან ხოლმე, არა უშავს-რა, სხვები უარესსაც ჩადიანო! და სხვ. მიდიხარ კომიტეტის წევრებთან, ან მათ თავმჯდომა-რესთან და შესჩივი შენს მდგომარეობას. „ეგ როგორ შეიძლებაო? - გიპასუხებენ. სასტიკად უნდა მოექცეთ! უნდა დასაჯოთო, ჯარიმა (შტრაფი) გადაახდევინო, უნდა შეაშინოთო“... კეთილი და პატიოსანი! მაგრამ როცა სიამტკბილობით და რჩევა-ვედრებით არ გამოდის-რა, რადგანაც თავისი მოვალეობა არა აქვთ შეგნებული, ძალით რაღას გააწყობს კაცი? ან რა ნაირად უნდა დასაჯოს? მუშტიკრივს ხომ ვერ გამართავს და ყვირილით, რამდენიც უნდა იყვიროს, ვინ მიაქცევს ყურადღებას? ისინი უფრო ტრაგიკულად და კომიკურად არ დაიღრიალებენ!.. ჯარიმა მხოლოდ უბრალო სიტყვაა... საქმეს ვერ შველის. ერთი ახალგაზრდა არტისტი არ მიდის რეპეტიციაზე და შტრაფს იხდის დიდის სიამოვნებით. თურმე რათა? იმიტომ, რომ საღამოს საქეიფოდ ყოფილა, ძმა-ბიჭებს არ გამოუშვიათ. გამოუღიათ საჯარიმო ერთი თუმანი, საიდანაც არტისტს ხუთი მანეთი მოგებაც დარჩა, რადგანაც ჯარიმა ხუთი მანეთი მიაწერეს. - რაც უნდა იუკუღმართოს არტისტმა, მისი არათუ დასიდან გამორიცხვა, დროებითად დათხოვნაც შეუძლებელია. პუბლიკა ჩაერევა საქმეში და შეურაცხყოფას მიაყენებს გამგეობას და უფროსებს: ეგ არტისტი ჩვენი საყვარელია და როგორ გაუბედეთ რამეო! ამ გვარად ქართველი არტისტები სულ სხვა პირობებში არიან ჩაყენებული, ვიდრე სხვაგან ყველგან და სარგებლობენ.
არტისტების დამნაშაობაში, ცოტა არ იყოს, კომიტეტის წევრებსაც მიუძღვის წილი. კომიტეტის წევრები ვერ თანხმდებიან, რადგანაც ერთი მიმართულების და აზრის არ არიან. ზოგი მათგანი იმ ახალ-წრეთაგანია, ყოველივე მშობლიურს რომ უარსა ჰყოფს, რადგანაც მათის შეხედულებით არც ისტორია, არც დღევანდელი ცხოვრების დაკვირვება და არც მამულის გათვალისწინება საჭირო არ არის ჩვენთვის და საკმაოა მხოლოდ, რომ მზამზარეულად რაც სხვა ქვეყნებში, სხვა ხალხებისათვის დღიური ვარამია და სასარგებლო, ის გადმოვიტანოთ ჩვენ... მაგალითად ფაბრიკები და პროლეტარები. გვირჩევენ, რომ პირველ საფეხურიდან პირდაპირ ვისკუპოთ და საჭირო გზის გაუვლელად მაღლა ავხტეთ... ზეითურებს გვერდში ამოვუდგეთ... მათი აზრით, არც ქვეყნის მოთხოვნილება, არც ეროვნული ელფერი და არც დედა-ენა საჭირო არ არის! ზოგი კი სულ წინააღმდეგი აზრისაა. - ამ ორთა შუა გამწვავებული უკიდურესობაა და ეს აფერხებს საქმეს. წლევანდელი კომიტეტიც შესცდა, რომ მეტად დიდი და უხერხული დასი შეადგინა. თბილისის გარდა სხვა ქალაქებსაც წაეპოტინა და აქაო და ბევრ წარმოდგენას გავმართავთო, ისე დაანაწილეს და აქეთ-იქით დაქსაქსეს არტისტები, ასე რომ „დაბლაც დგებოდნენ და მაღლაც ვეღარ სწვდებო-დენ“. ჯერ თბილისშივე კვირაში სამი წარმოდგენა იყო ხოლმე: სამშაბათობით საბენეფისო, ხუთშაბათობით სააბონემენტო და კვირაობით სახალხო. რეპეტიციებისათვის ერთი დღე რჩებოდა და ისიც ჩაიფარცხა, რადგანაც უკეთესს არტისტებს ყოველ კვირაში ხან აქ და ხან იქ, სხვაგან ამოაყოფინებდნენ თავს! ორი-სამი დღე კვირაში გზაში ეკარგებოდათ და დაღალულ-დაქანცულები რომ ჩამობრუნდებოდენ ხოლმე, აქ წარმოდგენის დღეს რაღას გამოდგებოდენ? ერთი სიტყვით, არა თუ ახალი პიესების მომზადება, ძველი ათასჯერ ნათამაშევი მელოდრამების წარმოდგენაც ძნელი იყო ხოლმე. ამ შეცდომამ კომიტეტისამ არტისტების ჯიუტობასა და ზაფრი-ანობას ხელი შეუწყო და ისინიც: „მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლიაო“, გაიძახოდენ. „მე არ შემიძლია დღეს რომ ვითამაშო! რაც გენებოსთ ის ჩაიდინეთ“! ამბობს ერთი წარმოდგენის წინეთ და როლსაც უკუ აგდებს.
- რათა, რამ მოგიარა? ეკითხები დაღონებული.
- მე რაც მინდოდა, ის პარიკი არ მოუტანია პარიკმახერს! სხვა არის, რაღაც ყვავის ბუდის მსგავსი და იმას როგორ გავიკეთებ? სამასხაროდ ხომ ვერ გავალ სცენაზე?!
- ახლა რაღა დროსია? ფარდა უნდა ავსწიოთ.
- ეგ ჩემი საქმე არ არის... გაჯავრებული გარბის.
მეორე ამბობს: „ამა და ამ არტისტმა მცემა, უმიზეზოდ გამლახა და მეც თავს ვანებებ სცენას. აი თქვენი როლიც“.
მესამე ანჩხლობს: „ესა და ეს არტისტი ქალი მეჩხუბება, ჩემი როლი რათ აგიღიაო! აღარ მასვენებს და მეც აღარ მინდა ვითამაშო. აი თქვენი როლი“.
მეოთხე მედიდურათ ბრძანებს: „კაბა არა მაქვს და ტიტველი ხომ ვერ გავალ სცენაზე?!
- როგორ თუ არა გაქვს? აკი გულდაგულ შევაკერინეთ ამ როლისათვის კაბა?
- კი, მარამ ის ამა და ამ არტისტ ქალს ეცვა და მე მის ნაცვამს აღარ ჩავიცვამ, რადგან დღეს დილით ჩხუბი მოგვივიდა ერთმანეთთან, აი თქვენი როლი!“ გარბის.
მეხუთე წუწუნებს: „მე გთხოვთ, ჩემ მაგიერ სხვა ათამაშოთ! მე ამა და ამ არტისტთან არ შემიძლია თამაში: ის ახმახია და მე კი პატარა ტანისა. კოცნის დროს იმან უნდა დაიხაროს და მე ფეხის თითებზე შევდგე. პუბლიკას გაეცინება: მე არ მინდა, არ ვითამაშებო“.
- ქალო! რა ვქნათ ახლა? შენ ხომ ხატის სანთელი არა ხარ, რომ დაგასორსოლაკოთ და სიგრძე მოგიმატოთ? და ან იმას ხომ მუხლებს ვერ გადავჭრით?
- როგორც გენებოთ, აი თქვენი როლი? დამაწერე შტრაფიო“.
ამ გვარი რამეები ათასობით ჰხდება კულისებში! ჭირვეულების სამაგიეროდ, რომ წარმოდგენა არ გადაიდვას და პუბლიკა არ აღელდეს, უნდა სხვები გამოიყვანო მოუმზადებლად და სუფლიორის შემწეობით ათამაშო. პუბლიკა უკმაყოფილებას აცხადებს, რადგანაც ვერაფერს სიამოვნებას გრძნობს, უხერხულ წარმოდგენის გამო! და რეცენზენტებიც სულ სხვა ნაირად გაიძახიან ჟურნალ-გაზეთებში, ისინი რას დასდევენ, თუ რა ამბები ხდება კულისებში, და ბრალს უბრალოებს ადებენ. აქ მე წვრილმან მიზეზებს ვიხსენიებ და უფრო მსხვილების გამომჟღავნება აღარ მინდა, რადგანაც ესენიც, ვგონებ, ახასიათებენ ქართულ სცენას. ვიტყვი მხოლოდ, რომ თუ კიდევ ისევ ისე დარჩა მერმისისათვისაც ქართული სცენა, როგორც აქამდინ ყოფილა და ან დღეს არის, არ ივარგებს, ვნების მეტი არა გამოვა რა! ნუ თუ მარტო კუდაბზი-კობით, მხოლოდ მიტომ, რომ ვიძახდეთ „ჩვენც ნახირ-ნახირო“, უნდა ხელოვნება ვუწოდოთ ან ვემსახუროთ იმისთანა რამე ბურჭალობას, რომელიც ენას ამახინჯებს, აზრს აფუჭებს და უზნეობას ემსახურება? მაშინ როდესაც ქართული სცენა ყველგან უეჭველად ხელოვნებას უნდა ემსახურებოდეს და ეროვნულ ინტერესების დამცველი იყოს. სცდებიან ისინი, ვინც ამბობენ: რა გასახსენებელია ჩვენი წარსული? რა გამოსაძიებელია აწმყო? და რა საფიქრებელია მომავალი მაშინ, როდესაც ცხოვრების გზა და კვალი სხვაგან გაკვლეულია და ჩვენც იმ გზით უნდა ვიაროთო! ენას რა მნიშვნელობა აქვსო? ეროვნული ელფერი ოცნებააო და სხვანი. დიაღ, სცდებიან, მაგრამ ერთიათად მათზე უფრო შემცდარნი არიან მათნი ამყოლნიცა! ქართულ სცენას ეჭირვება გადა-კეთება, რომ დღევანდელი წესწყობილება შეიცვალოს და სცენაც მართლა რამეს დაემსგავსოს.
არჩევნები ჩვენში საზოგადოდ ძალიან მოგვაგონებს რუსეთულ მორიგის მწყემსობას: დღეს ერთი გამოდის და ხვალ მეორე ნახირის გასარეკად. ჩვენში ყოველგვარ დაწესებულებაში საკმარისია ერთმა ვინმემ წამოიძახოს, ავირჩიოთ მმართველობის წევრად ესა და ეს კაციო... და თუ ორმა-სამმა უვიც-მოცლილმაც ბანი მისცა, მორჩა, გათავდა!.. გულგრილად დანარჩენებისათვის, სულ ერთია ვინც უნდა იყო!.. არავინ არ კითხულობს, თუ რა ღირსებისაა საწევროდ დასახელებული პირი? და მიუძღვის წარსულში თავსაჩენი? და ან რა იმედს იძლევა მომავლისათვის?
ცოდნა, არცოდნა, გაგება, არგაგება საქმის, სულ ერთია. მხოლოდ პირად სიმპატიითა და ანტიპატიით ხელმძღვანელობს კრება არჩევნების დროს. - დასახელებული პირებიც მხოლოდ სახელისათვის თანხმდებიან და შესკუპდებიან ხოლმე საარჩევნო ქანდარაზე. ამ გვარად ყოველგვარ ჩვენ საარჩევნო საქმეში და დაწესებულებებში სათავეშივე იმღვრევა წყალი.
დრამატიული საზოგადოებაც ამ სენით არის შეპყრობილი. იმას რომ წესდების ძალით უფლებანი აქვს, მისი ასის თავიც რომ მოვიყვანოთ სისრულეში და ცოტათი მაინც ვისარგებლოთ, დიდი საქმე გაკეთდებოდა, მაგრამ ვინ არის და სად არის პატრონი! მართლა გული რომ შეგვტკიოდეს, სულ სხვანაირად მოვიქცევოდით: მოვიფიქრებდით და ისე შევუდგებოდით არჩევნებს. წევრებად და მეთაურებად ავირჩევდით მხოლოდ იმისთანებს, რომელთაც შეუძლიანთ სიყვარულით თავის დადება ნაკისრებ საქმისათვის და შრომას არ გაექცევიან. ამას გარდაც, უნდა იმისთანა პირებისაგან შეადგინონ ხოლმე საზოგადოების მმართველობა, რომელთაც ესმით ხელოვნება და კარგად იციან დედა-ენა. - საჭიროა, რომ მმართველობაში ზოგი ენის მცოდნე იყოს, ზოგი ხელოვნებისა და ზოგიც გავლენიანი, რომ გარედან ხელი შეუწყონ საქმეს და ყველა ერთად, შეერთებულის მეცადინეობით, ამართლებ-დნენ საზოგადოების იმედს და თავის საკუთარ დანიშნულებას.
აქ არ შემიძლია, რომ ჩემი დიდი ხნიდან გულში ნადები აზრი არ გაუზიარო მკითხველს... როგორც დავკვირვებივარ ჩვენს ცხოვრებას, ამ ნახევარ საუკუნის განმავლობაში, ის დასკვნა გამომყავს, რომ ის საქმე, სადაც ქალები არ ურევიან, ვერ ხარობს. ისინი უფრო სიფრთხილითა და სიყვარულით ეკიდებიან მათგან არჩეულს, თუ სხვაგან დავალებულ საზოგადო საქმეებს, ვიდრე კაცები. - ამისი საბუთები ბევრი გვიჭირავს ხელში და, თუ ვინმე არ დამეთანხმება და მოითხოვს სათვალდათვალო საბუთს, ჩვენ მზად ვიქნებით დავუმტკიცოთ, რომ არა ვცდებით. და ახლა კი ვიტყვით მხოლოდ, რომ დრამატიულმა საზოგადოებამაც უნდა უეჭველად რამდენიმე ქალიც აირჩიოს გამგეობაში.
რთულია და დიდად სასარგებლოც ჩვენთვის გამგეობის მოვალეობა. ოცდამეხუთე წელიწადია, რაც საზოგადოება შესდგა და ამასთან ხელსაყრელი, სასარგებლო წესდებაც ხელში უჭირავს და, აბა, რა გააკეთა თვალსაჩინო? პირველი მიზანი მისი შკოლა უნდა ყოფილიყო, დრამატიული კურსები, სადაც ხელოვნების გარდაც, ბევრს რამეს შეისწავლიდნენ ჩვენი შვილები და დედა-ენას ხომ წინ აღარა დაუდგებოდა-რა?
მეტყვიან: საშუალება სად არისო? და ტყუილი თავის მართლებაა... ქართველებს უქველმოქმედებას ვერავინ უკიჟინებს. არავის საზოგადოდ, როცა და სადაც კი საჭი-როებას მოუთხოვია, თავისი წვლილი არ დაუშურებია! და ამისთანა საქმე, როგორც ეს შკოლა იქნება, თანაგრძნობას არ გამოულევს. ამისი თავმდებია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. საქმეს მხოლოდ მიყოლა უნდა... მაგრამ ამაზე ჯერ არ უფიქრია საზოგადოებას და არცა ჰფიქრობს. მეთაურებს ჰგონიათ, რომ მარტო დასს უნდა ვუგდოთ ყურიო და ყურსაგდები კი არა არის რა!..
თუ არ დაუშლიათ და მაინცა და მაინც უნდათ, რომ დრამატიული დასი იყოლიონ, უნდა სულ სხვა ნაირად იქცეოდენ... უნდა გადაათვალიერონ და მოამზადონ რეპერტუარი და, რაც არჩევით შეადგინონ, ხელშიაც მაგრად დაიჭირონ. დასი ვინც უნდა იყოლიოს, კომიტეტი იქნება თუ კერძო ვინმე, უთუოდ ორი-სამი თვის ხარჯი წინდაწინვე უნდა ჰქონდეს მომზადებული, რომ დანიშნულ დღეს დააკმაყოფილოს არტისტები და სალაპარაკოდ არ გახადოს საქმე. თორემ თუ წარმოდგენის იმედით არის და შემოსავალს უცდის, მორჩა-გათავდა!.. ეს ხომ გაჭირვებული მდგომარეობა იქნება! და ამით არტისტები ისარგებლებენ... განგებ კრიჭაში ჩაუდგებიან ანტრეპრენიორს, აქაო და გადადება აღარ მოხერხდება წარმოდგენისაო და წარმოდგენა კი მთელის მისის შემოსავლით ჩვენ ხელთ არისო. და მართლაც უფულო ანტრეპრენიორი იძულებული გახდება ყოლიფერი აიტანოს, ყოლიფერი დაუთმოს ჭირვეულს არტისტებს, ოღონდ კი შემოსავალი, რომლის გარეშე სხვა ღონე არა არის-რა, არ დაეკარგოს. არტისტებიც მარჯვეთ სარგებლობენ ხოლმე დახლართულ გარემოებით და დღეს ხვალიობით ხელში იჭერენ საქმეს და, როგორც უნდათ, ისე ატრიალებენ, მაგრამ როცა მეთაური ფულის მხრით უზრუნველია და გული საგულესას აქვს, არა თუ არას დაუთმობს ჭირვეულს, პირიქით, იძულებულსა ჰყოფს, რომ დაემორჩილოს და მით მოვალეობა პირნათლად მოსთხოვოს, შეასრულებინოს. მარტო შემოსავალზე რომ აღარ იქნება მიჩემებული, რომ კიდეც გადასდვას ხოლმე წარმოდგენა, არა გაუჭირდება-რა! ზოგს დააჯარიმებს, ზოგს დროებით გამორიცხავს, ზოგს სულაც დაითხოვს დასიდან, ვინც კი უსამართლოდ ჭირვეულობს და საქმეს აფერხებს. და ისინიც რომ დაინახავენ, უჩვენოთაც მიჰყავთ საქმეო და ჩვენ კი კუჭი აგვეწვისო, უფრო ბეჯითად მოეკიდებიან საერთოს, მათთვისაც სასარგებლო საქმეს. დამთმობი რომ აღარავინ ეყოლებათ, ჭირვეული და დღეს, ცოტა არ იყოს, ზოგიერთი თავგასული არტისტები, იკადრებენ მოვალეობის პირნათლად შესრულებას. და აი მათი მოვალეობაც:
1) არტისტები დანიშნულ დროზე უნდა მოდიოდნენ, რეპეტიციის დროს ერთად უნდა იარონ თავმოყრილი და ყურს უგდებდენ რეპეტიციას, რადგანაც სხვებს როცა წრთვნიან და ასწავლიან, ის დანარჩენ ყველასათვის საჭიროა, მიუხედავად იმისა, აქვს ამ პიესაში როლი თუ არა? დღეს კი, რეპეტიციების დროს, როდესაც ზოგიერთები ერთმანეთს რეპლიკებს აძლევენ, სხვები კულისებში დასეირნობენ და აქეთ-იქით კუთხეებში საუბრობენ სულ სხვა გარეშე რამეებზე.
2) როლი უთუოდ ზეპირად უნდა იცოდენ, რომ სუფლიორი აღარ სჭირდებოდესთ.
3) დედა-აზრი პიესისა შეგნებული უნდა ჰქონდეთ და თვისი როლები გარკვეული. ერთი სიტყვით, თვისს მოვალეობას კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდენ! და ეს მხოლოდ მაშინ მოხერხდება, როცა თეატრი არტისტისათვის სამკვიდრო რამე იქნება და არა სასხვათაშორისო საქმე.
ჯამაგირი წლიურად უნდა ეძლეოდეს არტისტს არა მარტო სეზონში, თორემ ხუთ თვეს საყველპუროდ მაძღარი და დანარჩენ შვიდ თვეს მშიერმწყურვალი კაცი არა თუ არტისტად, ნაცარ-ქექიათაც აღარ გამოდგება. და ამ ჭირის თავიდან ასაცილებლად ადვილად მოსახერხებელია, თუ მონდომა იქნება: არტისტმა სეზონში თვიურად ნაკლები ჯამაგირი აიღოს და სამაგიეროთ წლიურად კი არ მოესპოს! მაგალითად, ის რომელიც სეზონში თვეში თხუთმეტ თუმანს აიღებს, ათი მიიღოს, მაგრამ წლის განმავლობაში კი ყოველთვის. მოგებაში იქნება და არტისტობასაც გულს დაუდებს, როგორც არ სხვათაშორისო საქმეს.
ამასთანავე აუცილებლად საჭიროა საემერიტურო კასის დაარსება, რომ დამსახურებულ არტისტებს, ანუ დაუძლურებულებს, როცა შრომა აღარ შეეძლებათ, პენსია დაენიშნოთ ხოლმე.
ესეც დიდი მოსახერხებელია. გამგეობამ ამაზე უნდა იფიქროს. მაშინ თავის გასამართლებელი რამ აღარა ექნებათ-რა არტისტებს, გულდაგულ შეუდგებიან ერთხელვე ნაკისრებ საქმეს და იმედია, ქართული სცენაც იხეირებს, რისაც თავმდებია ჩვენის ხალხის ნიჭი. მანამდე კი ყოლიფერი ტყუილია. თუ ისე დარჩა, როგორც ეს დღემდი ყოფილა, ჩვენი სცენა, ვნების მეტი არა გამოვა-რა!.. ხელოვნება შეურაცხყოფილი იქნება, ენა გარყვნილი და ადამიანური მოვალეობაც გაკიცხული!..
საზოგადოდ ქართველები არც ხარჯვას ერიდებიან და არც ქველმოქმედებას!.. მაგრამ ეს ყოლიფერი რაღაც ბატონ-კაცურია: მიცემით მისცემს, მაგრამ მერე აღარას დასდევს!.. აღარ ჰფიქრობს მათზე და არ კითხულობს, თუ სად და როგორ იხარჯება მისი მსხვერპლი. რაღაც უბრალო წამხედურობა და სხვისი ფეხის აყოლა გამოდის ამ გულგრილობაში და არა შეგნებულ-მოაზრებული მოქმედება.
ასეა სწორედ დღევანდელი ჩვენი თეატრის საქმეც. დახმარება დიდია და, მადლის მაგიერ, ცოდვის მეტი არა გამოდის-რა!.. მაგალითად, რად გინდა ის საქარე ან საყინულე, რომელსაც ჩვენ თეატრს ვეძახით და არწრუნისეულ ქარვასლაშია მოთავსებული? ის თუ არ იქნება, წარმოდგენები მაინც კიდევ უიმსახლოთაც გაიმართება სხვაგან. ის კი ვითომ და თეატრი რომ მოიშალოს, და მის ნაცვლად შემოსავლიანი შენობა გაკეთდეს ქარვასლაში და იმ შემოსავლითაც, რომელიც დღეს მაინც დაკარგულია ჩვენთვის, სათეატრო სკოლას დავეხმაროთ, ერთი ასად უფრო სასარგებლო არ იქნება? დრამატიულ კლასების დაარსების უფლება წესდების ძალით აქვს დრამატიულ საზოგადოებას და არ სარგებლობს ამ დიდი უფლებით!! ის ფული, რომელიც დღეს უნაყოფოდ იხარჯება, რომ საფუძვლად დავუდვათ სკოლას და მერე ცოტა რომ გარეშე წყაროებიც გამოვნახოთ, ურიგო იქნება? იმ სკოლაში თავისუფლად ასწავლიან დედა-ენას, სხვადასხვა ხელოვნებას, მუზიკას, სამშობლო ისტორიას, ლიტერატურას და თანაც საზოგადო განათლებასაც მიიღებენ. ხელის შემშლელი არავინ ეყოლებათ, ისე როგორც რუსეთში არის დრამატიული სკოლები. აქ გამოზდილები, რომელნიც არტისტებათ არ წავლენ, ოჯახს დაუბრუნდებიან და სასარგებლონი იქნებიან, როგორც ცხოვრებისათვის რიგზე მომზადებულები! და ნუ თუ ეს არ უნდა განვახორ-ციელოთ? მეტყვიან, ამას დიდი ხარჯი უნდა და ვინ შესძლებსო? მაგრამ ტყუილია ეს თქმა.
სკოლის დასაარსებლად ჯერჯერობით ცოტაც კმარა და მერე ნელ-ნელა გაიზდება საშუალებაცა და სკოლაც. ამის თავმდები „წერა-კითხვის საზოგადოებაა“. ხალხი რომ ნაყოფს დაინახავს, თვითონაც შეეწევა. ეს რომ იმ თავითვე გვეფიქრა ამ ოცდაათი წლის განმავლობაში და უბრალო ჩხირკედელობას არ წავეტყუებინეთ, დღეს ჩვენი ნამსახური არტისტები უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდენ. ჩემი აზრი სწორედ ეს არის, რომ თეატრის შენობა მაინც მოსაშლელია და მოიშალოს. აქ მაღაზიები აშენდეს და შემოსავალი სკოლას მოხმარდეს. და რაც სარგებელი გვექნება, იმას დრო დაგვანახვებს. ამხანად ჯერჯერობით მეტს აღარას ვიტყვით...
(ივერია, 1904 წ., №№111, 117)
![]() |
2.31 გახსენება თეატრის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ვარანცოვი რომ მთავარმართებლობიდან გადადგა, მისი გეგმა, თუ როგორ უნდა ხალხის მართვა და ქართველების სიყვარულიც თან წაიღო. მის მოადგილედ მურავიოვი დაინიშნა, სულ სხვა გვარ მიმართულებისა და განზრახვის კაცი!.. ყოველი საზოგადო დაწესებულება ვარანცოვისა, რაც კი სასარგებლო და მოსახდენი იყო ქართველობისათვის, მოშალა და მაშინ, რასაკვირველია, ქართულ თეატრსაც მისწვდა: ჩამოართვა ის სუფსიდია, რომელიც მთავრობისაგან ჰქონდა დანიშნული და სახელმწიფო თეატრის კარებიც დაუხშო მათ. გლუხარიჩმა (გ. ერისთავმა), უჯამაგიროდ და უსუბსიდიოთ რომ დარჩა, თავი მიანება ყოველიფერს და გაუდგა გზას სოფლად, შინისკენ. ქართველი არტისტები მოულოდნელად ულუკმაპუროდ მშრალზე დარჩენ. მაშინ ივ. კერესელიძემ, რომელსაც ცოლად ჰყავდა ერთი მოთამაშე ქალთაგანი, იკისრა მეთაურობა: იქირავა ქარვასლა, გამართა შიგ სცენა და შეუდგა საქმეს, მაგრამ ადრე რომ ცოტაოდნად შეძლებული თავად-აზნაურობა ვარანცოვის ხათრით დადიოდა თეატრში, ახლა ზედაც აღარ მიეკარა!.. ღარიბ, დაბალ ხალხს კი შეძლება არა ჰქონდა და მიტომაც თეატრმა ერთი სეზონიც ვერ იხეირა და თვითონ კერესელიძესაც ვალები დაატყდა თავზე. სწორეთ იმ დღიდან ყველას გადაავიწყდა თეატრი და რავდენიმე წლის განმავლობაში, მისი ხსენებაც აღარ ყოფილა. მით უფრო, რომ სცენაზე გამოსვლა მაშინ, არა თუ ქალს, კაცსაც კი, დიდ სასირცხო საქმეთ მიაჩნდათ საზოგადოთ.
1862 წ. დროებით ჩამოვედი რუსეთიდან ქუთაისს. აქ ერთი ქართული ენის მასწავლებელი იყო გიმნაზიაში, მოსიძე. იმან მითხრა ერთხელ: მოდი ერთი ვსინჯოთ და თეატრი გავმართოთ ამ მიყრუებულ ქალაქში, სადაც გასართობი არა არის-რა!.. აქაურებს გაგონებით კი ბევრი რამ გაუგონიათ თეატრზე, მაგრამ თვალით არ უნახავსთ და ვაჩვენოთ ერთიო!..
- კი, მაგრამ ქალი რომ არავინ გამოვა სცენაზე? და უქალოდ როგორ მოვახერხოთ მეთქი, - ვუპასუხე.
- ახალგაზდა ვაჟები მოვრთოთ ქალად.
- ეგეც რომ არავინ იკისროს?
- ვსინჯოთ!.. ვეცადოთ!
გადავსწყვიტეთ და ხმა რომ გავარდა: თეატრი უნდა წარმოადგინონ, თუ მოახერხესო, მაშინ ერთმა ახალგაზრდა ქალმა, ნინო აბაშიძისამ (დღეს ორბელიანისამ) სთქვა: არა თუ მე გამოვალ სცენაზე, ჩემ მეგობარ ქალს კეკელა აგიაშვილსაც (დღეს დადიანისას) ავაგულიანებო! და მართლაც იკისრეს როლები. იმათ, როგორც ოჯახის შვილებს, სხვებმაც მიჰბაძეს და გაიმართა რეპეტიციები!.. ავირჩიეთ „მზის დაბნელება“. ხან ერთისას და ხან მეორისას ვიყრიდით თავს და დროს ვატარებდით ქართულად: ლხინითა და მხიარულობით. წარმოდგენამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. ერთი რეპეტიცია პარასკევს შეგვხვდა. იმ დროს მარხვას არავინ სჭამდა და მასპინძელმაც ვახშმად სულ სამარხო მოიტანა. ნავახშმევს სუყველა ავად გახდა, ხოლერა გვეგონა და შევშინდით. თურმე მზარეულს ფლავისთვის ნიგვზის ზეთის მაგიერ, შეცდომით სასაქმებელი ზეთი ექნა. ამ გარემოებამ რამდენიმე დღით კიდევ გადაგვადებინა წარმოდგენა. ბოლოს, როგორც იქნა, წარმოვადგინეთ. ზოგიერთი დარბაისლები, ძველი კაცები, სჯავრობდენ: ჯამბაზობა და მაიმუნობა რა საკადრისიაო. მაგრამ უმეტესობა კი კმაყოფილი დარჩა და იმ ზამთარში კიდევ ორჯერ-სამჯერ წარმოვადგინეთ და დიდი ამბავიც იყო ხოლმე ყოველთვის.
გაზაფხულზე მე ისევ რუსეთისკენ დავბრუნდი და თეატრის მოყვარულთა წრეც დაიშალა. - ის იყო და ის!.. მერე ხუთი წლის განმავლობაში, სანამ რუსეთიდან არ დავბრუნდი, თეატრის ხსენებაც არ ყოფილა არც თბილისში და არც ქუთაისში. იმ დროს ქუთაისში გუბერნატორად იყო გრაფი ლევაშოვი და მისი მეუღლე გრაფინია ლევაშოვისა, რომლის ხელშიაც „ქალთა უფასო სკოლა გახსნეს“, სცდილობდა რომ, რითაც კი შეიძლებოდა: შემოწირულებით, ქველმოქმედებით, თუ სხვებრ, როგორმე იმ სკოლისათვის მოეგროვებია რამე, და ამ მიზნით ერთხელ სალიტერატურო საღამო გამართა, რაც იმ დროს ჩვენში არ გაგონილიყო: ბილეთები მიაჩეჩეს საზოგადოებას და ზალაც გაივსო... მკითხველები გიმნაზიის მასწავლებლები იყვენ და ჰკითხულობდენ თავ-თავის საგნებიდან: ვინ ისტორიიდან, ვინ ზოოლოგიიდან, ვინ ბოტანიკიდან და ამ გვარად... მაყურებლებს და მსმენელებს ძილი შემოეპარათ. - ბოლოს გამოვედი სცენაზე მეც. „სცენები საპყრობილეში“ ახალი დაწერილი მქონდა და დავიწყე მისი სხვადასხვა ხმით კითხვა ზეპირად. - უნდა გამოვტყდე, რომ ის კითხვა დიდი არა იყო-რა, მაგრამ გამოფხიზლებულ პუბლიკას მოეწონა, ასტყდა სიცილ-ხარხარი, და იმდენად მოეწონა, რომ ითხოვა განმეორება; იმ გარემოებამ დაარწმუნა გრაფინია, რომ კვირაში ერთხელ გასართობ რამის გამართვა ქუთაისში შესაძლებელი იქნება და ყოლიფერს აჯობებს თეატრიო. დაიბარა მაშინდელი მომრიგებელ-მოსამართლე რაფაელ ერისთავი და იმას დააკისრა მეთაურობა. რ. ერისთავმა მე მთხოვა დახმარება და „სახელმწიფო სახლში“ გავმართეთ სცენა. კვირაში ერთხელ კვირა დღეობით და აგრეთვე დღესასწაულებზე იმართებოდა ხოლმე წარმოდგენა. არ ვიცი, გრაფინიას ხათრი იყო, თუ თვითონ თეატრის, მაგრამ ხალხი კი დიდძალი დაიარებოდა. ასე რომ თეატრის შემოსავალი ინახავდა „ქალთა უსასყიდლო სკოლას“. აქ უნდა მოვიხსენიო გაკვრით, რომ იმ დროს ფოთიდამ თბილისამდი გაჰყავდა რკინის გზა ინგლისის კამპანიას და ინგლისელები ოციდან ოცდაათ კაცამდე ყოველთვის ესწრებოდენ წარმოდგენებს. მესამე წყება ჰქონდათ აღებული: ყველაზე ადრე მოდიოდენ და ყველაზე გვიან მიდიოდენ: წარმოდგენის დროს ისხდენ ხმა ამოუღებლად, გაუნძრევლად ქანდაკებასავით და რა იზიდავდა მათ, დღესაც არ ვიცი?!. - ასე თუ ისე, იმ ორმა სეზონმა მატერიალურის მხრივ კარგად ჩაიარა: და სულის ჩამდგმელიც იყო ეფროსინე კლდიაშვილისა.
პირველად რომ თეატრმა ქუთაისში ბიჯი გადადგა, ეფროც თან დაჰყვა და თანასწორ-მომხიბლავად თამაშობდა, როგორც დრამატიულს, ისე კომიკურ როლებსაც. მუდმივი მოღვაწეები, ესე იგი, კაცები თეატრისა იყვენ: რაფ. ერისთავი, რომელიც პიესებსაც სწერდა და სუფლიორადაც იყო, ეფრო (ეფროსინე) კლდიაშვილისა, ზაქარია ჭეიშვილი და მე. ბოლოს და ბოლოს სცენის მოყვარეებიც მოგვეშველენ. ერთხელ, პირველ ხანებში, როცა ჯერ კიდევ თეატრი არ იყო გამარჯვებული და მოთამაშეც ძვირი იყო, მე და ეფრო ვთამაშობდით რაფაელის ერთ სამმოქმედებიან პიესაში. რაფაელი სუფლიორობდა. წარმოიდგინეთ რა მოგვივიდა? რადგანაც პიესა რვეულებად იყო, რაფაელს მეორე მოქმედება შინ დარჩენოდა და ეს მაშინ გავიგეთ, როცა გამოსული ვიყავით სცენაზე. რადგანაც დედა-აზრი პიესის შეგნებული მქონდა, მე დავიწყე ჩემი სიტყვებით ლაპარაკი, ეფრო არ დაიბნა და ისიც თავის სიტყვებით მაძლევდა შესაფერ პასუხს. ასე რომ პუბლიკას ამაში არა თუ არა გაუგია-რა, დიდათაც მოგვიწონა. ერთხელ კიდევ თბილისში მოგვიწვიეს. ჯერ რკინის გზა არ იყო გათავებული. ქუთაისიდან წავედით ოთხი და სხვები მოყვარეები მოვიშველიეთ. წარმოვადგინეთ „ყვარყვარე ათაბაგი“. დიდძალი ხალხი დაესწრო, ეფრო მენახშირის ქალის როლს თამაშობდა და ისე გაიტაცა პუბლიკა, რომ ზოგიერთებს ისტერიკა მოუვიდა. - ყაფლან ორბელიანმა, რომელიც მუხლზე ფეხშემოდებული იჯდა პირველ წყებაში, დაიღრიალა: „გაიყვანეთ ეგ მოთამაშე, თვარამ დაგვხოცაო“!.. და ახლა კი, როცა თეატრზე რამეს სწერენ, ეფროს ხსენებაც არ არის და მე კი უნდა აღვიარო, რომ ჯერ ქართულ სცენაზე უკეთესი მოთამაშე არ გამოსულა… არა თუ უსასყიდლოდ შრომობდა, პირიქით, თავის ღარიბ ქონებითაც ბევრი დაუხარჯავს თეატრის გულისათვის... საზოგადოდ უნდა ვსთქვა, რომ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობას, ჩვენში ფასი არა აქვს!.. იქ რაც უნდა კეთდებოდეს, არავინ ახსენებს და თბილისში კი, ერთი უბრალო გაფართხალებაც კი საზოგადო მოღვაწეობად ითვლება და ამის ბრალი უნდა იყოს, რომ იმერლები თავს იყრიან თბილისში!.. ორი სეზონის მეტი აღარ ყოფილა ქუთაისში თეატრი, რადგანაც რაფაელ ერისთავი თბილისში გადმოვიდა და მეც იმ ხანებში დავანებე თავი ქუთაისს.
თბილისში თეატრის ხსენება არსად იყო, მაგრამ ახალგაზდა სემინარიელებს საღერ-ღელი ჰქონდათ აშლილი, და ეძებდენ შემთხვევას, მაგრამ რა ექნათ, რომ სცენა არსად იყო. ამაგულიანეს ყმაწვილებმა. მუხრან-ბატონის ქვრივმა მისი სახლის ზალა მათხოვა სცენად გადასაკეთებლად. შევუდექით საქმეს, ფიცრები სატივეზე ვიყიდეთ სცენისათვის, და მოტანით რომ ძვირად არ დაგვჯდომოდა, ახალგაზდობამ მოზიდა ღამე ზურგით. დიდი ტანჯვის შემდეგ წარმოვადგინეთ ჩემი პიესა „ძველსა და ახალს შუა“. თეატრი გაიჭედა, მაგრამ შემოსავალმა მაინც ვერ დაჰფარა ხარჯი. და გაგრძელება ვეღარ შევძელით. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ნიკო ავალიშვილმა იწყო რაღაც ცოდვილობა, და ნემცების კლუბში მართავდა ხოლმე ხან და ხან ქართულ წარმოდგენებს და ქალების როლშიაც სახლობა გამოჰყავდა. ვითომ კიდევაც იყო და არც იყო სცენა!.. კახეთიდან ჩამოვიდა თბილისში საზამთროდ აბელოვის ოჯახი. ერთხელ სადილად ვიყავი მიწვეული მათთან. იმ დროში, დღეს რომ „მრავალჟამიერია“ საქართველოში შემოღებული, უსიამო და საზიზღარი, რომელიც ზარს უფრო წააგავს, ვიდრე სალხინოს, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული და სადილზე მოლხენის დროს კახური „მრავალჟამიერი“ შემოსძახეს. ზედაც სხვადასხვა ხალხური სიმღერები დაურთეს და გაიმართა მამა-პაპური ლხინი. „ლხინის-პაპობა“ იმ დღეს დარჩა ერთს ახალგაზდას, 16-17 წლისას, დიასახლისის დისწულს: სიმღერა, სიტყვა-პასუხი, მიხვრა-მოხვრა, ხუმრობა და სხვანი, ყველაფერი შვენოდა იმ ღვთით კურთხეულს. რაფაელ ერისთავმა რომ თავისი შესანიშნავი ვოდევილი „ბიძიასთან გამოხუმრება“ გადმოაკეთა ქართულად, სახეში ის ქალი ჰყავდა. „ამისი ძვლებიც კი ლაპარაკობენო“, ამბობს. - ნასადილევს, სხვათა შორის, შევეკითხე ახალგაზდას: ჯამაგირი რომ დაგინიშნონ, არ გამოხვალთ ქართულ სცენაზე? მაგას ვინ ეღირსებაო! 15 მანეთი რომ ვიშოვო მე ჩემი შრომით მეტი არ მინდაო. ჩვენ საუბარს ყური მოჰკრა დიასახლისმა და იტკიცა!.. კატო აბელოვისა სწორედ ნამდვილი ქართველი ქალი იყო: ბუნებითად ჭკვიანი და გულკეთილი, მაგრამ თეატრი კი იმ გვარად ჰქონდა წარმოდგენილი, როგორც სხვებს საზოგადოდ ჩვენში. და მიტომაც მომიბრუნდა და მითხრა: - თქვენ ხუმრობთ და მაგას კი შეიძლება მართალი ეგონოსო...
- როგორ თუ ვხუმრობ-მეთქი.
- აბა გასათხოვარ ქალის სცენაზე გამოჭენება ვის გაუგონია?
- და რაკი არ გაგვიგონია, აღარც უნდა გავიგონოთ? მაგრე ზიზღით რად უყურებთ თეატრს? - სარკეში იხედებით ხოლმე?
- მერე რაო რომ ვიხედები?
- რისთვის იხედებით?
- მისთვის, რომ შიგა ვჩანვარ! და რაც არ მიხდება, იმას გავისწორებ და რაც მიხდება იმას დავეძებ. ეს კი, მაგრამ სარკეს რა ხელი აქვს ჩვენს საუბარში და რად გადავდივართ სარკეზე?
- მიტომ, რომ რაც ადამიანისათვის, კერძო პირისათვის სარკეა, ის მთელი ხალხისა და საზოგადოებისათვისაც თეატრია, რომ ქვეყანამ შიგ ჩაიხედოს, თავისი, როგორც ნაკლი, ისე ღირსებაც დაინახოს და გასწორდეს. თეატრი ისივე შკოლაა ხალხისათვის, მომხიბლავი, გამასწორებელი და არა უბრალო, სასაცინო რამ საფუნდრუკო!.. განათლებულ ქვეყნებში - სწორეთ ამ აზრით მართავენ თეატრს და ნაყოფიც კეთილი მოაქვს!..
- ჩვენში კი ჯერ მაგრე არ არის...
- და ხომ უნდა იყოს!
- მაშინ სულ სხვა იქნება, - დამეთანხმა მოხდენილის ღიმილით დიასახლისი. - ნეტავი კი მაგ დღეს მოვესწრებოდეთ, თვარა მაშინ არა თუ ჩემი დისწული, მეც კი გამოვალ სცენაზე, თუ საჭირო და სასარგებლო ვიქნებიო. ჩვენმა ამ გვარმა საუბარმა დიდხანს გასტანა და ახალგაზდა ქალიც სიამოვნებით უგდებდა ყურს. მეორე დღეს მე ქუთაისს წავედი. ორი კვირის შემდეგ რომ მივბრუნდი, ქართული აფიშა შემხვდა ხელში. იქ აცხადებდენ, რომ დღეს ქართული წარმოდგენაა და პირველად გამოდის სცენაზე მაკო საფაროვისაო. თუმცა დაგვიანებული იყო, ორი მოქმედება კიდევაც გათავებულიყო, მაგრამ მე მაინც წავედი. საფაროვის ქალს ისე ეჭირა თავი სცენაზე, თითქოს დიდი ხნის გამოცდილი მსახიობი იყოსო!.. პუბლიკა აღტაცებაში მოეყვანა და გაკვირვებას საზღვარი აღარა ჰქონდა. ყველაზე უფრო გატაცებული იყო დათიკო ერისთავი და კიდეც გადასწყვიტა, რომ მამისთვის მიებაძა და შეედგინა წრე სათე-ატრო. შეუდგა საქმეს. ჩამოიყვანა გორიდან მეორე ნიჭიერი ქალი გაბუნია, დაიხმარა კორინთლის ქალი (ყიფშიძის მეუღლე) და გააჩაღა საქმე მით უფრო, რომ იმავე ტრუპაში გაჩდნენ მართლა მოთამაშეები, როგორც არიან ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი და სხვანი. - სწორედ მაშინ მათი წყალობით აიდგა ფეხი ქართულმა თეატრმა. - ერთი წუნი თეატრის მხოლოდ ის იყო, რომ ბევრი მეთაური ჰყავდა. და სადაც ბევრი მეთაურია, იქ საქმე ყოველთვის უთაურია. ორი სეზონი კარგად გაატარეს, მაგრამ მესამე სეზონი კი დაჰკარგეს: ის ერთი დღე, რომელიც კვირაში ერთხელ ეჭირათ ქართველ არტისტებს საზაფხულო თეატრში, ჩამოერთვათ და სხვა თეატრი აღარსად იყო.
ერთხელ მოვიდა ჩემთან ილია ჭავჭავაძე და, სხვათა შორის, თეატრის შესახებაც ჩამოვარდა ჩვენ შორის შემდეგი საუბარი:
- კაცო, ე თეატრი რომ აღარა გვაქვს, რას იტყვი შენ? - დამეკითხა მოწყენით: - ძლივს-ძლიობით, როგორც იქნა, საზოგადოება მივაჩვიეთ თეატრს და ეხლა კი ისევ უნდა გადავავიწყოთ...
- ეგ მეც მაღონებს, ცოტა არ იყოს, - ვუპასუხე მე.
- ბევრი ვეცადე, მაგრამ არა გამოვიდა-რა, ახლა აღარ შეიძლება, დაგვიანებულია, სხვას მივეცით ეგ დღეო.
- ტყვილა კი არ არის ნათქვამი: „საზიარო ყანა თხამ შესჭამაო“. ბევრი მეთაური რომ ყავდა, ერთმანეთის ჯიბრით გააფუჭეს საქმე.
- ერთმანეთის ჯიბრით თუ დაიმედებით, არ ვიცი, მაგრამ ე თეატრი კი დავკარგეთ და!...
- ვითომ აღარა ეშველება-რა?
- ეშველება, თუ შენ მოინდომებ.
- მე?!
- ჰო, შენ! ქუთაისში როგორ მოახერხეთ? ახლაც დროებით სცენა გავმართოთ სადმე და შენ ითავე... რაფაელ ერისთავი ამხანაგად გეყოლება, მეუნარგია მდივნად. ჩვენც ყველა დაგეხმარებით და საქმე როგორმე ეგებ მოვაგვაროთ!..
- ეგ მოუხერხებელია... მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი როცა რამეს აკეთებს, გმირია, მაგრამ მეორე თუ ამოუდგა გვერდით, აღარც ერთი აღარ ვარგა, ერთი მეორეს ხელს უშლიან და ალაყებენ...
- კარგი ერთი! რა დროს ხუმრობაა?!
- არა, მე არ ვხუმრობ! - ეს არა თუ დღეს... ისტორიულადაც აგრე ყოფილა ქართვე-ლებში: დიდი მოურავი გიორგი სააკაძე და არა ნაკლები გმირი ზურაბ ერისთავი, რომ ორივე ერთსა და იმავე დროს არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, საქართველოს საქმე უკეთ წავიდოდა.
- და მაგითი რა გინდა რომ სთქვა თეატრის შესახებ?
- ის, რომ სანამდი ბევრი მეთაურები იქნებიან... კომიტეტი და ქველმოქმედებაზე შემდგარი საქმე, თეატრიც ვერ იხეირებს. საჭიროა ერთმა ვინმემ აიღოს ანტრეპრიზა, შემოიღოს დისციპლინა, რომ არტისტები თავ-აღებული არ იყონ და ნელ-ნელა გამობრუნდება საქმე.
- მაშინ ხომ არტისტებს გადაწყვეტილი ჯამაგირი უნდა დაენიშნოსთ? - რასაკვირველია...
- ჰო და ვინ გაბედავს იკისროს?
- მე ვიკისრებდი, რომ შეძლებული ვიყო.
- იკისრებდი!.. მაშ დიდ ჯამაგირს ნუ დაუნიშნავ და თუ შემოსავალი ვერ დაჰფარავს ჯამაგირს, მაშინ მე ვიღებ ჩემ თავზე, რომ ჯამაგირის მხრით არტისტები უზრუნველი იყონ... შენ კი დაიწყე და, თუ საჭირო იქნება, მე მოვაგროვებ ხოლმე ფულებსო.
მეორე დღესვე წავედი არწრუნთან, „მშაკის“ რედაქტორთან. დღევანდელი სათავად-აზნაურო სახლი, მაშინ ამ არწრუნის ქარვასლა იყო. იმას გაუმჟღავნე ჩემი გულში ნადები და ვსთხოვე, რომ მისი საკონცერტო ზალა სცენად გადაეკეთებია. ისიც დამეთანხმა... გამაგულიანა და მითხრა: ლოჟებს გადავაკეთებ, ქირას წარმოდგენისას ხუთ-ხუთ თუმანს დაგჯერდები და თუ შემოსავალი არ იქნება, არც იმაზე შეგაწუხებო, მხოლოდ ხანდახან ზოგიერთ დღეებს სომხებსაც მივსცემ ხოლმეო. სთქვა და კიდეც აასრულა თავისი სიტყვა: გააკეთა ლოჟები და გაიმართა სცენა. მე შეუდექი არტისტების თავის მოყრას. პირველ ხარისხის მოთამაშეებს დავუნიშნე თვეში ასი მანეთი და ბენეფისი, მეორისას - შვიდ თუმან ნახევარი და ნახევარი ბენეფისი. მესამისას - ოთხ თუმან ნახევარი და სხვებს სამ-სამი თუმანი.
შესდგა ტრუპა. მალე დაიწყო სეზონი. არა თუ ქონებრივად, ზნეობის მხრითაც არაჩვეულებრივად მიდიოდა სეზონი, საზოგადოება დიდ პატივსა სცემდა არტიტებს და დიდ მოღვაწეობათაც უთვლიდა სცენაზე გამოსვლას. ერთხელ გაბუნია გახდა ავად და მნახველები და მომკითხავები იმდენი მოდიოდენ, რომ დოქტორმა კიუჩარიანცმა სთქვა:
- ამდენი მნახველები კარგად მყოფსაც შეაწუხებენ, არა თუ ავადმყოფსო.
თეატრი ყოველთვის სავსე იყო ხოლმე და შემოსავალი არა თუ ჰყოფნიდა ჯამაგირად, კიდეც გადააჭარბა. წარმოდგენა გვქონდა კვირაში ერთჯერ. მერე იმავე პიესას იმ კვირაშივე ვითამაშებდით გავლით გორში და მერე ქუთაისში. საზანდრები მთელი დასტით თან დაგვყავდა ხოლმე. რასაკვირველია, ჩვენი ხარჯით და ქირით; საზანდარიც გარეშე გვყავდა დაქირავებული და ყველას ამას არა თუ ჰყოფნიდა, კიდეც აჭარბებდა შემოსავალი.
ერთხელ სეზონის მიწურულში ქუთაისს ჩავედით ჩვეულებრივად. იმ დროს საბანკო კრება იყო და მთელი იმერეთი ქუთაისში იყო. დავიწყეთ წარმოდგენა და ზედი-ზედ თერთმეტჯერ ვითამაშეთ და წმინდა შემოსავალი დარჩა ხუთას თერთმეტი თუმანი. ჩემს ოცნებას საზღვარი აღარა ჰქონდა. მე ვფიქრობდი რომ, თუ ასე წავიდა საქმე, მერმისისათვის არტისტებს ჯამაგირს გავუორკეცებ და სათეატრო სცენაც, შეიძლება, გაიმართოს მეთქი. მაგრამ ჩემს ოცნებას მალე შეეკვეცა ფრთები: არტისტებმა, გარდა შიშნიაშვილისა, ერთხმად გამომიცხადეს, რომ ანტრეპრიზას აღარ ვემორჩილებით და ჩვენდა თავად გვინდა შევადგინოთ ამხანაგობაო. მიმატოვენ და წავიდნენ თბილისს. მიზეზად ის მომიდვეს, რომ ჯამაგირი არ გვეძლევაო. მე მაშინვე მივიჭერი ხაზინადართან, რომელიც ვალდებული იყო ჯამაგირი დაერიგებია ხოლმე, და დავთარში ხელი მოეწერიებია არტისტებისათვის.
- ამ თვის ჯამაგირი არ მიგიცია? - დავეკითხე მე.
- როგორ არა, - მიპასუხა.
- აბა მიჩვენე დავთარი!
- დავთარი დამეკარგა.
- როგორ თუ დაგეკარგა? ახლა ხომ უფლება აქვსთ არტისტებს, თუ უნდათ დაამტკიცონ, რომ ფულს არ იღებდენ?!
- არკი თქვენ ამოწმებდით ხოლმე ყოველთვის, რომ ვაძლევდი?!
- მაშ შენ შეგიძლია დაამოწმო, რომ მიღებული აქვსთ?
- სიტყვიერათ კი, მაგრამ საბუთით ვეღარ.
მივხვდი რა ამბავიც იყო და გავჩუმდი, მეტი გზა აღარა მქონდა. ბევრმა დაიჯერა რომ არტისტები ჯამაგირს არ იღებდენო.
ერთხელ ჩემი ხაზინადარი შემოვიდა ჩემთან და გამომიტყდა: „დავთარი არ დამკარგვია, მე მაქვსო“ და გადმომცა დავთარი.
მე მაშინვე გავექანე „დროების“ რედაქციისაკენ და ვსთხოვე მესხს, რომ არტისტები შეეყარა რედაქციაში და დაეპირისპირებია ჩემთვის. დანიშნულ დროზე ყველამ თავი მოიყარა და როდესაც მე დავეკითხე: მართლა არ მიგიღიათ ჯამაგირი მეთქი? მხოლოდ საფაროვის ქალმა და ვასო აბაშიძემ სთქვეს: ჩვენ არა დაგვკლებიაო-რაო, დანარჩენებმა კი უარი განაცხადეს. მაშინ გამოვაჩინე, მანამდი დაფარული დავთარი და გამოჩნდა, რომ არა თუ რაც ერგებოდათ, ზოგიერთს წინა თვისაც კი ჰქონდა მიღებული, მხოლოდ ალექსანდრე ყაზბეგს აკლდა თხუთმეტი მანეთი და ისიც მიტომ, რომ „კოლხიდაში“ გამომართვა სამ თუმან-ნახევარი.
ამაებს ყოლიფერს თურმე მეორე ოთახიდან ყურს უგდებდა რედაქტორის მეუღლე, ეკატერინე მელიქოვისა. გამოვარდა გაფითრებული და მიჰმართა არტისტებს, მე არ მეგონა თუ მაგას იკადრებდითო, ახლა რაღას ეტყვით ამ თქვენ ხელმოწერილ დავთარს? არტისტებმა ბოდიში მოითხოვეს, მაგრამ მე კი მაინც იმ დღიდან ჩამოვშორდი ქართულ თეატრს სამუდამოდ.
ამ რამოდენიმე წლის წინეთ კი, კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ქართველიშვილმა, რომლისაც დიდი პატივისცემა მაქვს, მომწერა, რომ ერთი სეზონის განმავლობაში, რეჟისორობა მეკისრა და მეც ხათრი ვეღარ გავუტეხე. იმ სეზონში პირველად გამოვიდენ სცენაზე შალიკაშვილი, დავითაშვილის ქალი და სხვანი. ჩემმა რეჟისორობამ სარგებელი ვერაფერი მოუტანა-რა თეატრს და არც მოსახერხებელი იყო მისი მოტანა ბევრი სხვადასხვა მიზეზებისა გამო, მაგრამ პირადად მე კი დავრწმუნდი, რომ ჩვენ ქართული თეატრი არა გვაქვს, მხოლოდ სხვებსა ვბაძავთ და იმ მიბაძვაშიაც ბევრი არა ჰყრია-რა.
აქ საჭიროა მიზეზების ჩამოთვლა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვუყურებთ ამ სეზონსაც და მერე, თუ მივაწიეთ მანამდი, ჩამოვსთვლით მოურიდებლად.
(თეატრი და ცხოვრება. 1910 წ., №№35, 36, 37, 38, 39).
![]() |
2.32 სიტყვა წარმოთქმული თამარ ცბიერის გასამართლების დროს ქართულ თეატრში |
▲ზევით დაბრუნება |
1911 წ. 30 აპრილი
ყოველ კაცს თავისი თავი გადამეტად უყვარს სხვისაზე. თავის თავს იმას აპატივებს, რასაც სხვას არ შეუნდობს და მიტომაც თავისი თავი უკეთესი ჰგონია, ვიდრე არის. ამითი იტყუებს თავს ყოველი კაცი, რა ქვეყნისაც უნდა იყოს, რა ერსაც უნდა ეკუთვნოდეს, დიდი, პატარა, ჭკვიანი თუ უჭკუო!.. გენიოსებსაც კი მეტი წარმოდგენა აქვსთ ხოლმე თავის თავზე. მაგალითად, ვიქტორ ჰიუგო, პარიზიდან გაძევებული, ჯერსეიში იტყოდა ხოლმე, პარიზში რომ რამე საქმე გაკეთდებოდა მის დაუსწრებლად, ეს სწორედ ასე უნდა მომხდარიყო იქ, რადგანაც მე, აქ, ჩემ გულში სწორედ ასე ვფიქრობდიო. და მაშ თუ კი გენიოსებსაც სჩვევიათ გადაჭარბებული აზრის შედგენა თავის თავზე, ჩვენ, პატარა კაცუნებს, რაღა გვეთქმის, როცა არა თუ ჩვენ თავს, ჩვენსას უბრალო ნივთსაც კი მეტად ვაფასებთ და დარწმუნებული ვართ, რომ, თუ ჩვენმა მამალმა არ დაიყივლა, ისე არ გათენდება?! ეს სენი ბუნებითია და, მადლობა ღმერთს, ასე რომ არ იყოს, მაშინ ცხოვრების ტალღა წაგვლეკავდა, გულს გაგვიტეხდა და უიმედოდ დავრჩებოდით... ეს რაღაც თავის მოტყუება, - ეს სენი... ჩამომავლობით პირველი კაციდან მომავალი... ადამის მემკვიდრეობაა და მიტომაც დედაკაცებში მეტად ისახება, ვიდრე მამაკაცებში!.. თუ დავუჯერებთ ბიბლიურ მითოლოგიას, რომელსაც ბრძნული სარჩული უძევს, პირველი ქალი, ევა, ადამის გვერდიდან არის გამოღებული და ჩვენ მამაკაცები კი მერე მათგან წარმოშობილი და, მაშასადამე, ადამის მემკვიდრეობაც იმათ მეტი ეკუთვნისთ ჩვენზე, რაიცა გამოიხატება გადაჭარ-ბებულ თავის მოწონებაში. მამაკაცის თავმომწონეობას ბევრი დარგი აქვს და ქალისას კი ერთი: მისი წარმოდგენილი თავმომწონეობა მთლიანად მხოლოდ სილამაზეშია გადატანილი. დაუდევით მამაკაცს ერთი მხრით სილამაზე, მეორეთი სიმდიდრე და არჩევანში შეიყვანეთ, - ის სიმდიდრეს მოჰკიდებს ხელს. იგივე სარჩევი მიეცით ქალს და ის უეჭველად სილამაზეს... მშვენიერებას წაეპოტინება. - რათ ასე სწყურია ქალს მშვენიერება? მიტომ რომ, ის, ესე იგი სილამაზე, გზა და ხიდია სიყვარულისაკენ, რომელიც ქალისათვის ყოლიფერია, თვით სიცოცხლე და სიცოცხლეზედ მეტი! სიყვარული მამაკაცისათვის სიტკბოებაა, ნეტარება! მაგრამ იმდენათ ვერ გაიტაცებს, რომ გონება დაჰკარგოს და ყოველ გვარი მოვალეობა მსოფლიური დაივიწყოს! ქალისათვის კი, როგორც ზემოცა ვსთქვით, ყოლიფერია... წმინდა-წმინდათა! ვინც უყვარს, იმას სწირავს თავის სულის დგმას... თავის გულის თქმას... აღიარებს მის რჯულს და მიდის იმ გზით, რა მიმართულებისაც მისი სათაყვანოა. აქ ლაპარაკია ნამდვილ სიყვარულზე და არა გაფოლორცებულზე. - მისთანა მახინჯ ქალს ვერ ნახავთ, რომ თავი ლამაზი არ ეგონოს, რაც უნდა უშვერი იყოს გარეგნად, შეხედულობით, მაინც გამოძებნის ერთ რამეს თავისს მთელ აგებულობაში დაფარულს, ან ფრჩხილს, ან თითს, ან გვერდს, ან გულ-მკერდს და ან სხვა რამე დაფარულს და იმაზე გადაიტანს გადაჭარბებულ წარმოდგენას და თავი მაინც ლამაზი ჰგონია! და თუ მახინჯები ასე ჰფიქრობენ, რაღა უნდა იყონ მართლა ლამაზი ქალები და რას უნდა ჰფიქრობდენ თავის თავზე, მაშინ, როდესაც ყოველი მხრით და ყოველ წამს ესმით ქება-დიდება და სარკეც უჩვენებს. რასაკვირველია, მთვრალები არიან მეტის წარმოდგენით! ახლა გადავიდეთ თამარზე, იმ მშვენიერებითის ზექალზე, იმ საზღაპრო მზეთუნახავზე, რომელიც მოევლინა იმერეთს ამ სამასი წლის წინეთ? დავიწყოთ მოკლე ბიოგრაფიით: თეიმურაზ პირველმა მიათხოვა თავის ქალი დარეჯანი იმერეთის მეფეს ალექსანდრეს, იმას თან მოჰყვა პატარა ობოლი ბაგრატიონის ქალი თამარი. ჯერ დღესაც კიდევ არა გვაქვს სწორი წარმოდგენა ქალებზე და მაშინ რა იქნებოდა? ასე ჰფიქრობდნენ: პატარა ქალს ქუდი ესროლე, მოარტყი, და თუ არ წაიქცეს, გასათხოვი იქნებაო. ამ რწმენის შეხედულობით საზოგადოდ ადრე ათხოვებდენ ქალს, სულ ათის-თორმეტის წლისას. თამარსაც, რასაკვირველია, ადრე მოუნდომეს გათხოვება, ჯერ სულ ისევ ბავშვს. უნდა მიეცათ რაჭის დიდებულ ერისთავისათვის და აიყვანეს ბარაკონს (ბარაკონი სოფლის სახელია). ამ ერისთავის უფროსი ძმა გენათლად იყო და ეჭირა მთელი დასავლეთი საქართველოს ექსარხოსის ადგილი. წავიდა ძმის ქორწილზე დასასწრებლად, მაგრამ რომ დაინახა პატარა თამარის უცნაური მშვენიერება, გაიკრიჭა და თვითონ შეირთო სარძლო! ამ უცნაურმა ამბავმა მიაღწია მეფის ყურამ-დე, ჩაერია საქმეში და გაათავა მით, რომ მოიტაცა და თვითონ შეირთო ცოლად. რამდენათაც იზრდებოდა და ასაკში შედიოდა ეს მზე-ქალი, იმდენად უფრო და უფრო ლამაზდებოდა, ჰხიბლავდა მთელ სამეფოს და ჰხდებოდა მიზეზად ქვეყნის ამბოხების: მეფე, მთავრები, დიდებულები და თვით წმინდა მამებიც კი ერთმანეთს ეჯახებოდენ, ოღონდ კი ის, თამარი, ჩაეგდოთ ხელში. სამეგრელოს მთავარმა, ლევან დადიანმა, იმერეთის მეფე რომ დაამარცხა, მოსტაცა თამარი. ბოლოს, როგორც იქნა, დაიბრუნა ისევ თვალდათხრილმა ბაგრატმა, ასე ამგვარად, ბრალმდებლის თქმისა არ იყოს, ხუთჯერ თუ ექვსჯერ აქორწინეს ცოცხალ ქმრების ხელში. ბოლოს ჩაუვარდა ხელში, გიორგი გურიელს მთავარს, მისვე სიძეს, რომელიც გახდა იმერეთის მეფედ. ამბოხებამ დიდ ხანს გასტანა და დადგა ის დრო, როცა ქალს შიში ეპარება გულში. საზოგადოდ ქალებს ორჯერ უყვართ თავის სიცოცხლეში ცეცხლ-მოკიდებით: ერთი სულ პირველად, როცა გამოუცდელია და ჰგონია, თუ მისთანა უცნაური რამ ემართება, რომელიც არც ყოფილა და არ გამეორდება. მაგრამ, რომ გაივლის დრო, ბუნების კანონი ასრულდება და ცეცხლი განელდება... მეორე, მესამე სიყვარული ვეღარ მსჭვალავს!.. „ერთი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“ ჰფიქრობს ქალი, და თავის იმედი აქვს... და ეს ხანა გასტანს იმ დრომ-დე, სანამ სიბერე არ მოახლოვდება და შიში არ შეუვა გულში!.. როდესაც სილამაზე, ეს სიყვარულის გზა და ხიდი, იშლება, მაშინ ჰფიქრობს ქალი: ვაი თუ ან სიყვარულიც თან გაიყოლოს და მწარედ ჩაავლებს ხელს, უკანასკნელ სიყვარულს და აღარ უნდა მოიშოროს!.. სწორედ ამ ხნოვანებაშია თამარიც, მაგრამ გულს არ იტეხს და ჰფიქრობს, რომ სიკვდილამდე ვერ უღალატებს მშვენიერება… და არ გამოელევა თაყვანის მცემელთა გუნდი. აი რას ამბობს:
როგორც რომ მთვარე თხუთმეტის დღისა,
ვეღარ შემძენი სინათლის კიდე,
მისცურავს ცაზე სხივმომფინარე
ამპარტავნებით კიდითიკიდე;
ისე შვენებაც ჩემი სრულქმნილი
ერთსა წერტილზე შეჩერებულა,
მაგრამ ჯერ კიდევ მისი დიდება
და სხივოსნობა არ დაკლებულა!
ხანიც ვერ შეცვლის… არ გამრუდდება
ჩემის შვენების ხაზი, ეს მჯერა
და სიკვდილამდე ხარკად მექნება,
თვით ცის და ქვეყნის გულისა ძგერა...
რამ მიიყვანა ეს მზეთუნახავი, ამ გვარ დასკვნამდის? რამ და გარემოებამ: მის წინ ემხობიან მეფეები, მთავრები, დიდებულები და მთელი სამეფო... მაგრამ თვითონ მასვე ვათქმევინოთ ეს:
ტრფობის სურვილით გარშემობურვილს
თაყვანისცემით მმონებს მთავარი…
მსოფლიო კრების დაკანონებულს
აღთქმას ჩემთვის სტეხს თვით მღვდელმთავარი!...
მხიბლავი ჩემი ორკეცი ძალა
ხილულთ აბრმავებს, ბრმას უხელს თვალებს;
წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა
თითისტარივით შეატრიალებს.
შორს გამჭვრეტელსა ბრძენსა გენათელს
ჩემზე ზრახვებმა აუბეს თვალი…
დააგმობინეს წმინდა წარსული
და დაავიწყეს ტკბილმომავალი.
მჭერმეტყველებით სახელგანთქმულსა
ლევან დადიანს, ტკბილ მოუბარსა,
ენა ებმოდა, რომ შემომჭვრეტდა
ვით საოცნებო რამ ზენაარსსა.
თვით ბაგრატ მეფე, ის უსინათლო,
ისე ხედავდა ჩემსა შვენებას,
ვით თვალხილული ძილში ჰხედავდეს
დილის რიჟრაჟსა და გათენებას.
ეს გურიელიც, მოუსვენარი,
სახელგანთქმული, ვეფხი, ლომგული,
დღეს მოკამათედ ჩემის სურვილის
ლეჩაქის ყურზე მყავს გამობმული…
აი რა მტკიცი უჭირავს ხელში და რასა ჰფიქრობს თავის თავზე თამარი! მაგრამ მაინც, მიუხედავად ამისა, უცნაური რამ შემოაწვა გულზე და განიცდის მისთანა რამეს, რაც აქამდე არ უგრძვნია: სულ სხვანაირის სიყვარულით შეუყვარდა ერთი ვინმე უგვარ-ტომო, არაფრის მქონე, გარდა ოცნებისა, უხარისხო მგოსანი. და ის კი ყურადღებას არ აქცევს არც ამის თვალების ელვარებას და არც გულ-მკერდის მღელვარებას!.. ეს ვერ დაუჯერებია... ვერ მოუნელებია... და საჭიდაოზედ აპირობს გამოსვლას, რომ დღესვე გაიგოს „ჰო“ თუ „არა“! დაიბარებს მგოსანს, ვითომ საქმისთვის!.. საზოგადოდ მწერლებისა და მგოსნების გულსაც ისე ვერაფრით მოიგებს კაცი, როგორც მათის ნაწერების თანაგრძნობით! ეს კარგად იცის თამარმა და მიტომაც აიღებს ხელში „გოჩაიანს“ და ვითომ მითია გატაცებული. დიდხანს ვერ შენიშნავს თავზე მდგარ მგოსანს, მერე უცბად აიხედავს, ბოდიშს იხდის და მასვე უსაყვედურებს: თუ ვერ შეგნიშნე, შენივე ბრალიაო!.. აი შენ თხზულებას ვერც თვალსა და ვერც გულს ვერ ვაშორებო!.. ნელ-ნელა შეაპარებს საუბარს და ბოლოს ეკითხება: რა არის სიყვარუ-ლიო? მგოსანი დარწმუნებით ეტყვის:
გნებავთ შეიტყოთ ჩემგან, რა არის
შეყვარებულის დიაცის გული?
სასუფეველი და ჯოჯოხეთი,
გრძნების კავშირით შეერთებული.
საუნჯე რამე ავის და კარგის
უმეტნაკლებო, ამოკრებული;
თვით უკვდავების წყარო-ნექტარი
ნაღველ-სამსალით გამწარებული;
მხიბლავი ძალა, ანდამატური,
თავში საამო, ბოლოში მწარე,
წამ-ერთ აკვანი სიხარულისა,
ხანგრძლივ - კუბო და ცივი სამარე!
თამარ, ამის გამგონე, შეკრთება და ეტყვის: მაშ თუ მაგრეა და სიყვარული მხოლოდ ეგ არის, თქვენ, მგოსნებო, რად ისე ტკბილად უგალობთ და ჩვენ სმენასა ჰხიბლავთ? მატყუარი ყოფილხართო! მგოსანი უპასუხებს: ჩვენ მხოლოდ ვუგალობთ იმ ზენა სიყვარულს, რომელიც კაცს აღამაღლებს და ასპეტაკებს გრძნობა-გონებასო და არა იმ საქვენაო სიყვარულს, რომელსაც უბედურება და ცრემლები მოსდევსო!.. ამის გამგონე მზეთუნახავი ღიმილით ეუბნება, რომ მგოსნები ახირებულები რამა ხართო... და მართლაც რომ, ჩვენც უნდა გამოვტყდეთ: ახირებულები არიან. ორი საგნის ცქერა ერთსა იმავე დროს შეუძლებელია და მგოსნებიც მაღლა რომ იყურებიან, ცას უმზერენ და ვარსკვლავებს ეჭიკჭიკებიან, იმავე დროს კი დაბლა ვეღარ ჰხედავენ. ცხვირის წინ ფეხს წამოჰკრავენ ხოლმე და ეცემიან!.. ცხოვრებაში მთელ თავისს სიცოცხლეში ბავშვებათა რჩებიან!! და სწორედ ეს უსაყვედურა თამარმაც გოჩას! ახირებულები ხართ მგოსნებიო!.. აი შენ შორსმჭვრეტელი ხარ და ახლო-მახლოს კი ვერასა ჰხედავო! ნუ თუ იმერეთის ამბოხებაში მე მდებ რამე ბრალსო!.. შენ რომ სიყვარულზე ლაპარაკობ, მეც იმ სიყვარულს ვეძებ და თუ ჯერ ვერ მიპოვნია, ჩემი ბრალი არ არისო. ფუტკარი, თუ პეპელა სანამ ნამდვილ ყვავილს იპოვიდეს, ძებნის დროს მყრალ ბალახებსაც თავს ევლებაო. მე ჯერ არავინ არ მყვარებია, პირველად შენ შეგხვდი, რომ აღმაფრენითი სიყვარულს ჰქადაგებ და შენ მომხიბლეო და აჰა ჩემი ხელი, წამიყვანე იმ გზით, რა გზითაც მიდიხარ და შეერთებულის ძალით გავახორციელოთ ისო, ვინც თამარის გული ააძგერა, იმას დაცემულ ქვეყნის განკურნებაც შეუძლია და ჩემი წარსული თუ ბნელი იყო აქამდე, დღეიდან შენ აცისკროვნეო! მშვენიერების უარყოფა არ შეუძლიათ მგოსნებს და მზეთუნახავსაც ტკბილ-სიტყვებით მოუბრუნა გული, წამიერად გაიტაცა და ათქმევინა:
გამოუხატავს შენში ბუნებას
შემოქმედების ძალა ძლიერი,
თვალ-ტანადობა, გრძნობა-გონება,
ნიჭი ბევრგვარი, გულსახმიერი,
მოუვლენიხარ კაცთა მხიბლავად!..
კურთხეულ იყოს მისი განგება...
ენა უძლურმა მომაკვდავისამ,
ღირსშესაფერი ვით შეგძღვნას ქება?
როდესაც გიჭვრეტ, ცას ვხედავ გახსნილს
და სასუფევლის მშვენიერებას!..
შენა ჰგრეხ სიმებს ჩემი ჩანგისას
და მე უცნაურს ვგრძნობ ნეტარებას!
მაშინ ვემხობი შენ წინ სიმდაბლით,
და გრძნობით გიხრი თავს, დედოფალო.
(აქ გამოერკვევა უეცრად და სხვა კილოზე დაიწყებს):
მაგრამ მე იმ დროს თვალწინ მეხატვის
შენი ნაღვაწი სისხლისა კალო;
მომაკვდავთ კვნესა, ქვრივ-ობლის წყევა,
ქვეყნის ღაღადი, ერთა ყვედრება, -
მესმის და წინა ტკბილი ოცნება
ვითა სიზმარი, ისე მიქრება.
სასიყვარულოდ აღელვებული
მაშინ მე გული შურით მევსება
და გასაკიცხავ ლექსად იცვლება
მომზადებული ქებათა-ქება.
ჰკრავს ხელს და ეუბნება: მომშორდიო! არას უჯერებს ისე, როგორც სვიმონ მოციქულმა, ხასიათის სიმაგრისათვის პეტრედ წოდებულმა არა დაუჯერა ქრისტეს აღდგომა, რადგანაც თვალ-წინ ეხატებოდა მისი წასული! არ დაუჯერა არც მგოსანმა, თამარს შენანება და უკუ აგდო! საზოგადოდ ქალებისათვის ისე მწვავი არ არის-რა როგორც სიყვარულის უარყოფა და თამარიც, რასაკვირველია, გამწარდა... გამწარდა და გამეორდა ის, რასაც ბიბლია მოგვითხრობს: ფარაონის მეუღლემ სწამა იოსებ მშვენიერს და ჩააგდებია ჯურღმულში. აქაც თამარმა დააბრალა გოჩას - გაუპატიურება მომინდომაო და დააჭერია, ჩაასმევინა ციხეში!.. იმავ ხანებში ღალატმა თავი იჩინა. დედოფლის მოკვლა უნდოდათ ცირას დახმარებით, მაგრამ გამართლდა შეთქმულობა და ცირაც დაიჭირეს. სამსჯავრომ გოჩასაც და ცირას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ცირას დაკირვა და გოჩას ჩამოხრჩობა. მგოსანი ყველას უყვარდა, ენანებოდათ მისი სიკვდილი: სახლთ-უხუცესს, მსაჯულთ-უხუცესს, დარბაისლებს და მასხარასაც კი, მაგრამ ყველაზე უფრო სწუხდა თვით მეფე, ისიც სევდისაგან გატა-ცებული. დარბაზობის დროს, ერთხელ მსაჯულთ-უხუცესმა მოახსენა: „ბატონო მეფევ! ლასხიშვილმა რომ დარეჯან დედოფალი მოჰკლა და იმერეთი განსაცდელს გადაარჩინა, ის მაშინ ამ გოჩასაგან იყო ჩაგონებული და აგზნებული. მემკვიდრემ, ახლად გამეფებულმა, მოიხმო მაშინ მგოსანი, მადლი გადაუხადა და უბრძანა: რასაცა მთხოვ აგისრულებო! მაგრამ ეს პირობა ისევ პირობად დარჩა, რადგანაც ვერ მოას-წრეს ასრულება. ახლა ბატონო, რადგანაც თქვენა ბრძანდებით იმ მეფის მაგიერი, ის სიტყვაც თქვენ უნდა გაამართლოთო“. მეფეს მალამოდ მოხვდა გულზე ეს სიტყვები!.. ეფონა!., მოაყვანია გოჩა და გადასცა, მაგრამ გოჩამ ცირას განთავისუფლება ითხოვა, რადგანაც ის ჩემი ჩაგონებული იყოო! ახალი ბრალი დასდვა თავის თავს. მაგრამ მაინც უბრძანა: „მეფის სიტყვა არ გატყდებაო და სიცოცხლე ითხოვეო“. მგოსანი უარზე დგას. იგონებს იმ წარსულ დროს, როცა ის, მთავარი გიორგი და ჯუმათელი ხშირად ერთად ტაძრის გვერდით ამოსულ და შტოებს გაშლილ ჭადრის ქვეშ საერო საქმეებს სახავდენ და იმდენათაც კი იყვნენ გატაცებული, რომ მთავარმა რჯულს უღალატა: სიდედრი ცოლად შეირთო მხოლოდ იმ განძრახვით, რომ იმერეთის ტახტზე ასულიყო, გაეერთიანებია მთელი დასავლეთი საქართველო და მერე მიშველებოდა აოხრებულ ქართლ-კახეთს, მაგრამ გახდა მეფედ თუ არა, გამოიცვალა. ცოლის სილამაზეს გადაჰყვა და აღარა ჰგავს წინანდელ მთავარსო!.. ჯუმათელი მოკვდა და მე რაღა ვარ აწი, ობლად დარჩენილიო. არა, მე სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო.
წავალ, მივმართავ იმ წინაპართ გუნდს,
სამშობლოს მსხვერპლად რომ შეწირულან
და, თუმც საფლავიც არ ღირსებიათ,
მაგრამ ჩვენს გულში კი დამარხულან.
მეც ერთად მათთან, თუ ღირსი გავხდი,
ცრემლებს გადმოვყრი საამქვეყნო ძღვნად,
რომ ის ცრემლები აქ დანთხეულ სისხლს
წმინდად დაერთოს ციურ მანანად;
და აღმოცენდეს მით საარსებო,
საზრდო რამ ჩვენის შვილის შვილების,
რომ ისინიც კი წმინდად მიმღები,
ვით ზიარების იმ ნაწილების,
იმსჭვალებოდენ წინაპრებსავით
მათი სამშობლოს სადიდებელად
და ღვაწლი მათი საშვილიშვილოდ
გადასცემოდეთ საგალობელად...
ეს უცნაური სიტყვები ესმის დედოფალს, კარებზე წამოყურებულს და ახალ გრძნობებით გატაცებული შემოდის მედიდურად დარბაზში და ბრძანებს: შეჩერდით!.. მგოსანს არა აქვს ბრალი!.. მე ვსტყუი, როგორც ქალი, ამას ვამოწმებ, როგორც დედოფალი!.. ძლიერი ბუნება გატყდება... გაისრისება, მაგრამ მოდრეკითა და მოღუნით კი ვერ მოიღუნება!.. თამარიც შენანებული ჰფიქრობს მწარე რამეს: ამისი სინანული არ სჯერათ! ახალ სააღმაფრენო გზაზე არ გაჰყავთ და ძველი გზა კი ახლა თვითონვე ეზიზღება! თუ დავრჩიო, ჰფიქრობს ის, არ გამეორდება ჩემ გამო (თუმცა მე ბრალი არა მაქვსო, არავის რამეს მკითხავს მეო) და სიკვდილს არჩევს... თავს იწამლავს და ეუბნება მეფეს: გცოდე, როგორც ქმარს და როგორც მეფეს. ბნელი მივაყენე სამეფოს და შენდობას ითხოვს მაგდალინელიო! ამიერიდან შენი თავი სამშობლოს შესწირე და გახსოვდეს მგოსანიცო! მგოსანი, რომელსაც სიცოცხლეში თამარის არა უნახავს-რა სათაყვანო, იხიბლება და ამბობს: „აი სად ვხედავ მე სათაყვანო შვენიერებას! და ვაი რომ ახლა კვდებაო“! ახლა კი სჯერა მგოსანს თამარის შენანება და შეუნდობს ამით წარსულს. თამარმაც არ ახსენა უმიზეზოდ მაგდალინელი. მაგდალინელიც ერთი მოტრფიალეთაგანი იყო, სანამ არ მოვიდა ქვეყნად მაცხოვარი ახალ-აღთქმით!.. მოიტანა ზენა სიყვარული და მაგდალინელსაც რომ ესმა, დააგდო ძველი გზა, შეუდგა ქრისტეს!.. და ეკლესიამ არა თუ მიუტევა მაგდალინელს ძველი ცოდვები, წმინდათაც შერაცხა... და ახლა თქვენ, მსაჯულებო! თუ არ შეუნდობთ შენანებულ თამარს წარსულს, შეურაცხჰყოფთ თვით შემოქმედსაც, რომელმაც თამარში ჩასახა საოცნებო მშვენიერება, რაშიაც თვით თამარი უდანაშაულოა და არ ეთანხმებით ეკლესიას, რომელმაც წმინდა ჰყო მაგდალინელი.*
(თემი, 1911 წ., №18)
______________
* მოსამართლეებმა თამარ ცბიერი დამნაშავედ იცნეს. ბრალმდებლად იყო ია ეკალაძე. მეორე დამცველად ნაფ. ვექილი ი. მაჭავარიანი, თავმჯდომარედ ნაფიცი ვექ. გ. გვაზავა. („თემის“ რედაქციის შენიშვნა).
![]() |
2.33 ქ-ნ საფაროვის ქალის იუბილეს გამო |
▲ზევით დაბრუნება |
წყალში ნაშობი მარგალიტი, სანამ ზღვის სარდაფშია გამომწყვდეული, არაფრად ღირს, მაგრამ ხოჭიჭს რომ გახსნიან, გამოიღებენ და იმას ადამიანის თვალი მოხვდება, განძად გადაიქცევა, იმ მარგალიტით სჭედავენ სამოსელს, ივლებენ ქობად, აკეთებენ ქინძისთავად და ვისაც კი ხელი მიუწვდება, ძაფზე ასხმენ ყელსაბმელად. ხანდახან ყელსაბმელ მარგალიტებში მსხვილი ვითომ მარგალიტიც გამოერევა ხოლმე, შორიდან თვალის მომჭრელი, მაგრამ, თუ ახლოს გასინჯეთ, წმინდა წყლის მარგალიტი კი აღარ გამოდგება ის... ხელოვნური, გაბერილი თაღლითია!.. სწორეთ ასეთივეა საზოგადო მოღვაწეობაც: სანამ ადამიანი არ გამოუცდიათ, არც არავინ იცის, მაგრამ როცა კი გამოვა საზოგადო სარბიელზე და ისახელებს თავს, იმ დღიდან იმას ისე აფასებენ, როგორც მარგალიტს. აი მიზეზი, თუ რად სცდილობს ყველა, რომ თავი იჩინოს! მაგრამ რადგანაც საზოგადო მოღვაწე ძვირია, როგორც წმინდა წყლის მარგა-ლიტი, მის ადგილს იჭერენ თაღლითები, კუჭს რომ ვერ ასცილებიან და მეგანგა-შეებისა და მებუკეების წყალობით არიან გაბერილი. ზოგჯერ ჩვენც ვსტყუვდებით და თაღლითებით მოტყუებული თვალს ვარიდებთ ხოლმე ობოლ-მარგალიტს! ქ-ბ. საფაროვის ქალი ერთი ამ წმინდა-წყლის მარგალიტთაგანია, და სანამ ქართული სცენა იხსენიება, მისი სახელიც არ გაქრება! ამან გამოხვია პირველად ხოჭიჭში ქართული თეატრი, დაურწია აკვანი და აადგმევინა ფეხიც სხვებთან ერთად... მაგრამ ეს ყოლიფერი უამისოდ მოუხერხებელი იყო. 32 წ, ემსახურა სულითა და გულით, სანამ მის სამსახურშივე სმენა არ დაჰკარგა, დაჰკარგა იმდენად, რომ მსახიობა აღარ შეეძლო, მაგრამ სხვა გვარად კი ემსახურებოდა და დღესაც კიდევ ემსახურება. ამისთანა მოღვაწის დაუვიწყრობა და იუბილეს გადახდა ეროვნული მოვლინებაა, - აღარ ვიცით ვის უნდა მივულოცოთ: იმას, ვისაც უხდიან იუბილეს, თუ იმათ, ვინც უხდიან?
(თემი, 1912 წ., №52)
![]() |
2.34 ქ-ნ ელ. თარხნიშვილის ქალი |
▲ზევით დაბრუნება |
აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში გადმოვიდა ხმა, რომ ქ-ნ ელენე თარხნიშვილის ქალმა, თავის სიმღერით დაატკბო იქაური ქართველობაო. მე კი, როგორც თანამედროებისაგან გულგატეხილს და ქართველების ხასიათის მცოდ-ნესაც, გადაჭარბებულად მეჩვენა ეს ქება - ვამბობდი ჩემს გუნებაში: ვაი თუ ამ ჩვენს პატარა საჭინჭვლეთში ცოტა მოდიდო ჭიანჭველა, დევ-გმირად მოეჩვენათ მეთქი. ამას მით უფრო ვფიქრობდი, რომ წინეთაც, როცა ის სწავლობდა, მომისმენია მისი მთელს არსებობაში უნებურად ჩამძრომი, სულთან გულის გადამბმელი, მომხიბლავი მღერა და მითქვამს: ცოდვა არ არის, რომ ეს ტკბილი ხმა დაბმული იყოს და სასცენოდ არ ვარგოდეს მეთქი?.. ის კი ჯიუტობდა: გავზრდი ამ ხმასო!.. ჩამოვედი იმერეთიდან საკუთრად მის ხმის მოსასმენად... ვნახე ქ-ნი ელენე სცენაზე „ტრავიატაში“ და გავკვირდი: მართლა გაუზრდია მეცადინეობით ხმა იმდენად, რომ არა თუ ჩვენს პატარა სცენას, დიდ სცენასაც არ შეარცხვენს!.. აი რას ნიშნავს სურვილი, ცდა და შრომის მოყვარეობა!.. აღტაცებაში მოვედი, მაგრამ სულ სხვა მოსაზრებით. ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ ჩვენი მომავალი ქალების ხელშია. და მე ვფიქრობ, რომ ქ-ნ თარხნიშვილის ქალს, როგორც შრომის მოყვარეს და მეცადინეს შეუძლიან მართლა და დიდი სამსახური გაუწიოს ქართველობას!.. არა მარტო ხმით!.. ხმა დიდი ხნის სტუმარი არ არის საზოგადოდ; ის ისე წავა, ვით ციაგი, კვალს დასტოვებს, მაგრამ ნაშრომი და ნაღვაწი საშვილიშვილოა. აქ რა შრომას ვგულისხმობთ? ხელოვნება საერთოდ ყველა ხალხს ეკუთვნის, სადაც უნდა იშვას. არა აქვს საკუთარი მამული, მაგრამ სამშობლო კი აქვს. ყოველ ხალხს თავისი განსაკუთრებული ხასიათი აქვს, მიხრა-მოხრა, გამოთქმის კილო, გამომეტყველება და სხვანი. სიმღერა არის ხალხის ნაგრძნობისა და ნაფიქრალის თავგადასავლის გამოხატვა და ამიტომაც, როგორც ცხოვრება, ისე სიმღერაც სხვადასხვაა; მიბაძვა ერთი-მეორესი, გინდ გამშვენიერე-ბულიც იყოს, გაფუჭებაა. ქართულ ხმებსაც თავისი განსაკუთრებული კილო აქვს - თავისი ეროვნული საიდუმლოება. - ავიღოთ მაგალითი: „სულიკო“ ეს უბრალო რამ, დავაკვრევინოთ ჯერ უპირველესს მეფორტოპიანეს და მერე ბ-ნ ნ. ქართველიშვილს. პირველი აღტაცებაში მოგიყვანთ, მაგრამ მეორე, ქართველიშვილი, გულში გწვდებათ და გხიბლავთ. აი, სწორედ აქ მარხია ეროვნული საიდუმლოება და მისი ხელში დაჭერა შეუძლია მხოლოდ იმავე ერის შვილს. ბ-ნი სუმბათაშვილი რომ ქართველი არ იყოს „ღალატს“ ვერ დასწერდა. ეს უნდა შეიგნონ ჩვენმა მომღერლებმა და კომპო-ზიტორებმა და მაშინ ექნება ფასი მათ მოღვაწეობასაც. ამგვარ შეგნებას დიდი შრომა, მეცადინეობა, ხალხის შესწავლა და დაკვირვება უნდა. ყველაფერი ესენი შეუძლია ქ-ნ თარხნიშვილის ქალს, როგორც დაგვიმტკიცა კიდევაც და ამიტომაც მისგან მეტს გამოველით. თუ ეს იმედი არ გაგვიცრუვდა, მაშინ ჩვენც სხვებთან ერთად, თაყვანს ვცემთ მის სახსოვარს.
(თემი, 1912 წ., №53)
![]() |
2.35 ქართული თეატრის დაარსება საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
(სიტყვა წარმოთქმული მ. საფაროვის ქალის პატივსაცემად
გამართულ დილაზე, 1912 წლის 15 იანვარს)
ერთხელ გიორგი ერისთავი მივიდა დიმიტრი ყიფიანთან და ნახა, რომ დივანზე გადაწოლილი მასპინძელი წიგნს კითხულობდა და გულით იცინოდა.
- რა ამბავია ბ. დიმიტრი, რომ მაგრე ხარხარებ?
- უკაცრავად ბ. გიორგი, რომ ამ წიგნმა გამიტაცა და გვიან შეგნიშნეთ!.. ერთ რუსის მწერალს, ვიღაც პისემსკის, დაუწერია კომედია და „გაყრა“ დაურქმევია. საუცხოვოთ არის შიგ ჩასახული ხასიათი, ზნე და ჩვეულება რუსეთის მებატონეების. მონაწილეები, რომ ერთმანეთს მეტ-ნაკლებობა არ დაუთმონ, შალს... წამოსასხამ შალს შუა სჭრიან! საზოგადოდ ძალიან ხელოვნურად, მოსწრებულად და სასაცილოთ არის შეთხზული. ჩემო მგოსანო! შენც დაგვიმტკიცე, რომ ტყვილად არ ყოფილხარ ვარშავაში გაგზავნილი, პოლონეთის მწერლობას გავლენა ჰქონდა შენზე და შენც ამგვარი რამ დაგვიწერე, თუ შეგიძლია, ჩვენის ცხოვრებიდან!
სტუმარმა მოუსმინა, ჩამოართვა წიგნი და გაუდგა გზას სოფლისაკენ. არ გაუვლია დიდხანს, რომ ისევ ქალაქში დაბრუნებულმა მგოსანმა ჩაუტანა და აჩვენა დიმიტრის, ქართულად შეთხზული კომედია „გაყრა“, რომელსაც დღესაც საპატიო ადგილი უჭირავს რეპერტუარში.
დიმიტრიმ, რომ გადაიკითხა ეს შესანიშნავი ნაწარმოები, იმავე დღეს შეატყობინა, ბ. მთავარ-მართებელს. მაშინ მთავარ-მართებლად იყო მიხეილ სვიმონის ძე ვორონცოვი, ქართველების დიდი მოყვარული და მწყალობელი. გადაათარგმნია რუსულად დიმიტრისვე ის პიესა და აღტაცებაში მოსულმა, უთხრა ცოლს: „ელიზავეტა ქსავერიევნა! აი როგორ მართლდება ჩემი შეხედულება ქართველებზე! ისინი, როგორც ძველი, განსაკუთრებული ხალხის ჩამომავალნი, მარტო სამხედრო სარბიელზე კი არ იჩენენ ნიჭს, სამოქალაქო სარბიელზედაც შეუდარებელი არიან!.. აი ახლაც ერთ ერისთავს დაუწერია კომედია ქართული ცხოვრებიდან და მოლიერის და გრიბოედოვის სიმაღლემდე ასულა!.. მე მინდა, რომ ეს ჩემი აღტაცება მთელ ქართველობას გავუზიარო! უნდა როგორმე წამოვადგინოთ ეს პიესა!..“
ვორონცოვის დროს ქართველობა თავისუფლად ჰსუნთქავდა. ის იყო მათი სულის ჩამდგმელი. თითქმის აღმერთებდენ ვორონცოვს ქართველები და მის გამოისობით მთელი რუსეთიც უყვარდათ! იმ დროს ქართველისათვის რუსი იდეალი იყო. და რასაკვირველია რომ ვორონცოვის სურვილს, რაც უნდა მძიმე ყოფილიყო, წინააღ-მდეგობას აბა ვინ გაუწევდა! მეორე დღესვე დაიბარა მთავარ-მართებელმა ავტორი ერისთავი და გადასცა, რასაც აპირებდა. - ჩემს სასახლეს დაგითმობო, - უთხრა - შევჰყაროთ სცენის მოყვარეები, შენ ითავე მათი მომზადება და „გაყრა“ წარმოვადგინოთ, ისე როგორც პოლონეთში გექნება ნახულიო!...
ერისთავმა მოახსენა: კაცებს ადვილად ვაკისრებიებ სცენაზე გამოსვლას, მაგრამ ქალების კი რა მოგახსენოთ!.. ქართველი ქალი საზოგადოდ მორცხვია და სცენა ეთაკილებაო!...
- ეგ არაფერია - უბრძანა მთავარ-მართებელმა - განათლებულ ევროპის ქვეყნებ-შიაც აგრე ყოფილა, მაგრამ დღეს უპირველესი გვარიშვილები გამოდიან სცენაზე და ემსახურებიან ხელოვნებას... აქაც მე ვთხოვ კნეინა ქეთევან ორბელიანისას, გადავსცემ ჩემ განზრახვას მანანა ორბელიანისას და ისინი ითავებენო!... მართლაც შედგა გუნდი, სადაც მონაწილეობას იღებდენ თვით ავტორი გიორგი სომხის როლში, დ. ყიფი-ანი, მიხეილ ჭილაშვილი, ილიკო ორბელიანი, შანშიაშვილი, ქეთევან ორბელიანისა, ტასო ორბელიანისა და სხვანი. და კიდევაც წარმოადგინეს პირველად „გაყრა“ სასახლეში... წარმოდგენამ მშვენივრად ჩაიარა, მით უფრო, რომ ის სანახაობა იყო საქართველოში პირველი და აღტაცებაში მოიყვანა არა მარტო მაყურებელი! ელვის სისწრაფით მოეფინა ამბავი მთელ დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან და დიდხანს სულ იმ უცხო რამეზე ლაპარაკობდენ ოჯახებში და მე მგონია, რომ ამას დიდი გავლენაცა ჰქონდა!.. მე მაშინ თორმეტის წლისა ვიყავი. რასაკვირველია, თეატრი არსად მენახა, მაგრამ ნაამბობით ისე ვიყავი გამსჭვალული, რომ მეც ვითომ კომედია დავწერე „მოურავი“, სადაც ჩემი ოჯახის შინაური ამბავი იყო გამოყვანილი. ამის ყოლიფრის მნახველმა და გამგონემ, ვორონცოვმა მოინდომა უმეტესი: მაკვირვებს მე დღეს ამ რიცხვ-მცირე ხალხის, მაგრამ ოდესმე ძლიერის, ერთი უძველეს ერთაგანის, ამ ქართველების ცხოვრება!.. - ჰფიქრობდა გუნებაში მთავარ-მართებელი - იმ თავითვე მოპოვებულ ქრისტიანობის წყალობით, იმან შეიმოსა კულტუროსნობა და ჩაიდინა ის ისტორიული საკვირველება, რომელსაც მართლმადიდებლობა ვერასოდეს ვერ დაივიწყებს: გაძლიერდა მაჰმადიანობა და განსაცდელში ჩააგდო მსოფლიოდ ქრისტიანობა: დიდებული საქრისტიანო ბიზანტია დაამხო, სლოვიანთა ქვეყნები დაიპყრო, ევროპას მისწვდა და კალთებს აგლეჯდა და ეს პატარა საქრისტიანო სამეფო, აზიაში კი გაუმკლავდა. იმ თავითვე დაწყებული ამ ბოლომდე ირგვლივ ეხვეოდენ, როგორც „მუმლი მუხასა“, რომ მოესპოთ; დიდ გასაჭირში აგდებდენ, მაგრამ გაძლებით კი მაინც გაუძლო, ამ პატარა საქრისტიანომ და მოიგერა და თავისი ეროვნება, გამშვენიერებული დედა-ენა და შეუბღალავი სარწმუნოება მეცხრამეტე საუკუნის კარებამდი მოიტანა და გადასცა საპატრონოდ შორეულ საქრისტიანოს. ჰფიქრობდა: მე შევისვენებ ცოტას, რომ გამოვშუშდე, დიდ სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ და მერე მასთან ერთად უფრო მეტის ძლიერებით განვაგრძო ჩემი დანიშნულება და ჩემი გეგმაო!.. გააღო დარიალის ხეობა, მოგვიწვია მან მეგობრულად; დაგვიხვდა მოყვრულად და ჩაგვიდვა თავი კალთაში სრულიად მონდობილმა, ჩვენ კი როგორ გავუმართლეთ მოლოდინი? შემცდარი იყვნენ ჩემი წინამოადგილენი, რომ ალმაცერად შეჰხედეს!.. ცოდვაა ამისთანა ხალხის სიკვდილი!.. შეცდომაა მათი გაქრობა!! ხალხი ამაყი წარსულით წელ-გამაგრებულია აწმყოში და სწორედ წარმოიდგენს მომავალს. და დავუმონებ სიმართლით სულითა და გულით და არა მარტო ენით ქართველობას რუსეთს პოლიტიკურად გარუსებულს, მაგრამ თავის სარწმუნოებით, ენით და ეროვნულ ელფერით. ის იქნება უკეთესი თვალი ჩასმული რუსეთის გვირგვინშიო. გაიფიქრა ეს და მოიხმო დიმიტრი ყიფიანი. დიმიტრი ყიფიანს აფასებდა და ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე ქართველების შესახებ. გადასცა თავის განზრახვა: „დიმიტრი ივანიჩ, გახსოვს ერთხელ შენ რომ რუსთველის სიტყვები გადმოთარგმნე: „სიმართლის ჩადენა, გამხმარსაც გაანედლებსო?!“ მე მინდა, რომ დღეს შემკრთალი და მიძინებული ქართველობა გამოვაღვიძო!“
- სწორედ მაგას მოელოდა ისიც - მიუგო დიმიტრიმ, - როცა თქვენ მოგმართა.
- დიახ! დიახ! არც შემცდარან!.. მიყვარს ის ხალხი, რომელსაც ძველად კულტურა ჰქონდა! ქართველების მწერლობა მაშინ ყოფილა ყვავილოვან მდგომარეობაში, როცა ჩვენ სლოვიანები ხსენებაშიაც არ ვყოფილვართ. ქართველებს კი ჰქონდათ თავისი მდიდარი ენა, საკუთარი ეროვნული ცხოვრება, სჯულისდება, სარწმუნოება და სხვანი. მე მსურს, რომ ეს ბედნიერი წარსული აღვუდგინო და მომავლისათვის აწმყოში წავიყვანო ისინი საევროპიო სწორის გზით... დროს შესაფერი მივსცე სწავლა-განათლება და სხვათა შორის და ვუარსო ჟურნალ-გაზეთები და სცენა... იყოს ჩემი სურვილი და მეცადინეობა! თქვენი ნიჭი და შრომა! დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც დამეხმარებით, ვისაც კი გაქვთ თვალის ჩინი, რომელშიაც გრძნობა-გონება გამოიხატება! დაიბარეს გ. ერისთავი. მთავარ-მართებელმა გადასცა ბრძანება: მე გნიშნავ შენ ჩემ განსაკუთრებულ მინდობილობის „ჩინოვნიკად“ მისი ჯამაგირით, რომ უზრუნ- ველგყო და სამსახური კი სულ სხვა გექნება: უნდა გამოიცეს ჟურნალი და შენ იკისრო მისი რედაქტორობა. სტამბა მუქთი გექნებათ, სახელმწიფო სტამბა... აგრეთვე უნდა შესდგეს სამუდამო თეატრი და შენთვისვე მომინდვია დასის შედგენა და მისი წინ წაძღოლაო. თქმა იყო და ასრულება. ერისთავმა მორჩილად მადლი გადაუხადა, შეუდგა საქმეს; ჩავიდა გორის მაზრაში. აქ შეაგროვა მოთამაშეები. შეადგინა სრული დასი და ჩამოვიდა თბილისში. შეუდგა საქმეს. დაარსდა თეატრი. მოთამაშეთა ნიჭებმა იჩინეს თავი, მათ გამოიწვიეს დრამატიული მწერლობა და მწერლებთა რიცხვში გამოერია იმისთანა შესანიშნავი დრამატურგიც, როგორც იყო ზურაბ ანტონოვი! სცენა დღითი დღე წარმატებაში შედიოდა და საეჭვო აღარა იყო-რა... ვორონცოვი, არა თუ ქართულ წარმოდგენებს, რეპეტიციებსაც კი ესწრებოდა ხოლმე. ბევრჯერ ამოუღია უბიდან ოქროს საათი და უჩუქებია ამა თუ იმ მსახიობისათვის!
ყოლიფერი უქადდა ქართულ სცენას წარმატებას, მაგრამ ბედმა უმტყუნა, ვორონცოვი მოშორდა საქართველოს და იმას თან გაჰყვა მისი მმართველობის გეგმაც. მის მოადგილედ დაინიშნა მურავიოვი, რომელიც სულ სხვა შეხედულებისა იყო; ყველაფერს, რაც კი ქართველების სასარგებლოდ იყო დაწყებული, ალმაცერად შეჰხედა და მათ რიცხვში წიხლი ჰკრა ქართულ თეატრსაც: ჩამოართვა უსასყიდლო თეატრი, მოუსპო სუბსიდია და ულუკმაპუროდ დარჩენ ყველანი, ერისთავი თბილისიდან სოფელშივე წავიდა. მაშინ ახალგაზრდა ი. კერესელიძემ იკისრა მათი მეთაურობა და იქირავა შუა ბაზარში ქარვასლა, გააკეთა სცენა და შეუდგა წარმოდგენებს. დაბალი წოდება, ღარიბი ხალხი ბევრს ვერას მოუტანდა თეატრს და მაღალმა წოდებამ, რომ დაინახა მთავრობა აღარ წყალობს, აღარც შეხედა თეატრს და კერესელიძემ ერთი სეზონიც ვეღარ გასტანა!.. უკიდურესობაში ჩაცვივნული მსახიობები გაიფანტნენ: კორძაია გადაიკარგა სცენისათვის, ელიოზოვმა სიღარიბეში დალია სული, დვანაძე ციმბირში გაიგზავნა, შესანიშნავი დრამატურგი ზურაბ ანტონოვი (მებამბის შვილი) ორმოში ჩააგდეს და როცა იქიდან მტირალი ამოზუოდა, ხმა დაუგდეს, რომ ცოფიანმა ძაღლმა დაჰკბინა და გაბრაზიანდაო!.. მოკვდა ორმოში. უკეთესი ბედი მაინც და მაინც არც ქალებსა სწვევიათ, გარდა ერთისა, რომელიც ი. კერესელიძემ შეირთო ცოლად. ამ დღიდან მოისპო თბილისში ქართული თეატრი და ქართველებსაც გულიდან გადაუვარდათ. მისი ადგილი დაიჭირა რუსულმა წარმოდგენებმა.
1862 წ. რუსეთიდან დროებით ჩამოვედი ქუთაისში და აქა ვცხოვრობდი. არაფერი გასართობი იმ დროს ქალაქ ქუთაისს არ მოეპოვებოდა-რა. დიდი მოწყენილობა იყო. გიმნაზიის მასწავლებელი მოსიძე მოვიდა ჩემთან და მითხრა: მოდი ერთი ვსინჯოთ და „მზის დაბნელება“ წარმოვადგინოთ როგორმეო! და თუ ქალები არ გამოვლენ სცენაზე, ახალგაზრდა ვაჟები გამოვიყვანოთ მათ მაგიერო! მე გადავეცი ეს ჩვენი განზრახვა ახალგაზრდა აბაშიძის ასულს, დღეს ნინო ორბელიანისას, რომელიც მამიდად მერგებოდა. იმან იკისრა სცენაზე გამოსვლა, დაიყოლია მისი მეგობარი კეკელა აგიაშვილისა და შევუდექით საქმეს.
ეს პირველად იყო იმერეთში ქართველი ქალების სცენაზე გამოსვლა და ისიც ოჯახიშ-ვილების. წარმოდგენამ კარგად ჩაიარა და ცუდიც რომ ყოფილიყო უჩვეულო ხალხს, კარგად მოეჩვენებოდა. იმ ზამთარში სამჯერ გაგვამეორებიეს. გაზაფხულზე წაველ ისევ რუსეთს და რამდენიმე წელიწადი იქ დავრჩი. მეორეთ რომ დავბრუნდი, იმ დროს ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლედ იყო პოეტი რ. ერისთავი და მისის მეცადინეობით შესდგა სცენის მოყვარეთა წრე. მუდმივ მოთამაშეები იყვნენ ქალთაგან ქ-ნი ეფროსინე კლდიაშვილისა, ყიფიანის ქალი, კაცებთაგან მე, თქვენი უმორჩილესი მონა, და ჭეიშვილი. სხვები ხან ის და ხან ეს გვეხმარებოდენ. რეპეტიციები ხან რაფაელის სახლში იყო ხოლმე და ხან ეფროსინე კლდიაშვილისას. თვითონ რაფაელი სუფლიორობდა, სწერდა სათამაშო პიესებს და ორჯერ-სამჯერ კიდეც ითამაშა.
წარმოდგენა იმართებოდა ხანგამოშვებით, მაგრამ უსუსტარად, ხალხი დიდძალი დაიარებოდა. თეატრი სავსე იყო ხოლმე. ეს რომ ნახა გრაფინია ლევაშოვისამ, დაგვიბარა და გვკითხა: მე გაგიმართავთ სცენას სახელმწიფო სახლში (დღეს რომ სასამართლოებია რიონის პირად). თქვენ ყოველ კვირა-უქმე დღეს წარმოადგინეთ ხოლმე და შემოსავალი უფასო ქალთა სკოლის სასარგებლო იყოსო. დავთანხმდით და შევუდექით საქმეს. მთელი სეზონი ვაწარმოეთ და ხალხიც სიამოვნებით დაიარებოდა თეატრში. ამ დროს კი თბილისში ხსენებაც არ იყო თეატრის. ერთხელ მხოლოდ დაგვიბარეს თბილისში, რომ გვეჩვენებია მათთვის მივიწყებული მათგან თეატრი. მაშინ ჯერ კიდევ რკინის გზა არ იყო, ჩამოვედით და, სცენის მოყვარეთა დახმარებით წარმოვადგინეთ „ყვარყვარე ათაბაგი“. ყვარყვარე ათაბაგის ცოლს, მენახშირის ქალის როლს თამაშობდა შესანიშნავი მსახიობი ქალი ეფროსინე კლდიაშვილისა და ისე ჩაითრია მაყურებლები, რომ ზოგიერთ ქალებს ლოჟაში ისტერიკა მოუვიდათ, მაშინ იყო რომ თ. ყაფლან ორბელიანმა, პირველ წრეში მჯდომმა და ბატონ-კაცურად მუხლზე ფეხ-შემოდებულმა, დაიყვირა: დაანებეთ თავი მაგ წარმოდგენას, თორემ ქალები დაგვეხოცებიანო! ვორონცოვის შემდეგ ეს იყო პირველი წარმოდგენა თბილისში.
მეორე ზამთარში რომ წავედი თბილისში, ახალგაზრდები, რომელთა რიცხვში ბ. ნიკო ავალიშვილიც იყო, მოვიდენ ჩემთან და მთხოვეს, რომ წარმოდგენა რამ ქართულად მოგვეხერხებია. სცენა რომ არსად იყო, არჩილ მუხრან-ბატონის ქვრივმა დაგვითმო მისი დიდი ზალა და ჩვენ კი აქ ხელათ შევხანხლეთ სცენა. წარმოვადგინეთ ჩემი პიესა „ძველსა და ახალს შუა“. ქართველი ქალი რომ ვერავინ გამოვიდა სცენაზე, მაშინ სომხის ქალი ნინო ნაზაროვისა, მერე იზმიროვის მეუღლე, გამოვიყვანეთ, როგორც იქმნა, ას მანეთად. წარმოდგენამ, რა საკვირველია, აღტაცებაში მოიყვანა ხალხი და იმან წაახალისა ახალგაზრდობა, რომელმაც შეადგინა წრე ნიკო ავალიშვილის თაოსნობით და ნემეცების კლუბში ხანდახან მართავდენ წარმოდგენას. ნიკოს გამოჰყავდა სცენაზე ცოლი, დები და მახლობლები. რასაკვირველია, მაშინდელი სცენა დღევანდელთან აჩრდილი იყო, მაგრამ პირველი ბიჯი იყო და გამოიწვია სცენის მოყვარეთა წრე, როცა მაკო საფაროვისაც მათში გამოერია.
მარჯანიშვილის ქვრივი ლიზა მისის დით კატო აბელოვის მეუღლით ჩამოვიდენ საზამთროდ თბილისში; მათ თან ჩამოჰყვა ახალგაზრდა დისწული მაკო საფაროვისა. ერთხელ სადილად რომ ვიყავ მათთან მიწვეული, ჩვენებური ლხინი გაიმართა. დიდი მოლხენა იყო. ამ მოლხენის მიზეზიც ახალგაზრდა ცქრიალა ქალი იყო; შემოსძახა სხვადასხვა კახური სიმღერები, ადგენდა სხვადასხვა სცენებს და ოხუნჯობდა. ნასადილევს მიველ და ვკითხე ახალგაზრდა ქალს: სცენაზე არ გამოხვალთ მეთქი, - სცენა რა არისო? მიპასუხა, მეც ავუხ სენი. - კი მაგრამ რისთვის და ვისთვის. მოისმინა ჩემგან პასუხი.
- როგორ თუ ჯამაგირი მექნება?! განა მაგისათვის მე ფულს მომცემენ? ნეტავი მართლა ჩემი შრომით თვეში თხუთმეტი მანეთი ვიშოვო, რომ იმით ძმები გამოვზარდოო! მაგრამ დეიდები არ მომცემენ ნებას! მის დეიდებთანაც მოვილაპარაკე და ბევრის ჩიჩინის შემდეგ დამეთანხმენ, მაგრამ ეს კი მითხრეს: იმის პასუხიდან, თქვენც მიხვდებოდით, რომ ცხოვრების არა გაეგება-რა, და თეატრში შესვლის ნებას თუ მივსცემთ იმ პირობით, რომ მისი ძიძა-გამდელი მას არ მოვაშოროთო. ეს გადავეცი ავალიშვილს და მეორე დღესვე წაველი ქუთაისს. ერთი თვის შემდეგ რომ ჩამოვბრუნდი, ვნახე რომ მაკო მართლა გამოეყვანათ სცენაზე და იმის თამაშს აღტაცებაში მოეყვანა საზოგადოება. დიდხანს საზოგადოებაში სულ იმაზე იყო ლაპარაკი. მეორე და მესამე გამოსვლა კიდევ უკეთესი იყო, ამ აღტაცებამ გამოიწვია სურვილი, რომ მუდმივი სცენა გამართულიყო. დაიქირავეს საზოგადო თეატრი და კვირაში ერთხელ მთელ სეზონში ადგენდენ, ამ სეზონშივე გაუჩდენ თეატრს და გვერდში ამოუდგენ ახალგაზრდა მსახიობ-ქალს სცენის მისთანა დევ-გმირები, როგორც გაბუნიას ქალი, კოტე ყიფიანი და ვასილ აბაშიძე! მაკო საფაროვისა მალე გახდა თეატრის დედა- ბოძად და საზოგადოებაც თვალყურს ადევნებდა!.. იმ სეზონშივე მისცეს ბენეფისი და ამან გამოიწვია ის ინცინდენტიც, რომელიც ახასიათებს მაშინდელ საზოგადოდ სოფლელ ქართველობას: საფაროვის ქალს, რომლის იდეალიც თვეში 15 მანეთი იყო, ბენეფისში საჩუქრებთან ერთად შემოუვიდა ფულათაც 500 მანეთი. ახალგაზრდა ქალმა ფულები გაუგზავნა მამას და მისწერა: „მამაჩემო, აი რა ბედში ჩავარდიო, ერთს ღამეს 500 მანეთი ავიღეო!“. აღშფოთებულ მამისაგან პასუხი მოსდის: „შვილო, ხომ არ გადარეულხარ? რა ხელობაა ეგ ხელობა, რომ ღამეში 500 მ. გაძლევს და დღე კი არაფერსო! მე შენ გირჩევ, მიატოვო ეგ ხელობა, მანდაურობა და ახლად ახლავე კახეთშივე დაბრუნდე ჩემ ღარიბ ოჯახში!..“ აი ნიმუში თუ როგორ ესმოდათ საზოგადოთ თეატრი და რამდენი უსამართლობა ეღობებოდა წინ თეატრს!.. მაგრამ ყოველივეს გაუძლო მოთამაშემ, და შესვლისთანავე თავი შესწირა ქართულ სცენას! დღითი დღე წარმატებაში შედიოდა მსახიობი ქალი, აღტაცებაში მოჰყავდა თავის შეგნებულის თამაშით საზოგადოება და საზოგადოებაც თანაგრძნობით ახარებდა ახალგაზდა მსახიობ ქალს. ქართულმა სცენის სეზონმა მხიარულად ჩაიარა!..
ქართველი, ისტორიულად მებრძოლი ხალხი, ხელდახელ პირდაპირობას არის ჩვეული და პირველი ბიჯი, სახვალიო, სამერმისო საქმეზე ფიქრი კი ეჩოთირება! ასე მოუვიდათ ქართულ სცენის მეთაურებსაც. ერთი მეორის მიხედვითა და იმედით მეორე სეზონში ხელი შეუშვეს თეატრს... თეატრი რუსის აქტიორმა პალმმა დაიჭირა და ქართველებს კი აღარც ერთი დღე აღარ დაუთმო. დარჩენ ქართველები უთეატროთ და უნდა დაშლილიყო, ასე მშვენიერად პირველ სეზონში წაყვანილი საქმე.
ერთხელ განსვენებული ილია ჭავჭავაძე შემოვიდა ჩემთან და მითხრა: დავიღუ-პეთო!.. თეატრი ხელიდან გამოგვაცალეს და ასე კარგად დაწყებული საქმე უნდა შევაჩეროთ ამ სეზონში და ეს ხომ დაღუპვააო. მეც ჩემი გულდაწყვეტა გამოვუცხადე. მერე მომიბრუნდა და მითხრა, მოდი ერთი შენ მოჰკიდე ამ საქმეს ხელი! იმერელი ხარ და ეგებ მოახერხო რამე?
- მე მაგვარ საქმეს ვერ ვიკისრებ!
- შენ მხოლოდ მიიღე შენს თავზედ და სხვებრ დიდათ არ გაგრჯით. რაფიელ ერისთავს თანაშემწედ მოგცემთ, იონა მეუნარგიას სეკრეტარად და ისინი წაიყვანენ საქმეს! შენ მხოლოდ იმეთაურე!
- კეთილი! მაგრამ ეგ უფრო მოუხერხებელად მიმაჩნია: ქართველი ერთი თუ ადგია საქმეს, მოერევა, გააკეთებს, მაგრამ თუ სხვებიც ამოუდგენ გვერდში, ერთმანეთს გაალაყებენ და დაიღუპება მათი საქმე. ჩემი შეხედულებით ერთი ყველა გმირია და ორი კი რა მოგახსენო!
- ეგ თქვენში თუა, იმერეთში, თვარა ჩვენში არა!... მაშ რადგანაც მაგრე ჰფიქრობ, შენ იკისრე მარტო.
- ერთი, რომ სცენა აღარსად არის და მეორეც ის, რომ თუ გვინდა მუდმივი არტისტები გვყავდეს და ქართული სცენა დავაარსოთ, უნდა ქირა ვაძლიოთ მოთამაშეებს. და გადაჭრილი ჯამაგირიც დავუნიშნოთ!
- არც მაგას შევუშინდებით.
- კეთილი! მაგრამ სად, სად შეგვიძლია, რომ დანიშნული ფული ვაძლიოთ უეჭველად! თეატრის შემოსავალი, რომ აღარ გვეყოს?
- მაგას მე ვიკისრებ! ყოველ თვეობით მოვაგროვებ შემოსაწევარს. ქართველებს განა არ იცნობ? რომელი შეძლებული მეტყვის უარსო. მეც წავედი და მოველაპარაკე „მშაკის“ რედაქტორს არწრუნს. მაშინ ეს სახლი, ქარვასლა, იმას ეკუთვნოდა და შემდეგი პირობა დამიდვა: „ჩემ დიდ ზალას მე გადავაკეთებ თეატრად, გაუკეთებ ლოჟებს, მოვრთავ სცენას და გადმოგცემთო. მხოლოდ იმ პირობით კი, რომ ყოველ წარმოდგენაში 40 მან. მაძლიოთ ხოლმე, როცა შემოსავალი არ იქნება - მოგიცდით, და ამას გარდა, სომხებმა თუ შეადგინონ დასი, აქვე ითამაშონ ხოლმეო“.
გაიმართა მუდმივი სცენა. ქართველების დასში ისეთი ნიჭიერი მსახიობნი იყვნენ როგორც საფაროვის ქალი, გაბუნიას ქალი, კოტე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე და სხვანი... ამავე დროს ბ. სუნდუკიანცმა მოგვაშველა თავისი იმ დროისათვის დიახ საინტერესო პიესები და საზოგადოებამაც თანაუგრძნო. შემოსავალმა ბევრად გადააჭარბა გასავალს!.. აღარ დაგვჭირვებია არწრუნის დავალება დ აღარც სხვების დახმარება, მით უფრო, რომ დასი მცირე რიცხოვანი იყო! აქ რომ კვირაში ერთხელ წარმოვადგენდით, იმავე პიესას გორში გავლის დროს ვითამაშებდით ხოლმე და მერე კი ქუთაისში. ასე რომ კვირაში სამჯერ ვარდგენდით სხვაგან და სხვაგან და შემოსავალიც დიდი იყო. დეკემბერში იმერეთის თავად აზნაურობა ქუთაისში იყო თავმოყრილი ბანკის დასაარსებლადა და იმ ხანებში იქ თორმეტი დღე ზედიზედ ვითამაშეთ და წმინდა შემოსავალი 8 ათასი მანეთი დაგვრჩა! ამან გამოიწვია ის უსიამოვნება, რომელმაც მე ანტრეპრიზაზე ხელი ამაღებინა. შემდეგ სულ ამხანაგების ხელში იყო თეატრი, სანამ დ. ყიფიანის მეცადინეობით არ შესდგა და არ დამტკიცდა წესდება. მაშინ დრამატიულმა გამგეობამ მიჰყო ხელი და ხან ერთი იყო წინამძღოლი და ხან მეორე. საზოგადოებამ გული აიყარა სცენაზე და დასი ბევრს არა სასურველ რამეს განიცდიდა, სანამ ბოლოს დრამატიულ საზოგადოების თავმჯდომარედ არ ჩადგა ბ. ქართველიშ-ვილი. ერთხელ მომივიდა სოფელში მყოფს წერილი ქ-ბ ანასტასია მაჩაბლისაგან, რომ ქართველიშვილი, როგორც გამგეობის თავმჯდომარე გთხოვს ჩამოსვლას მსახიობთა რეჟისორობასაო. ამას მოჰყვა თვით ქართველიშვილის თხოვნა. მეც ვიკისრე, მაგრამ, ეტყობა, რომ ეს ჩემი რეჟისორობა მსახიობთა სურვილი არ ყოფილა: დასი თითქმის დაიშალა: ჩვენი სასიქადულო არტისტი მესხიშვილი ქუთაისში გადავიდა, მას თან გაჰყვა გუნია და სხვანი. აქ ფილიალური განყოფილება დააარსეს. მე დავრჩი ხელმოკლედ ახალგაზდების ამარად! და მაშინ გამოვიდენ სცენაზე: პირველად ქ-ბ დავითაშვილისა, შალიკაშვილი, იმედაშვილი და სხვანი...
მესხიშვილმა რასაკვირველია, დიდი სარგებლობა მოუტანა ქუთაისის თეატრს. მე აქ, თბილისში, რა თქმა უნდა, ბევრს ვერას შევძენდი თეატრს, მაგრამ ტანჯვა კი ბევრი განვიცადე: საზოგადოთ არტისტები ჯიუტები არიან, როცა გაუდისთ და რასაკვირველია, ჩემ დროსაც არ იშლიდენ თავისას! ხშირად თვით წარმოდგენის დღეს მოუმიზეზებია რამ მსახიობს და არ გამოსულა სცენაზე. მის მაგიერ ჩაგვიყენებია იძულებით სხვა მოუმზადებელი ვინმე და უთამაშნია სუფლიორის შემწეობით! და, რასაკვირველია წარმოდგენას ვეღარ ჩაუვლია მწყობრად! უმეტესობა ისე უყურებდა თეატრს, როგორც საპირადო საკუჭო ასპარეზს! მხოლოდ ერთი მათგანი იყო, რომლისთვისაც სცენა შეადგენდა „წმინდა-წმინდას“, ტაძარს და სამოძღვრო ასპარეზს! რომ დაიწყო, იმ თავიდან ამ ბოლომდე არ უღალატნია რწმენისათვის! ხშირად ერთსა და იმავე პიესაში, სადაც შესაძლებელი იყო, ორი როლი უთამაშნია. ის იყო საფაროვის ქალი და აი ასე თუ ისე ქართულმა სცენამ მოაწია დღეს იმ მდგომარეობამდი, როგორცა ვხედავთ: დღეს სხვა ერებთან ერთად ჩვენც შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ქართველებს თეატრი გვაქვს: გვყანან გამოჩენილი არტისტები. გაჩნდნენ საიმედო დრამატიული მწერლები: გედევანიშვილი, შიუკაშვილი, რამიშვილი და სხვანი. დღეს ისე შეეჩვიენ თეატრს ქართველები, რომ უმისობა პროვინციაშიც არ შეუძლიათ და როგორც მეთაურები, ისე საზოგადოებაც შეთანხმებით და თანაგრძნობით შეჰყურებენ ერთმანეთს. ყოველ საქმეში პირველი ბიჯია საგულისხმო!.. ქართულ თეატრის დაარსების მიზეზიც მრავალგვარია, მაგრამ თავი და თავი მიზეზი კი საფაროვის ქალია, იმან ჩაუდგა სული და აადგმევინა ფეხი! ის არის ქვაკუთხედი, რომელზედაც აშენდა თეატრი და სანამ ქართული თეატრი იქნება, მისი სახელიც არ მიეცემა დავიწყებას. 22 ამ თვისას ჩვენ ვიხდით იმის იუბილეს და თქვენც, ახალგაზრდები, ისე მიეგებეთ ამ დღესასწაულს, როგორც ჩვენ მოხუცებულები, რომელთაც გვინახავს სცენაზე ქ-ბ საფაროვის ქალი.
(თემი, 1912 წ., №55)
![]() |
2.36 მცირე შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
დავათვალიერე ბ. ნიკოლაძის ატელიე. სხვისასაც ბევრჯელ ვყოფილვარ, მაგრამ ასე ნასიამოვნები არ დავრჩენილვარ, როგორც ახლა და, ჩემი აღტაცების მიზეზი იყო ქანდაკება იმ ძეგლის, რომელიც ბატ. დ. ზ. სარაჯიშვილს უნდა დაუდგან. ეს ძეგლი წარმოადგენს ერთად თავმოყრილს სამს ქალს, ერთი მათგანი მოხუცი, შუაში რომ დგას, ემბლემაა მწუხარების. მარჯვნით უდგას ნუგეშ-იმედის გამომხატველი ქალი და სევდიანის, მაგრამ ტკბილის ღიმილით ამხნევებს. მარცხნით სდგას პირდაფარული სვე-ბედი და ანთებული ლამპარი, ლამპარი საუკუნო სიცოცხლისა, უჭირავს ხელში მაღლიდან გადმოფაფქვია ბოროტი სული, სიკვდილის ანგელოსი, და მრისხანედ სულს უბერავს ლამპარს, რომ გააქროს... ეს არის დიადი იდეა, რომელიც ბევრს რამეს აგულისხმებს ქართველს, და ეს დიადი მოსაზრება, მოქანდაკეს გადაუკავშირებია განსვენებულ სარაჯიშვილის სვე-ბედთან და აპირობს მიუძღვნას ძეგლად, შეჰყურებ და არ იცი, რას უნდა მისცე უპირატესობა: იდეას, თუ მის განხორციელებას. ეს ბრწყინვალე რამ, უცხოელს ვისმეს რომ გაეკეთებია, მაშინ, რა საკვირველია, გაგე-ბული გვექნებოდა, და ვინ იცის, მის სანახავად ადგილობრივად შორსაც წავიდოდით და აქ კი ყურადღებასაც არ ვაქცევთ...
ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს“, ჩვენ ქართველებს ყოლიფერი გარეული მოგვწონს. სიტყვა „უცხო“ კარგს ნიშნავს „საუცხოვო“ - საქებს. შინაური კი ცამდინაც რომ მაღალი იყოს, არაფრად მიგვაჩნია. მართალია, სიტყვით, სადაც არა გვეხარჯება-რა ზოგიერთებს ვაქებთ ხოლმე, მხოლოდ პირში და ზურგს უკან კი ერთ კარგ ნათქვამზე ასს და ორასს ცუდს ვავრცელებთ და ვკიცხავთ, მაგრამ ამან მაინც ვერ უნდა გაგვიტეხოს გული! ხალხის წარმოდგენით საქართველო ღვთის მშობლის წილხვედრია და არ დაიღუპება!... მართალია, განსაცდელს მიაყენებს, მაგრამ მით გამოაბრძმედებს და გააფოლადებს... ამას გვეუბნება თვით იმ იმედ-ნუგეშის ქანდაკება, რომელიც ჩამოუსხამს ბ-ნ ნიკოლაძეს.
(თემი, 1912 წ., №72)
![]() |
2.37 მესხიშვილის იუბილე |
▲ზევით დაბრუნება |
ვლადიმერ ალექსიძე-მესხიშვილი რომ პირველად სცენაზე გამოვიდა, ქართული არ ეხერხებოდა: „შემაძრწუნეს“ მაგიერად „შემაწრუწუნესო“ ამბობდა. მაგრამ დღეს კი დარბაისლურ ტკბილ ქართულით გვესაუბრება სცენიდან. მისი გამოთქმის კილო, მიმიკასთან შეთანხმებული, მოწმობს მისს შრომა-მეცადინეობას. და მართლაც იმას შეუძლია სთქვას: ღვთის მიცემული ნიჭი მე უნაყოფოდ და უსარგებლოდ არ დამიმარხავს, როგორც ზარმაც მონასო. ოცდაათის წლის განმავლობაში სდგას ერთსა და იმავე სასცენო გზაზე და მთელი მისის არსებით ემსახურება საზოგადოებას, არასოდეს არ გადაუხვევია, არ უღალატნია არჩეულ მიზნისათვის! ერთხელ მხოლოდ კი გადავიდა რუსულ სცენაზე და ისიც მიტომ კი არა, რომ ქართულ სცენისათვის ეღალატებინოს! არა! მარტო იმ განზრახვით რომ მეტი სასცენო გამოცდილება მიეღოს და გამტკიცებული, დაბრუნებოდეს ქართულ სცენას. ეს კიდეც მოიყვანა სისრულეში და მიტომაც სცენის მოყვარეს სიყვარულით ეგებება დღეს, მადლიერი ქართველობა.
(თემი, 1913 წ., №110)
![]() |
2.38 23 თებერვალი |
▲ზევით დაბრუნება |
ბალღი სანამ ფეხს აიდგამდეს, ფორთხვას დაიწყებს და მერე ფეხსაც აიდგამს ბარბაცით!.. მშობლებს ეს ფეხის ადგმა ისე ეჩვენებათ, რომ გადაჭარბებით თავსაც ატყუებენ და სხვებსაც უნებურად არწმუნებენ: „ჩვენმა პატარამ მთელი ეზო შემოიცუნცულა... დარბისო“. და მერე როცა პატარა რბენასაც დაიწყებს, „ვაჟკაცია... გმირიაო“ იძახიან.
სწორეთ ამნაირი გრძნობა განვიცადე ქართულ თეატრის გამო: სანამ ჩემს ხელში იყო, ფორთხავდა და ახლა კი ფეხმომაგრებულია! - ქართველებს შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ თეატრი გვაქვს და გვყავს არტისტებიც. ეს მართალია, მაგრამ ერთი რამ მკბენდა გულზე და აქამდე მკბენს: „მიმბაძაობა“, ქართული თეატრი დღეს ავადმყოფ საქართველოს უნდა ემსახურებოდეს, სარკე უნდა იყოს მისი წარსულისა და აწმყოსი, რომ მომავალზე წააქეზოს მაყურებელი, თორემ დღევანდელ ევროპიელ ავტორების ნაწარმოები, რომ მშვენიერათაც წარმოგვიდგინონ, ასე ვერ მოხვდება ჩვენს გულს, როგორც უბრალო ნაწყვეტი ჩვენის ცხოვრებიდან. ამით ის კი არ მინდა ვსთქვა, რომ ევროპიული გადააგდონ მეთქი. არა. მე მსურს, რომ ეროვნულს მეტი ყურადღება მიაქციონ. იმით თავს ნურავინ იმართლებს, რომ არაფერი გვაქვსო!.. გედევანიშვილი, შიუკაშვილი და სხვანი, საიდან ღებულობენ მასალას, თუ არა ჩვენი ცხოვრებიდან.
ამ თვის ოცდა სამს „ქართველთ ქალთა ხელსაქმის სკოლის“ სალიტერატურო დილა იყო. მოსწავლე ქალებმა წარმოადგინეს დრამატიული სცენები, წაიკითხეს სხვადასხვა ავტორების ლექსები და ბ. კავსაძის ლოტბარობით იმღერეს სიმღერები. უნდა გამოვტყდე, რომ ის რასაც მე ვეძებდი, აქ ვნახე. ესე იგი ნიშნები მომავლის... აქ როგორც სიმღერების, ისე წაკითხულების მარტო კილო კი არა, მოსაზრებაც ნაციონალური იყო და ყველას ხვდებოდა.
პირველ დასაწყისში ვერ დავესწარი ნაბძანებს და რაც ვნახე იმან აღტაცებაში მომიყ-ვანა. მაშინ როდესაც მაღალ წოდების ქალები, მდიდრულად გამოზდილები, გარეწარები არიან სამშობლოსი, აქ კი ყველა სწორ გზაზე დგას. მერე ვინ? სულ ღარიბ-ღატაკები, უბრალო მუშებისა და დედ-მამის შვილები... ნუ თუ ამათ თვისის მაგალითით უნდა აღბეჭდონ კვალი მომავლის? დიახ! სწორეთ და მაგალითიც ამას გვიჩვენებს: მაცხოვარიც, ის ღმერთი-კაციც, დაბალი წრიდან იყო და ბაგაში დაიბადა.
(თემი, 1913 წ., №112)
![]() |
2.39 მცირე რამ განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემს მახსოვრობაში, მე ძვირად მინახავს ჩვენში, ასეთი თავდადებული, გულწრფელი და ბუნება-თანაზიარი მოღვაწე, როგორიც იყო ვანო მაჩაბელი. თუ კი სადმე დაინახავდა საზოგადო კარგს, გინდა მტრის ხელიდანაც ყოფილიყოს (უნებურად) გამოსული, აღტაცებით მიეგებებოდა და ივიწყებდა პირადობას. ვერც კარგსა და ვერც ავს გულგრილად ვერ აუვლიდა გვერდს, რომ თავთავის საკადრისი პასუხი არ მიეცა. დიახ, დიდი ბუნება-თანაზიარი კაცი იყო და მიტომაც გახდა მისი სხვერპლი.
ჩვენ ქართველები ახირებულები ვართ: არა თუ ნამდვილს, წარმოდგენილ-მოღვაწეებსაც კი ზედმეტად ვეგებებით და ცამდი აგვყავს ლხინით, ღვინით და კეცა-კეცა სიტყვებით! და სიკვდილის შემდეგ, ხომ საზღვარი აღარა აქვს ჩვენს ფართი-ფურთსა და უნაყოფო ხარჯს!.. არც პირველი და არც მეორე არ ღირსებია ვანო მაჩაბელს... სიცოცხლეში, როგორც მებრძოლს და მერე კი, როგორც უცნაურად ჩვენთვის დაკარგულს: ჯერ კიდევ გადაწყვეტილი ვერ გვითქვამს: მკვდარია, თუ ცოცხალი? ასეა თუ ისე, ჩვენ მაინც პირშავად ვრჩებით მის სახსოვარის წინაშე და რომ ეს უმადურობა თავიდან ავიცილოთ, ერთი რამით უნდა აღვნიშნოთ. ჩემის აზრით ყველაზედ უკეთესი ძეგლი ის იქნება, რომ გამოიცეს მისი ნათარგმნი შექსპირი და რამდენიმე ათასი ეგზემპლიარი ძალიან იაფფასიანი მიეწოდოს ქართველობას. ეგება ვინმემ იკითხოს: თანხა სად არისო? და აი ჩვენი პასუხი: ყველამ, ვანოს თანამგრძნობებმა, ძალდაუტანებლად, მხოლოდ თავისის სურვილით, რომ მცირე წვლილი გამოიღოს არა უმეტეს თითო მანეთისა (ნაკლებიც კი შეიძლება), შესდგება მისთანა თანხა, რომელიც ეყოფა გამოცემას. და რაც მორჩება და მეტი იქნება, ის მოხმარდეს რომელსამე საქველმოქმედო საქმეს მის სასახელოდ. მაგალითად ავიღოთ, თუ გინდა ზეპირ-სიტყვაობის მოგროვება, რომელსაც ასე თანაუგრძნობდა ვანო მაჩაბელი.
P. S. თუ სამართლიანად დაინახონ, სხვა გაზეთებმაც ეს ჩემი განცხადება გადაბეჭდონ.
(თემი, 1913 წ., №118)
![]() |
2.40 მიმართვა საზოგადოებისადმი კოტე ყიფიანის იუბილეზე |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონებო! მოხარული ვარ, რომ ბედმა მომცა შემთხვევა წარმოგიდგინოთ ერთი პიონერთაგანი ქართული თეატრისა, რომელსაც ქართული სცენის დაარსებაში, ფეხის ადგმაში და ზრდაში დიდი ღვაწლი მიუძღვის. ორმოცდა ხუთი წელიწადია, რაც ემსახურება ქართულ თეატრს სრულის თავის ნიჭით, გულდასმით და თავდადებით, ე.ი. სულითა და გულით.
დღეს თავის თვალით ხედავს, რაც იმ თავით, ამ 45 წლის წინეთ, მხოლოდ საოცნებო იყო, დღეს განხორციელდა, ე. ი. ქართული თეატრი გაძლიერდა, აჰყვავდა, გარეშეთა თეატრებს გვერდს არ უდებს და ამასაც სამადლობელო იუბილეს უხდის 45 წლისას, როგორც ერთ უკეთესთაგანს, თავის ნაამაგდარს. ეს დღე უკეთეს დღედ უნდა ჩაითვალოს ამის სიცოცხლეში. და მიტომაც ვულოცავ იუბილარს, და აგრეთვე თქვენც მადლობას მოგახსენებთ, რომ არ ივიწყებთ ამის ნამსახურს...
(თემი, 1914 წ., №161)
![]() |
2.41 მცირე რამ შენიშვნა* |
▲ზევით დაბრუნება |
თეატრი საზოგადოდ უმაღლესი საშკოლო სარბიელია, საიდანაც ხელოვნურად შეზავებული, სასიამო და იმავე დროს სასარგებლო რამ, მსმენელ-მაყურებლებს გრძნობა-გონებას უხიბლავს და ცხოვრების ბრძმედში ატარებს. და თუ ეს ღირსება აკლია, მაშინ უბრალო, სალაზღანდარაო საფუნდრუკოდ გადაიქცევა.
თ. გ. ერისთავის მაღალმა ნიჭმა და ვარანცოვის მეოხებამ თავდაპირველადვე უტყუარ გზაზე დააყენა ქართული სცენა და მიტომაც მაშინდელ თეატრს მშობლიური სული ედგა და ხორცი ესხა. მურავიოვმა დღე დაუმოკლა ძლივ ფეხადგმულს და მას შემდეგ ქართველებს თეატრი აღარ გვღირსებია. - ამ თქმას, ვიცი, ბევრი იუცხოვებს: „სად მაშინ და სად ახლაო იტყვის - როდესაც საკუთარი შენობა გვაქვს სათეატრო ყოველგვარ საჭირო მასალებით სავსეო?! სახელოვანი აქტიორ-აქტრისები გვყანან და, პიესებიც უთვალავი გვიჭირავს ხელშიო.“ მართალია! ახლა საკუთარი შენობა აქვს ქართულ თეატრს და ძალიან მაგრათაც აშენებული, თვარა რაც იქ „ვაშა, ვაშას“ ძახილია, კედლები უნდა ინგრეოდეს. მსახიობთა გუნდი შესანიშნავია, და პიესებიც მრავალი, განსაკუთრებით ნათარგმნი, ერისთავის დროს კი არც სახლი იყო, არც სცენის მოწყობილობა, არც პიესები, გარდა ანტონოვისა და ერისთავის ვოდევილ-კომედიებისა, მაგრამ მაინც შედარებით მაშინდელი სჯობდა დღევანდელს. რაც იყო მაშინ ქართველისათვის სანიშნავო და სათვალდათვალო იყო. და დღეს კი ყველაფერი: „გარეთ მტერს გულს უკლავს და შინ მოყვარეს!“
დღეს ქართულ თეატრში ქართულ სცენაზე დედა-ენა განსაცდელშია ჩავარდნილი. გულითაც რომ უნდოდეს კაცს, ჩიქორთულის მეტს ვერას გაიგონებს!.. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში, სხვა ხალხებში, ახალგაზრდობა თეატრში მიტომ უფრო დაიარება, რომ დედა-ენა საფუძვლიანად შევისწავლოო, ჩვენში კი პირიქით - რაც იცის ისიც უნდა დაივიწყოს და გასწორების მაგიერად გადიმახინჯოს ენა. ამ ჭეშმარიტებას ჩვენში დღეს ყველა ნათლად ხედავს, მაგრამ მაინც ყველა თავს მართლულობს და ერთი მეორეს აბრალებს: „მწერლები ვერ სწერენ კარგის ენითაო“, „ცუდად თარგმნიანო“, „კომიტეტი ყურს არ უგდებს და არას დაეძებსო“, „რეჟისორი არ გვყავსო“, „აქტიორები როლებს არ იზიარებენო“ და სხვანი.
ეს ყველა თუმცა მართალია, მაგრამ გამტყუვნებით კი ყველაზე უფრო აქტიორ-აქტრისები არიან გასამტყუნარი: მწერლობა და კომიტეტი საქველმოქმედო სარბიელია, უსასყიდლო და აქტიორ-აქტრისები კი სასყიდელს იღებენ. ამას გარდაც ბევრჯელ დავსწრებივართ, რომ კარგი ენით დაწერილი პიესა ავტორს ვეღარ ეცნოს აქტიორების ყბაში ჩავარდნილი. „აქანეი“, „მაქანეი", „მასთე“, „ბიჭი ვცემე“, „ფაიტონი დამიძახე“, „ჭკუისაგან შეშლილაო“ და სხვანი.
დღევანდელი სასცენო სამკაულები გადამთიულია და არა ჩვენებური. ისტორიულ პიესებისათვის ათიოდე დაგლეჯილი ქულაჯა აქვსთ, რამდენიმე ქუდ-ბოხოხა და ორიოდეც უქარქაშო დანა-ხანჯალა - და მორჩა - გათავდა! ამით აფერადებენ ისტორიულ პიესებს, რომელ საუკუნესაც უნდა ეკუთვნოდეს, შორეულს თუ მახლობელს. გვინახავს რუსთაველი რუსული ტალმით მორთული და გურიელ-დადიანები სატა-კიმასხარო კინტოურ ქამარ-ტანისამოსით გამოწყობილი და სხვანი... მაგრამ ქართულად კი არც ერთხელ!!
პიესებიც, რასაკვირველია, ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით ნათარგმნები. ბიორნსებმა, მეტერლინკებმა, იბსენებმა და სხვათა სცენა მოიკავეს, მაგრამ მათი ხელოვნური დეკადენტობა დღევანდელ ქართველის გრძნობა-გონებას ბევრს ვერას ეუბნება, რადგანაც იმათ ახალ პიესებზე ის ძველი ქართული ანტონოვ-ერისთავის ნაწერები უფრო ახლოს არიან. ერისთავის დასის ხსენებაც აღარსად არის დღეს. მაშინდელ აქტიორ-აქტრისების სახელიც კი დავიწყებულია და დღევანდელებს კი მოწიწებით იხსენიებენ ჟურნალ-გაზეთები და სახელგანთქმულნიც არიან. მართლაც ბევრი ნიჭიერი ერევა მათში, მაგრამ მაინც ქართველი აქტიორ-აქტრისები კი არსად არიან. რაც ადამიანს ბუნებითად არ შეუსისხლხორცებია, იმას როგორ დაასურათებს?.. და მიტომაც ჩვენი ნიჭიერი მოთამაშეები საბრალო არიან ევროპიულ, დღევანდელ, დეკა- დენტურ პიესებში. მაგალითად, რა უნდა იყოს გაბუნიას ქალი გრეტხენის როლში და ჩერქეზიშვილის ქალი რუსის მათუშკასი? აქ იმათ ნიჭიც უმტყუვნებს და შემოქმედებაც.
ეჰ, რაღა საჭიროა სიტყვის გაგრძელება! გადაჭრით ვიტყვი მოკლედ, რომ დღევანდელი ჩვენი თეატრი არაფერი სასარგებლოა და თუ სხვა გზას არ დაადგა და მიმართულება არ გამოიცვალა, ბევრ ვნებასაც მოგვიტანს...
ამ ოცი წლის წინად კრაპივნიცკიმ შეადგინა სათეატრო დასი, რომ თავშესაქცევარი წარმოდგენები გაემართა ხოლმე დაბალ-წოდებისათვის, რომელიც უქმე დღეებზე უსაქმურობის გამო კაბაკებში ლოთობით იხრჩობდენ თავს. სურვილი კარგი იყო, მაგრამ საქმე კი საძნელო, როდესაც ერთი პატარა ვოდევილის მეტი არა მოეპოვებოდათ-რა მათ კილოზე დაწერილი, გარდა კოტლიარევსკის „ნატალკა პალტაველისა“. ამ ნაკლმა მაინც ვერ შეუშალა ხელი კრაპივნიცკის: იმან მიჰყო ხელი რუსული პიესების გადმოკეთებას, ჩაუდგა ადგილობრივი სული, მისცა მშობლიური ფერ-ხორცი. ზოგი თანამედროვე ცხოვრებიდან იყო ვითომ აღებული, ზოგიც და უმეტესი, ვითომ ისტორიული მიკიბ-მოკიბვა და გააჩაღა საქმე. პირველ ხანებში სასაცინოდ არ ყოფნიდათ ეს საქმე, როგორც საბურჭალო რამ, არა თუ რუსებს, თვით რუსუკებსაც კი. მაგრამ მოკლე ხნის განმავლობაში ფუტკარივით იყარა კრაპივნიცკის დასმა და დღეს ათ გუნდზე მეტია. მოიკიდეს ფეხი არა თუ მარტო სამშობლოში, მთელ რუსეთსაც კი მოედვენ. დადიან ხან აქ, ხან იქ, ყოველ ქალაქებში ადგენენ და სახსართან ერთად სახელსაც იმკობენ. - რათი გაითქვეს ამასთან სახელი და რა მანქანებით? მითი რომ ამ საქმეს ისე შეხედეს უკრაინელებმა, როგორც საზოგადო წმინდა მოღვაწეობას და არა საბავშო, საბურჭალო რამ გასართობს, როგორც ჩვენ გვგონია. იმათ დასებში უმაღლეს სასწავლებელ-დასრულებულიც ბევრი ურევია. ზოგი დოქტორია, ზოგი იურისტი, და ზოგი კიდევ ვინ არ გინდა, თითქმის ყველა შეგნებულია და გონება განვითარებული. ნათარგმნ პიესებს ხელს არ კიდებენ. მისთანას არას წარმოადგენენ, რასაც პირდაპირი დამოკიდებულება არა აქვს მათს სამშობლოსთან ან ისტორიულად, ან თანამედროულად და მომავლის საგულისხმოდ. სუვორინმა ურჩია ზანკოვეცკის ქალს: თუ ჩემ თეატრში გადმოხვალ და რუსულად დაიწყებ თამაშს, წელიწადში თორმეტ ათას მანეთს მოგცემ და სახელი და დიდება კიდევ სხვა იქნებაო. შენს დიდ ნიჭს რათ ხარჯავ მაგ პატარა საქმეშიო? ამ სიტყვებით შეურაცყოფილმა არტისტმა ქალმა უპასუხა: მილიონიც რომ მომცე ჩემი სამშობლოს სამსახურს მისის გაჭირვებით არ გავსცვლი სხვა რამეზეო. ჩვენში კი გარდა ვ. აბაში-ძის, საფაროვის ქალისა და ვ. გუნიასი არ მინახავს და არც დღეს მეგულება, რომ სასხვათაშორისოდ არ უყურებდეს ქართულ სცენას და თუ უკეთესი რამ იშოვა წიხლი არ ჰკრას ჩვენ თეატრს... ნიჭით სავსესა და ჩვენგან ცამდი აყვანილ არტისტს მესხიშვილს აბა თუ ერთი, რომელიმე როლი შეუქმნია, რომ ჩვენის ცხოვრებიდან იყოს აღებული და ქართული სული ედგას? ამ მხრით ბალანჩივაძეც კი სჯობნის. და თუ უკეთესი ჩვენი არტისტები, ჩვენი მხატვრებისა არ იყოს, გარეწრები არიან ყოველივე მშობლიურის, სხვებზე რაღა გვეთქმის!..
ამ გარეწრობის გასამართლებლად ჩვენი, ეგრეთწოდებული, მოღვაწეები წარა-მარა გაიძახიან: ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ რა ვქნათ, რომ ქართველებში არა არის-რა, რომ საყურადღებო იყოსო! ან სამხატვრო რა არის და ან პიესები სადა გვაქვსო? - ვისაც გული უშლის ის ვერც ამას ნახავს და ვერც გაიგონებს!.. რა მიზეზია, რომ უკრაინელებს სულ ათი თუ ოცი პიესა აქვსთ, ისიც გადმოკეთებული, მეტი არა და ამდენი ხანი იოლად მიდიან: თითო პიესას წელიწადში ოცოცჯერ ადგენენ და ხალხი მაინც სიამოვნებით დადის. და ჩვენები კი გვარწმუნებენ, რომ ქართველი კაცი ერთხელ ნახულ პიესას მეორეთ აღარ ნახავსო? ეს დიდი ტყუილია. ხელოვნება ისეთი რამეა, რომ ვისაც ის მოხიბლავს, მისგან მოხიბლული კი არ გაურბის, პირაქეთ სცდილობს, რომ ხშირად ადევნოს თვალ-ყური და ინეტაროს. პიესა რაც უფრო ნიჭიერად არის დაწერილი, მით უფრო ძნელი სათამაშოა. უნიჭო არტისტებს შეუძლიათ ისე დაამახინჯონ ჩაწერილი პიესა, რომ მაყურებლებს ზიზღი მოგვარონ და შეაძულონ და აგრე უბრალო რამ, ისე კარგათ შეიძლება ითამაშონ, რომ დამსწრეთ ისიამოვნონ.
რაც უფრო მაღალი და ძლიერი როლია, იმას უფრო ძლიერი ნიჭი ეჭირვება, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველ როლებს ყველანი ეტანებიან, „ა, ქალო, კარგი როლია და თავისთავადაც გამოიტანს ჩვენ უნიჭო თამაშსო!“ ავიწყდებათ რომ უნიჭო აქტიორისათვის ყველა როლი მიუწვდომელია, დიდიცა და პატარაც... და ნიჭიერისათვის კი სულ ერთია: დიდშიაც და პატარაშიაც გამოიჩენს ღირსებას. - უკრაინელების არტისტებს ეს ჭეშმარიტება შეუგნიათ და მწყობრად თამაშობენ. სუფლიორის იმედით არ თამაშობენ და ბუტკას არ შეჩერებიან. ჩვენები კი ისე გამოდიან სცენაზე, რომ თავის სათქმელი სიტყვებიც არ იციან, თორემ მთელი პიესა არც წაკითხული აქვსთ და არც მისი დედააზრი იციან და რაღა უნდა დაგვისურათონ?
რაღა ბევრი გავაგრძელო სიტყვა?.. ვიტყვით გადაჭრით: 1) უნდა გადათვალიერდეს ჩვენი პიესები და რაც სასარგებლო არ არის, გამოიძევოს რეპერტუარიდან, 2) ენა გადასწორდეს, 3) რეჟისორმა ჯერ უნდა წაუკითხოს არტისტებს თავიდამ ბოლომდე პიესა, გააცნოს დედა-აზრს, აუხსნას თვითეულს მოქმედი პირის ხასიათი და ყველას მისთანა როლი დაურიგოს, რომელიც მის ნიჭს შეჰფერის. მოთამაშეებმა ჯერ უნდა გაიზეპირონ თავ-თავისი როლები და მერე დაიწყონ რეპეტიციები. ინტრიგებსა და კულისურ მითქმა-მოთქმას ერიდონ და კლაკიორების იმედით არ იყონ ხოლმე. თუ ამ გზას დაადგებიან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თეატრი სახელს გამოიბრუნებს და მაშინ ესენი კი აღარ შეეხვეწებიან პუბლიკას - „იარეთ ღვთის გულისათვისო, საქველმოქმედო საქმეაო“, თვითონ პუბლიკა ეცდება მათ ხშირად ნახვასა და სცენის თვალყურის დევნებას.
______________
* იბეჭდება შემოკლებით.
![]() |
3 პრესა, პოლემიკა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 სასიამოვნო ამბავი |
▲ზევით დაბრუნება |
(„დროების“ კორესპონდენცია)
ამ უკანასკნელ დროში არც ერთი ნომერი არ გამოდის „დროების“ ისე, რომ თავის „სხვა და სხვა ამბებით“ ტკბილად არ მახარობლობდეს, რომ ამა და ამ ქვეყანაში, ამა და ამ სახელმწიფოში, ამ და ამ კერძო გვამმა საზოგადო კეთილის საქმისათვის ამოდენი და ამოდენი ფული შესწირაო. ეს განცხადებაები უფრო რუსეთს ეხებიან, თუმცა საზოგადოთ ხალხის საბედნიეროდ და მათის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მართებლობა ჯეროვანად აქცევს ყურადღებას. და მაშინ როდესაც ამ გვარად თითქმის ყოველმა რუსეთის გუბერნიამ საზოგადო საქმეებისათვის კერძო-ობითაც გამოახილა თვალი, ჩვენი საქართველო კი ამგვარ საქმეებში არავითარ მონა-წილეობას არ იღებს. ეგება ის იფიქროს ვინმემ, რომ საჭიროდ ვერ ჰხედავს ჩვენი სამშობლო, რომ რამეღა დარჩენოდეს გასაკეთებელი კერძოობითადო და ან მის სიღარიბეს მიაწეროს ამგვარი გულ-გრილობა... ჯერ ჩვენ არსად გვეგულება იმისთანა მხარე, რომ ისე ეჭირვებოდეს საზოგადო საქმეში ხელის მომართვა, როგორც ჩვენს მხარეს!.. შესახებ საზოგადო საქმისა ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ არ გამოსულა პირველ ველურ მდგომარეობიდამ. ეს რომ სიღარიბით არ მოგვდის, ამის დამტკიცება ადვილია: ავიღოთ მაგალითად გინდ ქუთაისი, ეს ჩვენი პატარა ქალაქი, საკუთრად სანავარდოთ, ანუ როგორც აქ ეძახიან, საკატავოდ, ფაიტონით, იხარჯება წელიწადში თვრამეტი ათასი თუმანი, მაშინ როდესაც საზოგადო კეთილის საქმისათვის თვრამეტი მანეთიც არ დაიხარჯება. კასინოს ცირკმა, სადაც მხოლოდ მალაყებს გადადიან და იჭაჭებიან, ჯერ-ჯერობით ენკენისთვიდამ დაწყებული ორი ათასი თუმანი მაინც შეიძინა. რაც ლხინში ჩვენში ღვინო დაიქცევა, ანუ ძალათი დაალევინებენ წინააღმდეგ სურვილისა, ის რომ მოგროვდეს და გაიყიდოს, ოცს სახალხო სასწავლებელს გამართავდა და ასს სტუდენტს გამოზდიდა ყოველს წელიწადს.
ამ გვარი უბრალო და გულზედ გამხეთქი ხარჯი კიდევ რამოდენია ჩვენში. მე ეს ანგარიში მოვიყვანე ქუთაისის ღუბერნიაზედ და ახლა ის თქვენ იფიქრეთ, თუ თბილისში და სხვა ადგილებშიდ საზოგადოთ საქართველოში რა იქნება!... ახლა გკითხავთ: შეუძლიან ჩვენ ხალხს და აქვს სიმართლე, რომ სიღარიბით იმართლოს თავი? „დროებაში“ გამოცხადებულმა ანბავმა შესახებ იმ სტუდენტისა, რომელმანც შიმშილით გამწარებულმა თავი მოიკლა რევოლვერით პეტერბურღში, მიკვირს რატომ ცოტათი მაინც დააფიქრა ჩვენი ხალხი?... ამ სამწუხარო ამბავმა ბევრს ათქმევინა: გიჟი ყოფილა, რომ თავი მოუკლავსო, და სხვა არაფერი! ამ სიტყვებით იხატება ახლანდელის ჩვენის ხალხის ხასიათი: გაჭირვებულმა ოღონდ ნაცარი კი დაიყარე თავზედ და ღრეჭით გაუგორდი წინ ქართველს, ერთი კიდეც დააფურთხე-ბინე თავზედ, რომ მითი ისიამოვნოს და მერე კი უკანასკნელ გროშსაც არ დაიშურებს შენთვის, და ისე კი რაც უნდა გიჭირდეს, გინდ საზოგადო საქმისათვის თავ-გაწირულობით იჩაგრებოდე, ქართველი არასოდეს არ შეგიბრალებს და არც მოგასვენებს. ეს უმეტესად ეკუთვნის იმერეთს. აი ეს მიზეზია, რომ ნაცვალოვის თავის მოკვლამ არავინ დააფიქრა. - მართალია, ქართველი სტუდენტები ბევრი გაიწირა ამ სოფლით გაჭირვების ცხოვრებისაგან, მაგრამ ეს თვალდათვალ დასანახავი და შემაშფოთებელი მაგალითი კი ჯერ არ ყოფილა. - კიდევ განვიმეორებ, რომ მართებლობა ზრუნავს ჩვენში მხოლოდ და მისი მაყურებელი საზოგადოება, პირდაღებული შეჰყურებს, და თვით კი თავს არ იწუხებს... მთელს ქუთაისის გუბერნიაში ამ ჟამად მხოლოთ ერთი სასწავლებელია, სადაც ღარიბების შვილები უფასოდ იზდებიან: ეს არის ქალების შკოლა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ის ან საზოგადოების და ან ქართველი კერძო პირის წყალობით იყოს. ის ეკუთვნის ისეთს პირს, რომელიც სრულიადაც არ არის ვალდებული, რომ ამისთანა საქმე იკისროს, თუ არ თავისის კეთილ-მოყვარეობით. ეს შკოლა დააფუძნა კნეინა მირსკისამ და ხელს უწყობს, ყოვლის ღონის ძიების ხმარებით, გრაფინია ლევაშოვისა. დარწმუნებული ვართ, თუ გრაფინია არ იყოს, უმისოთ ის შკოლაც დაიხურება, რადგანაც მაშინ აღარც ბალებს გამართავს ვინმე და არც ქართულ თეატრებს სასარგებლოდ ამ სასწავლებლისა... ამ კვირაში ქართული წარმოდგენა იყო სასარგებლოდ შკოლისა, ბილეთები როგორც იქნა გაიყიდა, მაგრამ საღამოს რამოდენიმე ბილეთი უკანვე დააბრუნეს და ვინც არ დააბრუნა, თეატრში ისიც აღარ მოსულა, ისე რომ ხალხი ძალიან ცოტა იყო. თურმე გრაფინია შეუძლოთ გამხდარიყო და იმ წარმოდგენაზედ მოსვლა ვეღარ შეიძლო... კერძო პირებს, როდესაც ჩამოგვიგ-დია ამ შკოლაზე ლაპარაკი, თავის გასამართლებლად ეს უთქვამთ: ჯერ ვნახოთ რა გამოვა ამ შკოლიდამ და მერე ჩვენც შევეწევითო. ერთის მხრით თუმც მართალი ბრძანებაა ეს ბრძანება, მაგრამ მეორეს მხრით კი იმასა ჰგავს, რომ კაცი ყელამდი ტალახში ჩაფლული ტალახიდან ამოყვანას და შველას გვეხვეწებოდეს და ჩვენ კი იმას ვეუბნებოდეთ: ჯერ ის დაგვანახვე, როგორი გაქცევა იცი და მერე ამოგიყვან აქაო... ერთის სიტყვით, საზოგადოება მტყუანია და ვისაც ესმის სიმტყუვნე და პირში არ ეუბნება, უნდა იყოს ან მხდალი, და ან სულით დაბალი... მართლაც, კერძო პირებმა დაიწყეს ამ მოკლეს ხანში თანაგრძნობითი ლაპარაკი, ზოგმა ღვინის დალევის დროს დალოცვით, ზოგმა არტისტების თანაგრძნობით, ზოგმა მაღალ ჰაზროვანის და ღრმა-გრძნობიერების წერით, მაგრამ საქმით კი არსად დაგვინახავს მთელს საქართველოში თანაგრძნობა საზოგადო საქმისადმი. რა გაეწყობა, რადგანაც ყოველიფერი დროთი და ადგილით ფასდება, ამისიც მადრიელი უნდა ვიყოთ, რომ თანაგრძნობას ცარიელის სიტყვით მაინც აცხადებენ და სხვებივით ხელს არ გვიშლიან... რაც შეეხება მდიდარ და შემძლებელ ყმაწვილ კაცობას ჩვენში, იმათი იმედი არცა გვქონია; მხოლოდ ვისურვებთ მათთვის დღეგრძელობას და მის ნიჭს, რომ თავის შეძლება მალე დაფანტონ ჩვენს ქვეყანაში, რომ ეგება მისთანას ერგოს, რომ ცოტა კარგი საქმე მაინც გააკეთოს რამე და სხვებაც ხალხში გაბნეული რომ იყოს სიმდიდრე, ისა სჯობს, ვიდრე ისეთის ხელში, რომელიც ისე ხმარობს, როგორც ერთი სულიერი თივას!.. ამ გვარი ახალგაზრდების რიცხვიდამ ჩვენ გვსურს გამოვრიცხოთ თ. მენგრელსკი; შემცდარი რომ არ ვართ - ამას დრო დაგვიმტკიცებს; მართალია, თუმცა იმას ბევრი შეეძლო გაეკეთებინა, და ჯერ აქამომდე მაინც არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ჩვენ მაინც იმისგან ყოველთვის მოველოდით საზოგადო კეთილ საქმეს, რადგანაც ვიცოდით, თუ რაზედ უფრო იყო მიქცეული ყურადღება მის გამოზდის დროს და რა აზრებს უნერგავდა მას გულში მისი მშობელი და მართლაც, განა შესაძლებელი იქნებოდა, რომ კეთილის გრძნობით არ განსხვავდეს, ალექსანდრე ჭავჭავაძის, იმ დიდი პოეტის ქალი და უკანასკნელის მთავრის მეუღლე? და ეს ჩვენი ჰაზრი რომ მართლდება, უნდა გამოგიცხადოთ, რომ მოხარული ვართ. აი რაში მდგომარეობს საქმე. სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, დავით დადიანი, მოყვარული იყო ქართული მწიგნობრობისა და დიდის ცდით და შრომით შეადგინა ქართული ბიბლიოთეკა ძველებური ხელნაწერებისა. რადგანაც ახალგაზრდა თ. მენგრელსკი დაბრუნდა სამზღვრის გარედამ სამშობლოში, ის ბიბლიოთეკა გაბნეული დაუხვდა. ახლა იმას ჰსურს, რომ ეს ძველი წიგნები და სხვაც რაც გამოჩნდება ამ გვარი თხზულება, თავის ხარჯით დააბეჭდინოს და ამ საუკუნოდ სასახელო და კეთილის საქმით მოუტანოს ჩვენ ხალხს საშვილიშვილოთ სარგებლობა. ეს მაღალი და პატიოსანი საქმე, რასაკვირველია, სასიხარულოა ყველასათვის და ჩვენთვის მით უფრო, რომ პირველი იქნება ეს დაწყება და სამაგალითო. მართალია, ხარჯის მორიდება არ ექნება ამისთანა საქმეში თ. მენგრელსკის, მაგრამ სანატრელია, რომ ცოტა დახარჯოს კაცმა, თუ კი შეიძლება და სარგებლობა ბევრი მოიტანოს. და ამ საქმეშიდაც სწორეთ ის ხარჯი, რომელიც მოუვა თ. მენგრელსკის, არაფრათ ჩავარდება შედარებით იმ უზომო და დიდს სარგებლობასთან, რომელსაც ის მოიტანს. და ამისათვის ჩვენ აქ უნდა წარმოვსთქვათ ჩვენი ჰაზრი, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ძველის წიგნების ბეჭდვა, რომ მოუფიქრებლობითა და გამოუდეგლობით საქმე არ დასუსტდეს, ისე როგორც აქამდი სუსტდებოდა ეს საქმე, როდესაც ერთი კამპანია შეუდგა თბილისში ამ საქმეს. ამ კამპანიამ გადასწყვიტა, რომ როდესაც ერთი გამოცემა სრულიად გაიყიდება, მეორე წიგნის გამოცემას მერე შეუდგეთ ხოლმეო. ამ გვარი საქმე ძნელია, რადგანაც ჩვენში წიგნები საზოგადოთ არ იყიდება და რადგანაც იმის გაყიდვამდი უნდა შეჩერდეს მეორე გამოცემა, შეიძლება სულაც ვეღარ ვეღირსოთ მეორე წიგნის გამოცემას და თუ ვეღირსეთ, ისიც როდის, ვინ იცის? ამასთანავე ხარჯიც უზომო იქნება. ჩემის ჰაზრით, რაც ქართული ძველი ხელნაწერებია, ყველა რომ დაიბეჭდოს, იმას მოუნდება უკანასკნელი ოთხი ათასი, ხუთი ათასი თუმანი, და მსურველებიც, ე.ი. მყიდველები, რომ მოესწრონ იმ წიგნების შეძენას, უნდა რამდე-ნიმე საუკუნო იცოცხლონ, და უზომო ფულიც დახარჯონ საყიდლად. თავადმა მენგრელსკიმ კი სხვებრ უნდა წაიყვანოს ეს საქმე, უნდა გამართოს საკუთარი ტიპოგრაფია, რომელიც ძვირათ არ დაუჯდება. ეს სტამბა არა თუ საზოგადოთ, საკუთრად თ. მენგრელსკისათვის აუცილებლათ საჭირო იქნება, მისთვის რომ მას შეუძლია, თითქმის ვალდებულიც არის, თავისი არხივი, მიწერ-მოწერა, საქმის ქაღალდები და ყოველი ისტორიის მასალები, რაშიდაც კი იქნება მოთხოვნილება, აბეჭვდინოს, ისე როგორც კნიაზ ვორონცოვის არხივი იბეჭდება. და საზოგადოთ კი ამ სტამბაში ყოველ თვეში უნდა იბეჭდებოდეს თითო წიგნი ყველა ქართულის წერილებიდამ და ვისაც უნდა, რომ ის წიგნები შეიძინოს, შეუძლია ხელი მოაწეროს წლობით და წელიწადში მიიღოს თორმეტი სხვა და სხვა ძველებური წიგნი იაფათ. ამის მსურველებიც ბევრნი გამოჩნდებიან, ასე რომ ხელის მოწერისაგან შემოსული ფული დააკმაყოფილებს იმ ხარჯს, რაც ყოველ წლივ სტამბას მოუნდება; ასე რომ თვინიერ სტამბის თავდაპირველად გამართვისა, ხარჯი წლიური აღარა იქნება-რა. ამ გვარად ხერხიანად და თავიანათ წაყვანილი საქმე უზომო სარგებლობას მოუტანს როგორც ხალხს, ისე საკუთრად სტამბის პატრონსაც. ეს წინა დასკვნა რომ ოცნება არ არის და ნამდვილ შესაძლებელია, თვალდათვალ დასანახავია ყველასაგან. დასასრულ ვისურვებთ, რომ ეს კეთილი საქმე თავადმა მენგრელსკიმ დაიწყოს მალე, რადგანაც კარგს საქმეში დაგვიანება, თუ კი გარემოება ხელს არ უშლის კაცს, ცოდვათ ჩაითვლება.
(დროება, 1872 წ. № 6. დაწერილია 1872 წ. 2. თებ.).
![]() |
3.2 ვინ სტყუის? |
▲ზევით დაბრუნება |
(ჩვენი ეხლანდელი ძველი და ახალი თაობა)
ამას წინათ ჩვენი ძველი და ახალი თაობა გამოელაპარაკნენ ერთმანეთს პოეტური ენით: ჯერ პირველად გამოვიდა ხელნაწერი ლექსი, სახელდობრ „გამოცანა“ ერთი ახალი თაობის მომხრისა, რომელშიაც იყო ლაპარაკი ძველი თაობის ზოგიერთ წარმომადგენლებზე, რომლებსაც უცნობი ავტორი „გამოცანებისა“ სწამებს, ვითომც იმათ „ქვეყანა და ქვეყნის საქმე ფეხებზე ეკიდოსთ“ და სხვ. ძველმა თაობამ ეს, რასაკვირველია, საწყენად მიიღო და მისცა ახალ თაობას „გამოცანების პასუხი“, რომელშიაც ერთი ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენელებთაგანი პირიქითა სდებს ბრალს ახალ თაობას, სწამებს უვარგისობას და ამასთან, მოთმინებიდგან გამოსული, შეუფერებლის ენით ჰლანძღავს მას. მაგრამ საქმე ამითი არ გათავებულა: ახალმა თაობამ არ დაიდუმა და ერთი თავისი წარმომადგენელის პირით მისცა ძველ თაობას „პასუხის პასუხი“, რომელშიაც შესანიშნავი პირუთვნელობით და ხელოვნებით იყო გამოხატული ყველა მიზეზები, რომლებისთვისაც უღრინავს ახალ თაობას გული ძველ თაობაზე და არის მაზე უკმაყოფილო. ამ ზემო მოხსენებულ ლექსებს გარდა სხვა ხელნაწერი ლექსებიც ბევრი გამოვიდა ორივე ძველი და ახალი თაობის მომხრეებისა, რომლებიც საზოგადოდ ერთსა და იგივე ზემო მოხსენებულ თავ აზრებს ავრცელებენ და ცხადად ამტკიცებენ ეხლანდელი ჩვენი ძველი და ახალი თაობის ერთმანეთზე უკმაყოფილებას. ორივე მათგანი გამდგარან განზედ და ერთმანეთს ეუბნებიან: თქვენ ცუდი ხართ, ჩვენ კარგიო, თქვენ არას აკეთებთო, ჩვენ კი ბევრსაო და სხვ..... ეს უკმაყოფილება, რომელიც კაიხანია არსებობს ჩვენ ძველ და ახალი თაობის წარმომადგენელებთ შორის, ზემო მოხსენებულ ხელნაწერ ლექსებს გარდაც, ბევრჯელ წარმოთქმულა ჩვენ ღარიბ ახალ ლიტერატურაში და უმისოთაც. ვის არ გაუგონია ჩვენი მოხუცებულების საჩივარი ახალგაზრდებზედ? - იმათ, როგორც საზოგადოდ ყველა მოხუცებულებს, თავიანთი ძველი დრო, ძველი ცხოვრება, ძველი ჩვეულებები და ერთი სიტყვით ყველაფერი ძველი სამაგალითოდ, საქებრად და საკვეხურად მიაჩნიათ, ახალ დროსა და ახალგაზდებს კი ყველაფერში ემდურიან და აძაგებენ. რა გინდათ, რომ ამ უკანასკნელებს არ სწამებდნენ ისინი: უღმერთობას, უმეცრებას, უსაქმობას, გარყვნილობას, პატრიოტობას, კოღობუზობას და სხვა ამგვარებს - ყველას ახალ თაობას მიუწერენ ისინი. მაგრამ ეხლა ცოტა ახალგაზდებსაც ჰკითხეთ ძველი თაობის ამბავი. ამათი ფიქრით, პირიქით, ძველი თაობის წარმომადგენელები არიან ყველა ჩვენი უბედურებისა და ხაფანგში გაბმის მიზეზი, და მაშასადამე, ყველაფერში ისინი სტყუვიან და არა ახალგაზდები. თავიანთ უკმაყოფილების გამოსახატავად ძველი თაობის შესახებ და მის შესამკობად ესენიც ბევრ საუცხოვო ეპიტეტებს ხმარობენ. იმათ მიუწერენ ესენი მაგ. გმობას, უარყოფას, გამცემლობას, ფარისევლობას, ცრუმორწმუნეობას, უზრუნველობას, მამულის დამღუპველობას და სხვ... ყველა ამაების მცქერელი მოდი და ნუ იკითხავ ახლა: ვინ სტყუის მათგან, ძველი თაობა თუ ახალი?
ამის გამოსაცნობად და ცხადად დასანახავად საჭიროა, ჩემის ფიქრით, განვიხილოთ ჩვენი ეხლანდელი ძველი და ახალი თაობა და მათი მოქმედება, შევადაროთ ერთმანეთს და გამოვიყვანოთ ნამდვილი დასკვნა. მაგრამ აქ არ შეიძლება წინადვე არ შევნიშნოთ, რომ ძველმა თაობამ თითქმის მოჭამა თავისი სოფელი: მას საუკეთესო ნაწილი თავისი სიცოცხლისა, ის დრო სიცოცხლისა, როცა კაცი უნდა მოქმედებდეს და აკეთებდეს, თუ კი რისამე გაკეთება ჰსურს და შეუძლია, გატარებული აქვს და აწ მიღწეულია იმ ხანში და მდგომარეობაში, როცა კაცი აღარ სცხოვრებს მომავალი იმედებით, არამედ სულ თავის წარსულ ცხოვრებას და მოქმედებას იგონებს და მასში ეძებს იმედსა და საკვეხურათაც ის მიაჩნია; იმ მდგომარეობაში, ვანბობ, როცა ადამიანი, ძალა და იმედ მოკლე ბული, სულ თანდათან უახლოვდება სიკვდილსა და საფლავს, სადაც თავდება მისი ამ ქვეყნიერი ცხოვრება და მოქმედება. მაშასადამე ჩვენ ძველ თაობაზე და მათ საქმეებზე სჯა ეხლა ადვილად შეიძლება. ახალ თაობას კი რაც შეეხება ამის საქმე სულ სხვაა: ამას ჯერ არც კი უცხოვრია და უმოქმედია ქვეყანაზე: ეს ახლა გამოდის ნამდვილ ცხოვრებისა და მოქმედების ასპარეზზე; ეხლა აპირობს ცხოვრებას და მოქმედებას; ის სავსეა მომავალი იმედებით და, ერთი სიტყვით, მისი ცხოვრება და მოქმედება უფრო მომავალ დროს ეკუთვნის, ვიდრე წარსულს. ამიტომ ახალ თაობაზე და მის საქმეებზედ გადაწყვეტით სჯა ჯერ-ჯერობით ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ძველ თაობაზე. მაგრამ ჩვენ, მაინც ვეცდებით, რამოდენათაც კი შესაძლებელია, წარმოვსთქვათ ჩვენი შეხედულება და მჯელობა როგორც ჩვენ ეხლანდელ ძველ თაობაზე, ისე ახალზედაც.
I
ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობის ცხოვრება და მოქმედება იწყება თითქმის იმ დროდგან, როცა ჩვენმა სამშობლომ, მრავალი საუკუნეების განმავლობაში მტრებთან ბრძოლის, სისხლის ღვრის, ტანჯვის და ბევრი უბედურების გამოცდის შემდეგ, თავის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, გადასწყვიტა თავისი ბედი მით, რომ მონახა სასურველი პატრონი, რომელსაც შეავედრა და მიანდო თავისი თავი. ამ ახალ პატრონს ცხადია იმ დროის საქართველოს სიკეთე ჰსურდა და მიტომაც მიიღო ის თვისს მფარველობაში. გარეშე მტრებისაგან დაცვის გარდა, რომელიც იყო თავდაპირველი მიზეზი ჩვენი სამშობლოს რუსეთთან შეერთებისა, უკანასკნელის მოვალეობა მოითხოვდა შესდგომოდა აგრეთვე ჩვენში მოქალაქეობისა და განათლების შემოტანას. მაგრამ, ცხადია, რომ ამ საქმეში თვითონ რუსებს პირველად დიდი წარმატება ვერ ექნებოდათ, რადგანაც იმათთვის ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ენა უცხო იყო. ამ საქმისთვის საჭირონი იყვნენ, და ჯერ კიდევა აქამომდე არიან ისეთი პირები, რომლებსაც შესძლებოდათ, ასე ვსთქვათ, შუამდგომლობა ჩვენ ხალხსა და მათ შუა; ისეთი პირები, რომლებსაც, ჯერ ერთი, სცოდნოდათ საქართველოსი და ქართველების ცხოვრების განსაკუთრებითი პირობაები და საჭიროებაები, და მეორეც, ჰქონოდათ საკმაო ძალა და ნდობა მმართებლობისაგან. ერთი სიტყვით ხალხის განათლებისათვის, როგორც ყოველთვის მოხდება ხოლმე, იმ პირებს უნდა ეზრუნათ, რომლებიც სწავლითა და ავისა და კარგის გაგებით იმ დროს ჩვენში დაწინაურებული იყვნენ. ამგვარი პირები იყვნენ ის ქართველები, რომლებმაც პირველად მიიღეს სწავლა ახალი მმართებლობის შკოლაში, გამოვიდნენ ცხოვრების ასპარეზზე მომქმედ პირებად; მთავრობის გზის მაჩვენებლად და თანაშემწედ ჩვენში. როგორ პატივს სცემდა და აფასებდა მთავრობა ამგვარ პირებს - ამას ცხადად გვიჩვენებს ჩვენ მათი ამაღლება და დაწინაურება სახელმწიფო სამსახურში. მაშასადამე იმათ, როგორც დაწინაურებულ და სარწმუნო პირებს, ადვილად შეეძლოთ დაენახვებინათ მმართებლობისათვის, რომელიც თვითონაც მსურველი იყო აღმოეჩინა მის მფარველობის ქვეშე შესული ხალხისთვის შემწეობა, - იმ დაწინაურებულ პირებს მეთქი, ნამდვილი ჩვენი საჭიროებაები და ამგვარად ყოველი მხრით დაჰხმარებოდნენ საზოგადო საქმეს: ეზრუნათ განსაკუთრებით ხალხის განათლებაზე და საზოგადოდ ყველაფერზე, რაც კი ამისათვის საჭირო იყო, მით უფრო, რომ ამას გარდა იმათ სხვა საზრუნავი მამულისათვის აღარა დარჩათ-რა, და ამასთანავე მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა. სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ და ემოქმედნათ იმათ, ვიზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგრამ საქმე ის არის: გააკეთეს იმათ ის, რის გაკეთებაც შეეძლოთ და ვალადაც ედოთ, თუ არა?
რაც ჩვენი სამშობლო ეხლანდელი მმართებლობის მფარველობაში შევიდა, მას აქეთ ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული, მაგრამ აბა გადავავლოთ თვალი, რა გაუკეთებია ჩვენ ძველ თაობას თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის ამ დიდი ხნის განმავლობაში.
წარსული. საუკუნეების ქართველებს, ჩვენ წინაპრებს, თუმცა მოსვენება არა ჰქონდათ არც გარეგანი მტრებისაგან და არც შინაგანი უწესობისაგან; მაგრამ ისინი ამგვარ მდგომარეობაშიაც კი, - თავიანთ სიცოცხლისათვისა და თავისუფლებისათვის დაუცხრომელ ბრძოლასთან, არ ივიწყებდნენ თავიანთ განათლების საქმეს და ახერხებდენ თავიანთ შინაგანი ცხოვრებისა, ლიტერატურისა და ენის განვითარებაზედაც ზრუნვას. - ეს ომიანობისა და არეულობის დროს. მშვიდობიანობის დროს ხომ, რაღა თქმა უნდა, უმთავრესი მათი საზრუნავი და საცადელი გონებითი განვითარება იყო, და ამიტომაც, თუ კი როდისმე ცოტა ხანგრძლივ მყუდროებასა და მოსვენებას ჰნახავდა ჩვენი მამული, როგორც მაგალითად მეთორმეტე საუკუნეში, შესანიშნავ და საკვირველ წარმატებას იჩენდა ხოლმე თავისი გონებითი და ზნეობითი გაუმჯობესებაში: მრავლდებოდნენ შკოლები, ახალგაზდა ყმაწვილები იგზავნებოდნენ სხვა ქვეყნებში გასანათლებლად, სჩნდებოდნენ პოეტები და მწერლები, გამოდიოდნენ მრავალი ნამდვილი და ნათარგმნი, სასულიერო და საერო წიგნები და ამგვარად მდიდრდებოდა ლიტერატურა და მშვენიერდებოდა სამშობლო ენა. ამაში იმედი მაქვს ეჭვს არავინ არ შემოიტანს, ვინც კი იცის ჩვენი წარსული ცხოვრების ისტორია. ჩვენ ეხლანდელ ძველ თაობას და მის წარმომადგენელებს რაც შეეხება, ისინი არ ეკუთვნიან იმ დროს, როცა ჩვენი სამშობლო თავის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა; ამათი მოქმედება იწყება, როგორც ზემოთაც ვსთქვით, იმ დროდამ, როცა ჩვენმა სამშობლომ, იმედ მიხდილმა, იმით დაასრულა თავისუფლებისათვის მტრებთან ბრძოლა, რომ თვითონ მონახა ის, რასაც უწინ ერიდებოდა, სამუდამოდ უარჰყო თავის დამოუკიდებლობა და ამითი მოიპოვა გარეგანი მყუდროება. მაშასადამე ამათ, როგორც ამგვარ დროში მყოფი და მცხოვრებთ, უფრო მეტის გაკეთება შეეძლოთ მამულისა და ხალხისათვის, ვიდრე უწინდელ, მუდამ ბრძოლასა და უბედურებაში მცხოვრებთ ქართველებს, იმ ქართველების ზრუნვა, რომლებიც სცხოვრობდენ ამ ზემოთ მოხსენებულ დროს აქეთ, უნდა ყოფილიყო საზოგადოდ თავიანთი შინაგანი ცხოვრების გახსნა და განვითარება იმ საშუალებაების შესწავლით და მოხმარებით, ურომლებოდაც ეს შეუძლებელია, რადგანაც სხვა გარეშე საქმეები იმათ აღარ აწუხებდათ და აღარ თხოულობდა მათგან დროსა და შრომას. მაგრამ გავშინჯოთ აბა რა გააკეთეს საზოგადოდ თავიანთი შინაგანი ცხოვ-რების შესახებ აწმყო საუკუნის წარსული დროს ქართველებმა, რომლებიც შეადგენენ ეხლანდელ ჩვენ ძველ თაობას.
ვინ არ იცის, რომ ყოველი ბედნიერება ხალხისა არის დამოკიდებული მის გონებით მდგომარეობაზე, რომ უსწავლელად და გაუნათლებლად შეუძლებელია მისი ცხოვრების გაუმჯობესობა, განვითარება და ერთი სიტყვით მისი წინსვლა ანუ პროგრესი. მაშასადამე ჩვენი ძველი თაობის ვალი იყო შესდგომოდა თავიანთ ქვეყნის განათლების საქმეს მაშინვე, რაკი ჩვენი ისტორიული ცხოვრების პირობანი შეიცვალენ ამ საუკუნის დასაწყისში და ამ პირობაების შეცვლით, მოიპოვეს მათ გარეგანი მშვიდობა. მაგრამ არა, იმათ სულ სხვანაირად ისარგებლეს ამ გარეგანი მშვიდობიანობით; რაკი გარეშე მტრები აღარ აწუხებდნენ, იმათ, თითქოს სხვა საქმე და დანიშნულება ვეღარ იპოვესო, მიჰყვეს ხელი უზრუნველობას, უმოქმედობას, უქმად ცხოვრებას და განცხრომას, ასე რომ რამდენადაც უფრო მდიდარი, მამულიანი და დიდი გვარისა იყო ვინმე მათგანი, იმოდენათ უფრო მომეტებულად სცხოვრებდა ის უსაქმოდ, იკვებებოდა უშრომლად, სხვისი შრომის ნაყოფით და ამგვარად ატარებდა უმეცრებასა და მავნებელ განცხრომაში თავის უსარგებლო წუთს სოფელს უმეცრება, უმოქმედობა, ბევრი ჭამა და სმა, გამოპრანჭვა, მწევარ-მეძებრების უკან დევნა, თავის მოძმეებთან მტრობა, შური და ჩხუბი, თავიანთ ქვეშევრდომების ცარცვა და ტანჯვა თავისი საზარელი მიდრეკილებაების დასაკმაყოფილებლად და სხვა ამგვარები შეიცავდა სრულებით იმათ სიცოცხლესა და ცხოვრებას. სწავლა, განათლება, საზოგადო საჭიროება და მათზე ზრუნვა იმათ აზრათაც არ მოსდიოდათ. მის ნაცვლად რომ თვითონაც შესდგომოდნენ თავიანთ განათლების საქმეს და ახალგაზდებიც ისე აღეზარდათ, როგორც დრო და გარემოებანი მოითხოვდნენ და ამგვარად მოემზადებინათ მამულისათვის საჭირო მცოდნე კაცები, - ამის ნაცვლად ისინი უმეცრებაში, უზრუნველობაში და განცხრომაში ჩაეფლენ და თავიანთ შვილებსაც სახედ და მსგავსად თავისად ზრდიდნენ, იმათი ფიქრით კაცი ქვეყანაზე სცხოვრებს თითქო მარტო ჭამა-სმისა და განცხრომისათვის, თითქო სხვა, უმაღლესი დანიშნულება მას არაფერი აქვს, და რადგანაც სასმელ-საჭმელი იმათ ბლომად ჰქონდათ მამულებისა და გლეხების უფასო შრომის წყალობით, ამიტომ ისინი არც თვითონ ზრუნავდნენ არაფერზე და არც თავიანთ შვილებს ამზადებდნენ შრომისა და ნამდვილი კაცური ცხოვრებისათვის, - არ სცდილობდნენ, რომ მიეცათ მათთვინ რიგიანი განათლება. აქედგან თითქმის ყველა მათი შვილები რჩებოდნენ უმეცრებაში. ასე რომ ასში და ათასში ერთსაც ვერ იპოვით ისეთს, რომელსაც ცოტაც არის რიგიანი და დროს შესაფერი განათლება მიეღოს და კაცური შეხედულება ჰქონდეს ქვეყნიერებაზე. ამისი მიზეზი, ცხადია, სხვა არაფერი არ იყო მშობლების უზრუნველობისა და დაუდევნელობის მეტი შესახებ თავიანთ შთამომავლობისა. თუ ყველას არა, ბევრს მაინც ჩვენ თავად-აზნაურებში ჰქონდათ იმოდენა შეძლება, რომ თავიანთ შვილებისათვის ეპატრონებინათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ მათგანს იმოდენი მოხერხება და სახსარი ჰქონდა, რომ იმათ რომ თავიანთ შვილების აღზრდისათვის იმოდენი დაეხარჯათ, რამოდენსაც თავიანთ ძაღლების საკვებად და შესანახავად ჰხარჯავდნენ, საკმაო იქნებოდა. მაგრამ არა: ისინი თავიანთ მწევარ-მეძებრების გაწვრთვნისთვის უფრო ბევრს ზრუნავდნენ, ვიდრე თავიანთ შვილების აღზრდის-თვის და ამიტომ მათ სრულებით არ აღასრულეს თავიანთი სამღრთო მოვალეობა. მათ ჰსურდათ, რომ იმათ შვილებსაც მათ ნაკვალევზე ევლოთ და დასტოვეს ისინი უმეცრებაში, რის გამოც ისინიც ისეთივე პარაზიტები შეიქნენ ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისათვის, როგორიც მათი მშობლები იყვნენ. - ეს ერთი დიდი დანაშაულობა ძველი თაობისა თავიანთ შთამამავლობის წინაშე, რომლისათვის უკანასკნელს უფლება აქვს უსაყვედუროს მას და ცუდად მოიხსენიოს. მაგრამ იმათ კიდევ უფრო ბევრი დანაშაულობა მიუძღვისთ თავიანთ შთამომავლობის წინაშე, რომლის განხილვასაც ჩვენ ეხლავ შეუდგებით.
იმათ, როგორც მემკვიდრეებმა, მიიღეს თავიანთ მამაპაპებიდგან ის მიწა-წყალი და ყმა და მამული, რომლების დაცვისათვის ეს უკანასკნელები თავიანთ სისხლსა ღვრიდნენ მძვინვარე მტრებთან ბრძოლაში, იმ ჰაზრით, რომ ისინი არ დაჰკარგოდათ მათს შთამამავლობას. მაშასადამე ყველა ეს საცხოვრებელი, როგორც სამამა-პაპო ქონება მარადის წმინდათ და უკლებად უნდა დაცულიყო თვითეული შთამამავლობისაგან და გადაცემულიყო ერთიდგან მეორის საცხოვრებელად და შესანახავად, და არა გასასყიდათ და დასაკარგავად. ეხლანდელ ჩვენ ძველ თაობამდის მართლადაც ასე ჰხდებოდა ხოლმე: თვითეული თაობა ჩვენი ძველი ქართველებისა თავის საღმრთო ვალად ჰრაცხდა, რომ არა თუ დაეცვა და არ დაეკარგა ის, რაც მიეღო თავიანთ წინაპრებისაგან, არამედ კიდევ შეეძინა და მიემატებია მისთვის რაიმე ახალი და ისე გადაეცა თავისი ახალი შთამომავლობისათვის. მაგრამ ჩვენმა ეხლანდელმა ძველმა თაობამ და მისმა წარმომადგენელებმა კი იმდენი ეცადეს, რომ, თავისი უხეირობით, ეს საღმრთო და მტკიცე ჩვეულებაც დაარღვიეს. მის ნაცვლად, რომ იმათ თავიანთი მამულები და საცხოვრებელი დაეცვათ, გაეუმჯობესებინათ, გაედიდებინათ და ისე გადაეცათ თავიანთ შთამამავლობისათვის, როგორც მათ თავიანთ მშობლებიდგან მიიღეს, იმათ, რაკი მათ უქმ და განცხრომით ცხოვრებას აღარ ჰყოფნიდა მათი შემოსავალი, მიჰყვეს ხელი მამულების ყიდვას და დაგირავებას და ამგვარად უკარგავენ და უღუპვენ იმათ სამუდამოდ მომავალ ქართველებს. ცხადია, რომ ამის უფლება იმათ არ აქვსთ, რადგანაც იმათი მიწა-წყალი და მამულები მათ კეთილ შეძენილს არ შეადგენენ. ამგვარივე უსამართლოდ მოიქცნენ ისინი თავიანთ შთამომავლობის წინაშე შესახებ გლეხებისა: გლეხები ჩვენში, როგორც ვიცით, განთავისუფლდნენ და სამაგიეროდ მიიღეს მათმა პატრონებმა ფულები. ეს ფულები, როგორც ყმების სამაგიერო, ცხადია არ შეადგენდა, - ისე, როგორც უწინ თვით გლეხები არ შეადგენდნენ, - ერთი რომელიმე შთამამავლობის საკუთრებას. ამიტომ ამ აღებული ფულების დახარჯვისა და შეჭმის უფლება არ უნდა ჰქონოდა არც ერთს შთამამავლობას, არც ეხლანდელსა და არც მომავალს. ისინი უნდა გადასულიყვნენ, როგორც უწინ გლეხები გადადიოდნენ, ერთი შთამომავლობიდამ მეორეს ხელში. მხოლოდ მათი სარგებლით, როგორც უწინ გლეხების შრომითა და ბეგრით, უნდა ესარგებლა თვითეულს მათგანს. ამას მოითხოვდა სამართალიცა და გონებაც. მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ? ჩვენმა ეხლანდელმა ძველმა თაობამ, რომლის დროსაც მოხდა ჩვენში გლეხების განთავისუფლება, მიიღეს მმართებლობისაგან იმათი სამაგიერო ფული და, მის ნაცვლად, რომ მხოლოდ ესარგებლათ მით თავიანთ სიცოცხლეში და შემდეგ თვით თანხა უკლებლად თავიანთ შთამომავლობისათვის გადაეცათ - აგრეთვე სასარგებლოდ, - მიყვეს მას ხელი და ორი სამი წლის განმავლობაში გააქვრეს სრულიად. ნუთუ ეს უსამართლობა არ არის? ნუთუ ამისთვის პასუხისმგებლები არ არიან ისინი თავიანთ შთამომავლობის წინაშე? განა გონიერი, საქმის მცოდნე და მზრუნველი მშობლები ასე მოიქცეოდნენ არაოდეს. სამართალი და გონიერებაც მოითხოვდა, რომ ჩვენ მშობლებს აეღოთ სრულებით ის ფულები, რომლებიც იმათ გლეხების სამაგიეროთ მიიღეს და დაეწესებიათ რაიმე ისეთი, რომელიც სამარადისოდ უკვდავი ყოფილიყო და ყველა, უწინდელ და მომავალ შთამომავლოებაებს ესარგებლათ, მაგრამ იმათ არა თუ ყველა ის ფულები არ მოიხმარეს ამ გვარად, არამედ იმ მცირე ნაწილსაც კი ნანობენ, რომელიც იმათ ბანკის დასაწესებლად გადასდვეს და რომ მოხერხდებოდეს, ბევრს მათგანს მისი გამოტანა და შეჭმაცა ჰსურთ. ერთი სიტყვით, თითქმის მთელი ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობა სამართლიანად შეიძლება შევადაროთ ისეთ მშობლებს, რომლებმაც გაუყიდეს და შეუჭამეს თავიანთ მემკვიდრეებს ყოველი საცხოვრებელი და დასტოვეს ისინი ქვეყანაზედ უნუგეშოდ. იქნება კიდე გაემართლებიათ თავი ჩვენ მშობლებს თავიანთ შთამამავლობის წინაშე და ჰპატიებოდათ მათ ამგვარი საქმე, თუ მათ გაყიდულ და დაგირავებულ მამულებში, მიწაწყალში და გლეხებში აღებული ფულები მოეხმარათ, ცოტა მაინც, თავიანთ შვილების აღსაზრდელათ და გასანათლებლად, და ამგვარად დაეტოვებინათ შემდგომ თავისა ისეთი ნასწავლი და ცხოვრებისათვის მომზადებული შთამომავლობა, რომელსაც თავის ცოდნითა და შრომით შეძლებოდა თავის დარჩენა და ცხოვრება, თორემ რით შეუძლიანთ იმათ იმართლონ თავი მაშინ, როცა იმათ მთელი სამშობლო ამოიჭამეს მხოლოდ თავიანთ მუცლისა და განცხრომითი ცხოვრებისათვის?!
ჩვენ ამდენხანს ვლაპარაკობდით საზოგადოდ ჩვენს ეხლანდელ ძველ თაობაზე. ეხლა უნდა ვილაპარაკოთ განსაკუთრებით იმ პირებზე, რომლებიც ამ თაობის წარმომადგენელებლად, სწავლულებად, ანუ სწორედა ვსთქვათ, ნასწავლებად ირიცხებიან, იმ პირებზე, რომლებმაც გამართეს ამას წინად ბაასი ახალი თაობის წარმომადგენელებთან და წარმოსთქვეს თავიანთი უკმაყოფილება მათზე, მათ მიმართულებაზე და მოქმედებაებზე.
ჩვენ ზევით ვსთქვით, რომ მასაქეთ, რაც ჩვენმა სამშობლოს ბედმა ეხლანდელი სახე მიიღო, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის განათლებისათვის უნდა ეზრუნათ მეთქი განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც სწავლით და ავისა და კარგის გაგებით დაწინაურებული იყვნენ ამ დროს ჩვენში; იმ ქართველებს მეთქი, რომლებმაც მიიღეს, ავად იყო თუ კარგად, სწავლა ჩვენი ახალი მმართებლობის ხელში და შკოლაში და გამოვიდნენ ცხოვრების ასპარეზზე მოქმედ პირებად. მაგრამ საქმე ის არის, რომ არც ამათ გაუკეთებიათ ქვეყნისათვის არაფერი. ამათაც, როგორც სხვა გაუნათლებელ ქართველებს, ჰქონდათ თავიანთ მყოფობის, სიცოცხლისა და მოქმედების მიზნად მარტო თავიანთი თავი და თავიანთი პიროვნებითი სარგებლობა და თავიანთ ჯიბეს, მუცელს და ერთი სიტყვით საკუთარს სარგებლობას უმსხვერპლიდნენ იგინი ყოველ საერთო საქმეს და საზოგადო სარგებლობაებს. იმათი ცხოვრებისა და მოქმედების მიზანი ძლიერ კარგად იხატება შემდეგი სიტყვებით, რომლებიც განსვენებულმა დავით ბოდბელმა დაუგდო იმათ სიკვდილის დღეს სახსოვრად და სახელმძღვანელოდ: „თუ მე არ ვიქნები, სთქვა იმან, ქვა ქვაზედაც ნუ დარჩებაო“. მართლაც და აბა რა გააკეთეს მათ, თავიანთ სიცოცხლეში, ქვეყნისა და ქვეყნის საქმისათვის?
უპირველესი იმათი ვალი ის იყო, როგორც ზევითა ვსთქვით, რომ დახმარებოდნენ ხალხის განათლებას და ეხმარათ ამისათვის ის საშუალებაები, რომლებითაც ამ მიზნისადმი მიღწევა შეიძლებოდა. ამ საშუალებაებს რასაკვირველია მოგონება არ უნდოდა, რადგანაც მაგალითები იმათ თვალწინ ჰქონდათ, რაკი გაიცვნეს ევროპიელების ცხოვრება და განათლების მოძრაობა მათში, ისინი უნდა სცდილიყვნენ მხოლოდ გადმოენერგათ ჩვენშიაც და მიეღოთ სახელმძღვანელოდ, განათლების გასავრცელებლად ხალხში, ის საშუალებაები, რომლებსაც განათლებული ხალხები დიდი ხანია ხმარობდნენ. აქ, რაღა თქმა უნდა, პირველი ყურადღება უნდა მიექციათ იმათ ყმაწვილების აღზრდაზე, და, რადგანაც იმათ დროს იწყებოდა ჩვენში სასწავლებლების დაფუძნება, უნდა სცდილიყვნენ ერთი მხრით, რომ ახალ დაფუძნებულ შკოლებს ისეთი ხასიათი ჰქონოდათ, როგორიც საჭირო იყო ჩვენი ყმაწვილებისათვის, რად-განაც ეს შკოლები ჩვენი ყმაწვილებისათვის ფუძნდებოდნენ, ამის აღსრულებაში მოყვანა არ იყო მაშინ ძნელი საქმე, რადგანაც, როგორც ზევითაც ვსთქვი, ბევრ მათგანს ისეთი მაღალი ადგილები ეჭირათ და ისეთი რწმუნება ჰქონდათ მმართებლობისაგან, რომ ადვილად შეეძლოთ ჰქონებოდათ ახალ დასაწყის საქმეებზე გავლენა. მეორე მხრით იმათ უნდა თვითონაც გაეგოთ და ხალხისათვისაც გაეგებინებინათ და ექადაგებინათ როგორც სწავლისა და განათლების საჭიროება, ყმაწვილების აღზრდის მნიშვნელობა, ისე ის, თუ როგორი აღზრდა და მიმართულება უნდა მიეცათ მშობ-ლებს თავიანთ შვილებისათვის. მაგრამ არა: იმათ არც ერთი ესენი არ აღასრულეს და ამის გამო ჩვენში ყმაწვილების აღზრდამ მიიღო ისეთი ცუდი ხასიათი და მიმართულება, რომ ჩვენში, თითქმის აქამდისაც, აღზრდილები და ნასწავლები ისეთი უსარგებლონი გამოდიოდნენ მამულისათვის, როგორიც უსწავლელნი იყვნენ.
ყმაწვილების აღზრდის გარდა, ხალხში სწავლებისა და განვითარების გასავრცელებ-ლად დიდი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას. მაშასადამე, ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლებიც უნდა შესდგომოდნენ ამ კეთილ და სასარგებლო საქმეს, თუ ისინი მართლა ხალხისა და მამულის მეგობრებად და მზრუნველებად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს. იმ მშვიდობიანობის დროს, რომელშიაც ისინი სცხოვრობდნენ და სცხოვრებენ, იმათ შეეძლოთ აღედგინათ ჩვენი ძველი ლიტერატურა და ახალიც დაეწყოთ, და ამგვარად გაემრავლებიათ ხალხში საკითხი წიგნები. ეს მით უფრო ადვილი იყო მათთვის, რომ იმათ ისეთი დრო და შემთხვევაები ჰქონდათ, თუ კი ისარგებლებდნენ, რომ ძლიერ ბევრის გაკეთება შეეძლოთ. ვის არ ახსოვს მაგ. განსვენებული კავკაზიის მთავარ მმართებლის ვარანცოვის დრო, რომელიც თვითონ გულსმოდგინედ ეწეოდა საქმითაც და საშუალებით ჩვენი ლიტერატურის აღდგენას. რაღა თქმა უნდა, რომ იმ დროს ბევრის გაკეთება შეეძლოთ ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ეხლა ამაოებას იჩენენ და იკვეხიან თავიანთ უსარგებლო სწავლითა და ნამოქმედებით, თუ კი იმათ საზოგადო საქმის დახმარებისა და გაკეთების სურვილი და შეძლება ჰქონდათ. მაგრამ მთელი მაშინდელი იმათი ღვაწლი იმით გათავდა, რომ იმათ გამოსცეს ორი თუ სამიოდე ძველი წიგნი. სხვანი კი ყველა ჩვენი ძველი ლიტერატურის ძვირფასი ნაწარმოებები, იმათი უზრუნველობისა და დაუდევნელობის წყალობით, აქამდისაც სხვადასხვა მონასტრებში ლპებიან და თაგვების ბუდეებად ჰხდებიან. ამგვარად ცხადათა სჩანს, რომ ეს ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლები იმოდნად უზრუნველნი და მოუხერხებელი ყოფილან შესახებ ლიტერატურისა, რომ ისიც ვერ დაუცავსთ და შეუნახავთ რიგი-ანად შთამომავლობისათვის, რაც დაუტოვებიათ მათთვის მათ მამა-პაპებს. მაშ ახალსა და საკუთარ მათ ნაწარმოებს რას უნდა მოველოდეთ მათგან?
თუმცა იმათი ვალი იყო, რომ მიებაძნათ განათლების საქმეში სხვა ხალხების მოწინავე პირებისათვის და ეხმარათ, როგორც ზემოთა ვსთქვით, ის საშუალება, რომელსაც ისინი ხმარობდნენ თავიანთ ქვეყნებში და ხალხები სწავლისა და განათლების გასავრცელებლად, ესე იგი ეწერათ და ეთარგმნათ საჭირო წიგნები, შესდგომოდნენ ჟურნალისა და გაზეთის გამოცემას და ამგვარად თან სწავლა და ახალი ჰაზრები გაევრცელებინათ თავიანთ მოძმეებს შორის და თან თავიანთი სამშობლო ენა შეემუშავებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი ამგვარს ვერ ვხედავთ ჩვენ მათ ცხოვრებაში და მოქმედებაებში, ისე რომ მთელი ეხლანდელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რომელსაც შეიცავს იმათი ცხოვრება, ჩვენში თითქო ყველაფერი, რასაც კი ჩვენი სახელი ქვიან, ღრმა ძილში იყო ჩაფლული და არ სჩნდებოდა არავინ, რომელსაც შეერყია ეს მოუძლურებული გვამი, და გამოეფხიზლებია იმ მომაკვდინებელი ლეტარგიული ძილისაგან, რომელშიაც ის იმყოფებოდა. ამ დროს ჩვენი ნასწავლი პირების ლიტერატურული შრომა იმაში მდგომარეობდა, რომ ზოგნი მათგანნი სთხზავდნენ ხანდახან საამურ ბაიათებს, რომლებშიაც ისინი ამკობდნენ ვარდს, ბულბულს, მზეს, მთვარეს და იმღეროდნენ ლოთობის დროს. მაშ ცხადი წარმოსად-გენია, თუ როგორს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობის წარმომადგენლების ხელში ჩვენი სამშობლო ლიტერატურა და ენა. ლიტერატურის აჩრდილიც არ იყო და ენაც, გაუკეთესებისა და განვითარების ნაცვლად, თითქოს სრულიად გაირყვნა და წახდა, რადგანაც ერთი მხრით ლიტერატურა არ მოძრაობდა და არ სცდილობდა, რომ დაეცო ის წმინდად და მეორეც რადგან ქართულ ლაპარაკში ჩვენი ვაჟბატონები და ქალბატონები ყოველ შემთხვევაში, დაუფიქრებლად და გაუგებრად, ხმარობდნენ და ეხლაც ხმარობენ, რუსულ სიტყვებს*, მაშ საკვირველი არ არის, რომ ზოგიერთი ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლები, არა მიმხედველნი ამისა, ამაყობენ და კვეხულობენ, ვითომც მათ ხელში ქართული ლიტერატურაცა და ენაც ბრწყინავდა და ვითომც მხოლოდ ახალ თაობას გაეფუჭებინოს?!
როცა ეხლანდელი ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლებზე ვლაპარაკობთ, უსამართლობა იქნება, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით არ მოვიხსენიოთ ერთი თუ ორიოდე პირი, რომლებიც ისე გამობრწყინავენ მათ შორის, როგორც ღრუბლიან ღამეში ცაზედ ალაგ-ალაგ გამოსჭვრეტენ ვარსკვლავები და რომლების ცხოვრება და მოქმედება სავსე არიან პატიოსნებითა და კეთილი სურვილით შესახებ ჩვენი სამშობლოსი და ხალხის ბედისა; მაგრამ ამასთან ესეც კი უნდა ვსთქვათ, რომ იმათი ხმა მათ მოუძლურებულ და უვარგის მოძმეებთ შორის რჩებოდა ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა. ვინ არ იცის, რომ ერთი და ორი კაცი მთელ ხალხში ბევრს ვერას გახდებიან, თუ ისინი სხვა ვერავისში ვერა ჰპოებენ თანაგრძნობასა და დახმარებას.
როგორ თანაუგრძნობდა და ან ეხლა თანაუგრძნობს ჩვენი ძველი თაობა საზოგადოდ საერთო საქმეს, - ეს კიდე უფრო ცხადად დაამტკიცა მან, თავისი ყოფა-ქცევით, ამ უკანასკნელ დროში, როცა ჩვენში, სასიხარულოდ, გამოჩნდნენ ზოგიერთი ისეთი ახალგაზდები, რომლებმაც გაიგეს ჩვენი ხალხის ეხლანდელი სამწუხარო მდგომარეობა და სცდილობენ გამოიყვანონ ის იმ უმეცრებისა, უზრუნველობისა და გაუგებრობისაგან, რომელშიაც ის ეხლა იმყოფება. მის ნაცვლად, რომ ჩვენ ძველ თაობას და მის წარმომადგენლებს აღმოეჩინათ ამ უკანასკნელებისათვის თანაგრძნობა, გაემხნევებინათ და დაჰხმარებოდნენ სიტყვითა და საქმით, იმათ, მათდა სასირცხოდ, დაცინვა, მტრობა და დევნა დაუწყეს მათ. - ამაზე უარესი და უსაძაგლესი საქმე კიდე იქნება რამე?
სხვა დანაშაულობა და ცოდვებიც ბევრი მიუძღვის ძველ თაობას თავიანთ მამულისა და შთამამავლობის წინაშე, მაგრამ ჩვენ ზოგიერთი, ჩვენზედ დამოუკიდებელი გარემოებანი არ გვაძლევენ ნებას, რომ ყველას გაჩხრეკას და გამოაშკარავებას შეუდგეთ. ჩვენი ფიქრით ისიც საკმაოა, რაც ვილაპარაკეთ მისთვის, რომ მკითხველებმა ცხადად დაინახონ და ჰსაჯონ თუ როგორი ყოფილან ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობა, მისი წარმომადგენლები და სტყუიან ისინი თუ არა, როცა თავიანთ თავს და მოქმედებაებს აქებენ და ახალ თაობას კი დასცინიან და აძაგებენ.
II
ეხლა უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ახალ თაობაზე, მის მიმართულებაზე, მოქმედებაზე და შევადაროთ ის ძველ თაობას.
მოსალოდნელი იყო, რომ ისეთ უზრუნველ და დაუდევარ მშობლებს, როგორიც იყვნენ და არიან ჩვენი მშობლები, შვილებიც თავისი შესაფერი გამოსვლოდათ და არ უნდა ყოფილიყო დიდი გარჩევა ჩვენი ძველი და ახალი თაობის ცხოვრებაში, ცოდნაში, მიმართულებაში, და უეჭველია არც იქნებოდა, თუ ჩვენ ახალგაზდებს არ ჰქონოდათ შემთხვევა თავიანთი მშობლებისა და სამშობლოს მოშორებისა, სხვა ქვეყნებში ცხოვრებისა და სწავლისა, - სხვა ხალხების გონებითი და ზნეობითი მდგომარეობის გაცნობისა; მაგრამ რაკი ამგვარი შემთხვევა ჰქონდათ, მათ სულ თანდათან სცნეს და გაიგეს ერთი მხრით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამწუხარო ეხლანდელი მდგომარეობა, მეორე მხრით სხვა განათლებული ხალხების წარჩინებული ცხოვრება და საზოგადოდ ახალი დროს მიმართულება, ხასიათი და მოთხოვნილება. ამისა გამო არ შეიძლებოდა არ დაბადებულიყო და მართლაც დაიბადა ზოგიერთ მათგანში პატრიოტული გრძნობა და სურვილი, რომ დაჰხმარებოდნენ თავიანთ ხალხის თვალების ახილვას და უმეცრებისა და სიბნელიდგან გამოსვლას. ისინი კარგად ჰხედავდნენ, რომ ჩვენი ხალხის უბედურების მიზეზი, სხვათა შორის, იყო უმეცრება, ცრუმორწმუნეობა, უზრუნველობა, დაუნდობლობა, შური და მტერობა ერთმანეთში, საზოგადო სარგებლობის გაუგებლობა და სხვა ამგვარები. მაშასადამე, ცხადია, ხალხის კეთილის მსურველნი ერთი მხრით უთუოდ უნდა აღჭურვილიყვნენ ყველა ამ ზემოთმოხსენებული ნაკლულევანებაების წინააღმდეგ და თან, მეორე მხრით, შესდგომოდნენ ისეთი ჰაზრებისა და ცოდნის შემოტანას და გავრცელებას ჩვენში, რომლებიც უხილავენ ადამიანს გონების თვალს და ჰშველიან მას უმეცრებიდამ გამოსვლაში.
მაგრამ, როგორც ვიცით, ისე არაფერი არ სწყენს და ეძნელება კაცს, როგორც იმ რწმუნებაების, ჰაზრების, ჩვეულებაების და მოქმედების განკიცხვის მოსმენა, მათი გამოთხოვება და მიტოვება, რომლებსაც ის შესჩვევია პატარაობიდამ და რომლებიც მას მიაჩნია პატივცემის ღირსად და საქებლად. ამიტომ ყველგან ხალხების განათლების დასაწყისში სჩნდება ბრძოლა ძველ და ახალ ჰაზრებს შუა, ჩვეულებაებს შუა და მიმართულებაებს შუა. ყველაფერი ძველი სცდილობს, რომ დაიცვას თავისი პატივი და არ დაუთმოს თავისი ადგილი ახალს; ახალი, პირიქით, ებრძვის ძველს, ჰსურს გააქროს ის და დაიჭიროს მისი ადგილი კაცის გონებაში და მოქმედებაში. მაგრამ რადგანაც, თითქმის ყოველთვის, ძველის წარმომადგენელად და დამცველად ცხოვრებაში სჩნდება ძველი თაობა, ხოლო ახლისა - ახალი თაობა, ამიტომ ბრძოლა ჰხდება მათ შორის. ასე ყოფილა ყოველგან და ასე მოხდა ჩვენშიაც. როცა ზოგიერთმა ჩვენმა ახალი თაობის წარმომადგენელებმა დაიწყეს ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობის ნაკლულოვანებაებზე და სიცუდეზე ლაპარაკი და თან დაუწყეს მას ქადაგება ახალ დროზე და მის მოთხოვნილებაებზე, მაშინ ამ უკანასკნელის წარმომადგენელებმა, მის ნაცვლად, რომ გამოეხილათ თვალები, ჩაჰკვირებოდნენ კარგათ თავიანთ ძველ ცხოვრებას, მის მოვლინებაებს, და ნაკლულევანებაებს, უარეყოთ ყველაფერი, რაც კი იყო და არის მართლა მათში უვარგისი და მავნებელი და ამგვარად სიხარულით მიეღოთ და შესდგომოდნენ ახალ სწავლას თავიანთ ხავს მოკიდებული ცხოვრების გასაუმჯობესებლად, - მათ დაუწყეს ძაგება, ბრძოლა და დევნა ახალ თაობას და მის მოქმედებას, ხოლო ყველაფერს ძველს ქება და თაყვანის ცემა. მაგრამ ახალი თაობის წარმომადგენლები მაინც კიდე არ იშლიან თავისას და რაც კი ძალა და ღონე აქვსთ და ნებას აძლევენ ის გარემოებაები, რომლებშიაც ისინი იმყოფებიან ეხლა, სცდილობენ დაეხმარონ ხალხის განათლებას და მისი ცხოვრების გაუმჯობესებას იმ სახსრებით და საშუალებებით, რომლებიც შესაძლებელია და სხვა განათლებულ ხალხებშიაც ცნობილი და მიღებული არიან ამ საქმეებისთვის.
პირველად მაგ. იმათ მიაქციეს ყურადღება თავიანთ სამშობლო ენის ცოდნის საჭიროებას. იმათ გაიგეს, რომ მათთვის, როგორც ყოველი კაცისათვის, რომელსაც კი ჰსურს თავის მოძმეებს შორის სიტყვით და საქმით მოქმედება, მიუცილებლად საჭირო იყო სამშობლო ენის ზედმიწევნით ცოდნა. მაგრამ ისინი იმასაც კარგად ჰგრძნობდნენ და ჰგრძნობენ კიდეც, რომ, თავიანთ მშობლების უზრუნველობისაგამო, ისინი სრულებითაც არ იყვნენ ამაში მომზადებულნი. მაშ მეტი რაღა ჩარა იყო. ისინი სრულ წლოვანებაში უნდა შესდგომოდნენ იმ ენის შესწავლას, რომელიც ყველაფერზე უწინ უნდა სცოდნოდათ. მაგრამ ისინი რასაკვირველია არ გამოუდგნენ იმ ძველი ქართული ენის შესწავლას, რომელიც აღარ არის ეხლა ხმარებაში. იმათ ის ცოცხალი ენა შეითვისეს, იმ ენაზე დაიწყეს წერა და ბაასი, რომელსაც ეხლა ხმარობს ჩვენი ხალხი, რადგანაც იმათი მიზანი ის იყო, რომ ეცხოვრათ და ემოქმედათ ამ ხალხში. მაგრამ საკვირველი ის არის, რომ ამგვარმა იმათმა მოქმედებამ თავზარი დასცა ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენელებს: იმ ენაზე წერა და დაბეჭდვა, რომელზედაც ეხლა ჩვენი ხალხი ლაპარაკობს, და არა იმ გაუგებარი ენით და იმ კილოზე, რომელზედაც წარსული საუკუნის ქართველებს უწერიათ, იმათ შეჰრაცხეს ახალი თაობის ცოდვად და მათგან ჩვენი ენის გარყვნად, და დაუწყეს, ამ შემთხვევაშიაც, გინება და დევნა ახალ მწერლებს. ჩვენ არ ვანბობთ, რომ ვითომც ჩვენი ახალგაზდა მწერლების ენას არა ჰქონდეს ნაკლულევანება, მაგრამ ვინ არის მასში დამნაშავე, რომ მათ არ იციან ზედმიწევნით ქართული ენა? - მამები თუ შვილები? ცხადია მამები, რადგანაც იმათი საღმრთო ვალი იყო, რომ აკვნიდამვე ესწავლებინათ თავიანთ შვილებისათვის სამშობლო ენა და მოემზადებინათ ისინი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი მოქმედებისათვის ისე, როგორც რიგი იყო.
ამას გარდა, ის ჩვენი ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც თვითონ გამოსცადეს თავიანთ თავზე, თუ რა არის სამშობლო ენის უსწავლელობა პატარაობიდამვე და რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოდ ხალხის ცხოვრებაში და განათლებაში მის ცოდნას, მიაქციეს აგრეთვე ყურადღება ამ საგანს: ისინი ლაპარაკობენ და სწერენ იმაზე, თუ როგორ უნდა ზრდიდნენ ჩვენში ყმაწვილებს, თუ ჰსურთ რომ ისინი სასარგებლო წევრები გამოვიდნენ ხალხისათვის და შემძლებელნი იყვნენ თავიანთ დანიშნულების აღსრულებისა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს სასარგებლო ამათი ლაპარაკი და ქადაგება თითქმის აქამომდე უნაყოფოდ რჩება ჩვენი, ყველაფერში უზრუნველი, მშობლებისათვის. თვითონ კი ეს მქადაგებლები, რაღა თქმა უნდა, როგორც რიგია, ისე აღზრდიან თავიანთ შვილებს, რიგიან გზაზედ დააყენებენ მათ და იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი საზოგადოების მომავალი წევრები არ ემგვანებიან ეხლანდელებს. ამგვარი მიმართულება და მოქმედება ჩვენი ახალი თაობის წარმომადგენელებისა, რაღა თქმა უნდა, მოსაწონია და სასარგებლოც მთელი ქვეყნისა და ხალხისათვის. მაგრამ იმათი მზრუნველობა და მოქმედება საზოგადო საქმის შესახებ, მარტო ამითი არ თავდება: იმათი მეცადინეობითა და ზრუნვით ამ უკანასკნელ დროს იწყეს გამოჩენა ჩვენ უძრავ და უფერულ ცხოვრებაში ისეთმა ნიშნებმა და მოვლინებაებმა, რომლებიც ყოფილან და არიან გაუნათლებელ ხალხებში განათლების დაწყებისა და მოახლოვების წინამორბედნი. ჩვენ ვამბობთ, სხვათა შორის, ჟურნალების, გაზეთების და სხვა საკითხავი წიგნების გამოცემის დაწყებაზე ჩვენში. ამ უკანასკნელ დრომდის ჩვენ ხალხს თავისდღეშიაც არ ენახა თავის სამშობლო ენაზე დროგამოშვებითი გამოცემა. ამ სასარგებლო და საქები საქმის დაწყებაც ჩვენში ახალი თაობის წარმომადგენლებს ეკუთვნის. ამათი დამსახურების და შრომის რიგიანად დაფასება ამ შემთხვევაში მარტო იმას შეუძლია, ვისაც კარგა ესმის ჟურნალების, გაზეთების და საზოგადოდ წიგნების საჭიროება და მნიშვნელობა ხალხის განათლებისათვის და მათი გამოცემის სიძნელე, მეტადრე ისეთ ქვეყნებში და ხალხში, სადაც განათლება პირველად იწყება, მკითხველები და ხელის მომწერლები ცოტანი არიან და მშრომელები ვერ ჰპოვებენ თანაგრძნობას საზოგადოებაში, როგორც მაგ. ეხლა ჩვენში. განათლებულ ქვეყნებში, სადაც მკითხველები, ხელის მომწერლები და თანამშრომლებიც ბევრნი არიან, წიგნების გამოცემა არ არის ისე ძნელი, როგორც ჩვენში და სხვა ამგვარ პატარა და გაუნათლე-ბელ ქვეყნებში ლიტერატორებისა და მწერლების შრომა იმოდენად ჯილდოვდება, რომ ისინი არა თუ თავისი შრომის ფასს იღებენ, არამედ მრავალი მათგანი მდიდრდებიან კიდეც. ჩვენში კი ყოველი ამგვარი მშრომელი, როგორიც უნდა იყოს ის, დარწმუნებულია წინადვე, რომ ის ვერც თავის შრომის ფასს და ვერც დანახარჯ ფულს ვერ მიიღებს საზოგადოებისაგან; მაგრამ ამის არ მიმხედველნი, ზოგიერთი ჩვენი ახალგაზდები არ ჰზოგვენ საზოგადო სასარგებლო საქმისთვის არც თავიანთ ჯანს და ცოდნას, და არც ხარჯს და ავრცელებენ სხვა და სხვა სასარგებლო წიგნებს სამშობლო ენაზე.
ჩვენ, რასაკვირველია, ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩვენი ეხლანდელი პერიოდული გამოცემაები განათლებული და დაწინაურებული ხალხების ამგვარ გამოცემაებს უდრიდნენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენში ეს არის ეხლა იწყება ამგვარი საქმეები და რომ სხვა ხალხებშიაც პირველ დასაწყისში ბევრი ნაკლულევანება ჰქონიათ როგორც პერიოდულ გამოცემაებს, ისე საზოგადოდ ლიტერატურას, და თანდათან გაუკეთესებულან იგინი დროების განმავლობაში, რაკი მათ შორის განათლება გავრცელებულა და მშრომელები და მკითხველები გამრავლებულან. მაშ ჩვენც იმედი უნდა გვქონდეს, რომ ყველა ნაკლულევანებანი, რომლებიც ეტყობათ ეხლა ჩვენ პერიოდულ გამოცემებს და საზოგადოდ ახალ ლიტერატურას, თავიანთ ახლობისა გამო, თავის დროზე გაჰქრებიან, როცა ჩვენში სწავლა გავრცელდება და იმგვარი მიმართულებისა და შრომის მოყვარე პირები, როგორიც არიან ზოგიერთნი ჩვენი ახალი თაობის წარმომადგენელები, გამრავლდებიან.
ცხადია, რომ ჩვენი ახალი ლიტერატურის საქმე, საზოგადოდ უფრო კარგად წავიდოდა, თუ მისი დამწყებლებისა და მოთავეებისათვის ძველ თაობას ჯეროვანი თანაგრძნობა აღმოეჩინა, რადგანაც ერთი უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზი ამ საქმეში ახალგაზდებისა ის არის, რომ იმათ არ აქვსთ ნივთიერი საშუალება, და ამისაგამო ისინი იძულებული არიან, რომ ან იზრუნონ ერთსა და იმავე დროს საზოგადო საქმისათვის, რომელიც სრულებით არ აჯილდოებს იმათ შრომას, და თავიანთ დღიური საზრდოს მოსაპოვნელადაც, და ან კიდე საზოგადო საქმეს სრულებით თავი დაანებონ, რადგანაც ორთა უფალთა სამსახური შეუძლებელია, და შეუდგენ საზრდოს შოვნის გზას. რა გასაკვირველი არის, რომ ამგვარ პირობაებში და გარემოებაებში ჩვენი ახალი ლიტერატურის საქმე რიგიანად ვერ წავიდეს. მაგრამ რაც უნდა იყვეს, „სულ არარაობას ცალ-უღელი ხარი სჯობსო“, ანბობს ჩვენი ანდაზა.
საზოგადოდ რაც შეეხება ჩვენი ახალი თაობის და მისი საუკეთესო წარმომადგენელების მიმართულებას და მოქმედებას უნდა ვსთქვათ, რომ ისინი ძრიელ განირჩევიან ძველი თაობისა და მისი წარმომადგენელებისაგან: ამათი სურვილი ის არის, როგორც კიდეცა ვსთქვით, რომ დაეხმარნენ სიტყვითა და საქმით, ჩვენი ხალხის უმეცრებისა, სიღარიბისა და გონებითი მონებისაგან გამოსვლას და განთავისუფლებას, მის ცხოვრების გაუმჯობესებას და კეთილ დღეობისადმი მიღწევას. - ეს არის ამათი საწადელი, სანატრელი, სიცოცხლისა და მოქმედების მიზანი და ზოგნი მათგანი კიდეც შესდგომიან ამ პატიოსან და საქებ საქმეს, და სწირავენ მას ყოველ საკუთარ - პიროვნებით სარგებლობასა და ბედნიერებას. მართალია ესეთი პირები ჯერ-ჯერობით ძრიელ ცოტანი არიან ჩვენში, მაგრამ რა გაეწყობა. - არათუ ჩვენში, არამედ ბევრათ უფრო განათლებულ ხალხებშიდაც კი იშვიათად შეხვდებით ისეთ პირებს, რომლებიც სრულებით უანგაროდ ზრუნავდნენ საზოგადო საქმისათვის და თავიანთ პიროვნებით სარგებლობას უმსხვერპლიდნენ მას.
თუმცა ეს ასეა, მაგრამ ჩვენ მაინც კიდე არ შეგვიძლია არ უსაყვედუროთ ზოგიერთ ჩვენ ეხლანდელ ახალგაზდებს, რომლებიც არ მოქმედობენ და არ იქცევიან ისე, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ, და თავიანთ უხეირო მიმართულებით და მოქმედებით აძლევენ ძველ თაობას და მის წარმომადგენლებს საზოგადოდ ახალი თაობის და ყველა მისი წარმომადგენელების განკიცხვის მიზეზს. ჩვენა გვაქვს მხედველობაში ის ახალგაზდები, რომლებიც, თუმცა იღებენ სწავლასა და პირველად - სიყმაწვილეში დიდ იმედსაც გვაძლევენ; მაგრამ მერე, რაკი სწავლას ათავებენ და ცხოვრების ასპარეზზე გამოდიან, არათუ ქვეყნისა და ხალხისათვის სასარგებლოს არაფერს არ აკეთებენ და მაგალითს არ უჩვენებენ თავიანთ უსწავლელ მოძმეებს, არამედ, თითქო ივიწყებენ ყველაფერს, და იმგვარად იქცევიან და მოქმედებენ, რომ არც ერთ პატიოსან და განათლებულ კაცს არ შეეფერება, ეს ახალგაზდები შეიძლება გავყოთ სამ კატეგორიად ანუ ნაწილად.
პირველს და ყველაზე უფრო ცუდ კატეგორიას ის ჩვენი ახალგაზდები შეადგენენ, რომლებსაც თავიანთ ახალგაზდობის და მეცადინეობის მიზნად ისა აქვსთ, რომ გამდიდრდნენ ცოლის შერთვით და რაკი თავის წადილს აისრულებენ, რაკი მდიდრდებიან, ამ სინიდისიანი თუ უსინიდისო საშუალებით, მიჰყოფენ ხელს განცხრომითს ცხოვრებას და მალე და უზრუნველად ნაშოვნ ფულებს მალეც იცლიან ხელიდამ, ისე რომ არა თუ არაფერი სარგებლობა არ მოაქვსთ იმით, არც თავიანთ თავისათვის და არც მამულისათვის, არამედ პირიქით, თვითონაც სახელს იტეხენ, თავიანთ თავსაც ირცხვენენ და იფუჭებენ, თავიანთ უხეირო და სასასირცხვო მოქმედებაებით, და თავიანთ მოძმეებს და ქვეყნის კაცებსაც სახელს უტეხენ და რწმუნებას უკარგავენ უცხო ქვეყნებში და ხალხებში. ცხადია, ბევრს მათგანს შეეძლოთ ბევრი რამ სასარგებლო საქმე გაეკეთებიათ თავისათვის და თავიანთ გაუნათლებელი ქვეყნისათვისაც, რაკი სახსარი ჰქონდათ, თუ კი ხეირიანად დაეჭირათ თავიანთი საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთიც კი არავინ არ აღმოჩნდა მათ შორის ისეთი, რომ კოტრობითა და შერცხვენით არ გათავებულიყვეს იმისი მოულოდნელი ბედნიერება და სიმდიდრე.
მეორე კატეგორიას ეკუთვნიან ზოგიერთი ჩვენი ახალგაზდა ადვოკატები, რომლებიც თავიანთ ცოდნას და მოქმედებას, ბევრი სინიდისსაც, ხმარობენ მარტო თავიანთი ჯიბისათვის; საზოგადო საქმეს კი არას მხრით, არც საქმით და არაც არაფერი სხვა საშუალებით, არ ეწევიან, მაშინ, როდესაც ჰხედვენ თავიანთ სამშობლოსა და ხალხს იმ სამწუხარო მდგომარეობაში, რომელშიაც ეხლა იმყოფებიან ისინი. რაღა თქმა უნდა, რომ ამგვარი მათი მოქმედება და საზოგადო საქმის დაუხმარებლობა არ არის საქები.
რაც შეეხება მესამე კატეგორიის პირებს - ეს ის ღობემძვრალები არიან, რომლებიც ძველსა და ახალ თაობას შუა ჩატეხილ ხიდს შეადგენენ, და, თუმცა ხნითა და სწავ-ლით ახალ დროს და თაობას ეკუთვნიან, მაგრამ ყველაფერი ახალი დაუვიწყნიათ, ძველი დროსი და თაობის მომხრენი გამხდარან და შესდგომიან იმავე გზას, რომელიც ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობის წარმომადგენ ბობოლაებს გაუტკეპნიათ. ისინი ისე ჩაფლულან თავიანთ სამსახურში და პიროვნებით სარგებლობის ძიებაში, რომ ქვეყანა და ქვეყნის საქმე ფეხებზე ჰკიდიათ და მათ ანაცვალებენ. იმათ იმოდენად უყვართ და ახსოვთ თავიანთი სამშობლო, თავიანთი ხალხი, თავიანთი ხალხოსნობა და ენა, რომ თვითონაც სასირცხოდ მიაჩნიათ იმათზე ფიქრი, ბაასი და ზრუნვა, და სხვებიც, ვინც კი ზრუნავს საზოგადო საქმისათვის, სასაცილოდ ჰყავთ აღებული!
აი სწორედ ეს ზემოდ მოხსენებული სამი კატეგორიის ახალგაზდები შეადგენენ ჩვენი ახალი თაობის ლაქას და, თუ ძველ თაობას და მის წარმომადგენელებს უფლება აქვთ, რომ დასცინონ და გაკიცხონ ახალი თაობა, ეს მხოლოდ ამათი უმზგავსი ცხოვრების და მოქმედებაების წყალობით. ჩვენ არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ ძველ თაობას მასში, რომ ამგვარი ახალგაზდები ღირსნი არიან იძაგონ და გაიკიცხონ მათგან, მაგრამ ისინიც არ უნდა ივიწყებდნენ, როცა საზოგადოდ ახალ თაობაზე ლაპარაკობენ, რომ ამგვარ პირებს თვითონ ჩვენი ახალი თაობის ნამდვილი წარმომადგენ-ლებიც დასცინიან, და ამიტომ უნდა კარგად არჩევდნენ ამ უკანასკნელებს პირველებიდამ, რადგანაც ესენი და ამათი მოქმედება ისე განირჩევიან მათგან და მათ მოქმედებაებიდგან, როგორც დღე ღამისაგან.
ამიტომ ჩვენც, როცა ვლაპარაკობთ ახალ თაობაზე, მათ მიმართულებაზე და მოქმედებაზე და ვადარებთ ძველ თაობას, გვაქვს მხედველობაში მხოლოდ ის მცირე რიცხვი ჩვენი ახალგაზდებისა, რომლებიც, შეძლებისა გვარად, კეთილსინდისიანად და პატიოსნად ასრულებენ თავიანთ ვალს, და, როგორც ჭეშმარიტი მამულის-შვილები, უანგაროდ და ერთგულად ემსახურებიან მის საზოგადო საქმეს. მართალია ჯერ ამათ არ მოუყვანიათ აღსრულებაში ყველაფერი, რის გაკეთებაც ჰსურთ, რისგამოც, როგორც ჩვენ ამ სტატიის დასაწყისშივე ვსთქვით, ამათზე და ამათ მოქმედებაზე გადაწყვეტითი სჯა ჯერჯერობით ძნელია; - მაგრამ თუ კარგათ ჩავაკ-ვირდებით ამათ მიმართულებას, სურვილს, შრომას და ყველა, ამათგან დაწყებულ საქმეების ხასიათს, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის კეთილი და სასარგებლო შედეგები, რომლებიც უეჭველია ექნებათ იმათ. ამასთან ისიც შეგვიძლიან ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ესენი უფრო პირნათლად იქნებიან თავიანთ მომავალი შთამამავლობის წინაშე, რომელიც უეჭველია დააფასებს ამათ კეთილ და ქვეყნისთვის სასარგებლო შრომას, ვიდრე ჩვენი ძველი თაობა არის თავისი ეხლანდელი შთამა-მავლობის წინაშე.
მე ვათავებ, ამ ჟამად, ჩვენ ძველ და ახალ თაობაზე, მათ საუკეთესო წარმომადგენლებზე და იმათ ცხოვრებაზე და მოქმედებაებზე ლაპარაკს და იმედი მაქვს, ნათქვა-მიდგან მკითხველი ცხადად დაინახავს ვინც სტყუვის იმათგან: ძველი თაობა თუ ახალი.
(ჟურ. მნათობი, 1872 წ., №6-7)
_______________
* მე თვითონ მქონდა ერთხელ ლაპარაკი ძველი თაობის ერთ ისეთ წარმომადგენელთან, რომელიც ამ თაობის წარმომადგენლებთ შორის პირველ მეცნიერად და ქართული ენის მცოდნედ ირიცხება. მე ვკითხე იმას, როგორც გამოცდილ და მეცნიერ პირს, რჩევა ერთი ჩემი საქმის შესახებ. საუბარი გვქონდა ქართულ ენაზე და აი რაგვარი სიტყვებით გამოხატა მან, სხვათა შორის, თავისი ჰაზრი: „შენ საქმეს ორი ისხოდი აქვს“, მითხრა მე მან და სხვ...
![]() |
3.3 შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
4-ს მარტს იდღესასწაულეს „დროების“ ათი წლიური არსებობა.
ამ საზოგადოდ და უმეტეს ჩემთვის სასიამოვნო შემთხვევამ ცოტა არ იყო, რომ უნებურად ჩამაფიქრა.
ბევრი რამ... ბევრი რამ იგრძნო ნაღვლიანმა გულმა. მაგრამ უმთავრესი მიზეზი კი ჩემის კბილის კრიჭის აკვრისა ის იყო, რომ მე იმ სადილზედ ვერა ვხედავდი ვერცერთ ქალს!..
მართალია, საზოგადოდ ქალები მიგვაჩნია კაცებს რაღაცა ცალმოგვ-ადამიანებათ; მაგრამ უნდა გამოვსტყდეთ, რომ ჩვენი ცხოვრების ჭახრაკები კი მაინც ისინი არიან. ოჯახი - ეს პირველი ბიჯი კეთილწარმატებისა - მათ ხელშია. ისინი გვიზდიან შვილებს, ისინი გვივლიან მშობლებს, და ისინი ჯერ დობითა და მერე მეუღლეობით მძიმე ტვირთს გვიმსუბუქებენ.
საზოგადო კანონი ეს არის და კერძოობაზე რაღათ ვილაპარაკოთ! თამამად შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ისინი ხალხის ზნეობის ბარომეტრები არიან. დავარდნილს საზოგადოებაში ყველაზედ პირველ ეცემიან ქალები და ხალხის გამოფხიზლების დროსაც პირველი ნიშნები მათში იხედებიან. ადრევაც გვითქვამს და დღესაც ვიმეორებთ, რომ დედათ სქესი ისე მაღალ წერტილზედ ბევრგან არა მდგარა, როგორც ჩვენში. და დღესაც, მე მხოლოდ მაშინ ვიწამებ ჩვენის ხალხის გამოღვიძებას, როდესაც ჩვენი ქალები ყოველს კეთილსა და საზოგადოებისადმი კეთილ-ნამყოფის მომტან მოვლინებაების არა თუ თანამგრძნობნი, თანამოქმედნიც იქნებიან.
მე არ მიმაჩნია ის გაზაფხული გაზაფხულად, როდესაც სიცივის გამო მერცხალი არ მოფრენილა. არა მწამს საზოგადოების გამოღვიძება მაშინ, როდესაც ქალებს კი სძინავთ.
(დროება, 1876 წ., №24)
![]() |
3.4 მცირე შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც უფ. მაჭახელაძემ პირველი სტატიები დასწერა, ჩვენ იმაში ლოღიკაც შევნიშნეთ და სიმართლის სურვილიც. ასე რომ, უკაციერობის დროს ეგება სასარგებლო იქნეს ჩვენთვის, თუ არ გადაუხვიათქო, ვფიქრობდით და ვაქეთ, მოუწონეთ მისი შესაფერი სტატიები. მაგრამ ამ მოწონებით ისე თავი გაუვიდა, რომ მსაჯულობა მოინდომა; მაგრამ რა მსაჯულობა? ის არც არაფერს იძიებს, არც იკვლევს, და არც ამტკიცებს. მხოლოდ პირდაპირ იძახის: „გააგდებიეთ თავიო“. ჭიქუხი მიდის თავის პატარა მაჭახელითა „დროების“ თანამშრომლებზედ. და ჰგმობს, რომ მე რომ მინდოდა, იმდენათ და ისე ვერ იშრომესო და იმ სხვებს კი, რომელთაც არა გაუკეთებიათ-რა, ხელს აფარებს და უფრთხილდება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იმათ, თუმცა არა გაუკეთებიათ-რაო, მაგრამ მათთვის ცუდი არა შეგვინიშნავს-რაო!.. თუ კი „დროების“ თანამშრომლებს მისთვის აძაგებს, რომ, მისის ჰაზრით, ბევრი ვერა გააკეთეს-რაო, მაშ ვისაც სულ არაფერი გაუკეთებია, ხელს რათ აფარებს? უ. მაჭახელაძის ჰაზრით გამოდის, რომ ვინც ცოტას აკეთებს, ის ცუდი კაცია, და ვინც სულ არაფერს აკეთებს, იმაზე კი ამბობს, მისგან ცუდი არა მინახავს-რაო. როგორ? განა არაფრის გაკეთება იმ დროს, როდესაც დრო და ვითარება შრომას მოითხოვს ყველასაგან, საზოგადო საქმეებზედ გულგრილობა და მხოლოდ თავის მუცლის მიყოლა უსინდისობა და უპატიოსნობა არ არის? ან არ ესმის უ. მაჭახელაძეს პატიოსნება და უპატიოსნება და ან თუ ესმის, ისე იკატუნებს თავს, როგორც ძველი მოქრთამე მსაჯულები ოც-ოცი თუმნის აპარკების შემდეგ. ჯერ სანამ საქართველომდი მოაწევდა ჩვენი პატარა რაინდი, გზაზედ ოდესით ჩამოიარა, იქ კარგ ლუკმათ ეჩვენა პროფესორი უფ. პეტრიაშვილი და ესროლა თავის მაჭახელა. ამ შეუბრალებელს „გაუგონია ალია მომკვდა-რაო და ის კი აღარ იცის რომელი ალიაო!“ ჩვენდა სამწუხაროთ, დიდი შევნიშნეთ, რომ ზოგიერთი ჩვენი ახალგაზდებთაგანი უცხო ქვეყნებში რჩებიან და იქ მუშაობენ, მაშინ როდესაც იქ უმათოთაც ბევრი არიან და აქ კი რიგიან მუშებს ჟინჟღლით ვეძებთ; ამას ვამბობთ ჩვენ ნიჭიერებზედ და რიგიანებზედ, თორემ უნიჭოები და უხეიროები აქაც იმდენი გვყავს, რომ ნეტავი ესენი ცხრა მთას იქითაც გადაიკარგებოდნენ. სანეტარო ახალგაზდებში, რასაკვირველია, უფ. პეტრიაშვილიც დაჰყვა და ცოტა სამდურავიც უნდა მოგვსლოდა იმასთან. უ. მაჭახელაძეს ესეები კი ვერ გაუგია და სპეციალისტობასა და სწავლასაც უფ. პროფესორს უგნურებათა და ბიწიერებად უთვლის!?. ეს სასაცილოა და უფრო სასაცილო ისაა კიდევ, რომ უფ. პეტრიაშვილი გაწიწმატებულა და აღარავის აღარ ჰზოგავს. უთუოდ უ. პეტრიაშვილის პასუხმა წაახალისა უ. მაჭახელაძე, რომ „დროების“ თანამშრომლებსაც დაერია. მისი მაჭახელა დიდგულის თოფია და დეე, თავი შეიქციოს, ხმას არ გავსცემთ, რაც უნდა სთქვას ჩვენზედ თავის-თავად, მაგრამ იქ სადაც ის ასხვაფერებს ჩვენს ნათქვამს და ისე გვწამებს ცილს, იქ კი უნდა ვამხილოთ. როდესაც ერთი ვინმე სხვისგან სახალხოთ თქმულს სიტყვას ასხვაფერებს, ისე ამბობს სახალხოდვე და თანაც იძახის: აი რა სთქვა იმ კაცმაო! ამაში ის მაშინ შემცდარია. და შემცდარია ან განზრახვით და ან გაუგებრობით. პირველს შემთხვევაში უსინდისობაა და მეორეში კი უგნურება. ამ გვარად იქცევა უ. მაჭახელაძე, როდესაც სიტყვისა და საქმის გაურჩევლობას მეწამება და მოჰყავს გადასხვაფერებული ჩემი ორი სტატია, ერთი იანვარში დაბეჭდილი და მეორე მკათათვეში. ის ამტკიცებს, ვითომ მე იანვარში მეთქოს, რომ მოქმედება ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ მხოლოდ უნდა ვიღაღადოთ-თქო და მკათათვეში კი გამესწორებიოს, რომ სიტყვა არა არის-რა, მხოლოდ საქმე უნდა იყოსთქო და სხ... ეს ცილისწა-მება, მგონია, მიტომ უსურვებია, რომ მიზეზი ჰქონოდა იმ ლანძღვის წერისა, რომელიც ქვევით მოუყოლებია. მე იმას სხვას არას ვკადრებ და უგნურათ კი მოქცეულა, სწორეთ ვერ გაუგია ვერც ერთი ჩემი სტატია, თუმცს ყველასათვის ადვილი გასაგებია! იანვრის სტატიით მე ვამტკიცებდი, რომ რიგზედ და დროზედ სასარგებლოდ ნახმარი სიტყვაც მოქმედება არის, რადგანაც საქმეთ გარდაიქცევა ხოლმე-თქო. სიტყვა თესლია, რომელიც ჩავარდება ხალხში, აღძრავს მას, ამოქმედებს და მითი ნაყოფად გარდაიქცევა ხოლმე-მეთქი... უეჭველია, როცა პატარა იყო უ. მაჭახელაძე და სკოლაში იყო, მაშინ კი მიხვდებოდა ამ სიტყვებს, რადგანაც უთუოდ ზეპირად ეცოდინებოდა „იგავი მთესველზე“; მაგრამ დღეს ეს იგავი დავიწყებულია და თავისთავად კი ვეღარ გებულობს. აგრეთვე მკათათვეში ვამბობდი: „ცარიელის ლაქლაქითა და აქეთ-იქით ხრიგინით არა გამოვა-რა-თქო?“ ვერც ეს გაუგია და ასე ჰგონებია, თუ მე სიტყვას არავითარ მნიშვნელობას არ ვაძლევდე. არა, ჩემო რაინდო! აქ ერთი მეორის საწინააღმდეგო არა არის-რა: სიტყვაც არის და სიტყვაც!.. მისთანა სიტყვა, რომელზედაც მე იანვარში ვამბობდი, საქმეა და მოქმედება, და რომელზედაც მკათათვეში ვსჯიდი, მისთანა სიტყვა კი მართლა ლაქლაქია! ვაი თუ ახლაც ვერ გაიგო, და მაგალითს მოგიყვან; შორს რომ აღარ წამოგიყვანო, მანდვე გიჩვენებ: ვსთქვათ დეპუტატს ირჩევენ ფრანცუზები; უმეტესობას მონარხიელი ჰსურს ამოირჩიოს, უმცირესობას კი რესპუბლიკელი; გამბეტა ამ უკანასკნელების რიცხვშია. მიდის თავის ერთი კენჭით, ხმას არ იღებს ისე და ცხადათ აგდებს შავში. მას ყველანი ხედავენ, მაგრამ რადგანაც ყველას თავის ჰაზრი აქვს, მიმბაძავი არ ემატება და ირჩევენ მონარხიელს, ახლა სხვა გვარად: იგივე გამბეტა არ აგდებს კენჭს, მაგრამ სიტყვას ამბობს იმ სიტყვებით ამტკიცებს, რომ რესპუბლიკელის ამორჩევა სჯობს მონარხიელის ამორჩევასო. მისის სიტყვით სხვებს ჰაზრი ეცვლება და გულგადაბრუნებულები ერთხმად ირჩევენ რესპუბლიკელს. ახლა თქვენ როგორ ჰფიქრობთ უხმოთ კენჭის ჩაგდება სჯობდა გამბეტასაგან, თუ კენჭის ჩაუგდებლათ ცარიელის სიტყვის წარმოთქმა? თქვენის ჰაზრით, პირველ შემთხვევაში მოქმედობდა, რადგანაც ხელი გაანძრია გამბეტამ და მეორეში კი არა, რადგანაც მხოლოდ სიტყვა სთქვა, ლაქლაქებდა? განა? ეს თქვენებური მაგალითი, მანდაური. ახლა აქაურს მოგახსენებთ, ჩვენებურს: ვსთქვათ, ვინმე გზა დაბნეული მოგადგათ და გეხვეწებათ: გზა მასწავ-ლეო; თქვენ ადგებით, დაუწყებთ იმაზედ სჯას, თუ რა ცუდია გზის დაბნევა და სხვანი და სხვანი.. ბოლოს როცა ათავებთ თქვენს მსჯელობას, მიდიხართ. მაშინ, ის კაცი არ იტყვის: „რას ამბობს ეს სულელიო? ის ხომ მეც ვიცი, რომ გზის დაბნევა ცუდია. საქმე ის არის, უნდა ესწავლებია ჩემთვის გზა!“ ახლა ვსთქვათ იგივე გზა დაბნეული მოვიდა ჩემთან; მეც თქვენსავით სიტყვა ვუთხარი, მაგრამ სულ სხვა გვარად: ის კი აღარ მითქომს, თუ გზის დაბნევა ცუდიათქო და სხვანი, არა. მე მხოლოდ აუხსენი, საითკენ უნდა წავიდეს, როგორ გადაუხვიოს და გადმოუხვიოს, რომ სწორს გზაზედ დაადგეს. ხომ ხედავთ, რომ იმ კაცისთვის არა დაგვიხარჯავს რა, არც თქვენ და არც მე ცარიელის სიტყვების მეტი? თქვენ ვერა არგეთ რა და მე კი ვარგე. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სიტყვები „ლაქლაქი“ იყო და ჩემი კი ნაყოფის მომტანი სიტყვა, ესე იგი იგივე საქმე!.. ახლა ხომ გაიგეთ?! აბა დღეის იქით ნუ აფუცხუნდებით მაჭარივით. ჯერ მოიფიქრეთ ხოლმე, შეიტყვეთ, რომ ყველა სიტყვას არ ჰქვია ლაქლაქი და მაშინ, დარწმუნებული ვარ, სხვების ნამდვილ სიტყვებს აღარ დაუწყებთ ესეთს გმობას, როგორიც „დროების“ ფურცლებზედ გამოგიჭიმავთ. დასასრულ ვისურვებ თქვენთვის, რომ მოშორებით დაგეჭიროსთ თავი იმ წიგნისაგან, რომელსაც თქვენ ხელს აფარებთ და თქვენი შეცდომა ოდესმე გაგესწორებიოსთ.
(დროება, 1876 წ., №101)
![]() |
3.5 ანტონ ფურცელაძეს |
▲ზევით დაბრუნება |
(პასუხი)
სისხლ-არეულ კაცს რომ ტვინის ჩარხი უკუღმა დაუტრიალდება, მაშინ იმას ბევრი რამ ეჩვენება და ისეთ ნაირად აბოდებს, რომ არც ღვთის იყოს და არც კაცის!.. ჭირის-უფლები ამ გვარ სნეულს ხან მკურნალს მოჰგვრიან ხოლმე, რომ უწამლოს, ხან მღვდელს მოიწოდებენ, რომ ზეთი უკურთხოს და ულოცოს „შეშინებულისა“ და ხანდახან მკითხავსაც კი დაუძახებენ ხოლმე, რომ „თვალ ნაცემის“ შეალოცვინონ... ძალიან ვსწუხვარ, ჩემო მეგობარო ანტონ, რომ ისეები მომაგონდა მაშინ, როცა შენი, ჩემთან მომართული, წერილი წავიკითხე! ვხედავ, რომ რაღაცას გაუხურვებიხარ, სიცხე მოუცია შენთვის და დავარდნილხარ ქადაგათ; მაგრამ არ ვიცი კი რისთვის ქადაგობ და ვისთან?.. გულის წყრომით ქაქანობ, რომ ახალგაზდები, ჩვენი ყმაწვილ-კაცობა, ერთმანეთს ემტერებიან, სდევნიან, ლანძღავენ, ჰრყვნიან, აბეზღებენ და სხვანიდასხვანიო!.. მართალი არის, ამაზედ ვინ არ დაგეთანხმებათ? მაგრამ რაღა მე მეუბნები მაგას? თუ მოძღვრათ მიკიდებთ და თქვენს ცოდვებს აღსარებათ მეუბნებით - კეთილი! ისე მოგეტევოს საზოგადოთ შენი ცოდვები, როგორც მე კერძოთ მზათ ვიყო, რომ შეგინდო!... და თუ მე მამტყუნებ და იმიტომ მეუბნები, მაშინ კი სწორეთ შემცდარი ბრძანებულხარ. არ შეიძლება, რომ გადაიკითხოთ რაც მე მითქვამს და მიწერია ამ ოცი წლის განმავლობაში და მიჩვენოთ ის ადგილი, სადაც მე პირადობით, მიდგომით, საზოგადო საქმესთან დამოუკიდებლად, ვისმეს კერძოობას შევხებოდე და გამელანძღოს მხოლოდ მისთვის, რომ მე მისი ან ცხვირი, ან სხვა რამე არ მომწონებოდეს - ისე, როგორც თქვენ ბრძანებთ?! ამ გვარებით არა თუ წერით, სიტყვითაც მე ყოველთვის წინააღმდეგი ვყოფილვარ და ვარ!.. ამისათვის არ შემიძ-ლია, რომ ჩემ თავზედ მივიწერო მაგგვარები რამ, მაგრამ თქვენ კი, უმეტესობა, მაგ ცოდვაში ჩავარდნილი ბრძანდებით; თქვენ არა ხართ, რომ თქვენს ჰაზრებს ათჯერ იცვლით მარტის დღესავით? ხან ერთს ამბობთ და ხან მეორეს ისე, როგორც გიჯობსთ და როგორც მოგიხდებათ?!. და ეს რისგან არის თუ არა მიდგომისა და პირადობისაგან? და ანუ მიუხდომელობისა და ტვინ-თხელობისაგან? ამ ორში ერთი უნდა იყოს. როცა შენ მე დამიმტკიცებ, რომ მე უსაფუძვლოდ ან ვინმეს ვაქებდი და ან ვლანძღავდი მხოლოდ კერძოობით, მაშინ რაც ზემოთა ვსთქვი, ის მე მომეწეროს და მანამდინ კი მე თქვენ გაწერთ და დამტკიცებასაც აქვე შეუდგები: ბევრი მაგალითი გვინახავს ამ ოცი წლის განმავლობაში, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლის? საკმაო იქნება ერთიც, - რადგანაც შენ თვითონ იხსენიებ ილია ჭავჭავაძეს, მაგალითად, თუ გინდა ის ავიღოთ, რადგანაც უფრო სათვალდათვალო იქნება ყველასათვის: ამ ათი-თხუთმეტი წლის წინეთ, თქვენ არ ბრძანდებოდით, რომ ილია ჭავჭავაძეს ღმერთ-კაცს ეძახოდით და მეშვიდე ცაზედ აგყავდათ? მაშინდელი თქვენი თაყვანისცემა კერპთმსახურებას გვანდა. ვის შეეძლო რომ თქვენის შიშით წინააღმდეგი რამ იმ თქვენის ჰაზრისა არა-თუ ეთქვა, ან გაეფიქრა? მე კი მაშინ სხვა აზრისა ვიყავი ჭავჭავაძის შესახებ. მომწონდა, ვაფასებდი, სასარგებლო და ნიჭიერ კაცად მიმაჩნდა, და მსურდა, რომ იმისთანა სხვებიც გამოსულიყვნენ ჩვენში. ღმერთ-კაცად და გენიოსად ვერა ვხედავდი და არც კერპსალოცავად გამიხდია ჩემთვის. ამ ჰაზრს არა ვფარავდი, ვაცხადებდი და მის-თვის ბევრი უსიამოვნებაც გადამხდომია!.. თუ გაიხსენებ, პირადათ შენთანაც კი მქონია ბაასი. დღეს, როდესაც ათმა-თხუთმეტმა წელიწადმა გაიარა, მე ილია ჭავჭავაძე თუ უფრო არა, ნაკლებათ მაინც აღარ მიმაჩნია. ნიჭი არ მოჰკლებია, სწავლა და გამოცდილება მეტი აქვს და ნამსახურიც მეტი მიუძღვის, რომ უფრო დავაფასო და მივიმჩნიო. თქვენ კი, არათუ აღარა სწყალობთ ადრინდულათ, გინდათ, რომ ქვეს-კნელში ჩააძვრინოთ და ან დედა-მიწასთან გაასწოროთ. და რისი ბრალია ეს, თუ არ პირადობის და ან ტვინ-თხელობის? ცხადია, რომ თქვენ ან მაშინ სტყუოდით და სცდებოდით, და ან ახლა!.. მაგრამ რომ არა სტყდებით? მარჯვნივაც მართალს ეძახით თქვენს თავსა და მარცხნივაც... მე კი ყოველთვის მტყუანი გამოვდივარ თქვენის სიტყვით და მესაყვედურებით, რომ ილია ჭავჭავაძეს მისთვის ექომაგები მიდგომით, რომ გვერდში გიდგასო და სხვანი. არა, ჩემო ბატონო, მე ჩემი აზრი მაქვს და ნუ გამირისხდები მისთვის! თუ ადრე ილიას თაყვანისცემაში მონაწილეობას არ ვიღებ-დი და მის შესახებ აღტაცებაში ვერ გეთანხმებოდით, ვერც ახლა დაგიჯერებთ, რომ იმისთანა კაცები, როგორც ილია ჭავჭავაძე, ქანანოვი, გოგებაშვილი, უმიკაშვილი და სხვანი გასაკიცხავები, სალანძღავები და სადევნელები იყვნენ უფრო განათლებულ ქვეყნებში, სადაც ათასობით ჰყავთ სასარგებლო და საქები კაცები, არა თუ სდევნიან მშრომლებს, პატივ-დიდებაშიაც ჰყავთ, აფასებენ, არ ცდილობენ მათის ღირსების დამცირებას და არ უქარწყლებენ ნაშრომ-ნამსახურს. ჩვენ კი სულ სხვა ვართ: ჩვენში ენას მწერლობაში იმათ ლანძღვაში იდგმენ. როდესაც „ჩვენი დევ-გმირები“ წავიკითხე, სიცილი ამივარდა; ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) მომაგონდა, რომელიც, როგორც ხალხშია ნათქვამი, ქუხილს რომ გაიგონებს, გადატრიალდება, ფეხებს ცას შეუშვერს და მზათ არის, რომ ცა, თუ ვინიცობაა ჩამოვარდა, ფეხებით შეაჩეროს და დედა-მიწა გადაარჩინოს!.. მე მგონია, რომ ყოველი რიგიანი და დარბაისელი კაცის რიგი იყო, ვინც კი იცნობდა მის ავტორს, ეთქვა მისთვის: „ბიძიავ, ეგ ლანძღვა და დაცინვა შენ არა შეგფერის... მასთან არც წინ და არც უკან არა მიგიძღვის-რა, რომ მაგგვარად იკუდაბზიკაო! რათ ეხები იმისთანა რამეს, რომელიც შენი ჭკუის საქმე არ არის? ფრთხილათ იყავ და გულს მაინც ნუ წაპილწავ ტყვილა-უბრალოთ“ და სხვანი! ვიმეორებ, რომ სიმართლის მოყვარესა და რიგიან კაცს ამის თქმა არ გაუძნელდება. მაგრამ თქვენ კი სულ სხვანაირად ირჯებით: აქეზებთ მაგგვარ რამეზედ იმ საცოდავებს და მათი სულელური ლანძღვა გმირობათ მიგაჩნიათ და როცა მათზე რამეს იტყვიან, შებრალებით თუ დაცინვით, იმას კი ლანძღვა-გინებას ეძახით და ჯორივით ტლინკავთ! აი სწორეთ მაგგვარა კაცებზედ იყო დაწერილი „ვირები“, ის ჩემი ლექსი, როშელსაც შენ მანგრე გაუცხარებიხარ... ყველაფერს თავის შესაფერი სახელი უნდა დაუძახოს კაცმა: ქურდს რომ ქურდი დაუძახოს კაცმა და ვირს ვირი, ის კი არ იქნება შეურაცყოფა და უკადრისი გინება, არა; ის მართალი იქნება! მაგრამ ბედაურებს რომ ვირებს ეძახიან და პატიოსნებს ქურდებს, ის კი მართლა საძაგლობაა და საწყენი რიგიან კაცებისათვის... აქ ერთი ჭეშმარიტება უნდა გითხრა, ჩემო მეგობარო: როდეს რამე საგანი ანუ ნივთი შესანიშნავ მაღალ ადგილზე სძევს, მაშინ იმას ყველა ხედავს ძალაუნებურად, შორეულიც და ახლობელიც. თუმცა ის საგანი ანუ ნივთი არც ფერს იცვლის და არც ხორცს თავის თავად, სულ ერთი და იგივეა, მაგრამ ყველას კი სხვადასხვანაირათ ეჩვენება: ზოგს შავი ჰგონია, ზოგს თეთრი, ზოგს დიდი, ზოგს პატარა და სხვანი და სხვანი და სხვანი. ეს იმის ბრალია, რომ ყველას ერთნაირი მხედველობა არა აქვს; ზოგს მეტად უჭრის თვალს და ზოგს ნაკლებ, ზოგი ერთი მხრიდამ უყურებს და ზოგი მეორედამ. კაციც სწორეთ ასეა: როცა ის ამაღლდება, ყველა იმას მიჩერებია, უნდათ თუ არა მაინც თვალში ეჩრებათ. ზოგი ერთის მხრით უყურებს და ზოგი მეორე მხრით; ზოგი მარტო ზურგსა ჰხედავს, ზოგი თავს, ზოგი ფეხს, ზოგი რას და ზოგი რას, - ერთის სიტყვით, იმ მხარეს, საიდამაც უყურებს. და რომ მაშინ თვითეულმა მათგანმა დაიჯინოს, რომ იმ კაცს მის მეტი, რაც მე მინახავს, არა აქვს-რაო; ზოგმა სთქვას, მარტო ფეხები აქვსო, ზოგმა მარტო თავი, ზოგმა მარტო ზურგიო და სხვანი და სხვანი, იმ მაღლა ასულის კაცის რა ბრალი იქნება?! ვისაც უნდა, რომ მართალი და შეუმცდარი ჰაზრი იქონიოს, უნდა ავიდეს იქვე, სადაც ის კაცი სდგას, აათვალიერ-ჩაათვალიეროს ის კაცი, ასწონოს, გაზომოს, და მერე დააფასოს; თორემ ისე ჰაზრის გამოთქმა და ლანძღვა-გმობა ან თავხედობა იქნება და ან სიბრიყვე... ამ გვარი დამფასებელი მეგობრები დღეს ბევრი არიან ჩვენში და იმათი მხრის მიმცემი და წამქეზებელი კი თქვენ, საზოგადოთ ვანბობ, ბრძანდებით. და ახლა გკითხავთ: ვინ ყოფილან მლანძღველები? ჩვენ თუ თქვენ?... რაც უნდა გეთქვა, როგორც უნდა შემხებოდი, არას გეტყოდი სამაგიეროს, ჩემო ანტონ, რომ ერთი ცილი არ შემოგეწამებია ჩემთვის: „ისე დაეჩვიეო ლანძღვას, რომ ახალგაზდობასაც აღარ ზოგამო!“ აქ აღარ შემეძლო გავჩერებულიყავ... და დაგიმტკიცებ, რომ ჩვენ კი არა გვძულს ახალგაზდობა - თქვენ არ გიყვარსთ! მაგრამ ჯერ, სანამ მაგის დამტკიცებას შეუდგებოდეთ, უნდა ავხსნათ, თუ როგორ გვესმის სიტყვა „ახალთაობა“, ახალგაზდობა ან ჩვენ ან თქვენ. ჩვენა გვაქვს ერთხელ არჩეული გზა, რომელსაც მივყავართ ერთ გადაჭრილ მიზნისაკენ: ეს მიზანი არის ქვეყნის ერთგულება, საზოგადო საქმეებზედ თავის დადება, კეთილის დახმარება და ბოროტების დევნა-წინააღმდეგობა შეუპოვრად, გაბედვით, უშიშრად და თავგანწირულად, პირადობის მიუხედავათ. ვისაც კი დავინახავთ ამგვარადვე მოქმედთ, იმას ვეძახით ჩვენიანს და მიგვაჩნია ნათესავად, ერთ სისხლად და ერთ-ხორცად. ამგვარივე კაცები მოხუცებულობაშიაც იპოებიან; მაგრამ, რადგანაც იმათი რიცხვი ახალგაზდებში, როგორც ჯერ ცხოვრებისაგან გაუფუჭებელში, მეტია, ამისათვის ამ გვარ კაცებს ვეძახით საზოგადოთ „ახალ-თაობის“ კაცებათ. წლოვანებით არ ვარჩევთ; ბევრი მოხუცი გვყავს ახალ-თაობის რიცხვში და ბევრი ახალგაზდა კი არა. თქვენ კი, როგორც გეტყობათ, სულ სხვა გვარად გეყურებათ სიტყვა „ახალ-თაობა“. თქვენის შეხედულებით, ვისაც ჭაღარა ურევია, აღარ არის ის სახსენებელი, აღარ ეკუთვნის „ახალ-თაობას“ და ვისაც კი ჯერ თმა არ გათეთრებია, ის უთუოდ „ახალ-თაობის“ კაცია და იმაზედ ქების მეტი აღარა გაიბედება-რა და სხვ..... ერთი მაგალითი უნდა მოვიყვანო: პირველ საუკუნოებში, როცა ქრისტიანობა ვრცელდებოდა ხალხში, ბევრი ესეთი ცრუ ქრისტიანებიც იყვნენ, რომელნიც გარეგნობით ქრისტიანობას სჩემობდნენ და საქმით იმისთანა საძაგლობას ჩადიოდნენ, რომ ქრისტიანობას სახელს უტეხდნენ და მტრებს მითი გულს უკეთებდენ. ვინც მაშინ იმათ დაუწყებდა დევნას, მათს ფარისევლურს მოქმედებას გამოააშკარავებდა, ნუ თუ ის ქრისტიანების ორგული, მტერი იქნებოდა და არა ერთგული, მოყვარე? სწორეთ ამ გვარად დღესაც არიან ჩვენში მისთანა ახალგაზდები, რომელნიც „ახალ-თაობას“ ჩემობენ და თავის საძაგელ ქცევით კი სახელს უტეხენ ახალგაზდობას და ჩვენ რომ ამგვარი პირები ვსდევნოთ, არ ვიწამოთ ახალ-თაობის კაცებათ, გავლან-ძღოთ და გავკიცხოთ, ნუ თუ ეს ჩვენის მხრით მტრობა და სიძულვილი იქნება ახალ-გაზდობისა და არა სიყვარული და ერთგულება? მეორე მაგალითი: რასაკვირველია, თქვენც კარგათ მოგეხსენებათ ისტორიიდან, რომ საშუალო საუკუნოების დროს, როდესაც გაცხარებული „ჯვაროსნების“ ომი იყო, უფროსების მიბაძვით აიჭურვენ რამდენიმე ათასი ახალგაზდა. ყმაწვილები წამხედრდენ სარაცინებთან საომრად... მაგრამ ისიც ხომ იცით, თუ ამ ყმაწვილებს რა ბოლო ჰქონდათ? რასაკვირველია, რომ ვერცარა იერუსალიმს არგეს და თავიც დაიღუპეს. სურვილი გაუფუჭდათ! ვინც მაშინ იმ ახალგაზდებს აქეზებდნენ და აგულიანებდნენ საომრად წასვლაზედ, ნუ თუ ისინი იერუსალიმის და ქრისტიანობის ერთგულნი იყვნენ? და მაშინ რომ ვისმეს ეთქვა იმ ბავშვებისათვის: „- შვილებო, თქვენ გაგზარდოსთ ღმერთმა, რა კარგი სურვილი და ჰაზრი თქვენ გაქვთ! მაგრამ ჯერ მოიცადეთ, ნუ გამოიცლით ამ სურვილს გულიდამ, გაიზარდეთ გულში. თქვენც დაიზარდენით, დავაჟკაცდით, ძალ-ღონე მოიმატეთ და მერე წადით საომრად, თორემ ჯერ სულწასულობით რომ ითავხედოთ, ვერც საქმეს გაარიგებთ და თქვენ თავსაც აზიანებთ!“ ნუ თუ ეს მამა-შვილური დარიგება ქრისტიანობის საწინააღმდეგო და სავნებელი იქნებოდა?! ამ ზემოხსენებულ ბავშვებისა არ იყოს, ჩვენშიაც რომ შევხვდეთ ჯერ უსუსურ ახალგაზდებს, რომელთაც სურვილი კარგი ქონდესთ, რომ იმოქმედონ, მაგრამ ყოველის მხრით და ყოველ გვარად კი მოუმზადებელები იყვნენ, ნუ თუ ჩვენი ვალი არ იქნება, რომ ისინი დავარიგოთ, ვურჩიოთ, რომ ჯერ დაიზარდნენ, მოემზადონ და მერე იბრძოლონ? და თუ რჩევა აღარ გაგვივიდა, მაშინ გალანძღვა, დაცინება, გაკიცხვა და ამგვარი სხვა რამეებიც რომ ვიხმაროთ მათ შეცდომილებისაგან გამოსაყვანათ, ნუ თუ ეს მტრობა იქნება ჩვენის მხრით ახალგაზდობისა საზოგადოთ და არა მოყვრობა? და ნუ თუ ისინი, ვინც ან განზრახვით, ან სიმართლით ან სხვა რამ საპირადო ანგარიშით გულ-გრილად შეჰყურებენ იმათ შეცდომებს და ხანდახან კიდეც უწონებენ, მოყვრები არიან და არა მტრები ახალგაზდობისა? დასასრულ ესეც უნდა გკითხოთ: ვინ არის ის ყმაწვილი კაცი, რომელსაც თქვენ ისე აქებთ და მე მწამებთ, რომ ვითომც სახეში მყოლოდეს, როცა ვირზედ ლექსსა ვწერდი? რატომ არ მეტყვი? რა გენაღვლება მეც ვიცოდე? დასამტკიცებლად მისა, რომ ის ლექსი, როგორც ზემოთა ვსთქვი, საზოგადოთ არის დაწერილი ბევრზედ და ერთი კი არავინ მყოლია მხედველობაში, ვიმოწმებ უფ. ს. მესხს, ეგ ლექსი ამ შვიდი-რვა წლის წინეთ მე გამოუგზავნე „დროების“ რედაქტორს დასაბეჭდათ ერთათ ფელეტონთან, მაგრამ რედაქტორმა არ დამიბეჭდა და ასე მომწერა (ის ბარათი ახლაც მაქვს შენახული): რადგანაც ქუთაისის თეატრის წრეში ურევია ზოგიერთი ყმაწვილები, რომლებთანაც შენ არა გაქვს კარგი განწყობილება, უეჭველი, რომ ისინი თავის თავზედ მიიღებდნენ მაგ ლექსს და ამისათვის აღარ დავბეჭდეო. წელს უფ. ჭავჭავაძეს გადავეცი დასაბეჭდათ და აქაც ის ამბავი მოხდა: ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც მე ჩვენიანათ მიმაჩნია და კარგის თვალითაც ვუყურებ, შემხვდა ამას წინეთ და მითხრა: რათ აგიწერივარო? მაგრამ ბოლოს, როცა მე სიცილი დავიწყე, თვითონაც მიხვდა, რომ შემცდარი იყო და სიცილით მომშორდა. ახლა შენ მითითებ ვიღაც ახალგაზდაზედ, მაგრამ დარწმუნდი რომ ეგ ვიღაცა არის, მე სახეში არა მყოლია და თუ მართლა მაგისთანა საქებია, როგორც შენ ამბობ, როგორ არა გრცხვენია, რომ ჩემი „ვირი“, მაგის სარკეთ გაგიხდია და ისევ შენვე ექომაგები?.. მაგრამ აქ სწორეთ რაღაც დიპლომატობა უნდა იყოს, რომელსაც ჯერ მე ვერ მივმხვდარვარ.
(დროება, 1879 წ., №223)
![]() |
3.6 სიტყვა, წარმოთქმული 21 ენკენისთვეს არქეოლოგებისათვის გამართულს ქართულ წარმოდგენაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონებო! საქართველოს ისტორიაში და აგრეთვე მის ზღაპრებსა და ზეპირ-გადმოცემებში ჩვენ ვხედავთ დიდს მსგავსებას საქართველოსა და პრომეთეოსის ბედის შუა... იმ პრომეთეოსისა, რომელიც კავკასიის მთებზედ იყო მიჯაჭვული და რომელსაც ყოველი კუთხე ჩვენის ქვეყნისა და ყოველი ქართველი ამირანათ უწოდებს. - უხსოვარ დროთაგანვე აუარებელი გუნდი ბარბაროზთა, პრომეთეოსის შავი ყორანივით, გულ-ღვიძლსა ჰგლეჯდენ საქართველოს, ჰფლეთდენ თუ აქ, თუ იქა, მაგრამ იმას მაინც სიცოცხლე არ გაჰქრობია!- გასძლო და გასძლო (აქ მე ჩვენი ზღაპრების სიტყვას ვიმეორებ), ცხრა თავიან-დევ-კაჟივით კი არა, იმან, როგორც ორბმა ცეცხლისა და ფერფლისაგან ახალ-საცხოვრებლად: წმინდათ, გაბრძმედულად, გამოსულმა. იმედია ჩვენს წარსულზედ, მომავალი უფრო მეტს შეგვატყობინებს აწმყოზედ!.. საეჭვო აღარ არის, რომ მრავალ-გვარად ტანჯულ კავკასიას, ანუ, სულ ერთია ვსთქვათ, მისის უპირველესის და უწარჩინებულესის ხალხის, ქართველების, ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა დროები ყოფილა, ღირსი სამეცნიეროდ შესწავლისა და საჭირო არა თუ მარტო კავკასიისა და საქართველოს, თვით მსოფლიო ისტორიისათვისაც. მაგრამ ის ნიშნები და ის ნაშთები ჯერ ღარიბათ არიან ნანგრევებში ჩამარხული და მიბნელებული. მეცნიერნო! დღეს თქვენ მოსულხართ მისთვის, რომ გასჩხრიკოთ ნანგრევები, ამოიღოთ იქიდან ის ნაშთები და ზე-მიჰფინოთ მათ შუქი მეცნიერებისა! დიდია თქვენი ეს ღვაწლი, მაგრამ მაგაზედ ნაკლები არაა ჩვენი მადლობა! მარტო ამითაც, ამ ერთითაც არ თავდება თქვენი სამსახური: თქვენ დღეს მაგალითს აძლევთ სხვებს, რომ იმათაც შეისწავლონ და გამოიკვლიონ ჩვენი აწმყო ისეთივე გულისმოდგინებით და სიყვარულით, როგორათაც თქვენ იკვლევთ წარსულს; და ეს აუცილებლად საჭირო არის, დღეს, თითქმის გამოუკვლეველისა და უცნობის ჩვენის ქვეყნისათვის. ამის დასამტკიცებლად შორს აღარ წავალ მაგალითის საძებნად: გამოჩენილმა ორიე-ნტალისტმა, რომელმაც ისიც კი იცის, თუ სად და რომელ კუთხეზედ აზიისა როგორი ქვა რად აგდია და რა გვარის წარწერით... რომელმაც ამ დღეებში დაგვიმტკიცა, რომ მეშვიდე საუკუნეში ერთს მცხეთას დამარხულ ურიას „გურკი ერქვა და არა ბურკი...“ ამ მეცნიერმა არ იცის - რა არის, ან სად არის საქართველო და სომხების ძველდიდე-ბის ნაშთს თბილისში ეძებს*. ამას მე პატივცემულ პროფესორისა და ან სხვების სასაყვედუროთ კი არა, ისე მოგახსენებთ ჩემის სიტყვის დასამტკიცებლად.
დიახ, ბატონებო, ეს ასეა და შესწავლაც საჭიროა!... იმედია აწ მაინც აღარ დარჩება თქვენი პირველი მაგალითი მიუბაძავათ და ამისათვის თქვენ ორგვარად სიკეთის მომტანთ, გიძღვნით ორკეც მადლობას! ვისურვებთ თქვენის სამეცნიეროს წარმატებას საზოგადოთ და კერძოთ თვითოეულს თქვენგანს საბედნიეროთ გზას ვულოცავთ. -
(დროება, 1881 წ., №200)
_________________
* პროფესორ ხვოლსონს თბილისი სომხეთი ეგონა და ეს აზრი სადილზე წარმოთქვა.
![]() |
3.7 ვერა ხედავთ? |
▲ზევით დაბრუნება |
„მოსკოვის უწყების“ №44-ში დაბეჭდილი თბილისიდან გაგზავნილი კორესპონდენცია გვაგონებს იმ დამნაშავეს, რომელსაც პოლიციელები მოსდევენ და თვითონ დამნაშავე კი, ხალხში გარეული, გარბის სხვებთან ერთად და ყველაზედ უფრო გულს მოდგინეთ ჰყვირის: „- არიქა! დაიჭირეთ! არ გაუშვათ! ნუ გაუშვებთ ავაზაკსაო და სხვა“. ამ გვარის ხრიკებით სცდილობს, რომ თავის თავი როგორმე გადაირჩინოს. ამისთანა გაიძვერები ყველგან არიან, მაგრამ ჩვენში კი განსაკუთრებით გამრავლებუ-ლან. იმათ ერთხელვე დაუკარგავთ სინიდისი, სირცხვილით არასოდეს არ იწვიან, მაგრამ მაგიერად შიშის ქარი კი ცეცხლს უკიდებსთ, როცა ჩვენში ცოტა რამ ცვლილება კი მოხდება ხოლმე. რასაკვირველია, იმათ მათი საკუთარი „უსხისკუდი“ ამწარებთ, მაგრამ, რომ ეს ქვეყანამ არ შეუტყოს, ამ შიშსაც, აშფოთებას ვითომ მამულის სიყვარულსა და ერთგულებას აწერენ და საბუდრად იყენებენ მისთანა გაზეთებს, როგორც ბრძანდებიან „მოსკოვის უწყებები“, „ახალი დრო“ და სხვ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იმ წერილის ავტორიც ერთი მათთაგანია. არა გვგონია, რომ პატიოსანს და რიგიანს რუსს მოეწონოს ის კორესპონდენცია, სადაც ყოვლის უმიზეზოდ ლანძღვენ ქართველებს და აწმყოს გაკიცსხვას რომ აღარ აკმარებენ, მამა-პაპის საფლავსაც კი უბრუნებენ. ქართველების დროშას ცოტა სამსახური არ მიუძღვის ქრისტიანობასთან. მის ქვეშ რჯულისათვის სისხლი იღვროდა!.. ეს რომ არ იცოდენ იმ ზემოხსენებულმა ბატონებმა, არ გვიკვირს, რადგანაც ეს ამბავი წარსულ საუკუნოებს ეკუთვნიან! მაგრამ ეს როგორღა დაავიწყდათ, რომ ისვე დროშა, რუსეთისაგან უმაღლესად ბევრჯერ დაჯილდოვებული, დღეს რუსეთს ემსახურება!.. და გოტფრუას ცირკში მისი გაგზავნის მრჩევლები თვითონ უნდა იყონ საეჭვო კაცები, სულაც საიმედო და სანდო ვერ უნდა იყონ თვითონ მათთვისაც, ვის ერთგულებასაც ისინი თავმოკატუნობით იჩენენ... ახალ მართებლის მოსვლის დროს სხვების თვალის და მხრის მოსაქცევათ, ერთ ხმად მოჰყვენ გოდებას იერემიასავით და თვალთმაქცობით უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი მათის ცუდ-კაცობისათვის კი არ დაჩაგრულან, არა! იმათ სხვადასხვა ბოროტ-განმზრახველები სდევნიან უმაღლესის ერთგულებისათვის და სხვ. მიზეზი რომელსაც ისინი ხელს ჰკიდებენ ამ ჟამად, სწორედ სასაცილოა: ბ. ერისთავმა გადმოაკეთა ქართულად სარდუს პიესა „სამშობლო“. ამ დრამაში გამოხატულია შაჰ-აბაზისაგან თბილისის დაქცევა, საქართველოს აოხრება და ხალხის უწყალოდ ჟლეტა. ასე რომ ამ პიესის წაკითხვისა და წარმოდგენის შემდეგ კაცი ძალა-უნებურათ ღმერთს მადლობასა ჰწირავს, რომ იმ დროს გადავრჩით. სხვა დასკვნა რომ გამოიყვანოს კაცმა, ტუტუცი უნდა იყოს, მაგრამ სულ სხვა თვალით შეხედეს იმ პიესას ჩვენმა გაიძვერა-ვაჟბატონებმა და შეგვწამეს, ვითომც ქართველებს ის საშინელი დრო გვენატრებოდეს. დრამაში რომ ერთი იმ დროთაგანი იყოს გამოხატული, როცა ქართველები ბედნიერად სცხოვრობდენ, კიდევ იტყოდა კაცი... მაგრამ ახლა? ახლა კი, რა პასუხია!.. ეჰ, ასე თამამად მისთვის გვწამებენ ცილს, რადგან იციან, რომ როგორც უნდა და როგორც ვემართლებით, მისთანა პასუხს არავინ გვათქმევინებს, თორემ მაშინ დაუმტკიცებთ რა შვილებიცა ბრძანდებიან და რადგანაც აქაურობა არ მოსწონთ, უჩვენებდით - სად შეჰფერისთ ბინა.
(დროება, 1882 წ., №45)
![]() |
3.8 ИСТОРИЧЕСКАЯ СПРАВКА |
▲ზევით დაბრუნება |
Ровно полвека тому назад, в журнале «Библиотека для чтения», известный в то время историк Погодин напечатал статью, в которой доказывал, что христианство перво-начально распространялось всюду через посредство женщин, и как на примеры, указывал на греческую царицу Елену, на Ольгу святую, на Ядвигу Польскую и затем торжественно заключил свое мнение следующими словами: «И зачем нам далеко ходить? Не царица-ли Тамара распространила в Грузии христианство?» Как видите, почтенный автор перепутал четвертый век с двенадцатым, смешал св. Нину с Тамарою и промахнулся на восемь столетий. Но это было, повторяем, полвека тому назад: с тех пор, не мало потрачено, если не нравственных и умственных, то, по крайней мере, материальных сил на изучение Кавказа, закавказского края и их обитателей, а потому тем более странным кажется нам существование таких ученых специалистов, которые, выдавая себя за авторитетов по кавказоведению, в сущности напоминают «калек перехожих», рассказывающих разжиренными страдающим бессоницею купчихам небылицы о святых местах, о камнях самоцветных, о гидре-звере, о гласе трубном, Белой Арапии, о царе Соломоне и пр., и пр. Совершенно под эту категорию ученых подходит и автор статьи о грузинах, напечатанной в №19 почтенной газеты «Кавказ». Как видно, ему очень хочется произвести всех грузин в Иванов Непомнящих. По его словам, они никогда не существовали прежде, но в XI веке вдруг появились неведомо откуда и как тогдашней Армении; т. е. в нынешней Грузии, прогнали арабов, покорили соседние земли, укрепились, продержались около двух столетий и затем опять вдруг исчезли, и только горсть их приютилась некоторых редакциях местных газет, чтоб оттуда, вследствие своей недозрелости и недомыслия, беспокоить отечественных Лессепсов и Бисмарков.
В подтверждение всего этого он ссылается на арабского, якобы, историка Якута, который, надо полагать, скорее был сказочник, чем историк, ибо подобное появление и исчезновение народа напоминает волшебную главу из Шехеразады. Еще страннее со стороны автора вышеназванной статьи уверение, что о грузинах, будто-бы не упоми-нает ни один из древних писателей. Интересно знать, кого разумеет он под древними писателями? Если он имеет в виду Синеуса и Трувора, этих доблестных рыцарей, которые, надо полагать, и писать-то не умели, то он, пожалуй, и прав; но если подразумевает он греческих, римских, арабских, армянских и др. писателей, то жестоко ошибается... Чтобы вывести его из странного, доволь но двусмысленного положения, мы, уж так и быть, шепнем ему на ухо следующее:
1. Колхида, Иберия и Албания с реками Фазис (Рион), Кирус (Кура), Арагус (Арагва) и др. известны были классическим писателям. При чем, жители этих стран: мосхи, тобелы, колхи и друг., известные Геродоту, Страбону и др., по дальнейшим исследо-ваниям Услара, Гана, Броссе, Чубинова и других, считаются родоначальниками нынешних грузин.
2. Те-же самые древние писатели утверждают, что города: Сурам, Шорапаны и Фазис служили центром торговли Иверии с Индией.
3. По их-же уверению, у этих народов иверского племени существовали таблицы с надписью для указания направления пути.
4. По указанию Риттера, картографию колхи знали раньше греков.
5. Услар считает грузин аборигенами, доказывая, что они жили здесь еще в доисторические времена.
6. Армянский писатель Мойсей Хоренский в V веке дает такие-же названия грузинам, под какими они теперь известны. Он-же говорит, что в V веке у грузинских царей были регулярные войска, так называемые «сепецули», и что армяне по образцу их завели такие войска и у себя. Говорит он подробно и о грузинских царях: Мириане, Бакуре, Арчиле и др.
7. В ІХ столетии, армянский историк Каган-Катваци говорит, что Грузия находится в цветущем положении.
8. В то-же время это подтверждает и греческий писатель Константин Порфироген,
9. О том-же самом свидетельствуют и остальные историки: Вардан Великий, Степан Торонский, Егише и другие. И неужели все это вздор?
Автор пресловутой статьи «Кавказа», пожалуй, скажет, что все это относится не к грузинам, появившимся в XI столетии, а к тем иверцам, которые жили здесь до XI-го века и затем по какому-то волшебству вдруг исчезли. Все это остроумно, но как-же тогда объяснить тот факт, что те, якобы исчезнувшие, племена говорили совершенно на том-же самом языке, на котором говорят нынешние грузины?
1. Нумизматические факты грузинских царств:
а) монета Стефаноса II-го (639-663) с надписью церковными буквами по-грузински.
б) Джаваншира (718-767).
в) Баграта ІІІ-го с надписью Давид и Баграт.
г) На оборотной стороне монеты Стефана 11-го поставлены арабские цифры 17. Существование этих цифр на грузинских монетах, начиная с ѴІІІ в., опровергает, между прочим, то мнение ученых, будто цифры, известные под именем арабских, стали известны только с ХІІ-ХІІІ вв.
2. Древние до христианской эры названия городов и местностей северной половины Малой Азии, по исследованиям Ганд Клерка, профессора Чубинова, - чисто грузинские.
3. Монастыри, построенные грузинами, как в самой Грузии, так и вне оной, явные свидетели того, что грузины существовали, и существовали как организованное государство до Х века.
а) Храм св. Креста в Иерусалиме основан грузинами в V в.; об этом свидетельствуют и греческие источники, и грузинские надписи на стенах монастыря Креста.
6) Лавра Иверская на Афоне основана в IХ в., в память того великого факта, что грузины, под предводительством Торникия Эристави, разбили отложившегося Барда-Склира и спасли Константинополь.
в) Ванские клинообразные надписи считаются грузинскими.
г) Надпись на камне, найденном при проложении дороги между Тифлисом и Мцхетом и хранящемся ныне в тифлисском музее, помечена 75 г. по Р. Х.; в надписи сказано, что римский император грузинскому царю Фарсману, другу Кесаря и римского народа, строит крепость.
д) По сказанию римских историков, царю Иверии Фарсману в Риме, в храме Беллоны, поставлен памятник.
3. Выработавшийся архитектурный стиль до XIII в. известен в ученом мире под названием иверского или грузинского.
4. Принятие Грузией христианства в 318 г. от св. Нины.
5. Прибытие в Грузию 13-ти отцов сирийских в VІ в.
6. Перевод Евангелия в VII в.
7. Распространение христианства в западной Грузии апостолом Андреем и Симеоном Кананитом.
8. Образцовые переводы книг нового и ветхого завета святогорцами.
9. Постановления вселенских соборов о самостоятельности грузинской церкви и друг.
Мы бы могли привести бесчисленное множество неопровержимых фактов, но, полагаем, что и этих достаточно для вразумления заблуждающихся. Что же касается до автора статьи, напечатанной в «Кавказе», то ему все равно: он не хочет признавать ничего и никого, ибо это не входит в программу его публицистической деятельности.
Все эти нумизматические, исторические и археологические данные, в глазах его, не что иное, как только вымысел и подделка недозрелых сотрудников «Нов. Обозрения». Даже сочинение московского митрополита Филарета, написанное в опровержение учениям латынян, где он ссылается на грузинскую церковь, как на свидетельницу православия русской церкви, им не признается, и он верит из всех только одному Барону Брамбеусу (Сенковскому), который, в 30-х годах сболтнул что-то о Грузии, но затем и сам раскаялся печатно. Недаром говорится, что от великого до смешного один шаг. Знаменитый «ученый», автор статьи «Кавказа», вероятно, руководствовался при составлении своей исторической заметки великими бисмарковскими соображениями, но черезчур поусердствовал и впал в такое смешное положение, из которого не выведут его никакие исторические источники.
(გაზ. «Новое Обозрение», 1888 წ., №1417).
![]() |
3.9 საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
გუშინ ერთი სოფლელი შემოვიდა ჩემთან და ჩვეულებრივი მოკითხვის შემდეგ, ზრდილობიანად მკითხა: - მოგახსენებენ, რომ ახალი გაზეთი გამოდის და მართალია?
- დიახ! რამდენიმე ნომერი კიდეც გამოვიდა.
- მოგახსენებენ აგრეთვე, ნახატები ვერ არის, რომ უნდა მისთანაო...
- მართალია, პირველი ნომერი ცოტა ვერ გამოვიდა, მაგრამ მერე კი თან და თან უკეთესობაში შედის და შემდგომისათვის, იმედია, მაგ მხრითაც გაუმჯობესდება. - მოგეხსენებათ, ყველაფერს შეძლება და საშუალება უნდა... ფეხ-მოუმაგრებლად ვის გაუვლია. - პირდაპირ ბუდიდან ჩიტიც ვერ გადაფრინდება, სანამ ფრთებს არ მოიმარჯვებს. ვეცდებით, რომ ჩვენი გაზეთიც თანდათან გაუმჯობესდეს.
- ისემც ღმერთმა კარგი მოგცესთ! - მაგრამ ამდენი სახატავი კი გექნებათ. და ან რა უნდა ჰხატოთ?
- როგორ თუ რა! - ჩვენი ქვეყანა დიდად თავგადასავლიანია: ბევრი ავი და კარგი უნახავს, უცხოვრია - ეს ისტორიითაც რომ არ ვიცოდეთ, ასეც სათვალდათვალოა. აბა, თუ იმისთანა კუთხეს, იმისთანა მხარეს მონახავთ სადმე საქართველოში, რომ ციხე-დარბაზებისა და ტაძრების დიდებულ ნაშთებით არ იყოს მოფენილი! თვითეულ მათგანს თავის საკუთარი თავგადასავალი აქვს. ჩვენ იმ ძველ ნაშთებს გადავხატავთ ხოლმე, დღეს ერთს, ხვალ მეორეს და თან იმასაც ავსწერთ, თუ ვისგან და როდის აგებულა, ვისა და რა დროს დაუქცევია, რა თავგადასავალი ჰქონია და სხვანი. ესენი ყველა საჭირო და საამო შესატყობია. მაგალითად: ერთად თამარ-მეფის სახელთან, რა თქმა უნდა, „ვარძიაც“ გაგეგონებათ, მაგრამ ნახვით კი არ გენახვებათ!.. ერთს დღეს, ვსთქვათ, მოცლილი და მოწყენილი რომ ბრძანდებით ოთახში შემწყვდეული, მოგდისთ გაზეთი „კვალი“; თქვენ ხედავთ იქ „ვარძიას“ დახატულს და თანაც ამა-ზედვე ვრცელ მოთხრობას. თვალწინ გეხატებათ დიდებული მონასტერი, გაგონდებათ დიდებული თამარი, როგორც მისი სახელოვანი პატრონი, მისი დრო, მისი ავი და კარგი... გული გიცემსთ სიამოვნებით და...
- ღმერთმა კაი დაგმართოს, - ღმერთმა კარგი მოგცეს!.. შემომყვირა სტუმარმა და გამაწყვეტია სიტყვა.
- ამას გარდა ბევრი გამოჩენილი და სახელოვანი კაცი ყოფილა და არის დღესაც, როგორც ჩვენში, ისე სხვაგანაც... მათი სახელი გაგიგონიათ, მაგრამ ნახვით კი არ გინახავსთ და არც მათი ვინაობა იცით!.. ისინი რომ დაგიხატოთ და მათი თავგადასავალიც შეგატყობინოთ ხოლმე, განა ურიგო იქნება?
- კეთილი! მაგრამ, როგორღაც სხვა გვარად მოგახსენებენ: „მაგ ნახატებს ხელოვნება ეკლებათო! რომ უნდა, ისე ვერ გადაიღებენო და უმჯობესია სულ არ იყოსო! სხვა ქვეყნებში, უცხო ჟურნალ-გაზეთებში სურათები ჩინებულია და ჩვენ, რადგანაც იმათთანას ვერ მოვახერხებთ, სჯობს თავი დავანებოთო!“
- მართალია, ხელოვნების მხრით ჩვენ მეტოქობას სხვებს ვერ გაუწევთ, მაგრამ მაგიტომ ხელი რად უნდა ავიღოთ. ებრაელები რომ ეგვიპტიდან გამოვიდენ და უდაბნოში ეხეტიალებოდენ, თავს მით ანუგეშებდენ რომ „არაობას, კარაობა სჯობიაო!“ ამასავე არ გვირჩევს ქართული ანდაზაც: „სადაც არ იყოსო, ცოტა კმარიყოსო.“?
- ეგ სწორედ მართალია, მაგრამ მაინც...
- რაღა მაინც, დალოცვილო. ვსთქვათ თქვენთან მოვიდა ორი მხატვარი; ერთს მათგანს სამაგალითოდ და დიდი ხელოვნებით დაუხატავს სხვადასხვა ქვეყნის მზეთუნახავები, მეორეს კი თქვენის ცოლ-შვილისა და მახლობლების სურათები გადაუღია, და თუმცა ისეთი ხელოვნებით კი ვერა, როგორც პირველს, მაგრამ მაინც მიუმზგავსებია... თქვენ რომელს აირჩევდით.
- რასაკვირველია მეორისას!.. ეგ კი არა, ბატონო, ამ დღეებში სადღესასწაულოდ ჩემი შვილი გიახლათ შინ... აიღო კარანდაში და თავის დედა გადახატა, ასე რომ ვითომ მოჰგავს რაღა!.. თქვენმა სიცოცხლემ ისეთ აღტაცებაში მოგვიყვანა და ისე გვასიამოვნა, რომ მეტი აღარ შეიძლება! და დედამისი ხომ კინაღამ გაგიჟდა სიხარულით.
- მართალია... მაშ სხვა ქალის ნახატი, მშვენიერად, ხელოვნურად დახატული რომ ვინმემ მოგიტანოსთ და გითხრასთ: „ესა სჯობია მაგ თქვენის შვილის ნაბღაჯნს, ეს მიიღეთ და ეგ კი გადააგდეთ, ნუ გინდათო!..“ რას იტყვით.
- რა პასუხია... ეგ რა სათქმელი იქნება!..
- კეთილი. თქვენი ნაცნობები და მეგობრები რაღას ამბობენ.
- მოსწონთ იმათაც... ჩემს სიხარულს თანაუგრძნობენ და მირჩევენ კიდეც, რომ იმ ჩემ შვილს ხელი შევუწყო და მივსცე საშუალება გავარჯიშებისა და უკეთეს მხატვრობის შესწავლისა.
- იმათში რომ ვინმე გამოერიოს და გირჩიოს: „ეგ ისე კარგად ვერ არის დახატული, როგორც გამოჩენილი მხატვრები ჰხატავენ ხოლმეო!“ - კიჟინა დასცეს თქვენ შვილსა და გირჩიოსთ, ეგ ნახატი დახიეთ!.. ნუ გინდათ - არ ვარგა!.. და სხვანი... თქვენ დაუჯერებდით. არას უპასუხებდით.
- ვუპასუხებდი კი არა, კაი, კაი პანღურსაც მივაყოლებდი, თუ მოვახერხებდი…
- აბა, სწორედ ეგ არის პასუხი, იმათიც, ვინც ამტკიცებს, რომ „კვალში“ ნახატები არ ვარგიან და თქვენც ნუ გინდათ, ხელი აიღეთო!“ ჩემმა სტუმარმა გაიცინა და სთქვა: - „ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ სხვა ხმებიც ვრცელდება და ის უფრო გვაშინებს!.. აი, მეც მინდოდა გამომეწერა ეგ ახალი გაზეთი და ვეღარ გავბედე. ვინ იცის, რამდენი ჩემისთანა სხვაც შეაჩერა იმ ხმამ... მოგეხსენებათ, ქვეყანა ენის ამყოლია...
- რა ხმებია.
- აი, რას მოგახსენებენ: მაგ გვარ გაზეთს, ესე იგი ნახატებიანს, ეჭირვება არა ნაკლებ ორიათასი ხელმომწერისა, რომ თავი შეინახოსო!... ამდენი ხელისმომწერი ჩვენში შეუძლებელია. მაშასადამე გამომცემლებმა ფულიც თავისი უნდა ხარჯონ და უსასყიდლოთაც იშრომონ, რომ გაზეთმა იცოცხლოსო, და ამას რად იზამენ, თუ აქ სხვა საპირადო განზრახვა არ იყოსო. სწორედ ასე ამტკიცებენ და, ცოტა არ იყოს, ჩვენც ჩაგვაფიქრა ამ მოსაზრებამ...
- რომ მართლა ჩაფიქრებულიყავით, არც მაგას იტყოდით, რაცა ბრძანეთ!.. ჩვენ, ქართველებს არც გრძნობა გვაკლია და არც გონება, მაგრამ ვერც ჩვენთვისა და ვერც სხვებისთვის სასიკეთოდ ვერა ვხმარობთ... და ვერა ვხმარობთ იმიტომ, რომ ჩაფიქ-რება არ ვიცით! - გულში ჩახედვის მაგიერად სხვებს შევჩერებივართ და სხვის ფერხულში ჩაბმული ბავშურად „ასკი-კუკუს“ ვთამაშობთ! განა კაცის ბედნიერება მარტო პირად კეთილდღეობაზეა დამყარებული. როდესაც არც ჭამა აკლია, არც სმა, თბილადაც არის და არც არავინ ძილს უფრთხობს, მაშინ პირუტყვიც ბედნიერია! - მაგრამ ადამიანისათვის, როგორც უმაღლეს ქმნილებისათვის, მარტო ეს პირობები საკმაო არ არის!.. იმას უნდა, რომ მის გარეშემო სხვებიც ბედნიერები იყვენ. - ეს არის პირველი საზღვარი პირუტყვებსა და ადამიანებს შუა და ამ საზღვარს სხვა ქვეყნის ერები კიდეც აგებენ, და ჩვენ კი, ქართველები ჩვენი მამა-პაპის აგებულსაც ვშლით...
- დრომ მოიტანა. ნათქვამია: „ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოვო“ - ჭამა ქონებაზედ არის. დალოცვილო, სხვებზე ფიქრი რა დროსია, როცა ყველას ჩვენ ჩვენი საკუთარი ცეცხლი გვწვამს. სიღარიბე... სიღარიბეა მიზეზი.
- სიღარიბე გრძნობა-გონებაზეა დამოკიდებული და ჩვენც, ქართველებს, მხოლოდ სურვილი გვაკლია, თორემ შეძლება გვაქვს: მაგალითად ავიღოთ ჩვენი თავი: როცა ლხინი გვაქვს ხოლმე (და როდის არა გვაქვს), რა ბედნიერნი ვართ მაშინ!.. პური... ღვინო... ხორაგი და სხვა ათასგვარი სანოვაგე ოხრად გვიყრია სტუმრების წინ და მამა-პაპურად გულგახსნით გავკივით „მრავალ ჟამიერს“ სადღეგრძელოების ჩამოლოცვით. ბედნიერებით მთვრალებს, მოლხენილს გულზედ, დრო აღარ გვრჩება, რომ ჩვენს გულში ჩავიხედოთ!.. ვინ იცის, იმ დროს, როდესაც ჩვენ ნაყროვნებას ვეძლევით, ერთმანეთს ღვინოს ვაძლევთ და კისერში ვასხამთ, რამდენი გაჭირვებული შიმშილ-წყურვილით გაბოროტებულია და მათ დასამშვიდებლად, მათ სულის გამოსაბრუნებლად საკმაო იყო ის მიგვეწოდებინა, რაც აქ ტყვილა-უბრალოდ ფუჭდება და ოხრდება.!... მაშინ რომ ეს ფიქრები მოგვდიოდეს და რაც ჩვენი ლხინისა, შექცევისათვის მეტია და ტყვილა ოხრდება, იმ გაჭირვებულებს მივაწოდებდეთ, ნუ თუ მითი ჩვენი ლხინიცა და სიხარულიც ორკეცი და უფრო სინიდისიერიც არ იქნება... ან და ჩვენს მანდილოსნებზედა ვსთქვათ: ას მანეთიან მოსასხამებით რომ მიფრიალობენ ხოლმე სალხინოდ თეატრებსა და ბალებში, თითო მანეთი რომ ჩამოაკლონ და ოთხმოცდაცხრამეტ მანეთიან მოსასხამებით წაბრძანდენ, მით რა წაუხდება მათ სამკაულს? ის ჩამონაკლებიც რომ საზოგადო საქმეს მოახმარონ, ნუ თუ სინიდისთანაც ბოდიშ მოხდილნი არ იქნებიან და მათი სიხარულიც უფრო სამარ-თლიანი და უფრო მტკიცე არ იქნება? ეს ხომ ასეა და რომელი ქართველი იქნება იმისთანა, რომ ამაზედ გრძნობაც არ დაეთანხმოს და გონებაც? მაგრამ საქმე კი მაინც არ ხერხდება! და არ ხერხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაფიქრება და გულში ჩახედვა გვაკლია! იმდენად გარეწარი ვართ საზოგადო საქმისა, რომ არა თუ ჩვენ არას ვაკეთებთ, სხვები რომ აკეთებენ, ისიც გვიკვირს და არა გვჯერა! იმ დღესაც მოვესწარით, რომ ჩვენშიაც რამდენსამე ქართველს განუზრახავს კეთილი საქმე, კეთილის განზრახვით გაზეთი დაუარსებიათ და ჩვენ კი ცილს ვეწამებით და ვიძახით: - ნუ გჯერათ, საპირადო იარაღიაო და სხვანი.
- მაშ არც ის იქნება მართალი, რასაც თქვენზე ამბობენ.
- ჩემზე?!
- დიაღ... დიდ ხანს არ იმუშავებსო. მხოლოდ ორიოდე თვეს იშრომებს, ხელისმომწერლებს მიიტყუებს და მერე თავს დაანებებსო!
- მაგას ვინც ამბობს, ეტყობა, ჩემი შეურაცხყოფა ჰსურს და თქვენ მაინც არ უნდა იმეორებდეთ! მე სრულიად ის არა მგონია, საკუთრად ჩემთვის ხელი ვინმემ მოაწეროს, და რომ კიდეც მეგონოს, ნუ თუ საზოგადო საქმეში ცბიერებას დავიწყებ. დალოცვილო, ამდენი ხანია ჩემს არჩეულს გზას ვადგავარ. საკანში ხომ არ ვყოფილვარ... აშკარად, საქვეყნოდ ვმოქმედობ. ბევრი ჭირი მინახავს, ბევრი ლხინი; ბევრჯელ ავდარი დამდგომია, ბევრჯელ დარი და, აბა, თუ ერთხელ მიღალატნია საქმისათვის, გადამიხვევია იმ ჩემი გზიდან და ყალბობა, ან ზარმაცობა რამ შემმჩნევია.
- მაგას არ მოგახსენებთ; მოუსვენარია და ერთ ადგილს ფეხს ვერ მოიკიდებსო.
- მერე რაო? მითქვამს და კიდევ ვიტყვი: ფუტკარი სულ დაფრენს მოუსვენრად; ნეხვის ჭია კი ერთის ადგილიდან ფეხს არ იცვლის... არის თავისთვის ჩუმად და აგუნდავებს ფუნას. მაგრამ ნუ თუ ნეხვის ჭიაობა უფრო სასურველია ფუტკრობაზე.
- მაგაზე არ მოგახსენებთ. ერთ ადგილას, ერთ რომელსამე გაზეთში, ან ჟურნალში, დიდ ხანს ვერ გაჩერდებაო!..
- ეგ ტყუილი გახლავსთ, მართალიც რომ იყოს, მაგითი რა დაშავდება? ქათამმა კვერცხი კი სდვას თქვენს ოჯახში და ერთს საბუდარში დადებს თუ მეორეში, სულ ერთი არ იქნება. დამერწმუნეთ, ქათამი ხომ ქათამია, ისიც არ გამოიცვლის საბუდარს, თუ არ დააფრთხეს, არ აუქშიანეს და ძალით არ გადააგდეს, არა თუ კაცი. ქათამს როცა აფრთხობენ, ისიც ჰფიქრობს: აქ, ჩემ ნებაზე კვერცხს ვერ დავდებ, და ფრთებსაც მომამტვრევენო, მიდის და სხვა საბუდარს ეძებს... და მე რომ კაცი ვარ, ნუ თუ ქათმის ოდენი მოსაზრება და სიმართლე არ უნდა მქონდეს; ჩემ შესახებ თუ გავშორებივარ რომელსამე გაზეთს ან ჟურნალს, ალბად მიზეზი მქონია. და დღეს კი, როდესაც ეს ახალი გაზეთი საკუთრად ჩემთვისა და ჩემისთანა ქათმებისათვის არის დაარსე-ბული, თავს რაღად დავანებებ.
- ისემც კარგი დაგემართოსთ! მაშ არც ის იქნება მართალი, რომ ხელმომწერლები სულ არა ჰყავს გაზეთს და მალეც მოისპობაო.
- პირველ წელიწადს ჩვენ სულაც არ ვანგარიშობდით ხელის მომწერლებს, მაგრამ საზოგადოებამ კი ამ თავითვე ისეთი თანაგრძნობა და შემწეობა გამოიჩინა ამ ახალ ნორჩისა თუ ხელის-მოწერით, თუ ისე სხვა გვარად დახმარებით, რომ ჩვენ არც კი მოველოდით! დასამტკიცებლად იმათი სახელი და გვარი გამოცხადებული იქნება სიით ამ მოკლეს ხანში და მაშინ დარწმუნდებით!
- მე ახლაც დავრწმუნდი, მაგრამ ეს კი აღარ ვიცი, რა უნდა უთხრა იმათ, ვინც სულ სხვას გვეუბნებოდა და სხვას გვირჩევდა.
- მხოლოდ ის, რაც ჩვენც უნდა გვიბრძანოთ: „საქმემან შენმან გამოგაჩინოსთ თქვენ!“
- გმადლობთ! შეგაწუხეთ ამდენის ყბედობით და ახლა ერთიც კიდევ რამ მაქვს სათხოვარი და უნდა ამისრულოთ: ყველას ხომ ჩემსავით არ ექნება შემთხვევა, რომ მოგელაპარაკოსთ იმ საძაგელ ხმების მოსასპობლად; არ შეიძლება, რომ ეს დღევანდელი ჩვენი საუბარი დაიბეჭდოს?
მე, რასაკვირველია, აღვუთქვი და ვასრულებ კიდეც მის თხოვნას და თუ ვისმე თავი მოაბეზროს, ბოდიშს ვიხდი.
(კვალი, 1893 წ., №7)
![]() |
3.10 ჭრელი ფიქრები |
▲ზევით დაბრუნება |
დედა-მიწის ზურგზე ადამიანზე უსამართლო და გაუტანელი ცხოველი არ მოიპოვება. თვით მძვინვარე მხეციც კი მოსვენებულია, როცა კუჭი არ აწუხებს და კაცი კი, გინდ მშიერი იყოს, გინდ მაძღარი, სულ ერთია, არ დაცხრება! მაინც კიდევ ბევრი რამ აწუხებს და მეტს ეძებს. მისი უსამართლობა იქიდანა ჰჩანს, რომ უკეთესი ცხოველი, ვირი და ძაღლი, ორივე ამოუჩემებია და მათი სახელი სალანძღავ სიტყვად გაუხდია: თუ ვინმე სულელად მიაჩნია, „ვირს“ ეძახის და თუ გაუტანელად „ძაღლს!“ ცხადია, ეს გამოურკვეველის შურით მოსდის ადამიანს და თავის ნაკლს სხვებს აწერს. - ძაღლს რომ ერთხელ მოეფერო, პური აჭამო, თავის დღეში აღარ დაგივიწყებს და თუ სიყვარულიც შეგატყო, შენთვის თავს დადებს. რამდენი მაგალითი ყოფილა, რომ ერთგული ძაღლი პატრონის საფლავზე დაკვდომოდეს!.. აბა, ახლა, კაცი აიყვანეთ, წლის განმავლობაში, სამასსამოცდაოთხს დღეს ასვით, აჭამეთ, აპატივეთ და ერთ დღეს კი ნუღარ აჭმევთ - ნუღა შეუშვებთ სახლში, თუ ამაგი არ დაგივიწყოსთ და მტრად არ გადაგექცესთ!.. ეს ყველასათვის ცხადია და მართალი, მაგრამ ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „შენი მითხარი და გული მომიკალიო!“ მაინც გაუტანელს და ორგულს ეძახიან ძაღლს. ამავე ბედის არის ვირიც. ვირი განა ყოველ ცხოველზე უსულელესია? სრულიადაც არა!.. ბევრჯერ კაცზედაც უჭკუერესი და წინდახედულია. ერთხელ რომ ტალახში ჩავარდეს, მეორეთ იმ გზით აღარ გაივლის და კაცი კი ერთსა და იმავე შეცდომაში ასჯერ ვარდება. - ვირს სისულელის სახელი მხოლოდ მიტომ დავარდნია, რომ უწყინარი და ადამიანის მორჩილი მოსამსახურეა: ყველას ზურგზე ისვამს და მათ ნებაზე დადის.
განა ჯორი უფრო ჭკვიანია ვირზე. აბა, ერთი ვირმაც ჯორივით იკვინტოს და შეჰყაროს წიხლები, თუ მისი ხათრიც არ იქონიონ და იმასაც ჭკვიანი არ დაუძახონ!.. დიაღ, ქვეყანას მშვიდობის მოყვარეობა და გულკეთილობა ხშირად სისულელე ჰგონია და უგულობა და ბოროტება კი ჭკუის ნაყოფად მიაჩნია!! დახეთ ქვეყნის უსამართლობას!!. ადვოკატობა რომ შემეძლოს, ამ საცოდავ პირუტყვებს გამოვესარჩლებოდი და, პირიქით, ქვეყანას გავამტყუნებდი: დაუმტკიცებდი მის უმეტესობას, რომ იმას ხასიათით ძაღლიც ჯობია და ვირიც!.. მაგრამ მე ხომ ადვოკატი არა ვარ და ნამდვილი ადვოკატები კი მგლებს და მელებს უნდებიან! - სხვებისთვის არა ცალიათ! ამ საბრალო ცხოველებს კი ერთხელვე გატეხიათ უსამართლოდ სახელი და დღესაც ისევ ისე რჩებიან!.. ისე ვერავის გალანძღვენ, რომ ძაღლი არ ახსენონ! ისე ვერავის დასცინებენ, რომ ვირი არ წამოაყენონ!! მწერლობაც რომ ფეხის ხმას აჰყოლია?!.. ვინ იცის, რას არ ამბობენ საბრალო ვირზე... ასე გაშინჯეთ, იმასაც კი ეწამებიან, რომ ვირს მამლის ყივილი უფრო მოწონს ბულბულის გალობაზეო, ...აი, ცილისწამება თუ გინდათ, ეს არის. თუ მამალი ჰყივის, ვირი მაინც ერთსა და იმავე გუნებაზეა, ერთსა და იმავე ხასიათზე: აპანტურებს ყურებს და აქიცინებს კუდს!.. და მაშ ვინღა რითი და როგორ შეიტყო მისი გულის პასუხი? უეჭველია, რომ ერთმა ვინმემ წარმოიდგინა თავის თავად, ვირის მაგიერად, სისულელე და ის ერთის სისულელე მერე სხვებსაც სენივით გადაედვა! - ამგვარი მაგალითი ქვეყანაზე ხშირია!..
გერმანიელები ხომ დარბაისელი და სიმართლის მოყვარე არიან, მაგრამ მაინც ისინიც კი არ ასვენებენ ხოლმე საცოდავ ვირს, წამოჰკვრენ ხოლმე ხელს და საიგავარაკოდ ხდიან, თუმცა სულელად კი არ მიაჩნიათ, როგორცა ჩანს. ერთი ამგვარი არაკთაგანი „ივერიის“ №137-შიაც იყო დაბეჭდილი!. აი, მისი შინაარსი: ვირს თურმე ბულბულის ჯავრი ჭირვებია, შურის ძიება ნდომებია, მისულა გუგულთან და მოულაპარაკნია. გინდა თუ არა, შენ ბულბული გამოითხოვე გალობაშიო, მე მოსამართლედ ამირჩიე და პირველ მგალობლად შენ აგირჩევო. გუგულს აუსრულებია მისი რჩევა: გამოუთ-ხოვია ბულბული და ისიც გაბრიყვებულა, დათანხმებია... რასაკვირველია მშვენივ-რად უგალობნია ბულბულს და გუგულს კი ასჯერ ხრინწიანი ხმით უთქვამს ზედი-ზედ „უფალო შემიწყალე“, მეტი ვერა მოუხერხებია-რა. ვირსაც თავის დაპირება შეუსრულებია და პირველობა გუგულისათვის მიუნიჭებია... ამ იგავიდან აი, რა გამოდის: ბულბული სულელი ყოფილა, რომ გაბრიყვდა, გუგული - გაიძვერა, რომ წინდაწინვე მოელაპარაკა მსაჯულ ვირს და ვირი კი ჭკვიანი, როგორც სხვების გამბრიყვებელი და შურის ამღები... ერთი წუნი იმ ვირის ის არის, რომ ქართული არ ჰცოდნია; მის ნაცვლად, რომ გუგულს უთხრას, პირველ მგალობლად „აღგიარებო“, ის ჩიქორთულად ეუბნება „გაღიარებო“.
(კვალი, 1894 წ., №20)
![]() |
3.11 „არ ცოდნა, არა ცოდვაო“ |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონმა დოდაშვილმა, გიორგი წერეთელმა და მე დავსკვენით პირობა, რომ „კვალისათვის“ კიდევ ერთი განყოფილება მიგვემატებია: „სასწორ-მეტყველო“ და, ჩვენს მწერლობაში, როცა შევნიშნავდით ურიგო ქართულს, გვემხილებია ხოლმე. პირველი სანიმუშო ისარი მე გავტყორცე და იმ ისარმაც ყურთან გაუზუზუნა ბ-ნ იაკ. სიმონიძეს. - ბ-ნი იაკობი მისთანა კაცია, რომ ბუზსაც არავის ააფრენინებს, თვარა ყურთან ისრის გაზუზუნებას როგორ აიტანდა. ეს ჩვენ წინდაწინვე ვიცოდით, მაგრამ მაინც პირველად სიმონიძეს მიტომ გამოვეთამაშეთ, რომ ის სხვებზე უფრო შესამჩნევია: ისა ზრდის და ისა წვრთნის ქართველ ახალგაზდობას! ენასაც ყველა მისგან სწავლობს და მაშასადამე, იმის მცირე შეცდომასაც უფრო მეტი ვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხვისას. - ეს ჩვენი უმანკო აზრი და კეთილი განძრახვა იმას პირადობად ჩამოურთმევია და ამბობს: „აკაკიმ მორიელსავით კუდი მოიქნია, ჩემი გათახსირება მოინდომა, მოუმიზეზებია, უნდა დაბალ-ღობედ მნახოს, დამჩაგროს, უსაფუძვლოდ მკბინოს და სხვანი: თვარა მე ქართულში უცოდველი ვარ და სხვები კი ყველა დამნა-შავეო და მათ რიცხვში, რასაკვირველია, აკაკიცო, რადგან მის პატარა წერილში ათი მსხვილი და უტყუარი შეცდომა ვიპოვეო!..“ კეთილი!.. ვნახოთ ახლა: ან თავს როგორ მართლულობს და ან მე როგორ მიმტკიცებს უვიცობას. „აღგიარებ ძველი ფორმაა, გაღიარებ ახალი, ორივე კანონიერიაო“. აღგიარებ რომ ძველი ფორმაა ეს ბ-ნ იაკობსაც სცოდნია... დიაღ, საღმრთო წერილებში ყოველგან „აღგიარებ“ წერია და არა „გაღიარებ“. „აღგიარებ შენ უფალო ყოვლითა გულითა“ ვლოცვილობთ და არა „გაღიარებ შენ უფალო“. ეს ცხადია, და ახალი ფორმა სად მონახა ავტორმა, რომ ასე სარწმუნოდ შემოაქვს. ვის ჰქონდა ნება, რომ საღმრთო წერილის სიტყვა, კანონიერი ქართული, უკანონოდ დაემახინჯებია და ახალი ფორმააო ეთქვა. ბ-ნ იაკობ სიმონიძეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ახალი ფორმაც „გაღიარებ“ კანონიერიაო! აი რას ამბობს: „უკანას-კნელი ფორმა იმითი განირჩევა პირველისაგან, რომ პირის მაჩვენებელი ასო „გ“ პრეფიქსის წინ გადამჯდარაო“. დიაღ, და უკანონობაც ეგ არის, რომ ეს მოუსვენარი ასო „გ“ თავის ადგილას ვეღარ გაჩერებულა, შუა ადგილიდან გამოჭრილა და პრეფიქ-სის წინ დასკუპულა. ეს ცვლილებაო - განაგრძობს ავტორი - არის შედეგი პრეფიქ-სის „აღა“ შეხორცებისა სიტყვის ძირთან „იარ“. და ამგვარი პროცესი ენის ზრდაში კანონიერად არის აღიარებულიო!. რაო? რაო? ნეტავი ეს „აღა“ რა სიტყვაა: თათრული თუ ქართული? „აღა“ რომ პრეფიქსი იყოს, ჯერ არსად გაგონილა!.. პრეფიქსი „აღა“ კი არ არის, „აღმა“ „აღ“ და „ა“. მაგალითად; „აღმაფრენა, აღფრენა და აფრენა. ეს „აღა“ კი რაღაც ახალი სტამბოლური პრეფიქსი უნდა იყოს. აგრევე - „იარ“, რომელი სიტყვის ძირია? აქაც „რებ“ იარად გადაუკე-თებია და კანონიერიაო, იძახის. - მაგალითებიც მოჰყავს: „შენ მე მაღიარებ და არა აღმიარებო“. ვინ მოგახსენათ და ვისგან გაგიგონიათ? უსათუოდ „აღმიარებ“ უნდა. - „მეღიარებიხარ“ და არა „აღმიარებიხარო“. არც ერთი და არც მეორე! „აღმიარებიხარ“ უნდა. ეს ყველა ისე ცხადია, რომ ავტორმა რაც უნდა იქუჩმაჩოს, ვერას გახდება და თავს ვერ იმართლებს. იმას კი ჰგონია, რომ დავამტკიცე ჩემი გრამატიკოსობაო, და პირაქეთ ჩემზე გამოულაშქრებია: „სამაგიეროდ, ჩვენი პოეტის პატარა ჭრელს წერილში დაგისახელებთ თუნდ ათს მსხვილსა და უტყუარს შეცდომასაო“ - ქართული ენა ისე კარგათ არის ძველადგანვე შემუშავებული, შევსებული, რომ მისი ზედმიწევნით ცოდნა ძნელია და მეც, რასაკვირველია ბევრი მაკლია, მაგრამ ის შეცდომები კი, რომელსაც ბ-ნი კრიტიკოსი გვისახელებს, არც ერთი შეცდომა არ არის. აბა, გავარჩიოთ! მე მაქვს ნახმარი: „დედამიწის ზურგზე
ადამიანზე უფრო* უსამართლო და გაუტანელი ცხოველი არ მოიპოვება“. ამ პირველსავე ფრაზაში ორი შეცდომააო - ამბობს კრიტიკოსი - თავი ბოლოში უნდა მოექცეს, რომ ავიშოროთ ამისთანა მეზობლობა: ზურგზედ, ადამიანზედაო“, ე. ი. მისი აზრით ასე უნდა ყოფილიყო: ადამიანზე უფრო უსამართლო და გაუტანელი ცხოველი არ მოიპოვება დედამიწის ზურგზეო... მაშინ ეს ორი სიტყვა „ზურგზე“ და „ადამიანზე“ ერთად აღარ იქნებოდენ და უფრო კეთილხმოვანი იქნებოდა ფრაზაო“ - ეს უსაფუძვლო ფანტაზიაა: განა არა ვხმარობთ, მაგალითად: „ამ ქვეყანაზე კაცზე უკეთესი არავინ არისო“, „ამ ჩვენ მხარეზე შენზე უდიდესი არავინ მოიპოვებაო“ და სხვანი. აქაც სიტყვები: ქვეყანაზე და კაცზე, მხარეზე და შენზე ერთად არიან, მაგრამ არც ენის კანონს არ ეწინააღმდეგებიან და არც კეთილხმოვანებას. - ქართული ენის თვისებაა, რომ ფრაზა შესმენილით დაბოლოვდეს ხოლმე და არა ქვემდებარით, მაგალითად: იაკობ დიდი მეცნიერია და არა: დიდი მეცნიერია იაკობი, იაკობის წერილი წავიკითხე და არა: წავიკითხე წერილი იაკობისა, თუმცა ორივე კი კანონიერია, მაგრამ კეთილხმოვანებისათვის მაინც პირველი სჯობს.
იმ ზემო მოყვანილ ჩემ სიტყვებშიაც, იაკობის რჩევა რომ დამეჯერებია, და პირველი სიტყვა ბოლოში მომექცია, თუ რამე წახდებოდა, თვარა არა გაკეთდებოდა-რა. - აქ შეცდომა არა არის და მაშ კეთილ ინებოს კრიტიკოსმა: ამ ათი შეცდომიდან ეს ერთი გამოაკლოს! - მეორე შენიშვნა: - „კაცს რატომ არსებას არ ეძახის და ცხოველად იხსენიებსო“, აქ მთელ ლექციას კითხულობს: ძროხაც მოჰყავს, რუსებიც, ძაღლებიც და სხვანი, როგორ ტყუილად დაუხარჯავს ამდენი ტყვია-წამალი!..
„არსი“ ანუ „არსება“ საზოგადო სიტყვაა. „არსება“ სულიერიც იქნება და უსულოც, ხორციელიც და უხორცოც, ხილულიცა და უხილავიც, „ცხოველი“ კი მარტო სულ-დგმულსა ჰქვიან და ხორც შესხმულს. ვინც ჩვენ ცხოველ გვყო, იმას ცხოველ-მყოფელს ვეძახით. მაგალითად: „ჯვარი ცხოველმყოფელი, ღმერთი ცხოველმყოფელი“ და სხვა - და მაშასადამე, სიტყვა „ცხოველი“ კაცისათვის აღარ უნდა იყოს საუკადრისო. - მართალია, მდაბიო ლაპარაკის დროს ჩვენ სამ სიტყვასა ვხმარობთ კაცის შესახებ: არსებას, ქმნილებას და ცხოველს. ამ სიტყვებს თავთავისი შესაფერი დრო და ადგილი აქვსთ. მაგალითად: როცა ვაქებ-ვადიდებთ კაცს, მაშინ ვამბობთ: კარგი ქმნილება და კარგი არსებაო, როცა ვძრახავთ და ვაძაგებთ, მაშინ კი ცხოველობით ვიხსენიებთ და ვამბობთ: ეს კაცი ცუდი ცხოველიაო. იმ ჩემ ზემო მოყვანილ ფრაზებში მეც გაკიცხვით კაცს ცხოველს ვადარებდი და მაშ „არსება“ როგორ-ღა მეხმარა. ესეც უნდა გამორიცხოს ათიდან ბ-მა კრიტიკოსმა.
მესამე. მე ვწერ: „უკეთესი ცხოველი, ვირი და ძაღლი, ორივე ამოუჩემებია“ და სხ. ეს უკვირს კრიტიკოსს და ამბობს: „ამას მოსამზადებელ კლასის მოწაფეც კი დაიწუნებსო“. ეს რა საბუთია. მოწაფე კი არა თვით დიდი მოძღვარი იაკობიც კი წუნობს, მაგრამ შემცდარია!
ცხადია, იმან მხოლოდ ერთი სიტყვა იცის: „ათვალწუნება“ და თუ „ამოჩემებაც“ იმავე „ათვალწუნებას“ ნიშნავს, მაგრამ უფრო მნიშვნელობით, აღარ ჰგონია და ეს რა ჩვენი ბრალია. აგრეთვე არ ცოდნია ისიც, რომ სიტყვა: ჭკვიანიც არის და ჭკვიერიც, გონებიანიც და გონიერიც, ღონიანიც არის და ღონიერიც, გულის ხმიანიც და გულისხმიერიც და სხვანი. - მეოთხე. მე მიხმარია: „თავის დღეში არ დაივიწყებს“. ის ოხუნჯობს: „ფეხის დღე რომელიაო“. უნდა „თავისს“ იყოსო, ე.ი. ორი სანით უნდა დაიწეროსო. მართალია! ეგ ჩვენც კარგად ვიცით, მაგრამ ერთი „ს“ კეთილხმოვანებისათვის არის გამოტოვებული, რომ „სსსსი“ არ გამოვიდეს და ყურში არ გვისისინოს. ამას ენის სიკეთე თხოულობს და კანონიერიც არის. დაცინება სრულიად უსაფუძვლოა!.. „ფეხე-ბის დღე რომელიღააო“? ის დრო, როდესაც თავის მაგიერ ფეხები მუშაობენ და უმეც-რებას თავი მოაქვს! მეხუთე. „ძაღლი პატრონის საფლავზე დაკვდომოდეს“. მე ეს ასე არ მიხმარია. აი, ჩემი ფრაზა: „ძაღლი პატრონის საფლავს ზედ დაკვდომოდეს“. აქ სტამბის უბრალო შეცდომაა. რომ სიტყვა: „საფლავს“ და „ზედ“ გადაუბამს. ამ გვარივე კორექტურული შეცდომაა, „ეს გამოურკვეველის შურით მოსდით“. აქ უნდა იყოს გრამატიკულად „გამოურკვეველით შურით“, მაგრამ ამავე კანონის ძალით პირველ სიტყვას ეკვეცება „თ“ და გამოდის „გამოურკვეველი შურით“. ეს კანონი ჩვენა გვაქვს „კვალში“ ახსნილი და, მაშასადამე, აქ ასო „ს“ კორექტურული შეცდომაა, - ისე როგორც თვით კრიტიკოსის სიტყვებში «в одну и тужe»-ს ნაცვლად «в одну и тожe» წერია. ეს წვრილმანი ადვილი გასაგები იყო. მაგრამ... მაგრამ გულის წყრომის დროს კაცს ბევრი რამ წამოუდგება.
ყველაზე უფრო გაჰკვირვებია და გაუზვიადებია სიტყვა „სწორი“. „სწორე უნდა იყოს ნახმარებიო“ ამბობს... ფე! ეს სწორეთ ბატონური ბრძანებაა: „მუხას ვაშლი ასხიაო!“ ჩვენ ვიცით, რომ ქართულში არის სიტყვა: სწორი, მრუდი, გრძელი, თხელი, სქელი და არა სწორე, მრუდე, გრძელე, თხელე და სხვ. თუ სახელი არსებითად გადავქენით, მაშინ კი იხმარება: სისწორე, სიმრუდე, სიმართლე და სხვანი... თვარა ისე ზედშესრულად „სწორე“ და „მრუდე“ რომ ვიხმაროთ უკანონობა არის. მართალია, ზოგან ქართლში ხმარობენ „სწორესაც“, მაგრამ ეს ხომ ნაძალადევი კანონია და საბუთად არ გამოდგება. ეტყობა, ბ-ნი იაკობი სულ სხვა აზრისაა, თვარა ის რომ მნიშვნელობას აძლევდეს საქართველოს სხვა კუთხეებსაც, გარდა ქართლის ერთ კუნჭულისა და ძველ წიგნებსაც უჯერებდეს, მაშინ სხვების ნამდვილ ქართულს წუნს აღარ დასდებდა და თავის საკუთარ ჩიქორთულზედაც ხელს აიღებდა.
დასასრული უნდა აღვიაროთ, რომ ჩვენ დიდი პატივისმცემელი ვართ ბ-ნ იაკობ სიმონიძის და მისი დამდაბლება, დაჩაგვრა, მორიელსავით კბენა და დაბრიყვება ჩვენთვის სასიამოვნო არ არის. ჩვენ მხოლოდ ერთი სიტყვა შევნიშნეთ და არ გვეგონა, თუ ასე საწყენად დარჩებოდა! კიდევ მადლობა ღმერთს, თვარა ჩვენ მეტსაც ვაპირებდით: „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ გარჩევას და მაშინ ხომ სულ დავიღუპებოდით!.. ვინ იცის რას არ დაგვწამებდა!.. ახლა კი ღმერთმა მშვიდობა მისცეს იმასაც და მის ენასაც.
(კვალი, 1894 წ., №30)
![]() |
3.12 „მოამბის“ საპასუხოდ |
▲ზევით დაბრუნება |
შური, მტრობა, ცილისწამება და დევნა, არც ერთი, იმ თავიდანვე არ დამკლებია, მაგრამ, მადლობა მოთმინების მომნიჭებელს, არც ერთხელ მათ საპასუხოდ არ მომიცლია!.. „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“ ე.ი. შორს ვერ წავა და დიდხანს ვერ გასტანსო!.. ჭეშმარიტია. ხანგრძლივი და საბოლოო მხოლოდ სიმართლეა. - „ხმა ღვთისა და ხმა ერისაო“. რომ იტყვიან, ეს იმ წამიერ ღაღადს კი არ ნიშნავს, რომელსაც ფარისევლური უსამართლობა ზოგჯერ გამოიწვევს ხოლმე!... არა!.. იმ ხმას, რომელსაც გულდამშვიდებული ერი საბოლოო მსჯავრად სდებს და საშვილიშვილოდ გადასცემს ხოლმე. ამას ისტორიაც გვიმტკიცებს: უკეთესი მამულისშვილები სიცოცხლეში თანამედროვეთაგან გაკიცხულან, დევნულან და წამებულან, მაგრამ ბოლოს კი იმავე ხალხს სიმართლე აუდგენია და „ხმა ერისა“ „ხმა ღვთისად“ გამხდარა. - არავინ იფიქროს, რომ ჩემს თავს იმ დიდებულ მამულისშვილებს და მოღვაწეებს ვადარებდე!.. მე მხოლოდ მოთმინების მაგალითს ვიღებ მათგან და რაც უნდა ითქვას ჩემ საპირადოდ პასუხის გამცემი არა ვარ. იმათ ძრახვასა და ცილისწამებას რომ ავყვე და გამოუდგე, მაშინ თვით მე რაღა უნდა გავაკეთო და ან სადღა დამრჩება დრო. უსა-ფუძვლო მიმოთქმა თავის-თავადაც გაქარწყლდება!. მაგრამ სულ სხვა არის, როდესაც საერო სამსჯავროში საჩივარი შეაქვთ და ზედაც ყალბ საბუთებს ურთავენ; მაშინ გაჩუმება მოუხერხებელია და ბრალდებული ძალაუნებურად უნდა გამოვიდეს საპასუხოდ. - სწორეთ ამგვარ მდგომარეობაში მაყენებს მე დღეს ჟურნალი „მოამბე“, რომელსაც თავისი უკანასკნელი „სალიტერატურო შენიშვნები“ საბრალდებულო ოქმად შეუდგენია ჩემ შესახებ და საქვეყნოდ მამტყუნებს, რომ მე: 1) ინტელიგენციას უმიზეზოდ ვესაყვედურები, 2) ჩემი „სიტყვებით“ ჩვენს გამოჩენილ და სასიქადულო მიცვალებულებს შეურაცხყოფას ვაყენებ; კუბოშიაც კი აღარ ვასვენებ და ვაბრუნებ, 3) ხალხს ლაფს ვასხამ, 4) უსაქციელო რამეებსა ვქადაგებ და 5) საძაგლობას და მექრთამობას ხელს ვაფარებ. - ამის დასამტკიცებლად საბუთიც წამოუდგენია, მაგრამ რადგანაც ის საბუთები სიმართლეს მოკლებულნი არიან და სიყალბით გადასხვაფერებული, აღარ შემიძლია, რომ გავჩუმდე და თავი არ ვიმართლო.
ეს ერთი ხანია, ზოგიერთების შურისძიებამ და დევნამ ჩემდამო იმდენზე მიაწია, რომ ჩვეულებრივ ცილისწამებასა და გადასხვაფერებას რომ აღარ მაკმარებენ, თვით ჩემ ნაწერებსაც კი აუკუღმართებენ: წაკვეცენ თავს, აწყვეტენ ბოლოს, შიგა და შიგ თავის საკუთარ სიტყვებს შეაპარებენ ხოლმე და მერე, ვითომ გულწრფელად და არა მანკიერად, გაიძახიან: „ვაი, ეს რა ამბავია?!.. რაებსა სწერს? რას გვიქადაგებსო?“ და სხვანი!.. ამის სანიმუშოდ ჩვენ ავნიშნავთ ურიცხვ საბუთებიდან მხოლოდ რამოდენმეს: 1) შარშან სათავადაზნაურო შკოლების გამო ერთი „ვაი-უშველებელი“ ატყდა. ზოგიერთები ამტკიცებდენ, რომ შკოლა ვერ გვაკმაყოფილებს! რომ ვფიქრობდით და გვინდოდა, მისთანა ვეღარ გამოდგა და ამიტომაც საჭიროა მაგისი წესდება შეიცვალოს და შკოლა გადაკეთდეს, გადასხვაფერდესო. საყვედურმა შკოლისადმი იქამდე მიაწია, რომ სახალხოდ წამოთქვეს: „თუ ეგ შკოლა დარჩა, თქვენ ნახავთ, რომ თქვენი შვილები, მაგ სასწავლებლიდან გამოსულები, დამნაშავეთა სკამებზე ისხდენ და ციმბირისაკენ მიემგზავრებოდენო“. ამგვარმა რამეებმა საქმე გაამწვავეს და ორივე მხარე თავგამოდებული იყო. - მე რა მომაფიქრებიებდა, თუ აქაც პირადობა იყო და ზოგიერთები საქმეს სულ სხვა განძრახვით აჭახრაკებდენ. ჩავერიე გულწრფელად, რჩევა მივეცი კრებას, რომ შკოლის წესდებას ნუ შეეხებით, თვარა მაგასაც დავჰკარგავთ და სამაგიეროს მაგ გვარს ვეღარას მივიღებთ-მეთქი. ეს ჩემი სიტყვა სიმართლის მოყვარე რაინდებმა, იქვე გადაატრიალეს თვალსა და ხელს შუა, მიუბრუნდენ ხალხს და ეფიცებოდენ: „ვინც სკოლის წინააღმდეგი ხართ, ყველას მოღალატეს გეძახისთო“. ამით დიდი უსიამოვნებაც გამოიწვიეს. სიტყვიერი გადაუკუღმართებას რომ აღარ დაჯერდენ, ბეჭვდითაც რამოდენჯერმე გაიმეორეს და შეუპოვრად მამტყუნებდენ. - გაიარა ერთმა წელიწადმა და მეორე კრებაზე რა ვნახეთ? შარშანდელი მოწინააღ-მდეგეები შკოლას ესარჩლებოდენ და ამტკიცებდენ: „ჩვენ ტყუილს გვწამებენ, თვარა არაოდეს წინააღმდეგი არა ვყოფილვართო!“ ხელი დააფარეს შარშანდელ პროტო-კოლებსა და გაზეთების ფურცლებს, სადაც თავის აზრსა და სურვილს, არა თუ ჰფარავდენ, პირაქეთ ჩვენ გვესაყვედურებოდენ „როგორ ბედავთ სკოლის გამოსარჩლებას და გვეწინააღმდეგებითო!“ ასე გასინჯეთ, რომ ერთი პატარა პარაგრაფის შეცვლის შესახებ, სწორეთ ის აზრი, ის სიტყვებივე გაიმეორეს, რომლისთვისაც მე შარშან ჯვარს მაცვეს. თუ შარშან ისინი მართალი იყვენ და ჩვენ ვტყუოდით, ანუ ვცდებოდით, მაშ ახლა ისინი ტყუიან?.. ან იმ თავით უნდა იყონ მტყუანი და ან ამ თავით... ეს ცხადია, მაგრამ ისინი კი ასე არ ფიქრობენ - მაშინაც მართალი ვიყავით და ახლაც მართალი ვართო!. აქედან რა გამოდის. ის რომ იმ დალოცვილებს, მხოლოდ ის მიაჩნიათ სიმართლედ და ქვეყნის სასარგებლო ჭეშმარიტებად, რაც მათთვის პირადათ სასარგებლო და გამოსადეგია. შკოლის შესახებ ჭეშმარიტება და სიმართლე თუმცა ყოველთვის ერთი და იგივეა, მაგრამ შარშან სხვა პირობა იყო მათთვის და ახლა კი სულ სხვა; რადგანაც შკოლა და შკოლის საქმე ხელსახოცად და პირბადედ გაუხდიათ და როგორც ნებავთ ისე ატრიალებენ, ალბათ შარშან ისე უჯობდათ და წლეულს კი ასე!.. ეს ისეთი ნათელი საქმეა და ადვილი წამოსადგენი, რომ თავის გასამართლებლად კრინტსაც ვეღარ უნდა სძრავდენ ის ვაჟბატონები, მაგრამ ნათქვამია: „სოფელი ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხო“. იციან რომ შერ-ჩებათ, რაც უნდა ჩაიდინონ და ნამეტანი თავგასულობით, თითო-ოროლა მოწინაღმდეგეებსაც დედა-მიწასთან ასწორებენ.
2) ერთხელ „კვალში“ წარმოვთქვი, რომ „ჩვენში ყველა ნიჭიერია, მაგრამ ცოდნა და შრომის მოყვარეობა გვაკლია-მეთქი“. ამას მოავლეს ხელი, გადაასხვაფერეს და გაზეთებში დიდხანს კიჟინას მცემდენ: „აკაკი ამბობს: რადგანაც ჩვენში ყველა ნიჭიერია, სწავლა და შრომა საჭირო აღარ არისო და სხვანი“. დიდხანს მიკიჟინეს: ზურნა დაუკრეს, კინტოურს უვლიდენ და თანაც მეკითხებოდენ: „აბა, სად არიან და ვინ არიან ის ნიჭიერებიო, რაცა ვართ, სულ აქ არა ვართო. ჩვენს მეტი ვინღა დარჩაო?“ და სხვანი.
3) ჩემი ლექსები რომ გამოიცა, იქიდან ამოგლიჯეს ერთი პწკარი და ქვეყანას არწმუნებდენ: აკაკის საქართველო სძულს და ეზიზღებაო. ასე ამბობსო, რომ „ფურთხის ღირსია საქართველოო!“
ბარათაშვილის დასაფლავების გამო რომ ვთქვი: გვირგვინში დიდი ფასის გადაყრას, ისა სჯობია, რომ გვირგვინები იაფფასის გავაკეთებინოთ ხოლმე და ფულები კი ფონდისთვის გადავდვათ-მეთქი, აი, ეს როგორ გადააკეთეს: „აკაკი თხოულობს, რაც მერგებოდეს, სიცოცხლეშივე დამიხურდავეთ და მომეცითო, სიკვდილს შემდეგ აღარა მინდა რაო“ და სხვანი... ეს მოაჭორეს და ამიგდეს სასაცილოდ!.. მაგრამ გულში კი თვითონაც გრძნობდენ, თუ მე რა მინდოდა საზოგადოდ და ან კერძოთ იმათთვის, რა უნდა მეთქვა. აი რა: „მე თქვენ არა თუ სიცოცხლეში, სიკვდილს შემდეგაც ამის მეტს არას გთხოვთ, რომ თავიდან მომშორდეთ და ჩემი საფლავის სიახლოვესაც არ გაიაროთ, რადგანაც ფარისევლობა ყოველთვის მეჯავრებოდა“.
4) ყაზბეგის დასაფლავების დროს სხვათა შორის ეს ვთქვი: „უმჯობესია მოღვაწეებს სიცოცხლეშივე მივაქციოთ ხოლმე ყურადღება, ვიდრე სიკვდილს შემდეგ! ვინ იცის, ეგება ახლაც გაჭირვებაში იყოს ვინმე ნიჭიერი, არა ნაკლები ყაზბეგისა და ჩვენ კი, სანამ არ მოკვდება, ვერ გავიგებთ-მეთქი“ (აქ მე ავადმყოფი ნინოშვილი მყავდა მხედ-ველობაში). ესეც იუცხოვეს, მაგრამ გულში კი მოხვდათ და მეორე დღესვე ფონდიდან თვიურად 15 მ. დაუნიშნეს ნინოშვილს!.. ეს მხოლოდ ნამუსის გამოსაწმენდათ მოხდა, თვარა კარგად იცოდენ, რომ დიდ ხარჯში არ შევიდოდენ, რადგანაც მაშინ ნინოშვილი უიმედოთ იყო. აი, რას იწერებოდა საბრალო: „გმადლობთ, მაგრამ ეს შესაწევარი ცოტა დაგვიანებული არისო: მე დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებო“ და მართლაც მალე მიიცვალა. მაშინ კი, რასაკვირველია, ჩვენი მოწინააღმდეგენი წავიდენ გურიას, გვირგვინი წაიღეს და სიტყვა უთხრეს მიცვალებულს, სიტყვით სიტყვად ის გაიმეორეს, რაც ჩვენ ყაზბეგის შესახებ ვსთქვით!.. მაგრამ გამოდგა, რომ იმათ ნება არ ჰქონდათ, იმგვარი რამე რომ ეთქვათ, და განსვენებულის ამხანაგებმა ფარისევლურად ჩამოართვეს და საყვედურებით გამოისტუმრეს. ეჰ, რომელი ერთი ვთქვათ?!
უმჯობესია გადავიდეთ პირდაპირ „მოამბეზე“ და გავიხილოთ მისი კრიმანჭული საბუთები.
მე რომ ერთ გვარ ინტელიგენტებს თუთიყუშებს, კაჭკაჭებსა და ფარისეველებს ვეძახი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით საზოგადოთ, მთელს ინტელიგენტობას შეურაცხყოფას ვაყენებდე.
როდესაც ხალხს ერთი მოციქული, ან წინამორბედი ვინმე მოევლინება ხოლმე, მაშინ იქ, იმავე დროს, მრავალი ცრუ მოციქულ-წინამორბედებიც გამოდიან ხოლმე.
სადაც ერთი გმირია, იქ ათასი ნაცარქექიაა. - რომ ვიანგარიშოთ ერთ ნამდვილ ინტელიგენტზე, ათი და ოცი მოჩვენებული, ე.ი. ცრუ და ყალბი ინტელიგენტი დაგირჩება ხელში. ეს საზოგადო კანონია და რასაკვირველია, ამ კანონს ვერც ავცილდებოდით!.. ჩვენშიაც არიან როგორც ნამდვილი, ისე ყალბი ინტელიგენტებიც. ჩვენდა სამწუხაროდ, ცხოვრებას ისე მოუტანია, რომ ის ნამდვილი მუშა-ინტელიგენტები ღობეს გადაღმა რჩებიან და ქვეყნის თვალში არც სჩანან, მაშინ როდესაც ყალბები კი, თვალსაჩინო ადგილზე გამოჭიმულან, როგორც მეთაურები და გარსაც მონებსა და ყურმოჭრილ ყმებს შემოიკრებენ ხოლმე. ჯერ არც ერთი საზოგადო საქმე არ დაწყებულა ჩვენში, რომ ინიციატორებად და საქმის გამხორციელებლად ის ღობეს გადაღმა დარჩენილები არ ყოფილიყონ. - მაგრამ, ნათქვამია: - სახლი რომ აშენდება, ყველაზე პირველად შიგ ბუზები შეფრინდებიან და დაისადგურებენო! თაღლითები როგორც კი დაინახავენ დამთავრებულ საქმეს, აქა და გამოსარჩენი და გამოსაჩენი რამ არისო, მიცვივდებიან, ჩაავლებენ ხელს და ეპატრონებიან, ნამდვილი მოღვაწეები კი გარეშეთ რჩებიან. მაგალითად ავიღოთ დ. ყიფიანი! იმისი საქმე არ არის „ბანკი“, „წერაკითხვის საზოგადოება“, „დრამატიული საზოგადოება“, „შკოლები“ და სხვანი. ეს ვინ არ იცის, მაგრამ ის კი ყველა ამ ადგილებიდან ბოლოს გამოძევებული შეიქმნა! ისევე შეგვიძლია, რომ სხვებზედაცა ვთქვათ. - აბა, გადავავლოთ თვალი ჩვენ პატარ-პატარა დაწესებულებათ, ვინ არიან აქ შინა კაცებად. მისთანები, რომელთაც არც წარსულში რამ მიუძღვით, არც მომავლისათვის რასმე გვიქადიან და აწმყოშიაც, თუ რასმე წაახდენენ, თვარა ვერას გააკეთებენ. - რა მიზეზია ეს? ნამდვილმა, მუშაკებმა რა დააშავეს, რომ უნიჭოებმა თავზე გადაალაჯეს. ის რომ ვისაც ნიჭი აქვს და თავის-თავის იმედი, სხვის ბატონობას ვერ აიტანს და ვერა ვის დაემონება!.. სწორედ იმ გვარი ყალბი ინტილიგენტები არ მომწონს მე! იმათ ვკიცხავ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითომც საზოგადოდ ინტელიგენციას ვდევნიდე. ჩვენ ვინც მიგვაჩნია ნამდვილ ახალ თაობად და ჭეშმარიტ ინტელიგენტად, იმას ვერ ხედვენ, ანუ უკეთ ვთქვათ, თვალს არიდებენ „სალიტერატურო შენიშვნების“ შემდგენელნი და ვისაც ჩვენ წუნსა ვდებთ, იმას კი ხელს აფარებენ და მარტო ისინი მიაჩნიათ წარმომადგენლებად!.. დეე, მკითხველმა გაასამართლოს, ვინ სტყუა ჩვენში და ვინ არა.
ბარათაშვილისა და ყაზბეგის დასაფლავების დროს რომ სიტყვები ვთქვი, მაშინ რა შეურაცხყოფა მივაყენე ვისმე და როგორ? ნუ თუ, მართლა, ნება არა მქონდა, რომ მესაყვედურებია სხვებისთვის ზოგიერთი რამ. „არაო!“ ბრძანებს „შენიშვნის“ ავტორი: „რა თანაგრძნობა და რა შემწეობა უნდა საზოგადო მოღვაწესო. ყოველ ბიჯის გადადგმაზე ხომ ქების ტაშს ვერ დაუკრავთ და მილიონებს ხომ ვერ მივართმევთო. საკმაოა, რომ მათ ნაშრომს ჩვენ არა ვწუნობთ და მათ ნაწერებს ვკითხულობთო! ამაზე მეტს არც ისინი ითხოვენ და არც საკადრისი იქნება, რომ საზოგადო მოღვაწემ საყვედური და სამდურავი გაივლოს გულშიო. ისე ჩუმათ უნდა იტანჯოს და ის არის კარგიო! ამას ადამიანის ზნეობითი ფაქიზობა მოითხოვსო“;
ყველა ამაების საზოგადო საპასუხოთ აი, რას მოვახსენებთ ჩვენს „შენიშვნის“ ავტორებს:
იყო ერთი ი. დავითაშვილი მშიერ-მწყურვალი, შიშველ-ტიტველი და დღიური ლუკმის მონატრული. დღიურ ლუკმასაც იმიტომ ნატრობდა, რომ საზოგადოებისადმი რამე სამსახური გაეწია. - ბოლოს იქამდი მივიდა, რომ ამბობდა; ნეტავი სტოროჟის ადგილს ვიშოვიდე ან ბანკში, ან სხვაგან სადმეო!.. ან თეატრში მეფარდობასაო, რომ დღეში ათი შაური მექნეს, ის ვიკმარო და ჩემ ხელობას გულდამშვიდებით შეუდგეო! ეს ნატვრა საფლავში ჩაჰყვა!.. ვერსად ვერას გახდა; ყველა საცინლად იგდებდა!.. თანაგრძნობით ეპყრობოდენ მხოლოდ მისივე მზგავსი ღარიბი მუშები და თავის ღარიბ ლუკმაში წილს უდებდენ ხოლმე, მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ იქნებოდა!.. იმ ღარიბების ხელშივე მოკვდა და იმათ უჭირისუფ-ლეს. - სიკვდილის შემდეგ კი აყაყანდენ ბობოლა-ინტელიგენტები: შეიქნა ზარის რეკა, პანაშვიდები, სიტყვები; ხან მზეს ადარებდენ და ხან მთვარეს!.. ბიჭოს!.. - თუ მართლა ქვეყნისთვის სასარ-გებლო იყო, რატომ სიცოცხლეშივე არ მიაქციეს ყურადღება. რატომ არ უპატრონეს, რომ ეცოცხლა და მეტი სარგებლობა მოეტანა ქვეყნისათვის. და თუ არა, ახლა რაღაა, რომ ძეგლისათვის ფულებსაც ჰკრეფენ? ალბათ შეუნანებიათო! ეგება თქვას ვინმემ. კეთილი! მაგრამ სინანული მაშინ არის კარგი, როდესაც მეორედ აღარ ჩავარდები იმავე შეცდომაში და ჩვენ კი ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებთ!.. აქ სინანული კი აღარ გამოდის, - მხოლოდ თვალთმაქცობა! ნინოშვილის გაჭირვებული მდგომარეობა ვინ არ იცოდა. ავადმყოფი იძულებული იყო, საფილოქსერო პარტიაში აქა-იქ თრეულიყო დღიური ლუკმისათვის! წამლის ფასი არა ქონდა.
ამ მოღვაწეზე მე აღარას ვიტყვი, რადგანაც ბ-ნ ცხაკაიამ დაგვიმტკიცა, თუ როგორ გლეჯდენ ლუკმას პირიდან და სიკვდილის შემდეგ კი გვირგვინებს ადგამდენ თავზე, აქაოდა ჩვენი თავი ქვეყანას დავანახვოთო!.. აგრეთვე ყაზბეგი! - ვინ გამონახა ის, ვინ გამოიყვანა საზოგადო ასპარეზზე. იმ წრემ, რომელიც დღეს ღობეს გარეთ არის დარჩენილი იმათ უპატრონეს, უჭირისუფლეს, სამი წელიწადი ამზადეს, ნიჭი რომ შეატყვეს, სანამ წერას დაიწყებდა, და გაჭირვებაშიაც ეწეოდენ სანამ „დროება“ არ დაიხურა. - ის მეორე წრე კი, რომელსაც „შენიშვნების“ ავტორები ექომაგებიან, მარტო მხოლოდ მის ნაწერებს კითხულობდა და ცნობით ვერც კი იცნობდა, რომ უნდოდა ისე. მაგრამ, უკაცრავად, რას ვამბობ. როგორ ვერ იცნობდა და როგორ არ იცოდა მისი გაჭირვება, რომ ერთხელ იმათ ყაზბეგმა, პატარა მინანქრიანი სახარება მიუტანა და უთხრა: „უცხოები ამდენსა და ამდენსა მაძლევენ ამ სახარებაში, მაგრამ მე არ მინდა, რომ ჩვენ დაგვეკარგოს, თქვენ იყიდეთ ნახევარ ფასადო!“ რა პასუხი მისცეს გაჭირვებულს. ვაჭრობა დაუწყეს ურიასავით და ბოლოს სამ თუმნათ დაიგირავეს, დაგვრჩებაო. ამას შემდეგ რა პირით გვეკითხებიან: „არ ვიცით, ვერ გაგვიგია, რა თანაგრძნობა და შემწეობა უნდა საზოგადო მოღვაწესოთ. ყოველ ბიჯის გადად-გმაზე ხომ ქების ტაშს ვერ დაუკრავთ და მილიონებს ვერ მივართმევთო“. ქების ტაში, ვაშას ძახილი და სადღეგრძელოები მაშინ არის სანატრელი, როცა მოღვაწეს დღიური ლუკმა არ აკლია და პატივცემულია, თვარა ერთხელ რომ ტაში დაუკრა, ასჯერ კი კისერში წაჰკრა, ერთი დღე ლხინი გაუმართო და ექვსი დღე კი კვირაში მშიერი იყოს, ეს თანაგრძნობაა? არა, ბატონო, საზოგადო მოღვაწისათვის, არც ტაში და არც მრავალჟამიერია საჭირო და არც მილიონი. - მათთვის საკმაოა, მხოლოდ სამართლიანი თანაგრძნობა და დღიური ლუკმა, მაგრამ ჩვენ კი ორივეს ხელიდან ვაცლით!.. თანაგრძნობის მაგივრად, ცილისწამებით და ლანძღვით უსივებთ გულ-ღვიძლს და ლუკმა პურის საშოვნელად რომ მიდიან, წინ ვეღობებით, - „ხალხს რად ასხამ ლაფს. ხალხმა რა იცის ვინ არიან და სად არიან მოღვაწენიო“. მართალი არის!.. ხალხს არც არავინ ამტყუნებს: ისინი მინდობიან მოწინავე, მეთაურ-ინტელიგენტებს და რასაც ურჩევენ, იმას ასრულებენ. - ხალხის ბრალი სრულიად არ არის თუ ისინი ხშირად მოტყუებული რჩებიან და მგლებს კრავებად მიიღებენ ხოლმე. - „არც ერთი ნამდვილი მოღვაწე საყვედურს არ დაიწყებს და არ იტყვის მიჭირსო. ამას ზნეობითი სიფაქიზე მოითხოვსო“ - ბრძანებენ. მართალი არის მაგრამ როდესაც, ის მოღვაწენი გაჭირვების გამო, იმ საქმეს, რომლისათვისაც თავსა სდებენ, ვეღარ აკეთებენ, უკვდებათ გული თუ არა? განა თავის ტოლ-მახლობლებს არ შეჩივიან ხოლმე. აბა მოიკითხეთ იმათ წრეში და მაშვინ შეიტყობენ! და თუ მათდამი ვერ მიუღწევია მათ კვნესას, ეს ვისი ბრალია. დალოცვილებმა ის თუ კი იციან: ბედნიერები როდის იცინიან, რაზე და როგორ, ის კი რატომ ვეღარ შეუტყვიათ, თუ გაჭირვებულები როდის ტირიან, რის გამო და რაზე? - აი, ეს აზრი გამოვთქვი მე ყაზბეგის დასაფლავების დროს და ამით მკვდარი კი არ გადავაბრუნე კუბოში, ზოგიერთ ფარისევლებს მივათითე და ვჰკითხე: „დღემდე სად იყავით, რომ დღეს ჭირისუფლობას ჩემულობთ მეთქი“. ეს არ უნდა სწყინდეს იმას, ვისაც თავი მართლად მიაჩნია!.. ქვეყანას ის ასხამს ლაფს, ვინც თვალს უხვევს და ატყუებს და არა ის ვინც ცდილობს თვალი აუხილოს და სიმართლე დაანახვოს!.. ახლა შეგვიძლია ვიკითხოთ: რა მიზეზი იყო და რა დიპლომატობა, რომ ჩვენი სიტყვები გადააუკუღმართეს და ყალბ საბუთად წარმოუდგინეს მკითხველებს? დიდი არაფერი!.. მხოლოდ სიტყვის ბანზე აგდება და „წყალი გამოღმა შემოცილება, რომ წყალ გაღმა დარჩენოდესთ“. - ხშირად დამნაშავე გარბის ხოლმე ხალხში და მიჰყვირის: არ გაუშვათ, დაიჭირეთ, დამნაშავეო! და სხვანი...
ესეები ყველა არაფრად გამოჩნდება შედარებით იმ ერთ დიდ ცილისწამებასთან, რომელიც საბუთად წაადგინეს და დააკანონეს კიდევაც თვითონვე. მე ვთქვი: ძველად საზოგადო საქმე თუ სადმე მიუწოდებდა ჩვენ ძველებს, ისინიც მზათ იყვნენ წასულიყვნენ. ფარხმალი მზათ ჰქონდათ და ცხენიცა ჰყავდათ! და თუ ვისმეს არ ეყოლებოდა, მეზობლისაგან ინათხოვრებდა. დღეს ცხენი რკინის გზის ბილეთად გადაიქმნა და ვისაც კი შეძლება არა აქვს, რომ ის ბილეთი იყიდოს, ვალდებულია მეზობლისაგან აიღოს ვალი, იმას დაესესხოს და საქმეს კი მაინც არ ჩამორჩეს. უნდა უთუოდ ადგილზე მოვიდეს, რომ ყოლიფერი თავის ყურით მოისმინოს, თავის თვალით ნახოს, თავის ჭკუით გადასჭრას: სად არის სიმართლე და სად არა; და სხვების აყოლით კი საქმე არ წაახდინოს; „ესაო, - ბრძანებენ კრიტიკოსები - პირდაპირი მისი თქმაა, რომ ქრთამი აიღეთო!“ დიდება შენს სახელს, ღმერთო! ნუ თუ მართლა ნათლად არ არის ჩემ სიტყვებში ის გამოხატული, რისაც თქმა მინდოდა. სასაცილო ის უფროა, რომ ამ კრიტიკოს-ფარისევლებს ზოგიერთები კაჭკაჭებივით აჰყვენ და იმათ სიტყვებს იმეორებენ.
„მართლა, აქ სულ სხვა არის ნათქვამი, მაგრამ გულში კი სწორეთ ისა ჰქონია დამწერს, რასაც ჩვენ ვამტკიცებთო“. გაიძახიან ის ვაჟბატონები. მოდი და ახლა მათ ელაპარაკე! სხვები ამბობენ, „უდროო დროს ითქვა და საფიქრელი იყო, რომ ბევრი უკუღმა გაიგებდაო!“ ფიიიე! მაშ ჭეშმარიტება მის დღეში ვეღარ თქმულა! როდის ყოფილა და რომელი ჭეშმარიტება, რომ მოწინააღმდეგე არ ყოლოდეს. რომელი სიყალბე ყოფილა, რომ მომხრეებიც არ ეშოვნოს... სახარების სიტყვებსა და მოციქულთა ქადაგებას სულ სხვანაირად ხსნიდენ ფარისევლები და მაშ აღარ რა უნდა თქმულიყო? პირველ საუკუნოებში კერპები განძრახ აუწმინდურებდენ ქრისტიანების დოღმატს და მაშ ქრისტიანობაც უნდა შეფერხებულიყო? - მე ჩემ იმ ზემომოყვანილ სტატიაში, მოქრთამობის და სიყალბის წინააღმდეგ ვწერდი და ესენი კი მიმტკიცებენ „ქრთამის აღებას ურჩევს ქვეყანასო“... ვიშ! რა დასაჯერებელია!.. მაგრამ ეგება მართლა, როგორც საწყალსა და უმანკო ხალხს არ ესმოდესთ იმ ვაჟბატონებს, თუ რა არის ქრთამი. მაშინ ვალდებული ვართ ჩვენ ავუხსნათ.
მე რომ ვისთანმე მივიდე და უთხრა: „წინააღმდეგ ჩემი რწმუნებისა მოგეხმარები საქმეში, მაგრამ ამდენი და ამდენი სასყიდელი მომეცი-მეთქი!“ იმანაც მომცეს, ე.ი. მომიყიდოს, და მეც ავიღო.. აი, ამ საძაგლობას ქვია ქრთამი; ეს ყველამ კარგად იცის და ჩემმა მოწინააღმდეგე ვაჟბატონებმაც იციან, მაგრამ, რომ ქრთამი ამას გარდა კიდევ მრავალგვარია, იმაზე კი აღარას ამბობენ!.. მაგრამ, პირიქით, ჩვენ დავეკითხე-ბით: 1) ერთი კაცი რომ ვისმე ემტერებოდეს, გუშინ ელანძღოს და ხვალაც კიდევ, იმედია, გალანძღოს, მაგრამ დღეს კი ესარჩლებოდეს იმ აზრით, რომ მისგან ფული ისესხოს და ან ვექსილზე ხელი მოაწერიოს, ქრთამია თუ არა? 2) კაცი სხვა კაცისაგან პროტექციას გამოელოდეს და იმ განძრახვით, რომ მოვიმადლიერო, ის აქოს და მისი უსიამო ვინც არი, აძაგოს, ქრთამია თუ არა? 3) რამე გამოსარჩენ ადგილს რომ ელო-დეს, ქრთამია თუ არა? 4) უნცროსმა რომ შიშის გამო უფროსის ნება შეასრულოს, ქრთამია თუ არა? 5) ლამაზმა ქალმა რომ გთხოვოს: „თუ გიყვარვარ, ამადაამ კაცს მოეხმარე! ესადაეს საქმე ასე გააკეთე შენი რწმუნების წინააღმდეგი“ და შენც პატარა ხათრი გაუწიო ამ ლამაზს, ეს ქრთამი იქნება თუ არა?.. ამგვარი რამეები, ბევრი გახლავსთ, მაგრამ ზოგიერთები ვალდებული არიან ამავეს ყველას თვალი აარიდონ, ვითომ ვერა ვხედავთო, და სიტყვა ბანზე ააგდონ ხოლმე. ეჰ, რაღა ბევრი ვთქვა? ყველამ იცის სად არის სიმართლე, სად არა. მაგრამ თევზისა არ იყოს, ყველას პირში წყალი უდგას.
ბოდიშს ვიხდი მკითხველთან, რომ ეს ჩემი პასუხი გაგრძელდა, მაგრამ რა ვქნა... ოცდაათი წელიწადია ცილსა მწამებენ და ჩემი პასუხიც რომ ოცდაათი წამი გაგრძელდეს, ვგონებ ბევრი არ იყოს.
(კვალი, 1894 წ., №№36, 37)
_______________
* უფრო, სტამბაშია გამოტოვებული.
![]() |
3.13 სახუმარო გასართობი |
▲ზევით დაბრუნება |
ამ დღეებში ერთი სამაგალითო სტატია დაიბეჭდა „ივერიაში“, შესანიშნავი სათაურით: „მე, პისარევი, სანდალა და კიტა“. - ტყულათ კი არ არის ნათქვამი: „სახარე ხბოს სასკორეში შეეტყობაო!“ ეს სტატია ხელმოუწერელიც რომ ყოფილიყო, მარტო სათაურითაც შეატყობდა ყველა, რომ ბ-ნს ანტონ ფურცელაძეს ეკუთვნის და სხვას არავისო; შეატყობდა მიტომ, რომ ჩვენს მწერლობაში თავისებურობა ისე არავის ატყვია, როგორც ანტონს. აგერ ოცდაათი წელიწადია, რაც ეს საოცარი და საარაკო მოღვაწე ციბრუტივით ტრიალებს და ერთი მხრიდან მეორეში შეუპოვრად გადააქ-გადმოაქვს. ჯერ კიდევ 19 წლისა იყო, რომ მხოლოდ კორპუსის მოსამზადებელ კლასიდან გამოსული, ასპარეზზე გამოვიდა და ქვეყანას მოძღვრება დაუწყო. ეგება ვინმემ იფიქროს და თქვას: მაშინ იმას რა უნდა ცოდნოდაო; და საკვირველებაც ის არის, რომ საღმრთო მადლით გამსჭვალულსა და ცისა მიერ მოვლინებულს ყოველივე დედის მუცლიდანვე თან დაჰყვა!.. აღმობრწყინდა ვითარცა ნათელი და სხივი მოგვფინა, მაგრამ ცოტა თავი ვერ დაიჭირა და გადაჭარბებით ყველას თვალი მოსჭრა!.. დაბრმავდა ქვეყანა და ვეღარა დაინახა-რა!.. ვინ არ იცის, რომ დიდი პატარაში ვერ მოთავსდება. პატარა იყო ჩვენი ქვეყანა მისთვის!.. ის რომ სხვაგან, დიდ ქვეყანაში, სადმე გაჩენილიყო, მეცხრამეტე საუკუნეს თავში მოექცეოდა მსოფლიო მოღვაწეთა შორის, მაგრამ ამ პატარა საქართველოში კი ჩიტის ამბავი გამოვიდა:
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო!
მაღლა შევდევ - გამხმარიყო,
ძირს ჩამოვდევ - დამპალიყო!..
დიდ ქვაბში რომ არ ეტია,
პატარაში არ კმარიყო!..
დიაღ! ქვეყნად მოვიდა და ქვეყანამ იგი ვერ იცნო!.. იმ თავიდან ამ ბოლომდე ყბად აღებული ჰყავს და სადაც სხვების ბამბა ჩხრიალებს, ამის კაკლის ხმაც არ ისმის, თუმცა სხვებსაც ბევრს ამტვრევს თავზე კაკლებს და თავის თავზედაც იმტვრევს!
მრავალფერი და ნაყოფიერია მაგისი ღვაწლი: ქერელ ბექას სახელით დაიწყო წერა კრიტიკისა და რამოდენიმე წლით წინა უსწრო. ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვს და პისარევს, მაგრამ ვინ დაუჯერა... ბექას მაგიერად კნინობით ბაქია დაუძახეს!.. მოწმები ჰყავს და მათ რიცხვში ერთი ნოტარიუსიც, რომ დარვინზე ადრე იქადაგა ის, რითაც დარვინმა შემდეგში თავი ისახელა და გაითქვა!.. დაამტკიცა შექსპირის უნიჭობა, მისი დროების ობროდობა და სანიმუშოთ თვითონ დაწერა დრამები: „ავაზაკები“ და „დიდი მოურავი“. უარჰყო რომანისტები და სამაგალითოდ მისცა მათ „მაცი ხვიტია“, წინა უსწრო ჩერნიშევსკის რომანს, მისი სოციალურის რომანით „სამის თავგადასავალით“.
და ბოლოს თავის თავზედაც დაწერა: „ვაი მართალთაო“. შექმნა ისტორია ისტორიისა, „ბაგრატიონთა დიდება“ გაშოლტა, რუსთველს „თამარ-ღაზნელით“ თავში ჩაუკაკუნა და სხვანი და სხვანი. რომელი ერთი უნდა მოვთვალოთ ქვეყანა შეჰყურებს ამ დევ-მოღვაწეს და ნაცვლად იმისა, რომ მოწიწებით ღაღადებდეს „მოვედინ თაყვანი ვსცეთო“, იღრიჭება და ამბობს: „ასკი კუკუ დალაქო, ჭორის გუდა დაგაქვსო“ და სხვანი... აბა ამას ჰქვია: „შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მეო“. მართალია, ჭეშმარიტება ოდესმე თავს იჩენს და სიმართლე თავისას გაიტანს: ბატონს ანტონსაც დააფასებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ მოგვითმენია, რომ ახლავე არ აღვიაროთ მისი მზეობა!.. ყოველ ამ ღირსებასთან, იმას სხვა შესანიშნავი და გასაკვირველი თვისებაც ბევრი აქვს, - მაგალითად ვერაფერს ვერ ათქმევინებ თავის თავზე!.. და თუ იტყვის, ისე, ცოტათი გაკვრით. ამოვწერთ ნიმუშებს:
სამასხაროთ მიაჩნიათ, რომ მე, 18-20 წლის ყმაწვილმა, რომელსაც კორპუსის მოსამზადებელ კლასის იქით სასწავლებელი არ მინახავს... მოკლე ბიოგრაფიულ შენიშვნებში მთელი ტრაქტატი არ დავსწერე ხელოვნებაზე.
„მაგრამ წარმოიდგინეთ ისევ მე, და არა სხვამ ვინმემ, დავწერე თითქმის მთელი ტრაქტატი ხელოვნებაზე აგერ შვიდი-რვა წელიწადია და თუ მიშოვნით ორგანოს, სადაც ამას დამიბეჭდიან - თუნდა მისთვის, რომ თქვენ ერთი მუჭა ფურთხი ჩემსკენ კიდევ გამოისროლოთ, - დიდათ დამავალებთო“. დღესაც, აგერ ექვსი თვეა, თუ მეტი არა, ერთი ჩემი კარგი ვრცელი ტრაქტატი, ჩემის აზრით ქართველთათვის დიდათ საჭირო კითხვებზე, გდია ერთს ჩვენს რედაქციაში და არამც თუ დაბეჭდვა, და უბრალო თავაზიც კი არ გამიწიეს - წაკითხვა რა არის, წაკითხვაც კი არ აღირ-სეს...“ „ჩემი პისარეობა იწყება იმ დროიდამ, როდესაც არამც თუ აქ, თვით რედაქციაშიც ნაკლებ იცნობდენ პისარევს. სტატია, რომლის დაწერის გამოც კიტა პისარევს მიწოდებს, არის დაწერილი 1863 წ. მარტში, როდესაც არც კი გაგვეგონა აქ, პისარევი ვინ იყო. არამ თუ პისარევს, დობროლიუბოვსა და ჩერნიშევსკსაც კი არ ვიცნობდით აქ“. ეს მისი სიტყვები მე მხოლოდ ჩემი სიტყვების დასამოწმებლად ამოვწერე მის სიტყვებიდან, რომ მკითხველმა იგულისხმოს!.. აი, სწორედ ამისთანა კაცია ბატონი ანტონ ფურცელაძე და ჯერ კიდევ ვერავის უცვნია!.. ყველაზე პირველად ამან დაიძახა: „ხელოვნება - ცხოვრებისათვის და არა ხელოვნებისათვისაო“! დღესაც ამ აზრზე დგას და ხელოვნობს ცხოვრებისათვის!
მაგალითად, ბანკობიაში გარევას ის ისე უყურებს, როგორც ხელოვნებას ცხოვრებისათვის და არა მარტო ხელოვნებისათვის, როგორც სხვები!.. სხვები რომ გარყვნილებას ქადაგებენ, ის მაშინ იძულებული იყო ყოველგვარი საქმე ჩაედინა ამის გასაკიცხავად. - პუშკინის ბაღს ზიზღით აუვლიდა ხოლმე გვერდს და „კისერასა“ და „კოლოტას“ ბაკეებში სულს იბრუნებდა სიმართლის მოყვარეობით და ხანდახან „დანიაშიც“ შეინეიტრალიტეტიაებდა ხოლმე.- სხვები რომ კენჭებს აგროვებდენ, ის ჩუმად აცოცებდა იმავ კენჭებს, რომ საზრახი საქმე მოესპო!.. პოეტები რომ შაირიდან თურმე ქრთამის აღებას ურჩევდენ სოფლელებს, ის მაშინ თვით მიდიოდა სოფლებში და ქრთამს აძლევდა იმავ სოფლებს, რომ არ გაირყვნეთ და ქრთამი არ აიღოთო!..
აი, რა კაცია ბატონი ანტონი, მაგრამ ჯერ კიდევ სანდალას მეტს ვერავის უცვნია!.. მხოლოდ სანდალამ მიაყენა მას შუქი და გამოაჩინა სანდლის ფრად, - კურთხეულ იყოს ამიერიდან ამ ორთა-კავშირი და ჩვენც მათდა სადიდებლათ შევამკობთ ხალხური სიმღერით:
ა ცანგალა, ცანგალა!
ბაქია და სანდალა!!
___
გამოცანას მოგახსენებთ:
დიდი არაფერიაო,
ერთი რამე სულიერი,
თავის თავის მტერიაო...
პროზის წერით დაჩუტულა,
ლექსებს გაუბერიაო;
ასი ჯორის საპალნეა,
რაც რამ დაუწერიაო.
____
ა ცანგალა, ცანგალა!
ბაქია და სანდალა!!..
____
ერთ ფალავანს დაეძგერა,
ებღაუჭა, ეწვალაო...
ყელში ხელი წაუჭირეს,
საწყალს ფერი ეცვალაო.
შეევედრა: შენ ყოფილხარ
უძლეველი რამ ძალაო!..
ყურმოჭრილ ყმად გაგიხდები,
თუ სიკვდილმა მაცალაო.
____
ა ცანგალა, ცანგალაო!
ბაქია და სანდალაო!
____
რომ გაუშვეს, სხვას მივარდა,
სულ სხვა აითვალთვალაო;
თოფი ქონდა დიდგულისა,
რევოლვერი დაცალაო;
იქუჩმაჩა, ებღაუჭა,
მაგრამ ვინღა აცალაო:
ყურებში რომ ხელი სტაცეს,
კარში გაიცანცალაო!..
____
ა ცანგალა, ცანგალაო!
ბაქია და სანდალაო!!
____
გადუბრუნდა შიშით გული
და სულ გადაგვერიაო:
ანჩინურად გადაწერა,
რაც კი დაუწერიაო!..
ძველი მტრების მოყვარეა
და მოყვრების მტერიაო!..
ვისაც ადრე წიხლს ესვრიდა,
მათი ფეხთა მტვერიაო!..
____
ა ცანგალა, ცანგალაო!
ბაქია და სანდალაო!!
(კვალი, 1894 წ., №41).
![]() |
3.14 სახუმარო გასართობი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ერთიც და კმარა!
ბატონს ანტონს ვახლავართ ოცდაათი ცხენოსნით!... სალამ ალეიქუმ მრისხან-ეფენდი!.. ვის აუნთია და აუწვამს აგრე თქვენი ტვინი, რომ უნებურათ გეჩვენებათ: სხვის თავზე ქუდი იწვისო. ვინ თქვენ და ვინ ამჩატება!. თქვენი, რომელსაც სიბრძნე სოლომონისა, მეცნიერება პიკარისა, ცოდნა ლოკმანისა და მოთმინება იობისა, ერთ ბუნე-ბათ შეგიხორცებიესთ, როგორ გეკადრებათ იმ კაცის აყოლა, რომლისაც უნიჭობა, უგნურება, უმეცრება და ბოროტგანზრახულობა, სიტყვისაებრ თქვენისა, საქვეყნოთ დამტკიცებულია?!.. აკი თვითონვე ბძანებთ თქვენს თავზე, რომ „უფრო ხმელი ხის მოდრეკა შეიძლება, ვიდრე ჩემი გასწორებაო“. და „ღმერთმა ნუ მაცოცხლოს იქამდის, რომ გავხდე როდისმე აკაკიო“. ამას შემდეგ როგორღა გეკადრებათ, რომ თავს უტო-ლებთ და ურისხდებით. მერე რა დროს? როდესაც თურმე უთქვენოთაც „შურით გული უსქდება და საფლავში უნდა ჩავიდეს დღეს თუ ხვალ!..“ თქვენი რისხვა ხომ ზედმეტი იყო! და თქვენო დიდობავ, რათ უღალატეთ თქვენს დიდსულოვნობას და არ შეიბრალეთ მომაკვდავი? - მე კი, უნდა გამოგიტყდეთ, თქვენი მრისხანე ეპისტოლე რომ წავიკითხე, შემებრალა და მივაშურე: „რაც უნდა იყოს, მაინც ჩვენი დასამარხავია-მეთქი“ - განვიძრახე გუნებაში. - რომ შევედი მის ოთახში, მართლა გაშხვართული დამიხვდა სარეცელზე... მაგრამ... მაგრამ... წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება! ხელში გაზეთი ეჭირა, თქვენს განაჩენს კითხულობდა და... იცინოდა!!. ვიფიქრე: ვეჰ! საწყალი, მწუხარებას გადაურევია-მეთქი!.. მივედი სიფრთხილით, მაგრამ რა ბძანებაა! კარგათ იყო, მხიარულათ და გულითაც იცინოდა!.. გამიკვირდა მისი კერპობა, მისი უგრძნობლობა, ბევრი რამ ვუსაყვედურე და ბოლოს, აი, რაგვარი საუბარი გავმართეთ ერთმანეთთან: „როგორ გაბედე ბატონი ანტონის გარისხება?“ ვკითხე. - მე ბატონო? როდის? თვითონ ინება უმიზეზოთ ჩემი დედამიწასთან გასწორება და მიბძანა „შენ ამისთანა ხარ და ამისთანაო!“ მეც მოვახსენე. კი ბატონო! მართალსა ბძანებთ: სწორეთ მაგისთანეები გახლავართ ჩვენ და თქვენ კი სულ წინააღმდეგები ბძანდებითო! - მიპასუხა.
- კი, მაგრამ შენი კილო დაცინებით იყო!..
- ნუ თუ... მე მხოლოთ მათი სიტყვები გავიმეორე და განა ისინი იკადრებენ, რომ თავის დიდებულ თავს დაცინონ… აი, ახლაც ამ უკანასკნელ წერილში რას ბძანებენ თავის თავზე: „აკაკის გულს უკლავს, რომ იმ გარყვნილობის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქადაგებდენ და თესავდენ ახალი ზნეობის მოძღვარნი, მიიღეს ზომიერება და ტრაპეზიდან საცეცხური არ მოაპარვინეს. რატომ გულ-ხელ დაკრეფილნი არ იდექით, ვინც ფულიც, ჯანიც, ცოდნაც, ზნეობრივი წამებაც შესწირეთ საზოგადო საქმეს და არ მიეცით აფთრის პირს შთასანთქმელათ საზოგადო განძიო... „ახლა, ბატონო, შეადარეთ ეს იმ ჩემ დამოწმებას! - მეც ამას არ ვამბობ, რომ ყოველიფერი შეწირეს და აღარც ფული დაუზოგიათ, ოღონდ წინააღმდეგათ კი ემოქმედათ! თვითონვე რომ ამტკიცებს, მე რაღა დამტკიცებასა მთხოვს.
- ეგ, ვთქვათ, აგრეა, მაგრამ რათა თქვი, რომ ანტონი ამბობს ამასა და იმას. აბა, სად გაგონილა ანტონის ტრაბახობა.
- თუ ეგ ის ანტონია, ბაქია რომ დაარქვეს, რაცა ვთქვი, ყოველიფერი დამტკიცებულია და ცხადი, მაგისვე საქებ-სადიდებლათ და თუ სხვა ანტონია, მაგას რა ენაღვლება. და ან რათ ესარჩლება იმ ბაქია ანტონს?
- შენ ერთი უწმინდური სიტყვა გიხმარია ანდაზაში „სკორე“ და ეს სიტყვაც სად გისწავლია თუ არა ბაკებში მენახირეებისაგან?
- ეკლესიაში ვისწავლე და არ ვიცოდი, თუ უკადრისი სიტყვა იყო! იმ სიტყვას ახსენებენ: წინასწარმეტყველები, მოციქულები, მოწამეები, მახარებლები და სხვანი... იმ სიტყვებს მღვდელმთავრები იმეორებენ, ერი და მღვდელი. მაგალითათ, იერემია წინასწარმეტყველი ამბობს:
- „ვითარცა სკორენი ქვეყნისა იყვნენ“ 25-33, ისაია 36-12, „რათა სჭამონ სკორე მათი“ ფსალ. 82-10, „მოიხსენე იგინი ენდორს შინა და იქმნეს იგინი, ვითარცა სკორე ქვეყნისა“, „სკორესა ზედა დაგადგინო შენ“ და სხ. და სხ. აი, ბატონო, ვისგან ვისწავლე ეს სიტყვა და სად. და თუ ბ-ნი ანტონი ამათ არ კადრულობდა, არ ვიცოდი. დღეიდან ვიგულისხმებთ.
- სამღვთო წერილს ნუ ეპოტინები. შენ უმეცარი კაცი ხარ, და როგორც ანტონ ამტკიცებს, სიცრუე ამოგიწერია; „შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მეო“, აბა, ეს თურმე, რომ არსად სწერია, შენ საიდან ამოგიწერია. - სოლომონის სიბრძნეში ყოფილა თურმე ასე: „შური სიხენებისა (სიხენები შენ სახლები გგონებია) დააბნელებს კეთილსა“!..
- აბა, გადაიკითხე დავითნი, ფსლ. 9 - აქ გახლავს „შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მეო“; მაგრამ არ ვიცოდი, თუ ანტონს დავითნი ეთაკილება საღვთო წერილათ!.. და არ იცოდა!.. მე, ბატონო, ყოველფერში ვეთანხმები ბატონ ანტონს და თუ არ დამიჯერებს, თავდებათაც ჩხარის წმინდა გიორგის მღვდელს დავუყენებ... მოლექს-ბაზედაც ხელს ავიღებ, დეე, იმან წეროს ჩახრუხაული:
„თამარ ღაზნელი“
აზრები ბნელი,
სიტყვები ძნელი,
ჭკუა ქვესკნელი,
ტრაბახი ზესკნელი,
გვირგვინ სამკელი
ზურგებზე წკნელი და სხვანი..
მე ჩემ გუდას გავბერავ და მესტვირულს არ მოვიშლი, ამისთანაებსო ეს მითხრა! ამით დააბოლოვა ჩემთან საუბარი და ერთი მესტვირული შაირიც გადმომცა, რომელსაც ვუგზავნი თქვენს დიდებულობას, როგორც ნიმუშს მისი უნიჭობისას.
თქვენი თაყვანისმცემელი პამპულიჩი.
პამპულა
(მესტვირული)
პიიიპი! პიპო! პიპუ!
პამპულა რომ შეკაზმულა
ჯიღითა და ჯინჯილითა,
ყურა რაშზე გადამჯდარა,
მოაგელვებს ჩინჩილითა:
ხელში ხმალი აუღია,
მოჭედილი ღინჭილითა:
ნაზირ-ვეზირ-ფარეშები
თან მოსდევენ კინკილითა,
ეჟვნებს გააქვს ჟღარა-ჟღური,
თითქოს ბობღან-წინწილითა;
ჯამაათი დაუხვდება
ღრეჭითა და სიცილითა
პამპულ საით მიბრძანდებით,
რას მიირთმევთ დილ-დილითა?
უნდა ლხინში დაგვეწვიოთ,
დაგიხვდებით წიწილითა;
გოჭის კუდს ზედ დაგითავებთ,
ღვინოს გასმევთ ჭინჭილითა.
პიიიპუ! პიპო! პიპუ
___
პამპულ ბრძანებს: რა დროსია,
რასი ჭამა, რასი სმაო?
ღმერთმა მტერსაც ააშოროს
ის, რაც მე დღეს მესიზმრაო.
კორტოხიდან გადმოვიდა
იმერელი ვინმე ყმაო,
მე რომ გაღმით შეუტიე,
გამომიხტა გამოღმაო!..
მომაძახა: „სიდან, სადა!..
რას ფაფხურობ, ჩემო ძმაო?
ჩემზე მეტს რომ იწველიდეს,
მე დამწიხლოს იმ ფურმაო;
შენ რისთვისაც ხვანცარიკობ,
კი შეგატყვეთ, არ ვართ ბრმაო,
ვისგანა ხარ მოგზავნილი
ყურმოჭრილი შინაყმაო.
უკუ აგდე უკადრისი
ხრიკები და გულისთქმაო!..
მტერს ნუ ეძებ! არ დაჰკარგო,
ხელში რაც გაქვს, ეგ ლუკმაო!“
ეს რომ მითხრა, გამეღვიძა,
ამბურძგნოდა თავზე თმაო,
ენა მუცლად ჩამვარდნოდა,
გამეკმიდა შიშით ხმაო!..
პიიიპუ! პიპო! პიპუ!
___
შეებრალა ჯამაათსა,
დაბლა თავი დახარაო,
უთხრა: პამპულ! კინკილ-პამპულ!
ეგრე ვინ გაგაცხარაო?
სიტყვა-პასუხს ისე ხმარობ,
როგორც კაი ჯაფარაო.
შენი ჭკუის წაღმა ხნული
უკუღმა ვინ დაბარაო?
პურის ნაცვლად მოგიმკია
ღელაღუნტა, ფამფარაო!
დალოცვილო, ვინ არ იცის,
რაცა ხარ და რაც არაო?
კინკილ-პამპულ! პამპულ-კინკილ!
მთელი ქვეყნის მასხარაო!
პიიიპუ! პიპო! პიპუ!
(კვალი, 1894 წ., №45)
![]() |
3.15 ბ-ნი იონა მეუნარგია და მისი დიპლომატია |
▲ზევით დაბრუნება |
ამ დღეებში ერთმა რუსულმა გაზეთმა დასტამბა ცნობილი ბ. იონა მეუნარგიას სტატია. ეს არის დიპლომატიური ნოტა, ანუ დისსერტაცია საუმაღლესოთ უმდაბლესათ დაწერილი... სახვეწარი. ავტორი რჩევას გვაძლევს, რომ ბედნიერი დღეები სხვადასხვა საქართველოს კუთხეების რუსეთთან შეერთების ჯერისაებრ ვიდღესასწაულოთ. კეთილი და პატიოსანი! ეგ მოგონება ყველასთვის საგულისხმოა და მისთანა მკითხველი არ იქნება, რომ ეს კრიმანჭული ვერ გაიგოს და გულში არ თქვას: ჰაი გიდი, იონაო! და ჩვენც მეტი არა გვეთქმის-რა, მაგრამ რაც შეეხება მისი სტატიის მეორე მხარეს, იმას კი ვერ დავტოვებთ უყურადღებოთ. ბ. იონა (ჩვენი იონა და არა ებრაელთა წინასწარმეტყველი) სპარსების შემოსევას და თბილისის აოხრებას საკუთრათ იმერლების მტრობა-ღალატს აწერს და ამბობს: ამითი საშვილიშვილო ჩირქი მოიცხეს იმერლებმა, ქართველებს ვეღარ შეურიგდებიან, შკოლაში ქართლელი ყმაწვილებიც კი ესაყვედურებიან იმერლებსო და სხვა და სხვანი. ამგვარ საისტორიო ცილისწამებას დიდი და უტყუარი საბუთი ეჭირვება და არა სოფლური უსაფუძვლო მითქმა-მოთ-ქმა, რომლითაც ბ. მეუნარგია ხელმძღვანელობს. მართალია, აგერ ასი წელიწადი შესრულდა, რაც ეს ხმები დადის, მაგრამ არც ერთს შეგნებულს და წინდახედულს ჭეშმარიტებათ არ მიუღია, თუ არ უმეცარსა და სხვის ფეხის ამყოლს. ამ ხმებს ავრცელებდენ თვით იმ ვაჟბატონების შვილები და შვილიშვილები, რომელთაც პირდაპირი მოღალატობა დამტკიცებულია, ავრცელებდენ იმ განზრახვით, რომ ცოდვა თავიდან აეცილებიათ იმერლებზე გადაბრალებით. დღეს ისტორიულად გამოაშკარავდა და გათვალისწინებული გვყავს მტყუანი და მართალი. აი, ვინ იყვნენ მტრები: 1) ის, ვინც მოიწვია აღა-მაჰმად-ხანი საქართველოში და გზის ხარჯადაც ასიათასი მანეთი გაუგზავნა. 2) ისინი, ვინც ცდილობდენ, რომ აოხრებულ საქართველოზე თავის საკუთარი სამეფო აეგოთ. 3) ის, ვინც შორიდან აბრიყვებდა ორივე მხარეს და მოლა მასრადინივით ფიქრობდა: ვინც დაეცემა, მე დამრჩებაო. და 4) ისინი, ვინც ფულს არიგებდენ მოღალატეების მოსასყიდლად. მოღალატეები ის დიდებული ქართველები იყვნენ, რომელთაც ფული მიიღეს და გაჭირვების დროს გადუდგენ მეფესა და საქართველოს.
ამგვარი რამ არაფერი არ ჩაუდენიათ იმერლებს. პირიქით, მოეშველენ სამიათასი კაცით და იმათგან ბევრი აღარ დაბრუნებულა შინ. მართალია, დავით ბატონიშვილი ამბობს, რომ იმერლებმა გაიხსენეს ჩვენი თავზე დასხმა სოლომონის გამეფების დროსო და სამაგიერო გადაგვიხადესო, მაგრამ ეს უსაფუძვლოა. არავის შეუძლია მაგალითი გვიჩვენოს ისტორიაში, რომ იმერლები თავის მოძმე ამერლებს, ანუ ქართლელებს მტრულათ მოკიდებოდენ. საქართველოს გაყოფას შემდეგ მართალია ხანდახან ერთმანეთში მოუხდებოდათ ხოლმე შეტაკება, მაგრამ ეს მოსდიოდათ უფრო მოყვრულის მოსაზრებით და არა მტრულით. მაშინ იმათ ყოველთვის ის პატრიოტული მოსაზრება ახელმძღვანელებდათ, რომ საძმო-სამოყვროთ შეერთებულიყვნენ. ასე მოხდა მაგალითათ ბაგრატ დიდის იმერეთის მეფის დროს; შემწეობა კი, პირაქეთ, არაოდეს არ დაუკლიათ.
განა ცოტა გაწყდა იმერელი ასპინძის ომში? კოხტა ბელადის დამარცხება საკუთრათ - იმერლების საქმე არ იყო? ვიმეორებთ, რომ მტრული ანგარიშით იმერეთს ამერეთის ცუდი არასოდეს არ განუზრახავს.
ირაკლიმ თავის სიცოცხლეში ერთი შესანიშნავი შეცდომა ჩაიდინა, - ეს მაშინ, როცა იმერლებმა თხოვეს შეგვიერთეო, მაგრამ ირაკლიმ ძალდატანებით თავის შვილიშვილის სოლომონ მეორის დასკუპება მოინდომა ტახტზე და ამერთა ჯარი იმერეთის ასაოხრებლათ გაგზავნა. მაგრამ მაინც დღემდის დიდი სიყვარული და პატივისცემა აქვთ ქართლელების, როგორც უფროს მოძმეების. ამას მე მგონი დიდი და პატარა, შეგნებული და შეუგნებელი ყველა უნდა ხედავდეს და გრძნობდეს, თუ ძულსთ, ძულსთ მხოლოთ ქართლის მტერი და ორგული. კარგათ გაიგეს იმათ, ვისი ბრალიც იყო თბილისის აოხრება და იმ დღიდან კიდეც შეიძულეს ის ხალხი, მანამდის კი იმათთანაც მეგობრებათ იყვნენ. ამას გვიმტკიცებს მეფე სოლომონის მიწერ-მოწერა კათალიკოზ ლუკასთან. თბილისის აოხრების ამბავი მაინც და მაინც შორეული არ არის. ჩვენ კიდეც მოვსწრებივართ და გვინახავს ამ ომში დამსწრეები, სადაც ზოგის მამა მომკვდარა, ზოგის ძმა და ზოგის პაპა და ზოგი თითონაც ყოფილა დაჭრილი. იმათი გადმონაცემი სავსებით ეთანხმება თავად ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ნათქვამს, რომელიც ამ დღეებში დაისტამბა. თავადი სვიმონ წერეთელი, მეფის მეღვინეთ-უხუცესი, ერთი უკეთესი მეომარ-სარდალთაგანი იყო იმ ომში და, აი, რას ამბობდა: „მეფე სოლომონს პაპა მისის ირაკლის წერილი ებოძა, რომლითაც აცნობებ-და, რომ ყიზილბაშები შემოსევას გვიპირებენ და მოგვეშველეთო. იმავე დროს რევაზ ანდრონიკაშვილის კაცი მოუვიდა სახლთუხუცეს ზურაბ წერეთელს, მაგრამ რა ამბავი მოუტანა, ის კი საიდუმლოთ დარჩა. ეს რევაზ ანდრონიკაშვილი გიორგი ბატონიშვილის ცოლის ძმა იყო, ქართლ-კახეთში დიდი გავლენიანი კაცი და ზურაბ წერეთელთანაც დამოკიდებულების მექონე. დარბაზში ყველა იმ აზრის იყო, რომ იმერლები ოთხივე სასარდლო ჯარებით დაუყონებლივ მიშველებოდენ მეფე ირაკლის, მხოლოთ ზურაბ სახუცესი იყო წინააღმდეგი და საუარყოფო საბუთებსაც ადგენდა. იმ დროს ზურაბი პირველი კაცი იყო და დიდი გავლენაც ქონდა. ახალგაზრდა მეფე თითქმის ხელში ეჭირა, და ვინ იცის, როგორ გათავდებოდა საქმე, რომ ქაიხოსრო წერეთელს მისი წინააღმდეგობა არ დაეწყო და ზაქარია ანდრონიკაშვილის წიგნი არ წარმოედგინა. ეს ზაქარია მეფე სოლომონის მამინაცვალი იყო და ქაიხოსრო წერეთელს წერდა: მეფე ირაკლის მოღალატეები გამოუჩდენ, აქ ხელს უშლიან და გააფთხილე მეფე, რომ მანდაც ხელი არ მოაწვდინონ და საქართველო არ დაღუპონო. ამის შემდეგ სასწორმა ქაიხოსრო სარდლისკენ გადაძლია და დარბაზმა ერთი ხმით გადაწყვიტა, რომ იმერეთი გალაშქრებულიყო. აგიაშვილს, წულუკიძეს და მიქელაძეს შეატყობინეს, რომ თავისი სასარდლოთი მოშველებოდენ, ჯარი უნდა გამოეყვანათ არა ნაკლებ ოციათასისა და თითონ მეფე სამიათასი საწერეთლოს მეომრებით დაუყონებლათ გაემგზავრა ქართლისაკენ. მეც, რასაკვირველია, თან ვახლდი, ერთ დღესაც არ მიშორებდა და მხოლოდ მისმა ტრაპიზონში მიცვალებამ საუკუნოთ დამაშორა. ქალაქში რომ ჩავედით, ხოჯა-ხანი ქალაქზე მომდგარიყო. პირველი ბრძოლა ჩვენ, იმერლებმა ვიტვირთეთ. ორი დღე ვიბრძოლეთ. გამოღმით ჩვენ ვიდექით მაღლობზე და გაღმით ყიზილბაშები. მათი რიცხვი უთვალავი იყო. ჩვენ კი მხოლოთ ორიათასამდე იმერლები ვიყავით, რადგანაც ერთი წილი ჩვენგანი ქუმელა გურამიშვილს გაუგზავნეს, ორასიოდე თათარი და სხვა კანტი-კუნტათ ქართლელ-კახელები. კვირა დღე იყო. მტერმა რომ გვიცოტავა, მოგვმართა, მაგრამ ჩვენ ბძანება გვქონდა და ადგილიდან არ დავნძრეულვართ. ჯერ თოფები მივახალეთ და მერე ხმლით დავიწყეთ მოგერება. შვიდჯერ გავაბრუნეთ, იმათ ახალ-ახალი ჯარები ენაცვლებოდათ, ჩვენ კი ჯერ არ გვეჭირვებოდა გამონაც-ვლება. საოცარი გულდამშვიდებით იბრძოდენ ჩვენი თათრები და ქართლ-კახელები; ჩვენები კი ჯიქივითა ხტოდენ და საფარში აღარ დგებოდენ. ორჯელ-სამჯერ კიდეც გაჰყვენ და მისდიეს უკუქცეულ მტერს. რაჭველი გოცირიძე, დათუნას სახლის შვილი, გაიტაცა ბრძოლის სიმთვრალემ და მარტოთ მარტო სერამდის აჰყვა გაქცეულ თათრებს. ისინიც მოუბრუნდენ და შემოჰკრეს ირგვლივ. საოცარი სანახავი იყო მისი თავგამოდება. გამოატრიალა ხმალი და ირგვლივ კალო გაიკეთა. იცოდა, რომ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ მაინც არ უნდოდა, რომ მათ ხელში თავი ჩაეგდო. ეს რომ დაინახეს მისმა ამხანაგებმა, ახალგაზდა იმერლებმა, გულმა აღარ მოუთმინათ და შეუტიეს: ერთი ასს ებრძოდა, მოკლეს გოცირიძე, ზედ სამასამდის ჩვენებიც დააკვდა, მაგრამ ზედ ყიზილბაშების ხორაც დადგეს. მაშინ ბძანა მეფე ირაკლიმ: „აჩქარდენ, საქმეს გამიფუჭებენო“; მოავლო ბაირაღს ხელი და თითონ წაუძღვა ერთიანათ ჯარს. ახალგაზდა შვილიშვილი ადგილზე დაჰტოვა და მიბრძანა, მეც არ მოვშორებოდი, მაგრამ ჩვენ მეფესაც გულმა აღარ მოუთმინა, მიაშურა ხმალდახმალ და ჩვენც მივყევით. დიდი მეფე სოლომონის ხლებულს ბევრი ლაშქრობა გამომივლია, ბევრ ომში ვყოფილვარ, მაგრამ ამისთანა ბრძოლა არსად მინახავს. თუ წინ ბნელი არ გადაგვღობებოდა, შორს გავრეკდით მტრებს, გამარჯვება, მაინც, რასაკვირველია, ჩვენი იყო. სიხარულს საზღვარი აღარ ქონდა. ბევრი მოიკლა ჩვენები, საწერეთლო აზნაურიშვილები; დაჭრილებიც ბევრი იყო, ჭირისუფლებმა წუწუნი დაიწყეს, თავ-თავის მკვდრებს ტიროდენ და იმდენზე გაგულისდენ, რომ ღამე თავდასხმას უპირებდენ: აღარც სარდლებისა ჰჯეროდათ და აღარც მეფის. მაშინ მეფე ირაკლიმ უთხრა ჩვენ ბატონ მეფეს ამაღამ აქ ბრძოლა აღარ იქნება, აქ საჭირო აღარ ხართ, თქვენ წადით, თბილის-ში მოისვენეთ და ხვალ რო შეგატყობინოთ, მზათ იყავით, მომეშველეთო. შევბრუნ-დით ქალაქში და მივამახარობლეთ გამარჯვება. საკვირველია! ზოგიერთებს არ ეჭაშნიკა, თურმე ღალატობას შედგომოდენ და დიდი ჩურჩული იყო. ჩვენ რას მივხვდებოდით! მეორე დღეს დილა ადრე აბანოებთან ვიდექით მზათ და ირაკლის ბრძანებას მოველოდით; ჩვენ გვიკვირდა, რომ იქ ბრძოლა იყო და ჩვენ კი არას გვატყობინებდენ. უცბათ ვიღაც-ვიღაცეები შემოიჭრენ ქალაქში და ხმა დაჰყარეს, რომ ირაკლი დამარცხდა და ყიზილბაშები ქალაქში შემოდიანო. ამ დროს აბაშიძე და მისი ჯარი ზარბაზნებთან დატოვებული რომ იყვნენ, დიდი შეწუხებული მოვიდენ და გვითხრეს: „ქართველები გაწყდენ, ზარბაზნები წაგვართვეს, დიდძალი ჯარი მოგვაწ-ვა, თავს უშველეთ, ვისაც შეგიძლიათო“. მაშინ ბრძანა მეფე სოლომონმა: „ღმერთო ჩემო! რა მიზეზია, რომ ჩემი დაბარებული ჯარი ამდენ ხანს არსად ჩანსო? მაშინ შემეძლო, რომ მე დავხვედროდი ჩემის იმერლებით ხოჯა-ხანს, გინდ მთელი თეირა-ნი ჩემზე მოერეკაო! მაგრამ ახლა რაღა ვქნა, ერთი მუჭა ჯარით, როცა აქაურობა მოღალატეებით ყოფილა სავსეო!“ ტირილი დაიწყო და დავაპირეთ დაბრუნება იმერეთისაკენ. მერე კი გავიგეთ, თუ რა მიზეზით არ მოგვეშველენ იმერეთიდან დაბარებული სასარდლოები, მაგრამ რაღა დროს! ღმერთმა ჰკითხოს მოღალატეს!
ბრძოლის დროს ორი დღე ჩვენს პირში არა ჩასულა-რა. ქალაქში რომ შევბრუნდით მშიერები, ქალაქის მელიქს, თუმცა ნაბრძანები ქონდა, მაგრამ არაფერი არა დაემზადებია-რა ჩვენთვის. ზოგიერთი უცხო ვაჭრები სულ სხვა გუნებაზე იყვენ, სულ სხვა რამეს ელოდენ. ცხადია, რომ ისინიც ირაკლის წინააღმდეგ შეთქმულებაში ერიენ. თან ქვეყნის უბედურება გვაწუხებდა და თან შიმშილი გვამწარებდა. უსაგზლოთ იმერეთამდი რაღა მიგვაწევინებდა. ხვეწნა-ვედრება რომ არ გაგვივიდა, დავერიეთ იმ სასიკვდილო ვაჭრებს და რამდენიმე დუქანი გავცარცვეთ, გავიტენეთ პურ-ღვინით ხვირჯინები და ისე გამოვედით ქალაქიდან. გარდა სასმელ-საჭმელისა, არაფრისათვის არავის ჩვენგანს ხელი არ უხლია, მაგრამ მაზედაც დიდათ გაგვირისხდა ბატონი მეფე სოლომონი. გულ-დაღადრული, თვალ-ცრემლიანი მივდიოდით, რომ საცოდაობით უკან ვეღარ მოგვეხედნა. დიღმის მინდორში შევისვენეთ, მაგრამ ის შესვენება კი არ იყო, ჯოჯოხეთი იყო. მეფე მოთქმით ტიროდა და ჩვენ გულამომჯდარი თავზე ვადექით. ასე გათავდა ეს უბედური ხოჯახნობა, კარგი მახარობელი ვერ ჩამოუვედით იმერლებს. მკვდრები დაუმარხავი იქვე დაგვრჩენ, მაგრამ ნუგეშად ის გვედვა გულში, რომ ოდესმე სამაგიერო გადაგვეხადა და როდესაც ერთხელ კიდევ მოვიდა ამბავი იმერეთში, ხოჯა-ხანი ხელმეორეთ აპირებს შემოსევასო, იმერეთი დადგა ფეხზე და დიდიან-პატარაიანა ყველა ემზადებოდა საომრად წასვლას, მაგრამ ღმერთმა სხვა ინება და დღე დაუმოკლა ხოჯა-ხანს“.
(კვალი, 1895 წ., №40)
![]() |
3.16 საპასუხოდ |
▲ზევით დაბრუნება |
საბრალო ზოგიერთა ჩვენი ნაცარქექიები!.. როგორ აფურფუტდებიან ხოლმე და თავრეტიან ბატივით აქეთ-იქით ეხლებიან?!. გადაასხვაფერებენ სხვის ნათქვამს და მერე, თავის გადაუკუღმართებულს, თვითონვე სცემენ კიჟინას. ეუბნები: კაცო, ადამიანო!.. მაგას ხო თვითონ შენ ანბობ?! - ეგ ხომ ჩემი სიტყვები არ არის? მაგრამ აჰ, არა! მე ასე მესმის და გინდა თუ არა, შენც უნდა მიიღო შენ თავზეო. მეტი რაღა გზა არის, უნდა გადააქნიო თავი და თქვა: „მამაო ზეციერო, მიუტევე, რამეთუ არა იციან“ და სხვანი! მაგრამ უფრო სასაცილო ის არის, რომ ის შენი სულგრძელობა და სიბრალული არ ესმით და თავი გამარჯვებულად მოაქვთ.
ამის მაგალითი ახლაც წინ გვიძევს: ვიღაც უსახელო ავტორი გამოსარჩლებია ი. მეუნარგიას ერთ რუსულ გაზეთში და რიხიანად ბრძანებს: აღა-მაგომეტ-ხანის შემოსევის ანბავი და თბილისის ასაოხრებლად ზოგიერთების ღალატი ჯერ კარგად არ არის გამოკვლეული და აკაკისაც ერევაო. არ იცის რომელ ერთ გზას დაადგესო და დასამტკიცებლად ორი წერილი მოჰყავს, ვითომც სულ სხვადასხვა აზრისა!.. პოემიდან „კიკოლას ნაამბობი“ და „სვიმონ წერეთლის“ ნათქვამიდან თავისებურად თავბოლო-მოგლეჯილად ამოუწერია ადგილები, თავისებურათვე გადაუთარგმნია რუსუ-ლად და იძახის: აბა, ახლა ბრძანეთ: ვინ მიაჩნია აკაკის მოღალატეთო? რა საჭირო იყო ამ სტატიების ხელის პოტინი, მაშინ როდესაც ჩემი აზრი გადაჭრით იყო გამოთქმული სწორეთ იმ წერილში, რომელსაც ის მისებურად თარგმნის. აი, რა: „აი, ვინ იყვენ მტრები: 1) ის, ვინც მოიწვია აღა-მაჰმად-ხანი საქართველოში და გზის ხარჯადაც ასიათასი მანეთი გაუგზავნა. 2) ისინი, ვინც ცდილობდენ, რომ აოხრებულ საქართველოზე თავის საკუთარი სამეფო აეგოთ. 3) ის, ვინც შორიდან აბრიყვებდა ორივე მხარეს და მოლა მასრადინივით ფიქრობდა: ვინც დაეცემა მე დამრჩებაო, და 4) ისინი, ვინც ფულს არიგებდენ მოღალატეების მოსასყიდლად. მოღალატეები ის დიდებული ქართველები იყვენ, რომელთაც ფული მიიღეს და გაჭირვების დროს გადუდგენ მეფესა და საქართველოს“..
რატომ ესეც არ გადმოუთარგმნია და ცდილა, რომ გადაეფუჩეჩებია?.. ბ-ნ ი. მეუნარგიას საპასუხოდ აკაკიმ ორი სულ სხვადასხვა რამ დაწერაო. ერთი „კიკოლას ნაამბობი“ და მეორე სვიმონ წერეთლის ნათქვამიო!.. აბა, სიმართლე ეს არის!.. „კიკოლას ნაამბობი“ ამ ათის წლის წინეთ არის დაწერილი, მაშინ როდესაც არც თბილისის აოხრებაზე, არც ხოჯა-ხანზე, არც ღალატზე და არც ბ-ნ მეუნარგიაზე არა ყოფილა-რა აზრადაც გატარებული, მაგრამ დავეთანხმოთ უსახელო ავტორს, ვთქვათ, რომ „კიკოლას ნაამბობიც“ სწორედ მეუნარგიას საპასუხოდ დაიწერა: მერე რაო? სად არის ის განსხვავება ამ ორ ნაწერს შუა, რომელსაც ის უთითებს? კიკოლა ანბობს: მეფეს სურდა, რომ დიდძალი ჯარით დახმარებოდა ირაკლისო, მაგრამ ზურაბ წერეთელი წინააღმდეგი იყო. არც მისის 1200 კაცით, რომელნიც საკუთრად მას ახლდენ, გარეულა ომშიო, მაგრამ რამდენიმე ასი კაცი ბატონის წინააღმდეგ ჩაერიენ ომში და თავი დადვესო. გზაშიაც ორიოდე მისმა საკუთარ შინაყმათაგანმა ცუდი საქმე ჩაიდინა: ხალხი გაცარცვაო და ამით ასე გაუტეხეს სახელი იმერლებს, რომ ჩირქი ყველას მოსცხესო, მაშინ როდესაც იმდენი იმერელი კი ჩხუბში გაწყდაო და სხვანი. - სვიმონ წერეთელი ანბობს: ზურაბმა დაგვაღალატა და ღმერთმა ჰკითხოს მოღალატესო!.. - მეფე სოლომონიც ბძანებს: ოციათასი ჯარი რომ მყოლოდა, მთელ თეირანსაც არაფრად შევეპუებოდიო, სად არის ახლა ჩემი ჯარიო?.. აქედან ცხადადა ჩანს, რომ დედააზრი ყველასი ერთია და რაც შეეხება წვრილმანობას „კიკოლა“ და ს. წერეთელი გაზეპირებულ „მამაო-ჩვენოსავით“ ხომ არ გაიმეორებდენ ერთსა და იმავეს? ერთი ახლდა შინაყმად ზურაბ წერეთელს და რაც ნახა და გაიგონა იმას ანბობს და მეორე კი მეფესთან იყო და მეფესთან რაც მოხდა იმას გვიანბობს!.. და ეს სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო... ყარსი რომ აიღეს რუსებმა, ეს ვინ არ იცის? აბა, ჰკითხეთ სალდათს, ომში დამსწრეს, რა გითხრათ: „გავიმარჯვეთ და ყარსი ავიღეთო!“ ეს არის მთავარი აზრი და რაც შეეხება წვრილმანობას, იმას დაამატებს მხოლოდ, რაც მის როტაში და ბათალიონში მომხდარა და რაც თვითონ უნახავს. მერე ჰკითხეთ ღენერალს - ისიც იმას იტყვის: გავიმარჯვეთ და ყარსი ავიღეთო, ხოლო რაც შეეხება წვრილმანს, ის სულ სხვა რამეებს იტყვის, ამიტომ უფრო მეტი ნახა სალდათზე და მეტი იცის და მაშ აღარ უნდა დავიჯეროთ, რომ ყარსი აიღეს, რადგანაც ამ ორმა ერთი და იგივე არ გაიმეორეს!.. ასე არის სწორეთ „კიკოლასა“ და ს. წერეთლის საქმეც. ამას ვინ არ მიხვდება, მაგრამ ჩვენს მოწინააღმდეგეს ეტყობა, სულ სხვა მუცლის გვრემა აქვს და უნდა სიტყვები ბანზე ააგდოს. ეჰ, ეს ხომ დიდი ხნის გაცვეთილი ხერხია... ახლა აღარ მოვტყუვდებით. შევიტყვეთ, ვინც იყვენ მოღალა-ტეები. ვიცით, რომ ზოგიერთებს რაც დღეს უნდათ, ის თურმე ამ ასის წლის წინათაც ჰქონიათ გულში და, რაც არა გამოუვიდათ-რა, ახლა ხელახლა ცდილობენ, რომ თვალი დაგვახუჭვიონ და დაგვაძინონ. ტყუილი მალაყია. უმჯობესია ის, ვინც თავს პირშავად გრძნობს, შეინანოს, დღეიდან მაინც სამართლიან გზაზე გამოვიდეს და მაშინ ჩვენც, ძველის აღარ გამხსენებელი, ძმურად გაუშვერთ ხელს.
1) უსახელო ავტორის სტატია გვიან ჩაგვივარდა ხელში და პასუხმაც მიტომ დაიგვიანა.
2) იმ სტატიაზე, მეფე რომ ანბობს: თუ ოციათასი ჯარი მყოლოდა, მთელ თეირანსაც არ შეუშინდებიო, უსახელო ავტორი ოხუნჯობს: მეფეს თეირანი შაჰ-აბაზზე უფრო საშიში ჰგონებიაო. გვიკვირს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეს ამისთანა „მოსწრებული“ ტყვია დაუხარჯავს. უმეცარი, თავდაბალი და შენანებული, საგმობი არ არის, მაგრამ ზოგიერთი უმეცარი კი, რომელსაც სხვისი ცოდნა თავის უმეცრებით უნდა გააქარწყლოს, სულ სხვაა. უსახელო ავტორსაც არ ცოდნია, რომ ხალხის პირში „მთელი თეირანი“ მთელ სპარსეთსა ნიშჩავს და მთელი სპარსეთს კი ათი მილიონი შეადგენდა იმ დროს და არა მარტო ის ასიათასი, რომელიც ხოჯა-ხანს ახლდა. ახლა თვით ჩვენ ვკითხავთ: რომელი მეტია და საშიში: ათი მილიონი, თუ ასიათასი?...
(კვალი, 1895 წ., №46)
![]() |
3.17 პასუხი ვ. ველიჩკოს რაფ. ერისთავის საიუბილეო ნადიმზე |
▲ზევით დაბრუნება |
ამ ბატონმა რუსის მწერალმა უადგილოთ და უსაფუძვლოთ ინატრა, რომ ქართველ მოღვაწეთა შორის თანხმობა და სიყვარული იყოსო. ცხადია, რომ ეს ამბობს განაგონებით და, მაშასადამე, ჩვენშიაც ყოფილან ზოგიერთები ამავე აზრის. უნდა მოგახ-სენოთ, რომ ეს დიდი შემცდარი აზრია!.. რაღა საჭიროა მისი ნატვრა, რაც არსებობს და ხელში გვიჭირავს. „მცირე რამ სამდურავი მოყვარეთა წესიაო“ უთქვამთ ძველებს. როდესაც დიდ ოჯახებში, შეიწროების დროს, გარდა გამდლებისა ბევრი აღარავინ რჩება და მათაც სამუშაო უმრავლკეცდება, მაშინ ისინი ერთმანეთს ეჩხუბებიან, ეწინააღმდეგებიან და ესაყვედურებიან. იმდენს და ისე ვერ აკეთებენ, როგორც გარემოება მოითხოვს. ამ ვაი-უშველებელში ხშირათ კიდეც წყევლიან ერთმანეთს, მაგრამ ეს პირადობითა და შურ-ბოროტებით კი არ მოუდისთ!.. ოჯახის ერთგულება ამწარებთ!.. სურვილის სიდიდეს მათი ჯან-ღონეს ვეღარ წვდება და როგორც თავის თავს, ისე ერთმანეთსაც ესაყვედურებიან. სწორედ ამ მდგომარეობაში არიან ჩაცვენილი დღევანდელი ჩვენი მოღვაწეებიც და მათი ერთმანეთთან უკმაყოფილება საშიში და ხელწამოსაკრავი არ არის!.. ქვეყნის ერთგულებით აშფოთებულ-აღელვებულებს ეს კინკლაობა ხელს ვერ შეუშლის, რომ საჭიროების დროს ქვეყნისთვის ერთად დასდვან თავი. ასე გრძნობს ყველა ნამდვილი მოღვაწე და ვინც ასე არ ფიქრობს, ის მხოლოდ თვალთმაქცობს და არ ჩაითვლება მოღვაწეთ!.. ეს ყველასათვის ცხადი უნდა იყოს და ნათელი.
(კვალი, 1895 წ., №46)
![]() |
3.18 მცირე შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონ კიტა აბაშიძის საპასუხოთ „კვალის“ №46 დაბეჭდილია ერთი შესანიშნავი სტატია, რომელიც სხვადასხვა დასებზე მსჯელობს და სხვათა შორის მეც მიხსენიებს მეორე დასის მეთაურად. ნათქვამია: „რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო“. მე ჩემ დღეში არა თუ მეთაური, უბრალო წევრიც არ ვყოფილვარ რომელსამე დასისა, მით უფრო, რომ ეს დასები არსად მინახავს! შემინიშნავს მხოლოდ ამ ორმოცი წლის განმავლობაში ჩვენ ახალგაზრდებში, თვითო-ოროლა მოღვაწე ამა თუ იმ საზოგადო რომელსამე საქმეს რომ ხელს ჰკიდებდა და მასთან ერთად სხვებიც იჯგუფებოდენ ხოლმე მისივე ფეხის აყოლით. მაგრამ ყოველივე ეს ხომ შემთხვევითი მოვლენა იყო, გარეშე მიმბაძაობით აღძრული, ხანმოკლე და უნიადაგო და თავის თავად კი ფეხმოუკიდებელი. ამათთან მე საერთო, გარდა შორეული თანაგრძნობისა და მეგანგაშეობისა, არ მქონია რა! მათი კარგი ყოველივე მიხაროდა, მომწონდა და ვაქებდი... ცუდი მწყინდა და წუნსა ვდებდი. იმ თავითვე ისე, როგორც დღესაც, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ, ჩვენდა საუბედუროთ, ჯერჯერობით შეერთებული შრომა ჩვენში მოუხერხებელია!.. ერთს შეუძლია გააკეთოს რამ, მაგრამ თუ იმავე საქმეში სხვებიც ამოიყენა გვერდით და საზიაროთ გახდა საქმე, მაშინ კი სახეირო აღარა გამოვა რა და შეიძლება კიდეც, რომ იმ სასარგებლო საქმემ სავნებელიც გამოიწვიოს. ამისი მაგალითები წინ ბევრი გვიძევს. აი, სწორეთ ამ მოსაზრებით მეც განზე ვიდექ და სხვების ფერხულში არ ვერეოდი. თუ კი საქმეს შევძლებდი და მოვახერხებდი, ჩემდა თავად - ვშრომობდი... მივდიოდი თავისუფლათ ერთხელვე არჩეული გზით, არც არავის ბატონობა მსურდა და არც ყმობა; ვისაც იმავე გზით მიმავალს ვნახავდი, რა გზითაც მე მივდიოდი, და სანამ ჩემ გვერდით იქნებოდა, მეც ის, რასაკვირველია, ამხანაგათ და ჩემიანათ მიმაჩნდა. ჩემი მტერ-მოყვარეობაც იმაშივე ისახებოდა, თვარა თამამად შემიძლია ვთქვა, საპირადო და კერძო არავისთან რა მქონია. ეს ჩემი კრძალვა-მორიდება და გამარტოება მაშინდელ წრეებისათვის გაუგებარი იყო და მათგან ჩემი ათვალწუნებაც ამის მიზეზი უნდა ყოფილიყოს. ერთხანს უნიჭოთ მთვლიდენ და დამცინოდენ, ბოლოს, როცა ხალხმა მათ აღარ დაუჯერა, ნიჭზე აღარას ამბობდენ, მაგრამ ჩემს უმეცრებას, გაუვითარებლობას და სიზარმაცეს კი ძალიან შეთანხმებით უკიჟინებდენ. მეც ჩემის მხრით იმათ ისე ვუყურებდი, როგორც უდროვოთ შემოსულ ხილს, რომლის ნაადრი დამწიფება ხშირად ჭიის ბრალია ხოლმე. ეს ორი მიზეზი საკმაო იყო, რომ ჩვენში ერთობის კავშირი გაწყვეტილი ყოფილიყო, ისინი მოღვაწეობდენ თბილისში: გამოსცეს ჟურნალი, გახსნეს სტამბა, გამართეს ბიბლიოთეკა და თავისებურად შეუდგენ ახალგაზდობის წვრთნა-განათლებას. მე კი იმ დროს იმერე-თისკენ ვჩხირ-კედელაობდი.
მაშინ სწორეთ ის წრე ტრიალებდა თბილისში, რომელსაც გ. წერეთელი მეორე დასათ აღიარებს. იმ წრის მეთაურად, ანუ უფრო მართალი იქნება ვთქვათ, მეუფროსეთ ნ. ნიკოლაძე ითვლებოდა და ვაი მისი ბრალი, ვინც მის ჭიანურზე ბუქნას არ დაუვლიდა და გადაუხვევდა!.. საზოგადოთ ჩვენი ინტელიგენციის შესახებ ამ ორმოცი წლის განმავლობაში და კერძოთ ბატ. ნ. ნიკოლაძის წრის შესახებაც დაწვლილებითა მაქვს მოხსენებული ბევრი რამ „ჩემ თავგადასავალში“ და აქ მხოლოდ გაკვრით ვიხსენიებ მცირე რამეს მის დასამტკიცებლათ, რომ მე იმ წრეში არა ვყოფილვარ. ამას გ. წერეთელიც ამბობს: „აკაკი მერე შემოგვიერთდაო“, მაგრამ ესეც პატარა შეცდომაა:
მაშინდელი ჩვენი ერთად ყოფნა დროებითი, უცაბედი შეხვედრა იყო და არა შეთანხმებით შეერთება. აი, როგორც მოხდა ეს: ერთხელ ქუთაისიდან მცირე რამეზე შენიშვნა გამოვგზავნე გაზეთში დასაბეჭდათ და კიდეც დაიბეჭდა „დროების“ №20 1870 წ. სტატიაზე ხელი არა მქონია მოწერილი. იმ წერილმა დიდი დავიდარაბა ასტეხა ჩვენში. მაშინდელ ახალთაობასაც მოსწონებოდა თბილისში და ნიკოლაძის დაწერილათ მიეღოთ. ნიკოლაძეს კი გაეგო ვისიც იყო. იმ ხანებში ჩამოვიდა ქუთაისში და მნახა. მაშინ ნიკოლაძე მე ძალიან მიყვარდა, როგორც ცოცხალი, ენერგიით სავსე და საიმედო ახალგაზდა. ბევრი რამ არ მომწონდა მისი, ბევრშიც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ გულში ამას ვამბობდი: არაფერია, ჯერ კიდევ ყმაწვილია, სისხლი არ ასვენებს, ერთ დროს ჩადგება სწორ კალაპოტში, ეკალი გასცვივა და ვარდი დაგვრჩება მეთქი. და ამ რწმენითაც აიხსნება ჩემი და ნიკოლაძის მაშინდელი მტერ-მოყვარული ერთსა და იმავე დროს განწყობილება. იმ დღესაც მტერ-მოყვარულათ შევხვდით ერთმანეთს და, სხვათა შორის, მთხოვა: „გაზეთში მონაწილეობა მიიღე და ფელეტონები მოგვაწოდე ხოლმეო...“ მეც შემდეგის პირობით დავეთანხმე: მე არ უნდა დავმორჩილებოდი რედაქციის „შიგნითურ“ კანონებს, ჩემს ნაწერებს ხელს ვერ შეახებდა რედაქცია, ვერც გადაასწორებდა და ვერც გადააკეთებდა. რომელზედაც თანახმა არ იქნებოდა, იმ სტატიის შესახებ თავისი საკუთარი აზრი უნდა წარმოეთქვა იმავ გაზეთში. დავთანხმდით და „დროების“ №27 1871 წ. კიდეც დაიბეჭდა ჩემი პირველი „ცხელ-ცხელი ამბები“ რედაქციის შენიშვნით. აი, რასა სწერდა ნ. ნიკოლაძე სხოლიოში: „თ. აკ. წერეთელი დაგვპირდა ჩვენ ხანდისხან ფელეტონებისა და სხვადა-სხვა შენიშვნების გზავნას ამ რუბრიკით: „ცხელ-ცხელი ამბები“. ჩვენ სიამოვნებით ვაძლევთ და მივცემთ კვალადაც ადგილს მის ნაწერებს, თუმცა ძლიერ ხშირად ისიც შეგვხვდება, რომ ჩვენ მის აზრს არ ვეთანხმებოდეთ და მის ნაწერებს არ თანავუგ-რძნობდეთ. მკითხველი ამ შემთხვევაში დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ სხვათა შორის აზრათა გვაქვს ხმის ამოსაღები ასპარეზი მივცეთ იმისთანა მწერალს, როგორც აკ. წერეთელია“, ამას შემდეგ მე ჩემ პირობაზე ვიდექ და ისინიც თავისას არ იშლიდენ: ხშირად გვქონდა ხოლმე ერთმანეთში კამათი, რომელისამე საქმის შესახებ. ჩვენ მტერ-მოყვრობას ორის წლის განმავლობაში ხელს გარეშე არა უშლიდა რა. მხოლოდ 1873 წ. „დროების“ №46-ში დაიბეჭდა ჩემი შენიშვნა კაცხის გლეხების შესახებ. რედაქციამ თეორიულის მხრით შეხედა ამ საქმეს, მე კი, თეორიის საზოგადოთ არა უარმყოფელი, ამ შემთხვევაში პრაქტიკულის მხრით ვუყურებდი. ჩვენმა უთანხმობამ გამოიწვია უსიამოვნობა და რადგანაც რედაქციამ უარი განაცხადა ჩემი საპასუხო წერილების ბეჭდვაზე, მეც სრულიად ჩამოვშორდი რედაქციას და აღარა მიბეჭდვინებია რა. მხოლოდ რამდენისამე ხნის შემდეგ, როცა რედაქციის წევრები წავიდ-წამოვიდენ და „დროება“ დარჩა მარტო სერგეი მესხის ხელში, მაშინ მივუბრუნდი ისევ და ვეხმარებოდი იმ კაცს, რომელმაც გამიცნო და თავისი ადრინდელი სხვების ხმით აყოლა თითონვე იჩოთირა და მეგობრულათ მთხოვა, რომ მასთან მეც მეშრომა. აი, ეს გახლდათ სულ და ამ გვარი ჩემი მონაწილეობა წრეებში და რაც შეეხება „დასობას“, კიდევ აღვიარებ, რომ ის ინტელიგენტიური დასები, ხალხის ცხოვრებაში რომ კვალს ავლებენ და ჩამომავლობას ერთ რომელსამე გადაჭრილ გზაზე აყენებენ, მე ჯერჯერობით არც კი შემინიშნავს და, მაშ, მეთაურობას როგორღა გავუწევდი ან ერთსა და ან მეორეს.
(აკაკის კრებული, 1897 წ., № 4)
![]() |
3.19 უბრალო საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
მე და ის
მე ერთი მეგობარი მყავს. ღმერთმა კაი მოგცეთ, კარგი კაცი ის იყოს ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობას შეგნებულად ადევნებს თვალ-ყურს და მისი ავ-კარგიანობის გამჩხრეკიც არის, მაგრამ, რათ გინდათ? ნამეტანი ჭირვეულია: თუ დაასწარით რამე, მერე ნუღა ელით, რომ დაითანხმოთ!.. რომ მიასობს ჯორივით წიხლს, მისი გადახვევა აღარ მოხერხდება. - მე ხომ ასე ვფიქრობ იმაზე!.. წარმოიდგინეთ, რომ ისიც სწორეთ ამისთანავე აზრის არის ჩემზე, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობას არას უშლის და სხვადასხვა რამეებზე საუბარი ერთმანეთთან გვიყვარს... რასაკვირველია, კამათობის დროს, ის მისკენ იწევს ხოლმე და მე ჩემსკენ. ორივეს ჩვენ ჩვენი თავი მართალი გვგონია და გამრჩევი კი არსად არის. ახლა, რომ ამ ჩვენ ახირებულობას ბოლო მოეღოს, გავიძრახე ჩვენი ყოველგვარი ბაასი „კრებულში“ ვბეჭდო ხოლმე უმეტნაკლებოდ; და დეე, მკითხველმა გაგვასამართლოს. აი, ამ დღეებშიაც ერთი ყოფა დამაყენა და ისეთი რამეები წამომაცდენია, რასაც გულში ვინახავდი ამდენხანს და არ მინდოდა გამომემჟღავნებია. თუ სასიამოვნოთ არ დაგირჩესთ, მარტო მე ნუ დამემდურებით!..
ის. - მაშ აღარ ხუმრობ? მართლა აპირობს „კრებულის“ ყოველ თვიურად გამოცემას?
მე. - თუ ჩემი ორმოცი წლის შრომა ხუმრობა იყო, ეგეც ხუმრობა იქნება და, დეე, ერთიც კიდევ მიემატოს!..
ის. - მაგრე არა ფიქრობენ!..
მე. - ჩემი ჟურნალისათვის ჩემი საკუთარი გრძნობა-გონებაა საჭირო და მათი ფიქრი კი, ვგონებ, მეტი უნდა იყოს ამ შემთხვევაში!..
ის - ცუდ ხმებს ავრცელებენ და… ხომ გაგიგონია: „ყბათ აღებული, წყალ-წაღებულიო“.
მე. - ეგ ხომ ახალი რამ არ იქნება ჩემ თავზე?.. ყბათაც ბევრჯერ ვყოფილვარ აღებული. და წყალსაც წაუღივარ, მაგრამ, ხომ მხედავ? გადავრჩენილვარ ღვთის მადლით... გავუძლებ ამ ახალ ჭირსაც.
ის. - საბოლოვოთ რაც იქნება, ეგ სხვაა!.. მაგრამ პირველ ხანებში კი შეგიშლიან ხელს!.. ასე ამტკიცებენ, რომ ვერ შესძლებს გამოცემასო.
მე. - უსაფუძვლო ხმა - მოცლილი ძაღლის ყეფაა, ჩემო კარგო.
ის. - მოცლილი ძაღლის?!.
მე. -დიახ!.. ძაღლს რომ საქმე გამოელევა, დაცუცქდება, ააშვერს ტუჩს მაღლა ცისკენ და შეღმუის მთვარეს... თუ იმას მაღლა ვერ შევაშინებ და ვერ შევაჩერებ, ამ დაბლა ხომ კი მაინც გაისმის ჩემი ხმაო?!.
ის. - ახლა, ნურც მაგრე იტყვი!.. იმათაც საბუთები მოაქვთ!.. „ზარმაციაო“.
მე. - აი მაგაზედ არის ნათქვამი: „მისთანა ფურმა დამწიხლოს, რომ საწველს ავსებ-დესო“. ღირსება განზე გადავდვათ!.. ეგება ჩემი ნაშრომი ღირსებას მოკლებული იყოს!.. მე თვითონ არა მეთქმის რა!.. მაგრამ მივმართოთ რაოდენობას: მოვიტანოთ სასწორ-საზომი, ერთი მხრით ჩემი ნაშრომი დაუდვათ, მეორეთი ყველასი მათი. შევუწონოთ ერთმანეთს და თუ იმათმა გადაძლიოს, მაშინ მართლები იქნებიან!.. სხვას კიდევ რას ავრცელებენ?
ის. - მალე მოიხალისებს და მოეწყინება გამოცემაო.
მე. - რათაო ვითომ? ჩემი ხელობა მაგის მეტი სხვა რაღა არის?!. თუ კი ორმოცი წლის განმავლობაში არ მომწყენია მწერლობა და თავი არ დამინებებია, რაღა ახლა ამ ერთ წელიწადში უნდა დამემართოს ყოველიფერი სიგლახე?
ის. - აბა, დიდხანს რომელ რედაქტორს შეგუებიაო? ერთიდან მეორესთან გადადიოდა ხოლმეო.
მე. - ეგეც ერთი ენის ქავილია... სხვა არაფერი: აბა გადაშალონ სხვადასხვა ქართული გამოცემები ამ ორმოცი წლის განმავლობაში და ნახვენ თუ გამცდარვარ!.. და თუ ერთგან აღარა, მეორეგან მაინც მიმუშავნია.
ის. - ჰო და კიდეც ეგ დაუჯინიათ, რომ ერთ ალაგას ვერ მოიცდის... გაიქცევაო.
მე. - ახირებულია, თქვენმა მზემ!.. ერთი ვინმესი უსამართლო ბატონობა რომ ვერ ავიტანო და მეორესთან გადავიდე, ნუ თუ ეს დაუდგრომლობასა ნიშნავს? ახლა რომ კიდეც მოვინდომო გაქცევა, ვის უნდა გავექცე? რედაქტორიც ხომ მევე ვარ და?..
ის. - ამას გარდა იმასაც კი ამბობენ, რომ ხელმომწერლები არ ეყოლება და ხარჯს ვეღარ გაუძლებსო.
მე. - ტყუილი იმედი ჰქონიათ!.. შენ თვითონაც კარგად იცი, რომ მთელი წლის მასალაცა და ხარჯიც მზათა მაქვს!.. და ხელს ვეღარა შემიშლის რა!..
ის. - მე კი ვიცი, მაგრამ... ხალხი მაინც იფიქრებს, რომ „კვამლი უცეცხლოთ არ იქნებაო“.
მე. -ესე იგი უფრო სამართლიანი იქნება ვსთქვათ, რომ ცეცხლი უკვამლოთ არ აინთება!.. აინთება თუ არა ცეცხლი, კვამლიც მაშინვე თან დაჰყვება... ჩვენებური საქმეც მაგრეა: გაჩენისთანავე თან დაჰყვებიან და კვალში სდევენ შური, მტრობა, ცილის წამება და კილი. ეგება გავმუროთ როგორმეო. - ეს საზოგადო მოვლინებაა ცხოვრებაში და მე რა წითელი კოჭი ვარ, რომ ამცდეს?!
ის. - აცდენით, ვსთქვათ, ძვირათ ვისმეს ასცდება, მაგრამ ეგ კანონი რომ ზოგს გადაჭარბებულად ეკიდება!..
მე. - თუ კაცი ორმოში ზის და ვერავინა ხედავს, იმაზე არც არავინ ლაპარაკობს! მაგრამ აბა, იგივე კაცი გავიდეს ხეზე თუ ყველას თვალში არ ეჩხიროს!.. გამვლელი და გამომვლელი ყველა შეხედავს და რასმეს იტყვის იმაზე. - ასე გასინჯე, რომ ძაღლებიც კი დაუწყებენ ყეფას.- ვისაც მაგ გვარი ხმების ეშინია, უნდა ყველაფერს ერიდებოდეს, თავს იმალავდეს და სცხოვრებდეს თავისთვის დაბლა.
ის. - შე დალოცვილო, აქა და ერთხელ მაღლა ავედიო, აღარ უნდა ჩამოვიდეს დაბლა?!. აღარ უნდა მოისვენოს! აი, თუ გინდა შენზე ვსთქვათ რაც ყოფილა აქამდე ყოფილა!.. იმდენი აღარ შეგიძლია, რაც ადრე შეგეძლო და ამ ახალ უღელში რომ ებმევი და უმადურობის მეტსაც არას ელი, რათ იჭირვებ საქმეს? ორი დღის წუთის სოფელი დაგრჩენია, ეგ საშუალება რომ საკუთრად შენ თავს მოახმარო, გახვიდე საზღვარგარეთ, იაქიმო, თავს მოუარო, იცხოვრო ტკბილად და დამშვიდებით, ის არ ეჯობინება?
მე. - გვიანღა არის მაგაზე ფიქრი!.. მასთანაც ძნელია მიჩვევა: იმ სიშორეს გასძლებს კი გული, როცა შინ სამუშაო ბევრი რამ გეგულება?
ის. - როგორ? შენს მეტი გამკეთებელი აღარავინ დარჩება თუ?
მე. - ეგ ღმერთმა ნუ ჰქმნას, მაგრამ ჩვენი „სამკალი მეტია მუშებზე“ და ჩემი სუსტი შრომაც გამოსადეგია.
ის. - იმდენათაც არა, რომ გგონია!.. საზოგადო ადამიანის თავმოყვარეობას, ხშირად ნაცარქექიაობა გმირობა ჰგონია, და თავისი ჩხირკედელაობა საქმეთ მიაჩნია!.. რა იცი, რომ შენც თავმოყვარეობა არ გატყუებს?
მე. - არ ვიცი და, როცა დამარწმუნებენ, მეც სხვა გზას დავადგები!.. ჯერ კი ამ ჩემ „მგონიაობას“ ვერ ვუმტყუნებ.
ის. - მაშ დამერწმუნე, რომ შემცდარი ხარ!.. მაგ შენი ახალი საშუალებით, ე.ი. მაგ „კრებულის“ გამოცემით, შენ მოძღვრებას ვერ გაამტკიცებ!.. აგერ ორმოცი წელიწადია შეჩიჩინებ ხალხს, მაგრამ ვინ რა დაგიჯერა და ვის რა შეასწავლე?.. ჯერ შენი სახელიც ვერ გამოუთქვამთ სწორეთ. ზოგი „აკაკიას“ გეძახის, ზოგი „აკაკს“ და ზოგი „აკაკოს“.
მე. - ჩემთვის პირადათ ეგ სულ ერთია! მე გინდა „ხბოს თავიც“ დამიძახონ, ოღონდ კი ჩემმა შრომამ უქმათ არ ჩაიაროს და, მცირედაც არის, ნაყოფი მოიტანოს!.. შენ რომ იცოდე, რა დრო იყო ჩვენში ამ ორმოცი წლის წინეთ და რა არის დღეს, მაგას აღარ იტყოდი... მე მომსწრე ვარ იმ დროსი, როცა ჩვენში უბრალო ბარათის დაწერაც კი უჭირდათ და დღეს კი დიდი და პატარა, ვინც გინდა და არ გინდა, პროზას რომ აღარ კადრულობენ, ლექსათ აბულბულებენ სიტყვა-პასუხს.
ის. -ოოოო, კიდეც ეგ არის თქვენი ცოდვა!.. სულაც მაგაზე მინდა გელაპარაკო. ეგ ისეთი სენია ჩვენში, თქვენის მეოხებით გავრცელებული, როგორც სახადი რამ, ჭირი და სატკივარი: ყოველი კაცი მოლექსობასა ჩემობს... ნეტავი, ან აზრი იყოს რამ ახალი მათ ლექსებში, ან ხელოვნება და ან რამე სხვა გვარი შნო!.. კრეჭენ პროზას და გამოუდისთ ვითომ ლექსები!.. რედაქციების სანაგვე კალათები სავსეა მათი მონაწერებით. ისინიც დროს ჰკარგავენ და სხვებსაც აცდენენ!.. ეს სწორეთ სამწუხარო მოვლინებაა დღეს ჩვენში და კიდეც უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე მოისპოს.
მე. - რასა ბრძანებთ?!. პირიქით, ეგ მოვლინება სასიხარულოც არის და წასაქეზებელიც, როგორც საზოგადო ბუნების კანონი, კარგის მომასწავებელი და არა ცუდის!..
ის. - რაო?! რაო?! რაო?! ბუნების კანონიო?!. სასიხარულოო?!! წასაქეზებელიო?!.
მე. - დიახ! დიახ! დიახ!.. და თქვენ კი ვერ შეგიხედნიათ სწორი მხრით!.. როდესაც თეატრში იმღერის შესანიშნავი არტისტი, ის მაშინ ისე იტაცებს მსმენელების გრძნობა-გონებას და ისე ხიბლავს, რომ მისი ტკბილი ხმა ყველას ყურში აქვს ჩარჩე-ნილი. გაბრუებული, გამოდიან თუ არა თეატრიდან, სხვაზე ვეღარაფერზე ახერხებენ ფიქრს და ძალა უნებურად ჰბაძავენ მათ მომხიბლავ მომღერალს და თვითონაც იმღე- რიან. ასე გასინჯეთ, რომ ისინიც კი ღიღინობენ ხოლმე თავისთვის გუნებაში, რომელთაც არც მუზიკა იციან და არც სამუზიკო სმენა აქვსთ!.. სწორეთ ამგვარივეა მწერლობაც!.. სჩანს, ქართველებსაც ჰყოლიათ მომხიბლავი და გრძნობა-გონების წარმტაცი მწერლები, რომ ძალა-უნებურად კალამს აღებიებენ ხელში!.. და მადლობა ღმერთს! აქედან კარგის მეტი არა გამოვა რა!.. მრავალ საუკუნოების განმავლობაში წერა-კითხვა და მწიგნობრობა საქართველოში საკუთრად რუსთველმა შეინახა: მისის „ვეფხისტყაოსნით“ გატაცებული ხალხი, სცდილობდა რომ მიებაძა მისთვის... და პროზათ, რომ მოკითხვის წიგნსაც ვერა სწერდა, იმავე დროს სააშიყო შაირების წერა კი ეადვილებოდა. მართალია, მეორე რუსთველი არ გამოგვჩენია ამ შვიდი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ ამ თავმოტყუებული მიბაძვის წყალობით, წერა-კითხვას ყველა სწავლობს და ქართულმა ენამ ჭირში თავი შეინახა. ასეა დღესაც. დეე, ყველამ ლექსები სწეროს და თავი მგოსანი ეგონოს! ათასში რომ ერთს გაუმართლდეს იმედი, ისიც დიდი ღვთის წყალობა იქნება და დანარჩენები თუ პოეტები ვერ გამოდგებიან, წერა-კითხვას ხომ მაინც მიეჩვევიან და კარგია... შენ კი ამბობ უნდა აეკრძალოთო!.. ჩემდა თავად გეტყვი, არა თუ ნიჭიერსა და საიმედოს, უნიჭოსაც არ დავუშლი მაგ ჩხირკედელაობას! რა უმჯობესია? ყმაწვილს რომ თავი მგოსანი ეგონოს და ლექსების წერას მისდიოს, თუ გულგატეხილმა ყველაფერს თავი დაანებოს და სასტუმროებში „ალლავერდი“ და „ახშიოლი“ იძახოს, „მრავალჟამიერი“ იღრიალოს და წარა-მარა ხანჯალი ატრიალოს?..
ის. - არა!.. ნურც ის იქნება და ნურც ეს!.. არ შეიძლება, რომ არც კალამი შეაწუხონ და არც ხანჯალი ატრიალონ?.. თუ მაინცა და მაინც არ დაუშლიათ, იმ მღერალ არტის-ტის მსმენელებს მიჰბაძონ?.. გუნებაში რომ ღიღინობენ, სწერონ რამდენიც უნდათ თავისთვის და საქვეყნოთ კი ნუ გამოაქვსთ.
მე. - მათი სარბიელზე გამოსვლის სურვილიც ერთი აუცილებელი ბუნების კანონ-თაგანია: პატარაები ყოველთვის სცდილობენ, რომ დიდებს მიჰბაძონ... ცხენოსნებს რომ ჰხედავენ, ისინიც ჯოხებზე სხდებიან და თავი მხედარი ჰგონიათ. ნამდვილი თოფის მაგიერად დიდგულის თოფებს ატკაცუნებენ, ხის ფარ-ხმალს ატრიალებენ და სხვა... მართალია ეს ყველაფერი ბავშვური კუდაბზიკობაა და თავის მოტყუება, მაგრამ ამასაც აქვს, თავისი კარგი მხარე და სარგებელი მოაქვს სიყრმიდანვე, იმ თავითვე, ეჩვევიან ყმაწვილები საგმირო საქმეებს და ბოლოს, როცა დავაჟკაცებული ნამდვილზე გადადიან, აღარ ეუცხოებათ ხოლმე. მართალი მითხრა ერთმა ვაჭართაგანმა: „კნიაზო, რათ გიკვირთ, რომ ჩვენც თქვენსავით გულადები ვერ გამოვდიოდეთო? თქვენში აიდგამს თუ არა ბავშვი ფეხს, მაშინვე კეტს მისცემენ ხელში და ეუბნებიან: „დაჰკა! ნუ გეშინიაო!“ ჩვენში კი აკვანშივე აშინებენ ბავშვებს „ჩაკარ გალისე!“ „აღვესი ანცქაცავ!“ „კკაილი კკწი!“, „არჩი კუტირ“ „ძინვერ კუკელი“, „თუფანგ გუსპანი“ და სხვანი. ესე იგი: ტურა მოდისო, მელამ გაიარაო, მგელი გიკბენსო, დათვი შეგჭამსო, ცხენი გადაგაგდებსო და თოფი მოგკლავსო... აშინებენ, რომ თვალი დახუჭოს, დაიძინოს და იმას კი არ ფიქრობენ, რომ ამგვარი ნანინათი როგორ უფუჭებენ იმ თავითვე გულს!.. შიში რომ თან შეეზრდება და ზნეთ გადაექცევა, რაღა ვაჟკაცობას შეიძლებს კაციო... ამ სიტყვებში დიდი სიმართლეა: გულგატეხილობისთანა ძნელი არა არის რა ჩვენს ახალგაზრდა მწერლობას რათ უნდა გაუტეხოთ გული და რათ უნდა გავკიცხოთ? გასაკიცხავი და დასაგმობი არიან მათი რედაქტორები და გამომცემლები, რომ ბედაურის და ხის ჯოხის გარჩევაც არ შეუძლიათ, დიდგულის თოფი ნამდვილი ყირიმი ჰგონიათ, ხის ხმალი ფოლადის მახვილად მიაჩნიათ და საქვეყნოდ გამოაქვთ!..
ის. - ეჰ, შენ სულ სხვას ამბობ! მაგითი სიტყვა გინდა მომიჭრა!!. მე ერთს ვამტკიცებ და შენ კი მეორეს. ქვეყანაზე მისთანა რამ ძვირად მოიპოვება, რომ ორივ მხარე არ ჰქონდეს: კარგიცა და ცუდიც... შენ მხოლოდ კარგებზე მითითებ და ცუდს კი თვალს არიდებ!.. ეგ რომ კანონად დაიდვას ჩვენში და ყველამ შენ კვალობაზე გაიაროს, ხომ წახდება საქმე?.. დასაგმობი უნდა დაიგმოს.
მე. - მეც მაგ აზრის გახლავარ, მაგრამ სამწუხარო ის არის ჩვენში, რომ ცუდზე და მავნებელზე ხმას არავინ იღებს და კარგს კი კილში უდგებიან და კიჟინასა სცემენ!..
ის. - მაგაში მეც გეთანხმები!..
მე. - შენ?!. მერე და შენი ჭირვეულობა?!.
ის. - აქ ჭირვეულობა რა შუაშია?.. გეთანხმები, მაგრამ შენ რომ გგონია ისე არა, მე სულ სხვა მხრით ვუყურებ ჩვენ საზოგადო საქმეებს, ბევრი მათგანი მომწონს და ბევრი კი არა!.. აი, თუ გინდა, ავიღოთ შკოლები, სხვადასხვა საზოგადოება, თეატრი, ბანკი და სხვანი.
მე. - არა, შენი ჭირიმე! ახლა მაგაებისთვის დრო აღარ მაქვს და, თუ შეიძლებოდეს, მერმისათვის გადავდვათ.
(აკაკის კრებული, 1897 წ., №1)
![]() |
3.20 უბრალო საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
(„კრებულის“ ფოსტა)
გამოვიდა თუ არა ჩვენი ჟურნალი, ყოველი მხრიდან მოგვდის შენიშვნები. მოხარული ვართ და ვმადლობთ შემნიშვნელებს! რაც ჭკუაში დაგვიჯდება, მორჩილად მივიღებთ და ვიხელმძღვანელებთ შემდეგ ნომრების გასაუმჯობესებლად; რაც არა და, იმაზე ჩვენს აზრს წარმოვსთქვამთ და ვუპასუხებთ ხოლმე ჩვენ კეთილის მოსურნეებს აქვე ჟურნალის „ფოსტით“ ამგვარად:
მეგობარს: იწერები: „შენ ნაწერებს თითქოს რაღაც აკლიაო“. აკლია კი არა მეტიც არის, მაგრამ ნუ დაივიწყებ ქართულ ანდაზას: „არაობას ცხრა უღელი ხარი სჯობიაო“. თურმე ერთ გაკეთებულ გლეხს ბოსელში ფოცხვერი შეუვარდა და ისე გაუფუჭა ნახირი, რომ თვრამეტი ხარის მეტი აღარა გადარჩენია-რა. მეორე დღეს, რომ შეიხედა ბოსელში პატრონმა, ღმერთს მადლი შესწირა და სთქვა: „არაობას კიდევ ცხრა უღელი ხარი სჯობიაო“.
„მეც პოეტს“. ძალიან ვწუხვარ, რომ „კრებულში“ დაბეჭდილი ლექსი „ფუტკარი“ არ მოგწონებიათ, თუმცა კი, როცა იმას ვთხზავდი, თქვენ სრულიად არ მყოლიხართ მხედველობაში! და რაც შეეხება იმას, რომ ის „ფუტკარი“ წვრილმანი რამეა, ახლა თქვენ დასწერეთ დათვზე და ეგება სხვილმანი გამოგივიდესთ. მე-კი აღარ მაწერინებენ დათვებზე.
თამარ ღაზნელს. ჩემს ლექსს „მაინც ჩვენი“, მიკვირს რათ და როგორ გაუჯავრებიხართ? თამარ დედოფლის მიმგზავსება და მთვარის შედარება არავისთვის, მგონი, საუკადრისო არ უნდა იყოს. და რომ კიდეც იყოს, თქვენ რაო? „აშოროს“ გეტყვით, ჩემს დღეში მე ღაზნში არ ვყოფილიყო და არც არავის იქაურ თამარს ვიცნობდე!.. თქვენმა წერილმა ერთი ამბავი მომაგონა: ერთი ვინმე იერუსალიმში მიმავალი თანამოგზაურს ეძებდა და გაზეთში გამოაცხადა. მეორე დღეს მიადგა უცხო კაცი და ბოდიში მოიხადა: „მართალია, ვაპირებდი იერუსალიმში წასვლას, მაგრამ აღარ მივდივარ და ნურას უკაცრავათო!..“ სამგზავროთ გამზადებულს გაეცინა და უთხრა: „ბატონო ჩემო, მე არც თქვენი ცნობა მაქვს და არც თქვენი სურვილი მცოდნიაო და რათ სწუხდებით, რაზედ იხდით ბოდიშსაო!“. ჩემო უცნობო ბატონო თამარ ღაზნელო, თუ უკაცრავათ არ გახლდეთ, თქვენც სწორეთ ამ უცნაურ მგზავრსავით იქცევით!...
გურულს. იწერებით: „ბაში აჩუკი“ ძალიან კარგია, მაგრამ სათაური არ უვარგა: „აჩუკი“ კი არა აჩიყი უნდა იყოს, რადგანაც თავშიშველს „აჩიყი“ ნიშნავს და არა „აჩუკიო“. ადვილი შესაძლებელია, რომ ეგ მართლა მაგრე იყოს: მით უფრო მჯერა, რომ როგორც თქვენს ქართულ წერილს შევატყვე, თათრული უკეთ უნდა იცოდეთ, მაგრამ მაინც ერთი ამბავი უნდა მოგახსენოთ:
ერთმა ჩვენებურმა თავადმა შვილი მონათლა და ადმირალი დაარქვა. მეზობელმა დაუწუნა და უთხრა: ზღვაში ან ზღვის პირად რომ დაბადებულიყო ეგ შენი შვილი, მაშინ უნდა დაგერქმია ადმირალიო და რადგანაც ხმელეთზე დაბადებულა, ღენერა-ლი უნდა დაგერქმიაო! - მაგაზე რათა სწუხარ - უპასუხა ვაჟის მამამ, - როცა შენ გეყოლოს ხმელეთზე ვაჟი, ღენერალი იმას დაარქვიო.
პედაგოგს. წავიკითხე თქვენი ეპისტოლე და ბევრიც ვიცინე. განსაკუთრებით მასიამოვნა თქვენი წერილიდან შემდეგმა ადგილმა: „მე, როგორც გამოცდილ პედაგოგს, დამეჯერება, რომ თქვენი „ზეპირსიტყვაობის“ განყოფილება უადგილოა ჟურნალში. ჩვენ თქვენგან გამოსაღვიძებელს რამეს ველოდით და არა დასაძინებელს. ზღაპრებს განა სხვაგან კი ვერ გავიგონებთ? სოფლებში მაგის მეტი რაღა იციან? აბა, რა დასაბეჭდი იყო მისთანა უშინაარსო და უთავბოლო რამ, როგორც „ბროწოულის წყარო!“ - მაგ გვარი რამ ჩვენ ცოტა გაგვიგონია?!
ამასთანავე განა ადგილი უნდა ჰქონდეს თქვენს გამოცემაში ამაოთ მორწმუნოებას? მაშინ, როდესაც ეკონომიური საკითხები თვალში გვეჩხირებიან, თქვენ გამომდგარხართ და ხალხში ამაო მორწმუნოებას ავრცელებთ, უაზრო შელოცვებს ჰბეჭდავთო და სხვანი“... ბატონო პედაგოგო! დიდი მხიარული ვართ, რომ ინსტიტუტი გაგითავებიათ და დიპლომიც ხელში გიჭირავთ!.. მოგვილოცავს!.. მაგრამ ეგ ქაღალდზე დაწერილი დიპლომი სამსახურში შესვლის დროს დაგჭირდებათ. შეინახეთ!.. და ჩვენ კი მისთანა დიპლომს უფრო ვუჯერებთ, რომელიც ტვინზეა დაწერილი და ნურაფერს უკაცრავად, თუ თქვენი შენიშვნები ვერ მივიღოთ...
დარწმუნებული ვართ, რომ ზღაპრები ადრევაც გექნებოდათ გაგონილი, მაგრამ მაგარი ის არის, რომ გაგონება და შეგნება სულ სხვადასხვა ზმნაა. ზღაპარი „ბროწოულის წყარო“ უთავოდ არ მოგეჩვენებოდათ, რომ სარკის წინ არ მდგარიყავით! და რაც შეეხება დაძინებას, მოდი მოვიყვანოთ ყმაწვილები, ეგ „ბროწოულის წყარო“ წაუკითხოთ და თქვენი პედაგოგიური ნაწერებიც და რომელმაც უფრო ადრე დააძი-ნოს, ის დარჩეს გამტყუნებული!
ა ... ს. დიდის სიამოვნებით ავასრულებდით თქვენ სურვილს, რომ შეძლება იყოს, მაგრამ თვალი დაუდგეს სიღარიბეს!.. ოთხი საკუთარი შემკრებელი გვყავს ზეპირთ გადმონაცემების და მათ სასყიდელსაც თუ აუვედით, ისიც დიდი ღვთის წყალობა იქნება. თუ მომავალში საშუალება გვექნება, მაშინ პირველ თქვენ მოგმართავთ. მანამდი კი ნუ დაივიწყებთ ანდაზას „აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო“.
გ ... დ ... ს. კეტის დრო გადავიდაო, იწერებით, და ჩვენც იმავე იარაღით უნდა ვიბრძოლოთ, რა იარაღითაც მტერი გვებრძვისო! როგორ, თქვენი აზრით, მკბენარი რომ გვაწუხებდეს, ჩვენც მკბენარებად უნდა გადავიქცეთ? შე დალოცვილო, აქაო და ფილოქსერა ვენახს აფუჭებსო, დიდი და პატარა ყველა ფეხზე დგება, რომ გადავრჩეთ ჭირს და იმაზე უფრო დიდსა და მავნებელს მოვლინებას კი გაუჩუმდითო, ბრძანებთ და აქ სად არის ლოღიკა? თუ კი პატარა მტერს, პატარა ჭიას საჭყაპელებით უშხაპუნებთ შაბიამანს, უფრო დიდ მავნებელ-ონავარს რომ ერთხელ შევუშხაპუნოთ, ვითომ რა ცოდვა იქნება?!
ყველას. რადგანაც ყველას პასუხის ცალცალკე გაცემა შეუძლებელია, დასასრულ, ყველას ერთად მოვახსენებთ შემდეგ ამბავს. ერთ კაცს თვალი ატკივდა. შეხვდა ერთი მეგობარი და უთხრა: კაცო, სიცივე დაგკრავს, გაწყენს და რატომ თვალს არ აიხვევო? დაუჯერა და აიხვია. გაიარა ცოტა კიდევ, შეხვდა მეორე და გაიკვირვა: ჩემო ძმაო, როგორ არ იცი, რომ მხურვალება წყენს თვალს, სიგრილე ურჩევნია და აიხსენიო! დაუჯერა იმასაც და აიხსნა. მესამემ ურჩია: თბილი წყლით იბანეო. მეოთხემ - ცივი იხმარეო და სხვანი. ვინც კი შეხვდა, ყველამ თითო რამ ურჩია და ისიც ყველას უჯეროდა და ისე აწვალა თვალი, რომ ბოლოს სულ დაუდგა. რომ კვდებოდა, შვილებს ანდერძი დაუგდო: „შვილებო, რჩევა ყველასა ჰკითხეთ, მაგრამ დაჯერებით კი ბევრს ნუ დაუჯერებთო“. ამისი არ იყოს, ჩვენც რჩევას ყველასა ვსთხოვთ და თუ დაჯერე-ბით სულ ყველას ვერ დაუჯერებთ ხოლმე, ნურას უკაცრავათ.
(აკაკის კრებული, 1897 წ., №2)
![]() |
3.21 უბრალო საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
(„კრებულის“ ფოსტა)
ლეჩხუმში - ვინმე სვანს. იწერებით: „თქვენი „კრებულის“ გამოწერა მსურს, მაგრამ შეძლება არ მაძლევს ნებას ერთად შემოვიტანო ფულიო“. ეს სურვილი სხვებმაც გამოაცხადეს და ჩვენც ამიტომ წესათ დავდევით შემდეგი: მსურველს შეუძლია მიმართოს პირდაპირ რედაქციას, ან მის აგენტებს და წვრილ-წვრილათ, წლის განმავლობაში, როცა ემარჯვებოდეს და ეხერხებოდეს, ცოტ-ცოტობით შემოიტანოს ხოლმე. აგრეთვე, ვინც ისე ღარიბია, რომ ვერც ამას შეიძლებს და არაფერი საშუალება არა აქვს, იმან მხოლოთ თვითონვე იკისროს ფოსტით გასაგზავნი ქირის გადახდა და ჩვენი „კრებული“ კი უსასყიდლოთ მიირთვას ხოლმე ყოველ თვე. სახალხო ბიბლიოთეკებს კი დაეთმობათ მთელი წლის ნახევარ ფასათ - 4 მანეთად.
ერთ ჩვენს აგენტთაგანს. გვირჩევთ, ვეცადოთ, რომ დიდსა და პატარას ყველას მოს-წონდეს ჩვენი „კრებული“ და რომ შიგ საწყენი არა ვისი რა იბეჭდებოდეს. კარგი რჩევაა, მაგრამ ერთ არაკს მოგვაგონებს: ერთი ვინმე ბატონ-კაცი მისთანა მოურავს ეძებდა, რომ სამოურავოში ყველა მოემადლიერებია. ეს არ მოხერხდა და უმოურავოთ დარჩა. ერთხელ მივიდა მასთან ერთი ვინმე და მოახსენა: მე ვიკისრებ თქვენს მოურა-ვობას, თუ ამ საკითხავზე მიპასუხებთო: 1) დარი ჯობია თუ ავდარიო? და 2) დღე უკეთესია თუ ღამეო? - რა თქმა უნდა, დღე ღამეზე უკეთესია და ავდარს დარი სჯობიაო - უპასუხა ბატონ-კაცმა. არ დაეთანხმა პირველი და თავ-თავის აზრის დასამტკიცებლათ დაიწყეს აქეთ-იქით სიარული და შეჰქმნეს მოკითხულობა. მივიდენ ერთ ოჯახში. აქ ყველა ქალი და კაცი, ცხვირ-პირ ჩამოშვებული დაუხვდა და უკმაყოფილოთ წუწუნობდენ: რა კარგი იქნებოდა, რომ იმ დალოცვილ ღმერთს ერთი ორი დღე კიდევ დაეცლია და დარი ყოფილიყოო?! ახლა ხომ დავიღუპეთ და ამოვვარდითო!.. შევიდენ მეორე ოჯახში, მეზობლისას. აქ კი ყველა მხიარულათ იყო: მადლობა ღმერთს! გვეშველა, ძლივს არ გაწვიმდაო!.. ერთი ორი დღე რომ კიდევ დარები დაეჭირა, შენი მტერი ამოვარდნილა, ჩვენ ამოვვარდებოდითო!.. გამოიკით-ხეს მიზეზი და რა გამოდგა: პირველი თურმე მეჭურჭლე ყოფილიყო და ქოთნების გაშრობა ეჩქარებოდა, მეორე კი - მეწალკოტე (მებაღე) და გვალვას შეეშინებია!.. ასე, ამ გვარათ, მთელი დღე იარეს და სადაც კი იკითხეს, ზოგს დარი ენატრებოდა და ზოგს ავდარი!.. მიზეზსაც სულ სხვადასხვას ამბობდენ. რომ დაიღალენ, - იმ მოურავობის მსურველმა ბატონი ერთ ნანგრევ ციხე-დარბაზში შეიყვანა: „ცოტა შევისვენოთო!“ აქ ბატონს უჩვენა კედლებზე და თაღზე აქა-იქ მიკრული, მკვდარივით ჩამოკიდებული, ღამურები და იქვე მჯდომი, მომაკვდავსავით აფუღული, ბუ და უთხრა: ამ საწყლებს ვერ ხედავთ, როგორ შეუწუხებია დღესო, მაშინ როდესაც სხვა ფრინველები კი გარეთ მოილხენენ და ჟრიამული გააქვთო? აბა, მოვიცადოთ დაღამებამდი და ვნახავთ ამათაც აფთქიალებულს და იმ ჩიტებს კი ხმა ჩაწყვეტილებსო. მართლაც, რომ დაღამდა, აფთქიალდენ ღამის ჩიტები და მათთან ერთად ღამურებიც. დღის ფრინველები კი მიიმალ-მოიმალენ. მაშინ მიუბრუნდა ბატონს მოურავი და მოახსენა: ახლა ხომ ხედავო? თუ კი ყოვლის შემძლებელს ვერ მოუხერხებია, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავეთი ქვეყანაზე ყველა დააკმაყოფილოს, შენი მოურავი როგორღა მოახერხებს ყველა მოიმადლიეროსო?.. ამისი არ იყოს, შექსპირსა ჰყავს დამწუნებელი და ჩვენი „კრებული“ როგორ შეიძლებს, რომ ყველას მოსწონდეს და ყველა მოიმადლიეროს? კაცმა თავისი მოვალეობა უნდა გულწრფელად მოიხადოს ხოლმე და - კმარა, თორემ, თუ იმას გამოუდგა და აჰყვა, ვინ რას ამბობს, ვის სწყინს და ვის არაო, - ის ვეღარას გააკეთებს!..
თბილისში. - ბ. ა....ის. გვიბრძანებთ, თქვენო აღმატებულებავ, რომ დღეიდან „კრებული“ თქვენი მსახურის სახელობით ვაგზავნოთ ხოლმე? თქვენი ნება გახლდესთ! აქამდი პირდაპირ თქვენ მიტომ გიგზავნიდით, რომ თქვენი სახელით იყო გამოწერილი და დარწმუნებული მაშინაც კი ვიყავით, რომ ლაქიას მიუდიოდა.
ჩვენს კრიტიკოსს. ზეპირსიტყვაობის შესახებ რაც მოგეწერათ, ვიგულისხმეთ და ის დასკვნა გამოვიყვანეთ, რომ თქვენც სხვებსავით, „ვითომდა ინტელიგენციურ“ ენის ქავილს გაუტაცნიხართ!.. თქვენ გამკეთებელი გვიბრძანეთ, თვარა გამფუჭებელი და ხელის შემშლელი ბევრია. ჩვენი უბედურებაც ის არის, რომ ერთმა ვინმემ, თუ საქმეს მოჰკიდა ხელი, სხვები, მოხმარების ნაცვლათ, ხელს უშლიან! იწერებით: „სახალხო ნაწარმოების“ გამოცემა თქვენი საქმე არ იყო, რადგანაც არც პროგრამმა გაქვთ და არც სისტემაო და უმჯობესი იყო სხვებისთვის დაგეცლიათო! ვინ მოგახსენათ, რომ პროგრამმა არა გვაქვს?! ჩვენი პროგრამმა გასაგებათ იყო გამორკვეული „კრებულის“ პირველ ნომერში და თქვენი შენიშვნებიც იქიდან არის ამოწერილი, მაგრამ, რადგანაც თქვენ ბოლომდი არ წაგიკითხავთ, მიტომ კოჭლობს თქვენი რჩევა და დარიგება.
„უსისტემოთ ბეჭდავთო“ - ბრძანებთ!.. გაგიგონიათ ჰრეკენო და სად და როდის, ის კი აღარ იცით!.. მე მხოლოთ მასალას ვაგროვებ ზეპირსიტყვაობისას და ვბეჭდავ, რომ ერთად, ყველასათვის ხელმოსაკიდებლათ, იყოს შეგროვილი და მერე, თუ თვითონ მე ვეღარ მოვესწრები, - გამოჩნდებიან სხვები, ჩვენზე უფრო კარგები და გაარჩევენ სისტემატიურად. ჯერ მასალა არ მოგროვებულა და თქვენ კი შენობას თხოულობთ! აბა, რომელი ჭკუათა მყოფი ეტყვის ხუროთმოძღვარს, როცა ის ჯერ მარტო მასალას აგროვებს, რომ შენ უპლანოთა და უსისტემოთ შედგომიხარ საქმესო? და რაც შეეხება თქვენს მესამე დარიგებას: „სხვებს აცალეთო“ - სწორე მოგახსენოთ, ეგეც უსაფუძვლო რჩევაა და ერთ არაკს მოგვაგონებს: ერთ სახლში ქურდი მიიპარებოდა, ყველას ეძინათ და ბებერმა გაიგო: მეტი რომ ვეღარა შეიძლო რა, ყეფა დაიწყო და გააბრუნა შეშინებული ქურდი. მეორე დღეს შვილებმა უსაყვედურეს: ყეფა რა შენი საქმე იყოვო? რა მექნაო - უპასუხა ბებერმა - თქვენ ყველას გეძინათ... ის ოხერი ძაღლე-ბიც არა ჰყეფდენ და მეც რომ მანამდი მომეცადა, სანამ ან თქვენ გამოიღვიძებდით და ან ძაღლები გაიგებდენ, აღარაფერს შეგვარჩენდა ქურდიო. მისი არ იყოს, მეც როდემდის უნდა გიცადოთ? დღემდი ცოტა ხანმა გაიარა, რომ თქვენ ხელი არაფრისათვის მიგიყვიათ?!.. და თუ მიგიყვიათ, ნაყოფი სად არის?.
მახსოვს, და თქვენც იცით, ჩემ სიყმაწვილეში ერთმა ახალგაზრდა ქართველმა შეაგროვა ბევრი ხალხური ზეპირ-გადმონაცემი. ერთხელ დავეკითხე მე ეს კარგი, რომ შეგიგროვებია, მაგრამ რაღას უცდი, რატომ არ გამოსცემ-მეთქი? დინჯად ხელი მაღლა აიღო და მიპასუხა: „ფაფა გგონიაო?.. ჰალა-ჰალა ხომ არ არის იმის გამოცემაო?! ამას გარჩევა უნდა, გარკვევა, შესწავლა და მერე დაბეჭდაო“. მას აქეთ აგერ ნახევარი საუკუნე გარბის, სიბერით მეცა და იმასაც ორივეს წვერ-ულვაში დაგვცვივდა და „ფაფა“ კი ისევ უხარშავია! ამ დღეებში შევხვდი და ვთხოვე: თუ შენ არას აპირობ, მე გადმომეცი და დავბეჭდავ-მეთქი. დარბაისლურათ ბოდიში მოიხადა და მითხრა: „ნუ გეწყინება და ვერ გადმოგცემ - მე თვითონ მინდა გამოვცეო“. ჭეშმარიტათ რომ მიამა და ვკითხე: მალე გამოვა-მეთქი? იმ დალოცვილმა ისევ ისე ძველებურად დინჯათ აიღო ხელი, გახედა და მითხრა: ვა! ფაფა გგონიაო? ჰალა-ჰალა ხომ არ არის იმის გამოცემაო? ამას გარჩევა უნდა, გარკვევა, შესწავლა და მერე გამოცემაო?! გამეცინა და გამახსენდა „ჰაჯის აბანო“. ერთი ჰაჯი იყო. აბანოს აშენებდა და არ იქნა, არ გაათავა! რომ ჰკითხავდით: რას შვრები, რატომ არ გაათავებო? ის სულ იმას იძახოდა: „მოიცა-დეთ, გავათავებო!“ თურმე მკითხავს ეთქვა: „სანამ ეგ შენი შენობა არ გათავდება, - არც შენ მოკვდებიო“ და მიტომ აგვიანებდა!... ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეს ჩვენი ქართველი, ამას შეგროვილი მაინც აქვს რამდენიმე და თქვენ რომ ჯერ ხელიც არ მიგიყვიათ, როგორ უნდა გიცადოთ და როდემდის?!.. ზეპირსიტყვაობა ისეთი დაულეველი ზღვა არის, რომ არა თუ ერთი-ორი, ათასი შემკრებელიც ვერ დააშრობს. თქვენც შეუდექით და იმუშავეთ, ვინ გიშლისთ? იმ განძრახვით კი ნუ გამოდიხართ, რომ სხვასაც ხელი შეუშალოთ და თქვენც არა გააკეთოთ რა! და ჩვენ, ჩვენი მხრით, კიდევ და კიდევ ვთხოვთ ყველას, ვისაც კი ამ დიდ საზოგადო საქმეში დახმარება შეუძლია, ნუ აჰყვებიან ცუდ მითქმა-მოთქმას და შემწეობას ნუ მოგვაკლებენ.
ახალგაზრდა მწერალს. დიდი სიამოვნებით ვასრულებთ თქვენს თხოვნას და გაძლევთ რჩევას. იწერებით, მწერალს რა ეჭირვებაო? და აი რა: 1) უნდა ნიჭი ჰქონდეს, 2) დრო და ჟამის შესაფერად უნდა იყოს ნასწავლი და განვითარებული, 3) უნდა შესწავლილი ჰქონდეს ის ენა, რომელზედაც აპირობს წერას, 4) გულწრფელი უნდა იყოს და კალამი ისე არ აიღოს ხელში, რომ არ გაიხსენოს: „გული წმინდა დაბადე ჩემთან, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსაო“; თავის თავს ისე უნდა უყურებდეს, როგორც მოციქულსა და ქვეყნის მოძღვარს: უშიშარი უნდა იყოს, შეუპოვარი, მტერ-მოყვარობის გადუყოლელი, რასაც ხალხს ეუბნება, ის უნდა გულის წმინდით იყოს ნათქვამი, ისე როგორც აღსარება ქრისტეს წინაშე. პირადობა შესწიროს საზოგადოს და მზათ იყოს, რომ გაჭირვება და უსამართლობა აიტანოს ხოლმე. აი, თუ ამას ყოლიფერს გრძნობ შენში, მაშინ აირჩიე საზოგადო ასპარეზი და უამისოდ კი, რომ შენც სხვებსავით, ნახირში გამოერიო მეცამეტე გოჭივით, - რა სარგებელია? და თუ საზოგადო მოღვაწეობას ისე უყურებ, როგორც ცხოვრებაში გამოსადეგ იარაღს, რომ მითი ქვეყნის თვალში ძალა შეიმატო, უმეტესობას თვალი აუხვიო და, ზოგიერთებსავით, მარტო შენ პირად კეთილდღეობაზე იფიქრო, ეს ხომ ყოველგვარ დამნაშაობაზე უარესია და ღმერთმაც გაშოროს!.. მასთანაც ამგვარათ მოპოებული ღირსება და დიდება ხანგრძლივი საგზალი არ არის... საშვილიშვილო ბარგათ არავის გამოადგება და უმჯობესია ასე თავის საკუთარ, საოჯახო და საპირადო საქმეებზე იფიქროს კაცმა მშვიდათ და კეთილათ. რაც შეეხება თქვენს ლექსებს, ნიჭი გეტყობათ, მაგრამ განვითარება გაკლიათ და გაუწვრთნელათ ნიჭი რა გამოსადეგია? ხომ გაგიგონიათ: „უჭკუო, მაგრამ ნასწავლი და განვითარებული - მაღლა-მაღლა მფრინავი კაჭკაჭიო, ჭკვიანი, მაგრამ უსწავლელი და უვიცი - ჯაჭვით დაბმული ლომიო!“ პირველი ღმერთს აუცილებია თქვენთვის, როგორც თქვენი ნაწერიდანა სჩანს, და მეორე კი თქვენ ხელთ არის. ეცადეთ რომ თავი აიშვათ!
ახალ კრიტიკოსს. ეს მეორეთ მოგვდის თქვენი რჩევისა და დარიგების წერილი. გმადლობთ! დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენთვის კეთილი გსურთ და მიტომ გვამხილებთ ყოლიფერს გულწრფელათ... ვეცდებით, რომ ჩვენც სამაგიერო გადაგიხადოთ და გულწრფელათვე მოგახსენოთ: ერთი ორათ და ერთი სამათ თქვენზე უხნესი ვართ, თქვენზე მეტი გვინახავს და გაგვიგონია, გამოცდილებაც მეტი გვაქვს და რატომ გგონიათ, რომ თქვენ მართალი, შეუცდომელი ბრძანდებით და ჩვენ კი მტყუანი და შემცდარი?.. მაგრამ ჯერ ბევრი რამ მოგეთხოვებათ? თქვენს ხანში ჩვენც მეტი აზრის ვიყავით ჩვენს თავზედ! უბრალო რამ გაგვაკვირვებდა, ცოტაც დიდათ მიგვაჩნდა და სხვებს დიდათ არ ვაგდებდით, ყველას წუნსა ვდებდით!.. რასაც თვითონ ვერ მივწვდებოდით და ვერ გავიგებდით, ის ყოველივე სისულელე გვეგონა. მაგრამ იმდენი ზრდილობა კი გვქონდა, რომ ამაებს ყველას გულში ვინახავდით, თავხედათ არა ვყვიროდით და მადლობა ღმერთს, რომ ასე ვიქცეოდით, თვარა დღეს როდესაც შევიგენით მაშინდელი ჩვენი სიყმაწვილე, სანანებლათ გვექნებოდა იმ დროინდელი ჩვენი თავხედობა!.. ეცადეთ, რომ საბოლოოთ თქვენც არ გაგაწბილოსთ დღევანდელმა თქვენმა მეტიჩრობამ... ზრდილობა და მოკრძალვა კარგი თვისებაა!..
შემცდარი არიან ისინი საზოგადოთ ვისაც თავდაბლობა სულმდაბლობათ მიაჩნიათ და ხეპრული, თავშეუკავებელი პირდაპირობა, სიმართლის მოყვარეობა ჰგონია. ორიოდე გაცვეთილი წიგნის წაკითხვა, და ისიც წარამარათ გაგებული, საკმაო არ არის ჩვენთვის, რომ თავი დიდათ მივიჩნიოთ და სხვების სამოძღვროთ გამოვიდეთ. ჯერ ისწავლეთ, ისწავლეთ და თუ ღმერთმა შეგნება მოგცესთ, მაშინ მოგვთხოვეთ პასუხი და მაშინ დასდეთ წუნი ჩვენს მოქმედებას. მაშინ ეგება ჩვენც ბევრი რამ დაგიჯეროთ და ჯერ კი ტყვილათ ნურც მარკების ფულსა ხარჯავთ და ნურც ჩვენ გვაცდენთ!...
ქუთაისს - ბ. ლ. „ერთი ალილო მღვდელსაც შეეშლებაო“ -ბრძანებთ - „ნამსახურ კაცსა და ნაერთგულარს ერთი-ორი დანაშაულობა როდი უნდა მოვუხსენოთო!“ ვერ გეთანხმებით: დანაშაულობაც არის და დანაშაულობაც! თუ კაცი უნებურათ და ან იძულებით შემცდარა, ის სხვა არის! მაგრამ, თუ განზრახვითა და გაუჭირვლათ, მხოლოთ საპირადო ანგარიშით გადაუხვევია სწორი გზიდან, იმისთანა მოღვაწის აღარა დაიჯერება რა!.. იუდა დიდი ერთგული და თავდადებული მოციქული იყო და მხოლოთ ერთხელ შეცდა: გასცა ქრისტე და გაჰყიდა ჭეშმარიტება.... ისევ მალეც შეინანა და თავიც ჩამოიღრჩო, მაგრამ მაინც „იუდად“ დარჩა ქვეყნის თვალში სამარადისოთ.
ახალგაზრდა მეგობარს. იწერებით „გამოცანები“ ავხსენიო. მოხარული ვართ, რომ გამოგიცვნიათ. რაც შეეხება „მუზის“ გამოგზავნას, გაახლებდით, მაგრამ, ვაი, თუ ახლაც ასე მოგვივიდეს, როგორც ადრე. ზოგიერთებს ვაახელით ხოლმე ჩვენი „მუზა“, მაგრამ უკანვე მოგვადგა ხოლმე კარზე, დაბრუნებული! კარგათ ვერ მიმიღო მასპინ-ძელმა, მწყრალათ დამიხვდა და ვეღარც მე მოვუცადეო!..
(აკაკის კრებული, 1897 წ., №4)
![]() |
3.22 უბრალო საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
„ბუზი ყველა ბზუისო და ფუტკართან კი ყველა სტყუისო“ - ამბობს ქართული ანდაზა. აქედან ჩანს, რომ ჩვენს ხალხს კარგათ ჰქონია შეგნებული ფუტკრის უპირატესობა სხვა მწერებზე. ჰქონია, მაგრამ მაინც კიდევ ეზარება ფუტკრის მახლობლობა! აბა შეფრინდეს ვისმე ოთახში ის, სულისა და ხორცის დამატკბობელი, თავდადებული ქვეყნის მუშა, თუ ყველამ დიდმა და პატარამ, ქალმა თუ კაცმა, ერთხმად არ დაიძახოს: „არიქა, მოერიდეთ! გააგდეთ! გვიშველეთო!“ და სხვა. მაშინ, როდესაც ყოვლად უმნიშვნელო და უსარგებლო, ჭრელი პეპელა ან ციცინათელა რომ შეუფრინდეთ, იმათ კი სიამოვნებით დაუხვდებიან, დაიჭერენ, ხელის გულზე აგოგმანებენ და უბეშიაც ჩაისმენ. „რა სასიამოვნოთ კიაფობს ბნელაში ეს უწყინარი ციცინათელაო! რა მშვენიერათ შეფერებულა ეს პატარა პეპელაო?! - გვესმის ხშირათ. - ფუტკარი კი ულამაზოა, მოუსვენარი, დაბზუის აქეთ-იქით ხან ერთ მყრალ ბალახს შემოევლება თავს, ხან მეორეს და ამასთანაც კბენა იცისო“. ეს არის საზოგადო აზრი, მაგრამ განა მართალია? ვის უნახავს, რომ ფუტკარი ვისმე მივარდნოდეს და ეკბინოს, თუ არ გაჭირვების დროს, როდესაც სხვებს პირიქით მოუნდომებიათ მისი მოკვლა და საქმეში ხელის შეშლა? ის კი მართალია, რომ მთელი დღე მოუსვენარათ დაჰფრენს და დაბზუის ხან აქ, ხან იქ; ხშირათ მყრალ ბალახებსაც გარს უტრიალებს, მაგრამ, ეს განა უსაქმურობითა და თავის უპატიურობით მოუდის?! არა! ის ეძებს ყველგან იმ ნექტარს, ყვავილების იმ ტკბილ ნაწილებს, რომლისაგანაც ამზადებს თაფლსა და სანთელს. ძებნის დროს ათასგან მოტყუვდება, მაგრამ ერთგან კი მაინც, იმ ძებნის წყალობით, სადმე მიაგნებს რასაც ეძებს და შეუდგება საქმეს. არავის უნახავს, რომ ის უსარგებლო და გამოუდეგარ რამეზე დიდ ხანს გაჩერებულიყოს და ან სასარგებლოსათვის მალე თავი დაენებებიოს. „მოუსვენარიაო! ერთ ალაგას დიდხანს არ გაჩერდებაო, რომ ფეხალაგობ იმუშაოსო“! ჰმ!... განა ნეხვის ჭიაა, რომ ფეხალაგობ მშვიდობიანათ ფუნე აკვარკვალიტოს და აკოტრიალოს დილიდან საღამომდე?! ამის განსჯაში ვერ შევა ის, ვისთვისაც ყოვლის შემძლებელს გონების თვალი არ მიუნიჭებია და ვაი ფუტკრის ბრალიც მათ ხელში!.. ამ პატარა მწერის დღე ადგებათ თვით ადამიანებშიაც ნამდვილ საზოგადო მოღვაწეებს, როდესაც ფუტკრისა და აბრეშუმის ჭიის ადგილს ჭრელი პეპლები, ციცინათელები და ნეხვის ჭიები იჭერენ ხოლმე. ეს უსამართლობა იქ უფრო ჭრის, სადაც ხალხი გონების დაბალ საფეხურზე დგას. და რაღა თქმა უნდა, რომ ამ უგნურების კანონს ვერც ჩვენ, ქართველები, ავცდებოდით. უეჭველია, ზოგი-ერთები გაივლებენ გუნებაში, რომ ვითომც მე აქ ჩემ თავზე ვამბობდე და ჩემი მეგობ-რები მყავდეს მხედველობაში, მაგრამ ის ღმერთმაც იცის და კაცმაც, რომ ჩემი თავი ფუტკრათ არ მიმაჩნია და ჩემი მეგობრები ყაჭის ჭიებათ, მხოლოდ მსურველი კი ვარ, რომ იმათ გამრავლებას მოვესწრო ჩვენში. მანამდი კი, გურამიშვილის თქმისა არ იყოს, „სულ ბნელია, რაცა ელავს“. ყველგან თაღლითობაა ჯერ-ჯერობით და თვალის მოტყუება!..
ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისეთი არა გაკეთებულა რა თითო-ოროლა ვისგანმე, რომ იმავე დროს ათისა და ასისაგან ოცი იმდენი არ წახდენილიყოს. თუმცა ახალთაობა, ე. ი. ჩვენი ინტელიგენცია, დასებადაც კი დავყავით, გენიოსებიც გამოვნახეთ, მათთან ერთად სხვებიც ბევრი ამოვაჩინეთ: მეცნიერები, პუბლიცისტები, პოეტები, ბელეტრისტები, კრიტიკოსები, ისტორიკოსები და სხვანი და სხვანი!.. ისე არც ერთ მათზე ხმას არ ამოვიღებთ: რომ შეფრქვევით არ მოვიხსენიოთ: გამოჩენილი“, „ცნობილი“, „შესანიშნავი“ და სხვანი, მაგრამ ეს კი უბრალო თავის მოტყუებაა და ქვეყნის თვალის აბმა! თაღლითი რაც უნდა ძვირათ აფასო, მარგალიტობას მაინც ვერ იზამს! დიდი სითამამით გავიძახით ხოლმე: მესამოცე წლებმა ეს მოგვცა და ისო, მაგრამ, „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“ - ნათქვამია. ერთი მიმითითონ: ვინ არიან ან პოეტები, ან პუბლიცისტები, ან მეცნიერები, ან კრიტიკოსები და ან კიდევ სხვა სარბიელზე სადმე საზოგადო მოღვაწეები? ის ვინც საზოგადო საქმეებს იმდენათ ეპოტინება, რამდენადაც მხოლოდ სასარგებლოა საკუთრათ მისი პირადო-ბისათვის, განა მართლა საზოგადო მოღვაწეა?! ეთქმის მწერალი მისთანა თავხედსა და გამბედავ მჯღაბნელს, რომელმაც არც ენა იცის, არც მართლწერა, არც განვითარე-ბულია და არც თავის ქვეყანასა და ხალხს იცნობს? რასაკვირველია არა! და ჩვენში კი უმეტესობა ამ ცოდვაშია ჩავარდნილი. ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავხედმა და უმეცარმა მწერლობამ ისე გარყვნა ენა, რომ დღეს ქართული ქართულს აღარა ჰგავს. მის ნაცვლათ, რომ ძველი წიგნები გადაიკითხონ, ხალხის სიტყვა-პასუხს ყური დაუგდონ, ენის ხასიათს დაუკვირდენ, მისი გრამატიკული კანონები შეისწავლონ და ისე სწერონ, ისინი თავის საკუთარი გამონაგონი სიტყვებით და ფრაზებით ნავარდობენ! სიტყვების მნიშვნელობა არ ესმით და აზრს აუკუღმართებენ. „დაბოლოება“ და „ბოლოს მოღება“ ერთი და იგივე ჰგონიათ, „ცხენზე გადავარდას“ მაგიერათ „ცხენი-დან გადავარდას“ ხმარობენ; „ფაიტონი დამიძახეო“, „კაცი ვცემეო“, „მე რომ შენი ვიყოო“ (მე რომ შენ ვიყოს მაგიერ), „ეს წიგნი ერთი მანეთი ღირსო“ და სხვანი. თითონ არ იციან, მაგრამ ამ თავის უმეცრებას ისეთი თავმოყვარეობით კი აფარებენ ხელს, რომ ყოველგვარ შენიშვნას შეურაცყოფათ მიიღებენ და თავისას მაინც არ იშლიან! ენა, თუ გინდათ, თქვენი ჭირი წაიღოს, თუ აზრი მაინც რამეა მათ ნაწერში და თუ შემოქმედებით ძალას მაინც არ არიან მოკლებული? მაგრამ, ვაი, რომ აქ კიდევ უარესი ჭირია! გარდა უხეირო მიმბაძაობისა მათ არა ეტყობათ-რა! აქაო და ერთხელ რუსთაველმა ამ შვიდასი წლის წინათ თქვაო:
თუ კაცი კაცად არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობაო
ახირდებიან დღევანდელი პოეტები და ვითომ ახალ რამეს გვეუბნებიან, როცა იმავე აზრს გადამახინჯებულათ გვიჯღაბნიან:
რა არის აბა გვარიშვილობა
და დიდ-კაცობა? სულ არაფერი!..
კაცი მაშინ ხარ, თუ გიყვარს გლეხი
და გებრალება საწყალი ერი!-ო.
ამას რომ წაიკითხავენ დღევანდელი კრიტიკოსები, დაიღრიალებენ: „ვაშა! ვაშაო“, რუსთაველზე მაღლა დააყენებენ და ატყდება ერთი განგაში! რაც შეეხება შემოქმედებით ნიჭს და საკუთარ აზრს, ხშირათ, როგორც თვით მწერლებს, ისე იმათ კრიტიკოსებსაც ობროდობა პოეზია ჰგონიათ: მაგალითად „დევის ძუძუ მიწოვიაო“, ე.ი. უბრალოთ რომ ვთქვათ, მთაში ვყოფილვარ და იქ მთის წყალი დამილევიაო; „ცას ფოლაქები აშვენებენო“, ე.ი. ცაზე ვარსკვლავები არიანო, „ცაზე მჭადი მოცურავდაო“ - ვითომ მთვარე ამოდიოდაო, „აღმოსავლეთით აინთო თორნეო“ - ვითომ მზე უნდა ამოსულიყოო და სხვანი და სხვანი. ესეები ყველა, ჩვენი კრიტიკოსების შეხედულობით, სულ პოეტური მხატვრობა-წარმოდგენა არის და ამტკიცებს უდიდეს შემოქმედების ნიჭს! სწორეთ ამნაირათვე აზვიადებენ ჩვენში ყოველგვარ მოღვაწეს, რა სარბიელზედაც უნდა იყოს, და აწერენ მისთანა რამეს, რომელიც იმათ სრულიათაც არ დაუმსახურებიათ და მხოლოთ პურ-მარილით, ქლესაობით და დამეხმარე-დაგეხმარებით უშოვნიათ ქვეყნის მოსატყუებლათა და ბრბოს სახედნათ!..
დიდია ამ მატყუარების ცოდვა, მაგრამ ერთი ასათ უფრო უდიდესია იმ მეთაურ პუბლიცისტების დამნაშაობა, რომელნიც ქვეყანას მეთაურობას უწევდენ და კლდეზედ კი მიჰყავდათ გადასაგდებათ!.. და მიტომაც ჯერჯერობით ჩვენც არას ვიტყვით სხვა ჩვენ მოღვაწეებზე და პირდაპირ დავიწყებთ პუბლიცისტებიდან.
ჩვენი პუბლიცისტები რომ შორსმჭვრეტელობას მოკლებული არიან და რაც თვალში ძალაუნებურად არ ეჩხირებათ, იმას ვერ შენიშნენ, ეს ვინ არ იცის? მათი ქცევით კიდევაც მოგვაგონებენ ერთ ამბავს: მთავარ-მართებელი მიბრძანდებოდა მარტვილში და მაზრის უფროსს უბრძანა: „როცა გამოჩნდეს გზიდან ტაძარი, - მიჩვენეო!“ სანამდი მარტვილში არ მივიდენ, მაზრის უფროსს ხმაც არ ამოუღია და რომ მივიდენ, მაშინ გამოეჭიმა უფროსს და მოახსენა: „ეს გახლავთ მარტვილიო!“ გაეცინა მთავარ-მართებელს და უთხრა: „შე ტუტუცო, ახლა ხომ უშენოთაც ვხედავო?“ ამისი არ იყოს, ჩვენი მოწინავე პუბლიცისტები, როცა ეკალი ითესება ცხოვრებაში, მაშინ ხმასაც არ იღებენ, ზოგი მიუხვდომელობის და ზოგიც საპირადო ცბიერობით, რომ არავინ მოიმდურონ. როცა ის თესლი, ეკლათ ამოსული, ქვეყანას ფეხში ეჩხვლიტება, მაშინ კი დიდი თავმომწონებით იძახიან: „ეკალია აქ და იჩხვლიტებაო!“ სად იყო წინამორბედობა და წინასწარმეტყველება მესამოცე წლების პუბლიცისტებისა მაშინ, როცა ის ითესებოდა, რაც დღეს ხალხის შემაწუხებელ ეკლათ ამოსულა და იჩხვლიტება?! მართალია, ხალხი ამბობს: „ურემი რომ გადაბრუნდება, გზაც მაშინ გამოჩნდებაო“, მაგრამ ამას დაცინებით ამბობს და არა დაუდევრობისა და უგუნურების გასამარ-თლებლად. მაშინაც და დღესაც ჩვენი ვითომდა პუბლიცისტები, თავის თავად ვერაფრის მომხერხებელი, მხოლოთ სხვის სიტყვებს იმეორებდენ ბავშური მიმბაძაობით!.. მოჰკრავდენ ყურს თუ არა, ამ და ამ უცხო მხარეში სადმე ეს და ეს კითხვებია აღძრულიო, ისინიც მაშინვე იმავე საკით-ხებს, იმავე საგნების შესახებ გადმო-იტანდენ ხოლმე ჩვენში და იმას კი არ დაგიდევდენ, თუ რამდენათ საჭირო იყო ჩვენთვის და გამოსადეგი ჩვენი ქვეყნისათვის? რომ ცილისწამება არავინ შეგვწამოს, გავიხსენებთ მაგალითებს.
ადრე სომხები, გარდა სარწმუნოებისა, არაფრით არ განსხვავდებოდენ ქართველებისაგან; და ან კი რას უნდა განესხვავებია, როდესაც მრავალ საუკუნოების განმავლობაში მამა-პაპით და პაპის-პაპით შეუსისხლხორცდენ ქართველობას? მშობლიური ენა შეიქნა მათთვის ქართული და ისტორიაც ერთი და იგივე ჰქონდათ. მესამოცე წლებში შემოვიდენ თბილისში ოსმალოსა და სპარსეთის სომხები გადაჭრილი პროგრამით. სხვათა შორის ამტკიცებდენ, რომ ვინც უნდა იყოს სომხის სარწმუნოების აღმსარებელი, რა ერსაც უნდა ეკუთვნოდეს ჩამომავლობით, მაინც სომეხია და სხვა ნაციას არ უნდა ეკუთვნოდესო; დედა ენათაც სომხური ენა უნდა აღიაროს, თორემ „უფალო შეგვიწყალე“ თუ სხვა ენაზე თქვა და არა სომხურზე, ეკლესია არ შეიწყნარებს და „უტერვოღორმიაოთ“ სასუფეველში ვეღარ შევაო! ამით შეაშინეს იმათ მორწმუნე და დაბალი წოდების ხალხი. მაღალ წოდებასაც სხვა იმედები მიცეს და შეუდგნენ საქმეს; გამართეს შკოლები, დაიწყეს ქადაგება და არა თუ მარტო თბილისში, სხვა ადგილებშიაც - გორში, სიღნაღში, თელავში, ახალქალაქში, საჩხერეში, ჩხარში და სხვაგან, სადაც ათისა და თორმეტი საუკუნის განმავლობაში ხმა არ ამოღებულა სომხურათ, დაიწყეს ამ ენის შესწავლა. თუ რა პროგრესიულათ მიდიოდა მათი წარმატება საზოგადოთ, ამას ხოჯივანქის სასაფლაო გვიჩვენებს, სადაც მესამოცე წლებამდე საფლავის ქვები მხოლოთ ქართულათ არიან წარწერილი; მერე ათი წლის განმავლობაში თანდათან სომხური ეპარება ქართულთან ერთად და შემდეგ კი სულ სომხურ ენაზეა წარწერა. ენას გარდაც, ნელ-ნელა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს მკვიდრ ქართველებთან და მტრული თვალით შეხედეს. ამ ოცდაათი წლის მათმა შრომა-მეცადინეობამ უნაყოფოდ არ გაიარა და დღეს ისე მაგრათ ჰყავსთ ქართველობა ჩაბოჭვილი, რომ, თუ სტიქიონურმა რამემ არ უშველა, ცუდათ არის მათი საქმე!.. უცხოეთიდან გადმოსულმა სომხებმა ისინიც კი გადიბირეს, რომელნიც, ძირეულათ ჩამომავლობით, ქართველები იყვენ და მხოლოთ სომხის სარწმუნოებასა კი აღიარებდენ, მაგალითად, კახეთის, გორის და ახალციხის მაზრის მცხოვრებნი. ეს რომ ასე უნდა მომხდარიყო, - ცხადი იყო, მაგრამ ქართველი პუბლიცისტების უკუდო ლიბერალობამ ვერ დაინახა და სულ სხვას გაიძახოდა. მხოლოთ ერთმა მათგანმა ამ ოცდაათი წლის წინეთ წინდაწინვე იწინასწარმეტყველა ყოველივე „დროებაში“, მაგრამ თვითონ ქართველებმა მიაყარეს ქვა და გუნდა შემნიშვნელსაც და რედაქტორსაც. იმ დღიდან აქამდე ხელის შემშლელი აღარავინ ჰყოლია სომხების შორმჭვრეტელობას და მეცადინეობას. ხშირათ ისინი სხვადასხვაგვარი თავზე ხელის მოსმით, ისევე ჩვენებს იხვევდენ გარს მათ საქმეში მომხრეთ. დღეს კი ხედავენ მესამოცე წლების პუბლიცისტები, მაგრამ იმას უყეფენ, რისთვისაც ამ ორმოცი წლის წინათ უნდა მიექციათ ყურადღება! და დღეს, რაც ახალი ეკალი ითესება, იმას კიდევ მაინც ვერა ხედავენ და უკანა რიცხვებით უანგარიშო გამჭრიახობით ამაყობენ! ეს ერთი, მეორე: ბატონყმობის გაყრის დროს, როდესაც მომრიგებელ შუამავლის კავშირობით თავადაზნაურობა და გლეხობა ისევ გადაბმულად დარჩა, როგორც იმერეთში, ისე ქართლ-კახეთში, მოხუცებულებმა ითხოვეს: „რადგანაც მთავრობამ გამოიჩინა ჩვენზე მისი მამობრივი მზრუნველობა და ბატონ-ყმები გაგვყარა, უმჯობესია ამ თავითვე სულ გავშორდეთ ერთმანეთს; რაც მოგვივა, მოგვივიდეს, მხოლოდ კი ვიცოდეთ: ან ჩვენი რა არის, ან მათი, თორემ ეს სააპეკუნო შუამავლობა საქმეს გაამწვავებს ჩვენ შორის და მტრობა თავს იჩენსო!“ იმათ ინსტიქტიურათ იგრძნეს ის, რაც მართლა მოსალოდნელი იყო და მაშინდელი ინტელიგენცია კი მარტო უგალობდა წუნდაუდებლათ იმ დიდებულ აქტს.
ამგვარადვე მოიქცა ჩვენი პუბლიცისტიკა სხვადასხვა რეფორმების შემოღების დროს, ოღონდ კი ძველი გადავარდნილიყო და მის სამაგიეროთ როგორიც უნდა შემოეღოთ, - სულ ერთი იყო. ახალი სამართალი ცოტა გადასხვაფერებულათ შემოიღეს ჩვენში ადგილობრივი მთავრობის მეცადინეობით, და სწორეთ მისი ბრალი შეიქნა, თუ ის ნაყოფი ვეღარ მოუტანა ჩვენს ხალხს სამსჯავროებმა, რომელიც მოსალოდნელი იყო. მაგალითად, რუსეთში მომრიგებელ მოსამართლესთან მიდის პირდაპირ მომჩივანი და სიტყვიერათ ეუბნება მსაჯულს საქმის გარემოებას; მსაჯულიც მოუსმენს და მაშინვე ხელათ უჭრის სამართალს. ჩვენში კი სიტყვიერი საჩივარი შეუძლებელია. უნდა წერილობით განაცხადოს იმ ენაზე, რომელიც მას არ ესმის და ცხადია თავისი მაგიერი უნდა მონახოს ვინმე. საწყალ ხალხს იმდენი შეძლება არა აქვს, რომ ნაფიცი ვექილი აიყვანოს და ხელში უვარდება იაფ, გაიძვერა სოფლის „აბლაკატს“, რომელიც იქით გადიწევს, საიდანაც მეტს აიღებს. თვითონ მსაჯულებიც იძულებულნი არიან, რომ ფორმას, გარეგნობას მისდიონ და ახალმა სამსჯავრო წესწყობილებამ ვეღარ მოიტანა ჯეროვანი ნაყოფი. დიდ განსაცდელში არის ჩავარდნილი ქვეყანა!.. ერთადერთი ხსნა მხოლოთ-ღა ერობის შემოღებაშია და ნაფიცი მსაჯულების განწესებაში, რომელზედაც დღეს ბევრს ლაპარაკობენ და ზოგან კიდეც ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით უდავოა ვითომ ჩვენი ხალხისათვის ამათი შემოღებაო - „განა შეიძლება იქ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, სადაც აქაური მკვიდრნი თავისიანებს, გინდ ავაზაკი იყოს, ხელს აფარებენო?“ ამას, რასაკვირველია, უმეცრება ალაპარაკებთ, თორემ არასოდეს ჩვენი ხალხისაგან ქვეყნის ორგულობა და ცუდკაცობა შეწყნარებული არა ყოფილა და არც იქნება.
დღეს რომ ჩვენი ერი ზნეობრივათ დაცემულია და სარწმუნოებაზედაც გაგულგრილებული, ეს მხოლოთ ახალი გარემოების ბრალია. ამ გარემოების გასწორება მხოლოდ ერთადერთ ერობას და ნაფიც მსაჯულების შემოღებას შეუძლია, - „როგორ შეიძლება იმ ხალხისათვის ამ უფლების მინიჭება, სადაც ცრუ ფიცი არად მიაჩნიათ და თვით ავაზაკებსაც ხელს აფარებენო?!“ ყვირიან ზოგიერთები, მაგრამ ისინი ვერ იცნობენ ქვეყანას, არ არიან ხალხის გულში ჩახედული და მიტომ უთითებენ კალთიდან გამოშვერილ მამლის ბოლოს და თვითონ მამალი კი კალთაში გამოხვეული და დამალული ავიწყდებათ! ძირეულ მიზეზსა მხარს უქცევენ და იძულებით გამოწვე-ულ შედეგს კი მიზეზათ აღიარებენ!... აბა მოისპოს ქვეყნის შეუფერებელი მიზეზები, თუ შედეგიც თავისთავად არ გაჰქრეს! მართალია, ზოგჯერ მომხდარა, რომ სოფელს ესა თუ ის გავარდნილი ავაზაკი არ გაეთქვას, არ გაეცეს, მაგრამ ეს მოსვლია შიშით და არა ცუდკაცობის მომხრეობით. ბევრი მაგალითი ყოფილა ჩვენში, რომ თვით სამსჯავროში, როდესაც ნაფიც მოწმეს მართალი უჩვენებია, დამნაშავეს დაეძახოს მისთვის: „მაშ კარგი! ხომ გამამხილე და ნახავ, რაც მოგივაო“ მართლაც რამდენიმე ხნის შემდეგ მიპარულა, მიჭრილა მის სახლში, ციმბირიდან გამოქცეული, დაბრუნებული ავაზაკი და აუკლია!... გავარდნილებმა, რომელთაც პოლიცია დასაჭერათ დასდევდა, განა ცოტა მოკლეს და გააფუჭეს ჩვენში: რათ გაგვეცით და აცნობეთ პოლიციას ჩვენი აქ ყოფნაო! აჭარელმა თქვა: „ვიცი მამიჩემის მკვლელი არ ცხონდებაო, მაგრამ მე რაი, მამას ვიღა გამიცოცხლებსო“. მისი არ იყოს, ერთხელაც იქნება ავაზაკს თავისი გადახდება, მაგრამ რა ეშველება და რა ნუგეში ეძლევათ მისგან დაღუპულებს? ამას ყოლიფერს ხედავს ხალხი და არა თუ ვეღარ დევნის ავაზაკებსა და ცუდ კაცებს, პირიქით, შეშინებული, იძულებული ხდება, იმათ ნება-სურვილზე იაროს!.. ესეები ყველა დაფარულია უცხოებისათვის და მათი რეფერატები და მსჯე- ლობაც ოცნებითი ზღაპარია! სად არიან ჩვენი პუბლიცისტები, რომ ჩვენი ქვეყნის ავსა და კარგს არ გამოააშკარავებენ და სიმართლეს ფეხს არ მოაკიდებიებენ ცხოვრე-ბაში?! სად არიან და თავისთვის კაბინეთში და ან იმ სადილ-ვახშამზე, რომელსაც მეგობრები მათ უკეთებენ და „ვაშა-ვაშას“ ძახილით შეჰყვირიან: „იცოცხლეთ, დიდებულო მოღვაწეებოო!“
(აკაკის კრებული, 1898 წ., №6)
![]() |
3.23 უბრალო საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
(„კრებულის“ ფოსტა)
გულგრილობაზე უფრო საწყენათ და გულსაკლავათ მე არა მიმაჩნია-რა და მიტომაც მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ჟურნალმა, მწარედ თუ ტკბილათ, უმეტესობას გულში გაუსისინა. ეს იქიდან ჩანს, რომ დღითი დღე, თანდათან უფრო მეტი წერილები მოგვდის რედაქციაში, ბევრი მათგანი გულისწყრომის დროს არის დაწერილი და ჩვენს კიცხვა-გინებას შეიცავს, მაგრამ უმეტესობა კი გულწრფელათ გვეკითხება სხვადასხვა რამეების შესახებ. ყველას რომ პასუხი გავსცეთ, შეუძლებელია, და ზოგიერთებს კი არ დავაგდებთ უყურადღებოთ და წერილის შინაარსსაც აქვე მოვიტანთ:
„ბატონო რედაქტორო! გადავიკითხე თქვენ მიერ გამოცემული თვიური ჟურნალი „კრებულის“ IV ნომერი და ახლა უფრო ნათლათ დავრწმუნდი, რომ თქვენს ბუნებ-რივ ნიჭს ვირულ მხატვრობაში, ტლინკვა-ყროყინში მობადლე არა ჰყავს. ღმერთმა მეტი შნო მოგცეთ, მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ თქვენს ხელის მომწერთა შორის იქნება არიან ისეთნიცა, რომელნიც „კრებულის“ გამოწერით მოელიან რამეს და არა ისეთს ვირის გაკვეთილებს, როგორც თქვენ აწვდით თქვენს ხელის მომწერლებს. თქვენი ხნისა და ჭაღარისა მაინც გრცხვენოდეთ! „სვინდისიც კაი საქონელიაო“, თუმცა თქვენ ამ ბოლო ხანში იმას ისე უფრთხით, როგორც ჭირსა!“
პასუხი
გადავიკითხე ეს თქვენი წერილი და უნდა აღვიარო, რომ რამდენათაც საზოგადოთ მეწყინა, იმდენათვე კერძოთ, პირადათ მიამა. მაგრამ ამას, როგორც ნაწერზე გეტყობათ, თქვენ თქვენდა თავათ, ვერ გაიგებთ, თუ არ აგიხსენით. საზოგადოთ მეწყინა, რომ თქვენისთანა კაცები რეულან ჩვენში, თუმცა იმასაც კი ვფიქრობ, რომ ქართველი არ უნდა იყოთ, და თუ ხართ, უეჭველათ სულით ავადმყოფი იქნებით და ღმერთმა გაგკურნოთ! კერძოთ კი, პირადათ სასიამოვნოთ მიტომ დამირჩა, რომ უღირსი კაცისაგან ღირსეულათ ვისიმე მოხსენება ისეთივე შეურაცხყოფაა, როგორათაც ღირსეულისაგან წუნის დადება. უღირსისაგან გმობა თვით ქება-დიდებაა. „მზგავსმან მზგავსისა თანა განისვენოსო“ - ბრძანებს საღმრთო წერილი. დიაღ, ყველას თავისი მზგავსი და შესაფერი მოწონს! თუმცა ზოგიერთების აზრით ის არის მოსაწონი კაცი, ვისაც ავებიცა და კარგებიც ერთნაირათ თანასწორ-კეთილათ იხსენიებენ, მაგრამ მე კი იმას ვაძლევ უპირატესობას, რომელიც კარგ კაცებს უყვართ და აქებენ და იმავე დროს ცუდებს სძულთ და აგინებენ. კაენის გმობა, პილატეს მოყვრობა და იუდას მეგობ-რობა, აბა, ვისგან რა სანატრელია?! და ღმერთმა ნურც ჩვენ მოგვიშალოს კარგების მოყვრობა და ცუდების მტრობა-სიძულვილი!.
2.
„ჯერ სანამდის თანაგრძნობას გამოგიცხადებდე, უნდა აღსარება გითხრა: მე ერთი იმათგანი ვიყავი, დროს რომ მისდევენ და თავის გამოჩენით კმაყოფილი არიან. „სამშობლო“, „მამული“, „გაუმარჯოს საქართველოს“, „მრავალჟამიერ“ და სხვანი ყოველთვის ენაზე მეკერა. ქართულ წარმოდგენებს არ ვაკლდებოდი, პირველ რიგში სკამი მქონდა და ჩემი „ვაშა-ვაშას“ ძახილი ქანდარას ნიშანს აძლევდა. სადაც საქველმოქმედო კი რამ ყოფილა, მეც იქ პირველი გავჩენილვარ. მამის დანატოვები სამკვიდრო ამაში ხელს მიწყობდა. მტერიც მომადლიერებული მყავდა და მოყვარეც. ყველას მოვწონდი და მეც თავი მომქონდა. იტყვის კაცი: ამას მეტი ბედნიერება რაღა უნდაო? მე მაგ აზრისა ვიყავი თუმცა კი ხშირად რაღაც გამოურკვეველი და შეუგნებელი გულზე მკბენდა, თითქო რაღაც მაკლია და შევსება ეჭირვებაო. ჩემდა თავად ვერ მივხვდი და მთქმელი კი არსად იყო.
ქუთაისში ცხოვრობს ერთი მეგრელი ქალი. შინ გაზრდილია, ე.ი. გრძნობაცა და გონებაც საკუთარი აქვს, გარეწრობით შეუბღალავი და თავისთავად, ცხოვრების დაკვირვებით ნავარჯიშევი. ერთხელ იმასთან შევედი და ვნახე, წინ რაღაც წიგნი ედვა და კითხულობდა. გულ-მკერდი ებერებოდა, სახე უღელავდა და მღიმარე, მედიდურ სახეზე ცრემლები მოგორავდენ. ვთქვი: აბა ეს არის მზის ჭიატს რომ იტყვიან მეთქი... დიდხანს შევყურებდი ხმა ამოუღებლათ და ვტკბებოდი მისი რაღაც მედიდური მშვენიერებით. მივხვდი, რომ ამაღლებული გრძნობა ხორცსაც ამშვენიერებს და სახეს მომხიბლავათ ბეჭდავს... გვიან შემნიშნა და გააგდო წიგნი უკმაყოფილოთ. ჩვეულებრივი მოკითხვის შემდეგ შევიტყვე, რომ ჰოი, საკვირველებავ, ქართულ წიგნს ჰკითხულობდა და იმას აეღელვებია!... მიმითითა „კრებულზე“ და მკითხა: როგორ მოგწონს „ბაში-აჩუკის“ საცოლეო? მე თვალი დავაჭყიტე, რადგანაც არ გახლდით ქართული წიგნების მოტრფიალე და როგორც სხვა რამ, არც ის წამე-კითხა. „წაიკითხეო - მითხრა - და თქვენი აზრი შემატყობინეთო“.
გამოვართვი წიგნი. მეტი რაღა გზა მქონდა, უნდა წამეკითხა თავიდან ბოლომდე, მაგრამ განსაცდელში კი ჩავარდი! დიდი ხანია მას შემდეგ, რაღაი კი გიმნაზიიდან გამოვედი, ქართული აღარა წამეკითხა და კითხვას გადაჩვეული ვიყავი. დავიწყე ჭაპანწყვეტით კითხვა, შინ რომ დავბრუნდი. ჯერ თავს ძალა დავატანე, მაგრამ ბოლოს კი ნელ-ნელა წამიტყუა მოთხრობამ და, ერთხელ რომ აღარ ვიკმარე, სამჯერ ზედი ზედ გადვიკითხე და მართლა რომ რაღაც უცნობი სიამოვნება ვიგრძენი! ის დღე იყო და ის დღე. იქიდან დაწყებული აქამდე არა თუ „კრებული“, სხვა ქართული წიგნებიც აღარა დამიგდია-რა რომ არ წამეკითხოს.
შემიყვარდა კითხვა და ახლა კი ვგრძნობ სამშობლო ნიადაგზე ფეხის დგმა სანატრელი და სამკურნალო ყოფილა: ნაკლი შემევსო და ის მოწყენა ანუ ის „სკუკა“, ზოგიერთებს რომ აღრჩობს, მე ვეღარ მეკარება, აი ამას შემდეგ ვალდებულათ ვრაცხ ჩემ თავს ვისურვო წარმატება თქვენი „კრებულის“, როგორც ჩემი საკეთილდღეო პირველ მიზეზის და თანვე ვინატრო თქვენი დღეგრძელობაც“.
პასუხი
უმადლოდეთ იმას, ვინც მოგხიბლათ და სასურველ გზაზე დაგაყენათ, თვარა ჩემი ნაცარა „კრებული“ აქამდისაც შეუმჩნეველი დარჩებოდა თქვენგან. თქვენს კმაყოფილებას მეც შევუერთებ ჩემს სიამოვნებას და ვისურვებ, რომ თქვენისთანა უძღები შვილი სხვაც ბევრი დაბრუნებოდეს მშობლიურ ნიადაგს. პირადადაც მე სასიამოვნოთ დამირჩა თქვენი წერილი: „მწერალმა თუ თავისი გრძნობა სხვასაც აგრძნობინა და თავის მღელვარებით სხვაც ააღელვა - კმარა, მეტი რაღა უნდა მას? მაგნაირი, შორეული, მხოლოთ წარმოსადგენი თანაგრძნობაა, რომ გულს უმთელებს და ამხნე-ვებს მოღვაწეს და არა ის გარეგანი ნიშანი თანაგრძნობისა, რომელიც ხშირათ და უმეტესათ სხვისი ფეხის აყოლით, ტაშის კვრით „ვაშა-ვაშას“ გაიძახის.
3
ზოგიერთები მეკითხებიან დ. კ. შესახებ: „რა ვიფიქროთ იმ კაცზე, რომელიც დღეს აქ არის და ხვალ იქო, ხან ერთს ამტკიცებს და ხან მეორესო?“ და აი ჩემი პასუხი: მიკვირს ჭეშმარიტათ, რომ მარტო დ. კ. ამოგიღიათ ნიშანში! განა ცოტა არიან ჩვენში, რომ ხან მარჯვნივ უვლიან ბუქნას, ხან მარცხნივ? სადილობამდე ერთს გაიძახიან და ნასადილევს კი მეორეს და მათზე ხმასაც არავინ იღებს!.. გასაოცარია ქართველების ქრისტიანობრივი სულგრძელობა: რაც უნდა დიდი დამნაშავე იყოს მის წინაშე ვინმე, თუ კი შენიშნა მცირე რამ სინანული, გინდ ის სინანული მოჩვენებულიც იყოს, ყოველივეს მიუტევებს და დაივიწყებს გადასულს! ეს თავის თავად დიდი გრძნობაა, მაგრამ ცხოვრებაში კი გამოუსადეგარი და მავნებელია. მართალია საღმრთო წერი- ლი ბრძანებს: მიუტევეთ და მოგეტევოსთო, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ნურც გაუფრთხილდები და ნურც ეკრძალებიო. მაგალითად, შემოვიდა შენს ოჯახში მპარავი და გაგქურდა. უნდა მიუტევო და სამაგიერო არ უზღო, მაგრამ ისე კი არ უნდა დაივიწყო, რომ მეორეთაც კიდევ შემოიყვანო შენ სახლში და ხელმეორეთ მისცე შემთხვევა ქურდობისა. სახედარი რომ ზამთარში სადმე ტალახში ჩაეფლობა, მერე იმ გზაზე ზაფხულშიაც ვეღარ გაატარებთ. მიკვირს, რომ ჩვენ იმისაგანაც ვერ გვისწავლია ჭკუა, რომ გავფრთხილდეთ ხოლმე! ის, ვისაც ერთხელ და ორჯერ საზოგადო საქმეში მუხანათობა შემჩნევია, რაღა სანდოა და სახსენებელი?! ავისა და კარგის გაურჩევლობას ქართველობისას ჩვენ უფრო მის საზოგადო საქმისადმი გულგრილობას მივაწერთ, ვიდრე უგნურებას და ეს არის, რომ გული გვწყდება!.. ისინიც, ვინც დღეს აქ არიან და ხვალ იქ, არც მტერი იციან და არც მოყვარე, მოგვაგონებენ იმ დაქირავებულ მეომრებს, რომელნიც იქითკენ მიიწევდენ, საიდანაც მეტ გამოსარჩენს ელოდენ და თავისიანს კი არა ზოგავდენ, ოღონდ კი მტრის, მაგრამ მწყალობელი მტრის, გული მოეგოთ! აი, ამას მოგახსენებთ საზოგადოთ და რაც შეეხება საკუთრად ბ. დ. კ-ს, იმაზე ფიქრით თავს რათ იწუხებთ? ის იმ გვარ არსებათაგანია, რომელსაც კანონი სჯის, სამღვდელოება ღმერთს ავედრებს და გონიერი ერის კაცობა კი ერიდება. მე კი ჩემდა თავად, მგონია, რომ ეგ საბრალო სულით ავადმყოფია და ექიმობა ეჭირვება. განა ცოტა არიან გიჟები, რომ აუღიათ კეტი ხელში და გამვლელსა და გამომვლელს, ვინც კი შეხვდებათ, გაურჩევლათ უთხლაშუნებენ? ისინი მაშინ დარწმუნებული არიან, რომ სიმართლით იქცევიან და კარგ საქმეს ჩადიან. დამერწმუნეთ, რომ სწორეთ მაგ დღეშივეა ბ. დ. კ. და ჩვენი მხრით სამდურავი უსამართლობა იქნება. ვისურვოთ კი მხოლოთ, რომ გაიკურნოს ის საბრალო!..
4
„სხვათა შორის ამ დღეებში ერთი ჩხუბი მომივიდა ბ. №... №... არ ვიცი, რა პირადობა აქვს შენთან, მაგრამ ძალიან წინააღმდეგი კია შენი. საჯაროთ ამტკიცებდა, რომ შენი „კრებული“ უვარგისი, გამოუსადეგარი რამ არის: იქ არც სამეცნიერო და არც საფილოსოფიო არა მოიპოვება-რა, გარდა ყოველდღიური და ჩვეულებრივი აჭია-ბაჭიისაო. ინტელიგენტისათვის მაგის ხელში აღება და წაკითხვა დროს დაკარგვააო“ და სხვა.
პასუხი
შემცდარხარ, ჩემო კარგო, რომ წინააღმდეგობა გაგიწევია! მართალი უთქვამს ბ. №... №...-ს: ისე, როგორც მაგას ესმის მეცნიერება და ფილოსოფია, მართლაც რომ ჩემ „კრებულში“ არც სამეცნიერო და არც საფილოსოფიო არ არის-რა. მე საზოგადოთ მწერალს ისე ვუყურებ, როგორც პედაგოგს, სხვების გამზრდელსა და გამწვრთნელს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მწერლის სარბიელი უფრო დიდია. მასწავლებელი რამდენსამე მოწაფესა წვრთნის და მწერალი კი - მთელ ხალხს და არა თუ მარტო აწმყოში, - მომავალშიაც. მოძღვარი უნდა ცდილობდეს, რომ მოწაფეს მისთანა საზრდო აძლიოს, რომელიც კეთილად შეერგება მის სულსა და ხორცს და კარგათ უნდა ჰქონდეს შესწავლილი მისი ბუნება და ძალღონე, უამისოთ, იმან რომ აქა და მეცნიერ-ფილოსოფოსი ვარო, აღმაფრენა დაიწყოს თავმომწონეთ, ვერ რას არგებს. მე მყავს მხედველობაში ჩემი მკითხველები, ჩემი წრე და იმათთვისა ვწერ და არა იმ ინტელიგენტებისათვის, რომელთაც ევროპის სიბრძნე-მეცნიერება შეუსწავლიათ და მაინც ვერ გადიან ფონს. რა მაქვს სააღმაფრენო? და რომ კიდეც შემეძლოს აღმაფრენა, განა ვისურვებ? ვისთვის და რისთვის? მეცხვარის ძაღლსაც კი აქვს იმდენი ჭკუა, რომ წინ წაძღოლის დროს არ დაშორდეს ცხვრებს, ხშირათ შეჩერდება და უცდის, რომ არ ჩამომრჩენ და მგელმა არ მომტაცოსო. და მე რათ მინდა, რომ მაღლა-მაღლა არწივივით ვიფრინო იმ დროს, როცა დაბლა სამწყსო ჩემგან თანხლებას მოითხოვს? აი მე ამ აზრისა ვარ და მიტომაც პირიქით ვურჩევთ იმ შენს ბ. №... №...-ს, ხანდახან ლომ-არწივობას თავი დაანებოს და მეცხვარის ძაღლს მიჰბაძოს ხოლმე, რომ მოვალეობა უფრო სინიდისიერათ აასრულოს.
5
„ჩემ დათიკოს რაღაც ეშმაკათ ისე შეუყვარდა ქართული წიგნების კითხვა, რომ დღე და ღამ სულ შიგ ჩაკირკიტებს. მეშინია, ვაი თუ სხვა საგნებში ჩამორჩეს და ეს სულ შენი ბრალი იქნება, რომ თავდაპირველად შენ ააგულიანე და წაახალისე, გამიჯიუტდა, პირდაპირ მეუბნება: „თუ ქართული კითხვა ამიკრძალეთ, სულ თავს დავანებებ სწავლასაო“. ღმერთმა მტერი შეგიწუხოს, მე შეწუხებული ვიყო!.. არ ვიცი, რა ვქნა? მინდოდა, დასამშვიდებლათ „ჯეჯილი“ გამომეწერა, მაგრამ მისმა რეპეტიტორმა დამიშალა: „მისი გამოწერა ტყუილი ხარჯი იქნება და მისი კითხვაც დროს დაკარგვააო. უვარგისი ჟურნალია და საყმაწვილო შიგ ბევრი არა მოიპოვება-რაო. უმჯობესია რომელიმე რუსული საყმაწვილო ჟურნალი გამოიწეროთ და მე ვუთარგმნიო“. ეს ვუთხარით დათიკოსაც, მაგრამ არ შვრება: „ჯეჯილი“ მინდაო!“ და ახლა რას მირჩევ - ღირს მისი გამოწერა თუ არა?“ *
პასუხი
ჯერ, სანამ „ჯეჯილის“ შესახებ პირდაპირ პასუხს მოგცემდეთ, მომისმინეთ შემდეგი მოხსენება: ჩვენი ქართული მწერლობის ნაკლი ის არის საზოგადოთ, რომ კრიტიკოსები არა გვყავს და კრიტიკა არა გვაქვს. ყველას ის მიაჩნია საყოველთაოდ კარგათ, რაც თვითონ პირადათ მოწონს და იმასა დებს წუნს, რაც არ ეჭაშნიკება. ერთხელვე საზოგადო გადაჭრილი კანონით არავინ ხელმძღვანელობს. ვის არ გაუგონია ჩვენში ამ გვარი სიტყვები: „რა ვუყოთ, რომ უსწავლელი ვარ და თვითონ წერა არ შემიძლია? განა მაგიტომ საჭმელს კი არ შევატყობ, კარგია თუ ცუდიო!“
ეს შემცდარი აზრია. კაცი ყოველთვის ერთ გუნებაზე არ დგას, რომ მისმა შეხებამ ყოველთვის ერთნაირი სისწორით ამხილოს. ერთი და იგივე შეჭამადი სხვადასხვა დროს შეიძლება სულ სხვადასხვანაირათ ეჩვენოს, მაგალითად, როცა სიცხე აქვს ადამიანს, მაშინ ტკბილიც კი ემწარება პირში. ნამდვილი გარჩევა კი მხოლოთ იმას შეუძლია, რომელიც მარტო თავის საკუთარ გემოს კი არ უჯერებს, იცის კიდევაც კანონი, თუ როგორ უნდა მომზადდეს ესა თუ ის შეჭამადი და ახსნას: რა და რა მასალაა საჭირო და რა მოსვლიათ მეტი ან ნაკლები შეკმაზისა და შეზავების დროს, და თუ ეს ასეა, მაშ რაღა უნდა ვთქვათ იმათზე, რომელთაც ხელოვნებაც კუჭის გზით უნდათ წაიყვანონ? ჩვენში, სამწუხაროთ, ერთი ვინმე წამოიძახებს: ეს და ეს თხზულება კარგიაო, ან ცუდიაო, სხვები ბანს მისცემენ და მორჩა, გათავდა, დამყარდა აზრი! მერე საზოგადოთ ყველა იმასვე გაიძახის სხვების აყოლით. ამიტომაც ჩვენში ბევრი რამ არის უღირსათ მოწონებული და აგრეთვე უმართლოთ დაწუნებულიც. სხვების ფეხის ხმის აყოლას და მიმბაძაობას დიდი მომხიბლავი ძალა აქვს. ეს ადვილი შესამჩნევია, განსაკუთრებით საზოგადოთ ხელოვნებაში, რომელსაც შეგნებული გამრჩევი ბევრი არა ჰყავს. ვინ გაბედავს, რომ რომელიმე გამოჩენილი მხატვრის, მესაკრავის, ანუ მწერლის ნაწარმოები არ მოიწონოს და არ აქოს, ვითომ და თავის თავათ რომ უმეცრება არ შემწამონო.
სხვისი ჩაგონებით ბევრი რამ წარმოუდგება და მოეჩვენება კაცს. წამხედურობა გადამდები სენია. გამიგონია: ერთ ოჯახში, სადაც ყველა ელამი იყო და თვალებს აპარპალებდენ, ერთი მშვენიერი თვალ-ლამაზი პატარძალი მიიყვანესო და, წლის თავზე საყოლში რომ დაბრუნდა, მისიანებს ცნობა გაუჭირდათ, თვალი გაფუჭებოდა და აპარპალებდაო. სხვისი სიტყვა და სხვისი ქცევა იქაც კი ჭრის, სადაც დიდი შეგნება არ უნდა, თვარა მეცნიერება-ხელოვნებაში წინ რა აღუდგება? ზოგჯერ საუკუნოებია საჭირო, რომ რომელიმე დროის შეცდომა გაასწოროს. ამ ორმოცდაათი წლის წინეთ ვის დააჯერებდით რუსეთში, გინდ ის მოწინავე წრის კაციც ყოფილიყო, რომ ოზეროვი და კუკოლნიკი შექსპირზე და შილერზე უკეთ არ სწერდენ დრამებს და ხერასკოვი და ბენედიქტოვი ბაირონსა და შელლის არა სჯობდენ? იყვნენ მისთა-ნებიც, რომ ბულგარინს დიკკენსს ადარებდენ. დღეს კი ყველას ეცნობა ეს. რაღა შორს მივდივართ, ჩვენშიაც შვიდი საუკუნის განმავლობაში სადაც რუსთაველს კი ახსენებდენ, იქვე წამოასკუპებდენ ხოლმე შავთელსა და ჩახრუხასაც, თითქმის უფრო მაღლაც აყენებდენ რა იყო მიზეზი? ერთხელვე ნათქვამის აყოლა!.. რომ კითხულობ-დენ და გაგება უჭირდათ, ფიქრობდენ - ალბათ აქ არის სიბრძნე, რომ გაგება გასაჭი-რიაო! ჩემ სიყმაწვილეში მე თვითონ გამიგონია მოხუცებული ქართველებისაგან: „შავთელი და ჩახრუხა სიბრძნის ზღვა არის, რომ შეცურო, ვეღარ გამოცურავო და რუსთაველი კი უბრალო სასიამოვნო რამო. ის თითქოს ხუმრობს და უბრალო ღელეში ჭყუმპალაობს, მაგრამ მაინც მეტათ სასიამოვნო რამ არისო“. რა იცოდენ იმათ, რომ გენიოსური რამ მხოლოთ ის არის, რაც ადვილი გასაგებია და გზა-გზა გაუჭირვლათ ხელათ იჭერს გამვლელ-გამომვლელს და უბრალო, ადვილ-გასაგები სიტყვებით ხიბლავს გრძნობა-გონებას? ეს მამა-პაპური ცოდვა-შეცდომა დღემდისაც გვიწევს ჩვენ და ხშირათ უბრალო გაბერილი და გაბტყელებული, ბუნდოვანი რამ საქებათ მიგვაჩნია!.. ამ გვარმა შეხედულებამ და უკრიტიკობამ ისე გაგვიფუჭა გემო ხელოვნების შესახებ, რომ კარგსა და ავს ძნელათ ვარჩევთ და ხშირათ სხვისი რამ ჩვენი გვგონია.
ერთ მექანდაკე უცხოელ ქალს ვიცნობდი. მის სამუშაო ოთახში რომ შესულიყავით, დაგენახათ მისგან გამოქანდაკებული სხვადასხვა რამეები, გაგიკვირდებოდათ. განსაკუთრებით პატარა ბავშვები და ანგელოზები ისე ცოცხლათ გამოჰყავდა, რომ თვალს ვერ მოაშორებდა კაცი. თვითონ კი თავისი პატარა ვაჟის სილამაზით იყო გატაცებული, თუმცა მაინცა და მაინც დიდი არა იყო-რა. ერთხელ მე გავეხუმრე: ხომ ორივე თქვენი წარმოშობილია და რატომ ამ ქანდაკებაზე კი არასა ბრძანებთ-მეთქი? გაიღიმა და მითხრა: ქანდაკი მხოლოთ ხელოვნურათ მიმზგავსებულია და ეს, ჩემი პეტია კი ნამდვილია და ცოცხალიო და რაც უნდა იყოს, მაინც კიდევ აჯობებს უსულო და უხორცო ქვასო. ქანდაკი მიბაძვით და წარმოდგენით გამიკეთებია და ჩემი პეტია კი, მუცლით მიტარებია, ნელ-ნელა ჩემი სისხლით მიზრდია და თავის დროზე ტანჯვით მიშობიაო“. სწორეთ ესევე ითქმის თხზულებაზედაც. რასაც და რაზედაც წერს მწერალი, თუ ის დიდხანს გულში არ უტარებია, საკუთარი გრძნობა-გონებით არ უსაზრდოებია და თავის დროზე არ წარმოუშობავს, გარეგანათ მშვენიერიც რომ იყოს, სრული მაინც არ ეთქმის. ფუტკარი რომ თავის სხეულში არ გაატარებდეს ხოლმე სანთლის ფიჭას და ყაჭის ჭია შიგნიდან არ იხვეწდეს ძაფს და ისე მხოლოთ გარედან ატმასნიდენ, არც ერთი და არც მეორე ის აღარ იქნებოდა, რაც არიან დღეს. ჩვენი მწერლობის ნაკლიც ეს არის, რომ ის არ არის მშობლიურ დარჯაკში გატარებული, ავტორისაგან შესისხლხორცებული და მხოლოთ წარმოდგენითა და მიმბაძაობით არის გამოქანდაკებული. ჩვენი მწერლობის უმეტესობას ჰგონია, რომ უთუოდ დიდი საგანი, სამეცნიერო, ჭკუის სასწავლებელი რამ უნდა აიღონ და იმაზე სწერონ, მაშინ როდესაც ძალ-ღონე კი ნებას არ აძლევსთ შესისხლხორცებისას და მერე ისე, როგორც საკუთარი რისამე წარმოშობისას. ამ გვარი ცოდვებით არიან ხოლმე უმეტესათ ავსებული ჩვენი ჟურნალ-გაზეთები. და ეს უბედურება ასცდენია თავიდან მხოლოთ ერთად ერთ „ჯეჯილს“. აქა და საყმაწვილოაო, ავტორები ცდილობენ, რომ გაუზვიადებლათ, გაუბედავათ, მარტივათ მშობლიურ რამეებზე სწერონ, რომელიც თვითონაც შეთვისებული და შესისხლხორცებული აქვთ. ამ გვარი მწერლები არიან: თედო რაზიკაშვილი, ვანო, ილიკო, გ. იოსელიანი, ვ. აღნიაშვილი და სხვანი. გვიკვირს, რომ ამ ყოვლად სასარგებლო ჟურნალ „ჯეჯილს“ თანამგრძნობი ცოტა ჰყავს და ყოველ ოჯახში არ მოიპოება, რომ მოზარდი ქართველობა ამ თავითვე შინვე იწვრთნებო-დეს!.. აბა მიჩვენეთ ჩვენში მისთანა ნიჭიერი მოღვაწე ვინმე, რომ თავდაპირველად მშობლიურზე არ დაეწყოს ვარჯიშობა, არ ესწავლოს მხედრული თუ ხუცური წიგნი, ზღაპრები და ანდაზები არ ცოდნოდეს? ისინი კი, რომელნიც მშობლიურ ნიადაგს მოსხლეტიან და პირდაპირ გადასულან უცხოზე, ორთაშუა რჩებიან და ვეღარც ერთს ვეღარ ხვდებიან. ჩემი აზრით დიდი ცოდვა და დანაშა-ულობაა, რომ ამ გვარ წიგნებს იმ თავითვე ოჯახშივე არ აწვდიან ყმაწვილებს მშობლები და თქვენც გირჩევთ: ნუ უშლით დათიკოს ქართულის კითხვას, თორემ ინანებთ და გვიანღა იქნება!.. და რაც შეეხება თქვენი შვილის რეპეტიტორს, ის ერთი იმ ცხვართაგანი ყოფილა, სხვის ხმაზე რომ თვითონაც აბღავლდებიან და ყვირიან ხოლმე. დამერწმუნეთ, ქალბატონო, რომ „ჯეჯილის“ კითხვა პატარებისათვის კი არა, დიდი ბავშვებისათვისაც სასარგებლოა და თქვენც რომ ჩახედოთ ხოლმე შიგ ხანდა-ხან, არას გაწყენთ.
(აკაკის კრებული, 1998 წ., № 8)
__________________
* ეს წერილი რუსულათ იყო დაწერილი, მისი მომწერი მაღალი წოდების ქართველი ქალია.
![]() |
3.24 უბრალო საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
- ჩემო წალკოტის შვენებავ! რატომ ადრინდულად აღარა ჰყვავი? ან ნაყოფს არ იძლევი? და თუ იძლევი, იმასაც უვარგისს? - დაეკითხა მებაღე ხილის ხეს.
- იმიტომ, რომ დავჭიანდი! - უპასუხა დამჭკნარმა ხემ - მას შემდეგ რაღაი კი დედამიწამ მიღალატა, ცამ დამსეტყვა, ქარმა შემარხია - რაღა ძალი უნდა შემრჩე-ნოდა?..
- ეგ კი, მაგრამ განა ცოტა მიწამლია შენთვის?
- გიწამლია? ჰმ!... შენ რომ საჭყეპელით გარედან მიშხაპუნო, ის შინაგან სატკივარს რას არგებს? აბა დააკვირდი ჩემ შტოებს!.. ზოგი გამხმარია, ზოგიც ახლა ჭკნება; თვითონაც უნაყოფოა და სხვებსაც უშლის! - შენ კი პირი დაგიღია და შემომყურებ. რატომ არ გამოიტან ცულს და არ გადამსხეპავ იმ უსაშველო ტოტებს, რომ მათ ადგილზე ახალმა ამოიყაროს? მაშინ ნახავ თუ რა ნაყოფს გამოვიღებ!
- განა ეგ კიდევ შესაძლებელია?
- ჯერ კიდევ, სანამ ძირი მაგარი მაქვს, აბა ნახე ერთი როგორა მაქვს ფესვები გაბა-ჯაჯგინებული. შენ მხოლოდ ხელი შემიწყვე და სხვა მე ვიციო!
დაიჯერა მებაღემ, აასრულა რჩევა და ხემაც გაიხარა!. დიახ. ხემ გაიხარა, მაგრამ შენ რა გაგახარებს, წალკოტის მსგავსო, ჩემო პატარა ქვეყანავ? უმეცრება შენი შინაგანი წყლულია და უგნურობა გტორავს! ვინ არიან და სად დღეს შენი მებაღეები, რომ სულზე მოგასწრონ და გამოგაბრუნონ? მართალია, გარს გეხვევიან, სიყვარულსა და ერთგულებასაც ჩემულობენ შენსას, მაგრამ ეს ყოველიფერი მათივე თავმოყვარეობის ნაყოფია. საპირადო ჩარჩოებში ჩასმული. დღევანდელი ჩვენი წარა-მარა ღრიალი: „გაუმარჯოს საქართველოს“! და „მრავალჟამიერო“! რა არის თუ არ საჭყაპელათი შაბიამანის გარეგან შეშხაპუნება? თავმომწონედ რომ დამჭკნარ შტოებს ვეპოტინებით და ფესვები ლამის ამოვაგდოთ, ნუ თუ ეს არის გონივრული ჭირისუფლობა? „მრავლის მეტყველებით ვერავინ ცხონდებაო“, ბრძანებს უფალი, და ჩვენ კი ცარიელ სიტყვებათა ვართ გადაქცეული... აბა ვის უჭირავს ხელში ის ცული, ის მახვილი, რომლითაც უნდა ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას გამხმარი შტოები მოაცალოს, ვარდსა და ეკალს ძირი უგდოს, ხორცმეტი მოჰკვეთოს, რომ დამჭკნარი გაანედლოს? ეს ცული და მახვილი არის ის შეგნებული სიყვარული და ერთგულება ქვეყნისა, რომელსაც თავდადება ჰქვია და სიმართლით გალესილი, უსასყიდლოთ, უშიშრად, პირდაპირ სჭრის და ჰკვეთავს... ბრალი ვის უნდა დავსდვათ? ვინ უნდა გავამტყუნოთ? ხალხი თუ მისი მეთაურები? რასაკვირველია, მეთაურები!.. სვანების დეკანოზსა ჰკითხეს: როგორი მღვდელი ხარო, რომ არც კითხვა იცი და არც წერა და საზეპიროებიც გადაგისხვაფერებიაო?
- ეგ ყოლიფერი მართალიაო, მაგრამ, ხალხს რომ სჯერა, მეც დარწმუნებული ვარ ჩემ დეკანოზობაზეო... - სთქვა და ჩამოისვა წვერებზე ხელი. ვინც ამ სვანის აზრზე დადგება, ის, რასაკვირველია, დაიჯერებს, რომ ჩვენ მეთაურებიცა გვყვანან და მოწინავე დასიც, მაგრამ ჩვენ კი ჩვენდა თავად უარსა ვყოფთ მათ, რომელთაც მართლა და სვანების დეკანოზებსავით უჯეროთ ჩაუგდიათ ხელში წინამძღვრობა და ღირსეულებს წინ ეღობებიან (ჩვენ აქ საზოგადოთ უმეტესობაზე ვამბობთ და არა იმ თვითო-ოროლაზე, რომელთაც არ შეეხებათ ეს ზემოთ თქმული). ხშირად ნახავთ ჩვენში რომელიმე საერო დაწესებულებაში მისთანა მეთაურსა და წინამძღვარს, რომელსაც არც წარსულში გამოუჩენია თავი და ვერც მომავალში გამოიჩენს!.. გი-კვირს და ეკითხები შენს თავს: ამ კაცს წინ რა მიუძღვის? - არაფერი! - უკან? არა- ფერი! მაშ საზოგადო სარბიელის ქანდარაზე რომ ფარშევანგის ნაცვლად წამოუსკუპებიათ და გაფუღულ ინდაურივით იქიდან გადმოიმზირებიან, რა მიზეზია? რა მიზეზია და ის პირადი ეგოისტობა, ის „ჩემიან-შენიანობა“ და ის „კუჭიაობა“, რომე-ლიც ჩვენ ცხოვრებას დღეს სახადივით მოსდებია და სულსა ჰხდის... ჩვენი წინამძღვრების უმეტესობა ბოდბელის აღსარების მიმდევარია - „თუ მე აღარ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუღა ყოფილაო“. და ამგვარ რწმუნების კაცს განა შეუძლია, რომ კუჭს გარეშე სხვა რამეზედაც იფიქროს?! მიტომაც არის, რომ ჩვენი მოწინავეები შორს ვერასა ხედვენ, ავსა და კარგს, თუ მათი სასარგებლო არ არის, არ არჩევენ და როცა ღვარძლი და ეკალი ითესება, გულგრილად შეჰყურებენ, თითქოს და ვარდიაო. ხში-რად გამიგონია მათგან: „სადა გვცალია წვრილმანებს გამოუდგეთო?!“ მართალია, ყოველი თესლი ნაყოფზე უფრო პატარაა: შედარებით წვრილმანია, მაგრამ იმ წვრილმანს რა შედეგი მოჰყვება, იმას აღარ უყურებენ. ჯერ კიდევ ვერ შეუგნიათ, რომ თავის თავად, არც წვრილმანი არსებობს და არც სხვილმანი!... არც დიდია რამ და არც პატარა! ეს ყოლიფერი შედარებითი წარმოდგენაა... შედარებით ოთხფეხი მხეცები უფრო დიდები არიან მორიელს ასპიტებზე, მაგრამ ეს პატარა მტრები უფრო საშიში და საფრთხილოები არიან ადამიანისათვის. ლომი იმდენს რას დააკლებს კაცს, თუ გაფრთხილებულია, რამოდენასაც უძლური და უჩინარი პატარა მიკრობი, ანუ „ჭირის-ჭია“, რომელიც, რაღაი ჩაძვრება და დაიბუდებს ადამიანის გვამში, საშველს აღარ იძლევა. ბევრჯერ დაუცინიათ ჩვენთვის და ყბადაც აუღივართ, რომ წვრილმან რამეებს გამოდგომია და რა საკადრისიაო? ჩვენც დაგვიჯერებია; შემკრთალვართ და შევჩერებულვართ, მაგრამ ის წვრილმანები გაზდილან და დღეს ტვირთად გვაწევან ზურგზე. რომ ეს ძველი შეცდომები აღარ გავიმეოროთ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ყოველ-დღიურ მოვლენას მივაქციოთ ყურადღება და ჩვენი ცხოვრების ავ-კარგი, გინდ წვრილმანიც იყოს, აღვნიშნოთ ხოლმე ჩვენს „კრებულში“. ეს იქნება „შიდა მარგვლა“ ანუ როგორც საზოგადოთ მიღებულია „შინაური მიმოხილვა“. ნურავინ ელის ჩვენგან ნურც მიდგომასა და ნურც უმიზეზო გადაკიდებას. „კრებული“ ყოველივე საპირა-დოზე ხელაღებულია! ხშირად შეგხვდება, რომ მოსაწონი ჩვენ პირად-მტერსაც მოუწონოთ და დასაგმობზე და საძრახზე, მოყვარესაც ვუკიჟინოთ!.. რასაც საზოგადო მნიშვნელობა არ ექნება, იმის „კრებული“ ყურადღებას არ მიაქცევს, ეს არის ჩვენი რწმენა და ვინც თანაგვიგრძნობს, მასთან ერთობა ჩვენთვისაც სასურველია და ჩვენი რედაქციის კარიც ღია იქნება მათთვის!.. და ვინც არა და... შორსა და მშვიდობით! ჩვენ მაინც ჩვენსას არ მოვიშლით და ვიტყვით რაც სათქმელია!.. დღეს ჩვენში იმდენი რამ არის წუნსადები, რომ ყველას ერთად ვერ მოვერევით და ავიღებთ ცალ-ცალკე, თვე და თვე ასანუსხავად.
ამ პირველ ნომერში, ყველაზე უმალ უნდა ვილაპარაკოთ „მეგრელობაზე“, რომელიც ამ ბოლო დროს ზოგიერთებს საპირადო იარაღად გაუხდიათ და ლამის მტრობა და შური ჩამოაგდონ ძმათა შორის..
თუ არ მზაკვარება და უგუნურება, გონიერება და სიმართლე იმას ვერ იტყვის, რომ მეგრელები ქართველები არ იყონ და მეგრულიც ძირითადი ქართული!.. ძველათ კოლხეთი ანუ ბერძნების კოლხიდა, ეს დღევანდელი სამეგრელო, უმტკიცესი და უკეთესი ნაწილი იყო მთლიან საქართველოსი, მაშინ, როდესაც ამერ-იმერთა მეფეები, აფხაზთა მეფეებათ იწოდებოდენ. როდესაც მონღოლობამ საქართველო დასცარა და ერთიანი საქართველო ორ სამეფოდ, ამერ-იმერად გაჰყო, მაშინ პატარ-პატარა საერისთავოებმაც დამოუკიდებელი მთავრობა მოინდომეს და მათ უგნურს და ქვეყნისთვის მავნებელ პირადობას გარეშე პოლიტიკამ ხელი შეუწყო. ამან გამოიწვია შინაური კინკლაობა, ძმები ერთმანეთს ჩამოაშორა, მაგრამ მაშინ კიდევ არც ერთ სამთავროს, არც გურიას, არც აფხაზეთს და არც სვანეთსა და არც სამეგრელოს, არ დავიწყებიათ, რომ ქართველები იყვენ!.. წირვა-ლოცვა, მწიგნობრობა და სადარბაისლო საუბარი მათი ყველასი იყო ქართული და ქართული. თავის თავის სხვა ვინმედ წარმოდგენა არ შეეძლოთ, და სხვებს რომ ეთქვათ შეურაცხყოფათა და გაკიცხვათ მიიღებდენ. მართალია, ერთმანეთში, შინაურობაში, ხშირად ჰქონდათ კინკლაობა, მაგრამ გარეშეებთან არ ავიწყდებოდათ თავისი ერთტომობა, სისხლ-ხორცობა და კავშირის გაუწყვეტლობა. ამ ოცდაათის წლის წინეთ, რომ სამეგრელო იმერეთს შემოუერთეს, სიხარულითა და ლიტანიობით მიეგება შეგნებული ნაწილი ორივე მხრისა! განსვენებულმა ალექსანდრე მიქელაძემ, მაშინდელმა თავად-აზნაურობის წინამძღოლმა, ლხინი გადიხადა და უნდა გენახათ რა ლხინი იყო ის ლხინი?! დღევანდელ აღაპის მსგავს სტუმრობასა და წვეულებას კი არ ჰგავდა, რომელსაც დიდი და პატარა ზარის ხმით „მრავალ ჟამიერს“ დაბღავის და ღვინით იწუმპება! სძლის პირები, საერო და სასულიერო სხვადასხვაგვარი „მრავალ ჟამიერები“, გურული კრიმანჭულები, მეგრული ტკბილი ღიღინი და მრავალგვარი სუფრული, ყველა ერთად სხვადასხვაგვარად, მაგრამ საერთოდ კი ნამდვილი ქართული გრძნობა-გონების გამომეტყველ-გამომხატველი, ამშვენებდა სუფრას და ადიდებდა ლხინს. უნდა გაგეგონათ იქ მეგრელების მჭერმეტყველება და მათი განმტკიცული, განწმენდილი ქართული და მაშინ იტყოდით, აი სად ყოფილან ნამდვილი ქართველებიო!
მას შემდეგ დიდმა ხანმა გაიარა და აბა თუ ვინმე იმას იტყვის, რომ მეგრელებს ან სიტყვით და ან საქმით მოეცესთ რამ საბუთი, რომ ჩვენ ვსთქვათ: ისინი აღარ ქართველობენო!.. პირიქით... ქართველობა დღეს იმათ უფროც ეტყობათ: ჩვენ საზოგადო საქმეებში მეტს მონაწილეობას ისინი იღებენ. ქართულ ჟურნალ-გაზეთს ისინი მეტს იწერენ, წიგნებს სამეგრელოში უფრო მეტი გასავალი აქვს, ვიდრე საქართველოს სხვა კუთხეებში, გარდა გურიისა; საერო საქმის თანამგრძნობი არიან და მაშ რაღაში მდგომარეობს მათი ჩვენგან განცალკევების სურვილი?... თუ იმას ვიტყვით, რომ მათ შინაურობაში (განსაკუთრებით დაბალ წოდების ხალხს) მეგრულ კილოზე ლაპარაკი უფრო ეხერხებათო, ამითი რა დაშავდება? სამწერლო და სადარბაისლო ქართული იმათ ჩვენზე ნაკლებ არ იციან! მართალია, მეგრული კილო ჩამორჩენილი ქართულია, მაგრამ მიუხედავათ ამისა, სამაგიეროდ იგივე მეგრული დღეს სალაროა ნამდვილ ქართული სიტყვების. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად სომხურ-სპარსულ-თათრული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდათ ეჩხირება და გულსა სწყინს... და მეგრულ ენაში კი შენახულან ობოლ მარგალიტებათ ის ძველი სიტყვები... ჩვენ ურჩევთ ჩვენ მწერლებ-მწიგნობრებს მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრებილ სიტყვებით შეივსონ დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი. - ეს რომ ასეა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ ერთმა უბრალო ახირებულობამ, იძულებული გვყო დღეს, რომ „მეგრელობაზე“ ვისაუბროთ. ტყვილა კი არ არის ნათქვამი: „თავდაპირველად მუნი ქვეყნად ერთმა თაგვმა გააჩინაო“. ამ რამოდენიმე წლის წინეთ ერთმა ვიღაც წინ დაუხედავმა კაცმა აიხირა, რომ ჩვენ მეგრელები ქართველები არა ვართ და ჩვენი ენაც სულ სხვა ენა არისო. ეს არ მოეწონათ მეგრელებს!.. იტკიცეს!.. ვინ ამბობს, რომ ჩვენ ქართველები არა ვართო? მეგრელები რომ ვართ, ეს მართალია და ნურც მოგვიშალოს ღმერთმა ჩვენი მეგრელობა, ისე როგორც გურულს გურულობა, ქართლელს ქართლელობა, კახელს კახელობა, რაჭველს რაჭველობაო და სხვანიო!.. მაგრამ იმავე დროს ნუ თუ საერთოდ ქართველები არა ვართო? და როდის აგვიღია ხელი იმ დედა ენაზედ, რომლითაც ღმერთს ვადიდებდით მრავალ საუკუნოების განმავლობაში და სამშობლოს ვემსახურებოდითო!.. დაუცაცხანეს იმ ახირებულ ფილოსოფოსს და მოსვენებას აღარ აძლევდენ.
მეგრელების შორსმჭვრეტელობა და წინდახედულობამ კუდი აღარ მოაქნევია უჯერობასა და უსამართლობას... კუჭის მიმდევარი ინტელიგენტები დღეს ასპარეზზე შფოთს აგდებენ მოძმეთა შორის, ეს სულ არჩევნების ბრალია!.. კაცს რომ სიმღერის ნება მისცე, მაგრამ იმ პირობით კი, რომ პირზე ხელი დააფარო, რაღას იმღერებს?.. უხეიროდ შემოღებულმა არჩევნებმა, როგორც ბანკისამ, ისე ქალაქისამ დიდი ვნება მოუტანეს ჩვენს ცხოვრებას. გაუღვიძეს საკუჭო სურვილები, გაუხსნეს მადა ზოგიერთ ინტელიგენტებს და ის ჩაადენინეს, რაც საკადრისი არ არის და რაც წინეთ ფიქრადაც არ მოუვიდოდათ. ყოველგვარ საშუალებასა ხმარობენ, ოღონდ კი თავისი გაიტანონ და გაიმარჯვონ!.. მარტო გამარჯვებითაც რომ აღარ თავდება უსიამოვნება?! ბრძოლის დროს ერთმანეთის პირდაპირობასა და შეხლა-შემოხლის დროს გამოწვეული უსიამოვნება რჩებათ გულში და კერძო ცხოვრებაში შეაქვსთ იერიში... ეს კიდევ არაფერი, რომ ამ კერძო უსიამოვნების დროს ვნებათა ღელვა არ აბრმავებდეს მეტო-ქეებს!... თავის პაწაწინა თავმოყვარეობას, წვრილმან კერძოობას უფრო მაღლა აყენე-ბენ საქვეყნოზე და თითქმის ღალატს ჩადიან. მაგალითად: მეთაურობის ხელში ჩასაგდებად გამოდიან მეტოქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან; ერთი მეგრელია, მეორე გურული, მესამე რაჭველი, მეოთხე ზემოური, მეხუთე ქვემოური და ამგვარად. სხვა რომ არა მიუძღვისთ-რა, ხრიკებს მიმართავენ ხოლმე და ბრბოს აბრიყვებენ: მეგრელებო! მე მეგრელი ვარ და ჩემი დამარცხება თქვენი შეურაცხყოფა იქნებაო!.. გურულებო! მეგრელებმა რომ გვაჯობონ და მე გურული გავშავდე, თქვენი შერცხვენა იქნებაო!.. იმერლებო! გაიძახის იმერელი მეტოქე მოგვადგენ მეგრელ-გურულები და აღარ გვზოგავენ... ბუზადაც აღარ გვაგდებენ და ჰკა მაგათ!.. დავანახოთ, რომ ჩვენც კაცები ვართ, ქუდი გვხურავსო! - შავი მაგათო და სხვანი. ამგვარის ტყუილებით და უკადრისობით ლამის სხვადასხვა კუთხის ქართველობა ერთმანეთს გადაჰკიდონ და საშვილიშვილო მტრობა ჩამოაგდონ!.. საჭიროა ყურადღების მიქცევა... იმას ნურავინ იტყვის, რომ წვრილმანი რამეა და აღარ ღირს გამოკიდებაო, ეს ის ეკალია, რომელიც ეშმაკის ხელით ითესება და შემდეგში გვიჩხვლეტს და დაგვაწყლულებს! ძველათ ბურთაობისა და სხვა სავარჯიშო შექცევების გარეშე ორად რომ გაიყოფოდენ ხოლმე მოთამაშეები, „არჩევანი“ და „არადანი“ იცოდენ... არეული იყვენ ერთმანეთში და არა დას-დასათ დაყოფილი გურული ცალკე, მეგრელი ცალკე, სვანი კიდევ ცალკე და სხვანი. ამას მიტომ შვრებოდენ, რომ გაცალცალკევებას ცუდი შედეგი არა მოჰყოლოდა-რა... და ჩვენ კი დღეს განზრახ ვცდილობთ, რომ ერთმანეთს დავაშოროთ და მტრობა ჩამოვაგდოთ როგორმე!.. ოჰ! ეს დიდი სენია! და ამ თავითვე უნდა წამლობა! ამ საერო ფილოქსერას, ჯერ კიდევ სანამ გარედან აზის დღევანდელ ჩვენ ცხოვრებას და ფესვებში არ გაჯდომია, შესაფერი საჭყაპელა ეჭირვება. დრო არის, რომ თავი დავანებოთ უაზროთა და უადგილოდ წარა-მარა „მრავალჟამიერის“ ბღავილს და საჭირო სწორ გზას დავადგეთ... შინაურობაში მივიხედ-მოვიხედოთ, „ჩემიან-შენიანობაზე“ ხელი ავიღოთ და საიდანაც უნდა იყოს, ვინც უნდა იყოს, მოყვარეს მოყვრულ მივეგებოთ და მტერს მტრულად დავუხვდეთ!.. აი, ამ აზრზე დგას „კრებულის“ რედაქცია და იმედია, რომ თანამოაზრეებიც მხარს მოგვცემენ!..
(აკაკის კრებული, 1899 წ., №1)
![]() |
3.25 განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
მომავალი იანვრიდან მესამე წელიწადში გადადგება „კრებული“. მე დიდიხანია, იმ თავიდანვე, სურვილი მქონდა ჟურნალის გამოცემის, მაგრამ ვერა ვბედავდი, რადგანაც ვიცოდი, რომ ჩვენში ამგვარი რამ ფეხს ვერ მოიკიდებდა; ჩემი მეგობრები და ნაცნობები კი სულ სხვასა ჰფიქრობდენ: შენ ნაწერებს ხალხი კითხულობს და ხელმომწერლებიც ბევრი გეყოლებაო. თითქმის უსურვილობასა და სიზარმაცეს მწამებდენ. ახლა კი დამტკიცდა, რომ მე მართალი ვიყავი: პირველ წელიწადს „კრებულს“, თუმცა მისი ფასიც მცირე იყო და შემოსატანი ფულიც ყოველთვიურად გავანაწილეთ, მაგრამ მაინც იმდენი ხელის მომწერნი არ ჰყოლია, რომ ხარჯი დაეფაროს. შრომა კი უსასყიდლო იყო!.. ამის მიზეზად ბევრი რამ მოიტანეს: მარტო ერთის ნაწერი „ხელის-ხელ საგოგმანებელი მარგალიტი“ რომ იყოს, მაინც მოსწყინ-დება მკითხველსო და ეცადე უფლების გამოტანას, რომ სხვებმაც სწერონ შენს „კრე-ბულშიო“. მირჩევდენ და მწერდენ ზოგიერთები, ამასთანავე მიმტკიცებდენ, რომ იმერეთში გადამეტანა გამოცემა, რადგანაც ხელმომწერლები იქიდან მეტი არიანო და სხვანი. ესეც ავასრულე, მაგრამ უარესი მოუვიდა „კრებულს“; მეორე წელიწადსაც პირვანდელზე ერთი-ორად ნაკლებ ჰყავდა ხელის მომწერლები და ზარალიც ერთი-ორად მეტი ნახა. მკითხველები ბევრი ჰყავდა და ჰყავს „კრებულს“, ასე რომ არ მოსწონთ და იწუნებენ-თქო, რომ ვსთქვათ, ტყუილი იქნება!.. მუქთად ბევრს ჰსურს წაკითხვა და ნათხოვრობით სხვისაგან ბევრი კითხულობს, მაგრამ გამოწერა კი ყველას არ ეხერხება, და რა არის ამის მიზეზი? სიღარიბე და უფულობა? არა! „კრებულის“ ხელმომწერლები, როგორც დაბეჭდილ სიიდამაცა სჩანს, უფრო ღარიბი და ხელმოკლე მუშა-ხალხია. შეძლებულები ძალიან ცოტანი იწერენ, ასე გასინჯეთ, რომ არიან მთელი გვარები თავადაზნაურთა, და იმათ რომ ერთად, ერთი ან ორი წიგნი გამოიწერონ, ოჯახს გროში თუ შეხვდება, მაგრამ მაინც არ იწერენ და თუ ისე ჩაიგდეს ხოლმე ხელში „კრებული“ სიამოვნებით ჰკითხულობენ... ხშირად ნაცნობი ვინმე შეგხვდება და გისაყვედურებს: „კრებულს“ რომ არ მიგზავნით, ნდობა არ გაქვსთ, თუ როგორ არის თქვენი საქმეო? შენც, რასაკვირველია, პირიქით ბოდიშს იხდი, უგზავნი და მის შემდეგ იმასაც ვეღარ ტყობილობ, მართლა მიუდის, თუ იკარგება? ათში რომ ხუთს შემოჰქონდეს ფული დიდი ღვთის წყალობაა! და ამის მიზეზი, ზემოთაც მოგახსენეთ, შეუძლებლობა კი არ არის, რაღაც ქართველური დაუდევრობა და უგულობაა. უბრალო რამეზე ფულის გადაყრა ემარჯვებათ და ამგვარ შემთხვევისათვის კი არ ემეტებათ. ერთმა ხელისმომწერთაგანმა, ერთ ქორწილში, ბოდიში მოიხადა ჩემთან: ამდენი ხანია ვერ გამოვგზავნე რედაქციაში ხვედრი ფული და ნურას უკაცრავადო!.. იმ საათშივე კი მეთარეს ოქრო გადაუგდო. ჩვენ ხალხს მე კარგად ვიცნობ, ვიცი მისი გულის პასუხებიც და მიტომ ვერ ვბედავდი ადრე „კრებულის“ გამოცემას!.. მაგრამ ბოლოს დროს კი ვეღარ წავუედი სხვების სურვილს. ის დალოცვილები ეხლაც კიდევ თავისას არ იშლიან და მეუბნებიან, ხელმომწერლები ბევრი გვეყოლებოდა, რომ თბილისიდან შორაპანს არ გადაგეტანა „კრებული" და მარტო შენ გეწერაო. ეს, რასაკვირველია, ყოლიფერი სიტყვის მასალაა. მეც რომ ვსწერ და სხვებიც ის არა სჯობს? და რაც შეეხება გამოცემას, გამომწერს ხომ მიუვა და საიდგანაც უნდა იყოს, რა ენაღვლება?
მე, სხვათა შორის, იმან უფრო შემაცდინა, რომ „ზეპირსიტყვაობის“ იმედი უფრო მქონდა ადრე, როცა „ზეპირსიტყვაობის“ პროგრამა გამოვაცხადე, ბევრმა სიხარულით მიიღო და თითო-ოროლა გროში კიდეც შემოსწირეს შეძლებისადაგვარად თანამგრძნობლებმა და მასთანავე ყოველ წლიური დახმარებაც იკისრეს, მაგრამ როცა შევუდექით საქმეს, თვალი აგვარიდეს და მიგვანებეს თავი. მხოლოდ ერთმა კნეინა ალექსანდრა მაკარის ასულმა მელიქოვისამ, რომელიც კალმითაც გვეხმარებოდა, აღმოუჩინა ფულითაც შემწეობა ჩვენ ნაკისრავ საქმეს. მის მეტს არც კი გახსენებია ვისმე!.. ეს წასული ორი წელიწადი გვიმტკიცებს, რომ ამ მესამე წელიწადში უფრო მეტს გაჭირვებას ვნახავთ „კრებულის“ გამოცემით, მაგრამ ჩვენ მაინც თავს არ დავანებებთ, არც შრომას დავზოგავთ, არც ხარჯს, გინდ ლუკმაც გაგვიწყდეს, და კიდევ გავაგრძობთ გამოცემასა - მართალია, ამ ბოლო დროს ბევრი ხელის შემშლე- ლი და მეაუგე გამოუჩნდა ჩვენს „კრებულს“, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი „კრებული“, მისი „ზეპირსიტყვაობით“ ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლოდ მიგვაჩნია და სანამ პირში სული გვიდგას ხელს ვერავინ აგვაღებიებს. პირველ იანვრიდან 1905 წლისა „კრებული“ იმავ პროგრამითა და იმავე პირობებით გამოიცემა თვე და თვე, როგორც აქამდე. აგენტებს არა ვნიშნავთ, რომ არავინ შევაწუხოთ და ისე თავის თავად ვინც დაგვეხმარება, მადლობას შევსწირავთ, ხელის მოწერა შეიძლება პირდაპირ რედაქციაში დ. ყვირილას, თბილისში - „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელს საზოგადოების“ კანცელარიაში ბატ. შიო ქუჩუკაშვილთან. წინანდელ აგენტებს უგულითადესს მადლობას უცხადებს რედაქცია შრომის მიღებისა და დახმარებისათვის.
(აკაკის კრებული, 1899 წ. №9)
![]() |
3.26 „ჯეჯილის“ ათი წლის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
ათი წელიწადი შესრულდა, რაც ეს „ჯეჯილი“ გამოდის. არც ერთი ყოველთვიური, ანუ დროგამოშვებითი გამოცემა არ ყოფილა ჩვენში ისე სათანაგრძნობო ჩემთვის, როგორც ეს პატარა ჟურნალი. უნაკლო ქვეყნად არა არის-რა, მაგრამ ის არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საყმაწვილო ჟურნალი უხეიროდ გამოდიოდა.
აქ ხშირად შეხვდებოდით სტატიებს, როგორც აზრის, ისე ხელოვნების მხრითაც თითქმის უნაკლულოს, მაშინ, როდესაც სხვა ჩვენ დიდ ჟურნალ-გაზეთებში კი ესევე მოვლინება, დიახ, იშვიათი იყო, და ამის მიზეზიც ადვილი ასახსნელია; ეს მეცხრამეტე საუკუნე ჩვენთვის, როგორც საზოგადოდ ცხოვრებაში, ისე ლიტერატურაშიაც მხოლოდ მიბაძობითი ხანაა და არა თვითარსებობითი. დღევანდელ ქართველობას არც წარსული აქვს გამოკვლეული და არც აწმყო ისე შესწავლილი, რომ თავის ნაწარმოებს ეროვნული შესაფერი ფერ-ხორცი მისცეს. ამავე მიზეზით უცხოდანაც ვეღარ ახერხებენ გადმომყნას და გამოდის რაღაც კარიკატურა. აბა დააკვირდით ამ ნახევარ საუკუნის განმავლობაში ჩვენ მწერლებს, გარდა გიორგი წერეთლისა და ყაზბეგისა, თუ ყველას ნაწარმოები სხვების ნასუფრალი არ გამოდგეს. ეს ცოდვა უფრო სათვალდათვალოდ ჩვენ კრიტიკოსებსა და პუბლიცისტებს ემჩნევათ. საკვირველია, რომ იგივე ავტორები, როცა საყმაწვილოს რასმე წერენ, მაშინ კი, თითქო თავის საკუთარ კალაპოტში დგებიანო, ნიჭიც ეტყობათ და აზრიც; და მაშინ კი რუსთველის სიტყვებს მოგვაგონებენ ხოლმე: „დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვსთ - ხოცვა ნადირთა მცირეთაო“. ბავშის ბუნება და მოთხოვნილება ყველგან ერთიდა-იგივეა, და ამიტომაც საბავშო რამეში მიბაძვა არ ეჩხირება კაცს თვალში; ასეა თუ ისე, ეს საყმაწვილო ჟურნალი „ჯეჯილი“ შედარებით სხვებთან ნიჭიერად გამოდის, მაგრამ მკითხველი მაინც ცოტა ჰყავს და ამის მიზეზიც ადვილი მისახვედრია: ჩვენში ყოველიფერს ჯერ კიდევ მებუკე და მეგანგაშე ეჭირვება, თავის თავათ ავ-კარგის გარჩევას ვეღარ ახერხებს დღევანდელი ქართველობა!.. მოვიტან სამაგალითო ამბებს: ამას წინეთ ერთ დიახ, შეგნებულ ქართველ კაცს წავუკითხე თედო რაზიკაშვილის პატარ-პატარა ამბები: დიდათ მოიწონა და მკითხა: რატომ არსად ყოფილა დაბეჭდილიო? როდესაც მე „ჯეჯილი“ ვუხსენე, გაეცინა და მითხრა: აბა. რაღა დროს ჩემი ყმაწვილობაა, რომ საყმაწვილო წიგნებს ვეტანებოდეო?
აი ნამდვილი ქართველი, რომელიც პატარას წუნობს და დიდს კი ვერავისგან ეღირსება ხოლმე და ამისთანა დროში, რა საკვირველია, რომ „ჯეჯილს“ გამომწერი ცოტა ჰყავდეს, გინდ სიკეთითაც სავსე იყოს? მე კი მაინც ვისურვებ მის წარმატებას, რომ მეოცე საუკუნემ უფრო სამართლიანი და შეგნებული თვალით შეხედოს კოხტასა და აზრიან პატარა „ჯეჯილს“.
(ჯეჯილი, 1899 წ., №12)
![]() |
3.27 ღია წერილი ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორს |
▲ზევით დაბრუნება |
ქ-ნო რედაქტორო!*
ერთმა ევროპიელმა ბრძენმა თქვა: „ბავშვებს ის არგებს, რაც დიდებსაც არ აწყენსო“. და ეს ჭეშმარიტება სწორეთ ზედ გამოჭრილია თქვენს „ჯეჯილზე“. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ თურმე, მაგ ჩინებულ საყმაწვილო ჟურნალს გამომწერლები ბევრი არა ჰყავს. ეს ან ქართველური დაუდევრობის ბრალი უნდა იყოს, ან გულგრილობის, და ორივე შემთხვევაში კარგი ნიშანი ვერ არის დღევანდელი ჩვენი მდგომარეობის! ის ოჯახი, რომელსაც სიღარიბე ხელს არ უშლის და სადაც ამ გვარი ჟურნალ-წიგნაკები არ მოიპოვება, ქართულ ოჯახათ სახსენებელი აღარ არის!.. გამოცდილებით ვიცი, რომ საზოგადოთ ქართულ წიგნებს მკითხველები უფრო დაბალი წოდებიდან მეტი ჰყავს და რომ სიღარიბე ხელს არ უშლიდეს მათ, მსურველები ერთი ასათ მეტი გამოჩნდებოდენ. შეძლებულ ქართველების მოვალეობაა, რომ თვითონ თუ არ კითხულობენ, იმათ მაინც მიაწოდონ ხოლმე ეს სულიერი საზრდო და მათი მადლი მოისხან. მეც ჩემის მხრით, რადგანაც იმ ღარიბების დახმარება მატერიალურათ არ შემიძლია, გადავწყვიტე, რომ ყოველი ნომრისათვის მოგაწოდოთ ხოლმე მცირე რამ ჩემი სუსტი კალმის ნაწარმოები, მხოლოდ იმ პირობით კი რომ ექვსი ერთად „ჯეჯილისა“ უსასყიდლოდ გაეგზავნოს ხოლმე ხელმოკლე მსურველებს.
თქვენი ჟურნალი „ჯეჯილის“ წარმატების მოსურნე
აკაკი
(ჯეჯილი, 1901 წ., №12)
________________
* იმედია ყველა ქართული რედაქციები გადაბეჭდენ ამ წერილს.
![]() |
3.28 მკითხველის შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
ჩიორაც ერთი ჩიტია,
თვალ-ტანად ბულბულს მოჰგავსო;
ზოგჯერ ყვავივით ყვანჩალობს,
ზოგჯერ მწყერივით გოგავსო, -
ნათქვამია პატარა ჩიტუნაზე, და ეს ანდაზა სწორეთ ზედ გამოჭრილია „ჩიორაზედაც“: ამ ჩვენ მწერალს, შესაფერი, არც ნიჭი აკლია და არც ცოდნა!.. მაგრამ ცოტა... გულის გადაყოლა კი იცის ხოლმე!.. აბა, რა იყო, რომ „მოგზაურს“ წინ გადაეღობა შარა-გზაზე და ერთი ვაი-უშველებელი აუტეხა? ლასურიძეს ეძგერა, გობეჩიას ყელში წაუჭირა ხელი და რედაქტორსაც უმათრახულა.
ამას დაბრიყვება ჰქვია, თვარა, თუ გულს ერჯის, რატომ სხვებს ვერ მიჰბედავს? სხვა რედაქტორ-გამომცემლები მათის შინაურ პოეტებით რითა სჯობიან იმ მრავალძარღვა რედაქტორსა და მის დანდურა თანამშრომლებს? მე და ჩემმა ღმერთმა, ჩემი კალამი რომ ნაღველ-ძმარში არ იყოს ამონაწები და „ჩიორასავით“ ბენიას* გამოჭრილი კალამი მეჭიროს ხელში, არც ერთს არ დავზოგავდი და მკითხველსაც გავაცინებდი...
ღმერთო ჩემო, რას არ სწერენ და რას არ ბეჭდვენ?! და მერე ვისთვისა და რისთვის? მეთაურ წერილებს, მართალია, პატრიოტულ სარჩულად გამოცანებს უდებენ: „გამოცანას მოგახსენებთ, დიდი არაფერიაო: ზოგან წითელ, ზოგან ყვითელ, ზოგან ალის-ფერიაო“, - ვითომდა ხალიჩააო. მაგრამ, თქვენი რისხვა არა მქონდეს, დაგლეჯილი ჭილობიც არ გამოდიოდეს. უსინჯავთ ზედაპირსაც, აკვირდებით და რა დასკვნა გამოგყავსთ? - მის მეტი არაფერი, რომ სადღაც ვიღაცას რაღაც ჩაუდენია, და სად ხარ მამაცი, რომ მიეშველოს?! თავს არ იზოგავ, მაგრამ, რომ კიდეც მოინდომო მდევრობა, არ იცი საით გაუტიო, ვის გამოუდგე და რისთვის?
გადადიხარ „ახალ ამბებზე“, კითხულობ და აი რაებს ტყობულობ:
1) „ჩვენ შევიტყეთ, რომ გვრიტია ყვანჩალაშვილი მამასახლისად აურჩევიათ. ეს ცნობილი მოღვაწე ჯერ კიდევ არ არის სამოცის წლისა. დღემდის არავითარ საზოგადო საქმეში არ გარეულა და მით ღირსეულადაც აქვს მოსპობილი მშვიდობიან და უწყინარ კაცის სახელი. ეკალსა და ვარდს ერთნაირის სიამოვნებით შეჰღიმის, როგორც ანგელოსი. საქვეყნო და საერო არც ავი და არც კარგი არად მიაჩნია, არ უკვირს და გულგრილად აუვლის ხოლმე გვერდს ფილოსოფოსივით ეს შესანიშნავი მოღვაწე. ესეები ყველა გვაიმედებს, რომ ეს დიდსულოვანი მამულისშვილი ღირსეულად უწინამძღვრებს ხალხს და კეთილადაც დააგვირგვინებს ქვეყნის სურვილს!..“ მკითხველები, რადგანაც სახარებასავით სჯერათ ბეჭდვითი სიტყვა, სიხარულით გაიძახიან: „ვაშა-ვაშა, გაუმარჯოს საქართველოსო!“
2) „გუშინ რომ საუფლო დღესასწაული იყო, ფერისცვალება, სობოროში წირვა იყო, მღვდელმა სახარება წაიკითხა, დიაკონმა - სამოციქულო, პევჩებმა იგალობეს და ხალხიც პირჯვარს იწერდა“-ო.
3) „ნამდვილად შევიტყეთ, რომ პუპობრიუხოვი, ზემსკი სტრაჟის ურიადნიკი, გორიდამ ამ დღეებში ცხინვალისაკენ აპირებს გამგზავრებას“.
4) „თელავის პოჩტ-მეისტერი სამსახურის გამო სიღნაღში გაივლის, აქ ფოჩტალიონებს ინახულებს და მერე ტფილისში ჩამოვაო“.
5) „რეჟისორ-რედაქტორად ნამყოფი, ცნობილი ნებიერიძე, დუშეთში საქათმეს აშენებსო და იმედია კვერცხები გაიაფდებაო!“
6) „სომხის ახალგაზრდა მეცნიერს ინჩაპრაციანცს შესანიშნავი თხზულება გამოუცია საზღვარს გარეთ ფრანგულ ენაზე: „გამოსვლა ებრაელთა ეგვიპტით, მოგზაურობა უდაბნოში და მერე აღთქმითი ქვეყნის მოპოვება“. ამ თხზულებას თურმე დიდი
შთაბეჭდილება მოუხდენია საზოგადოდ. ახალ წყაროებით დაუმტკიცებია, რასაკვირველია, პროფესორ მარრის შემწეობით, რომ ქუთაისი, კულაში, ხონი, ონი, საჩხერე, სუჯუნა და სხვანი, სადაც დღესაც კანტიკუნტად სცხოვრობენ ურიები, სულ იერუსალიმის მაზრები თურმე ყოფილანო“ და სხვანი...
ეს სულ მოსალოცვი, სასიხარულო ამბებია, რედაქციის აზრით. ახლა სამწუხაროც შევიტყოთ, იმავე „ახალ ამბებში“.
7) „რედაქციამ მიიღო პატარა წიგნაკი, მოუსვენარიძისაგან შედგენილი და გამოცემული. წიგნი სუფთად არის დაბეჭდილი, მაგრამ მის დედა-აზრს ვერ ეთანხმება ჩვენი რედაქცია; ავტორი მეტად აქებს და ეტრფის ჩვენი წინაპრების გადასულს დროს. ავიწყდება, რომ გუშინ ბატონყმობა სუფევდა, მეფეები იყვნენ და არა ხალხის არჩეული პრეზიდენტები. ხალხიც მაშინ ორ დასად იყოფოდა: მეომრებად და მუშებად და მესამე დასი არ ყოფილა. ეს ახირებული მწერალი იმდენად ჩამორჩენია დროს, რომ ძველ დროს იგონებს და იგლოვს მამა-პაპურ ტაძრებისა და ციხე-დარბაზის აოხრება-დაქცევას და გულსაც სწყდება, რომ ძველი ოხრული სხვადასხვა ქართული ზნე-ჩვეულებანი დღეს გადავარდნის გზას ადგიან!.. ჩვენ გამოჩენილ მხატვარს ტაკიმასხაროვს დავახატვინეთ კარიკატურა და ამ დღეებში დავბეჭდეთ... თავ-ქუდმოგლეჯილი ავტორი თმებს იგლეჯს და ცრემლებს ჰღვრის, მაგრამ ის კი ვეღარ მოვახერხეთ, ნათლად დაგვესახა: რას მოსთქვამს და ვის სტირის, ძველ მკვდრებს, თუ ჩვენ დღევანდელ ცოცხლებს? იმედია, მკითხველი თვითონ მიხვდება“.
8) „მარიობას იტრიაში იტრიალა დიდმა უბედურობამ: ერთი გლეხი და ერთი აზნაური სიმთვრალით წალაპარაკდნენ. გლეხმა კეტი მოუღერა, აზნაურმა ხანჯალზე მიივლო ხელი და მათ რომ ერთმანეთი გაემეტებიათ, ერთმანეთს მოჰკლავდენ. დრო არის, რომ ამისთანა მოვლენებს მიაქციონ ყურადღება და გლეხებს კეტების გამოჭრა აეკრძალოსთ და თავად-აზნაურობას ხმალ-ხანჯლის ტარება.“
9) „ახალგაზდა რუსის მწერალი მაქსიმ გორკი ავათ გამხდარა და შვეიცარიაში გაუგზავნიათ. მესამე დასელია“.
10) „ჩვენ დაუღალავ მშრომელ-მოღვაწეს და საკვირველ არტისტს გენიას რუსული ოპერეტა გამოუწერია და მალე დაიწყება წარმოდგენა ბანკის თეატრში. იმედია, ქართველები ბლომათ დაესწრებიან ხოლმე“ და სხვანი.
კმარა. ახლა გადავიდეთ კორესპონდენციებზე:
1) „ჭალატყიდან (შორაპ. მაზ.). აქ ჭალაც არის და ტყეც. ტყეში ხეებია და ჭალას მდინარე ჩაუდის, ჩოლამური, რომელსაც ღრმა ძირი აქვს და შიგ თევზები ცურავენ. ნაპირი თხელი აქვს და იქვე ბაყაყები წამოსკუპდებიან ხოლმე და ყიყინობენ, „ვიყიყიყოო“. ახალგაზდა მღვდელი დაგვინიშნეს, სემინარია გათავებული.
2) „გოდოგანი (ქუთ. მაზ.). კაი აზნაურიშვილი ვარ, თუ ერთი ვინმეა ჩვენში, მეც ვიყავი, მაგრამ დღეს კი აღარა მაბადია-რა და დავდივარ ყბედად, ყბა ამოგდებული. რა მომივიდა? რაი და... ღმერთმა ნუ იცის ჩვენი წინაპრების თავი და ტანი, - იმათ რომ ჩვეულება დაგვიგდეს, სულ იმის ბრალია!.. სოფელში კარგიც ბევრია და ცუდიც. კარგის მიბაძვა და აყოლა ძნელია და ცუდის კი უფრო მოხერხებულია. დედ-მამა დავასაფლავე, ლხინი გადავიხადე და ადგილ-მამულს ჩამოვაკელი, გავყიდე... ცოლი რომ მოვიყვანე, მაშინაც მამულს ვეძგერე; შვილი რომ მოვნათლე, მაშინაც... ჭირში და ლხინში სულ მამა-პაპისაგან დატოვებული ქონებისაკენ მიჭერია თვალი - წვრილ-წვრილად გამომელი და ნუთუ ეს საბუთად არა კმარა, რომ ძველი ყოლიფერი უნდა გადავაგდოთ გულიდან და დავივიწყოთ? გუშინ ეს ამბავი ერთს ახირებულ ვისმე შევსჩივლე და სიცილი დამაყარა: ეგ სისულელე თუ მართლა ძველია, რატომ იმ შენმა მამა-პაპებმა არ გააქრეს რაც ებადათ და შენამდი მოახწევინესო? მამა-პაპებს რას აბრალებ? ეგ ბედოვლათობა დღევანდელ უგნურთა წამხედურობის ბრალია და ხომ გაგიგონია: „წამხედურობამ წაიხედაო და ძაღლის გვამში შეახედაო“. მევე მამტყუნებდა. მოდი და ელაპარაკე ამისთანა უგნურს?
გოდოგანელი“.
ამაების კითხვაც რომ მოგწყინდება, გადადიხარ ახლა რეაქციისადმი მონაწერ წერილებზე:
1) „ბატონო რედაქტორო! გთხოვთ გადამარჩინოთ დიდს უსიამოვნებას და გამოაცხადოთ, რომ გორიდან გამოგზავნილ და კვირის ნომერში დასტამბულ კორესპონ-დენციის ავტორი მე არ გახლავარ.
უტიფარა ხრიკაძე
რედაქციის შენიშვნა: ვამოწმებთ და ვამტკიცებთ, რომ იმ სტატიის დამწერი და გამომგზავნი სულ სხვა ვინმეა და არა ხრიკაძე. რედ.“
ვინ არის ეს საბრალო ხრიკაძე, საფრთხეში რომ სხვის ბრალობით ჩავარდნილა? - ერთი ვინმე გაიძვერა, სოფლის ტურა-მელა, რომელიც ვერც არას დასწერს და არც არა დაუწერია-რა, მაგრამ სოფელს კი ატყუებს: დიდი დამოკიდებულება მაქვს რედაქტორებთან, რაც ჩვენ გაზეთებში უსახელო სტატიები იბეჭდება, ნახევარი სულ ჩემიაო. და ამითი თავს იჩენს. ხანდახან მიჰმართავს ხოლმე რედაქციებს ზემომოყვანილ წერილით და მოწმობას რომ ხელში იგდებს, თავს მართულობს სოფლის წინ: მე არა ვარ დამწერიო! სოფელიც ჰფიქრობს, სჩანს ეს მართლა არ დაუწერია, მაგრამ სხვებს კი უნდა სწერდესო, და მოკრძალვით ეპყრობიან. ხრიკაძესაც მეტი არა უნდა-რა.
2) ბატონო რედაქტორო! გთხოვთ გამოუცხადოთ მადლობა როგორც ჩემის მხრით, ისე საზოგადოების მხრითაც ცნობილი ქველმომქმედს სოლომონ გლეჯიას, რომელმაც შემოსწირა ჩემდამო რწმუნებულს სკოლას აბაზი და ცალნახევარი ახპატელოვის გამოცემული ანბანი.
ურუეთის სოფლის მასწავლებელი პზიკა.
ვინ არის ეს კაცი, რომ მარტო სახელს აწერს, გვარსაც აღარ კადრულობს და ქვეყნის მაგივრადაც კი მანიფესტებსა სცემს? ერთი ვიღაც აშორდიასებური აზბუკაძე... ქვეყნის წინ... მწვანე კიტრივით თავს იწონებს: „გაიგეთ, მეცა ვარ ქვეყანაზეო! “
და ის ქველმომქმედი ვინღა ბრძანდება, აბაზს რო იმეტებს და ზედაც ცალნახევარ ახპატელოვის წიგნსაც სწირავს სკოლას? ვინ და ქვეყნის გამომხვრელი აბლაკატი. იმ თავის აბაზსა და ანბანს ძვირად ჰყიდის, უცნაურს სარგებელს იგებს, გაზეთს წარუდგენს სოფელს და ეუბნება: „აი, ხომ ხედავთ, ვინა ვარ მე და რა შემიძლია. აი რა ქება-დიდებას მიწერენო! ენა ჩაწყვიტეთ, ჩემი წინააღმდეგობა არ გაბედოთ, თქვე ბეჩავებო, თვარა აღარ დაგზოგავთო!“ სოფელიც, ბეჭვდითი სიტყვის დამჯერე, კრიჭას იკრავს შიშით.
რედაქტორ-გამომცემლებმა რა იციან თავის კაბინეტში, თუ გარეთ, სოფლად, როგორა სარგებლობენ მათის წინ დაუხედაობით. ვინ უნდა გავამტყუნოთ? - დამწერი, რასაკვირველია, მაგრამ დამბეჭდავი კი უფრო მეტად! რათ უნდა ეპოტინებოდეს კაცი იქამდის, სადამდინაც ვერ მისწვდება? რათ ტვირთულობს იმას, რასაც ვერ მოერევა?.. რედაქტორ-გამომცემლობა განა ჰალა-ჰალაა! მაგრამ თავმოყვარეობა ძნელია... მოლა მასრადინისა არ იყოს, ჰფიქრობენ, „უსტას“ ხომ დაგვიძახებენ და სხვა რა გვენაღვლებაო?!
აი სწორეთ ამ ხასიათის არიან ზოგიერთი ჟურნალ-გაზეთები და რომ ვკითხულობ, ერთი ძველებური ლექსი მაგონდება ხოლმე:
უგუნურება ტიტინობს,
უმეცრებას მოსწონსო,
მთქმელი სჯობს, თუ მომწონეო.
სამართალო, ასწონეო!
ჩიორა რომ ხანდახან დასძახებდეს ხოლმე ამ ვაჟბატონებს, არ იქნება ურიგო.
(ივერია, 1901 წ., №239)
___________________
* ბენია გამოჩენილი ხუმარაა
![]() |
3.29 სიმართლის აღსადგენად |
▲ზევით დაბრუნება |
„ცისკარი“ რომ გამოდიოდა, იმ დროს ერთმა ვინმემ იკისრა „შინაური მიმოხილვის“ წერა და მის ნაწერებში მარტო მისის ოჯახისა და ნაცნობ-მტერ-მოყვარების ამბავი იყო ხოლმე მოყვანილი. ზოგს მათგანს აქებდა და ზოგს აძაგებდა, რომ საკუთრად გული მოეფხანა. ჰკითხეს: „კაცო, ეს რა გიწერიაო?“ და იმანაც გულწრფელად აღიარა: „მაშ რა უნდა მეწერა? „შინაური მიმოხილვა“ არ მაკისრეთო?“ ზოგიერთებს დღესაც ასე ესმით ბიბლიოგრაფობა: მიჰყოფენ ხელს წერას და რაც ადამიდან დაწყებული იოანე ნათლისმცემლამდე კი თქმულა ბიბლიაში (დაბადებაში) და ან გაგონილა, მხოლოდ იმას იმეორებენ უსწორ-მასწოროდ და თავიც წინასწარმეტყველებად მოაქვთ. სხვები უფრო შორსაც მიდიან: ვერ გაურჩევიათ სიტყვა „ბიბლიოგრაფია“, თუ რაღაც მათი უბედურობაა; ბებიების მონაჭორებსა სწერენ და გამოუდით „ბები-ოგრაფია“ და არა ბიბლიოგრაფია! ეს სიტყვები, რასაკვირველია, არ ეხება ჩვენს ბიბლიოგრაფად ცნობილს ბ-ნ გ. ყიფშიძეს! მაგრამ ხანდახან ისიც კი აკლებს ხოლმე ყურადღებას მისსა კრიმანჭულ-ბიბლიოგრაფიებს. მაგალითად, „კრებულის“ შესახებ ბრძანებს, რომ ეს ჟურნალი თბილისში გამოდიოდა ყოველ თვიურად; ჯერ მარტო მისს საკუთარ ნაწერებს ჰბეჭდავდა აკაკი, მერე ნება მისცეს სხვებისაც ებეჭდა და თანამშრომლად მ. ჯანაშვილი და ზ. ჭიჭინაძე ჰყავდაო. თბილისიდან იმერეთში გადიტანა, ქუთაისში დაუწყო ბეჭვდაო. პირველად ათასი ხელისმომწერი ჰყავდა, მაგრამ მერე თანდათან იკლო ხელის მომწერლების რიცხვმა, თავის დროზე აღარ გამოდიოდა და ბოლოს სულაც შეჩერდაო“. ეს ამბავი სრულიად გადასხვაფერებულია და მოკლებულია სიმართლეს: თავისს დღეში არც თბილისში და არც იმერეთში ათას ორასს ეგზემპლიარზე ნაკლები არ დაბეჭდილა „კრებული“ და კიდევაც რიგდებოდა ხალხში. მაგრამ „კრებულის“ ხელის მომწერლები უმეტესად დაბალი, მუშა ხალხი იყო და არა „ინტელიგენტ-მაღალი წოდება“. ბ-ნ ბიბლიოგრაფს ვერ შეუნიშნავს და გამოპარვია ეს გარემოება. - მიზეზი „კრებულის“ შეჩერებისა სულ სხვა იყო და არა ხელის მომწერთა ნაკლებულობა. ის მიზეზი თვით ყიფშიძემაც კარგად იცოდა. მე თვითონ უჩვენე საბუთი „წერა-კითხვის საზოგადოების“ კანცელარიაში, მაგრამ დავიწყებია ალბათ! ასეა ადამიანის ბუნება! რაც არ უნდა და გულს არა სწვდება, მალე ავიწყდება საზოგადოდ კაცს და რაც უნდა კი, იმას არა თუ იმარხავს გულში, კიდე-ვაცა ჰზდის. „კრებულშიაც“ მქონდა ნათქვამი და ახლაც ვიმეორებ, რომ სულაც არა მყოლოდენ ხელის მომწერლები, მაინც კიდევ არ დავანებებდი თავს „კრებულის“ გამოცემას. მაგრამ სხვა გვარად გადაბრუნდა ჩარხი. თავდაპირველად ნება მქონდა აღებული, რომ „კრებულში“ მებეჭდა მარტო ჩემი ნაწერები. მერე ნება დამრთეს სხვების ბელეტრისტული ხასიათის ნაწერებიც მებეჭდა და მეც ვსარგებლობდი ამ უფლებით, როდესაც ზოგიერთებმა, სადაც დიახ შინაურია ბ-ნი ყიფშიძეც, ჩემი საწინააღმდეგო, ანუ, უფრო სწორედ რომ ვსთქვათ, ჩემი სადევნელი წერილების წერა დაიწყეს „ცნობის ფურცელსა“ და „მოამბეში“, მეც ჩემ ჟურნალში დავიწყე პასუხის წერა და გაიმართა პოლემიკა.
მე კი უფლება არა მქონდა მებეჭდა ჩემს „კრებულში“ სხვა რამე, გარდა ლექსებისა და მოთხრობებისა. აი რამ შეაჩერა „კრებული“. ეს უნდა სცოდნოდა ბ-ნ ბიბლიოგრაფსაც და სხვა აზრი და ხასიათი არ უნდა მიეცა საგნისათვის და თუ იცოდა და თქმა არ ეხერხებოდა, რატომ სულ არ სდუმდა?
(ივერია, 1901 წ., №248)
![]() |
3.30 მცირე რამე |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგჯერ კერა გამქრალია, ნაცარი მისი გაცივებული, მაგრამ იმავე დროს, თურმე, შუაგულში ჰღვივის და შიგ ობოლი ნაკვერცხალი იმალება და თუ ვინმემ ის ნაკვერცხალი გამოჩხრიკა, დაუბერა და აანთო, ახალი კერა გაჩაღდება. სწორედ, ამ ობოლ ნაკვერცხალს მოგვაგონებს ნიჭიც: ის მიმალულია ხოლმე ხალხის გულში უჩინრად და იქ ნელ-ნელა ჰქრება; იმასაც გამოძებნა უნდა, რომ ხელის შეწყობით, სწორ გზაზე დააყენოს კაცმა. ბერძნული თქმულება, რომ „დიოგენი დღისით სანთლით ეძებდა კაცსაო“, სწორედ ამას მოასწავებს! - ის ნიჭს ეძებდა, თვარა ისე კაცის სახით პირუტყვს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებოდა. ეს ჭეშმარიტება ყოველ დროითია და საყოველთაო, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, ჯერაც არა გვაქვს შეგნებული და ნიჭს არა თუ დავეძებთ, პირიქით ხელსაც ვუშლით საქმით თუ ვერა, ჭორებითა და ცილის წამებით მაინც!..
ორმოცდაათმა წელიწადმა ჩემ თვალსა და ხელს შუა გაიარა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ფული შეგროვდა სხვადასხვა მიზნით საქველმოქმედოთ; მილიონზე ნაკლებ არა, თუ არ მეტი და სადღა არის დღეს ის თანხა? თავნი თავნად დაიკარგა და სარგებელი არ შემოგვსვლია!.. აბა მიმითითონ და მიჩვენონ, რომ რომელიმე ნიჭი, ან საზოგადო მოღვაწე თუ კი სადმე არიან ჩვენში, საზოგადოებას გამოეზარდოს და ქველმოქმედების იმათ რამე მოხვედროდესთ. იმათ მხოლოდ საკუთარის ტანჯვით გაუკვლევიათ გზა, როგორღაც გადარჩენილან და სხვებსავით არ დაღუპულან!..
ვიცი მეთაურები მეტყვიან: ჩვენ ხომ არ შეგვიჭამია, ჩვენ ჯიბეში ხომ არ ჩასულა ის ფულიო? ჩვენ ხელს ვუწყობდით მოსწავლე ახალთაობას და განა ცოტა დაგბრუნებიათ დიპლომიანებიო? - კეთილი და პატიოსანი!.. მაგრამ ანდაზა ამბობს: „რაღა მკვდარი და რაღა შინ მოუსვლელიო“. რა გაუკეთებიათ ჩვენთვის იმ დიპლომიანებს.
ილია ჭავჭავაძე, გოგებაშვილი, ნიკოლაძე, გ. წერეთელი, ყაზბეგი და სხვ. სუყველა უდიპლომო იყო. ახლა, აბა თქვენ მიჩვენეთ დიპლომიანი მოღვაწე... ამით იმას კი არ ვამბობ, რომ დიპლომი ნუ გინდათ მეთქი!.. მაგრამ ჯერ-ჯერობით ცხოვრების გზა ისე უკუღმართად არის ჩვენში მიმართული, რომ დღევანდელი დიპლომი ხელს უშლის საქვეყნო შრომას. ავიღოთ დიპლომიანი იურისტი. როგორ უნდა მოიხმაროს დიპლომი? უნდა წავიდეს ადვოკატად: მხოლოდ თავის ჯიბეზე იფიქროს, ხალხი ატყავოს!.. ან და შევიდეს „ჩინოვნიკად“ და ეს ხომ კიდევ უარესია. აქაოდა ჩემიანების მიდგომა არავინ დამწამოსო, ხელს იღებს ქართველობაზე. თუ ექიმია, დრო აღარა აქვს, რომ საზოგადოზე იზრუნვოს; ის მარტო მაჯის ნახვასა და ენის გამოყოფას უნდება!.. და თუ მასწავლებელი, კიდევ უარესი: უნდა იხელმძღვანელოს იმ პროგრამით, რომელიც ქართველს ამახინჯებს. ასე რომ დიპლომი ჯერჯერობით ხაფანგია ჩვენთვის და სხვა არაფერი.
ამას მე უმეტესობაზე მოგახსენებთ და არა საყოველთაოთ!.. ამ ზემოხსენებულებში ათასში ერთი თუ გამოერევა საზოგადო მოღვაწე, დიდი ღვთის წყალობაა და ჩვენც არ შეგვიძლია არა ვსთქვათ: „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენ-ნიო“. საზოგადოთ ქართველს არ ესმის „საზოგადო ქველმოქმედება“, მიტომ კი არა, რომ ის კეთილი, ან გულ უხვი არ იყოს! არა! მხოლოდ ერთხელვე გადაგდებული აქვს გულიდან „საზოგადო“, ჩვენი მეზობლები, სომხები კი შეგნებული არიან: მისთანა არავინ მოკვდება, გინდა ღარიბიც იყოს, რომ საქველმოქმედოთ არა დააგდოს რა!.. და ქართველები კი, რამდენ მდიდარს ოხრად დარჩენია ქონება და საზოგადო არა გახსენებია-რა! არ დამავიწყდება, ცეცხლის ასოებით მაქვს დაბეჭდილი გულის ყურზე ის შემთხვევა, რომ სარატოვის შიმშილობის დროს დიდძალი შეწირულობა წავიდა საქართველოდან და ამ ჩვენ ქიზიყში რომ შიმშილობა იყო, კრინტიც არავის დაუძრავს!
დიდი ხანია რაც უნივერსიტეტებში კასები არსებობს; იქიდან სტუდენტობის დროს ბევრს გაუტანია ფული და აბა თუ მერე, ცხოვრებაში რომ გამოსულა, ორს-სამს გარდა, ვისმეს გახსენებოდა დაბრუნება. რას ნიშნავს ეს ან წამღებისა და ან მიმღების მხრით თუ არ დაუდევრობას. მართალია ამ ბოლოს დროს გამოჩნდა ორი ქველმოქმედი! დ. სარაჯიშვილი და ძმ. ზუბალაშვილნი. მათი ყოველწლიური შემოწირულება დიდია, მაგრამ ვერც იმათ შემოწირულებას მოაქვს ის ნაყოფი, რაც მოსალოდნელია. მაგრამ ეს შემომწირველების ბრალი კი არ არის, იმ მეთაურებისა და წინამძღოლების, რომელნიც „ჩემიან-შენიანობითა“ და „მისწრებით“ სარგებლობენ და არა ნიჭით. საზოგადო ქველ-მოქმედება და სტიპენდია მისთანებს უნდა მოხმარდეთ, რომელნიც რამეს აკეთებენ და ან მომავლისთვის იმედს იძლევიან. ისიც სესხად უნდა მიეცეთ, მაგრამ ეს ჩვენში ასე არ კეთდება. მოვიყვან მაგალითს. ერთი ყმაწვილი, არა მდიდარი ოჯახის შვილი, უმაღლესს სასწავლებელში გამოიზარდა სხვების დაუხმარებლად წვითა და დაგვით. რომ ჩაიგდო დიპლომი ხელში სამსახურში შევიდა, მაგრამ მაინც კიდევ ქართულად უცემდა გული: „ჩვენი წარსული გულსა სწყვეტდა, აწმყო აღონებ-და და მომავალზე კი იმედს არ ჰკარგავდა“. ამას მისი კორესპონდენციები ამტკიცებ-და, რომელსაც ა. ფრონელს აწერდა ხოლმე. ის სხვებსავით კუჭს არ გადაჰყოლია, ისარგებლა შემთხვევით და ჯამაგირით და საკუთარის ხარჯით გამოსცა ორი წიგნი: „ამბოხება კახეთისა“ და „მთიულეთი“. ეს წიგნები ისეთი არიან, რომ ვისაც კიდევ ქართველობა სწამს, უნდა ჰქონდეს შეძენილი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ხელსაც არავინ ჰკიდებს!.. და რა მიზეზია? ის რომ ჩვენი დღევანდელი მწიგნობრობის საქმე ცრუ მოღვაწეების წყალობით უფსკრულშია გადაძახებული: პატარა წიგნაკი, გინდ უგნურებაც იყოს, თუ კი ფასად შაური აწერია, სახალხო ჰგონიათ და ავრცელებენ. წინააღმდეგ. სხვა წიგნი, გინდ სისხლით და ცრემლით იყოს შედგენილი და გრძნობა-გონებით სავსე, თუ ზედ ერთი შაური არ აწერია ფასად, ყველა გვერდს აუვლის!... ნაწერს არშინობითა ჰზომავენ, თითქოს შეშა იყოს!.. და ფრონელის წიგნს კი ფასად ერთი მანეთი აწერია, ეს წიგნი რომ სხვაგან სადმე, სხვა ხალხში გამოსულიყო, მისი ავტორი უზრუნველი გახდებოდა, მაგრამ აქ კი ერთიც არ გაყიდულა და რაც დაუხარჯავს, იმას ავტორი თავის დღეში ვეღარ აიდგენს!! ამ ავტორს „საქართველოს უკანასკნელი დროება“, მაგალითად, „სოლომონ მეორე“ და სხვანი დამთავრებული აქვს, მაგრამ თვითონ რომ სამსახურში აღარ არის და ჯამაგირი აღარ ეძლევა, აღარ შეუძლია, რომ თავის საფასურით მოიტანოს მსხვერპლი და რჩება ისე დაუბეჭდავი. რას შვრებიან ჩვენი მეთაურები და წინამძღოლები? ეჰ, აღარას ვიტყვი. ვიტყვი მხოლოდ იმას, „ვაი რომ შეძლება არა მაქვს, თორემ ამ წერილით არც ჩემ თავს შევიწუხებდი და არც მკითხველს შევაწუხებდი!.. დრო კია, რომ ფარისევლობას, საზოგადო საქმეში მაინც, ბოლო მოეღოს და გზა-ჯვარედინაზე, სხვების დასანახავად ლოცვა აღარ იყოს!.. საქმე სულ სხვას მოითხოვს და ჩვენ კი მხოლოდ ენებათა ვართ გადაქცეული და იმასაც ვერ ვახერხებთ.
(ნიშადური, 1908 წ., №56)
![]() |
3.31 მგოსნის და რედაქტორის საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
- გამარჯობა, მგოსანო! მადლობა ღმერთს, რომ კიდევ გაგახსენდით!
- გაგიმარჯოს, ბატონო რედაქტორო!.. დავიწყებით არაოდეს არ დამვიწყებიხართ, მაგრამ თვალი დაუდგეს სიბერეს, რომ აუძლურებს ადამიანს!... სხვა... რასა იქმ, რედაქტორო, რათ მაგრე დაგიღრეჯია?
- ნუღა მკითხავ! ამას ხომ ხედავ?
- კალათას?
- კალათას კი არა, ვეებერთელა კალათს?! თავამდი გავსილია სულ მარტო დღევან-დელი ფოშტით.
- მომილოცავს!.. სჩანს, რედაქციას სახელი გაუთქვამს, რომ ყოველ კუთხიდან ცნობები მოუდის.
- რისი ცნობები? ცნობები კი არა, სულ ლექსებია!.. ვითომ ლექსები! - დიდი სენი შემოგვეპარა ცხოვრებაში: მთელი საქართველო მელექსეთ გადიქცა! ათში ცხრა მაინც სწერს ლექსს. დიდსა და პატარას თავი მგოსნად მოაქვს და გვიგზავნის დასაბეჭდათ ლექსებს, რომ ჩვენც ჩქარა მივაწოდოთ, მკითხველს დრო არ დავაკარგვინოთ და არ დავღუპოთ საქართველო.
- ეგ მსოფლიო კანონია; ყველას თავის თავი - თავის ნაშრომი, მოსწონს და მიტომაც არის ნათქვამი: „ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონსო!..“
- რას ბრძანებთ? რისი შრომა? დაიდებენ წინ ლექსიკონს, ჯერ ამოწერენ რითმებს: „კაცი“ - „ვაცი“, „გმირი“ - „ვირი“, „სატრფო“ - „მათბო“ და ამ გვარად მერე გამოუგონებენ სიტყვებს, გადააბმენ ერთმანეთზე, ცასა და მიწას მოქარგვენ, საოცობოდიო სიტყვებს ჩაუკრიმანჭულებენ და აცხობენ ლექსებს და რომ არ გაცივდეს, საჩქაროთ გვიგზავნიან რედაქტორებს! ჩვენ იმათ კითხვას ვუნდებით, დრო აღარ გვაქვს. ახლა კი, როგორც გავხსნი წერილს და ვნახავ ლექსს, წაუკითხავად ვუტკუცებ ხოლმე თავს ამ კალთაში!..
ეს უცნაური სენი თუ ასე შემოგვეჩვია და არ გადაიკვეთა, შენი მტერია, ჩვენში მწერლობა დაეცეს!.. ერთი დაგვიწერე რამ მისთანა, რომ ახალთაობას თვალი გამოახედიოს... - მოლექსეობაზე ხელი აიღონ და მოგვასვენონ. ღმერთია თავმდები, რომ ისინი მგოსნები არ იყონ და ვერც გამოდგენ მგოსნებათ.
- ჰმ! თქვენ ვინ დაგაყენათ რედაქტორად?
- როგორ თუ დამაყენა?
- ჰო, ვინ აგირჩიათ?
-ვის უნდა ავერჩიე? ჩემით დავდექი!
- მაშ, როგორც თქვენ დამდგარხართ, ისე ისინიც თავის თავად დამდგარან მელექსეებათ და თავი მგოსანი ჰგონიათ! მაგრამ აქ ცუდი არც ერთში, არც მეორეში არა არის-რა! აი, ახლა შენ კარგი ხარ თუ ავი, მაინც მისთანა ხელობა გიჭირავს ხელში, რომელიც იძულებულს გყოფს, რომ გინდა თუ არა, საზოგადოზე იფიქრო და იმუშავო. ახლა მაგ ხელობას, რედაქტორობას რომ ხელი ააღო და სხვა მოხელედ შეხვიდე, მაშინ კი იმ შენ თანამდებობას უნდა შესწირო შენი გრძნობა-გონება და არც კი გაიხსენო საზოგადო რამ, და გონიერება კი მოითხოვს, რომ კაცმა ორ აუცილებელ საჭირბოროტო საქმისაგან, რადგანაც ერთი და ერთი აუცილებელია, მისთანა აირ-ჩიოს, რომელსაც ნაკლები ვნება მოაქვს. - ასეა მოლექსეობაც! - იმ ახალგაზრდებს, ლექსებით რომ გაწუხებენ, რედაქციის კარები რომ დაუხშოთ, ხომ უნდა გადავიდენ სხვა ბანაკში და ქართველობაზე ხელი აიღონ. მართალია, ყველა მგოსნებად და ხალ-ხის მოძღვრებად ვერ გახდებიან, მაგრამ სურვილი ხომ მაინც შერჩებათ და მკითხვე-ლებად გამოდგებიან? ეს მოვლინება, მელექსეების გამრავლება დიდი ღვთის წყალობაა და შენ კი საჭირბოროტოთ მიგაჩნია!..
საჭირბოროტო ეს კი არ არის, ის არის, რომ ჩვენში საზოგადო საქმეს ხმის უმეტესობითა და კიჟინით სწყვეტენ ხოლმე გონების დაუკითხავად. - ახლა კი ჩვენ მარტო ორი ვართ აქ. ჩვენ შორის მედიატორეებად გრძნობა-გონება უნდა იყოს, მეტი არავინ და შევუდგეთ ჩვენ ჩვენი აზრის დამტკიცებას, თუ ზემოთქმულზე თანახმა არა ხარ!..
დავიწყებ მე, მაგრამ ზღაპრულად კი და ყური დამიგდე!..
ცხოვრება ორი გზით მიდის, ორკაპია. ერთი საწაღმართო, ანუ საზოგადოა და მეორე საუკუღმართო, საპირადო. პირველი გზა შამბისა და ნარ-ეკლისაგან არის წაღებული, შიგ გველ-ბაყაყები ბუდობენ და უნასები ფუსფუსებენ, და მიტომაც ამ გზით წასვლა ძნელია, სახიფათო და სატანჯველი, მაგრამ სათავეში კი „უკვდავების წყარო“ ამოჩუხჩუხებს. მეორე გზა, გზა საპირადო, სულ იავარდით მოფენილია. ყოველი ბიჯის გადადგმაზე სულ საფუნდრუკოებია აგებული. შიგ სამოთხის ჩიტები ჭიკჭიკებენ და ატკბობენ ყურთა სმენას. თვალმომჭრელია სანახაობა, ყოლიფერი გულს იტაცებს; ამ საპირადო გზით წასვლა საოცნებოა, მაგრამ სათავეში კი ჯოჯოხეთი უძევს. უმეტე-სობა ამ გზით მიდის და ამბობს გუნებაში: მე ხომ ცხოვრებას თბილათ და ტკბილათ გავატარებ და მაშ რაღას დავსდევ მომავალს? ჩემთვის ხომ სულ ერთი იქნება, „ჯოჯოხეთი“ თუ „უკვდავების წყარო?“ მე ხომ ვერსად ერთს ვერ მოვესწრები? და „ჩემ შემდეგ ქვა ქვაზედაც ნუღარ ყოფილა! სხვებმა იზრუნონო...“
ვსთქვათ ახლა, შენ მეთვალყურეთ ამ ორკაპ-გზას სათავეში უდგიხარ. ერთ დღეს ხედავ, რომ მოგადგა ჯარათ ახალთაობა და გეუბნება: „გაგვიღე კარები და გაგვიშვი მაგ საწაღმართო გზით!.. ჩვენა ვართ გმირები და უნდა მივიდეთ უკვდავების წყარომდი, რომელსაც კაცობრიობა დაეწაფება“. შენა ხედავ, რომ ისინი გმირები არ არიან და ვერც მიაწევენ „უკვდავების წყარომდე“ და მხოლოდ სახიფათო შრომაში დალევენ დღეს. ნუ თუ შენ იმათ ხელსა კრავ, რომ უკანვე წავიდენ და დაადგენ საუკუღმართო გზას? მართალია, ისინი გმირები არ არიან, ვერ მიაღწევენ „უკვდა-ვების წყარომდე“, მაგრამ სურვილით დატყუებულები, ერთ ბიჯს ხომ მაინც გადას-დგამენ, გაჰკაფენ ნარ-ეკალს? დღეს ერთი გუნდი, ხვალ - მეორე, ზეგ - მესამე და ამგვარათ ოდესმე, თუმცა შორეულად, მაგრამ მაინც გაჰკაფენ, გაიკვლევენ გზას და რომელიმე დგმა, რომელიმე გუნდი მივა იმ „უკვდავების წყარომდე“, რომელსაც მთელი კაცობრიობა დაეწაფება მერე? მართალია, ამ პირადობაზე ხელაღებულები დაიღუპებიან, მაგრამ ეს თავდადება იქნება. მსხვერპლი შეწირვადი მომავალი ბედნიერებისა.
- ეგ ყოველივე სიმართლეა, მაგრამ მოლექსეობასთან რა აქვს საერთო?“
- ბევრი, ბევრი რამ!! დღევანდელი დღე მხოლოდ იმ აზრით არის გამსჭვალული და ყოველგვარ მანქანებსა ხმარობს, რომ ეროვნება გადაარჯულოს და დედა-ენა მოსპოს. რაღაც უცნაურ ჯადოს მოუხიბლავს ახალგაზრდობა, ისე, რომ იმ დასატყუებელს თვალს არიდებს და სახიფათოს, მაგრამ საწაღმართო გზას კი ეტანება! სწერს იმ დედა-ენაზე, რომლის მოსპობასაც სცდილობენ და თავი წინამორბედი, მგოსანი გონიათ! - მართალია, ისინი მარტო სურვილით არიან დატყუებული და მგოსნები ვერ გახდებიან, მაგრამ ენას, წერა-კითხვას ხომ მაინც შეისწავლიან და გაუმკლავდებიან საუკუღმართო ძალას?! მაშასადამე, ეს მოვლინება მელექსეობა კეთილ ნაყოფის მომცემი ძალა ყოფილა?.. და რა ჯობია? ის რომ ახალგაზრდობა უკუღმართი გზით მიდიოდეს, სასტუმროებში „მრავალჟამიერს“ ბღაოდეს და საეშმაკო ფერხულში იყოს ჩაბმული, თუ კეთილ სურვილებით გატაცებულს თავი მგოსანი ეგონოს და ლექსებს სწერდეს? საუკუღმართო მებრძოლთა გუნდს რომ ეწინააღმდეგოს, რა ძალი გვიჭირავს ხელში სხვა ამის მეტი და კურთხეულიც იყოს ის ძალი, რომელიც ხიბ-ლავს ახალგაზრდობას, რომ შაირი აწერიოს და საუკუღმართო რამეს არ გადააყოლოს! - რა ძალაა ეგ ძალა, რომ არ მესმის?! ეგ მხოლოდ ჩხირკედელობაა? - სულაც არა, ბატონო, ძლიერი, მხიბლავი ძალა! გრძნობა-გონების სათავისოდ შემკვრელ-შემბოჭველი, გონების თვალით დასანახავი. ერთხელ მსოფლიო მღერალმა მამინიმ კონცერტი გამართა და მისი სიმღერით ისე მოხიბლა მსმენელები, რომ ყველას თავი მღერალი ეგონა. დიდი და პატარა, მცოდნე და არამცოდნე, ყველა თავისს გუნებაში ღიღინებდა და თავი მამინად მოქონდათ, მიმბაძაობით, თუმცა მამინი კი არცერთი არ ყოფილა იმათში!
მაგრამ მომხიბლავმა ძალმა გაიტაცა და გამსჭვალა ყველა! ამგვარივე მაგალითი ქართველებსაც გვაქვს; საარაკო მეფეები: გორგასლანები, აღმაშენებელნი, თამარები, გიორგები, როცა გადავიდენ, და იმათი ადგილი კაცუნებმა დაიჭირეს, იმ ძველ გმირების ნაშრომ-ნაღვაწს ბოლო მოეღო და თან ქართველობაც გაყვა.
აბა სადღა არიან იმ გმირებისაგან აშენებულ-აგებული ციხე-დარბაზ-ტაძრები? ვის ხელშია დღეს მათგან მონაჭირნახული ადგილები და სამთავროები? რაღა დაგვრჩა, ჩვენც სხვის ხელში გადასულს? ხანთა განმავლობამ ყოლიფერი მოსპო! მაგრამ ის რაც ცხოვრების ძალთა-ძალას შეადგენს, ესე იგი, დედა ენა კი შეგვრჩა და დღესაც იმ ენით ლაპარაკობს ხალხი, რა ენითაც ქრისტეს წინათ ლაპარაკობდა.
რა იყო ის ძალა, რომელიც გაუმკლავდა ჭირ-ვარამს და ძლევა შეიმოსა?
- „ვეფხისტყაოსანი“!
ის რომ არ ყოფილიყო, ენაც მოისპობოდა.
რუსთველმა ისე ძლიერათ მოხიბლა ქართველობა, რომ მთა-ბარი ააღიღინა, ყველა მოშაირობდა, და თუ თვისს თავს რუსთველად არ ხდიდა, ფიქრობდა მაინც, რომ არ ჩამოუვარდებიო და რა გამოვიდა? ის რომ, მართალია, არც ერთი რუსთველი არ დაგვბადებია რვა საუკუნის განმავლობაში, მაგრამ როგორც მზის ანარეკლი სხივებით მთვარე ანათებს ბნელს, ისე ამ არა რუსთველმა, არა გენიოს მწერლებმა გაანათლეს გრძნობა-გონების ბნელი, და ენა, ქართული ენა გადაარჩინეს. აჩქარებით არა გაკეთდება-რა! ყოლიფერს ზრდა უნდა. მესამოცე წლებში რომ პირველი გაზეთის, „დროება“-ს გამოცემა უნდოდათ, ვერ მოახერხეს და პეტერბურგიდან ახალგაზრდა გ. წერეთელი გამოიწერეს. მაშინ მესტამბობაც არავინ იცოდა და ნ. ნიკოლაძე კისრულობდა მესტამბობას. გაზეთს სულ ასიოდე ხელმომწერი ყავდა და ისიც ნაძალადევი. დღეს რასა ვხედავთ? აივსო ქვეყანა მესტამბეებით და თითო გაზეთს ათასობით მკითხველები ყავს! გაზეთებიც დღეს მეტია, ვიდრე მაშინ მკითხველები! მართალია, ეგებ ვერც რედაქტორები იყვნენ მისთანა, როგორც საჭიროა. არც მწერლები იყვნენ გენიოსები, მაგრამ ეს მოვლინება, ეს ასეთი გამრავლება წერა-კითხვის მოსურნეთა, ამტკიცებს, რომ კეთილი მომავალი მოახლოებულია. „ლეღვს რომ ფოთოლი გამოუვა, გაზაფხულის მომასწავებელიაო“ - ნათქვამია.
კი, გენიოსზე მითითება არ შემიძლიან, მაგრამ ახალ მწერლებში ნიშნებს ვხედავ, რომ მომავალში დრო და ჟამის შესაფერი რუსთველები მოევლინებიან.
და ის ხალხიც, რომელიც რუსთველს წარმოშობს - უკვდავია. გაუმარჯოს მომავალს! და აგრეთვე დღევანდელ, წერა-კითხვის გამტკიცების სურვილს.
(კოლხიდა, 1911 წ., №138)
![]() |
3.32 თამარ მეფე |
▲ზევით დაბრუნება |
ძველთაგან დაწყებული, ჯერ არ ყოფილა დედა-მიწის ზურგზე მისთანა საისტორიო ერი, რომელსაც სხვადასხვა გვარ უბედურების მიზეზად ქალი არ დაესახელებიოს. მაგალითად: ბერძნებმა, ტროადის ლაშქრობით აშფოთებულებმა, დიდებულ ილიონის დარღვევისა და, თან მოყოლებულის ატრიდანთ ოჯახის ყოველგვარ უბედურების მიზეზად, ელენე მშვენიერი გამოსახეს. ერთ დროს ოდესმე ზვიადი, უკადრისი და, სხვათა ერთა მოძულე ებრაელები, რომელთაც თავისი ეროვნული ძლიერება სამსონ ძლიერში გამოხატეს, დასუსტებასა და დამარცხებას დალილას აბრალებდენ. ეგვიპტის ბოლო-მოღებას და ბჭე-მაღალ ფარაონთა დამხობას კლეოპატრას მხურვა-ლებას აწერენ. და სხვა. ნიცა ამგვარადვე... რომ ყველა არ ჩამოვთვალოთ, საკმაო იქნება აღვიაროთ, რომ თვით მთელმა კაცობრიობამ, შეერთებულად, სამოთხის დაკარგვის მიზეზად პირველი დედა, ევა, დაასახელა. საკვირველია, ცასქვეშეთში ყოლიფერი იცვლება, დრო და ჟამი თავისს წესრიგს არ იშლის, საუკუნე საუკუნეს ენაცვლება, ახალ-ახალის მოთხოვნილებითა და პირობებით; ხალხი იცვლება, ძველები გადადიან და მათ მოადგილედ ახლები შემოდიან ისტორიულ სარბიელზე. რჯული რჯულს ენაცვლება, ემხობიან ძველი კერპები ქვეყნის თვალში და ქალების შესახები აზრი კი, ერთხელვე დარჩენილი შეურყეველია. თანამედროვე ხალხიც ძველებზე უკეთესი შეხედულების არ არის ქალებზე. მაჰმადმა, რომელმაც თავისს აქლემს ადამიანის ნახევარი სული მიანიჭა, ქალში მეოთხედიც არ იწამა. ნეტარი ავგუსტინე „ემშაკის ჭურჭლად“ აღიარებს დედაკაცს. დღესაც, ერთმა ფრიად განათლებულმა ერმა, ფრანგებმა ქალის შესახებ სასაცილო ანდაზა მიუძღვნეს თანამედროვეთ: „ეძიე ქალიო!“ (ვითომ რაც მოხდეს, ქალს დაბრალდესო). საკვირველია! ყველა ამაების შემდეგ რატომ არ ვეკრძალვით ქალებს და არ გაურბით მათ ვერაგობას, როგორც ჩვენის უბედურების, არა თუ მარტო საამქვეყნო, საიმქვეყნო მიზეზსაც კი. რა გვიშლის ხელს? რაი და... უბრალო სიმართლის ალღო, რომელთანაც უძლური არიან, როგორც ბრძნული გადმონაცემები ძველთაგან, ისე ახლების მახვილ-გონივრული შენიშვნები.
დიახ, ქალი სრულიადაც არ არის ისეთი, როგორათაც მამაკაცების კუდა-ბზიკური თავმოყვარეობა გვისახავს. ნუ თუ „ხმა ერისა ხმა ღვთისა“ არ არის? - შეიძლება იკითხონ ზოგიერთებმა. - და ამ შემთხვევაში სწორეთ არა! განა ყოველგვარი „ხმა ერისა“ იმავე დროს „ხმა ღვთისაცა“ არის? რასაც საუკუნოების განმავლობაში, ჭეშმა-რიტების ბრძმედში არ გაუვლია, იმას არ ეთქმის „ხმა ღვთისაო“. ეს არის წამიერი, აღელვებული და ერთმანეთის წამხედურობით გატაცებული ბრბოის უსამართლო გულისთქმა. და სწორედ ამგვარმა „ხმამ ერისამ“ ჯვარს აცვა მაცხოვარი, დასწვა იორდანე ბრუნნო, გასწირა გალილეი და სხვანიცა ჭეშმარიტების მქადაგებელნი. და „ხმად ღვთისად“ კი მხოლოთ ის „ხმა ერისა“ იწოდება, რომელმაც აღადგინა სიმარ-თლე და როგორც უეჭველი ჭეშმარიტება დასდვა სამარადისოდ ქალების შესახებაც დარჩენილი მაწანწალა აზრი „ხმად ღვთისად“ მისათვლელი არ არის. მოვა დრო, ერთხელაც არის, კაცობრიობა შეიგნებს ჭეშმარიტებას და ქალს დასახავს ევად, მაგრამ იმ პირველ ევად კი არა, რომელმაც ვითომ ედემი დააკარგვინა! არა! იმ სხვა ევად, რომელიც ქვეყნად გაუღებს მას სამოთხის კარებს. ნათქვამია, რომ „უნაკო კანონი არ იქნებაო“. ძველ ხალხებშიც, ერია ერთი ტომის ხალხი, ივერიელები, ანუ ქართველები, რომ სულ სხვა თვალით უყურებდენ ქალებს. უფლებით გათანასწორებულ ამაზონელებს პატივისცემით ეპყრობოდენ და უკეთესს მათგანს გაოცებით იხსენებ-დენ, როგორც, მაგალითათ, საოცარ მედიას და გრძნეულ თირთაის, კოლხიდელ ქალებს. ეს იყო კერპთთაყვანისმცემლობის დროს და შემდეგ, ქრისტიანობის დროს, დედა-კაცი კიდევ უფრო ამაღლდა მამაკაცების თვალში საქართველოში. უამისობაც არ შეიძლებოდა, რადგანაც ამ პატარა საქრისტიანო სამეფოში, როგორც ღვთისმშობ-ლის საუფლისწულოში, პირველობა ყოლიფერში ქალებს ერგოთ: ერთი უბრალო მოგზაურ, უძლურ, კაბადოკიელ ქართველ ქალის, წმინდა ნინოს წინაშე, რომელსაც, გარდა მისივე თმებით ჯვარად შეკონილ ვაზის მეტი არა ეჭირა რა ხელში, ემხობიან თავიდან ფეხებამდი აღჭურვილი მეფე და დიდებულები. ქეთევან დედოფალი საოცარ მაგალითს უჩვენებს საქრისტიანოს რჯულისა და ეროვნობისათვის წმინდა მოწამეობისას. თამარ დედოფალი, რომლის მეფობის დროს სიკვდილით არავინ დასჯილა, უმტკიცებს მის შემდეგ გვირგვინოსნებს, რომ ქვეყნის გაერთგულება და ამაღლება შეიძლება მხოლოდ სიტკბოებით, ლმობიერებითა და სიყვარულით. აი ეს სამი ქალი, ეს „მთიებთა სამაია“ ნათლის სვეტად წინ უძღოდა ჩვენ დედებს, ქართველ ქალებს და მათდა სადიდებლად, უნდა გამოვტყდეთ, რომ არც იმათ უღალატნიათ ისტორიულ სიმართლისათვის და ღირსეული მიმდევარი ყოფილან იმ სამთა წინა-მორბედთა. მეისტორიენი, სიძველეთა მკლევარნი გაოცებით ეკითხებიან თავიანთ თავს: რა მიზეზი იყო და რითი აიხსნება, ზეციურ სასწაულით, თუ ქვეყნიურ გრძნეულობით, რომ ამ პატარა საქრისტიანო ქვეყანამ, მოიგერა მაზედ მოზღვავებული მტერი, ის ძლიერი მაჰმადიანთა ერი, რომელმაც გაუჭირველად დაამხო დიდებული ბიზანტია და დაინაწილა სლავიანთა სამთავროები? ადვილი საპასუხოა: ეს სასწაული და გრძნეულება ქართველი ქალი იყო, ის ჭირშიაც და ლხინშიაც მეუღლეობას უწევდა ქმარს და შვილებს გმირებად უმზადებდა მომავალს. დღეს, როდესაც ქვეყანა დაკნინდა და ყოლიფერმა იცვალა ელფერი, დაქვეითება ყველაზე უფრო ქალებს დაეტყო და გარეშე თვალს, მათ შემხედვარეს, სიტყვა: „ისტორიული ქართველი ქალი“ ზღაპრული ოცნება, ან სამარადისოდ გადასული და გამქრალი სახელი ეგონე-ბა. მაგრამ შესცდება!.. ყოველი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვგონია ხოლმე. მსოფლიო კანონიც საზოგადოა: ყოლიფერი, რაც არსებობს და მოძრაობს, იღალება... და დაღლილობას კი მოხდა ეჭირვება. ტყუილა კი არ უთქვამს მგოსან ბარათაშვილს: მზე მიტომ ჩადის საღამ-საღამობით, რომ შეისვენოს და დილ-დილობით უფრო მეტის ძლიერებით ამოელვარდეს ქვეყნის გასათბობ-გასანათლებლადო“. აქაც ისეა: ჩვენ, ქართველებსაც, ქრისტიანობისა და ეროვნების გულისათვის მტერთან ბრძოლაში საუკუნოების განმავლობაში დაქანცულებს, გვეჭირვება შესვენება... დღევანდელი დროებითი ძილი და უმოქმედობა ძალღონის ხელახალი შეკრებაა, რომ გამოღვიძების შემდეგ ძლიერ სახელმწიფოებთან ერთად სვლა შეგვეძლოს განათლება-წარმატების გზით. მაშინ მოსალოდნელია, რომ პირველ რაზმში ქართველი ქალებივე ჩადგებიან. მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს მივანდოთ მომავალს და ჩვენ მიუბრუნდეთ ისევ წარსულს.
არაბთა ცივილიზაციამ პირველ ხანებშივე შემოაშუქა საქართველოში, მურვან-ყრუს შემოსევის შემდეგ მე-VIII საუკუნეში. ამ ორ ხალხს შუა კავშირი ერთმანერთობისა არ გაწყვეტილა, უკეთესი არაბთა მეცნიერნი და დიდებულნი უახლოვდებოდენ მეფის ტახტს და მათი გავლენაც დაეტყო ქართველობას რასაც ყურანი უშლიდა მუსულმანთა ქალებს, იმას სახარება არ უკრძალავდა ქრისტიან ქალებს და მიტომაც არაბთა გავლენით ისარგებლეს ქართველმა ქალებმაც იმ ხანებში. გამობრწყინდენ ქართველი ქალები შიგადაშიგ და მეთერთმეტე საუკუნეში უმწვერვალესობამდი მიაღწიეს, არა თუ მარტო საშინაო საქმეში, საგარეოშიაც კი - საპოლიტიკო ასპარეზზე. ამისთანები იყვნენ: ძმისწული დავით აღმაშენებლის თამარი, მთელს მცირე აზიაში განთქმული და გურჯთ-ვექილ-თამარად წოდებული“, ბურდუხანუმი, გიორგი III მეუღლე და რუსუდან გიორგისვე და, თამარ მეფის მამიდა და გამზდელი, ხოროსნის სულტნის ნაცოლარი ქვრივი, კრავაი ჯაყელი, ხოშაგ ცოქალი, რატი სურამელის დედა, ვახახი და სხვანი. და ამ მთიებთა გუნდში უბრწყინვალესად გამოერია თამარი.
საარაკო და უჩვეულო მოვლინებამ 1184 წ. მიიზიდა საქართველოს ყოველ კუთხიდან თბილისისაკენ ხალხი. სამეფო ტახტზე აჰყავდათ მეფე გიორგის III-ის ასული თამარი, მშვენიერებით განთქმული. მისის მშვენიერებით თვალმოჭრილი დამსწრენი, მისმა სეფე სიტყვამ კიდევ უფრო გააოცა: „შიშველი მოველ და შიშვლადვე მეგულების განსვლათ ამიერ სოფლით - ამ სიტყვებით მიმართა ერს ტახტზე ასულმა - ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება, არ არის აქ ჩემი სასაკუთრო და სამეფო ჩემი კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილ-დღეოთ აღვამაღლო სამეფო. და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით? პირველად თქვენ მოგმართავთ, მამა-ჩემის გაწვრთნილო მხედართმთავარნო და მეომარნო. მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა გავიმაგრო სამეფოს საზღვრები, გარეშე მტრების მოსაგერებლად. მერმე მივყოფთ ხელს შინაგან გაწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ, წმინდა მამებო, რადგანაც თქვენ, როგორც სასულიერო წოდებას, გაწევსთ ორგვარი მოვალე-ობა, ხორციელი და სულიერი; რისთვისაც მოგელისთ ორკეცი მადლობა: აქ - მეფისა და იქ ზეციური კურთხევა. ხოლო თქვენ, დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას და ნიჭს, რომელთა ქვა-კუთხედათ უნდა დაიდვას საერო სიყვარულიო“.
ამ პროგრამით დაიჭირა ხელში სამეფო და არ გაუვლია არც სამ წელიწადს, რომ მისმა არჩეულმა ერისთავებმა სპასალარ ზაქარია მხარგძელის მეთაურობით არა თუ გაამაგრეს, კიდევაც გაადიდეს საქართველოს საზღვრები. ახალგაზდა დედოფლის სახელი და დიდება მოეფინა მთელ მცირე-აზიას. და „შამხორს“ ძლევა-მოსილობამ და ადერბეიჯანის ემირის დამარცხებამ თავზარი დასცა მაჰმადიანებს. დიდება ძლევამოსილ, ქრისტეს აღმსარებელი ქალის, ვეღარ აიტანა იკონიის სულთანმა, ჯალალედინმა: შეყარა ყოველი მხრით მართლმორწმუნენი და მიადგა საქართველოს. აღარ ეჭვობდა, რომ 400 ათასის მეომრით დედამიწასთან გაასწორებდა საქრისტიანო საქართველოს - მაგრამ განგებამ სხვანაირათ გადასწყვიტა საქმე და სირცხვილეული, დამარცხებული სულთანი უკუიქცა, რომ ტყვეობისათვის დაეხწია თავი.
მთელი ბანაკი მისი აუარებელი ქონებით დარჩა მძლეველებს. ამას შემდეგ შეაჩერა მახვილი, მოხარკა სამეფოები და მიყო ხელი შინაგან საქმეებს: აახლებდა და აგებდა ციხე-ქალაქებს, ურწყულ ადგილებში გაყავდა არხები, აშენებდა ტაძრებსა და უძ-ღვნიდა შესაწირავებს არა თუ მარტო თავის სამშობლოს ყოველ კუთხეში, გარეშეც კი, მაგალითად: იერუსალიმში, ანტიოქიაში, ალექსანდრიაში, ფრაკიაში, მაკედონიაში, კონსტანტინოპოლში, ათონზე, კვიპრზე და სხვანი. დააარსა ტრაპიზონის იმპერია, სადაც გაახელმწიფა ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკე კომნენის შვილი ალექსი და სიკვდილამდე ყოველგვარათ დიდებულ და უზრუნველ ჰყო საქართველო. მის მეფობის დროს თითქმის 28 წ. განმავლობაში, სამწუხარო მხოლოთ ერთხელ შეხვდა. ეს მოხდა 1190 წ. როცა აჯანყებულმა იმერთა ერისთავებმა ვარდან დადიანმა, ბოცო ჯაყელმა, გუზანმა, ბედიანმა, დაღათო შარვაშიძემ, ბარამ ვარდანიძემ და სხვებმა გამოიწვიეს კონსტანტინეპოლიდან პირვანდელი ქმარი თამარის რუს-გიორგი და გამოაცხადეს საქართველოს მეფეთ გეგუთს. მაგრამ დიდი დრო და ბევრი ჯაფა არ დასჭირვებია ძლევამოსილ დედოფალს აჯანყებულთა დასამორჩილებლად. და ამ უსიამობამ ისე ჩაიარა მის ცხოვრებაში, როგორც უსიამო რამ სწრაფლწარმავალმა სიზმარმა. სულ 28 წ. განმავლობაში იმდენი საქმეები ჩაიდინა, ისე აამაღლა საქართველო, რომ ყოლიფერი მის შესახებ, რომ უტყუარი ისტორიული საბუთები არ გვეჭიროს ხელში, ზღაპარი ან სიზმარი გვეგონებოდა. შთამომავლობამ აღარ იცოდა, რაგვარი სამადლობელი უნდა შეეწირა ამ საარაკო ქალისთვის. და ისტორიამაც სხვა უკეთესი რამ ვეღარა მოიგონა-რა, „თამარ მეფე“ უწოდა - მამაკაცის სახელი მიანიჭა და მით გვერდში ამოუყენა მსოფლიო მამაკაც გმირ-მირონცხებულებს, ქართველთა ეკლესიამ წმიდათა თანა შერაცხა ეს მეფეთა შორის საკვირველება და სადღესასწაულოთ დანიშნა პირველი მაისი, ანუ როგორც ძველად უწოდებდენ ვარდისთვე.
დღეს მის სახელს დღესასწაულობს, არამარტო დღევანდელი ქართველები, ისინიც კი, რომელნიც ოდესმე ქართველებად ყოფილან, მაგრამ შემდეგ კი დრო და ვითარების უკუღმართობით გადარჯულებულან...
(„ჩემი ნაწერები“, წ. II, 1913 წ., გვ. 35-44)
![]() |
3.33 სიტყვა ქართველ მოსწავლე ახალგაზრდობისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
წარმოთქმული მოსკოვში, ნადიმზე
ბატონებო! ნება მომეცით, შვილები გიწოდოთ! მიტომ კი არა, რომ, ვითომც, მე თქვენი მამობის საკადრისად მომქონდეს ჩემი თავი. არა! მხოლოდ ჩვენ შორის ხნოვანების მიზეზით და იმ სიყვარულის გამო, რომელიც ჩემს გულში ჰღვივის თქვენდამი. მოისმინეთ მოხუცის უკანასკნელი სიტყვა. - ჩვენ რომ გზა ავირჩიეთ და გამოვედით მესამოცე წლებში, ის გზა ეკალნარიანი და შამბწაღებული იყო! იმ გზით სვლა ძნელი იყო, სახიფათო და კარგად ვგრძნობდით, რომ მის გაწმენდასა და გამარგვლას სავსებით ჩვენ სიცოცხლეში ჩვენ ვერ მოვესწრებოდით! მაგრამ მომავალი თაობა გვყავდა მხედველობაში, ე.ი. თქვენცა და ისინიცა, თქვენ შემდეგ რომ მოვლენ. ეს ტკბილი ოცნება გვამხნევებდა და ხელს გვაღებინებდა საპირადოზედ. ამგვართაგანი იყვნენ: გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, სერგო მესხი, ნიკო ნიკოლაძე და სხვანი.
მაშინ წრე მეტად პატარა იყო და თანამგრძნობიც მცირე ჰყავდა. დღეს თქვენ მათ ადგილზე ათასობით ითვლებით და თანამგრძნობლადაც, თუ არ მთელი საქართველო, ნახევარზე მაინც მეტი გყავსთ და თვალ-წარბებში შემოგყურებენ. და ახლა თქვენი ვალია, რაც ძველებმა ვერ მოასწრეს, თქვენ დაამთავროთ და ბოლომდე გაიყვანოთ, გაჰკაფოთ ის ეკლიანი გზა, რომლის სათავეშიც უკვდავების წყარო ჩუხჩუხებს. - ქართულ საგულისხმო ზღაპრებში ვხედავთ რაინდებს უკვდავების წყაროს საძებრად გაჭრილებს, რომ მათ აღმძვრელ საყვარელ მზეთუნახავებს, მიუტანონ ის უკვდავების წყარო და შეასვან. ამისთვის ისინი თავს არ იზოგვენ და არ ერიდებიან არც ხიფათსაც და არც განსაცდელს, თქვენც უნდა იმ ძველ რაინდებს მიჰბაძოთ, მოუპოვოთ ის უკვდავების წყარო, თქვენს საყვარელს, მაგრამ დასნეულებულ მზეთუნახავ სამშობლოს და აიაზმად ასხუროთ, რომ გამობრუნდეს. ის მით უფრო ადვილია თქვენთვის, რომ გზა ნაჩვენებია და არც სამშობლოა მომაკვდავი... ისტორიულმა მსვლელობამ დაგვიმტკიცა, რომ ეს პატარა საქართველო ყოველგვარ განსაცდელსა და გასაჭირს გაუძლებს! და მართლაც, ის ერი, რომელმაც წარმოშობა: რუსთაველი, მთაწმინდლები, გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ-მეფე, გიორგი სააკაძე და მათი მსგავსნი განა სასიკვდილოა? არ გასულა საუკუნო, რომ ნიშანი სასიცოცხლო არ მოეცეს ჩვენთვის ცხოვრებას, მაგრამ რაღა შორს მივდივართ? ავიღოთ უახლოესი დრო!.. აგერ ჩვენ წინ არა სდგას დიდებული ქართველი ავტორი „ღალატისა“. ბატონებო! „ღალატი“ არ არის უბრალო სასცენო გასართობი ის არის წინასწარმეტყველება და პროგრამა ჩვენი მომავალი ცხოვრებისა. თვითოეული იქ გამოხატული პირი სარკეა ჩვენის წარსულისა და მომავალ ცხოიცის, ზეინაბ დედოფალი, რომელიც ერთი ასად მაღლა სდგას ებრაელების ივდითზე, პირია იმ ანდაზისა, რომელიც წინაპრებმა გადმოგვცეს: „ხერხი ჯობია ღონესო, თუ კაცი მოიგონებსო“!
ზეინაბმა შესწირა ქმარი, შვილი, დროებითად ქვეყანა და ყოველივე ის, რაც კი მისს „წმინდა-წმინდათას“ შეადგენდა, მხოლოდ იმ განზრახვას, რომ თავისი წამებული ერი, გამოხსნილი და თავისუფალი ენახა და კიდეც მოესწრო ამ მისწრაფებას. მართლა, სიყვარულით გაბოროტებული მისი შვილი შესცდა და უღალატა, მაგრამ ის ღალატი დედამ სიკვდილით მოანანებია და თვითონაც ზედ დააკვდა!.. მაგრამ მოესწრო კი მაინც და თვალით ნახა, რომ მისი მისწრაფება ასრულდა... ახალმა წყარომ ცხოვრებისამ, ნაცვლად ძველი გზისა, სხვა გზით გამოიჩქეფა... გამოდის ხალხის გულიდან მეფის სანაცვლოდ ხალხის შვილი, დათო და ძლევამოსილი, დამარცხებულ მტარვალობას - სულეიმანს გულზე მუხლს აჭერს და ხალხშიაც გაისმის „ქრისტე აღსდგა“. დღევანდელ მოღვაწეებსაც, მოქმედების დროს ეს ზეინაბი უნდა ჰქონდეთ გათვალისწინებული და მისი სიტყვებიც გულის ფიცარზე დაწერილი. მაგრამ მოღვაწეობასა და შრომას თუ გულწრფელობა არ უძევს სარჩულად და კუჭს აჰყვა, იქ საზოგადო-სასიკეთო არა გამოვა-რა!.. ერთიც კიდევ: გამრავლებას ყოველთვის თანჰყვება გაყოფა. ფუტკარი, რომ იმრავლებს, ერთ სკაში ვეღარ ეტევა და ორად გაიყოფა, ორი - ოთხად, ოთხი - რვად და ამგვარად. ეს არის ბუნებრივი მოთხოვნილება, მსოფლიო კანონი. და სწორეთ ამ კანონს ექვემდებარება კაცობრიობაც. თუ რომ ჩვენ მესამოცე წლებში ცოტა ვიყავით და ერთი გზით მივდიოდით, დღეს ეს აღარ მოხერხდება; ბევრი ხართ, უნდა გაიყოთ, სხვადასხვა გზით წახვიდეთ, ტყვილა არ არის ნათქვამი, რომ ყველა გზა რომისკენ მიდისო!... თუ თქვენ იმ სხვადასხვა გზას ერთი და იგივე მასალა ექნება, უკვდავების წყარო და იმ სვლა-მისწრაფებასაც სიმართლე და გულწრფელობა ედება სარჩულად, ყველა გზა კარგი იქნება და მიტომაც სხვადასხვა გზით მიმავალნი, ერთი მეორეს ხელს არ უნდა უშლიდენ და მტრულის თვალით არ უნდა უყურებდენ. პირიქით, ერთმანეთს ხელსაც უნდა უწყობდენ საჭიროებისადაგვარად. - შოვინისტობა, ესე იგი, სამშობლოს უკუღმართი სიყვარული, როცა იმას ანაცვლებენ სხვების კეთილდღეობას და ბედნიერებას, საძაგლობაა, მაგრამ ერთი ათასად უფრო საზიზღრობაა, თავის ქვეყნისათვის სამშობლოს გარეწრობა. ვისაც თვისი მშობელი არ უყვარს, ის სხვებსაც ვერ შეიყვარებს. ვინც თავისს პატარა ერს არ ემსახურება, ის ვერც კაცობრიობას გამოადგება. თავისს ქვეყნის სამსახურში, მსოფლიოც გამოიხატება!.. ბატონებო! თქვენც ნუ მოანდომებთ, მთელ თქვენ ცხოვრებას მარტო პირადობას, საზოგადოსაც შესწირეთ ხოლმე მცირე რამ და იმ ბევრ-მცირესაგან შესდგება ბევრი და დიდი რამ!.. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მომავალი თქვენია და სამშობლოც თქვენგან მოელის იმ უკვდავების წყაროს, რომელიც სამკურ-ნალოდ უნდა ემსახუროს არა მარტო მას, არამედ მთელ კაცობრიობასაც. იცოცხლეთ ბედნიერად და თქვენთან ერთად გაუმარჯოს საქართველოსაც...
(თემი, 1913 წ., №109)
![]() |
4 ზეპირსიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 ქართული ანდაზები |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ხანია, რაც ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდისათვის სიტყვები: „ხალხი“, „ხალხოსნობა“, „სახალხო“ და სხვანი, ამგვარივე ხასიათის მქონი რამეები, პირდაპირ ხელსახვევად და სიტყვის მასალებად გარდაიქცნენ. იმათ შორიდამ მოუკრავთ ყური და თუთიყუშგვარად იციან, თუ რამდენი ძალა, ძლიერება, სიმართლე და განმახორციელებელი მასალები იხატებიან იმ სიტყვებში; მაგრამ იმას კი ვეღარ მიმხვდარან თავისთავად, თუ ვინ არის ხალხი? და რას ჰქვიან სახალხო? როცა იშვიათი უჩვეულო რამ მოვლინება აღელვებს, აღძრავს ხალხს კარგის ან ცუდის მხრით, აბეჭდავს მის ცხოვრებას და ზედ დასდებს კვალს, მაშინ ის მოვლინება, ანუ შემთხვევა საისტორიოდ უხდება იმ ხალხს. ამგვარად: ერთი ვინმე მიგნებული თანამედროვეთაგანი ხელოვნურად გამოხატავს იმ მოვლინებას ან შაირთწყობით, ან ზღაპარსიტყვებით და ან ლეგენდურ-მოთხრობით, დანაშთენები დაინახავენ იმ სურათში მათს გულის პასუხს, ბანს აძლევენ, და ხდიან იმ სურათს „ხელისხელ საგოგმანებლად“. დგმიდან დგმაზე გადასული ამბავი, ხანმსვლელობით, ეფინება იმ ქვეყნის ტომის ყოველ კუთხეს, სადაც კი ის ტომი სცხოვრობს, რომლის საკუთრებასაც ის ამბავი შეადგენს. როგორც მთის წვერიდამ დაგორებული პატარა თოვლის გუნდა რამდენიც მეტს დაეშვება ძირისაკენ, იმდენად უფრო იზრდება, ისე ეს ამბები, რაც უფრო შორს გადადიან დგმიდან დგმაზედ, უფრო და უფრო ვრცელდებიან და შალაშინდებიან კიდევაც, სანამ ბოლოს არ ჯდებიან თავიანთ სრულს და საკმაო კალაპოტში. რადგანაც ეს ვრცელი მოთხრობები საზეპირო არიან და ძნელად ერთიანათ ერთისაგან დასამახ-სოვრებელი, ამისათვის ისინი ირღვევიან ხშირად და აქა-იქ, სხვადასხვა კუთხეებში ნაწყვეტ-ნაწყვეტებად ინახავენ თავს. ამას გარდა, რადგანაც ხშირად ერთსა და იმავე ქვეყანას სხვადასხვა კუთხეები აქვს, მაგალითად, საქართველოს, სადაც იმერეთი და ქართლი განსხვავებულნი არიან ერთმანეთთან, - ის მოთხრობებიც ფერს იცვლიან და იმ ადგილის ან იმ კუთხის გავლენის ქვეშ სხვადასხვა ადგილობრივ ხასიათს მიიღებენ ხოლმე, - თუმცა შინაარსი და დედაბოძი აზრი ყოველთვის თითქმის ერთი და იგივე რჩება. ვისაც ჰსურს, რომ ამგვარი ისტორიის ნამდვილი მასალები შეაგროვოს და ბოლოს ერთიანად დაუბეჭდოს ხალხს, იმან უნდა დაკვირვებითა და სიფრთხილით შეჰკრიფოს ეს გაფანტული ზეპირსიტყვაობითი საისტორიო ამბები, გაარჩიოს, აასხას ერთს მაგარ ძაფზე და ამგვარად აადგინოს მთელ-მთელი მოთხრობები. ამასთან, რადგან ერთსა და იმავე ნაწყვეტს, როგორც ზემოთა ვთქვით, სხვადასხვა მაზრებში სხვადასხვა ხასიათი და ფერი აქვს, მაგრამ ორივეს შემთხვევაში კი ხარაკტერისტიკული, უნდა ის ნაწყვეტებიც ვარიანტებად მოიყვანოს. აგრეთვე თუ ახალი სახალხო თხზულებაც მისთანაა, რომ უნდა იყოს, რომ ხალხმა თავის ცხოვრე-ბის სარკე დაინახოს, იმ თხზულებაში იცნოს მისი ჭირი და ლხინი, თორემ უიმისოდ არ მიიღებს. ახლა გავსინჯოთ ის ახალგაზოდები, ანუ უკეთ ვთქვათ, ის ვაჟბატონები, რომელნიც ამ სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, ასე ირჯებიან თუ არა? არა: ისინი მივლენ სოფელში სადმე, შეხედვენ ერთს ვისმეს სოფლელს, რომელსაც სახლიდამ ფეხი არ გამოუდგამს და არ იცის თუ რა ამბავია ქვეყნიერებაზედ, და მაშინვე მოჰყვებიან სჯას მის შესახებ ამგვარად: „ამ კაცს შინიდამ ფეხი არ გამოუდგამს, არ იცის ქვეყანაზედ რა ამბავია, უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნელის გავლენის ქვეშ არ იქნება! მაშასადამე, ეს არის ხალხის ნამდვილი შვილი და ამგვარ კაცებს ჰქვიან ხალხი! და რადგანაც ეს ჭეშმარიტია, მაშ რასაც ეს იტყვის, ყველაფერი სახალხო იქნება“. სტაცებენ ხელს, მოისმენ გვერდით და უნდა თუ არა, აბოდებენ იმ უბედუ-რებს: ხან ზღაპრებს ათქმევინებენ, ხან შაირებს, ხან ამბავს, რომლის ნიჭი ეგება არც კი ჰქონდეს იმ საწყალს და სიზმარივით ჩარჩენოდეს ყურში. ბოლოს ჩასწერენ დავთარ-ში მის ნაროტავს და ბეჭდავენ, როგორც სახალხო სამნიშვნელო რამეს! ამგვარადვე შეხვდებიან მთვრალ კინტოს და ჰფიქრობენ: „ქართული ღვინო უყვარს ამას, მითი თვრება, აი ეს არის ნამდვილი მამულისშვილი!“ და რასაც ის ლოთი იტყვის, ის ნამდვილი ხალხის სიტყვა ჰგონიათ. მაგალითად, გახეთქილი კინტო იძახის, სხვათა შორის: „დამისხით, ჰოი, შენი კი ჭირიმე!“ მოჰკვრენ თუ არა ყურს მედავთრე ვაჟბატონები ამ სიტყვებს, ფიქრობენ: „ვა! ე რა კარგად სთქვა! რა ქართული გრძნობა იხატება ამ სიტყვებში. აბა ეს არის სახალხო პოეზია!“ ჩასწერენ დავთარში და გამოსცემენ ხოლმე სახალხოდ. რომ ეს ასეა, ამას გვიმტკიცებენ ის გამოცემები, რომელიც ასე გახშირდა ჩვენში და რომელსაც „სახალხოს“ არქმევენ. მოვიყვანთ მაგალითს: ერთხელ როდისღაც სემინარიელები ჩაქიშპებულან და ერთმანეთზედ შაირები გამოუთქვამთ:
ვინ იმერელი, დანა-ჩანგალი,
მოჰკიდა ხელი,
ეგონა ცელი,
გაიჭრა ხელი და სხვ.
ახლა ამაზედ იმერეთიდამ მოსულ შეგირდებს უგიათ პასუხი:
ვინ ქართლელი,
ვინ სერთუკი,
გუდა უნდა ეკიდოს
და ტყაპუჭი ეცვასო! და სხვ.
ეს ხუმრობა მედავთრეებს სახალხო ლექსებად მიუღიათ და კიდევაც დაუბეჭდიათ, მაშინ, როდესაც ამ ლექსების გამოთქმა და დაბეჭდვა ვინმე უცხო სპარსელს, ჩვენის ქვეყნის ოდესმე დამმონებელს და უძინარს მტერსა და გამკიცხავსაც არ ეპატივებოდა; მართალია ამითი მავნებელი არა არის-რა ხალხისათვის, მაგრამ გაქირდვაში კი სიძულვილი იხატება. ყოველ კაცსა აქვს სრული ნება ილაპარაკოს სისულელე, თუ კი ის სისულელე საზოგადოებას არ ავნებს და მაშინ კი, თუ მავნებელია, უნდა დაეშალოს; მაგრამ საქმე იმაშია, რომ ძნელი გასარჩევია სისულელე: ჭკვიანს რომ სისულელედ მიაჩნია, ის სულელს სიბრძნე ჰგონია და რადგანაც ჭკვიანები უფრო ნაკლები არიან უჭკუოებზედ, ამისთვის ნამდვილ ჭკვიანურს რამეზედ მოჩვენებულ სიჭკვიანეს უფრო მეტი მომხრეები ჰყავს. და, მაშასადამე, სულელს რომ ლაპარაკი აღუკრძალოთ, ეს არ მოხერხდება. არის მხოლოდ ერთი საშუალება: როდესაც სულელი რამეს ბოდავს, ჭკვიანმა იმავ დროს ისეთ ჭკვიანურს რამეზედ უნდა დაიწყოს ლაპარაკი, რომ ყველამ უნდა დაუგდოს ყური ძალა-უნებურად. ესევე ითქმის სახალხო წიგნების გამოცემაზედაც! მედავთრეები ამბობენ: „რაც უფრო ულოღიკო იქნება და უაზრო რამე წიგნი, იმას ხალხი უკეთ და უფრო მალე გაიგებს და თუ იაფი ფასიც დავადევით, უფრო იყიდიან და მაშასადამე ის წიგნები სახალხო გამოცემად გახდებიანო“, და ბეჭდავენ, გულწრფელობით სულელობენ... და აქაც მხოლოდ ის საშუ-ალება არის, რომ სხვებმა მისთანა ჭკვიანური წიგნები გამოსცენ, რომ ბოლოს იმ უგუნურ თხზულებაებზედ ხელი ააღებინონ. აი ეს აზრი იყო მიზეზი ჩვენის სიხარუ-ლისა, როდესაც გავიგონეთ, რომ შესდგა წრე ძველი მწერლობის აღსადგენელად და სახალხო წიგნების გამოსაცემადაცაო. ამ წრემ სამი წიგნი გამოსცა და მათს რიცხვში „ანდაზები“. სამწუხაროდ ჩვენდა, უნდა გამოვტყდეთ, რომ ამის გამომცემელს არ სმენია ანდაზების მნიშვნელობა... ანდაზა არის მოკლედ გამოთქმული რამე მახვილ-გონივრული აზრი, მზა კრიტიკა, მზა საპასუხოდ სახმარებელი სხვადასხვაგვარ უბნობის დროს მოსადგომ შემთხვევებში. ეს ანდაზები, როგორც მარჯვე დროს ნათქვამი და შესაფერ დროზედ სახმარებელი მოსწრებული და მრავალგონივრული სიტყვები, ერთხელვე ვრცელდებიან ხალხში და გადადიან ერთი დგმიდან მეორეზედ. ამგვარი ანდაზების ერთ წიგნად შეკრებასა აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ კი კაცმა კეთილად შეასრულა და არა ისე როგორც ეს ანდაზებია... აბა გავარჩიოთ ეს ანდაზები... 1) „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერიო“. ეს ასე არ უნდა: „ეთერიანში“ ერთი მარჯვედ მოყვანილი ლექსია, რომელიც მხოლოდ მისის მოხდენილი ლექსობის გულისათვის დარჩენილა ანდაზად! აი ეს:
აბესალომ და ეთერი
ღმერთმა შეჰყარა ერთფერი.
ანუ თუ მესამე პირს ვათქმევინებდით, მაშინ, რომ ლექსი არ შეიშალოს, ორივე რითმის დაბოლოებას უნდა შევუმატოთ ასო „ო“, და გამოვა ისევ ლექსი:
აბესალომ და ეთერიო
ღმერთმა შეჰყარა ერთფერიო.
დამბეჭვდელს კი ასე ვერ უქნია; მხოლოდ მეორე რითმისთვის მოუმატებია ასო „ო“, ლექსი პროზად გადაუქცევია და დაუკარგვინებია კეთილხმოვანება, მისი მხოლოობითი საანდაზო ღირსება. 2) „ადამიანის პირის კანი ხახვის შუა გარსზედ თხელია და თუ გაიხა ერთხელ, კამბეჩის ტყავზედ უფრო გასქელდება“. აი ეს როგორ არის: „ადამიანის პირის კანი ხახვის შუა გარსზედ უფრო თხელია და თუ ერთხელვე გამაგრდა, კამბეჩის ტყავზედ უფრო გასქელდება“. ეს იმაზედ არის ნათქვამი, რომ, თუ კაცმა ერთხელვე ნამუსზედ ხელი აიღო და გაკერპდა, იმას აღარაფრის შერცხვება და სიწითლეს, სირცხვილის ნიშანს, აღარ გამოაჩენს, მისი პირის კანი ისე გასქელდება. გამომცემლებს კი ისე გაფუჭებულად დაუბეჭდიათ ეს ანდაზა, რომ გონიერების მაგიერ უგნურება იხატება: „გამაგრების“ ნაცვლად „გაიხა“ უხმარიათ; თუ გაიხა, კამბეჩის ტყავზედ უფრო გასქელდებაო. აბა ერთი ბრძანონ: თუ კი გაიხა, რაღა გაასქელებს? 3) „ასე გავიდა მარტო, არ მამიკლა ციკნის ბარტყიო“ („მეცხვარემ დაიქადა. მარტმა ჯიბრზე სამი დღე ისესხა აპრილისგან. მეცხვარემ გუდაში კატა ჩასვა და ჭერში ჩამოჰკიდა: სამი დღე ცხვრებს კატის ყურებაში და ბღავილში ჭამა დაავიწყდათ. მარტმა ვერაფერი დააკლო“). რაო? რაო? ამოდენი სისულელის მოხერხება ამ ცოტა სიტყვებში, ჭეშმარიტათ, რომ მართლა საანდაზოა. „ციკნის ბარტყი“ რა არის? თიკანი ანუ ციკანი ნიშნავს თხის შვილს, ბარტყი ახალ გამოჩეკილს ჩიტს და განა თიკანს ჩიტი ჰყოლია? ამას გარდა კიდევ: „მეცხვარემ კატა ჩასვა გუდაში, ჭერში ჩამოჰკიდა და სამი დღე ცხვრებს კატის ყურებაში და ბღავილში ჭამა დაავიწყდათო“? ეს რაღა სისულელეა?! კატა თუ გუდაში იყო, ცხვრები როგორღა ხედავდნენ? და ან კატა განა ბღავის? ამას გარდა, რა დამოკიდებულება აქვთ ცხვრებს კატასთან, რომ თვალი ვეღარ მოაშორეს სამს დღეს და ჭამაც დაავიწყდათ და აღარც შესცივდათ?! თაგვები რომ ყოფილიყვნენ, კიდევ ჰო, იტყვის კაცი: კატის ხმამ ისე შეაშინათ, რომ სიცხე მისცა თაგვებს და მადაც დაუკარგაო; თორემ კატა და ცხვრები - „სად ერეკლეო და სად მეო!“ სწორედ ისეა. ეს ანდაზა, ისე, როგორც დაუბეჭდიათ, ხალხის უგნურებას ხატავს და არა ჭკუას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ანდაზა სულ სხვებრ არის:
ისე გაქრა მარტი-მურტიო,
ვერ მომიკლა კატის კნუტიო.
დაიჩემა დედაბერმა და ჯიბრზედ, რომ მარტმა სამი დღე აპრილისაგან ისესხა, კნუტი გუდაში ჩასვა და სამ დღეს ობლად ჰყავდა.. 4) „ბატონმა სთქვა, მუხას ვაშლი ასხია და შენ დაიჯერეო..“ როგორ თუ დაიჯერეო? ბატონის სისულელეზედ შენც უთუოდ გაუგნურდიო? ეს ანდაზა ასე უნდა: „ბატონმა რომ ბრძანოს, მუხას ვაშლი ასხიაო, შენც დაეთანხმეო“. ამით იხატება ძლიერის ჟინი და სუსტის ანუ ხელქვეითის შეცდომა, თუ ბაასი დაუწყო, რადგანაც არა გამოვა-რა წყენის მეტი და ბატონი მაინც თავისას არ მოიშლის. 5) „თავის ქება თავის ტეხაო“. უნდა იყოს: „თავის ქებაო, თავის გდებაო“. 6) „ლიტრას ეუბნებოდენ და კოკავ, შენ გესმოდესო“. უნდა იყოს: „მულს ლანძღავდენ და რძალს კი ასმენდენო“. 7) „კოჭლი ქოთანს ლოკდაო, გადაბრუნდა და მოკვდაო“. ეს ანდაზა კი აღარ გვესმის რა უნდა იყოს. 8) „უვირისთავოთ ქორწილი არ იქნებაო“. არც ეს გვესმის. 9) „ტერტერამ უღელი გადააგდო და კურდღელი მოჰკლა“. უნდა იყოს: „ბრმამ“ და არა ტერტერამ, თორემ რაღა გასაკვირველი იქნებოდა? 10) „ურია და მისი შვილი ორივე ღმერთმა დაშამათა“. ეს ასე უნდა: „ურია და მისი შაფათა ორივე ღმერთმა დააშამათა“. 11) „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობსო“. ეს რა უთქომთ! ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო: მაგალითად, კაცის მოკვლა? ეს ანდაზა რად გადაუბრუნებიათ: „ცუდად შრომას ცუდად ჯდომა სჯობიანო“. ასეა ეს ნათქვამი და აზრიც სულ სხვა აქვს. 12) „ჭიასაც რომ ფეხს დაადგამ, ისიც ხმას ამოიღებსო“. მართალი ბრძანებაა! სულ ვაი დედას იძახებს, თქვენის აზრით? ჩვენ რომ ანდაზა გაგვიგონია, იმასში „გიკბენსო“ არის და არა ხმას ამოიღებსო. ამას გარდა კიდევ სხვა ანდაზებიც, მაგალითად, ამგვარები: „არ გაიკითხვენ გოგოსა ტირილითა და ვიშითა“. „გლეხიკაცი რომ ცხენზე შეჯდება, ღმერთი დაავიწყდება“. „გლეხიკაცის ჭკუა თვალშია და არა თავში“. „გლეხის შვილი იზრდებოდა, ვირდებოდა“. „დედაკაცის თმა გრძელია, ჭკუა მოკლე“, „თავადიშვილი - ორი ბათმანი ტილიო“. „იმერელს უთქომს, ცოლსაც არავის დავუჭერ, თუ ჩემსავით იხმარებენო“. „იმერელმა ცხვარი იყიდა და მალ-მალ დუმას უსინჯავდა: თხა არ იყოსო“ და სხვანი. ერთი ბრძანონ მედავთრეებმა, ესეები განა სახალხო ანდაზებია და ამისთანა რამეები უნდა იბეჭდებოდეს და განძად ეძლეოდეს ხალხს?! უ. გამომცემელს თუ ესეები სახალხო ანდაზებად მიაჩნია, მაშ ესეც სახალხო ანდაზა უნდა იყოს: „სულელს გინება ანდაზა ეგონა“. აი ამგვარად მშვენიერი და მახვილგონივრული ანდაზები ისე გაუფუჭებიათ გამომცემლებს, რომ მხოლოდ უგნურებას ახატვინებენ. სულ რომ ბევრიც ეძიოთ ამ წიგნში, ორმოც ხეირიან ანდაზას ვერ იპოვით. ერთი-ორი კი გვარიანია და იმით მოვაგონებთ გამომცემლებს: „არა შეჯდა მწყერი ხესა, არ ჩვეულა გვარი მისიო“ და „რაც არ ექნა მამაშენსა, ნურც შენ დახევ მარმაშებსა“. დასასრულ, ვიცი მეტყვიან, რომ არაობას ესა სჯობსო, მაგრამ ჩვენ თანახმა არ გახლავართ: უმჯობესია მასალა ისევ მასალად დარჩეს, ვიდრე უცოდინარის ხელში გაფუჭდეს და აღარც მასალად ივარგოს და აღარც რამე ნაშენად.
(დროება, 1876 წ., №99)
რედაქტორის შენიშვნები
ქართული ანდაზები
1. სტატია დაიბეჭდა გაზ. „დროებაში“, 1876 წ., №99.
2. აკაკის ეს სტატია წარმოადგენს გამოხმაურებას პეტრე უმიკაშვილის მიერ შეკრე-ბილ და გამოცემულ „ქართულ ანდაზებზე“ (თბილისი, 1876 წ.). ანდაზებს წინ უძღვოდა პეტრე უმიკაშვილის წინასიტყვაობა.
![]() |
4.2 განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
გულმხურვალედა ვთხოვთ, ვისაც კი შეუძლიან მოახერხოს და განსაკუთრებით სოფლის მასწავლებლებს, რომ ჩვენი სახალხო შაირები, ზღაპრები, გამოცანები და სხვა ყოველგვარი ზეპირგადმოცემაები, შეძლებისადაგვარად, მოაგროვონ და ჩემ სახელზედ, ან „დროებისა“ და ან „შრომის“ რედაქციაში გამომიგზავნონ ხოლმე. ამით ისინი რიგიან სამსახურს გაუწევენ ჩვენს დედა ენას და კერძოდ მეც დამავალებენ. მხოლოდ ამას კი ვთხოვთ, რომ გადმოწერის დროს არაფერი გაასწორონ და თავისი არა ჩაუმატონ-რა: დასწერონ ისე, როგორც გაიგონონ, უმეტნაკლებოდა და აგრეთვე ისიც მოიხსენიონ ჩვენის ქვეყნის რომელ კუთხეში გაუგონიათ იმათგან დაწერილი შაირი, ზღაპარი და სხვ.
უმორჩილესად ვთხოვთ ქართულ ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებს, რომ მათ გაზეთ-ჟურნალებშიაც გადაბეჭდონ ეს თხოვნა.
(დროება, 1882 წ., №103)
რედაქტორის შენიშვნები
განცხადება
გამოქვეყნდა გაზ. „შრომაში“, 1882 წ. 5 მაისის №17 და „დროებაში“, იმავე წლის 22 მაისის №103.
![]() |
4.3 სახალხო ლექსების და ამბების შემკრებლებს |
▲ზევით დაბრუნება |
„დროების“ ერთს ნომერთაგანში, სხვათა შორის, ეს სიტყვებია მოყვანილი: „ვინ ხალხურ ლექსებს აგროვებს, ვინ ანდაზებს, ვინ გამოცანებს და ვინ ზღაპრებს. მეც ავდექი და სიზმრები შევაგროვე. გავაგდე კადახა, რომ ვინც რა სიზმარი ნახოთ, დასწერეთ და გამომიგზავნეთ-მეთქი, ამით მეც დიდად დამავალებთ და მთელს კაცობრიობასაც დიდ სამსახურს გაუწევთ-მეთქი“. ეს სიტყვები დაცინებით არის, რასაკვირველია, დაწერილი იმ ჩემ განცხადებაზედ, რომლითაც მე მივმართე ყველას და ვსთხოვე, რომ სახალხო ზღაპრები, ლექსები და ამბები მოეგროვებიათ და გამოეგზავნათ ჩემთვის, რომლითაც მე პირადად დამავალებდენ და საზოგადოებასაც რიგიან სამსახურს გაუწევდენ. მიკვირს რა შეხარბებია ავტორს და ან რა გაკვირვებია? პირადი დავალება ის იქნებოდა, რომ ჩემს თხოვნას შეასრულებდენ, იმასაც საზოგადო საქმის შესახებ, თორემ გონიერი ყველა მიხვდება, რომ მე მატერიალურად ის ზღაპრები და შაირები არად გამომადგება. და რაც შეეხება ხალხის სამსახურის გაწევას, თავისთავად იმ სახალხო სიტყვიერების ნაშთის შეგროვებაც დიდი საქმე იქნებოდა და ჩვენზედ თუ ჰქონდა „დროების“ თანამშრომელს ეჭვი, რომ ვერ გავარჩევდით, მასალა ხომ მაინც მოგროვებული იქნებოდა და მაშინ ის და მისი ამხანაგები გაარჩევდენ... მაგრამ როგორც თვითონ აღიარებს, ის ისეთივე მნიშვნელობას აძლევს ამ ზეპირსიტყვიერებას, როგორც სიზმრებს და ამისათვის უმჯობესად დავინახე, რომ ყველამ, ვისაც კი შეუძლიან, შემთხვევა აქვს ზღაპრებისა და ძველი ამბების მოგროვების, დაგვავალონ და ისევ ჩვენ გამოგვიგზავნონ და სიზმრები კი „დროების“ თანამშრომელ კიკოს.
(შრომა, 1882 წ., №42)
რედაქტორის შენიშვნები
სახალხო ლექსების და ამბების შემკრებლებს
გამოქვეყნდა გაზ. „შრომაში“, 1882 წლის 27 ოქტომბრის №42. სტატია წარმოადგენს პასუხს ფსევდონიმ „კიკოს“ ხელმოწერით გამოქვეყნებულ სტატიაზე: „ჩემი შეკრებილი სიზმრები“ („დროება“, 1882 წ., 24 ოქტომბრის №221).
აკაკის სტატიას თავის მხრივ „კიკომ“ უპასუხა სტატიითვე „სიზმრები“ („დროება“, 1882 წ., 17 ნოემბრის №240).
![]() |
4.4 შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ამას წინად „ივერიაში“ იყო დაბეჭდილი ერთი აზიური ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ქვეყნად აბრეშუმის ჭიაო. ამგვარი რამ იმავე ჭიის შესახებ ქართველებსაცა გვაქვს და, რადგანაც ზოგს არ ექნება გაგონილი, უნდა მოვიხსენიოთ. ვინ არ იცის, რომ ქართველების სახალხო პოეზია ძლიერია. ჩვენი ზეპირგადმოცემანი დიაღ საგულისხმო და საცნაურია. ვსწუხვარ, რომ ჩვენი „წერა-კითხვის საზოგადოება“ ცალყბად უყურებს და სპეციალურად გულდაგულ არ აგროვებს მათ!.. ვერც სხვადასხვა წიგნის გამოცემით, ვერც სკოლებით იმდენს ვერას შეგვძენს „საზოგადოება“, რამდენსაც დაგვავალებს სახალხო პოეზიის მოგროვებით!... შემდეგისათვის ამის გადადება არ ვარგა: რაც მალე შეუდგებიან საქმეს, ისა სჯობს. ახალმა დრომ ჩვენი ცხოვრება შესცვალა, ქვეყანას გული გადაუბრუნდა, ხალხს გუნება ეცვალა და, რაც ადრე საზოგადო და ხშირი იყო, ის ეხლა იშვიათი და კერძო შეიქნა... ამავე ქანჩში მოჰყვა სახალხო პოეზიაც. ვისა აქვს იმისი დრო და თავი, გადაავიწყდა ხალხს და თუ კიდევ სადმე იგონებენ, იმისთანა ბედნიერს მიყრუებულს კუთხეში, სადაც აქციზი და ადვოკატი სახად ჭირად მიაჩნიათ... დღეს თუ ხვალ იქაც დაივიწყებენ, და ამიტომ ვამბობ, რომ დაგვიანება საშიშია-მეთქი. უცხო ქვეყნის ხალხმა რომ იცოდეს, თუ რა მნიშვნელოვანია ქართული სახალხო პოეზია, არა მარტო ქართველებისათვის, სხვა ხალხებისათვისაც კი, მაშინ, უეჭველია, კერძო საზოგადოებას შეადგენდენ იმის მოსაპოვებლად. ჩვენ კი არაფრად მიგვაჩნია და გულგრილად ვეკიდებით. ტყუილი კი არ უთქვამთ: „შინაურს მღვდელს შენდობა არა აქვსო“. განა არ მოხერხდებოდა, რომ ჩვენშიაც შემდგარიყო საზოგადოება მაგ აზრით და საშვილიშვილო საქმე გაეკეთებინა? კი, მაგრამ ან მთქმელი სად გვყავს და ან გამგონე? მაგრამ უკაცრაოდ!.. ჭიის ლეგენდა დაგპირდით და მე კი გადავუხვიე!.. ეს გულმავიწყობით კი არ მომსვლია, გულდაწყვეტილობის ბრალია, და ეხლა კი, ბოდიშის მოხდით, მივუბრუნდები ისევ იმ ლეგენდას. მისთანა შესანიშნავი თქმულება არა არის-რა დაბადებაში, რომ ქართულად არ იყოს გაშაირებული, და მათ შორის „იობის“ ამბავიც. ეს შაირი იწყება ამ ლექსით:
იობს ჰყავდა შვიდი ვაჟი,
სამი ქალიც სახე მზისა;
ყველა ერთს დღეს დაეხოცა,
მან არა თქვა ძვირი ღვთისა:
„ალბად ღმერთთან შემცოდე ვართ, -
მომტირალს ცოლს ეუბნება, -
ღმერთმა მოგვცა, ღმერთსვე მიჰყავს,
კურთხეულ არს მისი ნება“ და სხვ.
ორმოცი წელიწადია მას აქეთ, რაც ეს შაირი გამიგონია... ბავშვობისას ზეპირადაც ვიცოდი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ეხლა ვეღარ მომიგონებია, აზრი კი მახსოვს... სულ ამ ზემომოყვანილ შაირის მსგავსად არის დახატული იობის ტანჯვა და მისი მოთმინება: როგორ აყროლდა ზეზეულად, როგორ ეხვეოდენ ჭია-მატლები და სხვანი. ბოლოს მოიბრუნა ღმერთმა გული და უბრძანა ანგელოზს: „წაიღე ეს ერთი ჯამი წყალი და იობს გადაავლეო!“ ანგელოზმა, რასაკვირველია, აასრულა ბრძანება ღვთისა და იობიც გამთელდა, მატლები მოშორდენ და წყლულიც შეეხორცა. მაშინ ჩამოვიდა მაღლით ღრუბელი და ის იობის ნაბანი შეიწოვა, რომ გვალულობის დროს იმ ნაბანის წვეთი წვიმაში გამოურიოს და უფრო მადლმიმნიჭებლად ასხუროს დედა-მიწას. სადაც ის წვეთი დაეცემა, იქ უკვდავების წყარო (სამკურნალო) გაჩნდება ხოლ-მე. იობს რომ უცნაური ჭია-მატლები ეხვეოდენ, ისინი აღარ გასწყვიტა იობმა და შეევედრა ღმერთს: ნუ მოსპობ ამათ!.. მიანიჭე მადლი, რომ ადამიანის სასარგებლო გახდენო!.. ღმერთმაც უსმინა და ესენი არიან: ფუტკარი, წურბელა, ბრაზის ჭია და სხვ... და ამათ რიცხვშია ის ჭიაც, რომელიც იობზე ცოცავდა და არა თუ სამოსელი, კანიც შემოაჭამა, ე.ი. აბრეშუმის ჭია. იმ დღიდან ის გულმუცლიდან იხვეწავს ძაფს, რომ ადამიანი შემოსოს!..
აი, ეს გახლავთ ჩვენში აბრეშუმის ჭიაზე ლეგენდა, და ახლა გთხოვთ შეადაროთ იმ აზიურს ლეგენდას!
(ივერია, 1889 წ., №216)
რედაქტორის შენიშვნები
შენიშვნა
დაიბეჭდა გაზ. „ივერიაში“, 1889 წ. 12 ოქტომბრის №216.
![]() |
4.5 მოგონება მარგანეცის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
„უძვირფასესო აკაკი!
გუშინ ჩამომივიდა მარგანეცში პირველად აღებული ორმოცდაათი მანეთი. რადგან მარგანეცის საქმე ჩვენში თავდაპირველად შენგან არის აძრული და დამთავრებული, ამიტომ დამიდევს შენს საკურთხეველზედ ნათაური შემოსავლისა, როგორც ძველად იეჰღოვას სწირავდნენ ყოველს პირველს ნაშობს, პირველ ნამკალს და პირველ ნაკრეფს. აკურთხე და შეიწირე ძღვენი პირველ შენაწირი, წრფელის გულითა და სიყვარულით შენის ერთგულის
დავით ბაქრაძისაგან.
26 მარტი, 1893 წ.“
ეს წერილი რომ მივიღე, ისეთი სიამოვნება ვიგრძენი, რომლის გვარიც იშვიათია ხოლმე ჩემს ცხოვრებაში!.. შემცდარი იქნება, ვინც ამ ჩემს სიამოვნებას მიაწერს ჩემს საპირადო თავმოყვარეობას და ან სიხარბეს!.. მიზეზი სხვა არის და კიდევაც უნდა აღვიარო აქ:
მე რომ პირველად მარგანეცის საქმეს შევუდექი, ხალხმა არა თუ არა იცოდა-რა, კიდეც იუცხოვა და ყბად ამიღო. თუმცა მათ მე არასა ვთხოვდი, მათი არა იხარჯებოდა-რა, მაგრამ მაინც კიჟინა დამცეს, თითქოს რაღაც მომაკვდინებელი ცოდვის ჩამდენი ვყოფილიყო!.. სიტყვა რომ არ გაგრძელდეს, სახასიათოდ მოვიხსენებ აქ ერთ იმ დროულ წერილს, მამა-ჩემთან მოწერილს:
„ძმაო როსტომ!
შენი შვილი რომ რუსეთიდან დაბრუნდა, ჩვენ ყველანი სიხარულით მივეგებეთ: გვეგონა, რომ ოჯახს ფეხზე დააყენებდა და ჩვენც, მისიანებს, ბევრად გვარგებდა, მაგრამ მის ნაცვლად, რომ სამსახურში შესულიყო და წინ ბიჯი წაედგა, ან ადვოკატობით სხვებსავით მოეხვეჭა რამე, ეგ დალოცვილი მესტვირეობას გამოუდგა და ლანძღვით ქვეყანა გადაიკიდა!.. ახლა კიდევ აუჩემებია რაღაც შავი ქვა და თურმე იძახის: „ქვეყანა უნდა გავამდიდროო“ და ქვეყანას თავს ყბად აღებინებს. ხუთშაბათს მიხაილ წერეთელი იყო ჩემსას. ისიც ძალიან სწუხს: რა ვქნა, სიგიჟე არაფერში ატყვია და ასე ახირებულად კი იქცევაო!.. სალომე წერეთლის ქალს ოთხმოც თუმნად სულ უძლევია, რაც შავი ქვა კი აქვს; მაგრამ აკაკის უთქვამს: თქვენის უმეცრებით ამ შემთხვევაში მე არ შემიძლია ვისარგებლოო და არენდით აუღია წელიწადში ხუთას თუმნად; ერთი წლის, მგონი, კიდევაც მიუცია წინდაწინ!.. ნეტავი ფულს მაინც რათა ღუპავდა. მე კი განა ცოტა მაქვს ქვაგუნდა. რგანისა და ღვიმევის ხრიოკები სულ შავი ქვა არ არის? წაიღოს, ღმერთმა მოახმაროს და თუ შევეცილო, იუდას თანაზიარი ვიყო. დათია ჩიხრიხისათვის უთქვამს: ჭიათურაში ადგილები იყიდეთ, რადგანაც აქ ერთ დროს რკინის გზა უნდა მოვიდესო და ეს კი ნამეტანიაო!.. თავის ქნევითა და მწუხარებით დაამატა მიხაილმა.
მართლა, ჩემო როსტომ, ძალიან საკვირველი სანახავი არ იქნება ღვიმევზე რკინის გზა! ადვილი იქნება, მერე კიდევ თუ ჯოყოეთზედაც გამომიარა! რაღა გვიჭირს მე და შენ. შენ მაინც გეზარება ცხენზე ჯდომა და მაშინ ერთს თვალის დახამხამებამდე შეგიძლია ჩემსა ამოიბრიგინო!.. ეჰ, სასაცილოა, რომ ყველა ეს სამწუხარო არ იყოს!.. ეგ დალოცვილი რას მიედ-მოედება? მტრებს რაზე ახარებს. მისთანა რამეს რად ამბობს, რომელიც არც ღვთის არის და არც კაცის? ეგება ხუმრობს, მაგრამ რომ აღარც ხუმრობასა ჰგავს!.. და ან კი რა ხუმრობაა. აქ იმერეთია... მაგრე ხომ არ იტყვიან. ქვეყანა დასცინის, რიგი რას ამბობს და რიგი რას!.. ვერსა შევხვდი, თვარა ვაწყენინებდი სწორედ... ურჩიე რამე და თუ საჭიროდ დაინახო, ეს წერილიც გადაეცი.
შენი კონსტანტინე“.*
ის აზრი, რომელიც ამ ბარათშია გამოთქმული, მარტო ერთსა და ორს ვისმე არ ეკუთვნის... ამგვარი იყო მაშინ საზოგადო აზრი და, რასაკვირველია, არა თუ მხარს არავინ მაძლევდა და მამხნევებდა, პირიქით ყველა ხელს მიშლიდა თუ საქმით არა, სიტყვით მაინც... ძნელი იყო ჩემი ყოფა, მაგრამ ცამეტი წლის განმავლობაში, სხვადასხვა იმედებით გამსჭვალულს მომავალზე, საქმისათვის თავი არ დამინებებია! დღეს, როდესაც „სასაცილო“ შავი ქვის საქმე დიდ საქმედ გადაიქცა და ქვეყანა სარგებლობს, ხშირად მესმის შემდეგი სიტყვები: „რა ქნა ამ კაცმა! საქმე მაგან დაიწყო, გააჩაღა, ქვეყანა კეთდება და თვითონ კი თავი დაიღუპაო“ და სხვ. ამ მართალ სიტყვებს ზოგი დაცინებით ამბობს და უფრო მეტი კი გულმტკივნეულობით, რადგანაც არ იციან, თუ რა იყო ჩემი მიზანი და რად ჩავები საქმეში. პირადი ანგარიში აქ არა მქონია-რა. და ოღონდ კი ის იმედები, რომლითაც მაშინ მე ვხელმძღვანელობდი, განხორციელებულიყო და მე მზად ვიყავი და მზადაცა ვარ მთელი ჩემი სიცოცხლე სიღარიბეში გამეტარებია, გინდ ხელგაშვერილის დღიური ლუკმის მოსაპოებლად! რა იყო ის მიზანი და ის მიზეზები, ამაზედ აქ საჭირო არ არის ვილაპარაკოთ და მხოლოდ ერთს მათგანს მოვიხსენიებთ, რომელიც თითქმის მძიმე ტვირთად მიმყვება საფლავში და რომლის გამოც საკუთრად იწერება დღეს ეს ჩემი მოგონება. აი რა:
ხალხური ლექსები, შაირები, ზღაპრები, თქმულობა, ლეგენდები, იგავ-არაკები და სხვანი, რაც კი შეადგენს ზეპირსიტყვიერებას, საზოგადოდ ყოველი ხალხისათვის ძვირფასი განძია, როგორც მტკიცე საძირკველი მისის ისტორიისა და უტყუარი სარკე მისი წარსული ცხოვრებისა. თუ არ მომაკვდავი ხალხი, ისე ამ განძზედ ხელს ვერ აიღებს ვერც ერთი სიცოცხლის მოსურნე ერი! საქართველოს ხანგრძლივ ცხოვრებაში ამგვარი განძი დიდძალი შეგროვებულა, მეტად მდიდარია; მაგრამ დღეს, როცა ცხოვრებამ პირი იბრუნა და ფერი იცვალა, ეს განძიც, ზეპირსიტყვიერება, მივიწყებას ეძლევა თანდათან. საქმე მისწრებაზეა და თუ დავაგვიანეთ, ერთ წელიწადს იქით ხსენებაც აღარ იქნება! ამაზედ ამ რამდენიმე წლის წინათ წერილი მქონდა დაწერილი „დროებაში“ და ზოგიერთები კიდეც შეუდგნენ შეგროვებას; მაგრამ გამოდგა, რომ ამგვარად გაკვრა-გამოკვრით, გზა-გზა შემთხვევით მოგროვილი მასალა ზეპირ-სიტყვიერებისა საქმეს თუ ავნებს, თორემ არას არგებს. ამისათვის საჭირო არის საკუთარი, გულდაგული შრომა და მოღვაწეობა.
შავი ქვის (მარგანეცის) საქმე რომ ჩემდა გუნებისად წასულიყო, მაშინ ვაპირებდი ამ დიდებულისა და დიაღ საჭირო საქმისათვის შემედგინა საყოფი თანხა: ჩვენში ბევრი
ყმაწვილი კაცთაგანია ნასწავლი და მომზადებული, რომელთაც სულითა და გულით ჰსურთ ჩვენი ქვეყნის სამსახური; მაგრამ, რომ დღიური საზრდო იშოვონ, ლუკმაპურისათვის, ვინ იცის, სად არ არიან გადაკარგული? იმათ რომ შრომისათვის სასყიდელი დაენიშნოთ, ისინი დიდი სიამოვნებით იკისრებდენ ამ განძის, ესე იგი ზეპირ-სიტყვიერების შეგროვებას, სიხარულით მოედებოდენ ჩვენი ქვეყნის მთა და ბარს და რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენც ხელში გვექნებოდა ყოველგვარი მასალა ამ საშვილიშვილო განძისა. თუ რომ იმედი არ გამცუდებოდა, მე თვითონ ვფიქრობდი ამის სისრულეში მოყვანას სხვების დაუხმარებლად; მაგრამ, როდესაც მარგანეცი, მე რომ მინდოდა, ასე ვეღარ წავიდა და მე ჩემი სურვილ-იმედები გამიცუდდა, მაშინ ეს უკანასკნელი ეკლად დამესო გულზე.
დღეს, როდესაც ბ-ნი დავით ბაქრაძის წერილი მივიღე, იმედმა ისევ იფეთქა გულში და მეც ეს ფული ძევლად დავუდევ ამ საქმეს... იმედია, ჩვენში გამოჩნდებიან სხვებიც, რომ თანაუგრძნონ ამ საგანს (მე არ მოგახსენებთ არც მარგანეცის პატრონებზე და არც მის მწარმოებლებზე) და გამოიღონ მცირეოდენი შესაწირი ისე, როგორც სწირვენ ხოლმე სხვადასხვა საზოგადო საქმეს. დიდი შესაწირი, აქ საჭირო აღარ იქნება. თვით გროშობითაც შეიძლება შეგროვდეს ის თანხა, რომელიც საჭიროა ამ საქმისათვის და დამტკიცდეს ანდაზა „თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმებაო“.
(კვალი, 1893 წ., №34)
___________________
* ეს კონსტანტინე უნდა იყოს თ-დი აბაშიძე, ჯოყოეთის მემამულე. (რედ. „კვალისა“)
რედაქტორის შენიშვნები
მოგონება მარგანეცის გამო
1. დაიბეჭდა „კვალის“ 1893 წლის 15 აგვისტოს №34-ში.
2. დავით ბაქრაძე (1850-1911) - საზოგადო მოღვაწე, ქართულ ლიტერატურულ წრეებთან დაახლოებული პირი. სამოციანი წლების ბოლოს აკაკისთან, მამია გურიელთან, გ. ჭალადიდელთან და სხვა ახალგაზრდა მწერლებთან ერთად მონაწილე იყო ქუთაისში გ. ღოღობერიძის ოჯახის ირგვლივ შემოკრებილი ლიტერატურული წრისა (იხ. ი. მეუნარგია, „ქართველი მწერლები“, წ. 2, თბილისი, საბლიტგამი, 1944 წ. გვ. 163).
90-ან წლებში დ. ბაქრაძე შავი ქვის საქმეს აწარმოებდა. როგორც აკაკის სტატიიდან ჩანს, დ. ბაქრაძე თავისი შემოსავლიდან გარკვეულ წვლილს იღებდა საზოგადო საქმეებისათვის. ამ ფაქტს აკაკი იგონებს სხვა სტატიაშიც (იხ. „კვალი“, 1895 წ., №6).
3. მიხეილ და სალომე წერეთელი - საჩხერელი მემამულეები.
![]() |
4.6 განცხადებასავით |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველებს რომ დღეს ბევრი სხვადასხვა საჭიროება გვაქვს და აუარებელი საქმეც გვაწევს ტვირთად, ეს ვინ არ იცის?.. მაგრამ არც ერთი კი მათგანი ისეთი საჭირო და სასწრაფო არ არის, როგორც „ზეპირგადმოცემების“ შეკრება და შეგროვება!.. შედარებით ამ დიდ საქმესთან სხვები ყველა თითქმის „ჩხირკედელაობად“ უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ჩვენ კი მაინც ამოდენი ხანია განზე ვუდგებით ამ საჭირო საქმეს. ხალხური პოეზია უტყუარი სარკეა გადასულ ცხოვრების და ისტორიის მტკიცე საძირკველი, და მიტომაც ცნობილია დღეს ყოველ განათლებულ ერისაგან ერთ უპირველეს საჭიროებად. ჩვენი, ქართული „ზეპირ-გადმოცემები“ მით უფრო შესანიშნავი არიან სხვებისაზე, რომ კერძო მნიშვნელობას გარდა, მსოფლიო ხასიათიცა აქვთ: საქართველო იყო ხიდად და გზად იმ დიდი მოძრაობის დროს, როდესაც სხვადასხვა ერი აზიიდან ევროპაში გადადიოდა! მაშასადამე, ჩვენი ქვეყანა უძველეს დროიდანვე ბევრის მომსწრეა, მნახველი და მოწამე. ამას დავუმატოთ კიდევ ის გარემოებაც, რომ ქართველი საზოგადოთ ბუნებათანაზიარია და რაც უნახავს ან გაუგონია, უყურადღებოდ არ დაუგდია: ყოველივე შეუსწავლია და საშვილიშვილოდ გადმოუცია საზეპიროებით. არსად ისე გავრცელებული არ ყოფილა „მეზღაპრეობა“, „მესტვირეობა“ და „მეშაირობა“, როგორც ჩვენში!.. საშვილიშვილოდ გადმოიცემოდა ხოლმე ერთიმეორისაგან ასისა და ათასი წლის ამბები და ამის გამო უმაღლეს წერტილამდე იყო აყვანილი ჩვენი სახალხო პოეზია. ძველი და ახალი აღთქმა სულ ერთიანად გალექსული იყო და ტრიალებდა ჩვენ ხალხში!..
ვის არ გაუგონია ჩვენში საუცხოვო შაირები „აბრამზე“, „იობზე“, „მოსეზე“, „სოლომონზე“ და სხ.?.. არც ერთი რამ შესანიშნავი მოვლინება არ ყოფილა ჩვენში, რომ ხალხს უყურადღებოდ დაეგდოს და შაირი არ გამოეთქვას!.. აბა, რომელ გმირზე არ გამოუთქვამთ შაირი?.. ამას გარდა ძველი ხალხების მითოლოგია სულ ჩვენ ზღაპრებში არიან მოქცეული, აქვე შეხვდებით ჰომიროსისა და სხვა ძველ დროის მწერლების თხზულებათაც ნაწყვეტ-ნაწყვეტად, მაგრამ ქართული ხასიათით და სულით კი. ვინ იცის, ჩვენ გადმოგვიქართულებია, თუ იმათ გადაურჯულებიათ ჩვენი რამე? - ესეები ყველაფერი დღემდი კარგად იყო ჩვენში დაცული, სანამ საშვილიშვილოდ გადადიოდა!..
მხოლოთ საქართველო წარმოადგენს ერთადერთ მაგალითს, სადაც „ბატონყმობის“ დროს ზოგიერთ გლეხებს მთელი გვარეულობით ზღაპრებისა და შაირების მეტი არა ემართათ-რა გადასახადი. დღეს, როდესაც ძველი წესწყობილება დაირღვა-დაიშალა და ახალგვარი ცხოვრება შემოვიდა ჩვენში, ამ ჩვეულებასაც, ე.ი. ზეპირგადმოცემასაც, ბოლო მოეღო. ახალ დგმას აღარ ეხალისება ეს ძველებური საზეპიროები და მოხუცებულ მამებს საფლავში თან ჩააქვთ ეს ძვირფასი განძი!.. ერთი ათი წელიწადი კიდევ და მშვიდობით, ჩვენი დღევანდელი დაუდევრობით დავკარგავთ იმას, რისიც მოპოვება მერე შეუძლებელი იქნება. ეს აზრი მე ამ ოცის წლის წინათაც გამოვთქვი „დროებაში“ და ზოგიერთებმა კიდეც მომაწოდეს მათგან შეკრებილი ზღაპრები და არაკები, მაგრამ შემთხვევით, გზადაგზა და სამოწყალოდ ამგვარი რამ არ გაკეთდე-ბა!.. იმათი შრომა უნაყოფო გამოდგა, რადგანაც ამისთანა საქმეს გულდაგულ შედ-გომა უნდა და ცოტაოდენი ცოდნაც. მოუმზადებელი კაცი ვერ მიხვდება, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორ უნდა ჩაწეროს გაგონილი!.. უთუოდ შეგნებული კაცი უნდა იყოს. - და, აი, მე რას ვფიქრობ, რომ ამ საქმეს ეშველოს რამე: ბევრი შეგნებული და გვარიანად მომზადებული ახალგაზრდები არიან დღეს ჩვენში უსაქმურად, რომ დღიურ საზრდოს ეძებენ და ვერ უშოვნიათ!.. აი, იმათ უნდა დაუნიშნოთ წლიური საზრდო-საფასო და გავგზავნოთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარეში... უნდა თითოეულ მათგანს მივუჩინოთ რამდენიმე მაზრა, რომელიმე ხეობა და გულ-დაგულ იქ ვამუშაოთ!... იმათ უნდა სულ ფეხდაფეხ მოიარონ მათდამი დანიშნული ადგილი, რაც კი გაიგონონ ზეპირ-გადმოცემები: შაირები, არაკები, ზღაპრები, ამბები და სხვანი, სულ უმეტნაკლებოდა ჩაწერონ, ისე, რომ არა თუ კილო და სიტყვა, თითქმის ერთი ასოც არ შეცვალონ იმ თქმულებათა. აგვიწერონ აგრეთვე სხვადასხვა ჩვეულება, როგორც სალხინო, ისე საჭიროც. ერთი სიტყვით, ეს უნდა იყოს მხოლოდ ფოტოგრაფიული შრომა: უტყუარად გადიღონ და გადმოგვცენ ნანახი და გაგონილი. იმავ მოგზაურობის დროს უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ არც ძველი ნანგრევ-ციხე-დარბაზ-ტაძრები, გამოიკითხონ იმ მაზრაში რა ხეებია? რა მცენარეები? რა არის მათი თვისება? თუ რამეა მათზე გადმოცემა და სხვანი და სხვანი: რა წყაროებია? რა მდინარეები? რა პირუტყვები? რა მხეცები და რა ფრინველები? ერთი სიტყვით, ყველაფერს მიაპყრან გონება!..
ამგვარად შეგვიგროვდება დიდი და შესანიშნავი მასალა, რომელსაც მერე მეცნიერება გაარჩევს. - ეს ყველაფერი კარგიო, მაგრამ საშუალება სად არისო? მკითხვენ და მაგაზე მეც დიდი ხანია ვფიქრობ!.. თუ კი სხვადასხვა საქმეებისთვის გროვდება შესაწირი, ეს უფრო ღირსი არ არის თანაგრძნობისა? ამას წინათაც ვწუხდი და დავით ბაქრაძის შემოწირული ფული დავუდევი მე ძევლად ამ სახალხო ფონდს. მადლობა ღმერთს, უმაგალითოდ არ დარჩენილა! აი, ახლაც მოუგროვებიათ და გამოუგზავნიათ ჩემთვის ოცი მანეთი ქვემოხსენებულ პირთ, რომლისათვისაც უგულითადეს მადლობას ვწირავ მათ! - იმედია, რომ სხვებიც თანაუგრძნობენ ამ კეთილ საქმეს და დიდი ხნის ნატვრა ასრულდება. მხოლოდ სურვილია და გული ამ საქმისათვის საჭირო!.. ეს კია მხოლოთ, რომ ამ საქმეს დაჩქარება უნდა და სადღე-ხვალიოდ გადასადები არ არის!.. შესაწირი ვისაც სურს, შეუძლია „კვალის“ რედაქციის სახელობაზე გამოგზავნოს. - მათი სახელი და გვარი გამოცხადებული იქნება გაზეთში და, თუ ისურვებენ, შეწირულების რაოდენობაც. - დასასრულ კიდევ ვარწმუნებ ყველას, რომ მოღვაწეობისათვის სადილ-ვახშამის და მეჯლიშების მართვაზე და აგრეთვე სიკვდილის შემდეგ გვირგვინების და ძეგლების აგებაზედაც ეს უფრო სასარგებლო და სასწრაფო საქმე არის.
(კვალი, 1895., №6)
რედაქტორის შენიშვნები
განცხადებასავით
1. დაიბეჭდა „კვალში“, 1895 წ. 29 იანვრის №6-ში.
2. „ეს აზრი მე ამ ოცი წლის წინათ გამოვთქვი „დროებაში“ - აკაკი გულისხმობს თავის წერილს „ქართული ანდაზები“, რომელიც გამოქვეყნდა „დროების“ 1876 წლის №99-ში.
![]() |
4.7 როგორ უნდა შევკრიბოთ ზეპირგადმონაცემები? |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგიერთები მეკითხებიან: როგორ უნდა შევკრიბოთ ზეპირგადმონაცემები? და, აი, ჩემი პასუხი: ჩვენ ძველებს არც ერთი უმნიშვნელო და ცხოვრებაში გამოუსადეგარი ჩვეულება არა ჰქონიათ - ასე გაშინჯეთ, რომ სათამაშოებიც კი შესანიშნავები იყვენ თავის პედაგოგიური მნიშვნელობით. მაგალითად: „ანზე ვისი ყმა ხარ?“, „აჩიტი“, „ბერი ჩამოხტა“ და სხვანი. ამ „ბერი ჩამოხტას“ კვალობაზეა შედგენილი ივანე ბატონიშვილის „კალმასობა“. ჩვენც სწორეთ ამ გვარსავე გზას უნდა დავადგეთ და სიტყვიერი სათამაშოები გავახორციელოთ. - არჩეულ პირებს, რადგანაც შრომისათვის სასყიდელი ექნებათ გაჩენილი, უნდა დაევალოთ, რომ სხვა საქმეს აღარას მიდიონ და სწორედ „ბერი ჩამოხტასავით“ გაიარონ თავისი მაზრა, ანუ ხეობა სოფ-ლითი სოფლად. აგვიწერონ: რა გვარის კაცები ცხოვრობენ ამა და ამ სოფელში და ან რა თქმულობაა დარჩენილი მათში იმათ ძველებზე? დაგვისახელონ რა და რა ფრინ-ველები, ანუ მხეცები შენობენ იქ? რა და რა მცენარე-ბალახები იზრდებიან და რა თვისებისა არიან ზოგიერთი მათგანი? რომელი მათგანი გამოდგება საღებავად, საწამლავად, სამკურნალოდ და სხვანი? რამდენი ნანგრევი ციხე-კოშკ-დარბაზებ-ტაძრებია და რა არის მათზე თქმულობა? რა და რა მდინარენი ჩამოდიან, ტბები თუ აქვს? წყაროები? ღელეები და სხვანი? შეკრიბონ აქვე ზეპირგადმოცემებიც ყოველგვარი: ზღაპრები, შაირები, ლექსები, ანდაზები, ზმები და სხვანი. აგრეთვე ყოველი სიტყვა, რომელიც ეუცხოვოთ, ისიც ჩაწერონ და მისი მნიშვნელობა გამოჰკითხონ ხალხს. შემკრებელმა, რასაკვირველია, უნდა უმეტნაკლებოდ ჩაწეროს, როგორც გაიგონოს, ე.ი. ფონოგრაფიულად დაესწროს ხოლმე სოფლის ჭირში და ლხინში, რომ მათი ხასიათი და ზნე შეისწავლოს და აგვიწეროს.
ერთ სოფელს რომ მორჩება, მერე მეორეში გადავიდეს და ამგვარად მოიაროს ერთიმეორეზე მისი მაზრა ან ხეობა... ეს ძალიან ადვილი საქმეა და ამას არც ძალიან ბევრი დრო მოუნდება. ამ საქმეს მხოლოთ გულდადება უნდა და მცირეოდენი ბეჯითობა, რომ თავის საკუთარი ფანტაზია არ წაამატოს შემკრებელმა. ამ ოცი-ოცდაათი წლის წინათ მე თვითონ დავდიოდი სოფლით სოფლად და იმდენი რამ სამნიშვნელო და შესანიშნავი ვნახე და გავიგონე, რომ სწორედ გასაკვირველია. ბევრი მათგანი ერთი შეხედულობით უმნიშვნელო და სულელური რამ ჰგონია კაცს, მაგრამ ბოლოს რომ დაუკვირდება, მიხვდება, თუ რა გონივრული არიან ისინი. ავიღოთ, მაგალითად: სვანეთში მოსახლეები კოშკებში დგანან და თითო სახლში ხშირად მთელი გვარეულობა არის მოთავსებული. ასე რომ თუმცა ერთი კაცის ჩამომავალნი არიან, მაგრამ მათში თითქმის ნათესაობაც აღარ არის. ერთი დედ-მამის შვილი ერთმანეთში ძმებად იწოდებიან და სხვებთან კი ძმანებად. აი, საიდან წარმომდგარა მრავლობითი რიც-ხვის კიდევ განმეორებული მრავლობითი რიცხვი!.. რასაკვირველია, რომ ამ ძმებსა და ძმანებს ისე სწამთ ერთმანეთში ნათესაობა, რომ მისი გატეხა მომაკვდინებელ ცოდვად მიაჩნიათ. - ეს მე მიკვირდა. ერთმა უბრალო შემთხვევამ ყოველიფერი ამიხსნა: ერთ სერზე რომ გადავდიოდი, ჩემმა მხლებელმა სვანმა მოიხადა ქუდი და თქვა: ღმერთო შეუნდეო!.. . - და მიათითა ერთ პატარა ჩავარდნილ ადგილს, ტახტის მსგავსს. - რომ გამოვკითხე, აი, რა მიამბო: ეს სერი ჰყოფს საბატონო და თავისუფალ სვანეთს. აქედან ორივე კარგად მოჩანს. ერთ დილას ამოსულიყო საბატონოდან გოგო, გადაეხედა და ეთქვა: რა კარგი რამ არის ეს თავისუფალი სვანეთიო!.. იმ დროსვე მეორე მხრიდან ვაჟი გადმოსულიყო, გადაეხედა და ეთქვა: რა კარგი რამ ყოფილა საბატონო სვანეთიო. ორივეს გრძნობა მორეოდა. მერე დაენახათ ერთმანეთი გრძნო-ბამორეულზე. შეყვარებოდათ, ცოლ-ქმრობის პირი დაედვათ და შემცდარიყვენ, მაგრამ მაშინვე დედამიწა გასკდომოდათ და შიგ ჩავარდნილიყვენ, - აი, ბატონო, ხომ ხედავთ ტახტივით რომ მოჩანს და ზედაც დიდი სასაფლაოა?.. თურმე, ნუ ბრძა-ნებთ, ერთი მათგანი ტყვედ ყოფილიყო წამოყვანილი, ძმა ყოფილიყო ამ გოგოსი და კი არავინ იცოდაო. ისე სვანი ვერ აუვლის გვერდს ამ ადგილს, რომ შენდობა არ გამო-ითხოვოს იმ შემცდარებისათვის. ამგვარი რამ, თვით ხალხის გულიდან ამონაღები, დიდი ძალა და კანონია იმავე ხალხისათვის. აფხაზეთში ერთ ნამოსახლზე ვინც გაივლის, დიდი და პატარა ყველა ფიჩხს დააგდებს და, როდესაც შეგროვდება, მერე წაუკიდებენ ცეცხლს და დაწვენ ხოლმე. ეს ჩვეულება ჯერაც კიდევ არ გადავარდნილა. ამბობენ, აქ ერთი მოსახლე იყო, რომელმაც ზამთარში გაყინული მგზავრი შინ არ შეუშვა და სტუმრობის გატეხისათვის ასე უნდა იყოს ხოლმე შეჩვენებული, რომ საიქიოს ცეცხლი არ გამოელიოსო. ამგვარი რამეები თავისთავად საგულისხმო არიან და ახსნა აღარ ეჭირვებათ. - საკვირველი არ არის, რომ ჩვენში ყველგან ამათ რწმუნებასაც გონივრული საფუძველი აქვს და არა ასე ტუტუცური, როგორც ზოგი-ერთ ხალხში. - ესეები ყველა რომ შეიკრიბება, მაშინ შევიტყობთ ჩვენი ქვეყნის ფასს და ჩვენ ფასსაც გავიცნობთ. კიდევ ვიმეორებ, დიდი და პატარა, შეძლებისდაგვარად ყველა ვალდებულია, რომ ამ საქმეს მიეშველოს...
_______
P.S. ერთი შესანიშნავი ხელნაწერი შევიძინე. ჩვენში მრავალგვარი თქმულობაა დიდ მეფე სოლომონზე... მაგრამ სულ ნაწყვეტ-ნაწყვეტად. ახლა კი ხელში ჩაგვივარდა დამსწრეს დღიური, სადაც ყოველი თავგადასავალი ამ მეფის მშვენიერად არის აწერილი. ამ ხელნაწერს დიდი ისტორიული მნიშვნელობაცა აქვს და მალეც გამოვა ჯერ „კვალში“ და მერე ცალკე წიგნად.
(კვალი, 1895 წ., №14)
რედაქტორის შენიშვნები
როგორ უნდა შევკრიბოთ ზეპირგადმონაცემები?
1. სტატია დაიბეჭდა „კვალში“, 1895 წ. 26 მარტის №14-ში.
2. იოანე ბატონიშვილი (1776-1830) - შვილი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მეცამეტისა. განათლება მიიღო საქართველოში. 1799 წ. თავის მამას, მეფე გიორგის, მიართვა მოხსენებითი ბარათი სახელმწიფოში რეფორმების გატარების შესახებ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ იოანე ბატონიშვილი საცხოვრებლად მიემგზავრება პეტერბურგს, სადაც განაგრძობს თვითგანვითარებას და ლიტერატურულ მუშაობას. იქვე სწერს თავის ცნობილ თხზულებას - „კალმასობა“. ი. ბატონიშვილის თხზულებებიდან აღსანიშნავია 1791 წ. ირანულიდან თარგმნილი „სეილანიანი“. 1806 წელს ი. ბ. რუსულიდან სთარგმნის აბატ კონდილიაკის „ლოღიკას“. ი. ბ-ს კალამს ეკუთვნის საბუნებისმეტყველო შინაარსის ენციკლოპედიური თხზულება (1814 წ.), აგრეთვე ვრცელი რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომელსაც დღემდეც არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჩვენი ლექსიკოგრაფებისათვის.
3. აკაკის მიერ შეძენილი „შესანიშნავი ხელნაწერი“ იყო ისტორიული ამბავი, რომელიც სათაურით: „მეფე სოლომონ იმერეთისა, დიდ სოლომონად წოდებული“, გამოქვეყნდა „კვალის“ ფურცლებზე (1895 წ., №№23-29). იგივე ნაწარმოები შემდეგ აკაკიმ გამოაქვეყნა თავის „კრებულში“, 1898 წ., №9, სათაურით - „სოლომონ პირველი დიდი, იმერეთის მეფე (ზეპირგადმოცემული თანამედროვისაგან, რომელიც იყო სიკო კანდელაკის პაპა და ჩაწერილი მისი შვილიშვილის სიკო კანდელაკისაგან)“.
![]() |
4.8 შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
მოხარული ვარ, რომ ჩემმა შენიშვნამ „ზეპიგადმონაცემების“ მოგროვების შესახებ ასეთი თანაგრძნობა გამოიწვია. ზოგიერთები პირდაპირ ჩემ სახელზე აგზავნიან თავიანთ წმინდა წვლილს და მთხოვენ: „როგორც შენ გინდოდეს, ისე მოიხმარეო!“ გულითად მადლობას ვუძღვნი ამ პირებს და ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ ამ შემოსაწევარს სხვა მიზანი არა ექნება-რა, გარდა ზემოხსენებულ „ზეპირგადმონაცემების“ შეკრებისა. აგრეთვე ვთხოვ მათ, რომ ჩემ სახელზე ნუ აგზავნიან, რადგანაც მე ერთ ადგილზე არა ვარ ხოლმე, დღეს რომ აქ ვარ, ხვალ - იქ და ზეგ კიდევ ვინ იცის, სად ვიქნები? უმჯობესი იქნება, რომ პირდაპირ „კვალის“ რედაქციაში გაგზავნონ ხოლმე. ნუ იფიქრებენ, რომ მე მაინც თავი არ დაუდვა ამ საქმეს და ჩემი უკანასკნელი ძალ-ღონეც არ შევწირო. ამასთანავე, რადგანაც ძნელია ამისთანა საქმის ყურადღება, მე მივმართე საიმედო და ამგვარ საქმეში ყოვლათ სასარგებლო პირებს და იმათი დახმარებით იმედი მაქვს მოლოდინი გამართლდეს. ესენი ბრძანდებიან: დეკანოზი დ. ღამბაშიძე, რედაქტორი „მწყემსისა“, გიორგი წერეთელი, ალექსანდრე გარსევანიშვილი და ექიმი ივ. ელიაშვილი. ამათ დაუკითხავად და ამათთან შეუთანხმებლად „ზეპირგადმონაცემების“ შესახებ არა გადაწყდება-რა. მსურველებს შეუძლიათ საქმის შესახებ თითოეულს ამათგანს მიმართონ ხოლმე, - როგორც რაოდენობა შემონაწირთა, ისე სახელი და გვარი შემომწირველთა და აგრეთვე საქმის წარმოების მსვლელო-ბა თავ-თავის დროზე ყოველთვის გამოცხადებული იქნება „კვალში“ და „მწყემსში“.
(კვალი, 1895 წ., №22)
რედაქტორის შენიშვნები
შენიშვნა
1. დაიბეჭდა „კვალში“, 1895 წ. 21 მაისის №22-ში.
2. დ. ღამბაშიძე - დეკანოზი, რედაქტორი სასულიერო ჟურნალ „მწყემსისა“, რომელიც გამოდიოდა 1883-1910 წ.წ.
3. ალ. გარსევანიშვილი - პედაგოგი, ლიტერატორი, ავტორი ისტორიული და ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევებისა. მისი ნაწერებიდან აღსანიშნავია: „მეფე ერეკლე, როგორც სარდალი“, ისტორიული მონოგრაფია (კრებულში „ცდა“, 1889 წ., №1.); „ყარათაფის ომი 1750 წ (მეფე ერეკლეს გამარჯვება)“ („ივერია“, 1892 წ., 1 84); „ქართლ-კახეთის შეერთების ისტორიიდან“ („კვალი“, 1895 წ., №№5-დან 53-მდე); „უკრაინის მგოსანი ტარას შევჩენკო“, ქუთაისი, 1912 წ.; „გმირი ქალი, მათე ყაჩაღად წოდებული“, ქუთაისი, 1915 წ., „საქართველოს პოეტი აკაკი წერეთელი“ (რუს. ენაზე), ქუთაისი, 1915 წ.
![]() |
4.9 ზეპირსიტყვაობის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველებს რომ დღეს სხვადასხვა საჭიროება გვაქვს და აუარებელი საქმეც გვაწევს ტვირთად, ეს ვინ არ იცის? მაგრამ არც ერთი კი მათგანი ისეთი სასწრაფო არ არის, როგორც „ზეპირგადმონაცემების“ შეკრება-შეგროვება. ჩვენ კი მაინც ამდენი ხანია განზე ვუდგებით ამ საჭირო საქმეს!.. ხალხური პოეზია უტყუარი სარკეა გადასული ცხოვრების და ისტორიის მტკიცე საძირკველი, და მიტომაც ცნობილია დღეს ყოველ განათლებულ ერისაგან ერთ უპირველეს საჭიროებად. ჩვენი ქართული „ზეპირგად-მოცემები“ მით უფრო შესანიშნავი არიან სხვებისაზე, რომ კერძო მნიშვნელობას გარდა, მსოფლიო ხასიათიცა აქვთ. საქართველო იყო ხიდად და გზად იმ დიდი მოძრაობის დროს, როდესაც სხვადასხვა ერი აზიიდან ევროპაში გადადიოდა. მაშასადამე, ჩვენი ქვეყანა უძველეს დროიდანვე ბევრის მომსწრეა, მნახველი და მოწამე. ამას დავუმატოთ კიდევ ის გარემოებაც, რომ ქართველი საზოგადოდ ბუნებათანაზიარია და რაც უნახავს, ან გაუგონია, უყურადღებოდ არ დაუგდია, ყოველივე შეუსწავლია და საშვილიშვილოდ გადმოუცია საზეპიროებით. არსად ისე გავრცელებული არ ყოფილა „მეზღაპრეობა“, „მესტვირეობა“ და „მეშაირობა“, როგორც ჩვენში!.. საშვილიშვილოდ გადმოიცემებოდა ხოლმე ერთიმეორისაგან ასისა და ათასი წლის ამბები, და ამის გამო უმაღლეს წერტილამდე იყო აყვანილი ჩვენი სახალხო პოეზია. ძველი და ახალი აღთქმა სულ ერთიანათ გალექსილი იყო და ტრიალებდა ჩვენს ხალხში.
ვის არ გაუგონია ჩვენში საუცხოვო შაირები „აბრამზე“, „იობზე“, „სოლომონზე“ და სხ.?.. არც ერთი შესანიშნავი მოვლინება არ ყოფილა ჩვენში, რომ ხალხს უყურადღებოდ დაეგდოს და შაირი არ გამოეთქვას!.. ამას გარდა, ძველი ხალხების მითოლოგია, განსაკუთრებით ბერძნებისა, სულ ჩვენ ზღაპრებში არიან მოქცეული; აქვე შეხვდებით ჰომეროსისა და სხვა ძველი დროის მწერლების თხზულებათაც ნაწყვეტ-ნაწყვეტად, მაგრამ ქართული ხასიათით და სულით კი. ვინ იცის, ჩვენ გადმოგვიქართულებია, თუ იმათ გადაურჯულებიათ ჩვენი რამე? ესეები ყველაფერი დღემდი კარგად იყო ჩვენში დაცული, სანამ საშვილიშვილოდ გადადიოდა!.. მხოლოდ საქართველო წარმოადგენს ერთად-ერთს მაგალითს, სადაც „ბატონყმობის“ დროს ზოგიერთ გლეხებს მთელი გვარეულობით ზღაპრებისა და შაირების მეტი არა ემართათ-რა გადასახადი. დღეს, როდესაც ძველი წესწყობილება დაირღვა-დაიშალა და ახალგვარი ცხოვრება შემოვიდა ჩვენში, ამ ჩვეულებასაც, ე. ი. ზეპირგადმოცემასაც, ბოლო მოეღო. ახალ დგმას აღარ ეხალისება ეს ძველებური საზეპიროები და მოხუცებულ მამებს საფლავში ჩააქვთ ასეთი ძვირფასი განძი!.. ერთი ათი წელიწადი კიდევ და მშვიდობით!.. ჩვენი დღევანდელი დაუდევრობით დავკარგავთ იმას, რისიც მოპოვება მერე შეუძლებელი იქნება. ეს აზრი მე ამ ოცი წლის წინათაც გამოვთქვი „დროებაში“ და ზოგიერთებმა კიდეც მომაწოდეს მათგან შეკრებილი ზღაპრები და არაკები, მაგრამ შემთხვევით, გზადაგზა ამგვარი რამ არ გაკეთდება!.. იმათი შრომა უნაყოფო გამოდგა, რადგანაც ამისთანა საქმეს გულდაგულ შედგომა უნდა და ცოტაოდენი ცოდნაც. მოუმზადებელი კაცი ვერ მიხვდება, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორ უნდა ჩაწეროს გაგონილი! მით უფრო, რომ ხალხური სიტყვიერება მრავალგვარია და ყველა მათგანს კი არა აქვს საერთო მნიშვნელობა, ზოგჯერ შიგადაშიგ ობროდობაც გამოერევა ხოლმე. პირველი ადგილი ხალხურ ნაწარმოებში ეკუთვნის იმ სიტყვიერებას, რომელიც საკუთარ ნიადაგზეა აღმონაცენი და, როგორც მისი საკუთარი გრძნობა-გონებისა და თავგადასავლის ნაყოფი, საუკუნოების ბრძმედშია გამოვლილი და ადვილადაც გაირჩევა იმგვარ პოეზიისაგან, რომელიც სხვა უცხო ქვეყნებიდან შემოპარულა და ახალ გემოზე გადაკეთებულა. ავიღოთ მაგალითი:
თამარ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა შექნეს დრეკა.
ეს რომ ქართულ ნიადაგზეა აყვავებული და ქართველი ერის გენიოსობის წარმონაშობი, - ვინ არ დათანხმდება? ხალხს უნდოდა, რომ მისი სატრფიალო და სალოცავი თამარ მეფის სიწმინდე და ძლიერება გამოეხატა და შემდეგი საუკუნოებისათვის ძეგლად გადმოეცა. და ხედავთ, როგორ გამოსახა? ხალხის წარმოდგენით იქ, სადაც ღვთის სადგურია და ანგელოზები მსახურობენ, გაუსხლეტელი წირვა-ლოცვა და გამჩენის დიდებაა; იქ, რასაკვირველია, ზარების რეკაც ხშირია, მაგრამ ცოდვილი მიწის შვილის სმენა იქამდი ვერ მიწვდება და მხოლოდ ერთადერთი მისი საკვირველი თამარი იყო, რომ იქაურ ამბავს თავისი ყურით ისმენდა!.. - „ციდან ჩამოესმა რეკაო“!.. განა ამაზედ ძლიერად სიწმიდის გამოხატვა კიდევ შეიძლება სხვაგვარად? „იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკაო“!.. აი, ქვეყნიური ძლიერება, სავსებით დასურათებული!..
ახლა შევუწონოთ ამ ორ ტაეპს მთელი პოემა „თამარიანი“, ანუ შავთელის მიერ შესხმითი ქება და რას დავინახავთ? იმას, რომ შავთელმა, რომელსაც საგნად ჰქონდა აღებული თამარ მეფის სიწმიდისა და ძლიერების ხელოვნებით გამოხატვა, მისი მეათასედიც ვერა სთქვა-რა, რაც ხალხის გენიოსობამ ორი უბრალო სიტყვით გადაჭრა. ამგვარი სამაგალითო და სამარგალიტო ყველგან არ მოიპოვება და არც ბევრია, რადგანაც ხალხურ ნაწარმოებშიაც მეტნაკლებობა არის ხოლმე. მოვიტანოთ მაგალითი:
მაყვალს გიგავს თვალებიო
გოგო გენაცვალებიო...
ან და:
ხელსახოცსა გადმოგიგდებ
ოქრომკედით მოქარგულსა,
შიგ გაგიხვევ სულს და გულსა,
შენთვის დამწვარ-დადაგულსა!..
ეს ორი ლექსი ტრფიალების წარმონაშობია, მაგრამ რა განსხვავებაა მათ შუა?!.. ავიღოთ კიდევ სხვა:
პატარა ხარ და კარგი ხარ,
გაიზრდები, რა იქნები? ..
შენ - ბატონი მწყალობელი,
მე ერთგული ყმა ვიქნები.
მეორე ამგვარივე:
ყმა ბატონისთვის მოკვდება,
ბატონიც მწყალობელია;
ხორცს აუმღერებს პატივით.
სულისაც მგალობელია.
ახლა კიდევ ამგვარივე, მაგრამ სხვა ხასიათისა:
აქამდი ჩვენი ბატონი
უწრუწუნებდა ქორებსა,
ახლა კი მისი შვილები
ჭალას დასდევენ ღორებსა.
___
აზნაური ჭადს არა ჭამს,
მოშივდება - ჭირსაც მომჭამს.
___
გლეხი-კაცი იზრდებოდესო, ვირდებოდესო და სხვანი.
ესენი ყველა ხალხის ნაწარმოებია, მაგრამ რა განსხვავება არის იმ პირველ ორსა და სხვებს შუა?!.. ერთი გვიხატავს მრავალ საუკუნოების განმავლობაში ბატონყმურ კეთილ დამოკიდებულებას და მეორე კი ხალხის ზნეობით დაცემის დროს და სხვადასხვა წოდებათა ერთმანეთთან გადაკიდებას. - უმნიშვნელო არც ერთი არ არის, თუმცა პირველს კი საისტორიო, საერო მნიშვნელობა აქვს და მეორე მხოლოდ კერძო-ობითია, ადგილობრივი და დიდხანსაც ვერ დაისადგურებს ხალხის გრძნობა-გონებაში. მაგრამ მაინც ყველა უმეტნაკლებოდ უნდა ჩაიწეროს და გამოიგზავნოს რედაქციაში. ამიტომაც მივმართავთ ყველას, ვისაც შეუძლია დახმარება, განსაკუთრებით სოფლელ ახალგაზრდობას, რომ მხარი მოგვცენ ამ დიდად საჭირო საქმეში. იმათ უნდა აიღონ თავიანთი სოფლები და აგვიწერონ ამგვარად: რა გვარის კაცები ცხოვრობენ იქ და ან რა თქმულებაა დარჩენილი მათში იმათ ძველებზე? დაგვისახელონ, რა და რა ფრინველები, შინაური და გარეული ცხოველები შენობენ იქ? რა და რა მცენარე-ბალახები იზრდებიან და რა თვისებისა არიან ზოგიერთი მათგანი? რომელი მათგანი გამოდგება საღებავად? საწამლავად? სამკურნალოდ? რამდენი ნანგრევი ციხე-კოშკ-დარბაზებ-ტაძრებია და რა არის მათზე თქმულება? რა და რა მდინარეები ჩამოდიან? რა თევზებია შიგ? ტბები თუ აქვს? წყაროები? ღელეები და სხვანი. შეკრი-ბონ აქვე ზეპირგადმონაცემებიც ყოველგვარი: ზღაპრები, შაირები, ლექსები, ანდაზე-ბი, ზმები და სხვანი. გვარში თუ რამე გუჯრებია. აგრეთვე ყოველი სიტყვა, რომელიც ეუცხოვოთ, ჩაწერონ და მისი მნიშვნელობა გამოჰკითხონ ხალხს. შემკრებელმა, რასაკვირველია, უნდა უმეტნაკლებოდ ჩაწეროს, როგორც გაიგონოს, ე.ი. ფონოგრაფიულად. დაესწროს ხოლმე სოფლის ჭირში და ლხინში, რომ მათი ზნე და ხასიათი შეისწავლოს და აგვიწეროს. ერთს სოფელს რომ მორჩება, მერე მეორეში გადავიდეს და ამგვარად მოიაროს ერთიმეორეზე მისი მაზრა, ან ხეობა. ეს ძალიან ადვილი საქმეა და ამას არც ძალიან ბევრი დრო მოუნდება. ამ საქმეს მხოლოდ გულდადება უნდა და მცირეოდენი ბეჯითობა, რომ თავის საკუთარი ფანტაზია არ წაამატოს შემკრებელმა. ამ ოცი-ოცდაათი წლის წინათ მე თვითონ დავდიოდი სოფლით სოფლად და იმდენი რამ შესანიშნავი ვნახე და გავიგონე, რომ სწორედ გასაკვირველია. ბევრი მათგანი ერთი შეხედულებით უმნიშვნელო და სულელური რამ ჰგონია კაცს. მაგრამ ბოლოს, რომ დაუკვირდება, მიხვდება, თუ რა გონივრული არიან ისინი. ავიღოთ მაგალითად შემდეგი: სვანეთში მოსახლეები კოშკებში დგანან და თითო სახლში ხშირად მთელი გვარეულობა არის მოთავსებული. ასე, რომ თუმცა ერთი კაცის ჩამომავალნი არიან, მაგრამ მათში თითქმის ნათესაობაც აღარ არის. ერთი დედ-მამის შვილი ერთმანეთში ძმებად იწოდებიან და სხვებთან კი ძმანებად. აი, საიდან წამომდგარა მრავლობითი რიცხვის კიდევ განმეორებული მრავლობითი რიცხვი!.. რასაკვირველია, ამ ძმებსა და ძმანებს ისე სწამთ ერთმანეთში ნათესაობა, რომ მისი გატეხა მომაკვდინებელ ცოდ-ვად მიაჩნიათ. ეს მე მიკვირდა. ერთმა უბრალო შემთხვევამ ყველაფერი ამიხსნა: ერთ სერზე რომ გადავდიოდი, ჩემმა მხლებელმა სვანმა მოიხადა ქუდი და სთქვა: „ღმერ-თო შეუნდეო“... და მიათითა ერთ პატარა ჩავარდნილ ადგილს, ტახტის მსგავსს. რომ გამოვკითხე, აი, რა მიამბო: ეს სერი ჰყოფს საბატონო და თავისუფალ სვანეთს; აქედან ორივე კარგად მოჩანს. ერთ დილას ამოსულიყო საბატონოდან გოგო, გადაეხედა და ეთქვა: „რა კარგი რამ არის ეს თავისუფალი სვანეთიო!“.. იმ დროსვე მეორე მხრიდან ვაჟი გადმოსულიყო, გადაეხედა და ეთქვა „რა კარგია საბატონო სვანეთიო!..“ ორივეს გრძნობა მორეოდათ. მერე დაენახათ ერთმანეთი გრძნობამორეულზე, შეყვარებოდათ, ცოლ-ქრმობის პირობა დაედვათ და შემცდარიყვენ: აი, ბატონო, ხომ ხედავთ ტახტივით რომ მოჩანს და ზედაც დიდი სასაფლაოაო?.. თურმე, ნუ ბრძანებთ, ერთი მათგანი ტყვედ ყოფილიყო წამოყვანილი, ძმა ყოფილიყო ამ გოგოსი და კი არავინ იცოდაო. ისე სვანი ვერ აუვლის გვერდს ამ ადგილს, რომ შენდობა არ გამოითხოვოს იმ შემცდარებისათვისო. ამგვარი რამ, თვით ხალხის გულიდან ამონაღები, დიდი ძალა და კანონია იმავე ხალხისათვის. აფხაზეთში ერთს ნამოსახლზე ვინც გაივლის, დიდი და პატარა ყველა ფიჩხს დააგდებს და, როდესაც შეგროვდება, მერე წაუკი-დებენ ცეცხლს და დასწვენ ხოლმე. ეს ჩვეულება ჯერეც კიდევ არ გადავარდნილა. ამბობენ, აქ ერთი მოსახლე იყო, რომელმაც ზამთარში გაყინული მგზავრი შინ არ შეუშვაო; სტუმრობის გატეხისათვის ასე უნდა იყოს ხოლმე შეჩვენებული, რომ საიქიოს ცეცხლი არ გამოელიოსო. ამგვარი რამეები თავისთავად საგულისხმო არიან და ახსნა აღარ ეჭირვებათ... საკვირველი ის არის, რომ ჩვენში ყველგან ამაო რწმუნებასაც გონივრული საფუძველი აქვს და არა ისე ტუტუცური, როგორც ზოგიერთ ხალხში. ესეები ყველა რომ შეიკრიბება, მაშინ შევიტყობთ ჩვენი ქვეყნის ფასს და ჩვენ თავსაც გავიცნობთ: მაშინ ნამდვილად გვექნება გათვალისწინებული საქართველო ყოველი მხრით: გეოგრაფიულად, ეთნოგრაფიულად, ისტორიულად, არხეოლოგიურად და სხვანი. მაშინ ლექსიკონების შედგენაც ადვილი იქნება, როგორც საზოგადოსი, ისე კერძოდ ზოოლოგიურის, ბოტანიკურის, მინერალოგიურის და სხვანი. სხვა ქვეყნებში დიდი ძალი თანხაა საკუთრად ამ ზეპირსიტყვაობისათვის გადადებული და ჩვენშიაც უსასყიდლოდ ძნელი იქნება სავსებით საქმის წაყვანა, მაგრამ ჯერ, რადგანაც საკუთარი შეძლება ნებას არ გვაძლევს, რომ ქირით ბევრი ვიყოლიოთ, ოთხის მეტი არა გვყავს საკუთარი მკვლევარი და ზეპირგადმონაცემების ჩამწერი. შემდეგში კი, თუ საქმე კარგად წავიდა და საშუალება გვექნება, რასაკვირველია, ყოველ მაზრაში გვეყოლება თითო კაცი. ახლა კი, ჯერჯერობით, ყველას ვთხოვთ, რომ ვინც რითაც შეიძლოს, ამ დიდ საქმეში დახმარებას და შემწეობას ნუ მოგვაკლებს.
(აკაკის კრებული, 1897 წ., №1)
რედაქტორის შენიშვნები
ზეპირსიტყვაობის გამო
1. დაიბეჭდა „აკაკის კრებულში“, 1897 წ., №1 (სექტემბერი).
2. „ეს აზრი მე ამ ოცი წლის წინათაც გამოვთქვი „დროებაში“ - აკაკი გულისხმობს თავის წერილს „ქართული ანდაზები“, რომელიც გამოქვეყნდა „დროების“ 1876 წ. №99-ში.
3. ამ ღრმად შემცდარ შეხედულებას ძველ საქართველოში წოდებათა ურთიერთობის განსაკუთრებული ჰუმანიური ხასიათის შესახებ, როგორც ზემოთაც არა ერთხელ აღვნიშნეთ, აკაკი იმეორებს თავის სხვა კრიტიკულ-პუბლიცისტურ სტატიებშიც, ოთხმოცდაათიანი და ცხრაასიანი წლების მანძილზე.
4. ამ სტატიაში შესულია ნაწილი აკაკის წინათ გამოქვეყნებული წერილისა: „როგორ უნდა შევკრიბოთ ზეპირგადმონაცემები?“ („კვალი“, 1895 წ., №14).
![]() |
4.10 შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
1) ისტორიის წინასწარ თქმულებისა და მითების სამშობლოდ საზოგადოდ საბერძნეთია ცნობილი!.. უმეტესობა დღემდისაც დაჯერებულია, რომ ისინი შეჰქმნა ელლინების აღტყინებულმა ფანტაზიამ და მერე გადმოსცა მთელ კაცობრიობას. მაგრამ ჩვენ კი დარწმუნებული ვართ, რომ, პირიქით, ბერძნებმა გაიტანეს სხვა ქვეყნებიდან სულ სხვა ხალხების ამბები, შეისისხლხორცეს, თავისებურად გადააკეთეს და ფერცვლილი უკანვე დააბრუნეს. ამას ნამდვილად გვიმტკიცებენ, სხვათა შორის, ძველისძველი მითები „პრომეთეოსზე“ და „იაზონ-მედიაზე“. ერთიცა და მეორეც ჩვენი ქვეყნის შვილია: აქ შობილან, აქ გაზდილან და კოლხეთით ასე გადასულან ზღაპრულად ელლადაში. ავიღოთ პირველი: ბერძნების სიტყვით, „მთავარ-ღმერთისაგან“ ურჩობისათვის გარისხული პრომეთეოსი კავკასიის ქედზე იყო მიბმულ-მიჯაჭვული. მიჩენილი ჰყავდა მტანჯველად ქორი, ანუ ორბი, რომელიც გულ-ღვიძლს უწიწკნიდა, მაგრამ გმირი არ კვდებოდა: წყლული უმთელდებოდა, რომ ხელახლად ეგლიჯა მის ჯალათს - უზარმაზარ ქორს - და საბრალო ტყვის სატანჯველს დასასრული არ ჰქონოდა. ეს ამბავი საქართველოში, მთელ კავკასიაში სხვადასხვა ვარიანტებად მოდებულია, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ აქ პრომეთეოსს ამირანი ეწოდება. ბერძნულად სიტყვა, „პრომეთეოსი“ ნიშნავს „შორსმჭვრეტელს“, აქაც ამირანს „შორსმხედველობას“ აწერენ: „ცაში არა გამოეპარებოდა-რა და ქვესკნელში ჭიანჭველებს ხედავდაო“, გვარწმუნებს ზეპირგადმოცემა. ბერძნები აღარ ამბობენ, თუ რა მანქანებით უმთელდებოდა წყლული პრომეთეოსს, ჩვენში კი უფრო სრულად არის გადმონაცემი: ერთი ვარიანტი ამტკიცებს, რომ პატარა ფინია ძაღლი ულოკავდა წყლულს და ურჩებოდაო. მეორე ამბობს, რომ ქორის შემდეგ ყოველთვის ფასკუნჯი მიდიოდა, ფრთას უსვამდა და ჰკურნავდაო. ბერძნების გმირი დაუბმელი დარჩებოდა, რომ ხერხიან კოჭლ გეფესტს - ერთ ღმერთთაგანს - არ შეეყარა მისთვის ბორკილი. ჩვენ გმირსაც ვერავინ მიაკრავდა ქედზე, რომ არ გამოჩენილიყო ერთი გრძნეული კოჭლი მჭედელი. ამიტომაც საზოგადოდ მჭედლებზე გარისხებული ამირანი დღესაც ცდილობს, რომ თავი აიშვას, აიწყვიტოს და რაც ქვეყანაზე მჭედლებია, ერთად ყველას მუსრი გაავლოს... ეს ისე სწამთ, რომ დღესაც კიდევ მჭედლები ჩვენში დიდ-ხუთშაბათს დილას სამჭედურში უზმოდ და უბრად სამჯერ ზედიზედ ურტყმენ უროს გრდემლზე, რომ ამირანის საჯაჭვო პალო ყოველ წლობით გაამაგრონ ხოლმე და თავი არ ააშვებინონ!... ბერძნის მწერლები ამტკიცებენ, რომ პრომეთეოსი ამარანტის მთაზე იყო კავკასიაში მიკრულიო. მესამე საუკუნეში ქრისტეს წინ აპოლონ როდოსელი ამტკიცებს, რომ მდინარე ფაზისი ამარანტის მთიდან გადმოდისო, სადაც პრომეთეოსი იყო მიბმული. რა მთა არის ეს ამარანტი ბერძნებისაგან მოხსენებული, რომ დღეს აღარ ვიცით? ეს ის მთა არის, რომელსაც ჩვენი ზეპირსიტყვაობა „ამირან-მთას“ ეძახის და სადაც ამირანი იყო მიბმული. აღარ გამოვუდგებით წვრილმან რამეებს, ჩვენი აზრის დასამტკიცებლად რაც ითქვა, ისიც საკმაოა. - მეორე ამბავი „იაზონ-მედიაზე“ კიდევ უფრო ამტკიცებს ჩვენ აზრს თავი-სის უეჭველობით. ელლინების გმირმა, თესალიის ბატონიშვილმა იაზონმა შეჰყარა გმირი ამხანაგები, გააკეთებია ნავი „არგო“ და წამოვიდნენ კოლხიდისაკენ, ვითომც და მათი ქვეყნიდან დაკარგულ ოქროსმატყლოვან ვერძის საძებრად. შემოცურეს ფაზისის მდინარეში შავი ზღვით. იმ მდინარის პირად იყო საუცხოვო ქალაქი გაშენე-ბული, რომელსაც „ეა“ ეწოდებოდა. იქ იჯდა მეფედ „აეტი“, ჰყავდა ერთი ქალი „მედია“, გრძნეული მამიდის გაზრდილი, იმ მამიდას ერქვა სახელად „თირთეია“ ანუ „ცირცეია“; ამან ასწავლა თავის გაზრდილ ძმისწულს, მედიას, გრძნეულობა და სხვადასხვა სამკურნალო თუ საწამლავ ბალახების ხარშვა... აქვე, აეტის სამთავროშივე, იმწყსოდა ის ოქროსმატყლოვანი ვერძი, რომლის საძებნელადაც იყო იაზონი წამოსული. იაზონმა მედიას დახმარებით მოიტაცა ის ვერძი და მედიაც თან წაიყვანა ცოლად. ამ ბერძნულ გადმოცემაში როგორც ადგილის სახელები, ისე თვით ქალაქებისაც ერთი ყურის მოკვრით უცხოა, მაგრამ, თუ ჩაუკვირდებით, გამოდგება, რომ ყველა ჩვენებურია, „ქართული“, მხოლოდ მათებურად, ბერძნულათ გადაჩიქორთუ-ლებული. რა წყალია ეს ფაზის, რომლის დღეს ხსენებაც აღარსად არის?.. - რა და რიონი, რომელიც ფასის მთიდან გამოდის და რომელსაც იმ სათავეში დღესაც ფასის წყალს ეძახიან. აქ გადასხვაფერებულიც არა არის-რა. ბერძნული „ფაზის“ იგივე „ფასის“ არის. - რა იყო და რა ქალაქი იყო ბერძნების „ეა“, სადაც წლის განმავლობაში მცენარე ჰყვაოდა? - ნაქალაქევი, ანუ ზღაპრული „იას“ ქალაქი, ის „იას“ ქალაქი, სადაც, ზღაპრის სიტყვით, „ღვთისავარ“ მონადირე მივიდა და ნახა, რომ ზამთარში იქ ია და ვარდი იშლებოდა. ბერძნული „ეა“ და ჩვენებური „ია“ ერთი და იგივე უნდა იყოს. - ვინ არის აეტა მეფე? - კოლხეთის მთავარი, იას ქალაქში მჯდომარე „იათა“ მამასახლისი. ამგვარ შემთხვევაში ქართული ენის თვისებაა მრავლობითი რიცხვის ხმარება. თავის დღეში არ იტყვის „ზღვის მეფეო“, „ხმელეთის მეფეო“ და სხვანი. ამბობს: ზღვათა მეფე, ხმელთა მეფე, ვარდთა მეფე, იათა მეფე და სხვანი. „აეტა“ და „იათა“ ერთი და იგივეა. ცირცეია და თირთეია ერთი და იგივეა, რადგანაც უცხოელე-ბი „თანს“ „სანად“ გამოთქვამდნენ ხოლმე. მაგალითად, პლლინიუსი, 29-79 ამბობს: კოლხიდაში არის ერთი მდინარე ცირუსი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი ცირის წყალს ეძახიან, შიგ რაც უნდა ჩააგდოთ, გაქვავდებაო.
ეს წყალი დღესაც არის შორაპნის მაზრაში, ჭიათურის მახლობლად და ისევ იმ თვისების მქონეა. თირი ძველებურ ქართულად ქვა არის, გათირვა გაქვავებას ნიშნავს. იათას დას სწამებდენ გრძნეულობას, რომ ადამიანის როგორც განკურნება, ისე გათირვა-გაქვავება შეუძლიაო და მიტომაც დაურქმევიათ თირა ანუ თირთაია. ადვილი საგულისხმოა, რომ ეს ორი სიტყვა თირთაია და ცირცეია ერთი და იგივეა. ამგვარადვე აიხსნება სახელი მედიაც. სიტყვა „ქალი“ მხოლოდ მერვე საუკუნიდან შემოსულა ჩვენში, არაბულად „ქალიმ“ ნიშნავს დედაკაცს, მანამდი ქართულად დედაკაცს „დია“ ერქვა. აქიდან წარმოსდგება სიტყვა „დიასახლისი“ და კნინობითი „დიაცი“. ჯერ კიდევ დღესაც ბევრს შეხვდებით ჩვენში, რომ „კაცია“ ანუ „მევარკაცი“, „ქალია“ ანუ „მევარქალი“ ერქვას - და თუ კი, „მევარქალი“ შეიძლება სახელად, რატომ „მედია“ კი არ შეიძლებოდა, რომელიც ერთსა და იმავეს ნიშნავს? ჩვენი „მედია“ „მედეად“ გადაკეთებულა ბერძნულად. რომელი ერთი მოვთვალოთ? რამდენი რამ არის ბერძნებისაგან გათარგმნილი ანუ გადაკეთებული ქართულიდან: მაგალითად, ჩვენი ქვეყნის ერთი მდინარეთაგანის ბერძნული სახელი „ჰიპიუს“, იგივე ცხენის წყალი არ არის? ის „კვენაკრი“, რომელიც დასავლეთით უბერავს კოლხიდას, ე. ი. ჩვენს „კოლხეთს“, იგივე „ქვენაქარი“ ანუ ქარი არ არის?... „მოლი“, სამკურნალო ბალახი, რომელსაც მედია აგროვებდაო, იგივე ჩვენებური მოლი არ არის?...
ძილის მომგვრელი წამალი მცენარეო... იგივე ძილისგუდა სოკო არ არის, ჩვენ რომ ვეძახით? და მეგრელები კი ლურსისგუდას ეძახიან, რადგანაც „რული“ ანუ „ლური“ ძველებური ქართულია და მცირე ხანს წაძინებას ნიშნავს! ამგვარ რამეებს რომ გამოვუდგეთ, შორს წაგვიყვანს და ამიტომ ჯერ თავს ვანებებთ უფრო დაწვრილებით გამოკვლევას! ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს „მედიას“ ტრილოგიად დაწერა. „მედია კოლხიდაში“, „მედია ელლადაში“ და „მედია სამშობლოში დაბრუნებული“. როცა სამივეს ერთად გამოვცემთ, მაშინ უფრო ვრცელს გამოკვლევას ჩავურთავთ ზემოთქმულის შესახებ და დღეს კი მხოლოდ იმას შევნიშნავთ, რაც საჭირო იქნება ამ პირველი ნაწილისათვის.
2) როცა გამწარებული ამირანი ჯაჭვის გაწყვეტას და თავის აშვებას მოინდომებს და გაინძრევა, მაშინ იძვრის ხოლმე დედამიწაცო, - ჰფიქრობდენ ძველად კავკასიელნი.
3) ძველად კოლხელები ცის მნათობებს აღმერთებდენ და მთიებსა სცემდენ თაყვანს, მაგალითად, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავთ გუნდს, ცის ბურჯებს, დილას, განთიადს და სხვათა. მათ-მათ შესაფერად უგალობდენ ლოცვის დროს „მზეშინას“, „თინას“, „ოდილას“, „შავ-დილას“ და სხვა. ეს მაშინდელი მათი საგალობელი დღესაც სიმღერად არის ჩვენში დარჩენილი.
4) კერპთაყვანისმცემლობის დროს მოფიცარს კერპის წინ ჩამოკიდებულ ზვარაკისათვის ტყავი უნდა გაეძრო, ანუ ანთებული ლამპარი გაექრო სულის შებერვით. „ფუ“-ო, უნდა შეებერა სული... აქედან წარმოსდგა სიტყვა „ფუცი“, ანუ „ფიცი“ და აგრეთვე ხატებისა და სალოცავების ჩამოტყავება, რომელსაც ხალხში დღესაც ხშირად ამბობენ.
5) ორთეოზ, საბერძნეთის გამოჩენილი მესაკრავე და მომღერალი, რომელიც ყოველგვარ ცხოველ არსებას ჰხიბლავდა. იაზონ რომ კოლხეთისკენ გამოემგზავრა, თან იახლა და ისიც არგონაველებში ერიაო.
6) აქ ზოდიაკები ანუ ცის ბურჯებია დასახელებული. „არეი“ ანუ „ვერძი“ განსაკუთრებით სალოცავი იყო კოლხელების და მარტო მის სახედ ჩამოსხმული ოქროს ვერძი ედგათ ბომონში. - მოსისხლე ღმერთად უწოდებდენ „მარეხს“ და ეჯერათ, რომ ის, თუმცა მრისხანე იყო, მაგრამ მასთანვე თავმდაბალი და მათ „ვერძს“ მწყემსავდა ცის ლაჟვარდში.
7) პინდარი. 522-442 ქრ. წინეთ. არგონაველები შევიდენ ფაზისში და იქიდან აეტის სამფლობელოში.
8) აპოლონ როდოსელი. 295-215 ქ. წინეთ. გზაში არგონაველებს თავს დასტრიალებდა, როცა კავკასიის მთები გამოჩნდნენ, ერთი უზარმაზარი ქორი, რომელმაც მათი „არგო“ დაჩრდილა. ის იყო პრომეთეოსის მტანჯველი ქორი.
9) ძველად ეჯერათ, რომ ვისაც უეცრად ორბი თავზე დააჯდებოდა - მეფობას იშოვნიდა.
10) ნადირობის ქალღმერთი ბერძნების.
11)ხალიბები ბერძნულად და ჩვენებურად ქლიბები, ქართველთა ტომის ხალხი, კოლხეთში ცხოვრობდენ ერთ ხეობად. ყველაზე პირველად იმათ დაიწყეს რკინის ხელობა. ესხილი 525-456 ქ. წ. აი რას ამბობს მათზე: „პონტის მარცხენა მხარეზე სცხოვრებენ რკინის მოხელე ხალიბები. აკეთებენ რკინის იარაღს, რომელსაც ქლიბი ჰქვიან და მოაქვთ ელლადაში გასაყიდად“. ამასვე ამტკიცებს არიან ნიკომიდელი: ყველაზე ადრე ხალიბებმა შეისწავლეს რკინის ხელობაო. დღესაც არის ისევე ჩვენში, რაჭის მაზრაში ერთი მთა. გული რკინის მადნისა აქვს და უხსოვარ დროიდან ირგვლივ მცხოვრებნი მჭედლობის მეტს არას აკეთებენ. ამ მთას ჰქვიან „წედისი“ ანუ „ჭედისი“.
12) ფსევდო-პლუტარხი. კავკასიაში იზრდება პრომეთეოსის ბალახი: როგორც კლეანტი ამტკიცებს, მედია ამ სამკურნალო ბალახსა ჰკრეფდა. კლავდი კლავდიანი 395 ქ. შემდეგ. მე კარგად ვიცი ზოგიერთი ბალახებისა და მცენარეების შხამიანი წვენი, კავკასიაში რომ იზრდებიან, იმას აგროვებდენ სასტიკი მედია და ცბიერი ცირცეია.
13) პოლიდორი. 140 ქ. წ. პელეოსი ურჩევდა იაზონს, რომ ის წასულიყო კოლხიდაში ოქროსმატყლოვანი ვერძის საძებრად.
14) კაბდელებს ეძახდენ ჩვენში კერპის დროს მღვდლებს. (ლოცვის დროს) ისინი ზორვის დროს, ე.ი. კმევის დროს ჰგალობდენ, იქიდგან წარმოდგა ჩვენებური სიტყვა „ზარი“ და „კაბდური“, რომელსაც დღესაც კიდევ აქა-იქ სამეგრელოში მღერიან.
15) მთვარე სიყვარულის ღმერთად მიაჩნდათ და საცოლქმრო პირობასაც ძველად მის წინ დებდენ.
16) აპიან. 150 ქ. წ. ადგილობრივი მცხოვრებლები კოლხიდაში ცხვრის ტყავებით იჭერდენ ოქროს სილას და ეს იყო ოქროსმატყლოვანი ვერძი.
17) აპოლონ როდოსელი 295-215 ქ. წ. როდესაც კი შენიშნა მედიამ ცისკარი, დაიწნა თმები, იცხო სუნნელება და ჩაიცვა ძვირფასი ტანსაცმელი. თავი მოიბურა თეთრი თავსაბურველით, ტანზედაც სუნნელოვანი ზეთი იცხო, იახლა თორმეტი მოახლე, შეაბმევინა თეთრი ჯორები, ვითომდა გექადას საყუდარში სალოცავად მიდიოდა, მაგრამ გაიპარა და პრომეთეოსის ცრემლებისაგან შეზავებული წამლებიც თან წაიღო.
18) ძველად კოლხელები მხოლოდ ქალებს მარხავდენ მიწაში და მამაკაცთ კი ხეზე ჩამოჰკიდებდენ ხოლმე. ამას მოწმობს ელიანი და ნიკოლოზ დამასკელი.
(აკაკის კრებული, 1897 წ., №2)
რედაქტორის შენიშვნები
შენიშვნები
1. დაიბეჭდა „აკაკის კრებულში“, 1897 წ., №2.
2. აკაკიმ თავის მიერ ჩაფიქრებული ტრილოგიიდან დასწერა მხოლოდ პირველი ნაწილი - „მედია კოლხიდაში“. ამ ნაწარმოების ბეჭდვა პოეტმა დაიწყო „კვალში“ (1895 წ., №№23, 25), მთლიანად კი გამოაქვეყნა თავის „კრებულში“, 1897 წ., №2 (ოქტომბრის ნომერი), შენიშვნების დართვით.
![]() |
4.11 შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
საბა ორბელიანის იგავ-არაკებში შიგადაშიგ ისეთი ამბებიც ურევია, რომლებიც ევროპის შორეული ქვეყნების ზეპირსიტყვაობაშიაც კი არის. ზოგი იმ აზრის არის ჩვენში, რომ ის არაკები საბამ ევროპაში მოგზაურობის დროს მოაგროვა და რომ დაბრუნდა, გადმოაქართულაო. შემცდარი აზრია. ჯერ ერთი ის, რომ მოგზაურობის დროს და მერე კიდევ იმ საუკუნეში ასე ხელათ, გაკვრით, ამგვარი რამეების შეგროვება მოუხერხებელია; და მეორე კიდევ ის, რომ მისი „სიბრძნე-სიცრუე“ საბამ ყმაწვილობაშივე შეაგროვა და ევროპაში კი სიბერის დროს მოგზაურობდა. ის კი მართალია, რომ ზოგიერთი არაკი ლაფონტენისა და საბასი თავიდან ბოლომდე ერთი და იგივეა, მაგალითად: საბას „კუ და მორიელი“ და ლაფონტენის „ბაყაყი და მორიელი“ სიტყვა-სიტყვით ერთიმეორისაგან გადაღებულიაო, იტყვის კაცი. ვთქვათ, რომ ორივემ ეზოპოსის სათავეს მიმართეს, მაგრამ მაშინ ასე ერთნაირი კაზმულობა სიტყვა-აზრისა და მჭერნაკვესობისა, ერთი და იგივე შერითმება გასაოცარი იქნებდა. აქ მხოლოდ ის შეიძლება იგულისხმოს კაცმა, რომ საბა ორბელიანი დიდ ხანს იყო კეთილად მიღებული ლუი XIV კარზე, სადაც დიდებული ლაფონტენიც კარისკაცად ითვლებოდა და ადვილად შესაძლებელია, რომ იმ დროს შესანიშნავ პირებს თავ-თავისი ბევრი რამ ერთმანეთისათვის გაეზიარებიოთ. თუმცა ამაზე არც არა ლაფონტენს დაუტოვებია და არც ორბელიანს ჩვენთვის გადმოუცია, მაგრამ ჭკუასთან კი ახლოს არის. ასე თუ ისე, ეს კერძოა და საზოგადოდ კი საბას მისი იგავ-არაკები ჩვენს ქვეყანაშივე საერო ზეპირსიტყვაობისაგან აუღია. „სიბრძნე სიცრუე“ ისე იყო გავრცელებული, რომ შეიძლება, პირიქით, ხალხში გავრცელდა და მისივე გემოზე გადაკეთდაო - ეგებ თქვას ვინმემ, მაგრამ ის ნიმუშები ზეპირსიტყვაობისა, რომელიც დღეს ჩვენს ხელშია, სულ სხვას ამტკიცებენ და ვინც კი დაუკვირდება, ადვილად გაარჩევს, თუ რომელი რომლისაგან წარმოდგება. ჯერ თუმცა, ვინ იცის რაც არის, მისი ფიორიც არ გვაქვს შეგროვილი, მაგრამ რაცა გვაქვს, იქიდანაც ჩანს ქართული ზეპირსიტყვაობის სიმდიდრე და საისტორიო-მსოფლიო მნიშვნელობა, სხვადასხვა ძველი დროის სამეფოების ზღაპრებსა და იგავ-არაკებს გადმოუვლია ჩვენში სპარსეთიდან და საერო ფესვი გაუდგამს.
არა თუ ბერძნების, რომაელების, არაბების, ინდოელების, სპარსელების, ებრაელების (ბიბლია) და სხვანი - არამედ ნაკლებ მნიშვნელობიან ძველ სახელმწიფოების ხალხურ ნაწარმოების ნაშთებსაც კი შეხვდებით ჩვენებურ ზეპირგადმოცემებში. ამ ხუთი წლის წინათ შემთხვევით, ერთი პატარა რუსული წიგნაკი ჩამივარდა ხელში: „რამდენიმე ნიმუში არაბელების ხალხური პოეზიისა“. რომ გადავიკითხე, გავკვირდი: ჩვენი ქართული ზღაპრების თარგმანი იყო, განსაკუთრებით ერთი მათგანი: „ჭაკი ცხენი და ორსული დედაკაცი“ - სიტყვასიტყვით იყო გადაკეთებული და ქართულ გემოზე შეკაზმული. უფრო ახირებული კიდევ ის არის, რომ ჩვენ ზეპირსიტყვაობაში შეხვდებით ზოგჯერ უცხო ქვეყნის ხელოვნურ ნაწარმოებსაც, მაშინ, როდესაც ჩვენს ლიტერატურაში კი არა არის-რა იმგვარი, მაგალითად, ახალქალაქის მაზრიდან შემოვიდა ერთი ზღაპარი, „გულკეთილი ტენტერა“, და ეს ზღაპარი თავიდან ბოლომდე გადაკეთებულია ბოკაჩიოს ერთ ნოველათაგან, რომელსაც სახელად ეს ჰქვია: „მადონნა იზაბელლა და მისი საყვარელი ლიონეტტო და ლამბერუჩიო და ბოლოს ქმარიც იზაბელლასი“. ამ ამბავს აქვე ქვემოთ დავბეჭდავთ, მაგრამ ჯერ ვიტყვით, რომ ეს ბოკაჩიოს ნოველები ფრანგის პატრების გადმოტანილი უნდა იყოს ჩვენში და გავრცელებული, - სხვებრ ვერ აიხსნება. ამ ოცდახუთი წლის წინათ ხიზაბავრაში მოვდიოდი და გზაში უცბათ რაღაც უცნაური სიმღერა მომესმა: მინდორში მწყემსები იმღეროდენ. მეუცხოვა და შევაჩერე ცხენი, დავუგდე ყური და რა გამოდგა? ფრანცუზებს ერთი ხალხური სიმღერა აქვთ, თუ როგორ წავიდა ჯვაროსნების დროს რაინდი მალბრუგი სარკინოზების გასაჟლეტად და რა გადახდა. ეს სიმღერა დღესაც ხშირად გაიგონება საფრანგეთში, განსაკუთრებით გამდლები უმღერიან ყმაწვილებს. და სწორედ ამ ლექსს იმღეროდენ ხიზაბავრელი მწყემესებიც. კილოც დაეცვათ და სიტყვებიც. მხოლოდ „მალბრუგის“ ნაცვლად „ყაფლანს“ ამბობდენ და ლექსი იწყებოდა: „ყაფლან მიდის ჯარშია“ “და სხვ. ხიზაბავრაში გაფრანგებული ქართველები ცხოვრობენ და, რასაკვირველია, პატრებისაგან ექნებო-დათ მათ ძველებს ნასწავლი ეს ლექსი და ჩარჩენილა. ესევე უნდა ვიფიქროთ ბოკაჩიოს ნოველების შესახებაც.
(აკაკის კრებული, 1898 წ., №9)
რედაქტორის შენიშვნები
შენიშვნა
1. დაიბეჭდა „აკაკის კრებულში“, 1898 წ., №9.
2. ლაფონტენი, ჟან (1621-1695) - გამოჩენილი ფრანგი პოეტი - მეიგავე. არსებობს ლაფონტენის იგავთა მცირე ნაწილის ქართული გამოცემები: „ლაფონტენის არაკები“, გადმოთარგმნილი და გადმოკეთებული ექვთ. ჩიხელიძისაგან, 1909 წ.; იგივე, მეორე გამოცემა, 1911 წ.; ლაფონტენის არაკების მეორე კრებული, იმავე მთარგმნელისა, 1911 წ. - ორივე კრებული მოკლებულია ლიტერატურულ ღირსებას.
3. ეზოპოსი (მე-6 ს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) - ნახევრად ლეგენდური ბერძენი მეიგავარაკე. ეზოპის „იგავნი“ ქართულად გამოიცა 1944 წ., ს. იორდანიშვილის შესავალი წერილით.
4. ბოკაჩიო, ჯიოვანი (1313-1375) დიდი იტალიელი მწერალი-ნოველისტი. ქართულად გამოცემულია მისი ნოველების კრებულის - „დეკამერონის“ ორი ტომი, თარგმანი თედო სახოკიას მიერ, თბილისი, სახელგამი, 1934 და 1936 წ.წ.
![]() |
4.12 წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში წარმოთქმული სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
სულითა და გულით მონატრული იმისთანა ლექსიკონის, რომლის გამოცემაც გაუძრახავს გამგეობას, მე იმავე დროს წინააღმდეგი ვარ, რომ ახლავე ხელი მივჰყოთ და გამოცემას შევუდგეთ. ეგ საქმე რთულია. ეჭირვება დიდი შრომა, ცოდნა, გამოცდილება და ვაი თუ ჩვეულებრივს ფაცაფუცით და წინდაუხედავობით გავაფუჭოთ ეგ დიდი საქმე!.. ბატონებო, ყველამ ვიცით, რომ ქართველი ხალხი საზოგადოდ გულ-კეთილია და ამას, სხვათა შორის, ქველმოქმედებითაც ამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტად ღარიბია, მაინც ხელგაშლილია საქველმოქმედოდ. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ეს ქველმოქმედება დაბლიდან მოდის, დაბალ მუშა ხალხიდან და ზედაპირი კი მონაწილეობას არ იღებს. გადავსინჯოთ სია შემომწირველთა. აქ სულ დაბალი ხალხის სახელსა და გვარს შეხვდებით, მაღალი წოდების არა ურევია-რა. ამ ოცდა-ხუთი წლის წინათ ქუთაისის ოლქის სასამართლომ სამი ანდერძი დაამტკიცა: პირველი მისთანა მდიდარი ქართველის, რომელსაც სამი მაზრა ეკუთვნოდა. რასაკვირველია, მილიონების შეძლება დარჩა და საქველმოქმედოდ გროში... კაპეიკი არ დაუგდია. მეორე, - მდიდარი ქართველი გადავიდა უშვილძიროდ და ანდერძი ძმისწულებს დაუგდო პირობით: „რადგანაც ჩემი ძმისწულები, რომ უნდა, მისთანები ვერ არიან და თვითონ ვერ მოუვლიან ქონებას, აპეკუნად იმათ დაენიშნოთ ჩემი დაო“. აი ამანაც უხეიროებს გადასცა ქონება და საზოგადო კი არა გახსენებია-რა! მესამე, - ერთ ქუთაისელ სომეხს ცოლი შეერთო, რასაკვირველია სომხის ქალი, რომელიც ლოგინობას გადაჰყოლოდა და იმას დაეგდო ანდერძი: ჩემი მზითევი, სამოცი თუმანი, გაიყოს შუა, ნახევარი გადაეცეს ჩემ საყვარელ ქმარს და ნახევარიც სომხების სკოლასო. ეს მაგალითი ერთი არ არის და მიტომაც გავიხსენეთ. მე მგონი ჯერეც ბევრს ეხსომება, რომ ერთი დიდად პატივცემული, თითქმის გაღმერთებული ქართველი, გარდაიცვალა უმემკვიდროდ, დარჩა მილიონების შეძლება, რომელიც დაუგდო ნათესავებს და საქველმოქმედოდ კი გროში არ დაუტოვებია. ამისთანა მაგალითები მრავალია და მე ესენი, რასაკვირველია, ბრალსადებლად კი არ მომაქვს, მხოლოდ მინდა ჩემი მოსაზრება დავამოწმო. - დიახ. ქართველური ქველმოქმედება დაბლიდან მოდის და მით უფრო საქებია... მილიონების პატრონმა რომ ათასი თუმანი დააგდოს საქველმოქმედოდ, ისე გასაკვირალი არ არის, როგორც ის, რომ ღარიბი მუშა თავის ნაოფლარ დღიურ ლუკმას იკლებს და წვლილად გროშობით აწვდენს ქვეყანას, რომ საჭირო საქმეებს მოახმარეთო. მაგრამ ვაი. რომ ისინი, ვის ხელშიაც არის ჩვენი ცხოვრების სადავე და ვინც საზოგადო საქმეებს თავში უდგანან, ვერ ასრულებენ კეთილად თავის მოვალეობას... და ქველმოქმედებას ჩვენში ნაყოფი არ მოაქვს! რაც ამ ნახევარ საუკუნის განმავლობაში ჩემ მახსოვრობაში, ფული შემოსულა, თუ სხვადასხვა წარმოდგენებიდან, თუ საღამოების გამართვით და თუ ისე შემოწირულებით, ერთად რომ შეგვეგროვებინა და შეგვენახა, დღეს მილიონზე მეტი გვექ-ნებოდა, მაგრამ სად არის? გაქრა, წავიდა და ნაყოფსაც ვერა ვხედავთ!.. რატომ? მიტომ რომ ჩვენ ყოველთვის მიმბაძაობითა ვცხოვრობთ, თავისთავობით კი არა შეგვიძლია-რა და არ ვიცით, რომ ნაქველმოქმედარს, როგორც ყველაფერს, თავისი კანონი აქვს და ჩვენ კი წინ გაძღოლას ვერ ვახერხებთ!.. არ ვიცით რაში და როგორ დავხარჯოთ საზოგადო ფული. ვხარჯავთ კი და იმ დროს ვხელმძღვანელობთ „ჩემიან-შენიანობით“, „ნათელ-მირონობით“, „ძმობა-მეგობრობით“ და არა საზოგადო მოთხოვნილებით!. და მიტომაც ჩვენი საზოგადო მოღვაწეობა „ბავშვობანაობა“ გამოდის და თვით მოქმედება საბავშვო ხუხულას შენობა. რომ იტყვიან: „შორიდან მტერს უყენებს თვალებს და ახლოს მოყვარესო“, სწორედ ასეა ჩვენი საზოგადო მოღვაწეობაც. უნივერსიტეტში ყველგან არსებობს დამხმარებელი კასები. სტუდენტები საჭიროების დროს იქიდან სესხულობენ ფულებს. ამ ნახევარ საუკუნის განმავლობაში ძვირად ყოფილა მისთანა ქართველი სტუდენტი, რომ არ გამოეტანოს აქედან სესხი, მაგრამ დაბრუნება კი არავის გახსენებია გარდა ერთი-ორისა. ბევრი იმ მსესხებელთაგანი მდიდრულად ცხოვრობს და ადვილად შეუძლია გადახდა, მაგრამ არა ჰხდის თავს მოვალედ. რატომ? იმიტომ რომ ქართველია და ფულს ისე უყურებს, როგორც ჩალა-ბზეს... ანგარიშის არა გაეგება-რა!.. ესევე ემართებათ სტიპენდიებს. სტიპენდია ყოველ ხალხშია მიღებული, იმით ხელს უმართავენ ნიჭიერებს იმ პირობით, რომ, როცა სწავლას დაასრულებენ და ცხოვრებაში ფეხს მოიკიდებენ, მაშინ დააბრუნონ უკანვე ფონდში ნასესხები. ჩვენში კი ასე არ არის. სტიპენდიები ათას-ათას თუმნობით იხარჯება ყოველ წლობით დაუბრუნებლად და სტიპენდიების დანიშვნის დროს მეთაურები სარგებლობენ „ჩემიან-შენიანობით“, „ნათელ-მირონობით“, „ძმა-ბიჭობით“ და სხვ. ნიჭს არავითარი უპირატესობა არ ეძლევა. მხოლოდ მიდგომით შესწამებენ ხოლმე ვისმე ნიჭს და მორჩა და გათავდა. ყოფილა მაგალითი, რომ სტიპენდიანტს გაეთავებიოს სწავლა, შესულიყოს სამსახურში და მერეც კიდევ რამდენიმე წელიწადს ეღოს სტიპენდია. და რას ნიშნავს ეს, თუ არა დაუდევრობასა და გულგრილობას გამგეობისა და მეთაურებისას? ეს ამბავია ყველა ჩვენ დაწესებუ-ლებებში. მეთაურებმა არ იციან, რომელ საქმეს როდის შეუდგენ. მაგალითად, ვთქვათ: კარზე მოგვადგა შიშველი ვინმე, რომელსაც შემოსვა ეჭირვება. მეთაურების ხმები იყოფა: ერთი ამბობს, ახალუხი უნდაო! მეორე: ჩოხაო! მესამე: ნაბადიო და ამგვარად!.. კი, ბატონებო, ყველა მართალია, ყველაფერი ეს ზემოხსენებული შესამოსი საჭიროა, მაგრამ რადგანაც ხელმოკლე ვართ და არ შეგვიძლია ყველა ერთად, უნდა ჯერ მარტო აუცილებელი მივაწოდოთ, ესე იგი, პერანგი. ამას ვერ ვახერხებთ ჩვენ, რადგანაც, ოღონდ კი გადავდგათ საქმეში ბიჯი და პირველი იქნება ის, თუ უკანასკნელი, არ დავსდევთ! ყველაფერი ეს შეუგნებლობით გვემართება და არა ბოროტგანზრახვით! ახლა გადავიდეთ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე!.. გამგეობა ბევრსა შრომობს, მაგრამ ნაყოფი არა გამოდის-რა. იმ აზრს, რომელიც მხედველობაში ჰქონდათ დაარსების ინიციატორებს, გვერდს უვლიან და უბრალო ჩხირკედლობას ჰყვებიან თან. მაგრამ დიდად კი მოაქვთ თავი: განათლებას ვემსახუ-რებითო!.. სკოლებს ვხსნით, ბიბლიოთეკებს ვმართავთ და სხვანი!.. ჰმ! რად მინდა მისთანა სკოლები, რომელსაც სხვის ნება-სურვილზე უნდა ვმართავდე და დიდ ბედნიერებად ვსახავდე იმ ნებართვის მიღებას, რომელიც არ უშლის დედა-ენაზე მხოლოდ ანბანის სწავლას პირველ წელიწადს! მერე კი უცხოზე უნდა გადავიდეს? ამგვარმა სკოლებმა ხარჯის მეტი რა სარგებელი უნდა მოგვიტანოს? ამგვარივეები არიან ბიბლიოთეკებიც. „არაობას ცალი უღელი ხარი სჯობიანო“ და მაშ სხვა რა უნდა ვქნათო მეტყვიან და ის, რაშიც ხელს არავინ გვიშლის და რაც დიადი საეროვნო საქმეა, ყველაზე პირველ საზოგადოება უნდა შედგომოდა ზეპირსიტყვაობის შეგროვებას და მის გამოცემას. ზეპირსიტყვაობა არის საფუძველი ისტორიის და წარსულის ქვაკუთხედი და თუ რა მნიშვნელობა აქვს თვითეული ერისათვის, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ და მიტომაც აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს. ვიტყვი მხოლოდ მოკლედ, რომ ჩვენ, ქართველებს, დიდი და შესანიშნავი ზეპირსიტყვაობა გვაქვს დარჩენილი. ჩვენი ერი ძველთაგანია, უცხოვრია არა მარტო ქრისტიანობის დროს, კერპობის ხანაც გამოვლილი აქვს და უცხოვრია შეგნებულად. დაბალ ხალხს, მაღალ წოდებასთან ერთად, მიუღია ცხოვრებაში მონაწილეობა და თავისი ნაგრძნობ-ნაფიქრალი, გულში ნადები, უტყუვრად თავის პირით გადმოუცია შვილებისათვის და ამგვარად ერთი იმ ნაშთთაგანი ამ მოკლე ხანში ია კარგარეთელმა დაბეჭდა. უნდა გამოვტყდეთ, რომ მისი მსგავსი რუსთველს აქეთ, არა გვსმენია-რა პოეზიის მხრით. ამგვარი მარგალიტები ყოველგვარად ბევრია. მაგრამ დღეს კი თანდათან წყდება, იკარგება, როგორც ყოველიფერი ეროვნული და ჩქარა მიშველება... მისწრება... საჭიროა!.. ზეპირსიტყვაობის შეგროვებას არც ხარჯი და არც დრო ბევრი არ დასჭირდება, მხოლოდ მონდომება უნდა. სად ვიშოვით შემკრებელს? არიან ჩვენში მისთანა ახალგაზრდები, რომ მზად არიან საერო საქმეს ემსახურონ, მაგრამ ცხოვრების სახსარი რომ არა აქვთ, შედიან სამსახურში და თან გადაჰყვებიან ხოლმე. აი იმათ რომ მცირე-ოდენი სასყიდელი დაენიშნოთ, ისინი მოაგროვებენ გულდაგულ, რაც კი დარჩენილა ხალხში. ამით ორნაირ სარგებლობას ვნახავთ: ზეპირსიტყვაობაც შეგროვდება და აღარც ის ახალგაზრდები დაგვეკარგებიან. ხალხურ ნაწარმოებში ლექსიკონისათვისაც დიდი მასალა იქნება. ჩვენ, ინტელიგენტებმა, რასაც ტყუილა არ ვიჩემებთ, ენა არ ვიცით და ვეძალებით შეთხზვას, მაშინ როდესაც ის წმინდა ქართული სიტყვები ხალხში დარჩენილია და ჩვენ კი არ ვიცით. ერთხელ ერთმა დედამ უთხრა შვილს: შვილო, ცხვირი მოიხოცეო და შვილმა მიუგო: რა ვქნა, რომ სატე არ არის და მიჭერსო. მე სატე პირველად გავიგონე და უძნიშვნელოც მეგონა. რამდენიმე თვის შემდეგ მუშები წისქვილს აშენებდენ და ერთმა ხურომ უთხრა მეორეს: კაცო, მაგ ღარს „სატე“ დიდი უყავიო!.. მე ვიკითხე და მხოლოდ მათგან გავიგე, რომ „სატე“ სწარმოებს სიტყვისაგან დატევა. ამისთანა სიტყვები ათასობით მოიპოვება დაბალ ხალხში და ჩვენ კი არ ვიცით!.. ამ ოცდახუთი წლის წინათ შესდგა ჩვენში „ტერმინოლოგიის კომისია“. სიტყვებს ხმის უმეტესობით ამოწმებდნენ. „გვირაბი“ ქვახვრეტილად დაამ-ტკიცეს და „ვოდოპადი“ „წყალვარდნილად“, ამიტომ რომ ეს სიტყვები არ გაეგონათ. და ხალხში კი, დაბალ ხალხში იცოდენ და იციან. ამისთანა მაგალითები ათასია და როცა ზეპირსიტყვაობა შეგროვდება და გამოიცემა, იქ მაშინ ეს სიტყვებიც თავს იჩენენ. ეს იქნება ქართული ლექსიკონის პირველი საფეხური. ჩვენ კი გვინდა, რომ დაბალ ხალხს არ დავეკითხოთ და ზემოდან მივაწოდოთ ბევრი რამ უხერხული. ხეს არა უჭირს-რა, თუ ფესვები ჯეროვნად აქვს გადგმული ღრმად მიწაში!.. მართალია, შტოები იძლევიან ყვავილსა და ნაყოფს, მაგრამ თუ ფესვები არ იყოს, აღარც შტოები იქნებიან და აღარც ყვავილ-ნაყოფი. ასეთივეა ეროვნული ხეც: ერთმანეთზე გადაბ-მული არიან დაბალი და მაღალი წოდება და თუ ეროვნების ზედაპირს ქვემოდან, დაბლიდან, არ მოეცა საზრდო, ვერ იხეირებს! ლექსიკონსაც თუ დაბლიდან არ მიეწოდა მასალა, ისე არა გამოვა-რა. ვიმეორებ, უნდა მოვაგროვოთ ზეპირსიტყვაობა, დავბეჭდოთ და მერე ისე შევუდგეთ ლექსიკონის გამოცემას.
(თემი, 1911 წ., №17)
რედაქტორის შენიშვნები
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში წარმოთქმული სიტყვა
ავტოგრაფი ამ სიტყვისა დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელი საქ. სახ. მუზეუმში H-1500/7, ფურც. 30r - 32r.
დაიბეჭდა გაზ. „თემში“, 1911 წ., №17.
![]() |
4.13 მოხსენება წაკითხული ს. აბაშელის საღამოზე |
▲ზევით დაბრუნება |
1913 წ. 30 მარტს
მადლი შემოქმედს! საოცარია საქართველოს ბუნება და - საარაკო ცხოველზე იმისი ზედგავლენა. აუწონელია, გაუზომელი და მიტომაც ქართველი სულ სხვა გრძნობა-გონების მექონია. ის ჭირშიაც კი ლხინის შვილია! სულ იცინის, არ სტირის და თუ სტირის, ტირილშიაც იმღერის. რა არის მისი ზარი და მოთქმა, თუ არ იგივე სიმღერა, თუმცა კი სამწუხარო კილოთი? კარზე რომ ჭირი ადგა ქართველს, ის მაინც გულს არ იტეხს და სალხინოზე ჰფიქრობს და სწორედ ამან აატანია ის საარაკო ისტორიული მომენტები, რომელიც იმან განიცადა და შეარჩინა საუკუნოების განმავლობაში თვით-არსებობა და ეროვნული ელფერი. სად ვხედავთ ამას ყველას? - ზეპირგადმოცემებ-ში, რომელიც უტყუარი სარკეა წარსული ცხოვრებისა. მაგრამ ჯერ სანამ ზეპირსიტყვაობაზე პირდაპირ ვიტყოდეთ რამეს, შორიდან მოუვლით... ჩვენს მეცნიერებსა და ისტორიკოსებს აკლიათ დედუქტიური შორსმჭვრეტელობა და ბრძნული აღმაფრენა და მიტომაც ბევრი რამ აქამდე არ არის გამოკვლეული. ასიდან და ათასიდან ავიღოთ ერთი მაგალითი: აქამდე გამოკვლეული არ არის, როდის არის შემოღებული ქართული მწერლობა: ქრისტიანობის დროს, თუ წინათვე, კერპობისას. მართალია, ისტორიული ზღაპარი გადმოგვცემს, რომ სომხის ტერტერამ მესროპმა გამოუგონა ქართველებს „ანბანი“, მაგრამ ეს დასაჯერებელი არ არის, ჩვენა გვაქვს ორგვარი სულ სხვადა-სხვანაირი „ანბანი“: მხედრული და ხუცური. რა მიზეზია, რომ ჩვენ ერთს აღარ დავჯერებივართ და მეორეგვარიც შემოგვიღია?
ქრისტიანობა რომ კერპობას შეეჯახა და სძლია, მაშინ ქრისტიანობა უთუოდ სცდილობდა, რომ ყოველგვარი ნიშანი, რაც კი კერპობის დროს მოგვაგონებდა, მოესპო და, რასაკვირველია, მათ რიცხვში კერპობის დროის მწერლობა და „ანბანიც“, რომ საღმრთო წერილების სულ სხვაგვარი, საკადრისი ანბანი ყოფილიყო. სასულიერო წოდებამ შემოიღო ახალი „ანბანი“, რომელსაც სახელიც კი სხვაგვარი უწოდა: „ხუცური“, ესე იგი ხუცებისათვის. ადვილად შესაძლებელია, რომ მაშინ ჩვენ ხუცებს, ანუ მღვდლებს, მესროპიც მოეხმარა და ის ახლად გამოგონებული ასოები - ხუცური სომხურსა ჰგავს: თორემ, ცხადია, რომ „მხედრული“ ქრისტიანობის დრომდე იყო სპარსეთით შემოღებული ფაჰლავანურის მიბაძვით. ისტორია გაკვრით გვეუბნება, რომ ქრისტიანობის შემოღების დროს, როცა მირიან მეფესთან მივიდენ, ის მაშინ წიგნს კითხულობდაო - „ნებროთიანს“. და რატომ ჰგონიათ მკვლევარებს, რომ ის „ნებროთიანი“ სპარსულად იყო დაწერილი და არა ქართულად? მეტყვიან, რომ რატომ ნაშთი არსად იხედებაო? თუ კი ანტონ კათალიკოსმა ამ მეთვრამეტე საუკუნეში დასწვა და შეაჩვენა „ვეფხისტყაოსანი“, როგორც სავნებელი რამ, რა გასაკვირველია, რომ ქრისტიანობას, ფანატიკოსობამდის მიწეულს პირველ ხანებში, გაექარწყლებიოს ყოველგვარი ნაშთი კერპობის?
ეს მარტო ჩემი დედუქტიური მოსაზრება არ არის; ამას ცხადად გვიჩვენებს ზეპირ-სიტყვაობა - სარკე ქრისტიანობის წინანდელ ცხოვრების. „ეთერიანი“, „ნებროთიანი“, „ქიქაოზ მეფე“, „სულა კალმახელი“, „მაკედონელი ბუჩიპალო“ და სხვადასხვანი, რა არიან თუ არ კერპობის დროის ნაწარმოები თხზულებანი, რომელთაც წერილობით ვეღარ მოაღწიეს ჩვენამდე და მხოლოდ ზეპირსიტყვაობაში ჩარჩენ? - არც ერთ ერს ჩვენგვარი და ჩვენოდენი ზეპირსიტყვაობა არა აქვს... უხსოვარ დროიდან დაწყებული მისთანა არც ჭირი ქონია საქართველოს და არც ლხინი, რომ ჩვენს ზეპირსიტყვაობაში არ იყოს ჩასახული! ის მოთხრობები, სადაც საჩხუბარ იარაღად მოხსენებული არის შვილდ-ისარი და ქვა და ბრძოლის მიზეზადაც მზეთუნახავები გამოდიან, ნუ თუ წინა დროების... ძველისძველი არ არიან?
როგორ მოაწიეს ჩვენამდი? - ზეპირგადმოცემით: მამა შვილს ეუბნებოდა, შვილი შვილისშვილს და ამგვარად. ალბათ ხალხს ენანებოდა ძველის დავიწყება და შეინახა ხელოვნურად „ბატონყმობის“ წყალობით. ტყვილად კი არ არის ნათქვამი: „ზოგჯერ ჭირი მარგებელიაო“.
სანამ აქ გავაგრძელებდე ჩემ სტატიას, უნდა „ბატონყმობაზე“ ვსთქვა რამე. იმიტომ კი არა, რომ ის ბოროტება მე მომწონდეს და ვესარჩლებოდე!.. არა... მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლე წარსულის აღვადგინო.
თუ დაუკვირდებით ჩვენ კანონმდებლობის სიმართლეს, იქ დავინახავთ, რომ ჩვენში ბატონყმობას ის ხასიათი არა ჰქონდა, რაც სხვა ქვეყნებში. აქ მონაობა არ ყოფილა და სასტიკობა შემოიტანეს მხოლოდ უკანასკნელ საუკუნოებში სხვებმა. ბატონი წარმოსდგება სიტყვიდან პატრონი და ნიშნავს მომვლელს, მზრუნველს; „ყმა“ - ახალგაზრდა გასაწვრთნელს. ბატონყმობა არის მათი უფროს-უმცროსული... ძმური. ანუ მამაშვილური, დამოკიდებულობა და ასეც ესმოდა ეს ქართველ ერს, სანამ თვით-არსებობა არ დაჰკარგა. - მე ბატონყმობის მომსწრე ვარ და ბევრი რამ ჩემის თვალით მინახავს და ბევრიც გამიგონია!..
საქართველოში და უფრო დასავლეთ საქართველოში, ესე იგი იმერეთში, გლეხებს „ბეგარა“ ემართათ... გადაჭრილი ჰქონდათ, რა უნდა გადაეხადათ. ზოგს რამდენიმე კოდი პური ემართა, ზოგს რამდენიმე კოკა ღვინო, ზოგს ხორაგეული და ამგვარად. ადგილ-მამული მათი სასარგებლო საკუთრება იყო და ვერავინ შეეხებოდა!.. ბატონს შეეძლო სხვისთვის მიეყიდა გლეხი, მაგრამ გლეხი გადადიოდა მეორის ხელში მხოლოდ იმ უფლებით, რა უფლებითაც პირველს ეჭირა. ბევრს ამოკვეთილი ჰქონდა გადასახადი და „აზატად“ იწოდებოდენ. მხოლოდ სათვალავად იყვენ და გადახდით კი აღარას იხდიდენ გარდა „პირფარეშობის“: მიიყვანდენ ხოლმე პატარა ბიჭს სასახლეში საპირფარეშოდ - და სხვებრ კი თავისუფალი იყვენ ყოლიფრად; საზოგადოდ ყველამ თავ-თავისი გადასახადი იცოდა. იყვენ მისთანა გლეხებიც, რომ ზღაპარი ემართათ, სხვებრ ყოველგვარად თავისუფალი იყვენ და ბატონისა და ბატონის ცოლ-შვილისათვის მხოლოდ ზღაპრები უნდა ეთქვათ ხოლმე. - აი ამ მეზღაპრეებს შესწავლილი ჰქონდათ დიდძალი... ყოველგვარი ზეპირ-სიტყვაობა მამა-პაპათაგან გადმონაცემი და იმას ავრცელებდენ. ეს იყო ზეპირი ლიტერატურობა და მიტომაც მოაღწია ჩვენამდე ძველმა თქმულობაებმა... დღეს კი ეს ყოველიფერი მოსპობილია და მიტომაც ქართული ზეპირგადმოცემები იკარგება. ტყვილა კი არ არის ნათქვამი: „ბარში რომ ჭკუა დაიკარგება, მთაში მოძებნიანო“. ბარში და ზღვის პირად, სადაც ახალი ცხოვრება ადვილად შემოვიდა, ძველი ჩვეულება და წეს-რიგი გადავარდნილია. მხოლოდ მთებში… მიუვალ ადგილებში ჯერ კიდევ შენახულია გაშაირება, ზღაპრები და ყოველგვარი ზეპირგადმოცემები დღესაც კიდევ ფეხმოკიდებულია. ცოდვაა ამათი დაკარგვა. მიშველება უნდა და ჯერ კიდევ მოსახერხებელია მათი მოგროება. იმათი დავიწყება, წარსულზე ხელის აღებაა. მაგრამ რადგანაც იმ ზეპირ-გადმოცემებში ზოგი რომ ავ-კარგისაც ურევია, გარჩევა უნდა, თუ რა ჩაიწეროს და რა არა! ხელთ მიჭირავს კარგარეთელის შეგროვილი საზეპიროები. ერთ მათგანს მოვიტან სამაგალითოდ:
ხომალდში ჩავჯექ, ზღვას გაველ,
ფრანგის ქვეყნები ვნახეო;
სულ დავიარე ხმელეთი,
ვერ ვნახე შენი სახეო
ანთებულ სანთელს გამსგავსე,
დილით ცისკარზე გნახეო;
ხელში გეჭირა ყმაწვილი,
ფარსაგ ვერ დაგინახეო.
მსოფლიო გენიოსმა მხატვარმა, რაფაელმა, როდესაც მშვენიერების გამოხატვა უნდოდა, უკეთესი ვეღარა მოახერხა-რა და მშვენიერ მადონას მისცა ხელში უმშვენიერესი ყრმა, რომელსაც სიყვარულით ზე დაჰქათქათებს დედა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შაირის დამწერს არც ეს სურათი უნახავს და არც რაფაელი გაუგონია, მაგრამ ზეგარდმო შთაგონებამ მიიყვანა რაფაელის აღმაფრენამდე!
შენს ლოყას ვარდი ჰყვაოდა,
გვშვენოდა ღია ფერია,
ღაწვს მოციმციმე ხალივით
ნამი ცით მონაბერია.
შურით დაგფრფენდა ნიავი,
გირხევდა დალალ-კავებსა;
წარბი-წამწამი ყორნისა
ბურავდა გიშრის თვალებსა.
თვალსა, რა თვალსა, ცის მნათსა,
წყვდიადში მოელვარესა,
მოვლინებულსა ამ ქვეყნად
ნუგეშად დამაშვრალებსა.
ტუჩს დაკვდომოდა ღიმილი,
ალის ფრად მოღადღადესა;
კბილ-მარგალიტი აფრქვევდა
შუქურს მიდამოს და ველსა.
რა თამარ? რაა ქეთევან?
ვით შეგადარო ეთერსა?
ისარს დაუსობ გულს მნახველს,
ხელად გარბოდეს ტყე-ველსა.
ფრანგის ქვეყნები დავაგდე,
მივძარ-მოვძარი ზღვებია,
ვერსად ვერ შევხვდი სიტურფეს,
მაგრეთსა, შენ რომ გხლებია“.
არა თუ დღევანდელი მჯღაბნელი და მათ რიცხვში მე, თქვენი უმორჩილესი მონა, თვით რუსთაველიც კი მოაწერდა შეურცხვენელად ხელს. - და ამგვარი მარგალიტი იშვიათი არ არის ზეპირსიტყვაობაში; თვით იმ ია კარგარეთელის შეგროვილ ზეპირ-სიტყვაობაში არიან არა ნაკლები ამ ახლად წაკითხულ ლექსზედ. მაგალითად: ქალიშვილი ეუბნება დედას; დედავ, არ გავთხოვდები და არ გავუწევ უღელს მისთანა ქმარს, რომელსა ესა და ეს ღირსება არ ექნებაო. ჩამოთვლილი აქვს ყველა ღირსება და ყველაში ეროვნული მოთხოვნილება იხატება. დღეს კი ქართველი ქალის სანატრელი ღირსება და იდეალი რა არის? უცხო ენაზე მშვენიერი გამოთქმა და კილო, მოხდენილი მიხვრა-მოხვრა, ცეკვა, სიმღერა და ფული... აი დღევანდელი სურვილი-მისწრაფება. რომ შევადაროთ ძველი ქალები ახლებს..... მაგრამ, როცა სახლს ცეცხლი ეკიდება, რა დროს „ალილოა“! და გადავიდეთ ზეპირსიტყვაობაზე: ის ტაძრები და ციხე-დარბაზები, რომელთა ნაშთ-ნანგრევები დღეს ასე მგლოვიარედ გადმოგვყუ-რებენ, განახლებულად დარჩენილან ზეპირსიტყვაობაში... ზეპირსიტყვაობა არის სარკე ჩვენის წარსულის როგორც ხორციელის, ისე სულიერის ცხოვრების. - ის არის მალამო სულის ჩამდგმელი დღეს მომაკვდავის!.. იმისი დაკარგვა, დავიწყება, ჩვენი სიკვდილია და თუ სიკვდილი არ გვინდა, უნდა მალე მივეშველოთ და მოვაგროვოთ. თუ გავცხრილავთ, ბევრს მარგალიტს შევიძენთ საშვილიშვილოდ ხელიხელ საგოგმანებელს. - ამას მხოლოდ სურვილი და მონდომება ეჭირვება, სხვა არაფერი… უქონლობით თავს ვერ გავიმართლებთ.
თითო-ოროლა გროშის გამოღება ჩვენ ვერას დაგვაკლებს. ყველა ცოტ-ცოტას გამოიღებს, არა უმეტეს ერთი მანეთისა და ბევრ ცოტასაგან შესდგება ისეთი დიდი რამ, რომელიც საკმაო იქნება, რომ სული ჩაგვიდგას და სამარადისოდ ჰყოს ქართველის სახსენებელი. ვიმეორებ: ამას მხოლოდ სურვილი უნდა, სურვილი, რომელიც დღეს მიძინებულია ჩვენში, და გამოღვიძება უნდა, და პირველად თქვენ გვიჩვენეთ მაგალითი!..
(თემი, 1913 წ., №118)
რედაქტორის შენიშვნები
მოხსენება წაკითხული ს. აბაშელის საღამოზე
1. ხელნაწერი ამ მოხსენებისა დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელ. საქ. სახ. მუზეუმში, H-1502, ფურც. 2r - 8r.
დაიბეჭდა გაზ. „თემში“, 1913 წ., 8 აპრილის №118-ში.
აკაკიმ ეს მოხსენება წაიკითხა პოეტ ალ. აბაშელის საღამოზე, 1913 წლის 30 მარტს.
2. აკაკი შემცდარ მოსაზრებას გამოსთქვამს ქართული დამწერლობის ისტორიაზე. ამჟამად ქართველ მეცნიერებს უკვე გამორკვეული აქვთ ისტორია ქართული ანბანის წარმოშობა-განვითარებისა. საბოლოოდ დადგენილია, რომ ქართული დამწერლობისათვის თავდაპირველად ე.წ. ხუცური ანბანი იყო გამოყენებული, ხოლო მე-11 საუკუნიდან ხუცურისაგან განვითარდა და დამუშავდა ე. წ. მხედრული, რომელმაც მე-12 საკუნიდან უკვე ფართო გავრცელება ჰპოვა საქართველოში.
3. აკაკი აქაც კვლავ იმეორებს თავის ამოჩემებულ შეხედულებას ძველ საქართველოში ბატონყმობის ჰუმანური ხასიათის შესახებ, რომელიც თითქოს მხოლოდ მე-19 საუკუნეში იქნა შეცვლილი გარეშე პოლიტიკური პირობების გავლენით.
4. რაფაელ სანციო (1483-1520) - რენესანსის ეპოქის უდიდესი იტალიელი მხატვარი. პოეტი თავის ღრმა პატივისცემას ამ გენიოსი მხატვრისადმი გამოსთქვამს სხვა სტატიებშიც (იხ. „აკაკის კრებული“, 1898 წ., №9; „ივერია“, 1901 წ., №168; „თემი“, 1911 წ., №41).
![]() |
5 ეთნოგრაფიული წერილები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 მოთქმით ტირილი |
▲ზევით დაბრუნება |
სხვა საჩინო ჩვეულებებთან ჩვენს ძველებს ერთიც ეს ჰქონდათ, რომ მკვდარს „გადასახურავს“ უძღვნიდენ და მოთქმით იტირებდენ ხოლმე; სულ რომ შეუძლებელიც ყოფილიყო ჭირისუფალი და ხელათ არა დასწრებოდა-რა, მაინც იმდენი შეუვიდოდა ჩვეულებისამებრ „გადასახურავი“ თუ პურ-ღვინით, თუ ხორაგად, თუ ფულად, რომ მკვდარს სახელოვანად დაუმარხავდა და კიდევ ბევრი სხვაც დარჩებოდა, რომ მღვდელი, მონოზნები და გლახები გაესტუმრებია მიცვალებულის სულის საოხებლად. მოთქმით ტირილს შესხმითი ხასიათი ჰქონდა: თითო-თითოდ მივიდოდენ მიცვალებულის ნათესავებ-მცნობები და რაც კარგი იცოდენ მისგან სიცოცხლეში ჩადენილი, ქებად ეტყოდენ; ვისაც რა ახსოვდა, ვინც რა იცოდა და რაც ენახა, სახალხოდ აღიარებდა მკვდრის წინ მიცვალებულის სადიდებლად. ნუ დავივიწყებთ, რომ მკვდარის კუბოზედ ტყუილის თქმა ცოდვად მიაჩნდათ და მოთვლიდენ მხოლოდ სიმართლეს: მოიხსენიებდენ მიცვალებულის ვაჟკაცობას, სტუმართმოყვარეობას, და ყოველგვარს ქველმოქმედებას, თუმცა ამგვარი შესხმა მკვდარს პირადად ვეღარას არგებდა, მაგრამ ჭირისუფლების, ნათესავების გულს ასიამოვნებდა და მასთან მაყურებელი ხალხიც იგულისხმებდა, რომ ოდესმე მათი სიცოცხლეში ნამოქმედარიც იქნებიან ისევე სახალხოდ მოხსენებულიო; ყველა გრძნობდა, რომ რასაც სიცოცხლეში კარგ საქმეს ჩაიდენდენ, კუბოზედ მოუხსენებდენ და სახალხოდ გამოააშკარავებდენ - ე.ი. წაიკითხავდენ დავთარს მის კარგ კაცობისას. ეს ჩვეულება საქართველოში არის შემოტანილი უხსოვარის დროიდან. ჰომერის თხზულებაში „ილი-ადაში“ რომ წაიკითხოთ, ტროადის დარღვევის დროს თუ როგორ მოთქმით სტირიან ჰექტორს და მოზარეებით, ასე გეგონებათ, ეს სწორედ ჩვენი საქართველოს მოთქმის ტირილიაო. მართლა, რომ არავითარი განსხვავება არ არის. დიახ, ძველად ეს ჩვეულება სწორედ რომ ჰაზრიანი და მოსაწონი ყოფილა ჩვენში, საჭიროება ყოფილა მოთქმით ტირილში, მაგრამ დღეს კი აღარაფერია. როგორც სხვა ჩვეულებაებმა, ისე ამანაც დაჰკარგა დღეს თავისი ხასიათი. დღეს ამ მოთქმით ტირილის მხოლოდ გარეგანს ფორმასა ვხედავთ ჩვენში, შინაარსი კი სულ სხვაა: დღეს მოთქმით ტირილი პირდაპირი შეურაცხყოფა და გაკიცხვა არის მიცვალებულისა! რადგანაც მართალი ღირსება ახლანდელ ქართველს აღარ მიუძღვის საიქიოს, ამისათვის მომტირლები ტყუილს შესხმებს იგონებენ, აქტიორობენ ტირილის დროს და ამგვარად ოდესმე ჩინებული და ჰაზრიანი მოთქმითი ტირილის ლიტანია დღეს მასხარობად გადაქცეულა. და მართლაც, რა ღირსება უნდა ჩამოვთვალოთ დღევანდელი მიცვალებულის კუბოზედ? სამხედრო ღვაწლი არა აქვს-რა, რადგანაც რაინდობისა და მეომრობის დრო გაუქრა; სამოქალაქო ღვაწლი არა მიუძღვის-რა, და უამისოდ ცხოვრება რა საქებია? მე დავესწარ ერთს ტირილს, რომელმაც მეტად გამაკვირვა; მიცვალებული ჩინზე ყოფილიყო წარდგენილი, მაგრამ სიკვდილს მოესწრო და როგორც დედ-მამა, ისე ყველა მომტირლები, თავზედ დასძახოდენ: „ნეტავი ჯერ ჩინი მაინც მიგეღო, იმას მოსწრებოდი, და მერ მომკვდარიყავიო!“ ან აბა, რა ეთქვათ, რომ სხვა ღირსება არა მიუძღვოდა-რა ამ საბრალოს?!.. მოვიყვან რამდენსამე მაგალითს, თუ როგორია დღეს იმერეთში მოთქმით ტირილი. ერთის გამოჩენილის გვარის ახალგაზდა კაცის ტირილი ჰქონდათ, სრულის და შესაფერის ცერემონიით. სხვათა შორის, მოვიდა ერთი მომტირალიც, რომელსაც მოთქმით ტირილში დიდი სახელი ჰქონდა და ისიც აფასებდა ამ ღირსებას და ისე მოსწონდა თავი, რომ ვაგლახად უბრალო მომტირლებში არ გამოერეოდა ხოლმე. ახლაც, როდესაც ყველამ გაათავა ტირილი და სულ ყველანი მისხდნენ კედლებთან, იმან მოინდომა გამოჩენილად ტირილი, ბრძანა: „როცა მოთქმას დავიწყებ, ზარი ნუღარ იქნებაო“, და სთხოვა იქვე ორ სანდო კაცს, რომ მომყევით, როგორც რიგია კუბოსთან, მაგრამ სანამ თმებში არ ვიტაცო, თავზედ არ წავიშინო და წვერ-ულვაშებზედ არ წავივლო ხელები, ხელს ნუ მომკიდებთ და მაშინ კი გამაკავეთ, რაც არ უნდა გეხვეწოთ, ნუ გამიშვებთო“ ჯერ ყოველიფერი მის სურვილისამებრ „აასრულეს: დააყენეს ზარი. გაჩუმდა ყოველი კაცი და იმას დაუწყეს ყურება, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ბუზის ფრენას გაიგებს კაციო, გეგონებოდათ, წარსდგა გამოჩენილი მომტირალი კუბოს წინ და მოჰყვა აქტიორულად შემდეგს: „გამარჯობა შენი, ყმაწვილო კაცო!.. მაგრამ ეს რასა ჰგავს? ეს რა შენი საკადრისია, რომ სახლი სტუმრებით აგმსებია და შენ კი ურცხვად წამოპლაკულხარ (როდესაც თვითო ჰაზრს გაათავებდა ხოლმე, ხალხი ქვითქვითებდა). არა გრცხვენიან, რომ მცონარეობისათვის მიგიცია თავი?! ჭეშმარიტად, რომ ახირებული კაცი ხარ! როგორ არ იცი, რომ დედისერთა ხარ, ოჯახში შენის მეტი არავინ არის და მომჭირნეობა გმართებს? ძილი და ნებივრობა რა შენი საკადრისია? ვერა ხედავ სამხრობა წამოსულია?!. მაგრამ ეგება წუხელი ტოლ-ამხანაგებში იქეიფე დიდხანს და დაღალული ხარ? ან ეგება მომეტებული ღვინო დალიე, გაცივდი და ზედ სურდო დაგერთო? ქვე რა ვუყოთ მერე!.. აი, შე გლახავ, სურდომ როგორ შეგაშინა? აბა მაჯა მაჩვენე! (უსინჯავს მაჯას) აჰ! ეს რა ამბავია?.. გაცივებულა?.. ვაი ამ ჩემს თავს! გულშემოყრილია?“... ამ დროს მიცვალებულის დედამ მიატირა: „მომიკვდა, რატომ არ დამქოლავთო? “ - „როგორ თუ მოკვდაო? - დაიყვირა ჩვენმა მომტირალმა, შეხტა და შეტრიალდა, გაცხარდა, მაგრამ რანაირად? რომ ჩაავლეს იქით-აქეთ ხელები მიმყოლებმა, ძლივს იმაგრებდენ დაჩოქებულს. ბოლოს მიმყოლებმა ერთმანეთს თვალი უქნიეს და უშვეს ხელები. მისთანა თქვენს მტერს, მომტირალს დღე დაადგა: თავისთავად ვერ წამოდგებოდა, მიმყოლები ხელს აღარ ჰკიდებდენ. იტყაპუნა თავში ხელი, სანამ არ გაუჭირდა და ბოლოს ანიშნა სხვებს, რომ აეყენებინათ, მაგრამ ხმა არავინ გასცა. რაღა უნდა ექნა? ხედვიდა, რომ სირცხვილი სჭამა და რომ განთქმული მომტირალის სახელიც დაეკარგებოდა, თუ ერთი რამ არ მოეხერხებინა, - უეცრად გაიხედა იქითკენ, სადაც კედელთან მიცვალებულის დედა იჯდა, დაინახა და მიაყვირა: - როგორ? შენ კიდევ ცოცხალი ხარ და თავი არ მოგიკლავს? მაშ მე დამაცადეთ და მე მოგკლავ! მომეცით ერთი ქვა?.. (კაცმა ხმა არ გასცა). თქვე ურჯულოებო, რა გაგიჭირდათ ერთი ქვა! მე თვითონ მოვიტან, თუ მაგრეა!“ - სთქვა და გავარდა გარეთ, რომ ქვა შემოიტანოს! ყველას ეგონა, თუ მართლა ქვის საძებრად წავიდა და შემობრუნდება, ქვას შემო-იტანსო; ზოგს კიდეც შეეშინდა; მაგრამ იმას ქვის ჯავრი არა ჰქონდა თურმე უნდოდა, სირცხვილში ჩავარდნილს თავი როგორმე გამოეხსნა და მართლადაც, გარეთ რომ გავიდა, იქ ღობეზედ ჯორი ჰყავდა მიბმული, იმას მოაჯდა და გაუტია შინისკენ. ამ შემთხვევამ მომტირლებში და ჭირისუფლებში ერთპირი სიცილი ასტეხა და ზოგს, მგონი, ისტერიკაც კი მოუვიდათ. მეორე შემთხვევა: ჭირისუფალთან მივიდა ერთი მომტირალი ქალი, მოუჩოქა და მიუტირა. თურმე ამ ორ ქალს ადრე ერთმანეთში ქიშპი ჰქონიათ. მაგრამ ახლა სადღა ეცლებოდათ საქიშპოდ. სხვათა შორის მომტირებელმა უთხრა: „შე საბრალო, უბედურო დედავ, როგორღა ხარ ცოცხალი ამ შვილის დამკარგავიო?“ ეს ეწყინა მიცვალებულის დედას და უპასუხა ანჩხლობით: - „შენ ოთხი შვილი მოგიკვდა, მაგრამ ჯერაც ცოცხალი ხარ?“ - „კი მაგრამო, მიუგო მიმტირებელმა, მე კიდევ სხვაც დამრჩა ოთხიო და შენ კი, უბედურო, ერთის მეტი არა გყოლია-რა და ისიც დაჰკარგეო!“.. ამის გამგონე დედა აენთო: „შენ შანის მოსაგებად მოხვედი, შე უნამუსოო“, და სტაცა თმებში ხელი. მიმტირებელმა უპასუხა იმგვარათვე, ჩააფრინდენ ერთმანეთს და იმდენი ჰქინჩეს, რაც შესძლეს, და სანამ თვით არ დაიძახეს: „გვიშველეთო!“, ყველას ეგონა, თუ სიმწარითა და მწუხარებით მოსდითო და ხმას არ სცემდენ... მესამე შემთხვევა: ერთი მომტირალი მიადგა კუბოს და დაიწყო ყვირილი: „მიცვალებულო, გაიწი, ერთი მეც მომეცი შენთან ბინა მაგ კუბოშიო!“ იმდენი იყვირა, რომ ერთი მაყურებელთაგანი მოთმინებიდგან გამოიყვანა და ათქმევინა: „შე კაცო, რას ჩაციებიხარ, რას აწუხებ მაგ მკვდარს? ოღონდ შენ კი მოკვდი და კუბოს სხვას გიშოვითო“. წარმოიდგინეთ თუ რა სიცილი იქნებოდა იმ დროს ჭირისუფლებში?!. ძვირად მოხდება იმისთანა ტირილი, რომ ამგვარი სასა-ცილო და სამასხარაო არა მოხდეს-რა! ერთის სიტყვით, დღევანდელი მოთქმით ტირილი მკვდარის გაკიცხვა და შეურაცხყოფა არის და ამისათვის ძალიან კარგს ინებებენ ჭირისუფლები, რომ მოსპონ ეს ჩვეულება. იტიროს იმან, ვისაც მართლა გულით ეტირება, თორემ შემოწეული ცრემლები, თავის მაგივრად გაგზავნილი მომტირალი და აქტიორულად თქმა რა საკადრისია.
(დროება, 1875 წ., №85)
![]() |
5.2 განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
(ფეხთა ბანა)
გათენდა დიდი ხუთშაბათი. ხანგამოშვებულმა ზარის რეკამ აუწყა ქუთაისელებს: მღვდელმთავარი ბრძანდება დღეს მწირველიო. დიდი და პატარა ყველა მიეშურებოდა გორასაკენ, საიდანაც ბაგრატის ტაძრის ნაშთები მწუხარედ გადაჰყურებენ არემარეს. მის გვერდით მერცხლის ბუდესავით მიდგმული და უგემურად აგებული ახალი საყდარი მლოცველებით აივსო: ტევა რომ აღარსად იყო, გალავანიც ხალხით გაიჭედა. - ზარების დახშირებულმა რეკამ სადგურიდან გამოიწვია მღვდელმთავარი და ისიც გამობრძანდა. აიაზმითა და საკმელ-საცეცხლურით მიეგება კრებული, ორის მხრით მგალობლები წამოუძღვენ ეკლესიისაკენ. ერთს გუნდს იმერლები შეადგენდენ: ოქროპირ კანდელაკი, გოგინა შათაძე და სინო კანდელაკი, მეორეს - სტუმარი გურულები: დათა გუგუნავა, ყარამან თავდგირიძე და ანტონ დუმბაძე. კანდელაკური სადა გალობა იყო და გურული კი კრიმანჭული. ხალხი გაიტაცა მათმა გალობამ, მაგრამ ორ მხარედ კი გაიყო: ერთს გურულები უფრო მოწონდა და მეორეს კი იმერლები. ახალგაზდები უფრო გურულებისკენ იყვენ.
- არა! - ამბობდენ მოხუცებულები. - სად კანდელაკური და სად გურული კრიმანჭული. მართალია ესენი დაბერდენ, ხმა დაუპატარავდათ და ისინი კი ახალგაზდები, ხმაძლიერი არიან და კილოზედაც ამბობენ, მაგრამ... მაგრამ მაინც სულ სხვა არის!
დუმბაძის ბანი ათს ჩაყლაპავს სინოს ბანისთანას, მაგრამ სინო რომ დაუკვერავს და გადააჭედ-გადმოჭედს ხმა-ტკბილებით, იმას ვეღარა შეედრება-რა. მე მაშინ გარჩევა არ შემეძლო და ორივე გუნდს თანასწორად ყურს ვუგდებდი. მანამდე ბევრი კარგი სიმღერა გამეგონა, მაგრამ იმ გალობისთანა არა მსმენია-რა! მეგონა, თუ ის ხმები მაღლა ციდან ჩამოდიოდენ, რომ დაბლა ქვეყანა დაეტკბოთ. - შებძანდა მღვდელ-მთავარი ტაძარში და ჩამოჯდა ტახტზე, დიაკვნებმა ლანგრებით მიართვეს შესამოსელი. ორი მთავარდიაკვანი წადგა წინ საცეცხლურის კმევით. - ერთი დაიძახებდა: „უფლისა მიმართ ვილოცოთ!“ და მეორე, არხიდიაკონი ჯანელიძე. გრგვინავდა შესხმით: „შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შვენიერებათა შენითაო!“ და სხვანი...
შეიმოსა მღვდელმთავარი. დაიწყო წირვა და ჩვეულებრივად გათავდა. თუ იმ დღის ლიტანიობის პირველი საფეხური მგალობლები იყვენ, გვირგვინიც ჯანელიძის კითხვა იყო; იმ დროში მისთანა არხიდიაკონი საქართველოში არსად მოიპოებოდა: მისი ბრძმედში გატარებული მგმინავი ხმა და მწარ-ტკბილი კილო სახარების კითხვის დროს ყველას ერთნაირად ჰხიბლავდა. შეუდგენ ფეხთა ბანას: გამოვიდენ საკურთხევლიდან მღვდლები, ჩამოჯდენ, ჩამოემწკრივენ მწყობრად და გაიხადეს ფეხს; მათი სახის გამომეტყველება ამტკიცებდა, რომ ისინი საღმრთო გულისთქმით იყვნენ გამსჭვალული და მოციქულებად თავი ემცირებოდათ. მივიდა მათთან მღვდელმთავარი და სიმდაბლით მოიყარა მუხლი მათ წინ.
ეკლესიაში საოცარი სიჩუმე იყო, მლოცველების გულის ბგერაც ისმოდა. გამოიტანა ჯანელიძემ სახარება და გადაშალა საკანანახოდ. დაიწყო. ხმა უთრთოდა, თითქო ცრემლებსა ჰყლაპავსო. თითოეულ სიტყვას გალობით ამბობდა რაღაც ამჟრჟოლის კილოთი, „და მოიღო წყალი იგი და დაასხა საბანელსა მას!“ - თქვა და ხალხს ჟრუანტელმა დაუარა. მღვდელმთავარმა აასრულა კანანახი. „და დაიწყო ბანად ფეხთა და წარხოცდა არდაგითა მათ!“ - განაგრძო მეკანანახემ. ესეც შეასრულა დიდებულ მოძღვრის მოადგილემ. ჯერი მიდგა პეტრეზე, რომელსაც სვიმონ არხი-მანდრიტი ადგენდა. მისი სახე სწორედ წმინდა მოწამის სახეს მოაგონებდა კაცს. როდესაც შემკრთალი, შეშინებული წამოდგა და, ვითარცა უღირსმა, ურჩობით ჰკითხა ათრთოლებულის ხმით: „უფალო, შენ დამბანა?“ ხალხმა მეტი ვეღარ აიტანა და საქალებოდან მოისმა უეცარი ქვითინი!.. ქალები ტიროდენ!.. კაცები კი გაქვავე-ბულსავით იდგენ და გაფითრებულ ლოყებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდიოდათ. მეც გული ამომიჯდა: მამამ მომკიდა ხელი და გამომიყვანა გარეთ. მღვდელმთავარმა აკურთხა ერი და ისიც ნელ-ნელა დაიშალა, წავიდ-წამოვიდენ თავ-თავის სახლისაკენ. ყველა მოხიბლული იყო, ყველა გამსჭვალული. თვალწინ დიდებული სახე ეხატებოდათ და ყურში ჯანელიძის ხმა ჰქონდათ ჩარჩენილი.
მას აქეთ ბევრი რამ მინახავს. ბევრი ხმატკბილი და ხმაშეწყობილი რამ გამიგონია, მაგრამ რაც მაშინ ვიგრძენი, მისი მსგავსი არა მინახავს-რა დიდი ხანი არ არის, რაც ერთხელ კიდევ დავესწარი ფეხთა ბანას, მაგრამ ყოლიფერი მესხვაფერა. გალობა მეუცხოვა: ყურს ესმოდა, მაგრამ გულამდე კი ვერ ხვდებოდა. სახარების მკითხველი უცხოგვარად ბობღინობდა და კილოც სხვაგვარი ჰქონდა. მიმოვიხედე და რა შევნიშნე? ხალხი თითქოს იძულებული გრძნობით იყო გატაცებული და არა სასოებით გამსჭვალული. მომაგონდა ის ძველი, სიყმაწვილის ამბავი და ცრემლები გადმომცვინდა!..
ნუ თუ საკუთრად ჩემი ბრალია, რომ გრძნობა დამჩლუნგებია და გული ვეღარ ნეტარობს? ვეკითხებოდი თავს და პასუხს არავინ მაძლევდა. მხოლოდ ამ მოკლე ხანში შემთხვევით გავიგონე კარგარეთელის სახარების კითხვა და უნებურად შევკრთი, გული ამითამაშდა!.. მისმა კილომ მომაგონა ჯანელიძის კილო, თუმცა ისე, როგორც აჩრდილმა ნამდვილი, მომაგონა და კიდეც მივხვდი, რომ მეტყველების კილოში ყოფილა იმისთანა ძალა, რომელიც არც სხვისი ენით გამოითქმის და არც კალმით აიწერება!.. იმისი მხოლოდ გრძნობა შეიძლება და ვაი იმ ხალხს, რომელსაც ის გრძნობის საუნჯე, ის კილო დაეკარგება.
(კვალი, 1894 წ., №28)
![]() |
5.3 სოფ. სხვიტორი |
▲ზევით დაბრუნება |
(შორაპნის მაზრა)
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე. სულ 80 მოსახლეა. ანუ კომლი. მათ რიცხვში რამდენიმე ოჯახი თავადი წერეთლებია. ეს წერეთლები განთქმული ვაჟკაცის დავით წერეთლის ნაშიერი არიან. ქველ წერეთელს, საზოგადოდ ყველა თავად წერეთლების წინაპარს, ორი შვილი ჰყავდა: დავით და პაპუნა. პაპუნა ბერად იყო შესული ღვიმევის მონასტერში. დავითი უშვილოდ ბერდებოდა და იმ მოსაზრებით, რომ საწერეთლო უპატრონოდ არ დარჩენილიყო, გამოიყვანა მონასტრიდან ძმა და ცოლი შერთო. მისი ჩამომავალი დღეს თხუთმეტ ოჯახად არის. დავით წერეთელი შესანიშნავი რაინდი იყო და მისი ხმალი მთელ საქართველოში განთქმული. ხელჩართულ ომში რომელ მხარისაკენაც მიმართავდა, გაიტანდა. გადმონაცემია: ღვინო თავის დღეში არ დაუ-ლევია, მაგრამ სისხლი კი ათრობდა და ომში მიუკარებელი რამ იყოო. მხოლოდ ერთხელ კი გაქცევია ომს. ეს მაშინ იყო, როცა ქართლისა და იმერეთის მეფე შეეტაკენ. მეფემ თურმე ჰკითხა გაქცევის მიზეზი და მანაც საჯაროდ უპასუხა: „შიშმა გამაქცია, საოცარი რამ ჩვენება ვნახეო: დედა-ჩემს ჩემი ძმა მარჯვენა ძუძუსა ჭრიდა და მეც მიწვევდა, რომ მარცხენა მომეჭრაო!“ ამ სიტყვამ ისე გამოაფხიზლა იმერეთის მეფე, რომ ქართლის მეფეს მოციქულები მიუგზავნა, - გავრიგდეთო! სიბერის დროს დაქვრივდა, შეირთო მეორე ცოლი და მიეცა ვაჟი გიორგი. ეს გიორგი მისთანა ვაჟკაცი ვერ ყოფილა, მაგრამ ღონე კი საოცარი ჰქონია. ერთხელ თურმე მთაში მიდიოდა, დიდი თოვლი იყო და ვიწრო ნაკვალევში ჩამდგარიყო, გადახვევა არც იქით შეიძლებოდა და არც აქეთ. წინ დაჭრილი ტახი შემოეფეთა და რომ სხვა ვეღარა მოასწრო-რა, ნაბადი ამოსდვა და თავზე გადაივლო. პირდაპირი, გაუდრეკელი კაცი ყოფილა და მიტომაც დაურქმევიათ ხარ-გიორგი. ორჯერ დაქვრივდა, და უშვილოდ რომ არ გადასულიყო, მამა-მისისა არ იყოს, იმანაც სიბერეში შეირთო ერისთვის ქალი და მიეცა ორი ვაჟი: სვიმონი და როსტომ. ეს სვიმონი მეფის სახლთუხუცესი იყო და სიბერის დროს მოესწრო უკანასკნელ მეფეს და დიდი სამსახურიც გაუწია: გადაჰყვა სპარსეთში და სანამ არ დაასაფლავა ტრაპიზონში აღარ დაბრუნებულა. მისი თანამედროვე იყო მეორე სვიმონ წერეთელიც, სახუციშვილი. ერთი მათგანი საოცარი თვალადი ყოფილა და მეორე კი ტანადი და ამიტომაც დიდი მეფე სოლომონი ხშირად. თურმე იტყოდა ხოლმე: „ერთის თავი რომ მეორის ტანს დაადგა, მაშინ ჩემი სამეფო საკვირველების მხარე იქნებოდაო!“
სვიმონ მეღვინეთ ხუციშვილი უკეთეს ცხენოსნად ითვლებოდა იმ დროში, და ყოველთვის, როცა ჯირითი თავდებოდა და საერთო ცხენის ჭენებაზე გადიოდენ, ეს თურმე ისეთ თხრილზე გადაახტუნებდა ხოლმე ცხენს, რომ ყველას უკვირდა. ერთხელ ალექსანდრე ბატონიშვილმა, დიდი სოლომონის შვილმა, უხუმრა: გააძრახა მხლებლები და საიდუმლოდ ცხენს თვალები გაუფუჭა. ჩვეულებრივად რომ გააჭენა ცხენი სვიმონმა და უნდოდა თხრილზე გეეხტუნებია, ცხენი თხრილში ჩაუვარდა და თვითონ კი გაღმა ნაპირზე გახტა. ალბათო, ამბობდენ ზოგიერთები, მეჯინიბემ უთხრა და ისიც მომზადებული იყო, რომ თან არ ჩაჰყვა ცხენსაო!.. მეფე სოლომონს ეწყინა ეს ხუმრობა, გაუჯავრდა მემკვიდრეს და სვიმონს წირქვალში დიდძალი ყმა და მამული აჩუქა! სვიმონმა მადლი მოახსენა, მაგრამ სიხარული კი მაინც არ დაუმჩნევია!.. აქ დიდი არა არის-რაო, მაგრამ ის ჩემი ბედაური ერთადერთი იყოო, - იტყოდა ხოლმე ხშირად მეგობრებში. ამ სვიმონის და როსტომის შვილიშვილები არიან დღევანდელი სხვიტორში მოსახლე წერეთლები. იქვე სახლობენ აზნაურებიც, - გვარათ ცქიტიშვილები და მაჭავარიანები, მაგრამ ესენი ბოლოს დროს არიან გადმოსახლებული, აქაური მკვიდრნი არ არიან მკვიდრი გლეხები, დიდი ხნიდან გადმოსახლებული კირვალიძეები, რაჭიდან გადმოსულან და ისევ ისე იციან „ბოსლობა“*, როგორც რაჭაში; გოშაძეები, რომელთაც ბატონყმობის დროს მარტო ხაბაზობა ემართათ, მოსიაშვილები, არჩუაძეები, მაჭარიშვილები, მწვანელებად წოდებულნი, ომიაძეები, ლურსმანიშვილები და ზაბახიძეები. ერთი ამ გვარიშვილ-თაგანი ნინიკა ზაბახიძე მოდინახეში მეციხოვნედ იყო, როდესაც აბაშიძის ქალმა, ქაიხოსრო წერეთლის ცოლმა, რუსების საწინააღმდეგოდ ციხე გაამაგრა. სხვიტორ-შივეა ჩამოსახლებული სარალიძე და ბერძენი კაპანაძე.
სხვიტორს ორი მთა აკრავს, გონჯიხევ-კვერეთი და საფალავნიშვილო, რომელიც რაჭამდე უწევს. შუაში ჩამოუდის მდინარე ჩიხურა და შიგ ერთვიან პატარ-პატარა მთის მდინარეები: გონჯურა, კვერეთულა, სკინავა, დიდი ღელე, საბუე და სხვ. ესენი ყველა, გარდა გონჯურისა, საკალმახეა.
ჩიხურის თევზებია: კალმახი, წვერა, ტობი, ქაშაპი, ნაფოტა, ღორჯო, ჩხამა და გველენა.
ადგილობრივი ხეები: მუხა, წიფელა, ცაცხვი, თელა, რცხილა, კოპიტი, მეკენჩხალა, ლეკი, არყა, ვერხვა, სოჭი, წაბლი, ნიგოზი, თხილი, შინდი, სხმარტლი, დათვი-მსხალა, კვინება, ცხევლა, ძელქვა, კატნა, ტირიფი, თხმელა. ბარათ: ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლ-ატამი, ჭერამი, ბია, ქლიავი, უნაბი, ბალი, ალუბალი, ალუჩა, ტყემალი, ბროწოული, კუნელა, ლეღვი, ჯახველა, ღოღნაშო.
ადგილობრივი მხეც-ნადირი: დათვი, მგელი, მელა, მაჩვი, გარეული კატა, შველი, არჩვი, კურდღელი; ადრე ფოცხვერი, გარეული ღორი, ირემი და ჯიხვიც ბევრი ყოფილა, თრია, კვერნა, წავი.
ადგილობრივი ფრინველები: ქორი, ძერა, ყვავი, ყორანი, შევარდენი, ალალი, მარჯა-ნი, იშვიათად ტრედი, გვრიტი, მიმინო, კოდარა, შაშვი, ჩხართვი, წყლის შაშვი, წყლის კივტი, ბულბული, იგივე შემოდგომის ყარანა, მესკია, გულწითელა, გულყვითელა, ბეღურა, სკვინჩა, მწყერჩიტა, ბოლოქანქალა, მთიული ჩიტი, მეკვირტია, ხაჯალია, ჭინჭრაქა.
ღამის ფრინველები: ბუ, ზარნაშო, უფეხუა.
ქვეწარმავალი: გველი, ძლოკვი, ხვლიკი, ფსვენა, ბაყაყი, მუდო, ზღარბი, სინდიოფალა.
ჩირგვები: კაპარი ანუ ჯონჯოლი, შქერი, მოცვი, იელი, ბაბუსაგძალა, ასკილი, ეკალა, მაყვალი.
ყვავილები: ია, ვარდი, ნარგიზი, ფირისულა, კორჩიოტა, შროშანა, ზამბახა, ყვავიფრჩხილა, გვირილა, ყვავიკუდა, ძაღლიენა, ღორიხოკა, ლენცოფა, ქურჩუმელა.
მხალეულობა: ჭინჭარი, ფშალა, ეკალა, მოლოქი, ღვალო, ქალაკოდა, აჯაკელა, ანჩხლი, სვინტრი, ქალშავა, ოლენა, ჯიჯლაყა, ქათანაცარა, სუქანა, ხვართქლა, ჭიკარტულა, ქათმიქონა, ხარივშილა, ფრთაშეჭრილა, ხოხბის საწეწკელა, ძროხაენა, ტაბაკა, ფამფარა, ბორბალა, თიორშა, კატაბარდა.
სოკოები: ნიყვი, მჭადო, ვარყა, მიქლიო, მტრედო, ქამა, სილის სოკო, ქფილიო, წიფლიო, ბაბილო, მწყერიო, ნოშიო, ხახვილო, შავჩოხა, მანძილო, მანჭკვალა, ცხვარიო.
პიმპილა: ქათამ-ბარკალა, წერეწო, ღვინიო, კატამჯღავანა, ხომიჭკო, ძერანა.
უვარგი სოკოები: ჯღავანა, გველისოკო, ბებერა (მეცხომიჭკო).
ხის სოკოები: ტყავლა, მანძილო, ძერანო.
ბუზ-პეპლები: ფუტკარი, ბზიკი, ბუზი, ხარაბუზა, ბოგანო, ხოჭო, მახარობელი, ხატის პეპელი, კორა-ბუზი, კორტიზის ბუზი, წერი, კოღო, ფუმფლა.
შესანიშნავი ნანგრევები ციხე-მონასტრების არსად ჩანს. სხვიტორელებს ჭირისა და ლხინის ჩვეულება საერთო აქვთ საზოგადოდ ყველა ჩვენებურ სოფლებთან. განსხვავებული იყო მხოლოდ „მოტყიერობა“. სულიწმიდის მოფენის დროს დიდძალი ხალხი მოატყდებოდა მაცხოვრის ეკლესიას: გალავანში რომ ვეღარ ეტეოდენ, გარეშემო მიდამოს იჭერდენ. იმათ უნდა წერეთლები გამასპინძლებოდენ იმ დღეს. თვითეული ოჯახი ვალდებული იყო მიეტანა საყდარზე ძროხა მოხარშული, პურები გოდრებით, ღვინო რუმბებით. დიდი, საგანგებო გობები იყო გაკეთებული, რომლებშიაც რამოდენიმე კოკა ჩადიოდა. იმაში ასხამდენ ღვინოს და არავის ნება არა ჰქონდა, რომ იმ დღეს ღვინო ჭურჭლით დაელია, უნდა შემოხვევოდენ რიგისად გარს იმ გობებს, დაეჩოქნათ, დაყრდნობოდენ და ისე წრუპით ესვათ ღვინო. ეს ჩვეულება დიდი ხანი არ არის, რაც გადავარდა. ამ ორმოცი წლის წინათ ერთი კაპიტანი - ტამილოვი მისი როტით დაესწრო ამ დღეობაზე. ხალხმა ისინიც მიიწვია. სალდათებმა მიუჩოქეს გობებს, მაგრამ ზეზე აღარ წამომდგარან. ეს ერთი ხანია „მოტყიერობა“ გადააგდეს და სოფელი იხდის დღეობას მხოლოდ გიორგობას - ოცდასამ აპრილს, მაგრამ ამ თემობასა და დღეობას ადრინდელი ხასიათი აღარ აქვს, გაფუჭებულია ისე, როგორც ყველგან, საზოგადოდ ჩვენში. სხვიტორლები გამრჯელი და მუშა ხალხია და რომ დღევანდელი წესწყობილება ხელს არ უშლიდეს, მდიდრად იქნებოდენ საზოგა-დოდ, რადგანაც მოსავალიც კარგი იცის. მოჰყავთ პური, ქერი, დიკა, ღვინო, სიმინდი, ლობიო და ყოველგვარი ბოსტნეულობა. ბატონყმობის დროს აქაც იყვენ მესტვი-რეები, კარგი მოშაირეები და მეზღაპრეები. დღეს აღარავინ მისდევს ამას და, თუ გაიგონებთ იშვიათად სადმე, იმასაც ახალი დროს შესაფერად გადმოსხვაფერებულს და გაფუჭებულს!..
(აკაკის კრებული, 1897 წ., №1)
___________________
* რომ დადგება ხორციელის ხუთშაბათი საღამოს მოხარშვენ ლობიოს და გამოაცხობენ ხაჭაპურებს; მასთან დააწყობენ ქონს და წაიღებენ მოზრდილი ყმაწვილები ბოსელში, რომლებსაც გარდა ხონჩისა, პატარა ბავშვები ზურგზე ჰყავთ მოკიდებული. აიღებენ ქონს და უსმენ ხარებს ზურგზე ამ სიტყვებით: „ასთე გასუქდითო“. მერე დაჯდებიან და ღვინის სმის დროს გაიძახიან: „ბოსელ-ბოსელ ბუო“. მწყემსი იმ საღამოსვე, ბავშვების თანდასწრებით, ერთ კვერცხს ხარებისკენ შეინახავს ბაგაში და მეორეს ძროხებისაკენ დილით ადგებიან ბავშვები, მინალოც კვერცხებს ამოიღებენ, გადუსვამენ ზურგზე პირუტყვებს და თან ამბობენ: „ასე გარგვალდეს შენი ტანიო“, მიუმატებენ სხვასაც და გააკეთებენ ხაჭაპურს, რომელსაც დილასვე შეჭამენ.
![]() |
5.4 მცირე რამ |
▲ზევით დაბრუნება |
ყოველგვარი ჩვეულება, რაც კი საუკუნოების განმავლობაში კანონიერად შეუსისხლ-ხორცებია ხალხს, - რთულია, და მისი ცალგვერდად შეხება შეცდომაა, ყველაზე უფრო საფრთხილო კი რჯულია, გინდ უგნურებითაც იყოს ის შექერჭრელებული. საერთო ჩვეულებას, როგორც მოვლინებას, ისე გადაკვეთასაც (გადავლინებას) თავისი კანონი აქვს; მათი ხელის შეწყობა ან ხელის შეშლა მხოლოდ ბრძნულ წინდახედულობას შეუძლია და მაშინაც კიდევ დიდი დრო ეჭირვება!.. უცბად სხარტად მისი გამოწვევა ან გაქრობა არც ბრძანებითა და არც ვედრებით არ მოხერხდება. აი მაგალითი: კიევის დიდმა მთავარმა, ვლადიმირ წმინდად წოდებულმა, ბრძანა რუსეთში ქრისტიანობის შემოღება. გაინათლა მისი სამთავრო გარეგნობით, შინაგანად კი ნაკლი იმალებოდა და მე-17 საუკუნეში, როცა ნიკონ პატრიარქმა მოინდომა შერყვნილ სლავიანური საღმრთო წერილის შესწორება, ხალხმა სამიზეზოდ ჩაჰკიდა ხელი მის ბრძნულ განზრახვას და მრავალგვარმა მწვალებლობამ იჩინა თავი, რომელთაც მართლმადიდებლობა დღესაც ებრძვის და ვერას გამხდარა!.. და მართლაც, იქ, სადაც დამჯდარი დარბაისლობა და მოფიქრებაა საჭირო, აჩქარება და აფუც-ფუცება არ გამოდგება. ჩვენ კი, დღევანდელი ქართველები, ძველთაგან დაშთენილ საქვეყნო ზნეჩვეულებას გულგრილად ვეკიდებით და მუდამ აუწონლად, ვნება-სარგებლის გამოურკვევლად, ერთის სიტყვით, ანუ კალმის წვერის გაკვრით უარვყოფთ ხოლმე. ნიკონ პატრიარქისა არ იყოს, ყოვლად სამღვდელო ლეონიდის განკარგულებამ მიცვალებულთა ტირილისა და წესის აგების შესახებ მოულოდნელი უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენში. სჩანს, რომ თვით სამღვდელოებას ვერ გაუგია ბრძნული აზრი იმერეთის ეპისკოპოსისა, რომ ხალხს, მრევლებს, გადასხვაფერებულად ჩასმენია საჭირო ჭეშმარიტება.
ჩვენებურად მოთქმით, ზარით და ასაბიით ტირილის შესახებ ბევრჯელ გამოგვითქვამს ჩვენც ჩვენი აზრი და, რაც კი დროს შეუფერებლად და ფარისევლურ გადაჭარბებად დაგვინახავს, დაგვიგმია!.. თვით ძირეულ ჩვეულების წინააღმდეგი არაოდეს არ ვყოფილვართ; მაგრამ, რაც კი ზედმეტად დაქერწლებია, ის ადრეც დაგვიწუნებია და ახლაც უარვყოფთ. ჩვენებური ტირილი. დღეს თითქმის სასაცილოდ გამხდარი, ძველად კი აუცილებელ საჭიროებისაგან გამოწვეული და ხალხის გრძნობა-გონებაზე დაკანონებული, აი როგორი იყო: „მტრისას და ავისას!“ რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ჭირისუფლებს გარდაც, მისი ნათესავები, მოყვრები, მეგობრები და ნაცნობები მიდიოდენ, რომ გამოეტირათ და საამქვეყნოდ გამოთხოვებოდენ; თანაც გადასახურავი (გადასაბურავი) მიჰქონდათ: პურ-ღვინით, ფულით, თუ სამოსელ-ფარჩეულობით, ვისაც კი რა უფრო ეხერხებოდა. ეს დიახ დიდი დახმარება და ხელის გამართვა იყო ჭირისუფლებისა; მომტირლებს წინ მიუძღვოდენ მოზარეები და ისე გულსაკლავად ჰგალობდენ „ვაი-ვაის“ ხმაზე, რომ ცრემლები უნებურადაც კი მოადგებოდა მსმენელს. მოთქმით ტირილის დროს, „აშვებულ“ ზარს „დააბამდენ“, ე.ი. შესწყვეტ-დენ გალობას, რომ მომტირლის „სათვალავი“ (მისი სიტყვები) არ დაკარგულიყო და გაეგონა ყველას. მოთქმის დროს ყველა იმას იგონებდა და ამბობდა, ვისაც რა ენახა ან გაეგონა მიცვალებულის შესახებ!.. უმოწმებდენ საჯაროდ საგმირო საქმეებს და კარგ კაცობას. ეს ჩვეულება სხვა ქვეყნებშიაც ყოფილა. არ ვიცი, ჩვენ გადმოგვიღია ზარითა და მოთქმით ტირილი ბერძნებისაგან, თუ იმათ გადაუღიათ ჩვენგან, მაგრამ ერთი და იგივე ყოფილა. გადაიკითხეთ „ილიონიანში“ (ილიადაში) ომიროსის ნაამბობი, სადაც ჰექტორის ტირილია... ან დედა რას ეუბნება მოთქმის დროს, ან მამა, ან ცოლი და ან გარეშენი. გეგონებათ, რომ ეს ამბავი ჩვენში მომხდარა, - ქართველები სტირიანო!.. იმ დროს ამგვარი მოთქმა საჭირო იყო, რადგანაც ჟურნალ-გაზეთები არ ყოფილა, და დღეს კი როდესაც მიცვალებულების ბიოგრაფია, ნეკროლოგები და თავგადასავალი იბეჭდება და ორატორები სიტყვებს ამბობენ, რაღა საჭიროა?! და აკი მიტომაც ისპობა ნელ-ნელა ქალაქებში ვინღა სტირის მოთქმით? და თუ გლეხობაში კიდევ მისდევენ, სჩანს, ჯერ კიდევ ყოფილა მოთხოვნილება სოფლებად და შემდეგში იქაც გადავარდება ისე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში.
ამბობენ, მასხრობა გამოდის, რადგანაც ზოგს არ ეტირება, ძალას ატანს თავს, რომ იტიროსო და მოთქმის დროსაც რას როშავს, თვითონაც არ გაეგებაო. მართალია, ზოგი ფეხის აყოლით მოდის სატირალში და ფარისევლობა გამოუდის, მაგრამ ეს სად არ არის? დღევანდელი ჩვენი ორატორები რომ მათგანვე სიცოცხლეში შეურაცხყოფილ და გაკიცხულ მკვდრებს ქებითი სიტყვით იხსენიებენ და ცამდე აჰყავთ, ეს კი ფარისევლობა და სასაცილო მოქმედება არ არის?! წამხედურობა ყველგან არის, - შესაყარი სენია!.. თვით ეკლესიაში განა ყველა გულწრფელად შედის? რასაკვირველია, არა!.. და მაშ უნდა დაიკეტოს საყდრის კარები გაურჩევლად ყველასათვის?! სირცხვილი მათთვის, რომელთაც არ ეტირებათ მიცვალებული და ისე ფარისევლობენ! და ვისაც კი მართლა გული შესტკივა და ტირის, იმათ რად უნდა აეკრძალოთ? ეს ნება-სურვილის საქმეა, სადაც არც რჯულისა და არც კანონის საწინააღმდეგო არა არის-რა. ვიმეორებ, რომ ეს ჩვეულება ხანგრძლივი აღარ არის და თავისთავადაც გადავარდება. ახლა გადავიდეთ ზარის ტირილზე: „ზორვა“ ნიშნავდა ძველად კერპთმსახურობას. „მზორველებად“ იწოდებოდნენ კერპთა მღვდელნი და „ზარი“ ერქვა მსხვერპლის შეწირვის დროს საგალობელს. კერპობის დროს საგალობლები, მაგალითად: „მზეშინა“, „ოდილა“, „ოშავდილა“, „თინა“ და სხვანი ყველა დღემდის დარჩენილა ჩვენ ხალხში, მაგრამ სამლოცველო, საგალობელი ხასიათი დაუკარგავთ და გადაცვლილან საერო საფუნდრუკო სიმღერად. მაშინდელი „ზარიც“, რომელიც დაუტოვებიათ განსაკუთრებით ტირილში სახმარ „სამგლოვიარო“ ხმად, რადგანაც კილო მწუხარების გამომწვეველია და გარემოებასთან შეთანხმებული, დღეს, თუ არ მიყრუებულ სოფლებში და გლეხობაში, სხვაგან აღარსად გაისმის. მისი ადგილი მუსიკამ დაიჭირა. თუ შეძლებულსა და დიდკაცობას უნდა პატივი სცეს თავის მიცვალებულს და მუსიკით დამარხოს, საწყალსა და გლეხსაც აქვს შესაფერი თავმოყვა-რეობა: იმას უნდა თავისი მკვდარი „გააპატიოსნოს“, რომ მტერს არ ათქმევინოს: უპატრონოდ და უპატიურად დაიმარხა მისი მკვდარიო. სცდილობს უკანასკნელი ჭირისუფლობა გაუწიოს შეძლებისდაგვარად და, რადგანაც მუსიკისა და ცერემონიების თავი არა აქვს, მამა-პაპურ ჩვეულებას ეპოტინება: მოზარეები მოჰყავს და ზარით მარხავს. აქ არც სულისა და არც ხორცის სავნებელი არა არის-რა და მაშ რა სარგებელია, რომ აიკრძალოს? არა სჯობია, რომ დროთა ვითარებამ ისევ ისე თავისთავად გადააგდოს, როგორც შემოუღია... ძალადაუტანებლად?! - გვეტყვიან, რომ „აი აღმოსავლეთ საქართველოში არც მოთქმით ტირილი იციან, არც ზარი და არც გადასახურავიო!“ და მერე კარგია ეს? წარსულთან კავშირის გაწყვეტის გარდა, ეს დღევანდელი ამერული ჩვეულება დიდი საზარალო და სამძიმოა ხალხისათვის: მკვდარი მარტო ჭირისუფლებსა და მის საკუთარ ოჯახს აწვება თავზე და იმდენად აღარიბებს და სტეხს, რომ ცოცხლები უფრო შესაბრალისნი ხდებიან მკვდრებზე. იმერეთში კი ასე არ არის: მთელი სოფელი ერთად მონაწილეობას იღებს თვითეულის ჭირსა და ლხინში; რომ ვინმე მოკვდება გლეხობაში, ყოველი გლეხი ვალდებულია ძღვნით ან გადასახურავით მივიდეს, თან მიაქვს: ერთი ცხრა პური, დოქი ღვინო, ერთი დედალი და აბაზი ფულად. ვისაც არც ეს შეუძლია, შრომით იხდის, ხელზე ემსახურება, შეშას მოუტანს, წყალს გაუთბობს და მოვალეობას მაინც შეასრულებს, რომ არ გამოსხლტეს წრეში. ეს ყველაფერი სავალდებულოა, დაკანონებული და მეტ სურვილზეა დამოკიდებული.
ამგვარის ხელისშეწყობით ისე იმარხება მიცვალებული, რომ ჭირისუფლებს არა თუ არა ეხარჯებათ-რა და ვალი არ ატყდებათ თავზე, პირიქით, მღვდლის გასასტუმრებელი და საორმოცო სულის მოსახსენებელი საწირავი რჩებათ ხელში. ეს ასეთი წესი და წყობილებაა, რომ ამაზე უკეთესს ჩვენ დღეს ვეღარას გამოვიგონებთ და ესრე წოდებული „დასამარხი კასა“ შედარებით ამასთან უმნიშვნელო რამეა. და ნუთუ ეს ჩვეულება, ნაცვლად იმისა, რომ საყოველთაოდ შემოვიღოთ, უნდა აიკრძალოს?
აგრეთვე არ მოგვწონს ის განკარგულება, რომ მკვდარს სამ დღეს იქით ნუ გააჩერებთ დაუმარხავსო. ჩვენში უსარგებლოსა და უმოქმედოს არა თუ მკვდარს, ცოცხლებსაც არავინ აყენებს სახლში. ისე გიჟი ვინ იქნება, რომ მკვდარი სახლში ააყროლოს და თავი შეიწუხოს გაუჭირვებლად? მაგრამ მოხდება ხოლმე, რომ ათასში ერთხელ, სამ დღეში ვერ მოასწრონ დამარხვა... ეს მაშინ, როცა ჭირისუფალი შორს არის. ნახევარი იმერეთი გარეთ არის გასული სამუშაოდ, ზოგი სად და ზოგი კიდევ სად. შორს მყოფ ჭირისუფალს უნდა, რომ თავისი მკვდარი ერთხელ კიდევ ნახოს და გამოიტიროს, მაგრამ სამ დღეში ვერ მოასწრო მოსვლა; ვთქვათ, ოთხი ან მეტი დღე დასჭირდა და ნუ თუ ის აღარ უნდა დაიმარხოს ქრისტიანულის წესით, აქაოდა, რატომ გადააცილეს სამ დღესო?.. ახლა გადავიდეთ საკურთხზე. იმისი აკრძალვა და დაშლა პირდაპირი შეცდომაა და ჭირისუფლის გულის დაჩაგვრა. საყვარლის საუკუნოდ დაკარგვა არავის არ უნდა. მკვდარს რომ მიწას მიაბარებს, მაინც კიდევ უნდა, რომ იმასთან კავშირი გაუწყვეტლად დაიჭიროს, გინდ თავის მომატყუებელი და საოცნებოც რომ იყოს ის კავშირი. ამას ჩვენი ხორცშესხმული ბუნება მოითხოვს. უფრო განათლებულ ქვეყნებში, ყოველ რჯულში და ყოველ ერში, ხშირად ჭირისუფლები თავის კერძს უდგმენ ხოლმე გარდაცვლილ ოჯახის წევრს, თითქოს ის, დიდი ხნის მკვდარი, არ მომკვდარიყოს და მათთანვე იყოს, სხვა ქვეყნებში სასაფლაოები ისე არ არიან ეკალ-ნარისაგან წაღებული, როგორც ჩვენში, წალკოტებად არიან გადაქცეული, აქ არიან ხშირად ჭირისუფლები და დროს ატარებენ, რომ გულიდგან არ განიგდონ თავისი მკვდარი და კავშირი არ გასწყვიტონ; ამით ისინი ნუგეშობენ და გულს იმშვიდებენ.
ჩვენ ხალხს ეს ჩვეულება კიდევ უკეთ მოუწყვია: ყოველ შაბათს მიცვალებულს უგზავნის საკურთხს, რომელსაც ღარიბ-გლეხკაცები სჭამენ და მიცვალებულის სულს შენდობას უგზავნიან. და ნუ თუ ეს იგივე ლოცვა არ არის? აღდგომა დღეს რომ სოფლელები თავთავის მკვდრებს საფლავზე წითელ კვერცხებს უმკვლევენ და „ქრისტე აღსდგას“ ეუბნებიან, ვინ არ იცის, რომ ის კვერცხი საიქიოს არ მიუდის მკვდარს და ვერც აქედგან გაგზავნილ საკურთხს საიქიოს მკვდარი ვერ იგემებს, მაგრამ ამ ოცნებაში ცუდი რა არის? გულწრფელად ნამოქმედარს და ასრულებულს, გინდ მაინც და მაინც დიდი ჭკვიანურიც არ იყოს, ხშირად კეთილი ნაყოფი მოაქვს ხოლმე. ზოგჯერ, სადაც ჭკუა სცდება და სტყუის, იქ გრძნობა მართალია. ნუ დაივიწყებთ, რომ ხალხის ჩვეულება უმეტესად გრძნობის ნაყოფია და მისი ხელის შეხება საადვილო არ არის!.. დიდი დაკვირვება და გამჭრიახობა ეჭირვება.
გავიხსენებთ ერთს მაგალითს: ქართველებს საზოგადოდ ყოველთვის ისეთი შიში და კრძალვა ჰქონდათ ტაძრებისა, რომ არა თუ ეკლესიიდან, საყდრის გალავანშიაც რომ ყრილიყო გინდ თვალ-მარგალიტი, არ გაიტანდა, ბევრგან ნანგრევებში, გაცივებულ საყდრებში, ეყარენ უპატრონოდ ძველად შეწირული ნივთები და ხელს ვერავინ ჰკიდებდა, არა თუ მარტო ქრისტიანები, სხვა რჯულისანიც კი. თვით ქურდები, კაცის მკვლელები და გადავარდნილები (ყაჩაღები), ღამეს თუ გაათევდენ იმ წმინდა ნანგრევებში, თორემ არას გაიტანდენ იქიდგან. ასე ძნელია მისი გატეხა, რაც ხალხს გრძნობა-გონებაში დაუკანონებია. ამ ოცდაათის წლის წინათ „მართლმადიდებლო-ბის“ აღმადგენელმა საზოგადოებამ იფიქრა: რა საჭიროა, რომ ამდენი შეწირული ნივთეულობა: თვალ-მარგალიტი, ბეჭდებ-საყურეები, ვერცხლის აკვნები, მოჭედილი ხმალ-ხანჯალი და სხვანი, უნაყოფოდ აწყვია ეკლესიებში, მაშინ როდესაც თვით ის საყდრები კი ინგრევა და რომ გადავაკეთოთ, საშუალება არსად არის? არ ემჯობინება, რომ ის ნივთები გამოვიტანოთ, საჯაროდ (აუქციონით) გავყიდოთ და ფულად ვაქციოთო? ერთი შეხედვით ეს დიახაც ჭკვიანური მოსაზრებაა, მაგრამ აი რა შედეგი მოჰყვა ამ ჭკვიანობას: ხალხმა რომ ეს ნახა, ჯერ იუცხოვა... მერე იფიქრა: ალბათ საშიში არა ყოფილა-რაო და თანდათან ისე მიეჩვია, რომ დღეს თვით ქრისტიანები სტეხენ და ძარცვენ. ყოველ საყდარს მცველები (ყარაულები) აყენია და ქურდების დასაფრთხობად წამდაუწუმ რეკენ ზარებს. და ადრე რომ ხალხი ზარის რეკაზედ სასოებით პირჯვარს იწერდა, დღეს ისე მიაჩვია ყური ამ სიწმინდეს, როგორც თოფის ხმას. ამ მაგალითს ახსნა აღარ ეჭირვება. განყენებული მოსაზრება, გინდ ჭკვიანურიც იყოს, თუ ხალხის გრძნობა-გონებაზე არ არის გამოჭრილი, უნაყოფოა და ხშირად ვნებაც მოაქვს.
(ივერია, 1901 წ., №161)
![]() |
6 მოგონებანი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 ორი შეხვედრა |
▲ზევით დაბრუნება |
ტფილისში ჩამოვედი 1862 წელს. თუმცა ისე ვიყავი დაღალული, რომ მარტო ერთი ღამის მოსვენება არ კმაროდა გამოსაშუშებლად. მე მაინც მეორე დღესვე ადრე წავედი „ცისკრის“ რედაქტორის სანახავად, რომელსაც პირადად ვერ ვიცნობდი და მიწერ-მოწერით კი დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ის იდგა საკუთარს სახლში ალექსანდრეს ქუჩაში და სტამბაც აქავე ჰქონდა. ერთმა ახალგაზდა ტანმორჩილმა ქალმა გამიღო კარი და ჩემი ვინაობა რომ გაიგო, ნათესაურად შემომცინა და თანაც შესძახა ქმარს:
- ივანე! ივანე! ყმაწვილო, გამოდი ნახე, ვინ გვესტუმრა!
გამოვიდა ერთი შავგვრემანი კარგი თვალ-ტანადი ვაჟკაცი, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ბოლოს ჩემი სახელი რომ ვუთხარი, სიცილით გადამეხვია. ის იყო ივანე კერესელიძე. საკვირველი მწუხარე სახე ჰქონდა. რომ იცინოდა, მაშინაც თითქოს სტირისო, ასე ეგონებოდა კაცს, მაგრამ ეს მოჭმუხვნა-სევდიანობა შვენოდა და სასიამოვნო საყურებელიც იყო. შემიწვია ოთახში. იქ მოხუცებული ქალი დაგვხვდა, ის მისკენ მიბრუნდა და უთხრა:
- დედი, ეს ის არის, რომ დასწერა: „გულს პერანგი დაჰფართხალებსო“. ხომ გახსოვს, აკი ნატრობდი, ნეტავი მაჩვენაო!.. აი, აგისრულდა კიდეც ნატვრა.
- უი, მართლა, შვილო?! - წამოიძახა ბებერმა და გადამეხვია. დამსვეს, შემომისხდენ გარს სამივე ისეთი შეხაფიფებით, თითქოს მათი დიდი ხნის დაკარგული შვილი ვყოფილიყავ და დამიწყეს მუსაიფი.
რედაქტორი მეკითხებოდა, თუ როგორ არიან, რას იქმონენ და რას ამბობენ „ცისკრის“ შესახებ პეტერბურგში სტუდენტებიო? მოხუც დედა-მისს უნდოდა უფრო იმერეთის ამბები შეეტყო და ახალგაზდა ცოლი კი ლექსებზე მესაუბრებოდა. არ ვიცოდი რომელი ერთისთვის უნდა მეგო პასუხი და ცოტა ხანს შემდეგ წასვლა დავაპირე. მაგრამ რედაქტორმა როგორღაც ახირებულად შემომხედა, გაიცინა, ბროლივით კბილები გამოაჩინა, გადააქნია თავი და მითხრა:
- რაო, ყმაწვილო, ეკალმა ხომ არ გიჩხვლიტა? სად მიდიხარ, რომ მიდიხარ? ვაიმე, ვაიმე! შენც სკვინჩაობა გცოდნია? ვინ პოეტი და ვინ ეგა? განა შენ სხვებს უნდა აჰყვე? სკვინჩაობა! აი, ამოვარდეს მაგისი მომგონი!.. მაგრამ, ეგება არ იცი თუ რას ვეძახი სკვინჩაობას? „ვიზიტს“! ერთი სკვინჩა ჩიტი არის, მოუსვენარი, ჯერ ერთ ხეზე შეხტება და დაიძახებს, მერე მეორეზე გადაფრინდება... მერე მესამეზე და ამგვარად სულ ჩამოივლის მთელ ტყეს, ახლანდელი ვიზიტობაც სწორედ ამისთანაა!.. ბიჭო, თუ არაფერი საქმე გაქვს, რად მოდიხარ? და თუ სათქმელი რამა გაქვს, მოიცადე და მითხარი! გიჟივით რად გარბიხარ? არა, მე ქართველი კაცი ვარ და ძალიან მეჯავრება ჩიტირეკიაობა!.. შენ ახლა სად უნდა წახვიდე? სასტუმროში? აბა, კიდეც ეგ სასტუმრო დაგვიყენებს ჩვენ თვალებს! იქ ხომ წყალსაც ვერ იშოვი უყიდლად? ერთი სადილი ერთი თვის ხარჯად დაგიჯდება. მერე, რას გაჭმევენ, იმასაც ხომ ვერ გაიგებ?! შეიძ-ლება მოხრაკული თაგვი მოგიტანონ და შენ კი მწყერი გეგონოს, სჯობია ჩვენთან დარჩე სადილად. კაი მწვადი, კაი ჩიხირთმა, ყველი, წვანილი, ზედ კაი ღვინო, კაი პური და კაი გული...
მე სანამდი დავეთანხმებოდი, იმან ბიჭს დაუძახა. შემოვიდა ერთი პატარა მკვირ-ცხლი ახალგაზდა და გაჩერდა.
- ამას არ იცნობ, ბიჭო, ვინ არის? - ჰკითხა ბატონმა - ეს თქვენი აკაკი არის.
ბიჭმა შემომხედა და გაიღრიჭა:
- არ ვიცოდი, ბატონო, მარა ახლა კი ვიცი! - უპასუხა მარდად.
- ჰო და, მაშ ახლა შენებურად უნდა დატრიალდე. „სტატია“ აწყობილი გაქვს?
- ავაწყვე, ბატონო.
- კეთილი. სამზარეულოში?
- რიგზეა, ბატონო, ყოლიფერი...
- მაშ ახლა გასწი, შვილო, ჩამოუარე ჩვენებს ყველას, დიმიტრის,1 ალექსანდრეს,2 ლავრენტის,3 ერთი სიტყვით, ყველა ჩვენებს! ხომ იცი, შვილო?.. და სთხოვე რომ დღეს სადილად ჩემთან მობძანდენ, გესმის?
ბიჭი შურდულივით გავარდა.
- აი, ეს ბიჭი ხომ ნახე? - განაგრძო ივანემ. - იმერელია, წელიწადიც არ არის ჯერ, რაც გურიიდან ჩამომგვარეს. ანბანი ისწავლა და დღეს პირველი მესტამბეა... ნახავ თუ ცოტა ხანს შემდეგ ლექსების წერაშიაც არ მაჯობოს! ასე ნიჭიერები ხართ, შვილო, იმერლები. - მერე მიუბრუნდა ქალებს: - დიასახლისებო, აბა, თქვენ ახლა სამზარეულოს მიხედეთ და ჩვენ კი აქ ვიქნებითო. - დავრჩით მარტო და ჩამოვაგდეთ საუბა-რი მწერლობაზე. სხვათა შორის მითხრა, რომ შენი უკანასკნელი ლექსი „შამილის სიზმარი“ ძალიან მომწონსო. ეფრემ4 მღვდელსაც მოეწონა, ცენზორსაო, მაგრამ ჯერ მაინც ვერ დავბეჭდავო... ამ ლაპარაკში რომ ვიყავით, შემოვიდა ერთი შუახნის კაცი, ზრდილობიანად მოგვესალმა და რომ გამოვემცნაურეთ ერთმანეთს, ნელი ხმით მითხრა: მიამაო და მიჯდა განზე. ის იყო ლავრენტი არდაზიანი. როგორც ავტორს „მეჯღანუაშვილისას“, სხვანაირად დავუწყე ყურება და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
- რას გაჩერებულხარ? თუ მაგას უცდი, დიდ ხანს არ ამოიღებს ხმას! - მაგას არ უყვარს ლაპარაკი... ერთს იტყვის, მაგრამ კარგსო, - სთქვა მასპინძელმა და მიათითა ლავრენტიზე. - აი მაგას მოეწონა შენი ლექსიო.
- რომელი! - იკითხა ლავრენტიმაც.
- „შამილის სიზმარი“.
- დიაღ, მომეწონა. იბეჭდება?
- არა.
-რატომაო? ცენზორ...
- გრიგოლმა არა ქნა. ნამეტანი გამბედავად არის დაწერილი და კილოც იმერულიაო. ჯერ არ მინდა, რომ ვაწყეინო და მერე კი უთუოდ დავბეჭდავ.
- როდის მერე?
- ჩემს საქმეს რომ მოვრჩები. რა ვქნა! მეტი რა გზა მაქვს, რომ არ დავუჯერო? რაღას დავფიცო, ჩვენიანები ხართ... ეს ოხერი სახლი მაქვს პრიკაზში შეტანილი და ვცდილობ, რომ მაპატიონ ვალი. გრიგოლიც შუამავლობს, მპირდება. - ჩვენი ყველაფერი მიაქვთ და ჩვენც რომ ყვავს კაკალი გავაგდებინოთ, რა ცოდვააო.
ლავრენტიმ გაიღიმა. ივანემ შენიშნა და ჰკითხა:
- რას იცინი, მძრახავ განა?
- არა, მე სულ სხვა რამე მომაგონდა: - სთქვა დინჯად არდაზიანმა: - პატარძალი „ჯიჯი, ჯიჯის“ იძახოდა, საკენკს აპნევდა და ქათმები კი ყოველი მხრივ მიფრთქიალობდენ მისკენ. ხეზე აქვე მახლობლად გარეული ქათამი იჯდა და იმან გადმოსძახა შინაურ მოძმეებს: - ჰა, თქვე უბედურებო! არ იცით, რომ საკენკით მიგიტყუებენ, მიგიჩვევენ, გაგასუქებენ და როცა დასჭირდებათ, ღიჭიღიჭის გიზმენ, თავს მოგჭრიან და შეგჭამენო.
- მერე ქათმებმა აღარ უპასუხეს, რომ სანამდი ჩვენ გავსუქდებოდეთ, შენ ხომ ორჯერაც მოკვდები შიმშილითო? - ჰკითხა კერესელიძემ.
- არა. ეგ რომ ეკითხათ, პასუხსაც მიიღებდენ. გარეული ქათამი ამას ეტყოდა: - მართალია, ვერ გავსუქდები, მაგრამ შიმშილით მაინც არ მოვკვდები. სოფელი განი-ერია, თავს დავირჩენო!.. ძალაუნებურად გასუქებას, ჩემს ნებაზედ რომ მჭლედ ვიყო, ის მირჩევნიაო...
როგორც შევატყე, ბაასი გაგრძელდებოდა, მაგრამ ამ დროს ორი სტუმარი შემოვიდა: ერთი მუნდირით და მეორე ქართული კაბით. პირველი იყო დიმიტრი ბერიევი, მოლექსე, და მეორე თ-დი ალექსანდრე ორბელიანი. მასპინძელმა ხუმრობით ვიღაც იმერლად წარმადგინა. ალექსანდრეს იმერლების ხსენებაზე ღიმილი მოერია და სთქვა: ძალიან მომწონს იმერეთი და მიყვარს იმერლები!.. ქართველობა ჯერ კიდევ იქ უფრო წმინდად არის შენახული, აქ კი ყოველიფერი, ენა, ზნე-ჩვეულება, თითქმის გადასხვაფერებული გვაქვს. ასე გასინჯეთ, რომ სიმღერასაც ვეღარ ვახერხებთ ქართულად... ბაიათებსა და შიქასტებს გავჰკივით. ზურნა-დაფის ხმაზე ჩვენი საქრისტიანო ამოვარდა, მეფეები და ერი ეწამა და ჩვენ დღეს კიდევ მოგვწონს და გვენატრება ის ხმა. მაგრამ სულ სხვა არის იმერული ჩანგური და ზედ ღიღინიო... ქართული გული იგრძნობს, რომ იმ ხმებში ძალაც ქართულია ჩამარხული! - ამგვარად და ამ კილოზედ ალაპარაკდა მოხუცებული ალექსანდრე, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო და თანდათან ცხარობდა. ბერიევმა წასჩურჩულა მასპინძელს:
- ივანე, შეაჩერე, თორემ ხომ იცი მაგის ამბავი: თვითონაც ატირდება და ჩვენც აგვატირებს და რა დროსია?
მასპინძელმა მართლა გააწყვეტინა სიტყვა და უთხრა:
- ბატონო ალექსანდრე, ეს რომ იმერელია იცი, მაგრამ თავისთავად ვინ არის, ის ხომ არ იცი? აკაკია, აკაკი!
ამ სიტყვებზე ალექსანდრე წამოდგა და გადამეხვია. ბერიევმა კი მხოლოდ ხელი გამომიშვირა. ამ ხალხის ქცევამ, მათმა გულგახსნილმა ლაპარაკმა და აღტაცებულმა კილომ სწორედ რომ გამაკვირვა. ლაპარაკობდენ ლიტერატურაზე, ჩვენს წარსულზე, მომავალზე და სხვა საზოგადო საქმეებზე. თუმცა ისინი შუა ხნის კაცები იყვნენ და მე ჯერ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ მათი ჭაბუკური აღტაცება მიტაცებდა… სადილად მასპინძელიც და სტუმრებიც ისე გახალისდენ, რომ მთვრალებსა ჰგვანდენ. მაგრამ ისე ღვინით არ ყოფილან მთვრალნი, როგორც სიამოვნებით.
კედელზე ჩამოკიდებული იყო თარი, ჩონგური, დაირა, დიმპლიპიტო, სალამური, ჭიანური და სხვანი. მასპინძელმა ჩამოიღო თარი, დაუკრა და დაამღერა:
ამა სოფლისა ცხოვრება
ვერცხლით არ მოიპოვება,
მდიდარიც ბევრი ნახულა -
ოხრად რჩენოდეს ქონება...
შემოსძახა და მიუბრუნდა ალექსანდრეს.
- ბატონო, მართალია, გძულს ეს სიმღერა, მაგრამ რა ვქნათ, რომ მაინც კარგია.
- ვინ მოგახსენათ? ეგ სიტყვებიც კარგია და სიმღერის კილოც, - უპასუხა ორბელიანმა. - ეგ სწორედ ნამდვილი ქართულია. მე ვამბობ თათრულ კილოზედ და ბაიათებზე.
- ვიცი, ვიცი რომ თქვენი ხათრი არა მქონდეს, აი, ჩემ დედაკაცს ვამღერებდი... - მერე მომიბრუნდა და მითხრა: - იცი, როგორ იმღერის ჩემი ცოლი? ბულბულია, ბულბული! ეს ხომ აქტრისად იყო ერისთვის დროს. მეც იქ ვიყავ. ამისმა სიმღერამა და თამაშმა გამაგიჟა და გადამრია. ვინ იცის, რაები არ ჩავიდინე მაგის გულისთვის! რომ მოგიყვე, რომანია, რომანი... მაგრამ ახლა დრო არ არის, კვლავ გეტყვი როდისმე..
სუფრამ დიდხანს გასტანა და მხიარულება თანდათან მატულობდა. ნასადილევს ყველა ისე ვიყავით გამხიარულებული, რომ მეტი აღარ შეიძლება. ყველანი სიყვარულით მეპყრობოდენ და თანაც როგორც ახალგაზრდას დარიგებას მაძლევდენ. ორბელიანი ქვეყნისთვის თავდადებას მირჩევდა, კერესელიძე ბევრ წერას, არდაზიანი მეუბნებოდა, არ აჰყვე ზოგიერთებს, რჯულზე მტკიცედ იყავიო, და დიმიტრი ბერიევმა გამიხმო განზე და მითხრა:
- მე შეგატყე, რომ ჩემი დანახვა არ გიამა, იმიტომ, რომ კვარტლის მუნდირი მაცვია, მაგრამ არც მაგრე გამოაშკარავება ვარგა თავის გრძნობისა. ეგების არც მე... მაგრამ არ გაგიგონია, ძალა აღმართსაც ჰხნავს. ვინ იცის, ეგების ამ მუნდირში მე სულ სხვა გული მიცემდეს, - გარეგნობით კაცი არ გაისინჯებაო.
ამ ახალგაცნობილების დარიგება დღეს სასიამოვნოდ მაგონდება. მაშინ, როგორც ყმაწვილს, არ მეპიტნავა და დავაპირე მკვახე პასუხი მიმეცა, მაგრამ რედაქტორმა აიღო ჭიქა და დაიძახა:
- ეს ღმერთმა აცხონოს და საუკუნოდ განსვენება მისცეს პაატა ციციშვილს!
ამ სადღეგრძელოზე ყველამ სიცილი დაიწყო, გარდა ორბელიანისა, რომელიც მე მომიბრუნდა და მითხრა:
- ნამეტანი არა ვარგა-რაო და ჩვენ ქართველებს კი ზომა არა გვაქვს! - და თანაც ისიც მიამბო, თუ რად იგონებენ პაატას.
პაატა ციციშვილი ყოფილა ძალიან პურადი ქართველი. დღედაღამ სტუმრობაზე ყოფილა გადაყოლილი. ერთხელ მუხრანბატონს შეუთვლია მისთვის მოციქულის პირით: - ბეჩა, პაატავ! მე უფრო ბევრი შეძლება მაქვს შენზედ, მაგრამ შენსავით კი არ ვცხოვრობო. ერთხელაც არის ხომ შემოგეჭმება ყველაფერი და მერე რაღას იზამო? - მაგის პასუხს ხვალ დილით მოგახსენებო, შეუთვალა პაატამ. მეორე დილას თურმე გაიხედა მუხრანბატონმა, შეხედა ციციშვილის სახლს, რომელიც იმის სახლის პირდაპირ იდგა, და დაინახა, რომ ფიცარია გადმოკიდებული და ასე ეწერა: „მოდით, სტუმრებო! სანამ მაქვს შეძლება, ჩემებურად სულ ასე ვსჭამ და ასე ვიცხოვრებ და როცა აღარა მექნება-რა, მეც მუხრანბატონსავით დავრჩებიო“.
ამ ანდაზას თურმე ძალიან ხშირად იმეორებდა კერესელიძე და იმ დღეს ჩემთანაცა სთქვა. იმ დღეს ძალიან გვიან გამოვეთხოვეთ მასპინძელს და წავედით ჩვენ ჩვენს სახლში.
შემდეგში კიდევ უფრო დავუახლოვდი ივანე კერესელიძეს და დავრწმუნდი, რომ ის ძალიან გულკეთილი და ქვეყნის ერთგული კაცი იყო. ცოტა ახირებული ლაპარაკი იცოდა, მაგრამ კიდეც შვენოდა... საკუთარ ფერს სდებდა! დრო და ვითარებამ შემდეგში ერთმანეთს დაგვაშორა...
შარშან, სწორედ ოცდაათს წელს შემდეგ, ქუჩაში შემეყარა ერთი ვიღაც მოხუცი კაცი, გაჩერდა და შემომძახა: „კაცო, ეგ შენა ხარო?“ მეც შევჩერდი და ვიცანი კერესელიძე. ღმერთო, რა ცუდია სიბერე და რანაირად სცვლის კაცს! ძველი ნაცნობი კერესელიძის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა. სახეს მწუხარების ბეჭედი ღრმად დაესვა. - რას მიყურებო! - მითხრა მწუხარე ხმით. - გიკვირს განა, რომ ასე მხედავ?.. ასე სცოდნია ამ მუხთალ სოფელს:
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა, -
შინ ცოლ-შვილს მოვძულებივარ,
ბატონს უნდებვარ აღარა!..
მოიცა, შვილო, შენც ასე მოგივა, მაგრამ რას ვამბობ? შენ ღმერთმა გაშოროს ჩემი დღე. კარგი სიბერეც კარგია, მაგრამ ჩემი ღმერთმა შეინახოს ის კურთხეული დრო, შენ რომ გინახავს, წავიდა. ჩვენიანები, ვისაც იცნობდი, წავიდენ, აღარ არიან… ლავრენტი… დანიელი5, დიმიტრი, ალექსანდრე და სხვანი. მეღა დავრჩი ობლად და მე რომ ჩემი გაჭირვება შევჩივლო გულის მოსაფხანად, აღარავინ დარჩენილა. სულ სხვა დრო მოვიდა, სხვა კაცები.. ჯვარცმული ვარ, სწორედ ჯვარცმული. აი, ახლაც სუდიდან მოვდივარ, ღარიბი ხომ ყველასთან მტყუანია. ამტეხია ერთი ვიღაც იუდა მოვალე და მაღრჩობს: ხან დილას შემათრევს სუდში და ხან საღამოს... ვეუბნები: კაცო, ქრისტი-ანო, რა მოგიცია, რომ მთხოვ? უსამართლოდ ლისტი ჩაგიგდია ხელში და მაღრჩობ?... ჰა, შვილო, მიიხედ-მოიხედე, თუ რამე მებადოს, წაიღე და მომშორდი!... არა! უნდა კოტრად, „ნესოსტოიატელნად“ გამოგაცხადოო. ამ აზრით შემიყვანა დღეს სუდში, მაგრამ ღმერთმა უშველოს მღებროვს, ტყუილად კი არ უყვარს საწყალ ხალხს. მე ვუთხარი, არაფერი მაბადია-მეთქი.
- რა ხელობისა ხარო.
- ქართველი ლიტერატორი-მეთქი.
- მაშ თუ მაგრეა, ნაწერები გექნება და ეგეც ქონება არის, და აქედან დაკმაყოფილდეს შენი მოვალეო!..
ამ ერთს ჭირს გადავრჩი, მაგრამ სხვებს? რომელ ერთს გავუძლო? მაგრამ ამ გზაში რომ გაგაჩერე და შემოგჩივი, არა სჯობია, ჩემსა წავიდეთო!.. - მომკიდა ხელი და წამიყვანა, „ახალ გოლანდიაში“ იდგა. მის ოთახში რომ შევედი, შევკრთი... ძველებურად ვეღარა ვნახე-რა! თარი და ჭიანური კი ისევ კედელზე ჰქონდა ჩამოკიდებული.
- აი, აბა, ამაზეა ნათქვამი, -- კიდევ დამიწყო:
ჩემი ავლა-დიდებაო
კატას აეკიდებაო!..
ერთი რაღაცა საცოდავი მამული მქონდა, იმასაც მიყიდის ბანკი. გუშინ მიველი, დავუჩოქე საზოგადოებას, მაპატივეთ, ნუ გამიყიდით-მეთქი, და უარი მითხრეს: უსტავი ნებას არ გვაძლევსო. ვინ მე და ვინ მათხოვრობა, მაგრამ მე კიდევ სხვამ გამაბედვინა. საზოგადოდ ქართველისაგან მამულის შელევა ღვთის გმობაა. ჩვენი მიწები სხვების ნეხვიან მიწებს კი არა ჰგავან, - „ჩვენი ქვეყანა გმირთა აკლდამააო“, - ალექსანდრე იტყოდა ხოლმე. მე და ჩემმა ღმერთმა, რომ მართალია!.. ჩვენი მიწები სულ ქართველების, ჩვენი მამა-პაპების სისხლით არის მორწყული და ძვლებით დაპოხიერებული. ის უნდა ვიგინდარას, უცხოს ჩაუვარდეს ხელში და ჩვენი სიწმინ-დე ფეხითა სთრგუნოს! ვისაც შაფანსკის მეტი არა დაუღვრია-რა, ის, რასაკვირველია, არას ინაღვლის, იმან რა იცის, თუ რა ნათესაური კავშირი აქვს ჩვენს მიწას ჩვენთან. - ჩემი დღე და სოფელი სულ ამას ვქადაგებდი და დღეს კი ჩემი თვალითვე უნდა ვნახო, როგორ ჩაიგდებენ ხელში ჩემს სიწმინდეს ვინმეები. ამას ვსწუხვარ, თორემ განა ქონების სიხარბე მაქვს?
ამგვარი რამეები ბევრი ალაპარაკა, ბედს უჩიოდა... მე ჩემის მხრივ ვანუგეშებდი და ვეუბნებოდი, რომ სახელი და დიდებაც კარგი რამე არის-მეთქი. მაგრამ ის კი წამდაუწუმ იძახოდა:
რად მინდა შენი დიდებაო,
შიმშილით კუჭი მიხმებაო და სხვ.
ბოლოს მითხრა: - ძალიან მიამა, რომ შემოხვედი. შენც უსახლკარო ხარ და მეც - არც არა შენ გაქვს და არც მე. მოდი ერთი, ჩვენი არაფერები შევაერთოთ და პური ერთად ვსჭამოთო. - მეც დავეთანხმე, დავრჩი სადილად.
სუფრაზე ნელ-ნელა გამხიარულდა ივანე. დაავიწყდა დარდები, ჩამოაგდო საუბარი საზოგადო საქმეებზე და სრულიად შეიცვალა. ძველად ბერძნებს სწამდათ, რომ ხანდახან, მიწაზე ჩამოდიან ღმერთები და მათ რჩეულ კაცებს შვენებას უმატებენო. სწორედ მართალია, როდესაც კაცი მაღალი, ღვთიური რამეთი არის გამსჭვალული, მაშინ მისი შინაგანი ძლიერება გარეგნათაც იხატება და შვენება ემატება.
ამგვარ ყოფაში ჩავარდა მაშინ კერესელიძე. სახე გაუბრწყინდა, თვალები გაუდიდდა, გაიმართა წელში, ჩამოიღო დიდი ხნის ხელუხლები თარი, ჩამოჰკრა სიმებს და დაამღერა:
ხან მაქვს ყველი და პური,
ხანდახან მშიერი ვარ,
მაგრამ ბედს არ ვემდური,
მაინც ბედნიერი ვარ!....
სთქვა და ამოიოხრა - იმღეროდა, მაგრამ ის სიმღერა ორაზროვანი და ორხმოვანი იყო. სახეც აერია... ცალი თვალით იცინოდა, მაგრამ მეორეთი კი სტიროდა, და მეც, დღეს რომ მის საფლავს ვუყურებ, ორი თვალი ცრემლით მევსება.
საუკუნოდ იყოს შენი ხსენება, კარგო ქართველო.
(კვალი, 1893 წ., №2)
__________________
1. ბერიევი.
2. ორბელიანი.
3. არდაზიანი.
4. ალექსეევ-მესხიევი.
5. ჭონქაძე.
![]() |
6.2 გახსენება |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელ საუკუნოებში, საქართველოს დაუძლურებასთან ერთად მისი მწიგნობრობაც დასუსტდა, ისე რომ ზოგმა ოჯახიშვილთაგანმა კალმის მოსმაც აღარ იცოდა. ან კი საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ იმ თავითვე, ბავშვობიდანვე ბრძოლის ველზე ათენ-აღამებდენ. ქალები გადიასახლისდენ, ყოველგვარი საოჯახო საქმე ხელში ჩაუვარდათ და მწიგნობრობაც მათ დარჩათ. იშვიათად ნახავდით იმისთანა ოჯახის ასულს, რომ საღმრთო-საეროში გაწაფული არ ყოფილიყოს და წერა-კითხვა ზედმი-წევნით არა სცოდნოდეს, მაგრამ მაინც არც ერთ ქალთაგანს მწერლობით თავი არ გამოუჩენია და მამაკაცთაგანი კი თითო-ოროლა მწერალი, მოლექსე და მოშაირე არ გამოლეულა. ამას ტყუილად ნურავინ მიაწერს ქალების უნიჭობას!.. მიზეზი სულ სხვა იყო: „ვეფხისტყაოსნის“ დედა-აზრი ბევრს დღესაც კიდევ არ ესმის, არა თუ მაშინ. საზოგადოდ სატრფიალო ზღაპარი ეგონათ, მაგრამ შაირების კაზმულობით კი ისე იყვენ მოხიბლული და გატაცებული, რომ მის უარისყოფას ვეღარ ახერხებდენ, თუმცა მრჩეველები ჰყავდათ და მათ რიცხვში თვით ანტონ კათალიკოზიც. ეს უკანასკნელები ამტკიცებდენ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ კითხვით ქართველი ქალები მოიხიბლენ და კეკლუცობას მიჰყვეს ხელიო. ეს ამბავი არც კი ტყუილი იყო: არა თუ ქალები ჰბაძავდენ ნესტანსა და თინათინს, კაცებიც კი ტარიელ-ავთანდილობას ცდილობდენ.
მაგალითად: ყმაწვილკაცები მაჯას იხსნიდენ, საკუთარის სისხლითა სწერდენ სააში-ყო წერილებს და სანამ სატრფოსაგან გადაწყვეტილი პასუხი არ მოუვიდოდათ, ბაღდადით გულზე ხელჩამოკიდებული დადიოდენ. ამგვარად, ვითომ, ისინიც ტარიელსა ჰბაძავდენ, რომელმაც, სევდების შემოწოლის შემდეგ, მაჯა გაიხსნა და ხელჩამოკიდებული ეჩვენა სატრფოს. მართლა, რომ ყოველგვარად მომხიბლავი შეიქნა ქართველების ეს დიდებული თხზულება, „ვეფხისტყაოსანი“. იმერეთში ბევრს ნახავდით საუცხოვო ლექსის მწერალს, რომელსაც პროზით მოკითხვის ბარათის დაწერაც არ შეეძლო! მაგრამ ესეც კი იყო, რომ თუ ლექსად, შაირად გარდა სააშიყო ლათაიებისა, სხვაც რამე კიდევ დაიწერებოდა, წარმოდგენილიც არა ჰქონდათ!.. ამერეთში, ესე იგი, აღმოსავლეთ საქართველოში, კიდევ უარესი იყო.
„ვეფხისტყაოსანს“ დაემატა სპარსული ლიტერატურა: ფირდუსის, საჰადის, ჰაფისის, ფეიზულას და სხვა მწერლების ნაწერები ითარგმნებოდა ქართულად და ამან კიდევ უფრო დაარწმუნა ხალხი, რომ ალბად ყოველგან ასე არის და ლექსი მხოლოდ სასიყვარულო გრძნობის გამოსახატავად ყოფილა გამოგონებულიო. სიყვარულისა და ტრფიალების გამოცხადება მაშინაც და დღესაც კაცებს ეპატივებოდათ და ეპატივებათ ქვეყნის თვალში, მაგრამ ქალებისთვის კი დიდი ცოდვა და საძრახისი რამ იყო და არის. და თუ ქალისაგან სიყვარულის გამოცხადება საჯაროდ დიდი სირცხვილი იყო, რასაკვირველია, ლექსის და შაირის წერაც საძრახისი იქნებოდა, თორემ, ვინ იცის, რამდენი ყოფილა მოლექსე და „მოგეწერა-წავიკითხეს“ კილოზე მშვენიერი შაირები უწერია საიდუმლოდ.
პირველი ქალი, რომელსაც საქვეყნოდ დაუწყია ლექსების წერა იმ საუკუნის დასასრულში და ამ საუკუნის დასაწყისში, ყოფილა დარეჯან ბატონიშვილი, მეფე სოლომონ პირველის ქალი; იმას უწერია სხვადასხვა ძილისპირები და საგალობლები ლექსად; ჩვენამდის მოაწია მხოლოდ მისმა „ანბანთ-ქებამ“ და ერთმა „ღვთისმშობ-ლის შესხმამ“, რომელიც ასე იწყება:
ჯერისაებრ შესხმა შენი არვის ძალუძს, ღვთისა სძალო,
რა რიგ შეკრბენ ქებად შენდა ანგელოზნი, კაცნი, ქალო;
ჰხამს, რომ გიძღვნან კინამ, კასი, საკმელ, გუნდრუკ, მური, ალო,
და უკვდავისა წმინდა დედავ, ცოდვა მკურნე, დედოფალო!
ამასვე აწერენ მრისხანე სატირას, თეოფილაქტეზედ. ამავე დროს ამერეთშიაც გამოჩენილა მწერალი ქალი თეკლე ბატონიშვილი, რომლისაც მხოლოდ ერთმა მუხამბაზმა, „სევდის ბაღს შეველ“-ის ხმაზე დაწერილმა, მოაწია ჩვენამდის: „ჩრდილოთ ვიხილე შავი ღრუბლები“ და სხვ.
ამ ორმოცდაათის წლის წინათ გავარდა ხმა საქართველოში, რომ დიდი ივანე ერისთავის ქალები მშვენივრად გამოზდილნი არიან, საღვთო-საეროში გაწაფულნი, და ზედმიწევნითაც იციან პლატონის ფილოსოფია, რიტორება, არისტოტელის კათეგორია და სხვა და სხვანი. იმ დროს ჩვეულება იყო კიდევ ქართლში, რომ დიდი ოჯახი დიდს ოჯახს დაემოყვრებოდა; და წერეთლის ოჯახმა მოინდომა ერისთავის ოჯახის დამოყვრება. გრიგოლ წერეთლის შვილმა ალექსანდრემ ითხოვა ერთი იმ ივანე ერისთავის ქალთაგანი ეკატერინე. წერეთლები მიელოდენ დედოფლურად გამოზ-დილს ოჯახის ასულს, ყოველს შემთხვევაში თავდაჭერილს, მაგრამ წარმოიდგინეთ მათი გაკვირვება, როდესაც ხელში დარჩათ პოეტური გრძნობით აღვსილი ახალგაზდა ცქრიალა ქალი, რომელიც თავს არ იჭერდა, ყოველისფერს თანაუგრძნობდა, კარგს რასმე შეფრქვევით მიეხაფიფებოდა, ცუდს ზიზღით ზურგს უჩვენებდა და შორდებოდა. ამგვარი პირდაპირობა, თავდაუჭერლობა და ზედ დართული მოლექსეობაც არ ესიამოვნა ქმარს და ცოლ-ქმარს შუა ცხოვრება გამწარდა. მაშინ პოეტმა ქალმა ლექსით გამოხატა თავისი ტანჯვები. ის ლექსი იწყებოდა ამ სიტყვებით:
ზამთრით ჩაგრულნი გაზაფხულს ველით ვიხარებთ ყოველნი,
ზამთრით ჩაგრულნი გაზაფხულს ველით, ვიხარებთ ყოველნი,
ეს ლექსი მოედვა მთელს მხარეს, სასიმღერო ლექსად გადაიქცა. თუმცა ხალხი სიამოვნებით იმღეროდა ამ ლექსს, მაგრამ როგორც ქალს, ქების ტაშს მაინც არავინ უკრავდა, თუმცა გიორგი ერისთავმა, ჩვენმა გამოჩენილმა კომიკოსმა, გლუხარიჩად წოდებულმა, დიდი თანაგრძნობა გამოუცხადა მწერალს, მაგრამ მაინც ვერა უშველა-რა და ამისი ბრალია, თუ გულგატეხილმა მწერალმა ქალმა ბევრი არა დაგვიტოვა-რა. ესევე უნდა ვსთქვათ არა ნაკლების ნიჭის მექონის მისი მეორე დის მარიამ ერისთავის შესახებ.
მხოლოდ ამ ოცდაათის წლის წინათ, როდესაც „ცისკარი“ გამოდიოდა, პირდაპირ და შეუპოვრად გამოვიდა სამწერლო ასპარეზზედ ერთი ახალგაზრდა ქალი და ეს ქალი იყო კნ. ბარბარე ჯორჯაძისა. იმან არ მიაქცია ყურადღება ძველ თაობის კიცხვა-გინებას და მშვენიერი ლექსებით აცხადებდა თავის გულის პასუხებს, მოსთქვამდა წარსულზედ, შეფრქვევით უგალობდა მომავალს და უსიტყვოდ არ აგდებდა აწმყოს ავკარგიანობას. ამგვარი მოვლინება, რასაკვირველია, სასიამოვნო იყო და მაშინდელი ახალთაობაც უნდა სიამოვნებით მიგებებოდა და მხარი მიეცა, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, მაშინ პოეზიისათვის მეტად ცუდი დრო იყო. საზოგადოდ, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში ხელოვნებას ყურადღებას არავინ აქცევდა; მწერლობაში მხოლოდ ცარიელ სიტყვების ბრახაბრუხსა და თუთიყუშივით გამეორებულს სხვე ბის აზრს ჰქონდა პატივი. ვინც ამ კანონს არ ემორჩილებოდა, იმაზედ ახალთაობას იერიში მიჰქონდა და ბევრსაც გააგდებინეს კალამი ხელიდან. მაგალითებრ: თ-დი რევაზ შალვას ძე ერისთავი სწერდა ლექსებს და იმ დროს შესაფერად არც ურიგოს; თარგმნითაც ბევრს თარგმნიდა, სხვათა შორის ეთარგმნა კაზლოვის პოემა „შეშლილი“ და ისე შეანანეს მას შრომა, რომ საუკუნოდ ხელი ააღებინეს წერაზედ. ამგვარივე დღე დააყენეს ბევრს სხვებსაც, მაგრამ კნ. ბარბარე ჯორჯაძისამ კი იარაღი არ დააგდო, შეებაასა ახალთაობის მეთაურებს და მაშინ მითი ატყდა ერთი ალიაქოთი ლიტერატურაში. ქალის მხარეს იჭერდნენ ძველი მწერლები, მაგალითად ალ. ორბელიანი, ი. კერესელიძე, დ. ბერიშვილი, ლ. არდაზიანი და სხვები. საიდუმლოდ დიმ. ბაქრაძეც მხარს აძლევდა. ახალთაობიდანაც ერთი-ორი მიუდგა: ერთი მათგანი იყო, მგონია, ა. ფურცელაძეც, მაგრამ ამათაც ძვირად დაუჯდათ ბოლოს ეს მიდგომა. ასე თუ ისე, ამათმა მხარის მიცემამ მწერალი ქალი მაინც გაამხნევა, მოუხშირა წერას და სხვათა შორის დაიწყო დრამების წერაც. პირველი მისი დრამა იყო „შური“, იმას თან მიჰყვა: „რას ვეძებდი და რა ვპოვე“ და სხვანი. როდესაც „ცისკარი“ დაიხურა და მწერლობა გადავიდა მაშინდელ ახალთაობის ხელში, კნ. ბარბარე ჯორჯაძისას მოესპო საშუალება, რომ ებეჭდა სადმე თავის ნაწერები; წავიდა სოფლად და ამას შემდეგ მის ნაწერს ვეღარას ვხედავდით, თუმცა, როგორც დღესაც სჩანს, ჩვენის მწერლობისათვის თვალ-ყური იქაც კიდევ უდევნებია.
ახლა ვსთქვათ ორიოდე სიტყვა მის შესახებ, თუ პირველად როგორ გავიცანი მე ისა. თ. ალ. ორბელიანისთანა ქართველ კაცს ძვირად შევხვედრივარ; სულითა და გულით მოყვარული იყო ჩვენის ხალხისა და ჩვენის ქვეყნისა და თითქმის თავდასადებლადაც მზად იყო. როდესაც გაიგონებდა, რომ ესა და ეს ნიჭიერი ვინმე გამოჩნდა საქართველოში, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და მამაშვილურად დაუწყებდა ალერსს. როგორც მეტადრე გულჩვილ კაცს, ცოტა რამ იამებოდა, ცოტა რამ ეწყინებოდა, და ამის გამო ძვირად ნახავდით, რომ ან ძალიან მხიარული არ ყოფილიყო და ან ძალიან მოწყენილი; შუათანობა არ იცოდა. ერთხელ ვნახე მხოლოდ ვითომ მოწყენილიც იყო და მხიარულიც; როდესაც ამ უჩვეულო საკვირველების მიზეზი ვკითხე, აი, რა მითხრა: „იმ დალოცვილმა გიორგი მუხრანსკიმ მაწყენინა: საჯაროდ დაიწყო დამტკიცება, რომ პატარას ნება არა აქვს თავისთავობისა და უნდა ცდილობ-დეს, რომ დიდში გადაიტანოს თავის თავი და იმაში განხორციელდესო“. მაშინ ერთმა ვინმემ უპასუხა: „თქვენ, ბატონო, პატარა ტანისა ბრძანდებით, კახელი მოჭიდავე ოდრუგელა კი ზორბა ტანისააო, ერთიორად, ერთისამად თქვენზედ მეტიო - და არა გნებავთ, რომ გაოდრუგელდეთო?“ გიორგიმ გაიცინა და უთხრა: „მე კერძო პირებზედ, თითო-ოროლაზედ კი არ მოგახსენებთ, საერთოდ, საზოგადოდ ვამბობო“. კიდევ უპასუხეს: „არც ეგ არის სიმართლეო, აქლემები უფრო დიდები არიან კაცებზედ, მაშ ჩვენც გააქლემება უნდა ვისურვოთო“. მაშინ თითქმის დაბჭობილმა გიორგიმ, სხვა რომ ვეღარა მოახერხა-რა, წამოიძახა: „მე მოგახსენებთ პოეტებზედ და მწერლობაზედ. პატარა ხალხს რომ დიდი პოეტი ჰყავდეს და დიდი მწერალი, შეუძლებელიაო; დიდს ხალხებში ნიჭიც დიდიაო“. ამის პასუხად ისევ იმან ეს მოახსენა: „მაგისი რა მოგახსენოთ, ეგ თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ, მეცნიერი და ნასწავლი კაცი ბრძანდებითო, მაგრამ ეს კი შემინიშნავს, რომ პატარა ბულბული მშვენიერად გალობს და დიდი მამალი ყიყლიყოს მეტს ვერას ახერხებსო“. ასე მოუჭრა სიტყვა და გაათავაო, და იცით, მოპასუხე ვინ იყო? - მკითხა ალექსანდრემ, - ჩვენებურად შინ გაზდილი ქალი კნ. ბარბარე ჯორჯაძისაო. ახლა ხომ ხედავ, რადა ვარ ერთსა და იმავე დროს მოწყენილიც და მხიარულიცაო; ვერ მომინელებია განათლებულის კაცის აზრი და აღტაცებაში მოვყავარ შინ გაზდილი ქალის გრძნობა-გონებასაო.
მე რადგანაც ბარბარეს არ ვიცნობდი, ალექსანდრემ წამიყვანა გასაცნობად. მწერალი ქალი, სოფლიდან ჩამოსული, კერესელიძესთან ჩამომხტარიყო, რომელთანაც ნათელ-მირონობა ჰქონდა; სახლის პატრონმა რომ ჩვენი მისვლის მიზეზი გაიგო, ძალიან იამა და მითხრა: „ეს ქალი ახლა საკუთარ ოთახში ზის, სწერს და ისე შეგიყვან უცბად, რომ თითონაც არ იცოდესო“. მომავლო ხელი და ძალათი წამიყვანა. როდესაც მე კნ. ბარბარე ჯორჯაძის ლექსებს ვკითხულობდი, სულ სხვანაირად მყვანდა წარმოდგენილი ავტორი; ჩემის აზრით ის უნდა ყოფილიყო ტანმორჩილი, გამხდარი, მეტად მკვირცხლი, მოუსვენარი, სხაპასხუპით მოლაპარაკე და განსაკუთრებით წერის დროს მეტად აღელვებული, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მის ოთახში შევედით: სტოლთან იჯდა ერთი საკმაოდ მსუქანი, მოსული, თვალ-ტანადი ახალგაზდა ქალი, რომელსაც მუხლი მუხლზედ გადაედვა, ზედ ერთი ფურცელი ქაღალდი დაედვა და დინჯად ლექსსა სწერდა. ეს იყო მისი უკეთესი ლექსი „არაგვი“. მაშინ მეც შევიტყე, რომ თუ არ მუხლზედ, ძველებურად, ისე წერა არ ემარჯვებოდა. ნეტავი ახლაც ისე სწერს, თუ არა?
(კვალი, 1893 წ., №14)
![]() |
6.3 თავ. ივანე მაჩაბლის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
რადგანაც ადგილობრივი გაზეთები მაჩაბლის შესახებ სხვადასხვაგვარს ცნობას იძლევიან, იძულებული ვარ სიმართლის ასადგენად გავიხსენო შემდეგი: იმერეთიდან რომ ჩამოვედი და ვნახე მაჩაბელი, ის კარგს გუნებაზე დამიხვდა და მომახარა: ახლა კი იმედია, რომ სრულიად გამოვმრთელდეო. ტკივილებს აღარ ვგრძნობ, თავისუფლად დავდივარ და კიდეც ვმუშაობო. შვილები საზაფხულოდ საჩხერეში გავისტუმრე და მე თვითონ ერთი თვით ან თვენახევრით აბასთუმანს ვაპირებ წასვლას და სახლის დასაქირავებლად გუშინ ბე კიდეც გავგზავნეო. ერთი სიტყვით, ახლა შიში აღარაფრისა მაქვსო. ცოლმა კიდეც უსაყვედურა, ერთთავად ნუ მიეძალები საქმეს, ბევრს ნუ სწერ და მუშაობო. უკანასკნელად ხუთშაბათს, 25 ივნისს, საღამოს 5-6 საათზე, ძალიან კარგ გუნებაზე დამიხვდა, მთხოვა ნარდის თამაში; რადგანაც სუსტადა ვარ, ხუთი ხელის მეტი არ გვითამაშნია. შევწყვიტეთ თამაში და დავიწყეთ ჩვეულებრივი ლაპარაკი. დიდხანს ილაპარაკა როგორც გორის მაზრის სინდიკატის შესახებ, ისე თავის საკუთარ საქმეებისა და ორივესი კმაყოფილი იყო. მხოლოდ თავის თავს ესაყვედურებოდა, ვაი თუ ისეთის ენერგიით ვეღარ შევძლო შრომა, როგორადაც ბანკში ვმუშაობდიო. საზოგადოდ მომავალზე იმედები ჰქონდა. იმ საღამოსვე მოვიდენ ვიღაცეები სინდიკატის საქმის შესახებ. მოელაპარაკა იმათაც და ისე გამოვიდა ჩემთან.
ჯერ კიდევ ათი საათი არ იყო, შინ წასვლა დავაპირე, მაგრამ შემეხვეწა დარჩიო. მე წავედი სასტუმრო ოთახში დასაძინებლად. თვითონ მაშინვე ვახშმად დამჯდარიყო ცოლთან. 11 საათზე ისიც დაწოლილიყო. კნეინა ხელსაქმეს შეჰყოლოდა, ორ საათზე დაეხედა ქმრისთვის და გულის ძილში ენახა.
ოთხი საათი იყო სწორედ, რომ ძილში რაღაც ხმაურობამ და ცუდმა სიზმრებმა გამო-მაღვიძა. რომ წამოვდექი, გულის ძგერა მქონდა ავარდნილი. ჯერ დავაპირე მაჩა-ბელთან შესვლა, მაგრამ რადგანაც მალე გადამიარა, დავრჩი ჩემს ოთახშივე და ექვსის ნახევრამდე აღარ დამძინებია. ამ ხნის განმავლობაში რომ ხმაურობა ყოფილიყო, ან ფეხის ხმა, ან ლაპარაკი, არ გამომეპარებოდა. რვა საათზე რომ გამომეღვიძა, ჩემი ოთახის განის კარი გაღებული დამიხვდა, რომელიც 6 საათამდე მოხურული იყო. ვიფიქრე, მაჩაბელი ამდგარა-თქო, რადგან მხოლოდ ან იმის ოთახიდამ გამოსულ კაცს შეეძლო გაეღო და ან კიბეზე გარედან შემოსულ კაცს, თუ ქუჩის კარები, რასაკვირველია, ღია იქნებოდა დარჩენილი. შევედი ზალაში, სადაც მაჩაბელი იწვა. ის აღარსად იყო, მაგრამ ქვეშაგები კი მინგრეულ-მონგრეული იყო, ვიფიქრე, ალბათ პირის საბანად გავიდა-თქო და დავჯექი. რამდენიმე წამის შემდეგ კნეინას ხმა მომესმა: ჩაი მზად არის, ვანო, შემოდიო. მერმე თვითონაც მოდგა და მკითხა: ვანო სად არისო! მე არ დამხვედრია, ალბათ მანდ არის, პირს იბანს-თქო. გაბრუნდა, ისევ შემოვიდა აღშფოთებული, დახედა ქვეშაგებს და კიდევ უფრო შეშფოთდა: „იმას ჩვეულებად ჰქონდა - ადგებოდა თუ არა, ქვეშაგებს თითონ გაასწორებდა და ეხლა კი ასე მინგრეულ-მონგრეულიაო“. მე ვუთხარი, რა ვუყოთ, სადმე წავიდოდა-მეთქი საქმისთვის და მოვა-თქო. იმან მაინც გული ვერ დაიმშვიდა, დაიწყო ძებნა. და სტოლზე დატოვებული რომ ნახა საათი, ძეწკვი და პერანგის ოქროს ღილები, მაშინ თითქმის შეიცხადა; იმავე დროს „გოროდოვოის“ დავუძახეთ და იმან სთქვა, რომ ოთხი საათი არ იქნებოდა ჯერე, კნიაზმა გაჩქარებით გვერდი აგვიარა, ჩვენ ქუდი მოვუხადეთ და მე შევეკითხეო: ასე ადრე სად მიბრძანდებით, თქვენო ბრწყინვალებაო, მაგრამ მან მხოლოდ თავი დაგვიკრა, ხმა არ გაგვცა და ჩაგვიარა გვერდით პირდაპირ გოლოვინის პროსპექტისაკენ. თუ ეს მართალია, ალბათ ხელახლად მობრუნებულა ისევ და შესაძლებელია ჩემი ოთახის კარი მას გაეღოს და ხელმეორედ ისევ წასულიყოს. ყოველ შემთხვევაში წინა დღეს ის სრულ ჭკუაზე იყო. მეტად მხიარული და დამშვიდებული ისე, რომ თავზე ხელაღებული იმ მდგომარეობაში ყოველ ამას ვერას გზით ვერ მოახერხებდა.
(ცნობის ფურცელი, 1898 წ., №571)
![]() |
6.4 წერილი თავ. ი. მაჩაბლის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
„რაღა მკვდარი და რაღა შინ მოუსვლელიო“, ამბობს ხალხური ანდაზა და ეს მწარე სიტყვები დღეს ზედგამოჭრილი გახდენ თავ. ი. მაჩაბელზე: ეს ერთი ხანია, რაც დაიკარგა, თვალსა და ხელს შუა მიგვეფარა, ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ვეღარა გავიგეთ-რა!.. ათასნაირი ხმები დადის, ზოგი ამბობს წყალში გადავარდა, თავი მოიკლაო, ზოგსა გონია, რომ ცოცხალია და სხვაგან წავიდაო, ზოგი რას ამბობს და ზოგიც კიდევ რას. ასეა თუ ისე, ის მაინც დაკარგული შეიქნა მისიანებისათვის და უფრო მეტად კიდევ საზოგადოებისათვის.
ერთი რომაული ანდაზაა: „მკვდარზე ან სულ ნურას იტყვი და ან კარგი სთქვიო“. მე ეს ანდაზა არ მიჯდება ჭკუაში: მკვდარისათვის სულ ერთია, გინდა ავად მოიხსენიე და გინდა კარგად! მაგრამ დანარჩენ, ცოცხლებისათვის კი საჭიროა, რომ სამაგალითოდ მკვდარზე მიუთითონ და მისი ავიცა და კარგიც დაანახვონ!... და ჩვენც თავ. ი. მაჩაბლის შესახებაც ამ გზას დავადგებით. რუსეთიდან რომ დავბრუნდი, ახალჩამოსულობაზე, ყველგან და ყველასაგან მესმოდა, რომ თავად გიორგი მაჩაბელს კარგი შვილები ეზდება და უმცროსი მაინც მეტად საიმედო რამ არისო: „ქართული, როგორც ხუცური, ისე მხედრულიც, ზედმიწევნით იცის და უცხო ენებსა და საგნებსაც საზოგადოდ ადვილად იმორჩილებსო“. იმ ხანებშივე, ტფილისში, თავ. სოლ. ერისთავის სახლში საშინაო სპექტაკლი გამართეს. წარმოადგინეს „გაყრა“ და მონავარდისას როლს თამაშობდა ჯერ სულ ახალგაზდა მკვირცხლი და სიცოცხლით სავსე ი. მაჩაბელი. ის იყო ჩემგან პირველი მისი ნახვა. მაშინდელ მის სახეს საოცრად მაგონებს დღეს მისი ძმისწული, პატარა გიორგი, სააზნაურო სკოლაში რომ იზრდება. შვიდი-რვა წლის შემდეგ მეორედ შემხვდა მისი ნახვა პეტერბურგში, სტუდენტად რომ იყო. იმ დროინდელი სტუდენტობა სრულებით არა ჰგავდა დღევანდლისას. ახლანდელმა სტუდენტობამ წინდაწინვე იცის, რა უნდა გააკეთოს მომავალში!.. გამოზომილი და გამოანგარიშებული აქვს, რისათვისაც ემზადება! „ჯერ თავო და თავო, მერე კი ცოლო და შვილოო“, ფიქრობს. ძველები კი იდეალისტები იყვენ, ადვილად გაიმეტებდენ თავს: ერთ უმნიშვნელო რაიმეს გულისთვის კედელს შეეხლებოდენ, სამშობლოს-თვის მოციქულ-მოწამეებად ამზადებდენ თავს!. მართალია, დაბრუნების შემდეგ, უმეტეს მათგანს შუა გზამდისაც აღარ მიჰყვებოდათ ხოლმე წინგანზრახული, მაგრამ მაინც იმ პირველ ხანებში მათი ნახვა სასიამოვნო იყო. სწორედ ამგვარ წრეში იყო ჩამდგარი ი. მაჩაბელიც. ერთი თვალის გადავლებით, როგორც შევატყვე, ის პირველ-თაგანიც იყო. ერთი თვალის გადავლებით-მეთქი, მიტომ ვამბობ, რომ იმ დროში პირადად დაახლოვება არა მქონია ჩვენ ახალგაზრდობასთან, თუმცა საზოგადო საქმით კი მიჯაჭვულზედაც მეტი ვიყავი!. არც მე მქონია გული მათთან მინდობილი და არც არაფრად იმათ ვეპიტნავებოდი. ამის მიზეზები ბევრი იყო, რომელთაც ჩემ „თავგადასავალში“ მოვიხსენიებ. მაგრამ ერთი უპირველესი მიზეზი კი ჩემი წინდაუხედავი ხასიათი იყო: საზოგადო საქმის შესახებ რაც გულ-ში მქონდა, ის ენაზე მეკერა და მტრისა და მოყვრის გარჩევა არ ვიცოდი. მე მაშინ არ მქონდა წარმოდგენილი, თუ ამითი პირადი განწყობილება ვისთანმე დაირღვეოდა, მაგრამ საქმემ სულ სხვა დამანახვა: დღესაც ბევრს შეხვდებით იმათში, რომ ჭირივით ვეჯავრებოდე, თუმცა არაფერი საპირადო იმათთან არა მქონია-რა და შემდეგშიაც, როგორც საზოგადო საქმეში უმნიშვნელოებზე, აღარც კი მიფიქრია იმათზე. ძვირად ვინმე მინახავს ჩვენში, რომ კერძოს, საპირადოს უფრო მაგრად არა სჭიდებდეს ხელს, ვიდრე საზოგადოს. რაც იმათ მოსწონთ პირადად, საქვეყნოდაც კარგი ისა ჰგონიათ! და თუ ვინმე თანახმა არ გაუხდათ, შეიძულებენ. მაჩაბელს არა ჰქონია ამგვარი ხასიათი!.. რაც მე მის შესახებ საწყენი და არასასიამოვნო რამ მითქვამს, უთვალავია, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ იმას არც ერთი გულში არ ჩარჩენია. ასი და ათასი მაგალითიდან ორიოდეს მოვიტან აქ და ისიც საკმარისია: 1) დაბრუნდა თუ არა უცხო ქვეყნებიდან, ის მაშინათვე სათავადაზნაურო სკოლის უფროსად გაამწესეს. მისი მეტოქე იყო ბატ. ალექსი ჭიჭინაძე, რომელთანაც მე განწყობილება არა მქონდა, მაგრამ მაინც სიმართლემ ამაღელვა და დავიწყე ამრჩევლების ძვირი და ყვედრება საჯაროდ: საზოგადო საქმეში განა ამისთანა „ჩემიან“-„შენიანობა“ იქნება?! - სად ჭიჭინაძე და სად მაჩაბელი ამ საქმეში? მაჩაბელი შეიძლება გენიოსიც იყოს, მაგრამ საქმეს გამოცდილებაც ეჭირვება, ეგ ახლა მოშორდა სასწავლებლის კარებს, პედაგოგი არ არის, სულ სხვა ფაკულტეტზე იყო და მაგისთანა რთულ და სპეციალურ საქმეს როგორ გაართმევს თავს-მეთქი, მაშინ როდესაც ალ. ჭიჭინაძე გამოცდილია მაგ საგანში და თავის საკუთარი სკოლაცა ჰქონდა-მეთქი? - ერთ ვინმე გავლენიან პირზე მიმითითეს: „იმან მოინდომაო!..“ „როგორ თუ იმან მოინდომა?!. განა აქ საზოგადო საქმეში ბატონყმობა გვიარსდება?. არკი ძველებურ ბატონყმობას გმობთ და კიჟინასა სცემთ და აქვე კი ინტელიგენტობაში იგივე დესპოტური, გარემოების შეუფერებელი, ბატონყმობა შემოაქვსთ-მეთქი“? „მოქნეული და მოზომილი ვის გაუგონიაო“, ნათქვამია და მეც, ამ ცხარე საყვედურების დროს, თვითონ ი. მაჩაბელზედაც ბევრი რამ საწყენი შემომეხარჯა! გადაჭარბებულ რამეებს ვამბობდი, მაგრამ იმას კრინტიც არ დაუძრავს, მხოლოდ შორს კი იჭერდა ჩემგან თავს და მეც არა ვნაღვლობდი, რად-განაც ის იმ წრეში ჩადგა, რომელსაც მე არ თანავუგრძნობდი. ცოტა ხნის შემდეგ მაჩაბელმა თავისთავად დაანება თავი ინსპექტორობას. 2) ერთხელ სადილად ვიყა-ვით იმასთან და სუფრაზე ჩამოვარდა ლაპარაკი შექსპირის შესახებ. ვანომ სთქვა: „მეფე ლირი“ პირდაპირ ინგლისურიდან არის ნათარგმნი და კარგი ენითაც არის ქართულზე გადაღებულიო! - პირდაპირ ინგლისურიდან რომ არის ნათარგმნი, ეტყობა, მაგრამ ქართული ენა კი ძალიან კოჭლობს-მეთქი, - ვუპასუხე მე. გაცხარდა. წამოვარდა ზეზე, შეიჭრა მეორე ოთახში, გამოიტანა წიგნი და დამიგდო წინ... აბა გვიჩვენე შეცდომებიო? პირველ გვერდზევე მივუთითე. გადააბრუნა მეორე, აქაც ამოჩდა. ჩაჰყვა ამგვარად და რომ გამტყუნდა, უკმაყოფილოდ მითხრა: „რა ვუყოთ მერე, განა შენ ნაწერებში კი არ არის შეცდომები თუო?“ მე სიცილი დავიწყე და ვუთხარი: „აქ სიტყვა ჩამოვარდა „მეფე ლირზე“ და მეც მიტომ ვამბობ, და როცა ჩემ ნაწერებზე გადახვალთ, რა იცით, რომ აქაც არ დაგეთანხმებით? მერე კიდევ, განა ერთის უვარგისობა ამართლებს მეორისას? მე რომ ქართული კარგად არ ვიცოდე, ნუ თუ სხვებმაც აღარ უნდა ისწავლონ? ამგვარი ბაასი ინტელიგენტური ბაასი კი არ არის, მოახლური გაქიშპებაა-მეთქი“. გაჩუმდა, ხმა აღარ ამოუღია. 3) ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორის მაგიერად რომ იყო, მაშინ მე საქმის გამო მივედი მაჩაბელთან. ის შეწუხებული დამხვდა და მითხრა: ახლა მაგის თავი აღარა მაქვს, ისეთ გუნებაზე ვარ, რომ თავ-ტანის აღარა გამეგება-რაო. ვიცოდი რა მიზეზიც იყო. მეწყინა და ვუსაყვედურე: „მერე და არც კი გრცხვენია, რომ მაგას ამბობ? თუ საზოგადო ასპარეზზე გამოსულხარ, წვრილმან რამეებს რად გადაყოლიხარ?! გულის გადაყოლა ნაცარქექიობა და ლაჩრობაა! - და სხვას მაინც რად ეღობები საზოგადო გზაზე-მეთქი?..“ მოგვივიდა ლაპარაკი. არ მივხედე, რომ ცუდ გუნებაზე იყო და მწარედ ველაპარაკე. საოცრად შეიმაგრა თავი და ეს კი მითხრა მხოლოდ: „რა გინდა, რომ ჩემ სახლში მოსულხარ და მოსვენებას აღარ მაძლევო?“ - „რედაქცია შენი სახლი ნუ გგონია-მეთქი“, მივაძახე და გამოვბრუნდი. მეორე დღეს თვითონ მოვიდა ჩემთან და მითხრა: გუშინ არეულ გუნებაზე ვიყავი და საწყენი ხომ არაფერი მითქვამს შენთვი-სო? გამიკვირდა, მით უფრო, რომ დამნაშავე მე თვითონ ვიყავი, რადგანაც უდროვო დროს, იმას რომ საკუთარი დარდები აწუხებდა, მე კიდევ ნუგუზალს ვუჩხიკინებდი!.. ამგვარი შემთხვევა არავისთან იმდენი არა მქონია, რაც მაჩაბელთან, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ არა თუ გადამმტერებია სხვებსავით, პირიქით დიდი პატივის მცემელი იყო ჩემი!.. ეგება იკითხოს ვინმემ: ან მაჩაბელი რად ივიწყებდა ამ ხშირ უსიამოვნებას და ან აკაკი რად აცივდებოდა ისე მაჩაბელსო?.. მაჩაბლის რა მოგახსენოთ და მე კი ჩემს პასუხს გეტყვით: კერძო, საპირადო მეგობრობა სხვა არის და საზოგადო კიდევ სულ სხვა!.. ბევრი ვინმე გვყავს მისთანა ნათესავი თუ ნაცნობი, რომელიც სულსა და გულს გვირჩევნია. ვენდობით, გვიყვარს და უმათოდ ცხოვრება გვეძნელება!.. მაგრამ იმავე დროს ესენი, საზოგადო საქმეების შესახებ, სულ სხვა აზრისა და მიმართულების არიან. თითქო სულ სხვა რჯულისანი იყონ, ჩვენი თანაგრძნობა საზოგადო საქმეში არ ეხერხებათ!. აგრეთვე გვყვანან მისთანა საყვარელი კაცები, რომელნიც ეგება თვალით არც კი გვენახოს, მაგრამ, როგორც ჩვენ თანამოაზრეებს, გულიდან ვერ ვიშორებდეთ. პირველები არიან კერძო მეგობრები და მეორე საზოგადო!..
მე, სწორე მოგახსენოთ, კერძო მეგობრებზე უფრო საზოგადოს ვეძებდი და მაჩაბელ-შიაც მინდოდა მეპოვნა საზოგადო მეგობარი!.. და მაშასადამე, საზოგადო საქმეში მორიდება და პირფერობა, აქაოდა კერძოთ არა ვაწყენიო-რაო, დიდი შეცდომა იქნებოდა. - მაჩაბელსაც ასე ესმოდა ეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ერთხელ კი უბრალო შემთხვევამ ყოლიფერი გამოააშკარავა!.. საზოგადოდ სიმღერასა და ქართულ ლექსებს ერთი და იგივე მომხიბლავი ძალა აქვთ!.. ძვირად ნახავ მისთანა კაცს, რომ, იცის თუ არა მღერა, ხანდახან მაინც თავის თვის არ წაიღიღინოს ხოლმე! ძვირად იპოვება მისთანა ქართველი, რომელსაც „ანბანი“ კი უსწავლია, რომ ლექსებიც არ დაეწეროს!! - სხვათა შორის, ერთი პოლკოვნიკი კვინიტაძე იყო, შესანიშნავი მეომარი და ვაჟკაცი. მისი დღე და სოფელი სულ ბრძოლის ველზე ჰქონდა გატარებული. ჩემი ნაცნობი იყო და ძალიან სურვილი მქონდა, რომ მისგან ბევრი რამ გამეგონა სამხედრო საქმეების შესახებ, მაგრამ ის, როგორც კი მნახავდა, მაშინვე ლექსებზე ჩამომიგდებდა საუბარს! მე რომ, მაგალითად, არღუთაშვილზე, ან ანდრონიკაშვილზე დავუწყებდი გამოკითხვას, ის მაშინათვე მომაძახებდა: „როგორ არა!.. როგორ არა!.. ძალიან ვაჟკაცი იყო და მიტომაც მე ეს ლექსი დავუწერეო!“ და მოჰყვებოდა ხოლმე აღტაცებით მისი ლექსის კითხვას!.. ერთხელ რედაქციაში შემოვიდა და შემოიტანა მისი ლექსები. მაშინ „დროება“ მაჩაბლის ხელში იყო გადასული. ჩვეულებრივად აღტაცებით დაიწყო კითხვა. მაჩაბელი აჩქარდა. შევატყვე, უნდოდა რომ გაეწყვეტი-ნებია კითხვა და ეთქვა: „არ ვარგაო!“ მაგრამ მე დავასწარი და მოვუწონე ავტორს. მაჩაბელმა გაოცებით შემომხედა და აღარა სთქვა-რა. ჩემმა მოწონებამ ისე გაუკეთა გული მოხუცებულ მოლექსეს, რომ მის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. რომ გაათავა კითხვა: „ვიცოდი, რომ მოგეწონებოდათო და ღმერთმა მოგახმაროთ, ფეშკეშ! მომირთმევია თქვენთვის და დაბეჭდეთო“!... რედაქტორს სახეზე სასოწარკვეთილება დაეტყო, მაგრამ ისევ მე მივუბრუნდი და დიდის ბოდიშით მოვახსენე: „მშვენიერი, საუცხოვო ლექსებია, მაგრამ ის შეჩვენებული ცენზურა არ გაუშვებს-მეთქი!“ ერთი ორი ვოენურად დაუკურთხა ცენზორებს და ლექსები კი მაინც ჩვენ დაგვიტოვა სახსოვრად!..
იმ საღამოსვე სანდრო ყაზბეგმა წაგვიკითხა ლექსები და დავცინე, საცინლად ავიგდე... რადგანაც სანდროსაგან ბევრჯელ გაგვიგონია, რომ ცხვრებს ვუდექიო, ბევრჯელ სოველ მიწაზე ვგდებულვარ და ერთხელ კბილი ლურსმანით ამოვიგდეო და სხვაც ბევრი რამ ამგვარი, მეც მის ლექსებს ბოლოში, იქვე ხელათ, მოვაწერე მისებური პაროდია.
ცხორჩი გაზდილო ვაჟაუ,
სოველ მიწაზე გდებულო!
ფოთოლ ტაში დააკვრევინე,
ლურსმან კბილ ამოგდებულო!..
ეს ისე ეწყინა სანდროს, რომ მეტი აღარ შეიძლება. წაიღო ლექსები და მათი დაწუნებაც ჩემ სიხარბესა და შურიანობას მიაწერა. მარტო რომ დავრჩით, მაჩაბელმა მითხრა: „საკვირველი კაცი ხარ, ჭეშმარიტად, ხან ასე ხარ და ხან ისე!.. შენსას კაცი ვერას გაიგებს! დღეს ის მოხუცებული კაცი მოატყუე... უქე მისთანა რამ, რომელიც საქები არ იყო და ახლა კი ყაზბეგს უწუნებ ლექსებს მაშინ, როდესაც მაინცა და მაინც დასაწუნი არ არის!..
- კვინიტაძეს, - ვუპასუხე მე, - თავისი პური მოუჭამია. დღეიდან აღარც ავად არგია საზოგადოებას და აღარც კარგად, რომ მაგის ლექსებს რამე დამოკიდებულობა ექნეს საზოგადოებასთან. ახალგაზდა კაცი რომ ყოფილიყოს, დიახ ვეტყოდი: არ ვარგა შენი ლექსები! ტყუილა ნუ ჰკარგავ დროს და სხვითი რამეთი, რაც უფრო გეხერხება, მითი ემსახურე ქვეყანას-თქო. მაგრამ დღეს მაგ მოხუცებულს საზოგადოებისათვის რაღა სამსახური მოეთხოვება კიდევ?.. და მერე ისიც კიდევ მწერლობის მხრივ? კერძოდ კი, თავისთვის, ლექსებსა სწერს, გულს აყოლებს და სიამოვნებს, მოსწონს თავისი შრომა, ისე როგორც ყოველ დედას მოსწონს თავისი შვილი, გინდ მახინჯი იყოს, და მე რად მოვუწამლო ტკბილი ოცნება!.. ის რომ სიტყვით ვასი-ამოვნო, ამითი ვის რა დააკლდება? და ან საზოგადოდ რა გაფუჭდება?
- კი, მაგრამ მოტყუება იგივე საცინად აგდება არ არის დარბაისელი კაცის?
- ნეტავი, თუ კი მაგითი არა გაფუჭდება-რა და ქვეყანასაც არა დააკლდება-რა, ყველას მოტყუება ისე შემეძლოს, როგორც კვინიტაძე მოსტყუვდა!... სიცოცხლე ისეც გამწარებულია და მეტი ნაღველი რაღად ვისმეს გადავუსხა ზედ, როცა ამას ქვეყნის სარგებლობა არ მოითხოვს? ერთი რუსული ანდაზაა: „ოღონდ კი ნუ იტირებს ბავშვი და რითაც უნდა თავი შეიქციოსო“. თუ საზოგადოდ არავის საგინებელი იქნება, კერძოდ, დეე, ყველამ ისიამოვნოს.. რომელი მკურნალია, რომ ავადმყოფს არ ანუგეშებს, გინდ მომაკვდავიც იყოს, და ეუბნება: გაწირული ხარო?!.
- მაშ ყაზბეგს რაღას ერჩოდი?
- ის სულ სხვაა, ის ახალგაზდაა, ქვეყნისათვის სასარგებლოა. კარგ პროზებს რომ აღარ სჯერდება, ახლა ლექსებს გამოსდგომია და მთელი დღე ჩხირკედელაობს!.. მე მინდა, რომ იმან, რაც არ ეხერხება, იმაზე ხელი აიღოს და ისევ თავის საკუთარ გზას მიუბრუნდეს“.
ეს რომ გავათავე, ვანო ჩაფიქრდა და მითხრა: ახირებული აზრისა ხარ და მიკვირს, რომ ამდენ ხანს ცხოვრებას ვერ გამოუცვლიხარ, ვერ გადაუკეთებიხარო! არ ვიცი, მაგ შენ ხასიათში კეთილობა მეტი იხატება თუ ბოროტებაო? - სიცილით მითხრა და კიდევ ჩაფიქრდა. არ ვიცი რასა გრძნობდა და რას ჰფიქრობდა მაშინ ჩემზე? მაგრამ შემდეგ კი ის მოჰყვა ამ მაშინდელ ჩვენ საუბარს, რომ იმ დღემდე მე და ის კერძოდ გარეშე ვიყავით ერთმანეთისათვის, გული არც ერთს არ გვეხსნებოდა საერთმანეთოდ და იმ დღიდან კი უფრო თანდათან ვუახლოვდებოდით ერთმანეთს და კიდევაც გავიცანი ის, როგორც საზოგადოდ, ასე კიდევ უფრო კერძოდაც. სწორედ საუცხოვოდ იყო გაზდილი: თავმდაბალი, ზდილობიანი, ტკბილად მიმღები და ბუნებათანაზიარი!.. ამხანაგებისათვის თავდადებული, მოსისხარ მტერსაც კი ხელს მიაწვდენდა საჭიროების დროს! სხვის დამნაშაობას გულში არ ჩაირჩენდა და თავის შეცდომას კი, გინდ მცირედიც ყოფილიყო, აღიარებდა და სინანულში ვარდებოდა. ადამიანის წყენას ერიდებოდა კერძოდ, და საზოგადო საქმეში კი ულმობელი იყო. საზოგადო ცხოვრებისათვის კიდევ უკეთაც იყო მომზადებული: ქართულს გარდა უცხო ენებიც კარგად იცოდა, ისე რომ თამამად შეეძლო იქიდან თარგმნა. შრომის მოყვარე იყო, მოუსვენარი, უსაქმურად ვერ დადგებოდა და ბევრის ატანაც შეეძლო. რა საზოგადო საქმესაც კი იკისრებდა, სულითა და გულით ეძლეოდა. მისგან არა თუ ღალატი, ოდნავ გულის აცრუებაც არ შეიძლებოდა. მისი დიდი წუნი ის იყო, რომ, როგორც ბუნებათანაზიარი კაცი, ზოგჯერ მეგობრების რჩევას გადაჰყვებოდა ხოლმე. ეს არ მომწონდა მე და ალბათ ამის მიზეზი იყო, რომ მე ვერიდებოდი და თუ თვითონ არასა მკითხავდა, რჩევა რაიმესი მეზარებოდა. მით უმეტეს, რომ საზოგადო საქმეების შესახებ მაინცა და მაინც რჩევა არ ეჭირვებოდა. ყოველიფერს საზოგადოს თვალყურს ადევნებდა. არ შეიძლებოდა მისთანა საზოგადო რამ მოვლინება, გინდ მცირეც ყოფილიყო, რომ იმას გულგრილად გვერდი აექციოს და თავის მხრით ავზე ავი არ ეთქვა, გინდ მისი მოყვრების შესახებაც ყოფილიყოს, და კარგზე-კარგი, გინდ მისი მტრების სასახელოდაც.
ამგვარი კაცები საჭირო არიან ოპოზიციაში და კიდევაც თვითონვე მიაგნო ამ გზას და ჩადგა შიგ. მესამოცე წლებმა ჩვენში იქა-აქ ვარდები დამყნა, მაგრამ, სამაგიეროდ იმავე დროს, ეკალიც ბევრი დაგვითესა. ნამუშევარზე ბალახ-შამბმა გადაიარა და გამმარგლავი კი არსად იყო. ორმოცი წლის განმავლობაში ერთი დგმა რასაც კი ამბად და არაკად გადასცემდა მეორეს, ისიც იმაზე დგებოდა და ყველა ერთად ისევ იმ ძველებურ ლათაიებს გაიძახოდენ, ზოგს „ვაშა-ვაშას“ შეღრიალებდენ და ზოგს: „ჰკა მაგას!“
საჭირო იყო გამორკვევა, თვალების ახელა და დაკვირვებით სწორ გზაზე გავლა. და ეს კიდეც იკისრა მაჩაბელმა: გააჩინა ოპოზიცია. საზოგადოდ ყველგან, სადაც უნდა იყოს, ოპოზიციის პირველი ხანები საეკლო გზაა. არ შეიძლება, რომ ქვეყნის უმეტესობას უჩვეულო მოძრაობა და მოთხოვნილება ოპოზიციისა თვალში არ ეჩხიროს და ეკლად არ ეჩხვლიტოს. ამიტომაც ყოველგვარი ოპოზიცია, საზოგადოდ უმეტესობის მხრით, უკმაყოფილებას იწვევს ხოლმე. და ცხოვრების კანონის ძალით უმისობაც არ შეიძლება: ავიღოთ, სამაგალითოდ, რომელიმე ტბა, აუზი - სადაც დიდი ხნიდან ჩამდგარ-ჩაგუბებულია წყალი. თვითონ ტბა დამშვიდებულია მოკამკამე სარკესავით. ტბის კიდეები ამწვანებულია და სხვადასხვა ყვავილებით აფერადებული. ერთი შეხედვით მის ნახვას არა სჯობს-რა და მნახველებიც კმაყოფილი არიან. მაგრამ, პოეტის თქმისა არ იყოს: „სულ ბნელია, რაცა ელავსო!“ ის ტბა იტყუება: ზედაპირი რომ სასიამოვნოა, დაბლა ტბის ძირში გველ-ბაყაყები ბუდობენ და ათასგვარი ქვეწარმავლები ფუსფუსობენ. იქვე დალექილი სიდამპლე და სიმყრალეა, რომელიც უხილავად სწამლავს ჰაერს და სხვადასხვაგვარ სატკივარს აჩენს. უმეტესობა, რასაკვირველია, ამას ვერა გრძნობს, მაგრამ ვსთქვათ, მაგალითად, რომ რამდენიმე შორსგამჭვრეტელმა კაცმა დაინახა და მოინდომა შველა. აიღო თოხი, ბარი, ნიჩაბი და ყოველგვარი საჭირო იარაღი, მიადგა პირდაპირ კიდეს და მოინდომა მისი გაჭრა, არხის გაყვანა, რომ დიდი ხნის დაგუბებული წყალი გამოუშვას, გასწმინდოს, გაასუფთაოს და შიგ ახალი მარგი წყალი ხელახლად ჩააყენოს. პირველ ხანებში, როცა ტბა დაიძვრის, რასაკვირველია, წყალიც აიმღვრევა და სიმყრალეც სუნს გამოსცემს. და ეს ქვეყნის უმეტესობას ააღელვებს და ააშფოთებს და გულწრფელადაც იტყვიან: ეს რა გვიყვეს ამ შეჩვენებულებმა? მოვიდენ, აგვიმღვრიეს წყალი, აამყრალეს აქაურობა და ჩვენ თანაგრძნობასაც თხოულობენო?.. გიჟები არიან და ოხრებიო!!. ეს დღე ადგება თავდაპირველად ოპოზიციასაც ყოველთვის, რადგან ხშირად ცხოვრებაში ზოგი რამ დაძველებული დაწესებულება ზემოხსენებული მატყუარა ტბა და აუზია! ეს, რასაკვირველია, უნდა სცოდნოდა მაჩაბელს, მაგრამ მაინც უშიშრად გამოვიდა საოპოზიციო გზაზე. შემოიხვია გარს ახალგაზდები და კვირაში ერთხელ თავს იყრიდენ ერთად, რომ საქვეყნო ავ-კარგზე ჰქონოდათ საუბარი და მსჯელობა, ეს იყო მეორე ბიჯი ჩვენ „ჩია“ ცხოვრებაში ამ ორმოცი წლის განმავლობაში. მართალია, ზოგიერთებმა დაარსებისთანავე კიჟინა დასცეს და „შავი კაბინეტი“ უწოდეს ამ ახალგაზდა ოპოზიციას, მაგრამ იმან მაინც თავისი გაიტანა, როცა იერიში მიიტანა სამოქალაქო საბჭოზე: თითქმის, ყველასაგან მოულოდნელად, გვირაბი გაიყვანა იმ პატარა გორაკში, რომელსაც სამოქალაქო საბჭო ერქვა და ბევრს სამართლიან რამეს კი წინ ეღობებოდა.
ამ გამარჯვებით წათამამებულმა ოპოზიციამ, ბოლოს, ერთხმად, მეტი მოინდომა და სიძნელეშიაც ჩაიგდო თავი, როცა ჩვეულებრივის იარაღებითა და ხერხით, რომელიც პატარა გორაკზე იხმარეს, დიდ იალბუზსაც მიადგენ გასაჭრელად... პირადად დამარცხდენ და დამარცხების მიზეზიც ეს იყო: ოპოზიციამ თავდაპირველადვე წესად შემოიღო, რომ რასაც ხმის უმეტესობა დაადგენდა, ის უეჭველად თვითეულ წევრსაც უნდა ეკისრა და ამან ზოგჯერ იძულებული გახადა მაჩაბელიც, რომ თავის სურვილის წინააღმდეგ ემოქმედნა ბრძოლის დროს. აქ იგულისხმება საპირადო საქმეები და არა საზოგადო, როგორც, მაგალითად, ის რომ დირექტორად ამორჩევის შემდეგ უმეტესობის სურვილს ვეღარ წაუვიდა და ბანკშივე დარჩა, თუმცა კი წინააღმდეგი იყო აქ დარჩენის და სხვანი... საზოგადო თვალით თუ შევხედავთ და არა საპირადოთი, აქაც ამ დიდ ბრძოლაში, ბანკის არჩევნების დროს, გამარჯვება მაინც ოპოზიციას დარჩა!.. სამი მხრით ძლიერი მოწინააღმდეგები ეხვეოდენ ოპოზიციას!.. თვითეულ მათგანში სხვადასხვა სფერის გოლიათები იღებდენ მონაწილეობას და მაინც კიდევ, მათის სურვილის წინააღმდეგ, მაჩაბელი იქნა არჩეული!.. ამაზე მეტი საზოგადო გამარჯვება წარმოსადგენადაც ძნელია... და რაც შეეხება კერძო დამარცხებას, ის სულ სხვა არის!.. „ძალა აღმართსაც ხნავსო“, ნათქვამია. ასეა თუ ისე, ეს ოპოზიცია კი აღარსადა სჩანსო, იტყვიან ზოგიერთები. ეს შემცდარი აზრია: დროებით უჩინარობა სრულიად გაქრობასა და მოსპობას არ ნიშნავს... როცა ხნულში ნათეს ხორბალს ზევიდან შავი მიწა აყრია, ერთხანად არც ისა სჩანს, მაგრამ დროზე კი ჯეჯილად აბიბინდება ხოლმე. საზოგადოებისათვის არც ეგრეთ წოდებული „მაჩაბლის ოპოზიცია“ გამქრალა. და კერძოდ კი... საპირადოდ ვერ დაიყენა კარგი დღე ვერც ერთმა წევრთაგანმა და ყველაზედ მეტად კი თვით მაჩაბელმა. ძნელი ასატანია ცხოვრების მარცხი საზოგადოდ, მაგრამ მაინც არა უჭირს-რა იმას, ვინც ოჯახში ცოლ-შვილით, მოყვრებითა და მეგობრებით ბედნიერია და მაჩაბელსაც ეს ანუგეშებდა, ამხნევებდა, სანამ სნეულებამ არ დააგდო და არ დაჩაგრა. წელიწადი იტანჯა, მაგრამ მაინც კიდევ გაუძლო, აიტანა და თითქმის სიკეთეში რომ შევიდა, მაშინ გამოუტყვრა გაწირულსავით, უცნაური ბედი და თვალსა და ხელშუა დაგვეკარგა! ვფიქრობთ და ვერ წარმოგვიდგენია მიზეზი და ერთმანეთს ვეკითხებით: „რამ აიძულა ის კაცი?“ კითხვა უპასუხოდ რჩება და ეს კი ვიცით მხოლოდ, რომ, რასაც უნდა აეძულებია, თავდაპირველი მიზეზი იძულებისა და ფესვი უბედურების, მისი საზოგადო მოღვაწეობა იყო!! იმას ემსხვერპლა, თვარა მისის ნიჭისა და ცოდნა-შრომის პატრონს, საკუთრად რომ თავის თავზე, ცოლ-შვილზე და საპირადო საქმეებზე ეფიქრა, დღეს დიდ კეთილდღეობაში იქნებოდა ჩამდგარი უმრავლესობის მოსაწონად და თუ თითო-ოროლა ახირებულები წუნს დასდებენ, მითი მის ტკბილ ცხოვრებას არა დააკლდებოდა-რა ქვეყნის თვალში!.. მაგრამ სჩანს, რომ ასე არ ესმოდა მაჩაბელს ადამიანის ქვეყნად მოვალეობა! საზოგადო, საქვეყნო საქმე, შეგნებული კაცისათვის იგივე რჯული და სარწმუნოებაა, - როგორც ნამდვილმორწმუნე სარწმუნოებას ვერ უღალატებს, ისე საზოგადო მოღვაწეც საერო საქმეს ვერ უმტყუნებს... გინდ სამსხვერპლოდაც გაუხდეს საქმე... რა რჯულიც უნდა ეჭიროს ქართველს, - მაჰმადიანის, კათოლიკის, თუ მართლმადიდებელის, მაინც მტკიცედ სდგას ზედ. ამის მაგალითი გვიჩვენეს წინაპრებმა, რომელთაც ურჯულოთათან ცხოვრებას თავის დადება არჩიეს. მაჩაბელიც ქართველი იყო და დროთა შესაფერ მსხვერპლად იქმნა შეწირული. აქ რომ ზოგიერთებმა ამ ჩემ ნაწერს კუდი არა გამოაბან-რა, ვარწმუნებ მკითხველს, რომ ამას არავის საწყენადა და საპირადოდ არა ვსწერ. ჩემი სურვილია, მხოლოდ შვილებს გავაცნო ის დაღუპული მოღვაწე, რომ მისმა შვილებმაც არ დააგდონ მამის გაკვალული გზა! თამამად იარონ ზედ, რომ მამა შვილით ითავსებოდეს და საერთო საქმე წინ მიდიოდეს.
(აკაკის კრებული, 1898 წ., №12))
![]() |
6.5 ვანო მაჩაბელი |
▲ზევით დაბრუნება |
„გული წმინდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“ - გვირჩევს ძველი აღთქმა. „უარ ჰყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდეგ მე“ - გვიბრძანებს ახალი და ეს ორივე საღმრთო წერილის სიტყვები თუ კაცს გულის ფიცარზე არა აქვს დაბეჭდილი და სისრულეშიაც არ მოჰყავს, არა აქვს უფლება, რომ საზოგადო მოღვაწედ იწოდებოდეს.
სიცოცხლე ტკბილია და მომხიბლავი, ცხოვრება კი რთული, დახლართული; მისი ხვანჯის გამოხსნა ძნელია და მიტომაც თავისი თავის უარისყოფა არ ხერხდება. ყოველი ადამიანი მარტო პირადობაზე ჰფიქრობს და იმასაც ძლივს უმკლავდება, ტანჯვაში ჩავარდნილი. მხოლოდ რჩეულები შეიძლებენ ხოლმე, რომ ხანდახან საზოგადოზედაც იფიქრონ, მაგრამ აქედან ბევრი არა გამოდის-რა!.. ის რჩეულები ემსგავსებიან იმ მდიდრებს, რომელნიც მაძღარ სუფრაზე სხვადასხვა მრავალგვარ სანოვაგით პირს იტკბობენ და კუჭს ახარებენ, მაშინ, როდესაც მშიერი ძაღლი კი, იქვე მდგარი, პირში შესჩერებიათ!.. და როცა მაძღარი, ათასში ერთხელ, გადუგდებს ხოლმე გამოხრილ ძვალს და მითი ვითომ იხდის მოვალეობას, სწორედ ამისთანები არიან ისინიც, ვისაც ჩვენ დღეს მოღვაწეებს ვეძახით და შევღაღადებთ, რომ ანდაზა არ გავსტეხოთ: „სადაც არ იყოს, ცოტა კმარიყოსო!“
ჩემ ხანგრძლივ ცხოვრებაში ბევრი მინახავს „საზოგადო მოღვაწედ“ წოდებული და რომ დავკვირვებივარ, ფარისევლები გამომდგარან. როგორც კუჭის მიმდევრები, ისინი ჯერ სამსახურში შესულან და რომ ვეღარ გამომდგარან, გადმოსულან ჩვენსკენ და დაუწყიათ ვითომდა საზოგადო მოღვაწეობა, იმდენად კი, რამდენადაც სასარგებლო და საკუჭო ყოფილა მათთვის მოღვაწეობის სახელი. გულწრფელობას კუჭის გასუქების სურვილი ჰყლაპავს და ისინიც თვალს უხვევენ მოტყუებულ ქვეყანას. - თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც ჩემს მახსოვრობაში მინახავს მე გულწრფელი საზოგადო მოღვაწე და მათ რიცხვში პირველთაგანი ვ. მაჩაბელი. ვინც სიცოცხლეშივე ცნობილია, სიკვდილის შემდეგ იმაზე ლაპარაკი მეტია... მაგრამ ცნობაც არის და ცნობაც, ყველას თავისებურად ესმის უმეტესად „ავი“ და „კარგი“, განსაკუთრებით საზოგადო მოღვაწეობის შესახები და მიტომ ხშირადაც წუნსა სდებს ხოლმე იმას, რაც მოსაწონი და საქებია. სწორედ ამგვარი ხვედრი არგუნა ბედმა ვანო მაჩაბელს, რო-მელსაც მე კარგად ვიცნობდი და ჩემის მხრით აწონ-გაზომილი მყავდა, როგორც საზოგადო მოღვაწე. - აქ აღარ ვიცი, როგორ მოვიხსენიო: მკვდრად თუ დაკარგულად? მაგრამა ანდაზის თქმისა არ იყოს: „რაღა მკვდარი და რაღა შინ მოუსვლელიო!“ მაჩაბელი დღეს აღარა გვყავს... ვერა ვხედავთ... ჩვენთვის დაკარგულია და იმიტომ ვიგონებ, როგორც გადასულ მოღვაწეს, თუმცა მისი წასული მოღვაწეობა დღესაც კიდევ უწევს და მისაბაძავია.
არ შემიძლია არა ვსთქვა, რომ ის, ამ ჩვენ დაკნინებულ დროში, იშვიათი და სამაგალითო მოვლინება არ ყოფილიყოს. ნიჭიერი, გრძნობა-გონებით განვითარებული და ქვეყნისთვის თავდადებული. - ნიჭიერები დღესაც იპოვებიან ჩვენში, მაგრამ მე იმათ ისე არ შევხარი, როგორც შევხაროდი ვანო მაჩაბელს. და აი თუ რად: ჭკუის ძალა და ნიჭი ორგვარია, ერთი დემონიური, ანუ ეშმაკეული და მეორე ანგელოსებრივი.
პირველის აკვან-ბუდე უმაძღარი კუჭია და მეორესი - წმინდა გული. ბოროტი ნიჭი მხოლოდ თავის თავს ემსახურება და საზოგადოს... როგორც საპირადოს, იმდენად ეპოტინება, რამდენადაც მისის კერძოობისათვის გამოსადეგია!.. რასაკვირველია, ამისთანა ეგოისტები გარეგნად გაბრწყინდებიან ხოლმე და თვალხარბისა და კუჭ-გაუმაძღარ ბრბოს სათაყვანოდ ჰხდებიან. ამისთანა არ არის მეორეგვარი ნიჭი, რომელსაც ჩვენ ანგელოსებრივს ვეძახით. ის თავის თავზე ცოტასა ჰფიქრობს... თავსა ჰსწირავს საზოგადოს. ამით მისი გარეგნობა იჩაგრება და ბრბოს თვალში ნაკლე გასავალი აქვს, ვიდრე თვალთმაქცისას. ამ მეორეთაგანს ეკუთვნოდა ვანო მაჩაბელიც, რომელსაც თუ მარტო თავისს თავზე ეფიქრნა, იმასაც სხვებსავით შეეძლო თავისი კერძოობა გაეუმჯობესებია და ხანგრძლივაც ყოფილიყო. ამას მე იმდენად ჭირისუფლების სანუგეშოდ და სასიამოდ არ ვამბობ, რამდენადაც იმ ახალგაზდების გასაგონად, რომელთაც ჯერ კიდევ წინ უძევთ ცხოვრების ორკეცი გზა: ერთი საპირადო, ია-ვარდით მოფენილი და მეორე საზოგადო, ეკლიანი და საჭირბოროტო!
ვანო მაჩაბელს დაბეჭდილი ჰქონდა გულზე საღმრთო წერილის სიტყვები... გული წმინდა ჰქონდა, სული - წრფელი და ჯვრით ხელში თავდადებულად შეუდგა საზოგადოებას. ამისი დასამტკიცებელი ბევრი მაგალითი მიჭირავს ხელში, მაგრამ გამომჟღავნებას, როგორც სუსტი ვინმე, ვერა ვჰბედავ, რადგანაც ანდაზა მაგონდება: „თევზმა სთქვაო: სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ პირში წყალი მიგუბიაო!“ თანვე მაგონდება მამაპაპური გადმოცემა: „მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო“ და მე კი რა შევკაზმო, რომ ცხენიც არა მყავს?! ამას კი ვიტყვი მხოლოდ, რომ ვანოსთანა მოღვაწეები, როგორც თანამედროვეთა მებრძოლნი, არსად თავის სიცოცხლეში უმეტესობისაგან არ დაფასებულან, მაგრამ როდესაც თანამედროვე, ბიუროკრატიული წესწყობილება და მოძრაობა მიწყნარდება, დადგება სულ ახალი თაობა, რომელიც, ჰიპნოზი თავიდან აცილებული, ხმის აუყოლებლად, თვითონ გასჯის ფაქტებზე დამყარებულ წარსულს და ისე დასდებს მსჯავრს ავსაც და კარგსაც. და მხოლოდ მაშინ გამობრწყინდება სავსებით ვანოსთანა მოღვაწების ცისკარი.
(თემი, 1914 წ., №181)
![]() |
6.6 გახსენება |
▲ზევით დაბრუნება |
ამ მოკლე ხანში მოსკოვში გარდაიცვალა ერთი რუსი, სალავიოვ-ნესმელოვი და მე, ქართველს, ქუთაისში დამირჩა ის სამგლოვიაროდ. საგულისხმოა, მით უფრო, რომ ჩვენ ერთმანეთის ნათესავი არ ვყოფილვართ, დამოკიდებულება არა გვქონია-რა ერთმანეთთან და ნახვითაც მხოლოდ ორჯელ მინახავს ის მისს სიცოცხლეში და ისიც რამდენიმე წამით.
ამ ოცი წლის წინათ სასტუმრო „საქართველოში“ შევედი სადილის საჭმელად. აქ სხვებიც ბევრი დამიხვდენ; ჩვეულებრივად მისხდომოდენ აქეთ-იქით სუფრებს და მადიანად შეექცეოდენ. განმარტოებულად, კუთხეში პატარა სუფრაკს მისჯდომოდა ერთი ვიღაც ვეებერთელა წითური კაცი და თითქოს ყბასაც არ აქნევსო, ისე ჰყლაპავდა დიდ-დიდ ლუკმებს. მგლური მადა და სვავის სულხაობა სახეზე ელაპლაპებოდა. მოსამსახურეები მისჩერებოდენ და იღიმვოდენ.
- სანდრო! - დავეკითხე ერთ მათგანს. - ეს კაცი ვინ არის?
- ვერ იცნობთ, ბატონო? - მიპასუხა გაოცებით. - ეს ის გახლავთ, ქართველები რომ უყვარს და „მოსკოვის უწყებაში“ რომ წერილებს ჰგზავნის ხოლმე. ლანძღვა-გინებამ თქვენი ჭირი წაიღო, მაგრამ ისეთ ხმებსაც კი იგონებს, რომ პირდაპირი დაბეზღებაა!.. მაგრამ რას ვამბობ? დაბეზღება კი არა, უარესია!..
- ეს არის?! მერე და არ ეშინია, აქ რომ შემოდის? აქ ხომ სულ ქართველები ხართ.
- რისი უნდა ეშინოდეს? განა ვერ გვიცნობს ქართველებს თუ? დიდი ხანია ჩვენშია და იცის, რომ, ჩვენ, ქართველები უწყინარი და ყველაფრის მიმტევებელი ხალხი ვართ, - სამაგიეროს მტერსაც ვერ გადავუხდით.
- კი, მაგრამ თვითონ რაღა პირით გიყურებთ უსირცხვილოდ?!..
- დალოცვილო! რაღა დროს სირცხვილია, კუჭი ეწვის შიმშილით: სამსახურში იყო და გამოაგდეს, თურმე ქრთამებს იღებდა, ულუკმაპუროდ დარჩა ცოლ-შვილის პატრონი და რომ აღარც სწეროს, მაშ ვინღა არჩენს?
- განა სიცრუე და სისაძაგლე უნდა სწეროს?
- დღეს გასავალი მხოლოდ მაგისთანა წერილებსა აქვს!..
- კაი თავის გამართლებაა!!
- ახირებული ვინმეა! - ხუთი კაცის ოდენასა სჭამს. სანამ არ გაძღება, არის ჩუმად... მამალ ინდაურივით ყლაპავს... პირსაც არ უქნევს, ისე... და რომ გამოძღება - გამოსისინდება, აღრინდება ხოლმე. სწორედ აფთრის მოდგმისაა. გამიგონია, აფთარმა თუ არ იღრინა, ის ვერ მოინელებსო... ესეც პატარა ხანს უკან აძაღლდება.
უცბად სიმღერა შემოგვესმა, ცალკე ოთახში თურმე საპიორის აფიცრები ქეიფობდენ და იმათ შემოსძახეს თავისი სიმღერები; ღორმუცელა სტუმარი სიამოვნებით შეიშმუშნა; თითქოს, დიდი ხნის დანატრულებულს, დაკარგული რამ ეპოვნოს, მშობლიურ სიმღერას გულის თქმა ააყოლა, უზარმაზარი ტანი შეარხია და მოთამაშე დათვივით ჯუნყალობდა სკამზე მჯდომი.
ნეტარებაში იყო, მაგრამ მალე კი ჩამწარდა სიამოვნება: ამ დროს სადღაც ქართული მრავალჟამიერიც შემოსძახეს. სიხარულით გახურვებულ რ-ვს თითქოს ცივი წყალი გადაავლეს თავზეო, უცნაურად დაიჭყანა რუსი, დააჭყიტა თვალები და დაიღრიალა: „ეს რა ამბავია?! რა ადგილია აქ სიმღერისაო?“ ეკითხებოდა „ლაქიებს“.
- მეშვიდე ნომერში ყმაწვილები ქეიფობენ და იმღერიანო! - მოახსენეს.
- მერე და რა მხეცობაა და რა სიბრიყვე?.. განა თავის მეტი სხვები აღარავინ ეგულებათ? - სანდროს თქმისა არ იყოს, მართლა აყეფდა და ღრინავდა თავისთვის...
იქვე თავისთვის ერთი, ვიღაც ახალგაზდა კაცი იჯდა, ვეღარ აიტანა ღორმუცელას საყვედურები და მიუბრუნდა: - მოწყალეო ხელმწიფევ! რასა შფოთავთ?
- როგორ თუ რასა?! ვერა ჰხედავთ რა ამბავია? ხომ გესმით!
- მერე რაო?.. ლხინობენ და იმღერიან! ეს განა ჩვეულებრივი საქმე არ არის?
-კი, მაგრამ როგორ იმღერიან? და რა ენაზე? აი, მე სრულიად არას ვამბობ ნამდვილ სიმღერაზე, მაგრამ ესენი კი ღრიალებენ მხეცურადა და გვაწუხებენ!
- აქ განსხვავება მხოლოდ ენაშია - თავ-თავის ენაზე მღერიან...
- ჰო და კიდეც ეგ არის! იმღერონ რუსულად, ვინ უშლით?
- თუ არ ემარჯვებათ?
- გაჩუმდნენ! მაგრამ აქ ჩვენი სისუსტეა და წინდაუხედაობა, რომ ამდენს ჰბედავენ.
- მე ვერ გამიგია თქვენი აზრი?! რას ამბობთ, გესმით?..
- იმას, რომ ამ ქვეყანაში ლოთობისა და ავაზაკობის მეტი არა არის-რა!
- ესე იგი, თქვეს გინდათ სთქვათ, რომ აქ არც ლოთობაა და არც ავაზაკობა!
- მაშ, თქვენ ახალი მოსული იქნებით?
- არ არის დიდი ხანი, მაგრამ მაინც იმდენად კი მოვასწარი ხალხის გაცნობა, რომ შემიძლია სიმართლე ვსთქვა! ვინც რა უნდა ისა სთქვას და ჩვენ კი არ შეგვიძლიან, რომ აქაურებს ლოთობა ვუკიჟინოთ! ამდენი ხანია აქა ვარ და წაქცეული მთვრალი არ მინახავს. თუმცა ღვინოს კი ძალიან სმენ.
- მართალია, ჩვენში ყველა თვრება, მაგრამ ჩვენებური ლოთობა სულ სხვა არის: დათვრება და გაგორდება. - ამით ვის რას დაუშავებს? აქ კი, დათვრება თუ არა, იმ წამსვე მოისვამს ხელს!... რაზბონიკები არიან.
- რაზბონიკები? მერე სად არიან? ამ ღრეებში, ამ კლდეებში, ამ უტეხ ტყეებში დადიხარ, კაცი ხმას არა გცემს!.. ქართველი და ავაზაკი ვერ წარმომიდგენია.
- მაშ, ეს მიქელიშვილები, კურუები, მეხუზლები და სხვანი ვინ არიან, თუ არ ქართველები?
- ეგენი? ციმბირიდან გამოქცეული გამოსუქინსინებული ტუსაღები, რომელთაც საერთო ხალხთან არა აქვთ-რა!
- გეტყობათ, რომ თქვენ რუსი არა ხართ... პოლიაკი უნდა იყოთ, რომ ასე აფარებთ ხელს აქაურობას?
- მე ნამდვილი რუსი ვარ და არა...
- ?....
- თქვენც არც სიმართლე იცით და არც სინდისს მისდევთ...
- მოწყალეო ხელმწიფევ!.. თქვენ ნამეტანს ბედავთ... აი, სულ თქვენისთანების ბრალია, რომ აბრიყვებენ აქაურებს...
- ყურადღების მისაქცევი თქვენ ხართ, რომ თქვენ თქვენის მოქმედებით აქ ამ ხალხს აგდებთ უსამართლოდ განსაცდელში და აქ რუსობას უტეხთ სახელს. მეც სანამ იქ ვიყავ და აქედან გამოგზავნილ კორესპონდენციებს ვკითხულობდი, მჯეროდა ყოველისფერი, მაგრამ ეხლა კი ვხედავ, რაც ამბავია და როგორც რუსს, გული მომდის. ვეღარ ამიტანია უსამართლობა.
იმათმა ბაასმა საზოგადო ყურადღება მიიქცია. გაბრაზებული მივარდნას ეპირებოდა, მაგრამ ისე იყო გამაძღარი, რომ ვეღარ ინძრეოდა. მისი მოპირდაპირე კი ზიზღით შეჰყურებდა და ბოლოს ჩაილაპარაკა... წამოდგა და გავიდა ოთახიდან.
- აკი მოგახსენეთ, ბატონო, რომ აყეფდება-მეთქი! - მითხრა სანდრომ - სულ ასეა და კაცი ხმას არა სცემს! მადლობა ღმერთს, რომ ახლაც ისევ მისმა რჯულისამ მოუქნია ჯოხი!...
- ეს ყმაწვილი კაცი ვინ იყო?
- რა მოგახსენოთ! ახალმოსულნი უნდა იყოს!...
გაიარა დიდმა ხანმა. ერთხელ ანდრია ღულაძეს, „ნობათის“ რედაქტორს, კრება ჰქონდა. თანამშრომელთა რიცხვში ერთი რუსიც ერია, შეხედვისთანავე ვიცანი: სასტუმრო „საქართველოში“ რომ რ-ვს ედავებოდა, ის კაცი იყო. მასპინძელმა გამაცნო: სალავიო -ნესმელოვი, ჩემი ამხანაგიაო. მისი მსჯელობა საზოგადოდ მომეწონა. გამოთხოვების დროს გავეხუმრე: თქვენ კიდევ აქა ხართ? რაც თქვენ ერთხელ სასტუმროში აზრები გამოსთქვით, ამდენ ხანს როგორ მოგაცდევინეს ჩვენში?.. მართალი ნათქვამია: „ერთი ხისაგან ჯვარიც გამოვა და ბარიცო“. ამისთანა რუსების, როგორც იყო განსვენებული სალავიოვ-ნესმელოვი, ღმერთი იყოს მფარველი სიცოცხლეში და რომ გარდიცვლებიან, საუკუნო განსვენება ნუ მოაკლოთ. ამინ.
(ივერია, 1902 წ., №41)
![]() |
6.7 მოგონება |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემ სიცოცხლეში, ცხადად თუ სიზმრად, ერთი რამ მაფრთხობდა ყველაზე მეტად და საფლავშიაც ქარ-ცეცხლად მიმყვება. მე ვამბობ „ცენზურაზე“. ვინც მომსწრე არ არის და არ გამოუცდია, იმას მარტო გაგონებით წარმოდგენაც არ შეუძლია მისი, თუ რა იყო წინათ ის საოცარი „ცენზურა“! მოვიტან ათასიდან თითო-ოროლა მაგალითს, რომ ცოტათი მაინც გავუთვალისწინო მკითხველს ის დრო: მესამოცე წლებში რომ რუსეთიდან დავბრუნდი, ქართულ ენის ცენზორად დამიხვდა ყაითმაზაშვილი. დღეს რომ ის ცოცხალი იყოს, კაიტმაზიანცი იქნებოდა, მაგრამ მაშინ სომხობა ასე ფეხმოკიდებული არ იყო ჩვენში და მიტომაც ის რუსობანაობდა და კაიტმაზოვად იწოდებოდა. როგორც კაცი, კარგი იყო, მაგრამ როგორც ცენზორი კი - აუტანელი: მშიშარა, ფრთხალი და სასტიკი, მით უფრო, რომ ქართული საცენზორო არ იცოდა.
ერთხელ გურული სცენები დავწერე. გაზეთში დაიბეჭდა და მეორე დღეს უნდა გამოსულიყო. მე იმ დღეს უსადილოდ დავრჩი. დღევანდელ შეხედულებით ეს გასაკვირველია, მაგრამ მაშინ კი, მესამოცე წლების მოღვაწეებთაგანი ვინც კი სახელმწიფო სამსახურში არ იყო, ხშირად რჩებოდა ხოლმე უსადილოდ, მაგალითად გ. წერეთელი, ს. მესხი, ნ. ნიკოლაძე და სხვ. ძალიან მშიოდა. წაველ რედაქციაში და მაშინდელ დროებითი რედაქტორს მივმართე, რომ ერთი მანეთი ესესხებია ჩემთვის, მაგრამ იმან უარი მითხრა. მეწყინა. როგორ? მე მთელი დღე მოვუნდი სცენების წერას, უსასყიდლოდ გადავეცი და ის კი ერთ მანეთსაც არ მაძლევს სესხად, მაშინ, როდესაც ვიცი ჯიბე სავსე აქვს? - ვსთქვი გუნებაში და კუჭის დაწვას რომ გულის დაწვაც დაერია, გავექანე ცენზორისაკენ. ცენზორი ტკბილად დამხვდა და მომაძახა: წავიკითხე შენი სცენები! კარგი იყო და ბევრიც ვიცინე.
- კი, მაგრამ აქ ერთი რამ გამოგპარვიათ და საშიშია. მეც მეშინია და მიტომ გეახელ.
- არა! იქ არა ყოფილა-რა!
- როგორ არა? იქ არ შეგხვედრიათ „ტინტილა“?
ტინტილას იმერეთში და განსაკუთრებით გურიაში ჯოჯოს ეძახიან და მეც იმედი მქონდა, რომ კაიტმაზოვმა ის არ იცოდა და მართალიც გამოდგა.
- მერე ტინტილა რა არის? - მკითხა ცოტა შემკრთალმა.
- პოლიტიკური ტერმინი!..
თქმა იყო და გაგონებაც. წამოვარდა ზეზე გააფთრებული ცენზორი და მაშინვე განკარგულება მოახდინა, რომ აღარ გაეყიდათ ის ნომრები და სხვა ახალი შეედგინათ. - სირცხვილი შენთვისო, - მომიბრუნდა მე, - რომ მღუპავდიო!...
- აკი შევინანე და თვითონვე გეახელით-თქო, მოვახსენე, მაგრამ მაინც დამტუქსა და მიმატოვა. შევიდა მეორე ოთახში.
იმ საღამოს რედაქციაში შევედი. დროებითი რედაქტორი ყურჩამოყრილი დამხვდა.
- კაცო, ამისთანა იქნება, რომ იმ ოხერს სახვალიო ნომერი აუკრძალავს! - მომაყვირა. - ხელახალი ნომერი უნდა დავბეჭდოო.
- მართლა?
- არა, იმ არამზადას ადვილი ჰგონია ახალი ნომრის გამოშვება? სხვა რომ არა იყოს-რა, ხარჯია! ქაღალდი ხელახლა უნდა ვიყიდო, დასაბეჭდი ქირა მივსცე და სხვანი.
- მართლა?
- მგონია, შენმა სტატიამ კი მიყო ეს საქმე!
- არა მგონია!... იქ საწინააღმდეგო არა ყოფილა-რა! თუ მაგრეა, მე წავალ და ავაშვებინებ აკრძალვას.
- აბა, გეთაყვა, გასწი!
- კი, მაგრამ შიმშილით ფეხი მეხლართება და სიტყვას ვეღარ მოვახერხებ სათქმელად! რას მომცემ, რომ გავაკეთო ეგ საქმე?
- რა უნდა მოგცე? საზოგადო საქმე არ არის?
- ეგ არას უშლის. ერთ კაი ვახშამს თუ მაჭმევ, წავალ.
- ოღონდ შენ კი გაარიგე და...
- მართლა?
- პატიოსანი სიტყვა.
გავექანე ცენზორისაკენ. გამოვუტყდი ყოველისფერში. ბევრი იცინა და მითხრა: „შე შეჩვენებულო, გული რად გამიხეთქე, ისეც ფრიალი მაქვს ატეხილიო! გეთქვა და ხუთის სადილისას გადავიხდიდი, ის მერჩიაო!“ იმ ღამეს მე და დროებითი რედაქტორმა სასტუმროში ვივახშმეთ. რედაქტორი კარგ გუნებაზე იყო. როცა კარგად გამოვძეხი, მერე გამოვუტყდი ყოლიფერში. მაშინ კი მოიღუშა და კბილების ღრჭენით მითხრა:
- იმერლები ყველა საძაგლები ხართ და შენ კი იმერელზე უიმერლესიო.
მას აქეთ ნახევარი საუკუნე გადის და ის კი დღესაც კიდევ ვერ მიყურებს კარგის თვალით. ეს შემთხვევა მიტომ მოვიყვანე, რომ ტინტილას შესახებ ცენზორის უვიცობამ გამოიწვია ეს ამბავი.
ეს გულკეთილი ცენზორი მართლა გულის ფრიალმა გადაიტანა: ვენას წავიდა საექიმოდ და იქ უეცრად გაუსქდა გული. მას შემდეგ ბევრი ცენზორი გამოიცვალა, მაგრამ უმეტესობა იმაზე უარესი თუ იყო, თორემ არა ნაკლები. ზოგი მისთანებიც იყვენ, რომ ცენზორობას არ სჯერდებოდენ, მბეზღებელნიც იყვენ. ერთს მათგანს საიდუმლო მიწერ-მოწერა ჰქონდა კატკოვთან და თბილისში რომ „სამშობლო“ წარმოადგინეს, დიდი აყალ-მაყალი გამოიწვია. გელათი რომ გაძარცვეს, ვიღაცამ გამოგზავნა კორესპონდენცია, ვითომ „სიზმარი“, მაგრამ ნამდვილად კი აწერა. რადგან ხელმოუწერელი იყო. მე დამბრალდა და დიდი ტანჯვა-წამება გამოვიარე. 1-ს მარტს რომ ხელწიფე იმპერატორი მოკლეს, 3-ს ჩემი ლექსი გამოვიდა „დღეს მერცხალი შემოფრინდა“ და სხვანი, მომდეს ხრიკი: ეს „გიხაროდენ“-იაო და კინაღამ ციმბირში ამომაყოფინეს თავი, რომ სტაროსელსკი, მაშინდელი ნამესტნიკის კანცელარიის უფროსი, არ გამომსარჩლებოდა. ერთხელ კიდევ მე წარვუდგინე ცენზორს პოემა. დამიბარა მეორე დღეს კომიტეტში და დამტუქსა:
- რა დაგიწერია ეს? როგორ არ გრცხვენია?
- მანდ სასირცხვო არა არის-რა
- მა, ეს რა არის? - მიმითითა ერთ ტაეპზე - წაიკითხე! წავიკითხე: „და გარყვნილი დედოფალიც გამოვიდა საბჭოზედ“.
- აქ არა არის-რა!..
- უკანასკნელი სიტყვა! უკანასკნელი! - ღრიალებდა.
- საბჭო წარმოსდგება სიტყვიდან ბრჭობა და ნიშნავს მსჯავრის დადებას... გასამართლებას.
- შე დალოცვილო, - მითხრა ხმადაშვებით, - ამ ძველ სიტყვებს რას ეტანები! ვიხმარდი სუდს და ის იქნებოდა, ყველაც გაიგებდა!..- გაჰკრა კალამი და გადაასწორა ის სიტყვა „სუდად“... იმ დროში, არა თუ შლიდენ ნაწერებს ცენზორები, თავისასაც ჩააწერდენ ხოლმე სამაგიეროს და ისე იბეჭდებოდა. ერთხელ კერესელიძესთან შევედი, გახარებული დამიხვდა: გავაშვებიე შენი ლექსიო! დიდ უარზე კი იდგა, სანამ სათაური არ გამოუცვალეო და „სიმღერის“ მაგიერ ასე დავაწერეო: „დიდი მთავრის მობძანების დროს ახალთაობა უგალობს საქართველოს“. აი ხერხს რა შეუძლიან!.. ლექსი სრულიად გავაშვებინე და სათაური რაც უნდა, ის იყოსო!.. მოჰყვა კითხვას: „სამეფოო, ძველთა ძველო“ და სხ. ამგვარი რამ გადაგვხედია და ბევრი სიმწარეც გამოგვივლია ცენზორების ხელში. მაგრამ ყველაზე უფრო საშიში დ. ბაქრაძე იყო, ჩვენი ისტორიკოსი. იმან ქართული კარგად იცოდა, ვერას გამოაპარებდა კაცი. საოცარი ფრთხილი იყო, ხშირად, რომ წაიკითხავდა ხოლმე ჩემ ნაწერს და ვერას ნახავდა საშიშოს, მევე დამეკითხებოდა ხოლმე: თუ ძმა ხარ, მითხარი: დაფარული, საორჭოფო ხომ არა არის-რა აქო? ყველა ცენზორებს შედარებით ამ ნახევარ საუკუნეში რაფიელ ერისთავი სჯობდა და პართენ გოთუას დროს კი თავისუფლად ამოისუნთქა მწერლობამ!.. მართალი რომ სთქვას კაცმა, არც ცენზორები არიან გასამტყუნარი, იმათაც უფროსები საქმეს უჭირვებდენ, სულ უბრალო რამეზე უჯავრდებოდენ. საკმაო იყო ერთი ვინმე ბიუროკრატის სიტყვა, რომ სამსახურიდან დაეთხოვათ. სახიფათო იყო ცენზორობა, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ყველა ეტანებოდა ამ ადგილს*. მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა ვიცი, რომ ცენზორობა აძლიეს კაცს და არ მიიღო. ცენზორის ადგილი დაიცალა, ეძებდენ მაგიერს და ვერ გამოერჩიათ! მაშინ კომიტეტის თავმჯდომარედ იყო დიმიტრი ფურცელაძე. შემომტირა და მითხრა, ეგებ შენ ვინმე იცოდეო და მეც სამზღვარგარეთიდან დაბრუნებულ, ახალგაზდა ალექსანდრე სარაჯიშვილზე მივუთითე. სრული დარწმუნებული ვიყავი, რომ ბედსა ვსწიე ახალგაზდა მწერალი. იმ კვირაში შემხვდა ფურცელაძე, შემაჩერა და მისაყვედურა: კაცო, რა მიყავი, რომ პამპულად გამხადე! დავიბარე ის შენი მოწონებული კაცი, მივულოცე ცენზორობა და იმან კი საცინლად ამიგდო: ჯერ ისე პალაჩობაც რა არის, რომ გრძნობა-გონების პალაჩად დავდგეო. გამიტრიზავა და გამშორდაო. მე გამიკვირდა ახალგაზდა კაცის საქციელი, მაგრამ მომეწონა კი, და ახლაც რომ შევხვდები ხოლმე მას, პატივისცემასა ვგრძნობ!.. დღეს ცენზურა აღარ არის, მაგრამ, სამაგიეროდ სხვასა აქვს მინიჭებული უფლება: ჯარიმა გადაახდევინოს რედაქტორს და დამწერს, დაიჭიროს, სამშობლოდან გააძეოს და სხვანი... ერთი სიტყვით, რომ იტყვიან, „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო“, ეს არის სწორედ და საბჭოზედ გამოსვლაც ამას ჰქვიან.
(ჟურ. საქართველო, 1908 წ. №3)
__________________
* რედაქც. შენიშვნა. ასე წარმოიდგინეთ, ანტ. ფურცელაძესაც კი უთხოვნია ცენზორობა.
![]() |
6.8 მოგონებიდან ვაჟა-ფშაველაზე |
▲ზევით დაბრუნება |
გასული საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთში გამოჩნდა ახალი ერმაკი, ვიღაც ვითომდა ატამანი თავისუფალი ყაზახებისა, - აშინოვი. მსგავსად თავისი პროტოტიპის ერმაკ ტიმოფეევიჩისა, რომელმაც რუსეთს ციმბირი მიუძღვნა, აშინოვიც მისთვის ინდოეთისა და ეგვიპტის მიძღვნას აპირებდა.
ჭინჭრაქის ტრაბახი - „ზღვას ცეცხლს წავუკიდებო“ - ხალას ჭეშმარიტებად მიიჩ-ნიეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კატკოვმა, იმ დროს რუსული პრესისა და ლიტერატურის ტონის მიმცემმა, თავის მფარველობის ქვეშ აიყვანა ეს ტრაბახა ადამიანი. «Mосковские вeдомости»-ს ფურცლებზე ყოველდღე იბეჭდებოდა ცნობები ამ „გმირის“ საზღვარგარეთულ თავგადასავალზე. დედაქალაქთა სხვა გაზეთები ან ვერ ჰბედავდენ შეჰკამათებოდენ მოსკოველ ჯადოქარს, ან ჰბაძავდენ მას და რეკლამას უწევდენ ახალ ერმაკს.
მისი ამბავი მთელ რუსეთს დევისებური ნაბიჯით ედებოდა.
ამასობაში კი აშინოვი განცხრომით ცხოვრობდა პეტერბურგში. სლავიანოფილებისა და სხვა ძლიერთა ამა ქვეყნისათა თანხლებით იგი აქეთ-იქით დაძრწოდა უცხოე-თიდან თავისი ჩამოყვანილი უცხო ფრინველებით, შავი ბიჭითა და უცნობი ქალიშ-ვილით, რომელსაც „პრინცესას“, მეფე მენელიკის ქალს უწოდებდა. მის წინაშე ფართოდ გაიღო არისტოკრატიული ოჯახების კარი და ყველგან მას დიდი სიამოვნებით ღებულობდენ.
მაგრამ თუ როგორ იქცეოდა „თავისუფალი ყაზახების“ ეს ატამანი (ნამდვილად კი პენზელი მდაბიო მოქალაქე, უღირსი საქციელისათვის უმცროსი კლასებიდან გამოგდებული), ამის გაგება შეიძლება ნ. ლესკოვის სტატიიდან, რომელიც დაიბეჭდა 1894 წ. «Ceвepный вeстник»-ის №10-ში.
ჩვენ კი განვაგრძობთ:
ცენტრი რომ მოხიბლა ამ გმირმა, ახლა ბედის ცდა რუსეთის განაპირა ქვეყნებში მოინდომა.
იგი ჩამოვიდა თბილისს და დაიწყო ოინები. ფიქრობდა, დედაქალაქები გავაცურე და პროვინციაში ვინ გაბედავს, რომ არ დამიჯეროსო. მაგრამ საქმე სხვანაირად დატრიალდა.
მაშინ ერთადერთი ქართული გაზეთი „დროება“ გამოდიოდა. იქ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო:
„იოანე მრისხანემ რომ ნოვგოროდი დაიპყრო და მისი მოკავშირის -ფსკოვის დასასჯელად გაემართა, ფსკოველებიც მას მორჩილებით შეხვდენ. ვერც მორჩილების გამოცხადებამ, ვერც ბოიარების თხოვნამ, ვერც სამღვდელოების ლოცვამ, ვერც დაბალი ხალხის პურ-მარილმა ვერ მოულბო გული იოანეს. მაგრამ, აი ღობის იქიდან მოულოდნელად გამოვარდა ვიღაც სალოსი და დაუძახა: „გაფრთხილდი, ივანე! გეშინოდეს ღვთისაო!“ ამან მეფე ისე შეაშინა, რომ ხელი აიღო თავის განზრახვაზე და უკან გამობრუნდა. არ ვიცით, ამის შემდეგ თუ სხვა რამ მიზეზის გამო - სალოსებს ხალხი ყოველთვის სიმპატიით უყურებდა და უყურებს.
ამით ძალიან ხშირად სარგებლობდენ ათასგვარი მოხეტიალენი და გამვლელ-გამომვლელნი, თავი სალოსებად მოჰქონდათ და სურდათ რუსის ხალხის ყურადღება მიეპყროთ. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ივანე იაკობის ძე კორეიში: რამდენი ხალხი მიეშურებოდა მოსკოვს რუსეთის ყოველი კუთხიდან მის თაყვანსაცემად და რა პატივით იყო გარშემორტყმული. მაგრამ რა გამოირკვა? მრავალი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის წმინდა წინასწარმეტყველი - გამოქცეული კატორღელი ყოფილიყო.
რაღაც ამის მსგავსი ხდება ამჟამადაც: გამოჩენილა ერთი ვიღაც თავზე-ხელაღებული აშინოვი, თავის თავს „თავისუფალი ყაზახების უამრავ ძალთა“ ატამანს უწოდებს და მთელი ოდისეა დაუწყია.
სხვათა შორის, იგი გვარწმუნებს, ჩემი ხანჯლის წვერზე მივართმევ რუსეთს თეირანსაო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენში იგი მსმენელთა მხოლოდ სიცილს გამოიწვევს, მაგრამ უცნაური ისაა, რომ პოლიცია მას ყურადღებას არ აქცევს“.
ასე სწერდა ქართული გაზეთი „დროება“.
ერთ მშვენიერ დილას რედაქციის კანტორაში ვისხედით: თითონ რედაქტორი, განსვენებული სერგეი მესხი, მე და ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ასპარეზზე მაშინ ახლადგამოსული ჩვენი ცნობილი მწერალი ვაჟა-ფშაველა. როგორც მთიელს, მას ჩოხა ეცვა და ხანჯალი ეკიდა. უცებ შემოვარდა ვიღაც კაცი, ჩასხმული, ქერა, მაცეცა თვალებიანი, ყაზახურად გამოწყობილი და დაიწყო გააფთრებულად:
- „დროების“ რედაქცია აქ არის? რომელია რედაქტორი? - დაიყვირა მან.
- რედაქტორი მე ვარ! რა გნებავთ? - უპასუხებს ოდნავ აღელვებული რედაქტორი.
- როგორ თუ რა მნებავს? თქვენ მოათავსეთ სტატია... გალანძღეთ აშინოვი, აშინოვი კი მე ვარ!.. მე!.. თქვენ გნებავთ ხელი შემიშალოთ?! თქვენ, როგორც „ტუზემეცს“, ალბათ, არ მოგწონთ ჩვენი კონფიდენციალური პოლიტიკა?
- ესე იგი, რაღაც ბოდვა...
- ბოდვა? თქვენ ამას ბოდვას უწოდებთ, როდესაც სხვა თქვენზე უფრო კომპეტენტურნი გვიჯერიან და ხელს გვიწყობენ? ჰმ!.. განა თქვენ დედაქალაქის გაზეთებს არა კითხულობთ? მე თქვენ მოგაწვდით «Moсковскиe вeдомости»-ს.
- თუ შეიძლებოდეს, ნუ ყვირით. აქ ბაზარი კი არ არის, რედაქციაა! მიბრძანდით აქედან.
- რას ნიშნავს მივბრძანდე? როგორ თუ მივბრძანდე! მე აქედან ცოცხალი არ გავალ, სანამ ჩემთანვე თქვენ მიერ დაბეჭდილის უარყოფას არ დასწერთ... - დაიყვირა მან და ხანჯალზე ხელი გაივლო.
რედაქტორი გაფითრდა, მე კი შევშინდი. მაგრამ ახალგაზრდა მთიელი ვაჟა-ფშაველა, რომელიც ცნობისმოყვარეობით უყურებდა მთელ ამ სცენას, უცებ წამოხტა, სტაცა აშინოვს კისერში ხელი, მაღლა აიტაცა და დაუყვირა: - ვის აშინებ შენ ხანჯლითა, ჰა? იცოდე, შე უბადრუკო, ვიდრე ხანჯალს ამოიღებდე, თავს ათჯერ წაგაცლი!
ჩვენი „გმირი“, რომელიც თავისი ხანჯლის წვერზე თეირანის მორთმევას გვპირდებოდა, ამნაირ რამეს არ მოელოდა. მას უცბად მიავიწყდა თავისი ხანჯალი, კილო იცვალა და მთავრობასთან ჩივილით დაგვიწყო მუქარა.
მაგრამ ახალგაზრდა მთიელმა დიდხანს ლაპარაკი არ დააცალა: ჰკრა პანღური და კიბეებზე დააგორა.
მართალი რომ გითხრათ, რამდენიმე დღე ჩემს ტაფაში ვერა ვგრძნობდი თავს. მეშინოდა ქუჩაში არ შევხვედროდი იმ თავზეხელაღებულს. მაგრამ გამოირკვა, რომ ეს ცრუ „გმირი“ იმავე დღეს, რა დღესაც რედაქციიდან პანღურით გამოისტუმრეს, თბილისიდან სადღაც გამქრალიყო და მისი კვალიც არავინ იცოდა.
(გაზ. 3aкaвкaзскaя рeчь, 1911 წ., №105).
![]() |
6.9 საოცარი ხსოვნა-მეხსიერება |
▲ზევით დაბრუნება |
„ზაკავკაზიეს“ №290-ში მოხსენებული იყო, სხვათა შორის, რომ გრიშა აბაშიძე ნიჭიერი პოეტი იყოო. ამან მომაგონა შემდეგი: ერთხელ ერთ ოჯახში თავმოყრილი იყვნენ ყმაწვილები და მთხოვეს, რომ ახალი რამე წამეკითხა მათთვის. მეც წავიკითხე ახალთახალი ლექსი. ყმაწვილებმა სიცილი დაიწყეს: კარგია, მაგრამ ეგ ხომ გრიშასიაო. მე, რასაკვირველია, ვარწმუნებდი, რომ შემცდარი იყვნენ. ამ დროს შემოვიდა გრიშაც. ერთმა ჩემმა მოწინააღმდეგეთაგანმა უთხრა: გრიშა! გუშინ რომ ლექსი წაგვიკითხე, თან ხომ არა გაქვს? - არაო, მაგრამ ზეპირად ვიციო! და მოჰყვა ზეპირად იმ ჩემ ლექსს. მეც გავშტერდი და აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა! თურმე რა იყო: მე რომ ვკითხულობდი, ის კარებზე ყოფილიყო წამოყურებული და ერთი ყურის მოკვრით ისე დაესწავლა ის მრავალტაეპიანი ლექსი, რომ სიტყვა-სიტყვით გაიმეორა.
(თემი, 1911 წ., №7)
![]() |
6.10 МОИ ВОСПОМИНАНИЯ О ШЕВЧЕНКЕ |
▲ზევით დაბრუნება |
Тараса Григорьевича Шевченка я видел только раз на своем веку - у Николая Ивановича Костомарова, профессора русской истории. Признаюсь, первое впечатление мое было не в пользу его: юношескому моему воображению он представлялся всегда каким-то гигантом, окруженным ореолом славы, а между тем передо мной стоял обыкновенный добродушный старик, скорее загнанный, чем идейный борец.
Хозяин, заметив мое смущение и поправив очки, начал задавать мне вопросы, на которые мне не раз уже приходилось отвечать.
- Вы, грузины, православные христиане? - спросил он меня неожиданно.
- Да, конечно! - ответил я.
- С каких пор?
- С первого-же века.
- А не с четвертого?
- Когда в первом веке Андрей Первозванный прибыл к Понтийским берегам вместе с спутником своим Симоном Кананитом (который и похоронен у нас, в Абхазии), тогда апостол многих из грузин обратил в христианство в западной Грузии. В четвертом-же веке вся Грузия признала Христианство как по ту, так и по сию сторону, и западная и восточная часть приняли христианство из рук св. равноапостольной Нины.
- Все это вы знаете по устному преданию или-же есть и письменныя данныя?
- Конечно, письменныя!..
- Значит, есть у вас письменность? - вмешался вдруг Шевченко. - И с какого века?
- Есть указания на период до-христианский, в устных преданиях, - былинах, сказках, но несомненныя доказательства имеются с 5-го века До наших дней сохранились манускрипты, гуджары и историческия записки.
- В двенадцатом веке при царице Тамаре, литература ваша была в полном расцвете? - спросил опять Костомаров.
- И раньше, но тогда появились знаменитые пророки, в роде Моисея Хонели и мировые поэты: Руставели, Шавтели, Чахруха и другие.
- Но почему обо всем этом никто не знает? вмешался опять Шевченко.
- Благодаря постоянной войне с магометанством, грузины вели замкнутую жизнь, и идейная работа всегда шла келейно.
- Но теперь ведь полвека, как вы успокоились в руках России. И от чего-же вы, теперешние грузины умалчиваете? Или прошлое уже не интересует вас?
- На это много причин, но..., позвольте о них умолчать.
- Аа!.. Понимаю!.. понимаю!..
- Я все о том думаю, - заговорил Костомаров, - как это царство, окруженное со всех сторон магометанским миром, могло удержать и царство, и православие свое?
- Олицетворив национальность с религией, грузины оборонялись в продолжение нескольких веков и мученическими подвигами донесли православие до 19-го столетия и вручили его могущественной русской державе в чистом виде и вместе с царством.
- Как с царством? - спросил Шевченко.
- Царь грузинский от имени народа заключил контракт с русскими о сюзеренстве.
- Нет, нет! Меня интересует религиозная сторона. Вы сказали, что до 19-го столетия религию вы донесли в чистом виде. Что это значит?
- Без всякой ереси и суеверия.
- Религия без суеверий? Вы не признавали нечистых сил и не боролись против них?
- Боролись, но не так, как в других христианских государствах, где свирепствовала инквизиция и где оговоренных в колдовстве жгли тысячами. Мы оборонялись только крестным знаменем.
- Может быть предание умалчивает об этом?
- По крайней мере, об этом не говорят нам ни законодательство, ни история.
- Как?! У вас были и законы писанные, а не только адаты?
- Конечно, были: царя Георгия Блистательного, Атабега Агбуги, царя Вахтанга и др., и по ним решались дела.
Это сообщение очень удивило Шевченка, он подсел ближе, сделался словоохотливее и стал распрашивать меня о многом.
- Как много общаго у этого народа с нашим! - заметил он. Шевченко вздохнул и стал говорить об Украине, унии и проч. Говорил грустным тоном, но оживленно, и я не узнал в нем прежняго старика!
Беседа наша тянулась до трех часов ночи. Разошлись мы друзьями, дав друг другу обещание встречаться почаще. Но, увы, моему счастью не удалось сбыться: я заболел тифом и пролежал в постели три месяца. В это время он уже уехал на Украину, и после того мне не пришлось встречаться с ним.
Только первая и последняя встреча осталась у меня светлым воспоминанием на всю мою жизнь. Признаюсь, я первый раз понял с его слов, как надо любить родину и свой народ...
Когда я справлял свой пятидесятилетный юбилей, - у меня были гости с Украины и привезли мне в подарок портрет Тараса. Я был этим очень тронут и обрадован.
(გაზ. Закавказье, 1911, №45)
![]() |
6.11 გახსენება |
▲ზევით დაბრუნება |
ერთხელ, ახალ გაზაფხულის დილას, მუშტაიდში ამოვყავი თავი. რასაკვირველია, იმ დროს იქ ხორცშესხმული არავინ სჩანდა და მეც ჩემს ნებაზე დავიწყე ბაღში სიარული. მოულოდნელად ერთმა რამემ გამაშტერა: შუაგულ ბაღში ერთ ყვავილებად გაპენტილ ატმის ქვეშ თვალი მოვჰკარ გაბრიელ სუნდუკიანცს: ის ხის ქვეშ მუხლებ-მოყრილი და ხელებ მაღლა აპყრობილი იყო, როგორც ქანდაკება. მე შევკრთი. ვიფიქრე: გადარეულა-მეთქი. უკანვე გამოვბრუნდი და წრეში შემოვედი. ნახევარი საათის შემდეგ შემოვიდა აღტაცებული სუნდუკიანციც და მომაყვირა: „აკაკიჯან, აქ რას უზიხარ! წამოდი რა გიჩვენოო“. - დამავლო ხელი და მიმიყვანა იმ ატმის ხესთან: „ამას ვერ ხედავ? რატომ არ დაემხობი და თაყვანს არ სცემ მშვენიერების გამჩენს? მე კი ეს ერთი ხანი, ყოველ დილას მოვდივარ და ვლოცულობო“!
(თემი, 1912 წ., №64)
![]() |
6.12 როგორ დაარსდა ჩვენში გაზეთი |
▲ზევით დაბრუნება |
ამ ნახევარ საუკუნის წინათ, როცა გაზეთის ხსენებაც არ ყოფილა ჩვენში, დიმიტრი ბაქრაძემ, ბესარიონ ღოღობერიძემ, ნიკოლოზ ღოღობერიძემ და ვახტანგ თულაშვილმა მოინდომეს სტამბის დაარსება და გაზეთის გამოცემა. ახალგაზრდა სტეფანე მელიქიშვილს გაატანეს ფულები და ვენიდან გამოიწერეს სტამბისათვის ყოველგვარი საჭირო მასალა. გამოიტანეს ნებართვა კვირეულ გაზეთის, მაგრამ განზრახვის სისრულეში მოყვანა გაუჭირდათ: არ იცოდენ, თუ როგორ უნდა მოევლოთ ან სტამბისა და ან გაზეთისათვის! და მიტომაც მიჰმართეს პეტერბურგში მყოფს ახალგაზრდა სტუდენტს გიორგი წერეთელს. სხვათა შორის, სწერდენ: „აქ უნდა დაარსდეს გაზეთი ახალთაობის სახელით და ჯგუფმა ერთხმად შენ ამოგირჩია, შენ უნდა იკისრო გაზეთის რედაქტორობა, რომ ხალხს უქადაგო მის ჭირ-ვარამზე, თვარა თუ ეს დიდი საქმე, წინ წაძღოლა, ძველების ხელში იქნა და მეთაურობაც ივანე კერესელიძეს ექმნა ხელში, შორს ვერ წავალთო“. ავხსნათ, თუ რათ ახსენეს და ვინ იყო კერესელიძე? როგორც კი წავიდა დიდი ვარანცოვი საქართველოდან, მისმა მოადგილემ, მურავიოვმა, ყველაფერი, რაც კი ვარანცოვისაგან ქართველების სასარგებლოდ იყო დაწყებული, მოსპო; მათ რიცხვში ქართულ ჟურნალსაც „ცისკარს“, რომლის რედაქტორი გიორგი ერისთავი იყო, სუბსიდია მოუსპო და რადგანაც საშუალება აღარსად იყო, რედაქტორმაც თავი მიანება ჟურნალს. მოიყარეს თავი მაშინდელმა მოწინავე ქართველებმა, გადასწყვიტეს, რომ გაეგრძოთ „ცისკარი“ და რედაქტორადაც ივანე კერესელიძე დანიშნეს. თანამშრომელები არა თუ სასყიდელს არას იღებდენ, პირიქით, თავის ღარიბ ჯიბიდან აწვდენდენ წვლილს, განსაკუთრებით ალექსანდრე ორბელიანი. მუდმივ მშრომლებად იყვნენ: გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, გრიგოლ დადიანი (კოლხიდელი), დიმიტრი ყიფიანი (ბაქარ ქართლელი), მოლექსე დიმიტრი ბერიევი, ლავრენტი არდაზიანი („მეჯღანუაშვილის“ ავტორი), გრიგოლ რჩეულოვი („თამარიანის“ დამწერი), გაბო სულხანოვი (მოლაყბე), ალექსანდრე სავანელი, ახალგაზრდა ქერელი ბექა (ანტონ ფურცელაძე) და მე. უნდა გამოვტყდეთ, რომ საქველმოქმედო მიზნით გამოდიოდა „ცისკარი“ და რომ უნდოდა, ისე ვერც გამოდიოდა ჟურნალი. და აი სწორედ ეს მიზეზი იყო, რომ მოინდომეს გაზეთის გამოცემაც ახალთაობის სახელით. მიანება თავი უნივერსიტეტს, ჩამოვიდა თბილისში გიორგი და შეუდგა საქმეს. თუ რა საძნელო იყო მაშინ ამისთანა საქმის მეთაურობა, ამას მკითხველიც მიხვდება და მე მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ ახალ-გაზრდა რედაქტორმა ნიჭი გამოიჩინა და შრომაც დიდი გასწია და ასამდე მოიპოვა გაუჭირველად და ძალდაუტანებლად ხელის მომწერნი, მაგრამ როცა იძულებული შეიქმნა გერმანიაში გასულიყო, მიატოვა „დროება“. მაშინ ნ. ნიკოლაძე ახალი დაბრუნებული იყო საზღვარგარეთიდან. ნიჭთან და სწავლა-განათლებასთან ქონებრივი შეძლებაც ნებას აძლევდა, რომ ის მეთაურობა ახალთაობის, რომელიც ი. ჭავჭავაძეს ჰქონდა მისის გუნდით ჩავარდნილი ხელში, ამას ჰქონოდა დაკისრებული, მაგრამ ეს აღარ მოხერხდა და ისე კი დიდი გავლენა და ხმა ჰქონდა ახალგაზრდებში ამ ახირებულ კაცს. აი ეს ნ. ნიკოლაძე მივიდა გუბერნა-ტორის კანცელარიაში მოსამსახურე სერგეი მესხთან, გამოიყვანა სამსახურიდან და დააყენა „დროების“ რედაქტორად. სერგეი მესხმა გადააკეთა კვირეული გაზეთი ყოველდღიურად, ხელმომწერლებიც გაამრავლა ორასამდე, ყოლიფერი თვითონ იყო: რედაქტორიც, მწერალიც და კორექტორიც. ერთხელ ფელეტონი დაიბეჭდა „დროებაში“ სათაურით „ცხელ-ცხელი ამბები“. თუ ვისი იყო, სახელი არ იყო მოწერილი. ამ ფელეტონმა ყველას ყურადღება მიიქცია. ახრიალდენ... ალაპარაკდენ: ვინ უნდა იყოს ამის დამწერიო და ნ. ნიკოლაძეს მიაწერეს, რადგან მხოლოდ ნიკოლაძისაგან გამოელოდენ ამგვარ რამეს. მაგრამ თვითონ ნიკოლაძემ კი ეჭვი აიღო ვისიც დაწერილი იყო და მოვიდა ჩემთან, გამიმართა საუბარი და, სხვათა შორის, მითხრა:
- მიკვირს შენი ახირებულობა!.. ყმაწვილი ხარ, ახალთაობას ეკუთვნი სულით და გულით და ძველებში კი გადასულხარ და იქ მუშაობ!.. რა მიზეზია შენი ასე განზე გადგომა?
- არ გახსოვს სტუდენტად რომ ვიყავით? ვასილ თუმანიშვილი, ჯავახიშვილი, ჩოლოყაშვილი და ერთიც სხვა, აღარ მახსოვს ვინ, გადაჭრით მოითხოვეს ჩემგან სტუდენტებმა: „ნუ გვარცხვენ შენის კალმით, როგორც უნიჭო და უმეცარიო! ან მწერლობაზე აიღე ხელი და ან ჩვენ ამხანაგობაზეო! ჩვენ გვყავს ჩვენი მწერალი და შესანიშნავიცო. შენ რაღა მოხელე ხარ შენის მეტიჩრობითო?“ მე მწერლობაზე ხელი ვერ ავიღე და ჩამოვშორდი სტუდენტებს ყველას, გარდა ორისა; მხოლოდ ეს ორი მამხნევებდა მე, განსაცდელში ჩავარდნილს, და მირჩევდა: წერას თავი არ დაანებო და უსამართლობა აიტანე, გულს ნუ გაიტეხო. ამ ორთაგანი ერთი შენ იყავი და მეორე კირილე ლორთქიფანიძე. თუ თქვენ არა, მაშინ შეიძლებოდა, არა თუ მარტო მწერლობისათვის დამენებებია თავი, ჩემი თავისთვისაც რამე ამეტეხა!
- ეგ რაღა მოსაგონებელია. ეგ მაშინ იყო, როცა შენ მეორე კურსზე იყავი, მაშინ სხვა იყო და ეხლა სულ სხვაა... ყმაწვილი ხომ აღარა ხარ...
- მართალია, მაგრამ აი დღესაც ახალთაობის სახელით გამოდის ჟურნალი „ივერია“, მე მოვისურვე იქ თანამშრომლობა და არა თუ დამიწუნეს, გადასწყვიტეს, რომ ჩემი არა დაბეჭდონ-რა.
- მოუტყუებიხარ!.. ვერ დავიჯერებ! მანდ რაღაც შეცდომაა.
- თუ ჩემი არა გჯერა, ჰკითხე ქიქოძეს, ქალაქის საბჭოს მდივანს, და ის გეტყვის, როგორც დამსწრე.
- კი, მაგრამ ის წრე სულ სხვაა და ჩვენ გვინდა ახალი წრე შევადგინოთ ახალთაობის, „დროება“ ხელში გვეჭირება, სერგეი მესხს, გიორგი წერეთელს მე და შენ...
- მე რაღას მოგეხმარებით?
- ბევრს არასა გთხოვთ: სხვათა შორის, ფელეტონები გვიწერე, „ცხელ-ცხელი ამბები“. შენ გგონია, რომ ის „ცხელ-ცხელი ამბები“, რომელსაც მე მაწერენ, არ ვიცი რომ შენი დაწერილია? არა! არა! აქ რა გინდა, ქუთაისში? შენი ადგილი რედაქციაშია!
- ვთქვათ რომ ყველა ეგ მართალიც იყოს, მერე რჩენა არ მინდა? აქ როგორც არის გიორგი ჭილაძის შემწეობით იოლად მივდივარ და იქ რაღა მეშველება?
- იქ ბინა რედაქციაში გექნება და მე ჩემი საკუთარი ჯიბიდან თვეში ხუთ თუმანს გაძლევ და იმყოფინეო.
ზოგი ეს მითხრა, ზოგი ის, დამიყოლია. მეც ჩავედი თბილისში და ამოვუდექი გვერდით რედაქტორს. მარტო ჩემ თავზე რომ მივიღო, ბევრი იქნება, მაგრამ რადგანაც იმავე დროს ჩვენთან ერთად სხვებიც მუშაობდენ, მაგალითად: ნ. ნიკოლაძე სწერდა პუბლიცისტურ სტატიებს, სერგეი მესხი - მეთაურებს, გიორგი წერეთელი - ისტორიულ ნაკვეთებს და პატარ-პატარა მოთხრობებს, ხელისმომწერლები მოემატა და ავიდა შვიდასამდე. შემდეგში მე ქართულ თეატრს შევუდექი, ნიკოლაძემ საკუთარი ჟურნალი „კრებული“ გაიჩინა, გიორგიმაც რაღაც საქმეს მოჰკიდა ხელი, გავიფანტენით და რედაქციის საქმე მარტო სერგეი მესხს დააწვა კისერზე. გულით ავადმყოფმა შესწირა სულიცა და გულიც „დროებას“ და კიდეც გადაჰყვა თან. - მესხის სიკვდილის შემდეგ „დროება“ გადავიდა ივანე მაჩაბლის ხელში. გიორგი ქართველიშვილმა მატერიალური შემწეობა აღმოუჩინა გაზეთს, მაჩაბელმაც უნარი გამოიჩინა და გაზეთის საქმეც კარგად მიდიოდა, რომ ერთ უეცარ შემთხვევას არ დაემოკლებია დღე „დროებისათვის“. ერთმა ვიღაცა ქალმა ბულვარში საჯაროდ სილა გაარტყა ღენერალს და ეს შემთხვევა „დროებამ“ მეორე დღეს ახალ ამბად გამოააშკარავა. ეს გამოაშკარავება ეწყინა ერთ გავლენიან პირს, ქართველ ღენერალს: „ის გალახული ღენერალი ჩემი კარგი მეგობარი იყოო და მისი სახელი და გვარი უდიერად როგორ მოიხსენიესო“. ამას ის შედეგი მოჰყვა, რომ დახურეს გაზეთი „დროება“. მას უკან მეოთხედი საუკუნე თუ იქნება. მაშინ ჰყავდა გაზეთს ძლივს შვიდასი ხელისმომწერი და დღეს კი რასა ვხედავ? მთელი საქართველო მოფენილია გაზეთებით: თბილისში გამოდის რამდენიმე გაზეთი, აგრეთვე ქუთაისში, გამოდის ბათუმში, გორში, ქიზიყში და სხვ. ერთი სიტყვით, დღეს წინანდელ ხელისმომწერლებზე რედაქტორები და მესტამბეები მეტი არიან!.. და ვისი ბრალია ეს საარაკო მოვლინება? - ვისი და იმ მოძრაობის, რომელმაც ასე დუხჭირად ჩაიარა ჩვენში!.. მოძრაობა რომ დაიწყო, მაშინ მე დავსწერე ლექსი, სადაც ჩემი შეხედულება იყო გამოხატული მოძრაობაზე. ის ლექსი გადავეცი „ცნობის ფურცელს“, მაგრამ არა თუ ვერ დამიბეჭდეს, დედანიც დამიკარგეს; მერე ქ-ბ. აზიანმა ნახა შავი და იმან მითხრა: „ამ შავს მე დავაბეჭდვინებ იმ გაზეთში, სადაც მე ვმუშაობო“. მაგრამ, დრომ რომ გაიარა, იმანაც ასე მითხრა, შავი დამეკარგაო! ასე, რომ დღეს მე ის ლექსი აღარა მაქვს. დაკარგულია, მაგრამ შინაარსი კი მახსოვს. აი რას ვამბობდი, სხვათა შორის: „ყოველგვარ სტიქიონურ მოვლინებას აქვს თავისი კანონები, მაგალითად, როცა წყალი მოვარდება და მდინარე აღელდება, კალაპოტში ვეღარ ეტევა, მივარდება კიდეებს და გადატეხს ბევრგან, დაეშვება შხუილით, ხიდებს წაიღებს, წისქვილებს დაანგრევს და ადამიანებსაც დაახრჩობს, მაგრამ როდესაც ამ მარცხებთან ერთად გადალექავს აყროლებულ კიდეებს და გაასპეტაკებს ჰაერს, მერე ისევ წმინდად ჩადგება თავისსავე კალაპოტში. ამავე კანონს ექვემდებარება ხალხის აღელვებაც! - როგორც აღელვებულ წყალს ნაპირზე გამოჰყავს თევზები, მაგრამ მათში გველ-ბაყაყებიც ურევიან, სწორედ ისე აღელვებულ ხალხსაც სარბიელზე გამოჰყავს მეთაურები, მაგრამ როგორც წმინდა თევზებში გველ-ბაყაყი, იმ მეთაურებში მისთანებიც ურევიან, რომ დროთი სარგებლობენ, მხოლოდ თავის კუჭს ემსახურებიან და სახელს უტეხენ წმინდა მეთაურებს. ამიტომაც დიდი დაკვირვება და სიფრთხილით გარჩევა უნდა მეასპარეზეთ“. აი რა აზრისა ვიყავი მაშინ მოძრაობაზე და ამავე აზრისა ვარ დღესაც, როცა მოძრაობა გათავებულია!.. მაგრამ არ შემიძლია, რომ თვალი დავხუჭო ამ სიკარგეზე - გაზეთების გამრავლებასა და მკითხველების გაასკეცებაზე!.. ზოგიერთები ამბობენ: „რა სანატრელია გაზეთების გამრავლება, მაშინ როცა ისინი ერთი გზით არ მიდიან, ზოგი ალთას გაიძახის და ზოგი ბალთას... ერთმანეთს დარევიანო!“ ეს შემცდარი მოსაზრებაა!. ძველ დროში მებუკეთა დანიშნულება იყო საყვირ-განგაშით ხალხის გამოღვიძება და გამოფხიზლება, რომ გაეგებინებიათ ხალხისათვის: „მტერი მოდის და ფრთხილადო“. გამოღვიძებული და გამოფხიზლებული ხალხი მაშინ თვითონ მიხვდებოდა: საით უნდა წასულიყო და ვისთან ეომნა! სწორედ ამგვარ მოვალეობას ასრულებენ დღეს გაზეთები: აფხიზლებენ და აღვიძებენ ხალხს, და მიტომაც, რამდენიც მეტი იქნებიან, მით უფრო კარგი ნიშანია მომავლის. გაუმარჯოს მომავალს!..
(თემი, 1912 წ., №93)
![]() |
6.13 ოთხი შემთხვევა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემს ხანგრძლივ სიცოცხლეში ბევრი სიმწარე გამომიცდია, ერთიორად მეტი სიტკბოზე, მაგრამ გამომიცდია ნეტარი წამებიც და ოთხი მათგანი მომაქვს აქ, რომ მკითხველებს გავუზიარო:
1
ამ რამოდენიმე წლის წინათ ავად გავხდი თბილისში. სასიკვდილოდ ვიყავი. დიდძალი მნახველი მომდიოდა. მომიკითხავდენ, დამათვალიერებდენ, მოიხდიდენ მოვალეობას და წავიდოდენ ხოლმე. მეც, რასაკვირველია, მადლიერი ვრჩებოდი. მათ რიცხვში შემოვიდა სანახავად ერთი ჩოხიანი სოფლელიც - სპირიდონ ნორაკიძე; ზრდილობიანად მომიკითხა, ტკბილად მემუსაიფა და ბოლოს, წასვლა რომ დააპირა, ბალიშის ქვეშ შეჰყო ხელი სიფრთხილით და წავიდა. მეც ცნობისმოყვარეობამ ამიტანა: რას ეძებდა ის ამ ჩემ ბალიშს ქვეშ-მეთქი? ავწიე ბალიშის პირი და ვნახე, რომ ხუთი მანეთიანი ოქრო დაეტოვებია. მე განვცვიფრდი!.. ამდენი მნახველები იყვნენ ჩემთან მდიდრები, ოჯახის შვილები, ტოლ-ამხანაგები, რომელთაც იციან ჩემი ხელ-მოკლეობა, მით უფრო ავადმყოფობაში, და არც ერთ მათგანს ფიქრადაც არ მოსვლია, რომ შემწეოდა და ეს უბრალო სოფლელი კი თავისის ღარიბი ჯიბიდან შემწეობას მაძლევს და იმასაც სიფრთხილით, რომ არ მივიმადლო!..
ამ ფიქრებში რომ ვიყავ, შემოვიდა ჩემი მეგობარი დოქტორი, მინახა მაჯა, გამისინჯა გული და სიამოვნებით მითხრა: აკი გეუბნებოდი, რომ ნერვებისაგან ხარ ატანილი? დღეს დილას რომ წამალი მოგეცი, აი როგორ დაუმშვიდებიხარო. მეც დავეთანხმე და აღარ გავუმხილე, თუ რა იყო ჩემი სიამოვნების და დამშვიდების მიზეზი.
2
ერთხელ ლაპარაკი ჩამოვარდა ქართულ პურებზე და მე წამცდა, რომ ყოველგვარ ქართულ პურს თონის ლავაში მირჩევნია-მეთქი. მსმენელთა რიცხვში ერია იობა ისაკაძეც, სულ უბრალო კაცი, თბილისში ხაბაზად მყოფი. მეორე დღეს მოვიდა ჩემთან ის იობა ისაკაძე და რაღაც გამოხვეული ქაღალდში მოიტანა და მომაჩეჩა ხელში ღიმილით, ეს ჩემი ნაწარმოებია და მიტომ გიბედავო!... რადგანაც ამგვარი შემთხვევა ბევრია ხოლმე, რომ თავისი ნაწარმოები მოაქვს ჩვენთან, მე ისიც ნაწერები მეგონა; ჩამოვართვი და გავისტუმრე. მოცლის დროს, როცა გავხსენი ქაღალდი, რომ ნაწერები ამომელაგებია, ვნახე რომ შიგ ათიოდე თონის ლავაში იყო ჩაწყობილი!.. ბევრი საჩუქარი მიმიღია საზოგადოებისაგან... ბევრჯერ მათ რიცხვში ძვირფასიც. ჩემი თავი იმათ ღირსადაც არ მიმიჩნევია, მაგრამ არც ერთი მათგანი ისე ძვირფასი არ ყოფილა, როგორც იობის პურები.
3
ფრეილინის ქუჩაზე მივდიოდი. ტროტუარზე. წინ შემხვდა ვიღაც გამდელი. ხელჩაკიდებული მოჰყავდა ამაყად ფეხადგმული ბავშვი. პატარა ძლივს მოაბაჯბაჯებდა. დამინახა თუ არა იმ ბავშვმა, შემომცინა, გააბზიკა თითი და ძლივს წაილუღლუღა: „ეი, აკაკი!“ მე გავშტერდი. გამდელმა ბოდიში მოიხადა: ამა და ამ კაცის შვილიაო. თქვენ პირადად არ გიცნობენ, მაგრამ თქვენი სურათი უკიდიათ ოთახში და ამ ბავშვმაც მით გიცნოთო!.. ჩემ დღეში არ გამომეცადა და მაშინ გამოვცადე სიამოვნების ოფლი. საზოგადოების თანაგრძნობის უჩვეულო არა ვარ. ვინ მოსთვლის რამდენი ტაში მომისმენია, რამდენი „ვაშა“ გამიგონია, რამდენი სასიამოვნო რამ მინახავს? მაგრამ არც ერთხელ ის არ მიგრძვნია, რაც იმ პატარა ბავშვის თითმა და ნატიტინებმა მაგრძნობია.
4
მოღრუბლულში გოლოვინის პროსპექტზე გამოვედით, უეცრად წვიმამ დაუშვა. მე, რადგანაც უპალტოოდ ვიყავი, გავეჩქარე შინისკენ. უკნიდან ხმა მომესმა: „ბატონო აკაკი, მოიცადეთ!“ შევჩერდი, მოვიხედე და ჩემთან მოიჭრა ქოლგით ხელში ვიღაც თორმეტ-ცამეტი წლის გოგონა და შემომთავაზა ქოლგა: - აი, მიირთვით, და მერე მიბოძეთ!
- მერე თქვენ?!
- მე არა მიჭირს-რა, რომ დავსველდე, და თქვენ ვაი თუ გაწყინოთ. - რომ აღარ მომეშვა, გადავწყვიტეთ, რომ ორივე იმ ერთ ქოლგას შევფარებოდით და ისე მივსულიყავით ჩემს სადგურამდე. სასტუმროს კარებს რომ მივადექი, სადაც შევდექი, გამომეთხოვა და თავის ქოლგიანად გაუდგა გზას. დღესაც არ ვიცი მისი სახელი და გვარი, მაგრამ იმისი უმანკო, ბავშვური სახე კი ყოველთვის თვალწინ მიდგას!..
ხანდახან რომ დავფიქრდები ხოლმე წარსულზე და წარმოვიდგენ ჩემს უთვალავ ტანჯვებს, ყველა იმათ შევუწონი ხოლმე ამ ოთხ შემთხვევას და სასწორი ამ ოთხისკენ იხრება.
(თემი, 1913 წ., №134)
![]() |
6.14 ნადირობა |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი სამეგრელოს თავად ნიკოლოზ ნიკოლოზის-ძეს)
ერთ ზაფხულს სამეგრელოს თავადმა ამიწვია გორდში რამდენიმე დღით, მაგრამ ის რამდენიმე დღე რამდენიმე კვირად გადამექცა. „ამ თვის დამლევს სანადიროდ მივდივარ და თუ არ წაგიყვანე, არ იქნებაო“. დანიშნულ დროს მართლა ავეკაზმეთ განთიადისას და გავუდექით გზას. თურჩუმდი, სადაც უნდა გვენადირა, გორდიდან სულ სამი ვერსტი თუ იქნებოდა. გზა სულ სიმღერით გადავიარეთ; იმღერდენ თავადისაგან გამოთქმულ ლექსს და სასიმღერო კილოც იმისივე გამოგონებული იყო. ეს ლექსი ამ სიტყვებით იწყებოდა:
წავიდეთ, ვინადიროთ და თავი შევიქციოთ!
მოვკლათ ბევრი დათვები,
მოვიტანოთ თავები და სხვანი.
სამეგრელოს თავადი პირველი ხმა იყო, დამწყები, ახალგაზრდა მეგრელები ზოგი მოძახილს მიაყოლებდენ და სხვები ბანს ეუბნებოდენ. სიმღერა მართლა რომ საამური გამოდიოდა. მივედით და მთის პირად ერთ ვაკეზე ჩამოვხტით. მონადირეები ადრე მოსულიყვენ და შუბებით ხელში მთების წვერები შეეკრათ, რომ დათვები არ ამოპაროდათ ქვევიდან. ჩვენ, სეირის მაყურებლები, დავსხედით ვაკეზე და როგორც ლოჟიდან პარტერს, ისე გადავყურებდით დაბლისკენ მისარეკ ტყის კალთებს. თავადმა ნიშანი მისცა. ბუკ-საყვირის ცემით და მომრეკლების ქაქანით დამფრთხალი დათვები გამოვიდენ სოროებიდან და მოაშურეს აღმართს, სერებს, მაგრამ იქ ყველგან მონადირეები დაუხვდენ შუბით ხელში და უკანვე დააბრუნეს. ერთად იმდენი დათვი მე ჯერ არსად მენახა, მარდი და მარჯვე მეგრელები თხებსავით მიერეკებოდენ აღმოსავლეთისაკენ, სადაც მომარჯვებულ ადგილას ჩასაფრებული იყო ღენერალი გრიგოლ დადიანი, სამეგრელოს თავადის ბიძა. მისი თოფი რომ გავარდებოდა, მერე უნდა დაწყებულიყო ერთიანი, საზოგადო ნადირობა. მართლაც გავარდა გრიგოღის თოფი და ორგვარი ხმა გამოსცა. ერთი დიდი უზარმაზარი დათვი გაკოტრიალდა მის წინ. მაშინ შეიქმნა საერთო ნადირობა: ასტყდა თოფების ჭექა-ჭუქი აქეთ და იქით, გაღ-მით, გამოღმით, ყველგან, და ნადირობა სულ ერთ საათში გათავდა. უცბად მანუჩარ ჩიქოვანმა დაიკივლა: „მონადირეებო! არიქა, აქეთ, მიშველეთო!“ ჩვენ, მაყურებლები ვინც ვიყავით, შევკრთით, მივიხედეთ და თქვენმა მტერმა დაინახოს ის დასანახავი, რაც ჩვენ დავინახეთ: მონადირეებს გამოპაროდა ერთი ღორ-დათვა და იქვე მახლობლად, სადაც ჩვენ ვიჯექით, ამოყო სერზე თავი. შეგვექნა ერთი წივილ-კივილი; მე შიშით ენა ჩამივარდა. მხოლოდ ერთი, იქ ჩვენთან ერთად მაყურებლად მყოფი, ელისავეტოპოლის ვიცე-გუბერნატორი, ვახტანგ გურამიშვილი არ გაშეშებულა, წამოვარდა ზეზე და უიარაღომ ხელდახელ შეუტია ჩვენზე მომავალ დათვს; ერთი რუსულად შეაგინა მაგრად და ქუდი ესროლა ნადირს. დათვმა პირი წაავლო ქუდს და დაუწყო გლეჯა, კოკარდას არ მოერიდა. ამასობაში ახლოს მდგარმა შუბოსნებმაც მოასწრეს და გადაეღობენ წინ დათვს. დათვმა რომ შეატყო, გასაქცევი გზა აღარსადა მაქვსო, გაჯავრებული შევარდა ხეზე და იქიდან იწყო ჯუჯღური. შემოეხვიენ ირგვლივ ხეს მონადირეები და დაუწყეს ხეზე გასულს ჯავრობა: „ვეღარ წახვალ!... ჩამოდი ძირს, შე დედაბეროო!“. ცოტა ხნის შემდეგ მართლა ჩამოვარდა საბრალო, მაგრამ თვალის დახამხამებამდე ოცზე მეტი შუბი შეერჭო გვამში. შექმნა ღრიალი და სულთამბრძოლმა ტორები სწორედ ისე დაიჭდო გულზე, როგორც ადამიანს დაუჭდობენ ხოლმე ჯვარედინად. ახლა კი, გაგულადებული მაყურებლებიც ახლოს მიდგენ საყურებლად, სიამოვნებით კიჟინასა სცემდენ. მხოლოდ მე ვეღარ ავიტანე საცოდავობა და გავდექი განზე მოშორებით. მოფანფალდა ჩემთან ერთი ღრმა მოხუცებული ჩიქოვანი, თოფით ხელში და მითხრა: - ბატონიშვილობაც იმათ!.. დიდკაცობაც იმათ… ღენერლობაც იმათ! ყოლიფერი იმათ და ჩვენი აღარაფერი? მონადირობის სახელიც იმას უნდა დავუთმოთ?
- არ მესმის, რას ამბობთ! - ვუპასუხე მე.
- იმას რომ შემოხვევიან გარს და გამარჯვებას ულოცავენ... ის დათვი მე მოვკალი.
- თქვენ?!
- დიახ, მე!.. ეს მთა „თურჩუ“ სადავოა. ჩვენ, ჩიქოვანები, ნახევარს ვუჩივით მთავარს, როგორც საზიაროს. რომ გავიგე, მონადირობას აპირებენო, რომ ფეხი არ ამოვიკვეთო და კანონმაც არაფერი მიხიმანგოს-თქო (რა ვიცი, რუსობაა ახლა), წამოვღოღიალდი მეც ამ ჩემი თოფით და სადაც ბატონიშვილი იჯდა ჩასაფრებული, მივეპარე სიახლოვეს და მეც ამოვეფარე ხეს, თვარა რაღა დროს ჩემი ნადირობაა, აგერ ოცდა-ათი წელიწადია თოფი ხელში არ ამიღია.
- მერე? მერე?
- მერე, რა მერე? ბატონიშვილის თოფთან ჩემი თოფიც ერთად გავარდა, მისმა ტყვიამ ჰაერში გაიზუზუნა და ჩემი კი მივიდა ნიშანში.
- რა იცით?
- დავამოწმე!.. მარცხენა ფერდი ამოვიღე ნიშანში და რომ მივედი, დავათვალიერე, სწორედ იმ ჩემ ნიშანში ამოღებულ ფერდში ჰქონდა ტყვია მიმჯდარი.
- რა ვუყოთ მერე? განა არ შეიძლება, რომ იმასაც მარცხენა ფერდი ამოეღო ნიშანში?
- რატომ არა, მაგრამ ტყვიას რაღას ეტყვი? სად ტუთრას დიდი უშველებელი ტყვია და სად ჩემი მაჭახელას პატარა ტყვია? ნახეთ! დაამოწმეთ და თუ ჩემი მაჭახელას ტყვია არ გამოდგეს, მომკალით.
- ვსთქვათ, რომ ანგრეა, მაგრამ ახლა ეგ გამომჟღავნდეს... დაუთმე!..
- მე, რასაკვირველია, არც რამეს ვიტყვი, მაგრამ ბატონმა ნიკომ რომ შეიტყოს, ივაკას მოკლულია ის დათვიო, ის კი მინდა სწორედ და ჩუმად გადაეცი, შენი ჭირი შემეყაროსო.
სამეგრელოს თავადს რომ ეს ამბავი გადავეცი, ბევრი იცინა: „დედოფალი ნუ მომიკვდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა რომ ეგ გახმაურდეს, ხომ მოკვდა ბიძაჩემი?!.. ვერა ხედავ, რა გახარებულია? თითქოს ის დათვი მოეკლას, ქვეყანას რომ აზის და ინელებს! არა, არა, ნუღა ჩამოვართმევთ დღევანდელ გამარჯვებას. გადაეცი ივაკას, ოღონდ გაჩუმდეს და ერთი ჭაკი ცხენი მიჩუქებია მისთვის“.
ბატონის წყალობა იამა მოხუცს, და სიცილით მითხრა: „ვინ ოხრის შვილი ხმას გამო-იღებს? ენაზე კლიტეს დავიდებ და პირველი კვიციც, როცა ბატონის წყალობით ჭაკი დამიმაკდება, თქვენთვის მომირთმევია“. მე მადლი გადავუხადე და ვუთხარი: არა, ჩემო ბატონო! ეგ სრულიად საჭირო არ არის!.. ჭაკიცა და კვიციც ორივე შენ მოგახმაროს ღმერთმა-თქო.
მოკლული დათვები ამოიტანეს მაღლობზე და მოაგროვეს. სულ ცხრამეტი გამოდგა. გააკეთეს საკაცეები, დაალაგეს სათითაოდ დათვები, შეუყენეს ოთხ-ოთხი კაცი და მწკრივად წაიღეს გორდისაკენ. ყველაზე პირველად მიჰქონდათ ვითომ გრიგოლის მოკლული დათვი. ბაჩაზე გადამჯდარი გრიგოლი, როგორც ტრიუმფატორი, წინ მიდიოდა. შუადღე გადასული იყო, გორდში რომ ჩავედით. დედოფლისათვის წინდაწინვე შეეტყობინებინა მახარობელს ჩვენი გამარჯვების ამბავი, შესაფერი სადილი მოემზადებიათ. სუფრა ფანჩატურში გაეშალათ, გარეთ, რადგანაც სიცხე იყო; ჩვენ, დიახ მადაგახსნილები, მივუჯექით სუფრას და გაიმართა ნადიმი ძველებური, მამა-პაპური. ჯერ სანამდი არ დავნაყრდით და ნუნუამაც არ შეგვირიკინა თავში, ხმას არ ვიღებდით; მერე კი ყველა გავმხიარულდით და წამოვიდა ლხინი... ლხინი ქართული, რომლის მსგავსი დღეს აღარსად არის... ლხინის მიზეზი იმ დღეს, რასაკვირველია, გრიგოლი იყო.
დედოფალმა აიღო ხელში პატარა ოქროს თასი და მომხიბლავის ღიმილით მიუბრუნდა გრიგოლს: „ჩემო მაზლო, ღმერთმა ყოველთვის გამარჯვებით გარონიოსო“. მე და ნიკო მათგან ცოტა მოშორებით ვიჯექით ერთად და სამეგრელოს თავადმა ღიმილით გადმომიჩურჩულა: „ეგ სულ გამარჯვებული დადის!.. მაგის მაგიერ სხვები იმარჯვებენ! ერთ სროლასაც არ დასწრებია და სრული ღენერალია, აი დღეს დათვი საბრალო ჩიქოვანმა მოჰკლა და მაგას ულოცავენ. ამაზე მეტი გამარჯვება იქნება? ახლა კი მეც უნდა დავლიო მისი სადღეგრძელო, მაგრამ ურა კი უნდა დავძახოთ... ღენერალია და იამება... ვაშა არ ეკადრება!“ სამეგრელოს თავადისაგან წარმოთქმულ სადღეგრძელოს მოჰყვა ერთი სადღეგრძელო და ბევრი სიტყვა წარმოითქვა. მეგრელები მჭერმეტყვე-ლებით განთქმულები არიან, მაგრამ მათ სიტყვაში რაღაც ტყუილები გამოისმოდა. გრიგოლს არ შეუნიშნავს ესა და თავმოკატუნებით ამოიხვნეშა და სთქვა: „მოლა ნასრადინის თქმისა არ იყოს, ვისაც ჩემი სიყმაწვილე არ უნახავს, ღმერთმა სიბერე ნუ აჩვენოსო, რაღა ვარ ახლა?“
სამეგრელოს თავადი წამოხტა და გააწყვეტინა სიტყვა:
- ბიძაჩემო, ნება მიბოძეთ გავკადნიერდე და რუსთაველის სიტყვები მოგახსენო.
...მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა!
ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს რაზომცა ჯერობა,
მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა, -
მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა!
დღეს ჩვენ ამდენ ახალგაზრდებს გადაგვაჭარბე და გამოგვავლე ჩალა პირში!
- მეც რუსთველის სიტყვებით გიპასუხებ, ბიძია: რაღაა იგი სინათლე, რომელსაც ახლავს ბნელია. ჩემი პური მოჭმულია. ნიკო, თუ გიყვარდე, ის დათვი გაატყავებიე და უბრძანე, რომ ახლავე დაასილაქნონ. ტყავი უნდა „ველიკი კნიაზს“ გავუგზავნო, პასუხად მათ ხუმრობისა: შარშან ყარაიაზში ვიყავი სანადიროდ და დათვი დავჭერი, მაგრამ არ დამიჯერა: კაზაკის დაჭრილი იქნებაო, სიცილით მიბრძანა. ახლა ხომ ვეღარ იტყვის, არაო?
- აი როგორ იწერება ისტორია! - წამილაპარაკა ნიკომ რუსულად და გასცა ბრძანება, რომ ტყავი დაესილაქნებიათ. მეორე დღეს შევედი დედოფალთან გამოსათხოვრად, მაგრამ ცხონებულმა შორს დაიჭირა, რა მიგაჩქარებთ, ახლა ქუთაისში ცხელა და აქ კი საამური ბუნება არისო.
- თუ ჩვენთან არ მოგეწყინა, სხვებ აქ გირჩევნია, ბუნება კარგია, ჭყაშურის კალმახს და ოჯალეშს არ მოგაკლებთ და ეს ზაფხული ჩვენთან გაატარეო.
ეს ისეთი გულწრფელი ღიმილით მიბრძანა, რომ უარი ვეღარ გავუბედე და დავრჩი. მას აქეთ ოცდაათ წელიწადზე მეტია და არ მახსოვს, რომ ისე სიამოვნებით სადმე ზაფხული გამეტარებიოს.
(თემი, 1914 წ., №174)
![]() |
7 მგზავრის წერილები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 სამგზავრო წერილებიდგან |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი მხარე სულ დავლილი მქონდა, მხოლოდ კახეთი კი არ მენახა! ბევრი რამ მქონდა გაგონილი მის ედემურობაზე, მაგრამ ნათქვამს ნახულმა გადააჭარბა. ესპანიაში ერთი მაზრა არის, ისე მდიდრულად შემკული ბუნებისაგან, რომ უკეთესი მოუხერხებელია, მაგრამ ამ მშვენიერებასაც თავისი წუნი აქვს: საოცარი ციება იცის, რომლის გამოც შემდეგი არაკი დადის ხალხში: „ერთხელ წმინდა იაგოს ღმერთმა უბრძანა: რაც გინდა მთხოვე და აგისრულებო! იმანაც იფიქრა, იფიქრა და მოახსენა: მე ჩემთვის არასა გთხოვ, მხოლოდ ამა და ამ მაზრაში ციება მოსპეო! - ეგ კი არ შეიძლებაო! - უბძანა ღმერთმა: - იმ მაზრაში თუ ციება მოვსპე, მაშინ აქ აღარავინ დამიდგება და ზეციდან ყველანი იქ გადასახლდებიანო“. ამისი არ იყოს, კახეთსაც რომ თავისი წუნი არა ჰქონდეს, მაშინ რაღაც ზღაპრული იქნებოდა. და ეს წუნი არის ალაზანი. ძნელად სადმე მოიპოვება ამაზე უხეირო მდინარე: უმისოდაც ტყიან-ნოტიო მარცხენა მხარეს აწვება და აჭაობებს და მარჯვენა ნაპირი კი, ეს ამოდენა ტრიალი მინდვრები, უნაყოფოდ გამხმარან. ერთს დროს კი, როდესაც ქართველს თავი ხელად ჰქონია, ეს მდინარეც დამონებული ჰყოლია: ჩაუყენებია ხელოვნურად კალაპოტში და მის ნებაზედ არ უხტუნებია. დღესაც კიდევ შენიშნავს კაცი ძველ არხს, თამარის არხს რომ ეძახიან; ოდესმე იმაზე უვლია ალაზანს და დედის რძესა-ვით შერგებია მთელ მხარეს. - დღესაც რომ ისე მიმდინარეობდეს ეს გიჟი, გულჩახ-ვეული წყალი, კახეთს მეტი არა უნდა-რა!.. მაგრამ სადღაა... ახლანდელი მისი სარბიელი შემოფარგლულია და ნება არა აქვს, რომ მიჯნას იქით ბიჯი გადასდგას!.. ალაზნის ისევ ძველ არხზედ გადაყვანას, მართალია, არც ღმერთი იწყენს და არც კაცი ვინმე დაუშლის, მაგრამ დავნაცარქექიავდით!.. მაგრამ რას ვამბობ? ნაცარქექიაობა რასა ჰქვიან? ამბობენ: ერთ თავადიშვილს ვაჭარი მიადგა და ვალი მოსთხოვაო. თავადმა იწყინა და შეჰყვირაო: რას ჩამცივებიხარ შე მამაოხრის შვილო?!. რა დიდი რამ გგონია ეგ შენი ფულიო?!. აგერ ომი ასტყდება, პახოდში წავალ, გავიმარჯვებ, პენციას მომცემენ, და შიგ თავში გახლი შენ ფულებსო! - ვა! მერე რომ მოგკლან, კნიაზოო! - შეჰბღავლა თურმე ვაჭარმა და შეუწუხდა გული!.. ეს ამბავი მართლა იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ კარგად კი გვიხატავს ახლანდელს მდგომარეობას. მაგრამ ქართველს ვაჟკაცური ბუნება ძველთაგან ისევ აქვს დარჩენილი, ძალაუნებურად გასჯდომია სისხლში, მაგრამ ისე თავისთავად ვეღარას ახერხებს. - ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გასამართავი კახეთში. ისინი ოდესმე თავს იჩენენ, მაგრამ ვაი თუ უცხოელებს ჩაუვარდეს ხელში და მაშინ დღევანდელი მეპატრონეები დღიურ მუშებად გადაიქცევიან. ეს უთუოდ ასე იქნება, მით უფრო, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მუშად არ არის მომზადებული და არც შემდეგისათვის ვინმე ამზადებს, მაგრამ თუ ღმერთმა ჰქნა და მოემზადენ როგორმე, კახეთის უკეთეს კუთხეს კი ვერსად ნახვენ ჩვენს ქვეყანაში სამუშაოდ. აქ ხალხიც ისეთია, რომ თუ არ დაეხმარება, ხელს მაინც არ შეუშლის სხვებსავით, რადგანაც კახელები ზნეობითად უფრო მაღლა დგანან ჩვენის ქვეყნის სხვა ხალხებზედ, და ეს, მე მგონია, მისი ბრალია, რომ მიგდებული მხარეა და იმ ხრწნილებას, რომელსაც ჩვენში განათლებას ეძახიან, ჯერ ფეხი ვერ შეუდგამს. კახეთში მყოფობის დროს ერთ-ორიოდე კახელზე ისეთი საყვედურები გავიგონე, საზოგადოდ ისეთნაირად ჰგმობდენ მათ ყველანი და აძაგებდენ, რომ უნახავად შემეზიზღენ; მაგრამ ბოლოს, როდესაც დაკვირვებით გამოვიმკვლიე მათი ქცევა, დავრწმუნდი, რომ კახეთი მართლა სხვა ქვეყანა ყოფილა, თორემ იმერეთში რომ ისინი იყვნენ, წმინდა სანთელს დაუნთებდენ და ქების ტაშს დაუკრავდენ. მართლა რომ კარგი ხალხია კახეთში, მაგრამ ეს კი არის, რომ ცოტა კამბეჩურია: ბევრი შეუძლია, ძლიერაც გასწევს უღელს, თუ ძალა მიადგა, მაგრამ მეტად აუჩქარებელია... ასე რომ ეს აუჩქარებლობა თითქმის ზარმაცობად გადაქცე-ვიათ. ამასვე ვერ ვიტყვით ქალებზედ: ისინი ბევრით მაღლა დგანან კაცებზედ; იმერული სილამაზე და სინაზე არა აქვთ, მაგრამ მათი ქცევა კი ჭკუა-ხასიათსა ჰხატავს და მათი სახე მოძრაობა-სიცოცხლით სავსეა. ეს უპირატესობა მარტო თავად-აზნაურების ქალებს არ ეკუთვნისთ, გლეხის ქალებიც თავისდაგვარად ამისთანავებივე არიან. ქიზიყელები რომ ბაკურციხეს მიადგენ და უფროსები დაზურგეს, მაშინ იქ მეთაურები ქალები იყვენ; ლეჩაქის ფრიალით მიუძღოდენ კაცებს წინ და აქეზებდენ. გადასახლება რომ გამოუცხადეს ერთ ქიზიყელი დედაკაცს, მაღლიდგან გადაიგდო თავი და ძირს კლდეს დაესრისა!.. ხასიათი არ უნდა ამას? სადაც ასეა, იქ კიდევ შეიძლება საქმის წაღმა დაბრუნება... იქ მუშაობა დაკარგული დრო არ არის, და ნაყოფიც საიმედოა. მაგრამ მუშაობაც არის და მუშაობაც. იმასაც არჩევა უნდა!.. ზოგიერთები წინდაუხედავად დასცინიან ჩვენს თავად-აზნაურობას: ისე დაეცენ, რომ მოსამსახურეებად, მზარეულებად და დღიურ-მუშებად მიდიანო! სარდაფებში სხედან, ღვინოსა ჰყიდიან და სხვ. და სხვანიო. აქ ერთი ზღაპარი მაგონდება. ერთი მებაღე უფლისწული გამოდგა და რომ ჰკითხეს: რად გინებებია ეგაო? ასე უპასუხა: „ობლობის დროს აოხრებული ვარ, ოჯახი მე აღარა მაქვს და სახლ-კარიო, სხვები არაფერს მაძლევენ და ჩემსას კი გასავალი აღარაფერსა აქვსო, და რომ შიმშილს არ მოვეკალი, სამში ერთი უნდა ამერჩიაო: ან უნდა სხვები მეძარცვა, ან მათხოვრობა დამეწყო და ან მუშად წავსულიყავიო და რადგანაც პირველი არ შემფერის და მეორე არ მეკადრება, მესამე ავირჩიე და მებაღეობა ვიკისრეო!“ ამისი არ იყოს, ტანი თუ აღარ იქნება, თავი სადღა უნდა იყოს? სანამ იყო რამ სათავადო, მაშინ თავადებიც ვიყავით, და ახლა აღარც ერთია და აღარც მეორე. დაუჟინიათ: „კნიაზი!“ აჰა, ღმერთო! საიდამ სადაო? რად მინდა შენი ცარიელი კნიაზობა?.. ქარის მობერილი ქარმავე წაიღოს!.. აი ასე ფიქრობს ის გამსჯელი და მუშა თავად-აზნაურობა და ეს მათი სულგრძელური გონიერება სათაყვანოა და არა დასაცინი!... მაგალითად, ავიღოთ რამოდენიმე მოსამსახურეთაგანი... მათი რიცხვი მრავალია ყველგან და განსაკუთრებით თბილისში; წერა-კითხვა კარგად იციან, ავ-კარგიც ესმით, მაგრამ მათსას რომ გასავალი აღარა აქვს, დღიურ მუშებად მიდიან!.. და მართლაც, ვის რად უნდა მათი რუსთველობა და ვახუშტობა? დედაენა რა პურს აჭმევთ? - მაშ რატომ არ ისწავლეს საჭირო ენაო? - მკითხავენ. იმიტომ, რომ ბედი არა ჰქონდათ: ერთმა დრო დაჰკარგა, ცხრა წელიწადს გადააცილა და აღარ მიიღებოდა სასწავლებელში, მეორეებისათვის ადგილი არსად იყო და სხ. და სხვანი. დარჩენ რიყეზედ, დაიზარდენ თავ-თავის ოჯახებში შინა კაცებად და მაშ რა ჰქნან, რომ დღიურადაც აღარ იმუშაონ? ნუთუ უნდა იქურდონ და იავაზაკონ?.. უფრო საკვირველი ის არის, რომ არა თუ მარტო ახალგაზრდა ქართვე-ლები, ძველებიც, ისინიც ვინც ოცი-ოცდაათი წელიწადი ბატონობაში ნებიერობდენ, არ თაკილობენ საქმის ხელის მოკიდებას, მაგრამ რადგანაც ვეღარც ძველებურს იშლიან და ახალსაც ეპოტინებიან, სასაცილო რამ გამოდის მათი შრომა! მოვიყვან მა- გალითს: კახეთში, ბაკურციხეს ერთი გამოჩენილი, დარბაისელი თავადი ცხოვრობს, ყველასაგან პატივცემულია და მართლაც რომ ღირსია პატივისცემისა. ეს ბუნებითად გონიერი კაცი შერიგებია ახლანდელ დროს, ზოგიერთებსავით გული არ გაუხეთქია ბატონყმობის მოსპობის გამო და რომ მუქთად პური არა სჭამოს, საქმისათვის მოუ-კიდნია ხელი: ფოსტები აუღია. ერთი სტანცია ზედ მის კართანვე არის. გაიგონებს თუ არა ზარების წკარაწკურს, სიამოვნებით თვალებდაჭყეტილი ეუბნება მსახურებს: „აბა ერთი შეიტყვეთ, ვინ არისო?“ ნეტავი რად კითხულობს და ან რა უხარიან? ეგება, გეგონოთ, რომ ის იმ დროს პრაგონზედ ჰფიქრობდეს? თქვენც არ მომიკვდეთ!.. ეგება ღმერთი შემეწიოს და ნაცნობი ვინმე იყოსო!.. მაშინვე მიიწვევს სახლში, ერთი ლხინი, ერთი ქეიფი და ხანდახან ზოგიერთებს პრაგონის ფულსაც, პირიქით, მოაგებინებს ხოლმე და ისე ისტუმრებს მგზავრებს!.. მაინც ძველი ქართველია და მაინც! ეს, რასაკვირველია, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ მე კი ჩემდა თავად, ვიტყვი, რომ ქართველი მხოლოდ მაშინ არის საყვარელი, როდესაც მისი ქართველობა არ დაჰკარგვია... აბა, რაღა ქართველია ის, რომელიც დამპალ საქონელს დაუწყებს გასაღებას და ღვინოს წყლითა სწყმედავს, რომ ორი გროში მოპარვით ჩამოვრჩეო. არა, ჯერ კიდევ იმდენზედ არ მივსულვართ, რომ წურბელაობა დავიწყოთ სხვებსავით და სხვისი მოტყუებით ვისაზრდოოთ!.. მდიდარია საქართველოს ბუნება, გულგახსნილია და გულუხვი მისი მიწა-წყალი და სანამ ის არ გაღარიბებულა, არც ქართველმა უნდა მოიშალოს მისი გულუხვობა. არავინ იფიქროს, რომ ამით მე ბედოვლათობასა და უსაქმურობას ვურჩევდე ქართველებს: არა! ბედოვლათები არა ყოფილან ჩვენი ძველები, არც არა დაუკარგავთ-რა, მაგრამ გულგახსნილობითა და გულუხვობით კი განთქმულან! ოღონდ ნურას გამიოხრებ, ნურას დამაკარგვინებ და ღვთის მოცემული რაცა მაქვს, წლიურად მეც შემერგოს და შენც. მაგრამ ღირსეულად კიო! აი ამისთანები ყოფილან ჩვენი წინაპრები!.. განსვენებული ალექსანდრე ორბელიანი ამბობს ერთს თავის თხზულებაში: „ქართველი რომ სათესავად გავიდოდა, ჯერ რამოდენიმე მუჭა ხორბალს ისე აბნევდა ხნულში ამ სიტყვებითო: ეს ღმერთს!.. ეს მგზავრს, ეს მტერს, ეს მოყვარეს, ეს ქვრივ-ობოლს, ეს მკვდარს, ეს თაგვს, ეს ფრინველს, ეს ამას და ეს იმასო! ჩამოყვებოდა, არავის ივიწყებდა. მერე იტყოდა: ეს მე და ჩემიანსაო! და დაიწყებდა ერთ-პირად თესვასო“. რა დიდი ადამიანური გრძნობა იხატება ამ ჩვეულებაში! მოდი და უთხარი ამის შემდეგ ქართველს: „გულუხვობა საიდან მოგდგამს-თქო?“ ბუნება-თანაზიარია ქართველი და ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ეს სულის სიმაღლე წვრილმა-ნობით ცუდად შეხუთვოდეს! გულგაშლილობა ქართველს ვერას ავნებს, თუ კი ის თავის ჭირნახულს მოუვლის და მონავრებს და წურბელებს არ გაატანინებს, მით უფრო, რომ ახლა სხვა დროა: ადრე ქართველს მონავრისა არ ეშინოდა; მოყვრულად იწვევდა და თუ მტრობას დაატყობდა, მისი ჭიტლაყიც არ გაუჭირდებოდა; მაგრამ ახლა კი თავისთავად ნება აღარა აქვს პასუხი გასცეს. უნდა სხვას მიმართოს, შესჩივ-ლოს მისი ნაღველი, ზედაც მარკები დაარტყას, ფულიც გაიღოს თავის ცრემლებში და ვერას გახდეს!.. აქ, რასაკვირველია, სიფრთხილე მართებს! უნდა ერიდოს უცხოს ჭირივით! ერთხელვე უნდა გაჰკრან პირი და ამისათვის მხოლოდ მეთაურები ეჭირ-ვებათ. ეს საჭირნახულო მეთაურობა უნდა იკისრონ ახალგაზრდა ქართველებმა და განზე არ უნდა უდგებოდენ საადგილმამულო საქმეს, სხვაგან გამოსარჩენ ადგილების გულისათვის. ბევრისაგან გამიგონია: რა ვქნათ, რომ ხალხი არას დაგვიჯერებსო?.. და ეს ტყუილია! თელავისა და სიღნაღის მაზრებში ყველგან ლევან ჯანდიერის სახელი მესმოდა! ჭირში თუ ლხინში მისკენ მირბოდენ და იმას ეკითხებოდენ რჩევას. ბოლოს, რომ გამოვიკითხე, ვინ გამოდგა ეს საზოგადოთ ხალხის საყვარელი კაცი? - მაზრის უფროსი!.. გამაკვირვა! ჩვენში თანამდებობას რომ ვინმე მიიღებს, ასე ჰგონია ხალხს მუხრუჭი უნდა მოვუჭიროო! იმიტომ მომცეს ეს ადგილი, რომ ხალხი ოთხში ამოვიღოო! ხალხიც იმ აზრისაა, რომ უთუოდ ხელი უნდა მოგვიჭიროსო! და რაღა გასაკვირველია, რომ მათი გული ერთმანეთს აღარ ეკარება?! თბილისის გუბერნია კი სულ სხვა არის: იქაური მაზრის უფროსები მამები არიან ხალხისა და მომვლელები. განა მარტო ერთი ჯანდიერი? ავიღოთ მაგალითად სხვებიც: კ. ჩოლოყაშვილი, კ. აფხაზი, ნ. მესხიშვილი, ა. ამილახვარი და სხ... მაგრამ ესეც კი უნდა ვსთქვათ, რომ ესენი ახალთაობის კუდები არიან და ძველ ხელჯოხიანებსავით მუშტი-კრივით არა სჭრიან სამართალს, უფრო სიტყვითა და შეგონებით აბოლოვებენ!.. აქ უმადურობა იქნება არ მოვიხსენიოთ, რომ თბილისის გუბერნატორმა თ. გაგარინმა, თითქო ვარანცოვის გაზრდილი ყოფილიყოს, ერთი კარგი საქმე ჰქნა, სხვათა შორის: მიხვდა, რომ ხალხის დაახლოვებულ მმართველად საჭიროა იმისთანა კაცი, რომელმაც მისი ავი და კარგი იცოდეს და ჭირს და ლხინში მისი თანაგრძნობა შეეძლოსო! ამგვარი პირები კიდევაც ამოირჩია ისევ იმ ხალხში და საქმემაც დაანახვა, რომ გონივრად მოიქცა.
(დროება, 1883 წ., №235)
![]() |
7.2 კახეთში მოგზაურობა |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ხანია კახეთი აღარ მენახა და „საალავერდობოდ“ დავაპირე წასვლა. იმ ერთი იმერელისა არ იყოს, რომ უთქვამს: კვიცსაც გავხედნი და ნათლიდედასაც ვნახავო, - მეც ვიფიქრე: კახეთს გავივლი, თელავში ერთ ჩემ მეგობარ სახლობას ვნახავ და „ალავერდობასაც“ დავესწრები-მეთქი.
აქაო და კახეთში „ალავერდობა“ იციანო, თბილისში მეეტლეებს ქირა გაეორკეცებიათ და იძულებული გავხდი დილიჟანსით წავსულიყავ; იქაც დიდი გაჭივრებით ვიშოვე, როგორც იქნა, ერთი ადგილი; ჩემს გარდა, რასაკვირველია, სხვებიც იყვენ და ზოგი მათგანი იარაღში იყო ჩამჯდარი.. გამიკვირდა! ხოჯახნობა გადავარდა, შამილობა აღარ არის და ესენი რომ ასე საომრად გამოწყობილან, რას ნიშნავს-მეთქი? „გზაში ყაჩაღების შიშიაო“, - მიპასუხეს თანამგზავრებმა. დაგელოცოს, ღმერთო, სამართა-ლი! დიდებული რუსეთის მფარველობის დროს?! ეს ამდენი ჯარი, ამდენი პოლიცია, სამაგალითო კანონი და სამართალი... ეს ავაზაკები რაღას უყურებენ? გაგონილა ამისთანა უშიშრობა?! ეჰ, თევზისა არ იყოს: „სათქმელი ბევრი გვაქვს, მაგრამ პირი კი წყლითა გვაქვს სავსე!“ ამ ფიქრებით რომ ვიყავი გართული, კონდუქტორმა უცბათ დააძახა მისი საყვირი და დილიჟანსსაც მოადგა ერთი მგზავრი. ჯერ მუცელი შემოდვა შიგ და მერე თვითონაც თან შემოჰყვა; მიგვჭეჭყ-მოგვჭეჭყა და დაეშვა დაბლა რუმბივით. საოცარ ღიპზე უზარმაზარი ხანჯალი ჰქონდა არდი-გარდა გადადებული ჭოლოკივით; იქით-აქეთ გვერდზე რევოლვერები ჩამოეკოწიალებია, ხელშიაც თოფი ეჭირა და ისე ეჭირა, თითქოს ნიშანი ამოღებული აქვს და ჩახმახზე შეყენებას უპირებსო. თვალებსაც აბრიალებდა და ერთი შეხედვით, ფეხალაგობ, ჰაჯი-მურადი ეგონებოდა კაცს! „ვა, იქით, თუ ღმერთი გწამს, ტუჩი აქეთ ნუ გიქნია!“ მიაძახა მის პირდაპირ მჯდომარემ.
- რას გიშლის? - დაეკითხა ჰაჯი-მურადი.
- რომ გავარდეს, ხომ შიგ პირში მომხვდება?!
- დალოცვილო!.. გატენილი რომ არ არის?!
- მაშ რად გინდა ცარიელი? - დაეკითხენ სხვები.
- ეს ხომ ქართული თოფი არ არის? რა დიდი საქმეა ამის გატენა? მაღაზიაა ჩვენებურად გადმოკეთებული, ხელათ გავტენი და მორჩა!.. პატრონების მეტი რა მაქვს?!
- ვა! ვა! იქით, შე დალოცვილო! ეგ კიდევ უარესი! ეგ რა გიქნია? ასე მცოდნოდა, არ წამოვიდოდი... ერთი რომ გასქდეს, მერე ხო გავფუჭდით ამთენი კაცი?! გადაყარე, პოჟოლუსტა!.. კანდუქტორ! კანდუქტორ! სტოი, პოჟოლუსტა!.. - ღრიალებდა დამფრთხალი მოქალაქე.
- რადა სწუხდებით, განა აქა მაქვს პატრონები? ჩამადანში მიყრია, ისიც ხომ დილიჟანსის თავზეა, გასქდება - მაღლა წავა, აქეთ რა უნდა, ჩვენსკენ?!
- მაინც რად გინდა ეგ ეშმაკის მოგონილი? მიეცი, პოჟოლუსტა, კანდუქტორს!.. ხათა არა მოხდეს-რა, ერთი აქედან გაიტანოს! - ეუბნებოდა ვედრების კილოთი მოქალაქე, - ნათქვამია წელიწადში სამჯერ ეშმაკი გატენისო! განა ცოტა მარცხი მომხდარა, რომ ცარიელი ყოფილა და უცბათ კი გავარდნილა?
ზოგიერთებმა სიცილი აიტეხეს. ერთი ვიღაც ბოდბელი აზნაური იყო და მიუბრუნდა ამ სიტყვებით: - შენ, კი, ჩემო ძმაო, ისეთი რამა სთქვი, რომ სათქმელი იყოს!
- განა ტყუილია?
- თავისით რომ გავარდება, ის შენი საკუთარი თოფი იქნება, მისი პატრონიც შენ იქნები და ნასროლიც შენვე მოგახმაროს!.. შენც კიდევ, ეგ ცარიელი თოფი რომ ხელში დაგიჭერია, აბა რად გინდა? მაგრამ გეტყობა, რომ ძაღლის არაკს ასრულებ, ძაღლსა ჰკითხეს: რათა ყეფო? - მინდა დათვი შევაშინოო! - კუდი რაღად ამოგიძუებიაო? - მე თვითონ მეშინიაო! იმისი არ იყოს, გინდა განა შეაშინო ვინმე? ყაჩაღები ნუ დაგიხვდებიან, თორემ ეგ შენი მაღაზია ვეღარას გიშველის.
- შენ კი რაღად გინდა ეგ თოფი?
- მე ცხვრების პატრონი ვარ, ფარა დამყავს აქეთ-იქით საძოვარზე და თოფსაც ვერ ვიშორებ. საჭიროა, ნადირს ვიგერებ და, თუ ყაჩაღი სადმე დამიხვდა, იმასაც პასუხს გავცემ.
- თუ გასცემ და გამოგაჩნდება! აი, ამბობენ, რომ ვაზიანის მახლობლად ყაჩაღები დადიანო.
- მე კი არა მჯერა და... კახეთის გზაზე ყაჩაღები ვის გაუგონია?
- ვა, როგორ არა?! - წამოიძახა მოქალაქემ. - აკი ამ ხუთი წლის წინად მე დამიხვდენ!... ეს ამბავი მაშინ ყველა გაზეთებში ჩააგდეს. კახეთში მივდიოდი და ოთხასი თუმანი თან მიმქონდა. ისეთ ცხენზე კი ვიჯექ, რომ გზაში საღამომ მოატანა; მზე ჩადის და მეც დარდში ვვარდები: ვამბობ თუ, რომ ელვა იყო! დამიღამდეს, რაღა ვქნა?! ამ დროს დავინახე, მოდის ერთი ვიღაც ცხენოსანი და უნაგირზე აღარ დგება, ინძრევა, თითქოს გადმოხტომას აპირებსო, ვამბობ: ვა! ეს რას შვრება? რა დროს ცხენიდან ჩამოხტომაა შუა გზაში, თუ ეს კარგი ვინმე იყოს! ვიფიქრე, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ერთი გავეცლები ამ გიჟს, ცხენს გავაჭენებ, მაგრამ სად წახვალ? მარცხნივ ტყეა, მარჯვნივ - გადასავარდნი, წინ ის მოდის და უკან დაბრუნება კი ძნელია: ცხენი დამამტვრევს, - ორივე ხელით ძლივს მიჭირავს!.. ყოველი მხრით ხათაა რაღა!.. „ტერვოღორმია“, ვამბობ გუნებაში, ეგება გაიაროს, ან გაბრუნდეს... რა ბრძანებაა!!! მოდის პირდაპირ და აბრიალებს თვალებს, თითქოს დამცინისო; ახლოს რომ მოვიდა, „კნიაზს გაუმარჯოს-თქო“ - მივაძახე; ეს „კნიაზი“ მიტომ ვუთხარი, ეგებ შეიფეროს და არ გაჯავრდეს-მეთქი. შენც ღმერთმა შეგარცხვინა და შენი კნიაზიცაო - შემომიძახა. - სად მიხვალ, შე ქრისტეს ფეხის მომჭმელოო?!
- სოფელში გიახლები-მეთქი.
- ფულები ბევრი მიგაქვსო?
ეს რომ მკითხა, მე კინაღამ გული წამივიდა: რად მკითხავს ამას, რა უნდა, რა ჩემი დახლიდარია-მეთქი? ვეუბნები თუ, მე ფული ვინ მომცა, ერთი საწყალი კაცი ვარ, ფეხზე ვვაჭრობ... დღიურად ძლივს გამოვდივარ-მეთქი!..
- მაშ, შენმა სიცოცხლემ, შენ კი ხარ, რომ უფულოდ აქეთ-იქით სოფლებში სიარული დაიწყოო? თუ არ დაგიშლია!.. მირონი შეგაქვს გლეხების ოჯახში რაღაო?.. მოიტა ეგ ეშმაკის გაჩენილი, რომ ცოდვა აღარა ჩაიდინო-რაო. - ეს რომ მითხრა, ჩემს ცხენს ლაგამში ჩაავლო ხელი და მაგრად დაიჭირა, ვსთქვი თუ, ეს კარგია: ცხენი აღარსად გამექცევა და მეც ერთ რასმე ვიღონებ, მეც კაცი ვარ, მეც ქუდი მხურავს და ულვაშები მასხია!.. ასე ჰალა-ჰალა არც მე დავნებდები-თქო.
- როგორ?! წინააღმდეგობა გაუწიე? - დაეკითხა გაოცებით ბოდბელი.
- ვა, მაშ!
- ვეღარა წაგართვა-რა?
- აბა მეც რა შვილი ვარ, რომ მივცემდი?! ვახსენე ღმერთი და დავუხვდი მარჯვედ!
- რა ჰქენი?
- ის, რაც ღმერთმა მაგონა და ჩემმა ჯეელობამ შემაძლებია: ერთი ისეთი დავიღრიალე „ყარაულ“-მეთქი, რომ მე თვითონ შემეშინდა და გული დამიღონდა!.. აქვე ახლოს თურმე „პოსტი“ ყოფილიყო, ჩაფრებს გაეგონათ და მომეშველენ. თვალები რო გავახილე, ის ჰარამზადა აღარსად იყო!.. ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ვეღარა გავიგეთ-რა!.. ჩაფრები გამოუდგნენ, მაგრამ ვერ ნახეს, „ყაჩაღი“ არსად არისო და ერთი ვიღაც მთვრალი ცხენოსანი კი მიდის თავისთვისო. ეგება ისიც იყო და სიმთვრალე მოიგონა!..
- შენ სადღა იყავი? ვერ იცანი?
- მე ხომ დასაჭერად ვერ გამოვუდგებოდი? სამი ჩაფარი იმას გამოვუყენე და მე კი იქვე დავრჩი ორი ჩაფრით, ახლოს სადმე დამალული არ იყოს და კიდევ არ გამომიხტეს-თქო!.. ჰაი, ნეტავი მართლა კიდევ გამოჩენილიყო, როგორ დაიჭერდენ ჩაფრები!.. სწორედ ღმერთმა შემიბრალა, რომ მაშინ გადავრჩი!.. რევოლვერი კი დამკარგოდა, არ ვიცი მე გადავაგდე სადმე იმ აყალმაყალში, თუ თვალები რომ დახუჭული მქონდა, მაშინ მომპარა იმ ყურუმსაღმა! ადგილზე ბევრი ვაძებნიე და ვერ ვნახეთ, ჩაფრები დავიჭირე ქირით და გომბორამდი მიმაცილეს. იმ ღამეს იქ დავრჩი ერთი ჩემი ნაცნობისას.
ამას ისეთი აღელვებით ლაპარაკობდა თითქოს ხუთი წლის ამბავი არ ყოფილიყოს და გუშინ ან დღეს მომხდარიყოს. ბოდბელმა გაიცინა, გადაიქნია ნაღვლიანად თავი და თქვა: „აი, შვილოსა, რა დრო მოგივიდათ?!. ჭიანჭველას ერიდებით, ბუზის გეშინიათ და ეს საქართველო კი დაიჭირეთ ხელშიო?“..
- ეჰ, ეგ სულ ჭკუის საქმეა, ჩემო ძმაო! - წამოიძახა ერთმა მგზავრთაგანმა. - აი გადაავლეთ თვალი გაღმა-გამოღმა ამ იორის პირებს!.. ეს სულ ერთ მებატონეს ეკუთვნის, კ. ჩ-ს; რამდენი ხანია, რაც სულ იმის მამულზე მოვდივართ და ჯერ კიდევ შორს არის! ამის პატრონი მილიონერი არ უნდა იყოს?
- განა ღარიბად არის? - დავეკითხე მე.
- არა, მაგრამ არც კი ისეა, რომ უნდა იყოს!.. იმაზედაც ის ითქმის, რაც ივან მალხაზიჩმა ანდრონიკაშვილმა თავის ერთ მეზობელზე სთქვა: „მდიდარი მე კი არა ვარ, ის ჩემი მეზობელიაო! მე აგერ ორმოცი წელიწადი ვაშენებ ოჯახს და ვერ ამიშენებიაო!.. ის კი ანგრევს იმავე ხნის განმავლობაში და ჯერ კიდევ ვერ მორევიაო!“ აქ ვაჭრები იყვენ მოიჯარადრეები, ზოგს ტყე ეჭირა ხელში, ზოგს მიწები ჰქონდა აღებული და იცით როგორ დამდიდრდენ?.. ერთი ახლა პეტერბურგში ვაჭრობს და მილიონს ატრიალებს. რაღა ეგ გინდათ, მაგის მამულებზე აგერ რომ ეს ზავოდია სხვისი, სხვაგანაც კიდევ ქალაქია გაშენებული!.. თვითონ კი მარტო კნიაზია...
ამგვარი საუბრით მივედით გომბორამდე. გომბორის შესახებ ბევრჯელ გამეგონა, რომ თვალთათვის მის სანახაობას არა სჯობიაო-რაო, მაგრამ მე კი იმაზედაც ბევრად უკეთესი ადგილები მინახავს დასავლეთ საქართველოში. მე უფრო აქ დასახლებულებს, ანუ როგორც ეძახან, „პოსელენიას“ მივაქციე ყურადღება. კარგად არიან დასახლკარებული!...
საზოგადოდ ჩვენში ერთი შემცდარი აზრია შემდგარი - და ეს ბეჭდვითაც ბევრჯელ გამოთქმულა, რომ ქართველი გლეხები სიზარმაცის გამო ღარიბად არიანო და ამის დასამტკიცებლად ყოველთვის ამ ჩამოსახლებულებზე მიგვითითებენ ხოლმე; იმ დალოცვილებს ავიწყდებათ, რომ ქართველ მკვიდრს ორი ან სამი დღიურის მეტი არა აბადია-რა და ისიც კიდევ სხვისი საზიარო, და ჩამოსახლებულებს კი ასი და ორასი დღიური უჭირავთ ხელში. აბა სად ნახულა ჩვენში გლეხი, რომ დიდი მემამულე იყოს და ღარიბად კი ცხოვრობდეს? მაგრამ ნათქვამია: „ბატონმა რო გიბრძანოს, მუხას ვაშლი აბიაო, შენც მაშინვე უნდა მოახსენო: კი, ბატონო, ასხია და მერე კიდევ რამოდენაებიო!“ რა გაეწყობა, ჩვენც უნდა გავჩუმდეთ!.. გულნატკენმა გადავიარე გომ-ბორი. იმ ღამეს თელავში მივედი ერთი ჩემი მეგობრისას და მეორე დღესვე გავემგზავრეთ მე და ჩემი მასპინძელი „ალავერდობას“. შორიდან გამოჩნდა უზარმაზარი შენობა ტრიალ მინდორზე, მაგრამ ახლოს რო მივედით, ის აღარ დამირჩა, რასაც ველოდი და ის ვეღარ ვნახე, რაც გამეგონა და წამეკითხა მის შესახებ!
ბევრი რამ გაგვიგონია ამ დიდებულ ტაძარზე და, სხვათა შორის, ისიც, რომ ალავერდი თათარს აუშენებია და მიტომ დარქმევია „ალავერდიო“. ეს უკანასკნელი, რასაკვირველია, ზღაპარია, ეს ტაძარი აგებულია საუცხოვო ალაგას, მის წინ გადაშლილია ალვანის მინდვრები; ალვანის სოფლებიც მისი შენაწირი და მოხარკე იყვენ და მიტომაც ერქვა ამ ტაძარს „ალვან-ვედრი“, ე.ი. ალვანის სავედრებელი. ეს სიტყვა თათრებს გამოთქმის დროს გადაუკეთებიათ „ალავერდად“ და იქიდან წამომდგარა დღევანდელი სახელწოდება, ამისივე მიზეზი უნდა იყოს, რომ კახეთში მოსახლე თათრები დღესაც კიდევ თაყვანსა სცემენ ამ ტაძარს და შესაწირი მიაქვთ ისე, როგორც მართლმადიდებლებს. ეს ადრინდელი ალვანვედრი დღეს მართლა რომ „ალავერდიც“ გამხდარა და „იახ-შიოლიც“. ძველებური ხელოვნება მოშლილა, ნახატები აღარა სჩანან და საყდარი შიგნით და გარეთ თეთრად არის შეფეთქილი. ზედ მისავალ კარებთან, სადაც ადრე „საქალებო“ უნდა ყოფილიყოს, საყასბოა გამართული: იქ მიაქვთ ზვარაკის მხარ-ბეჭი და ცხვრის ტყავები და აქვე ვაჭრობაა გახურებული. ადრე ამას ჰქონდა მნიშვნელობა! ღარიბ მლოცველებს ბერები უმასპინძლდებოდენ და თუ ამგვარი შესაწირი არ მიეღოთ, რა უნდა ეჭამათ? მაშინ ის ადგილიც, სადაც საკლავი მიჰქონდათ, მოშორებით იყო ეკლესიაზე და დღეს კი ყველაფერი გადასხვაფერებულია. სახურავი გაფუჭებია ტაძარს, აღმოსავლეთის მხრით წვიმა ჩამოდის და შიგ ტაძარში ტბა დგება. გალავანს გარეთაც იმას ვეღარ ნახავთ, რაც ყოფილა; ძველად აქ იყრიდენ თავს ამ „ალავერდობა“ დღეს, კახელებს გარდა, ყოველი კუთხის ქართველობაც; გადმოდიოდენ ქართლიდანაც, ჩამოდიოდენ მთიულები სხვადასხვა ნაწარმოებით და სულის საქმეს რომ მოილევდენ, მერე სახორციელოსაც მიჰყოფდენ ხოლმე ხელს. თხუთმეტი დღის განმავლობაში, სწორის-სწორამდე, იარმარკა იმართებოდა; დღესაც კიდევ რამოდენიმე ათასამდე იყო შეყრილი და დაბინავებული ხალხი ტაძრის ირგვლივ ტრიალ მინდორზე. თავ-თავის უბნებად იდგენ: თუშები ცალკე, ქისტები ცალკე, თათრები ცალკე, კახელები კიდევ ცალ-ცალკე გვარეულად და სულ ამგვარად. იმ ღამეს დიდი ლხინი იყო ყველგან გამართული, მაგრამ მოლხენა კი უფრო გლოვასა ჰგავდა, აქა-იქ უსიამოდ ჭიჭყინებდა ზურნა, თითქოს ნაძალადევიაო. სამაგიეროდ შარმანკა გაჰკიოდა თამამად და გარმონიკის ჭიჭყინისაგან ყურთასმენა აღარ იყო. სადღაც შორს, ერთ კარავში თათარი ბღაოდა, თითქოს ყელში ძვალი გახირებია და იღრჩობაო.
როცა შესწყვეტდა ხოლმე ამ საცოდაობას და სულს მოიბრუნებდა, რამდენიმე ხმა მიაძახებდენ ხოლმე გასამხნევებლად: „ჰაჯან! ჰაჯან! სან იახშიო“ და შეიქნებოდა ტაშის კვრა. ესენი გახლდენ ახალგაზრდა კახელი თავად-აზნაურები, „ზოლოტაია მოლოდიოჟს“ რომ ეძახიან და თვითონ „ზოლოტოზე“ კი უკაცრავად ბრძანდებიან; მათი მიხვრა-მოხვრა, ქცევა და სიტყვა-პასუხი აღარც ქართული იყო და არც ევროპუ-ლი; ეტყობოდათ, რომ „სააზნაურო“ კლასიდან იყვენ, ე. ი. გიმნაზიის მეოთხე კლა-სიდან და მისი დიპლომიც ხელში ეჭირათ, წინ ხანჯალი, გვერდზე ხმალი, ქუდი განზე მოქცეული და ჰერი-ჰაა: „ჩამოდექით სუყველა, კნიაზი მობრძანდება!“
„მრავალჟამიერსაც“ სხვადასხვა ხმაზე ამღერებდენ, მაგრამ შიგ კი არა იდვა-რა! დავუკვირდი, რომ გამეგო ან სიტყვები და ან კილო, მაგრამ საჩვენო ვერა შევატყვე-რა!.. და მომაგონდა ანჩისხატის დეკანოზი, ერმოლოვმა რომ მკვდარი გაუგზავნა: წესი აუგე და დაასაფლავეო. დეკანოზმა ვერ გაიგო, რა რჯულის იყო მიცვალებული და, რომ ცოდვაში არ ჩავარდნილიყო, წინ წაუძღვა საცეცხლურის კმევით და თანაც თათრულად მიიმღეროდა, ვითომდა ვგლოვობო: „ნა ბიზიმ დურ, ნა სიზინ დირ, ჯანაბინ ორთასინდა დურ!“ ე.ი. „არ ვიცი ჩვენია, არ ვიცი სხვისია, მაშ ისევ შუაგულ ჯოჯოხეთისა იყოსო“.
დიახ, ყველაფერმა იცვალა ფერი და დაჰკარგა უწინდებური ხასიათი!.. ჭიდაობა რა არის, ჭიდაობა? ისიც კი უბრალო ხორხოზობად და ჯიგლიგანაობად გადაქცეულა. მეორე დღეს გამართეს ვითომ ჭიდილი და მაყურებლებმა ერთმანეთი ჯიგლიგით გაასივეს. სრულმა უზდელობამ იჩინა თავი: აღარც ძველებური უფროს-უმცროსობა, აღარც დიდ-პატარაობა და აღარც სქესობა!.. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი ყოველთვის ზდილობით ყოფილა ქებული და დღეს კი ველური ხალხის უზდელობას აღარ ჩამოუვარდება მათი უზდელობა და სიტყვა-პასუხი, აქაო-და თანასწორობა შემოვიდაო, აღარც მღვდელი იციან და აღარც ერი. ერთი ვიღაც უცხოელი დარბაისელი იყო აქ ქალებით და ჭიდაობის ყურება უნდოდათ, მაგრამ ვინღა დააცალა, გაკინტოებული ბიჭბუჭები წამოატყდენ თავზე და გადალახეს ის საცოდავები. ადრე მთიულებს ეძახდენ ჩვენში უზდელებს და დღეს კი მათთან შედარებით „არა მთიულები“ ბრძანდებიან ჩამორჩენილი. საზოგადოდ არავისი ხათრი და მორიდება აღარა აქვთ, თუ არ მოსამსახურე პირებისა და მათაც, რასაკვირველია, რისხვითა და შეშინებით უჭირავთ ხელში. სხვათა შორის, იმ დღეს აქ ერთი უსიამო ამბავი მოხდა. მოჭიდავესათვის ჩოხა უნდა ეშოვნათ. ბოქაული ერთ ვიღაც ქიზიყელს მისწვდა და უთხრა: გაიხადე ჩოხა, მოჭიდავეს უნდა ჩავაცვაო. ქიზიყელმა იუცხოვა: დალოცვილო, ცხრა თვე ამ ჩოხაზედ მიმუშავნია, ჩემი ჭირი და ლხინი ეს არის და სხვას დავახევიოო? არ მისცა. ბოქაულს გული მოუვიდა, როგორ გაბედა სიტყვის შემობრუნებაო, და უბრძანა ჩაფრებს: გააძვრეთო! მისცვივდენ და დაებღაუჭენ. გლეხი გაძალდა და ქამარ-ხანჯალზე მოივლო ხელი, რომ არ შემხსნანო. ჩაფრებმა აუკრიფეს მიზეზი: ხანჯლის ამოღება უნდოდაო და დაუწყეს ცემა!.. ხანჯალი წაართვეს, ქუდი მოხადეს და ოქმზე მიდგა საქმე. ატირდა გლეხი. მივიდა მასთან ერთი კაცი და უთხრა: რას შვრები, შე ლაჩარო! მაგოდენა ვაჟკაცი რომ დედაკაცივით აქვითინებულხარ, საკადრისიაო?
- ეჰ, რა ვქნა, - უპასუხა - თათრობა ან ლეკობა რო იყოს, მაშინ მე ვიცი, რასაც ვიზამდიო: არც გავიქცეოდი, არც ავტირდებოდი - გულის ჯავრს მევე ამოვიყრიდი. თავს შავაკლავდი, მაგრამ ხელცარიელი არც მე დავრჩებოდი და ჩემი სისხლიც ამოუგებელი არ დარჩებოდა!.. ვაჟკაცურად მოვკვდებოდი ქვეყნისათვის და ისიც ცხონებას შემომითვლიდა!.. ახლა კი ვისთვის დავიგდო ავაზაკისა და კაცის მკვლელის სახელი?.. მე დროსა ვტირი და არა მარტო ჩემ თავსო!.. თუმცა მეც კი სატირალი ვარ ახლა და მკვდარზედაც უფრო უბედურიო: ხანჯალ-შეხსნილი, ქუდმოხდილი და შერცხვენილი დავდივარ ამდენ ხალხშიო, ხატობაც ჩამწარებული მაქვს და ერობაცო!
ამ სანახაობამ გული მომიკლა და მეც გამოვეშურე ისევ თელავისაკენ. გზაში ფიქრებმა წამიღო: ღმერთო ჩემო, რა სიღარიბე ვნახე ამ დღეობაში?! რამ დაჩაგრა და დააკნინა ყოველგვარად ეს ხალხი? სად არის ის ადრინდელი კახელობა, მე რომ ჩემ სიყმაწვილეში მინახავს? ჩოლოქის ომში რომ კახელობა დაესწრო, მის სანახაობას არა სჯობდა-რა!.. თავადი, აზნაური, გლეხი ყველა ერთიმეორეზე უკეთესი, მოხდენილადა და მდიდრულად მორთულ-მოკაზმულები!.. ძვირფას იარაღითა და ბედაურებით გამოწყობილები!!.. კაცი იტყოდა, რომ წასულან, იმავე ბედაურებით გადგომიან გზას და თავისი თავგადასავალიც აქ ზღაპრად დაუგდიათო!.. ბევრგვარად ვეკითხებოდი ჩემს თავს და მწარე პასუხი გულში მიკვდებოდა.
ხმაამოუღებლად მივედი ისევ თელავში, აღარ დავრჩებოდი და მეორე დღესვე გამოვემგზავრებოდი, რომ სიტყვა არა მქონოდა მიცემული საზოგადოებისათვის: სადილად ვიყავი მათგან მიწვეული და სადღა წავიდოდი?!
„ჩვეულება რჯულზედაც უმტკიცესიაო!“ - ტყუილად კი არ არის ნათქვამი. რაც ხალხს საუკუნოების განმავლობაში შესისხლხორცებია, მისი გადაგდება ძნელია, მოწამებრივმა ცხოვრებამ სულით აამაღლა ჩვენი ძველები და ქრისტიანული გრძნობები გაუდიდა, სხვათა შორის, ავის მიტევება და კარგის გადახდა ზნედ ჰქონდათ გადაქცეული. თუ არ ამით, მაშ რითი აიხსნება ჩვენს ისტორიაში ის გარემოება, რომ ხშირად ჩვენი მამა-პაპები მხარს აძლევდენ და ეხმარებოდენ თავის საკუთარს მოსისხარს მტრებსაც კი? ქართველები არ იყვენ, რომ ვახტანგ გორგასლანის დროს სპარსელებთან ერთად ბერძნებს მოერიენ? მეორედ, ინდოეთამდე ჩაჰყვენ? მესამედ ყანდაღარი დააპყრობიეს და სხვანი?
ქართველ ბუნებას არ შეუძლიან, რომ კარგი რამ დაივიწყოს, გინდ მტერიც იყოს მისი და სამაგიერო არ გადაუხადოს!.. ეს თვისება რამდენად გამოსადეგია პოლიტიკაში და სასარგებლო ჩვენს უკუღმართ ცხოვრებაში, ეს სულ სხვა არის!.. მაგრამ მარტივად კი, როგორც პირადი ღირსება, კარგია!.. ამის უარს ვერავინ იტყვის... ეს თვისება დღემდი-საც კიდევ შერჩენია ჩვენ ხალხს ყოველგან და არა მარტო კერძოსა და საპირადოში, საზოგადოშიაც კი. თუ კი გაუგონია და იცის, რომ ესა და ეს რომელიმე ჩვენი მიწის შვილი საზოგადო მოღვაწეა და ქვეყნის მოსამსახურეო, აღარ იცის, როგორ გამოუცხადოს თანაგრძნობა და რა რიგი პატივი სცეს!.. საზოგადოდ ყოველგან და, რასაკვირველია, ჩვენშიაც ამისთანა შემთხვევაში მიღებულია პურმარილით პატივისცემა, გამასპინძლება, ლხინი და „მრავალჟამიერი“. ძველად ამას პირად სიამოვნებას გარდა, სხვარამ ქვეყნისათვის სასარგებლო მნიშვნელობაცა ჰქონდა, მაგრამ დღეს კი, გარდა უნაყოფო მოლხენისა, აღარას მოასწავებს. მართალია, ამგვარი პატივისცემა ახალგაზრდა, თავმომწონე კაცს გაამხნევებს და გაამაგრებს, მაგრამ დარჯაკში გამოსულ მოღვაწეს კი ბევრს ვერას შემატებს. პირიქით, გულსაც დაწყვეტს, როდესაც დაინახავს, რომ მისი გულისათვის უზომოსა და ნამეტან ხარჯს ეწევიან იქ, სადაც, ვინ იცის, რამდენი საქველმოქმედო საქმეა ჩვენი ქვეყნისათვის საჭირო და სასარგებლო და უსაშუალობის გამო წინ ბიჯი ვერ წაუდგამს... „სადაც ბევრი არ იყოს, იქ ცოტაც კმარიყოსო“ - ნათქვამია და ალბათ ამის მიზეზია, რომ მეც ჩვენი ხალხის თვალში საზოგადო მოღვაწედ ვითვლები და ამ ორმოცი წლის განმავლობაში ბევრი ნიშანი მინახავს ჩემდამი თანაგრძნობისა და პატივისცემისა, მაგრამ ამ ყოველთვის გადაჭარბებულობას იმდენი სიამოვნება არ უგრძნობინებია ჩემთვის, რამდენიც უბრალო რამ მოულოდნელ და მოუმზადებელ შემთხვევას... და მართლაც ოფიციალური რამ მხოლოდ აბრუებს კაცს, გაამხიარულებს, ათრობს, როგორც მაგარი სასმელი, მაგრამ გულს კი მალამოდ არა ხვდება. გავიხსენებ ორ შემთხვევას, რომელიც უკეთ დაასაბუთებს ამ ჩემს აზრს. ერთხელ გრიგოლ გურიელმა მითხრა ოზურგეთში, რომ ერთს მოხუცს, ნაკაშიძეს, შენი ნახვა ენატრება და, თუ ნებას მომცემ, ცხენს გაუგზავნი, აქედან შვიდ ვერსტზეა და ჩამოვაყვანიებო. მართლაც, იმ ღამესვე მოვიდა ის მოხუცი და სიამოვნებით შემომყურებდა, თუმცა კი ლაპარაკით თავს არ გვაწყენდა. გავაბით საუბარი ჩვენებურ ლხინებშექცევაზე და მე მაშინაც ის აზრი წარმოვსთქვი, რასაც ახლა აქ ვამბობ და, სხვათა შორის, დავამატე: რა სჯობს იმას, როდესაც მასპინძელი ისე მიგიღებს, როგორც შინაურს-მეთქი? მოხუცი ნაკაშიძე ყურს გვიგდებდა, არას ამბობდა და როცა გამოგვეთხოვა, დიდის მოწიწებითა გვთხოვა, რომ პარასკევს იმას ვწვევოდით. ჩვენც, რასაკვირველია, სურვილი ავუსრულეთ; მიგვიღო შინაურულად, სადილზე სამარხოს მეტი არა მოუტანია-რა, მაგრამ იმ სამარხოების ჭამას არა სჯობდა-რა... დღესაც კიდევ პირში მაქვს მაშინდელი გემო... სუფრაზე არც ტოლუმბაში, არც „მრავალჟამიერი“ და არც სადღეგრძელოები... მაგრამ ისე კი გავმხიარულდით ყველა, რომ ძალდაუტანებლად შევზარხოშდით, თითქოს რაღაც უმანკო ძალა გვხიბლავდა ყველას. ნასადილევს, წასვლის დროს, მასპინძელი მიუბრუნდა გრიგოლ გურიელს და მადლი გადაუხადა: ბატონიშვილო, ღმერთმა ნუ დაგივიწყოს, რომ გახსოვარ და ეს ყმაწვილი გამაცანი, - კაცი დავბერდი და აქამდი არ ვიცოდი ლხინის მნიშვნელობა... მე მეგონა, რომ ღვინის დაძალება და სმა ახალისებდა კაცს, ახლა გამოდის, რომ მხიარულება და სიამოვნება ასმევს თურმე კაცს ღვინოს. იცოც-ხლე, დღეს მე კი დაგიხვდებოდით, როგორც ჩვეულება მქონდა; ძროხასაც თავს გავაგდებიებდი და საკლავებსაც ბევრს მივაყოლებდი, მაგრამ თურმე სულ ტყუილი ხარჯი იქნებოდა, თქვენი ლობიო გრჩევნებიათ. სხვა რომ ვინმე დამეპატიჟნა, ასი მანეთით ვერ გადავრჩებოდი და თქვენზე კი არა დამხარჯვია-რა, მაგრამ, რავარც ვხედავ, არც თქვენ, სტუმრები, დამირჩით ნაკლებ ნასიამოვნები და მეც კმაყოფილი ვარ!.. ახლა, ჩემო ბატონიშვილო, ეს შესაწირი, თქვენ რომ უფასო სკოლა გამართეთ, მისი იყოს, იმას ცოტას წაეხმარება და მეც მოგებაში ვარო... - ეს უთხრა და ოცდა-ხუთმანეთიანი გადასცა. მას აქეთ ბევრი ლხინი დამვიწყებია, მაგრამ ეს კი საფლავის კარებამდე მიმყვება. მეორედ ქვაშიხორში მოვხვდი დადიანისას. მართლაც რომ ოჯახის საკადრისი მასპინძლობა იყო. სიმღერა, გალობა, ღიღინი, სადღეგრძელოები და შესხმითი სიტყვები ერთიმეორეს ენაცვლებოდენ. მეგრელები საზოგადოდ მჭერმეტყველები არიან, მაგრამ იმ დღეს კი გადაამეტეს: მთავარი აზრის ლარი, მარჯვედ გაყვანილი, ზედ ფერად-ფერადად მიქსოვილ-მოქსოვილი, გადახვევ-გადმონახვევი ფრაზები და ხელოვნურად ერთი აზრის მეორესთან გადაბმა-გადაკვერვა სწორედ სამაგალითო რამ იყო.. ყურს ვუგდებდი და მიკვირდა... დიდ აღტაცებასაც გამოვიჩენდი, რომ ის შესხმითი სიტყვები ჩემდამი არ ყოფილიყვნენ მომართული; უნდა გამოვტყდე, რომ პირადად სასიამოვნოდ არ დამრჩენია მაინცდამაინც ის მათი ქება-დიდება... როგორღაც მეჩოთირებოდა და ჩემს ქერქში აღარ მაყენებდა. იმ ღამეს იქ დავრჩი. ჯერ დაძინებული არ ვიყავი, რომ შემოვიდა ჩემთან ერთი ვიღაც ფეხშიშველი ბიჭი და დამადგა თავზე.
- რა გინდა, ჩემო ძმაო? - ვკითხე.
- არაფერი! თქვენი მშვიდობა, - მიპასუხა ზდილობით.
- მაინც?
- მინდა შევიტყო: რითი შემიძლია თქვენი სამსახური, რომ გასიამოვნოთ?
- მადლობელი ვარ, ჩემო ძმაო! მიკვირს, რომ უცნობს მაგისთანა სურვილი აგძრვია!..
- თქვენ, ბატონო, არავისი უცნობი არ ბრძანდებით. ბევრს არ უნახავხართ, მაგრამ გაგონებით კი იციან, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ!..
- მე?! ვიღაცას მოუტყუებიხარ, ჩემო ძმაო... მე რა საქმე მიჭირავს ხელში, რომ შემეძლოს რამე?
- ვიცით, რაც გიჭირავთ და მეც მიტომ გიახელი: ოღონდ კი მომიხმარეთ და მიმსახურეთ!.. აქ ამ სასახლეში ბაზიერად გახლავარ და თუ ინებებთ, ისეთ მიმინოს დაგიჭერთ და ისე გაგიწვრთნით, რომ ცაში ბუზიც არ გაუშვას.
- მიმინო?! მერე და რად მინდა?!
- მწყერი დააჭერინეთ და თვალის სეირს ნახავთ.
- ეგ არ მინდა და თუ მწყერს დაიჭერ მისთანას და ისეც გაწვრთნი, რომ მიმინო დაიჭიროს, იმას კი დაგიმადლებ, - გავეხუმრე მეც.
- თქვე დალოცვილო, მაგისთანა ბაზიერობა რომ შემეძლოს, რაღა მიჭირდა?! შესახვეწარიც აღარა მექნებოდა-რა და აღარც თქვენ შეგაწუხებდით.
- რა გაქვს მაინც შესახვეწი?
- რაი, შენი ჭირიმე და... ნოსირში ერთი გოგოა; მისთანა ძღაბი სულ არ მოიპოვება ამ ჩვენ მხარეში, მისი შერთვა მინდა ცოლად, ვცდილობ და არ იქნა, ვერა შევაგონე-რა!.. არ გამიკითხა იმ ურჯულომ.
- მერე, მე რა ვქნა?
- უნდა მიშველოთ, მომეხმაროთ და ჩემი სიყვარული ჩაუგდოთ გულში!
- რას ამბობ, კაცო?!. კუდიანი ხომ არ გგონივარ, რომ შევულოცო?.. მე არც შელოცვა ვიცი და არც ჯადო მაქვს...
- კი ვიცი, რაც ჯადო გაქვთ!.. თქვენ ერთი პატარა ლექსი დამიწერეთ და ის გასჭრის!.
- ლექსი?! მერე და რა გამოვა? თუ ჩემი ლექსები მაგრე სჭრიდენ, ჩემმა თავმა ქვა მკრა?.. მე კი არავინ მომწონს თუ?!.
ამგვარი რამეები ბევრი ვუთხარი, მაგრამ ვერ შევასმინე, ვერ დავაჯერე; აღარ მეშვებოდა, უნდა დამიწერო და ისიც კიდევ მეგრულადო! რომ აღარა გამოვიდა-რა, პირობა მივეცი და მოვიშორე, მე კი დიდ განსაცდელში ჩავვარდი! ვამბობ: რა ვქნა, ე მეგრული ლექსი რანაირად დავწერო, რომ მეგრული არ ვიცი? ბოლოს ვიფიქრე, მოდი ერთი დავამტვრევ ქართულს და ის იქნება- მეთქი, მართლაც, სახუმროდ დავწერე შემდეგი:
სქანი თოლი ჩქიმი სარკე,
ჩქიმი გური - სქანი ტახტი.
უსქანეთ ჩქიმი სიცოცხლე
ჯიხა რე დო ნაობახტი.
ესე იგი
შენი თვალი ჩემი სარკე,
ჩემი გული - შენი ტახტი,
უშენოდ ჩემი სიცოცხლე
ციხეა და ნაობახტი.
მორე დილას რომ წავუკითხე და მივეცი, მის აღტაცებას საზღვარი აღარა ჰქონია! ბეჯითად შემიყვარებსო, - ამბობდა. იმას აუხდა სურვილი თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მე კი იმ დღევანდელ შესხმებზე უფრო სასიამოვნოდ დამირჩა იმ ბაზიერის გულგახსნილობა, მოძღვრულ-მოწაფური ნდობა. აი, ამ ხასიათის კაცი ვარ, საზოგადოდ ლხინებში მე არ ვარ ხოლმე ჩემს ქერქში და იმ დღესაც თელავში თავს ავაშორებდი როგორმე ჩემთვის მომზადებულ ლხინს!.. მაგრამ ნათქვამია: „სტუმარი მასპინძლის ყურმოჭრილი მონააო,“ და მეც ვიახელი გულუხვსა და გულკეთილ მასპინძლებს. მათმა გულწრფელობამ და ძველებურმა მოლხენამ, წინააღმდეგ ჩემის ჩვეულებისა, გამიტაცა და დიდად ნასიამოვნები დავრჩი, მით უფრო, რომ ის „მრავალჟამიერი“, რომელსაც დიდი და პატარა, ანუ როგორც დათა გუგუნავა იტყოდა ხოლმე, ყველაყაი მღერის, არ ისმოდა და მის ნაცვლად ნამდვილ „კახურ მრავალჟამიერს“ გაჰქონდა გუგუნი! ლეკურიც ძალიან გახურდა და, სხვათა შორის, ერთი დავლა ტიტიკო ვახვახიშვილმაც დაუარა. ერთ დროს ის პირველი მოთამაშე იყო, აღტაცებაში მომყვანი და თვალის წარმტაცი, მაგრამ ახლა კი შესანიშნავი არტისტი როსსი მომაგონა... ამ ორი წლის წინათ ხარკოვში შევხვდით მე და როსსი ერთმანეთს, ჩვეულებრივი მოკითხვის შემდეგ, მკითხა ჩემი შვილის პირით:
- გახსოვთ თბილისში რომ მითხარით ერთხელ: ჩემი დედა-ენის შემდეგ იტალიანურ ენას არა მირჩევნია-რაო? თუ მართალი იყო, რატომ აქამდის არ შეგისწავლიათ ის ენა ისე, რომ მე და თქვენ დღეს თავისუფლად შეგვძლებოდა ერთმანეთთან საუბარი?
- მაესტრო!.. არ გყვარებიათ მისთანა ვინმე, რომ მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა ვერ დაახლოვებოდეთ, ხელში ვერ ჩაგეგდოთ და გულში კი დღესაც გედვათ?
- როგორ არა!.. როგორ არა!.. ეგ რომ არ გამოეცადოს, მისთანა ბედნიერი კაცი ძვირია! გამომიცდია და წარმოდგენით ხომ კიდევ უფრო მეტჯერ წარმომიდგენია! თითქმის ყველა პიესები მაგაზედ არიან დამყარებული! მართლა, ისევ ისე ადრინდუ-ლად მოგწონთ ჩემი თამაში?
- დღესაც ისევ ისე სწორუპოვარი ხართ მოხუცის როლებში. ვის არ მოიყვანს აღტაცებაში თქვენგან განხორციელებული მაკბეტი, მეფე ლირი, მეფე ივანე-მტარვალი და სხვანი... ამ უკანასკნელში პირველადა გხედავთ და გაოცებულიცა ვარ!..
- დღეს „რომეოსა“ ვთამაშობ და ხომ მოხვალთ?
- არა!.. ადრე მინახავხართ და ახლა...
- აღარ გინდათ, რომ ილიუზია გაიფუჭოთ?.. ნუ გეშინიათ!.. კიდევ ისევ ისეთი ვიქნები, როგორიც გინახავარ!..
- დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იმას სარკესავით წარმოგვიდგენთ...
- ე. ი. გარეგნობით სრულს, მაგრამ უსულოს და უგულოს? ჰმ!.. მართალი ხართ! სიბერე ხელს მიშლის რომეოს სიჭაბუკე შევისისხლხორცო!.. მაგრამ რაც გიყვარს და რასაც მთელი შენი სიცოცხლის განმავლობაში ეტრფოდი, ძნელი გადასაგდებია გულიდან და ძნელად მოსაშორებელი... თუ არა, ვის გაუგონია სამოცდაათი წლის ახალგაზდა და თექვსმეტი წლის მოხუციო! - მითხრა და ამოიხვნეშა კიდეც. ამ როსსისა არ იყოს, ტიტიკოც ისევ ისე კარგი სანახავი იყო, რომ გამოვიდა ლეკურში და ძველებურად გაშალა ხელები, მაგრამ ის კი აკლდა, რითაც ერთ დროს არხეოლოგები თბილისში აღტაცებაში მოიყვანა და გამოჩენილ ვირხოვსაც ათქმევინა: „ერთხელ კიდევ ათამაშეთო!“ ე.ი. სისწრაფე!..
მეორე დღესაც კიდევ თელავში დავრჩი, რომ ქალაქი დამეთვალიერებია და გამოვტყდები, რომ არ მიამა. ოცი წლის წინათ რომ მინახავს, იმაზე თუ უკლია თუ არა, არა უმატნია რა! საზოგადოდ მიღებულია, რომ ქალაქზე მობმულ სოფლებს ქალაქსვე მიაწერენ ხოლმე შესავსებად და აქ კი უმეტესი ნაწილი თელავისა, პირიქით, სოფელ-ზე მიუწერიათ და მიუკერებიათ ის ნაწილი ქალაქისა, სადაც სულ ქართველები სახლობენ. ალბათ უფიქრნიათ, რომ ქართველები მაინც არ ვარგიან მოქალაქეებად და ტყუილა-უბრალოდ ხელს მაინც აღარ შეგვიშლიან სომხობასაო... მეორე კიდევ იმან გამაკვირვა, რომ ირაკლის სასახლის გალავნის ბურჯზე სომხების სამრეკლო ამოსულა სოკოსავით... ვერ გავიგე: ტორგით დარჩენიათ ვაჭრებს, თუ თვითონ ირაკლის უანდერძებია მათ-თვის?.. თვითონ სახლში კი „წმინდა ნინოს“ დედათა სასწავლებელია გამართული და, სწორე მოგახსენოთ, უკეთესს დანიშნულებას ვერც მისცემდენ ამ ძველ ნაშთს... თვითონ სასწავლებელი კარგად არის დაყენებული. ეტყობა, რომ მოვლა და ყურადღება არ აკლია. მე რომ მივედი, მაშინ იქ პარაკლისს იხდიდენ; გალობას პატარა ქალები ამბობდენ მწყობრად და ხმატკბილად, ერთხელ „უფალო შეგვიწყალეც“ გამოურიეს და მაშინ კი შეეტყოთ ცოტა ხმის აკანკალება. ამ სასწავლებელს, ვგონებ საშუალება აკლია და მიტომაც ვერ გასწვდომია ყველა მსურველების მოვლას. მაგიერობას კერძო უფასო სკოლები ჩადიან, აქ დედა-ენასა და რუსულს ერთად ასწავლიან, ე.ი. ერთს მეორის შემწეობით, და წარმატებაც დიდია! მშვენიერად სწერენ, კითხულობენ და ლაპარაკობენ, ასე გასინჯეთ, რომ გამოთქმაც კი წმინდა რუსული აქვთ. ნეტავი ერთი მივიდოდენ და თავის თვალით ნახავდენ და თავის ყურით მოისმენდენ ის პედაგოგები, რომელნიც ბუნებითი მეთოდს (ესტესტვენი მეთოდს რომ ეძახიან) უპირატესობას აძლევენ და ყმაწვილებს ტყუილა-უბრალოდ აწვალებენ და დროს აკარგვინებენ. მაგალითად, ყმაწვილს ეუბნები ორ სიტყვას ერთად: „ვირი“ და „ასიოლი“. ამაში ერთი წუთიც არ იკარგება. ახლა ავიღოთ ბუნებითი მეთოდი, რომელმაც მხოლოდ მიბაძვით უნდა წარმოუდგინოს მოსწავლეს საგანი, რომ მიახვედროს, ჯერ ხელებით ყურები უნდა გაიკეთოს, მერე დაიყროყინოს და მერე კიდევ წიხლები ისროლოს, ცოტა დრო გაივლის, სანამდი თავს დაანახვებ-დეს მასწავლებელი?
თელავის ინტელიგენცია ფხიზლად არის, ისე, როგორც ერთს დროს გორში იყო. თავის პედაგოგიურ დანიშნულებას გულწრფელად და ჭეშმარიტად ასრულებენ გარეშე რამეების გადაუყოლელად, მაგრამ რაღა მარტო ინტელიგენცია, თავად-აზნაურობასაც, მარშალიდან დაწყებული უბრალომდე, შეუგნიათ თავისი ცუდი მდგომარეობა და ცდილობენ, რომ როგორმე თავი დაახწიონ ეკონომიურ გაჭირვებას, მაგრამ ძნელია, თუ მიმშველი და მომხრე არ ეყოლათ. ცუდად არიან ჩათრეული და შესალტული! მთელი კახეთი ვაჭრებისა და ჩარჩების ყმებად არის გადაქცეული, კახელების სიმდიდრე ვენახებია და ისინიც ხომ სომხებს აქვთ გირაოდ... არა თუ მარტო მამული, თვით მემამულეთა შრომაც კი: პატრონები მუშაობენ და მოსავალი კი მოვალეებს მიაქვთ!..
ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია მამული, ისინიც ვერ ასაღებენ ღვინოს: ჩარჩებს პირობა აქვთ შეკრული და როგორც უნდათ, ისე მიაქვთ. თბილისში გამართულმა ამხანაგობამ ცოტათი კი გამოიხსნა ამ გაჭივრებისაგან მემამულენი, მაგრამ ვინ იცის, ბოლო როგორი ექნება? ჯერ კიდევ სანამ თ. ზაქარია ჭავჭავაძე ხელს უწყობს „ამხანაგობას“ და მეთაურებიც შეგნებული ჰყავთ, არა უჭირს-რა, მაგრამ ვაი თუ მერე, როდისმე, ქართულმა ჭირმა - იმ შეჩვენებულმა უთანხმოებამ, გამოუაროს და მაშინ კი მშვი-დობით კახეთის მეღვინეობის საქმევ!..
თელავიდან სიღნაღზე წამოვედი და გზაში ბევრი სასიამოვნო არა მინახავს-რა. ყველგან სთველი იყო გამართული, მაგრამ ლხინი და სარგებელი კი სხვებისა იყო: თავზე მოვალეები ადგენ ყველგან და პატრონებს კი ყურძნის ჭამის ნებაც არა ჰქონდათ!.. გზაში შემთხვევა მომეცა, რომ მენახა კნეინა ანდრონიკაშვილისა, ჩოლა-ყაშვილის ქალი, საზოგადოდ კახეთში მარშლის ცოლად წოდებული. იმაზე ბევრი კარგი მქონდა გაგონილი და მართალიც გამოდგა. კნეინა ერთი იმ ძველ ქართველ ქალთაგანია, რომელიც დღეს გვენატრება: ზრდილი, დარბაისელი, სიტყვა-პასუხიანი და ყოველ კარგის თანამგრძნობი. სასიამოვნოდ დამრჩა არა თუ მარტო მისი ნახვა, არამედ იმათიც კი, ვინც მას გარს ეხვიენ და მომაგონდა დედიჩემის დარიგება: შვილო, მეტყოდა ხოლმე, უნდა ცდილობდე კარგი ადამიანისა და კარგი საზოგადო-ების დაახლოვებას, ისე, როგორც მზისა და მთვარისას; იმათი სხივი და ნათელი შენც მოგხვდება და გამოგაჩენსო.
ერთი ღამე გზაში მამა პოლიევქტ კარბელაშვილისას გავათიე, სადაც გავსინჯე მისი ქართული ბიბლიოთეკა და კმაყოფილი დავრჩი. ამ საზოგადო მოღვაწე მღვდელზე, როგორც მამა დეკანოზ ღამბაშიძეზე, „ჩემ თავგადასავალში“ ბევრი რამ მექნება მოხსენებული და მიტომაც აქ აღარას ვამბობ. მეორე დღეს სიღნაღში ამოვყავი თავი და ისე შევწუხდი, რომ ნეტავი არ მენახა მეთქი..
სიღნაღისთანა თავგასული და გაბრიყვებული ქალაქი სხვა აღარსად მეგულება. იქაურ ვაჭრებს ისე შეუკრავთ ერთმანეთში პირი, სექტანტებივით, რომ სხვას აღარავის იკარებენ. დღევანდელი გარემოებაც ხელს უმართავს მათ და ორიოდე მცხოვრები ქართველები მათში დიდ გასაჭირში არიან ჩავარდნილი და არა მარტო ეკონომიურადაც. მათი მონებიდან გამოსვლა თუ ვინმემ მოინდომა, იმას არ გაახარებენ. ერთი ინსპექტორი იყო, რომელიც სიმართლეს არავის დაუთმობდა და სიღნაღის ვაჭრების ნება-სურვილს ყურადღებას არ აქცევდა; გადაემტერენ და მოსვენებას არ აძლევდენ. სხვა რომ ვეღარა დააკლეს-რა, სასწავლებლის ფანჯრებს უმტვრევდენ. ერთხელ ესროლეს ქვა და მის პატარა შვილს თავი გაუტეხეს, გამწარებული მშობლები გამო-ვარდენ გარეთ და დაიჭირეს დამნაშავე ქუჩის ბიჭი, რომელიც ალბათ სხვებისაგან შეგონებული იყო, და პოლიციაში დაუპირეს გაგზავნა. ახრიალდენ ვაჭრები და კინაღამ თავზე გადაანგრიეს სასწავლებელიც! ერთი სიტყვით, სხვა ტომის ხალხის ცხოვრება ამ ქალაქში მეტათ საძნელოა. მთელ კახეთში ერთად-ერთი ქიზიყია, რომ ჯერ ვაჭრებსა და ჩარჩებს ვერ მოუხერხებიათ ჩაყლაპვა, თუმცა საცადს არ აკლებენ. მაგალითად, შარშან და შარშანწინ მაჩხაანში ქართველებმა დეპო დააარსეს და ვაჭრე-ბის საგანგებო კომიტეტმა მაშინვე საზოგადო თანხიდან გამოიღო ფული და ქართვე-ლების დეპოს კრიჭაში მარცხნივ და მარჯვნივ ორი მაღაზია აუშენეს, რომ ის აღარ გაახაროს; ხშირად გვესმის სიტყვა „ეკონომიური ბრძოლაო“, მაგრამ განა შეიძლება იქ ეკონომიური ბრძოლა, სადაც იარაღი და ხერხი სულ სხვადასხვანაირია? ვინ არ იცის საზოგადოდ, სომეხმა რომ ქართველის მაღაზიაში ივაჭროს, მათი კომიტეტი ჯარიმას ახდევინებს! ქართველს კი ამგვარი რამ ფიქრშიაც არ მოუვა. მართალია, ქიზიყში კი სოფლებს პირის გაკვრა ნდომებოდათ, რომ იქაურ ვაჭრებთან ნურც ლხინში და ნურც ჭირში ნუღარ მივალთო, მაგრამ ეთქვათ, მაგისთვის დაისჯებითო და იმათაც შეშინებოდათ და დაეჯერებიათ. სწორედ გულმკვდარი დავბრუნდებოდი კახეთიდან, რომ ბოდბეში წმ. ნინოს მონასტერი არ მენახა. ადრე რომ სიღარიბეში იყო, ის აღარსად ჩანს, ძველი ეკლესია გაუმშვენიერებიათ, ძველი ნახატებიც შეუბღალავად დაუტოვებიათ; აუშენებიათ ახალი სადგურები, სადაც ასამდე მონაზონი ცხოვრობს; აშენებენ ახალ ეკლესიას, გაუმართავთ სკოლა, სადაც ახალგაზრდა ქალებს ზრდიან: ასწავლიან ხელსაქნარს, ხატვას, წერა-კითხვას, როგორც რუსულად, ისე ქართულადაც და ეს სულ იქაურ იღუშენიის მეცადინეობით არის; ერთადერთი ნაკლი მხოლოდ ის არის, რომ იმ ტაძარში, სადაც ქართველების სიწმინდე და საუნჯე - წმ. ნინოს გვამია დაკრძალული და სადაც თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში ღვთისადმი ლოცვა-ვედრება გაისმოდა, დღეს აღარც ერთი ქართველი ფეხს აღარ დგამს და მიზეზად იმას ამბობენ, რომ არა გვესმის-რაო. ეს მოვახსენე მე წინამძღვარს და ვთხოვე, როცა წმ. ნინოს დღეობაა, მაშინ მაინც აწირვინეთ ხალხისათვის-მეთქი; წინამძღვარმა თავი იმართლა: „მონაზნები სულ რუსეთიდან ჰყავს ჩამოყვანილი, ქართული არ იციან; ქართველები კი არ დადიან და ვიღასთვის არის საჭირო ქართული წირვა-ლოცვაო“?, - „თქვენ აწარვინეთ ქართულად და ნახავთ თუ ხალხი არ მოვა-მეთქი“, - შევუბრუნე სიტყვა.
„განა ვერა ვხედავო, მიპასუხა, სხვებიც ბევრი არიან საყდრები და ტაძრები, სადაც ქართულად სწირავენ და ხალხი მაინც არ დაიარებაო“. ეს სწორედ მართალი მითხრა. დღეს სარწმუნეობაზე თანდათან გულგრილდება ქართველი ხალხი... ამას, რასაკვირველია, მიზეზი აქვს და ამ მიზეზს რომ გამოიკვლევდენ და ყურადღებას მიაქცევდენ, მადლია. წრეულ კახეთში, ერთ სოფელში, ახმეტაში, აღდგომა კვირის მაგივრად სამშაბათს გაეთენებიათ!.. მხოლოდ სამშაბათს შემოუვლიათ ლიტანია, „ქრისტე აღდგაც“ მაშინ უთქვამთ და მაშინ გაუხსნილებიათ. ეს სამწუხარო და იმავე დროს სასაცილო საქმე ვისი ბრალია? მხოლოდ გარემოების და სხვისი არავისი.
ძველად ქართველი მღვდლები მონასტრებში იზრდებოდნენ. იმათ არც ფილოსოფიის კლასი ჰქონდათ დამთავრებული და არც მსოფლიო პოლიტიკისა გაეგებოდათ-რა, მაგრამ სამღრთო წერილი კი ზედმიწევნით იცოდენ, ჯაფასა და შრომას იყვნენ მიჩვეული, ბევრის ატანა შეეძლოთ და ცოტას ჯერდებოდენ; რა მაგისთანა პატარა სოფელი ყოფილიყო, მაინც თავისი საკუთარი მღვდელი ჰყავდათ და მღვდელიც კმაყოფილი იყო; დღევანდელ მღვდლებს კი მეტი ხარჯი უნდებათ და პატარ-პატარა სოფლები აღარა ყოფნით. ამიტომაც ერთ სოფელს მეორეზე აკერებენ, რომ სამყოფი მრევლი შეადგინონ ხოლმე. ამგვარი მოძღვარი ყველა სოფელს ერთსა და იმავე დღეს ვერ გასწვდება, ხან ერთგან სწირავს და ხან მეორეგან და, აი ახმეტასაც, უთუოდ ამიტომ რგებია აღდგომის წირვა მხოლოდ სამშაბათს. ბევრს რამეს ვიტყოდით, რომ გვეთქმოდეს და ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ დღევანდელი ქართველების გულგრილობა გასაკვირველად მიგვაჩნია, მით უფრო, რომ თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში რჯულზე მტკიცედ იდგენ ჩვენი ძველები, რა არ აუტანიათ იმათ თათრებისაგან, მაგრამ ვერც ტანჯვითა და ვერც მოფერებით რჯულზე ხელი ვერ ააღებინეს! მხოლოდ ერთხელ კი კათოლიკეთა მღვდლების მეცადინეობამ კინაღამ შეუცვალა გული. ისინი შემოვიდენ საქართველოში მოყვრულად. თავდაპირველად ხალხს ძალიან ეჯავრებოდა ისინი და ცუდი აზრიც ჰქონდათ მათზე, მაგრამ იმათმა კეთილმა და მეგობრულმა ქცევამ ნელ-ნელა მიიზიდა ხალხი. ფრანგის მღვდლები ცდილობდენ, რომ არავითარი შეურაცხყოფა არ მიეყენებიათ ხალხის თავმოყვარეობისათვის, პირიქით, შეისწავლეს ხალხის ენა, ვითომდა შეითვისეს მათი ზნე-ჩვეულება, დადიოდენ. მათ საყდარში და ისე აჩვენებდენ თავს, რომ ბოლოს და ბოლოს ხალხმაც შეითვისა და შეიყვარა ისინი. მათაც გამართეს სკოლები, ასწავლიდენ ყმაწვილებს, მშობლიურიდან გადაჰყავდათ უცხოზე და რომ ერთ უბრალო გარემოებას არ შეეშალა ხელი, დღეს საქართველო გაფრანგებული იქნებოდა. აი როგორ გასჭრა ჭკუამ და როგორ უნაყოფოდ ჩაიარა ძველად თათრების უჭკუო ძალდატანებამ. დღეს, ღვთის მადლით, ამგვარი არა გვიჭირს-რა. მართლმადიდებელი რუსეთია მფარველი ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ეკლესიაც ისევ ძველებურად ამაღლდება, იმედია, და ხალხიც არ დაკარგავს სარწმუნოებას, რომ ღმერთიც ადიდოს და მფარველიც მოიხსენიოს.
(აკაკის კრებული, 1897 წ., № 4)
![]() |
7.3 შილიონის ციხე-დარბაზი |
▲ზევით დაბრუნება |
16 ივლისს დავათვალიერე შილიონის ციხე-დარბაზი, მეთოთხმეტე საუკუნეში ჟენევის ტბაში აგებული. დროს შედარებით არ ყოფილა ურიგო და დღემდისაც შენახულა. არც არა მოუკლიათ და არც არა მოუმატებიათ-რა. ისე ინახავენ, როგორც „წმინდათა-წმინდას“... და ან კი როგორ არ შეინახონ, რომ ის ძველი ნაშთი დიდ შემოსავალს აძლევს ქალაქს: ყოველ მხრიდან მოდიან და სანახავს აძლევენ. აფსუს, ჩვენი ქვეყნის ციხე-დარბაზებო, ძველო ნაშთებო! ვინ იცის რამდენის ხნისავ, რომ ნადირის ბუნაგი გამხდარხართ!..
მნახველები იმდენია, რომ დას-დასობით უშვებენ შიგ. ჩვენმა დასმაც ჭიშკართან მოიყარა თავი - გვაყიდვინეს შესასვლელი ბილეთი და მერე გაგვიღეს კარები. წინ წაგვიძღვა მოკანანახე ქალი. გასაკვირველი არა არის-რა სანახავი, მაგრამ ის კი გასაგონია, რასაც მოკანანახე ამბობს ყოველ ოთახის შესახებ: ამა და ამ რიცხვებში აქ ვიქტორ ჰიუგო იყოო! აი, ამ ოთახში ბაირონმა გაათია ღამეო! აქ ეს იყო, იქ ის იყოო! და სხვანი. ერთის სიტყვით ოთახი არ არის, რომ განსხვავებული ისტორია არა ჰქონდეს. აბრაამის კიბისა და ვირის ერთ მილიონ თმისა არ იყოს, წადი და შეამოწმე. ხალხი კი მიდის და მიდის.
ზედა ოთახების დათვალიერებას რომ მოვრჩით, ჯურღმულში ჩაგვიყვანეს სავანების სანახავად, სადაც ტუსაღები იყვენ ხოლმე. ისინი კი მართლა საზარელი სანახავი იყო, გარდა სიწმინდისა, მაგრამ ეს სიწმინდე მაშინ სად იქნებოდა? სხვათა შორის ის ოთახიც გვიჩვენეს, სადაც ლორდ ბაირონის აწერილი ტყვე იყო მიჯაჭვული და იმან მიიპყრო ყველას ყურადღება. საჯაჭვე რკინის რგოლი გავსინჯე და როგორღაც არ მეძველა!..
მე უფრო „შფოთის ოთახმა ანუ საკანმა“ დამაფიქრა. აი, რა მოგვითხრო მოკანანახემ:
„ამ საკანში იყო დამწყვდეული ერთად ოთხი ძმა. მტერმა ისინი იქ ჩაამწყვდია და მათ უპატრონოდ დარჩენილ სამკვიდროს დაეპატრონა. ეს ოთხი ძმა იმდენ ხანს იყო დამწყვდეული ამ საკანში, რომ სუყველას ერთად რომ თვეში თითო ქვა გამოეღოთ კედლიდან, გაარღვევდენ ციხეს, გავიდოდენ, ჩაჯდებოდენ ნავში და გაიპარებოდენ, მაგრამ ერთმანეთში ჩხუბს უნდებოდენ და ისე ჩაბერდენ და ჩაკვდენ, რომ თავისუფლებას ვერ ეღირსენ ერთმანეთის ხელის შემშლელნი! უფროსი იმ აზრისა იყო, რომ ჯერ როგორმე გამოსულიყვენ ციხიდან, თავი გაენთავისუფლებინათ და მერე ეფიქრათ თავის მამულზე. თავისუფლება პირველი ბიჯია ჩვენი მოქმედებისა და ჯერ იმაზე უნდა ვიფიქროთო! უმცროსები არ უჯერებდენ: მარტო ამაზე ფიქრი არ კმარაო! ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორი წესრიგი უნდა შემოვიღოთ ჩვენ ადგილ-მამულშიო. ერთს - ერთი უნდოდა, მეორეს - მეორე, მესამეს - მესამე; მოსდიოდათ ერთმანეთში შფოთი და ერთმანეთის ხელის შემშლელები, საკანში ჩაკვდნენ!“ ამ მოთხრობამ ძალიან ჩამაფიქრა და ჩვენი ქვეყანა მომაგონა...
(ივერია, 1905 წ., №162)
![]() |
7.4 ეიფელის კოშკზე |
▲ზევით დაბრუნება |
(ლექსი პროზათ)
სოკოსავით ამოსულა დედამიწიდან, თუ ციდან გადმოკიდებულა ეს კოშკი? რამ სიმაღლეა!.. მე კი ზედ მწვერვალზე ვდგევარ და გადავჰყურებ ხელის გულსავით გადაშლილ პარიზს, სახლები წერტილებად მეჩვენებიან, ქუჩები ვიწრო არშიებად და ზედ ადამიანის მიმოსვლა კი ჭინჭვლის ცოცვად! აქ, ამ სიმაღლეზე სულ სხვანაირად ფიქრობს კაცი და სხვაგვარად გრძნობს... და მეც ჯერჯერობით მეტი არა მინდა-რა, რომ მარტოდ მარტო, თავისუფლად აქ ვეძლეოდე ხოლმე ოცნებას!..
მაგრამ ეს ვიღაც მანდილოსანი ამკვიატებია და, მე რომ მოვდივარ, ისიც მალე გაჩნდება ხოლმე. დღეს კი დაუსწრია: დამიხვდა და პირველად კიდევაც გამომესაუბრა:
- უკაცრავად კი ნუ ვიქნები და აქაური არ უნდა იყოთ თქვენ, როგორც გეტყობათ?
- დიახ, შორედან მოვსულვარ... კავკასიელი!
- ააა!.. ჩერქეზი?
- არა.
- ჰმ!.. ჰმ!.. ჰმ!.. მაშ უთუოდ სომეხი?
- არც სომეხი!.. ქართველი! საქართველოდან!..
- ქართველი?! ვინ არიან ქართველები? და სად არის საქართველო?
- კავკასიელი ხალხია... მიკვირს, რომ ჩერქეზები გცოდნიათ, სომხებს იცნობთ და მკვიდრ ქართველებზე კი არა გაგიგონიათ-რა?!
- უკაცრავად, მაგრამ დღეს პირველად მესმის ეგ ხალხი. სომხებმა კი თავიც მოგვაბეზრეს.
- დიახ, ძალიან უგანგაშო ქვეყანაა საქართველო! თვითონ ქართველები ხმას არ იღებენ და სხვები კი მათ არ ახსენებენ.
- ამ სიშორეს რას მოუყვანიხართ?
- ავადმყოფობას.
- მობეზრდით იქაურ ექიმებს და თავიდან მოგიშორეს?.. აქეთკენ წამოგიტყუეს?
- აქ უკეთესი ექიმები არიანო.
- ექიმის უმეტესობა ყველგან ექიმია: მაჯას გინახავს, ენას გამოგაყოფიებს, ყურს გულზე მოგადებს და დაგიწერს რეცეპტს. ამას მოანდომებს სულ ერთ წამს, მაგრამ შრომის სასყიდელი კი დიდია. განსაკუთრებით აქ, პარიზში. მეც უცხო ქვეყნელი ვარ... ამერიკელი. წელიწადია, რაც აქეთკენ გადმოველ. შემოვიარე მთელი ევროპა, ვეძებ და ჯერ ვერ მიმიგნია...
- რას დაეძებთ?
- კაცი ეძებს იმას, რაც აკლია და განსაკუთრებით ქალი!.. მე ვეძებ სიყვარულს!..
- სიყვარულს?!.
- დიახ, სიყვარულს, უბიწოსა და თავისუფალს.
- ამერიკა მე დიდ ქვეყნად წარმომიდგენია და ნუ თუ იქ ვერ მოგინახავთ?
- ჩემს სამშობლოში? იქ ხელოვნებამ დაჩრდილა სიყვარული და ტრფიალება მედიდურობად გადაიქცა, ისე როგორც აქ, ევროპაში, სადაც ფულია გაღმერთებული, სიყვარულიც სავაჭრო საგნად გადაქცეულა!.. საუკუნო განსვენება ჩემ მშობლებს! დიდი მემკვიდრეობა დამიტოვეს: თვალ-ტანადობა, ჯანმრთელობა და შეძლება, მაგრამ ესეები ყველა ვერ მაკმაყოფილებენ უსიყვარულოდ!.. იმას კი დავეძებ და ვერ მიპოვია...
- საკვირველია, რომ მაგას ამბობდეს ადამიანი იქ, სადაც...
- იქ, სადაც ხელოვნება უკიდურესს წერტილამდე მისულა, რომ მოჰხიბლოს ადამიანი და თვალ-ჯიბე მოსჭრას!.. აქ გარეგნობაა!.. მომხიბლავი გარეგნობა, უსულო! და სიყვარულს კი თავის მოთხოვნილება და კანონები აქვს! ის კანონები მარტო გარეგნო-ბაში ვერ იხარებენ! როგორც ყვავილს ნამი, ისე ეჭირვება ქალს სიყვარული!.. მაგრამ ვერსად ჰპოებენ, დამონებიან პირობებს და ვინ გაამტყუნებს... არა, როგორც ამერიკა-ში, ისე ევროპაშიაც დიდ ქალაქებში სიყვარულს არა აქვს ნიადაგი, იმ სიყვარულს, რომელიც ადამიანს ააჟღერებს, აამაღლებს!..
- გეთანხმებით, როგორც ქართველი!
- რაო?! როგორც ქართველიო?! ნუ თუ იქ, საქართველოში, სხვაგვარად ესმით სიყვარული?
- მართალია, ამ უკანასკნელმა მონობის საუკუნემ თავისი ელფერი დასდვა ჩემ სამშობლოს; მიმბაძაობის ხანა დადგა იქ, მაგრამ ჯერ კიდევ არ მომკვდარა, - მხოლოდ დასნეულებულია! და სნეული ზოგიერთ ძველ აღთქმას ვერ უარყოფს და მათ რიცხვში სიყვარულსაც. მართალი სთქვით!.. აქაურ ქალს განა სიყვარული მოეთხოვება? ის მორთულ-მოკაზმული, ფერნაცხები და სარკის წინ დაქანცული გამოდის, რომ აქეთ-იქით ქსელი გააბას და ბუზი დაიჭიროს; ოღონდ ბუზი კი იყოს და მისთვის სულ ერთია, ვინც იქნება!.. როგორც ქართველს, არ მესმის ეს!.. ჩემ სამშობლოში ხელოვნებას ჯერ კიდევ არ დაუჩაგრავს ბუნება. ვარდი თავისუფლად სუნნელოვნად იშლება, ია ნაზად თავსა ჰხრის და ყაყაჩო მედიდურობს!.. და სადაც ეს სამი ყვავილიანობა არ შეთანხმებულა, ვერ იკიდებს ფეხს სიყვარული!.. თვით სიყვარულია ყოვლის შემძლებელი ხელოვნება და ხელოვნება აღარ ეჭირვება!.. სიყვარულია ღმერთი!.. იყო დრო, რომ ქართველ ქალთა უმეტესობას, გარეგნობით ზემოხსენებულათ შემკულს, შინაგნობაც ეკავშირებოდა: სული სცემდა ხორცს ნათელს და ხორციც სულს შექათქათებდა! დღესაც კიდევ თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც აქა-იქ სადმე კიდევ მოიპოება ნამდვილი ქართველი ქალი და ერთს მათგანს მე კიდეც ვეთაყვანები, და ეს თაყვანია უხმო ლოცვა-დიდება შემოქმედებისა!.. ჯერ სანამ მთა-გორას მოფარებული მზე მწვერვალზე თავს ამოჰყოფდეს, გაისმის ცისკრის ზარივით ტკბილად, გულის სიღრმემდე ჩამწდომი მისი ხმის წკრიალი! ეჰ, გაუღვიძ-ნია ჩემ სატრფოს, ხელ-პირი დაუბანია, დაუვარცხნია გულ-მკერდზე დატევრებული თმა, ჩაუცვამს უბრალოდ და შვილებს ისტუმრებს სასწავლებელში, რომ მერე საოჯა-ხო საქმეს მოჰკიდოს ხელი და დაღამებამდე ფეხზე იდგეს. მთელი დღე მოძრაობს და მისი მოძრაობა საარაკოა!.. ყოლიფერი ჰშვენის: გაიღიმებს, თითქო ცა გაიხსნაო, მოიჭმუხვნის, თითქო დედამიწა შეიკრაო!!
მინახავს მის წამწამებზე კურცხალი ჩამოკიდებული, მინახავს და ძლივს გადავრჩენივარ დადნობას!..
დღიურ შრომით დაქანცული, ღამით რომ ქვეშაგებში მოისვენებს ხოლმე, თითქო მთვარემ მოიყვანაო, მე მივდივარ ათრთოლებული, მუხლს ვიყრი მის წინაშე და ზეგარდამო შთაგონებული ვეამბორები მის ფეხებს!.. ვეამბორები მიტომ, რომ იმ ფეხებზე იდგა მთელი დღე და იმ ფეხებს მიმოჰქონდა აქეთ-იქით მაშვრალი!.. წმინდაა ის ამბორი, როგორც დედის ცრემლები, და იმ ამბორთან ერთად გათავდება ჩემი სიცოცხლეც...
ასე ვამბობდი აღელვებული, ოცნებით გატაცებული და გავიყურებოდი იქითკენ, სადაც ჩემი სამშობლო მეგულებოდა. სულგანაბული ამერიკელი ქალი ყურს მიგდებდა დიდხანს და ბოლოს წამოიძახა: - აი სად ყოფილა სიყვარულის ბუდე და მე კი სად ვეძებდი?!. უნდა წავიდე...
- სად? პარიზიდან საქართველოში? ეგ სულ ერთი იქნება, რომ დიდებულ დარბაზიდან გლეხის ბოსელში გადავიდეს კაცი!...
- არა! იქ, სადაც წამხედურობა და მიმბაძაობა არის გამეფებული, გინდ დარბაზიც იყოს, არ მინდა!.. იქ კი, სადაც ორიგინალობაა, გინდ ბოსელიც იყოს, მომავალი მოსალოდნელია!.. იქ სიყვარული იხარებს და, სადაც სიყვარულია, ღმერთიც იქ არის!.. მე უნდა ვნახო შენი სამშობლო და ისიც...
- ვინ ისიც!..
- ის... ის, ვისაც შენ მაგრე იხსენიებ.
(ივერია, 1906 წ., № 6)
![]() |
7.5 ტრაპიზონი |
▲ზევით დაბრუნება |
(მგზავრის შენიშვნები)
ზღვიდან კარგი შესახედავია ტრაპიზონი. რომ იტყვიან: „შორიდან მტერს გაუხეთქს გულს და ახლოს მოყვარესო“, სწორეთ ამაზეა გამოჭრილი. მიმიტაცა გემიდან მისმა მშვენიერებამ, გადავჯექი ნავზე და გავეშურე სანახავად. ჩემი, აგერ ნახევარ საუკუნის დავიწყებული, თათრული კიდევ გამომადგა და თარჯიმანი აღარ დამჭირვებია. ნავიდან რომ გადავხტი, იქ, ზღვის პირად, სხვათა შორის, ერთი ვიღაც დარბაისელი თათარი დამხვდა და, ყური რომ მოჰკრა ჩემ ჩიქორთულ თათრულს, ღიმილით მითხრა: - სომეხი ხარ? - არა, ქართველი! - ვაჭარი? - არც ვაჭარი. გზად გამო-ვიარე. - მაშ დათვალიერება გინდათ ქალაქის? - დიახ. - კეთილი! მე გაგატანთ თანამგზავრს და ის გიჩვენებთ ყოველივეს. ფეხის ქირასაც ბევრს არ გადაგახდე-ვინებთ. ჰეი! - მიუბრუნდა ვიღაც ახალგაზრდას. - იახელი, ყველაფერი უჩვენე, რაც კი სანახავია!.. არ დაგავიწყდეს გურჯის საფლავი!.. აქ ერთი გურჯის თავადი მარხია და მისი საფლავი ნახეთ! - მომიბრუნდა მე. მე და ჩემი მგზავრი შევუდექით გზას. ბევრი ოღროჩოღრო ამატარ-ჩამატარა და ბოლოს, როგორც იქნა, მივადექით ბერძნების წმინდა გიორგის ეკლესიას. საყდრის კარები დაკეტილი იყო, მაგრამ გალავანი კი - ღია. იმ გალავანში ერთადერთი საფლავია ოთხსვეტიან თაღქვეშ, რიგიანად შენახული ბერძნული ზედწარწერით. გავსინჯე ყოველ კუთხით და ერთგან ეს ეწერა ქართულად: „განმეშორა მე პირველ ქმნილი სიკეთე, მშვენიერება და მდებარე ვარ, შიშველ დაგდებული საფლავსა ამას შინა. ტომისაგან დავითისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაცა ვითხოვ ყოველთა მიერ შენდობასა. თებერვლის 8-სა ქ. აქეთ ჩყიე“. საფლავი არ არის ურიგოდ შენახული და ზედსწარ-წერაც ისე ცხოველია, თითქოს გუშინ დაუწერიათო. ფიქრებმა გამიტაცეს. გამახსენდა იმერეთის ამ უკანასკნელი მეფის შავი დღეები, მისი დაპატიმრება, მისი გაქცევა და სათათრეთში თავის შეფარება. აბა ამაზეა ნათქვამი: „სადაური სად მოკვდება, სად უთხრიან სამარესა?“ კიდევ კარგი, რომ ასე დაუმარხავთ მაინც!.. მაშინ ამ გადავარ-დნილ მეფეს თან გაჰყვა ორი სვიმონ წერეთელი და ალბათ იმათი მეოხებითაა ეს: დაუმარხავთ და, როცა დაბრუნებულან სამშობლოში, ის მიუტოვებიათ ასე სხვების ამარად. - საფლავის ქვაზე წარწერაც, ალბათ, მისი მოძღვრის ყანჩავლის ხელითაა, იმ წმინდა მამის ხელით, რომელიც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, შევიდა ათონის მონასტერში და იქ იხსენიებდა წირვა-ლოცვის დროს უბედურ მეფეს... საუკუნოდ იყოს მათი ხსენება.
(განათლება, 1910 წ., №7)