The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

აკაკი წერეთელი. თხზულებანი (ტომი III, პოემები)

აკაკი წერეთელი. თხზულებანი (ტომი III, პოემები)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: წერეთელი აკაკი
თარიღი: 1940
აღწერა: 1840-1940 ი. თავაძის, ა. აბაშელის, ი. გრიშაშვილის, პ. ინგოროყვას და გ. ლეონიძის რედაქტორობით ი. გრიშაშვილის რედაქტორობით თბილისი 1940 მხატვარი ლადო გრიგოლია, ტექხელმძღვანელი კ. ჩერნიშკოვი, ტექრედაქტორი ნ. კაკუშაძე გამომშვები-კორექტორი გ. იამანიძე; კონტროლიორ-კორექტორები: ვ. ხოშტარია, თ. კილაძე. გადეცა წარმოებას 27/III-40 წ. ხელმოწერილია დასაბეჭდად 19/VI-40 წ. ზომა 7 X 11. ქაღ. ზომა 70 X 108. მთავლიტის რწმუნებული №1590. შეკვეთის №679. ტირაჟი 4080. სახელგამის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი, ჟორესის ქ. №5.



1 პოემები

▲back to top


1.1 ბაგრატ დიდი

▲back to top


ისტორიული პოემა

კარი პირველი

მზე ჩაესვენა ბრწყინვალე ქართლის
და მან დაჩრდილა მით არემარე;
დაბნელდა... მაგრამ მაინც მის ბედზე
ბოლოს გამოჩნდა შუქმფენი მთვარე,

ლაჟვარდ ცაზედა წყნარად მცურავი,
პირბადრი, ნაზი, პირმომცინარე,
და მას თან ახლდა მისი თანმსრბოლი
ერთი ვარსკვლავი მოსხივცისკარე.

მაგრამ ამ დროსაც მოულოდნელად
აღმოტყდა სუსხით რისხვის გრიგალი
და აღმოსავლით გადმოიტანა
შავი ღრუბელი დიდი, დიდძალი.

ცა მოწმენდილი, ლაჟვარდოვანი
დაიფარა და დაბნელდა არე.
ვით გველვეშაპმა მზეთუნახავი,
ისე ჩაყლაპა ღრუბელმა მთვარე.

აი სურათი ქართლის ბედისა,
როდესაც განქრა მისი თამარი,
სანამ ბაგრატი მის ძით გიორგით
არ გაუბრწყინდა შეუპოვარი!

მაგრამ სრულიად განკურნვა წყლულის
ქართლისა ბედმა აღარ აცალა,
როცა მოჰფინა, ვითა კალია,
მძვინვარე, მხეცქმნილ მონგოლთა ძალა!

ლენგ-თემურს თვისის კოჭლობისათვის
ჰსურს მთელის ქვეყნის შურისძიება,
რომ დააკოჭლოს ყოველი ტომი,
რომელზედაც კი ჰსმენია ქება.

და, რადგანც მაშინ ქართველთა ტომი
განთქმულობითა იხსენებოდა,
კოჭლ თემურსაცა მისის შურითა
სიამით აღარ ეძინებოდა.

იმას ეგონა, თუ ქართველ ხალხსაც
დაიმონებდა როგორც სხვა ტომებს;
და, რომ ნახავდენ მის ურიცხვს ძალას,
ვერ გაჰბედავდენ ძლიერთან ომებს!

მაგრამ მოსტყუვდა!.. საქმემ უჩვენა,
რომ ქართველთ გულში არ ედოთ შიში!..
ბევრჯელ გაბალთეს მონგოლთა რაზმი,,
კვნესით აძახეს „ვაი“ და „ვიში!“

უფროდაუფრო გამძვინვებულსა,
გული უძგერდა თემურსა რისხვით
და, რომ სიმხნითა ვერრა გააწყო,
მან მოინდომა, რომ სძლიოს რიცხვით.

„ას-ასს მონგოლს ვცვლი თითო ქართველში,
ოღონდ კი ვძლიო!“ დაიღრიალა,
და ბოლოს, მართლაც, როდესაც მოსწყდა
მეომარ მხედართ საქები ძალა,

გულადი ბაგრატ მცირისღა რაზმით
ღონემიხდილი ტყვედ წაიყვანა;
მაგრამ დაპყრობა სრულად ქართლისა
გიორგიმ მაინც დაუგვიანა.

მამისა კვალზე მხურვალედ მსვლელი
მთებში შესულ ხალხს ის აღელვებდა
და ხან იქ, ხან აქ, მოულოდნელად,
მონგოლთა რაზმში გაიელვებდა.

მოსწყდა თანდათან ქრისტიანობა,
აოხრდა სრულად ნუხის მაზრები,
მაგრამ ჯერ მაინც კი არ დამცხრალან
მძვინვარე თემურ-ლენგის აზრები: 

კიდევ სხვა მხარეს დაიბანაკა,
მსხვერპლად აიღო რა ზაქათალა!
აქაც ჰსურს, თვისი რისხვა მოჰფინოს,
გამოიჩინოს სასტიკი ძალა!..

გასცა ბრძანება მან მთელს ბანაკში,
რომ შეისვენონ დაღლილთა ძილით,
იმატონ ღონე და მეტ მკაცრობით
ხალხი მოსრისონ, რა ადგენ დილით!

ვინ გაჰბედავდა იმის ურჩობას?
ბრძანება უჩნდათ, როგორც ღვთის ნება!
დაწვნენ მონგოლნი, მაგრამ ქართველებს
არ აძინებდა გულისა ვნება! 

კარი მეორე

შუაღამეა. ბნელი-უკუნი
ზე დასწოლია ქართლისა არეს,
რომ ძილში მაინც მან შეუყენოს
ოხვრა და კვნესა წყლულს და მწუხარეს. 

ცა მშობლიური ლაჟვარდოვანი,
ვარსკვლავებით და მთვარით შემკული,
ვით მგლოვიარე, ძაძით მოსილი,
ნისლში იმარხვის ჩაშავებული.

ყვავილთა, თითქოს ნიშნად გლოვისა,
შეჰყენებიათ სუნნელთა ფშვენა,
და ბულბულნიცა ჩვეულებრივად
აღარა სტვენენ... დაჰბმიათ ენა!..

მათ ნაცვლად მხოლოდ ამ ბნელს წყვდიადში
გამდგარა ლეშის სუნი საზარი
და მასთანც ისმის მგლისა ზუილი:
ქართვლის მძორს ეძებს გაუმაძღარი.

ამ დროს მოისმა აქ ორის კაცის
ახირებული რამ საუბარი:
ერთი ჰყვედრიდა მეორეს, მაგრამ
გულმტკივნეულად, ვით მეგობარი; 

და მეორე-კი შეუპოვრობით
პასუხს აძლევდა ხმის კანკალითა
და მის პირისგან ყოველი სიტყვა
გამოდიოდა რაღაც ძალითა.

პირველი ხმა

„აოხრდა ქართლი, ქრისტიანობა
ჩვენის მოწმობით თანდათან სწყდება,
მაგრამ გმირული მისი სახელი
უკუნისამდე არ დავიწყდება!

ცოცხალ მონაზე უმჯობესია
თავისუფლების ძებნაში მკვდარი!
იმისი საქმე შთამომავლობას
ბნელს გაუნათებს, როგორც ლამპარი.

დღემდის ყოველი მეფე ქართლისა
ამ აზრით იყო ხომ შემსჭვალული?
და შენ-კი, გმირო, რათ გვიღალატე?
რამ შეგიცვალა ფოლადის გული?

გვითხარ, რათ დაჰგმე შენ ქრისტეს სჯული?
რათ შეარცხვინე მით საქართველო?
სკიპტრა, გვირგვინი და შენი ქება
შენვე დააჭკნე, ვით მწვანე მდელო!..

ქართველთა მეფე, დიდი ბაგრატი,
სახელგანთქმული, დღემდე სვიანი,
ისე დაეცა განა დღეს სულით,
რომ უნდა გახდეს მაჰმადიანი?

ოჰ, რა მაგალითს აძლევს ქართველებს,
განთქმულთ წინაპართ საკვირველ შვილებს,
განთქმული მეფე! მისის მიბაძვით
სულით დაცემას მათ უადვილებს!..

თითქოს გიყვარდა შენი სამშობლო?!
მაგრამ არა, სჩანს, ჩვენ ვტყუვდებოდით.
შენ ის გიყვარდა შენ სადიდებლად,
შენ საპირადოდ!.. რას მივხვდებოდით?!

დღეს კი შემთხვევამ ცხადად გვიჩვენა,
რაც გულში გქონდა შენ დაფარული;
შექმნილო კერძო ცხოვრებისათვის,
იყავ ამიერ შეჩვენებული!..“

მეორე ხმა

„ხა! ხა! ხა! ხა! ხა! გხედავ, მოხუცო,
სიბერისაგან გამოყრუებულს!..
აზრს ვეღარ იკრებ სასწორმხედველოდ
და ვერ იმაგრებ აღელვებულ გულს.

ნუთუ გგონია, მაგ შეჩვენებით
ის შეაშფოთო და შეაშინო
და მაგ მწარისა საყვედურებით
სინანულისა ცრემლი ადინო, -

ვინცა თავისი სამოთხე ტკბილი
მწარ ჯოჯოხეთზე მტკიცედ გასცვალა
და ამ ქვეყნადაც გულით ატარებს
იმავ ჯოჯოხეთს... სწვავს მისი ძალა?!

მაგრამ გაბოდებს გულის ტკივილი,
ტყვე ტყვეს მამხილებ საყვედურითა
და გსურს, მოალბო ეს ჩემი გული,
ვითა ყმაწვილის, ცრემლების ღვრითა.

რაც უნდა მითხრა, არ გაგცემ პასუხს!
რაც რომ ცხადია, რაღად დავფიცო?
მაგრამ ბაგრატის პირადობა-კი,
არ შეგიძლია, რომ დაამტკიცო.

ორგვარი არის ჭეშმარიტება:
ნამდვილი და თანც მოჩვენებული;
მათი გარჩევა მეტად ძნელია,
ხშირად სტყუვდება საბრალო გული!

და რა იცი, რომ ჭეშმარიტია,
რომელიც შენ გაქვს, ის საფუძველი
და, ვით აქამდე შენს თვალში, აწცა
ისევ დარჩება დაურღვეველი?
შენ სცდები!..“

პირველი ხმა

....................„ვინა? განა მე ვცდები?
შენ გინდა ნათლად მიჩვენო ბნელი?
ნეტავი მართლა!.. ოჰ, რომ შეგეძლოს
და გამიქარვო ეს ცეცხლი მწველი!..

მაგრამ ამაოდ!.. ვერ მოვტყუვდები,
ცხადად ვუყურებ შენს მოქმედებას,
თუ ვითა სწირავ შენს პირადობას
ჩვენი სამშობლოს მაღალ დიდებას.

სანამ გვირგვინი თავს გედგა ქართლის,
მისთვის იყავი თავგანწირული
და დღეს, როდესაც ყველა დაჰკარგე,
ტყვემან იცვალე დროს შეცვლით გული.

მხოლოდ პირადის სარგებლობისთვის,
რომ დაიმოყვრო ლენგ-თემურ მხეცი,
მის წინ მლიქვნელობ და მაჰმადის სჯულს
მოწიწებითა თაყვანი ეცი!“

მეორე ხმა

„მისთვის, რომ მიყვარს მე საქართველო!“

პირველი ხმა

„არა, ეგ რა სთქვი! ვინ იტყვის უარს
თვის საყვარელზე და აიღებს ხელს?
სჩანს, ადრეც გძულდა და არც აწ გიყვარს“.

მეორე ხმა

„ეგ იმან მითხრას, ვინც სამშობლოსი
ჩემზე უმეტეს ნამსახურია
და ჩემზე მეტი იმის გულისთვის
ოფლი და სისხლი ერთად უღვრია!

ჯერ დამიმტკიცე, აბა, მიჩვენე
ბრწყინვალე ღვაწლი შენი წარსული
მამულისადმი, და ჩემს ღვაწლსაცა
შენ შეუწონე ის დაფარული,

რომ მით დამტკიცდეს, თუ ამ ჩვენ ორში
ვის უფრო უყვარს თვისი მამული
და საპირადოდ, კერძოობითა,
ვის უფრო უცემს ამაყი გული?
აბა, მოჰყევი!“

პირველი ხმა

................„შენც კარგად იცი,
ვის არ ჰსმენია ჩემი სახელი?!
სადაც იოსებ კი შევარდნილა,
გამაგრებულა იქ ბრძოლის ველი.

სანამ სიბერემ არ დამასუსტა,
მტერზე მახვილი არ გამცდენია
და თავგანწირულს, შეუპოვარსა
სისხლზედა სისხლი დამიდენია!

თეთრი აღარ მაქვს თავზე იმდენი,
რამდენიც ტანზე მტრისგან ჭრილობა!
არ შემდრეკია აროდეს გული,
მით დავიმტკიცე ქართვლისშვილობა.

ჩემი ცოლ-შვილი, ჩემი სახლკარი,
ამქვეყნიური მე ნეტარება,
ყველა შევწირე ტკბილ სამშობლოსა,
მინდოდა მისი ბედნიერება!

მაგრამ სიბერით რომ მოვუძლურდი
და არ შემეძლო ხელის ხმარება,
ბერად შევდეგი, და საქართველოს
ღმერთსა ვავედრებ! მდის მდუღარება.

მეც შემომიჩნდა ლენგ-თემურ მხეცი,
რომ შემეცვალა ეს ჩემი სჯული,
მაგრამ შენსავით არ მოვხიბლულვარ,
არ გამყინვია მხურვალე გული!“

მეორე ხმა

„კეთილი! მაგრამ ქართლისა ბედმა
სჯულის გამოცვლა რომ გთხოვოს მსხვერპლად,
ამა სოფელზე ხელაღებული
დასთმობ იმ სოფელს შეუნანებლად?“

პირველი ხმა

„სჯული ქრისტესი?!. ხომ არა ხუმრობ?
ეგ ჩემს განზრახვებს აღემატება:
ეშმაკებისთვის სულის შეწირვის
მირონცხებულსა არა აქვს ნება“.

მეორე ხმა

„მჯერა! ეგ არის შენი რწმუნება
შეუხებელი, შეურყეველი!
და მაშ ახლა მეც დამიგდე ყური,
და, რომ მომისმენ, პასუხს მოველი:

ჭკუით სრულსა და გრძნობით აღვსილ კაცს
ვერ შეაშინებს უბედურება!..
რამდენიც უფრო ხელი ეშლება,
ის უფრო კერპად ემსახურება!

მისგან არჩეულ ცხოვრების საგანს
და სიცოცხლესთან შეკავშირებულს
მაშინ გასწყვეტს ის, როცა კუბოში
ჩასდებს ცივსა და უგრძნობელსა გულს.

ცოლის დამკარგვი სხვა ცოლს შეირთავს,
მკვდარ შვილს უქარვებს მეორე შვილი,
მაგრამ მაგიერს კი ვეღარ ჰპოებს
კაცი, თუ არ ჰყავს მას დედა ტკბილი.

რა გინდ ღირსებით შემკულიც იყოს,
ვერ იქმს დედობას დედინაცვალი!
თუ შვილზე საშო თვით არ ასწვია,
განზე უჭირავს ყოველთვის თვალი.

მეფე, დამთმობი ერთხელ გვირგვინის,
ბევრჯელ მეორედ ისევ მიიღებს
და დაცემის დროს მიღებულსა წყლულს
ახალი ბედი სრულად ავიწყებს.

მაგრამ, ვინც ერთხელ სრულად დაჰკარგავს, 
გულით გასწირავს რა მისს სამშობლოს,
ის სანუგეშოდ უკუნისამდე
ნუღა მოელის კეთილსა ბოლოს.

არ ვგლოვ მე გვირგვინს და არც ჩემს სახელს,
ოდესმე განთქმულს და გაბრწყინვებულს:
ვითღა მახსოვდეს ის მცირე რამე,
როდესაც ქართლს ვჭვრეტ მე აოხრებულს?!

თვალწინ მიდგია ახლაც სურათი,
ის საზარელი დასანახავი,
როცა კალოზე, ვით ბზე, მოლეწეს
ძუძუმწოვრები, უჭყლიტეს თავი!..

მათი კვნესა და მათი ტირილი,
დედების მოთქმით შეზავებული,
დღესაც ყურებში მე მიწივიან,
ტვინი მეწვის და მეწამლვის გული!

ხომ გახსოვს, ოდეს ქართველთ ჭაბუკნი
ხელ-ფეხშეკრულნი, დატიტვლებულნი
ველზე ეყარენ... და ზედ მონგოლნი
დაჯირითობდენ გამძვინვებულნი?..

და ან ის ჟლეტა... მაგრამ, ეჰ, კმარა!..
რომელი ერთი უნდა მოვთვალო?!
უთვალავია დღეს ქართლის ტანჯვა!
გადმოიხილე ზეცით, უფალო!

სამშობლოს ტანჯვის უძლურ მოწამეს
არ შემრჩებოდა აქამდე სული,
თუ რაღაც დიდსა უცნაურ ძალას
არ განემტკიცა კერპად ეს გული.

არც ეს ქვეყანა, არც ის ქვეყანა
მე აღარ მინდა, არცერთი არ მსურს,
სანამ ლენგ-თემურს სამაგიეროს
არ გადვუხდი და არ მივაგებ შურს..

მაგრამ რაგვარად? ტყვე ვარ უძლური!
მოსწყდა ქართველი მისი გმირობით!
და ძლიერ ხალხთან რაღას გავაწყობთ
ჩვეულებრივის პირდაპირობით,

თუ არ ხერხითა და ცბიერებით?
და განვიზრახე მე მოტყუება
ლენგ-თემურისა, სულის გაწირვით,
და აწ, უფალო, შენია ნება!

ლენგ-თემურ თუ არ მაჰმადიანსა
არ მიენდობა სრულისა გულით!...
და, მაშ, მოხუცო, აჰა მიზეზი,
თუ რად მიყურებ შეცვლილსა სჯულით:

ჩემის სამშობლოს გამოხსნისათვის
უკანასკნელად ეს მოვიგონე
და, საიქიოც რომ დავივიწყე,
სული ჯოჯოხეთს მით დავამონე!

ვიცი, იქ ტანჯვა უკუნისამდე
არ მომეშლება, არ არს ადვილი!
მაგრამ, ვინც მამულს სულსაც არ სწირავს,
იმას არ ჰქვიან მამულიშვილი!..“

როცა შესწყვიტა ეს საუბარი,
მეორემ უთხრა: „მეც შენთან ვარო!“
და დაიყვირა: „უნდა უარგყო
და ნუ შემრისხავ შენ, მაცხოვარო!“

ამ დროს უეცრად ბნელი განათლდა,
ცა გაიხსნა რა, გაიღო კარი
და ორი კაცი გამოაჩინა:
ბაგრატ და ისაკ, მისი მოძღვარი.

მუხლმოყრით მაღლა ხელაპყრობილნი
უხმო-უსიტყვოდ ცას შეჰყურებდენ
და საქართველოს ჭირისგან დახსნას
უკანასკნელად მას ავედრებდენ.

კარი მესამე

ძილი გაუტყდა ერთხელ ლენგ-თემურს,
შეიხმო თვისთან ბაგრატი გმირი,
დასხდენ კარავში მარტოკა ორნი
და მეგობრული იწყეს თათბირი:

თემური

„სული სულს იცნობს, გულს უგრძნობს გული,
გმირსა მიჰბაძავს ქცევითა გმირი,
და, რომ თემური ბაგრატს უყვარდეს,
ჩემთვის არ არის ეს გასაკვირი.

კარგად თუ ავად, შემთხვევამ იცის,
მაგრამ მთლად შესცვლის კაცს სიყვარული,
რა ახალ აღთქმად ის გულში ჩნდება,
მყისვე ირღვევა აქ ძველი სჯული.

მაშინ წარსული თვისი ცხოვრება
კაცს მიაჩნია ბზეთა და ჩალად
და წამითს გრძნობას მხოლოდ ისახავს
ნეტარებისა სრულ იდეალად.

მაგრამ ამასაც, როგორც ყველაფერს.
დრო შეუბრალი ბოლოს მოუღებს
და, ერთხელ შმაგსა გულის ვნებითა,
სინანულითა მაშინ აწუხებს.

და ეგებ ბაგრატ შენც მეგობრობის
სიყვარულით ხარ დაბრმავებული,
და, თუ ოდესმე გული შეგერყა,
სჯულზედაც დარჩე შენანებული?“

ბაგრატი

„თუ არ რწმუნება შეურყეველი,
რა შეაცდუნებს, რომ გადაჰყვეს გულს,
გულსა შენახულს სოფლის ბრუნვისგან
და თავს ჭაღარით დაგვირგვინებულს?

ვფიცავ მე ზეცით გულთამხილავსა
და მასთან ყოველთ წმინდათა ძალებს,
რომ დრო ვერ შემცვლის და ვერ გამიქრობს,
დღეს რომ გულში მწვავს, მე იმა ალებს!

რასაც დღესა ვგრძნობ, მე ის რწმუნება
კუბოს კარამდე მიმყვება სჯულად!
არა, ძლიერო, მაგ ეჭვებითა,
გეტყობა, მსახავ გულში ორგულად!“

თემური

„მე? არაოდეს!.. მაგას ნუ ჰფიქრობ!..
განა არ ვიცი, რაა ქართველი?
მის შესადარი არსად მინახავს,
თუმც აზიისა ვარ მე მომვლელი!

სულით მაღალი და გულით მტკიცე!..
მისი განზრახვა უზაკველია
და, სანამ პირში სული უდგია,
მის დამონებაც უფიქრელია.

რომ მითხრას: „ბაგრატს ნუ ენდობიო“,
თუ არ თვითონ შენ, ვინ გამიბედავს?
არა, ძმობილო, შენც კარგად იცი,
რომ თემურ-ლენგი ძლიერ შორს ჰხედავს.

მაჰმადის სჯული რომ სჯობს ქრისტესას,
ამას ჭკვიანი ბაგრატ თვით მიხვდა;
მაგრამ ტყვედქმნილსა ამდენს ქართველსა
თავისი სჯული რად დაავიწყდა?“

ბაგრატი

„ქართველებისგან მაგგვარი ქცევა
სულაც არ არის გასაკვირვალი:
საითაც მათი მეფე გაიწევს,
მათაც იქითკენ უჭირავსთ თვალი.

ქართველთ მეფეთა თავგანწირულთა
მითი მიინდვეს ქვეშევრდომთ გული,
რომ არაოდეს არა ყოფილა
ხალხი იმათგან მოტყუებული“.

თემური

„მაშ, თუ მაგრეა, მთლად საქართველოც
შენს მაგალითსა მალე მიჰბაძავს?..
და მაშინ სჯულის ეგ შეთანხმება
ჩვენ ორ ტომს შუაც ჩამოაგდებს ზავს?“

ბაგრატი

„ეგ არ იქნება. ამით არ მოჰშლის
ქართველთა ტომი ქრისტეს სამსახურს!
ის ჰბაძავს მხოლოდ ძლიერს მეფესა
და არა ტყვედქმნილს, უტახტოს, უძლურს.

ოჰ, რომ მქონოდა მაშინ ეს აზრი,
როდესაც ვიყავ მეფე ძლიერი,
დღეს მაჰმადის სჯულს აღიარებდა
ერთად ჩემთანა ქართლისა ერი!

მაგრამ რაღა დროს! გვიანღა არის
ამაზე ფიქრი, მოთქმა, გოდება,
სინანულითა თვის ნეკზე კბენა
და უნაყოფო ცეცხლთა მოდება!“

ყურსა უგდებდა ამ სიტყვებს თემურ,
თითქოს ჰხვრეტავდა ბაგრატსა თვალით;
ბოლოს მოსდო მას კისერზე ხელი
და მოჰყვა ისიც ხმისა კანკალით:

თემური

„ბაგრატ, შენ გიცნობ მხოლოდ მე კაცად
და მისთვის მიყვარს შენთან თათბირი,
რომ შენი სიტყვა სხვისას არა ჰგავს
და არ გატყდება ეგ შენი პირი.

შენც კარგად იცი, დედამიწაზე
არავინა მყავს მე ჩემი ტოლი,
მაგრამ ვერავის ვერ მივნდობივარ,
გულით ურწმუნო, სულით ობოლი.

ვის უნდა ვენდო? განა არ ვიცი,
თუ რას ჰფიქრობენ ჩემი სარდლები?
თუ მნახეს ერთი წაფორხებული,
დამესევიან, როგორც რომ მგლები.

თუ არ შიშითა, სხვა ვერაფრითა
მიიბირება იმათი გული!
მათ ზნეობითი გრძნობა არა აქვსთ,
ქართველს არა ჰგავს, ვხედავ, მონგოლი!

ამისთვის მსურს მე, რომ საქართველო
ხელში ჩავიგდო, ჩემკენ მოვიმხრო
და, სჯულით მასთან რა შევკავშირდე,
სხვა ხალხი მოვსრა და სისხლი ვღვარო.

შენ მეყოლები მარჯვენა ხელად,
ქართველთა რაზმსა ჩემთვის დააწყობ
და შინ, ვით მეფეს და ერთგულ ძმასა,
დაპყრობილ ხმელეთს შუა გაგიყოფ.

როცა ბაგრატი ზურგს გამიმაგრებს
და თან მეხლება ქართველთა ჯარი,
მაშინ ხმელეთზე ჩემს სამეფოსა
აღარ ექნება არსად საზღვარი.

ახლა ხომ იცი ჩემი ზრახვანი,
რაც ვთქვი, შენ, ლომო, ხომ გაიგონე?
მაშ წაიყვანე ჩემი ჯარები
ხვალვე და ქართლი მთლად დაიმონე!“

კარი მეოთხე

შეჰკრეს ამგვარად გმირთა პირობა,
გამოემგზავრა ქართლისკენ ბაგრატ!..
და არ იცოდენ, რად მოდიოდა:
ქართლის სამოყვროდ, თუ მოსისხარ მტრად?

კახეთში მყოფსა მეფე-გიორგის
შიკრიკი აძლევს ბაგრატის წერილს,
რომლითაც მამა გამოჩენილი
ამას მიუწერს შესანიშნავ შვილს:

„შვილო გიორგი! ჩემი სურვილი
ასრულდა, სცხრება გულისა ვნება:
ლენგ-თემურისა სასტიკ ხელიდან
ჩემი გამოხსნა ღმერთმა ინება.

ამხედრდა ქართლის დასაპყრობელად
მონგოლთა ჯარი დიდი, დიდძალი,
დღეს, გარეგნობით მაჰმადიანი,
მე ვარ იმათი დიდი სარდალი.

ბერდუჯის ახლოს ერთს ხეობაში
მე შემოვიყვან გზადაბნეულს ჯარს
და მაშინ, გმირო, აბა შენ იცი,
თუ როგორ დასცემ მძვინვარეთა ზარს“.

ვითა მალამო წყლულს სამკურნალო,
ისე ესწრაფათ ეს ცნობა ივერთ
და ერთხელ კიდევ თავგანწირვითა
ეკვეთენ გმირნი მოუსვენარ მტერთ.

არ დაუგდიათ აღარც მთხრობელი,
ხევი აავსეს მონგოლთა ლეშით;
და, სხვა მტრებისა აღარ მლოდენი,
დარჩენ ქართველნი ტკბილის ნუგეშით.

კვალად მიიღო რა თვის სამეფო,
ბაგრატმა ქართველთ დაუდვა გული
და იმერ-ამერთ შეერთებითა
კვლავ განუკურნა სამშობლოს წყლული.

ასე იღვწოდა მამულისათვის
თავგანწირული ის წინაპარი
და, რომ მის ხსოვნას თაყვანი არ სცეს,
მისთანა ჩვენში, აბა, ვინ არი?!

1875 წ.

რედაქტორის შენიშვნები

ბაგრატ დიდი

ავტოგრაფი არ არსებობს.

იბეჭდება გაზ. „დროებაში“ დაბეჭდილ ტექსტიდან (იხ. „დროება“, 1875 წ., №41). „ბაგრატ დიდი“ დაიბეჭდა ექვსჯერ: „დროება“, 1875 წ., №41; აკაკის „თხზულებანი“, 1893 წ., ტ. I, გვ. 234-257; „ჩემი ნაწერები“ ტ. II, გვ. 193-215; ცალკე წიგნად - 1911 წ. „ცოდნას“ გამოცემა; „რჩეული ნაწერები“ ტ. II, 1926 წ., გვ. 1. სახელგამი; ცალკე წიგნად, 1926 წ., სახელგამი, - „სახალსო ბიბლიოთეკის“ სერიაში.

ამ პოემას, ჩვენის რედაქციით ემატება ერთი ხანა, რომელსაც თემური ეუბნება ბაგრატს (თავი III):

„მაშინ წარსული თვისი ცხოვრება
კაცს მიაჩნია ბზეთა და ჩალად
და წამითს გრძნობას მხოლოდ ისახავს
ნეტარებისა სრულ იდეალად“.

(„დროება“, 1875 წ., №41).

აკაკიმ ეს ისტორიული პოემა „ბაგრატ დიდი“ ჯერ კიდევ ხელთნაწერის სახით წაიკითხა სცენიდან იმ პირველ სალიტერატურო საღამოზე, რომელიც თბილისში გაიმართა 1875 წ., 4 აპრილს.1 ამ საღამოს გამოეხმაურა გაზ. „კავკაზის“ რეცენზენტიც და აკაკის რეპერტუარს ნართაულად გადაჰკრა კლანჭი.

მოგვყავს აკაკის პასუხი:

წერილი რედაქტორთან

უ. რედაქტორო!

„კავკაზში“ დაბეჭდილია მცირე შენიშვნა ქართულ-სალიტერატურო საღამოს შესახებ. უ. რეცენზენტი განსაკუთრებითის ყურადღებით მიგონებს მე და აფასებს ჩემს კითხვას. კილო, მისის ნაწერისა ამტკიცებს, თუ რა მეგობრულის მუცლის წვითა და წმახვნით მიხსენიებს. მე როგორც მის ქართულის ცოდნაზე, ისე მის პატიოსნებაზედ არა მაქვს ეჭვი და მჯერა მისი ნათქვამი. უნდა გამოვსტყდე, რომ წასაკითხავად არჩეული პიესები ვერ იყვნენ გაზეთს „კავკაზს“ რომ უნდოდა, მისთანები. „ადვოკატის დილის“ და „საპატიმროში სცენების“ წაკითხვის დროს ხალხი იცინოდა და რა იყო იქ საცინელი, მაშინ როდესაც ავტორი აქ დასცინოდა იმ გვარს ადვოკატებს, რომელნიც გაზეთის „კავკაზის“ იდიალები არიან. და მეორეც, როდესაც მე ისტორიული პოემა „ბაგრატ-დიდი“ წავიკითხე, აღარავინ აღარ იცინოდა და ეს მით უფრო გასაკვირველია გაზეთის „კავკაზისთვის“ პირველად, რომ იმ პოემაში საქართველოს ტანჯვა იყო გამოხატული. და მეორეც ის, რომ ხალხი მიჩვეულია სიცილს ისტორიულ ლექციების კითხვით. დიახ. განვიმეორებ, რომ მე სრულიად თანახმა ვარ უ. რეცენზენტის და კიდევაც მივიღებ მის რჩევას პიესების ამორჩევის შესახებ. შემდეგის სალიტერატურო საღამოსათვის მე წავიკითხავ: 1) „ადვოკატის დილის“ მაგიერ: „რედაქტორის დილას“, 2) სცენების მაგიერ: მცირე მოთხრობას: „ხურმა რა ხილია!“ იმედი მაქვს, ამ გვარის პიესების ამორჩევით უ. რეცენზენტი კმაყოფილი დარჩება, მით უფრო, რომ მისს პატიოსნებაზედ არც მე მაქვს ეჭვი და აღარც იმათ, ვინც იმ ღამეს იმ კითხვაზედ დაესწრენ.

აკაკი.
„დროება“, (1875;
42). 

_____________

1. ამ საღამოს შესახებ იხ. ჩვენი წერილი ილიასადმი მიძღვნილ კრებულში - სახ.-უნტის გამოცემა, 1939 წ., გვ. 87.

1.2 თორნიკე ერისთავი

▲back to top


ისტორიული პოემა

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?
ვინ შეამკოს ღირსეულად
ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?
ვინ მოგვითხრას მათი საქმე
უთვალავი, საგმირონი,
და ან მათზე გადმოსული
მადლი ღვთისა და მირონი?
ნაშთი ძველის დიდებისა
არ გამქრალა ჯერაც ყველა..
დღესაც მისის შარავანდით
ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!..
შვიდ სამთავროს მოგვაგონებს
მოელვარე ის შვიდფერი
და გვამღერებს: „არ მომკვდარა,
გაიღვიძებს ისევ ერი!“
ამ იმედით ფრთა შესხმული
ჩვენი გული სიამით სძგერს
და ოცნებაც ლაჟვარდ ფერად
წარმოგვიდგენს ქართლისა ერს.
წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის
ველოდებით შეხორცებას!
მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს
და ვეძლევით აღტაცებას.

კარი პირველი

I

მეფე დავითს, კუროპალატს,
ჰქონდა ერთხელ წვეულება:
მშვიდობის დროს ჩვენს მეფეებს
ჰქონიათ ეს ჩვეულება.
საქართველოს ყოველ კუთხით
მოეყარა თავი ერსა;
ილხენდენ და გაჰკიოდენ
ერთხმად „მრავალჟამიერსა“.
და მართლადაც რომ ჰშვენოდათ
მაშინ იმათ ეს მოლხენა,
რადგან იმ დროს გადმოსული
იყო ქართლზე მადლი ზენა:
გარე მტერი დათრგუნვილი
შუღლს მათ ვეღარ უბედავდა
და შინაგან მშვიდობასაც,
ვინ იყო, რომ ვერ ჰხედავდა?...
ამით გული უხაროდათ
ბატონს და ყმას, ყველას ერთად,
კაცსა კაცად აფასებდენ,
ადიდებდენ ღმერთსა ღმერთად;
საქმის დროზე მუშაობდენ,
უქმე-დღეზე მოილხენდენ,
მეფე ხალხს და ხალხი მეფეს
სიამესა გულს მოჰფენდენ.
მთვრალობა და „სადღეგრძელო“
სათვითოო არ იცოდენ;
ჩვენი ლხინი რომ ენახათ,
სირცხვილითაც დაიწვოდენ.
პირველ სმაზე ახსენებდენ
საქართველოს და უფალსა,
დღეგრძელობით თაყვანს სცემდენ
მეფესა და დედოფალსა;
ბოლოს გმირებს იგონებდენ,
მამულისთვის ომებში მკვდარს,
და მღვდელმთავრის კურთხევითა
სვამდენ იმათ შესანდობარს...
სულ ამითი თავდებოდა
მაშინდელი სადღეგრძელო,
თუმცა მათში მეტი იყო
საქები და სასახელო.
ამგვარივე იყო იმ დღეს
ზომიერი ჭამა და სმა...
მოილხინეს, გაშაირდენ
და ერთმანეთს სტყორცნეს მათ ზმა.
ორაზროვან სიტყვებისა
გაიმართა გამოცანა...
ყველას მეფის ხუმარა სჯობს,
არვინ არის იმისთანა..
მაგრამ ბოლოს ორბელიძე
მოსწრებულად, გალექსულად,
ცალფეხ ზმების საპასუხოდ
ეუბნება ორლესულად:
„მაღლით წვიმა მოდიოდა,
„ნაბადმა ვერ დამფარაო,
„დამასველა მან, თავიდან
„ფეხებამდე მასხა რაო!“
ხუმარამ სთქვა: „გიჯობნია,
თითს მოვკაკვავ მორჩილადო,
მაგრამ ერთს-კი მოგახსენებ
მოწიწებით და ფრთხილადო:
„ხუმარათაც ვარგებულხარ,
„ვაჟკაცობით პირველიო,
„მაგრამ ვერ იქმ თორნიკობას,
„თუმც მის ადგილს სულ ელიო!“

აქ თორნიკეს ხსენებაზე
მეფე შეკრთა და ეს ბრძანა:
„სთქვი, ხუმარავ, თუ რას ჰნიშნავს
ეგე შენი გამოცანა?
რა არის, რომ დღეს ჩემ გვერდით
დიდ თორნიკეს ვერ ვხედავო?
მომიკვდა, თუ დასნეულდა?..
სთქვი! ტყუილს ნუ მიბედავო!“
მოახსენა: „არ მომკვდარა,
არც სენი რამ აწუხებსო,
მაგრამ ქვეყნის სამსახურზე
დღეიდან-კი ხელს იღებსო.
თვით ვერ ბედავს მოხსენებას,
მოციქულობს ვერცა სხვაო,
რადგანც უნდათ აიცილონ
თქვენი წყრომა და რისხვაო.
აწ გავბედე მოხსენება
ზმებითა და გადაკვრითო
და ნუ მრისხავ კადნიერსა,
გევედრები ცრემლის ღვრითო!..“
მეფემ ბრძანა: „არ გიწყრები,
გმადლობ, ვფიცავ ჩემსა მზესო,
მაგრამ ვნახავ ერისთავსა,
გამოვჰკითხავ მას მიზეზსო!“
სახლთუხუცესს დაუძახა:
„ხვალ თორნიკე მომგვარეთო,
მომინახეთ, სადაც იყოს,
შინ დაგიხვდესთ, თუ გარეთო!“
ეს ბრძანა და ზე წამოდგა,
ნადიმიცა მით გათავდა
და ხვალისთვის დაიბარა
სადარბაზოდ, ვინც იქ ჰყავდა.

II

გამართულია დარბაზი,
ერიც სამსჯავროდ შეყრილი....
წინ სდგას თორნიკე პირნათლად,
წარბიც არა აქვს შეხრილი.
თავი ჩაიგდო სამსჯავროდ,
მიჰყვა საერო ნებასა,
ჯერ ელის მისგან ბრალდებას
და მერე განჩინებასა.
აბრძანდა მეფე ბრალმდებლად,
ამას კანონი ითხოვდა,
და თაყვანი სცა კრებულსაც,
სანამდი სიტყვას იტყოდა.
თვალამღვრეულად შეხედა
თორნიკეს მრავალწლიანსა;
სიტყვები ყელში ეჩრება,
უმისოთ სიტყვაწყლიანსა.
ბრძანებს და მისსა სიტყვასა
ყურს უგდებს მთელი კრებული;
კრძალვით მოისმენს თორნიკეც,
სხვაგვარად ჩაფიქრებული.
ამბობს: „მბრუნავი ქვეყანა,
ვიცით, რომ ცვალებადია;
ვისაც მიინდობს, გასწირავს,
მისთვის მახე და ბადეა.
მოყვარეს გადაამტერებს,
მტერსა გაუხდის მოყვრადა,
დღევანდელს ლხენა-სიცილსა
ხვალ გადაუქცევს ოხვრადა.
კაცობრიობის დიდება
მას მიაჩნია ჩალადა
და შეუქმნივართ ჩვენ მხოლოდ
ამ სოფლის მაჩანჩალადა!..
შემცდარი არის, ვინც ჰფიქრობს
მედიდურ უეჭველობით!
ან ერთი რა ვართ ამ სოფლად
უსუსურ ჭიანჭველობით?
თუმცა ესე სჭრის გონება,
რომელიც უტყუარია,
მაგრამ ადამის სისხლმა კი
ჩვენი ცხოვრება არია.
გული, მეურჩე თავისა,
ცხოვრების წინამძღვარია
და ამის გამო ჩვენს საქმეს
და სიტყვას შუა ზღვარია!
ხშირად მონურად ვასრულებთ
დღეს, რაც რიგი და წესია,
და იმას ვიმკით კანონად,
რაც ძველ დროს დაუთესია!..
მეცა ადამის შვილი ვარ,
თქვენსავით შვილი ქართლისა,
თავდადებული ქვეყნისთვის,
მაძიებელი მართლისა.
მაგრამ მეფე ვარ დღეს თქვენი:
ხელთა მაქვს მეთაურობა!
საქმის დროს საქმე შემშვენის
და ხუმრობის დროს - ხუმრობა.
გუშინ რომ გული მილხენდა,
თქვენც ლხინად მყავდით წვეული;
და დღეს კი გიწვევთ სამსჯავროდ,
გულზედა სისხლმოთხეული.
ერთ კაცის ნდობა ძნელია,
გინდა გადიქცეს გონებად,
და შეუმცდარი ამ ქვეყნად
მეფეცა ნუ გეგონებათ!
ჩვენის წინაპრის გონებას
ადრევე გადუწყვეტია,
რომ სამსჯავროში ისა სჯობს,
მსაჯული რაც რომ მეტია!
და, აჰა, მეცა შეგყარეთ
სამსჯავროდ, როგორც წესია...
თქვენ საჯეთ და მე ავირჩევ,
რომელიც უკეთესია:
თორნიკე მხედართმთავარი,
თითქოს ხახვს გვაჭრის ყურზედა,
მოულოდნელად ხელს იღებს
საერო სამსახურზედა.
გვიწუნებს გმირი სარდლობას,
აპირებს მოსვენებასა;
არც დასდევს მეფის სურვილსა,
არც ითხოვს ხალხის ნებასა...
დიდ მამულიშვილს ურჩობა
ქვეყნის არ შეეფერება!
ვერ მივხვდი... მეტად მაკვირვებს
ამგვარი კადნიერება!
სწორედ აქვს რამე მიზეზი,
შესაწყნარ-პატივსადები,
თქვენგან არდასაფარავი,
საეროდ გასაცხადები.
და უნდა გვითხრას სახალხოდ,
მისთვის მყავს მოწოდებული,
რომ არვინ დარჩეს ჩვენგანი
ხალხისგან ბრალდადებული.
თორემ, ხომ იცით, ქვეყანა
უბრალოდ დამძრახველია:
განაგონებით გადასწყვეტს,
რისიცა არმნახველია!..“

ეს სთქვა და ტახტზე დაბრძანდა
მეფურად მეფე სვიანი,
გვერდით მოუსხდენ მსაჯულად
მოხუც ჭაღარათმიანნი.
მერე სხვებიცა ჩამოჰყვენ,
დასხდენ რიგ-რიგად ყველანი...
მდივანს მზათა აქვს ქაღალდი,
საწერ-კალამი, მელანი.
აქ ჩამოვარდა სიჩუმე,
პასუხს ელიან სარდლისას,
წრფელ სინიდისის მექონის
და მასთან სიტყვა მართლისას.

III

ახოვანი, მშვენიერი,
თეთრწვერა და თეთრთმიანი,
წინ წამოდგა სასაუბროდ
მოწიწებით ტკბილხმიანი.
თაყვანი სცა პირველ მეფეს,
მერე კრებულს ორი მხრითა,
გულზე ჯვარად ხელებს იჭდობს,
თავდახრილი, ცრემლის ღვრითა.
წვერ-ულვაშზე მარგალიტებრ
ცრემლი ცრემლზე ეკიდება,
მწარის ოხვრით ვერ იქარვებს,
გულს რომ ცეცხლი ეკიდება...
უკვირს, რომ ამ სამსჯავროში
უმიზეზოდ ის ჩავარდა
და რომ მასზე გულს იყრიან
ისინი, ვინც მას უყვარდა.
გულნატკენად რომ უყურებს
სხვებს, თვითონაც გული სწყდება,
მაგრამ თავის პირადობა
აღარ ახსოვს, ავიწყდება.
და საერო ნება-სურვილს
მორჩილებით აძლევს პასუხს
და თანდათან მისი სიტყვა
შეუპოვრად სჭექავს და ჰქუხს:

„ვფიცავ იმ პირველ მიზეზსა,
ყოველ მიზეზის მიზეზსო,
ვიფიცავ საქართველოსა
და მერე, მეფევ, თქვენს მზესო,
რომ მართალი ვარ იმაში,
რაზედაც ბრალს მდებთ თქვენაო!
დაბლა ეს გული მიმოწმებს
და მაღლა - ღმერთი ზენაო!
მართალი არის, დღეიდან
რომ ვსტოვებ სამსახურსაო,
თუმც გული ჩემი ერთგული
ძველებურადვე ხურსაო.
თქვენ რომ გშორდებით, მით ვკარგავ
ხორციელ ნეტარებასო...
ვერ ხედავთ გულდაწყვეტილის
მოხუცის მდუღარებასო?
მაგრამ მივყვები საგანსა
აწ უფრო უდიდესსაო;
ის მარღვევინებს გაბედვით
ჩვენს ჩვეულებრივ წესსაო.
დრომ მოითხოვა აწ ჩემგან
სხვაგვარი სამსახურიო
და, რომ უარვჰყო, დავრჩები
ძველზედაც უმადურიო..
ეჰ, მეფევ! ბრალს რათ მადებდი
შენს ერთგულს, ფეხთა მტვერსაო,
რომ სამსჯავროში მაგდებდი,
ვით ორგულს... ქვეყნის მტერსაო?
იძულებით ვარ აწ მთქმელი
ყოვლისფრის უნაკლულოდო,
რაც გულმა გადამიწყვიტა
მხოლოდ მე საიდუმლოდო!
თქვენი ნებაა!.. მონა ვარ
მე თქვენის სურვილისაო!
სიტყვაა მხოლოდ წამალი
გულისთქმის, ურვილისაო!“
მოხუცმა ამ სიტყვების დროს
ცრემლები ჰღვარა მრავალი
და უნებურად დაიწყო
თვისი თავგადასავალი:

IV

„მწარ წარსულის მოგონებით
თქვენ წინ მთქმელი ვარ ამისა,
რომ მომსწრე ვარ საქართველოს
შავი დღის და ვარამისა...
ბევრს თქვენგანს ის არც-კი ახსოვს,
იქნებოდით მაშინ ბალღი,
მაგრამ მე-კი დღესაც გულზე
მაშინდელი მაზის დაღი!
ცამან რისხვით მოგვიქუხა,
საქართველოს ადგა ბუნდი,
მონავრულად გვესევოდა
ყოველის მხრით მტრისა გუნდი.
მოგვაწვენ და მოგვაზვირთდენ
ერთიანად ჩასანთქმელად...
რაც რომ მაშინ ჭირი ვნახეთ,
ძნელი არის აწ სათქმელად.
ეს პატარა საქართველო
ჯარასავით დატრიალდა,
გადიწერა რა პირჯვარი,
გაფოლადდა და გასალდა...
მოხუცი, თუ ახალგაზრდა,
ერისკაცი, თუ სამღვდელო,
ყველა ერთმხრივ მიიწევდა,
ერთი ჰქონდათ ყველას ლელო!
სადღა იყო განსხვავება?
რის ბატონი? ან ვისი ყმა?!
ყველა ერთად შეკავშირდა,
ერთი ჰქონდათ მათ გულისთქმა:
რომ გულწრფელად მოეხადათ
ქართლის შვილებს მათი ვალი
და სიკვდილით გამოეხსნათ
ჩვენი ქვეყნის მომავალი!
მამა-პაპის განთქმულ ფარ-ხმალს
უმატებდა შვილი ფასსა
იმითი, რომ ლომკაცურად
შეებმოდა ერთი ასსა.
„ჰკა მაგის“ ხმა ყოველის მხრივ
მოისმოდა მტრის საზარი
და იმ გრგვინვას ბანს აძლევდა
საორკეცოდ მთა და ბარი.
სისხლით მორწყეს ტყე და ველი,
შეიღება წითლად მდელო;
აღდგომის კვერცხს დაემსგავსა
ჭირნახული საქართველო!
განახევრდა ქართველობა...
მაგრამ მტერს კი სძლიეს მათ ღვთით
და თამამად დაიძახეს:
„საქართველო აღსდგა მკვდრეთით!“
და მართლაც რომ გამოიხსნეს
განწირული, სულთამბრძოლი
და გადმოსცეს შვილიშვილთა,
მარგალიტი ვით ობოლი!...
მხედართმთავარ-უხუცესად
იყო მაშინ იოანე,
შემდეგში რომ ბერად შედგა,
დღეს ულუმბოს აქვს სავანე.
სანამ მტერი გარს გვეხვია,
მძვინვარებდა, ვითა ლომი,
გოლიათის შებმას ჰგავდა
მისი ბრძოლა, მისი ომი.
მტრისა ისრით გამხვრეტელი
ხმალს ულეწდა, ფარს უხევდა;
ხშირად მამა-პაპის სისხლზე
თავისასაც ზე ანთხევდა...
ჯოჯოხეთის რისხვა იყო
მისი რისხვა, მისი ვნება;
სანამდი კი მტერს ჰხედავდა,
არ იცოდა მოსვენება.
მაგრამ, როცა საქართველო
ნახა გმირმა დამშვიდებით,
სხვა მაღალ მთას მიაშურა
გალობით და ღვთის დიდებით.
მან ფარ-ხმალი აიყარა,
მოურიდლად თვისის ნებით
და თავსაც ვერ იმართლებდა
ის ჩემსავით მხცოვანებით.
მხოლოდ უთხრა დარაზმულ ჯარს:
„უქმია აწ ფარხმალიო!
აწ სხვა მმართებს სამსახური
და მიმიწვევს სხვა ვალიო!“
დაგვლოცა და მისი ხმალი
გადამკიდა, მისგან რჩეულს;
თაყვანი ვეც მორჩილებით,
როგორც მამას, მეც კურთხეულს.
მითხრა: „თორნიკ! ჰა, შენ გქონდეს
სარდლობა და ჩემი ხმალი;
ვინძლო ღირსად აასრულო
მომავალში შენი ვალი!..“
ამ სიტყვებმა მომიმატეს
მე სიმხნე და ერთგულება,
გულმა იგრძნო ფოლადობა
და სულმაცა ამაღლება!
თუმცა ამგვარ დიდებისა
უღირსად თავს ვიგულებდი,
მაგრამ მაინც უნებურად
დღემდი ჩემს ვალს ვასრულებდი.
ავათ იყო ის, თუ კარგათ,
თქვენს ხელთ არის დაფასება:
მე არ მფერობს ჩემის თავის
არც გინება და არც ქება!
ვიტყვი მხოლოდ: ხმა ისმოდა
თქვენგან ჩემის პირველობის
და მე მხოლოდ ვთავკაცობდი,
შემწირველი დიდ მადლობის.
მეფისა და სამშობლოს წინ,
მართალია, მიძღვის ღვაწლი,
მაგრამ, მეფევ, სხვას დავუთმობ
აწ სამსახურს... სხვას დავაცლი!
იმიტომ რომ აღარა ვარ,
რაც ვიყავი ადრე... ძველად:
ჩემ სისუსტეს გული გრძნობს და
გონება სწყვეტს უეჭველად!
მართალია, ეს ჭაღარა
სიყვარულს და სურვილს ვერ ჰკლავს,
მაგრამ ღონის წახმარება
აღარ ძალუძს მუხლსა და მკლავს!
ადრინდულად მუხლს არ მერჩის,
აღარ მიჭრის არცა თვალი...
და ვით შევსძლო, მაშ, სარდლობა,
როცა ასტყდეს ბრძოლის ალი?
ვისაც ჰხედავ აქ, სუყველა
არის ჩემგან გამოზრდილი,
ათასჯერ და ათასგვარად
ბრძოლის ველზე გამოცდილი.
რაც მე ვიცი რაზმთა წყობა
და სამხედრო წესი სრული,
მაგათაც აქვსთ ჩემგანავე
ახსნილი და განსწავლული..
ჩემზედ მეტიც შეუძლიათ,
უკეთ გაჰკვეთს მათი ხმალი,
და ჩემსავით სიბერითა
არ უმტყუნებსთ ომში თვალი.
ბევრია, რომ ჩემზე უფრო
დღეს შეშვენის მას სარდლობა,
და რათ დახვდეს ღობე-ყორედ
იმათ ჩემი პირველობა?..
რომ ამხადო პირველობა,
მეფევ, შენ ეს არ შეგშვენის!
უმადურად ჩაითვლები...
გქონდეს რიდი ქვეყნის ენის!
და, რომ ჩემის წარსულითა
დღესაც კიდევ ვისარგებლო,
მოღალატე შევიქმნები...
მეძულება მე სამშობლო!..
აი, მეფევ, თუ რათ ვბედავ
თქვენს წინაშე დღეს ურჩობას,
და სულ სხვა გზით მიმავალი
გილოცავ თქვენ გამარჯობას!..
იოანეს მივაშურებ...
შევუდგები მეც მის კვალსა
და, თქვენისვე ნებადართვით,
სხვას გადავცემ ამ ჩემ ხმალსა!“

ესა სთქვა და მისი ხმალი
ორბელიძეს გაუშვირა
და ამგვარმა მისმა სიტყვამ
გულში ბევრი აატირა...

V

ხმალზე უფრო ძლიერად სჭრის
პატარა და რბილი ენა,
გაჰკვეთს ხვანჯსა უგნურების..
მისი ტყვეა ხშირად სმენა.
ხან გონება გამოცდილი
მას მოიქნევს მრავალგვარად,
ხან, მფარავი ხვაშიადის,
გული აგებს გრძნობის ფარად.
დროზე უნდა მოხმარება,
მხმარებელიც გონიერი,
რომ ხან ნაღვლით გაილესოს,
ხან ძირტკბილით ენის წვერი...
თორნიკემაც ნაღველ-თაფლად
გრძნობა გულში ჩაიყენა
და სიმართლის ხელით მასში
ამოუწო მისი ენა.
მით მოხიბლა, როგორც მეფე,
ისე ყველა მსაჯულიცა
და იმათის თანხმობითა
სურვილი მან გაიმტკიცა...
ჩამობრძანდა მეფე ტახტით,
ვეღარაფრის ვერამთქმელი,
მივიდა და მოხუცებულს
გადახვია ძმურად ხელი.
უთხრა: „თორნიკ! როგორც მეფემ,
მოგისმინე საუბარი.
თანახმა ვარ, და აწ გეტყვი...
როგორც ძმა და მეგობარი,
რომ ჯერ კიდევ ქვეყნისათვის
საჭირო ხარ... დიდი მარგი, -
და უდროვოდ აგიღია
საიმქვეყნო საგზალ-ბარგი.
უცხო მხარეს გადაკარგვა,
ვფიცავ, შენი მიმძიმდება!
ნუთუ ჩვენი ქვეყნის ტაძრებს
არ აქვს იგივ ძალ-დიდება?“
მოახსენა: „ვიცი, მაგრამ,
ქართლშივე რომ მიგულებენ
ჩემი გაზრდილ-ერთგულები,
რომ არ მნახონ, ვერ გასძლებენ
მეცა გული არ გამიძლებს,
ვერც მე დავთმობ იმათ ნახვას,
და ცოდვილ სულს ბევრს დავაკლებ:
გადავყვები სოფლის ზრახვას...
იქ-კი არვინ მეყოლება
შემაცდენი, უცხო მხარეს,
დღე ყოველ და ყოველ წამსა
ცრემლებს დავღვრი მე მდუღარეს.
და ვითხოვ, რომ ღმერთმა, მეფევ,
გადიდოს და გადღეგრძელოს
და წყალობა არ მოაკლოს
ჩვენს პატარა საქართველოს!..“

VI

ათონის მაღალ მთაზედა,
მთაწმინდად სახელდებულსა,
სადაცა უდაბნოებსა
და ტაძრებს წმინდად გებულსა
რიცხვი არა აქვსთ, იქ ლავრა,
დაუდებელი ფასისა,
ყველაზე პირველი არის
დიდისა „ათანასისა“.
გინდ დარი იყოს საამო,
გინდა ავდარი საზარი,
სამოთხის სადგურს გვაგონებს
მაღლობზე მდგომი ტაძარი.
ხან, ღრუბლით შემობურვილი,
გარშემო ირტყამს ელვასა
და გადაჰყურებს შორის ზღვის
ტალღების გროვა-ღელვასა;
ხან ისარივით სხივები
დილის მზის ეტყორცებიან,
თითქოს იმ საღმრთო ნათელსა
ნათლითა ეხორცებიან.
ხან ღამით მთვარე გავსილი,
თითქოს მიმსვლელი იქ ბინად,
თავზედ ედგმება წმინდასა
წმინდა დიდებულ გვირგვინად.
და ვარსკვლავებიც იმავ დროს
დაჰფეთქენ, დასჭიკჭიკობენ
და ამ გალობით ძალთაძალს
აღმაღლებულად ამკობენ.
წინ უძევს ბაღი ხეხილის,
ხელოვნად შენაკაზმისა,
და იქვე წყარო ჩუხჩუხებს
წმინდისა აიაზმისა.
მთა მწვანე ზეთისხილისა
და ყვავილები ველისა,
საკურთხად აღმომფშვენელნი
ბუნებით საკმეველისა,
ჰაერსა შეაზავებენ
სამკურნალოდ და მარგადა
და სასულდგმულოდ ცხოველთა
მიანიჭებენ ხარკადა!..
მეუდაბნოედ მიდიან

საქრისტიანოს ყოველ მხრით
და იქ იჩენენ სავანეს
სასოებით და ცრემლის ღვრით.
წიაღგახსნილი უდაბნო
უჩენს, ვინც მივა, ბინასა
და მორწმუნეთა იზიდავს,
ვით ანდამატი რკინასა.
აქვე მოსულა ულუმბოთ
იოანეცა ქართველი
და მორჩილობის დროსავე
გასთქმია დიდი სახელი.
დღეს მოძღვარია ნეტარი
ბერისა მრავალასისა
და მეგობარი იმავ დროს
წინამძღვრის ათანასისა.
დიდი ხანია, სამშობლო
მან დაუტევა ნებითა,
მაგრამ გული-კი ისევე
უღელავს ხოლმე ვნებითა,
როდესაც მოაგონდება
მისი სამშობლო მამული
და, გატაცებულს ოცნებით,
არევით უცემს მას გული!..
და მაშინ სცდილობს მიეცეს
მარტოობასა შორს სადმე,
ბუნების ჭვრეტით გაერთოს
და გულს მიჰფინოს სიამე.

VII

ერთხელ დილას იოანე
შემდგარიყო მაღალ სერზედ
და ცრემლები ნეტარების
ეცემოდა სპეტაკ წვერზედ.
ზღვა და ხმელი იმის თვალთ წინ
იშლებოდა ედემურად
და სამოთხის სიამესა
გაემსჭვალა უნებურად...
დიდხანს, გრძნობამორეული,
ვეღარაფრის იყო მთქმელი,
მხოლოდ ნიშნად ნეტარების
მას აეპყრა მაღლა ხელი.
თითქოს მაშინ მას უნდოდა
ცა და ქვეყნის შემყარება,
რომ ამითი წუთიერი
გაგრძობოდა ნეტარება!..
ამ დროს მის წინ, ვით ჩვენება,
გამოცხადდა მგზავრი-მწირი;
დაემხო და თაყვანი სცა,
მოარიდა განზრახ პირი.
შეკრთა უცბად იოანე
და უთხრა მას ბერძნულ ენით:
„ვინ ხარ, შვილო? ან რასა მთხოვ?
მიპასუხე გამოჩენით!“
- „შენსა ლოცვა-კურთხევასა
მამაშვილურ-მეგობრულად!“
უპასუხა იოანეს
მაშინ მწირმა ტკბილ-ქართულად.
ქართულ ლექსის გაგონებამ
იოანე ააჩქარა,
ტანში რაღაც უნებურმა
ჟრუანტელმა დაუარა.
მივარდა და ხელი სტაცა,
ააყენა დაჩქარებით;
რომ შეხედა, უფრო შეკრთა,
მიაჩერდა გაშტერებით…
აკვირვებდა ულოდნელი
ჩვენება და სანახავი:
იმ გლახაკის სამოსელში
იცნო თორნიკ ერისთავი.

კარი მეორე

I

ვინ სვა ბოლომდე ამ სოფლის
სიტკბოებისა ფიალი?
ვის არ უნახავს მის ბედის
წაღმა-უკუღმა ტრიალი?...
ბერძნებსაც ჰქონდათ ერთი დრო...
საქვეყნოდ იყვენ ქებული,
სწავლით და მეცნიერებით
ბევრგვარად აყვავებული.
ცხოვრების კანონს უდებდენ
სხვადასხვა ქვეყნის ერებსა,
საუპატიოს ართმევდენ
მათზე ცუდმზრახველ მტერებსა,
ვინ იფიქრებდა იმ დროში
ამ ხალხის დამცირებასა
ისე, რომ მით მოღებოდა
ბოლო მათ ნეტარებასა?
ერთ ჭირსა, კარზე მიმდგარსა,
სხვაც ბევრი წაეკიდება!..
სხვადასხვა ჭირმა ბერძნების
დაცარა ძველი დიდება.
და არ თუ გარეშე მტერი,
შინაურებიც ბრიყვობენ:
ჰგლეჯენ მას ნაწილ-ნაწილად
და ერთმანეთში იყოფენ!
ბოლოს-კი ერთმა მათგანმა
სულ ერთად მოჰხვია ხელი:
ის იყო სპარსთა მმართველი,
სკლიაროს ერქვა სახელი.
თითქმის ბრუსამდე მოადგა,
ხმელეთით გზების შემკვრელი,
და კოსტანტინეს ქალაქის
არის აღების მსურველი.
წინ ვეღარავინ უდგება
მოჯანყის ძლიერებასა;
და ელის დედაქალაქიც
იმისგან აოხრებასა.
იჩაგვრის მცირეწლოვანი
კოსტანტინე და ბასილი,
დედა მათს თეოფანიას
ჭმუნვით აქვს გული ავსილი.
დაღონდა პარაკიმომენ,
კარისკაცებში პირველი
და, ერთად დედოფალთანა,
ბიზანტიისა მმართველი.
დარბაისლებიც შეყრილან,
გადუწყვეტია ყველასა,
რომ თვითონ თავს ვერ იხსნიან,
და არც ელიან შველასა;
და უპირებენ ისევე
სკლიაროსს შევედრებასა,
რომ ნუ ინებებს ამ ქვეყნის
უწყალოდ აოხრებასა!..
მაგრამ წამოდგა ამა დროს
მოხუცი სევისტოფორი,
რომელსაც დარბაისლებში
არ ჰყავდა ჭკუით თანსწორი;
მით ყურადღება კრებულის
მიიპყრო ანაზდეულად
და მოჰყვა, რასაც ჰფიქრობდა,
მჭევრმეტყველებით ჩვეულად:

II

„ზეცა დაჰყურებს ქვეყანას
თვალითა ლმობიერითა;
გამოსცდის, გამოაბრძმედებს
ჭირითა მრავალფერითა.
და ამისათვის არ გვმართებს
წაკვეთა სასოებისა;
კუბოს კარამდე მძებნელი
ჩვენ უნდა ვიყოთ შვებისა.
გულგატეხილი ყოველი
მოღალატეა თავისა,
უარმყოფელი სჯულისა
მისივე საესავისა.
მაკვირვებს, დარბაისლებო,
დაცემა ჩვენი სულისა!
აბა, რა ვნახეთ ნიშანი
სამეფოს დასასრულისა?
როგორ დაანგრევს აწ ღმერთი
ქრისტიანობის ბუდესა
ისე, რომ საბოლოვოთაც
აღარ აძლევდეს ზღუდესა?
თუ ბიზანტია აქამდე
სხვა ქვეყნებს სცემდა ნათელსა,
არ დავიჯერებ, რომ ახლა
თვითონ ჩავარდეს ის ბნელსა!..
ბევრი შესწირა მან მსხვერპლი
ქრისტიანობის სახელსა
და ვერ გასწირავს მას ღმერთი:
გამოუგზავნის დამხსნელსა!
მეტყვით: „სად არის? ვინ არის?
რომელი კუთხე ქვეყნისა,
რომ გვქონდეს მისგან იმედი
დახმარების და დახსნისა?“
თქვენც იცით, არის ქვეყანა,
მპყრობელი ქრისტეს სჯულისა,
საქვეყნოდ დამნახვებელი
ქვეყნიურ სასწაულისა,
მოყვრულად მოყვრის მიმღები,
მტრისა დამცემი ზარისა,
პირველ მეომრად ცნობილი
დღეს ქრისტეს წმინდა ჯვარისა.
საქართველოა ეს მხარე,
წილხვედრი ღვთისა დედისა!..
ჭირში მაგარსა არ უყვარს
სუსტად მოდრეკა ქედისა!..
ამ ქვეყნის მეფეს მივმართოთ,
დიდ დავითს კურაპალატსა,
და ის გადუხდის სკლიაროსს
ამ აჯანყება-ღალატსა!“

როგორც რომ ბნელსა ღამესა
მთვარე გამოჩნდეს უეცრად
და გაანათოს მიდამო
სხივების ფენით ვერცხლისფრად,
ისე ქართლისა ხსენებამ
გამოაფხიზლა კრებული
და აღუბეჭდა იმედით
მათ სახე შეწუხებული...
და მოახსენეს დედოფალს:
- „ერთხმად თანახმა ვხდებითო:
მიჰმართეთ ქართველ მეფესა
და ნუღა შესწუხდებითო!..
ისეთი წიგნი მისწერეთ,
რომ მით მოულბოთ გულიო,
და საკადრისიც გაგზავნეთ
იმასთან მოციქულიო,
რომ ჩვენის ქვეყნის ცოდნაში
ის იყოს უკეთესიო
და თანაც კარგად ესმოდეს
მას საქართველოს წესიო!..“
ასე არჩიეს. და ერთხმად
მიჰმართეს სევისტოფორსა,
მაგრამ ის ამგვარ არჩევანს
გულწრფელად იჭერდა შორსა,
რადგან მას ეგულებოდა
სხვა ვინმე საუკეთესო,
და შეევედრა კრებულსა:
„გთხოვთ მომისმინოთ აწ ესო:
ათონის მთაზე ააგეს
ტაძარი ნათლისმცემლისა;
იქ ორი წმინდა ბერია,
მთხეველი წმინდა ცრემლისა.
ულუმბოსავე გაითქვა
მათი სიწმინდის სახელი;
არ ასვენებდენ: დღითიდღე
ემატებოდათ მნახველი.
მაშინ მიჰმართეს მთაწმინდას,
დააგდეს ძველი სავანე;
ერთია თორნიკ-ქართველი,
მეორე - დიდ-იოანე.
ერისკაცობის დროსავე
ყოფილან სახელგანთქმულნი
და ჯერაც არ იქნებიან
მათ მხარეს დავიწყებულნი.
მოვიხმოთ ერთი მათგანი,
ვაკისროთ მოციქულობა,
რომ მეფეს სრულად გადასცეს
ეს ჩვენი ჭირნახულობა;
რომ თქვენსა ბრძნულსა წერილსა
სიტყვითაც ბევრი დაურთოს
და ქრისტეს ერის გამოხსნის
სურვილი გულში აუნთოს!..
მალე გავგზავნოთ, სიჩქარით,
რომ დღე და ღამე იაროს,
და მანამ, როგორც იქნება,
ჩვენ გავუმკლავდეთ სკლიაროსს!“

ეს რჩევა ერთხმად მიიღეს.
მთქმელსა სწირავდენ ქებასა
და მაშინათვე შეუდგენ
ამ საქმის ასრულებასა.

III

ხმა გავარდნილა მთელ ქართლში:
ჯარებს აგროვებს მეფეო
ბერძნების მისაშველებლად,
სიკეთე მოიეფეო.
ათონით დაბრუნებული,
თორნიკე მოციქულობსო
და „ორივ ხელით იჭმება
ქადა, თუ გული გულობსო“...
დღეს გამოჩნდება, ვინც არის
ვაჟკაცი ჩვენთაგანიო!
ამაზე კარგი რად გინდა
ბურთი და მოედანიო?..
ისარ-კაპარჭი მომართეს,
ხმალს ჰლესენ, ფარსა ჰფერავენ;
მათთვის სამგზავროდ ქალები
ტანისამოსებს ჰკერავენ...
ჯოჯიკ-მთავარის თანხმობით
ეს უთქვამს გამრეკელსაო:
„თორნიკე თუ არ გვესარდლა,
ხმალს არ მოვკიდებთ ხელსაო!
წაგვიძღვეს ძველი არწივი,
ჩვენ მივყვეთ შევარდნულადო,
ფიცხელი ომი ავსტეხოთ,
საქები ადრინდულადო!“
ხალხიც ამ აზრზე დამდგარა,
მასვე სთხოვს კურაპალატსა,
და, ვინც იურჩებს, იცოდეს,
მას შესწამებენ ღალატსა.
მაგრამ თვითონვე თორნიკე
გაკერპდა... რადგან ბერია,
ეს არჩევანი როგორღაც
მეტად შორს დაუჭერია.
თვითონ სარდლებიც მისულან
იმასთან მეფის თანხმობით
და უთხოვიათ სარდლობა
ამხანაგობით და ძმობით.
მოხუციც ამის მნახველი
თუმცა-კი აღელვებულა,
მაგრამ შეუკრავს გრძნობები
და ისევ გასალებულა.
ორბელიძე და ჯოჯიკი,
ორივე გააწბილაო
და გამრეკელსაც ეს უთხრა:
„ძმაო, ნუ მირჩევ ტყვილაო:
ვერ ავასრულებ თქვენს თხოვნას,
გულმკვდარი ვამბობ ვარსაო!
აწ ვეღარ გავცვლი ფარ-ხმალზე
ქრისტეს ხატსა და ჯვარსაო!
აღთქმას ნუ გამატეხინებთ,
ნუ მაქნევინებთ ავსაო!
ეკლესიისგან შეკრული,
თვით ვერ ავიხსნი თავსაო;
და მღვდელმთავარი თუ ამხსნის,
იქნება მისი ნებაო,
მაშინ ეგ თქვენი სურვილი
ჩემს გულშიც აიგზნებაო!..“
არსენი იყო იმა დროს
ქართველთა კათალიკოსი,
პატივცემული ყველასგან,
ბრძენი და პიიტიკოსი.
გაბრძნილი საღმრთო მადლითა,
საეროდ გაბრწყინვებული,
მწიგნობართ-უხუცესობა
მას ჰქონდა მინიჭებული.
ოქროპირობდა მჭევრობით
ძლიერი მქადაგებელი
და მწვალებელთა მრავალთა
მზამეტყველ-პასუხმგებელი.
ამას მიჰმართეს საერთოდ,
ამისი ჰქონდათ იმედი,
რადგან თორნიკეს ვერავინ
შეაგონებდა მის მეტი.

IV

- „შედი, მარტოა კათალიკოსი,
ნუ ეგულები იქ დიდ კრებასა,
ჩვეულებრივად ცრემლით მლოცველი,
ეძლევა საღმრთო ნეტარებასა.
ნაბრძანები მაქვს, სხვა არ მივიღო...
მარტო შენთან ჰსურს დღეს საუბარი!“
ეს უთხრა ერთ ბერს სახლთუხუცესმა
და შესავალი უჩვენა კარი.
შევიდა ბერი ფეხაკრეფილი,
მორჩილებითა და დიდის კრძალვით;
იქ დახვდა არსენ ტახტზე მჯდომარე,
გატაცებული ფიქრით და ხალვით.
პირველ შესვლაზე ვერ დაინახა
კრძალვით მისული მასთან სტუმარი.
ბოლოს შენიშნა... აკურთხა მაღლით
და გადასახა ხელგაშლით ჯვარი...
წინ წადგა ბერი. ჯერ უამბორა.
ფერდაკარგულსა გული უძგერდა,
მერე ჩამოდგა და შორიახლოს
ის თავდახრილი კრძალვით გაჩერდა.
კათალიკოსმა შეჰხედა მაშინ
ლმობიერებით და გაიცინა.
- „დიდაარს მხოლოდ ღმერთი-უფალი
აქ, ქვეყანაზე, და ცათა შინა!..
რისთვის მეკრძალვი? მომიახლოვდი,
დამიჯექ გვერდით, ვით მეგობარი.
დღეს ისევე მსურს შენთან განვაგრძო,
ადრე რომ გვქონდა, ის საუბარი.
შენზედ არა სჭრის სხვისი სურვილი,
არცა ვედრება და არც მუქარა,
მაგრამ შენთავად რა გადასწყვიტე?
ასრულებ ქვეყნის წადილს, თუ არა?“
- „არ შემიძლია, ყოვლად-სამღვდელოვ!
ვერ ვუღალატებ მაღალ მცნებასა
და ვერ უარვყოფ მსოფლიო კრების
დაკანონებულს სურვილს, ნებასა!..
რა კი ერთხელვე ესე სოფელი
დავივიწყე და უარი ვყავი,
ვერ გავტეხ აღთქმას!.. ზეცას ეკუთვნის
ცოდვილი სული და ჩემი თავი.
მღვდელ-მონაზონსა საიქიოსკენ
უნდა ეჭიროს ყოველთვის თვალი!..
აღარ შემშვენის, რომ ხელმეორედ
სისხლით შევღებო ჩემი ფარ-ხმალი!..
ღმერთმა ხომ იცის, რომ მთაწმინდიდან
არ მნდომებია ფეხის გადმოდგმა!
შვიდ დღეს მირჩევდენ წმინდა მამები
და ვერ შესცვალეს ჩემი გულისთქმა.
თვით წინამძღვარი და იოანეც
ამაოდ დაშვრენ: ვიდექ უარზედ,
სანამ ბრძანებით, როგორც მორჩილი,
არ გამაგზავნეს სასახლის კარზედ.
იქ დედოფალი დარბაისლებით
ვნახე სულ ერთად შეწუხებული:
საქრისტიანო სკლიაროსისგან
წაბილწული და აოხრებული.
მხოლოდ-ღა ქართლზე მათ დარჩენიათ
ერთი ნუგეში... ერთი იმედი!..
დღეს ჩვენს ხელშია იმათი შველა,
რომ დაუბრუნოთ წაღმავე ბედი!
მიბრძანეს მეფის მოციქულობა,
არ გამივიდა მათთან უარი!..
ტახტს ასველებდა დედოფლისაგან
ჩამონათხევი ცრემლისა ღვარი.
სამაგიეროდ ქართლს ჰპირდებიან
ზემოქვეყნების დამონებასა;
მხოლოდ ამისთვის მე დავეთანხმე
იმათ სურვილს და იმათ ნებასა.
ეხლა კი ისევ უნდა გავბრუნდე,
ამას მოითხოვს ჩემი ღირსება,
თუმც ვერ დავფარავ. რომ სოფლის ზრახვით
ეს ჩემი გული ისევ ივსება.
და, რასაც ერთხმად ჩემგან მოითხოვს
დღეს სამსახურსა ქართველთა ერი,
იმას ხომ სხვებიც აასრულებენ?
რა საჭიროა იმისთვის ბერი?
განა ცოტა ჰყავს მეფეს სარდლები?
ერთს იმათთაგანს მიანდოს ჯარი
და მეც, თუ ჰნებავს, თან ვეახლები,
მაგრამ მექნება მე ხელში ჯვარი
და ხატი ყოვლად წმინდა დედისა,
როგორც მოძღვარსა და არა სარდალს;
სხვებმა იბრძოლონ და გამარჯვებას
მე შევსთხოვ ცრემლით მხოლოდ ძალთაძალს.“
- „კეთილი!“ ბრძანა კათალიკოსმა:
„რაც ადრევე სთქვი, იმ აზრზევე ხარ!
მაშ, ვით უმცროსმა, უფროსის ნება
რომ შეასრულო, ამაზეც მზა ხარ?
ვით კათალიკოსს, შენი ბრძანების,
შენც კარგად იცი, ხელთა მაქვს ნება;
მაგრამ მე მაინც მსურს შეგაგონო,
რომ შემცდარია შენი გონება:
ნუთუ შენ. მართლა, რამე გგონია
ცარიელ სიტყვით ღვთისა დიდება?
განა ღვაწლია ხორციელისგან
ამა სოფლისა კრძალვა-რიდება?
და ეს ქვეყანა მშვენებით სავსე,
შემოქმედების გამომხატველი,
ნუთუ მიტომ გვაქვს მონიჭებული,
რომ ჩვენის ნებით ავიღოთ ხელი?
ვინცა იწუნებს თავმოყვარებით
ამ მიუწდომელ დიდსა ქმნილებას
და უარსა ჰყოფს კანონიერსა
ბუნების ყოვლგვარ მოთხოვნილებას,
ის უარსა ჰყოფს თვით შემოქმედსა!
საბრალო არის ის და შემცდარი,
რადგან არ იცის, თუ ქვეყნიერად
რად მოგვევლინა ჩვენ მაცხოვარი!“
- „ვითა რეგვენი, ღირსი არა ვარ,
ბატონო, თქვენთან გაბაასების,
მაგრამ რა ვქნა, რომ მეც საპასუხოდ
ცოდვილი გული ურჩად მევსების?
და კიდევ გკადრებთ: ლოცვა კარია
ცოდვილისათვის სინანულისა
და მარტოობა სადმე უდაბნოდ -
გასპეტაკება მადლით სულისა!
ამა სიმართლეს უარს ვერა ჰყოფს,
ვინც ქრისტიანად ნათელღებულა;
ამის მაგალითს ქრისტე მით გვაძლევს,
რომ ორმოცი დღე მან იმარხულა“.
- „არა, მამაო! მაგგვარი ახსნა
საცალმოგვოა და შემაცდენი;
მაგითი შუქი დაიჩრდილება,
ჭეშმარიტების გადმონაფენი.
ვიცით, რომ ქრისტემ უდაბნოდ დაჰყო
ის ორმოცი დღე ლოცვა-მარხვითა,
მაგრამ ის იმ დროს იმა ლოცვითა
ქვეყნად საერო საქმებს ჰზრახვიდა.
და როდის დარჩა მეუდაბნოედ?
განა ამ სოფელს ის უარჰყოფდა?
თუ დადიოდა დაბად და სოფლად,
ხალხის ჭირს და ლხინს შუა იყოფდა?..
თვითონ არ დაჰგმო ფარისევლების
გზაჯვარედინზე ლოცვა საქვეყნო
და ნაცვლად მოგვცა მოკლედ სათქმელი
საყოველდღეო „მამაო ჩვენო“?
ასე არ ბრძანა: „თვინიერ საქმის,
სიტყვითი ლოცვა, უწყით, მკვდარ არსო?
და მრავალისა მეტყველებითა
ვერვინ გაიღებს სამოთხის კარსო“?
საქმეა, მხოლოდ საქმე საჭირო,
გულიცა წმინდად დაბადებული
და ქვეყნიურის კეთილ ზრახვებით
სული სიწრფელით გაახლებული!.
ეს არის მხოლოდ ქრისტეს მოძღვრება,
საქრისტიანო ეს არის ვალი!
და ვინც ამატებს ამაზე სხვებსაც,
დაბნეული აქვს მას გზა და კვალი!“
- „ეგ ყველა კარგი, მაგრამ ამ სოფლად
შესრულებული ვისაც აქვს ვალი
და, რომ გააგრძოს კიდევ რამ, მისთვის
არ დარჩენია ღონე და ძალი!
ნუთუ არა სჯობს უქმად ყოფობას,
გადგეს უდაბნოდ მმარხველ-მლოცველად
და არ გაუხდეს სხვებს ამა სოფლად
ურგებ ტვირთად და ხელის შემშლელად?
განა ეს ჩემი უარისყოფა
კერპობა არის და უმეცრება?
მეც კარგად მესმის, რომ ქვეყნიურის
შრომით ეძლევა სულს ნეტარება!
ადრევაც მითქვამს და ეხლაც ვამბობ,
რომ მე თვითონ ვგრძნობ ჩემს უძლურებას!..
დღეს, შედარებით, ბევრი მჯობია!
სახალხოდ ვამბობ ამ აღსარებას“.
- „არა! „ხმა ღვთისა - ხმა ერისაო“.
ხომ კარგად იცი ეს შენც, მამაო?
დღეს ერი გირჩევს ერთხმად წინამძღვრად
და უარის თქმა არის ამაო!
როდესაც ასე დარწმუნებული
არის რაზედმე ერთპირად ერი,
მაშინ ის არის გულით და სულით
ამაღლებული გმირი-ძლიერი.
დღეს ქართველები შენის სარდლობით
ჰფიქრობენ მტერზე გამარჯვებასა
და უნდა მივყვეთ ჩვენც იმათ სურვილს
და მოხიბლულსა მათსა ნებასა!
ჩემი სიტყვები რომ იგულისხმო,
ხალხის ღაღადსაც დაუგდე ყური!....
ნუთუ გამოხსნა ქრისტიანობის
არ იყოს ისივ ღვთის სამსახური?
გასავრცელებლად ქრისტიანობის
საკმაო არის, დიახაც, ჯვარი,
მაგრამ მის მტრების მოსაგერებლად
ხშირად გვჭირდება ხმალი და ფარი!..
როგორც გვირგვინსა მისის ქმნილების
მისთვის გვნიშნავდა განგება ქვეყნად,
რომ მივემსხვერპლოთ, თავი შევწიროთ
მისსა დიდებას საკურთხად და ძღვნად.
და ეს ძღვენია კეთილი საქმე,
ქრისტიანობის სვეტიცხოველი,
და შენც, თორნიკე, ამის სახელით
ისევე ფარ-ხმალს მოჰკიდე ხელი!..
შეიბ მახვილი და გარეგნობით,
დროს შესაწონად. იცვალე ფერი
და გამოიხსენ განსაცდელისგან
ქრისტეს მმოსავი ბერძენთა ერი!“

სთქვა მღვდელმთავარმა და გადასახა
მადლმინიჭებით მოხუცსა ჯვარი...
და მეორე დღეს თორნიკ-სარდალმა
კიდეც შეჰყარა საომრად ჯარი.

კარი მესამე

I

„თავგასულია სკლიაროს
მთავარი ბარდაველიო:
ბერძნების სისხლით შეჰღება
ურჯულომ მთა და ველიო!
ორად გააპო სამეფო,
აოხრებს ნახევარსაო;
სპარსელები და სომხები
შემოჰხვევიან გარსაო!
გრიგოლ და ბაგრატ თანა ჰყავს,
ორი ძმა თარონელიო,
მათ მიუციათ მომხრებად
მოჯანყისათვის ხელიო.
მოქის თავადიც აქ არის,
აფრანიკ, სომეხთ გმირიო,
და საღალატოდ შეუკრავთ
სუყველას ერთად პირიო.
გაულეწიათ ბერძნები,
იჩაგვრის ძველი ლომიო,
მაგრამ ჩვენ უნდა ვუჩვენოთ
აწ-ღა სხვაგვარი ომიო!
შორის ქვეყნით ვართ მოსული
სჯულისთვის მეომარიო;
ხელში გვიჭირავს ფარ-ხმალი,
წინ გვიძღვის ქრისტეს ჯვარიო,
ჩვენ ვართ თორმეტი-ათასი,
თითოს შეგვხვდება ათიო,
მაგრამ რა გვიჭირს? ადრევაც
გვინახავს შებმა მათიო!
ჰა ბურთი, ჰა მოედანი!..
მობრძანდეს ბარდაველიო
და ამოიგოს მან ჩვენგან
იმისი სისხლი ძველიო!
სიკვდილი ან გამარჯვება!
ვინც თავი დაიშუროსო,
დედა შეირთოს მან ცოლად,.
ლეჩაქი დაიხუროსო!..“

II

მცირე აზიას, ჰალისის პირად,
ერთი ხანია ბანაკად მდგარი,
ასე იმღერის გუნდად და გუნდად
შეუპოვარი ქართველთა ჯარი.
მათი გუგუნი, მათი კიჟინი
ზე ეფინება ირგვლივ მთა და ბარს,
და ესე ყველა ეკლად და ისრად
გულში ესობა სკლიაროსის ჯარს.
კბილებს ილესავს ბრაზმორეული,
არც დღე, არც ღამე აღარ აქვს ძილი;
მაგრამ რას იზამს? მარჯვე დროს ეძებს
მათ შესაბმელად სკლიაროს ფრთხილი.
ქართველი ჯარის ვაგლახად შებმას
გამოცდილება სარდალს აფიქრებს
და ვეღარ ჰბედავს თვითონ იერიშს,
დახვდომა უნდა... ამაგრებს საფრებს.
უნდა, რომ ჯარი მან მიიტყუოს
იმ სიმაგრეში და იქ ებრძოლოს:
თუ არ ამ ხერხით, ისე სხვაგვარად,
ის არ მოელის კეთილსა ბოლოს;
და საკენწლავად გუნდად და გუნდად
წასატყუებლად აგზავნის ჯარებს,
და განზრახულად თვითონვე აღებს
მტრის შესასვლელად ბანაკის კარებს.
მაგრამ თორნიკე გამოცდილია:
არ მოტყუვდება ამგვარი მახით,
მათვე უპირობს გამოტყუებას
სხვაგვარი ხერხით და სულ სხვა სახით.
იქ ქართველებთან ლაშქრადვე იყო
დასავლეთელი ბერძნების ჯარი
და, რომ თორნიკეს ემონებოდენ,
მათ მოსდიოდათ ამაზე ჯავრი...
ასე ამბობდენ მათი სარდლები:
„მართლაც რომ ღმერთი ჩვენ გვიწყრებაო:
მთავარსარდლობა ქართველს უჭირავს,
ეს არის ბერძნის დამცირებაო!“
ეს სცნო თორნიკემ, ჯერ გაიღიმა,
რაღაც სხვა ფიქრმა მას გაუელვა,
მერე შეჭმუხნა რისხვით წარბები,
აინთო სახე, მთლად აიღელვა.
და სთქვა: „მოვსულვართ შორის ქვეყნიდან
მოსახმარებლად კეთილად, ძმურად
და ესენი კი პასუხს გვაძლევენ
ბატონობითა და მედიდურად?!
დიდი ხანია, რაც ჩემ ბრძანებას
აღარ უგდებენ ბერძნები ყურსა
და არადა ჰხდიან, თქვენც ჰხედავთ, ძმებო,
ჩვენს ერთგულებას და სამსახურსა!
მაშ, თუ ასეა, აღარ გვაქვს ბრალი,
გულთამხილავო, შენ ჰხედავ, ღმერთო,
რომ უმიზეზოდ შემომწყრალ ხალხთან
აღარა გვაქვს-რა აწ ჩვენ საერთო!“
სთქვა და უბრძანა ჯარს ამხედრება,
საქართველოსკენ უკან გაბრუნდა;
ამით ბერძნები მარტო დაჰყარა 
და მიაყარა მათ ქვა და გუნდა...
ეს ამბავი რომ შეიტყვეს მტრებმა,
დააგდეს მყისვე მათი სიმაგრე,
გამოვიდენ და ყოველის მხრითა
ბერძნების ჯარი შემოჰკრეს გარე;
მისვლის უმალვე ასტეხეს ბრძოლა,
რადგან საგულეს ჰქონდათ მათ გული
მით, რომ ბერძნები ქართველებისგან
დარჩენილიყვენ მიტოვებული.
რაღა გზა ჰქონდათ? მაშინ ბერძნებმაც
ფარ-ხმალს მოჰკიდეს საომრად ხელი,
თუმცა-კი ჰგრძნობდენ, რომ გამარჯვება
იმათთვის იყო მეტად რამ ძნელი;
აღარ უნდოდათ შერცხვენილიყვენ:
თავი შესწირეს, ჰბრძოდენ გმირულად,
სანამ ურიცხვმა და უთვალავმა
მტერმა არ სძლია ისინი სრულად.
დამარცხდენ, თუმც კი ხელცარიელი
არ დარჩენიან არც ისინი მტრებს:
რიცხვი არა აქვს სპარსელებისა
და თან სომხების დაჭრილებს და მკვდრებს!..
მაგრამ სკლიაროს ამ გამარჯვებას,
რადგანაცა სთვლის უკანასკნელად
და ვერვის ჰხედავს აწ მის სურვილის
მოწინააღმდეგ-ხელისშემშლელად,
დღესასწაულობს; გრძნობა მორეულს
უდროვოდ ათრობს მეტი სიამე
და ლხინს ეძლევა გულდამშვიდებით
გაუსხლეტელად ის მთელი ღამე.
ის-კი არ იცის, რომ იქვე, სერზედ,
სდგას თორნიკ, მისგან დავიწყებული;
დაჰმზერს მტრის ბანაკს და სარდლებიცა
იქვე ჰყავს გარე შემოხვეული.
სხვადასხვა რჩევას აძლევს სარდლებსა,
მათ-მათ შესაფერს თვითოეულად,
და სახვალიოდ ჯარებს ამზადებს
მტრის შესაბმელად, ჯერ-კი ფარულად.
-,,ახლა ხომ ჰხედავთ, თუ რას ჰნიშნავდა
ბერძნებთან შუღლი და მოშორება?
თუ არ ამ ხერხით, სხვებრ არ შეგვეძლო
სომხის სარდლების ჩვენ მოღორება.
არ დააგდებდენ საფრებს და ბრძოლას
არ დაგვიწყებდენ ველზე გაშლილად;
და, თუ პირიქით მივადგებოდით,
დაგვამარცხებდენ მაშინ ადვილად.
მაგრამ, მადლობა ყოვლის შემძლებელს!
ასრულდა ჩემი განზრახულები:
ვგონებ, რომ ვეღარ გაგვიმაგრდენ ხვალ
ამ გაშლილ ველზე დაღალულები!
თუმც შეგვიძლიან თავზედ დავესხათ
ახლაც; ეს ჩვენთვის სულ ადვილია,
მაგრამ რადგანაც არ მოელიან
ეს ღალატსა ჰგავს და სირცხვილია.
გვიჯობს მივადგეთ გამოცხადებით
ისე, როგორც რომ ვაჟკაცთ წესია!
და უკუღმართად ნუ მოვმკით იმას,
რაც ძველებს წაღმა დაუთესია!“
ასე ამბობდა მოხუცებული,
აწყობდა რაზმებს, ჯარს აფრთხილებდა;
სარდლებს სხვადასხვა მხრით აგზავნიდა
და ჯარსაც თვითონ უნაწილებდა.
- „შენგან დავიწყებ ჯერ, ჯავშანიძე:
ომის ველზე ხარ დაბერებული,
გამოცდილი ხარ და, რა თქმა უნდა,
ზომას დაიჭერს ეგ შენი გული.
შენსებრ ჭაღარა ათასი კაცი
ამოირჩიე, შეკრიბე ჯარი,
მათ წინ წაუძეღ და საიდუმლოდ
მიდი, აიღე მტრების საფარი!
და, როდესაც აქ ომი ასტყდება,
თქვენ არ გექნებათ მონაწილობა:
უჩინრად უნდა იმალებოდეთ...
არვინ გაბედოს მასზე ცილობა!
რაც უნდა მოხდეს აქ, თქვენ მაინც იქ
ჩუმად იყავით... არვინ აჩქარდეს,
რომ სურვილისგან გატაცებულის
ერთი ისარიც არ გადმოვარდეს.
მხოლოდ, როდესაც უკუქცეული
ისევ მოსძებნის საფარს მტრის ჯარი,
მოულოდნელად მაშინ იქ დახვდით
და გრგვინვით მეხად დაეცით ზარი!
შენვე გაგზავნე ჩუმად კაცები
ჰალისის პირად... თუ მოახერხონ,
რაც ხიდებია სუყველა ერთად
ქვეშიდან ისეთ გვარად დახერხონ,
რომ ზედ შემდგარი ლაშქრის სიმძიმე
მომეტებული ვერ აიტანონ,
ჩასტყდენ ჰალისის მდინარე წყალში
და მტრისა ჯარიც თან ჩაიტანონ!..
-აწ, ორბელიძევ, შენ უნდა გითხრა,
მოწინავე ხარ რადგან სარდალი
და სუყოველთვის შენგან ატყდება
ომისა ცეცხლი და ბრძოლის ალი...
ოთხიათას კაცს, სულ ახალგაზრდებს,
თავგამეტებულს, წინ წაუძეხი;
გრიგალ-ქარივით ჩამოუქროლე
და შენებურად დაეცი მეხი!..
მემარჯვნე სარდლად გამრეკელია,
მემარცხნედ-ლომკაც სავარსამიძე,
თითოს სამ სამი ათასი კაცი
ახლავთ, არიან ომის სიმტკიცე.
და დანარჩენი ათასი კაცი
აქვე დარჩება ჩემ თანამხლებლად;
ჯოჯიკი არის მათი უფროსი,
გაჭირვების დროს მოსაშველებლად.
როდესაც ატყდეს პირველად ომი
და გაიმართოს ისრითი ბრძოლა,
გაიფანტენით, თორემ ძნელია
შეჯგუფებულად მტრებზედ მიწოლა.
და შემდეგში კი, ხელჩართულ ომში,
შეერთებულად უნდა იბრძოლოთ,
მხოლოდ გუნდ-გუნდად დაჰყავით ჯარი,
რომ ერთმანეთსა გამოუნაცვლოთ.
ძველი საფრისა და მდინარისკენ
ნუ დაუდგებით, გზები დაუგდეთ
და სხვაგან კი მათ ყოველი კუთხით
უნდა დაუხვდეთ და გაუმაგრდეთ!
მეტს არას გეტყვით!.. რა საჭიროა
მომეტებული სიტყვა და რჩევა?
აქ შეგეწიოსთ წმინდა გიორგი
და მაღლით ღმერთმა მოგცეთ კურთხევა!“

ეს სთქვა თორნიკემ და გაისტუმრა
სარდლები ჯარის მოსამზადებლად
და თვითონ-კი იქ დარჩა სულ მარტოდ
მლოცველად ღვთისა და მადიდებლად.

III

ვითა ეთერი მზეთუნახავი,
საყვარლის მლოდე, თრთის და კანკალებს,
სახეს ვარდისფრად იღებავს გრძნობით
და იელვარებს სურვილით თვალებს,
ისე განთიადს ცისკრის ვარსკვლავი
ლაჟვარდ ცაზედა კაშკაშით თრთოდა
და ფერმიხდილად ნათელ-ძლიერი
მზისა ამოსვლას ეშხით შესტრფოდა.
თითქოს ქვეყანაც, მით მოხიბლული,
გამსჭვალულიყო მისის თანგრძნობით
და უგალობდა „ციურ ნანინას“
საიდუმლო და უცნაურ გზნობით.
სუნნელთა მფენი დილის ნიავი,
ბალახთ ბიბინი, ფოთოლთ შრიალი
ბანსა აძლევდენ ღვთიურს ნანინას
და ათანხმებდა მათ ძალთაძალი.
ციური ნიჭის მისაღებელად
ვარდმა კოკობმა თავი ახარა;
ცრემლად დაეცა გულზე მანანა,
ააელფერა და გაახარა!..
თურმე ბულბულიც ამას უცდიდა:
თავისებურად იწყო მან სტვენა,
თითქოს უნდოდა მით მოეტანა
ცოდვილ ქვეყნისთვის კურთხევა ზენა.
მაგრამ ამა დროს საზარელი ხმით
უცბად რაღაცამ დაიგრიალა
და მით სიხარბემ ჯოჯოხეთისამ
გამოიჩინა ბოროტი ძალა:
შეიქნა ბუკის, საყვირის ცემა,
ასტყდა ჭიჭყინი ზურნის საზარი...
აჰა, თენდება და ემზადება
სისხლის სათხევლად ორივე ჯარი!

IV

- მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს,
ისე დაჰყურებს მთავარსარდალი;
წაღმა, უკუღმა, მარჯვნივ თუ მარცხნივ,
ყოველი მხრისკენ სჭრის მისი თვალი.
მოწინავე ჯარს, ტურფად დარაზმულს,
ოთხიათასსა დაჰყურებს ჭაბუკს,
მხოლოდ იმ წამის მომლოდინესა,
როდესაც დაჰკვრენ ნაღარას და ბუკს.
ფარ-ხმალით ხელში, გახურვებულებს
ძლივს-ღა უჭერენ თავს ბედაურებს:
ჭიხვინ-ხვიხვინით, ტორების ცემით,
ძუა-ფაფარშლით აცქვეტენ ყურებს.
თითქოს იმათაც სული მიუდისთ,
რომ მიიტანონ თან იერიში,
და, როგორც იმათ მხედრების გულში,
ისე არც იმათ გულშია შიში.
თავში უდგია რაზმს ორბელიძე,
ჯერ ახალგაზრდა გმირი სარდალი,
და იმან იცის, თუ როდის ასტყდეს
ბრძოლისა ცეცხლი და ომის ალი.
შორს მათგან, მარჯვნივ, ქვეითი ჯარით
მოფენილია მთლად ტყე და ველი;
საფარში აჯენს შორი-შორ გაფანტვით,
მტრისა სამიზნოდ, მათ გამრეკელი.
და მარცხნივ, სადაც შფოთვით, ღრიალით
მიექანება ჰალის-მდინარე,
სავარსამიძის დამდგარა ჯარი,
ფარ-ხმალ, ჯაჭვ-ჯავშან, შუბ-მოელვარე.
ჯავშანიძე-კი მხოლოდ-ღა ერთი
აღარსადა სჩანს, აქ არსად არი:
წინა ღამითვე მან საიდუმლოდ
აიღო ჩუმად მტრისა საფარი.
სკლიაროსიცა ამხედრებულა,
მტრის დასახვედრად ამხედრებს დიდ ჯარს,
ცხენს მიაჭენებს ხან აქ, თუ ხან იქ
და ჯარასავით დატრიალებს გარს.
მარჯვნივ აყენებს ბაგრატ თარონელს,
მარცხენა მხარეს მისვე ძმას გრიგოლს,
და არ ჰგონიათ, თუ შეჰხვდებიან
ისინი თავის თანასწორს და ტოლს.
და ორბელიძის საპირდაპიროდ
თვით აფრანიკე გამოსულია...
წვერ-ულვაშს იგლეჯს; მეტის სიფიცხით
ალმური ასდის... გულმოსულია:
„როგორ თუ ასე მცირე მხედრობით,
ასე თავხედად ჩემზე მოდისო?
სიკვდილისაგან ატროებული,
მძებნელი არის, სწორედ, ლოდისო!“
წინა ომებში გათამამებულს
მარჯვე ცხენოსან სპარსელების ჯარს
სიტყვით ამხნევებს მოქის თავადი
და თან უქადის მდიდრულ საჩუქარს.
იმათაც ნიშნად შეუპოვრობის
განთიადისა დაჰკრეს საჰარი,
მაგრამ ქართველთა მის საპასუხოდ
გადუშხუილეს მაღლით ისარი.
ის იყო მარჯვნით გამრეკელისგან
სამოციქულოდ გამონატყორცი;
მას თანვე მოჰყვენ სხვების ისრებიც,
გულის გამპობი და გასაოცი.
ააგეს ფარი, მომართეს მშვილდი,
პასუხს აძლევენ სომხებიც ისრით
და გაიმართა ძლიერი ბრძოლა
ყოველის კუთხით და ორივე მხრით.
უანგარიშო და უთვალავი
მოდის ისარი, ვით სეტყვა ცისა...
ჯერ სიჩუმეა... მხოლოდ ხანდახან
კვნესა მოისმის დაჭრილ კაცისა.
გახურდა ბრძოლა... გრძელდება ომი,
ხან აქ და ხან იქ სისხლი იღვრება...
აჰა, ამოდის მხიარულად მზეც!
მომაკვდავთ კვნესა არ ეყურება.
თითქოს ეს იყო დანიშნული დრო:
აქ ორბელიძემ იშიშვლა ხმალი,
ჯარს მიუბრუნდა და მხიარულად
მათ გადაავლო ნუგეშის თვალი.
მიუხვდენ სარდალს გულისპასუხსა
მხედრები, სიტყვა აღარ აცალეს:
იშიშვლეს მათაც ბასრი მახვილი
და მზის სხივებზე ააპრიალეს.
დასძახეს ყველამ ერთხმად: „ჰკა მაგას!“
დეზი ჰკრეს ცხენებს და გააქანეს
პირდაპირ, ჯიქურ სპარსელებისკენ
და იერიში ზედ მიიტანეს.
მაგრად დაუხვდა მათ აფრანიკე,
ლომი, სასისხლოდ გააფთრებული,
და შეაგება ცხენოსანთ ჯარი,
ფარმომართებით მომზადებული.
დასცეს კიჟინა და გაიშალენ
სახელდახელოდ ტრიალ მინდორზე:
ზოგან იბრძვიან ერთად, ჯგუფ-ჯგუფად
და ზოგან ერთი მიდის მის სწორზე.
კიჟინა, კვნესა, წყევა, მუქარა
და ჩახაჩუხის ხმა გულსაზარი
არეულია და ფეხით გააქვთ
ცხენებს დაჭრილი და ცოცხალ-მკვდარი.
აგერ მხედარმა, შავით მოსილმა,
გამოახტუნა მერანი მინდვრად;
შეათამაშა ჰაერში ხმალი
და დაიძახა თან მედიდურად:
- „სად ხარ? გამოდი, ნუ იმალები,
თუ რომ გულს გერჩის, ორბელიძეო!
აფრანიკ მქვიან! შენისთანები,
იცოდე, ბევრი დავამიწეო!..
გამიგონია მეც შენი ქება,
განთქმული არის შენი ხმალიო,
მაგრამ აწ უნდა გასინჯო ჩემიც
სიკისკასე და მკლავის ძალიო!
ჩვენ ორში უნდა ერთი და ერთი
მოკვდეს, გათავდეს მითი ომიო!
ნუღარ გვიანობ! გელი, გამოდი,
თუ ამ პირობის შენც ხარ მდომიო!“

ხმალსისხლიანი, თავზე ჩაფხუტით
თეთრ ცხენზედ იჯდა ერთი მხედარი,
რომელ გუნდშიაც შევარდებოდა,
მას თან მიჰქონდა მეხი და ზარი.
თვით ორბელიძე იყო ეს გმირი...
ახალ გუნდს მკაცრად რომ შეუძახა,
მაშინ მოესმა აფრანიკის ხმა
და სიხარულმა ააცახცახა:
მისი სურვილიც თურმე ის იყო,
რომ აფრანიკეს სადმე შეჰყროდა,
იმას ეძებდა და აქეთ-იქით
სხვადასხვა რაზმში მიჰქრი-მოჰქროდა.
თავი მოსწია გაქანებულ ცხენს,
ყალყზედ შემდგარი მოატრიალა,
ასკუპა, ჯიქურ გამოაქანა,
მივარდა, ბევრი აღარ აცალა
და უპასუხა: - „გმირს არ შეჰშვენის
დაჩემება და თავის ქებაო!
აჰა ბურთი და ჰა მოედანი,
მზათა ვარ, გახლდეს თქვენი ნებაო!“
მოღუნეს მშვილდი, მოსდვეს საცერე
და ერთმანეთსა სტყორცეს ისარი,
მაგრამ ორივემ სწორის სიმარდით
მას მიაგებეს მათ-მათი ფარი,
და აიცილეს მითი ფინთიხი,
გულის გამპობი, ხორცის მომწყვლელი;
მერე გადიგდეს მშვილდები მხარზედ
და ხმლებს მოავლეს საომრად ხელი.
მათი ფარ-გება და კენწლაობა,
სიჩქარით ელვა, გასაკვირვალი,
მოჩხუბართ მხოლოდ ბრაზს უმატებდა
და ედებოდათ თანდათან ალი.
მოსწყინდათ ფარი და უკუაგდეს,

დაადგენ ორნივ მარტო შიშველ ხმალს;
თავი გადასდვეს მათ სასიკვდილოდ,
აღარ იზოგვენ ღონესა და ძალს.
მიაგდო ცხენი ჯერ ორბელიძემ,
ხმალი პირდაპირ შუბლში უსწორა,
მაგრამ დეზი ჰკრა მხედარმა შავ ცხენს,
განზე გაუხტა და აიშორა.
ხმალმა ჰაერში გაიშხუილა:
წახდა მოქნევა და მკლავის ძალა...
და ხელმეორედ ხმლის მომარჯვება
მოპირდაპირემ აღარ აცალა:
თვითონ მოაგდო ზედ აფრანიკმა
მისი მერანი, მკვირცხლი, ფეხმალი,
მაგრამ მოქნეულ ხმალს ორბელიძემ
ქვემოდან აჰკრა თავისი ხმალი
და მარილივით გადაუმტვრია.
შეკრთა აფრანიკ!.. დაეცა ზარი
და არ იცოდა, თუ რაღა ექნა:
იდგა უძრავად, ვით ცოცხალ-მკვდარი.
გმირთა წესია ლმობიერება:
წყრომა გულისა ქართველს დაუცხრა,
ხმალი ჩააგო ისევ ქარქაშში,
ჩამოეცალა და ასე უთხრა:
- „ნუ გეშინიან! ხმლიანი უხმლოს
რომ შეგეჭიდო, არ მეკადრება,
მხოლოდ თანსწორის იარაღითა
შენი დაჩაგვრა მე მენატრება!
და, აბა, ეხლა ნუღა ვუდგებით
ჩვენ ერთმანეთსა ასე შორი-შორს!
აწ სასიკვდილოდ უნდა შევებათ,
ხელი მოვკიდოთ ორივემ ორ-ორს!“
მაგრამ აფრანიკ ყურს აღარ უგდებს,
მარდად, უეცრად ზურგი უჩვენა:
დეზი ჰკრა მერანს, მიატრიალა,
ერთი შეჰკივლა და გააჭენა.
რა ნახა ჯარმა მათი სარდალი
გაქცეული და შეშინებული,
თვალი წაუხდა და ზაფრანაცემს
უნებლიეთად გაუტყდა გული;
შესწყვიტა ომი და გაექანა,
გონს ვერ მოსული, უცბად დამფრთხალი
იქითკენ, სითაც შავსა ბედაურს
მიაქანებდა მათი სარდალი,
„ჰკა მაგას, აბა, არ გაუშვათო!“
შეჰკივლა გმირმა მაშინ ქართველებს,
დაიგრიალა ცხენოსანთ ჯარმა
და გამოუდგა სომეხ-სპარსელებს.
მირბის აფრანიკ თავისის ჯარით,
მირბის და უკან არ იხედება;
მას ორბელიძე მისდევს ჯარითვე,
მისდევს, თანდათან ცეცხლი ედება
დაუახლოვდა უკანა ჯარი,
უნდა დაეცეს თავზე, ვით ზვავი,
მაგრამ აქ წინამ გადაუხვია
და ხეობაში ამოჰყო თავი.
მდევრები მაინც არ ეშვებიან,
ქვესკნელშიაც-კი ჩაჰყვებიან თან:
თან შეჰყვენ ერთად იმ ხეობაში
და მიიმალენ... აღარა სჩანან...
თურმე იქ ვერაგ სკლიაროს-სარდალს
სხვა ჯარი ჰყავდა ჩასაფრებული
და ქართველები შეტყუებული
დაემწყვდენ, დარჩენ გარშემოკრული.
რაღა გზა ჰქონდათ?.. დაიქვეითეს.
ამოესაფრენ თავ-თავის ცხენებს;
იბრძვიან, მაგრამ იციან, რომ მათ,
მტერი კაი დღეს არ გაუთენებს.

V

როგორც ისარი, იმ ხეობიდან
გამოხტა ცხენი ამ დროს უეცრად...
ხტის და ჭიხვინებს, ძუა-ფაფარს ჰშლის,
გარბის, გამორბის მარტოკა მინდვრად.
ხან ყურებს აცქვეტს, ხან მიწას სუნავს,
თითქოს დაეძებს მის პატრონ მხედარს,
და იმის გამო ასე ხვიხვინებს,
რომ ვერსად ჰხედავს ვერც ცოცხალს, ვერც მკვდარს.
ამ უპატრონო ცხენის დანახვა
თორნიკეს დარჩა მეტად საწყენად,
რადგანაც იცნო მან მაშინათვე
ის ორბელიძის ბედაურ ცხენად.
„ვეჰ! - დაიყვირა - ცუდ ნიშანს ვხედავ,
ამას არ უნდა ბევრი ფიციო:
საფრხეში არის და განსაცდელში
ცხენოსანთ ჯარი, სწორედ ვიციო!“
და უთხრა ჯოჯიკს: - „ახლა შენ იცი,
შავი დღეების შენ ხარ გმირიო:
„ძმა ძმისათვისო, ამ დღისათვისო“,
გაგვიადვილე გასაჭირიო!“
მოახტა ჯოჯიკ მაშინ ბედაურს,
მასთანაც მთელი იმისი ჯარი,
და დაექანენ დაღმა მინდვრისკენ
გრიალით, როგორც გრიგალი ქარი.
დასცეს კიჟინა საოცარის ხმით,
მიწას გააკრეს ბედაურები
და მიეშურენ ხეობისაკენ
მტრის სისხლის მნდომნი, გაუმაძღრები.
შორით მოესმათ ქართველთ კიჟინა,
იცვნეს ჯოჯიკის ხმათ და იამათ,
იმედმა სიმხნე გაუორკეცათ
და ბრძოლა იწყეს უფრო თამამათ.
გაახლდა ომი. შეკრთა სკლიაროს,
უგზავნის შიკრიკს მაშინ თარონლებს,
რომ მოახმარონ ქვეითი ჯარი,
ჯოჯიკისაგან შეშინებულებს.
დააგდეს ორთავ ბრძოლის ადგილი
და მოაშურეს ანაზდეულად,
ალყად შემოკრეს ქართველი ჯარი,
ჩაიმწყვდიეს რა იწროში სრულად;
და არ ეჭვობდენ აწ გამარჯვებას!..
ხერხის და რიცხვის ჰქონდათ იმედი,
მაგრამ უკუღმა გადუტრიალდათ
მოულოდნელად იმათაც ბედი:
კვალში მისდია გაბრუნებულ ჯარს
და თანვე მიჰყვა მათ გამრეკელი, -
ტყვილა არ ერქვა მას მეტ სახელად
„შავი კლდის მელა და მიწის მგელი“.
შეატყობინა სავარსამიძეს,
სადაც იბრძოდა მტერი, უჩვენა
და, რაც დღე მაშინ ქართველებს ადგათ,
მტრის ჯარს იგივე დღე დააყენა:
შემოჰკრეს ირგვლივ და ორ ცეცხლ შუა
გამომწყვდეული დარჩა მტრის ჯარი...
გზაარეულებს ყოველის კუთხით
თავზე ატყდებათ მეხი და ზარი.
აივსო ხევი მკვდრებით... დაგუბდა
ბლომად აქ და იქ სისხლისა ღვარი
და, თავის შველა რომ ვისმე ჰსურდეს,
გასაქცევი გზაც აღარსად არი!
მაშინ გახედა შორით თორნიკემ
და სთქვა: - „გაერთდა, ვხედავ, ბრძოლაო!
სწორედ ახლაა მათთვის საჭირო
გამოცდილ სარდლის თან მიყოლაო!“
მოაყვანინა ბერკვიცი, შეჯდა,
მიეშურება სადაც ომია;
სიბერე ახლავს, მაგრამ ჯერ კიდევ
გულით ჭაბუკი, სიმხნით ლომია.
ომი რომ ნახა, გულს გადეყარა,
არ დარჩა ბედის უმადურადა
და გაიელვა ზედიზედ მტრებზე
მისმა მახვილმა ძველებურადა.
შემოურბინა ჯარს ირგვლივ გმირმა,
სარდლებს გადასცა მისი ბრძანება:
„გზას ნუ შეუკრავთ გაჭირვებულებს,
დეე, გაიქცენ, მიეცით ნება!“
და გზა გაუხსნეს დასავლეთისკენ,
გაუკეთეს რა განზრახვით კარი;
და მხოლოდ სამის კუთხიდან მკაცრად
მტერს აწვებოდა ქართველი ჯარი.
იბრუნეს პირი დასავლეთისკენ
მტრებმა, გაქცევა ერთად იკადრეს
და მიაშურეს ისევ ძველ საფარს,
ძველსა სიმტკიცეს და ძველ სიმაგრეს.
მაგრამ, როდესაც მიუახლოვდენ,
„ვაი“-ზე „უი“ მეტი დაერთოთ:
იქ ჯავშანიძე დაუხვდათ ჯარით
და ეს ნუგეშიც სრულად წაერთოთ.
დაჰყარეს იქვე მათი ფარ-ხმალი,
ვეღარ გაუძლეს ამდენს სიმწარეს,
ერთიც დასძახეს: „თავს ვუშველოთო!“
და მიაშურეს ჰალის-მდინარეს.
შეცვინდენ ხიდზე - ჩაუტყდათ ხიდი:
ჩაცვინდენ წყალში კისრა-კოსრითა,
ზოგი დაიხრჩო და ზოგს ნაპირზე
უწყალოდ ჰხოცდენ ხმლით და ისრითა.
მოისრა ჯარი... გადარჩა მხოლოდ
თვით სკლიაროსი მცირე მხედრობით
და გაეშურა ბაღდადისაკენ,
სასომიხდილი უბედურობით.

VI

გათავდა ომი.. კიდეც დაღამდა,
ბნელმა მოჰფინა ის არემარე;
შესწყდა კიჟინა და იმის ნაცვლად
კვნესა მოისმის აქა-იქ მწარე.
ზოგი წყალს ჰნატრობს სიკვდილის წინეთ,
ზოგი შველას და შემწეობასა,
ზოგი ბედს ჰყვედრის და ტანჯვით ამბობს,
რომ სიკვდილი სჯობს იმის ყოფასა. -
ისინი, ვინც რომ ერთ წუთის წინეთ
მხეცივით სისხლით ვერა სძღებოდენ,
ახლა, იმ კვნესას რომ ყურს უგდებდენ,
იმათი ცოდვით იდაგებოდენ.
უნდოდათ შველა, მაგრამ, სიბნელით
რომ ვერ ჰხედავენ აქ ვეღარაფერს,
ერთად არეულ-დარეულებში
ვეღარ არჩევდენ მოყვარეს და მტერს!
ბრძანა თორნიკემ: - „გაურჩეველად,
ქართველი იყოს, გინდა სპარსელი,
გინდა ბერძენი, გინდა სომეხი,
სულ ერთნაირად მოჰკიდეთ ხელი!
სიკვდილი ყველას ათანასწორებს:
თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს!..
ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ
დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს.
ნურვინ გაჰბედავს, დატყვევებულებს
რომ მიაყენოს შეურაცხყოფა!
ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს,
დასატანჯავად ისიც ეყოფა!“

ასე ისურვა და იმ სურვილზე
უარს ეტყოდა მხედრობა განა?
მხოლოდ უცდიდენ მთვარის ამოსვლას,
და, ჰა, მთვარემაც ამოატანა!
ამოჰყო თავი მაღალ მთის წვერით
და გადმოხედა ნაზად ბრძოლის ველს;
კაცის ქვეყნიურს ბნელსა საქმესა
მაღლით ციური აფენდა ნათელს.
გაანათა და გამოაჩინა
დასანახავი გულშესაზარი,
თითქოს უნდოდა ეჩვენებია
კაცისთვის ბოროტ-ნამოქმედარი.
სულ დაჭრილ-მკვდრებით მოფენილია
ხეობა, ღელე, ტყე და მინდორი!
ვისიც სიცოცხლე დილას ჰყვაოდა,
ახლა შეიქნა ლეში და მძორი.
აგერ დაჭრილი!.. აგერ ძევს მკვდარი!..
გაკვეთილია საბრალო ორად!
აგერაც ერთგან ათასზე მეტი
ზე დაჰჩეხიან ერთმანეთს ხორად!..
ამ ერთ ადგილსა რას მიუზიდავს
ამდენი სული? რა ანდამატით?
მხოლოდ იმითი, რომ ორბელიძე
აქა ძევს მკვდარი, ცუდად... ღალატით.
მისი სიკვდილით ცეცხლმოდებული
მტერს ქართველები ეჯახებოდენ,
ბევრს მიიძღვანდენ საიქიოსკენ
და თვითონაცა ზე აკვდებოდენ.
არვინ ელოდა აქ გადარჩენას:
ერთი ათს და ოცს ეჩხუბებოდა
და თუ ჯოჯიკი არ მოსწრებოდათ,
მაინც ვერავინ გადარჩებოდა.
მაგრამ ჯოჯიკმა იმათი სისხლი
ამოიგო და ჯავრი იყარა
და დაამწარა სკლიაროს ის, რაც
ერთხან ღალატით მან გაიხარა!
გადაჰკრა ლახტი აფრანიკს თავზედ,
დასცა სიმწარით გარეტებული,
შედგა ფეხებით, უგმირა შუბი
და სასიკვდილოდ გაუპო გული.
როგორც დაჭრილი ვეფხვი, ბაგრატიც
ისე მივარდა მას ბარდაველი,
მაგრამ ჯოჯიკმა მოასწრო თვალი
და წაუჭირა მას ყელში ხელი.
ამ დროს გულდაგულ წამოეპარა
მას უკანიდან ვიღაც სპარსელი,
მაგრამ ხელიდან გავარდა ხმალი
რომ დაინახა იქ გამრეკელი.
ამისმა მოსვლამ სრულად მიხადა
სკლიაროსის ჯარს ჯანი და ღონე,
რადგანც თან მოჰყვა სამი ათასი
მას მეომარი სულ თავ-მომწონე.
მაშინ ჯოჯიკმა და გამრეკელმა,
გასამაგრებლად მისცეს მხარი მხარს...
მაგრამ ამითი კი ორბელიძეს
ვეღარ უშველეს, მიტყუებით მკვდარს...
და, აჰა, ახლა, ამოდენ მკვდრებში
სულ ყველაზე ძირს ის გდია მკვდარი!
ზურგში ურჭვია მას მტრის მახვილი
და გულზე ადევს მისივე ფარი...
ცოტა შორს, განზე, შავი კლდის ძირში
უწვერულვაშო ეს ვინღა არი?
თავს დაჰხვიხვინებს, ტორს სცემს მერანი,
რომ გააღვიძოს მისი მხედარი...
მაგრამ ამ ნეტარ საუკუნო ძილს
აწ ვერ დაუფრთხობს ქვეყნად ვერღა რა!
დედის ცრემლების მან საპასუხოდ
აქ ბრძოლის ველზე სისხლი დაღვარა
და შეასრულა მით ღირსეულად
მამულისშვილის უკვდავი ვალი:
თავის სამშობლო ქვეყნის ხსოვნაში
სამარადისოდ დახუჭა თვალი...
ეგებ სხვა რამე გულდასაწვავი
სიკვდილის წინეთ აგონდებოდა
და სასიკვდილო შხამი გულის წყლულს
უფრო სახმილად ეკიდებოდა?
ვინ იცის, რა და რა საიდუმლო
მან საიქიოს თან წაიტანა?
შორს სადმე ქართლში დედამ გამოსცნოს,
ან გულის სატრფომ ეს გამოცანა...
აგერ ისრისგან მთლად დაცხრილული
გდია მოხუცი პირნათლად მკვდარი,
თითქოს სძინავსო და ეზმანება
მას შორეული ტკბილი სიზმარი...
აჰა, დაჭრილი მიფორთხებულა
ბევრის წვალებით დიდ ხისა ძირში,
სურს დაიყვიროს, მაგრამ საძრავი
ენა აღარ აქვს მომაკვდავს პირში.
აგერ სიდანღაც უცნაურის ხმით
გამოიძახის კვნესით დაჭრილი:
თავზე აწევან საბრალოს მკვდრები
და ემატება მითი ტკივილი.
ამდენ დაჭრილის კვნესით და ოხვრით
აღარსად არის აქ ყურთა სმენა:

სომხურ, ქართული, ბერძნულ, სპარსული
არეულია სხვადასხვა ენა.
გამწარებული გამოთქმის კილო
და დედა-აზრი ერთი აქვს ყველას;
სწყევლიან თავის ბედს და გაჩენას
და გასაჭირში ითხოვენ შველას;
მაგრამ ბევრს მათგანს ვეღარ უშველის
სიკვდილის მეტი ვეღარაფერი,
თუმც-კი მოყვრულად ეშველებიან
და აღარავის აღარ ჰყავს მტერი.
ასე გათავდა ეს დიდი ბრძოლა...
აჯანყებულთა ამოწყდა ჯარი,
მაგრამ მათ რიცხვში ხუთიათასი
გამოერია ქართველიც მკვდარი...

კარი მეოთხე

I

გამობრძანდა ქალაქს გარეთ
მეფე დავით ბედნიერი,
თანვე ახლავს ყოველის მხრით
წამოსული ქართლის ერი.
რიცხვი არ აქვს დარაზმულსა
ქვეითსა და ცხენოსან ჯარს...
შეჰხარიან ბატონ-მეფეს,
მორჩილებით უვლიან გარს.
გარეშემო მთა და ბარი
წვრილფეხობით მოფენილა,
თითქოს რაღაც დიდ წყალობას
ექადოდეს მათ ეს დილა.
ცალკე სერზე უთვალავი
გადმომდგარა დედა-წული,
სხვებზე მეტად დასტყობიათ
საზოგადო სიხარული.
წინ დგას მეფე და გვერდში ჰყავს
ბაგრატ, მისი შვილობილი,
კათალიკოს-მღვდელმთავრები
იქვე დგანან კმაყოფილი.
სათვალმაქცოდ არა ბრწყინავს
ერისა და ღვთის რჩეული:
თან არა აქვს მას გვირგვინი
და სამეფო სამკაული!
მაგრამ ისეც ვინ არ იცნობს,
რომ ის დიდი ცხებულია,
ვინც ერისგან გულის წმინდით
ნაკურთხი და ქებულია?
ყველა იცნობს მამა-შვილურ,
არც რიდი აქვსთ და არც შიში;
მიდიან და რჩევას ჰკითხვენ,
როგორც ლხინში, ისე ჭირში.
აი, ახლაც უთვალავი
ეს ერი სულ მას შეჰყურებს
და მოელის გულის ძგერით
ნახოს: მეფე რას აპირებს?

გაიხედეს შორს მინდვრისკენ
და რაღაცას მოჰკრეს თვალი:
ძირს შავად და მაღლა ღრუბლად
მათკენ იყო მომავალი.
ეს იყო, რომ ბრუნდებოდა
საბერძნეთით ქართლის ჯარი,
და ცხენების ფეხთა მტვერსა
აღმა ჰყრიდა ღრუბლად ქარი.
თავის ქვეყნის კიდევ ნახვამ
მხედრებს გული აუძგერა
და საგმირო, ჩვეულებრივ,
შემოსძახეს მათ სიმღერა:

„კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვევოდა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ნელდებოდა
და რაღაცა მანქანებით
გული ისევ მთელდებოდა.
ჰქონდა ჭირში მოთმინება,
არც ჰკვნესოდა, არც ოხვრიდა;
უსამართლო ძლიერებას
მონურად ქედს არ უხრიდა.
ბოლოს მაინც გამარჯობა
დარჩა!... ყველა გააოცა!...
და ის ღვაწლი მაგალითად
მიწის შვილთა მან გადმოსცა...
კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი,
არის მთელი საქართველო
და მტრები კი - ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
იმდენი ხნის გასაჭირი!“

მოახლოვდენ ამ სიმღერით,
დადგენ ცოტა მოშორებით;
დაქვეითდენ, წინ წამოდგენ
და დარაზმდენ აჩქარებით.
თაყვანი სცეს ერთად მეფეს,
ცალი მუხლი მოიყარეს:
სიმდაბლის და მორჩილების
ნიშნად, თავი მოიხარეს.
წადგა მეფე და შესძახა:
- „გამარჯვება მძლეველ ჯარსო!
ვაშა! ვაშა! იმათ ღვაწლს და
საუკუნო სახსოვარსო!
გამარჯობა ქართველ დედებს,
ჩვენს გამზრდელსა და მშობლებსო:
მათი ძუძუ გვავაჟკაცებს
და ზრდა სულით გვამაღლებსო!..“
ამ სიტყვებმა აიტაცა
ააღელვა მთელი ჯარი,
შესძახეს და მათის გრგვინვით
ირყეოდა მთა და ბარი:
- „გაუმარჯოს ქართველ დედებს!
ვაშა! ვაშა! მძლეველ ჯარსო!
დღეგრძელობა ბატონ-მეფეს,
ქვეყნის თვალსა და ჯავარსო!“

II

მაშინ წარსდგა ბატონის წინ
დიდი თორნიკ ერისთავი,
წინ დაუდვა ფეხთით დროშა
და მიართვა რაღაც ტყავი.
მოახსენა: - „აჰა, მეფევ!
„გრამატაა“ დედოფლისო,
მაგიერი სასყიდელი
ჩვენის სისხლის და ოფლისო.
ბასილი და კოსტანტინეც
ამოწმებენ ამ წერილსო
და უთმობენ ზემოქვეყნებს
თქვენს შვილსა და შვილისშვილსო.
მეც მიბოძეს მათ საკუთრად
საჩუქარი დიდძალიო:
სამკაული, ოქრო, ვერცხლი,
მარგალიტი და თვალიო.
მაგრამ, მეფევ, მე რად მინდა
ეს სიმდიდრე საწყალ ბერსო?
თქვენს დიდებულ ბატონობას
შემოვწირავ ყოვლიფერსო:
ნახევარი თქვენი იყოს,
ნახევარიც ქვრივ-ოხრებსო!
ამდენი ჯორკიდებული
ორივესთვის იკმარებსო!“
მეფემ უთხრა: - „გმადლობ! ვიცი,
ქვრივ-ობლები რომ გიყვარსო...
მათ ჰქონდეს და მე-კი ჩემთვის
არ ვიღებ არც ნახევარსო!
შენია და შენვე გქონდეს,
მოიხმარე, როგორც გსურსო;
რაღა ძღვენი ეჭირვება
შენს ღვაწლსა და სამსახურსო?“
მაგრამ თორნიკ უპასუხებს:
- „ნუ მამგუნებ, მეფევ, ძღვენსო:
ვერ მივიღებ მე სიმდიდრეს,
ვერ ვიქმ საქმეს ღვთის საწყენსო!
ჯვარია და სახარება
მხოლოდ ბერის სიმდიდრეო;
ეს სიმდიდრე ქვეყნის არის
და თქვენც მისი მემკვიდრეო!“
ვერ შეთანხმდენ, თუმც სარდალი
ცრემლით სთხოვდა მუხლმოყრილი,
და ლაშქარიც სარდლის თანხმად
მის წინ იდგა თავდახრილი.

III

ღრუბელზე მაღლა, ორბის საბუდარს,
არჩვებ-ჯიხვების მაღალ სამთავროს,
წმინდა მამებსა გამოუქვაბავსთ
კლდეში სახლები ოდესმე, ერთ დროს.
აღარა სჩანან დღეს ის მამები,
აწ აიაზმას ვერ გვასხურებენ,
და მაღლობიდან ის სადგურებიც
ჩვენს შავ ბედს შავად გადმოჰყურებენ...
ვერა ოთხფეხი, ვერა ფრინველი,
ვერ შედის, თუმც კი ღიაა კარი;
ვერც უწმინდური რამე ქვემძრომი:
იქ ბუდობს მხოლოდ წმინდა ფუტკარი;
და ისიც მისთვის, რომ ზეცის მუშა
ხატებს უმზადებს აქ წმინდა სანთლებს,
თორემ სხვა... გინდა კაციც შევიდეს,
რაღაცა შიში ააკანკალებს.
ამგვარად ჰფიქრობს დაბალი ხალხი,
ცრუ-მორწმუნობით არის შემცდარი,
მაგრამ ამ გულწრფელ მათ შეცდომაში
მაინც სიწმინდე და მადლი არი.

თორნიკეს დროსაც ამგვარ მღვიმეში
ცხოვრობდა ერთი მოხუცი ბერი,
ძაძით მოსილსა და ფეხშიშველსა,
წელზედ ეყარა თმები და წვერი.
ხშირად სოფელში ჩამოდიოდა,
არ ასვენებდა კაცთმოყვარება:
მუნჯად ვიდოდა, ხმას არვის სცემდა,
აღთქმული ჰქონდა მას მდუმარება.
მაგრამ შრომასა და შემწეობას
გაჭირვებულებს არ ამადლიდა:
უყვარდა გლეხი, ქვრივი, ობოლი,
მამაშვილურად ყველას უვლიდა.
თოხნაში, მკაში, სხვლაში და ხვნაში
ის მუშა იყო ყველაში სრული,
მისის მარჯვენის მადლს ჰფიცულობდა
ყოველი გლეხი, გაჭირვებული.
როცა სახადი, გადამდები რამ,
სადმე სოფელში მოედებოდა,
იმათ მომვლელად და საპატრონოდ
წმინდა მოხუციც იქ გაჩნდებოდა.
და სასყიდელი იმისი იყო
ხმელა პური და ზედ წმინდა წყალი;
არვის უნახავს ის მოწყენილი,
არც მხიარული და არც გამწყრალი.
ერთ გუნებაზე იდგა და იდგა...
ყველას უყვარდა, ყველა იცნობდა,
მაგრამ ის მაინც არვინ იცოდა,
თუ რას ჰფიქრობდა და ან რას გრძნობდა.
იცოდენ მხოლოდ, რომ ბერი იყო,
ცხოვრობდა კლდეში, სოფლიდან ახლოს,
და დიდი ხნიდან მათი მამებიც
მას ეძახოდენ „გაბრიელ-სალოსს“.
როდესაც მეფემ არ შეიწყნარა
თორნიკეს ძღვენი, თხოვნა, ვედრება
და გაკვირვებულ ამოდენ ჯარში
სიჩუმე იყო და მდუმარება,
ეს გაბრიელი წარსდგა იმათ წინ,
ამოიდგა რა პირველად ენა,
და გააკვირვა ყოველი სული,
როდესაც ბატონს ეს მოახსენა:
- „მეფევ! სიმდიდრე და ეს საუნჯე
არც შენ გეკუთვნის და არც თორნიკეს!
ეს ნახევარი სხვებისა არის...
სისხლის სანაცვლოდ იმათ მოიმკეს!
რისთვის ივიწყებთ იმათ, რომელთაც
მამულის სახელს თავი შესწირეს,
და გაითხარეს სამარე ისე,
რომ შორს მშობლებმაც ვერ დაიტირეს? 
რათ არ იგონებთ იმ წმინდა ადგილს,
სადაც თორნიკე იმყოფებოდა?
თუ არა იმის სასწაულს და მადლს,
ქრისტიანობა იღუპებოდა!...
მთაწმინდის იყოს ეს თქვენი ძღვენი,
იქ ააშენეთ მით მონასტრები,
რომ სუყოველდღე, წირვა-ლოცვის დროს,
იხსენებოდენ ქართველი მკვდრები.
აუგეთ ერთიც ახალი ლავრა
ყოვლად წმინდისა დედის სახელსა,
რომ მის წილხვედრი მცირე ივერი 
მსხვერპლს სწირავდეს მის მფარველს და მხსნელსა.
მეცნიერების და მწიგნობრობის
იქ აენთება ერთ დროს ლამპარი
და შვილიშვილთა სხივებს მიაფენს
იმათი მამა და წინაპარი!“

სთქვა და ისევე დადუმდა ბერი.
გაოცებული უმზერდენ მაშინ...
დასთანხმდა მეფე და ერმაც მასთან
ერთხმად შესძახა ხმამაღლა: „ამინ“!..
აღარვინ იყო საქართველოში
იმ დღიდან იმა ბერის მნახველი;
მხოლოდ ერთხელ-კი, როცა ქვეყანას
ჩამოსწოლოდა უკუნი ბნელი,
ორი მოხუცი ენახათ გზაზე
ხელყავარჯნებით შორს მიმავალი,
ათონისაკენ მიემართათ მათ
პირდაპირი გზა და სწორი კვალი.
ისე ვიდოდენ, ვით ბნელ ღამეში,
თითქო უძღოდათ რაღაც ნათელი...
ერთი მათგანი იყო თორნიკე
და მეორე კი ის გაბრიელი.

IV

ერთხელ ათონში ასტეხეს რეკა
და უჩვეულო იწყეს ღაღადი.
ასე ამბობდენ, რომ სასწაული
სუყველამ ერთად ვნახეთო ცხადი:
„მოსცურა ახლოს ღვთისმშობლის ხატმა
და დაიყენა თავს ნათელიო.
გამოსვენება გვინდოდა, მაგრამ
არ მოიკიდა ჩვენი ხელიო.
ყველა ვერ ჰხედავს: ღამით ნათელი
და დღისით რაღაც ნისლი ჰბურავსო;
ჩვენ როცა ნავით ვუახლოვდებით,
ის არ გვიკარებს, შორს მისცურავსო.
მისი სიწმინდის შეხების ღირსი
აღარ აღმოჩნდა არცა ერთიო.
სჩანს, ჩვენი ცოდვა დიდი ყოფილა
და გვირისხდება მაღლით ღმერთიო!“
ასე სტირიან წმინდა მამები,
მარხვას და ლოცვას იორკეცებენ;
აღთქმებსაც სდებენ საკანონოდა
და ღირსს მათსავე გუნდში ეძებენ.
მაგრამ არ იქნა, სანამდის ძილში
არ ნახა ერთმა ბერმა ჩვენება:
გამოეცხადა მას დედაღვთისა
და განუცხადა მაღალი ნება:
- „ამაოდ შფოთავთ, წმინდა მამებო,
არაფერი გაქვთ ღმერთთან ბრალიო,
არც ჩემთანა ხართ თქვენ დამნაშავე,
არა ვარ თქვენზე მე გამწყრალიო.
მაგრამ მე თქვენთვის აქ არ მოვსულვარ,
სხვა არის ჩემი წმინდა ნებაო,
და თქვენგანს არვის არ შეუძლია
ჩემი აქედან წასვენებაო.
ჩემ სადიდებლად რომ აუგიათ
ივერიელთა აქ ტაძარიო
და ყველასათვის შიგ შესასვლელად
მათ გაუღიათ მისი კარიო,
იქ სცხოვრობს ერთი მოხუცი ბერი,
ივერიელი გაბრიელიო,
და ნათლით მოსილს იმ ჩემ ძლიერ ხატს
იმან შეახოს მხოლოდ ხელიო,
რომ მიიტანოს და დაასვენოს
შესავალ კართან საკვირველიო,
და იმ დღიდანვე სასწაულმომქმედს
დაერქვას: „კარის ღვთისმშობელიო!“
გამხიარულდენ წმინდა მამები,
იწყეს შესხმითი გუნდად გალობა;
უვლიდენ ტაძრებს კელაპტრებითა,
გახშირდა საღმრთო ლიტანიობა;
წინ მიუძღოდა იმათ თორნიკე
და იოანე მცირე კრებითა,
და ივსებოდა იმათი გული
მომეტებულის ნეტარებითა.
მიიღეს ხატი და დაასვენეს
დანიშნულს ადგილს სიხარულითა
და ივსებოდა წმინდა ტაძარი
იმავე დღიდან სასწაულითა.
მაგრამ ყველაზე შესანიშნავი
იხილეს მაშინ ერთი ჩვენება,
რომლისაც მსგავსი ჯერ არც ენახათ
და არც ყოფილა სადმე ხსენება:
გამოიხატა ცაზე გვირგვინი,
ვარსკვლავებისგან გამოჭედილი,
დაადგა თავზე ივერთ მონასტერს
და გაანათა წმინდა ადგილი,
და ნათლის სხივებს აელვარებდა
დიდხანს, სანამდის არ დადგა დილა!..
შემდეგაც თურმე არა ერთგზისა
იმავე ადგილს გამოჭედილა.
დღეს ის ნიშანი კი აღარა სჩანს:
დიდი ხანია, რაც რომ გამქრალა...
უეჭველია, ჩვენს გულგრილობას
გარისხებია!.. ჩვენზე გამწყრალა!..
მაგრამ სულმნათსა საქართველოსას,
ღვთისმშობლობა დღეს, ერთი სიზმარი
ენახა: ქვეყნად ჩამოსულიყვნენ
ნინო, ქეთევან და თვით თამარი.
თამარს თავს ედგა ძლევის გვირგვინი
და ქეთევანსა - წმინდა მოწმობის,
ნინოს ხელთ ეპყრა ჯვარი ვაზისა,
ნიშანი დიდი ქრისტიანობის.
ზეცად აეპყრათ სამთავეს თვალნი,
საქართველოსკენ აშვერდენ ხელსა
და შეერთებით, ხმაშეწყობილად,
ჰგალობდენ ტკბილსა საგალობელსა:
- „დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია
ეს საქართველო დიდჭირნახული,
შეუნდევ ცოდვა!.. ნუ ააღებ ხელს,
ლმობიერებით იბრუნე გული!..
მოეც კურთხევა ზეცით, მაღალო,
და გადმოსახე ძლიერად ჯვარი,
რომ აღადგინო ქართველთა ერი,
დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი!
მისსა მხნეობას, მისსა ზნეობას
განუმტკიცებდე აღმაფრენასა
და შენს საქებრად, სადიდებელად
ნუ დაავიწყებ იმ ტკბილ ენასა,
რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა,
ქეთევან მარად შენ გადიდებდა
და ნინო ძისა შენისა მცნებას
შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!..“

რომ გაათავეს თურმე ეს ლოცვა,
ზეცას შეჰხედეს სამთავემ ნელა
და დაინახეს, რომ ძველ ადგილზე
გამოესახათ მათ ცისარტყელა...

1884 წ.

რედაქტორის შენიშვნები

თორნიკე ერისთავი

„თორნიკე ერისთავი“ იბეჭდება იმ ხელთნაწერის მიხედვით, რომელიც საცენზურო კომიტეტში ყოფილა წარდგენილი 1884 წელს; ამ პოემის სრული ტექსტი მხოლოდ ეხლა აღმოჩნდა 1940 წელს, 16 მარტს - სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტალურ ბიბლიოთეკაში. (მიგვითითა ბიბლიოთეკის დირექტორმა პანტელეიმონ ახალაძემ, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ).

პოემა გადაწერილია არა აკაკის ხელით. შესაძლოა ეს იყოს პოეტ ცახელის ხელი. ახალგაზდა პოეტი დიდ პატივსა სცემდა თავის მასწავლებელს და, თედო სახოკიას თქმით, ხშირად ნაწერების გადაწერაშიაც შველოდა. ჩვენ ეს ხელთნაწერი შევუდარეთ ცახელის ხელს და მათშორის მართლაც არის მზგავსება. ყოველ შემთხვევაში, ეს ახლად ნაპოვნი ხელთნაწერი აკაკის ხელს არ ჩამოჰგავს. ძველად ცენზურაში წარსადგენ ნაწარმოებს ორ ეგზემპლიარად სწერდნენ და ავტორის გადანაწერი იშვიათად მიდიოდა ხოლმე საცენზურო კომიტეტში.

პოემა გადაწერილია რვეულად შეკრულ თაბხიან ქაღალდის ორივე კაბადონზე. სულ 131 გვერდია. ზომით 31 X 17 სანტ. ყდა არა აქვს.

პოემის სატიტულო ფურცელზე 1884 წლის 31 მარტის თარიღით, წარწერილია:

«По журналу Кавказского цензурного комитета 31 марта 1884 года определено: напечатание разрешить с исключением зачеркнутых на второй странице мест.

Председатель: Каятмазов
Член комитета: A». (გაურკვეველია). 

ცენზორს მართლაც ამოუღია შესავლის 12 სტრიქონი, რომელსაც წითელი მელნით ჯვარედინი ხაზი აქვს გადავლებული.

აი, ეს შესავალიც მთლიანად (აკრძალულს ხაზი ჩვენ გავუსვით):

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა?
და ან ცაზედ ვარსკვლავები?
ვინ შეამკოს ღირსეულად
ქართველ-გმირთა მხარ-მკლავები?
ვინ მოგვითხრას მათი საქმე
უთვალავი, საგმირონი,
და ან მათზედ გადმოსული
მადლი ღვთისა და მირონი?
ნაშთი ძველი დიდებისა
არ გამქრალა ჯერაც ყველა;
დღესაც მისის შარავანდით
ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა.
შვიდ სამთავროს მოგვაგონებს
მოელვარე ის შვიდფერი
და გვამღერებს: „არ მომკვდარა!
გაიღვიძებს ისევ ერი!“
ამ იმედით ფრთა შესხმული,
ჩვენი გული სიამით სძგერს
და ოცნებაც ლაჟვარდ ფერად
წარმოგვიდგენს ქართლისა ერს,
წარსულ-ნერგზედ ახალ ნამყნის
ველოდებით შეხორცებას!
მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს
და ვეძლევით აღტაცებას“.

ეს ხაზგასმული სიტყვები ამოგდებულია ხელთნაწერიდან და ასე უსრულად დაიბეჭდა 1884 წლის გამოცემაში. ხოლო როცა აკაკიმ ესევე პოემა 1898 წელს თავის „კრებულში“ გადაბეჭდა, აკრძალულ 12 სტრიქონიდან მხოლოდ პირველი ოთხი სტრიქონი შეაპარა ცენზორს. („შვიდ სამთავროს მოგვაგონებს“ და სხვ.) დანარჩენი 8 სტრიქონის დაბეჭდვა ვეღარ მოახერხა. ეს ორი ხანა პირველად ჩვენს გამოცემაში იბეჭდება.

გარდა ამისა ამ ახლად აღმოჩენილ პოემაში არის ოთხი ვრცელი ადგილი, რომელიც დღემდე არც ერთ გამოცემაში არ არის დაბეჭდილი, თუმცა ცენზორს იგი არ წაუშლია. ეს ალბად ასოთამწყობის დაუდევრობით მოხდა და ეს ვეებერთელა კორექტურული შეცდომები ასე დამახინჯებულად გადადიოდა ერთი გამოცემიდან მეორე გამოცემაში...

აი, რა იყო გამოკლებული და რა ემატება ჩვენს გამოცემაში დღევანდლამდე ყველა გამოცემასთან შედარებით:

იქ სადაც იწყება:

ვგონებ, რომ ვეღარ გაგვიმაგრდნენ ხვალ
ამ გაშლილ ველზე დაღალულები“.

(იხ. წინამდებარე გამოც. გვ. 55).

ამას მისდევს 8, დღემდე უცნობი, სტრიქონი:

„თუმც შეგვიძლიან თავზედ დავესხათ
ახლაც; ეს ჩვენთვის სულ ადვილია,
მაგრამ რადგანაც არ მოელიან
ეს ღალატსა ჰგავს და სირცხვილია.
გვიჯობს მივადგეთ გამოცხადებით
ისე როგორც რომ ვაჟკაცთ წესია!
და უკუღმართათ ნუ მოვმკით იმას
რაც ძველებს წაღმა დაუთესია!“

ცოტა ქვევით, სადაც იუწყება:

ჯოჯიკი არის მათი უფროსი
გაჭირვების დროს მოსაშველებლად, - (გვ. 56).

ამას მისდევს 12 სტრიქონი, რომელიც აგრეთვე პირველად იბეჭდება ჩვენს გამოცემაში:

„როდესაც ატყდეს პირველად ომი
და გაიმართოს ისრითი ბრძოლა,
გაიფანტენით, თორემ ძნელია
შეჯგუფებულად მტრებზედ მიწოლა.
და შემდეგში კი, ხელჩართულ ომში,
შეერთებულად უნდა იბრძოლოთ.
მხოლოდ გუნდ-გუნდათ დაჰყავით ჯარი
რომ ერთმანეთსა გამოუნაცვლოთ.
ძველი საფრისა და მდინარისკენ
ნუ დაუდგებით, გზები დაუგდეთ
და სხვაგან კი მათ ყოველი კუთხით
უნდა დაუხვდეთ და გაუმაგრდეთ!“ 

არ არის აგრეთვე არც ერთ გამოცემაში ეს ქვემორე მოყვანილი 26 სტრიქონი. გამომცემლების უყურადღებობას უნდა მიეწეროს ამ ნაკვთში პარალელი რითმის ობლად დატოვება: „ვეღარ უშველეს მიტყუებით მკვდარს“. ამ სტრიქონს რითმა არა აქვს. ახლად ნაპოვნ დედნის მიხედვით კი ამ ადგილას: სადაც იწყება „და თვითონაცა ზე აკვდებოდნენ“ (გვ. 66) მისდევს ეს 26, დღევანდლამდე უცნობი სტრიქონი - მთელი ეპიზოდი ქართველი სარდლების მამაცობისა:

„არვინ ელოდა აქ გადარჩენას:
ერთი ათს და ოცს ეჩხუბებოდა
და თუ ჯოჯიკი არ მოსწრებოდათ,
მაინც ვერავინ გადარჩებოდა.
მაგრამ ჯოჯიკმა იმათი სისხლი
ამოიგო და ჯავრი იყარა
და დაამწარა სკლიაროს ის, რაც
ერთხელ ღალატით მან გაიხარა!
გადაჰკრა ლახტი აფრანიკს თავზედ,
დასცა სიმწარით გარეტებული,
შედგა ფეხებით, უგმირა შუბი
და სასიკვდილოთ გაუპო გული.
როგორც დაჭრილი ვეფხვი, ბაგრატიც
ისე მივარდა მას ბარდაველი,
მაგრამ ჯოჯიკმა მოასწრო თვალი
და წაუჭირა მას ყელში ხელი.
ამ დროს გულდაგულ წამოეპარა
მას უკანიდან ვიღაც სპარსელი,
მაგარმ ხელიდან გავარდა ხმალი,
რომ დაინახა იქ გამრეკელი.
ამისმა მოსვლამ სრულად მიხადა
სკლიაროსის ჯარს ჯანი და ღონე,
რადგანც თან მოჰყვა სამი ათასი
მას მეომარი სულ თავ-მომწონე.
მაშინ ჯოგიკმა და გამრეკელმა,
გასამაგრებლად მისცეს მხარი მხარს...“

აი აქ ერითმება ის ორი სტრიქონი, რომელიც დაბეჭდილში გაურითმავად იყო დარჩენილი:

მაგრამ ამითი კი ორბელიძეს
ვეღარ უშველეს, მოტყუებით მკვდარს.

გარდა ამისა ძველი ტექსტით არ ჩანდა. რა დაემართა აფრანიკს. წინამდებარე გამოცემაში კი აფრანიკი მოუკლავს ჯოჯიკს („გადაჰკრა ლახტი აფრანიკს თავზედ და სასიკვდილოდ გაუპო გული“).

მეოთხე კარის მესამე თავში ჩვენი გამოცემით ემატება ეს ერთი ხანაც. იქ სადაც სწერია: „რაღაცა შიში ააკანკალებს“ (გვ. 71), ამას მისდევს ეს უცნობი სტრიქონები:

„ამ გვარად ჰფიქრობს დაბალი ხალხი,
ცრუ-მორწმუნობით არის შემცდარი
მაგრამ ამ გულწრფელ მათ შეცდომაში
მაინც სიწმინდე და მადლი არი“.

არის აგრეთვე სიტყვათა სხვაობა:

იყო:

განა გონებით გადასწყვეტს?
…………………. (გვ. 26, 1926 წ. გამოც.).

გულის თქმის წყურვილისაო.
………………….(გვ. 28, 1926 წ. გამოც.).
გულმა იწყო ფოლადობა.
…………………. (გვ. 31, 1926 წ. გამოც.).
და აჰა, აქა ამოდენ მკვდრებში.
…………………. (გვ. 64, 1936 წ. გამოც.).

გასწორდა:

განაგონებით გადასწყვეტს
…………………. (გვ.32, ჩვენი გამოც.).
გულის თქმის, ურვილისაო.
…………………. (გვ. 34, ჩვენი გამოც.).
გულმა იგრძნო ფოლადობა.
…………………. (გვ. 36, ჩვენი გამოც.).
და აჰა, ახლა ამოდენ მკვდრებში.
…………………. (გვ. 66, ჩვენი გამოც.). 

გარდა ამისა არის ზოგიერთი სტრიქონის ვარიანტი. მაგალითად ავტორს პირველად ჰქონია:

„ზურგში ურჭვია სომხის მახვილი
და გულზედ ადევს ქართველის ფარი“.

ამ დედანში აკაკის წაუშლია სიტყვა „სომეხი“, „ქართველი“ და ფანქრით ასე გაუსწორებია:

„ზურგში ურჭვია მას მტრის მახვილი
და გულზე ადევს მისივე ფარი...“
………………….………………….და სხვ.

ასე და ამგვარად ეს ისტორიული პოემა ჩვენს გამოცემაში სრულიად ახალი რედაქციით არის დაბეჭდილი. აქ აღდგენილია ის ხუთი მნიშვნელოვანი ნაკვთი (58 სტრიქონი), რომელიც დღემდე არსად არ ყოფილა დაბეჭდილი.

***

თორნიკე ერისთავი პირველად გამოვიდა ცალკე წიგნად 1884 წ. გამოსცა „ნობათი“-ს რედაქციამ. მეორედ - გადაიბეჭდა აკაკის ჟურნალ „კრებულში“, 1898 წ. №6. მესამედ - ცალკე წიგნად გამოვიდა 1908 წელს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგ. გამოცემა - აკაკის საიუბილეოდ. მეოთხედ - საქ. საისტ. და საეთნ. საზოგადოების გამოცემით გამოვიდა 1919 წელს, ქუთაისში. მეხუთედ - შევიდა აკაკის ოთხტომეულში, რომელიც სახელგამმა ს. გორგაძის და ა. აბაშელის რედაქციით გამოსცა 1926 წელს (ტ. II, გვ. 19). ამავე წელს (1926 წ.) გამოვიდა ცალკე წიგნადაც სერიაში: „სახელგამის სახალხო ბიბლიოთეკა“.

გარდა ამისა ეს პოემა რედაქტორის კომენტარიებით ყოველ წლივ იბეჭდებოდა ივ. გომელაურის სახელმძღვანელოში: ,,ქართველი მწერლები“ და სერგო გორგაძის ქრესტომატიებში: „ჩვენი ახალი მწერლობა" 1919 წ. გვ. 76; „ჩვენი ხალხური პოეზია“, 1921 წ. გვ. 218 და სხვ.

„თორნიკე ერისთავი“ შევიდა აგრეთვე აკაკის ერთ ტომეულში, სახელგამი, 1935 წ. გვ. 161; და აკაკის „რჩეულ ლექსებსა და პოემებში“, რომელიც სახელგამმა 1937 წელს გამოსცა „სასკოლო ბიბლიოთეკის“ სერიაში.

ესევე პოემა აკაკის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა ცალკე წიგნად კ. ჭანტურიშვილის რედაქციით (საბლიტგამი, 1940 წ.). დაიბეჭდა აგრედვე აკაკის იმ ტომში, რომელსაც რედაქტორობს შ. დადიანი, ა. მაშაშვილი, გ. ქიქოძე (ფედერაცია, 1940 წ.).

„თორნიკე ერისთავი“ რუსულად სთარგმნა პოეტმა სერგეი სპასკიმ. ესევე პოემა სთარგმნა რუსულად პოეტმა კონსტანტინე ბოგდანოვსკიმ.

„თორნიკე ერისთავი“ სცენაზედაც იდგმებოდა ცოცხალ სურათად (იხ. ი. გრიშაშვილის საღამოს პროგრამა. ქუთაისი, 1915 წ. 5 მარტი. დასდგა რეჟისორმა კონსტან-ანდრონიმ. (კოწო ანდრონიკაშვილმა).

არის ცნობები რომ ივ. მაჩაბელი დიდათ აფასებდა ამ შესანიშნავ ისტორიულ პოემას. ალექსანდრე დიასამიძის გადმოცემით პირველი საჩუქარი, რომელიც მიიღო ტასო მაჩაბლისამ (ბაგრატიონ დავითაშვილის ასულმა) თავისი დანიშნულ ივანე მაჩაბლისაგან, იყო აკაკის „თორნიკე ერისთავი“.

1.3 ანდრია პირველწოდებული

▲back to top


ისტორიული პოემა

I

შვიდ თავას და შვიდ ხელას
ქართლის გამომსახველად
ბოჩო-კერპს აღმერთებდენ
ჩვენი მამები ძველად.

ჰქონდათ შიში და რიდი
ქანდაკის ძლიერების
და სიტყვებიც სჯეროდათ
მისის ქურუმ-ბერების.

როცა ქურუმი ვისმეს
დასდებდა რამე ბრალებს,
მაშინ ბოჩოც მრისხანედ
უყვრიალებდა თვალებს;

ხან მუცლით იძახოდა,
ხან დააქნევდა თავსა;
და თრთოლაში მოჰყავდა
ხალხი ამ სანახავსა.

მსხვერპლი მსხვერპლზედ მიჰქონდათ,
გულით ევედრებოდენ!..
ბოჩო ბოჩოთ რჩებოდა...
ქურუმნი მსუქდებოდენ.

მრავალმა საუკუნემ
განვლო შეურყეველად,
არვის ბოჩოს ღმერთობა
არ ჰქონდა საეჭველად.

სანამ არმაზ-ძლიერი,
სპარსეთით გადმოსული,
არ შეეტაკა ბოჩოს
უზომოთ გულ-მოსული.

მისის თანა-ღმერთებით
მოედო საქართველოს;
მაღალ მთებზედ აგებდენ
ბომონებს სამლოცველოს!

ერთი სამცხის გორაზეც
იყო ამაღლებული
და მისი ქურუმებიც
თვალთ-მაქცობით ქებული.

ამბობდენ, რომ „მათ სადგურს
გარედან კი ვხედავთო,
მაგრამ შიგ ფეხის შედგმას
შიშით ვერა ვბედავთო,

რადგანაც ავსილია
მადლითა და ძალითო
და ჩვენ იმ საიდუმლოს
ვერ ვიხილავთ თვალითო;

მხოლოდ გვესმის შიგნიდან
რაღაც ხმაურობაო,
თითქოს ღმერთებს ყოველ ღამ
აქვსთ საღმრთო სტუმრობაო.“

მართალს ამბობდა ერი,
ესმოდათ ღამით ხმები,
მაგრამ ღმერთების ნაცვლად
ილხენდენ ქურუმები!..

ერთხელ ჩვეულებრივად
სუფრა იყო გაშლილი;
გარს უსხდენ ქურუმები
სანოვაგით ავსილი.

რაც იმ დღეს კერპებისთვის
შეეწირა ერს მსხვერპლად,
რიგ-რიგისათ დაეწყოთ
ის სუფრაზედ უკლებლად.

სჭამდენ შეექცეოდენ
ერთად გულ-მადიანად;
ზედ ღვინოს აყოლებდენ
იმღერდენ ტკბილ-ხმიანად.

ერთმა მთავარ-ქურუმმა
კათხას მოავლო ხელი
და უთხრა მერიქიფეს:
„მოიტა ძველის ძველი

და პირამდე ამივსე
ჩემი კათხა რჩეული!..
ვინც რომ არ გამოსცალოს,
იყოს წვერებწყეული.

მჭვირვალი ლალის წვენი
სულ-ხორცივით ტკბილია!..
სიმართლეც ამაშია...
სხვა სუყველა ტყვილია!..

შენთანა ვარ ზარფუშო!
ნეტავ რათ მოგწყენია?
სანამ ქვეყანა ბრმაა,
ეს სოფელიც ჩვენია!

შესვი, გამხიარულდი,
არ გადაჰყვე ოცნებას
და მით არ უღალატო
ქურუმთა მაღალ მცნებას!“

ზარფუშ ერქვა ერთს მათგანს
მემანქანეს კერპების;
ის იყო სიქადული
და სიმტკიცე იმ კრების.

სამანქანო მის ქცევას
ვერ ასწრებდა ვერვინ თვალს;
უჩინრად მოქმედობდა
არ სტოვებდა გზა და კვალს.

ქურუმთა უხუცესის
იყო მარჯვენა ხელი
მისი მესაიდუმლე,
მისი თანამზრახველი

და ამან სთქვა პასუხად:
„ქურუმთა უხუცესო,
კანონია ის ჩვენთვის,
რაც უნდა დაგვიწესო!

რაც ბრძანეთ, ყველამ ვიცით,
არის ჩვენი ხელობა,
მაგრამ გვმართებს ხანდახან
წინა გამჭვრეტელობა.

ვაი თუ ჩვენს დიდებას
ერთხელ ბოლო მოეღოს
და რაც დღემდი კმაროდა,
ერს აწ ის აღარ ეყოს.

მართალია ბოჩოზედ
მან გული აიყარა,
მაგრამ გულ-მხურვალებით
ვერც არმაზს შეეყარა.

ასე ამბობს: „რომ ბოჩო
არ გამოდგა ღმერთიო!..
ეგებ მეორეც სტყუა,
თუ სტყუოდა ერთიო!..“

ეჭვი ერს გვიორგულებს;
შემცირდა სამსახური,
რაკი ჩვენს სასწაულებს
შეაჩვიეს თვალ-ყური.

დრო არის გამოვსცვალოთ
ჩვენის ხერხის საგანი
და უჩვენოთ ერს რამე
უჩვეულო მანქანი!“

ააშფოთა ამ სიტყვამ
მაშინ მთელი კრებული
და ერთმანეთს უმზერდენ
ცუდათ ჩაფიქრებული.

მხოლოდ მთავარ-ქურუმი
არ იმჩნევდა ამ სიტყვებს;
აგდებულის ღიმილით
უყურებდა განზედ სხვებს.

მოძმების რეგვენობა,
თითქოს ერცხვინებოდა,
თანაც მათ სიფრთხილეზე
გულით ეცინებოდა.

მერე სთქვა: „თქვენი ბრალი!
რა ცოტაზედ სწუხართო,
ისევ გამხიარულდით,
მოწყენილი ნუ ხართო!

ულოდნელმა სიტყვებმა,
როგორ დაგაღონათო?
მაგას მე არ ვფიქრობდი,
განა თქვენ გეგონათო?

მაგრამ ადვილი არის
მაგის გასწორებაო
და მაგისთვის მანქანი
სულ არ მეჭირვებაო.

თვალი არის ამ სოფლად
კაცის მოქმედებაო:
ზედი-ზედ რასაც ნახავს,
ყველა მოსწყინდებაო.

ნახული აქვს სუყველას
ჩვენი სასწაულიო
და რაღას გაიკვირვებს
ერთხელვე ჩვეულიო?

მაგრამ მე სულსხვაგვარად
დავიმონებ ერსაო,
დაუდებ გამოცანას
მის ჭკუის საფერსაო.

გაზდილი მყავს, თქვენც იცით
საოცარი გველიო.
არვინ არის გარეშე
იმისი მნახველიო.

შემოვახვევ სამსხვერპლოს
ცხოველთ მყლაპავ ბუასო
და ურჩს ჩვენის ნებისას
ის ასწავლის ჭკუასო.

მის უცნაურ გაჩენას
ღმერთებს დავაბრალებო
შვილებს მსხვერპლად მოვითხოვ,
მშობლებს გავამწარებო.

და როცა სინანულში
ჩავარდება ერიო,
მხოლოდ მაშინ გაქრება
გველიც მათი მტერიო“.

ეს სიტყვები მალამოთ
გულში მოხვდათ ცბიერებს,
შვებით აცმაცურებდენ
ულვაშებსა და წვერებს.

მადლს და ქებას უძღვნიდენ
მოხერხებულ უფროს ძმას
და ეძლეოდენ ისევ
უზომო ჭამას და სმას.

II

ახალგაზდა მზეჭაბუკი
შვენებაა ამ სოფლისა;
უფლის წული, დედის ერთა
ჩვენი სამცხის დედოფლისა.

დედის ძუძუთ გაზრდილია;
ნანატრივით ბედნიერი!..
თავს ევლება დედოფალი
და შეხარის მთელი ერი.

მათ სამთავროს სვე და ბედი
იმის კალთა-უბეშია!
დიდისა და პატარასთვის
თანასწორი ნუგეშია!..

ყველა უყვარს!.. ყველას უყვარს,
საზოგადო მოსიამე,
ლხინი არის სასახლეში
გაუსხლეტლათ დღე და ღამე.

მაგრამ დღეს კი უჩვეულო
სხვა რაღაცა ამბავია:
აღარც როკვა, არც ღრეობა,
აღარც ტკბილ-ხმა საკრავია.

იმათ ნაცვლად გამოისმის
გოდება და მოთქმა ზარი!
ოდას მეხი დასცემია,
დამქცევი და შემაზარი.

სასახლის წინ დედაწულით
მოუყრია თავი ერსა;
ჩამოწყვეტილ გულ-საკინძით
იგლეჯს თმას და ულვაშ-წვერსა.

გლოვის ნიშნად გულ-საზაროთ
აძახებენ საყვირ-ბუკსა
და ტირილით უკივიან,
უძახიან მზეჭაბუკსა.

მაგრამ მათი ეს გოდება
აღარ ესმის უფლის წულსა
უძრავად და უსულდგმულოდ,
შავ კუბოში ჩადებულსა.

თავს ადგია დედა მისი
გულ-ღია და თმა გაშლილი;
ჯერ კიდევ არ ემეტება
სასიკვდილოდ მისი შვილი.

ხან ეხვევა, ხან აკოცებს,
სათუთ სიტყვებს ეუბნება,
თითქოს უნდა ხელ-მეორედ
მისი სულის ჩაბრუნება.

ეუბნება: „შვილო! შვილო!
ნუ ეძლევი ხანგრძლივ ძილსო!
შენებურათ გაუცინე
დედას შენზედ დაღრეჯილსო!

შენს ერთგულებს ხმა გაეცი,
უალერსე ჩვეულადო!..
გმართებს მათი მასპინძლობა?..
თავს გადგიან წვეულადო!..

მზეჭაბუკის გახარებამ
არ შეგშვენის ეგ ყოფაო!
რაც იხუმრე, კმარა, შვილო,
დედას ისიც ეყოფაო!“

ნაღვლიანი დედის სიტყვა
გულსაკლავად ესმის კრებულს,
მაგრამ რა ქნან, ვერ შველიან
ჭირისუფალს გამწარებულს.

მაშინ წარსდგა დედოფლის წინ
ქვრივი ვინმე კადნიერი
და უამბო ისეთი რამ,
რომ გაკვირდა მთელი ერი:

„დედოფალო! ჩემს სახლში სდგას
ერთი ვინმე უცხო ტომი,
კაცის შვილის მოყვარული,
ყველასათვის კარგის მდომი.

ღმერთად ამბობს ვიღაც ქრისტეს.
აღიარებს მხოლოდ ერთსა
და იმის მეტს სულ არად ხდის
ქვეყნიერად არც ერთ ღმერთსა.

თანვე დააქვს ფიცარი რამ
ქალია ზედ დახატული.
თვით ყოფილა მისი შვილი
მოწაფე და მოციქული.

ამბობს: „მის ღმერთს ვინც იწამებს,
მაღლით ნათელს მიაფენსო;
საუკუნო უკვდავებას
მისცემს, მკვდრეთით აღადგენსო;

გაცოცხლება მკვდრების ეგებ
მოწაფემაც კი იცოდეს.
მიბრძანეთ და მე მოვიყვან,
თუ გსურსთ, რომ ის აქ მოვიდეს.“

კაცის თავზედ თუ ტრიალებს
უკუღმართი ბედის წერა,
გინდ საეჭვოც რამე უთხრან,
სანუგეშოდ მაინც სჯერა.

ქვრივის სიტყვა იმ კრებაში
არავინ არ დაიჯერა,
მაგრამ დედას კი იმედმა
გული ტკბილათ აუძგერა,

და მკურნალის მოსაყვანად
მოციქულებს ატანს თან ქვრივს,
აბარებს რა მასთან სიტყვებს
შესაბრალსა და დედობრივს.

III

სდგას დედოფალი სარკმელთან მუნჯად
და სულს უგუბებს მას ჭმუნვის ალი,
რეტ-დასხმულივით გამოშტერებულს,
გზისკენ უჭირავს მღელვარეს თვალი.

დარბაისლებიც, მის შემხედავი,
თანმგრნობის ნიშნად სდგანან მდუმარე
და მოხუც დედებს, გულ-ლმობიერებს
ცრემლები სცვივათ ღვარად მდუღარე.

კეკლუც-ქალებიც მკურნალს უცდიან,
თუმც არ ელიან მის სასწაულებს,
და მარტო მხოლოდ უცხო ტომობა,
ცნობის მოყვარეთ უღელავს გულებს.

გარედამ რაღაც უჩვეულო ხმის
ხრიალი ისმის, იღება კარი
და ულოდნელად მისის დამქაშით
სახლში შემოდის ქურუმთ-მთავარი;

ოქროქსოვილით ტან-შებურვილი
ეჟვნებს სხვადასხვა ხმით აჟღრიალებს
და უეცრობით შემკრთალსა კრებულს
ის უბრიალებს მრისხანედ თვალებს.

ამბობს: „უგნურნო და უმეცარნო!
როგორ ივიწყებთ დიდებულ ღმერთებს?
განა არ იცით, რომ მათი რისხვა,
მაგ კერძო სასჯელს თქვენც გაგიერთებს?

ჩვენს მარხვა-ლოცვას უნდა მადლობდეთ,
რომ გიგზავნიან მხოლოდ იმ ერთ გველს
და არა მრავალს, რომ შემოარტყან,
თქვენს ჩასანთქელად ირგვლივ მთელ სოფელს.

როგორ გაივლეთ ან გუნებაში,
რომ ჩვენს ღმერთებზედ აიღოთ ხელი
და მათ სანაცვლოდ ღმერთად იწამოთ,
ტანჯული, ვიღაც ნაზარეველი?

თვით სხვებისგან მკვდარს და მის მოწაფეს
სხვისი საშველი ვინ მისცათ ძალა?
აბა მოვიდეს და გამოცხადდეს
ვიღაცა არის ის მაწანწალა!..“

თითქოს უსულოდ რაღაცა ძალამ
ამ დროს კარები შემოანგრია
და გამოცხადდა საყოველთაოდ
იქ მოციქული წმინდა ანდრია.

ღარიბ სამოსლით მგზავრად ჩაცმული,
არ ბრწყინავს ძვირფას სამკაულებით:
ხელში უპყრია ხატი ღვთის-მშობლის,
თავ-ქუდ მოხდილსა, ფეხზედ ქალმებით.

მშვენიერისა სახის სიმშვიდე,
ციურის ძალის გამომეტყველი
და მის თვალების სიბრძნისა სიღრმე,
სარწმუნებელი და უეჭველი.

მჭვრეტელს ხიბლავენ უნებლიეთად
უცნაურისა რაღაც ძალითა
და სოფლის ღელვით, ურვილსა სულსა
ანუგეშებენ მომავალითა.

შეკრთა ქურუმი და ახალ მოსულს
ვერ გაუმართა კრებულმა თვალი;
გაკვირდა ერი და იმავე დროს
მის წინ დაემხო თვით დედოფალი.

და შეევედრა: „გეტყობა რომ ხარ
ამ ქვეყნიურად დიდი მკურნალი
და გამიცოცხლე ეს მკვდარი! მაზე
გამოიჩინე ეგ შენი ძალი.

და სასყიდელსა რასაც კი მომთხოვ,
შესაძლებელსა ამა სოფლიურს, -
მეც აგისრულებ სიამოვნებით,
ამაზედ სიტყვას გაძლევ დედოფლურს!“

„საბრალო დედავ! - სთქვა მოციქულმა -
მე, ჩემდა თავად, არა მაქვს ძალი
და ქვეყნიერად იმას ვასრულებ,
რასაც მიბრძანებს მაღლით უფალი. 

ის რომელმაც სთქვა: „თუ უეჭველი
კაცსა გულში აქვს სასოებაო,
მაშინ იმისის სიტყვა-სურვილით
მაღალი მთებიც აიძრებაო!“.

აი ეს არის იმისი დედა
წმინდა მარიამ ქალწულ-მშობელი
და ვინც იწამებს იმის ძეს ღმერთად,
მისი ძლიერი შუამდგომელი“.

გადიხარხარა ქურუმ-მთავარმა
და დაიძახა: „თქვენი მკურნალი,
როგორც ეტყობა ლაპარაკიდან,
ან გიჟი არის და ანუ მთვრალი:

თორემ ამ სიტყვებს განა იტყოდა
ადამიანი გონება მრთელი?
ყურს როგორ უგდებთ? არ გეკადრებათ!..
გააგდეთ კარში ვიღაც სულელი!..

ვსთქვათ, რომ დედოფალს უბედურებამ
ნაღვლით და შხამით მოურწყო ვნება
და შეურყია მცირე რამ ხნობით
საქვემდებაროს ჭკუა-გონება,

მაგრამ თქვენ მაინც დარბაისლებო,
როგორ იწამეთ გლახის სიტყვები
და საორგულო ჩვენის ღმერთების
ასმინეთ ყურთა საზარი ხმები,

მისი ვინც ასე შეუპოვრობით
არაფრად აგდებს ჩვენს ძლიერ ღმერთებს
და მათ სანაცვლოდ გვპირდება იმ ღმერთს
რომელიც ვითომც, მთებს ათამაშებს.

ხა! ხა! ხა! ხა! ხა!.. თუ სხვებს აცოცხლებს,
თვითონ რად მოკვდა სხვისგან ტანჯული?
და ან ღარიბად ასე რად დადის
მისი მოწაფე და მოციქული?“

სთქვა მოციქულმა: „ვინცა შენსავით
გადაყოლია უკუღმართ ვნებას,
ის ვერცა გრძნობით და ვერც გონებით
ვეღარ მისწვდება ღვთიურ გონებას,

ძე ღმრთისა, ქვეყნად მოვლინებული,
ჩემი მოძღვარი, ნაზარეველი
სამსხვერპლოდ მთელის კაცობრიობის,
თვისის უმანკო სისხლის მთხეველი,

წმინდა საკურთხად წინა განზრახვით
მისათვის იყო ის მოვლენილი,
რომ თვის სიკვდილით მას დაეთრგუნვა
სამარადისოდ ჩვენი სიკვდილი!

ამაღლდა ზეცად და მოწაფეთა
სამოციქულო გადმოგვცა მცნება,
რომლის ძალითაც კერპთ-მსახურება
ისე გაქრება ვითა ოცნება“.

საღმრთო გაბრძნობით მოსაუბრესა,
შესჩერებიან გაკვირვებული:
თუმცა გონება მათი ვერა სჭრის,
მაგრამ სიმართლეს გრძნობს მაინც გული.

და დედოფალიც წმინდა მოციქულს
შეჰვედრის მაღალ ხელ-აპყრობილი
და ეუბნება: „ვიწამებ შენ ღმერთს
თუ გაცოცხლდება ეს ჩემი შვილი!“

„ჩვენც თანახმა ვართ! კარგი სიტყვაა!“
დაცინვით ამბობს ქურუმთ-მთავარი -
„აჰა ბურთი და ჰა მოედანი!..
ჰე მაგის ძალა და აჰა მკვდარი!

თუ გააცოცხლებს, მაშინ ვიწამებთ
და აღვიარებთ იმ ნაზარეველს,
და თუ ვერა და, მაშინ ეგ თვითონ
უნდა მიეცეს მსხვერპლად ბუა-გველს!“

„მაშ გამეცალეთ! სთქვა - მოციქულმა -
ნუღა დარჩებით აქ ნურცა ერთი!..
დედაც გავიდეს!.. მარტო დავრჩები
და მომიმართავს ხელს ჩემი ღმერთი!“

გადის კრებული და მკვდართან მარტო
რჩება ანდრია აღელვებული;
რაღაც უცნაურ და უჩვეულო
სასოებითა ევსება გული.

იმსჭვალვის მისი მთელი არსება
ციურის ძალით, სახე მღელვარებს
და თვალებს რაღაც ღვთიურის ცეცხლით
შთაგონებულად ის აელვარებს.

ასვენებს ხატს და მის წინ მუხლ-მოყრით,
გულში მზრახველი, სდგას ის მდუმარე.
და სპეტაკ წვერებს ვით აიაზმა,
ზე ესხურება ცრემლი მდუღარე.

თვალწინ ეხატვის დიდი მოძღვარი,
სოფლიდან სოფლად სიმდაბლით მსვლელი
და ხშირად წიაღ იორდანისა
უკვდავებისა მქადაგებელი.

იგონებს: ქვეყნად მის მოვლინებას
ხორციელ ვნებას, ზე ამაღლებას
და შემდეგ მისთა მოციქულთადმი
მინიჭებულსა მაღალ უფლებას.

მით ალი საღმრთო ძლიერებისა
სრულად უკარგავს ხორციელ ეჭვებს;
შუამდგომლობას სთხოვს ყოვლად წმინდას
და სასწაულსაც მისგან სასოებს.

მიდის ცხედართან და ღვთის-მშობლის ხატს
ათრთოლებული ადებს სახეზე;
ხელს ჰკიდებს მკვდარს და თანავე სცდილობს,
წამოაყენოს როგორმე ზეზე.

და აჰა!.. ჰოი საკვირველებავ
მკვდარი ინძრევა, თვალებსაც ახელს
და ჯერ-უფერულ შემკრთალ სახეზედ
გამოსარკვევად ნელა ისვამს ხელს.

ერთი შეკრთომა შეკრთა ანდრია,
მაგრამ მოეგო ისევ გონებას
და მადლს სწირავდა მისის მაცხოვრის
მიუწდომელსა მაღალსა ნებას.

წამოჯდა მკვდარი, მიმოიხედა
და სთქვა: „რა ტკბილი იყო ეს ძილი,
შენ ვინ ხარ, რომ აქ თავზედ მადგეხარ?
არ უნდა იყო ამ ქვეყნის შვილი?“

„დიახ, მგზავრად ვარ თქვენში მოსული
უცხო ტომის და უცხო ქვეყნელი;
იქიდანა ვარ, სადაც ჯვარს აცვეს
ღმერთი იესო ნაზარეველი.

ის იყო ჩემი დიდი მოძღვარი
მე მის მოწაფე და მოციქული
და აღდგინება შენებრივ მკვდართა
მისგან მაღლით მაქვს მონიჭებული“.

„როგორ თუ „მკვდართა“? განა მე ვიყავ
მკვდარი და შენ კი მე აღმადგინე!..
არა, მე მახსოვს, რომ ერთხელ უცბად
გრძნობა დავჰკარგე და დავიძინე.“

„კიდეც ეგ არის კაცის სიკვდილი,
მაგით თავდება ჩვენი სოფელი
და თუ შენ ღმერთი არ შეგწეოდა
დღეს მოგელოდა საფლავი ბნელი.

აი ეს არის დღეს შენი მხსნელი
მის ძის წინაშე შუამდგომელი.
დედაა ღვთისა და ამის ძეა
ძე ღვთისა ქრისტე ნაზარეველი.

თვით დედოფალმა ის აღიარა;
სამარადისოდ იწამა ღმერთად
და მანაც მკვდრეთით შენ აღგადგინა
მის ძლიერების ერთ მაგალითად.

იწამე შენცა და მოგენიჭოს
ამიერიდამ მადლი უფლისა:
იქ ნეტარება სამარადისო
და სიხარული ამა სოფლისა“.

ესმის სიტყვები, თუმცა ჯერ კიდევ
ვერ არკვევს აზრებს უფლისა წული,
მაგრამ რაღაცა მას უჩვეულო
სიტკბოებითა ევსება გული.

და ნიშნად მეტის ნეტარებისა
ცრემლებს ღვრის გრძნობით, ვეღარ იღებს ხმას
და მოციქულსა ასე შეყურებს
როგორც დამხსნელს და საკუთარ მამას.

ხმაურობაა, გარეთ ჰყვირიან:
„რაღას გვიანობს მოციქულიო!
დრო არის ახლა რომ დაგვანახვოს
თუ შეუძლია სასწაულიო.“

მაშინ გავიდა მათთან ანდრია
და გაიყვანა თან უფლის წული:
შეშინდა ერი, და ძირს დაემხო
თაყვანის ცემით ზარდაცემული.

შეჰკივლა დედამ და მიაშურა,
გულში ჩაიკრა გიჟურად შვილი
და მომეტებულ სიხარულითა
გულ-მოსაოხი იწყო ტირილი.

ქურუმთ-მთავარმა, რა დაინახა
ძირს დამხობილი შემკრთალი ერი,
რომ თავის-თავი გადაერჩინა,
ძირს ემხობოდა თვითონც, ცბიერი.

დედებმაც ერთხმად დასძახეს გრძნობით:
„კურთხეულ იყოს წმინდა ანდრია!..
და ის ძლიერი მისი მოძღვარი,
რომელსაც სისხლი ჩვენთვის უღვრია!“

„ღმერთი ის არის, რომელიც ქვეყნად
ამგვარად აჩენს დიდ სასწაულებს
და არა ისა, რომელიც ჩვენგან
მსხვერპლად თხოულობს უმანკო შვილებს!“

დედაკაცების ამგვარ სიტყვებმა
მამაკაცებიც მოიყვანეს გონს;
დაიგრიალა ერთპირად ერმა
და მიაშურა კერპების ბომონს.

უარჰყო მან ის, რაც წინათ სწამდა
უშიშრად, მედგრად შელეწა კარი
და სადაც ძველი კერპები იდგენ,
იქვე ამართა მან წმინდა ჯვარი.

1884 წ.

რედაქტორის შენიშვნები

ანდრია პირველ-წოდებული

პირველად დაიბეჭდა 1884 წელს სასულიერო ჟურნალ „მწყემსში“, რომელიც გამოდიოდა დეკანოზ დ. ღამბაშიძის რედაქტორობით, (რედაქცია ზესტაფონში იმყოფებოდა, ჟურნალი კი ქუთაისში იბეჭდებოდა).

აკაკის ეს ნაწარმოები მეორედ დაიბეჭდა იმავე ჟურნალ „მწყემსში“ 1892 წ. №8, 9, 10 - რედაქციის შემდეგი შენიშვნით:

„ეს პოემა გადმოგვცა ჩვენ აკაკიმ იმ დროს, როცა ჩვენი გაზეთი ახალი დაარსებული იყო. იმ დროს მკითხველებიც ცოტანი გვყავდა და დღეს კი ბევრსა სურს ამ პოემის წაკითხვა; ამიტომ ხელახლად ვბეჭდავთ ამ პოემას ჩვენს გამოცემაში თანახმად ზოგიერთების სურვილისა.

რედაქტორი

„ანდრია პირველ-წოდებული“ ამავე წელს (1892) გამოვიდა ცალკე წიგნად: ამო- ნაბეჭდი მწყემსიდან - თავფურცელის მეორე გვერდზე ვკითხულობთ: «отдельный оттиск из №№8, 9 и 10 журналa «Mцкемсu». წიგნი დაიბეჭდა ქუთაისში, რედაქტო- რის საკუთარ სტამბაში.

ჩვენ ამ ნაწარმოების დედანი არ შეგვხვედრია. იბეჭდება „მწყემსის“ რედაქციის მიერ გამოცემულ წიგნაკიდან უცვლელად, ხოლო ზოგიერთ სტრიქონში აღმოჩნდა კორექტურული შეცდომა, მარცვალთა მეტნაკლებობა; ჩვენ ეს შევასწორეთ ამ რიგად.

იყო:

1. „და თანაც მათ სიფრთხილეზე“ (გვ. 9. 1892 წ. გამოც.).

ლექსი რადგან 7 მარცვლოვანია, ამიტომ „და“ ამოვიღეთ, ასე - „თანაც მათ სიფრ- თხილეზე“ (იხ. ჩვენი გამოც. გვ. 83).

იყო:

2. „თვალი არისო ამ სოფლად“ (გვ. 10), აქაც ერთი მარცვალი ემატებოდა: გაკეთდა ასე - „თვალი არის ამ სოფლად“. (ჩვენი გამოც. გვ. 83).

იყო:

3. „თვით სხვებისაგან მკვდარს და მის მოწაფეს“. ამ თავში ლექსი უკვე ათმარცვ ლიანია, და 1892 წლის გამოცემით კი 11 მარცვალი გამოდიოდა (გვ. 18). ჩვენ ეს კორექტურული შეცდომაც გავასწორეთ: „თვით სხვებისგან მკვდარს და მის მოწაფეს“ (გვ. 88).

4. ერთ ადგილას (გვ. 29) ასე იყო: „და მომეტებულ სიხარულით“. აქ გავაკეთეთ სიხარულითა, როგორც ლექსწყობა მოითხოვდა (გვ. 93).

5. ერთი რითმის პარალელი არ არის აკაკისებური რითმით შეკრული: „ღმერთებს“ - „მთებს ათამაშებს“. შეიძლება დედანში იყო „ღმერთებს - ათამაშებს მთებს“, მაგრამ აკაკის ავტოგრაფის უქონლობის გამო, ჩვენ ეს ადგილი ისე დავტოვეთ, როგორც პირველად დაიბეჭდა.

პოემა „ანდრია პირველწოდებული“ რუსულად სთარგმნა ვლ. პ. ლებედევმა (იხ. მისი ლექსების წიგნი: «Tихия песни». 1901 წ. C.-Пeтepбypг, გვ. 133).

1.4 ჭიდაობა

▲back to top


კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა

მესტვირული

ამბობენ: კულა გლდანელი
განთქმული ფალავანია;
მან საჭიდაო გამართა,
მოავლო გალავანია;
რკინის კარები აუბა,
ზედ მიაგორა ქვანია;
მუქთად არავის შეუშვებს...
არცა ვინ შეუყვანია.

იძახის: „მოჭიდავე ვარ,
საქვეყნოდ გამოსულიო;
მოვიდეს შესამოწმებლად,
ვისაც კი ერჩის გულიო;
მაყურებლებიც მობრძანდენ,
წარმომიდგინონ ფულიო;
თუ არა - მუქთს და ნისიას
არ მიწერს ჩემი რჯულიო“.

ეგ სოფლელებმა შეიტყვეს,
სთქვეს: „როგორ შეიძლებაო?
მამა-პაპური გასტეხა
წესი და ჩვეულებაო!
დუქანზე რომ სცვლის მოედანს,
ვინ მისცა ამის ნებაო?
წვერ-ულვაშს ჰყიდის ვაჟკაცი
და არც კი ერცხვინებაო?!“

მაგრამ გლდანელი რას დასდევს?
იღებს და იღებს ქირასა,
საჭიდაოზე ნავარდობს
ვეფხვივით ყოველ კვირასა:
ზოგს სარმით აკოტრიალებს,
ზოგი გადაჰყავს ყირასა;
ვერ მოინახა თანსწორი
ამ ქართლ-კახეთის პირასა.

ეს იმერლებმა შეიტყვეს,
შუბლში იტკვლიცეს ხელია:
„ნუ-თუ ქართლსა და კახეთსა
ვაჟკაცი შემოელია?!
აქ რაღაც ცბიერობაა
უთუოდ საეჭველია!
უნდა ეშველოთ როგორმე,
თუ სადმე მისაშველია.

„როგორ თუ მთელი ქვეყანა 
მან ასე აიბუაო?
მოდით, გავგზავნოთ აქედან
მეგრელი ესებუაო!
ისე დაბლაგვოს, ღვთის მადლმა,
როგორც რომ დანის ყუაო;
მაშინ იტლინკოს გლდანელმა,
მერე ისწავლოს ჭკუაო“.

მიიხმეს, უთხრეს მეგრელსა:
„ვაჟკაცობის გაქვს ნიჭიო!
ნუ გეშორება კორტოხი,
წადი გადადგი ბიჯიო!
სირცხვილს ნუ გვაჭმევ, გალახე
ი თავგასული ბიჭიო;
იმის მომხრეს და დამქაშებს
აუკარ კბილის კრიჭიო“.

მაშინ წამოდგა ნესტორა,
სიმდაბლით მოუბარია:
„უფროსები ხართ და ჩემგან
არ გეკადრებათ ვარია. 
თუ გავიმარჯვე, აქავე
ჩამოვალ მომცინარია.
თუ ვერა, კომბალს ავიღებ
და წავალ, სადაც ცხვარია“.

გზა დაულოცეს, წავიდა
მიდის და მიუხარია;
ნავარდით გადაიარა
მინდვრები, მთა და ბარია;
კორტოხი გადაირბინა,
თითქო გრიგალი ქარია;
ქალაქს ჩავიდა, უცხოობს,
იქ არ ჰყავს მეგობარია.

მზე შუბის ტარზე დასულა,
დასავლეთს მიეწურება...
ამდენი ჯარი სად მიდის?
ნეტა რას მიეშურება? -
საჭიდაოზე მიდიან,
სეირის უნდათ ყურება,
ვინც ვერ მოასწრებს, იცოდეთ,
რომ მის ბედს დაემდურება.

გლდანელის საპირდაპიროდ
აქ ვიღაც გამოსულაო,
მაგრამ ყურებსაც არ იბერტყს
ჩვენი ნაქები კულაო;
ამბობს: „ამისი ტოლები
აქ ბევრი გალახულაო,
და ესეც ისე გავპენტო,
როგორც რომ ბამბის ქულაო“.

მეგრელსაც უთქვამს: „მობრძანდი,
ჰა, ესეც მოედანიო!
ვაჟკაცს არ შვენის ტრაბახი
და მეტი სიტყვის თქმანიო;
ეგ დიაცების საქმეა,
სუსტ გულის მოსაფხანიო;
აწ ჩემიც ნახე ბიჭობა,
დაგეძებ დიდი ხანიო.“

გამოდის კულა გლდანელი
მხარბეჭა, ტანშიშველია;
ჯეირანივით ნავარდობს,
მაღლა ხტის, როგორც შველია;
ტანზედაც ერბო წაუსვამს,
რომ ვერ მოავლონ ხელია;
გარს ახვევია ამქრები,
სუყველა მისი მშველია.

მეორე მხრიდან მეგრელი
გამოძვრა, როგორც ტურაო;
რომ დაინახა გლდანელი,
ლომივით მიაშურაო;
მკლავებში ხელი მოავლო
და ერბომ აიცურაო;
კინაღამ უცბად გაფუჭდა
და ბედი მოიმდურაო.

განზე გაუხტა მატყუარს,
სისწრაფით მოიშორაო;
ამბობს: „ხელს ვეღარსად ვკიდებ,
რა ცუდად მომაღორაო?!“
მივარდა, გულში ხელი ჰკრა,
ბურთივით გააგორაო;
ვეფხვივით ზურგზე დაახტა,
დათვივით მოიტორაო.

ქვეშ დევს, ფართხალობს გლდანელი
ცდილობს ზე წამოდგომასა;
ზეიდან მტკავლავს ნესტორი,
თითქოს იღებდეს ზომასა;
თან ეუბნება დაცინვით:
„კულა, ნუღარ სწევ შრომასა,
უფრთხილდი, თან არ გადაყვე
შიშსა და გულისწყრომასა!“

ფეხებში ხელი მოჰკიდა,
თავდაღმა დააყირაო;
საცეცხლურივით დაკმევა
ოთხკუთხივ დაუპირაო;
იმისი მაყურებლები
სუყველა გააკვირაო;
კულა გლდანელის მომხრენიც
უწყალოდ აატირაო.

ასე გაფუჭდა გლდანელი,
განთქმული მოჭიდავეო.
თურმე იძახის ტირილით:
„გავბრიყვდი, დავაშავეო,
რომ ჩემი დიდი სახელი
უბრალოთ გავათავეო,
მაგრამ ნუგეშად ეს მრჩება,
რომ ხალხი გავატყავეო“.

1888 წ.

რედაქტორის შენიშვნები

ჭიდაობა

აკაკიმ ეს პოემა პირველად დაბეჭდა ონელი მესტვირეს ფსევდონიმით. გამოვიდა 1888 წელს ცალკე წიგნად, რომელსაც ასეთი თავფურცელი აქვს: „კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა, მესტვირული ლექსი. თქმული ონელი მესტვირესი. თბილისი, გრ. ჩარკვიანის სტამბა“. წიგნი დაცენზორებულია 1888 წლის 23 აგვისტოთი.

წინამდებარე ტექსტი ამ გამოცემას ემყარება.
როდის დასწერა აკაკიმ ეს პოემა?

სერგო გორგაძე სწერს: „ჭიდაობა-გლდანელი და ესებუა დაწერილია 1890 წლის 15 ნოემბერს“ (აკაკის „რჩეული ნაწერები“, ტ. II, 1926 წ., გვ. 341). ს. გორგაძეს ხელთ ჰქონია ამ წიგნის 1924 წლის გამოცემა, სადაც ეს თარიღი შეცდომით არის ნაჩვენები.

საქმე ის არის რომ 1924 წელს ნესტორ ესებუამ თბილისში გადაიხადა თავისი იუბილე. ამ დღისთვის გამოვიდა აკაკის ეს ცნობილი პოემა. გამომცემლებმა ტექსტში მთელი რიგი თვითნებური შესწორებანი შეიტანეს, იუბილიარის პატივსაცემად ლექსის ბოლოში ჩამატებულ იქნა სიტყვა „ნესტორი“ და თარიღიც აურდაურიეს. აი, საიდან გავრცელდა ამ პოემის შეცდომით ნაჩვენები 1890 წელი!

აკაკის ჰქონდა:
(1888
.)

1. ეს იმერლებმა შეიტყეს
შუბლში იტკვლიცეს ხელია.
***

2. ისე დაბლაგვოს, ღვთის მადლმა,
როგორც რომ დანის ყუაო.
***

3. კორტოხი გადაირბინა,
თითქოს გრიგალი ქართა.

4. თურმე იძახის ტირილით:
გავბრიყვდი, დავაშავეო,
რომ ჩემი დიდი სახელი,
უბრალოდ გავათავეო.

აკაკის გაუსწორეს:
(1924
.)

1. ეს ქუთაისში შეიტყეს
შუბლში იტკვლიცეს ხელია.

***

2 ისე დაბლაგვოს, იცოდეთ,
როგორც რომ დანის ყუაო.

***

3. ქოჩორა გადაირბინა,
თითქოს გრიგალი ქარია.

***

4. თურმე იძახის ტირილით:
გავბრიყვდი, დავაშავეო,
რომ ჩემი დიდი სახელი
ნესტორას ჩავაბარეო.

ჩვენს გამოცემაში აღდგენილია 1888 წლის დედანი და თარიღადაც ეს წელი დავადგინეთ.

კულა გლდანელის საბოლოო დამარცხება ამ წელს მოხდა. „ივერიაში“, ძველი მოჭიდავის ხელმოწერით დაიბეჭდა გლდანელის და ესებუას ჭიდაობის შესახებ სანიაზო რეცენზია. აი, ერთი ადგილი ამ წერილიდან:

„... მეოთხედ და უკანასკნელად იქით კვირას იყო დანიშნული იმათი ჭიდაობა - სწერს „ივერია“ - ბაღი ხალხით გაივსო, ტევა აღარსად იყო. გამოვიდა გატიტვლ-ებული გლდანელი სარბიელზედ ლომივით და გაიბერტყა!.. თითქოს ძარღვებმა წკრიალი დაიწყესო!.. მართლა სასიამოვნო სანახავი იყო ეს ხელოვნურად ნაკვეთი კაცი. მისი შემხედვარე იტყოდა თუ ხელოვნებით ჩამოსხმული ბერძნული სტატუა არისო. იმისი მაყურებელი ვერ წარმოიდგენდა, რომ გლდანელისათვის შეებედნა ვისმეს, ან გოლიათს, ან სპილოს და ან ვეშაპს, ასე იპარავდა იმისი სიკარგე ადამიანის თვალს. ამ დროს მეორე კუთხით გაიპო ხალხი და გამოვიდა ერთი მაღალის ტანის გამხდარი ახალგაზდა. ის იყო გლდანელის მეტოქე - ესებუა. გამოვიდა და, ფერწასული, მიემართა გლდანელს.

შემოუტია გლდანელმა ისეთ ნაირად, რომ თითქოს ტყე და ველი თან მოაქვსო, მაგრამ მეგრელმა ჰკრა გულში ხელი და უკანვე გაისროლა. რამდენჯერმე გაუმეორა ეს ფარი და ბოლოს კი ეცნენ ერთმანეთს. არ გაუვლია დიდხანს, რომ გლდანელი ჰაერში შეტრიალდა და პირდაღმა დაეშვა დედამიწაზე. ზეიდან მოექცა ესებუა და დააჭედა ხმელზე. იწყო ფართხალი კულამ, როგორც კაკაბმა ქორის კლანჭებში, მაგრამ ვეღარა გააწყო-რა. ისეთ ნაირად აწვებოდა ზემოდგან მეგრელი, რომ კაცს ეგონებოდა, მიწა გამხმარი რომ არ იყოს, ქვესკნელში ჩააძვრენსო“. („ივერია“, 1888 წ., №169. 12 აგვისტო).

შეიძლება ძველი მოჭიდავე აკაკის ფსევდონიმიც იყო? აკაკის ლექსსა და ამ რეცენზიას შორის ახლო მზგავსებაა: ორივე 1888 წლის აგვისტოში დაიწერა!

აკაკი წერეთელი დიდათ იყო გატაცებული ქართული ჭიდაობით. 1876 წლის „დროებაში“ მოთავსებულ წერილს, რომ თავი გავანებოთ, აკაკიმ გლდანელსა და ესებუას ჯერ კიდევ 1886 წელს უძღვნა ვრცელი წერილი ილიას „ივერიაში“.

აკაკის ამ წერილს შენიშვნებში მთლიანად მოვიყვანთ, როგორც პოემის დამატებას:

გლდანელი და ესებუა

უხსოვარ-დროიდან შემოღებულ ჭიდაობას ჩვენში ყოველთვის რაინდული ხასიათი ჰქონია და დღეს კი ერთი ხანია, რაღა[ი] გლდანელმა თავი იჩინა ვაჭრულ გზას დაადგა. დღესასწაულზე და კვირა-კვირაობით ეს ახალი ფალავანი, „კულად“ წოდებული გლდანელი, ჰმართავს ბაღებში სარბიელს და ას-ას მანეთიანებს იდებს ჯიბეში. ქვეყანაზე არ გვეგულება დღეს არსად არტისტი, რომ ამ მოჭიდავესავით გაუჭირლად იხვეჭდეს სასყიდელს. დაიჭიჭყინებს თუ არა ერთ-ორს ზურნა, თითქმის მეზურნე რიგიანად სულის ჩაბერვასაც ვერ ასწრობს გლდანელი სარმას გამოუსვამს ერთ ვინმეს (ხშირად მეთულუხეებს) და გადასჩეხს ხოლმე. აი, ამ ერთი წამის შექცევაში იღებს თითო მანეთსა და ათ-ათ შაურს! საკვირველია, ზოგიერთი კაცი!.. ჩვენი ვაჟბატონების საქმე მეტად გასაოცარია: ისინი, რომელთაც ,,სული“, „გული“ და „ფული“ ერთმანერთზე გადაუბამთ, საჭიდაოზე გარბიან და რამოდენიმე მანეთს ხარჯავენ, მაშინ როდესაც სხვა რამ სასარგებლო საქმეზე საზოგადოთ მწყრალად ბრძანდებიან!.. აბა მივიდეს რომელიმე გაჭირვებულ დედათაგანი მათთან და შესტიროს, შვილს მიგდებენ სასწავლებლიდამ და თითო-ოროლა გროშით დამეხმარეთო, თუ გაკიცხული არ გაგისტუმრონ. ამათთანა ხალხის ფული, ოხრად ნაშოვნი, რომ საოხრეთში წავიდეს, ბევრს მაინცა-და-მაინც არ ვინაღვლებთ, მაგრამ ჩვენ დაბალი ხალხი, მუშა ხალხი გვებრალება, რომ იმათაც ტყავს აძრობენ და დღიურ ლუკმას პირიდან აცლიან.

მთელის კვირის განმავლობაში დაღალულსა და გულ-დათუთქულ მუშას, კვირაში ერთხელ, რასაკვირველია, ეჭირვება შესვენება და თავის შექცევა. მუსიკა და ოპერები მის სულიერ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებენ და მხოლოდ ერთად ერთიღა სასიამოვნო ჭიდაობა დარჩენილა, რომელიც იმის გულს იზიდავს. სპეკულატორები ამით სარგებლობენ და სცარცვენ... უკანასკნელი ბილეთი, რომელიც მათ უნდა იყიდონ, ექვსი შაური ჰღირს, მაშინ, როდესაც მხოლოდ თვითო შაურს რომ ართმევდნენ, საკმარი იქნება. ამას გრძნობს წვრილ-ფეხობა და მისი ბრალია, რომ გლდანელმა საერთო თანაგრძნობა ვერ მოიპოვა, როგორც განთქმულმა მოჭიდავემ!.. ხიზამბარელთან, ან კოპიტაშვილთან მაგის ხსენებას ხალხი შეურაცჰყოფად მიიღებს და დამარცხებულ ღოღაძეს დღესაც უფრო თანაუგრძნობენ, ვიდრე გამარჯვებულ გლდანელს. ამას წინად ხმა გავარდა, რომ ბათუმში ვიღაც ახალგაზდა მეგრელმა ესებუამ დაამარცხა გლდანელიო!.. ბევრს არ ეჯერა ეს ამბავი და მართლა რომ ძნელი დასაჯერებელიც იყო... ჯავრზე მოსულმა ესებუამ, კვირას ხელმეორედ გამოითხოვა გლდანელი და გაიმართა ჭიდაობა.... დიდძალი ხალხიც დაესწრო. გამოვიდა მოედანზე პირველად კულა, ჩვეულებრივად შეიკუნტრუშა და ხალხს თვალი გადაავლო, უთუოდ მისთვის, რომ გაეგო ბევრია შემოსავალი, თუ არაო. თავის იმედი და გამბედაობა ეტყობოდა... ბოლოს გამოვიდა ახალგაზდა მეგრელიც, კარგი თვალტანადი, ეტყობოდა, რომ შემკრთალი იყო.

ეძგერენ ერთმანეთს... გლდანელმა დაბერტყა პირველად ესებუა, ისე ძლიერ დაატრიალა, რომ ყველას ეგონა, მოსხლეტს დედამიწიდგან და ჰაერში აიტანსო, მაგრამ ბოლოს თავი შეიმაგრა ახალგაზდა მოჭიდავემ და შორს გადააგდო გლდანელი, რომელიც პირ-დაღმა და დაოთხებულად დაეცა. - წამოხტა ზეზე, მოუბრუნდა გაბრაზებული ფალავანი და წამოიკიდა ზურგზე ესებუა, გადაიტანა კიდეც. ცალი გვერდი დააკვრევინა, მაგრამ ვერ დაიმორჩილა, თუმცა ყელში უჭერდა ხელს. ადგნენ და ხელმეორედ შეიბნენ: კიდევ გადიტანა გლდანელმა პირველზე უფრო მარჯვედ, მაგრამ კიდევ ვერ დაიმორჩილა და ტყუილად სცდილობდა, რომ მისთვის სახე მოეგრიხა და ამითი მაინც დაემორჩილებინა. კიდევ წამოდგნენ და მესამედ შეუტიეს ერთმანეთს. მაშინ კი გათამამებული მეგრელი მივარდა ვეფხვივით და ცოტა ხნის შემდეგ წაიქცა გლდანელი. გამარჯვებულმა ორივ მხრებზე ხელები დააჭირა და დაიმორჩილა. - ეს მორევა შემთხვევით იყო, თორემ ძნელია ისეთი განთქმულის ფალავანდის უძრავად დამორჩილება, როგორიც გლდანელია. როგორც დახელოვნებული, გაწვრთნილი და გათამამებული მოჭიდავე გლდანელი ბევრად უფრო მაღლა სდგას ესებუაზე, მაგრამ სიმარდე და მოხდენილობა, თითქმის რაინდული ქცევა, ახალგაზრდა ესებუას მეტი აქვს... როდესაც გავარჯიშდება ჭიდაობაში, მაგასთან გლდანელი ვეღარ მოვა და ხალხის გულსაც ადვილად მოიგებს. მხოლოდ ამას ვურჩევთ ესებუას, და აგრეთვე სხვა მოჭიდავე ქართველებსაც, რომ ნუ შებღალავენ მამაპაპურ ჩვეულებას, ვაჟკაცობით ვაჭრობა... ზნეობით ბინძურობაა... იჭიდაონ უსასყიდლოდ და მხოლოდ საჩუქარს დასჯერდენ ხოლმე. და თუ მაინცადამაინც არა, საწყალ ღარიბ მუშა ხალხს დიდ ქირას ნუ ართმევენ. („ივერია“, 1886 წ., №192, 6 სექტ.).

1.5 კიკოლას ნაამბობი

▲back to top


I

ასი წლის მეტის ვიქნები, -
ასე დაიწყო. კიკოლამ, -
გამომწვა, გამომაბრძმედა
ამ წუთისოფლის მიყოლამ.

მადლი ჩემს გამჩენს, ჯერ კიდევ
არ დამკლებია ძალ-ღონე.
ვარ ბევრი-რამის მნახველი
და უფრო მეტის გამგონე.

ხსოვნა ისევე სრული მაქვს,
არ დამკლებია გონია:
თვალწინ მიდგია, რაც ვნახე
და ან რაც გამიგონია.

ძველის და ახლის მოწამე
სხვა ჩემისთანა ძვირია!..
მე გეტყვი და შენ დამღერე...
შუამავალი სტვირია!..

ბევრი მინახავს დიდკაცი,
მაგრამ ზურაბი1 სხვა იყო!
იმისი ყოფა-ცხოვრება
დაულეველი ზღვა იყო!

იმისი ციხე-დარბაზი
ცას თავით ებჯინებოდა;
მისი მტერი და ორგული
შიშით ცოცხლადვე დნებოდა.

შორსგამჭვრეტელი, ჭკვიანი,
ცხრა მთას გადაღმა ხედავდა;
ხელში ეჭირა თვით მეფე -
უმისოდ ვერას ჰბედავდა.

ასე ბრძანებდა: „ხომ ხედავთ
ამ ჩემ მარჯვენა ხელსაო?
მთელს იმერეთში არ გავცვლი
სახლთხუცეს-წერეთელსაო!!

ამის მტერი და ორგული
მოღალატეა ჩემიო!...
უსიტყვოდ დაემორჩილოს
ამ ჩვენი ქვეყნის თემიო!“

სუყველა ამას ჰფიქრობდა:
„მოგვიჯადოვა მეფეო...
ვაი-თუ ბოლოს გასწიროს
სიკეთე მოიეფეო!“

ფიქრობდენ, მაგრამ ხმამაღლა
ვინ გაჰბედავდა ძრახვასა?
უხმოდ იკლავდენ გულისთქმას,
ჰშიშობდენ რისხვის ნახვასა!

მე და ჩემი ძმა, ორივე,
შინაყმად ვახლდით ძლიერსა;
ვერვინ გვნახავდა მის ხელში
შიშველს, მწყურვალს და მშიერსა.

მრისხანე იყო - ხანდახან
სულ უბრალოზე სწყრებოდა,
მაგრამ სხვებს მაინც ის ჩვენი
შავბედი ენატრებოდა,

რადგან მის საყმოს ვაგლახად
ვერავინ რასმე ჰკადრებდა:
ზვიადი იყო ბატონი -
სხვებს თავს არ გაუყადრებდა!

მთელს მის საყმოში ჩვენ ვყავდით,
ორივე ძმები, რჩეულად,
არ გვიშორებდა არც ერთ წამს,
ყველგან თან ვახლდით ჩვეულად.

ჰბრძანებდა: „ბერიკს, მამათქვენს,
მიუძღვის სამსახურიო...
იმას მიჰბაძეთ! გეჭიროსთ
ფრთხილად თვალი და ყურიო!

ხომ იცით, ერთგულს არ ვერჩი
არ გავახარებ. ორგულსო...
მონა ურჩი და მზაკვარი
თვით მეუფესაც კი სძულსო!“

ჩვენ რა გვეთქმოდა? და მხოლოდ
თაყვანსა ვცემდით მონებით,
თავდადებული იმისთვის
სიცოცხლით, გრძნობით, გონებით.

II

ერთხელ დავარდა ჩვენში ხმა:
ქართლს მოსდგომია ჭირიო,
ასაკლებ-ასაოხრებლად
შეუკრავთ თათრებს პირიო;

აღა-მაჰმად-ხან მოუძღვისთ,
თეირნით წამოსულიო,
ქალაქს უპირებს აღებას
ის ხოჯა გულმოსულიო!

განრისხდა მეფე ირაკლი -
გალომებული, ხელია...
სთქვა: „ვაი, რა დროს მომასწრეს,
ღონე რომ შემომელია!!.

სიბერემ დამაუძლურა,
დამიუძლურდა ერიო,
თორემ ამ თავისაგდებას
ვერ გაბედავდა მტერიო.

ათ-ათი მოჰყავს თითოზე,
სჩანს, იმედი აქვს რიცხვისო;
მაგრამ ქართველი ვაგლახად
არვისგან გაიკიცხვისო:

ან მოჰკლავს, ან შეაკვდება,
სირცხვილს კი არ სჭამს გმირიო,
მაგრამ გაწყდება ქვეყანა
და ამას უფრო ვტირიო!..“

წარსდგა სოლომონ2 მდივანი,
სთქვა: „სიტყვას გკადრებთ ერთსაო:
გარდუვალია ჩვენს თავზე
ის, რაც სურს მაღალ ღმერთსაო!

წინ ნუ შევხვდებით მომსვლელ მტერს,
აქ შევაგროვოთ ჯარიო;
ტფილის-ქალაქში გავმაგრდეთ,
დავკეტოთ ციხის კარიო.

შევატყობინოთ სოლომონს3,
რომ მოგვაშველოს ჯარიო,
და მაშინ ამოვიყაროთ
ყიზილბაშების ჯავრიო!“

დაუჯდა რჩევა ირაკლის
და მდივანს მადლი უბრძანა.
საჩქაროდ წიგნი დასწერა,
შვილიშვილს გამოუგზავნა.

III

მოეწერა: „მეფობით ძმავ,
სისხლით ჩემო შვილიშვილო,
მაგრამ შვილის თანასწორო,
საიმედო ნუგეშ-ტკბილო!

ღმერთმა ის დღე შენს მტერს მისცეს,
რაც დღე ადგეს პაპაშენსა:
აოხრებას უპირებენ
მის ნაღვაწს და მის ნაშენსა!

თეირანით წამოსულა
ხოჯა-ხანი, ის ღვთის მტერი,
და უნდა რომ ჩვენს ქვეყანას
აადინოს რისხვით მტვერი;

ჯარი მოჰყავს უთვალავი,
მე არ მყავს არც მეათედი...
სიბერის დროს ღმერთს შევძულდი
და მღალატობს, ვხედავ, ბედი.

ვფიცავ ზენას, უბრალო ვარ!..
შინ საქმე მაქვს არეული!...
ყველა ერთად ამტეხია:
შინ მყოფი და გარეული.

ოხვრით ვხედავ უფლისწულებს,
რომ ერთმანეთს ჰგლეჯენ კალთას;
სხვადასხვა მხრით მიიწევენ,
ზოგი „ალთას“, ზოგი „ბალთას“!..

ანდერძი და ჩემი აღთქმა
გამიცუდდა, გამიქარწყლდა:
დაბალ ღობედ მივაჩნივართ -
უძლურიც კი გამიძალდა...

შინ ბევრი მყავს მოღალატე,
გარეთ-მტერი უთვალავი!..
რას გააწყობს მარტო ჩემი
ფარ-ხმალი და გულ-მკერდ-მკლავი?!

მას შემდეგ, რაც საქართველო
ორ ნაწილად გაყოფილა,
მშვიდობა და მოსვენება
აღარც ერთში არ ყოფილა.

გვავიწყდება, რომ ძმები ვართ,
ერთმანეთის განაყარი;
ერთის სისხლით მორწყული გვაქვს
მინდორი, ტყე, მთა და ბარი.

ერთის დედის ძუძუები
არის ამერ-იმერეთი!..
ჩვენ ძმები ვართ, ტყუპის ცალი,
საქართველო-დედა ერთი!..

ცალი ძუძუ რომ ჩამოსჭრან
და შიმშილმა მოჰკლას ერთი,
ცალ ძუძუს და მეორე ძმას
რაღა შვებას მისცემს ღმერთი?

მოდი, შვილო, მომესწრაფე,
იმერლები მომახმარე!!
ერობა და ქრისტეს სჯული
ორივ მხარეს გაამყარე!“

IV

რომ წაიკითხა მეფემ ეს წიგნი,
ელდა ეცა და ჩავარდა ენა;
სიმწრით თვალებზე ცრემლი მოადგა
და სახეზედაც დაეტყო წყენა.

გონს რომ მოეგო, გააგდო წიგნი
და კარისკაცებს ასე უბრძანა:
„ნეტავი ეს-კი არ გამეგონა
და დამცემოდა ზედ გულზე დანა!..

ეს რა მოჰსვლია მეფე ირაკლის!
ამ სიბერის დროს რისხვა სწვევია:
აღა-მაჰმად-ხან ყიზილბაშებით
ასაოხრებლად შემოჰსევია!..

ის წყეულები მოულოდნელად
თავს დასცემიან, როგორც კალია...
დახმარებას გვთხოვს მეფე ირაკლი
და შემწეობაც ჩვენი ვალია.

უნდა შევყაროთ საჩქაროდ ჯარი,
რომ მივაშველოთ!.. თქმა აღარ უნდა!..
და ჩვენებურად, მამაპაპურად,
მტერს მივაყაროთ ჩვენც ქვა და გუნდა!“

ყველა დასთანხმდა... სახლთხუცესი-კი
წამოდგა ზეზე და მოახსენა:
„ბატონო მეფევ! ერთ სიტყვას გკადრებთ
და მერმე გინდა მომჭერით ენა:

„გული მეფეთა - ხელთა უფლისა“, -
საყოველთაო არს აღსარება,
მაგრამ ხელმწიფეს მაინც არ ჰმართებს
გულის აყოლა და აჩქარება.

სიფრთხილე ჰმართებს მომეტებული,
რადგანაც სხვების ბედსაც განაგებს;
მის ხელში არის მთელი სამეფო
და მის მაგიერ პასუხსაც აგებს.

ნუ მოუშალოს ღმერთმა ირაკლის
თქვენი ნუგეში და ეგ იმედი!..
მაგრამ, ვაი-თუ მაგ კეთილობით
აქ გაუმრუდოთ იმერეთს ბედი.

ეს ყველამ ვიცით, თათრის ყეენი,
ძლევამოსილი, თავმომწონია,
მაგრამ ჯერ თვალით კი არ გვინახავს
და მხოლოდ ამბად გაგვიგონია.

სპარსელებისგან ქართლსა და კახეთს
ბევრჯელ დაეცა ზარი და მეხი,
მაგრამ, მადლი ღმერთს, იმერეთისკენ
არ გადმოუდგამთ ჯერ იმათ ფეხი.

შაჰ-აბაზის დროს კახეთის მეფე
ჩვენში ეძებდა თავის შესაფარს...
ყეენი მხოლოდ მუქარას სთვლიდა
და ვერ ჰგზავნიდა ჩვენკენ თავის ჯარს,

რადგანც ერთხელვე გამოუხატავთ
ჩვენი ქვეყანა საშიშარ მხარედ,
მაგრამ დაზოგვით კი არ დაგვზოგვენ,
თუ დაგვიხელთეს მათ სადმე გარეთ.

ჯარი ცოტა ჰყავს მეფე ირაკლის...
დაამარცხებენ, უეჭველია.
და იმერლებიც რომ იქ გასწყვიტონ...
ეს რა ჭკუა და საქციელია?

რომ წამოვიდნენ მერე ჩვენკენაც
და მოინდომონ ჩვენი დაპყრობა,
ვინღა დახვდება მოპირდაპირედ
და რაღას გვარგებს სხვისი მოყვრობა?

არა, მეფეო! ჩვენ ჩვენთვის ვიყოთ,
ისინი მათთვის, ასე სჯობია!..
რათ დავიწყევლოთ სხვისათვის გული,
როცა ისარი ჩვენ არ გვსობია!“

დაფიქრდა მეფე... დაღონებულმა
აღარ იცოდა, რა უნდა ეთქვა!..
ზურაბ წერეთლის სიტყვა-პასუხი
გულზე დააწვა, როგორც სიპი ქვა.

მაგრამ მაშინვე ადგა სარდალი
ქაიხოსრო4 და ასე დაიწყო:
„ბატონო მეფევ! თქვენც იცით, რომ მე
სამხედრო საქმის არა ვარ უცხო

და ამისათვის ვკადნიერდები,
რომ მოგახსენოთ მეც ერთი სიტყვა:
- სწორედ არა ვარ მისი თანახმა,
რაც სახლთუხუცესმა თქვენ წინ წარმოსთვქა

შინაგან საქმის აწონ-გაზომას
სახლთხუცესობის მოითხოვს ვალი,
მაგრამ სამხედრო საქმის შესახებ
მე უკეთ გავსჯი, როგორც სარდალი:

ჩვენა გვყავს ჯარი - ოთხი სასარდლო,
და რომელზედაც მიდგება ჯერი,
თითო და თითო საკმაო არის,
რომ შეაყენოს მომსვლელი მტერი! 

ხომ შეგვიძლია, რომ შუა გავყოთ.
ორი აქ დარჩეს-ორი გავგზავნოთ;
სანამდის მტერი წამოვიდოდეს,
საზღვარს გადაღმა დავაზიანოთ?

და, თუ მაშინაც არ დაიშალონ,
ორი სასარდლო წინ მივაგებოთ!
არა მგონია, ამ სიმაგრეში,
რომ ვინმემ გვძლიოს ჩვენ უგანგებოდ.

და, თუ განგება გაგვირისხდება,
გადაიხრება მათკენ სასწორი,
მაშინ რიცხვითაც ვერას გავაწყობთ:
ერთი იქნება, ოთხი თუ ორი!..“

რომ გაათავა სარდალმა სიტყვა,
წინ წარსდგენ ერთად დარბაისლები,
ნიშნად თანხმობის და ერთგულების
მათ მოიყარეს ერთად მუხლები

და მოახსენეს: „ბატონო მეფევ,
სუყველა ამას გევედრებითო,
რომ ქართლელთ ლხინი ჩვენი ლხინია
და მათ ჭირშიაც დავესწრებითო!“

იამა მეფეს და ასე ბრძანა:
„სწორედ მაგ სიტყვას მოველოდიო!
„ძმა ძმისათვისო, შავ დღისათვისო,“
აწ აღარ მაწევს გულზე ლოდიო!“

მერე შეჰკითხა ზურაბ წერეთელს:
„ხომ გესმის ქვეყნის სურვილ-ნებაო?
ვფიცავ ჩემს მზესა, მეც თანახმა ვარ,
უამისობა არ იქნებაო!“

სთქვა და წამოდგა, სარდალ წერეთელს
ჯარის შეკრება უბრძანა ჩქარა.
ეწყინა ზურაბს სიტყვის გატეხა,
მაგრამ გაჩუმდა, ვეღარა სთქვა-რა.

მხოლოდ ეძებდა უფრო მარჯვე დროს,
რომ მეფე მარტოდმარტო ენახა
და წაეყვანა მაინც იმავ გზით,
რომელიც ადრევ მან განიზრახა.

და მართლაც, მარტო რომ დაიხელა,
დაუწყო მეფეს ტკბილსაუბარი,
გველი რომ ადამს ეუბნებოდა,
სწორედ მისთანა და მისი გვარი:

„ბატონო ჩემო! თქვენი განზრახვა
ზეგარდმო არის შთაგონებული.
მეც ქართლის ცოდვით და სიბრალულით,
ღმერთმა ხომ იცის, მიკვნესის გული.

მაგრამ ხანდახან გულის აყოლა
საზარალოა და სახიფათო,
ვაი, თუ ჩვენი საქმეც გაფუჭდეს
და ბევრი ვერც რამ ვარგოთ იმათო!

აჩქარებითა და ფაციფუცით
განა ამგვარი საქმე იქნება?!
შეტყობა უნდა ხომ ყოველიფერს:
ჯერ გამოკვლევა... მერე შეგნება.

რომ მივალთ, ვისთან და რაზე მივალთ?
უნდა შევიტყოთ ჯერ დაწვრილებით;
და, რომ გავიგებთ ავსაც და კარგსაც,
ჩვენ მხოლოდ მაშინ მივეშველებით.

ის დალოცვილი ყრუდ იწერება,
გიბარებსთ, თითქოს უბრალო სარდალს.
ეს თქვენს მეფობას არ ეკადრება,
ენაც რომ მომჭრათ, ვიტყვი მე მართალს.

მდევარი არ ხართ, მეფე ბრძანდებით,
უნდა წაბრძანდეთ დიახ მეფურად:
დიდძალის ჯარით, ზავით და საგზლით,
რომ არვინ მოკვდეს იქ უმადურად.

სანამ სარდლები აქ ჯარს შეჰყრიდენ,
მე რომ გიახლოთ, ის არ აჯობებს?
ადგილობრივვე ვნახავ ყველაფერს
და გამოვიკვლევ იქაურ ამბებს.

მანამდე თქვენც აქ ჯარს მოაგვარებთ,
წამობრძანდებით მომზადებულად,
ისე, როგორაც შეშვენის მეფეს,
წინდახედულად და დიდებულად“.

დასთანხმდა მეფე და სახლთხუცესი
მეორე დღესვე ქართლში გაგზავნა,
მაგრამ იმ დროსვე ჯარის გაწვევა
დაუყოვნებლივ სარდლებს უბრძანა.

V

მეორე დღესვე ზურაბმა
კორტოხი გადაიარა,
თავისი გულისპასუხი
არავის გაუზიარა.

ათასხუთასი მხედარი
თან მოჰყვებოდა ჯარადა,
მაგრამ არავინ იცოდა,
სად მიდიოდა და რადა.

ქალაქს რომ მიუახლოვდენ,
მაშინ კი ბრძანა: „კმარაო,
ამის მეტს ბიჯსაც ნუ წარსდგამთ,
ჩამოხტით აქვე ჩქარაო!“

ერთს უფროსთაგანს უბრძანა:
„აქ დაასვენე ყველაო,
დაკვესაც არვინ გაჰბედოს,
სანამდის ასე ბნელაო!

რომ ხმაურობა არ ასტყდეს,
ბევრს ნუ დალევენ ღვინოსო,
ყველამ ცხენს თოფრა მიეცით,
რომ აღარ იჭიხვინოსო.

ვინც გაგიბედავს ურჩობას,
მოვეკიდები ავადო,
და მე-კი თვითონ მივდივარ
ირაკლის სანახავადო“.

იახლა მეფეს, - რა უთხრა,
არვისთვის გაუმხელია,
მაგრამ რომ დააღალატა -
ცხადი და უეჭველია.

ამბობენ, მეფე არწმუნა:
„სარდლად მე გამომგზავნაო,
ოციათასი მხედარიც
გამომატანა თანაო.

საომრად დამზადებულნი
აგერ მახლობლად დგანანო,
და დრო გაქვს, მეფევ, რომ შენს მტერს
მისი სიბრიყვე ანანო!

ბრძოლას დაიწყებთ თუ არა,
თავს გადავუვლით თათრებსო,
მოულოდნელად დავესხმით,
დავაკარგვინებთ დავთრებსო.

დროს ნუღარ ჰკარგავთ, ძვირად ღირს,
ახლავ ავტეხოთ ომიო,
რომ უეჭველად დამარცხდეს
თქვენი წახდენის მდომიო!“

დააიმედა მეფე და
თავად კი ჩვენთან მობრძანდა.
არ გვითხრა, რისთვის წავიდა
და ან რათ დააგვიანდა.

მაგრამ ჩვენ ეჭვი ავიღეთ...
ვუცდიდით გათენებასა;
ბატონის სიტყვას ველოდით
და მის ბრძანება-ნებასა.

VI

განთიადისას შორით, სადღაცა
ზურნამ საზარლად დაიჭიჭყინა;
ასტყდა თოფის ხმა და მას თან მოჰყვა
ხრიალ-გრიალი!.. დასცეს ყიჟინა.

ზე წამოვცვივდით, ცხენებს მივმართეთ
და გამოვეწყვეთ ჩვენცა საომრად.
გათენებული ჯერ კიდევ სრულად
არ იყო, მხოლოდ სცემდა მტრედისფრად.

ხმა საოცარი, ხმა საომარი
უფრო და უფრო ძლიერდებოდა,
მაგრამ თვალით-კი, თუ არ ახლოსვე,
შორს არაფერი იხედებოდა.

ვიცდიდით, სანამ დილის ნათელმა
სულ არ გაჰფანტა წყვდიადი-ბნელი,
მაშინ-კი შორით გადავიხედეთ
და დავინახეთ კრწანისის ველი.

როგორც კალია მოზღვავებული,
ერთის მხრით იდგა ურიცხვი მტერი,
მზე აღარ სჩანდა, შავ ღრუბელივით
ამდგარი იყო ბდღვირი და მტვერი.

წინ ქართველები გუნდად და გუნდად
სალკლდეებივით ეღობებოდენ:
ენა ვერ იტყვის, თუ რა საოცრად
და შეუპოვრად ეომებოდენ.

მაგრამ იმავ დროს კი ეტყობოდა,
გუნდი თანდათან რომ მცირდებოდა
მაშინ, როდესაც მოსისხარ მტრის ჯარს,
ახალ-ახალი ემატებოდა.

ძნელია, როცა ათი და ოცი
მარტოს იბრიყვებს და ერთზე მიდის,
და იმ საბრალოს ერთს ვაჟკაცობა
მარტოხელობით აღარ გაუდის.

ჩვენც აგვიტაცა ბრძოლის სურვილმა,
ცეცხლი მოგვედო იმათი ცოდვით!
შევჩერებოდით ბატონ სახლთხუცესს...
რა უნდა გვექნა, აღარ ვიცოდით...

ათასხუთასი მაშინ მომხმარე
ოციათასად დაფასდებოდა,
თუ მივეყვანეთ ჩვენცა იქ, საცა
თავგანწირული მოძმე კვდებოდა.

მაგრამ ზურაბმა ჩვენი სურვილი
როგორც შეიტყო, წარბი შეიკრა,
ჯერ მიგვითითა მეომრებისკენ
თავის ქნევითა და მერე გვითხრა:

„ვაი, შენ ჩემო ტფილის-ქალაქო!
რა ამბავია, ჰხედავთ, თუ არა?
ვეფხ-ლომებადაც რომ გადაიქცენ
დღეს ქართველები, მაინც არ კმარა.

დამარცხდებიან, უეჭველია...
ვეღარას არგებს ვერც ჩვენი შველა!
და ისევ ის სჯობს, იმერეთისკენ
ჩვენს გზას გავუდგეთ, მშვიდობით ყველა!“

- „მაგას ნუ ბრძანებთ, თქვენი ჭირიმე,
ეგ მეტად ძნელი გასაგონია!..
ვინ წერეთელი და ვინ ეგ სიტყვა?
გამოსაცდელად ბრძანებთ, გვგონია!..

როგორ? ჩვენ განა მიტომ მოვსულვართ,
რომ აქ გვენახა თვალის სეირი?
და, სასაცილოდ ღვთისა და კაცის,
გაგვიშავდეს და შეგვირცხვეს პირი?..

ჩვენი ცოლების ლეჩაქებს თავზე
ვერ დავიხურავთ! არ შეიძლება!..
გვიჯობს, აქ მოვკვდეთ ჩვენ მოძმეებთან...
ნუ გაგვაწბილებთ! გვიბოძეთ ნება!“...

ასე შესძახეს სუყველმ ერთხმად,
მომზადებულმა მტერთან საომრად.
შეკრთა ზურაბი - აღარა სთქვა რა,
სახე გაუხდა მხოლოდ ნაცრისფრად.

და გულმოსულმა თავისი ცხენი
იმერეთისკენ გაატრიალა.
მაგრამ, რომ ნახა, არვინ მისდევდა,
მობრუნდა და ეს დაიღრიალა:

„ახა, ვაგლახ მე! ამას რას ვხედავ?
როგორ-თუ ყველა მეურჩებითო!
მეფე სოლომნის ვფიცავ მე მზესა,
ცოცხალი ვერვინ გადმირჩებითო!

მე წავალ მარტო, მაგრამ გაიგებთ,
თუ რა მოუვათ თქვენ ცოლ-შვილებსო!.
განა არ იცით, რომ ჩემ სურვილსა
თვითონ მეფეც ვერ გააწბილებსო?“

სთქვა და წავიდა, პირი იბრუნა
იმერეთისკენ, გასწია ჩქარა...
ყველას გვესმოდა, თუ რას ჰნიშნავდა
მისი რისხვა და მისი მუქარა!..

ვინ არ იცოდა, რომ ცოლსა და შვილს
მისი ურჩობით გამოსჭრიდა ყელს?
შეშინდა მაშინ უმეტესობა
და გამოუდგა უკან წერეთელს.

მაგრამ ხუთასი კაცი კი დარჩა,
წერეთლის რჩევა არ დაიჯერეს...
შორს გაიხედეს, იმერეთისკენ,
ცრემლით პირჯვარი გადაიწერეს.

და სთქვეს: „უფალო ყოვლად ძლიერო!
ჩვენცა აქ მსხვერპლად შეგვიწირეო!
და სატანჯველი, მათზე მიმდგარი,
იქ ჩვენ მახლობლებს შეუმცირეო!“

იშიშვლეს ხმლები და გაექანენ
იქითკენ, სადაც მტერი იბრძოდა...
მაგრამ უთვალავ და ურიცხვ მტერთან
რას გახდებოდა გუნდი ის ცოტა?

მათ მხოლოდ ძმურად გაიზიარეს
ამერ-ქართველის სასტიკი ბედი
და მტრის სივრცეში ისე ჩაინთქენ,
ვით ზღვის უფსკრულში წვეთი მცირედი5...

მეც მათთან ვიყავ... აღარ მახსოვდა
აღარც ბატონი და არც დედ-მამა,
სხვების გმირულმა სანახაობამ,
მეც სასიკვდილოდ წამათამამა.

მაშინ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანას
მოჰნიჭებია მაღლით გმირობა
და ძალით ვერვინ დაიმორჩილებს,
თუ არ ღალატი და ორპირობა.

თუ ის ათასი სხვა იმერლებიც,
წერეთლისაგან გაბრუნებული,
ჩვენთან ამ ომში ჩამოსულიყვენ,
ჩვენსავით მტერზე განრისხებული, -

ვფიცავ გამჩენსა, რომ გამარჯვება
ჩვენ დაგვრჩებოდა და არა თათრებს,
და უპატრონოდ არ ჩავუყრიდით
ხელში იმ ჩვენს მტრებს დაჭრილებს და მკვდრებს!

ჯერ კიდევ შუა ომში ვიყავით,
მოულოდნელად რომ მეცა ელდა,
ხმალი გამვარდა... წავიბარბაცე,
და არემარე უცბად დაბნელდა.

ამეწვა მკერდი... ხელი მოვისვი,
სისხლი მოსჩქეფდა თბილი, ანკარა...
ჯერ ჩავიჩოქე... მერე დავეცი
და იქვე გულსაც შემომეყარა...

რამდენ ხანს ვიყავ გრძნობამიხდილი,
არ მახსოვს, მხოლოდ, გონს რომ მოვედი,
მე მეუცხოვა მდგომარეობა,
მოულოდნელად შევკრთი, შევშინდი:

პატარა ქოხში, მყუდრო ადგილას,
ლოგინზე ვიწექ მე, ცოცხალ-მკვდარი,
და ჭირისუფლად ჩემ სიახლოვეს
ვიღაც მოხუცი იჯდა თათარი.

მანიშნა ხელით: „ჩუმად იყავო!“
გამიხსნა მკერდი, ჭრილობა ნახა,
მალამო წამცხო, ისევ შემიკრა
და თან პირჯვარი გამოისახა.

გულში გავივლე: ეგებო მძინავს
და, რასაც ვხედავ, არის სიზმარი!..
თორემ სადა ვარ? და ვისთანა ვარ?
ვინ პირჯვრისწერა და ვინ თათარი?

შემატყო, მითხრა ღიმილით: „ძმაო,
ნურა გიკვირს რა! ვარ თქვენებური,
გარეგნობით ვარ მაჰმადიანი
და ნამდვილად კი - ქრისტეს მსახური.

ახლა ამის მეტს აღარას გეტყვი,
ყველას გიამბობ, როცა მორჩები!
და მანამდე-კი დამშვიდდი, გირჩევ,
ნუ აშფოთდები, ნუ მეურჩები!!“

მითხრა და რაღაც მწარე სასმელი
ძალდატანებით დამალევინა...
შევსვი თუ არა, ძილი მომინდა,
დავხუჭე თვალი და დამეძინა.

რა გავაგრძელო: თვე-ნახევარი
თავს მევლებოდა მამაშვილურად.
თანდათან ვგრძნობდი მეც უკეთობას,
თუმცა-კი ვიყავ ცოტა უძლურად.

როცა სრულიად განვთავისუფლდი
და შემიხორცდა ნაკოდი ძვალი,
მაშინ დამისვა გვერდით და მითხრა,
თავისი მან თავ-გადასავალი:

VII

„იმერელი ვარ ნამდვილი,
იმერეთს დაბადებული,
გვარადაც თურმანიძე ვარ,
ჯანიოზობით ქებული.

თვით უკვდავების წყაროში
მოზელილი გვაქვს მალამო,
მაგრამ ამ საიდუმლობას
დიდი სიფრთხილით ვმალამო,

ანდერძი საგვარეულო
გვიწერს, რომ უნდა დავფაროთ,
და მოსწავლედაც სხვა გვარის
ვერავინ ვერ მივიბაროთ.

ქალებსაც კი ვერ ვასწავლით,
წესი ამასაც გვაფრთხილებს,
რომ მერე მათ არ გადასცენ
ეს ცოდნა ქმარსა და შვილებს.

მხოლოდ იმ ჩვენს გვარს ეკუთვნის
ეს სამკურნალო ხელობა
და უხსოვარი დროც არის
ამისი ძველისძველობა.

სწავლა სტუმარს ჰგავს მომსვლელსა,
ჭკუა კი მასპინძელია...
თუ სტუმარს მწყრალად დაუხვდა,
მათი თანხმობა ძნელია!

და ჩვენს გვარშიაც ასეა:
ზოგს ნიჭი უჭრის, ზოგს არა,
ზოგი ნამდვილად მკურნალობს
და ზოგი არის მასხარა.

არავის მოუხვეჭია
გვარში ჩემდენი სახელი!
მლოცველი ბევრი მყოლია
და არცა ერთი - მძრახველი.

მეფე სოლომონ პირველი
წყალობის თვალით მიმზერდა.
არავის ვეპუვებოდი,
გული სალხინოდ მიმღერდა.

ეს არ მოსწონდა სახლთხუცესს,
უბრალოდ მირისხდებოდა;
მიზეზს ეძებდა... დაღუპვა
ჩემი არ ავიწყდებოდა.

რუსეთიდანა სახლთხუცესს
თან მოჰყვა ერთი მკურნალი,
ანაწერებით იცოდა
ყოველი გვარი წამალი.

მაგრამ ჭრილობის მალამო
ჯერ გაგონილიც არ ჰქონდა,
რომ ნახა ჩვენი ხელობა,
მეტის სიხარბით დაღონდა.

და შეჰხვეწოდა სახლთხუცესს,
რომ მისთვის მესწავლებია
ის, რაც მის სწავლას და ცოდნას
სათვალდათვალოდ ჰკლებია.

მაგრამ მე როგორ შემეძლო
გატეხა გვარის ანდერძის?
უარი ვთქვი და მსახური
კარზე მომადგა სახლთხუცის.

ებრძანებია: „ხუნდები
ფეხებში შეუყარეთო
და მოდინახის ციხეში
შეკრული ამომგვარეთო“.

ეს რომ გავიგე - მეწყინა,
მსახურს დავუწყე ფრთხილება:
„რომ წამიყვანოთ ცოცხალი,
იცოდეთ არ შეიძლება!“

შევფიცე, მაგრამ მან მაინც
ხელი წამავლო სიბრიყვით
და თანაც მიხსენიებდა
აგდებითა და ავსიტყვით.

ბრაზმორეული ავენთე,
ხელი გავიკარ სატევარს,
სახლთხუცის შინაყმის სისხლი
ზე მივაჩქეფე სახლის კარს.

და... თავს ვუშველე, გავვარდი,
გავიჭერ როგორც ნადირი,
შინ დასარჩენი რადგანაც
აღარა მქონდა მე პირი.

გადავიხვეწე თათრებში
და, რომ მომეგო მტრის გული,
გარეგან დასანახავად,
გამოვიცვალე მე რჯული.

იმ დღიდან ყეენის კარზე
ექიმბაში ვარ ქებული,
მაგრამ კი, ჩვენი ქვეყანა
არა მაქვს დავიწყებული.

აქ დაჭრილებში რომ გნახე
ობლად, ოხერი, ტიალი,
და იმერლადაც გიცანი, -
გულმა დამიწყო ფრიალი.

ამ ქოხში გადმოგიყვანე,
აქ გპატრონობდი ფარულად,
და მადლი ყოვლის შემძლებელს,
რომ გაიკურნე აწ სრულად!

ეს არის, შვილო, რაც გსურდა
შეგეტყო პირველ დღესავე!..
ჩემის ქვეყნის შვილს რომ გხედავ,
გეძმე და გენათესავე.

ახლა შენც მითხარ: ვინა ხარ?
სადაური ხარ? რა გვარი?
ან რისთვის გადმოგივლია
შენი სამშობლოს საზღვარი?!“

ზოგი ეს მკითხა, ზოგი ის,
სხვადასხვა რამე მრავალი.
ბოლოს მეც წვრილად ვუამბე
ჩემი თავგადასავალი..

ხუთასი კაცის ურჩობა
როცა ვუთხარი წერეთლის,
და ან მათ ცოლ-შვილს, დედ-მამას,
იმერეთს რა დღე მოელის,

მოხუცი გამხიარულდა
და სთქვა: „მადლობა ღმერთსაო!
ჩირქი სახლთხუცესს ედება
და არა იმერეთსაო!“

მერე მოჰყვა და მიამბო,
ჩემ შემდეგ რაც მომხდარიყო:
ვინც ჩემთან ჩხუბში დაესწრო,
სუყველა იქ მომკვდარიყო.

მაგრამ იმათი გმირობა
აღარ დაფასდა არაფრად,
რადგანც სხვა გუნდმა იმერლის
თავი იჩინა იმ დღეს მტრად:

რომ ნახეს, ქალაქს იკლებდენ,
თვითონაც გამოერიენ,
და დავლაც ისე იშოვნეს,
რომ თითქმის ვერ მოერიენ...

აღარ ჰზოგავდენ ობოლ-ქვრივს,
აღარც მკვდარს, აღარც ცოცხალსა,
დათარეშობდენ, ასხამდენ
დამწვარზე მდუღარე წყალსა.

არ იგონებდენ აღარც ღმერთს,
აღარც რჯულს ცოდვის შვილები!
ამათში იყვენ სახლთხუცის
შინაყმად გამოზრდილები...

იმ ათასს კაცში ერიენ,
უკან რომ გაჰყვენ წერეთელს;
უფროსად ჰყავდათ ჩემი ძმა, -
ღმერთმა მოჰკითხოს იმ სოფელს!

თურმე წინათვე ყოფილან
ბატონის განაზრახები
და ასრულებდენ მის ნებას,
შერცხვენილი და გლახები!

ღვთისაგან რჩეულ თორმეტში
იუდა გამოერია!
ათი და ოცი მთელ ჯარშიც
რომ იყოს, განა ბევრია?

მაგრამ თქმულია ძველთაგან:
ერთი შეარცხვენს ასსაო
და ასი ათასს ღირსეულს
დააკარგვინებს ფასსაო.

არვინ იხსენებს იმ საწყლებს,
თავი რომ მსხვერპლად შესწირეს!..
და ყველა თითით უჩვენებს
იმ შეჩვენებულს გუნდს მცირეს.

ეს რომ მიამბო, მეწყინა,
სირცხვილით ჩამვარდა ენა,
და გულში ბევრიც ვუთხარი
ზურაბ წერეთელს შერცხვენა.

ვფიქრობდი: რათ ღალატობდა
ან იმერეთს და ან ქართლსა?
რად ვარდებოდა ცოდვაში,
რათ უარჰყოფდა ღვთის მადლსა?

მაშინ ვერ მივხვდი მე, მაგრამ
ბოლოს კი ყველამ გაიგო,
რომ მაშინდელი ღალატით
მან სხვისი გული მოიგო....

სამ თვემდე დავრჩი მოხუცთან,
ვფარავდით ვინაობასა;
ვერ ტყობილობღა ვერავინ
ჩემს იქ ყარიბად ყოფასა.

ისე შევეტკბეთ ერთმანეთს,
როგორც მამა და შვილია,
მაგრამ სამშობლო ქვეყანა
სუყველაფერზე ტკბილია.

ლიხ-იმერეთის ღრუბელი,
ყოველ წამს მელანდებოდა...
მაგონდებოდა დედ-მამაც
და გული მიღონდებოდა.

ვფიქრობდი: ჩემი ბრალობით
ვაი თუ რამე აუტყდათ
და მათთვის ტკბილი სახელი
ჩემი საწყევრად გაუხდათ!

ეს ჩემი გულისტკივილი
მოხუცმაც გაიზიარა,
გზა დამილოცა და ღამით
თბილისით გამომაპარა...

ღმერთმა აცხონოს! მას შემდეგ
აღარ ვარ მისი მნახველი!
დღესაც-კი მისთვის ვლოცულობ
და მახსოვს მისი სახელი:

ჩვენში ოთარი ჰრქმეოდა,
იქ ეძახოდენ ომარსა.
ღვინოს არა ვსვამ მე ისე,
თუ არ მის შესანდობარსა.

VIII

ქურდულად მიველ იმერეთს,
როგორც ბატონის ორგული.
გულმა დამიწყო ფრიალი,
რომ დავინახე ორღული.6

იქ იყო ჩვენი სოფელი,
სამოსახლო და სახლკარი!
მუხლმოყრით ვეცი თაყვანი,
თავი მიწაზე დავკარი.

სახლის კარებზე მივდექი...
ხმა გავიგონე დედისა...
შევხედე - შავად მოსილი
იჯდა, მგმობელი ბედისა.

მამასაც შავი ჩაეცვა ...
წვერიც მოეშვა, ვხედავდი...
მინდოდა, კარი შემეღო
და შესვლას კი ვერ ვბედავდი.

როდესაც გონზე მოვედი
და გავიმაგრე გლახგული,
კარი შევაღე სიფრთხილით
და შეველ დამშვიდებული.

დედამ შემხედა, იკივლა,
ზე წამოვარდა გიჟივით:
„რას ხედავს ჩემი თვალები,
შვილო, შენ გნახე ისევ, ღვთით?

იმ სოფლად მეგულებოდი
და კიდევ გხედავ ამ სოფელს?“
ეს სთქვა და გულში მიმიკრა,
ზე გადამაჭდო ყელი ყელს.

მამაც წამოდგა, სთქვა: „იმე!
სასწაულია, თუ რაო?
უბრალოდ წუთისოფელსა
ბედმა რათ დამამდურაო?

შვილიც ცოცხალი მყოლია,
მე ვიჯექ მგლოვიარეო!..
ახლა-კი, მადლი ჩემს გამჩენს,
ვნახე და გავიხარეო!“

დაჯდა და გვერდში მომისვა...
დედაც არ მოგვშორებია...
ისე გათენდა, რომ არც ერთს
ძილი არ მოგვკარებია.

ვუამბე წვრილად ყოველი,
რაც ვიცოდი და რაც ვნახე,
საქები ყველა ვაქე და
დასაძრახავი დავძრახე...

სულგანაბული მიგდებდა
ყურს მამაჩემი მწუხარე
და თეთრ წვერებზე წვეთ-წვეთად
ცრემლი სდიოდა მდუღარე.

სთქვა: „შვილო, დღემდე გიგლოვდი,
შენზე ვიცვამდი შავსაო,
დღეიდან ვიგლოვ იმ შენს ძმას,
მოღალატეს და ავსაო.

ვმადლობ ღმერთს, რომ შენც ძმასავით
პირი არ შეგირცხვენია
და მთელი ქვეყნის საწყენი
შენც, როგორც ქართველს, გწყენია.

ძმებს ძმურად მოჰხმარებიხარ,
არ გაჰქცევიხარ სიკვდილსა...
ეგ შეჰშვენოდა იმერელს,
ეკადრებოდა ჩემ შვილსა.

შენს უფროს ძმაზე რაღა ვთქვა?
გარყვნილი სასახლეშია!..
ეტყობა, სული არა აქვს,
მარტო უგულო ლეშია!..

ვხედავ, დღეიდან შენ სახლში
რომ აღარა გაქვს აწ ბინა!
თუ ვინმემ შენი აქ ყოფნა
სახლთხუცესს შეატყობინა,

შენც მოგკლავს, ჩვენც ამოგვაგდებს,
მთლად გადაგვიწვავს სახლკარსა,
ჩვენს სისხლს დალევს და ხორცს შესჭამს,
როგორც თაფლსა და შაქარსა.

უნდა გაჰშორდე იმერეთს, -
სოფელი ღონიერია,
კაცი ყოველგან დარჩება,
თუ თვითონ გონიერია!“

ამას ამბობდა ტირილით,
დედაც ბანს ეუბნებოდა,
გულს იმაგრებდენ, ვხედავდი,
მაგრამ ორივე ბნდებოდა.

ორი დღე დავრჩი ჩემს სახლში,
ვერიდებოდი ყველასა,
რადგანც არვისგან ველოდი
დახმარებას და შველასა.

მესამე ღამეს ავტირდი,
ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა,
გამოვეთხოვე დედ-მამას
და ჩემს სამშობლო მხარესა.

კაკას ხიდს გაველ, დავაგდე
იმერეთისა საზღვარი;
ახალციხეში ჩავედი,
იქ მომცეს თავშესაფარი.

IX

დიდხანს დავრჩი უცხო მხარეს,
მარტოობა გულზე მკბენდა,
იმერეთის დანატრულსა,
მე სიხარულს რა მომფენდა?

ერთხელ გზაში ულოდნელად
შემხვდა ჩემი ნათესავი,
გამიკვირდა!.. ვკითხე: ძმაო,
სად მოსულხარ? სად იყავი?

მიპასუხა: „გადმოვარდა
აქეთ ჩვენი სოლომონი,7
წერეთლებიც თან ახლავან:
ქაიხოსრო და სვიმონი.

სტამბოლს უნდათ, რომ მივიდენ
და ხვანთქარსა სთხოვონ შველა...
ჩვენც იმათთან ვიკარგებით,
თან მოვყვებით ერთად ყველა.

ღმერთმა ჰკითხოს ჩვენი ცოდვა
მოღალატეს, ავის მქნელსა,
ნურც იმ სოფელს გაახაროს,
ნურც ამრავლოს ამ სოფელსა!“...

ესა სთქვა და მოიხადა
ქუდი, მიწას დაახალა,
დაიძახა მანვე „ამინ“!
მე-კი აღარ დამაცალა!

როცა მისმა მწარე სიტყვამ
გული სრულად დამიშხამა,
მერე ვკითხე: „როგორ არის
ჩემი დედა და ან მამა!“

გაიკვირვა: „რასა მკითხავ?
განა ჯერ არ შეგიტყვია?
რომ სახლთხუცის ბრძანებითა
მამაშენს ჰკრეს გულში ტყვია?

მის ჯავრსა და მწუხარებას
თან გადაჰყვა დედა-შენი,
და სრულიად გადაგიწვეს
სახლი, კარი და ნაშენი...

იმიტომ რომ ბატონისთვის
მიეტანათ შენს მტრებს ენა,
ეთქვათ შენი სახლში მოსვლა
და სიცოცხლე... გადარჩენა“..

ეს რომ მითხრა, გულზე ცეცხლი
მომედო და მომეკიდა!..
მზად ვიყავი, ჩემი სული
ეშმაკისთვის მიმეყიდა,

ოღონდა-კი ეს ამბავი
დაწვრილებით მე გამეგო
და იმ დროსვე ქვეყნის სისხლი
ჩემი მტრისგან ამომეგო.

დავკარ ფეხი მაშინათვე,
იმერეთში გადავედი...
დრო მინდოდა შემერჩია
და მომესპო მისი ბედი.

ბატონისას რომ მივედი,
ლხინი ჰქონდა ჩემსა მტერსა...
ნურავინ ნუ დაიჩემებს
მასპინძლობას უკეთესსა:

კაცის თვალი ვერ სწვდებოდა
გაგრძელებულ ფანჩატურსა,
შინაყმები ვერ ასწრებდენ
იქ სტუმრების სამსახურსა.

სავსე სუფრა, მხიარული
უცინოდა მასპინძელსა!
ახალს არვინ კადრულობდა
ღვინოს, სვამდენ ძველისძველსა.

მოსწრებული ზმა და მღერა
დაატკბობდენ საამოდ ყურს:
აქ იმღერდენ სუფრულ-მაყრულს,
იქ გალობდენ კანდელაკურს...

თავში იჯდა თვით ბატონი,
მოკაზმული სულ სხვაფერად:
მხრებზე ედვა ჯინჯილები,
მოყვითალო მჭადის ფერად.

რომ შევხედე, გამიკვირდა!
ვთქვი: ,,ეტყობა ძველსა სწუნობს,
უნდა ახალს სტაცოს ხელი
კუდში, მაგრამ - მაიმუნობს!“...

გამახსენდა ხოჯა-ხანი
და თბილისი დაღუპული;
მომაგონდა სოლომონიც,
სამშობლოდან გაგდებული.

წარმომიდგა თან დედ-მამა
და სახლკარი გადამწვარი.
გულზე სისხლი ამომენთხა,
„დრო ახლა გაქვს“ - თავს ვუთხარი.

იქვე ახლოს ხეს ვეფარე,
ჩემ წინ იჯდენ სუფრად ყველა.
ბატონს თოფი დავუმიზნე,
გადმოვიღე მაჭახელა.

მაგრამ იმ დროს მერიქიფემ
თვალი მომკრა... აეფარა...
იმას მოხვდა სხვისი ტყვია,
სისხლიც ტყვილა დაიღვარა...

ჰეი, ჰეი! - დაიძახეს,
წამოცვივდენ, მტაცეს ხელი...
„ჯერ ნუ მოჰკლავთ! აქ მომგვარეთ!“
ღრიალებდა მასპინძელი.

მიცნო, შეკრთა, შემომძახა:
„სად მოსულხარ შენ, კაენო!
კაცის მოკვლა როგორც უნდა,
თავმან ჩემმან, მე გაჩვენო!

არც მოგკლავ და არც დაგარჩენ,
აქ ნუ ელი შენ სამარეს!
ძაღლთაპირებს ჩაგაბარებ,
გაჩვენებენ შენ სიმწარეს“.

და მართლაც რომ ჩამაბარეს
სატანჯავად სისხლის მსმელებს...
ვინ მოსთვლის ჩემ გასაჭირებს?
არ უშვებდენ არც მნახველებს...

მაგრამ ბოლოს გავიპარე,
გავიჭერი ვით ნადირი,
და დღეს სრულად მოვლილი მაქვს
ხმელეთი და ზღვისა პირი.

დღეს აქა ვარ, ხვალ იქა ვარ,
არც სახლი მაქვს და არც კარი.
აღარც მტერი შემრჩა ვინმე
და აღარც მყავს მეგობარი.

სიკვდილს ვუცდი, - არც ის მოდის,
დავავიწყდი, ვგონებ უფალს!..
მაგრამ მადლი და დიდება
მის ნებას და მის სამართალს!..

1889 წ.

________________

1. ზურაბ წერეთელი.

2. სოლომონ ლეონიძე.

3. იმერეთის მეფეს.

4. წერეთელი სარდალი.

5. აქ იმ პირველი დღის ბრძოლაზე ამბობს, რომელსაც იმერეთის მეფე სოლომონი არ დასწრებია.

6. სოფელია საწერეთლოში.

7. იმერეთის მეფე.

რედაქტორის შენიშვნები

კიკოლას ნაამბობი

ამ პოემის რამდენიმე თავი პირველად გამოქვეყნდა 1889 წელს („ივერია“, 1889 წ., №172). აქ ზურაბ წერეთლის მონოლოგი სხვა ვარიანტით არის დაბეჭდილი. ამავე წელს (1889) ეს პოემა გამოვიდა ცალკე წიგნად, სადაც ტექსტი ძალზე კუპიურებად არის წარმოდგენილი.

უფრო სწორადაა დაბეჭდილი თვით აკაკის ,,კრებულში“ (1889 წ. №IV, გვ. 65).

არის კიდევ 1890 წლის გამოცემა. 1913 წელს ცალკე წიგნად დაბეჭდა „ცოდნა“-ს გამომცემლობამ. სახელგამმა გამოსცა 1926 წელს „სახალხო ბიბლიოთეკის“ სერიაში.

აკაკის ამ სათაურით: „კიკოლას ნაამბობი“ დაწერილი აქვს პროზად („ივერია“, 1888 წ. №247).

ყველგან ეს ერთი ხანა ასე იბეჭდებოდა:

„და მართლაც რომ ჩამაბარეს
სატანჯავად სისხლის მსმელებს...
არ უშვებდნენ არც მნახველებს...
ვინ მოსთვლის ჩემ გასაჭირებს“.

ეს არეული სტრიქონები ჩვენს გამოცემაში ასე დავაწყეთ:

„და მართლაც რომ ჩამაბარეს
სატანჯავად სისხლის მსმელებს...
ვინ მოსთვლის ჩემ გასაჭირებს?
არ უშვებდენ არც მნახველებს“.

„კიკოლას ნაამბობში“ შენიშვნები ეკუთვნის თვით ავტორს.

1.6 წმინდა გიორგი და წმინდა ილია [იმერეთში გაგონილი]

▲back to top


წმ. გიორგი და წმ. ილია

იმერეთში გაგონილი აპოკრითული არაკი

I

ახალ-გაყრილი ორი ძმა
ერთმანეთს ეჯიბრებიან:
თუ რა დააკლონ ძმობაში,
კოჭებში შესჩერებიან!

მათ აღარ უნდათ საერთო
აღარც ცა აღარც ქვეყანა!
რძლებმა ასტეხეს ეს შფოთი...
ეშმაკმა ააყაყანა!..

ვერც მკიან, ვეღარც თოხნიან...
ვერც მუშაობენ ვერასა,
ღარიბდებიან თანდათან,
სწყევლიან ბედის-წერასა.

ორივე ამას ამბობენ:
„ჩემი ძმა მიშლის ხელსაო,
თვარა ამ ცულით და თოხით
გავიტან ტყე და ველსაო!“

ცოლებიც ასე ურჩევენ:
„ტკბილი დღე გავითენოთო:
ბარემ მოჰკალი შენი ძმა,
მოვრჩეთ და მოვისვენოთო!“

მაგრამ კაცები ამბობენ:
„ჩუ! ნუ მოჰყვებით ბოდვასო!
აგრე ადვილად ვერ ვიზამთ
კაენის პირველ ცოდვასო.

სჯობს, ისევ ღმერთი ვილოცოთ!
საღმრთოდ შევწირავთ ერთ ცხვარსო,
და რჩევას ვკითხავთ ორივე
ამ ჩვენის სოფლის მოძღვარსო.“

სთქვეს და ხუცესთან წავიდნენ,
ცხვარიც თან მიჰყავთ ბღავილით;
ცოლები სახლში დასტოვეს,
გულმკვდრები ენის ქავილით.

მოძღვარმა უთხრა: „შვილებო,
ნუ დაინანებთ ცხვარსაო!
და შეევედრეთ ერთგულად
ქრისტე ღმერთს მაცხოვარსაო!

რომ ერთმანეთი გიყვარდეთ,
სჯობს, გაიწმინდოთ გულიო,
და აიყვანოთ პატრონად
წმინდა... ან მოციქულიო.“

გამოეთხოვენ მადლობით,
დაჰგმეს მაცდური წყეული
და წამოვიდნენ სახლისკენ
ხელი-ხელს გადახვეული.

უმცროსი წმინდა გიორგის
მიენდო... მის მლოცველია;
უფროსმა მფარველ-პატრონად
ირჩია წმინდა ელია.

ნათლიმამებად გაუხდენ,
მოანათვლინეს შვილები
და მერე ძმურად სცხოვრობდენ,
ორივე კმაყოფილები.

II

ერთხელ რძლებმა ჩამოაგდეს
ნათლიებზედ საუბარი:
გიორგი სჯობს, თუ ელია,
დიდი ღრუბელთ წინამძღვარი?

ერთმა სთქვა, რომ „ჩემს ნათლიას
ხელში შუბი უპყრიაო;
ვისაც კი ჰკრავს, არ მოარჩენს,
ბევრი სისხლი უღვრიაო!..

ვეშაპები რომ დაჰფრენდენ
და იდენდენ პირით ალსო,
ისინი სულ მან გასწყვიტა..
ვენაცვალე იმის ძალსო!“

მეორემ სთქვა: „ჩემი ქვეყნად
არ ჩამოდის, სისხლს არ ღვრისო,
მაგრამ ერთი თუ დასძახა,
დედამიწა შეიძვრისო!

ვენაცვალე!.. ეტლით დადის...
ძვირად ადგამს დაბლა ფეხსო;
და, თუ უნდა, მაღლიდგანაც
ძირს დაახლის ჭექით მეხსო!“

ამან ეს სთქვა... იმან ის სთქვა...
აჰყვენ... აიშალენ რძლები
და ერთმანეთს შეუპოვრად
დაულანძღეს ნათლიები.

იმ საღამოს უფროს რძალსა
შეეყარა წინ ნათლია
და შენიშნა ნათლიდედას,
რომ ცოტათი გულს აკლია.

უთხრა: „ჩემო ნათლიდედავ!
ვინ გაწყინა და რა გჭირსო?
მითხარი და მე გიჩვენებ
მის თამაშას და სეირსო!“

ნათლი-დედა აწუწუნდა:
„რად მომასწარ მე ამ დღესო,
რომ მე შენი კარგი თავი
გამილანძღეს... გამკიცხესო!..

ჩემმა რძალმა ასე მითხრა,
რომ ის შენი ნათლიაო
დიდი რამე ნუ გგონია,
ბევრიც არ შეუძლიაო!

ჩემ ნათლია გიორგისთან
რა სახსენებელიაო
ან მადლით, ან სასწაულით
შენი ვიღაც ელიაო?!“

ელიამ სთქვა: „ნათლიდედავ,
ნუ იხეთქავ მაგით გულსო!
იმას მისის სიბრიყვისთვის
მე ვუჩვენებ სასწაულსო:

ერთი ყანა პური რომ აქვს,
დავაცხუნებ ზედ ხვალ მზესო
და სულ ისე დავუხრუკავ,
არ შევარჩენ აღარც ბზესო;

მოვანატრებ საგაისოდ
იმ უბედურს ლუკმა პურსო!..
მაგრამ შენ კი ნურვის ეტყვი,
ნურც ქმარს, ნურც სხვა შინაურსო!“

გამობრუნდა სახლისაკენ
ნათლიდედა მხიარული;
ვეღარ ითმენს საიდუმლოს,
გაუსქდება აგერ გული!

დაბრუნებულს შეეყარა
ერთი მგზავრი, ვიღაც უცხო;
მიესალმა და შორიდგან
საუბარი მას დაუწყო.

სხვათა შორის უთხრა: „დედავ,
თუ რომ ღმერთმა ინებაო,
როგორც ვატყობ, სახვალიოდ
დიდი წვიმა იქნებაო!“

ქალმა უთხრა: „რასა ბრძანებ,
ამ ღრუბელს დღეს გადაჰყრისო!
ხვალ მისთანა მზე იქნება,
რომ ქვეყანა ოფლს დაღვრისო!

როგორც გატყობ, თქვენ არ გჯერათ,
მაგრამ მეც სხვებრ შევიტყეო...
საიდუმლო საქმე არის...
ხომ არ გნებავთ, მოგიყვეო?“

და მოუყვა დაწვრილებით,
რაც იცოდა დაფარული!..
ქმარს ვერ ეტყვის და უცხოსთან
მოიფხანა მაინც გული!

III

საღამოს წმინდა გიორგი
უმცროსის ძმისას მივიდა
და მისის რჩევით ის ყანა
ძმამ მის უფროსს ძმას მიჰყიდა.

მზემ მეორე დღეს ის ყანა
მართლა დასწვა და დასდაგა
და მწუხარება უფროს ძმას
გულს ისარივით ატაკა.

ატირდა და ცოლს შესჩივლა:
„ვეჰ, შენს მტერს ამისთანაო:
აკი წუხელის ვიყიდე
ძმისაგან მე ის ყანაო!“

ცოლს ეუცხოვა... წამოხტა,
გავარდა კარში მტირალი,
თავის შავ-ბედის მგმობელი
და სულელს ქმარზე გამწყრალი.

წინ შეჰხვდა ისევ ნათლია
და უთხრა: „ნათლიდედაო,
ვინ გაწყენია, მითხარი,
და ვინ რა გაგიბედაო?“

ქალმა უამბო, რაც სჭირდა,
ცრემლები ჰღვარა უბეში...
მაგრამ ნათლიამ ისევე
უბრძანა დიდი ნუგეში:

„ხვალ ისეთს წვიმას მოვიყვან,
რომ გავაახლებ ყანასო!
და შენი რძალი სიხარბით
ყელში გაიყრის დანასო!“

მადლობა უთხრა ნათლიას,
შინ მორბის, მოუხარია;
რაც რომ შეიტყო, იმღერის...
ხმა-მაღლა მოუბარია!

წინ შეჰხვდა დაბრუნებული
ისევ ის, გუშინ რომ ნახა,
მაგრამ არ გასცა ქალმა ხმა,
კაცადაც აღარ დასახა!

თავისთვის მიიმღეროდა,
იმით სურვილებს იქრობდა,
და სხვაც თუ გაიგონებდა,
იმას კი აღარ ჰფიქრობდა!..

მობრძანდა წმინდა გიორგი
მაშინვე უმცროს ძმასთანა
და უთხრა გამოეყიდა
ძმისაგან ისევ ის ყანა!

ისიც წავიდა ძმას უთხრა:
„ძმაო, ნუ გტკივა გულიო!
მე ჩემი ყანა მომეცი,
წაიღე შენი ფულიო!“

ძმას გაეხარდა, სათავი
მისცა და ისე მოშორდა;
რას იფიქრებდა საწყალი,
თუ მეორედაც მოღორდა!

გათენდა დილა, დაიწყო
ლამაზი წვიმა შხაპუნა;
ააბიბინა ის ყანა,
ისევე გამოაბრუნა.

მაშინ შეჰხედა ცოლმა ქმარს
და უთხრა: „ცრემლებს ნუ ღვრიო!
ვერ ჰხედავ, ჩვენმა სიმართლემ
გამოგვიბრუნა პურიო!“

ქმარმა მიუგო: „რას ამბობ,
ქალო, შენ გენაცვალეო?
წუხელი მიველ ჩემ ძმასთან
და ისევ შევეშალეო!“

ქალი ავარდა... დავარდა...
სახე გაუხდა ნაცრისფრად!..
თავ-გადაგლეჯილს ნათლია
გაუხდა ისევ საძებრად.

მესამედ შეხვდა ნათლია
და უთხრა: „ნათლიდედაო!
ნეტავ, რა ღმერთი გიწყრება
შენ ასე ზედი-ზედაო?

ნუ თუ ვერც ახლა გააძღე
ხარბი გული და თვალიო?!
ახლა ხომ მაინც ყელს იჭრის
შენი უმცროსი რძალიო“

ატირდა ქალი და უთხრა:
„ეგრე უთხარი ჩემს ქმარსო!..
დავგლეჯ ამ ჩემის კბილებით...
ცხვირში წავადენ მას ძმარსო!

მისულა ძმასთან წუხელის,
ისევ შეშლია ყანასო!
მოდი და ჭკუა უკითხე
იმ გლახას, სალახანასო!..“

ელიამ ბრძანა: „ნუ ამბობ
ქმარზე უკადრის სიტყვასო,
მაგ საქმეს გამოვაბრუნებ:
მოვიყვან ისეთს სეტყვასო,

რომ იმათ ყანას ერთ-პირად
ამოუვარდეს ძირიო,
და შენს მაზლს ერთად შენს რძალთან
კარზე მიადგეს ჭირიო!

მაგრამ იცოდე: ეს არის
უკანასკნელი ღონეო,
და არავისთან არ წაგცდეს,
რაც ეხლა გაიგონეო!“

სთქვა დედა-კაცმა: „არ ვიტყვი,
მტერს აღარ გავაცინებო!
რომ აღარ წამცდეს, ეხლავე
დავწვები, დავიძინებო!“

სთქვა და წავიდა. რომ გავლო
რამოდენიმე მანძილი,
მივიდა, ხეს ქვეშ წამოწვა,
მართლა მოუნდა მას ძილი.

რომ დაეძინა, მაშინვე
დაიწყო ბოდვა ხმა-მაღლა
და, რაც ელიამ უბრძანა,
გაიმეორა ხელ-ახლა.

თავს წამოადგა მძინარსა,
წინ რომ ხვდებოდა, ის მგზავრი;
ყური დაუგდო და მიხვდა,
რაც გულში ჰქონდა ქალს ჯავრი.

ის თურმე წმინდა გიორგი
იყო, სამგზავროდ ჩაცმული,
და ნათლიასთან წავიდა
ნათლითა გაბრწყინვებული.

ურჩია: „ისევ ის ყანა
უნდა გადასცე ძმასაო!
და შენთვის ჩუმად იყავი,
ნურავის გასცემ ხმასაო.“

ძმა უფროს ძმასთან მივიდა
და უთხრა: „რასა სწუხარო?
ის ყანა ისევ შენ გქონდეს,
ჩემზედ გულ-ნაკლად ნუ ხარო!“

ძმა დაეთანხმა, სათავიც
დაუდვა სიხარულითა
და დაიძინა იმ ღამეს
დამშვიდებულის გულითა.

გათენდა დილა. ცამ სეტყვით
მთლად ამოუგდო ის ყანა!..
ცოლმა მოჰკიდა ქმარს ხელი
და გარეთ გამოიყვანა.

უთხრა: „ხომ ჰხედავ ამ სეტყვას?
საარაკოა, განაო?
არც ახლა ამოვარდება
ჩვენის მოქიშპის ყანაო?!“

ატირდა ქმარი და უთხრა:
„ღმერთი გამიწყრა კიდეო;
ჩემი ძმისაგან ის ყანა
ისევე შევისყიდეო!“

მაშინ ატირდენ ორივე...
არ გაუვიდათ ვედრება!..
და თვის ნათლია ელიას
დაუწყეს ცრემლით ყვედრება.

როცა მივიდა ელია
და დახვდენ ატირებული,
აღარ იცოდა, რა ექნა,
გაბრუნდა გაკვირვებული!

სთქვა: „იმ კაცს სწყალობს ვიღაცა
და ის აფარებს სწორედ ხელს!..
მაგრამ ჩემს ფარულს განზრახვებს
ვინ ტყობილობს და ვინ ამხელს?“

მაშინ წინ შეხვდა გიორგი
და უთხრა: „ჩემო ილია!
საქმეს ის უკეთ წაიყვანს,
ვინც დედაკაცთან ფრთხილია!

რადგან წასული საქმეა,
გამოგიტყდები ამასო,
რომ ვერვის დავაჩაგვრინებ
მე იმ ჩემ ნათლიმამასო!“

1889 წ.

რედაქტორის შენიშვნები

წმინდა გიორგი და წმინდა ილია [იმერეთში გაგონილი]

პირველად დაიბეჭდა „ივერიაში“ (1889 წ. №258, 3 დეკემბ. მეორედ - პოეტის „თხზულებაში“ 1893 წ., ტ. II, გვ. 272).

1.7 წმინდა გიორგი და წმინდა ილია [ქართლში გაგონილი]

▲back to top


წმ. გიორგი და წმ. ილია

ქართლში დარჩენილი აპოკრითული არაკი

I

ჩამობრძანდა დაბლა ქრისტე
ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი,
კაცის სახით ქვეყნიერად
დადიოდა, როგორც მგზავრი.

თანვე ახლდა მას ილია,
დიდი ღრუბელთ წინამძღვარი,
და ჩვენი წმინდა გიორგი,
მავნესაგან მხსნელი ფარი!

დაიარა სულ ფეხ-და-ფეხ
ყველგან კაცის ჭირნახული,
მერე დაჯდა ხის ქვეშ ჩრდილში,
როგორც კაცი დაღალული.

მოშივდა, ვით ადამიანს,
და მოუნდა პურის ჭამა,
გაიხედა სერზე, ცხვრები
დაინახა და იამა.

ბრძანა: „აბა ჰე, ილია!
წადი, ნახე მეცხვარეო,
აარჩიე ერთი კრავი,
გამოართვი... მომგვარეო!“

წამოვარდა ელვასავით
დიდი ღრუბელთ წინამძღვარი,
მივიდა და იმ მეცხვარეს
გამოსთხოვა ღვთისთვის ცხვარი.

მწყემსმა ჰკითხა: „ჯერ მიბრძანეთ
ვინაობა მე თქვენიო?
და მერე ჩემ მაგიერად
მიიტანეთ იქ ძღვენიო.“

უპასუხა: „ილია ვარ,
წინამძღვარი ღრუბლისაო,
დღეს აქ მხლებლად ჩამოსული
ქრისტე ღმერთის, უფლისაო!“

„რაო? რაო? შენ ისა ხარ,
რომ გვიგზავნი ჩვენ სეტყვასო?
საბრალო ცხვრებს უმიზეზოდ
თავს უტეხ და აგლეჯ ტყავსო?

არა, შენ არ ეკადრები
მოციქულად მაცხოვარსო.
მთელ ფარასაც რომ არ ჰზოგავ,
ვინღა განდობს შენ ერთს ცხვარსო?“

გამობრუნდა და, რაც უთხრეს,
ილიამ ღმერთს მოახსენა;
გაიცინა ქრისტე ღმერთმა
და გიორგი გაუგზავნა.

II

წმინდა გიორგიმ რომ უთხრა
მეცხვარეს თავის სახელი,
მან მეტის სიამოვნებით
პირს დაიჩინა ნათელი.

და უთხრა: „შენ ის არა ხარ,
მავნესგან რომ მიფარავო?
მიირთვი, რამდენიც გნებავს!
ჰა, წაიყვანე ჩქარაო!“

გამოურჩია მას კრავი
სიმსუქნით საუკეთესო
და სთხოვა: „კვლავაც მობრძანდი,
როდესაც კი დაგჭირდესო.“

მოართვა წმინდა გიორგიმ
ის ძღვენი ქრისტე მაცხოვარს;
დაჰკლეს, შესწვეს და სუფრასა
სამივე შემოუსხდენ გარს.

გულ-მადლიანად შეექცენ,
და რომ გათავდა სადილი,
ქრისტემ დაბერტყა იქ კალთა
და მით აკურთხა ადგილი.

ბრძანა: „აქ ვინც რამ დასთესოს,
იშრომოს გაუჭირვლადო
და თვით ნაშრომზე მოიმკოს
ყოველთვის ათას წილადო!“

ბრძანა და ზეცას ამაღლდა,
შემოიბურა ნათელი;
მხლებლებიც თან აიყოლა
იკურთხოს მისი სახელი!

III

მივიდა წმინდა გიორგი,
მეცხვარეს უთხრა: „ბიჭოო,
იმ შენის სამსახურისთვის
მსურს ბედი მოგანიჭოო!

ქრისტემ რომ კალთა დაბერტყა,
ის მიწა შეიძინეო!
მერე წამოწექ მხარ-თეძოს
და ტკბილად დაიძინეო!

მხოლოდ ერთხელ კი დათესე
შენ იმ ხრიოკზე პურიო
და არ დარჩები შენს ბედზე,
იცოდე, უმადურიო!“

დაემორჩილა მეცხვარე
მის მრჩეველს და მოკეთესა:
მაშინვე ყანა იყიდა
და პურიც ხელად დათესა.

მისთანა პური მოვიდა,
რომ გააკვირვა ქვეყანა!..
ილიამ ციდან შენიშნა:
„რააო ეს ამისთანა?!

ვინ არის ამის პატრონი,
ან პური ვინ დათესაო
იქ, სადაც დაუბერტყია
კალთა ჩვენს მეუფესაო?“

გიორგიმ უთხრა: „მეცხვარემ
იყიდა ის ადგილიო;
თოხნა, დასთესა და ხარობს
მოსავლით კმაყოფილიო!“

„მეცხვარემ? ის ხომ არ არის
მე რომ გამკიცხა ადრეო?
ჰმ!.. აბა კი გადავუხდი,
რაც მისგან მე ვიკადრეო!..

თავისის სიბრიყვისათვის
მე დავუყენებ მას თვალსო:
ისე დავსეტყვავ ყანასა,
რომ არ შევარჩენ მარცვალსო!“

ეწყინა წმინდა გიორგის,
დაეშვა დაბლა ქვეყანას
და იმ მეცხვარეს ურჩია,
რომ შელეოდა იმ ყანას.

ერთი ვაჭარი იმ ყანას
მეცხვარეს ევაჭრებოდა;
ფეხზე უნდოდა ეყიდა,
ფული კი ეზარებოდა,

და ნახევარს ფასს აძლევდა.
მეცხვარეც უარზე იდგა,
მაგრამ ახლა კი ისევე
საქმე იმ ვაჭარზე მიდგა.

მოვიდა, უთხრა მეცხვარემ:
„ვაჭარო, ფული მიჭირსო,
და რა ვქნა, შევშლი ჩემს სიტყვას,
შენ კი ნუ გასტეხ შენს პირსო!

ცოდვა ვარ, მაგრამ რა გიყო?
გქონდეს ნახევარ ფასადო
და, რის ღირსიც ხარ, გამჩენმა
მოგაგოს ერთი ასადო!“

იამა ვაჭარს, რომ ნახა
საწყალი, გაჭირვებული,
და მიუთვალა მაშინვე
ხელის კანკალით მას ფული.

მოგებას ჰფიქრობს, ნუგეშობს,
საეჭვო აღარ ჰგონია!
მის დავთრებს გააქვს ჩხაკუნი,
ვაჭარი თავ-მომწონეა.

მაგრამ მეორე დილასვე
დაებნა იმას დავთარი:
ძირს დაუწვინა ის ყანა,
სეტყვამ მით დასცა თავ-ზარი.

ატირდა და სთქვა: „ვა! ინჩეს?
რა ხათა მომივიდაო?!
ჩემი საქმეა არშინი
და პურთან რაღა მრჯიდაო?“

ბევრი იტირა, მაგრამ თავს
რაღას არგებდა ეს გლეხი?
სხვის მატყუარსა თვითონვე
თავზედ დაატყდა სხვა მეხი!..

მეორე დილას ილიამ
გიორგის უთხრა: „დახეო!
იმ შენი მეცხვარის ყანას
როგორ დავუგე მახეო!..“

გიორგიმ უთხრა სიცილით:
„იმისი აღარ არიო,
გუშინღამ ვაჭარს მიჰყიდა,
თავს აიცდინა ზარიო!“

ეწყინა ილიას და სთქვა:
„ეს არ მიამა სწორედო!..
გამოვუბრუნებ საბრალოს
იმ ყანას ხელ-მეორედო!“

ეს რომ გაიგო გიორგიმ,
დააგდო მაშინვე მან ცა,
ძირს ჩამობრძანდა და იმ ბიჭს
ზეცის ამბავი გადასცა.

მეცხვარემ ნახა ვაჭარი
გულმკვდარი, ატირებული,
და უთხრა: „კაცო, რას სტირი?
ეგრე რად გტკივა შენ გული?

შენს ცოდვას ამოუგდია,
რაღა თქმა უნდა, ის ყანა!..
ნაარმი არვის შერჩება,
ასეა ჩვენი ქვეყანა!

მაგრამ ის ღმერთმა იცოდეს...
ჩვენ უნდა ვსაჯოთ კაცურად:
ეგ შენი უბედურება,
მოდი, გავიყოთ დღეს ძმურად!“

იამა ვაჭარს მეცხვარის
ასეთი გულ-კეთილობა;
მადლობით დაეთანახმა,
აღარ დაუწყო ცილობა.

ცოტა სათავიც დაუდვა,
უკანვე მისცა მას ყანა!..
მეცხვარემ დაჰკრა ფეხი და
შინისკენ გამოექანა!..

IV

გათენდა დილა, მოვიდა
ლამაზი წვიმა ჟუჟუნა,
წამოაყენა პური და
ის ყანა გამოაბრუნა.

უთხრა ილიამ გიორგის:
„ახლა დახედე იმ პურსო!..
მეცხვარის ჟინი მიჭირებს,
სხვისთვის კი კარგი არ მშურსო!..“

გიორგიმ გადიხარხარა:
„კიდევ შემცდარხარ განაო?
მეცხვარემ გამოიყიდა
ისევე თავის ყანაო!..“

განრისხდა წმინდა ილია
და სთქვა: „ვერ ჰხედავ იმ ბიჭსო!
რადგანც ასეა, მე ვიცი,
აწ კი აუკრავ მე კრიჭსო!

უკანასკნელად დავსწყევლი
და მით დაესხმის რეტიო:
ურემში ნუ გამოუვა
მას თითო კოდზე მეტიო!“

ბრძანა და მით გაათავა
თვისი რისხვა და მუქარა.
გიორგიც, მისი გამგონე,
ქვეყნისკენ გამოეჩქარა.

ნახა მეცხვარე და უთხრა:
„თავს გაუფრთხილდი, თვარაო,
თავზე რომ გაწევს, ის წყევლა
შენს დასაღუპად კმარაო!

სხვებმა რომ კიდეც დაგცინონ
და დაგიძახონ ტეტიო,
თითო ურემზე არ დასდვა
თითო თაველზე მეტიო!

აღარ ექნება იმ ყანის
მოსავალს ანგარიშიო,
და მაშინ შენც ნუ გექნება
სხვისი ხათრი და შიშიო!“

გამდიდრდა მწყემსი!.. ყოველს კაცს
გარშემო მადლი არტყია.
თუ კი ქრისტე-ღმერთს მის წილად
კალთები დაუბერტყია.

1889 წ.

რედაქტორის შენიშვნები

წმინდა გიორგი და წმინდა ილია [ქართლში გაგონილი]

პირველად დაიბეჭდა „ივერიაში“ (1889 წ., №259, 5 დეკემბერი); მეორედ - პოეტის „თხზულებანში“ 1893 წ., ტ. II, გვ. 272).

ეს პოემა განსვენებულმა სერგო გორგაძემ (1876-1929) შეიტანა თავის მთელ რიგ სახელმძღვანელოებში. - „ჩვენი ხალხური პოეზია“, 1921 წ., გვ. 262; „ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია“, 1925 წ., გვ. 17; იგივე, 1927 წლის გამოცემა, გვ. 21.

აკაკი საისტორიო თემების პოეტურად დამუშავებასთან ერთად, ყურადღებას აქცევდა ხალხურ თქმულებებსაც. „წმინდა გიორგი და წმინდა ილია“ აგებულია ერთ ასეთ ხალხურ ფოლკლორზე, რომელიც თავის დროს ჩაწერილი ყოფილა ს. ბარალეთში. მოგვყავს ეს თქმულება ივანე ჯავახიშვილის წიგნიდან:

„ერთხელ იესო ქრისტე, ელია წინასწარმეტყველი და წმ. გიორგი ერთად გზად მიდიოდნენ. ბევრი რომ გაიარეს, მოიღალნენ და ერთ ადგილას დასასვენებლად და პურის საჭმელად დასხდნენ. იქვე მგზავრების მახლობლად ერთი მეცხვარე ცხვრის ფარას აძოვებდა. მიუგზავნეს ელია მეცხვარეს, სადილად ერთი ბატკანი მოგვეციო. მივიდა ელია მეცხვარესთან და უთხრა:

- „გულკეთილო მეცხვარე, ერთი ბატკანი მაჩუქე“-ო.

- „თუნდა ნახევარი ფარა მიირთვი, ოღონდ-კი მითხარ, ვინა ხარო“ - უპასუხა მეცხვარემ.

- „მე ელია წინასწარმეტყველი ვარ. პურის მოსავალს გაძლევთ, თქვენს ყანას წვიმას ვუგზავნი ხოლმე და გლეხკაცის ჭირნახულს მფარველობას ვუწევო“, უთხრა ელიამ.

- „ვაჰმე! ჩემი ღმერთისა რომ არ მეშინოდეს, აი ამ კომბლით თავს გაგიტეხავდიო“ უპასუხა მეცხვარემ.

- „რათა, რაზე ხარ ჩემზე გულმოსულიო?“ - ჰკითხა ელიამ.

- „რაზედა და: დასთესავს პურს ერთ დღიურ მიწას საწყალი ქვრივ-ოხერი ან ვინმე ღარიბ-ღატაკი, შენ მისდგები, არც აციებ, არც აცხელებ, და იმ ყანას სულ სეტყვით ჩაულეწავო“.

დაბრუნდა ელია წინასწარმეტყველი ხელცარიელი თავის ამხანაგებთან და უამბო ყველაფერი, რაც მეცხვარემ უთხრა.

ახლა თითონ იესო ქრისტე წავიდა მეცხვარესთან და ბატკანი სთხოვა.

- „თუნდა ნახევარი ფარა ინებე, ოღონდ-კი მითხარ, ვინა ხარო“ უთხრა მეცხვარემ.

- „მე შენი უფალი ვარ, ქვეყნის შემოქმედიო“.

- „ვაჰმე, მიუგო მეცხვარემ, ჩემი ღმერთისა რომ არ მეშინოდეს, აი ამ კომბლით თავს გაგიტეხავდიო“.

- „ისეთი რა დაგიშავე, მერე?“ - ჰკითხა იესო ქრისტემ მეცხვარეს.

- „რა და ის, რომ ჭაბუკს წუთისოფელს გამოასალმებ. ბევრს ისეთს მოხუცებულს ადამიანს-კი, რომელსაც ცხოვრება მოჰბეზრებია, ცოცხალს ატარებ ხოლმე დედამიწის ზურგზედაო“, - მიუგო მეცხვარემ.

ასე დაბრუნდა იესო ქრისტეც ცარიელ-ტარიელი. ახლა ადგა და წმინდა გიორგი წავიდა მეცხვარესთან. მეცხვარე რომ შეეკითხა წმინდა გიორგის, ვინა ხარო, უპასუხა:

- „მე წმინდა გიორგი ვარ, გაჭირვების დროს რომ შემეხვეწებით ხოლმეო. მე გიფარავთ ავ-სულებისა და ეშმაკებისაგან და თქვენის მტანჯველის ხელისაგან გიხსნით ხოლმეო“.

მეცხვარემ რომ წმინდა გიორგის სიტყვები მოისმინა, შესძახა:

- „მთელი ფარა მომირთმევიაო“, - და მის წინ მუხლი მოიყარა. პურის ჭამას რომ მორჩნენ, იესო ქრისტემ კალთა დაიბერტყა და სთქვა: „ამ მინდორზე საუკეთესო მოსავალი მოვიდეს: თითო ძნას ასი კოდი გამოსავალი ჰქონდესო“.

წმიდა გიორგიმ იესო ქრისტეს ნათქვამი მეცხვარეს უამბო და ურჩია მინდორი მოხახიო. მეცხვარეც ისე მოიქცა. ხანმა გაიარა და ამ საკვირველმა მგზავრებმა შემთხვევით იმ ადგილზე გამოიარეს, სადაც ერთ დროს ისადილეს და იქ ეხლა ხშირი ყანა იდგა. როცა წმიდა გიორგიმ იესო ქრისტეს შეატყობინა, რომ ეს ყანა სწორედ იმ მეცხვარეს ეკუთვნოდა, რომელმაც მას ერთხელ ბატკანი დაუჭირა, ელია წინასწარ-მეტყველს უთხრა, ერთი ამ მეცხვარის ყანას სეტყვა აწვიე და ჩაულეწეო. წმიდა გიორგიმ მაშინვე მეცხვარეს შეატყობინა და გააფრთხილა, შენს ყანას განსაცდელი მოელისო. მეცხვარემ საჩქაროდ თავის ყანა ორ ხარის ფასად ერთ ქვრივ დედაკაცს მიჰყიდა. მოვიდა სეტყვა და ისე მირეგ-მორეგვა ეს ქვრივის ყანა, რომ ნათესის ნაალაგევიც-კი აღარა სჩანდა. როცა იესო ქრისტემ მეცხვარის ოინები შეიტყო, მაშინვე ელია წინასწარმეტყველს უბრძანა ქვრივის ყანა წინანდებურად აღადგინეო. ელია წინასწარმეტყველს იესო ქრისტეს ბრძანება ჯერ არ აესრულებინა, რომ მეცხვარემ წმიდა გიორგის ჩაგონებით ქვრივ დედაკაცისაგან ყანა შეისყიდა; ელიამ რომ წინანდებურად მოსავალი აღადგინა, მეცხვარემ პურის მკას მიჰყო ხელი, და თითო ძნისაგან ას-ასი კოდი გამოსავალი აიღო“.1

_______________

1. ივ. ჯავახიშვილი - „ქართველი ერის ისტორია“, 1913 წ., გვ. 94. იგივე 1928 წლის გამოცემა. გვ. 37. «Cборник мат. для опис. мест. и плем. Kaвkaзa». ტ. 19. გვ. 152 (მეორე ნაწ.) 1894 წ.

1.8 ორი ქართველი

▲back to top


ოთია მესხი და ადამ ბებურიშვილი

Ι

დაბერდა ჩვენი გოგია,
ძველი ქართველი რაინდი:
სიცოცხლის დილას მოშორდა,
მოუახლოვდა მას ბინდი.

სიბერემ თავზე დასთოვა,
გაუქრო გულისა ალი;
ძარღვებმაც ერთად უსუსტეს,
მუხლებმა უწყეს კანკალი.

და გულდაწყვეტით იძახის:
„სად არის ძველი ჯანიო?
ხმალს რომ იქნევდა, დღეს იმ ხელს
მიმძიმებს ყავარჯანიო!“...

ჩიფჩიფით ამბობს ამ სიტყვებს,
ჩაცვივნული აქვს კბილები,
და პირში სიცილს აყრიან
პატარა შვილიშვილები:

- „პაპია, რაზედა ჯავრობ?
ვის ემუქრები და რასო,
რომ ძლივს აბრუნებ მაგ ენას,
როგორც ბებია ჯარასო?..

იკმარე, რაც მოგივლია
შენს დღეში მთა და ბარიო!
ახლა დაჯექი და გვითხარ
შაირი, ან ზღაპარიო!“

- ,,ჰაი, თქვე კუდიანებო...
თქვე ეშმაკებო... თქვენაო!
შაირსაც გეტყვით, ზღაპრებსაც, -
თქვენთვის არა მშურს ენაო;

მაგრამ ცელქობას არ მოჰყვეთ,
არ შემიშალოთ ხელიო,
თორემ იმ ტყიდან გამოვა
და ყველას შეგჭამსთ მგელიო!“

ჩეროში დაჯდა მოხუცი,
გარს შემოუსხდენ ბავშვები;
ეუბნებიან: „პაპია!
მოჰყევი ჩქარა!.. რას შვრები?“

ხმის გასაწმენდად პაპია
მოჰყვა ძალდაძალ ხველასა;
მერე ახსენა უფალი
და ეს უამბო ყველასა:

- მსოფლიო ცხოვრებაშია
ქართველსაც უძევს კვალიო:
შიგნივ - ოფლი და გუთანი,
გარედ - სისხლი და ხმალიო!

დედაენა და ერობა
ქრისტეს სჯულს უკავშირაო,
მათ დასაცველად ოთხკუთხივ
ომები გაახშირაო!

არ შეუშინდა მონგოლებს,
სპარსელებს და არც თათრებსო!
ამბობდა: ჩემი სამშობლო
მონებას არ იკადრებსო,

სანამდის შვილი შერჩება
უაკნასკნელად ერთიო,
რომელიც ეტყვის ურჯულოს:
„მრწამს ჩემი ქრისტე ღმერთიო!“

ახსენებს წმინდა გიორგის,
უშიშვლებს ქართულ ხმალსაო,
და გაჰკვეთს ბასრი მახვილი
ერთად რბილსა და ძვალსაო.

და მართლაც არწივ-ლომობდა
ქართველი მაშინდელიო!..
დედაც სხვა იყო იმ დროში,
სხვაგვარი შვილის მზრდელიო!

მათი „ნანინაც“ სხვა იყო,
არ ჰგავდა ახლანდელსაო,
მონურსა, გასაკიცხავსა,
სიყრმითვე გასარყვნელსაო.

მჯობნისა მჯობნე ამ ქვეყნად
აროდეს გამოლეულა...
ბევრი ჩვენს რაინდებშიაც
გმირი რამ გამორეულა;

საშვილიშვილოდ გამხდარა
მათი ქება და ხსენება!..
მამულიშვილის ხსენება
ამ ქვეყნად ღმერთმაც ინება!

ახლა ის არის ქებაში,
ვინც პლუტი, ანუ ლოთია;
მაშინ კი - ბებურიშვილი
ადამი, ანუ ოთია!

II

ახალციხის სიახლოვეს
ერთი დიდი მინდორია,
მაღალ მთის ძირს გადაშლილი
სუფრასავით... სულ სწორია.

გარს არტყია უტეხი ტყე
ამ ბუნებითს მოედანსა;
ერთს მუხლზე ვერ გადაირბენ
ვერც მის სიგრძეს და ვერც განსა.

მზის ჩასვლის დროს ამ მინდორზე
გამოგოგდა თეთრი ცხენი;
ზედ ჭაბუკი ვინმე იჯდა -
ცხენ-უნაგრის დამამშვენი.

სამამაცო იარაღით
ტურფად იყო შეკაზმული;
ეტყობოდა მხარ-ბეჭიანს,
მკერდში ედვა რკინის გული.

ამაყურად მოიმზერდა,
აგელვებდა მის ტაიჭსა;
ხან დეზს ჰკრავდა, ახტუნებდა,
ხან აძლევდა ნელსა ბიჯსა.

და ვინ იცის, იმ დროს მხედარს
რა ოცნება სად აფრენდა?!
აგონებდა სატრფოს კოცნას,
თუ მტრებზედა გულს უღრენდა?

ფიქრებისგან გამსჭვალული,
შუაგზამდის რომ მივიდა,
უცბად ცხენი შეუჩერდა...
ყრმაცა შეკრთა... გაუკვირდა.

გულში ეს სთქვა: „ნათქვამია
ცხენი გულთმისანიაო:
ამის ასე შეჩერება
ცუდი რამ ნიშანიაო!“

გავაზივით გაიბერტყა,
იარაღსა ხელი მიჰყო,
მათრახიცა წელში ირჭო,
თოფი ბუდით გამოიღო.

და მიიხედ-მოიხედა,
ოთხსავ კუთხეს ავლო თვალი,
მაგრამ ვერსად ვერ შენიშნა
ვერც მტერი, ვერც მისი კვალი!..

თეთრას დეზი გაუქანა,
გუნებაში ჩაიცინა...
- „აჩუ!“ ცხენი არ ინძრევა...
აიმართა, იჭიხვინა!

მის ჭიხვინზე მარცხნივ, ტყეში,
სხვა ცხენმაცა იხვიხვინა...
მხედარმა სთქვა: - „იქ ვისია?
მოყვრისაა, თუ მტრის ბინა?

„მტერი ხარ, თუ მოყვარე ხარ?
ნუ იმალვი! - მიაძახა -
ვაჟკაცია პირდაპირი,
იმალება მხოლოდ გლახა!“...

ამ სიტყვებზე ფინთიხივით
გამოვარდა ტყიდან კაცი;
შავმოსილი, შავის ცხენით,
ჰგვანდა, იყო ის მამაცი.

ჯერ ლეკურად იჟღურტულა,
ქართულიცა გაურია:
- „შეგანანებ მუქარასა!
შენი სისხლი მეც მწყურია!

„არ იცი, ვის ემუქრები
და ვისთან ხარ გულადიო?
შენს წინა სდგას დაღისტნელი
ლეკი, ალლი ფოლადიო!“

ჭაბუკმა უთხრა ღიმილით:
- „კარგ ბიჭსა გხედავ თვალადსა
და ვმადლობ ღმერთსა, თუ მართლა
შემყარა ალლი-ფოლადსა!

„მე მის ძებნაში დაღისტნის
მთა და ტყე გამილევია!
ვწუხდი: ვერ შევხდი და მისი
სისხლი არ დამილევია!..

„ლეკო, შენც ჩემი სახელი
უთუოდ გაგეგონება,
გეტყვი თუ არა, ვინა ვარ,
მთლად დაგებნევა გონება.

„ეგებ მრავალჯერ ჩემს სახელს
შენთვის დაეფრთხოს ტკბილ-ძილი...
ადამ რომ გაგიგონია,
მე ვარ ის ბებურიშვილი!

„შენმა შეყრამან, ბელადო,
მე გული გამიხარაო,
მაგრამ შენთვის-კი ის სჯობდა,
რომ მიწა გაგეთხარაო!“

ეს რომ უთხრეს ალლი ფოლადს,
თორნესავით ის აენთო...
- „ჰა ბურთი და მოედანი!
მობრძანდი და გავსწორდეთო!“

გამოვიდენ შუა ველზე,
აღელვებდათ გულის ვნება;
ძნელი არის ორ ვაჟკაცის
ერთმანეთის შეტაკება.

თოფ-დამბაჩა აიცილეს
ორთავ, თავი დაიფარეს;
მაგრამ ერთმანეთზე მისვლა
ხმალდახმალ არ დაიზარეს.

გამეტებით ხმალს იქნევენ,
ორთავ შველისთ მათი ფარი,
ჯერ არც იქით და არც აქეთ
გამარჯვება არსით არი!

შეკრთა თეთრა ჭრილობისგან,
შეაჩერა პატრონი წამს,
ამით ლეკმა ისარგებლა,
მოუქნია ხმალი ადამს...

მაგრამ ტყვილა არ უქებდენ
ადამს ომში მარჯვე თვალსა:
ხმალსა ხმალი მიაგება,
არ ჰზოგავდა თვისსა ძალსა.

მარილივით გადაემტვრა
ალლი-ფოლადს მისი ხმალი;
მაშინ კი სთქვა: -„გაქცევაა
ჩემი მხოლოდ აწ წამალი!“

დეზი ჰკრა და გამობრუნდა,
გააჭენა ბედაური;
ადამ აყრის კიჟინასა:
- „დამრჩი! შენ ხარ ჩემი პური!“

წინ ალლი და უკან ადამ
დადგომილან ტრიალ მინდორს,
და, ჰა, შავმა ბედაურმა
მოიტოვა თეთრა ის შორს!

ადამ მწარედ დეზებს იქნევს,
მტერი მიდის... გულს ასკდება,
მაგრამ ბევრიც რომ იჯავროს,
ამით, აბა, რას გახდება?

ამ დროს უცბად წინ შემოხვდათ
იმათ ერთი ვიღაც მგზავრი:
ჯორზე იჯდა, ღიღინობდა,
არაფრის არ ჰქონდა ჯავრი!

გაქცეულს ლეკს რომ შეჰხედა,
როგორც კურდღელს, უცაცხანა:
- „ჰოი! ჰოი! ვეღარ წახვალ!
ბევრი დამრჩა შენისთანა!“

წყნარად თავი დაუარა,
სვეტივითა წინ დაუხვდა
და ისეთი მიაყვირა,
რომ ლეკს გული შეუწუხდა.

მოუქნია ხმალი, თავი
წააცალა, როგორც წიწილს;
მერე მიუბრუნდა, უთხრა
ეს სიტყვები ბებურიშვილს:

- „მე გაქცეულს არ მოვკლავდი,
მაგრამ იყო ხათრი შენი:
შეგატყვე, რომ შენ გინდოდა
დაგერჩინა მისი ცხენი.

„და, ჰა, ღმერთმა მოგახმაროს
იარაღი და ეს ცხენი!
შენ შეგმატოს, რაც დღეს ამას
უდროოდა აკლდეს დღენი!“

ეს უთხრა და მიატოვა,
სიტყვა აღარ გაუგრძელა!
ჯორს დეზი ჰკრა, „ჩიშო!“ უთხრა,
გზას გაუდგა ნელა-ნელა...

თავბრუ დაესხა ადამსა,
აღარ ეხსნება მას კრიჭი;
სირცხვილით ვეღარ გადადგა,
ვეღარც გადმოდგა წინ ბიჯი.

თითქოს გაქვავდა, ვერ უთხრა
ვერც მადლი, ვერც საყვედური!
სთქვა: „ღმერთო, რა გაწყენინე,
რად მრისხე მე უბედური?

მერჩია, იმ ლეკს მოვეკალ,
ენებებია მაცხოვარს!..
სირცხვილი კი არ ეჭმია
ჩემთვის ამ ვიღაც მათხოვარს!

ჯორის პატრონი ცხენს სწუნობს,
ოქროთ მოჭედილ ფარ-ხმალსა!
ყველას მე მაძლევს საჩუქრად,
როგორც მდიდარი საწყალსა!..

ან არის სწორედ სალოსი,
ანუ ვიღაცა ლოთია“.
და მიაძახა: - „ვინ ხარო?“
პასუხი ესმის: - „ოთია!“

ამ სიტყვამ გამოაფხიზლა
ადამი დაღონებული
და ჯორისაკენ გაიქცა
სიამით აღელვებული.

- „მომიცადეო! - უძახის, -
ადამი გევედრებაო!
ჰსურს, მიესალმოს ოთიას,
როგორც მას ეკადრებაო!

შენმა ქებამ და სახელმა
კახეთი შეაჯერაო!
შენის შეყრისთვის იკურთხოს
დღეს ჩემი ბედისწერაო.“

ძირს ჩამოვიდა ოთიაც,
წინ მიეგება ადამსა;
ერთმანეთს მეტის ზრდილობით
ვეღარ უბედვენ სალამსა.

ადამი ამბობს - „ოთიავ!
ბრძანე სალამი, შენია!..
მე რომ გავბედო პირველად,
ჯერ ყმაწვილი ვარ, მრცხვენია!

„მასთანაც შენი მეტია
ვაჟკაცობისა სახელი!
არა, ნუ გინდა იმერელს,
რომ გამაბრიყვო კახელი!..“

- „ბატონო, რისთვის მიწყრებით?
როგორ მიბრძანებთ მაგასო?!
ეგ რომ ვიფიქრო, ღირსი ვარ,
დამაბან ვირის ბაგასო!

„ვინ გაასწორა, ბატონო,
ნეტავი მთა და ბარიო!
მესხი ვარ აზნაურშვილი,
თქვენ - დიდ თავადის გვარიო!..

„უნდა მიბოძოთ სალამი,
როგორც თქვენს ერთგულ მონასა,
და მე მადლს ვიხდი გულითადს,
ამ ჩემი თავის წონასა!“

მაგრამ ადამ მაინც ამბობს:
- „მოდი, აბა, ასე ვქნათო,
რომ არ დაგვრჩეს ერთმანეთზე
საწყენი და სამუნათო:

ძმებსავითა გადვეჭდიოთ,
გადავკოცნოთ ერთმანეთი;
და აქ მტკიცე მეგობრობას
გაამტკიცებს მაღლა ღმერთი!“

ესა სთქვეს და ერთმანეთსა
გადააჭდეს ყელი ყელსა;
მერე დასხდენ სასაუბროდ
იქვე რბილს და მწვანე ველსა.

ოთიამ იწყო: - „კი გატყობ,
გშვენის ბებურიშვილობა,
თვალ-ტანადობა, იერი,
დარბაისლობა, ზრდილობა!

წეღან კი ვეღარ შეგნიშნე
ვერც ერთი ეგე დიდება:
ვაჟკაცს არ ჰშვენის, თქვენც იცით
მტრის უკან გამოკიდება.“

ადამმა უთხრა: - „მართალ ხარ
არ ვიცი, ისე რათ გავხდი!
გადმიყოლია სურვილმა,
ვაჟკაცის წესსა გადავხდი.

„მაგრამ მას სისხლი ემართა
ბევრ ქრისტიან კახელისა;
სხვა ლეკი იყო ის ლეკი,
სხვა ხმლისა და სხვა ხელისა!

„ალლი-ფოლადსა ეძახდენ,
შენც გაგეგონოს, ეგება;
მისთანა მტერი, ხომ იცი,
მტრის მახვილს ძნელად ეგება!“

ოთიამ დასტური მისცა:
- „გამიგონია მეცაო!
ჩვენშიაც ჩამოდიოდა
ეგ წუპაკი და ქეცაო!

„ქურდულად იპარებოდა
ეგ საძაგელი მყრალიო!
შევყროდი - არ გავკოცნიდი,
ცუდად ვიყავი მწყრალიო!“

ადამ ამბობს: - „ბედი ჰქონდა,
ტოლ ვაჟკაცსა არ შეჰყრია;
თორემ მაგის ძებნაშია
ბევრი ოფლი დამიღვრია.

დაღისტანში გადავსულვარ,
მთები სრულად მოვიარე,
მაგრამ გული მიღრინავდა,
რომ ვერსად ვერ შევეყარე.

დღეს წავაწყდი ულოდნელად,
ტყეში იყო ჩასაფრული,
მისმა ნახვამ ამაჟრჟოლა,
ამიჩქარა მეტად გული.

შევუტიე... მომაშურა...
შევეტაკეთ ორთავ მტკიცედ...
უსიკვდილოდ არ გაშვება
ერთმანეთის დავიფიცეთ!..

ხმალსა ხმალი შემოვუკარ,
შუა გატყდა მისი ხმალი,
მაგრამ ცხენმა იპატივა:
სწრაფი იყო და ფეხმალი.

არ დამნებდა და გამექცა,
მარდად ცხენი გააჭენა
და უთუოდ წავიდოდა,
შევრცხვებოდი, თუ არ შენა!

მე-კი შენი სიმარჯვითა
პირველ მითი დამაღონე,
რომ სხვად ვინმედ მომეჩვენე
და ოთია არ მეგონე.

და ან როგორ ვიფიქრებდი?
ჯორზე ზიხარ, თითქოს მღვდელი,
და მტერს ისე მივარდები,
როგორც ცოფიანი მგელი!

ვინ ჯორი და ვინ მხედარი?!..
ამის მეტი ვის უნახავს?!
იარაღიც ისეთი გაქვს,
დედაკაციც კი დაგძრახავს.

ნუთუ ვერსად გიშოვნია
ბედაური შესაფერი,
იარაღი მოჭედილი
ვერცხლით, ოქროთ განაფერი?!“

მესხმა უთხრა: - „ბედაური
ვაჟკაცს, ნეტავ, რად უნდაო!..
თვითონ მტერს არ გაექცევა,
არც გასდევს, თუ გაბრუნდაო!..

ფეხალაგობ შესაბმელად
ჯორი, აბა, რას უშლისო?
საქმე მკლავით გადასწყდება,
თუ ხმალს მარჯვედ გაუშლისო!

მოჭედილი იარაღი
მოატყუებს მხოლოდ თვალსა,
სააშიყოდ როცა წახვალ,
ააჩქარებ კეკლუც ქალსა.

თორემ ვერცხლით თავს ვერ იხსნის,
ვისაც ადგას გასაჭირი,
ხმლის ქარქაში არაფრად ღირს,
უნდა სჭრიდეს მხოლოდ პირი.

და ეს ხმალიც ისეთია,
დიდი დავით წერეთლისა,
რკინეულებს, როგორც ყველსა,
ისე სჭრის და ისე სთლისა.

როცა დავით ჰპატრონობდა,
ხუთჯერ იყო დამარხული
ას-ერთ კაცის მოკვლისათვის,
როგორც დიდი ჭირნახული.

საუნჯეა მამაცისთვის,
მეც-კი ბევრჯერ დამიმარახვს;
და, იცოდე, შემცდარია,
ვინც მე ამ ხმალს დამიძრახავს!“...

გაუკვირდა ადამს მისი
მსჯელობა და ხასიათი,
და გაგრძელდა საუბარი
სულ ამგვარი მაშინ მათი.

გულგახსნილად ისაუბრეს,,
ვით წესია მეგობრისა;
ზოგი ეს სთქვეს, ზოგი ის სთქვეს,
ამ მთისა და იმ ბარისა.

როცა გაყრა დააპირეს,
სიტყვა მისცეს ერთმანეთსა:
ვინც გასტეხდა მათში სიტყვას,
შესცოდებდა მაღლა ღმერთსა.

უნდა ორნივ იმავ ალაგს,
სადაც შეხვდენ მტერსა ავად,
ყოველ წლობით მოსულიყვნენ
ერთმანეთის სანახავად.

მაგრამ დასდვეს ძმობილობაც,
ბეგარა და სამსახური,
რომ მიუძღვნან ერთმანეთსა
მათგან მოკლულ მტრისა ყური.

და ყოველ-წლივ ასრულებდენ
მეგობრები ამ პირობას,
ას-ასობით სძღვნიდენ ყურებს,
იმტკიცებდენ მით გმირობას.

როცა მოკვდენ ეს გმირები,
გაეხარდათ მემკვიდრეებს...
უყურებდენ დიდ სკივრებსა
და ამბობდენ: „გაგვამდიდრებს!“

მაგრამ კლიტე რომ გატეხეს,
გააქნიეს სიმწრით თავი,
ოქრო-ვერცხლის ნაცვლად ნახეს
საარაკო სანახავი:

დაშაშხულის ყურებითა
ზანდუკები სავსე დახვდათ!
და, რომ გაჰყვეს ის საუნჯე,
თითო-თითო ყველას გახვდათ!..

1892 წ.

რედაქტორის შენიშვნები

ორი ქართველი

დაიბეჭდა აკაკის „თხზულებანში“ 1893 წ. ტ. II. გვ. 5 (დაცენზორებულია 1892 წლით). ცალკე წიგნად გამოვიდა 1911 წელს („ცოდნას“ გამოცემა).

ორი ქართველში, სხვათა შორის არის დახასიათება „ქართული სალამისა“, რომელიც პოეტს პროზადაც აქვს დაწერილი („ივერია“, 1886 წ., №209).

„ორი ქართველის“ ავტოგრაფი არ არსებობს, არის მხოლოდ გადანაწერი ტექსტი ნიკო ლეონიძის-მიერ ოდნავი განსხვავებით.

1.9 გორის ციხე

▲back to top


მოგზაურო! ვერა ჰხედავ
გორის ციხეს მაღალ სერზე
ჭირ-ნახულს და გამარჯვებულს
სუყოველთვის ქართლის მტერზე?

გარს არტყია მას ღრუბელი,
თავით მაღლა ცას ეხება,
ძირს ლიახვი გულმოსული
ეწმახვნება... ეგრიხება!

მიუვალს და მიუწვდომელს
ტინი კლდე აქვს საფეხურად,
ძველის მგონი დღესაც კიდევ
გადმოჰყურებს ამაყურად!

საუკუნით საუკუნოდ
ვერას აკლებს დროთა დენა!..
ღვთის კურთხევამ და თამარის
ბრძანებამან ააშენა!

ერთხელ თურმე სანადიროდ
გამობრძანდა თვით თამარი
და შეჰყარა ლიახვის პირს
ყოველის მხრით ქართლის ჯარი.

შემოჰკრეს და შემოზღუდეს
მოსარეკად მთა და ბარი, -
მაღლა ფრინველს და ძირს ოთხფეხს
უპირებენ დასცენ ზარი.

გაიმართა ნადირობა,
ამოიღეს ყველგან კვალი
მაღალ სერზე სავსე მთვარედ
გადმომჯდარა დედოფალი.

შვილდ-ისარი, ჯიღა-მშვილდი,
ხმალ-ხანჯალი, შუბ-ლახვარი
ჰმუსრავს ნადირს ხელუცდენლად
ლიახვს ერთვის სისხლის ღვარი.

თვით ფრინველიც ცის ლაჟვარდში
ჩვეულ ნავარდს ვეღარ ჰბედავს,
შენატყორცსა სასიკვდილოდ
გულის გამპობ ისარს ჰხედავს.

ვინც კი არის თვალსაჩინო
თავადი თუ აზნაური,
გინდ ბეგები, გინდ ფაშები,
გარეშე თუ შინაური,

ყველა სცდილობს გამეტებით
თავის თავის გამოჩენას
და დედოფლის ღიმილს ელის
ვით საჩუქარს... ჯილდოს ზენას!

მაგრამ იმათ ყურს არ უგდებს
დიდი თამარ-დედოფალი...
ლიახვს გაღმა სერს შეჰყურებს
მიუპყრია კლდისკენ თვალი.

სანაქებო შევარდენი
იქ შემჯდარა გაქცეული...
არ აპირობს დაბრუნებას
და დიდ-პატრონს სწყდება გული.

შეაჩერეს ნადირობა,
საყვირს სცემენ, შეკრბა ერი!
ბრძანებს მეფე: „დამიბრუნეთ
ის ურჩი და კადნიერი!“

ეს ბრძანება ყველასათვის
რჯული არის და თვით მცნება!..
გული უჭრისთ ასრულებას,
მაგრამ ურჩობს კი გონება:

გიჟმაჟურად გადიდებულს
ლიახვს მოაქვს ტყე და ველი,
უფარსაგო ვერ გასცურავს
სულდგმული და ხორციელი.

შემკრთალსა და შეშინებულს,
თავ ჩაღუნულს კარის კაცებს,
ტალღა ტალღით მონაგორი
გულს უფრთხობს და თვალსა სტაცებს.

მაშინ ბრძანა დედოფალმა:
„ვერას ვიტყვი ამის მეტსო:
რასაც კი მთხოვს, ავუსრულებ,
ვინც მომიყვანს კაპოეტსო.“

წინ წამოდგა შავ-თვალ-წარბა,
თმა-ხუჭუჭა, წელ-წერწეტა
ეშხით სავსე ახალ-გაზდა,
თავი ხელად გაიმეტა;

ჯერ შეხედა მზისა დარსა
ჟრჟოლითა და სიამითა,
თითქოს ჰსურდა, რომ ძალ-ღონე
მოეკრიბა გულის თქმითა!

ისკუპა და გადაეშვა
აგზნებულმა იმედითა;
ტალღებს ებრძვის, აპობს, არღვევს
მხარ-მკლავით და გულ-მკერდითა.

გასცურა და შევარდენი
ხელში იგდო და დაბრუნდა. -
მეტი ღონე, მეტი ხერხი,
ხელმეორედ, ახლა უნდა:

ერთ ხელზე ჰყავს შევარდენი,
ცალის ხელით უსვამს მხარულს!..
თითქმის კიდეს მოატანა...
ვეღარ მალავს ის სიხარულს!

არა ნაკლებ ლიახვისა
მას უღელავს ვნებით გული!
დედოფლისკენ იყურება
ტრფიალებით აგზნებული.

და სურვილი კადნიერი
ნორჩმა სახემ ვერ დამალა!...
თვალი მოჰკრა დედოფალმა,
შეკრთა! ფერი შეეცვალა.

მიხვდა და სთქვა: „დედა-ღვთისავ!
გელათისა ღვთის მშობელო!
განარინე განსაცდელსა, -
საქართველოს მწევ და მხსნელო, -

ის, ვინც დროშა მანიაკით
შემოგწირა ძლევის ნიშნად
და თავსაც სდებს სამშობლოსთვის
უბიწობის მსხვერპლად და ძღვნად.

აჩუხჩუხდა მყის მორევი,
გაიპო და ჩანთქა გმირი;
ტალღა ტალღას მიაჯახა
ჩვეულებრივ შეჰკრა პირი.

და ლიახვის მოთქმით, ზარით
მტკვარისაკენ გაექანა,
რომ ის მსხვერპლი უჩვეულო
უფროს დისთვის მიეტანა.

დედოფალმა ცას შეხედა
და ცრემლები მოიწმინდა.
ვერვინ მიხვდა, რას ჰფიქრობდა?
ან რას გრძნობდა მაშინ წმინდა?

მაგრამ ბრძანა იმ ადგილზე,
გორის ციხის აშენება,
რომ ჭაბუკის სახსოვარად
ხალხში დარჩეს როგორც მცნება.

მოგზაურო! ხომ უყურებ
იმ ძველ-ციხეს, რომ არ ჰქრება?
თითქოს დღესაც სამშობლოს მტერს
მომავალით ემუქრება.

[1892 წ.]

რედაქტორის შენიშვნები

გორის ციხე

ეს პოემა აკაკიმ გადმოიღო, ან სწორედ რომ ვსთქვათ, გადმოაქართულა ველიჩკოს ამავე სახელწოდების პოემიდან.

ველიჩკოს მიერ გალექსილი ეს ქართული ლეგენდა პირველად დაიბეჭდა რუსულად «Hoвoe Bpeмя»-ში, 1890 წ. №5121; აქედან გადმობეჭდა თბილისის გაზეთმა «Hoвoe Oбoзpeниe»-მ (1890 წ., №2228). ეს პოემა ველიჩკომ შეიტანა თავის ლექსების წიგნშიც (იხ. «Bосточные Мотивы», 1890 წ., გვ. 32).

ველიჩკოს ლექსების გარჩევის დროს ს. უმანეცმა „გორის ციხე“ ყველაზე მაღლა დააყენა თავისი ფაბულის სიმძაფრით და ორიგინალობით (იხ. «Иcтopuчeск. Becтник», 1891 წ., №1, გვ. 257).

აკაკის თარგმანი არ არის სიტყვა-სიტყვითი განმეორება, თვით ლექსთწყობაც, რუსულ ლექსთან შედარებით, მსუბუქი და კრიალაა.

აკაკი და ველიჩკო პირველ ხანებში ძალიან მეგობრობდნენ ერთმანეთს. ველიჩკოს ნათარგმნი აქვს აკაკის მთელი რიგი პატარპატარა ლექსებისა, მათ შორის „თამარ ცბიერიც“ (მ. ბალანჩივაძის ცნობილი ოპერა პირველად ველიჩკოს თარგმნით დაიდგა პეტერბურგში). აკაკიც უხდიდა სამაგიეროს: „გიგზავნი ამ პატარა ლექსს. - სწერდა აკაკი ივანე მაჩაბელს. - ველიჩკომ დასწერა რუსულად და მეც ვითომ გადავთარგმნე“ („დროშა“, 1925 წ., №26).

ექიმი კონ. მიქაბერიძე თავის მოგონებაში ეხება აკაკის და ველიჩკოს ლიტერატურულ ურთიერთობას და, სხვათა შორის, შემდეგსა სწერს: „ალექსიმ (აკაკის ერთადერთ ვაჟზეა ლაპარაკი. - ი. გ.) ერთი სიტყვა არ იცოდა ქართული, ძალზე ჰგავდა მამას. იმ დროს პეტერბურგში ცხოვრობდა პოეტი ველიჩკო, ლიბერალი (მერე რეაქციონერი) და აკაკის დიდი მოთაყვანე. ველიჩკო სთარგმნიდა აკაკის და ბეჭდავდა კიდეც მის ნაწარმოებთ რუსულად. ჰონორარსაც აძლევდა აკაკის და რეკლამასაც უკეთებდა. მაშინ პეტერბურგში ხშირად ვაწყობდით სალიტერატურო საღამოებს და ამ საღამოებზე იკითხებოდა აკაკი რუსულადაც. ერთხელ მახსოვს ალექსი წერეთელმა ჩემთან ყოფნის დროს, უთხრა ველიჩკოს: „მამაჩემს შენის მეოხებით გავეცანიო“ (ექიმ კონ. მიქაბერიძის მოგონებიდან: გაზეთი „ფოთის მეშა“, 1935 წ., №10).

ბოლოს ველიჩკომ თავისი „ყიზილბაშური“ მოღვაწეობის გამო, აკაკის ასეთი ლექსიც დაიმსახურა:

„თვალი დაუდგეს ქართველ კაცს,
ველიჩკოს მოტრფიალესა,
ვერ ჰხედავს, მის დასაკლავად
რომ მან მახვილი გალესა“.1

აკაკის მიერ გადმოღებული „გორის ციხე“, პირველად წიგნად გამოვიდა 1892 წ. ქუთაისში. გამოცემა ეკუთვნოდა ძმათა ჭილაძეების წიგნის მაღაზიას.

დაცულია ამ ლექსის ხელთნაწერიც (საქ. სახელ. ლიტ. მუზეუმის ხელთ. განყ. №94). დაბეჭდილსა და ხელთნაწერს შორის ასეთი მცირედი განსხვავებაა: 

ხელთნაწერი:
(ლიტ. მუზ.№94).

1. ძირს ლიახვი დორბლიანი.

2. ჩვეულ ნავარდს ვეღარ ჰბედავს.

3. უფროს ძმისთვის მიეტანა.

4. რომ ის მხსვერპლი თავხედობის,

ან რომ ის მსხვერპლი ცრუ-გულისთქმის.

დაბეჭდილი:
(1892 წ.).

1. ძირს ღრუბელი გულმოსული.

2. ჩვეულ ნადირს ვეღარ ჰბედავს.

3. უფროს დისთვის მიეტანა.

4. რომ ის მსხვერპლი უჩვეულო.

აკაკის „გორის-ციხე“ დაიბეჭდა აგრეთვე კირიონის და გრ. ყიფშიძის „სიტყვიერების ისტორიაში“ 1898 წ., გვ. 542; იგივე - 1908 წ., გვ. 548.

ეს ლეგენდა გორის ციხეზე გალექსა პოეტმა გიორგი ქუჩიშვილმაც (იხ. „მნათობი“, 1939 წ., №6, გვ. 51).

ხოლო ქ. გორს აკაკი წერეთელმა საკუთრივ უძღვნა შემდეგი ორიგინალური ლექსი:

გორო, ქართლის შუაგულო,
მეთაურო ქართლისაო,
ადრე ღირსად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო!..

ძირს გორი-ჯვარი დაგყურებს
მაღლით თვალი უფლისაო,
ერთგულო და საიმედო
წილ-მხვედრის ღვთის მშობლისაო!

ძველად მისთვის სისხლის მღვრელო,
დღეს ცრემლის და ოფლისაო;
ტყვის დამხსნელად. მონამზადო,
საიმედოვ, ობლისაო!

გამხნევდი, გაგვილომგულდი,
მუხლი მოიბი მგლისაო,
გაჰკაფე, გადაიარე
გძელი გზა მომაკლისაო.

დასთესე თესლი კეთილი
შესარგო მამულისაო
და ნახავ ნამგლის ტრიალსა,
„ოპუნით“ მომკელისაო.

(„დროება“, 1884 წ., 41).

________________

1. საქ. მუზ. ხელთნაწ. №1488-H, შ-დ. „ივერია“, 1904 წ., №201.

1.10 სნეული

▲back to top


საბძელმა უთხრა ქარსაო:
„რას მომდგომიხარ კარსაო?
ბზეს შემოიტან ერთ მუჭას,
გაიტან ათას ძარსაო!“

„ნურც თქვენ ენდობით მკურნალსა,
შემოჩენილსა, გრძნეულსა!“
ურჩევდა თურმე ჭაბუა
„ზაქი ჭამია“ სნეულსა.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა“
ძველებს არ უთქვამთ ტყვილადა,
საწამლავს შემოგაპარებს
ორგული თაფლზე ტკბილადა.“

- ეგ არაფერი ჭაბუა
ბევრისგან გამიგონია!..
ხავს ეჭიდები... მეც ვიცი
მაგრამ რა მეტი ღონია?

შენც ხედავ, კარზე გვადგია
ჭირი რამ გაუკითხავი;
ქონის დადნობას ვინ სჩივა?
არც ხორცი შეგვრჩა, არც ტყავი.

მოყვარე გადამთიელი
მპირდება განკურნებასა,
მოსულა ქრისტეს სახელით
იფიცავს მისვე მცნებასა.

ჩემი სატკივრის შემგნებიც,
უნდა ჩემსავით იწვოდეს!..
თუ მომატყუა, იმან და
იმისმა ღმერთმა იცოდეს!!

მგელი, თუ ძაღლი მგლისფერი
რომელიც შემჭამს ერთია!
აწ ვეღარ გავსტეხ ჩემ სიტყვას,
თავდები თვითონ ღმერთია!..“

ეს სთქვა და თვალი დახუჭა,
ბრძანა: „გააქვრეთ ლამპარი!
ბნელაში ძილის მომყვანი
მითხარით ვინმემ ზღაპარი!“

ყველა გაშორდა. იქ დარჩა
ჭაბუა ორბელიანი
და ზღაპარს ეუბნებოდა
უკუღმართ ბედის მჩივანი:

„იყო და არა იყო-რა...
სცხოვრობდა ერთი მელია,
დაუდგა უკუღმართი დრო,
საკვები შემოელია.

მიეკრა წელზე მუცელი
შიმშილით ხდება მას სული,
დაიწყო გამწარებულმა
აქეთ და იქით ცუნცული.

ნაოხარ ადგილს მიადგა
დასუნაგობდა, დარბოდა!
დიდი ხნის გაცივებული
სოფელი რაღას არგოდა?

ხეტიალის დროს უკარო
ნახა პატარა სამღებრო;
შიგ ჭური დახვდა თავღია
და გაუსინჯა ვითომ ძრო.

შიგ ჩაჰყო თავი, ჩახედა!
- რას ეძებს? რა ეგულება? -
აუსხლდა ფეხი... ჩავარდა
უეცრად!.. გახდა ძირს ტვლეპა!

შიგ საღებავი მდგარიყო:
ამოიწუმპა მელია,
ძლივს ამოფორთხდა წვალებით,
ძალ-ღონე შემოელია.

მოჰკიდებოდა ლილა და
ლაინის ფერი ედვა მას!
გმობდა უკუღმართ ქვეყანას
სწყევლიდა მშობელ დედმამას!

ტყვილა დახარჯა უბრალოდ
სამდურავ-საყვედურები;
ამოიძუა შერცხვენით
და ჩამოჰყარა ყურები.

„აღარა გაეწყობა-რა!
სთქვა - საქმეს უსაშველოსო!
მე მოგახსენებ, სხვა ფერმა
ტყავი არ დამიძველოსო.

რაც ვიყავ, ისევ ისა ვარ
ჩვეულებით და ზნითაო!
რას მიზამს ფერის გამოცვლა
და ისიც ცოტა ხნითაო?“

თავს ნუგეში სცა და ძველ გზას
გაუდგა ისევ ნელ-ნელა.
ვინც შეხვდა, ჰკითხა ამბავი,
მან მოატყუა სუყველა.

უთხრა: „რად გიკვირსთ ნეტავი
ეს უცნაური ფერიო?
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
ახლა ვარ წმინდა ბერიო!

სულს შეუდექი... ცოდვების
აწ მონანება მინდაო;
იერუსალიმს მივდივარ,
იქ უნდა გავხდე წმინდაო.

თქვენც გირჩევთ სულზე იფიქროთ,
შეუდგეთ ჩემსა კვალსაო,
გადახდა უნდა ამ სოფელს
ხორციელ სესხს და ვალსაო.“

გაბრიყვდა ზოგი პირუტყვი
და აედევნა მელასა!..
როგორც მოწაფეს მოძღვარი,
წინ მიუძღოდა ყველასა.

შიგ მოჰყვა ერთი მამალი,
ერთი ოფოფი და ძერა.
მელას ხელშია იმათი
უკუღმართ ბედისა წერა.

რომ დააღამდათ, ერთ ქვაბში
შევიდნენ, დაისადგურეს...
ვით განდეგილის წესია,
ლოცვის წინ კარი დახურეს.

მოძღვარმა უთხრა მოწაფეთ:
- უნდა სთქვათ აღსარებაო!
სამ ცოდვას ღმერთიც შეგინდობსთ
და მეოთხეზე სწყრებაო!

რაღა გზა ჰქონდათ? დასთანხმდენ
მიჰყვენ ცბიერის ნებასა
და გულში აღარ ელოდენ
საწყლები გათენებასა.

წადგა ბრალმდებლად მელია
და საკანონოს მომხდელად;
გამოგონებულ ხრიკებსა
თავზე ადებდა მათ ხელად.

ზოგს ის შესწამა, ზოგს ესა,
სასჯელიც გადაუწყვიტა,
წაავლო პირი და ყველას
იქავე თავი წასწყვიტა.

აჰა ელასა-მელასა
ძილი გაამოსთ ყველასა!
სხვა რაღა მოეთხოვება -
გინდ ბერად შედგეს - მელასა?“

სთქვა და წამოდგა მეზღაპრე -
„გათავდა... აწ კი კმარაო!..“
მაგრამ სნეულმა მიუგო:
„ჯერ სულ არ გითქვამს, არაო!..

რად დაგავიწყდა ოფოფი
და მწევარ-მეძებრებიო? -
სიკვდილის წინეთ თავდებსა
მეც იმას ვევედრებიო!“

1895 წ.

რედაქტორის შენიშვნები

სნეული

იბეჭდება ავტოგრაფის მიხედვით - №488 -H; №1484-H; №1498 -H. არის სხვისი ხელით გადანაწერიც - №1506-H.

დაიბეჭდა სამჯერ: „კვალში“ - 1895 წ., №36; ჟურნალ „განათლებაში“, 1911 წ., №2; „თემში“, 1911 წ., ¹ 11.

ამ ლექსში აწერილია მეფე ერეკლეს შვილის გიორგის და ჭაბუა ორბელიანის საუბარი. ავტორი გიორგის ზედმეტ სახელით იხსენიებს: „ზაქიჭამია“. არაკი მელაზე, რომელსაც ჭაბუა წარმოსთქვამს, აკაკის საბას არაკებიდან აქვს ამოღებული და გალექსილი.1

ამ ნაწარმოების სამი ავტოგრაფი არსებობს: ერთი წარმოადგენს შავს (1488), მეორე გადაწერილია უბის წიგნაკის მსგავს პატარა რვეულში (1484), და მესამე თაბახიან ქაღალდზე (1498).

ამ სამ ავტოგრაფს შორის ძირითადად არ არის განსხვავება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიტყვათა სხვაობას: ერთგან „დასუნაგობდა“ შეცვლილია დაძუნძულებ-დად“, „მოედვა ლილა“, „მოჰკიდებოდა ლილა“ (ამ ხელთნაწერში №1484 გადაწერის დროს სიტყვა „მოჰკიდებოდა“-ს ნაცვლად შეცდომით სწერია: „მოჰკვდებოდა“).

გარდა ამისა ავტორს თავდაპირველად მეფე გიორგის თანამოსაუბრესთვის დაურქმევია „ვეზირი“, მერე „სოლომონი“, მაგრამ ავტორს ეს ორივე სახელი წაუშლია და საბოლოო ტექსტში საუბარი სწარმოებს გიორგი მეთორმეტესა და ჭაბუა ორბელიანს შორის.

აკაკის პოემასთან პარალელის გავლებისათვის (პოეტი ოფოფის ზღაპარს არ ამთავრებს) მოგვყავს სანიმუშოდ სულხან საბა- ორბელიანის არაკი:

ბერად შემდგარი მელია

ერთი მელა დაცანცარებდა. ძველითგან თურე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქიაქა, თურე შიგ ჩავარდა, ამობორტყდა, ამოვიდა. მელა შავად შეღებილი შეიქნა. დაიწყო სიარული. ერთი მამალი შემოეყარა. ჰკითხა მელასა: „რა დაგმართებიაო?“ მელამ უთხრა: „ჩემი დღენი ცოდვაში დავაღამე, ახლა ჭკუა მოვიხმარე. ეს სოფელი გაუშვი, ბერად შევდეგ, იერუსალიმს მინდა წავიდეო“.

მამალმა უთხრა: „რადგან ცოდვისაგან ხელი აგიღია და ქველს საქმეს იმრავლებ, მეც წამიტანე, მადლი მოგხვდებაო! მელამ წაიტანა და წავიდნენ. შემოეყარათ ძერა. უთხრა მამალს: „რას უცთენიხარ, ვის მისდეო?“ მან უთხრა: „მელა ბერად შემდგარა, იერუსალიმს მივა და მივდეო“. მოეწონა ძერასა და იგიც გაჰყვა. შემოეყარა ოფოფი და იგიც გაჰყვა. შეიყარნენ ოთხნი ამხანაგნი. მელია სოროსკენ გაუძღვა, თავისი ხერხიანი ენა ტკბილად აუბნა და ეგრე უთხრა: „შვილებო, იერუსალიმს უმოძღვროდ კაცს არ მიესვლება, ცოდვის აღსარება უნდა გამანდოთ და მონანული წავიდეთო“. იგინი დამორჩილდნენ. სოროში შეასხა, „სამოძღრო სახლიაო“. თვით კარისაკენ დაუჯდა. უთხრა: „ოროლის ცოდვის შენდობა შემიძლიან და მესამეს კი ვეღარ შეგინდობო!“ მათ მადლი მოახსენეს: „თუცა ოროლს ცოდვას შეგვინდობ, მესამის შენდობას ვინღა ითხოვსო?“ მათ თავი უბრალონი ეგონათ, და მელი მიზეზს ეძებდა.

უბრძანა პირველს მოწაფეს მამალსა: „ღმერთმან ქათმის ყიული გათენებისას ბრძანა, და შენ ვახშამს უკან რად წაიცდენ ხოლმეო?“ მისი შენდობა მოითხოვა და, აღარქნის აღთქმა დადო. და მან შეუნდო. მერმე ეს უბრძანა: „ყოველს კაცს თითო ცოლი ჰყავს და შენ ათსაც არ დასჯერდები, ვისაც იბრიყვებ შენს ამხანაგს, მასცა წაგვრიო“. მისიც აღთქმა დადო, და მან შეუნდო. მესამედ უთხრა: „მხედარი არა ხარ და მშვილდოსანი, დეზები რად გაკრავს, შენ ხომ მისჟამში ცხენს არა მჯდარხარო?“ მამალი მესამეს ცოდვაზედ რაღას იტყოდა? მოსწყვიტა თავი და წინ დაიდო. უბძანა ძერას: „ეს რომ ავი მგალობელი ხარ, არც სტვენა გივარგა და არც ძახილი, მუდამ რად ყივიო?“ ძერამ აღთქმა დადვა, და მან შეუნდო. მეორედ უთხრა: „ღმერთმან შენ საზრდოდ ხვლიკი და თაგვი მოგცა. ერთს ქვრივს სარჩოდ ერთი ქათამი ეგულების, წიწილას რასათვის მოსტაცებო?“ ესეც შეუნდო. მესამე უთხრა: „ექვს თვეს მამლობ და ექვს თვეს დედლობ, ეგ რა არისო?“ მოსწყვიტა თავი და დაიდვა წინა. სანამდისინ მელი ამ ორისაგან მოიცლიდა, მანამდინ ოფოფმა ესეთი ხერხები არჩივა, მელის ოსტატობას გარდაამეტა. ოფოფს ჰკითხა მელამ: „სამეფო თომარ-ჯიღა ვინ მოგცაო?“ ოფოფმან უთხრა: „სოლომან ბრძენმან თავის ხელით დამხურაო“. მელამ უთხრა: „მოწამე ვინა გყავსო?“ ოფოფმა უთხრა: „ერთი მსუქანი ბატი და ერთი მსუქანი იხვიო“. მელას სიხარბით და მსუნაგობით ჭკუა და ცნება დაეფანტა; ასე თქვა გულში: „ეს ოფოფი ერთ ლუკმად არ მეყოფა და ერთი იხვი და ბატი ერთ კვირასაც მეყოფაო“.

ბევრის ნდომა კაცს ასე წაახდენს. მამალი და ძერა იქავ შეუჭმელი დარჩა და თან გაჰყვა. ოფოფმა მელა ერთს ხევში დააწვინა. მონადირე ვინმე დახვდა ქორითა, მწევრითა და ძაღლებითა. ოფოფი წინ დაუჯდა, სეფქა უნდა ესროლათ, აფრინდა, მელას ახლო დაუჯდა. მიყვნენ მონადირენი. მან იმდენი ქნა, იმ ხევში ჩაიყვანა. მეძებართა კვალი ნახეს, მელი გაიხტუნეს, ასრე გახადეს, ძვალი და რბილი გაუერთეს. ძლივ დაჩეჩქვილმან სული გარდაახწივა. ოფოფმა დაუძახა: „მელავ, მოწამე ვერ გიშოვეო?“ მელამ უთხრა: „რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დამართებიაო!“ ოფოფმან ჯავრი კი ამოიყარა, მაგრამ მამალს და ძერას არღა ეშველა რა.

____________

1. სულხან საბა ორბელიანი - „სიბრძნე სიცრუისა“ ს. იორდანიშვილის რედაქციით, სახელგამი, 1938 წ., გვ. 24.

1.11 ნაცარქექია

▲back to top


ზღაპარი

I

შეურცხვეს წვერ-ულვაში!..
ნუღა შერჩეს თავზე თმა!!..
რისხოს წმინდა გიორგიმ
სამას სამოცდახუთმა,

„ვინც დაივიწყოს ქვეყნად
განთქმული წინაპარი
და იმის ღირსს სახსოვარს
არ აუნთოს ლამპარი!..

„ვისაც მამა-პაპებში
გმირი არა ჰყოლია,
რა კაცია ის კაცი?
და რა ჩემი ტოლია?!

„ჩემი, რომლისაც ძველი
გმირთაგმირი ყოფილა
და ვისიც სწორი იმ დროს
სხვა აღარვინ შობილა.

„ვენაცვალე მის სახელს!..
თვითონ წმინდა გიორგის,
ქრისტე-ღმერთის ბრძანებით,
მოუნათლავს თურმე ის!..

„მოუნათლავს და ერთი
ხმალიც უჩუქებია;
მისი მსგავსი მახვილი
სხვას აღარვის ჰრგებია!..

„რკინეულს და ფოლადსა
სჭრიდა, როგორც ჩალასა,
და მკლავს მისი მომქნევი
არ ატანდა ძალასა.

„ხომ უყურებთ იმ გრძელ ხმალს,
კედელზე რომ ჰკიდია?
შინ არ გამიჭედია!..
არც სხვისგან მიყიდია!!.

„მერგო ჩამომავლობით,
ისე ვით ნატვრის თვალი!..
ეგ მახვილი „ის“ არის,
წმინდა გიორგის ხმალი!!

„დიდებაა ოჯახის,
არა თუ სამკაული!..
არ შეველევი მაინც,
გინდ მომცენ წონა ფული!!

„მაგრამ დღეს სხვა დრო დადგა:
გაჰქრა ძველი დროება,
ჩამოვარდა ამ ქვეყნად
მშვიდობა-მყუდროება!..

„კაცობრიობა სულ სხვას
დაადგა გზა და კვალსა:
პატივი აეყარა
ძველებურ ფარს და ხმალსა.

„დღეს იმათი ადგილი
უჭირავს თოხსა და ბარს!..
იმონებენ ხმელეთს, ზღვას,
ასწორებენ მთა და ბარს!..

„მეც მირჩევენ: „თუ გინდა
გაახილო თვალიო,
გადაკეთდეს სახნისად
შენი უქმი ხმალიო!“...

„არა, მე არა მწამს-რა
ახლანდელ ოცნებისა!..
და არცა ვარ გამტეხი
მამა-პაპის მცნებისა!!“

აი, რაებს ამბობდა
ერთი ნაცარქექია,
ერთ დროს მართლა ვაჟკაცი,
მაგრამ დღეს-კი ბექია!..

მოსწოლოდა კერასა,
ის იყო მისი ბინა!..
უსაქმურად გორავდა,
სვამდა, სჭამდა, ეძინა!

იხატავდა წასულ დროს,
იგონებდა წინაპრებს
და მით გულს აყოლებდა
გადასულ სიზმარ-ზღაპრებს!..

II

ცოლი ჰყავდა ჭკვიანი,
მეოჯახე ერთგული...
ქმრის უსაქციელობით
უსკდებოდა მას გული.

ეუბნებოდა: „კაცო,
რას უზიხარ კერასო?
ჩვენი ყოფა-ცხოვრება
გააქვს ჩხიკვ-ყვავ-ძერასო!..

„ოცნების დრო წავიდა,
ადე, გაინძერიო!
მოყვარე გაახარე!..
დააღონე მტერიო!!

„ერთი საყანეღაა
აწ ჩვენი დიდებაო!
იმასაც წაგვართმევენ!..
ვინ მოგვერიდებაო?!

„ალო დადგა ხვნა-თესვის,
წადი, უგდე ყურიო,
თუ არ გინდა გაგვიწყდეს
საზრდო, ლუკმა-პურიო!“

ქმარმა უთხრა: „ნუ სჯავრობ
და ტყვილა ნუ სწყრებიო!..
ჯერ ადრეა!.. ჩემ საქმეს
კიდევ მოვესწრებიო.

ვინ გაბედავს, შეეხოს
იმ ჩვენ საკუთრებასო?
მე ვიცი და ამ ხმალმა!..
ვაი მის მოსწრებასო!!“

ბევრი რამ სთქვა ამგვარი,
რაები არ მოჭორა!
ამთქნარებდა ზარმაცად
და ერთიც გაიზმორა.

უნდოდა შინ დარჩენა!..
ცოლმა აღარ აცალა;
სამუშაოდ გააგდო,
დაატანა მას ძალა!..

საღამოს შინ დაბრუნდა
მხიარული... სიცილით...
ამბობს: „ჩვენი საყანე
აკი დაუხნავსთ დილით!..

,,კიდეც დაუთესიათ!..
აი, ღმერთმა უშველოს,
ი, ვიღაც მოკეთეა,
აცოცხლოს!.. ადღეგრძელოს!“...

- „რაო? რაო? რას ამბობ? -
ცოლმა შემოუძახა -
განა შენთვის შრომობენ?!
წაგართმევენ, შე გლახა!!“ 

- „როგორ თუ წამართმევენ?!
ვისა აქვს ეგ უფლება?..
მამა-პაპისეულის
დაკარგვა შეიძლება?! 

ვინ სთხოვდა, რომ დათესა?
ვინ სთქვა: დამიხანიო?..
იმან გინდ სთქვას, გინდ არა:
„მე ვფლობ დიდიხანიო!?“

„მე რომ სახლში სტუმარი
შემოვუშვა დროებით,
მაშ კარში გამომაგდებს...
იცხოვრებს მყუდროებით?!

„აი, მაშინ რა ვუთხრა
ამ ჩემ მამა-პაპის ხმალს!..
ისე დავკეპ პირწმინდად,
გავუერთებ რბილს და ძვალს!!

„კანონიც ვერას მეტყვის!
ხმასაც ვერ გამცემს ტყვილა!!
სისწორ-სიმართლე ქვეყნად
სუყოველთვის ყოფილა“.

ეს სთქვა ნაცარქექიამ
და გულში გაიცინა...
მოსძებნა ისევ კერა,
დაწვა და დაიძინა.

III

მოახლოვდა მკათათვე;
აუჩივლდა ცოლი ქმარს:
„ადე, თვარა, ღმერთმანი,
სიმწრით გადენ ცხვირში ძმარს!

„დაგასწრებენ, მომკიან
იმ შავი დღის ყანასო...
მაშინ მეც თავს მოვიკლავ,
შენც გაგიყრი დანასო!“

იმდენი ეჩიჩინა,
გაახელინა თვალი;
გააგდო, როგორც იქნა!..
გაატანა ნამგალი.

„ღმერთო, შენს მადლს!“ - იძახის: -
„ძლივს არ შევაგონეო!...
ასე არ მოვქცეოდი,
აღარ იყო ღონეო“.

დატრიალდა ოჯახში,
მიალაგა, მოაწყო;
მოამზადა სადილი...
ხმიადი გამოაცხო.

ჰფიქრობს: „ქმარი მშიერი
დაბრუნდება მალეო,
მოვუმზადებ ყველაფერს,
იმას ვენაცვალეო!“

დაუბრუნდა ქმარი შინ
მოთქმითა და ტირილით:
„ვაი!.. ის ჩვენი ყანა
გადუმკიათ ამ დილით...

„პური შინ წაუღიათ...
დაგვდგომია თვალიო!..
ვეღარა გავიგე რა
მისი გზა და კვალიო!..

„გადუმკიათ პირწმინდად...
წაუღიათ სულ მთლადო!..
მხოლოდ ერთი თაველი
დარჩენიათ ობლადო!“

ვაი, ამის გამგონეს!..
შეუწუხდა ცოლს გული;
ლეჩაქს იხდის, თმას იშლის,
მოსთქვამს გამწარებული:

„ჩემი ქმრის გადამკიდე
ამას მოველოდიო!
დამიტირეთ!.. დამქოლეთ!..
დამადევით ლოდიო!!

„დავრჩენილვართ გლახაკად
ქვეყნის სამოწყალოდო!
ვის რა უნდა შევჩივლოთ?
ჩვენს თავს დავაბრალოთო!!

„არ იქნა! ჩემს ქმარს დროზე
ვერ-რა შევაგონეო!..
აწ შევიბამ ქვას ყელზე,
სხვა აღარ მაქვს ღონეო.

დიდხანს მოთქმით ტიროდა,
გული როცა იჯერა,
მოიწმინდა ცრემლები
და ისევ ქმარს ეძგერა!..

უთხრა: „აბა, ახლა-კი
ჩამოიღე ეგ ხმალი!..
სხვა გზა არ გაქვს! ეგ არის
ერთადერთი წამალი!..

„ვინც ის ყანა მოგვიმკო,
არ დასტოვებს არც თაველს...
მოვა მის წასაღებად
და შენც იმ ჩვენ დამღუპველს

„ჩაესაფრე როგორმე,
მტერია, თუ მოყვარე,
დაიჭირე, იცოდე,
და შეკრული მომგვარე!

„თვარა, ვფიცავ ქალობას,
მეც ავიღებ შენზე ხელს!
გაგიმწარებ სიცოცხლეს
და განანებ ამ სოფელს!!“

IV

გადისვა ულვაშებზე
ნაცარქექიამ ხელი
და სთქვა: „აღარ დავრჩები
აწ-კი ხელცარიელი!..

„რაღაი ჩვენი საქმე
ისევ ხმალზე მივარდა,
მე ვუჩვენებ მტერს სიცხეს,
რომ ვშვლეპავ არდიგარდა.

„კისრიდან ფეხებამდის
პრეწას გავადენინებ!..
იმას სისხლსა - და ცოლ-შვილს
ცრემლებს დავადენინებ!“

გადაიკიდა ხმალი,
ყანისკენ გაეშურა...
ჩაესაფრა... მზად არის!..
საღამომდე უყურა...

მაგრამ არავინ მოდის!..
არსად სჩანს ჭაჭანება!..
ადგა... წასვლას აპირებს...
პურს თავი დაანება.

ამ დროს მოფრინდა ჩიტი
საარაკო და უცხო!..
დაასკუპდა თაველზე...
მარცვლებს კენკა დაუწყო.

გაუკვირდა კაცს და სთქვა:
„ღმერთო, რასა ვხედავო?!
ესეც მე მომდგომია!..
ჩემზე ითავხედაო?..

ამისთანა მტერზე-კი
ჩემ ხმალს როგორ გავრჯიო?..
მივალ, ხელად, დავიჭერ...
ღირსეულად დავსჯიო!“...

ფეხაკრეფით მივიდა,
ნელ-ნელა მიეპარა,
ქუდი სტყორცნა... ნასროლი
თავზე გადაეფარა.

დაიჭირა და უთხრა:
„ახლა ნახავ შენს სეირს!..
გაგფცქვნი, შეგწვავ, შეგბრაწავ,
ჩავიგემრიელებ პირს“.

ჩიტმა უთხრა: „ეგ არის
შენი მამაცობაო?
გამოიჩინო გინდა
ჩემზე ვაჟკაცობაო?

„მაგრე არ ირჯებოდენ
შენი წინაპრებიო!..
ჩიტებს კი არ დასდევდენ,
სხვები ჰყავდათ მტრებიო.

„შენ-კი ჩემზე მოცლილხარ...
ტყვილად მიხირდებიო!..
თითქო დიდი რამ ვიყო...
შეჭმასაც მპირდებიო.

„თუ შემჭამე, შენმა მზემ,
კუჭი გაგიძღებაო!..
ერთ ლუკმად რომ ჩამყლაპავ,
შენ ცოლს რა ერგებაო?

„გიჯობს მადლი მოისხა,
დამანებო თავიო...
სხვის ჯავრს ჩემზე რომ იყრი,
რა მიქნია ავიო?“

კაცმა სთქვა: „მართალს ამბობს,
მე და ჩემმა ღმერთმაო!..
აბა, რა უნდა მიყოს
ამან, ერთად ერთმაო?“

შემოივლო თავზე და
უთხრა: „შენთვის წადიო!
კუჭს მაინც ვერ გამიძღებს
მარტო შენი მწვადიო!..“

ჩიტმა უთხრა: „მაშ კარგი,
რადგან არ მომკალიო,
მე ვიცი!.. და მემართოს
შენი დიდი ვალიო!..

„ჩიტი კი ნუ გგონივარ!..
ვარ გრძნეული ქალიო...
მუდამ ჩემკენ გეჭიროს
გასაჭირში თვალიო:

„სამ ბედსა გწევ ზედიზედ,
მომიცია ფიციო!..
თუ მოიხმარ, ხომ კარგი,
თვარა და შენ იციო!!.

„ცხრა მთას იქით, წალკოტში
მიდგას სარაიაო.
როცა მოხვალ, დაგხვდება
სახლის კარი ღიაო“.

ეს უთხრა და გაფრინდა
მონავარდე ჭიკჭიკით...
კაციც სახლში დაბრუნდა,
მოიჩქარის ჩიქჩიქით.

აეტაცნა შიშის ქარს...
მოჩვენება ეგონა.
გულგახეთქით უამბო
მის ცოლს, რაც გაეგონა.

მოისმინა ცოლმა, სთქვა:
„ჩვენს ღმერთს ვენაცვალეო!
გაჭირვებულის არის
მხსნელი და მოწყალეო!..

„ჩვენი ალალ-მართლობა
შეჰსმენია მაღლითო!
ჩვენსკენ გადმოუხედავს
მოწყალების თვალითო.

„ნუ ზარმაცობ!... აწ შრომის
ოფლი მოიწურეო!..
ხვალვე ღმერთი ახსენე
და ბედს მიაშურეო!..“

V

მიდის დღე, მიდის ღამე!..
მისთვის არც ჭამა!.. არც სმა!!.
მთიდან მთაზე გადადის,
ხან აღმა და ხან ჩაღმა...

ცხრა დღესა და ცხრა ღამეს
მოუნდა სულ სიარულს,
ცხრა მთა გადაიარა
და არა ჰგავს დაღალულს!..

ერთ უდაბურ შავ ტყეში
გამოჩნდა სარაია.
მიადგა ზედ პირდაპირ,
კარი დაუხვდა ღია.

შიგ შედის და რას ჰხედავს,
ნეტავი, მისი თვალი?!
ოქროს ტახტზე დამჯდარა
მზეთუნახავი ქალი!!.

ეგებება სიცილით:
„გამარჯობა, სტუმარო!
შენ რომ ჩიტი გაუშვი,
ის ჩიტუნა მე ვარო!

„აგისრულებ უთუოდ
იმ ჩემ დანაპირებსო,
მხოლოდ მითხარი: რა გჭირს?
და ან რა გატირებსო?“

- „რაო და სიღარიბე!..
იმან დამაღონაო!! 
რაც რამ მქონდა, წამართვეს...
გავხდი სხვების მონაო.

„ლუკმაპური გამიწყდა
და კუჭი მიხმებაო!..
ცოლიც აღარ მასვენებს!
აღარ მეთანხმებაო!..

„თუ მიშველი, ხომ კარგი,
ღმერთი გადღეგრძელებსო...
თვარა მახვილს ჩავიცემ.
აქვე დავყრი წელებსო!“

ქალმა უთხრა სიცილით:
„რისთვის იკლავ თავსაო?
მე გიჩვენებ ერთ რამეს,
უცხო სანახავსაო.“

გაუშალა წინ სუფრა,
უთხრა: „აბა, ნახეო!..
რაც გსურს სასმელ-საჭმელი,
გულში გაიძრახეო!..“

გაიძრახა სტუმარმა,
და, მართლა, რასა ხედავს?!
თითქო სიზმარიაო,
დაჯერებას ვერ ჰბედავს:

რაც კი გულში ჩაითქვა
და ან რაც მოინება,
მობზრიალობს ჰაერში
და მის წინ ეფინება.

გაუსვა ჭამას ხელი,
გაძღა... გამოიბერა!..
და ნახულის სიცხადე
მაშინ-კი დაიჯერა.

ქალმა უთხრა: „ეს სუფრა
არის ნატვრის სუფრაო!
წაიღე და შენ გქონდეს,
სხვას არავის უთხრაო!...

„როცა გაშლი, მოგივა,
რაც მოგენატრებაო!
რომ დაკეცავ, მაშინ-კი
ისევე გაქრებაო“.

მადლი უთხრა მასპინძელს...
წავიდა შინ სტუმარი.
წავიდა და წაიღო
ძვირფასი საჩუქარი.

VI

ტკბილად ცხოვრობს ცოლ-ქმარი!
შესრულდა წელიწადი!..
არ აკლიათ ჩიტის რძე
და სირაქლემის მწვადი.

იმათ ბედნიერებას
აღარა აქვს საზღვარი!..
მაგრამ კაცის გუნება
არის გაუმაძღარი!..

დახეთ ნაცარქექიას!..
ყველაფერი მოსწყინდა.
ამბობს: „სხვა რამეს ვეძებ!
რაცა მაქვს, - აღარ მინდა!..

„კარგს რომ ვსვამ და კარგსა ვჭამ,
განა საკმარისია?
ღორმუცლობა ამგვარი,
ვისი საკადრისია?

„არსად გაეცდებოდათ
ჩემ წინაპრებს მშიერი!
განა მე-კი არა ვარ
იმათი ნაშიერი,

„რომ მარტო ვსვამ, მარტო ვჭამ;
არ მომიდის სტუმარი?..
გამვლელ-გამომვლელისთვის
დაკეტილი მაქვს კარი?

„არა!.. ამგვარ ცხოვრებას
არა ჰქვიან ცხოვრება!..
სტუმართ-მოყვარეობას
ქვეყნად რა შეედრება?!

„არა!.. სხვაგვარ ცხოვრებას
დღეიდანვე მივყოფ ხელს:
ქუდს მაღლა ვასროლინებ
გამვლელსა და გამომვლელს.“

სთქვა... კიდეც აასრულა:
გამართა წვეულება;
იწვევს მტერს და მოყვარეს,
სადაც კი ეგულება.

გაუვარდა სახელი,
სახელმწიფო შეიძრა!..
მთელ ქვეყანას უკვირდა
იმისი ნატვრის სუფრა.

VII

ხმა მივიდა მეფემდის.
ბრძანა: „შეკრბეს ჯარიო!..
თვით ვეწვევი და ვნახავ,
თუ მართალი არიო.“

მთელი მისის ამალით
კარზე მიადგა საწყალს...
უკვირთ: ცეცხლს ვერსად ჰხედვენ!..
ვერც ქვაბებში სადმე წყალს!!

რას შესწვენ, რას მოხარშვენ,
ჯერ რომ არ-რა მზადდება?!
თავისთავად ხორაგი
ხომ არ დაიბადება?

სადილობის დროს მხოლოდ
გაშალეს მარტო სუფრა!
რაც სულსა და გულს უნდა,
ვინც-კი რა მოინატრა,

გაჩნდა ჰაერში!.. მოდის,
ყველას წინ ელაგება...
გაუკვირდათ! შეიქმნა
აღტაცება და ქება.

გაუკვირდა მეფესაც
მისი ყმის მასპინძლობა!..
მოილხინა... წამოდგა
და უბრძანა მადლობა.

მასპინძელს სიხარულით
გულმა დაუწყო ძგერა.
ხელაპყრობით დალოცა
თავისი ბედისწერა:

„მე ვინ ვარ?! უსახლკარო!..
ტანზე ძველი მაცვია.
მაგრამ, ჰხედავთ იმ ჩემ ბედს?
ხელმწიფეც კი მაწვია!..“

„ამისთანა ბედს განა
ბევრი გადაეყრება?
ვიცი, ჩემგან ამ სტუმარს
რაც ძღვენი ეკადრება;

„მაგრამ რა მაქვს მე საწყალს
მისთანა, რომ შევკადრო,
მამა-პაპებს მივბაძო,
არ დავაგდო ძველი დრო?“

დახედა ნატვრის სუფრას,
სთქვა: „რაღა სჯობს ამასო?
მივართმევ, ჩვეულია
ტკბილად სმას და ჭამასო.

„ამას უფრო შეჰფერის,
მე ვიკმარებ ცოტასო;
მეფეც არ დამივიწყებს,
არ დაიდებს ცოდვასო!..“

დაუჩოქა, მოართვა,
გზას ულოცავს გულითა;
მეფემ მადლი უბრძანა,
მიდის სიხარულითა!..

VIII

რომ წავიდენ სტუმრები,
გამოფხიზლდა ცოლ-ქმარი:
წვეულება ხელმწიფის
თითქო იყო სიზმარი!..

ცოლმა უთხრა ქმარს: „კაცო!
ეს რა მოგვივიდაო?
ხომ დავკარგეთ, რაც გვერგო
დაგვითა და წვითაო?

ხელმწიფეს საზრუნველი
სხვა არ-რა აქვს განაო?..
რაღად მოაგონდება
გლახა ჩვენისთანაო?!.“

ასრულდა ცოლის სიტყვა:
აღარვის აგონდება;
შიმშილი კარზე მოდგა!..
ჩვენი გმირი ღონდება!..

„ე რა თავი ავიგდე?!.
ეს რა დამემართაო?
რა მრჯიდა მე საჩუქრებს!..
ვისი რა მემართაო?!

„გავიწყრომე ღმერთი და
გავირისხე ბედიო!..
თავს მოვიკლავ, რომ ჩიტის
არ მქონდეს იმედიო“.

წავიდა, მიაშურა,
უთხრა: „შემიბრალეო!
სუფრა, შენი წყალობა,
დამეკარგა მალეო!

„მეფეს ვუძღვენ, ველოდი
მისგან გაკეთებასო,
ოჯახის აშენებას...
შიგ ცეცხლის დანთებასო.

„მოვტყუვდი, დავიღუპე,
დავრჩი საწყლად მშრალზეო,
იმ დღიდან არ მაშრება
ცრემლი არც ერთ თვალზეო!..“

მზეთუნახავმა უთხრა:
„აკი გაფრთხილებდიო?
რა გინდოდა? შენს ქურქში
რატომ არა სძლებდიო?

„რათ ედები უბრალოდ
რაღაც ღობე-ყორესო?
ეგ ერთი დაგიკარგავს,
უფრთხილდი მეორესო!“

გამოჰგვარა ჯორი და
სთქვა: „ხელი წაავლეო!
ხაზინაა ეს ჯორი!
კარგა დაისწავლეო!

„ყურს არ გააპანტურებს...
ძირს თავსაც არ დახრისო!..
რამდენ მუჭა ქერს აჭმევ,
ოქრო-ვერცხლად დაჰყრისო.“

უკვირს ნაცარქექიას!..
ამასაც ხომ ეს უნდა?!
მადლი უთხრა და ჯორით
შინისაკენ დაბრუნდა.

IX

გადაბრინჯულა ჯორზე
და მოჩინდრიკობს ჩქარა.
მეზობელი ვაჭარი
გზაში შემოეყარა.

უსახლკარო, უმიწო,
მტრისგან აოხრებული,
ერთ დროს მოსახლე და დღეს
ყოვლიფერს მოკლებული.

მიაძახა: „ძმობილო,
გამარჯობა შენიო!
ქვეითად რომ მოთოთხავ,
რა უყავი ცხენიო?“

- „დამცინი, თუ რა არის? -
ქვეითი უპასუხებს -
არ იცი, რაც გადამხდა?
რა მკლავს? და რა მაწუხებს?

„მტერმა მძლია, ამიკლო,
დამაგდო უსახლკარო!...
და დღეიდან ღარიბად
ქვეყნად უნდა ვეტარო!“

- ,,ვიცი! მაგრამ ახია
შენზე ეგ ყველაფერი!
შენც არავის ჰზოგავდი,
იყავი ქვეყნის მტერი!..

„სულ ნაარმით სცხოვრობდი,
ალალს ერიდებოდი,
თან შეგქონდა ღალატი,
სადაც-კი გაჩნდებოდი!

„ღმერთმა გკითხა და რისხვა
შენც მოგაგო ნაცვალი!..
აქავე გადახდება
ყველას სესხი და ვალი.

„აი, მე სიმართლისთვის
რა ბედი მეწიაო!..
ერთი ასად მოვმკეო,
რაც-კი გამიციაო.“

უამბო ჯორის საქმე:
„ხაზინაა დიდიო...
ქვეყნის ფასიც რომ მომცენ,
ამას არ გავყიდიო!..“

გაუკვირდა ვაჭარს და
გააჭყიტა თვალები!
უთხრა: „შენი ჭირიმე!
შენს თავს ვენაცვალები!..

„რადგან შენზე ქრისტე-ღმერთს
მოუღია წყალობა
და ჩვენც ორთავ ერთი გვაქვს
ძველი ჩამომავლობა,

„შემიწყალე ცოდვილი,
ჩამაცვი და დამხურე!
ნუ დამაგდებ აქ საწყლად,
მიყმე და მიმსახურე!..

„შევინანე ცოდვები,
გავიწმინდე გულიო!
მიახლე და მიგულე
ძაღლივით ერთგულიო.“

შეებრალა ჯოროსანს,
უთხრა: „კარგი, მჯერაო!
უკან შემომიჯექი,
შინ მიგიყვან ჯერაო...

„გიპატრონებ, მოგივლი,
როგორც კაცს, კაცურადო!..
შენი ყმობა რად მინდა?
სჯობს, ვიცხოვროთ ძმურადო!

უთხრა და უკან, ჯორზე,
შემოისვა გულწრფელად,
მიჰყავს და მისი ძმობაც
აღარ აქვს საეჭველად.

X

მაგრად ხელი მოჰხვია
იმ ვაჭარმა ჯოროსანს;
რიდით და მოწიწებით
ხმას არ იღებდა ერთხანს.

ბოლოს-კი შეევედრა:
„ლამის, გადავვარდეო...
ვერ ვეტევი... წინ წაჯექ
ცოტა, თუ გიყვარდეო!..“

გაეცინა ჯოროსანს,
უთხრა: „ნუ ხარ ფრთხალიო!..
არ ვარგიხარ ცხენოსნად
და წაგიხდა თვალიო.

„ეგ ღიპი რომ გაგზრდია,
მიტომ ვეღარ ჯდებიო!..
აბა, მოიწი, რაღა!..
მე წინ წავჩოჩდებიო.“

წინ წაჯდა და ვაჭარს-კი
დაუტოვა ადგილი,
მაგრამ ის არც ამითი
დაურჩა კმაყოფილი:

- „რა ვქნა, რომ ვერ ვახერხებ
მაინც მაგრად ჯდომასო?!
მეტი უნდა ადგილი
ჩემი მუცლის ზომასო.“

ამნაირად, მხედარი
კისრამდის მიაჩოჩა
და, ზედ წკიპზე რომ ნახა,
მაშინვე აიყოჩა,

ჰკრა ხელი, გადააგდო!
იხმარა სრული ძალა...
გააჭენა ჯორი და
უეცრად მიიმალა!

ადგა ნაცარქექია,
ვეღარ ნახა ვაჭარი!
მიიხედ-მოიხედა...
და დაეცა თავზარი!..

სთქვა: „ეს რა მომივიდა?
აკი შემაცდინაო!..
ახლა ხელცარიელი
სადღა წავალ შინაო?!“

დაბრუნდა და ისევე
მიაშურა თავის ბედს;
მესამე ჯილდოს ელის,
არ ჰკარგავს ჯერ სულ იმედს!..

„დავიღუპე. მიშველე!..
კიდევ გამაბრიყვესო!!
მეგობრობა-ძმობისთვის
მე მტერობა მიყვესო!

„ჯორ-ხაზინა მომტაცეს,
გაუყენეს გზასაო...
სიკვდილი სჯობს სიცოცხლეს
და ამ ჩემ ყოფასაო!“

ქალმა უთხრა: „რა გიყო,
რომ ვერ ხმარობ ბედსაო?!
ერთხელ კიდევ გაჩუქებ
საჩხუბარ ხელკეტსაო:

„თუ მასაც ვერ მოიხმარ,
აღარ გეშველებაო!!.
მაგრამ ჯერ მოგიხდება
შენც ჭკუის სწავლებაო“...

გამოიტანა ჯოხი,
უთხრა: „დატრიალდიო!
გინდ ხმელეთიც მოგადგეს,
ყველას გაუძალდიო!“

გაექანა ხელკეტი
და პირდაპირ ეძგერა!
გაუდის ბრაგაბრუგი...
ხმლითაც ვერ მოიგერა!!

შეევედრა: „მიშველე!
ამისგან მიხსენიო!
არასა გთხოვ, გამიშვი!
არ მინდა-რა შენიო!!“

ქალი ამბობს: „ხომ კარგად
შეგიხურდა გვერდიო?
ეგ გასწავლის შენ ჭკუას...
ჯოხო, აწ შეჩერდიო!“

მერე ჰკითხავს: „ხომ ნახე
მაგ ხელკეტის ძალაო,
რომ შენი ხმლის მოქნევა
აღარც-კი გაცალაო!

„აგრე იცის მაგ ჯოხმა,
არ უნდა ჩიჩინიო!
ვერ გაუძლებს ჩხუბში, გინდ
მოსდგეს ჩინ-მაჩინიო.

„წაიღე და შენ გქონდეს,
საჩუქრად იკმარეო,
მაგრამ მხოლოდ-კი ფარად
მტრებზე მოიხმარეო!“

შეხტა ნაცარქექია!..
„ვიცი ამის ხელიო.
ამით ბევრს შევეწევი
და თავსაც ვუშველიო“.

მადლი უთხრა, წაიღო,
მიდის, მიუხარია...
ხელკეტს გულში იხუტებს,
ძველი მეგობარია!..

XI

სახლს რომ მიუახლოვდა,
ცოლი დახვდა მტირალი!..
თმაგაშლილი მოსთქვამდა:
„ვაიმე, ჩვენი ბრალი!..

„ჯოროსანი ვაჭარი
შინ ჩამოგვესახლაო
და ჩვენს ავლადიდებას
ის ჰპატრონობს ახლაო!

„ასე ამბობს: თქვენ ვინ ხართ?
მალე აიბარგეთო!..
თქვენ სახლკარი ვინ მოგცათ?
ჩქარა დაიკარგეთო!“

ქმარმა უთხრა: „ნუ სტირი
ვნახოთ, რა იქნებაო!
ყოველივე ამ ქვეყნად
არის უფლის ნებაო!“

მოვიდა, უთხრა ვაჭარს:
„აქ ვინ მოგიყვანაო?
ჩემი ჯორის წამყვანი
შენ არა ხარ, განაო?!

„ამ ჩემ სახლკარსაც ახლა
შენ ეპატრონებიო?
რათა? შენი რა მმართებს,
ღმერთს რას ეუბნებიო?

„მე ძმასავით მიგიღე,
ტკბილად, მეგობრულადო,
შენ-კი, გაუტანელო,
შინ მიხტები მტრულადო?!

„ჯორი შენ გყავს! სახლკარსაც
მართმევ? არ იქნებაო!
აწ-კი კმარა! ამდენი
მეყო მოთმინებაო!!

„წადი, რომ არ აგვიტყდეს
ერთი ხათაბალაო!
თვარა ცუდად შეგაქცევ,
თუ ვიხმარე ძალაო!“.

გაიცინა ვაჭარმა,
უთხრა: „რას მიჰქარავო?!
ვინ ხარ! და სად მოსულხარ!..
ხომ არაფერს მპარავო?!

„მე ეს სახლი და კარი
ჭკუით შევიძინეო!
შენ რად გინდა, ბრიყვი ხარ,
დაწექ და იძინეო.“

შეხტა ნაცარქექია!
სთქვა: „მაშ კარგი, ვნახოთო,
„ვაი, დედავ. მიშველე!“
ვინ ვის დავაძახოთო?!“

დაიყვირა: „ხელკეტო!
ეცი მაგას, ერთიო,
რომ მოაგონდეს ისევ
ჩვენი ქრისტე-ღმერთიო!“

დაბზრიალდა ხელკეტი,
გაექანა, ეძგერა,
აუცხუნა გვერდები!..
ვაჭარმა დაიჯერა,

აღრიალდა, შეშინდა:
„ვაი! ვაი! ვკვდებიო!
გამიშვი და ღმერთმანი,
ძმურად მოვრიგდებიო!

„შემოდი, შენც იცხოვრე,
აღარ დავკეტე კარებსო!
რა დროს ჩვენი ჩხუბია,
მტერი გაიხარებსო?!“

ნაცარქექიამ უთხრა:
„არა! რათ ირჯებიო?
ახლა ჭკუა ვისწავლე
აღარ მოვტყუვდებიო!

„მოღალატეს ბუნებით,
არ გქონია პირიო!
შენთან ლხინი არ მინდა
და არც შენი ჭირიო!

„საიდანაც მოსულხარ,
იქითვე მიბრძანდიო!
თან წაიღე ხრიკები,
ეშმაკური ფანდიო!

„რომ მოვსტყუვდე ხელახლა,
ამას ნუღა ელიო!
არ გაჩერდე, ხელკეტო!
არ შეუშვა ხელიო!“

ჯოხს გააქვს და გამოაქვს
ვაჭრის ზურგზე ტრიალობს,
ზურგის კანი აუწვა
ვაჭარს... ყვირის, ღრიალობს:

- „დღეიდან აღარ ვიზამ
არაფერს თქვენ საწყენსო!
არ დავდგები... გამიშვით...
გეფიცებით გამჩენსო!“

მირბის თავის ქვეყნისკენ
ტირილით და ღრიალით,
ჯოხი მისდევს კვალდაკვალ
სულ ჰაერში ტრიალით.

მისდევს ნაცარქექიაც,
ჯოხს უყვირის: „ჰბრიგეო!!
მე მაგასთან უშენოდ
ვერა გავარიგეო!!“

რომ გადენა, მერე სთქვა:
„ეყოფა აწ, კმარაო!
მადლი გამჩენს, მაგისგან
რომ მე დამიფარაო!..“

უთხრა: „ჩემო ხელკეტო,
გაჭირვების ტალ-კვესო!
შელოცვილო გრძნეულის,
ხმალზე უძლიერესო!!

„ზოგჯერ კარგი მკურნალი
წამლად ჰხმარობს საწამლავს...
რომ გაჰკურნოს სნეული,
თვით სატკივარს უმალ ჰკლავს.

„და შენც სწორედ ამგვარად
დღეს გამიხდი საჭირო!
დღეიდან-კი სხვა წამალს
ითხოვს მომავალი დრო.

„წაგიღებ, შენც ჩემ ხმალთან
ჩამოგკიდებ ამიერ,
როგორც ძეგლს გადასულის!
დარჩით მრავალ-ჟამიერ!“

გადიწერა პირჯვარი,
შესწირა მადლი უფალს,
დაუბრუნდა მის ოჯახს,
ჩაუკვირდა მომავალს!...

მოყვრებს ეძებს სიფრთხილით,
მტრებს ყველგან ერიდება,
ვაშა!.. ვაშა!.. იმის ბედს!
და მის გამჩენს დიდება!..

1897 წ.

რედაქტორის შენიშვნები

ნაცარქექია

დაიბეჭდა აკაკის „კრებულში“ (1897 წ. №1). მეორედ - ცალკე წიგნად 1908 წელს, აკაკის საიუბილეოდ. მესამედ „რჩეულ ნაწერებში“, 1926 წ., გვ. 207, მეოთხედ - „სახელგამის სახალხო ბიბლიოთეკის“ სერიაში (1926 წ.), მეხუთედ - შევიდა აკაკის ერთტომეულში 1935 წ., გვ. 216, მეექვსედ - „რჩეულ ლექსებსა და პოემებში“, 1937 წ., გვ. 123.

აკაკის „ნაცარქექია“ არ არის ცნობილი ხალხური ზღაპარი - ნაცარქექია: მდევებს რომ აბრიყვებს და სხვ. აქ არის გალექსილი ჩვენი ფოლკლორის რამდენიმე ნაქვთი; თუმცა ბოლო თავი, სადაც ზღაპრულ ჯოხზეა ლაპარაკი, მოარულ თემას წარმოადგენს.1

_____________

1. ერთი ამისთანა „ირლანდიური ზღაპარი“ დაიბეჭდა ჟურნ. „ოქტომბრელში“, 1940 წ., №4, გვ. 16.

1.12 გამზრდელი

▲back to top


ნამდვილი ამბავი

ვუძღვნი ჩვენს პედაგოგებს

I

მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,
მერცხლის ბუდედ რაღაც მოჩანს;
თვალთ ისარი, შენატყორცი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.

ის ფაცხაა მღვიმის პირად
მიწნული და მიგრეხილი,
დრო და ჟამის შესაფერად -
ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი.

როდესაც მთა ბარს და ვაკეს
ემუქრება წარღვნა-ღელვას, -
ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს,
ეკრძალება ჭექა-ელვას.

მაგრამ, როცა დაჰქათქათებს
თავზე იქვე მზე და მთვარე
და თვალის წინ ფიანდაზად
ეფინება არემარე,

მაშინ ფაცხა უბრალობით
მომხიბლავად ლამაზია
და იმასთან ყველა ტყუის,
რაც-კი ციხე-დარბაზია.

გზა მოუძღვის საცალფეხო,
მიხვეული, მოხვეული;
მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს
მარჯვე თვალი, მტკიცე გული;

ანუ ჰყავდეს რაში ცხენი,
მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი:
კლდიდან კლდეზე გადამფრენი,
უშიშარი და თან ფრთხილი.

ამ შორეულ ფაცხა-მღვიმეს
ვინ ჰპატრონობს, ვისი არის?
და საამო კარ-მიდამოს
ვინ შესტრფის და ვინ შეჰხარის?

ერთი ვინმე ახალგაზრდა
აფხაზია, ამ მთის შვილი,
რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი.

კარგი თოფი, კარგი ხმალი,
კარგი ცხენი და ნაბადი!..
რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,
კაცი, მისებრ დანაბადი?

მხოლოდ ერთს კი... და ის ერთიც
არის მარტო სიყვარული,
რითაც მხოლოდ ქვეყნიური
ნეტარება არის სრული.

ბედმა ესეც არ დააკლო,
განასხვავა, ვით რჩეული...
სიყვარულსა, მის მონაშუქს,
მიაშუქა სიყვარული:

ერთი თვეა, რაც რომ ცოლად
მიიყვანა ვინც უყვარდა,
ვისაც გულში ცასქვეშეთი
შეუწონა, შეუფარდა...

ნაზიბროლა - სახელია,
სამეგრელოს ასულია,
მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი
ედემს ალვად ასულია!..

ელფერობით ვარდი არის,
სინაზით-კი - მორცხვი ია...
ტრფობისათვის ჯერ პირველად
გულის კარი გაუღია.

ცა და ქვეყნის შუამავლად
მიაჩნია მას აფხაზი!..
გულში გულს სდებს, სულში სულს სცვლის,
ხორცს ეწმახვნის სურო-ვაზი!..

ნეტავი მათ!.. მათ სიყვარულს
და მათ უხმო აღსარებას!..
ერთად ჰგრძნობენ ამ ქვეყნადვე
სასუფევლის ნეტარებას...

მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვისმე განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს!
მტრისას მისი გამოცანა!..

II

ბნელა ისე, რომ აღარ ჩანს
თითი, თვალთან მიტანილი!..
ცა მრისხანებს, ელვა-ჭექამ
ნადირსაც-კი უფრთხო ძილი!..

ქარი ზუის გულსაკლავად,
წვიმა უშვებს კოკის პირად;
ხან აქ, ხან იქ მთა-ღრეებში
გავარდება მეხი ხშირად.

თითქო მართლა თვით ჯოჯოხეთს
აუშვია ქვეყნად ზარი!
აიტანა შიშის ქარმა
თანასწორად მთა და ბარი!

ამ დროს ხოლმე თვით ეშმაკიც
ეძებს ძრწოლით თავშესაფარს,
მაგრამ, დახეთ ვიღაც მგზავრი
სტუმრად მოსდგა აფხაზის კარს!!

დაურეკა და ხმა მისცა:
„გამომხედეთ!.. ვინ ხართ შინა?
სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ,
ცხენს და კაცსა გვინდა ბინა!“

გაუკვირდა აფხაზს და სთქვა:
„ამ თავსხმაში ეს ვინ არი?!“
შეუკიდა ცეცხლს და უცბად
გამოაღო ფაცხის კარი.

გავიდა და შემოუძღვა
ფეხებამდე დასველებულს,
მიიყვანა ცეცხლის პირად,
უდგამს სამფეხ სკამს - დაღალულს.

ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი,
ნაბდის თასმებს ნელა იხსნის...
თავ-პირი აქვს შებუდნული
ყაბალახით და იცინის!..

ჯერ ნაბადი მიაყუდა,
ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარა
და, ბაშლიყი რომ გადიძრო,
მოტრიალდა უკან ჩქარა:

„მასპინძელო! - სიცილით სთქვა -
წახდა ჩემი ხუმრობაო!..
ვერ მიცანი, თუ გეწყინა
ეს უდროვო სტუმრობაო?“

- საფარ, შენ ხარ?.. ენაცვალოს
ძიძის შვილი მაგ შენს თავსო...
ეს თვალები რაღას ნახვენ
შენს უკეთეს სანახავსო?

მოეხვია, გადაკოცნა,
როგორც ძმა და თვისი ტოლი,
და მერე კი გააღვიძა
შიგნით მწოლი მისი ცოლი.

შეეხვეწა: აბა ჩქარა 
მოამზადე ვახშამიო: 
შორი გზა აქვს გამოვლილი,
არ ექნება ნაჭამიო.

- არა, ბათუ, ვახშამს არ ვჭამ,
არ მცალია იმისთვისო!
მე სხვა მადა მაქვს აშლილი,
სხვანაირი გულისთქმისო...

უპასუხა და მოუყვა:
„მინდა გითხრა ჩემი ჭირი:
დღემდის მტკიცე პირიანსა,
დღეს მიტყდება ძმაო პირი!

„ალმასხიტს ხომ კარგად იცნობ,
თავმომწონე ინალიფას?
მის ცხენსა და მის იარაღს
ვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს.

„ვაჟკაცია თვალ-ტანადი,
ცხენოსანი უებარი!..
მეტოქეა ჩემი მხოლოდ,
ერთადერთი საშიშარი.

„შორს გაისმის მისი ქება,
ჩვენშიც ხშირი სტუმარია;
ბიჭობით და სილამაზით
ქალებიც კი გადარია.

„ერთი მხოლოდ ზია-ხანუმ
არად აგდებს, არც უყურებს,
რადგან იცის, რომ სხვებსავით
იმას ის ვერ იმსახურებს.

„ზია-ხანუმ, შენც კი იცი,
რომ მშვენებით განთქმულია;
ბევრი კარგი ახალგაზრდა
მისი ეშხით დაბმულია!..

„მთვარესავით ხელუხლები, -
სხივებს ჰფენს და არვის ათბობს;
მომხიბლავი შორეულად
თანასწორად ყველას ატკბობს.

„ჯერ გაჰღალავს, მიიბირებს,
დაიმონებს, იგდებს ხელში,
მერე უნდა გამოსცადოს:
აგდებს მის მსხვერპლს განსაცდელში!..

„მეც მომხიბლა ჯადოსანმა,
დამამარცხა, დამიმონა!..
და, თუ ქალი მაჯობებდა,
არ ვფიქრობდი, არ მეგონა...

„დამაჩემა: „თუ გიყვარვარ
და ხარ ჩემი მოგვარეო,
ინალიფას ლურჯი ცხენი
ამ სამ დღეში მომგვარეო!“

„ინალიფა მის ბედაურს
არ დაუთმობს ნებით გამჩენს
და, თუ ვინმე ძალას იხმარს,
შეაკვდება, არ შეარჩენს!

„სხვა გზა არ მაქვს: მოპარვაა
მხოლოდ ერთადერთი ღონე,
თუმც-კი სხვა დროს არ იკადრებს
ამას კაცი თავმომწონე.

„აი, რისთვის მოვსულვარ აქ,
ჩემო კარგო მეგობარო!
მე მინდა, რომ ალმასხიტის
ლურჯი ლაფშა მოვიპარო“.

მოუსმინა ძიძის შვილმა,
ყველა კარგად გაიგონა,
მაგრამ საქმემ უკუღმართმა
შეაწუხა, დააღონა.

უთხრა: „ვწუხვარ, რომ ეგ საქმე
უკადრისი გიკისრია,
მაგრამ, რადგან სიყვარულის
ტკბილი სენი შენც შეგყრია,

„გზა აღარ გაქვს!.. უნდა გული
დაუდვა და ემსახურო,
რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის
ოფლი აღარ მოიწურო:

„მის ოცნებას, მის გულისთქმას
უნდა მიჰყვე, დაემონო,
გინდ სიცოცხლეც შენი ტკბილი
მწარე სიკვდილს შეუწონო.

„ეს შენც იცი, - არ ხარ ქვეყნის
უცადი და უმეცარი, -
სავაჟკაცოდ გამოსული,
უდრეკი და უშიშარი!

„მაგრამ მარტო უშიშრობა
ძლევისათვის არა კმარა,
თუ სიფრთხილეც გონივრული
დროზე მას არ დაეხმარა.

„ერთმანეთის მინამსგავსი,
შიში სხვაა, სიფრთხილე სხვა,
ისე როგორც სხვადასხვაა
ღვთის წყალობა და ღვთის რისხვა.

„რომ მიდიხარ, სად მიდიხარ?
მართალია, გიჭრის თვალი,
მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს,
აგებნევა გზა და კვალი.

„შენ ეგ საქმე მე მომანდე,
მე ვიზამ შენს მაგივრობას:
ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს
შევწირავ შენს მეგობრობას!

„შენ აქ დარჩი, დაიძინე,
გამოშუშდი ცეცხლის პირას!..
და, თუ დამრჩა გამარჯვება,
მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას“.

გაეხუმრა, გამოეწყო
სამგზავროდ და გავლო კარი.
მიდის, ელვა გზას უნათებს
და დაჰზუის თავზე ქარი.

III

ირიჟრაჟა, ქარი ჩადგა,
გადიყარა, დადგა დარი;
ლურჯ ბედაურს მოაგელვებს
მეგობრისთვის მეგობარი.

მოიყვანა, დააბა და
შინ შევიდა წყნარად, ფრთხილად.
გრძელ ნაბადში გამოხვეულს
სტუმარს სძინავს იქვე თბილად.

აუარა გვერდი, მიდის
იქ, სადაც ის ეგულება,
ვინც სიცოცხლეს ურჩევნია,
სულს სწირავს და თავს ევლება.

გულში ამბობს: „ერთს დავხედავ
ტკბილად მძინარ ნაზიბროლას,
თუ გავუძელ გულის ძგერას,
სულის ბრუნვას, ხორცის ჟრჟოლას“...

სასოებით შედის ქვაბში
და რას ჰხედავს იქ საკვირველს!?
ნაზიბროლა ჩუმად სტირის,
პირს იხოკავს, იკაწრავს ყელს!..

თმაგაშლილი, ტინის კედელს
თავს ახლის და ხმას არ იღებს...
მინგრეულს და მონგრეულსა
ჰხედავს იქვე მის ქვეშაგებს!!.

მიხვდა ქმარი, რაც მომხდარა,
ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!..
და, რომ კრინტიც არ დაუძრავს,
იქვე უხმოდ ჩაიკეცა.

დიდხანს იჯდა რეტდასხმული,
უყურებდა ცოლის ტანჯვას;
ბოლოს ღონე მოიკრიფა
და მოეგო ისევ ჭკუას.

მივიდა და უთხრა მტირალს:
„ჩუ, ნუ სტირი, გენაცვალე!
რაც გინახავს -- სიზმარია,
დაივიწყე ისევ მალე!

„ყოველგვარი მოსავალი
კაცის თავზე უნებური,
ღვთის რისხვაა და ტყვილად ბედს
რას უჩივი, რათ ემდური?

„გადაიგდე გულიდან ეგ
ცრუ ზღაპარი და სიზმარი!...
მე და შენი სიყვარული
წმინდა არის, ვით ლამპარი.“

მოეხვია და ცრემლები
ამოუშრო თვალში კოცნით,
დააწყნარა, დაამშვიდა
ალერსით და ბევრი ხვეწნით.

მაშინ მხოლოდ გამობრუნდა
სტუმრისაკენ და უთხრა ეს:
„ადე, ძმაო, გაღვიძებას
არ აპირებ, მგონია, დღეს!“

წამოვარდა ზეზე საფარ
შემკრთალი და დარცხვენილი!..
მაგრამ როცა მშვიდ სახეზე
შეამჩნია მას ღიმილი,

გაიფიქრა: „მადლობა ღმერთს!
არაფერი შეუტყვია,
თვარა გულ-მკერდს გამიხვრეტდა
ხანჯლის წვერი და ან ტყვია!

„არ უთქვამს ქალს, რაც შევცოდე,
სჩანს, ნამუსი შეუნახავს.
ჩემ საქციელს, სამარცხვინოს,
ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?“

მერე უთხრა მის ძიძის შვილს:
„გატყობ, რომ ხარ კმაყოფილი,
შეასრულე განა ჩემი
ძნელი ნატვრა და სურვილი?“

- „შევასრულე: მოგიყვანე,
დროა, აწ-კი გაეშურე!
ნუ დამძრახავ, საკადრისად
თუ რომ ვერას გემსახურე!“

ხან ესა სთქვეს, ხან ისა სთქვეს,
ისაუბრეს ჯერ ერთხანად,
მერე წყალიც მოუტანა
მას ხელ-პირის დასაბანად.

გამოაწყო, არ დააკლო,
რაც წესია, სამსახური,
რომ სტუმარი არ გაუშვას
გულნაკლი და უმადური.

შეუკაზმა ცხენი, შესვა,
თვითონ შეჯდა ნაქურდალზე
და ორივემ მათრახები
ატკაცუნეს ერთხანს ძალზე.

გაახურვეს მით ცხენები,
ააღელვეს, ააჩქარეს
და ვიწრო გზით ის დაღმართი
სულ კუნტრუშით ჩაატარეს.

რომ ჩავიდენ შორიახლოს
მინდვრის პირად, იქვე დაბლა,
მასპინძელმა შეაჩერა
ცხენი და ხმა აიმაღლა:

- „საფარ-ბეგო! პირშავობა
შენი ვიცი, შემიტყვია!..
და დღეიდან ჩვენ ორს შუა
მოციქული არის ტყვია!

„არა სთქვა-რა!.. არც მე გკითხავ:
არის ზოგი შეცოდება,
რომ სათქმელად საძნელოა...
არც შენდობა უხერხდება!

„ახლა წადი! დამეკარგე!
ფრთხილად! არსად შემეყარო,
რომ ცუდ გულზე უცაბედად
შენი სისხლი არ დავღვარო!“

ეს რომ უთხრა, შეკრთა საფარ,
გაშრა, ფერი დაედვა მკვდრის,
ჩაუვარდა ენა პირში,
გაქვავდა და აღარ იძვრის...

ძლივს წარმოსთქვა: „მართალი ხარ!..
აღარა მაქვს მე სათქმელი!..
შემაცდინა თვით ეშმაკმა
და დამრია ცოდვილს ხელი!..

„შენი ტყვე ვარ!.. ჰა, ხომ ხედავ,
იარაღი დამიყრია...
სასიკვდილოდ ჩემი ნებით
შენ წინ თავი დამიხრია...

„ჩემ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს,
მომკალ... ტანჯულს რამ მიშველე,
მაზღვევინე, რაც შეგცოდე,
სინიდისი გამიმრთელე!“...

- „არა! შენ ვერ შეგეხება
სასიკვდილოდ ჩემი ტყვია:
დედიჩემის გაზრდილი ხარ,
მისი ძუძუ გიწოვია...

„რაც ქვეყანას მიაჩნია
რჯულზე უფრო უმტკიცესად,
რომ გასტეხე ის გეყოფა
სიკვდილამდე შენ საკვნესად.

„წადი ჩემგან შენდობილი,
მაგრამ შორს კი... და მშვიდობით!..
დღეიდან ჩვენ წმინდის გულით
ერთმანეთს ვერ მივენდობით!

„მაგრამ ერთს კი დაგავალებ,
ამისრულე უეჭველად:
რომ მიხვიდე ყაბარდოში,
იცოდე, რომ სულ პირველად,

„წადი, ნახე ის მოძღვარი,
ვინც შვილივით გამოგზარდა,
და უამბე შენი პირით,
რაც სირცხვილი დაგემართა!“

გადმოხტა და ლურჯი ლაფშა
მისცა ხელში, ჩააბარა,
მოტრიალდა და აღმართი
ძლივს ბარბაცით აიარა.

IV

არც გვარით, არც ვაჟკაცობით,
არც სიმდიდრით, არც ქონებით, -
ჰაჯი-უსუბ ცნობილია
მხოლოდ ჭკუით და გონებით.

ჭირში, ლხინში საზოგადოდ
უმისობა არ იქნება;
ხელის გულზე უწერია
თვით მაჰმადის წმინდა მცნება.

ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს,
მნახველია ცა და ქვეყნის;
ჯერ ისევე ჭანმაკია,
თუმც არ არის კი მცირე ხნის.

ხელ-ფეხს ერჩის, თვალსაც უჭრის, -
არ ტყუილი ქადილია;
სადაც კია გვარიშვილი,
ყველა მისი გაზრდილია.

საფარ-ბეგიც მან გაზარდა
ისე, როგორც სხვები ყველა,
მაგრამ მარტო წრთვნა რას იზამს,
თუ ბუნებამც არ უშველა?

აი, სწორედ ამ უსუბთან
მიდის ახლა საფარ-ბეგი,
მორდუობის გამტეხი და
ჩვეულების გადამდეგი.

ეუბნება ყოველიფერს,
უნებურად რაც შეემთხვა;
ცრემლები სდის და ეჩრება
ბურთად ყელში მწარე სიტყვა.

ყურს უგდებდა ჰაჯი-უსუბ,
სახე მოინაღვლიანა:
სიდიადე ამ მუხთლობის
თვალწინ გაისიგრძეგანა.

ოხვრით ჰკითხა: „მერე? მერე?
რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?“
- „მაპატივა შეცოდება,
როგორც ძმამ და მეგობარმა!..

„მხოლოდ ეს-კი დამავალა:
ნახე შენი გამზრდელიო
და მაგ შენი საქციელის
პასუხს მისგან მოველიო!“

- მესმის, მესმის და პასუხიც
ჩემი მხოლოდ ეს არიო,
რომ ნამუსის გასაწმენდად
ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!..

შეაყენა ზედა ფეხზე
მან დამბაჩა გატენილი;
მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს
საფარ, მისი გამოზრდილი.

მაგრამ უსუბ ეუბნება:
„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“

წარმოსთქვა და საფეთქელში
მიიჭედა ცხელი ტყვია!..
ჩაიკეცა სულთამბრძოლი,
წამლის კვამლში გაეხვია...

1898 წ.

რედაქტორის შენიშვნები

გამზრდელი

პირველად დაიბეჭდა აკაკის „კრებულში“ - 1898 წ. №10; ცალკე წიგნად გამოსცა მ. ლაღიძემ 1898 წელს. ცალკე წიგნად გამოსცა ს. მერკვილაძემ 1913 წ.; „გამზრდელი“ გაზეთმა „იმერეთმა“ მთლიანად გადაბეჭდა 1915 წელს („იმერეთი“, 1915 წ., №20); შევიდა აკაკის ტომში („ჩემი ნაწერები“, ტ. II, 1913 წ., გვ. 14); აკაკის ოთხტომეულში (1926 წ., ტ. II, გვ. 235); ამავე წელს (1926) გამოვიდა ცალკე წიგნად, „სახელგამის სახალხო ბიბლიოთეკის სერიაში“.

ამ პოემას ივ. გომელაური და ს. გორგაძე ყოველწლივ ჰბეჭდავდნენ თავიანთ სახელმძღვანელოებში.

„გამზრდელი“ პიესად გადააკეთა ლ. ისაკოვმა და დაიბეჭდა ცალკე წიგნად (სახელგამი, 1940 წ.).

გარდა ამისა საქართველოს დედაქალაქში და თვით სოფლადაც, ხშირად ეწყობოდა აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ მთავარი გმირის ჰაჯი-უსუბის - ლიტერატურული გასამართლება.

„გამზრდელი“ რუსულად სთარგმნა სოფიო ამირეჯიბმა (იხ. «Cборник стихотворенний грузинских поэтов», 1909 წ. Mockвa, გვ. 92-107).

ესევე პოემა რუსულად სთარგმნა პოეტმა ბ. ბრიკმა («Литературный Современник», 1935 წ., №2).

არსებობს ამ პოემის ორი პროზაული თარგმანიც: იხ. ჟურნალი «Kaвкaзcкий Becтник», 1901 წ., №3, გვ. 57 და წიგნაკი: «Поет Гpyзий Aкакий Церетели», 1915 წ., გვ. 13 (თარგმანი ეკუთვნის ცნობილ პედაგოგს ალ. გარსევანიშვილს).

„გამზრდელი“ სთარგმნა აფხაზურად დ. ი. გულიამ და დაბეჭდა კიდეც ცალკე წიგნად 1923 წელს.

„გამზრდელი“ სთარგმნა სომხურად გ. ასატურამ (გეორქ ასტვაწატურიანმა).

„გამზრდელი“ სთარგმნა ოსურად პოეტმა ფ. გაგლოევმა.

აკაკი წერეთელს „გამზრდელი“ უყვარდა: სიკვდილის წინ აკაკის მოუთხოვია თავისი ნაწერების წაკითხვა და ანეტა იურკევიჩისთვის (პოეტ რუს-იმერელის ქალისთვის) უთქვამს: „იქ ჩემი ნაწერებია, გადმოიღე და წამიკითხეო“: ანეტა იურკევიჩს როცა „გამზრდელი“ წაუკითხავს, პოეტი აქვითინებულა. აი, რას სწერს თავის მოგონებაში იურკევიჩის ქალი:

„ბევრი რამ წავუკითხე იმ ღამეს და სხვათა შორის „გამზრდელის“ კითხვაც დავიწყე. როდესაც დასასრულს მივუახლოვდი და ეს ტაეპი წავიკითხე:

„მაგრამ უსუფ ეუბნება:
- შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“

საყვარელმა მოძღვარმა, - განაგრძობს იურკევიჩი - ტირილი დაიწყო... მე შეშინებულმა მოვახსენე, რომ კითხვას სრულებით თავს დავანებებ-მეთქი. მან აღელვებით მიბრძანა: „არა, არა, მე არა ვსტირი, მაგრამ ეს მართლა კარგად დამიწერია“ (იხ. „ცხოვრება“, 1916 წ., №3).

1.13 მომაკვდავის ჩვენება

▲back to top


სიკვდილ-სიცოცხლის შუა მდებარეს,
როდესაც სული ხორცს მეყრებოდა,
ცოდვილი ქვეყნის გამოთხოვება
მე მაინც კიდევ მენანებოდა!..

რასაც სიყრმიდან თვალი და გული
შეთვისებია და შეჩვევია,
გონება კავშირს ვეღარ გაუწყვეტს,
სიცოცხლეც მისი მონა და ტყვეა!

ვიტანჯებოდი, ცრემლების ნაცვლად
ჭირის ოფლში-ღა ვიწურებოდი...
მიწა მტოვებდა... ცა მიწოდებდა
და მე-კი ვერც ერთს ვეღარ ვსწვდებოდი.

არც აქეთ ვიყავ და აღარც იქით
მე, ორთა შუა გამოხიდული;
უჩინარ ბეწვით ოდნად დაბმული
ხორცი უსულოდ, უხორცოდ სული.

უცბად გაიხსნა ცა, მოელვარე
მაღლით ნათელი გადმოეფინა,
და თანვე მოჰყვა ხმა ზეციური:
„აჰა, ოსანა მაღალთა შინა!“

ნათლის სვეტებზე ნათლისვე კიბით
გადმოექანა ძირს ანგელოსი;
სხივით ნაქარგი თვით ელვარება
იყო იმისი წმინდა სამოსი.

მომიახლოვდა მანუგეშებლად
ცისა და ქვეყნის შუამავალი.
დამიდგა მარჯვნით... მისმა შვენებამ
მომხიბლა სრულად და მომჭრა თვალი.

ამ დროსვე ერთად შეიძრა მიწაც,
ქვესკნელმა გვრგვინვით გააპო ბნელი
და ამოფრინდა ბოროტი სახე
სრულის დიდებით, თვით ბელზებელი.

იმის მედიდურ ძლიერ სახეზე
უფლება შავი ხაზით ეწერა;
დადგა პირდაპირ ანგელოსისა
და შეუპოვრად დაუწყო მზერა.

„შენ აქ რა გინდა? - სთქვა ანგელოსმა -
სამარადისოდ შეჩვენებულო!..
ურჩო მეუფის!.. და ქვეყნის მტერო!
მოუსვენარო!.. ბოროტო სულო?!

განა არ იცი: ვისაც ამ ქვეყნად
ვერ შეურყიე სარწმუნოება,
სიკვდილის შემდეგ რომ მიეკარო,
არ გაქვს უფლება! არა გაქვს ნება!...“

„ვინ მოგახსენა?! ჯერ ჩემ უფლებას
ვერ გააქარწყლებ შენ ასე ჩქარა!..
ჩვენ-ჩვენ საზღვარზე ვდგევართ ისევე!
- სთქვა ბელზებელმა! გადიხარხარა! -

ჯერ, სანამ სული ხორცს არ გაჰყრია,
არ დამკარგვია უფლება და დრო!..
უკანასკნელად ერთს კიდევ ვსინჯავ,
რომ მაგის სული მოვინადირო.

და ხელის შეშლა თუ შეგიძლია,
იხმარე შენი გრძნობა-გონება,
რომ მოანატრო ის ზეციური
საოცნებო რამ ყოფა-ქონება.

მეც გამოვიჩენ ჩემ ძლიერებას,
სათვალდათვალოს და ხელშესახებს
და მაშინ ვნახავთ: ამ ორში, აბა,
რომელს აირჩევს? და რას აიღებს?

შენ შეგიძლია წაართვა სული!
მე შემიძლია რომ დავუბრუნო!
შენ სხვის მონად ხარ კარზე მოსული
და მე კი მმონებს თვით საუკუნო!..“

ანგელოსი

როდემდის?

ბელზებელი

...........სანამ არ მოიშლება
ქვეყანა მისი შვენიერებით,
არ მყავს მეტოქე, მოპირდაპირე
არც მოხერხებით, არც ძლიერებით!

ანგელოსი

კი მაგრამ ეგ ხომ დროებითია?
„მეორედ-მოსვლის“ არა გაქვს შიში?

ბელზებელი

საუკუნეთა საუკუნოებს
არა აქვს ზომა და ანგარიში.
„მეორედ-მოსვლა“ ისე შორს არის,
რომ მაზედ ფიქრი არს უგნურება.

ანგელოსი

რასაც ოდესმე ბოლო მოელის,
არ არის სრული ის ნეტარება.

ბელზებელი

ბევრჯერ წამიც-კი ბედნიერების
საუკუნოზედ უტკბილესია!..
მეც მომავალი ჩემი სიმწარე
აწმყოს სიტკბოში ჩამილესია!..

ამას ვჯერდები და მომავალი
მე დამითმია თქვენთვის საკუთრად, -
ჩემთვის შავ-ბუნდად წარმოსადგენი
და თქვენთვის რაღაც ნათელ-ვარდის ფრად.

თქვენ აწმყოსა სცვლით იმ მომავალში,
მე მომავალზე აწმყოს არ ვყიდი!..
ვინ მოსტყუვდება ჩვენში - ვინ იცის?..
სულ სხვადასხვა გვაქვს ჩვენ გზა და ხიდი:

„შენ მარჯვნივ იწვევ ადამის შვილებს,
მე იმათ მარცხნივ ვეპატიჟები!
არჩევანი კი იმათ ხელშია
და ნუ გასჯიან როგორც გიჟები!..

სადაც ერჩიოთ იქით წავიდენ!
ა, მაგალითი ახლაც თვალწინ გვაქვს:
ამ მომაკვდავთან მოვსულვართ ერთად
და ჭირისუფლად ვადგივართ მას თავს.

შენ სულ სხვას ურჩევ და მე კიდევ სხვას!
არა სჯობს, ვკითხოთ მაგისვე სურვილს:
სიცოცხლეს ირჩევს ჩემი შეწევნით?
თუ შენი რჩევით სანატრელ სიკვდილს?
სთქვი, რას ჰპირდები?

ანგელოსი

..............................განსასვენებელს,
სად არც ურვაა, არც მწუხარება!
და ხორცშესხმულიც ვერ წარმოიდგენს,
თუ რა ტკბილია ის ნეტარება!..

მახლობლად ღვთისა, წმინდათა შორის,
ანგელოსთ გუნდში გამორეული,
ციური ძალით განიმსჭვალება
ვალგადახდილი სპეტაკი სული!

ამიერიდან უკუნისამდე
არ მოეშლება ის ნეტარება...
მაშინ, როდესაც შენი დიდება
ამ ქვეყანასთან ერთად გაჰქრება.

ბელზებელი

წეღანაც გითხარ, უფარსაგოა
ეგ საოცნებო რამ მოგონება:
მაგის სიშორეს ვერ წარმოიდგენს
ჭკვათა-მყოფელის გრძნობა-გონება.

და მე მით უფრო... რაც დღეს ხელში მაქვს,
განა გიჟი ვარ, რომ შეველიო?
ნათქვამი არის: „ხვალინდელ ქათამს
კვერცხი სჯობია დღევანდელიო“.

ანგელოსი

ჩვენსას თუ სწუნობ, ახლა შენი სთქვი:
რა უფლება გაქვს? რა შეგიძლია,
რომ ამ მიწის შვილს შენ მიანიჭო?

ბელზებელი

რასაც კი მომთხოვს!.. სულ ადვილია!

ხანგრძლივ სიცოცხლეს და ტანმრთელობას,
სიბრძნე-სიმდიდრეს და ძლიერებას!..
სიჭაბუკესაც, რომ სიყვარული
უგვირგვინებდეს ბედნიერებას.

და ამას გარდა, ზედმეტად კიდევ
მცირე სურვილიც ვალად მედება;
ყოვლის-შემძლები - ვიქნები მონა
მაგისი! ნატვრა არ მოაკლდება.“

ეს რომ სთქვა, მერე მე მომიბრუნდა:
„აწ მოიკრიბე შენი ღონეო
და აირჩიე რომელიც გინდა!..
რაცა ვსთქვით, შენც ხომ გაიგონეო?“

რომ მოვისმინე იმათი ბჭობა,
უჩვეულობით გაკვირვებულმა -
აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა!..
ძგერა დამიწყო ორჭოფად გულმა:

ზეცის შელევას ვერა ვბედავდი
და ეს ქვეყანაც მენანებოდა!..
სიტკბო-სიმწარის შუა ვიყავი,
სული შფოთავდა, ხორცი დნებოდა.

ბოლოს გავბედე ხმის ამოღება
და დავეკითხე მათ მორიდებით:
„ჩემგან რას ითხოვთ სამაგიეროს,
იმის სასყიდლად, რასაც მპირდებით?“

სთქვა ანგელოსმა: „მხოლოდ იმას გთხოვ,
რომ არ დაჰკარგო შენ სასოება
და ხრწნილებადი შენი სხეულის
არ მოინდომო ამაოება!“

ბელზებელმა სთქვა: „ბევრს არ მოვითხოვ:
რომ მოვიფხანო უბრალოდ გული,
მხოლოდ ფორმისთვის, ზეცის საჯიბროდ,
მერმისისათვის მომყიდე სული.“

ჩამაგდო ამან საგონებელში.
აღარ ვიცოდი, რა ამერჩია?
ორივე კარი ცის და ქვეყნისაც
მზა იყო ჩემთვის... ორივე ღია!..

პირი ვიბრუნე ბელზებელისკენ
და მოვინდომე მისი მინდობა.
თუმცა არ მსურდა არც ანგელოსის
უარის-ყოფა და ზეცის გმობა.

„შენ პირობაზე მე მოვაწერ ხელს!
ვსთქვი - თანახმა ვარ და არც ვინაღვლებ!
იმ პირობით კი, თუ შენც შენს სიტყვას
არ გადაუხვევ და შეასრულებ!“

- „ვფიცავ ჯოჯოხეთს!“ - სთქვა აღტაცებით
და მედიდურად გადიხარხარა!..
შეკრთა მფარველი ანგელოსიცა,
მწუხარე სახე დაბლა დახარა!..

იუდას ტყავზე კაენის სისხლით
დაიწყო მტერმა პირობის წერა,
მაგრამ მარტო მის დანაპირებით
რომ ჩემი გული ვერ შეაჯერა,

თამამად მითხრა: „მეტი, რაც გინდა,
შენვე მომთხოვე და აგისრულებ!
მე ჩემი სიტყვის გამტეხი არ ვარ!..
არც გავწბილდები! არც გაგაწბილებ!“

- „მართლა? მაშ კარგი! მიუმატე ეს:
რომ აწ საერთოდ ქართველი ერი
ამაღლებული... აყვავებული...
ხანგრძლივი იყოს და ბედნიერი!“

- „აჰა, ჩავწერე!.. სხვა რამეც კიდევ
ჩამაწერინო გინდა თუ არა?
- „რასაკვირველია, ერთიც რამ კიდევ
და მეტს არას გთხოვ... გათავდეს! კმარა!“

- „სთქვი მალე ეგეც და გავათავოთ!
რა სურვილია ეგ კიდევ ერთი?“
- „რომ საქართველომ ქვესკნელი დაჰგმოს,
მოიახლოვოს ზეცა და ღმერთი,

„რომ ქართველობამ მტკიცედ დაიპყრას
ქრისტეს მოძღვრება და წმინდა რჯული,
და მაშინ, დიახ, შენი იქნება
სამარადისოდ ეს ჩემი სული!..“

შეკრთა ეშმაკი ამის გამგონე!
არ მოელოდა ამგვარ პირობას!..
ფრთა შეეკვეცა იმის წამიერ
ამპარტავნობა-მედიდურობას.

გაქვავდა თითქოს, მაგრამ კანკალი
დაუწყო მხოლოდ გულმა და ხელმა.
სთქვა გუნებაში: „ვაი, სირცხვილო,
რომ მომატყუა ამ იმერელმა:

„სულ ცოტა რომ ვთქვათ, დღეს ქართველების
მე ორი წილი ხომ კი მერგება,
და ამ ერთ სულში რომ ის გავყიდო,
რა ჭკუა არის? და რა მოგება?“

გასტეხა სიტყვა, გაუჩინარდა,
ჩაძვრა ქვესკნელში სირცხვილეული,
და მაშინ მხოლოდ ანგელოსიცა
ცაში აფრინდა გახარებული.

მე გონს მოვედი, მიმოვიხედე,
და იმავე წამს თვალი მოვჰკარი,
რომ მარცხნივ მიდგა დიდი მკურნალი
და მარჯვნით ახლოს ჩემი მოძღვარი.

1898 წ.

რედაქტორის შენიშვნები

მომაკვდავის ჩვენება

პირველად დაიბეჭდა აკაკის „კრებულში“ - 1898 წ., №12.

ამავე წელს (1898) თბილისში მიტ. ლაღიძის გამომცემლობით გამოვიდა წიგნი: „პოემების კრებული“. აქ სამი პოემაა დაბეჭდილი: ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“, ვ. ორბელიანის „იმედი“ და აკაკის „მომაკვდავის ჩვენება“.

მესამედ დაიბეჭდა ს. გორგაძის მიერ შედგენილ ქრისტომატიაში „ჩვენი ახალი მწერლობა“, 1919 წ., გვ. 53.

აკაკიმ ეს პოემა დასწერა 1898 წელს, ამ დროს აკაკი ავად იყო და იწვა ქუთაისში სამსონ თოფურიას საავადმყოფოში. „კვალში“ ვკითხულობთ: „როგორც შევიტყეთ, ჩვენი პოეტი აკაკი მძიმე ავადმყოფი შექმნილა ქუთაისს თოფურიას საავადმყოფოში“ („კვალი“, 1898 წ., №15. 5 აპრილი).

ამ პოემის ბოლო ხანა ასე თავდება:

„მეც გონს მოვედი, მომოვიხედე,
და იმავე წამს თვალი მოვკარი,
რომ მარცხნივ მიდგა დიდი მკურნალი,
და მარჯვნით ახლოს, ჩემი მოძღვარი“.

აქ აღნიშნული მკურნალი იყო სამსონ თოფურია და მოძღვარი - დეკანოზი დავით ღამბაშიძე (იხ. „ჩვენი ახალი მწერლობა“, 1919 წ. გვ. 60).

1.14 ნათელა

▲back to top


ძველებური ამბავი

შესავალი

ამაღლდით, გრძნობავ, გონებავ!..
ასცილდით მზე და მთვარესა!..
შეუკავშირდით ვარსკვლავებს,
მოციმციმ-მოელვარესა!

შეიტყვეთ საიდუმლობა
ზეციურ ტკბილი ხმებისა
და შეისწავლეთ კანონი
იმათი შეთანხმებისა!

მე მაშინ მხოლოდ გავბედავ,
ხელი შევახო ჩანგურსა
და მწარე ზარი ამ ქვეყნის
შევრთო იმ ქვეყნის ზევსურსა.

რომ მეც გალობით, გედივით,
დავაგდო ქვეყნის საზღვარი,
ჩავდნე ჩემსავე ჰანგებში
და გავქრე, როგორც ლამპარი...

დიახ, მსურს დავდნე და გავქრე,
რომ მას მოვფინო ნათელი!...
ნათელა არის იმისი,
ვისაც მე ვამბობ, სახელი.

ნაწილი პირველი

თავი I

ერთხელ თურმე მზე და მთვარეს
მოუვიდათ ჩხუბი დიდი:
გაშორდენ და შემაერთი
ჩაინგრიეს გზა და ხიდი.

შუა ჩადგა გველეშაპი,
დრო იხელთა, ჩაეპარა...
აღარც მზე სჩანს, აღარც მთვარე...
ორივ ერთად მიეფარა.

დადგა ბნელი, საზარელი
დრო, მხეცების სანავარდი!..
მზის სხივების ვეღარ მჭვრეტი,
გახმა ია, დასჭკნა ვარდი!..

სწორედ ამ დროს, სიბნელის დროს,
მოევლინა ქართველს ჭირი!..
აღარც ძმობა, აღარც ყმობა,
აღარც სიტყვა, აღარც პირი!..

ერთი ძუძუთ გამოზრდილი,
ერთი დედის ორი შვილი,
ერთს ჭირსა და ერთსვე ლხინში
შეთანხმებულ, გამოცდილი,

ამერი და იმერეთი
აირია, აიშალა!..
და ორივეს ჩამოაკლდა
სიმტკიცე და ძველი ძალა.

ეს უნდოდათ მონგოლებსაც!
გაიხარეს გულით დიდად,
შუა ჩადგენ და ძმებ შუა
შური გასდვეს გზად და ხიდად.

გაეგონათ, ქართველები
პირდაპირად ვერვინ სძლია,
და იმათი დამჩაგვრელი
მხოლოდ სულის სიმდაბლეა!..

გზას დაადგენ ცბიერების,
ხალხსა ჰრყვნიდენ მრავალგვარად;
სიცრუე და ორპირობა
ხელთ ეჭირათ ხმლად და ფარად.

სიმართლეს და კარგ კაცობას
აღარ ჰქონდა გასავალი
და სდევნიდენ კაცურ კაცებს,
არ ჰქონოდათ, გინდა, ბრალი.

ჩამოაგდეს ქვეყანაში
სიღარიბე, სიღატაკე;
მთა და ბარი გაასწორეს,
შეაერთეს ზღვა და ვაკე.

დღეს-ხვალობით შელახული,
დაიჩაგრა, გატყდა ერი:
შიგადაშიგ გამოუჩნდა
ძმას მისივე მოძმე მტერი!..

მამა-პაპის წაღმა ხნული
შვილიშვილთა დაღმა ფარცხეს!
და ამერეთ-იმერეთმაც
ერთმანეთი დაამარცხეს.

ძველი ქება და დიდება
დაჭკნა უცბად, როგორც მდელო:
ადრინდელის ჩრდილი იყო
დაჩაგრული საქართველო!..

ყოველი მხრივ გაისმოდა
სულთაბრძოლის „ვაი!“ - „ვიში!“
და დაცემულ ქართველობის
აღარ ჰქონდათ მის მტრებს შიში!..

ეგონათ, თუ ქართლის ბედი
საუკუნოდ მიეფარა
და მომავალ სიცოცხლესაც
შავი მიწა მიეყარა!..

რა იცოდენ, რომ მის წილხვედრს
დედა ღვთისა არ სწირავდა
და ტანჯვაში გამობრძმედილს
მომავლისთვის იფარავდა!

ზოგჯერ კერა ჩამქრალია,
ცივი ნაცრის გარე პირი...
და უსითბო, უსიცოცხლო
ზედ აყრია მას ნახშირი!

მაგრამ, თურმე, შუა-გულში
სძინავს ობოლ ნაკვერცხალსა
და ინახავს მერმისისთვის
ჩვეულებრივ ნათელ ძალსა!

ქვეყნის კერაც ასეთია:
გინდ დახუჭოს მკვდრულად თვალი,
იმის გულში მაინც ღვივის
დაფარული ნაპერწკალი!..

თავი II

ცაში ვარსკვლავი ვარსკვლავზე
ღვთისაგან დანათესია,
მაგრამ იმათში ყველაზე
შუქურა უკეთესია!..

ბევრია საქართველოში
პირთამზე, მზეთუნახავი;
მაგრამ, „ნათელას“ რომ სჯობდეს,
არავინ არის მნახავი.

ტანადობა აქვს ალვის ხის
და თვალადობა მთვარისა,
ღიმილი - ცისკრის ვარსკვლავის,
სხივოსან მოელვარისა.

ვარდს მიუძღვნია ელფერი,
სინაზე - ტურფა იასა;
ზედ შუქი მოუფენია
სამოთხის კარსა ღიასა.

ცისფერი მისი თვალები
სამოთხის ჩამსახველია!
კოჭებამდე სცემს ხუჭუჭი,
შავი, უკუნი, ბნელია!..

ქალია ქველი წერეთლის,
პატრონი „მოდინახისა“,
უნებლიეთად დამგები
სასიყვარულო მახისა!

აღარც დედა ჰყავს, არც მამა,
ობლობით განაზარდია...
ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი,
ედემში რგული ვარდია!

სადაც კი საქართველოში
განთქმული მეომარია, -
თვალი იმისკენ უჭირავს,
ნათელას მაძებარია.

მაგრამ ნათელას პასუხი
საერთოდ გადაჭრილია:
„ჯერ ჩემი გული ყველასთვის,
როგორც სამარე, გრილია!

„და ვერაფერი გაათბობს,
თუ არ სხვაგვარი გმირობა!
საცოლოდ იმან მიგულოს,
ვინც შეასრულოს პირობა:

„მე ერთი ჩოხა შევკერე,
თეთრი რამ... მშვენიერია!
წელში ვიწროა, წერწეტი,
ბეჭებში განიერია.

„არსად ეტყობა ნაკერი,
ძაფები დაკარგულია;
და ოქრო-მკედით ნაჭედი,
სახეებ მოქარგულია.

„შვიდი მტკაველი სიგრძე აქვს,
და შესაფერი განია!..
ოქროს ღილები შემიბამს,
ცრემლებით გამიბანია.

„ვისაც ის ტანზე მოუვა,
იმან ჩაიცვას სხვამ არა!..
მაგრამ სხვაც არის პირობა,
ეს ერთი მარტო არ კმარა:

„წავიდეს, მტრებში იომოს,
გვიჩვენოს ძალა მკლავისა!
წითლად შეჰღებოს საპირე
ამ ჩემი ნახელავისა!..

„ნახოს სახელი მისთანა,
რომ არ ენახოთ არც ძველად:
ასოცი თავი მომართვას
ჩემი სარების სარქველად;

„რომ შემოევლოს მესერად
ამ ჩემ დიდ ციხე-დარბაზსა...
და მაშინ მხოლოდ ეს გული
გათბება... დასდებს მას ფასსა!“

ყოველი კუთხით გაისმა
ეს უცნაური პირობა!
ყველას უნდოდა ესინჯა...
გამოეცადა გმირობა.

მთლად მოეხიბლა ქვეყანა
ნათელას ციურ სახესა:
გუნდად და გუნდად მოატყდენ
გმირები მოდინახესა!..

სინჯვენ... არ ერგო ის ჩოხა
არავის ტანადობასა!..
ეთხოვებიან ნათელას
და სჯერდებიან დობასა.

დღე-დღეზე მიდის, თვე-თვეზე,
გარბიან წელიწადები!
და ფრთებს იკვეცავს სურვილი,
ნათელას გულში ნადები:

„ვაი, თუ ცუდად ვკარგავდე
ჭაბუკ დროს, სანეტაროსა,
და ჩემმა გიჟმა ოცნებამ
ამაოდ ჩამიაროსა?“

თავი III

მაღლიდან გადმომდგარიყო
მზეთუნახავი ნათელა;
სარკმელში იყურებოდა,
გული უცემდა ნელ-ნელა.

სევდა რამ შემოსწოლოდა
შავი ფიქრებით მღელვარეს;
შეეკრა ტევრი წარბები,
სახეს ჩრდილავდა ელვარეს.

ხან ფიქრით გატაცებული
შორს აშტერებდა თვალებსა,
ხან ისევ გონზე მოსული
გადაჰყურებდა ჭალებსა.

ყვირილა ადიდებული
მოიკლაკვნოდა ღრიალით,
რეტი ესხმოდა ჭალებში
აქეთ და იქით ტრიალით!!

ხიდი წახვეტა, რაც იყო,
შეჰკრა გზა გაღმა-გამოღმის!..
დიდზე უწევდა მუქარა
მისი მყვირალა ცივი ხმის.

ანაზდად შორით გამოჩნდა
მხედარი თეთრი ცხენითა,
მოაგელვებდა მერანსა,
თითქოს მოჰყავდა ფრენითა.

მოადგა. ხიდი არ დახვდა,
ცხენი მოაგდო კიდესა!
დეზი ჰკრა, წყალში გადუშვა,
ისველებს ჩაფხუტ-რიდესა.

გამოეხვიენ ტალღებში
ცხენი და კაცი, ორივე!..
ღმერთზე ჰკიდია მათი ხსნა,
საეჭვო არის მათი სვე!

თვალი მოავლო ნათელამ,
იკივლა: „იღუპებაო!..
და შველაც ხორც-შესხმულისგან
იმათი არ ეგებაო!“...

დაღუპვას რომ არ უყუროს,
თვალთ მიიფარა ხელები!..
მაგრამ გასცურა მხედარმა,
გადააჭენა ველები;

შეუდგა აღმართს... გულდაგულ
მიადგა მოდინახესა...
სარკმელს შეჰყურებს მღელვარე,
ეძებს სასურველ სახესა.

არავინა სჩანს... ხორციელს
ვერავის ჰხედავს ის თვალით!..
მხოლოდ მაღლიდან დაეშვა
იმის წინ ჩოხა ფრიალით.

აიღო ხელში, გასინჯა,
ჩაიცვა, - ერგო კიდეცა!..
გაიორკეცა სურვილი,
მისთვის გაიხსნა კიდე-ცა!..

კოცნა შესტყორცა სარკმლისკენ,
მოახტა მარდად თეთრასა!..
და, რომელ გზითაც მოვიდა,
დაადგა ისევ იმ გზასა!

არ სთქვა: ვინ იყო? რა გვარი?
საიდან იყო მოსული?..
წავიდა და თან წაიღო
ნათელას გული და სული.

თავი IV

ერთი ხანია - ნათელას
ძღვნად მოსდის ოქროს კავები
და ზედაც ჩამოხირხლული
სამშობლოს მტრების თავები.

არავინ იცის, ვინ გზავნის?
ვის მოაქვს ციხის კარზედა?
დღითიდღე თავებს აგებენ
სარქველად გამხმარ სარზედა.

ერთი აკლია ასოცსა!
იმასაც ელის ნათელა...
მაგრამ დრო გადის, არ მოაქვსთ,
არ იქნა... არა ეშველა.

ფიქრში ჩავარდა ლამაზი:
„ვაი თუ მოჰკლეს გმირიო?!
მაშინ დაბნელდეს ჩემთვის ცა,
ჩაინგრეს ქვეყნის პირიო!..“

წარმოიდგინა ავი რამ,
ოცნებით დართო ჭირი ჭირს;
თმა გაიშალა, ძირს დაჯდა
და აღარც იკრავს გულისპირს!

არ იხედება სარკმელში,
აღარ ადევნებს მგზავრს თვალსა!..
ისე იქცევა, როგორც-კი
შეჰფერის ჭირისუფალსა.

თმაგაშლილს შავი სამოსი
უმატებს ელვარებასა.
რა შეედრება ქვეყნად მის
გულ-მკერდის მღელვარებასა?!

შევიდა მასთან გამდელი,
მისი საყვარელ-რჩეული;
მიუალერსა გაზრდილსა
და სიტყვა ჰკადრა ჩვეული:

„ბატონიშვილო, ვისა ჰგლოვ?
რათ ემონები ოცნებას?!
ლოცვა-ვედრება შეჰფერის
და არ ყვედრება ღვთის ნებას!

„ეგებ არ იყოს ის მკვდარი...
შენ კი იგლოვდე ცოცხალსა,
ცეცხლს იკიდებდე უჯეროდ
და ზედ ასხამდე ცხელ წყალსა!..

„ადე, ნუ ზიხარ! ჩაიცვი,
მოირთე სამკაულითა...
და, ვინც გსურს, იმის სიცოცხლე
ღმერთს შეავედრე გულითა.“

დასთანხმდა ქალი, წამოდგა,
მიჰმართა დედაღვთისასა:
სთხოვდა მას შუამდგომლობას
და შემწეობას ძისასა!

გათენდა დილა საამო,
ქვეყანამ გამოიღვიძა:
ცა დედამიწას დაჰხარის
და ცას შეჰნატრის ძირს მიწა.

კაცი, პირუტყვი, მცენარე
მზეს მოელიან საამურს,
ბულბული ჩანგურს უმზადებს
და შაშვი უკრავს სალამურს.

ტოროლა მაღლა ჰაერში
ზარს აწკარუნებს რიკ-რიკით,
ჩაუქროლ-ჩამოუქროლებს
მერცხალი ტკბილი ჭიკჭიკით!

ქვეყანა აღტაცებული
უგალობს ქებათ-ქებასა
და ყვავილები სამახვერპლოდ
უკმევენ სუნნელებასა!..

არ სძინავს არცა ნათელას:
ხატის წინ მუხლმოყრილია,
ცრემლსა ჰღვრის სავედრებელსა,
მით სასოება ტკბილია!..

უცბად გაიღო კარები,
მსახურმა ფეხი შემოდგა;
არ მოელოდა მლოცველი,
შეკრთა და ზეზე წამოდგა.

უბრძანა: „კადნიერება
ეგ შენი მეუცხოება;
მაგრამ შლეგი ხარ, უზრდელი,
ბევრი რამ მოგეთხოვება?!

„უდროოდ, განა არ იცი,
ჩემთან არავის უვლია?!.
ნება აქვს მხოლოდ ერთს გამდელს,
და ისიც მოკრძალულია.“

- ჩემო ხელმწიფევ, ნუ მრისხავთ!
არა გხლებივარ ნებითა:
შეგვემთხვა უჩვეულო რამ,
გიახელ იძულებითა.

კარზე მოგვადგა მხედარი,
არ ამბობს, თუ ვინ გვაწვია;
წითელ ცხენზე ზის და ტანზე
ჩოხაც წითელი აცვია.

პირდაპირ მოდის, უშიშრად
არც არავისი ჰრცხვენია!..
კალთაში გამოხვეული
მოაქვს რაღაცა!.. ძღვენია!

ნახვა ჰსურს, სული მიუდის!
ამბობს: „მაჩვენეთ ჩქარაო!
ვარ კარგი მახარობელი
და არა მეტიჩარაო“.

გულმა უმთხრობლა ნათელას,
ვინც იყო მისი სტუმარი!
ბრძანა და გააღებინა
მაგარი ციხის მან კარი.

შინ შემოვიდა სტუმარი,
მის ნახვას არრა სჯობია!
ედემში ზრდილი ალვისხე
სამოთხის შენამკობია!

ჯერ თაყვანი სცა მასპინძელს,
მუხლები მოიყარა მან...
ვერ გამოჩნდება იმასთან
ზღაპრული გმირი ყარამან!..

ჰკადრა: „მოვსულვარ თქვენი ტყვე,
პირობის შემსრულებელი!
თქვენის სხივის და ჯავარის
შეფრქვევით მადიდებელი.

„უბრძანეთ, ცხენი გაბანონ,
ჩოხაც გარეცხონ თბილ წყლითა.
ცხენიც თეთრია, ჩოხაცა,
შეღებილია სისხლითა!

„და, აწ, მიიღეთ ჩემგან ძღვნად
ვით პირის სანახავიო,
ქვეყნის მტრისა და ორგულის
ეს მეასოცე თავიო!“

გაჰმსჭვალა ვაჟის სიკეთემ,
შეკრთა წერეთლის ასული!
მადლობის გადასახდელად
ძლივს მოიბრუნა მან სული!

„კურთხეულ იყოს“ - წყნარად სთქვა -
„შენი აქ მობრძანებაო!
თვალით გიყურებ, არ მჯერა...
მგონიხარ მოჩვენებაო.

„თუ ღვთით ხარ მოვლინებული,
ცხადი რამ, ხორციელიო,
ვინ ხარ და სიდან მოსულხარ?
მითხარი! პასუხს ველიო!..“

ყრმამან მიუგო: „მაგისი
ძნელი არ არის ცოდნაო:
მთავრის შვილი ვარ, მთავარი,
დადიანი ვარ ცოტნაო!..“

ქალმა სთქვა: „ცოტნეს სახელი
გამიგონია მეცაო.
კურთხეულ იყოს მარადის
ჩვენი შემყრელი ზეცაო!“

ხელი ხელს მისცეს, გული გულს,
თვალი თვალს გაუყარესა,
და გაიმართა ნადიმი
ყველგან საჩხერის მხარესა.

ნაწილი მეორე

თავი I

იქ, სადაც ხოპის ნაპირზე,
დღეს ძველი მონასტერია,
მთავრის სასახლე ყოფილა,
მიდამოც დიდი სჭერია.

იმისი კოშკი მაღალი
უჭვრეტდა ოთხსავ მხარესა;
მახლობლად თავზე ივლებდა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.

მისჩერებოდა იალბუზს,
გადაჰყურებდა შავზღვასა,
შეფერადებულ ჭალებსა,
სანახავს სხვასა და სხვასა!

არცერთი კუთხით მომსვლელი
მტერი არ გაუცდებოდა:
მისი პატრონის მხარ-მკლავი
შორით შორამდე სწვდებოდა!

ის იყო ცოტნეს სადგური,
იქ მიიყვანა ნათელა!
და მიიწვია ქორწილში
მან ქვეშევრდომი სუყველა.

შემოკრბენ აფხაზ-მეგრელნი,
სვანებთან ერთად ჭანები;
ქართლ-კახეთ-სამესხეთოდან
მეგობარ თვისიანები.

ააგეს ფანჩატურები,
საჯდომი ბევრი ათასისა;
ქვეშ ორხოები დაფინეს,
დაუდებელი ფასისა.

თავში დაბრძანდა მთავარი
და გვერდით დედოფალია;
სხვები ჩამწკრივდენ რიგ-რიგად,
როგორც წესი და ვალია.

გახურდა ლხინი ჩვეულებრ,
შეიქნა ყანწის ტრიალი!..
ხელიდან ხელში გადადის
თას-აზარფეშა-ფიალი!..

და ვინც ბევრს არ ჰსვამს, შიგდაშიგ
არაკრაკებენ „კულითა“!..
გაჩნდა ღიღინი, გალობა,
სიმღერა კრიმანჭულითა.

იქ ისმის „დილა-ოდილა“,
„კაბდური“, „თინა-თინაო!“ -
აქ „შადი, „მრავალჟამიერ“,
„მზემ სხივი მოგვიფინაო!“

გამხიარულდა ერთგვარად
სუყველა, დიდი, პატარა,
მაგრამ დედოფლის სახეს-კი
ღრუბელი გადაეფარა!

შეწუხდა ცოტნე და უთხრა:
,,აგრე რათ მოიწყინეო?
მასპინძელი ხარ, ხომ იცი,
რიგია, მოილხინეო!

„თუ საწერეთლოს დათმობამ
შენ მაგრე შეგაწუხაო,
სჩანს, ზეცა გამრისხებია
და რისხვით გადმომქუხაო!“...

მზე რომ ჭიატობს წვიმის დროს,
ამბობენ: „მზე პირს იბანსო,
და ცისარტყელა შვიდფერი
მას მხარს უმშვენებს და განსო.“

იმას მოჰგავდა ნათელას
თვალცრემლიანი ღიმილი
და ანგელოზის გალობას -
მისი პასუხი ხმატკბილი.

„ჩემო ხელმწიფევ! შენთან მყოფს,
მომაგონდება მე ვინა?
მაგრამ სხვა რამემ შორიდან
საგრძნობლად გულზე მიკბინა!

,,ვეღარ მოვისმენ გულგრილად
„შადსა“ და „მრავალჟამიერს“,
სანამდე საქართველოში
ბატონად ვხედავ ქვეყნის მტერს.

„თვალწინ მეხატვის ერთი რამ,
ისა მკლავს და ის მაღონებს:
ლიხს იქით მოძმე ქართველი
ყმად გაუხდიათ მანგოლებს!

„დღეს აქ ლხინი გვაქვს საერო
ყანწ-აზარფეშის ტრიალი;
იქ კვნესა ისმის დაჭრილთა
და ქვრივ-ობლების ღრიალი!

„ხომ ხედავ ამდენ ვაჟკაცებს,
გმირთაგმირს, ლომთალომებსა?
ცოდვა არ არის ესენი
ერიდებოდენ ომებსა!?.

„აქ რას უსხედან? წავიდენ!..
შენ უწინამძღვრე, მთავარო!
და მეცა თქვენთან, იცოდეთ,
მამულის მსხვერპლად მზა ვარო!“

სთქვა და გაჩუმდა, მის სახეს
დაადგა თითქოს ნათელი;
თავი მოხარა სიმდაბლით,
გულზე დაიდვა რა ხელი.

ზეზე წამოდგა მთავარი,
შემკრთალი გაოცებითა!...
ხალხიც შეჰყურებს დედოფალს
უბიწო აღტაცებითა!..

მოულოდნელმა პასუხმა
გრძნობა-გონება არია!..
თითქო გაქვავდა ეს ხალხი,
უხმოდ, უძრავად მდგარია.

პასუხის ვეღარ მიმღებმა,
ნათელამ გაიმეორა:
„ქალი ვარ, ჩემო ხელმწიფევ!..
ნუ მრისხავ, თუ რამ გეჭორა!“...

გამოარკვია ამ სიტყვამ
მთავარი გაბრუებული
და ათქმევინა, რაც ჰქონდა
გულში იდუმალ დებული:

„სწორუპოვარო მშვენებით,
სიბრძნითაც ამაღლებულო!
ოჯახისშვილო, ნაზარდო,
ქართველად აყვავებულო!

დიდი ხანია, ჩემ გულსაც
ეგევ სურვილი ჰმსჭვალავდა,
მაგრამ სიფრთხილე საჭირო,
ვით საიდუმლოს, ჰმალავდა.

„გონზე მოსულან, შეთქმულან
ამერთა დიდებულები,
მათში ჯაბანსა, საეჭვოს,
არავის არ ვეგულები!

„მოუწერიათ ჩემთვისაც,
ითხოვენ შემწეობასა...
დღეისსწორს მივალ ჯავახეთს,
მით დავუმტკიცებ ძმობასა.

„ჭირი და ლხინი საერთო
მოძმეთა შუა ვალია...
ამის თავდები, ვფიცავ ღმერთს,
ბრწყინვალე მომავალია!

„ეს ხალხიც მიტომ შევყარე,
რომ გამემჟღავნა ყველა ეს,
მოსამზადებლად მე სხვა დროს
ხელთ ვერ ვიგდებდი უკეთესს!“

ეს რომ სთქვა, მოუბრუნდა სხვებს:
„ხომ გაიგონეთ თქმულიო?
ჩვენ შეთანხმებულ სურვილზე
რას ამბობს თქვენი გულიო?“

ერთხმად დასძახეს: „იცოცხლე,
მრავალჟამიერ!.. ჟამიერ!..
ჭირიც და ლხინიც საერთო -
კავშირი იმერ-ამიერ!!“...

ღიმილით ბრძანა მთავარმა:
„მეც მაგას მოველოდიო:
თქვენით და თქვენგან მომეხსნა,
გულზე რომ მაწვა, ლოდიო!

„კმარა! მაგაზე საუბარს
ჩვენ ხვალაც მოვესწრებითო,
დღეს სათხოვარი მაქვს ერთი
და იმას გევედრებითო:

„დაჯექით!.. გამხიარულდით,
ნუ მოჰშლით ლხინს და მღერასო!
ვინ გაჰქცევია უდროოდ
ვარსკვლავს და ბედისწერასო?!“

გამხიარულდენ სტუმრები,
გამრავალკეცდა ლხინიცა...
მოლხენით არის მთავარი
და მისი თვალის ჩინიცა!

ღიმილით ამბობს ნათელა:
„ჩანგური მომაწოდეთო!
ვეღარას ფარავს დღეს გული,
რაც ვიცი, თქვენც იცოდეთო!“

სიმებზე ბროლის თითები
დააწყო ნაზად... რბილადა!
ყელმოღერებით დაჰმღერის,
ჩანგურიც მოსთქვამს ტკბილადა:

„ჩანგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო;
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
„ოდელა-დელა-დელაო!“

„თავის ჰანგებზე, თავის ხმით
წკრიალობს ერთად ყველაო,
ერთი-მეორის თანხმობით:
„ოდელა-დელა-დელაო!“

„ერთი მათგანიც რომ გაწყდეს,
მაშინვე უნდა შველაო,
რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:
„ოდელა-დელა-დელაო!“

„ჩანგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვადასხვა კუთხის მცხოვრები:
„ოდელა-დელა-დელაო!“

„ჩვენც ხომ სიმების სისუტემ
სინათლე დაგვიბნელაო!..
ბნელში რა სასიმღეროა:
„ოდელა-დელა-დელაო?!“

„შორიდან შემოგვეპარა
მტერი, ვით ტურა-მელაო
და სულ სხვა ხმებზე გვამღერებს,
არ მოსწონს „დელა-დელაო!“

„მწერიც კი ცხოვრობს თანხმობით,
ფუტკარი... ჭიანჭველაო!..
და ჩვენ რათ ვმღერით ცალ-ცალკე:
„ოდელა-დელა-დელაო?!“

„ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისთვის - სახრჩობელაო!..
მტრებს „ვაი-დედა“ ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ: „დელა-დელაო!“

„კმარა! ამდენმა ცრემლებმა
სიმები დამისველაო! 
ვერც ვუკრავ... ვეღარცა ვმღერი:
,,ოდელა-დელა-დელაო!“

სთქვა და გადასდვა ჩანგური,
შეხედა ღიმით მთავარსა:
ნათელა ნათელს ადიდებს,
ამკობს ჯავარი ჯავარსა!

თავი II

ხმალს ილესავს იმერეთი,
აწყობს, ჰმართავს მშვილდ-ისარსა!
ლიხს გადივლის „ორირაშით“,
იქაურებს მისცემს მხარსა.

საიდუმლოდ ემზადება,
მიჰყავს ცოტნე დადიანსა!..
წინ წაიძღვანს ჭყონდიდელსა,
კურთხეულს და მადლიანსა.

გაიხსენებს ბაგრატის დროს,
დავითის და თამარისას!..
სამშობლოსთვის ცხელს ოფლს დაჰღვრის
და სისხლს შეჰსვამს მისის მტრისას.

ისე გასწყვეტს ძირიანად,
არ გაუშვებს არც ერთს მთხრობლად!..
მაშინ მხოლოდ დაბრუნდება
იმერეთში მახარობლად!..

ასე ჰფიქრობს გმირი ცოტნე!..
ამასავე ჰფიქრობს ერი...
ბატონი ყმით, ყმა ბატონით,
ორივ ერთად ბედნიერი!

მაგრამ, ვაი! გაუცუდდათ
იმედი და გულის ძგერა...
ბედუკუღმა გადუბრუნდათ
საწაღმართო ბედისწერა:

წიგნი მოსდის დადიანსა,
მეგობრების მონაწერი!
წაიკითხა... შეიცხადა:
დაიგლიჯა თმა და წვერი!..

მოეწერათ: „ნუღა მოხვალ!
თავს უშველე, ნუ აჩენო!..
შეთქმულობა გაგვიმჟღავნდა,
დაგვიჭირეს ყველა ჩვენო.

„ნუ მოსცდები, ნუ იფიქრებ,
გზა არა აქვს ჩვენ საშველსო!..
ანის ქალაქს გვაგზავნიან,
გვიმზადებენ განსაცდელსო.

„რადგან ღმერთმა აგაშორა
ჩვენი ბედი, ჩვენი სვეო,
იცოცხლე და მაგიერი
მტერს როგორმე მიუზღეო!“

წაიკითხა, დაიყვირა:
„რა შეგცოდეთ, ღმერთო შენო, -
შენს მორწმუნეს, ღვთისმშობლის ხვედრს,
ამ სატანჯველს რომ უჩენო?

„ნუთუ ყველა იღუპება
საქართველოს ღირსი ძეო,
ბურჯი მისის ეროვნების,
მომავალის სიმტკიცეო?!.

„მაშ პირშავად რაღათ დავრჩე,
მათი ტანჯვის მოწამეო?
მათთან ჭირი, მათთან ლხინი...
უიმათოდ რა ვარ მეო?!“

სთქვა და გულში გადიწყვიტა:
„მათთან წავალ მეც მალეო,
ტოლებში რომ არ გამოვსხლტე,
ვარ ამისი მოვალეო“.

თავი III

ვინ მოსთვლის, ჭირი რამდენი
უნახავს ანის ქალაქსა!...
სისხლით მორწყული არ იყოს,
ვერ ნახავ მტკაველ ალაგსა!

ყოველი მტერი ძველთაგან
ამ კუთხეს მოაწყდებოდა;
მკვიდრი, დამხვდური მამაცად,
თავგამეტებით წყდებოდა.

დღეს ერთი იყო, ხვალ სულ სხვა:
მტერი მტერს ენაცვლებოდა!..
ურდო ურდოზე მოსული,
არვისგან დაითვლებოდა.

მაგრამ ქალაქი ტანჯული,
განსაცდელს უმაგრდებოდა,
და, ვით ამირანს გულ-მკერდი,
წყლული კვლავ უმთელდებოდა!..

ძლივსღა სულმობრუნებული,
ხელახლა აოხრებულა:
შესულა ურდო მონგოლთა,
ნოინი გამთავრებულა!..

სამეფო ტახტზე დამჯდარა,
ის... სისხლით უმაძღარია!..
აქედან მიდის საომრად,
ოთხკუთხივ!.. მიუხარია!..

სხვა ქვეყნის ტანჯვა, აკლება
მათი წესი და რჯულია!
დღეს გამარჯვების ლხინი აქვსთ,
უზომო სიხარულია.

ზურნის ჭიჭყინში გაისმის
კიჟინა გამარჯვებისა
და ჭიანურში - ქვითინი
სხვადასხვა მხარეებისა.

ფიალად ხელში უჭირავსთ
კაცის გამხმარი თავები!..
ზიზღის ბუდეა იმათი
ყოველგვარ სანახავები.

სწორედ ამავ დროს გარეთ-კი
სულ სხვა ამბავი რამეა:
დამდგარა ტანჯვა-კრულვის დღე
და მწუხარების წამია!..

ალყად შეუკრავს დარაჯებს
დიდი მოედნის პირები,
შუაში ხელფეხშეკრული
ჰყრიან ქართველი გმირები.

ტიტველზე თაფლი წაუსვამსთ,
მზეს უფიცხებენ მხურვალსა!
წყალს ნატრულობენ, არა აქვსთ...
ყელი უშრებათ მწყურვალსა.

გარს ეხვევიან ბუზები...
სად არის მომგერებელი?!
შორსა ჰყავთ ჭირისუფლები
და მათი დამტირებელი!..

ჰკითხავს მტარვალი: „ვინა გყავთ
მომხრე და მოზიარეო?“
- ამ ქვეყნად ზღვა და ხმელეთი,
მაღლა ცა, მზე და მთვარეო!

დაცინვით ეუბნებიან,
შიში არა აქვსთ რისხვისა...
რა იცის გულში ნადები
და საიდუმლო სხვამ სხვისა!

გამოჩნდა შორით მხედარი;
ცხენი მოჰყავდა ოთხითა,
მოედნის პირზე შეჩერდა,
თვალს ავლებს ყველა კუთხითა.

უბრძანა დარაჯთუხუცესს:
„ვინა ვარ, ვერ მიცანიო?
ნოინის უცხო სტუმარი,
ცოტნე ვარ დადიანიო.

„ქართველ ერისთვებს, დიდკაცებს,
სადა აქვსთ მათი ბინაო?
მეც უნდა მათთან მივიდე,
წამყევ, წამიძეღ წინაო!“

დაცინვით უთხრა დარაჯმა:
„არ ბრძანდებიან შორსაო!..
და ჩვენც შინაყმად ვახლავართ,
როგორც ნოინის სწორსაო!“

შევიდა წრეში ქვეითად,
პირდაპირ მიეშურება,
გულ-ღვიძლს უსივებს ნაღველი
და სიმწრით პირი უშრება!..

მივიდა, ნახა ტყვეები...
შეჰყვირა: „ვაშა! ვაშაო!!
დღეს უფრო ბრწყინავს თქვენი მზე,
ვარსკვლავმა იკაშკაშაო!

„გმირნი ხართ, კვდებით გმირულად,
საქრისტიანოს მსხვერპლადო,
ამიერ საშვილიშვილოდ,
სამშობლოს სადიდებლადო!

„მაგრამ რას მერჩით მეგობარს,
ყველგან თქვენს მოზიარესო,
რომ გამომწირეთ თქვენში და
დამაგდეთ იქით მხარესო?!“

ეს სთქვა და გაიძარცვა ტანს,
დაჯდა ტყვეებთან ტიტველა!..
თავი გასწირა ნებითა
და გააკვირვა სუყველა!!.

თავი IV

ლხინგადახდილი ნოინი
ტახტზე ზის დაფიქრებული:
თვალწინ ეხატვის ქვეყნები
გადამწვარ-აოხრებული!..

ბევრი სხვადასხვა რჯულისა
და ტომის არის მნახველი,
მაგრამ სულ სხვაა მის თვალში
უცნაურობით ქართველი:

„არავის ებრძვის პირიქით,
დამხვდურად მეომარია!..
ვინც მის ქვეყანას არ ერჩის,
მოძმე და მეგობარია.

„არსად გაუდის მოყვრობა,
და არც მტერები აკლია;
მაგრამ ხომ მაინც პირწმინდად
ჯერეც ვერავინ დასძლია?!

„რა გამოვიდა, რომ ვძლიეთ?
განა ძლევაა ეს ძლევა?!.
რაც უფრო ჭირში ვარდება,
მით სიმხნეც მეტი ეძლევა.

„გაგვინახევრდა ლაშქარი...
ერთში ათსა ვცვლით მონგოლსა,
და რაღა ძალი შერჩება
მომსვლელსა და მისს მომყოლსა?!

„ნუთუ ჩვენც მართლა სხვებსავით
დიდხნობა არ გვიწერია
და დროებითი აქ ყოფნა,
ვით საქარ-ბუქო მტვერია?!

„რაში არა ჰგავს? შეთქმულნი
ასამდე დაგვიჭერია..
რომ ასჯერ მეტიც არ იყოს,
აბა, რა დასაჯერია?!

„მაგრამ არ იქნა, არ გატყდენ:
არ უდრკებიან განსაცდელს!..
ვინ იყო მათთან ღალატში,
არც გვარს ამხელენ, არც სახელს.

„არას ითხოვენ!.. ზვიადად,
ამაყად იტანჯებიან!..
რაღაც მომავლის იმედით
და სასოებით კვდებიან.

„ძნელია მათზე უფლება
და მათგან სხვისი მონება!..
სულ სხვა გზა უნდა... სხვა ხერხი...
და გამჭრიახე გონება!..

„ვერ გასჭრის მათზე, ვით სხვაზე, 
ეს სასტიკობა-ავობა!..
სადაც ლომობა არ გადის,
იქ უნდა მელიაობა“.

ამას ჰფიქრობდა ნოინი,
უსივდებოდა ნაღველი,
რომ მოახსენეს: „ქალია
ვიღაცო, თქვენი მნახველი“.

შავით მოსილი, პირბადით
შინ შემოვიდა სტუმარი...
ანიშნა მარტო დარჩენა
და გადუკეტა სხვებს კარი.

წადგა წინ შორიახლოსა,
პირბადე გადაიხადა:
მისი ციური მშვენება
ნოინის გულმა იხატა!..

ჯერ მისი მსგავსი ამ ქვეყნად
არსად ენახა სულდგმული;
სულმა წასძლია ბინძურსა
და აუძგერა გლახ გული.

ზეზე წამოდგა... იმავ დროს
წინ ბიჯი წადგა თვით ქალმა
და იმის ბროლის თითებში
უცბად იელვა ხანჯალმა.

უთხრა: „შეჩერდი!.. ნუ მოხვალ!
რომ დაიმშვიდო სჯობს, გული;
შენ სატრფიალოდ არა ვარ
ამსიშორს შორით მოსული!..

„სათხოვარი მაქვს წმინდა რამ...
მოგენდვე წმინდის გულითა!..
ნუ შეურაცხყოფ კაცობას,
ნუ დამდაბლდები სულითა!..

„ნუ შფოთავ! დაჯექ, დაწყნარდი
და მოისმინე ვედრება!
სულგრძელობასთან ზრდილობას
ან რა სჯობს, ან რა ედრება?!“

ვით გაღალული თვალისკვრით,
ჩაჯდა უსიტყვოდ ნოინი;
დაუცხრა ვნება ჩვეული,
გაქრა სურვილი და ჟინი!

ჯერ არც ჰსმენია ამგვარი
და არც რამ გაუგონია!
ჰფიქრობს, თუ მოჩვენებაა,
და ან სიზმარი ჰგონია!..

უყურებს თვალით, არ სჯერა!
ისმენს და მაინც იჭვშია:
უმტყუნა ძალამ სულ-ხორცის
და უჩვეულო შიშშია!...

ქალი შეჰყურებს პირდაპირ,
ლამის გახვრიტოს მან თვალით!
კაცი, ძლივს გონზე მოსული,
ოდნად ხმას იღებს კანკალით:

„მაშ მითხარ, რისთვის მოსულხარ?
რა არის შენი სურვილი?
მისთანას რას მთხოვ, ვერ მოგცე,
ვერ მოვკლა ნდომის წყურვილი!?

„გინდა, ტახტს მოგცემ, დედოფლად
დაგსვამ და გეთაყვანები!
მონად გაახლებ მეფეებს...
ჩიტის რძით გაიბანები!“

ქალი მიუგებს ღიმილით:
- დედოფალი ვარ ისეცა!
მაგგვარ დიდებას არ ვეძებ,
არ დამიგმია ისე ცა!

- „მაშ სულს შეგწირავ, თავს მოგცემ,
გულს დავდგამ საფეხურადა!
და შენს სურვილში დავდნები,
დავიწვი უცეცხლურადა!“...

- არა, ნოინო! ნუ ჰფიქრობ!..
ვერ დავთმობ ჩემსა კერასა!
გული სხვას მივეც და შენთვის
ვეღარ დაიწყებს ძგერასა!

- ეგებო, რჯული გიშლიდეს
მე აღვიარებ შენს რჯულსა!..
ზეცაში ახვალ - აგყვები,
ჩახვალ - ჩაგყვები უფსკრულსა!..

- „ეგ არას უშლის! ღმერთი ხომ
ყველასთვის იგივ ერთია!
რჯული გზა არის სხვადასხვა,
იმ ქვეყნად შემაერთია!...

სხვა მიზეზია: სხვა მიყვარს,
ის არის ჩემი ქმარიცა!
მისი ვარ, იმას ვეკუთვნი
მე ცოცხალიც და მკვდარიცა!..

აქ გადმოვარდა, როდესაც
გაიგო სხვების ტყვეობა!
ობლად დაგვყარა სუყველა,
დასთმო ლხინი და დღეობა!

აღარ გამიძლო გულმა და
შევუდექ მეც მის კვალობას:
ვეთხოვებოდი სამშობლოს,
ვიგლოვდი ყმაწვილქალობას!..

მსურდა, მომესწრო, მენახა,
მომეკრა სადმე მე თვალი!
და ან მის უცხო საფლავზე
გულში ჩამერჭო ხანჯალი!..

მოველ, ვიკითხე ყოველგან...
ცოცხალი არის, შევიტყვე...
ტიტვლებთან ტიტვლად დამჯდარა,
ნებით გამხდარა შენი ტყვე.

იმას გთხოვ, იმას გავედრებ!
მისთვის მოვსულვარ, ნოინო:
სული არ გამაწირვინო...
სიცოცხლე მომაპოვინო!“

გაოცდა მშვენიერებით...
სიტყვა-პასუხიც უკვირდა!
ის ერთი წამი ნოინსა
მთელ საუკუნედ უღირდა!..

დღემდის ეგონა, თუ ქალი
მარტო ვნებისთვის შექმნილა!..
ახლა-კი ხორცი დადუნდა
და სული სულსა ეტკბილა!

იგრძნო რაღაცა ციური,
მიუწდომელი მან ძალა!..
გარდიქმნა მისი არსება,
ბუნება გამოეცვალა.

და უმაღლესის სურვილით
შეჰყურებს, როგორც ღვთაებას!..
რა სჯობს, რომ გული უბიწო
ციური ჯაჭვით დაებას!..

სთქვა: „საქართველოს მფარველი
დიდი ყოფილა... ძლიერი!
სადაც შობილხარ, გაზრდილხარ,
რათ უნდა გაქრეს ის ერი?!

„რაც მოხდა ჩვენში, დავიწყდეს!..
მოვითხოვ მე შენდობასა!..
აწ-კი მსურს „მამა-შვილობა“
და ვნატრობ მე შენ „დობასა!“...

„ახლა მოვიყვან შენს ქმარსაც...
ვნახავ, თუ შენი ღირსია
და თანაც ჩემი სიძობის
შესაფერ-საკადრისია?

„კუთხეში დაჯექ პირბადით!
მოისმენ ჩვენსა საუბარს!
იმანაც გვითხრას: ვის ეტრფის?
თავს ვის შესწირავს, ვინ უყვარს?

თავი V

ოქრო და ვერცხლში ჩამჯდარი,
მარტო შემოდის მთავარი.
არ ახლავს მისი მოყმები
და არც მოჰყვება მტრის ჯარი.

თავი დაუკრა ზრდილობით
და ჰკითხა: „რა გსურს? მიბრძანეთ“?
ნოინმა შეკრა წარბები,
სცდილობს ეჩვენოს მრისხანედ.

- „ვინ ხარ? და სადაური ხარ?
ვერ ვხედავ შენს აქ მომყვანსა!..
თუ საქართველოს შვილი ხარ,
დღემდის ვერ მცემდი თაყვანსა?“

- „მე სათაყვანოდ მოსული
არც დღეს გახლავარ, ნოინო!..
ნუ ჰფიქრობ, ცოტნე დადიანს
ტყუილი შენ ათქმევინო!“

- ა! შენ ხარ ცოტნე? ის ცოტნე,
რომ არად აგდებს მანგოლსა?!
სცდილობს სამშობლოს გამოხსნას
და სხვებსაც ეძებს ამყოლსა?

- „დიახ, ისა ვარ, ნოინო!
მართალი გაგიგონია“.
- „მაშ ჩემთან როგორ მობედე?..
მადლობას გეტყვი, გგონია?!“

- „არ მიფიქრია მაგაზე!..
სხვა იყო ჩემი განზრახვა:
აქ მოყვრებს ვეგულებოდი...
მომინდა მათი დანახვა!“

- „ხომ ნახე ისეთ პატივში,
როგორც მათ შეეფერება?!“
- „ვნახე და გავიზიარე
მეც მათი ბედნიერება.

„ჭირში და ლხინში, ყოველგან
ვყოფილვართ გაუყრელადა...
დღესაც მოვსულვარ მათთანვე
სისხლის და ცრემლის მღვრელადა“.

- „შენ მარტო? სხვები სად არის?
რათ გაიფანტენ ბზესავით?“
- „თუ ყოფილიყვნენ, ისინიც
აქ მოვიდოდენ ჩემსავით“.

- „აფერუმ თქვენს მეგობრობას!..
აფერუმ ვაჟკაცობასა!!
მაგრამ ვერ გიქებთ ბატონის
მოღალატობა-მტრობასა!“...

- „როდის გიწამეთ ბატონად,
დაჰკითხებიხართ ჩვენს გულსა?
თუ ტვირთი მძიმე მონების
ძალით დაგვადგით ჩაგრულსა?!

„ძალმომრეობის კანონი
დღეს ერთის არის, ხვალ სხვისა...
ბედია მომნიჭებელი
წყალობის, გინა რისხვისა!

„დღეს მოხარკე ვართ ჩვენ თქვენი
და კიდეც ვიხდით ნებითა...
დროს ვუცდით.. ჩვენს ღმერთს შევყურებთ
იობის მოთმინებითა.

„უმიზეზოდა რათ გვდევნით?
რისთვის გვეპყრობით მტრულადა?
რას გარგებსთ რჯულის მოსპობა
და ან ერობის, სრულადა?!..

„სანამდის ხელს არ აიღებთ
ამ უნაყოფო ცდაზედა,
ყოველთვის მტრულად დაგხვდებით
ყოველ სარბიელ გზაზედა!“..

- „დაგვხვდებით?!. და რას გაიტანთ?
ეს დღე მოგელისთ ყველასა!..
თქვენ თავად ძალი აღარ გაქვსთ
და ვისგან ელით შველასა?“

- „ღვთისგან!.. რომ ჩვენმა შვილებმაც
ქვეყნისთვის სისხლი ღვაროსა!..
„ჩვენ წავალთ, ისინი მოვლენ
ტურფასა საბაღნაროსა!..“

- „აფერუმ, ქვეყნის ერთგულო!
კაცი ხარ, კაცურადა სჯი!
მომწონს ეგ სიტყვა-პასუხი:
არ გირისხდები, არა გსჯი!

„გაძლევთ სრულ თავისუფლებას,
როგორც შენ, ისე ტყვეებსა!..
და თქვენ მხარესაც ავაცდენ
სამგლოვიარო დღეებსა.

„იყავით მარტო მოხარკედ...
შევეტკბოთ წლიდან-წლობითა:
თქვენ ჩვენი კარგი სტუმრობით,
ჩვენ თქვენი მასპინძლობითა!..

„მხოლოდ მეცა გთხოვ, იცოდე,
სამაგიეროდ ერთს რამეს:
შენს ცოლს აქებენ ყოველგან
და ის მომგვარე ერთ ღამეს!..“

როგორც რომ ვეფხი დაჭრილი,
ისე ათრთოლდა ცოტნეცა,
ააკრაჭუნა კბილები
და, ცოტას გაწყდა, რომ ეცა:

- „ბედს უმადლოდე, ხალვათად
რომ ხარ მასპინძლად მჯდომარე,
და მე კი სტუმრად მოსული,
ხმალ-ხანჯლით შენ წინ მდგომარე!

„ეგ ერთი გითქვამს!.. მეორედ
ენას არ წააცდენინო!
გონებამიხდილს სასირცხვოდ
სისხლი არ დამადენინო!“

ნოინმა წარბი გაიხსნა,
ღიმილიც მოერია მას!
და სიტყვით ცივ წყალს ასხამდა
მის აღელვებულ გულისთქმას!

- „ნუ სჯავრობ!.. განგებ გითხარი...
მინდოდა შენი გამოცდა...
რაც სთქვი, ტყუილი ყოფილა,
აგერ თვითონვე წამოგცდა!!

„სამშობლო“, „მოძმე“, „მოყვარე“
სიტყვა ყოფილა უბრალო!
ნუთუ არა ღირს იმდენად,
რომ შენ ერთ ქალში გასცვალო?!“

არ მოელოდა ამ სიტყვას!
შერცხვა და შეკრთა მთავარი...
ცოტა შეჩერდა და შემდეგ
პასუხი მისცა ამგვარი:

- „მე რა ნება მაქვს მაგისი?
მონა არ არის, - ცოლია!
ჩვენი კანონი სულ სხვაა:
ცოლი ქმრის უღელტოლია!“

- „მაშ, კარგი! რადგანც მე მინდა
დღეიდან შენი მოყვრობა,
ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს,
განზე გადავდვათ აწ მტრობა!..

„ხომ ჰხედავ, აქ რომ ქალი ზის?
ის ჩემი შვილობილია.
ვატყობ, რომ შენი ჭვრეტითა
ისიც-კი კმაყოფილია!

„მაგაზე უფრო მშვენიერს
ქვეყნად ვერ ჰნახავ ვერც ერთსა!..
რომ შენი ცოლი ვერა სჯობს,
თავდებად გაძლევ მეც ღმერთსა.

„სასიძოდ ამირჩევიხარ:
მინდა ის მოგცე ცოლადა;
დაგიახლოვო და მყავდე
ჩემი თავისვე ტოლადა!“...

- „ვინ ღირსა მაგ თქვენ წყალობას
და ამ უდიდეს ოცნებას?!
მაგრამ ორცოლიანობის
რჯული არ გვაძლევს ჩვენ ნებას“.

- „ეგეც არ გინდა? მაშ კარგი!
პირობას გიდებ კიდევ სხვას:
იზამ - არ გავტეხ ჩემ სიტყვას,
არა და-ნახავთ ჩემს რისხვას!..

„მოდი, ახადე პირბადე:
აკოცე, როგორც საყვარელს!
და აგისრულებ მაშინ მეც
მაგ შენი გულის საწადელს!“

ებილწა ცოტნეს პირობა,
მაგრამ არ იცის, რაღა ჰქნას?
სხვა გზა არა აქვს მოყვრების
და მის სამშობლოს გამოხსნას!..

წარმოსთქვა: „გულთამხილავო!
შენ ჰხედავ, მატანს ძალასო...
მივალ და ისე ვაკოცებ,
როგორც ხესა და ჩალასო.

„რა არის კოცნა უნდომი!
უგულოდ... უსიყვარულოდ,
თუ არ სიცოცხლე ბედკრული
უსიტკბოდ... უსიხარულოდ?!“

დასთანხმდა! ქალთან მივიდა,
საკოცნად თავი დახარა!..
ქალმა გადიძრო პირბადე...
ნოინმაც გადიხარხარა!..

როგორც შვიდძალი ფერადი
ამშვენებს ცისარტყელასა,
ისე დაეტყო სახეზე
სიამოვნება ყველასა!..

1900 წ.

რედაქტორის შენიშვნები

ნათელა

დაიბეჭდა აკაკის „კრებულში“, (1900 წ., №1); ცალკე წიგნად გამოვიდა 1911 წელს - ს. მერკვილაძის გამომცემლობით; შევიდა აკაკის ოთხტომეულში (სახელგამი, ტ. II, გვ. 251). აგრედვე აკაკის ერთტომეულებში (სახელგამი, 1935 წ., გვ. 243, 1937 წ., გვ. 325). ცალკე წიგნად გამოვიდა 1926 წელს: „სახელგამის სახალხო ბიბლიოთეკის“ სერიაში.

„ნათელა“ რუსულად სთარგმნა პოეტმა ბ. ბრიკმა (იხ. Akakий Цepeтeли. Cтихи и поэмы. 1936 წ., Mockвa, გვ. 119).

„ნათელა“ ოსურად სთარგმნა ხარიტონ პლიევმა.

„ნათელა“ სომხურად სთარგმნა ს. ავჩიანმა.

1.15 ასი წლის ამბავი [ტერშმოვაანთ კეკელა]

▲back to top


თორმეტი ენკენისთვე,
შემოდგომის პირია,
გწყალობდესთ მისი მადლი!
საუფლო დღე, კვირია!

ცის ლაჟვარდში მაღლიდან
მზე ტკბილად იკბინება
და სურნელება ქვეყნად
ოთხკუთხივ ეფინება.

შემოდგომა გაზაფხულს
თითქოს ეჯიბრებაო
და ზეცამაც ქვეყანას
შესთხზო ნეტარებაო,

რომ მოხიბლოს ქალაქი
გადაქმნილი გრძნობადო
და ხატის სანთელივით
უხმოდ დასადნობადო.

სწორედ ამ დროს სიონში
ზარამ გაიწკრიალა
მიმოაფინა თბილისს
სიტკბო, მადლი და ძალა.

მას მიჰყვენ სხვა ტაძრებიც
გაღმით და გამოღმითა;
ასტყდა ზარების რეკა
სალიტანიო ხმითა.

ციხიდან ზარბაზნებმა
უცბად გაიხმაურა
და მის გრგვინვას თან მოჰყვა
უჩვეულო ხმა: „ურრრრა!“

გაისმა ხმა მუსიკის,
დაუკრეს ბარაბანი,
და დამფრთხალმა ქალაქმა
უნებურ მისცა ბანი.

ყველა მიეშურება,
აღარვინ რჩება შინა
და მხოლოდ წვრილ-ფეხობა
ბანზე გამოეფინა.

ღორმუცელა გიორგი
ცხენზე შეგოდრებულა;
თითქოს ლოქო ეჭამოს,
გამხიარულებულა!

წინ მიუძღვის ამაყად
რუსების ურდო-ჯარებს;
ჰსურს საფიცრად მიადგეს
წმინდა სიონის კარებს.

ამ დროს გაჩნდა ქუჩაში
ტერ-შმოვაანთ კეკელა,
ტერტერას ქვრივი იყო,
ქალაქში სცნობდა ყველა.

ქოშებში ფეხ-გაყრილი,
კალთებ-წამოზეული;
ახალ-ამბის მუსუსი,
ზოგჯერ ჭორსაც ჩვეული;

არც ჭირსა და არც ლხინსა
აროდეს აკლდებოდა!..
რომ ვერა გაეგო-რა,
გულზედაც გასკდებოდა.

ახლაც გამოსულიყო
ამბის გასაგებადა:
მეფეს რა შეეძინა
და ან ვინ დაებადა,

რომ ასე მხიარულად
ზეიმით და ზარითა,
სიონში მობრძანდება
უთვალავის ჯარითა?

უთხრეს: „დედი, უმართებს!
დიახ, ბედნიერია:
დღეს მიიღო მან ჯილდოდ
მხარღლივ კავალერია“.

- რა ჯილდოა, გეთაყვა,
თვალი თუ მარგალიტი?
და ჯერ სხვა არ ყოფილა
მაგგვარი მაგალითი?

- ნიშანი დიდკაცობის
მხოლოდ სამკაულია,
ვერა ხედავ, ლურჯ სარტყელს
მხარ-ბეჭზე რომ უვლია?

- რაო?.. რაო?.. ეგ არის
მეტი არაფერია?
მაგ ჭინჭის დანახვაზე
გონება აერია?

მთელი სამეფო გასცა
მაგ ლურჯ სანახავზედა?
მეხი კი დავაყარე
იმ უტვინო თავზედა.

შორს რაღაზე გარბოდა?
ჩვენც გვცოდნოდა დღემდიო:
გადვიჭრიდი ნიფხვის ტოტს
და მე მივართმევდიო.

[1901 წ.]

რედაქტორის შენიშვნები

ასი წლის ამბავი - ტერშმოვაანთ კეკელა

იბეჭდება ავტოგრაფის მიხედვით (იხ. საქართველოს მუზ. პალ. განყ. ხელთ. H ფონდი, №1488).

ამ პოემიდან ერთი ნაწყვეტი დაბეჭდილი იყო ჟ. „თეატრსა და ცხოვრებაში“ 1916 წ., №24. (ვარდენ ყიფიანის პუბლიკაციით).

„ტერშმოვაანთ კეკელა“ მთლიანად პირველად ქვეყნდება.

1.16 მოხუცის გრძნობა

▲back to top


გრძნობა-გონების სალარო
არ გამყინვია ჯერ!.. არა!
თუმც-კი შემიკრთა სხეული:
სიბერე შემომეპარა!

„მთებზე რომ დასთოვს, მაშინვე
სიგრილე დაჰკრავს ბარსაო!..
გულსაც აგრილებს ჭაღარა...
ცოცხალს ამსგავსებს მკვდარსაო!“

ასე ამბობენ. და, მართლაც,
ეს ხომ მსოფლიო წესია?
მაგრამ მსოფლიოც არა მკის
ყოველთვის, რაც უთესია!..

განსხვავებაა მთებს შორის:
თურმე მთაც არი - მთაც არი!..
ზოგს თავზე ყინვა რომ აძევს,
გულში აქვს ცხელი ნაცარი.

კაციც ასეა: სიბერე
ვერ შეჰკრავს ზოგის გონებას,
თუმც ჩამოართმევს სხეულს-კი
ადრინდელ ყოველ ქონებას.

მეც მათ რიცხვში ვარ: სიბერე
სხეულით, ვატყობ, ძნელია!
მაგრამ მაშინაც კი ვხედავ,
როცა სხვებისთვის ბნელია.

ისე ვუყურებ იდეალს,
ვით ადრე მიყურებია:
მის შესახები სიბერე,
თითქოს, არც მომკარებია.

ჯერ ახალგაზრდა ვიყავი,
რომ დავისახე ის ერთად
ჩემ სათაყვანოდ, ჩემ რჯულად,
ჩემ მბრძანებელად, ჩემ ღმერთად.

ის იყო ჩემი თანმსრბოლი
ოცნებით შინ და გარეთა.
ჭირში და ლხინში ვხედავდი
ჩემ თანამოზიარედა.

დავბერდი, ახლაც ისევე
ისა მყავს იდეალადა,
გულში მიდგია თაფლივით
და მიკიდია ალადა.

იმისდა დაუკითხავად
არც ავი ვიცი, არც კარგი,
და ჩემი საქმეც ყოველი
იმისაგან მაქვს ნაქარგი.

მივედი ახლაც იმასთან
და დავეკითხე, ჩვეული:
„აბა, მითხარი სატრფოო,
და დამამშვიდე სნეული!

„ამ ჩვენ პატარა ქვეყანას
რა მოუხდება, რა არა,
ასე რომ ამხობს ეს ჭირი?
ვინ უკუღმართმა შეჰყარა?!“

მანაც ღიმილით მომაპყრო
ჩვეულებრივად მე თვალი;
ახსენა ჩვენი სამშობლო
და მისი გადასავალი.

მოჰყვა: „ეს ჩვენი ქვეყანა
ღვთისმშობლის წილნახვედრია
და მისგანავე ცრემლებით
ძისადმი შენავედრია.

„მან გამოგზავნა ანდრია
ჩვენს ქვეყნად, მოსავლელადა,
და თვითონ დარჩა შინავე,
ქრისტეს ბრძანებით, მძევლადა.

„ეს ფაქტი ისტორიულად
თუმცაღა საეჭველია,
მაგრამ თქმულება კი ჩვენში
ძველთაგან ძველისძველია!

„ზოგი იფიქრებს: ეს ხალხი,
თუ წილადა ჰხვდა ღვთაებას,
რად აყენებდა ამოდენს
დაუსრულებელ ვაებას?

„რკინას რომ ცეცხლში ჩააგდებ,
ის მაშინ გაფოლადდება!..
თუ მტრები არ ჰყავს მიწის შვილს,
როგორღა გაგულადდება?

„გამოიბრძმედა ქართველიც
იობის განსაცდელითა,
მსხვერპლად რომ სისხლსა სწირავდა
ერთპირად მთა და ველითა.

„მართლაც რომ ქრისტეს გულისთვის
მან ბევრი სისხლი დაჰღვარა,
და სხვა მერჯულეთ საომრად
ფარხმალი ძირს არ დაჰყარა.

„გაუძლო რომაელებსა,
არაბეთს, სპარსეთს, თათრებსა
და ბრძოლის ველზე დამდგარი,
აღარ ითვლიდა არც მკვდრებსა.

„თავად-აზნაურთ წილად ხვდათ
ქუდზე გამოსვლა მხედრადა,
მტრის მოგერება და ხშირად
ველზედ დარჩენა მცხედრადა.

„გლეხობა იყო მეორე
შესანიშნავი წოდება!..
და დამარცხება პირველის
- მათი ცოლშვილის გოდება!

„მუშაკი რწყავდა ოფლითა
მაშინ საერთო მთა და ბარს
და საზრდოს მიაწოდებდა
თავადს, საზღვარზე მეომარს.

„მაგრამ ის გლეხიც, როდესაც
გაათავებდა ალოსა,
მიაშურებდა თავადის
საქმეს და სავალალოსა;

„ბატონთან ერთად ცდილობდა
ყმაცა მტრის მოგერებასა;
ორივე ერთად უწევდენ
დიდ ჭაპანს გაჭირვებასა.

„სადღა შეეძლო ბატონსა
შეურაცჰყოფა გლეხისა?
დასაკუთრება მიწა-წყლის
ან ამოკვეთა ფეხისა?

„საერთო იყო იმ დროში
ყველასთვის მიწა-წყალიცა,
ასე ვით იყო საერთო
მტერი და მისი ალიცა.

„სცხოვრობდა ყველა წოდება
შეერთებულის ძალითა
და იბრუნებდენ სულს მხოლოდ
იმედით... მომავალითა.

„გამაგრდა ჩვენი ქვეყანა,
თუმცა არ აკლდა მას მტერი,
და ქრისტეს მცნება დაიცვა
არ შეუცვალა ელფერი.

„მაგრამ დაწყლულდა და იმ დროს
ხელი ჩაჰკიდა რუსეთმა;
თანამერჯულე ქვეყანამ
მას დაუმოწმა გულის თქმა!..

„შეჰფიცა: ოღონდ მომენდვეთ
მოჰყევით ჩემსა ნებასო
და მაშინ არ შევეხები
თქვენს სჯულს და ეროვნებასო.

„მტრებს მოგაშორებთ; მე მხოლოდ
ვიხმარ ჩემს ძლიერებასო.
და მაშინ ერთად თქვენც ჩემთან
იგემებთ ნეტარებასო!

„იამათ აღთქმა ქართველებს,
მიიღეს წრფელის გულითა;
თავი ჩაუდვეს კალთაში,
მიენდვენ სიხარულითა!

„ასე მოითხოვს ბუნება,
კაცი რომ დაიღალება,
თუ მოახერხა, იძინებს,
ბევრს აღარ გაეწვალება.

„ხალხიც ასეა, როდესაც
ხანგრძლივად დაიღალება,
დაეძინება... და მაშინ
აღარც-რა დაევალება.

„ქართველიც ძილმა წაიღო
ეს ასი წელიწადია
და პასუხს აგებს ამ ხანში
იმისი ლალა-გადია.

„ბევრი რამ მოხდა ამ ხანში:
გამოიცვალა ქართველი
და უკან-უკან წავიდა,
წინ-წინ მსვლელობის მნატვრელი!

„გაგვიბატონდა ბურჟუა,
გამტკიცდა ბატონ-ყმობაცა,
სულ გაცალცალკდა წოდება,
თან გაჰყვა მას თანხმობაცა.

„სუყველა გლეხკაცს დააწვა:
ბატონი, მღვდელი, ბურჟუა!..
ყოველი მხრიდან ტანჯული
გამოიჭყლიტა მათ შუა.

„იმისთვის არც მთა, არც ბარი,
აღარც მიწაა, არც წყალი;
სადაც შობილა, ბოგანოდ
დარჩენილია საწყალი!...

„დიდ-დიდი მებატონენი
დიდ-დიდ მამულებს ჰყიდიან,
ქართველობაზე გულგრილად
ხელსაც იღებენ!... მიდიან!..

„რა ენაღვლებათ? მათ ჩვენთან
რაღა ექნებათ კავშირი?
უნდათ, ჩაგვყარონ სხვის ხელში
გამოგვითხარონ მით ძირი!

„ბერძნების „ჯვარისმამები“
ჩამდგარან სისხლის მწოვრადა
და ბატონობენ ქართველებს
უშიშრად!.. შეუპოვრადა!..

„ესენი ვინღა არიან?
საით მოსულან, სიდანა?
რომელმა მტერმა-ეშმაკმა
ჩამოგვიყარა ციდანა?

„რა აქვსთ ქართველებს და იმათ
საერთო ერთმანეთშია,
რომ ჭირნახული ქართველის
მიაქვსთ მათ საბერძნეთშია?

„უბრალო ჩვეულებაა!
ძველთაგან დარჩენილია!
ვერ შელევიან ვეღარც დღეს,
რადგანც ნაყოფი ტკბილია!

„მაშინ, როდესაც ქართველებს
თვისი მეფობა ჰქონიათ,
ბევრი რამ საუკუღმართო
დღეისთვის მოუგონიათ.

„რადგანაც მაშინ სხვა იყო
მათი განზრახვა, აზრები,
მათ აუგიათ უცხოეთს
მონასტრები და ტაძრები.

„ააგეს ბიზანტიაშიც
ნიშნად ერთობა-ძმობისა
და ორ ქრისტიან ხალხთ შორის
მარადის შეთანხმობისა!

„ააგეს იერუსალიმს,
ათონში, ანტიოქიას;
სწირავდენ ყმა და მამულსა,
უფენდენ ვარდსა და იას,

„რადგანაც ეგულებოდათ
მლოცველად ქართველ-ბერები
და იზრდებოდენ იქავე
ქართველთა მეცნიერები.

„დღეს აღარა გვაქვს არც ერთი,
სუყველა მოსპობილია,
მაგრამ ნათლად სჩანს საქმიდან,
რომ „ბატონობა“ ტკბილია!..

„არ გვეშვებიან აღარც დღეს
„ჯვარისმამები“ უბიწოდ!
შემოსავალი მათ მიაქვსთ
და გლეხი რჩება უმიწოდ.

„სხვა სახელმწიფო ადგილებს
მე აღარ დავასახელებ
და გულდაწყვეტილ გლეხობას
იმითი არ გავახელებ.

„იქ დასახლების უფლება
აქვს, ვინც რომ უცხოელია!
მხოლოდ ქართველი ვერ მოხნავს,
თუ მიწა შემოელია.

„ნება არა აქვს ქართველ გლეხს
ისურვოს დასახლკარება!..
უჭირდეს, სიახლოვესაც
ტყვილა ნუ მიეკარება!

„უნდა წავიდეს უცხოეთს,
იქ შეეთვისოს ყარიბად;
თუ სამშობლოში დარჩება,
უნდა იცხოვროს ღარიბად.

,,აი, ესა ჰკლავს ქართველ გლეხს!
ეს ვეღარ აუტანია,
რაღაი გამოიღვიძა,
თითქმის, ეს ერთი ხანია.

„უეცრად გამოღვიძებულს
და ბნელში დიდხანს ნამყოფსა,
რომ მიაშუქებს ერთთავად
მზე, ვერ მოუტანს ნაყოფსა,

„სანამდე თვალს არ მიაჩვევს,
გამოერკვევა ნელ-ნელა!..
კანონი არის მსოფლიო
და ვინ არ იცის ეს ყველა?

„ქართველი გლეხიც ასეა:
სიბნელით გაბრუებული,
ჯერ შინაურებს ეხლება,
რომ მოიფხანოს მან გული;

„მერე შეუტევს გარეშეს,
შინვე რომ დაიგეშება,
და მაშინ იხსნის თავს მხოლოდ!
მაშინ-კი ენუგეშება!“

აი, რა მითხრა, ვისაც მე
ვისახავ იდეალადა
და ვისიც სიტყვა ყოველი
გულში მედება ალადა!

გამიზიარა აზრები,
გავმხიარულდი, მიამა!
გატეხილ გულში იფეთქა
იჭვით დამჭკნარმა იამა.

სიმად ავიღე კალამი,
ჩანგით მივმართე წერასა
და შევუერთე ჩემი სვეც
გლეხების ბედისწერასა.

[1905 წ.]

რედაქტორის შენიშვნები

მოხუცის გრძნობა

ავტოგრაფი არ შეგვხვედრია.

დაიბეჭდა ცალკე წიგნად 1905 წელს ქუთაისში (გამოცემა ვ. ბეჟანიშვილისა) ცენზორის მიერ დათარიღებულია: „12 სექტემბერი“.

ეს პოემა ამ ბროშურიდან გადაიბეჭდა სახელგამის მიერ გამოცემულ აკაკის ოთხ- ტომეულში (ტომი II, გვ. 301).

სამწუხაროდ ეს პოემა ამ გამოცემაში კუპიურებით დაიბეჭდა. ალბად, ასოთამწყობის დაუდევრობით, გამოტოვებულია ოთხი გვერდი (ე.ი. 80 სტრიქონი).

ჩვენს გამოცემაში, ეს გამოტოვებული 20 ხანა, აღდგენილია.

1.17 წმინდა ნინო

▲back to top


ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში

პატარა ნინო ბაბუას
ეტიტინება ალერსით:
იმ დიდი ნინოს ამბავი
ან პროზად მითხარ, ან ლექსით!

ვინ იყო? სიდან მოვიდა?
თუ მართლა სომხის ქალია,
შენ უნდა გამაგებინო
და მეც ვისწავლო... ვალია!

ვისგან ისწავლა ქართული?
რად მოხვდა ჩვენს ქვეყანასა
და როგორ დაუახლოვდა
ქართლის დედოფალს ნანასა?

ან რა ქმნა, რომ მოარჯულა
მან კერპი მეფე მირიან?
ამ ამბავს ყველგან, სუყველა
სხვა და სხვა გვარად ჰყვირიან!..

- შენ გენაცვალოს ბაბუა!
ყოფილხარ ცნობის მოყვარე...
ჯერ შესწავლილი არა გაქვს
ეს ჩვენი სამშობლო მხარე.

ათასში ერთმა თუ იცის
ჩვენი ცხოვრება წარსული;
თვალი გვიჭირავს სკვითისკენ,
მიგვიდის გული და სული.

ჩვენც შენგვარ ცნობის მოყვარეს,
სუნით დავეძებთ ყველგანა;
ვერ დაგამადლით, რაც ვიცით...
და ვერ გიამბობთ შენ განა?

გიამბობ. ყური დამიგდე
ჩემო პატარა ნინუცა!
გულწრფელად გეტყვი, მოწმედ მყავს
დაბლა მიწა და მაღლა ცა.

I

ძველად კაპადოკიაში
ქართველთა ტომს უცხოვრია
და მუშაკის ოფლთან ერთად
სისხლიც ბევრი დაუღვრია.

დაასუსტა, დაამცირა
მეზობლებთან ხშირმა ომმა,
სანამ სრულად არ დაიპყრო,
საბოლოოდ, დიდმა რომმა.

გადარჯულდა, სანახევროდ
გაბერძენ-გარომაელდა
და წინანდელ გვარ-ტომობას
შიშისაგან ვერ ამხელდა.

აი, სწორედ ამ გვარ ხალხმა
წმინდა ნინო წამოშობა...
მოციქულთა თანასწორი
და ქართველთა ამაყობა.

როცა ქრისტეს მოციქულთა
ერთმანეთში წილი ჰყარეს,
თუ რომელმა სად მიუთხრას
ქრისტეს მცნება?.. რომელ მხარეს?..

ღვთის-მშობელიც მაშინ თურმე
არჩევანში ჩაერია
და წილად ხვდა ყოვლად წმინდას
კერპთ-მსახური „ივერია“,

მაგრამ იერუსალიმში
ქრისტემ დაუმკვიდრა ბინა
და მსახურად იოანე
სიკვდილამდე მიუჩინა.

და სხვა მოციქულებმა კი
აასრულეს, რაც ხვდათ წილად
და დაიწყეს ქადაგება
უცხო ხალხში მათ კეთილად.

შეხვდა მაშინ ანდრიასაც
კაპადოკიაში გავლა;
გამტკიცება ქრისტეს მცნების,
მონათვლა და კერპთა სწავლა.

ზოგმა იმ დროს საიდუმლოდ
ღმერთად ქრისტე აღიარეს
და მათ რიცხვში წმინდა ნინოს
წინაპრებმაც ინეტარეს.

II

განვლო სამმა საუკუნემ,
იშვა ნინო ქრისტიანად
და ჯერ ისევ მცირე იყო,
წაცავიდა სხვა ქვეყანად,

რომ ენახა თავის თვალით
გოლგოთა და საფლავიცა
და იქ იერუსალიმში
ქრისტეს რჯული გაემტკიცა.

ის სულ იმის ფიქრში იყო,
თუ სად არის ქრისტეს კვართი,
ელიოზმა რომ წაიღო?..
რა ხალხია ის წარმართი?

ერთხელ ძილში მან ჩვენება
ნახა თურმე საკვირველი:
ვაზის-ჯვარით წარუდგა წინ
ყოვლად წმინდა ღვთის-მშობელი

და უბრძანა: „მე წილად მხვდა
ივერია... კერპთა მხარე.
შენ, გიბრძანებ, ჩემ მაგიერ
იქ წახვიდე... მოიარე!

ჩემი შვილის სიყვარულით,
მე ვხედავ, რომ გიძგერს გული.
გამოძებნე მისი კვართიც,
სადაც იყოს დამარხული.

ძნელი გზაა, მაგრამ შენ კი
აიტანე განსაცდელი.
აი, ხელში ეს გეჭიროს,
მფარველი და შენი მხსნელი“.

ეს უთხრა და მისცა ხელში
ვაზის-ჯვარი დიდებული.
გაეღვიძა ნინოს, შეკრთა!..
მიეფინა სიხარული.

ნახა, ხელში რომ ეჭირა
მღვიძარესაც ვაზის-ჯვარი;
თმა მოიჭრა, იქვე შეჰკრა,
გადიწერა რა პირ-ჯვარი,

და ჯვრით ხელში, რწმენით გულში
ივერიას მოაშურა
და იმისი ლოცვა-მადლი
საქართველოს მოასხურა.

წამოვიდა, არ დარიდა
თავი უცხო გასაჭირსა
და მწყემსებთან გამოკითხვით,
წყალ-წყალ დაჰყვა სულ მტკვრის პირსა

და რადგანაც ურიების
მან იცოდა კარგათ ენა,
ცოტა ხნობით ქალაქ ურბნისს,
მათთან ერთათ შეისვენა.

III

ერთხელ ნინომ შენიშნა, რომ
ხალხი მიდის დარაზმული
და იკითხა: სად მიდიან,
ასე მორთულ-მოკაზმული?

უთხრეს: მცხეთას!.. დღეობაა
დიდი ღმერთის არმაზისა!..
სულ ოქროში ჩამჯდარია...
ვით მეტოქე მაღლა მზისა.

აედევნა ნინოც სხვებსა,
გაოცებით გულის თქმაში
და წავიდა სხვებთან ერთად,
როგორც მგზავრი, იქ - მცხეთაში!..

ნახა იქაც მოძრაობა.
გამოსულა დედა, წული,
რაღაც სადღესასწაულოდ
მორთული და მოკაზმული.

დაჰკრეს დაფსა და ნაღარას,
გამობრძანდა მირიანი;
უთვალავი ახლავს ჯარი
და ზედ მეტი მისიანი.

ეროვნული ლიტანიით
მიდის ყველა ზადენ-გორას;
იქ დასდგამენ სისულელის
და ოცნების ხორა-ხორას.

აედევნა ამათაცა,
უნდა ნახოს ხალხის ძალა.
სხვებს მიასწრო!.. კლდის ნაპრალში
შევიდა და მიიმალა.

უხილავი, უჩინარი
სხვებისაგან მალავს თავსა,
მაგრამ თვითონ კი უყურებს
ყოველიფერ სანახავსა.

აი, მის წინ ზადენ-გორა!
ზედ არმაზი ამართული,
მარჯვნით გაიმ, მარცხნით გაცი
მორთული და მოკაზმული.

ხედავს არმაზს ოქროს ჯაჭვით,
ხმალით ხელში მოელვარეს;
მრისხანებით გადაჰყურებს
საქართველოს ყოველ-მხარეს.

მიდის ხალხი, მის წინაშე
სასოებით მუხლსაც იყრის:
დიდებულნი და თვით მეფეც
მოწიწებით თავს დაბლა ჰხრის.

დიდებიც კი კვნესა-ოხვრით
მსხვერპლად სწირვენ პირმშო შვილსა,
და შიშისგან ატანილნი,
თაყვანს სცემენ იმ ხელქმნილსა.

ამას ყველას ხედავს ნინო,
აშფოთებით უცემს გული
და ეს ხალხი ებრალება,
ზეზეულად დაღუპული!..

ხელთ-ააპყრობს მაღლა ცისკენ
და შესტირის ღვთის-მშობელსა,
როგორც ჭირში დამხმარებელს,
საცდურისგან გამომხსნელსა:

„დედავ ღვთისავ! რა ძნელია
ამის ხილვა და ყურება,
რომ ყოფილა მიწის ზურგზე
ამისთანა უგნურება!

თუ შენი ძე, ის ღმერთ-კაცი,
გაიმეტე ჯვარს საცმელად,
რაღად სტოვებ სხვა მერჯულეს
ქვეყანაზე საეჭველად?

არა! ყოვლის შემძლებელო,
მოისწრაფე!.. მოიხილე!..
დაეც მეხი კერპთ-მსახურთა!
გამოსცადე! გააფრთხილე!“

მაშინ მოხვდა ქარი ნიავს,
ცა შეიკრა ღრუბლით შავად;
მაღლით სეტყვა გადმოჰყარა
ლიტრა-ლიტრა... კაცის თავად.

დაფრთხა ერი. გამოიქცა...
ისევ მცხეთას მოაშურა;
შემუსვრას და დამარცხებას
კერპებისას ვერ უყურა.

სთქვა: „ითრუჯან ქალდეველმა
ჩაიდინა ყველა ესო;
ერთხელ რომ ზღვა მოაყენა
მის სანაცვლოს უხდის დღესო!“

მეორე დღეს დამხობილი
ნახა ხალხმა იქ ღმერთები;
აქა-იქა მტვერში ეგდენ
მათი ნაშთი, ნაფლეთები.

ზოგან ტანი, ზოგან თავი,
ზოგან ფეხი, ზოგან ხელი,
და მათ ახლო მხოლოდ წმინდა
ნინო იდგა უვნებელი.

წამოვიდა ნინოც მცხეთას
ბინა დასდვა მაყვლოვანსა
და ცხოვრობდა იქ, მლოცველი
ჯვარცმულისა, მცირე ხანსა.

მკურნალობდა, ქრისტეს ძალით
ჩაიდენდა სასწაულსა
და სნეულთა განკურნებით
ის იგებდა ქვეყნის გულსა.

რაღაც სენით უკურნებლით
ავად გახდა დედოფალი.
არაფერი რამ სახორცო
არ მიუდგა მას წამალი.

და მაშინ კი, ობოლ მკურნალს
სასახლიდან მიეგზავნა
შუამავალ მოციქული,
სეფე-ქალი და შროშანა.

მაგრამ ნინო არ წავიდა
და პირ-იქით შეუთვალა:
თვითონ მოდი, რადგანც ჰკურნავს
ქრისტეს ჯვარი და მის ძალა.

დამორჩილდა დედოფალი,
რომ მეტი გზა აღარ ჰქონდა.
„ტკბილი არის სიცოცხლეო“
და სიკვდილი მოაგონდა.

სასოებით თაყვანი-სცა
ჯვარცმულს, მწარე ცრემლებს ღვრიდა
და ამ უცხო დედაკაცსაც,
როგორც წმინდას თავს უხრიდა.

და ნინომაც კერპ დედოფლის
სასოება როცა ნახა,
დადგა ლოცვად და მომაკვდავს
მადლით ჯვარი გადასახა.

ტკბილ ქართულად უთხრა: თუ გრწამს
ჩემი ღმერთი შენდა მხსნელად,
განიკურნო, დახვიდოდე
მორჩენილი უვნებელად.

ეს რომ უთხრა, ზე წამოდგა
განწმენდილი დედოფალი.
მისთვის არც დრო... არცა ჟამი
და არც რამე სხვა წამალი!

გაუკვირდა. მოჰყვა ტირილს...
აუჩვილდა ნანას გული,
და იმ დღიდან აღიარა
როგორც ღმერთი, მან ჯვარცმული.

იმავე დროს მან განკურნა
უფლის წული სულთ-მობრძავი
და დედის ძმა თვით დედოფლის
აღადგინა მომაკვდავი.

ხმა სასწაულთ მოქმედისა
დაუვარდა წმინდას ქვეყნად.
იძახოდენ: „მოსულია
ივერიის შვებათ და ხსნად“.

ახმაურდა ივერია,
გაიღვიძა მთამ და ბარმა
და კერპობაც შეურაცჰყო
ჯვარცმულმა და მისმა ჯვარმა!..

დაამოწმა აბიათარ
ებრაელთა მღვდელმა ეს ხმა
და, ვინც იყო იჭვნეული,
გაუმაგრა მათ გულის-თქმა.

IV

გამობრძანდა ერთხელ მეფე
მუხრანისკენ სანადიროდ
და ოთხიცა თან მზრახველი
გაიყოლა სათათბიროდ.

უთხრა: უნდა გაგიმჟღავნოთ
საიდუმლო, გულს-ნადები;
დიდათ ვწუხვარ, რომ დავაგდეთ
ივერიის ჩვენ ღმერთები

რომ წავდგებით საიქიოს,
რაღას ვეტყვით ჩვენ წინაპრებს,
რომ არაფერს არ უჯერით
აღარც ცოცხლებს და აღარც მკვდრებს.

ზადენის და არმაზის წილ
თაყვანსა ვსცემთ ვიღაც ჯვარ-ცმულს,
დედაკაცის რაღაც ზღაპრებს
ყურს ვუგდებთ და ვაყოლებთ გულს.

ის მოსული დედაკაცი
სასწაულებს ჩადის ხშირად,
მაგრამ იმას ეშმაკები
ხელს უწყობენ ჩვენდა ჭირად.

მოატანა სამხრობამ, რომ
ჯერ ნადირი არ გვინახავს...
თუ არ რისხვას ღმერთებისას
ეს შემთხვევა მაშ რასა გავს?

ალბად წინაპრების ღმერთმა
შეგვაქცია რისხვით პირი,
აღარ უნდა ჩვენი ლხენა;
ჰსურს მოვიმკოთ ჭირზე ჭირი.

რაც შევსცოდეთ, ისიც კმარა.
შევინანოთ ყველამ ერთად
და ღმერთები ჩვენგან კრული,
აღვიაროთ ისევ ღმერთად.

რომ დავბრუნდეთ მცხეთას, ისევ
მთლად სამეფო იქ შევყაროთ
და ეს ჩვენი განზრახული
საქვეყნოთაც აღვიაროთ.

დავგმოთ ნინო ვით გრძნეული!..
დაუდგება ეშმაკს თვალი
და თუ ნანაც არ დაგვთანხმდეს,
გავწიროთ თვით დედოფალი.

ამ სიტყვებზე მთა შეიძრა,
თვითოეულს ეცა ელდა;
მოწმენდილმა ცამ იქუხა,
მზეც გაშავდა... ჩამობნელდა.

აიტანა შიშმა ყველა,
აცახცახდენ ვით ალვის რტო,
გაიფანტენ აქით-იქით!...
დარჩა მეფე მარტოდ-მარტო.

აქეთ ეცა, იქით ეცა,
ვერ გაიგნო გზა და კვალი;
ვეღარაფერს იხედება:
დამდგარი აქვს ორივ თვალი.

მამაპაპის ღმერთს იგონებს,
შესაწირავს ბევრს პირდება,
მაგრამ არა ეშველარა,
მაინც ბნელა!.. არ თენდება.

გზა დაბნეულს და დაღუპულს,
მოაგონდა ცოდვილს ნინო:
„ნინოს ღმერთო! შენ გიწამო,
თუ ნათელი მომაფინო“.

ამის თქმა და გათენება
ერთი იყო... მზე გაბრწყინდა.
აეხილა ყველას თვალი,
მაგრამ ყველა კი შეშინდა,

და მაშინ სთქვეს: ის ყოფილა
ქვეყანაზე ერთად-ერთი
და ამიერ ჩვენც ის ერთი,
გვრწამს ჯვარცმული, ნინოს ღმერთი.

ჩამობრუნდენ მცხეთას და ხალხს
მათ მიუთხრეს სასწაული
და შეიქმნა იქ საერთო
ლიტანია - სიხარული.

იმ დროს ნინო მაყვლოვანში
ჩვეულებრივ იდგა მწუხრად
და მეფემაც მიაშურა
ჯარით მოყვრად, არა თუ მტრად.

უთხრა, რაც კი თვალით ნახა
სასწაული თხოთის მთაზე
და დასტურიც ნინოსაგან
მან მიიღო გულის თქმაზე:

კონსტანტინე დიდს მისწერა,
საბერძნეთსაც მიახარა
და, რომ რჯული გაამტკიცოს,
მუნით ღვდლები დაიბარა.

მაშინ უთხრა მეფეს ნინომ:
,,ღმერთს შეეტკბო ეს ქვეყანა!..
და ამ სამწყსოს მოსავლელად
აქ დარჩება მხოლოდ ნანა.

მე კი საღმრთო, ზენა ძალი
მაკისრებს და მაიძულებს,
კახეთისკენ გავემგზავრო,
მივაშურო კერპ-მთიულებს.“

წავიდა და იქ დაუხვდა
მას სალომე უჯარმელი;
დედოფალმა წმინდის გრძნობით
გაუშვირა წმინდას ხელი.

გაამტკიცეს მთელ კახეთში
ქრისტეს რჯული, ქრისტეს მცნება.
და ბოდბეში მოისურვა
წმინდა ნინომ განსვენება.

იქ ცხოვრებდა უდაბნოში
ქადაგებდა ახალ რჯულსა
ერთრჯულობით აერთებდა
ვაკელებსა და მთიულსა.

V

რომ მოვიდა აღსასრული
და დააგდო. ეს ქვეყანა,
იქ იახლა მირიანი...
დედოფალიც წაიყვანა.

მოინდომა მცხეთაშივე
ჩამოტანა და დამარხვა,
მაგრამ მეფეს გაუცუდდა
სურვილები და განზრახვა:

ვეღარ დასძრეს ადგილიდამ
წმინდა კუბო... მძიმედ ნახეს
და დამარხვა ნეტარისა
ადგილობრივ განიზრახეს.

ზედ ააგეს ეკლესია
„წმინდა ნინოს“ სახელობით
და იქ მთელი საქართველო
თაყვანს სცემდა წლიდამ-წლობით.

მაგრამ დღეს კი აღარ მიდის
ქართველი, რომ სცეს თაყვანი,
რადგანც მისთვის დაკეტილი
არის წმინდა გალავანი!

თითქმის თოთხმეტს იანვარსაც
არ მიდიან!.. თავს არ ხრიან,
რადგანაც იქ ქართულის წილ
„პაკი-პაკის“ იძახიან.

1905-1906 წ.

რედაქტორის შენიშვნები

წმინდა ნინო

„წმინდა ნინო“ - პირველად ამ სათაურით-დაიბეჭდა სასულიერო ჟურნალში: „ჯვარი ვაზისა“, 1906 წ., №5 (23 აპრილი); ეს პოემა ამავე წელს გამოვიდა ცალკე წიგნად, სათაურით: „ქართველთა გამნათლებელი მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, პოემა აკაკისა, „ჯვარი ვაზის“ გამოცემა. სტამბა „გუტემბერგისა“. ბ. ს. ესაძე, სასახლის ქუჩა [თბილისი]. დაცენზორებულია: 1906 წ. 26 აპრილით.

„წმინდა ნინო“ მეორედ დაიბეჭდა 1908 წელს, ქუთაისში ივანე კილაძის სტამბაში, მიტროფანე ლაღიძის საფასით.

აქ გამოტოვებულია, ალბად ცენზურის მიერ, ერთი კუპლეტი:

„ეროვნული ლიტანიით
მიდის ყველა ზადენ-გორას;
იქ დასდგამენ სისულელის
და ოცნების ხორა-ხორას?.

ეს ხანა ჩვენს გამოცემაში აღდგენილია.

მ. ლაღიძის გამოცემას აწერია: საიუბილეო გამოცემა. პოემას პირვანდელი სათაური შეცვლილი აქვს ასე: „წმინდა ნინო ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“.

ჩვენს გამოცემაში ეს სათაური დავტოვეთ. წიგნის თავფურცელზე გამომცემლის მიერ ასეთი წარწერაა:

„მთელ ამ გამოცემის ღირებულებას ნიშნად ღრმა პატივისცემისა უძღვნი დიდებულ იუბილიარს აკაკის 50 წ. მოღვაწეობის სახსოვრად.

მიტროფანე ლაღიძე.“

ვალერიან გუნიას არქივში ვნახეთ აკაკის ერთი წერილი (ამჟამად ეს წერილი ინახება საქ. სალიტ. მუზეუმში ¹ 135), რომელიც „წმინდა ნინოს“ გამოცემასაც ეხება.

აი ეს წერილიც მთლიანად:

„ძმაო ვალიკო!

მიტროფანე ლაღიძემ განიძრახა, რომ ჩემი უკანასკნელი ისტორიული პოემა: „საქართველოს გაქრისტიანება“ ანუ „წმინდა ნინო" დაბეჭდოს თვისისის ხარჯით ხუთი ათასი ეკზემპლიარი და მომეძღვნას მე ნიშნად თანაგრძნობისა, როგორც იუბილარს. ბეჭდვას უკვე შეუდგა. ეს ცნობა ეგებო გამოგადგეს. აგრევ ეს სანაკვესოც:

ერთი ახალგაზდა ქართველი მასწავლებელი ისტორიკოსობას ჩემობდა და დიდათაც მოჰქონდა თავი. ერთხელ მისმა ამხანაგებმა დაუწყეს ქება: ნამდვილი ჩვენი დროის პლუტარხი-აო! იქ დაესწრო აკაკიც და უპასუხა: „პლუტარხია, მაგრამ თავბოლო შექცეულიო, ესე იგი არხი პლუტიო!“

სხვა აღარასა გწერ რომ „აჭი-ბაჭიათი“ არ მოგაცდინო. ამდღეებში გიგზავნი ერთ ლექსს თურქების შესახებ.

შენი აკაკი“

საქართველოს მუზეუმის ხელთნაწერთა განყოფილებაში, აკაკის ავტოგრაფებ შორის, არსებობს „წმინდა ნინოს“ ავტოგრაფი, რომელიც პოეტის შავს წარმოადგენს. (იხ.№H: 1480). 1908 წლის გამოცემა შეუფარდეთ ამ ხელთნაწერს და აღმოჩნდა სიტყვათა სხვაობა.

ხელთნაწერში (და აგრეთვე პირველ გამოცემაშიც) არის ასეთი სტრიქონი: „თვალი გვიჭირავს სხვისაკენ“. 1908 წლის გამოცემაში ეს ადგილი ასე იკითხება: „თვალი გვიჭირავს „სკვითისკენ“; ხელთნაწერშია: და მაშინ კი ყაჩაბ მკურნალს“ [ყარიბ მკურნალს?] ორივე გამოცემაში დაბეჭდილია: „და მაშინ კი ობოლ მკურნალს“... გარდა ამისა შევასწორეთ ის კორექტურული შეცდომანი, რომელიც ორივე წიგნში იყო გაპარული.

აკაკის შემოქმედების გასაცნობად ეს ავტოგრაფი მეტად საინტერესოა: ამ ხელთნაწერ-ვარიანტში პოემა დასრულებული არ არის, თავდება სტრიქონამდე: „მუნით მღვდლები დაიბარა“. შემდეგ დასასრულის ნაცვლად, მოყვანილია რითმები: ბრძანა - ნანა, [მთიულებს - სასწაულებს], უჟარმელი-ხელი, არიცნეს - მოაქრის-ტიანეს, ბინა-მოაფინა, დღეობა - ხეობა, ხრიან-იძახიან. ყველა ეს რითმა, ორიოდეს გამოკლებით, ნახმარი აქვს პოემის დასასრულში. აკაკი როცა ამ პოემას წერდა, ალბად, მთელი გეგმა თავში ჰქონდა მოაზრებული, ამას მოწმობს ეს შავად დარჩენილი დაუსრულებელი პოემა, მისი რითმები და ის ავტოპირი, საიდანაც დაიბეჭდა პოემა - „წმინდა ნინო“.

1.18 მამლის ყივილზე

▲back to top


ზღაპარი

ჩამოსტირის ზამთრის პირი,
დაღრეჯილა ტყე და ველი,
არ ვარგია ქალაქს გარედ
საცხოვრებლად აწ სოფელი.

გარედ წვიმს და ტალახია.
გული კვნესის, შფოთავს გული!..
უნდა დარჩე სახლში მარტო,
ტუსაღივით დამწყვდეული.

დამიძახეთ მოხუც-გამდელს,
შემაქციოს მაინც ზღაპრით!..
მითხრას ამ მთის, ან იმ ბარის,
თუნდ პირდაპირ, თუნდ გადაკვრით!..

შემოვიდა დედა-ბერი,
ჩვეულებრივ მოიკეცა;
მოჰყვა ზღაპარს, მაგრამ ჯერ კი
მოაგონდა მაღლა ზეცა.

„ღმერთზე დიდი არვინ არის!..
ვერც იქნება ვეროდესა!
წყევლა-კრულვა პილატეს და
შეჩვენება ეროდესა!“

იყო ერთგან ერთი კაცი
ობოლი და მარტოხელა;
ბატონი, ყმა, ერი, ბერი
სულ კისერზე აწვა ყველა.

მას ემართა მათ ყველასი
ერთგულება-სამსახური.
მაგრამ ერთხელ კილო-კავად,
სადღაც თურმე მოჰკრა ყური,

რომ ბატონი ტყუილია,
მატყუარა არის მღვდელი.
მიანება თავი სახნისს
და მოავლო ხანჯალს ხელი!

გაბოროტდა, დატრიალდა,
არ ზოგავდა აღარც ერთსა;
არ ჰკითხავდა აღარაფერს
დაბლა მიწას, მაღლა ღმერთსა.

მოქნეული, მოზომილი -
ნათქვამია - ვის უნახავს?
გამწარებულს ნამეტნობას,
ჩვენში რომ ვსთქვათ, ვინ უძრახავს?

სთქვა საწყალმა გუნებაში:
თუ გადურჩი მე ამ ორ ჭირს,
ჩემს ბედს ძაღლიც აღარ დაჰყეფს,
მომავალში!.. რაღა მიჭირს?!.

და ორივეს გაუცხადა
მტრობა... ბრძოლა პირდაპირი,
ჰსურდა მოეშორებია
ამნაირად ჭირით ჭირი!

„აირია მონასტერი“.
აიშალა შინაობა!..
რისი ძმობა!.. რა ერთობა?
რა მღვდლობა?.. რა ბატონ-ყმობა?!

გადომხალდა ყველაფერი.
„ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობდა“.
ვერც დიდი და ვერც პატარა
საკეთილოს ვეღარ გრძნობდა.

გაჩდენ მაშინ შუა-კაცად,
ვითომ უფრო შეგნებული;
ერთმა სხვა სთქვა, მეორემ სხვა...
აუცრუეს გლეხ-კაცს გული!..

თითქოს ხელში სჭირებოდეთ
მათ ზღაპრული ნატვრის თვალი,
ყველა ერთად მოინდომეს...
დააბნიეს გზა და კვალი!..

უმტერ-მოყვრო არვინ არის!..
მარტო ხელსაც ყავდა მტერი,
ჩრდილოეთით გადმოსული,
სუსხისაგან მონაბერი.

მარტო-ხელას სამშობლო რომ
ნახა იმან არეული,
აეშალა საღერღელი,
აუძგერდა სამტროდ გული.

სთქვა: „ეს კარგი შემთხვევაა
რომ ატროკდა მარტოხელა
და მეც ეხლა მეშველება...
ხელს შეუწყობ ნელა-ნელა.

დაერევა შინაურებს,
არ დაზოგავს თვისიანსა
და მეც, ვითომ განზე მდგომი,
ქვეშ-ქვეშურად მივცემ ბანსა.

ერთმანეთს რომ ყველა ერთად
გაადენენ მუსრს და ალსა,
მხოლოდ მაშინ გამოვიჩენ
მეც ჩემ სურვილს და ჩემ ძალსა!“

ესა სთქვა და განზე გადგა,
ჩხუბში აღარ ჩაერია.
აქეთ ეს სთქვა, იქით ის სთქვა,
ორივ მხარე გადარია.

მაშინ გაჩნდა ერთი ვინმე
და მიჰმართა მოჩხუბრებსა;
რაც რომ ჰქონდა განზრახული,
უთხრა, როგორც მეგობრებსა:

„რას ჩადიხართ? აგრე როგორ
აგრევიათ ყველას ჭკუა,
რომ თქვენგანი ყველა ერთად
გარე მტერმა მოატყუა?..

როცა ებრძვით თქვენ ერთმანეთს,
ხომ სუსტდებით ერთად ყველა?
თქვენი მტერიც მაგას უცდის;
ხელს ჩაგკიდებსთ ნელა-ნელა!

გაგისტუმრებსთ ყველას ერთად
იქით, სადაც არ მოელით
და თქვენსავე ყელს გაიჭრით,
უგუნრებო, თქვენის ხელით!..

არ გიჯობსთ, რომ გამორიგდეთ
მეგობრულად, შინაურად
და ერთმანეთს სიყვარულით
გაუწოდოთ ხელი ძმურად?

აბა, რა გაქვსთ საჩხუბარი
და ან სამტრო საშვილ-შვილო?
გონს მოეგეთ, რომ არ გახდეთ
გარე მტრისგან სასაცილო!..

დღეს ვეღარ მცნობთ, მაგრამ თქვენთვის
ბევრი ოფლი დამიღვრია!..
თქვენს მოსარჩლედ გამოვსულვარ
და არც ქედი მომიხრია!..

მაშინ სიტყვაც ძნელი იყო,
არ თუ საქმე დღევანდელი.
მაგრამ ვიყავ გამბედავი...
ჩალად მიჩნდა ეს სოფელი! 

აღარც ცოლი, აღარც შვილი,
აღარც სახლი, აღარც კარი!..
გაძაღლებულ ცხოვრებაში
თქვენთვის ვიყავ მე მყეფარი.

ვხედავდი, რომ, რასაც თესდენ
ვერ მოგცემდათ ის კარგ ნაყოფს,
მაგრამ ვერას შემგონები
დაგტიროდით ვით ავადმყოფს!

ბატონ-ყმობა გადააგდეს,
ვითომ, მაგრამ თვალთმაქცურად,
„სადაც გავა გავად გავა,
იქვე კანჭიც გადის ცურად!“

გადააბეს ერთმანეთზე
თავადი და გლეხი კაცი,
როგორც მშვიდი, უწყინარი,
ორი ცხვარი! - ორი ვაცი!...

შუამავალ მომრიგებელს
ის საბმელი მისცეს ხელში,
რომ ორივეს მოუჭიროს
და მოჰხაროს მაგრად წელში!..

აბა, სადღა იქნებოდა
ამ ყოფაში გლეხის ბედი,
თუ რომ უნდა მოეტანა
ბატონისთვის მეოთხედი?

ის ბატონიც თავის-თავად
ვეღარაფერს აიღებდა,
თუ რომ მოსამართლის კარზე
ძაღლივით არ დაიყეფდა.

რაც რომ ჰქონდა, ეკლესიას,
ჩამოართვეს სუყველა მღვდელს
და მიუგდეს ის სარჩენად 
მის მრევლსა და საწყალ სოფელს.

გაჩნდა დრამა, შუა-კაცად
ჩაერია პოლიცია...
და მღვდელიცა და სოფელიც
თანასწორად დააქცია!..

გადაჰკიდა ეშმაკურად
მან წოდება წოდებასა
და სიცილით ყურს უგდებდა
იმათ ტანჯვა-გოდებასა!

ის ამგვარად იქცეოდა
პოლიტიკურ მოსაზრებით
და მომავალს იმზადება
ჩვენი ქვეყნის აოხრებით!

ჩვენ წავალთ და სხვები მოვლენ!..
მათ დარჩებათ ჩვენი მხარე!
მე სულ ამას დაგტიროდით
და დღესაც მდის ცრემლი მწარე!

არა! გიჯობსთ მორიგება!
ნუ იქნება, მეოთხედი! -
შემოვიდეს თანსწორობა,
გაუბრწყინდეს ყველას ბედი!..

გლეხს სჭირდება მიწა-წყალი,
სადაც ხელი მიუწვდება!
„რაც ერგება, - შეერგება“!
რაც არა და ტყვილა სცდება!..

თვისი შრომა, თვისი ოფლი
მოიხმაროს იმან უნდა
და სხვასაც არ მიაყაროს
იმავე დროს ქვა და გუნდა!

უნდა შვილი გამოზარდოს,
რომ პირუტყვად აღარ იყოს
და „ძმობასა“ და „ერთობას“
მაშინ მხოლოდ ხელი მიჰყოს.

სწავლა არის მხოლოდ ერთი...
ერთი მხოლოდ განათლება,
რომ შეეძლოს სუყოველ კაცს
თანასწორად ამაღლება“.

ეს რომა სთქვა, გადახედა
სასოებით ორთავ მხარეს.
ჰგავდა ბნელში მოარულსა,
უსინათლო, დამცხრალ-მთვარეს.

წინ წამოდგა ახალგაზრდა,
ულვაშები გადიგრიხა,
გაისწორა თავზე ქუდი,
წინ და უკან გადიპრიხა:

„რას ჩერჩეტობ, ბერო-კაცო,
და რას მიედ-მოედები?
საჩვენოში ეჩხირები
და ამდენ ხანს აღარ კვდები!..

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!..
ძველი ყველა წასულია!..
რაღას ვარგა, გინდ მზეც იყოს,
თუ დასავლეთს დასულია?

იმ ძველ დროში შენც იყავი,
შესაფერი გქონდა ქება,
მაგრამ ახლანდელი დროს კი
არაფერი გაგეგება.

ქვეყანა და ქვეყნის საქმე
თბილ-ოთახში გისწავლია,
მე კი დედამიწის ზურგი
სულ ფეხდა-ფეხ მომივლია.

გადავსულვარ სოფლით სოფლად,
შემიგნია გლეხ-კაცობა
და არა მჭირს მეც თქვენსავით
ოცნება და უვიცობა!...

რა სამშობლო? ვის სამშობლო?
რა ერი და რა ნაცია?
კაცი კაცად გაჩენილა;
სადაც იყოს, სულ კაცია!..

არის მხოლოდ ერთი შრომა...
ქვეყნად არის მხოლოდ მუშა;
დღეს აქ არის, ხვალ იქ არის
ვით ჭურჭელი... როგორც შუშა!

ოღონდ კუჭი კი გაიძღოს,
სულ ერთია სადაც იყოს,
საოცნებო ლათაიით
რომ ვერავინ გააბრიყვოს!

აქ ვიქნებით ჩვენ, თუ სხვაგან
ნუ თუ ერთი არ იქნება,
მაგრამ იმ ჩვენ წინაპრებს კი
არ ჰქონიათ ეს შეგნება.

სასუფევლის დამყარება
ქვეყნად ქრისტემ ვერ გაბედა,
საიქიოს გადიტანა,
იქ რაღაცა დაგვიყბედა.

ჩვენ აქავე მოვიპოვებთ
იმ სასურველ ნეტარებას
და თვით ხალხსაც არ ვუფარავთ
საიდუმლო აღსარებას!

დიადია ქვეყნისათვის
ჩვენი რწმენა, იდეია!
უნდა სისხლზე ამოვიდეს:
იასამან-ვარდი-ია!..“

გაეცინა მოხუცებულს:
„ვაშა! თქვენ აზრს, თქვენ სიტყვასო!..
მაგრამ მაგრე წვეთ-წვეთობით
ვინ დააშრობს უფსკრულ-ზღვასო?

სიყმაწვილით, აჩქარებით
ნუ დაიბნევთ გზა და კვალსო!..
მომავალი მოამზადეთ
და მიანდვეთ მომავალსო!!“

სსსუ! გამდელო, მეტს ნუ იტყვი!
ეგ ზღაპარი გამიგია!..
მაგრამ მე ეგ მტრის ხაფანგი,
მისთვისავე დამიგია!

გარეთ წვიმს და ტალახია,
ჩვეულებრივ არც შინ თბილა,
მაგრამ მალე გათენდება...
ჩუ! მამალმაც დაიყივლა.

1906 წ.

რედაქტორის შენიშვნები

მამლის ყივილზე

ეს მოძრაობის დროინდელი პოემა, პირველად დაიბეჭდა 1906 წელს თბილისში.

მეორედ (შემოკლებით) შეიტანა ს. გორგაძემ თავის ქრისტომატიაში „ჩვენი მწერლობა“ 1907 წ., გვ. 85.

არსებობს ამ პოემის ავტოგრაფიც (ნაწყვეტი). ხელთნაწერი იწყება: „ბატონყმობა გადააგდეს“ და სხვ. (№1439 - H).

1.19 გორგასლანი

▲back to top


ისტორიული ზღაპარი

I

ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა;
იალბუზზე ფეხი შესდგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა!“...

დაიმტკიცა ზეკაცობა,
არვინ ჰყავდა ქვეყნად ტოლი;
მეფეებში ერჩეოდა,
მარგალიტი ვით ობოლი.

მას ვეზირი ვინმე ახლდა,
სახელდობით ჯუანშირი,
შუქმომფენის შუქმიმფენი,
საკადრისი გმირთაგმირი.

ვით მნათობი დღე და ღამის
მაღლა ცაზე მზე და მთვარე,
ისე იყვნენ დაბლა, ქვეყნად,
ერთმანეთის მოზიარე.

საჭირ-ლხინოდ ერთმანეთსა
გადუშლიდენ ძმურად გულსა
და ზედ ჰსთესდენ მოსამკელად
სიყვარულით სიყვარულსა!

არ იცოდენ, თუ რა იყო
საძნელო და გასაჭირი!..
ბედსა ჰყავდა არჩეული
ის მეფე და ის ვეზირი!..

მაგრამ ერთხელ მაინც მეფეს
შემოაწვა სევდა რამე
და დაჰკარგა უნებურად
სიხარული და სიამე:

აღარც სმა და აღარც ჭამა,
აღარც ძილი გემრიელი
და, სიკეთე-მოყირჭებულს,
მოეწყინა ეს სოფელი!..

ხმა გავარდა სამეფოში,
ამოძრავდა საქართველო:
რა მოსვლია ბატონ-მეფეს,
რომ ყვითლდება, როგორც მდელო?

რა აკლია, ნეტავი ღვთით?
ხელთ უჭირავს ნატვრის თვალი!..
წარსულითა და აწმყოთი
დამტკბარი აქვს მომავალი!

ხმალი უჭრის... ცალს არ უდებს 
ალექსანდრე მაკედონელს.
ყველა მისი მორჩილია,
საითაც-კი გააშვერს ხელს.

სიმდიდრე აქვს მთელი ქვეყნის
თვით კრეზზედაც მდიდარია;
ვეზირი ჰყავს ბრძენთაბრძენი
და მაშ რამღა გადარია?!

რაც-კი იყო სამეფოში
ან მკითხავი, ან მკურნალი,
ყველამ თავი მოიყარა,
რომ შეასვან მას წამალი.

ამან ეს სთქვა, იმან ის სთქვა,
ახრიალდენ წარამარა,
მაგრამ მათი საცადისი
მეფეს ვერად მოეხმარა:

მიდიოდა უარ-უარ
ის დღითი-დღე, ნელა-ნელა;
ცდა და შრომა არ ჰკლებია,
მაგრამ მაინც არ ეშველა.

მაშინ ერთხმად გადასწყვიტეს:
„უმკურნალო სენიაო!..
ღმერთს მივანდოთ... ის მოარჩენს,
თუ რომ მოსარჩენიაო“.

სთქვეს და წავიდ-წამოვიდენ,
დარჩა მხოლოდ ჯუანშირი,
მარტო, მეფის მაგიერად,
ნაცვალი და მისი პირი..

გავიდა დღე, გავიდა თვე,
გადის თითქმის წელიწადი.
შრომობს მარტო ჯუანშირი,
მისი მეფის გულითადი.

არას ამხელს, უცდის მხოლოდ
და მოელის მის მორჩენას,
დაბლა, ქვეყნად, წამალს ეძებს
და ავედრებს მაღლა ზენას.

II

დიდის მეფის დიდ ვეზირსა
საქმე მიჰყავს ჭკვიანადა:
მამლის ყივილს რომ დაასწრებს,
დაიძინებს გვიანადა.

ისე მიჰყავს საქმეები,
თითქოს იყოს თვით ვახტანგი;
ვერ მოიცლის საღამომდე,
რომ აიღოს ხელში ჩანგი.

და მაშინ-კი, რომ მორჩება
სახელმწიფო საქმეებსა,
ჩანგს აიღებს და დაჰმღერის
საგულისხმო რამე ხმებსა:

აგონდება დრო წარსული
გორგასლანის გმირობისა;
დამარცხებულ მტრებისაგან
ჩამორთმევა პირობისა.

თვალწინ უდგას საარაკო
ოსთ ბატონი ბაყათარი,
ვახტანგისგან გაწვეული
და ძლეული მისგან... მკვდარი.

აგონდება, სპარსთა მეფემ
რომ გაუღო ქართველთ კარი
და ვახტანგმაც ინდოეთში
გადიყვანა მისი ჯარი.

პოლიტიკურ მოსაზრებით
ის რომ ბერძნებს შეესია,
გადააგდო პატრიარქი...
აამაღლა ეკლესია.

წირვა-ლოცვის მოსასმენად
მაშინ გვქონდა ბერძნის ენა
და აზრების გაუგებრად
იყო მხოლოდ სიტყვის სმენა.

აღადგინა გორგასლანმა
დედაენა დაკარგული
და, ბერძნული ენის ნაცვლად,
შემოიღო მან ქართული.

საეროვნო ნიადაგზე
დააყენა ყოლიფერი
და მით მისცა საქართველოს
საკუთარი რამ ელფერი...

აგონდება სუყველა ეს,
მოგონებით მხიარულსა,
მაგრამ, აწმყოს რომ უყურებს,
ის აღონებს... უკლავს გულსა!

უღონობა მეფის წარსულს
უბნევს ახლა გზა და კვალსა
და უმზადებს საქართველოს
უნუგეშო მომავალსა!

სევდა გულზე მოაწვება,
ჯუანშირი ჩაჰკიდებს თავს
და, ნუგეში რომ რამე სცეს,
ვერვის ჰხედავს, არვინა ჰყავს.

სწორედ ამისთანა დროზე
მის წინ წადგა ვიღაც გლეხი;
შიშითა და მოკრძალებით
აეკრიფა საწყალს ფეხი.

მოახსენა: „დიდებულო,
მესმის შენი გოდებაო!..
მაგას მარტო შენ არ სწუხარ,
ჩვენც ეგ ცეცხლი გვედებაო.

„მაგრამ ღმერთი მოწყალეა,
შეიძლება მორჩენაო.
თუ პირობას ამისრულებთ,
რომ დაგიდებთ მეც თქვენაო:

„ამ დიდებულ სასახლიდან
მას ჩემ ქოხში წავიყვანო
და იმანაც, რომ მეფეა,
გადაიგდოს გულიდანო!

„როგორც მონამ, გამიგონოს,
რაც ვუბრძანო, სუყველაო
და თავს გაძლევთ მოსაჭრელად,
თუ წლამდის არ ეშველაო“.

გაუკვირდა ჯუანშირსა,
მოახსენა მეფესაცა
და პირობა, დადებული
გლეხისაგან, მას გადასცა.

მეფემ ბრძანა: „ჯუანშირო,
ეგ პირობა ბევრიაო,
მაგრამ ცდა, ხომ ნათქვამია,
ბედის მონახევრეაო!

ვეახლები ერთ წელიწადს,
ეგებ, მართლა მეშველოსო!..
მანამდის შენ მოუარე
დაობლებულ სამეფოსო!“...

სთქვა და მონად გამოეწყო,
დაიმდაბლა მეფემ გული
და გლეხს გაჰყვა მორჩილებით
ზურგზე გუდა-მოდებული.

III

ტალახიან გზას გაუდგა
გლეხი, მიდის, მიჩანჩალობს;
და კვალდაკვალ მისდევს მეფე,
არ ჩამორჩეს, იმას წვალობს.

რომ მივიდენ ერთ სოფელში,
ისლიანი დახვდათ. ქოხი!
შიგ არც სკამი, დასაჯდომი,
არც საწოლი რამე ნოხი!

გაიფიქრა მეფემ გულში:
„აქ ვერ გავძლებ წელიწადსო!
მაგრამ სიტყვას ვერ დავარღვევ...
რომ გავტეხო, არცა მწადსო.

„სანამდისაც კი ავიტან,
მეც მოვითმენ გასაჭირსო.
და ახლა-კი ფეხმოკეცით
მოუჯდები ცეცხლაპირსო“.

სთქვა და კიდეც აასრულა:
ცეცხლთან იჯდა მთელი ღამე!
მისთვის არც სმა და არც ჭამა,
არც ძილი და არც სიამე.

მეორე დღეს, რომ ინათა,
გაიყვანა მეფე კარში;
მხარზე თოხი გაუდვა და
წაიყვანა სათოხარში.

უთხრა: „ვიცი, რომ არ იცი
მუშაობა გლეხკაცური,
მაგრამ უნდა მე წამბაძო
და მომაპყრა მე თვალ-ყური;

„უსარგებლო ბალახბულახს
ამოუგდო უნდა ძირი
და კარგ ღეროს უნებურად
არ მოარტყა თოხის პირი.

„გამოზომით დაიჭირე,
თოხს ნუ აქნევ წარამარად
და სიმინდის წვრილ ფესოებს
დააწვეთე ოფლი ღვარად!..

„და აკურთხებს მაღლით მაშინ
შემოქმედი ჩვენ სუსტ შრომას!..
ბევრადა სჯობს გარეთ დგომა
უსაქმურად სახლში ჯდომას!“...

ხან ეს უთხრა, ხან ის უთხრა,
შეიქცია საუბრითა.
მეფეს არ-კი შეუნიშნავს,
გაიწუნწა ოფლის ღვრითა.

საღამომდის ამუშავა...
გაიჯერა თოხნით გული...
და დაბრუნდენ სახლისაკენ
მშიერი და დაღალული.

მეფე ამბობს: „დღეს მთელი დღე
მაწვალე და მაწამეო!...
კუჭი მეწვის, ისე მშია,
ცოტა რამე მაჭამეო!“

გლეხი ეტყვის: „საკადრისი
რა მექნება, აბა, მეო?
შენც ჩემსავით ცივი მჭადი
გააფიცხე და სჭამეო!

„და ნურაფერს უკაცრავად,
ღვინო თუ ვერ მოგართვაო!..
შეგიძლია, ცივი წყალიც
დააყოლო, ისა სვაო.

„არდიგარდა წამოუწექ
გუგუნა ჯირკს თბილად... გრძლადო
და ბალიშის მაგიერად
ქვა დაიდევ სასთუმლადო!“

დაიჯერა გლეხის რჩევა:
წაატანა ცივ მჭადს ხელი
და სვავივით გადასანსლა
ის, თაფლივით გემრიელი.

დააყოლა ცივი წყალი
და იქავე მიიძინა:
სასახლეში უფრო რბილი
არ ჰქონია იმას ბინა!

მეორე დღეს, რომ წამოდგა,
თავი იგრძნო მორჩენილად;
მიუბრუნდა გლეხს სიცილით,
ვით ამხანაგს, უთხრა ტკბილად:

„უცნაური რამ ყოფილხარ;
მომარჩინე სრულიადო.
ახლა წავალ და სამეფოს
შევუდგები ხელახლადო!“

მაგრამ გლეხმა იუარა:
„ჯერ ნუ გასტეხ პირობასო!
არ შეჰშვენის სიტყვის შეშლა
კაცის მაღალ გმირობასო!..

„თუ აქამდე გიცხოვრია
სისხლის ღვრით და ომითაო,
ერთი წლით მეც მემსახურე
ოფლითა და შრომითაო!“

რა გზა ჰქონდა? დაეთანხმა
მეფე გლეხის ბრძანებასა
და ერთი წლით დაემონა
იმის სურვილს და ნებასა.

IV

ამუშავებს გლეხი მეფეს
სულ თავ-თავის ალოზედა:
ხან პურსა მკის მასთან ერთად
და ხან ლეწავს კალოზედა.

ახვნევინებს, ათესვინებს,
თოხით დაჰყავს სათოხარში;
სუყოველგან და ყოველთვის
გლეხს უდგია მეფე მხარში;

ვენახსა სხლავს, როცა დროა,
ყურძენს სწურავს საწნახელში
და უჭირავს იარაღი
შესაფერი მუდამ ხელში;

არ აწუხებს არმეფური
სმა, ჭამა და არცა ბინა...
და ამგვარად წელიწადმა
სიზმარივით გაირბინა.

გლეხიკაცის სამუშაოს
გულს აყოლებს... არ სწყენია!
მით უფრო, რომ ამოდენ ხანს,
თითქმის, ფრჩხილიც არ სტკენია!

რომ გავიდა წელიწადი
და შესრულდა მათი ვადა,
გლეხმა კაცმა მოწიწებით
მეფეს ქუდი მოუხადა,

დაუჩოქა, მოახსენა:
ახლა კარგად ბრძანდებიო,
და წაბრძანდი სასახლეში!..
ნუღა დაგვიანდებიო!“

V

დაბრუნდა მეფე კარგ გუნებაზე,
გასუქებული და მორჩენილი;
მადიანად სჭამს, გემრიელად სვამს;
რომ მოისვენებს, ძილი აქვს ტკბილი.

მამლის ყივილზე რომ წამოდგება,
დაღამებამდე სულ საქმეშია;
გაჭირვებულთა და ქვრივ-ობლების
მრავალმოწყალე და ნუგეშია.

ხმალს აღარ ჰკიდებს ძველებურად ხელს,
ხმარობს ხანდახან მხოლოდ ფარგვარად;
უნდება საქმეს მარტო შინაურს,
სისხლის მაგიერ ოფლს აქცევს ღვარად.

გაოცებული მისის ყურებით,
დიდებულ მეფეს ჰკითხავს ვეზირი:
„აგრე რომ შრომობთ და იღალებით,
რა დაგდგომია შენ გასაჭირი?“

მეფე მიუგებს ტკბილად, ღიმილით:
„ჩემო ვეზირო, უთანასწორო!
მინდა შეცდომა ჩემი წარსული
გამოვიყიდო და გავასწორო!

„თურმე, ტყუილი ყოფილა ყველა
ჭრელაჭრულები ამ ქვეყნიერად
და, ადამიანს თუ გსურს იცხოვრო
აქ მოსვენებით და ბედნიერად,

„უნდა იშრომო და შრომის ოფლით
გაჰბანო შენი დაღალულობა,
რომ არ დაეტყოს შენს ნაშრომ-ნაღვაწს
ძალდატანება და უგულობა.

„მხოლოდ გლეხისას მე შევიგენი
ჭეშმარიტება ეს უტყუარი
და ჩემმა გულმაც შვება-სიხარულს
სათანაგრძნობო გაუღო კარი.

„მეფე ვიყავი, ქვეყნის მპყრობელი,
ქვეყნად არ მაკლდა მე ნეტარება,
მაგრამ, ხომ ნახე? ვერ მოვიპოვე
მაინც პირადი ბედნიერება.

„არ მქონდა ძილი, არც სმა და ჭამა
მიღონდებოდა სული და გული
და მხოლოდ სხვების სახარბიელოდ
გარეგნად ვიყავ მე დიდებული.

„ახლა სულ სხვაა!.. სულის სიწრფელე
და სისპეტაკე წრფელი გულისა
ემბაზი არის, თურმე, საქვეყნო
„ძმობა-ერთობა-სიყვარულისა“!

„უნდა ამ გრძნობით აღძრული იყოს
ყველა თავ-თავის სარბიელზედა,
ერიდებოდეს შეუძლებელსა
და შესაძლები ედვას ხელზედა.

„სიამოვნებით და სიყვარულით,
როგორც გლეხკაცი უვლის ყანასა,
ისე ხელმწიფე უნდა უვლიდეს
თავის სამეფოს და ქვეყანასა:

„შეჰქონდეს სწავლა-მეცნიერება
ასამაღლებლად ეროვნულ ხნულში
და დასაკლისი სხვა ეროვნების
არ უნდა ედვას მას მტრულად გულში.

„თავ-თავის დროზე ნახნავ-ნათოხნი,
მომკოს ნაყოფი მან მოწეული
და განამტკიცოს ქვეშევრდომებში
ძმობა, ერთობა და სიყვარული!..

„ამას სუყველას სარჩულ-საპირედ
მან ეროვნული დაუდვას ჰანგი
და მით მომავალს მოცაუმზადოს
საკეთილდღეო რამ ნიადაგი!“...

VI

ეს ყოლიფერი ხელად დასწერა,
როგორც ანდერძი, განთქმულ მახვილზე
და, როგორც რამე „წმინდაწმინდათა“,
ისე გადასცა ის შვილიშვილზე.

და ეს ანდერძი ხელიდან ხელში
გადადიოდა, როგორც სიწმინდე,
და შემდეგ შვიდი საუკუნისა
მან ააწია თამარ მეფემდე.

მეფემ მახვილი, მოსაგერებლად,
დავით სოსლანსა, ქმარს, გადაჰკიდა;
თვითონ სთესავდა კეთილს საეროდ
და ერთი ასად ჯვარითა მკიდა.

იმეფა ოცდარვა წელიწადი
და, რომ დააგდო ჩვენი ქვეყანა,
ანდერძ-მახვილი და წმინდა ჯვარი
სამარეშივე თან ჩაიტანა.

დღეს ის საფლავი დაკარგულია!
ვერ მიგვიგნია წმინდა სამარე
და მასთან ერთად „ხმალი“ და „ჯვარი“
საქართველოზე სხივმომფინარე!

მაგრამ თქმულება დაგვრჩა ხალხური:
ის ერთხელ კიდევ გამოჩნდებაო
და საქართველოც ახალის ძალით
კიდით-კიდემდე გაახლდებაო!..

მაშინ გორგასლან და თამარ მეფე
შეთანხმდებიან იმ დიდ სოფელსო
და უგალობენ ხმაშეწყობილად
საშვილიშვილო საგალობელსო:

VII

„აღსდეგ, გმირთგმირო! ნუ გძინავს!
გამოახილე თვალიო!
დროს შესაფერად წარსულში
შენ მოხდილი გაქვს ვალიო!

„ახლა დაგიდგა სულ სხვა დრო,
ამაღლებული შრომითო,
და სისხლი ოფლად შესცვალე,
ვერას გახდები ომითო!..

„მას მიეკედლე, ვინც ხელი
გამოგიშვიროს ძმურადო!
ჩასდეგ მსოფლიოს ფერხულში,
ჩაები მამაცურადო!

„და მით მსოფლიო ტრაპეზზე
შენც შეიტანე წვლილიო!
აღსდეგ, გმირთგმირო, ნუ გძინავს!
აღარ შეგფერის ძილიო!“

1912 წ.

რედაქტორის შენიშვნები

გორგასლანი

არსებობს „გორგასლანის“ ორი ავტოგრაფი. ორივე საქართველოს მუზეუმშია დაცული (№H: 1475 და №H: 1476).

პირველი ხელთნაწერი თეთრად არის შესრულებული. მეორე რვეული - პოეტის სამურეხო შავ მასალას წარმოადგენს.

„გორგასლანი“ დაიბეჭდა ორჯელ აკაკის ტომებში: „ჩემი ნაწერები“, წიგნი I, 1912 წ. თბილისი. იაკობ მანსვეტაშვილის საფასით; და 1926 წელს სახელგამის მიერ გამოცემულ „რჩეულ ნაწერებში“ ტ. II. გვ. 309.

ავტორს ამ პოემისთვის ქვესათაურად ჯერ დაურქმევია: „ისტორიული ლეგენდა“, (იხ. ხელთ. №H: 1475), მაგრამ სიტყვა „ლეგენდა“ წაუშლია და მის ნაცვლად დაუწერია „ზღაპარი“ [„ისტორიული ზღაპარი“].

1.20 რაჭა-ლეჩხუმი

▲back to top


1

რაჭა-ლეჩხუმში ავედი,
მინდოდა მათი გაცნობა,
სანახაობამ მომხიბლა
და დაიმონა მთლად გრძნობა!

ღმერთო, რა ვნახე?! სასიზმრო
და საარაკო მხარეა:
თუ თვით ედემი არ არის,
ედემის შესადარია!..

ცას მიბჯენია მთა და კლდე,
რაღაც თვალ-უწვდენელია!
ძირს ყვავილებით ნაქარგი,
სუნნელი მთა და ველია!...

შიგ და შიგ მდინარეები,
მოიკლაკვნიან ველადა,
მოჩუხჩუხობენ ხმა-ტკბილად,
რიონში ჩასართველადა.

ყოველ ნაბიჯზე წყაროა,
მგზავრი რომ გაახაროსა
და მწყურვალს მოაგონებენ
„უკვდავებისა წყაროსა“.

სხვა და სხვა აბანოები,
გულუხვად დანათესია,
თუმც „მჟავე-წყალი“ ცნობილი,
ჯერ სხვებზე უკეთესია.

ჰაერსა სულის ჩამდგმელსა,
კეთილად შეზავებულსა,
ნელსაცხებელად მიუძღვნის,
დამაშვრალს სულსა და გულსა.

ნუ დაიჩემებს ნურავინ
სხვა უკეთესსა მხარესა!
ვარსკვლავი ყველგან ბევრია,
მაგრამ ვერ სწვდება მთვარესა!!.

ვინც აქ შობილა, გაზრდილა
მართლა რომ ბედნიერია!
კაცები თვალტანადები,
ქალები - მშვენიერია!

გაურჩეველად წოდების,
ხნოვანების და სქესისა
აქ ყველა ქართველებია,
მიმყოლი ძველი წესისა.

არ ჰკარგვენ, მამა-პაპებსა
რაც კარგი რამე ჰქონიათ;
არ ივიწყებენ, ძველებზე
რაც კარგი გაუგონიათ.

რაც მიუდგება მომავალს,
მას აფასებენ დიდადა
და წარსულს, როგორც საფუძველს,
უდებენ გზად და ხიდადა.

შეუპოვარი ხალხია,
მარჯვე, გულ-გაუტეხელი…
ნუ ჰფიქრობთ, უკუღმართობამ,
რომ შეუშალოს მათ ხელი!

სალი კლდე, მთები მაღალი,
მათ გულში ჩასახულია,
და ქართველობაც იმიტომ,
აქ უფრო შენახულია:

როგორც ფუტკარი სათაფლო
სიტკბოს დაეძებს სხვაგანა,
მოჰკრებს და უბრუნდება ბოყვს,
შინა აქვს თაფლის მანქანა, -

ისე ეს ხალხიც შინ შრომობს
სცხოვრობს შეძლების-გვარადა,
თუ სხვაგან წავა სავაჭროდ
შრომის ოფლსა ჰღვრის ღვარადა.

და მოსაგები შემოაქვს
წმინდათ ახმარებს კერასა;
ნაუკუღმართი არ უნდა
და მადლობს ბედის წერასა,

საეროს ერსა ახმარებს,
საღმრთოს კი იხდის ღვთისთვისა
და გზა და ხიდი მით გაჰყავს
პირდაპირ მომავლისთვისა.

აი, რა ვნახე! რა ხალხი!
ბოლოს დროს მოხუცებულმა
და სხვაგვარ ააფრთოვანა
მგოსანიც სულმა და გულმა.

2

მე დაქანცული სიამით,
ჩამოველ სოფლის ძირადა
და ქარის ამოსაღებად
მივდეგ რიონის პირადა.

მდინარე გაგიჟებული
იმღერდა სევდის ჰანგზედა;
შლეგივით მიიჩქაროდა,
ხტებოდა ქვიდან ქვაზედა.

- შესდეგ მდინარევ, შევძახე,
რამ გაგამწარა, მეც მითხარ?
სიდან მოდიხარ გულფიცხად?
და ან საითკენ მიდიხარ?

თითქოს ფიქრს უზიარებდა
ჩემს მოუსვენარ აზრებსა,
„ნიკორწმინდის“ და ,,ბრავალძის“
შეჰღაღადებდა ტაძრებსა:

„მაღალი მთების შვილი ვარ,
კლდეებმა ჩამჭრეს განები;
შავი ზღვისაკენ მივდივარ
დორბლის ყრით მივექანები.

უხსოვარ დროდან მოვდივარ,
როგორც რომ მათუსალაო;
ვილევი, მაგრამ არ შრება
ჩემი ღონე და ძალაო.

სწორედ, რომ ამირანი ვარ
კლდეებზე მიჯაჭულიო;
სარკე ვარ საქართველოსი,
მისი სული და გულიო.

დღეს მეძახიან „რიონსა“,
„ფაზისი“ მერქვა ძველადა;
ბევრი რამ თქმულა ჩემზედა,
მიხსენიებდა „ელლადა“.

მაშინ ეს ჩვენი ქვეყანა
„კოლხიდად“ იწოდებოდა;
მსოფლიოს სახელმწიფოებს
უტოლდებოდა, სწვდებოდა.

ღვთის გაჩენილი ქვეყანა
სხვა და სხვისია სამკვიდრო.
მსოფლიო კანონის ძალით
ვის შერჩენია ერთი დრო?..

ვინ არ შეჰხარის ბუნებას
მომხიბლავ-სანეტაროსა?
„ერთი წავა და სხვა მოვა
ტურფასა საბაღნაროსა“.

კოლხიდაც დროთა მსვლელობამ
მეტად არ გააზვიადა,
მოსპო რა მისი ხსენება,
გარდაქმნა „ივერიადა“.

და „ივერიის“ სახელით
ის განაგრძობდა არსებას,
მოსაზღვრე ლიხის გადაღმა
არც წუნს იკლებდა, არც ქებას!

ბოლოს კი ორივე მხარე
იწოდა „საქართველოდა“
და ხალხი, ჭირის ამტანი,
კეთილ მომავალს ელოდა.

ჩემი ყურით ვარ გამგონე,
და ჩემი თვალით მნახველი,
რომ ღირსეულად გაითქვა
ქართველმა მისი სახელი.

ყური დამიგდე, მოხუცო,
გეტყვი თავგადასავალსა,
თუ ვით იხდიდა ქართველი
ეროვნულ სესხსა და ვალსა.

3

იყო პატარა ქვეყანა
სიკეთე მიუწვდომელი,
და მისი ხელში ჩაგდების
მთელი ქვეყანა მდომელი,

ასურეთ-ბაბილონია,
არაბისტანი, სპარსეთი,
სულყველა ემტერებოდა,
არა ჰზოგავდა არცერთი.

ემტერებოდენ ბერძნები,
ხელს არ აღებდა რომიცა
და ბევრიც გადაიხადა
მან საგულისხმო ომიცა.

გაკაცცოტავდა საბრალო
ხალხთა შორისი ზვარაკი,
მაგრამ კი საისტორიოდ
დარჩება, როგორც არაკი.

ვით ამირანი შორსმჭვრეტი,
კავკასის ქედზე მიკრული,
ქორისგან ამონაწიწკნი,
რომ ჰქონდა ღვიძლი და გული,

ისიც, ბედისგან დევნილი,
ზედ ეკრა კავკასიასა
და მიწაც სისხლით მორწყული,
აძლევდა ვარდს და იასა.

ამ პაწაწინა სამეფოს
უხმობდენ „ივერიადა“.
ხალხმა ქცეულმა ფოლადად
სახელი გაიდიადა.

როდესაც მაჰმადიანთა
აიღეს ქრისტეს საფლავი,
მლოცველს პირობა დაუდვეს
ძნელი და გულის საკლავი:

იერუსალიმ ქალაქში
ვერ შევიდოდა ვერავინ,
თუ ფეხის ქირას საბაჟოდ
არ გადიხდიდა წინდაწინ.

არ ეხებოდა ქართველს კი
ეს უცნაური პირობა,
მას პატივობდა ბაჟისგან
მისი წარსული გმირობა.

და მართლაც გმირი ყოფილა
ქართველი კაცი წარსულში,
მაგრამ დღეს სადღა გამოჩნდეს?
ჩაცვენილია უფსკრულში.

მაშინ კი იდგა საზღვარზე,
მტერს იგერებდა მარადა.
ცეცხლსა და მახვილს ხმარობდა,
ყველასთან ფარის გვარადა.

უმკლავდებოდა ერთი ათს,
იცავდა საკუთრებასა;
რჯულის და ქვეყნის დაცვაში
ხედავდა ნეტარებასა!

ძალმომრეობით ვერავინ
ვერას აკლებდა... ვერასა!
და ვერ ანგრევდა ქართველის
მცირე და ღარიბ კერასა.

ჯერი რომ მიდგა თათრებზე,
და გაძლიერდა ისიცა,
შეუპოვრობა ქართველის
მან იუცხოვა... იტკიცა.

„როგორ თუ გამიმკლავდება
პატარა საქართველოო.
ის სუსხით უნდა დავაჭკნო,
როგორც ზამთარში მდელოო.

თუ ვერას გავხდი მტრობითა,
მოყვრობით ვიგდებ ხელშიო
და მაშინ მე მთელ აზიას
ხელსაც წაუჭერ ყელშიო“.

ეს განიზრახა და კიდეც
საქმედ აქცია ყოველი.
და მოტყუებულ-შემცდარსა
გარს მოეხვია, ვით გველი.

ის, რაც პირობა დაუდვა,
არ აუსრულა არც ერთი:
გასტეხა ფიცი და მტკიცი
აღარ იწამა მან ღმერთი.

ხელში ჩაიგდო და ძველი
წესწყობილება დაშალა,
შემოიტანა თავისი
და მოაყოლა თან ძალა.

ქვეყნის გამყიდველს და ორგულს
უძღვნიდა „ქებათ-ქებასა“.
და ყოველ ბიჯზე სცდილობდა
მთელ ქვეყნის გათათრებასა.

და გათათრებას რა გვარად?
ენით და არა გულითა!
მაგრამ თუ ჭკუა არა სჭრის,
რა გაკეთდება ფულითა!

ვერც აისრულეს წადილი
ხალხიც დაღუპეს ტყვილადა
და შედარებით წარსული
დრო მოაჩვენეს ტკბილადა.

ჯერ ეკლესიას ეძგერენ,
სთქვეს: „აქ მარხია ძაღლიო!“
ჯერ ძირი გამოუთხარე,
თუ გსურს დაიქცეს სახლიო.

სანამდი სარწმუნოება
ქართველს ექნება ხელშიო
და არ მოკვდება ზნეობით, -
ხელს ვერ წაუჭერ ყელშიო.

ჯერ უნდა რჯული წავართვათ
გავხადოთ უნამუსოთო
და მერე შევძლებთ ადვილათ
რომ კიდეც გავათათროთო.

ეს სთქვეს და კიდეც მაშინვე
შეუდგენ გათათრებასა
და ქართველობის უარმყოფს
არ ამადლიდენ ქებასა.

კათალიკოსის სანაცვლოდ
დაგვისვეს ყად-უფროსები,
ისინიც ისე გვდევნიდენ,
ვით ბაყათრობას ოსები.

ქართული წირვა და ლოცვა,
ქართული სახარებაო 
მართალი არის, რომ დღეს ხალხს
ესმის და ეყურებაო,

მაგრამ კიდევაც ის არის
რომ აღარ მოგვწონს ჩვენაო!
ღვთის სავედრებლად რას ვარგა
რაღაცა... ძაღლის ენაო?

არ სჯობს, რომ სულ გადარჯულდეს
ქართული ეკლესიაო?
და ვინც კი დაგვეხმარება,
ავნუსხოთ მათი სიაო!

და ამ განზრახვით გამართეს
მეჯლისი - სემინარია;
იმისმა მიმართულებამ
ხალხი სულ არივ-დარია.

გარდა ქართული ენისა
იქ ასწავლიდენ ყოლიფერს
და ამზადებდენ სამღვდელოდ
ქვეყნის ორგულს და ქვეყნის მტერს.

მღვდლად აკურთხებდენ მისთანას,
ვინც არ იცოდა ქართული
და მხოლოდ თათრულ ზღაპრების
კითხვაში იყვენ გართული.

ესეც რომ აღარ იკმარეს,
ჭირი დაურთეს ჭირზედა
და ვისაც სიტყვა შეეძლო
ხელს აფარებდენ პირზედა.

4

სასულიერო წოდებას
ძველ დროში ჰქონდა ქონება,
რომ მოეცალა საკუთრად
მრევლისთვის გრძნობა-გონება.

მრევლს არა სთხოვდა სასყიდელს,
რომ მით ცოლშვილი ერჩინა
და ეკლესია აძლევდა
რაც სჭირდებოდა მას შინა!

პირიქით თვით პატრონობდენ
ქვრივ-ობოლ-გაჭირვებულებს
და მუშაობდენ მღვდლებივე
საეკლესიო მამულებს.

ქონების შეუხებლობა
განამტკიცებდა კავშირსა,
სცხოვრობდენ მამა-შვილურად
იყოფდენ ლხინსა და ჭირსა,

და ეს დაუჯდა ჭკუაში
თათრობის მოტრფიალესა
და ეკლესიას ქონება
ხელიდან გააცალესა.

„ჩვენ ჩამოგართმევთ მამულებს
ვიქნებით თქვენ მზრუნველადო!
არ მოხერხდება დღეს ის, რაც
ძველად გჭერიათ ხელადო!“

მრევლს გაუკვირდა ეს საქმე:
რაღა მღვდლობაა მღვდლობაო,
თუ ხალხი უნდა გაგლიჯოს,
მღვდელმა დაიწყოს მგლობაო!?

ნუ თუ ფეხს რამდენს გადადგამს,
სასყიდელს გვთხოვდეს მღვდელიო?
მაშინ სჯობია რომ რჯულზედ
სულაც ავიღოთ ხელიო!..

ასტირდა იქით სოფელი
და აქეთ სამღვდელოება,
კისერზე აწვათ ორივეს
ეს უკუღმართი დროება...

გამოიტანეს, რაც იყო
საყდრებში სამკაულები
და სულ საჯაროდ გაჰყიდეს:
გვეჭირვებაო ფულები!..

დაუზოგავად გაძარცვეს
ყველგან მონასტრის ტაძრები
და იმ ნაძარცვით აავსეს
საუკუღმართო ბაზრები.

ხალხმა სთქვა: „ეს რა ყოფილა?
ხატს არ ჰქონია ძალაო,
თორემ თავისი გაგლეჯა
სხვას როგორ დააცალაო?

ასე რომ სძარცვენ და გლეჯენ,
რატომ არ მოსდით გულიო?
მოვტყუვდით! არა ჰქონიათ
თურმე მათ სასწაულიო!!“

დღეს-ხვალიობით ცოტ-ცოტად
გადაუბრუნდა ხალხს გული:
აღარც ხატი სწამს, არც ჯვარი,
დაკარგული აქვს მას რჯული!

ჩვენთვის ერთია რა ენით
და როგორც უნდა სწირონო...
მშვიდობით მადლო და ძალო,
მშვიდობით წმინდა მირონო!..

ასრულდა მტრების განზრახვა:
რჯულს გაჰყვა ქართველობაცა
და სათვალთმაქცოთ გადიქცა
დღეს დღეინდელი მღვდლობაცა.

5

სხვა სარბიელიც იმავ დროს
გულდასმით თათრობანობდა,
მოლა-ყადების პროგრამას
ხმა-ტკბილად მაღალ-ბანობდა.

სამასწავლებლო მზრუნველად
ნიშნავდენ იმისთანასა,
ვინც ქართველობას პირდაპირ
ყელზე აჭერდა დანასა.

ისიც მოძღვრებად ჰნიშნავდა
ქვეყნის მტერს, ქვეყნის ორგულსა,
მიტომ, რომ კუჭზე ფიქრობდენ
და ოცში იღებდენ ფულსა.

შკოლები მოსწავლეებსა
უსპობდენ დედა-ენასა.
ყურს არ უგდებდენ იმათი
მშობლების ცრემლთა დენასა.

წარსულს უგმობდენ! თვისას კი
იხსენიებდენ ქებითა
და ჰპირდებოდენ მომავალს,
მხოლოდღა გათათრებითა,

პედაგოგიურ სიმართლეს
არ დაეძებდენ არადა,
მოსწავლის გრძნობა-გონებას
არ აფასებდენ ფარადა.

პოლიციაც და სამსჯავროც
ორივეს ეთანხმებოდა
და ქართველობა ამითი
ჩვენში დღითი-დღე ხმებოდა.

მოსამართლებად ჰნიშნავდენ
ვიღაცა ოხერ-ტიელსა,
ენის და ხალხის უმეცარს
მურვან-ყრუ გადამთიელსა.

მათ მოსპეს სამსჯავროებში
ქართულ ენაზე ბაასი
და თათრულისა არ მცოდნეს
ჭირი დაერთო ათასი.

უნდა ეშოვნა სხვა ვინმე
მოლაპარაკე თათრულად,
რომ მისი ჭირი, ვარამი
მას გადაეცა მთლად სრულად.

როგორც პირუტყვი, ერთი რამ
უბრალო ძაღლი, გოშია,
იდგა უსიტყვოდ მსაჯულთან
ქართველი სამსჯავროშია.

იქ სრულდებოდა ფორმები,
სხვას რას დასდევდა მსაჯული?..
სულ ერთი იყო!.. ჩალა-ბზედ
მიაჩნდა ხალხი ტანჯული.

სულყოველ გვარსა სარბიელს
თათრობა ჰქონდა სახეში
და ამგვარ მოსაზრებითა
კიდეც გააბეს მახეში.

გაირყვნა ხალხი ზნეობით,
დაეცა გრძნობა-გონება
და მიენიჭა ცოცხალ-მკვდარს
ხალხს პირუტყვული მონება.

ხმის ამომღები სად იყო.
ყველას აგლეჯდენ ენასა
და ერს უფსკრულში ჩავარდნილს
უშლიდენ აღმა-ფრენასა“.

***

- კმარა, რიონო, რაცა სთქვი,
ეს ვის არ გაუგონია?
სუყველას შეგნებული აქვს,
შენ კი ახალი გგონია?..

მე კი სხვას გკითხავ და შენგან
პასუხსაც სხვაგვარს მოველი:
აწმყო და მომავლისათვის
დღეს რაღა არის ქართველი?

„რა მოგახსენოთ მაგისი...
ვგონებ, რომ არაფერია:
მხოლოდ აჩრდილი წარსულის
წინაპრის ფეხთა მტვერია!!

თუ წინაპრები სისხლს ღვრიდენ,
რომ ხელი ვერვინ გვახოსა,
დღეს კი ქართველი ოფლსა ღვრის,
რომ სხვების ხელში გვნახოსა.

ადგილ-მამულის გაყიდვას
სცდილობენ ყველგან გულითა
და რაც ფარ-ხმალმა დაიცვა,
ის იკარგება ფულითა!

მოზღვავებულან უცხონი,
თავისკენ გაჰყავთ მათ არხი
და მოკლე ხანში ქართველებს
აღარ ექნებათ სამარხი“.

6

ეს შემომბღავლა რიონმა
გულსაკლავ სევდის ხმაზედა.
და ცივი წყალი დამასხა
მხურვალე გულისთქმაზედა.

- არა, რიონო! ყოფილხარ
ყოველთვის ქვეყნის ერთგული
და აწმყომ გამრუდებულმა
ვით გაგიტეხა ეგ გული?

რომ ჰფიქრობ, მაგრე არ არის!
მიჰყევ სხვა მოსაზრებასა
და ჰნახავ მომავლისაგან
უმაღლეს ნეტარებასა.

ხანდახან ცეცხლი გაქრება
და გაცივდება კერაცა,
გგონია სახლი იღუპვის
და მისი ბედის წერაცა;

მაგრამ რომ გაჰქექ ცივ ნაცარს
და გამოუჩხრეკ მას გულსა,
იქ ნახავ ობოლ ნაკვერცხალს
მიმალულს, მივიწყებულსა;

და იმ ნაკვერცხლით ხელ-ახლა
ააგუზგუზებ კერასა.
სახლი გათბება და ბნელიც
ნათელს ვერ აკლებს ვერასა.

ასეა ეროვნებაცა:
ზოგჯერ ის შელახულია,
მაგრამ სიცოცხლის ნიშანი
სადღაც კი შენახულია.

მოძებნა უნდა იმ ნიშანს
და ქვა-კუთხედად დადება:
ის აკვანია წარსულის,
მყობადი დაიბადება.

ჩვენი ხეც ეროვნებისა
დღეს ვხედავთ სჭკნება და ხმება...
გრძნობას ჰგონია, მაგრამ კი
გონება არ ეთანხმება.

ხეს რა გაახმობს თუ მისი
ფესვები კიდევ ვარგია?
და ზედაც მისი წარსული
უტყუვრად მონაქარგია.

***

რაჭა-ლეჩხუმში მოვნახე
ის „ფესვი“ „ნაკვერცხალითა“
და წარმომიდგა მე კერა
გაჩაღებული ალითა.

ის ალი ჰფენდა ნათელსა
საერთოდ იმერ-ამიერ
და ერიც ხმა-შეტკბობილად
იმღერდა: „მრავალ-ჟამიერ.“

„მრავალ-ჟამიერ! ჟამიერ!“
დასძახა მდინარემაცა
და ხმა შეუწყვეს გიჟმაჟმა
მაღალმა მთამ და კლდემაცა...

1912 წ.

რედაქტორის შენიშვნები

რაჭა-ლეჩხუმი

იბეჭდება ავტოგრაფის მიხედვით (ინახება საქართ. მუზ. ხელთნაწერთა განყ. №1487 - H).

არის აგრედვე აკაკის მეორე ავტოგრაფიც, რომელიც პოემის შავს წარმოადგენს (№1479-H).

ამ პოემის ნაწყვეტი (შესავალი) დაიბეჭდა გაზ. „თემში“ 1912 წ. №92, მთლიანად გამოქვეყნდა „სიტყვა და საქმეში“ (1934 წ. №7). (ლადო ბზვანელის პუბლიკაციით).

აკაკიმ რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა 1912 წელს, ივლისის თვეში (დამთავრდა 2 აგვისტოს).

პოეტი დიდათ იყო აღელვებული ამ საარაკო და საერო დღესასწაულით. აკაკიმ, გარდა ამ პოემისა, რაჭა-ლეჩხუმს უძღვნა პროზად დაწერილი პატარა პოლიტიკური ნარკვევიც, რომლის შესავალსაც აქვე მოვიყვანთ:

***

„რაჭა-ლეჩხუმში ჩემი სტუმრობა და იმათი დახვედრა, სწორედ საარაკო და საზღაპრო რამ იყო. ვისაც თვისის თვალით არ უნახავს და თვისის ყურითაც არ გაუგონია ის, რაც მოხდა, იმას წარმოდგენაც არ შეუძლია ყოფილის: გაურჩეველად წოდებისა, სქესისა და ხნოვანებისა, მთელი ორი მაზრა ერთ პირად ფეხზე დადგა და ეროვნულის აღფრთოვანებით ლიტანიაობდა მომავალს, თუმცა იმ ლიტანიობის ცოტა მოზიარე მეც ვიყავი, მაგრამ, უნდა გამოვტყდე, რომ ის მცირედიც აღემატებოდა ჩემს ღვაწლს...

როგორც ბიბლია მოგვითხრობს, ერთხელ ფარაონის ასული თავს იქცევდა ნილოსის პირად და დაინახა, რომ წყალს მოჰქონდა კალათი; შეგზავნა მდინარეში მცურავები და დააჭერინა ის. შიგ პატარა, ახალი დაბადებული ბავშვი იწვა. შეეცოდა, იშვილა, დაუჭირა ძიძა და წაიყვანა სასახლეში. იმ დროს ბრძანება იყო ფარაონის, რომ არ გამრავლებულიყვნენ ებრაელები ეგვიპტეში. ვაჟი, რამდენიც უნდა დაბადებოდათ, იმდენი მოეკლათ. ფარაონის ასულმა, რომ ბავშვი იპოვა, რასაკვირველია ურია იყო!.. ალბად დედამ ვერ გაიმეტა სასიკვდილოთ და რომ თვალით არ ენახა მისი სიკვდილი, წყალს გაატანა. ასე იყო თუ ისე, ადვილი საფიქრებელია, რომ ის ბავშვი იყო, შემდეგ მსოფლიოდ განთქმული მოსე წინასწარმეტყველი. ის გაიზარდა დიდებულად ფარაონის სასახლეში, შეისწავლა ყოველივე ეგვიპტური, მაგრამ სულითა და გულით კი მაინც ებრაელად დარჩა და როცა დამწიფდა გრძნობა-გონებით და ძალღონე იგრძნო, ააჯანყა ებრაელები, წამოუძღვა წინ, გაიარა ზღვა-მეწამული, ორმოცი წელიწადი დაჰყავდა თავისი ერი უდაბნოებში და ბოლოს როცა მიაწია სინაის მთამდე, იქიდან მიუთითა „აღთქმულ-ქვეყნისკენ“.

ეროვნულად უფრო შეგნებულ რაჭა-ლეჩხუმის ლიტანიობაც იმისი მომასწავებელია, რომ ისინი მოელიან ებრაელებისავით მოსეს გამოჩინებას, რომელმაც უნდა მიუთითოს მათ „აღთქმულ-ქვეყნისაკენ“. და რა არის ეს „აღთქმის ქვეყანა“, საეროვნო იდეალი? - ტკბილი, კეთილი და მშვიდობიანი მომავალი... მხოლოდ სწავლა-განათლებით და შრომის ოფლით, უსისხლოდ გამოწვეული და წარსულზე მონაქარგი. ვისგან გამოელოდენ ჩვენი წინაპრები ამას, თუ არ რუსეთისაგან?...

(ხელთ.1501-H. რვ. 16).

1.21 ომი

▲back to top


I

რკინას ცეცხლი აფოლადებს,
ადამიანს-განსაცდელი,
თუ ჯერ მწარე არ შეგვასვა,
ვით დაგვატკბობს ეს სოფელი.

ეს ცხოვრების კანონია
უბრალო და უტყუარი -
და მას ექვემდებარება
ერთიანად მთა და ბარი.

ცხოვრებაში გამოწრთვნილი
კაცი უფრო მეტად ფასობს;
ის გინდ დედის ერთაც იყოს,
მაინც ასობს და ათასობს!

ასე არის ეროვნებაც:
ვისაც ბევრი გადახდია,
ის ერი სხვა ერთა შორის
გამომწვარი ფოლადია.

ეს პატარა საქართველო
თვით ღვთისმშობლის წილხვედრია
და მას ხანგრძლივ ცხოვრებაში
ბევრი რამე შეხვედრია.

ბევრი ჭირი, ბევრი ლხინი,
ბევრი ვაი და ვაება, -
მაგრამ ყველა მოიხადა,
არც მოკვდა და არც დაება.

ყველა კარგად აიტანა,
მოინელა ყველაფერი -
და მაინც არ დაკარგვია
მისი სახე და ელფერი.

ბაბილონი, ასურეთი,
საბერძნეთი, სპარსი, რომი -
ყველა ჩვენი მტერი იყო,
გადაგვქონდა ომზე ომი.

ნეტავ რისთვის აიჩემეს
ეს საბრალო ქართველები,
რომ ყოველმხრივ გარე მტრები
ესეოდენ როგორც მგლები?

იმისთვის რომ საქართველო
ედემივით გაჩენილა:
საამოა საცხოვრებლად -
რბილა, თბილა, თანაც ტკბილა!

ამას გრძნობდა მკვიდრი ხალხიც
და არ თმობდა არე-მარეს,
იგერებდა ყოველთვინ მტერს,
განიცდიდა დიდ სიმწარეს.

მაგრამ ყველა გადიტანა,
მიახწია, მას რაც სწადდა,
და ბრძმედიდან გამოსული
გაკაჟდა და გაფოლადდა.

სწორეთ ამისთანა დროში
მას მოესწრო ქრისტეს მცნება,
რომელიცა გაძლიერდა
და აჰყვავდა ვით ოცნება!

მერვე საუკუნის თავში
გამოვიდენ არაბები.
რა საქმე არ ჩაიდინეს,
ღმერთო ჩემო, რა ამბები!..

როგორც მუშა ნამგლით ხელში
დაეწაფოს სამკალ ყანას,
ცეცხლითა და მახვილითა
მიესიენ მთელ ქვეყანას.

შემოქონდათ უცხო რჯული
მაჰმადისგან ნამოძღვრალი;
ვინც ურჩობას გაუწევდა,
ემტვრეოდათ თავზე ძალი.

სწორეთ ამ დროს ქრისტეს მცნება
წმინდა რამ და დიდებული -
იყო ხალხში ჯეროვანად,
მაგრად ფეხმოკიდებული.

ყურანი ჯერ ვრცელდებოდა
ხალხში ჩუმათ, ნელა-ნელა -
და თათრებმაც რომ მიიღეს,
გამრავლდენ ვით ჭიანჭველა!

მაშინ კი სთქვეს: „ჩვენ ვყოფილვართ
რაც ვყოფილვართ ამ ქვეყნადო -
და მაშ ჩვენი რჯულიც უნდა,
სხვა რჯულებზე დავამყნათო!“

მოინდომეს ქრისტეს რჯულის
მოსპობა და ამოგდება
და მის ნაცვლად ალ-ყურანის
ამაღლება, გადიდება.

სახელ-განთქმულ ვიზანტიას
შეებენ და დაამარცხეს;
დიდებული საბერძნეთი
სათავისოთ მოიფარცხეს.

გაძლიერდენ, გაამაყდენ,
სლავიანეთს მოჰკრეს თვალი,
და როგორც რომ ქრისტიანებს
ჩამოართვეს მიწა-წყალი.

დღეს, ხვალ და ზეგ გამარჯვებით
გაუმართლდათ ფანტაზია:
მათ კინაღამ დაიმონეს
და დაიპყრეს მთლად აზია.

მაგრამ ამ დიდ აზიაში
მათ დაუხვდათ ერთი ერი,
მართლ-მორწმუნე ქრისტიანი
და ისლამის დიდი მტერი.

უთხრეს თათრებს: „რათ ირჯებით?
ნუ მოდიხართ ჩვენზედაო!
ვერა ხედავთ, ხმალ-ხანჯალი
რომ გვარტყია წელზედაო?

რიცხვმრავლობით თუმცა გვჭარბობთ,
მოგვცემთ დიდსა ვნებასაო,
მაგრამ მაინც ვერ დაგითმობთ
რჯულს და ეროვნებასაო!

ხორცს გავსწირავთ რჯულისათვის,
მაგრამ მტკიცედ ვიპყრობთ სულსო,
მივენდობით ქრისტე-ღმერთსა
და იმისგან სასწაულსო!“

გაუკვირდათ ზვიად თათრებს
ერთი მუჭა ხალხის სიტყვა!
მოინდომეს მათი დასჯა,
მიესიენ როგორც სეტყვა.

ყოველი მხრით შემოერტყა
ურდო, ურდო თათრის ჯარი!
დამხდურებიც გაუმაგრდენ,
დაუკეტეს სახლის კარი!

ჯვარითა და მახვილითა
გამოვიდენ მომგერებლად
და თავსაც არ იზოგავდენ
ზვარაკად და წმინდა მსხვერპლად.

სხვისი არა უნდოდათ რა,
იდგენ მხოლოდ საზღვრებზედა,
არ ახსოვდათ მათ ცოლშვილი,
თვისიანი, მამა, დედა!

ამნაირის თავგანწირვით
სასწაული ჩაიდინეს -
და მთელ საქრისტიანოსაც
განსაცდელი ააცდინეს.

თითქმის ათი საუკუნე
გაიარა მათმა ბრძოლამ,
მაგრამ მაინც ვერ დასჩაგრა
ჩვენი მღვდელი მათმა მოლამ.

უშიშარი ქართველობა
ბრძოლის ველზე რომ კვდებოდა,
მეომართა რიცხვი მაინც
სუყოველდღე აკლდებოდა.

მეთვრამეტე საუკუნე
ქართველთათვის იყო მწარე;
ათისთავი აღარ დარჩა,
განახევრდა არე-მარე.

მაშინ კი სთქვეს ქართველებმა:
„წახდა ჩვენი განზრახვაო,
თუ რომ არ გამოგვენაცვლა
ჩვენ მაგიერ ვინმე სხვაო!

დიდ-რუსეთის სახელმწიფო
აღიარებს ქრისტეს რჯულსო,
ის მოვა და ის დაიჭერს
გზას, ამ ჩვენგან გაკვალულსო.

შემოიყვანს აზიაში
მტრის საბრძოლოდ ურიცხვ ჯარსო,
და ჩვენ ამოგვაყრევინებს
ქრისტიანთა მტრების ჯავრსო.

ის მოვიხმოთ დღეის იქით
მფარველ-მეთაურათაო,
ჩვენც მივიღოთ, მივეგებოთ
მამა-შვილურ, ძმურათაო.“

გაუგზავნეს მათ ელჩები,
ეპისტოლე აახლესო,
წრფელის გულითა და სულით
მიუწერეს იმათ ესო:

„დიდებულო ხელმწიფეო,
დიდო მართლ-მადიდებელო!
დრო არის რომ ახლა მაინც
ქრისტიანებს მიეშველო!

ჩვენ ვიყავით მარტოდ-მარტო,
დღემდი მათი მეთაური
და კიდევაც გაუწიეთ
ღირსეული სამსახური,

დღეს დავსუსტდით, დავუძლურდით,
აღარა ვართ და აღარა, -
ჩვენდა თავად ვერას ვიზამთ,
თუ არავინ მოგვეხმარა.

ის „არავინ“ თქვენ ხართ სწორეთ,
სხვა არავინ!.. ერთად-ერთი!
ჩვენთან თანამორჯულეცა,
ორივეს გვწამს ერთი ღმერთი.

თქვენ აიღეთ ხელთ მახვილი,
მეორეში - იპყართ ჯვარი,
ქრისტიანთა სადიდებლად
მოგვაშველეთ ფიცხლად ჯარი.

წრფელის გულით გევედრებით,
არა გაქვსთ რა საეჭველო;
მოდით თქვენის თვალით ნახეთ
საარაკო საქართველო.

ბუნებისგან შემკობილი -
კოხტაა და ლამაზია,
და აქედან შეგიძლიათ,
რომ დაიპყრათ მთლად აზია!“

ქართველებზე ბევრი რამე
მეფეს კვლავაც გაეგონა
და, რომ ნახა ეპისტოლე,
გაუხარდა, გულს ეფონა!..

სიხარულით აუსრულა,
რასაც სთხოვდენ იმას ყველა:
დასუსტებულ ქართველობას
დიდი ჯარი მოაშველა!

გაუხარდათ ქართველებსა,
მიეგებენ წრფელის გულით
და მიიღეს მეგობრულად
[სტუმრად, მაგრამ ძმურის გულით].

სთქვეს: „აწ უნდა თქვენ ითაოთ,
იყოს ყველგან თქვენი ნება,
ჩვენ კი როგორც დაღალულებს,
გვეჭირვება მოსვენება.“

ეს რომ უთხრეს, კიდეც ჩადვეს
თავი რუსის კალთაშია
და სიზმრისგან წაღებულ ხალხს
არც სწყურია და არც შია.

გამოშუშდა ხანგრძლივ ძილში,
მოიხადა დაღლილობა -
და თავს იჩენს დღეს ისევე
წინანდელი ქართველობა.

II

დრო უკუღმართი, შხამ-ნაღვლიანი
კაცობრიობას ბევრჯელ ჰქონია,
მაგრამ დღეს რომ აქვს, ჯერ იმისთანა
სიზმრათაც კი არ გაუგონია.

ამხედრებულა მთელი ევროპა,
ძმა ძმას არ ზოგავს და მამა შვილსა,
მომავალ დროზე გულგატეხილი
ესწრაფებიან ნებით სიკვდილსა.

ჯერ არაოდეს კაცობრიობა
არ მოსწრებია ამდენ ვაებას,
მძვინვარეობა კაცთა შორისი
სიკვდილითა ჰკლავს თვით უკვდაებას.

მოდის სიკვდილი წყლიდან, ჰაერით,
მოიპარება ჩუმათ, ქვესკნელით;
თუმც ვერ ხედავენ თვალით მტრები მტრებს,
მაგრამ სიკვდილს კი იჭერენ ხელით!

ეს ყველაფერი საჭირბოროტო
მეცნიერების შენაძენია,
თითქოს ცოდნა და მეცნიერება
კაცისთვის ცეცხლი და გეენია.

ვისი ბრალია ეს ამისთანა
აურ-ზაური, აყალ-მაყალი?
ვინ წაუკიდა კაცობრიობას
ეს ჯოჯოხეთის ცეცხლი და ალი?

ვინ და ვილჰელმმა! გერმანიელი
სულ უმიზეზოდ აღრინდა ლომი
და მთელ ევროპას მან ერთად-ერთმა
გამოუცხადა სასტიკი ომი.

ნაპოლეონის შურით, სიხარბით
თურმე ვილჰელმი გულზე სქდებოდა,
ორმოცი წელი ჩუმათ, ქვეშ-ქვეშად
ნაპოლეონად ემზადებოდა!

ხშირად ჰფიქრობდა: „მთელი ევროპა
უნდა გავხადო ჩემ ყმად და მონად,
მე სათავეში დაუდგე ყველას
მათ მბრძანებელად და მათ ბატონად.

აქ პოლიტიკა მოითხოვს ამას, -
კერძოთ არავის არ ვემტერები:
უნდა გავჭყლიტო ჯერ ერთიანათ
პატარ-პატარა კერძო ერები.

მერე მიუხტე დიდ მეფეებსა
და წაუკიდო ცეცხლი და ალი,
უსამართლობათ ვინ ჩამომართმევს?
სამართალია ძლევა და ძალი!“

სთქვა და ბელგიას უძღვნა წერილი:
„შენი სამეფო მარჯვობს დიდადო;
მე საფრანგეთზე მივდივარ ომით
აქ შენ გამიხდი გზად და ხიდადო.

გამარჯვებული რომ დავბრუნდებით
საფრანგეთიდან ჩვენ ყველა ღვთითო,
ჩვენ სამსახურსა და ერთგულებას
თქვენც ერთი-ორად გადაგიხდითო.“

იუკადრისა ბელგიის მეფემ
ვილჰელმის სიტყვა, მისი ბრძანება -
და მის პატარა სამფლობელოზე
ჯარის გაყვანის არ მისცა ნება.

მოუხდათ ჩხუბი, გაცხარდა ომი,
ბელგიის მეფემ მარტო ითავა;
მაგრამ სიმრავლემ გერმანიელთა
ბელგია სრულად გაანიავა.

თუმცა ბელგიამ შესწირა თავი,
მაგრამ საფრანგეთს კი მოეხმარა:
ესენი სანამ აქეთ იბრძოდენ,
მან იქით დიდი ჯარი შეჰყარა.

შეჰყარა... მაგრამ რა გამოვიდა?
ვერ აიცდინა მან გასაჭირი:
სანამ ქომაგი არ გამოუჩნდა
გაჭირვების დროს სამთა კავშირი.

გარისხებული, გამწარებული,
ამას ამბობდა მაშინ ფრანცია:
„მოკავშირენო, ვერ ხედავთ - მტერმა
სულ ამაოხრა და დამაქცია?!

სიტყვა ყოფილა „სამთა კავშირი“!
სად არის ახლა თქვენი პირობა:
ერთად სიკვდილი, ერთად სიცოცხლე,
ერთი მიზანი, ერთი გმირობა!?

ის თურმე სამთავ არაფრად გვაგდებს
და იმედებით ის მებრძოლია,
და ჩვენ სამივეს რომ გაგვიმკლავდეს,
იმდენი ჯარი კიდეც ჰყოლია!“

ინგლისმა უთხრა: „ნუ გეშინია!
საქმე ბოლომდე არ მიმდგარაო,
ვერ შეგვაშინებს ფახი-ფუხებით
ჩვენ ეს ვიღაცა მეტიჩარაო!

ხმელეთი თქვენი საბურთაოა,
ზღვა, კარგათ იცი, ჩემი სანავო
და რას დაგვაკლებს, ბევრიც იხტუნოს,
უმწეო მტერი იმისთანავო?!

ზღვას დავუკეტავ, არ გამოუშვებ,
აურ-დაურევ კვალსა და გზებსო,
სულ ჩამოვართმევ, სადაც კი ვნახავ
მის კოლონიებს და ბოღაზებსო.

გამარჯვებული მხოლოდ ის არის,
ვინც საბოლოვოთ გაიმარჯვებსო;
ჩვენ რა გვაჩქარებს? შევყვეთ ნელ-ნელა
ის კი ომს ვეღარ გააგრძელებსო“.

ჯერი რომ მიდგა რუსებზე, მაშინ
ესა სთქვა მამა იმპერატორმა:
„მეც ვეთანხმები ჩემ მოკავშირეთ,
რაც გადასწყვიტეს მაშინ იმ ორმა.

მეტის დათმობა არ შემიძლია,
აწ საზღვარი აქვს ჩემს მოთმინებას -
და წვრილი ხალხი რომ დამეჩაგროს,
არავის ამის არ მივსცემ ნებას.

მრავალსულობით გალომებული
დეე ნუ ჰყლაპავს სუსტსა ძლიერი!
სრული უფლება მიენიჭებათ,
თავის ნებაზე რომ იყოს ერი.

მაშინ მსოფლიოდ სანეტარო დრო
დამწიფებული დადგება სრული
და დამყარდება ერებთა შორის
ძმობა, ერთობა და სიყვარული.

ამას ჰქადაგებს ჰაგის კავშირი -
და ეს მოძღვრება სანატრელია,
მაგრამ განზრახვა დღევანდელი დღის
ხელისშემშლელი საზარელია.

მეც მიტომ ვიღებ ხელში მახვილსა
წინააღმდეგად სისხლის მდომისა
და მოკავშირეთ ვხდები მეც სხვებთან
ამ უკანასკნელ დიდი ომისა.

არ მოვეშვები ბრძოლას, თავს დავდებ,
თუ სულ არ გასწყდა მთელი რუსეთი.
სიმართლე მუდამ თავისას გასჭრის,
თავდები არის მაღალი ღმერთი.

გერმანიამ მტრად გამომიხტუნა,
აქეთ თათრები, იქით ავსტრია;
მაგრამ ისინი რას გააწყობენ
ვიცი, [ან ერთში] მათში რა ყრია?!“

რუსების აღთქმას და დაპირებას
როგორც რომ მოჰკრა ქართველმა ყური,
მოუნდა ისე ჩხუბში ჩარევა,
როგორც მშიერსა მოუნდეს პური;

მიდიან ჯარში თავისის ნებით,
რუსის მეომრებს ემატებიან;
სიცილ-ხარხარით, ტკბილის სიმღერით
იმათთან მწარედ ერთად კვდებიან.

ჩვენის სიკვდილით, [ჩვენის გაქრობით],
ახლა იწყება მომავლის შობა -
და დიდ რუსეთსა, წვრილ ხალხის დამცველს,
ნუ მოეშალოს აწ გამარჯობა.

რომ იმას მტერი არ აწუხებდეს
არცა იმიერ და არც ამიერ
და ჩვენც ვიძახდეთ მამაპაპურად
ჩვენის საფერად: „მრავალ-ჟამიერ!“

1914 წ.

რედაქტორის შენიშვნები

ომი

ეს პოემა აკაკის კალმის უკანასკნელი ნაწარმოებია, რომელზედაც იგი მუშაობდა 1914 წლის მიწურულში და ამ მუშაობის დროს დამბლა დაეცა, რისგანაც მალე გარდაიცვალა“ (ს. გორგაძე, ტ. II, გვ. 345).

პოემა ჯერ არ ყოფილა გამოქვეყნებული.

ჩვენს გამოცემაში იბეჭდება აკაკის ავტოგრაფის მიხედვით (ხელთ.№1470 - H) აკაკის ხელწერა ძნელი გასარჩევია... ორიოდე სიტყვა რომელიც ზუსტად ვერ ამოვიკითხეთ, სწორფრჩხილებში გვაქვს ჩასმული. არსებობს ამ პოემის პირი, რომელიც უცნობის ხელით არის გადაწერილი (ხელთ.№1507 - H).

აკაკის დარჩა აგრედვე პროზად დაწერილი წერილები იმპერიალისტურ ომზე (ხელთ.№1480 -H, ¹ 1501-H).

პოეტმა ასეთივე წერილი გამოაქვეყნა „თემშიც“ („თემი“, 1914 წ., №191). აკაკის პოემა „ომი“ და პოეტის მსოფლმხედველობა ამ საკითხის გარშემო შეისწავლა მამია დუდუჩავამ, რომლის ვრცელი წერილიც დაიბეჭდა ჟ. „მნათობში“, 1935 წ. №2, გვ. 98.

***

მეტად საინტერესოა თვით აკაკის აზრი ამ პოემის შესახებ: ავადმყოფ პოეტს უთქვამს:

„ძალიან ვეფერები [იგულისხმება მეფის რუსეთი], მაგრამ ვაი თუ ამ მოფერე-ბიდანაც არაფერი გამოვიდესო“.

აი, ეს ადგილი ანეტა იურკევიჩის მოგონებიდან:

„... მახსოვს ერთი საღამო, მგოსნის სარეცელთან ვისხედით: გ. დიასამიძე, ვ. რუხაძე, კ. აბდუშელიშვილი, აკაკის ვაჟი ალექსი და მე. აკაკიმ მთხოვა „ომი“ წაიკითხეო. მეც დავიწყე კითხვა. იგი გულაღმა იწვა, მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოედო და გატაცებით მისმენდა. გავათავე... სიჩუმე ჩამოვარდა... მან ყველას სათითაოდ მიაპყრო თვისი დიდრონი თვალები, თითქოს უნდოდა თითო-ეულის სახეზე ამოეკითხა რამე და ბოლოს წამოილაპარაკა: - „ძალიან ვეფერები მაგრამ ვაი თუ ამ მოფერებიდანაც არა გამოვიდეს-რაო“. (იხ. ჟურ. „ცხოვრება“, 1916 წ., №3).

1.22 სავარცხელი

▲back to top


რად მიგხდია ფერი შვილო,
და გაურბი რუსის ვაჟსა?
შეგაშინა? გაწყენია?
ფუი, მაგის წვერ-ულვაშსა!

ძველი დრო სულ სხვა დრო იყო
არ გვახსოვს რა მაგისთანა!
ის დრო იყო კურთხეული
ვარანცოვის დრო და ხანა!

შეგვიტკბეს და ჩვენც შევიტკბეთ,
შეგვიყვარეს - შეგვიყვარდა.
დღეს სიტკბო და სიყვარული
ის გულიდან გადავარდა.

გეტყვი, შვილო, იმ დროიდან
რაც დააჩნდა ტკბილად ჩემს გულს,
რომ არ ვსტყუვი, გეფიცები
ვარანცოვის სახელს და სულს!

მტკვრის ნაპირად სახლი იდგა
ჩვენი, მამაპაპეული;
ფათალოებ-ყვავილებში
ჩაწმახნული, ჩახვეული.

იქ ვცხოვრობდი ბებიასთან
მარტოდ-მარტო, მომწიფული,
გაფურჩქნილი, როგორც ვარდი,
მოჭიკჭიკე, ვით ბულბული.

ერთხელ მახსოვს დილა იყო
გადავაწექ მოაჯირსა,
და სიამით ჩავჰყურებდი
მოკამკამე მტკვრისა პირსა.

წყლის ანგელოსს წმინდა ჭევლში
დავსცქეროდი გამოსახულს:
ოქროს ხუჭუჭს ივარცხნიდა
ვაყოლებდი მეც თვალს და გულს.

იღიმვოდა, ირხეოდა
მოციმციმე მზისა შუქი!
თურმე თვითონ მევე ვიყავ
წყლის ანარეკლ-ანაშუქი!

უეცრად და ულოდნელად
ტანში მომხვდა რაღაც ძალა!
ჟრუანტელმა დამიარა...
გულში ლახვრად გამემსჭვალა.

მოვიხედე, მეზობლისას
ჰაივანზე იდგა მდგმური;
მოწიწებით მიყურებდა
შემომედო მეც ალ-მური.

შევჰკრთი უცბად და ვიკივლე
გამივარდა სავარცხელი,
წავბარბაცდი, წავიქეცი,
ვერ მოვავლე სვეტსა ხელი.

გავხდი ავად! დავსნეულდი
და ფერ-ხორცმაც მიწყო კლება,
მეხვეოდენ ექიმები...
ვერ გაიგეს სნეულება!

ბებია კი ამტკიცებდა:
გამიღალეს, თვალი ჰკრესო!
დავიბარებ მარჩიელებს,
გამოვჰკითხავ, თუ მითხრესო.

უთხრეს, ერთი მკურნალია
სხვა ექიმებს არა ჰგავსო!..
რუსი არის მაგრამ სნეულს
სულ ქართულად ულოცავსო.

დაიბარეს, შემომგვარეს!
ღმერთო ჩემო!.. ის კი იყო,
ამ დილას რომ მე თვალი მკრა,
გული ორად რომ გამიყო.

შემომხედა, გამიღიმა
და უბეში ჩაჰყო ხელი;
ამოიღო და მაჩვენა
ჩემი... ჩემი სავარცხელი..

შეულოცა, დასჩურჩულა,
ხან უკბინა, ხან აკოცა,
გადამსახა პირჯვარი და
სავარცხელიც მე გადმომცა.

„ამ საგანთან შეკრულია, -
მითხრა, - შენი ბედის წერა
და დღეიდან ვერას გავნებს
სულის ხუთვა, გულის ძგერა.

მხოლოდ ცხადად ნუ ჩაიდენ
რაც ბებიას საწყენია.“
და მართლაც რომ მე მას შემდეგ,
ფრჩხილიც აღარ ამტკენია.

მხოლოდ მაშინ მომდიოდა
თვარიანში გულის ძგერა,
როცა შორით მომესმოდა
საგულისხმო ეს სიმღერა:

„დღისით მზეა, ღამით მთვარე,
ორთავ შუა შენ ბრწყინვალებ!..
შემოგწირავ სულსა და გულს,
სიცოცხლესაც განაცვალებ.

მენდე, სატრფოვ, არ გატყუებ!..
გეფიცები ძალთა ძალსა
დაგიტკბობ და აგიყვავებ
სანუგეშოდ მომავალსა.

დავმოყვრდეთ და დავძმობილდეთ!
ჭირში... ლხინში ვიყოთ ერთი
და ეს აღთქმა ვინც გასტეხოს
გამკითხველი იყოს ღმერთი!“

- ეჰ, ბებიავ, რაებს ამბობ? -
შვილიშვილმა მიაძახა -
ჩვენ წინაპრებს რაც უნახავთ,
სადღა არის? ვინღა ნახა?!..

სიზმარივით გადასული,
ტკბილი სიტყვა ვიღას სჯერა?
და ხალხშიაც სხვა კილოზე
სულ სხვა გვარი ისმის მღერა:

რომ მეტრფოდი, თუ კი მართლა
წრფელის გულით შეგიყვარდი,
დღეს რაღათ გსურს ჩემ საფლავზე
რომ მოჰკრიფო ია-ვარდი.

მაგრამ არა, მატყუარა,
არგამტანო, უმადურო,
შენ გინდა, რომ პირუტყვივით
დამიმონო, მიმსახურო?

შემცდარი ხარ! ორთავ გვიჯობს
მოვიგონოთ ის ძველი დრო
და ერთმანეთს გადავეჭდოთ,
როგორც მუხას წმინდა სურო!

რედაქტორის შენიშვნები

სავარცხელი

იბეჭდება საქ. ლიტ. მუზეუმში დაცულ პოეტის ავტოგრაფიდან №93 (მიგვითითა პოეტმა გ. ლეონიძემ).

„სავარცხელი“ წარმოადგენს შავს, შეიძლება ერთადერთ ეგზემპლარსაც. არის ზოგიერთ სიტყვათა ცვლა. მაგ., ჯერ დაუწერია: „რათ წაგსვლია ფერი, შვილო“ „წაგსვლია“ წაუშლია და მის ნაცვლად დაუწერია: „მიგხდია“; „ის დრო იყო კურთ- ხეული“. ჯერ ყოფილა: „ის დრო იყო ღვთისნიერი“, წაუშლია და ზემოდ დაუწერია „კურთხეული“; „რაც დააჩნდა ტკბილად ჩემს გულს“, „დააჩნდას“ ნაცვლად ხელთნაწერშია „დაეჭდო“.

„მაგრამ არა, მატყუარა,
არგამტანო, უმადურო,
შენ გინდა, რომ პირუტყვივით
დამიმონო, მიმსახურო?
ნუ შეირცხვენ ულვაშს, გიჯობს,
თავზე ქუდი დაიხურო“...

ეს ხაზგასმული სიტყვები პოეტს წაუშლია და მის ნაცვლად დაუწერია ეს ფინალი:

„შემცდარი ხარ, ორთავ გვიჯობს,
მოვიგონოთ ის ძველი დრო,
და ერთმანეთ(ს) გადავეჭდოთ
[როგორც მუხას] წმინდა სურო“.

1.23 ალექსი

▲back to top


ზღაპარი ყმაწვილებისათვის

თავი I

........შვილო ალექსი!
........მსურს გითხრა ლექსი,
საკუთრად შენთვის მოვმართო ქნარი,
........დამიგდე ყური!..
........ვით ლუკმა პური,
ისე შეგერგოს შენ ეს ზღაპარი!
........აბა დავიწყო:
........იყო და იყო,
ღვთის უკეთესი არა იყო-რა;
........აქედამ წაღმა,
........ცხრა მთას გადაღმა,
იდგა პატარა, ლამაზი გორა,
........რომელიც მუდამ
........თვის სიმაღლიდამ
რაღაც მოლხენით დამზერდა ჭალას,
........მის წინ გაშლილსა,
........სამოთხედ ქმნილსა,
და მასში სჭვრეტდა ბუნების ძალას.
........ეს აგარაკი,
........გაშენდა რაკი,
აყვავდა ტურფად, სხვა-და-სხვა ფერად;
........გაჩნდენ ჩიტები,
........გაშალეს ფრთები,
დაიწყეს მღერა გულის მაძგერად:
........სთქვეს: „ვნახეთ ზღუდე,
........ვაკეთოთ ბუდე,
ეს ხეები სულ ჩვენ-ჩვენთვის გავჰყოთ;
........ვიხაროთ გული,
........ზამთარ-ზაფხული
უზრუნველადა გვიჯობს აქ დავჰყოთ.“
........სთქვეს, გაიხარეს,
........წილიც არ ჰყარეს,
დაეპატრონენ ისე თითო ხეს.
........შრომა დაიწყეს,
........ზარმაცი ჰკიცხეს,
ყველა უვლიდა თავ-თავის კუთხეს.
........მშვიდობიანს გვრიტს,
........იმ უწყინარ ჩიტს,
ერგო მაღალი ხე ნაკერჩხალი;
........ვერ ნახა წუნი,
........იწყო ღუღუნი,
სთქვა: „ხეც პურში დგას, ახლოც მაქვს წყალი;
........რომ დავიბუდებ,
........კვერცხებსაც დავდებ
და იქიდამან ორ ხუნდს გამოვჩეკ;
........მათ გასაზრდელად
........მე ახლოს, ხელად
წყალსაც ვიშოვნი და პურსაც ავკენკ.“
........დასკვნა ეს რჩევა
........და ღმერთს კურთხევა
შესძღვნა და ძღვენიც არ იყო ის ცრუ:
........დილა-საღამოს,
........ტკბილ და საამოს,
ლოცულობს გვრიტი, იძახის: „ღრუ! ღრუ!“
........ყვანჩალა ყვავმა,
........ავმა და შავმა,
ჯერ გაიცინა, მოჰყვა: „ხე! ხე! ხე!
........ჩემ სამოსახლოს
........ვხედავ მე ახლოს,
ძალიან მომწონს დიდი ნიგვზის ხე;
........ბუდეს ვიკეთებ,
........ჩიტებს ვაფეთებ,
კვერცხებს დავდებ და ბარტყებს გამოვტეხ.
........შორს აღარ ვეძებ
........საკენკარს: უცებ
აქვე ვიშოვი, კაკალს რომ გავტეხ.“
........ეს განიზრახა,
........გააღო ხახა
და შემოსძახა მაღლა ხმით: „ყვა! ყვა!“
........თვით მოეწონა,
........ასე ეგონა,
თუ მგალობელი ტოლი აღარ ჰყვა!..
........პატარა მწყერმა,
........იმ პურის მტერმა,
ხე რომ იხილა, „რად მინდაო“ - სთქვა
........და პურში შეძვრა,
........მიწას დაეკრა
და იქ დაიწყო მან ჩუმად გოგვა.
........სთქვა: „რას დავეძებ!
........კვერცხებს ბევრს დავდებ
და წიწილებსაც ბლომად გამოვჩეკ.
........ოხრათ მაქვს პური,
........ბედს რად ვემდური?“
გაგოგდა, იწყო პურში: „ბეკ! ბეკ! ბეკ!
........მგოგავმა შაშვმა,
........არ ავმა, შავმა,
რომ დაინახა დიდ ეკლის ბურდი,
........მას მიაშურა,
........სხვას არ უყურა,
ისე შეძვრა შიგ, როგორც რომ ქურდი.
........თავისთვის ჩქარა
........დაესახლკარა
და ოჯახობას მიჰყო მან ხელი.
........ჭიაც იქ ჰქონდა,
........საზრდოც მიჰქონდა,
სხვაც არა ჰქონდა მას სადარდელი:
........საამოდ სტვენდა,
........ყველას ალხენდა,
სალამურივით რა გაჰკიოდა,
........იმ არე-მარეს,
........ტკბილად მდუმარეს, -
სხვა ზრუნვით თავი მას არ სტკიოდა.
........შავი მერცხალი,
........როგორც რომ მთვრალი,
დაბარბაცობდა, ჰფრენდა ტრიალით,
........უჭრიდა რა გზებს
........მომფრინავ ბუზებს
საზრდოდ უჭვრეტდა მათ მტრული თვალით,
........რა გაძღებოდა,
........შტოზე ჯდებოდა,
იწყებდა ხოლმე ჭიკჭიკს საამოს,
........მერე, ვით ქალი,
........წყნარ-პატარძალი,
შინ მიჰფრინავდა ყოველ საღამოს.
........მაგრამ გუგულმა,
........ცრუმ და ცივგულმა,
ასე სთქვა: „ბუდის არ მაქვს ჯავრიო,
........სჯობს სხვის ზღუდეში,
........მე მზა ბუდეში,
სხვის კვერცხებშია ჩემიც გავრიო!
........მას ეგონება -
........არ აქვს გონება -
მისი და ზედაც კრუხად დაჯდება.
........და როს გამოტეხს,
........თავებს დაუტეხს
ჩემი ბარტყი სხვებს - თვით გაიზრდება.
........სხვებს ვიმსახურებ,
........სეირს ვუყურებ,
მე ხის წვერზედა შევჯდები დილით
........და მე იქიდან.
........ბრაწებს დავატან
გამვლელ-გამომვლელს „გუ-გუს“ ძახილით.“
........მაშინ ბულბულმა,
........ტკბილ გრძნობით სრულმა,
მიმართა ვარდნარს სიამოვნებით
........და რომ დაჰხედა,
........ვარდის ბუჩქზედა
ბუდე გამართა თავმოწონებით.
........კოკობი ვარდი,
........იმისი დარდი,
თვალთ წინ საამოთ ეფურჩქნებოდა;
........და მით ბულბული,
........აღელვებული,
მეტი ეშხითა თითქოს დნებოდა.
........ვარდი კოკობი,
........ბაღჩისა მკობი,
ბულბულის გულსა ცეცხლს უკიდებდა
........და არე-მარე,
........მუდამ მდუმარე,
ვარდის მღერალსა ყურსა უგდებდა.
........ბულბული ამკობს,
........ვარდიც ამაყობს,
შურით კი ჭკნება საბრალო ია;
........და იადონი,
........თავის მომწონი,
რას დასდევს იას, სტვენს: „ტია! ტია!“
........ასე, ამგვარად,
........მარად და მარად
სტვენენ სხვა-და-სხვა გვარის ჩიტები;
........დღიური საზრდო
........ყველას წინ ედო
და შესაქცევად მარგალიტები.
........ეს ტურფა მხარე
.......ტკბილად მდუმარე
ეკუთვნოდა ერთ მშვიდობიან ცხვარს;
........და კმაყოფილი
........ის მადლის შვილი
მადლობას სძღვნიდა თავის მაცხოვარს.

თავი II

........ეს ცრუ სოფელი,
........მწარ-სამყოფელი,
ვერვის დაინდობს, არვის გაიტანს!..
........უდროოდ ალხენს,
........უდროოდ აწყენს
კაცს აბურთავებს, სად არ გაიტანს?!
........ვინ არა სძრახავს?
........არვინ მინახავს,
რომ ამ სოფელზე მადლობა ეთქვას!
........და ეს კი მიკვირს:
........სიცოცხლე თუ სჭირს,
რად ვერიდებით ჩვენ საფლავის ქვას?..
........მაგრამ იმედი,
........უბედოს ბედი,
გვამხნევებს ჭირში, მით გვაძლებინებს;
........და მწარ შავ-დღეებს
........მთლად დაგვავიწყებს
ტანჯვით დამაშვრალს, წამს თუ გვაცინებს.
........ჰოი, სად ხარ დრო,
........ტკბილო, ნეტარო!
კაცობრიობის მალამოდ გელით
........და სასოებით
........რა გელოდებით,
ეკლიან გზას ვწმენდთ შიშველი ხელით.
........და მოველით დროს,
........ტკბილ-სანეტაროს,
როს იგრძნობს ერი ბედნიერებას!..
........აწმყო ცხოვრება
........მითი გვიტკბება
და თანაუგრძნობთ იმ ნეტარებას!
........ეს აღსარება
........ვის ეყურება!..

ბევრს უკვირს ჩვენი სხვა გვარი ქცევა;
........გიჟებად გვხდიან,
........და დაგვცინიან...
ხან გვესმის მათგან რისხვა და წყევა!..
........მაგრამ ჩვენ იმ დროს,
........რომ დაგვიფაროს,
ქრისტეს სიტყვები გვაგონდებიან:
........„შენ ზეციერო,
........მამავ ძლიერო!
არ იციან, თუ რასა შვრებიან!“
........ოდეს მუშაკი,
........ოფლსა ჰღვრის რაკი,
შემოდგომისას თესავს ხორბალსა,
........შიმშილს არ ნაღვლობს,
........მაცხოვარს მადლობს,
მომავალ ზაფხულს უხატავს თვალსა
........და წინეთ უმზერს,
........გული მით უძგერს,
რომ მისი შრომა კარგ ნაყოფს აძლევს,
........რომლითც მრავალი
........მშიერ-საწყალი,
საზრდოს ჰპოვებს და დღეებს ტკბილად ჰლევს.
........მაშინ მდიდარი,
........მარად მაძღარი,
ამ ნეტარებას, ვით გიჟურს, ჰსძრახავს!..
........მუქთად მყლაპავი,
........საზიზღი სვავი,
საბრალო მუშაკს ძმადაც არ სახავს.
........და ამაყ-გული,
........მძორ-დიდებული
სულელს ახარებს, თავს უქცევს რა თვალს.
........მაგრამ ჭკვიანი,
........მართლ-გრძნობიანი,
უმალ თაყვანს სცემს მუშაკსა საწყალს;
........და მით იმის გულს,
........გრძნობით აღვსებულს,
ახალ შრომისთვის მარჯვედ ამხნევებს
........და ასის დევნას
........უსუსტარ წყენას
ერთის თანგრძნობით მალე ავიწყებს...
........ჩვენც ხომ ისე ვართ,
........დევნა გვჩანს არად
ათასის, თუ რომ ერთი თანგვიგრძნობს..
........მაგრამ ჯერ ჩვენში
........სად არს ნუგეში?
ჩვენგანი თანგრძნობს ჯერ ვერვის იცნობს!..
........და წყლული გული,
........აღელვებული,
ძგერს უიმედოდ, ნაღვლით აღვსილი.
........მით ამ ცრუ დრომა
........დაგვიჭკნო შრომა,
ჭლექში ვარდება ჩვენი სურვილი...
........გამრავლდით მშრომნო,
........ სულით ამაყნო!
თქვენი საფლავი დროსა მომავალს
........საძირკვლად ჰქონდეს,
........რომ აგონებდეს
თქვენი ცხოვრების პატიოსან კვალს!
........და ვინცა აწმყოს,
........რა ხელი მიჰყოს,
თავის სიცოცხლეს შესწირავდეს მთლად
........ და უმცროსს მოძმეს,
........ვითა მოწამეს,
შეიწირავდეს თავისთვის მსხვერპლად, -
........ხალხში გაჰკიცხეთ
........და შეარცხვინეთ,
რომ შვილებმაცა მათ არ მიჰბაძონ
........და სუსტთ ამკლები,
........კაცები-მგლები,
თვისის სამწყსოდან მათაც განაძონ.
........მაგრამ ეს ლექსი,
........შვილო ალექსი,
შენთვის ადრეა... ირჩევს ჯერ ზღაპარს?
........მაშ კარგი, შვილო,
........მამულის წვლილო,
მივმართოთ ისევ ჩვენს საცოდავ ცხვარს.

თავი III

........უზრუნველადა,
........მწვანე ველადა
დანავარდობდა სიამით ცხვარი;
........სჭამდა, ცხოვრებდა
........და ცივ წყალს ხვრეპდა
ფეხით გაჰქონდა სულ მთა და ბარი.
........ვის რას უყოფდა?
........მით ამაყობდა,
რომ კარგი კუთხე ბედმა მას მისცა;
........და ისე ხტოდა,
........როგორც უნდოდა,
ცა ქუდად უჩნდა, ქალამნად მიწა.
........მაგრამ ერთ დღეს კი
........აკვნიტეს ნეკი,
როდესაც ჭორად მოჰკრა მან ყური,
........რომ სხვა მხეცებსა,
........მის მეზობლებსა,
გულში შესვლიათ საბრალოს შური!..
........დიდად ჰკვირობენ
........და უპირობენ
ძალით საბრალოს დამონებასა,
........თუ რომ სურვილით
........და სიტყვით ტკბილით
თვითონ არ დაჰყვა იმათ ნებასა!
........ჯერ თავ-მომწონე,
........ამის გამგონე,
საბრალო ცხვარი მეტად დაღონდა;
........სთქვა: „ცა გამიწყრა!“
........ბევრი იფიქრა
და ბოლოს ხერხი მას მოაგონდა:
........ის სამფლობელო,
........მისი სამშობლო
სადაც კი თვალი მიუწვდებოდა,
........ყოველი კუთხით
........გალავნით, ციხით
შეჰკრა... მტერი ვერ მოუხტებოდა!
........და შემდეგ მარად
........ის უშიშარად
აბუჩა სტუმრებს მარჯვედ უცდიდა
........და თავის გულში,
........დამშვიდებულში,
მოსისხარ მტერებს პამპულად ხდიდა!
........ერთხელ, ვით მტვერი,
........მოადგა მტერი,
მაგრამ რა ნახეს გამაგრებული,
........გაჰკვირდენ მეტად,
........შეიქმნენ რეტად
და მოულოდნად დაწყდათ მათ გული.
........ვერრა გააწყვეს,
........ამოიძუეს,
დაბრუნდენ სახლში ბილწი მხეცები;
........ და ცხვარმაც საგზლად
........ხშირად და ხან-გრძლად
თან გაატანა იმათ ბრაწები!
........უფრო დიდებით
........და დამშვიდებით
ამ საქმის შემდეგ ცხვარი ცხოვრებდა
........და ის სხვა ცხოვლებს,
........ვერც დათვებს, ვერც მგლებს
ძალით მომსევად ვერ უყურებდა.
........ხანი გამოხდა,
........ცვლილება მოხდა:
ეტკინა საწყალს ჩვენს ცხვარს მუცელი;
........დასვა კრავები,
........ნიკორ-შავები,
და გასაზრდელად მიჰყო მათ ხელი.
........ძუძუსა სწოვდენ,
........სხვას არას სთხოვდენ,
დედას დასდევდენ და ნავარდობდენ.
........სილამაზითა
........და სინაზითა,
ასე გასინჯეთ, ერთმანეთს სჯობდენ!
........ჭკუა-გონება,
........დიდი ქონება -
რაც ცხვრისა წესზედ კი შეიძლება -
........იმათაც ჰქონდათ,
........თავი მოსწონდათ;
აკლდათ მათ მხოლოდ გამოცდილება,
........მაგრამ ეს ნიჭი,
........ცხოვრების ბიჯი,
დედის მუცლიდან არვის დაჰყვება.
........ცრემლ-ნაღველითა,
........გულის მწველითა
ის მხოლოთ შემდეგ მოიპოვება.
........და ერთხელ ვინცა
........მას ხარკი მისცა,
ჭმუნვის ბეჭედი აზის მის სახეს;
........და რაც პირველად
........ჩნდა სასურველად,
ბოლოს იქ ჰგონებს საფრთხეს და მახეს!..

თავი IV

........ხარბი რამ არი
........და უმაძღარი
ვნებითა სრული, აღმშფოთი გული:
........ რაც რომ ჩვენია, -
........ მოსაწყენია,
და რაც არა გვაქვს, - მიგვიდის სული!
........მწარისა ოხვრით
........ და ცრემლების ღვრით
როს ავისრულებთ ჩვენ ერთს სურვილსა, -
........კიდევ სხვას, ახალს
........გული იჩენს ალს
და არ გვასვენებს კრულს და ურვილსა!
........ჩვენს ნაცნობ ცხვარსა,
........შეუპოვარსა,
მოსწყინდა მალე ის არე-მარე
........და მოსაძოვრად,
........ნეკრის საშოვრად
გადააბიჯა გალავანს გარე
........და ის კრავები,
........საცოდავები,
გალავანს შიგნით მარტოდ დაჰყარა!
........მაგრამ იმავ დროს
........უფროს და უმცროს
ორივე შვილებს ეს დაუბარა:
........ „ჩუმად! ნუ ბღავით,
........ფრთხილათ იყავით,
დაკეტეთ კარი, არვის გაუღოთ!
........მარტო რომ გნახონ,
........არ მოგატყუონ
ჩემმა მტერებმა, არ დავიღუპოთ!..
........მე როცა მოვალ,
........ყველაზედ უმალ
სამჯერ „ბეს“ ვიტყვი და „ბეკეკესა“
........და მითი მიხვდით
........კარებს მოახტით,
ჩქარა გამიღეთ და გაჭმევთ რძესა!“
........ამგვარად ცხვარმა,
........გულ-უმაძღარმა,
კრავებს ეს სიტყვა რა დაუბარა,
........მინდორი გავლო,
........მთებიც გადავლო,
მოუხედავად გასწია ჩქარა!
........უდედურადა
........უძუძურადა
დარჩენ კრავები და მოიწყინეს;
........ვერც იკუნტრუშეს,
........ვერც ინუგეშეს,
მიწვენ ჩეროში და დაიძინეს.
........მათ ძილში მგელი,
........ის საძაგელი,
მიადგა კარებს, ეცა რა სუნი.
........ერთი მან გარედ
........იზუვლა მწარედ
და დაუწყო კარს ჩქარა კაკუნი.
........დაუფრთხათ ძილი,
........მაგარი, ტკბილი,
პატარა კრავებს ამ ხმაურობით
........და რომ წამოხტენ,
........მაშინვე მიხვდენ,
რომ აბრიყვებდა ვიღაც მათ მტრობით.
........მიცვივდენ კარზედ,
........მაგრამ უარზედ
დადგენ და აღარ გაუღეს კარი:
........„ვიღაცა ხარო,
........თუ დედა ხარო,
აბა, ნიშანი შენი გვითხარი!“
........კუდგრძელმა მგელმა,
........იმ საზარელმა,
მოსატყუებლად შეჰქმნა ზუილი,
........მაგრამ კრავებმა,
........ნიკორაებმა,
იცვნეს და უთხრეს მათს მტერს: „ტყუილი!
........გსურს გაგვაბრიყვო?!
........დედა რომ იყო, -
სამჯერ იტყოდი „ბეს“ და „ბეკეკეს!“
........ჩვენც მივხვდებოდით,
........კარს მივხტებოდით,
გაგიღებდით და შენც გვაჭმევდი რძეს.
........შენ დედა არ ხარ,
........სხვა გვარათ ჰყარხარ,
საიდამც მოხველ, იქვე წადიო!“

........მგელი დაღონდა,
........რაღა გზა ჰქონდა!
სთქვა: „დამეკარგა დილის მწვადიო!
........ახლა ამ კრავებს,
........ეშმაკებს, ავებს,
ვერ მოვატყუებ, წახდა ფიციო,
........მაგრამ მეორედ
........შევაცდენ სწორედ,
რადგან ნიშანი მათი ვიციო!“
........მართლაც მეორედ
........დაბრუნდა სწორედ
სამხრობის დროზე, კარი მონახა.
........ასუნ-დასუნა,
........დაუკაკუნა,
„ბე“ და „ბეკეკე“ სამჯერ დასძახა...
........მაშინ კრავები,
........საცოდავები,
მოტყუვდენ და წამს გაუღეს კარი.
........და ვაი მათ მტერს!
........მგელს შეხვდენ მშიერს...
ორნივ ჩაყლაპა მგელმა უმწვარი!..
........და გამაძღარი,
........არ-გასახარი
მგელი წავიდა სახლში ძუნძულით;
........და ის გრძელკუდა,
........როგორც რომ გუდა,
გამოიბერა მუცლით და გულით.

თავი V

........დაბრუნდა ცხვარი.
........რომ ნახა კარი
ღია, კრავებიც აღარსად იყო,
........მას ელდა ეცა,
........პირქვე დაეცა
და საცოდავად ბღავილი იწყო!
........სთქვა: „ეს რა მოხდა!“
........ზეზე წამოხტა,
თუმცა ცრემლები ადგა მას თვალში,
........და თავის მტერსა,
........გულის მაძგერსა,
გარისხებული ჩაუდგა კვალში.
........მისდია ჩქარა,
........მთა გადიარა
და ერთ ღელეში ნახა მან მტერი.
........შეშინდა მგელი,
........ის საძაგელი,
ცხვარს რომ შეხედა, წაუხდა ფერი!
........ის, გამაძღარი,
........ეგდო, ვით მკვდარი,
და აღარ ჰქონდა საომრად ძალა.
........და მონელება,
........ომის შეძლება
იმ წყეულს ცხვარმა აღარ აცალა,
........დროზედ მოასწრო,
........იშოვნა მან დრო,
ამოჰკრა ფაშვში მრისხანემ რქები,
........გააპო ჩქარა
........და გამოჰყარა
ისევ ცოცხლები თავის შვილები!
........ბევრი იხარეს,
........ცრემლები ჰღვარეს,
სიამოვნებით შეექნათ კოცნა...
........და მერე ცხვარმა,
........ბედით დამტკბარმა,
თავის შემოქმედს მადლობა უძღვნა.
........და წამოვიდა
........დიდის ამბითა
თავის სახლისკენ გულ-დამშვიდებით;
........და ძველებურად
........ის მისებურად
ისევ სცხოვრობდა, იყო დიდებით.
........ხშირად მტერები:
........მგლები, ტურები,
დათვები და სხვა თუმც აწუხებდენ,
........მაგრამ დიდ ზარალს
........ვერ აძლევდენ მას,
რადგანც ციხის კარს მათ არ უღებდენ.

თავი VI

........უსამართლობით,
........ომით, ძალობით
არვის შეეძლო, გაეღო კარი,
........თუ რომ შეცდენით
........და მოყვრის ენით
არ დაეღუპათ საბრალო ცხვარი!
........მოულოდნელად,
........მოუწვეველად
გაჩნდა მოყვარე, მტერზედაც ავი.
........ეს იყო მელა!
........ცუნცულით, ნელა
მობრძანდა, თოვლში ის ნაგორავი,
........და მოტყუებით,
........ტკბილი სიტყვებით
მიმართა ცხვარსა კეთილ მზრუნველად:
........„კეთილო ცხვარო,
........ღირს-შესაყვარო,
მამაცო, სიმხნით ქებულო ძველად!
........ყოველი კუთხით
........ღამითა და დღით
მტერი გყავს, არ გაქვს მით მოსვენება!
........და შენ მოყვარე
........არ გყავს მომხმარე, -
რომ მოგეხმარო, მომეცი ნება.
........მაღალო სულით,
........მიყვარხარ გულით
და მისთვის მინდა გეძმო, გემოყვრო;
........და შენი მტერი,
........როგორც რომ მტვერი,
ისე გავხადო, მინდა... ამოვფხრო.
........მე ერთი მურა
........თეთრი, შავ-ყურა
მყავს, თუმც არ არის ჩემი ფერია,
........და როგორც მელის
........ (ჩემგან რას ელის?)
ის უნდა იყოს დიდი მტერია;
........მაგრამ სიბრიყვით
........ის, ერთი სიტყვით,
რადგანაც არ აქვს მეტი გონება:
........რა გაეგება,
........კიდეც ექება
თავგანწირულათ ჩემი მონება!
........აი, ამ მურას
........მოვიყვან, - ტურას
და მგელს წავიფრენ მე წინ სიმწრითა!

........და მაშინ შენა
........მოგხედავს ზენა,
მტერს მოიგერებ ყოველი მხრითა.
........მოგაშორებ მტერს,
........ არც გთხოვ არაფერს
ამ სამსახურში მე გულწმინდაო!
........მოწმედ მყავს ღმერთი
........მე მხოლოთ ერთი -
შენი მოყვრობა გულით მინდაო!“
........ ცხვარს რომ ეს უთხრა,
........თავი დაუკრა
და ისე ჩქარა წავიდა შინა,
........რომ იმ საწყალ ცხვარს,
........მის სიტყვით დამტკბარს,
თითქმის მადლობაც არ ათქმევინა.
........დარჩა მარტო და
........ამას ამბობდა
ცხვარი: „ეს მელა სით გამიჩნდაო!
........ბევრიც უვლია,
........შორეულია,
ჩემგნით რა აქვსო იმას სადაო!
........როგორც ეტყობა,
........ჩემი მოყვრობა
მას გულითა სურს, უზაკველადო.
........მაშ დაამტკიცოს,
........მტრისგან დამიცოს,
ომი გამართოს მტრებთან ველადო;
........და მაშინ მეცა,
........მოწმედ მყავს ზეცა,
რომ არ დავრჩები უმადურიო:
........კარსაც გავუღებ,
........ტკბილად მივიღებ,
რომ ნახოს ჩემგან სამსახურიო.“
........რა გადასწყვიტა
........ეს, შინ მივიდა,
კრავებს უამბო, უმახარობლა.
........და იმავ დღიდამ
........ყოვლის კუთხიდამ
მისმა ნათელმა დღემ მოიღრუბლა!..

თავი VII

........დადგა ზამთარი.
........მგელი გამხდარი,
ტურა და დათვიც იერიშითა
........მოადგენ ციხეს,
........კრავებმა ნახეს
და გაიკმიდეს მათ ხმა შიშითა.
........მაგრამ ამავ დროს,
........ცუდს და საზაროს,
პირობისამებრ მოვიდა მელა,
........თან მოჰყვა მურა,
........დასძახა „ურა!“
და წაიფრინა წინ მტრები ყველა.
........დათვი აბღავლეს,
........ტურა აჭყავლეს,
მგელი გაბერეს, როგორც რომ გუდა?..
........და ვით სარდალი,
........მხნე და მართალი,
ისე მოიქცა აქ მელაკუდა.
........უბრძანა მურას;
........ „ნუ მზოგავ ნურას,
რაც გინდა მთხოვე, აგისრულებო!
........და მართებულად
........მე უეჭველად
ამ საცხვარეთში შენ გიგულებო.
........მაგრამ კი ჯერე
........მე დამიჯერე:
ფარისევლურად და ფრთხილად ვიყოთ,
........რომ არ შეგვიტყოს,
........ცხვარმა რო გვკითხოს
ჩვენი აზრები და გავაბრიყვოთ:
........კარი გაგვიღოს,
........ჯერ შინ მიგვიღოს,
ცოტა ხანს ვიყოთ ჩვენც, ვით სტუმარი,
........და მერე, როცა
........ხელთ ვიგდოთ დროცა,
გავკრიჭოთ ჩვენი ცხვარი ხუმარი.
........თუ იუაროს,
........არ მოგვეკაროს
და არ მოტყუვდეს ჩემი ტკბილ-ენით,
........მაშინ შენ მალე
........გადუბრიალე
თვალები რისხვით, მუქარით, ღრენით!
........რომ მაშინ შიშით,
........ვაგლახით, ვიშით
ენა ჩავარდეს, ჩაიწყვიტოს ხმა
........და ვითომც ნებით,
........ძალ-დატანებით
სამარადისოდ გახდეს ჩვენი ყმა!“
........ეს რომ დააწყვეს,
........საქმე დაიწყეს;
დიდ მოწიწებით მიდგენ ციხის კარს
........და სიხარულით,
........ვით მართლის გულით,
გამარჯვებასა ულოცავდენ ცხვარს.
........მოტყუვდა ცხვარი,
........გააღო კარი
და შეიყვანა ციხეში მელა.
........იმას თან მურა
........შეჰყვა შავ-ყურა
და გაიზმორა სიამით ნელა.
........ცხვარმა მაშინა
........გამოიჩინა,
რაც კი შეეძლო მას, მასპინძლობა.
........და მელაკუდამ,
........ეშმაკის გუდამ,
ნაცვლად შემდეგი უთხრა მადლობა:
........„გმადლობო, ცხვარო,
........შენ უწყინარო,
თავს რად იწუხებ მასპინძლობითო?!
........შენ ვეღარ შესძლებ,
........მე ვიმასპინძლებ,
და შენც ქირაში ყოველ წლობითო
........მიხადე მადლი,
........მაძლიე მატყლი
ერთი საჩოხე, საპაიჭეო.
........და მით მშვიდობა
........და ჩემი ნდობა
მონის საფერად მიინიჭეო!
........ბევრს ნუღა ფიქრობ!
........რაღას აპირობ?
სიამტკბილობა, სჯობს, იხმაროო,
........რომ ბოლოს ძალით
........ორივე თვალით
არ იტირო და ცრემლი ღვაროო!“

........შეძრწუნდა ცხვარი,
........გულს ჰკრეს ლახვარი!..
მაგრამ რაღა დროს? რაღას იზამდა?
........მელა კუდურა
........და მასთან მურა,
რომლებიც წეღან მეგობრად სწამდა,
........მრისხანე ძალით,
........თვალის ბრიალით
უღრენდენ და თან ილესდენ კბილებს!.
........და მაშინ ცხვარმა,
........შიშით შემკრთალმა,
ცრემლით ურჩია საბრალო შვილებს:
........ „აწ კი გვიმართებს,
........ამ მინდვრებს და მთებს
გამოვეთხოვოთ - მონა ვართ მელის...
........გვაწევს ღვთის რისხვა,
........სანამ აწ ჩვენ სხვა
არ გამოგვიხსნის და არ გვიშველის...
........ვმონოთ ჯერ შავ ბედს,
........ნუ ვკარგავთ იმედს:
სოფელი ბრუნავს აღმა და დაღმა,
........რომელმაც ჩვენა
........არ მოგვასვენა, -
ეგებ დაჰგლიჯოს მელაც იმ ძაღლმა
........და ჩვენც მაშინა...
........ჩუ შემაშინა
რაღაც ჩვენებამ, ამბობს: „ფრთხილადო!
........ჯერ მსხვერპლი უნდა,
........უმანკო, წმინდა
განსაწმენდელი შვილის-შვილადო!“
........ეს რა წარმოთქვა,
........ყელს შეიბა ქვა
ნიშნად მონობის... დადუმდა ცხვარი,
........ძირს თავდახრილი!..
........იწყო ტირილი...
დღესაც არ შრება იმას ცრემლთ ღვარი!..
........იმ არე-მარეს,
........ჩაგრულს, მწუხარეს
გულმოსაკლავად რწყავს ის ცრემლთ-ღვარი...
........და რომ შეაშროს
........ის ცრემლი ერთ დროს,
მისთანა გმირი ჯერ არსად არი...

1869 წ.

რედაქტორის შენიშვნები

ალექსი

პირველად ეს პოემა გამოქვეყნდა ჟ. „მნათობში“, 1869 წ., №11, 12.

ამ პოემას, რომელსაც ავტორმა „საყმაწვილო ზღაპარი“ უწოდა, პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, ისე როგორც მამია გურიელის „ირმის ნაამბობს“. აქ მეორე თავი „შრომის სუფევას“ ჰქადაგებს. აკაკი მიმართავს მუშებს:

„განმრავლდით მშრომელნო, სულით ამაყნო!“

ამიტომ იყო, რომ გაზ. „დროებაში“ მისი დაბეჭდვა არ დამთავრდა საცენზურო პირობების გამო. იქ დაიბეჭდა მხოლოდ III, IV, და V თავი ასეთი შენიშვნით: „პირველი ორი თავი ამ მშვენიერი ზღაპრისა დაბეჭდილი იყო „მნათობში“ („დროება“, 1876 წ. №56). მაგრამ არც „დროებაში“ დამთავრებულა. „დროება“ სწერს: „დასასრული ამ ზღაპრისა თავი მე-VI და VII რედაქციისაგან დამოუკიდებელის მიზეზის გამო, არ იბეჭდება“ („დროება“, 1876 წ., №59).

ამ ზღაპრის მეორე თავი, რომელიც 1870 წლის „მნათობის“ იანვრის ნომერში დაიბეჭდა, აქაც ზოგიერთი სტრიქონი ამოგდებულია ცენზურის მიერ.

აი, ეს ადგილიც (ხაზი ჩვენია).

ჰოი, სად ხარ დრო,
ტკბილო, ნეტარო,
კაცობრიობის მალამოდ გელით
და სასოებით
რა გელოდებით
ეკლიან გზას ვწმენდთ შიშველის ხელით
და მოველით დროს,
ტკბილ-სანეტაროს,
როს იგრძნობს ერი ბედნიერებას;
აწმყო ცხოვრება
მითი გვიტკბება
და თანავუგრძნობთ იმ ნეტარებას.

ეს ხაზგასმული სიტყვები ცენზურის მიერ არის ამოღებული.

„ალექსი“ მთლიანად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ჟურნალ „ივერიაში“ („ივერია“, 1880 წ. №1); არსებობს ამონაბეჭდიც, რომელიც რამდენიმე ცალად გამოვიდა ამავე წელს (1880).

ეს პოემა აკაკიმ მთლიანად გადაბეჭდა თავის „კრებულში“ (1898 წ., №10).

ცალკე წიგნად გამოვიდა 1910 წელს.

მაგრამ აქ არის ერთი აბნეული ხანა, რომელიც არც ერთ გამოცემაში არ არის გასწორებული, (მხოლოდ „დროებაში“ დაიბეჭდა ნაწილობრივად სწორედ). ეს შეცდომა მოდის „ივერიიდან“ და თვით აკაკის „კრებულშიც“ ასეა დაბეჭდილი:

მათ ძილში მგელი
ის საძაგელი
მიადგა კარებს ეცა რა სუნი
ერთი მან გარეთ
იზუვლა მწარეთ
და დაუწყო კარს ჩქარა კაკუნი.
ძილი დაუფრთხათ
ტკბილი მაგარი
ამ ხმაურობით პატარა კრავებს
და რომ წამოხტენ,
მაშინვე მიხვდენ
რომ აბრიყვებდა ვიღაც მათ მტრობით.

აშკარაა, აქ რითმების დალაგება არ არის სწორი, და სტამბის უყურადღებობას უნდა მიეწეროს ცდომილება. საჭიროა ამ ტექსტის ასე გადასმა, რომ რითმის კეთილხმოვანება და ლექსის რიტმიული წყობა არ დაირღვეს.

მათ ძილში მგელი
ის საძაგელი
მიადგა კარებს, ეცა რა სუნი.
ერთი მან გარეთ,
იზუვლა მწარეთ,
და დაუწყო კარს ჩქარა კაკუნი.
დაუფრთხათ ძილი,
მაგარი, ტკბილი,
პატარა კრავებს ამ ხმაურობით
და რომ წამოხტენ,
მაშინვე მიხვდენ.
რომ აბრიყვებდა ვიღაც მათ მტრობით,

სამწუხაროდ, ამ პოემის დედანი არ შეგვხვედრია, არის მხოლოდ გადანაწერი (- ალბად დაბეჭდილიდან), რომელსაც ივანე ელიაშვილის ხელით აწერია აშიაზე: „მღვდელი გიორგი ზაბახიძის-მიერ გადაწერილი, როგორც გვითხრა სპირიდონ ზაბახიძემ“ (ხელთ.№1505 - H).

ერთი სტრიქონი („სხვაც არა ჰქონდა მას სადარდელი“), რომელიც შემთხვევით არის გამორჩენილი ყველა გამოცემაში, აღვადგინეთ ს. გორგაძის ქრესტომატიიდან („ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია“, 1925 წ.).

„ალექსის“ ბიბლიოგრაფია ასე წარმოგვიდგება:

1. „მნათობი“ 1869 წ. დეკემბერი.

2. „მნათობი“, 1870 წ. იანვარი.

3. „დროება“, 1876 წ. №56, 59.

4. „ივერია“, 1880 წ., №1.

5. ცალკე წიგნად, 1880 წ. (ამონაბეჭდი).

6. „კრებულში“, 1898 წ. №10.

7. „ნაკადული“, 1908 წ., №11.

8. ცალკე წიგნად, 1910 წ., „ცოდნას“ გამოც.

9. „ჩვენი ახალი მწ.“. 1919 წ., გვ. 159.

10. „ჩვენი ძვ. მწერ.“, 1925 წ., გვ. 21.

11. „რჩეული ლექსები“, 1937 წ., გვ. 101.

12. ჩვენი ხალხ. პოეზია, 1921 წ. გვ. 267.

1.24 მეუდაბნოე

▲back to top


უდაბნოს, უცხოს, მიყრუებულსა,
სად სხივი მზისა ვერ მისწვდებოდა,
ბნელსა მღვიმესა მოხუცებულსა
ბინა დაედვა, იქ იზრდებოდა.

დიდი ხანია, რაც ეს სოფელი
მან დაუტევა თვისის სურვილით,
აღუპყრა ზეცას ვედრების ხელი
და გარდასახლდა იმ ქვეყნად სულით!

თუთხმეტი წელი ყოველ დღე, ღამე,
მუხლ-მოყრით ღმერთსა ევედრებოდა,
ამაო იყო მისთვის სიამე,
და სხვა მას არრა აგონდებოდა.

როდესაც ძილსა მიეცემოდა
ლოცვით მაშვრალი მცირესა ჟამსა,
მხეცთ რაღაც ზარი დაეცემოდა
და ჩაიწყვეტდენ მყვირალნი ხმასა.

მიეცემოდა მყუდროებასა
წმინდა მოხუცი მუდამ ამ გვარად
და ზეციერსა ნეტარებასა
ცხადად უჭვრეტდა წინასწარ მარად.

დაღამდა. სხივნი მთვარისა სუსტად
ძლივს განივლიდენ შუა ტყეს ხშირსა
და ანათებდენ რაღაცა ბინდად,
დასცვინდებოდენ რა მღვიმის პირსა.

ამ დროს მოხუცმა დაასრულა რა
თავისი ლოცვა გულმხურვალებით,
გარეთ გამოხდა, თავი ახარა
და ვარსკვლავს სჭვრეტდა ბნელის თვალებით.

სიამოვნებით მოკასკასესა
იგი უჭვრეტდა ვარსკვლავთ კრებასა
და წმინდა მამა ბნელსა ღამესა
მათში ჰხედავდა ღვთის დიდებასა.

ქარი, ტყე, კლდენი, მთაც მდუმარებდენ,
მდუმარებდენცა მხეცნი მთისანი,
ისმენდენ, თუ ვით გადმოდიოდენ
წმინდა მოხუცზედ მადლი ღვთისანი.

დიდ ხანს უჭვრეტდა მოხუცი მამა.
ენატრებოდა თვისი სიკვდილი,
უცებ უკნიდან ხმა შემოესმა
და დაინახა შორით აჩრდილი.

თრთოლვით თან და თან მიუახლოვდა
და რა მთვარემან სხივი მოჰფინა,
ასხმული ძვლები უსხეულოდა
განდგომილის წინ გამოაჩინა.

მეუდაბნოე მცირედ შეწუხდა,
დაიარაღა მან ჯვარის სახით.
ღვთისა სახელით მერმე მიბრუნდა
და ეს შეჰყვირა მას მამაცის ხმით:

- „მფარველად მივის ღმერთი ჯვარს-ცმული
მის ძალით გკითხავ: მითხარ, რას შვრები?
ჯოჯოხეთით ხარ ბოროტი სული,
ჩემ შესაცდენად? ტყვილად დაშვრები!

რისთვის მოსულხარ ჩემსა მღვიმესა?
ან რად მიშფოთებ აქ მყუდროებას?
განვედი ჩემგან ამავ ღამესა,
ჯვარ-ცმულის სახით არ გაძლევ ნებას!

- „წმინდა მამაო ნუ აღშფოთდები!
ცრემლით მიუგო ახლოს აჩრდილმა, -
ვისაც შენ ესავ მას ვევედრები
და დღეს მოგმართე შემცოდე შვილმა.

მეცა შენსავით მოვშორდი სოფელს,
მაგრამ ლტოლვის გზა სხვა და სხვა არის,
შენ, ნაცვლად ელი იქ სასუფეველს
და ჩემი გული მას ვერ შეხარის!

სასტიკ-უწყალომ, ოჰ! სიყვარულმა
მოხუც-მყო, მაჭკნო მე ასე უხნოდ
და სიყვარულით დამწვარმა გულმა
სოფელს მაშორა... განდგა უდაბნოდ.

ორი წელია ტანჯვას ვითმენდი.
იქა ვსცხოვრებდი, ჰე, იმ მღვიმეში!
ფარვით შენს ლოცვას ტყვილად ვისმენდი,
ვერა-რა ვპოვე მათშიც ნუგეში!

სიყვარულისა დიდია ძალი!
ის სძლევს ყოველთა, თურმე, მამაო!
არ გაეწყობა მას სხვა წამალი
და ყოველი ცდა არის ამაო!

მხედავ, წმინდაო, დამწვარ-დამჭკნარსა
სიჭაბუკის დროს, ყვავილოვანს ჟამს.
ვით დავემსგავსე ცოცხალი მკვდარსა?
ვით არ შევბრალდე, ვისაც ღმერთი სწამს?

მომიახლოვდა სიკვდილი ცოდვილს
დრო არს მამაო. აწ მაზიარე!
სული მიხსენე მე შემცოდე შვილს
და შენს მღვიმეში მკვდარი დამფარე!

მე ობლად განვლე ესე სოფელი,
არავინ მრჩება აქ ნათესავი,
მოხსენებასაც არვისგან ველი
და ჩემთვის ყველა შენვე იყავი!

ეს მეთექვსმეტე წელიცა მიდის,
რაც მამა ჩემი სოფელს განშორდა,
მის შემდეგ მისი არავინ იცის
მოკვდა, სად არის, რა დაემართა?

მისი ჯავრითა დედაცა მოკვდა,
შემდეგ სიკვდილი ეწვია ჩემს დას,
მისი ჩანგები ჩემს ძმასაც მოხვდა
და ეხლა მეცა ვნახავ მათ ზეცას.“

თანაგრძნობითა დიდ ხანს ისმენდა.
მოისმინა რა, უცებ შეძრწუნდა;
რაღაც ტანჯვასა წმინდა ითმენდა,
ბოლოს იყვირა, ვეღარ დაჩუმდა:

- „შენ ხარ ძე ჩემი, მე ვარ ის მამა
მე დაუტევე მანგრე სოფელი!
სჩანს შეგვახვედრა ერთად ზეცამა,
მო, შვილო ჩემო, მომხვიე ხელი!“

ასე შეჰყვირა მას განდგომილმა
და მსწრაფლ წიაღსა თვისსა მიიპყრა;
მამაცა თვისი იცნო რა შვილმა,
ხელში შეაკვდა, ამ სოფლად განქრა.

დიდ ხანს მოხუცმა ცრემლი აყარა,
გაუახლდა რა მშობლისა გრძნობა,
ბოლოს ცისადმი თავი ახარა
და ღმერთს შესწირა ცრემლით მადლობა.

„დედაო ღვთისა, აჰა! იხილე
სიყვარულისა უწყალო მსხვერპლი
და სატანჯველსა შენ განაცილე
ძისა შენისა მადიდებელი!

და ჩემთვისაცა აწ კმარა ესე,
გარდმომივლინე მეცა სიკვდილი,
ძისა მახლობლად ბინა მიწესე
და მიიბარე ცოდვილი სული!“

ოდეს წარმოსთქვა ეს ტკბილის გრძნობით,
დააკვდა შვილის ცივსა სხეულსა
და ნათლის სვეტნი ღვთისა განგებით
გადმოეფინენ ცით კურთხეულსა.

1859 წელს
5-სა გიორგობისთვეს
ს. პეტერბურგით

რედაქტორის შენიშვნები

მეუდაბნოე

პირველად დაიბეჭდა „ცისკარში“ (1859 წ. №12, დეკემბერი). ქვეშ მოწერილი აქვს გვარის ინიციალი: წ.

ს. გორგაძე სწერს: „ჩვენ ვნახეთ ავტორის ნასწორები ცისკრის ნომერიო“; სამწუხაროდ, ჩვენ ვერსად ვერ ვიპოვეთ ეს ნასწორები „ცისკარი“, რომ ამ გამოცემაში გადმოგვეტანა.

„მეუდაბნოე“ წინამდებარე ტომში იბეჭდება „ცისკრიდან“ უცვლელად. თუ ზოგიერთ ორთოგრაფიულ შეცდომათა გასწორებას არ მივიღებთ მხედველობაში.

2 დრამატული ნაწერები ლექსად

▲back to top


2.1 თამარ-ცბიერი

▲back to top


ისტორიული ხუთმოქმედებიანი
დრამატიული პოემა

მოქმედნი პირნი:

გიორგი გურიელი, იმერეთის მეფე.

თამარ დედოფალი, მისი მეუღლე.

ქუთათელი, მსაჯულთუხუცესი.

ნაკაშიძე, სახლთუხუცესი.

გოჩა, მგოსანი.

შიკრიკი.

მასხარა.

ცირა, მოახლე.

ნიკო, გურული.

1-2} მობურთალნი.

მობურთალები და კარისკაცები.

მოქმედება პირველი

საბურთაო მოედანი. წინ დიდი ჭანდრის ხე ქვის ტახტით. იქვე მახლობლად რიონის პირად, ოქროს ჩარდახის ცალი გვერდი მოჩანს. ხმაურობაა.

ხმა სცენის გარედან

გავარდა ბურთი!.. მარჯვედ ბიჭებო!..
აღარ გაუშვათ მეორედ იქით!!
ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო! ცხენოსანს ერგო!
ვისაც მუხლს გერჩისთ, გამოუდექით!
შენი ჭირიმე, შენი, გურულო!
ვეფხვია!.. დასწვდა... ცხენზე შეუხტა!
ოჰ, გამოაგდო... ბრაწი ცხენოსანს!
ეყოს სირცხვილად! ხერხი წაუხდა!..
გავარდეს ბურთი, ნუ გააჩერებთ!
არ ვარგა ჯგლითი! რისთვის დამალეთ?
სუყველა ერთად ნუ მოაწყდებით!..
ნიკო მიუშვით! მაგას აცალეთ!

გამოსვლა პირველი
(ორი მობურთალი, დაქანცულ-დაკარწახებულები)

პირველი მობურთალი

უჰ, დედაჩემო! თავს რისთვის ვიკლავთ?
რომ აღარ არის ძალი და ღონე!..

მეორე მობურთალი

რა გაეწყობა, მეფე-დედოფალს
ნაძლევი აქვსთო, ხომ გაიგონე?

პირველი მობურთალი

მეფე მხარს იჭერს გურულებისას!

მეორე მობურთალი

დედოფალი კი ჩვენსკენ არიო...
მიტომ გახურდა ეს ბურთაობა,
თითქოს ირყევა მთა და ბარიო.

პირველი მობურთალი

უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მეტნი არ ვიყოთ,
დაგვამარცხებდენ დღეს გურულები:
ხელ-ფეხსაც ერჩისთ, თვალ-ყურიც უჭრისთ
და ისე ხტიან, როგორც რომ შვლები.

გამოსვლა მეორე

ისინივე და მასხარა

მასხარა

ეჰე! ბიჭებო, აქ რას უზიხართ?

პირველი

დაღალული ვართ! მოსვენება გვსურს!

მასხარა

კურდღელს რომ ძაღლი ჩამოურჩება,
აღარვინ აჭმევს მაშინ იმ ძაღლს პურს!..
ბურთის ძაღლებო! თქვენი კურდღელიც
ის ბურთი არის, იქ მიაშურეთ!..
თუ მოედანი გურულებს დარჩათ,
რა მოგივიდესთ, აბა უყურეთ:
ვერ გადურჩებით მაშინ დედოფალს
ვეღარც ცოცხალი და ვეღარც მკვდარი!

მეორე

ჩვენ გურულები ვერ გვაჯობებენ,
ადიდოს ღმერთმა ისევ თამარი!

(ადგებიან და მიდიან).

ხმა

წავიდა ბურთი! გაშპა გურული!
ნუ გაუშვებთ, ნუ! დაუხვდით ვინმე!

პირველი (დაუხვდება წინ).

დააგდე ბურთი! ვეღარ წამიხვალ!
დამრჩი, გურულო, აქ გახლავარ მე!..

(გურული ფეხს გამოჰკრავს, დასცემს, თავზე გადაახტება და გააქვს ბურთი. სხვები უკან მისდევენ).

მასხარა

(თვალს გააყოლებს მოთამაშეებს, მერე მობრუნდება. დაცინვით).

მიმინოსა მწყერი უყვარს,
შევარდენსა ნადირობა!
ბურთაობა დედოფალსა
და მეფეს-კი სხვა გმირობა.
დედოფალიც ბურთი არის:
ყველას ხელში უვარდება;
ხან გააქვსთ და ხან გამოაქვსთ,
მაგრამ არვის უჩერდება.
ერთი მხოლოდ გოჩა არის,
როგორც ვატყობ, მისი ლელო;
მისთვის დასცლის ტრფობის ფიალს,
მისთვის უნდა სადღეგრძელო;
მაგრამ თურმე სხვა ყოფილა
ხასიათი მგოსნებისა:
ყურმოჭრილი ყმა ყოფილან
უნაყოფო ოცნებისა.

გამოსვლა მესამე

ისვე და სახლთუხუცესი

სახლთუხუცესი

ოჰ, შენ აქა ხარ?

მასხარა

........ ....... ........ ........ .........არა, ბატონო!
აქ არ გახლავართ! მიგულებდეთ შორს!..

სახლთუხუცესი

ვიცი, რომ სული ჯოჯოხეთშია,
მაგრამ აქ ვხედავ შენს მასხარა მძორს..

მასხარა

ჯოჯოხეთისკენ ის იყურება,
ვისაც რომ უჭრის ეშმაკზე თვალი
და შეუძლია, რომ გაარჩიოს:
„ეშმაკისაა, თუ ჯორის კვალი?“

სახლთუხუცესი

ისე ახსენებ მაგ ეშმაკის კვალს,
თითქოს გინდოდეს, რომ შეუდგე მას!

მასხარა

დიახ, ამ ქვეყნის ქუდი რომ მხურავს,
მეც უნდა ავყვე საზოგადო ხმას;
თორემ, თქვენც იცით, მგოსნის არ იყოს,
ვინც ქვეყანაში გამოერჩევა,
აითვალწუნებს უმრავლესობა,
და კურთხევის წილ ეძლევა წყევა.

სახლთუხუცესი (ამოოხვრით).

ეჰ, ჩემო ძმაო! გვიანღა არის
ჩვენთვის მაგ ჭკუის გამოკიდება!
მოხუცი აქ რომ ჩანგურს ისწავლის,
ის საიქიოს გამოადგება.
ჩვენ ჩვენი პური მოგვიჭამია!
როგორც გვიწირავს, ისევე ვწიროთ:
პირზე ღიმილი ნუ მოგვშორდება,
მაგრამ იმავ დროს გულში ვიტიროთ,
რომ მოვიოხოთ გულის ტკივილი,
ქვეყნის დაცემით გამოწვეული,
და თან ვიგლოვოთ მეფე გიორგი
სულ სხვა ქცევის და საქმის ჩვეული.
........ ........ ........ (სიჩუმეა)
ნეტავი შენ, რომ, როგორც მასხარას,
რაც რომ გულში გაქვს, გათქმევინებენ!

მასხარა

და ნაცვლად ყველა მედიდგულება:
ხან დამცინიან, ხან მაგინებენ!..
მწარე ლუკმაა ხუმარას ლუკმა! 
სანაღველ-ცრემლო ჩვენი ხელობა
ყველას ჰგონია და ეგონება
ჭკუის სიმცირე და სულელობა.

სახლთუხუცესი

კი, მაგრამ როცა თქვენი ხუმრობა
იქ გასჭრის, სადაც სხვა ვერას ჰბედავს,
თავმოყვარება რას გეუბნებათ
და თქვენი ჭკუა მაშინ რას ხედავს?

მასხარა

ოჰ, ვერ დავფიცავ! ეგ წამი არის
გვირგვინი ჩვენის თავმოყვარების,
დამავიწყარი გადასულ ტანჯვის,
ქვა ოთხკუთხედი ტკბილ ნეტარების.

სახლთუხუცესი

მაშ, ნეტავი თქვენ! და ჩვენ რაღა ვქნათ
სასახლის კარზე, დარბაისლებმა?
ერთიმეორის წახედვით უნდა
ისე ვიზმუვლოთ, ვით მგლებში მგლებმა.
გრძნობა და ზრახვა უსიტყვოდ გულში
უნდა ჩავიკლათ და ჩავიმარხოთ,
უმანკოებას ცილი შევწამოთ
და საქები რამ ურცხვად დავძრახოთ!
ეს მხდალი კრძალვა და მორიდება
სასახლეების ყველგან წესია
და სათვალთმაქცო ეს ცრუ კანონი
დროთ მტარვალობას დაუთესია!
მე გამიზრდია მეფე გიორგი,
მე ვიყავ მისი ერთგული ლალა.
მაგრამ, პირდაპირ რომ ვამხილო რამ,
არ მაქვს უფლება!.. არა მაქვს ძალა!
მაშინ, როდესაც იქ ქართლ-კახეთი
ბურთივით გააქვს სასტიკ შაჰაბაზს,
ბატონი მეფე, ცოლის ამყოლი,
თვალ-გულს აყოლებს აქ ბურთაობას.
და იმერეთი, ეს ქაჯთა მხარე,
როს გარყვნილების მორევში სცურავს,
მეფე გიორგი კი ლხინს ეძლევა
და თავი მოსწონს!.. ზედ ქუდიც ხურავს!
რა დაემართა, ნეტავ ვიცოდე?
რამ შეუცვალა მამაცი გული?

მასხარა

მე ამას ვფიქრობ, რომ ჯადო მისცეს...
დედოფლისაგან არს მოხიბლული!
მაგრამ გოჩა კი ასე ამტკიცებს:
სულ ტყუილია ჯადოქარიო!
ცოლს შეუძლია, თუ ლამაზია,
ისეც მოხიბლოს სუსტი ქმარიო!

სახლთუხუცესი

მაგას მეც ვფიქრობ და, სანამ თამარს
დარეჯანის დღეს არ დავაყენებთ,
არ დაბრუნდება წაღმა ბორბალი,
ვერც გავიხარებთ, ვერც მოვისვენებთ.

მასხარა

სუ! ვიღაც მოდის!

შიკრიკი (სახლთუხუცესს).

მეფე გიბრძანებსთ!

სახლთუხუცესი

განა გათავდა თამაში ბურთის?

შიკრიკი

დიახ, ბატონო, და გამარჯვებაც
იმერლებს დარჩათ, როგორც ყოველთვის.

სახლთუხუცესი

ასზე ათასი რომ მიიყვანოთ,
გაიმარჯვებენ, რაღა თქმა უნდა!
თუ გურულებიც თქვენდენი იყონ,
დაგეყრებოდათ თავს ქვა და გუნდა!.. (მასხარას)
შენ აქ დარჩები? 

მასხარა

მაშ სად წავიდე?
ბარემ დაღამდეს და მერე წავალ.

სახლთუხუცესი

გოჩა თუ ნახო, ასე უთხარი,
რომ შემოვიდეს ჩემთან ჩუმად ხვალ.. (გადის)

მასხარა

მიკვირს, რომ მეფემ ეს ნაკაშიძეც
ცოლის ბრძანებით არ მოიშორა!..
ნუთუ თამარმა, შორს გამჭვრეტელმა,
ჯერ ორგულობა ვერ შეატყო-რა?
მაგრამ ჯერ ან-კი რა საჩქაროა,
ხომ შეიტყობენ, როცა იქნება...
მაგრამ, თუ დაგვრჩა ჩვენ გამარჯვება,
და, რასაც ვფიქრობთ, ღმერთმა ინება...
ჰმ, მარა, არა! გული თუ გატყდა,
შესაძლებელიც აღარა სჯერა!..
ეჰ, ცდა ხომ ბედის მონახევრეა?
ერთიც ვცადოთ ჩვენ ბედისა წერა! (გადის)

გამოსვლა მეოთხე

მგოსანი

(გამოდის ფიქრით მოცული და რაღაცას კითხულობს).

„მე ვარდი ვარ, ვარდი, გულსხივოსანი,
მსურს ბულბული მოჭიკჭიკე, მგოსანი,
გრძნობით, ჭკუით, სულით პატიოსანი,
მეტს რას ეტყვის იმას მანდილოსანი?
მე ია ვარ, ია ნაზად დახრილი,
მენატრება იადონი ხმატკბილი,
ყოვლად სრული, ბუნებით შემკობილი!
მეტს რას ჰკადრებს ხორციელად შობილი?
ზამბახი ვარ, საწალკოტო, სუნნელი!
ის - მებაღე უცხო ცეცხლის ამგზნელი;
მე - სნეული, ის - მკურნალი დამხსნელი!
მეტს რას იგრძნობს მოტრფიალე მზებნელი?
ტრფობის წიგნში ვინც ჩამწერა... მისია.
ვინც სევდების გულში ჯარი მისია,
მისი ვარდი, თაიგული მის ია
არ ერგება სხვას... მისი და მისია!“
კიდევ ლექსები! რას ამტეხია?
მიკვირს, ჩემთვისაც რომ მოუცლია...
მაგრამ, ეტყობა, ტრფობის ფიალა
ჯერ კიდევ სრულად არ დაუცლია.
ქალი ვერ იტანს კაცისგან უარს,
მით უფრო, როცა თავმომწონეა;
თავმოყვარებით გატაცებულსა
უბრალო ჟინი ტრფობა ჰგონია!
ხუთჯერ გათხოვილს ქმრის სიცოცხლეში
საყვარლად სხვებიც ვინ არ ჰყოლია?
წმინდა მოძღვარიც მის უწმინდურ გვამს
საჯოჯოხეთოდ გადაჰყოლია.
ხანიც ვერ უკლავს ბიწიერ სურვილს:
რაც დრო გამოდის, უფრო მხურვალებს!
მაგდალინელურ სიამოვნებას
დღეს მთელი ქვეყნის ბედს ანაცვალებს! (დაფიქრდება)
ეჰ! დარეჯანის გაზრდილ-გაწვრთნილი
უნდა მის კვალსვე გამოვუყენოთ,
რომ დაცემული ჩვენი ქვეყანა
ეგებ მით მაინც წამოვაყენოთ.
მაგრამ სიფრთხილე გვმართებს სხვაგვარი.
სახლთუხუცესის არ მაქვს იმედი:
იქ შეთქმულობა ნაყოფს ვერ მისცემს,
სადაც არიან ორ-სამზე მეტი.

არა! დღეს სწორედ უნდა გადაწყდეს (გაიხედავს)
ჩვენი იმედი და ბედისწერა!
ჩემი ნათლულიც აგერა მოდის,
მიმახარობლებს კარგ რასმეს, მჯერა.

გამოსვლა მეხუთე

ისევე და ცირა

მგოსანი

ჩემო ნათლულო და შვილობილო,
სანდოვ გულისა, ჭკვიანო ცირა!
ჩვენი უმანკო ბატონიშვილის
ვერ გაიგერა-რა? არა იცი რა?

ცირა (თვალცრემლიანი)

ოჰ, როგორ არა: ჩემი დობილი
და დედიჩემის ძუძუთ გაზრდილი,
უდაბნოშია გამომწყვდეული,
ვით ცის და ქვეყნის შემცოდე შვილი.
იქ იტანჯება და გულის პასუხს
ვერ მიზიარებს მე მეგობარი
მაშინ, როდესაც დედამისსა ჰქმრობს
რჯულის გამტეხი იმისი ქმარი.
რისთვის გასწირეს? რათ გაიმეტეს?
ვისთან რა ჰქონდა დანაშაული?
ოჰ, გამწირველო შენი სისხლ-ხორცის
თამარო! იყავ ღვთისგან წყეული!..

მგოსანი

ჩემო ნათლულო! უნაყოფოა
შენი ტირილი და ეგ გოდება!..
იმას რას არგებს, აქ რო ვიგლოვოთ?
დღეს, თუ ხვალ, ვიცი, ის იქ მოკვდება.

ცირა (შეჰკივლებს)

როგორ, მოკვდება?! მაგას რას ამბობ?
გაგიხმეს ენა, ღვთისგან წყეულო!..

მგოსანი

მოჰკვლენ და მოკვლაც ისე ჩაივლის,
როგორც სიზმარი რამ უჩვეულო.
ეჰ, ჩემო შვილო! ჯერ შენ რა იცი
ამ ჩვენი ქვეყნის გამოცანები!
უსამართლობას რამდენი შერჩა,
ვინ მოსთვლის, მსხვერპლი მაგისთანები!

ცირა

შეიტყვე რამე?

მგოსანი

არა!... ეს ვიცი,
რომ დედოფალი ვერ გაიხარებს,
სანამ არ მოჰკლავს და გენათელიც,
ვით მეგობარი, ხელს დააფარებს.

ცირა

ნუთუ გამოხსნა არ შეიძლება?
არა არის-რა საშუალობა?
უნდა დამიწდეს ასე უდროოდ
ჩემი თალიკოს ყმაწვილქალობა?
არა, მგოსანო, არა, არ მჯერა!..
მაშინ ქვეყანაც რა იქნებოდა?
და თვით სამოთხე ნათელმიხდილი
ჯოჯოხეთივით აეგზნებოდა!..
ექნება რამე მაგას სახსარი,
უნდა მოვძებნოთ!... უნდა ვიპოვოთ!! 
ზეცას შევტიროთ, ქვესკნელს ჩავკვნესოთ,
ვუთხრათ ქვეყანას და ღმერთსა ვთხოვოთ!..

მგოსანი

ერთადერთიღა საშუალება
ჩვენ დაგვრჩენია... მაგრამ ჯერ მითხარ:
იმას რომ შენი თავი შესწირო,
არ დაინანებ? ამაზე მზად ხარ?

ცირა

მაგას რას ამბობ? თვითონ არ იცი
განა, რა არის მეგრელი ქალი?
რაღა გააქრობს, თუ რომ მის გულში
ერთხელვე გაჩნდა ნამდვილი ალი.
გულს შენახორცი სულზე ტკბილია
ის დედიჩემის ძუძუთ გაზრდილი;
იმისთვის ტანჯვა - სიხარულია!....
მკვდრეთით აღდგომა - მისთვის სიკვდილი!

მგოსანი

რა საჭიროა შენი სიკვდილი?
კმარა, თუ მოვკლავთ თამარ დედოფალს!
მით გამოვიხსნით მაშინ თალიკოს
და თანც მოვისხამთ მთელის ქვეყნის მადლს.

ცირა

ქვეყნის მადლს?!

მგოსანი

........ ........ ........დიახ! შენა გგონია,
რომ მან გასწირა მარტო თამარი?
თუ არ იმისგან, მაშ ვისგან არის
ჩვენი ქვეყანა დღეს ცოცხალ-მკვდარი?
დიდი ხანია, ლეჩაქის ნაცვლად,
ეშმაკის ქსელი მას თავზე ხურავს
და იმერეთი, მისგან გარყვნილი,
დღეს ბოროტების მორევში სცურავს!
მეფე, მთავრები და ერისთვები
მან შეახეთქა ერთმანეთს ყველა,
რჯულს გადუყენა სამღვდელოება
და არსად არის იმისგან შველა.

ცირა

ეგ განა მარტო ქალის ბრალია?
რად აბედვინებს მაგოდენს ქმარი?

მგოსანი

რად აბედვინებს? ჰმ, რომ იცოდე,
რა კაცი იყო ადრე მთავარი!
შენ ნუ გგონია, რომ მას თალიკო
არ ჰყვარებოდეს, მისთვის გაეშვას,
ან სიყვარულით შეერთოს თამარ!
მისი გონება მისდევდა სულ სხვას!
მაგრამ წაუხდა მისი განზრახვა
და ისე არის დღეს მოხიბლული,
რომ აერია წრფელი ზრახვები
და გადუბრუნდა უეცრად გული.
და თუ თამარი აღარ ეყოლა,
ის ისევ ძველ გზას დაუბრუნდება!
გამობრუნდება თალიკოს ბედი
და ჩვენც აღდგომა გაგვითენდება.

ცირა

ნეტავ, თუ მართლა?

მგოსანი

…………………….განა ეჭვი გაქვს?
მისი სიკვდილი ჩვენ გამოგვიხსნის.

ცირა (თავისთვის)

თალიკოს ვნახავ ისევ ბედნიერს,
ამისრულდება ნატვრა დიდი ხნის! (მგოსანს)
მაშ, გზა მიჩვენე და მიმასწავლე! (დაფიქრდება)
ეჰ, ვიცი!.. ვიცი! ახლა მეც მივხვდი:
მივეპარები ამაღამ მძინარს
და ჩემი ხელით მას სულს ამოვხდი... (აღტაცებით)
ღმერთმა მაგონა! აბა, ნათლიავ!
უნდა მიშოვნო ერთი ხანჯალი!

მგოსანი

დაწყნარდი, შვილო! სუსტსა ქმნილებას
შენ სავაჟკაცო ვინ მოგცა ძალი?

ცირა

მაშ საწამლავი?

მგოსანი

…………………….შენ რომ არა ხარ
არც მერიქიფე, არც მზარეული?
რაში ჩაუყრი? არა, სხვაგვარად
უნდა ეს საქმე მოხერხებული.
იცი, რას გეტყვი: - შენ ხომ გინახავს
ბურთში განთქმული ნიკო გურული?
ვინ დასთვლის, მისთვის რამდენ ლამაზ ქალს
ასძგერებია უზომოდ გული?!
მაგრამ ის, თურმე, მხოლოდ ერთს ეტრფის,
ის ერთი არის მისი სურვილი,
და მისგან სულდგმულს იმისთვის უნდა
მისი სიცოცხლე, მისი სიკვდილი.
შენ რათ სწითლდები? ვიცი, ის ერთი
შენა ხარ! - ჩემთან რისა გრცხვენია?
ლამაზისაგან ლამაზისადმი
ნამდვილი გრძნობა კარგი ძღვენია!
თუ მართალია, რომ სიყვარული
შენი ედება და გულს უმსჭვალავს,
შენ შეგიძლია, იმას მიანდო
საიდუმლო რამ, და ის დამალავს.
შენი სურვილის ამსრულებელი,
ის მიიყვანე შენს მაგიერად
და თამარს გულში ჩაურჭობს მახვილს
უფრო გაბედვით, უფრო ძლიერად!

ცირა (შემკრთალი)

კი, მაგრამ ის ხომ დაიღუპება
და მე ვიქნები მასთან უპირო!
არა, ისევ მე... მე დავიღუპო!
მე უნდა ჩემი თავი გავწირო!

მგოსანი

შენ ვერ შეიძლებ, საქმეს წაახდენ!
ის მოახერხებს... იმას აცალე.
ჩუმად მოჰკალით და, თუ გაიგონ,
მაშინ შენს თავზე გადაიბრალე.

ცირა

მაგას კი ვიზამ.

მგოსანი

…………………….სუ, არ აჩქარდე!
სიფრთხილე გმართებს მოაზრებული.
უცები არის და გონმიხდილი
კაცი უზომოდ აღელვებული.
ჯერ დაიმშვიდე გული და მერე
ისე გაენდე იმ შენს სასურველს!

ცირა

ნუღარას ეჭვობ! თალიკოს ცრემლი
და მისი მადლი მომიმართავს ხელს. (გარბის)

მგოსანი (მარტო)

ნუთუ მას, ვინც ეს ჩვენი ქვეყანა
საოცრად გარყვნა და დაამცირა,
პასუხს მიაგებს სამაგიეროდ
ერთი უბრალო მოახლე, ცირა?!
ღმერთო ძლიერო, კურთხეულ იყოს
შენი ძალა და შენი განგება!
შენა ხარ ჩვენი გულთამხილავი,
შენ გშვენის ქვეყნის ქებათაქება!

ფარდა.

მოქმედება მეორე

(მდიდრულად მორთული დედოფლის საკუჭნაო)

გამოსვლა პირველი

სამკაულებით აჭურვილი დედოფალი და ცირა.

თამარი.

ცირა!

ცირა

ბატონო?

თამარი

ნახე?

ცირა

მივეცი!

თამარი

რომ წაიკითხა. არა გითხრა-რა?

ცირა

მე რას მეტყოდა, მხოლოდ უბეში
ჩაიდვა, ჩუმად გულთან მიიკრა.

თამარი

ვინ იყვნენ მასთან?

ცირა

…………………….მარტო დამიხვდა;
რაღაცა ლექსებს იზეპირებდა
და აღტაცებულს სახეს შევნიშნე,
რომ უჩვეულო რამ აკვირვებდა.

თამარი

რა ლექსი იყო, ყური ვერ მოჰკარ?

ცირა

მხოლოდ ორ სიტყვას „ვარდსა და იას“.

თამარი (სიამოვნებით)

კარგი! რომ მოვა, შემატყობინე
და ნუ დასტოვებ განის კარს ღიას.

თამარი (ცირა მიდის)

(დიდხანს დადის აღელვებული, სარკეს იღებს ხელში, თავის სახეს ეკეკლუცება. მერე სიამოვნების ღიმილით და თავმოწონებით ამბობს)

როგორც რომ მთვარე თხუთმეტის დღისა,
ვეღარ შემძენი სინათლის კიდე,
მისცურავს ცაზე სხივმომფინარე
ამპარტავნებით კიდითიკიდე;
ისე შვენებაც ჩემი სრულქმნილი
ერთსა წერტილზე შეჩერებულა,
მაგრამ ჯერ კიდევ მისი დიდება
და სხივოსნობა არ დაკლებულა!
ხანიც ვერ შესცვლის... არ გამრუდდება
ჩემის შვენების ხაზი, ეს მჯერა,
და სიკვდილამდე ხარკად მექნება
თვით ცის და ქვეყნის გულისა ძგერა!..
ტრფობის სურვილით გარშემობურვილს,
თაყვანისცემით მმონებს მთავარი!..
მსოფლიო კრების დაკანონებულს
აღთქმას ჩემთვის სტეხს თვით მღვდელმთავარი!..
მხიბლავი ჩემი ორკეცი ძალა
ხილულთ აბრმავებს, ბრმას უხელს თვალებს;
წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა
თითისტარივით შეატრიალებს.
შორს გამჭვრეტელსა ბრძენსა გენათელს
ჩემზე ზრახვებმა აუბეს თვალი...
დააგმობინეს წმინდა წარსული
და დაავიწყეს ტკბილმომავალი.
მჭერმეტყველებით სახელგანთქმულსა
ლევან დადიანს, ტკბილმოუბარსა,
ენა ებმოდა, რომ შემომჭვრეტდა
ვით საოცნებო რამ ზენაარსსა.
თვით ბაგრატ მეფე, ის უსინათლო,
ისე ჰხედავდა ჩემსა შვენებას,
ვით თვალხილული ძილში ჰხედავდეს
დილის რიჟრაჟსა და გათენებას.
ეს გურიელიც, მოუსვენარი,
სახელგანთქმული, ვეფხვი, ლომგული.
დღეს მოკამათედ ჩემის სურვილის,
ლეჩაქის ყურზე მყავს გამობმული...
მაგრამ მგოსანი, ის უგვარტომო,
ის უხარისხო ვიღაცას შვილი,
ვით უკვდავების წყარო, მიზიდავს
და ვერ მომიკლავს მწყურვალს წყურვილი!
ის ერთი მხოლოდ... მხოლოდ ის ერთი
ჩემსა სურვილებს უკუუდგება...
სულ სხვა ჰანგზე ჟღერს იმისი ჩანგი;
სხვა არის მისი ქებათაქება!!
ცოცხალ თამარის, იმის წინ მდგარის,
თანაგრძნობითა არ იმსჭვალება
და იმ თამარსა, გამქრალსა, მკვდარსა,
წარმოდგენილსა, ეტრფიალება!
ჰმ!.. არა მჯერა! ეგებ ცბიერობს:
ყველას თვალს უხვევს... თავს ისულელებს
და იმ თამარში მხოლოდ ამ თამარს
აღმაფრენითა იხორციელებს?
ნეტავ, თუ მართლა?! მაგრამ რას ვამბობ?
განა ვერ ვხედავ მის გულგრილობას?
გადუცდენელად გულის სამზღვრისა,
გონება უჭრის მხოლოდ ზრდილობას.
და ყურს არ უგდებს ის არც ჩემ თრთოლვას,
არც ამ თვალების ელვარებასა,
და არც მისგანვე ცეცხლშეკიდებულ
ბროლის გულ-მკერდის მღელვარებასა!
ნაცვლად პასუხის, იმის სახეზე
მე შემინიშნავს რაღაც ღიმილი,
თითქოს ჯოჯოხეთს ესწავლებიოს
გულის ისარი, სულის სახმილი!..
ოჰ, თუ შემეძლოს მაშინ მე მისი
ქვეყნად გაქრობა, გაცამტვერება,
არც სულს და არც გულს, არც აქ და არც იქ
აღარად უნდა სხვა ნეტარება!!
მაგრამ ზოგჯერაც იმავ სახეზე
სხვაც ეხატება რაღაც ღიმილი,
და გულს მიბრუნებს, შეურაცჰყოფილს,
ვით სამკურნალო, ციური, ტკბილი.
დავკარგე ძალა!.. დღეს მონა-ღა ვარ
ორ ღიმილს შუა გამომწყვდეული:
ორად იყოფა მთელი არსება,
ორად მეპობა სული და გული!..
მიყვარსა და მძულს, მძულსა და მიყვარს,
მსურს დავიმონო!.. მსურს დავემონო!
სული გადმომცეს, სული გადავცე...
რომ შევიწონო და შევეწონო!

გამოსვლა მეორე.

იგინივე და ცირა.

ცირა

გოჩა გიახლათ!

თამარი

…………………….შეატყობინე,
რომ მას ნება აქვს ჩემთან შემოსვლის. (ცირა გადის)
ვნახოთ, ამ თამარს თუ იმ თამარში
ჩემ გვერდით მყოფიც გულგრილად გასცვლის.
ჩუ! გულმა იგრძნო... ახლოა... მოდის.
მისი ფეხის ხმა ყურს ტკბილად ესმის!
გაქვავდი გულო! არ წაგცდეს, ენავ,
ნაწარმოები სუსტი გულისთქმის!

(დაავლებს წიგნს ხელს და ვითომ გატაცებით ჰკითხულობს)

გამოსვლა მესამე.

(მგოსანი შემოდის წყნარად და შორიახლოს დგება მოწიწებით. თამარი დიდხანს ყურადღებას არ აქცევს)

მგოსანი და თამარი

თამარი

აქა ყოფილხარ?.. თუ ვერ შეგნიშნე,
მიზეზი შენ ხარ! მე ნუ დამდებ ბრალს:
ამ უკანასკნელს შენს ლექსთა კონას
ვეღარ ვაშორებ ვერც გულს და ვერც თვალს.
დიდი ხანია, - რუსთველის შემდეგ
აღარ გვინახავს მსგავსი ლექსები:
მკითხველსაც ისე ააფრთოვანებს,
როგორც წერის დროს თვით შენ ეგზნები...
სიტყვა აზრს თანხმობს, აზრი ლექსთწყობას,
ყველა-კი ერთად - სულსა და გულსა,
და წამკითხველი დამწერს უჯერებს,
ვით წინამორბედს და მოციქულსა!

მგოსანი

გმადლობთ, ბატონო!.. ღირსი არა ვარ!
მე არ შემფერის ეგზომი ქება,
და მაგას ჩემზე გათქმევინებსთ თქვენ
ჭკუის და გრძნობის მხოლოდ უხვება!
თუ არ ვიცოდე, რომ დაცინებას
ჩემებრ დაბალზე თქვენ არ იკადრებთ,
სხვას ვიფიქრებდი, რადგანაც თვით ლომს
შეუხამებლად კატას ადარებთ:
მგოსანსა შობილს დიდებულ დროში
და სანეტაროდ მაღლით გამსჭვალულს,
როგორ ადარებთ საბრალო მღერალს,
საერო კვნესით მარად გულმოკლულს?
სამხიარულო, სალხინო ხმებით
სამოთხით იყო რუსთველის ქნარი,
და ჩემი მხოლოდ სამარის კარზე
ჟღერს... ის ჟღერაა მოთქმა და ზარი...
და, თუ ხანდახან, ათასში ერთხელ,
სამხიარულოც წამცდება რამე,
ეს ჭირისუფლის ღიმილი არის,
მხოლოდ წამითი... მოკლე სიამე!

თამარი

კი, მაგრამ აქ ხომ ტკბილი ოცნება
შენც იქ მიგაფრენს; გადაგაქვს ქნარი
და რუსთველივით შენც ტრფობის საგნად
გამოგისახავს დიდი თამარი?
სხვადასხვა დროის დიდი მგოსნები
ეკამათებით ერთსავე ორი,
თუმც სარბიელი შენი და მისი
სხვადასხვა არის - ვერ თანასწორი!
მის შთამგონებელს, ზეაღმტაცებელს
თვალით უჭვრეტდა რუსთველი თამარს,
და შენ კი მხოლოდ ოცნების ძალით
ახორციელებ მას, გამქრალს და მკვდარს.

მგოსანი

მაგას რათ ბრძანებთ, აბა, ბატონო?
განა თამარნი ქვეყნად კვდებიან?
საუკუნიდან საუკუნეში
ისე, ვით მთვარე, გაახლდებიან.
მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იწყება
მათი სიცოცხლე დაუვიწყარი
და სათაყვანოდ სამარადისოდ
საერო გულის ეღებათ კარი.
მეცა ყოველ წამს თამარი სათნო
თვალწინ მეხატვის გაბრწყინვებული.
იმის გამო მაქვს სულის კვეთება
და მისთვის მიძგერს სიწმინდით გული.
ის არის ჩემი წმინდა წმინდათა
ჩემი სულის დგმა, ჩემი გულის თქმა,
ჩემი არსების გამასპეტაკი...
წმინდა მირონი და აიაზმა.

თამარი (წყენით)

ნეტავ მგოსნები რა ქმნილება ხართ!
რისგან ხართ მაგრე ახირებული?
თვალსა არიდებთ ამოსულ მთვარეს
და ჩასულ მზისთვის გიღელავსთ გული!
უკუუდგებით დღევანდელ ნათელს,
ოცნებით ანთებთ გამქრალსა ლამპარს,
ნამდვილსა სტოვებთ უყურადღებოდ
და გულს აყოლებთ გადასულ ზღაპარს.
საკვირველია! ბრმას, უგზო-უკვლოს,
გარდაქცეულსა სმენად, ქვეყნის ხმას
მგოსანიც ჰმონებს და მის ცრუ ჰანგზე
აყოლებს აზრს და მაღალ გულისთქმას.

მგოსანი

აგრე რომ გახლდეს, ჩემო ხელმწიფევ,
ქვეყნის წინსრბოლა შეჩერდებოდა,
და უგნურება დღევანდელი დღის
ხვალის კანონად დაიდებოდა!
მაგრამ ღაღადი და ამბოხება
გაურჩეველად ქვეყნად არ რჩება:
მართალი მხოლოდ ფეხსა იკიდებს
და სიზმარივით ტყუილი ქრება...
ვითარცა პეტრე, ღვთის უარმყოფი,
ერთმა მამლის ხმამ გამოაფხიზლა,
ისე აფხიზლებს ხალხსაც მცირე რამ
და ის მცირეა მგოსნობის ძალა.
და ნუ იფიქრებთ, რომე მგოსანმა
სხვისი აყოლით ჩანგი აჟღეროს
და მისი გული ძალდატანებით
შეათამაშოს და ააძგეროს!

თამარი (ნაღვლიანის ღიმილით)

მაგას მეც ვხედავ და ეგ სიტყვები
გულსა ხვდებიან მწარე მახვილად!..
ეჰ, თავმოყვარევ ადამიშვილო!
სხვისი საძნელო რად გიჩნს ადვილად?

(ხანგრძლივი სიჩუმისა და მღელვარების შემდეგ, თავისთვის)

მეტს ვეღარ ვიტან!.. ეს ყურს არ უგდებს
კრძალვით წარმოთქმულ სიტყვებს გადაკრულს!
ვეტყვი პირდაპირ! ხვალის იმედით
თავ-მოტყუება რას არგებს ბედკრულს! (მგოსანს)
მკურნალო! გრძნობით გონებამიხდილს,
ბუნებააღძრულს მხედავ, ვარ ავად
და სჯობს ერთმანეთს გული გავუხსნათ,
ვუთხრათ, რასაც ვგრძნობთ დაუფარავად.
კმარა ამდენი მალულობია...
გეყოფა თავის მოკატუნება!..
გონება შენი კერპად რომ ურჩობს,
მაღალი გრძნობა რას გეუბნება?

მგოსანი (გაკვირვებით)

მე, დედოფალო...

თამარი

…………………….სსუ! იქ არ არის
არც დედოფალი და არც მსახური,
სადაც სხვა ძალა გახელმწიფდება,
უფრო ძლიერი, ვიდრე მეფური.
პასუხს მოითხოვს შენდამი ჩემის
ბუნების თრთოლვა და მღელვარება
და შენგან მხოლოდ ეძლევა ოდენ
მწარე ღიმილი და მდუმარება.

მგოსანი

ბატონო...

თამარი

………ბანზე ნუ აგდებ სიტყვებს:
შემამკობელო ქვეყნის და ცისა,
ნუთუ არ იცი, თუ რაა გული
ტრფობით გამსჭვალულ დედაკაცისა?

მგოსანი (დაფიქრდება. თავისთვის)

მართალი მითხრა: კმარა ამდენი
ჩემგანაც თავის მოკატუნება,
ვეტყვი პირდაპირ, დაუფარავად,
რასაც-კი გული მე მეუბნება.
არ შემარჩენენ, ვიცი, სიმართლეს:
ძნელია ქალის შურისძიება,
მაგრამ ოდესმე მოსალოდნელი
რაც არის, სჯობს, თუ დღეს გათავდება!
……………………. (თამარს გამბედავად).
ვწუხვარ, რომ ჩემგან თქვენ ვერ მოისმენთ
მისთანა პასუხს, როგორსაც ელით,
მაგრამ, რასაც ვგრძნობ, სჯობს, აღვიარო
აწ თქვენ წინაშე გულის სიწრფელით:
გნებავსთ შეიტყოთ ჩემგან, რა არის
შეყვარებული დიაცის გული?
სასუფეველი და ჯოჯოხეთი,
გრძნების კავშირით შეერთებული;
საუნჯე რამე ავის და კარგის
უმეტნაკლებო, ამოკრებული;
თვით უკვდავების წყარო-ნექტარი,
ნაღველ-სამსალით გამწარებული;
მხიბლავი ძალა, ანდამატური,
თავში საამო, ბოლოში მწარე;
წამ-ერთ - აკვანი სიხარულისა,
ხანგრძლივ - კუბო და ცივი სამარე.

თამარი (გაოცებით)

თუ მართლა ამბობთ მაგას, მგოსნებო,
სხვაგვარად რათ ჟღერს, მაშ, თქვენი ქნარი?
სჩანს, სიცრუეა თქვენი სალმუნი
და თქვენ ყოფილხართ კაცთ მატყუარი!
თქვენ არ უგალობთ ქვეყნად სიყვარულს,
ვით სასუფევლის ძალას რამ ზენას,
და მიწის-შვილთა, თქვენგანვე ცდენილთ,
უცნაურ ძალით უხიბლავთ სმენას?!

მგოსანი

ჩვენ რო ვუგალობთ, ის სხვა გრძნობაა:
რუსთველებრივი, ტარიელური!
ის ნუ გგონიათ თქვენ გულის ფხანა
საყოველთაო... ყოველდღიური
მხოლოდ რჩეული ცისა და ქვეყნის
აღმაფრენითა იმას მისწვდება,
და დანარჩენი უმეტესობა
იმ ძალს ვერ იგრძნობს, ისე მიწდება.

თამარი (გატაცებით)

მაშ თუ მაგრეა, იმა ციურ ნიჭს
რო დაეძებდეს აქ მიწიერი,
რაღად ამტყუნებს გაუკითხავად
უსამართლო და უგნური ერი?
რომ სიყვარულსაც დავუხშოთ გული,
სხვა რაღა გვრჩება აქ ნეტარება?
კაცი მაშინ გრძნობს მხოლოდ სიცოცხლეს,
როცა ისრულებს, რაც ენატრება.

მგოსანი

ჰმ... დედოფალო! მესმის მაგ სიტყვის
ჭახრაკული რამ მშვენიერება,
მაგრამ, პასუხი რო მოგახსენოთ,
იქნება მეტი კადნიერება
და ვეღარ ვბედავ...

თამარი

…………………….სთქვი! ნუ დაჰფარავ,
გინდ იყოს ჩემი გმობა... ყვედრება!
აქ დედოფალი დღეს აღარ არის,
და მხოლოდ ქალი გესაუბრება..

მგოსანი

თქვენი ნებაა!.. ვინ ჰგმობს სიყვარულს,
მოპოებულსა აღმაფრენითა?..
ჰკიცხავენ მხოლოდ ცუდად მოხვეჭილს:
ქვეყნის ცრემლით და სისხლთა დენითა.

(გაჩუმდება და თავს ჩაღუნავს).

თამარი (ნაღვლიანის ღიმილით)

ჰმ... მიკვირს: კაცი შორს გამჭვრეტელი
ახლომახლოზე რისთვის იხვევს თვალს?
ამ იმერეთის ამბოხებაზე
ნუთუ, მგოსანო, შენც მე მადებ ბრალს?
როცა ზღვა ჰღელავს, ნავ-ჭურჭლებიცა
მათ უნებურად ექანებიან...
ხალხიც ისეა: თუ რომ მღელვარებს,
კერძო პირებიც აეგზნებიან.
იმავ თავიდგან იმერთა მხარე
ბუდე ყოფილა არეულობის,
სარბიელი რამ გაუტანლობის,
მოღალატობის და ორგულობის.
არავისა სწამს აქ სისხლ-ხორცობა,
ღვთისაც არა აქვთ გულმართლად შიში!..
გონება - მეტად, გრძნობა - ნაკლებ ერს
ახელმძღვანელებს სულ ანგარიში!..
მე იმერელი ქალი არა ვარ,
რომე უარვყო ჩემი ბუნება,
და ცხოვრებაში ისე ვიქცევი,
როგორც ეს გული მე მეუბნება.
შენ რომ წეღან სთქვი, მეც იმ სიყვარულს
ვეძებ და ვეძებ თავდადებულად...
მხოლოდ ისა მრწამს ჩემის არსების
სახელმძღვანელო უმაღლეს რჯულად;
და თუ აქამდე ვერ მიპოვია,
დამნაშაობად რისთვის მეთვლება?..
პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს,
მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება!
არც ერისთავი, არც გენათელი,
არც გურიელი, არც დადიანი,
არც ბაგრატ, მეფე იმერეთისა,
ის უსინათლო და შავდღიანი,
და არც სხვა ვინმე ჯერ მამაკაცი
არ შემხვედრია, რომ მსურს, მისთანა!..
და თავის-თავზე მდარე მამაკაცს
ქალი საყვარლად იწამებს განა?!
მაგრამ მის შემდეგ, რაკი, მგოსანო,
მე შენ შეგნიშნე და გაგიცანი,
გრძნობა-გონებამ, ორივემ მითხრა,
რომ შენ ხარ ჩემი ტრფობის საგანი.
აწ შენ ხელთაა, არა თუ ჩემი,
მთელი სამეფოს ბედისა წერა!..
მას შეუძლია ერიც განკურნოს,
ვინც რომ თამარის გული აძგერა.
თუმც არ იქნები ნაკურთხი მეფე,
მაგრამ ძალა-კი მისი გექნება,
რადგანც კანონი იქნება ჩემთვის
შენი სურვილი და შენი ნება.
მეტს აღარ ვიტყვი!.. აწ შენგან ველი
სიტყვებს გულწრფელსა, პასუხს უტყუარს
და ნუ დაჰფარავ შენს გულისპასუხს...
ვითა სიწმინდეს, გაფიცებ შენს ქნარს!..

მგოსანი

ღირსი არა ვარ მე მაგ დიდების!..
ვერც შევიფერებ მაგგვარ წყალობას!..
სხვა-რამეს ეძებს ეს ჩემი ქნარი,
სხვა ბანი უნდა ჩემსა გალობას.
გამოუხატავს შენში ბუნებას
შემოქმედების ძალა ძლიერი,
თვალ-ტანადობა, გრძნობა-გონება,
ნიჭი ბევრგვარი, გულსახმიერი.
მოუვლენიხარ კაცთა მხიბლავად!..
კურთხეულ იყოს მისი განგება!..
ენამ უძლურმა მომაკვდავისამ
ღირსშესაფერი ვით შეგძღვნას ქება?
როდესაც გიჭვრეტ, ცას ვხედავ გახსნილს
და სასუფევლის მშვენიერებას!..
შენა ჰგრეხ სიმებს ჩემის ჩანგისას
და მე უცნაურს ვგრძნობ ნეტარებას!
მაშინ ვემხობი შენ წინ სიმდაბლით
და გრძნობით გიხრი თავს, დედოფალო,
მაგრამ მე იმ დროს თვალწინ მეხატვის
შენი ნაღვაწი სისხლისა კალო:
მომაკვდავთ კვნესა, ქვრივ-ობლის წყევა,
ქვეყნის ღაღადი, ერთა ყვედრება, -
მესმის და წინა ტკბილი ოცნება,
ვითა სიზმარი, ისე მიქრება.
სასიყვარულოდ აღელვებული
მაშინ მე გული შურით მევსება
და გასაკიცხავ ლექსად იცვლება
მომზადებული ქებათა-ქება.
ჰა, დედოფალო, ეს არის ჩემი
სრული სიმართლე, ვით აღსარება!
რომ მოგატყუო, არც ჩემ კაცობას,
არც თქვენ მზეობას არ ეკადრება.

თამარი (ხელები აქვს პირზე მიფარებული და ჰღელავს წყნარად)

წარსული ჩემი თუ ბოროტია,
თუმც მე არა მაქვს განზრახვით ბრალი,
ამიერიდან შენ ხელთ იქნება
და აცისკროვნე მაშ მომავალი!
მხოლოდ გიყვარდე!..

მგოსანი

…………………….არ მოხერხდება!
გულს ვერ ვაძგერებ ძალდატანებით,
გულსა გამსჭვალულს უკვე ტრფობისგან
და აყვავებულს ტკბილის ოცნებით.

თამარი (უცბად, მივარდნით)

მაშ გიყვარს ვინმე?

მგოსანი

დიახ! თამარი!

თამარი

ჩემი ასული?

მგოსანი

არა! ის არა!

თამარი

მაშ აბაშიძის?

მგოსანი

მაგას რას ბრძანებ?

თამარი (ხელს ჩაჰკიდებს)

მაშ, შენვე მითხარ: ვინ თამარია?
ჩქარა! ნუ მტანჯავ!... ნუ აგვიანებ!

მგოსანი

ის თამარია, ჩვენი ქვეყანა
რომ გაადიდა, გააძლიერა!..
ის თამარია, ვისთვისაც შოთამ
საშვილიშვილოდ ჩანგი აჟღერა!!

თამარი

ჰა! ჰა! ჰა! მკვდრისა არა მაქვს შური,
რადგანც ცოცხლებში არავინ გიყვარს!
ამიერიდან აქ ეს თამარი
შემოგევლება საჭირნაცვლოდ გარს. (მოეხვევა)

მგოსანი (აშფოთებული. თავისთვის)

რა მემართება?! ლამის წამერთვას
მე უნებურად გრძნობა-გონება!..
არა, არ ჰშვენის გრძნობის მეუფეს,
მგოსანს, დიაცის ცუდად მონება! (გამოუსხლტება)
მომშორდი!.. ჩემგან შორს! შორს, მაცდურო!
ჩემზე ვერ გასჭრის ეგ ცბიერება!..
სხვები მოსძებნე და მათ დაუგე
მახედ ეგ შენი მშვენიერება!
ვისიც წარსული შებღალულია,
ვის გამოც იდგა სისხლისა ღვარი,
მას ჩემი გული ვერ მიენდობა
და შეაჩვენებს ეს ჩემი ქნარი!

თამარი (გაშმაგებით. თავისთვის)

წახდა ყოველი!.. და ეს სირცხვილი
ყველა ჩემ ტანჯვებს აღემატება!..
ოჰ, ის ღიმილიც ჯოჯოხეთური,
მის გველურ სახეს ზე ეხატება!.. (მრისხანედ-მგოსანს)
მე მხოლოდ გცდიდი, შე უბედურო!
კმარა! რაც სცოდე, ისიც გეყოფა!...
ჰეი!

(შემოცვივდებიან კარისკაცები)

……………შეჰკარით! მან მოინდომა
ძალით დედოფლის შეურაცჰყოფა!

(დედოფალი ლეჩაქმოხდილი, თმაგაწეწილი, თითს მიაშვერს მგოსანზე, რომელსაც კარისკაცები იჭერენ. მგოსანი გაოცებულია)

ფარდა.

მოქმედება მესამე

გამოსვლა პირველი

მასხარა (შემოდის ხელში ხანჯლით)

ეს სოფელი სწორედ საგიჟეთია:
ყველა სჩემობს ჭკუას, გრძნობას, გონებას!..
ვეღარ ვარჩევთ მართალს და მოჩვენებულს!!
ვინ გადურჩეს უგნურების მონებას?!
გარეგნობა, ჭრელი სანახაობა,
თვალსაჩინო სათვალთმაქცო თვისება,
აი, ქვეყნად რა ამაღლებს კაცადკაცს!..
ვის რად უნდა ჭეშმარიტი ღირსება?
უსამართლოდ ციხეში ზის მგოსანი,
მხოლოდ მისთვის, რომ ქვეყნისთვის ცრემლსა ჰღვრის!
მე აქ ჩემს თავს ვიმცირებ და ვიმდაბლებ:
თავზე მხურავს ჩაჩი სულელ მასხარის!
და რად ვიტანთ ამდენ შეურაცჰყოფას,
თუ სიტყვებსაც არ ექნება აწ ძალი?
არა, დროა, რომ შევუდგეთ სხვა საქმეს:
სამკურნალოდ ხელთ ავიღოთ ხანჯალი!
ამით მოჰკლა ლასხიშვილმა დარეჯან;
ის ამბავი ამ მახვილზე სწერია.
მეორედაც ეს გაუპობს გულ-მკერდს მას,
ვინც რომ ქვეყნის მავნებელი-მტერია!..

გამოსვლა მეორე

ისივე და ცირა

შემოდის ნელა; რომ დაინახავს მასხარას, შეკრთება.

ცირა

მე ვის ველოდი და ვინ მოსულა?!
ნუთუ მასხარა გაკადნიერდა
და სატრფიალო საამო წერილს
ნიკოს სახელით მხოლოდ ეს მწერდა?

მასხარა

ცირავ! ნუ შფოთავ! ნუ გეშინია:
მტერი არა ვარ, მოველ მოყვრულად,
სხვისი სახელით წიგნს მიტომ გწერდი,
რომ შეგხვედროდი მარტოს ფარულად.

ცირა

რა ამბავია? შენათ მოსულხარ,
თუ სხვისგანა ხარ გამოგზავნილი?

მასხარა

ამ ნიშანს ჰხედავ? (უჩვენებს ხანჯალს)

ცირა

მგოსანმა მოგცა?

მასხარა

სხვა ვინ მომცემდა?!

ცირა

…………………….და ვინ გიჩვენა
ციხეში მარტოდ გამომწყვდეული?

მასხარა

როგორც მასხარას, მე ხომ ნება მაქვს
ყველგან შევიდე და გამოვიდე?
ვნახე მგოსანი და ეგ წერილიც
მისი, უბეში ჩუმად ჩავიდე...

ცირა (ართმევს ბარათს და სიჩქარით ჰკითხულობს)

„რაც ამბავია, რაც გვემართება, 
ამას გადმოგცემს ყველას ხუმარა!
ამის რჩევაზე უნდა იაროთ,
დროს ნუ დაჰკარგავთ! ჩქარა და ჩქარა!!“.
ნეტავ, რა მოხდა?

მასხარა

…………………….შეთქმულთა სია
ხელთ ჩავარდნია თამარ დედოფალს, -
და ამით უფრო გააფთრებული
აღარც მკვდრებს ზოგავს, აღარცა ცოცხალს.
მიზეზადა ხდის თურმე თავის ქალს,
ამ შეთქმულობას იმას აბრალებს
და რა თქმა უნდა, რომ ხვალვე მოჰკვლენ
და ან დასთხრიან თალიკოს თვალებს.

ცირა

უი! შენს ცირას!

მასხარა

…………………….რა დროს ეგ არი?
სჯობს ჩვენ დავასწროთ, დღე დავუმოკლოთ!

ცირა

კი, მაგრამ, აბა, ასე უეცრად
რა მოვახერხოთ და რა შევიძლოთ?

მასხარა

რაც გოჩამ გითხრა, მეც იმას გირჩევ. (ხანჯალს აძლევს)
ეს გადაეცი შენ ნიკო გურულს;
ამაღამ მძინარს მიეპარება
და ის გაუპობს გესლით სავსე გულს.

ცირა

კი, მაგრამ ისიც დაიღუპება,
ვით ლასხიშვილი, დედოფლის მკვლელი;
და სატრფო გულის როგორ გავწირო,
სიცოცხლით უნდა ავიღო ხელი?

მასხარა

სიცოცხლით მაშინ აიღებ შენ ხელს,
თუ გამარჯვება დარჩა დედოფალს!
განა ვერ ატყობ, ქვეყნის მომხიბლავს,
თუ როგორ იჭერს ნიკოსკენ ის თვალს?

ცირა

ეგ ტყუილია!..

მასხარა

…………………….ტყუილს და მართალს
გაარჩევს ქალი შეყვარებული?
ეშხით დამთვრალის გონებას სძინავს
და უკუღმართობს მარტოკა გული.

ცირა

მე მიღალატებს და სხვაზე გამცვლის?
მაშ არ ყოფილა შეყვარებული!

მასხარა

ცვალებადია კაცის ბუნება:
გადუბრუნდება ერთ წამს მას გული...
განა არ იცნობ თამარ დედოფალს?
თვით ჯოჯოხეთიც ხელს უწყობს ცბიერს,
და ერთნაირად ჯადოქრობითა
მისკენ იზიდავს ჭაბუკს და ხნიერს.
სიკვდილის მეტი სხვა ვერაფერი
მას ვერ შეუშლის ტრფობის რიგს და წესს.
წაგართმევს ნიკოს და შენ თვალდათვალ
გაყურებინებს იმასთან ალერსს.

ცირა (აშფოთებით)

და მე დავუთმობ? ის ძლიერია,
ქვეყნის მპყრობელი დედოფალია,
მაგრამ, ტრფობაზე თუ მივარდება,
მეც ქალი ვარ და ისიც ქალია!
არვის დავუთმობ მას უსიკვდილოდ!
ჩალად გავწირავ მაშინ მე ჩემს თავს!

მასხარა

ხა! ხა! ხა! ხა! ხა! ეგებ გგონია,
რომ მაგით ნიკოს ჩააცმევ შენ შავს?
თავს თუ მოიკლავ, რა ენაღვლებათ!
ცოცხლები მკვდრებზე აღარ ფიქრობენ:
ხანმოკლე ჭმუნვას, დროს შემწეობით,
გულში თანდათან ნელა იქრობენ.
შენ რომ იდები ცივ სამარეში,
გარშემო მატლი შემოგეხვევა, -
იმ დროს თამარი, ეშხით აღვსილი,
შენს ნიკოს ტკბილად გადაეხვევა.
და მაშინ ნიკოც გადაივიწყებს,
ვისაც დღეს ეტრფის, ვინცა დღეს უყვარს!...
და შემდეგშიაც, ათასში ერთხელ,
მას მოიგონებს, ვით წარსულ სიზმარს.

ცირა (თვალებზე ხელი აიფარა და ჰღელავს)

კმარა, ნუ მტანჯავ! გულს ისრად ხვდება
და თვალებს მიხელს ეგ მწარე ენა!... (გულზე იკრავს ხანჯალს)
ოხ, საჩუქარო ჩემის ნათლიის,
არ გიღალატებს ჩემი მარჯვენა!..

მასხარა

ნეტავ, რას ამბობ? არა თუ ქალი,
მეც ვერ შევიძლებ მაგგვარ ხელობას!..
სხვა გული უნდა, სულ სხვა სიმარჯვე
და სხვა გაბედვა კაცის მკვლელობას.
მე ნიკოს მეტი არ მეგულება
ჩვენში მაგ საქმის ამსურელებელი.

ცირა

კი, მაგრამ საქმე რომ გამოცხადდეს,
ვინღა იქნება ნიკოს მშველელი?

მასხარა

ვერ გაიგებენ, და, თუ გაიგონ,
მე დამდვან ბრალი! სთქვან: „მე ვიყავი!“
და მეც ვიკისრებ, არ გავცემ ნამდვილს,
მოწმეა ღმერთი გულთამხილავი.

ცირა

მაშ, კარგი, მაგრამ ნიკოს ვინ ნახავს?

მასხარა

ჭადარ-ქვეშ იცდის მომზადებული
და საჭიროა შენი დასტურიც,
რომ აუღელვო უფრო მას გული.
ახლა-კი წავალ და გამოვგზავნი...
მეტს არას გეტყვი, ყველა შენ იცი.
მეც, რაც გითხარი, იმას ვიკისრებ,
მოცემული მაქვს აღთქმა და ფიცი! (გადის)

ცირა (დიდი ხნის მღელვარების შემდეგ)

ოხ, ღმერთო ჩემო, ადამიანის
არ შეიძლება შვება სულ სხვა მხრით,
თუ არა სხვების ღალატ-განწირვით,
ნაღველ-ცრემლებით და სისხლისა ღვრით?
სისხლში გასვრილი ხელებით უნდა
გადამეხვიოს მე საყვარელი?!
მაგრამ, რა ვქნათ, რომ სხვა გზა არ არის
უფრო ადვილად გამოსახსნელი?
ჩუ! ვგონებ მოდის!

გამოსვლა მესამე

ისივე და ნიკო (შემოდის)

ნიკო

აქა მშვიდობა!

ცირა

დროზედ მოხვედი და ხსენებაზე.

ნიკო

გეხმე და მოველ! რასაკვირველია,
რომ გავჩნდებოდი აქ შენს ნებაზე.

ცირა

აგრე გიყვარვარ?

ნიკო

…………………….საკითხავია?
მაშ რა კაცი ვარ და რად ვიცოცხლო,
თუ ვისაც ვეტრფი და ვინც კი მიყვარს,
არ ვემსხვერპლო და არ ვენაცვალო!
მითხარ, რა გინდა, რომ შევასრულო?

ცირა

მართლა გიყვარვარ?.. ჯერ სთქვი წინდაწინ.

ნიკო

როგორც ტარიელს ნესტან-დარეჯან,
როგორც ავთანდილს მისი თინათინ!

ცირა

ნესტან-დარეჯან მსხვერპლსა თხოულობს,
ხატავეთს ჰგზავნის სატრფოს საომრად
და თინათინი მის გმირს ავთანდილს
ისტუმრებს ხანგრძლივ მოყმის საძებრად.
მე შენ არ გიდებ ამგვარ პირობას!..
ვითხოვ ადვილად შესასრულებელს
და, თუ გინდივარ სულით და გულით,
აი, ამ მახვილს მოჰკიდებ შენც ხელს!

ნიკო

ამ ხანჯალს?

ცირა

……………დიახ... და ამ მახვილით
შენ უნდა მოჰკლა ქვეყნის ორგული!

ნიკო (შეკრთება)

დედოფლის მოკვლა!.. მაგას რას ამბობ?
შენც თანახმა ხარ? აღელვებული...

ცირა

ხომ არ შეშინდი? შენი გმირობა
და თავგანწირვა ეგ არის განა?..
აკი მზად იყავ ჩემის გულისთვის,
რომ გაგეწირა მთელი ქვეყანა?
ახლა ერთ ქალსაც ვეღარ იმეტებ?

ნიკო

ქალი ქალს ჰქვიან, მაგრამ დედოფალს?

ცირა

ვგონებ, დედოფალს მოუხიბლიხარ
და შენც სხვებსავით გდებს ტრფობისა ალს.
ხა! ხა! ხა! ხა! ხა! ახლა კი მჯერა!..

ნიკო

მაგას რას ამბობ?.. ხომ არ გიჟდები?
ქუდს როგორა მხდი და მირცხვენ ულვაშს?
არ იცი, ვინც მკლავს, ვისთვისაც ვკვდები?
მე მხოლოდ შენთვის, შენთვის ვსულდგმულვარ!
კაცის კვლას შენთვის მოვერიდები?
და, თუ შენ მეტყვი, წინ ვინ დამიდგეს?
ცა და ქვეყანას შევეჭიდები.
ეგ რა მითხარი, გაუტანელო,
მაგ ეჭვით გული რათ მომიკალი?
მაგრამ სიმტკიცეს ტრფიალებაში
ვით გამოიჩენს უძლური ქალი?
სჩანს, რომ ჩემს გულში ვერ იხედები
და ვერ გიცვნივარ საშენოდ, ცირავ! -
ასიათასი თამარიც იყოს,
შენს თავს იმათში მე ვერ გავწირავ!

ცირა (აღტაცებით)

ოხ, მჯერა, მჯერა! მაგრამ მაშფოთებს
და ჭკუას მირევს მეც ტრფობის ალი.
მეც შენი ვარ და შენთვის მოვკვდები,
გზა და ხიდია დღეს ეს ხანჯალი!
ჰა, გამომართვი და მასთან ერთად
აწ ჩაიბარე ჩემი არსება!
თანდათან გული სიყვარულითა,
ვით საწყაული, ისე ივსება!
მიყვარხარ, ნიკო, შენი ვარ, შენი!
ვერ მოგიშორებ ვერც ცოცხალს, ვერც მკვდარს!

(მიუახლოვდება)

ნიკო

ოხ, ნეტარებავ! ამ დღეს ველოდი!..
სიცოცხლე ცირას! სიკვდილი თამარს!

(ხელებს უკოცნის)

ფარდა

მოქმედება მეოთხე

სცენა პირველი

(მდიდრულად მორთული საწოლი ოთახი)

გამოსვლა პირველი

(დედოფალს სძინავს მოფარდაგებულში. ცირა „ნანინას“ ამბობს)

ცირა (ჩანგურზე)

ნანინა, იავ, ნანინა!
ნანაო, ვარდო, ნანაო!
იმ ქვეყნის ნორჩო ყვავილო,
ამ ქვეყნის გამოცანაო!
ვარდი გთხოვს ფეროვნებასა
და ია სინაზესაო;
მოთინათინე მნათობო,
სჩაგრავ მთვარეს და მზესაო!
ნანინა, იავ, ნანინა,
ნანაო, ვარდო, ნანაო! (გადადებს ჩანგურს)
უყვარს დედოფალს ჩემი ნანინა,
ჩემი ჩანგური და ჩემი მღერა!
ღმერთმა შეარგოს!.. იძინე ტკბილად!
დღეს სულ სხვაგვარი მაქვს გულის ძგერა!
(დედოფალი ახველებს, ცირა შეშინებული განაგრძობს ჩანგურს)
ნანინა, იავ, ნანინა,
ნანაო, ვარდო, ნანაო!
შეშურდა ცისკრის ვარსკვლავსა
თვალების ელვარებაო!
და განთიადი შემკრთალი
შენგან ბნელს ეფარებაო.
სხვა დედას ვის გაუზრდია
ოცნება შენისთანაო?
ხმელეთი საბურთალოდ გაქვს
და ზღვაა შენი სანავო!
მშვენიერების გვირგვინო
და სიბრძნის გამოცანაო!
ნანინა, იავ, ნანინა,
ნანაო, ვარდო, ნანაო!
(მამლის ყივილი მოისმის)

ცირა (შეჩერდება)

მამალი ყივის და ჯერ ამას კი
არ ეძინება!.. ძილი უტყდება.
ტანმა უაზრა! რა ღვთის რისხვაა?
მე აგერ ჩემი გადამიწყდება...

დედოფლის ხმა

ცირა!

ცირა

ბატონო!

დედოფლის ხმა

ვისთან საუბრობ?

ცირა

მარტო გახლავარ! ვამბობდი ლოცვას.

დედოფლის ხმა

ერთი დამღერე და მერე წადი,
შენს მაგიერად დაუძახე სხვას!

ცირა (ჩანგურს უკრავს)

ნანინა, იავ, ნანინა,
ნანაო, ვარდო, ნანაო!
ჩამოდი, ძილო, მკურნალად,
წამწამზე დაეკიდეო!
უკეთეს ბინას ვერ ნახავ,
გინდ მოვლო კიდით-კიდეო.
გულს ზეწრად გადაეფარე
და სული დაუმშვიდეო!
ნეტარად დარჩი ნეტართან!
რად გინდა, რომ წახვიდეო?
ნანინა, იავ, ნანინა,
ნანაო, ვარდო, ნანაო!
ნარგიზო გაახლებულო,
უჭკნობო თანისთანაო!
ნანი... (სიმები უწყდება)
სიმები დასწყდა! კარგ ნიშანს ვხედავ! 
მისი სიცოცხლის ძაფიც გასწყდება. (ყურს უგდებს)
ჩუ! ხვრინავს მაგრად... ახლა-კი დროა
გადასწყდეს ბარემ, რაც გადასწყდება!

(მიდის ფეხაკრეფით. კარებს აღებს და შემოჰყავს ნიკო, რომელსაც ხელში ხანჯალი უჭირავს).

გამოსვლა მეორე

ცირა და ნიკო

ცირა

სუ! ფრთხილად! ხვრინავს! გულის ძილშია!
დრო ხელს გვიმართავს, დაჰკეტე კარი!..
არ აგითრთოლდეს ხელი! გაზომე
და ეგ მახვილი ისე ჩაჰკარი!
გაუპე გული და იქ იპოვნი
ჩემ სიყვარულსა, ჩემს ერთგულებას!
და იმ წამიდან მონად თაყვანს ვცემ
შენს ბატონობას და შენს უფლებას!..

ნიკო

საკვირველია! ქალი მასწავლის,
თუ როგორ უნდა ხანჯლის ხმარება!
მხდალიც რომ ვიყო, გამაგმირებდა,
ნაცვლად რომ მელის, ის ნეტარება! (მიდის საწოლისკენ)

ცირა (აღშფოთებული)

ოჰ, ღმერთო ჩემო, ძნელი ყოფილა
ადამიანის გამომეტება!
შურისძიებით აგზნებული ვარ
და სიბრალულის ცეცხლი მედება!..
ვეღარ ვუყურებ... (თვალს არიდებს, კუთხისკენ მიდის)

ნიკო (ახდის ფარდას და გაოცებით:)

…………………….ამას რას ვხედავ?!
თვით ციურ მნათობს, ქვეყნად ჩამოსულს!!
როგორ გაბედავს, რომ მიეკაროს
ცივი მახვილი ამის მკერდს და გულს?? (გავარდება ხანჯალი)

დედოფალი (გამოიღვიძებს)

ჰა, ვინ ხარ, შენ აქ? ვინ შემოგიშვა?
როგორ გაბედე.. შე უბედურო?

(ნიკო დიდხანს მიაჩერდება და ღელავს...დედოფალი აღტაცებით უცქერის)

შვენის მამაკაცს გამბედაობა!
აგირჩევია შესაფერი დრო!

ნიკო

დამნაშავე ვარ! უბრძანეთ მომკლან
მე, ცხენის კუდზე გამოსაბმელი!!

დედოფალი

ტრფობის წყურვილით აღტაცებულო,
შენი კუბოა ეს სარეცელი. (ააყენებს და მოხვევნას უპირებს)

ცირა

რა ამბავია? ამას რას ვხედავ?
კიდეც ეხვევა... მევე გამწირა... (დაავლებს ხანჯალს ხელს)
შერცხვეს, ვაჟკაცო, შენი ღალატი,
აწ პასუხს მოგთხოვსთ ორივეს ცირა!

(მიაშურებს ხანჯლით. დედოფალი დაიკივლებს. ნიკო ცირას ხელში ეცემა. ხმაურობაა. მეფე შემოვარდება ამალით).

გამოსვლა მესამე

მეფე, დედოფალი, ცირა, ნიკო, სახლთუხუცესი და ორი თავადი

მეფე

რა ამბავია? ღალატი რამე?
სად არის მტერი? ვინ არის, ვინა?

დედოფალი

ცირას უნდოდა ძილში მოვეკალ
და ამ ჭაბუკმა გადამარჩინა!

ცირა

სტყუის, მეფეო! სასიყვარულოდ
ის დედოფალთან შემოიპარა!
მე ვერ შემნიშნა, სურვილმა ფარდა
ცოდვილ თვალებზე გადააფარა.
მე მატყუებდა და დედოფლისთვის
უცემდა თურმე ბოროტი გული!..
მიტომ მინდოდა მაგის სიკვდილი
და მიველ ხანჯალამოღებული.
მაგრამ უმტყუნა სხეულმა ჩემს გულს:
ვერ მივატანე ძალი და ღონე!
მოღალატეა შენი ეგ ცოლი,
მეფეო! ვამბობ და გაიგონე!

მეფე

ვაი სირცხვილო! (ზარდაცემულია)

ხალხი

შეურაცხყოფა! (ხანგრძლივი სიჩუმეა)

დედოფალი (მეფეს)

დრო არის, ვგონებ, რომ დააჩუმოთ!.. (კარისკაცებს)
შეთქმულთაგანი თუ აქ ვინმე ხართ,
დრო ხელს გიმართავსთ, რომ თქვენც უმოწმოთ!
ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა! ეს მომიგზავნეს!..
შეთქმული სხვებიც ბევრი იქნება
და გამოჰკითხეთ!..

მეფე

…………………….შეჰკარით ცირა!
უნდა ასრულდეს დედოფლის ნება!

ფარდა.

მოქმედება მეხუთე

გამოსვლა პირველი

მსაჯულთუხუცესი, სახლთუხუცესი და მასხარა

მსაჯულთუხუცესი

დღეს რაღას ატყობ?

სახლთუხუცესი

…………………….მისთანა შენს მტერს!..
სევდა თანდათან უფრო აწვება!
თვალში სიყვითლეც შემოჰპარვია!..
უნდა გამოვტყდე, რომ მეეჭვება!

მსაჯულთუხუცესი

მოწყალე არის ღმერთი მაღალი!
ყოფილა კვლავაც მაგგვარად ავად!
ნაღვლიანებმა ეგრე იციან...
გულს გადაიყრის თავისვეთავად.

სახლთუხუცესი

სულ კარგად იყო, როცა მდივანმა
შემოუტანა მას განჩინება...
მაშინ დიდებულ სახეზე მხოლოდ
გამოეხატა მას მრისხანება...
და მოინდომა, როგორც შევატყვეთ,
იმ განჩინების სრულად დახევა,
მაგრამ იმავ წამს გაჩნდა თამარი,
როგორც ადამის წინაშე ევა;
მეფეც შეჩერდა... აღარა სთქვა-რა,
განჩინებაზე დასვა ბეჭედი
და მგოსნის ბედთან შეერთებულად
გარდაიწყვიტა მან თვისიც ბედი.
მას ზედ დაერთო იმღამინდელი
მოულოდნელი ცუდი შემთხვევა
და იმის გამო ჭმუნვის ძაფებად
იჭვები, შემკრთალს, გულზე ეხვევა.
არ იცის, რა ჰქნას!! არეულია
მისი ორგვარი გულისა ძგერა:
ხან დარწმუნდება ყოველიფერზე
და ხან სრულიად აღარა სჯერა.
დაკეტილში ზის, არც სვამს, აღარც სჭამს,
ჯერ რიგიანად არც სძინებია! 
და მიკვირს, რომ დღეს ჩვენი მოყვანა
ყველასი ერთად უბრძანებია.

მსაჯულთუხუცესი

ვნახოთ, რას გვეტყვის! (მასხარას) შენ რაღა გინდა?
შენც დაგიბარა მეფემ, ეგება!

მასხარა

დიახ! და, თუ თქვენ ვერა არგეთ-რა,
მაშინ-კი რიგი ჩემზე მოდგება!.. (ხელს აშვერს მსაჯულთუხუცესს)
სულის მკურნალი, (სახლთუხუცესს) გულის ვეზირი
და სათვალყურო. ცეტი, მასხარა,
სამნივე ერთად რომ განაგებდენ
საქვეყნო საქმეს... ვგონებ, რომ კმარა!
თორემ, ხომ იცით, კარისკაცები
რაც რომ მეტია, უფრო ცუდია:
თავი არც ერთის არ იხედება,
ერთი მეორის მხოლოდ კუდია!
და ერთი კუდი თუ გაქიცინდა,
სხვებიც მას ჰბაძვენ, იმ ერთს სთანხმობენ,
და სასწაულიც მათი ის არის,
რომ ხმელსა სწვავენ და ნედლს ახმობენ.
აი, გუშინაც მართლმსაჯულებმა
კუდის ქიცინით თავი მოღალეს,
და მათ გაუწყრეს წმინდა გიორგი,
რომ მით გიორგი მეფე გაღალეს!
თვალნაკრავია, მაგრამ მოიხდის,
გამობრუნდება, მაქვს ღვთის იმედი!
თუ რომ მიბრძანებთ, გამოვულოცავ!
სხვა საქმე არ მაქვს, მისთვის მოვედი.

მსაჯულთუხუცესი (წყენით)

თავ-თავის დრო აქვს სუყოველისფერს!
ნეტავი შენ, რომ არაფერს ჰფიქრობ!

მასხარა

ფიქრი რად მინდა? დარბაისელი
არცა ვყოფილვარ და არც ვაპირობ!
ბრძენი რომ ვიყო, ადრე დავჭკნები,
მასხარა რომ ვარ, გვიან ვბერდები!

სახლთუხუცესი

კმარა! გეყოფა! თავს ნუ აიშვებ,
თორემ უდროვოდ კადნიერდები!

მასხარა

უკაცრავად ვარ! სულ მავიწყდება,
რომ მასხარა ვარ დარბაისლებთან,
ისე უძლური და საცოდავი,
როგორც რომ კრავი დიდებულ მგლებთან.
ჩემი სიტყვები რა სიტყვებია?
ან ჩემი რჩევა ვის ეკადრება?
მაგრამ... სუ! აგერ ფეხის ხმა ისმის...
ბატონი მეფე თუ მობრძანდება?

(ადგებიან და კუთხისკენ მივლენ)

გამოსვლა მეორე

ისინივე და მეფე (დაღონებული)

მეფე (თავისთვის)

ქალის დაკირვა! მგოსნის სიკვდილი!
ვგონებ, ავჩქარდი ჩემის დასტურით!
განა ყოველთვის მართალი არის
თვალით ნანახი, ნასმენი ყურით?!
გურული იმ დროს დედოფლის სახლში
როგორღა გაჩნდა! ვინ შეიყვანა?
თუ რომ ღალატის გამხელა სურდა,
მე ვერ მეტყოდა წინდაწინ, განა?
ეგებ მგოსანიც... ჰმ! მაგრამ არა!
ცხადად დაედვა პირდაპირ ბრალი,
მაგრამ მე მაინც ავჩქარდი მაზე
განრისხებული, უზომოდ მწყრალი...
როგორ გავწირე და გავიმეტე
მესაიდუმლე და მეგობარი?..
ავჩქარდი... შევცდი... მაგრამ რაღა დროს?..
გვიანღა არი!.. გვიანღა არი!.. (დაინახავს სხვებს)
აქა ყოფილხართ? დილა მშვიდობის!
გამარჯვება-კი არავის ეთქმის
ახლანდელ დროში, როცა ყოველ კაცს
სისხლი სწყურია მისივე მოძმის.

მსაჯულთუხუცესი

ბატონო მეფევ!

მეფე

…………………….სად არის მეფე?
მე ვიყავ მხოლოდ ერთ დროს მთავარი;
ვკახაბერობდი მორჭმით მჯდომარე,
რკინის პალოზე მედვა საზღვარი;
მაგრამ, როდესაც ეს იმერეთი
ხელში ჩავიგდე და მით გავმეფდი,
მაშინ უკუღმა გადავიბრუნე
ჩემი დიდება და ჩემი ბედი.
დიდ მოურავის კვალში მიმყოლი,
ქართლს დავიხსნიდი მტრისგან, მეგონა;
სჯული უარვყავ, გავტეხე აღთქმა,
და თვით მე გავხდი დიაცის მონა.
ფუი ჩემს ულვაშს! (ჩაფიქრდება)

სახლთუხუცესი

ბატონო მეფე!

მეფე

განა მეფობა ეთქმის ცოცხლად მკვდარს?
მეფე რომ ვიყო, სხვისი ბრძანებით
გავიმეტებდი, განა, მეგობარს?!
მაგრამ ძნელია მრუდე გვირგვინი!
ბოძად და სვეტად იდგამს ქვეყნის ხმას,
და მსხვერპლად სწირავს საკუთარს სურვილს;
კერძო განზრახვებს და ტკბილ გულისთქმას. (ჩაფიქრდება)

მსაჯულთუხუცესი

ნეტავ, თქვენ რა გაქვსთ სასინანულო,
რომ აჰყოლიხართ შემცდარ გულისთქმას?
„გული მეფეთა, ხელთა უფლისა!“
თქვენ დაეთანხმეთ მხოლოდ ქვეყნის ხმას.

მეფე

და დავიბანე პილატებრ ხელი,
რომ ავიცილო თავიდან ბრალი?
ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა! მაშ შინაგანი
აღარ ჰქონია სინიდისს ვალი?
ეჰ, სახლთხუცესო! სად არის ჩვენი
ის ადრინდელი სულ-ხორცის ძალა?
დრომ უკუღმართმა გადაცდუნებულს
ყველა ხელიდან გამოგვაცალა.

სახლთუხუცესი

ბატონო ჩემო, თქვენს მოხუც გამზრდელს,
შემყურეს თქვენის ბედნიერების,
ნება ჰქონია ყოველთვის თქვენთან
სიმართლის დროზე კადნიერების.
ახლაც გავბედავ: უმჯობესია,
რომ ჯერ დააცხროთ გულისა ვნება,
ცოტა გაერთოთ და მერე უფრო
სხვა რამეს გირჩევს თქვენი გონება.
არა არის-რა, ხომ, უსაშველო?
დღეის შეცდომა ხვალ გასწორდება,
თუ საცადისი ჭკუა-გონების
კაცს ისევ შერჩა და არ შორდება.

მასხარა

ზოგი მეც მკითხეთ რამე, ბატონო;
დარბაისლებმა რაც ბრძანეს, კმარა...
ჩანგურს ჩამოჰკრავს ჩვეულებრივად
და მოგახსენებსთ რამეს მასხარა.

მეფე

შენც ნახირ-ნახირ, ჩემო მასხარა?

სახლთუხუცესი

სთქვი რამე, მეფე რომ გააცინო!

მსაჯულთუხუცესი (ჩუმად)

ისა სჯობია, სიმებს ჩამოჰკრა
და დაამღერო რამე სალხინო.

მეფე

რა ჩურჩულია?

მსაჯულთუხუცესი

………………ამ თქვენს მასხარას
უნდა ჩანგურზე დააღიღინოს!

მეფე

კარგი იქნება, უძილარი ვარ
და ცოტა ეგებ, მეც წამეძინოს. (თავს მისდებს მუთაქაზე)

მასხარა (ჩანგურზე ამღერებს „ოდილას“ ხმაზე)

„მაღლით ცეცხლის წვიმა მოდის,
დაბლა დგება სისხლის ღვარი.
ცა და მიწა გადაბრუნდა,
გაგვისწორდა მთა და ბარი!
მწყერს მიმინო შეუშინდა,
კურდღელს - მწევარ-მეძებარი;
შევარდენი შეაშინა
მტრედმა, დასცა შიშის ზარი!
ძმა ძმას სწირავს, მამა - შვილსა,
მეგობარსა - მეგობარი“.

სახლთუხუცესი (ხელიდან ჰგლეჯს ჩანგურს)

დღეს შენ, მგონია, გადარეულხარ!
რაებს იმღერი მაგას, მასხარა?!

მეფე

არა... ამ ჩემს გულს ეგ უკეთ ხვდება...
ნუ აწყვეტინებ! განაგრძე ჩქარა!

მასხარა

„ცაო! ცაო! მოიწმინდე,
დაგვიყენე ისევ დარი!
შევარდენო, ფრთა გაშალე,
ცის კამარას თავი ჰკარი!..
მეგობარო, მოიგონე
გულითადი მეგობარი!
უსამართლოდ საკანში ზის
გაწირული ცოცხალ-მკვდარი,
მოსთქვამს ქვეყნის ურიგობას,
კვნესის, სტირის მისი ქნარი!
ამას ასე მოგახსენებსთ
დღეს მასხარა ენამწარი.
ნუ შერისხავთ მართლისათვის!
გესმისთ მისი ნაუბარი?“

(მეფე წამოვარდება, მსაჯულთუხუცესი და სახლთუხუცესი შეშინდებიან)

მსაჯულთუხუცესი, სახლთუხუცესი

ბატონო!

მეფე

……………გესმისთ თქვენ ეს სიმღერა?..
მადლობელი ვარ, ჩემო მასხარა!
შენმა სიტყვებმა ჭმუნვის ღრუბელი
გამიქარწყლა და გულს გადმიყარა.
ახლა-კი ვხედავ, სასახლის სენი
ცუდი სახადი შესაყარია!
თურმე ეს ჩემი ჭკუა-გონებაც
იმან მოხიბლა, არივდარია,
მაგრამ აწ კმარა! ისევ მეფე ვარ,
მეფე ვარ, მეფე! გვირგვინოსანი, 
და თანაშემწედ ორი კაცი მყავს:
ერთი მასხარა, ერთიც მგოსანი.
სახის სიცილით, გულის ტირილით,
პირველი ურევს მარილსა და ძმარს,
და მეორე-კი თვისვე ცრემლებში
ილესავს ნაღველს და აწოვებს ქნარს!
სამკურნალოა სნეულ ქვეყნისთვის
მხოლოდ იმათი სიტყვა, სიმღერა!
დანარჩენების სიტყვა-პასუხი
საცბიეროა და არა მჯერა!

მსაჯულთუხუცესი

მაღალო მეფე! ნუ დაივიწყებთ,
რომ ერთგულები სხვებიც არიან!

მეფე

მაგრამ სიმართლეს ვერა ჰბედავენ
და ცბიერებას თავებს უხრიან!
მითხარ, სად იყვნენ ეს ერთგულები,
როცა მგოსანი ერთხმად გასწირეს?

სახლთუხუცესი

ზოგი გამოჩნდა წინააღმდეგიც,
მაგრამ რა ექნა ნაწილსა მცირეს?
სამღვდელოების უმეტესობა
ბატონ გენათელს ურცხვად მიემხრო,
და წულუკიძემ შორს მყოფ წერეთელს
საუკუღმართოდ შეურჩია დრო.
მხოლოდ შემთხვევით იმ სამსჯავროში
მოგროვდა ორგულთა უმრავლესობა.
და ნუ მრისხანებთ საყოველთაოდ!
ისარი ყველას გულს რად ესობა?!

მსაჯულთუხუცესი

გლოვის ზარივით გაისმა ხალხში:
„მგოსანს სიკვდილი გადუწყვიტესო!“

მეფე

და არ ამბობენ: იმ განჩინებით
მეფესაც გული გაუხვრიტესო!

მასხარა

ვინ გაბედავდა! უცაბედად-კი
ამას მოვკარი აქა-იქ ყური:
„დარბაისლების უწმინდურ სურვილს
როგორ მისცაო მეფემ დასტური?“

მეფე

გვიანღა არის! რაც მოხდა, - მოხდა!
სიტყვა მეფისა არ შეიშლება!
წყეული იყოს ამგვარი ძალა
და შეუცვლელი ჩვენი უფლება (ჩაფიქრდება).

მსაჯულთუხუცესი

ბატონო მეფევ! ერთს რამეს გირჩევთ,
და ნუ შემრისხავთ, მომეცით ნება!
თქვენ შეგიძლიათ სიტყვა გასტეხოთ
და სიტყვის შეცვლა როდი იქნება.

მეფე

გამოცანაა! რაღას უყურებ?
რატომ არ გვეტყვი, თუ იცი რამე?
გოჩას გამოხსნა რომ გულით მინდა,
ღმერთია, იცი, ამის მოწამე.

მსაჯულთუხუცესი

მოგეხსენებათ, მეფევ, თქვენც, ვგონებ,
მეფე დარეჯნის ყოფა და ქცევა;
მის დროს აგვაღო უფალმა ხელი,
მოგვაკლო მაღლით მისი კურთხევა.
ის დრო საზარი მოღალატობის
დღესაც-კი უღლად აწევს ჩვენს მხარეს;
საქრისტიანოს ტკბილი სავანე
მან დაამსგავსა ოხერს სამარეს:
ასტეხა ხალხში შური და მტრობა,
უკუღმა სცარა ჩვენი ქვეყანა;
გასწყდა კავშირი სისხლ-ხორცობისა,
ძმას აღარ ჰქონდა ძმისა გატანა!
ქვეყნის გაწირვით და ორგულობით
იხვეჭდენ კერძო ბედნიერებას.
სხვადასხვა მუხლებს ბოროტებისას
სწავლობდენ თითქოს მეცნიერებას.
ტახტზე ასული ფარისევლობა
სისხლით და ცრემლით შავ პირს იბანდა;
და დღევანდელმა დღემ არ იცოდა
თუ ხვალინდელი რას მოიტანდა.
მაშინ გავიდა ხალხში მგოსანი,
საერო ცრემლით ჩანგზე დამღერა
და ხალხის გული მიძინებული
გამოაფხიზლა და ააძგერა.
მათში ერია ლასხიშვილიცა,
ჭაბუკი ვინმე, მოსამსახურე,
პირის ფარეში თვით დარეჯანის,
დარბაზის მცველი და მეთვალყურე.
ვითა მირონი წმინდა ტრაპეზზე
გულზე ეწვეთა სიტყვები მგოსნის
და ჩაუსახა მტკიცე სურვილი,
თავის გაწირვით, ქვეყნის გამოხსნის.
ყურში ჩაედგა მგოსნის ყვედრება,
ელანდებოდა საერო საბჭო,
სანამ ხანჯალი დროს შემრჩეველმა
დარეჯანს გულში მარჯვედ არ არჭო.
აღელდა ხალხი, მაგრამ დედოფალს
არვინ იგლოვდა, არვინ სტიროდა.
„ადიდოს ღმერთმა მეფე ბაგრატი!“
ერთპირად ყველა ამას ჰყვიროდა.
დედინაცვლისგან დაბრმავებული,
უსამართლოდ ტახტ-ჩამორთმეული,
გამეფდა ბაგრატ და სიმართლისთვის
ხალხს მოუბრუნა ისევე გული.
მაშინ მოიხმო მეფემ მგოსანი
და სთქვა: „მგოსნობის ვცანით ძალიო!
რაც გინდა, გვთხოვე და აგისრულებთ,
რომ გადვიხადოთ შენი ვალიო!“
გოჩამ ეს ჰკადრა: „ქვეყნის დიდება
მგოსნისთვის არის მეტი ტვირთიო!
რა საჭიროა მღელვარე ზღვისთვის,
რომ მიემატოს ზვირთზე ზვირთიო?“
მაგრამ ბაგრატმა გაიმეორა:
„ჩვენ მოვალე ვართ მაინც შენიო,
და, თუ რამეს გვთხოვ, ჩვენც აგისრულებთ,
ეს იყოს ჩვენი განაჩენიო“. (გაჩუმდება)

სახლთუხუცესი

მერე, სხვა რაღა?

მსაჯულთუხუცესი

…………………….სხვა არაფერი,
ამით გათავდა მათი მოყვრობა.
რომ მიიცვალა მეფე ბაგრატი,
პირობათ დარჩა ისევ პირობა!.

მეფე

კეთილი, მაგრამ მკვდარი მოვალე
კუბოში მწოლი, რას არგებს ცოცხალს?
საიქიოდან გვირგვინოსნები
რომ ვეღარ სჭრიან ქვეყნად სამართალს?

მსაჯულთუხუცესი

მაგრამ ისინი, ვინც მათს უფლებას
ხელში იგდებენ და მეფდებიან,
თუ პირობასაც არ იკისრებენ,
ქვეყნის შეხედვით ყოვლად სცდებიან.

მეფე (აღტაცებით წამოდგება)

ჩემო ერთგულო და გონიერო,
გალაპარაკებს მაგას განგება!
მაშ შევასრულოთ, გონზე მოსულმა,
ჩვენი სურვილი და ჩვენი ნება.
სახლთუხუცესო! ბოქაულთხუცესს
შენ გადაეცი ჩვენი სურვილი:
საპყრობილედან გამოიყვანოს
და აქ მომგვაროს შემცოდე შვილი! (სახლთუხუცესი მიდის)
ჩვენ უნდა თვითონ გავასამართლოთ
როგორც რიგი და როგორც წესია!
ყველა მას მომკის საშვილისშვილოდ,
რაც რომ თვითონვე დაუთესია. (მასხარას)

ჩემო მასხარა! განა შევარდენს
არ ჰშვენის, ხოხობს რომ შეუშინდეს?

მასხარა

უმჯობესია ფრთები გაშალოს
და ცხრა მთას იქით მისთვის გაფრინდეს.

მეფე

მიინავარდოს, მოინავარდოს,
ფრთა ფრთას შემოჰკრას, ცას ჰკრას კამარა!..
ეჰ, თავმან ჩემმან, შევარდნობა სჯობს!..
ძერა-კუდობა ამდენი კმარა!
შენ რაღას იტყვი, ჩემო მსაჯულო?

მსაჯულთუხუცესი

„გული მეფეთა ხელთა უფლისა!“
იყავ კურთხეულ ამიერიდან
მფარველი ქვეყნის და ქვრივ-ობლისა!

გამოსვლა მესამე

ისინივე და მგოსანი

(შემოდის. მეფე თავჩაღუნულია. საზოგადო სიჩუმეა)

მგოსანი

აქა მშვიდობა!

მეფე

…… წინ წამოდექი!
იცი, რად გიხმეთ?

მგოსანი

რა მოგახსენოთ!

მსაჯულთუხუცესი

რაც რომ სამსჯავრომ გადაუწყვიტა,
რიგი თქვენია, უნდა უბრძანოთ!

მგოსანი

შეტყობილი მაქვს, საპყრობილეში
მე ცირას სიტყვებს მოვკარი ყური. (მწარე ღიმილით)
მსაჯულთ სიკვდილი გადამიწყვიტეს
და მეფემაცა დართო დასტური.

მსაჯულთუხუცესი

დიახ, რადგანაც უმეტესობამ
გიცნო ქვეყნის და მეფის ორგულად.

მგოსანი (გაანჩხლებით)

ვინც ეგ იფიქრა ჩემზე, ეტყობა,
რომ ის ჭკუაზე შემცდარა სრულად.

მსაჯულთუხუცესი

როგორ? არა გაქვს დანაშაული
და ხმა ერისა ცრუდ ღაღადებდა,
როდესაც ის შენ, შეურაცხყოფილს,
სასიკვდილო ბრალს თავზე გადებდა?

მგოსანი

თუ ისე მკითხავთ, ვით სასიკვდილოდ
გამზადებულებს მათი მოძღვარი,
მარტოობაა მაშინ საჭირო
და მოწმედ მხოლოდ თვით მაცხოვარი.
და თუ პასუხს მთხოვთ, როგორც მსაჯული,
გვიანღა არის გასამართლება,
რა-კი ერთხელვე დამნაშავედ მცნეს
და მათ მეფემაც ზედ დართო ნება.
სიკვდილი მელის, გაწყვეტილია
კავშირი ჩემი საქვეყნიერო;
არვისთან რა მაქვს თავშესაწყენი,
სასაყვედურო, ან საპირფერო.

მეფე

კარგი, არ გკითხავ, რაც იყო, იყო!
სულ სხვა რამეზე აქ მოგიწოდეთ:
უკანასკნელი შენი სურვილი
შეგვატყობინე, გვინდა ვიცოდეთ.

მგოსანი

ბრძანეთ!

მეფე

………………როდესაც ბაგრატის ტახტი
ჩვენ დავიმკვიდრეთ და ჩვენ ვიტვირთეთ,
მეფურსა ჩვენსა მოვალეობას
მისი ვალიცა ზედვე დავურთეთ.
როგორც გვიამბო დღეს ქუთათელმა
და ჩვენთავადაც გაგვიგონია,
ბაგრატისაგან სავალდებულო
აღთქმული რამე თურმე გქონია.
ის დაპირება ჩვენზე გადმოდის,
დღეს ჩვენ ხელთ არის იგი უფლება,
და გვთხოვე, რაც გსურს, მეფური სიტყვა
ერთხელ ნათქვამი არ შეიშლება.

(სიჩუმეა, მგოსანი ხმას არ იღებს)

მსაჯულთუხუცესი (მგოსანს)

რაც მოგანიჭეს, ვერ გაიგონე?
ხომ გესმის, მეფე რასაც გიბრძანებს?

(მგოსანი ხმას არ იღებს)

მასხარა

რატომ არ ითხოვს თავისუფლებას?
ნეტავ ვიცოდე, რას აგვიანებს?

მეფე

ითხოვე, რაც გსურს! ჩვენ მოვალე ვართ.
რომ შევასრულოთ ის შენი ნება.

მგოსანი (ხანგრძლივი აღელვების შემდეგ)

მაშ ვითხოვ: მეფევ, ცირას ნუ დასჯი!
იმას არა აქვს დანაშაული;
მე მოვამზადე ის საღალატოდ,
მე ავუღელვე უმანკო გული. (ყველა შეკრთება)

მსაჯულთუხუცესი (თავისთვის)

რა სთქვა?

სახლთუხუცესი

რას ამბობს?

მასხარა

გაგიჟდა სწორედ!

მეფე

ღალატი?

მგოსანი

…………………….დიახ, მეც იქ ვერიე,
გამოვტეხილვარ, ვამბობ მეორედ!

მეფე

ნუთუ შენც?.

მგოსანი

………დიახ, მაგით გვინდოდა
წამებულ ქვეყნის წამოყენება,
მაგრამ არ მოხდა... და ჩემზე აწ-კი
ასრულდეს შენი ძალი და ნება!

მეფე (დიდიხნის სიჩუმის შემდეგ)

მაინც ვერ გავტეხთ ჩვენს მეფურ სიტყვას!
თუ ითხოვ, ეგეც გეპატიება.

მგოსანი

მე მხოლოდ ვითხოვ უფლების ძალით:
უბრალოდ ცირა ნუ დაისჯება.

მეფე

შენ მხოლოდ შენთვის უნდა ითხოვო,
სხვის შესახებ-კი არ შეიძლება.

მგოსანი

არა, მეფეო, უარს ვერ მეტყვით,
მონიჭებული მაქვს ეგ უფლება.

სახლთუხუცესი

კი, მაგრამ შენთვის ვეღარას ითხოვ.

მგოსანი

მე ჩემთვის რა მაქვს აქ სათხოვარი?
უმჯობესია, რომ მოკვდეს კაცი,
ვიდრე ცოცხლობდეს ვით ცოცხალ-მკვდარი!
ჭკუით ურწმუნო და გრძნობით უნდო,
გულგატეხილი რაღა კაცია?
კაცს მაშინ ჰშვენის ქვეყნად არსება,
თუ ცხოვრებაში ის მამაცია!

მეფე

გვითხარი, მაინც, შენში რამ აღძრა
მაგგვარი სასოწარკვეთილება?

მგოსანი (ნაღვლიანი ღიმილით)

იმანვე, რამაც სხვებს გაუღვიძა
სხვის საბოროტო კმაყოფილება.
ჭაბუკობიდან მე გულში მედვა
ერთი ანდერძი, ერთი იმედი...
ის იყო ჩემი წმიდა-წმიდათა,
ჩემი სულის დგმა და ჩემი ბედი...
ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეს,
ვფიქრობდი, ვნახავ შეერთებულად,
დავით, გიორგის და თამარის დროს
ერთ საქართველოდ აყვავებულად.
(მეფეს სახე ეშლება, მგოსანი შესჩერებია მეფეს)
ამ ტკბილ ოცნების და წრფელ ზრახვების
ორი სხვაც მყავდა თანამოაზრე:
თვით გურიელი, დიდი მთავარი,
და ჯუმათელი, სჯულის სიმდიდრე.
თვალწინ მეხატვის მაღალი გორა,
ზედ აგებული წმინდა ტაძარი
და იმის გვერდით, თავმომწონებით
შტოებგაშლილი დიდი ჭადარი.
იქ, იმ ჭადრის ქვეშ, სამივეს ერთად
საქვეყნო ბევრი რამ გვირჩევია
და სამშობლოზე გულაჩვილებულს
ცრემლებიც ერთად დაგვიფრქვევია.
ასე ვფიქრობდით: ჩვენ ერთ სამეფოდ
გავხდით იმერეთს შეერთებულსო,
და ხელს მივაწვდენთ ძმურად ქართლ-კახეთს
შაჰ-აბაზისგან აოხრებულსო.
მხოლოდ იმისთვის გმირმა მთავარმა
სჯული გასტეხა და იქორწილა
და ცოდვა მისი საშვილიშვილო
თანამზრახველებს გაუნაწილა.

მეფე (წყენით)

ნამეტანს ამბობ, ნუ დაივიწყებ,
მოთმინებასაც რომ აქვს საზღვარი!

მსაჯულთუხუცესი (მგოსანს)

უადგილოა და უსარგებლო
ეგ მოგონება და საუბარი.

მგოსანი

რაღად დავფარო, ვის მოვერიდო,
მე სასიკვდილოდ გამზადებული?
საიდუმლო ხმა მალაპარაკებს
და ეს ხმა არის ჯუმათლის სული.
ის მოკვდა, თუმც-კი სული აქ ბრუნავს,
საქართველოსთვის თავგანაწირი.
მეფე აღარ ჰგავს პირვანდელ მთავარს,
და მე რაღა ვარ ამ ქვეყნად მწირი?
რო მოვკვდე, მიჯობს, სასოწარკვეთილს
თავი არ მიღირს არცა ერთ ჩალად!
ნეტავი, სხვებსაც არ ვუყურებდე
სხვის ყურმოჭრილ ყმად და მაჩანჩალად!.....

(მეფე შეიჭმუხვნება)

წავალ, მივმართავ იმ წინაპართ გუნდს,
სამშობლოს მსხვერპლად რომ შეწირულან
და, თუმც საფლავიც არ ჰღირსებიათ,
მაგრამ ჩვენს გულში კი დამარხულან.
მეც ერთად მათთან, თუ ღირსი გავხდი,
ცრემლებს გადმოვყრი საამქვეყნო ძღვნად,
რომ ის ცრემლები აქ დანთხეულს სისხლს
წმინდად დაერთოს ციურ მანანად
და აღმოცენდეს მით საარსებო,
საზრდო რამ ჩვენის შვილის შვილების,
რომ ისინიც კი წმინდად მიმღები,
ვით ზიარების იმ ნაწილების,
იმსჭვალებოდენ წინაპრებსავით
მათი სამშობლოს სადიდებელად,
და ღვაწლი მათი საშვილიშვილოდ
გადასცემოდეთ საგალობელად... (სიჩუმეა)
მშვიდობით, მეფევ! შენ აქ დარჩები
სამეფო ტახტზე მონად მჯდომარე!
მე-კი მეფურად შევხვდები სიკვდილს!
დარბაზის ნაცვლად მელის სამარე.

გამოსვლა მეოთხე

(შუაკარებიდან შემოვა დედოფალი, გვირგვინითა და სადედოფლო სამკაულებით აღჭურვილი. ცირა თან შემოჰყვება)

დედოფალი

არ შეიძლება! შეაჩერეთ ეგ!
მგოსანს არა აქვს, იცოდეთ, ბრალი!
ვით დედოფალი, ახლა ვამტკიცებ,
რომ მტყუანია მაგასთან ქალი!..

(ყველანი ზეზე წამოცვივდებიან შეშფოთებით).

ყველა

დედოფალია!

მსაჯულთუხუცესი

და მასთან ისიც.

დედოფალი

ვინც გამიმეტა და ვინც გამწირა!
დიახ, ვბრძანე და გამომიყვანეს
საპყრობილედან შემცოდე ცირა!!

მეფე

ამას რას ვხედავ?!

დედოფალი

…………………….კარებზე მომდგარს
მესმოდა თქვენი წრფელი მსჯელობა.
პირველად მხიბლავს ჭეშმარიტება...
ვიგრძნე სიმართლის უეჭველობა!..
წარსული ჩემი ბნელში მავალი
გადავაყოლე შემცდარ გულისთქმას,
მაგრამ უეცრად ბუნებაცვლილი
აწ ვემონები უმაღლეს აღთქმას.

მეფე

თამარ!

დედოფალი

…………მეფეო! გცოდე, როგორც ქმარს,
და, როგორც მეფეს, მოგფინე ბნელი!..
შემცოდე ცის და ქვეყნის წინაშე
შენდობას ვითხოვ მაგდალინელი...

(დედოფალი ხელიდან ბეჭედს იძრობს. საზოგადო აღშფოთებაა)

მსაჯულთუხუცესი

ღმერთო ძლიერო!...

მგოსანი (აღტაცებით)

………………აი, სად ვხედავ
მე სათაყვანო მშვენიერებას!

დედოფალი

ის, ვინც სიცოცხლით ვერ გამაძღარა,
სიკვდილით იგრძნობს სრულ ნეტარებას!

(ახდის ბეჭედს თავს და შესწოვს)

ცირა (შეჰკივლებს და მივარდება)

საწამლავია!

ყველა

საწამლავიო?!

მეფე

ჩქარა მკურნალი!..

დედოფალი (ღიმილით)

…………………ვეღარ მიშველის!
ამაღლდი, მეფევ! ჩემის სიკვდილით
ჩვენი ქვეყანა შენგან ხსნას ელის!.. (სუსტდება)

მეფე (მივარდება აჩქარებით)

თამარ!

დედოფალი

…………მშვიდობით!.. ეს საწამლავი
ელვასავით სჭრის... ცეცხლი მედება!
ვიწვი! ოჰ, წყალი!.. მეფეო, მგოსანს
ნუ მოიშორებ... ქვეყნის... დი... დება.
ოჰ, ოჰ, მშვიდობით!..

მგოსანი

რა დროსა კვდება!!

ფარდა.

1885 წ.

რედაქტორის შენიშვნები

თამარ-ცბიერი

აკაკის „თამარ ცბიერი“ დაუწერია და დაუმთავრებია 1885 წლის მარტს. ამ პოემის ვრცელი შინაარსი მოყვანილია ივ. მაჩაბლის გაზეთ „დროებაში“ (1885 წ., №65, 29 მარტი). ამავე გაზეთში დაბეჭდილია ერთი სცენა - თამარის მონოლოგი („როგორც რომ მთვარე“) - 1885 წ. №66, 67.

0x01 graphic

Печ. 103. Tuфлись Российский. ი. გ. Типографiя Г. Чарквиани.

ამ პოემიდან ნაწყვეტი დაიბეჭდა აგრედვე ვასო აბაშიძის „თეატრში“ (1885 წ. №22).

„თამარცბიერი“ ცალკე წიგნად გამოსცა ნ. დიასამიძემ 1886 წ. (დაცენზორებულია: „1885 წ. 12 დეკემბერი“). ამ წიგნის თავფურცლის შიგნით შემდეგსა ვკითხულობთ: „ავტორის ნებადაურთველად ამ დრამის წარმოდგენა, კანონთა მე-1864-ე მუხლის ძალით, აღკრძალულია“.

„თამარცბიერის“ 1886 წლის გამოცემა დაიბეჭდა სულ ორასი ეგზემპლარი.

ეს პოემა გაარჩია დავით სოსლანმა (იხ. „ნოვოე ობოზრენიე“. 1886 წ., №765), ამ გამოცემის შესახებ, იხ. აგრეთვე თვით აკაკის შენიშვნა („ივერია“, 1886 წ., №62). თამარცბიერი გაურჩევია აკაკის ნაამხანაგარ სკაბიჩევსკისაც. (იხ. ხომლელის წერილი, „თ. და ც..“ 1925 წ., №4).

თამარცბიერი გამოვიდა ქუთაისშიც 1920 წელს.

1886 წლის გამოცემას ცენზორმა მთელი რიგი ოპერაციები გაუკეთა. ჯერ ერთი მთლიანად ამოაგდო მესამე მოქმედება და არც დანარჩენ მოქმედებებს დააყარა ხეირი.

ცენტრარქივში დაცულ საცენზურო კომიტეტის ეგზემპლარს აწერია: «Дозволено цензурой с исключениями для постановок на театрах 1885 г. 12 декабря».

ცენზორის სკალპელი უმთავრესად სასულიერო ხასიათისაა. მაგ. მოქმედი პირიდან ამოაგდეს: „ქუთათელი“, ტექსტიდან: „მოციქული“ „მირონი“... „მაგდალინენური სიამოვნება“ - გააკეთეს „არშიყობის სიამოვნება“. მთლიანად ამოაგდეს შემდეგი სტრიქონები: „და თვით სამოთხე, ნათელ-მიხდილი“, „მკვდრეთით აღდგომა - მისთვის სიკვდილი“: თამარის მონოლოგში: „აღთქმას ჩემთვის სტეხს თვით მღვდელ მთავარი“, ცენზურამ „მღვდელი“ ამოაგდო და სხვ.

როცა ეს დრამატიული პოემა, ავტორმა თავის ჟურნალ „კრებულში“ შეიტანა (1898 წ. №2), იქ თითქმის აღადგინა ცენზურის მიერ 1886 წლის გამოცემაში გამოტო-ვებული ადგილები, მაგრამ მაინც დარჩენილა საკმაოდ უცნობი ტექსტი, რომელიც დღევანდლამდე საცენზურო კომიტეტის საქმეებში განისვენებდა.

აი, ის რამდენიმე ადგილი, რომელიც ჯერ არსად ყოფილა გამოქვეყნებული და პირველად წინამდებარე გამოცემაში ისტამბება:

„იმავ თავიდან იმერთა მხარე,
ბუდე ყოფილა არეულობის
სარბიელი რამ გაუტანლობის
მოღალატობის და ორგულობის.
არავისა სწამს აქ სისხლ-ხორცობა,
ღვთისაც არა აქეთ გულმართლად შიში!
გონება - მეტად, გრძნობა - ნაკლებ ერს
ახელმძღვანელებს სულ ანგარიში“.
…………………. …………………. (ჩვენი გამოცემა, გვ. 410).

გვიანღა არის! რაც მოხდა, - მოხდა!
სიტყვა მეფისა არ შეიშლება
წყეული იყოს ამ გვარი ძალა
და შეუცვლელი ჩვენი უფლება.
…………………. …………………. (ჩვ. გამოც., გვ. 432).

ეს ხაგზასმული სიტყვები, რომლითაც იკერება პარალელი რითმა, ყველა ძველ გამოცემაში ამოგდებული იყო.

ასევე გამოტოვებული იყო ეს ერთი ხაზგასმული სტრიქონი და ამით ლექსი კოჭლდებოდა:

ვითა მირონი წმინდა ტრაპეზზე,
გულზე ეწვეთა სიტყვები მგოსნის,
და ჩაუსახა მტკიცე სურვილი
თავის გაწირვით ქვეყნის გამოხსნის.
…………………. …………………. (ჩვ. გამოც., გვ. 433).

ეს აკრძალული დიალოგიც პირველად ჩვენს გამოცემაშია აღდგენილი:

მეფე

კეთილი მაგრამ მკვდარი მოვალე
კუბოში მწოლი რას არგებს ცოცხალს?
საიქიოდან გვირგვინოსნები
რომ ვეღარ სჭრიან ქვეყნად სამართალს?

მსაჯულთ უხუცესი

მაგრამ ისინი, ვინც მათს უფლებას
ხელში იგდებენ და მეფდებიან,
თუ პირობასაც არ იკისრებენ
ქვეყნის შეხედვით ყოვლად სცდებიან.
…………………. …………………. (ჩვენი გამოც., გვ. 434).

„თამარ-ცბიერში“ ერთ ადგილას რითმა უამხანაგოდ რჩებოდა. ჩვენ მიერ ნაპოვნ საცენზურო ეგზემპლიარში კი ეს ადგილი ასე იკითხება:

ასე ვფიქრობდით, ჩვენ ერთ სამეფოდ
გავხდით იმერეთს შეერთებულსო
და ხელს მივაწვდენთ ძმურად ქართლ-კახეთს
შაჰ-აბაზისგან აოხრებულსო“.
…………………. (ჩვ. გამოც., გვ. 439). 

გარდა ამისა „თამარ-ცბიერის“ მესამე მოქმედება იბეჭდება სულ ახალი რედაქციით. (ლიტ-მუზეუმში დაცულია ამ პიესის მხოლოდ მესამე მოქმედება, სუფლიორის ეგზემპლარი, №29).

„თამარ-ცბიერში“ ზოგიერთ ურითმოდ დატოვებულ სტრიქონზე ს. გორგაძე თავის დროს სწერდა: „სამწუხაროდ, რჩება კიდევ ორი ადგილი სადაც ლექსის წყობილება გვიჩვენებს რომ თითო სტრიქონი უნდა აკლდეს, მაგრამ მათი აღდგენა ჩვენთვის შეუძლებელი იყოო“. (ტ. II, გვ. 340).

ჩვენს გამოცემაში ყველა გამოტოვებული ადგილი აღდგენილია.

როგორ წარმოადგინეს „თამარ-ცბიერი“ ქართულ სცენაზე?

ჯერ კიდევ ჟ. „თეატრი“ 1885 წელს აცხადებდა „ქართული დრამა ამზადებს „თამარ ცბიერს“ და ჩქარა წარმოადგენსო“ („თეატრი“ 1885 წ. №18) მაგრამ მისი დადგმა, მხოლოდ 1887 წელს განხორციელდა.

თამარ-ცბიერი პირველად წარმოადგინეს 1887 წელს, 28 იანვარს (იხ. ჩვენთან დაცული ამ პირველი წარმოდგენის პროგრამა).

აი რას სწერდა გაზეთი „ივერია“ პირველი წარმოდგენის შესახებ:

„ოთხშაბათს, 28 იანვარს ბ-ნ საფაროვ-აბაშიძის საბენეფისოდ, პირველად ითამაშეს აკაკის დრამატიული პოემა „თამარცბიერი“, ლექსად დაწერილი.

ქართულ სცენაზედ ჩვენ ეს პირველად ვნახეთ, რომ ლექსით დაწერილი პიესა ეთამაშნათ. ლექსების კითხვას სცენიდამ საზოგადოდ დიდი ხელოვნება და გამოცდილება უნდა. არტისტმა ლექსთა-წყობისა და კითხვის წესი უნდა იცოდეს, რომ ლექსის თქმის წესი და რიგი თამაშობას შეურჩიოს და შეუწონოს.

ყველამ ვიცით, რომ ჩვენს არტისტებს არც სკოლა აქვთ გამოვლილი და თითქმის არც შეჰხვედრიათ ლექსით ნაწერ პიესების თამაშობა. ამიტომ ცოტა გვეფიქრებოდა, რომ ვაი თუ ვერა გააწყონ-რა და წარმოდგენამ უფერულად ჩაიაროსო. მაგრამ ჩვენი შიში ტყუილი გამოდგა და დღეს დიდის სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ რომ ჩვენმა არტისტებმა ამ შემთხვევაშიაც თავი იჩინეს და ისახელეს: ისე მშვენივრად, გამორკვევით, მკაფიოდ, რითმის დაცვით კითხულობდნენ, რომ ყურისთვის სწორედ სასიამოვნო იყო; ლექსს ფერი არ ეკარგებოდა და ლექსის კითხვაც თამაშობას არ უშლიდა. ურიგო არ იყო ანდრონიკოვის ქალი თამარის როლში. ზოგან ძალიან კარგად ამბობდა ლექსს და თითონ თამაშობასაც ლექსის აზრს შეუფერებდა ხოლმე. საკმაოდ კარგად ამბობდა ლექსებს და თამაშობდა ბ-ნი ალექსიევი-მესხიევი, თუმცა ზოგან რითმი ლექსისა არა ერთხელ ეშლებოდა. მეორე მოქმედებაში დიალოგი ბ-ნმა ანდრონიკოვის ქალმა და მესხიევმა ძალიან კარგად გაატარეს და აღტაცებაში მოსულმა საზოგადოებამ ძალიან მოიწონა.

თეატრი სავსე იყო. საზოგადებას ძალიან მოეწონა აკაკის ახალი ნაწარმოები, ავტორი ბევრჯელ გამოიწვიეს და დიდის აღტაცებით, ხანგრძლივის ტაშის-კვრით გადუხადეს მადლობა. („ივერია“, 1887 წ. №23. 31 იანვ.)

მას შემდეგ „თამარ-ცბიერი“ არ ამოვარდნილა ქართული პიესების რეპერტუ-არიდან: აკაკიმ, როგორც დასის რეჟისორმა, „თამარ-ცბიერი“ დასდგა თავის საბენეფისოთ თბილისის ქართულ სცენაზე 1904 წ., 8 თებერვალს. ესევე პიესა აკაკიმ დასდგა თავის რეჟისორობით თელავში 1911 წელს, 26 ივლისს, - აფიშაში ვკითხულობთ: „მეორე განყოფილებაში თამარის დახასიათებას წაიკითხავს ავტორი“.

ამავე წელს (1911) თბილისში 20 აპრილს ქართულ თეატრში დანიშნული იყო „თამარ-ცბიერის“ ლიტერატურული გასამართლება. თამარის დამცველად გამოვიდა თვითონ ავტორი „მხცოვანი პოეტი აკაკი", (აკაკის სიტყვა, ამ გასამართლებაზე თქმული, დაიბეჭდა „თემში“ (1911 წ., №18, 9 მაისი).

„თამარ-ცბიერის“ სიუჟეტზე კომპოზიტორმა მელიტონ ბალანჩივაძემ (1862-1937) დასწერა ოპერა. ჯერ 1 მოქმედებიანი იყო, რომელიც პირველად დაიდგა 1897 წ. 22 დეკემბერს პეტრბურგში, შემდეგ ეს პოემა ავტორმა გადააკეთა 4 მოქმედებიან ოპერად და გაფართოვებული სახით დაიდგა თბილისის ოპერის სცენაზე 1925 წელს. 1936 წელს „თამარ-ცბიერს“ სახელი გამოეცვალა და ამ ჟამად მიდის „დარეჯან-ცბიერის“ დასათაურებით.

„თამარ-ცბიერი“ რუსულად სთარგმნა ვ. ველიჩკომ და დაბეჭდა კიდეც (იხ. «Becтник Европы» 1892 წ. №10, გვ. 578). ოპერის რუსული ლიბრეტოც ველიჩკოს გაკეთებულია. ხოლო მასხარას კუპლეტები („მიმინოსა მწყერი უყვარს“) რუსულად სთარგმნა ალ. ნეიმანმა (იხ. 1828 წელში გამოცემული ნოტი).

„თამარ-ცბიერი“ რუსულად ხელმეორედ სთარგმნა თანამედროვე პოეტმა ა. კოჩეტკოვმა.

2.2 პატარა-კახი

▲back to top


ხუთმოქმედებიანი ისტორიული დრამა

მოქმედნი პირნი

კახეთის მეფე თეიმურაზ II.

დედოფალი თამარ, მისი მეუღლე.

პატარა-კახი, მისი ძე, მემკვიდრე.

გივი ჩოლაყაშვილი, პატარა-კახის გამზრდელი.

ლევან ქვაბულიძე.

რევაზ ბებურიშვილი.

მწყემსი.

მოხუცი ბრმა, გელად წოდებული.

ტურფა, მისი ქალი.

თედო რამაზიშვილი, რევაზის მსახური.

ელენე, ლევანის და.

ბაადურ-კუტი.

მუშები,

შიკრიკები და ამალა..

მოქმედება პირველი

დიდი ტყე, წინ ვაკით. შორით უზარმაზარი მთები მოსჩანან. ერთ პატარა გორაზე ზის მწყემსი და სალამურს უკრავს.

გამოსვლა 1-ლი

მწყემსი

(ჩამოდის ვაკეზე და მარჯვნივ ტყისკენ იყურება)

დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან!
მაგრამ სალამურს თუ მოჰკრა ყური,
ანდამატურის ძალით გამოსწევს
აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური.
(დაფიქრდება. ნაღვლიანის ღიმილით)
ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე?!
იქ, ბარში, ყველა ჩემი ტოლები
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ
და მე-კი ცხვარში აქ ვიმალები!..
ისინი მტრის სისხლსა ჰღვრიან უწყალოდ,
ზიზღით ევსებათ მრისხანე გული,
მე-კი ქალივით აქ ცრემლებს ვაფრქვევ
და სიყვარულით მიძგერს გლახ-გული!..
მერე როგორ დროს? მაშინ, როდესაც
სხვა უდიდესი წინ გვიძევს ვალი!.. (დაფიქრდება)
მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად,
გულთამხილავო, და არ მაქვს ბრალი!..
კიდევ არ სჩანან... ეგებ წავიდენ,
გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი?
აჰ, ღმერთო ჩემო! ჯერ უმისოდაც
დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი!
(მიბრუნდება და მაყვალს დაუწყებს კრეფას)

გამოსვლა მე-2-რე

ბრმა მოხუცი და ახალგაზრდა ქალი

მოხუცი

აქ შევისვენოთ!

ქალი (აქეთ-იქით იყურება)

…………………….თქვენი ნებაა!
სწორი, ვაკეა... ჩრდილიც ყოფილა......
წამოწექ!.. მუხლზე დამადევ თავი
და დაიძინე!.. აქ კიდეც გრილა..

მოხუცი

მუხლზე? კი, მაგრამ რომ გეტკინება!

ქალი

მაშ ქვას მოვიტან... სადმე იქნება...

მოხუცი

აჰ! არა, შვილო, რა საჭიროა?
უსასთუმლოდაც დამეძინება (ჯდება).
საკვირველია, თითქოს გაგრძელდა
ეს პატარა გზა დღეს ერთიორად;
ამასთან კიდევ მხარიც მომექცა
და მომეჩვენა უსწორმასწორად. (ამთქნარებს)
ასე სცოდნია თურმე სიბერეს:
დააუძლურებს თვალებსა და ყურს...
ერთი ხანია ყურიც მიწივის,
თითქოს უკრავდენ სადღაც სალამურს!

ქალი (გაწითლდება)

ეგ, მამავ, მართლაც სალამურია.

მოხუცი

სალამურია?! მერე ვინ უკრავს
იმ დროს, როდესაც ურიცხვი მტერი
ამ ჩვენ ქვეყანას გარშემო აკრავს?!.
მაშინ, როდესაც ბარში ქვრივ-ობლებს
მტრები მუსვრენ და სარზე აგებენ,
აქედან ჩვენი ეს მთიულები
სალამურის კვრით უპასუხებენ?..

ქალი

მწყემსები უკვრენ და თავს იქცევენ;
ხელში კომბლებით აქ უდგიან ცხვრებს.

მოხუცი

ეგ უკეთესი!.. ვაჰ, ჩემს მოსწრებას!!
რა ესმის ამ ჩემს დასადგომ ყურებს?..
ამისთანა დროს იმ შერცხვენილებს
რა ემწყემსებათ და რა ეცხვრებათ?!
მაშინ, როდესაც იმათ მოძმეებს
მძიმე ბორკილი ფეხში ეყრებათ... (დაფიქრდება)
ეჰ, თეიმურაზ! რა მტყუანი ხარ,
რომ მოაშურე ამ მთის სიმაგრეს
და ბარელები ოხრად დაჰყარე,
რომ არ უყურო იმათ სიმწარეს.
შენ რომ გულს იტეხ, მტერი თამამობს
და შეუპოვრად ქართველს აძრობს ტყავს!..
დამნაშავე ხარ!.. მაგრამ მეფე ხარ
და ვინ რას გეტყვის? ვინ რას მოგკითხავს?..

ქალი

კარგია, მამავ! მაგდენს რომ შფოთავ,
კიდევაც მიტომ არ გეძინება.

მოხუცი

მგზავრმა რა გითხრა? ქოშის გორამდე
მისასვლელი გზა შორი იქნება?

ქალი

არა!.. ასე სთქვა: „აგერ არისო“,
თუ მართალია და არ მოჭორა!.. (სიჩუმე)
მამილო! ვისი აგებულია
და ან რათ ჰქვიან მას ქოშის გორა?

მოხუცი

ძველი დროების ამბავი არის,
მე ზღაპარივით გამიგონია,
და გეტყვი, შვილო, რადგანც სურვილი
მაგის შეტყობის გულში გქონია:
ამბობენ, ვითომც რომ თამარ მეფემ
ერთ დროს არავინ ინახულაო;
ორმოცი დღე და ორმოცი ღამე
აქ, შუამთაში, იმარხულაო.
რომ გაიწმინდა სულით და ხორცით,
ქოში გაიძრო მოჭედილიო,
აავსო მიწით და თან წაიღო,
რომ დაენიშნა ის ადგილიო,
სადაც ერთ დროში კახელ ყმაწვილებს,
თავი დაედვათ წამებულადო,
და იქ დაჰყარა ნაკურთხი მიწა
ძღვნად და საკურთხად დიდებულადო.
იმის მაგალითს სხვებმაც მიჰბაძეს:
ყოველი კუთხით იწყეს დენაო;
გაკეთდა გორა და ზედ თამარმა
წმინდა ტაძარი ააშენაო.
როდესაც თურმე პირველად სწირეს,
მაღალმა მთებმა იწყეს დრეკაო
და თამარ მეფეს, ნათლით შებურვილს,
ზეცით მოესმა ზარის რეკაო!

ქალი

ნეტავი იმ დროს და მაშინდელ ხალხს,
რომ სასწაული თვალით უნახავს!..
მამილო! ახლა ქართველ ქალებში
თამარისთანა აღარავინ გვყავს?

მოხუცი (იცინის)

რას ამბობ, შვილო? იმისთანები
განა ყოველთვის იბადებიან?!
ოცნებასავით სამაგალითო
ვარსკვლავებივით ნათლად ჰქრებიან!..
(სიჩუმეა. რაღაცას იგონებს)
სიტყვა უდროოდ გამაწყვეტინე!
არ მაგონდება... შვილო, დავბერდი...
ჰო, ქოშისგორა, ვის სახელზეა?
ის უნდა მეთქვა... მაზე გავჩერდი...
ტაძარი ყოვლადწმინდის სახელზე
სულ ჩუქურთმებით აგებულია
და სასწაულის მოსაგონებლად
ხვალინდელი დღე დადებულია.
მივალთ და ვნახავთ იმ ძლიერ ტაძარს!..
გულს დავიმშვიდებთ სიწმინდის ნახვით!..
ჩვენც გვმართებს, შვილო, რომ სხვებთან ერთად
ღამე ვათიოთ ლოცვით და მარხვით.

ქალი

მაგას რაღა სჯობს?! მაგრამ თუ, მართლა,
ამაღამ ძილი არ შეიძლება,
აქვე რომ ცოტა გამოიძინო
და შეისვენო... რა გენაღვლება?
მეც ცოტა ხნობით ტყისაკენ წავალ,
სოკოს მოვძებნი, ან მოვკრეფ მაყვალს,
მაგრამ აქვე-კი ახლოს ვიქნები,
არ მოგაშორებ არც ერთ წუთას თვალს..

მოხუცი

ჰო, კარგი, შვილო! მაყვალს კი ნუ სჭამ,
რომ დასუნთქული არ ჩაატანო.
მანამდე მეც აქ თვალს მოვატყუებ,
მაგრამ შენ კი არ დამაგვიანო. (მიწვება)

ქალი

(მიდის ტყეში და აქეთ-იქით იხედება)
რა ამბავია, რომ აღარ მოდის?
ამდენ ხანს რისთვის დაიგვიანა?
რომ არ მოვიდეს? როგორ არ მოვა?
ჩემს უნახავად დღეს გასძლებს განა?
არა! კი მოვა, მისი ჭირიმე!
მაგრამ, ვაი, რომ, როდესაც ვხედავ,
გულში ბევრი მაქვს მასთან სათქმელი
და პირადად კი ვერას ვუბედავ!..
გული მიტოკავს და რაღაც ყელში,
როგორც რომ ბურთი, ისე მეჩრება...
ენა მებმევა.. ხმას ვეღარ ვიღებ,
სიცხეს მაძლევს და პირი მიშრება!..
ჩუ!.. სალამური... სწორედ ის არის!..
იშ!.. შეხედვასაც რომ ვერა ვბედავ!..
მაყვალს დავუწყებ ჩემთვის აქ კრეფას,
ვითომ არ მესმის!.. ვითომ ვერც ვხედავ...
(ზურგს შეაქცევს და მაყვალს დაუწყებს კრეფას)

გამოსვლა მე-3-მე

ისინივე და მწყემსი (გამოდის მარჯვნივ)

მწყემსი (მიუახლოვდება)

ტურფავ!

ქალი (შეკრთება)

უიმე!

მწყემსი

…………………….რამ შეგაშინა?
მე ვარ, ვერ მხედავ, შენ გეთაყვანე?

ქალი

უეცრად შევკრთი... აღარ გელოდი...
ამდენ ხანს, რისთვის დაიგვიანე?

მწყემსი

მე კი არა, თქვენ დაგიგვიანდათ.
დიდი ხანია, რაც მე აქ ვიცდი.

ქალი

ვერ მოვატანეთ... გზა გაგვიგრძელდა,
რადგანაც განგებ ბევრჯელ გადავცდი.

მწყემსი

გადასცდი? რათა?

ქალი

…………………….როგორ თუ რათა?
ბრმა არის, მაგრამ არ ავიწყდება...
სულ იმ ერთი გზით რომ მოვიყვანო,
დაუკვირდება და მიგვიხვდება.
რაც შემიძლია, ვუბნევ გზა და კვალს!..
კიდევ კარგი, რომ გზა გამშრალია!..
ხან აღმა მიმყავს და ხან თავდაღმა,
ვატყუებ, მაგრამ შენი ბრალია!..

მწყემსი

შენ გენაცვალოს ჩემი სიცოცხლე,
რომ ჭკვიანი ხარ!.. მოხერხებული!..
მაგნაირ ცოდვას ზეცაც არ გიწყენს...
თავდები არის თვით სიყვარული..

ქალი

მეც მაგრე ვფიქრობ, რომ ბევრს შეუნდობს
და აპატივებს კაცს სიყვარული...
მაგრამ რა ვიცით, რომ ამ ჩვენ ორში
ერთი არ არის მოტყუებული?
უფროსებისგან გამიგონია:
კაცები ქალებს აბრიყვებენო
და, სიყვარულს რომ გამოსტყუებენ,
გულგრილად ხელსაც აიღებენო.

მწყემსი

ეგ მართალია!.. მოხდება ხოლმე,
მაგრამ მე სხვა ვარ!.. ნუ გამრევ მათში!..
მაშინ შემირცხვეს გვარისშვი... ჩემი...
ჩემი ბიჭობა და წვერ-ულვაში!..
(გამოიგლეჯს ულვაშის ღერს და აძლევს)
აი, წაიღე! ეს სიყვარულის
საწინდარია!.. შენ შეინახე!..
თუ გიღალატო, „ფუ!“ უთხარ, დამგმე!
შემარცხვინე და ცუდად დამსახე!!
მამაპაპური ეს ჩვეულება
დღეს რჯულად არის გადაქცეული
და, ვისაც ქუდი ახურავს თავზე,
ვერ გასტეხს... თუ არ შეჩვენებული.

ქალი

არ ვიცი, რა ვქნა? ერთი ხანია,
რაღაცა ძალი გარს შემომედო...
ჯერ ვინაობაც შენი არ ვიცი,
მაგრამ გული-კი სრულად მოგენდო.
შენგან მოხიბლულს და დამონებულს,
რასაც-კი ამბობ, უიჭვოდ მჯერა,
ამას გიმოწმებს დღეს ჩემი სახე,
ჩემი თვალები და გულისძგერა.
ახლა შენ იცი და შენმა ღმერთმა...
შენ მოგაბარებ ამ ჩემ გულისთქმას
და ჯერ, სანამდის ჯვარს არ დავიწერთ,
ისე გენდობი, როგორც ჩემ ღვიძლ ძმას!
მაგრამ მაინც მსურს, რომ შემოგფიცო...
(გამოიძრობს თმას, გამოსკვნის და აძლევს)
აჰა, წაიღე ჩემგან საწინდრად!
თუ დაგივიწყო, ჩააგდე ცეცხლში,
რომ მეც დავიწვა და ვიქცე ნაცრად.

მწყემსი (აღტაცებით)

ოჰ, ნეტარებავ! სიტკბოების ზღვავ,
გაუზომელო, სივრცით უძირო!
თვით უკვდავების კამკამო წყარო,
ჩემთვის ცისა და ქვეყნის კავშირო!..
შენ შემოგევლოს გარს ჩემი თავი!
უშენოდ ქვეყნად განა-კი გავძლებ?
ასი სიცოცხლეც რომ მქონდეს, ერთად
შენ შემოგწირავ!.. შენ დაგანაცვლებ!!
(უპირებს მოხვევას)

ქალი (ხელსა ჰკრავს)

უი!.. რას შვრები?

მწყემსი

მინდა გაკოცო.

ქალი

ჯვარის წერამდის? ცოდვა რომ არი?
აჰ! არა! არა!.. წადი... გამშორდი!..
ვერა!.. ჯერ, სანამ არა ხარ ქმარი...

მწყემსი (დაღონებით)

მოგშორდე? კარგი! შენი ნებაა...

ქალი (აღშფოთებით)

ჰო! წადი... წადი... მომშორდი მალე!..
(მწყემსი მიდის)
მიდიხარ? კარგი, მაშ იქ ამოდი...
ქოშისგორაზე... შენ გენაცვალე!..
მიდის!.. წავიდა... არა, ნუ წახვალ!..
(მივარდება და მიეკვრის გულზე, მერე ისევ მოშორდება)
ოჰ, ღმერთო ჩემო, რა მემართება?! (ხელს ჰკრავს)
ახლა-კი წადი!.. ნუღარ მოიცდი.
ნუ! ნუ! ხომ ჰხედავ?! არ შეიძლება!..
(თვალებზე ხელს იფარებს. მერე ისევ მობრუნდება)
წასულა!.. აგერ მთაზე გადადის...
აი, მობრუნდა და იყურება...
ნეტავ, რათ არის ერთს და იმავ დროს
ტკბილიც და მწარეც ბედნიერება?..

(ჩაჯდება, თავს ჩაღუნავს, ხელებს მიიფარებს და ტირილი აუვარდება)

მოხუცი (წამოვარდება ზეზე შეშფოთებული)

რა ამბავია?.. აქა ვარ, შვილო!..
რა დაგემართა? რამ შეგაშინა?
ძაღლმა ხომ არსად შემოგიტია!
წყეულმა გველმა ხომ არ გიკბინა?

ქალი

არა, მამილო, არაფერია!..

მოხუცი

მაშ, შვილო, მაგრე რამ მოგაწყინა?

ქალი

მარტო რო დავრჩი, ჯავრმა წამიღო
და უნებურად გული მატკინა.
მწარე ნაღველიც, ცრემლში ჩართული,
თვალთ მომეჩქეფა, გადმომეწურა!..
თვითონ არ ვიცი, რა ძალა იყო,
რამ ამატირა... ცრემლად დამწურა!

მოხუცი

ჰმ!.. სულ ეგ იყო, სხვა არაფერი?
მივხვდი!.. ეგ, შვილო, არაფერია:
სისხლი თამაშობს მოჭარბებული
და გულიც მისგან ანაძგერია.
მოგწყინდა განა? რაღა თქმა უნდა.
სულ მარტოობა ვის იამება?..
მე ჩემს მომვლელად ამიყვანიხარ
და შენ-კი გული სხვას გეუბნება.
შენი ყვავილი ახლა იშლება,
ჩემი ფესვებიც კი დამზრალია
და ერთ უღელში რომ გაბმული ვართ -
ეს, მე რომ ბრმა ვარ, მისი ბრალია!
მაგრამ, ეჰ, შვილო, მოიცა ცოტა:
ჩემი ცხოვრების გზა გავლილია,
აწ, სადაც არის, მომიკითხავენ,
ჩემი დღეები გამოთვლილია...

ქალი

აბა, რას ამბობ?!. კიდეც ეგ არის,
რომ მე მატირებს და სულს მიხუთავს!
შენ გეჭირვება ყურის მგდებელი
და მაგისთანა კი არვინა გვყავს.
მწყემსი რომ ჩვენ არ მოგვშველებოდა
იმ დღეს, ძაღლების მოსაგერებლად,
ხომ დაგვწიწკნიდენ სულ ლუკმა-ლუკმად
და გავხდებოდით ყვავ-ყორნის მსხვერპლად?
არა, მამილო, ქალი სუსტია,
კაცის ოდნობას როგორ შეიძლებს!
ნეტავი ერთი ვაჟი გყოლოდა.

მოხუცი

ეჰ, რათ მაგონებ დაკარგულ შვილებს?
ვაი მათ მომგონს!.. განა არ მყავდა,
მაგრამ არ შემრჩა! გამიწყდა ყველა!...
სამი ერთს ომში ერთს დღეს მომიკლეს
და ეს თვალებიც მან დამიბნელა;
ცოდვა არ არის, მე კიდევ ვიყო
და ისინი კი?! (სტირის. სიჩუმეა)

ქალი

…………………….ნეტავი ერთი
ყმაწვილი ვინმე გეშვილებოდეს,
რომ ჩემთან ერთად შენ ყურს გიგდებდეს,
სულ შენთან იყოს! თავს გევლებოდეს!..
მაშინ მეც...

მოხუცი

…………….შენ რა? შენ რას იზამდი?..
გამიზიარე შენი გულისთქმა!

ქალი

იმას, რომ... მაშინ მეყვარებოდა
შენი გულისთვის, როგორც ღვიძლი ძმა.

მოხუცი

ჰმ... მესმის! მესმის, თუ რა ღვიძლი ძმა!

ქალი

როგორ თუ რა ძმა?.. ეგ რა სიტყვაა?

მოხუცი

ვიცი, რაც არის! განა ვერ მივხვდი?
შენ რომ ძმას ამბობ, ის ძმა სულ სხვაა! (იცინის)

ქალი

იჰ, რაებს ამბობ! (მორცხვობით) რა დროს ეგ არის?
მზემ შუბის ტარზე გადმოიხარა.

მოხუცი

მართლა? მაშ ახლა-კი დრო ყოფილა,
აბა, ჰე, შვილო, წავიდეთ ჩქარა! (მიდიან)

მოქმედება მეორე

გამოსვლა 1-ლი

(ტყიდან გამოდის პატარა-კახი და აღტაცებით იხედება აქეთ-იქით)

პატარა-კახი

ძლივს მარტო დავრჩი!.. ოჰ რა კარგია
სამოთხის ნიჭი, თავისუფლობა!!
რად მინდა, რომ ვარ ბატონიშვილი?
და რაღად მიღირს უფლისწულობა,
თუ ჩემს ნებაზედ ბიჯსაც ვერ გავდგამ?
უნდა მივდიო ქვეყნის მაცდურ ხმას!..
მძიმე უღელი დავდგა ჩემს სიყრმეს
და შევაკვეცო ფრთები გულისთქმას!!
(შორიდან სალამურის ხმა მოისმის)
ჩუ!.. სალამური!.. მწყემსია, სწორედ.
აი, სად არის ბედნიერება:
სცხოვრებს თავისთვის ბუნების შვილი
და გულს უსრულებს, რაც ენატრება.
(დაჯდება და ყურს უგდებს სალამურს)
ვიშ! რა კარგია ეს სალამური!..
როგორ იტაცებს გრძნობა-გონებას!..
სიამით ჰხიბლავს უსაზღვრო სურვილს
და აფერადებს მაცდურ ოცნებას!!
მიგვაფრენს სადღაც ლაჟვარდ უფსკრულში,
ედემის კიდით შორეულ მხარეს
და აქ აერთებს ნათლის კავშირით
ჩვენს სიტკბოებას და ჩვენს სიმწარეს.
(დაფიქრდება და ყურს უგდებს სალამურს)
გამიგონია, ვითომც ლერწამი
ობლის საფლავზე ამოსულიყოს
და თავის ქნევით, დამუქრებული,
მაღლა ზეცისკენ ის წასულიყოს,
რომ მიეტანოს იქ ჩვენის ქვეყნის
მწარე ამბავი და საჩივარი;
მაგრამ იმავ დროს, ეშმაკის სული,
დასტაკებოდეს გრიგალი ქარი,
გადაეღუნოს, გადმოეღუნოს
და მოეთხაროს სულ ძირიანა;
მერე ენახოს მწყემსს წაქცეული,
ხელში აეღოს პატარა დანა
და გამოეჭრას მას სალამური,
რომ მოწყენის დროს სული ჩაჰბეროს,
და მთა და ბარის დასატკბობელად,
ააკვნესოსო და აატიროს...
ეს უნდა იყოს ის მაცდური ხმა,
პირველ მწყემსისგან მოგონებული!
აქ ისმის ცის და ქვეყნის ამბავი,
ერთად შეთხზული, შეზავებული!..

ხმა ტყიდან

ბატონიშვილო!.. უუუ!

პატარა-კახი (შეკრთება)

…………………უჰ, ღვთის რისხვა!
რომ არ მომნახო, არ შეიძლება?!
დარბაისლური ზრდილობით მოხვალ,
რომ მომიწამლო ტკბილი ოცნება!..
უუუ! აქ ვარ!.. აქეთ წამოდი!..

გამოსვლა მე-2-რე

იგივე და გივი

გივი

ბატონიშვილო, სად ბრძანდებოდი?
ერთხანს გეძებე ამ უტეხ ტყეში
და, რომ ვერ გნახე, შიშით ვკვდებოდი!..

კახი

რამ შეგაშინა? მგელი შემჭამდა?
რისთვის ჩამომრჩი? ვისი ბრალია?

გივი

წინ შემხვდა ერთი მოხუცებული,
იმასთან შევდექ, შემიყოლია.

კახი

მართლა?!. მეც შემხვდა... ვგონებ, გიჟია!
ან დღეს უთუოდ სადმე დამთვრალა:
ფული მივეცი მას სამოწყალო,
იუკადრისა და დამამწყრალა!

გივი

რომ სცოდნებოდა, თუ ვინ ბრძანდებით,
კადნიერებას ვერ გაბედავდა.
მაგრამ ბრმა არის ის, უსინათლო,
და ბატონიშვილს ვერა ჰხედავდა!..

კახი

გლახაკი, ბრმა და ამპარტავანი?!

გივი

გლახა არ არის, თუმც-კი გახლავს ბრმა:
სახელოვანი იყო ის ერთ დროს
და დღესაც სხვაა მაგის გულისთქმა!..
სხვას რამეს ითხოვს მაგისი გრძნობა,
სხვაგან მიჰფრინავს მაგის გონება!
მაგისი ღვაწლი და სამსახური
სამოწყალოთი არ იწონება!..
გიორგი არის... გვარად ხმალაძე...
ჰშვენოდა სიმხნე და მამაცობა...
მტერთან საომრად მაგას დაჰყავდა
დაბალი ხალხი და გლეხკაცობა...
მთაში და ბარში სწორად ნაქებსა,
დღესაც იგონებს მაგას სუყველა;
გასაოცარი ვაჟკაცობისთვის
მეტი სახელი დაარქვეს „გელა“.

კახი

ეგ არის გელა?

გივი

………………დიახ, ეგ გახლავს.
დაბრმავებულა ერთი ხანია...
მიკვირს, აქამდის რომ ცოცხალია,
რაც მაგას ჭირი აუტანია.
ამდგარა, დადის სოფლიდან სოფლად,
წინ დაუძღვება პატარა ქალი,
და გლეხკაცობას ურჩევს, რომ იმათ
გამოახილონ ამ ცუდ დროს თვალი
და მიეშველონ ძმურად ბარელებს,
მტრისგან დაჩაგრულს და დამონებულს!
გულის გასახეთქ საყვედურებით
მათაც აშფოთებს და უღელვებს გულს.

კახი

ხალხი რას ამბობს?

გივი

……………სიტყვას უჯერებს:
ემზადებიან მტერთან საომრად
და, მეთაური თუ გამოუჩნდათ,
თან მიჰყვებიან ყველა ერთპირად.

კახი

მეთაურიო?.. მერე ბატონი
თეიმურაზი რაღასა ბრძანებს?

გივი

ჯერ ლოცვაშია!.. ხალხს ღმერთს ავედრებს
და მტერთან ბრძოლას კი აგვიანებს!

კახი

მერე და არ სჯობს, რომ უპატრონოს
და ყური უგდოს დაჩაგრულ მოყმებს?
ცრემლით ვედრება და წირვა-ლოცვა
მიანდოს მხოლოდ მან წმინდა მამებს?

გივი

ეგ მართალია! მაგრამ ბატონი
გულის ფრიალმა დაასნეულა...
დღეს ქვეყნის თვალი თქვენ შემოგყურებს
და მხოლოდ თქვენზე იმედობს ყველა.

კახი

მე?

გივი

დიახ! და თქვენც გმართებთ სიფრთხილე!..
დღეს ჩაგვაშხამეთ კინაღამ დილა:
დაკოდილ დათვზე ხმალდახმალ მისვლა
ვისგან ნახულა? სად გაგონილა?

კახი

მინდოდა მკლავი გამომეცადა,
ერთის მოქნევით გამეპო, მსურდა,
და ის მაწუხებს, რომ უღონობით
ჩემი სურვილი ვერ შემისრულდა.

გივი

რას ბრძანებთ?! მაგრე მტერს რო შემოჰკრათ,
თვით ბუმბერაზსაც ჩამოაგდებთ ძირს.

კახი

ნეტავ პირველად ჩემი მახვილი
მტერს მოხვედროდა და არა ნადირს..

გივი

განა მაგას-კი ვერ მოესწრებით?!

კახი

რაღა დროს, ჩემო მოჭირნახულე?
მეჩვიდმეტეში გადამდგარი ვარ!..
თექვსმეტი წელი დღეს შევისრულე.
მაგრამ მორჩილი რომ ვარ ტანადად,
მიტომ გგონივართ ყველას პატარა
და ნადირობით გინდათ გამართოთ!..
ტყვილა ნუ ჰფიქრობთ!.. ახლა-კი კმარა!
საკუთარ ტანჯვად მე მიმაჩნია
ჩვენი სამშობლოს უბედურება
და ვერ ვუყურებ გულდამშვიდებით,
როცა ამდენი სისხლი იღვრება!..
რა დროს ლხინია და ნადირობა?!
განა ეს არის დღეს ჩვენი ვალი?!
წადი, მშობლებთან მიშუამდგომლე:
გზა დამილოცონ, მიკურთხონ ხმალი!

გივი (აღტაცებით)

გმადლობ, ღმერთო, რომ ამ დღეს მომასწარ!
ამას ელოდა მოხუცი გივი!!.
და ჭირნახული რომ არ წამიხდა,
ბედს არ ვემდური! აღარას ვჩივი!..
ბატონიშვილო, ეგ სიტყვებია,
შენგან რომ მსურდა მე გამეგონა...
მომეცი ხელი, რომ გეამბორო! (იჩოქებს)
შენ წინ მუხლს ვიდრეკ, ერთგული მონა.

კახი

ნუ! ნუ! ადექი!.. ჩემო გამზრდელო!
ეგ შენს ჭაღარას არ ეკადრება... (აყენებს)
მამაშვილური შენი მოხვევა
გულსა სწყურია!.. სულს ენატრება!
(გადაეხვევიან ერთმანეთს და ჰკოცნიან)
ახლა-კი დროა, ჩემო გამზრდელო,
საქმეს შევუდგეთ... დრო ძვირად გვიღირს!..
რევაზმა რისთვის დაიგვიანა?
საფათერაკო ეგებ რამე სჭირს!..

გივი

არა, ბატონო, თქვენს დაკოდილ დათვს
ის გამოუდგა წეღან კვალდაკვალ...
შორს არ იქნება და, თუ მიბრძანებ,
მე დავუძახებ, ახლავე წავალ!

კახი

კარგი იქნება! მანდ, ვგონებ, ახლოს
მწყემსია ვიღაც, სალამურს უკრავს,
და გადასძახე, რომ ჩამოვიდეს,
მაგრამ ნუ ეტყვი ჩემს ვინაობას!
(გივი გადის. კახი დაფიქრდება და ცოტა ხნის
შემდეგ ამბობს)
რაები მითხრა ჩემმა გამზრდელმა?
გული დამწყვიტა და ამიძგერა!..
ღვთისმშობლის ხვედრი საქრისტიანო
რომ ამოვარდეს - სწორედ არ მჯერა!...
მაშინ, როდესაც ბრმაც თურმე სცდილობს,
რომ აუხილოს ქვეყანას თვალი,
მე თავხედობად რათ ჩამეთვლება,
რომ ავასრულო სამეფო ვალი?
თუ მამაჩემი, ნამდვილი გმირი,
სახელგანთქმული და თავმომწონე,
დღეს სნეულებამ ისე დასძლია,
რომ მიხდილი აქვს ძალი და ღონე...
მე აქ არა ვარ?.. შვილი არა ვარ!?
იმისი ვალი მე არა მხდება?
რა მშობელია მამა, რომელიც
ნაშობისაგან არ ითავსება?
კმარა მონება! კმარა მოთმენა!
დრო არის ადგეს ერთპირად ერი,
ან ბრძოლის ველზე სული დალიოს,
ან მოიგეროს მოსული მტერი!..
მონას რად უნდა კრული სიცოცხლე?
ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?
სჯობს მონებაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი!

გამოსვლა მე-8-მე

ისვე და მწყემსი (მოუახლოვდება)

მწყემსი

ბატონიშვილო!.. (თავს უკრავს ქუდმოხდით)

კახი

…………………….თითქოს მეცნობა!..
გამარჯობა! შენ მწყემსი ხარ, ვგონებ?

მწყემსი

მწყემსი გახლავარ, შენი კვნესამე!
რისათვის მიხმე და რას მიბრძანებ?

კახი

მაგდენს არაფერს! - ის შენ იყავი,
რომ აკვნესებდი წეღან სალამურს?

მწყემსი

მე გახლდი!

კახი

……………მარტო შენთვის უკრავდი,
თუ სხვაც გიგდებდა აქვე სადმე ყურს?

მწყემსი

ჩემთვის ვუკრავდი, ჩემო ბატონო,
მწარე ნაღველის გასაქარვებლად.

კახი

კი მაგრამ, შენთან რა უნდა ნაღველს?
მთებში დადიხარ აქ, თავისუფლად!

მწყემსი

ეჰ, დალოცვილო, რა გამოვიდა,
რომ ვიყო მარტოდ თავისუფალი...
მაშინ, როდესაც მთელს ჩვენს ქვეყანას
რისხვით დაჰყურებს მაღლით უფალი?..

კახი

სჩანს, ბარელი ხარ?

მწყემსი

არა, ბატონო!

კახი

მაშ აქაური თუ ხარ, მთიული,
რაღა გაწუხებს ამ სიმაგრეში?

მწყემსი

იქაურებზე შემტკივა გული!..
განა მარტო მე? მთლად მთიულები
იმათი ცოდვით იდაგებიან!
მაგრამ ვერ ჰხედვენ ვერსად მეთაურს
და თავისთავად რას გახდებიან?..

კახი

ბატონი მეფე?

მწყემსი

……………აქ ამობრძანდა...
თავი აქ მოსცა, ამ სიმაგრეში,
და ბარელები ოხრად დაჰყარა,
სულ უპატრონოდ, თათრების ხელში.
კიდევ კარგი, რომ ამის მნახველი
ჯერ არ იტეხენ მთიულები გულს
და იმედი რამ პატარა-კახის,
როგორც მომაკვდავს, მათ უბრუნებს სულს.

კახი

პატარა-კახის?

მწყემსი

……………დიახ, ირაკლის -
ძალიან რამეს მოგახსენებენ.
ჯერ მისი საქმე არვის უნახავს,
მაგრამ ისე კი მეტად აქებენ! 
განაგონობით!.. ასე ამბობენ:
გივის გაზრდილი სხვა იქნებაო
და არ შეარჩენს თათრებს ჩვენს სირცხვილს,
ღმერთმაც წყალობა თუ ინებაო.

კახი

მართლა? მაშ რო სთქვას ბატონიშვილმა:
„მტერზედ მივალო“, ხალხი გაჰყვება?

მწყემსი

განა კაცები მარტო? ქალებიც
თან გაჰყვებიან... არვინ დარჩება!..

კახი

შენც თან გაჰყვები?..

მწყემსი

მე რა დამიშლის?

კახი

ცხვრებს რაღას უზამ, ჩემო ძამია?

მწყემსი

ცხვრებს რაღას დავდევ?.. ამისთანა დროს!..
სუყველა მგლებსაც დაუჭამია.
ნეტავ-კი მართლა მოვესწროთ იმ დროს,
რომ წინ გვიძღოდეს ბატონიშვილი
და ქართველებიც თან მოსძახოდენ:
„ან გამარჯვება და ან სიკვდილი!“

კახი

ამინ! გისმინოს ღმერთმა... ინებოს!
ეგრეც რომ მოხდეს, კი შეიძლება... (დაფიქრდება)

მწყემსი (თავისთვის)

მოედვა!... (სიჩუმე)

კახი

………დაცხა!.. წყალი მომწყურდა!.. (მწყემსს)
ახლოს ხომ წყალი არ გეგულება?

მწყემსი

ცოტა შორს გახლავს... კარგი წყაროა,
მაგრამ როგორ ვქნათ? არ გვაქვს ჭურჭელი.

კახი

აი, თანა მაქვს, აგერ, მათარა,
და ეს წაიღე! მოჰკიდე ხელი!..
(გადაუგდებს; მწყემსი აიღებს და გაუდგება გზას)
………………(ფიქრის შემდეგ)
ჰე! ვერა ჰხედავთ, რას ამბობს მწყემსი?
თურმე იმასაც კი სტკივა გული,
რომ უცხო ხალხი შემოგვესია
და ჩვენც თავს ვუხრით სულგანაბული!..
მაგრამ ჯერ კიდევ, მადლობა უფალს,
არ შესჩვევია ხალხი მონებას
და საქვემძრომოდ არ ავარჯიშებს
მონურის ხერხით ჭკუა-გონებას!..
დიახ, მონობას მიუჩვეველი
ჯერ კიდევ გული სხვას გვეუბნება
და სავაჟკაცო პირდაპირობას
მოითხოვს მუდამ მტკიცე ბუნება!!
ჩვენც თუ ახლავე არ მივაწოდეთ
სამართლიანი მას სულის საზრდო
და ხანგრძლივობამ თავისი კვალი,
ნელ-ნელ შეპარვით, ერთხელვე დასდო,
მორჩა, გათავდა... ამოიფხვრება...
ტყუილიღაა მერე იმედი...
და ის სჯობს, ბარემ ახლავე ვნახოთ,
რასაც გვექადის მერმისთვის ბედი
……………(დაფიქრდება)

გამოსვლა მე-4-ხე

ისვე, რევაზ და გივი

კახი

რევაზ? სად იყავ?

რევაზ

………………თქვენ დაკოდილ დათვს
გამოვუდექი, კვალში მივყევი,
თუმც სასიკვდილოდ არის დაჭრილი,
მაგრამ გადავლო ის დიდი ხევი
და ჩაიმალა ისეთ ნაპრალში,
რომ ადამიანს არ მიესვლება.

კახი

ყორნები ხომ კი ჩაფრინდებიან?
დეე, ილხინონ, ჰქონდესთ უფლება! (იცინის)

რევაზ

ყორნებს, ბატონო, რომ არ სცალიათ?
ჯერ კაცის ხორცსაც ვერ ერევიან!..
გადაფრენილან აქედან ბარში
და ჩვენს მოძმეებს თავს დასჩხავიან!!.

კახი

რევაზ! რათა გაქვს ეგ მწარე ენა?
სიტყვას არ იტყვი, თუ არ დაშხამულს!..
არ იცი, რომ ეგ შენი პასუხი
ეკლად ესობა ჩემ ნაღვლიან გულს?

რევაზ

რა ვქნა, ბატონო, რომ მეც ამ გულში
ჩამგუბებია მწარე ნაღველი
და ტკბილად ვეღარ მისველებს ენას,
რომ ტკბილ რამესი ვიყო მეც მთქმელი!
ღმერთმა ხომ იცის...
(დაინახავს მწყემსს, წყალი რომ მოაქვს და შეკრთება)
…………………ჰა! ეს ვინ არის?!
ამას რას ხედვენ ჩემი თვალები?
ახლა-კი გიცან, ვინც ხარ შე მხდალო!..
გაჩერდი! ვეღარ დამემალები!
(ხმალს ამოიღებს და მიაშურებს)

მწყემსი

რევაზ! მიცანი? კეთილი! მაგრამ
ხომ არ გაშინებს ჩემი კომბალი?
აჰა, ესეც-კი გადამიგდია,
რომ არ წაგიხდეს შენ შიშით თვალი!
გინდა ხელებიც მქონდეს შეკრული,
მაშინაც მაგ ხმლით ვერ შემაშინებ!
დრო გაქვს მოხვიდე ხელცარიელზე,
ძლევა დაგრჩება და გაიცინებ!..

რევაზ (ხმალს ჩაიგებს)

ჰა, დედაბერო! შენ მაგ სიტყვებით,
იცოდე, დღეს თავს ვერ შემაბრალებ!..
ხანჯალი ხომ გაქვს? მოჰკიდე ხელი!
მეც მარტო ხანჯალს დავატრიალებ.
(იღებენ ხანჯლებს და იწევენ ერთმანეთზე)

კახი

ეი!.. შეჩერდით!.. არ იცით, სად ხართ?
მაგ თავხედობას აქ ვისთან ჰბედავთ?
დაგვიწყებიათ, ან თქვენ ვინა ხართ,
და ან მე ვინ ვარ? ვეღარა მხედავთ?
ვფიცავ თავს და მზეს დედიჩემისას,
თუ წინ წაგიდგამსთ აწ კიდევ ფეხი,
მაშინ თქვენ ჩემი ძლიერი რისხვა
თავზე დაგატყდესთ, როგორც რომ მეხი!..
გივო! რას ნიშნავს ეს მოქმედება?

გივი

მტრები გახლავან ერთი-მეორის!

კახი

ბებურიშვილი?! მტერია მწყემსის?!
ვიღაც მეცხვარის, ვიღაც მეღორის?!

გივი

ეგ მწყემსი ლევან ქვაბულიძეა...

რევაზ

ჩემი ძმის მკვლელი, ჩემი მოსისხლე!

კახი

მართლა?!

ლევან

……მე მოვკალ სწორედ მაგის ძმა,
მაგრამ არა ვარ მაგის მოვალე.
და სასახლიდან გამოგდებული...

გივი (სიტყვას აწყვეტინებს)

აღარ შეეძლო მეფეს ჰხლებოდა.

რევაზ

ამდენი ხანი თურმე მწყემსებში,
სჩანს უსირცხვილოდ იმალებოდა!..

ლევან

სცდები!.. არ ეთქმის უსირცხვილობა
იმას, ვინც ჩვენში ამისთანა დროს
ტყეში გაჭრილა ყაჩაღად მისთვის,
რომ ქვეყნის მტრებზე მან ინადიროს.
ურცხვი ის არის, ვინც დღეობებში
ლხინებს უნდება და აშიყობას!..
გლახაკად დავრჩე, ის მირჩევნია,
თუმც-კი დიდკაცობ, შენსავით ყოფას.

რევაზ

თუ კაცი იყავ და წვერი გესხა,
უმალ მე უნდა გამსწორებოდი.

ლევან

პირადი მტერი არა ვყოფილვარ
და უბრალო სისხლს ვერიდებოდი.

რევაზ

როგორ? ნოდარი შენ არ მოჰკალი?
და ის ჩემი ძმა განა არ იყო?

ლევან

ეს მხარეც ჩემი სამშობლო არის
და ვალად მედვა სისხლი ამეღო.

კახი

რაები მესმის?

ლევან

………………დიახ, ბატონო!
ის იყო ჩემი გულისტკივილი,
რომ თავს დაგვესხენ მტერნი, თუ არა,
მათ მიეკედლა ბებურიშვილი...
ქართველობაზე უშვერდა მათ თითს
და, თავმომწონედ, ქიზიყის მხარეს
ურცხვად აძლევდა ბოროტ მაგალითს!

რევაზ

სტყუი!.. ის მხოლოდ მტერს იტყუებდა,
თვალებს უბამდა... და დროს ეძებდა...

ლევან

გულში რა ჰქონდა, ეგ ვინ რა იცის,
და საქმით-კი სულ სხვას გვიჩვენებდა.

რევაზ

აგრეც რომ იყოს, შენ არ შეგეძლო
მაინც ჩემი ძმის გასამართლება!

ლევან

ქვეყნის ორგული რომ არ დაზოგოს,
ყოველ კაცსა აქვს სრული უფლება.

გივი

ეჰ, ყმაწვილებო, ყური დამიგდეთ!
უადგილოა სიტყვები მწარე!..
გეტყვით უბრალო ჭეშმარიტებას...
მას დამიმოწმებს ყველა მეცხვარე:
როცა მეცხვარის ძაღლებს მოუვათ
ჩხუბი და მწარედ ერთმანეთს ჰკბენენ,
მაშინ პატრონსაც აღარ ჰზოგავენ,
თუ მიეშველა.... მასაც უღრენენ...
მაგრამ იმავ დროს, თუ გაჩნდა მგელი
იმ არემარეს, სადმე მახლობლად,
შესწყვეტენ ბრძოლას და ყველა ერთად
იმ მტერს მისდევენ მოსაგერებლად.
თუ-კი ოთხფეხსაც ჰქონია, ვხედავთ,
ამდენი გრძნობა და მოსაზრება,
მაშ ადამიანს... მაღალ ქმნილებას,
განა შეჰშვენის და ეკადრება,
რომ მთლად გადაჰყვეს მის პირადობას,
შინაურებზე არისხებდეს გულს
და ვერ ჰხედავდეს, მეტის სიფიცხით,
მის დასაღუპვად მტერს, მასზე მოსულს?
ნუთუ ვერ ჰხედავთ, რა დღე გვადგია?
რამ დაგავიწყათ თქვენ თქვენი ვალი?
გინდათ დაჩლუნგოთ თქვენ ერთმანეთზე
მტრის სასიკვდილოდ ნალესი ხმალი?!
ეგ ღალატია და დრო-კი სხვას გთხოვსთ...
მიეცით ხელი ერთმანეთს ძმურად,
და წმინდა სისხლი ერთად დასთხიეთ
მამულისათვის, მამა-პაპურად!

ლევან

თუ არ მაგ მიზეზს, სხვას რას შეეძლო,
რომ ქვაბულიძე გამოეცვალა. (ტანზე იხედება)

რევაზ

აღარას ვიტყვი! დრომდი მოვიცდი!..
რა გაეწყობა: „აღმართს ჰხნავს ძალა!“

კახი

ბებურიშვილო! ვერვინ დაგძრახავს,
რომ გულს გიკლავდეს დამკლისუფლობა
და მიტომ უფრო გეკუთვნის დღეს შენ
მოთმინებისთვის ჩვენი მადლობა!..
შენ, ქვაბულიძევ! კარგად ვერ გიცნობ,
მაგრამ ისე კი ბევრჯელ მსმენია.
რაც შეგმთხვევია ქვეყნის გულისთვის
და ან სიმდაბლით მოგითმენია...
ხომ გაიგონეთ გივის სიტყვები?
იმასთან ერთად მეც პასუხს ველი!
და წინდაწინვე ვიცი, ამ რჩევას
რომ ვერ უარჰყოფს ვერა ქართველი!
დიახ, თქვენ გმართებსთ, რომ ერთად, ძმურად,
მტრის შესარცხვენად მისცეთ ხელი ხელს
და ვაჟკაცობა თქვენი მიუძღვნათ
ამ ჩვენს ქვეყანას, როგორც ტკბილ მშობელს.
მინდა, რომ თქვენთან მეც ერთად ვიყო,
საასპარეზოდ მოგცეთ მხარი მხარს
და ჩვენს მაგალითს ყველა მიჰბაძავს,
ვისაც სამშობლო კი სწამს და უყვარს!
მტერი დაგვცინის!.. ჩვენ ხმას არ ვიღებთ!
რა დროს შიშია? და რა დროს ძილი?
წავიდეთ! საქმეს შევუდგეთ ერთად!
ან გამარჯვება და ან სიკვდილი!..
(მიდის და ისინიც თან მიჰყვებიან)

გივი (მარტო)

გმადლობ, უფალო, ახლა-კი ვხედავ,
არ წამხდენია მე ჭირნახული!
პატარა-კახის გმირულმა სიტყვამ
რაღაც იმედით ამივსო გული!..
თუმცა უდროოდ დაგვისნეულდა
ძველი არწივი. თეიმურაზი,
და მის შემყურე მამულისშვილებს
გულს სასალბუნო დააჩნდათ ხაზი,
მაგრამ მის ნაცვლად მაღლით ბუდიდან
გადმოფრენილა დღეს შევარდენი!..
ახლა-კი დროა სვიმონივით ვთქვა:
„აწ განმიტევე მე, მონა შენი!“

მოქმედება მესამე

სცენა პირველი

(მაღლობზე შორით ქოშის გორა მოჩანს, ზედ ეკლესიით. თემობაა. დაბლ ვაკეზე, გზის პირად, მუშები სიმინდს სთოხნიან და მღერიან)

გამოსვლა 1-ლი

მუშები

ყანაო, მუშის სამოთხე,
გლეხის დიდებავ, ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს
და ნამმა გადაგბანაო,
დაგქროლა დილის ნიავმა,
ალერსით გითხრა ნანაო,
ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,
ზურმუხტად აგამწვანაო!

მეთაური

აბა, ბიჭებო, თქვენი ჭირიმე! 
ნუ შეჩერდებით ჯერ!... ნუ დაღალდით!
ეს ერთიც კიდევ ჩამოვუაროთ!
სულ ჯარასავით დაუტრიალდით!..

მუშები

ნუ გეშინია! წაგვიძენ! გასწი!..
არ ჩამოგრჩებით ჩვენც, მეთაურო!..

1-ლი გლეხი

ხომ ხედავ, ისეც ალმური აგვდის?..
რათ გინდა, უფრო რომ გაგვახურო?

მეთაური

ჰო! მაგრე! მაგრე! თქვენ დაგენაცვლეთ!
დაჰკარით, სანამ მიწაც სველია!..

მოხუცი

ეს ყველა კარგი, მაგრამ უქმს რომ ვტეხთ,
ეს განა კარგი საქციელია?

ახალგაზრდა

ვითომ რა იცის?

მოხუცი

………………როგორ რა იცის?
მაშ აღარ არის მადლი და ცოდვა?
მღვდელმა რა გვითხრა?...

ახალგაზრდა

………მღვდელს რას უყურებ?!
ასე იციან სულ იმათ როტვა.

2-რე გლეხი

იმან თუ არ სთქვა, ჩვენ-კი არ ვიცით,
რომ უქმის ტეხა, მართლა, ძნელია!

3-მე გლეხი

ნეტავ, რას ამბობ? რა დროს ეგ არის?
გეტყობა, საქმე შემოგელია!
ვერ ჰხედავ, ბარში რა ამბავია?
თესლად მარცვალიც არსად ვარდება!
ჩვენ რომ აქ ახლა უქმეს მივდიოთ,
ბარი შიმშილით ამოვარდება!..

4-ხე გლეხი

ახლა სხვა დროა! ღმერთიც არ გვიწყენს:
შრომა მისივე ნაბრძანებია!

ახალგაზრდა

კარგია ერთი! რაებსა ჰბოდავ?
ვგონებ, სიზმარი დაგზმანებია!...

მეთაური

გაუსვით ჩქარა!... ტყვილა ნუ სცდებით!
ცოდვა ჩემ თავზე მე მიმიღია!

ახალგაზრდა

აბა, დავიწყოთ ისევ მუშური
და ბანი გვითხარ შენ, პირაღია!..

მუშები

ყანაო, გულ-ხელგაშლილო,
ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!
მოყვრულად შემოგსევივართ,
მტრულად გიმეტებთ განაო?
გავმარგლავთ ბალახ ბულახსა,
გაგთოხნით ყოველგანაო...

(ბუკს აყვირებენ)

ახალგაზრდა

რა ამბავია?

2-რე გლეხი

რა უნდა იყოს?
ხატობაა და ბუკს აყვირებენ.

ახალგაზრდა

ვითომ რათაო?

3-მე გლეხი

…………აყვირონ, თვარა
მაგითი ყეენს გააკვირებენ...

მოხუცი

გელა იქნება! უთუოდ უნდა
შეჰყაროს ხალხი და უთხრას რამე....

მეთაური

აბა, ბიჭებო... გაუსვით ჩქარა!..
მომყევით წყობით (ახალგაზრდას), შენც მხარი მამე!

მუშები

ზედ უფლის თვალი დაგყურებს,
შენი ბარაქა ბრძანაო!
აგშორდეს გვალვა და სეტყვა,
მოსავლის გამოცანაო!..
ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,
ყანაო, ჩემო ყანაო!
მაღალმა ღმერთმა აკურთხოს
სხვაც ბევრი შენისთანაო. (შეჩერდებიან).

მეთაური

ბიჭოს!.. სამხრობა წამოგვპარვია!..
ახლა-კი დროა, რომ შევისვენოთ!..
წავიდეთ ჩრდილში! სამხარი გველის,
მოეწყინება მარტო, უჩვენოდ!..

ახალგაზრდა

აბა, ჰე!.. მოდი, წავიდეთ ერთად!
თუ მაგრე არის, უნდა ვუშველოთ!

მოხუცი

სწორედ არ გვაწყენს, რომ ცოტა ყელი
ჩვენც ჩავიწმინდოთ და ჩავისველოთ.. (მიდიან)

გამოსვლა 2-რე

მოხუცი და ყმაწვილი ქალი

მოხუცი

სად ჩამოვედით?

ქალი

ყანაში!

მოხუცი

…………………….მერე?
რატომ მუშები აღარ მღერიან?

ქალი

წასულან იქით, სამხრად დამსხდარან,
აგერ მუხის ქვეშ, ჩრდილში არიან!..
მივიდეთ?

მოხუცი

…………………….არა, სჯობს მოუცადოთ,
აქავე მოვლენ, რომ ისამხრებენ. (სხდებიან, სიჩუმეა)

ქალი

ამდენ ხანს თემი რომ არ იშლება,
რა ამბავია? რას უყურებენ?

მოხუცი

აწ, სადაც არის, დაიძვრის ხალხი;
ქვეითად ამ გზით ჩამოივლიან.

ქალი

ცხენდაცხენ რატომ არავინ მოდის?

მოხუცი

ჩვეულებაა და ვერ შესცვლიან!
ქვევით ბარში ჰყავთ დაყენებული
დიდკაცებს მათი ბედაურები...
წესის გატეხა ძნელია, შვილო!
სასწაულს აგრე ნუ ეხუმრები!
იჰ, ვენაცვალე იმის ძალს და მადლს,
რომ არ სჩვევია კაცის გარჩევა:
გინდ დიდი იყოს, გინდა პატარა,
ერთია მისი რისხვა-კურთხევა...

ქალი

რა ხალხი იყო!!

მოხუცი

…………………….სულ დიდკაცობა!..
ბატონიშვილიც იქ ბრძანდებოდა?

ქალი

ასე ამბობენ... იმდენი სული
სუყველა იმას შესჩერებოდა!

მოხუცი

შენ რომელს უფრო შესჩერებოდი:
იმას, თუ იმის ვიღაც შინაყმას?
ჰა?.. რათ გაჩუმდი? რაღათ მიმალავ
გულისპასუხებს შენს მშობელ მამას?

ქალი

აკი გითხარი!

მოხუცი

…………………….ჰმ... სულ ის იყო?
სწორედ მაკვირვებს, სად მიგიგნია?
და, დიდიკაცის შვილი რო იყო,
ვითომ აქამდის არა გცოდნია?

ქალი

რას მივხვდებოდი და რა ვიცოდი?
უბრალო მწყემსად თავს მაჩვენებდა,
უკან დაგვდევდა ყველგან ლანდივით,
გზაში გვხვდებოდა, არ მასვენებდა.

მოხუცი

პირველად, შვილო, სად გაიცანი?

ქალი

არ გახსოვს, ძაღლი რომ მოგვიგერა?!

მოხუცი

მაშ იმ ტყეშიაც ხომ ის არ იყო,
უეცრად გული რომ აგიძგერა?...
ახლა კი მესმის!.. ესეც მითხარი:
მწყემსურად რაღათ იმოსებოდა?

ქალი

აკი გაიგე წუხელი?! თურმე
ბატონის რისხვას ემალებოდა..
მაგრამ, რაღაი ბატონიშვილმა
იცნო, ვინც იყო, და თან იახლა,
ტანისამოსი გამოიცვალა
და თავსაც აღარ იმალავს ახლა.

მოხუცი

შენ რაღა გითხრა?

ქალი

………………რა უნდა ეთქვა?
ფიცი ხელახლად გამიმეორა.

მოხუცი

ეგები უნდა გაცდინოს, შვილო,
და ყმაწვილურად რამე მოჭორა?..
თორემ სად ჩვენ და სად დიდი კაცი?
შორი-შორს გვიძევს, შვილო, საზღვარი!
შენ არ შეგირთოს, განა ცოტაა
თავადის ქალი გასათხოვარი?

ქალი

ის ასე ამბობს, რომ სიკვდილამდე
არ გაგეყრები... ჯვარს დავიწერო.

მოხუცი

აჰ, არა, შვილო, გულში ნუ იდებ
მაგ სიტყვებს!.. სჯობს, რო არ დაიჯერო!

ქალი

იცი, რა მითხრა: „გელას ქალი ხარ,
მერე დედოფლის მონათლულიო
და, რომ შეგირთო, ვერვინ დამძრახავს,
ვერც მცირე და ვერც დიდებულიო!“

მოხუცი

ეგ მართალია!.. ღმერთმა ქნას, შვილო!
მაგაზე კარგი რაღა იქნება?

ქალი

არა, მამილო, რომ არ მატყუებს,
გული მარწმუნებს და მეუბნება.

მოხუცი

რატომ აქამდის არ მითხარი-რა?

ქალი

მეუბნებოდა: „ჯერ დავფაროთო,
მერე უეცრად, ჯვარისწერის დროს,
მოხუცი მამაც გავახაროთო!“..

მოხუცი

ქრისტემ ახაროს და აძლიეროს,
თუ ცბიერობით არ ამბობს ტყუილს!..
ქვაბულიძეა... სიტყვა, ვგონებ, რომ
დაეჯერება მამამისის შვილს!!
მამამისს ზაალს კარგად ვიცნობდი,
ერთხელ სიკვდილსაც გადავარჩინე!.
როდესაც ტურა რამაზიშვილი
მის წინ სატევრით ძირს დავაწვინე.
თუ არ მომეკლა, ჰე, ის-ის იყო
ზაალს მოჰკლავდა ის მოღალატე,
მაგრამ მივასწარ, დღე დავუმოკლე
და იმისი დღე ზაალს შევმატე.
ის რომ მოვკალი, მისი წუნკლები,
ლეკებიც, შეკრთენ... გაიქცა ყველა!..
და მეტსახელად მაშინ დამერქვა
ვაჟკაცობისთვის გულადი „გელა“.

გამოსვლა მე-3-ე

(რევაზ ბებურიშვილი და თედო რამაზიშვილი ჩამოივლიან და შორიახლოს დგებიან: ათვალიერებენ ქალს)

რევაზ

ეს არის? მართლა, კარგი ყოფილა!..

თედო

მე განა ტყუილს მოგახსენებდით?..
კარგია, მაგრამ რა გამოვიდა?
ამ დაწყევლილთან რომ ვერას გავხდით!

რევაზ

ეგები, ბიჭო, თავპატიჟს იდებს:
მაგითი უნდა მეტი დაგვცინცლოს!..

თედო

რა ბრძანებაა! ცოტა ვაძლიეთ?
არ მიიკარა, არ იქნა, ახლოს!
იმდენი ფული და სამკაული
გადმომიყარა, თავში მახალა!
„მე შენი გულის არ გავხდებიო!..
დამეთხოვეო!“ შემოგითვალა..

რევაზ

ნეტავ, რას ნიშნავს ეგ გულმაგრობა?

თედო

ლევანზე არის გადარეული:
იმას იგონებს, იმაზე ჰფიქრობს
და მისთვის უძგერს უტყუვრად გული.

რევაზ

მე-კი ლევანზე რაღა ნაკლე ვარ?

თედო

მეც ეგ არ მიკვირს! მაგრამ თვალია:
ჯერ ერთს შეჰხედავს, მოეწონება,
მერე მეორეს... ეგეც ქალია!..
მე კიდევ ისევ იმ აზრზედა ვარ:
რომ მოვიტაცოთ, კარგი იქნება!
მაგრამ ლევანი გადაირევა,
რომ გაიგონებს და ეწყინება!..

რევაზ

ლევან ვინ გდია? იმას რას დავდევ?
ნეტავ შემეძლოს, გულზეც გავხეთქო!
ერთხელაც არის, ხომ უნდა შევხვდეთ...
და სასიკვდილოდ უნდა ვაფეთქო?!
მე იმას ვფიქრობ, რომ სასახლეში
ეუცხოებათ, გაჯავრდებიან!..

თედო

თათრობა არის... მათ დაჰბრალდება...
ეჭვს ვინ აიღებს? რას მიჰხვდებიან?
სულ მარტოდმარტო, შორს მთაში ცხოვრობს
მოხუცებული ჩემი მამიდა..
რომ მოვიტაცოთ, იქ მივიყვანოთ
და იქ დავმალოთ! მეტი რა გვინდა?
მაშინ სულ სხვაა... მამიდაჩემი
დაგვეხმარება, რაც შეიძლება...
და დაგნებდება, როცა იქნება:
ქალია, გული გამოეცვლება.

რევაზ

კარგი, მაგრე ვქნათ! რა გაეწყობა?
უნდა ვუცადოთ უნებურად. დროს!
ახლა-კი უნდა ისევ წავიდეთ:
ბატონიშვილმა არ ჩამოგვასწროს! (მიდის)

თედო

ჰმ, გელავ! გელავ! მე შენი სისხლი,
დიდი ხანია, უნდა ამეღო,
მაგრამ, ბრმა რომ ხარ, დრომდის ვიცდიდი, -
და მოთმინება ახლა-კი მეყო!
რომ მომეკალი, რა იქნებოდა?
რაღას ჰგრძნობს კაცი, როცა გაქრება?
არა, ამგვარად ვალის გადახდა
არ იქნებოდა შურისძიება!!.
ქალის დაკარგვით, ამ სიბერის დროს,
უნდა დაგტანჯო და გაგამწარო
და მამიჩემის მკვლელის, ამგვარად,
გულიდან ჯავრი ამოვიყარო!..

გამოსვლა მე-4-ე

ჩამოდიან: გივი და ბაადური (აყვანილი მოჰყავთ)

ბაადურ

სადა ხარ, ჩემო ყმაწვილკაცობავ?..
როგორ დავკუტდი!.. როგორ დავბერდი!..
სადღაა ის დრო, ჯეირანივით
აქ რომ ავირბენ-ჩამოვირბენდი?!

გივი

მეც მაგას ვჩივი, ჩემო ბაადურ!
ვინ დაგვიბრუნებს ისევ გაზაფხულს?!
მხოლოდ სხეული ძალას ვერ ატანს,
თორემ სურვილი შერჩენია გულს!

ბაადურ

შენ-კი რა გიჭირს ჯერ, ჩემო გივო?
მაინც ვერ დაგრევს ჯერ ხელს ჭაღარა...
მე თუ ასე ვარ... განა სიბერით?
უფრო ჭრილობამ დამასაპყარა.
რაღა ვარ ახლა? აღარ ვეკუთვნი
აღარც აქ ცოცხლებს და აღარც იქ მკვდრებს!..

გივი

ცოტა მიგიძღვის განა აქ ღვაწლი?
უმსახურობას ვინ დაგაყვედრებს?!.
რასაც გვინიშნავს ბედის ვარსკვლავი,
გადუვალია ჩვენ თავზე ყველა... (სიჩუმეა)
ჩვენ რომ ვეძებდით, ა, სად ყოფილა!
აქ ჩამოსულა, ეგერ ზის გელა.

ბაადურ

აქ, არის? მართლა, მაშ მიმიყვანეთ!
აღარ მინახავს დიდი ხანია...
ბრძოლის ველიდან ბევრი დაჭრილი
ორივეს ერთად გაგვიტანია.
(ქალი განზე მიდგება. მიიყვანენ)
ვის ვხედავ კიდევ? გმადლობ, უფალო!
ჰა! გამარჯობა! რასა იქ, გელა?

გელა

ღმერთმა გაცოცხლოს, მაგრამ ვეღარ გცნობთ:
უსინათლო ვარ... ჩემთვის დღეც ბნელა.
ხმასაც რომ ვეღარ ვარჩევ, ბატონო?!
შელახული მაქვს სიბერით ყური....
ცოტათი, ვგონებ, კი მენიშნება:
ხომ არ ბრძანდებით თქვენ ბაადური?

ბაადურ

გამოიცანი! სწორედ ისა ვარ! 
შენ ბრმა ხარ და მე დაკუტებული!..
სხვებ ხომ კარგად ხარ? რასა იქ, გელა?
არ გაგტეხია განა ჯერ გული?

გელა

გული რომ მერჩის, იმის ნახევრად,
ნეტავ, მიჭრიდეს ძალი და ღონე.

ბაადურ

გული მეც მერჩის, მაგრამ სიბერეს
თავი მივეცი და დავემონე...
წავიდა, გელავ, ჩვენი დრო, გაქრა,
სულ სხვა დრო არის და სხვა კაცები!..

გივი

მეც ეგ მაწუხებს, ჩემო ბაადურ,
და გულს მიწყლულებს, ღმერთს გეფიცები!..
დროსაც სცოდნია დაჩიავება:
აღარავინ ჰგავს თავის წინაპარს...
და ამ მიზეზით წაქეზებული
შემოგვეხვია მტერი მედგრად გარს!

გელა

არა, უფალი სულ არ გასწირავს
ღვთისმშობლის წილ-ხვედრ საქრისტიანოს!
მხოლოდ გამოსცდის, რომ შეცოდება
მან იგულისხმოს და შეინანოს!..
(ქუდს იხდიან და პირჯვარს იწერენ)

გამოსვლა მე-5-თე

პატარა-კახი, რევაზ, ლევან, თედო და სხვა მხლებლები.

კახი

ხედავთ, ბებრები სადა ყოფილან?
ეგერ თავისთვის ლაპარაკობენ!..

რევაზ

უთუოდ ახლა ჩვენს დროს ჰკიცხავენ
და თავისას-კი დიდად ამკობენ!

კახი

განა არა აქვთ, რომ ვთქვათ, სიმართლე?

რევაზ

კი მაგრამ, მაგით რა გაკეთდება?

ლევან

ძველი ამბავი მოხუცებულებს
სულსა და გულზე მალამოდ ხვდება.

კახი

ეგ მართალია! (გაჰხედავს) ე, დაგვინახეს...
გივი წამოდგა... მოხუციც დგება.
მივიდეთ, ვუთხრათ თქვენი ამბავი.
რომ გაიგონებს, გივს იამება! (მიდიან)
გივო, ერთ რამეს გიმახარობლებ.
რაღა თქმა უნდა, რომ გიამება!
ლევან და რევაზ დღეს შევარიგე
და მათი შუღლი აწ გათავდება.
ერთი-მეორის დაშორებული
აქამდის მეტის შურით და მტრობით,
დღეიდან უნდა შევაკავშირო
საშვილიშვილოდ ტკბილის მოყვრობით:
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქვაბულიძემ
ცოლად შეირთოს ამ რევაზის და...

ქალი

უი! (ხელებს მიიფარებს პირზე)

ყველანი

რა იყო, ნეტავ, რა ამბავია? (მისცვივდებიან)

კახი

რამ შეგაშინა, ქალო, რა მოხდა?

მოხუცი (თავისთვის)

ვიცი, რაც არის! (ქალს) რას შვრები, შვილო?

ქალი

ბუზი!.. კინაღამ ბუზმა მიკბინა!..

ლევან

ბუზი კი არა, ფუტკარი იყო.
მეც დავინახე! რამ შეგაშინა?
მაგის ნაკბენი დიდხანს არ გასტანს,
წყლული ადვილად მოგიშუშდება!
ახლა რომ გულში ჩაითქვა რამე,
გამიგონია, აგისრულდება.

კახი

იცი, ვინ არის ეგ ქალი, ლევან?

ქალი (თავისთვის)

რა მომივიდა, ვაი სირცხვილო!..

რევაზ

გელას ქალია. (ხელს ადებს გელას)

კახი

გელა ეგ არის?

გელა

გახლავარ, ჩემო ბატონიშვილო!..

გივი

დიახ, ეს გახლავსთ და მისი ქალიც
ბატონ-დედოფლის მონათლულია!

გელა

სწორედ!.. და ესეც, დიდი ხანია,
მათი დანახვის მონატრულია.

კახი

მართლა? მაშ რატომ თავის ნათლიას
არ ამოუყვან და არ აჩვენებ?
იცოდე, ხვალვე ამოიყვანე
და დღეს-კი დედას მე მოვახსენებ.
(ქისას იღებს და უჭირავს ხელში)
შენ, ჩემო გელავ, გუშინაც შევცდი,
რომ მოგაწოდე ეს სამოწყალო...
მაგრამ ნათლულს-კი ნება მაქვს მივცე;
ჰა, გამომართვი ეს ქისა, ქალო!

გელა

ბატონიშვილო, ნუ გამიწყრებით!
ვინ ბრძანდებოდით, არ გამიგია,
თორემ, ვიცი, რომ თქვენი წყალობა
ტალახიანი ჯოხიც კარგია.
სადა ხარ, შვილო? მოდი! იახელ!
და მოეხვიე მუხლებზე ბატონს!
ღმერთი მოხედავს მაგ შენს ობლობას
და გამოგვიჩენს მფარველს და პატრონს!
(ქალი უპირებს მოხვეკას, ირაკლი არ აძლევს ნებას)

კახი

მაგას ნუ იზამ, სულიერო დავ!
მოდი, როგორც ძმას, მომხვიე ხელი!
(თვითონ მოჰხვევს ხელს ქალს და ჰკოცნის)
აბა, მოხუცო, არ დაგავიწყდეს!
ხვალ სასახლეში უთუოდ გელი!.. (მხლებლებს)
დროა წავიდეთ აწ, ყმაწვილებო!

რევაზ

თქვენი ნებაა! როგორც გვიბრძანებთ!..

გივი

ჩვენც გამოგყვებით, ჩემო ხელმწიფევ!

ბაადურ

ვიახლოთ, ნურც ჩვენ დავიგვიანებთ!
(მიდიან, რევაზ და თედო ჩამოსხდებიან)

რევაზ

რა უთხრა გელას ბატონიშვილმა,
ხომ გაიგონე, ახლა შენ იცი!
სულ ორი ბიჭი და ერთი ცხენი...
ჩამოართვი-კი ორივეს ფიცი! (მიდის)

თედო

მესმის, ბატონო! განა არ ვიცი?
ეგ სულ ადვილი სამსახურია... (თავისთვის)
მეც გადაგიხდი სამაგიეროს,
გელავ! მე შენი სისხლი მწყურია!..

გამოსვლა მე-6-ე

მოხუცი და ქალი.

მოხუცი

შვილო, რა იყო, რომ შემარცხვინე?

ქალი

რა ვქნა, მამილო, უეცრად შევკრთი!

მოხუცი

აკი ვამბობდი: ტყუილია-თქო!
გენიშნა, განა? ახლა ხომ მიხვდი?
რაღა რევაზის დას დანიშნავდა,
თუ ნდომებოდა ჯვარის დაწერა?..

ქალი

არა!.. მგონია აქ სხვა საქმეა,
რომ მიღალატოს, მაინც არ მჯერა.
ფუტკრის არაკი რომ მოაყოლა,
ჩემს გასაგონად სთქვა და არა სხვის!
ა, აგერ მოდის, დაბრუნებულა,
და ვნახოთ, თვითონ, აბა, რას იტყვის?

გამოსვლა მე-7-ე

ისინივე და ლევან (მობრუნებული).

ლევან

დავბრუნდი, რომ შენ გისაყვედურო:
ისე შეკრთომა განა იქნება?

ქალი

გული ბუდიდან ამომივარდა!
ახლაც კი მიძგერს!.. შენ გეცინება?..

ლევან

სჩანს, არ ყოფილხარ ჩემ სიყვარულზე
ჯერ კიდევ კარგად დარწმუნებული,
თორემ რას დასდევ, ვინც რა უნდა სთქვას?
ნუთუ საგულეს არა გაქვს გული?

გელა

გაფიცებ, ლევან, მამიშენის სულს,
ამ საცოდავ ქალს ნუ ეხუმრები!
მართალი არის, ბრმა კი ვარ, მაგრამ
გონების თვალით ჯერ ვიყურები:
თქვენ მხოლოდ ხუმრობთ...

ლევან

(სიტყვას აწყვეტინებს) როგორ თუ ვხუმრობ?
ვგონებ თვითონ შენ მწუნობ სასიძოდ!

გელა

მე თქვენს სიძობას ვერ დავიჯერებ,
რა ვქნა? ხატზედაც რომ შემომფიცოთ!..

ლევან

შენ, ჩემო გელავ, კარგად ვერ მიცნობ:
სიტყვის გატეხას არ ვარ ჩვეული
და სათამაშო, საბავშვო ბურთად
არ მიმაჩნია ეს ჩემი გული!
უცნაურ ძალით და უნებურად
შემყვარებია ეგ შენი შვილი,
და რაღა გაგვყრის ამიერიდან
უკუნისამდე, თუ არ სიკვდილი?

გელა

კარგი!.. იმაზე მაშ რაღას იტყვით,
ბატონიშვილმა რომ აქ გიბრძანა?

ლევან

იმან რო ბრძანა, მერე რააო?
ვალდებული ვარ დავთანხმდე, განა?
თუ საჭიროა მე და რევაზის
შეკავშირება და დამოყვრება,
მეც მყავს ერთი და: განა ელენე
რევაზს საცოლოდ არ ეკადრება?
იმათ საცოლ-ქმროდ დაახლოვებას,
რაღა თქმა უნდა, რომ მეც ვეცდები!
და, თავის დროზე, ჩემ საიდუმლოს
ბატონიშვილსაც გამოვუტყდები!

ქალი

მაშ არ შეირთავ იმ რევაზის დას?

ლევან

რომ მკითხავ, თვითონ ვერა გრძნობ, განა?

ქალი

ვიცი!.. ვიცი, რომ არ მომატყუებ,
გინდა გაცრუვდეს ცა და ქვეყანა!
მაგრამ მამა-კი ვერ დავაჯერე,
გულგატეხილი სხვას მეუბნება!

ლევან

ნუ გაუგონებ, ჩემო სიცოცხლევ,
ჩემო იმედო, ჩემო ოცნებავ!
მოხუცი ყველა იჭვიანია
და არ იჯერებს, რაც მართალია...
მაგრამ ხომ ნახავს?.. ახლა მშვიდობით!
მათ უნდა დავწვდე, არა მცალია! (მიდის)

ქალი

აბა, რას იტყვი ხომ გაიგონე?
მაგის სიტყები არც ახლა გჯერა?

გელა

რა ვიცი შვილო... ვეღარას ვიტყვი!
შემთხვევა არის და ბედისწერა...

გამოსვლა მე-8-ვე

ისინივე და მუშები მოვლენ

მუშები

ჰაა... გამარჯობა! რასა იქ, გელა?
არაფერს გვეტყვი დღეს ახალ ამბავს?

გელა

ცოტა რომ ადრე მოსულიყავით,
თვითონ ნახავდით კაი სანახავს:
აქ ბრძანდებოდა პატარა-კახი
დარბაისლებით... დიდის ამალით!

მოხუცი გლეხი

მართლა? ნეტავი ერთი მენახა
მობრძანებული აქ, ჩემის თვალით!

ახალგაზრდა

მართლა რომ კარგი სანახავია!..

მეთაური

რაო? რა ბრძანა? რასა ჰფიქრობენ?

გელა

გაუკრავსთ პირი თავადიშვილებს!..
რაღაცა ამბავს კი აპირობენ...
ამბობენ: „კმარა, რაც უსჯულოებს
ვემონებოდით ამდენ ხანსაო!
ახლა-კი დროა, რომ მათი სისხლით
წითლად ვღებავდეთ ალაზანსაო!“

პირველი გლეხი

ეტყობა, ახლა აღარ ხუმრობენ.

მეორე გლეხი

ემზადებიან!..

მესამე გლეხი

ჩვენ რაღას ვშვრებით?

მოხუცი გლეხი

რაღა უნდა ვქნათ? ჩვენც კაცები ვართ
და ქუდი გვხურავს, რათ ჩამოვრჩებით?

მეოთხე გლეხი

განა როდისმე ჩამოვრჩენილვართ?

მესამე გლეხი

ან უკან როდის დაგვიხევია?..

მეთაური

მათ ხმალთან ერთად უჭრია ჩვენსას
და ფარიც ერთად დაგვიხევია.

მოხუცი

კი, მაგრამ ყველას რომ აღარა გვაქვს
თოფ-იარაღი?

ახალგაზრდა

………………რათ გვინდა მეტი?
ჩარეულ ომში რაღა ნაკლეა
შენს ხმალ-ხანჯალზე ქვები და კეტი?

პირველი გლეხი

ცული და წალდი ხომ ყველასა გვაქვს?

მეორე გლეხი

და ეს-კი განა არ გამოდგება?..
…………………(უჩვენებს თოხს)
პირიც კარგი აქვს, ყუაც კარგი აქვს,
გამომდგარია... რათ უნდა ქება?..
ვითომ გიმტყუნოსთ?!.. თქვენ არ მომიკვდეთ!
ნუ გეშინიათ, დაატრიალეთ!

გელა

თქვენი ჭირიმე, ბიჭებო, თქვენი,
რომ მაგას ამბობთ!.. თქვენ გენაცვალეთ!

პირველი გლეხი

ჩვენი მამები თუ კი ომობდენ,
იმათზე ნაკლე ჩვენ რიღათი ვართ?
თუ წინ წამძღოლი ვინმე გვეყოლა,
გულდაგულ მივალთ!.. ყველა მზადა ვართ!

გელა

წინამძღოლს ეძებთ? მე აქ არა ვარ?..
რათ გავიწყდებათ ნაცადი გელა?

მეთაური

კი, მაგრამ დღეს რომ ვეღარა ხედავს,
საუბედუროდ მისათვის ბნელა?!..

გელა

ეგ არაფერი!.. მართალი არის,
ვეღარას ვხედავ, დამიდგა თვალი,
მაგრამ, სანამდის გვერდში მიდგია
და ხელსაც მკიდებს ეს ჩემი ქალი,
არა მიჭირს რა, ისევ გულადად
მივეგებები ჩვენი ქვეყნის მტერს.
გელას დანახვა ჩვეულებრივად
მათ შეაშინებს და შეუცვლის ფერს.
თქვენ-კი მომყევით!.. მაგრამ ჯერ უნდა
ჩვენს მეზობლებსაც შევატყობინოთ
და სავაჟკაცო ჩვენი განზრახვა,
წასაქეზებლად, ყველგან მოვფინოთ.
არა გვიშავს რა, ჩვენი ქვეყანა
ისე მაგრად სდგას, როგორც რომ მუხა:
მტერი მუმლივით ეხვევა, მაგრამ
ჯერ ვერ გაახმო, თუმც შეაწუხა...
„მუმლი მუხასა“ მუშურს რომ ვამბობთ,
არ ვმღერთ უაზროდ და უადგილოდ:
არა, იმაში სიბრძნეა ხალხის,
გადმონაცემი საშვილიშვილოდ.

მუშები

შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,
რომ მაგრე გიჭრის ჭკუა, გონება!
ეგ შენი კარგი სიტყვა-პასუხი,
გულს რომ გვიმთელებს, სულს ეფონება!
წავიდეთ, აბა, რაღას ვგვიანობთ?

მეთაური

მართლა, აწ დროა წავიდეთ ყველა!
ეს გზა სიმღერით გადავიაროთ!
აბა, წაგვიძეხ ისევ შენ, გელა!..
(თოხებს გაიდებენ მხარზე. გელა ქალს მიჰყავს
წინ და სიმღერით მიდიან)

მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო!
გარს ეხვეოდაო,
ვერას აკლებდაო!
მუმლი წყდებოდაო,
მუმლი ქრებოდაო,
ხე არ ხმებოდაო,
ზედვე რჩებოდაო!
მუმლი მუხასაო,
გარს ეხვეოდაო!

მოქმედება მეოთხე

სცენა პირველი

სასახლის წინ

გამოსვლა 1-ლი

რევაზ და სასახლის-კაცი

რევაზ

ჯერ გამობრძანდა მეფე, თუ არა?

კაცი

იქა ბრძანდება დარბაისლებით,
გივი თან ახლავს და ბაადურიც
ახლა შევიდა.

რევაზ

ჩვენც ვიახლებით.

კაცი

ვერა, ბატონო! არ შეიძლება!..
ნაბრძანები მაქვს, სხვა არ მივიღო.

რევაზ

ბატონიშვილის მოციქული ვარ
და როგორ მიშლი? რას ამბობ, ბრიყვო?!

კაცი

მაინც ვერ შეხვალთ, ჯერ მოიცადეთ!

გამოსვლა მე-2-რე

ისინივე და თედო შემოიჭრება

თედო

ბატონო! გეძებთ თავქუდმოხდილი...
სასახლეშიაც გახლდით, ვერ გნახეთ!
ლამის გავგიჟდე მე ცოდვის შვილი.

რევაზ

რა ამბავია?

თედო

…………………….რაღა რა არის?
ვერა ვარ კარგი მახარობელი!..

რევაზ

მოკვდა?

თედო

……………ავადაც არა ყოფილა,
იმას წაუწყმდეს შემქმნელ-მშობელი!

რევაზ

და ეგ არა სჯობს?

თედო

…………იჰ, როგორ თუ სჯობს?
ამდგარა ჩუმად და გაპარულა!

რევაზ

სად გაპარულა?

თედო

ღმერთმა ნუ იცის...

რევაზ

მერე მამიდა?..

თედო

…………………….მოტყუებულა!..
ახლა-კი ტირის და თავში იცემს,
მაგრამ ტირილით რაღას გააწყობს?
დილას მდევრები გამოვუყენე...

რევაზ

ეტყობა, კარგად იცნობს ავადმყოფს!
შენ რაღას უცდი! წადი, მონახე!
უმისოდ ნუღარ დამენახვები,
თორემ ურმით გდევ!..

თედო

…………………….წავალ ბატონო,
თუ ვერ ვიპოვნე, თან გადავყვები!

(მიდის)

გამოსვლა მე-3-ე

რევაზ, ლევან შემოდის

ლევან

რას შვრები, რევაზ? ბატონიშვილი
მოულოდნელად მიელის პასუხს!

რევაზ

რომ არ შემიშვეს?!. დარბაისლები
შეუყვანია და გული უწუხს.
შეყრილან ერთად ნათუსალები
და მეფე იმათ ეთათბირება!..

ლევან

რა დროს ეგ არის! იმ დალოცვილმა
არ იცის ახლა, რა გვეჭირვება?

რევაზ

კიდეც ეგ არის, რომ კარგად იცის,
გულსაც ეგ უტეხს და ეგ აღონებს;
სიფრთხილე ჰმართებს ამისთანა დროს
და პატარა-კახს რას დაუჯერებს?
მართლაც თათრებთან პირდაპირობა,
უნდა გამოვტყდეთ, საეჭველია!..

ლევან

მე ალისკანტი უფრო მაფიქრებს:
ლეკებთან ბრძოლა უფრო ძნელია!..

რევაზ

მეც მაგას ვამბობ... ამდენი ჯარი
ერთად ჯერ კახეთს არ მოსდგომია.

ლევან

მეტი რა გზაა? უნდა გავბედოთ!..
ერთი წამალი მხოლოდ ომია:
ან გავიმარჯვებთ, ან სულ გავწყდებით,
მოვიდეს, რაც რომ მოსასვლელია!..
თორემ ამდენი ტანჯვის ატანა,
სწორედ სიგლახე-სისულელეა!..
(ცოტა სიჩუმის შემდეგ ხელს დაადებს რევაზსა)
რევაზ! მე ერთი სათხოვარი მაქვს,
ის უნდა გთხოვო და ამისრულე!
თუ გამაწბილო და დაივიწყო,
ღვთის და კაცის წინ იყო მოვალე!

რევაზ

რა?

ლევან

……ალისკანტის ჯინი მიჭირებს,
იმან მომტაცა სწორედ ის ქალი...
და, თუ სანაცვლო არ გადვუხადე,
მე რაღად მინდა თავი ცოცხალი?
დავლურში მინდა გამოვითხოვო,
ან უნდა მოვჰკლა, ან შევაკვდები!
თუ, ვინცობაა, მე დამამარცხოს,
შენ მოერიდე, ნუღარ გაჰყვები!

რევაზ

რას ამბობ, ლევან? შენ ჩემ წინ მოგკლან
და ავიტანო ის მე გულგრილად?

ლევან

სწორედ!.. ორგვარი გაწევს შენ ვალი,
რომ არ აჩქარდე და იყო ფრთხილად:
პირველი ის, რომ თავის გაწირვით
ვეღარას მარგებ, კარგად იცი, მკვდარს!..
და მეორეც ის, რომ შენ მაგიერ
ვინღა მოუვლის ჩვენ ცხენოსან ჯარს?
ერთსაც ამას გთხოვ, თუ, ვინცობაა,
ის ქალი კიდევ სადმე გამოჩნდეს,
შენ უპატრონე, ჩემ მაგიერად,
როგორც ღვიძლი და, გებრალებოდეს!

რევაზ

ნეტავ რას ამბობ? რა დროს ეგ არის?
ღმერთმა გაშოროს, ძმაო, სიკვდილი!

გამოსვლა მე-4-ე

ისინივე და შიკრიკი შემოდის

შიკრიკი

გიცდიან!.. გთხოვენ, მალე მობრძანდეთ!

რევაზ

ვინ გვიცდის?

შიკრიკი

ვინ და ბატონიშვილი!..

(მიდიან)

სცენა მეორე

დარბაზი.

გამოსვლა 1-ლი

მეფე, დედოფალი, გივი, ბაადურ და სხვანი

ბაადურ

საპყარი მოველ, ვერ გადავუდეგ
ბატონიშვილის მოციქულობას...
და თქვენის რისხვით, ჩემო ხელმწიფევ,
ნუ შეურაცხყოფთ შუამდგომლობას!

მეფე

ჩემო ბაადურ! რა უნდა გითხრა?
მაგის პასუხი ახლა ძნელია!..
სიჩქარით „ჰო“ და „არა“ არ ითქმის,
როდესაც საქმე საეჭველია.
უანგარიშოდ და უფიქრელად
საშიში არის ბედის მინდობა!
ვაი, თუ უფრო გავაზვიადოთ
ახალგაზრდების ჩვენ თავხედობა!

გივი

გვიანღა გახლავსთ ახლა სიფრთხილე!
ამდენ მუქარას და ამდენ სირცხვილს
არ გვირჩევნია, ღმერთი ვახსენოთ
და დავეთანხმოთ დღეს ბატონიშვილს?

მეფე

თქვენ, დედოფალო, რაღას გვიბრძანებთ?

დედოფალი

გივს ვეთანხმები, რადგან ფრთხილია
და, ძნელ საქმეში წინდახედული,
ყველაზე უფრო გამოცდილია.

მეფე

აქამდის სწორედ მაგრე მეგონა,
მაგრამ დღეს ეგეც კი შემცდარია:
ჯერ უმისოდაც წამხდარი საქმე
მაგან სულ უფრო არივ-დარია!
ვერა ხედავდა, რომ ჯერ ირაკლი
ამოდენ ჯარს ვერ მოგვიგერებდა?
რათ არ ურჩია? როგორც მის გამზრდელს,
მაგას ხომ სიტყვას დაუჯერებდა?

გივი

ჩემო ხელმწიფევ, ეგებ ის სჯობდეს,
ბატონიშვილი რასაც აპირებს!

მეფე

როგორ თუ სჯობდეს?! შენი პასუხი
ვერ გამიგია, სწორედ მაკვირვებს:
ავად, თუ კარგად, დღემდის ვუძლებდით
შინ შემოსეულ მტრების მონებას,
და დღეიდან-კი გარისხებულნი
გამოგვაცლიან ყოველ ქონებას.
ვერ გაიგონე, რა შემოთვალეს?..
როგორი სიტყვა და რა მუქარა?
დღეიდან მაგათ დასამშვიდებლად,
ხარკი რომ მივცეთ, ის აღარ კმარა...
უღელზე კიდევ უღელს დაგვადგმენ,
აუტანელი გახდება ტვირთი!..
თუ გავუძალდით, სრულად წაგვლეკავს
მაგათი ღელვა, მაგათი ზვირთი.

დედოფალი

ჩემო ხელწიფევ, არც მაგრე ვარგა
გულის გატეხა და შეშინება!

ბაადურ

ბარემ სულ გავწყდეთ, ის გვირჩევნია!..

გივი

ჩვენ გავცემთ პასუხს, გვიბოძეთ ნება!..
საშვილიშვილოდ რომ ამოვვარდეთ,
აგრე ღმერთს როგორ დავავიწყდებით?
უთქვამთ: „ცდა ბედის მონახევრეა!“
ან გავიმარჯვებთ, ან სულ გავწყდებით!

მეფე

კერძოდ თუ მკითხავთ, მეც თანახმა ვარ,
როგორც მეფეს-კი- არ მაქვს უფლება:
ჩემ ხელში არის მთელი სამეფო, -
ბედის გამოცდა არ შეიძლება!..
როგორ გავწირო მთელი ქვეყანა,
ღმერთთან და კაცთან დავრჩე მოვალე?!..
ეს დრო და ჟამი ცვალებადია!..
დღეს ვინ რა იცის, რას გვეტყვის „ხვალე“.
თუ ყმაწვილობით ბატონიშვილმა
მოულოდნელად ცეცხლში ჩაგვყარა,
რომ გაასწოროს აწ ის შეცდომა,
მოვალე არის ჩვენი ჭაღარა.

დედოფალი

რას იტყვი, გივო, ხომ გაიგონე
ბატონი მეფის ბრძნული ბრძანება?

გივი

თანახმა არ ვარ, ჩემო ხელმწიფე,
და პასუხს ვკადრებ, თუ მომცა ნება...

მეფე

სთქვი და მოვისმენთ!

გივი

. …………………გმადლობ, ბატონო!
ღმერთმა გიკურთხოსთ დიდსულოვნება!
ყველა ვხედავდით, რაც ჩვენს ქვეყანას
მოადგა მტრისგან ტანჯვა და ვნება...
ყოველ სოფელში, ყოველ ციხეში,
ჩამდგარი იყო იმათი ჯარი;
აღარ რჩებოდათ შეუბღალავად
არა სიწმინდე, ხატი და ჯვარი.
სიამტკბილობა და მოთმინება
ჩვენი იმათთან არ გადიოდა,
ქვეყნის ორგულებს პატივსა სცემდენ
და ერთგულს ყველას ცრემლი სდიოდა;
ამით უნდოდათ, რომ საქართველო
ზნეობით სრულად დაცემულიყო
და საუკუნოდ, მონების ჯაჭვით,
მომხიბლველ მტერთან გადაბმულიყო!..
დღეს და ხვალობით ცოტ-ცოტად სენი
გაუჯდა მხარეს რბილში და ძვალში!
რომ ცოტა ხანი კიდევ დასცლოდა,
სიკვდილს უქადდა მას მომავალში.
მაგრამ გამოსჩნდა მკურნალად გმირი,
რომ ზნეობითი შეევსო ნაკლი
და უწინამძღვრა...

დედოფალი

(სიტყვას აწყვეტინებს) ეს გმირი იყო
პატარა-კახი! ჩემი ირაკლი?

გივი

დიახ, ირაკლი! ანდამატივით
გარს შემოისხა ყმაწვილკაცობა
და მათ უჩვენა სამაგალითოდ
პირადი ღვაწლი და მამაცობა:
დაჰყო ცალ-ცალკე გუნდებად ჯარი,
ყველა-კი მასვე ეთანხმებოდა
და მტერს, თუ სადმე შეიგულებდა,
მოულოდნელად თავს ესხმებოდა.
ციხე-კოშკებში ჩაემწყვდა მტერი,
გარეთ გამოსვლას ვეღარ ჰბედავდა...

მეფე (სიტყვას აწყვეტინებს)

ყმაწვილკაცობაც წაქეზებული
მწარე მომავალს ვეღარ ჰხედავდა!
დააგდო მტერმა სიმაგრეები
და აქ მოგვადგა შეერთებულად,
რომ სრულის ძალით, ბარემ ერთთავად,
საშვილიშვილოდ გაგვსრისონ სრულად!

გივი

ეგ მართალია! მაგას ჰფიქრობენ
და ალისკანტიც იმათვე ჰშველის,
მაგრამ არ სძინავს არც პატარა-კახს!..
მომსვლელს, იცოდეს, დამხვედრიც ელის!..

ბაადურ

ჩემო ხელმწიფევ, იყო დრო, როცა
დიდსულოვნებით მეც მიგდებდით ყურს;
დღეს სნეულ-საპყარს რაღა მეკითხვის?
მაგრამ არ იშლის გული სამსახურს!...
მეც უნდა გკადროთ უგნური სიტყვა,
რომ არ ჩავიკლა გულში უთქმელად;
ამ დროში ყველა არ გამოდგება,
რაც სასარგებლო ყოფილა ძველად.
ცვალებადია წუთის სამყარო...
რაც-კი არსებობს, ყველა იცვლება!
წარსული არ ჰგავს აწმყოს, მომავალს,
სხვადასხვა არის მოთხოვნილება.
ჩვენი დროება სულ სხვა დრო იყო,
ახლა-კი სულ სხვა დრო და ჟამია!
მადლობა უფალს, ავად თუ კარგად,
ჩვენ ჩვენი პური მოგვიჭამია!
ეს დრო მივანდოთ ახალთაობას,
იმის რიგია, იმან განაგოს!
წაახდენს რამეს, თუ გააკეთებს,
ღვთის და კაცის წინ პასუხიც აგოს...
წინდახედული პატარა-კახი
არას ჩაიდენს სასინანულოს!
არ იკისრებდა პირდაპირობას,
თუ არ ხედავდეს სასურველ ბოლოს.

მეფე (დედოფალს)

თქვენ რაღას ბრძანებთ?

დედოფალი

…………………….თქვენს დიდ გონებას,
რაღას შემატებს სიტყვა და რჩევა,
მაგრამ სიბრძნესაც კი ეჭირვება,
ზეცის თანხმობა და ღვთის კურთხევა.
თვით მამაჩემი, მეფე ვახტანგი,
ამის მაგალითს გვიჩვენებს ნათლად:
სიმხნით და სიბრძნით თანსწორ განთქმულმა
თავი შესწირა მის სამშობლოს მტლად.
მისი სულის დგმა, მისი გულისთქმა,
ქვეყნისთვის ჰქონდა მას შეწირული...
ყოველი მისი ბიჯის გადადგმა
თვით სიბრძნე იყო, წინდახედული!..
მაგრამ შავ ბედის უკუღმართობა
მას ხელს უშლიდა ყველგან, უეცრად,
და მის ყოველი მეფური ღვაწლი,
ბოლოს რჩებოდა მტვრადა და ნაცრად.
და უცხო მხარეს, იმ ნათლით მოსილს,
სიკვდილის წინეთ ეს წარმოეთქვა:
„აქვე დამმარხეთ და საქართველო
გულზე მედება“, ვით სამარის ქვა!
ზედ ეწერება: „სადაც ვეღარ სჭრის
სიფრთხილე და შორსგამჭვრეტელობა,
იქ სჯობნებია გამბედაობა
და ღვთის ნანდობი საეჭველობა“...
დღეს ამ დღეშია სწორედ სამეფო!..

მეფე

თქვენც მაგას ბრძანებთ?

დედოფალი

დიახ, ბატონო!

მეფე

მაშ გაგიწირავს, რაღა, ქვეყანა?
მაგრამ მსურს ერთიც რამ მოგაგონო:
ჩვენ ქვეყანასთან ხომ უნდა იქნეს
პატარა-კახიც თან განწირული
და, როგორც დედას ერთი შვილისას,
რას გეუბნება, რას გირჩევს გული?

დედოფალი

როგორც ქართველ ქალს, ჩემი ირაკლი
ქვეყნის სამსხვერპლად გამომიზრდია
და სხვა დედებთან მეც ერთად ჩემი
მოვალეობა გადამიხდია!
გადახდეს მასაც გადასახადი,
ქვეყნის სამსხვერპლო სესხი და ვალი!..
და ჩვენც ღმერთს ვთხოვოთ: აუმჯობესოს
მისი ვარსკვლავი და მომავალი.

მეფე (დიდის ფიქრის შემდეგ)

მაშ კარგი! ახლა მეც გეთანხმები!
უკუმიგდია ჩემი სურვილი!..
ნება გაქვს, გივო, ახლავ წახვიდე
და შემომგვარო თავხედი შვილი.

გამოსვლა მე-2-ე

ისინივე და პატარა-კახი ამალით.

მეფე

დარბაისლების მოციქულობამ
და დედაშენის სურვილმა გასჭრა!..
მაგრამ ხომ ჰხედავ, რომ სნეულობამ
ასე უეცრად გულს ისარი მკრა?
არ შემიძლია ჩვეულებრივად
რაზმის დაწყობა... ომში ტრიალი...
და მოახერხებ შენ, რომ იკისრო
წინდახედულად დღეს ჩვენი ვალი?

კახი

ვეცდები თქვენის ხელმძღვანელობით.

მეფე

კეთილი! მაგრამ რისი იმედით?
იმათი ჯარი უთვალავია!

კახი

არა გვიჭირს რა, ჩვენც მზადა ვართ ღვთით...
მართალი არის, იმათი ჯარი
ჩვენსაზე ცხადად უფრო ბევრია,
მაგრამ გავუძლებთ მათ ვაჟკაცობას!!.
რიცხვით მეტობა არაფერია!..

გივი

იმათზე უფრო მე ალისკანტი
მეჩოთირება და ის მაფიქრებს:
სამიათასი ლეკით მოსულა
და მისასვლელზე მტერს ზურგს უმაგრებს.

ბაადურ

დალახვროს ღმერთმა! რა მედროვეა?!.
რომ ვეღარ გაძღა ის ჩვენი სისხლით?!.
ნეტავ შემეძლოს, ახლაც დავლურში
რომ გამოვიხმო, თქვენის სიცოცხლით!
ჩემ დროში მაგას ბევრი სხვა სჯობდა,
მაგრამ სუყველას დედა ვუტირე!..

კახი

ნუ გეშინია... იმას ამ დროშიც
გამოუჩნდება მოპირდაპირე!..

მეფე

თუში ბევრი გვყავს?!

კახი

სამასი კაცი!

მეფე

ფშავ-ხევსურები?

კახი

ცხრაასიოდე!

მეფე

სარდლად მიეცი მათ ჭავჭავაძე!..
ლეკებს ეომონ, მხოლოდ, იცოდე!

კახი

ჩვენც ეგ დავსკვენით...

მეფე

………………მემარჯვნე სარდლად
ვინა გყავს, შვილო, გამორჩეული?

კახი

ქვაბულიძეა, ლევან...

მეფე

მემარცხნედ?

კახი

მემარცხნედ რევაზ ბებურიშვილი.

მეფე

მიმშველი ჯარის?

კახი

ჯანდიერია!

მეფე

მოწინავესი?

კახი

მე ვარ, ბატონო!

მეფე

შენა ხარ? ეგ-კი უხერხულია!
არ შემიძლია, რომ მოგიწონო!
შენ უნდა დარჩე მთავარსარდალთან,
რომ ყოველის მხრით გეჭიროს თვალი!
სარდალს არ ჰფერობს მოწინაობა,
როდესაც სულ სხვა იწოდებს ვალი...

კახი

თქვენი ნებაა!

მეფე

………………მაშ კარგი, შვილო!
ახლა-კი დროა გზა დაგილოცო!...
ეს მინდა, გულზე რომ გადაგკიდო...
ჯერ-კი მუხლმოყრით უნდა აკოცო
ამ ძელჭეშმარიტს და ამ სასწაულს!
ეს იყოს, შვილო, შენი მფარველი!
ახლა-კი ადექ, მომიახლოვდი,
გადაგეხვევი, მომხვიე ხელი! (ჰკოცნის)
მშვიდობით, შვილო! მაღალმა ღმერთმა
გიწინამძღვროს და მოგმადლოს ძლევა!
ახლა დედასთან მიდი... იახელ
და გამოსთხოვე ლოცვა-კურთხევა! (ცრემლები ერევა)

დედოფალი

დედაშვილობის გამჩენმა ღმერთმა
გაკურთხოს, შვილო, გზა წარგიმართოს! (ჰკოცნის)
გივო, გაბარებ უკანასკნელად
და ნუ გაუშვებ საომრად მარტოს!

(ეთხოვებიან. ირაკლი გადის ამალით. გივი გაჰყვება. სიჩუმეა; მეფე აღელვებულია და ორივე ხელები გულზე აქვს მიდებული; დედოფალი ცრემლებს იწმენდს; ქალები ჩუმად ქვითინებენ).

ბაადურ

როგორ ბრძანდები, ჩემო ხელმწიფევ?
გულის ფრიალმა გიკლოთ, თუ არა?

მეფე

ლამის მამიდნოს, ჩემო ბაადურ!
ახლა-კი ცოტა გადამიარა. (სიჩუმე)
(დედოფალს) მტერი მიიღებს პასუხს თუ არა,
უეჭველია ბრძოლაც ასტყდება 
და დედა-წულის აქ დატოვება
საშიში არის... არ ევარგება!..
ჩვენც, დედოფალო, უნდა წავიდეთ,
აქ აღარავის მოგვასვენებენ.
სუყოველიფერ აქაურ ამბავს
იქ შიკრიკები მოგვახსენებენ.

დედოფალი

ჩემო ხელმწიფევ, მე სუყოველთვის
ვყოფილვარ თქვენი სურვილის მონა,
მაგრამ დღეს უნდა სიტყვა შეგკადრო
და შემისრულეთ ეს ერთი თხოვნა:
მინდა, რომ შვილის მახლობლად დავრჩე...
მის მოქმედებას თვალით ვუყურო
და თანდასწრებით, ან მწუხარების,
ან სიხარულის ცრემლები ვღვარო!

ელენე

დიდო ხელმწიფევ, ჩვენც გადავწყვიტეთ,
რომ აქვე დავრჩეთ ყველა მახლობლად,
ჩვენის ქმრების და ჩვენის შვილების
სანუგეშოდ და გასამხნევებლად.

ბაადურ

ბატონო მეფევ! მეც მინდა, დავრჩე,
ამათი ხვედრი გავიზიარო;
რომ ფეხალაგობ, შემომსევ მტერზე,
ეს ძველი ხმალი კიდევ ვიხმარო! (სიჩუმეა)

დედოფალი

პასუხს მოველით და რას გვიბრძანებ?

მეფე

რაღა უნდა ვთქვა? (აღელვებით) მეც თქვენთანა ვარ!
(დედოფალს) ერთად სიცოცხლე! ერთად სიკვდილი
ჩემის გვირგვინის გვირგვინო, თამარ!..

ფარდა დაეშვება

მოქმედება მეხუთე

სცენა: მაღლობი ადგილი.

გამოსვლა 1-ლი

მეფე, დედოფალი, ბაადურ, ელენე და ამალა

მეფე (დურბინდით გადაჰყურებს)

საკვირველია, ამ სიშორიდან
ისე სჩანს ყველა, თითქოს სარკეში:
ალაზნის პირად დამდგარა ჯარი,
მხოლოდ ლეკები ჩამსხდარან ტყეში.

დედოფალი

ომი დაიწყო?

მეფე

…………………….დიდი ხანია...
შემოკრული ჰყავს მტერი ქართველ ჯარს
და იერიშით პატარა გუნდი
ტყისკენ აწვება ლეკების საფარს...
მაგრამ ეს მცირეც შუა გაიყო!..
ნეტავ რას ნიშნავს, ვერ შემიტყვია?!
თუშის ჯარსა ჰგავს, ჩამოშორდა სხვებს
და მარჯვნით განზე გადაუხვია!

ბაადურ

ეგ ნოშრევანის ხერხი იქნება:
გამოსძებნიდა სადმე სუსტ მხარეს
და, ორთა შუა თუ მოიმწყვდია,
მტერს დააყენებს სიცხე-სიმწარეს!

დედოფალი

ღმერთო, მოგვხედე წყალობის თვალით!

ქალები

ნუ მოგვაკლებ დღეს შენს მოწყალებას!

ბაადურ

ამინ!.. უფალო! გადაგვარჩინე,
მათ მწარე უღელს და ამ წვალებას!

მეფე

დაიძრა ლეკი... მინდვრად გამოდის!..
მიკვირს, საფარში რომ ვეღარ დგება?!

ბაადურ

არ მოგახსენეთ?! უთუოდ სხვა მხრით
თუში მოექცა და ის აწვება.
გაიქცენ?

მეფე

………………არა, წინ არ უშვებენ,
ყოველი კუთხით შეუკრეს გზები.

დედოფალი

ოჰ, ღმერთო, შენს მადლს! ღმერთო, მოგვხედე!

მეფე

როგორ მისცვივდენ ფშავ-ხევსურები!

ბაადურ

ჰიი, თქვენს გამჩენს კი ვენაცვალე
და თქვენს მარჯვენას, თუშ-ფშავ-ხევსურო!

მეფე

ლეკის საფრიდან გამოდის ჯარი,
თუში ყოფილა, თუშმაც მოასწრო!
ჰა, ჩაერიენ... გუნდი გუნდს ებრძვის...
გაერთდენ! ომი ხელდახელია!
ორივე მხარე საოცრად იბრძვის,
ჯერ გამარჯვება საეჭველია.
აგერ ვიღაცა ლეკის რაზმიდან
გამოდის... ცხენი გამოახტუნა...

ბაადურ

დავლურში იწვევს უთუოდ ჩვენსას,
მაგრამ თუ ერთი ბედმა უმტყუნა...

მეფე

გაჰყვა ვიღაცა... მაგრამ ჰო! ჰო! ჰო!
მისვლის უმალვე ძირს ჩამოვარდა.
მეორე გადის... ესეც დამარცხდა!
რა ვქნა? ჩვენებს დღეს რა დაემართა!

ბაადურ

ვაი, თუ თვითონ ალისკანტია?
ბევრს გააფუჭებს შეჩვენებული!..
მოდი და ახლა, ამის გამგონეს,
ნუ მოგიკვდება, ბაადურ, გული!
……………………. (თავს იქნევს)

მეფე

ორი გავიდა ერთად... პირველმა
მოატრიალა უკანვე ცხენი...
ძირს ჩამოვარდა... მეორემ მოჰკლა!..
ეჰე! ჩვენსასვე ჰკლავს ისევ ჩვენი?

ბაადურ

მტერი იქნება! ალბად ვერ ჰხედავთ...

მეფე

კიდევ აპირებს ვიღაც გამოსვლას
და არ უშვებენ, გარს ეხვევიან...

ბაადურ

შეჩვენებულმა ეგეც არ მოჰკლას!

მეფე

ვერ შეიკავეს... გამოდის... ღმერთო!
ამას რას ვხედავ?.. ვგონებ ირაკლი!.

დედოფალი

ირაკლი?.

მეფე

დიახ, ირაკლის მოჰგავს!

ბაადურ

ღმერთო, შენ მიეც ძლევა და მადლი!

მეფე

მოჰკლეს!

დედოფალი (იკივლებს)

ირაკლი?..

მეფე

…………………….მოპირდაპირე -
ნუღარა სწუხარ აწ, დედოფალო!

დედოფალი

სჩანს, ბედი ისევ ჩვენსკენ ყოფილა.
დიდება შენდა, ღმერთო-უფალო!..

ბაადურ (აღტაცებით)

არ გაჰყვებოდა პატარა-კახი,
თუ არ ჰქონოდა გული საგულეს.

მეფე

გატყდენ ლეკები! აღარ იბრძვიან...
ახლა-კი სწორედ ჩვენებმა სძლიეს!
ლეკებთან ერთად სხვებიც შეჩერდენ,
პირი იბრუნა, გაიქცა მტერი!
ჰა! დაედევნა ცხენოსანთ ჯარი,
რა საოცარი ავარდა მტვერი?..
თვალით აღარა იხედება-რა!..
მაგრამ ცხადია, რომ დაგვრჩა ძლევა!..

ქალები

წმინდა გიორგი ალავერდისა,
მოგვმადლე შენი ლოცვა-კურთხევა!..

გამოსვლა მე-2-ე

ისინივე და შიკრიკი შემოდის.

შიკრიკი

ბატონო მეფევ! ნუ მოგიშალოს
ღმერთმა დიდება და გამარჯვება!
დამარცხდა მტერი... გაიქცა კიდეც
და შიშით უკან ვერ იხედება!..
თუ ლეკებს არა, ჩვენ აქამდისაც
დავამარცხებდით ყოველგან თათარს,
მაგრამ ლეკებმა ნამეტანი ჰქნეს:
სამაგალითოდ უმაგრებდენ მხარს!
საოცრად ჰბრძოდენ, სანამ ალისკანტ
არ მოჰკლეს, მათი ბელადი-ლომი;
მაშინ-კი სწორედ შეშინდა ლეკი,
ზარი დაეცათ და შესწყდა ომი.

მეფე

საპირდაპიროდ რომ გამოვიდა,
ის ალსიკანტი ხომ არ ყოფილა?

შიკრიკი

სწორედ ის გახლდათ, ჩემო ხელმწიფევ,
და ჩვენის მხრითაც ბევრი იმსხვერპლა,
ვინც-კი გავიდა, ზედიზედ მოჰკლა!
გაძნელდა მისი პირდაპირობა!..
ბოლოს გავიდა ლევანიც, მაგრამ
აღარ დასცალდა მისი გმირობა:
თან გაჰყვა ლევანს ბებურიშვილი,
რომ გასაჭირში მოხმარებოდა,
მაგრამ, როდესაც ლევან ბელადის
შუა გაპობას ეპირებოდა,
გავარდა თოფი იმ დროს რევაზის
და უცაბედად ლევან დაიჭრა.

ელენე

უი! ჩემს თვალებს! (გულს ეყრება. ქალები მისცვივდებიან).

დედოფალი

მხოლოდ დაჭრილა...

შიკრიკი

ნუ გეშინიათ, არა უჭირს რა!..
შეშინებულმა ლეკმა რომ ნახა
მოულოდნელად სხვისგან დაჭრილი,
გული მოეცა და იქვე მოკლა
ხმალდახმალ რევაზ ბებურიშვილი...

მეფე

მერე გავიდა ბატონიშვილი?..

შიკრიკი

ბევრი უშალეს, არ დაიშალა...
მასაც მოასწრო წყეულმა თოფი
და მოსულს უმალ გულზე ახალა.

დედოფალი (იკივლებს)

ირაკლი დასჭრეს?..

შიკრიკი

…………………არა, ბატონო!
მის ძელჭეშმარიტს მოხვდა ის ტყვია,
ხატი გაჭეჭყა და ბატონიშვილს
არც-კი უგრძვნია, არ შეუტყვია.
მიაგდო ცხენი ხმალდახმალ მტერზე,
შუა გაჰკვეთა ერთის შემოკვრით
და მაშინ მტერმაც ომი შესწყვიტა
ყოველის კუთხით და ყოველის მხრით.

ბაადურ

გაიქცენ?

შიკრიკი

………დიახ, და ჩვენი ჯარიც
უკან მოექცა, აღარ ასვენებს.

დედოფალი

გივი სად არის?

შიკრიკი

…………………….ბატონიშვილთან!
ორივე ერთად წინ უძღვის ჩვენებს.

გამოსვლა მე-3-ე

ისინივე და მეორე შიკრიკი შემოიჭრება.

მეორე შიკრიკი

ბატონო მეფევ!

მეფე

რა ამბავია?

მეორე შიკრიკი

ცუდი ამბავი! დამარცხდა ჯარი!..

მეფე

კი, მაგრამ ვისი?

მეორე შიკრიკი

…………………….ჩვენი, ბატონო!
გამარჯვებული დარჩა თათარი!

მეფე

თათარი?! (1-ლ შიკრიკს) აკი ჩვენ გავიმარჯვეთ?

პირველი შიკრიკი

მე რომ იქ გახლდით, მტერი გაიქცა!

მეორე შიკრიკი

გადატრიალდა ხელახლა ბედი
და რისხვით თავზე დაგვატყდა ზეცა:
ალაზნის პირად, ერთ ხეობაში,
მტერი ყოფილა ჩასაფრებული,
ჩვენ არ ვიცოდით... იქ შეგვიტყუეს
და ასტყდა ბრძოლა გამწარებული.
დიდძალი ჯარი ამოგვიწყვიტეს,
გივი მოგვიკლეს და ჯანდიერი.
ბატონიშვილი დარჩა შუაში
და გარს ეხვევა ურიცხვი მტერი...

მეფე

ვაიმე, შვილო!

დედოფალი

უი შენს დედას!

ქალები

ვაი და უი! ამ დღის მოსწრებას!

ბაადურ (მსახურებს)

წამიღეთ ჩქარა, იქ მიმიტანეთ,
რომ მივეგებო უბედურებას!..

დედოფალი

მეც წამიყვანეთ! ჩემ ირაკლისთან,
რომ მისი ბედი გავიზიარო!

მეფე

მე-კი ვიღასთვის და რაღათ დავრჩე?
წავალ, რომ მათთან სისხლი დავღვარო!

ელენე

ჩვენ რაღას ვუცდით?

ქალები

…………………….წავიდეთ ყველა
ჩვენ ძმებთან, ქმრებთან და ჩვენ შვილებთან!

ელენე

და მათთან ერთად პირნათლათ წარვდგეთ
შეურცხვენელად იმ ჩვენ ძველებთან!
(ლეჩაქებს მოიხდიან და მიდიან)

გამოსვლა მე-4-ხე

ისინივე და პატარა-კახი.

ყველა

ამას რას ვხედავთ?

კახი

…………………….გამარჯვებული,
თვითონ მოვდივარ მე მახარობლად!
ისე გავწყვიტეთ მთელი ლაშქარი,
რომ აღარ დარჩა არც ერთი მთხრობლად.

დედოფალი

რას ამბობ, შვილო?

კახი

ძლევას გილოცავ!

მეფე

მაშ ეს შიკრიკი?

კახი

…………………….მე გაახელით
მაშინ, როდესაც იმედმიხდილი
სიკვდილს ვფიქრობდი ჩემივე ხელით:
მოულოდნელად შემოგვკრა მტერმა,
გზა აღარ გვქონდა ჩვენ წასასვლელი,
ვეღარ ვითვლიდით მკვდრებს და დაჭრილებს,
ისე აივსო იქ ტყე და ველი!..
მაგრამ მოგვესმა შორით გუგუნი,
ხმა „ჰკა მაგასა“ და ზედ კიჟინა;
მოზღვავდა უცბად სულ გლეხკაცობა,
მტერს მიესია და დაუშინა!
შეიქნა ქვების ზუზუნ-ზუზუნი,
თოხის და კეტის გაჩნდა ტრიალი;
ამ უცნაურმა სანახაობამ 
მტერს წაუხდინა გული და თვალი:
დაჰყარეს შიშით მათი ფარ-ხმალი,
მხოლოდ სიცოცხლეს გვევედრებოდენ
და, გასაქცევი გზა რომ არ ჰქონდათ,
ალაზანშიაც კი ვარდებოდენ!
გადაწყდა ომი! მტერი მოისრა,
ნუ მოგეშალოსთ შვება და ლხენა!.

მეფე (აღტაცებით)

აკურთხოს ღმერთმა შენი გმირობა
და სასიკეთოდ გიძღოდეს ზენა! (ეხვევა)

დედოფალი

აქ მოდი, შვილო, ჩამეკარ გულში!
შენ გენაცვალოს ეს ძუძუები!
შენგან გამოხსნილ ჩვენ სამშობლოსთან
მეც ერთად, შვილო, დღეს ვიბადები! (ეხვევა)

ბაადურ

გვიბოძეთ ხელი, რომ გეამბოროთ
და სიხარულის ცრემლი დავღვაროთ!

კახი

მაგრამ სიხარულს ნაღველიც თან სდევს,
საუბედუროდ და სამწუხაროდ!..
ნათლის გვირგვინიც უფერულია,
თუ გარეშემო აღარ აქვს სხივი!
რაღაა ჩვენი დღეს გამარჯვება,
როცა აღარ გვყავს მოხუცი გივი?
არ დაუგდია მას ბრძოლის ველი,
თუმც სასიკვდილო გულს აჯდა ტყვია;
და, გაქცეული რომ ნახა მტერი,
უკანასკნელად გადამეხვია!..
მითხრა: „მშვიდობით, ჩემო გაზრდილო,
გახსოვდეს ღმერთი და საქართველო“.
ეს სთქვა და მეტი აღარ დასცალდა,
წითლად შეღება მან მწვანე მდელო.

მეფე

ღმერთმა აცხონოს!..

დედოფალი

…………………….აცხონოს ღმერთმა!
ჩვენის ქვეყნისთვის უძგერდა გული.

ბაადურ

და ღირსეული ღირსად მომკვდარა
სამაგალითო მამულისშვილი!..

კახი

ბედმა ეს ტანჯვა რომ არ მაკმარა?!
გამიორკეცა გულის ტკივილი:
ლევანი, ჩემი მარჯვენა ხელი,
მეტად საეჭვოდ არის დაჭრილი!..
ნაბრძანები მაქვს, აქ მოიყვანონ...
რომ მოვუაროთ, ჩვენი ვალია!.. (მოჰყავთ)
ა, კიდეც მოჰყავთ! ხომ ცოცხალია?

მსახურები

თქვენს სასახლესთან სული დალია!

ელენე

უი, მიშველეთ! (ქალები მისცვივდებიან)

ქალები

……………სსსუ! დაგავიწყდა?
სადა ხარ, ქალო? ვის ეკადრება?

კახი

ვაიმე ძმაო!.. შენი დაკარგვით
გამიორკეცდა დღეს მწუხარება!..

მსახურები

ბატონო, ვიღაც უცხო ყმაწვილი
ვნახეთ დაჭრილი, ტყის პირად ეგდო
და შეგვეხვეწა: „ნუ დამაშორებთ,
ლევანთან ერთად მეც წამიღეთო“.

მეფე

ვინ ყმაწვილია?

კახი

…………………ერთი ვიღაცა,
უცხო ჩვენ ჯარში გამოერია;
იმის მშვენიერ, ბავშვურ სახეზე
ჯერ არც ულვაში და არც წვერია;
ლევანს დასდევდა, არ შორდებოდა,
ნაცნობს ვერავის ვერ მივამგვანეთ!..

მეფე

ვინც უნდა იყოს... ჩვენი ყოფილა!...
მიდით და ახლავ შემოიყვანეთ...

გამოსვლა მე-5-ე

ისინივე და შემოაქვთ დაჭრილი.

დაჭრილი

სად არის ლევან? აბა მიჩვენეთ!
ეს არის, აგერ რომ ასვენია?
რისთვის მიშორებ, შენ გენაცვალე?
რომ მიმატოვე, არა გრცხვენია?!.
„ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი“,
ასე არ იყო ჩვენი პირობა?
და შენ კი გინდა სიტყვა გასტეხო? 
ამას იფერებს შენი გმირობა?
აჰა. გიბრუნებ შენსვე საწინდარს,
(იხსნის გულს, აიგლეჯს რაღასაც და გულზე ადებს)
თვით ღმერთი იყო ჩვენი თავმდები!..
შენ-კი აქავე მიშორიებდი,
მაგრამ მე იქაც არ მოგშორდები!..
წავიდეთ ერთად... (ჩაეკვრება და კვდება)

მსახური

ქალი ყოფილა!

ყველა

ქალი ყოფილა?!!

მეფე

ვინ არის, ნეტავ?

გამოსვლა მე-6-სე

ისინივე და მოხუცი შემოდის მედიდურად

მოხუცი

ვიცი, ვინც არის, ჩემო ხელმწიფევ!
უსინათლო ვარ და მაინც ვხედავ!..
მაგრამ მაგისთვის ჯერ არ მცალია...
ბატონო მეფევ, ძლევამოსილო,
ადიდოს ღმერთმა შენი მეფობა!
და შენც გმირთგმირო, ბატონიშვილო,
ამიერიდან საშვილიშვილოდ
კურთხეულ იყოს შენი სახელი,
რომ შენთან ერთად იდიდებოდეს
შენი მშობელი, შენი გამზრდელი!..
დღემდის ტანჯული ჩვენი ქვეყანა 
შენით სულს ითქვამს აწ თავისუფლად,
და შენც, უფალო, ამდენი ტანჯვა
სამარადისოდ იკმარე მსხვერპლად!..
ახლა-კი, შვილო, შენთან მოვდივარ!..
აბა, მიჩვენეთ, მივიდე, ვნახო,
რომ ხმალაძიანთ უკანასკნელს მსხვერპლს
უკანასკნელად ხელი შევახო. (დაუჩოქებს)
აქა ხარ, შვილო? ეს ვინღა არის?
შენი ლევანიც აქა გყოლია?
მადლობა უფალს, რომ მაგის ჯავრი
სამარეში თან არ ჩაგყოლია!
ერთად წასულხართ... აქ არ გეღირსათ
ბედნიერება, შვება და ლხინი,
მაგრამ იმ სოფელს, სამაგიეროდ,
დაგედგას თავზე ნათლის გვირგვინი!
(მოეხვევა. ზარების რეკა მოისმის)

მეფე

ჩუ!

დედოფალი

………კარისაა ეს ღვთისმშობელი...
პარაკლისს იხდის, სჩანს, სამადლობელს!..
ჩვენც ღმერთს მადლობით ავუპყრათ ხელი,
რომ თაყვანი ვცეთ მის დიდ განგებას
და მოვიყაროთ მუხლები მის წინ. (იჩოქებს)

მეფე

„აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ
ყოველნი მტერნი იმისნი!“

ყველა

ამინ!

(ისმის რეკა. ფარდა ნელ-ნელა ეშვება)

1889 წ.

რედაქტორის შენიშვნები

პატარა კახი

„ჩემს სიცოცხლეში ცხადად თუ სიზმრად ერთი რამ უფრო მაფრთხობდა ყველაზე და საფლავშიაც ქარცეცხლად მიმყვება. მე ვამბობ ცენზურაზე“, - ასე სწერს აკაკი, ერთ თავის ჯერ უცნობ მოგონებაში. (ხელთ.№1491 - H).

საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ არქივში დაცულ კავკასიის საცენზურო კომიტეტის საქმეებში ჯერ კიდევ 1935 წელს ჩვენ ვნახეთ აკაკის უცნობი პიესა, „ირაკლი ბატონიშვილი“. ეს არის „პატარა კახის“ პროზაული ვარიანტი. თავფურ-ცელზე ასეთი წარწერაა:

«По журналу Цензурного Комитета 19 марта 1886 г. постоновку этой пьесы нa сцeнe пpизнaть нeyдобным» ხელს აწერს მელიქნუბაროვი.

აკაკიმ იგივე პიესას 1887 წელს სახელი გამოუცვალა, უწოდა „გელა“ და ოდნავი შესწორებით კიდევ ითხოვა ნებართვა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. „ივერია“ კი აცხადებდა: „დრამატიულ საზოგადოებისთვის ბ-ნ აკაკის გარდაუცია თავისი ახალი ისტორიული დრამა სახელად „გელა“ ოთხმოქმედბიანი პიესა, ერკლე მეორის ყმაწვილობის დროიდან“ („ივერია“ 1887 წ. №254).

ბოლოს აკაკიმ ეს პროზად დაწერილი დრამა, ლექსად გარდასთქვა და რამდენიმე ნაწყვეტი გაზ. „თეატრში“ მოათავსა (1890 წ. №1 და 4).

ამავე წელს გამოვიდა ცალკე წიგნად. მერე აკაკიმ თავის „კრებულშიც“ გადაბეჭდა (1897 წ., №4); „პატარა კახი“ 1919 წელს გამოვიდა ქუთაისშიც.

წინამდებარე გამოცემაში გასწორდა სამი შეცდომა: იყო:

1. ასე ამბობენ, იმდენი ხელი სუყველა იმას შესჩერებოდა

2. გივი1 ་ვაი თუ თვითონ ალისკანტია?

3. დავლურში უნდა გამოვითხოვო. ან უნდა მოვკვდე, ან შევაკვდები.

გასწორდა:

1. ასე ამბობენ, იმედნი სული სუყველა იმას შესჩერებოდა.

2. ბაადურ ვაი თუ თვითონ ალისკანტია?

3. დავლურში უნდა გამოვითხოვო, ან უნდა მოვკლა, ან შევაკვდები.

0x01 graphic

Tuпoгpaфiя Xeлaдзe, Caпepнaя улица coбств. д. №4. ი.გ.

ლექსად დაწერილი აკაკის „პატარა კახი“ სცენაზე წარმოსადგენად ნება დართეს 1889 წელს, დეკემბერს. „ივერიაში“ ვკითხულობთ: „ცენზურამ გასინჯა აკაკის ორი ახალი პიესა: „გაიძვერები“ და „პატარა კახი“ და ნება დართო“ („ივერია“, 1889 წ., №158), ხოლო სცენაზე ერთი წლის შემდეგ გაითამაშეს.

„პატარა კახი“ ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა 1890 წელს, 18 დეკემბერს, (იხ. ჩვენს მასალებში დაცული პროგრამა). მას შემდეგ „პატარა კახი“ არ მოსცილებია სცენას და ხალხში დიდი წარმატებით სარგებლობს, როგორც საქართველოს წარსულის გმირობის ამსახველი ნაწარმოები.

არ ყოფილა არც ერთი მსახიობი, რომელსაც „პატარა კახში“ არ ეცადოს თავისი თავი. კოტე მარჯანიშვილის პირველი დებიუტი პატარა კახის როლი იყო (1895).

აკაკი, თავის პიესებ შორის, ყველაზე მაღლა აყენებდა „თამარ-ცბიერს“ და „პატარა კახს“. ერთ კერძო წერილში აკაკი სწერს ივანე მაჩაბელს: „...სხვა რაღა მოგწერო? შეტყობილი გაქვს ეგება, რომ ჩემი ზოგიერთი თხზულება რუსულად ითარგმნა. მათ რიცხვში „თამარ-ცბიერი“, „პატარა კახი“ - ეს მაინც ძალიან მოწონებულია, განსაკუთრებით „პატარა კახი“, ძალიან მოსწონთ და მალე იქნება დაბეჭდილი, თუმცა პროზად არის ნათარგმნი“... (იხ. „კომუნ. განათლება“, 1935 წ., №6).

„პატარა კახის“ სიუჟეტზე ოპერის წერას აპირებდა კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი (1871 - 1919), მას დაწერილიც ჰქონია რამდენიმე ნაქვთი, მაგრამ ეს მუსიკალური ნაწარმოები დაკარგულად უნდა ჩაითვალოს, ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთი არია, „დაიგვიანეს“, რომელსაც დიდის ხელოვნებით ასრულებდნენ ვანო სარაჯიშვილი და ვანო ბიწკინაშვილი. (იხ. შ. კაშმაძე: „კომ.,“ 1939 წ. №278; გ. ნადი-რაძე: გვ. 126).

ამ ჟამად „პატარა კახის“ შინაარსის მიხედვით, „გელას“ სახელწოდებით, ოპერას სწერს კომპოზიტორი ივ. გოკიელი (ლიბრეტო შალვა დადიანისა და შოთა აღსაბაძისა).

„პატარა კახი“ ლექსად ნათარგმნი აქვს ნინო ჩარექოვისას; (იხ. გაზ. „გრუზია“ 1911 წ.).

ამჟამად ამავე პოემას ლექსად სთარგმნის პოეტი ბ. ბრიკი.

სომხურად სთარგმნა ს. ავჩიანმა და ჰოვ. აგულიანმა.

დასასრულს მინდა ავხსნა „პატარა კახის“ ტექსტში ნახმარი ერთი სიტყვა, რომელსაც აკაკის მთარგმნელები ხშირად სხვადასხვანაირად განმარტავენ. ეს სიტყვაა „დამკლის უფლება“. „დამკლის უფლება“ ნიშნავს, სისხლის აღებას, შურისძიებას.

2.3 მედია1

▲back to top


ხუთ მოქმედებიანი დრამა

მოქმედი პირები:

იათა, კოლხეთის მამასახლისი..

გექადა, მამასახლისის მეუღლე.

მედია, მათი ასული.

იასირ, მათი ძე.

თირთა, იათას და.

ძიძა მედიასი.

ძუძუდა, მედიას დობილი.

იაზონ, ბერძნის მთავარი.

მოქრი, მოჭიდავე.

ქლიბი, მჭედელი.

მთავარ-კაბდელი.

ტყვე.

სახლთხუცესი.

მოციქული.

გამზავებელნი.

მთხრობელი.

სასახლის კაცები ორივე სქესისა.

ხალხი და კაბდელები.

მოქმედება პირველი

სცენა: ბუხრიანი და სარკმლიანი ძველებური ოთახი

გამოსვლა 1-ლი

ძიძა (კვარს ანთებს)

რა საოცარი რამ ღამე იყო!..
აქ ირყეოდა მთლად მთა და ბარი
და იქ ქვესკნელი ისე კვნესოდა,
თითქოს ჯოჯოხეთს აეშვას ზარი!..
ზესკნელ-ქვესკნელის ბანის მომცემად
ცა, მრისხანებით გადმომქუხარე,
ადიადებდა ქვეყნის გასაჭირს
და დედამიწა თრთოდა მწუხარე!..
ტანჯვის დროს წამიც საუკუნეა...
თითქოს ჩაჰყლაპა ნათელი ბნელმა,
სანამ მეორედ არ დაიყივლა
ტკბილ განთიადის მახარობელმა. (დაფიქრდება)
ამირან-გმირო, მთა და ბარს არყევ!.. 2
ეს ყველაფერი შენი ბრალია!
მაგრამ ძნელია ჯაჭვის გაწყვეტა,
სანამ ღმერთები შენზე მწყრალია!..
და, თუ ახლაც-კი არ მოგითხრია
ის უცნაური საჯაჭვო პალო,
ამიერიდან მაგ შენს სატანჯველს
აღარ ექნება კეთილი ბოლო!..
(აღმოსავლეთისაკენ გააღებს სარკმელს და იხედება)
ბნელა!.. ჯერ კიდევ არა თენდება!
(დაიჩოქებს, ხელებს ააპყრობს)
ო, მზეო!.. მზეო!.. მაღალთა შინა
ხილული, მაგრამ მიუწდომელი
რომ აგიგია ბრწყინვალე ბინა,
შენ გევედრები ქვეყნით ცოდვილი:
შუქდიდებულო და გულმხურვალე,
წინამორბედი შენი ვარსკვლავი
გამოგვიგზავნე!.. ისწრაფე მალე,
რომ ცის კამარას გაუღოს კარი,
ააელფეროს მისი ლაჟვარდი
და შენს სავალ გზას, მნათობთა-მნათო,
შენ სადიდებლად მოჰფინოს ვარდი!..
შენც ამობრწყინდი და უთვალავი
ისარ-სხივები მაღლით დაგვტყორცე!..
მით, სამკურნალოდ, შეშინებულ გულს
ტკბილი ნუგეში თან შეახორცე!..
მაშინ ყოველი შენი მმოსავი
ფერხულს დააბამს, დასძახებს „თინას“3
და შენც, მაარსო ყოველთა არსთა,
ზეშემოფრქვევით გეტყვის „მზეშინას“.
ნუ მოიფარებ პირბადეს რისხვით,
რომ ერმა არ სთქვას: „არ გვიხილაო“,
და აღარ მოსთქვას, საკინძ-ჩაწყვეტით:
„ო, დილა, დილავ, ო, შავდილაო!“

(დაემხობა და ლოცულობს)

გამოსვლა მე-2-ე

იგივე და თირთა (გამოდის მეორე ოთახიდან შემკრთალი)

თირთა

ხომ არ მომკვდარა საბრალო შიშით,
ასე თავდაღმა რომ დამხობილა?
ვაი მას, ვინც ამ უგნური ქვეყნის
ბუნდში გაზრდილა, ბნელში შობილა!..

ძიძა.

ძიძა (ადგება)

რას ბრძანებ, ბატონის დაო?

თირთა

რას განართხულხარ? რა ამბავია?

ძიძა

ლოცვად ვიდექი, ჩამოვატყავე4
სადაც-კი ჩვენი სალოცავია!..
ამდენი ხნის ვარ და ჯერ არ მახსოვს
ღამე ამგვარად გარისხებული!..
მიკვირს, რომ შიშმა არ გადამრია
და კიდევ შემრჩა აწ პირში სული!..

თირთა (იცინის)

ცხოვრების ჩარხი, რიგზე მბრუნავი,
ცოტა ხნით ოდნად გამრუდებული,
ისევე ჩადგა სწორ კალაპოტში,
რომ დაიმშვიდოს ქვეყანამ გული...
და რაღას შიშობ? მორჩა, გათავდა!..
ხომ ხედავ დაცხრა ცა და ქვეყანა?..
ბედის ვარსკვლავი თუ არ მომწყდარა,
დაუშავდება კაცს რამე განა?

ძიძა

თაფლი მაგ შენ პირს, გასახარელო!..
ყველა შენ უკეთ მოგეხსენება!.. (ცოტა ხნის უკან)
შიშის ბუდეა ღამის წყვდიადი
და შორსაც არის ჯერ გათენება!..

თირთა

რაღა შორს არის? მამალი ყივის,
ღამე მაგდენიც არა დარჩა-რა,
დროა წახვიდე ქალიშვილებთან,
გამოაღვიძე ორივე ჩქარა!..
მორთე-მოკმაზე ჩვეულებრივად
და გამოაწყვე, როგორც იცოდე,
თიხის ჭურჭლები გამოურეცხე,
ისარ-კაპარჭიც თან მიაწოდე.
(ძიძა გადის. თირთა, დაფიქრების შემდეგ)
დღეს გაზაფხულის ბუნიაობა
დადგა და ღამე დღეს უსწორდება;
არც ნათელს, არც ბნელს არ სურს დაკლება,
საზღვარს არც ერთი აღარ შორდება!..
ამ დროს მიწისძვრა და ზღვათა ღელვა
ჩვეულებრივი არის მოვლენა!
მაგრამ წუხელი კი მეტი იყო
და გაგვწირავდა მრისხანე ზენა,
რომ უჩვეულო და უცნაურ ძალს
არ მოეხიბლა ცა და ქვეყანა:
გაისმა რაღაც უცხო საკრავის
საამო მღერა, ვით ტკბილი „ნანა“,
მან გაიტაცა მთელი სამყარო,
შეწყდა მდინარე, შეჩერდა ქარი,
და ყურს უგდებდენ სულგანაბული...
აღარ იძვროდა არც მთა, არც ბარი!.. (დაფიქრდება) 
მიკვირს, ვფიქრობ და ვერ გამიგია:
რა უნდა იყოს, რა საგრძნეულო,
ჯერ არავისგან არ გაგონილი
ჩვენ ქვეყანაში, ხმა უჩვეულო?..
თუ რომ მთიები არ ჩამოსულან
მაღლით ამ ქვეყნის დასამშვიდებლად,
მაშინ ორთეოზ5 გამოგვჩენია
აქ ჩვენც კოლხეთის გასადიდებლად! (დადის და ფიქრობს)

გამოსვლა მე-3-ე

თირთა, მედია და ძუძუდა

(გამოდიან, ხელში თიხის პატარა ჭურჭლები უჭირავთ და მხარზე ისარ-კაპარჭი აქვთ გადაცმული. უკან ძიძა მოსდევთ)

თირთა

გამოწყობილან?

ძიძა

მღვიძარი დამხვდენ.

თირთა

არ გძინებიათ?! მაშ უნდა გკითხოთ:
ნაშუაღამევს ტკბილია ძილი!
თქვენ-კი ფხიზლად ხართ და რამ დაგიფრთხოთ?

მედია

რამ და სიზმარმა, ჩემო მამიდა!.

თირთა

სიზმარმა?!

მედია

დიახ, ჩვენება ვნახე.

თირთა

რაც გაგახსენდეს, ნურას დაფიცავ,
მიამბე, შვილო, და დამისახე!..
ზოგი სიზმარი ამქვეყნიური
ხარბი ოცნების მონადენია,
ზოგი ციური განცხადებაა
და მნათობისგან მონაფენია!..
გარჩევა უნდა მათ ერთმანეთში
და მერე ახსნა... ეს არც ძნელია:
გონების შუქი იქ უფრო გასჭრის
და გაანათებს, სადაც ბნელია.

მედია

მართლა, რომ რაღაც ჩვენება იყო,
ცხადის ნამსგავსი, გასაოცარი:
მიწა იძვროდა და მასთან ერთად
მთლად ირყეოდა სულ მთა და ბარი!
უნდა ქვეყანა მტვრად ქცეულიყო!
სიკვდილს ველოდი გულგახეთქილი,
მაგრამ უეცრად რაღაც საკრავის
გაისმა ჟღერა წყნარი და ტკბილი...
გავედი გარეთ, ძუძუდაც გამყვა;
მაღლა ჰაერში გაისმოდა ხმა
და მიწაზე-კი იქვე, მახლობლად,
იდგა უცნობი, საარაკო ყმა!...
მისმა დანახვამ მე თვალი მომჭრა
და დამებეჭდა გულის ფიცარზე!...
თავბრუ დამეხვა... რომ წავბარბაცდი,
იქვე სიჩქარით მივეყრდენ კარზე...
შემომაჩერდა, დიდხანს მიყურა,
არ მაშორებდა აღარც ის მე თვალს!
პირველად ვგრძნობდი უჩვეულოსა,
მაგრამ შემბორკველ... უმაღლესსა ძალს;
აღარ მქონია მე საკუთარი
აღარც სურვილი და აღარც ნება!..
სიკვდილ-სიცოცხლე, არარაობა
ჩემთვის სუყველა იყო ოცნება!..
ბოლოს წავიდა ის უკან-უკან,
ხელით მანიშნა, რომ წავყოლოდი,
მაგრამ მე ვიდექ ისე უძრავად,
თითქოს ზედ თავზე მწოლოდეს ლოდი...
სად, ან ვინ ვიყავ, - აღარ ვიცოდი!..
აღარც ცა იყო ჩემთვის, არც მიწა!..
ამ დროს კალთაში ჩამავლო ხელი
ძუძუდამ და-მეც გამომეღვიძა...
მაგრამ მღვიძარსაც ისევ მესმოდა
ხმა მომხიბლავი, მიძგერდა გული!..
ძუძუდაც თავზე მადგა მღვიძარი,
უძრავად, უხმოდ, გაშტერებული!..

თირთა

ეგ ხომ კეთილად ასახდენია!..
მე მაგგვარ სიზმრებს უბრალოდ ვსახავ,
გაჩნდება ვინმე აქ საჭიდაოდ
შენი გულისთვის და იმას ნახავ.

მედია (შეშინებული)

არა, მამიდა!.. მე ეგ არ მინდა...
რომ იჭიდაოს არც შეიძლება!..
იმისთანაებს არ შეეხება
ჩვენი პირობა და ჩვეულება:
ის მიწის შვილი არ არის, ვფიცავ,
თვით მნათობია ცით ჩამოსული!..
ღმერთი ძლიერი და შვენიერი,
მხოლოდ დროებით სხეულშესხმული!..

თირთა

უი, გეთაყვა, დამიდგეს თვალი,
რა უცნაურად აღელვებულხარ!..
ფხიზლად ფრთხილი და წინდახედული,
ძილში რა მალე მოტყუებულხარ!..
ამდენ ხანს როგორ ვერ გამოერკვი,
უბრალო სიზმრით გატაცებული?

მედია

ყურში მიწივა ის საამო ხმა...
ვერ მოვიბრუნე, არ იქნა, გული!..

თირთა (ძუძუდას)

შენც გაიგონე?

ძუძუდა

…………………….კი, ქალბატონო,
მეც ყურს ვუგდებდი გაოცებული.

თირთა

შენ, ძიძავ?

ძიძა

……………… არა, რას გავიგებდი,
დამფრთხალი, შიშით გატაცებული!

თირთა

სჩანს, რომ ესენიც მოტყუებულან
მეტის სურვილით... ჭარბი გულისთქმით:
გაზაფხულია, სისხლი თამაშობს
და უჩურჩულებს ყურებში სხვის ხმით...
…………… (ქალიშვილებს)
ნუ აჰყოლიხართ მაგ ფუჭ ოცნებას,
უსაქმურობის უკუღმართ ნაშობს!...
ჩვეულებრივად რომ მოემზადოთ,
საქმეს შეუდგეთ, ახლა ისა სჯობს.
სანამ ფუტკრები მძინარ ყვავილებს
გააღვიძებდენ ბზუილით მწარით
და ამოსწოვდენ გულიდან სიტკბოს,
თქვენ უმალ მოდით და დაასწარით,
რომ უხმარ ბამბით ამოუწმინდოთ
სუნნელოვანი, ცვრიანი გული!..
ის ამირანის ცრემლები არის,
მარგალიტებად ზედათხეული..
რომ გაიჟინთოს ბამბა სრულიად,
ჩასწურეთ ხოლმე მაგა ჭურჭლებში.
მაგაში ჩავლეს მეც სამკურნალო
წამლებს, გასაჯდომს რბილსა და ძვლებში.
……………(ჩამოიღებს ჯამს)
ახლა მოდით და ჯამში ჩაუწეთ
თქვენი ისრები!.. შეასვით შხამი,
რომ გაკაწრულმა მაგითი მტერმა
ვეღარ იცოცხლოს ვერც ერთი წამი.
თუ დაინახოთ ცაში არწივი,
მაშინ შვილდ-ისარს მოავლეთ ხელი,
სტყორცეთ ხელმარჯვეთ, გაუპეთ გული
და ამოჰგლიჯეთ მწარე ნაღველი!
სწორედ მესამე მამლის ყივილზე,
რომ ირიჟრაჟოს იქ უნდა იყოთ,
მოსაკრეფად-კი ყვავილ-ბალახებს
მზის ამოსვლამდის ხელი არ მიჰყოთ!
ახლა-კი წადით და გამარჯვება
თქვენ გამოსთხოვეთ სისხლის მოყვარეს,
იმ ძლიერსა და თავმდაბალ ღმერთსა,
რომელიც ლაჟვარდ ცის არემარეს
მწყსის და აძოვებს, მოელვარე „ვერძს“,
ჩვენი კოლხეთის საკუთარ-მფარველს.6
სთხოვეთ ორივემ და შეევედრეთ,
ის არ აგაღებსთ სხივით მოსილ ხელს... (მიდიან)
(ძიძას) ძიძავ, შენც წაჰყევ!.. (ძიძა მიდის)
(თირთა დაფიქრდება) ჩემს გარდა სხვებსაც
გაუგონიათ, მოუკრავთ ყური!
არც ჩანგურს ჰგავდა და არც სალამურს
ის ხმა, უცნობი და უცნაური!..
მე ეს მაკვირვებს, ვინ უნდა იყოს
ასე ხმატკბილად ჩანგის დამკვრელი,
რომ გაიტაცა ცა და ქვეყანა
და დაამშვიდა წყვდიადი-ბნელი!..
ღამეც რომ ასე გადაირია,
ნეტავ ვიცოდე, რას მოასწავებს?! (დაფიქრდება)
გავიდე ერთი, ზეცას შევხედო
და დავეკითხო ციმციმ ვარსკვლავებს...
გადავიკითხო ცის კაბადონზე,
ხვალინდელი დღე თუ რას გვიპირებს?
მზე გაგვიცინებს, თუ მოგვიღუშებს?
ნუგეშს გვცემს ლხენით, თუ აგვატირებს?
(გააღებს კარებს და შეჩერდება. ხმაურობაა)
ჩუ! ხალხის ხმაა... ადრე ამდგარა...
და ან, ეგება, არც სძინებია!..
ბუნიაობის გადაჭარბებულ
სასწორის რყევის შეშინებია!!
და რომ დამშვიდდეს, გაიქროს შიში,
სალოცავისკენ მიეშურება.
ოჰ, ნეტავი მას, ვინც თავმინდობით
ყოვლის შემძლებელს ემსახურება!..
აღარას შიშობს დამფრთხალი ბავშვი
დედის კალთაში თუ ჩადვა თავი!..
ხალხიც ბავშვია და დედის კალთა
- მისი საყდარი და სალოცავი.
ხელი-ხელ ძმურად გადახვეული,
ფერხულჩაბმული მიიმღერიან!...
მხოლოდ გულია მათი მრჩეველი...
რაც არ უნახავთ, ყურს უჯერიან.
ორპირად მღერენ. (მოისმის სიმღერა სათვალავით:)
…………„თინა-თინაო!
მზის გულში რომ გაქვს წმინდა ბინაო,
გამოიღვიძე და გადმოგვხედე,
ბნელმა უკუნმა შეგვაშინაო!
თინა-თინაო! ნათელმფინავო!
მზემ ქვეყნის თვალად გაგაჩინაო!..
გაჰფანტე ბნელი, ზარის ამშვები!..
შეგვხუთა... ცრემლი მოგვადინაო!..
მზისა და მთვარის წამონაშობო,
შეუხებელო, თინა-თინაო,
მადლი შენ სახეს და დიდება მას,
ვინც ჩვენ ნუგეშად გაგაჩინაო!“ (მიწყნარდება ხმა)
აი, სიმღერა სამკურნალო რამ,
დამცხრობი მათი სატკივარ-წყლულის!..
მაგრამ მე სადღა ვპოვო წამალი
ურწმუნო ფიქრის და უნდო გულის?
სად და რა იყო ჩვენი წარსული?
ან რა იქნება აწ მომავალი? (დაფიქრდება)
ეჰ, ჯერ ხომ აწმყოც ვერ შეგვიგნია,
არეული გვაქვს აქ გზა და კვალი.
თუ რომ მსოფლიო ხვანჯის გამოხსნა
არ არის ჩვენგან შესაძლებელი,
მაშ ნეტავი მას, ვისაც სასინჯად
არ შეუხია ჯერ მისთვის ხელი...

ფარდა.

მოქმედება მეორე

სცენა: კოლხეთის ჭალები. შორით კავკასიის მთები მოსჩანან. იალბუზსა და მყინვარს ღრუბელი გადაჰყრია და ლაპლაპობენ.

გამოსვლა 1-ლი

იაზონ (აღტაცებით შეჰყურებს არემარეს)

დღეს ჩემმა თანამოგზაურებმა
ფაზისის⁷ პირად ძილს მისცეს თავი,
რომ მოიხადონ დაღალულობა
და მერე ნახონ ეს სანახავი. (ხელს აშვერს არემარეს)
მე-კი ახლავე წამომიტყუა
უცხო ბუნების მშვენიერებამ!..
ამაფრთოვანა, ზეამიტაცა...
სრულად გამმჭვალა მით ნეტარებამ!..
მშვენიერია ჩვენი ელლადა,
მაგრამ ეს მცირე ბარბაროსთ მხარე
ისე სჯობია მას შედარებით,
როგორც ვარსკვლავებს-გავსილი მთვარე!..
შევჩერებივარ ატეხილ ჭალებს,
ბორცვს, ყვავილებით შეფერადებულს,
გორებს, ქოჩორა ტყით დაბურვილებს,
და მთებს, ზეცამდე თავამაღლებულს!..
საკვირველია!.. აქ-ეს სიმდიდრე!...
ბუნების ლხინი, მაყრულ-ქორწილი!
იქ-კი-ღრუბელი, თოვლი და ყინვა,
არარაობა და მკვდრული ძილი!..
ამდენ სხვადასხვა სანახაობას
ვეღარ უმართავს ხორციელი თვალს...
სჩანს, ამ ქვეყნისთვის რომ მოუცლია
შემოქმედების დიად ძალთაძალს!!.. (დაფიქრდება)
გუშინ რომ რაღაც დიდი ფრინველი
გზაში მოგვდევდა, „არგო“8 დაჩრდილა,
აქ უნდა იყოს იმისი ბუდეც,
უეჭველია, რომ აქ გაზრდილა! (მაღლა იხედება)
ეს კი ორბია!.. თვალს არ მაშორებს,
ხან ძირს ჩამოდის, ხან მაღლა ადის,
თავზე დაჯდომას ხომ არ მიპირებს?
სამეფო გვირგვინს ხომ არ მიქადის?!9

(ორბი წამოვა მაღლიდან ტრიალით და იაზონის ფეხთან დაეცემა. მკერდში ორი ისარი ურჭვია ერთად. იაზონ გაკვირვებული დასჩერებია)

ამას რას ვხედავ?! სწორედ ღმერთებმა
მაღლით დაისრეს, ურჩად რომ ფრენდა,
თვარა აქედან ვინმე სულდგმული
იქამდი ისარს, ვით მიაწვდენდა?!

გამოსვლა მე-2-ე

(იაზონ. მედია და ძუძუდა გამოიჭრებიან ტყიდან. იაზონს რომ დაინახავს მედია შეჩერდება. იაზონიც შეკრთება და ორივე ერთმანეთს შესჩერებიან გაქვავებულებივით. ძუძუდა მივა, ორბს აიღებს, გამობრუნდება, ხელს მოავლებს მედიას. გაიტაცებს და შევლენ ტყეში)

იაზონ (გონს მოდის)

მაღალო ზევსო, ნუ თუ დიანა10
აქ სანადიროდ გადმოფრენილა?! 
ელლინად მიცნო და გაუკვირდა,
უცხო მხარეში მეც რომ მიხილა?
ის-კი აქაურს ჰგავდა მიწის შვილს,
გამოსაზრდელად ღვთისგან აყვანილს...
და მონადირედ მისგანვე გაწვრთნილს!..
ვის უნდა ვკითხო? ვისგან გავიგო,
რაც ასე უცბად ჩამეჭრა გულში?
წავალ, იქნება იქ ვნახო ვინმე,
კვამლი რომ მოსჩანს გამოქვაბულში.
(მიდის მარცხნივ და შედის გამოქვაბულში)

გამოსვლა მე-3-ე

(მედია და ძუძუდა გამოდიან ტყიდან)

მედია (აშფოთებით)

არა!.. ის იყო!.. ის იყო, სწორედ!..
ჩემი ჩვენება, ჩემი სიზმარი....
მინდა, რომ ერთხელ კიდევ შევხედო!..
საით წასულა, ვნახოთ, სად არი?

(ხელი-ხელ ჩაკიდებული გაირბენენ იქითკენ, სადაც იაზონი იდგა და შევლენ ტყეში)

გამოსვლა მე-4-ე

(იაზონ გამოდის გამოქვაბულიდან და თან გამოჰყავს დაჭერილი მჭედელი)

იაზონ

მითხარ, ვინა ხარ?

მჭედელი

…………………….ვინ ვარ და ქლიბი11
შავ მთას ხომ ხედავ? იმის გადაღმა
დიდ ხეობაში ვცხოვრობთ დიდ თემად
და განთქმულია ყველგან ჩვენი ხმა.

იაზონ

რითი?

მჭედელი

მჭედლობით... ჩვენ ერთი მთა გვაქვს,
„ქედისი“ არის მისი სახელი,
რკინის გული აქვს, რკინის ძარღვები,
გარს ახვევია მთელი სოფელი.
ის არის ჩვენი ყველას მრჩენელი,
ხვრელები შეგვყავს, ვაცლით რკინის გულს,
გამოგვაქვს და მით სხვადასხვანაირს
ვაკეთებთ ხოლმე ფოლად-რკინეულს.

იაზონ

ეს რა მხარეა?

მჭედელი

………………კოლხეთის მხარე,
დიდ იბერიის მცირე ნაწილი;
სიმდიდრით ყოვლად მოუღალავი
მშვენიერებით გარშემოსილი!..

იაზონ

ვინ ჰფლობს?

მჭედელი

……………იათა მამასახლისი,
მისი სიმდიდრით ქვეყნად განთქმული,
ვისაც სიუხვით და ვაჟკაცობით
მოგებული აქვს კოლხეთის გული!

იაზონ

ესეც მითხარი: აქ ხომ ღმერთები
არ ჩამოდიან, რომ ინადირონ?

მჭედელი (გაოცებით)

განა ცოტა აქვთ მაღლა ადგილი,
რომ დაბლა თავი არ დაიმცირონ?!

იაზონ

იმიტომ გკითხავ, რომ მონადირე
ქალღმერთს მოვკარი მე დღეს აქ თვალი!..

მჭედელი (იცინის)

ის მედიაა, მამასახლისის
მზეთუნახავი და პირმზე ქალი.
აქ დადის ხოლმე, ამ ტყე-ჭალებში,
ჰკრეფს და აგროვებს ყვავილ-ბალახებს,
რომელიც წამლად-კი გამოდგება12...
და რომელიც არ-ხელსაც არ ახებს!..

იაზონ (განცვიფრებით)

მედია?!.. ვისაც მშვენიერებად
მთელი ქვეყანა დღეს აღიარებს...
რომელიც საქმროდ, თუ არ უძლეველს,
სიახლოვესაც არვის იკარებს?

მჭედელი

ჰო! ჰო! სწორედ ის! და შენც გეტყობა,
რომ საჭიდაოდ გამოწყობილხარ!..
ახლა შენც სხვების ბედი მოგელის,
თუ სხვა ვარსკვლავზე არა შობილხარ!.. (დაფიქრდება)
მაგრამ სხვა ბედის კი უნდა იყო... (ამოიხვნეშავს) 
ტყვეობის მიტომ აღარ მრცხვენია...
თვარა სხვა ბევრი შენისთანები
უროთი დაბლა დამიწვენია...
და შენ-კი იმ დროს შემომეპარე,
რომ არ შემეძლო ამოღება ხმის,
მოსაგერებლად ხელის ხმარება
და მით გატეხა მჭედლების აღთქმის.
დღეს არის სწორეთ ამირანის დღე
და ვამაგრებდი იმის ჯაჭვ-პალოს.

იაზონ

ვინ ამირანი?.. რის პალო-ჯაჭვი?!
ნუ გრეხ... ნუ ხლართავ სიტყვებს უბრალოს!..

მჭედელი

გეტყობა მეტად შორეული ხარ,
რომ ამირანზე არა იცი-რა.
ვაჟკაცი იყო ის უძლეველი,
ღმერთებთან თავი არ დაიმცირა!..
წინასწარ-მჭვრეტი და შორს-მხედველი,
ჯინჭვლებს სამართალს დაბლა უჭრიდა
და მაღლა ღმერთებს, ყოვლის შემძლებლებს
შეუპოვრობით თავს არ უხრიდა.
გარისხდენ ურჩზე, შური იძიეს
და ცხადად მტრობა რომ ვერ გაბედეს,
მხოლოდ ღალატით დაიმორჩილეს
და მიაჭედეს ამირან მთა-კლდეს...
მათი ბრძანების ასასრულებლად
ვერვინ შეახო ვაგლახად ხელი,
რომ მიეჭედა!.. სანამ არ გაჩნდა
ერთი გრძნეული კოჭლი მჭედელი...
იმ დღიდან კლდეზე მიჯაჭვულია,
ვეღარას შველის მისი გონება...
მაგრამ ურჩი და შეუპოვარი
ღმერთებს კი მაინც არ ემონება!
მიჩენილი ჰყავს შავი ყორანი,
ის არ ასვენებს... უფრთხობს მწარე ძილს,
ბრჭყალებით უპობს გულ-მკერდს დატანჯულს...
ნისკარტით სწიწკნის ყოველდღე გულ-ღვიძლს!
მაგრამ შებმული და მიჯაჭვული
მოსაგერებლად ვერ ხმარობს ხელებს,
მაგრამ თან ახლავს პატარა ფინა,
ის ულოკავს წყლულს და მით უმთელებს...
როდესაც ტკივილს ვეღარ აიტანს,
მაშინ ინძრევა, რომ აიწყვიტოს
და, კოჭლ მჭედელზე გარისხებულმა,
რაც მჭედლები ვართ-სულ ამოგვწყვიტოს!..
მაგრამ დღეის დღეს ჩვენ ყველა ერთად
სამჯერ ზედი-ზედ, უზმოდ და უბრად,
კვერს ვურტყამთ გრდემლზე, რომ შერყეული
პალო ჩაერჭოს ისევე მაგრად...

იაზონ

საკვირველია! ახლა მითხარი
მედიაზედაც რამე ამბავი!...

მჭედელი

არა ვიცი რა ბევრი და ტყუილს
მაინც ვერ ვიტყვი, გინდ მომჭრა თავი!
ეს ვიცი მხოლოდ, რომ მამიდა ჰყავს
მაგას გამზრდელი დიდი გრძნეული:
ცა და ქვეყანა ხელის გულზე აქვს
გამოცნობილი, გამოკვლეული!
სიკვდილ-სიცოცხლის მბრძანებელია...
ავი და კარგი არ გაეცდება...
რომ გაუსწორდეს მაგას სხვა ვინმე,
ტყვილად ნუ ჰფიქრობს და ნუ ეცდება.
ამბობენ: ვითომც, ერთხელ, ბოროტ სულს
მტრობით ეცდინოს კეთილი სული...
და თირთაია ბატონიშვილი
იყოს იმათი ღვიძლი ასული..
იმან იშვილა პირმზე მედია...
მისი გაზრდილი და გაწრთვნილია;
გრძნეულობითაც სახელგანთქმული,
თუმც ხნოვანებით ჯერ ყმაწვილია..
თანშეზრდილი ჰყავს მას ძიძის შვილი
დაზე უტკბესი,, უსაყვარლესი!...
ერთად ეძებენ ორივე წამლებს,
ჯამ-ჭურჭლებშიაც ერთად ჩამლესი.
ამაზე მეტი თუ გსურს შეიტყო,
აგერ ხომ ხედავ ხეს ქვეშ დედაბერს?
ის მოიკიდე შენ დედობილად,
მაშინ გაიგებ მისგან ყველაფერს.
მიდი, უკბინე მძინარს ძუძუზე
და მიაძახე: „კმარა ძილი-თქო...
ნუ გასტეხ ქვეყნის ძველ ჩვეულებას,
შენ დედა იყავ და მე შვილი-თქო!“

იაზონ

ვინ დედაბერი! ვინ იაზონი!..
და უსუსურად ძუძუზე კბენა?!
მაგრამ სურვილი ძლიერი არის,
ვით ჰერკულესის მძიმე მარჯვენა!
(მჭედელს ხელს უშვებს. მიდის ძიძასთან
და ძუძუზე ჰკბენს)

ძიძა (წამოვარდება დამფრთხალი)

ვინა ხარ? და ან რა სულიერი?

იაზონ

უცხო ქვეყნიდან გადმოხვეწილი!..

ძიძა

რა გინდა ჩემგან?

იაზონ

……………ის მინდა მხოლოდ:
შენ დედა იყო და მე კი შვილი...
ნუ მეტყვი უარს, დედა-შვილობას!..

ძიძა

რისთვის გარჯილხარ, რა გაქვს სურვილი?

იაზონ

რომ ვიჭიდაო და მოვიპოვო
ან მედეია და ან სიკვდილი!.

ძიძა

ტყვილა გამცდარხარ... ვერას გახდები!...
მომსვლელი სხვებიც ბევრი მინახავს,
მაგრამ წამსვლელი-კი აღარავინ...
აქვე სტოვებენ ჩვენ სარებზე თავს..
ამ მაღალ სერზე რომ გადიხედო,
ძირს გამოჩნდება ქალაქი ,,ია“,
სადაც თანასწორ ზაფხულ და ზამთარ
გადაშლილია ვარდი და ია
იქ დაინახავ ერთ დიდ სასახლეს,
ოქროს გალავნით გარსშემობურულს,
და მის უთვალავ მესერ-სარებზე
კაცის ხმელ თავებს მაგრად ჩამოცმულს.
ისინი ყველა მედიას სურვილს
გადაჰყოლიან.. უსინჯავთ ბედი!..
შენც, შვილო, მათი დღე დაგადგება,
შენც მოგატყუებს გიჟი იმედი.

იაზონ

არ მეშინია, ნუ შესწუხდები!..
შენ მხოლოდ მარტო ის კი მასწავლე,
თუ როგორი გაქვთ წესი და რიგი,
რომ მოციქული მივგზავნო მალე..

ძიძა

მაგისი, შვილო, არა ვიცი-რა...
ვერც დაგპირდები, იცოდე, შველას,
იასირ ნახე, ბატონიშვილი
და ის გიამბობს, რაც გინდა, ყველას.
აქვე იქნება მახლობლად სადმე,
უყვარს ჭალებში ბურთის გაგდება...
ჯერ თუ არ არის კიდევ მოსული,
უეჭველია მალე გაჩნდება.
მიდი, როგორმე დაუძმობილდი:
თავს შემოევლე, აკოცე მხარზე,
და ის გაგიწევს შენ მეგობრობას,
თვითონ მიგიყვანს სასახლის კარზე. (ტყიდან ხმა მოისმის)

ერთი მხრიდან ხმა

უუუ! სად ხარ, ძიძავ?

მეორე მხრით ხმა

უუუ! სად ხარ დედავ?

ძიძა

ჩუ! მეძახიან. (მაღლა აიხედავს) ამოსულა მზე... (იაზონს)
შენ, შვილო, ბევრს კი ნუ აგვიანებ,
ახლავე წადი საბურთალოზე! (შედის ტყეში)

იაზონ (მარტო)

რაები მესმის!! საკვირველებით
სავსე ყოფილა აქაურობა!..
გმადლობ, პელეოს13, რომ შენ მირჩიე
ხანგრძლივი... შორი მოგზაურობა...
(დიდხანს დაფიქრებულია. მერე თავისთვის)
თვარა ეს არის ის მედეია,
ოთხივე კუთხით ქვეყნად განთქმული,
ვის გულისთვისაც ამდენმა გმირმა
აქ უპატრონოდ დალია სული,
ისე, რომ მკვდართა საოხებელი
აღარ რგებიათ რიგი და წესი:
არც ცრემლით მოთქმა! არც სისხლი მსხვერპლად,
ღმერთებისათვის ტკბილზე უტკბესი?!.
გვამი დაეხრწნათ, როგორც პირუტყვებს,
უპატიურად და დაუწველად!..
თავი ბურთივით გასაგორებლად...
მაღალ სარების წვერის სარქველად!..
მათი სულები უკუნ-ბნელეთში
მსხვერპლს მოელიან, შფოთვენ, წვალობენ
და, ნათლის შუქის ვერ შემბედველნი,
ღამ-ღამით ქვეყნად დატანტალობენ...
ხან ერთს აფრთხობენ და ხან მეორეს,
ვისაც-კი შიში შეუვა გულში,
და, მამლის ყივილს რომ ყურს მოჰკრავენ,
მიისწრაფიან ისევ უფსკრულში...
ვაი, თუ მათი დამადგეს მეც დღე,
ვერ მოისვენოს ჩემმაც აჩრდილმა!..
ნუთუ მიმტყუვნა და ამატროვა
ბედმა, მიკბინა მწარე სიკვდილმა? (დაფიქრდება)
არა!.. არ შვენის გმირს აჩქარება...
ვერ გავიმეტებ ვერც ხორცს და ვერც სულს!..
მივყვები რჩევას იმ დედაბრისას
და გამოვნახავ სადმე უფლისწულს,
რომ ჩვეულების მიხედულობით
დავუძმობილდე, დავემეგობრო
და შესასწავლად ამ უცხო მხარის
გამოვიყენო უფრო მეტი დრო!..
შევიტყო ხალხის რიგი და წესი,
ავწონო მათი ზნე-ჩვეულება.
ღმერთებს მივმართო და ჩემ სურვილებს
შევუკავშირო მათი უფლება...

ფარდა.

მოქმედება მესამე

სცენა: შუაგულ ტყეში წალკოტი. ერთ მხარეს, აღმოსავლეთისაკენ, გექადას საყუდარი და კაბდელების სადგურები. შუაში დიდი მუხა, „ჭყონდიდად“ წოდებული. წინ თლილი ქვის სამსხვერპლოა, სადაც ასვენია ,,შარავანდედი“, ოქროს გულად გამოქანდაკებული: ერთ გვერდზე დიდი თვალი აზის და მეორეზე ყური. ირგვლივ ოქროს სხივები აყრია. აქვე მახლობლად სვეტზე კაცია მიკრული, წითელ სუდარაში გამოხვეული.

გამოსვლა 1-ლი

(შემოდის იაზონ დაფიქრებული. ათვალიერებს)

იაზონ

საიდან და სად ჩამოვარდნილვარ?!
აღარც ძილი მაქვს... არც მოსვენება!
აქ, ვხედავ, ყველა ცხადი ყოფილა,
რაც იქ მეგონა სიზმარ-ჩვენება!..
ღმერთების წალკოტს მიმსგავსებია
საკვირველებით სავსე ქვეყანა,
და გრძნეულ ხალხის ყოფა-ცხოვრება
ხვანჯ-ნასკვი არის და გამოცანა...
თვით მედეია, მთელი ხმელეთის
საოცნებო რამ, ტკბილი ზღაპარი,
ვით გადამეტი საკვირველების
სანათელ-სხივო არის ლამპარი!
თვალის მომჭრელი, ხელშეუხები
მახე, გმირების მიმტყუებელი,
სარკე სიცოცხლის და ნეტარების,
მაგრამ სიკვდილის მაჩვენებელი!..
მისკენ მივყავარ მეც ბედს... და ვხედავ,
რომ ფეხს წაამტვრევს ჩემი გმირობა,
თუ ხერხს მეც ხერხი არ შევუფარდე
და არ დავცარე მათი პირობა... (დაფიქრდება)
რათ დავარღვიე გმირობის წესი:
ვეშვილობილე ვიღაც დედაბერს
და სუსტი ბავშვი ძმად მოვიკიდე,
თუ ვერ შევიტყობ მათგან ყველაფერს?!
მართალი არის, ბევრი რამ მითხრა,
მაგრამ ეს ყველა მაინც არ კმარა!
ვნახოთ, რას გვეტყვის დღეს სხვასაც კიდევ!
აქ დამინიშნა... აქ დამიბარა...
აი, ფეხის ხმა!.. მგონია, მოდის...
არა, სულ სხვაა! დავიმალები! (ეფარება ხეს)

გამოსვლა მე-2-ე

(მთავარ-კაბდელი გამოდის. უკან აჩრდილივით ვიღაც მოსდევს შორიახლოს. ცას შეჰყურებს).

კაბდელი15

ამდენი ჭვრეტით, მაღლა ყურებით,
გამომიშტერდა მხოლოდ თვალები,
და მაინც ბევრი ვერ გავიგე-რა,
სულ არეულან დღეს ცის ბურჯები:
„სასწორი“ მეტად დაბლა დახრილა,
„ვერძს“ დაბნევია სავალი გზები...
„ლომი“ შემკრთალა, „კირჩხიბი“ არ სჩანს
და „მოსისხლესაც“ მისი ისარი
პირდაპირ დაბლა დაუშვერია,
რომ დედამიწას თავს დასცეს ზარი!..
ეს ყველა კარგს რომ არ მოასწავებს,
ძნელი არ არის ამის შეტყობა,
მაგრამ ვინ არის ხელის შემშლელი?
რაც იყოს, იყოს! რა გაეწყობა!
ჩვენ მაინც კიდევ სოფლიურ ზრახვებს
უარს ვერა ვყოფთ! ვერ ავაღებთ ხელს!..
როგორც გვიზორავს, ისევე ვზორავთ
და ვინუგეშებთ მით წუთისოფელს. (აიხედავს მაღლა)
გათენებამდის არა დარჩა-რა! (მეორეს)
კაცუნო! დროა... უნდა შეხვიდე!
უგნური ქვეყნის ავი და კარგი
ახსენი ყველა და გადასწყვიტე! (იცინის)
ხომ გახსოვს მტკიცედ, რაც დაგარიგე? (მერე თავს უქნევს)
ნურაფერს იტყვი გარკვევ-გადაჭრით!..
როცა პირდაპირ გკითხავენ რასმე,
შენ გადუხვიე მაშინ სულ სხვა მხრით,
რომ ბოდვას ჰგავდეს შენი პასუხი
და შიგ არ იყოს არც „ჰო“, არც „არა“...
მერე მე ვიცი იმათი ახსნა...
ხომ გესმის?.. აბა, შეძვერი ჩქარა!..

(გამოაღებს სამსხვერპლოს უკანა საიდუმლო კარს და შეაძვრენს)

(მიიხედავს) ეს ვინღა კვნესის? ჰო.. ტყვე სამსხვერპლო!

ტყვე

მიშველეთ! წყალი! გამიშრა პირი!

(კაბდელი ყურადღებას არ აქცევს, წასვლას აპირებს, იაზონ დაიჭერს)

იაზონ

შეჩერდი!

კაბდელი

ვინ ხარ? (შეშინდება)

იაზონ

………………არ წადგა ბიჯი!..
ხმაც ჩაიწყვიტე; ტყვილა ნუ ყვირი...

კაბდელი

ვინ ხარ?

იაზონ

ელლინი!

კაბდელი

…………………….უცხოს რა გინდა
ასე უდროვოდ ამ წმინდა ადგილს?

იაზონ

ის მინდა, რომ აწ ბოლო მოვუღო
თქვენს ცბიერებას... საქვეყნო ტყუილს!..

კაბდელი

როგორ თუ ტყუილს?!

იაზონ

ეგ ვინ დამალე?

კაბდელი

ღმერთების სიტყვას ვინც იმეორებს!..
ქადაგ-მკითხავი.

იაზონ

………………თქვენი რჩევით რომ
ხალხს მოატყუებს და მოაღორებს?..
ყველგან ერთი ხართ, წვერებწყეულო!..
სუყოველ მხარეს და ყოველ ერში:
ცბიერი, ქვეყნის თვალის ამხვევი,
მოხერხებული ყოველიფერში!..
მაგრამ ახლა-კი გიმტყუნათ ბედმა...
ჩაგიგდე ხელში!.. ვეღარვის ავნებ!...
მაგ თქვენს... და ვითომ უმაღლეს ძალას
დღესვე საქვეყნოდ გამოვამჟღავნებ!..

კაბდელი

შენ რას დაეძებ ჩვენს ყოფა-ქცევას,
გადაღმელო და გადამთიელო?!
ის არ სჯობს შენთვის, რომ შენს ქვეყანას
გამოესარჩლო და მიეშველო?

იაზონ

აქაც მე ჩემი ანგარიში მაქვს...
სხვა რამეს ვეძებ და გამოველი!
შენც სსსუ! და მეც სსსუ! სჯობს, რომ ერთმანეთს
საშველად მივცეთ ორივემ ხელი.
მე ვარ მემკვიდრე თესალიისა,
იაზონია ჩემი სახელი;
მედიასათვის გადმოვხვეწილვარ
და დახმარებას შენგან მოველი.

კაბდელი (სიტყვას აწყვეტინებს)

ის გინდა, რომ მაგ შენ ქვენა სურვილს
ზეცით ღმერთებმაც დართონ თანხმობა? (დაფიქრდება)
ჰმ!.. ძნელი არის! როგორ იქნება
ერთად სულის და ხორცის დაგმობა?!

იაზონ

ეგ შენვე იცი!... ნაცვლად მოგელის
საუნჯე, შენი თავისვე წონა!

კაბდელი (დიდხანს ფიქრობს)

რა გაეწყობა! ბრძანე, რაცა გსურს!
შენ უფალი ხარ, მე შენი მონა!..

იაზონ

წადი „არგოზე“, აქ დაპირებულს
სრულად მიიღებ... მეც მოვალ მალე.
ეს ტყვეც აუშვი, თან წაიყვანე,
გაპარვა ღმერთებს გადააბრალე!..

ტყვე (აუშვებენ. იაზონს)

ჩემო დამხსნელო!..

იაზონ

……………………დროს ნუღა ჰკარგავ!
ამას წაჰყევი, თან იახელი, (წასჩურჩულებს)
გზიდან რომ არსად გადაუხვიოს.
მარჯვედ კალთაში ჩაჰკიდე ხელი! (კაბდელს)
შენც სსსუ და მეც სსსუ, ხომ კარგათ გახსოვს?
სიტყვის გატეხა ახლა ძნელია!..

კაბდელი

მეტი რა გზაა?.. სწორედ ღმერთებს სურს!
წავიდე ჩქარა, სანამ ბნელია! (მიდიან. იმალება)

იაზონ (მარტო)

ჩემმა ძმობილმაც დაიგვიანა...
ჩუ! კიდევ რაღაც ხმაურობაა!
არ მინდა მნახონ... (შეჩერდება.. ფიქრობს)
…………………….ვითომ მე ვარ ტყვე...

(გამოეხვევა წითელ სუდარაში და მიეყუდება სვეტს)
რომ ვინმემ მნახოს, რა ხუმრობაა?!

გამოსვლა მე-3-ე

(შემოდიან მედია და ძუძუდა)

ძუძუდა

ადრე მოვედით... არავინა სჩანს,
საყუდრის კარი დაკეტილია...
კაბდელებს სძინავთ...

მედია

……………………კიდეც ინათლა
მტრედისფრად ცამ და რა დროს ძილია?

ძუძუდა

არა გვიშავს რა... სჯობს შევისვენოთ...
ცოტა არ იყოს, დაღალული ვართ!..
გულამომჯდარის და დაქანცულის
ლოცვა-ვედრება არც ღმერთებს უყვართ.
……………(დაჯდებიან ქვის საჯდომზე)
ნეტავ რას ბრძანებს დღეს ბატონის და,
ჩვენს ნამუშევარს რომ ვეღარ ნახავს?

მედია

იჰ, ვიღასა აქვს იმისი გული?..
ახლა მაგისთვის არ მოვიკლავ თავს...

ძუძუდა

კიდეც ეგ არის, რომ ჩვენ თვალ-ყური
სხვა მხრით გვიჭირავს... სულ სხვას დავეძებთ
და სადღა ვნახავთ ამირანის ცრემლს
და ან ყვავილებს როგორღა მოვკრებთ?

მედია

რა ვქნა, დობილო, დღეს წყაროშიც კი
არ დამინახავს ეს ჩემი სახე!
სამაგიეროდ ის მეჩვენება!..
ის წარმომიდგა... ის დავინახე!
ყოველთვის... ყველგან თვალ-წინ მიდგია...
ლოცვის დროს ღმერთსაც წინ დაეფარა...
ვერ გამიგია, რა მემართება,
ეს უცნაური რა შემეყარა!..

ძუძუდა

სიყვარულია, სხვა არაფერი!..
იმან გაგმჭვალა და დაგიმონა.

მედია

ნუთუ ეს არის? წარმოიდგინე,
რომ სიყვარული სულ სხვა მეგონა!..
მაშ, იასირი შენც ისე გიყვარს?

ძუძუდა

არა!.. სულ სხვაა ის სიყვარული:
ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და-ძმურად
და შენ სხვა გრძნობით ხარ გამჭვალული...

მედია

მერე რა გიკვირს? ცოტა მინახავს
უცხო-ქვეყნელი, ჩემთვის მოსული,
რომ მე სუყველას ვეკრძალებოდი,
არ მიმდიოდა არც ერთზე გული?!.
ეს, ვიცი, მხოლოდ მოჩვენებაა
და მაინც ასე დამრია ხელი!
ლამის გადავყვე თან ფუჭი ოცნებას...
იმას დავეძებ... იმას მოველი!

ძუძუდა

მართალი არის, რომ იმ დღეს ვნახეთ
ისე უძრავად გაქვავებული,
მაგრამ მე მაინც კაცად მეჩვენა
და ახლაცა ვარ დარწმუნებული.
არ შეიძლება, ამ მოკლე ხანში
რომ არ გამოჩნდეს ხელახლა სადმე!..
და, თუ ჩვენება იყო, გულიდან 
შენც გადაიგდე... როგორმე დასთმე! (გაიხედავს ტყისაკენ)
ხედავ იასირს? ამ დილა-ადრე
რამ გააღვიძა, ვინ ააყენა?

გამოსვლა მე-4-ე

(ისინივე და იასირ)

იასირ

ო, გამარჯობა! აქ რა გინდოდათ?
თქვენა ხართ მართლა, თუ მომეჩვენა?!

მედია

რა გაგიკვირდა? ლოცვა გვინდოდა,
მაგრამ ჯერ ცოტა ადრე დაგვირჩა...

ძუძუდა

შენ დღეს როგორღაც მხიარულად ხარ,
ცმუტავ და დახტი, როგორც რომ სკვინჩა!..

იასირ

მედია, იცი რა უნდა გითხრა?

მედია და ძუძუდა

რაო?

იასირ

კარგი რამ, რომ გაგაოცო! (ყურს უგდებენ)
ერთი ვიღაცა... მაგრამ არ ვიტყვი,
სამახარობლოდ უნდა მაკოცო!..

მედია

რა დროს ეგ არის?

იასირ

……………არ მაკოცებ და
დედა მომიკვდეს, თუ რამე გითხრა!..

მედია (ჰკოცნის)

ჰა, გიჟო, გიჟო! არც ახლა იტყვი?
რა შეგიტყვია, გვიამბე ჩქარა!

იასირ

მოსულა ვიღაც უცხოქვეყნელი...
მაგრამ რას ვამბობ? კინაღამ წამცდა...
შენ რომ მოგიყვე, მარტო ხომ არ ხარ?
და გაიგონებს ყველას ძუძუდა!..

მედია

განა მაგასთან კი არ ითქმება?

იასირ

არა, სანამდის არ მაკოცნინებს!..
მერგება კიდეც... რომ გაიგონებს,
გაუკვირდება და ბევრს იცინებს.

ძუძუდა

მე საყიდელი არაფერი მაქვს!

იასირ

არ გაქვს და კარგი! რა მენაღვლება?
მე ჩემთვის, აჰა, და თქვენ თქვენთვისვე!... (ძუძუდას)
ვნახოთ, ვინ გეტყვის?!. (ვითომ მიდის)

მედია (ძუძუდას)

……………რა გენაღვლება,
ერთი გაკოცოს, ჩემო დაია!

ძუძუდა

ეჰ, შენთვის, თვარა არ ვაკოცნინებ,
გინდ დამაყაროს ვარდი და ია...
(იასირ მივარდება და ჰკოცნის)
(ძუძუდას ვითომ უნდა მოიშოროს)
გეყოფა! კმარა! ჩვენი პირობა
ამდენი, გიჟო, რომ არ ყოფილა?

იასირ (იცინის)

რა გაეწყობა! სულმა წამძლია,
როცა ეს ერთი მეტად მეტკბილა...
ჰე, ახლა გეტყვით: ერთი მთავარი
კარისკაცებით ჩვენში მოსულა,
იმისი მსგავსი მშვენიერება
არც გაგონილა და არც ნახულა!..
მე გავიცანი, - გადამეხვია,
თავს შემომევლო, დამეძმობილა...
როგორც შევიტყვე მაგის ამბავი,
თურმე, ვინ არის და ვინ ყოფილა?
მთელ საბერძნეთში არ დარჩენილა
მაგისი ტოლი და შესაფერი! 
და მაგის ხათრით სულსაც ვერ ბერვენ
ვერცა მოყვარე და ვეღარც მტერი!..
ნავით მოსულა, ფაზის წყალში დგას,
იქ წამიყვანა და, რომ შევედით,
ზეზე წამოდგენ მისი მხლებლები...
მე-კი მაშინვე მომისვა გვერდით;
მერე უბრძანა ყველას დაჯდომა,
უამბო ჩვენი დაძმობილება.
თავი დამიკრეს და მომილოცეს,
შევატყვე ყველას კმაყოფილება...
ყველა მათგანი თავ-თავის თავად
ყოფილან, თურმე, შესანიშნავი:
ნავში სცხოვრებენ სუყველა ერთად,
და არც მინახავს მისთანა ნავი!..
ერთი მათგანი მოსაკრავეა,
ისე ხმატკბილად აჟღერებს ჩანგურს,
რომ მოხიბლული ცა და ქვეყანა
სულგანაბული უგდებს ხოლმე ყურს!.

მედია

ჩვენც რომ გვესმოდა, ის იქნებოდა!..

ძუძუდა

რაღა თქმა უნდა!

იასირ

…………ნუ მართმევთ სიტყვას,
მეც გავიგონე მისი სიმღერა...
კლდეს გააპობდა... გახეთქავდა ქვას!..
რომ გამიკვირდა, სიცილით მითხრეს:
ჯერ არ გინახავს, ეს რა არიო?
საკვირველებით გატენილია
ჩვენი სამშობლოს მთა და ბარიო...
მაშ, ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ არ წავიდე
და ჩემი თვალით არ ვნახო ყველა!..
როცა მედიას წაიყვანებენ,
მეც თან წავყვები... თუ რომ მეშველა..

ძუძუდა

მედიასო?!

მედია

მე?!

იასირ

……………………ჰო! არ იცოდი,
რომ შენთვის არის აქ წამოსული?
ჭიდაობა ჰსურს და მზადაც არის,
რომ მოგვიგზავნოს ხვალ მოციქული!.

მედია (შეშინებული)

არა, არ მინდა, რომ იჭიდაოს!
აღარ ვთხოვდები... არ მინდა ქმარი!
კმარა, რაც გაწყდა ჩემი გულისთვის...
ეგ მოიწვიონ, როგორც სტუმარი!..

იასირ

რომ ნახო, მაგას აღარ იტყოდი...
გათხოვებაზე არ აიღებ ხელს!..
მარტო ერთ კოცნას მისას გემრიელს
მთლად შესწირავდი ორივე სოფელს!..
რომ იჭიდაოს, რა გენაღვლება?
გამარჯვება ხომ იმას დარჩება!

ძუძუდა

ვინ მოგახსენა? ჩვენს მოჭიდავეს
ვინ გაუძლებს და ვინ გადურჩება?

იასირ

ჩემი ძმობილი სულ სხვა კაცია!..
ის სხვებისთანა კი ნუ გგონია!...
ბევრი უნახავს ჭირიც და ლხინიც
უძლეველობით თავმომწონია.

მედია

აქ რომ დამარცხდეს?

იასირ

…………………არ შეიძლება!
როგორც ძმობილის, მინდოდა შველა
და საიდუმლო ამ ჩვენი მხარის
შევატყობინე მე იმას ყველა:
იცის, რომ მისი მოპირდაპირე
ქალია, მხოლოდ კაცად აცვია,
და, თუ ძუძუში მოავლეს ხელი,
ძირს დაეცემა, როგორც რომ ტყვია.

მედია (შეშინებული)

ეგ რა გიქნია!? ხომ დაგიღუპავს!..

ძუძუდა (შეშინებული)

და შენც მასთანვე კარგი არ გელის!..

იასირ

ჩვენ არვის ვეტყვით! ნურც თქვენ გაგვამხელთ
და მაშინ ყველას ღმერთი გვიშველის!
ის გაიმარჯვებს... ცოლად შეგირთავს,
წაგიყვანს და მეც თან წამოგყვები!..
ძუძუდა, შენც ხომ ჩვენთან იქნები?
მედიას იქაც არ მოშორდები?

ძუძუდა (ღიმილით)

მე იქ რა მინდა? რად წამოვიდე?
ვინ მთხოვს და ან ვინ მეპატიჟება?

იასირ (შემკრთალი)

რაო?! რას ამბობს, გესმის, მედია?. (ძუძუდას)
იქ უშენობა როგორ იქნება? (თითქოს ტირის)

ძუძუდა

კარგი, კარგი! მეც თან წამოგყვებით,
როგორც იქნება... ძალით ან ნებით!..

იასირ

მართლა?.. ერთმანეთს არ დავშორდებით?
რა მიხარია! ერთად ვიქნებით!..

(მოავლებს ხელს ჯერ ერთს და მერე მეორეს, ჰკოცნის ხტუნვით)

ახლა კი წადით! უნდა მოვიდეს...

მედია

ვინ?

იასირ

ის, აქა მყავს დაპირებული.

მედია

ვინ ის? არ იტყვი?

იასირ

…………………ვინ და იაზონ,
ძმად და მეგობრად შეფიცებული!..
მიკვირს, აქამდიც რომ არ მოსულა!
თუ გადუხვია და გზა დაებნა?!
მეტი გზა არ მაქვს... უნდა წავიდე,
უდაბურ ტყეში დავუწყო ძებნა. (მიდის)

გამოსვლა მე-5-ე

მედია და ძუძუდა (გაოცებულები დგანან)

ძუძუდა

რას გამოშტერდი? ხომ გაიგონე?
მისი სიცხადე არც ახლა გჯერა?

მედია

მესმის! და გონსაც ვეღარ მოვსულვარ...
გულმა არევით დამიწყო ძგერა!
სული მეგუბვის... არ ვიცი, რა ვქნა?!

ძუძუდა

„შარავანდედთან“ მიდი, ილოცე,
უყვართ ძლიერებს მორჩილ-მონება!

მედია

(მიდის და მუხლებს მოიყრის „შარავანდედის“ წინ)

გულთამხილავო, მიშუამდგომლე
ღმერთებთან, ვნება გულის რომ ვძლიო!..
(უცბად წამოვარდება) ძუძუდა, გესმის ხმა განგებისა:
გადაარჩინე სიკვდილს მსხვერპლიო?..

ძუძუდა

ალბად, ღმერთებს სურთ, რომ საბრალო ტყვე
ახსნა, გაუშვა, თავს შემოივლო!

მედია

ავხსნა... გავუშვა... როგორ გავბედო
წინააღმდეგი ქვეყნის და რჯულის!.

ძუძუდა

მიდი, გაბედე... მონა არა ვართ
ღმერთების ნების და სასწაულის?

(მედია მიდის. უნდა ახსნას. იაზონ გადაიშლის სუდარს და გამოვა, მედია შეკრთება)

მედია

უცხო სტუმარი!! (უკან-უკან იწევს) 

იაზონ

(ხელებგაშლილი ბიჯს წადგამს წინ) მედია!?

ძუძუდა

აი, ოცნება და საიდუმლო!..

ფარდა ეშვება ნელ-ნელა

მოქმედება მეოთხე

სცენა: ბუკსა სცემენ და საყვირის ხმა ისმის, ხალხი გროვდება საჭიდაოზე, სასახლის წინ. ოქროს ტახტზე სხედან მამასახლისი იათა და დიასახლისი გექადა. მესამე ადგილი ცალიერია, იქვე მახლობლად მეორე მხრით თირთა და მედია, ორივე სქესის კარისკაცები; ღირსეულები სხედან და სხვები ფეხზე დგანან.

გამოსვლა 1-ლი

მესაკრავეები შემოუძღვებიან იაზონის მოციქულებს.

ერთი მათგანი

(წინ წადგება და თაყვანსა სცემს მამასახლისს)

მემკვიდრე ვინმე თესალიისა,
ძე აზონისა, იაზონ გმირი,
ვისაც სახელის მოსახვეჭელად
შემოუვლია ხმელეთის პირი,
დღეს აქ მოსული, მოკითხვას გიძღვნისთ,
უცხო კოლხეთის დიდო მთავარო,
და ისე სწყურის თქვენი დიდების
ხილვა, ვით მწყურვალს ირემსა წყარო!

იათა

კურთხეულ იყოს მისი სტუმრობა!
მოგეგებებით ჩვენც სიხარულით,
როგორც შეგვშვენის და მას შეფერის:
„კაბდულ“ გალობით, ზევსურ-მაყრულით...
შევახმატკბილებთ სხვადასხვა საკრავს:
წინწილ-სალამურს და საყვირ-ბობღანს,
რომ ჩვენ სასახლის ლიტანიობას
გულიც ქვეყნისა აძლევდეს ტკბილ ბანს!
მაგრამ ჯერ უნდა შეგვატყობინოთ
წინდაწინ მისი სურვილ-განზრახვა,
რომ ერთმანეთის არ გვეუცხოვოს
პირველი შეყრა, ნახვა-მოკითხვა!..

მოციქული

როგორც მზის შუქი ცა და ქვეყანას
მიეფინება და ანათებს ბნელს,
ისე მოუცავს მთელი სამყარო
თქვენი ასულის ბრწყინვალე სახელს!..
თვით აფროდიტა, ღმერთი მშვენების,
შურით აღძრული, ღვრის მწარე ცრემლებს
და ბედს უცარავს, უკარგავს ძლევას
გმირებს, მედიას თაყვანის მცემლებს!...
მაგრამ მაინც კი უკვდავის რისხვას
გმირები აღარ ერიდებიან,
მოისწრაფიან ყოველი კუთხით
ბედის საცდელად და აქ კვდებიან!..
ერთი მათგანი არის იაზონ,
ბედის საცდელად კარზე მომდგარი
და ითხოვს თქვენგან, ჩვეულებრივად,
სტუმართმოყვრობის გაუღოთ კარი! (თაყვანსა სცემს)

იათა

კეთილი! მაგრამ შეტყობილი აქვს
საყოველთაო მკაცრი პირობა?

მოციქული

შეტყობილი აქვს და არად აგდებს
ჯერ უძლეველი მისი გმირობა!

იათა

შემოიყვანეთ! შევიდეს წრეში
ორივე მხრიდან გამზავებელი
და მოსამართლედ ჩვენვე ვიქნებით,
რომ მათ უჯეროდ ვერ ახლონ ხელი!

(საკრავის ხმაა. ხალხი სულგანაბულია. ერთი მხრით იაზონ შემოდის, მეორეთი მოქრი. გამზავებელი შემოჰყვება. თაყვანსა სცემენ იათას)

ხმა ხალხში

კარგი ყოფილა!.. მშვენიერია!!

გექადა (იათას)

ცოდვაა, სწორედ, მაგის გალახვა!..

იათა (ჩურჩულით)

ახლა პირობა აღარ გატყდება...
სასწორ-ლარია ვაჟკაცის სიტყვა! (იაზონს)
შორით მოსულო, ბედის საცდელად
და საჭიდაოდ მომზადებულო,
ნერგო სამთავროვ, ელლადის გმირო,
სახელმოხვეჭით ამაღლებულო!
შეხედე იმას, ვისთვისაც თავს სდებ! (მიუთითებს მედიაზე)
თვალით ნახული შეუწონე თქმულს! 
ნუ აარიდებ თვალს ნურც ამ სარებს 
და ზედ ხმელ თავებს მწკრივად ჩამოცმულს!..
და, თუ მაშინაც არ დაგიშლია
და გული გირჩევს მაინც გმირობას,
შენი ნებაა!.. ჩვენ უბრალო ვართ!
ვეღარც ჩვენ შევშლით წესს და პირობას!..

იაზონ

მესმის, მთავარო!.. ხმა ერთ ქვეყნიდან
სხვა ქვეყანაში გადატანილი,
მრავალკეცდება და ფერადდება,
გადახვანჯული, გზაში გაზრდილი.
მაგრამ კანონი ეს საზოგადო
დღეს აქ ოდნადაც არ გამოდგება,
რა არის მისთვის ქება უბრალო,
ვისაც შეშვენის ქებათა-ქება!..
ჩვენდამი ოდნად მოუწევიათ
მხოლოდ მის სხივებს, ძლიერო მეფე,
და მნათობი-კი აქ დარჩენილა
თვის ელვარებით, სხივმოიეფე!.. (თაყვანი მედიას)
გაფრთხილებისთვის, ჩემო ხელმწიფე,
უგულითადესს გიძღვნით მადლობას!..
ეს ასე შვენის კოლხეთელების
სტუმართმოყვრობას და მასპინძლობას!
მე-კი, ჩემი მხრით, სხვას ვერას გეტყვით:
გამომივლია ხმელეთი და ზღვა,
ბევრჯელ ჩავარდნილს მწარე საფრხეში,
არ ამცდენია შავბედის რისხვა!..
მაგრამ ამ ჩემ გულს, გათამამებულს,
ჯერ არ უგრძვნია შიში და სიმხდლე!..
და განა, სურვილ-გადიდებული,
დღეს უნდა შევკრთე ყოველ ჭირთა მძლე?!..

მოქრი

ბევრი მყოლია მოპირდაპირე...
ჰკითხე ამ თავებს, თუ დამკლებია? (ხელს აშვერს სარებს)
მაგრამ არც ერთი, უნდა გამოვტყდე,
შენსავით ჯერ არ შემბრალებია!..
შენს ღმერთს მიმადლე, გულს ნუ აჰყვები,
გებრალებოდეს შენი მზეობა!..
თვითონ ღმერთებსაც არ შეუძლიათ,
რომ მოგაწოდონ რამ შემწეობა:
ელვის სისწრაფე და მეხის ძალა,
თვით შემოქმედის ნება-განგებით
მონიჭებული მაქვს ყველა ერთად!..
ამას არ ვამბობ მე თავის ქებით...
მხოლოდ გაფრთხილებ!

იაზონ

…………………მაგრამ მე მაინც
არაფერი მაქვს მეტი სათქმელი...
სიტყვა გადავდვათ!.. საქმეს შევუდგეთ!
აჰა ბურთი და ჰა სარბიელი!..

(დაუკრავენ საჭიდაოს და გმირები ერთმანეთს შეებმიან)

ხმები ხალხში

- ჩვენი წააქცევს!.. - ვინ მოგახსენა?
- ვერ ხედავ მაგის გულმკერდს და მხარ-ბეჭს?
- ის კი მაგაზე რაღა ნაკლეა?
რომ გაიმეტოს, ქორივით გაგლეჯს...
- რომელი გაგლეჯს, ის ღმერთმა იცის,
ჯერ კიდევ ძნელი შესატყობია...
დღეს რომ თამამად ვეღარ ბრძანდება,
ჩვენს მოჭიდავეს კი დასტყობია!..
- ხედავ, ერთმანეთს ერიდებიან?
განზე დგებიან, უტრიალებენ.
- საყურებელი მაშინ იქნება,
ერთმანეთს ხელს რომ წამოავლებენ!
- ჰო! ჰო! ჰო! ჰო! ჰო! შენი ჭირიმე!
რა ვაჟკაცურად მოავლო ხელი!!
- რა გამოვიდა? ისიც მზად დახვდა,
არც ის დარჩება ხელცარიელი...
- ამდენ ჯახება-ტრიალ-ტრიალში,
ვგონებ, სპილოსაც დაესხას რეტი!
იმათ კი ბუზიც არ აფრენიათ,
უძრავად დგანან ისე, ვით სვეტი!
- წამოიკიდა! ვერ გადიტანა!
ვერ ატყობ ბერძენს, რომ ეძალება?
ჩვენი ატყუებს, ეთამაშება...
იცის, რომ მალე დაიღალება…
- ცუდად ჩაავლეს ერთმანეთს ხელი
და საძრაობას აღარ აძლევენ!..
თითქოს ერთმანეთს შეაქვავდენო,
ჯერ ერთმანეთის ძალას იკვლევენ…
- ეს ჭიდაობა აღარ გამოდის!
სჯობს გააშველონ - უეჭველია!
ჯერ შეასვენონ, მერე დასჭიდონ...
ორივეს ძალა გამოელია!..

(აშველებენ და მერე ისევ ჭიდაობენ)

იათა (თავისთვის)

რა ემართება ჩვენს მოჭიდავეს?!
როგორ ვერ სძლია, მიკვირს, ამდენ ხანს! (ხმამაღლა)
რა ამბავია?! ვერ ხედავთ ხალხის
ამ უზრდელობას და ამდენ ყაყანს?!
(იაზონი დააჩოქებს ცალ მუხლზე მოქრის)
ფეხი აუსხლტა... და... გააშველონ! (აშველებენ)

მედია (თირთას)

ახლა რაღა დროს გაშველებაა,
როცა ნახევრად წაქცეული ჰყავს?..

თირთა

ის უკეთ ხედავს!.. მისი ნებაა!.. (ანიშნებს იათაზე)
შენ, როგორც გატყობ, აღარა ხუმრობ!
უფრო ბერძნისკენ მიგიწევს გული
და ჩვენ შერცხვენას აღარად აგდებ:
გინდა ის დარჩეს გამარჯვებული?

მედია

უსამართლობა არ ვარგა, თვარა
ჩემთვის ერთია, ვინც უნდა იყოს...

თირთა (ღიმილით)

მაშ, გაამხნევე ტკბილი ღიმილით,
მესამედ ბრძოლა როცა დაიწყოს!..

(ჭიდაობენ მესამედ. მოქრი დასცემს ორივე მუხლებზე იაზონს)

ხმა ქალებში

ვაი, საწყალი!.. გადააბრუნებს...
რომ გააშველონ ახლა, მადლია...

(მოქრი გადაბრუნებას უპირებს, მაგრამ იაზონ ძუძუზე მოავლებს ხელს და დასცემს. ხმაურობაა)

ხმა კაცებში

ოჰო-ჰო-ჰო-ჰო! ხედავთ, რა უყო?!
ეჭვი არ არის, წმინდად დასძლია!

(კაცებს წყენა ეტყობათ და ქალებს სიხარული)

იაზონ

მოკაკვე თითი...

მოქრი

…………………გემორჩილები!..
მეტი რა გზა მაქვს!.. დაცემული ვარ,
მაგრამ, თუ ღმერთებს არა უთქვამს-რა,
სწორედ, ღალატით გაცემული ვარ!
რა გაეწყობა! მიწის შვილი ვართ!
ერთი დრო ქვეყნად ვის შერჩენია?
ამდენი გმირის სისხლს, აქ დათხეულს,
თუ მაზღვევინებ, ნება შენია...

იაზონ (აუშვებს)

არა, არ მოგკლავ!... გეყოფა! წადი!...
შემომივლიხარ თავზე სამადლოდ!
და, ვინც ღმერთებმა დღეს მომანიჭეს,
იცოცხლე იმის ჭირის სანაცვლოდ!...

იათა

მძლეველო, შენით ამაღლებული
სახელს იხვეჭავს შენთან ელლადა!
ეს ოქროს ტახტი, შეუხებელი,
ვითა ღირსეულს, შენ მოგელოდა!
გილოცავთ ყველა მაგ გამარჯვებას
და მოგიწოდებთ ტახტზე ჩვენს გვერდით!..
ქება-დიდება ყოვლის შემძლებელს,
მხოლოდ ლოდინში რომ არ ჩავბერდით!..
და მოგვევლინა სასიქადულო
დღეს უძლეველი სასიძოდ გმირი,
რომ შევასრულოთ ღმერთების ნება
და არ გავტეხოთ არც ჩვენი პირი!

(იაზონ ტახტზე ადის. ხალხი „ვაშა-ვაშას“ იძახის)

გექადა

შვილო მედია, გასათხოვარ ქალს
შვენის მოკრძალვა და მორიდება,
მაგრამ ცოლ-ქმრობის პირობა რადგანც
მთოვარის¹⁵ ნებით ცაში რიგდება,
ყოვლის უარის უთქმელად უნდა
დაემორჩილო „უქრობს და უშრეტს“,
იმ მიუწდომელ სიმაღლიდან ვინც
ქვეყნიურ ავ-კარგს სიმართლით უჭვრეტს.
ბრძანე, მოგართვან ოქროს გვირგვინი,
თვალ-შემკულობით სწორუპოვარი
და, ნიშნად თქვენი მტკიცე ცოლ-ქმრობის,
თავზე დაადგი, ვით საწინდარი.

(ქალიშვილებს მოაქვთ ოქროს ხონჩით გვირგვინი. მედია წინ მოუძღვის. იაზონ დაიჩოქებს, მედია თავზე დაადგამს გვირგვინს და გაბრუნდება)

გექადა

გილოცავთ, შვილო, ბედნიერებას!
შენს სურვილს ჩვენიც ტკბილად დაერთო....
თქვენი სიცოცხლე, ჭირი და ლხინი,
ამიერიდან იყოს საერთო!

იათა

ისმინოს მზემან და ნუ მოგაკლოსთ
მისი სხივები და ელვარება!
მედიას სატრფო და საყვარელი,
ნაშობ შვილივით ჩვენც გვეყვარება.
(იაზონს) მედიასია ჩემ სამთავროში
რასაც საკადრისს-კი ვეგულები:
თვალ-მარგალიტი, ოქროქსოვილი
და ოქროჭედილ სამკაულები!..

იაზონ

ჩემო ხელმწიფევ! ვინც ბუნებისგან
ქვეყნის საოცრად არის შემკული,
რა საჭიროა მისთვის ზედმეტი
მორთვა-მოკაზმვა და სამკაული?...
თვით აფროდიტას სარტყელ-ქამარი,
რომლითაც ის თავს იმშვენიერებს,
მედიას სრულქმნილ თვალტანადობას
ოდნადაც ვეღარ გააძლიერებს!
სულ სხვა რამე მაქვს შემოსავედრი,
როგორც ელლადის თქვენთან მოციქულს,
და ველი თქვენი დიდსულობისგან,
არ გამისტუმრებთ მე გაწბილებულს!
„ოქროსმატყლოვან“ ვერძს ვითხოვ თქვენგან,
უნდა ელლადას ის დაუბრუნოთ
და ორი ქვეყნის ძმური კავშირი
შეჰკრათ საერთოდ და საუკუნოდ!
მათ საკუთრებას რომ მათვე მისცემთ,
ამით მოიგებთ თქვენ ელლადის გულს!
მეც-ცოტა სახელს... და მედია-კი,
როგორც მიზეზი, - ქვეყნის სიყვარულს...

იათა

სიამოვნებით! მაგრამ რა ვქნათ, რომ
არ შეიძლება შეუძლებელი!
ზოგჯერ, ნამდვილის ვეღარ შემტყობი,
ჭორის ბუდეა ეს ცრუ სოფელი...
ჩვენ ქვეყნის ამბავს თქვენდამი მხოლოდ
ჭორად და ზღაპრად მოუწევია
და თქვენც მაშინვე დარწმუნებულხართ.
ისე, ვით ყოველ ერსა სჩვევია!
აქ რა უნდოდა საბერძნეთის ვერძს
და მასაც კიდევ ოქროსმატყლოვანს?¹⁶
ამგვარ ზღაპრებით კოლხეთელები
ბავშვებს ვაძინებთ ჯერ მცირეწლოვანს!
ტყავებით ვიჭერთ ჩვენ ოქროს სილას,
მდინარეების ჩამონატარებს,
ერთად ვაგროვებთ შესაკრებელში
და გარეშეებს ვუკეტავთ კარებს.
იქვე დაუდგამთ ჩვენ მამა-პაპებს
ვერძი ოქროსი, ხატჩამოსხმული,
ზეციურ ვერძის წარმომადგენლად
და მისვე სახედ გარშეკაზმული.
მნათობ ციურ ვერძს, კოლხეთის მფარველს,
ამით თაყვანს სცემს ჩვენი ქვეყანა!
და აჰა, თქვენი ტკბილად მხიბლავი,
უცხო ზღაპარი და გამოცანა!

იაზონ (დიდიხნის სიჩუმის შემდეგ)

თუ ხელქმნილია... ეგ უკეთესი!..
იმისი მსგავსი ჩამოასხით სხვა,
რომ აიცილოთ თავიდან ქვეყნის
სამდურავი და ღმერთების რისხვა!
და ეგ დიდიხნის სადაო ნივთი
თან გაატანეთ თქვენ ქალს საჩუქრად
და გულნატკენი ზღაპრით ელლადა
მით გაიხადეთ ისევ მეგობრად!

იათა

კი, მაგრამ შვილო, ვინ გამოიტანს?
არ ეკიდება ვაგლახად ხელი...
ყოველ წამს და წუთს თვალ-ყურს ადევნებს,
თავზე ადგია საშიში მცველი:
რქებმოჭედილი ბასრი ფოლადით
გარს უტრიალებს მას ორი კურო...
იმათი შებმა და მათთან ბრძოლა
ნურვის ჰგონია საქმე სახუმრო!
მეორე მცველად გველეშაპია,
პირიდან კომლის ამომსუნთქველი.
უნდა ამ სოფელს გამოეთხოვოს
ზედ მიმბედავი, მისი შემბმელი!..

იაზონ

მე შევებმები, თუ თქვენც ინებებთ,
საშიშ მცველების არ მეშინია!..
განგებას ვინც-კი არ გაუწირავს,
მისთვის ზღვა ჭაა, ლომი-ფინია.

გექადა (წყენით)

რას ამბობ, შვილო?! მათი მორევა
ხორცშესხმულს მაღლით არ უწერია!

იაზონ

მხდალი, უნდობი მოწყალე ბედის,
ნაცარქექია... თავის მტერია!
რათ მოვიმდურო მე ჩემი ბედი,
უხვად მომღები ჩემზე წყალობის,
და გავუწბილო მეცადინობა
ჩემთვის ღმერთებთან შუამდგომლობის!?

გექადა

დღევანდელ ძლევით გათამამებულს,
შენი გგონია ცა და ქვეყანა!
მაგრამ ვერ შეშლი იმ წესსა და რიგს,
რაც უძლეველმა ერთხელვე ბრძანა...
ყოვლის შემძლებელ მნათობთ-მნათობმა...

იათა (უკმაყოფილოდ აწყვეტინებს სიტყვას)

დედაკაცს მისცა სუსტი ბუნება,
რომელიც მარად ყურში ჩურჩულით
„არაო“ და „ნუ“ მას ეუბნება.
ურწმუნოა და ბუნების მგმობი,
გმირულ სურვილის ხელის შემშლელი!..
(იაზონს) შენი ნებაა, შეები, შვილო,
და მოგიმართონ ღმერთებმა ხელი!
რომ დაგიშალო, შენც არ დაიშლი!
ვხედავ, რომ რჩევით ვერას გავაწყობ!

მედია (უცბად წამოიძახებს)

აჰ, არა! არა! ნუ წახვალ!... მოგკვლენ!...

იათა (მრისხანედ)

მედია!.. შენ აქ მეტი ხარ, გატყობ!..

(მედია მიდის თავჩაღუნული, ქალთა დასი გაჰყვება)

(იაზონს ღიმილით) ეგეც ქალია! საეჭვოდა აქვს
შენი გმირობა და გამარჯვება,
მაგრამ რომ გნახავს ძლევაშემოსილს,
გაუდიდდება ლხენა და შვება.
ყურს ნუ ათხოვებ და ნუ აჰყვები
საქალაჩუნო, სათუთი ქალის გულს!
წადი ახლავე, ნუ იგვიანებ
და ხვალ მოგელი მძლე-გამარჯვებულს!

(იაზონი ეთხოვება და მიდის. ხალხი დაიშლება.. საკრავის ხმა და ხმაურობაა. დარჩებიან მარტო იათა, გექადა და თირთა, რადგანაც კარისკაცებს იათა ანიშნებს წასვლას)

გექადა

რათ გაიმეტე?! რისთვის ჩააგდე
მაგგვარ საფრხეში ის ცოდვის შვილი?

იათა

მე რა ბრალი მაქვს? თვითონ ისურვა
და ავასრულე მისი სურვილი!

გექადა

კი, მაგრამ განა დაგავიწყდა, რომ
აღარ ექნება მას იქ საშველი?

იათა

კარზე მომდგარი უბედურება
რომ ავიცდინო, მეც მაგას ველი!...

გექადა

რას ამბობ მაგას?! რა ხუმრობაა?!

იათა

მე იმას ვამბობ, რაც სათქმელია!
ნუთუ შენთვისაც, ჩემო გექადა,
შორსმჭვრეტელობა ისე ძნელია,
რომ ვეღარ ხედავ ჩვეულებრივად,
ბერძნის მოყვრობით თუ რა მოგველის?!
ვისგან ნახულა ქვეყნად ნაშობი
კრავი ფოცხვერის და მტრედი გველის?
განთქმული არის ქვეყნად ბერძნების
გაუტანლობა, უმადურობა...
სხვა ქვეყნის ერის არად ჩაგდება
და თავის ტომით მედიდურობა!
სადაც ვერ ნახვენ მათ ქვეყნისებურ
რიგს ცხოვრებისას, წესწყობილებას,
ის ერი ერად არ მიაჩნიათ,
ვერც გრძნობენ მათთან კმაყოფილებას!
იმათი ქალი პირად მონებას
ქმრისას ჯერეთაც ვერ ასცდენია:
კარდაკეტილში ზის, ართავს და ქსოვს...
უმნიშვნელოა, ქვეყნის რცხვენია!
კოლხეთის ქალი ქვეყნის შვილია
ქვეყნის ავ-კარგში მონაწილობით,
რჯულითაც სხვაა, ჩვეულებითაც,
შეუფერები ბერძნის ზრდილობით!
წარმოიდგინე, რა დღე მოელის
იქ ჩვენს მედიას, ცოცხალ-ცქრიალას?
ეგ ვერ აიტანს ბერძნის ქალობას,
ვერ დაიჩაგრავს სულ-ხორცის ძალას...
აღარ ექნება წამს მოსვენება,
იმ უცხოეთში ათვალწუნებულს,
და, თავისიანს რომ ვეღარ ნახავს,
ვიღას მიანდობს სანუგეშოდ გულს?

თირთა

ეგ მართალია! მაგრამ მედია
სიყვარულით რომ გამჭვალულია,
ყველას აიტანს, შეისისხლხორცებს!
სიყვარულს ბევრი რამ შეუძლია!

იათა

ჰმ... სიყვარული! ის წამიერი
გრძნობა-გონების ცრუ გატაცება?
ისე დაჭკნება, როგორც ყვავილი,
თუ აღარ ებმის იქ, სადაც ება!

გექადა

ეგ ადრე უნდა გეფიქრებია,
გვიანღა არის შეშლა პირობის!
მით უმეტეს, რომ მოსისხლე ღმერთი
თავდებ-მოწამე იყო გმირობის.

იათა

ღმერთები ხედვენ გულში დაფარულს
და გაარჩევენ ავ-კარგის მიზეზს!..
მშობელ-ნაშობის ხორციელ კავშირს
თვით არ უდებენ სამართალს და წესს?
ვინ მომცა ნება, გავწირო შვილი,
როცა წინათვე ვხედავ განსაცდელს?
დეე, ღმერთებმა, რაც უნდათ, ის ქმნან!..
მე ვერ დავაკლებ ხერხს და საცადელს.

გექადა

ქვეყანა?

იათა

…………………დეე, ისიც მოსტყუვდეს...
განა ძნელია ახვევა თვალის?
ბრბო რას გაარჩევს, აწმყოთი მგრძნობი,
ყრუ გადასრულის, ბრმა მომავალის?
ჯერ საქორწინოდ ვიწყოთ მზადება,
უმეცარ ქვეყნის დასანახავად,
და, რომ მოგვივა ცუდი ამბავი,
ჩვენც შევიცხადოთ ავი რამ ავად!
გამოვიგლოვოთ! მერე-კი ისევ
ვიფიქროთ ქალის გათხოვებაზე,
და მივათხოვოთ სიამით მცხეთის
მამასახლისის შვილს, ჩვენს ნებაზე.
გარწმუნებ, მხოლოდ გვარტომობაა
თავდები ქვეყნად ბედნიერების,
ჭირის და ლხინის მარად საერთოდ
შეთანახმების... შეთანსწორების.
(თირთას) დაო, ერთგულო ჩვენი სახლობის,
კეთილნაღვაწო, ნაამაგარო...
ახლაც შეგშვენის, რომ ეს სურვილი
გონების სხივით შენ გაამყარო:
მედია შენ გყავს შვილად გაზრდილი,
გემორჩილება და შენი სჯერა,
დღესაც ურჩიე და შეაგონე...
შენ ხელში არის მის ბედისწერა.
(გექადას) და ჩვენ-კი, ჩემო თანამემცხედრევ,
წავიდეთ ერთად! ღმერთებს მივმართოთ!
ჩვენ ჩვეულებრივს ლოცვა-ვედრებას
ზედ სინანულის ცრემლები დავრთოთ,
რომ მოგვიტეონ უნებლიეთი
ჩვენი შეცდომა, დანაშაული!
შევწიროთ მსხვერპლი სადიდებელი
და დავიმშვიდოთ შემკრთალი გული! (მიდიან)

ფარდა.

მოქმედება მეხუთე

სცენა: ძვირფასად მორთული სასახლე ოქროს სვეტებითა და ოქროს სელ-ტახტებით. ოთხი კუთხით შადრევანები სცემენ.

გამოსვლა 1-ლი

(მედია შემოიჭრება ჯოხით ხელში და უკან ძიძა მოსდევს)

ძიძა

მოიცა შვილო... აბა რად გინდა?
შენ ისეც დახტი, როგორც კალია,
და მე-კი ფეხიც ვერ გადამიდგამს.

მედია

მერე და, ეგ რა ჩემი ბრალია?
ჩემო ძიძუნა, განა არ იცი,
რომ მოხუცებას ეგრე სჩვევია? 
ხორცშესხმულს სტუმრად არ ასცილდება
ავი სიბერე და შენც გწვევია.

ძიძა

და მერე მიტომ მართმევ მაგ ჯოხს, რომ
ხელი შეუწყო ამ ჩემ სიბერეს?

მედია

განა სხვა ჯოხი არ იშოვება?
გამოგიჭრიან ტყეში მეორეს...

ძიძა

კი, მაგრამ ეგ ხომ საკუთრად ჩემთვის
შელოცვილია?! ნაჩუქარია!
სხვის ხელში მაინც ხომ ვერას გასჭრის
და, აბა, შენთვის რა სახმარია?

მედია

ვინ შეულოცა?

ძიძა

…………………მამიდაშენმა,
გველ-უნასების მოსაგერებლად...
თუ ეგ ხელში მაქვს, არ მეშინია,
დავდივარ ყველგან დაურიდებლად.
ძალიანაც სჭრის: მაგის გასმულ ხაზს
შხამიანი რამ ვერ გადასცდება:
თუ მოასწარი, გარშემოხაზე,
მოიგვერგვება, რგოლში დარჩება.

მედია

კარგი ყოფილა! მაგისთანა რამ,
რომ გავთხოვდები, მეც დამჭირდება.

ძიძა

რად გინდა, შვილო, მაშინ, როდესაც
სადედოფლო ტახტს ბედი გპირდება!

მედია

ვინ იცის?! ბედი ცვალებადია:
დღეს რომ ერთია, ხვალ კიდევ სულ სხვა!..

ძიძა

ღმერთები იყონ შენი მფარველი
და აგაცილონ წყევა და რისხვა!..
მოიტა, შვილო, ნუ მაგვიანებ!..
უნდა მივხედო იქაურობას...

მედია

აჰა, წაიღე! არ გემეტება...

ძიძა

იჰ, ვენაცვალე მაგ შენ ხუმრობას!.. (მიდის)

გამოსვლა მე-2-ე

მედია და თირთა (შემოდის)

თირთა

რა ამბავია და რას საუბრობთ
მაგრე ხმამაღლა და აღტაცებით?
აწ, სადაც არის, მამასახლისიც
გამობრძანდება კარისკაცებით!...

მედია

ჯერ ხომ ადრეა და რას დავუშლით?

თირთა

მაინც რა გქონდათ სალაპარაკო?

მედია (იცინის)

ძველი ამბავი, მაგრამ ძიძისთვის
გასაოცარი და საარაკო...
ჯოხი მიჩვენა გამოხარშული,
რომელიც მისთვის გიჩუქებია!..
ასე ჰგონია, თუ ის ხელობა
ჩემთვის ჯერ არც-კი გისწავლებია!

თირთა

აბა რა, შვილო?

მედია

…………………გველის შელოცვა...
გამოსადეგი ჩემთვის, საჭირო,
რომ გათხოვილმა უცხო მხარეში
ხალხი გავკურნო და გავაკვირო....

თირთა

„გათხოვილმაო?“ აღარ უარობ,
დაგიჯდა ჩემი აზრი და რჩევა?
გისმინოს ზეცამ და ნუ მოგაკლდეს
ყოვლის შემძლებლის ლოცვა-კურთხევა!..

მედია

თქვენ უკეთ იცით, ჩემთვის რაცა სჯობს!..
მე მხოლოდ მმართებს დაგემორჩილოთ,
რომ ჩემ ბედს და თქვენს გამოცდილებას
მივენდო გულით საშვილიშვილოდ.

თირთა (აღტაცებით)

მაგას ველოდი შენგან, მედია!
გონიერი ხარ!.. შორს გამჭვრეტელი!
დღეიდან შენით თავს მოიწონებს
შენი მამიდა, შენი გამზრდელი...
ჭკუის ურჩობა, გულის მონება,
საყოველთაოდ დედათ წესია,
მაგრამ მედიას ჭკუა-გონება
ყოველ გრძნობაზე უმტკიცესია:
არ გადაჰყვება წამიერ გრძნობას,
პირველ საამოს, მერე სატანჯველს...
არც შეუფარდებს ცხადს - საოცნებოს
და საეჭველზე არ სცვლის უეჭველს...
წადი, მიმართე საყდარ-სალოცავს,
მადლი შესწირე ყოვლის შემძლებელს,
რომ გაგიმტკიცა ჭკუა-გონება
და აგაშორა ხვედრსა მავნებელს.
მეც წავალ, მშობლებს ვუმახარობლებ
მაგ შენ თანხმობას... შენს აღსარებას...
და შევუერთებ ჩემ სიხარულსაც
იმათ მშობლიურ დიდ ნეტარებას.
(თავისთვის) ოჰ, რა კარგი ხარ, ახალგაზრდობავ!
გუშინ ტიროდა, დღეს მხიარულობს!!
მხოლოდ ჭაბუკის, გამოუცდელის
სიცოცხლე მძლავრობს, და გული გულობს!..

მედია (გააყოლებს თვალს)

არა, მამიდა! ყოველთვის ვერ სჭრის
ჩვეულებრივად ჭკუა-გონება:
როცა სურვილი გახელმწიფდება,
გონებაც გრძნობას დაემონება...
რომ დამიჯერე, თუ არ სურვილმა,
რამ შეგაცდინა და მოგატყუა?
სად არის შენი გამჭრიახობა
ქვეყნად განთქმული... და შენი ჭკუა?
ვინც მიყვარს, უნდა მას ვუღალატო?
უარვყო გრძნობა... გავტეხო ფიცი...
და ვიღაც მცხეთის მამასახლისის
შვილი შევირთო, რომ არც-კი ვიცი?!
მაშინ, როდესაც ახლა შევიტყვე
ცხოვრების სიტკბო... სიცოცხლის ფასი!..
და სიყვარულმა, მოუყირჭებელ
სამოთხის წყარომ, ამივსო თასი?!
არა, დიდია ჩემთვის ეს მსხვერპლი,
შეუძლებელი და უსაშველო!..
გული, მეურჩე სიყვარულისა,
ისე დასჭკნება, ვით ჩრდილში მდელო!
(მივა სარკმელთან და გაჰყურებს დაფიქრებული)
მშვიდობით, ჩემო ტკბილო ქვეყანა!..
მშვიდობით, ჩემო სამშობლო მხარე!
მშვიდობით, ჩემო სალოცავებო:
მზევ, ვარსკვლავებო და ნაზო მთვარე!
მშვიდობით, ჩემო კარგო დედ-მამავ!..
ჩემო მამიდა და ჩემო ძიძა!..
მშვიდობით... თვალით რასაც-კი ვჭვრეტდი:
ცაო ფირუზო და ზურმუხტ მიწა!..
შევკონე ცრემლით სხვადასხვა გრძნობა
და ჩავიმარხე ყველა ამ გულში,
რომ გულთან ერთად გადამეტანა
ერთ სხვა გრძნობაში და სიყვარულში.
წარსულის, აწმყოს და მომავალი
გრძნობის ის არის შესაკრებელი:
იაზონია მისი სახელი,
სიკვდილ-სიცოცხლეს ვისგანაც ველი...
„შარავანდედის“ წინ მაღლის ფიცით
გავიერთძალეთ სული და გული,
რომ სიკვდილამდე ერთს მეორესთან
აღარა გვქონდეს რამ დაფარული!
ჩვენს ფიცსა და მტკიცს, საშვილიშვილოს
დაშრიალებდა „ჭყონდიდი“ - მუხა!..
ზეცამაც თვისი დაგვრთო თანხმობა:
ცამ გაიელვა და დაიქუხა!..

გამოსვლა მე-3-ე

მედია და იასირ (შემოიჭრება)

იასირ

მედია, მზად ხარ?

მედია

აი, მოვდივარ!

იასირ

მაშ, მალე!.. მალე! ნუ აგვიანებ!..
ეტლი მზად არის და შენს თეთრ ჯორებს17
მე თვითონ გავრეკ და გავაქანებ!

გამოსვლა მე-4-ე

(ისინივე და წინ შემოეფეთებათ სახლთ-ხუცესი)

სახლთხუცესი

სად მიბრძანდებით?

იასირ

სად და საყდარში!
ვერ ხედავ, კიდეც გვიგვიანდება?! (მიდიან)

სახლთხუცესი

ჩქარა დაბრუნდით, თვარა, ხომ იცით,
მალე ბატონიც გამობრძანდება. (მიიხედ-მოიხედავს)
კარისკაცები ჯერ არ მოსულან,
და ბატონი-კი არ აგვიანებს!..
სჩანს, უჩვეულო რაღაც აშფოთებს!
ვნახოთ, რას გვეტყვის და რას გვიბრძანებს!
სუ!.. მობრძანდება!..

გამოსვლა მე-5-ე

ისვე და იათა, გექადა და თირთა

(გამობრძანდებიან მხლებლებით. კარისკაცები შემოვლენ სხვადასხვა მხრიდან. იათა, გექადა და თირთა ტახტზე დაჯდებიან. ორივე კუთხით-კი ღირსეულნი. სხვები ზეზე დგანან)

იათა

…………ააა! სახლთხუცესო!
ახალს რას გვეტყვი?

სახლთხუცესი

…………………კარგად მყოფობას!
ღმერთებმა ძლევა ნუ დაულიონ
თქვენს ბატონობას და თქვენს მეფობას!..

იათა

არა იცი-რა?

სახლთხუცესი

…………………ჯერ არა, მაგრამ
ამბის შემტყობი გაგზანვილია...
აწ, სადაც არის, უნდა გიახლოსთ
და მოგახსენოსთ, რაც ნამდვილია!

იათა

უეჭველია, გუშინდელსავით
ძლევამოსილი დაგვიბრუნდება!
თქვენ, დიდებულნო! წინ მიეგებეთ!
შეასხით ღირსი ქება-დიდება,
რომ საკრავების სხვადასხვა ხმები,
ერთ სალხინო ხმად შეზავებული,
ცამდის უწევდეს და ტკბილად სძგერდეს
მისი გამგონე ამ ქვეყნის გული...
შედგენ სერებზე მეგანგაშენი,
საკიდისკიდო დასცენ საყვირი
და მთელ სამთავროს შეატყობინონ,
რომ მოგვევლინა სასიძოდ გმირი!..
გმირი, რომელიც უძლეველ ძალთა
დაიმორჩილებს და ითაყვანებს!

სახლთხუცესი

(რომელიც ერთ კარისკაცს ეჩურჩულებოდა)
აგერ, მთხრობელი კიდეც გხლებიათ!

იათა

შემოიყვანეთ! რას აგვიანებს?

გამოსვლა მე-6-ე

ისინივე და მთხრობელი

იათა

შენ ხარ მთხრობელი? აბა, რას გვეტყვი,
რომ მოგისაჯოთ სამახარობლო?...
ჩვენი სასიძოს გმირულ განზრახვას
კეთილი მოჰყვა, თუ ცუდი ბოლო?
რამ დაგამუნჯა?! ენა ჩაგვარდა?..

მთხრობელი

უბრძანეთ, მომჭრან ცოდვილი ენა!..

გექადა

როგორ?! გვიმტყუნა განა დღეს ბედმა
და გაგვირისხდა ბრწყინვალე ზენა?!

იათა

დამარცხდა?

მთხრობელი

არა, ჩემო ხელმწიფევ!

იათა (შემკრთალი)

მაშ გაიმარჯვა?! რა სათქმელია!

მთხრობელი (წყენით)

რაც, დამსწრეს, ჩემის თვალით მინახავს,
ბატონო, რაღა საეჭველია?
მამაცს, შეჭურვილს საგმირთაგმიროდ,
გვერდში მისდევდა ვიღაც დამკვრელი,
მის ჩანგის ჟღერამ და ტკბილმა ჰანგმა
მოხიბლა, შეჰკრა მთლად მთა და ველი!
შავი მოზვრების მოსახიბლავად
მან თეთრი ძროხა წინ წაიძღოლა,
და მათაც, ვნებით დაქანცულებმა,
ვეღარ შეიძლეს რქენა და რჩოლა!
მხეცებს დაუცხრო მან გულის წყრომა,
მოინადირა და მოცახიბლა,
და იაზონმაც სწორედ ამ წამით
ისაშუალა და ისარგებლა... (სიჩუმე)

იათა

და გველაშაპი?

მთხრობელი

…………………ბურთი ესროლა,
ლურსის გუდათი გამოტენილი,
და რომ ებდღვირა ძილის წამალი,
მას მოერია სამი დღის ძილი.

იათა (შეშფოთებული, მრისხანედ)

აქ ღალატია! წყეულიც იყოს
ჩემი ორგული!.. გამცემი ქვეყნის! (მოვა გონებაზე)
და გამარჯვებულს მეტი რა ეთქმის?
ასრულდეს მისი აზრი დიდი ხნის!..
სჩანს, რომ ღმერთებიც მისკენ ყოფილან
და ნდომებიათ მისთვის მედია...
ყოველი საქმის ბოლო-გვირგვინი
ამ ქვეყნად მხოლოდ ვარსკვლავ-ბედია!..
სად არის გმირი?

მთხრობელი

…………………ის გაემგზავრა,
მხოლოდ სამშობლოს მადიდებელი...
წაიღო კრავი და მასთან ერთად
მთელი საუნჯე შესაკრებელი...

(საზოგადო აშფოთებაა, ყველანი ზეზე წამოცვივდებიან)

იათა (სასოწარკვეთილებით)

ვაი, სირცხვილო!.. მთელი კოლხეთი
გახდა ბერძნების აწ სასაცილო!
ამ სასჯელს განა ის არ მერჩია,
რომ ვყოფილიყავ სულაც უშვილო?!
(თირთას) დაო! შენს გარდა იცოდა ვინმემ
ჩვენი სასახლის ის... საიდუმლო?

თირთა

მხოლოდ მედიამ და სხვამ არავინ,
ვით მცნება, მარტო საუფლისწულო!

იათა

მედიამ?! წადით, ეხლავ მომგვარეთ!..
რატომ არ არის აქ იასირი?

მთხრობელი

იმ ბერძენს გაჰყვა! იმასთან თურმე
საძმო-სამოყვროდ შეუკრავს პირი...

იათა

მდევარი!!

მთხრობელი

………………… კიდეც გამოვუყენეთ,
მაგრამ დაბრუნდენ ხელცარიელი!..

იათა

ჩქარა!.. მომგვარეთ! შემოიყვანეთ!
რა ამბავია, გავიგო!.. ველი!. (შემოჰყავთ მდევარი)
გეტყობათ, მტერი გაგიწყვეტიათ,
რომ ტყვეს ვერ ვხედავ ჩემთან მოყვანილს!!
ჰმ?! რას გაჩუმდით? კრიჭა შეგეკრათ?..
რატომ არ გახსნით მაგ ჩასამტვრევ კბილს?!

მდევარი

ჩემო ხელმწიფე, როგორც გავიგეთ,
დაუყოვნებლივ მივდიეთ კვალში,
მაგრამ გაგვასწრეს, აუშვეს ნავი
და შეაცურეს შუაგულ წყალში.
ჩვენ სანამ კიდეს მივადგებოდით,
დაეშვენ წყალ-წყალ, იხვივით ცურვით!..
ჩვენ დავრჩით ხმელზე ხელცარიელი,
ტირილით, მოთქმით, ვაით და ურვით...

გამოსვლა მე-7-ე

ისინივე და ქალიშვილები (შემოდიან)

ქალიშვილები

ვძებნეთ მედია და ვეღარ ვნახეთ!
იქ სალოცავში აღარ დაგვიხვდა...
მასთან ძუძუდაც აღარსადა სჩანს!
ძიძაც ბევრს ჰფიქრობს და ვერას მიხვდა!...

მდევარი

მედია ნავში იჯდა მტირალი.
თმა გაეშალა... უწუხდა გული!..
ძუძუდაც თავზე დასტრიალებდა
და აბრუნებდა, გამწარებული.

იათა

განა მედიაც მოუტაცნიათ?!

გექადა

რაში არა ჰგავს?.. ვინ იფიქრებდა?!
ნებაყოფლობით რომ გაჰყოლოდა,
რათ იჯავრებდა და იტირებდა?

მდევარი

იასირს ჰგოლვდენ!..

ყველა

როგორ თუ ჰგლოვდენ?! (გაკვირვებით)

მდევარი

აღელვებულ ზღვის დასამშვიდებლად
თავისიანი რომ ვერ გასწირეს,
იასირ დასდვეს ბერძნებმა მსხვერპლად:
ჩაეგდოთ წყალში... ჩვენც შიგ შევცურეთ,
რომ სულთამბრძოლი გამოგვეყვანა,
მაგრამ, დავხედეთ და მკვდარი იყო,
ყელში გაერჭოთ მსხვერპლისთვის დანა!
თან წამოვიღეთ... (შემოაქვთ საკაცეზე დადებული)

გექადა

…………………ვაიმე, შვილო,
თუ მამიშენის წყევლამ გიწია!!
აღარც დედაშენს უნდა სიცოცხლე
ისიც შენთანვე დასამიწია!!

(უნდა გადავარდეს, მაგრამ ქალები იჭერენ.ეხვევიან გარს და აბრუნებენ გულშეწუხებულს)

იათა (ზარდაცემული)

მიმტყუნა ბედმა და მომდგენ მკაცრად
ცისა და ქვეყნის ძალთაძალები!!
ეს დასადგომი და დასაშრეტი,
ამას რას ხედვენ ჩემი თვალები?!
მნათობთამნათო! ყურს რათ იყრუებ,
როდესაც გესმის ლოცვა-კურთხევა,
და ელვაზედაც უსწრაფესი ხარ,
თუ გაიგონე კრულვა და წყევა?!
რათ შეისმინე უგნური სიტყვა,
ცოდვილი პირის გამონათქვამი?
და წინ დამიდევ ცეცხლმოსადებად
უსუსურ ბავშვის საბრალო გვამი?
რაღა ვარ ახლა და რაღა მქვიან:
ცაში გარისხულს, ქვეყნად უპიროს,
უძლურ-უღონოს და უსისხლ-ხორცოს
სასომიხდილსა და უშვილძიროს?!..
სიკვდილი მხოლოდ ჩემდა ნუგეშად!
(უნდა მახვილი ჩაიცეს. შეაჩერებენ)
მაგრამ რას ვამბობ? რა საჩქაროა!..
ჯერ შური... შური!.. შურისძიების
დამაცხრობელი სისხლის წყაროა!..
სიკვდილი ბერძნებს!... მუსრი საბერძნეთს!
ხომ გესმის მზეო, ყოვლად ძლიერო?!
უნდა გავმხნევდე... ვიცოცხლო, გავძლო,
რომ გადვუხადო. სამაგიერო!...
ვინ სთქვა, ნეტავი, ჩემი სიბერე,
ჩემი სისუსტე და უძლურება?
არა! - ვგრძნობ, ძალა მიორკეცდება
და ვყმაწვილდები!.. სიბერე ქრება!..
ვინ არის მეფე ზღვათა და ხმელთა,
იათა მთავარს რომ შეედაროს...
გადააჭარბოს შურისძიებით
და უკიდო ზღვად სისხლი დაღვაროს?!
მაღლით მთიებსაც-კი ეხარბება
ამქვეყნიური ჩემი დიდება!..
და მე ვასწავლი, თუ როგორ უნდა
სისხლის აღება!.. შურისძიება...
ვაი საბერძნეთს, ამიერიდან...
დედებს ამის დღეს რომ დავაყენებ! (ათითებს გექადას)
მამებს ჩემსავით გულს დავუთუთქავ
და მკვდრებს საფლავში არ მოვასვენებ!..
ხა-ხა-ხა-ხა-ხა!.. თქვენ, კოლხელებო!
გესმით? - მზადა ხართ? ხელი მშვილდ-ისარს!..
ქვეყნის გაწყვეტით და აოხრებით
შეუპოვარი ზეცას დავცემ ზარს!..
შვილებო, თქვენ ხომ არ გეწყინებათ?
დამეთანხმებით თქვენც, იმედია...
ხომ გესმის კარგად, შვილო იასირ?!
ხომ გაიგონე, ჩემო მედია?!
ხა-ხა-ხა-ხა ხა!...

თირთა

……………ციურნო დასნო!..
უბედურებამ ხელი დარია!..
ვაი მას, ვინც რომ არ ურევია
აღარც ცოცხლებში და არც მკვდარია!..

იათა (არეულად, თირთას)

ხომ გრძნეული ხარ შენ, თირთაია,
ყოვლის მოქმედი და შემძლებელი?
მიცვალებულის სულის ჩამდგმელი...
ცოცხლის გამთირავ-გამქვავებელი?
გამოიჩინე ამ შავი დღისთვის
საჭირბოროტო ძალა, გრძნეული,
რომ მტერს ხმელეთი ზღვად გადაექცეს
და ზღვა დაუხვდეს გაქვავებული...
შიგ მოჰყვეს მტერი და მოღალატე....
(ვედრებით) გადარჩეს მხოლოდ ჩემი ასული!.....
ჩემი მედია! და იასირსაც
ხელმეორედვე ჩაუდგი სული...
ხა-ხა-ხა-ხა-ხა!...

თირთა

ვაი ამ სიცილს!..

იათა

მალე!.. რას უცდი!.. არ გინდა განა?
მაშ, ჩემს ღალატში შენც გარეულხარ!
მახვილი გულში და ყელში დანა!.. (მიაშურებს მახვილით)

თირთა

იქით... შეჩერდი, შე უბედურო!..
მახვილი გინდა ჩემზე იხმარო?..

(მისჩერებია თვალებში და ღელავს. იათა მახვილს გადააგდებს და ძირს ეცემა)

აი, შემთხვევა მოულოდნელი,
საუბედურო და სამწუხარო!.. (თავისთვის)
სწავლა და ცოდნა, რაც კი ამ ქვეყნად
ჭკუა-გონების განაწონია,
ბრბოს სათვალთმაქცო და საგრძნეულო
მიუწდომელი რამე ჰგონია!..
მე შემიძლია, ვთქვათ, ჩემდა თავად
ეს მომაკვდავი გამოვაბრუნო (ათითებს გექადას)
და კარგის მოვლით და ხელშეწყობით (ათითებს იათას)
გადარეულიც ერთ დროს გავკურნო...
მაგრამ ვინ მომცა იმდენი ძალა,
რომ მე შევშალო წესი ბუნების:
აქ გავაცოცხლო მკვდარი იასირ
და იქ დიდება დავცე ბერძნების?!
(მიუბრუნდება კარისკაცებს)
თქვენ, კოლხელებო!. წაიღეთ მკვდარი!.....
გადაუხადეთ რიგი და წესი,
ოქრო და ვერცხლით შეჭედეთ მუხა,
მრავალშტოვანი და უდიდესი,
ზედ ჩამოჰკიდეთ უსულო გვამი,18
რომ ყოველის მხრით სცემდეს ნათელი!..
და გლოვის ნიშნად, ჩვეულებრივად,
ტანთ შეიმოსეთ მხოლოდ წითელი!..
წინ წაუძღოლეთ კაბდელთა დასი
ზორვით, კაბდურით, საყვირ-განგაშით,
რომ მით მაღლა ცა დაკმაყოფილდეს
და დედამიწა აქ ძრწოდეს შიშით!
ჩამოიწყვიტეთ ყველამ საკინძი!..
„ჰოი, შავდილავ“ დასძახეთ ზარად
და მეც მოვიგლეჯ ჩემ თავსაბურავს
ნიშნად გლოვისა მარად და მარად!..

(მოიგლეჯს საბურავს, გარედან გალობის ხმა მოისმის. შემოაქვსთ „შარავანდედი“ და უკან ზორვითა და ანთებულ კვარებით კაბდელები მოსდევენ. ხალხი ნელ-ნელა თავდაღმა ემხობა)

ფარდა ნელ-ნელა ეშვება.

1895 წ.

_____________

1. ავტორის შენიშვნები „მედია“-ს შესახებ (მითითებული ტექსტში ციფრებით 1-18) - იხ. ქვემოთ, გვ. 679 (ი. გ.).

ავტორის შენიშვნები

1. ისტორიის წინასწართქმულობისა და მითების სამშობლოდ საზოგადოდ საბერძნეთია ცნობილი!.. უმეტესობა დღემდისაც დაჯერებულია, რომ ისინი შექმნა ელლინების აღტყინებულმა ფანტაზიამ და მერე გადმოსცა მთელ კაცობრიობას. მაგრამ ჩვენ-კი დარწმუნებული ვართ, რომ, პირიქით, ბერძნებმა გაიტანეს სხვა ქვეყნებიდან სულ სხვა ხალხების ამბები, შეისისხლხორცეს, თავისებურად გადააკეთეს და ფერცვლილი უკანვე დააბრუნეს. ამას ნამდვილად გვიმტკიცებენ, სხვათა შორის, ძველისძველი მითები „პრომეთეოსზე“ და „იაზონ-მედიაზე“. ერთიცა და მეორეც ჩვენი ქვეყნის შვილია: აქ შობილან, აქ გაზრდილან და კოლხეთით ასე გადასულან ზღაპრულად ელლადაში. ავიღოთ პირველი: ბერძნების სიტყვით, „მთავარღმერთისაგან“ ურჩობისთვის გარისხული პრომეთეოსი კავკასიის ქედზე იყო მიბმულ-მიჯაჭვული. მიჩენილი ჰყავდა მტანჯველად ქორი, ანუ ორბი, რომელიც გულ-ღვიძლს უწიწკნიდა, მაგრამ გმირი არ კვდებოდა; წყლული უმთელდებოდა, რომ ხელახლად ეგლიჯა მის ჯალათს - უზარმაზარ ქორს - და საბრალო ტყვის სატანჯველს დასასრული არ ჰქონოდა. ეს ამბავი საქართველოში, მთელ კავკასიაში სხვადასხვა ვარიანტებად მოდებულია, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ აქ პრომეთეოსს ამირანი ეწოდება. ბერძნულად სიტყვა „პრომეთეოსი“ ნიშნავს „შორსმჭვრეტელს“, აქაც ამირანს „შორსმხედველობას“ აწერენ: „ცაში არა გამოეპარებოდა-რა და ქვესკნელში ჭიანჭველებს ხედავდაო“, გვარწმუნებს ზეპირგადმოცემა. ბერძნები აღარ ამბობენ, თუ რა მანქანებით უმთელდებოდა წყლული პრომეთეოსს; ჩვენში-კი უფრო სრულად არის გადმონაცემი: ერთი ვარიანტი ამტკიცებს, რომ პატარა ფინია ძაღლი ულოკავდა წყლულს და ურჩებოდაო. მეორე ამბობს, რომ ქორის შემდეგ ყოველთვის ფასკუნჯი მიდიოდა, ფრთას უსვამდა და ჰკურნავდაო. ბერძნების გმირი დაუბმელი დარჩებოდა, რომ ხერხიან კოჭლ გეფესტს - ერთ ღმერთთაგანს - არ შეეყარა მისთვის ბორკილი. ჩვენს გმირსაც ვერავინ მიაკრავდა ქედზე, რომ არ გამოჩენილიყო ერთი გრძნეული კოჭლი მჭედელი. ამიტომაც საზოგადოდ მჭედლებზე გარისხებული ამირანი დღესაც ცდილობს, რომ თავი აიშვას, აიწყვიტოს და, რაც ქვეყანაზე მჭედლებია, ერთად ყველას მუსრი გაავლოს... ეს ისე სწამსთ, რომ დღესაც კიდევ მჭედლები ჩვენში დიდ-ხუთშაბათს დილას სამჭედურში უზმოდ და უბრად სამჯერ ზედიზედ ურტყამენ უროს გრდემლზე, რომ ამირანის საჯაჭვო პალო ყოველწლობით გაამაგრონ ხოლმე და თავი არ ააშვებინონ!.. ბერძნის მწერლები ამტკიცებენ, რომ პრომეთეოსი ამარანტის მთაზე იყო კავკასიაში მიკრულიო. მესამე საუკუნეში ქრისტეს წინ აპოლონ როდოსელი ამტკიცებს, რომ მდინარე ფაზისი ამარანტის მთიდან გადმოდისო, სადაც პრომეთეოსი იყო მიბმული. რა მთა არის ეს ამარანტა, ბერძნებისაგან მოხსენებული, რომ დღეს აღარ ვიცით? ეს ის მთა არის, რომელსაც ჩვენი ზეპირსიტყვაობა „ამირანის მთას“ ეძახის და სადაც ამირანი იყო მიბმული. აღარ გამოუდგებით წვრილმან რამეებს: ჩვენი აზრის დასამტკიცებლად, რაც ითქვა, ისიც საკმაოა. - მეორე ამბავი „იაზონ-მედიაზე“ კიდევ უფრო ამტკიცებს ჩვენს აზრს თავისის უეჭველობით. ელლინების გმირმა, თესალიის ბატონიშვილმა იაზონმა, შეჰყარა გმირი ამხანაგები, გააკეთებინა ნავი „არგო“ და წამოვიდენ კოლხიდისაკენ, ვითომც-და მათი ქვეყნიდან დაკარგულ ოქროსმატყლოვან ვერძის საძებრად. შემოცურეს ფაზისის მდინარეში შავი- ზღვით. იმ მდინარის პირად იყო საუცხოვო ქალაქი გაშენებული, რომელსაც „ეა“ ეწოდებოდა. იქ იჯდა მეფედ „აეტი“, ჰყავდა ერთი ქალი „მედია“, გრძნეული მამიდის გაზრდილი. იმ მამიდას ერქვა სახელად „თირთეია“ ანუ „ცირცეია“; ამან ასწავლა თავის გაზრდილს ძმისწულს, მედიას, გრძნეულობა და სხვადასხვა სამკურნალო, თუ საწამლავ ბალახების ხარშვა... აქვე, აეტის სამთავროშივე, იმწყსოდა ის ოქროსმატყლოვანი ვერძი, რომლის საძებნელადაც იყო იაზონი წამოსული. იაზონმა მედიას დახმარებით მოიტაცა ის ვერძი და მედიაც თან წაიყვანა ცოლად. ამ ბერძნულ გადმოცემაში, როგორც ადგილის სახელები, ისე თვით ქალაქებისაც, ერთი ყურის მოკვრით უცხოა, მაგრამ, თუ ჩაუკვირდებით, გამოდგება, რომ ყველა ჩვენებურია, „ქართული“, მხოლოდ მათებურად, ბერძნულად, გადაჩიქორ-თულებული. რა წყალია ეს ფაზისი, რომლის დღეს ხსენებაც აღარსად არის?... - რა და რიონი, რომელიც ფასის მთიდან გამოდის და რომელსაც იმ სათავეში დღესაც ფასის წყალს ეძახიან. აქ გადასხვაფერებულიც არა არის რა. ბერძნული „ფაზის“ იგივე „ფასის“ არის. - რა იყო და რა ქალაქი იყო ბერძნების „ეა“, სადაც წლის განმავლობაში მცენარე ჰყვაოდა? - ნაქალაქევი, ანუ ზღაპრული „იას“ ქალაქი, ის „იას“ ქალაქი, სადაც, ზღაპრის სიტყვით, „ღვთისავარ“ მონადირე მივიდა და ნახა, რომ ზამთარში იქ ია და ვარდი იშლებოდა. - ბერძნული „ეა“ და ჩვენებური „ია“ ერთი და იგივე უნდა იყოს. ვინ არის „აეტა“ მეფე? - კოლხეთის მთავარი, იას ქალაქში მჯდომარე „იათა“ მამასახლისი. ამგვარ შემთხვევაში ქართული ენის თვისებაა მრავლობითი რიცხვის ხმარება. თავის დღეში არ იტყვის „ზღვის მეფეო“, „ხმელეთის მეფეო“ და სხვანი, ამბობს: „ზღვათა მეფე“, „ხმელთა მეფე“, „ვარდთა მეფე“, „იათა მეფე“ და სხვანი. „აეტა“ და „იათა“ ერთი და იგივეა. ცირცეია და თირთეია ერთი და იგივეა, რადგანაც უცხოელები „თანს“ „სანად“ გამოთქვამდენ ხოლმე. მაგალითად, პლინიუსი, 29-79, ამბობს: კოლხიდაში არის ერთი მდინარე ცირუსი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი ცირის წყალს ეძახიან, შიგ რაც უნდა ჩააგდოთ, გაქვავდებაო, ეს წყალი დღესაც არის შორაპნის მაზრაში, ჭიათურის მახლობლად და ისევ იმ თვისების მექონეა. თირი ძველებურ ქართულად ქვა არის, გათირვა-გაქვავებას ნიშნავს. იათას დასწამებდენ გრძნეულობას, რომ ადამიანის, როგორც განკურნება, ისე გათირვა-გაქვავება შეუძლიაო, და ამიტომაც დაურქმევიათ თირა, ანუ თირთაია. ადვილი საგულისხმოა, რომ ეს ორი სიტყვა: თირთაია და ცირცეია ერთი და იგივეა. ამგვარადვე აიხსნება სახელი მედიაც. სიტყვა „ქალი“ მხოლოდ მერვე საუკუნიდან შემოსულა ჩვენში. არაბულად „ქალიმ“ ნიშნავს დედაკაცს, მანამდის ქართულად დედაკაცს „დია“ ერქვა. აქედან წარმოსდგება სიტყვა: „დიასახლისი“ და კნინობითი „დიაცი“. ჯერ კიდევ დღესაც ბევრს შეხვდებით ჩვენში, რომ „კაცია“ ანუ „მევარკაცი“, „ქალია“, ანუ „მევარქალი“ ერქვას. - და თუკი „მევარქალი“ - შეიძლება სახელად, რატომ „მედია“ კი არ შეიძლებოდა, რომელიც ერთსადაიმავეს ნიშნავს? ჩვენი „მედია“ „მედეად“ გადაკეთებულა ბერძნულად. რომელი ერთი მოვთვალოთ? რამდენი რამ არის ბერძნებისაგან გადათარგმნილი ანუ გადაკეთებული ქართულიდან: მაგალითად, ჩვენი ქვეყნის ერთი მდინარეთაგანის ბერძნული სახელი „ჰიპიუს“, იგივე ცხენის-წყალი არ არის? ის „კვენაკრი“, რომელიც დასავლეთით უბერავს კოლხიდას, ე. ი. ჩვენს „კოლხეთს“, იგივე „ქვენაქრი“ ანუ ქვენაქარი არ არის? „მოლი“, სამკურნალო ბალახი, რომელსაც მედია აგროვებდაო, იგივე ჩვენებური მოლი არ არის?.. ძილისმომგვრელი წამალი მცენარეო... იგივე ძილისგუდა სოკო არ არის, ჩვენ რომ ვეძახით? და მეგრელები კი ლურსის გუდას ეძახიან, რადგანაც „რული“ ანუ „ლური“ ძველებური ქართულია და მცირე ხანს წაძინებას ნიშნავს! ამგვარ რამეებს რომ გამოვუდგეთ, შორს წაგვიყვანს და ამიტომ ჯერ თავს ვანებებთ უფრო დაწვრილებით გამოკვლევას! ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს „მედიას“ ტრილოგიად დაწერა: „მედია კოლხიდაში“, „მედია ელლადაში“ და „მედია სამშობლოში დაბრუნებული“. როცა სამივეს ერთად გამოვცემთ, მაშინ უფრო ვრცელს გამოკვლევას ჩავურთავთ ზემოთქმულის შესახებ და დღეს-კი მხოლოდ იმას შევნიშნავთ, რაც საჭირო იქნება ამ პირველი ნაწილისთვის...

2. როცა გამწარებული ამირანი ჯაჭვის გაწყვეტას და თავის აშვებას მოინდომებს და გაინძრევა, მაშინ იძვრის ხოლმე დედამიწაცო, - ჰფიქრობდენ ძველად კავკასიელნი.

3. ძველად კოლხელები ცის მნათობებს აღმერთებდენ და მთიებსა სცემდენ თაყვანს, მაგალითად: მზეს, მთვარეს, ვარსკვლავთ გუნდს, ცის ბურჯებს, დილას, განთიადს და სხვათა. მათ-მათ შესაფერად უგალობდენ ლოცვის დროს: „მზეშინას“, „თინას“, „ოდილას“, „შავდილას“ და სხვა. ეს მაშინდელი მათი საგალობელი დღესაც სიმღერად არის ჩვენში დარჩენილი.

4. კერპთთაყვანისმცემლობის დროს მოფიცარს კერპის წინ ჩამოკიდებულ ზვარაკისათვის ტყავი უნდა გაეძრო, ანუ ანთებული ლამპარი გაექრო სულის შებერვით: „ფუ“-ო უნდა შეებერა სული... აქედან წარმოსდგა სიტყვა „ფუცი“, ანუ „ფიცი“ და აგრეთვე ხატებისა და სალოცავების ჩამოტყავება, რომელსაც ხალხში დღესაც ხშირად ამბობენ.

5. ორფეოზ, საბერძნეთის გამოჩენილი მესაკრავე და მომღერალი, რომელიც ყოველგვარ ცხოველ არსებას ჰხიბლავდა. იაზონ რომ კოლხეთისკენ გამოემგზავრა, თან იახლა და ისიც არგონაველებში ერიაო.

6. აქ ზოდიაკები, ანუ ცის ბურჯებია დასახელებული. „არეი“ ანუ „ვერძი“ განსაკუთრებით სალოცავი იყო კოლხელების და მარტო მის სახედ ჩამოსხმული ოქროს ვერძი ედგათ ბომონში. - მოსისხლე ღმერთად უწოდებდენ „მარეხს“ და ეჯერათ, რომ ის, თუმცა მრისხანე იყო, მაგრამ მასთანვე თავმდაბალი და მათ „ვერძს“ მწყემსავდა ცის ლაჟვარდში.

7. პინდარი, 522-442 ქრ. წინეთ: არგონაველები შევიდენ ფაზისში და იქიდან აეტის სამფლობელოში.

8. აპოლონ როდოსელი, 250-200 ქრ. წინეთ: გზაში არგონაველებს თავს დასტრიალებდა, როცა კავკასიის მთები გამოსჩნდენ, ერთი უზარმაზარი ქორი, რომელმაც ნავი „არგო“ დაჩრდილა. ის იყო პრომეთეოსის მტანჯველი ქორი.

9. ძველად ეჯერათ, რომ, ვისაც უეცრად ორბი თავზე დააჯდებოდა, - მეფობას იშოვნიდა.

10. ნადირობის ქალღმერთი ბერძნებისა.

11. ხალიბები ბერძნულად და ჩვენებურად - ქლიბები, ქართველთა ტომის ხალხი, კოლხეთში ცხოვრობდენ ერთ ხეობად. ყველაზე პირველად იმათ დაიწყეს რკინის ხელობა. ესხილი (525-456 ქ. წ.) აი რას ამბობს მათზე: „პონტის მარცხენა მხარეზე ცხოვრობენ რკინის მოხელე ხალიბები. აკეთებენ რკინის იარაღს, რომელსაც ქლიბი ჰქვიან და მოაქვთ ელლადაში გასაყიდად.“ ამასვე ამტკიცებს არიან ნიკომიდიელი: ყველაზე ადრე ხალიბებმა შეისწავლეს რკინის ხელობაო. დღესაც არის ისევე ჩვენში, რაჭის მაზრაში, ერთი მთა, გული რკინის მადნისა აქვს და უხსოვარი დროიდან მცხოვრებნი მჭედლობის მეტს არას აკეთებენ. ამ მთას ჰქვიან „წედისი“ ანუ „ჭედისი“.

12. ფსევდო-პლუტარხი: კავკასიაში იზრდება პრომეთეოსის ბალახი; როგორც კლეანტი ამტკიცებს. მედია ამ სამკურნალო ბალახსა ჰკრეფდა. კლავდი კლავდიანი, 395 ქ. შემდეგ: მე კარგად ვიცი ზოგიერთ ბალახებისა და მცენარეების შხამიანი წვენი, კავკასიაში რომ იზრდებიან. იმას აგროვებდენ სასტიკი მედია და ცბიერი ცირცეია.

13. პოლიდორი 140 ქ. წ.: პელეოსი ურჩევდა იაზონს, რომ ის წასულიყო კოლხიდაში ოქროსმატყლოვან ვერძის საძებრად.

14. კაბდელებს ეძახდენ ჩვენში კერპობის დროს მღვდლებს. ისინი ზორვის დროს, ე. ი. კმევის დროს, ჰგალობდენ. იქიდან წარმოდგა ჩვენებური სიტყვა „ზარი“ და „კაბდური“, რომელსაც დღესაც კიდევ აქა-იქ სამეგრელოში მღერიან.

15. მთვარე სიყვარულის ღმერთად მიაჩნდათ და საცოლ-ქმრო პირობებსაც ძველად მის წინ სდებდენ.

16. აპიან, 150 ქ. წ.: ადგილობრივი მცხოვრებლები კოლხიდაში ცხვრის ტყავებით იჭერდენ ოქროს სილას და ეს იყო ოქროსმატყლოვანი ვერძი.

17. აპოლონ როდოსელი, 250-200 ქ. წ.: როდესაც კი შენიშნა მედიამ ცისკარი, დაიწნა თმები, იცხო სუნნელება და ჩაიცვა ძვირფასი ტანსაცმელი. თავი მოიბურა თეთრი თავსაბურველით, ტანზედაც სუნნელოვანი ზეთი იცხო, იახლა თორმეტი მოახლე, შეაბმევინა თეთრი ჯორები, ვითომდა გექადას საყუდარში სალოცავად მიდიოდა, მაგრამ გაიპარა და პრომეთეოსის ცრემლებისაგან შეზავებული წამლებიც თან წაიღო.

18. ძველად კოლხელები მხოლოდ ქალებს მარხავდენ მიწაში და მამაკაცთ-კი ხეზე ჩამოჰკიდებდენ ხოლმე. ამას ამოწმებს ელიანი და ნიკოლოზ დამასკელი.

[„კრებული“, 1897 წ., № II. გვ. 105 ].

მედია

„როგორც ავტორისავე შენიშვნებიდან სჩანს, მას განზრახვა ჰქონია ეს პიესა ტრილოგიად დაეწერა: „მედია კოლხიდაში“, „მედია ელადაში“, და „მედია სამშობლოში დაბრუნებული“. მაგრამ განზრახვა შეუსრულებელი დაურჩა. აქ წარმოდგენილი ტექსტი განზრახული ტრილოგიის მხოლოდ პირველ ნაწილს წარმოადგენს, რომლის ბეჭდვაც ავტორმა დაიწყო ჟურნალ „კვალში“ 1895 წ. (№23 და 25), ხოლო სრულად დაბეჭდა თავის „კრებულში“ 1897 წელს (№2, ოქტომბერი), შენიშვნების დართვით. წინამდებარე გამოცემას ეს ტექსტი უძევს“. (ს. გორგაძე, ტ. III, გვ. 402).

აკაკის ავტოგრაფებს შორის შეგვხვდა ერთი ფურცელი სადაც რამდენიმე სიტყვაა ჩამოწერილი და განმარტებული. ეს ალბად „მედიას“ შენიშვნებია.

მოგვყავს, ეს ვარიანტი როგორც ავტორის შენიშვნების დამატება.

აეტეს - იათას მეფე.

საკვარცხული - რაჭული ქართული სავარძელია.

მეგრული: კველა - სკამლოგინი.

თეჯირი - შირმა-ეჯიბი იმერთში,

სერსეროთი - სკამლოგინი.

მახუტა გოგინავა დღესაც კიდევ იჩოქებდა სიმღერის დროს ფერხულში.

კაბდე - ოქროს ჭურჭელი, სახატესავით, სადაც ემბლემა ესვენა ყოველთა ცნობის ღმერთის „შარავანდედის“. ამას ქურუმნი უწოდებდენ, კაბდეველად. მათი გალობა, ზარის მზგავსი, ზორვის ე.ი. კმევის დროს იწოდებოდა „კაბდუკ“. ეს სიტყვა და სიმღერა დღესაც არის სამეგრელოში - აქედან ქალდეველი-ჭანები - ასტროლოგები იყვნენ ჩვენი ქალდეველები და არა ებრაელი ხალდეველნი. (იხ. ხელთ. №1494 - H., წერილი 13).

დასასრულ ინტერეს მოკლებული არ არის მოვიყვანოთ შ. დადიანის მოგონება ამ პიესის შესახებ:

„ტფილისის შემდეგ აკაკის ახლო ნახვა მახსოვს ქუთაისში, კვლავ მამასთან. მაშინ თავის პიესა „მედია“-ს სწერდა. მამას, როგორც ქართულის და ძველ გადმოცემათა კარგად მცოდნეს, ეკითხებოდა ზოგ სიტყვის მნიშვნელობას, ან ამბების ვარიანტს.

მე მაშინ წამოჩიტული ვიყავ და კარგად მახსოვს ზოგი რამ. მაგ., თვით სახელი მედეასი.

მამაცა და აკაკიც იმ აზრისანი იყვნენ, რომ მედეია ქართულიდან არის გაბერძნუ-ლებული და ქართულად კი გამოითქმის „მედიათ“, რადგან ეს ძველებურად უნდა ნიშნავდეს „მე ქალი“ (ვარ)-ს. „დია“ მეგრულად ქართულ „ქა“-ს უდრის და ეხლაც შეკვირვების დროს ხმარობენ.

აგრეთვე ქალაქის სახელწოდება „ეა“ და მეფის სახელი „ოეტეს“ თუ „აეტეს“ ქართულად. „იათა“ ქალაქი ყოფილა და ოეტესიც ამ „იათა“-დან არის წამომდგარი.

ასე რომ აკაკიმ შემდეგში ეგრეც იხმარა. მხოლოდ აქ საყურადღებო ის იყო, რომ აკაკიმ პირველად ეს პიესა მამას რომ წაუკითხა, პროზად იყო  დაწერილი და კარგად მახსოვს შემდეგ ეს პროზა სიტყვა-სიტყვით იყო გალექსილი.

მაშასადამე აკაკის ესეთი მანერა ჰქონია, ჯერ უთუოდ მოცულობით დიდ ნაწარმოებთა წერის დროს: ჯერ პროზათ დაიმუშავებდა და შემდეგ გალექსავდა.

უთუოდ ამ გარემოებას მკვლევარები მიაქცევენ ყურადღებას და მაშინ ჩვენ კარგა შინ შევიჭრებით აკაკის ლაბორატორიაში. („სიტყვა და საქმე“, 1935 წ., №3).

2.4 ვორონცოვი

▲back to top


პოემა დიალოგებად

I თავი

ვახტანგ ორბელიანი და მისი ძმა ალექსანდრე

ალექსანდრე

წავალ წმინდა სიონში
რომ ლოცვა მომესმინა,
მაგრამ მწარე ოცნებამ
სულ სხვა გზით გამაფრინა:

მომაგონდა ძველი დრო,
დღეს, თითქმის, სანატრელი,
რომელზედაც შეცდომით
ჩვენით ავიღეთ ხელი;

ის დრო, როცა ჩვენივე
ჩვენ ვიყავით უფროსი
და სამღვდელოებასაც
ჰყავდა კათალიკოსი

გაისმოდა ყოველგან
წირვა-ლოცვა ქართული;
კანანახით გალობა,
ქართულ კილო ჩართული.

დღეს სადღაა ანც ერთი?
სუყველა გადაგვარდა;
შეგვძულდა ჩვენი თავი
და სხვაც არ შეგვიყვარდა.

დატრიალდა უკუღმა
ჩვენი ცხოვრების ჩარხი...
ქვეყნის შეუფერებლად,
სხვა კუთხით გაჰყავთ არხი!...

დღეს ნინოობა არის,
მოციქულთა სწორისა,
სიონში ვერ ვინ ვნახე,
გარდა ერთი-ორისა!

რატომ? მიტომ რომ დღესაც
აღარ სწირვენ ქართულად
და ჩვენი ლიტანია
მოსპობილია სრულად.

ეკზარხოსი სწირავდა
ფორმად სლავენურადა;
მლოცველებს არ ესმოდათ,
ჰქონდათ სანანურადა.

ასე დღეს-ხვალიობით
ხალხი დაკარგავს რჯულსა...
დამღუპველი შარა-გზით,
მიადგება უფსკრულსა.

მე ქართველი ურწმუნო
ვერ წარმომიდგენია!..
აი რამ მომიკიდა
ცეცხლი და გეენია! (ტირის)

ვახტანგ

იჰ, შენ და შენს ოცნებას!..
ლამის გადაგიყოლოს
მაგრე ხომ შენს სიცოცხლეს
შენვე მოუღებ ბოლოს?!

ალექსანდრე

და რად მინდა სიცოცხლე,
მწვავი, გამწარებული,
თუ მუდამ ნაღველ-შხამით
მევსებოდეს მე გული?

ჯერ იყო და თათრებმა
არ მოგვცეს მოსვენება.
იტაცებდა იმათ გულს
ჩვენი ქვეყნის შვენება.

ერთი მხრიდან სპარსეთი,
მეორედან თურქები
და, მათი წანაქეზი,
კავკასიონის მთები.

რჯულის და ეროვნების
მოკავშირე ქართველი,
მარტო თვითონვე იყო
თავისს -თავის დამცველი.

ვიგერებდით ურიცხვ-მტერს,
სანამ გვქონდა ძალ-ღონე,
ვითხოვდით შემწეობას;
არვინ იყო გამგონე...

ვახტანგ

(ჩამოართმევს სიტყვას)

და მაშინ გამოგვიჩნდა
ჩვენ მომხრედ ჩრდილოეთი,
ჩვენი თანა-მორჯულე,
ჩვენსავით სწამდა ღმერთი!

მოგვხიბლა ტკბილი სიტყვით,
დაგვარწმუნა მან ფიცით,
ჩამოგვართვა პირობა
და მერე?.. აღარ ვიცით!

ესეები სუყველა,
მეც კი მაქვს შეგნებული,
მაგრამ ჯერ კიდევ მაინც
არ გამტეხია გული!

რაც რომ დღეს გვემართება,
დროებითია ყველა.
აქაური მთავრობა
მოქმედობს როგორც მელა;

ჩაუგდია სახრავად
უპატრონო ქვეყანა!..
მგელი, რომ ცხვარს დაიჭერს,
მას შეიბრალებს განა?

იქ მთავრობას გვაბეზღებს
ატყუებს თვით რუსეთსა
და აქ კი ჩვენ სისხლსა გვწოვს...
აღარ სტოვებს არც წვეთსა.

მაგრამ მითქვამს და ვამბობ,
რომ ეს წამავალია!
რა გაეწყობა, უნდა
მოვითმინოთ, ვალია.

ალექსანდრე

კი, მაგრამ აღარ უნდა
მოთმინებას საზღვარი?
მაგისთანა ნუგეში
სიცრუეა... ზღაპარი.

თუ რომ ვერ მოვესწრებით,
რაღათ გვინდა იმედი?
გადაგვიწყდა, ეს არის,
საშვილიშვილოდ ბედი.

დღემდი თუ ხორციელად
მტრისგან ვიყავთ ტანჯული,
დღეს უფრო არ მოგვიკლეს
ფარისევლობით სული?!

სული როცა მოკვდება,
მაშინ ხორციც მკვდარია!..
და აი ქართველობას
დღეს ხელი რამ დაჰრია!..

ვახტანგ

ეგ სუყველა მაგრეა,
აზრით მეც გეთანხმები,
მაგრამ რა ვქნა, რომ სულ სხვას
ჩამძახიან ჰანგები:

არსებობს შემოქმედი
ღმერთი... სიყრმიდანვე მრწამს!.
მის ხელშია, ის გაჰწონს
საუკუნესა და წამს.

უმისოდ ყოლიფერი
ამ ქვეყანად ტყვილია! 
ვისაც ის სწამს იმისთვის
სიკვდილიც კი ტკბილია.

ეს პატარა სამეფო,
თვით ღვთისმშობლის წილ-ხვედრი,
როგორ ამოვარდება?
ტყვილად ბედს რადა ჰყვედრი?

ამ ძველის-ძველ სამეფოს
ბევრი ჭირი უნახავს,
მაგრამ თვითარსებობა
მაინც კი შეუნახავს.

ამ მშვენიერ ქვეყანას
ყველა ეჭიდებოდა,
ქართველი, მომგერებლად
ყველას წინ უხვდებოდა.

დღეს ის დიდი ქვეყნები
მოსპობილია ყველა
და ჩვენ კი როგორც ძველად
მივჩანჩალობთ ნელ-ნელა.

ის დიდი ბაბილონი
და დიდი ასურეთი,
ჩვენ რომ გვეჩხუბებოდენ,
სად არიან ანც ერთი?

როდესაც გაძლიერდენ
ქვეყნად მაჰმადიანნი,
მათ მთელ საქრისტიანოს
მიაყენეს ზიანი:

დაამხვეს ვიზანტია
და სლავიანთ ქვეყანა,
მაგრამ ყურანმა ძალა
აქ ვერ შემოიტანა.

მეცხრე საუკუნიდან
ჩვენ გვებრძოდენ უსუსტრად
და მაინც კი გადავრჩით,
თუმც გადავრჩით ცოცხალ-მკვდრად.

ერთ ხელში ხმალი გვქონდა
და მეორეში - ჯვარი.
რომ ხალხს არ გაქრობოდა
ქრისტეს წმინდა ლამპარი.

და თუ არა სასწაულით,
მაშ ისე როგორ მოხდა,
რომ ამდენ განსაცდელში
ჩვენ სული არ ამოგვხდა?

მაგრამ ღმერთი გვფარავდა.
დღესაც ის დაგვიფარავს
და გაუძლებთ განსაცდელს
ისე, რომ ვერ დაგვბზარავს.

უღმრთოდ არ გადასწყდება
ჩვენი სამშობლოს ბედი!..
აი რას მეუბნება
და მიქადის იმედი.

ალექსანდრე

(აღტაცებული გადაეხვევა)

მაგ შენი პირით, ძმაო;
ლაპარაკობს თვით ზეცა!
შენი სიტყვა მალამოდ
გულის წყლულზე დამეცა!

აწ ჩემთვისაც აიხსნა,
მტანჯავი, გამოცანა;
მგოსანო, შენმა სიტყვამ
მეც კი ამაფრთოვანა.

დიახ ღმერთი... მხოლოდ ის!..
იმას უნდა მივენდოთ,
ვიტვირთოთ ჯვარი მძიმე...
არ დავრჩეთ უიმედოთ!

მაგრამ ხალხი ბრბო არის,
ძნელი გამოსარკვევი
და გულს მალე გაიტეხს,
სხვა ცხოვრების ნაჩვევი.

თუ რომ არ გამოუჩნდა
მას წინასწარმეტყველი
და არ შეუშვირა მან
განთიადისკენ ხელი.

და ეს შენ ხარ, მგოსანო,
ციური მოციქული,
რომ, გულ-გატეხილ ქართველს,
გამოუბრუნო გული.

ვახტანგ

არა, ძმაო, მე არ ვარ!
ხალხის წინამორბედი
ის არის, ვინც დასწერა
მისათვის „ქართლის ბედი“.

ალექსანდრე

(შეფუცხუნებით)

ტატო ბარათაშვილი?!
აბა რა სათქმელია?!
მისი მოციქულობა
ყოვლად საეჭველია!

მისგან სადღეის-დღეო
ჯერ რა გაგვიგონია?
კოჭლი რომ არის, თავი
ბაირონი ჰგონია!

ნაწერებში ეტყობა,
რომ არის გონიერი,
მაგრამ საქმით რა არის?
სრულიად არაფერი:

ცრუპენტელა, მეჭორე,
უსაქმოდ მაწანწალა!
რასში გამოიჩინა,
მიჩვენე, ჭკუის ძალა?

უთავბოლოდ დასცინის,
რასაც კი მოჰკრავს ყურსა
და დიდ რამედ აფასებს
უბრალო სამსახურსა!

მდივან-ბეგად ჩამდგარი
სუნით დაეძებს ჩინებს;
დაცუნცულობს, ოხუნჯობს
და მოცლილებს აცინებს.

არა, მამულიშვილი
მაგრე არ მოიქცევა...
ბიძა მისს გრიგოლს სწუნობს
მაგრამ ვერ მიეწევა!..

ვახტანგ

(ნაღვლიანად)

ალექსანდრე, ვინ შენ და
ვინ ეგ უსამართლობა?!
ტატოზე განა ითქმის
მაგდენი საძაგლობა?

ვიცი რათაც არ მოგწონს...
გგონია გესლიანი...
მიტომ, რომ მას არ უყვარს
გვარად ორბელიანი.

გრიგოლს თუმც აღიარებს
ის დიდებულ პოეტად,
მაგრამ დასცინის და რაცხს,
ქართველების ხორცმეტად.

ასე ამბობს: გრიგოლი
კარგი ქართველიაო,
მაგრამ ურუსოდ ყოფნა
კი არ შეუძლიაო.

იმათგან გამოელის
გვარის გადიდებასო
და ამაში საქვეყნოს
ხედავს ის დიდებასო.

თვითონ კი ხალხის შვილი
არის, სულით ობოლი;
დადის ყველგან, დაჰბორგავს,
რომ გამონახოს ტოლი.

მაგრამ ვერსად უნახავს
ჯერ მისი იდეალი
და არ იცის რაღა ქნას?
ებნევა გზა და კვალი.

ვაცადოთ!.. ყმაწვილია!..
რომ დადარბაისლდება,
როგორც უნდა მოიქცეს,
თავის-თავად მიხვდება.

თავს დაუდებს სამშობლო
ქვეყნის ბედნიერებას
და იმ თავ-დადებაში
თვით იგრძნობს ნეტარებას...

ცუდი მხარე თუ რამ აქვს,
ეს ბუნების წესია:
სადაც ვარდი ამოდის
იქ ეკალიც სთესია.

მაგრამ ვარდის მომკრეფი,
ეკალს მოერიდება.
ტატოც ჩვენი ვარდია,
ჩვენი ქვეყნის დიდება.

სულით, გულით მაღალი
ქართლის შვილი, ქართველი
და მომავალში მისგან
ბევრ კეთილს გამოველი!

ალექსანდრე

ღმერთმა ქნას, მაგრამ ჯერ კი
არაფერი შვილია!..
ოცნებობ და ოცნება
მატყუარი... ტკბილია.

სულ ოცნება... ოცნებას
როგორ უნდა გადავჰყვეთ?
ჩვენი გრძნობა-გონება
გავუხადოთ იმედს ტყვედ!...

ცეცხლი რომ ეკიდება
სახლს, უნდა მიშველება
და არ განზე გადგომა,
შორით მჭერ-მეტყველება!

ჩვენც ცეცხლი გვიკიდია;
თანდათან ძლიერდება
და თუ რამ შეუძლია,
ის რაღას უჩერდება,

რომ ჩამჯდარა განჯაში...
ახლოს არ გვეკარება
და აღარც აგონდება
სამშობლოს ნეტარება?

განა მაგვარი იყვენ
წინასწარმეტყველები?
თუ ახლებს ვეღარ ვხედავთ,
მოვიგონოთ ძველები!

დახე იერემიას,
რაა მისი გოდება,
თუ არ სამშობლოს გლოვა...
მწვავი ცეცხლის მოდება?!

ებრაელებში იყო,
იმათ არ შორდებოდა
და წინასწარ სათქმელებს,
ცრემლით ეუბნებოდა.

ტატო კი ხალხს მოშორდა,
არაფერს ეუბნება.
მიკვირს, როგორ ასვენებს,
თუ აქვს დიდი-ბუნება?

არა!.. ჩვენი ნუგეში,
ყოვლის შემძლე ღმერთია
იმას უნდა მივენდოთ,
მხოლოდ ერთად-ერთია!

(პირჯვარს იწერს)

II თავი

(ბარათაშვილი შემოიჭრება მოულოდნელად სიცილით. ორბელიანები შეკრთებიან და წამოდგებიან)

ბარათაშვილი

დილა მშვიდობის!..

ორივე

…………………ტატო?!
საიდან მოგვევლინე?
როდის მოხველ? რასა იქმ?
გვითხარ!.. გაგვაგებინე!..

ბარათაშვილი

განჯიდან ჩამოვედი
ერთი-ორის კვირითა,
ბევრის ჭაპან-წყვეტითა,
დიდი გასაჭირითა.

გზები წამხდარი იყო..
არავინ ჰყავს პატრონი!
სწორეთ მართალი უთქვამთ,
რომ „მეფობენო დრონი“.

გერი ვერ გაიხარებს
დედინაცვლის ხელშია!..
თვალს გვიხვევენ კოცნითა!..
ხელს გვიჭერენ ყელშია!!.

ეროვნული ღირსება
ყველა შელახულია
და ტანჯვა-მოთმინებაც
ჩვენი პირუტყვულია.

ჩვენვე ვეპოტინებით
სიზმრებსა და ზღაპრებსა,
რასაც დედინაცვალი
ახურავს ჭრელ საბნებსა.

ძველი წეს-წყობილება
ელვასავით იცვლის ფერს;
რაც ვიყავით აღარ ვართ
და რაც ვართ დღეს - ის თქვენ მტერს!..

ალექსანდრე

(აღტაცებით აწყვეტინებს სიტყვას)

ღმერთო!.. რა მეყურება?!..
ნუ თუ შენა ხარ ტატო?!
მაშ შენი მოქმედება
როგორ უნდა გავმარტო?

აჰყოლიხარ ქალებსა,
მათში ჭორიკანაობ
და ცხოვრების ტალღებში
უკუღმართად ჰბანაობ!

ბარათაშვილი

(წარბ-შეკვრით)

დიახ, მე იქ ვიცინი,
სადაც არ მიხარია!..
არ იცი რომ სიცილი
ზოგჯერ ცრემლზე მწარია?

შენ სტირი, მე ვიცინი,
საგანი კი ერთია
და ვინ სცდება ჩვენ ორში
გამკითხავი ღმერთია!..

დღევანდელი ქართველი
აღარ მოსჩანს ქართველად;
იმიტომაც მოგშორდით
და გავიჭერი ველად.

თათრებში ვიმალები,
შევეფარე განჯასა
და აღარაფრად ვაგდებ,
მოძმეების... განსჯასა!

იქ ვიგონებ სამშობლოს,
ჭირს იმითი ვიქარვებ
და ჩემ გულის პასუხებს
ვარსკვლავებს ვუზიარებ.

ვახტანგ

(სევდიანის ღიმილით)

მაგრამ მაინც ვერ გასძელ,
ვერ მოიქარვე ჭირი!..
ჩამოსულხარ თბილისში
და აგერ ჩვენთან სტირი.

ბარათაშვილი

ხან ასეა, ხან ისე -
ტრიალებს ეს ქვეყანა...
მე კი ორმა შემთხვევამ
თქვენთან ჩამომიყვანა.

პირველი ის, რომ მითხრეს:
რაღაც დაგიწერია,
„იმედი“ ჰქვიან, თურმე,
გულის ამაძგერია.

მეორე - დიმიტრი მწერს:
ნუ აგვაღებ ხელსაო!
რად არ ნახავ ჩვენ ახალ
მთავარ-მართებელსაო?

გრაფი ვარანცოვია
ყოველგვარად სრულიო
ვეცადოთ რომ მოვიგოთ
ჩვენც იმისი გულიო!

ამ ცოტა ხანში ყველა
ერთად შევიყრებითო
და მოვილაპარაკებთ
შენის თან დასწრებითო!

აი რას იწერება
დიმიტრი ყიფიანი,
გამოცდილი ქართველი,
შორს მჭვრეტელი, ჭკვიანი

და ახლა კი მშვიდობით!
მინდა, რომ სხვებიც ვნახო
და დიმიტრის წერილზე
გრიგოლიც გავაძრახო.

(ეთხოება და მიდის. სიჩუმე)

ვახტანგ

ახლა ხომ თვალით ნახე,
ტატო როგორ ჰღელავდა?
ყოველი მისი სიტყვა
ცის სიწმინდით ელავდა.

ის თურმე სულ სხვას ჰფიქრობს.
ჩვენ კი იმაზე სხვასა...
მდინარე დიდიც იყოს
ვერ ჩასწვდეს გულში ზღვასა!!.

ალექსანდრე

რაღა მეთქმის?! შენ სიტყვებს
ამტკიცებს მისი ქცევა
და აწ თქვენ, ორივეზე
იყოს მაღლით კურთხევა!..

ჩემ გულ-გატეხილობის,
ჭეშმარიტად მრცხვენია!
დღეს აქ ის გავიგონე,
რაც დღემდი არ მსმენია.

მაგრამ რადგანც დღეს არის
ნინოს დღესასწაული,
მისმა მადლმა და ძალმა
გამიმთელა მე გული.

მრწამსა და აღვიარებ:
ქართლი აღორძინდება 
და ღვთისმშობლის წილ-ხვედრი,
არვის დაეწინდება.

(მიდის პირჯვრის წერით)

ვახტანგ

(გააყოლებს თვალს)

აი ძველი ქართველი:
წმინდა, პატიოსანი.
მე რა ვარ შედარებით?
- საცოდავი მგოსანი!

III თავი

(დიმიტრი ყიფიანი და ბარათაშვილი საუბრობენ)

დიმიტრი

სხვა ყველა იქით იყოს!..
იცი რად დაგიბარე?
ჭირშიაც და ლხინშიაც
საჭიროა მოყვარე.

რომ შენს გულში ნადები
მასაც გაუზიარო!..
თუ სწუხარ - მოაწყინო,
თუ ჰხარობ - გაახარო!

შენც კი მატყობ, მგონია,
რომ ვარ გახარებული?
დღემდი ჩვეულს ტანჯვისას,
სხვა გვარად მიგრძნობს გული.

გავიცანი ახალი
მე მთავარმართებელი.
მისგან ჩვენი ქვეყნისთვის
ბევრ კეთილს გამოველი.

სხვანაირი რამ არის...
სწორეთ რომ ზეკაცია
და თანასწორად უყვარს,
სუყოველი ნაცია!

ეს ის ვარანცოვია,
ოდესას რომ მმართავდა;
ვის ხელშიაც ზღვის პირი
გახრეკილი აჰყვავდა.

ჩვენში ადრეც ყოფილა
და უყვარს საქართველო,
მაშინ ყვავილოვანი...
დღეს კი დამჭკნარი მდელო!

დიმიტრი ციციანოვს1
ახლდა სულ პირტიტველა.
ჩვენი ქვეყნის ავ-კარგი
შესწავლილი აქვს ყველა.

ბარათაშვილი

ეგ ის ვარანცოვია?
გრაფ-ვარანცოვი?.. განა?..
ელჩად რომ იმერეთში
მეფესთან გაიგზავნა?

დიმიტრი

დიახ! და მისი რჩევაც,
რომ დაეჯერებინათ,
სოლომონი ტრაპიზონს
არ აიჩენდა ბინათ!

მაგრამ გადასულ საქმეს
ნუღა გამოვუდგებით!..
ის ვიფიქროთ, ახალ-დროს
როგორ მივეგებებით?

დღეს ის დრო, რომ ყოფილა,
აღარ არის... აღარა.
და გრაფიც დაგვიბრუნდა
მოხუცი და ჭაღარა.

მჯერა, რომ საქართველოს,
ასე დასნეულებულს,
ნელა-ნელა განკურნავს
და მოუბრუნებს ის გულს.

ვნახე: გრიგოლ, პლატონი,
გლუხარიჩი, ლევანი2
და სხვანი. გავამჟღავნეთ
ჩვენ ჩვენი გულის თქმანი.

სუყველას მოეწონა
ჩემი წინადადება.
არავის მონდომია
მისთვის შრომა-მზადება.

ბარათაშვილი

მაგ აზრს მეც ვეთანხმები.
ვსინჯოთ ეს ერთიც კიდე!
უკეთესს რას იფიქრებს,
შავი დღის გადამკიდე?

ვნახოთ და სასიკეთოს,
თუ კი რამეს დავატყობთ,
თავს დავსდებთ, თორემ ძალით
ვეღარაფერს გავაწყობთ.

თუ მართლა შეიყვარა
საბრალო ქართველობა
და თანც გამოიჩინა
ჩვეულებრივ ქველობა,

მეტიც არა უნდა რა...
მოიგებს ქართველის გულს
და აქ საშვილიშვილოთ
ჩაჰნერგავს წრფელ სიყვარულს.

ღმერთმა ჰქნას, რომ გამართლდეს,
ეგ შენი განზრახული.
რომ შეგვიყვაროს და მით
მოიგოს ჩვენიც გული.

ახლა სხვაზე გადვიდეთ!
რას შვრებიან „ჩვენები“?
მზათ არიან ყოველთვის
წაიგძელონ ენები.

და საქმეს კი ერიდონ?
იქვეშ-ქვეშონ მონურად
და რასაც ყური მოჰკრან,
იძახონ კაჭკაჭურად?

ბიძა ჩემი გრიგოლი
ხომ კარგ გუნებაზეა?
კიდევ ფიქრობს, რომ რუსეთს
დაუმონოს აზია?

პლატონი რაღასა იქმს,
ჩვენი ფილოსოფოსი
რომ არავინ ჰგონია
თავის თავზე უფროსი?

აღარ ამბობს: „ქართველებს
გვწყალობს მაღლით ღმერთიო:
ბაბილონიც გამოვხართ
და თვით ასურეთიო?

ვსჭამდით: რომს და საბერძნეთს,
სპარსეთს, არაბეთსაო...
აროდეს უმტყუვნია
ჩვენთვის სვე და ბედსაო?

ახლა რუსის ხელში ვართ,
რუსეთს ჩავებარეთო
და სახრავიც ბევრი გვაქვს
ყველგან შინ და გარეთო?

დიმიტრი

ამბობს!... იმას არ ფიქრობს,
რომ დრო მაშინ სხვა იყო,
ძველი წეს-წყობილება
იმ ძველმა დრომ წაიღო.

აღარ გამეორდება
ის, რაც ძველათ ყოფილა
და ჩვენც ვეღარ აღვადგენთ
იმას, რაც დამხობილა!...

ბარათაშვილი

პლატონს არ დაეძრახვის
მაგნაირი მსჯელობა.
ფილოსოფია არის
მარტო მისი ხელობა.

სიძველის მიმდევრობით
ვისაც თავი ექება,
აწმყოსა და მომავლის
აბა, რა გაეგება!?

პლატონი იქით იყოს!..
გლუხარიჩზე მითხარი
ისევ ისე ზარმაცობს?
როგორ არის? სად არი?

დიმიტრი

სოფელშია! ოძისში
ჩაჯდა მოიკალათა.
ერთხელ ჩამოვიტყუე,
როგორც იქნა, ძალათა.

კომედია შეუთხზავს
„გაყრა“ დაურქმევია
და გრაფ ვარანცოვისთვის
მას ძღვნად მიურთმევია.

დამიბარა მე გრაფმა
მის გადასათარგმნელად
და მეც, როგორც შევიძელ,
გადავუთარგმნე ხელად.

გრაფმა ბევრი იცინა, -
სულ ცრემლები დაღვარა,
მოეწონა ავტორი
მოლიერს შეადარა.

და, მართლაც, კარგი არის,
მეც დიდათ მომეწონა!...
თუ დღეს ვინმე მისთანას
დასწერდა, არ მეგონა.

კარგათ გამოუხატავს
ჩვენი ზნე-ჩვეულება:
ჭირი, ლხინი, ქორწილი,
გლოვა და წვეულება.

გრაფს უნდა, სასახლეში
რომ წარმოადგენიოს
და მისი შინაარსი
ყველგან მოაფენიოს.

დიდი თანამგრძობია
გრაფინაც... მისი ცოლი!
და მოდი შენც აიღე
ჩვენთან ერთი რამ როლი!..

ბარათაშვილი

არა, ჩემო ბატონო
არ ვარგვარ აქტიორად
ხალხში ისეც მორცხვი ვარ...
შევრცხვები ერთი-ორად!!

დავიწყე მარტოობა...
სრულად განცალკევება!
და რად გინდა, ხელ-ახლა
რომ ბადეში გავება?

ვგრძნობ, რომ არ შემიძლია
მაგვარი რამის კეთება!..
მე სულ სხვა გზას ვადგივარ,
სხვა მაქვს გულის კვეთება!

წავალ ისევე განჯას,
შევუდგები სამსახურს
და, თუ იქიდან რამეს
სასიამოს მოვჰკრავ ყურს,

მაშინ მეც ერთად თქვენთან
თანგრძნობით გავიხარებ
და იმ სიტკბოს ვარსკვლავებს
ცაში გავუზიარებ.

(ეთხოვება და მიდის)

დიმიტრი

ყმაწვილია... ცხოვრების
ბევრი არ გაეგება,
და ოცნებით ვარსკვლავებს
შესტრფის... ეჭიკჭიკება.

IV თავი

ვარანცოვი მარტო, დაფიქრებული დადის

ვარანცოვი

მე რომ მინახავს, ის აღარ არის!..
რამ გამოცვალა ასე ქართველი?
სადღაა მისი ამაყი სახე,
შეუპოვრობის გამომხატველი?

ძალ-დატანებით შეშინებულსა,
თითქოს, დასმია რაღაც ბეჭედი;
გმირი ქცეულა ნაცარქექიად
და მოუხრია მონურად ქედი.

ვფიქრობ და ვერა გამიგია რა,
რას შეუცვლია მათი ბუნება?
უნდა შევიტყო, სხვებს გამოვკითხო...
ერთს მათგანს მაინც ეცოდინება.

(დიმიტრი ყიფიანი შემოდის და გაჩერებული დგას კუთხეში. ვარანცოვი დაინახავს და მიუბრუნდება):

მე დაგიბარე... ისე კი არა
როგორც უნცროსი მისმა უფროსმა.
მსურს, რომ გულ-გახსნით, ვით მეგობრებმა,
გავიზიაროთ ჩვენი გულის თქმა!

(დიმიტრი თავს უკრავს, ვარანცოვი სკამზე მიუთითებს და დასხდებიან).

ვარანცოვი

ერთ რასმე გკითხავ, ნუ დამიფარავ,
და გამომიტყდი ვით მამას შვილი!
ერთ დროს განთქმული ქართველთა ერი,
რად არის ასე დღეს გამოცვლილი?

სთქვი! რად გაჩუმდი? ენა ჩაგვარდა?
ნეტავ რას ნიშნავს ეგ მდუმარება?
თუ არას მეტყვი და დამიფარავ,
როგორ შევიტყო გარემოება?

დიმიტრი

(წამოდგება)

როგორც ღმერთს, ისე თავის უფროსსაც
ვერ ეტყვის ტყუილს ვერა ქართველი,
და რომ ტყუილი მოგახსენოთ რამ
ამას, ბატონო ნურც ჩემგან ელი!

და თუ მართალი გითხარი ყველა,
ვაი, თუ ის თქმა ჩემგან გეწყინოს!..
ჭკუა-გონება თუმც დამეთანხმოს,
მაგრამ გულმა კი ვერ მოითმინოს
და გამირისხდეთ!...

ვარანცოვი

(აჯენს)

…………………მე გეუბნები,
როგორც მოწაფეს მისას მოძღვარი
და შენ რაც იცი და როგორც იცი
დაუფარავად ყველა მითხარი!

დიმიტრი

მაშ თუ მაგრეა, ვერ დაგიფარავ!...
სუყოლიფერი თქვენი ბრალია:
მოტყუებულმა რუსეთის ხელში
დღეს საქართველომ სული დალია!..

ვარანცოვი

(შეკრთება)

მოტყუებულმა?! მაგას რას ამბობ,
განა ჩვენ თქვენთან მიტომ მოვსულვართ,
რომ ჭირ-ნახული, უმანკო სული
მოგიკლავ განზრახ და ამოგართვათ?!

დიმიტრი

ასე კია და... რაღად დავფიცო?
თქვენთან ტყუილი გმობაა ღვთისა!
და ბნელ-საქმეებს რა ნათელს მოფენს
გადაფიცვა და თქმა ტყუილისა?

ვარანცოვი

მაშ მომიყევი, თუ არა სცდები!..
მაგით გაუწევ შენ ხალხს სამსახურს
და ნათქვამს, რომ არ გამომეპაროს,
გულ მოდგინებით მეც დაუგდებ ყურს.

დიმიტრი

(დაფიქრების შემდეგ)

ეს მშვენიერი ედემ ქვეყანა,
საჭირ-ბოროტოდ გაჩენილია,
თვალის და გულის სწორად წარმტაცი,
მომხიბლავი და თანაც ტკბილია.

იმ თავიდანვე, როგორც თაფლი ბუზს,
ისე იწვევდა სხვადასხვა ერებს
და სისხლით რწყავდა ატეხილ ჭალებს,
ნაპრალ-კლდეებსა და მთისა წვერებს.

ხან ერთს ეჭირა და ხან მეორეს,
ვერ ჩერდებოდა ვერც ერთის ხელში.
მომსვლელი, მოსულს არა ზოგავდა,
დანას ურჭობდა საკლავად ყელში!

ბოლოს მოვიდა ქართველთა ერი,
ჩამოესახლა დიდხნობით მკვიდრად,
მაგრამ სხვებსაც რომ თვალი ეჭირათ
გადაიკიდეს სხვა ერები მტრად.

ჯერ ბაბილონი და ასურეთი,
მერმე ბერძნები და დიდი-რომი.
ამათ ყველასთან, ამ პატარა ქართლს
შეუსხლეტელი ჰქონია ომი.

როცა გამოჩდენ მაჰმადიანნი
და გაძლიერდენ ქვეყნად გმირულად,
შემოესიენ საქართველოსაც
და სისხლს აქცევდენ კოკის-პირულად.

დაამხვეს იმათ თვით ვიზანტია,
სლავიანების დიდი ქვეყნები.
და ევროპიაც ძლივს იბრუნებდა
სულს, მათგან ნაწყენ-ნაზიანები.

ეს ურდო ძალი სტიქიონური
ქრისტიანობას ემუქრებოდა,
და, მართლაც, ძლევა მოსილთა ხელში
სარწმუნოება, თითქმის, ჰქრებოდა.

როგორც სამეფოს საქრისტეანოს,
ქართლსაც მოადგა ის მოსისხარ-მტრად
მაგრამ ქართველი შეუპოვარი
თავ-დადებული დაუხვდა მედგრად

ხმლითა და ჯვარით მოსაგერებლად
და აიტანა ცეცხლი და ალი,
რომ ჩააბაროს გოლიათ რუსეთს
ქრისტიანობის მან მომავალი.

ვარანცოვი

და არც მოსტყუვდით ეგ იყო მხოლოდ
ერთად-ერთი გზა მომავალისა!...
მაგაზედ არის დამყარებული
ბედნიერებაც „თქვენი ხვალისა“.

დიმიტრი

აგრე ვფიქრობდით ჩვენც, მაგრამ ახლა
სად არის ჩვენთვის ბედნიერება?
არა თუ ხორცი, თქვენმა განზრახვამ
სულიც მოგვიკლა და ხალხი ჰქრება!

ვითა წესია დაღალულისა,
ჩვენ შესვენება გვეჭირვებოდა
და ჩაგიდევით თავი კალთაში,
დაღლილობით რომ სული გვხდებოდა,

ვამბობდით: ძმურად გამოგვაშუშებს,
რომ აღგვადგინოს უფრო ძლიერად,
და მასთან ერთად ჩვენც შევებრძოლოთ
საქრისტიანოს მტერს ღონიერად.

„ძალა აღმართს ხნავს!“ ნათქვამი არის.
არ აგვისრულდა ის, რაც გვეგონა!..
აგვხადეთ მძინარს ყოველიფერი
და შევიქენით მორჩილი მონა.

ვარანცოვი

სცდები! რუსეთმა თქვენ დასაპყრობად
როდის იხმარა მახვილით ძალა?
თქვენ თხოულობდით, ხომ, მფარველობას?
და თქვენი თხოვნა მან შეიწყალა!

დიმიტრი

კიდეც ეგ არის!.. გავაღეთ კარი,
შემოვიყვანეთ, ვინც შეგვიწყალა,
მაგრამ, როგორც კი მოიკალათა,
გამოიჩინა ჩვენზედვე ძალა!

ვიღაც კაპიტან ისპრავნიკები
დანიშნა უფროს პიონერებად,
და იმათ ქვეყნის ტანჯვა მიაჩნდათ
საპირადო რამ ბედნიერებად.

ერთი მათგანი მიადგა სოფელს
უმწეოს, უძლურ-უიარაღოს
და ძლიერება ვითომ რუსეთის,
რომ აგრძნობინოს და დაანახოს,

ძაღლი მოხარშა უწმინდურ შარდში,
შეაკაზმინა განავალითა,
დიდს და პატარას, ქალსაც და კაცსაც
აყურებინა ყველას თვალითა.

და მერე უთხრა გაოცებულებს:
„აბა, მიდით და ახლა სჭამეთო!“
სალდათებს უთხრა: „ვინც არა სჭამოს,
გაამათრახეთ და აწამეთო!“

ვარანცოვი

(იჭმუხნება)

გადარეული ვიღაც ყოფილა!..

დიმიტრი

არა, ეს ჰქონდა მას ნაბძანები,
იმ დროში ბევრი რამე ხდებოდა
გასაოცარი ამისთანები.

ვარანცოვი

აჰ! აჰ! ნუ გჯერა! ტყუილი უთქვამთ!
მაგას არ იზამს, მირონ ცხებული
და არც იქნება მთავრობისაგან,
მაგგვარი რამე მოწონებული.

დიმიტრი

ბევრი ამ გვარი და ეს ამბავიც
არხივში არის მოხსენებული.
საქმის ქაღალდში რომ ჩაიწეროს
არ შეიძლება, ვგონებ, ტყუილი?

ვარანცოვი

(დაფიქრდება)

მიკვირს! მიზეზი რამ იქნებოდა
მაგრე მოქცევის და სასტიკობის?

დიმიტრი

სხვა არაფერი! ძალ-მომრეობა
უფლის მონაზე და ბატონ-ყმობის!

ვარანცოვი

არა! მე, როგორც მთავარ-მართებელს,
მაღალ-მთავრობის წარმომადგენელს,
შემიძლია ვსთქვა... ნიშნად სიმართლის
გულზე დავიდებ წმინდის გრძნობით ხელ
მაგგვარი რამე მაღალ-მთავრობას
არა ჰქონია მაშინ სახეში,
რომ ადგილობრივ - მისს მოხელეებს
მტრულად გაებით მძიმე მახეში.

უნდოდა მხოლოდ თქვენი გამოხსნა,
ჩავარდნილების დიდ-განსაცდელში,
და სურდა ტკბილად ამოგესუნთქათ
სასიყვარულოდ მის მტკიცე ხელში...

დიმიტრი

რომ შეგვრჩენოდა ჩვენ დედა-ენა
და ეროვნული ჩვენი ელ-ფერი?
გულით კი რუსი ვყოფილიყავით?
ჩვენც ეგ გვინდოდა... სხვა არაფერი!..

მაგრამ მთავრობამ ადგილობრივმა
სულ სხვა გასაჯა და მოისაზრა!..
არ დაუფარავს, რაც გულში ჰქონდა
გამოაქვეყნა... გამოაბაზრა!

უარყავთ თქვენი თვითარსებობა,
თქვენი წესი და წყობილებაო!
აი ეს არის ჩვენი გეგმების
საყოველთაო განახლებაო!..

ვერ შევიწყნარეთ ჩვენ ეს განზრახვა
და დავიმარხეთ გულში სურვილი.
ღმერთზედა დაგვრჩა მხოლოდ იმედი:
ან გამარჯვება და ან სიკვდილი!..

ვარანცოვი

და რას ეძახით თქვენ გამარჯვებას?

დიმიტრი

რომ ეროვნული შეგვრჩეს ელფერი
და რუსი ვიყოთ პოლიტიკურად,
აი, რა გვინდა.. სხვა არაფერი!

ვარანცოვი

და ეს სურვილი, რომ აგისრულდესთ,
ქართველი რუსზე მოიბრუნებს გულს?

დიმიტრი

მოიბრუნებს და შიგ ჩაისახავს
ერთგულობასთან მტკიცე სიყვარულს!

ვარანცოვი

აბა, მეც გეტყვი, როგორც მამა შვილს.
გაგიზიარებ ყველა ჩემ ზრახვებს,
თუ ქართველებიც მომეშველებით
და შენც გადასცემ ამ ჩემ სურვილს სხვებს:

მინდა, ქართველი დარჩეს ქართველად
ისე, როგორიც ყოფილა ძველად,
მისი წარსული მომავლისათვის
ვიხმარო მხოლოდ მე საფუძველად.

არც რჯულს შევეხო, არც ეროვნებას,
არც მისს სიწმინდეს, მის დედა-ენას,
რომ არ უშლიდეს მომავლისათვის
სწორსა მსვლელობას და აღმა-ფრენას!

მივაწვდენ მხოლოდ იმ საზრდოს სულის,
რაც მომავალ დროს შეეფერება,
რომ არ ჩამორჩეს სხვა ხალხებს ზდაში!..
თვისს არსებაში გრძნოს ნეტარება.

მხოლოდ მსურს მარტო გულის მოგება.
არ ჩამოვართმევ რუსთან უფლებას
და შემოვიტან დროს შესაფერად
მაღალ-სწავლასა და განათლებას.

ყოველ მხარეში, ყოველ ქალაქში
გავმართავ შკოლებს და გიმნაზიას,
რომ განათლება მისწვდეს აქედან,
დღეს ჩამორჩენილ და ბნელ-აზიას!

ქართველ ქალებსაც რომ დაემსგავსონ,
დროს შესაფერად, წინანდელ დედებს,
ნინოს სახელზე, ჩემი მეუღლე,
თავისის ხარჯით სკოლებს აუგებს.

ჯერ ეს ვიკმაროთ და მერმე კიდევ
მომავლისათვის სხვებიც ვიფიქროთ!
მაგრამ ჯერ უნდა მთიული ხალხი
აჯანყებული ჩამოვიშოროთ.

აი ეს არის ჩემი განზრახვა,
გადაწყვეტილი რამ... უეჭველი;
და შენც ამაზე, აბა, რას მეტყვი
ვით ღვიძლი შვილი? როგორც ქართველი?

დიმიტრი

(აღტაცებით)

კურთხეულ იყოს თქვენი განზრახვა
და მობრძანება მთავარ-მართებლად!
თქვენთვის თავს დასდებს მთლად საქართველო
და გაუხდებით სადიდებელად!

(წამოდგებიან, ყიფიანი თაყვანსა სცემს და გადის. ვარანცოვი მარტო დადის დაფიქრებული)

ვარანცოვი

(თავისთვის)

იოსელიანს ბევრი რამ უთქვამს
ისტორიული და არ მეჯერა.
ამან კი მისის გაბედულ-სიტყვით
გული მატკინა და ამიძგერა.

ხალხი, რომელსაც წარმოუშობავს
დიდი სულ-მნათი შოთა რუსთველი,
მისი არსება რად უნდა იყოს
ასე ორჭოფი და საეჭველი?

არა, ეს ხალხი სულ სხვა ხალხია,
ბევრის მნახველი, ბევრის გამგონე!..
თავ-გამეტებულს, ქრისტეს რჯულისთვის
შეულევია ძალი და ღონე.

და აწცა გულით გარუსებული,
მაგრამ ქართველი გარეგნობითა,
ის დაამშვენებს რუსეთის გვირგვინს
მაღალ გონებით და ტკბილ-გრძნობითა.

გაქრობა ქვეყნად ამ გვარი ერის
არს შემოქმედის შეურაცხყოფა!..
რაც სატანჯველი დღემდის უნახავს
გამოსაბრძმედად ისიც ეყოფა.

ვით მართლ-მორწმუნე და ქრისტიანი,
მე შევუდგები ჩემსა განზრახვას
და ხალხის გრძნობაც ჩემს აზრს და სურვილს
შეუერთდება ვით მდინარე ზღვას.

ათი წლის შემდეგ

ვარანცოვი, შჩერბინინი და კურიერი.

(ვარანცოვს პაკეთი უჭირავს და გახარებული ელაპარაკება თავისს თავს)

ვარანცოვი

გურიის ჯარით ნიკო ერისთავს
გაუმარჯვნია სერასქირზედა,
რადგან სალდათებს ქართველი ჯარიც
მიშველებია გასაჭირზედა.

ახალ-ციხეში ანდრონიკოვი
და ნიგოითში იმარჯვებს ნიკო,
სულ მცირე ჯარით და ორგანვე კი
საქმე გადაწყდა რამ საარაკო
(მიუბრუნდა შჩერბინინს)
ახლა რას იტყვი ჩემ ქართველებზე? 

შჩერბინინი

გამართლდა თქვენი შორსმჭვრეტელობა
და მასთან ერთად ქართველებისაც,
ერთგულობაში უეჭველობა...

კურიერი

თვით რუსებსაც კი გადააჭარბეს
ამ თათრის ომში ერთგულებითა:
ხელჩართულ ომში ქალებიც იყვენ
ხელში კეტებით და ნამგლებითა.

ვარანცოვი

(შჩერბინინს)

ახლა ხომ გესმის, რომ ქართველები
რუსებთან ბრძოდენ თანასწორადა
და სადაც ჩვენი სისხლი იღვროდა,
მათიც იღვროდა ერთი-ორადა?

კურიერი

როცა დამარცხდა... გატყდა თათარი,
ჩვენ მაინც შვება არ მიგვიცია
და გაქცეულებს ჩაუდგა კვალში,
ფეხ-ფეხ მოსდევდა მათ მილიცია!

ვარანცოვი

შენც მახარობლად დაუნიშნავხარ,
როგორც ვაჟკაცი ჩვენი ერთგული,
და დეე, ჯვარმა წმინდა-გიორგის
შენ დაგიშვენოს ამიერ გული!

(კურიერი მადლს უხდის და მივა. ჩამოვარდება სიჩუმე)

შჩერბინინი

მე ქართველობას ვადევნებ თვალ-ყურს
სამოქალაქო მხოლოდ ნაწილში.
რუსების მეტი არა ახსოვთ რა
აღარც მღვიძარეს და აღარც ძილში.

და იმათ საქებ-სადიდებელად,
თითქოს საერთოდ შეეკრასთ პირი!..
არ შეუძლიათ რომ აიტანონ,
თუ გაიგონეს რუსებზე ძვირი!

და თქვენ კი, როგორც ცით მოვლენილსა,
ისე შეგყურებსთ ქართველი ერი,
დღეს რუსის ხელში საშვილიშვილოდ
მოსვენებული და ბედნიერი.

ვარანცოვი

საშვილიშვილოდ?! ეგ ჯერ ვინ იცის?
მე ხომ ყოველთვის აღარ ვიქნები?
და შეიძლება, რომ მოადგილემ
მოშალოს ჩემი გეგმა... საგნები.

ამ საკვირველ ხალხს ისე შეხედოს,
როგორც დაპყრობილ ვისმეს ველურსა,
და მაშინ იმათ ერთგულ სამსახურს
ვინღა მიაპყრობს თვალსა და ყურსა?

მაგრამ იმედი მაქვს მომავლისა,
როდესაც ყველა გამოიცვლება
და ცეცხლისა და მახვილის ადგილს
დაიჭერს სწავლა და განათლება.

ნახევარი საუკუნის შემდეგ სიზმარი

მგოსანი

(სძინავს და აბოდებს)

უცხო სტუმარო! მითხარი: ვინ ხარ,
რომ შემოსულხარ კარ-დაკეტილში?
თუმც ჯერ არც ერთხელ არ მინახავხარ,
თვალწინ მიდგიხარ ცხადად და ძილში!

ეგ შენი სახე, სხივმომფინარე,
ხიდის წინა სდგას გაბრწყინვებული
და გადაჰყურებს მტკვარს, ქუდ-მოხდილი,
მოწყენილი და დაფიქრებული.

შენ ხომ არა ხარ ცისკრის სხივებზე
ჩამონაყოლი, ცით ჩამოსული,
მარად სახსოვარ-დაუვიწყარი
დიდ-ვარანცოვის უკვდავი სული?

თავს მიქნევ? ის ხარ? მაშ ნება მომეც,
დავემხო მის წინ და ვსცე თაყვანი
იმას, რომელსაც შეთვისებია,
ჩემი გულის თქმა: ჩემი ზრახვანი.

მაგრამ ვაი, რომ მისი განზრახვა
აღარ ასრულდა... გადასხვაფერდა
და აღარა სძგერს ქართველის გული,
ისე, როგორაც მის ხელში სძგერდა!

რა მიზეზია? - ის რომ მის შემდეგ
აქ ყოლიფერი გამოიცვალა,
და პატივ-ახდილ ქართველობასაც
ძალ-მომრეობის დააწვა ძალა.

მას უგონებენ სხვადასხვა მიზეზს,
ჩასცივებიან უმიზეზოდ მტრად,
რომ გააძეონ საქართველოდან
და იმათ ნაცვლად თვით ჩადგენ მკვიდრად.

ან გაარუსონ!.. და მერე რა გვარ?
მხოლოდ ენით და არა გულითა,
სასტიკ-ბრძანებით... ძალმომრეობით
და არა სიტკბო, სიყვარულითა.

სასწავლებელში ყველგან საერთოდ
მოსპობილია ენა ქართული.
გვიგმობენ აწმყოს და მას სცდილობენ,
რომ შეგვაძულონ ჩვენი წარსული.

დღევანდელ გეგმით ჩვენი შვილები
ვერა სწავლობენ, ტყვილად სცდებიან.
და ორთა შუა გამომწყვდეული,
ვერც აქ და ვერც იქ ვეღარ სწვდებიან!

ხალხმა დაკარგა სარწმუნოება,
დღეს იმას აღარ მოეპოვება:
აღარც სიწმინდე, აღარც სიმშვიდე
და არც სიმართლე და სასოება!

ვისი ბრალია? სამღვდელოების!..
რუსის ხელშია და იმიტომ ჰსურს,
რომ გაარუსოს... თორემ ზნეობას
ის არ ადევნებს არც თვალს და არც ყურს!

არ გჯერა? ამბობ, შეცდომააო?
ჩვენ სამწუხაროდ, მაგას ჩვენც ვხედავთ,
მაგრამ, რომ არას გვათქმევინებენ 
ჩვენც სიმართლის თქმას ვეღარა ვბედავთ!

ასე ამგვარად ღონე მიხდილი
ვართ ქართველები, დღეს ცოცხალ-მკვდარი
და სანუგეშო, რომ რამე გვითხრას
მომავლისათვის, არავინ არი!

შენა ხარ, განა, ცით მოვლენილი,
წინამორბედი და მოციქული,
რომ ნაწამები და გატეხილი
გამოამთელო ისევე გული?

სთქვი და ყურს გიგდებ, ნათელ-მოსილო!..
ეგ სამი სიტყვა, აბა, რა არი,
რომ ქართველობა გამოაბრუნოს
დღეს დატანჯული და ცოცხალ-მკვდარი?

დიდო მოხუცო! მე წინდაწინვე
ვეთაყვანები მაგ შენ ციურ ხმებს,
რომ სიტყვა-სიტყვით მეცა გადავსცე,
შენგან სულ-ჩადგმულ, ჩემსა მოძმეებს!

(ვითომ ყურს უგდებს აჩრდილის სიტყვას და იმეორებს)

1) სიტყვა

„სანამ ქართველი დაუდევრობით
თვით არ შეიცვლის თავისს ბუნებას,
გარეშე მტერი, ურიცხვიც იყოს,
ვერ მიაყენებს იმას დიდ ვნებას!“

მგოსანი

უკვე დაჰკარგა!.. ის აღარ არის,
რაც რომ ყოფილა უწინდელ დროში!
დაჰკარგა მისი ძველი მახვილი,
და ვერც შეიშნო სანაცვლოდ გროში!

2) სიტყვა

„სანამ ქართველი კუდა-ბზიკობით
სარწმუნოებას არ ააღებს ხელს,
გულ-გაუტეხლად და შეუპოვრად
მაინც აიტანს ყოველ-განსაცდელს!“

მგოსანი

აღარც ეგა აქვს!.. ააღო ხელი!!
სარწმუნოება დაკარგა მისი,
და დავღუპულვართ, თუ მაგაზეა,
დამყარებული მისი მერმისი!..

3) სიტყვა

„სანამ ქართველი მხნეობს სიმართლით
და არ დაჰკარგავს თავისს მიწა-წყალს,
ის მოიმზადებს საშვილიშვილოდ
სანუგეშებლად, კეთილ-მომავალს!“

მგოსანი

დააკარგვინეს ძალით, თუ ნებით
აღარა რჩება მათ მიწა-წყალი.
სხვებს ასახლებენ იმათ მაგიერ
და მათ დარჩებათ მაშ მომავალი?!.

ვარანცოვი

(ვითომ აჩრდილი)

ეგ ჯერ, ადრეა! გულს ნუ გავიტეხთ...
მოგევლინებათ ჩემი მოგვარე
და ხელ-ახლავე გამოგაბრუნებსთ
რუსის მოყვარედ, რუსის მოყვარე!

მგოსანი

(გამოიღვიძებს და აქეთ-იქით იხედება)

ეს, რა მეზმანა?! ცხადივით ვნახე,
რომ ვარანცოვი გამომეცხადა
და დღევანდელი შავი პირ-ბადე,
ვით მოციქულმა მაღლით ამხადა.

თან „სამი სიტყვა“ გადმომცა მცნებად
და ამიღელვა მძინარეს გული!..
ნუ თუ ამ ქვეყნად უნდა დამყარდეს
„ძმობა“, „ერთობა“ და სიყვარული?!“

[1909-1910 წ.]

_____________

1. აქ ავტორი სცდება: ციციანოვს დიმიტრი კი არ ერქვა, არამედ პავლე, რომელსაც ახალგაზრდა ვარანცოვი ახლდა 1803 წ. (ი. გ.).

2. გრიგოლ ორბელიანი, პლატონ იოსელიანი, გლუხარიჩი (გიორგი ერისთავი) და ლევან მელიქიშვილი. (ი. გ.).

რედაქტორის შენიშვნები

ვორონცოვი

ცენტრარქივში დაცულია საცენზურო კომიტეტის საქმეები. ერთ საქმეს ასეთი წარწერა აქვს: «Дeлo Tифлисского комитета пo дeлaм пeчaти о зaдepжaний Гpузинской брошюры сочинение Акакия Церетели, второй том. Кутаис, типография Киладзе. Издание «Имepeти»; №398».

როცა ეს საქმე გადავათვალიერე თვით აკაკის პოემა, (ე. ი. ცენზურის მიერ დაჭე-რილი აკაკის ტექსტი) ვერ აღმოვაჩინე. „საქმე“-ში არ იყო ჩაკერებული. სამაგიეროდ საქმეში ჩართული იყო აკაკის პოემის ტექსტი რუსულ ენაზე გადათარგმნილი (თარგმანი საერთოდ კარგია, შესრულებულია პროზად, შეიცავს 18 თაბახ ქაღალდს, რემინგტონზე სუფთად დაბეჭდილს).

როგორც მიწერმოწერიდან ირკვევა საქმის გარემოება ასე ყოფილა.

ქუთაისში, გამომცემლობა „იმერეთმა“ (იაკობ მანსვეტაშვილის საფასით) გადას-წყვიტა აკაკის ნაწერების გამოცემა ავტორთან შეთანხმებით: აკაკი თავის პირველ ტომს ასეთ შენიშვნას უკეთებს: „... განვიზრახე სრული ჩემი ნაწერების გამოცემა ამ გვარად: გამოვა თვითეული წიგნი ორ ნაწილად. პირველ ნაწილში დაბეჭდილი იქნება ჩემი ახალი ნაწერები, ჯერ სრულიად არსად დაბეჭდილი და მეორე ნაწილში კი - ძველი, უკვე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი აქა-იქ, მაგრამ გასწორებული და შენიშვნებით, თუ რა დრომ და ვითარებამ გამოიწვია ეს ანუ ის თხზულება“.1

ეს პირველი ტომი ტფილისში დაიბეჭდა 1912 წელს, ხოლო მეორე ტომი ქუთაისში 1912 წლის მიწურულში. საცენზურო კომიტეტის განკარგულებით მეორე ტომი აკრძალულ იქმნა. ტფილისის ბეჭდვითი კომიტეტი საჩქაროდ გზავნის დეპეშას ქუთაისის პოლიცმეისტრის სახელზე: «Kyтaиc. Пoлuцмейстеру. Koмитет печати просит зaдepжать второй том сочинений Aкaкия Церетели». განკარგულება მალიად იქნა შესრულებული და მთელი გამოცემა ჩააწყვეს სამ ყუთში, დაბეჭდეს და გადა-იტანეს პოლიციის სამმართველოში.

მეორე ტომის მთლიანად აკრძალვა იმან გამოიწვია, რომ საცენზურო კომიტეტი უცებ ვერ გაერკვია რა იყო აკაკის პოემაში მთავრობის საწინააღმდეგო (129 მუხ. 1034⁴) - ცენზორის ზეპირმა მოხსენებამ ვერ დააკმაყოფილა კომიტეტის დანარჩენი წევრები და დადგენილ იქმნა აკაკის პოემა „ვორონცოვი“ გადათარგმნილიყო რუსულად და წაკითხულიყო მორიგ სხდომაზედ.

ეს საქმეც მალიად იქმნა შესრულებული.

ამ თარგმნით საბოლოოდ დადასტურდა პოემის „მიუღებელი ადგილები“ და ტფილისის ბეჭდვითი კომიტეტი მეორედ გზავნის ქუთაისში, ახლა კი ოლქის სასამართლოს ბრალმდებელის სახელზე შემდეგი შინაარსის მიწერილობას:

„...ამ წიგნში (გვ. 3-58) აკაკი თავის პოემით „ვორონცოვი და მისი დრო“ იძლევა ყალბ და ყურმოკრულ ცნობებს კავკასიაში რუსეთის მფლობელობის განმტკიცების დროის შესახებ. ეს პოემა გამსჭვალულია ცილისწამებით და რუსეთის მფლობელობისადმი მტრულ განწყობილებით. ამ ნაწარმოებიდან ის აზრი გამომდინარეობს თითქოს რუსეთი მიამიტ საქართველოს ატყუებს მლიქვნელობით, ცრუ დაპირებებით და სისხლს ხარბათა სწოვს... ეს პოემა, რომელიც გაშუქებულია საეჭვო ისტორიული ფაქტებით და ტენდენციურობით, აღიზიანებს მოსახლეობას, უნერგავს სიძულვილის გრძნობას რუსეთის მიმართ და უპირისპირებს თავის სამშობლოს წმინდა სახეს, რომლის გასანთავისუფლებლად საჭიროა ერთგულ მამულიშვილების მოწოდება მამულისთვის თავის დასადებად. ვინაიდან ეს პოემა ბოროტგანზრახვითაა დაწერილი და შესაძლოა მისი გავრცელებით ადგილობრივ მოსახლეობაში უპატივცემულობა გამოიწვიოს რუსეთის ხელისუფლებისადმი, ამიტომ კომიტეტმა დაადგინა შეაჩეროს აკაკის ხსენებული წიგნის გამოცემა, გიგზავნით რა ამასთანავე აკაკი წერეთლის მეორე ტომს ქართულად დაბეჭდილს და რუსულ ენაზე თარგმნილს პოემის სრულ ტექსტს. კომიტეტი გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, აღძრათ საკითხი ამ წიგნის აკრძალვის შესახებ იმ დრომდე ვიდრე ეს საჩოთირო პოემა არ ამოიჭრება“. 

წიგნიდან მართლაც ამოჭრილ იქმნა აკაკის ახალი პოემა: „ვორონცოვი“ და ამ ოპერაციის შემდეგ, „ჩემი ნაწერები“-ს მეორე ტომი გამოვიდა მხოლოდ 1913 წელს2.

ერთი გაკვირვება: მეორე ტომში რომელიც ცენზორმა დაიჭირა, იბეჭდებოდა აკაკის ორი დაუბეჭდავი ნაწარმოები. 1. „ვარანცოვი“ (პოემა) და 2. „მომაკვდავის ფიქრები“ (ლექსი). ეს უკანასკნელი ნაწარმოები არ ყოფილა დაჭერილი და რატომ აღარ მოთავსდა ნებადართულ ტომში - გაუგებარია. ეს კია, რომ „მომაკვდავის ფიქრები“ („თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს“) როგორც ახალი ლექსი, დაიბეჭდა გაზეთ „თემში“. (იხ. „თემი“, 1913 წ., №113).

კანონმდებლობის 1034⁴ მე-3 მუხლის მიხედვით საცენზურო კომიტეტი დაკმაყოფილდა წიგნიდან პოემის ამოჭრით და გამომცემლობა პასუხისგებაში არ მიუციათ.

როგორ მოვიძიეთ ამ პოემის ქართული ტექსტი? საცენზურო საქმეში (¹ 398) აკაკის ამონახევი პოემა არ აღმოჩნდა, მაშინ როდესაც სხვა ავტორთა დაჭერილი წიგნი თუ სტატია თვით „საქმეებშია“ ჩართული. იყო მხოლოდ „ვორონცოვის“ რუსული თარგმანი. მაგრამ ეს ხომ საქმეს არ უშველიდა? აშკარაა ჩვენ შევუდგებოდით ამ პოემის ქართული ეგზემპლარის ძებნას. ამბობდნენ: აკაკის ეს პოემა დასწვესო,3 ისე კი რამდენიმე ცალი (ამონახევი) ჩემი მგოსნობის დროს რომელიღაც მწერლის ხელში მენახა, მაგრამ მაშინ ამისთანა დოკუმენტებს ყურადღებას არ ვაქცევდი; მივმართეთ თვით გამომცემელს ქუთაისში, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ, ერთმა ძველმა პოეტმა მითხრა, რომ ეს ამოხეული პოემა მე მაქვსო, მპირდებოდა კიდეც გაჩვენებო, მაგრამ მის ნახვას ვერ ვეღირსე... ბოლოს იძულებული ვიყავი მიმემართა ერთი ადამიანისთვის, რომელიც საცენზურო კომიტეტში მსახურობდა, მან დიდის სიხარულით ჩამაბარა, არამც თუ ამ პოემის ამონახევი, არამედ მთლიანად აკაკის მეორე ტომი, (პირველი ეგზემპლარი ამოუხეველი).

ჩვენ ეს დაბეჭდილი პოემა შეუფარდეთ აკაკის ავტოგრაფს4 და აი რა გამოირკვა: პოემას არსად არა ჰქვიან „ვორონცოვი და მისი დრო“, როგორც ეს საცენზურო კომიტეტმა დაასათაურა. პოემას (- დაბეჭდილშიაც და ხელთნაწერშიც) ჰქვიან „ვორონცოვი“. დაბეჭდილში - ზოგიერთი საგრძნობი კორექტურული შეცდომები იყო: მაგ. მარცვალთა მეტნაკლებობის გამო დაბეჭდილ ეგზემპლარებში ცეზურა ირღვეოდა. ჩვენ აქ ყველგან შევასწორეთ ხელთნაწერ ტექსტის მიხედვით, თუმცა მაინც დარჩა ქართული ყურისათვის უჩვეულო გამოთქმები: „მაგრამ რადგან[ა]ც დღეს არის“, „და თან[ა]ც გამოიჩინა“, „ბაბილონიც გამოვხარ[ი]თ“, „არ შეიძლება ვგონებ „ტყუ[]ლი“. „დღეს სადღაა ანც ერთი“ და სხვ. აგრეთვე ავტორი ყველგან სწორად არ იცავს ასო „ჰაეს“ მნიშვნელობას. მაგ. „შეუსხლეტელი ქონია ომი“. მეორე ადგილას კი სადაც „ჰაე“ სრულიად საჭირო არ არის, ავტორი სწერს: „ცა სიწმინდით ჰელავდა“. სასვენებელი ნიშნები ისე დავტოვეთ, როგორც ავტორსა აქვს.

როდის უნდა იყოს აკაკის „ვორონცოვი“ დაწერილი? პოემაში, სხვათა შორის, მ. ს. ვორონცოვის აჩრდილი ამბობს: 

„ეგ ჯერ ადრეა! გულს ნუ გაიტეხთ...
მოგევლინათ ჩემი მოგვარე“.

ჩვენის აზრით, პოემა დაწერილი უნდა იყოს 1909 წელს, ხოლო ნაფიქრია არა უადრეს 1905 წლისა. ამ წელს „პეტერბურგიდან მიღებული ცნობებით კავკასიაში უქმდებოდა მთავარმართებლის თანამდებობა და არსდებოდა ნამესტნიკობა.“5 როგორც ვიცით ამ თანამდებობაზე დანიშნული იყო „დიდი ვორონცოვის მოგვარე“ გრაფი ვარანცოვ-დაშკოვი (1837-1916), ეს იყო 1905 წელს, 26 თებერვალს.6

თემატურად „ვორონცოვში“ ა. წერეთელი აგრძელებს პატრიოტულ პოეზიის ხაზს. მასში გამოყვანილია როგორც მომქმედი პირები XIX საუკუნის თავადაზნაურული ინტელიგენციის წარმომადგენლები თავიანთი საზოგადოებრივი შეხედულებებით და მისწრაფებებით. ა. წერეთელი მათ შეხვედრებსა და საუბრებში სცდილობს გადმოგვცეს თავისი ეროვნულ-პატრიოტული მრწამსი.

როგორც ლიტერატურული ნაწარმოები ეს პოემაც ავტორის ჩვეულებრივი ყაიდით არის დაწერილი, რომელსაც არ აკლია, ის უარყოფითი მხარეები ლექსის აღნაგობის მხრივ, რომელიც დამახასიათებელია მისი სხვა პოემებისა (გარდა „თორნიკე ერისთავისა“, „თამარ-ცბიერისა“ და „პატარა კახისა“) „ვორონცოვი“ დაწერილია პეტრე უმიკაშვილის ერთმოქმედებიან პიესა „სამზადისი“-ს პლანი-როვკით: აქაც მომქმედ პირებად იგივე მწერლებია გაცოცხლებული.7

აკაკის ამ პოემის იდეა დიდხანს უტარებია გულში. ჯერ სდომნია პროზად დაწერა, მაგრამ მერე გადაუფიქრია: „ჩემთვის ლექსად დაწერა უფრო სახელდახელო და სახალისოც არისო“. („ცხოვრება“, 1917 წ., №3). აკაკიმ ეს პოემა დასწერა 1909 წელს პარიზში. პარიზიდან მოწერილ წერილში აკაკი სწერს: „ავათ ვარ და ექიმი დადის, ისე მოწყენილი ვარ, რომ ლამის გავგიჟდე. მაგრამ წერას ვაყოლებ გულს. მანდ ოთხ-ხუთ წელიწადსაც ვერ დავსწერდი იმდენს, რაც აქ ამ ერთ თვეში... აქ დავწერე პოემა „ვორონცოვი“, სტატია: „ჩვენ და სომხები“ და სხვ.

აკაკი პარიზში გაემგზავრა 1909 წელს, 12 ივლისს (იხ. „დროება“, 1909 წ., №157). მაშასადამე, 1905 წლიდან ნაფიქრი პოემა, მხოლოდ 1909 წელს გადაიტანა ქაღალდზე.

მეტად საინტერესოა აკაკის კერძო ბარათი პარიზიდან იაკობ გოგებაშვილისადმი. სადაც, სხვათა შორის, სწერს პოემა „ვარანცოვის“ შესახებ: „გავათავე პოემა ვარანცოვი და შევატყვე, რომ ძალიან შორს ჩავგორებულვარ თავდაღმართშიო“.

აი, აკაკის ეს წერილიც მთლიანად - (მიგვითითა მაქსიმე ბერძენიშვილმა. დაცულია საქ. მუზეუმის ხელთნაწერთა ფონდში №5331 - S):

ძვირფასო მეგობარო იაკობ!

14 ივლისს გამოველ ბათომიდან ცეცხლის გემით პირდაპირ მარსელამდი და მოუნდით სულ ზღვით 29-მდი. ზღვა კარგი იყო. მაგრამ გემში ფრანცუ-ზების და ინგლისელების მეტი არავინ იყო და მე ჩემი დამტვრეული ფრანცი-ზულით, შორს ვერ წავედი. გემი, როგორც სავაჭრო, ყოველ ქალაქში ჩერდებოდა ზღვის პირად და მეც ძალაუნებურად შემოვიარე: სათათრეთი, საბერ-ძნეთი, იტალია და სხვანი. ტრაპეზონშიაც ვიყავი, ვნახე იქ დამარხული იმერეთის მეფის სოლომონის საფლავი და ეპიტაფიაც გადმოვიწერე. მარსელში შვილი დამიხვდა. არ ვიცი, მე მომეგება თუ ჩემ ჯიბესს. თუ ჯიბეს, შემცდარა, რადგანაც მე ყოველთვის და ყოველგან კნიაზურ ჯიბით დავდივარ!... მასუკან აქა ვარ პარიზში, მაგრამ ჯერ ოთახიდან არ გამოვსულვარ. ვერა ვარ კარგად და ექიმის საშუალობაც არა მაქვს. უშარი (დოქტორია) მარტო გასასინჯავს იღებს სამას ფრანკს და მერე კიდევ საკურორტო სხვა იქნებაო. მე სულ სამასი მანეთით წამოვედი მადედან და იქიდანაც ნახევარი გზის ქირად დამეხარჯა. დამრჩა სულ თხუთმეტი თუმანი და ისიც მალე შემომეხარჯება ღვთით. ასე რომ, რომ ვიექიმო საშუალება არა არის, და, ღმერთმანი, სწორი სჯობს, არცა ვღივარ! ის აღარა ვარ, რაც ვიყავი. გუშინ გავათავე პოემა „ვარანცოვი“ და შევატყვე თავს, რომ ძალიან შორს ჩავგო-რებულვარ თავდაღმართში. სტამბოლში ნამორაძე ვნახე. პატრე-ბის მონასტერში მოუკალათებია. თავდადებულია, მაგრამ ცოტა ფრთხილი. შიშობს კუჭი არ მეტკინოსო. მე როგორც კი ჩავიგდებ საშუალებას ხელში, რომში წავალ. მანდეთკენ ხომ მაინც ვეღარ გამოვბრუნდები, ისე ვარ ავად და ეგებო რამე გაკეთდეს, ვინ იცის? „ცდა ბედის მონახევრეაო“ - ნათქვამია. შენი აზრი ყოლიფერი შემატყობინე ამ ადრესით: Paris. Poste Restante Alexis Zereteli.

P. S. შენი წერილი ანტონზე წავიკითხე გაზეთში. რას იხარჯებოდი? ვინ შენა და ვინ ანტონი! ლეონიდის გადაყვანა ამოვიკითხე გაზეთში და ერთი მხრით არც მწყენია: ახლა უფრო ადვილად დათანხმდება.

შენი მარად ერთგული აკაკი.

______________

1. აკაკი: „ჩემი ნაწერები“ ტ. I. 1912 წ. გვ. 5.

2. ამოჭრილ გვერდების (3 - 58) შესავსებად და „ვორონცოვის“ ნაცვალად გამომცემლობამ დაბეჭდა აკაკის შემდეგი ნაწერები: 1. „საქართველოს დღევანდელი სახე“ .2. „გამზრდელი“, 3. „თამარ მეფე“. 4. „დავითის გვირგვინი“, 5. „ფული“. 6. „გაზაფხული“, 7. „უკანასკნელი ნატვრა“, 8. „სასოწარკვეთილება“, 9. „გამოფხიზლება“, 10. „სცენიდან ნათქვამი“ და 11. „სიმღერა“.

3. როცა ტფილისის საცენზებო კომიტეტში განსაზღვრული რაოდენობის დაჭერილი ლიტერატურა მოგროვდებოდა, გაჰქონდათ ჯარისკაცთა თანხლებით ვერის ფართობზე და სწვავდნენ პროკურორის, სტამბის ინსპექტორის და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელთა თანადასწრებით. აკრძალული წიგნის რამოდენიმე ეგზემპლარს კი მაინც ინახავდნენ.

აი, როგორ ასწერს ამ აუტოდაფეს გაზ. „ზაკავკაზიე“:

«Вчера, 8 часов утра, инспектор типографии г. Азоревич на Вере подверг сожжению 4 фургона разных произведений печати, признанной судом не подлежащей oбpaщению в публике» («Закавказье», 10 июля, 1910 г)... «тopжество было организовано за городом. Вдруг со стороны города раздался громкий звук трубы... Звук трубы становился все пронзительнее. На солнце засверкало что-то медное с грохотом приближалось к месту действия... В середине - четыре громадных фургона, до верху чем-то нагруженных, несколько возов дров и столько же цистерн с керосином... Наконец, остановились, образовали круг. Возы с дровами моментально были разгружены, сложен костер, щедро политый керосином, и запылал огонек... Раздалась команда: - Первый фургон!

И в огонь полетели связки книг, брошюр...» («3aкaвкaзьe», 15 июля 1910 г.).

4. იხ. ხელთ. №1475 - H.

5. „მოგზაური“, 1905 წ., №6.

6. იხ. Bceподданейшая записка по управлению Kaвкaзским кpаeм гpaфa Boронцов-Дaшкова. 1907 წ., დამახასიათებელია, ის გარემოება, რომ აკაკიმ „ვორონცოვი“ რუსულად გადაათარგმნინა (მთარგმნელი ნ. დ. ჩარექოვა) და მიუძღვნა გრაფ ვარანცოვ-დაშკოვს (იხ. ხელთ. №1510 - H).

7. ამ პოემის შესახებ, თავის დროს მოგვიხდა მოხსენების წაკითხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში (ელხში) 1935 წ., შემდეგ მთელი პოემა დაიბეჭდა ჩვენი პუბლიკაციით ჟ. „მნათობში“ (1935 წ., №1).

2.5 ძველი ამხანაგები

▲back to top


კომედია ერთს მოქმედებად

მოქმედნი პირნი:

თ. კვახაძე, ბერიკაცი.

ნიკო მისი შვილი, კანდიდატი, რუსეთიდან მოსული.

სოსო შერეკილიძე, გადამწერალი.

ბარამ ორაბახაძე, კოსტა ფანტაძე - აფიცრები.

ივანე აკარიძე, კვარტალი.

გიგო ცუციაშვილი.

ელენე გიგოს და.

მაქსიმე, კვახაძის მსახური.

გამოსვლა 1-ლი

ზალა კვახაძის სახლში. მამა ფეხმოფრთხილი მუთაქაზედ წამოწოლილი არის. ნიკო სკამზედ ზის დაფიქრებული. მაქსიმე მათ წინ დგას, ხანჯალზედ დაბჯენილი.

მამა

შვილო, რათ მოგწყენია აგრე? გამაგებინე!
დაღალულიხარ? ბძანე და ქვეშ-დააგებინე...
მოგიხდება მოსვენება, ცოტა ხანსა დაიძინე! -
ჰე, ბიჭო! არ გესმის შენ? გაიგონე, მაქსიმე!

მაქსიმე

რას მიბძანებთ, ბატონო ჩემო, შენი ჭირიმე?

მამა

ტყვილათ იდექი აქა? ეს როგორ ვერ გაიგე?
ნიკოს ეძინება. წადი ეხლავ ქვეშ დაუგე! (მაქსიმე გადის)

ნიკო

ნუ სწუხართ, რა საჭიროა ქვეშსაგების დაგება?
მე არ მაქვს ჩვეულება, დღე არ დამეძინება.

მამა

მაშ რათ ხარ მოსხლეტილი! მოგეწყინა? მითხარი.
მალე გახალისდები, ნახე კარგად ქალაქი.
შენობისად რომ იყო ისე ხომ აღარ არი?..
მეტად გამშვენიერდა, მეტად უცხო რამ არი!..

ნიკო

იმედია ბატონო, უკეთაც შეიქმნება.
როდესაც ხალხში შევა თან და თან განათლება.
განათლება სივრცისა და სიმდიდრის მიზეზი,
მას შემოაქვს ხელოვნება, უცხო და უცხო წესი.

მამა (სიცილით)

განა მისი მიზეზია აგრე შენი მოწყენაც?

ნიკო

არა, დაღალული ვარ, არკი გითხართ წეღანაც.

მამა (ამოოხვრით)

ჰეი, ჰეი რაები ხართ ახლანდელი შვილები!
ჰაი ბეჩავ! მაგრე ვიყავთ ჩემს დროში ყმაწვილები?
ჯაფას ვერას აიტანთ, დასათუთებულები!
(სიცილით) წიგნის მოწერით კი გვჯობხართ, მაგრამ მაშინც
……………………………………ფულები…
ორი ფოჩტა გაგივლია, ხარ მაგრე მოკაკული. -
ჩემს დროს რომ მოსწრებოდი, ამოგხდებოდა სული!

ნიკო

სტავროპოლიდგან თითქმის უშინლოდ მოვდიოდი,
ცოტა ცივი ქარიც იყო და უთუოდ გავცივდი.

მამა

იცი თავის ამბავი, შინელს მოვიხურავდი. -
………………… (ამოოხვრით)
მე კი შენის ხნის პერანგა მწვანეზედა ვგორავდი,
ფეხშიშველი თოვლში ვხტოდი, მაგრამ რას ჰქვიან მციოდა?
კაცს ენახა იტყოდა თუ ფეხზედ კომლი ამდიოდა.

ნიკო

ეხლა სულ სხვა დრო არის, წავიდა ის დროება,
სხვა ხასიათი მოვიდა და სხვა საჭიროება.

მამა

განა არ ვიცი შვილო?! ვინ არ ატყობს თვალ და თვალა,
რომ სულ სხვა დრო შემოვიდა, ბუნებაც გამოიცვალა.

ისინივე და მაქსიმე

მაქსიმე

ბატონო, გახლავსთ თქვენთან სუდის მწერალი სოსო;
ნიკოს მოსვლა შეუტყვია და ეგების მნახოსო.

ნიკო

გადი მალე და სთხოვე, დიდის კმაყოფილებით.

მაქსიმე (სკამებს ბერტყავს).

ბატონი ხართ, ეხლავე, ეხლავე გიახლებით. (გადის).

ისინივე და სოსო

(სოსო და ნიკო ერთმანერთს კოცნიან)

ნიკო

მოციქულებს მიგზავნით, ისე ვერ შემოდით?
აგრე გაგვიდიდკაცდით? - დაბძანდით! - რასა იქთ?

სოსო

გმადლობთ. გახლავარ ცოცხალი ღვთის და თქვენის იმედით,
ვმსახურობ, ათ თუმანს ვიღებ, ჯერ მწერალი გახლავარ,
მაგრამ ჩემ სტოლ-ნაჩალნიკს, როგორც ვატყობ, უყვარვარ.

ნიკო (შეჭმუხვნით.)

ისემც კარგი დაგემართოს, თუ არა გყავს გამწყრალი!
………………… ………………… (თავისთვის)
ვინ, ჰკითხავს, შენი ჭირიმე, არის თუ არა მწერალი?

სოსო

არა, კარგი კაცია: დღეს ბაზარში გამგზავნა
და მისის პირით მადლობა ორჯერ-სამჯერ მიბძანა.

ნიკო

კარგი კაცი ყოფილა თუ ჯაფით არ გაწუხა. (თავისთვის)
ფაფახი, ქამარი, სერთუკი, ბრუკი, ფეხებზედ წუღა...
არც რუსია, არც ქართველი; რა ნაირათ მორთულა?

სოსო

ეგ კი იცის, სამართალში აწ მალე მობძანდება
და თუ იქ არ დავუხვდი მეტად გამიჯავრდება.
შენი მოსვლა რომ მითხრეს, დეჟურნს გამოვეპარე.
ხვალაც გნახავ, გეთვაყვანე, და ეხლა ეს მაკმარე!..

ნიკო

დაიცა, რა მიგაჩქარებს, ცოტა ვიმუსაიფოთ;

სოსო

არა, შენი ჭირიმე, გამიშვით. არ დამღუპოთ. (მიდის)

ნიკო (თავისთვის)

ამ უბედურის შვილსა, ეს რა ცოდვა სწვევია?
ცოტა ჭკუა რაც ჰქონდა ისიც გამოლევია!..

მამა

კარგი შვილი დადგება; შენ როგორ ატყობ სოსოს?
ამბობენ კიდეც უყვარსო, ძალიან თავის უფროსს.

ისინივე და მაქსიმა.

მაქსიმე

ეს-ეს არის გიახლათ, ჩემო ბატონო, კვარტალი.
ნიკოსთან თუ სხვა საქმისთვის, ეს კი არ ვიცი მართალი.

მამა

მიალაგ-მოალაგე, კარგათ გეჭიროს თვალი!
მოდი, ახლოს დამიწყვე, ტახტის პირზედ ფოსტალი!

ნიკო

წადი სთხოვე მობძანდეს; აბა რაღა თქმა გინდა.

(მაქსიმე გადის).

მამა

შვილო, შენ ემუსაიფე! მე ავათა ვარ ცოტა (გადის).

ნიკო და კვარტალი (ეხვევიან ერთმანერთს).

კვარტალი

ნიკოჯან! რასა იქ, პოჟოლუსტა, გეთაყვა?

ნიკო

გმადლობთ! - თქვენ როგორა ხართ?

კვარტალი

ჩვენც მშვიდობით გახლავართ.

ნიკო

რუსეთით მარტო მოხვედით თუ სხვაც ვინმე მოგყვა?

ნიკო

სტავრაპოლამდის თითქმის ორნი მოვედით ერთად,
………………… (სიცილით)
ულვაში გამოგიშვიათ, ძალიან გამოცვლილხართ.

კვარტალი

რაზუმეიცა ნიკო! რისათვის გაგიკვირდა?
ჩვენი მოშორების შემდეგ ოთხი წელი გავიდა.

ნიკო

როგორ გავიფანტენით.

კვარტალი

…………………ძალიან კარგათ ვქენით.
რა წავაგეთ იმითი ერთმანეთს რომ მოვშორდით?
შენ კანდიდატი გახდი და ჩვენ აქ ვივარგეთ ღვთით.

ნიკო (გახარებით).

მაგისთანა ანბებით დიდათ მასიამოვნებთ.
რა სამსახურში ბძანდებით, ან ჯამაგირს რას იღებთ?

კვარტალი

მე, ჩემო ბატონო, სადღაა სამართალი!
აგერ სამი წელია რაც ვარ და ვარ კვარტალი.
ჯამაგირი ცოტაა, მაგრამ გამოსარჩენი,
თუკი მარდათ გაისარჯე გამოჩნდება ამდენი!
………………… (თმას იწევს).
ვისაც ხელში ჩავიგდებთ ის ხომ ჩვენი პურია,
ხან ქართველი, ხან სომეხი, თათარი, ხან ურია.

ნიკო (შეწუხდება. თავისთვის)

ვაი უბედურებას! ეს სულ უფრო წამხდარა,
ნამუსისგან გამოსულა, უპირისწყლო გამხდარა!
………………… (ხმამაღლა).
ჰო, მეტი რაღა გინდათ? პრისტაობა ადრეა!
ჯერ ძალიან ყმაწვილი ხარ, არ მოგცემენ მისათვის.
როგორც გატყობ სამსახურში ყველასთვის გაგისწრია,
ერთად ვინც ვიზდებოდით, ამხანაგებისათვის.

კვარტალი

არა, ბარამი მჯობია, მაგრამ ყველას გვჯობს კოსტა:
მეცა და ბარამსაცა ორივეს გადაგვახტა! (ფანჯარაში იყურება)
აი ისინიც აგერ, დახე შენთან მოდიან.(სიცილით)
ჯოხი გვერდს მოიდვაო... თუ როგორცა იტყვიან.

ისინივე, ბარამ და კოსტა (მიესალმებიან ნიკოს კოცნით)

ნიკო

რასა იქთ, როგორ ბრძანდებით?

ორნივე (ერთხმად)

ორნივ გახლავართ მშვიდობით.

ნიკო

დაიღლებოდით კიდეც, მდივანზედ ჩამოსხედით.

კოსტა

არა, რა დაგვღალავდა? დროშკებით გიახელით! (სხდებიან)

ბარამ

რათ მაგრე მოსხლეტილხართ, ავათ ხომ არ გამხდარხართ?

ნიკო

არა, კარგათ ვარ, მაგრამ დაღალვა კი მატყვია, -
სხვა! შენ რასა იქ? როგორ ხარ. ჩინი სად მიგიღია?
ძალიან გშვენის...

ბარამ (თავმომწონედ)

არ ვიცი, ვის არ უხდება მხრებზედ ეპოლეტები?
………………… (მხრებს ანძრევს)
მეც ყოველწელ ჩხუბში ვარ ტყვილად არ ვეხეტები!

ნიკო

შენზედ ვლაპარაკობდი, შენის ქებით ამავსო
………………… (კოსტა კვარტალს უჩვენებს).
მითხრა, ჯვრები, მენდლები, კოსტას ოხრადა აქვსო...

კოსტა (შეფერებით)

ჰო, კარგათ მაქვს ხარისხი, ჯერ რაც შემეფერება;
უფროსებიც მწყალობენ, არავინ მემტერება.

ნიკო

მეტად მოხარული ვარ, კოსტა, მითხარი ერთი:
სად მსახურებ? ასე მალე როგორ გაბედნიერდი?

კოსტა (ჩაახველებს).

შენ რომ რუსეთში წადი, მე შევედი დრაგუნში,
მალე ჩხუბში დავესწარ, ტყვია მომარტყეს გულში,
მაგრამ მე ექიმები მაძლევდენ კარგს წამალსა
და რომ მოვრჩი ეს ჯვარი მიაკრეს ჩემსა ხმალსა. (უჩვენებს ხმალს).
ყარსის იერიშის დროს ციხეს მარჯვეთ მიველი,
მაშინ ჩინს და გიორგის ერთად გამოვჰკარ ხელი.
შარშანაც ლეკის ჩხუბში, ჩვენი ვრევსკი რომ მოჰკლეს,
ანნა ბანტით გამობმული ზედ გულზედ მომახალეს!

ნიკო (ამოოხვრით)

გაბედნიერებულხარ! მუნდირიც გაქვს ლამაზი!

ბარამ (თავმოწონებით).

ჯერ რა არი! ამბობენ ვითომც იყოს უქაზი:
დიდი ხანია უნდათ ფორმა გამოიცვალონ
და შალვარზედ ორ პირად ოქროს კანტი ჩაგვივლონ.

კოსტა

ჰო! ჰო! ჰო! რა იქნება მაშინ ფეხზედაც დეზი!
………………… (ფეხზედ იხედება)
პოლკიც აღარსად იქნება ჩვენს პოლკზედ უკეთესი...

ნიკო

დიდად ვისიამოვნე და ვარ გახარებული,
რომ ყველა მაგრე გნახეთ დაბედნიერებული.

კვარტალი

ჩვენ კი არა გვიჭირს რა, მაგრამ საწყალი გიგო!
სამსახურში არ შევიდა, ოჯახსა ხელი მიჰყო,
რაც იცოდა დაივიწყა რუსული ანაბანა,
ზის სახლში და მუშაობს, შეიქმნა სალახანა.

ბარამ (გაზმორებით)

აწკი დროა წავიდეთ, ნუღარ დავიგვიანეთ!
სამსახურში საქმე გვაქვს, ნიკოს კიდევ მოვაგნებთ.

(სუყველანი გავლენ). -

გამოსვლა მეორე

კვახაძის სახლში, ნიკოს ოთახში, ნიკო დადის დაფიქრებული. ბოლოს ამოიოხრებს და იტყვის.

ნიკო

ვაჰ, საწყალო მამულო! რა შვილები გეზდებათ,
სხვისას ვერას სწავლობენ, თავისიც ავიწყდებათ!
გემნაზიას ათავებენ მეტის მეტის დაკვეხით,
თუ არ დროშკით, ორ ბიჯსაც არ გაივლიან ფეხით.
ზოგსა ყურში ურჭვია კალამი გამოჭრილი,
ზოგნი მამის დანარჩენს სამკვიდროს აჰყოლიან
და დეზების გულისთვის დრაგუნებში მიდიან,
ზოგთა პოლიციაში თავი მოსწონთ კვარტლობით,
იბერებიან, ჰკრეფენ ფულებს უსამართლობით;
ამ გვარად თავის ძმებსა აღუჩნდებიან მტერად
და ამისთანა ყოფით თავს რაცხვენ ბედნიერად!..

ისინივე და მაქსიმე

მაქსიმე

ვიღაც კაცი გიახლათ;
შეიძლება რომ ნახოთ?

ნიკო

წადი, მობძანდეს, უთხარი,
მალე გაუღე მას კარი!

ისინივე და გიგო. (ჰკოცნის ნიკოს)

ნიკო

საიდგან გაგვიჩნდი გიგო? სულ ვერ მოვიფიქრებდი
თუ სოფლიდგან ასე მალე მოხვიდოდი მნახვიდი!..

გიგო (სიცილით)

დღეს შევიტყე შენი მოსვლა, გიჟივით გადმოვარდი.
ეხლაც ისე მიყვარხარ, როგორც უწინ მიყვარდი! (ჰკოცნის).

ნიკო (თავის კვრით).

დიდი მადლობელი ვარ, რომე არ დამივიწყე.
ასე მალე სოფლიდგან ან რა რიგათ მომნახე?..
სხვა! რასა იქთ? - დაბძანდით!

გიგო (ჯდება)

გმადლობ! მშვიდობით ვარ ღვთით! (ცოტა სიჩუმე)
ნეტავ, რისთვის იყავი ისე დაფიქრებული?
ასე მალე მოგეწყინა! რათ ხარ შეწუხებული?

ნიკო

ძველ ამხანაგს გიყურებ, შენთან მომეწყინება?
მაგრამ ერთი უნდა გითხრა, ვიცი არ გეწყინება:
ძველი ამხანაგები გუშინ ყველანი ვნახე -
ზოგი ჩინით, ზოგი ფულით დაბედნიერებული,
მაგრამ ეს კი მაკვირვებს, შენ ეგრე დაგინახე,
ერთი ჯვარიც არა გაქვს გულზედ მიკერებული.
იღბალი არ გქონია...

გიგო

…………………ეგ შენ რისგან გგონია?
ჩინები და მენდლები რომ არაფრად ვეძიე? (გაკიცხვით)
კაცია და გუნება! ასე ყოფა ვირჩიე.

ნიკო

დაუფარავად გეტყვი, არ მიყვარს პირფერობა!
რაღაში მდგომარეობს ჩვენი ბედნიერობა!..

გიგო

რა ვქნა, გინდა დამძრახე! არა მსურს სამსახური!
კეთილ ცხოვრების მოყვარემ, ოჯახს მიუგდე ყური;
თავისუფლად სახლში ვზივარ, არავის არ ვაწუხებ
და სტოლ-ნაჩალნიკ, კვარტლის ფასს პურ-ღვინის ფასში ავიღებ.
ეს ხასიათიც მაქვს, უნდა გითხრა მართალი,
არც ეპოლეტი მიკვირს, არც ჯვარი, არც მედალი.
კეთილად ვარ შემტკბარი დედასთან და დასთანა
და ბედნიერებად მიჩნს ცხოვრება ამისთანა. -

ნიკო (სიცილით)

დედასთან და დასთანა შეტკბობა თუმც კარგია,
მაგრამ ხშირად შინ ყოფაც, ვხედავთ, რომ არ ვარგია.
………………… (სიჩუმე)
რასა იქს თქვენი და? დიდი გაიზდებოდა.
გახსოვს პატარობისას სკამზედ რომა ხლტებოდა?
ეხლა ეგებ ვერც ვიცნო, მასაც დავავიწყდებოდი.

გიგო

დიახ, სულ არ ახსოვხართ, გუშინ ვეუბნებოდი.

ნიკო

ნეტავ თქვენს სახლში ყოფაზედ თქვენი და რასა ფიქრობს?
მე მგონია ისიც გირჩევსთ, რომ სამსახური გიჯობსთ?

გიგო

ის უფრო მტკიცედ არის ამა ჩემის აზრისა!
მისთვის ბევრი სასიძო კარგი, კარგი მაზრისა.
ეპოლეტების, ჯვრების და მენდლების მექონი,
არ შეირთო, დაიწუნა, პირში გამოცხო ქონი.

ნიკო (სიხარულით თავისთვის)

მინდოდა გამომეცადა. შემეტყო ამის ჰაზრები,
მაგრამ ეს აღარა ხუმრობს, ძალაზედ ვემასხრები?
………………… (ხმამაღლა)
ღმერთო შენს მადლს! სად ყოფილა, ჰა, ნამდვილი ქართველი!
მოდი, შენი ჭირიმე, გაკოცო, მომეც ხელი!

(კოცნიან ერთმანერთს)

გამოსვლა მესამე

კეთილშობილთ შეყრილობა, განათლებული ოთახი. ზალაში უკვრენ მუზიკას. ელენე გაათავებს ლეკურს და დაჯდება, სხვები იწყებენ ტანცაობას. ნიკო მიჩერებია ელენეს მოშტერებით. გიგო გვერდზედ უზის.

ნიკო

გიგო მოდი, რა გითხრა; გეთაყვანე მითხარი,
ის ქალი ვინ არის, მდივანზედ ჩამომჯდარი?

გიგო

აბა რომელი ნიკო? იქ სხვაც ბევრი ქალია,

ნიკო

სხვა ქალებიცა სხედან, ეგ თუმცა მართალია,
მაგრამ ის ცალკე რომ ზის, ეჰე, ჭრელკაბიანი,
ძალიან ლამაზიც არი,, შავ-თვალ წარბებიანი.

გიგო (სიცილით)

თუ გინდა გაგაცნობ! მას კიდეც იამება.

ნიკო

ძალიან დაგიმადლებ, მეტად კარგი იქნება.

გიგო (მიიყვანს სიცილით ნიკოს)

საყვარელო მეგობარო! გთხოვთ იცნობდეთ ჩემს დასა! (დას)
და შენც ჩემო დაო, სცნობდე ჩემს მეგობარსა!

(ელენე და ნიკო თავს უკვრენ ერთმანეთს და სხდებიან).

ელენე

ერთს დროს ერთმანეთს ვსცნობდით, მაგრამ გარბის დროება. -
ეხლა ხელახლად დაგვჭირდა ერთმანეთის გაცნობა. (ძმას)
სასიამოვნო არის და დიდათაც მიხარის
ნახვა, ყოველს შემთხვევაში ჩემის ძმის მეგობარის. (ნიკოს)
ბევრჯერ ხოლმე მიამბო თქვენი ქება ჩემმა ძმამ,
და დიდათ გამახარა ამ ჟამად თქვენმა ნახვამ.

ნიკო (თავის კვრით).

დიახ, გემნაზიაში ჩვენ ერთად ვიზდებოდით,
მუდამ ერთად ვიყავით, აროდეს ვშორდებოდით.

ელენე

საწყალს დიდათაც ჰსურდა თქვენთან წამოსულიყო,
მაგრამ ვეღარ მოახერხა და ოჯახს ხელი მიჰყო;
ეხლა შინა კაცია სახლ-კარობას განაგებს. (ამოოხვრით)
ესეც კარგი საქმეა ამითი რას წააგებს?

ნიკო

დიახ, კარგი საქმეა! მაგასა იქმს ყოველი,
მუშაობის მოყვარე, კარგი მამულის შვილი.
(მიიწევს სკამს ელენესკენ და ბოლოს უცებ შეკრთება).
უკაცრავად კნიაჟნა! გთხოვთ მომიტევოთ! შემცდა.
რუსეთში ვარ დაჩვეული და აქ სულ დამავიწყდა,
ჩვენებური ჩვეულება...
რომე აქ არ შეიძლება თამა... თამა... თამაშობა....

ელენე (სიცილით)

ნეტა რა დაგემართად! რათ მიცემიხართ შიშსა?
ანუ რა მოგივიდათ, რისთვის იხდით ბოდიშსა?
კეთილშობილთან ჯდომა, არა, რა საწყენია?
მაგრამ ბიჭბუჭებისა შეხედვაც კი მრცხვენია!

ნიკო (თავს უკრავს. ცოტახნის სიჩუმე).

რომელ სასწავლებელში, სად გაიზარდეთ თქვენა?
რუსული უკეთ იცით, თუ ფრანციცული ენა?

ელენე (ამოოხვრით)

არსად არ მისწავლია, ოჯახში ვარ გართული!
რუსულიც არ მიკითხავს, ვიცი მხოლოდ ქართული!

ნიკო (სიცილით)

მაშ თქვენ მათ არ ეკუთვნით, სხვა ენებს რომ იწყებენ,
ვეღარც იმათ სწავლობენ, ქართულსაც ივიწყებენ?.
………………… (ცოტახანს სიჩუმე)
ერთი გიგოსიც მიბძანეთ! ოჯახობა კარგია,
მაგრამ კაცი ოჯახში უცოლოდ არ ვარგია;
აქამდისც უნდა შეერთო, რისთვის დაიგვიანა?
ეგებ ქალი ვერ იშოვა ლამაზი მზითვიანა?

ელენე

კი მისცემდენ, მაგრამ ის სილამაზეს არ დასდევს,
არც ცოლით უნდა გამდიდრდეს, სულაც არ ითხოვს მზითევს:
მას სურს სულს მოუპოვოს ერთგული მეგობარი
და მგონია ამაში ის არ იყოს შემცდარი! -
ბედნიერი ის არ არის ვისაც აქვს ბევრი ფული,
მაგრამ ვინც სულით გულით არის განსვენებული.

ნიკო

მეც თანახმა გახლავარ, მართალი ბრძანებაა!

ელენე (დგება)

აწ შინ წასვლის დროც არი, სუყველა ემზადება!
ხედავთ! მუსაიფში დრო როგორ მალე თავდება?
მშვიდობით...

ნიკო (თავისთვის)

ვფიცავ, ჯერ არ მინახავს უფრო ჭკვიანი ქალი!
რა მშვენიერათა სჯის? რაც რომ სთქვა-სულ მართალი!..

გამოსვლა მეოთხე (სამის თვის შემდეგ).

კვახაძის სახლში. ნიკოს ოთახში. მამა და შვილი მუსაიფობენ.

მამა

შვილო, რისთვის არ გინდა, მითხარ, მდივანბეგობა?

ნიკო

ბატონო, შინ ყოფა სჯობს მე ეს პურიც მეყოფა.
განა კარგი იქნება, მექრთამობა დავიწყო,
საწყალ-გლეხ-კაცთ ტყავი ვაძრო, ვატირო და ვაწუხო?..

მამა

გამორჩენას ნუ იწყენ, გაისარჯე კეთილად.
საზოგადო საქმესა თავი შესწირე სრულად!..

ნიკო

მაგას მართალსა ბრძანებ, დიახ კარგი მსმენია!
მაგრამ ოჯახობაცა საზოგადო საქმეა.
პურს ჩვენი ყმაწვილები სამსახურში ეძებენ,
ძვირფასს განძსა, მამულსა, უბრალოდ აოხრებენ.
სამსახურში ვინ მოგვცემს ჩვენ, აბა, მაგოდენს ფულს,
რასაც, დამუშავებულს, ავაღებინებ მამულს!

მამა

მაგაზედ გეთანხმები, ეგ თუ გინდა - მართალი,
მაგრამ ერთი საქმისთვის ვარ მე შენზედ გამწყრალი:
დიდის კმაყოფილებით ქალს გაძლევდა სუდია
და შენკი დაიწუნე, ნინო განა ცუდია?

ნიკო

ვინ ანბობს თუ ცუდია? მაგრამ შე დალოცვილო
მეორეს ხომ ვერ შევირთავ! ერთი მინდა საცოლო?
მე სხვა ქალი არ მინდა უნდ ელენე შევირთო,
რაც გენებოს მიყავით! ნება კი უნდა დამრთო!

მამა (სიცილით)

ეჰ, მართალი მეგონა ვერხარ კარგი ხუმარი!
ვინ უსწავლელი ელენე, ვინ შენისთანა ქმარი?

ნიკო (ბეჯითად)

არა თქვენს მზესა ვფიცავ! ეს არ იყოს ხუმრობა!
სულით და გულით მინდა, ბატონო, მისი ქმრობა!

მამა (გაოცებით)

შვილო შენი ნებაა არ დაგატან ძალასა!
მაგრამ როგორ შეირთავ, მითხარ, გაუზდელ ქალსა?

ნიკო

რას ეძახით, მითხარი კარგათ განათლებულსა?
პოჟოლუსტა რომ იციან, ვერ ამბობენ ქართულსა,
თავ-მოხდილნი, მკერდ-შიშველნი ბალებში რომ დახტიან,
ქართველს აღარა გვანან, მოდაო იძახიან?
ვინც სწავლულად მათ რაცხვენ, ისინი მათ შეირთონ!
და მე მაგნაირ სასძლოს, სჯობია მომაშორონ.
მე ელენე შევირთო მსურს, შინ გაზდილი ქალი!
სამი თვეა რაც მისკენ მიჭირავს მარჯვეთ თვალი.

მამა

აწ შვილო ვერას გეტყვი, ასრულდეს შენი ნება!
შენ კი ბედნიერად იყავ და მე რა მენაღვლება?

გამოსვლა მეხუთე

კაზარმის წინ დადიან სხვადასხვა აფიცრები, მათ რიცხვში კოსტა და ბარამია. ერთი კაცი წიგნს მიუტანს, კოსტა წაიკითხავს და დაიყვირებს.

კოსტა

ვაი უბედურობას! მოდი, ბარამ, რა გითხრა:
ნიკო გაგიჟებულა, აკი ღმერთი გაუწყრა!

ბარამ (მივარდება)

ვაი საწყალი ნიკო! იმ გვარად ირჯებოდა,
რომ მე ადრე ვფიქრობდი, სწორეთ გაგიჟდებოდა.
მსხვილ-მსხვილ ჩინოვნიკებსა რომ არ ეპუებოდა,
რასაკვირველია, მას სულ სიგიჟით შვრებოდა!..

კოსტა

ერთბაშად რომ უპირებდენ სუდში სეკრეტრობასა!
მიტომ არ აჯობინა თურმე ოჯახობასა?

ბარამ (ამოოხვრით).

ჰე, რუსეთში წასული კარგი ბევრნი ნახულა,
მაგრამ ჩვენებურის ჭკუით აღარავინ მოსულა!
ერთი წავიდეთ ვნახოთ, კოსტა, თუ შენც გცალია,
როგორ არის ავათა, მსუბუქათ, თუ ძალიან?

კოსტა

ავად კი არ გამხდარა, ისეა შერეკილი:
ლხინში მიუწვევივართ, ამაღამ აქვს ქორწილი.

ბარამ (განკვირვებით)

როგორა თუ ქორწლი?! ვისი ქალი შეურთავს?

კოსტა

გიგოს და მოსწონებია, აღარც კი დაუნიშნავს,
პირ და პირ წაუყვანია.

ბარამ (განკვირვებით)

………………… ესეც სიგიჟით უქნია! -
ჩვენმა პოლკის კამანდირმა აძლია კარგი ქალი,
დახე, ის არ შეირთო! აი, აი, დაუდგეს თვალი!

კოსტა

მერე მის მეტიც არ ჰყავს, არც ქალი და არც ვაჟი.
თურმე აკი სიგიჟით არ დაუჯდა ჭკუაში! (იცინის. განკიცხვით)
განათლებულნი ვართო, მოივლიან პარიჟსა,
და ამგვარ შემთხვევაში კი, ჰკარგვენ ანგარიშსა.

ბარამ

ნეტავ რისგან მოუვიდა. ან ასე როგორ შესცდა,
მოეწონა კიდევაც შინ გაზდილი გიგოს და?..
ცოტა მაინც ესმოდეს, ნეტავ, საწყალს რუსული,
………………… (ბეჯითად)
არა, რაღა თქმა უნდა? ჭკუა აქვს დაკარგული!..

კოსტა (დაცინებით)

გახარებული წიგნია, მოდითო, იწერება. -
მე არ მცალიან, შენ წადი თუ არ დაგეზარება!

ბარამ (დაჭმუნვით)

არც მე მინდა დავესწრო ამნაირსა ქორწილსა,
მუზიკაც არ ეყოლება, დუდუკი მოგვრის ძილსა.

დასასრული.

1859-სა წელსა
დეკემბრის 14-სა დღესა
.

რედაქტორის შენიშვნები

ძველი ამხანაგი

დაბეჭდილია „ცისკარში“ 1861 წელს, ივლისის ნომერში, გვ. 208. თარიღი უზის 1859 წელი, 14 დეკემბერი.

2.6 პირუტყვების არჩევანი

▲back to top


ვოდევილი ერთ სცენად

მოქმედნი პირნი

ვირი, აქლემი, კატა, მურა-ქოფაკი, მწევარი, მოზვერი, კამბეჩი, ვეფხვი, მგლები და სხვადასხვა მხეცები.

მოქმედება ქაჯეთში

(სცენა წარმოადგენს მოედანს, სადაც სხვადასხვა პირუტყვები შეყრილან წინამძღოლის ამოსარჩევად. ორპირად არიან გაყოფილი და თავ-თავის კანდიდატები წამოუყენებიათ. მარცხენა მხრის მეთაური კატაა, კანდიდატი ტურა. მარჯვენა მხარე მეტია; მათი მეთაური აქლემია; კანდიდატი ვირი. ვირი ქვიქვირჩამოგდებული ეღრიჭება ხან ერთსა და ხან მეორეს; ზოგს ქერსა ჰპირდება, ზოგს თივას და ზოგს ახალ საძოვარს; პირუტყვები თავს უკრავენ და მადლობას მოახსენებენ, აქლემი აფიცებს მათ ვირის ერთგულებაზე. მარჯვენა მხრისაკენ უეცრად ვირი დაიყროყინებს, აქლემი მოსძახებს, ღორი წვრილად ჭყივის, სხვა პირუტყვები ბანს მიაყოლებენ, შეიქნება ერთი ვაების ხმა. მარცხენა მხრიდან გამოვა კატა, წყნარად შეხტება სტოლზე; კუდაბზეკილს ტანზე აცვია ფრაკი, წვერ-ულვაში გასცვივნია. მიმართავს მარჯვენა მხარეს ამ სიტყვებით:)

კატა

მიავ! მიავ! მიაუ! რა გაჩხუბებთ, მხეცებო?
ზნეობით მახინჯებო, ყრუებო და ბეცებო!..
…………………..(მარჯვნით).
აქ მე კაცს ვერ ვიპოვი, ფარნითაც რომ ვეძებო...
ერთ კაცადაც არ ღირან, ყველაც რომ მივაწებო!

გირჩევთ: თქვენც დამიჯერეთ, მოდით, დამიგდეთ ყური!
დღეს ჩვენ აქ მოგვიწოდებს საერო სამსახური;
დავტოვოთ შინაური აყალმაყალი, შური
და ერთად რამ ვარჩიოთ, მით საქმე ვქნათ ჩვენ ძმური!

დრო არის ამდენს შფოთსა აწ დავუდვათ საზღვარი:
ამოვირჩიოთ ჩვენგან ერთი ჩვენ წინამძღვარი;
შეძლება თუ ექნება, ნურც ჰქონდეს დიდი გვარი,
გულით-კი იყოს წმინდა და ჭკუითაც მდიდარი!

კარგად უნდა ესმოდეს ახლანდელი დროება,
რომ გამოიკვლიოს მან ხალხის საჭიროება,
მის სიკეთეს შესწიროს მან თვისი მყუდროება,
და მსხვერპლად კი არ ჰქონდეს ქვეყნის შევიწროება!..

საზოგადო საქმეა, არ ვარგა მტერ-მოყვრობა,
ნათესაობით, ქრთამით ერთმანეთის მიმხრობა,
თორემ, ვიცი, პასუხს გვთხოვს ჩვენი შთამომავლობა,
და არ დავრჩეთ პირშავად, არ შეგვწამონ ოხრობა!

არ სთქვან: „ჩვენი მამები იყვნენ მოღალატები,
ფიცი ბევრჯელ გასტეხეს, არ იწამეს ხატები!“
შევადაროთ ერთმანეთს ჩვენი კანდიდატები
და მჯობნე ავირჩიოთ, ამას გირჩევთ კატები!..

მოგირეკიათ ერთად ამოდენა ნახირი,
ყველა შემტკიცებულხართ, შეგიკრავთ ერთი პირი
და გსურთ ამოირჩიოთ თქვენ წინამძღვრად ეგ ვირი,
ყურებგრძელი, კუდმოკლე, თავმსხვილი და შავპირი.

ჟინიანი, ზარმაცი, კანსქელი, შუბლმაგარი,
არაფრის აქვს გარჩევა, ერთად უჩნს მთა და ბარი,
მასთანაც მოღალატე ყოფილა მაგის გვარი...
და ყველა მამულსა მტრობს მაგისი მეგობარი!

ახლა ეს კანდიდატიც ნახეთ ჩვენი თქვენ, ტურა:
ყველამ ვიცით, ჩვენს მამულს დღემდის ვით ემსახურა,
მის კეთილდღეობისთვის ბევრი ოფლი დასწურა
და სინიდის-ჭკუითაც არავინ დაიმდურა!

მამულს თავი შესწირა, არარა დაიშურა;
თუმცა წყალობის თვალით ზოგმა-კი ვერ შეჰყურა,
მაგრამ მან ხმა არ გასცა, ქუდიც მით დაიხურა!
ახლა გკითხავთ, ვინ სჯობს: ეგ ვირი, თუ ეს ტურა?

მარცხენა მხარე

რა თქმა უნდა, არ გვინდა ვირი ყურებპანტურა!
კმარა, რაც მოგვატყუა, ყინულზე გაგვაცურა,
დრო არის „ჩოქში“ ვუთხრათ, ავირჩიოთ ეს ტურა...
გაუმარჯოს აწ ტურას! ურა, ურა და ურა!

(მარცხენა მხარე ურას იძახის და ყალყზე დგება. მარჯვენა მხარე გაჯავრებულია. ვირი ყროყინებს, აქლემი ბღავის, ძაღლები ჰყეფენ და ღორები ჭყივიან. ვაების ხმაა. ბოლოს დაჩუმდებიან. ქოფაკი გამოვა შუაზე) 

ქოფაკი

ამუ! ამუ! ამ კატას ვუკბენ, მოვაგლეჯ ასოს,
რომ მეორედ ამგვარად აქ აღარ იბაასოს,
ცოტა ხათრიც რომ ექნეს და უკეთ დაგვაფასოს
და ტურას არ ესარჩლოს, მის მეგობარს და სასოს.
ვერა ჰხედავთ, რას ჰბედავს უნამუსო კატუნი?!
სპარსეთიდან მოვიდა, მოიტანა თან მუნი!..
გვითხრას ერთი, რა ნახა ვირში მან დასაწუნი?!
მოდით, კარში გავაგდოთ, ვუძახოთ: „ანასუნი!“
…………………..(თანდათან ჯავრობს).
რას ჰბედავს? ვერა მხედავს - ვბრძანდები დიდი მურა,
კუდგრძელი, ბანჯგვლიანი, შავპირი და შავყურა?!
………………..(მიუბრუნდება ნახირს)
ვინც დღეს კატა დაზოგოს, ლეჩაქი დაეხურა!..

მარცხენა მხარე

აგრე იყოს, თუ დავთმოთ! ურა, ურა და ურა!

(შეუტევენ კატას ერთად, კატა შეშინებული გადახტება სტოლიდან, მარცხენა მხარე მოემზადება საშველად; წინ წამოდგება მწევარი ამაყად და აქოჩვრით)

მწევარი

ჰეი! ჰეი! ვერ მიცნობთ? მე გახლავართ მწევარი!
ჩვენს მხარეში ადრევე განთქმულა ჩემი გვარი!
ყოველის დიდოჯახის ღიაა ჩემთვის კარი...
მამულის სიკეთისთვის მიწურავს ოფლის ღვარი!

ერთად ვინ გაასწორა, მითხარით, მთა ბარი?
მოგიქრთამესთ, მყრალებო, გაჩუქესთ სამოვარი?
ტურის ვირთან შემდარე არს ვირის მეგობარი!..
ამას საქვეყნოდ ვიტყვი, გინდ სწერეთ საჩივარი!..

ღმერთმა მტერს გააგონოს ამგვარი ხათაბალა:
საქმე მუშტით კეთდება, სადღაა ჭკუის ძალა,
კარგი აზრის გამოთქმა აწ ვინღა დაგვაცალა?
მაგრამ კაცის გალახვა არ გახლავსთ ალა-ალა!..

როგორ ჰყეფენ, ხომ ჰხედავთ, გურული მეძებრები?
მძლავრი პირუტყვებისა ბრძანდებიან მტერები;
თქვენც ბევრჯელ უნახავხართ, მოვლილი აქვსთ სერები
და, თუ გეცენ, შენც, მურავ, ცუდად აემტვერები!..

მურა (მხრებზე იხედება)

სანამ მხრებზე მიწყვია მე ეს დიდი ჩინია,
შენისთანა მწევრების არაფრად მეშინია!
ბევრჯელ გამიგონია მუქარა... მიცინია!.. 
მობრძანდი, თუ გულს გერჩის, გაგგლიჯო ვით ფინია!
…………………. (მიიწევს ღრენით) 

მწევარი (ამაყად)

ნუ ჰყეფ, გიჟო ქოფაკო, ტყვილად თავს ნუ იწონებ,
შენი დრო წასულია, ძველს დროს ტყვილა იგონებ!
შენი ძაღლური ყეფით ჭკუას ვერ დაიმონებ!
წუპაკო, იქ მოგარტყმენ, სადაც თვითონ არ ჰგონებ!..

მურა (გაბრაზებული)

ჯერ შენ ისევ ლეკვი ხარ, წუპაკს როგორ მეძახდე!
მაინც არ დავთმობ ამას, საციმბირო რომ გავხდე!
იმედი მაქვს, იმდენად არ დავსუსტდე, არ წავხდე,
რომ შენ ვერ მოგერიო და ვაის არ იძახდე...

(შეუტევენ ერთმანეთს, მაგრამ კამბეჩი წამოდგება და დაამშვიდებს)

კამბეჩი (მრისხანედ)

ლომისგან მოცემული ხარისხი მაქვს მაღალი,
აქ მისთვის დამადგინა, მოვსპო აყალმაყალი!
აქ ჩხუბი არ იქნება,-არს გითხრათ ჩემი ვალი, -
იქით სადმე მიბრძანდით, იქ დაიმტვრიეთ ძვალი!

(მარჯვენა მხრიდან გამოვა აქლემი და მოუბრუნდება კატას მოისხანედ)

აქლემი

ნეტავი რა გაჩხავლებს, უწვერ-ულვაშო ციცა?
აქლემი ვარ, ვერ მიცნობ, ვირის ვარ მკვიდრი ბიძა,
ჩვენი გვარიშვილობა ძველადვე დაიმტკიცა,
ვირის ერთგულობაზე ნახირმაც შემომფიცა!
…………………. (ნახირს მიუბრუნდება)
ნეტავი კატას რათ სწყინს, ამ ვირმა რომ იყვიროს?
ჩვენს ბომონში მოსვლა ჰსურს, თავის რჯულზედა სწიროს;
მაგრამ ვურჩევ დაჩუმდეს, არავინ დაიჭიროს,
კბილები არ აცეცქონ და კატამ არ იტიროს!

მოზვერი

არვისგან გავხედნილვარ, ვარ მე კურომოზვერი,
შენი ნათესავი ვარ, არ ვარ კი ჭკუის მტერი,
ტყვილად ჩხუბი არ მიყვარს და, თუ კი დაგეძგერი,
ყირამალას გადახვალ, ვფიცავ, წაგივა ფერი.

შენს ძმისწულს ესარჩლები, წამომდგარხარ ვით ყადი,
უსწორმასწორ ნაქნარო, ვერ ხარ კარგი ტანადი!
საზარელი ბღავილით აქ შენ ძალს ნუ იქადი,
გირჩევ, ცოდვას ნუ მადებ, ადექი, კარში გადი!

აქლემი

ბევრი ვნახე, მოზვერო, შენებურ მეტიჩარა!
წელამდიც ვერ მომწვდები, რას მიქვიან მუქარა!
თერგის წყალი გიყლაპავს, მიტომ სჯი მაგრე ჩქარა?
შენისთანა მოზვრუკებს მოუხდებათ ავშარა...

მოზვერი

ავშარა თქვენთვის არის ხომ გამოგონებული!..
სპარსელების ნახედნო, გაქვს ყიზილბაშის სული,
შენ და ეგ შენი ვირიც გესლში ხართ გალაფული,
ვგონებ, სულიც გაგვარდეს, თუ გეცი გულმოსული!

(შეუტევს აქლემს. აქლემი შეშინდება და კარში აპირებს გავარდნას, მაგრამ ამ დროს შემოვა ვეფხვი და პირუტყვები დაჩუმდებიან)

ვეფხვი

აი მეც გიახელით, რადგანაც დამიბარეთ!
…………………. (ბრძანების ხმით)
ვინც „ჩინებულნი“ არ ხართ, გირჩევთ გახვიდეთ გარეთ!
დროა საქმის შედგომის, აბა კენჭი უყარეთ
მაგ თქვენ კანდიდატებსა, ერთმანეთს შეადარეთ!

(რომ გაათავებენ კენჭის ყრას, ნახავენ, რომ ვირი გათეთრებულა და ტურა გაშავებულა)

კატა (შეწუხებული)

მიავ! მიავ! მიაუ! ხომ ავასრულეთ ვალი!
მაგრამ რა გაეწყობა, გვერევა მუშტის ძალი!..
აქ ჭკუას ვინღა ეძებს? სად არის სამართალი?
მაგრამ ვირის ამრჩევლებს კი დაუდგებათ თვალი!..

(მელები ტაშისკვრით გადიან მარჯვენა მხარისაკენ)

მელები

მოგატყუეთ, ხი! ხი! ხი! გიბნიეთ გზა და კვალი!
ბატონს ვირს გაუმარჯოს! არალალი! თარალი!

(კატები და მარცხენამხრელები კუდამოძუებულები მიიპარებიან. მარჯვენები გამარჯვებულები ულოცვენ ვირს გამარჯვებას)

ვირი

მიხარის გამარჯვება! წახდა კატის ქადილი!
ეს მეტად ძნელი საქმე ჩვენ შეგვექნა ადვილი!
გმადლობთ, რომ ამისრულეთ ჩემი გულისწადილი,
წამობრძანდით, გაგაძღოთ, მზად მაქვს თქვენთვის სადილი!..

(პირუტყვები თავს უკრავენ და გამოჰყვებიან ვირს დიდის ყვირილითა და ვარხალალოთი).

1860 წ.

ავტორის შენიშვნები

პირუტყვების არჩევანი

ჯერ ახლაც რა არის ჩვენში მარშლის არჩევა, თორემ რა იქნებოდა მესამოცე წლებში?!. ერთ მაშინდელ არჩევანს მეც დავესწარი. დიდი ალიაქოთი იყო ატეხილი. ეს სცენა პირია ნამდვილის, აქ მომატებული არ არის-რა. დასახელებული პირებიც:

1. კატა. გიორგი ღოღობერიძე, მაშინდელი ინტელიგენტი და ოპპოზიციის მეთაური.

2. სამარშლოდ გამოყვანილი. ნესტორ წერეთელი.

3. აქლემი. ალექსანდრე წერეთელი, ნესტორის ბიძა.

4. მურა-ქოფაკი. ბეჟან ჩხეიძე. ახირებული კაცი.

5. მწევარი. მამია გურიელი.

6. მოზვერი. თვითონ მე.

7. კამბეჩი. ლევან ქორქაშვილი, მაშინდელი პროკურორი.

8. ვეფხი. იზუმსკი, მაშინდელი გუბერნატორი.

9. მგლები, მელები და სხვანი - მეკენჭეები.

ამ ხუმრობამ ისეთი უსიამოვნება და მრისხანება გამოიწვია ჩემზე, რომ მე იძულებული გავხდი ქალაქს გავქცეულიყავ. მაგრამ აქ უარესი დამხვდა: თურმე იმ ხანებში იქაც არჩევნები ყოფილიყო და თავისს თავზე მიეღოთ. აღარ ვიცოდი, რა მექნა? სხვაგან წასასვლელი შეძლება რომ აღარა მქონდა - მაშინ ხომ რკინის-გზა არ ყოფილა ჩვენში - ძველ-სენაკში ჩავედი ბესარიონ ქავთარაძესთან და იქ ვიმალებოდი დიდხანს, სანამ მითქმა-მოთქმა არ მიწყნარდა. საკვირველია... დაბალი ხალხი ჩუმად ყველა ჩემი თანამგრძნობი იყო, მაგარმ ცხადად გამოსარჩლების ეშინოდათ. მე-კი, ვინც შესაყეფი იყო, უშიშრად ვუყეფდი, აღარავის და აღარაფერს ვერიდებოდი.

[აკაკი: „ჩემი ნაწერები“, 1912 წ. გვ. 85 ]

რედაქტორის შენიშვნები

პირუტყვების არჩევანი

„დაწერილია პეტერბურგს 1860 წელს, მაგრამ პირველად დაიბეჭდა გაზეთ „დროებაში“ 1873 წელს, №8, 11 მაისი - სათაურით: „პირუტყვების რჩევა“. შემდეგ კიდევ დაიბეჭდა ქართველთა ამხანაგობის გამოცემაში (თბილისი, 1893 წ.): „თხზულებანი“ ტ. I და თვით ავტორის გამოცემაში: „ჩემი ნაწერები“ ნ. I, (თბილისი, 1912 წ.), სადაც სათაურად აქვს „პირუტყვების არჩევანი“. (ს. გორგაძე: ტ. III, გვ. 397).

3 ნაწყვეტები და ვარიანტები

▲back to top


3.1 პოემიდან „რუსეთუმე“

▲back to top


მეორე თავი

მამის საყვედური რუსეთუმეზე

რას მოვესწარი, როგორ ეცემა
ძველი ზრდილობა საქართველოში!
ვიღას აქვს ჩვენი პატივისცემა,
მოხუცის ფასი შეიქმნა გროში!

რაებს სჩადიხარ, დროვო ახალო!
ვეღარ გავიგე შენი გზა-კვალი.
მადლობას გწირავ, ღმერთო მაღალო,
რომ არ შემასვი მეც თერგის წყალი!..

რაებს სჩადიან ჩვენი შვილები?
რასაც ჩვენ ვწუნობთ, ის უჩნთ საქებად;
ჩვენ დაგვცინიან დალოცვილები
და თვითონ ბევრი არ გაეგებათ.

მარხვას და ლოცვას არ ახსენებენ,
ძველი წესები აღარ ეძიეს,
ღამე არ სძინავთ, სულ თამაშობენ
და დღე კი ღამედ გადააქციეს.

რა ცეცხლშიდა ვართ! თუ არ გავზარდეთ,
ვიღა დაგვიწერს მაშინ არზასა?
და თუ გავზარდეთ, სულ დავიღუპეთ,
ვხედავთ, გვიბნევენ კვალსა და გზასა.

ვფიქრობდი: ვნახავ სწავლულსა შვილსა,
არა ვზოგავდი იმის ზრდაში ფასს!
და რა უქნია ამ დალოცვილსა?
დღისით და ღამით ყვირის: „ვისტ“! ან „ფას“!

თუ არა, დადის ამ ოთახებში,
ვითომ დაჯდეს თუ? აჰ, ვერ ისვენებს;
ქარი უდგია სწორედ ფეხებში,
დადის: „პრაკ“, „პრუკ“, „პრაკ“! აღარ მაძინებს.

ან მოიშლიდეს ნეტავ როგორმე...
ამ გვარი სწავლა რა საქადია?
როცა აბრეშუმს ქსელავდა ხოლმე,
სულ ტრიალებდა ჩემი გადია.

მისთვის რუსეთში როგორ წავიდე,
რომ სულ ვქსოვო და ვიღო ვალები?
რისთვის გავგზავნე? ჭირს გადვეკიდე,
რად არ დამიდგა მაშინ თვალები!

აწ რაღა დროსი, რა გაეწყობა!
აი ისიცა მოდის, აქნევს თავს,
რაღაც საქმე აქვს სწორედ, ეტყობა!
ვნახოთ რას გვეტყვის ის ახალს ამბავს

რუსეთუმე

მამა ბატონო! მამა ბატონო!
რა აზრები მაქვს, რა მოვიგონე!
გეტყვი, თუ ახლავ არ მომიწონო,
ყური დამიგდე და გამიგონე!

მამა

რა დაგემართა, ნეტავ რა არი?
ერთი ვერსიდგან მაგრე მოჰყვირი!
მოდი ახლოს და მაშინ მითხარი,
არსად მივდივარ, არავის ვტირი...
სინამ იტყოდე, შენ სული გხდება,
რა გაქლოშინებს, ჯერ შეისვენე,
აზრი ხომ არსად გაგიფრინდება?

რუსეთუმე

ბატონო, კარგი რამ მოვიგონე:
დიდი ხანია, რაც ეს ნიგვზის ხე,
ეზოში რომ დგას, სახეში მქონდა,
დღეს განგებ წაველ და განგებ ვნახე
და ასე უცებ ეს მომაგონდა:
იცი, ბატონო, რა მოგახსენოთ:
რადგანც ის ხე დგას მხოლოდ ეზოს შნოდ,
გადავჭრათ ძირში, მერე დავხერხოთ
და სულ ფიცრები დავათლევინოთ;
ფიცარი თუმნად კი ღირს, ღმერთმანი,
ხეს გამოუა ასი ფიცარი,
ეს შეიქნება ასი თუმანი;
ოჯახობაცა აბა ეს არი!

მამა

როგორ იფიქრე იმისი მოჭრა?
შენ მართლა ამბობ, თუ მეხუმრები?

რუსეთუმე

აღარას ვეძებ, რაც უნდა მითხრა,
ავზედ და კარგზედ ყველაზედ წყრები.

მამა

როგორ არ გავწყრე: დღეს ნიგოზს მიჭრი,
ხვალ ამომიკაფე ძირში ვენახსა,
ფულს შენ არ ზოგავ, ბზესავითა ჰყრი,
აგერ მეხს დასცემ ამ ჩემს ოჯახსა.

ორასის წლის ხეს, ეზოს შვენებას,
აბა ვინ მოსჭრის და ვინ დახერხავს,
აბა მაგნაირ ოჯახის ვნებას
ვინ მოსწრებია და ვის უნახავს?

რუსეთუმე

ჩვენი ვალია, რომ დღეს გაჩვენოთ,
რაც არ გინახავთ უწინდელ კაცებს;
ახალ-მოდურად უნდ ავიშენოთ
ოჯახი.

მამა

მაგას ჩვენ ვინ გვიჩვენებს?

რუსეთუმე

თქვენ მიანდევით ეგ საქმე შვილებს,
აბა, ბატონო, სხვასაც კი ჰკითხე
ნასწავლსა კაცსა: ორასის წლის ხე
ორ-სამს წელიწადს თუ კიდევ გასძლებს.
რომ გცოდნებოდათ თქვენ ბოტანიკა,
თვით მიხვდებოდით, არ ჰკითხავდით სხვას.

მამა

აი შეგირცხვესთ თქვენ „ბუტანიკა“
და დამჯერესაც ლაფი დაესხას!
რაებს ჩერჩეტობ! რას მეუბნები!
ორასის წლის ხე სამს ვეღარ გასძლებს?

მაგრე სტყუიან თქვენი წიგნები?
ვიჰ! ვიჰ! დაჰხედეთ სწავლულ ყმაწვილებს!
შევრცხვე, თუ თქვენი სწავლა ვინატრო!
რაებსა როტვენ!.. ერთი დაჰხედეთ!

რუსეთუმე

რომ კარგი იყო თქვენი ძველი დრო,
რით დაამტკიცეთ? რა გააკეთეთ?

მამა

რა გავაკეთეთ? რა წავახდინეთ?
ძალიან კარგა ვირჯებოდით ღვთით!
მაგრამ შვილებმა კი შეგვარცხვინეთ...
თქვენს გამოზდაში სწორედ მოვსტყუვდით.

აღარ გწამთ ლოცვა, წირვა და მარხვა,
ჟამივითა გძულთ მღვდლების დანახვა,
ჩვენს ცხოვრებასა ქაღალდში აგებთ,
ჩვენს დროს აგინებთ და თქვენსას აქებთ.

ნეტავ ძველ კაცებს რითი გვჯობიან?
უწინ ჩვენ ულავშს რომ ენდობოდენ,
იმდენს ვექსილით არ ენდობიან
ახლანდელს კაცებს, ისე გაფუჭდენ.

რუსეთუმე

ეს არის ჩვენი ბიწიერება?

მამა

დიაღ, ეს გახლავს, ესეც იკმარეთ.

რუსეთუმე

აბა მეც ვიტყვი, - ნუ გეწყინება, -
თქვენი ძველი დრო როგორ ატარეთ:
ძველი კაცები რომ ადგებოდით,
დილას ხელს და პირს რომ დაიბანდით,
იმ წამს საუზმეს მივარდებოდით,
გამოძღებოდით, ისევ წვებოდით,
სადილობამდინ არ ადგებოდით,
მანამდი აბა რა გაგანძრევდათ?
სადილად ისევ გამოძღებოდით,
რომ თითქმის გული აგერეოდათ;
გამოძღებოდით რა უმოწყალოდ,
ისევ ლოგინზე გაგორდებოდით,
უსაძრაოდა, თითქმის უსულოდ,
სანამდი ვახშმად არ დასხდებოდით.
დაურწყება კი უფრო გიყვარდათ,
რადგანც იყავით სულის კაცები;
მთელი მარხვისას შესჭამდით ერთად
სარჩოს და მერმე სულ…

აქ რუსეთუმე მეტად გახურდა
და აპირებდა კიდევ მეტსაცა,
მაგრამ მოხუცი წამოუვარდა
და ცალ ფოსტალსა მან ხელი სტაცა.
რომ დაინახა რუსეთუმემა,
ზე წამოვარდა დაფეთებული,
წინ ის გაიქცა და უკან მამა,
წითელ-პერანგა გამწარებული.
დაუზოგავად ლანძღვით მისდევდა,
ემატებოდა რისხვისა ალი,
მაგრამ გაქცეულს, რა ვეღარ მისწვდა,
კისერში მისცხო მარჯვედ ფოსტალი.
ასე, ამ გვარად ჩვენს მქადაგებელს
დაათხრევინეს სიმწრით თვალები.
გაგრძელებაზედ აქ ავიღებ ხელს,
თორემ, მკითხველო, დამეღალები.

მეათე თავი

ბნელით მოსილი საჩხერეს არე
განისვენებდა ტკბილისა ძილით,
როს მთის წვერიდგან გამოჩნდა მთვარე
და გადაჰხედა კორდსა სიცილით.

შეჰხედა ცასა მან ყურადღებით;
რა ვერ შენიშნა მაზედ ღრუბელი,
მოსცურა ნაზად, თავ-მოწონებით
და გადაჰკარგა მთებს იქით ბნელი.

ცაზედ ვარსკვლავთა გახარებულთა
მნათობის წინა იწყეს ნავარდი;
ერთ-ხმად შესძახეს ქვეყნით ბულბულთა,
არამატს სცემდენ ია და ვარდი.

სურნელებითა დაბრუებულნი
თითქმის ფოთოლნიც არ შრიალებდენ,
და ანგელოზნი ცით მოვლენილნი
საჩხერეს თავზედ დასტრიალებდენ.

მარცხნით ჯრუჭულა, ყვირილა მარჯვნით,
ჩიხურა, კორდის შუა მდინარე,
ნანას იმღერდენ დაბალისა ხმით
და ბანს აძლევდა მათ არე-მარე.

მერე სულ ერთად შეერთებულნი,
რა საჩხერესა მოშორდებოდენ,
მღვიმის ხეობას გაქანებულნი
მინავარდობდენ, კლდეთ ახლტებოდენ.

„მოდი-ნახე“ კი, ციხე ამაყი,
ახალ ციხესა გადაჰყურებდა,
თავს აღარ ეცვა ღრუბლის ბაშლაყი
ციხეთ-ციხესა და მდუმარებდა.

აგონდებოდენ მას ტკბილნი დრონი
თვისის პატივის და დიდებისა,
ოდეს გმირთ-გმირი მისი პატრონი,
სალომონ, მჩენი იმერლებისა,

ჩხუბების შემდეგ გამარჯვებული
პირდაპირ ციხეს მოაშურებდა
და ღვთის მოყვარე, მირონ-ცხებული
პარაკლისს პირველ ახდევინებდა.

შემდეგ მის ჭვრეტით გახარებულთა
(ვინ გაბედავდა მასთან მოწყენას!)
ის უბრძანებდა წარჩინებულთა
მწვანე მოლზედა სუფრის გაფენას.

და თვით ვითა ძმა ყმათ შუა უჯდა;
იყო ყანწ-თასთა ტრიალ-ტრიალი,
ვერცხლის დანებით სთლიდენ რა ბეჭთა,
სოვლად გაჰქონდათ ბზიალ-ბზიალი!

აიღებდა რა პირველად სასმოს,
მეფე ეტყოდა ყმათ: „ალავერდი!..“
ყმანიც ეტყოდენ: „მეფევ, გაამოს,
განძლიერდი და ტკბილად დაბერდი!..

სხვა-და-სხვა რიგი ლხინი ამ გვარად
მეფის ციხესა უნახავს ბევრჯერ
და უსმენია კიდევაც მარად
ხმა ნუგეშისა: „მრავალ-ჟამიერ!“

დღეს კი ეს ყველა მას მოეშალა.
აწ აღარ ესმის ტკბილი ხმა მეფის,
დროებამ თვისი უჩვენა ძალა,
აღასრულა რა წესი ბუნების...

საყდარი იგი, სად პარაკლისსა
მეფე იხდიდა მძლეველი მარად,
ეხლა შექმნილა სახლტომად მგლისა
და მეფის სახლი - მწყემსის სადგურად!..

ამას ჰფიქრობდა ამაყი ციხე
ტკბილი დროს მგონი იყო ტანჯვაში
და შეჭმუხვნილი ამაყი სახე
მას ჩაეხატა ყვირილას წყალში.

1861 წ.

ავტორის შენიშვნები

რუსეთუმე

ეს ვრცელი პოემა იყო. აქ ახალთაობის ტიპად ჩემი თავი მყავდა გამოხატული და ძველი თაობის ტიპად ჩემივე ოჯახი. როცა დავასრულე ეს პოემა, აღტაცებით წავუკითხე სხვებს, მაგრამ ყველამ დამიწუნა: „ოთოთაანთ ქორივით რაღა შინაურებს მოხტომიხარო?“, მე მაინც შევინახე, მაგრამ მომპარეს და დაიკარგა, ისე როგორც სხვაც ბევრი. 

[აკაკი: „ჩემი ნაწერები“, 1912 წ. გვ. 96].

რედაქტორის შენიშვნები

რუსეთუმე

ამ პოემის მე-X თავი პირველად დაიბეჭდა „ცისკარში“ 1861 წ. №2, შემდეგ მე-II-ე თავი „ცისკარშივე“ (1863 წ. №4.) დანარჩენი თავები დაკარგულად უნდა ჩაითვალოს.

3.2 [მედია ელადაში]

▲back to top


ძუძუდა

(დაფიქრებული ზის ჩრდილში)

მზეცა და მთვარეც აქ ჩვენებურსა ჰგავს!
ვარსკვლავებიც კი ჩვენებურია!
და სამშობლოში მათი დანახვა
რად მენატრება, რაღად მწყურია!

ია და ვარდი აქაც იშლება
აქაც უგალობს ხომ იადონი?
და რაღად ვჰფიქრობ ჩვენ ქვეყანაზე
გულ-დაწყვეტილი მათი მომგონი?

ამ ორი ქვეყნის შორი შორს მყოფის
თანასწორია თითქმის ბუნება
და მაშ სურვილი მოუსვენარი
სულ სხვანაირად რად მეუბნება?

მაგრამ სუყოველ ადამიანში
რაღაცა ძალა თანშობილია,
მიუწდომელი, მიუდგომელი,
ვით სიყვარული ისე ტკბილია!

ვერრა პატივი, ვერრა დიდება,
ვერ შესძლებს იმის სამაგიეროს?
სიშორე მისი გრძნობა-გონებას
მიაფენს მწუხრის ჩრდილსა და ჩეროს.

რედაქტორის შენიშვნები

მედია ელადაში

ეს ლექსი ინახება საქ. მუზ. ხელთ. №1489 - H. (იხ. ავტორის შენიშვნები „მედიაზე“. გვ. 679-681).

3.3 გორგასლანი

▲back to top


ნაწყვეტი

აღსდეგ გმირთ-გმირო, ნუ გძინავს
მტრები გეხვევა გარსაო,
რბილად გითხრიან სამარეს
ტკბილად გიმღერენ ზარსაო.

და შენ კი გძინავს! ვერ ჰხედავ
ტკბილად ბანგ-შენასვამიო
ვეღარც გულს ხმარობ, ვეღარც სულს
ლეში გამხდარხარ.. გვამიო.

მაგრამ გულს მაინც არ ვიტეხ
მას ვანაცვალებ ყველასო
სანამ გავხედავ შორიდან
იმედის ცისარტყელასო.

გამოიღვიძებს ისევე
ფხიზელად, ძველებურადო,
და მეც ჩემს ჩონგურს ჩამოვჰკრავ
დავმღერებ ჩემებურადო.

აღზდეგ გმირთ-გმირო, ნუ გძინავს
გამოახილე თვალიო
შეისისხლხორცეთ რაც გაკლდესთ
მოგელისთ მომავალიო!

რედაქტორის შენიშვნები

გორგასლანი

იხ. აკაკის „კრებული“ 1899 წ. №V.

3.4 ვახტანგ გორგასლანს

▲back to top


(ისტორიული)

რამ დაგაღონა გმირთ-გმირო,
მეფეთ-მეფეო ქებულო,
საქართველოსთვის მანანად
განგებით მოვლინებულო?

ცალ ფეხს რომ აჭერ შავ-ზღვაზე,
მეორე თეთრზე გიდგია!
მაღლით მზე გეგვირგვინება,
და მთვარე ტახტად გიდგია!

ქვესკნელში უჭრი სამართალს
ქვე-მძრომსა, ჭიანჭველასა!..
ცაში ყურს უგდებ რეკასა
და იგულისხმებ ყველასა!

აღვირ ამსხმელო სპარსეთის,
გარს ძლევის სხივი გივლია!
სინდ-ინდო აბაშეთითურთ
ფეხ-და-ფეხ შემოგივლია!!

და საბერძნეთიც მოყვრად გყავს,
თანა-მერჯულე შენია!
რაღა გაკლია ამ ქვეყნად,
მაგრე რომ მოგიწყენია?“ -

ეკითხებოდა გორგასლანს
ჯუანშირ გამოჩენილი
და ვახტანგ პასუხს აძლევდა
სიტყვა ია-ვარდ ფენილი:

„სჭვრეტ და ვერ ჰხედავ, გრძნობ - ვერ სჯი;
გჯერა, რაც არაფერია!..
ქარი წაიღებს უკანვე,
რაც ქარის მონაბერია!..

თუმც მართალია, რაცა სთქვი,
მაგრამ სულ გარეგანია!
დიდება ხალხის გულია -
სხვა ყველა გარე კანია!

რას უზამს მტერი გარეშე
დამხდურსა მარად ფხიზელსა,
როცა ვერ აწვდენს გულამდე
ვერც სისხლიან ხმალს, ვერც ხელსა?

დღეს დაიმონებს, ხვალ ვეღარ...
ეს ბრუნვა ქვეყნის წესია!
მაგრამ მოყვარე ორგული
კი მტერზედ უარესია:

მოგხიბლავს სირინოზივით,
დაგიფენს ვარდს და იასა,
ბანგს გასმევს დასაძინებელს,
გულში გაგიჩენს ჭიასა!..

მაშინებს ბერძნის მოყვრობა,
და ერთ-რჯულობა მათთანა,
ვაი, თუ მათი მოძღვრებით
ყელში გაგვირჭონ მათ დანა!..

ვხედავ სხვა-გვარად უჭირავს
ანტიოქიას დღეს თვალი!
სჯობს ეკლესია ქართველთა,
რომ იყოს თავისუფალი!

მაგრამ რა გვარად! თანხმობით 
არ აიღებენ ხომ ხელსა,
და თუ ვიხმარე ძალა რამ,
გავიტეხ წმინდა სახელსა“.

ჯუანშირ ეტყვის: „მეფეო,
გქონია საფიქრებელი!
მე შენსა აღმაფრენასა
რას მივსწვდებოდი მზე-ბნელი?

ახლა რომ ჩამაგულისხმე,
სისწორით ვახელ მე თვალსა:
ეს საქმე გადასაწყვეტად
ზეცას მივანდოთ უფალსა.

ნებით არ იზმენ, ეგ ხმალი
ხომ ღვთის ნაკურთხი გკიდია?
მსხვერპლი სამშობლოს გულისთვის
ყოველგვარ მსხვერპლზე დიდია!“

რჩევა დაუჯდა გორგასლანს
ერთგული ჯუანშირისა,
საერო „გიხაროდენი“
გამქარვებელი ჭირისა.

რა ვეღარ გასჭრა ვედრებამ,
ხელში აიღო მახვილი
და მით მსოფლიო კრებაზე
დაბეჭდა ქვეყნის სურვილი.

„საქართველოს ეკლესია
თვით მართლ-მადიდებელია;
კათალიკოსს თვისას დასვამს
დამოუკიდებელია!“

რედაქტორის შენიშვნები

ვახტანგ გორგასლანს

იხ. ხელთ. №1475 - H, გვ. 62.

3.5 ირაკლი ბატონიშვილი

▲back to top


ხუთმოქმედებიანი დრამა

მოქმედი პირები:

მეფე თეიმურაზ II.

დედოფალი თამარ - მისი მეუღლე.

ირაკლი ბატონიშვილი - მათი ძე.

გივი ჩოლაყაშვილი - ირაკლის გამზდელი.

გელა - ბრმა მოხუცი.

ელისაბედ - მისი ქალი.

ლევან ქვაბულიძე - მწყემსი.

რევაზ ბებურიშვილი.

ბაადურ - კუტი.

ელენე - ლევანის და.

მუშები, შიკრიკები, სასახლის კაცები და ქალები.

მოქმედება 1-ლი.

სცენა 1-ლი

დიდი ტყე, წინ ვაკით; შორით უზარ-მაზარი მთები მოსჩანან. ერთ პატარა კლდიან გორაზე მწყემსი ზის და სალამურს უკრავს.

გამოსვლა 1-ლი.

მწყემსი

მწყემსი. - (ჩამოდის ვაკეზე და მარჯვნივ ტყისკენ იყურება) დაიგვიანეს. ჯერ არსად სჩანან, მაგრამ, თუ სალამურის ხმა ოდნათაც არის ყურში ჩაეწვეთა მოხიბლულს აჩქარებით მოიზიდავს. (დაფიქრდება. ნაღვლიანის ღიმილით.) ჰმ!... ქვაბულიძე და მწყემსი!... იქ ბარში ჩემი ტოლები მტრის გუნდს ვეფხვივით ერევიან და მე-კი აქ ფეხ-მოტეხილი, თხასავით ცხვრებში ვიმალები?.. იქ იმათ მტრის ზიზღით ევსებათ გული და მე-კი აქ შიგ სიყვარული შემეპარა... რა დროსია?.. (დაფიქრდება.) ეს ყველა ჩემდა უნებურად მოხდა და გულთა მხილაო! შენ ხედავ, რომ მე არა მაქვს ბრალი (იხედება მარჯვნივ.) კიდევ არსად არიან!.. ეგებ გაიარეს და მე ვერ შევნიშნე. (მიბრუნდება მარცხნივ. სალამურს ამოიღებს, ნელის ხმით ადუდუნებს და მიდის.)

გამოსვლა მე-2.

ბრმა მოხუცი და ახალგაზრდა ქალი.

მოხუცი. - ძალიან დავიღალე! ცოტა შევისვენოთ სადმე!

ქალი. - თქვენი ნებაა, ვაკეც აქ არის და ჩრდილოც, უკეთეს ადგილს სადღა ვნახავთ. (აქეთ-იქით იყურება) აი მე აგერ დავჯდები ხის ძირში და შენ-კი წამოწექ!.. მუხლზე თავი დამადევი და დაიძინე.

მოხ. - არა, შვილო, გეტკინება.

ქალი. - მაშ ქვას მოგიტან, ან სხვა რამეს.

მოხ. - რა საჭიროა? ნათქვამია: „შიმშილს საწები არ უნდა და ძილს სასთუმალიო“. (ამთქნარებს.) მეტათ დავიღალე. იმდენათ გძელი გზა არ იყო, რამდენათაც უსწორ-მასწორი; აღმართ-დაღმართებმა გამიჭირეს საქმე: მუხლების კანკალი მომდის!.. ეჰ,, მომერია სიბერე!... ეს ერთი ხანია ყურებიც მიწივიან!.. თითქოს სადღაც სალამურს უკრავენო.

ქალი. - (წითლდება.) მაინც სალამურია ხოლმე.

მოხ. - სალამური?! მერე და ვინ არის ის ღვთის მტერი, რომ ამისთანა დროში სალხინოთ გამოდის? იქ ბარში საქრისტიანო ეცემა, მტრისაგან აწიოკებული ქვრივ-ობლები მთებს შემოსტირიან და აქედამ-კი მთიულები სალამურით უპასუხებენ?!.. ვაი ჩვენს მოსწრებას!

ქალი. - მწყემსები არიან. ცხვრები გამოჰყავთ საძოვარზე.

მოხ. - ცხვრები?!. ჰმ... იქ გამხეცებული მტერი ბარის ქართველობას მუსრს ადენს და აქ მთიულები-კი ცხვრებზედა ჰფიქრობენ?!.. დროც არის!... ოხ, თეიმურაზ! თეიმურაზ!.. უდროვოთ და უსამართლოთ გაგიტყდა გული, რომ მართლა ცხვრებივით მიგიტოვებია ბარის ქართველობა და აქ ფშაველებში იმალები. ცუდმაგალითს აძლევ ქვეყანას, - მაგრამ მირონ-ცხებული ხარ და ვინ რას მოგკითხავს!

ქალი. - კარგია, მამავ, შენებურათ ნუ მოჰყვები!.. ნუ აშფოთდები, თორემ კიდევ გაგიტყდება ძილი.

მოხ. - ძილი?! რაღა დროს ძილია, შვილო? ბარემ დროიანათ ადგილზე მივიდეთ. - იმ მგზავრმა რა გითხრა? სად არის „ქოშის გორაო“?

ქალი. - შორს აღარ არისო! მზის გადახრამდი მიაღწევთო. (სიჩუმეა.) მამილო! რათ ეძახიან „ქოშის გორას“ - ?

მოხ. - ძველი ამბავია, შვილო: თამარ მეფემ ერთხელ თურმე ორმოცი დღე იმარხულა შუამთაში; მერე გაიძრო ქოშები, აავსო იქაურ ნაკურთხ მიწით, თვითონ ფეხშიშველა წამობრძანდა და მიწით სავსე ქოშებიც თან წამოიღო; მობრძანდა იმ ადგილზე, სადაც ერთხელ ოდესმე თავგანწირულ ქართველებს სისხლი დაუთხევიათ და იმ დამიწებულ, გავერანებულ საფლაოზე დააყარა შუამთის წმინდა მიწა... (თითქოს რაღაცას იგონებს.)

ქალი. - მერე, მერე მამა?

მოხუცი. - მხლებელ ქალებსაც მიუბაძავთ; თვითო ქოშა მიწა ყველას მიუტანია და იქვე დაუყრია. თან ჰყრიდნენ თურმე და თან დედოფალი ტკეპნიდა.

ქალი. - არ დაიღალა?

მოხ. - მადლიანი იყო. ბოლოს კარგი, მოზდილი გორაკი გაკეთებულა და ზედ ეკლესია აუგიათ.

ქალი. - მაშ მიტომ ეძახიან ქოშის გორას?

მოხ. - სწორეთ. ხვალინდელ დღეს ყოველთვის დიდ დღესასწაულობას იხდიან ხოლმე, მაგრამ მისთანას-კი მაინც ვერა, როგორც თამარის დროს ყოფილა.

ქალი. - უკეთესი?

მოხუცი. - საკვირველია!.. მაშინ მინდვრათ მოფენილი მლოცველი ხალხი, მთელი ღამე იმ გორას გარს უვლიდა მუხლ-მოყრით. დილა-ადრიან დედოფალი ადგებოდა, შებრძანდებოდა იმ გორაზე და ფეხს დასდგამდა თუ არა, იალბუზი დრეკას იწყებდა, თავს იხრიდა... ხალხი დედოფალს შეჰყურებდა, მაგრამ ის-კი თურმე ცას მიჩერებოდა, სანამ იქიდან ზარის რეკა არ მოესმოდა, და მაშინ-კი ბრძანებდა, რომ ქვეყნათაც ჩამოერეკათ ზარები და შესდგომოდნენ ცისკარს. (ამოხვრით.) აბა, დროც ის ყოფილა, შვილო. მადლიანი დრო! ახლა... ეჰ, დიდია, დიდი ჩვენი ცოდვა ღმერთთან. (სიჩუმეა, ამთქნარებს) მეძინება. 

ქალი. - დაიძინე!... ბევრი გზა აღარა დაგვრჩენიარა, მაინც მოვასწრობთ მისვლას... მეც წავალ და მაყვალს მოვკრებ.

მოხ. - აგრე ჰქენი. ბევრს-კი ნუ სჭამ [დასუნთქული არ] შეგხვდეს.

ქალი. - აქ სადმე ახლოს წყაროც იქნება და გავრეცხ.

მოხ. - შორს ნუ წახვალ. ტყემ შეტყუება იცის. გზა არ დაგებნეს.

ქალი. - აქვე ვიქნები. თვალს არ მოგაშორებ.

მოხ. - კარგი შვილო. (ამთქნარებს.) ღმერთო შენი ცოდვილი შენ დაიფარე ყოველი ქრისტიანი განსაცდელისაგან და ააშორე მავნეს... (მიეძინება.)

ქალი. - (იხედება აქეთ-იქით.) ჯერ არსად სჩანს. რა დაემართა? განა გული მოასვენებს, რომ არ მოვიდეს? მოვა! მოვა, მაგრამ რა გამოვიდა? მე-კი სწორე ხმაც ვერ გამიცია და... მინდა რომ სულ ერთათ ვიყოთ და ვერიდები კი. გულში ბევრი რამ მაქვს სათქმელი და პირად ვერა მომიხერხებია რა. (ათვალიერებს.) არსად არი... წავიდე, ჯერ მართლა მაყვალი დავკრიბო. (მიადგება მაყვლოვანს და ჰკრებს. შორიდან სალამური მოისმის.) ჩუ!.. ის არის! ღმერთო ჩემო! გული ამოვარდნას აპირებს... მუხლები ამიკანკალდენ... მაგრამ ვითომ არც-კი ვხედავ... (ჰკრეფს.)

გამოსვლა მე-3.

ისინივე და მწყემსი. (გამოდის მარცხნით.)

წყემსი. - (მიუახლოვდება.) საბედო!..

ქალი. - უიმე!!..

წყემსი. - მე ვარ გენაცვალე! რა დაგემართა? რათ შეშინდი? რა საშინლად აგიძგერდა გული...

ქალი. - შემეშინდა (გულზე ხელებს იდებს.) უცბათ...

მწყემ. - განა არ მელოდი?

ქალი. - რაღაც-კი დაიგვიანე. აღარ!

მწყემ. - მე-კი არა თქვენ დაგიგვიანდათ. დიდი ხანია გიცდით.

ქალი. - შორი გზაა.

მწყემ. - როგორ? განა სხვიმანდელზე მოიმატა?

ქალი. - (წყენით.) მე შენი გადამკიდე, მოხუცებულ მამას ვატყუებ და შენ კი დაცინვასაც მემართლები!..

მწყემ. - ატყუებ?.

ქალი. - დიახ! ხან აღმა მიმყავს და ხან დაღმა.

მწყემ. - ამ სწორ გზაზე?

ქალი. - რასაკვირველია, ბრმა არის, მაგრამ გულის ხმიერია: თუ ერთხელ კი გაუვლია მეორეთ შეატყობს ისევ იმ გზას და სულ ერთი და იმავე გზით სიარულმა, ვაი თუ ეჭვი ააღებინოს. და შენ თითონ არ მირჩიე: - ჯერ დრომდინ ნურას ეტყვიო?

მწყემ. - შენ-კი გენაცვალოს ჩემი თავი, საბედო, რომ გონიერი ხარ და მოხერხებული!.. მაგ გვარ მოტყუებას ღმერთიც არ იწყენს!.. სიყვარულს ბევრი ეპატიება.

ქალი. - სიყვარულს?

მწყემსი. - ჰო, განა ერთმანეთი არ გვიყვარს?

ქალი. - რა ვიცით?

მწყემ. - როგორ არ ვიცი, რომ მიყვარხარ?

ქალი. - ეგ შენ და რომ მე მიყვარხარ, რა იცი?

მწყემ. - შენ თვითონ ხომ იცი?

ქალი. - მე?.. მე... მე... კი ვიცი!.. ეჰ, რა შენი საქმეა. (სიჩუმეა.)

მწყემ. - მამა შენი სად არის?

ქალი. - აი, აქ ახლო დაიძინა.

მწყემ. - კარგია!

ქალი. - როგორა?!

მწყემ. - დრო გვექნება, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. (ჯდებიან.)

ქალი. - მალე უნდა გავაღვიძო, თორემ შორი გზა გვაქვს.

მწყემ. - სად აპირებთ მისვლას?

ქალი. - „ქოშის გორას“ ყოვლად წმიდაზე.

მწყემ. - ჰო, მართლა, იქ ხატობაა.

ქალი. - თემი შეგროვდებაო და მამას ბუკიც აღარ დასჭირდება.

მწყემს. - მეც ამოვალ ღამის თევაში.

ქალი. - შენც? შენ რაღა გინდა?

მწყემსი. - არ იცი განა?.. ჰმ!.. რატომ არას იტყვი?.. ენა ხომ არ ჩაგვარდნია?

ქალი. - (აჩქარებით.) ვიცი, მაგრამ არ მინდა რომ ვიცოდე (სასოწარკვეთილებით) კაცო! ქრისტიანო! რას გადამკიდებიხარ ჭირივით? რად ამდევნებიხარ მავნესავით? რა გინდა ჩემგან?..

მწყემ. - შენი სიყვარული!

ქალი. - სიყვარულიო. გინდა დამღუპო და ქვეყანას ჩემი თავი ყბათ ააღებინო?

მწყემ. - უწინამც დღე დამელიოს და შერცხვეს ჩემი გვარიშ.... შ... ჩემი... ჩემი წვერულვაში და ჩემი ბიჭობა!

ქალი. - გიყვარვარ!.. მოხუცებულებისაგან რომ გამიგონია - კაცები სანდო არ არიანო?

მწყემ. - მართალია, მაგრამ მე ხომ აღთქმა დამიდევს და ფიცი მომიცია შენ ქრმობაზე... (სიჩუმეა.) მე დედ-მამა აღარ მყავს, შენ?

ქალი. - დედა - აღარც მე.

მწყემსი. - მაშ რომ ფიცი გავსტეხოთ, მათი ძვლები ხომ აქ საფლავში შეირყევიან და სული იქ მაღლა შეძრწუნდება?.. მაშინ ქვეყანა დაგვწყევლის და ზეცა შეგვაჩვენებს!.. მართალია ჯერ ერთ დრომდე, ადრეც მითქვამს, ვერ გამოვაცხადებთ ჩვენ შეკავშირების სურვილს, მაგრამ გულით ხომ მაინც ერთმანერთისა ვიქნებით! და აი, ნიშნად ჩვენის გაუყრელობისა ეს წაიღე. (ულვაშის ღერს იგლეჯს.) შეინახე და თუ ოდესმე გიღალატო, ფუ!... უთხარ და დამგმე!

ქალი. - (დიდიხნის ფიქრის შემდეგ.) არ ვიცი, ღმერთმანი! ეს უცნაური რა მემართება და ასე რამ შემკრა? დიდი ხანი არ არის, რაც გამიცვნიხარ; ჯერ შენი ვინაობაც არ შემიტყვია გარკვევით და გული კი მთლათ მოგენდო. მჯერა შენი სიტყვები და გემორჩილები. ვიცი, რომ შენ არ დაჰკარგავ დროს ჩვენის ბედნიერების დღისას და მანამდი... მანამდი ჩემგანაც მიიღე ნიშანი, მაგრამ რა უნდა მოგცე?.. რაც ჩემთვის უძვირფასესია? სიცოცხლე? მაგრამ ის რომ შენ გაგატანო შენ სასიყვარულოდ მე რაღა დამრჩება! (გამოიგლეჯს თმას.) აჰა, წაიღე ეს, გამოსკვენ, შეჰკარი ისე მაგრად. როგორც ჩემი გულია შენი სიყვარულით შეკრული. შეინახე სიფრთხილით და თუ ოდესმე გული ვიცვალო, ზიზღით ჩააგდე ცეცხლში, დასწვი, რომ ისე დაიწვას და დაიდაგოს ჩემი ყმაწვილ-ქალობაც. მწყემს. - (აღტაცებით.) ჩემო საბედო! ჩემო სულის ჩამდგმელო!.. (ხელს ჰკიდებს) ნება მომეცი მოგეხვიო და გაკოცო...

ქალი. - (გამოუსხლტება.) უი დამიდგეს თვალები! რა სთქვი ეგა? რა მითხარი?.. მერე ცოდვა-მადლი!.. წადი, მომშორდი მალე... მალე, - თუ გიყვარვარ...

მწყემს. - მაშ მშვიდობით, ჩემო ბედნიერებავ! შენი ნებაა (გაჩერებულია.)

ქალი. - მშვიდობით... მშვიდ.... ამაღამ იქ.... იქ ამოდი. ახლა-კი მშვიდობით!...

მწყემ. - (მიდის დაღონებული ნელნელა.) მშვიდობით.

ქალი. - (გამოირკვევა.) მიდის!.. მოიცა!.. მო... წადი! წადი!.. ოხ ღმერთო ჩემო!..(გაექანება გიჟივით და გულზედ მიეკვრის.)

მწყემ. - ჩემო სიცოცხლევ... ჩემო ბედნიერებავ!.. (თავს აუწევს და ჩასცქერის თვალებში.)

ქალი. - (მოეჭიდება კისერისკენ და ჰკოცნის, მერე უცბათ ჰკრავს ორივე ხელებს.) წადი!.. მომშორდი... ნუ მიყურებ! (გამოიქცევა წინ და დიდხანს თვალებზე ხელმიფარებული ღელავს.)

მწყემ. - (ცოტახანს აღტაცებით უყურებს.) მშვიდობით! (აჩქარებით გარბის მთას რომ შეუდგება ერთს კიდევ მოიხედავს და გადადის). 

ქალი. - (მიიხედავს.) მიდის!... მოიცა, წავიდა... გადადის.... აღარა სჩანს!.. ღმერთო ჩემო!.. (ჩაჯდება. ხელებს იფარებს პირზე და ცოტა ხანს შემდეგ ტირილი აუვარდება.)

მოხ. - (წამოვარდება შემკრთალი) აჰ?.. ნუ გეშინია. ნუ გეშინია. აქა ვარ, შვილო, აქა!..

ქალი. - (მიეჭრება შეშინებული.) არაფერია, მამა, არა!..

მოხ. - ვინ შეგაშინა! - ძაღლი ხომ რა გამოგიდგა? გველმა ხომ არ გიკბინა? რა იყო?

ქალი. - არა, მამილო, არაფერი ყოფილა.

მოხ. - არაფერი? მაშ... მაშ რა გატირებს შვილო?

ქალი. - არ ვიცი!.. მომეწყინა, ჯავრმა წამიღო, თავი ვეღარ შევიმაგრე და ტირილი ამივარდა.

მოხუცი. - მოგეწყინა? ჰმ... არაფერია, შვილო!.. დამშვიდდი! გული მოიბრუნე გენაცვალოს მამა... ჰმ, მოეწყინა რასაკვირველია... სულ მარტოობა, სულ მოხუცის მეთვალყურობა, რა მოსალხენია! -

ქალი. - არა, მამილო, მაგას რათ ამბობ?.. არა ღმერთმანი, მე ისე... განა შენთან...

მოხუცი. - ვიცი, ვიცი შვილო! ვერ მომატყუებ!.. მე სისხლ გამშრალი ვარ და შენ სიცოცხლე გიდუღს, შენი ცხოვრების კოკორი ახლა იშლება, მე-კი მარტოღა სიბერის ეკლები დამრჩენიან... შენ ის გენატრება - რაც მე დიდი ხანია მომძულებია... ერთ უღელში გაბმა უღმრთოობაა!.. შენ შენი ტოლი გეჭირვება.

ქალი. - რას ამბობ, მამა?

მოხ. - რას ვამბობ! მართალს, შვილო! მართალს, მაგრამ ცოტა კიდევ მოითმინე... დიდხანს აღარ შეგაწუხებ... ჩემი დღეებიც დათვლილია.

ქალი. - რას ამბობ, მამა?.. კიდეც ეგ არის რომ მატირებს ხოლმე... ვხედავ, რომ უპატრონოდ ვართ. შენ მოვლა გეჭირება და თვალყურის მგდებელი-კი არსად არის!.. მე, აბა, რა პატრონობა და მოვლა შემიძლიან?... აი, იმდღესაც ის მადლიანი მწყემსი რომ არ გამოგვჩენოდა, ვინ მოგვიგერებდა ძაღლებს? ხომ ორივე დაგლეჯილი ვიქნებოდით?

მოხ. - აგრე იქნება, შვილო! ღმერთი უმიზეზოთ კაცს არ გასწირავს: ხან მწყემსს გამოუგზავნის მფარველად და ხან დიდებულს.

ქალი. - რა კარგი იქნებოდა მამილო, რომ ერთი ვაჟკაცი შვილი გყოლოდა?

მოხ. - ეჰ, განა არ მყავდა. მაგრამ უფალმა არ ინება.

ქალი. - ან ახლა რომ ვინმე გეშვილებოდეს... შეგიყვარებდეს.. მაშინ...

მოხ. - რაო მაშინ?

ქალი. - მაშინ... ის, რომ.. ჩემზედ უკეთ მოგივლიდა.

მოხ. - სთქვი... სულ მითხარი, რაც გულში გაქვს!.. მაშინ კიდევ!..

ქალი. - მაშინ... მეც ის შემიყვარდებოდა, როგორც ძმა.

მოხ. - როგორც ძმა.. ჰმ... მივხვდი, შვილო!. მართალია, მაგრამ შენ-კი უკუღმა ამბობ... ჯერ შენ უნდა შეგიყვაროს ვინმემ, რომ მერე მეც ის შვილივით შემიყვარდეს.

ქალი. - როგორ?!.

მოხუცი. - დავჯდეთ. შვილო! (ჯდებიან.) შენ ახლა პატარა აღარა ხარ! ალავერდობას თხუთმეტისა გახდები. იცი, შვილო რას გეტყვი!.. შენ გელა ხომ გაგიგონია? იმაზე სამწყესურშიაც კი შაირობენ ხოლმე. ის გელა მე ვარ!.. ჩემი მეტი სახელია.

ქალი. - როგორ არ ვიცი?

მოხუცი. - მთაში გათქმული - ბარშიც სალაპარაკო ვიყავი, უჩემოთ ომი არსად გადაწყვეტილა. მე მიუძღოდი წინ გლეხკაცობას... მე ვიყავი მათი მეთაური ბევრჯელ მიჯერებია მტერზე გული. ერთხელ ალაზნის პირათ უეცრათ დიდძალი მტერი დაგვესხა... ჩვენ ჩვენებურად დაუხვდით და გამარჯვება დავირჩინეთ... მაგრამ მე-კი იმ დღიდგან მომწყდა წელი: სამი შვილი, სამი ვაჟკაცი, ერთათ იმ დღეს მომიკლეს!.. უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ მე მოვეკალით და ისინი-კი დარჩენილიყვნენ, მაგრამ არ ინება უფალმა... არ დამანება ცოდვამ.

ქალი. - ოხ, ის ურჯულოები!.. რომ არ გებრძოლათ განა არ იქნებოდა?..

მოხ. - მტრები თავს გვესხმოდნენ და ჩვენც ვიგერებდით. ისინი მოდიოდნენ ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ხომ მათში არა!.. სამი ცხედარი ერთად წინ დაულაგეს დედაშენს... საბრალომ ჭრილობა გაუშინჯა... ნახა მათი გაპობილი გულ-მკერდი, მოისმინა მათი ვაჟკაცობის ამბავი და როგორც ქართველმა ქალმა, გამარჯვებისათვის ღმერთს მადლობა შესწირა, მაგრამ, როგორც დედამ... როგორც დედამ კი ვეღარ აიტანა უბედურება და თან გადაჰყვა... შენ მაშინ ძუძუ მწოვარი დარჩი... (სიჩუმეა.) ტირი!.. შენც ტირი, ჩემო შვილო? ეჰ, ღვთის ნებაა... ყოველივე ღვთის ნებაა!... (თვალებს იწმენდს.) იმ დღიდგან, უფრო გამხეცებული მტრის სისხლით ვეღარ ვძღებოდი... საფრხეს თავს არ ვარიდებდი... მივსდევდი სიკვდილს და ის კი ჩემგან გარბოდა... ყოველთვის თვალწინ შვილები მელანდებოდა... ვტიროდი... ვტიროდი ხოლმე საიდუმლოდ... და მომეტებულმა ცრემლმა თვალის ჩინი წამართვა... თუ შენც აღარა მყავდე, რა ვიქნებოდი, შვილო!.. მაგრამ თურმე სულ არ გასწირავს ღმერთი კაცს!.. ჩემთვისაც შენი თავი მოუცია მფარველ ანგელოზათ, რომ ტვირთი შემიმსუბუქოს. - (სიჩუმეა.)

ქალი. - მამავ!.. წავიდეთ სადმე უდაბნოში! თავ-შესაფარს როგორ არსად მოგვცემენ!.. ვიყოთ იქ მოსვენებით და ერთათ ვილოცოთ ჩემი დედისა და ძმებისათვის!..

მოხ. - ლოცვას დამშვიდებული გული ეჭირვება, შვილო! აშფოთების დროს მარტო ლოცვას რა მადლი აქვს?.. არა, შვილო! ლოცვით იქ ცაში ჩვენმა მკვდრებმა ილოცონ ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენ-კი აქ ქვეყნად გავისარჯოთ...

ქალი. - გავისარჯოთ? მერე და რა შეგვიძლია?

მოხ. - რატომ არა შვილო? აი ახლაც, მე და შენ დავდივართ საყდრიდან - საყდარზე... ბუკს ვაყვირებ... ხალხს ვაგროვებ და ვექადაგები... ვცდილობ რომ გამოვაფხიზლო: მათი წარსული მოვაგონო და მით მაინც მათ გულში მტრის სიძულვილი ავღძრა და თავის დახსნის სურვილი... მაშინ მეც, შვილო, იმედიანად ჩავიდოდი საფლავში.

ქალი. - მერე მე, მამავ!.. მაგას რას ამბობ?..

მოხ. - შენ, შვილო ღმერთი მოგხედავს, დედოფლის ნათლული ხარ. უპატრონოდ არ დაგაგდებენ რომ გაიგებენ სასახლეში მიგიყვანენ... მაგრამ, შვილო, ნუ დაივიწყებ, რომ ხმალაძიანთ საგვარეულოში მარტო შენღა დარჩენილხარ... ჩირქი რამ არ მოსცხო იმ სახელოვან გვარს... არ შეგაცდინონ. არ გადაგიყოლიოს ან სიმდიდრემ, ან დიდ-კაცობამ და ან სხვა რამე გარეგნობამ. ესენი ყველა ფუჭად წარმავალია... კაცი ის არის ვინც ქვეყნის ერთგულია და სხვებსაც არგია... სიყვარულიც იმას შეშვენის...

ქალი. - ვინც უნდა იყოს?.. მწყემსიც რომ იყოს?.. 

მოხ. - სულ ერთია!.. (გაჩუმდებიან.) აბა, შვილო, შენ შენებურათ ერთი ის სიმღერა სთქვი დედა-შენი რომ იმღეროდა ხოლმე... მე რომ გასწავლე! - ჯავრსაც გაგვიქარვებს და გზასაც შეგვიმოკლებს!... წავიდეთ დროა... ხომ არ გეზარება?

ქალი. - არა, მამილო! შენი ნებაა (სიმღერით მიდიან).

ქართველო ქალო, ქალთა მზევ!
სულით მაღალო დედაო!
შენი ბედისა ვარსკვლავი
სისხლის ფრად გაიჭედაო:

შენ მარტო შენთვის არ გინდა,
ქვეყნის მსხვერპლად ზდი შვილსაო;
ნაღვლიან ცრემლით გაბანილს,
რომ აძლევ ძუძუს ტკბილსაო..

თანც ეუბნები ნანინას
საგმირო, სავაჟკაცოსო,
რომ მტერმა ჩვენი სამშობლო
უღვთოთ არ წაიტაცოსო.

ქართველო ქალო, ქალთა მზევ!
გვირგვინო დედობისაო! 
მოვა დრო, შენი ვარსკვლავიც
სხივს მოჰფენს დიდებისაო.

დასასრული პირველი მოქმედებისა.

მოქმედება 2-რე.

სცენა 1-ლი

იგივე, რომელიც პირველ მოქმედებაში იყო

გამოსვლა 1-ლი.

(ტყიდან გამოდის ირაკლი ბატონიშვილი და აღტაცებით იხედება აქეთ-იქით).

ირაკლი. - ძლივს მარტო დავრჩი!.. ოხ, რა კარგი ხარ თავისუფლებავ!... რათ მინდა ბატონიშვილობა?.. და რაღათ უნდა მიღირდეს უფლის წულობა, თუ ჩემ ნებაზე ფეხსაც ვერ გადავდგამ?.. მონა, ძალ-დატანებით ჰკარგავს თავისუფლებას და ჩვენ-კი ჩვენისავე ნებით; მხოლოდ ქვეყნის უგუნურათ აყოლით იმავ ბადეში ვეხვევით. - (სალამური მოისმის.) ჩუ!. აი ბედნიერი არსება... მწყემსი... სდგას უპირბადოთ უტყუარი ბუნების წინ და მოქმედობს მისდა გუნებისად. (დაჯდება და ყურს უგდებს სალამურს.) რა კარგია ეს სალამური?!. რანაირათ იტაცებს მოხიბლულ გრძნობა-გონებას!! იტაცებს ადამიანს და მიაფრენს იმ უფსკრულისაკენ, სადაც რაღაც უცნაური სიტკბოება იმ გვარსავე სიმწარესთან თითქოს შეერთებულაო. (ყურს უგდებს.) ამბობენ, ვითომც ლერწამი პირველად დედის ერთას საფლავზედ ამოსულიყოსო. წასულიყოს პირდაპირ მაღლა... მაღლა, რომ დედამიწის უსამართლობის ამბავი ცამდე მიეტანოს, ზეცისადმი შეეჩივლოს, მაგრამ სასტიკ გრიგალს აღარ დაენებებინოს, ამოეგდოს ძირიან. - მაშინ მოსულიყოს მწყემსი, ენახოს წაქცეული, გამოეჭრას სალამური, ჩაებეროს და იმ ლერწმიდანაც უცნაური ხმა რამ გამოსულიყოს!.. აი ეს ის ხმა არის: მწარ-ტკბილი და საოცნებო.

ხმა ტყიდ. - ბატონიშვილო! უ უ უ!

ირაკლი. - (თავისთვის.) უჰ! ღვთის რისხვა!.. არიქა, არ დაიგვიანოთ, მოდით და დარბაისლურის ზდილობით მომიწამლეთ ტკბილი ოცნება. (ხმა მაღლა) უ უ უ! აქა ვარ, აქ!..

გამოსვლა 2-რე.

ისვე და გივი.

გივი. - ბატონიშვილო, სადა ბრძანდებით? გეძებთ და ვერ მოგვიგნიხართ.ტყეში მარტოობაა... მოგეხსენებათ.

ირაკლი. - მგელი შემჭამდა?.. ვისი ბრალია? რათ ჩამორჩით?

გივი. -  მოხუცმა შემიყოლია.

ირაკლი. - მოხუცმა? მართლა ახირებული ვინმე ყოფილა, მეც შემხვდა ის ბერიკაცი; მოწყალება მივეც და...

გივი. - რომ ცოდნებოდა, თუ ვისი ხელით ეძლეოდა ის მოწყალება, დღევანდელ დღეს დალოცავდა, მაგრამ ბრმა არის ვერასა ხედავს.

ირაკლი. - მოხუცი, ბრმა და ამპარტავანი?!..

გივი. - ის ერთ დროს სახელოვანი იყო, ბატონიშვილო! ქვეყნის სამსახური მიუძღვის და მისი ღვაწლი გლახაკთ მოწყალებით არ აიწონება. -

ირაკლი. - ვინ არის?

გივი. - გიორგი ხმალაძე, რომელსაც მეტ-სახელად გელას ეძახდენ.

ირაკლი. - ეგ არის გელა?

გივი. - დიახ, ბატონიშვილო! ათი წელიწადია, რაც მაგისი აღარა გაგვიგონია რა. ყველას მკვდარი გვეგონა, მაგრამ ახლა-კი, ეს ერთი ხანია, ისევ გამოჩნდა, რომ ქვეყანას კიდევ სამსახური გაუწიოს. -

ირაკლი. - ბრმამ?

გივი. - დიახ. მაგ ბრმას უნდა, რომ ქვეყანას თვალი აუხილოს... დადის საყდრებზე, აყვირებს ბუკს და თემი გამოჰყავს.

ირაკლი. - რათ უნდა?

გივი. - ესაყვედურება გულ-გრილობას და თანაც ურჩევს მთიულებს, რომ იმათ გაჭირვებულ ბარელებს ძმურათ ხელი მიაწვდინონ.

ირაკლი. - ხალხი რას ეუბნება?

გივი. - თანდათან ვარდება გულის ხმაში. აღელვებას ბევრი აღარა უკლიარა. მხოლოდ მეთაურია საჭირო.

ირაკლი. - მეთაური? მერე? ბატონი მამა ჩემი... დიდებული თეიმურაზ რას ბრძანებს?

გივი. - ის გულ ამოვარდნილი, დასნეულებული გლოვს საქართველოს აოხრებასა და ღმერთს ავედრებს.

ირაკლი. - ღმერთს ავედრებს... ლოცვილობს... სულიერი მამები რაღას ჩადიან?

გივი. - როგორც შემიტყვია, მზათ არიან, ბატონიშვილო, რომ აიჭურვონ და ბრძოლის ველზე გამოვიდნენ... და არა თუ სამღვდელოება... ზოგან და ზოგან ქალებიც-კი მახვილს ილესენ.

ირაკლი. - მერე?!. მერე!.. მამაჩემი?..

გივი. - კიდევ გავიმეორებ, ბატონიშვილო, რომ ჩვენის ქვეყნის ამოდენა უბედურებამ უდროოთ მოაუძლურა და გულ-გატეხილი ტირილ-გოდებას შეს დგომია. მხოლოდ თქვენღა დარჩენიხართ ქვეყანას ნუგეშათ და ხალხის თვალი თქვენ შემოგყურებს.

ირაკლი. - მე?

გივი. - დიახ და საჭიროა, რომ თავს გაუფრთხილდეთ!.. განა წეღანდელი თქვენი ქცევა მოსაწონი იყო? დაკოდილ დათვზე ხმალდახმალ მისვლა ვის გაუგონია?

ირაკლი. - (ღიმილით.) მინდოდა ჩემი მკლავის ძალა გამომეცადა. თუმცა სასიკვდილოთ-კი დავსჭერი, მაგრამ მაინც სუსტად მომივიდა მოქნევა... უნდა გამეპო.

გივი. (სიხარულით.) მაგრე რომ მტერს შემოჰკრათ, ბატონიშვილო, გინდა ბუმბერაზიც იყოს შუაზედ გაწყდება.

ირაკლი - ღმერთმა ინებოს... მხოლოდ ის მაწუხებს, რომ ჩემი ხმალი პირველად ნადირს მოხვდა და არა ჩვენის ქვეყნის მტერს.

გივი. - მაგასაც მოვესწრებით, ბატონიშვილო.

ირაკლი. - როდისღა, ჩემო მოჭირნახულე გივო? ყველას ჯერ კიდევ პატარათ მიგაჩნივართ; რა უყოთ, რომ ტან მორჩილი ვარ? დიდი ხანია, რაც მეთექვსმეტეში გადავდექი. აღარ შემიძლია, რომ ჩვენის ქვეყნის უბედურებაგულ-გრილად ავიტანო!.. თქვენ სცდებით, რომ თვალს მიხვევთ... ტყუილათ სცდილობთ, რომ ნადირობითა და სხვადასხვა მეჯლისებით ჩემი გრძნობა გონება გაართოთ!.. მე ბავშვი აღარა ვარ!... ჩემი სამშობლოს უბედურება, საკუთარ უბედურებათ მიმაჩნია. (სიჩუმეა.) ჩემო მოჭირნახულევ, ჩემო გამზდელო გივო!მიმეგზავნე მოციქულათ მეფე-დედოფალთან!..... სთხოვე ჩემ მშობლებს, რომ ნება მომცენ საასპარეზოდ გამოსვლისა.

გივი. - (აღტაცებაში მოსული.) გმადლობ ღმერთო, რომ ამ დღესაც მომასწარ!.. ჩემო გაზდილო! ჩემო სულზედ უტკბესო პატარა, ბატონიშვილო ირაკლი! დიდი ხანია მაგ სიტყვებს მოველოდი შენგან... მართალია, ჯერ წლოვანებით ბავშვი ხარ, მაგრამ გმირადა ხარ გაჩენილი!!.. მომეცი ნება, რომ მუხლ-მოყრით ხელები დაგიკოცნო. (მუხლს იყრის).

ირაკლი. - (აყენებს.) ასე, არა, ჩემო მამის მაგიერო! შენი გაწვრთნილი და შენი გაზდილი პირველად შენვე უნდა მაკურთხო და საასპარეზოთაც დამლოცო!.. და ახლა-კი მამაშვილურათ გადავეხვიოთ ერთმანერთს. (ეხვევიან.) აბა, ჩემო გამზდელო, დრო ძვირად გვიღირს... ნუ დავკარგავთ. რევაზ ჯერ კიდევ არსად სჩანს. ის, ვგონებ, ნადირს გადაჰყვა... წადი მომინახე და მომგვარე... მანდ სადღაც მწყემსი უნდა იყოს, სალამურს უკრავდა და ისიც გამომიგზავნე!.. გადაძახე და არ უთხრა-კი ჩვენი ვინაობა...

გივი. - თქვენი ნება იყოს! გეახლები... რევაზიც ვგონებ შორს არსად წავიდოდა... ის თქვენ დაჭრილ დათვს გამოუდგა (მიდის.)

ირაკლი. - ქალები იარაღს ლესვენ... სამღვდელოება ბრძოლის ველზე აპირებს გამოსვლას... ბრმა სცდილობს ქვეყანას თვალი აუხილოს?! არა, არა! ეს ჩემი სურვილი უდროვო არ არის... თავხედობათ არ უნდა ჩამეთვალოს... სირცხვილს სიკვდილი სჯობია!.. ან გასწყდეს ბარემ ქვეყანა და ან ისევ ფეხზედ წამოდგეს!..

გამოსვლა 3-მე

ისვე და მწყემსი. (ჩამოდის.)

მწყემსი. - (შეკრთება.) ბატონიშვილი ერეკლე!

ირაკლი. - (თავისთვის). თითქოს მეცნობა!.. (ხმა მაღლად). გამარჯვება შენი!

მწყემსი. - ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგიშალოს, ჩემო ბატონო!

ირაკლი. - მწყემსი ხარ?

მწყემსი. - გახლავარ, შენი კვნესამე.

ირაკლი. - ცხვრები რომ დაჰყარე, ხომ არ გაგებნევიან?

მწყემ. - არა შენი ჭირიმე. აქვე გადაღმა დავაფარეზე.

ირაკლი. - ნადირმა რომ მოგტაცოს?

მწყემსი. - ვერა, ბატონო! ძაღლები სათეოზედ დავსტოვე.

ირაკლი. - მთიული ხარ? თუ ბარიდგან ამოგირეკია ფარა?

მწყემსი. - მთიული. ბარელებს რაღა ცხვრები მოაგონდებათ, რომ თვითონ მათ ცხვრებსავით ერეკებიან ურჯულოები.

ირაკლი. - მწყემსი არა ჰყავთ?

მწყემსი. - ჰყავდათ და აღარა ჰყავთ!.. ღმერთმა დიდი დღე მისცეს ბატონ თეიმურაზს... მიატოვა, ისინი იქ, დაჰყარა უპატრონოდ და თვითონ-კი ამ სიმაგრეში მისცა თავი. (სიჩუმეა.) ირაკლი. - მთიულები რას ამბობენ?

მწყემსი. - გულ-ნატკენათ არიან.

ირაკლი. - სულ ხომ არ გასტეხიათ?

მწყემ. - ჯერ კიდევ იმედი უბრუნებსთ.

ირაკლი. - იმედი? ვისი? ან რისი?

მწყემსი. - ბატონიშვილი ირაკლისა, ასე ამბობენ: გივის გაზდილი მტერს არ შეარჩენს და ერთხელაც იქნება მათზე ჯავრს ამოგვაყრევინებსო.

ირაკლი. - შენ არსად გინახავს ირაკლი?

მწყემსი. - აბა, სად შევხვდებოდი? ჯერ პატარაა, მაგრამ კარგს-კი მოგახსენებენ.

ირაკლი. - როგორაო?

მწყემსი. - ცხრა ნაბადზე თურმე ხტება. უზანგში ფეხს არ უყრის და იარაღსაც უკეთ ვერვინ ხმარობსო! მისი გამზდელი გივი, თურმე, თავზე ვაშლს დაიდებს, ნიშანში ჩაუდგება და ისიც აუცდენლად იმ ვაშლს ტყვიით აპობსო.

ირაკლი. - ეგ ძნელი არ უნდა იყოს. (იცინის).

მწყემსი. - მხოლოდ მისთვის, ვისიც მარჯვენა ნაკურთხია და უფლის თვალიც წყალობით დაჰყურებს. -

ირაკლი. - ეგებ ტყუილი ხმებია?

მწყემსი. - რა ბძანებაა! მაგრამ მართალიც რომ არ იყოს, ხალხს ხომ სჯერა და მით გული უმთელდება?

ირაკლი. - მაშ ირაკლიმ რომ დაიძახოს გაჰყვებიან?

მწყემ. - ერთპირად.

ირაკლი. - შენ?

მწყემსი. - მე რაღა გამაჩერებს?

ირაკლი. - შენი ცხვრები?

მწყემსი. - დალოცვილო სხვები ცოლშვილსა სწირვენ და მე პირუტყვი დამნანდება?!..

ირაკლი. - გაგიმარჯოს!.. გაგიმარჯოს! კარგა სთქვი... აგრე უნდა... ძმობილო! ერთი წყალი არსად იცი ამ ახლო-მახლოს... მომწყურდა...

მწყემსი. - ტყეში გახლავსთ, ცოტა მოშორებით... ძალიან კარგი წყაროა: თუ ბრძანებთ მოგართმევთ, მაგრამ ჭურჭელი რომ არსად არის?

ირაკლი. - აი, ეს მათარა წაიღე. აავსე და მომიტანე! (მიდის) საკვირველია,

ირაკლი. - აი, ეს მათარა წაიღე, აავსე და მომიტანე! (მწყემსი მიდის) საკვირველია, ჭეშმარიტად: წყემსსაც რომ კი შესტკივა გული ქვეყნისათვის, არა!.. ჯერ კიდევ სულ არ დაცემულა ხალხი... მხოლოდ მეთაური ეჭირვება!..

გამოსვლა 4-ხე.

ისვე, გივი და რევაზ

ირაკლი. - რევაზ! ამდენს ხანს რათ დაიგვიანე!

რევაზ. - თქვენმა დაჭრილმა დათვმა გადამიყოლია. კვალდაკვალ მივსდიე და ბოლოს ისეთს ნაპრალში გადამივარდა, რომ ჩაყოლა ვეღარ გავბედე. ირაკლი. - დეე ყორნებმა ისადილონ.

რევაზ. - რომ აღარსად სჩანან?... დიდი ხანია, რაც ყორნები ბარში გადაფრინდნენ და იქ ქრისტიანებზე ნადიმობენ.

ირაკლი. - რევაზ, რათა გაქვს ეგ მწარე ენა? ისე სიტყვას ვერ იტყვი, რომ უიმისოთაც დაწყლულებული გული არ მოშხამო. (მწყემსი მოახლოვდება.)

რევაზ. - რავქნა, ბატონიშვილო... გულს ნაღველი ჩაუგუბებია და ტკბილად ვეღარ ასველებს ენას რომ... (დაინახავს მწყემსს. ორივე შეკრთებიან.) აჰ!.. ამას ვისა ვხედავ?.. აწ-კი ვეღარ დამემალები! გიცან დედაბერო!.. (მიაშურებს ხმალ ამოღებული.)

მწყემსი. - რევაზ ბებურიშვილო! ეგებ ამ კომბლისა გეშინიან და აჰა გადამიგდია ესეც... მოდი იარაღიანი უიარაღოზედ!.. შენ ისე თამამად ხლმიანი ჩემზე ვერ მოჰბედავ, როგორც გულადად მე უხმლოდ დაგიხვდები. რევაზ. - (შეჩერდება, ჩააგებს ხმალს.) არა, მაგით შენ თავს ვერ შემაბრალებ... მაშ თანასწორის იარაღით ვიბრძოლოთ! ამოიღე ხანჯალი! მეც მარტოკა ხანჯლით მოვდივარ. (იღებენ ხანჯლებს და ერთმანერთზე იწევენ.) ირაკლი. - ეი!... ვის წინ ჰბედავთ მაგ კადნიერებას?! (შეკრთებიან ყველანი.) შემომხედეთ! ისე ნუღარ მიყურებთ, როგორც ყმაწვილ უფლის წულს!!. თქვენ წინ დგას ბატონიშვილი ირაკლი, რომლის ხელშიაც იქნება დღეიდგან ქართლის ბედიდა უბედობა... ვფიცავ დედიჩემის, თამარის მზეს, თუ ან ერთი ბიჯი წინ წაგიდგამსთ ზიარებაც აღარ გეღირსოსთ!.. გივო! მითხარ: ეს რა ამბავია?..

გივი. - (თავისთვის.) ღმერთო ძლიერო ამას რასა ვხედავ? თვალსა და ხელშუა არ შემოგვეზარდა ეს ყმაწვილი?!..

ირაკლი. - გივო! პასუხი!

გივი. - ჩემო ხელმწიფეო! ეგენი ერთმანერთის მოსისხლენი არიან.

ირაკლი. - მტრები? რევაზ ბებურიშვილი და მწყემსი?!.

გივი. - ეგ მწყემსი ქვაბულიძეა! ლევან ქვაბულიძე.

რევაზ. - ჩემი ძმის მკვლელია. სისხლი ჰმართებს.

ირაკლი. - მართალია?

მწყემსი. - მართალია! დიახ, მაგის ძმის მკვლელი ვარ, მაგრამ სისხლი-კი არა მმართებს.

რევაზ. - სასახლიდან დიაცურად გაჭრილი, მწყემსის ტანისამოსით უსირცხვილოდ იმალებოდა.

მწყემსი. - უსირცხვილო ის არის ვინც ამისთანა დროს, დღე ნადირობას აყოლებს გულს და ღამღამეობით არშიყობას უნდება... მე-კი ყოველ ღამ ბარში ჩავდივარ და მტრებზედ ვნადირობ.

რევაზ. - თუ ულვაში გესხა ჯერ მე უნდა გამსწორებოდი.

მწყემსი. - უბრალოთ სისხლის დათხევა არა მსურდა და შენი-კი არა მემართარა!

რევაზ. - როგორ! შენგან მოკლული ნოდარ, ძმა არ იყო ჩემი? მე ძმა არა ვარ მისი? მოვალე ვარ სისხლი ავიღო!!.

მწყემსი. - მაშ შენც იცოდე, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა, მე მისი შვილი ვარ და ნოდარის სიკვდილით მეც ჩვენი ქვეყნის სისხლი უნდა ამეღო.

ირაკლი. - რაები მესმის?

მწყემსი. - დიახ, ჩემო ხელმწიფეო!. გაჩნდა თუ არა მტერი ჩვენ ქვეყანაში, ნოდარ ბებურიშვილი მაშინვე იმათ მიეკედლა, აედევნა, წინ დაუძღვებოდა და მხარს აძლევდა. მისი მიბაძვით ლამის ქიზიყი გაურჯულოვდეს...

რევაზ. - სტყუი!.. ის გულით მტრისაკენ არ ყოფილა. მხოლოდ თვალს უხვევდა... მარჯვე დროს ეძებდა და ატყუებდა.

მწყემსი. - ქვეყანა გარეგნობით იხიბლება.

რევაზ. - ეგრეც რომ ყოფილიყო შენ ვინ მოგცა გასამართლების უფლება?

მწყემსი. - ჩემმა გრძნობამ!.. ქვეყნის ორგული ყველასაგან გასასამართლებელია!..

გივი. - ყმაწვილებო, ნუ ცხარობთ! მომისმინეთ! არიან დრონი როცა კაცი თავის თავს აღარ ეკუთვნის. მისი პირადი უფლება და გულის თქმა საზოგადო მსხვერპლად იქცევა. საუბედუროდ ამ გვარი დრო გვიდგას დღეს ჩვენ!.. მაშინ, როდესაც ყოველი კუთხით შემოსეული მტერი ამ ჩვენ ქვეყანას მუსრს ადენს, რაღა მოსაგონებელია კერძოობა? ვისა აქვს ნება, რომ საპირადო გულის თქმას გადაჰყვეს? ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ დღეს ორივე თანასწორად საჭირო ხართ ქვეყნისათვის და ერთმანეთის გაწირვა ქვეყნის ღალატია!..

მწყემსი. - თუ არ მაგ მიზეზს, მაშ რა გადრეკდა და არ გაიყვანდა საპირდაპიროდ ქვაბულიძეს? 

ირაკლი. - რევაზ ბებურიშვილო! მართალი არის შენ დამკლის უფლება გიღელვებს სისხლს და გიხურვებს გულს, მაგრამ ყური დაუგდე გივის სიტყვებსაც! ჩვენ არავინ ჩვენ თავს დღეს აღარ ვეკუთვნით!.. ყველას ერთგვარად მიგვიწოდებს საზოგადო ვალი!.. ჯერ გარეშე ომი და მერე შინაური ბრძოლა!.. ეს უნდა იყოს ყოველი ახლანდელი ქართველის აღსარება!.. დაივიწყეთ დრომდი ეგ თქვენი მტრობა, ძმურად მიეცით ერთმანერთს მხარი მხარს და გამომყევით მე! ან სიცოცხლე და ან ერთათ სიკვდილი. (მიდის, მიჰყვებიან.) 

გივი. - (მარტო) ღმერთო ყოვლად მოწყალეო! ამ დღეს ნატრობდა მრავალ ჭირნახული გივი!.. გმადლობ უფალო! გმადლობ!!. რომ არ გამიცუდე საცადისი. გული გაუტყდა მეფე თეიმურაზს, მაგრამ ვერა გადრეკს-რა ბატონიშვილ ირაკლის!.. ფრთები ჩამოჰყარა ძველმა არწივმა, მაგრამ დღეს გადმოფრინდა ბუდიდამ ახალი შავარდენი და დეე დაინახოს ქვეყანამ მისი კამარა.

დასასრული მე-2-ე მოქმედებისა.

მოქმედება 3-მე.

სცენა პირველი.

(მაღლობზე შორით, ქოშის გორა მოსჩანს, ზედ ეკლესიით. თემობაა. დაბლა ვაკეზე გზის პირად მუშები სიმინდსა თოხნიან).

გამოსვლა 1-ლი.

მუშები.

მუშები. - (იმღერიან.) ყანაო, მუშის სამოთხე,
………………….გლეხის დიდებავ ყანაო!
………………….ცისკრის სხივებმა შეგმოსეს
………………….და ნამმა გადაგბანაო;
………………….დაგქროლა დილის ნიავმა
………………….ალერსით გითხრა ნანაო,
………………….ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა
………………….ზურმუხტათ აგამწვანაო.

მეთაური. - ჰა, ბიჭებო, ჰა!.. გაუსვით!.. გაუსვით! დაუარეთ თქვენი მარჯვენის ჭირიმეთ ბევრი აღარა დაგვრჩარა!..

ზოგიერთები. - გასწი! გასწი მეთაურო! ნუ გეშინიან, არ ჩამოგრჩებით! შენთან ვართ!..

მეთაური. - ჰოო, მანგრე! თქვენი ჭირიმე, მანგრე! ოჰ ოჰ ოჰ.

მუშები. - (იმღერიან.) ყანაო, გულხელ გაშლილო,
………………….ქვეყნის მოკეთევ ყანაო!
………………….მოყვრულად შემოგსევივართ
………………….მტრულად გიმეტებთ, განაო?
………………….გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,
………………….გაგთოხნით ყოველგანაო“.

მეთაური. - ჰა ბიჭებო, თქვენი ჭირიმეთ!.. ცოტა კიდევ, ცოტა კიდევ! გათავდა ეს ეს არის!

მუშები. - ყანაო. დაუზარებო,
………………….უხვად მომცემო ყანაო!
………………….ზედ უფლის თვალი დაგყურებს,
………………….შენი ბარაქა ბრძანაო;
………………….აგშორდეს გვალვა და სეტყვა,
………………….მოსავლის გამოცანაო!
………………….ყანაო ოქრო, ზურმუხტო!
………………….ყანაო, კარგო ყანაო
………………….მაღალმა ღმერთმა აკურთხოს
………………….სხვა ბევრი შენისთანაო!

(ბუკს უკრავენ. მუშები შეჩერდებიან).

ახალგაზდა. - რა ამბავია?

მოხუცი. - რა უნდა იყოს!.. ხატობა... თემი შეყრილა და ბუკს აძახებენ.

მეთაური. - არა, ძმავ! ეგ სულ გელას საქმეა, გელასი... ეს ერთი ხანია აღარ ასვენებს ბუკს...

ახალგაზდა.- ნეტავი რა ეხალისება?

მეთაური. - არ იცი, რაც ეხალისება: სათქმელი აქვს სათემოთ და ანბობს. ახალგაზდა. - ვეღარ გაათავა? - (ცას შეხედავს.) უჰ, აი სად წამოსულა მზე?... სამხრობას მოუტანებია.

მეთაური. - მართლა და კაი ხანს გაუვლია. დროა ცოტა პირი გავისველოთ.

მოხუცი. - (გაიხედავს მარჯვნივ) დედაკაცებს სამხარი კიდეც მოუტანიათ. აი სად დაულაგებიათ ჩრდილში. წავიდეთ დროა.

მეთაური. - აბა, ჰე, ნუღა დაიგვიანებთ. აწ სადაც არის თემიც დაიშლება: ყოვლად წმინდიდან ხალხი ჩამოივლის... ამ გზას ხომ ვერ ასცდებიან.

1-ლი. - აბა სად წავლენ?! ვენაცვალე იმ საყდარს და მის ძლიერებას, რომ გარჩევა არ იცის; ყველას თანასწორად უყურებს!.. აბა, ვისაც გულს ერჩის ცხენ-და-ცხენ მიუბძანდეს იქ! - გინდ დიდი კაცი იყოს და გინდ პატარა, უნდა ქვეითათ შეუდგეს ამ დიდ აღმართს.

2-რე. - ეჰ, ჩვენ ვიკითხოთ თვარა, დიდკაცებს რა უჭირსთ?.. ცოტა კიდევ ჩაივლიან თუ არა აქ უდგათ ცხენები. გადაჯდებიან კარგა-ლაზათიანად და გასწევენ. 

3-მე. - ბრალი ჩვენი, რომ დაღალულზე თოხები უნდა გავიდვათ მხარზე და წავიდეთ...

მეთაური. - ყველა თავის შესაფერად ირჯება!.. ყველა!.. წავიდეთ დროა... (მიდიან). 

გამოსვლა 2-რე.

მოხუცი გელა და ყმაწვილი ქალი.

გელა. - მერე, მერე?

ქალი. - რა ვიცოდი თუ მწყემსი - იყო?

გელა. - ჰმ... სადა ვართ?

ქალი. - ვაკეზე ჩამოვედით.

გელა. - აქ სადღაც მუშები იმღეროდნენ?!

ქალი. - დიახ, ყანის პირს ვართ, მაგრამ აქ აღარავინ არის!.. წასულან, თოხები-კი აქ დაუყრიათ...

გელა. - აქვე სადმე ახლოს იქნებიან.

ქალი. - (გაიხედავს.) აი, მართლა სად ყოფილან!.. ეგერ იქ მისულან ჩრდილოში და სამხრობენ.

გელა. - მაშ მოვიცადოთ სანამ მოვიდოდნენ.

ქალი. - შენი ნებაა, დაჯექი... აი აქ მწვანეზე. (სხდებიან.)

გელა. - მაშ არ იცოდი, რომ დიდი კაცის შვილი იყო?

ქალი. - ვინ რას მეტყოდა!.. მწყემსი იყო, მწყემსურათ ჩაცმული, კომბლით ხელში.

გელა. - სად გაიცანი და როგორ?

ქალი. - არ გახსოვს ძაღლები რომ მოგვიგერა?

გელა. - ის იყო?!

ქალი. - მაშ!.. მას უკან აგვედევნა და სადაც-კი მივდიოდით იქ დაგვხვდებოდა ხოლმე.

გელა. - იმ დღეს იმან ხომ არ შეგაშინა?

ქალი. - იმასთან როდი მეშინიან, მამილო! ასე მგონია თუ ჩემი ძმა არის-თქო... შენ ხომ მიყვარხარ და მიყვარხარ!.. მამა შენიც ძალიან მიყვარსო. ეს რომ მითხრა მას უკან კიდევ უფრო შემიყვარდა.

გელა. - ხომ არ გატყუებს?

ქალი. - ფიცი მომცა.

გელა. - კი, მაგრამ, რატომ აქამდინ არ მითხარი?

ქალი. - შემეხვეწა დრომდი ნურაფერს იტყვიო. მე თვითონ ვეტყვი მამა შენს როცა დრო იქნებაო. ახლა მაგის დრო არ არისო. სხვა უფრო დიდი საქმე გვაწევსო.

გელა. - რა საქმეო?

ქალი. - რა ვიცი? საქვეყნოაო!..

გელა. - წუხელ როგორღა გაიგე, რომ მწყემსი აღარ ყოფილა?

ქალი. - ვნახე, რომ ერთი ვიღაც დიდკაცურად მორთული ბატონიშვილს მოჰყვა... შორიდან თვალი მოვკარ, მივამსგავსე იმ მწყემსს. მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ის იყო!.

გელა. - ბატონიშვილ ირაკლის?

ქალი. - ჰო, სხვებიც ბევრნი ახლდნენ!... შუა ღამე გადასული იყო, რომ გალავანს გარეთ გამოსულიყო ჩვენ საძებრადა, მოგვაგნო და შემკრთალი რომ მნახა დამამშვიდა, ყველაფერი მიამბო და ფიციც გამიმეორა.

გელა. - ღმერთმა ქნას შვილო! დედიშენის ლოცვამ ნუ დაგიკარგოს სიმართლე!.. ობლობის გამჩენმა ღმერთმა მოგიმართოს ხელი... მაგრამ ჯერ მაინც გულს ნუ დააჯერებ... ნურც „ჰოს“ გადიწყვეტ და ნურც „არას“.

ქალი. - არა, მამავ! გული მეუბნება, რომ არ მატყუებს.

გელა.. - ეს-კი არის, რომ ტყუილი მაგათ გვარს არ ჩვევია! ქვაბულიძეები განთქმული გვარისა არიან. ცხონებული მამა მაგისი ზაალ ჩემი დიდი მწყალობელი იყო. ბევრჯელ გვიომნია ერთათ... ერთხელ სიკვდილსაც გადავარჩინე. - ტურა რამაზაშვილი რომ ლეკებს წამოუძღვა და კახეთს თავს დაესხა, იმ შეჩვენებულთან მაშინ დიდი შეტაკება მოგვიხდა... ტურამ კინაღამ გაიმარჯვა: პაატა მანდატურთ უხუცესი ცხენიდგან ჩამოაგდო და წიხლით მოჰკლა. ზაალ ბატონიც ცუდად მიიმწყვდია, მაგრამ ჩემმა ხანჯალმა აუგო იმ მოღალატეს წესი... მას უკან დამარქვეს მე მეტსახელად გელა.

ქალი. - ეგ ყველა იმასაც შეუტყვია. ასე მითხრა რომ შენი მამა სახელოვანი კაცი ყოფილაო და შენც დედოფლის ნათლულიო, - ვერც მამაშენის სახელს და ვერც სასახლის ნათელ მირნობას წუნს ვერავინ დასდებს და საუკადრისოთ ვერავინ ჩამომართმევს, რომ შეგირთოო.

გელა. - ვნახოთ! ჯერ-კი მართლა დრო არ არის!..

ქალი. - რა ვქნა, მიტომ ყველა მანგრე ამბობთ? დრო რატომ არ არის?

გელა. - ჯერ ყველას საქვეყნო ვალი გვმართებს, შვილო! ჩუ!.. ფეხის ხმა მესმის.

ქალი. - (მიიხედავს.) ვიღაც-ვიღაცაები მოდიან და ერთი კუტიც მოჰყავთ აყვანილი.

გელა. - სსსუუ!.. აღარა თქვა-რა.

გამოსვლა 3-მე.

ისინივე. გივი და ბაადურ (მოჰყავთ აყვანილი.)

ბაადურ. - აი ბეჩავ!... ორმოცჯერ რომ ავირბენ ჩავირბენდი ხოლმე ჯეირანივით ამ აღმართს!.. რა ძნელია სიბერე!..

გივი. - სიბერე?.. მაგას მეც კი ვატყობ...

ბაადურ. - შენ-კი მაგდენათ არა გატყვია რა!.. მე უფრო სნეულებამ გამტეხა და წამართვა მუხლები.

გივი. - უფრო ჭრილობის მიზეზია. ზნე აიტანა.

ბაადურ. - ეგეც ამის... ეს ცხრა წელიწადია კაცი-კი აღარა ვარ და, ვეღარც ჩემთავს ვარგივარ და ვეღარც ქვეყანას.

გივი. - ქვეყანა ვერას დაგაყვედრის. საკმაროდ მიგიძღვის მისი სამსახური, ჩემო ბაადურ!.. აი გელაც აქ ყოფილა, ჩამოსულა!..

ბაად. - გელა!... აბა სად არის? ერთი მიმიყვანეთ იმასთან. მინდა გამოველაპარაკო... დიდი ხანია აღარ მინახავს!.. (მიიყვანებენ)

გივი. - გამარჯობა. გელა, შენი!

გელა. - ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგიშალოს, ბატონო გივო ჩოლაყაშვილო!...

ბაად. - ამას ვისა ვხედავ! გელას? გამარჯვება ჩემო გელავ! რასა იქ? რამდენი ხანია აღარ გვინახავს ერთმანერთი...

გელა. - ვაი ჩემს უბედურებას, რომ ვეღარ გხედავთ!.. ვინა ბრძანდებით შენი ჭირიმე?

ბაად. - ვეღარა მხედავ? ეგ რა მოგსვლია?!. ხმაზე მაინც ვეღარ მიცანი!...

გელა. - დავბრმავდი და დავგლახავდი!..

ბაად. - ნუთუ სიბერემ ხმაც შემიცვალა?!.. აღარ გაგონდება ბაადურ?..

გელა. - (შეჰკივლებს.) ბაადურ?.. ბაადურ მოურავი!.. ღმერთო ჩემო! რას მოვესწარ კიდევ და რა მეღირსა!! მიბოძეთ, მიბოძეთ თქვენი ჭირიმე ჩოხის კალთა, რომ გეამბოროთ!.. ვაი ჩემს მოსწრებას, რომ ვეღარ გხედავ...

ბაადურ. - მოდი, მოდი, მომიახლოვდი, ჩემო გელავ, თორემ მე მუხლებს აღარ მერჩის, რომ თითონ მოგვარდე და გადაგეხვიო!.. შენ დაბრმავებულხარ, მაგრამ ეს ერთი ხანია მეც დავსაპყარდი.

გელა. - გავიგონე, შენი ჭირიმე... ჩვენამდინაც მოატანა მაგ სამწუხარო ხმამ... ეჰ, ყოველივე ღვთის ნებაა!.. (სიჩუმეა) რამ ჩამოგიყვანათ ჩვენკენ, ჩემო ბატონო! ბაად. - იმან, რასაც შენ დაჰყავხარ სოფლით-სოფლად და რამაც მებუკობა დაგაწყებინა!.. მოაწია მთამდინაც საიმედო ხმამ. მინდოდა დავრწმუნებულიყავ და ჩამოველ.- მადლობა უფალს ვხედავ, რომ მართალი ყოფილა. - ახლა - კი წავალ და ვუმახარობლებ გულ-გატეხილ მოხევეებს, ვეცდები, რომ ზეზე წამოვაყენო დაცემულები.

გივი. - (აღტაცებით.) დიდება შენს განგებას ღმერთო, რომ ამ დღეს კიდევ მოასწარ მოხუცებული გივი!!.. ბრმა სცდილობს, რომ ქვეყანას თვალი აუხილოს!.. საპყარი ფეხზე წამოყენებას უპირობს... და მაშ თქვენ თვალხილულნო და მუხლმაგარნო, გული რაღას უნდა გეუბნებოდესთ?

გამოსვლა 4-ხე.

ისინივე და (ჩამოდიან საჩქაროდ) ირაკლი ბატონიშვილი, ლევან .ქვაბულიძე, რევაზ ბებურიშვილი და სხვანი.

ირაკლი. - (მხიარულად.) რად ჩამოსულხართ? როგორ დამეკარგეთ! გივო! ბაადურ!!. სასიამოვნო ამბავი. (წამოდგებიან).

გივი. - რას გვიბრძანებ ბატონიშვილო?

ირაკლი. - სასიამოვნო ამბავი: ლევან და რევაზ შევარიგე. დღეიდგან ამათ შორის ყოველივე მტრობა უნდა მოისპოს... და ეს ორი დიდი ოჯახი შეერთდეს მოყვრულის კავშირით!.. ლევანმა უნდა შეირთოს რევაზის დაა...

ქალი. - (იკივლევს.) უი!.. (ხელებს იფარებს სახეზე).

ყველა. - რა ამბავია?..

გელა. - რა იყო შვილო? (ხელს უპოტინებს.) არაფერი? არაფერი, ბატონებო, ბუზმა შეაშინა...

გივი. - ბუზმა... და შენ როგორღა დაინახე?

გელა. - ბზუილი გავიგონე, ჩემო ბატონო და მივხვდი; სწორეთ იმან შეაშინა. სხვა რა იქნებოდა?

ლევან. - დიახ, მეც დავინახე... ფუტკარი იყო, ახლოს გაუარა, სახეზედაც მოხვდა, მაგრამ კბენით-კი არ უკბენია... ეს კარგი ნიშანია. თაფლი იცის საბოლოვოთ.

ირაკლი. - ვინ არის ეგ ქალი?

გივი. - ამ მოხუცის ქალი გახლავსთ.

ირაკლი. - ეგენი გუშინაც შემხვდენ... გელა ეგ არის?

გივი. - დიახ, ბატონიშვილო!

ლევან. - და ეს პატარა ქალიც დედოფლის ნათლულია.

ირაკლი. - როგორ თუ დედოფლის? მაშ ჩემი სულიერი და ყოფილა... (მიდის ქალთან.) მართლა?! რატომ არ ვიცოდი? რა გქვიან სახელად?

ქალი. - ელისაბედ.

ირაკლი. - ელისაბედ?!.. კარგი სახელია!.. (იცინის.) გელას ქალი ყოფილხარ და დედოფლის ნათლული!.. ჩემო დობილო, ბუზს როგორ შეუშინდი?

ქალი. - უეცრად შევკრთი ჩემო ხელმწიფევ!..

ირაკლი. - მოხუცო, ხვალ სასახლეში ამოდი და ეგ ჩემი დაც ამოიყვანე!

გელა. - ეს თუ მე ამომიყვანს, თვარემ მე სად შემიძლიან უსინათლოს, ჩემო დიდო ბატონიშვილო?!

ირაკლი. - ეგ სულ ერთია!.. აბა, ყმაწვილებო წავიდეთ, ჩავიდეთ, დროა!.. რევაზ, შენ როგორღაც თვალს აღარ აშორებ ამ ჩემ დობილს!.. მაგრამ მე მაგას იაფათ არავის დაუთმობ!.. ჯერ თავი იჩინე! ისახელე, რომ მაგისი ღირსი გახდე და მერე... მერე ვნახავთ!.. აბა, წავიდეთ (მიდიან).

გივი. - მხიარულად ბრძანდება ბატონიშვილი.

ბაადურ. - სჩანს რომ გული სიხარულს უქადის რამეს! წინაგრძნობაა...

გივი. - ღმერთმა ბძანოს. - აწ დროა ჩვენც წავიდეთ.

ბაად. - არ იქნება ურიგო!.. აბა, ბიჭებო, წამიყვანეთ! მშვიდობით ჩემო გელავ... ხვალ კიდევ შევხვდებით ერთმანერთს სასახლეში.

გელა. - ღმერთმა კეთილათ გატაროთ, ჩემო ბატონებო!..

გამოსვლა 5-თე.

მოხუცი და ქალი.

გელა. - რა მოგივიდა, შვილო?

ქალი. - მეტი რაღა უნდა მომსვლოდა?

გელა. - შემარცხვინე. თავი ვეღარ შეიმაგრე!

ქალი. - მოულოდნელი იყო!

გელა. - აკი გეუბნებოდი ნურას გადასწყვეტ მეთქი!.. სად ჩვენ და სად ისინი? ტოლი ტოლს ეძებს... შორი შორს სამძღვარია; შუაში ბევრი რამ გაივლის...

ქალი. - მე რომ არა მცონდია რა. - თვითონ მოინდომა..

გელა. - მოინდომა? აი თუ მოინდომა...

ქალი. - ჯერ ვინ იცის... ვერ მიხვდი, რა სიტყვები გადმომკრა?

გელა. - ჰო, თაფლიო... სიტყვაა!..

ქალი. - მე მაინც სანამ მისი პირით არ გავიგონებ... მაგრამ აი ისიც აგერ მოდის, მამილო, დაბრუნებულა!..

გელა. - თავი რიგიანად დაიჭირე!.. არა შეამჩნევინო რა!

გამოსვლა 6-სე.

ისინივე და ლევან. (მობრუნებული)

ლევან. - როგორა ხარ საბედო!.. ისე როგორ შეშინდი?! სხვისი სიტყვა განა ბეჭედია?!.. ნუთუ კიდევ გული ვერ დაგიჯერებია.... საბრალო მამაშენი!... ბუზი რომ ეგონა!.. (იცინის).

ქალი. - არა. ის-კი მიხვდა რაც იყო, მაგრამ რაღა უნდა ექნა! მამამ იცის რაც ამბავია.

ლევან. - იცის! განა გითქვამს?.. მაშ მე რაღათ დავმალო? მოხუცო!.. იცი შენ ჩვენი განძრახვა?

გელა. - შევიტყევი, მაგრამ ი მამიშენის სულის მზეს, ცუდათ ნურას აიჩემებ. რომ არა გამოვიდეს რა...

ლევან. - რა უნდა გამოვიდეს... ერთმანეთისათვის პირობა მიგვიცია და ღმერთთან აგვითქვამს!.. ხომ არ მიწუნებ?..

გელა. - აბა ეგ რა სათქმელია, ჩემო ბატონო!.. მაგრამ, სად ჩვენა და სად თქვენა...

ლევან. - ეგ ვერას დააბრკოლებს.

გელა. - ბატონიშვილმა რომ ბრძანა... გვარები უნდა შეკავშირდესო...

ლევან. - ისიც ასრულდება.

გელა. - რაო? ეგ აღარ მესმის!..

ლევან. - მეცა მყავს გაუთხოვარი და! ელენე დასაწუნი არავისაგან არ არის!.. ის რომ რევაზმა შეირთოს განა ისევ დაკავშირება არ იქნება... დროზე ყველაფერს მოვახსენებ ბატონიშვილს და მანამდი არას ვიტყვი.

ქალი. - მაშ არ შეირთავ რევაზის დას?

ლევან. - არა, ჩემო საბედო!.. ჩვენ სიკვდილის მეტი ვერა გაგვყრისრა!

გელა. - გაკურთხოს ღმერთმა!.. მამაშენის შვილს სიტყვა დაეჯერება... მეტს არას ვიტყვი... ღმერთმა და შენ იცოდეთ!..

ლევან. - ამინ!.. ახლა-კი უნდა დავეწიო ისევ ბატონიშვილს. მე მხოლოდ ცოტა ხნით გამოვიჭერ, შენ დასამშვიდებლად, ჩემო სიცოცხლევ!... ჩემო გელავ!... თუ შეიძლებოდეს სათხოვარი ამისრულე და სასახლეში ნუ ამოხვალთ.

გელა. - მერე ბატონიშვილის ბრძანება?!..

ლევ. - მე ვეტყვი რომ ავათ გახდათქო!..

გელა. - თქვენი ნებაა... როგორც იცოდეთ!!..

ლევან. - მშვიდობით (გადის).

გამოსვლა 7-დე

ისინივე მარტო.

ქალი. - ხომ გითხარი მამავ!.. ახლა რაღას იტყვი?

გელა. - რა ვიცი, რა ვიცი შვილო!.. მჯერა, მაგრამ ღმერთმა უკეთ იცის ყოველივე მისი ნებაა. (პირჯვარს იწერს).

ქალი. - აი აგერ მუშებიც მოდიან.

გელა. - კეთილი, მოვიდენ შვილო!.. მეც ის მინდა!..

გამოსვლა 8-ვე.

ისინივე და მუშები (მოახლოვდებიან).

გელა. - გამარჯვება თქვენი.

ყველა.. - ეჰ, გელას გაუმარჯოს!.. ღმერთმა გაგიმარჯოს (ეხვევიან გარს).

მეთაური. - რა ამბავი იცი გელავ? აბა რას გვეტყვი?..

გელა. - ცოტა რომ ადრე მოსულიყავით ბევრს რამეს გაიგებდით თქვენის ყურით!.. აქ ბძანდებოდა ბატონიშვილი ირაკლი დარბაისლებით. ეს ეს არის ახლა ჩაიარეს...

მეთაური. - რაო, რა თქვეს?.. რას აპირობენ?..

გელა. - რაღა რა თქვეს... მთელი დიდკაცობა ყველა ერთად ფეხზე დგას... მიდიან, უნდა მტერი გარეკონ ჩვენი ქვეყნიდან... ჩავალთ ბარად და ალაზანს წითლად შევღებავთო! იქადიან. ისინი აღარა ხუმრობენ; მაგრამ ჩვენ, ჩვენ რაღას ვაპირობთ?..

ახალგაზდები. - ჩვენ... ჩვენ-კი როდის ჩამოვრჩენივართ დიდ-კაცობას?

1 გლეხი. - როდის დაგვიხევია უკან?..

2 გლეხი. - თუ ისინი წასულან, ჩვენც თან მივყოლივართ.

3 გლეხი. - ახლაც ასე იქნება.

მოხ. გლეხი. - რითი შვილოსა, რომ იარაღი ჩვენ არა გვაქვს და ტყვია წამალი!..

ახალგაზდა. - იარაღი?.. ხელ-კეტი განა რა ნაკლებია?

1.- ერთი გავლესო ჩემი ნამგალი! ისე დავატრიალებ თითქოს პურსა მკისო!..

2. - ცულმა და წალდმა რაღა დააშავეს?..

ზოგიერთები. - და ამას-კი ვეღარ უყურებთ ამ თოხს... ღვთისაგან ნაკურთხია, პირიც აქვს, ყუაც და ტარიც... საითაც გინდა მოუქნიე. ამასთან ხანჯალიც ტყუილია, თორემ ხმალი ხომ ვერ მოვა და მოვა!

3. - დედა კაცებს სულ კალთებით მოვაზიდვინებთ მტრის თავგასატეხ ქვებს.

გელა. - აი თქვენი ჭირიმეთ ბიჭებო! რომ ძველებური ხმა კიდევ მესმის...

მეთაური. - მოგიკვდეთ, გელა, თუ ძველებს ჩამოუვარდეთ, მარამ წინამძღოლი კი გვეჭირება!.. ვინღა მიგვიყვანს მტერზე!..

გელა. - (მედიდურათ.) დაგავიწყდათ გიორგი ხმალაძე!.. აღარ იგონებთ გელას?..

მეთაური. - ვაი, რომ ვეღარას ხედავს...

გელა. - ეგ არაფერი!.. ბიჭებმა მხარი დამიჭირეთ წამიძღოლიეთ წინ და თქვენ გასწავლისთ გელა, როგორც უნდა მტერზე მისვლა; - გელას სახე და გელას სახელი კიდევ უცვლის ფერს ურჯულო მტერს.

ყველანი. - აი, შენი გამჩენის ჭირიმე, შენი... შენსას რომ არ იშლი!.. ისევ შენ წაგვიძეხი წინ და მიგვიყოლიე შენებურათ!.. შენთან სიკვდილი და შენთან სიცოცხლე!...

გელა. - მაშ კარგი... არ დაივიწყოთ ეგ სიტყვები!.. ახლა-კი კმარა მუშაობა... სხვა დრო მოგვდის. წავიდეთ, ჩავიდეთ სოფლებში, შევატყობინოთ გლეხობას... უმახარობლო მოყვარებს, მოვამზადოთ ისინიც და ვახსენოთ ღმერთი!.. წავიდეთ, სულ სიმღერით გადავიაროთ მთა და ველი...

მუშები. - (იცინიან.) აბა ერთი შენ დაგვიწყე სათვალავი, გელავ, რომ ჩვენც ბანი გითხრათ და მოგყვეთ!..

გელა. - ბატონი ხართ!.. (მუშები თოხებს გაიდებენ მხრებზე, გელა წინ წადგება და სათვალავს ამბობს, ქალი ართმევს. სხვები ბანს აძლევენ):

მუმლი მუხასა
გარს ეხვეოდა.
ხე იზდებოდა,
ხე მაგრდებოდა;
ფესვებს იდგამდა!
მუმლი ქრებოდა!..
მუმლი წყდებოდა.
შორს მიფრინავდა!
საქართველოა
მუხა ქებული
მუმლი მტერია
შემოსეული!..
მტერი გაჰქრება!
მტერი გასწყდება...
გადიკარგება...
ჩვენი ქვეყანა
ისევ დარჩება...
გამობრუნდება,
გაძლიერდება,
ფესვებს გაიდგამს
ზე ამაღლდება...

(ნელ-ნელა მიდიან სიმღერით; ფარდაც ნელ-ნელა ეშვება).

დასასრული მესამე მოქმედებისა.

მოქმედება მეოთხე.

სცენა პირველი.

სასახლე.

გამოსვლა 1-ლი.

მეფე თეიმურაზ, ბაადურ, გივი და დარბაისლები.

ბაადურ. - ჩემო ხელმწიფევ! საპყარი მოვსულვარ მოციქულად და ნუ შეურაცხყოფთ ჩემ შუამდგომლობას.

მეფე. - ჩემო ბაადურ!.. თავ-გაწეულ ჭაბუკობას მოხუცებულობის ლაგამი ეჭირვება.

გივი. - დიდებულო მეფევ! ახლა გვიანღა არის!

მეფე. - გვიანღა არის?! თქვენი წყალობით!.. აი, აგერ დედოფალიც მობრძანდება...

გამოსვლა 2-რე.

ისინივე და დედოფალი, (ამალით).

მეფე. - მობრძანდით დედოფალო! დაბრძანდით!.. საჭიროა, რომ თქვენც მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს რჩევაში.

დედოფ. - ჩემო ხელმწიფევ! მე მისთვის გეახელ, რომ მაგათ მოციქულობას ჩემი შუამდგომლობაც ზედ დაურთო, მაგრამ ჯერ-კი მსურს მოვისმინო საერთო გულის პასუხი: რას ჰფიქრობენ დარბაისლები?

მეფე. - ერთ პირზე დგანან: ბაადურ გულმხურვალეთ მოციქულობს და გივი-კი უარსაც აღარ გვაბედვინებს: გვიანღააო!

დედოფ. - გივი გამოცდილია და წინ დაუხედავათ არას იმოქმედებს.

მეფე. - დღემდი მანგრე ყოფილა, მაგრამ დღეს-კი უმტყუვნა ჩვეულებას: იმდენათ ირაკლის არ ვამტყუნებ, რამდენათაც გივს... მე იმაზე, როგორც ირაკლის გამზდელზე გულ-დადებულად ვიყავ, შვილისათვის მაგდენათ თვალ-ყური აღარ მიდევნებია და აი, რა გვიყო მისმა თავს შეუკავებლობამ!.. გივის შეეძლო და მოვალეც იყო ერჩია მისთვის.

გივი. - დიდებულო მეფევ! ჩემი რჩევა მხოლოდ ხელს შეუშლიდა მის გმირულ მოქმედებას.

მეფე. - სჩანს რომ კიდეც მაგ მოწონებას წაუხალისებია; მაგრამ დღეს რაღას იტყვი!.. დღეს, როდესაც აუარებელი მტერი კარზე მოგვდგომია?!.. დღემდი ავათ თუ კარგათ კიდევ შესაძლო იყო მათი უფლების ატანა, მაგრამ დღეს-კი ისეთ პირობას გვთხოვენ, რომელიც მძიმე ტვირთათ დააწვება ჩვენ ქვეყანას...

ბაადურ. - ბატონო თეიმურაზ! ყოველგვარ პირობას ორგვარი პასუხი მოსდევს: „ჰო“ და „არა!“

მეფე. - ამ ჟამად. მეორე ძნელი გასაბედავია!..

ბაად. - გამბედაობა, მგონი, ზნედა გვქონდეს გადაქცეული!

მეფე.. - მაშინ როდესაც თავხედობა არა გამოდისრა!... მტერი უზომოთ მომეტებულია და ერთი ათზედ რომ მივიყვანოთ რა გამოვა?

გივი. - სახელოვანათ მაინც გავსწყდებით!..

მეფე. - ჰო, ეგ ადვილია! მაგრამ ნუ დაივიწყებთ შემდეგს: თვითეულს თქვენგანს შეუძლიან ბრძოლის ველზედ დალიოს სული და მით სახელოვანად მოიხადოს თვისი ვალი, მაგრამ მეფეს მირონ-ცხებულს-კი არ შეშვენის ეგვე: ის ვალდებულია უკანასკნელ წერტილამდე მიჰყვეს ხალხის ბედს და უბედობას. - არა, მე ნება არა მაქვს, არ შემიძლია, რომ ქვეყანა ასე გამოვიმეტო. დრომდი მოთმინებას ვარჩევ. ვინ იცის, მომავალი რას მოგვიტანს. - ეჰ, თუ ირაკლი არ აჩქარებულიყო?..

დედოფ. - გივო ჩოლოყაშვილო! დღეს საშინელი ბრალი ედება ჩემ შვილს და შენ, როგორც მისი მოჭირნახულე, რას იტყვი?

გივი. - ბატონო დედოფალო: მაქვს სათქმელი და ნუ შემრისხამთ!.. მართალი არის, როგორც ბატონი მეფე ბრძანებს, დღეს დიდ განსაცდელში ვარდებით, საშინელი ჭირი კარზე მოგვადგა... მტერი უთვალავი. მაგრამ ამ გვარად კარზე მომდგარი ჭირი თუმცა საშინელია, მაგრამ ხშირად გასაძლისი... შეიძლება კაცი გადაურჩეს და თუ ვერა, დიდ ხანს მაინც აღარ იტანჯება, მალე გათავდება... მაგრამ ის სენი-კი, რომელიც ნელ-ნელა, დღითი დღე გვამში უჯდება ადამიანს, უჩინრად ხრწნის და აწყალებს... ყველაზე უარესია... დიდი ხანია, რაც მტერი შეეპარა საქართველოს, გაუჯდა სენათ, ხრწნიდა და ოცის წლის განმავლობაში ჩუმათ მოიდნო და ნელნელა წელში გასტეხა, მაშინ როდესაც მთელი საუკუნოების განმავლობაში მოპირდაპირე მტრებმა-კი ვერა უყვეს რა. სენმა ქვეყანას ხელი დარია, თვითქმის მოინელა და ცოტაც რო კიდევ დასცლოდა სულს ამოხდიდა... მაგრამ გაუჩნდა მკურნალად გმირი.

დედოფ. - და ის გმირი იყო პატარა ირაკლი?

გივი. - დიახ, დედოფალო!.. თუ არ ზეცით აღნიშნული და ქვეყნად რჩეული სხვა ვინ მოიფიქრებდა მაშინ, რომ იმ მცირე საქმეს ეს დიდი შედეგი მოჰყვებოდა?!. ჯერ პირველათ მცირე რაზმათ თვითქმის მეკობრესავით გამოსულმა ბატონიშვილმა ანდამატივით მიიზიდა ახალ-გაზდობა; -როგორც მთის წვერიდგან დაგორებული პატარა თოვლის გუნდა თან-და-თან იზდება და ზვავდება, ისე იზდებოდა და იზდებოდა ირაკლის გუნდიც... შედგა დიდი ჯარი... მაშინ დაანაწილა, გაჰყო პატარ-პატარა გუნდებათ ის ჯარი და ისინიც ჯერ კი ფარულად და მერე პირდაპირაც აქა იქ სოფლად ჩამდგარ მტრებს თავს ესხმოდენ... არ ასვენებდენ, რა წამ იძულებულ არ ჰყვეს, რომ დაენებებინებიათ თავი სოფლებისათვის, გამოსულიყვნენ და შეერთებულად დაებანაკათ. ალაზნის პირად, ისე, როგორც დღეს ვხედავთ.

მეფე. - ე.ი. უფრო ძლიერად, უფრო მომზადებულად და უფრო განრისხებულად? რომ ქვეყანა ამოაგდონ, თუ არ დავეთანახმეთ.

გივი. - მხოლოდ ჰფიქრობენ და ვინ იცის?

მეფე. - ჰფიქრობენ და კიდევაც აასრულებენ!.. ირაკლის გამარჯვება მოკლე ხნისა იყო!..

გივი. - რათა ჩემო ხელმწიფეო! იმ გამარჯვებამ ქვეყანა განჰკურნა; ხალხი დაცემული ფეხზედ წამოაყენა, წელი გაუმაგრა. დღეს ყველანი საპირდაპიროთ მზათ არიან, და თქვენც დიდებულო მეფევ, ნუ შეურაცხყოფთ მათ გულის თქმას.

ბაადურ. - დიახ, ბატონო თეიმურაზ ხელმწიფევ! ჩვენი დროს კაცები დღეს აღარსად არიან, დაბერდენ, დაიხოცნენ, ზოგი დაბრმავდა და ზოგი ასე ჩემსავით გასაპყარდა. ჩვენი შემდეგი დგმა, დროთა ვითარებამ გააფუჭა, უნამყოფოდ ჩაიარა. - ახლა სულ ახალმა დგმამ იჩინა თავი და ჩვენც სიხარულით უნდა მივეგებოთ - ჩვენ წამავალი ვართ. მომავალი მათია და მათვე დაიჭირონ ხელში.

მეფე. - გესმისთ, ბატონო დედოფალო? თქვენ რაღას ბრძანებთ? დედოფალი. - გავიგონე, ჩემო ხელმწიფევ!.. მე თაყვანსა ვცემ თქვენ ბრძნულ წინ დახედულობას, მაგრამ გავბედავ და მოგახსენებთ, რომ ბატონი მამა ჩემი, დიდებული მეფე ვახტანგი სამაგალითოა ამ შემთხვევაში: ყოველი მისი მოქმედება ბრძნული იყო და ყოველი მისი ფეხის გადადგმა წინ დახედული... დროთა ვითარებას ჟინიანობა-კი ხელს უშლიდა, კეთილად ვერა მოიმკორა... თქვენც მოგეხსენებათ, თუ რა დღე დააყენა ქვეყანას, მისმა სიფრთხილემ და ან ის თვითონ რა ყოფაში ჩააგდო!.. მომაკვდავს გონებისაგან ბევრი რამ მიუხვდომელია!.. იქ, სადაც გონივრული წინდახედულება აღარა სჭრის; უნდაუგუნურ თავხედობას მიენდოს კაცი.

მეფე. - თქვენც მაგასა ბრძანებთ, დედოფალო! გაგიწირავსთ, ეგ არის, რაღა ქვეყანა?.. მაგრამ მასთან ერთად ხომ ირაკლისაც იმეტებთ!... გეკითხებით, როგორც დედას: გული რას გეუბნებათ?

დედოფ. - როგორც დედას, მე ამ დღისთვის გამომიზდია ჩემი შვილი.

მეფე. - როგორც დედოფალი რაღას ჰფიქრობ მემკვიდრეზე?

დედოფ. - თუ ქვეყანა აღარ იქნება - მემკვიდრე რაღა სახსენებელია?

მეფე. - მაშ, კარგი! თქვენი ნება იყოს. მივჰყოლივარ თქვენს გულის თქმას, გივო! შემომგვარეთ ირაკლი. (მიდის.) მე ამიერიდგან უბრალო ვარ. დამიბანია ხელი! აწ თქვენ იცით!..

გამოსვლა 3-მე.

ისინივე და ირაკლი (ამალით).

მეფე. - შვილო ირაკლი! დარბაისლების მოციქულობამ და უფრო დედიშენის სურვილმა გასჭრა - ჩემი სურვილისა და განზრახვის წინააღმდეგ. თანახმა ვარ, რომ მტერს ვებრძოლოთ.

ირაკლი. - (ხელზე ჰკოცნის.) გმადლობ ჩემო ხელმწიფევ! ყოვლის შემძლებელი არ გაგვიმეტებს... რომ...

მეფე. - მოიცა შვილო!.. მე, შენც ხედავ, ამ უცნაურმა გულის ფრიალმა მომიდნო. აღარ შემიძლია, რომ ჩემებურათ რაზმი დავაწყო და ომში ვიტრიალო!.. ეგ შენი დაწყებული საქმე შენვე უნდა დააბოლოვო. შენ უნდა გასცე პასუხი მტერსა და მოყვარესაც.

ირაკლი. - (აღტაცებით.) მზათ გახლავარ, ჩემო ხელმწიფევ!..

მეფე. - იმედიცა გაქვს?

ირაკლი. - ღვთით!

მეფე. - წინდახედულობა გმართებს... ხომ მარტო სურვილისაგან არა ხარ გატაცებული?

ირაკლი. - დავათვალიერე მათი ბანაკი, გავშინჯე სიმაგრეები, შევიტყვე მათი რიცხვიც, თუმცა ერთი ხუთად მეტი არიან, მაგრამ თუ ღმერთიც მოწყალე გვეყოლა არა გვიშავსრა.

მეფე. - ნუ დაივიწყებ რომ ისინი ომში გამოცდილები არიან და შენ ჯარში-კი უმეტესობა სულ ახალგაზდობაა.

ირაკლი. - მართალი არის, მაგრამ რაც მამაპაპისაგან სამკვიდროთ მიუღიათ და რაც ძვალ რბილში გაჯდომიათ, იმას არ უღალატებენ.

მეფე. - მომწონს ეგ შენი თამამობა! ეგ კარგათა სთქვი, მაგრამ მე-კი მაინც მათი რიცხვი მაშინებს.

გივი. - ერთი ათათაც რომ მომეტებული იყვნენ თათრებს არ შეუშინდებით, ჩემო ხელმწიფევ... მაგრამ მე უფრო ალისკანტ ბელადის შიში მაქვს... სამი ათასის კაცით ჩასაფრებულა მისავალთან და ზურგს უმაგრებს მტერს.

ბაადურ. - აი შეურცხვესთ მეზობლობა! რა იციან იმ უგუნურებმა, რომ ჩვენი გაწირვით თავის თავსაც იღუპავენ... თავისვე საკუთარი დანით იჭრიან ყელს! ჯერ ვერა ხედვენ! მოვა დრო იგრძნობენ, მაგრამ გვიანღა იქნება.

გივი. - მაგით ისინი მაინც თავისას არ დაიშლიან, ჩემო ბაადურ..

ბაადურ. - ვიცი, ვიცი! სულ იმ წუწკ ალისკანტის ბრალია და ვაი, რომ აღარ შემიძლიან მისი დავლურში გამოწვევა...

ირაკლი. - არაფერია, ჩემო ბაადურ! გამოჩნდება მისი მოპირდაპირეც!

მეფე.. - თუშები რამდენი გყავს?

ირაკლი. - სამასი... ჩემთან არიან..

მეფე. - ფშავ-ხევსური?

ირაკლი. - ცხრა ასი კაცია.

მეფე. - ასი თუშიც მიუმატე და ისინი მიუშვი ლეკებზე.

ბაადურ. - ნოშრევან ჭავჭავაძე წაატანეთ… ის მიუძღვეს წინ... გამოცდილი ვაჟკაცია.

ირაკლი. - ჩვენც მაგრე გადავწყვიტეთ.

მეფე. - მემარჯვნე სარდალი ვინ გყავს?

ირაკლი. - ლევან ქვაბულიძე.

მეფე. - მემარცხნეთ?

ირაკლი. - რევაზ ბებურიშვილი.

მეფე. - კეთილი! მიმშველებელ ჯარს ვინ სარდლობს?

ირაკლი. - ჯანდიერი შვილი.

მეფე.. - მოწინავე ვინღა არის?

ირაკლი. - მე, ჩემო ხელმწიფევ!

მეფე. - შვილო! მაგას-კი ვეღარ მოგიწონებ: მთავარ სარდალს მეწინაობა არ შეჰფერის... ჯანდიერი შვილი მიგზავნე შენ მაგიერ და შენ მის ადგილს დარჩი. მხოლოდ ამ პირობით დაგრთავ ნებას.

ირაკლი.. - თქვენი ნება გახლდესთ!.. სიმდაბლით დაგემორჩილებით.

მეფე. - ყმაწვილობამ არ გაგიტაცოს და გულს არ გადაჰყვე! გივო! უკანასკნელად გაბარებ!... თვალყური გეჭიროს. - და ახლა კი მოდი შვილო დაგლოცო: ყოვლის შემძელებელმა ღმერთმა გიწინამძღვროს! წმიდა გიორგი იყოს შენი დამხმარე... და ნუ მოგაკლოს მისი მფარველობა ამ სიწმინდემ... ამ ძელმა ჭეშმარიტმა... (აიხსნის და ირაკლის გადაჰკიდებს) მშვიდობით შვილო! (ირაკლი ხელზე ჰკოცნის).

დედოფალი. - მშვიდობით, ჩემო საიმედო შვილო! დედაშვილობის გამჩენმა მოგიმართოს ხელი. (ეთხოვებიან. ირაკლი გადის თავის ამალით.) (დიდი ხნის სიჩუმეა. მეფე აღელვებულია და ორი ხელი გულზე აქვს მიდებული. დედოფალი თვალებს იწმენდს და, ქალები ჩუმათ ქვითინებენ).

ბაადურ. - როგორა ბრძანდებით? რა მოგდისთ, ბატონო მეფევ?

მეფე. - არაფერი... გადმიარა... ისე საშინლათ აღარ მიძგერს... ბატონო დედოფალო!.. მიიღებს თუ არა მტერი პასუხს მაშინვე ასტეხს ბრძოლას. ჩვენი აქ ყოფნა საშიშია... წავიდეთ მთაში, შევიდეთ სიმაგრეში და აქაურ ამბებს ზედიზედ შიკრიკები მოგვახსენებენ.

დედოფალი. - ჩემო ხელმწიფევ!.. როგორც ცოლი ყოველთვის მორჩილი ვყოფილვარ თქვენი და როგორც დედოფალი მონა თქვენი მეფობისა... მაგრამ დღეს-კი ნება მიბოძეთ მოგახსენოთ რამ და შემოგჩივლოთ... შემოგავედროთ ჩემი სურვილი: თქვენ წაბრძანდით და მე-კი აქ დავრჩები. როგორც მეფე თქვენ მოვალე ხართ იცოცხლოთ ხალხისათვის და მე კი, როგორც დედოფალი ბევრათ არას დავაკლდები ქვეყანას. თქვენ შეგიძლიანთ ვინც გინდათ ის გახადოთ დედოფლად.

მეფე. - მაგას რას ბრძანებთ, დედოფალო?

დედოფალი. - დიახ, როგორც დედას მე მსურს, რომ ჩემი შვილის სიახლოვეს ვიყო, თვალით უყურო მის განსაცდელს და გულით ღმერთს ვავედრო. - (ქალებს) თქვენ რაღას იტყვით, ჩემო კეთილნო? - გთხოვთ თქვენც დამეხმაროთ და შემავედროთ მეფეს!..

ელენე. - ბატონო დედოფალო! ჩვენ დიდი ხანია ერთპირად კიდეც გადავწყვიტეთ აქვე დავრჩეთ მახლობლად, სადაც ჩვენები იქნებიან. - დეე, ჩვენის სიახლოვით სიმხნე გაუორკეცდესთ ჩვენს ქრმებს, ძმებს და შვილებს, და ჩვენი შეხედვით გაიმსჭვალონ...

ბაადურ. - ნება მომეცით მეც თქვენთან დავრჩე... და თუ ვინიცობაა ბედი გაგვწირავს ფეხალაგობ ერთხელ კიდევ მოიქნიოს მტრის მოსაგერებლად მოხუცმა ბაადურმა თავის გაუყრელი ხმალი.

დედოფალი. - რას გვიბრძანებ, ბატონო თეიმურაზ?

მეფე. - (დიდი ხნის სიჩუმის და მღელვარების შემდეგ) აგრე იყოს. თქვენი ნებაა! მაგრამ მეც თქვენთან უნდა დავრჩე, ჩემო ძვირფასო თამარ!..

ფარდა

დასასრული მეოთხე მოქმედებისა.

მოქმედება მეხუთე.

სცენა პირველი.

მაღლობი ადგილი.

გამოსვლა 1-ლი.

მეფე, დედოფალი, ბაადურ, რამდენიმე კარის კაცი და ქალები.

მეფე. - (დურბინდით გადაჰყურებს.) საკვირველია! ამსიშორიდან ყველაფერი ისე იხედება, როგორც სარკეში, თითქმის სახესაც-კი გაარჩევს კაცი.

დედოფალი. - ომი დაწყებულია?

მეფე. - დიდიხანია!.. მაგრამ ჩვენი ჯარი გულდაგულ ჯერ ლეკის საფარს აწვება, სხვაგან-კი ყოველის კუთხით მხოლოდ კენწლაობაა... აი კიდევ სხვა ჯარიც მიდის ზედ იერიშით, მაგრამ ეს რას ნიშნავს?... უდიდესი ნაწილი მოსწყდა, სადღაც მიდის, ჩამოშორდა მთავარ რაზმს...

ბაადურ. - ეგ ნოშრევანის ხერხი იქნება... უთუოთ უნდა, რომ თავი მოუაროს და უკანიდან მოექცეს მტრის საფარს.

დედოფ. - ღმერთო, ღმერთო! შენ გადმოგვხედე წყალობის თვალით.

ქალები. - ღმერთო ნუ მოგვაკლებ შენ მოწყალებას შენ მოსავ ერს.

მეფე. - შეცვივდნენ საფარში - რა თავ გამეტებით მიდიან!.. ვაი, გამოჰყარეს, ისევ გამორბიან. უკან ლეკები მოსდევენ... ა... ეს რას ნიშნავს? ლეკებიც საფარს აგდებენ, თვითონაც მინდვრათ გამორბიან.

ბაადურ. - ეგ არის, ბატონო თეიმურაზ! მენიშნა, ნოშრევანის ხერხია... უთუოდ ჩვენმა ჯარმა უკანიდგან მოუარა და საფარი დაატოებინა... აბა, შეხედეთ კარგად... ორ ცეცხლშუა იქნება მტერი.

მეფე. - დიახ, უკან ვეღარ იხედვენ, მინდვრად გამოსულან და ისე იბრძვიან; ჩარეული ომია... ხან ერთი მხარი იხევს უკან და ხან მეორე... ჯგუფ-ჯგუფად ომობენ... აი ვიღაცამ გამოახტუნა ცხენი ლეკების რაზმიდამ, თვითქოს ვიღაცას იწვევსო.

ბაადურ. - დავლური იქნება. ერთ ერთს გამოითხოვდა...

მეფე. - აი ჩვენი რაზმიდანაც გავიდა ვიღაც... ოჰ, საცოდავი, მისვლის უმალ ჩამოვარდა ცხენიდამ... მეორეც გავიდა... ოჰ, ოჰ ვაი სირცხვილო! შეეშინდა, უკანვე გამობრუნდა, კიდევ სხვა გადის... მიუახლოვდა! ოჰ ოჰ ოჰ... ღმერთო ხელი მოუმართე... ოჰ... ესეც ჩამოვარდა...

დედოფალ. - ღმერთო ჩემო! ნუ თუ ღირსი მოპირდაპირე ვეღარ გამოუჩინეს?..

ბაადურ. - ვაი თუ ის შეჩვენებული ბელადი ალისკანტი იყოს... ბევრს გააფუჭებს.

მეფე. - ეგერ შორეულის რაზმიდამ ვიღაც მოაქანებს ცხენს. მიდის გულ და გულ
მტერზე... აი კიდეც მიუახლოვდა, ეძგერნენ ერთმანერთს... შეიბნენ... ოჰ რა საოცრათ იბრძვიან... ერთი მეორეს გარს ჯარასავით უტრიალებს... ოჰ! ოჰ! ოჰ!.. გადმოვარდა ერთი მათგანი... არ ვიცი კი ვინა: ჩვენი თუ მტერი... ჩვენი ყოფილა... კიდევ სხვა აპირებს გასვლას ჩვენი მხრიდგან, მაგრამ არ უშვებენ - არ დაიშალა... გამოუსხლტა ხელიდგან და მიდის პირდაპირ მტერზე... ღმერთო ჩემო ვგონებ ირაკლია...

დედოფ.. - ირაკლი?

ბაადურ. - ღმერთი მოწყალეა, დედოფალო!..

მეფე. - შეაჩერა ცხენი!.. ახლა ზედ მიაგდო... ეს რა ამბავია ასე უეცრად ჩამოვარდა?!..

დედოფალი. - ირაკლი?!..

მეფე. - მტერი, დედოფალო, მტერი!..

დედოფალი. - დიდ ხარ შენ უფალო! (გულს ეყრება ქალები აბრუნებენ.)

მეფე. - გაიქცენ ლეკები... დაფრთხენ... საფრისკენაც ვეღარ ბრუნდებიან... მოეტოვა ჩვენი ჯარი, ალაზნისკენ მიერეკებიან.

ბაადურ. - ღმერთო, შენი სასწაული!..

მეფე. - ახლა სხვაგანაც ყოველი კუთხით შეუტიეს ჩვენმა ჯარმა... ხელჩართული ომია... ნელნელა უკან-უკან იწევენ მტრები. გატყდა მარჯვენა მხარე... მარცხენაც დაიძრა... ოჰ, ღმერთო შენს მადლს, მტერი გაქცევას აპირებს... გაიქცა... მოედვენ ქართველები. აი ცხენოსანი ჯარიც გამოუდგა... ღმერთო ნუ, ნუ მოგვაკლებ შენ სასწაულს.

დედოფ. - ღმერთო, გადმოგვხედე, წყალობის თვალით (სიჩუმეა).

გამოსვლა 2-რე

ისინივე და შიკრიკი. (შემორბის)

შიკრიკი. - ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგიშალოსთ. მტერი მარცხდება... გატყდა მტერი და უკან-უკან იხევა... ალისკანტის სიკვდილი და მტრის გულის გატეხვა ერთი იყო...

ბაადურ. - ალისკანტის?

შიკრიკი. - თუ ლეკებს არა, გამარჯვება აქამდინაც დაგვრჩებოდა; მათ საფრიდგან გამორეკვას ბევრი ხანი მოუნდათ!.. ბევრი კარგი ვაჟკაცი გაგვიფუჭეს...

მეფე. - ის ვინ იყო დავლურში გამოსული?

შიკრიკი. - ალისკანტი. - ბევრი დაგვიხოცა... მაყაშვილი მოგვიკლა და ლევან ქვაბულიძე სასიკვდილოთ დასჭრა ღალატით.

ელენე. - უი ჩემ სიცოცხლეს!.. (გულს ეყრება).

დედოფალი. - არა უშავს რა მხოლოდ დაჭრილია!

მეფე. - ღალატით!

შიკრიკი. - დიახ, ბატონო მეფე: უთხრა ნუღარ მომკლავ, დაგნებდებიო და როდესაც ლევანმა ხელი შეაჩერა - მაშინ ისარგებლა იმ შერცხვენილმა, მაგრამ სისხლი ამოიგო ბატონიშვილმა ირაკლიმ...

დედოფალი. - ირაკლიმ? საპირდაპიროთ გავიდა?..

შიკრიკი. - ბევრი უშალეს... გივმა მკვახე სიტყვებიც ჰკადრა, მაგრამ თავ გამომეტებული მივარდა ლევანის დასახმარებლად... და მისვლის უმალვე შუა გაჰკვეთა მოპირდაპირე.

მეფე. - ალისკანტი?.. საარაკოა! ეგები ბატონიშვილათ იცნო და არ გაიმეტა! ან ყმაწვილობა რომ შენიშნა, არად ჩააგდო?

შიკრიკი. - რა ბრძანებაა?.. ისიც კინაღამ ღალატით დაამარცხა: ვაჟკაცურ წესს გადუდგა და მისვლაც აღარ აცალა ბატონიშვილს, რომ თოფი ახალა გულზე.

დედოფ. - დაიჭრა?

შიკრიკი. - არა დედოფალო!.. ტყვია ძელჭეშმარიტს მოხვდა, გულზე რომ ეკიდა და მხოლოდ ვერცხლი ჩასჭყლიტა.

მეფე. - გმადლობ. შენ, უფალო!..

ბაადურ. - ღმერთო. ნუ მოგვაკლებ შენ სასწაულს!

დედოფ. - ახლა-კი ვხედავ, რომ ღმერთს არ სდომებია ჩვენი გამეტება...

მეფე. - კარგი მახარობელი ხარ და სამახარობლოც გერგება... მტერი სიმაგრებიდან გამორეკეს?

შიკრიკი. - გამოდევნეს, გაიქციეს, დააყოლეს ალაზნის პირს და ჩვენი ჯარიც უკან მისდევს... მოსვენებას არ აძლევს.

გამოსვლა 3-მე.

ისინივე და კიდევ შიკრიკი, (შემოვარდება)

შიკრიკი. - დავიღუპეთ, ბატონო მეფევ, დავიღუპეთ!

ყველა. - (შეშინებული) რა ამბავია? როგორ თუ დავიღუპეთ?..

შიკრიკი. - დაგვამარცხეს... განსაცდელში ჩავარდა ჩვენი ჯარი...

ბაადურ. - რას ამბობ? ჭკუაზე ხომ არ შეშლილხარ? მტერი აკი დაამარცხეს, გააქციეს ჩვენებმა.

შიკრიკი. - მართალია, მაგრამ, იქ მოულოდნელად, ქალაქიდან მოსული სერასქარი დაგვიხვდა აუარებლის ჯარით, უცბათ შემოჰკრა ჩვენი ჯარი, გარს გველეშაპივით შემოგვეხვია და ჩვენი გამარჯვება დამარცხებათ შეგვიცვალა.

მეფე. - ვაი ჩემს მოსწრებას!..

შიკრიკი. - უპირველესი მეომრები გაგვიწყვიტეს, გივი მოგვიკლეს და ბატონიშვილი მცირე რაზმით საფარში შევიდა, გამოსასვლელი გზა აღარსად არის... მე როგორც იქნა გამოვიპარე შეუნიშვნელად. ბატონიშვილმა მოგახსენათ: ჩვენ იაფად ვერ მივსცემთ ჩვენ თავსო... ვაგლახათ ვერ დავანებებთ და თქვენ გთხოვათ, რომ თავს უშველოთ, წაბძანდეთ!..

მეფე. - ეს რა მესმის? ვაი ჩემს მოსწრებას!

დედოფ. - ვაი უბედური თამარის გამწარებას!

ქალები. - ვაი ჩვენ სიცოცხლეს!

ბაადურ. - დაგვამარცხეს, გივი მოგვიკლეს, ჩვენი ჯარი შემოჰკრეს. ბატონიშვილი განსაცდელშია და შენ აქ რაღას უზიხარ ბაადურ? წამიღეთ... წამიღეთ, მიმიტანეთ იქ... რომ უკანასკნელად კიდევ გავიქნიო ჩემი ხმალი და მეც ჩვენების ბედი გავიზიარო!.. (მიაქვთ).

მეფე. - შენ-კი ვიღასთვის უნდა დარჩე მეფე თეიმურაზ, - ჩემი ვალია მეც იქ განსაცდელის ადგილს მივიდე.

დედოფალი. - (სასოწარკვეთილებით ლეჩაქს მოიგლეჯს.) წავიდეთ მეფევ.

ელენე. - ნუღა დავაცდით მტრის აქ ამოსვლას! ჩვენ მივეგებოთ თუ იარაღით ვერა, შეჩვენებით მაინც.

ქალები. - (ლეჩაქებს იგლეჯენ.) წავიდეთ, წავიდეთ. (ჩამოდიან მდაბლობზე.)

გამოსვლა 4-ხე.

ისინივე და ირაკლი შემოიჭრება მხიარულად..

ყველანი. - ამას რას ვხედავთ?!

ირაკლი. - რა ამბავია? რას შეუშინებიხართ? მომილოცავს, ბატონო მეფე გამარჯვება! ყველანი. - გამარჯვება?!..

ირაკლი. - დიახ, ღმერთმა მოგვანიჭა ძლევა საარაკო და გასაოცარი, მომილოცავს!..

მეფე. - რას ამბობ, შვილო?

ირაკლი. - სრულიად დამარცხებულია მტერი, გაიფანტა, უღონო შეიქნა.

მეფე. - მაშ ეს შიკრიკი!.

ირაკლი. - მე გამოვგზავნე. მაშინ სწორედ განსაცდელში ვიყავით და იმედიც აღარ გვქონდა. - ვემზადებოდით ვაჟკაცურად სასიკვდილოთ. უეცრათ რაღაც გუგუნი მოგვესმა, გულმა იგრძნო, გავხედეთ და რა ვნახეთ კალიასავით მოდებული მოგვეზღვავა და მოგვეკრა გლეხ-კაცობა... ჩამოერიენ მტრის ჯარში ხელკეტებით, თოხებით, ნამგლებით, ცულებით და სხვა. დედაკაცებს ლეჩაქები გამოებათ ჯოხებზე, გაეკეთებინათ დროშები და მიუძღოდნენ ქმრებს. კალთით ქვებიც კი თან მოჰქონდათ... ამ სანახაობამ შიშის ზარი დასცა სერასქირს. აბრუნა პირი; მაშინ ჩვენ გამხნევებულები მივცვივდით და სრულიად დავამარცხეთ. მოდიდებული ალაზანი მტრებით აივსო: გზა არეულები თავისთავად შიგ ვარდებოდნენ!.. დამფრთხალ, გაქცეულებს ცხენოსნის ჯარით რევაზ გამოუყენე და მე-კი აქ მოვეშურე მახარობლად. ღმერთმა ნუ მოგიშალოსთ გამარჯვება!..

მეფე. - (გადაეხვევა) შვილო, ღმერთმა ნუ მოგიშალოს გამარჯვება და კიდევ უფრო ასახელოს შენი გმირობა, (ჰკოცნის.)

დედოფ. - მოდი, შვილო, ჩამეკარ შენ გამზდელს ძუძუებში. (ჰკოცნის) დღეს შენით ხელახლათ იბადება დედაშენი.

ბაადურ. - განა მარტო დედა!.. მთელი ჩვენი საქრისტიანო! ღმერთმა ნუ მოგაკლოს ძლევა მოსილება და ამიერიდგან სულ მაგრე გამარჯვებით გატაროს, ჩემო ძლიერო. ბატონიშვილო.... (სიხარულია).

ყველანი. - ამინ!..

ირაკლი. - მხოლოდ ეს მაწუხებს, რომ ჩემ სიხარულს ფრთები შეაკვეცა გივის დაკარგვამ... უკანასკნელ დრომდი იბრძოლა და ბოლოს ისე დალია სული, როგორც ეკადრებოდა გმირს. - სასიკვდილოთ დაჭრილმა, შუა გახვრეტილმა ცალ გვერდში ხელსახოცი დაიცვა, მეორეში ბალახი და სანამ ბრძოლა არ გათავდა ხმალი ხელიდგან არ გაუგდია. ბოლოს-კი, როცა მტერი დამარცხებული და გაქცეული დაინახა, გაიხსნა ჭრილობა და ორივე მხრიდგან დაგუბებულმა სისხლმა შადრევანივით გადმოასხა; დასუსტდა სასიკვდილოთ დაკოდილი და ღიმილით განუტევა სული. მისი უკანასკნელი სიტყვა ეს იყო: გმადლობ შენ უფალო, რომ ამ დღეს კიდევ მომასწარიო... (ცრემლებს იწმენდს.)

მეფე. - ღმერთმა საუკუნო ნათელი დუყენოს. მისი ერთგულება სამაგალითოა და მისი ღვაწლი უთვალავი.

ბაადურ. - ნათელი მის სულს!.. მადლიანი იყო და მადლიანათ განუტევა ეს სოფელი... ნეტავი მეც მღირსებოდა მისი ბედი და საპყარად კი არ დავარდ ნილიყავ... მაგრამ... ეჰ... ყოველივე ღვთის ნებაა, იმან უკეთ იცის!.. (ცრემლებს იწმენდს.)

ირაკლი. - ჩემი მარჯვენა მხარე, ახალგაზდა გმირი... ჩემი ლევან ქვაბულიძეც მძიმეთ დამიჭრეს. მე ვუბრძანე, რომ აქ მოიტანონ, რომ უკეთ უპატრონოთ... აი ისიც აგერ მოჰყავთ. - (შემოაქვთ) ცოცხალია?

მომტან. - შუა გზაზე დალია სული! წაიღო თქვენი ჭირი!

ელენე. - (იკივლებს.) უი! უბედურ ელენეს მოსწრებას!.. ლევან, ლევან!..

ქალები. - (შემოეხვევიან.) სსუ... თავი შეიკავე... აქ ადგილი არ არის. (ელენე ჩაიკეცება და ჩუმად ტირის).

მსახური. - ბატონო! ის უცხო ყმაწვილი მკვდრებში დაჭრილი ვნახეთ; გვთხოვა, რომ მეც ლევანთან წამიღეთო, ნუ მამაშორებთო და თუ გვიბძანებ შემოვიყვანთ... იხვეწება.

მეფე. - ვინ უცხო?

ირაკლი. - საკვირველია, მართლა! ერთი ვიღაც უცხო, - ყველას უცნობი ყმაწვილი, თითქმის ჯერ კიდევ ბავშვი გამოერია ჩვენ ჯარში და საარაკო საქმეები ჩაიდინა: ლევანს არ შორდებოდა, მხარში უდგა... და როდესაც ლევან ჩამოაგდეს ცხენიდამ იმან იარაღი ხელიდან გააგდო.

მეფე. - საკვირველია!.. შემოიყვანეთ. (შემოაქვსთ.) დაჭრილი. - ლევან?.. ჩემი ლევან... მიჩვენეთ... სად არის მიმიყვანეთ... ეს არის... ეს. ჩემო ლევან... შე უპირო... შენ მოღალატევ აგრე უნდა?.. მიმტყუნე განა?.. შენ გაემგზავრე და მე-კი აქ მარტოდ მაგდებდი... ეგ იყო შენი აღთქმა? შენი ფიცი? არა, არ გაგატეხიე ფიცი, არ ჩაგაგდე ცოდვაში... შენ რომ მოგკლა მეც იმ იარაღმა დამჭრა სასიკვდილოთ... და აღარ მოგშორდები... აი შენი ნიშანიც: ჩემი ავგაროზი წაიღე, წაიღე. (გულს იხსნის, ავგაროზს იგლეჯს და გულზე ადებს) მშვიდობით...არ გაგეყ... რები... (კვდება.)

მსახური. - საკვირველებავ! ქალი ყოფილა!..

ყველა. - ქალი!.. ვინ უნდა იყოს?..

გამოსვლა 6-სე.

ისინივე და გელა. (შემოდის).

გელა. - მე ვიცი ვინც არის!.. სად არის მეფე? მიმაბრუნეთ: ბატონო მეფე, ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგიშალოს და ადიდოს შენი მეფობა!.. მიმაბრუნეთ დედოფლისკენ!.. ბატონო დედოფალო! უფალმა გიკურთხოს ი ძუძუები, რომლებითაც ირაკლი გამოგიზდია - და შენც, ჩემო ბატონიშვილო ირაკლი!.. სად არის?

ირაკლი - გელავ!..

გელა. - ძლევა მოსილი გყოს ყოველთვის, ბატონისშვილო! შევასრულე თქვენი ბრძანება. აი გიახელ სასახლეში და ჩემი ქალიც... ის ჩემი ქალია... უკანასკნელი გმირი ხმალაძიანთ საგვარეულოში მომიყვანია... აბა სად ხარ, შვილო! მიმიყვანეთ. - (მიჰყავთ.) მაჩვენე აბა ჭრილობა!.. ვაი რომ ვერა ვხედავ. (ხელებს უფათურებს დაჩოქილი.) შენი ლევანიც აქ არის? შენი მწყემსი? ერთათ ხართ?.. აღარ გახსოვს რომ მაგის გულისთვის უსწორ მასწოროთ მატარებდი... ახლა კი სწორი გზა აგირჩევიათ ორივეს... წადი, შვილო, მიდი იქ... უმახარობლე ჩვენებს...შეატყობინე შენ ძმებს, რომ ქართველებმა გაიმარჯვესთქო: უთხარ დედა შენს: ირაკლიმ ძლევა შეიმოსათქო, უმახარობლე და მეც მალე მოვალ, დავამოწმებ შენ
მახარობლობას. (ჩაეკონება. ყველანი ჩუმათ ტირიან.)

დედოფ. - დაილოცა, ღმერთო, შენი სამართალი და განგება, რომ უმსხვერპლოდ ძლევას არავის მიანიჭებ... საბრალო ქალი და უბედური მოხუცი. ირაკლი. - დრო არ არის, რომ უზომო მწუხარებას და გლოვას თავი მივცეთ... დიდებულო მეფევ! მიიღეთ მოვალება, რომ მკვდრებს უპატრონონ და დაჭრილებს მოუარონ... თქვენც ჩემო ძვირფასო დედოფალო და უტრფიალესო დედავ!.. გებრალებოდეს ქვრივ ობლები... მეც ვალდებული ვარ ისევე ჯარს მიუბრუნდე, მივხედო და უკანასკნელი განკარგულებაც მოვახდინო და ჯერ-კი ყველამ ერთად უნდა სამადლობელო პარაკლისი შევსწიროთ ძლევის მომნიჭებელს.

მეფე. - აგრე ვქნათ, შვილო!

დედოფალი. - ყოველი საქმე ღვთით უნდა დაგვირგვინდეს, შვილო! აი (ზარების რეკვა მოისმის გარედგან.) ნიკოლოზ ალავერდელმა კიდეც ჩამორეკვა ზარებს! (ყველანი ყურს უგდებენ, რეკა ისმის).

მეფე. - (მუხლს იყრის) აღსდეგინ ღმერთი და განიბნენ ყოველნი მტერნი მათნი! (იჩოქებს მაღლა ხელებაპყრობილი.)

ყველანი. - (იჩოქებენ. ფარდა ნელნელა ეშვება.)

დასასრული.

[1886 წ.]

რედაქტორის შენიშვნები

ირაკლი ბატონიშვილი

აკაკი წერეთლის ისტორიული დრამის „პატარა კახის“ უცნობი ვარიანტი, „ირაკლი ბატონიშვილი“ (იგივე „გელა“) პირველად ჩვენ მიერ იქმნა გამოტანილი ჯერ კიდევ 1935 წელს. აქედან ერთი ადგილი, სახელდობრ - „გელას ქალიშვილის სიმღერა“, ჩვენის პატარა შენიშვნით დავბეჭდეთ კიდეც ბათომის გაზეთ „ლიტერა-ტურულ აჭარისტანში“ (1935 წ., №1, გვ. 3).

ამ ჟამად „პატარა კახის“ პროზაული ვარიანტის ხელთნაწერთა ეგზემპლარები სულ ოთხია საქართველოში: ორი საქ. ცენტრარქივშია: (№793 და №955), მესამე - რუსთაველის თეატრის ხელთნაწერთა ბიბლიოთეკაში და მეოთხე ვ. გუნიასეული (ჩვენ გვიფეშქაშა).

როგორც ირკვევა ავტორის „პატარა კახი“ ამ პროზაული ვარიანტებიდან არის გალექსილი. ზოგიერთი ადგილი პირდაპირ ჩაწვენილია სიტყვა სიტყვით და ცნობილი მონოლოგებიც პირწმინდად ემთხვევა ერთიმეორეს.

აი, ორიოდე ნიმუშიც: 

„ირაკლი ბატონიშვილი“

1.

მწყემსი (ჩამოდის ვაკეზე და მარჯვნივ ტყისაკენ იყურება) დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან, მაგრამ თუ სალამურის ხმა ოდნათაც არის ყურში ჩაეწვეთა მოხიბლულს აჩქარებით მოიზიდავს (დაფიქრდება ნაღვლიანის ღიმილით) ჰმ... ქვაბულაძე და მწყემსი!.. იქ ბარში ჩემი ტოლები მტრის გუნდს ვეფხვივით ერევიან და მეკი აქ ფეხმოტეხილი თხასავით ცხვრებში ვიმალები... იქ იმათ მტრის ზიზღით ევსება გული და მე კი აქ შიგ სიყვარული შემეპარა... რა დროსია? (დაფიქრდება) ეს ყველა ჩემდა უნებურად მოხდა და გულთა მხილაო! შენ ხედავ რომ მე არა მაქვს ბრალი! (იხედება მარჯვნივ) კიდევ არსად არიან!.. 

2.

ამბობენ, ვითომც ლერწამი პირველად დედის-ერთას, საფლავზედ ამოსულიყოსო, წასულიყოს პირდაპირ მაღლა... მაღლა, რომ დედამიწის უსამართლობის ამბავი ცამდი მიეტანოს, ზეცისადმი შეეჩივლოს, მაგრამ სასტიკ გრიგალს აღარ დაენებებინოს, ამოეგდოს ძირიან. - მაშინ მისულიყოს მწყემსი, ენახოს წაქცეული, გამოეჭრას სალამური, ჩაებეროს და იმ ლერწმიდამაც უცნაური ხმა რამ გამოსულიყოს.

პატარა კახი

1.

მწყემსი (ჩამოდის ვაკეზე და მარჯენივ ტყისკენ იყურება) დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან! მაგრამ სალამურს თუ მოჰკრა ყური, ანდამატურის ძალით გამოსწევს აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური. (დაფიქრდება ნალელიანის ღიმილით). ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე? იქ, ბარში ყველა ჩემი ტოლები მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ და მე კი ცხვარი აქ ვიმალები!... ისინი მტრის სისხლს ჰღვრიან უწყალოდ, ზიზღით ევსებათ მოისხანე გული მე კი ქალივით აქ ცრემლებს ვაფრქვევ და სიყვარულით მიძგერს გლახ-გული. მერე როგორ დროს? მაშინ როდესაც სხვა უდიდესი წინ გვიძევს ვალი. (დაფიქრდ.) მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად, გულთა მხილავო, და არ მაქვს ბრალი! კიდევ არ ჩანან...

2.

გამიგონია, ვითომც ლერწამი
ობლის საფლავზე ამოსულიყოს
და თავის ქნევით, დამუქრებული
მაღლა ზეცისკენ ის წასულიყოს,
რომ მიეტანოს იქ ჩვენის ქვეყნის
მწარე ამბავი და საჩივარი,
მაგრამ იმავ დროს, ეშმაკის სული,
დასტაკებოდეს გრიგალი ქარი,
გადაეღუნოს - გადმოეღუნოს
და მოეთხაროს სულ ძირიანა.
მერე ენახოს მწყემს წაქცეული,
ხელში აეღოს პატარა დანა
და გამოეჭრას მას სალამური,
რომ მოწყენის დროს სული ჩაჰბეროს
და მთა და ბარის დასატკბობელად
აკვნესოსო და აატიროს.

ვიტოვებ უფლებას ერთი პატარა განარკვი მეც ვუძღვნა აკაკი წერეთელს („აკაკი თეატრში“) სადაც გაშუქებული იქნება მისი როლი ქართული თეატრის აღორძინების საქმეში, როგორც დრამატურგის, რეჟისორის და მსახიობის.

ვფიქრობ, მე ამას შევასრულებ.

ი. გრიშაშვილი
1940 წ., 17 ივნისი

4 რედაქტორის შენიშვნები

▲back to top


წინამდებარე ტომში მოთავსებულია აკაკის პოემები და დრამატიული ნაწერები ლექსად.

ნაწერები დალაგებულია ქრონოლოგიურად:

პოემებში ცალკეა გამოყოფილი საბავშვო ზღაპარი („ალექსი“) და სიჭაბუკის დროინდელი ნაწარმოები („მეუდაბნოე“).

დრამატიული ნაწერების რკალში ცალკეა გამოყოფილი სატირა („პირუტყვების არჩევანი“) და აგრეთვე სიჭაბუკის დროინდელი ნაწერი („ძველი ამხანაგები“).

ბოლოში მოქცეულია ნაწყვეტები და ვარიანტები: „რუსეთუმე“, „მედეა ელადაში“, „გორგასლანი“ და „პატარა კახის“ პროზაული ვარიანტი.

აქ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ პოემა „თორნიკე ერისთავი“, „თამარ ცბიერი“, „მოხუცის გრძნობა“ და ნაწილობრივ „პატარა კახი“ დღემდე იბეჭდებოდა დაზიანებულად. ჩვენს გამოცემაში ტექსტი აღდგენილია პოეტის დედნების მიხედვით, - სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქ. მუზეუმში და ცენტრარქივში დაცულ ხელთნაწერ მასალებზე მუშაობისას.

ი. გ.