The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ნიკოლოზ ბარათაშვილი. თხზულებანი

ნიკოლოზ ბარათაშვილი. თხზულებანი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბარათაშვილი ნიკოლოზ
თარიღი: 1968
აღწერა: სარედაქციო კოლეგია: გრიგოლ აბაშიძე, პავლე ინგოროყვა, დევი სტურუა, ვახტანგ ჭელიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა ტექსტი დადგენილია პავლე ინგოროყვას მიერ გამომცემლობის რედაქტორი ნ. ინასარიძე, მხატვრული რედაქტორი დ. დუნდუა, ტექრედაქტორი შ. ძოწენიძე, კორექტორი ო. ცინცაძე გადაეცა წარმიებას 5/III-68 წ. ხელმოწერილია დასაბეჭდად 23/ VII-68 წ. ქაღალდის ზომა 54X84 1/8 სააღრიცხვო–საგამომცემლო თაბახი 17,4 უე 01757. ტირაჟი 30 000. შეკვ. 514. ფასი 2 მან. 15 კაპ. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი. მარჯანიშვილის 5. საქართველოს სსტ მინისტრთა საბჭოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარპოლიგრაფმრეწველობის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №5.



1 რედაქციისაგან

▲ზევით დაბრუნება


150 წელი შესრულდა დიდი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან. სულ ახლახანს დიდი ზეიმით გადახდილ რუსთაველის იუბილეს ქართული კულტურის ეს ახალი დღესასწაული მოჰყვა და ამგეარი თანამიმდევრობა სიმბოლურიც არის: რუსთაველმა ქართველ ხალხს შორეულ წარსულში შეუქმნა პოეზიის გვირგვინი - „ვეფხისტყაოსანი“, ხოლო ბარათაშვილი არის ახალი ქართული პოეზიის ფუძემდებელი, რუსთაველის დიდებული ტრადიციის გამგრძელებელი ახალ ეპოქაში.

ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ბარათაშვილის როლი პირველად ილია ჭავჭავაძემ განსაზღვრა: „ბარათაშვილმა ჩვენს აზრს, ჩვენს გულთა თქმას, ჩვენს ჭკუა-გონებას დიდი განი და სიღრმე მისცა“.

ილიას ეს შეფასება ქართველი მწერლების მომდევნო თაობებმა უყოყმანოდ გაიზიარეს და „მერანის“ ავტორს სამუდამოდ დაემკვიდრა საპატიო ადგილი ქართული მწერლობის განვითარების დიდ გზაზე.ნიკოლოზ ბარათაშვილმა პირველმა დაიწყო აღმოსავლური გავლენებისაგან ქართული ლექსის განთავისუფლებისათვის ბრძოლა, მან პირველად აზიარა ქართული პოეზია რუსული და ევროპული პოეზიის იდეებს და ჩვენს მწერლობას მოევლინა, როგორც პოეტური მეტყველების განმაახლებელი, ახალი გზების გამკაფავი მგოსანი.

ბარათაშვილი ადრე, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პოეტური მემკვიდრეობა მოცულობით დიდი არაა, მაგრამ უაღრესად მრავალფეროვანია და განუსაზღვრელად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართველი ხალხის სულიერ საგანძურში.

ბარათაშვილის პოეტურ მემკვიდრეობაში უნატიფესი ლირიკის ნიმუშების გვერდით თავისი არაჩვეულებრივი სიღრმითა და გაქანებით გვხიბლავენ პოეტური მედიტაციების სწორუპოვარი შედევრები, რომლებიც მხარს უსწორებენ მსოფლიო პოეზიის ყველაზე დიდსა და უმაღლეს მიღწევებს.

ბარათაშვილი თავისი დროის ჭეშმარიტი შვილი იყო და მის შემოქმედებაში შესანიშნავად აისახა ის ფიქრები და ტკივილები, რომლებიც მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის მოწინავე ქართველობას აწუხებდა. საქართველოს რუსეთთან შეერთებით წამოჭრილი პრობლემები, ერის აწმყო და მომავალი არა მარტო მისი განუწყვეტელი ფიქრის საგანი იყო, არამედ მისი პოეზიის ერთ-ერთ მთავარ თემადაც იქცა. ამ თემას მან მიუძღვნა „ბედი ქართლისა“ საუცხოო პოემა, როგორც პრობლემების დასმისა და განსჯის სიღრმით, ისევე შესრულებისა და ფორმის ოსტატობის მხრივ - იმ დროისათვის უაღრესად ნოვატორული, რეალისტური ქმნილება.

ლექსში „საფლავი მეფის ირაკლისა“ პოეტმა სამშობლოს ბედზე თავისი ხანგრძლივი ფიქრის შეჯამება მოგვცა: მან რუსეთთან შეერთების აუცილებლობა, გარდუვალობა მიიღო და აღიარა ერეკლე მეფის ამ ბრძნულ ანდერძ-ნამაგში ქართველი ერის აღორძინებისა და განახლების ნათელი პერსპექტივა დაინახა.

ბარათაშვილის პოეზიაში საზოგადოებრივი და პირადი განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული და იგი აქაც გვევლინება ახალი ქართული პოეზიის დიდებული ტრადიციის შემქმნელად. ბარათაშვილის პოეზიაში ახალი ელვარებით გამოჩნდა სიღრმე და სილამაზე ქართული პოეტური აზრისა. იგი უაღრესად ეროვნულ სახეებში გამოხატავს ზოგადკაცობრიულ იდეებს მისი ჰუმანიზმი და ღრმა პატრიოტიზმი სცილდება ეროვნულ ფარგლებს და ქართველი პოეტის ფილოსოფიური ლირიკა პატიოსანი თვალივით ბრწყინავს რომანტიკული პოეზიის იმ დიდ საუნჯეში, რომელიც ბაირონმა და მიცკევიჩმა, შელიმ და ლერმონტოვმა შექმნეს.

„მისნი გრძნობანი, - წერდა ილია ჭავჭავაძე, - მისნი ჭირნი და მწუხარებანი უფრო საყოველთაო, საკაცობრიონი არიან, ვიდრე მარტო მისი საკუთარი გულისანი. მისი კვნესა კაცობრიობის კვნესაა, მისი ჩივილი კაცობრიობის ჩივილია...“

ბარათაშვილის პოეზიამ შეინარჩუნა მარადიული ღირებულება, იგი დღესაც უდიდეს ემოციურ ზეგავლენას ახდენს მკითხველებზე. იგი მარად ცოცხალი, ყველა თაობისათვის თანამედროვე პოეტია, რომლის შემოქმედებას დავიწყების ბინდი ვერასოდეს ვერ დაფარავს.

„შენი მერანი კვლავაც რბის“, - მიმართავდა ბარათაშვილს ვაჟა-ფშაველა და ქართულ პოეზიას. ჩვენ ვერასოდეს ვეღარ წარმოვიდგენთ „მერანის“ გენიალური სტრიქონების გარეშე, მიუსაფარი მხედრის თავგამეტებული ქროლვისა და იმ ნათელი რწმენის გარეშე, რომ განწირული სულის კვეთება ცუდად არ ჩაივლის და შემდგომ თაობებს გზის სიძნელეს გაუადვილებს.

ბარათაშვილი ისე ჩავიდა სამარეში, თავისი ლექსის დაბეჭდვას ვერ მოესწრო.

დღეს, როცა კომუნისტური პარტია და საბჭოთა ხელისუფლება შეუნელებლად ზრუნავენ ჩვენი ლიტერატურის შემდგომი აყვავებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაფასებისათვის, ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობა არა მარტო ქართველ მკითხველთა ფართო წრეების საკუთრებად, არამედ მრავალეროვან საბჭოთა ქვეყნის მილიონობით მკითხველთათვისაც მისაწვდომი და ახლობელი ხდება - ბარათაშვილის პოეზიას სიყვარულით თარგმნიან საბჭოთა ხალხების მრავალ ენაზე.

ბარათაშვილის დიდებული პოეზია სწორედ ჩვენი იუბილეს დღეებში აღწევს ევროპელ მკითხველამდე, მისი ლექსი პირველად იწყებს აჟღერებას ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე.

ასე დიდი აუდიტორია ქართულ პოეტურ სიტყვას არასოდეს არ ჰქონია და ქართველი ხალხი სამართლიანად თვლის ჩვენი კულტურის ამ არნახულ წარმატებას ოქტომბრის ერთ-ერთ მონაპოვრად, ლენინური ეროვნული პოლიტიკის გამარჯვების ზეიმად.

2 ნიკოლოზ ბარათაშვილი

▲ზევით დაბრუნება


(ნარკვევი)

ნიკოლოზ ბარათაშვილი

Ι

ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი, დიდი ტრადიციების მქონე ლიტერატურის ისტორიაში ნიკოლოზ ბარათაშვილს საპატიო ადგილი მიეკუთვნება.

ნიკოლოზ ბარათაშვილი არის ფუძემდებელი ახალი ქართული ლიტერატურისა, რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნეში, ქართველი ხალხის ისტორიის ახალ ვითარებაში.

ნიკოლოზ ბარათაშვილი არის გენიალური პოეტი. ამასთან ნიკოლოზ ბარათაშვილს დიდი როლი ეკუთვნის ქართველი ხალხის საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში. ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება, „ბედი ქართლისა“ და „მერანი“, არის ნიშანსვეტი ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობისა მე-19 საუკუნის საქართველოში.

ჩვენ აქ შევისწავლით პოეტის ცხოვრებას და შემოქმედებას.

***

ხანმოკლე იყო პოეტის სიცოცხლე.

„ყრმაო პოეტო, უღმრთო იყო შენი სიკვდილი,
ვინ უწყს, რავდენი საუნჯენი დავკარგეთ ჩვენა!..“

მაგრამ რჩეულთათვის არ არსებობს წლების სათვალავი; არ არსებობს წლების სათვალავი ნიკოლოზ ბარათაშვილისათვის, ისევე როგორც არ არსებობს შელისა და კიტსისათვის, როგორც ლერმონტოვისათვის, როგორც პეტეფისათვის. პოეზიის მზე ამ რჩეულთა ანათებს სრული ნათელით.

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახე რჩება პოეზიაში, როგორც ჭაბუკისა, თავგანწირული მხედრისა, რომელიც თავისი მერანით გადასჭრის ბედის საზღვარს, რათა მოძმესა მისსა „სიძნელე გზისა გაუადვილდეს“, რომელიც „ვარსკვლავთა თანამავალთა“ ამცნობს გულისა საიდუმლოს.

ბარათაშვილის სახე რჩება პოეზიაში, როგორც ახალგაზრდა ავთანდილისა, რომელიც ველად არის გაჭრილი და მოვლის მსოფლიოს ტყვეობაში მყოფი ნესტანდარეჯანის სახსნელად, რომელიც ასევე „ვარსკვლავთა თანამავალთა“ ესაუბრება ბუნებისადმი მიმართული ჯადოსნური სიმღერით.

*

ილიას სიტყვები „ვინ უწყს რავდენი საუნჯენი დავკარგეთ ჩვენა“ კერძოდ იმითაც არის გამართლებული, რომ ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობა, როგორც ირკვევა, სრულად არ შენახულა.

თუ რა ვითარება შეიქმნა ქართული კულტურისათვის მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ცარიზმის მიერ, შესაძლოა წარმოვიდგინოთ იმის მიხედვითაც, რომ უდიდესი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწერებს არც კი ღირსებია დაბეჭდვა მის სიცოცხლეში. მას შემდეგ, რაც 1832 წლის შეთქმულობა დამარცხდა და ქართველ მწერალთა მთელი პლეადა (ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, გიორგი ერისთავი. სოლომონ დოდაშვილი, სოლომონ რაზმაძე, ალექსანდრე ორბელიანი და სხვანი). საქართველოდან გადაასახლეს, საქართველოში უმკაცრესი ცენზურული რეჟიმი გამეფდა. 30-იანი წლების მეორე ნახევარსა და 40-იან წლებში საქართველოში თითქმის შეწყდა ქართული წიგნების ბეჭდვა. კერძოდ, შეწყდა არსებობა ქართული პრესისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოლომონ დოდაშვილი (მეთაური 1832 წლის შეთქმულობისა, რომელიც, როგორც მოვიხსენეთ, ასევე გადასახლებაში გაიგზავნა, სადაც იგი დაიღუპა კიდეც).

აი ასეთ ხანაში მოუხდა მოღვაწეობა ნიკოლოზ ბარათაშვილს. ბარათაშვილის ნაწერები საქართველოში ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მან დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება პოვა პოეტის სიცოცხლეშივე.

ჩვენს დრომდე შენახულა პოეტის ხელით გადაწერილი მისი ლექსების რამდენიმე კრებული (ხელნაწერი გამოცემები; სულ მოღწეულა ექვსი ხელნაწერი გამოცემა 1841-1843 წლებისა). უკანასკნელი მათგანი გადაწერილია 1843 წლის მეორე ნახევარში. ხოლო ავტოგრაფული კრებულები ბოლო პერიოდისა, 1844-1845 წლებისა, აღარ მოიპოვება. პოეტის ხელნაწერები დაიკარგა და განიავდა უცხოეთში, სადაც ნ. ბარათაშვილი იძულებული გახდა წასულიყო 1844 წლიდან და სადაც იგი გარდაიცვალა 21 ოქტომბერს 1845 წლისა მშობელ-ნათესავთაგან და მეგობართაგან დაუტირებელი.

დაკარგულია, კერძოდ, ნ. ბარათაშვილის პოემა „ივერიელნი“, რომელიც „ბედი ქართლისა“-ს შემდეგ იყო დაწერილი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველი ბიოგრაფი, ახლო მეგობარი პოეტისა, ცნობილი საზოგადო მოღვაწე კ. მამაცაშვილი, გადმოგვცემს შემდეგს მნიშვნელოვან ცნობას:

„ბევრი იმისი [ნიკოლოზ ბარათაშვილის] ლექსები დაკარგულნი არიან, რადგან დაბეჭდვა იმათი მაშინ არ შეიძლებოდა. მე მახსოვს იმისი დიდი პოემა, რომელიც ჩემთვის წაუკითხავს, - „ივერიელნი“. ამ პოემაში აღწერილი იყო აყვავებული ცხოვრება მე-10, 11, 12 საუკუნეებისა...“

ამრიგად, „ივერიელნი“ დიდი პოემა ყოფილა. ამასთან იგი იმდენად თავისუფალი სულით ყოფილა აღბეჭდილი, რომ, კ. მამაცაშვილის ფრთხილად თქმული სიტყვების თანახმად, დაბეჭდვა იმისი „მაშინ არ შეიძლებოდა“.

***

აქ წინასწარ რამდენიმე შენიშვნა აგრეთვე ერთ საკითხზე - ნ. ბარათაშვილის პორტრეტის შესახებ. აქაც კი გულდასაწყვეტი ამბავია.

როდესაც ხელში ვიღებთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების ძვირფას წიგნს, ჩვენ მოკლებულნი ვართ სიამოვნებას, ვიდრე გადავფურცლავდეთ დიდი პოეტის ლექსებს, დავხედოთ თვით პოეტის სახეს. ბარათაშვილის დოკუმენტური სურათი არ შენახულა.

პოეტის პორტრეტს უცნაური ბედი ეწია. ბარათაშვილის ნამდვილი სურათები თავის დროზე არსებულა, მაგრამ ზოგი მათგანი მეგობართა დაუდევრობის გამო დაკარგულა, ხოლო უკანასკნელი სურათი ფათერაკის მსხვერპლი გამხდარა.

1846 წელს, ე.ი. ბარათაშვილის გარდაცვალების მეორე წელს, პოეტის მეგობრებს განუზრახავთ ბარათაშვილის ნაწერების გამოცემა. ამის შესახებ ბარათაშვილის ამხანაგი და გამოცემის ერთერთი ინიციატორი ლევან მელიქიშვილი სწერს პოეტ გრიგოლ ორბელიანს: „ეხლა ვკრებთ განსვენებულის (ნ. ბარათაშვილის) ყველა ნაწერებს: ისინი დაიბეჭდება ერთ წიგნად, რომელსაც დაერთვის მისი პორტრეტი“ 1. მაგრამ ბარათაშვილის ნაწერების ეს გამოცემა აღარ გამოვიდა და პოეტის სურათიც დაუბეჭდავი დარჩა.

შემდეგ, 60-იან წლებში, ილია ჭავჭავაძეს უნახავს ნ. ბარათაშვილის სურათი-დაგეროტიპი პოეტის დასთან ნინო ბარათაშვილთან. ილიას წამოუღია ეს სურათი და გადაუცია გადასაღებად თბილისის ერთერთი ცნობილი ფოტოგრაფისთვის, დუბელირისთვის. მაგრამ ამ ხანებში გაჩნდა აქ ხანძარი, დუბელირის ფოტოგრაფია გადაიწვა და ამ დროს ბარათაშვილის სურათი დაიღუპა2.

1878 წელს გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილი იყო მოწოდება საზოგადოებისადმი, რომ, თუ ვისმე მოეპოვებოდა ბარათაშვილის სურათი, წარედგინათ გამოსაცემად3. მაგრამ ეს მოწოდება უშედეგოდ დარჩა.

დასასრულ, ბარათაშვილისეულად ცნობილ პორტრეტზე, ეგრეთწოდებულ „თუმანიშვილისეულ“ სურათზე. ამ სურათის დოკუმენტალობა ვერ ჩაითვლება დამტკიცებულად. ბევრი რამ საცილობელია ფანქრით შესრულებულ ამ დილეტანტური ესკიზში. ამ სურათის ისტორიას ჩვენ საგანგებოდ ვეხებით ცალკე შენიშვნაში. აქ აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ „თუმანიშვილისეული სურათი“ ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს ხელთ ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს, მან გაიარა ავტორიტეტული ექსპერტიზა (იგი გასინჯეს ილიას მიერ მოწვეულმა პოეტის მომსწრე პირებმა) და ამ სურათს არ მისცეს ვიზა დასაბეჭდად. ეს მაშინ, როდესაც ბარათაშვილის პორტრეტის ძიებამ უშედეგოდ ჩაიარა და სხვა სურათის მოპოვების იმედი უკვე აღარ იყო.

რაკი, ამრიგად, ბარათაშვილის დოკუმენტური პორტრეტი არ მოგვეპოვება, ჩვენ დაგვრჩენია, ბიოგრაფის მოვალეობისამებრ, აღვადგინოთ პოეტის სახე მისი მომსწრე თანამედროვეების ჩვენებათა მიხედვით. განსაკუთრებით ძვირფასია ამ მხრივ მოგონებანი ისეთ მახლობელ და სანდო პირთა, როგორიც იყვნენ პოეტის სიყრმის მეგობარი კონსტანტინე მამაცაშვილი და პოეტის და ბარბარე ვეზირიშვილისა4.

პოეტი საშუალო სიმაღლისა და თანაზომიერი ტანადობისა ყოფილა („შუათანა ტანისა, ჩინებული ტანადი“, - კონსტანტინე მამაცაშვილის სიტყვით). ოდნავ პირხმელი. პირისფერი - მოთეთრო, წმინდა. წაბლისფერი თმა. სახის საერთო ქერა იერს კონტრასტის სახით აცხოველებდა შავი, ცოცხალი, მეტყველი თვალები. თვალები კილოიანი, „ბუდეშური“ (წმინდა ქართული ტიპი). სახის საერთო იერი - ლამაზი („ნიკო იყო მიმზიდველი სახისა“, - გადმოგვცემს პოეტის დაი ბარბარე ვეზირიშვილისა. „სახე საგანგებოდ მიმზიდველი, ქართულად რომ იტყვიან, მარილიანი“, - წერს კონსტანტინე მამაცაშვილი). პოეტი წვერულვაშს არ ატარებდა. თმასაც დაბალს იყენებდა.

ბარათაშვილი 16 წლის ყმაწვილი იყო, როდესაც მან უბედური შემთხვევის გამო ფეხი მოიტეხა. პირველ ხანებში ბარათაშვილი ძალზე კოჭლობდა. შემდეგ ფეხი თანდათან გამოუმრთელდა, და კოჭლობა თუმცა სიკვდილამდე დარჩა, მაგრამ, როგორც გადმოგვცემენ, კოჭლობა ისე ძლიერ აღარ ემჩნეოდა5.

დასასრულ, სურათის დასამთავრებლად, ორი სიტყვა ბარათაშვილის ჩაცმულობის შესახებაც.

პოეტი ახალგაზრდობისას, გიმნაზიაში ყოფნის დროს, ქართულ ტანისამოსს ატარებდა. კონსტანტინე მამაცაშვილი გადმოგვცემს: „როცა ნიკოლოზ ბარათაშვილი სასწავლებელში იყო ჩემს დროს, იცვამდა ქართულად, როგორც სხვანი იმისი ამხანაგები. მე მახსოვს ნიკოლოზ ბუზმენტით მორთულ ჩოხაში, დიბის ახალოხით, თავზე პატარა ჩაკეცილი ქუდით, ქართულად რომ იტყვიან, კოხტურად ჩაცმული“.

შემდეგ ნ. ბარათაშვილი, სამსახურში ყოფნის დროს, ევროპულად იცვამდა. მაგრამ იშვიათად ქართულ ტანისამოსსაც ატარებდა. „იმპერატორი ნიკოლოზ I რომ ჩამოვიდა ქალაქში, - გადმოგვცემს პოეტის დაი ბარბარე, - ნიკოს ქულაჯა ეცვა; ქულაჯა იყო ჟოლოს ფერისა, ბეწვმოვლებული; ახალოხი ციაგი, მკრთალი; შარვალი შავი მაუდისა; წაღა თეთრი, ქართული, წვეტიანი. ხელმწიფეს ძლიერ მოეწონა ნიკო და უთხრა: შენ ჩემი ორდინარეცი ხარო!“

ნ. ბარათაშვილი, ჩანს, მართლაც მშვენიერი, საგანგებოდ მოხდენილი ყმაწვილი კაცი ყოფილა, რომ იმპერატორს იგი ასე გამოურჩევია იმდროინდელ ბრწყინვალე ახალგაზრდობაში. ნ. ბარათაშვილი ნიკოლოზ I-ის ჩამოსვლის დროს (1837 წელს) 19 წლის ყმაწვილი იყო.

აი ყველა ის ცნობა, რაც გვაქვს პოეტის გარეგნობის შესახებ.

__________

1. წერილი, დათარიღებული 1846 წლის 19/31 იანვრით, დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის კოლექციაში S - 2484.

2. იხ. იონა მეუნარგია (ნ. ბარათაშვილის თხზულებათა კრებული, 1922 წლის გამოცემა, გვ. XXV).

3. იხ. ზ. მთაწმინდელი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, 1885 წ., გვ. 16.

4. კ. მამაცაშვილი: „ნიკოლოზ ბარათაშვილი (მასალა ბიოგრაფიისათვის)“ - გაზ. „დროება“, 1881 წ., № 206. ბარბარე ვეზირიშვილის მოგონებანი - იხ. ნ. ბარათაშვილის თხზულებათა კრებული, 1922 წლის გამოცემა, გვ. 241-242.

თანამედროვეთაგან პოეტის გარეგნობას აგვიწერს აგრეთვე ლ. ისარლიშვილი. მისი ცნობები ძირითადში ეთანხმება კ. მამაცაშვილისა და ბ. ვეზირიშვილის ჩვენებებს.

გარდა კ. მამაცაშვილისა, ბ. ვეზირიშვილისა და ლ. ისარლიშვილისა, ცნობებს პოეტის გარეგნობის შესახებ გადმოგვცემენ სხვებიც, ზ. მთაწმინდელი, ი. მეუნარგია და კ. ყიფიანი, - მაგრამ ეს უკანასკნელნი თვით პოეტს არ მოსწრებიან (მათი ჩვენებანი მიღებულია მხედველობაში იმდენად, რამდენადაც ისინი თანამედროვეთა ცნობებს არ ეწინააღმდეგებიან).

5.„ცოტას კოჭლობდა“-ო, გადმოგვცემს პოეტი გრიგოლ ორბელიანი (იხ. იონა მეუნარგიას ჩანაწერი „მუსაიფი გრიგოლთან“, გაზ. „ლიტ. საქართველო“. 1938, № 22/77).

II პოეტი და მეფე-ტირანი

ამრიგად, 1837 წელს პოეტი შეხვდა იმპერატორ ნიკოლოზ I-ს. ჩვენ აქ გადავუხვევთ მოთხრობის ქრონოლოგიურ ქარგას და შევჩერდებით პოეტის ბიოგრაფიის ამ ეპიზოდზე.

თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ სწორედ 1837 წელს მოჰკლეს პუშკინი (პუშკინი დაიღუპა 1837 წლის 27 იანვარს; ნიკოლოზ I ჩამოვიდა თბილისში 1837 წლის 7 ოქტომბერს). მთელი ვითარება პუშკინის მკვლელობისა არ იყო ამ დროს ბოლომდე ნათელი, მაგრამ (როგორც ამას აღნიშნავდა ლერმონტოვის ლექსი) ბოროტმოქმედების ჩრდილი მაღალ წრეებს, მეფე-ტირანის ახლო მდგომ გარემოცვას ადგა.

ნიკოლოზ I საქართველოში სტუმარი იყო საქართველოს მთავარმართებელისა (კავკასიის მთავარსარდლისა) და საქართველოს თავადაზნაურობისა.

როგორც მოვიხსენეთ, ნიკოლოზ I-მა ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოარჩია იმდროინდელ ბრწყინვალე ახალგაზრდობაში და მას თავისი „ორდინარეცი“ შეარქვა.

მამა ნიკოლოზ ბარათაშვილისა მელიტონ ბარათაშვილი 1837 წელს იყო მარშალი თბილისის მაზრის თავადაზნაურობისა და აღმოსავლეთ საქართველოს (თბილისის გუბერნიის) მარშალის პირველი მოადგილე; ამდენად მელიტონ ბარათაშვილი თავისი მდგომარეობით იყო ერთ-ერთი მასპინძელთაგანი ნიკოლოზ I-ისა.

ამავე დროს მელიტონ ბარათაშვილი, როგორც რუსულის კარგი მცოდნე, იყო პირადი თარჯიმანი ნიკოლოზ I-ისა.

ამრიგად, ნიკოლოზ ბარათაშვილი ნიკოლოზ I-ის თბილისში ყოფნის დროს ახლო კონტაქტში იყო იმპერატორთან.

აქ რამდენიმე ცნობა ნიკოლოზ I-ის თბილისში ყოფნის შესახებ. იმპერატორის თბილისში ჩამოსვლის მეოთხე დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის თავადაზნაურობამ გაუმართა მას დიდი ბალი ამ ბალის ერთერთი მთავარი მომწყობი და მასპინძელი იყო თბილისის მაზრის თავადაზნაურობის მარშალი მელიტონ ბარათაშვილი. ბალს, ცხადია, ესწრებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილი (ქართულ ტანისამოსში, რომელსაც ასე დაწვრილებით აგვიწერს პოეტის დაი ბარბარე ვეზირიშვილისა). ბალს ესწრებოდნენ აგრეთვე ნიკოლოზ ბარათაშვილის უახლოესი მეგობრები - ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე და მაიკო ორბელიანი.

ერთს იმდროინდელ წერილში (1837 წლის 9 ნოემბრის თარიღით) ამ ბალის შესახებ მოთხრობილია:

„მისი უდიდებულესობის თბილისში ყოფნის მეოთხე დღეს (11 ოქტომბერს) იყო ბალი. ხელმწიფე განსაკუთრებით ყურადღებინი იყო გრაფინია სიმონიჩთან, გრიბოედოვასთან და მაიკო ორბელიანთან. უკანასკნელი იყო მეტად მშვენიერი...“1

სხვა დამსწრე, ინგლისელი მოგზაური კაპიტანი რიჩარდ ულბრეჰემი მოგვითხრობს ამ ბრწყინვალე ბალის მონაწილე ეკატერინე ჭავჭავაძის შესახებ.

აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ ნიკოლოზ I-ის თბილისში მიღების მასპინძლებს და მთავარ მონაწილეებს ებოძათ სამახსოვრო მედლები.

როგორც ირკვევა ოფიციალური დოკუმენტიდან, ნიკოლოზ ბარათაშვილს ებოძა ვერცხლის მედალი «для ношения в петлице на Владимирской ленте в ознаменование высочайшего пребывания государя императора за Кавказом»2.

ნიკოლოზ ბარათაშვილი ნიკოლოზ I-ის მიერ „უმაღლესად“ ბოძებული სამახსოვრო მედლით. გვაგონდება მეორე პოეტი, ასევე ნიკოლოზ I-ის მიერ „უმაღლესად“ ბოძებულ კამერ-იუნკერის მუნდირში, - პუშკინი, მოკლული 1837 წელს.

აღსანიშნავია ამასთან, რომ ნ. ბარათაშვილს ეს მედალი არ უტარებია. ნ. ბარათაშვილი იმდენად არ აქცევდა ამ მედალს ყურადღებას, რომ ოფიციალური დოკუმენტი ნ. ბარათაშვილისათვის უმაღლესად ბოძებული მედლის შესახებ, დათარიღებული 1839 წლის 3 აპრილით, წარუდგენია სამსახურში (ფორმულარულ სიაში შესატანად) მხოლოდ 3 წლის შემდეგ, 1841 წლის ივნისის 1-ს 3.

*

ამრიგად, ნიკოლოზ ბარათაშვილი ახლო ურთიერთობაში იყო იმპერატორთან მისი საქართველოში ყოფნის დროს.

საკითხავია, ჰქონდა თუ არა რაიმე გამოძახილი ბარათაშვილის პოეზიაში ამ ახლო კონტაქტს ნიკოლოზ I-თან.

საკითხავია, ჰქონდა თუ არაჰქონდა. ამასთან ეს გამოძახილი მეტად მნიშვნელოვანია და მრავლისმეტყველი.

ჰქონდა. ამასთან ეს გამოძახილი მეტად მნიშვნელოვანია და მრავლისმეტყველი.

სწორედ ამ დროს, იმპერატორის საქართველოში ყოფნის პერიოდში, 1837 წელს, დაწერილია ბარათაშვილის განთქმული ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირზედ“.

ამ ლექსში დაპირისპირებულია ორი მეფე:

ერთია - მეფე-ტირანი; მეორეს ეწოდება „კეთილ მეფე“.

„კეთილ მეფის“ სახელით აქ იგულისხმება, როგორც შემდეგ დავინახავთ, ერეკლე II.

ხოლო „ბოროტი მეფე“ - „მეფე მებრძოლე“, მიმტაცებელი, რომელიც შფოთავს, დრტვინავს და იტყვის: „როდის იქნება. ის სამეფოცა ჩვენი იყოს“ - არის იმპერატორი ნიკოლოზ I. პოეტი ამ მიმტაცებელს დამიწებას უსურვებს („და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“). გადავიკითხოთ ბარათაშვილის ლექსის ეს ნაწილი, რომელიც ორ მეფეს ეხება:

*

თვითონ მეფენიც მებრძოლენი, რომელთ უმაღლეს
...4
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის
იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?“ და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“.

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული,
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა
დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..5
...5

ლექსის ტექსტის გამო საჭიროა შემდეგი აღვნიშნოთ:

1. სიტყვები „ბოროტი მეფისა“ - „როდის იქნება, ის სამეფოცა ჩვენი იყოს“ ბარათაშვილის ლექსების ავტოგრაფულ ხელნაწერ გამოცემებში, რომლებიც საზოგადოებაში გასავრცელებლად იყო დანიშნული, ხაზგასმულია.

ნ. ბარათაშვილის ხელნაწერებში ხაზგასმა მიღებულია ფარული აზრის განსაკუთრებული მინიშნების მიზნით.

ასე, ნ. ბარათაშვილის ლექსში „ძია გრიგოლის“ ხაზგასმულია შემდეგი სიტყვები:

ძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი
წაგართო ავი სენისა გესლმან,
სატრფონი მისნი შემოგარენი
გარდახვეწილსა დაგიხშო ეტლმან.

ხაზგასმული სიტყვებით „ავისა ენისა გესლმან“ მინიშნებულია გამცემლობა იასე ფალავანდიშვილისა, რომლის შედეგად ჩავარდა 1832 წლის შეთქმულობა. „გარდახვეწილსა“ - იგულისხმება გრიგოლ ორბელიანის გადასახლება შეთქმულობაში მონაწილეობის გამო.

ასევე აქაც ხაზგასმული სიტყვები, რომელსაც „შფოთვით და დრტვინვით“ წარმოსთქვამს „ბოროტი მეფე“ (- „როდის იქნება, ის სამეფოცა ჩვენი იყოს“), ცხადლივ მინიშნებას შეიცავს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ იმ დედნებში, რომლებიც საზოგადოებაში გასავრცელებლად იყო დანიშნული, არაა ჩაწერილი ყველა ტაეპი. რომ აქ გამოშვებულია სტრიქონები, ამას სრულიად უდავოდ ადასტურებს, ჯერ ერთი, ის გარემოება, რომ სტრიქონების გამოშვების გამო დარღვეულია რითმათა პარალელიზმი (რომელსაც ბარათაშვილი ყოველთვის ზუსტად იცავს). ამასვე ადასტურებს ის გარემოება, რომ სტრიქონების გამოშვების გამო დარღვეულია სტროფთა მოცულობის პარალელიზმი.

აღვნიშნავთ ამასთან, რომ ასეთი გამოშვება სტრიქონებისა ჩვენ გვხვდება აგრეთვე პოემა „ბედი ქართლისა“-ს ხელნაწერებში.

სტრიქონების გამოშვება იმ დედნებში, რომლებიც საზოგადოებაში ფართო გავრცელებისათვის იყო დანიშნული, როგორც პოემაში „ბედი ქართლისა“, ისე ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირზედ“, ცხადია, იმით იყო გამოწვეული, რომ ეს სტრიქონები პოლიტიკურად განსაკუთრებით სახიფათო ყოფილა.

როცა ვითვალისწინებთ, თუ რაოდენ პოლიტიკურ რადიკალობა, იჩენს პოეტი პოემაში „ბედი ქართლისა“ და ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირზედ“, ცხადი ხდება, რომ გამოტოვებული სტრიქონები კიდევ მეტი თავისუფალი სულით ყოფილა აღბეჭდილი.

დასასრულ იმის შესახებ, რომ „კეთილ მეფის“ სახელით ლექსში იგულისხმება პატარა კახი, გმირი ერეკლე მეფე.

ეს ირკვევა „ბედი ქართლისა“-ს მიხედვით. აქ საჭიროა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოემაში „ბედი ქართლისა“ ჩვენ გვაქვს მეტად საგულისხმო შეხვედრები ლექსთან „ფიქრნი მტკვრის პირზედ“. ლექსი არის პრელუდია პოემისა.

ისტორიული კამათის დროს ერეკლე მეფესა და სოლომონ ლეონიძეს შორის. ერეკლე შემდეგი სიტყვებით მიმართავს მსაჯულს:

მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე,
თვისს დიდებისთვის სისხლთა აღმჩქეფე,
არამედ ვითა მამა კეთილი,
რომელსა სურს, რომ თავისი შვილი
თვისი სიცოცხლეშივ დაასახლკაროს...

შეადარეთ ამას „ფიქრნი მტკვრის პირზედ“:

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული,
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული,
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა,რომ
შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..

აქ ჩვენ გვაქვს, როგორც ვხედავთ, თვით ფრაზეოლოგიური შეხვედრა ამ ორი ტექსტისა: ა) პოემაში: „მამა კეთილი“; ბ) ლექსში: „კეთილ მეფე“. ა) პოემაში: „რომელსა სურს, რომ თავისი შვილი თვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს“; ბ) ლექსში: „მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს თავისს მამულსა, თვისთა შვილთა...

თვით ბოლო ფრაზას „კეთილ მეფის“ შესახებ, რომ მისი ფიქრი არისო, რათა საქმე ერისა ისე წარმართოს, „რომ შემდგომსა დროს არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას“ - აქვს პარალელი „ბედი ქართლისა“-ში; სოლომონ მსაჯული შემდეგი სიტყვებით მიმართავს ერეკლეს:

რასა მიბრძანებ, - ჰკადრა მან მეფეს, -
ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომ განვისყიდოთ თავისუფლება...
მაშინ, მეფეო, რავდენთ კაცთ მართალთ
მოუკლან გული ტანჯვათ იდუმალთ!
მაშინ ირაკლის სახსენებელი
ვინღა ახსენოს, აწ საქებელი?

აქაც სრული იდენტივობაა პოემასა და ლექსს შორის.

ხოლო მას შემდეგ, რაც დამთავრდა პაექრობა და სოლომონ მსაჯული ხედავს რა, რომ ირაკლის გადაწყვეტილი აქვს „ბედი ქართლისა“, პოეტი შემდეგს გადმოგვცემს სოლომონ მსაჯულის შესახებ:

„მეფის აზრთაგან სულით ღელვილი
ზრახვიდა გულში მამულის შვილი:
„მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!
ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
და მის ერთ სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!
მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა სულისკვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას? “

პოლიტიკური რადიკალიზმით აღბეჭდილ პოეტის ამ სიტყვებში ჩვენ გვაქვს გამოძახილი საქართველოს 1832 წლის შეთქმულობის ხელმძღვანელთა პროგრესული ნაწილის იდეოლოგიისა.

ეს რაც შეეხება „კეთილ მეფეს“.

დასასრულ აღვნიშნავთ, რომ იდენტივობა პოემასა და ლექსს შორის ამით არ სრულდება. ანტიპოდი „კეთილი მეფისა“- „ბოროტი მეფე“ - აგრეთვე ერთნაირად არის დახასიათებული პოემაში „ბედი ქართლისა“ და ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირზედ“.

„ბედი ქართლისა“:

მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე
თვის დიდებისთვის სისხლთა აღმჩქეფე,
არამედ ვითა მამა კეთილი...

ხოლო ლექსში „ბოროტ მეფეს“ ეწოდება „მეფე მებრძოლე“ (ე.ი. იგივე თვის დიდებისთვის სისხლთა აღმჩქეფე), რომელიც ფიქრობს, რომ „ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება“, თუ არა თავისუფალ ხალხთა ქვეყნების მიტაცება.

*

ასეთია ისტორია ლექსისა „ფიქრნი მტკვრის პირზედ“, რომელიც ნ. ბარათაშვილმა ნიკოლოზ I-თან შეხვედრის შემდეგ დაწერა. როგორც ვნახეთ, პოეტი იმპერატორს, როგორც მიმტაცებელს, დამიწებას უსურვებს („და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“).

ნ. ბარათაშვილმა „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ დაწერა 1837 წელს.

ორი წლის შემდეგ, 1839 წელს, პოეტმა შექმნა „ბედი ქართლისა“. 1842 წელს შექმნა „მერანი“.

გადავდივართ პოეტის ცხოვრების მიმოხილვაზე.

___________

1. იხ. жypн. «Pyccкий Apxив», 1904 г., №1.

2. იხ. დოკუმენტი, გამოქვეყნებული შ. ჩხეტიას მიერ (ნ. ბარათაშვილი, 1945, გვ. 264).

3. იხ. ზემოთ მითითებული დოკუმენტი.

4. ხელნაწერებში, რომლებიც საზოგადოებაში გასავრცელებლად იყო დანიშნული, არაა ჩაწერილი აქ ერთი ტაეპი, რომელიც პოლიტიკურად განსაკუთრებით სახიფათო ყოფილა (იხ. ამ საგანზე ქვემოთ).

5 ამ მეორე შემთხვევაშიაც ხელნაწერში არაა ჩაწერილი ერთი ტაეპი, რომელიც პოლიტიკურად ასევე სახიფათო ყოფილა.

III პოეტის ოჯახური წრე

ნიკო ბარათაშვილი შთამომავლობით საქართველოს მაღალ არისტოკრატიას ეკუთვნოდა. მაგრამ პოეტის ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო მამის ხელგაშლილი ცხოვრების გამო, როცა ახალგაზრდა პოეტმა დასტოვა სკოლის კედლები და ცხოვრებაში გამოვიდა.

პოეტის მამა იყო თავადი მელიტონ ბარათაშვილი. დედა პოეტისა, ეფემია, ორბელიანთა გვარის ქალი იყო, მკვიდრი დაი პოეტის გრიგოლ ორბელიანისა.

დედის მხრით ნ. ბარათაშვილი ენათესავებოდა ძველი საქართველოს სამეფო სახლს. დედა ეფემიასი და დიდ-დედა პოეტისა ხორეშან იყო შვილის-შვილი მეფე ერეკლესი. ამრიგად, მეფე ერეკლე მკვიდრი დიდი-პაპა იყო ჩვენი პოეტისა.

გენეალოგიური შტო

ერეკლე მეფე (გარდაიცვალა 1798 წელს)

ელისაბედ ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1784 წ.)

ხორეშან (1784-1833 წ.)

ზურაბ ორბელიანი

ეფემია (1799-1849 წ.)

მელიტონ ბარათაშვილი

ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817-1845 წ.)

ხორეშან, პოეტის დიდ-დედა, ბავშვობიდანვე დაობლდა (მისი დედა, ელენე ბატონიშვილი, მშობიარობის დროს გარდაიცვალა) და პატარა ხორეშან სამეფო კარზე მოაყვანინა ერეკლე მეფემ და თვითონ ზრდიდა. ამრიგად, ხორეშან, დიდ-დედა ნიკო ბარათაშვილისა, რომლის ახლო იზრდებოდა პოეტი 16 წლამდე, მომსწრე იყო ერეკლეს მეფობის უკანასკნელი ხანისა. ერეკლე მეფის ხსოვნა და მე-18 საუკუნის საქართველოს ტრადიციები განსაკუთრებით ცოცხალი იყო ამ ოჯახურ წრეში, სადაც აღიზარდნენ ახალი საქართველოს პირველი ქართველი პოეტები - გრიგოლ ორბელიანი და ნიკო ბარათაშვილი. აქ პოულობს, სხვათა შორის, ახსნას ზოგიერთი ხაზი გრიგოლ ორბელიანის და ბარათაშვილის პოეზიისა. გრიგოლ ორბელიანი ბოლომდე დარჩა ტრუბადური ერეკლე მეფის დიდი სახელისა. ნ. ბარათაშვილიც ასევე რომანტიული მომღერალია ერეკლეს დიდბუნებოვანი პიროვნებისა, მაგრამ ეს არ უშლის მას პოემაში „ბედი ქართლისა“ კამათის საგანი გახადოს თავისი დიდი-პაპის ანდერძ-ნამაგი.

*

აქ წარმოვადგენთ ზოგიერთ ცნობას პოეტის დედ-მამისა და ოჯახური გარემოს შესახებ.

პოეტის მამა მელიტონ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილი წარმოშობით ქართლიდან იყო. ბარათაშვილების ძველი არისტოკრატიული გვარეულობის სამკვიდრო, როგორც ცნობილია, არის ქვემო-ქართლი (სამხრეთი ქართლი). საქართველოს სამეფოს არსებობის უკანასკნელ საუკუნეებში ბარათაანთ გვარეულობა პირველობდა ქვემო ქართლში და ბარათაანთ სახელი ერქვა აქ ცალკე პროვინციასაც - „საბარათიანო“-ს. ეს მხარე - „საბარათიანო“ - ქართლის სამეფოს პირველ სადროშოში, ეგრეთწოდებულ „მოწინავე სადროშოში“ შედიოდა (XVI-XVIII საუკუნეებში) და ეჭირა თბილისის სამხრეთით მდებარე ქართლის თემები.

პოეტის პაპა ნიკოლოზ ბარათაშვილი დაახლოებული პირი ყოფილა ერეკლე II-ისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კარისა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი, პაპა პოეტისა, დიდი რაინდული ბუნების ადამიანი ყოფილა, პატრიოტი ქვეყნისა. ამას გვანიშნებს შემდეგი ამბავი.

1803 წელს აპრილში საქართველოდან რუსეთში გადაასახლეს მეუღლე გიორგი XII-ისა საქართველოს დედოფალი მარიამი (გმირი ქალი, რომელმაც, თვით დაჭრილმა მტრის მიერ, მოჰკლა ცარიზმის გათავხედებული სატრაპი, საქართველოს მტერი გენერალი ლაზარევი). დედოფალთან ერთად გადაასახლეს აგრეთვე მისი შვილები, ქალები - თამარი და ანა, მცირეწლოვანი ვაჟები - ჯიბრაელი, ილია, ოქროპირი და ირაკლი. დედოფალი მარიამი ნახევრად პატიმრულ რეჟიმში იმყოფებოდა, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, ბელგოროდში (კურსკის გუბერნიაში) 1803 წლიდან 1811 წლამდე (მხოლოდ 1811 წელს დედოფალს მისცეს ნება მოსკოვში გადასვლისა).

გადასახლებულთა ბედი გაიზიარა საქართველოს სამეფო კართან დაახლოებულმა ერთმა ჯგუფმა. დედოფალ მარიამს და მასთან ერთად გადასახლებულ ბატონიშვილებს ამალად გაჰყოლია 11 კაცი. მათ შორის მეორედ მოიხსენება პოეტის პაპა ნიკოლოზ ბარათაშვილი.1

რამდენ ხანს დაჰყო ნიკოლოზ ბარათაშვილმა რუსეთში, არა ჩანს; ყოველ შემთხვევაში, საფიქრებელია, წლები.

მამა პოეტისა მელიტონ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილი დაიბადა 1794 წელს.2 1803 წლისათვის, როდესაც მელიტონის მამა ნიკოლოზი რუსეთში გაჰყვა გადასახლებულ მარიამ დედოფალს, მელიტონი 9 წლისა იყო.

ნიკოლოზს რუსეთში, ჩანს, ოჯახის წევრებიც თან ახლდნენ, მათ შორის ვაჟი მელიტონი. ამით აიხსნება მელიტონის მიერ რუსული ენის ჩინებული ცოდნა, რაც იმ დროს იშვიათი ამბავი იყო, და რასთანაც დაკავშირებულია, ნაწილობრივ, მელიტონის მომავალი სამსახურებრივი კარიერა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

როდის დაბრუნდა მელიტონი საქართველოში, ამის შესახებ პირდაპირი ცნობები არა გვაქვს. ყოველ შემთხვევაში მე-19 საუკუნის პირველი ათეულის ბოლო წლებში იგი თბილისშია და სწავლობს „კეთილშობილთა სასწავლებელში“ (ჩანს, აგრძელებს რუსეთში დაწყებულს სწავლას).

მელიტონი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა შედის სახელმწიფო სამსახურში. 1810 წელს (2 აპრილს) მელიტონი ინიშნება თარჯიმანის თანამდებობაზე საქართველოს მთავარმართებლის სამმართველოში.

ამის შემდეგ 13 წლის მანძილზე, ვიდრე 1824 წლამდე, მელიტონი ასრულებდა თარჯიმანის თანამდებობას. უნდა აღინიშნოს ამასთან, რომ მელიტონი იყო არა რიგითი თარჯიმანი სამმართველოსი, არამედ მაღალი რანგის თარჯიმანი საქართველოს მთავარმართებლებთან. მელიტონ ბარათაშვილის სამსახურის ოფიციალურ ნუსხაში (ეგრეთწოდებულ „ფორმულარულ სიაში“) აღნიშნულია: «Состоял при бывших главноуправляющих в Грузии за переводчика - при ген. Topмacoвe, гeн. Маркизе Паулуччи, при гeн. Ермоловe»3, (როგორც მოხსენებული გვქონდა, უფრო გვიან, 1837 წელს, როდესაც იმპერატორი ჩამოვიდა თბილისში, თარჯიმნობას იმპერატორთან მელიტონი ეწეოდა; ჩანს, მელიტონს რუსული სალაპარაკო ენა მართლაც კარგად სცოდნია).

1811 წელს მელიტონი ახლდა ახალციხის ექსპედიციაში მთავარმართებელს გენერალ ტორმასოვს, მონაწილეობას იღებდა ბრძოლაში და მელიტონს, ამ დროს 17 წლის ყმაწვილს, ტორმასოვის წარდგენით, ებოძა პირველი სამხედრო ჩინი - პროპორშჩიკობა.

მომდევნო-1812-1813 წლებში მელიტონი ახლდა როგორც თარჯიმანი საქართველოს მთავარმართებელს მარკიზ პაულუჩის და გენერალ დ. ორბელიანს ექსპედიციაში კახეთის აჯანყების საწინააღმდეგოდ. ამავე დროს მელიტონი, როგორც სამხედრო პირი, მონაწილეობდა ბრძოლებში, კერძოდ, ყოფილა მონაწილე ბრძოლებისა ჩუმლაყთან (1812 წ. 6 მარტს) და შილდასთან (1813 წ. 13 ოქტომბერს).

ჩუმლაყის ბრძოლის შემდეგ, 1812 წლის მარტში მთავრობამ შეიპყრო ბატონიშვილი გრიგოლ ბაგრატიონი, რომელიც კახელებმა მეფედ გამოაცხადეს. საქართველოს მთავარმართებელი მარკიზ პაულუჩი სწერდა პეტერბურგში მინისტრს გრაფ რუმიანცევს:

«Имею честь донести Вашему Сиятельству, успев погасить пламя мятежа, возникшего в Грузии чрезвычайным ожесточением, я, взятыми мерами, достиг также того, что приобрел в свои руки царевича Григория, коего кахетинские мятежники признали было царем Грузии...

Необходимо нужно для спокойствия здешнего края удалить отсель все то, что только носит на себе имя происхождения от бывшего Грузинского царственного дома...

Григорий при открывшейся революции начал играть между ними важную роль.... был с радостью принят мятежниками, провозглашен царем Грузии, и предводительствовал толпами бунтовщиков. А теперь, достав в свои руки я счел необходимо нужным, не теряя времени, удалить немедленно в C.Iieтepбypr.

Для препровождения его я отправил адъютанта... подпоручика кн. Бебутова, и вместо пристава и переводчика прап. кн. Баратова, приказав по приезде в С.Петербург явиться вместе с царевичем к Вашему Сиятельству»4.

მთავარმართებელი დასძენდა: თავადი ბარათაშვილი ერთგული მოსამსახურეა (რომ მსახურობდაო «с отличным ycepдием») და, თუ საჭიროდ დაინახავთ, შეგიძლიათ დროებით დაიტოვოთ იგი თარჯიმანად პეტერბურგშიო.

ასეთია ეს ერთი ეპიზოდი კახეთის აჯანყების ისტორიიდან, აჯანყებისა, რომელსაც მთავარმართებელი მარკიზ პაულუჩი საქართველოს „რევოლუციის“ სახელით ნათლავს.

1813 წელს მელიტონი ახლდა საქართველოს მთავარმართებელს რტიშჩევს გულისტანში სპარსეთთან ზავის ჩამოგდების დროს 5 (აღსანიშნავია, რომ მელიტონს მიუღია საგანგებო წერილობითი ქებითი ატესტაცია, როგორც დელეგაციის თანამშრომელს საზავო მოლაპარაკების წარმოების პერიოდში).

იმავე 1813 წელს მელიტონისათვის უბოძებიათ პოდპორუჩიკის ჩინი. შემდეგ, 1816 წელს, მელიტონს მიუღია პორუჩიკობა, ხოლო 1820 წელს - კაპიტნობა.

1824 წელს მთავარმართებელმა ერმოლოვმა მელიტონი დანიშნა ქალაქ განჯის პოლიცმეისტერად. ორი წლის შემდეგ, 1826 წელს, მელიტონი დაინიშნა განჯის ოლქის, ყოფილი განჯის სახანოს, მმართველად.

იმ ხანებში (1826 წ.) რუსეთს ომი ჰქონდა სპარსეთთან. მუსულმანებით დასახლებულ განჯის მხარეში მღელვარება იყო. მელიტონ ბარათაშვილი წერს ერთ მოხსენებაში: „ეს თანამდებობა (განჯის ოლქის მმართველისა) მალე მნიშვნელოვანი და ძნელი შეიქმნა, რადგან სპარსეთის ჯარი შემოიჭრა ჩვენს საზღვრებში და საჭირო გახდა განსაკუთრებული ზომები, რომ მორჩილებაში გვყოლოდა მერყევი მცხოვრებნი ხსენებული ოლქისა. მე ზუსტად შევასრულე ყველა დავალება და დავიმსახურე ყურადღება მთავარმართებლისა... რაზედაც არსებობს ქებითი ატესტატი გენერალის ერმოლოვისა 1827 წლის 28 მარტის თარიღით“.6

1827 წელს საქართველოს მთავარმართებელი გენერალი ერმოლოვი, როგორც ცნობილია, „ოპალაში“ მოექცა, განთავისუფლებულ იქნა მთავარმართებლის პოსტიდან და მის ადგილას დაინიშნა გრაფი პასკევიჩი.

ახალი მთავარმართებელი პასკევიჩი, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, არ სწყალობდა მელიტონს, რაკი მელიტონი დაწინაურებული იყო ერმოლოვის მიერ და 1827 წელს (19 ოქტომბერს) გაანთავისუფლა მელიტონი განჯის ოლქის (სახანოს) მმართველის მოვალეობიდან. ამის შემდეგ მელიტონი თითქმის წელიწადნახევარი სამსახურს გარეშე რჩება და მხოლოდ 1829 წლის 17 მარტს ინიშნება საგანგებო საქმეთა მოხელედ აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობის წინამძღოლთან.

1829-1832 წლებში მელიტონი ახლო მონაწილეობას იღებს თავადაზნაურობის საქმეებში. თურქეთთან ომიანობის დროს იგი მონაწილეობდა ქართული მილიციის ორგანიზაციაში, ხოლო შემდეგ ლეკებზე ალაზან-გაღმა ლაშქრობაში. კერძოდ, მელიტონი ყოფილა ერთერთი ორგანიზატორი ქართული მილიციისა 1832 წელს ჭარის ოლქში შემოჭრილი მთიელების მოსაგერიებლად.

1832 წელს მელიტონს უბოძეს მაიორობა და დაუნიშნეს პენსია (900 მანეთის რაოდენობით). ამ დროიდან მელიტონი თავს ანებებს სახელმწიფო სამსახურს და გადადის თავადაზნაურობის არჩევნებითს სამსახურში.

მელიტონი, როგორც გადმოგვცემენ, და ეს ყველაფრით დასტურდება, დიდი გავლენით სარგებლობდა თავადაზნაურობის წრეებში და მის სიტყვას დიდი გასავალი ჰქონდა.

1832 წლის 17 დეკემბერს მელიტონი აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის მარშლად (წინამძღოლად) 1833-1835 სამწლედისათვის (55 ხმით 7-ის წინააღმდეგ). ამავე დროს იგი ერთხმად იქნა არჩეული აღმოსავლეთ საქართველოს (თბილისის გუბერნიის) მარშლის პირველ მოადგილედ.

პირველი სამწლედის დასრულების შემდეგ, 1835 წლის 27 დეკემბერს მელიტონი ხელახლა აირჩიეს თბილისის მაზრის მარშლად მეორე 1836-1838 სამწლედისათვის (67 ხმით 1-ის წინააღმდეგ); ამავე დროს იგი ისევ არჩეულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოს მარშლის პირველ მოადგილედ (200 ხმით 17-ის წინააღმდეგ).

მელიტონი ამ ორი სამწლედის მანძილზე თბილისის მაზრის მარშლად ყოფნის დროს, არა მხოლოდ ფორმალურად ითვლებოდა პირველ მოადგილედ აღმოსავლეთ საქართველოს მარშლისა, არამედ ხშირად ასრულებდა ფაქტიურად აღმოსავლეთ საქართველოს მარშლის მოვალეობას.

მელიტონი საშუალო შეძლების თავადიშვილი იყო. ცხოვრობდა დიდის ხელგაშლით. მელიტონის სიუხვე და სტუმართმოყვარეობა განთქმული იყო თბილისში და მისი სახლის კარი მუდამ ღია ყოფილა. „მისი ოჯახი, - წერს თანამედროვეთა ჩვენების მიხედვით პოეტის ერთი ბიოგრაფი, - ფართოდ გაშლილი ოჯახი იყო და სუფრა ღონეზე გადამეტებულად მდიდარი და ნაქები მთელს ქალაქში. ხშირმა სტუმარმა და წვეულებამ თან წარიღეს მისი ავლადიდებაც, მელიტონი ჩავარდა დიდს გადაუხდელს ვალში“7. როდესაც ნიკო ბარათაშვილი სტოვებდა სკოლის კედლებს და ცხოვრებაში გამოდიოდა, მისი მამის ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო და შევიწროებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მელიტონი, თანამედროვეთა ცნობით, ქართულ ენაზე განათლებული კაცი ყოფილა, კარგად მცოდნე ქართული ლიტერატურისა. გადმოგვცემენ, რომ მელიტონი იყოო საუცხოო მოსაუბრე, მჭევრმეტყველი.

თანამედროვეთა ცნობები მელიტონს წარმოგვიდგენს როგორც ბუნებით მეტად კეთილ ადამიანს, ამასთან პირდაპირს, მიუდგომელს, მაგრამ ამავე დროს გადამეტებულად ფიცხს, ზვიადსა და მრისხანეს. მოგვითხრობენ, რომ მაზრის მარშლად ყოფნის დროს მან გუბერნატორის მდივანი გალახა, რომელმაც რაღაც ქაღალდის მოძებნაზე უარი უთხრა. მოგვითხრობენ, როგორც კურიოზს, რომ, როდესაც მელიტონი ანჩისხატიდან შუა-ბაზარში გამოვიდოდა, ზოგი ვაჭარი დუქანსაც კი კეტავდა, ვაი თუ მელიტონს რამე არ მოეწონოს და გაგვირისხდესო8. ოჯახშიაც ფიცხი და მრისხანე ხასიათისა ყოფილა.

მელიტონი ბევრნაირად ტიპიური ფიგურაა იმდროინდელი თავადაზნაურობისა. საგულისხმოა გავითვალისწინოთ მელიტონის პოლიტიკური სიმპატიები. მელიტონი, თუმცა თავისი დროის პოლიტიკურ საქმიანობაში არ ერეოდა, მაგრამ საერთო პოლიტიკური სიმპატიებით იგი, ჩანს, მთავრობის ერთგულ თავადაზნაურულ წრეებს ეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ 1832 წლის შეთქმულობაში, რომელშიაც ახლო მონაწილეობას იღებდნენ მელიტონის ახლო მეგობრები და ნათესავებიც, მელიტონი განდობილი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ორბელიანის დაჭერის დროს ჟანდარმერიამ გრ. ორბელიანისათვის ჩამორთმეულ ქაღალდებში იპოვა მელიტონის პირადი ხასიათის წერილები გრიგოლ ორბელიანისადმი, მაინც საგამომძიებლო კომისიას არ დაუკითხავს მელიტონი. შეთქმულების საქმეების შესწავლიდან ირკვევა, რომ მელიტონი არ იყო შეტანილი იმ პირთა სიაშიც, რომლებიც თუმცა გამოძიების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, მაგრამ ეჭვს ქვეშ იყვნენ აყვანილნი. ვფიქრობთ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ 1832 წლის შეთქმულობის შესახებ, რომელიც მთელი წლები მზადდებოდა საქართველოში და რომელშიაც მელიტონის ახლო მეგობრები იღებდნენ მონაწილეობას, მელიტონმა, ჩანს, არაფერი იცოდა. გიმნაზიელი, 15 წლის ნიკო ბარათაშვილი, რომლის თანამშრომლობითაც 1833 წელს გამოვიდა ხელნაწერი ალმანახი, სადაც შეთქმულთა ლექსებიც არის შეტანილი, ჩანს, უფრო კარგად ერკვეოდა პოლიტიკურ საკითხებში, ვიდრე მისი მამა, მაიორი მელიტონ ბარათაშვილი.

მელიტონი ოჯახს მოეკიდა 1816 წელს. მელიტონმა შეირთო ეფემია ორბელიანისა, შვილი ქვემო-ქართლის დიდი მებატონის ზურაბ ორბელიანის და დაი პოეტის გრიგოლ ორბელიანისა.

პოეტის დედის ეფემიას შესახებ თანამედროვენი მოწმობენ, რომ იგი მაღალი სულიერი თვისების ადამიანი იყო, ნაზი, ნათელი ბუნებისა. ყველაზე ახლო ეფემიას მომხიბლავ პიროვნებას გვაგრძნობინებს პოეტი გრიგოლ ორბელიანი. მისმა სახემ შთააგონა ჩვენს პოეტს ერთი უმშვენიერესი ლექსი. ახალი ქართული პოეზიისა - „ჩემს დას ეფემიას“. გრიგოლ ორბელიანი, 1832 წლის შეთქმულობის გამო რუსეთში გადასახლებული, შემდეგის სიტყვებით მიმართავს ეფემიას, როგორც თავის მფარველ მადონას:

„ჩემდა ნუგეშად, ჩემდა შვებად სასიხარულოდ,
ლხენად გლახ გულის, უდროოდა მწარ დამჭკნარისა,
დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ
და განმასვენე კვეთებათგან ბოროტ ხვედრისა!

ცხოვრების ბნელ გზას შენ მინათი შვების
ვარსკვლავი,
შენის ღიმილით შეჭმუხვნილი სახე მინათლე,
შენი ალერსი მშვიდი, წყნარი, მიხარის შორით,
და გულდაჩაგრულს მენატრების კვალად სიცოცხლე!

მისთვის ვლოცავ ცას, შავნი დღენი, ჩემთვის
შთომილნი,
არ შეწყდნენ, ვიდრე კვალად ჩემთა თვალთ არ
გიხილონ,
და მაშინ, ოდეს საუკუნოდ მივლულნო თვალნი,
მშობლიურ მიწა ხელთა შენთა გულს დამაყარონ...“

ყველანი, ვინც მოსწრებიან ნიკო ბარათაშვილის დედას ეფემიას, დიდი მოკრძალებით იგონებენ ამ ღირსეულ ქალს. „ეფემია იყო მშვენიერი ქალი, ქართულად კარგად გაზრდილი“, - წერს თავის მოგონებაში კონსტანტინე მამაცაშვილი. „ეფემია მეტად მოსიყვარულე ქალი იყო და ოჯახს მუდამ თავს დასტრიალებდა“. გადმოგვცემს ბარბარე ვეზირიშვილისა.

პოეტის დედის სურათის დასამთავრებლად საჭიროა ისიც მოიხსენოთ, რომ იგი შვილების აღზრდას თითონ ხელმძღვანელობდა და თითონვე აწოვებდა ძუძუს, რაც იმდროინდელ მაღალ არისტოკრატიაში არც ისე ხშირი მოვლენა იყო.

ნიკო ბარათაშვილის ოჯახური გარემოს სურათის სისრულისათვის საჭიროა აღვნიშნოთ, რომ მელიტონისა და ეფემიას სახლში, რომელიც წარჩინებულ ოჯახად ითვლებოდა 20-იან-40-იანი წლების თბილისში, იკრიბებოდა იმდროინდელი რჩეული ქართული საზოგადოება. მელიტონის ოჯახისათვის არ იყო უცხო ლიტერატურული ინტერესები, და თვით მელიტონიც, როგორც მოვიხსენეთ, ძველი ქართული ტრადიციების თანახმად, განათლებული კაცი ყოფილა, „ზედმიწევნით მცოდნე ქართული ლიტერატურისა“, კონსტ. მამაცაშვილის სიტყვით. თავის საინტერესო მოგონებაში კ. მამაცაშვილი წერს: „მელიტონის სახლში ნახავდით ძველს ჩვენს სწავლულ ქართველებს; იმათ შორის თითქმის ყოველდღე მელიტონთან დაიარებოდა ეგნატე იოსელიანი, მამა ჩვენის მწერლის პლატონისა. ეგნატე იოსელიანმა ჩინებულად იცოდა ქართული ლიტერატურა, იყო ღრმად მოხუცებული, გაზრდილი მეფის სასახლეში და მნახველი საქართველოს ცხოვრებისა წარსულს საუკუნეში, მეფის ირაკლიდან მეფის გიორგის გარდაცვალებამდისინ. მელიტონის სახლში ხშირად დადიოდნენ პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ორნი ძმანი ნიკოლოზ და მიხეილ ფავლენიშვილები, სოლომონ მეითარი თარხნიშვილი, გიორგი და ალექსანდრე საგინაშვილები, და ბევრნი მაშინდელის დროის განათლებულნი ქართველნი“.

თვით ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთი წერილი ავსებს კ. მამაცაშვილის ცნობას, რომ ბარათაშვილების ოჯახში განსაკუთრებით ხშირი სტუმარი იყოო ეგნატე იოსელიანი, დიდი მცოდნე ძველი ქართული მწერლობისა და ცოცხალი მოწმე საქართველოს სამეფოს დამოუკიდებლობის ხანისა დიდ ერეკლესა და გიორგი XII-ის დროს. წერილში, 1843 წლის 21 აგვისტოს თარიღით, ნიკოლოზ ბარათაშვილი აცნობებს რა გრიგოლ ორბელიანს ეგნატე იოსელიანის გარდაცვალებას, ადარებს ეგნატეს ძველ მემატიანეს, რომელსაც აგვიწერს პუშკინი დრამაში «Бopиc Гoдyнов». ნ. ბარათაშვილი ამ წერილში წერს ეგნატეს შესახებ:

«Вот человек, который по своему положению в свете более всех страдал. Минувшее проходило перед ним и волновалось как море-океан».

როგორც ეს პირველად აღნიშნა ჩვენმა პოეტმა გიორგი ლეონიძემ, მოხუცი ეგნატე იოსელიანი აქ შედარებულია პუშკინის დრამის მხცოვან მემატიანე პიმენთან, რომელიც ცნობილ მონოლოგში წარმოთქვამს სიტყვებს:

«Минувшее проходит предо мною,
волнуяся как море-океан».

ნიკოლოზ ბარათაშვილს, ჩანს, არა ერთხელ მოუსმენია საქართველოს ახლო წარსულის ამ ცოცხალი მემატიანის ნაუბარი.

მელიტონის ოჯახი განსაკუთრებით დაახლოებული ყოფილა გრიგოლ ორბელიანის, მანანა ორბელიანის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახებთან 9. მელიტონის ოჯახის ახლო ნაცნობი ყოფილა აგრეთვე პოლონელი ზავილეისკი, მეტად საინტერესო ფიგურა, რომელიც თბილისის სამოქალაქო გუბერნატორად იყო და რომელსაც ამავე დროს, ჩანს, კავშირი ჰქონია 1832 წლის შეთქმულობასთან.

ასეთი იყო ის ოჯახური წრე, სადაც დაიბადა და იზრდებოდა ნიკო ბარათაშვილი.

_____________

1. იხ. Aкты, собранные Kaвк. Apxeoгpaфичecкой Koмиссией, т. II, გვ. 77.

2. იხ. საქართველოს ცენტრ-არქივის აუწერელი ფონდი, საქართველოს უზენაესი სამმართველოს საქმე, შეკვრა № № 239, 244, 266, 308, 327, 812. Формулярный список о службе..., майора князя Баратова, Тифлисского уездного предводителя дворянства, декабря 1 дня, 1833 г. (იგივე 1839 წლისა).

3. იხ. დოკუმენტი, გამოქვეყნებული შ. ჩხეტიას მიერ (ნ. ბარათაშვილი, 1945, გვ. 264).

4. იხ. Aкты, Coбpaнныe Kaвк. Apx. Koмccиeй, т. V, გვ. 44-45.

5. მელიტონი, როგორც ირკვევა, მონაწილეობას იღებდა მოლაპარაკების პირველ სტადიაში, ხოლო თვით გულისტანის ტრაქტატის დადებამდე ოდნავ ადრე (რაც 1813 წლის 13 ოქტომბერს მოხდა) მელიტონი ჩამობრუნებულა საქართველოში და განაგრძობდა მონაწილეობას კახეთის ექსპედიციაში.

6. ფორმულარული სიები (გვ. 21, შენიშვნა 2).

7. იონა მეუნარგია, გვ. VII.

8. ორბელიანთ საოჯახო გადმოცემა.

9. ბარბარე ვეზირიშვილის მოგონება, გვ. 241.

IV ბავშვობა. სკოლა. პირველი ლიტერატურული ცდანი

ქართულ ლიტერატურაში ბოლო დრომდე მიღებული იყო აზრი, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა 1816 წლის 22 ნოემბერს (ძვ. სტ.) და გარდაიცვალა 1845 წლის 2 (ან 9) ოქტომბერს (ძვ. სტ.), მაგრამ ეს თარიღი, როგორც ირკვევა, არ არის სწორი. ნიკოლოზ ბარათაშვილი კიდევ უფრო ახალგაზრდა გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა ყველა არსებული წყაროების შეფარდებიდან, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების თარიღი არის 1817 წლის 22 ნოემბერი (ძველი სტილით = 4 დეკემბერი ახალი სტილით). გარდაიცვალა პოეტი 1845 წლის 9 ოქტომბერს (ძველი სტილით = 21 ოქტომბერს ახალი სტილით)1. გარდაიცვალა პოეტი სრულიად ახალგაზრდა, 27 წლისა და 10 თვისა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა თბილისში დედის ოჯახში, თავისი პაპის ზურაბ ორბელიანის (გრიგოლ ორბელიანის მამის) სახლში2.

ზურაბ ორბელიანის ოჯახმა ორი ძეობა გადაიხადა ერთდროულად. 1817 წელს დაიბადა ზურაბის შვილისშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილი; იმავე წელს, 1817-ში3, ზურაბს მიეცა უმცროსი ვაჟი ილია. ეს ის ილია ორბელიანია, რომელსაც შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილმა უძღვნა თავისი „მერანი“. პატარა ნიკო და ილია ერთად იზრდებოდნენ და მათ ბოლომდე შერჩათ ერთმანეთის ძმური სიყვარული.

უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბ ორბელიანის სახლი მეორე ოჯახი იყო პატარა ნიკოსათვის. აქ გაატარა მან სანახევროდ თავისი ბავშვობა. ბავშვობიდანვე დამეგობრებია ნიკო ბარათაშვილი თავის ბიძას პოეტს გრიგოლ ორბელიანს, რომლის თვალწინაც იზრდებოდა პატარა ნიკო სიყრმიდანვე. როდესაც კი გრიგოლ ორბელიანი თბილისში იმყოფებოდა, ნიკო თითქმის ყოველდღე მასთან იყო განუყრელად. თბილისის ბაღებში ხშირად ხედავდნენ პატარა ნიკოს, მოსეირნეს გრიგოლთან. თანამედროვეთა ჩვენების მიხედვით, ზაქარია მთაწმინდელი გადმოგვცემს პოეტის ბიოგრაფიაში: „გრიგოლ ორბელიანს ერთობ ჰყვარებია პატარა ნიკოლოზი. საკეთილშობილო სკოლიდან თითქმის ყოველდღე გრ. ორბელიანთან დადიოდა... დღესაც ცოცხალნი არიან ის პირნი, რომელთაც კარგად ახსოვთ ნიკოლოზ ბარათაშვილის მისვლამოსვლა გრიგოლ ორბელიანთან“4.

გრიგოლ ორბელიანის გულითად, მეგობრულ სიყვარულს ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი გვაგრძნობინებენ გრიგოლის წერილები. ასე, ერთ წერილში, რომელიც გრიგოლს რუსეთში გადასახლებაში ყოფნის დროს მოუწერია თავისი უმცროსი ძმის ილია ორბელიანისათვის, გრიგოლი, სხვათა შორის, ინატრის, ვინძლო ისეთივე გულწრფელი ურთიერთი სიყვარული ვიქონიოთო ილიამ და მიხაკო ორბელიანმა (რომლებიც თანშეზრდილნი იყვნენ ყრმობის დროიდან), როგორიც მე და ტატოს (ნიკო ბარათაშვილს) გვაერთებდაო. გრიგოლი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს თავის ამ წერილს ძმისადმი:

„მიხაკოს სიყვარულით მოვიკითხავ. ვინძლო რომ ერთმანეთი გიყვარდეთ გულწრფელად, ესრეთ, როგორც მე და ტატოს გვიყვარდა ერთმანეთი“5.

ეს გულითადი მეგობრობა ნიკოსი და გრიგოლ ორბელიანისა სიკვდილამდე გაგრძელდა. და როდესაც გრიგოლ ორბელიანს, დაღისტანში მყოფს, მიუვიდა ყრუ ცნობა თავისი საყვარელი ტატოს (ნიკო ბარათაშვილის) მძიმე ავადმყოფობის თუ გარდაცვალების შესახებ, მწუხარებისაგან ავად გამხდარა. გრიგოლ ორბელიანი სწერს თავის ძმას ილია ორბელიანს დაღისტნიდან, 1845 წ. 12 ნოებრის თარიღით6:

„ტატოს ამბავი, ჩემი გულით საყვარელი ტატოს ამბავი მომწერე, ცოცხალია თუ მკვდარი? - უცნობლობა მკლავს. შენ მიხაკოსთვის7 მოგეწერა ტატოს უიმედო ავადმყოფობა, მანაც წიგნი არ მაჩვენა. ისე ზეპირად მითხრა, მაგრამ ასე მითხრა, რომ თითქმის მკვდარი უნდა იყოს. - ახ, ეს დამალვა რა არის?.. აქაურმა ცხოვრებამ, ძაღლის ცხოვრებამ, და ამ უცნობლობამ ტატოსათვის მე ავად გამხადეს. ეს ექვსი დღეა ვწევარ გარიაჩკითა მიხაკოსთან. თუ ხატი გრწამს, მომწერე ტატოს ამბავი: სიწრფოებით, და მას უკან - რადგან შენთვის დიდი შრომაა - ნუღარ მოიწერები, იყავ შენთვის მშვიდობიანად“.

ნ. ბარათაშვილი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ გრიგოლს ვერ უცხადებდნენ ძვირფასი ტატოს დაკარგვას.

*

ნიკო ბარათაშვილი თბილისს ეკუთვნის როგორც დაბადებით, ისე თავისი ხანმოკლე სიცოცხლით. პოეტმა თავისი ცხოვრება (გარდა უკანასკნელი წლისა) თბილისში გაატარა.

ორბელიანთა სახლი, სადაც დაიბადა ნიკო ბარათაშვილი და სადაც მან სანახევროდ გაატარა თავისი ბავშვობა, აღარ შენახულა. ეს სახლი, როგორც გადმოგვცემენ მომსწრენი, მდებარეობდა „გარეთ-უბანში“, ახლანდელ ორბელიანის ქუჩაზე8. სახლი იყო პატარა, ორსართულიანი, ბანიანი. ბანიდან მოჩანდა განთქმული ყაბახის მოედანი (სადაც შემდეგ ეგრეთწოდებული „ალექსანდრეს ბაღი“- ახლანდელი „კომუნართა ბაღი“ - გაშენდა). როდესაც ყაბახზე ძველი ტრადიციული ჯირითი იმართებოდა, ამ სახლის ბანზე გამოეფინებოდნენ ხოლმე „ორბელიანთა აულის“ ქალები („ორბელიანთა აული“ - ასე უწოდებდნენ მეტსახელად ყაბახის მიდამოებს, რადგან იგი ორბელიანთა საგვარეულო სამფლობელოს შეადგენდა და აქ უმთავრესად ორბელიანნი სახლობდნენ).

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნ. ბარათაშვილის დროინდელ თბილისს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკარგული ძველებური ხასიათი. ქალაქის ფარგლებსაც სხვა მოხაზულობა ჰქონდა. ქალაქი თავდებოდა ყაბახისა და ახლანდელი სასახლის მიდამოებში. შემდეგ იწყებოდა მინდვრები, ბაღები (ამ ბაღების მიდამოებში გააშენა შემდეგ თავისი სახლი პოეტმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ).9 ქალაქის შუაგული ამ დროს სიონის უბანი იყო.

თვით პოეტის მამის მელიტონ ბარათაშვილის სახლი, რომელთანაც დაკავშირებულია პოეტის ბავშვობისა და ყმაწვილობის წლები, მდებარეობდა სიონსა და ანჩისხატს შუა, კათოლიკოზის ყოფილი სასახლის ახლო. ეს სახლიც აღარ შენახულა, მაგრამ მისი ძველი ადგილმდებარეობაც ნიშანდობლივ ირკვევა. პოეტის დის ბარბარეს აღწერით, „სახლი ერთსართულიანი იყო, ბანიანი, როგორც ყველა სახლები მაშინ. რვა ოთახისაგან შესდგებოდა. უკან პატარა ეზო ჰქონდა. წინ პირდაპირ ქუჩაზე გამოდიოდა“. ამ სახლის გვერდით ცხოვრობდა თეკლე ბატონიშვილი, დედა ვახტანგ ორბელიანისა (პოეტისა) და ალექსანდრე ორბელიანისა. ალექსანდრე ორბელიანი, დიდი ქართველი პატრიოტი, ერთერთი მთავარი ხელმძღვანელი იყო 1832 წლის შეთქმულობისა, და თეკლე ბატონიშვილის სახლი 1831-1832 წლებში შეთქმულთა მთავარ ბინას წარმოადგენდა.

მესამე სახლი, რომელიც დაკავშირებულია ბარათაშვილის სახელთან, დღემდისაც არსებობს. ეს სახლი მდებარეობს ანჩისხატის გვერდით. ამ სახლში გადავიდნენ ბარათაანნი 1841 წელს და პოეტმა ამ სახლში დაჰყო უკანასკნელი წლები. სახლის აღმოსავლეთი აივნიდან მოჩანს მტკვრის კლდოვანი ნაპირები, რომლის მიდამოებში თქვენ უნებლიეთ გელანდებათ ბარათაშვილის „ჩინარი“.

ბარათაშვილი, როგორც მოვიხსენეთ, თბილისს ეკუთვნის როგორც დაბადებით, ისე თავისი ხანმოკლე სიცოცხლით. მაგრამ ბარათაშვილი დაკავშირებულია საქართველოს დედაქალაქთან არა მხოლოდ წარმოშობით: ბარათაშვილი ერთი პირველი პოეტთაგანია, რომელმაც შეიტანა ახალ ქართულ პოეზიაში თბილისის განუმეორებელი კოლორიტი. „შემოღამება მთაწმიდაზედ“, „ყაბახი“, „ფიქრნი მტკვრის პირზედ“, „ბედი ქართლისა“ ნარიყალას კედლებით და კრწანისის გმირებით აცოცხლებენ ძველ თბილისს.

*

გადავდივართ ბარათაშვილის ცხოვრების ქრონიკაზე.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბავშვობის წლების შესახებ ჩვენ ცოტა ვიცით. პატარა ტატო (როგორც ეძახდნენ შინაურობაში პოეტს) მისი დედის ეფემიას და დიდ-დედის ხორეშან ბატონიშვილის ხელში იზრდებოდა. პოეტის გადია ყოფილა გლეხის ქალი მაია (გორელი, გვარად ზავრაშვილი). პოეტის დაი ბარბარე დიდის პატივით იგონებს პატარა ტატოს ამ გამდელს გლეხის ქალს.

წერა-კითხვა პოეტისათვის დედას უსწავლებია. თითონ ბარათაშვილისაგან გამიგონიაო, - გადმოგვცემს პოეტის მეგობარი კონსტანტინე მამაცაშვილი, - რომ ნიკომ წიგნი შინ შეისწავლა: რვა წლისამ უკვე იცოდაო ქართული წერა-კითხვა. პირველი წიგნები, რომლებითაც ნიკო გაეცნო ქართულ ენას, თანახმად იმდროინდელი ტრადიციისა, უნდა ყოფილიყო „საღვთო წერილი“, დავითნი, სახარება. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული ენის სიყვარული ბოლომდე შერჩა პოეტს. პოეტის დაი ბარბარე ვეზირიშვილისა იგონებს, რომ „ნიკო საუცხოვოდ ჰკითხულობდა საღვთო წერილს“.

1827 წელს ნიკო ბარათაშვილი მიაბარეს თბილისის „კეთილშობილთა სასწავლებელში“.

„კეთილშობილთა სასწავლებელი“ ერთადერთი ევროპული ტიპის სკოლა იყო ამ დროს თბილისში. ბარათაშვილის დროს (1829/1830 წელს). იგი გიმნაზიად გადაკეთდა. აღვნიშნავთ, რომ ამ სკოლაში არა ერთმა და ორმა გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემ მიიღო განათლება. 50-იან წლებში აქ სწავლობდა ილია ჭავჭავაძე.

1830 წლის დასასრულს გიმნაზიასთან დაარსდა პანსიონი 40 კაცისთვის. ნიკო ბარათაშვილი მიღებულ იქნა პანსიონში „ნახევარ პანსიონერად“, ე.ი. ნიკოს უფლება ჰქონდა ოჯახშიაც დაბრუნებულიყო.

ბარათაშვილმა ამ სკოლაში დაჰყო 8 წელი და 1835 წელს დაამთავრა გიმნაზია.

ბარათაშვილი, გიმნაზიის დასრულების შემდეგ ცხოვრებაში გამოსული, შემდეგის სიტყვებით იგონებს გიმნაზიურ წრეს:

დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი
რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის,
სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის...

„კეთილშობილთა სასწავლებელი“ არ წარმოადგენდა ჩვეულებრივი ტიპის გიმნაზიას. იგი თავისი პანსიონური ცხოვრებით და აგრეთვე მოსწავლეთა შერჩევით ერთი წრიდან უფრო დახურულ ლიცეუმს მოგვაგონებდა.

ბარათაშვილის დროს გიმნაზიაში სწავლობდა რამდენიმე ყმაწვილი, რომლებიც ბოლომდე ბარათაშვილის მეგობრებად დარჩნენ და რომლებთანაც ერთად ბარათაშვილს მოუხდა ცხოვრებაში გამოსვლა: მიხეილ თუმანიშვილი (პოეტი, თეატრალი, ჟურნალისტი), კონსტანტინე მამაცაშვილი (ბარათაშვილის პირველი ბიოგრაფი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, შემდეგ ერთერთი ინიციატორი წერაკითხვის საზოგადოებისა და ქართული გიმნაზიის დაარსებისა)10, დავით მაჩაბელი (ლიტერატორი), ლევან მელიქიშვილი (რომელიც შემდეგ, 80-იან წლებში, კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილედ იყო), ილია ორბელიანი (პოეტის ბიძა, რომელსაც ნ. ბარათაშვილმა უძღვნა თავისი „მერანი“) და სხვანი.

ბარათაშვილს - გიმნაზიელს შემდეგნაირად ახასიათებს მისი სკოლის ამხანაგი კონსტანტინე მამაცაშვილი:

„ნიკოლოზ ბარათაშვილი სკოლაში კარგად სწავლობდა. უმეტესად განსხვავებული იყო თავის ამხანაგებში მხიარულის ხასიათით, სიმარდით. პირველი მოცეკვავე იყო, საკუთრად ლეკურისა. ყველასაგან საყვარელი ამხანაგი.

„... ფხიზელი, ცნობისმოყვარე, მიმღები ყოველივე კარგი შთაბეჭდილებისა.

„... ნიკოლოზს სიკვდილამდე ჰქონდა შეუცვლელი მეგობრული კავშირი თავის ამხანაგებთან, იმათ შორის ჩემთანაც“.

ბარათაშვილს დიდი სითბოთი და სიყვარულით იგონებენ მისი სკოლის ამხანაგები, აღნიშნავენ მის მიმზიდველსა და ნათელ ბუნებას. ლევან მელიქიშვილი ერთ წერილში, რომელიც დაწერილია 1846 წლის 19 იანვარს, ე.ი. სამი თვის შემდეგ, როცა პოეტი ასე უდროოდ გარდაიცვალა, სწერს გრიგოლ ორბელიანს:

„მე მასში დავკარგე არა მხოლოდ სკოლის ამხანაგი, არამედ მეგობარი, რომელსაც ბავშვობიდანვე ვუშლიდი ჩემი გულის ყველა ხვეულებს, და რომლის მეგობრული თანაგრძნობის მე ღირსი გავხდი. ძნელია დაჰკარგო ადამიანი, რომელიც თბილის გულითა და თბილის სულით შერიგების გრძნობას გვიღვიძებდა ადამიანებისადმი... ძნელია სულით დაობლება! და არა მხოლოდ მე დამატყდა თავს ეს საშინელი დანაკლისი! საქართველომ მასში დაჰკარგა კაცი, რომელსაც იგი უყვარდა სრულის პოეტური სულითა და ამ სიყვარულს ყოველ თავის მოვალეობაზე მაღლა აყენებდა, ყმაწვილი კაცი მშვენიერის და ბრწყინვალე ნიჭისა, რომლის ყველაზე მეტი იმედი ჰქონდა, ვიდრე სხვა ეხლანდელ თავის ჭაბუკ შვილებისაგან“.

დიმიტრი ყიფიანი, რომელიც აგრეთვე გიმნაზიელობის დროიდან იცნობდა ნიკო ბარათაშვილს, და შემდეგაც ახლო ურთიერთობით იყო დაკავშირებული ნიკო ბარათაშვილთან, თავის ერთ კერძო წერილში ასევე დიდი სითბოთი იგონებს ნიკო ბარათაშვილის ნათელ ბუნებას. დიმიტრი ყიფიანის სიტყვით, ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო „მეტად ცოცხალი, მხიარული, მოსწრებული, ამავე მდგომარეობისა, იგი მუდამ მზად იყო დახმარებოდა გაჭირვებულს დროს ყოვლად უანგარო. მიუხედავად დიდად შევიწროებული ყველაფრით, რითაც კი საჭირო იყო. მეგობრები იცნობდნენ მას, როგორც საუკეთესო ამხანაგს“.

*

ბარათაშვილში პოეტმა ადრე გაიღვიძა. პირველი მისი ლექსები გიმნაზიაში ყოფნის დროს ეკუთვნის. ყველა ლექსი გიმნაზიელობის დროისა არ შენახულა; დაცულია მხოლოდ ერთი კრებული, რომელიც გადაწერილია 1833 წლის პირველ ნახევარში (18 ივნისამდე), ე.ი. როცა ბარათაშვილი 15 წლის ყმაწვილი იყო.

კრებულში მოთავსებულია ბარათაშვილის ხუთი ლექსი. ამ ლექსებიდან პირველი სამი („ვარდი და ია“, „ნარგიზი და ყაყაჩო“, პოემა „კავკასიური მოთხრობა“) ჯერ კიდევ ბავშვური ხასიათისაა; ისინი მიახლოებით 1832 წლით თარიღდება. მაგრამ ამავე კრებულში მოთავსებულია პირვანდელი ვარიანტები ლექსებისა: „ვარდი და ბულბული“ (1832-1833 წწ.) და „შემოღამება მთაწმიდაზედ“ (1833).

კერძოდ, „შემოღამება მთაწმიდაზედ“, მისი პირველი ვარიანტი, რომელიც ბარათაშვილმა 15 წლისამ დაწერა, გვიჩვენებს, რომ ბარათაშვილს ადრე უპოვია საკუთარი პოეტური ხმა; ამ ლექსში (მის პირველ ვარიანტში) უკვე იგრძნობა ბარათაშვილის დიდი პოეტური ტალანტის პირველი გამონათება.

ამავე ხანებში, 1835-1836 წლებში, ბარათაშვილის სკოლის ამხანაგები სცემდნენ რუსულ ხელნაწერ ჟურნალსაც: «Цветок Тифлисской гимназии». ჟურნალს რედაქტორობდა მიხეილ თუმანიშვილი.

ამ რუსულ ჟურნალში ნიკო ბარათაშვილიც იღებდა მონაწილეობას (თუმცა არა ისე აქტიურად, როგორც მისი ამხანაგები).

სულ გამოსულა ხუთი ნომერი ჟურნალისა 1835 წლის მაისიდან ვიდრე 1836 წლის თებერვლამდე.

ნიკო ბარათაშვილის ტექსტები მოთავსებული ყოფილა ჟურნალის მეოთხე ნომერში (1835 წლის ბოლო). ეს მეოთხე ნომერი ჟურნალისა არ შენახულა, მაგრამ მისი შინაარსი ირკვევა მეხუთე ნომერში მოთავსებული. საერთო სარჩევიდან. სახელდობრ მეოთხე ნომერში მოთავსებული ყოფილა ბარათაშვილის სამი ტექსტი: I. «Письмо из деревни»; II. თარგმანი ძველ-ქართული რომანიდან „ვისრამიანი“ (ნაწყვეტი); III. «О папской власти 1. О возвышении папизма; 2 O падении eгo».

უნებლიეთ ყურადღებას იქცევს ახალგაზრდა ბარათაშვილის ინტერესი პაპიზმისა და კათოლიციზმის ისტორიისადმი. ეს ინტერესი უნდა დაბადებულიყო პოლონურ წრეებთან სიახლოვით. პოლონელი შეთქმულნი, გადმოსახლებულნი საქართველოში ვარშავის დაცემის შემდეგ, 1831 წელს, ახლო ურთიერთობაში იყვნენ ქართულ საზოგადოებრიობასთან, და კერძოდ იმ წრესთან, რომელსაც ნ. ბარათაშვილი ეკუთვნოდა11.

აღსანიშნავია ამას გარდა, რომ ახალგაზრდა ბარათაშვილი ვისრამიანით დაინტერესებულა და მისი ერთი ნაწილი უთარგმნია კიდეც. ვისრამიანი ერთი უბრწყინვალესი ძეგლთაგანია, რომელიც ძველმა ქართულმა მხატვრულმა პროზამ გვიანდერძა, და ინტერესი ბარათაშვილისა ამ რომანისადმი გვიჩვენებს ყმაწვილი ბარათაშვილის კარგ გემოვნებას.

საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნ. ბარათაშვილმა თუმცა რუსული სკოლა გაიარა, მაგრამ იგი ადრევე, ჯერ კიდევ მოწაფეობის დროსვე, საფუძვლიანად გასცნობია ქართულ მწერლობას, კერძოდ. ძველქართულ კლასიკურ მწერლობას.

ნ. ბარათაშვილის სკოლის ამხანაგი ლუკა ისარლიშვილი გადმოგვცემს, რომ ბარათაშვილის უსაყვარლესი საკითხავი წიგნი მოწაფეობის დროს იყო ვეფხისყაოსანი, რომლის მთელი ადგილები ბარათაშვილს ზეპირად სცოდნია.

„ვკითხულობდით აგრეთვე ვისრამიანს, ჩახრუხაძეს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს“, - გადმოგვცემს ნ. ბარათაშვილის იგივე სკოლის ამხანაგი12.

ვეფხის-ტყაოსნის სტროფების გამოსხივება იგრძნობა, უწინარეს ყოვლისა, ბარათაშვილის „მერანში“, ასევე ლექსში „ჩინარი“.

მაგრამ შოთას უკვდავი პოემის გარდა ბარათაშვილისათვის, ჩანს, მართლაც არ ყოფილა უცხო ძველი ქართული პოეზიის სხვა კლასიკოსები, შოთა რუსთაველის ეპოქის პოეტები: შავთელი (XII საუკ. დასაწყისი), ჩახრუხაისძე (XII-XIII სს.). არაა ინტერესს მოკლებული ზემოთ მოყვანილ ცნობასთან დაკავშირებით აღვნიშნოთ, რომ ბარათაშვილის ლექსში „(ეკატერი)ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“ - ბოლო სტროფში ჩვენ გვაქვს შემხვედრი ხაზები ჩახრუხაისძის „თამარიან“-თან. ასევე ფინალში ლექსისა „ჩემი ლოცვა“ ჩვენ გვაქვს გამოხმაურება შავთელის „აბდულ-მესიან“-ისა.

არა ნაკლებ საინტერესოა, რომ იმავე ლექსში „ჩემი ლოცვა“ ჩვენ გვაქვს გამოხმაურება ძველ-ქართული ძლისპირისა (საგალობელისა) „სოფლისა ზღვაჲ აღძრულ არს“, რომელიც ეკუთვნის მე-8-9 საუკუნეთა დიდ ქართველ პოეტ-ჰიმნოგრაფს გრიგოლ ხანძთელს (758-860)13.

საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნ. ბარათაშვილი, ახალი ქართული პოეზიის დიდი რეფორმატორი, რომელიც არის ფუძემდებელი მე-19 საუკუნის ახალი ქართული მწერლობისა, მისი განახლებისა ევროპეიზმის საფუძველზე, არა შემთხვევაში არაა დაცილებული ქართული პოეზიის უძველეს პირველსაწყისებს; მისი პოეტური მემკვიდრეობა ღრმა ფესვებით არის დაკავშირებული ძველი ქართული პოეზიის ტრადიციებთან.

__________

1. თარიღების საკითხს დაწვრილებით ვეხებით ცალკე წერილში.

2. ამის შესახებ დაცულია საოჯახო გადმოცემა ორბელიანთა და ბარათაანთ მემკვიდრეების ოჯახში. ეს ცნობა დაგვიდასტურა, კერძოდ, ორბელიანთა ოჯახის რძალმა მაიკო თარხნიშვილ-ორბელიანმა, რომელსაც, უკვე ღრმა მოხუცებულობაში მყოფს, ჩვენ ვესაუბრეთ 1928 წელს.

3. იხ. გრიგოლ ორბელიანის წერილები (აკ. გაწერელიას რედაქციით). I, გვ. 37.

4. ზ. მთაწმინდელი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, 1885 წ., გვ. 6.

5. გრიგოლ ორბელიანის ეს წერილი გამოგზავნილია დინაბურღიდან (დვინსკიდან) 28 ნოემბერს; წელი აღნიშნული არაა, მაგრამ წერილის რეალიებიდან ირკვევა, რომ წერილი 1836 წ. არის მოწერილი (წერილის დედანი ამჟამად დაცულია საქართველოს ცენტრ-არქივში, განსაკუთრებული ფონდი, №173)

6. გრიგოლ ორბელიანის წერილები (აკ. გაწერელიას რედაქციით), 1936, I, გვ. 118.

7. მიხაკო ორბელიანი - გრიგოლის ნათესავი.

8. სახელდობრ ჩიხის ბოლოს, ქუჩის აღმოსავლეთ მხარეზე.

9. ახლანდელ ჭავჭავაძის ქუჩაზე.

10. არაა ინტერესს მოკლებული აღვნიშნოთ, რომ კ. მამაცაშვილი იყო მეგობარი როგორც ნ. ბარათაშვილისა, ისე რუსი პოეტის მ. ლერმონტოვისა.

11. გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ბარათაშვილს ამ წერილის დაწერის დროს უნდა ესარგებლა დეკაბრისტი კონდრატი რილეევის სტატიით: «IIpичина падения власти пап». ამის გადაჭრით თქმა ძნელია (რადგან ბარათაშვილის წერილი არ შენახულა), მაგრამ სავარაუდებელი კია სათაურთა სიახლოვის მიხედვით. დეკაბრისტი რილეევის ნაწერები გავრცელებული იყო ქართულ საზოგადოებაში ხელნაწერთა სახით (როგორც ამის შესახებ ქვემოთ გვაქვს საუბარი, გრიგოლ ორბელიანმა ქართულად გადმოიღო კონდრატი რილეევის „ნალივაიკოს აღსარება“).

12. იხ. ლიტერატურის მატიანე, 1-2, ტფ. 1940, გვ. 387.

13. იხ. პ. ინგოროყვა, ტ. III, 1965 წ., გვ. 76-77.

V 1832 წლის შეთქმულობა და . ბარათაშვილი

ნ. ბარათაშვილის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მსოფლმხედველობის გამომუშავებაზე დიდი გავლენა ჰქონდა 1832 წლის შეთქმულობას, რომელიც პოეტის ახალგაზრდობის წლებში მოეწყო, ნ. ბარათაშვილი, ავტორი „ბედი ქართლისა“, ღებულობს მემკვიდრეობას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიისა, რომელმაც გამოსახულება 1832 წლის შეთქმულობაში პოვა.

ამის გამო ჩვენ შევჩერდებით ამ მოძრაობის ისტორიაზე.1

ალექსანდრე ორბელიანი, 1832 წლის შეთქმულობის ერთერთი ვეტერანი, წერს თავის მოგონებებში, რომელიც ხელნაწერად არის მოღწეული:

„საერთოს შეთქმას შეუდგნენ ქართველები 1830 წელსა. ეს შეთქმა ისე უნდა მომხდარიყო, რომ მთელი კავკასია შავი ზღვიდგან მოკიდებული კასპიის ზღვამდისინ, სრულად მთებისა და ბარის ხალხი, უნდა გავერთებულიყავით და ერთიანი აღრეულობა მოგვეხდინა...

„... შევუდექით საქმეს დიდის გულმოდგინებით, ისე რომ. მშობლის მამულის მეტი სიყვარულით, ავად ვსაქმობდით თუ კარგად, ვეღარა გავიგეთ რა, ისე რომ ჩემი თავი აღარ მოვასვენე ამ საქმეში. და ისინიც, ჩემნი ამხანაგნი, დიდნი მცდელნი იყვნენ იმ საქმისა, ნამეტნავად ელიზბარ შანშეს-ძე ქსნის ერისთვის შვილი, რომელიც ყველას, ჩვენზედ უპირველესი მცდელი. ის შეიქმნა.

„...სრულიად საქართველოს დიდი კაცნი და მცირენი, და ბევრნი სასულიერო წოდებანი, რომლებთანაცა ხნიანი დედაკაცნი და ყმაწვილქალნი, ერთის აზრისა იყვნენ ყველა ჩვენთან. ან უნდა გავწყვეტილიყავით სულ ერთიან, ან არა და მამული გამოგვეხსნა... ბევრმა პატიოსანმა გვარმა დედაკაცმა დაიფიცეს: კაცურად ჩავიცომთ და ჩვენს უკანასკნელს სისხლს დავღვრით მამულის გამოსახსნელადო. ზოგიერთმა ყმაწვილმა დედაკაცებმა ბაირახებს კერვაც დაუწყეს და აღრეულობის ნიშნად მოამზადეს.

„მაგრამ ამ წმინდა და პატიოსან საქმიდან ერთი გამცემელი გავიდა და რუსებს აცნობა ყოველი ჩვენი საქმე და განზრახვა, ესე იგი იასე ფალავანდოვმა, რაშიაც ბევრი კაცი და დედაკაცები გაებნენ. პირველი მოთავენი მიფანტ-მოფანტეს რუსეთში“2.

1832 წლის შეთქმულობა მნიშვნელოვანი მოვლენაა მე-19 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ შეთქმულობის მოწინავე იდეოლოგები, შეთქმულობის ხელმძღვანელი პროგრესული ნაწილი, ასე ვთქვათ „მემარცხენე ფრთა“ 1832 წლის მოძრაობისა, რომელსაც ეკუთვნოდნენ სოლომონ დოდაშვილი და სხვები, არ ისახავდა მიზნად ძველი საქართველოს უბრალო რესტავრაციას ძველი, მამაპაპური, საშუალო-საუკუნოებრივი წყობით; ისინი განახლებულ საქართველოზე ჰფიქრობდნენ; მათთვის არ იყო უცხო თანამედროვე ევროპის რადიკალური იდეები, რომელთაც, კერძოდ, ამ ხანაში რუსეთის საზოგადოებრივ მოძრაობაშიაც პოვეს გამოძახილი, დეკაბრისტების შეთქმულობაში 1825 წელს და აგრეთვე პოლონეთის აჯანყებაში 1830-1831 წლებისა.

რომ 1832 წლის შეთქმულობასა და რუსეთის დეკაბრისტების მოძრაობას შორის არსებობდა შემაერთებელი ხაზები, ამის მაჩვენებელია თუნდაც ის გარემოება, რომ შეთქმულობის წევრს პოეტ გრიგოლ ორბელიანს პროპაგანდის მიზნით უთარგმნია ანუ, უფრო სწორად, გადმოუკეთებია ქართულად „ნალივაიკოს აღსარება“ კონდრატი რილეევისა, დეკაბრისტების ამ ერთერთი მთავარი ხელმძღვანელისა, რომელიც ნიკოლოზ I-ის მთავრობამ პეტრე-პავლეს ციხეში ჩამოახრჩო 13 ივლისს 1826 წელს, დეკაბრისტული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად.

ქართველ შეთქმულთა ხელმძღვანელ წრეში, როგორც ჩანს, მსჯელობის საგანი ყოფილა დეკაბრისტების პოლიტიკური გეგმები და თვით აჯანყების მსვლელობა და ტექნიკაც (ასე, ერთერთი შეთქმულთაგანი გამოსთქვამდა მოსაზრებას, რომ დეკაბრისტებმა შეცდომა დაუშვეს, როდესც მათ შეიარაღებული გამოსვლა დაიწყეს სენატის მოედანზე და არა არსენალთან; თუკი მათ პირველის დაკვრით არსენალი აეღოთ, და არა მარტო ჯარისკაცებს დაყრდნობოდნენ, არამედ ხალხი შეეიარაღებინათ, საქმე სხვარიგად დატრიალდებოდაო). ქართველ შეთქმულთა მსჯელობის საგანი ყოფილა დეკაბრისტი პესტელის გეგმა, რომელიც არარუსული ქვეყნების რუსეთიდან ჩამოშორებას ითვალისწინებდა.

შეთქმულნი დიდად აფასებდნენ თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ დეკაბრისტების ხსოვნას. ასე, შენახულა ცნობა, რომ ქართველ შეთქმულთა ხელმძღვანელაში სიხარული გამოუწვევია საქართველოში ჩამოსულ ამბავს, რომ 1831 წელს აჯანყებულმა პოლონეთმა ძეგლი აუგოო პესტელს, რილეევსა და მათ მეგობრებს, და ზეიმით იდღესასწაულაო მათი ხსოვნა, ვინც 14 დეკემბრის ამბოხების გამო დასჯილ იქნა.

დეკაბრისტების მოძრაობასთან ერთად, საქართველოში, როგორც აღვნიშნეთ, გამოძახილი ჰქონდა პოლონეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც 1830-1831 წლების აჯანყებით დასრულდა. ქართველ შეთქმულთა წრეებში საქართველოში შეიარაღებული გამოსვლის ვადას უფარდებდნენ პოლონეთის აჯანყების მსვლელობას. და როდესაც 1831 წელს ვარშავა დაეცა, ამას ქართველი პატრიოტები თბილისში გლოვით შეხვდნენ.

პოლონეთის დამარცხებას 1831 წელს მოჰყვა პოლონელი რევოლუციონერების გადმოსახლება საქართველოში. 1832 წლისათვის საქართველოში გადმოსახლებულ პოლონელთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევდა. ქართველი შეთქმულნი, როგორც ირკვევა, დაკავშირებიან გადმოსახლებულ პოლონელებს, და 1832 წლის დეკემბრისათვის, როდესაც საქართველოში შეიარაღებული გამოსვლა იყო დანიშნული, თბილისში მყოფი 500-მდე პოლონელი მომზადებული ყოფილა აჯანყების დროს ქართველების მხარეზე გადმოსასვლელად. როგორ ჰქონდათ შეთქმულებს წარმოდგენილი საქართველოს მომავალი წყობილება?

შეთქმულების მოწინავე იდეოლოგთა შორის ყოფილან როგორც კონსტიტუციური შეზღუდული მონარქიის, ისე რესპუბლიკური წყობილების მომხრენი. ერთერთ შეთქმულთაგანს ეკუთვნის განცხადება:

„მე მინდა საქართველოს თავისუფლება არა იმისათვის, რომ ვინმე ბაგრატიონთა გვარისაგანი გამეფდეს საქართველოში, არამედ რათა საქართველო შეიქმნას რესპუბლიკად“ («Я желаю cвoбoду Грузии не для того, чтобы кто нибудь из рода Багратионов воцарился в оной, но чтобы из Грузии сделался род республики»).

ლიტერატურის ისტორიისათვის არაა ინტერესს მოკლებული ის გარემოება, რომ ამ ხანაში რესპუბლიკური იდეები არ ყოფილა უცხო, კერძოდ, გრიგოლ ორბელიანისთვისაც, რომელიც შეთქმულობაში მონაწილეობას იღებდა. 1831 წელს გრიგოლ ორბელიანი გაემგზავრა რუსეთში, მას შეთქმულთა თბილისის ორგანიზაციის მიერ დავალებული ჰქონდა კავშირის გაბმა შეთქმულთა პეტერბურგის წრესთან. ამ დროიდან მოღწეულა გრიგოლ ორბელიანის დღიური. გრ. ორბელიანი, ჩასული ნოვგოროდს, წერს თავის დღიურში (1831 წლ. 24 ოქტომბერს), ადარებს რა თვითმპყრობელურ რუსეთსა და ნოვგოროდის ძველ რესპუბლიკურ წყობილებას:

„ფიქრმან ნოვგოროდისათვის არ დამაძინა დიდს ხანს. გონებაში წარმომიდგა რესპუბლიკური უწინდელი ამათი მმართებლობა, სიმდიდრე, ვაჭრობა და მხნეობა ამის მოქალაქეთა, ვეჩეს ზარი (ანუ ბუკი), რომლითაც შეიკრიბებოდა ხალხი მძიმის საქმის გარდასაწყვეტლად, ნოვგოროდის რაყიფობა მოსკოვის მეფეებთან და შემდგომადა დამხობა მისი მრისხანე ივანეს მიერ.

„ვიდრე იყო რესპუბლიკა, ნოვგოროდი ყვავილოვნობდა ვაჭრობითა, მხნეობითა, სიმდიდრითა, და იყო სხვათა რუსებზე უმეტეს განათლებულიცა და თვით თათართ მონებასაცა გადაურჩა; გარნა აწ აღარც აჩრდილი სჩანს უწინდელისა მის შემძლებლობისა. რკინისა ხელმან შეიპყრა და განაქარვა ყოველი დიდება მისი“.

აღსანიშნავია, რომ შეთქმულნი, როგორც ირკვევა, გლეხობის საკითხსაც აქცევდნენ ყურადღებას. შეთქმულობის დროინდელ ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთქმულთა კრებების დროს „იმართებოდა მსჯელობა საქართველოზე, შეუძლია თუ არა მას იყოს დამოუკიდებელი, ხალხის უფლებაზე, ბატონების მიერ გლეხთა შევიწროებაზე, და იმ საშუალებებზე, რომლითაც საქართველოს განთავისუფლება იქნებოდა შესაძლებელი“.

შეთქმულთა მოწინავე წრეების ორიენტაცია ევროპაზე იყო აღებული. ამდროინდელ დოკუმენტში აღნიშნულია შეთქმულთა ერთერთი ხელმძღვანელის შესახებ, რომ იგი „ძალიან ხშირად მოუთხრობდა მასთან მისულებს (შეთქმულობის თანამგრძნობთ) თავისუფლებაზე, უხსნიდა საფრანგეთის უფლებებს, მის (საფრანგეთის) თავისუფალ ცხოვრებას, მეფის შეზღუდულ უფლებას... უკანასკნელ წარმოუდგენდა საფრანგეთში მომხდარ აჯანყებებს. ზოგჯერ მსჯელობდენ თავისუფალი ქალაქების - მაინის ფრანკფურტისა და კრაკოვის მმართველობის მდგომარეობის გამო, და ამკობდა მოთხრობებით ამ ქალაქთა მოქალაქეების ბედნიერი ცხოვრების შესახებ“. («...Beсьма часто pacсказывал посещавшим его о вольности, объясняя права Франции, свободную жизнь жителей: ее, ограниченную власть короля... и наконец представлял мятежи в оной происходившие. Иногда рассуждали о состоянии правления вольных городов: Франкфурта на Майне и Кракова, украшая рассказами счастливую жизнь граждан оных. гopoдов»).

გასაგები ხდება ასეთ გარემოში, რომ 1832 წლის შეთქმულობის მოწინავე პროგრესული წრეები დაინტერესებული ყოფილან, კერძოდ, თანამედროვე, 1830 წლის რევოლუციითაც საფრანგეთში, რომელი ქვეყანაც თავისუფლების დედად ითვლებოდა. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა აქ მოვიხსენოთ ერთი დოკუმენტიც. მთავრობის აგენტებს შეთქმულთა დაჭერის დროს ხელში ჩავარდნიათ ქართული თარგმანი მოწოდებისა, რომელიც გამოცემულია „სენის დეპარტამენტის პრეფექტის მიერ თვისთა თანამოქალაქეთა მიმართ“ (მოწოდება დათარიღებულია: „პარიჟი, 19 ოქტომბერს, წელსა 1830“). ეს მოწოდება ქართულად თარგმნილია, როგორც ამას მინაწერი უჩვენებს, 1831 წლის იანვრის 20-ს (ე.ი. სამი თვის შემდეგ მოწოდების გამოქვეყნებიდან), ხოლო მისი მთარგმნელი ყოფილა სოლომონ რაზმაძე, თვალსაჩინო წევრი შეთქმულობისა, გაბედული პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც შეთქმულთა კომიტეტის მიერ გაგზავნილი იყო თეირანში ინგლისის წარმომადგენლობასთან კავშირის დასაჭერად.

საბოლოოდ, როდესაც საქმე უკვე აჯანყების დაწყებაზე მიდგა და საქართველოს მმართველობის კონკრეტული გეგმისა და ზომების დასახვა იყო საჭირო, შეთქმულობის მთავარმა ორგანიზაციამ თბილისში მიიღო გადაწყვეტილება - შეექმნათ საქართველოში კონსტიტუციური შეზღუდული მონარქია. განზრახული იყო აერჩიათ მეფედ ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ფართო წრეებში და რომლის სახელი შემოსილი იყო საქართველოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის შარავანდედით. მთავრობაში დასახელებულნი იყვნენ შემდეგი პირნი: 1. მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ბატონიშვილი („მეფის“ ტიტულით). 2. სამხედრო მინისტრი - ალექსანდრე ჭავჭავაძე. 3. იუსტიციის მინისტრი - კ. მუხრანბატონი. 4. ფინანსთა მინისტრი - ნ. ფალავანდიშვილი. 5. შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ჭილაშვილი. 6. გარეშე საქმეთა მინისტრი - კ. ბებუთაშვილი.

ხელისუფლების კანონმდებელი ორგანო უნდა ყოფილიყო დეპუტატთა პალატა - ეროვნული სეიმი, შექმნილი არჩევითი წესით. სეიმი უნდა მოწვეულიყო დაუყოვნებლივ, აჯანყების გაშლისთანავე.

სახელმწიფო მმართველობის მთელს სისტემაში არჩევითი წესები, სახალხო წარმომადგენლობის პრინციპი, ფართოდ უნდა ყოფილიყო გატარებული. შეთქმულობის ხელმძღვანელთა რადიკალობა იმდენად შორს მიდიოდა ამ მხრივ, რომ ისინი შესაძლოდ სთვლიდნენ არჩევითი წესები დაეცვათ თვით რეგულარულ ჯარშიაც კი (შეთქმულთა გეგმაში შედიოდაო, - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში, «заградить путь через ущелье Кавказское; образовав войско регулярное, назначить в оное начальников способом избирательным»).

დასასრული აქ მოკლედ შევეხებით აჯანყებისათვის მზადების მსვლელობის საქმეს.

შეთქმულობას, როგორც ირკვევა, ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა, იგი მთელი წლების განმავლობაში მზადდებოდა. პირველი უჯრედები შეთქმულობისა ჩასახულა არა უგვიანეს 1826 წლისა. 1826-1827 წლებში მუშაობა უკვე საკმაოდ გაღრმავებული ჩანს. ხოლო 1829 წლის შემოდგომასა და 1830 წლის დასაწყისისათვის წინასწარი სამზადისი შეთქმულობის მოსაწყობად თავდება და ყალიბდება შეთქმულთა ფართო ორგანიზაცია.

ამ დროისათვის, როდესაც შეთქმულებმა ფართოდ გაშალეს მუშაობა საქართველოში და შეიარაღებული გამოსვლისათვის ემზადებოდნენ, 1830 წელს პოლონეთშიაც იწყება აჯანყება. საქართველოში, ცხადია, დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ პოლონეთის გამოსვლას. პოლონეთი, თუმცაღა ტერიტორიულად დაშორებული, ბუნებრივი მოკავშირე იყო საქართველოს მოძრაობისა. პოლონეთის საქმის წარმატებაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ქართველი პატრიოტები. ახალ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით ქართველმა შეთქმულებმა გადაწყვიტეს საქართველოში შეიარაღებული გამოსვლის ვადა შეეფარდებინათ პოლონეთის აჯანყების მსვლელობასთან.

მაგრამ პოლონეთი დამარცხდა, 1831 წელს ნიკოლოზ I-ის ჯარებმა აიღეს ვარშავა. ამან, ბუნებრივია, საქართველოში აჯანყების გამარჯვების შანსები საეჭვო გახადა, და შეთქმულთა მუშაობა ერთხანად შეფერხდა.

მაგრამ საბოლოოდ ქართველ შეთქმულებს განზრახვაზე ხელი არ აუღიათ. მუშაობის ხანმოკლე მინელების შემდეგ მათ ისევ განაახლეს საქმიანობა და დაიწყეს მზადება შეიარაღებული აჯანყებისათვის.

აჯანყება 1832 წლის ბოლოსათვის, ზამთრის პირისათვის იყო დანიშნული. ეს თარიღი შეფარდებული იყო ზოგიერთ ხელსაყრელ პირობასთან. 1832 წელს კავკასიის ჯარების სარდალი, კორპუსის უფროსი, მთავარმართებელი ბარონ როზენი, საქართველოში მყოფი მთავარი სამხედრო ძალებით ლაშქრობდა დაღისტანში, აჯანყებული ლეკების წინააღმდეგ. შეთქმულნი ვარაუდობდნენ, რომ კავკასიონის მთებით მთავრობა ვერ შეძლებს ზამთარში ჯარის გადმოყვანას მნიშვნელოვანი რაოდენობით, კერძოდ, განზრახული იყო დარიალის ხეობის დაკეტვა და გზის მოშლა (შეთქმულობის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ადგილობრივ დაათვალიერა დარიალის ხეობა, წერდა: „არა ვითარსამე ძლიერსა ჯარსა ვერა ძალუძს გადმოსვლად ამა მთათა ზედა, უკეთუ წინააღუდგების მას გინა ფრიად მცირედი ჯარი. მოსასვლელი არსაით არს. გზა არს ფრიად ვიწრო, რომელიცა ადვილად სრულებით აღიხოცების: ჩასჭრას ორსა ანუ სამსა ადგილსა გზა, რომელსაცა მყისვე დაჰფარავს თერგი“)3. ხოლო ზამთარში ზღვით გადმოყვანა ჯარისა საკმაო რაოდენობით მაშინდელს პირობებში არც ისე ადრე და ადვილად ასასრულებლად იყო მიჩნეული, ამასთან ზღვის სანაპირო დაშორებული იყო აჯანყების ძირითად ტერიტორიას, თბილისს და ქართლ-კახეთის პროვინციებს. თანაც შეთქმულებს განზრახული ჰქონდათ ზღვის სანაპირო ბოღაზები, როგორც შავ ზღვაზე, ისე კასპიის ზღვაზე, დროულად დაეჭირათ შეიარაღებული ძალებით, აჯანყებული ლიხთ იმერეთისა და აღმოსავლეთ კავკასიის მუსულმანთა დახმარებით.

ასეთ პირობებში ზამთრის განმავლობაში ყველაფერს მოვითავებთო, - ფიქრობდნენ შეთქმულნი.

აჯანყების დაწყების დღედ დანიშნული იყო 1832 წლის 20 ნოემბერი. მაგრამ შემდეგ ეს დღე გადატანილ იქნა ჯერ 6 დეკემბერზე, ხოლო საბოლოოდ შეიარაღებული გამოსვლის დაწყების ვადად დაინიშნა 20 დეკემბერი 1832 წლისა. დღეების გადაწევა იმით იყო გამოწვეული, რომ თავადაზნაურთა საზოგადო ყრილობა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, და რომლის მოწვევა ნავარაუდევი იყო თბილისში 1832 წლის 20 ნოემბრისათვის, შემდეგ გადატანილ იქნა ჯერ 6 დეკემბრისათვის, საბოლოოდ კი 20 დეკემბრისათვის დაინიშნა. ამ შეიარაღებული გამოსვლის შეფარდება ამ დღისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა შეთქმულთათვის.

შეთქმულობის ხელმძღვანელი წრის მიერ შემუშავებულ იქნა აჯანყების დაწყებისა და შემდგომი გაშლის დაწვრილებითი გეგმა, რომელსაც შეთქმულნი „პირველი ღამის განკარგულებას“ უწოდებდნენ.

აჯანყების დაწყების დღეს, ე.ი. 20 დეკემბრისათვის, საღამოს, უნდა გამართულიყო თავადაზნაურთა სახელით წვეულება, რომელზედაც მიწვეული უნდა ყოფილიყვნენ ხელისუფლების ყველა მნიშვნელოვანი სამხედრო და სამოქალაქო მოხელენი. ღამის 1 საათისათვის, რა დროსაც უნდა დაწყებულიყო თბილისში შეიარაღებული გამოსვლა, წვეულებაზე დამსწრე შეთქმულობის თანამზრახველებს უნდა დაეტყვევებინათ ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო წინააღმდეგობის გამწევნი მოესპოთ.

ამავე პირველი საათისათვის აჯანყებულებს უნდა დაეკავებინათ თბილისი. განაწილებული იყო რაზმები და ჯგუფები ასაღებად ცალკე პუნქტებისა: არსენალისა, ყაზარმებისა. ციხისა, საპროვიანტო მაღაზიებისა, ხაზინისა, ორდონანსჰაუზისა. ნავთლუღის ზონისა. გამოყოფილი იყვნენ საგანგებო ჯგუფები ქალაქში წესრიგის დასაცავად და ანარქიული გამოსვლების აღსაკვეთად.

თბილისიდან აჯანყება უნდა მოსდებოდა პროვინციას, აჯანყების ორგანიზაციისათვის პროვინციაში ჩატარებული იყო მოსამზადებელი მუშაობა (კავკასიის სამხედრო ხელისუფლების ერთ მოხსენებაში, რომელიც 1832 წლის დეკემბერში არის მირთმეული კავკასიის მთავარმართებლის და სამხედრო ძალების სარდლის ბარონ როზენისადმი, აღნიშნულია, რომ «вce Грузинские деревни нaмeрены были взбунтоваться, с таким предположением, чтобы русские войска частично истребить, и частично изгнать из: Гpyзии». შეთქმულებს კავშირი ჰქონდათ გაბმული სოფლად, ქართლის რაიონებში, შიდა-კახეთში, ქიზიყში, ნაწილობრივ იმერეთშიაც).

დგებოდა დროებითი მთავრობა. დაუყოვნებლივ მიღებული უნდა ყოფილიყო ზომები ეროვნული სეიმის მოსაწვევად.

თბილისის აღებისთანავე აჯანყებულებს განზრახვა ჰქონდათ ურთიერთობა დაეჭირათ ოსმალეთთან და სპარსეთთან (რომელთაც აჯანყებულები ჰპირდებოდნენ ტერიტორიულ კომპენსაციას კავკასიის სამხრეთ რაიონებში, მუსულმანურ ზონაში), აგრეთვე ევროპის სახელმწიფოებთან, რომლებთანაც უშუალო ურთიერთობის გაბმას შექმულობის ლიდერები ადრიდანვე ცდილობდნენ.

შეთქმულობის ხელმძღვანელებს. თუმცა აფიქრებდათ სპარსეთისა და ოსმალეთის მოსალოდნელი პოზიცია საქართველოს მიმართ, მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ ეს ორი მეზობელი დიდი მუსულმანური სახელმწიფო კეთილგანწყობილ ნეიტრალიტეტს დაიცავდა. შეთქმულობის ერთი მონაწილე ჯერ კიდევ 1831 წელს ამ საგანზე წერდა:

„აწ თვით ყიზილბაში (სპარსეთი) და ოსმალიცა ხედვენ შეცდომილებათა თვისთა, რომელ საქართველომ, მათგან შეიწრებულმან, დაუმეზობლა ესდენ საშინელი მათთვის მეზობელი რუსეთი... ყიზილბაშნი სწყევდენ აღა-მაჰმად-ხანს თბილისის წახდენისათვის, რაიცა იყო მიზეზი რუსეთის გადმოსვლისა“.

შეთქმულობა ჩავარდა.

9 დეკემბერს (ე.ი. აჯანყებისათვის დანიშნულ ვადაზე 11 დღით წინ), ნაშუადღევის 5 საათზე, შეთქმულობის მთავარი ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი იასე ფალავანდიშვილი, ძმა თბილისის სამოქალაქო გუბერნატორისა, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელის ჩაგონებით, გამოცხადდა კავკასიის ჯარების კორპუსის უფროსის მოადგილე გენერალ ვოლხოვსკისთან და გასცა შეთქმულობა. 10-11 დეკემბერს შეთქმულობის ლიდერები ხელისუფლებამ დაატყვევა.

მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში ნიკოლოზ ბარათაშვილი, ავტორი „ბედი ქართლისა“, არის მემკვიდრე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიისა, რომელმაც გამოსახულება პოვა 1832 წლის „მამულის გამოხსნის შეთქმა“-ში.

1832 წლის შეთქმულობის მარცხით დამთავრებას მოჰყვა ხანგრძლივი რეაქცია ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეთქმულობის აქტივი გამოაკლდა საზოგადოებრივი მოძრაობის რიგებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო ის რჩეული, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა 1832 წლის თაობისა, აზიდა ის ტვირთი, რომელიც 1832 წლის თაობამ დასტოვა.

ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას და ჩვენთვის ნათელი გახდება ის ღრმა კავშირი, რომელიც აერთებს „ბედი ქართლისა“-ს ავტორს 1832 წლის `მოძრაობასთან. აქ კი, ბიოგრაფიულ ნარკვევში, რომ არ დავშორდეთ ქრონოლოგიურ ქარგას, ჯერ შევჩერდებით ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ცნობებზე 1832 წლის შეთქმულობის ხანაში.

ნიკოლოზ ბარათაშვილი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, 15 წლისა. როდესაც 1832 წელს „მამულის გამოხსნის შეთქმა“ ჩაიშალა.

მაგრამ, როგორც ერთგან ამბობს ბარათაშვილი, „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაიცემის“.

1832 წელს ნ. ბარათაშვილი გიმნაზიის უფროს კლასებში იყო. ბარათაშვილი ინტელექტუალურად ადრე მომწიფდა. ამ ხანას გიმნაზიაში ყოფნის დროს - ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის პირველი ლიტერატურული ცდანი. მაინც ბარათაშვილი ამ დროს ჯერ კიდევ იმდენად ახალგაზრდა იყო, რომ იგი, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა განდობილი ყოფილიყო შეთქმულობის საქმეში, შეთქმულობის არსებობა, საფიქრებელია, მან არ იცოდა.

მაგრამ გარშემო მაინც იგრძნობოდა შეთქმულობის იდეური ატმოსფერო. ხოლო „მამულის გამოხსნის შეთქმის“ დაღუპვა ახალგაზრდა ბარათაშვილმა ტრაგიკულად განიცადა.

შეთქმულობის მონაწილე იყო პოეტის ბიძა გრიგოლ ორბელიანი, რომლის ლექსებს, შეთქმულობის იდეებით შთაგონებულს, ბარათაშვილი კითხულობდა, რომლის პოეზიაზე აღიზარდა ახალგაზრდა ბარათაშვილი. შეთქმულობაში მონაწილეობდა მეორე ცნობილი პოეტი ამავე ეპოქის - ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომლის ოჯახურ წრესთან ახალგაზრდა ბარათაშვილი დაახლოებული იყო. შეთქმულობის მონაწილენი იყვნენ ბარათაშვილის მახლობელი პირები - ალექსანდრე ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, გიორგი ერისთავი. კერძოდ, ეს ორი უკანასკნელი ჯერ კიდევ ყმაწვილები იყვნენ, ბარათაშვილის თითქმის ტოლები (გიორგი ერისთავი 17 წლისა იყო, როდესაც დაუახლოვდა შეთქმულთ, ხოლო გასამართლების დროს გიორგი ერისთავი იყო 21 წლისა, ვახტანგ ორბელიანი კი - 20 წლისა).

შეთქმულობის იდეური ატმოსფერო იგრძნობოდა თვით გიმნაზიის კედლებშიაც. ბარათაშვილის დროს გიმნაზიაში მასწავლებლებად იყვნენ: ცნობილი მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი და ახალგაზრდა ლიტერატორები - დიმიტრი დოდაშვილი და ზაალ ავთანდილაშვილი; ყველა ესენი მონაწილენი იყვნენ 1832 წლის შეთქმულობისა და ხელისუფლებამ დაატყვევა დოდაშვილი, ყიფიანი და ავთანდილაშვილი 1832 წლის 11 დეკემბერს.

სამხედრო სასამართლომ სოლომონ დოდაშვილს, როგორც შეთქმულობის ერთერთ მთავარ ლიდერს, ჯერ . სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, შემდეგ სიკვდილით დასჯა გადასახლებით შეუცვალა. სოლომონ დოდაშვილი წელიწადნახევარი პატიმრად ჰყავდათ თბილისში, ავლაბრის ყაზარმებში, შემდეგ კი, 1834 წლის ივნისში, გადაგზავნეს რუსეთს. რუსეთიდან იგი საქართველოში ცოცხალი აღარ ჩამობრუნებულა: სოლომონ დოდაშვილი, გადასახლებაში მყოფი. დაიღუპა ჭლექით 1836 წელს. დიმიტრი ყიფიანი და ზაალ ავთანდილაშვილი აგრეთვე ერთ წელს იყვნენ თბილისში დაპატიმრებულნი და შემდეგ ისინიც გადაასახლეს რუსეთში 1833 წლის დეკემბერს.

ს. დოდაშვილი, ვიდრე დაატყვევებდნენ, ექვს წელიწადს (1826 წლიდან 1832 წლამდე) მასწავლებლად იყო ჯერ კეთილშობილთა სასწავლებელში და შემდეგ გიმნაზიაში, როდესაც კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. დოდაშვილი ასწავლიდა ქართულ სიტყვიერებას. ნ. ბარათაშვილი მისი მოწაფე იყო ხუთი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება დიმიტრი ყიფიანს, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, 21 წლისა, როდესაც შეთქმულობაში მონაწილეობისათვის შეიპყრეს. დიმიტრი ყიფიანი იმავე კეთილშობილთა სასწავლებელში იყო აღზრდილი. როდესაც ბარათაშვილი პირველ კლასში შევიდა 1827 წელს, დიმიტრი ყიფიანი მეხუთე კლასის მოწაფე იყო. სწავლა დაასრულა 1830 წელს და იმავე 1830 წლის ნოემბერს მასწავლებლად დაინიშნა დაბალ კლასებში. თუმცა ბარათაშვილი არ იყო დ. ყიფიანის მოწაფე, მაგრამ მათი ნაცნობობა ამ დროიდან იწყება, რაც შემდეგ დიმიტრი ყიფიანისა და ნ. ბარათაშვილის დამეგობრებით დამთავრდა.

განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა ნ. ბარათაშვილზე სოლომონ დოდაშვილს.

სოლომონ დოდაშვილი (1804-1836 წ.) ცენტრალური ფიგურაა ქართული საზოგადოებრივი და გონებრივი მოძრაობისა მე-19 საუკუნის 20-30-იან წლებში. მისი სახით ჩვენ გვყავს გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ფილოლოგი.

სოლომონ დოდაშვილმა უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. ს. დოდაშვილმა გამოაქვეყნა რუსულად შრომა: «Kypс философии, часть первая, лoгикa» (CIIБ 1827 г.), მნიშვნელოვანი ნაშრომი ლოგიკის დარგში რუსულ ენაზე. ს. დოდაშვილი ფილოსოფიაში კანტის მიმდევარი იყო, და მას რუსეთის ფილოსოფიის ისტორიაში თვალსაჩინო ადგილი ეკუთვნის, როგორც ერთერთ პირველ კანტიანელს.

ს. დოდაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ხდება ქართული ინტელექტუალური მოძრაობის ნამდვილი მეთაური. კერძოდ, განსაკუთრებით დიდი იყო მისი როლი 1832 წლის შეთქმულობაში, როგორც ორგანიზატორისა და იდეოლოგისა. ს. დოდაშვილი იყო წევრი შეთქმულობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეულისა, ალექსანდრე ორბელიანთან და ელიზბარ ერისთავთან ერთად.

ჩვენთვის ამ შემთხვევაში საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ შეთქმულთა მოსამზადებელი მუშაობა ნაწილობრივ ლიტერატურული წრის საფარს ქვეშ ტარდებოდა. შეთქმულთა მთავარი კომიტეტის დავალებით, ს. დოდაშვილმა დაიწყო გამოცემა პირველი ქართული ჟურნალისა „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათა“. ჟურნალი, რამდენადაც ეს მოსახერხებელი იყო ნიკოლოზ I-ის დროის მკაცრი რეაქციის ხანაში, მიზნად ისახავდა ლეგალობის ფარგლებში საზოგადოებრივი აზრის შემზადებას აჯანყების დაწყების წინ. ს. დოდაშვილი ცდილობდა გაეშვა ჟურნალში, სხვა ჩვეულებრივ საჟურნალო ნეიტრალურ მასალასთან ერთად, ისეთი ნაწერებიც, რაც პატრიოტულ სულისკვეთებას გააღვიძებდა. ასე, ამ ჟურნალში დაიბეჭდა გიორგი ერისთავის „ოსური მოთხრობა“, რომელშიაც აღწერილია მე-17 საუკუნის ეროვნული გმირების ელიზბარის, შალვას და ბიძინას თავდადება სამშობლოსათვის, და რომელიც გამჭვირვალე ალეგორიულ ხაზებში შეიცავს მოწოდებას, რომ თანამედროვე ქართველებმაც მიჰბაძონ მათ, გააძევონ „თათრები“.

ამ ჟურნალში დასაბეჭდად, ჩანს, გამზადებული იყო აგრეთვე დეკაბრისტი რილეევის „ნალივაიკოს აღსარების“ გრიგოლ ორბელიანის მიერ გადმოკეთებული ტექსტი, რომელიც ჟანდარმერიამ ს. დოდაშვილის ქაღალდებში აღმოაჩინა.

ლიტერატურული წრე, რომელიც შეიქმნა ს. დოდაშვილისა და მისი ჟურნალის გარშემო, ბუნებრივია, გავლენას ახდენდა ახალგაზრდა დამწყებ სალიტერატურო ძალებზედაც, რომელთა შორის იყვნენ სოლომონ დოდაშვილის მოწაფეები - დავით მაჩაბელი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი. ისინი ამ დროს პირველად ებმებიან ლიტერატურულ მუშაობაში, სცემენ ხელნაწერ ლიტერატურულ კრებულებს.

საინტერესოა სოლომონ დოდაშვილის ერთი ჩვენება, საიდანაც ჩანს შეთქმულთა წრეების მზრუნველობა ახალგაზრდობის განათლების საქმისათვის.

როდესაც ს. დოდაშვილი დაიჭირეს, შეთქმულობა უკვე გაცემული იყო იასე ფალავანდიშვილის მიერ და ხელისუფლებას გარკვეული ცნობები ჰქონდა, კერძოდ, ს. დოდაშვილის ხელმძღვანელი როლის შესახებ აჯანყების მზადების საქმეში. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ს. დოდაშვილს დიდი ტაქტით ეჭირა თავი. კავკასიის მთავარმართებელი ბარონი როზენი ერთ მოხსენებაში ს. დოდაშვილის შესახებ აღნიშნავს, რომ დოდაშვილი «изворотливо перед судом показывал, что будто бы вступил в заговор не против правительства, а против присутственных мест». ხოლო საგამომძიებლო კომისიის დასკვნაში აღნიშნულია: «Додаев, более других скрытный и осторожный, не столько помогал приисканием участников, как различными советами, подстреканиями и суждениями на совещаниях; он брался издавать грузинскую газету, для возбуждения умов, приготовил возмутительную к народу прокламацию и вообще занимался к народу предпочтительнее средствами подобного рода, ученому званию его приличествующими».

თუ რა ხასიათისა იყო ის კრებები და თათბირები, რომლებშიაც დოდაშვილი მონაწილეობას იღებდა, დოდაშვილი უჩვენებს, რომ ისინი ლიტერატურის საკითხებსა და ლეგალური ხასიათის საზოგადოებრივ საქმეებს ეხებოდაო. ასე, ერთი კრების შესახებ, რომელიც ს. დოდაშვილის სახლში გამართულა და რომლის შესახებ ჟანდარმერიას ჰქონია ცნობები, ს. დოდაშვილი აჩვენებს (მოგვყავს ჩვენების რუსული ტექსტი; ჩვენებას რუსულად ართმევდნენ): «Ужин был у меня в доме. Читали сочинение ученика Мачабелoвa (იგულისხმება დავით მაჩაბელი, ნ. ბარათაშვილის უფროსი სკოლის ამხანაგი) и paccyждали; говорили составить общество, положить сумму, из суммы купить библиотеку и типографию; так же говорили отправить способных учеников в университет и дать пособие».

რასაკვირველია, ის კრება, რომელზედაც აქ დოდაშვილი მოგვითხრობს, არ იყო ასე უბრალო, იქ ამავე დროს უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზედაც იყო თათბირი. მაგრამ ამასთან ისიც ფაქტია, რომ ახალგაზრდობის განათლების საკითხები და ლიტერატურის საქმეები უახლოესი მზრუნველობის საგანს შეადგენდა დოდაშვილის წრისათვის.

*

როდესაც შეთქმულობის მონაწილენი დაატყვევეს, ბარათაშვილმა „მამულის გამოხსნის შეთქმის“ დაღუპვა მტკივნეულად განიცადა. მთელი სიმპატია და სიყვარული ახალგაზრდა ბარათაშვილისა შეთქმულთა მხარეზე იყო.

ჩვენ აქ შევჩერდებით ორ ამბავზე, საიდანაც ცხადი ხდება განწყობილება ახალგაზრდა ბარათაშვილისა ამ მღელვარე ხანაში. უკვე მოხსენებული გვქონდა, რომ გიმნაზიაში მოსწავლე ახალგაზრდა ლიტერატურული თაობა, ნ. ბარათაშვილის მონაწილეობით, სცემდა ხელნაწერ ლიტერატურულ კრებულებს.

1833 წელს, ე.ი. როდესაც შეთქმულობის მონაწილენი ავლაბრის ყაზარმებში იყვნენ დაპატიმრებულნი და სიკვდილით დასჯას მოელოდნენ, ახალგაზრდათა ამ ლიტერატურულ წრეს გამოუშვია ხელნაწერად ქართულს ენაზე ლიტერატურული ალმანახი, ლექსთა კრებული 4.

საყურადღებოა შემადგენლობა ამ ალმანახისა. აქ მოთავსებულია ნაწერები: ნიკოლოზ ბარათაშვილისა (5 ლექსი), მიხეილ თუმანიშვილისა და დავით მაჩაბლისა (ეს სამი ავტორი ახალგაზრდათა ლიტერატურული წრის ხელმძღვანელებია); ამას გარდა ალმანახში შეტანილია ნაწერები: გრიგოლ ორბელიანისა, ალექსანდრე ორბელიანისა, გიორგი ერისთავისა, ალექსანდრე ჭავჭავაძისა დავით ყორღანაშვილისა, სტროფი ნაპოლეონზე და ადგილები „ვეფხის-ტყაოსნიდან“.

აქ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ახალგაზრდათა ამ წრეს შესაძლოდ დაუნახავს შეეტანა ალმანახში ნაწერები იმ პირთა, რომლებიც კანონს გარეშე იყვნენ გამოცხადებულნი აჯანყების მომზადებისათვის, გიორგი ერისთავისა და ალექსანდრე ჭავჭვაძისა. იმ მღელვარე ხანაში ჯერ მარტო მოხსენება ამ პირთა სახიფათო იყო პოლიტიკურად, არათუ მათი ლიტერატურული პოპულარიზაცია.

ხოლო კიდევ უფრო საყურადღებო ისაა, რომ ალმანახში მოთავსებულია ამ ავტორთა არა მხოლოდ პოლიტიკურად ნეიტრალური თხზულებანი, არამედ რევოლუციური ხასიათის ნაწერებიც.

ასე, ალმანახში შეტანილია გიორგი ერისთავის „ოსური მოთხრობა“, რომელიც, როგორც მოხსენებული გვქონდა, პირველად სოლომონ დოდაშვილმა გამოაქვეყნა და რომელიც გამჭვირვალე ალეგორიის საფარს ქვეშ „მამულის გამოხსნისათვის“ მოწოდებას შეიცავდა.

ამავე ალმანახში მოთავსებულია, ავტორის ხელმოუწერლად. გრიგოლ ორბელიანის ლექსი „იარალისადმი“, რომელიც გავრცელებული იყო შეთქმულთა წრეებში, და რომელიც აჯანყების სულისკვეთებით არის შთაგონებული:

„დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე
თვისსა მამულსა შესწირა მსხვერპლად,
დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა
მამულისადმი გულს აღბეჭდილად...
წარსულთა დროთა, დიდების დროთა,
ყოვლი კეთილი თანა წარიღეს!
აწ უცხო ცის ქვეშ ზოგთა ვჭვრეტთ ოხვრით,
და ზოგის ცრემლით წმიდა სამარეს!..

ვინ აღჩნდეს გმირი,
რომ მის ძლიერი
ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს,
რომე მარჯვენით,
ერთისა დაკვრით,
უსულოს მიწას ვეშაპს დასცემდეს!“

ვეშაპად. აქ იგულისხმება ცარისტული ხელისუფლება, რომლის დამხობისაკენ მოუწოდებდა პოეტი.

ამრიგად, ეს ალმანახი, გამოცემული ხელნაწერის სახით 1833 წელს, როდესაც აჯანყების მზადების მონაწილენი მთავრობამ დაატყვევა, კარგად გვისურათებს იმ სულისკვეთებას, რომლითაც გამსჭვალული იყო ნ. ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ლიტერატურული ახალი თაობა.

აქ ჩვენ შევეხებით აგრეთვე მეორე ამბავსაც, საიდანაც ირკვევა ნ. ბარათაშვილის განწყობილება ამ მღელვარე ხანაში. ეს ამბავი, შენახული ცნობების თანახმად, მომხდარა, როდესაც ბარათაშვილი 15 წლის იყო, 1833 წელს.

ნ. ბარათაშვილს დაუწერია სატირა ლექსად. ეს სატირა ბარათაშვილსა და მის ამხანაგებს ლევან მელიქიშვილსა და პეტრე ბაგრატიონს გაუგზავნიათ ფოსტით თბილისის სამოქალაქო გუბერნატორის თავად ნ. ფალავანდიშვილისათვის.

რა ეწერა ნ. ბარათაშვილის ლექსში, ამის შესახებ პირდაპირი ცნობები არ შენახულა. მაგრამ უეჭველია იგი ამა თუ იმ სახით მთავრობის საწინააღმდეგო ადგილებსაც შეიცავდა. ცხადია, ამით იყო გამოწვეული, რომ ამ ლექსის გარშემო მთელი ისტორია შეიქნა. გამოძიებაში ჩაერია ჟანდარმერია, პროკურორი და თვით კავკასიის ჯარების სარდალი და მთავარმართებელი.

საფიქრებელია, რომ ლექსში პირდაპირ თუ გადაკრული სიტყვებით, საუბარი ყოფილა იმ გამცემლობაზე, რომელმაც გამოიწვია 1832 წლის შეთქმულობის ჩავარდნა. ამით უნდა აიხსნას, რომ ბარათაშვილსა და მის მეგობრებს ეს ლექსი-სატირა გაუგზავნიათ ფალავანდიშვილისათვის. თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი ნ. ფალავანდიშვილი იყო ძმა სწორედ იმ იასე ფალავანდიშვილისა, რომელმაც 1832 წლის შეთქმულობის მიმართ მუხანათური გამცემლობა ჩაიდინა.

ცნობა იასე ფალავანდიშვილის გამცემლობის შესახებ მაშინვე დარხეულა საზოგადოებაში, ეს სცოდნია ნ. ბარათაშვილსაც. უფრო გვიან ნ. ბარათაშვილი, იგონებს რა იასე ფალავანდიშვილის ამ გამცემლობას, „ავის ენისა გესლს“, რომელმაც იმსხვერპლა ქართველი პატრიოტები, სწერს გრიგოლ ორბელიანს:

ძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი,
წაგართო ავი სენისა გესლმან;
სატრფონი მისნი შემოგარენი
გარდახვეწილსა დაგიხშო ეტლმან!

როდესაც ნ. ბარათაშვილის სატირა მისვლია ნ. ფალავანდიშვილს, მთავრობა შესდგომია საქმის კვლევას.

საგანგებოდ გაუფრთხილებიათ თბილისის ფოსტა, უცნობებიათ ფოსტის მმართველობისათვის, თუ რანაირი ბეჭედით იყო დაბეჭდილი ის პაკეტი, რომლითაც სატირა მიუვიდა ნ. ფალავანდიშვილს, და ფოსტის აპარატს დაევალა თვალყურის დევნება წერილების ბეჭდებისათვის, რათა ამ გზით გამოერკვიათ დამნაშავე.

ფოსტამ მიაგნო დამნაშავის კვალს, როდესაც გიმნაზიიდან მიიღო საძიებელი ბეჭდით დაბეჭდილი ერთი წერილი. წერილის მიმტანი გიმნაზიის მსახური დაიჭირეს და მთავრობას წარუდგინეს. იმავე საღამოს სასწავლებელში მოვიდნენ გამოძიების საწარმოებლად: ჟანდარმის ოფიცერი, პროკურორი და პოლიციის უფროსი. გამოძიების შედეგად გამოირკვა, რომ სატირის ავტორია ნიკო ბარათაშვილი, ლექსი გადაწერილია ლევან მელიქიშვილის მიერ, ხოლო პაკეტზე მისამართი დაწერილია პეტრე ბაგრატიონის ხელით. ადვილად წარმოსადგენია ხელისუფლების კონფუზი, როდესაც გამოირკვა, რომ სატირის ავტორი და გამავრცელებელი ყოფილან არა შეიარაღებული რევოლუციონერ-კარბონარიები, არამედ 14-15 წლის ბავშვები!..

გამოძიების შედეგი მოახსენეს კავკასიის ჯარების სარდალსა და მთავარმართებელს.

რაკი „დამნაშავენი“ უწლოვანი ბავშვები აღმოჩნდნენ, ხელისუფლებამ საქმისათვის შემდგომი მსვლელობის მიცემა ზედმეტად მიიჩნია. „ყმაწვილ რევოლუციონერებს“ როზგით დასჯა აკმარეს. მთავარმართებლის განკარგულებით დამნაშავეთა „როზგით“ დასჯა სისრულეში უნდა მოეყვანათ თვით მშობლებს.

პოეტის ბიოგრაფი იონა მეუნარგია, თანამედროვეთა გადმოცემით, ასე აგვიწერს დამნაშავეთა დასჯის ამბავს:

„მთავარმართებლის ბრძანებით დამნაშავენი ნიკო ბარათაშვილი და პეტრე ბაგრატიონი გაიგზავნენ თავიანთ მშობლებთან დასასჯელად. ამ ბრძანების თანახმად, ტატო (ნ. ბარათაშვილი) წაუყვანეს მის მრისხანე მამას. პროცესია ამრიგად მიდიოდა: დამნაშავე, იმას უკან მისდევდა გუვერნიორი და გუვერნიორს დარაჯი „როზგით“. ადვილად წარმოსადგენია, რაც დღე დაადგებოდა ამ თოთხმეტიხუთმეტი წლის ვოლტერს თავისი სატირისათვის. მის სიხარულით, რომ შვილი სკოლიდან არ გამოურიცხეს, მამამ კინაღამ სული არ ამოართვა, იმდენი სცემა“-ო, - მოგვითხრობს ბიოგრაფი.5

პეტრე ბაგრატიონი გადაურჩა ამ სასჯელს: იგი მშობლებმა დამალეს და გააპარეს პეტერბურგში ნათესავებთან. პეტრე ბაგრატიონი იყო ძმისწული რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის გმირის, ბაგრატიონისა.

შემდგომი ცხოვრების გზა ნ. ბარათაშვილის ამ მეგობრისა ასეთია: მან რუსეთში სამხედრო განათლება მიიღო; შემდეგ მუშაობა დაიწყო პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიაში. 25 წლის პეტრე ბაგრატიონმა მოახდინა დიდი აღმოჩენა ქიმიის დარგში, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

უფრო გვიან ამ დიდ მეცნიერს პეტრე ბაგრატიონს უჭირავს მაღალი ადმინისტრატიული სახელმწიფო პოსტები.

აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ თვით პეტრე ბაგრატიონი. რომელიც მონაწილეობდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ზემოთ მოხსენებული სატირის გაგზავნაში ნ. ფალავანდიშვილთან, გადმოგვცემს, რომ ეს არ იყო პირველი სატირა მოწაფე ბარათაშვილისა. აკაკი წერეთელი აგვიწერს შეხვედრას პეტრე ბაგრატიონთან პეტერბურგში 1859 წელს, როდესაც აკაკი წერეთელი პირველად გაემგზავრა რუსეთს უნივერსიტეტში შესასვლელად; პეტრე ბაგრატიონს ამ შეხვედრისას უამბნია აკაკი წერეთლისათვის, რომ ბარათაშვილს მოწაფეობის დროს არა ერთგზის დაუწერია ასეთივე ხასიათის სატირა-ეპიგრამები, რომლებიც მიმართული ყოფილა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ (იხ. აკაკი წერეთელი, ჩემი თავგადასავალი, 1925 წლ. გამოცემა, I, გვ. 68) 6.

___________

1. ძირითადი მასალები (გარდა გამოუცემელი საარქივო დოკუმენტებისა): - ა. Акты, собранные Кавказской Археографической Комиссией, т. VII, გვ. 391-423.

ბ. გიორგი გოზალიშვილი, „1832 წლის შეთქმულობა“, ტ. I, 1932 წ.

გ. პავლე ინგოროყვა, გრიგოლ ორბელიანის ახლად აღმოჩენილი ნაწერები, ჟურნ. „ქართული მწერლობა“. 1928 წ., № 6-7.

2. იხ. ხელნაწერები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 1655/ბ, S - 1959/ა.

3. იხ. გრიგოლ ორბელიანი, „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“ [1831 წ.].

4. იხ. ხელნაწერი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტისა H - 2684.

5. ი. მეუნარგია ლევან მელიქიშვილზე არას გადმოგვცემს (რომ ნ. ბარათაშვილთან ერთად. ლ. მელიქიშვილიც დაისაჯა, ამის შესახებ დაცული აქვს ცნობა ქვემოთ დასახელებულ მესამოციანელ მწერალს ს. აბაშიძეს. იხ. ს. აბაშიძის საუბარი პეტრე ბაგრატიონთან, ნაწერები, 1957, გვ. 95-96).

6. იხ. იონა მეუნარგია, გვ. XVI.

7. აკაკი წერეთლის შემდეგ პეტრე ბაგრატიონთან შეხვედრა და საუბარი ჰქონდა (1860 წლის ზაფხულში) მესამოციანელ მწერალს „თერგდალეულს“ საბაშიძეს. საუბრის ვრცელ ჩანაწერში . აბაშიძე იმასვე გადმოგვცემს, რაც მოთხრობილი აქვს აკაკი წერეთელს „ჩემ თავგადასავალში“; კერძოდ, აქაც დადასტურებულია, რომ ბარათაშვილს მოწაფეობის დროს არაერთგზის დაუწერია ასეთი ხასიათის სატირა და ამხანაგების დახმარებით დაუგზავნია ადრესატებისათვის. ახალი ცნობა ამ ჩანაწერში ის არის, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი ამხანაგები, ზემოთ მოთხრობილ ამბებთან დაკავშირებით, ერთხანად გამოურიცხავთ გიმნაზიიდან (როგორც ჩანს, მცირე ხნით). იხ. ს. აბაშიძე, წერილი ჟურნალ „მწყემსში“, 1893 წ., № 5-6; ნაწერები, 1957, გვ. 95-96.

აღსანიშნავია, ამას გარდა, პ. ცხვილოელის (კარბელაშვილის) წერილი (მოგონება გიორგი ანდრონიკაშვილისა), სადაც ბარათაშვილის სატირის საგნად დასახელებულია მთავარმართებელი როზენი („ივერია“, 1893 წ., № 79).

VI სკოლიდან ცხოვრებაში

ბარათაშვილი 17 წლისა იყო, როდესაც მან, 1835 წელს, გიმნაზია დაამთავრა.

ამ წელს, როდესაც უნდა გამორკვეულიყო პოეტის შემდგომი მოწყობის საქმე, ბარათაშვილის ოჯახი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ხელგაშლილი ცხოვრების გამო, რომელსაც პოეტის მამა ეწეოდა, ბარათაანთ ოჯახი უკვე დიდ ვალებში იყო ჩავარდნილი. ამას დაერთო პოეტის მამის მელიტონის ხანგრძლივი ავადმყოფობა. გრიგოლ ორბელიანი, ამ დროს რუსეთში გადასახლებული, შემდეგსა სწერს თავის ძმას ზაქარიას 1835 წ. 11 აპრილს (ძველი სტილით):1

„მელიტონის უიმედოდ ავადმყოფობამ ძალიან შემაწუხა. მთელი დღე მწუხარებისგან თვალი არ მომიხუჭავს. რა უნდა ჰქმნას საბრალო ეფემიამ, თუ მართლა ეს უბედურება მიადგა! რით უნდა შეინახოს თავისი წვრილი შვილები, ანუ რით გადაიხადოს ვალები, რომელიცა უეჭველად ბევრი დარჩება. ღმერთმან დაიფაროს ამა უბედურებისაგან, მაგრამ შენ ისეთ რიგადა მწერ, რომ მგონია საწყალი მელიტონი კიდეც მომკვდარა. ცრემლნი მდიან თვალთაგან ამ წერაში. - საწყალ მელიტონს ვუყვარდით ჩვენ ძალიან და იყო ჩვენი კეთილის მსურველიცა. იმედი მაქვს, თუ ბარონ როზენი (კავკასიის მთავარმართებელი) მანდ არის, ნიკოლაი იოსებიჩის (ფალავანდიშვილის) და მუხრანბატონის შემწეობით პენსიაზე წარადგინოს ეფემია. ეს ერთი ღონისძიება არის ეფემიასათვის სანუგეშოდ. - ჩვენც ასეთ სიღარიბეში ვართ, რომ შემწეობა მაგთენი არა შეგვიძლიან რა... ოხ, რა ძნელია მოსათმენად, რომ კაცი ჰხედავდეს ესრეთ გულით საყვარელს დას უკანასკნელს განწირულებაში და არა, შეეძლოს შემწეობა. მომწერე გეთაყვა, ზაქარია, ყოველივე ეფემიასი დაწვრილებით, ნურას დამიმალავ ჩემს სანუგეშოდ. ხომ არ შეიძლება, როგორმე მოვათავსოთ იგი ჩვენს სახლში დროებით“. მელიტონი გადარჩა ამ მძიმე ავადმყოფობას, მაგრამ ოჯახურმა მდგომარეობამ დიდად შეაფერხა ახალგაზრდა ბარათაშვილის ცხოვრების მოწყობის საქმე.

იმავე 1835 წელს, 27 ივლისს (ძვ. სტ.), გრიგოლ ორბელიანი სწერს თავის ძმას ზაქარიას:

„... ვმადლობ ღმერთს, რომ მელიტონი მორჩა, რომლის იმედი არ მქონდა, შენის მოწერის მიხედვით... ჩემს საყვარელ დას ეფემიას თავის შვილებით დავკოცნი! აჰა, ანგელოზო ჩემო! რად დამივიწყეს, რომ ერთის წიგნით აღარ მახსენეს! რასა იქმს ტატიკო, კიდევ კოჭლობს თუ არა? ან და რას სწავლობს? ურჩიე მელიტონს, რომ ეცადოს სახაზინო ანგარიშზე იმისი გაგზავნა რომელსამე უნივერსიტეტში. სამწუხარო, მეტად სამწუხარო იქნება, თუ იმის ნიჭს განვითარების საშუალება არ მიეცა. ნეტავი გამოგზავნოს დერპტის უნივერსიტეტში, რომელიც არის უპირველესი რუსეთში. ძალიან ადვილია ამის ასრულება, თუ კი მელიტონ სთხოვს ბარონს“ (იგულისხმება ბარონ როზენი, საქართველოს მთავარმართებელი 1831-1837 წლებში).

მაგრამ ეს კეთილი სურვილები გრიგოლ ორბელიანისა განუხორციელებელი დარჩა.

მელიტონ ბარათაშვილის ოჯახი ამ დროს იმდენად მძიმე, შეიძლება ითქვას, პირდაპირ გამოუვალ მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა ( - ეს ჩანს თვით გრიგოლ ორბელიანის ზემოთ მოყვანილი წერილიდანაც), რომ ნ. ბარათაშვილი, ჯერ თითქმის ბავშვი, იძულებული გახდა გიმნაზიის დასრულებისთანავე შესულიყო სამსახურში და თავის თავზე აეღო დიდი ოჯახის დახმარებისა და თითქმის გაძღოლის მძიმე ტვირთი. 1835 წლის 6 ნოემბერს ნ. ბარათაშვილი დაინიშნა მოხელედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანცელარიაში, ნ. ბარათაშვილი ამ დროს 18 წელსაც არ იყო მიწევნილი.

ერთ წერილში, რომელიც წლინახევრის შემდეგ 1837 წლის თებერვალში არის დაწერილი, ნ. ბარათაშვილი გულის ტკივილით მოუთხრობს თავის ბიძას გრიგოლ ორბელიანს, თუ როგორ მოეწყო მისი ცხოვრება მისი სურვილების წინააღმდეგ.

ამრიგად, ნ. ბარათაშვილი გიმნაზიის მერხიდან პირდაპირ კანცელარიაში მოხვდა, და 17-18 წლის ყმაწვილი, იმის ნაცვლად, რომ ჯერ კიდევ შეგირდობის წიგნები სჭეროდა ხელში, იძულებული იყო შესდგომოდა სასამართლოს კანცელარიაში აქტებისა და ოქმების წერას. უარეს პირობებში, როგორც სამართლიანად წერს ერთი მწერალი, იშვიათად ჩავარდნილა პოეტური ტალანტი. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ის ჩინოვნიკური წრე, რომლითაც შემორტყმული იყო ბარათაშვილი კანცელარიაში ყოველდღე, ეს „სტატსკი სოვეტნიკები“ და უბრალო „სოვეტნიკები“, ვინმე ვასილი ილინსკები, ფეოდორ გავრილენკოები და სხვანი, გადმოსულნი «Ha погибельный Kaвкaз» ჩინებისა და ორდენების საძებრად, წარმოვიდგინოთ ბიუროკრატ კანცელარისტთა მთელი ეს შტატი, და ჩვენთვის გასაგები გახდება ერთი უშნო ეპიგრამა, რომელიც ამ ხანებშია დაწერილი ბარათაშვილის შესახებ, სადაც ნათქვამია.

„პალატაში ჯდომითა ხანი მოგმატებია,
ფეოდორის ყურებით სევდა გაგხშირებია...“

რას წარმოადგენდა იმდროინდელი თბილისის საზოგადოება, როდესაც ბარათაშვილი ცხოვრებაში გამოვიდა?

მე-19 საუკუნის 30-იანი და 40-იანი წლები ნამდვილი მკვდარი შტილია ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1832 წლის შეთქმულობის ჩავარდნის შემდეგ საზოგადოებრივი ცხოვრების მაჯისცემა მინელდა. საქართველოს შემოქმედი ინტელიგენცია - გრიგოლ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, სოლომონ დოდაშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, სოლომონ რაზმაძე, ელიზბარ ერისთავი, ე.ი. საქართველოს საუკეთესო კაცები, მთავრობამ 1832 წლის შეთქმულობის შედეგად რუსეთში გადაასახლა. უფრო გვიან, როდესაც გადასახლებულნი თითოთითოდ ჩამობრუნდნენ საქართველოში, ზოგი მათგანი მორალურად უკვე გატეხილი იყო, და, ამას გარდა, არც გარეშე პირობები უწყობდა ხელს საზოგადოებრივი მუშაობის ფართო მასშტაბით განახლებას.

ქართული პრესა, რომელმაც ფეხი აიდგა 1832 წელს, დასაწყისშივე ჩაჰკლეს, და ვიდრე 1852 წლამდე ქართული პერიოდული გამომცემლობა აღარ განახლებულა. საზოგადოებრივი ცხოვრების მოდუნება იქამდე მიდიოდა, რომ ამ თხუთმეტოცი წლის მანძილზე არა თუ პრესა არ არსებობდა, საერთოდ ქართული წიგნი იშვიათად იბეჭდებოდა. არ იყო არც ქართული თეატრი, არც სხვა რაიმე საზოგადოებრივი ხასიათის დაწესებულება.

ასეთი იყო საზოგადოებრივი გარემო, როდესაც ნ. ბარათაშვილს მოუხდა ცხოვრებაში გამოსვლა.

*

გავეცნოთ ბარათაშვილის ყოველდღიურ პროზაულ ცხოვრებას მისი ყმაწვილობის წლებში.

ბარათაშვილი, უკვე 17-18 წლიდან ჩაბმული უმადურსა და მომქანცველს საკანცელარიო მუშაობაში, როგორც ჩანს, მაინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, თუმცაღა, ბუნებრივია, ვერავითარ ზნეობრივ კმაყოფილებას იგი ამაში ვერ პოულობდა. პოეტის მეგობრისა და ერთ დროს მისი თანამოსამსახურის ლევან მელიქიშვილის ცნობით, ნ. ბარათაშვილი იშვიათი ბეჯითი და თავიანი მომუშავე იყო. 1842 წელს, როდესაც პეტერბურგიდან მოვლენილმა სამხედრო მინისტრმა ჩერნიშოვმა და სტატს-სეკრეტარმა პოზენმა რევიზია გაუკეთეს თბილისის დაწესებულებებს, პოზენმა ისე მოიწონა ბარათაშვილის საქმის წარმოება, რომ ამის გამო საგანგებო ბრძანებაც კი გამოიცა.

ერთი ეპიზოდი ბარათაშვილის სამსახურში ყოფნის დროიდან გრიგოლ ორბელიანის ნაამბობის მიხედვით ჩაწერილი აქვს იონა მეუნარგიას. პალატის უფროსს ილინსკის არაფრად მოსწონდა, რომ მისი „სტოლონაჩალნიკი“ ნ. ბარათაშვილი, ცხოვრებაში დარდიმანდი ყმაწვილი კაცი, ასე ბევრს დარბოდა, და ერთხელ რევიზია უყო. მაგრამ რა დაინახა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა, უთხრა. «В таком случае продолжайте бегать, сколько вашей душе угодно».

ეს კაცი ისეთი დიდი აზრისა იყო ბარათაშვილის ნიჭზე და მეტადრე თავის თანამდებობაზე, რომ - იონა მეუნარგიას გადმოცემით - ამბობდა თურმე: «Бapaтов нa моем меcтe бyдет сидеть»...

ირონია ამაზე შორს ძნელად თუ წავა! ბარათაშვილისათვის მოწყალედ იმეტებდნენ კანცელარიის უფროსის პოსტს...

*

კანცელარიის დახუთული კედლებიდან გამოსულს ნ. ბარათაშვილს ტოლ-ამხანაგებში ვხედავთ.

პოეტის მეგობარი კონსტანტინე მამაცაშვილი წერს თავის მოგონებაში:

„იმ დროს თბილისში არავითარი საზოგადო გასართობელი ადგილი არა გვქონდა: არც თეატრები, არც კონცერტები, არც კლუბები. ხშირად შევიყრებოდით ხოლმე ახალგაზრდა ამხანაგები ხან ნიკოლოზ ბარათაშვილთან, ხან ლევან ივანეს-ძე მელიქიშვილთან, ხან სადილად. გარეთუბნის ბაღებში. ჩვენი დროს გატარება იყო. ლაპარაკი მაშინდელს ლიტერატურაზედ, სწავლაზედ, სხვადასხვა ჩვენს გარემოებაზედ... ქართული დარბაისლური მეტყველი ხუმრობა, შექცევა, სიმღერა, ვისაც სურდა ქაღალდს თამაშობდა, ნარდს, ჭადრაკს. ქაღალდის თამაშობაში ხანდახან ნიკოლოზ ბარათაშვილიც მიიღებდა მონაწილეობას, მერმე მეგობრული ვახშამი და ვახშამს შემდეგ სეირნობა მთვარიანს ღამეს ქუჩებში და ზოგჯერ ბაღშიაც. მაშინ მთელი ტფილისი შემორტყმული იყო ბაღებითა, მთელი სოლოლაკის უბანი ბაღები იყო“.

ყმაწვილ პოეტს ვხედავთ გართულს იმდროინდელი ბრწყინვალე საზოგადოების წრეში. თანამედროვეების ჩვენებათა მიხედვით, იონა მეუნარგია გადმოგვცემს:

„ბარათაშვილი გაერთო ამ სოფლის ამაოებას. არა ქორწილი, არა ღამისთევა, არა ყრილობა არ იყო ტფილისის ქართველ საზოგადოებაში, საცა არ ყოფილიყო თავ მომლხენად და შემაქცევრად. ყმაწვილი კაცი, უპირველესი ოჯახის შვილი, მარჯვე, მოსწრებული მოლაპარაკე, მელექსე, მოლეკურე, ყოველგან მომსწრები, ყოველგან შინაური კაცი, ბარათაშვილი შეიქმნა საზოგადოების საყვარელ კაცად...

„მისთვის ყველგან გაღებული იყო კარები: ორბელიანების ოჯახში, მეტადრე მანანა ორბელიანთან, ამ ჩვენებურ მადამ რეკამიესთან,... ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში, ბარათაანთში, ფალავანდიშვილებში, ერისთვიანთში, ციციშვილებში, ბარათაშვილი მუდამი სტუმარი იყო, შემტანი მოძრავის გონებისა, მხიარულებისა. აქ თამაშობდა ის, აქ ლხინობდა, ოხუნჯობდა, არშიყობდა“.2

*

ასეთი იყო ბარათაშვილი, ბრწყინვალე საზოგადოების წევრი. მაგრამ იყო მეორე ბარათაშვილი, რომელსაც ბევრი ვერა ხედავდა, ბარათაშვილი სევდით აღსავსე, სულით ობოლი, რომელსაც დემონი მისი გენიისა იდუმალის ხმით სხვა მსოფლიოსაკენ მიუხმობდა.

ხმა იდუმალი

ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?

რა ვსცან პირველად წუთისოფელი,
დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი
რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის
სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, -
მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!

ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად
სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:
ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვო შენი საშვენი!“
მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,
და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ!

ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი,
ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი?
ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ,
სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ?
რომ ვსცნა მე შენი საიდუმლობა,
როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?...

ამას წერდა პოეტი, 18 წლის ახალგაზრდა, როდესაც იგი პირველად მიუახლოვდა ჯერ კიდევ გამოუცნობელი ცხოვრების ზღურბლს. ხოლო წლების შემდეგ ბარათაშვილი, პოეტურ სიმწიფეში შესული, გამოიხიბლა ცხოვრების ეფემერული ამაოებისაგან, და ამ დროს ამოიცნო მან ეს თავისი განუყრელი დემონი, იდუმალის ხმით მოსაუბრე, როგორც „სული ბოროტი“.

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

განვედი ჩემგან, ჰოი, მაცთურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო,
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაცა მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!

არ იქნება ზედმეტი გავიხსენოთ აქ ერთი ინტიმური წერილი ნ. ბარათაშვილისა, მიწერილი მის საყვარელ დობილთან, მაიკო ორბელიანთან, რომელსაც პოეტი უშლიდა თავის გულს. ბარათაშვილი სწერს ამ წერილს ერთი საღამოს წვეულების შემდეგ, სადაც პოეტმა ბრწყინვალე საზოგადოების ნაცნობთა მხიარულ შეკრებილობაში გაატარა დრო.

„მე, სწორე გითხრა, მეტად გავმხიარულდი, სრულიად უმიზეზოდ, უანგარიშოდ, ისე, მეც არ მოველოდი...

„მაგრამ სულ ამაოა ჩემთვის. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი... არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი, და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!.. ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცის წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული...“

პოეტი ამთავრებს სიტყვებით:

„დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა, აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან...“

ნიკოლოზ ბარათაშვილი ადრე მომწიფდა როგორც პოეტი. 15 წლისა იგი იყო ავტორი ლექსისა „შემოღამება მთაწმიდაზედ“. 1839 წელს, 21 წლისა, აქვეყნებს პოემას „ბედი ქართლისა“. 24 წლის ბარათაშვილი არის ავტორი „მერანი“-სა და უბრწყინვალესი ლირიკული ლექსებისა.

ბარათაშვილის ტალანტმა თავიდანვე მიიპყრო ლიტერატურული წრეებისა და საზოგადოების ყურადღება. „უზადო პოეტი“- შეფასება, რომელიც ისტორიამ გაიზიარა, თვით პოეტის სიცოცხლეში იყო წარმოთქმული. იმ დროის ლიტერატურული სალონები - ალექსანდრე ჭავჭავაძისა, მანანა ორბელიანისა, - ადრევე უქმნიან ნიკოლოზ ბარათაშვილს სახელს. ბარათაშვილის ზოგი ლირიკული ლექსი პოეტის სიცოცხლეში გადატანილი იყო მუსიკაზე და სამღერალოდ ქცეული. ბარათაშვილის გავლენა განიცადა თვით მე-18 საუკუნის პოეზიის ტრადიციების გამგრძელებელმა, უხუცესმა პოეტმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, რომლის „გოგჩის ტბა“, 1841 წელს დაწერილი, ატარებს გავლენას ბარათაშვილის პოეზიისას, კერძოდ, ლექსისა „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ (1837 წ.). ბარათაშვილის დიდ ტალანტს აღიარებდა ქართული პოეზიის მეორე მეტრი - გრიგოლ ორბელიანი. მესამე უფროსი თანამედროვე ბარათაშვილისა, დრამატურგი და პოეტი გიორგი ერისთავი აგრეთვე მოხიბლული იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის ნიჭით. უფრო გვიან გიორგი ერისთავი ასე დასტიროდა უდროოდ გარდაცვლილ ნიკოლოზ ბარათაშვილს, „ყოვლის სიკეთით აღსავსე მამულიშვილს“:

„რა მიგვეფარე, ცას შევსცქერი, რა დღე ბნელდების,
უყურებ, ტატო, რა ვარსკვლავად გამობრწყინდების!
თითქოს გხედავ შენ მოარულსა რძისა გზაზედან.....“ 3

ხოლო 1832 წლის შეთქმულობის ძველი ვეტერანი ალექსანდრე ორბელიანი წერდა:

„სად არის საქართველოს იადონი? იმისი კვერცხი ჯერ არ არის გადაჭრილი, დრო კი არის გამოიჩეკოს. ფრინველთ ჟრიამული ყველგან ისმის. ვნახოთ ამის შესხმა ვის ეკუთვნის, ამის ჰაზრსა ვინ აიღებს?

„ცოდო არ არის ეხლა შორს გზაზედ იყო, შენ, კაცის გულის გამომთქმელი სინაღვლისა, შენ, ჩვენი საქართველოს უზადო პოეტო, ყმაწვილო კაცო, ნიკოლოზ ბარათაშვილო!.. რომელმა მსაჯულობამ წაიღო ეგ შენი სხივმოსხმული ნათელი სული პოეტობისა?..

„ეხლა იყო დრო, ეხლა სრულს ჰაზრსა აიღებდა პოეტობისას ის! ეხლა მის პატარას ლამაზს თავზედ მამულის პოეტობის ბრწყინვალეს გვირგვინს დაადგამდნენ კარგნი ქართველნი წყნარი ქალები, მოწიწებით მოკრძალულნი, იგი შვილნი მამაცთა, შენ, ქართველების მომავალო, დიდო პოეტო!.. შენა წევხარ უნაკლულოს პოეტების საგალობელს კუბოს ჩანგში, გენიის ღმერთა, შენს ძილსა მშვიდობასა უალერსებს, შენსა მილულებულს თვალებს ჰკოცნის უმანკოს და წრფელის გულით.

„ახ, უდროვო იყო ესე ძილი... ობლობისა ცრემლსა იხოცს შენს საფლავზედ საქართველო!“4

*

ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კაცი იქცა ცენტრად თავისი დროის ლიტერატურული და საზოგადოებრივი ცხოვრებისა; მის გარშემო თავს იყრიან როგორც ახალი, ისე ძველი თაობის მწერლები და ლიტერატურის მოყვარულნი.

იონა მეუნარგიას, პოეტის თანამედროვეთა ჩვენების მიხედვით, მოხსენებული ჰყავს ბარათაშვილის გარშემო შემოკრებილი ლიტერატურული წრე, - „მწერლობის მოყვარე პირნი, რომელნიც ხვდებოდნენ სხვადასხვა დროს. ესენი იყვნენ: ზ. ავთანდილაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, მიხეილ თუმანიშვილი, გიორგი ერისთავი, ლევან მელიქიშვილი, პლატონ იოსელიანი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, კონსტანტინე მამაცაშვილი... ზოგიერთი ქართული მწერლობის მოყვარე პოლონელი, როგორიც იყო ზაბლოცკი (თადეუშ ლადი-ზაბლოცკი, ცნობილი პოლონელი პოეტი, საქართველოში გადმოსახლებული), სვიმონ მაჩაბელი, ლუკა ისარლიშვილი და სხვანი. ესენი არ შეადგენდნენ ერთს მჭიდრო წრეს, არ წარმოადგენდნენ ერთ სამწერლო იდეას, მაგრამ ამათში ქართული მწერლობის სიყვარული დიდი იყო...“

„ბარათაშვილი მოთავე იყო ამ საზოგადოებისა, - გადმოგვცემს იონა მეუნარგია. - ყოველთვის, როდესაც ან შემთხვევა მოიტანდა, და ზემოთნახსენებნი პირნი ერთად სადმე შეიყრებოდნენ, ან საგანგებოდ შეიკრიბებოდნენ, საზოგადო მსჯელობა ამ ქართველ ყმაწვილკაცებისა იყო ქართულს მწერლობაზე და ისტორიაზე. ასე ამბობს ორივე ბარათაშვილის ცხოვრების აღმწერი, ასევე გამიგონია პოეტის ნაცნობ-ნათესავთაგან, და არა მგონია, რომ ეს სიტყვები დანაყბედი იყოს“.5

ლიტერატურული წრე, რომელსაც სათავეში ედგა ნიკოლოზ ბარათაშვილი, უფრო ხშირად თავს იყრიდა დიმიტრი ყიფიანისა და მანანა ორბელიანის ოჯახებში.

დიმიტრი ყიფიანი წერს ზემოთ ციტირებულ ერთ კერძო წერილში:

„... მეგობრები იცნობდნენ ბარათაშვილს როგორც საუცხოო ამხანაგს, რომელიც ყოველთვის აცოცხლებდა საუბარს, იცინოდა, აცინებდა, ენამახვილობდა, ერთობოდა და იპყრობდა ხანდახან ყველას ყურადღებას თავის ნაწარმოებებით.

მისი მოასაკენი ყველაზე ხშირად ჩემთან იკრიბებოდნენ, აქ იყო ხოლმე იგი განსაკუთრებით თავის კალაპოტში.

ტატოს პოეტური ნიჭი ამ წრეში განვითარდა; აქ იგი კითხულობდა პირველად თავის ლექსებს; აქ იგი ისმენდა შენიშვნებს, რასაც თითოეული გამოთქვამდა გულწრფელად... ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს შენიშვნები ეხებოდა მხოლოდ იმას, რაც ხელს შეუწყობდა აზრის გარკვევას, ან უფრო რელიეფურად გამოთქმას“.

ამავე სალიტერატურო წრის შესახებ სწერდა ნიკო ბარათაშვილი გრიგოლ ორბელიანს 1841 წელს (18/30 ოქტომბერს):

„ლიტერატურა ჩვენი, ღვთით, დღე-და-დღე შოულობს ახალთა მოყვარეთა... ეს საზოგადო სული ბუნებითის ენის ტრფიალებისა ყმაწვილთ კაცთ შორის აღმოაჩენს, რომ ქართველთ არ სძინავთ გონებით!“

ბარათაშვილის სალიტერატურო წრე 1841 წელს შეუდგა მზადებას გამოსაცემად ალმანახისა „ცდა“, მაგრამ იმხანად ეს გამოცემა ვერ განხორციელდა.

უფრო გვიან, ბარათაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოსული ჟურნალი „ცისკარი“ არის ამ სალიტერატურო წრეში ადრიდან დაწყებული მოსამზადებელი მუშაობის ნაყოფი 6.

ამავე სალიტერატურო წრეში მზადდებოდა აგრეთვე ნიადაგი მუდმივი ქართული თეატრის დასაარსებლად7. რეპერტუარის შევსების მიზნით წრის წევრები შედგომიან ევროპელ ავტორთა პიესების თარგმნას. ნიკო ბარათაშვილი სწერს გრიგოლ ორბელიანს იმავე 1841 წლის 28 მაისს (9 ივნისს):

ჩვენმა ლიტერატურამ ორი კარგი თარგმანი იშოვა; ყიფიანმა (იგულისხმება დიმიტრი ყიფიანი) გადმოთარგმნა „რომეო და ჯულიეტა“, შექსპირის ტრაღედია, და მე ვთარგმნე „იულიუს ტარენტელი“, ტრაღედია ლეიზევიცისა: თუ წაგიკითხავს „ბიბლიოთეკაში“ იყო დაბეჭდილი. მე ძალიან მომეწონა და ჩვენმა განათლებულმა ქალებმა, ასე გასინჯე, იტირეს“.

საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ არ არის არც ერთი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი საქმე, წამოწყებული ამ დროს საქართველოში, რომელსაც ნ. ბარათაშვილი არ ხელმძღვანელობდეს, ან რომელშიაც იგი ახლო მონაწილეობას არ იღებდეს. ნ. ბარათაშვილი, როგორც ირკვევა, არის ნამდვილი ლიდერი იმდროინდელი გონებრივი მოძრაობისა საქართველოში.

ცალკეა აღსანიშნავი, რომ წმინდა ლიტერატურული საკითხების გვერდით ნ. ბარათაშვილის მხედველობის არეშია მოქცეული აგრეთვე საკითხები საქართველოს წარსულის მეცნიერული შესწავლისა, რასაც პოეტი, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველი ხალხის ეროვნული გათვითცნობიერების საქმისათვის.

ნ. ბარათაშვილი დიდ მზრუნველობას იჩენდა საქართველოს ისტორიული წარსულის შესწავლის საქმის წარმატებისათვის. ხელს უწყობდა ამ დარგში წარმოებულ ყოველგვარ მუშაობას.

მაგრამ გარდა იმისა, რომ ნ. ბარათაშვილი ზრუნავდა ამ საქმისათვის, როგორც საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი, თვით ნ. ბარათაშვილი არ ყოფილა ამ დარგში მხოლოდ უბრალო ხელშემწყობი, არამედ საქართველოს ისტორიის საკითხები, ჩანს ადრიდანვე გამხდარა მისთვის გაღრმავებული შესწავლისა და დაკვირვების საგანი. ნ. ბარათაშვილი, როგორც ირკვევა, არ იყო მ დარგში მხოლოდ მოყვარული - დილეტანტი, არამედ მართლა საფუძვლიანი ცოდნით ყოფილა აღჭურვილი. ამას ბევრი რამ ადასტურებს.

აღსანიშნავია ამასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი მეცნიერი მიხეილ ბარათაევი, ავტორი მონუმენტალური ნაშრომისა «Hyмизматическиe факты Грузинскогo царствa“, ერთ წერილში 1846 წლის 20 სექტემბრის თარიღით (როდესაც მიხეილ ბარათაევმა ჯერ კიდევ არ იცოდა პოეტის გარდაცვალება), სწერდა ნ. ბარათაშვილის მამას მელიტონს: „მეტისმეტად გამახარებდა ჩვენი საერთო საყვარელი ნიკოლოზ მელიტონის ძე ( - საუბარია ჩვენს პოეტზე), თუ იგი შეავსებდა თავისი უხვი ცოდნითა და ნიჭით თავისი მოხუცი პაპის (ე.ი. თვით მიხეილ ბარათაევის) პირველ ნაშრომს“ (- იგულისხმება ზემოთ დასახელებული შრომა)8.

მიხეილ ბარათაევი (1784-1856), შთამომავალი ვახტანგ VI-ის დროს (მე-18 საუკუნეში) რუსეთში გადასახლებული ემიგრანტისა, რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, ყოფილი დეკაბრისტი, ფართო ევროპული განათლების მქონე ადამიანი, 1839-1844 წლებში საქართველოში იყო ჩამოსული. ნიკოლოზ ბარათაშვილსა და მიხეილ ბარათაევს შორის ამ დროს ახლო მეგობრობა დამყარებულა (პოეტი უძღვნის მიხეილ ბარათაევს ლექსს: „საფლავი მეფის ირაკლისა“). მიხეილ ბარათაევი თავის სამეცნიერო მუშაობაში, რომელსაც იგი საქართველოში აწარმოებდა, ჩანს, ბევრით არის დავალებული ნიკოლოზ ბარათაშვილისაგან.

ირკვევა ამას გარდა, რომ ნ. ბარათაშვილი თანამშრომლობას ეწეოდა პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიასთან, სადაც ამ დროს ცნობილი ქართველი მოღვაწისა და მეცნიერის თეიმურაზ ბატონიშვილის ინიციატივით მოწვეული იყო აკადემიკოსი მარი ბროსე, რომელიც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ისტორიული წარსულის შესწავლის საქმეს და რომელმაც ასე ბევრი გააკეთა საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის დარგში.

ნ. ბარათაშვილის ურთიერთობა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წრეებთან ძველი ქართული მწერლობის ისტორიის საკითხთა გამო ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს.

1842 წელს თბილისში ჩამოვიდა მარი ბროსეს კოლეგა მეცნიერებათა აკადემიის მუშაკი ადიუნკტი იული ფრიჩე, რომელსაც ბროსესაგან დავალებული ჰქონდა ქართული წიგნებისა და ძველ-ქართული ხელნაწერების შეძენა.

მოხსენებაში, რომელიც წარდგენილი იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ-ლიტერატურულ განყოფილებაში 1843 წლის 13 იანვარს, ფრიჩე წერს:

„ბატონ კოლეგა ბროსეს დავალებით თბილისში ყოფნისას შევეცადე ქართული წიგნები შემეძინა...

ხელნაწერები, რომელთაგან, როგორც ცნობილია, შესდგება ქართული ენის მწიგნობრული სიმდიდრე, როგორც მითხრეს, მხოლოდ იშვიათად და გამონაკლისის სახით იყიდება და მათი შეძენა შეიძლება მარტო პირების გადაღების გზით.

ერთმა ქართველმა პოეტმა, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც მე თბილისში მქონდა, თავადმა ბარათაშვილმა, თანხმობა განაცხადა, თუ ეს აკადემიისათვის სასურველი იქნება, პირველად დაემზადებინა ნუსხა მისთვის ცნობილი ხელნაწერებისა, და შემდეგ, იმის მიხედვით, რასაც აკადემია ამოირჩევდა, დაემზადებია მათი პირები. ვეშურები ვაცნობო ეს აკადემიას“.9

აღსანიშნავია, რომ ამგვარ სპეციალურ საკითხზე ურთიერთობას ამყარებენ არა იმ პირებთან, რომლებიც ქართული ისტორიისა და ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლის დარგში სპეციალურად მუშაობდნენ, არამედ პოეტ ნ. ბარათაშვილთან, რომელიც, ჩანს, ყველაზე დიდ ავტორიტეტად ითვლებოდა ამ დარგში. ეს რაც შეეხება ნ. ბარათაშვილის ურთიერთობას პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წრეებთან.

აღსანიშნავია ამას გარდა, რომ უფრო ადრე, როგორც ჩანს 1838 წელს, ნ. ბარათაშვილის ინიციატივით თბილისში დაწყებულა მუშაობა საქართველოს ისტორიის საკითხავი წიგნის შედგენაზე, რომლის დამუშავებაში ჩაბმულან წევრები იმ სალიტერატურო წრისა, რომელიც ნ. ბარათაშვილის გარშემო იკრიბებოდა.

მოგვყავს აქ მეტად საყურადღებო მოგონებანი ბარათაშვილის ამ სალიტერატურო წრის წევრისა, პოეტის მეგობრის კონსტ. მამაცაშვილისა.10

„ხშირად შევიყრებოდით ხოლმე ახალგაზრდა ამხანაგები... გვქონდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ. ერთს საღამოს ბარათაშვილის სახლში გადავწყვიტეთ, რომ რადგანაც არა გვაქვს ქართული რიგიანი ისტორია, გავიყოთ მე-4 საუკუნიდან დაწყებული, თითომ თითო საუკუნე აიღოს და შეადგინოს ისტორია ამ საუკუნისა. პლ. იოსელიანს მიანდვეს დაწერა ძველის საუკუნეების ისტორიისა ქრისტეს წინათ და შემდეგ მე-5 საუკუნემდისინ 11 მაშინ ძნელი იყო ამისთანა საქმის აღსრულება, რადგანაც მშრომელნიც ცოტანი ვიყავით და საქართველოს ისტორიის მატიანეები დაფანტული იყო, არ იყო ჯერ შეკრებილი არც ძველი საეკლესიო გუჯრები, არც ბევრი საინტერესო გრამატები თავადების და აზნაურების სახლებში, მარტო მატიანედ იყო „ქართლის ცხოვრება“. „მახსოვს, - განაგრძობს თავის მოგონებას კონსტ. მამაცაშვილი-1838 წელს მე და ტატო წავედით სასეირნოდ გარეთ-უბანს. ტატო ძალიან მხიარულად იყო და თავისებურად მშვენივრად ხუმრობდა. მერმე ჩამოვარდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ და ტრაგიკულს დასასრულზედ 18-ის საუკუნისა მეფის ირაკლის მოხუცებულობის გამო, უღონობაზედ, ჩვენის ტფილისის წახდენაზედ 1795 წელს 12 სექტემბერს და სხვ.

„ამ ლაპარაკის დროს ნიკოლოზს, ყოველთვის მოცინარსა და მხიარულს, სახე გამოეცვალა, დაიწყო ხელსახოცით ცრემლების წმენდა და აღელვებულმა მითხრა:

„- ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა! - და ოხვრით დაუმატა: - ვაი ჩვენო ქართლის ბედო!

დიდხანს დავდიოდით თავჩაღუნული და მოწყენილი“.

________

1. გრ. ორბელიანის წერილები (აკ. გაწერელიას რედაქციით), I, გვ. 28.

2. ი. მეუნარგია, გვ. XXIV-XXV.

3. „რძის. გზა“ - ვარსკვლავთა კრება ( - „ირმის ნახტომი“-ს სახელით ცნობილი).

4. ალ. ორბელიანის ნაწერები, 1879 წ., გვ. 252-253.

5. იხ. იონა მეუნარგია, გვ. XL - XLII.

6. იხ. იონა მეუნარგიას ჩანაწერები, გამოქვეყნებული ს. ცაიშვილის მიერ (ლიტერატურული მატიანე, 1-2, 1940, გვ. 387).

7. იხ. იქვე (გვ. 387).

8. იხ. წერილი მიხეილ ბარათაევისა, დაბეჭდილი ნ. ბარათაშვილის თხზულებათა 1922 წლის გამოცეაში, გვ. 144-145.

9. იხ. პუბლიკაცია მიხ. ჩიქოვანისა, გაზ. „კომუნისტი“, 1945 წ., № 112.

10. გაზ. „დროება“, 1881 წ., №206.

11. დაბეჭდილია „მე-5 საუკუნიდან“. მაგრამ აქ, ჩანს, არის ან კორექტურული შეცდომა, ან კალმის ლაფსუსი. მზღვარი არის მე-4 საუკუნე (ქრისტიანობის დამკვიდრება საქართველოში მირიან მეფის დროს). რომ ბარათაშვილის ჯგუფს საქართველოს ისტორიის დამუშავება დაუწყია მე-4 საუკუნიდან, მირიან მეფის ხანიდან, ამას კერძოდ ადასტურებს ნ. ბარათაშვილის ფსევდონიმი „მირიან ივერი“ (ამ საკითხს ვეხებით ცალკე შენიშვნაში). პლატონ იოსელიანისათვის კი მიუნდვიათ საქართველოს ძველი ისტორიის დაწერა უძველესი დროიდან ქრისტიანობის დამყარებამდე.

12. იხ. წინა შენიშვნა.

VII პიროვნული

ნ. ბარათაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ ჩვენ ცოტა ვიცით.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ პოეტის პირველი ბიოგრაფები და მემუარისტები უგულისყუროდ მოეკიდნენ პოეტის პირად ცხოვრებას და თუკი შეჰხებიან მას, მხოლოდ ზოგადი ფრაზებით დაკმაყოფილებულან. მაგრამ პოეტის პირადი მსოფლიო ჩვენთვის მაინც არ არის მთლიანად დაფარული. ჩვენ გაცილებით მეტს გავიგებთ პოეტის სულიერ სამყაროზე და პირად ცხოვრებაზედაც, თუ პოეტის ლირიკას გულისხმიერად გადავიკითხავთ. ბარათაშვილის ლირიკულ ლექსებში, და ნაწილობრივ მის წერილებში, მოცემულია უფრო მართალი და სრული, მღელვარებით აღსავსე ისტორია ნ. ბარათაშვილის სულიერი ცხოვრებისა, ვიდრე ამას მისი ბიოგრაფების უფერულ გაუპიროვნებულ ქრონიკაში ამოვიკითხავთ.

საჭიროა ამოხსნილ იქნას პოეტური შიფრი, ამოცნობილ იქნას ის პიროვნული აქცენტი, რომელიც მოცემულია ბარათაშვილის ლირიკული ლექსების ერთ რიგში.

ჩვენ აქ შევჩერდებით ტრაგიკულ რომანზე ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძისა, რამაც, როგორც ირკვევა, დიდი გავლენა იქონია პოეტის შემოქმედებაზე. ეკატერინეს სახით შთაგონებულია მთელი წყება ნ. ბარათაშვილის ლირიკული ლექსებისა.

ეკატერინე ჭავჭავაძე იყო იმ ოჯახიდან, რომელსაც სამართლიანად უნდა მიეკუთვნოს სახელი - ქართული პოეზიის მუზათა სადგური.

ეკატერინე იყო ქალი განთქმული პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძისა. განგებამ ყველა საჩუქარი უხვად გაიმეტა ამ ქალისათვის. ეკატერინე ყოფილა განსაკუთრებული სილამაზისა, რაზედაც აღტაცებით მოგვითხრობენ ყველა თანამედროვენი, არტისტული განათლებით, ამასთან გონებამახვილი, თან მშვენიერი მომღერალი და დამკვრელი.

მე-19 საუკუნის მეორე მეოთხედში ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახის გარშემო იკრიბებოდა ქართული გონებრივი ელიტა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონში ბრწყინავდა მისი ორი ქალი, ეკატერინე და უფროსი დაი ეკატერინესი - ნინო.1 აქვე ხშირად შეხვდებოდით მანანა ორბელიანს.

გრიგოლ ორბელიანის ახლად აღმოჩენილ ნაწერებში - (იხ. გრიგოლ ორბელიანის ნაწერთა კრება, რომელიც ჩამოართვეს პოეტს დატყვევების დროს 1832 წლის შეთქმულობაში მონაწილეობის გამო) - დაცულია ეპისტოლარული მხატვრული ესკიზი, სათაურით: „ნინო, ეკატერინა, მანანა“, სადაც პოეტს ეს სამი უმშვენიერესი ქალი სამი გრაციის სახით ჰყავს წარმოდგენილი.

გრიგოლ ორბელიანს ამ სამებიდან უყვარდა ნინო ჭავჭავაძისა, უფროსი დაი ეკატერინესი. ნინო, პოეტ გრიბოედოვის მეუღლე, ადრე დაქვრივდა. მან მოხიბლა გრიგოლ ორბელიანი. იგი ჩვენი პოეტისათვის ნამდვილი მუზა იყო, მან შთააგონა გრიგოლ ორბელიანს მთელი რიგი ლექსებისა. პოეტს სიკვდილამდე შერჩა მისი სიყვარული. 1832 წლის შეთქმულობის შემდეგ უცხოეთში გადასახლებული გრიგოლ ორბელიანი ნინოს წერილებს „ნაწილებსავით (ვით სიწმიდეს) უბეში ატარებდა და „დაუჯდომელის“ (საგალობელის) მაგიერ ჰკითხულობდა“.

გრიგოლ ორბელიანი, უკვე ღრმა მოხუცებაში მყოფი, 73 წლისა, იგონებს ნინოს, ეკატერინეს და მანანას საზოგადოებას, და ერთ წერილში, რომელიც მიწერილია ეკატერინესადმი 1877 წელს, სხვათა შორის შემდეგსა წერს:

„მაგონდება თქვენი ბრწყინვალე ყმაწვილ-ქალობა და მასვე დროს სხვანიცა მრავალნი, დახატულნი სილამაზითა, მიმზიდველნი მაღალ-ზრდილობით, გულის სიწმინდით. მართლაც მეტად კარგი დრო იყო, სავსე მხიარულებითა, უზრუნველობითა, და ამასთანა საითაც შეჰხედავდით, უთუოდ იყო ვინმე მშვენიერი, და ამის გამო ხშირად ვამბობდით ძველებურს სავათნავას ლექსსა: „ნეტა რომელს ვენაცვალო, განა რამდენი თავი მაქვს?“. ხშირად მაგონდება ის დრო, თქვენი დრო, მეტად ლამაზი დრო, ჩემის აწ დაბერებულის გულის გასამხიარულებლად, გასაყმაწვილებლად. ღმერთმან გიშველოსთ, მეტად კარგები იყავით, და ეხლაც ჩემი თავი მიმაჩნია ბედნიერად, რომ მეც თქვენს საზოგადოებაში ვიქცეოდი და მას ვეკუთვნოდი. თქვენ გამომიყვანეთ მე კაცად, პოეტად, და ახლაც თქვენვე ხართ ჩემი ნუგეშისმცემელი“.

ხოლო 1882 წელს, როდესაც გარდაიცვალა ეკატერინე, გრიგოლ ორბელიანი შემდეგი სიტყვებით დასტირის ეკატერინესა და მისი დროისა და წრის სხვა ქართველ ქალთა სახსოვარს (- წერილი ანასტასია ჩერქეზიშვილისადმი 1882 წლის 23 აგვისტოს თარიღით)2:

„კნეინა ეკატერინა მენგრელიისა გარდაიცვალა გორდსა 13 აგვისტოს. განვიდა ესეც წარსულისა დროისა საქართველოს მშვენიერება, დედუფლად დაბადებული. ვინცა შეხედავდა, მაშინვე უნდა მდაბლად თავი დაეკრა!.. ჩემო ტასო, ბნელდება საქართველო!“

*

ნიკოლოზ ბარათაშვილი და ეკატერინე ბავშვობიდანვე თანშეზრდილნი იყვნენ და წლოვანებითაც ტოლები.

ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მელიტონ ბარათაშვილის ოჯახები, როგორც თანამედროვენი გადმოგვცემენ, განსაკუთრებით დაახლოებულნი ყოფილან. ბარათაშვილის ბიოგრაფი კონსტ. მამაცაშვილი, იმ პირთა შორის, რომელთაც მეგობრობა ჰქონდათ მელიტონ ბარათაშვილის ოჯახთან, პირველად ალექსანდრე ჭავჭავაძეს მოიხსენიებს. პოეტის დაი ბარბარე ვეზირიშვილისა აგრეთვე აღნიშნავს თავის მოგონებაში, რომ მელიტონის ოჯახს „განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახთან“.

შემდეგ, როცა ნიკო ბარათაშვილი დავაჟკაცდა და საზოგადოებაში გამოვიდა, იგი, რასაკვირველია, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ყოფილიყო მიღებული ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონში. ნიკო ბარათაშვილი თბილისის ერთი უწარჩინებულესი ოჯახის შვილი იყო. ამასთან, ბუნებრივია, რომ ისეთს არტისტულს წრეში, როგორიც იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი, დიდად აფასებდნენ ბარათაშვილის პოეტურ ტალანტს. შენახულა გადმოცემა, რომ ბარათაშვილმა თავისი პოემა „ბედი ქართლისა“ პირველად ალ. ჭავჭავაძის სახლში წაიკითხა, 1839 წელს.

კერძოდ ეკატერინე, როგორც ირკვევა, ნ. ბარათაშვილის პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა, რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი.

*

რომ ბარათაშვილი გატაცებული იყო ეკატერინეთი, ამის შესახებ შენახულა ცნობა პოეტის მეგობრის ლევან მელიქიშვილისა. ლევან მელიქიშვილს უამბნია იონა მეუნარგიასთვის, თუ როგორ დაწერა ბარათაშვილმა ლექსი „საყურე“. იონა მეუნარგიას ეს ცნობა შემდეგნაირად აქვს ჩაწერილი:

„ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი.

„ - ლევან, ლევან! გავგიჟდი! მეტი აღარა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურეს თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს“. და ამ საღამოს დასწერა სახსოვრად ლექსი „საყურე“ 3.

ნ. ბარათაშვილისა და ეკატერინეს რომანის ისტორია დაშიფრულია ნ. ბარათაშვილის ლექსების მთელ რიგში. ამავე რომანს შუქსა ჰფენს აგრეთვე ნ. ბარათაშვილის ერთი წერილი, რომლის მნიშვნელობა და მასში ნაგულისხმევი ამბავი დღემდე ამოცნობილი არ იყო.

ჩვენ მოგვიხდება დაკვირვებული თვალით გადავიკითხოთ ნ. ბარათაშვილის ლირიკული ლექსების ერთი ციკლი 1839-1841 წლებისა და ამოვხსნათ ამ ლექსებში მოცემული პიროვნული აქცენტი.

ნ. ბარათაშვილის და ეკატერინეს რომანტიული ისტორია ასე წარმოგვიდგება.

ნ. ბარათაშვილი და ეკატერინე, როგორც მოვიხსენეთ, ბავშვობიდანვე თანაშეზრდილნი იყვნენ. ნიკო ბარათაშვილსა და ეკატერინეს, ჩანს, ჯერ კიდევ ბავშვობის დროიდანვე აერთებდათ ახლო მეგობრობა. ნ. ბარათაშვილი ერთ წერილში, რომელიც, როგორც ირკვევა, ეკატერინეს ეხება, და რომელიც ეკატერინესთან განხეთქილებისა და დაშორების შემდეგ არის დაწერილი, შემდეგსა წერს ეკატერინეს შესახებ:

„ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას, და ვიდრემდის სრულიად გადაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი“.

ნ. ბარათაშვილის ეს ბავშვური მეგობრობის გრძნობა ეკატერინესადმი შემდეგ სიყვარულით შეცვლილა.

ბარათაშვილის გატაცება ეკატერინეთი, ჩანს, დაწყებულა 1838-1839 წლებში, როდესაც პოეტი 21 წლისა იყო. ერთი წყება ნ. ბარათაშვილის ლექსებისა, რომლებიც მიძღვნილია ეკატერინესადმი, დათარიღებულია 1839 წლით. ეს ლექსებია: „თავადის ჭავჭავაძის ასულს ეკატერინას“ („ხმით მშვენიერით“) და „საყურე“ („ვითა პეპელა“).

როგორი იყო ამ რომანის პერიპეტიები, ამის შესახებ ჩვენ ცოტა ვიცით.

მაგრამ პოეტის გრძნობა რომ არ დარჩენილა უპასუხო, ამას გვიჩვენებს ლირიკული აღსარება პოეტისა, და აგრეთვე პოეტის ერთი წერილი, რომელზედაც ქვემოთ გვაქვს საუბარი.

1839 წელს ეკატერინე გაათხოვეს სამეგრელოს მთავარ დავითზე. ეს იყო, ჩანს, ანგარიშის ქორწინება, ჭავჭავაძიანთ ოჯახი უნათესავდებოდა საქართველოს უწარჩინებულეს გვარეულობას, საქართველოს უკანასკნელ მფლობელ მთავართა სახლს, ეკატერინე დედოფალი ხდებოდა.

ეს ქორწინება, გარეგნულად ბრწყინვალედ გადახდილი, სინამდვილეში არ ყოფილა ბედნიერი.

ეკატერინე გულმოკლული დამორჩილებია თავის ბედს.

შენახულა თანამედროვის ცნობა, რომ ქორწინების დროს სევდაშემოყრილ ეკატერინეს გული შესწუხებია, რასაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოუწვევია 4.

შემდეგაც დავით სამეგრელოს მთავარი და ეკატერინე ერთმანეთისათვის უცხონი დარჩენილან.

ერთი თანამედროვე ავტორი ეკატერინესა და დავითის დამოკიდებულების შესახებ წერს: «Oн (владетель Мингрелии Давид) все более и более удалялся от всяких развлечений, и тогдашняя хроника говорила, что он почему-то охладел к своей жене», ერთადერთ ნუგეშს ეკატერინე პოვებდაო თბილისში, - წერს იგივე ავტორი. «Единственноe paзвлeчeние она (Eкaтepинa) нaходила в редких посещениях Тифлиса и родных».

1840 წელს ეკატერინე ჩამოვიდა თბილისში. ამ დროს ისევ განახლებულა მეგობრობა ნ. ბარათაშვილისა და ეკატერინესი. ამ დროს ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის ლექსების მთელი წყება, რომლებიც ამ მეგობრობით არის შთაგონებული, რომელთაც პოეტი ეკატერინეს მიუძღვნის.

მგოსანი უძღვნის სატრფოს მაღალი რომანტიული გრძნობით აჟღერებულს სიყვარულის საგალობელს:

არ უკიყინო, სატრფოო,
შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს
უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი
ჩემთ დღეთა გარსა მოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე,
რომ დილა უფრო ვაცხოვლო...

მინდა შენ იყო, სატრფოო,
მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო შავარნო,
მდელო, სიცხითა დამჭკნარი.

ნუ თუ ამ სულის წადილსაც
ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ მზეც უსხივუცეცხლოდ
შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;

მაშინ ვარდიცა განთიადს
ვერღარა გარდაიშალოს
და ცისა ცვარმან მდელოი
არღა-რა გააბიბინოს.

მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა
ბანოვანთ მიემსგავსები!
მაშ რად ერჩევი მათ შორის
და ციურთ დაედარები?...

მაგრამა მშვენიერება
გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,
და ჩემთა გრძნობათ შენდამი
ვერ დასდვან კაცთა სახელი!

ეკატერინეს და ნ. ბარათაშვილის მეგობრობა გაგრძელებულა 1840-1841 წლები.

1841 წლის ბოლოს მომხდარა განხეთქილება ეკატერინესა და ნ. ბარათაშვილს შორის. არა ჩანს კარგად, რას გამოუწვევია განხეთქილება. პოეტი ბრალსა სდებს ეკატერინეს, უჩივის მას ორპირობას. ერთ წერილში, რომელიც, როგორც ირკვევა, ეკატერინეს ეხება, პოეტი შემდეგს წერს ეკატერინეს შესახებ:

„ვინც მაღალი გრძნობისა მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო... ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა“

ასეთი იყო პერიპეტიები ამ რომანტიული ისტორიისა, რომელმაც დიდი სულიერი დრამა განაცდევინა პოეტს.

*

ამას შემდეგ ჩვენ გავეცნობით ნ. ბარათაშვილის ლექსებს, რომლებიც მას ეკატერინესადმი მიუძღვნია.

ეს ლექსებია:

1. „თავადის ჭ(ავჭავაძის ასულს ეკ(ატერი)ნას“-1839 წ.

2. „საყურე“-1839 წ.

3. „... ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“-1839 წ. რომ მესამე ლექსი „... ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“ მიძღვნილია ეკატერინესადმი, ეს შემდეგის მიხედვით ირკვევა.

1840 წელს, როგორც მოხსენებული გვქონდა, ეკატერინე სამეგრელოდან თბილისში ჩამოვიდა. 1841 წელსაც ეკატერინე თბილისში იმყოფებოდა. 1841-ში ნ. ბარათაშვილს ეკატერინესთვის მიუძღვნია თავისი ხელით გადაწერილი ლექსთა კრებული. აი ამ კრებულში, და მხოლოდ ამ კრებულში, მოიპოვება ეს ლექსი. უნდა გვახსოვდეს. რომ ბარათაშვილისაგან ჩვენამდე მოღწეულა მთელი რიგი კრებულებისა, რომლებიც პოეტს თავისი მეგობრებისათვის გადაუწერია; მოიპოვება აგრეთვე პოეტის კრებულიდან გადმოღებული პირები, დაცულია აგრეთვე პოეტის ცალკეულ ავტოგრაფთა კოლექციებიც. მაგრამ არც ერთ კრებულში, არც ერთ კოლექციაში, გარდა ეკატერინეს პირადი კრებულისა, ეს ლექსი შეტანილი არაა. ცხადია, პოეტს ეს ლექსი, მიძღვნილი ეკატერინესადმი, იმდენად ინტიმურად მიაჩნდა, რომ არ დაუნახავს შესაძლებლად მისი გადაწერა სხვა კრებულებში.

ამ ლექსის ინტიმურობის გამო დაქარაგმებულია მისი სათაურიც: „.... ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“, რაც ასე უნდა იქნას წაკითხული: „(ეკატერი)ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“.

ასეთი დაქარაგმება ამ ინტიმური ლექსისა, რომელიც პოეტს ეკატერინეს პირად კრებულში ჩაუწერია, მით უფრო გასაგებია, თუ მოვიგონებთ, რომ ეკატერინე ამ დროს უკვე გათხოვილია, და ამასთან ეკატერინესა და ქმარს შორის უთანხმოებას ჰქონდა ადგილი.

რომ ლექსი „.... ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“ ეკატერინე ჭავჭავაძის ქალს ეხება, ეს ჩანს აგრეთვე თითონ ამ ლექსის შინაარსიდანაც. უნდა გვახსოვდეს, რომ ბარათაშვილის ლირიკაში „ხმით მშვენიერით მომღერალი“ განუყრელი ხატება არის ეკატერინესი. ისევე როგორც ვეფხის-ტყაოსანში ნესტან-დარეჯანის განუყრელი ნიშნეულობაა ტარიელის მიძღვნილი რიდე, რომლითაც შოთა მიგვანიშნებს საიდუმლო მზეთუნახავის ნესტანის ვინაობას, ასევე ბარათაშვილის პოეზიაში ეკატერინე გვევლინება, როგორც „ხმით მშვენიერით მომღერალი“.

ასე, პირველ ლექსს, რომელსაც ეწოდება „თავადის ჭავჭავაძის ასულს ეკატერინას“, პოეტი ამ სიტყვებით იწყებს:

„ხმით მშვენიერით,
ტკბილის სიმღერით,
ჰაეროვანო, სულს ელხინები...

და კიდევ ქვემოთ:

„შენის ენითა,
სავსე ლხენითა...
„მახსოვს სიამით,
ოდეს ტკბილის ხმით
ююююვარდსა და ბულბულს მოელხინარე“.

ჩვენს ლექსშიაც „(ეკატერი)ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“ - იმავე სახეების რკალში არის წარმოდგენილი.

„ხმა საკრავისა, ნელ-ნარნარისა, სულს განახარებს,
და მშვენიერის ენა ამიშლის
გულისა ჭირებს!“

ასევე ლექსში „აღმოხდა მნათი“ ჩვენ გვევლინება იგივე სახე „მშვენიერის ხმით მომღერალისა“:

„მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა
და შევაერთო ფიქრნი ჩემნი
შენს ხმას ციურსა!“

ასეთია ეს განუყრელი პოეტური ხატება ეკატერინესი ბარათაშვილის ლირიკაში.

4-5. „როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა“ და „ცისა ფერს“. პირველი ლექსი, „როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა“, იგი წარმოადგენს ვერსიას სასიმღერო რომანსისას, რომელიც რუსეთში ცნობილი იყო სახელწოდებით «Ключ» («C тo6oй вдвоем сколь счастлив я»). მუსიკა ამ სიმღერისა ეკუთვნოდა მოცარტს.

არაა ინტერესს მოკლებული აღვნიშნოთ ამასთან, რომ ეს რომანსი, როგორც ცნობილია, განსაკუთრებით ჰყვარებია ლევ ტოლსტოის. ეს ის სიმღერაა, რომელსაც მღერის ტოლსტოის რომანში «Война и миp» ნატაშა როსტოვა. თვით ლ. ტოლსტოი ხშირად ასრულებდა ამ სიმღერას ფორტეპიანოზე.

კუზმინსკაია (რომელიც ლ. ტოლსტოის რომანში «Война и миp» წარმოდგენილია ნატაშა როსტოვას სახით) მოგვითხრობს ტოლსტოის შესახებ:

«Он часто собирал нас к роялю и учил петь «С тобой вдвоем сколь счастлив я».

აგრეთვე ტოლსტოისთან დაახლოებული მეორე პირი შემდეგს გადმოგვცემს: «Он (Толстой) любил пение и играл на фортепьяно, а я обладал хорошим голосом и мы с ним пели его любимую песню: «С тобой вдвоем сколь счастлив я».5

მეორე ლექსი - „ცისა ფერს“ ქართული რომანტიკული ლირიკის ერთერთი უმშვენიერესი ნაწარმოებია.

როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელებული რუსული რომანსი იყო ფორტეპიანოზე სასიმღერო «черный цвет, мрачный цвет»; იგი ქართულად თარგმნა ალექსანდრე ჭავჭავაძემ („ფერსა ბნელს, ფერსა შავს“).

ბარათაშვილის „ცისა ფერს“ წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ამ ლექსისა „ფერსა ბნელს, ფერსა შავს“.

ბარათაშვილმა შექმნა ამ ლექსის საპირისპიროდ ეს პოეტური შედევრი „ცისა ფერის“, რომელიც აღვსილია ახალი პოეტურ-ფილოსოფიური შინაარსით, რომელშიაც ჩვენ გვაქვს ახალი ხილვა სამყაროსი. ლურჯი ფერი აქ არის სიმბოლო ბუნების უწმიდესი საწყისისა, დაპირისპირებით შავთან.

აქ საჭიროა ისიც აღინიშნოს, რომ „ცისა ფერს“ ზოგიერთი დეტალებით ეხმაურება ბარათაშვილის „მერანს“, რომელიც უფრო გვიან დაიწერა:

„მოვკვდები, - ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს, -
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას,
იგიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას“

ვისთვის დაუწერია ნ. ბარათაშვილს ეს ლექსები „როს ბედნიერი ვარ“ და „ცისა ფერს“, რომელნიც ფორტეპიანოზე სასიმღეროდ იყო დანიშნული? რაკი ბარათაშვილი მოხიბლული იყო „ფორტეპიანოზედ მომღერალის“ ეკატერინეს „ხმითა მშვენიერითა“, საფიქრებელი იყო, რომ ბარათაშვილმა ეს ლექსები სასიმღეროდ ეკატერინესათვის დაწერა.

და ეს მართლაც ასე ყოფილა. ამ ორი ლექსის ტექსტი - გადაწერილი თვით პოეტის ხელით, აღმოჩნდა ეკატერინე ჭავჭავაძის ქაღალდებში. აღსანიშნავია ამასთან, რომ ეს ორი ლექსი ბარათაშვილს არა აქვს შეტანილი არც ერთ კრებულში, რომელიც მას საზოგადოებაში გასავრცელებლად დაუმზადებია. როგორც ირკვევა. ფორტეპიანოზე სასიმღერო ეს ორი ლექსი პოეტს საგანგებოდ ეკატერინესთვის დაუმზადებია და მხოლოდ მისთვის მიურთმევია თავისი ხელით გადაწერილი მათი პირები (- ისევე როგორც მხოლოდ ეკატერინესთვის გადაწერილ ლექსთა კრებულში არის შეტანილი ნ. ბარათაშვილის ლექსი „(ეკატერი)ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“).

გარდა დასახელებული ლექსებისა, ეკატერინეს სახით არის შთაგონებული კიდევ ოთხი ლექსი იმავე 1839-1841 წლებისა. „სატრფოვ, მახსოვს“, „სული ობოლი“, „აღმოხდა მნათი“, „არ უკიჟინო, სატრფოო“.

რომ ეს ლექსებიც ეკატერინეს იგულისხმებენ, ამას ადასტურებს, ჯერ ერთი, ის გარემოება, რომ ისინი თავისი შინაარსით ეხმაურებიან სწორედ იმ ლექსებს, რომლებიც, როგორც გამოირკვა, ეკატერინესადმი ყოფილან მიძღვნილი; ამას გარდა, ამ ლექსების პიროვნული აქცენტის ამოცნობას შესაძლოდ ხდის ნ. ბარათაშვილის ერთი წერილი 1842 წლისა.

გადავიკითხოთ ამის შემდეგ ნ. ბარათაშვილის ეს ლექსები, რომლებიც პოეტის უინტიმესი გრძნობებით არის გამთბარი, და რომლებშიაც მოცემულია ნ. ბარათაშვილისა და ეკატერინეს რომანის პოეტური ისტორია. აქ არის Dichtung, მაგრამ ამავე დროს აქ არის Wahrheit, პოეზიის ჯადოსნურ სარკეში არეკლილია სინამდვილის ნაჩრდილი.

ამ ლექსებიდან, რომლებიც ეკატერინეს სახით არის შთაგონებული, ყველაზე ადრინდელია „თავადის ჭავჭავაძის ასულს ეკატერინას“, სადაც პოეტი შემდეგ სახეებში წარმოგვიდგენს ეკატერინეს მომხიბლავ ჩვენებას:

ხმით მშვენიერით,
ტკბილის სიმღერით,
ჰაეროვანო, სულს ელხინები;
თვალთ არონინებ,
გულს დააწყლულებ
და ღიმილითა ესალბუნები!
. . . . . .

მახსოვს სიამით,
ოდეს ტკბილის ხმით
ვარდსა და ბულბულს მოელხინარე,
პირმცინარითა
სინარნარითა
მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფინარე!

თუ ეს პირველი ლექსი ბარათაშვილისა უფრო მოკრძალებული აღტაცების გრძნობას გამოხატავს, მეორე ლექსი, განთქმული „საყურე“, ერთი უმშვენიერესი სამკაული ნ. ბარათაშვილის ლირიკისა.

ინტიმური გრძნობის ნარნარი გამონათებით არის გაშუქებული.

ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
.....

1839 წელს მოხდა ეკატერინესი და ნ. ბარათაშვილის პირველი დაშორება.

როგორც მოხსენებული გვქონდა, 1839-ს ეკატერინე გაათხოვეს დავით სამეგრელოს მთავარზე. ეს, როგორც აღვნიშნეთ, ოჯახის ანგარიშის ქორწინება იყო; ხოლო ეკატერინეს გული პოეტისათვის ძგერდა.

პოეტის გულში საბოლოოდ აღბეჭდილა ერთი სცენა, როდესაც ეკატერინე სევდით შეპყრობილი ცრემლებსა ღვრიდა, ხოლო ვერ ახერხებდა გაემჟღავნებინა პოეტისათვის სამწუხარო საიდუმლო მათი მომავალი განშორებისა.

ეს სცენა აღბეჭდილია პოეტის ორ ლექსში: „(ეკატერი)ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“ და „სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ“.

პირველი ლექსი „(ეკატერი)ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“ ადრინდელია. პოეტს ჯერ კიდევ არ სცოდნია, თუ რას მოასწავებდა სატრფოს ცრემლი, „ღაწვნი ნაცრემლნი“, მან არ იცის მათი მომავალი განშორების საიდუმლო, და პოეტი მოხიბლული უმღერის მწუხარებით შეპყრობილს „სევდითა ნაზს“ თავის სატრფოს:

(ეკატერი)ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი

ხმა საკრავისა,
ნელ ნარნარისა,
სულს განახარებს,
და მშვენიერის
ენა ამიშლის
გულისა ჭირებს!

ვჭვრეტდი ლამაზსა,
სევდითა ნაზსა,
და შევეტრფოდი;
ყოველთ გრძნობათა,
ყოვლთ გონებათა
მას მივაპყრობდი.

ღაწვნი ნაცრემლნი
ტრფიალთ დამწველნი,
უფროს შვენოდენ;
თმანი ნაშალნი,
მკერდზედ დაყრილნი,
ემუქმკებოდენ.

ჟუჟუნა თვალნი,
გულთა მომკვლელნი,
მოცინარობენ;
პაწაწა ტუჩნი,
ვარდებრ ნაფურცლნი,
ლხენას მოჰბერვენ.

მეორე ლექსში - „სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი“ - რომელიც დაწერილია ცოტათი უფრო გვიან, უკვე ეკატერინეს და ნ. ბარათაშვილის განშორების შემდეგ, პოეტი იგონებს იმავე სცენას, როდესაც „სევდითა ნაზი“ ეკატერინე ცრემლთა აფრქვევდა და „ღაწვნი ნაცრემლნი, ტრფიალთ დამწველნი უფროს შვენოდენ“. პოეტი წერს ამ ლექსში:

სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი
მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ,
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდენ!

მაგრამ, სულო, იგი ცრემლი
არ სტიროდა ამ სოფელსა
სახე შენი მოწყენილი
არა ჰგავდა ხორციელსა!

აწ მივხვდი მე, უბედური,
თვალთა შენთა მეტყველებას:
თურმე ცრემლი უცნაურ
მოელოდა ჩემს ობლობას!

ახლაც, ოდეს ვნახავ სადმე
ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,
გულამოსკვნით ვიგონებ მე
დღეთა ჩემთა ბედნიერთა!

ამავე დროს არის დაწერილი ბარათაშვილის ლექსი „სული ობოლი“ (იგი დათარიღებულია 1839 წლით).

ეს ლექსი შთაგონებულია იმავე განწყობილებით, აქ გახსნილია ეკატერინესადმი მიმართული შემდეგი სტრიქონები:

თურმე ცრემლი უცნაური
მოელოდა ჩემს ობლობას.

ეს სიტყვები ერთგვარი ეპიგრაფია ამ ლექსისა -

სული ობოლი
ნუვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუვინ სჩივის თვისსა უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სული ობოლი...

ეკატერინესი და ნ. ბარათაშვილის განშორება ერთ წელზე მეტი გაგრძელდა.

1840 წელს, როგორც მოხსენებული გვქონდა, ეკატერინე ისევ ჩამობრუნდა თბილისში. ამ დროს ისევ განახლებულა მათი მეგობრობა. ბარათაშვილის პოეზიაში ისევ ჩნდება სახე „მშვნიერის ხმით მომღერალი“ ეკატერინესი, რომელსაც პოეტი მიმართავს სიტყვებით:

მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა
და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!

ამ დროს, 1840 წელს არის დაწერილი ლექსი „აღმოხდა მნათი“, რომელიც უმღერის განშორებულ სატრფოსთან შეხვედრაა.

აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,
მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,
დიდ სამქუხარო, საავდარო, და მეც, გლახ, გული
მსწრაფლ განმითენა, შავბედისაგან დაღამებული!

ნუ თუ აღმიჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად;
ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად;
კვლავ აღმიტეხო გულის ჭირნი, მიყრუებულნი,
და განმიახლო ნეტარების დღენი წარსულნი?

მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეგ საოცარი
და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!
მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა
და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!

დავმღერდე მას დროს, როს ვარსკვლავი
მშვენიერის ცით
მინეტარებდა სიცოცხლისა დღეთა სიამით;
მოვსთქვამდე, თუ ვით მიმეფარა იგი მსწრაფლ
ღრუბელს,
ბოლოს ვუმღერდე შუქსა შენსა შვების მომფენელს!

ვჰფუცავ ძლიერსა სხივსა შენსა, ჰოი მნათო ჩემო!
ოდეს ვიხილო მცირე ბინდი შენს შუქს გარემო,
მყის დამიღამდეს ამ სოფლისა სიამოვნება
და შენთვის დავთმო ტრფობის წინდად ყოვლი
დიდება!

მეგობრობა ნ. ბარათაშვილისა და ეკატერინესი ამ მეორე შეხვედრის შემდეგ გაგრძელებულა 1840-1841 წლები. 1841 წელს, როგორც მოვიხსენეთ, პოეტი მიართმევს ეკატერინეს თავის ლექსთა კრებულს. ამავე დროს, 1841-ში, არის დაწერილი ნ. ბარათაშვილის რომანტიული გრძნობით აჟღერებული ლექსი „არ უკიჟინო, სატრფოო“.

1841 წლის ბოლოს ნ. ბარათაშვილსა და ეკატერინეს შორის მომხდარა განხეთქილება, ისინი დაშორებიან ერთმანეთს.

ბარათაშვილს დიდი სულიერი დრამა განუცდია ამ განხეთქილების გამო.

რით იყო გამოწვეული ეს განხეთქილება, ამის შესახებ ჩვენ ცოტა ვიცით. პოეტი უჩივის სატრფოს პირუმტკიცობას, ორპირობას.

ჩვენამდე მოღწეულია ნიკო ბარათაშვილის ერთი წერილი, მიმართული მაიკო ორბელიანისადმი. მაიკო ნ. ბარათაშვილის ბავშვობის განუყრელი მეგობარი და უსაყვარლესი დობილი იყო, პოეტი მას უხსნიდა თავის გულისნადებს. მაიკო, როგორც ირკვევა, განდობილი ყოფილა ნ. ბარათაშვილისა და ეკატერინეს გრძნობათა საიდუმლოებაში.

მოხსენებულ წერილში ნიკო ბარათაშვილი შემდეგსა სწერს მაიკოს:

„კიდევ მომნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდიხანია ობოლი ვარ. ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო!.. ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკო თავი?.. მოიგონე ცოტას ხანს დრონი წარსრულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული, ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი:

ძნელი არის მარტოობა სულისა,
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

ვის იგულისხმებს ეს წერილი?

წერილი, როგორც ირკვევა, ეხება ეკატერინეს. პოეტი აქ, კერძოდ, იგონებს ეკატერინესთან გამოთხოვების იმ ღირსსახსოვარ სცენას, როდესაც მწუხარებით შეპყრობილი ეკატერინე ცრემლებსა ღვრიდა, ხოლო სიტყვებით ვერ ახერხებდა გაემჟღავნებინა სამწუხარო საიდუმლო მათი მომავალი განშორებისა. პოეტისათვის უძვირფასესი მოსაგონარი იყო ეს პათეტიური სცენა და მას არაერთგზის უმღერა პოეტმა თავის ლირიკულ ლექსებში.

და პოეტი, მაიკოსადმი მიმართულ წერილში, თვითვე არღვევს შეუბრალებლად ამ რომანტიულ მოგონებას სატრფოს „სიბრალულის ცრემლთა“ შესახებ.

გადაიკითხოს მკითხველმა ერთიმეორის გვერდით ჯერ პოეტის ლექსები, რომლებიც ეკატერინესთან მეგობრობის ხანას ეკუთვნის, და შემდეგ პოეტის წერილი განხეთქილების შემდგომი დროისა. წერილი წარმოადგენს პასუხს ამ ლექსებისას.

ლექსები

(განხეთქილებამდე)

ღაწვნი ნაცრემლნი,
ტრფიალთ დამწველნი,
უფროს შვენოდნენ;
(„ფორტეპიანოზედ
მომღერალი“, 1839 წ.).

__

სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი
მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ,
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდენ!

მაგრამ, სულო, იგი ცრემლი
არ სტიროდა ამ სოფელსა;
სახე შენი მოწყენილი
არა ჰგავდა ხორციელსა!

აწ მივხვდი მე, უბედური,
თვალთა შენთა მეტყველებას:
თურმე ცრემლი უცნაური
მოელოდა ჩემს ობლობას!

(„სატრფოვ, მახსოვს“, 1840 წ.)

წერილი

(განხეთქილების შემდეგ)

„ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა“.

ამ საბედისწერო განხეთქილებამ, ჩანს, განუკურნებელი ჭრილობა მიაყენა პოეტის გულს. განხეთქილება პოეტსა და ეკატერინეს შორის უკვე 1841 წელსვე მომხდარა, ხოლო მოყვანილი წერილი მაიკოსადმი, სადაც ჯერ კიდევ ისმის „მოკლულის გულის ოდენ ჩივილი“, ერთი წლის შემდეგ არის დაწერილი (1842 წ. 31 ოქტომბერს).

გამოძახილი ამ სულიერი დრამისა, რომელიც განიცადა პოეტმა განხეთქილების გამო, ჩვენ გვაქვს ლექსში „ვჰპოვე ტაძარი“.

გამოძახილი ამ დრამისა ჩვენ გვაქვს 1841-1842 წლების სხვა ლექსებშიაც.

ასე, ლექსი „ჩემთ მეგობართ“, ვითომდა ეპიკურეული ნოტების შემცველი, ვერ ფარავს პოეტის სულიერ მღელვარებას. პოეტი, უეჭველია, ეკატერინეს პირუმტკიცობას იგულისხმებს, როდესაც იგი ამ ლექსს - „ჩემთ მეგობართ“ - ამთავრებს შემდეგი სიტყვებით:

მხოლოდ ერთს გირჩევთ და გახსოვდეთ ესე თათბირი,
მერწმუნეთ, ძმანო, ნაცადი მაქვს ეს გულის ჭირი!
არ შეემსჭვალოთ მოკისკასეს კეკელა ქალსა,
სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცუდ
მომღერალსა!

აშიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმარებს,
ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიიკარებს!

*

აქ საჭიროა აღინიშნოს, კერძოდ, შემდეგიც:

ეს ლექსი თავის ფინალში ორმაგს გადაკრულსიტყვაობას შეიცავს. ლექსში საუბარია „კეკელა“ ქალზე ზოგადად, მაგრამ ამავე დროს მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ეკატერინეს შინაური სახელი იყო „კეკელა“, ამ სახელით იყო იგი ცნობილი მახლობელ-მეგობართა შორის. და ეკატერინესათვის ორმაგად სამძიმო უნდა ყოფილიყო ეს გესლიანი გადაკრულსიტყვაობა პოეტისა.

*

როგორ შეხვდა ეკატერინე ამ განხეთქილებას? რამდენად იყო დამნაშავე ეკატერინე, რამდენად მართალი იყო პოეტი თავისი შეურიგებელი მხილებით?

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვისმენთ მხოლოდ ერთი მხარის ჩვენებას, რომელსაც ასეთ მღელვარე განწყობილებაში, რასაკვირველია, მიუდგომლობას ვერ მოვთხოვთ.

მაინც ერთი ლექსის მიხედვით, რომელიც სწორედ ამ დროს, 1842 წელს ეკუთვნის, საფიქრებელია, რომ ეკატერინე არ სთვლიდა თავს დამნაშავედ და თავის მხრითაც ყვედრებით მიმართავდა პოეტს.

ლექსში „რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო“, რომელიც, საფიქრებელია, ავტოგრაფიულ აქცენტს შეიცავს, პოეტი პასუხს აძლევს „ბანოვანის“ საყვედურს:

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, -
ჰყავს არ პასუხს სცემ შენ მას სულით
მშვენიერითა...

*

სამუდამო იყო განშორება პოეტისა და ეკატერინესი?

როგორც ირკვევა, არა.

შერიგება ბარათაშვილისა და ეკატერინესი მომხდარა 1842 წლის ბოლოს.

1843 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინეს მიართვა თავის ხელით გადაწერილი ორი წიგნი თავისი ლექსებისა: პირველი - „ლექსნი“ - ლირიკა (რომელშიაც, შევიდა 26 ლექსი); მეორე - „ბედი ქართლისა“.

1842 წლის დასასრულს და 1843 წელს ეკუთვნის სამი ლექსი ბარათაშვილისა სატრფოსადმი მიძღვნილნი: „მიყვარს თვალები „შენნი დალალნი“ და „შევიშრობ ცრემლსა“. ამ ლექსებში, როლებშიაც ისმის ახალი ნოტა, სადაც ერთად იხსენება უკვდავებასთან სიკვდილი, - მგოსანი „გულსა დაიწვავს დასანაცრებელს და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს“, შესწირავს „მისსა სალოცველს“ - მშვენიერების, „სიტურფის ღმერთას“, - ისევ ეკატერინე იგულისხმება.

სახე ეკატერინესი შევიდა ქართული პოეზიის სამკვიდრებელში, ისევე როგორც იტალიურ პოეზიაში სახე ლაურასი.

_________

1. მესამე ქალი - ალექსანდრესი - სოფიო, იმ დროს, რომელსაც აქ ვეხებით, - ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

2. იხ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელნაწერი S - 2660.

3. ი. მეუნარგია, გვ. XLVIII.

4. შენახულა წერილი ზაქარია ორბელიანისა, დათარიღებული 1839 წლის 3 სექტემბრით, მოწერილი ქალაქ ლუცკიდან (რუსეთიდან) მანანა ორბელიანისადმი; წერილში ვკითხულობთ:

„დონზე (რუსეთში მიმავალს) მომეწია გალავინის ცოლი და მარია პეტროვნა იმ დროს, როდესაც მე ფოშტით მივდიოდი ჩერქეზ-ქირმანიდამ. დავაყენებინეთ კარეტა და რამდენიმე ხანი ვილაპარაკეთ, - მათ შორის კატინას (ეკატერინე ჭავჭავაძის) ამბავიცა, და იმის გულის-წუხილიცა ქორწილის დროსო მითხრეს, და სხვანი, და სხვანი....“

(წერილი დაცულია საქართველოს ცენტრ-არქივის საქმეებში, გრიგოლ ორბელიანისა და მის მახლობელ პირთა კორესპონდენციის კრებულში, საქმე № 176 განსაკუთრებული ფონდისა).

5. იხ. И. Илинский и C. Toлстой - Kвapтeт в poмaнe «Bойна и мир» Звенья II, 1933 г. Стр. 618-128 - იხ. ლეონიძის შენიშვნა, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1933 წ. № 8.

VIII ილია ჭავჭავაძე და ნ. ბარათაშვილი

ეკატერინე ჭავჭავაძის სახელს ჩვენ ერთხელ კიდევ ვხვდებით უფრო გვიან - ნიკო ბარათაშვილის შესახებ ქრონიკაში. ამბავი ეხება 1858 წელს, როდესაც პოეტი კარგა ხანია რაც ამა ქვეყნად აღარ იყო და მისი ნეშტი ობლად განისვენებდა უცხო ცის ქვეშ.

ცნობილია, რომ 60-იან წლებში იღვიძებს ინტერესი ნიკო ბარათაშვილის პოეზიისადმი. 60-იანი წლების დიდმა ლიტერატურულმა თაობამ მიიღო გენიოსი ქართველი პოეტის მემკვიდრეობა და მიუჩინა მას ქართულ გონებრივ სამკვიდრებელში ის ადგილი, რომელიც მას ეკუთვნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ მხრივ როლი ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძისა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, მეორედ გააცოცხლა ნიკო ბარათაშვილის სახელი.

ამ დროისათვის, 60-იანი წლების კარზე, ნიკო ბარათაშვილის პოეზია თვით მოწინავე ინტელიგენციის ფართო წრეებში თითქმის გადავიწყებული იყო.

მკითხველს ჩვენ გავაცნობთ ერთ მეტად დამახასიათებელ მაგალითს.

1865 წელს ცნობილ მოღვაწეს დიმიტრი ყიფიანს შემდეგსა სწერდა პეტერბურგიდან მისი შვილი ნიკოლოზი, ხალხოსნური მოძრაობის თანამგრძნობი ახალგაზრდა, ამ დროს პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი1:

„ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, „ქართლის ბედი“, „მტკვრის პირზედ“, „ფანტაზია“, „სულო ბოროტო“ და სხვანი ათასჯერ გადავიკითხე და კიდევ არ მეყო. ყოველ ამის სიტყვაში, ყოველს ლექსში, აზრსა ჰხედავს კაცი, გრძნობასა, და ისეთი ძალა აქვს ამის ლექსსა, რომ არ შეიძლება არ დაღონდეს კაცი, როცა ის თავის ტანჯვას გამოსთქვამს.

„მერანი “ საკვირველი რამ არის. - ნეტა ვინ იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი? შენ მგონია იცნობდი. სწავლა სად მიიღო, სამსახურში ყოფილა თუ არა, ყოფილა სადმე ან რუსეთში, ან იქით სპარსეთში? რა ხასიათისა იყო, საზოგადოებაში რა იყო, საზოგადოება როგორ უყურებდა?“

სწორედ რომ საოცარია, თან სავალალო! თვით ისეთ წრეშიაც კი, როგორიც იყო დიმიტრი ყიფიანის ოჯახი, ნიკო ბარათაშვილის სახელი უცხო დარჩენილა ახალი თაობისათვის... ნუ დაგვავიწყდება ამასთან, რომ დიმიტრი ყიფიანი პირადი მეგობარი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დიდი ქართველი პოეტის შემოქმედებამ მის თვალწინ გაიელვა მეტეორივით.

იმის შემდეგ, რაც ითქვა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ილია ჭავჭავაძეს, პირველი კურსის სტუდენტს, 1858 წლისათვის, ე.ი. იმ ხანებში, როდესაც მან პირველად შემოაღო ქართული მწერლობის კარი, ძალიან ცოტა სცოდნია ბარათაშვილზე. ამ დროს მას გადაკითხული ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე ლექსი, რომლებიც გამოქვეყნდა „ცისკარში“ 1852 წელს და 1858 წლის დასაწყისში. ნიკოლოზ ბარათაშვილის დიდი მემკვიდრეობა ამ დროს ჯერ კიდევ ხელნაწერად ვრცელდებოდა, არ იყო დაბეჭდილი „ბედი ქართლისა“, „მერანი“, ბარათაშვილის გენიალური ლირიკა.

ამ დიდ ბარათაშვილს ილია გაეცნო 1858 წელს.

გაეცნო სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახში.

ეკატერინე, პოეტის სატრფო, რომელიც ჩვენი მგოსნისათვის იყო წყარო შთაგონებისა, და მწუხარებისაც, - „უწყალო ვითა ჯიქია“, - სიკვდილამდე დარჩა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის მოკრძალებული თაყვანისმცემელი. ეკატერინეს ოჯახში ჩვენ ვხედავთ ბარათაშვილის პოეზიის კულტს. და მაშინ, როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი დავიწყებას ეძლეოდა, და შვილს თვით ისეთი მამისა, როგორიც იყო დიმიტრი ყიფიანი, არც კი სმენოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი, ეკატერინეს ბავშვები ქართულ ენას ბარათაშვილის ლექსებზე სწავლობდნენ.

1857 წლიდან ეკატერინე დიდი ხნით გადასახლდა პეტერბურგს (მთავრობის იძულებით; ეს იყო „საპატიო“ გადასახლება ოდიშის დედოფლისა. ეკატერინეზედაც აღსრულდა „ბედი ქართლისა“-ს სიტყვები: „პეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ“...). ეკატერინე გაემგზავრა სამეგრელოდან 1857 წლის 25 ოქტომბერს, ჩავიდა პეტერბურგში დეკემბერს. ამის შემდეგ, 1857 წლის დასასრულიდან ვიდრე 1861 წლამდე ეკატერინე პეტერბურგში იმყოფება თავისი შვილებითა და ამალით.

ზაფხულს ეკატერინე ცარსკოე სელოში ატარებდა.

ეკატერინეს თან ჰქონდა წაღებული რუსეთში ნ. ბარათაშვილის ლექსების ზემოთმოხსენებული ორი კრებული (პირველი წიგნი - „ლექსნი“, რომელშიაც შედიოდა „მერანი“ და 25 ლექსი, გადაწერილი 1843 წელს; მეორე - „ბედი ქართლისა“, გადაწერილი იმავე 1843 წელს). ეკატერინე ყოველთვის თან ატარებდა განუყრელად, როგორც რელიქვიას, ბარათაშვილის ხელით გადაწერილ ძვირფას ფურცლებს.

აი ამ ხელნაწერებიდან გაეცნო ილია ჭავჭავაძე ნ. ბარათაშვილის დიდ პოეზიას ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახში. ეს მოხდა 1858 წლის ზაფხულში. 2

კოხტა აფხაზი, ილია ჭავჭავაძის სიჭაბუკის განუყრელი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, შემდეგს გადმოგვცემს: 3

„... ზაფხულობით ჩვენი ქართველი სტუდენტობა პავლოვსკში ატარებდა დროს, და ჩვენც, მე და ილია, ზაფხულობით იქ ვიმყოფებოდით. მახსოვს, პავლოვსკიდან ცარსკოე სელოში წავედით და იქ ვეწვიეთ ქალბატონ დადიანისას, სამეგრელოს მთავრის ასულს. ქალბატონ დადიანისამ გამოიტანა და მოგვცა წასაკითხავად ბარათაშვილის ლექსები, რამდენადაც მახსოვს ბარათაშვილის საკუთარი ხელნაწერი. ეს ლექსები იყო „ქართლის ბედი“ და „მერანი“. ვერ წარმოიდგენთ, რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ. თითქმის ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით“.

მეორე ჩანაწერის ცნობით, ბარათაშვილის ლექსები გადაუცია ილიასათვის თვით დედოფალს ეკატერინეს (იხ. ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია გრიგოლ ყიფშიძისა, მ. გედევანიშვილის გამოცემა, გვ. XIII). ამ ორ ცნობას შორის, რასაკვირველია, არაა წინააღმდეგობა. ფაქტი ისაა, რომ ილია ეკატერინეს სახლში იყო სტუმრად. ბარათაშვილის ლექსები მან ეკატერინეს ოჯახიდან მიიღო, სულ ერთია თვით ეკატერინეს თუ მისი ასულის ხელით.

ამ მეორე ჩანაწერშიაც აღნიშნულია, თუ რა განუზომელი შთაბეჭდილება დასტოვა ილიაზე ბარათაშვილის ლექსების გაცნობამ. აქაც დამოწმებულია, რომ ილიამ „მთელი ერთი კვირა სულ მოუსვენრად გაატარა და ცხადლივ თუ სიზმარში ბარათაშვილი ელანდებოდა“-ო (იხ. იქვე).

1858 წელი, ილია რომ გაეცნო ბარათაშვილის დიდ პოეზიას, არის პერიოდი, როდესაც ილია წერდა თავის პირველ დიდ ქმნილებას „აჩრდილს“ (ეს პოემა ილიამ დაამთავრა 1859 წლის იანვარში), რომელსაც მოჰყვება „გლახის ნაამბობი“ (1859 წ.), „ქართვლის დედა“ („დედა და შვილი“, 1860 წ.), „კაკო ყაჩაღი“ (1860.).

ბარათაშვილის პოეზიის გაცნობამ ახალი შთაგონებით აავსო მონათესავე პოეტური სული ილიასი. ბარათაშვილისადმი მიძღვნილ ერთ ლექსში, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ, 1860 წელს არის დაწერილი, ილია იგონებს იმ შთაბეჭდილებას, რომელიც მასზე დასტოვა ბარათაშვილის ლექსების პირველმა გაცნობამ.

როს წავიკითხე მისი ლექსები,
ვერარა ვთქვი რა განცვიფრებულმა!
ვით ქარიშხალით ატეხილ ბუქმა
ცას განუბნივოს შავი ღრუბლები,
ისე იდარა ჩემ მწუხარ შუბლმა.

ხალხო ობოლო, შენ მებრალები,
რომ დაგაობლა მის ციურ შუქმა
და განგაშორა თვისი სხივები!..
როს წავიკითხე მისი ლექსები,
აღმოვიკვნესე დაობლებულმა!

მეორე ლექსს „ნიკოლოზ ბარათაშვილზედ“ („ყრმაო პოეტო, უღმრთო იყო შენი სიკვდილი“...), რომელიც ამ დროსვე, 1860 წელს არის დაწერილი, ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს სიტყვები ბარათაშვილის „მერანიდან“.

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის
ეს განწირულის სულის კვეთება
და გზა უვალი, ზენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.

ასე ეზიარა ბარათაშვილის გენიას მისი დიდი მემკვიდრე ილია ჭავჭავაძე.

_________

1. მთაწმინდის მწერალთა მუზეუმის დოკუმენტების ფონდი, № 897 (გ. ლეონიძე, ორი შენიშვნა ნ. ბარათაშვილზე, ლიტ. მემკვიდრეობა, გვ. 628).

2. საკითხები, რომელთაც ვეხებით წერილის ამ VIII თავში, უფრო დაწვრილებით განხილული გვაქვს ნარკვევში „ილია ჭავჭავაძე“ (იხ. ილიას თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, გვ. XLII-XLIX).

3. იხ. კოხტა აფხაზის მოგონებანი ილია ჭავჭავაძის შესახებ (გ. ლეონიძე, მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, ლიტ. მემკვიდრეობა, გვ. 564).

IX . ბარათაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა

რამდენადაც ეს ნარკვევი მიძღვნილია უპირატესად პოეტის ბიოგრაფიისათვის და მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების მიმოხილვას ისახავს საგნად, ჩვენ აქ პოეტის შემოქმედებასა და ლიტერატურულ მემკვიდრეობას მაგისტრალურ ხაზებში განვიხილავთ.

*

სამი კორიფეი XIX საუკუნის ქართული მწერლობისა ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი არიან ფუძემდებელნი ახალი ქართული ლიტერატურისა. მათი შემოქმედება ახალ ერას ამკვიდრებს მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობის ისტორიაში.

სხვადასხვა სახისა იყო ღვაწლი ამ იყო ღვაწლი ამ დიდ მწერალთა.

კერძოდ ღვაწლი ნიკოლოზ ბარათაშვილისა ის არის, რომ მან საბოლოოდ დაამკვიდრა ქართულ ლიტერატურაში ევროპეიზმი, როგორც ფუძე მწერლობისა, როგორც მაგისტრალი ახალი ქართული მწერლობის განვითარებისა.

წინა ხანა ქართული ლიტერატურისა, მე-16-18 საუკუნეთა ქართული მწერლობა, რომელიც „აღორძინების ხანის მწერლობის“ სახელწოდებით არის ცნობილი, - რთულ მოვლენას წარმოადგენდა. აღორძინების ხანის ქართული მწერლობა თავისებურად აერთიანებდა აღმოსავლეთის და დასავლეთის ლიტერატურულ ტრადიციებს,. აქ თავისებურად გადაჭრილი იყო ეს ორი ნაკადი, აღმოსავლური და ევროპული. ამასთან ეს ორი ნაკადი განაყოფიერებული და ორგანულად შერწყმული იყო ძველი „ოქროს ხანის“ ქართული მწერლობის ტრადიციის ფუძეზე, პირველ რიგში რუსთაველის უნივერსალური გენიის რკალში.

აღორძინების ხანის ქართული მწერლობა დიდი დიაპაზონის ლიტერატურა იყო. თეიმურაზ I და ბესიკი, ერთი მხრით, არჩილი და სულხან საბა ორბელიანი, მეორე მხრით, შემდეგ განკერძოებით მდგომარე დავით გურამიშვილი, ეს ნამდვილი წინამორბედი ახალი მწერლობისა, რომლის რთული და მრავალხმოვანი შემოქმედება სცილდება თავისი ეპოქის ფარგლებს და ახალ საუკუნეს ეხმაურება, აგრეთვე აღორძინების ხანის მწერლობის სხვა სახელებიც, საბოლოოდ რჩებიან ქართული ლიტერატურის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უკვდავ მემკვიდრეობაში.

მე-18 და მე-19 საუკუნეთა მიჯნაზე მოხდა ეპოქალური ტეხილი ქართველი ხალხის ცხოვრებაში. მე-19 საუკუნესთან ერთად დაიბადა „ახალი ქართლი“. ახალ განსაცდელიან აწმყოში თანდათან ისახებოდა ახალი გზები, მომავლისაკენ მიმართული.

„მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა!
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს“.

ძველ საქართველოსთან ერთად, მე-19 საუკუნის მიჯნაზე, დასრულდა განვითარების ციკლი ძველი ქართული მწერლობისა, რომელიც ორგანული ნაყოფი იყო სულ სხვა საზოგადოებრივი გარემოსი.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ისახება და გზას იკვლევს ახალი ეპოქის შესაბამისი ახალი ქართული ლიტერატურა.

საფუძველი ახალი ქართული მწერლობისა, როგორც მოვიხსენეთ, არის ევროპეიზმი, ხოლო პირველი მწერალი, რომელიც მტკიცე და საბოლოოდ ამკვიდრებს ახალი ერას ქართულ ლიტერატურაში, არის ნიკოლოზ ბარათაშვილი.

*

ნიკოლოზ ბარათაშვილს მე-19 საუკუნის ქართულ პოეზიაში ორი წინამორბედი ჰყავს: ალექსანდრე ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი. მაგრამ ეს ორი პოეტი - მაინც წინამორბედნი არიან ახალი ერასი ქართულ მწერლობაში და არა ფუძემდებელნი.

ალექსანდრე ჭავჭავაძემ თუმცა განიცალა გავლენა ევროპული (ფრანგული და რესული) პოეზიისა, მაგრამ მისი პოეზიის კომპასი მაინც მიმართული იყო ძირითადად ისევ წარსულისაკენ, მე-18 საუკუნის ქართული პოეზიის უკვე მოძველებული ტრადიციებისაკენ. ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართულს პოეზიაში უფრო ბესიკის მემკვიდრედ დარჩა, ვიდრე ახალი მიმართულების წამომწყებად.

სწორი პერსპექტივის დასაცავად უნდა აღინიშნოს აქ ისიც, რომ ახალი ნაკადი ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზიაში მას შემდეგ ძლიერდება განსაკუთრებით, რაც ახალგაზრდა ბარათაშვილმა უკვე მოახდინა რადიკალური რეფორმა ქართულ პოეზიაში. ამდენად შესაძლოა ილაპარაკოთ ნ. ბარათაშვილის გავლენაზე ალექსანდრე ჭავჭავაძის მიმართ. ვიდრე პირიქით. ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩის ტბა“ დაიწერა 1941 წელს, როდესაც ბარათაშვილმა უკვე შექმნა თავისი პოეტური შედევრები. „გოგჩის ტბა“ არა მარტო მხატვრული სტილით, არამედ თემატური რკალითაც და პოეტური განწყობილებით ბარათაშვილის პოეზიის გავლენის ბეჭედს ატარებს. „გოგჩის ტბის“ რიტმის რხევაში უნებლიეთ იგრძნობა სუნთქვა ნიკოლოზ ბარათაშვილის ელეგიური ლირიკისა. კერძოდ, ბარათაშვილის „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ (1937 წ.) უახლოესად განსაზღვრავს „გოგჩის ტბის“ პოეტურ ტონუსს,

აქ ჩვენ გვაქეს ნაჩრდილი თვით პოეტური მიზანსცენებისა. თვით მეტრისაც კი.

ქართული პოეზიის ახალი მიმართულების, ახალი გზების გახსნაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო როლი გრიგოლ ორბელიანისა, ვიდრე ალექსანდრე ჭავჭავაძისა.

გრიგოლ ორბელიანი დიდი პოეტური სტიქიონია. მაგრამ, თავის განსაკუთრებულ პოეტურ ტალანტთან შეუფარდებლად, იგი ნაკლებ ნაყოფიერი რჩება. 1832 წლის შეთქმულობის კატასტროფამ თითქოს გაბზარა პოეტის გული. მას შემდეგ გრიგოლ ორბელიანმა მისცა თავის-თავს ნება დარჩენილიყო პოეზიის იშვიათ სტუმრად, თუმცაღა უფრო გვიან მან შექმნა ისეთი უბრწყინვალესი შედევრები ახალი ქართული პოეზიისა, როგორიც არის „საღამო გამოსალმებისა“ (1841 წ) და „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ (1973 წ.).

მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ნ. ბარათაშვილი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა, გრიგოლ ორბელიანი იყო აეტორი ლირიკული ლექსებისა, უმთავრესად პატრიოტული ლირიკისა „იარალისადმი“, „სადღეგრძელო“ - პირველი რედაქცია. 1932 წლის შეთქმულობის ლექსები), და აგრეთვე აშუღური რომანსებისა.

გრიგოლ ორბელიანის პოეზიაში ჯერ კიდევ ადგილი აქეს პოეტური სტილის გაორებას. თუ აშუღურ რომანსებში გრ. ორბელიანი განაგრძობს მე-18 საუკუნის პოეზიის ტრადიციებს, პატრიოტულ ლირიკაში იგი ახალი მიმართულების მამამთავრად, ახალი პოეტური ფორმის, ახალი მხატვრული სტილის შემოქმედად გვევლინება.

გრიგოლ ორბელთან არის ნამდვილი დიდი წინამორბედი ნიკოლოზ ბარათაშვილისა. მაინც დიაპაზონი გრიგოლ ორბელიანის პოეზიისა შედარებით ვიწროა, იგი ვერ აღწევს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის იმ დიად უნივერსალობას, რომელმაც გახსნა ახალი კარი ქართული ლიტერატურის ისტორიისა.

აქ საჭიროა, ამის გარდა, შემდეგიც აღინიშნოს.

როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ ნიკოლოზ ბარათაშვილის წინა ხანის პოეზიას მე-19 საუკუნის პირველ მესამედში, არ უნდა გვავიწყდებოდეს. ამასთან, რომ გარდა გრიგოლ ორბელიანისა, რომელმაც დიდი სიახლე შემოიტანა ახალ ქართულ პოეზიაში, და გარდა ალექსანდრე ჭავჭავაძისა, რომელიც ძირითადში ავრძელებდა მე-18 საუკუნის პოეზიის ტრადიციებს, ჩვენ გვყავდა ამ ხანაში ათეული პოეტები, ეპიგონები მე-18 საუკუნის ქართული პოეზიისა, ავტორები უამრავი მუხამბაზებისა, ბაიათებისა და სხვ., რომლებიც იძლეოდნენ გარდასული თემების გადამღერებას, რომელთა ხელში ძველი ქართული პოეზიის ტრადიციები რუტინად იქცა, მხატვრულ დეგრადაციამდე მივიდა.

ასეთ ლიტერატურულ ფონზე გაიშალა შემოქმედება ახალგაზრდა ბარათაშვილის, რომელიც მტკიცე საფუძველს უყრის ახალი ეპოქის შესაბამის ახალ ქართულ მწერლობას.

ბარათაშვილი საბოლოოდ არღვევს ტრადიციულ პოეტურ ფორმებს, იგი პოულობს სრულიად ახალ ხმას ახალი შინაარსის გადმოსაცემად. ბარათაშვილმა განდევნა ეპიგონური პოეზიის მოძველებული პოეტური ინვენტარი. ამ მხრივ ნ. ბარათაშვილი უდიდესი ნოვატორია ქართულ პოეზიაში. როდესაც თქვენ კითხულობთ მე-19 საუკუნის სხვადასხვა მუხამბაზებსა და ბაიათებს (- თუნდაც ეს მუხამბაზ-ბაიათები ალექსანდრე ჭავჭავაძისა იყოს) - და ამის შემდეგ გადაიკითხავთ ბარათაშვილის ლირიკას თითქოს სრულებით სხვა სამყაროში გადადიხართ. ბარათაშვილი გაბედულად სცვლის ძველი პოეტური სტილის გაყინულ ნორმებს, იგი იძლევა პოეტური მეტყველების ნამდვილ გადახალისებას. - ამასთან ბარათაშვილმა სრულიად ახალი ჟღერა მისცა თვით ქართული ლექსის ინსტრუმენტსაც, ახალ ხმაზე ააწყო იგი, ქართული ლექსის რიტმი ახალი მღელვარებით აავსო.

ხოლო, რაც მთავარია, ბარათაშვილმა დაამკვიდრა ქართულ მწერლობაში ახალი იდეების სამყარო. ბარათაშვილმა გამოიყვანა მე-19 საუკუნის დასაწყისის ქართული მწერლობა ვიწრო პროვინციალობის რკალიდან, მისცა ქართულ პოეზიას ფართო დიპაზონი, აავსო ზოგად-კაცობრიული შინაარსით, აიყეანა იგი თანამედროვე ევროპული პოეზიის სიმაღლემდე. ბარათაშვილის პოეზიის საგანია ადამიანის სულიერი ცხოვრება მთელი თავისი სიღრმითა და მღელვარებით,

„შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი - გვამცნობს რუსთაველის პოეტიკა. რუსთაველის შემდეგ ეს სიტყვები ბარათაშვილის შესახებაც შესაძლოა განვიმეოროთ. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკა ეს არის ფილოსოფიური ლირიკა უპირატესად არა მარტო მისი „ჩინარი“ და „შემოღამება მთაწმიდაზედ“, არა მარტო მისი „მერანი“ და „სულო ბოროტო“, ან „ნაპოლეონ“ და „ფიქრნი მტკვრის პირზედ“, „ვპოვე ტაძარი“ და სხვანი, სადაც პოეტის მხატვრული ხილვა უშუალოდ გადადის ფილოსოფიურ ხედვაში, არამედ თვით ინტიმური ლირიკული ლექსები პოეტისა, სადაც იგი თავის პირადულს გვამცნობს, თავის პირადულს სულიერ სამყაროს გადაგვიშლის, პიროვნულ აქცენტთან ერთად შეიცას გაღრმავებულ ფილოსოფიურ აქცენტს. ინივიდუალურის მხატვრული შიფრის იქით აქ ყოველთვის იგრძნობა მთელი სავსება ზოგად-ადამიანურისა და ეს ყოველთვის შესრულებულია უცთომელის მხატვრულის ტაქტით, ბარათაშვილის პოეზია ეს არის საუცხოო შენადნობი პოეტური მღელვარებისა და ფილოსოფიური ხილვისა.

*

ნ. ბარათაშვილმა წარუვალი მნიშვნელობა დაიმკვიდრა ქართულს ლიტერატურაში თავისი ლირიკით, რომელსაც დიდი, ზოგად-კაცობრიული დიაპაზონი აქეს, რომელიც ღრმა ფილოსოფიურობით არის აღბეჭდილი.

მაგრამ ნ. ბარათაშვილის მნიშვნელობა მარტო ამით არ განისაზღვრება. წმინდა ლირიკა მხოლოდ ერთი ნაწილია ნ. ბარათაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობისა, ამის გვერდით ნ. ბარათაშვილს სხვა მემკვიდრეობაცა აქვს, - „ბედი ქართლისა“, რომელშიაც პოეტი გვევლინება როგორც ახალი, საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების გამომსახველი, მოაზროვნე „ახალი ქართლის“ ბედზე და მის მომავალზე.

პირველი ნაწილი ნ. ბარათაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობისა, - წმინდა ლირიკა, მისი იდეური და მხატვრული მხარის დეტალური ანალიზი, მისი თემა და სტილი, და აგრეთვე ბარათაშვილის ლექსი, რომელიც რიტმული სიმდიდრითა და პოლიფონიური წყობით განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს მე-19 საუკუნის ქართულ პოეზიაში, არ შეადგენს ამჟამად ჩვენი საუბრის უშუალო საგანს, რამდენადაც ამ ნარკვევში ბარათაშვილის შემოქმედებას მაგისტრალურ ასპექტებში ვეხებით.

*

ხოლო როგორც ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიკოსს ჩვენ აქ მოგვიხდება დაწვრილებით შევჩერდეთ ბარათაშვილის უკვდავ პოემაზე „ბედი ქართლისა“ და აგრეთვე იმ ლექსებზე, რომლებშიაც პოეტის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი არის ასახული. ჩვენ აქ უშუალო კონტაქტში ვიმყოფებით ეპოქასთან.

ნ. ბარათაშვილი მღელვარედ განიცდის საქართველოს ტრაგიკულ ბედს, მღელვარებით შესცქერის თავისი ქვეყნის მომავალს. ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“-ს იდეურ-პოლიტიკური მიზანდასახულობის სწორად გაგებისათვის საჭირო იქნება აღვადგინოთ ისტორიული პერსპექტივა.

მე-19 საუკუნის ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში - ვიდრე სამოციან წლებამდე ჩვენ გვაქვს ოთხი მწერლის ეპოქალური ძეგლები, რომლებშიაც აისახა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგია. ეს ძეგლებია:

ალექსანდრე ჭავჭავაძის - ლექსები საქართველოზედ (1804-1806 წწ., 1832.-1834 წწ.,); ლექსი ტირანთა წინააღმდეგ (1804 წ.). გრიგოლ ორბელიანის - პატრიოტული ლირიკა 1832 წლის შეთქმულობის ხანისა; „სადღეგრძელო“ (პირველი რედაქცია 1832 წლის შეთქმულების ხანისა); „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“ (დოკუმენტური პროზა; 1831 წ.;).

ნიკოლოზ ბარათაშვილის - პოემა „ბედი ქართლისა“.

ილია ჭავჭავაძის პოემა აჩრდილი (1858-1859 წწ.); დრამატული პოემა „ქართვლის დედა“; ლექსების ციკლი (1858-1861 წწ); მხატვრული პროზა „მგზავრის წერილები“ (1861 წ.).

ჩვენ აქ ჯერ მოგვიხდება დაწვრილებით შევჩერდეთ გრიგოლ ორბელიანის „მგზავრობაზე“, რადგან იგი ნაკლებ ცნობილია; ხოლო ეს ნაწარმოები ახლო გვაცნობს მე-19 საუკუნის 30-იანი წლების საზოგადოებრივი ცხოვრების ვითარებას, როდესაც სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა ნიკოლოზ ბარათაშვილი.

გრიგოლ ორბელიანის „მგზავრობა“ ეკუთვნის 1832 წლის შეთქმულობის ხანას. გრიგოლ ორბელიანი შეთქმულთა ორგანიზაციის წევრი იყო, როდესაც იგი 1831 წელს გაემგზავრა რუსეთში. გრიგოლ ორბელიანს დავალებული ჰქონდა შეთქმულობის თბილისის მთავარი ორგანიზაციის მიერ ურთიერთობის დამყარება შეთქმულთა პეტერბურგის წრესთან. მგზავრობის დროს, აგრეთვე რუსეთში ყოფნისას, ვიდრე დაატყვევებდნენ, გრიგოლ ორბელიანი აწარმოებდა დღიურს. რუსეთში ჩასვლის შემდეგ, 1831 წლის ბოლოს, ავტორს ერთი ნაწილი ამ დღიურისა ლიტერატურულად დაუმუშავებია. სახელდობრ ის ნაწილი, სადაც აღწერილი იყო მგზავრობა საქართველოდან ჩრდილო კავკასიამდე.

ამრიგად, „მგზავრობა“ წარმოადგენს ნაწარმოებს, რომელსაც საფუძვლად პოეტის დღიური დასდებია. „მგზავრობა“-ს შენარჩუნებული აქვს დღიურის თხრობის ქარგა, რაც მას დოკუმენტური პროზის ხასიათს ანიჭებს.

გრიგოლ ორბელიანის „მგზავრობა“ მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული მწერლობისა. გარდა ლტერატურული ღირსებებისა, ეს ნაწარმოები განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, როგორც პირველხარისხოვანი დოკუმენტი ქართული აზროვნების ისტორიიდან. „მგზავრობა“ უახლოესად აგრძნობინებს ეპოქას, კერძოდ, სულისკვეთებას იმ წრისა, სადაც მომზადდა 1832 წლის შეთქმულობა.

ამ ნაწარმოებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ 1832 წლის შეთქმულობის ხანაში ქართველი საზოგადოების პროგრესიულ ნაწილში ორნაირი მიმართულება არსებობდა საქართველოს მომავლის საქმეთა გამო.

ერთი, უფრო ზომიერი წრე, თუმცა საბოლოო მიზნად სთვლიდა საქართველოს განთავისუფლებას თვითმპყრობელური რუსეთისაგან, მაგრამ ეს შორეული მომავლის საქმედ მიაჩნდათ. ეს წრე, რომელსაც „ზომიერთა“ სახელი შეეფერება, ფიქრობდა, რომ საქართველო არსებულ პირობებში ვერ შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და გახდება მსხვერპლი თურქთა და ირანელთა შემოსევისა. ზომიერნი იმ აზრს იცავდნენ, რომ საქართველომ ჯერ უნდა გაიმრთელოს ის ჭრილობანი, რაც მას წარსულმა საუკუნეებმა მიაყენა გაძლიერდეს ეკონომიურად, წინ წაიწიოს კულტურის მხრით და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების რეალურად განხორციელება.

მეორე წრე, რადიკალები, მდგომარეობას. სხვაგვარად აფასებდნენ. ეს მეორე წრე ფიქრობდა, რომ აზიის მეზობელ სახელმწიფოთა პოლიტიკური მდგომარეობა ახლა სხვანაირია, ვიდრე ეს იყო მე-18 საუკუნეში; რომ სპარსეთი და ოსმალეთი უკვე კარგად გრძნობენ, თუ რა დიდი შეცდომა დაუშვეს მათ, როცა თავისი აგრესიული პოლიტიკით აიძულეს საქართველო აეღო რუსეთის ორიენტაცია და ამით საშუალება მისცეს რუსეთს დამკვიდრებულიყო კავკასიონის ქედს გადმოღმა, სპარსეთისა და ოსმალეთის მეზობლად. ახლო აღმოსავლეთის მყუდროებისათვის დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა აუცილებელიაო, - ფიქრობდნენ რადიკალები; საქართველოს დამოუკიდებლობას არ შეუშლიან ხელს არც სპარსეთი, არც ოსმალეთი, და საკუთარი ინტერესების გამო აღარ აიძულებენ საქართველოს ეძიოს მფარველობა გარეშე სახელმწიფოსი. რაც შეეხება საქართველოს შინაგან მდგომარეობას, რადიკალები აგრეთვე აღიარებდნენ, რომ საქართველო ჩამორჩენილია კულტურულად, ეკონომიურად, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ საქართველოს განვითარება უფრო სწრაფი ტემპით წავა წინ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის დროს, ვიდრე თვითმპყრობელური რუსეთის ხელში.

ეს ორნაირი მიმართულება, რომელიც ქართულ პროგრესიულ წრეებში არსებობდა, გრიგოლ ორბელიანს ცხოვლად აქვს გადმოცემული თავისი „მგზავრობის“ ერთ ადგილას, დიალოგის სახით, რომელიც გაიმართა პოეტსა და რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფ ქართველ პატრიოტ ივანე აფხაზს შორის. „ზომიერთა“ იდეების დამცველად აქ ივანე აფხაზი გამოდის, ხოლო რადიკალების წარმომადგენელია თვით გრიგოლ ორბელიანი, ამ დროს უკვე შეთქმულობის წევრი.

მოგვყავს ტექსტი ამ დიალოგისა:

„მოვიდა ღენერალი კნიაზ ივან ნიკოლაიჩი აფხაზი, დანიშნული ღრაფ პასკევიჩთან არმიაში პირისპირ პოლშელთა. ფრიად გვიამა ურთიერთისა ხილვა. შემდგომად სხვა და სხვათა უბნობათა პოლშის ბრძოლისათვის, ვიწყეთ საქართველოზე. - ახ, ვითარ ძლიერად და მართლად აღწერა აწინდელი მდგომარეობა საქართველოისა, რომელიცა უყვარს, ვითარცა ჭეშმარიტსა ძესა მამულისასა, ვითარ მწუხარებითა უბნობდა ქართველებზე, რომელთაც აღხოცეს თვის შორის კეთილშობილური სიამაყე და სიყვარული მამულისადმი და არიან მონებასა ქვეშე, დამდაბლებულნი სულითა.

უბნობა ჩვენი

ი. აფხაზი. - ღმერთო, ნუ მიიყვან რუსთა ესრეთსა განწირულებასა შინა, რომელ იძულებულ იყვნენ დატევებად საქართველოისა, რომელიცა მყისვე შეიქნების მსხვერპლად უწესოებისა, შინაგანისა განხეთქილებისა და ზედა-დასხმისა დაუძინებელთა მტერთაგან.

გრ. ორბელიანი. - საქართველო, შემდგომად რუსთა დატევებისა, ვგონებ იყოს ესრეთ ძლიერ, რომელ შეიძლოს დაცვა მტერთაგან საზღვრისა თვისისა. ოცდა-ათს წელიწადს საქართველოს თუ არ მომატებია ხალხი, ვგონებ არცა დაჰკლებოდეს.1

ი. აფხაზი. - არა ძალუძს: ამისთვის, რომელ პოლიტიკებრი მდგომარეობა მესაზღვრეთა სახელმწიფოთა აზიასა შინა ფრიად შეიცვალა. ვის უხილავს ყიზილბაშისა და ოსმალოს ესრეთი გაწყობილი ჯარი და ესრეთი თოფხანა. საქართველო, იქნების რა დატევებულ რუსთაგან, ვითარ წინააღუდგების მათ. ერეკლე იყო ჭკვიანი და მხნე მეფე: ხედვიდენ მის მხნეობას მაგალითად თავადნი და აზნაურნი, რომელთაცა უყვარდათ მამული, სარწმუნოება, მეფე, და იბრძოდნენ ვითარცა ლომნი, - მაშინ, ოდესცა ყიზილბაშთა, ბუნებითად მხდალთა, არა ქონდათ არცა წესი ჯარში და არცა მხნეობა სპასალართა; მაშინ, ვამბობ, ქართველთა შეეძლოთ ბრძოლა პირისპირ მათთა. ხოლო აწ გამოიცვალა დრო და შეიცვალნენ იგინიცა, გააწყეს მათ რეღული 2, და ჩვენ ვეღარ ძალვიძს, რომ გაწყობილ ჯარს ვებრძოლოთ ისევ იმ ღონისძიებით, ვითარცა იბრძოდნენ მეფეების დროსა. რეღულსა უნდა ვებრძოლოთ რეღული თვე. ნუ გგონია, რომ ჩვენის გლეხების თოფი იყოს სახმარ ომში, რომელსა სამჯერ ვერ ესვრის საათში, მაშინ, ოდესცა მინუტში უნდა ოთხჯერ მაინც ესროლოს... ერთის სიტყვით, საქართველო ურეღულოდ ვერცა ერთსა თვესა გაუძლებს მტერთა. და გარდა ამისსა, ოცდაათმან წელიწადმან ფრიად შესცვალა ერი. არღა მდგომარეობს ჩვენ შორის იგი მხნეობის სული, რომლითაცა იქებოდენ უწინ.

გრ. ორბელიანი. - რეღულის გაწყობა ადვილად მოხდება საქართველოში; ამიტომ რომ, იქნებიან რა თვით დამცველნი თვისისა საზღვრისანი, თვალით დაინახავენ რეღულის სარგებლობასა, თვით მეფე ერეკლემაც იცოდა უმჯობესობა რეღულისა და გააჩინა მორიგის ჯარი, და მაშინ არცა ერთი ტყვე არ დაკარგულა. ამას ადვილად მოახდენენ მაშინ იგინი, ვინცა დარჩებიან ერის მმართველად. და ვაჟკაცობაში ქართველნი ნაქებნი არიან და უყვარსთ მამულიცა; ესე დამტკიცდების მით, რომე საქართველო, ესრეთი მცირედი სამეფო, ვერ დაიცავდა ვერცა სამზღვარსა თვისსა და ენასა და ვერც სარწმუნოებასა, თუ არ განსხვავებულითა ვაჟკაცობითა და სიყვარულითა მეფეთა და მამულისადმი. - ისტორია წარმოგვიდგენს მრავალჯერ საქართველოს გაოხრებულს და კვლავ აღდგინებულს არარაისაგან; ესრეთთა საკვირველებათა აწარმოებს მხოლოდ მხნეობა და სიყვარული მამულისა და სარწმუნოებისადმი. გარდა ამისა, აწ თვით ყიზილბაში და ოსმალოცა ხედვენ შეცდომილებათა თვისთა, რომელ საქართველომ, მათგან შეიწრებულმან, დაუმეზობლა ესდენ საშინელი მათთვის მეზობელი რუსეთი, და არღა მოინდომებენ, რომელ საქართველომ კვლავცა მოსთხოვოს მფარველობა რომელსამე ძლიერსა სახელმწიფოსა ევროპასა შინა. ყიზილბაშნი ჰსწყევდენ აღა-მაჰმად-ხანს ტფილისის წახდენისათვის, რაიცა იყო მიზეზი რუსების გადმოსვლისა.

ი. აფხაზი. - მართალ არს, რომელ ქართველნი არიან მხნენი; გარნა რეღულის გაწყობა აგრე ადვილი ნუ გგონია. ამიტომ რომ, რეღულის გაწყობის დროს, ჯერ არს პირველად შევიდენ სამსახურში სალდათად, სამაგალითოდ სხვათათვის, პირველნი თავადნი და აზნაურნი, რომელთაცა აქვსთ პატივი და ხმა მემამულეთა შორის თვისთა; ჯერ-არს მათდა, რათა შესწირონ მსხვერპლად სიმდიდრე და თვით სიცოცხლეცა, ვისაც ვითარ ძალუძს, საზოგადოებისა ბედნიერებისათვის, და არა მიხედოს საკუთარსა თვისსა სარგებლობასა. ამით ოდენ ჩაიყრება მტკიცედ საფუძველი რეღულისა. - აბა, ჩემო გრიგოლ! დამისახელე გინა ერთი კაცი, რომელმანცა დასდვას ნაწილი სიმდიდრისა თვისისა საზოგადოებისა სარგებლობისათვის. ესრეთი მსხვერპლი არს სათნოება, რომელსაცა ჰგრძნობს მხოლოდ გონებითა და გულითა განათლებული კაცი. უმეცარი და უსწავლელი ვერა მიხვდების ამა ამაღლებულსა გრძნობასა, რომელსაცა აწარმოებს მხოლოდ სიყვარული მამულისადმი. თქვენ, ახალგაზრდანო! თქვენ უნდა ეცადნეთ ყოვლის ღონისძიებით მამულისათვის. პირველად უნდა ისწავლოთ, გონება განინათლოთ, და მაშინ დაინახავთ და გამართავთ ნაკლულოვანებათა. და ამა მიზეზით ვამბობ, რომელ ღმერთმან ნუ ინებოს საქართველოს დატევება რუსთაგან ას წლამდის; მაშინ აღარა მეშინის, ამისთვის, რომელ საქართველოს ეყოლება მას დროსა მრავალნი მსწავლულნი კაცნი, საზოგადოება შეიცვლება, იგრძნობს ყოველსა საჭიროებასა, და ყოველი კეთილი, ახალი სასარგებლო. დაწყებულება ადვილად აღსრულდების; ახლა ვინ იკისრებს, ან ვინ გაუგონებს. აწინდელი ჩვენი საზოგადოება არს მკვდარ მამულისათვის, ცხოვრებენ უსაგნოდ, დაეხეტებიან უგზოდ, ვითარცა ბნელსა ღამესა შინა; ყოველი ფიქრობს საკუთარისა თვისისა სარგებლობისათვის, რომლისა მისაღებად არა მიხედვენ არცა სირცხვილსა, არცა უპატიურსა გზასა, რომელსა ზედა ვლენან. ანგარება არს მათთვის თაყვანსაცემი კერპი, რომლითაცა გვეკარგება პატიოსნება. - გარნა ნუ გგონია, რომელ ესე იყოს ბუნებითი თვისება ქართველთა: არა, ესე არს მხოლოდ ნაყოფი ოცდაათის წლის მორჩილებისა.

გრ. ორბელიანი. - ამა ერისა სულისა დამდაბლებასა ადვილად აღხოცენ იგინი, ვინცა იქნებიან, შემდგომად რუსთა დატევებისა, ერის მმართველნი, უკეთუ იქნებიან გონებიან და შორსმხედველი. ძალა იქნების მათ ხელში, აღაშენებენ და გააწყობენ სასწავლებელთა; სხვათა სახელმწიფოთაგან მოუწოდებენ მსწავლულთა კაცთა და ხელოსანთა, რომელნიცა იქნებიან პირველნი მთესველნი სწავლათა და ხელოსნობათა საქართველოსა შინა, და შემდგომად რაოდენთამე წელთა ნაყოფი უეჭველად აღმოცენდების, მით უფრო უმეტეს, რომელ ქართველთა აქვსთ ბუნებითი გონება.

ი. აფხაზი - ეგე ყოველი შესაძლო არს, გარნა ჯარისა და სასწავლებელთა შენახვისათვის საჭირო არს ხაზინა; საქართველო არს ღარიბი სამეფო, და სხვა რომელი სახელმწიფო გვენდობა ჩვენ ვალად. - გარდა ამისა, საქართველო არის დაგლეჯილი ნაწილ-ნაწილად. ალექსანდრე მეფის შემდეგ, რომელმანცა განუსჯელად განჰყო საქართველო, - ქართლი, კახეთი, იმერეთი, საათაბაგო, გურია... - მის დროთ აქამომდე იყვნენ ურთიერთის მტერნი და სისხლი ინთხეოდა მოუწყვეტლივ. აწ ძლივს შეერთდნენ და ამიერითგან უნდა შეერთხორცდნენ და შეადგინონ ერთი მრთელი: წებოთი მიკრული არ დადგების დიდ ხანს, თუ მზე არ შეაერთებს და არ შეადუღებს მას. ჩვენი მზე არის დრო. დრომან უნდა გაგვანათლოს, გვასწავლოს ურთიერთთა და მამულის შეყვარება და შეგვაერთოს ერთითა გულითა, ერთითა ფიქრითა ყოველნი ნაწილნი ძველისა საქართველოისანი. მაშინ იქნების, თუმცა არა ფრიად ძლიერ, ვითარცა სხვანი სახელმწიფონი, - გარნა შემძლებელ დაცვად თვისისა სამზღვრისა. გარეშემოზღუდულ არს რა საქართველო მტერთაგან, ჯერ არს რათა ყოველი ქართველი აღინთოს მამულის სიყვარულითა და თვითოეულმან აღირჩიოს გზა ლეონიდისა...

კვალად ვამბობ, რომ დრომ უნდა აღადგინოს საქართველო“.

___

გრ. ორბელიანი თუმცა შეთქმულობის წევრი იყო, მაგრამ მას, როგორც ჩანს, არ მიაჩნდა მთლად უსაბუთოდ ივანე აფხაზის შეხედულებანი. პოეტის ერთგვარი დაეჭვება თავის პოზიციაში უნებლიეთ მოჩანს ამ დიალოგის შესავლიდან, აგრეთვე იმის მიხედვითაც, რომ იგი საჭიროდ სთვლის ასე დაწვრილებით გადმოგვცეს ი. აფხაზის ნაუბარი.

მიუხედავად ამ დაეჭვებისა, რომელსაც პოეტი, ჩანს, განიცდიდა, გრიგოლ ორბელიანი მაინც გარკვევით მიმხრობია რადიკალების ბანაკს. გრიგოლ ორბელიანი დიდი ენთუზიასტია რადიკალების მიერ დაწყებული შეთქმულობისა. ეს ცხადი ხდება გრიგოლ ორბელიანის როგორც სხვა ნაწერებიდან შეთქმულობის ხანისა, ისე თვით ამ „მგზავრობის“ მთელი რიგი ადგილების მიხედვით.

ვიდრე გადავიდოდეთ ნ. ბარათაშვილის პოლიტიკური მსოფლმხედველობის შესახები საკითხების განხილვაზე, საჭიროა აღვნიშნოთ წინასწარ, რომ ნ. ბარათაშვილი არ იცნობდა გრ. ორბელიანის „მგზავრობას“. 1831 წელს, როდესაც გრ. ორბელიანი რუსეთში გაემგზავრა, ნ. ბარათაშვილი 13 წლის ბავშვი იყო. „მგზავრობა“ რუსეთში არის დამუშავებული იმავე 1831 წელს, და მისი ერთადერთი ხელნაწერი ჟანდარმერიამ ჩამოართვა გრიგოლ ორბელიანს 1833 წლის დასაწყისში, როდესაც ის შეთქმულობაში მონაწილეობის გამო დაატუსაღეს. გრიგოლ ორბელიანს, როგორც ამას თვითვე აღნიშნავს ერთგან, არ დარჩენია ამ ნაწარმოების სხვა პირი. ამრიგად, გრიგოლ ორბელიანის „მგზავრობა“ დაატყვევა ნიკოლოზ I-ის მთავრობამ, დაურთო იგი შეთქმულობის გამოძიების საქმეს და დამარხა რუსეთის ჟანდარმერიის არქივში - პეტერბურგში. არათუ ბარათაშვილისათვის უცნობი დარჩა ეს თხზულება, არამედ იგი საერთოდ დაეკარგა ქართულ მწერლობას. მხოლოდ ერთი საუკუნის შემდეგ, 1928 წელს, ჩვენ მოგვეცა ბედნიერება გვენახა ეს ნაწარმოები შეთქმულობის საქმეში, იგი მხოლოდ მას შემდეგ ხდება ცნობილი, ასი წლის ტყვეობის შემდეგ.

ამრიგად, ნ. ბარათაშვილი არ იცნობდა გრ. ორბელიანის ამ ნაწარმოებს; მაგრამ რამდენია საერთო ნ. ბარათაშვილის პოლიტიკური იდეოლოგიის გამომსახველ თხზულებებსა და გრ. ორბელიანის ამ ნაწარმოებს შორის! აქ გამოვლინებულია ერთი და იმავე ეპოქის იდეური სამყარო.

*

გავეცნოთ ამის შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ მემკვიდრეობას, რომელშიაც პოეტის საზოგადოებრივპოლიტიკური იდეებია გამოსახული.

ნ. ბარათაშვილის შემოქმედება ეკუთვნის სწორედ იმ ხანას, რომელიც უშუალოდ მოსდევს 1832 წლის შეთქმულობის დამარცხებას. ეს ჩვენ ბევრს გვიხსნის ბარათაშვილის პოეტურ მემკვიდრეობაში.

1832 წლის შეთქმულობის დამარცხებას, - როგორც ამის შესახებ სხვაგან გვქონდა საუბარი, - შედეგად მოჰყვა ხანგრძლივი რეაქცია ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეთქმულთა აქტივი გამოაკლდა საზოგადოებრივი მოძრაობის რიგებს. ნ. ბარათაშვილი იყო ის რჩეული, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა 1832 წლის თაობისა, აზიდა ის ტვირთი, რომელიც 1832 წლის თაობამ დასტოვა.

ახალ პოლიტიკურ გარემოში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საკითხები უკვე სხვარიგად ისმოდა. 1832 წლის შეთქმულობის დამარცხების შემდეგ თვით ცხოვრებამ მოხსნა დღის წესრიგიდან რადიკალების მიერ დასახული გეგმა.

პოეტი ანგარიშს უწევს ისტორიული გარდუვალობით შექმნილ პირობებს; იგი იძლევა ახალ გადაფასებას თაობათა ძველი ნააზრევისა.

*

შევჩერდეთ ჯერ ბარათაშვილის ლექსზე „საფლავი მეფის ირაკლისა“.

ლექსი „საფლავი მეფის ირაკლისა“ დაწერილია 1842 წელს, როდესაც გადასახლებაში მყოფნი შეთქმულნი, „ჟამ-ვითარებით მიდამო გარდახვეწილნი“, თანდათან ჩამობრუნდნენ საქართველოში.

ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამო
მოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო;
მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სული
უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა 3
განცეცხლებული.
და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს
ქვეყანად,
მხურვალეს ცის ქვეშ 4 მოსამკალთა ერთი
ათასად!
სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,
მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!

პოეტს იმედს ჰგვრის ის გარემოება, რომ საქართველომ, სისხლიდან დაცლილმა წარსული საუკუნეების ხანგრძლივი ომების გამო, დაისვენა და ძალების მოკრება დაიწყო, რომ „ახალი ქართლი“ ახალი გზით მიდის განახლებისაკენ.

ამიტომაც პოეტი მუხლს იყრის ერეკლე მეფის აჩრდილის წინაშე, რომლის ანდერძმა ღონემიხდილსა და განწირულებამდე მისულს საქართველოს შეუქმნა შესაძლებლობა ახალ გზაზე გამოსვლისა.

მშვიდობა შენსა წმიდას აჩრდილს, გმირო
განთქმულო,
უკანასკნელო ივერიის სიმტკიცის სულო!
აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა
და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით
აღნაგსა!

ამრიგად, ნ. ბარათაშვილი ამ ლექსში - „საფლავი მეფის ირაკლისა“ - იზიარებს ირაკლი მეფის ანდერძ-ნამაგს; პოეტი ფიქრობს, რომ საქართველოს რუსეთთან დაახლოება იყო ისტორიულად გარდუვალი აქტი და ერთადერთი სწორი გზა შექმნილი გამოუვალი მდგომარეობიდან. პოეტს თავისი ქვეყნის ხსნად მიაჩნია, რომ საქართველომ გაარღვია რკალი ბარბაროსული ქვეყნების გარემოცვისა და აღადგინა კავშირი კულტურულ მსოფლიოსთან, რომელსაც საქართველო საუკუნეებით იყო მოწყვეტილი.

ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ ლექსში „საფლავი მეფის ირაკლისა“ აბამს ჯაჭვს წარსულიდან მომავლისაკენ, ირაკლიდან, - რომელიც იყო „უკანასკნელი ივერიის სიმტკიცის სული“, ქართველი ხალხის ახალ სიმტკიცემდე, ახალ თაობამდე, რომელიც, პოეტის სიტყვით, ზიდავს „ძვირფას თესლთა მშობელს ქვეყანად“, -

„მხურვალეს ცის ქვეშ [ = საქართველოში]
მოსამკალთა ერთი ათასად“.

პოლიტიკური აზრი ლექსისა „საფლავი მეფის ირაკლისა“ იგივეა, რაც მოცემულია ილიას ცნობილ ანდერძში:

„მას ნუღარ ვსტირით, რაც დაკარგულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა!
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს“.

ამრიგად, ლექსი „საფლავი მეფის ირაკლისა“ სრულიადაც არ ნიშნავს ნ. ბარათაშვილის მიერ რაიმე შერიგებას იმ მდგომარეობასთან, რაც საქართველოს შეუქმნა ცარისტულმა თვითმპყრობელობამ. ბარათაშვილისათვის უცხოა კომპრომისი.

პოეტის დიდი სულიერი ტრაგედიის სათავე სწორედ ის არის, რომ იგი არაა დამშვიდებული თავისი ქვეყნის ბედის გამო; პოეტი ვერ ურიგდება ბოლომდე ირაკლი მეფის ანდერძ-ნამაგს, რამდენადაც ამას შედეგად მოჰყვა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის მოსპობა და დამონება. პოეტის გული აგზნებულია თავისუფლების სიყვარულის დაუშრეტელი ცეცხლით და იგი მთელი სიმწვავით განიცდის სამშობლო ქვეყნის ტრაგიკულ ხვედრს.

სწორედ იმავე 1842 წელს, როდესაც დაიწერა „საფლავი მეფის ირაკლისა“, პოეტმა დაწერა პოემა „სუმბული და მწირი“, სადაც მკვეთრ სიმბოლურ სახეებში იგივე საკითხებია დასმული „ახალი ქართლის“ ყოფნა-არყოფნისა. პოეტს უდიდეს უბედურებად მიაჩნია დაკარგვა თავისუფლებისა, რომლის სანაცვლო არაფერია ამ ქვეყნად. პოეტს წარმოდგენილი ჰყავს თავისი სამშობლო როგორც სუმბულის ყვავილი, რომელიც ბუნების თავისუფალი წიაღიდან გადარგულია ოთახში, და რომელსაც თუმცა გარეშე სიცივე ვერას აკლებს, მაგრამ ოთახის ხშულ ჰაერში ჰკარგავს თავის სურნელსა და ფეროვნებას.

მწირი

სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,
რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?
მარქვი, სადა არს სუნი შენი, ამო და ნელი,
რომლით ათრობდა სიცოცხლის ჟამთ ლამაზი ველი?

სუმბული

მწირო, ხომ ხედავ, მოვჰკლებივარ ჩემს სამშობლოს გულს,
ჩემთ სწორთა ყვავილთ, მშვენიერს ცას და ჩემსა ბულბულს.
აგერ მაისი ააყვავებს ტურფად ბუნებას,
მოვა ბულბული და დაუშტვენს სიყვარულის ხმას,
ხოლო მე ხშული ბნელსა სადგურს და სევდიანსა,
ვეღარ ვიხილავ ჩემსა ტურფას და ტკბილს მგოსანსა!
მწირი

ნუ თუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც რას საამურს,
სადაც ოქროთი და ვერცხლითა გიმკობენ სადგურს,
სადაცა კაცი შენს შვენებას ესრეთ ინახავს,
რომ მზე ვერ გიჭკნობს და სიცივე ვერა დაგაზრავს?

სუმბული

მაგრამ მარქვ, რა არს ჩემთვის სახლი დიდ-მშვენიერი,
ვით გააღიმებს ჩემს შვენებას ხშული ჰაერი;
არღა მევლება გარე წყარო, ცივი, კამკამი,
არღა მეცემის დილით გულსა სიცოცხლის ნამი;
გრილი ნიავი ჩემთა ფურცელთ არ უალერსებს
და მაყვლის ბუტკი მზისა სხივთა არღა უჩრდილებს.
მწირი

სუმბულო ტურფავ, მოიგონე მკაცრი ზამთარი,
მისგან შენ ახლა იქნებოდი უწყალოდ მკვდარი;
ნახე, რა ძალუძს შენთვის მზრუნველს კაცისა ხელსა,
რომ მისი სუსხი ვერ შეგირყევს ვერც თუ ფურცელსა.
ჰე, მწირო, სოფლად ყოველსა აქვს ჟამი და ბოლო,
მაგრამ ამას ვწუხ, რომ უჟამოდ მეღების ბოლო!
ზამთრით ბუნება არა კვდება, - სევდით იმოსვის,
რომ თავისს სატრფოს, გაზაფხულსა, განეშორების!
და მყის ვითარის შვენებითა კვლავ შეიფურცვლის,
ოდეს მერცხალნი ახარებენ მოსვლას საყვარლის!
ახ, როდის ვნახო მეცა ველად ჩემი ბულბული,
რომ განვიშალო კვლავ სიტურფით მისი სუმბული!

*

გავეცნოთ ამის შემდეგ ბარათაშვილის პოემას „ბედი ქართლისა“, ახალი ქართული პოეზიის ამ ერთ-ერთ უდიადეს ნაწარმოებს. პოემის დასაწყისში ჩვენ წინაშე იშლება სურათი აღა-მაჰმად-ხანის მიერ აოხრებული საქართველოს დედაქალაქისა.

მრავალთ ყმაწვილთკაცთ, ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის!
აწ საფლავიცა არსად არს მათთვის,
ჰაერში განქრა მათი სახელი
და ჟამთ მოწამე სადამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა;
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!..
მაგრამ, ჰოი გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:
რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაიცემის.

ასეთია ტრაგიკული ფონი პოემისა, - ჩვენ წინ აისახებიან დაუმარხავი გმირების აჩრდილები და საქართველოს აოხრებული დედაქალაქის სილუეტი.

კრწანისის ტრაგედიის შემდეგ ქვეყნის ჭირნახული მოამაგენი ერეკლე მეფე და სოლომონ მსაჯული „ქართლისა ბედს განსამართლებენ“.

საქართველოს ძველი გამოცდილი ხელმძღვანელი, გმირი ერეკლე, ჰყრის ფარხმალს. ერეკლეს გულმა „გარდაწყვიტა ბედი ქართლისა“.

ეს არ არის სულმოკლეობის ნაყოფი. ეს არის გმირის ტრაგიკული გადაწყვეტილება.

ერეკლე გრძნობს, რომ საქართველოს „უბედობისა და დარღვევის“ დროს არ არის სხვა გამოსავალი, თუ არა მფარველობა ჩრდილოეთის დიდი მეზობლისა. ეს არის ნაკლები ბოროტება, ვიდრე ის სავალალო ბედი, რომელიც მოელის ქვეყანას, თუკი საქართველო მომავალშიაც იმავე საბედისწერო განმარტოებაში დარჩება, ბარბაროსი მეზობლებით გარშემორტყმული.

მაგრამ „სულით ღელვილი“ სოლომონ, ეს შეუხრელი გმირი, არ ეთანხმება მეფის რჩევას. სოლომონ აღიარებს, რომ თავისუფლება არის ისეთი ნიჭი, რომლის სანაცვლო არაფერია ამქვეყნად. ყველაფრის მსხვერპლად მიტანა შეიძლება, მაგრამ თავისუფლებისა კი არა. მით უფრო, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი გათავებული არაა:

ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომ განვისყიდოთ თავისუფლება!

ვინ იყო მართალი ამ ტრაგიკულ პაექრობაში?

პოეტი გრძნობს ორკერძ სიმართლეს ორივე გმირისას.

მაგრამ თუ პოეტის გონება გაორებულია ამ ტრაგიკული დილემის წინაშე, პოეტის გული, ანთებული თავისუფლების სიყვარულით, იმის მხარეზეა, ვინც თავისუფლების დაკარგვას ვერას დროს ვერ შეურიგდება. თავის საბოლოო მსჯავრს პოეტი გამოთქვამს ქართველი დედის სოფიოს სიტყვებით:

რა ხელჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული!

ვიტყვით აქვე, რომ ქართლის დედა სოფიო, ეს დიადი სახე ახალი ქართული პოეზიისა, შთააგონებს ნიკოლოზ ბარათაშვილის დიდ მემკვიდრეს ილიას დრამატულ პოემას „ქართვლის დედა“, რომელიც ასევე შეიცავს ჰიმნს, მიმართულს თავისუფლებისადმი:

„თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი!“

*

ამრიგად, თავისუფლებისაკენ მოწოდებით სრულდება ეს ისტორიული პაექრობა ქართველი ხალხის ღვაწლმოსილ მოამაგეთა „სულით მამაცთა“, ერეკლესი, სოლომონ მსაჯულისა და ქართლის დედის სოფიოსი, რომელნიც „ქართლისა ბედსა განსამართლებენ“.

ამის შემდეგ სიტყვას იღებს თვით პოეტი და მონოლოგში, რომელიც მიმართულია წარსულის დედათა მიმართ („ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო, კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო“), პოეტი ქებას შეასხამს მათ, რომელთაც თავისი მაღალი სულით, შრომითა და თავდადებით დაიცვეს წარსულში მამული.

პოეტი ამავე დროს ეხება თავის თანამედროვეთა იმ ნაწილსაც, რომელთაც უცხოეთის ქარმა „გარდაუცვალა გული ცხოველი“, დაივიწყეს მამული, და რომელნიც ამას იტყვიან: „ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს, ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარს გულს; რის ქართველობა, რა ქართველობა! მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა“.

აქაც ნიკოლოზ ბარათაშვილს ეხმაურება მისი დიდი მემკვიდრე ილია თავის მეორე ლექსში იმავე სახელწოდებით „ქართვლის დედას“ („ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა...“). ბარათაშვილის მონოლოგში და ილიას ლექსში ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე მაგისტრალი.

*

ბარათაშვილის პოემას „ბედი ქართლისა“ განუზომელი გავლენა ჰქონდა მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე. მომდევნო ეპოქის ქართული მწერლობა ისევ და ისევ უბრუნდება „ახალი ქართლის“ იმ საჭირბოროტო საკითხებს, რომელნიც ასეთის სიმწვავით, ასეთის გაბედულებით, ასეთის ტრაგიკული სიმკვეთრითა და პირდაპირობით აღძრა პოეტმა მე-19 საუკუნის ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგია აქ პოულობს თავის დასაყრდენს, აქედან გამოდის, იზრდება, მიემართება ახალი იდეალებისაკენ. ნ. ბარათაშვილი არის დიდი მოძმე ილია ჭავჭავაძისა. ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ არის მომდევნო ეპოქის პასუხი იმ საკითხზე, რომელიც ნ. ბარათაშვილმა აღძრა.

ბარათაშვილის პოემის განსაკუთრებული რეზონანსი გამოწვეულია ამ ნაწარმოების დიდი იდეური მიზანდასახულობით. დიდია ასევე მისი მხატვრული ღირსებები. „ბედი ქართლისა“ ნამდვილი მონუმენტალობით არის აღბეჭდილი, იგი თითქოს ერთი ზოდიდან არის გამოკვეთილი. კეთილშობილი მკაცრი სტილი, ეკონომია პოეტური სიტყვისა, სამკაულებს მოკლებული მხატვრობა, დაურღვეველ ჰარმონიაში იმყოფება იმ ტრაგიკულ სულისკვეთებასთან, რომლითაც გამსჭვალულია პოემა.

რომანტიკოსი ბარათაშვილი „ბედი ქართლისა“-ში თავისი მხატვრული მანერით გვევლინება, როგორც რეალიზმის წინამორბედი ახალ ქართულ მწერლობაში. ბარათაშვილმა მოგვცა თავის პოემაში ის თავისებური შერწყმა რომანტიზმისა რეალიზმთან, რომელიც ახასიათებს მე-19 საუკუნის ქართული პოეზიის საუკეთესო ძეგლებს, აძლევს ახალ ქართულ ლიტერატურას თავის ტონს, თავის სახეს.

*

დასასრულ, ბარათაშვილის „მერანის“ შესახებ.

„მერანი“-ს უკვდავ სტროფებში ბარათაშვილმა გამოამჟღავნა სრულის შეურიგებლობით თავისი პროტესტანტული სულისკვეთება, თავისი მეამბოხე სული.

ბარათაშვილის „მერანი“-ს რეზონანსი ახალ ქართულ მწერლობაში არანაკლებ ძლიერი იყო, ვიდრე პოემის „ბედი ქართლისა“. ბარათაშვილის „მერანის“ ქროლამ ქართულ მწერლობაში ახალი სული დაამკვიდრა.

თავდაპირველად შევჩერდებით ამ ნაწარმოების ლიტერატურული გენეზისის საკითხებზე.

გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ბარათაშვილის „მერანის“ ლიტერატურული პროტოტიპი იყო ადამ მიცკევიჩის „ფარისი“. ეს პოემა მიცკევიჩისა ერთი უბრწყინვალესი ძეგლია პოლონური პოეზიისა. მიცკევიჩმა იდეა ამ ნაწარმოებისა არაბული თქმულებიდან აიღო.

რამდენად სწორია ეს მოსაზრება, რომელიც ბარათაშვილის „მერანს“ მიცკევიჩის „ფარისთან“ აახლოებს?

აქ საჭიროა თავდაპირველად ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საზოგადოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური შემოქმედება უაღრესი ორიგინალობით არის აღბეჭდილი. ბარათაშვილის პოეტური შთაგონება, ფილოსოფიური ხილვა, თემის გაშლა, - განუმეორებელ თავისებურებას წარმოგვიდგენს.

ავიღოთ მაგალითისათვის ისეთი უნივერსალური თემატიკა, როგორიც არის „ვარდ-ბულბულიანი“. ვინ არ შეხებია ამ თემას ძველ-ქართულ მწერლობაში, ვის არ უწერია „ვარდისა და ბულბულის“ მიჯნურობაზე!.. მაგრამ ბარათაშვილმა შექმნა ამ რკალში უაღრესად ორიგინალური პოეტური ქმნილება, სრულებით ახალ მხატვრულ ასპექტში წარმოგვიდგინა ეს თემა, სრულებით ახალი ფილოსოფიური შინაარსით აავსო იგი.

„ვარდ-ბულბულიანში“ ჩვეულებრივი ქარგაა ბულბულის მიჯნურობა ვარდისადმი, ხოლო ბარათაშვილის „ვარდსა და ბულბულში“ პოეტის ხილვას იპყრობს სულ სხვა რამ, წამიერი ხანმოკლეობა თვით ვარდის ფურცლობის, წარმავლობა მშვენიერებისა.

ბარათაშვილის „ვარდ-ბულბულიანთან“ დაკავშირებით ჩვენ საგანგებოდ გავეცანით ვარდისა და ბულბულის პოეტიკას და არათუ ძველ-ქართულ მწერლობაში, არამედ საერთოდ აღმოსავლერ პოეზიაში, არც ირანულსა და არც არაბულში, ასეთი დამუშავება „ვარდისა და ბულბულის“ თემისა არსად მოიპოვება.

ანდა ავიღოთ „ნაპოლეონის“ თემატიკა. ბარათაშვილის „ნაპოლეონ“ სხვაა, ვიდრე ნაპოლეონი პუშკინისა, ლერმონტოვისა, ტიუტჩევისა, ან ნაპოლეონი ბაირონისა და ჰაინესი. ბარათაშვილის ნაპოლეონში“ მოცემულია სრულებით განსხვავებული ფილოსოფიური და მხატვრული აქცენტი.

თუ ეს ითქმის „ვარდსა და ბულბულზე“ ან „ნაპოლეონზე“. მით უფრო დანარჩენი პოეტური მემკვიდრეობა ნ. ბარათაშვილისა, დაწყებული მისი ადრინდელი უბრწყინვალესი შედევრიდან „შემოღამება მთაწმიდაზედ“ და დასრულებული ლექსებით „ვპოვე ტაძარი“, „სუმბული და მწირი“, „ჩინარი“ და სხვები, ასევე აღბეჭდილია განსაკუთრებული ორიგინალობით.

დავუბრუნდეთ ამის შემდეგ ბარათაშვილის „მერანს“.

ერთადერთი ნაწარმოები ბარათაშვილის პოეტურ მემკვიდრეობაში, რომლის ლიტერატურულ საწყისებს თუმცა მკრთალად, მაგრამ მაინც თითქოს ვამჩნევთ, ეს არის ბარათაშვილის „მერანი“.

მაგრამ ბარათაშვილის ნაწარმოების პროტოტიპი ჩვენ გვაქვს ძველ-ქართულ პოეზიაში და არა მიცკევიჩის „ფარისში“. დეტალური ლიტერატურული ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ „მერანსა“ და „ფარისს“ შორის არ არის ისეთი სახის პარალელები, რაც მათ კავშირზე მიუთითებდეს. ბარათაშვილის „მერანსა“ და მიცკევიჩის „ფარისს“ შორის არაფერია საერთო გარდა იმისა, რომ მიცკევიჩის „ფარისში“ წარმოდგენილია უდაბნოში გაჭრილი ბედუინი. ხოლო პოეტური სტილი, კოლორიტი, თვით თემატიური რკალი, და რაც მთავარია - იდეური გამიზნულობა - არსებითად დაშორებულია ერთმანეთს. ამას გარდა აქ გვაქვს განსხვავება ჟანრისაც. მიცკევიჩის „ფარისი“ არის ბალადა-პოემა, ხოლო ბარათაშვილის „მერანი“ ლირიკული ნაწარმოებია.

თუკი რომელსამე ლიტერატურულ ნაწარმოებს ენათესავება ბარათაშვილის „მერანი“, იგი არა მიცკევიჩის „ფარისს“, არამედ ქართული ლიტერატურის დიდი ფუძემდებლის შოთა რუსთაველის პოემას ეხმაურება.5

აქ საჭიროა ამავე დროს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ როდესაც აქ „მერანისა“ და ვეფხის-ტყაოსნის ნათესაობაზე მივუთითებ, მე შორს ვარ მტკიცებისაგან, თითქოს ვეფხის-ტყაოსანში გვქონდეს რაიმე უშუალო პროტოტიპი „მერანისა“. რუსთაველი და ბარათაშვილი ეს ორი სხვადასხვა პოეტური მსოფლიოა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, „მერანში“ მაინც შეინიშნება ზოგიერთი შეხვედრითი ხაზები რუსთაველთან, ამასთან ეს შეხვედრა ზოგჯერ მეტად მნიშვნელოვანია იდეურად. არის ნაწილობრივ შეხვედრა პოეტურ ინვენტარშიაც.

ეს კითხვა იმდენად საგულისხმოა, რომ შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას ამ საგანზე.

თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ძირითადი პოეტური სახე ბარათაშვილის ქმნილებისა - თვით პოეტური „მერანი“ - წარმოადგენს რემინისცენციას რუსთაველის პოემიდან.

„ანაზდად მოყმე გამოჩნდა, კუშტი, პირ-გამქუშავია,
ზედან ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია.
....

„ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად...“

შემდეგ, ბარათაშვილის „მერანის“ ცენტრალური იდეა:

„ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის
სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო,
მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა
გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ
გამოუქროლდეს!“

ბარათაშვილის თავგანწირული მხედარი, ველად გაჭრილი, რათა „მოძმესა მისსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“ უნებლიეთ გვაგონებს სხვა თავგანწირულ მხედარს, რუსთაველის პოემის გმირს ავთანდილს, რომელიც აგრეთვე გაჭრილია ველად და მოვლის მსოფლიოს, რათა მოძმესა მისსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს. ბარათაშვილის თავგანწირული მხედარი ამბობს:

„საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს
ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა ვამცნო
გულისა მე საიდუმლო!“

ამასვე ამბობს რუსთაველი მოძმისათვის თავგანწირული მხედრის ავთანდილის შესახებ:

„რა შეუღამდის, ვარსკვლავთა
ამოსვლა იამებოდის,
მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის,
ეუბნებოდის“...

ამასთან განთქმული მნათობთადმი მიმართვა ავთანდილისა, რომლითაც იგი ვარსკვლავთა თანამავალთა ამცნობს გულისა საიდუმლოს, და რომელიც თავდება სიტყვებით: „აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი...“ აქ არის მეტად საგულისხმო ნიშნობლივი შეხვედრა ბარათაშვილისა რუსთაველთან.

შემდეგ, ბარათაშვილის თავგანწირული მხედარი ანდერძად აგდებს:

„ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ
საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა
დამეცეს ცრემლი მწუხარის“

ხოლო ავთანდილის ანდერძში ვკითხულობთ:

„თუ საწუთრომან დამამხოს ყოველთა
დამამხობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს
მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა
მისანდობელმან...“

აქ შეხვედრაა თვით ფრაზებშიაც; ბარათაშვილი: „ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა“; რუსთაველი: „ვერ დამიტიროს... მისანდობელმან“.

ბარათაშვილის „მერანში“:

„შავი ყორანი გამითხრის საფლავს...
მივალალებენ სვავნი მყივარნი!“

სახე ბარათაშვილის მერანიდან „შავი ყორანი“ და თვით ეპითეტიც „მყივარი“ იძლევა პარალელს რუსთაველთან:

„შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად“.

დასასრულ, ლეიტმოტივი ბარათაშვილის მერანისა:

„გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე
ბედის სამზღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს
შენი მხედარი!
დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი,
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი...“

აქ არის ნათესაობა იმ ჰეროიკულ განწყობილებასთან, რომლითაც შთაგონებულია რუსთაველის გმირის ავთანდილის სიტყვები:

„ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს
მამაცურად!
... ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა
კლდოვანი,
მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალგულოვანი,
ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და
მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“.

ამრიგად, რუსთაველსა და ბარათაშვილს შორის, მიუხედავად მათი პოეტური ბუნებისა და მხატვრული სტილის რადიკალური სხვაობისა, არის საგულისხმო შეხვედრის ხაზები. ბარათაშვილის „მერანში“ იგრძნობა რუსთაველის პოეზიის სტიქია.6

მაგრამ, რასაკვირველია, ბარათაშვილის „მერანის“ გმირი თავგანწირული მხედარი მაინც სრულებით სხვაა, ვიდრე რუსთაველის თავგანწირული მხედარი ავთანდილი, ისევე როგორც სხვაა მე-12 საუკუნის საქართველო და ბარათაშვილის ეპოქის „ახალი ქართლი“.

__

„მერანი“, ისევე როგორც „ბედი ქართლისა“, ცენტრალური ნაწარმოებია ბარათაშვილის პოეტურ მემკვიდრეობაში. „მერანში“, ახალი ქართული პოეზიის ამ ჭეშმარიტად დიად ქმნილებაში, აღბეჭდილია პოეტის მღელვარე სულისკვეთება, თავისუფლების სიყვარულით მგზნებარე სული.

„მერანში“ მოისმის ახალი მოწოდება.

თუ „სუმბულსა და მწირში“ ბარათაშვილი მხოლოდ იგლოვს ელეგიურის ტონით დაკარგვას თავისუფლებისას; თუ „ბედი ქართლისაში“ ბარათაშვილი ეჭვებით შეპყრობილია, ვერ დაუძლევია შავად მღელვარი ფიქრები და ტრაგიკულ გაორებას განიცდის; „მერანში“ - სტიქიონისებური სიძლიერით გადმოხეთქა პოეტის პროტესტანტულმა სულისკვეთებამ და თავისუფლების უძლეველმა სიყვარულმა.

„მერანი“ ნამდვილი ჰიმნია გმირობისა. აქ გადმოცემულია ტიტანური, ქარტეხილიანი ამბოხება ადამიანის სულისა. თავგანწირული მხედარი ეკვეთება თვით ბედისწერას, მის ნებისყოფას ვერ ბორკავს ვერავითარი ეჭვი, მას არ აშინებს თვალბედითი ყორანის ჩხავილი, მისი მერანი მისცემია დაუსრულებელ ქროლვას, იმ რწმენით, რომ გზა უვალი მისგან თელილი მაინც დარჩება, და მის შემდგომად მოძმესა მისა სიძნელე გზისა გაუადვილდება.

ბარათაშვილის მერანის საზღვარდაუდებელი გიჟური სრბოლა ეს არის აჯანყება განწირულის სულისა, აჯანყება გმირული, მაგრამ თითქოს უიმედო; მაინც პოეტს იდუმალი გრძნობა ეუბნება, რომ ამაოდ არ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება.

ბარათაშვილმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი დაირწევა, რომ დაიბადება გმირი, რომელიც ქვეყნად თავისუფლების მზეს მოიტანს; მაგრამ ბარათაშვილი გრძნობს ამას პოეტური გენიის წინასწარმეტყველური წინათგრძნობით და ეგებება მომავლის გმირს თავისი მერანით.

__________

1. იმ დროს, რა ხანასაც ეკუთვნის ეს დიალოგი, ოცდაათი წელი იყო გასული რუსეთის მფლობელობის დამყარებიდან.

2. „რეღული“ - რეგულარული ჯარი.

3. იგულისხმება რუსეთი.

4. იგულისხმება საქართველო.

5. აღვნიშნავთ, რომ ამ ლიტერატურული ფაქტისათვის ყურადღება მიუქცევია აგრეთვე პოეტს სიმონ ჩიქოვანს, როგორც ეს პირადი აზრთა გაზიარების დროს გამოირკვა.

6. არაა ინტერესს მოკლებული აღვნიშნოთ ამასთან, რომ გარდა „მერანი“-სა, ბარათაშვილი ენათესავება რუსთაველის პოეზიას სხვაგანაც; ასე, ბარათაშვილის ფილოსოფიური ლირიკის უშესანიშნავესი ძეგლი „ჩინარი“ აგრეთვე შეიცავს საგულისხმო პარალელს რუსთაველთან.

ბარათაშვილი „ჩინარი“:

„მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის, და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!“

რუსთაველი:

„რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო“

ბარათაშვილის ფილოსოფიური ხილვა - „უასაკო და უსულო“ ბუნების საიდუმლოებით აღსავსე საუბარი, - თუმცაღა მოცემულია სხვა ასპექტში, მაგრამ მაინც ეხმაურება რუსთაველის „უსულო და უასაკო“ ვარდის საუბარს.

X . ბარათაშვილის ცხოვრების უკანასკნელი წლები. პოეტის ხვედრი

დავუბრუნდეთ ნ. ბარათაშვილის ცხოვრების ქრონიკას. 1844 წლის დასაწყისში ნ. ბარათაშვილმა მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და ამან, თვით მისივე სიტყვით, დიდი გავლენა იქონია პოეტზე.

ერთ წერილში ნ. ბარათაშვილი სწერს ზაქარია ორბელიანს:

„შენმა წერილმა, რომელიც აღსავსეა სევდითა და დაღლილობით ცხოვრების ბობოქარი დინების გამო, ღრმა გამოძახილი ჰპოვა ჩემს სულში, თუმცა ამისთვის ჩვენ სხვადასხვა მიზეზი გვაქვს. მე ძალიან ავად ვიყავი, კინაღამ ელვისიოსის მინდვრებში არ გადავსახლდი. აქამდე არავითარი ავადმყოფობა რომ არ ვიცოდი, ახლა ვიგრძენი მისი უცნაური ზემოქმედება, ალბათ ეს გრძნობა მთელი სიცოცხლის მანძილზე გამყვება. ჩვენი არსებობის მიზნის მიუწვდომელობამ, ადამიანის სურვილთა უსაზღვროებამ და ყოველივე ამქვეყნიურის ამაოებამ საშინელი სიცალიერით აღავსეს ჩემი სული.

„მე რომ პატარა დამოუკიდებელი მდგომარეობა მქონდეს, ახლავე მივატოვებდი ქვეყანასაც და ადამიანებსაც მათი გაუმაძღრობით, და დამშვიდებული და მოსვენებული გავატარებდი პატრიარქალურ ცხოვრებას მარტივი ბუნების წიაღში, რომელიც ასე დიდებული და მშვენიერია ჩვენს სამშობლოში“.

მაგრამ პოეტს ამის შემდეგ საერთოდ არ დარჩენია დიდი დღე. წლინახევრის შემდეგ იგი უკვე ქვეყნად აღარ იყო.

*

უკანასკნელი წელი ნ. ბარათაშვილმა მეტწილად საქართველოს გარეთ გაატარა.

პოეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და გადახვეწილიყო უცხოეთში, სადაც იგი ასე უდროოდ დაიღუპა.

აქ ჩვენ გავეცნობით იმ მართლაც ტრაგიკულ, გამოუვალ მდგომარეობას, რომელიც შექმნილა პოეტის გარშემო უკანასკნელ წლებში, რამაც აიძულა იგი სამშობლოს მოშორებოდა და რამაც ასე უდროოდ შეიწირა პოეტის სიცოცხლე.

*

თავდაპირველად აქ საჭიროა შემდეგი აღინიშნოს.

ცარისტულ ხელისუფლებას, თავისთავად ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩა, რომ ნ. ბარათაშვილი გახდა ცენტრი, რომლის გარშემო ერთიანდებოდა ყველა ცოცხალი ძალები ქვეყნისა, რომ ნ. ბარათაშვილი არის ნამდვილი ხელმძღვანელი გონებრივი მოძრაობისა საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ თვით ნ. ბარათაშვილი არცთუ დიდ სიფრთხილეს იჩენდა (ცნობილია, მაგალითად, რომ მან საჯაროდ აუგად მოიხსენია იმპერატორი ნიკოლოზ I).

ნუ დაგვავიწყდება ამასთან, რომ 1832 წლის შეთქმულობის ეპოქა არც ისე შორეული წარსულის საქმე იყო და ხელისუფლება ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ცოცხალი აზრის ყოველგვარ ნასახს. მით უფრო შეუძლებელია ხელისუფლებას შეუმჩნევლად დარჩენოდა იგი, ვინც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეების აშკარა მქადაგებლად გამოდიოდა.

ბარათაშვილი აღფრთოვანებით შეხვდა შეთქმულთა გადასახლებიდან დაბრუნებას საქართველოში:

„ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ
მიდამო
მოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო...“

კერძოდ, ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“, რომლის თავისუფალი ხასიათი, როგორც ცნობილია, აფიქრებდა თვით პოეტის მეგობრებს, ჯერ კიდევ 1839 წლიდან გავრცელდა ქართულ საზოგადოებაში. ცარისტული ხელისუფლებისათვის იგი, ცხადია, იმთავითვე ცნობილი გახდა. მით უფრო, რომ თვით პოეტი, როგორც მოვიხსენეთ, არ იჩენდა დიდ სიფრთხილეს და იგი თავისი პოემის საჯარო კითხვასაც კი აწყობდა.

ამრიგად, სრულიად უეჭველია, რომ ნ. ბარათაშვილი თავიდანვე უნდა გამხდარიყო და გამხდარა კიდეც ცარისტული ხელისუფლების მუდმივი მეთვალყურეობის საგანი.

აქ საჭიროა შევჩერდეთ იმაზე, თუ როგორი თანდათანობით იკვრებოდა პოეტის გარშემო მოჯადოებული წრე.

*

ყველასათვის ცნობილი იყო, და მით უფრო ხელისუფლებისათვის, რომ ნ. ბარათაშვილს აუტანელ ტვირთად დააწვა გაძღოლა დიდი ოჯახისა, რომელიც ერთ დროს ერთი პირველი ოჯახთაგანი იყო თბილისში, ხოლო ახლა სრულ სიღატაკეს განიცდიდა.

ნ. ბარათაშვილი მუდამ რაინდული თავგანწირვით პატრონობდა უმწეოდ დარჩენილ ოჯახს; ნ. ბარათაშვილის ახალგაზრდობა შეიწირა ამ აუტანელმა ტვირთმა.

ამავე დროს საჭიროა აღინიშნოს შემდეგი. რაკი ნ. ბარათაშვილის ბედი თავიდანვე ისე უკუღმართად მოეწყო, რომ ნ. ბარათაშვილი იძულებული გახდა ყმაწვილობის წლებიდანვე სამსახურში ჩაბმულიყო ოჯახური პირობების მიზეზით, - ნ. ბარათაშვილს თითქო უბრწყინვალესი სამსახურებრივი კარიერა უნდა გაეკეთებინა. ამას ხელს უწყობდა ყველაფერი, მისი შთამომავლობა უპირველესი არისტოკრატიული ოჯახიდან, პრესტიჟი და მდგომარჯობა თავადაზნაურობის მარშლის სახლისა, ამავე დროს ის ახლო ურთიერთობა, რომლითაც დაკავშირებული იყო უმაღლეს ხელისუფლებასთან ოჯახის ფართო და გავლენიანი ნათესაური წრე, ხოლო, რაც მთავარია, განსაკუთრებული მომზადება თვით ნ. ბარათაშვილისა, ყველასაგან აღიარებული მისი დიდი უნარი საქმისა.

მიუხედავად ამისა, ნ. ბარათაშვილი მთელი 10 წელიწადი, 1835 წლიდან - 1844 წლამდე, იძულებულია იმსახუროს უბრალო კანცელარისტად, მისთვის სხვას ვერაფერს იმეტებენ... ვიდრე 1844 წლის დასასრულამდე იგი ჰყავთ სასამართლოს პალატის უბრალო „სტოლონაჩალნიკის“ თანამდებობაზე, სადაც მას უხდება მძიმე, ამასთან ყოვლად უმადური, აუტანელი, სულის შემმუსრავი მუშაობის შესრულება.

ჩვენ ვხედავთ ნ. ბარათაშვილის წერილებიდან, თუ როგორ ეკვროდა სული ნ. ბარათაშვილს ამ მართლაც სულის შემმუსრავს გარემოში, რომელშიაც იგი - როგორც საპყრობილეში - მაგრად ჩაკეტილი აღმოჩნდა და საიდანაც თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდა ოჯახური პირობების გამო.

ნუ დაგვავიწყდება ამასთან, რომ ნ. ბარათაშვილის ასეთი განაპირება ხდება მაშინ, როდესაც სხვები, ნ. ბარათაშვილის იმავე საზოგადოებრივი წრიდან გამოსულნი, ნ. ბარათაშვილის თანატოლი და მასზე ახალგაზრდა ამხანაგები, რომელთაგან ზოგი საზოგადოებრივი იერარქიითაც ნ. ბარათაშვილზე დაბლა იდგა, თავიდანვე, პირველ წლებშივე ბრწყინვალე კარიერას იწყებენ, მათ წინ ხსნილია ყველა გზა.

ამრიგად, ჩვენ წინაშე სრულიად ნათელი სურათია...

აქ აღსანიშნავია აგრეთვე შემდეგი:

1839-1845 წლებში ნ. ბარათაშვილის მამა მელიტონი პენსიაზე იმყოფებოდა და ხშირად ავადმყოფობდა (1839 წლისათვის მელიტონი 45 წლისა იყო).

მელიტონი ცდილობდა მიშველებოდა ოჯახს და შეემსუბუქებინა შვილის აუტანელი ტვირთი; მელიტონმა მრავალგზის მიმართა ხელისუფლებას თხოვნით მიეღოთ მხედველობაში მისი დამსახურება და გაემწესებინათ სამსახურში. მელიტონს თავაზიანად ჰპირდებოდნენ, რომ „მიიღებენ მხედველობაში“ მის თხოვნას - (ერთ თხოვნაზე პირდაპირ ასე აწერია: «иметь в виду!»),-მაგრამ - საბოლოოდ ასეთი არა ერთგზისი თხოვნა ყოველთვის უშედეგოდ რჩებოდა.

ამავე დროს მელიტონს არ უცხადებდნენ მიზეზს, თუ რით არის გამოწვეული მისი ასეთი განაპირება.

ასე უქმად და უსამსახუროდ ატარეს მელიტონი მთელი წლები (1839-1844 წლების მანძილზე) და ვერავითარ გარკვეულ პასუხს ვერ ეღირსა.

რა იყო ამის მიზეზი?

როგორც ჩანს, მელიტონ ბარათაშვილის მთავარი დანაშაული ის იყო, რომ იგი იყო მამა ნიკოლოზ ბარათაშვილისა, „ბედი ქართლისა “-ს ავტორისა.

*

დადგა 1844 წელი.

1844 წელს ნ. ბარათაშვილი იძულებული ხდება დასტოვოს საქართველო და მიდის უცხოეთში, ჯერ ნახიჩევანში, შემდეგ განჯაში, საიდანაც იგი ცოცხალი ვეღარ დაუბრუნდება თავის სამშობლოს.

საქართველოდან წასვლა ნ. ბარათაშვილისა შემდეგით იყო გამოწვეული და შემდეგ პირობებში მომხდარა.

1844 წელს ნ. ბარათაშვილის ოჯახი უკვე სრული სიღატაკის პირას დადგა.

თუ სადამდე იყო მისული ოჯახის გაღარიბება, შესაძლოა წარმოვიდგინოთ იმის მიხედვით, რომ, როდესაც ნ. ბარათაშვილი გარდაიცვალა (1845 წელს), ოჯახს არ ჰქონდა იმისი შეძლებაც კი, რომ შავებით შემოსილიყო...

ეს არ არის გადამეტებული, გადმოცემით გაზვიადებული მოთხრობა, ეს არის, როგორც დასტურდება, სრული სინამდვილე. ბარათში, რომელიც დაწერილია ნ. ბარათაშვილის ოჯახის მეგობრის დიმიტრი ყიფიანის მიერ იმავე დღეებში, როდესაც გარდაიცვალა ნ. ბარათაშვილი, ჩვენ ვკითხულობთ:

«Семейство его терпит столько недостатка, что они не имеют возможности даже облечь себя по обычаю в траурное одеяние».11

აი ასეთ უკიდურესობადე ყოფილა მისული ნ. ბარათაშვილის ოჯახი უკანასკნელ წლებში...

*

1844 წლის დასასრულს მოხდა ამას გარდა ერთი ამბავი, რაც აგრეთვე შედეგია ნ. ბარათაშვილისათვის შექმნილი გამოუვალი მდგომარეობისა, და რაც ახალ კატასტროფად დაატყდა ნ. ბარათაშვილის ოჯახს.

პოეტის მამამ მელიტონ ბარათაშვილმა, რომელიც ხედავდა მისი შვილის მძიმე მდგომარეობას, ერთხელ კიდევ სცადა მიშველებოდა ოჯახს, მიშველებოდა მარტოხელად დარჩენილ შვილს და როგორმე მოწყობილიყო სამსახურში.

1844 წლის 14 ოქტომბერს მელიტონმა მიმართა კავკასიის მთავარმართებელს ნეიდგარდტს თხოვნით, რომ დაენიშნათ იგი რაიმე თანამდებობაზე, რაც მის ძველს დამსახურებას შეეფერებოდა.

16 ოქტომბერს მელიტონის თხოვნა მოხსენდა მთავარმართებელ ნეიდგარდტს, მაგრამ მთავარმართებელმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერადაც არ ისურვა ნიკოლოზ ბარათაშვილის მამის სამსახურში განწესება.

მელიტონმა ვერ აიტანა ეს ლახვარი, რომელიც სწორად ადმოჩნდა დამიზნებული. მელიტონს, დარდით შეპყრობილს, დაეცა დამბლა.

მელიტონი, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო დიდად მოხუცებული (იგი 50-ე წელში იყო გადამდგარი), ამის შემდეგ აღარ გამობრუნებულა და მთელი წლები დამბლად იყო ლოგინად ჩავარდნილი.

ბარათაშვილის ოჯახის მეგობრებისათვის ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ოჯახი უკვე საბოლოოდ დაინგრა და მოიშალა.

მწუხარებით შეპყრობილი გრიგოლ ორბელიანი (რომელსაც ბარათაშვილის ოჯახის ამ ახალი უბედურების შესახებ მიუვიდა ცნობა დაღისტანში) შემდეგს სწერდა თავის ძმას ზაქარია ორბელიანს:

„ილიასაგან მომივიდა წიგნი, რომელშიაც მაცნობებს მელიტონის დამბლობას. შენი მტერი შეწუხდეს ისე, როგორც მე ამ ამბითა. რა უნდა ჰქმნას სიყმითვე ეფემიამ (იგულისხმება მელიტონის მეუღლე, გრიგოლ ორბელიანის და), რით შეინახოს ესოდენი წვრილი შვილები, სრულიად ღატაკად დაშთომილნი... ამდენს ჩვენს თავის ვაი-ვაგლახს ესღა აკლდა... რა ვუყოთ, რითა ან როგორ შევეწივნეთ უსახლკაროსა, უპუროსა, უტანისამოსოსა ჩვენსა დასა. ეს ფიქრი მაგიჟებს სრულიად, ნეტავი მოვკვდე და მოვრჩე“ 2.

ამ წერილის მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის მართლაც ყოვლად სავალალო მდგომარეობა, რომელშიაც ამ დროს ბარათაშვილის ოჯახი იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი ამის შემდეგ იძულებული ხდება დასტოვოს საქართველო, რომელსაც იგი ცოცხალი ვეღარ იხილავს. ნიკოლოზ ბარათაშვილი, როგორც ვიცით, მუდამ რაინდული თავგანწირვით პატრონობდა ოჯახს; შექმნილს გამოუვალ მდგომარეობაში მას რაიმე გზა უნდა გამოენახა; ნიკოლოზ ბარათაშვილს რჩებოდა ერთადერთი გზა - წასულიყო სამსახურში სადმე პროვინციაში, სადაც იმ უკაცობის დროს შრომა მეტად ფასობდა და რაც შედარებით მაინც მეტ საშუალებას მისცემდა დახმარებოდა დანგრეულ ოჯახს.

დიდი არჩევანის დრო აღარ იყო.

ნ. ბარათაშვილს დაეხმარნენ მისი ოჯახის მეგობარ-ნაცნობები და ნ. ბარათაშვილი 1844 წლის 25 ნოემბერს დანიშნეს თანამშრომელად ლევან მელიქიშვილთან, რომელიც ამ დროს ნახიჩევანის მაზრის მმართველად იგზავნებოდა.

ჩვენ შემდეგ ვნახავთ, თუ როგორ ცინიკურად მოატყუა ხელისუფლებამ ნ. ბარათაშვილი, როგორ ტყუილად აიძულეს იგი გადახვეწილიყო მიყრუებულ პროვინციაში და უქმად ამსახურეს. იქ აუტანელ პირობებში ოთხი თვე, როგორ თვალთმაქცურად აუბნიეს ცხოვრების გზები ნ. ბარათაშვილს, და ეს სწორედ მაშინ, როდესაც მისი ოჯახი დაღუპვის პირას იდგა.

მაგრამ ამის შესახებ შემდეგ.

ნ. ბარათაშვილი გაემგზავრა საქართველოდან 1844 წლის ნოემბრის ბოლო რიცხვებში.

ეს პირველად იყო, რომ ნ. ბარათაშვილი სტოვებდა სამშობლო ქვეყანას.

დაცულია დამსწრეთა გადმოცემა, რომ ბარათაშვილი, უცხოეთში მიმავალი, მწუხარებით გამოეთხოვა თავის სამშობლოს.

პოეტი წინასწარმეტყველურად გრძნობდა თითქოს თავის მომავალ ბედს...

მოვკვდები - ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს, -
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს...

*

ნ. ბარათაშვილმა პირველად დაჰყო უცხოეთში ოთხი თვე, ზამთრის თვეები (1844 წლის ნოემბრის ბოლოდან-1845 წლის მარტის 20-იან რიცხვებამდე).

თუკი ამ დროს, პოეტის სიტყვით, თვით თბილისი იყო „ქალაქი უსარგებლო სულისა და გონებისათვის“, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა იქნებოდა მაშინ ისეთი პროვინციული ჯურღმული, როგორიც იყო ნახიჩევანი.

„ვიღას მოვაგონდებით, ვიღაც ორი ტლუ ბიჭი გდია ნახიჩევანში“, - ჩიოდა ერთ წერილში ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ნ. ბარათაშვილი თავის თავზე და ლევან მელიქიშვილზე. მეორე წერილში ნ. ბარათაშვილი იწერებოდა ნახიჩევანიდან: „ჩვენი აქ ცხოვრება, სწორე გითხრა, ტანჯვისა და უსიამოვნების მეტი არა არის რა. ლევანიც (იგულისხმება ლ. მელიქიშვილი) ავად გამიხდა და თავად ბლუ იყო, უფრო დაბლუვდა სიცხისაგან. რასაც ის ნეიდგარდტს (იგულისხმება მთავარმართებელი, რომელმაც ლ. მელიქიშვილი გაგზავნა ნახიჩევანში) - სწყევლის, არ ვიცი თუ რა მოუვიდეს“.

*

ნ. ბარათაშვილმა უცხოეთში წასვლით ვერაფერს მიაღწია. როგორც მოვიხსენეთ, იგი სასტიკად მოტყუებული აღმოჩნდა ხელისუფლების მიერ.

საქმე შემდეგნაირად მოეწყო.

როდესაც ნ. ბარათაშვილი გაგზავნეს ნახიჩევანში, მას დაევალა მაზრის მმართველის მოადგილის თანამდებობის შესრულება. ხელისუფლება შეპირებული იყო, რომ მას დაამტკიცებდნენ ამ თანამდებობაზე.

ნ. ბარათაშვილი ნახიჩევანში ჩასვლისთანავე შეუდგა კიდეც მმართველის მოადგილის მოვალეობის ასრულებას და ოთხი თვის განმავლობაში ფაქტიურად ასრულებდა ამ თანამდებობას. მაგრამ ოთხი თვის შემდეგ, 1845 წლის მარტში, როდესაც ლევან მელიქიშვილი წამოვიდა ნახიჩევანიდან, გამოირკვა, რომ ნ. ბარათაშვილი აღარ დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე, რომელსაც ასეთი დიდი ამბით შეჰპირდნენ.

1845 წლის მარტის დამლევს ნიკოლოზ ბარათაშვილი უკან გამოიწვიეს თბილისში ძველ ადგილას კანცელარისტად და იგი იძულებული გახდა ჩამობრუნებულიყო საქართველოში.

მოხსენებით ბარათში, რომელიც 1845 წლის 10 მაისს წარუდგინა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორს, ნ. ბარათაშვილი აღნიშნავდა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, რომ ადრინდელი 1844 წლის 12 დეკემბრის განკარგულების თანახმად იგი ფაქტიურად ასრულებდა ნახიჩევანის მაზრის მმართველის მოადგილის მოვალეობას ოთხი თვე («в тeчeниe четыреx месяцев я исполнял все поручения - относящиеся до объязанности помощника уездного начальников») და რომ იგი დააბრუნეს თბილისში მარტის ბოლოს ძველ ადგილზე კანცელარისტად მისი სურვილის წინააღმდეგ («меня возвратили на прежнее место моего служения совершенно против моего желания»)3.

ამრიგად, ნ. ბარათაშვილი ტყუილად ამსახურეს ოთხი თვის განმავლობაში აუტანელ პირობებში მიყრუებულს პროვინციაში.

თვალთმაქცობა აქ, მართლაც, ხელოვნებამდეა აყვანილი. ნ. ბარათაშვილს გარეგნულად თითქო ლოიალურად ექცევიან, მის მუშაობას ყოველთვის კარგ ატესტაციას აძლევენ, ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, მის წინ, თითქო მაგიური კვერთხის აქნევით, იხურება ყველა გზა...

*

ნ. ბარათაშვილი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ხელახლა შეუდგა ზრუნვას, რომ ისევ მოწყობილიყო სადმე პროვინციაში სამსახურში. არავითარი სხვა გამოსავალი არ იყო. ოჯახის მდგომარეობა ამ ხნის მანძილზე არაფრით არ გამოკეთებულა, თუ არ გაუარესდა. მელიტონი ისევ ლოგინად დამბლად იყო ჩავარდნილი. ოჯახი სრულ სიღატაკეს განიცდიდა.

დიდი ცდის შემდეგ ნ. ბარათაშვილი, რომელსაც, ჩანს, დაეხმარა მისი ოჯახის ნათესავ-მეგობართა ფართო წრე, როგორც იქნა დანიშნეს პროვინციაში, თელავის მაზრის მმართველის მოადგილის თანამდებობაზე; ისიც დანიშნეს არა პირდაპირ მოადგილედ, არამედ „მოადგილის თანამდებობის მოვალეობის აღმასრულებლად“. ნ. ბარათაშვილისათვის მაინც ვეღარ გაიმეტეს თუნდაც მოადგილის პოსტი...

ნ. ბარათაშვილის დანიშვნა მოდა 1845 წლის 24 მაისს.

ნ. ბარათაშვილი ემზადებოდა კახეთში წასასვლელად, მაგრამ ერთმა გარემოებამ გამოიწვია პირვანდელი გეგმის შეცვლა. პოეტს თითქო ბედისწერა სდარაჯობდა.

ივნისის პირველ რიცხვებში ნ. ბარათაშვილი შეხვდა თავის ძველ მეგობარს მამუკა ორბელიანს, რომელიც ამ დროს იყო მმართველად განჯის მაზრისა. მამუკა ორბელიანმა წინადადება მისცა ნ. ბართაშვილს გადასულიყო მასთან განჯაში. ამას შემთხვევაც ხელს უწყობდა. მამუკა ორბელიანის მოადგილე თ. ანდრონიკაშვილი მალარიით დაავადებულიყო განჯაში და ცდილობდა კახეთში დანიშნულიყო იმავე თანადებობაზე. მამუკამ ურჩია ნ. ბარათაშვილს შეეცვალა თავისი ადგილი თ. ანდრონიკაშვილისათვის და თითონ მიეღო მისი თანამდებობა განჯაში. საქმის შეთანხმება მთავრობაში უკისრია თვით მამუკას.

ნ. ბარათაშვილი დათანხმდა ამ წინადადებას.

ნ. ბარათაშვილის არჩევანი, ჩანს, ორი რამით იყო გამოწვეული. ჯერ ერთი, თელავის მაზრის მმართველად იყო არაქართველი და ნ. ბარათაშვილს, ჩანს, არაფრად ესიამოვნებოდა სამსახური უცხოელის ხელქვეითად.

რაც შეეხება მამუკა ორბელიანს, მასთან ნ. ბარათაშვილს ხანგრძლივი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებდა. აქ საჭიროა მოვიხსენოთ, რომ მამუკა ორბელიანი არ არის შემთხვევითი პიროვნება იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში. მამუკა ორბელიანი იყო დიდი ქართველი პატრიოტი, მონაწილე 1832 წლის შეთქმულობისა, ამასთან განათლებული ადამიანი, მცოდნე და მოყვარული პოეზიისა. მამუკა ორბელიანი დიდი გატაცების კაცი ყოფილა. გადმოგვცემენ, რომ, როდესაც მამუკამ გაიგო პუშკინის სიკვდილი დანტესის ხელით, მას განზრახული ჰქონდა დანტესის ხმალში გაწვევა.

რაკი ნ. ბარათაშვილს უხდებოდა ოჯახის დატოვება, ბუნებრივია, რომ მან არჩია მამუკა ორბელიანთან წასვლა.

მამუკა ორბელიანმა ადვილად შეათანხმა მთავრობასთან ნ. ბარათაშვილის განჯაში დანიშვნის საქმე. ხელისუფლებას მხოლოდ სასიამოვნოდ რჩებოდა ნ. ბარათაშვილის ასე ადვილად მოშორება, მისი გაგზავნა ისეთ ადგილას, რომელიც ცნობილი იყო მძიმე ხაშმიანი ჰავით, რამაც უკვე იმსხვერპლა ნ. ბარათაშვილის წინამოადგილე.

უნდა აღინიშნოს ამასთან, რომ მამუკა ორბელიანი თითონაც ახალი დანიშნული იყო განჯის მხარეში, მას ისე ხანგრძლივად არ უცხოვრია აქ (მამუკას მეტწილად საქართველოში უხდებოდა ყოფნა) და არ ჰქონდა გათვალისწინებული კარგად, თუ რას ნიშნავდა გარედან ჩამოსული არამკვიდრისათვის აუტანელი ხაშმიანი ჰავა განჯისა, რომელიც იმ დროს ავთვისებიანი მალარიის ნამდვილ ბუდეს წარმოადგენდა მაგრამ ხელისუფლებამ სამაგიეროდ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს არის მართლაც ყოველმხრივ შეფერებული გადასახლების ადგილი, რომლის აუტანელი ჰავის მსხვერპლი გახდა. ხელისუფლების მიერ გადაგზავნილი არა ერთი და ორი პირი, მათ შორის, როგორც მოვიხსენეთ, ნ. ბარათაშვილის წინამოადგილე.

ამრიგად, ყველაფერი რიგზე ეწყობოდა...

ნ. ბარათაშვილის დანიშვნა განჯაში მოხდა დაუყოვნებლივ, იმავე ივნისში.

ნ. ბარათაშვილს აჩქარებდნენ კიდეც განჯაში წასვლას.

19 ივნისს დაიწერა საქართველოს სამოქალაქო გუბერსატორის ბრძანება, რათა ნ. ბარათაშვილი „დაუყოვნებლივ გაემგზავროს განჯას და შეუდგეს მოვალეობის შესრულებას“.

ამრიგად, ნ. ბარათაშვილს პირდაპირ „მიაჩეჩეს“ სამსახური ავთვისებიანი მალარიით განთქმულ განჯაში.

მართლაც, თითქოს ბედის დაცინვა იყო, რომ სწორედ მამუკა ორბელიანი, რომელიც ინატრიდა შური ეძია პუშკინის დაღუპვისათვის, უნებლიეთ გახდა ხელშემწყობი მეფის ხელისუფლების ზრახვათა შესრულებისა.

*

ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩავიდა განჯაში 1845 წლის ივნისის ბოლო რიცხვებში.

მთელი იმ ხნის მანძილზე, ვიდრე ნ. ბარათაშვილი ასრულებდა განჯის მხარის მმართველის მოადგილის მოვალეობას, მამუკა ორბელიანი იშვიათად იყო განჯაში და მხარის მართვა-გამგეობის მთელი სიმძიმე ნ. ბარათაშვილს დააწვა. ეს კი განსაკუთრებით სამძიმო იყო ზაფხულის თვეებში, როდესაც ამ მხარის მომთაბარე მოსახლეობა ადგილებიდან იძვროდა და ბარიდან მთებში ადიოდა.

განჯის მხარის ადმინისტრაციული სამმართველოს ცენტრი ზაფხულის თვეებში იყო მურუთი, რომლის სახელსაც მკითხველი შეხვდება ნ. ბარათაშვილის იმდროინდელ წერილებში (მურუთი მდებარეობს განჯიდან 15 კილომეტრის მოშორებით).

თუმცა ზაფხულის თვეებში - ივლის-აგვისტოში - ნ. ბარათაშვილის ადგილსამყოფელი ჩვეულებრივ მურუთი იყო, მაგრამ სამსახურის საქმეთა გამო მას ხშირი მიმოსვლა უხდებოდა მხარეში, რაც მოგზაურობის იმდროინდელ პირობებში მეტად ძნელი იყო.

სამშობლოსა და მეგობრებს მოშორებული ნ. ბარათაშვილი სევდით არის შეპყრობილი.

წერილებში, რომლებიც მოწერილია ნ. ბარათაშვილის მიერ განჯის მხარიდან საქართველოში, ვითომდა ხალისიანი ხუმრობის ქვეშ უნებლიეთ გამოსჭვივის „მოკლულის გულის ოდენ ჩივილი“. იგი განიცდის სულიერ ობლობას, სრულს მარტოობას ამ უცხო გარემოში.

ერთ წერილში ნ. ბარათაშვილი ირონიული ხუმრობით სწერს თავის მეგობარს: „თუ ღმერთი არ შემეწია, გავსულელდები ამდენ თარაქამებში...“

მეორე წერილს ნ. ბარათაშვილი ასე ამთავრებს: „ტყუილად ვხუმრობ...“ და იმეორებს ლერმონტოვის ლექსის სიტყვებს: „მოწყენა, სევდა!..“

შემთხვევითი არაა, რომ ნ. ბარათაშვილი რამდენჯერმე იგონებს ლერმონტოვს. იგი თითქოს გრძნობდა, რომ მათი ხვედრი ერთნაირი იყო.

*

ზაფხულის გასულს, აგვისტოს ბოლო რიცხვებში, განჯის მხარის ადმინისტრაციული სამმართველო ქალაქ განჯაში ბრუნდებოდა ხოლმე და ამ დროიდან ნ. ბარათაშვილის ადგილსამყოფელი მეტწილად განჯა იყო.

განჯას ახლო წარსულში ხშირად განუცდია ლეკების შემოსევა და იგი სანახევროდ დაცარიელებული იყო. ერთი მოგზაური, რომელმაც ინახულა განჯა სწორედ იმ დროს, როდესაც აქ ნ. ბარათაშვილი იმყოფებოდა, გადმოგვცემს, რომ „ქალაქს სასაფლაოს, სანახაობა აქვს“ და თუმცა ბაღებით არის მოფენილი, მაგრამ ყველგან მოჩანსო. აოხრება-ნგრევის კვალი.

სახლი, სადაც ბინა ჰქონდა მხარის მმართველს მამუკა ორბელიანს, წარმოადგენდა, იმავე მოგზაურის სიტყვით, მოუწყობელ ქოხმახს (affreux bouge - „საშინელი ქოხი“). ჩვენ არ ვიცით, სად ცხოვრობდა განჯაში ნ. ბარათაშვილი, მაგრამ ადვილად წარმოსადგენია, თუ რა უნდა ყოფილიყო მისი სადგური, თუ თვით მხარის მმართველის სახლი „საშინელი ქოხი“ იყო.

განჯა, როგორც მოვიხსენეთ, ავთვისებიანი მალარიის ნამდვილ ბუდეს წარმოადგენდა, მალარია აქ შემოდგომის პირზედაც არა სცხრებოდა.

ნ. ბარათაშვილი, ჩასული განჯაში, გამხდარა ავად განჯის ავთვისებიანი მალარიით.

რომ ნ. ბარათაშვილი განჯაში მალარიის მსხვერპლი გახდა, ამას ადასტურებს ჩვენება როგორც პოეტის პირველი ბიოგრაფის კ. მამაცაშვილისა, ისე ცნობა, რომელიც დაცულია დიმიტრი ყიფიანის წერილში.

დ. ყიფიანის ცნობით, ნ. ბარათაშვილი „ჰავის მსხვერპლი გახდა“ («пал жертвой климата»; წერილი რუსულად არის ნაწერი)4. ასევე კ. მამაცაშვილი გადმოგვცემს, რომ ნ. ბარათაშვილი „დაუცხრომელ შრომასა და სამსახურში გახდა ავად განჯის ავი ციებით და გარდაიცვალა“5.

აქ საჭიროა მოვიხსენოთ ამასთან, რომ სექტემბრის თვის განმავლობაშიაც მამუკა ორბელიანი საქართველოში (ახალციხის მხარეში) იყო წამოსული და ნ. ბარათაშვილს, უკვე მალარიით დაავადებულს, უხდებოდა მხარის საქმეთა ხელმძღვანელობა, ისიც ისეთ აშლილ დროში, როდესაც შემოდგომის დასაწყისში მომთაბარე მოსახლეობა მთებიდან ისევ ბარში იწყებდა ჩამოსვლას. ნ. ბარათაშვილს უხდებოდა ხშირი მიმოსვლა მხარის სხვადასხვა უდაბურ კუთხ+ბში, რასაც არათუ ავადმყოფი, ჯანმრთელიც ძნელად აიტანდა.

25 სექტემბრამდე მალარიით დაავადებული ნ. ბარათაშვილი ჯერ ისევ ფეხზედაა.

ორი დღით ადრე, 23 სექტემბერს, სამსახურის საქმეთა გამო ნ. ბარათაშვილს მოუხდა განჯიდან გასვლა განჯის მხარის ერთ მიყრუებულ სოფელში (სახელდობრ, სოფელ სარალარში). ნ. ბარათაშვილი, ამ დროს უკვე ავადმყოფი, როგორც ჩანს, გზაზე გაციებულა.

25 სექტემბრისათვის იგი ჩამობრუნდა განჯაში, მას უკვე ეწყებოდა ხურვება.6

ნ. ბარათაშვილის ავადმყოფობა ხურვებით გაგრძელებულა ორი კვირა, 25 სექტემბრიდან - 9 ოქტომბრამდე.

ნ. ბარათაშვილი უცხოეთში მარტოობაში კვდებოდა, იგი მარტოხელა შეხვდა სიკვდილს, არავინ მახლობელი და მეგობართაგანი მასთან არ იყო.

*

ნიკოლოზ ბარათაშვილი გარდაიცვალა განჯაში 9 ოქტომბერს (ძველი სტილით, - 22 ოქტომბერს ახალი სტილით).

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაასაფლავეს განჯაშივე, მშობელ-ნათესავთაგან და მეგობართაგან დაუტირებელი. არავინ საქართველოდან მის დასაფლავებას არ დასწრებია.

ნიკოლოზ ბარათაშვილი დასაფლავებულ იქნა განჯის მართლმადიდებელთა საქალაქო ეკლესიაში, რომელიც განჯის ციხეში იყო გაშენებული, მაღლობზე, საიდანაც შორიდან გაირჩევა საქართველოდან მომდინარე მტკვრის ხეობის სანაპიროები მხოლოდ მტკვარმა თუ ჩამოუტანა მას უკანასკნელი გამოსათხოვარი სალამი საქართველოდან...

ნ. ბარათაშვილის გარდაცვალებიდან მეორე წელს განჯაში ჩავიდა პოეტის დაავადებული დედა ეფემია და მოიგლოვა შვილის ობოლი საფლავი.

ნ. ბარათაშვილის გარდაცვალებიდან მეორე წელსვე პოეტის სამარხზე საფლავის ქვა გადააფარა მისმა სიყრმის მეგობარმა ილია ორბელიანმა, იმ ილიამ, რომელსაც პოეტმა უძღვნა თავისი „მერანი“.

ვიდრე პოეტის დედა და ილია ორბელიანი ჩავიდოდნენ განჯაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწერები გაიბნა და დაიკარგა. არავითარი კვალი პოეტის არქივისა (რომელშიაც უნდა ყოფილიყო დაცული პოემა „ივერიელნი“, აგრეთვე ლექსები, რომლებიც არ შევიდნენ 1841-1843 წლების ხელნაწერ გამოცემებში, როგორც, მაგალითად, „ასტრა“, ასევე გამოქვეყნებული ლექსების ვარიანტები, თარგმანები, მათ შორის თარგმანი დრამისა „იულიუს ტარენტელი“ და სხვ.), ასევე არავითარი კვალი უკანასკნელი პერიოდის 1844-1845 წლების ლექსებისა არსად ჩანს. არა ჩანს აგრეთვე ნ. ბარათაშვილის კორესპონდენცია (წერილები ბარათაშვილისადმი გრიგოლ ორბელიანისა, ეკატერინესი, მაიკო ორბელიანისა და სხვათა).

განვლო დრომ და დედის გარდაცვალების შემდეგ ნ. ბარათაშვილის საფლავიც მოიშალა... სამარხიდან აიღეს მეგობრის ხელით დადებული საფლავის ქვა. ნიკოლოზ ბარათაშვილის სამარე ამის შემდეგ იცნობებოდა დიდი კვიპაროზის ხით, რომელიც მის საფლავთან იყო ამოსული...

ჭეშმარიტად წინასწარმეტყველურად ასრულდა პოეტზე მისი სიტყვები:

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში,
ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,
ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს
მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა
ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!

*

განვლო მას შემდეგ ათეულმა წლებმა.

1876 წელს, როდესაც გამოვიდა ნ. ბარათაშვილის ნაწერების კრებული, გაზეთმა „დროებამ“ წამოაყენა საკითხი ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებისა საქართველოში.

ამ საგანზე აღძრულ იქმნა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, მაგრამ უშედეგოდ; პოლიციის დეპარტამენტმა საქმე გააჭიანურა და საბოლოოდ თხოვნა არ იქმნა დაკმაყოფილებული.

90-იან წლებში ქართულ საზოგადოებაში კვლავ აღიძრა საკითხი ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებისა.

ეს შესრულებულ იქნა იმდროინდელი ქართული მთავარი საზოგადოებრივი დაწესებულების - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და მისი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის თაოსნობით.

წერა-კითხვის საზოგადოების სხდომის ოქმში, 1892 წლის 9 ოქტომბრის თარიღით, ვკითხულობთ:

„საგანი განხილვისა: მოხსენება საზოგადოების თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძისა პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის გადმოსვენების შესახებ.

განჩინება: ეთხოვოს თ. გ. ორბელიანს, როგორც მახლობელ ნათესავს, ნებართვა მიიღოს გადმოსვენებისა. დაინიშნოს თანაშემწედ: თ. (ნ.) ორბელიანისა, ა. ჭყონია და დ. კარიჭაშვილი“.

პოეტის ნათესავებს მთელი თვეები მოუხდათ ცდა, ვიდრე მიიღებდნენ მთავრობისაგან ნებართვას პოეტის ნეშტის ჩამოსვენებისა. ბოლოს როგორც იყო ნებართვა მიღებულ იქნა.

პოეტის ნეშტის გადმოსვენება მოხდა 1893 წლის აპრილში. გაზეთი „ივერია“ ასე აგვიწერს პოეტის ნეშტის ჩამოსვენებას თბილისში 1893 წლის 25 აპრილს (ძვ. სტილით) 7:

„კვირა დილას, 25 აპრილს, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი ტფილისის რკინიგზის ვაგზალზე... ვაგზლის არემარესა და თვით მისასვლელ მოედანზე ჭედვა იყო, იმოდენა საზოგადოებას მოეკრიბა თავი... 9 ½ საათზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდან გადმოასვენეს კუბო ძვირფასის ნეშტით. აქ ვაგზალთან ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა და პატივი სცა დიდებულის მგოსნის ცხედარს. შემდეგ ეს აუარებელი ზღვა ხალხი დაიძრა და გაემართა ლიტანიით დიდუბისაკენ. ამფიონი შემკული იყო ძვირფასი სხვადასხვაგვარის გვირგვინებით. და კუბო ხელში ეჭირათ ხან ქალებს, ხან ახალგაზრდობას, ხან ნათესავებს, და ისე მოასვენებდნენ. გზადაგზა რამდენიმე ხორო გალობდა... როცა ლიტანია მიუახლოვდა (დიდუბეს), ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი... საფლავზე სიტყვები და ლექსები წარმოსთქვეს: აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ნინო ორბელიანისამ, ქუთაისის ქალაქის მოურავმა ლოლუამ, ქუთაისის დეპუტატმა დ. ბაქრაძემ, გიორგი წერეთელმა, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა თუმანიანმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა და სხვებმა“.

ვაჟა-ფშაველა მთიდან გამოგზავნილი ლექსით მიესალმა ძვირფასი პოეტის ნეშტს.

ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებამ დიდი ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. ამან საგონებელი შეუქმნა იმდროინდელ ჟანდარმერიას. ჩვენამდე შენახულა საიდუმლო მოხსენება თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსისა - გაგზავნილი პეტერბურგში პოლიციის დეპარტამენტში 1894 წლის 7 მარტის თარიღით. მოხსენებაში აწერილია ნ. ბარათაშვილის გადმოსვენება და ხაზგასმულია მისი პოლიტიკური მნიშვნელობა. მოხსენებაში ჩვენ ვკითხულობთ:

„ქართველებმა ხელახლა წამოაყენეს მივიწყებული საკითხი განჯიდან თბილისში ქართველი პოეტის ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებისა. ნ. ბარათაშვილი გარდაიცვალა ამ საუკუნის დამდეგს და დასაფლავებული იყო განჯაში. განსაკუთრებული მიზნით მოთხარეს მიწიდან რაღაც ძვლები და ეროვნული პოეტის ნეშტის სახით გადმოასვენეს თბილისში, სადაც ამ ნეშტს მიეგება მრავალათასიანი საზოგადოება და დიდი პატივით და მოწიწებით მიაბარეს მიწას.

„კუბო ხელიდან ხელში გადადიოდა. არა თუ ყველა წოდების პირნი ეცილებოდნენ ერთმანეთს მის წაღებაში, არამედ ქალებიც კი ცდილობდნენ როგორმე რამდენიმე ნაბიჯზე კუბოს გასვენებაში მონაწილეობა მიეღოთ. დედებს მოეყვანათ თავისი პატარა შვილები, აჩოქებდნენ კუბოს წინ და თაყვანს სცემდნენ კუბოს, როგორც წმინდანის ნეშტს“.

ასე წერდა მტერი.

მაგრამ ამაო და უქმი იყო მტრის ნაგვიანევი საგონებელი. მშობელმა ერმა ღირსეულად დაიტირა თავისი შვილი და სამშობლო ქვეყანამ მიიბარა ობოლი პოეტის ნეშტი.

ხოლო ბევრად ადრე, ვიდრე სამშობლო მიწა მიიბარებდა პოეტის დანაცრებულ ძვლებს, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობა შევიდა ქართველი ერის გონებრივ სამკვიდრებელში, როგორც უძვირფასესი განძი. ქართველმა ხალხმა ფარზედ აზიდა ბარათაშვილი და სამარადისოდ მიიღო მემკვიდრეობა.

_________

1. იხ. დასახელებული დოკუმენტის ტექსტი: „ნ. ბარათაშვილის ბიოგრაფიის ახალი მასალები“, პ. გუგუშვილის პუბლიკაცია, ჟურნ. „მნათობი“, 1937, წ., № 4, გვ. 138.

2. იხ. გრიგოლ ორბელიანის წერილები, I, გვ. 106.

3. იხ. დოკუმენტის ტექსტი, პუბლიკაცია შ. ჩხეტიასი (ნ. ბარათაშვილი, 1945 გვ. 324-325).

4. იხ. დიმიტრი ყიფიანის წერილი 1865 წლის 5 აპრილის თარიღით (გ. ლეონიძის პუბლიკაცია, ლიტ. მატიანე, 1-2, 1940 წ., გვ. 408).

5. იხ. კ. მამაცაშვილის მოგონებანი, გაზ. „დროება“, 1881 წ., № 232.

6. რომ ნ. ბარათაშვილი, მალარიით დაავადებული, ხურვებამ იმსხვერპლა, ეს ირკვევა ჩანაწერიდან ნ. ბარათაშვილის გარდაცვალების გამო.

7. იხ. გაზეთი „ივერია“, 1893 წ., № 86.

3 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


3.1 1. ბულბული ვარდზედ

▲ზევით დაბრუნება


......ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი
„ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,
მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,
4. მწუხრს აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!“

ასე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი
.. მოიცვამდა ჭალებსა, ქრიდა ნიავი ნელი;
. ..და როს სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,
8. ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.

მაგრამ მგოსანსა თურმე მოერია, გლახ, რული!
აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანი მხიარული
გალობა ყვეს ჰაერში, განაღვიეს ბულბული,
12. . ნახა ვარდი ფურცვნილი და მყის მოუკვდა გული!

თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის საცლმითა,
ფრთა ფრთას ჰკრა და აღმაღლდა, მსტვინავი ლმობის ხმითა,
უხმო ყოველთა სირთა: „მოდით და შემოკრბითა,
12. მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?

„განთიადით ღამედმდე შევფრფინვიდი კოკრობას,
არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;
მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:
20. მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!“

ივნისსა 18-სა, 1833.

ლექსთა ვარიანტები

ბულბული და ვარდი

ბულბული ვარდს შეაჯდა და ეტყოდა მსტვინავი:
„ვარდო, ვარდო, მტანჯ, ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი.
მისმენ აჯა, მიჩვენე გაშლა ამოდ მღინავი,
მწუხრსა აქეთ აქა ვზი ფურცელთ ზედა მკონავი“.

ესრედ ჰყეფდა ბულბული, ოდეს ღამეცა ბნელი
მოიცვავდა წალკოტსა; ჰქროდა ნიავიც ნელი;
მაისმანც მალ-ფრთოსანმან მიმოჰფინა სუნნელი;
აღმოსვენდა მქრქლად მთვარე, დადუმდა ხმაც ყოველი.

ბულბულსაც, მაშვრალს ყეფით, ეწია მწირე რული;
აღმობრწყინდა მთიებიც, ფრთოსანთა მხიარული
გალობა ჰყვეს ჰაერში, განაღვიძეს ბულბული,
ვინ დაჰხედა გაშლილს ვარდს, და ვაჲ! დასევა გული!

თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის სახმლითა,
ფრთა ფრთას ჰკრა და აღმაღლდა, მსტვინავი ლმობის ხმითა,
უხმო ყოველთა სირთა: „მოდით და შემოკრბითა,
მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?

განთიადით ღამემდე შევფრფინვიდი კოკრობას,
არ ვზოგავდი სიცოცხლეს, არცა სტვინვას, გალობას, -
მაქვნდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას,
ესთ გაწბილდეს, ვინც იწყებს თვისგან შეუძლებლობას“.

[1832-3]

1. ბულბული ვარდზედ (ბოლო რედაქცია)

ავტოგრაფები I, III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: VlI 1, VlI 2 - m-1. - [z-1].

1. ტაეპი 1.

ა) 1833 წ.: „ბულბული ვარდზედ შეჯდა და იტყოდა მსტვინავი“ - 1.

ბ) 1834 წ.: „ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი“ - III, IV, V, VI - VlI1, VlI2 - m-1. - [T T1].

თარიღი.

ლექსი „ბულბული ვარდზედ“ ორი რედაქციით არის მოღწეული.

პირველი რედაქცია ლექსისა (1832-1833 წლების) იხ. გვ. 155.

რაც შეეხება ლექსის ბოლო რედაქციას (გვ. 85), რომელსაც აქ ვეხებით, იგი დედნებში დათარიღებულია ორგვარად:

ა) დედანში I თარიღი ასეა აღნიშნული: „ივნისსა 18-სა, 1833“.

ბ) ლექსს მას შემდეგარგანუცდია რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება; მხოლოდ1834 წელს ავტორს შეუტანია ახალი სტილისტიკური ნიუანსი ლექსის პირველ ტაეპში, რაც ზემოთ იყო აღნიშნული. თარიღი ამ მეორე ვარიანტისა - „1834“ აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI, [z-1].

რამდენადაც 1834 წლის ვარიანტში წარმოდგენილი ცვლილება სრულიად უმნიშვნელოა (იგი მხოლოდ პირველი ტაეპის ორ სიტყვას ეხება), ჩვენს გამოცემაში ლექსის თარიღს აღვნიშნავთ I დედნის ჩვენების საფუძველზე, ე. ი. „ივნისსა 18-სა, 1833“.

3.2 2. ქეთევან

▲ზევით დაბრუნება


მოდუდუნებენ,
ჭალები ბუჩქნარეობენ,
ხშირნი ლამაზთა კიდეთა
4. მჩქეფრად მდინარის ქსნისათა.

. მიმქრქალებული მთოვარე მოწევნით ჰნათობს მუნ ქალსა,
. მდინარის პირზედ ზის იგი, ხელთა ჩონგურის მპყრობელი;
. გიშრისა თმანი ნაშალნი ჰშვენიან სპეტაკს საცმელსა,
8. . და დამღერს იგი საკვდავად, ცხარეთა ცრემლთა მდენელი:

„ავ-ენანნო, ოდეს დასცხრეთ,
მოასვენოთ ესდენ სული?
რა გარგოთ, რომ შეიშურეთ
12.. უბიწოო სიყვარული?

გულის-სწორო, ერთის ცილით
აგრე როგორ შეიცვალე,
რომე ტრფობა ჩვენი ამ ხნით
16. მას აგრე მსწრაფლ ანაცვალე?

თუ ვერ მცნობდი, რად მეტყოდი:
„მე შენი ვარ საუკუნოდ!“
სიყმაწვილეს რად მილხენდი,
20.. თუ მოჰკლავდი ასე უდროდ?

რად შემიპყარ მე, გლახ, გული,
უმანკო და უზრუნველი?
რად დამიჭკნე მე ყვავილი
24.. ყმაწვილობის, ჯერ უშლელი?

ეს ნუგეშს მცემს, საყვარელო,
რომე არის სხვა სოფელი;
ოდეს სცნა, რომ ვარ უბრალო,
28. მოვედ, მოვედ, მუნ მოგელი!“

სდუმდა - და მეცა ვიცანი
ქეთევან ჰაეროვანი,
ქეთევან, ნაქები გულით,
32. ნაქები მშვენიერებით!

ნეტა რა ქარმან დააზრო. მისის სიცოცხლის ყვავილი?
მეც ამატირა მის მხვედრმან, მაგრამ ვერ ვეცი ნუგეში;
ქეთევან შუა ქსანშია მარად შეერთო ღელვილი;
36. . მხოლოდ ისმოდა სახელი ამილბარისა. ზვირთებში!

2. ქეთევან

ავტოგრაფები: I, III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: VlI1, VlI 2 - m-1. - [T T1].

1. სათაური:ა) „ქეთევან“ - VlI 1, VlI 2.

2. ტაეპი 6:

ა) 1835 წ.: „რომელიცა ჰზის ნაპირსა, ხელსა ჩონგურის მპყრობელი“ - 1.

ბ) 1842 წ.: „მდინარის პირზედ ზის იგი, ჩონგურის მპყრობელი“. - III, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - m-1. - [T T 1 *].

3 ტაეპი 21.

ა) 1835 წ.: „რად შეიპყარ ჩემი გული...“ - IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - m-1. - [T T 1 *].

ბ) 1843 წ. (ა): „რად შემიპყარ მე, გლახ გული“...

4. (24-ე სტრიქონის შემდეგ):

ა) 1835-1842 წლების მანძილზე ტექსტში იყო შემდეგი სტროფი:

„საყვარელო ნეტა ოდეს
გეცნას ჩემი კვლავ სიმართლე,
რომ მშვიდობით მე სამარე
შთამესვენა, გლახ, სიცოცხლე!“ - I, III.

ბ) 1842 წლიდან ეს სტროფი ამოღებულია ტექსტიდან (გადახაზულია დედანში III; არაა შეტანილი დედნებში: IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - m-1. - [T T 1 *]).

5. ტაეპი 36.

ა) 1835-1842 წწ.: „მხოლოდ ისმოდა სახელი ელიზბარისა ზვირთებში“ - I, III.

ბ) 1842 წლიდან: „მხოლოდ იმოდა სახელი ამილბარისა ზვირთებში“ - II, III**, V, VI. - VlI 1, VlI 2. - m-1. - [T T 1]).

თარიღი: 1835. (აღნიშნულია დედნებში: IV, V, VI. - [T T 1]).

__________

* პირზედ] პირზე - [T 1].

** დედანში III გადახაზულია „ელიზბარისა“ და ჩაწერილია „ამილბარისა“

3.3 3. შემოღამება მთაწმიდაზედ

▲ზევით დაბრუნება


ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
4. ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი. მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზე მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზ ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდისა,

8. და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

..........მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
12. რომ ჩემებრ იგიც იყო. მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
16.. მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს აქ ამაოება...
20. მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა, და, ცათა მიმართ. მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
24. და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,
28. გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი გადეკრა ცისა კამარას,
მოსდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
32. მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
36. მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
40. რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

1833/1836

ლექსთა ვარიანტები

შემოღამება მთაწმინდაზედ

(პირველი რედაქცია)

ახ, მთაწმინდაო, მთავ წმიდაო, ადგილნი შენნი,
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენობენ, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთვენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალობა დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვავს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ალმად ველსა ყვავილნი მოჰფენენ რეცა ტაბლას წმიდასა
და გუნდრუკს ღმერთთან სამადლობელს. შენდა აღკმევენ სუნნელებასა.

მახსოვს იგი დრო, შესატრფო დრო, როს სევდიანი,
კლდევ ბინდ-მოსილო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და ნაღვლიანი!

ახ, ვით ყოეული ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მიმქრქალებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი აწცა მაქვს გულსა, ზედ დაჩნეული,
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
და შენს წიაღში დაფიონ მოსილს მიმოობითა განიბნევიან.

მე შენსა მჭვრეტელს მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქით... იქ... ზესკნელსა სადგურს
ეძიებს, რათა დაშთოს აქა ამაოება,
მაგრამ ჰაერში განქარდების, ვერ სცნობს უცნაურს!

დაფიქრებული ვიდექ სერზედა, და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ანცნი ნიავნი, ნელიად მქროლნი, ღელეთა შორის აღმოკვნესოდნენ
და მდუმარენი შემოგარენი მით ჩემსა გულსა ეთანხმებოდნენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო!
ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვოს, არ ნუგეშყოს გულთა ვაება,
გულდახურულთა მეგობარო, მთავ ლრუბლიანო!

ჰსდუმენ ყოველნი არემარენი, ბინდი გადეკრა მთისა კამარას,
მქრქალთ ღრებელთ შორის სრიალებს მთვარე - მოსდევს ვით ნუკრი, მისა ამარას
ვარსკვლავი მარტო, მოციმციმარე, - მისი ლიბრი არს მინაზებული,
მაგრამ მით უფროს უსატრფოვ არს, ვით დამაშვრალი ლოცვით ქალწული.

ამგვარი იყო მთაწმიდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო! მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი,
მხოლოდ გული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოჲ მიმწუხროო! სატრფიალოო, შენ დამშთი მხოლოდ გულში საშვებლად,
როს მჭმუნვარება მომესევისა, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად;
როს უტყვნი ჩემნი აღმოოხვრანი შემომახვევენ ფიქრიანობას,
მაშინ მზირალნი შენზედან თვალნი ითხოვენ შენგან მისთვის მისნობას.

3. შემოღამება მთაწმინდაზედ (ბოლო რედაქცია.)

ავტოგრაფები: I, III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: VlI 1, VlI 2 - m-1. - - [T T 1, t-1].

1. ტაეპი 1.

ა) 1836-1842 წწ.: „ახ, მთაწმიდაო, მთავ წმინდაო, ადგილნი შენნი“ - I, III. - m-1. - var.-2.

ბ) 1842 წ.: „ჰოი, მთაწმიდავ, მთავ წმინდაო, ადგილნი შენნი” - III 1.

გ) 1843 წ.: „ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი“ - IV.

დ) 1843 წ. (ბ, გ):

- V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1, t-1].

2. ტაეპი 3:

ა) 1836 წ.: „ვითარ შვენიან...“ - [T T 1, t-1].- m-1. - var.-2.

ბ) 1843 წ. (ბ): „ვითა შვენიან…” - V.

გ) 1843 წ. (გ): „ვითარ შვენიან...“ - VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1, t-1].

3. ტაეპი 5.

ა) 1836-1842 წ.: „ვითარი მაშინ იდუმალობა დაისადგურებს შენს არემარეს!“ - I, III, V. - [T T 2, t-1].

ბ) იდუმილობა - III 2, IV, VI. - VlI 1, VlI 2. - m-1.

4. ტაეპი 7.

ა) 1836 წ.: „მოჰფენენ რეცა ტაბლას წმიდასა“ - I, III.

ბ) 1843 წ. (ა); ვითა - IV.

გ) 1843 წ. (ბ, გ) რეცა - V, VI - VlI 1, VlI 2. - [T T 1, t-1].

5. ტაეპი 9.

ა) 1836-1843 წწ. „მახსოვს იგი დრო, როს ნაღვლიანი...“ - I, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2.- m-1. - var.-2. - [T T 1, t-1] 3.

6. ტაეპი : 13.

ა) 1836 წ.: „ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მასინ იყო ლამაზი, მინაზებული...“ - III, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1, t-1] 4.

7. ტაეპი 16.

ა) 1835-1842 წწ.: „და მიუმწვდარსა შენსა წიაღში მიმოობითა განიბნევიან“ - I, III.

ბ) 1842 წ.: „მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან“ - III, IV, V 5, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1, t-1].

8. ტაეპი 17.

ა) 1836 წ.: „მე შენსა მჭვრეტელს მავიწყდების საწუთროება...“ - I, III.

მავიწყდება - IV. - m-1.

მავიწყდების - V 5, VI. - VlI 1,

VlI 2. - var.-2.

- [T T 1, t-1].

9-10. ტაეპები: 18 - 19.

ა) 1836-1842 წ.: „გულის თქმა ჩემი შენს იქითა... ზესკნელსა სადგურს

ეძიებს, რათა დაჰშთოს აქა ამაოება...“ - I, III. - m-1. - var.-2.

ბ) 1843 წ. (ა); „გულის თქმა ჩემი შენს იქითა...ეძიებს სადგურს,

ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება...“ - IV.

გ) 1842-1843 წწ. (გ): „ზენაართ სამყოფთ...“ - III 6 V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1, t-1].

11. ტაეპი 20.

ა) 1936 წ.: „მაგრამ ჰაერში განქარვდების, ვერ სცნობს უცნაურს“ - I, III. - m-1. - var.-2.

ბ) 1843 წ. (ა): „მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს“ - III 7 - IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1, t-1].

12. ტაეპი 23.

ა) 1836-1842 წწ.: „მხოლოდ ნიავნი, ნელად მქროლნი ღელვათა შორის აღმოკვნესოდენ“ - I, III. - m-1 8. - var.-2.

ბ) 1842 წ.: „ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელვათა შორის აღმოკვნესოდენ“ - III 9, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1, t-1] 10.

13. ტაეპი 24.

ა) 1836 წ.: „და მდუმარენი შემოგარენი ამით ჩემ გულსა ეთანხმებოდნენ“ - I, III. - m-1 11.

ბ) 1843 წ. (ა): „და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ“ - IV, V, VI. - VlI 1, VlI 2.12

14. ტაეპი 29.

ა) 1936 წ.: „სდუმენ ყოველნი არემარენი...“ - I, III. - m-1. - var.-2.

ბ) 1842 წ.: „სდუმდა ყოველი მუნ არემარე...“ - - III 13, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1, t-1].

15-16 ტაეპები 31-32.

ა) 1836-1842 წწ.

„ვითა უბიწო და მშვენიერი სული ლოცვითა მიიქანცება
და სახე მისი ამ ქვეყნიური მით უფრო მშვენი გაციურდება,
მას ჰგავდა მთვარე შუქმიბინდული,
დიკო გავსილი, მინაზებული!“

I, III. - m-1.

ბ) 1842 წ.:

„გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!“

III 14, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - var.-2. - [T T 1, t-1].

17. ტაეპი 36.

ა) 1836 წ.: „მხოლოდ გული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება“ - I, III, IV. - m-1. - var.-2.

ბ) 1842-1843 წწ. (ბ, გ): „მხოლოდ სული გრძნობს...“ - III 15, V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1, t-1].

თარიღი.

ლექსი „შემოღამება მთაწმიდაზედ“ ორი რედაქცია არის მოღწეული.

პირველი რედაქცია. ლექსისა (გვ. 156 — 157) დაწერილია 1833 წელს, ანუ უფრო ზუსტად 1833 წლის პირველ ნახევარში, არა უგვიანეს მაისისა (ხელნაწერი, რომელშიაც შეტანილთა პირველი რედაქცია ლუქსისა „შემოღამება მთაწმიდაზედ“, გადაწერილია 1833 წლის 18 ივნისის უწინარეს).

მეორე რედაქცია ლექსისა. (გვ. 88-89) დათარიღებულია 1936 წლით (თარიღი აღნიშნულია ავტოგრაფულ დედნებში. III, IV, V, VI. - [T T 1, t-1].

პოეტს ამის შემდეგ, 1836-1843 წლების მანილზე, როგორც ირკვევა ზემოთ წარმოდგენილი მასალებიდან, არაერთგზის გადაუხედავს ლექსის ტექსტი, ახალი ნიუანსირება მიუცია ზოგიერთი ადგილისათვის. საბოლოო კანონიკური ტექსტი ქართული პოეზიის ამ შედევრისა წარმოდგენილია დედნებში V, VI.

__________

1. დედანში III პირვანდელი წაკითხვა არის „ა“, შემდეგ გასწორებულია როგორც „ბ“.

2. დედანში III პირვანდელი წაკითხვაა „იდუმალობა“; შემდეგ გასწორებულია „იდუმილობა“.

3. დედანში III (1842 წ.) ჯერ ჩაწერილი იყო „სევდიანი“, შემდეგ გასწორებულია: „ნაღვლიანი“.

4. დედანში I „ახ, ვით ყოველი...“. - დედანში III ჯერ ასევე იყო, შემდეგ გასწორებულია: „ოჰ, ვით ყოველი...“

5. დედანში III პირვანდელი წაკითხვა არის „ა“, შემდეგ გასწორებულია როგორც „ბ“.

6. დედანში III პირვანდელი წაკითხვა არის „ა“, შემდეგ გასწორებულია როგორც „გ“.

7. დედანში III პირვანდელი წაკითხვა არის „ა“, შემდეგ გასწორებულია როგორც „ბ“.

8. დედანში m-1; „მხოლოდ ნიავი...“

9. დედანში III პირვანდელი წაკითხვა არის „ა“; შემდეგ გასწორებულია, როგორც (ბ).

10. დედნებში [T T1, t-1]:.„ხანდახან...“

11. დედანში m-1. „... ამით ჩემსა გულს...“

12. დედნებში VlI 1, VlI; „ჩემნი (- ჩუმნი) შემოგარენი“

13.დედანში III პირვანდელი წაკითხვა არის (ა); შემდეგ გასწორებულია როგორც „ბ“.

14. დედანში III: („წრფელითა“ - ) „მხურვალეს - „მხურვალე“, - („სახემიხრილი“ - ) „ნაზად მოვარე“.

15. დედანში III ჯერ იყო: „მხოლოდ გული გრძნობს“; შემდეგ გაწორებულია: „მხოლოდ სული გრძნობს“.

3.4 4. ხმა იდუმალი

▲ზევით დაბრუნება


ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
2. რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?

რა ვსცან პირველად წუთისოფელი,
დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი
რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის
სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, -
8. მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა

ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!
ცხადად თუ სიზმრად, იგი მე მარად
სულ ერთსა მიწვრთვნის გულისა ჭირად;
„ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვნო შენი საშვენი!“
მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,
14. და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ!

ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა
შეუწყალისა სინიდისისა?..
მაგრამ მე ჩემში ვერ ჰპოვებ ავსა,
18. მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა!

ანგელოსი ხარ, მფარველი ჩემი,
ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი,
ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ,
სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ?
როს ვსცნა მე შენი საიდუმლობა,
24. როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?...

1836.

4. ხმა იდუმალი

ავტოგრაფები: III, IV, V, VI. -

დანარჩენი დედნები: VlI 1, VlI 2 - m-1. - [T T 1 - Z].

1. ტაეპი 3.

ა) 1836 წ.: რა ვსცან პირველად ესე სოფელი...“ - III.

ბ) 1842 წ.: „რა ვსცან პირველად წუთისოფელი...“ - III *, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2 - m-1. - [T T 1 - Z].

2. ტაეპი 9.

1843 წ. (ა): „ცხადად თუ სიზმრად, მე მე იგი მარად...“ - IV. - [Z].

ბ) 1836-1843 წ. (გ): „ცხადად თუ სიზმრად, იგი მე მარად...“ - III, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2 - m-1. - [T T 1]

3. ტაეპები 23 - 24.

ა) 1836 - 1842 წ.: „როს მივხვდე შენსა იდუმალობას?

[როს შევეყარო ჩემსა წილობას] - III (ნასწორებია).

ბ) 1842 წ.: „როს ვსცნა მე შენი საიდუმლობა,

როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა...“ - III **, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2 - m-1. - [T T 1 - Z].

თარიღი: 1835. (აღნიშნულია დედნებში: III **, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2 - m-1. - [T T 1 - Z]).

_________

* დედანში III ჯერ იყო: „ესე სოფელი“; შემდეგ გასწორებულია: „წუთი სოფელი“.

** დედანში III პირვანდელი წაკითხვა არის „ა“, შემდეგ გასწორებულია: როგორც „ბ“.

3.5 5. ძია გ...სთან

▲ზევით დაბრუნება


ძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი,
წაგართო ავის ენისა გესლმან;
სატრფონი მისნი შემოგარენი
4. გარდახვეწილსა დაგისშო ეტლმან!

მაგრამ გაჩნს კიდევც გულში მის არე
გიყვარს ყაბახის კარგიც და ავი,
თუმც უცხო და შორს თემად იარე,
8. მრავალი კარგი ნახე ამბავი -

მაგრამ რას ხედავ აწ კრული ჩრდილოს?
აჰა ის ღამე, ოდეს სატრფონი
ალამაზებდენ შენს ყაბახს ამოს,
12. შენის სიყრმისა თან-ზრდილნი სწორნი.

5-ა. ძია გ...სთან

ავტოგრაფები: გო, I, II.

1) ტაეპები 1 - 4 და 9 - 12.

1 - 4; „ძიავ, ყაბახი სამშობლო შენი

წაგართო ავისა ენის გესლმან, სატრფონი მისნი შემოგარენი
გარდახვეწილსა დაიხშო ეტლმან“.

9 - 12: „მაგრამ რას ხედავ აწ კრული ჩრდილოს?

აჰა, ის ღამე ოდეს სატრფონი
ალამაზებდეს შენს ყაბახს ამოს,
შენის სიყრმისა თან-ზრდილნი, სწორნი“.

დედნებში გო და II ხაზგასმულია სიტყვები: „ავის ენისა გესლმან“; „გარდახვეწილსა“; „შენს (ყაბახს ამოს)“. - დედანში I ხაზგასმულია: შენს (ყაბახს ამოს)“.

ხაზგასმა მინიშნებას შეიცავს. „ავისა ენისა გესლმან“ - მინიშნებულია გამცემლობა იასე ფალავანდიშვილისა, რომლის შედეგად ჩავარდა 1832 წლის შეთქმულობა. გარდახვეწილსა — იგულისხმება გრიგოლ ორბელიანის გადასახლება შეთქმულობაში მონაწილეობის გამო. „შენს ყაბახს ამოს - “ იგულსხმებ საქართველო (დაპირისპირებულია „...აწ კრული ჩრდილოს“).

ტაეპები 7-8.

ა) [1836], 1846 წ. (ა).

„თუმც უცხო, თემად იარე,
მრავალი კარგი ნახე ამბავი“ - I.

ბ) 1834, 1841 წ. (ბ).

„თუმც უცხო და შორს თემად იარე,
მარვალი კარგი ნახე ამბავი“ - გო, II.

ლექსთა ვარიანტები

ღამე ყაბახზედ

(პირველი ვარიანტი)

***

[ძია გ....სთან]

ძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი,
წაგართო ავის ენისა გესლმან;
სატრფონი მისნი შემოგარენი
გარდახვეწილსა დაგიხშო ეტლმან!

მაგრამ გაჩნს კიდეც გულში მის არე,
გიყვარს ყაბახის კარგიც და ავი,
თუმც უცხო და შორს თემად იარე,
მრავალი კარგი ჰნახე ამბავი.-

მაგრამ რას ჰხედავ აწ კრული ჩრდილოს?
აჰა, ის ღამე, ოდეს სატრფონი
ალამაზებდენ შენს ყაბახს ამოს,
შენის სიყრმისა თან-ზრდილნი, სწორნი!

კომენტარები

ძია გ...სთან

1837 წ, თებერვალში, პოეტი სწერდა. 1832 წ. შეთქმულობის შემდეგ სამშობლოს გარეთ გადახვეწილს ბიძას, გრიგოლ ორბელიანს: „ამ წარსულს ზაფხულში, ერთს შვენიერს, მთვარიანს ღამეში, ყაბახზედ დავიარებოდი, სადაც მისმან შვენებამ, სატრფოთ მარაქამ, მათმან უწინდელებრ კიდევ დარდიმანდობამ სრულიად განატკბეს სახედველი, აღმიტაცეს ფიქრნი, წარმიღეს გონება... და მაშინვე განვიზრახე, რომ ამ ღამეს უთუოდ აღვწერ და გაუგზავნი ძია გრიგორის მეთქი, და კიდეც აღვასრულე“ (იხ. წერილი I, გვ. 170).

ყაბახი - დღევანდელი კომუნართა ბაღის ქვემო ნაწილი, ბაზრის სანაპირო ქუჩის ნაწილის მომატებით. ნ. ბარათაშვილის დროს აქ იმართებოდა ჯირითი, ღამით კი აქ თავს იყრიდა მოსეირნე საზოგადოება. ეს ადგილი განსაკუთრებით საყვარელი იყო ორბელიანებისათვის, რადგან მათ კარმიდამოს შეადგენდა.

„სატრფოთ მარაქა“-ში უნდა იგულისხმებოდნენ - ნინო ჭავჭავაძე (სატრფო გრ. ორბელიანისა) და მეგობრები - ეკატერინე ჭავჭავაძე, მანანა ორბელიანი და სხვ.

„ავის ენის გესლი“ - იგულისხმებიან 1832 წ. „მამულის გამოხსნისათვის შეთქმის“ გამცემლები - იასე ფალავანდიშვილი და მისი ძმა ნიკოლოზ ფალაეანდიშვილი.

ღამე ყაბახზედ

მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო,
მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო;
მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე, როს მთვარე შუქით
მოჰფენს ყაბახსა და კოჯორი დაჰქრის ნიავით,
და მომდინარე ხან ზვირთთ ცემით, ხან ნელად მტკვარი
6. მოოხრავს შორით, ვით მიჯნური, ჟამთ მოჩივარი!

ამგვარი იყო ის დამეცა, ოდესცა გარე
ფიქრით მოცულმან ჩვეულებრივ ყაბახს ვიარე.
აქა გუნდ-გუნდად დარაზმულნი აქა-იქ ქალნი
პირად-პირადად სეირნობდენ, კეკლუც-მოსილნი,
და მათ გარემო. შეფრფინვიდენ ყრმაწვილნი კაცნი,
ზოგნი დაბძნილნი,ზოგნი ტრფიალ და ზოგნი ანცნი.
თვითონ ცის მთვარეც მოწიწებით ღრუბელთ ეფარა,
14. როს ქვეყნის მთვარეთ შეეტრფოდენ და მას კი არა

- „სთქვი რამ“, ეტყვიან ყაფლანს ზოგნი-ერთი ქალები,
„თუნდ თავსა უფლად, ახლა პრანჭვას ნუ კი მოჰყვები!
ყაფლანც, სულდგმული აშიკობით, დაიღიღინებს
გულის საკვდავად და თან და თან ყელს მოიღერებს.
ვის არ სმენია ლექსი ესე, რომ მყის სევდები
20. არა აშლოდეს ჩვენსა ქალსა - ტრფობის ჭირები!

უეცრად მათში დავინახე თეთრკაბიანი
და - მეყვსეულად მან მიმიღო ჩემნი ცნობანი.
არ ვიცი, ამ დროს რად აღვიგზენ უფროს ცეცხლისა?
სად არს სილაღე, სად არს ძალი გრილის გულისა!
ვნახე სადღაცა ქალთ კრებაში როდისღაც ერთი,
მას აქეთ თვალი ვეღარ მოჰვკარ და ახლა ერთი
სდგას. აქა კრძალვით, ვით ქურციკი ვეფხვთა შორისა,
28. ყელი ყელყელობს, აღმგზნებელი გულთა ჭირისა!

თვალი შემასწრა მან ამ დროს მე და შემომცინა;
ამან გამამხნო და გულს ძგერით წარვსდეგი წინა
და ასე ვუთხარ: „ნეტარ მე, რომ მეღირსა კვალად
სანატრი ჩემთვის ნახვა თქვენი აწ მხიარულად!“
„გმადლობთ, - მითხრა მან, - რომ თქვენ მაინც გახსოვართ კიდევ:
ახლა მოდაა, ვინც ვის იცნობს, ივიწყებს ისევ“.
- „დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები
36. ვერ მომიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები!“

ამა სიტყვაზე ვარდი ღაწვთზედ მყის აეფურცლა,
ამ დროს ნიავმანც თეთრი კაბა მიმოუქროლა
და ბუდეშური მის ფეფები ლამაზად მოჩნდა,
რომელთ სიამით ცნობა ჩემი წარიღეს თვისდა.
ამ დროს მთოვარემც შუქი თვისი მისტეხა ბროლსა,
რომელმან შვება სილამასით ჰფინა ჩემს გულსა:
მაგრამ სხვა მუნით მიიხმობდა სატრფოსა ქალსა,
44. რომელი მყისვე მიეფარა, ნათელი - თვალსა!

[1836]

ლექსთა ვარიანტები

***

ღამე ყაბახზედ

მიყვარს, ყაბახო, მყუდროება ღამისა შენის,
თალხად ბნელისა მაისის დროს წყნარის და ტფილის;
ბევრჯერ მინახავს სახე შენი შვენიერებით -
ძველის ახალთან, ახლის ძველთან შენობაებით;
მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე, როს მთვარე შუქით
მოჰფენს შენს არეს, თვით ბუნებით სავსეს სიამით,
და მომდინარე მჭევლებითა ხუვილით მტკვარი
ზვირთთა აღატყვევლს შორით სმენად დასამტკბობარი!

ამგვარი იყო ის ღამეცა, ოდესცა, გარე
ფიქრით მოცულმან ჩვეულებრივ ყაბახს ვიარე,
სადაცა მწყობრად დარაზმულნი აქა-იქ ქალნი
პირად პირადად სეირნობღენ კეკლუც მოსილნი,
და მათ გარემო შეჰფრფინვიდეს ყრმაწვილნი კაცნი,
ზოგნი დამძნილნი, ზოგნი ტრფიალ და ზოგნი ანცნი.
თვითონ ცის მთვარეც მოწიწებით ღრუბელთ ეფარა,
რომ ქვეყნის მთვარეთ შეეტრფოდენ და მას კი არა! -

„სთქვი რამ“, იტყვიან, „ყაფლან, ყაფლან, ზოგნი ქალები,
„თუნდ თავსა უფლად; ახლა პრანჭვას ნუ კი მოჰყვები“. -
ყაფლანც მორჩილი სატრფოთა მათ დაიღიღინებს
გულის საკვდავად და თან-და-თან ყელს მოიღერებს, -
ვის არ გსმენიათ მის ლმობით თქმა, როს მყის სევდები,
კეკლუცნო ქალნო, არ აგშლიათ გულად მკვიდრები?
კილოს და კილოს ხორხში ამოდ დაირაკრაკებს,
და მას ნიავი არე-მარეს შეამუსიკებს.

უეცრად მარჯვნიე დავინახე თეთრ-კაბიანი,
მათ შორის მდგომი, ვინ მიმხადა მსწრაფლად ცნობანი, -
არ ვიცი ამ დროს რად აღვიგზენ უფროს ცეცხლისა;
სად არს გაბედვა, სად არს ძალი გრილის გულისა?
ვნახე სადღაცა ქალთ კრებაში როდისღაც ერთი,
მას აქედ თვალი ვეღარ მოვკარ, და ახლა ერთი
სდგას აქა წყაზრად, ეით ქურციკი ვეფხვთა შორისა;
ყელი ყელყელობს, დამფანტველი მსწრაფლ გონებისა!

თვალი შემასწრო მან ამ დროს მე და შემომღინა;
ამან გამამხნო - და გულს ძგერით წრვსდეგი წინა
და ასე ვუთხარ: „ნეტარ რომ მე მეღირსა კვალად
სანატრი ჩემთვის ნახვა თქვენი აწ მხიარულად“.
„გმადლობთ, - მითხრა მან, - რომ თქვენ მაინც გახსოვვართ კიდევ;
ახლა მოდაა ვინც ვის იცნობს, ივიწყებს ისევ“,
„დარწმუნებელი ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები
ვერ მომიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები“.

ამა სიტყვაზედ ვარდი ღაწვთზედ მყის აეფურცლა,
ამ დროს ნიავმაც თეთრი კაბა მიმოუქროლა
და - ბუდეშური მის ფეფები ლამაზად მოჩნდა,
რომელი სიამით ცნობა ჩემი მიმხადეს თვისდა;
ამ დროს მთოვარემც შუქს მის ხალი აღუგზნობინა.
რომელმან ჩემს გულს სანდომობით შვება მოჰფინა,
მაგრამ სხვა შენით მიიხმობდა სატრფოსა ქალსა,
რომელი მყისვე მიეფარა, ნათელი - თვალსა!

კომენტარები

ღამე ყაბახზედ

ყაფლან - ყაფლან ასლანის ძე ორბელიანი (1813-1878), ნ. ბარათაშვილის ბიძა (პოეტის დედის ეფემიას ბიძაშეილი). შესანიშნავი, ტკბილი მომღერალი, ლამაზი ვაჟკაცი. გრიგოლ ორბელიანის ბიძაშვილი და უსაყვარლესი მეგობარი, ნ. ბარათაშვილის ნათესავი და ახლობელი. მღეროდა მის ლექსებს. „თავსა უფლად“ - ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი:

„თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ,
ყოველთ ესრეთ გაიგონეთ!
ერთგზის „თქვენცა ტრფიალება
ჩემებრ მწარედ დაგიმონებთ“.

და სხვ.

5-ბ. ღამე ყაბახზედ (ბოლო ვარიანტი)

ავტოგრაფები: გო I, II

ტაეპები 11-12:

„და მათ გარემო შეფრფინვიდენ ყრმაწვილნი კაცნი,
ზოგნი დამძნილნი, ზოგნი ტრფიალ და ზოგნი ანცნი“ - I, II.

ამ ლექსის პირველი ვარიანტის ავტოგრაფულ დედანში (გო) სიტყვა „დამძნილნი“ წარმოდგენილია ფორმით „დაბძნილნი“ ( = დაბრძენებულნი).

ფორმა „დაბძნილნი“ უფრო მართებულია და მას ვტოვებთ ლექსის ძირითად კანონიკურ ტექსტშიაც (იხ. გვ. 93)

თარიღი. - ლექსს-მიძღვნას „ძია გრიგოლისთან“ და ლექსს „ღამე ყაბახზედ“ დედნებში თარიღი მოწერილი არა აქვს. მიძღვნა და „ღამე ყაბახზედ“ ჩაწერილია ნიკოლოზ ბარათაშვილის წირილში გრიგოლ ორბელიანისადმი 1937 წლის თებერვლის თარიღით (იხ. ავტოგრაფი გო, - წერილი I, გვ. 170.) წერილიდან ირკვევა, რომ „ღამე ყაბახზედ“ (მიძღვნით) დაწერილია 1836 წლის ზაფხულში.

3.6 6. ფიქრნი მტკვრის პირზედ

▲ზევით დაბრუნება


წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრო გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწვენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
6. და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაერდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
16. და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

მეფენიც მებრძოლენი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,
ეს სამეფოცა ჩვენი იყოს?“ და აღიძვრიან
21. იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული,
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისი შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!...
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
29. მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?.

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა,
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარს. ემსგავსოს,
32. იყოს სოფელში და სოფლისთვის არ იზრუნვოს!

1837.

6. ფიქრნი მტკვრის პირზედ

ავტოგრაფები: I, III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: - VlI 1, VlI 2 - [T T 1 - Z].

1. სათაური.

ა) 1837 წ.: „ფიქრნი მტლვრის პირას“ - I, III, IV.

ბ) 1843 წ. (ბ): „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ - VlI 1, VlI 2 - [T T 1 - Z] 1.

2. ა) 1837 წ. (ტაეპი 2): „მუნ ვეძიებდი...“ - I.

(ტაეპი 3): „მუნ ლბილს მდელოზედ...“ - I.

(ტაეპი 4): „მუნცა ყოველი არემარე...“

ბ) 1842 წ. (ტაეპი 2): „აქ ვეძიებდი...“ - III, IV, Vl. - VlI 1, VlI 2. -

(ტაეპი 3): „აქ ლბილს მდელოზედ...“ - III,- IV

(ტაეპი 4): „აქა ყოველი არემარე...“ - III 2, IV.

|| „აქაც ყოველი არემარე...“ - Vl. - VlI 1, VlI 2 3.

3. ტაეპი 5.

ა) 1837 წ.: „ლურჯად მოღელავს და დუდუნებს მტკვარი ანკარა...“ - I, III.

ბ) 1842 წ.: „ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა...“ - III 2, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1 - Z].

4. ტაეპი 6.

ა) 1836 წ.: „ფერმკრთალად მონათობს მისთა ზვირთთა ცისა კამარა“ - I, III 5.

ბ) 1842 წ.: „შვენიერებით ჰკრთის ლაჟვარდი ცისა კამარა“. - III.

გ) 1842 წ.: „და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა“ - III, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1 - Z].

5. ტაეპი 10.

ა) 1836 წ.: „მრავალთა დროთა მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი“ - I.

ბ) 1842 წ.: „მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი“ - III, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1 - Z] 6.

6. ტაეპი 17.

ა) 1836 - 1842 წწ.: „თვითონ მეფენიც მებრძოლენი...“ - I.

ბ) 1842 წ.: „თვითონ მეფენიც მებრძოლენი ( - უძლეველნი...“ - III.

1843 წ. (ა): „თვითონ მეფენიც უძლეველნი...“ - IV, V („... უძლეველნიც...“)

1843 წ. (ბ, გ): „თვითონ მეფენი უძლეველნი...“ - VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1 - Z] 7.

17. მე-17 ტაეპის მომდევნო ჩაუწერელი ტექსტი.

დედნებში, რომელნიც საზოგადოებაში ფართო გასავრცელებლად იყო დანიშნული, არაა ჩაწერილა ერთი ტაეპი (მე-17 ტაეპის, მომდვნო). სახელდობრ, არაა იგი შეტანილი შემდე დედნებში : I, III, IV, V, VI. - VlI1, VlI2 8.

8. ტაეპი 19.

ა) 1836 წ.: „იგინიც დრტვინვენ...“ - I.

ბ) 1842 წ.: „შფოთვენ და დრტვინვენ...“ - III, IV, V, VI. - VlI 1, VlI 2. - [T T 1 - Z].

9. ტაეპები 19-20.

1836 - 1843 წ.: „…და იტყვიან: „როდის იქნება

ის სამეფოცა ჩვენი იყოს!”

სიტყვები, რომელთაც „შფოთვით და დრტვინვით“ წარმოსთქვამს „ბოროტი მეფე“ (- „როდის იქნება ის სამეფოცა ჩვენი იყოს“), დედნებში, რომელნიც საზოგადოებაში ფართო გასვრცელებლად იყო დანიშნული, ხაზგასმულია საგანგებო მინიშნების მიზნით; სახელდობრ, იგი ხაზგასმულია შემდეგ დედნებში: I, III, VI. — VlI 1, VlI 2. - [T T 1 - Z].

10. ტაეპები მე-4 სტროფისა:

დედნებში, რომელიც საზოგადოებაში ფართო გასავრცლებლად იყო დანიშნული, მე-4 სტროფში არაა ჩაწერილი სამი ტაეპი (ერთი ტაეპი 28-ე ტაეპის შემდეგ. ეს ტაეპები ეს ტაეპები არ მოიპოვება არც ერთ ჩვენს დრომდე მოღწეულ დედანში (სახელდობრ, არ მოიპოვება დედნებში: I, III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2. - [T T 1 - Z].

აქ საჭიროა ისიც აღვნიშნოთ, რომ გამოტოვება ტაეპებისა მე-4 სტროფში აღნიშნულია ხელნაწერებში მრავალწერტილებით მე-4 სტროფის ბოლოში (მრავალწერტილები გაბმით, მთლიანი სტრიქონის სახით, მე-4 სტროფის ბოლოში ჩვენ გვხვდება ყველა დასახელებულ ხელნაწერებში - I, III, IV, V, VI, Vll 1, Vll 2, T, T 1, Z).

თარიღი ლექსისა - 1837. (აღნიშნულ დედნებში: IV, V, VI. - Vll 1, Vll 2, [T, T 1. - Z]) 9.

_________

1. [T, T 1]. „ფიქრები მტკვრის პირზე“. - [Z]: - „ფიქრი მტკვრის პირზე”.

2. დედანში III ჯერ ყოფილა“ „აქაც“; გასწორებულია „აქა“.

3. დედნებში [T, T 1, Z] ( - V): „იქ ვეძიებდი“, „იქ ლბილს მდელოზედ“; „იქ ყოველივე“.

4. დედანში III გადახაზულია „ლურჯად მოღელავს და დუდუნებს...“ და ჩაწერილია „ნელად მოღელავს მოდუდუნე...“.

5. III-ში ჯერ იყო ტექსტი, შემდეგ გადასწორებულია ბ ვარიანტის სახით, ხოლო საბოლოოდ ჩაწერილია არსებული წაკითხვა (გ ტექსტი).

6. დედნებში [T 1, Z]: „მარამ“.

7. დედანში III პირვანდელი წაკითხვაა „მებრძოლენი“; შემდეგ გასწორებულია: („უძლეველნიც“) - უძლეველნი“.

8. იხ. ამ საკითხზე შესავალი წერილი, გვ. 15-16.

9. იხ. ამ საკითხზე იქვე.

3.7 7. ჩონგურს

▲ზევით დაბრუნება


შენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი,
ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი,
3. წარსულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!

ჰოი, ჩონგურო, ნეტავი ოდეს
ხმა მხიარული შენგან მსმენოდეს,
6. რომ უკუმყროდეს მე სევდიანსა გულისა სენი!

მაგრამ სად ვნახო, შენი ღიმილი,
სიხარულითა გამოჩენილი?
9. მე შენგან მესმის მოკლულის გულის ოდენ ჩივილი!

1837.

7. ჩონგურს

ავტოგრაფები: I, III, IV, V, VI. -

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2, - [T, T 1, Z].

ავტოგრაფული დედნები ვარიანტებს არ შეიცავს.

თარიღი: 1837. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - [T, T 1, Z]).

3.8 8. ჩემს ვარსკვლავს

▲ზევით დაბრუნება


რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?
მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო;
შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,
4. შევჩვია გული სევდითა კრთოლვას!

ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,
რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;
შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ,
8. როს მიბჟუტვით ნისლით გამომინათებ.

რა სასითაც გინდა შენ მე მეჩვენო,
მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო;
ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,
12. მალხინებელ დაბინდულის გულისა!

მოციმციმდი, მოდი, გამომედარე,
შენგან ბნელი გული გამომიდარე;
კვლავ ციური ცეცხლი გარმოისარე,
16. ნაბერწკალნი ეშხისა მომაყარე.

1837.

8. ჩემს ვარსკვლავს

ავტოგრაფები: I, III, IV, V, VI. -

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2, - var.-2. - [T, T 1, - Z].

ავტოგრაფული დედნები ვარიანტებს არ შეიცავს.

თარიღი: 1837. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - [T, T 1, Z]).

3.9 9. ნაპოლეონ

▲ზევით დაბრუნება


ნაპოლეონმა გარდმოაელო. თვალი ფრანციას,
და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“
და რა იხილა თვის დიდების მსხვერპლი თვის წინა,
4. მისს მოღრუბლულს შუბლს შუქი რაღაც გარდაეფინა.

„ახლა კი კმარა“, თქვა მან გულში, „სურვა აღმიხდა“:
სახელი ჩემი ვასახელე ქვეყნის საოცრად,
შევმოსე ძალით საყვარელი ჩემი საშვენად
8. და დაუმონე გულმტკიცენი მას სადიდებლად.

„მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!
მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი,
ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი;
12. ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“

„მაგრამ, ვინ იცის, იქნება რომ ბედსაც მოსწყინდე,
და სხვა მან ჩემის სახელით დაგვირგვინოს!..
არა, არა მრწამს, რომე ბედმა მე მიორგულოს:
16. მე მან გამზარდა და თვისს გაწვრთნილს რაღა მიხერხოს!“

„ვერა გაუძლებს ნაპოლეონ მეტოქეებსა!
რა გინდ ძლიერად, მეცნიერად, ვინ ხელმწიფებდეს,
მაინც მე იგი ვერ ვითვისო, ვერ ჩემოდნობდეს,
20. თვითონ სამარეც მევიწროოს, თუ ტოლი მყვანდეს!“

ბევრი დღე გავა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვცნათ ჩვენს მისი!
თვითონ სიკვდილიც მას უებროდ აღმოგვიჩინებს:
დამქრალი ცეცხლი და ზღვის ღელვა წარმოგვიდგინებს
24. მის ცეცხლსა სულსა და ზღვა გულსა განსაკვირველებს!

1838.

კომენტარები

ნაპოლეონ

ნაპოლეონ - ნაპოლეონ პირველი (1769-1821), ფრანგთა იმპერატორი (1804-1815)

9. ნაპოლეონ

ავტოგრაფები: I, III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - m-1. var.-2. - [T, T 1, - Z].

1. ტაეპი 14.

ა) 1838 წ.: „და მან სხვა ჩემის დიდებითა დააგვირგვინოს“ - I *.

ბ) 1842 წ.: „და სხვა მან ჩემის სახელითა დააგვირგვინოს“ - III, IV, V, VI, Vll 1, Vll 2 **.

თარიღი: 1838. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - var.-2 - [T, T 1])

_________

* „და მან ჩემისა სახელითა დაიგვირგვინოს“ [Z].

** „სხვამან ჩემისა სახელითა დაიგვირგვინოს” var.-2 - [T, T 1].

3.10 10. თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას

▲ზევით დაბრუნება


ხმით მშვენიერით
ტკბილის სიმღერით,
ჰაეროვანო, სულს ელხინები;
თვალთ არონინებ, გულს დააწყლულებ
6. და ღიმილითა ესალბუნები!

სადც ხარ, იმ არეს
მოჰფენ სიამეს, -
უშენოდ მოსცდეს მხიარულება!
შენის ენითა, სავსე ლხენითა,
12. ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა!

მახსოვს სიამით,
ოდეს ტკბილის ხმით
ვარდსა და ბულბულს* მოელხინარე,
პირმცინარითა
სინარნარითა
18. მგონის ყარიბს გულს ესხივმფინარე!

1839.

________________

*„ვარდი და ბულბული ლექსია სამღერალო რუსულიდამ ნათარგმნი თ-ის ჭავჭავაძისაგან“, - [შენიშვნა ნ. ბარათაშვილისა].

კომენტარები

თავადის ჭ... ძის ასულს, ეკ... ნას

ლექსი მიძღვნილია პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულის ეკატერინესადმი (1816-1882). ცნობილია ნ. ბარათაშვილის და ეკატერინეს რომანტიული ისტორია. ეკატერინე, რომელსაც ბრწყინვალე სილამაზის გამო „საქართველოს მზეს“ უწოდებდნენ, პოეტის ჭეშმარიტი მუზა იყო.

ეს ლექსი ერთი იმ ლექსთაგანია (იხ. აგრეთვე „საყურე“, „...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“, „როს ბედნიერი ვარ“, „სატრფოვ, მახსოვს“, „ცისა ფერს“), რომელიც აღტაცებულ პოეტს (გვ. 99-100) მიუძღვნია თავისი სატრფოსადმი.

„ვარდსა და ბულბულს მოელხინარე“ - „ვარდი და ბულბული“, რომელსაც, პოეტის სიტყვით, ეკატერინე „ტკბილის ხმით“ მღეროდა, რუსი პოეტის ალ. ოდოევსკის ლექსია, ქართულად თარგმნილი ალ. ჭავჭავაძის მიერ. იგი ნ. ბარათაშვილის დროის არისტოკრატიულ საზოგადოებაში პოპულარული რომანსი იყო.

10. თავადის ჭ...ძის ასულს ეკ...ნას

ავტოგრაფები: I, III, IV, V, VI. -

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2, - var.-2. - [T, T 1].

ავტოგრაფული დედნები ვარიანტებს არ შეიცავს.

თარიღი: 1839. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - [T, T 1]).

3.11 11. საყურე

▲ზევით დაბრუნება


ვითა პეპელა
არხევს ნელ-ნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე.
უცხო საყურე,
6. ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
12. გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ჰოი, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
18. ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

1839.

კომენტარები

საყურე

„ბარათაშვილი იყო მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან (ბაბალეს დედა, „ძალუა ელისაბედი“, სამარაგდონის მეუღლე. - გ. ლ.) საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი. „ლევან, ლევან! გავგიჟდი! მეტი არა ვარ ეკატერინა (ჭავჭავაძე) იქ არის და მისმა საყურეს თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს“, და იმ საღამოს სახსოვრად დასწერა ლექსი „საყურე“... ასე გადმოგვცემს, ლევან მელიქიშვილის სიტყვით, ი. მეუნარგია „საყურის“ დაწერის მიზეზს.

11. საყურე

ავტოგრაფები: I, III, IV, V, VI. -

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - m-1. var.-2. - [T, T 1, - Z].

1. ტაეპი 12.

ა) 1839 წ.: „გულის სიცხესა განიგრილებდეს...“ - I.

ბ) 1842 წ.: „გულის სიცხეს განიგრილებდეს...“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - m-1. var.-2. - [T, T 1, - Z].

2. ტაეპი 18.

ა) 1839 წ.: „ვინ თვისი სული ზედ დაგაკონოს...“ - I. - m-1. var.-2.

ბ) 1842 წ.: „ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს...“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - var.-3. - [T, T 1, - Z].

თარიღი: 1839. (აღნიშნულია დედნებში: IV, V, VI. - var.-3. - [T, T 1 - Z]).

3.12 12. ჩვილი

▲ზევით დაბრუნება


მიყვარს, მიჟვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის,
მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის,
ოდეს იგი ენითა სასუფევლის
4. უალერსებს წიაღთა თავის მშობლის!

მის სოფელი უზრუნველობით ჰშენობს;
გარდა დედის ალერსისას არრას გრძნობს;
ნებივრობით და ღიმილით სულდგმულობს;
8. ყოველსავე შეუპოვრად. მჭვრეტელობს.

არა ფიქრობს იგი თავისს ცხოვრებას,
არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას;
იგი თავის სანუკველითა შობით
12. ამუნათებს თვისთა მშობელთ პირიქით.

იტიკტიკე ენითა უსუსურის,
იტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის,
ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თვისუფალი,
16. არ გიცვნია სოფელი მომღერალი!

1839.

12. ჩვილი

ავტოგრაფები: I, III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - [T, T 1, - z-2].

1. ტაეპი 2.

ა) 1839 წ.: „მიყვარს სმენა უცნაურის მისის ხმის“ - I. - [T, T 1].

ბ) 1842 წ.: „მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [z-2].

2. ტაეპი 11.

ა) 1839 წ.: „იგი თავის სანუკველისა შობით…” - I.

ბ) 1842 წ.: „იგი თავის სანუკველითა შობით...“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1].z-2].

თარიღი: 1839. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - [T, T 1]).

3.13 13. ...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი

▲ზევით დაბრუნება


ხმა, სარკრავისა,
ნელ ნარნარისა
სულს განახრებს,
და მშვენიერის
ენა ამიშლის
6. გულისა ჭირებს

ვჭვრეტდი ლამაზსა,
სევდითა ნაზსა,
და შევეტრფოდი;
ყოველთ გრძნობათა
ყოვლთ გონებათა
12. მას მივაპყრობდი.

ღაწვნი ნაცრემლნი,
ტრფიალთ დამწველნი,
უფროს შვენოდენ,
თმანი ნაშალნი,
მკერდზედ დაყრილნი,
18. ემუქმკებოდენ.

ჟუჟუნა თვალნი,
გულთა მომკვლელნი,
მოცინარობენ;
პაწაწა ტუჩნი,
ვარდებ ნაფურცლნი,
24. ლხენას მოჰბერვენ!.

[1839]

კომენტარები

...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი

ლექსი ეხება ეკატერინე ჭავჭავაძეს, რომელიც მუსიკალური პიროვნება ყოფილა (იხ. ზემოთ) - „მგრძნობიარე ხმის“ პატრონი და მშვენიერი დამკვრელი.

13. ...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი

ავტოგრაფი II.

ავტოგრაფში ლექსს თარიღი მიწერილი არა აქვს.

ლექსი დაწერილია 1839 წელს (იხ. შესავალი წერილი, გვ. 52-53).

3.14 14. სული ობოლი

▲ზევით დაბრუნება


ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ ჩივის თავის უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სული ობოლი
4. ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
8. მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,
12. ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
16. ოხვრა არის შვება უბედურისა

1839.

14. სული ობოლი

ავტოგრაფები: III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - [T, T 1, - Z].

1. ტაეპი 3.

ა) 1839 წ.: „საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი“ - III, IV. - || VI. - [T, T 1, - Z].

ბ) 1843 წ.: „საბრალოა მხოლოდ სული ობოლი” - V.

თარიღი: 1839. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - [T, T 1, - Z].

13. „სატრფოვ მახსოვს“

ავტოგრაფები: მო, III, IV, V, VI. -

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - var.-1. [T, T 1, - Z].

1. ტაეპი 14.

ა) 1840 წ.: „...ცრემლთა თვალთა მშვენიერთა“ - მო. - var.-1.

ბ) 1842 წ.: „ …ცრემლსა თვალთა მშვენიერთა…” - III, IV, V, VI. - [T, T 1, - 2].

თარიღი: 1840. (აღნიშნულია დედნებში: მო, III, IV, V, VI. - var.-1. - [T, T 1, - Z].

3.15 15. *** („სატრფოვ მახსოვს“)

▲ზევით დაბრუნება


სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი
მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ,
და ბაგენი მდუმარენი
4. ხვაშიადსა მიმალვიდენ!

მაგრამ, სულო, იგი ცრემლი
არ ტიროდა ამ სოფელსა;
სახე შენი მოწყენილი
8. არა ჰგავდა. ხორციელსა!

აწ მივხვდი მე, უბედური,
თვალთა შენთა მეტყველებას:
თურმე ცრემლი უცნაური
12. მოელოდა ჩემს ობლობას!

ახლაც, ოდეს ენახავ სადმე
ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,
გულამოსკვნით ვიგონებ მე
16. დღეთა ჩემთა, ბედნიერთა!

1840.

15. „სატრფოვ მახსოვს“

ავტოგრაფები: მო, III, IV, V, VI. -

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - var.-1. [T, T 1, - Z].

1. ტაეპი 14.

ა) 1840 წ.: „...ცრემლთა თვალთა მშვენიერთა“ - მო. - var.-1.

ბ) 1842 წ.: „ …ცრემლსა თვალთა მშვენიერთა…” - III, IV, V, VI. - [T, T 1, - 2].

თარიღი: 1840. (აღნიშნულია დედნებში: მო, III, IV, V, VI. - var.-1. - [T, T 1, - Z].

3.16 16. ჩემი ლოცვა

▲ზევით დაბრუნება


ღმერთო მამაო, მომიხილე მე შეცთომილი
და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ ღელვილი!
ნუ თუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,
4. ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?

ჰოჲ, სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას;
პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,
უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება,
8. გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება!

ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა,
12. არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!

გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულის სიღრმე:
შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მე,
და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთთ შენდა სათქმელად?
16. მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!

1840.

16. ჩემი ლოცვა

ავტოგრაფები: I, III, IV, V, VI. -

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - var.-3. [T, T 1, - z-1].

ავტოგრაფი დედნები ვარიანტებს არ შეიცავს.

თარიღი: 1840. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - var.-3. - [T, T 1, - z-1].

3.17 17. *** („აღმოხდა მნათი“)

▲ზევით დაბრუნება


აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,
მცირითა შუქით გარდუყარა ცასა, ღრუბელი,
დიდ სამქუხარო, საავდარო და მეც, გლახ, გული
4. მსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული!

ნუ თუ აღმიჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად;
ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად;
კვლავ აღმიტეხო გულის ჭირნი მიყრუებულნი
8. და განმიახლო ნეტარების დღენი წარსულნი?

მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეგ საოცარი
და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!
მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა
12. და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!

დავმღერდე მას დროს, როს ვარსკვლავი მშვენიერის ცით
მინეტარებდა სიცოცხლისა დღეთა სიამით;
მოსთქვამდე, თუ არ მიმეფარა, იგი მსწრაფლ ღრუბელს,
16. ბოლოს ვუმღერდე შუქსა შენსა შვების მომფენელს!

ვჰფუცავ ძლიერსა სხივსა შენსა, ჰოჲ, მნათო ჩემო!
ოდეს ვიხილო მცირე ბინდი შენს შუქს გარემო,
მყის დამიღამდეს ამ სოფლისა სიამოვნება
20. და შენთვის დავთმო ტრფობის წინდად ყოვლი დიდება!

1840.

17. „აღმოხდა მნათი“

ავტოგრაფები: III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - [T, T 1].

ავტოგრაფი დედნები ვარიანტებს არ შეიცავს.

თარიღი: 1840. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - [T, T 1]).

3.18 18. *** (არ უკიჟინო“)

▲ზევით დაბრუნება


არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულის-თქმა;
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსა მოვავლო,
4. საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო;

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
8. რომ განაცოცხლო შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და ერთად შესხივებულნი შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს;

არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,
12. იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!

ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;

მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს
და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს;

მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!
მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?...

მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,
20. და ჩემთა გრძნობათა შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!

1841.

18. „არ უკიჟინო“

ავტოგრაფები: მო, III, IV, V, VI. -

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - m-1, m-2. - [T, T 1. - Z].

1. ტაეპი 8.

ა) 1841 წ.: „რომ განაცოცხლო შავარნო, მდელო, ღამისა დამჭკნარი“ - მო.

ბ) 1842 წ.: „რომ განაცოცხლო შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - m-1, m-2. - [T, T 1. - Z].

2. ტაეპი 12.

ა) 1741 წ.: „იყვნენ მარადის. მარადის. სოფლისა განსათავებლად” - მო, III. - m-2, m-1. - var.-1. - || - VI *.

ბ) 1843 წ.: „იყვნენ მარადის უხსნელად, სოფლის განსათავებლად“ - IV. - Vll 1, Vll 2 - m-1. - var.-2.

თარიღი: 1841. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - m-1. - var.-2. - [T, T 1. - Z].

_______

* „იყვნენ მარადის, მარადის, სოფლისა გამთბუნებელად“ [T, T 1. - Z - V].

3.19 19. *** („როს ბედნიერ ვარ“)

▲ზევით დაბრუნება


როს ბედნიერ ვარ შენონ ყოფნითა,
ღიმილით გევხარ მაისის დღესა,
მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა
და მათი მჭვრეტი ვიწვი ცეცხლითა!
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ,
6. არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ,
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

როს უბედურ მყოფს მე მოშორება
გონებამტაცის მშვენიერების,
ვსთვლი მოწყინებით ჟამთ მჭმუნვარების
და სევდა, გლახ, გულს დამეფარება!
11. არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

ხან ძილსა იკრთობს, ხან სევდით ოხრავს,
ხანცა ყოველს სულს ამხიარულებს,
ხან სიკვდილს იწვევს, ხან შორით ოცნებს,
ხან ჰყვება სოფელს, ხან ცად მიფრინავს!
16. არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

[1841]

კომენტარები

„როს ბედნიერ ვარ“. - „ცისა ფერს“

ლექსები - „როს ბედნიერი ვარ“ და „ცისა ფერს“, პ. უმიკაშვილის ცნობით, „ბარათაშვილის დროს იყო სამღერალი ფორტეპიანოზედ“.

როგორც ირკვევა, ლექსს - „როს ბედნიერ ვარ“ საფუძვლად სდებია ძველი კვარტეტის „კლიუჩ“-ის ძირითადი მელოდიის ერთ-ერთი ვერსია, მე-18-19 საუკ. ერთი იმ მუსიკალური ნაწარმოებთაგანი, რომელიც, როგორც საყვარელი ნომერი საშინაო მუსიკალური პროგრამისა, ცნობილი იყო რუსეთში და ჩვენს არისტოკრატიულ სალონებშიც.

ბარათაშვილის ლექსის და „კლიუჩ“-ის ვერსიის მსგავსება ზედმიწევნილია მოტივით, წყობით (რასაკვირველია, შინაარსის განსხვავებით) და თვით რეფრენით.

გადმოცემით, ეს მშვნიერი მუსიკალური ნაწარმოები მოცარტისა ხშირად გაისმოდა ალ. ჭავჭავაძის ოჯახში, რომელთანაც ნ. ბარათაშვილი დიდად იყო დაახლოებული.

19. „როს ბედნიერ ვარ“

ავტოგრაფი: სდ.

ავტოგრაფში ლექსს თარიღი მოწერილი არა აქვს.

ლექსი დაწერილია 1841 წელს (იხ. შესავალი ნაწილი, გვ. 51-52).

3.20 20. *** („ცისა ფერს“)

▲ზევით დაბრუნება


ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
4. სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ, მე - არ ვეტრფო
8. არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
12. გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
16. შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები - ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,
მის ნაცვლად ცა ლურჯი
20. დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას, -
იგიცა შესწიროს
24. ციაგმან ლურჯსა ცას!

[1841]

20. „ცისა ფერს“

ავტოგრაფში ლექსს თარიღი მოწერილი არა აქვს.

ლექსი დაწერილია 1841 წელს (იხ. შესავალი ნაწილი, გვ. 51-52).

3.21 21. *** („ვპოვე ტაძარი“)

▲ზევით დაბრუნება


ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ, მდგარი,
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი;
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
4. და განისმოდა ციური დასის გალობის ზარი!

მწირი სოფლისა, დამშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით,
გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,
8. ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,
რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;
ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,
12. მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ აშენებულს!

მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდსანს ახარებს?
განქრა ტაძარი - და უდაბნო ჩემდა. მდუმარებს,
მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,
16. მის ნაცელად სევდა და წევდიადი დაისადგურებს!

მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!
განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი? არა!
მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი!
20. დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!

ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!
ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!
ესრეთ დამიხშო უკუღმართმა, ნუგეშის კარი,
24. და წავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!

1841.

21. „ვპოვე ტაძარი“

ავტოგრაფები: გო, მო, III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - m-2, var-1. - [T, T 1. - Z].

1. ტაეპი 1.

ა) 1841 წ.: „ვპოვე ტაძარი შესაწყნარი, უდაბნოდ მდგარი“ - გო, მო, III *. - var-1.

ბ) 1842 წ.: „ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი” - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - m-2, var-1. - [T, T 1. - Z].

2. ტაეპი 7.

ა) 1841 წ.: „გულსა მოკლულსა კაცთ ბოროტით და ბედის ბრუნვით” - გო, მო, III. - var-1.

ბ) 1843 წ.: „გულსა მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით” - IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - m-2, var-2. - [T, T 1. - Z] **.

3. ტაეპი 10.

ა) 1841 წ.: „რომლის საკურთხზედ დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს“ - მო, III. - var-1. - Z.

ბ) 1841 წ.: „რომლის საკურთხად…” - გო, IV, VI. - Vll 1, Vll 2 - m-2, var-2. - [T, T 1] ***.

4. ტაეპი 13.

ა) 1841 წ.: „მაგრამ საწუთრო განა დიდხანს ვისმე ახარებს“ - გო.

ბ) 1841 წ.: „მაგრამ საწუთრო განა ვისმე დიდხანს ახარებს“ - მო, III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - m-2, var-1, 2. - [T, T 1. - Z].

5. ტაეპი 17.

ა) 1841 წ.: „მსწრაფლად მოისპო მისი ნაშთი და მისი კვალი“ - გო.

ბ) 1841 წ.: „მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი“ - მო, III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - m-2, var-1, 2. - [T, T 1. - Z].

6. ტაეპი 19.

ა) 1841 წ.: „არა, მოსწყინდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი“ - გო.

ბ) 1841 წ.: „არა, მოსძულდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი“ - მო. - var-1, 2.

გ) 1842 წ.: „არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - m-2, - [T, T 1. - Z].

7. ტაეპი 20.

ა) 1841 წ.: „დამშთა მე მისგან მხოლოდ ცეცხლი იგი დამქრალი“ - გო, მო, III. - var-1.

ბ) 1843 წ.: „დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - m-2, - var-2. - [T, T 1. - Z].

თარიღი: 1841. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - m-2. - var.-2. - [T, T 1. - Z].

ლექსი დაწერილია 1841 წლის ოქტომბერში. ლექსის პირველი ვარიანტი (გო) ნიკოლოზ ბარათაშვილს ჩაუწერია გრიგოლ ორბელიანისადმი გაგზავნილ წერილში (წერილი დათარიღებულია 1841 წლის 18 ოქტომბრით. იხ. წერილი V, გვ. 175). ნ. ბარათაშვილი აქ სწერს გრიგოლ ორბელიანს „ამ მცირეს ხანში ერთი ლექსი დავწერე, რომელსაც ამასთანავე გიგზავნი. შენი აზრი ჩემთვის მარადის სასიამოვნოა“.

__________

* var-1, [Z]: „შესაფერი”; „უდაბნოს”.

** var-2, [Z]: „და გულსა მოკლულს”.

*** მო, var-1: „საკუჱრთხზედ” - Vll 1, Vll 2, var-2: „საკუთრად“.

3.22 22. ჩემთ მეგობართ

▲ზევით დაბრუნება


ჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ
და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ,
ვინ დაიჩნიოთ შავის ბედის მსწრაფლნი ლახვარნი
4. და შეუპოვრად წარიხოცეთ ცრემლნიცა მწარნი.

აჰყევით სოფელს, შეურჩენელს და მომღერალსა,
ნუ მოარიდებთ სიყმაწვილეს ტრფობისა ალსა!
სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს,
8. და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს

მას ვაქებ, ვინცა თვის სიცოცხლე ასე ატარა,
რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა!
მაშინცა კმარა დადუმება გულის ვნებათა,
12. კისრად ტვირთება წუთის-სოფლის მძიმე ზრუნვთა,

ოდეს მზის სხივნი შეგვიცვლიან ჩვენ დილას მას ნელს
და ცრუ სოფელი სიყვარულსაც შეჰყრის სარგებელს!
მხოლოდ ერთს გირჩევთ და გახსოვდეთ ესე თათბირი,
16. მერწმუნეთ, ძმანო, ნაცადი მაქვს ეს გულის ჭირი:

არ შეემსჭვალოთ მოკისკასეს კეკელა ქალსა,
სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა!
აშიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმარებს,
20. ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიიკარებს!

1841.

ლექსთა ვარიანტები

ჩემს მეგობარს

(პირველი რედაქცია)

ჭაბუკო, ვიდრე დილა გინათებს ცხოვრების დღეთა
და სიყვარულის მტანჯსა ჭირებსაც ჰფენს სიამეთა, -

არ დაიჩნიო შავის ბედისა გულზე ლახვარნი,
ლხინსა და ტრფობას გაატანინე ცრემლნიცა მწარნი.

არ მოარიდო გული მღერალი ცეცხლს სიყვარულის,
არ ათაკილო სიყმაწვილის აყოლა სოფლის

სასაცილოა, რომ ბერიკაცი კვლავ ყმაწვილობდეს,
გაუძლებელ-არს, ოდეს ჭაბუკი ბერიკაცობდეს.

მას ვაქებ, ვინცა თავისს სიცოცხლე ესთ განატარა,
რომ ყოვლი ჟამი ხანის მიხედვით მიმოიხმარა!

მაშინცა კმარა შეაღვირება გულისა-თქმათა,
კისრად ტვირთება ამა სოფლისა მძიმე ზრუნვათა.

ოდეს მზის სხივნი შეგვიცვლიან ჩვენ დილასა მას ნელს
და ცრუ სოფელი თვით სიყვარულსაც შეჰყრის სარგებელს!

მხოლოდ გირჩევ მას, და დაიხსოვე ესე თათბირი,
თუმცა ჯერეთ მეც ამ საწუთროსი ვარ მცოდნე მცირი,

მაგრამ მერწმუნე, გამოცდილი აქვს ეს ჩემსა გულსა;
არ შეემსჭვალო, ძმაო, უეცრად კეკელა ქალსა!

აშიკის ენა მას განახარებს, მას ასულდგმარებს,
ხოლო სიყვარულს მის გული ცვლადი ვერ მიიკარებს.

1841.

22. ჩემთ მეგობართ

ავტოგრაფები: III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

ლექსი - მისი პირველი რედაქცია - მგოსანს დაუწერია 15-მარცვლიანი საზომით. მეორე რედაქცია ლექსისა შესრულებულია ახლო მდგომი მეტრით, 14-მარცვლედით.

ტექსტი პირველი რედაქციისა იხ. გვ. 160, მეორე (ბოლო) რედაქცია გვ. 117.

ავტოგრაფული დედანი III, სადაც წარმოდგენილია პირველი რედაქციის ტექსტი, შემდგომი შესწორებებით, და მის გვერდით ცალკე დაწერილი მეორე რედაქციის ტექსტი, ასევე შემდგომი შესწორებებით, გვაძლევს საშუალებას ზედმიწევნით გავითვალისწინოთ ლექსის თანდათანი დამუშავების ისტორია.

I. სათაური.

I რედაქცია (ა, ბ): „ჩემს მეგობარს“ - III.

II რედაქცია, ა: „ჩემს მეგობარს“ - III. - ბ: „ჩემთ მეგობართ“ - III, IV, V, VI. *

2. ტაეპები 1 - 2 - 1 რედაქცია (15-მარცვლედი), ა, ბ:

„ჭაბუკნო, ვიდრე დილა გინათებს ცხოვრების დღეთა
და სიყვარულის მტანჯსა ჭირებსაც ჰფენს სიამეთა, -
„ - III.

II. რედაქცია (14-მარცვლედი); ა:

„ჭაბუკო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებს
და გულის ჭირთაც სიყვარული გისიამოვნებს,“
- III.

II რედაქცია, ბ:

„ჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ
და სიყვარული გულის ჭირითაც გისიამოვნებთ,“ - III, IV, V, VI.

3. ტაეპი 3. - რედაქცია (15-მარცვლედი), ა:

„არ დაჩნიო შავის ბედისა გულსა ლახვარნი,“ - III.

I რედაქცია, ბ:

„არ დაიჩნიო შავის ბედისა გულზედ ლახვარნი,“ - III.

II რედაქცია (14-მარცვლედი), ა:

„არ დააჩნიო შავის ბედის მსწრაფლნი ლახვარნი,“ - III.

II რედაქცია, ბ: „არ დაიჩნიოთ...“ - III, IV, V, VI.

4. ტაეპი 4. - I რედაქცია, (15-მარცვლედი), ა:

„ლხინით და ტრფობით გაატანინე ცრემლნიცა მწარნი.“ - III.

I რედაქცია, ბ: „ლხინსა და ტრფობას...“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა:

„ლხინად და ტრფობად გარდაიცვალე ცრემლნიცა მწარნი.“ - III.

II რედაქცია, ბ: „და შეუპოვრად წარიხოცეთ ცრემლნიცა მწარნი.“ - III, IV, V, VI.

5. ტაეპები 5 - 6. - I რედაქცია, (15-მარცვლედი), ა, ბ:

„არ მოარიდო გული მღერალი ცეცხლს სიყვარულის,
არ ათაკილო სიყმაწვილეს[ა]
აყოლა სოფლის!“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა:

„აჰყევ შენც სოფელს შეურჩენელს და მომღერალსა,
ნუ მოარიდებ სიყმაწვილეს ტრფობისა ალსა!“
- III.

II რედაქცია, ბ: „აჰყევით სოფელს...“ - III, IV, V, VI.

6. ტაეპი 7. - I რედაქცია, (15-მარცვლედი), ა:

„სასაცილოა, ოდესცა ბერი კვლავ ყმაწვილობდეს,“

I რედაქცია, ბ: „სასაცილოა, რომ ბერიკაცი კვლავ ყმაწვილობდეს,“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), გ:

„სასაცილოა, ოდეს ბერი კვლავ [ყმაწვილობდეს,]“ - III.

II რედაქცია, ბ: „სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს,“ - III, IV, V, VI.

7. ტაეპი 8 - I რედაქცია, (15-მარცვლედი), ა, ბ:

„გაუძლებელ არს, ოდეს ჭაბუკი ბერიკაცობდეს.“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა:

„მაგრამ, გლახ, ჭაბუკს, ოდეს იგი ბერიკაცობდეს!“ - III.

I რედაქცია, ბ: „და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!“ - III, IV, V, VI.

8. ტაეპები 9 - 10. I რედაქცია, (15-მარცვლედი); ა, ბ:

„მას ვაქებ, ვინცა თავის სიცოცხლე ესთ განატარა,
რომ ყოვლი ჟამი ხანის მიხედვით მიმოიხმარა!“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა, ბ:

„მას ვაქებ, ვინცა თვის სიცოცხლე ასე ატარა,
რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა!“ - III, IV, V, VI.

9. ტაეპი 11. - I რედაქცია, (15-მარცვლედი); ა, ბ:

„მაშინცა კმარა შეაღვირება გულისა თქმათა,“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა, გ:

„მაშინცა კმარა შეკავება გულისა თქმათა,“ - III, IV, V, VI.

II რედაქცია, ბ: „მაშინცა კმარა დადუმება გულის ვნებათა,“ - III, IV.

10. ტაეპი 12. - I რედაქცია, (15-მარცვლედი); ა:

„კისრად ტვირთება ამა ცხოვრების მძიმე ზრუნვათა,“ - III.

I რედაქცია, ბ: „კისრად ტვირთება ამა სოფლის[ა] მძიმე ზრუნვათა.“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა, ბ:

„კისრად ტვირთება წუთის სოფლის მძიმე ზრუნვათა“, - III, IV, V, VI.

11. ტაეპი 13. - I რედაქცია, (15-მარცვლედი); ა, ბ:

„ოდეს მზის სხივნი შეგვიცვლიან ჩვენ დილასა მას ნელს“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა, ბ:

„ოდეს მზის სხივნი შეგვიცვლიან ჩვენ დილას მას ნელს“ - III, IV, V, VI.

12. ტაეპი 14. - I რედაქცია, (15-მარცვლედი); ა:

„და ცრუ სოფელი თვით სიყვარულსაც შესძღვნის სარგებელს!“ - III.

I რედაქცია, ბ:

„და ცრუ სოფელი თვით სიყვარულსაც შეჰყრის სარგებელს!“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა, ბ:

„და ცრუ სოფელი „სიყვარულსაც შეყრის სარგებელს!“ - III, IV, V, VI.

13. ტაეპი 15. - I რედაქცია, (15-მარცვლედი); ა, ბ:

„მხოლოდ გირჩევ მას და დაიხსოვე ესე თათბირი,“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა:

„მხოლოდ ერთს გირჩევ და გახსოვდეს ესე თათბირი,“ - III.

II რედაქცია, ბ: „...ერთს გირჩევთ და გახსოვდეთ...“ - III, IV, V, VI.

14. ტაეპები 16 - 18. -

I რედაქცია, (15-მარცვლედი); ა, ბ:

„თუმცა ჯერეთ მეც ამ საწუთროსი ვარ მცირი,
მაგრამ მერწმუნე გამოცდილი აქვს ეს ჩემსა გულსა:
არ შეემსჭვალო, ძმაო, უეცრად კეკელა ქალსა!“ - III.

14-ბ. ტაეპები 16- 18. - II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა:

„მერწმუნეთ, ჩემს გულს ნაცადი აქვს ეს გულის ჭირი;
არ შეემსჭვალო მოკისკასეს კეკელა ქალსა,
სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა!“ - III.

მეორე რედაქცია; ბ:

„მერწმუნეთ, ძმანო, ნაცადი აქვს ჩემს გულს ეს ჭირი
არ შეემსჭვალოთ მოკისკასეს კეკელა ქალსა...“ - III, IV, V, VI.

მეორე რედაქცია; გ:

„მერწმუნეთ, ძმანო, ნაცადი აქვს ჩემს ეს გულის ჭირი
არ შეემსჭვალოთ მოკისკასეს კეკელა ქალსა...“ - (Vll) - Vll 1, Vll 2.

15. სტროფები 19-20. - I რედაქცია, (15-მარცვლედი); ა, ბ:

„აშიკის ენა მას განახარებს, მას ასულდგმარებს,
ხოლო სიყვარულს მის გული ცვლადი ვერ მიიკარებს.“ - III.

II რედაქცია, (14-მარცვლედი), ა, ბ:

„აშიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმარებს,
ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიიკარებს.“ - III, IV, V, VI.

თარიღი (პირველი რედაქციისა): 1841. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - [T, T 1. - Z]).

_________

* აქა და ყველგან ქვემოთ ვუჩვენებთ ვარიანტებს მხოლოდ ავტოგრაფული დედნებისა: III, IV, V, VI.

3.23 23. სუმბული და მწირი

▲ზევით დაბრუნება


მწირი

სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,
რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?
მარქვი, სადა არს სუნი შენი, ამო და ნელი,
4. რომლით ათრობდა სიცოცხლის ჟამთ ლამაზი ველი?

სუმბული

მწირო, ხომ ხედავ, მოვჰკლებივარ ჩემს სამშობლოს გულს,
ჩემთ სწორთა ყვავილთ, მშვენიერს ცას და ჩემსა ბულბულს.
აგერ მაისი ააყვავებს ტურფად ბუნებას,
მოვა ბულბული და დაუშტვენს სიყვარულის ხმას,
ხოლო მე ხშული ბნელსა სადგურს და სევდიანსა,
10. ვეღარ ვიხილავ ჩემსა ტურფას და ტკბილს მგოსანსა!

მწირი

ნუ თუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც რას საამურს,
სადაც ოქროთი და ვერცხლითა გიმკობენ სადგურს,
სადაცა კაცი შენს შვენებას ესრეთ ინახავს,
14. რომ მზე ვერ გიჭკნობს და სიცივე ვერა დაგაზრავს?

სუმბული

მაგრამ მარქვ, რა არს ჩემთვის სახლი დიდ-მშვენიერი,
ვით გააღიმებს ჩემს შვენებას ხშული ჰაერი;
არღა მევლება გარე წყარო, ცივი, კამკამი,
არღა მეცემის დილით გულსა სიცოცხლის ნამი;
გრილი ნიავი ჩემთა ფურცელთ არ უალერსებს
20. და მაყვლის ბუტკი მზისა სხივთა არღა უჩრდილებს

მწირი

სუმბულო ტურფავ, მოიგონე მკაცრი ზამთარი,
მისგან შენ ახლა იქნებოდი უწყალოდ მკვდარი;
ნახე, რა ძალუძს შენთვის მზრუნველს კაცისა ხელსა,
24. რომ მისი სუსხი ვერ შეგირყევს ვერც თუ ფურცელსა.

სუმბული

ჰე, მწირო, სოფლად ყოველსა აქვს ჟამი და ბოლო,
მაგრამ ამას ვწუხ, რომ უჟამოდ მეღების ბოლო!
ზამთრით ბუნება არა კვდება, - სევდით იმოსვის,
რომ თავისს სატრფოს, გაზაფხულსა, განეშორების!
და მყის ვითარის შვენებითა კვლავ შეიფურცვლის,
ოდეს მერცხალნი ახარებენ მოსვლას საყვარლის!
ახ, როდის ვნახო მეცა ველად ჩემი ბულბული,
32. რომ განვიშალო კვლავ სიტურფით მისი სუმბული!

მწირი

მშვიდობით, წავალ, მეც მოვძებნი ჩემსაყვავილსა;
ისიც შენსავით განაშორეს სამშობლო ველსა!
ვაი თუ მასაც უდროდ აჭკნობს უწყალო ხელი,
36. და არღა მომხვდეს სუნი მისი, ჭირთ უკუმყრელი!

1842.

23. სუმბული და მწირი

ავტოგრაფები: მო, III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - var-1. - [T, T 1. - Z].

1. სათაური.

ა) 1842 წ.: „ქალის ყვავილი და მწირი“ - მო, III. - var-1.

ბ) 1843 წ. (ა): „სუმბული და მწირი“ - IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

2. ტაეპი 8.

ა) 1842 -3 წწ. (ა) „მოვა ბულბული და დაუშტვენს სიცოცხლისა ხმას“ - მო; IV 1. - var-1.

ბ) 1842 - 3 წწ. (გ) „მოვა ბულბული და დაუშტვენს სიყვარულის ხმას“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

3. ტაეპი 17.

ა) 1842 წ.: „რომ არ მევლება გარე წყარო, ცივი, კამკამი“ - მო, var-1.

ბ) 1842 წ.” „არღარა მევლება გარე წყარო, ცივი, კამკამი“ - III 2, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

4. ტაეპი 18.

ა) 1842 წ.: „არ დამეცემის დილით გულსა სიცოცხლის ნამი“ - მო, III. - var-1.

ბ) 1843 წ.: „არღა მეცემის დილით გულსა სიცოცხლის ნამი“ - III 3, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

5. ტაეპი 20.

ა) 1842 წ.: „და მაყვლის ბუტკი მზისა სხივთა არღა მიჩრდილებს“ - მო, IV. - var-1.

ბ) 1842 წ.: „და მაყვლის ბუტკი მზისა სხივთა არღა უჩრდილებს“ - III 4, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

6. ტაეპი 22.

ა) 1842 წ.: „რომლისგან ახლა იქნებოდი უწყალოდ მკვდარი“ - მო, III. - var-1.

ბ) 1843 წ.: „მისგან შენ ახლა იქნებოდი უწყალოდ მკვდარი“ - IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

7. ტაეპი 27.

ა) 1842 წ.: „ზამთრით ბუნება არ მოკვდება, - სევდით იმოსვის“ - მო, - var-1.

ბ) 1842 წ.: „ზამთრით ბუნება არა კვდება, სევდით იმოსვის“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

8. ტაეპი 29.

ა) 1842 წ.: „მაგრამ ვითარის შვენებითა კვლავ შეიფურცვლის“ - მო, - var-1.

ბ) 1842 წ.: „და მყის ვითარის შვენებითი კვლავ შეიფურცვლის“ - III 5, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

9. ტაეპი 34.

ა) 1842 წ.: „ისიც შენებრივ განაშორეს სამშობლო ველსა” - მო, - var-1.

ბ) 1843 წ.: (ა) „ისიც შენსავით განაშორეს სამშობლოს ველსა” - III 6, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

თარიღი: 1842. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - [T, T 1. - Z]).

________

1. დედანში IV იყო: „სიცოცხლისა ხმას“; გადასწორებულია „სიცოცხლის ხმასა“ (ლაფსუსი არღვევს რითმას).

2. დედანში III: „აღარ მევლება“.

3. დედანში III: „აღარ მემეცემის“.

4. დედანში III: „აღარ უჩრდილებს“.

5. დედანში III: პირვანდელი წაკითხვა არის „მაგრამ“, შემდეგ გასწორებულია: „და მყის“.

6. დედანში III: პირვანდელი წაკითხვა არის „ა“, შემდეგ გადასწორებულია: როგორც „ბ“.

3.24 24. *** („მირბის მიმაფრენს“)

▲ზევით დაბრუნება


მირბის, მიმაფრენს უგზო-უკლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი,
4. და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუვა ავდარსა,
8. ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა;
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს,ტკბილმოუბარსა,
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;

12. მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალია, ვამცნო. გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს. სამზღვარი,
16.. და ნიავს მივც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის, -
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, -
20. და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარს, ოხერსა დამცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამზღვარი,
24. თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი,
28. და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
32. და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი,
36. და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

1842.

24. „მირბის მიმაფრენს“

ავტოგრაფები: გო, III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - var-3. - [T, T 1. - Z].

1. სათაური.

ა) 1842 წ., აპრ.] თავგანწირული მხედარი - III.

ბ) 1842 წ. 2 V] „მირბის მიმაფრენს“ - გო, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2. - [T].

2. ტაეპი 11.

ა) 1842 წ., აპრ.] „სად დამიღამდეს იქ გამითენდეს, მუნ იყოს ჩემი მიწა სამშობლო“ - გო.

ბ) 1842 წ. 9 V] „სად დამიღამდეს იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო“ - III, IV, V („საც დამიღამდეს“), VI. - var-3. - [T, T 1. - Z]).

6. ტაეპი 17.

ა) 1842 წ., აპრ.] „ნუ დავიმარხო მშობელს მიწაში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის” - გო.

ბ) 1842 წ., 9 V] „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - var-3. - [T, T 1. - Z].

4. ტაეპი 18.

ა) 1842 წ., აპრ.] „ნუ დამიტირებს სატრფო გულისა, ნუ დამეცემის ცრემლი მწუხარის“ - გო.

ბ) 1842 წ. 9 V] „ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - var-3. - [T, T 1*. - Z].

5. ტაეპი 26.

ა) 1842 წ., აპრ.] „არ შემაშინოს მისმა ბასრმან მოსისხლე მტერი“ - გო.

ბ) 1842 წ. 9 V] „ვერ შემაშინოს მისმან ბასრმან მოსისხლე მტერი“ - III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - var-3. - [T, T 1. - Z].

6. ტაეპი 29.

ა) 1842 წ., აპრ.] „ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ჩემის სულისა ესე კვეთება“ - გო.

ბ) 1842 წ. 2 - 9 V] „ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის (ესე განწირვა...- ) ეს განწირულის სულის კვეთება“ - III.

გ) 1842 წ. 9 V] „ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება“ - IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - var-3. - [T, T 1. - Z].

7. ტაეპი 31.

ა) 1842 წ., აპრ.] „და ჩემს შემდგომად მეძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“ - III.

ბ) 1842 წ. 2 V] „და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“ - გო, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - var-3. - [T, T 1. - Z].

თარიღი: 1842. - IV, V. - var-3. - [T, T 1. - Z]. - „მაისსა 9-სა” - III, VI.

ლექსი დაწერილია, 1842 წლის აპრილში. 2 მაისს 1842 წლისა ნიკოლოზ ბარათაშვილს ლექსი ჩაუწერია გრიგოლ ორბელიანისადმი, გაგზავნილ წერილში გო, - წერილი VI, გვ. 177. 9 მაისი არის თარიღი ლექსის ბოლო რედაქციისა, რომელიც შეტანილია ხელნაწერ გამოცემებში. - III, IV, V, VI.

__________

* დედანში [T1]

3.25 25. *** („რად ჰყვედრი კაცსა“)

▲ზევით დაბრუნება


რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას:
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა, -
4. ჰგავს, არ პასუხს სცემ შენ მას სულით მშვენიერითა.

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების;
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
8. ცვალებადია. წარმავალი და უმტკიცები!

მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
12. რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!

მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება
20. და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!

1842.

25. „რად ჰყვედრი კაცსა“

ავტოგრაფები: III, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - var-1. - [T, T 1. - Z].

ავტოგრაფული დედნები ვარიანტებს არ შეიცავს.

თარიღი : 1842. (აღნიშნულია დედნებში: III, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].)

3.26 26. საფლავი მეფის ირაკლისა

▲ზევით დაბრუნება


(კნიაზს მ... პ...ძეს ბარათაევს)

მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირი. მხცოვანო,
და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო!
ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა,
4. რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!

თაყვანს ვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად, თქმულს!
გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?
აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,
8. და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი:

ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამო
მოაქვთ. მამულში განათლება და ხმა სამო;
მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სული
12. უდნობს ყინულსა ჩრდილოეთისა, განცეცხლებული,

და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად,
მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად!
სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,
16. მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!

აწ არღა გერჩის ქართლის გულსა კასპიის ღელვა,
ვერღა ურყევს მას განსვენებას მისი აღტყველვა;
შავის ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლე მტერთა,
20. აწ მოგვიგვრიან მრავალის მხრით ჩვენთა მოძმეთა!

მშვიდობა შენსა წმიდას აჩრდილს, გმირო განთქმულო,
უკანასკნელი ივერიის სიმტკიცის სულო!
აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა,
24. და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით აღნაგსა!

1842.

კომენტარები

საფლავი მეფის ირაკლისა
კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ

ნ. ბარათაშვილმა მიხეილ პეტრეს ძე ბარათაევს უძღვნა ლექსი: „საფლავი მეფის ირაკლისა“ და აგრეთვე წარწერა-ლექსი „კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ“.

მ. პ. ბარათაევი - ცნობილი ნუმიზმატიკოსი, პოეზიის მოყვარული, მასონი, დეკაბრისტი (1825 წელს დაპატიმრებული იყო დეკაბრისტთა საქმის გამო).

მ. პ. ბარათაევი იყო შთამომავალი მელქისედეკ ბარათაშვილისა, რომელიც ვახტანგ მეექვსეს გადაჰყვა 1724 წელს ემიგრანტად რუსეთში, მ ბარათაევი დაიბადა 1784 წ. ქ. სიმბირსკში (ულიანოვსკი), სიმბირსკის გუბერნატორის ოჯახში, 1796 წ. შევიდა სამხედრო სამსახურში, მონაწილეობდა 1812 წ. სამამულო ომში; 1816 წ. აირჩიეს სიმბირსკის მაზრის თავად-აზნაურობის წინამძღოლად, 1820-25 წწ. - გუბერნიის წინამძღოლად. 1839-1843 წწ. მსახურობდა თბილისში ამიერკავკასიის საბაჟოს გამგედ, თბილისში ყოფნის დროს იგი დაუახლოედა ნ. ბარათაშვილს, როგორც მოგვარეს და ნიჭიერ ადამიანს.

1846 წ., როდესაც მ. ბარათაევმა ჯერ კიდევ არ იცოდა პოეტის გარდაცვალება, სწერდა მელიტონს „მეტისმეტად გამახარებდა ჩვენი საერთო საყვარელი ნიკოლოზ მელიტონის ძე, თუ იგი შეავსებდა თავისი უხვი ცოდნითა და ნიჭით თავისი მოხუცი პაპის პირველ ნაშრომს...“

26. საფლავი მეფის ირაკლისა

ავტოგრაფები: გო, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - [T, T 1. - Z].

ავტოგრაფული დედნები IV, V, VI. - ვარიანტებს არ შეიცავს.

რაც შეეხება ავტოგრაფს გო (ნიკოლოზ ბარათაშვილის VIII წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი 1842 წლისა, რომელშიაც შეტანილი იყო ლექსის ტექსტი), უცნობია, თუ სად ინახება ამჟამად იგი. ჩვენს დრომდე შენახულა პირი, რომელიც გადმოუწერია გრიგოლ ორბელიანის, ავტოგრაფიდან პეტრე უმიკაშვილს (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 4911). პ. უმიკაშვილს მარტო წერილის პირი გადმოუღია, ხოლო თვით ლექსის ტექსტი არ გადმოუწერია: პ. უმიკაშვილს აღნიშული აქვს მხოლოდ, რომ სათაური ლექსისა ამ ვარიანტში ყოფილა არა „საფლავი მეფის ირაკლსა“, არამედ „საფლავი ივერიისა“, ამას გარდა პ. უმიკაშვილის ცნობით, ლექსის ტექსტშიაც ყოფილა სხვაობანი (იხ. ზემოთ. გვ. 181).

3.27 27. *** („მიყვარს თვალები“)

▲ზევით დაბრუნება


მიყვარს თვალები, მიბნედილები,
ეშხისა ცეცხლითა დაქანცულები;
მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველად
განეწონვიან მათ. ისრები.

მივხვდი, თვალებო, ჩემო. მკვლელებო, მაგ თქვენს ქცევას,
6. მაგრამ ვით ელით. თქვენგან კოდილის თქვენგან გაქცევას?

*

ვიცი, რომ მტრობენ გულსა მგრძნობელსა,
უწყალოდ სტანჯვენ უენო მსხვერპლსა,
მაგრამ, რა ისართ ზეცად აღმართვენ,
მათშივე ჰპოვებს საკურნებელსა!

თვალნო, ლამაზნო, ვინ უძლოს თქვენსა ძლიერს ბასრობას
12. თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკდავებას!

1842.

27. მიყვარს თვალები

ავტოგრაფები: IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - var-1. - [T, T 1].

ავტოგრაფული დედნები ვარიანტებს არ შეიცავს.

თარიღი : 1842. (აღნიშნულია დედნებში: IV, V, VI. - [T, T 1].

3.28 28. *** („შენნი დალალნი“)

▲ზევით დაბრუნება


შენნი დალალნი ყრილობენ გველად
სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად,
და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ
4. ხან ნუგეშისთვის, ხან დასაწველად!

*

ოდეს ნიავი ლამაზს დალალებს
მიგიშლ-მოგიშლის და სიამოვნებს,
მაშინ ჩემს თვალებს აღაგზნებს შური
8. და, გლახ, ჩემს გულსა ის ავალალებს!

1842.

28. „შენნი დალალნი“

ავტოგრაფები: IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - var-1. - [T, T 1].

ავტოგრაფული დედნები ვარიანტებს არ შეიცავს.

თარიღი : 1842. (აღნიშნულია დედნებში: IV, V, VI. - [T, T 1].

3.29 29. კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ

▲ზევით დაბრუნება


ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით.
შესვი? გაამოს.

1843.

29. კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ

ავტოგრაფები: IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - var-1. - [T, T 1].

ავტოგრაფული დედნები ვარიანტებს არ შეიცავს.

თარიღი : 1842. (აღნიშნულია დედნებში: IV, V, VI. - [T, T 1].

3.30 30. *** („სულო ბოროტო“)

▲ზევით დაბრუნება


სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
4. რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდა ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მომცემდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი
8. და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი. ზრახვანი?
სულო აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
12. რატომ გაცუდა ძალი შენი მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენ აღთქმათა
ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე მშვიდობა სულსა,
16. და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოი, მაცთურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო,
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
20. ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!

1843.

30. „სულო ბოროტო“

ავტოგრაფები: გო, IV, V, VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - var-1, 2, 3, 4, 5, 6, 7. - [T, T 1 - z-1].

1. ტაეპი 2.

ა) 1843 წ. (ა): „ჩემის გონების და სიცოცხლის შენ განსამწარად“ - გო.

ბ) 1843 წ. (ბ): „ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად“ - IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - var-1, 2, 3, 4, 5, 6, 7. - [T, T 1 - z-1].

2. ტაეპი 6.

ა) 1843 წ. (ა): „თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას“ - გო, IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - var-1, 2, 3, 4, 5, 6, 7. - [T, T 1 - z-1].

ბ) 1843 წ. (გ): „თითქოს მომცემდი ამა სოფლად თავისუფლებას“ - VI.

3. ტაეპი 9.

ა) 1843 წ. (ა): „მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი შენნი აღთქმანი“ - გო.

ბ) 1843 წ. (ბ): „მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი“ - IV, V, VI. - Vll 1, Vll 2 - var-1 *, 2, 3, 4, 5, 6, 7. - [T, T 1 - z-1].

4. ტაეპი 11.

ა) 1843 წ. (ა): „სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები“ - გო, IV. - Vll 1, Vll 2 - var-1, 5, 7. - [z-1].

ბ) 1843 წ. (ბ): „სულო აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები“ - V, VI. - Vll 1, Vll 2 - var- 4, 6. - [T, T 1].

5. ტაეპი 14.

ა) 1843 წ. (ა): „ბრმად ვუმსხვერპლიდი, მივანდობდი ჩემთ გულის-თქმათა“ - გო, IV.

ბ) 1843 წ. (გ): „ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულის-თქმათა“ - V, VI. - Vll 1, Vll 2 .

თარიღი: 1843. (აღნიშნულია დედნებში: IV, V, VI. - var- 2, 3, 6. - [T, T 1 - Z].

ლექსის პირველი ვარიანტი (გო) ჩაწერილია ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილში გრიგოლ ორბელიანისადმი; წერილის თარიღია 1843 წლის 21 აგვისტო (იხ. წერილი IX, გვ. 183). ლექსი, ჩანს, დაწერილია აგვისტოში (წერილშიო ნიკოლოზ ბარათაშვილს მოჰყავს რა ლექსი, წერა: „ჩემი ახალი ლექსი ეს არის“).

________

* var-1.: „იქმნენ“] „იქმნეს: - ესე“] „ეგე“.

3.31 31 ***(„შევიშრობ ცრემლსა“)

▲ზევით დაბრუნება


შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ. დასანაცრებელს,
და მისსა. ფერფლსა, ვითა საკმეველს,
4. შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!

მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,
მისი ღიმია შვების მომცემი,
ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი,
8. განმაბრძნობელი, გამხელებელი!

ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთი!
ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,
სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნად
12. და თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!

1843.

31. „შევიშრობ ცრემლსა“

ავტოგრაფი: VI.

დანარჩენი დედნები: Vll 1, Vll 2 - [T, T 1].

3.32 32. ჩინარი

▲ზევით დაბრუნება


განმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი,
მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა, მაღალი.
საამო. არის მის ჩრდილში ოცვნა და მისთა ფოთოლთ შრიალთა სმენა,
4. და წყალთ დუდუნზე უკუღმართისა. ამა სოფლისა ჭირთა დათმენა!

მოქშუის მტკვარი, მოქრის ნიავი და შრიალითა არხევს ჩინარსა,
და გამოსცემენ სახიობასა, ტკბილის ოცნებით დამაძინარსა!
მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,
8. და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა. მათის საუბრის!

ვითა მიჯნური სატრფოს ამაყსა, მტკვარი მას ნორჩსა ფერხთა ევლების,
და აღმოარხევს უფსკრულებიდამ, და აღელვილი კლდესა ეხლების!
მაგრამ ჩინარი, მაღლად მჩინარი, დგას მედიდურად და სიამაყით,
12. და მხოლოდ თავსა გარდმო-გარდიღებს სევდიანისა მერხევის სახით.

რამდენჯერ ქარი შეარხევს საროს, იმდენჯერ მტკვარი უმეტეს ოხრავს,
თითქოს სიშურით შეშფოთებული, და კლდის პირებზე ზვირთთა შემუსრავს.
ესრეთ იდუმალ, მაგრამ ძლიერად, დაიტანჯების მარად მიჯნური,
18. თუ მას ნამდვილად ეგზნების გულსა ტრფიალებისა ცეცხლი ციური.

1844.

32. ჩინარი

ავტოგრაფები არ მოღწეულა.

დაცულია დედნებში: [T, T 1 - Z], ე 4, ე 5.

დედნები ვარიანტებს არ შეიცავს.

თარიღი: 1844 (აღნიშნულია ყველა დედნებში).

3.33 39. ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა წელსა 1844-ს

▲ზევით დაბრუნება


მძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის,
თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა

ძრწოდე, კავკასო! ახლო არს დღე შენის აღსასრულისა!
შეთქმულან შენზედ ერთპირად ძენი ქართლისა სრულისა,
აღებად შენგან სისხლისა, უბრალოდ დაქცეულისა,
4. და აღმორთმევად უწყალოდ შენს შორის ბოროტ სულისა!

ქართლითგან მოვალს მარადის მამულის მონა ლაშქარი,
წინ ერისთავი მოუდის, მიწის გააქვს. ზანზარი!
კავკასი, ქართლოსს საფლავზედ არიან გაფიცებულნი,
89. და მათ წინ ვერღა დაუდგნენ ვერც შენნი ჰირველ რჩეულნი!

სომხითით. მოსჭექს სასარდლო, ძველადგან სახელგანთქმული,
მის შორის ბრუნავს ცხოველად დავით სარდრისა კვლავ სული!
ჰე, დაღისტნელნო, სომხითის კედელნი, თქვენგან ნგრეულნი,
12. მის ძეთა თქვენის თავებით ვინ ახლად აღშენებულნი!

კავკასო, აჰა კახნიცა, შენზედ გულ-ამღვრეულები,
მეფის ირაკლის გაწვრთნილნი, გმირებად დასახულები!
ნუ ჰგონებ, აღხოცილიყვნენ მათ შორის ძველნი მამაცნი:
16. ყოველსა დაშთა, შვილები, საშვილიშვილოდ ვაჟკაცნი!

ნაუნჯნი ყმანიც მეფისა, თუშები მოუღალავნი,
სდევნიან მტერთა მძინვარედ, ვით მგელნი, ცხვართა მლალავნი!
თქვენი ჭირიმე, თუშებო, ბიჭობა თქვენი ქებულა,
20. მახვილი თქვენი მარადის დაღისტნელთ ქედზე ქებული!

ამ გმირულს ჯარსა ერთობრივ ჰყავს ღირსი წინამძღომელი!
მან თავი დასდვა სპათათვის, სახელითა ქმნა სახელი,
და საკადრისად გვარისა გამოჩნდა ნამდვილ ქართველად:
24. მტერთ სიხარულით შეებმის მჭვრეტელთა საოცნებელად!

კავკასო, ძრწოდე! შეირყა ჩეჩენიც დასამხობელი!
ვის არა აღეტაცების სული ამ ამბვის მცნობელი?
ჰე, ძმანო, ნუთუ არ გესმით მეფის ირაკლის ხმა მაღლით?
28. გიხმობთ: ქართველნო, ჰე, შაბაშ! კურთხევა თქვენდა ზე მადლით!

ძმანო, თქვენ ჰქმენით საქმენი, ღირსნი თქვენთა წინაპართა!
მეფესა თავი შესწირეთ, ვაგლახი ეცით წარმართთა!
აჩრდილნი ჩვენთა მამათა იშვებენ საიქიოსა
32. და გიკურთხებენ სახელსა, მომავალთ მოსალხინოსა!

სენტემბრის 23-სა დღესა,
1844 წელსა,
ტფილისი.

კომენტარები

ომი საქართველოს თავად-აზნურ-გლეხთა
პირისპირ დაღესტნისა და ჩეჩნელთა წელსა 1844-ს
(გვ. 131-132)

ამ ლექსში ლაპარაკია ქართული მილიციის გალაშქრებაზე დაღისტნის წინააღმდეგ. გრიგოლ ორბელიანი სწერდა დაღისტანში კონსტანტინე თარხნიშვილს: „ქართველების მილიცია მოდის 1700 ქვეითი და ცხენოსანი, სარდალთან (იგულისხმება მ. ვორონცოვი, - გ. ლ. დანიშნულია 50-ნი თავად-აზნაურნი საპატიო კანვოიად. დიმიტრი მარშალი მოსდევს ნაჩალნიკად მილიციას“.

თავადი დიმიტრი თამაზის ძე ორბელიანი (1798-1868) - თბილისის თავად-აზნაურობის საგუბერნიო მარშალი, რომელიც სარდლობდა იმხანად თავად-აზნაურთა მიერ შედგენილ ქართულ მილიციას.

დიმიტრი ორბელიანი „იყო დარბაისელი, ძველი, უბრალო მოხუცი ქართვლის ტიპისა. იგი ყველას უყვარდა მისი უბრალოებისათვის და გულკეთილობისათვის“, პოეტი დიდი სიმპათიით უყურებს დიმ. ორბელიანს, რომელსაც უწოდებს ჯარის „ღირს წინამძღომელს“ და „ნამდვილ ქართველს“. დიმიტრი ცნობილი იყო, როგორც პატრიოტი. იგი ახლოს მდგარა 1832 წ. შეთქმულობის საქმესთან, ისევე, როგორც მისი ძმა მამუკა.

აღსანიშნავია, რომ პოეტის პირველი სიყვარული დიმიტრის ძმის ივანეს ქალი ნინო ყოფილა.

უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ დიმიტრის სახლში (და არა დიმიტრი ვახტანგის ძის, როგორც ზოგიერთნი შენიშნავენ) იდგა ნ. ბარათაშვილის ოჯახი გიმნაზიის პერიოდში, როგორც გვიამბობს პოეტის დაი ბარბარე.

ერისთავი - „დიდი კნიაზი“ გიორგი ერისთავი, გენერალი, სენატორი.

ქართლოსი - ლეგენდარული სახელი, ქართველთა ტომის უძველესი წინაპარი.

სომხითი - სამხრეთი ქართლი (ძველი საბარათიანო და საორბელო).

დავით სარდარი - დავით რევაზის ძე ორბელიანი (1720-1795), გმირი სარდალი, ერეკლე მეორის სიძე, „განთქმული ვაჟკაცობითია და სარდლობითა. ეს იყო მიზეზი დიდის გამარჯვებისა აზატ-ხანზე ერევანთან და ასპინძის ომშიაცა ოსმალო-ლეკებზე“ (გრ. ორბელიანი).

33. ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა

ავტოგრაფი: მთ.

დანარჩენი დედნები: var-8, 9, 10, 11. - [z-2].

ამ ლექსში, რომელიც ქართველთა ლაშქრობას აგვიწერს, ქართველი ჯარი სდებს არა იმპერატორის წინაშე (როგორც ეს სავალდებულო იყო სახელმწიფო წესით), არამედ ქართლოსის საფლავზედ და მეფე ერეკლეს აჩრდილის წინაშე:

„კავკასო! ქართლოს საფლავზე არიან გაფიცებულნი!
..............

ჰე ძმანო, ნუთუ არ გესმით მეფის ირაკლის ხმა მაღლით,
გიხმობთ, ქართველნო, ჰე შაბაშ, კურთხევა თქვენდა ზე მადლით!“

ცარიზმის საწინააღმდეგო მიზანდასახულობა ამ ლექსისა სავსებით ნათელია.

ამის გამო ლექსის იმ ვარიანტში, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის დანიშნულ კრებულებში უნდა მოხვედრილიყო, უფრო გვიან ტექსტში ცვლილებაა შეტანილი. ლექსის 30-ე ტაეპი, რომელიც ერეკლე მეფეს ეხება, ავტოგრაფში ასეა ჩაწერილი: „მეფესა (აქ პირდაპირ მინიშნებულია ერეკლე მეფე) თავი შესწირეთ, ვაგლახი ეცით წარმართთა“. ხოლო უფრო გვიან ეს ტაეპი ასეა გადაკეთებული: „იმპერატორსა ემსხვერპლეთ, ვაი დამართეთ წარმართთა“.

ეს არის კამუფლაჟი ცენზურის თვალის ასახვევად; ნამდვილი ტექსტი ლექსისა დანიშნული იყო თანამოაზრეთა ვიწრო წრისათვის, ხოლო „საგარეოდ“ დანიშნული ეს გადაკეთებული ვარიანტი ერთი სტრიქონისა (რაც ეწინააღმდეგება მთელი ლექსის დედააზრს) მიზნად ისახავდა ლექსის გადარჩენას მოწინააღმდეგეთა ბეზღობისაგან.

აღვნიშნავთ, ამასთან, რომ ასე სახის კომუფლაჟი მიღებული იყო ჩვენში წარსული საუკუნის - 30-იან - 60-იან წლებში.

3.34 34. *** („ვლოცავ დღესა“)

▲ზევით დაბრუნება


ვლოცავ დღეს ჩემის გაჩენის, ბედნიერი ვარ მე, თასი:
სამღერალო ვარ ტურფა ხელთ და მოსალხინო მართასი!
მოვედით, სევდით მაშვრალნო, გასვათ სასმელი ღმერთასი,
4. და მყის გიქარვით გულისა, ვით ერთი, ჭირი ათასი.

[1844]

კომენტარები

„ვლოცავ დღეს“

მართა, მოხსენებული ამ ლექსში, არის მართა სოლოღაშვილ-ერისთავისა, ალექსანდრე ერისთავის მეუღლე.

ლექსი წარწერილი ყოფილა თასზე.

მართა განთქმული იყო თავისი სილამაზითა და სიდარბაისლით. 1866 წელს მისი დედა კონია სწერდა მართას ქალიშვილს ანეტა ამილახვარს: „ამას გთხოვ, ისეთი სახელი მოიპოვო, როგორც დედაშენი იყო, რომ გვიან დაავიწყდებათ ხალხსაც და თავის ნათესაობასაც“. გრაფმა სოლოგუბმა მართას უძღვნა ლექსი:

„ნუ გეშინიათ, ყმაწვილნო, კავკასის მთის მაღლისა,
ნუ გეშინიათ ნურც ლეკთა, ნურცა ჩაჩანთა ხმალისა,
თქვენცა გაქვთ პასუხ-საგებლად ვაჟკაცობა და მხნეობა,
ვერ შეგაშინებთ თქვენ კლდენი, ვერცა ტყე, ვერცა ხეობა.
მხოლოდ ეცადეთ, რომ ქართლში მყარად დაიცვათ თქვენ გული,
რომ არ შეიქმნათ მონებად, როს ნახოთ მარათ მორთული.“

(გიორგი ერისთავის თარგმანი)

მართა გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა.

ნ. ბარათაშვილი მართას ახლო მეგობარი და პატივისმცემელი ყოფილა.

34. „ვლოცავ დღეს“

ავტოგრაფი არ შენახულა.

გადმონაწერი: ბ.

ლექსს გადმონაწერში თარიღი მოწერილი არა აქვს.

ლექსი დაწერილია 1844 წელს 1.

___________

1. იხ. პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტ. I, გვ. 343-344.

3.35 35. *** („მადლი შენს გამჩენს“)

▲ზევით დაბრუნება


მადლი შენს გამჩენს, ლამაზოო, ქალო შავ-თვალებიანო,
დღისით, მზევ, ღამით მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!
შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანს ვსცემ შენსა სახელსა;
4. დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

ყარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,
ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად - ბასრი ხანჯალი,
მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის:
8. მის ფასი კიდევ საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის“

10 იანვარს, 1845.

35. „მადლი შენს გამჩენს“

ხელნაწერი, არ მოღწეულა.

პუბლიკაცია ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბეში“ - 1863 წ. №2.

ლექსს მოწერილი აქვს თარიღი: „10 იანვარს, 1845“.

დაწერილია ლექსი უცხოეთში, ნახიჩევანში.

3.36 36. *** („დამქროლა ქარმან“)

▲ზევით დაბრუნება


.........დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი,
მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი!
იგი ნიადაგ ციურთა ცვართაგან იყო ნამილი;
4. დრომ უჟამურმან აწ ცრემლით შესვარა მისი ადგილი!

აწცა თუ სადმე ვიხილავ მისს ფურცელს, მისსა დანაჭკნობს,
მოძულებული სიცოცხლე მყისვე კვალადცა დამატკბობს.
მაგრამ მსწრაფლადვე გახშირდნენ მწარენი ჭირნი გულისა,
8. რა ფიქრთ წარმოუდგებათ დაკარგვა სიხარულისა.

[1845]

36. „დამქროლა ქარმან სასტიკმან“

ავტოგრაფი: მო.

არაავტოგრაფული დედანი: var-1.

ლექსი დაწერილია უცხოეთში, ნახიჩევანში, 1845 წელს.

ლექსს ავტოგრაფში თარიღი მოწერილი არა აქვს.

ლექსი მგოსანს გამოუგზავნია მაიკო ორბელიანისათვის, წერილთან ერთად, რომელიც დაწერილია. 1945 წლის 9 თებერვალს (იხ. წერილი XIV, გვ. 194). ამ წერილში მგოსანი სწერს მაიკოს: „აი ამ ქართულ ლექსს გიგზავნი, მდაბიურულად დაწერილს, როგორღაც ფიქრში მომივიდა, მე ვარ და ჩემი ნაბადი - იმის ხმაზედ“.

თვით ლექსი წერილში ჩაწერილი არაა, იგი ცალკე გადაწერილი გამოუგზავნია წერილთან ერთად.

რომ აქ იგულისხმება ლექსი. „დამქროლა ქარმან სასტიკმან“, ირკვევა შემდეგის მიხედვით. მაიკო ორბელიანის კოლექციაში (მო) დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელით ცალკეულად გადაწერილი ხუთი ლექსი: ამათგან ოთხი დათარიღებულია შემდეგი წლებით 1840, 1841, 1841, 1942, ამრიგად, არც ერთი მათგანი არაა გამოგზავნილი ნახიჩევანიდან 1945 წელს. რჩება მეხუთე ლექსი - „დამქროლა ქარმან სასტიკმან“, რომელიც დაწერილია სწორედ იმ საზომით, რომელსაც ნ. ბარათაშვილი მიუთითებს, წერილში: „მე ვარ და ჩემი ნაბადი...“ (16-მარცვლოვანი დაბალი შაირით).

აღსანიშნავია ამას გარდა ისიც, რომ ამავე საზომით არის შესრულებული მეორე ლექსიც, დაწერილი ნახიჩევანში იმავე ხანებში (ერთი თვით ადრე) - ზემოთ დასახელებული (35-ე) ლექსი „მადლი შენს გამჩენს“.

4 ბედი ქართლისა

▲ზევით დაბრუნება


კახთა მიმართ

ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველინო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
4. როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად:

და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის
მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, -
მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვით მას არმაღანად,
8. ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.

როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,
ხელთ ჯამის მპყრობნი წარსრულსა. დროებს მოიხსენებდეთ
და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,
12. მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!

ბედი ქართლისა

კარი პირველი

„მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,
20. და აღადგინე დღეს საქართველო!

ასე ილოცდა მეფე ირაკლი
ბანაკსა თვისსა გულით მხურვალი.
ცათა წინაშე დიდია მსხვერპლი
24. მამულისათვის მეფისა ცრემლი!

ქართველთა ჯართა კრწანისის მინდვრად
დაებანაკათ სპარსთა საომრად;
პატარა კახი აღა-მაჰმად-ხანს
28. უპირებს შებმას ძლიერს, რისხვიანს.

ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი.
ცა მოწმენდილი, ცა მშვენიერი
ზე-დანათლიდა ბრძოლისა ველსა,
და ირაკლიცა ჯარსა ქართველსა
განამხნევებდა მამობრივის ხმით:
„ხედავთ, ვითარის კადნიერებით
შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება!
საქართველოს დღეს გარდაუწყდება
თავისი ბედი და უბედობა!
დღეს ეჭირება მამულს მხნეობა!
დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი,
ვითა თქვენგანი ერთი მხედარი;
დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,
42. ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!“

„შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,
რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი“
შებღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით.
„ჩვენ თუნდ სულ ერთი დღეს დავიხოცებით,
ოღონდ შენ იყავ, მეფევ დღეგრძელი!
მტერი რა მტერი, ოდეს ქართველი
ბატონს ირაკლის ნუგეშად ხედავს;
50. მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!“.

ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს,
ოდეს მოყმენი, ვით მამას შვილნი,
53. განუცხადებენ თავისს სიყვარულს!

დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეზარა
და მტერთ საომრად ჯარნი შეჰყარა.
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს, გმირო ქართლისა!
მხდალო, განგამხნევს, მხნევ, განგაღვიძებს,
59. და შენც, მიჯნურო, სულს შეგიშფოთებს!

შევქმნათ მწარე, ძლიერი ომი;
ვითა ნადირსა მშიერი ლომი,
ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი,
და მტკვარსა შერთეს სისხლისა ღვარნი!
ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,
ორნივ ომებში გაქეზებულნი.
თამაზ, ენისელთ მოურავის ძე,
და იოანე კახთ აბაშიძე.
სომხითის გმირნი ყაფლანისშვილნი
და მათ მომარცხენედ ბარათაშვილნი
განუმტკიცებენ მკლავთა ქართველთა;
მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთა
მიუდგამს სულსა ვაჟკაცობისას, -
მაინც ვერ ხედვენ. ბოლოს ბრძოლისა.
რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე,
მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,
ხრმალს ხელი იკრეს მამაპურად
77. და დაერივნენ თავისებურად!

ბინდმა გაჰყარა მებრძოლნი მტერნი,
გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი;
მაგრამ რა მეფე ჯარს უყურებს,
მას გამარჯვება არღა ახარებს:
ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის!
მრავალთ ყმაწვილთ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის!...
აწ საფლავიცა არსად არს მათთვის,
ჰაერში განქრა მათი სახელი
და ჟამთ მოწამე სადამე ძეგლი
არ გვიქადაგებს. მათთა საქმეთა;
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!...
მაგრამ, ჰოჲ გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
თქვენ, სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:
რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაიცემის;
ქართლი თქვენს ღვაწლსაც ვერ დაიდუმებს,
95. აღა-მაჰმად-ხანს ვიდრე ახსენებს!...

მეფემ უბრძანა თვისთა მოხელეთ:
გვიჯობს, რომ ახლავ ქალაქს მივიქცეთ
და ციხე ჩვენი მსწრაფლ გავამაგროთ,
თვარემ ხვალ სიმხნით ვერა გავაწყოთ,
აღა-მაჰმად-ხან რა აქა გვნახავს;
ხომ იცით, ჯარი დიდ-ძალი ახლავს,
და იქნება, რომ ციხეში დავხვდეთ,
ჩვენის ძალისა ფიქრი მიეცეთ.
ძველადგან ასე ნაამბობია,
რომ ზოგი ხერხი ღონეს სჯობია.
ყველა ეთანხმა ამაზედ მეფეს;
ქალაქს მოიქცნენ იმავე ღამეს,
და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა
109. ექმნათ საჭურედ ჯართა ქართლისა!

გათენდა დილა მზისა აღმოსვლად;
მაგრამ მნათობმან შუქისა ნაცვლად
ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს:
აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს!
სამი დღე და ღამ ადგა მას ჯარით,
მაგრამ ვერარა ავნო ვერსაით.
დაღონდა საპარსთა მეფე ბორგვნილი,
და თურმე ყოვლით იმედმიხდილი
ქართლითგან წასვლას დააპირებდა;
მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა!
აჰა მან იგი აწ მოიხელთა
და მუხთალისა ანგართა ხელთა
აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი!
123. მან მტერთი უმსხვერპლა თვისნი მოძმენი!

სცნა რა ირაკლიმ ესე სიმუხთლე,
მოყმეთა თვისთა ესდენ სიმდაბლე,
მყისვე აღენთო ხელმწიფე-გული,
მტერზედ ამაყად გამზადებული!
მაგრამ ცუდ იყო ყოველი ღონე:
აღა-მაჰმად-ხან, კვლავ თავმომწონე,
შემოეპარა ციხისა კართა,
და მოევლინა მსწრაფ ქართველთ ჯართა.
გაფოთებული ეძიებდა მას,
ვინცა ჰერანის ტახტს-ხელმწიფებას
ქართველთა შორის წაართვა ძალა;
მაგრამ ირაკლიმ უკვე გაჰქუსლა
მთიულეთისკენ თავისი ცხენი
137. და შეუმცირა სპარსთ ტკბილნი დღენი!

კარი მეორე

მორბის არაგვი, არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილს ჭალებს.
ჰოი, ადგილნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო,
ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
რომ თქვენს ბუჩქებში არა, ჩამოხდეს,
რაც უნდა გზაზედ ეშურებოდეს,
როგორ იქნება არ განისვენოს?
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს,
ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს - შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს,
არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს,
და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს,
155. იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!

მზე დამავალი მოჰფენს სიამეს
მთიულეთისა ხეობის არეს,
და ამ მშვენიერს არაგვის პირებს
ძველი ჩარდახი ზედ გარდმოჰყურებს.
მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი,
მოწევნის თვალით გარდმომზირალი;
დაფიქრებული, თვისთა ზრახვათა
კრიელესონის ართობს ქარვათა.
თან ახლდა მეფეს თავის მსაჯული,
ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული.
ვის არა გახსოვთ სოლომონ ქველი,
მეფის შინამა, ყმათ საყვარელი!
სადღა არიან აწ ესე კაცნი,
169. რომ არ გვილხენენ ხელით მამაცნი!

დიდხანს უჭვრეტდა მეფე მდუმარედ
არაგვის წყალთა, მდენთა მჩქეფარედ;
ბოლოს მახვრალმან უბრძანა მსაჯულს:
„შენ იცნობ კარგად, სოლომონ, ჩემს გულს,
შენ უწყი ქართლის აწ ვითარება,
მისი აწ ძალა, ყოფა-ცხოვრება;
ბევრჯერ რჩევანი შენნი, ვითა წყლულს,
მსალბუნებიან. მე შეწუხებულს;
აწც ჩემს სულის ტვირთს, ჩემს გულის წადილს,
179. შენ გაგიმჟღავნებ, ვით საყვარელს შვილს!

არ მითვისებდა ქართველის გული,
რომ ვიყავ მათი მეფე ეული;
ჩემი მეფობა ზედ დავასრულე,
რომ ძლივს იგინი გავიერთგულე!
და ახლა, ოდეს ჩემს ხელმწიფობას
განუმზადებდი ჟამ-კეთილობას,
აი მის ნაცვლად მე რა მომაპყრეს
187. ჩემმა შვილებმა და ვინ ახარეს!...

„ამიერითგან გაქეზებული
მაჰმად-ხანისა მოსისხლე სული
არ დაგვაწყნარებს ამაყობითა:
მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა;
ეს ხმა ლეკთაცა აგვიყაყანებს;
ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს,
და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ,
როს ყმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ!
მე თუმც კიდევ ვგრძნობ სულის სიმტკიცეს,
გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს;
შენი ირაკლი. ის აღარა ვარ,
პატარა კახად რაც გინახივივარ!
მარქვი, რომელს შვილს ჰხედავ ღირსეულს,
რომ ექმნას კვერთხად მამული დარღვეულს?...
ღმერთო, ამაზედ მეტია სატანჯველთ
203. ნუღა მოუვლენ საწყალთა ქართველთ!...

„აბა, რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?
კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო:
აწ განთქმულია რესთა სახელი,
ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი ,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი, - სარწმუნოება, -
მას მინდა მივცე მემკვიდრეობა,
211. და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!

ამის გამგონი ჩვენი მსაჯული
უჭვრეტდა მუფეს განცვიფრებული:
მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულს
ხედვიდა იგი ესთ შეცვალებულს.
„რასა მიბრძანებ“, ჰკადრა მან მეფეს,
„ბატონო, ღმერთო გადღეგრძელებდეს,
ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა,
ესდენ შენზედა მსასოებელთა!
ჯერ სამაგისო რა გვემართება,
212. რომ განვისყიდოთ თავისუფლება!

„იცი, მეფეო, რომე ივერნი
იქმნებიან. რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა სჯულის ერთობა
არარას გვარგებს, ოდეს თვისება
ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს.
ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს
რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:
230. ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,

ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,
რაც მოისურვოს ქართველობამა?
მაშინ, მეფეო, რავდენთ კაცთ მართალთ
მოუკლან გულნი ტანჯვათ იდუმალთ!
მაშინ ირაკლის სახსენებელი
ვინღა ახსენოს, აწ საქებელი?
ნუ, ხელმწიფეო, მას ნუ ინებებ;
შენგან კი მაგას ნუ გაგვაგონებ,
და მერმე ქართლის ვინც ვერ განაგოს,
მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს,
ხოლო ირაკლი ვიდრე ჰყავთ ქართველთ,
241. უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ!“

„ჩემო სოლომონ“, მეფემ უბრძანა,
მე ეგ ყოველივ არ ვიცი განა?
მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლის
რა მოვაგვარო. უმჯობეს ამის?
მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე,
თვისს დიდებისთვის სისხლთა აღმჩქეფე,
არამედ ვითა მამა კეთილი,
რომელსა სურს, რომ თავისი შვილი
თვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს.
ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როს
უჭვრეტდეს იგი ომსა დღე-დღითი!
აი ხომ ნახე აწ მაგალითი,
რა ქმნა ამ ერთმან დამარცხებამან!
კარგი, რომ კიდევ აღა-მაჰმად-ხან
ქალაქს დასჯერდა განძვინებული,
257. სხვით არ აღივსო მან საწყაული!

„ახლა კი დროა, სოლომონ, რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა.
მან საფარს ქვეშე მხოლოდ რუსეთის
ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის,
და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს,
რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდეს
საფლავი ზედ ჩვენთა მამა-პაპათა,
265. და განისვენოს აჩრდილთა მათთა!“

ვეღარ გაუძლო. მსაჯულსა გულმან
და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:
„განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
271. თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!

„სულ მართალია, ჩემო სოლომონ,
მაგრამ, აბა, თქვი, ქართველთა რა ჰყონ
ამ უბედობის და დარვევის დროს?
აბა, ირაკლიმ რა მოაგვაროს
მშვიდობისათვის საყვარელთ ყმათა?...
აი, მივიღებ მე შენთ რჩევათა
და დავიდუმებ ჩემსა გულის-თქმას;
ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას,
რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
280. ქართლსა დაიცვავს რუსთ ხელმწიფება!“

ასე ირაკლი და მის მსაჯული,
მამულისათვის გულ-მტკივნეული,
ქართლისა ბედსა განსამართლებდნენ,
285. ხოლო ქართველნი მამულს ჰგლოვობდნენ!

ამ დროს აღმოხდა ბადრი მთოვარე
და სიამითა მოჰფინა არე.
ცამ, მოჭედილი ვარსკვლავებითა,
მთისა ჰაერმან, სავსემ შვებითა,
და მთვარის შუქზედ არაგვის წყალთა,
თავისუფლებით. ჩამომჩხრიალთა,
გულს აუშალეს დარდები ბატონს,
ოხვრა დამართეს, ვით კაცსა ლიტონს:
მას მოაგონდა დრო ყმაწვილობის,
განტარებული თვისთა კახთ შორის,
როს ჯერ არ ეღო ტვირთი მეფობის,
როს ჰქონდა ჟამი უზრუნველობის,
და საყვარელი კახეთის გმირი
299. იყო ნიადაგ მტერთა გამგმირი!

დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად,
დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად,
შემდეგ უბრძანა სოლომონ მსაჯულს:
„ახლა კი დროა ჩვენ გაოხრებულს
ქალაქს ჩავხედოთ; მაგრამ ჯერ ერთი
მინდა ვიხილო კვალად კახეთი,
შევიტყო კახთა საჭიროება,
ვსცნა აზრთა მათთა აწ ვითარება;
შენ კი აქეთგან ქალაქში ჩადი
309. და დამახვედრე ჩემი სამზადო“.

დილაზე ადრე მოვალს. მსაჯული
ქსნის ხეობაში, დაფიქრებული.
ვიდრემდის იყო შიშიანობა,
მას აქ ესახლა თავის სახლობა,
და მომავალმან აწ ქალაქისკენ
315. გამოიარა თავის სახლისკენ.

მეფის აზრთაგან სულით ღელვილი,
ზრახვიდა გულში მამულის შვილი:
„მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!
ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
და მის ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მის ბედს ისე განაგებს,
ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!
მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება -
სხვას განუბოძო შენთ ყრმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას?
შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება,
რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება,
და რად ივიწყებ, რომე მარადის
331. მეფის გულის-თქმა ერსა ეკუთვნის!...

იქნება მეფე ციხის გატეხას
აბრალებს მოყმეთ მუხანათობას?
იქნება ამან აჰყარა გული
ბატონს ქართლზედა შეუორგული?...
მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უწყის,
თუ ვით საყვარელ არს ქართველთ შორის.
მაშ რამ უცვალა მას გული მყარი,
ქართველებითვის ესთ თანამკვდარი?..
მაგრამ, ვინ იცის! იგი იქნება
უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირება:
ბევრჯერ, ღვთიურსა ზრუნვასა მეფის
343. გონება ყმათა ვერა მიხვდების!“

ამ ფიქრში იყო მსაჯული, ოდეს
მოადგა თავის სახლისა არეს.
წინ მიეგება. მას თავის ცოლი,
სათნო სოფიო, სულისა ტოლი;
ახლაც ბევრს ახსოვს მისი ზრდილობა,
შვენიერება, გულკეთილობა.
რა დაინახა მან თავის ქმარი,
სახეშეცვლილი, მონაწყინარი,
ამბავი ჰკითსა მყის ირაკლისა, -
353. ასე საყვარელ იყო ყოვლისა!

„ვეჭვობ, სოფიო, რომე ირაკლი
ქართველებზედა იყოს გულნაკლი;
მას ზედ ეტყობა, რომ მისი სული
ძლიერად არის აღელვებული!
მწარედ უპირებს ბატონი დასჯას
თავის შვილების ამა ურჩებას;
ვეჭობ, რომ იგი სამეფოს ქართლის
361. აძლევს საფარის ქვეშ რუსთა ხელმწიფის.

მაშინ უყურე ჩვენს დედაკაცებს,
როს საცხოვრებლად დიდკაცთა ცოლებს
პეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ!
მაშინ, სოფიო, რაღა გინდათ თქვენ:
ხელმწიფეს ჰპოვებთ მამად კეთილად
და დედოფალსა დედისა ნაცვლად;
არ მოგაკლდებათ თავისუფლება,
განცხრომილება, ფუფვნეულება
მათთა სიმდიდრის პალატთა
ვერ გაიგონებთ მუნ ხმასა მტერის.
მრავალი სიამეთ იხილავთ კვალად
ბანოვანთათვის. გულგასართობლად.
მაშინ ვისაღა მოესურვება,
375. ნახოს ქართლისა კვლავ ამბოხება!“

- - „უწინამც დღე კი დამელევა მე!
უცხოობაში რაა სიამე,
სადაცა ვერ ვის იკარებს სული
და არს უთვისო, დაობლებული?
რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული!
და ველად იგი, ამხანაგთ შორის,
ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ, დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?
თავის მამულში. მას გაჭირება
სხვადასსვა რიგად ენუგეშება:
მუნ სულსა სული თვისად მიაჩნის
და გულს გულის პასუხი ესმის!
რად დაგვრჩომია სხვაზედა თვალი,
ოდეს მეფეცა და დედოფალი
გვყვანან კეთილნი და ღირსეულნი,
და ვართ მათთანა შვილებრ ჩვეულნი?
ჩვენის დედოფლის გულისა ნაცვლად,
მწუხარებათა სანუგეშებლად,
397. რასა ვიპოვით ჩვენს სიცოცხლეში?“

მსაჯულს ეგონა, რომე იგი გულს
დედაკაცთაცა ჰპოვებს ცვალებულს,
და აწ რა ნახა ცოლი ამ აზრით,
401. გარდაეხვია მას მსურვალებით -

ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ!
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული ახლა თქვენგვარი?
ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ
გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!
„ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს,
ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარ გულს;
რის ქართველობა, რა ქართველობა!
414. მითომ რას გვავნებს უცხო. ტომობა?“

რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,
დიდხანს უჭვრეტდა ცრემლთა აღმჩქეფე!
პალატნი მისნი გარდმონგრეულან,
სახლნი-სამშობლო დანაცრებულან;
მიდამო ხედავს უპატრონობას,
აღოხრებასა და ნატამლობას!
დუმილი სუფევს მის არემარე!
მხოლოდ ბუტბუტებს მტკვარი მწუხარე,
შემრთველი მრავალთ სისხლთა ქართველთა:
424. იგი გადარჩა მხოლოდ სპარსელთა!

აღივსო კვალად ერით ტფილისი,
რა მობრძანება სცნეს ირაკლისი.
ქალაქი ისევ ჩქარად აშენდა,
428. თუმცა ადრინდელს მრავალი აკლდა!

წარვიდენ წელნი მოსვენებისა
და კვლავ ირაკლიმ ხრმალი ბრძოლისა
აღიღო ლეკთა შესამუსვრელად!
არც სპარსნი მორჩნენ დაუმარცხებლად.
სიბერის ჟამსა მოიცა ძალი
და შეაძრწუნა კვალად ოსმალი;
კვლავ ასახელა თავის სახელი;
მაგრამ ამაო იყო ყოველი:
დიდი ხანია გულს ირაკლისა
438. გარდუწყვეტია ბედი ქართლისა!

ტფილისი, 1839.

კომენტარები

ბედი ქართლისა

პატარა კახი - ერეკლე მეორის სახელწოდება.

„ბატონი მეფე ირაკლი
ჩვენი პატარა კახია“.

(ხალხური სიმღერა)

მეფე ირაკლი - ერეკლე მეორე (1720-1798), ძე თეიმურაზისა, სახელოვანი მეფე, მხედარი, სარდალი.

კრწანისი - თბილისის გარეუბანი. 1793 წ. აქ მოხდა სისხლისმღვრელი ბრძოლა სპარსელებთან,

აღა-მაჰმად-ხანი - ირანის ყაენი, საჭერისი, რომელმაც 1795 წ. სექტემბერში აიღო თბილისი

თამაზ, ენისელთ მოურავის ძე - თამაზ ჯორჯაძე, ენისელის (კახეთი) მოურავი, სახელოვანი გმირი.

იოანე კახთ აბაშიძე - განთქმული გმირი ერეკლეს დროს. იგი დაიღუპა კრწანისის ბრძოლაში 1795 წელს.

ივერნი - ქართველების ძველი სახელწოდება.

„მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა“ - ლაპარაკია ღალატზე, რის წყალობით ირანელებმა აიღეს თბილისი 1795 წ.

მსაჯული სოლომონ (1754-1811) - სოლომონ ლეონიძე, ერეკლე მეორის კანცლერი, სახელგანთქმული სახელმწიფო მოღვაწე.

სოფიო - ქსნის ერისთავის დავითის ასული, სოლომონ ლეონიძის მეუღლე.

პეტრეს ქალაქი - პეტერბურგი.

ბედი ქართლისა

ტექსტის ისტორია

„ბედი ქართლისა“, როგორც ეს აღნიშნულია ავტოგრაფებში, დაწერილია 1839 წელს, პოემის ტექსტი ბარათაშვილის ავტოგრაფულ ხელნაწერებში წარმოდგენილია ორი რედაქციით.

ადრინდელი რედაქცია პოემისა წარმოდგენილია ერთ ავტოგრაფში: IV-ა.

ბოლო რედაქცია პოემისა წარმოდგენილია ორ ავტოგრაფში: V-ა, VI-ა1.

ქართული პოეზის ეს დიადი ქმნილება გადაუხედავს მგოსანს 1843 წელს. ბოლო რედაქცია პოემისა აღბეჭდილია უმაღლესი ბრწყინვალებით.

აღვნიშნავთ ამასთან სამწუხარო ფაქტს, გამოცემათა დიდ უმრავლესობაში (მათ შორის საიუბილეო გამოცემაში 1945 წლისა) პოემა იბეჭდებოდა უპირატესად ადრინდელი რედაქციის მიდევნებით და არა ბოლო რედაქციაზე დამყარებით.

ჩვენი გამოცემის საფუძვლად მიღებულია ბოლო რედაქცია პოემისა.

აღნიშნავთ აქ ყველა სხვაობას პოემის ადრინდელ რეაქციასა და ბოლო რედაქციას შორის.

1. ტაეპები 25-26.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„ბატონს თვის ჯარი კრწანის მინდვრად
დაებანაკა სპარსთთან საომრად!“

2) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები, V-ა, VI-ა:

„ქართველთა ჯართა კრწანისის მინდვრად
დაებანაკა სპარსთა საომრად;“

*

2. ტაეპები 27 - 28.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„პატარა კახი აღმაჰმად-ხანს
უპირებს შებმას ძლიერ რისხვიანს.“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები - V-ა, VI-ა:

„პატარა კახი აღმაჰმად-ხანს
უპირებს შებმას ძლიერს, რისხვიანს.“

3. ტაეპი 29.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„ამ დროს აღმოჩნდა სამხრეთით მტერი“.

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები - V-ა, VI-ა:

„ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი“.

4. ტაეპები 41 - 42.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„დღეს გამოჩნდება ვინ არს ერთგული,
ვის უფრო გიყვარს, ძმანო, მამული!“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ) - ავტოგრაფები - V-ა, VI-ა:

„დღეს გამოჩნდება ვინ არს ერთგული,
ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!“

5. ტაეპები 56 - 59.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს გმირო ქართლისა!
მხდალსა განამხნევს, მხნეს განაღვიძებს,
და მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს!“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები - V-ა, VI-ა:

„ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს გმირო ქართლისა!
მხდალო განგამხნევს, მხნევ განგაღვიძებს,
და შენც, მიჯნურო, სულს შეგიშფოთებს!“

*

6. ტაეპები 66 - 70.

„თამაზ, ენისენთ 2 მოურავის ძე,
და იოანე კახთ აბაშიძე,
სომხითის გმირნი ყაფლანისშვილნი
და მათ მომარცხნედ ბარათაშვილნი,
განუმტკიცებენ მკლავთა; ქართველთა“

ასეთია სრული ტექსტი ამ ნაკვეთისა.

ადრინდელ რედაქციაში (IV-ა) ამ ნაკვეთში მხოლოდ ორი ტაეპია:

„თამაზ ენისენთ მოურავის ძე
და იოანე კახთ აბაშიძე,
განუმტკიცებენ მკლავთა; ქართველთა;“

ბოლო რედაქციაში (V-ა, VI-ა) დამატებულია ორი ტაეპი:

„სომხითის გმირნი ყაფლანისშვილნი
და მათ მომარხცნედ ბარათაშვილნი“ 3

78. ტაეპები 83- 89.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„მრავალი ყმაწვილთ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის!
აწ საფლავიცა არსად სჩანს მათთვის;
ჰაერში განჰქრა მათი სახელი
და არსად ჟამთა მოწამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა;
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„მრავალი ყმაწვილთ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის...
აწ საფლავიცა არსად არს მათთვის;
ჰაერში განქრა მათი სახელი
და ჟამთ მოწამე სადამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა;
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!...“

8. ტაეპები 92 - 93.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაეცემის.“

გ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ არ გარდაიცემის.“

*

9. ტაეპები 104-105.

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„ძველადგან ასე ნაამბობია,
რომ ზოგჯერ ხერხი ღონეს სჯობია.“

ადრინდელ რედაქციაში (ავტოგრაფში IV-ა) ეს ტაეპები არ არის.

10. ტაეპი 106.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„ყველა ეთანხმა ამაში მეფეს;“

ბ) ბოლო რედაქციამ (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„ყველა ეთანხმა ამაზედ მეფეს;“

11. ტაეპები 124-125.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფები IV-ა:

„სცნა რა ირაკლიმ ესე მუხთლობა,
მოყმეთა თვისთა ეზდენ დამცრობა...“

ბ) ბოლო რეაქცია (1843 წ) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„სცნა რა ირაკლიმ ესე სიმუხთლე,
მოყმეთა თვისთა ესდენ სიმდაბლე...“

12. ტაეპები 129-131.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„აღა-მაჰმად-ხან, კვლავ თავმომწონე,
შემოეპარა ციხისა კართა
და მოევლინა მსწრაფლ ქართველთ ჯართა“.

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„აღამაჰმად-ხან, კვლავ თავმომწონე,
შემოეპარა ციხისა კართა
და მოევლინა ქართველთა ჯართა“.

13. ტაეპები 133-134.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„ვინცა ჰერანის ტახტს-ხელმწიფებას
ქართველთა შორის წაართვა ძალა;“

ბ) ბოლო რედაქცია (1943 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„ვინცა თერანის ტახტს-ხელმწიფებას
ქართველთა შორის წაართვა ძალა;“

14. ტაეპები 142 - 143.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„ჰოი, ადგილნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო...“

15. ტაეპები 162 - 163.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„დაფიქრებული თვისთა ზრახვათა
გაცაართობდა ქარვის მარცვალთა.“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„დაფიქრებული თვისთა ზრახვათა
კრიელესონის ართობს ქარვათა.“

16. ტაეპები 168 - 169.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„სადღა არიან აწ ესე კაცნი,
რომ არ გვალხენენ სულით მამაცნი!“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„სადღა არიან აწ ესე კაცნი,
რომ არ გვალხენენ თათბირნი მათნი!“

17. ტაეპები 182-183.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„ჩემი მეფობა ზედავასრულე,
რომ ძლივს იგინი გავიერთგულე!“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„ჩემი მეფობა ზედ დავასრულე,
და ძლივს იგინი გავიერთგულე!“

*

18. ტაეპები 186-187.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„აი მის ნაცვლად რაი მომაპყრეს
მე ჩემთა ძეთა - და ვინ ახარეს!...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„აი მის ნაცვლად მე რა მომაპყრეს
ჩემმა შვილებმა და ვინ ახარეს!...“

49. ტაეპები 188-189.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„ამიერითგან გაქეზებული
მაჰმად-ხანისა მოსისხლე გული
არ დაგვაწყნარებს სიამაყითა:
მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„ამიერითგან გაქეზებული
მაჰმად-ხანისა მოსისხლე სული
არ დაგვაწყნარებს ამაყობითა:
მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა...“

23. ტაეპი 193.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„ოსმალი მხოლოდ დროსა უყურებს...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს...“

21. ტაეპები 194-195.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ,
როს ყრმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ!“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ,
როს ყრმანი ჩემნი ერთმანეთსა ჰკვლენ!“

22. ტაეპები 196-197.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„მე თუმცა კვლავ ვჰგრძნობ სულის სიმტკიცეს,
გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„მე თუმც კიდევ ვჰგრძნობ სულის სიმტკიცეს,
გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს...“

23. ტაეპები 198-199.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„შენი ირაკლი ის აღარა ვარ,
პატარა კახად რომ გინახვივარ!“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„შენი ირაკლი ის აღარა ვარ,
პატარა კახად რაც გინახვივარ!“

*

24. ტაეპები 200-201.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„აბა რომელს შვილს ვჰხედავ ღირსეულს,
რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს?...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„მარქვი რომელს შვილს ჰხედავ ღირსეულს,
რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს?...“

*

25. ტაეპები 202-203.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„ჰოჲ, ღმერთო, ღმერთო ამაზედ მეტად
ნუღარ გამწირავ ქართველთა ტანჯვად!...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„ღმერთო, ამაზედ მეტთა სატანჯველთ
ნუღა მოუვლენ საწყალთა ქართველთ!...“

26. ტაეპები 210-211.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„მას მსურს, რომ მივცე მემკვიდრეობა,
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„მას მინდა მივცე მემკვიდრეობა,
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!“

27. ტაეპები 224-225.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„სახელმწიფოსა ერთობა სჯულის
არა რას არგებს, ოდეს მის შორის
თვისება ერთა სხვადასხვაობდეს.“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„სახელმწიფოსა სჯულის ერთობა
არარას არგებს, ოდეს თვისება
ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს.“

*

28. ტაეპები 238-239.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„და მერმე ვინც ვერ განაგოს ქართლი,
მაშინ მან უწყის, რაც ჰყოს კეთილი...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„და მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს,
მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს...“

*

29. ტაეპები 304-306.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

...მაგრამ ჯერ ერთი
მინდა ვიხილო კიდევ კახეთი,
შევიტყო კახთა საჭიროება...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

მაგრამ ჯერ ერთი
მინდა ვიხილო კვალად კახეთი,
შევიტყო კახთა საჭიროება...“

30. ტაეპები 314-315.

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„და მომავალმან აწ ქალაქისკენ
გამოიარა თავის სახლისკენ.“

ადრინდელ რედაქციაში (ავტოგრაფში IV-ა) ეს ტაეპები არ არის.

31. ტაეპები 330-331.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„და რად ივიწყებ, რომე მარადის}
ერსა ეკუთვნის გულის თქმა!...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„და რად ივიწყებ, რომე მარადის}
მეფის გულის-თქმა ერსა ეკუთვნის!...“

32. ტაეპები 338-339.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„მაშ რამ შეშფოთნა მას გული მყარი,
ქართველებისთვის ესთ თანამკვდარი?...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„მაშ რამ უცვალა მას გული მყარი,
ქართველებისთვის ესთ თანამკვდარი?...“

*

33. ტაეპები 425-426.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„აღავსო ერმან კვალად ტფილისი,
რა მობრძანება სცნა ირაკლისი...“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„აღივსო კვალად ერით ტფილისი,
რა მობრძანება სცნეს ირაკლისი...“

34. ტაეპები 437-438.

ა) ადრინდელი რედაქცია - ავტოგრაფი IV-ა:

„დიდი ხანია, რომ ბედი ქართლის
გარდაიწყვიდა გულმან ირაკლის!“

ბ) ბოლო რედაქცია (1843 წ.) - ავტოგრაფები V-ა, VI-ა:

„დიდი ხანია, გულს ირაკლისა
გარდუწყეტია! ბედი ქართლისა!“

ასეთი სახით არის წარმოდგენილი ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის ორი რედაქცია ავტოგრაფულ ხელნაწერებში.

________

1. პოემის არაავტოგრაფული ხელნაწერებიდან სამი ხელნაწერი უდგება ადრინდელ რედაქციას (დედნები: ვ, ზ, თ). ოთხი ხელნაწერი უდგება ბოლო რედაქციას (დედნები: ი, კ, ლ , მ).

2. დედნებში „ვ“ და „ლ“: „ენისენთ“.

3. ხელნაწერებში (V-ა, VI-ა) ავტორს გადაწერის დროს შემთხვევით გამორჩენია ადრინდელი რედაქციის ორი ტაეპი:

„თამაზ ენისენთ მოურავის ძე
და იოანე კახთ აბაშიძე“.

5 II ყრმობის დროინდელი ლექსები

▲ზევით დაბრუნება


5.1 ვარდი და ია

▲ზევით დაბრუნება


უტყვსა მინდორსა, მწვანოვანსა, ნაზარდი,
ნაზად შეხრილი, გაფურჩქვნილი, მუნ ვარდი
ხანცა იღიმვის, ხანცა ნაზობს წყნარადი,
სცქერს რხევით წყაროს, მოწანწკარებს, ტანადი,

ზეფირო - მქროლე, განმაგრილე, მღელვარე,
მსუბუქად ჰქროლდა, ყვავილთ ამაელვარე
იაც სოსნადა, ნარნარადა, მდგომარე
ვარდის ახლოსა, უკლებლობსა: მარადი,

ვარდი ამაყი იტყვის წყნარი, მცინარი:
„იავ, წვრილ-ძირავ! ნახე, შენთან ვინ არი,
ვით თავისუფლობ, ვითა ლაღობ, აქ მდგარი?
რად არა იცი, მეტრფის კაცად კაცადი?“

იამან თმენა, სრულ მოსმენა ინება;
ვარდი ქარითა ბორბილითა იძრცვნება -
მაშინ შიშველი, გაფლიდული იხრება,
ეტყვის იასა: „აწ ვგრძენ ჩემი ნაბადი“.

[1832]

5.2 ნარგიზი და ყაყაჩო

▲ზევით დაბრუნება


ველსა ტურფასა, საამურსა, ხმა ისმის
ხანცა ბულბულთა, ხანცა სირთა, ხანც ისმის
ბუჩქზედ ნიავი მომფრინავი, და ისმის
წყარო მგზავრთაგან, მაშვრალთაგან მტკბარადა. -

ყვავილი ორი, მუნ მდგომარი, ღაჟღაჟებს,
ყაყაჩო ნაზად, ალისფერად ბიბინებს,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . *

ნარგიზს ჰრწყავს წყარო, ჰქრის ზეფირი ანცადა. -

ნარგიზმან შლილმან, ყვთლად მოსმან, ფურცელი
გარდაიშალა, განაყვითლა მან ველი,
ჰრქვა ყაყაჩოსა ალისფერსა: „ხარ ჭრელი,
მითაც არ მშვენი, ხარ მოხრილი ავადა“.

ყაყაჩო შეჰხდა, განიფურჩქნა სუნნელად;
ჰრქვა [მან] ნარგიზსა, მოკამათეს, ნელ-ნელად:
„შვენიერება გარეგანი არს მართლად
უშინაგანოდ ფუჭი ყოვლგან მარადა“.

[1832]

____________

* ხელნაწერში, საიდანაც იბეჭდება ეს ლექსი, გადამწერს შეცდომით გამორჩენია აქ ერთი სტრიქონი.

5.3 კავკასიური მოთხრობა

▲ზევით დაბრუნება


ბადრი მთვარე [შუქს] კავკასსა მოჰფენს;
აულ და სტანიც მყუდრობს მთის დამრეცს;
მხოლოდ ვაჟკაცი ყაზახი ზისა
მარტოდ უძილოდ ტალავარს თვისსა.

ამაოდ ზიხარ, ყაზახო, ფიქრით,
ჟამთა მიმოსთვლი გულისა ძგერით,
ამაოდ უჭვრეტ სარკმლით ნაკადსა,
იდუმალ ელი სატრფოს ნახვასა.

დასდგა ჟამიცა ნახვის საწადი,
უკაბარდლოდ არს ისევ ნაკადი,
სადაც ბედნიერ ქმნა პირველ ნახვითა
მის მტანჯველ ქალმან სიყვარულითა;

სადაც ბრმად ქმნილან ქალისა ნდომით,
ჰფიცა, რომ განსდგეს სარწმუნოებით,
მაჰმადიანთა სჯული მიიღოს,
რომ ტურფა ფათი ჩქარად შეირთოს. -

სჭვრეტს იგი ნაკადს, სარკმელს მდგომარე,
ხედავს მყის, რომე ტალავრის არე
დგას კაბარდელი, მჭმუხი, ფერ-ნაკლულ,
ფარჩვნიერ ღართით, ყაბალახ-ჩაცმულ.

იგი ძმა იყო კაბარდინკის მის,
ადრითვე ყუნაქ მცნობარ ყაზახის;
იგი მისწვდა მათს ფარულ სიყვარულს:
გლახ, კაბარდინკას, ჰურის ცთუნებულს.

„ჩემს დასა ელი?“ - უთხრა ყაზახსა:
„იგ ვერღა მოვა წყლისთვის ნაკადსა,
მაგრამ შენ მიეც შერთვას ფიცი მას:
აბა რას იტყვი?... აღსრულდეს - დრო არს“.

„სცან, რომელ ასულს მოგიცდით სამს დღეს;
თუ დაივიწყებ, ყაზახო, შჯულს შენს -
მინდა გაცნობო - მოველი შენთან -
რომელ თვით ფათი იქმნება შენთან“.

მსწრაფლ განქრა იგი, რა რქუა ყაზახს ეს,
ვის სინიდისი ჰქეჯნიდა სამს დღეს, -
თუ ვით უმუხთლოს სჯულსა წმიდასა?
ან ვით მოაკლდეს მშვენიერს ფათსა?

უკვე სამმან დღემ განვლო ესია,
რომ მას დატანჯულს სევდა ესია,
შუაღამისას სწყევიდა თვისს მხვედრს;
დაცემულია მარტოდ სარეცელს;

დაჰკრეს მის კართა და მანც გააღო;
კაბარდინელი პარკითურთ იყო;
ვით ღამე ბნელი, მხეცებრ საზარი,
ბუტბუტებს ჩუმად, თვალთ მაელვარი.

„სამსახურს ახლავს ყუნაქს ჩემი და“, -
სთქვა და სარეცლის პირდაპირ დასდგა,
მოხსნა პარკს პირი, ყაზახის ფეხთან
აღმოიღო მყის ფათის თავი მან.

„ქალს უპატივოდ არ აქვს სიცოცხლე;
შენ პატივი და სიცოცხლე სტაცე -
აწ ჰკოცნენ მასა, თუნდ ყოვლსა ჟამსა,
მშვიდობითო, ღმერთმან მაგიერ გყოსა!“

მდუმრად დასცქერდა ყაზახი თავსა,
აბრიალებდა მხეცებრ თვალებსა;
დაეცა მის წინ მუხლთა მოდრეკით,
მკვდარსა ცოცხალი შეეხო ბაგით...

ბრწყინვენ კენწერნი სრულ კავკასისა;
დღეს, როს წინაშე ქოვშის სახლისა
შეკრბენ ყაზახნი, და ნახეს აკლდა
ყაზახი ერთი, იგ ახალგაზდა!

[1832]

5.4 ელენეს და მაროს

▲ზევით დაბრუნება


(სახუმარო ეპიგრამა-ექსპრომტი)

*

მე რად მაყვედრით ფედოროვს, თქვენვე მოგხვდებათ სიძედა,
არც იმაზედ ხართ უმცროსი, რაღას დასცინით ხანზედა;
თუნდა კნეინა სოფიოს ჰკითხეთ - რამდენის წლისაც ხართ;
მაგას რომ ქმარი შეურთავს, დაბადებული ყოფილხართ!

*

თვარემ მეც გატყობთ სიბერეს, წელიწადებსა ნუ იკლებთ,
გაგთეთრებიათ თმებიცა, ტყუილად ზეთებს აბრალებთ;
პაპუნაშვილი, თქვენი ყმა, თქვენი ლალაცა ყოფილა,
იმისი თქმითა მარიამ ოცდაათისა ყოფილა!

6 წერილები

▲ზევით დაბრუნება


6.1 I გრიგოლ ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი. გარეთუბანი. 1937 წელსა თებერვლის…

საყვარელო ძიავ!

გთხოვთ მომიტევოთ ესდენს ხანს ჩემგან მოუწერელობა; ეს გარემოების ბრალია, ხან არ ვიცოდი ადგილი, თუ სად იმყოფებოდით, ხან საქმეებში გავერთოდი სამსახურისა გამო (я чиновник экспедиции суда и расправы*)1 და ამასობაში ორშაბათი გამომეპარებოდა ხვალ მე, როდესაც მანდაური ფოშტა მოდის. ასე, ძიავ, ვიცი მომიტევებ.

აგერ წელიწად ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფები სუდაირასპრავაში. წარდგენილი ვარ ჩინზედ და ჩქარაც მოველი, მაგრამ უნდა აღვიარო, რომ არც პანციონში ყოფნის დროს, когда будущность моя представлялась мне в радужных мечтаниях **, და არც მერმე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური: ჩემი სურვილი იყო ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ მთამომეპარება ხვალმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც ფერხი უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს, ასე, რომ ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ. მაგრამ რადგანაც შევიტყე უარი მათი და მით უამოვნობა, ვსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ თუ შტატსკი ვიყო, ვიყო... არც ეს შემისრულეს. უბედურების გამო, მამაც ამ დროს ავად შეიქნა და ავადმყოფი, ჩემს თხოვნაზე, ასე მეტყოდა: „შვილო, ხომ ხედავ შენის სახლის გარემოებასაო, იქნება მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ უპატრონებო?“ ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში; განვწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა, თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხვალმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღსრულება. რადგანაც ასე მოხდა, მაშ აქ ეკსპედიციაზე კარგს ადგილას ვერ ვიპოვნიდი. უნდა მართალი ითქვას, რომ ეს ადგილი ყრმაწვილის კაცისათვის, ვისაც კი სამოქალაქო სამსახური უნდა, პირველი შკოლაა; ეს არის რომ круг чиновников не выгоден для образования нравственности***, მაგრამ ეს თავიზედ არის დამოკიდებული.

ამისთვის გაცნობებთ ჩემს ვითარებას, რომ ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისაც მეჯავრება. ჭეშმარიტად არა, ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას... მახლას!...

ამ წარსულს ზაფხულში, ერთს შვენიერს, მთვარიანს ღამეში, ყაბახზედ 2 დავიარებოდი, სადაც მისმან შვენებამ, სატრფოთ მარაქამ, მათმან უწინდელებრ კიდევ დარდიმანდობამ სრულიად განატკბეს სახედველი, აღმიტაცეს ფიქრნი, წარმიღეს გონება! კოჯრის ნიავის ქროლაზე, ძიავ, მერწმუნენით, თქვენ მომაგონდით, მაშინ მომაგონდა „განცეცხლებულთა ღვინისგან შუბლთა კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს. და მაშინვე განვიზრახე, რომ ამ ღამეს უთუოდ აღვწერ და გაუგზავნი ძია გრიგორის მეთქი, და კიდეც აღვასრულე; მით უფრო ჩქარად, რომ ერთმა საგანმა პირველ დამასო გულს კაეშანი.

შენი არს ყაბახი, ავ, შენ გიყვარს იგი, და ამისათვის მასზედ წარმოებული შემთხვევაც შენ მოგეძღვნის; - აი:

ძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი,
წაგართო. ავის ენისა გესლმან;
სატრფონი მისნი შემოგარენი
ვარ დახვეწილსა დაგიხშო ეტლმან

მაგრამ გაჩნს კიდეც გულში მის არე,
გიყვარს ყაბახის კარგიც და ავი,
თუმც უცხო და შორს თემად იარე,
მრავალი კარგი მნახე ამბავი.

მაგრამ რას ჰხედავ აწ კრული ჩრდილოს?
აჰა, ის ღამე, ოდეს სატრფონი
ალამაზებდენ შენს ყაბახს ამოს,
შენის სიყრმისა. თან ზრდილნი სწორნი!

ღამე ყაბახზედ

მიყვარს, ყაბახო, მყუდროება ღამისა შენის...

(მოყვანილია მთელი ლექსი, მისი პირველი ვარიანტი, იხ. გვ. 158-9)

ძიავ! ეს ლექსები დიდი ხანია დაწერილი მქონდა. მაგრამ ფოჩტას ჯერ ვანდე კიდევ, რა ვიცი, როგორ მომხდარიყო, იქნება დაკარგულიყო, და მერმე: პ.

„არ ვინ იცის, რა გამოვა რისაგან“ 4.

სხვებრ, გთხოვთ თქვენის წიგნით მასიამოვნოთ რაიმე; იგი ჩემთვის ძვირფასია. მშვიდობით! ღმერთმა ინებოს, რომ კვალად მამულში გიხილოთ.

თქვენი უმორჩილესი. ნ. ბარათაშვილი

___________

*. მე ვარ მოხელე სამართლისა და განჩინების ექსპედიციისა.

**. როდესაც ჩემი მომავალი წარმტაც ოცნებებში წარმომიდგებოდა.

***. მოხელთა წრე არაა შესაფერი ზნეობრივი განვითარებისათვის.

წერილი I

1. „მე ვარ მოხელე სამართლისა და განჩინების ექსპედიციისა“. - გიმნაზიის შემდეგ, რომელიც დაამთავრა „ქებითი ატესტატით“, პოეტი შევიდა სამსახურში საქ. უზენაესი მთავრობის სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში „კანცელარისტად“ (1833 წ. 6 ნოემბერს).

2. ყაბახი - საჯარითო ასპარეზი თბილისში (იხ. ლექსების კომენტარი: „ძია გრიგოლთან“ და „ღამე ყაბახზედ“, გვ, 201).

3. „განცეცხლებულთა ღვინისგან შუბლთა კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს“ (იხ, გრ. ორბელიანის ლექსი „იარალის“).

4. „ვინ იცის, რა გამოვა რისაგან“ - საიათნოვას ლექსიდან - „შე საწყალო ჩემო თავო, რა იქენ“.

ნ. ბარათაშვილი აქ გადაკვრით ლაპარაკობს იმ სასტიკ ცენზურულ რეჟიმზე, რომელიც გამეფდა 1832 წ. შეთქმულობის დამარცხების შემდეგ. ამიტომ იგი წერილს ფოსტას ვერ ანდობს და, ეტყობა, კერძო კაცის ხელით გზავნის.

6.2 II მიხეილ თუმანიშვილისადმი1

▲ზევით დაბრუნება


6-го августа 1838
г.Тифлис

Милый друг! Не пеняй меня за молчание. Право, в нашем скучном от жаров, душном от пыли, городе нет ничего любопытного. Я оживляюсь только по вечерам лунным, так прекрасным в Тифлисе! Вчера, в один из этих вечеров, пошел я бродить к Московской заставе; вдруг я очутился на кладбище. Признаюсь, немного смутился, когда я взглянул на это онемение: 11-ть часов ночи. Ни души. Кругом пустота вечная; луна тускло освещает могилы, как догорающая лампада усопшего. Тихо и медленно протекает Кура, как будто боясь нарушить покой в этом унылом мире!.. Ты теперь в раздолье, не хочу смущать тебя мрачными думами, которые навело мне на душу это зрелище небесно-земное! Но скажу, что прекрасное изобретение кладбище, а это необходимо, чтоб смертный порой читывал бы по нему свою жизнь: утешение несчастного, конец счастию!

Ну, обратимся к тебе.

Спасибо, брат, за письма - за удовольствие. Последнее из них читали мы с Захарием Орбелиановым2. Это была критика, или лучше, послание к сочинителю „ასტრა“. Прекрасно! Только, кажется, оно не достигнет цели, то есть, ты не узнаешь, кто это неведомое „ასტრა“ Это тайна сочинителя. Он писал ни для тебя, ни для света; писал для нее одной, она его понимает и он этим доволен. Чтоже ему больше? Нужды нет, понял ли ты его, или нет? Мы все знаем только, что предмет украшает стихи. А если хочешь знать одно только значение слова „ასტრა“, то это очень просто: оно взято с французского astre, которое по нашему, ძმაო, თავყანა, значит: მთიები - ასე ჩემო ბატონო!

Скажу тебе новость, თუ არ გაჯავრდები. Я еду сегодня вечером в д. Мцкнети3 - Зачем? - А затем, что она там. Мать ее просила меня провесть с ними несколько дней. Каковы должны быть эти дни? Ах? მაშ მოკვდი, ბზ!

Однакож кончим беседу, а то прозеваю на почту. Ты знаешь, я не люблю заготовлять заранее письма.

Прощай, пустынник Алазанской долины! Поведай мне что нибудь о деве твоей долины!

Весь твой Н. Баратов

Р. S. Не успел написать особо к Варламову 4. Если увидишься с ним, скажи ему, что дело его обработано, как он хотел, и представлен к чину. Пусть теперь примирится с светом. *

5 აგვისტო, 1868.
ქ. თბილისი.

საყვარელო მეგობარო! ნუ გამიჯავრდები დუმილისათვის. მართალი გითხრა, ჩვენს ქალაქში, რომელიც სიცხეებისავან მოსაწყენი გამხდარა, ხოლო მტვრისაგან - სულის შემხუთველი, საყურადღებო არაფერია.მხოლოდ თბილისის მშვენიერი მთვარიანი საღამოები გამომაცოცხლებს ხოლმე! გუშინ, ერთ-ერთ ამგვარ საღამოს, წავედი სახეტიალოდ მოსკოვის საგუშაგოსკენ; უცებ სასაფლაოზე აღმოვჩნდი, უნდა გამოგიტყდე, ცოტა შევშფოთდი, როცა თვალი მოვავლე ამ უდაბურებას. ღამის 11 საათია. არც ერთი სული. ირგვლივ მარადიული სიცარიელეა. მთვარე საფლავებს მკრთალად ანათებს, როგორც მბჟუტავი ლამპარი მიცვალებულისა. წყნარად და ნელად მოღელავს მტკვარი, თითქოს ეშინია დაარღვიოს მყუდროება ამ მჭმუნვარე ქვეყნისა... შენ ახლა გალაღებული ხარ და არ მინდა შეგაშფოთო შავ-ბნელი ფიქრებით, რომელიც გამოიწვია ჩემში ამ ზეციურ-მიწიურმა სანახაობამ! გეტყვი კი, რომ მშვენიერი გამოგონებაა სასაფლაო. იგი აუცილებელიცაა, რათა მოკვდავმა მასში ხანდახან თავისი ცხოვრება ამოიკითხოს: ნუგეშისცემა უბედურისა, ბედნიერების დასასრული!

ახლა კი შენ მოგმართავ.

გმადლობთ, ძმაო, წერილებისათვის, სიამოვნებისათვის, ბოლო წერილი მე და ზაქარია ორბელიანმა ერთად წავიკითხეთ. ეს იყო კრიტიკა, ანუ უკეთ ეპისტოლე, „ასტრას“ ავტორისადმი, ძალიან კარგი! ოღონდ, მე მგონია, იგი მიზანს ვერ მიაღწევს. ესე იგი, შენ ვერ გაიგებ, ვინაა ეს უცნობი ასტრა. ეს ავტორის საიდუმლოა. იგი არც შენთვის წერდა და არც ქვეყნისათვის, წერდა მხოლოდ იმისათვის ერთადერთისათვის. მას ესმის დამწერისა და დამწერი ამით კმაყოფილია. სხვა რაღა უნდა? შენ გაუგე თუ არა მას, ეს არც არის საჭირო. ჩვენ ყველამ მხოღოდ ის ვიცით, რომ საგანი ლექსს ამშვენებს. ხოლო თუ გინდა იცოდე მნივნელობა თვით სიტყვისა - „ასტრა“ ამის გაგება სულ ადვილია - იგი აღებულია, ფრანგულიდან „astre“, რაც ჩვენებურად, ძმაო, თავყანა, ნიშნავს: მთიები. - ასე, ჩემო ბატონო!

ახალ ამბავს გეტყვი, თუ არ გაჯავრდები. დღეს საღამოს წყნეთში მივემგზავრები. - რატომ? იმიტომ, რომ ის იქ გახლავთ. დედამისმა მთხოვა რამდენიმე დღე მათთან გავატარო. როგორი იქნება ეს დღეები? ახ? მაშ მოკვდი, ბზ!

დროა საუბარი დავამთავრო, თორემ ფოსტას ვერ მივუსწრებ. შენ ხომ იცი, წერილების წინასწარ დამზადება არ მიყვარს.

მშვიდობით, ალაზნის ველის მეუდაბნოევ! მაუწყე ხოლმე რამე შენი ველის ქალწულისა.

შენი ნ. ბარათაშვილი

P. S. ვერ მოვასწარი საგანგებოდ მიმეწერა ვარლამოვისათვის. თუ შეხვდები, უთხარი, რომ მისი საქმე ისე მოგვარდა, როგორც თავად სურდა და წარდგენილია ჩინზე. ახლა მაინც შეურიგდეს ქვეყანას.

___________________

* ავტოგრაფს თავში აქვს მიხ. თუმანიშვილის წარწერა, აღნიშნულია წერილის მიღების თარიღი და ადგილი: «10 Aвrycтa. Цap. Kолодцы» .(- „დედოფლის წყარო“ კახეთში).

წერილი II

1. მიხ თუმანიშვილი (1018-1875) - ნ. ბარათაშვილის სკოლის ამხანაგი, პოეტი, ჟურნალისტი, ფელეტონისტი, თეატრალი, - თეატრის ისტორიკოსი და კრიტიკოსი ჯერ კიდევ გიმნაზიაში იგი რედაქტორობდი მოწაფეთა ხელნაწერ ჟურნალს „გიმნაზიის ყვავილს“ და ანთოლოგიას. თარგმნა პუშკინის პოემა „ბაღჩისარაის შადრევანი“ და სცენები „ქვის სტუმარი“-დან. მიხ თუმანიშვილი იყო აქტიური წევრი ნ. ბარათაშვილის სალიტერატურო წრისა.

2. ზაქარია ორბელიანი (1806-1847) - პოეტის ბიძა, დაღისტნის ომების მონაწილე.

3. მწყნეთი - სოფელი წყნეთი თბილისთან.

4. ვარლამოვი - გარსევან სტეფანეს ძე ვარლამაშვილი, პოეტის ამხანაგი სკოლიდან, შემდეგ მისი თანამოსამსახურე „სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში“. პოეზიის მოყვარული. მოწაფეობაში ვარჯიობდა პუშკინის „ევგენი ონეგინის“ თარგმნაში.

6.3 III მაიკო ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


დაო მაიკო, ეს ლექსები იქონიე ჩემეულად. ვიცი, რომ წარმკითხველი მათი მოიგონებ ბევრთა საამოთა დღეთა ყრმაწვილობისათა და შემიბრალებ შენსა ყარიბსა ძმასა.

თ-ი ნ. ბარათაშვილი

[1841]

0x01 graphic

6.4 IV გრიგოლ ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


საყვარელო ძმაო გრიგოლ, დამნაშავე ვარ შენთან დიდი; მაგრამ შენ რომ ჩემს ადგილს იყო, აღარ გამამტყუნებ, - დიმიტრიევსკის ლექსები1 გეთხოვნა - მთელი ქალაქი სულ შევაჯერე და ვერსად ვიშოვნე. ნოტები ხომ თავის დღეშიაც არ ყოფილა. - შევიტყეთ, რომ თურმე ფრანციცულს სწავლობ. ერთმა ქალმა შემოგითვალა „სპარსულად ნათქვამიაო: ოც და ათ წელიწადს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო. რაზღოვორს და ღრამმატიკას დამპირდა ერთი ჩემი ნაცნობი, ჯერ არ მოუტანია, ამას უცდი, თვარემ აქამდისინ გამოგიგზავნიდი. - თუ ქალაქის ამბავი გინდა, სწორე გითხრა, ბევრი ჭორიანობაა და ჭირიანობა; ორივ ერთია, მაგრამ ჭირი ტყუილია ამ ხელად და ჭორი კი მართალი, - დიდი დაძგერებაებია ქალებისა; დიდი აყალ-მაყალი; დიდი ტირილი; დიდა ღამის თევაები; დიდი წვეულებაები ერთმანერთის ჯავრით, დაწვლილებით მოგწერდი ყოველს ფერს, მაგრამ კვლავ იყოს, როცა მოცლით ვიქნები. ამ ამბავს დიდი აწერა უნდა, ამ წიგნსაც საჩქაროთა ვწერ პალატაში, - ჩვენც ახალს სახლებში გადავედით, ანჩისხატის უბანში 2; უწინ რომ აბხაზი 3 იდგა. - ჩვენმა ლიტერატურამ ორი კარგი თარგმანი იშოვა: კიპიანმა გადმოთარგმნა. Pомео и Джулиеттa,* შექსპირის ტრაღედია, და მე ვთარგმნე Юлий Тарентский** ტრაღედია ლეიზევიცისა; 5 თუ წაგიკითხაეს, ბიბლიოტეკაში6 იყო დაბეჭდილი; მე ძალიან მამეწონა და ჩვენმა განათლებულმა ქალებმაც, 7 ასე გასინჯე, იტირეს -

მაიკო ძალიან გწყევლის, არ ვიცი, რა მოგიწერია. - ბალაშოვის 8 სიკვდილს აქ ასე გლოვობენ, რომ ეს არის შავები არ აცვიათ, თორემ სხვა აღარა აკლიათ რა. -

სხვა? სხვა ამ ხელად ეს იყოს - ნუ კი შემომწყრები, -

შენი მარად და მარად და მარადის იქითაც

ნიკოლაი

წელსა: 1841-სა,
მაისის 28-სა დღესა,
ქ. ტფილისი.

_______________

* რომეო და ჯულიეტა.

**იულიუს ტარენტელი.

წერილი IV

1. დიმიტრიევსკი - დილეტანტი პოეტი, „ჟღალი თვალების“ რომანსის ავტორი; მსახურობდა ჯერ თბილისში, შემდეგ იყო სტავროპოლში კავკასიის ოლქის ვიცე-გუბერნატორად, დიმიტრიევსკი იყო მ. ლერმონტოვის წრესთან დაახლოებული და ერთ-ერთი შემსწრე დიდი რუსი პოეტის საბედისწერო დუელისა.

2. „ჩვენც ახალს სახლებში გადავედით, ანჩისხატის უბანში“ (დღ. ჩახრუხაძის ქ. №17), - ამ სახლში პოეტი ცხოვრობდა 1841 წლიდან სიკვდილამდის (1845 წ.).

3. აბხაზი - ანტონ აფხაზი - მონაწილე 1832 წ. შეთქმულობისა. მისი ძმაა ივანე ნიკოლოზის ძე აფხაზი, პატრიოტი, „ზომიერთა“ წრის წარმომადგენელი, რომელსაც მოიხსენებს გრიგოლ ორბელიანი დღიურში „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის (1831 წ.).

4. კიპიანი - დიმიტრი ყიფიანი (1814-1887), ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მწერალი. ნ. ბარათაშვილის ყრმობის მეგობარი, მისი ლიტერატურული წრის წევრი.

5. ლეიზევიცი - იოჰანი ანტონ ლაიზევიცი (1752-1806), გერმანელი დრამატურგი. ბარათაშვილის მიერ. მისი ტრაგედიის „იულიუს ტარენტელი-ს თარგმანი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება.

6. „ბიბლიოტეკა“ - რესული ჟურნალი 1890-იან წლებში სენკოვსკის რედაქტორობით.

7. განათლებული ქალები - უნდა იგულისხმებოდნენ: ნინო ჭავჭავაძე, ეკ. ჭავჭავაძე, მაიკო ორბელიანი, ელენე ერისთავი, მაიკო ფალავანდიშეილი, მანანა ორბელიანი, მართა ერისთავი, სოფიო ერისთავი და სხვ.

8. ბალაშოვი - სამხედრო პირი.

6.5 V გრიგოლ ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


საყვარელო ძმაო გრიგოლ, შენი წიგნი მომიტანა. დიმიტრი ჯორჯაძემ 1 დიდად მაიამა იმ წიგნმა, მეტადრე ქართველების ქებამ. - მაინთ თქვენ და იქით ანდრონიკოვი2 მილიციამ, როგორც იტყვიან, ასახელა თავისი სახელი და ზღაპრული გმირობის ხმა დაიგდო მთელს მხედრობაში; თვარემ შენ თვითონ შეიტყობ დაწვლილებით. - მითამ როდის და რაში არა ვყოფილვართ კარგნი, მაგრამ ჩი მიქუნიმ!

მჯერა სარდლობა არღუთინსკის,3 საგინოვისა4 და გურამოვისა, 5 რადგანც შენ აქებ, მაგრამ მინდა ერთი ჩაგიხველოთ, შენი დიპლომატობა ხომ ადრევე ვიცოდი: ხუმრობა არ არის, რომ ქართველმა კაცმა გურულებს შეაგონოს ყოველივე უბედურება, რომელიც შეუდგების აღშფოთებას; შაბაშ მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა!

ძმაო გრიგოლ, ტყუილისას ამბავი მაგთენი არაფერია. ცოტას ხანს დაყვეს აქ ადლერბერღის6 შვილებმა და, რაღა განგიმარტო, შენ მიხვდები, რაც ადლერბერღის შვილები აქ იქნებოდენ. - პოლკის კამანდერი გამოგიცვალეს, შაგრამ ეს განკარგულება მოხდა უწინარეს, ვიდრე გამოიძიებდენ ჩილაევის 7 სიმართლეს, რომელიც ვჰგონემ არ დადუმდეს. - ყაფლანს8 ვაჟი ჰყავს, დიდს ნათლობას აპირებს ხანურად, თუმცა ხანებმა ნათლობა არ იციან - ჩვენს დიდს პლატონს 9 ძილში კატა დასწოლოდა ბაკენბარდზედ და ასე გაეთელა, რომ ვეღარას გზით ვერ გაუსწორებია. ეს ურთი ბაკენბარდი ასე გათელილი დარჩა; ვურჩევთ, რომ მოიპარსოს, მაგრამ არ გვიჯერებს. ეს აკლდა ამის ფილოსოფოსურს სახეს! სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია, უსარგებლო გონებისა და გულისათვის. ერთი ნუგეში ეს არის, რომ მშვენიერი დარებია.

ლიტერატურა ჩვენი, ღვთით, დღე და დღე შოულობს ახალთა მოყვარეთა10 მრავალნი ყმაწვილნი კაცნი, მოცლილი სამსახურითგან, მყუდროებაში და მარტოობაში, შეეწევიან მამეულს ენას, რაოდენიცა ძალუძთ. ესე საზოგადო სული ბუნებითის ენის ტრფიალებისა ყმაწვილთ კაცთ 'შორის აღმოაჩენს, რომ ქართველთ არა სძინავთ გონებით!

ამ მცირეს ხანში ერთი ლექსი დავწერე, რომელსაც ამასთანავე გიგზავნი. შენი აზრი ჩემთვის მარადის სასიამოვნოა.

[მოყვანილია მთლიანად ლექსი: „ვპოვე ტაძარი“]

გიორგი11 მომიკითხე, ვასილ12 და სხვანი ჩვენი ნაცნობნი, - მამა ეგნატიმ 13 შემოგითვალა. „ქრისტემ გაკურთხოსა“. ჩვენიანებმა ყველამ მოგიკითხეს. მშვიდობით, ძალიან მინდა შენი ნახვა.

შენი ნ. ბარათაშვილი

წელსა 1841,
ოკტომბრის, 18-სა,
ქ. ტფილისით.

წერილი V

1. დიმიტრი ჯორჯაძე (1822- 1881) - ბარათაშვილის მეგობარი „სტოლონაჩალნიკი“ საოლქო კანცელარიისა ქ. თემირხანშურაში, შემდეგში მეფისნაცვლის საბჭოს წევრი.

2. ანდრონიკოვი (1790- 1868) - იასე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (სოლომონ მეორის, იმერთა მეფის დისწული). გენერალი, - ამ წერილში პოეტს მხედველობაში აქვს გურიის 1941 წ. აჯანყება.

3. არღუთინსკი - მოსე არღუთინსკი-დოლგორუკოვი (არღუთაშვილი-მხარგრძელი, 1798- 1855), დაღისტნის ომების მონაწილე.

4. საგინოვი - გიორვი საგინაშვილი, პოეტის მამიდაშვილი, ოფიცერი, დაღისტნის ომების მონაწილე.

5. გურამოვი - გურამიშვილი, სამხედრო პირი, საგურამოსა და ავჭალის მებატონე.

6. ადლერბერღი - გრაფი ალექსანდრე ადლერბერგი 1841 - 1545 წლებში მონაწილეობდა ბრძოლებში შამილის წინააღმდეგ, შემდეგში კარის მინისტრი. იმპერატორ ალექსანდრე მეორის ფავორიტი.

7. ჩილაევი - გიორგი ჭილაშვილი (ბაბანაშვილი, დაღისტნის ომების მონაწილე.

8. ყაფლან - ყაფლან ასლანის ძე ორბელიანი (იხ. ზემოთ, ლექსების კომენტარებში, გვ. 201).

9. პლატონ - პლატონ იოსელიანი (1809-1875), ცნობილი ისტორიკოსი.

10. „ლიტერატურა ჩვენი, ღვთით, დღე და ღამე შოულობს ახალთა მოყვარეთა“ - ლაპარაკია ნ, ბარათაშვილის სალიტერატურო წრეზე, რომელმაც იმხანად დიდი აქტიურობა დაიწყო (წრის მთავარი მონაწილენი - გ. ერისთავი, დიმ. ყიფიანი, ვახტანგ ორბელიანი, მიხ. თუმანიშვილი, მ. მაღალაშვილი, ა. ხერხეულიძე, დ. მაჩაბელი და სხვ).

11. გიორგი - გიორგი საგინაშვილი, პოეტის მამიდაშვილი.

12. ვასილი - ვასილ ყორღანაშვილი, ოფიცერი დაღისტანში.

13. მამა ეგნატი - ეგნატე იოსელიანი (პლატონის მამა), „მეფეთა მოძღვარი“, ერეკლე მეორის კარის მწერალი; „ჩინებული მცოდნე იყო ქართული და სომხური ლიტერატურისა, გაზრდილი მეფის სასახლეში და მნახველი საქართველოს ცხოვრებისა მეფის ირაკლიდან მეფის გიორგის გარდაცვალებამდის“. „ეგნატე თითქმის ყოველდღე დაიარებოდა მელიტონ ბარათაშვილთან“ (კ. მამაცაშვილი). ეგნატე იოსელიანი დიდ ზეგავლენას ახდენდა ყრმა პოეტზე თავისი საუბრებით სამშობლოს თავისუფლების დაკარგვის მესახებ. იყო ფარული მონაწილე 1932 წ. შეთქმულობის, 1843 წ. 21 აგვისტოს პოეტი გულისტკივილით ატყობინებს გრიგოლ ორბელიანს ეგნატეს გარდაცვალებას: „მამა ეგნატიმ თავი დაგიკრა ამიერ-სოფლითგან, - ერთი თთვეა, რაც გარდაიცვალა - საწყალი! აი ადამიანი, რომელიც თავისი მდგომარეობით საზოგადოებაში ყველაზე მეტად იტანჯებოდა. წარსული მიდიოდა მის წინაშე და ღელავდა, როგორც ზღვა-ოკეანე“ (იხ. IX წერილი, გვ. 183).

6.6 VI გრიგოლ ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


საყვარელო ძმაო გრიგოლ, ილია1 მართლა ტყვეთ არის შამილთან!2 - ეს ამბავი ადრევე მინდოდა მომეწერა შენთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ყველას იმედი გვქონდა, რომ ან ეს ხმა ტყუილი იქნებოდა, ან ყაზიყუმუხელები 3 შეინახავდენ დამშვიდებამდე, - По официальному донесению Фезе 4 известно только то, что адъютант его, князь Орбелиани, 20-го марта был послан в Андалал 5, с поручением и что его взяли там в плен *. ხოლო ლეკმა, რომელმანც ეს ამბავი მოიტანა და რომელიც დამსწრე ყოფილა. ილიას დაჭერაში, აი, რა ილაპარაკა. - ილიკო რომ დაუჭერიათ, სინაქსაროვი6 და ყაზიყუმუხის ხანი 7 დაჭერილები ყოფილან. მეორეს დღეს შემოსულა ანდალალში თვითონ შამილ, ტყვეები წარუდგენიათ. ილიკოს თანა ჰყოლია ოცი, სულ დაწკეპილი ყმაწვილი ბიჭები, ავარელები 8, ახმეტ ხანისაგან9 გამოტანებულები; შამილს ოცისავესთვის ილიას თვალ წინ თავები დაუყრევინებია, ახტელელები 10 კი, რომელნიც სინაქსაროვს მოჰყოლიან, დაუშიშვლებია და ისე გამოუყრია. შამილ ახმეტ ხანზედ ძალიან გაბრაზებელი თურმეა, და ასე უწყალოდ იმიტომ მოქცევია ავარლებს, აი ილიკოს რა უთქვამს შამილისათვის: „შამილ როგორ ეკადრება შენს სახელს მაგისთანა უწყალოება! თუ გინდა მაგით შეაშინო ვინმე, ვინ უნდა შეაშინო? ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ჭემმარიტად, ახლა მეც სიკვდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნას!“ - ვითომც შამილს სდომნებია ილიას გამოშვება, მაგრამ ესე ყოჩაღად რომ უნახავს და ამის გვარის შვილობაც შეუტყვია, უფიქრია, რომ ეს კარგი აფიცერი უნდა იყოსო და იქნება რუსებმა ჩემს შვილში 11 გამიცვალონო. მაშინ შამილს უთქვამს ტყვეებისათვის, ილიასა და სინაქსაროვისათვის, რომ თქვენ ნურა გეფიქრებათო, მაგრამ თქვენს მამულს ვერა ნახავთ, ვიდრე ხელმწიფე ჩემს შვილს არ მამცემსო, - ახლა ილიკო დარღოშია, 12 სადაც შამილის ცოლშვილია და სიმაგრე, და კარგადაც თურმე ინახავს. ასე გასინჯე, გალავინის 13 ცოლმაც კი თქვა, რომ მე ყოველთვის იმედი მქონდა, რომ ქართველი მაგისთანა პასუხს მისცემდაო, ვითომც ილიას რომ უთქვამს, სიკედილი მირჩენია შენს ხელში ყოფნასო. მახლას, ილიკო ყოჩაღად ყოფილა, Он теперь, предметом разных анекдотов**. ზოგჯერ ამისთანა შემთხვევაც კარგია კაცის სიცოცხლეში. ეს არის, რომ იქნება ჩვენ დაგვაგვიანდეს ილიას ნახვა, თვარემ იმას ამ ტყვეობით არა უშავს რა.

[საცენზურო პირობების გამო წერილის პირველი პუბლიკაციის დროს 1873 წელს, წერილიდან ამ ადგილას ამოუღიათ ვრცელი ტექსტი, 21 სიტყვისაგან შემდგარი]***.

Вот что поэт думает за Илико.****

„მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი“

[მოყვანილია მთელი ლქსი]

არ ვიცი, ეს ლექსები როგორ მოგეწონება. აქ კი ბევრი ცრემლი, ტყუილი და მართალი, დაინთხა ამის წიკითხვაზე, რასაკვირველია, იმიტომ, რომ ამას ამბობს ილია ტყვეობაში, და არა მე. - ილიას დაჭერა რომ შევიტყვე, სწორე გითხრა, ძალიან შევწუხდი, ასე, რომ სამი დღე გაბრუებული ვიყავ ათასის სხვა და სხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და რომ ეკითხათ კი ჩემთვის, მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა, ბოლოს მესამეს დღეს ეს ლექსები დავწერე და თითქოს ამან რაღაც შვება მომცაო. ვცდილობ, რომ ილიკოს როგორმე მივაწოდო; ვიცი, გულში ჩაიცინებს და არ იქნება, მით არა ენუგეშოს რა.

ზაქარია 14 ახტას არის, სინაქსაროვის ადგილს; იასეც 15 იქ არის ელისოს 16 მილიციით და იმედებს იწერებიან ილიას გამოყვანისას. მაგრამ მე ჯერ ასე ჩქარა ვერა მგონია, მეტადრე ახლა, როდესაც შამილ ჯერ არსად ომობს და ილიაც თავის სახლში ჰყავს. ძმაო გრიგოლ, ყოველივე სოფელში ღვთის ნებაა, და მწუხარებით, თვითონ იცი, ვერას უშველით ილიკოს. ჩვენი საფიქრებელი ეს არის, რომ ვიღონოთ რამ იმის გამოხსნისათვის -

ძლივს საქართველოს მოუვიდა რუსი, რომელსაც ეყურება აქაურობისა. იმედია, რომ პოზინი 17 კეთილად წარმართავს ჩვენ გარემოებას. მინისტრს 18 შვიდს მაისს მოველით ერევანზედ. სხვებრ ჩვენიანები ყველანი კარგათ არიან; მხოლოდ ფეფოს 19 მწუხარება გვაწუხებს ყველას. ხომ იცი, ტყვეობა და სიკვდილი ჩვენს დედაკაცებს ერთი ჰგონიათ, მეტადრე ლეკის ტყვეობა. -

მარად შენი ერთგული ნ. ბარათაშვილი

მაისის 2-სა დღესა,
1842 წელსა.

ელიზბარს 20 ვმადლობ მოკითხვისათვის, მაგრამ ვწუხვარ, რომ მაგის საქმეს ყოველთვის ნავსი სდევს; ჯერ კიდევ არ უქნია მაგისკენ პირი ბედსა, ოცენკა დააბრუნეს для исправления некоторых недостатков против формы*****. ვიცი, როგორც გაჯავრდები! მაგრამ მაგ გაჯავრებულს გულზე გთხოვ მიიღო მოკითხვა შენი მტერ-მოყვარე ქალებისაგან 21. -

________

* ფეზეს ოფიციალური მოხსენებიდან ცნობიღია მხოლოდ ის, რომ მისი ადი- უტანტი, თავადი ორბელიანი, 20 მარტს გაგზავნილი იყო დავალებით ანდალღში და იქ ტყვედ ჩავaრდა.

** ის ახლა სხვადასხვა ანეგდოტების საგანია.

*** ისტორია წერილის პუბლიკაციისა ასეთია:

წერილის დედანი 1873 წელს გრიგოლ ორბელიანს გადაუცია გამოსაქვეყნებლად პეტრე უმიკაშვილისათვის.პ. უმიკაშვილს იმავე 1873 წელს გადმოუწერია პირი წერილსა და ამ გადმონაწერის მიხედვით დაიბეჭდა. წერილის ტექსტი ჟურნალ „კრებულში“ 1873 წელს (№III). ეს ტექსტი განმეორებულია შემდეგ გამოცემებშიც.

პ. უმიკაშეილის იმავე 1873 წელს გადმოუწერია პირი წერილისა და ამ გადმონაწერის მიხედვით დაიბეჭდა წერილის ტექსტი ჟურნალ „კრებულში“ 1873 წელს (№III). ეს ტექსტი განეორებულია შემდეგ გამოცემებშიც.

პ. უმიკაშვილის გადმონაწერიდან ირკვევა, რომ წერილის დედანში, რომელიც მითითებულ ადგილას, ყოფილა ვრცელი ტექსტი, 21 სიტყვისაგან შემდგარი, რომელიც, როგორც ირკვევა, პოლიტიკურად იმდენად სახიფათო ყოფილა, რომ პ. უმიკაშვილს არა თუ არ უცდია მისი გამოქვეყნება, არამედ შეუძლებლად ჩაუთვლია მისი გადმოწერაც კი; პ. უმიკაშვილს ჩსუნიშნავს ეს ტექსტი დაშიფრულად, ასეთი კოდით: ხაზების სიმოკლე-სიგრძით აღუნიშნავს სიტყვების სიმოკლე-სიგრძე; სიტყვათა ჯგუფები გაუყვია ნიშნით ); ამავე დროს აღუნიშნავს სასვენი ნიშნები ( , ოთხჯერ; ბოლოში !).

პ. უმიკაშვილის დაშიფრული ტექსტი ასეთია:

0x01 graphic

**** აი რას ფიქრობს პოეტი ილიკოს მაგივრად

***** ფორმალური ხასიათის ზოგიერთი ნაკლის გამოსასწორებლად.

წერილი VI

1. ილია - ილია ზურაბის ძე ორბელიანი (1817-1853), გრიგოლის უმცროსი ძმა; ნ. ბარათაშვილის ბიძა და მოსიყვარულე სკოლის ამხანაგი, - რომელთანაც დაკავშირებულია ბარათაშვილის „მერანი“. დაღისტანში ბრძოლების დროს, 1842 წელს, იგი ტყვედ ჩაუვარდა შამილს 20 მარტს, ტყვეობაში დაჰყო რვა თვე (22 ნოემბრამდის). ტყვეობიდან გამოხსნის შემდეგ ილიამ დაწერა, ვორონცოვის ბრძანებით, თავისი თავგადასავალი ტყვეობის დროისა.

1846 წელს დაინიშნა განჯის მაზრის უფროსად. განჯაში ყოფნის დროს ილიამ საფლავის ქვა დაადო ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს.

თურქეთთან ომის დროს ილია სასიკვდლოდ დაიჭრა ბაშკადიკლარის ბრძოლაში და გარდაიცვალა 8 დეკემბერს 1853 წლისა.

2 შამილი (1798-1871) - ცნობილი იმამი. ჩაჩნეთ-დაღისტნისა (1834-1859).

3. ქაზიყუმუხელები - დაღისტნის მთიელები - ლაკები.

4 ფეზე - კარპე კარპეს ძე ფეზე, მონაწილე დაღისტნის ომებისა 1836-1844 წწ.

5. ანდალალი - შეაგულ დაღისტნის რაიონი, რომლის ერთ-ერთი აულია ცნობილი ღუნიბი, სადაც 1859 წ. 25 აგვისტოს დაატყვევეს შამილი.

6. სინაქსაროვი - სამურის ოლქის უფროსი. ილია ორბელიანთან ერთად შეიპყრო შამილმა.

7. ყაზიყუმუხის ხანი - ყაზიყუმუხელი ხანების ოჯახის წევრი გარუნბეგი, რომელიც ამ დროს (1842 წელს) ქურის სახანოს მმართველი („ხანი) იყო (აკ. გაწერელია).

8. ავარელები. - ავარია მთავარი მხარეა დაღისტნისა.

9. ახმეტ-ხანი ავარიის მმართველი (ხანი), რუსეთის სამსახურში მყოფი (გენერალ-მაიორი), რომელიც თავისი მილიციით ეხმარებოდა რუსის ჯარს.

10. ახტა - სოფელი სამურის ოლქში.

11. შამილის შვილი - ჯემალ-ედ-დინი, 1839 წლიდან რესებს მძევლად ჰყავდათ.

12. დარღო - აული საჩაჩნოში. შამილის რეზიდენცია 1840-1845 წლებში.

11. გალავინის ცოლი - კავკასიის მთავარმართებლის (1838-1842 წწ.) ევგენი გოლოვინის მეუღლე, ფონ-ვიზინის ასული.

14. ზაქარია - ზაქარია ორბელიანი, პოეტის ბიძა.

15. იასე - იასე ანდრონიკაშვილი, ცნობილი მხედარი, შესანიშნავი მოჯირითე მაშინდელი ყაბახის განთქმული ფალავანი, ნ. ბარათაშვილის მეგობარი.

16. ელისო - ელისუს პროვინცია, ძველი კახეთის ნაწილია. შედიოდა ზაქათალის ოლქში.

17. პოზინი - მიხეილ პოზენი, სტატს სეკრეტარი, 1842 წელს მთავრობამ გაგზავნა ამიერეკასიაში სამხედრო მინისტრთან, ჩერნიშოვთან, ერთად.

18. მინისტრი - ალექსანდრე ჩერნიშოვი (1785-1857 წწ.) - რუსეთის სამხედრო მინისტრი, ნიკოლოზ პირველის სატრაპი, „მრავალი უწესობა ყოფილა რუსეთში, განსაკუთრებით სამხედრო დარგში, მაგრამ ასეთი ძარცვა, რომელიც შემოვიდა ჩერნიშოვის დროიდან, ძნელი წარმოსადგენია. ჩერნიშოვი იყო უაღრესად თავხედი, შეუბრალებელი, დაუნდობელი, უცოდინარი და სასტიკი“ (იხ. პეტრე დოლგორუკოვის პამფლეტები). 1842 წ. მთავრობამ მოინდომა ამიერკაეკასიის მმართველობის დებულების შეცვლა და წინასწარ საქმის შესასწავლად გამოგზავნა ჩერნიშოვი და პოზენი.

პოზენი წელიწად-ნახევარი დარჩა საქართველოში. პოზენმა რევიზია გაუკეთა თბილისის სამოქალაქო დაწესებულებებს, მათ შორის დაწესებულებას, სადაც ნ. ბარათაშვილი მსახურობდა, და „ისე მოიწონა ბარათაშვილის საქმის წარმოება, რომ იმის მეოხებით ბრძანება გასცა, ქართველებს უპირატესობა მისცემოდა სამსახურში“ (ი. მეუნარგია).

ქართველი არისტოკრატული საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებდა ჩერნიშოვისა და პოზენის ჩამოსვლაზე.

19. ფეფო - ეფემია ზურაბის ასული ორბელიანი, პოეტის დედა. 1842 წ. 20 აპრილს ეფემია სწერდა თავის ძმას ზაქარია ორბელიანს, „დღეს ამ წიგნს რომ გწერდი, გრიგოლის წიგნი მოუვიდა ტატოს (ნ. ბარათაშვილის სახელი), შეუტყვია ილის დაჭერა. დიდს მწუხარებას იწერება, ასე რომ ავათაც შექმნილა, და ხვეწნას, - ყოველივე დაწვრილებით წერილით შემატყობინეთო. (ც. არქ., 176, გვ. 157).

20. ელიზბარ - შეიძლება იყოს ელიზბარ ერისთავი, 1832 წლის შეთქმულობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

21. მტერ-მოყვარე ქალები - უნდა იგულისხმებოდნენ; ნინო ჭავჭავაძე, მანანა ორბელიანი და სხვ.

6.7 VII მაიკო ორბელიანისადმი 1

▲ზევით დაბრუნება


წელსა 1842-სა,
ოკტომბრის 31-სა,
ქ. ტფილისით.

საყვარელო დაო მაიკო, მადლობელი ვარ, რომ რახაელს 2 წიგნი დასტყუე, გუშინ იასემ 3 მამიტანა. ამიტომ უფრო მიამა, რომ წინა დღეს ამ წიგნზედ ლაპარაკი იყო და მეორეს დღეს უნდა მიმეტანა მანანასათვის4. ასე ეგონა, რომ მე მაქვს. მაშ რადგანაც ეს პირობა აღასრულე, იმედი მაქვს ახლა, რომ მეორეც არ დაგავიწყდება.

გალავინის ცოლი 5 წავიდა და დარჩნენ ჩვენი ქალები მოწყენილნი. ხანდისხან ოხვრით მოიგონებენ იმის სახლში განტარებულს დროებს, თუმცა ოხვრის მიზეზი ყველასი ერთი არ არის. მხოლოდ გუშინსწინ იყო ვეჩერი შინაური, მაგრამ ძალიან მხიარული. ტასოს 6 დღეობა იყო და ელენეს 7 სახლში გარდაიხადეს. მე, სწორე გითხრა, მეტად გავმხიარულდი, სრულიად უმიზეზოდ, უანგარიშოდ, ისე, მეც არ მოველოდი. - ბევრჯერ მოგიგონე, დიდად მინდოდი, რომ იმ დროს აქ ყოფილიყავ...

მაგრამ სულ ამაოა ჩემთვის, ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი. კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ. - არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკო თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცის წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. - მოიგონე ცოტას ხანს დრონი წარსრულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული, ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი.

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

შენი ავადმყოფობა შევიტყე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთს რას მიიღებ, რომ არ დაკარგო? მიჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის სოფლისა. - დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა, აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან! თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარში მაქვს ნასწავლი, და თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს.

გემდურები, რომ წიგნს არა მწერ, ხომ იცი, მიამება, თუ მეტადრე ბევრ ამბებსაც მამწერ. - თუ ნინუცას, ანუ (რადგანაც ჯავრობენ ზოგიერთი ქალები) ანნა ივანოვნას წიგნი მისწერო, ან შენ თითონ ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ, დიდად ეწუხვარ, რომ აღარ გაციებს თქო. ილიას მალე ვნახავთ.

შენი მარად ერთგული ძმა ნიკოლოოზ ბარათაშვილი

[პირველი გვერდის არშიაზე მიწერილია]

შენ გაზდას, მაიკო თუ გლუხარიჩი9 ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ, რა ღმერთი გაგიწყრა, რომ აგრე ფეხი აიკვეთე ქალაქისკენა თქო. როგორარღარა გაგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსა თქო.

წერილი VII

1. მაიკო - მარიამ ქაიხოსროს ასული ორბელიანი, პოეტის ბიძაშვილი დედის მხრივ. პოეტის ყრმობის მეგობარი, ლამაზი, ჭკვიანი ქალი. ნ. ბარათაშვილი უზიარებდა თავის ინტიმურ გრძნობებს და თაეისი პოეტური შემოქმედების კურსშიც შეჰყავდა ხოლმე. მაიკო იყო ლევან მელიქიშვილის დანიშნული, უბედური სიყვარულის გამო დაჭლექდა და გარდაიცვალა 1846 წელს, სრულიად ახალგაზრდა.

2. რახაელ - რახაელ (ხახე) ციციშვილი. არის ცნობები, რომ რახაელ ციციშვილი წერდა ლექსებს.

3. იასე - იასე ანდრონიკაშვილი.

4. მანანა - მანანა მირმანოზ ერისთავის ასული, დავით ორბელიანის მეუღლე (1808-1870), სილამაზით განთქმული მთელს საქართველოში, „მანანას მიბნედილი ჟღალი თვალები სულს ანათებდნენ აუმღვრეველი სიმშვიდის დამათრობელი სხივებით“ (ბარონ ტორნაუ). ლევ ტოლსტოის მოხსენებული ჰყავს „ჰაჯი მურატ“-ში. მანანას ოჯახში თავს იყრიდნენ მაშინდელი ქართველი პოეტები ნ. ბარათაშვილის მეთაურობით, „მანანა მათ გულღიად იღებდა და ახალისებდა მათ ამგვარი შრომისათვის“ (დიმ. ყიფიანი). „მანანა ორბელიანის სალონი იყო, საცა „ცისკრის“ გამოცემასა და ქართულ თეატრს მიეცა დასაწყისი“ (ლუკა ისარლიშვილი).

მანანა ნ, ბარათაშვილის ახლო ნათესავი და მეგობარი იყო, ამიტომ პოეტის წერილებში არაერთხელ გვხვდება მანანას სახელი („მანანა ავად გახდა და იმან ცოტად დაგვიშალა მხიარულება“, „...მაგრამ ეს მაკვირვებს, არ ვიცი, რა მიზეზია, რომ მანანა მოკითხვითაც არა მკითხულობს, და სხვ.).

5. გალავინის ცოლი - იხ. ზემოთ, VI წერილის მე-13 შენიშვნა.

6. ტასო - ანასტასია დავით ორბელიანის ასული გაგარინისა (მანანას ქალი), პოეტის ნათესავი დედის მხრივ.

7. ელენე - ლუარსაბ ორბელიანის ასული (მული მანანა ორბელიანისა). ზაქარია ერისთავის მეუღლე, ევროპულად განათლებული პიროვნება, დარბაისელი ქართველი ქალი, განთქმული თავაზიანობითა და ზრდილობით. მოხსენებული ჰყაესი ალ. გრიბოედოვს თავის წერილებში. მას უძღვნა ეპიგრამა ნ. ბარათაშვილმა („ელენეს და მაროს“).

5. ანნა ივანოვნა - ანა ივანეს ასული ბაგრატიონ-მუხრანელი (ა. გაწერელია).

9. გლუხარიჩი - გიორგი ერისთავი (1811-1864), პოეტი, დრამატურგი,

ბარათაშვილის ახლო მეგობარი. მან დაწერა მშვენიერი ლექსი ბარათაშვილის გარდაცვალებაზე.

6.8 VIII გრიგოლ ორბელიანისადმი*

▲ზევით დაბრუნება


... აი ჩემი უკანასკნელი ლექსი, რომელიც კნიაზ ბარათოვს 1 ალბომში ჩაუწერე, მისის თხოვნით, - ისიც ამ ორ დღეს უკან მიდის პეტერბურღში c большим запасом сведений об исторической Грузии.**

საფლავი ივერიისა ***

გრიგოლ, რა იქნება, რომ ერთი კიდევ დააწკარუნო ამდენი ხნის დადუმებული შენი სანთური. -

[1812]

_________________

* მოღწეულა წერილის ბოლო - მეორე ფურცელი წერილისა.

ეს ფურცელი (ავტოგრაფი) გადაუცია გრიგოლ ორბელიანს 1873 წელს პეტრე უმიკაშვილისათვის, რომელსაც გადმოუწერია მისი პირი. ჩვენს გამოცემაში ტექსტი იბეჭდება პ უმიკაშვილის გადმონაწერის მიხედვით (სად ინახება თვით ავტოგრაფი - უცნობია). წერილის პირს ახლავს პეტრე უმიკაშვილის შენიშვნები;

წერილის თავში; „ეს ცალკე ფურცელზე იყო ნაწერი. წელიწადი არ არის აღნიშნული (უნდა ვკითხო გრიგოლ ორბელიანს]“

წერილის ბოლოში: „ამ ფურცელზე ნამდვილი ბარათაშვილის ნაწერია“.

** ისტორიული საქართველოს შესახებ ცნობათა დიდი მარაგით.

*** პ. უმიკაშვილის შენიშვნა:

„აქ ის ლექსია დაწერილი ცოტაოენი შეცვლით, რომელიც „ცისკარშია“ 1860 წ. ივლისის ნომერში 210 გვერდზე, სახელად „საფლავი მეფის ირაკლისა“, ნახე ჩემი ეგზემპლარი“ (პ. უმიკაშვილს ტექსტი ლექსისა არ გადმოუწერია, არამედ განსხვავებანი აღუნიშნავს თავისი ბიბლიოთეკის „ცისკრის“ ნაბეჭდ ეგზემპლარში).

(პ. ი.)

წერილი VIII

1. კნიაზ ბარათოვი - მიხეილ პეტრეს ძე ბარათაევი (იხ ზემოთ, ლექსების კომენტარში, გვ. 203).

6.9 IX გრიგოლ იობელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


საყვარელო ძმაო გრიგოლ, არა, უკაცრავად, მთავარო ავარისაო, ემირ- ავარო, 1 ატილლას 2 ტახტზედ მჯდომარეო!

ჭეშმარიტად, არ ვიცი, მე ვარ დამნაშავე შენთან მოუწერლობისა, თუ არა? ვისთანაც შენგან მოწერილი წიგნი წავიკითხე, ყველასთან ხუმრობისა და ლანძღვის მეტი არა იყო რა, ჩემთან რომ ფარატინი გამოგეგზავნა, ისიც დაპირების მეტი არა იყო რა. მე ბინიანად მინდა შენთან ლაპარაკი, და ხომ იცი, რომ საწყინოა ამისთანა ლაპარაკის გაცრუება. საკვირველია, რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი უნდა შეიქმნეს, არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, პოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მისცეს გზა სოფელში, გამოიყვანოს კაცად, და როდესაც თვითონ დაეცეს (საბოლოო არა არის რა ამ საწუთოში), მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს შემძლებლობა და ხმა ერსა შორის თავის მემკვიდრის შუამავლობით! ახლა მე იმას ვამბობ, რომ მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს, და დავდგე გაშლილს ადგილს, ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა! ჩემი ფიქრი მანდეთ მოქრის. ეცადე, რომ რენენკამფთან 3 დამანიშვნინო. ხომ ამ პირობით წახველ, რომ ეს მოგეხდინა ჩემთვის. ვიცი, დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება... მე ახლავ მიტყობს გული, რომ ამ ჩემს მხურვალეს განსჯას გამიტრიზავებ: ემირობა მახსარად აიგდე, და მომავალის დიდების ფიქრს რას უზავ? სხვებრ შენ იცი - ახლა ქალაქის ამბავს მოგწერ.

გუშინ შაჰის ელჩი შემოვიდა, თუ გახსოვს მირზა-სალი4, ევროპიის ენებზედ მოლაპარაკე, განვითარებული კაცი - მაზეგ, რომ სამშაფათია, დიდს ბალს უკეთებს მთავარმმართებელი. მაგრამ ვინც შენ გეგულება, არც ერთი ჩვენი ქართველი ქალი აქ არ არის და გაიხარე, რომ ბალში არ იქნებიან. - Но и тут оне вынгривают; будь вместо Мирза-Сали граф Чичероне,5 оне тотчас бы приехали на бал*. ბალის ამბავს შეგატყობინებ. -

ჩვენი ლევან 6 ქუთაისში გააგდეს პორეჩენიით. - მე და შენში დარჩეს (ისე კი არა, ბაკლანას 7 რომ ხომალდი დაეღუპა). გრიგოლ წერეთელი 8 ინაზებოდა, არ უნდოდა მილიციის მიღება, და მთავარმმართებელმა ლევან გაუგზავნა, ასი ოქრო გზის ხარჯად, და დაიბარა. იმასაც ეს უნდოდა. რასაკვირველია, რომ უარი აღარა სთქვა. დახე, ქვეყნის ოხრობას! შენი უკანასკნელი წიგნი ლევანთან მე გავხსენ და წავიკითხე, ბევრი ვიცინე.

ილია 9 კარგად არის, პარუჩიკობა გაიკრა, ას თუმნამდინ თავისი ჯამაგირი გამოუვიდა და წარდგენილია არმიაში. ამისი საქმე თავში ბოსტანია, გულში სიყვარული, 10 დაიჯერე, ხუმრობა არ გეგონოს.

არ ვიცი ბუმაჟნიკი და ქუდი მოგივიდა თუ არა. ეს კი ვიცი, რომ გიმზადებდენ.

კნიაზი ჭავჭავაძე თავისის კნეინათი 11 მარტყობს 12 იყვნენ ჯვარობას, ამათ დასტაში იყვნენ სავარსამიძის ცოლი, 13 სივრიჩის ცოლი 14 და ბეზაკის ცოლი, 15 ეს კი მუხრავანიდგან გადმოვიდა, ამ ზაფხულს იქ იდგა, უქმროდ. არ გინდა, რომ ერთს საათს მაგ მთებში გამომძვრალიყავ და მუხრავანში, იმის ოთახში, შუაღამისას დაბადებულიყავ? იქიდგან კალასკაში კნიაზი და სივრიჩის ცოლი ერთად ისხდნენ წინ, და კნეინა და სავარსამიძის ცოლი ერთად უკან. Довольно подробно!**

მამა ეგნატიმ 16 თავი დაგიკრა, იმიერ-სოფლითგან. - ერთი თვეა, რაც გარდაიცვალა - საწყალი! Boт человек, который, пo cвоемy положению в свете, более всех страдал. Минувшее проходило перед ним и волновалось, как море-океан.***

სხვა რაღა მოგწერო, მეც სამსახურში მივეშურები, - и вообще здесь И грустно, и скучно, и некому руку подать в минуту душевной невзгоды.****

ჩემი ახალი ლექსი ეს არის:

[მოყვანილია მთლიანად ლექსი „სულო ბოროტო“]

ამით გავათავოთ ეს წიგნი, დრო აღარა მაქვს, და შემდეგ ბევრს მოვიწერები. ერთს ცუდა დროს ჩავიგდებ, და რაც ვიცი, და არ ვიცი, სულ გავაჭრელებ. ახლა ფაცაფუცით არა მაგონდება რა. ახლა ვნახოთ, რასაც შენ მოიწერები. -

სირცხვილია რომ მაგ საშინელებაებში პოეზიამ არ გაიღვიძოს, და თუ ემირს ლექსის წერა აღარ ეკადრება, ავარიის ისტორია და სტატისტიკა მაინც უბძანე, რომ დაწერონ.

შენი მარადის ნ. ბარათაშვილი

21 aвгyстa, 1843 г.
Tифлис.

[პირველი გევრდის არშიაზე სწერია]

მამამ, 19 ფეფომ, 20 კატომ, 21 ბაბალემ, 22 ნინუცამ 23 და აპლიპუტილამ 24 მოგიკითხეს. -

არ გებრალები, რომ მაია 25 ქვეშაგებად ჩავარდა! - გიორგი 26 ზაქათალას გაგზავნეს ბატალიონის კამანდერზედ გამოსაძიებლად და ბატალიონსაც პირველს ამას აძლევენ. -

________________

* მაგრამ ისინი აქაც მოგებულნი რჩებიან. აბა მირზა-სალის ნაცვლად გრაფი ჩიჩერონე იყოს, ისინი მაშინვე მობრძანდებოდნენ ბალზე.

** საკმაოდ დაწვრილებით.

*** აი ადამიანი, რომელიც თავისი მდგომარეობით საზოგადოებაში ყველაზე მეტად იტანჯებოდა. წარსული მიდიოდა მის წინაშე და ღელავდა, როგორც ზღვა-ოკეანე.

**** და საერთოდ აქ «И rpycтнo и cкyчно...» (მოყვანილია ლერმონტოვის ლექსის დასაწყისი, ორი ტაეპი).

წერილი IX

1. ემირ-ავარი - ასე უწოდებდა ხუმრობით თავის თავს გრიგოლ ორბელიანი, როცა ის დანიშნეს ავარიის მმართველად („მე ჰაქიმხან ემირ ავარ, სხვა რიგად აღარ შემიძლიან წიგნის დაწყობა“), - იხ, წერილები, ა. გაწერელიას რედ., 1, გვ. 75)

2. ატილლა - ჰუნთა მეფე (მე-5 საუკ.).

3. რენენკამფი - პავლე იაკობის ძე რენენკამფი, დივიზიის უფროსი დაღისტანში.

4. მირზა-სალი - ბაბა-ხანის (ფათალი შაჰის) მემკვიდრის აბას-მირზას სტატს-სეკრეტარი.

5. გრაფი ჩიჩერონე - იტალიელი გრაფი (?)

6. ლევან - ლევან მელიქიშვილი (იხ. X1 წერილის მე-2 შენიშვნა).

7. ბაკლანა - ალექსანდრე (ზედმეტი სახელით. ბაკლანა) გიორგის ძე ორბელიანი.

8. გრიგოლ წერეთელი - დიდი ზურაბ წერეთლის შვილი, პოლკოვნიკი.

9. ილია - ილია ორბელიანი.

10. „ილია კარგად არის... ამისი საქმე თავში ბოსტანია, გულში სიყვარული“. - 1843 წ. 28 მარტს გრ. ორბელიანი თბილისიდან სწერდა ძმას ზაქარიას: „ილია დიდს ყოფაშია. ოთხმოცის დღის ბოსტანს აკეთებინებს...“ ამ სამეურნეო წამოწყებაში ილიამ საგრძნობლად იზარალა.

რაც შეეხება ილიას „სიყვარულს“, იგი იმხანად მამუკა ორბელიანის ქალის ალექსანდრას შერთვას აპირებდა.

11. კნიაზი ჭაჭავაძე თავისის კნეინათი - იგულისხმება პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) და მისი მეუღლე სალომე ივანე (სარდლის) ორბელიანის ასული.

12. მარტყოფი - სოფელი თბილისის სიახლოვეს (გარე-კახეთი), განთქმული ანტონ მარტყოფელის ძველი ტაძრით („ღვთაება“), რომლის დღეობა მოდიოდა 15 აგვისტოს (ძვ. სტ.), როგორც წერილიდან ჩანს, პოეტი ყოფილა „ღეთების“ დღეობაში. „ერთხელ (ალბათ 1843 წ.) მარტყოფში ვნახე (ნ. ბარათაშვილი) და მშვენიერი ლეკური ითამაშა“, - იგონებს პოეტის ამხანაგი ლუკა ისარლიშვილი.

13, სავარსამიძე - ლეონტი სავარსამიძე, ჭარ-ბელაქნის გამგებელი, გენ.-მაიორი; ცოლი - სიდონია სავარსამიძისა.

14. სივრიჩის ცოლი - ორბელიანთა ქალიშვილი.

15. ბეზაკის ცოლი. - სოფიო ყაფლან (მეორე ყაფლან ნიკოლოზის ძე) ორბელიანის ასული, აკვნიდანვე გრიგოლ ორბელიანის დანიშნული, მიათხოვეს ნიკოლოზ ბეზაკს - ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრს.

16. მამა ეგნატი - ეგნატე იოსელიანი (იხ. ზემოთ, V წერილი მე-13 შენიშვნა).

17. «Минувшее проходило перед ним и волновалось, как море-океан» ალ. პუშკინის ლექსის პერიფრაზა („ბორის გოდუნოვი“ - პიმენის მონოლოგი).

18. «И грустно, и скучно» - მ. ლერმონტოვის ლექსიდან.

19, მამა - მელიტონ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილი (1794-1860).

20. ფეფო - ეფემია ზურაბ ორბელიანის ასული ბარათაშვილისა (1799-1849). დედა პოეტისა, გრიგოლ ორბელიანის და. გრიგოლ ორბელიანმა უძღენა მას შესანიშნავი ლექსი „ჩემს დას ეფემიას“.

21. კატო - ეკატერინე მელიტონ ბარათაშვილის ასული - პოეტის და (დაიბ. 1821 წ.). 1844 წ. მისთხოვდა რევაზ ქსნის ერისთავს.

22. ბაბალე - ბარბარე მელიტონ ბარათაშვილის ასული (1825-1919), პოეტის და, გათხოვილი დიმიტრი ვეზირიშვილზე (ოსიაურში).

23. ნინუცა - ნინო მელიტონ ბარათაშვილის ასული (1929-1906). პოეტის და, მისთხოვდა ლიტერატორს, „ცისკრის“ თანამშრომელს, ლეონიდ ბარათაშვილს. 1951 წ. ნინო იყო. შამილთან ტყვეობაში.

24. აპლიპუტილა - საალერსო სახელი პოეტის ყველაზე უმცროსი დის სოფიო სუმბათაშვილისა (1841-1916). ხსენებულო წერილის დაწერის დროს სოფიო 2 წლისა იყო.

25. მაია - „გამდელი მაია“, პოეტის დის ბარბარე ვეზირიშვილის სიტყვით, იყო გორელი, ოჯახში გამზრდელად. ჰყოლიათ, რომელსაც ყველა დიდს პატივს სცემდაო. პოეტიც მისი აღზრდილი ყოფილა.

26. გიორგი - გ. საგინაშვილი, პოეტის მამიდაშვილი.

6.10 X ზაქარია ორბელიანისადმი 1

▲ზევით დაბრუნება


Любезный брат Захарий! Отчего мы не переписываемся? Признаюсь, вопрос этот заставил задуматься. Что я тебя люблю это аксиома; что и не лень писать - это доказывают занятия мои по службе. Какая же причина? А вот наконец напал; беспечность, врожденная слабость вообще грузин. სხვა, ძმაო, მიზეზი მე არ ვიცი და შენ განმიმარტე... ესეც კი არის, რომ რა მოგწერო?

Письмо твое, исполненное грусти и томления от бурного потока жизни, глубоко отозвалось в душе моей, хотя причины у нас к тому разные. Я был болен сильно, чуть не переселился в Елисейские поля.2 Не зная до того времени никакой болезни, я почувствовал странное влияние ее, быть может, на всю мою жизнь. Непостижимость цели нашего назначения, безграничность желаний человеческих и суета всего подлунного наполнили мне душу ужасною пустотою. Дай мне маленькое независимое состояние, я бы сейчас оставили свети людей с их ненасытностью, и мирно и покойно провел бы патриархальную жизнь в лоне простой природы, столь величественной и прекрасной в нашем отечестве. При этих грустных думах застало твое письмо меня, только что выздоровливающегося. Вот почему я сочувствовал к тебе.

Дух человеческий, достигнув полного своего развития, совершив дела, ему свыше определенные, склоняется наконец, утомленный к покою в тихой семейной жизни. Я бы отнес причину твоей скуки к этой гипотезе, если бы знал, что поприще твое совершилось. Но для тебя не наступало еще этого периода жизни. Управление Самурским округом 3 сделалось для тебя уже вещью обыкновенною, однажды заведенным механизмом. Душа твоя ищет пищи новой, дух твой стремится к большей деятельности, сценам более сильным, более патетическим. И пока достигнет своего назначения, ему скучно, грустно! Согласись, Захарий, что еще один случай, подобный ричинскому,4 и ты снова в волнении приятном, снова забудешь мир и покой семьянина. Углубись в себя и, тогда, - уверившись, что гром славы и звук оружия не имеют уже для твоего слуха магического значения, оставь службу, займись имением. И это другая слава- сделать счастливыми своих крестьян, оставленных до сих пор без попечителя. Иначе Захарий, помни, что и в жизни счастливого земледельца нет для тебя покою. Затрубят в военную трубу и снова ты не земледелец. Может быть я ошибаюсь в причине твоей грусти, но все таки ожидаю от тебя деяний громких! -

კატო 5 დავნიშნეთ წარსულს კვირას რევაზ ერისთავზედ6 და ქორწილსაც საამაღლებოდ ვაპირებთ. დიდად მიხარიან. ბიჭიც კარგია და ოჯახიც კარგი აქვს. ათასი რომ ვიჩანჩალოთ, ისევ საქართველოში უნდა დავაბოლოოთ ჩვენი ცხოვრება, და ამისთვის, ჩემი აზრი ეს არის, რომ, რაც უნდა ვიფრანცუცოთ, მაინც ძველი ოჯახი და კარგი დამოკიდებულება რაც უნდა წახდეს, ახალთან კიდევ მოვა! - დავით ერისთავმა 7 სამაჭანკლოში ქორი გთხოვა და იმედა მაქვს, რომ ახალს მოყვრობას პატივსა სცემ. - Прошy nepeдать это известие Георгию.8 Я хотел писать к нему, но побоялся, что может быть письмо не дойдет до него по теперешнему движению войск. А это очень неприятно. -

Жаль, что я не знаю статистики Самурского округа; а то бы я попросил тебя какой нибудь знак памяти. Представляю твоему выбору.-

სხვა ამ ხელად არა ვიცი რა და საქმეებიც ბევრი მაქვს, სასამართლოში ვწერ ამ წიგნსა.

შენი მარად და მარად ნ. ბარათაშვილი
წელსა 1844-სა,
აპრილს 15-სა,
ქ. ტფილისით.

[წერილის პირველი გვერდის არშიაზე სწერია]

Я получил от Грирория 9 письмо вслед за твоим. რას მოიწერებოდა? Дай ему престол Августа, 10 он бы всю римскую империю обратил в комичесскую шутку.* - ხუმრობა და ხუმრობა! უთუოდ ჯერ თავისი პოდპოლკოვნიკობა არ იცის.

____________

* საყვარელო ძმაო ზაქარია! რატომ არა ვწერთ ერთმანეთს წერილებს? გამოგიტყდები, ამ საკითხმა ჩამაფიქრა. მე რომ შენ მიყვარხარ - ეს აქსიომაა; წერა რომ არ შეზარება - ამას ადასტურებს ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა. მაშ რა არის მიზეზი? ბოლოსდაბოლოს მივაგენი: დაუდევრობა, ქართველთა თანდაყოლილი სისუსტე. სხვა, ძმაო, მიზეზი მე არ ვიცი და შენ განმიმარტე. ესეც კი არის, რა მოგწერო?

შენმა წერილმა, რომელიც აღსავსეა სევდითა და დაღლილობით ცხოვრების ბობოქარი დინების გამო, ღრმა გამოძახილი ჰპოვა ჩემს სულში, თუმცა ამისთვის ჩვენ სხვადასხვა მიზეზი გვაქვს. მე ძალიან ავად ვიყავი, კინაღამ ელვისიოსის მინდვრებში არ გადავსახლდი. აქამდე არავითარი ავადმყოფობა რომ არ ვიცოდი, ახლა ვიგრძენი მისი უცნაური ზემოქმედება, ალბათ ეს გრძნობა მთელი სიცოცხლის მანძილზე გამყვება. ჩვენი არსებობის მიზნის მიუწვდომელობამ, ადამიანის სურვილთა უსაზღვროებამ და ყოველივე ამქვეყნიურის ამაოებამ საშინელი სიცარიელით აღავსეს ჩემი სული. მე რომ პატარა დამოუკიდებელი მდგომარეობა მქონდეს, ახლავე მივატოვებდი ქვეყანასაც და ადამიანებსაც მათი გაუმაძღრობით, და დამშვიდებული და მოსვენებული გავატარებდი პატრიარქალურ ცხოვრებას მარტივი ბუნების წიაღში, რომელიც ასე დიდებული და მშვენიერია ჩვენს სამშობლოში. თითქმის გამოჯანსაღებულს ამ ნაღვლიანი ფიქრებით გარემოცულს მომისწრო შენმა წერილმა. აი რატომ თანაგიგრძნობდი შენ!

ადამიანის სული, რომელმაც სრულ განვითარებას მიაღწია და აღასრულა საქმენი ზეგარდმო მისთვის განკუთვნილი, ბოლოს დაქანცული ეძიებს წყნარ სადგურს მყუდრო ოჯახურ ცხოვრებაში. მე რომ ვიცოდე, რომ შენ უკვე განვლე ასპარეზი, შენი მოწყენილობის მიზეზს ამ ჰიპოთეზით ავხსნიდი. მაგრამ შენთვის ჯერ არ დამდგარა ცხოვრების ეს პერიოდი. სამურის ოლქის განმგებლობა შენთვის ჩვეულებრივ საქმედ და ერთხელ მომართულ მექანიზმად იქცა. სული შენი ეძებს ახალ საზრდოს, შენი არსება უფრო დიდ სამოღვაწეო ასპარეზისკენ მიისწრაფის, უფრო ძლიერ, უფრო პათეთიკურ სცენებისაკენ. და ვიდრე იგი თავის დანიშნულებამდე მიაღწევდეს, მოწყენილი და ნაღვლიანია. დამეთანხმე, ზაქარია, რომ კიდევ ერთი რიჭასებური შემთხვევა და შენ ისევ სასიამოენო მღელვარება დაგეუფლება, ისევ დაგავიწყდება სიმშვიდე და მყუდროება ოჯახის კაცისა. ღრმად ჩაიხედე შენს გულში და მაშინ, როცა დარწმუნდები, რომ დიდების ქუხილსა და იარაღის ჟღარუნს შენი სმენისთვის აღარა აქვს მაგიური მნიშვნელობა, - დაანებე სამსახურს თავი, ხელი მოჰკიდე მეურნეობას. ეს იქნება მეორე სასახელო საქმე - გააბედნიერო შენი გლეხები, რომლებიც ამდენი ხანია მიტოვებულნი არიან უპატრონოდ - უმზრუნველოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდე, ზაქარია, რომ ბედნიერი მიწისმოქმედის ცხოვრებაშიც შენ ვერ იპოვნი მოსვენებას. დასცემენ სამხედრო ნაღარას და შენ უკვე აღარ ხარ მიწისმოქმედი. იქნებ ვცდები და ვერ ჩავწვდი შენი სევდის მიზეზს, მაგრამ მე შენგან მაინც მოველი დიდთა საქმეთა აღსრულებას! -

გთხოვ, ეს ამბავი გიორგის გადასცე. მინდოდა მისთვის მიმეწერა, მაგრამ შემეშინდა, ვაი თუ წერილი ვერ მიუვიდეს-მეთქი ჯარების ახლანდელი მოძრაობის გამო. ეს კი ფრიად არასასიამოვნო იქნებოდა.

..........

ვწუხვარ, რომ მე არ ვიცი სამურის ოლქის სტატისტიკა. თორემ გთხოვდი რაიმეს სამახსოვროდ. ვენდობი შენს არჩევანს.

.........

შენი წერილის შემდეგ გრიგოლის წერილი მივიღე. რას მოიწერებოდა? მივცი მას თუნდაც ავგუსტოსის ტახტი, იგი მთელ რომის იმპერიას კომიკურ ხუმრობად აქცევდა.

წერილი X

1. ზაქარია ზურაბის ძე ორბელიანი (1806-1847) - პოეტის ბიძა (იხ. ზემოთ. II წერილის მე-2 შენიშვნა).

2. ელვისიოსის მინდვრები - ელიზიუმი.

3. სამურის ოლქი - სამხრეთ დაღისტნის ნაწილი.

4. „კიდევ ერთი რიჭასებური შემთხვევა“. - „რიჭა მდებარეობს ქიურისა და ყიზიყუმუხის მაზრების საზღვარზე (დაღისტანი). აქ 1842 წელს მაისის 1-სა გაიმარჯვეს ზაქ. ორბელიანმა, ყორღანოვმა და მაღალაშვილმა“ (სამსონ ფირცხალავა, ნ.ბარათაშვილის თხზულებანი, 1922 წლის გამოცემა. გვ. 162)

5. კატო - პოეტის და ეკატერინე.

6. რევაზ ერისთავი - პოეტის სიძე. კატოს მეუღლე.

7. დავით ერისთავი - პოეტის სიძის რევაზ ერისთავის ძმა.

8. გიორგი - გიორგი საგინაშვილი (?)

9. გრიგოლ - გრიგოლ ორბელიანი.

10. ავგუსტოსი - რომის იმპერატორი.

6.11 XI ზაქარია ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


Любезный брат Захарий! С восторгом поздравляю тебя с победою, совершением дела блистательного. Меня радует в особенности то, что мои ожидания начинают уже оправдываться. Я часто сказывал тебе, что я вижу на челе твоем печать величия и славы.

Благодарю за ружье. Оно стоит назваться подарком Начальника Самурского округа. Но для меня оно значит более, как подарок от уважаемого и любимого брата. -

Письма твоего, отправленного по почте, я еще не получал. Ожидаю с нетерпением.* - ჩვენი ყმაწვილი კაცები ილია, 1 ლევან, 2 დავით, 3 ბაკლანა 4 (მითომ ესეც ყმაწვილებშია), ზაქარია 5 და ალექსანდრე ერისთავი 6 სულ წამოვიდნენ შამილის დასაჭერად; ესენი სულ სარდლები არიან ქართველთ ჯარისა. ყაფლან ხომ ასე ამბობს, რომ ესენი სულ ჩამამავლობით გიჟები არიანო.

ეს შენი ლეკი სადილათ დავპატიჟე კარგად; და ერთი ოქროც ვაჩუქე დუშალიკში. -

კატოს 7 ქორწილი საპეტრეპავლობოდ გვექნება - არღუთინსკის ღენერალ-ადუტანტობას ამბობენ 8; თუმცა გამოცხადებით არ არის, მაგრამ წიგნი მოსულა პეტერბურღიდგან, - საკვირველიც არ არის. ვინც რა უნდა ილაპარაკოს და აცა თუ ეგ მართლა მონტეკუკული 9 არ გახდეს ამ ცოტას ხანში. -

გიორგი 10 თუ მანდ იყოს, კარგის სიყვარულით მომიკითხე.

სხვებრ ღმერთსა ვთხოვ შენს მარად და მარად მშვიდობას და გამარჯვებას ყოველს საქმეში.

შენი ერთგული ნ. ბარათაშვილი
წელსა 1844-სა,
მაისის 10-სა,
ქ. ტფილისით.

[დამატებულია ბოლოში]

მამამ, ფეფომ პირს გაკოცეს. - კატომ მოგიკითხა. ისევ შენ, თორემ სხვანი ჩუსუმები არიანო.

დავით ერისთავმა, სიძის ძმამ, სამაჭანკლოში ქორი გთხოვა. 11 ზაქარიავ, ხომ იცი, ამათ მაგისთანები დიდად მიაჩნიათ. -

შენი გამარჯვება ქეთევანს 12 აქ გადავახდევინეთ. ხომ არ დაიჯერებ და შამპანსკებს თვლა აღარა ჰქონდა. - ამისთანა წუწკმა ხანდისხან ასეც იცის,

_____________

* საყვარელო ძმაო ზაქარია! აღტაცებული მოგილოცავ გამარჯვებას, ბრწყინვალე საქმეთა შესრულებას. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ჩემი მოლოდინი უკვე მართლდება. აკი ხშირად გეუბნებოდი, რომ შენს შუბლზე დიდებისა და სახელის ბეჭედსა ვხედავ-მეთქი.

გმადლობ თოფისათვის მას შეშვენის სახელი სამურის ოლქის მმართველის საჩუქრისა. მაგრამ იგი ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, როგორც პატივცემული და საყვარელი ძმის საჩუქარი.

ფოსტით გამოგზავნილი შენი წერილი ჯერ არ მიმიღია. ველოდები მოუთმენლად.

წერილი XI

1. ილია - ილია ორბელიანი, პოეტის ბიძა (იხ. VI წერილის შენიშვნა 1).

2. ლევან - ლევან მელიქიშვილი (1817-1892 წ, ბარათაშვილის ამხანაგი გიმნაზიიდან, ნათესავი და ახლობელი მეგობარი; ამ წერილის დაწერის დროს შტაბს-კაპიტანი, შემდეგში კავკასიის მთავარმართებლის მოადგილე და სახელმწიფო საბჭოს წევრი.

1844 წ. ნოემბრიდან 1945 წ. მარტამდის ლ. მელიქიშვილი და ნ. ბარათაშვილი ერთად მსახურობდნენ ქ. ნახჭევანში.

ლ. მელიქიშვილი იყო ერთი ინიციატორთაგანი ნ. ბარათაშვილის თხზულებათა 1846 წლის განუხორციელებელი გამოცემისა.

3. დავით - დავით ბარათაშვილი, პოეტის ბიძაშვილი.

4. ბაკლანა - ალექსანდრე გიორგის ძე ორბელიანი,

5. ზაქარია - ზაქარია გიორგის ძე ერისთავი, მეუღლე ელენე ორბელიანისა.

6. ალექსანდრე - ალექსანდრე გიორგის ძე ერისთავი, მართა სოლოღაშვილის მეუღლე.

7. კატო - ეკატერინე ერისთავი, პოეტის და.

8. არღუთინსკი - მოსე არღუთაშვილი-მხარგრძელი.

9. მონტეკუკული (1609-1681) - გამოჩენილი სტრატეგი და სამხედრო მწერალი.

10. გიორგი - გიორგი საგინაშვილი (?)

11. დავით ერისთავი - ნ. ბარათაშვილის სიძის, რევაზის ძმა.

12. ქეთევან - ქეთევან ორბელიანი (1818-1893), დეკანოზ დიმიტრი მესხიშეილის ასული, ზაქარია ორბელიანის მეუღლე - პოეტის ძალუა.

6.12 XII გრიგოლ ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


საყვარელო ძმაო, გრიგოლ! სიზარმაცეში ანუ უნდომობაში ნუ ჩამომართმევ ამდენს ხანს წიგნის მოუწერლობას. - დრო არა მქონდა. შენ გაიცინებ, რასაკვირველია, იტყვი: შენ, ჭიანჭველავ, რა საქმე გაქვსო? კიდეც ამისთვის არა მცალიან, რომ ჭიანჭველა ვარ; ყოველთვის ჩემზედ მეტი და დიდი უნდა ავიკიდო, - ესეც კი არის მიზეზი, რომ რა მოგწერო? დედაკაცები ისევ ისინი, ჩვენი ყმაწვილები და ხახვების ფრანტები სულ შამილის დასაჭერად წამოვიდენ, ქალაქი მე დამრჩა. მოუსვი, ბიჭო! ამისთანა ფართე ოკეანე არც ერთის ხომალდს არ შეხვედრია.

ვიცი გეწყინება, ქეთევან ყ[აზბეგ]ის 1 ცოლი ჭკუაზე შესცდა, საწყალი! ტირილი მოგივიდოდა ამის ნახვაზედ. მგონია დიდხანს ვერ იცოცხლოს.

ვიცი გიამება, კატო დავნიშნეთ რ[ევაზ] ე[რისთავ]ზედ 3 რუსულად არის ნათქვამი (იქნება ქართულადაც იყოს და მე კი არ ვიცი) суженного конем не обьедеш.* ქორწილი საპეტრეპავლობოდ გვექნება. იქნება არც კი იცოდე, როდის არის ეს დღე. - ექვს კვირას უკან, то-eсть: 29 июня.**

ზ[აქარ]იას 4 და გ[იორ]გის5 კარგი საქორწილო გამოეგზავნათ. ზ[აქარ]ია იწერება, რომ გ[რიგო]ლმა 6 სულ ბღუჯეულად იცისო. - კ[ატო]მ 7 შემოგითვალა, ახლა შენ იციო, ეგეც დიდ-კაცობა, ესეც შემთხვევა გამოდგომისაო, თუმცა კი სულ ერთია, თუნდ შენსა ჯიბეში და თუნდ ჩემს ჯიბეშიო. - მე კი ეს ვიცი, რომ ე[რისთვი]ანთ რძალთან 8 არა დაგეკარგება-რა, კარგს ქიზგას გვაჩუქებენ. - მაინც საჭიროა. - ორმოც წელიწადს იქით ცოლი აღარ ვარგა.

ეს წიგნები სულთანს 9 გამოეგზავნა შენთან. რასაკვირველია, რიცხვზედ შეატყობ, რომ დიდი ხნისაა, ამაში კი ჩემი უზრუნველობაა მიზეზი, მაგრამ უფრო გულმავიწყობა; ვერადროს ვერ დავეჩვიე, რომ სამშაბათობით მოდიოდა შენთან ფოჩტა.

ეგ ბატონი ქართველთ სარდლები რომ წამობძანდენ, ყაფლან მაგათზედ იცინის; ასე ამბობს, სულ ჩამომავლობით ჭირვეულნი არიანო.

ახალი ამბავი ანუ ჭორი ხომ გიყვარს ამ ხელად ეს არის, რომ ნ[ინა] ალ[ექსანდროვ]ნა 10. ოდესაში მიდის 9 ივნისს, შენ მანდ გაჯავრდი.

სხვებრ ვეცდები, რომ საკვლაოდ კარგი გატენილი წიგნი გამოგიგზავნო.

შენი მარად ნ. ბარათაშვილი
წელსა 1844. მაისის 23-სა,
ქ. ტფილისი.

ფეფომ 11 და მაშომ 12 მოგიკითხეს; ამათ შენი ხანობა არად ეპიტნავებათ; გამდიდრდი თუ არაო? ესენი ამას მკითხავენ, - შენ მაგივრად მე ვეტყვი, ვაი შენს მტერსა-მეთქი.

___________

* საბედოს ცხენითაც ვერ აუვლი გვერდს.

** ე.ი. 29 ივნისს.

წერილი XII (გვ. 190) 1

1. ქ. ყ-ის ცოლი - ქ[ეთევან] ყ[აზბეგ]ის ცოლი.

2. კ. - კატო, პოეტის და.

3. რ. - რევაზ ერისთავი.

4. ზ. - ია - ზაქარია ორბელიანი.

5. - - გიორგი საგინაშვილი.

6. - ლი - გრიგოლ ორბელიანი.

7. - კატო.-

8. ე - ანთ რძალი - ერისთავიანთ რძალი, კატო.

9. სულთანი - დანიელ სულთანი, ელისუს მმართველი.

10. ნ. ალ - ნა - ნინო ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე (1812-1857). არაჩვეულებრივი სილამაზის ქალი, „ციური სინაზით აღსავსე“.

11. ფეფო - ეფემია ბარათაშვილი, პოეტის დედა.

12 მაშო - მარიამ ბარათაშვილი, პოეტის მამიდა (მელიტონის და).

______

1. წერილი ავტოგრაფის მიხედვით გამოაქვეყნა იონა მეუნარგიამ გაზეთ „დროებაში“ 1895 წ. №114. ჩვენს გამოცემაში წერილი იბეჭდება „დროებაში“ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით. (სად ინახება ამჟამად ავტოგრაფი, უცნობია). აღვნიშნავთ ამასთან, რომ წერილში მოხსენიებული პირნი „დროებაში“ დაბეჭდილ ტექსტში აღნიშნულია მთელ რიგ შემთხვევებში ინიციალებით ან შემოკლებით (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 10).

6.13 XIII ზაქარია ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


უსაყვარელესო ძმაო ზაქარიავ! მომილოცავს პოლკოვნიკობა შენი წიგნი რომ მომივიდა, იმის მეორეს დღეს ინვალიდებში 1 ეწერა - მე ახლა ჩქარად ღენარლობის იმედიცა მაქვს. - მაგრამ ამისთვის უთუოდ უნდა დაღესტანში იმსახურო, თუნდ მაგ ადგილშიაც არა, და მერმე იცი, რა ვიფიქრე შენთვის, კასპიის ობლასტის ნაჩალნიკობა ვინ იცის! მე კი კარგადა მაქვს დაცდილი წინასწარ თქმა. - Это будет гораздо существеннее.*

კატოს 2 ერთი თთვეც არის ჯვარი დაეწერეთ. - კარგი ქორწილი გარდვიხადეთ. მეორეს დღესვე წაიყვანეს კატო. ერთი ღამე და მეორე დღეს სადილათ ქაიხოსრო მუხრანსკისას ვიყავით. კარგათ დაგვიხვდა, - იქიდგან ახალგორს 4 წავედით, - ოძისს 5. რომ მივუახლოვდით, სადაც ბიძინა ერისთავი დგას, ლევან ერისთავი 6 თავადებით, აზნაურებით, და იმერეთის მგალობლებით მოგვეგება; ჩვენთან იყენენ მანანა თავის ქალით, 7 მაიკო, 8 ყაფლან, მიხაკო, 9 ალექსანდრე სუმბათოვი1 0 - მეჯვარე. რა დაბინდდა - შევედით ახალგორს. სასახლე ჭრაქებით იყო გაჩახჩახებული, მეიდანი მაშხალებით; ამ დროს ახალი არქიერი, წულუკიძე, 11 კატოს დედამთილის ძმა, აქ იყო და მგალობლები იმისნი იყენენ. დეკანოზი შემოსილი და ჯვარით მოგვეგები გალავნი[ს] კარებში, დაჰკრეს ზურნას, სათარას ** 12 სიმღერა (თანა გვყვანდა), თოფის სროლა და ხალხის ჭდევა და ყვირილი საუცხოვო სანახავს წარმოადგენდა; ამასთან მთვარიანი ლამე და მშვენიერი მდებარეობა. - სასახლეში რომ შევედით და ყაფლან[მ]ა ქუდი მოიხადა *** და შეხედა ზალას, ერთი გულით წამოიძახა; фy... - это дворец!**** ბევრი გვიცინია. -

რასაკვირველია, მეორე დღეს, პატარძლის ჩვეულებისამებრ, კატო ქვეშაგებში იწვა. - მესამე დღეს ადგა, მზითევი გაშინჯეს, მაგრამ, ზაქარიავ, მრთელს ქართლში გაითქვა, თვარემ მანანა გეტყვის, როცა ნახავ. - მეოთხე დღეს ნიშნები მოართვეს დედამთილმა, მაზლებმა, მულებმა და რძალმა, კარგი ნიშნებიც იყო. - არქიერი ეზოში იდგა კარავში ჭადრებს ქვეშ. - იმ დღეს ამობძანდა კატოს სანახავად, დალოცა და ერთი ოქროთ მოჭედილი ღვთის მშობლის ხატი აჩუქა... ხუთი დღე და ღამე სულ შექცევაში ვიყავით. - მამუკაც 13 აქ იყო და ძალიან გამხიარულდა. - მერმე მე და მამუკა გორს გადავედით, იქ დაგვხედნენ ელენე, 14 მანანა, 15 რომელიც ორის დღის წინათ ჩვენზედ წავიდა, მელანია 16 და ბევრნი სხვანი; ნათლობა ჰქონდათ ელიზბარის 17 სახლებში, ესტატე ერისთავის 18 შვილისა. - იქიდგან ატენში 19 გადავედით. კნიაზი 20 ძალიან კარგად დაგვიხედა; სულ შუშურები გვასვა, - ერთის ლექსით, კარგად გავატარეთ დროება, მრთელი ორი კვირა -

მე და მამა ალევობას, 21 რომ ამ თვის თხუთმეტს იყო, ვეწვივენით კატოს. მანანა და ელენეც გარდმოვიდენ სალოცავად. საუცხოო ჯვარობა იყო. ახალგორიდგან თორმეტი ვერსტია, მაღალს მთაზედ. - ქალები ცხენებით, საწვიმრებით, ქოლგებით, დიდის ამალით, ოსურის სიმღერით ავედით სალოცავად. ის ღამე და მეორე დღეც იყო მშვენიერი. - ძალიან მხიარულება იყო. ცოტა წამოსვლის დროს მანანა ავად გახდა და იმას ცოტად დაგვიშალა მხიარულება. - ზაქარიავ, სწორეს გულით გეტყვი, რომ კატო თავის მოსაწონს, ეხლანდელს დროში, სანატრელს. ოჯახშია. - ძმების უმაგალითო***** თანხმობა, სიმდიდრე სახლისა და უვალობა.-ამასთან რევაზ22 ზედ აკვდება, ლევანისა 23 ხომ სულია კატო, 24 და დავით 25 ხომ იმის ნებივრობაშია. მე ეს მიამა, რომ მტერი ვერ გაიხარე[ბ]ს, - თუ ღმერთი გვაღირსებს ერთად შეყრას, შენ, გრიგოლ, ილია, გიორგი, მამუკა, უნდა ვეწვივნეთ ამ შემოდგომაზედ, რომ ლაზათი გავწიოთ. მართალია სანადირო არ არის ყოვლის გვარისა. -

ბევრი ვიცინეთ გრიგოლის წიგნზედ; მანანას წაუკითხე, - ილიას წიგნი მოვიდა. ჩერვლონში 26 არიან სულ ყველანი და ამ თთვის გასვლამდინ მგონია მოვიდენ. - მთავარმმართებელსაც 27 ამ სამ დღეზედ მოელიან ლუა[რ]საბის ცოლი ანნა 28 ძალიან ავად არის, საწყალი! სხვა ამბავი. აქ ახალი და საშენო არა არის. რა -

მშვიდობით, ღმერთსა ვთხოვ შენს კვალად და კვალად ბედნიერებას. -

შენი მარადის ერთგული თ. ნ. ბარათაშვილი

P.S. ზაქარიავ! ამ შენ გამოგზავნილს თოფსა თავის შესაფერი ერთი წყვილი დამბაჩაც უნდა, თვარემ ობოლსავით დარჩენილია და ამისთვის კაბინეტში ვერ გამიმართავს. -

დამავიწყდა. - ივან კარლიჩი 29 გარდაიცვალა. - სალომე 30 კარგი ქვრივი დარჩა. - სულ ყოველი თავის საცხოვრებელი ამას უანდერძა законным актом,****** - თუ გიორგი 31 ნახო, ჩემ მაგიერად დიდი მოკითხვა.

[მესამე გვერდზე ჩამატებულია]

იაკი[ნ]ტემ, 32 ამ წიგნის წერაში, ასე მითხრა: ჩემ მაგიერ მოკითხვა მისწერეო და ასე შეუთვალე, რომ ცალკე წიგნისათვის არა მცალიან, ბევრი საქმეები მაქვსო. აქ არის სასამართლოში სოვეტნიკის თანამდებობაში დროებით დანიშნული.

[პირველ გვერდზე ჩამატებულია]:

მეც მომილოცავს პოლკოვნიკობა. შენი... [შემდეგ გაურკვეველია]

[1844 წ. აგვისტო]

__________

* ეს უფრო არსებითი იქნება.

** ხელნაწერში მოიხედა.

*** ხელნაწერში: სარათას.

**** ფუ... ეს სასახლეა!

***** ხელნაწერში: უმაგალითობა.

****** კანონიერი აქტით.

წერილი XIII

1. ინვალიდები - გაზეთი.

2. კატო - პოეტის და. ჯვარი დაიწერა 20 იჯნისს.

3. ქაიხოსრო მუხრანსკი - ქაიხოსრო მუხრან-ბატონი, მემამულე, ბარათაანთ ნათესავი.

4. ახალგორი - დღევანდელი ლენინგორი ქსანზე.

5. ოძისი - სოფელი ქსანზე.

6. ლევან ერისთავი - კატოს მაზლი, რევაზ ერისთაეის ძმა

7. მანანა, თავის ქალით - მანანა ორბელიანი და მისი ქალიშეილი ტასო.

8. მაიკო - მაიკო ორბელიანი.

9. მიხაკო - მიხეილ ორბელიანი, მაიკოს ძმა.

10. ალექსანდრე სუმბათოვი - ალ. სუმბათაშეილი, ერისთავების ნათესავი, შემდეგ მისმა შვილმა ვასილმა შეირთო პოეტის და სოფიო.

11. არქიერი წულუკიძე - ხონის და ქუთაისის ეპისკოპოსი.

12. სათარა - ცნობილი ირანელი მომღერალი „აღა-სათარა, ტენორი, პოეტის დის ბარბარე ვეზირიშვილის სიტყვით, „ნიკო ყოველ ლხინზე სათარას მოიყვანდა“.

13. მამუკა - მამუკა თამაზის ძე ორბელიანი (1800 - 1871), განთქმული ვაჟკაცობით. 1832 წ. შეთქმულობის მონაწილე. პოეტის უფროსი მეგობარი. 1845 წ. ივნისის 19-დან ოქტომბრის 9-მდე ნ. ბარათაშვილი ითვლებოდა მამუკას თანაშემწედ, როგორც ელისავეტპოლის (განჯის) მაზრის უფროსისა.

14. ელენე - ელენე ორბელიანი-ერისთავისა.

15. მანანა - მანანა ერისთავი-ორბელიანისა.

16. მელანია - მელანია ელიზბარ ერისთავის და, მელნიკოვისა.

17. ელიზბარ - ელიზბარ შანშეს ძე ერისთავი (1808 - 1871), 1832 წლის „შეთქმულობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

18. ესტატე ერისთავი - პოეტის სიძის ახლო ნათესავი ცხოვერობდა ს. მეჯვრისხევში.

19. ატენი - სოფ. ატენი, მდ. ტანაზე, გორის სიახლოვეს,; უძველესი ქალაქი, განთქმული ტაძრით. ატენი ერისთავების მამული იყო,

20. „კნიაზი“ - გიორგი იასეს ძე ერისთავი (1760 - 1863), გენერალი, სენატორი. 1828 წ. სულ მცირე ჯარით აიღო თავრიზი.

21. ალევობა - დღეობა ალევში („მარიამობა“), ქსნის ხეობაში, „სამება ოქროს-კარიანი“, „ალევი არის მთა მაღალი, თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი. ესე მთა ჰყოფს ქსნის ხევსა და ბაზალეთსა. ამ ალევის მთის თხემს არს ეკლესია უგუნბათო, მჭვრეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არს სიმრავლე ხატთა და ჯვართა ოქროსა და ვერცხლისათა, და სამსახურებელნი ეკლესიისანი მრავალნი“ (ვახუშტი, გეოგრაფ. აღწერა, გვ. 64).

22. რევაზ - რევაზ ერისთავი, პოეტის სიძე.

23. ლევან - ლევან ერისთავი, რევაზის ძმა.

24. კატო - პოეტის და

25. დავით - დავით ერისთავი, კატოს მამამთილი.

26. ჩერვლონი - სტანიცა ჩერვლიონნაია, თერგზე, 1844 წ. აქ იყო დაბანაკებული რუსის ჯარი, რომელიც იბრძოდა დაღისტნისა და საჩაჩნოს წინააღმდეგ. იმჟამად ილია ორბელიანიც იქ იმყოფებოდა.

27. მთავარმართებელი - ალ. ნეიდგარდტი, კავკასიის მთავარმართებელი 1842-1844 წწ.

28. ლუარსაბის ცოლი ანა - ლუარსაბ ორბელიანის მეუღლე, გარდაიცვალა 1844 წ. 21 აგვისტოს (იხ. ჩემ მიერ გადმოწერილი ეპიტაფიები „კუმისის სამებისა“), ლუარსაბ ივანეს ძე ორბელიანი - 1832 წ. შეთქმულობის მონაწილე, ალ, ორბელიანის სიტყვით, შეთქმულობაში ფარულად მოქმედი ალ ჭავჭავაძე „ლუარსაბ ორბელიანის პირით გვარიგებდაო“ (ხელნაწერთა ინსტიტუტი ხელნაწერი S - 1646/ბ).

29. ივან კარლიჩი - საექიმო სამმართველოს შტაბ-მკურნალი დეპნერი.

30. სალომე - სალომე თარხნიშვილი, დეპნერის მეუღლე.

31. გიორგი - გიორგი საგინაშვილი (?)

32 იაკი[ნ]ტე - იაკინთე, დიმიტრი ალექსი-მესხიშვილის უფროსი შეილი (1805 - 1876), ლიტერატორი, მთარგმნელი. ბარათაშვილის თანამოსამსახურე. შემდეგში მეფისნაცვლის კანცელარიის მმართველი. ზაქარია ორბელიანის ცოლის ძმა, გრიგოლ ორბელიანის ფავორიტი.

6.14 XIV მაიკო ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


9-ს თებერვალს, 1845,
ქ. ნახეჩევანით.

საყვარელო დაო, მაიკო! შენი წიგნი მამივიდა; დიდად მადლობელი ვარ; ვიცი, რომ გიყვარვარ, მაგრამ, შენმა გაზდამ, არც შენ ჩემსავით უყვარხარ ვისმე (ერთის მეტს). - ნეტა, ვის ნათესავებს ემდური? თითქოს არავის იცნობ- დე; განა ქართველებში არის მეგობრული და ნათესავებრი გრძნობა? - არა, რომ მეპატიჟები მანდ, რას მეპატიჟები; ახლა ყველანი კარგად გიცანით; აი სამი თთვეა აქა ვარ და ძაღლად არავინ მახსენა; ეჰ! მაგის დარდსაც გაუძლებ აღარც მე მცალიან ვისთვისმე; ახლა მე ჩემი თავი ხელმწიფობას და საზოგადოობას შევსძღვენ; სულ ხომ ყმაწვილობა არ იქნება, დრო არის რიგიანის სამსახურისა; თქვენც გეყოფათ ბუზების ხოცვა - დიახ, ნურავის მოვაგონდები! იმისი არ * იყოს, როგორც ერთს ქალს უბძანებია, რომ აქ მოგეწყინდნენ და გავყარეთო! ეგეც აგრე იყოს. მაგრამ მე ეს ვიცი, რომ ჩვენ წელს ოც და ექვსისა შევსრულდით, და წინაც ჯერ ბევრი ნუგეში და სიამოვნება გვიძევს! ვაი იმის ბრალი, ვინც ოცდა რვა წლისაა და აღარც არას ამ სოფლის კმაყოფილებას მოელის!..

კრიანოსნები გეთხოვნათ; მე დიდიხანია თავრიზიდგან ხუთი კრიანოსანი დავიბარე; აქამდისინ კიდეც უნდა იყოს მოსული კარანტინში (ოც და ათი ვერსია აქედგან); მაგრამ ჯერ კი არ გამოგიგზავნით, სანამ ტასოს 1 ნება არ გექნებათ, ამიტომ, რომ მაგისთანა კრიანოსანი ერთი უნდა იყოს და რაკი გამრავლდება, ლაზათი წაერთმევა, ხომ გაგიგონიათ:

„რაკი ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს აღარც ჩირად!2

და რადგანაც პირველად ტასოს გამოუგზავნე, ამისათვის, რომ არ ეწყინოს, მაგის თანხმობით უნდა იქონიოთ მაგისთანა კრიანოსანი. - თუმცა გაჯავრდებით ამაზედ, მაგრამ მაინც მე კიდევ ასე მოგახსენებთ. -

ილაჯი წაიღეს მაგ ჯაფარას 3 ქებით, ვისიც წიგნი მოგვივიდა, მაგის ქება ეწერა. - ნეტა ყველასათვის აგრე მალე როგორ გაგიჟდებით? - მაგის ამბავი ჩვენა გვკითხოთ: ეგ სულეიმან ხანმა გარდმოიყვანა სპარსეთიდგან, ორი დღე და ღამე აქ ჩვენთან იდგნენ, რაც ჰუნარები ჰქონდა, სულ აქ დაასრულა.

ეგ რომელი ამბობს, რომ სათარასა სჯობსო? ეტყობა, კარგი სმენა ჰქონია. - მე გეტყვით: ეგ უფრო ნაკითხია სათარაზედ, მაგრამ სათარასათვის ღმერთს ხმა მიუცია და თანაც დაუტანებია, რომ მაგისთანა ხმა აღარავის ექნებაო! ერთი ორივეს სახე ნახეთ, ერთი კაცია, მეორე ჯოჯოხეთის მაშხალა. -

ახლა ნახეჩევანში 5 ერთი ახალი ლექსია, თვრამეტის წლის ქალის ნათქვამი, რომელსაც სახელად გონჩა-ბეგუმ ჰქვიან; ხანის ქალია, ძალიან ლამაზი და მარილიანია; ბევრში წარმოგიდგენთ ორლოვის ცოლს. საცოდავი დამწვარია თავის ქმრისაგან და ახლა იმასთან აღარ არის და ცდილობს რომ გაუშოს; საწყალი თორმეტის წლისა ყოფილა, რომ ძალად გაუთხოვებიათ. - ამათი ამბავი რომ იცოდეთ, ერთი კარგი რომანია, - ამ ლექსში თავის თავს სტირის; ერთს ადგილას ამბობს: ჩემო მშვენიერო ბახჩაო, მინდა მოვიდე, ვიმუსაიბო შენს შადრევანთან, შენს ყვავილებთან, მაგრამ მეშინიან, რომ ჩემი ქმარი იქ არ იყოსო. - ამ ლექსს დავაწერინებ და თავის თარგმანით გამოგიგზავნით. მგონია სათარამ ეს ხმა უნდა იცოდეს, კარგი ხმა არის! ერთი ხმა არის კიდევ ძალიან სასიამოვნო, ჯაფარმაც იცის და სათარამაც, როცა შეგხვდეთ, ასე უთხარით, რომ ეი, მუსელმან ნამარი ხანჯალზანი 6 იმღეროს -

ერთი შემატყობინე, რატომ ეგ შენი ქაჩალი ძმა 7 წიგნს არა მწერს, ივანეს8 კიდევ არ დაემდურები, ამიტომ, შენის ძმის წყალობით, რაც ტვინი ჰქონდა, ისიც ყაბახზედ დააბნია! მაგრამ ეს მაკვირვებს, არ ვიცი, რა მიზეზია, რომ მანანა მოკითხვითაც არა მკითხულობს? მაგრამ, ერთის მხრით, არც კი უნდა დავემდურო, ახლა ჩვენ ვიღას მოვაგონდებით, ვიღაც ორი ტლუ ბიჭი გდია ნახეჩევანში, - ახლა ცა ახალია, ქვეყანა ახალია და მოდაში ოთხმოცის წლის კაცები არიან!

ტასო მოიკითხე და მადლობა უთხარ მოგონებისთვის, კატო მომიკითხე, მეტად ბევრს თურმე ლაპარაკობს! ეგ ხომ წიგნს ვერ მამწერს და: ქართული იცოდა, ისიც დავიწყებია, რუსულიც ვერ უსწავლია, და არ ვიცი, რომელს ენაზედ დასწერს? -

მაიკო, ეს რისაგან არის, რაკი შენ მაგ ქალაქში ჩამოხვალ ქართლითგან, მაშინვე ჭორაობა უნდა გაჩნდეს?

სხვებრ ღმერთსა ვთხოვ შენს ბედნიერებას. - ნუ დამივწყებ. - შენი მარადის ერთგული

თ. ნ. ბარათაშვილი

[პირველი გვერდის არშიაზე მიწერილია ნ. ბარათაშვილის ხელით]:

აი ამ ქართულს ლექსს** გიგზავნი მდაბიურულად დაწერილს, როგორღაც ფიქრში მამივიდა. - მე ვარ და ჩემი ნაბადი,9 იმის ხმაზედ. -

[მეოთხე გვერდის არშიაზე მიწერილია ნ. ბარათაშვილის ხელით]

არა, ის რა ფერი ლაქით დაგებეჭდა შენი წიგნი; იქნება ახლა მაგ ფერიც მოდა იყოს და, მოსწონდეს ვისმე? -

[წერილის მეორე გვერდის არშიაზე მიწერილია ლევან მელიქიშვილის ხელით]

უფალმა ნაჩალნიკმა 10 მოკითხვა შემოგითვალათ***

[წერილის მესამე გევრდის არშიაზე მიწერილია ლევან მელიქიშვილის ხელით]

ტატო დღე და ღამე იხვეწება, თუ ღმერთი გწამს გააშვებინე ქმარიო, მე, როგორც დამჯდარი კაცი, არა ვშვრები. -****

__________________

* დედანში: „არის“.

** იგულისხმება ლექსი „დამქროლა ქარმან სასტიკმან“.

*** ნაჩალნიკის სახელით ლ. მელიქიშვილი თავის თავს იგულისხმებს სახუმარო ტონით (იგი ნახიჩევანის მაზრის უფროსად იყო).

**** ლ, მელიქიშვილის შენიშვნა. გონჩა-ბეგუმს ეხება.

წერილი XIV

1. ტასო - მანანას ქალი, გაგარინისა. პოეტის საკედილის შემდეგ მას ან ინახებოდა. ნ. ბარათაშვილის ლექსები და „ბედი ქართლისა“.

2. „რაკი ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს აღარც ჩირად“ - ამოღებულია ვეფხის-ტყაოსნიდან.

3. ჯაფარა - მომღერალი ირანიდან, სათარას მეტოქე. ჯაფარა, ირანიდან მომავალი, ქ. ნახჭევანში ჩამოხდა ნ. ბარათაშვილის სადგომში. ბარათაშვილი დიდი მოტრფიალე იყო მუსიკისა და სიმღერისა.

4. სულეიმან-ხანი - შაქის უკანასკნელა ხანის სელიმ-ხანის ვაჟი, პოდ-პოლკოვნიკი თავრიზიდან მომავალ სულეიმან-ხანს ამალაში თან ახლდა ჯაფარა.

5. ნახეჩევანი (ნახჭევანი) - ძველი ქალაქი მდ. არაქსზე შემოუერთეს რუსეთს 1828 წელს,

6. ეი, მუსელმან ნამარი ხანჯალზანი! - ქართულად ეი, მუსლიმან, გულზე დამეცი ხანჯალი.

7. „ქაჩალი ძმა“ - იგულისხმება მიხაკო ორბელიანი (1817 - 1846), მაიკო ორბელიანის ძმა, პოეტის ნათესავი. მიხაკო პოეზიის მოყვარული იყო, თვით წერდა ლექსებს და ეპიგრამებს.

5. ივანე - ივანე კონსტანტინეს ძე ორბელიანი.

6. მე ვარ და ჩემი ნაბადი - ხალხური სიმღერა, პოპულარული ნ. ბართაშვილის დროს:

„მე ვარ და ჩემი ნაბადი,
გამთენებელი ღამისა,
მოვკვდები, ჯავრი ჩამყვება
სამი ლამაზი ქალისა,
ერთია მეტად ლამაზი,
მეორე ლერწამ ტანისა,
მესამე ისეთი არი -
დამყენებელი თვალისა!“

ბოლო ორი სტრიქონის ვარიანტი:

„მესამე კოცნას შემპირდა,
მე იმან გამახალისა!“

10, „უფალი ნაჩალნიკი“ - ასე უწოდებს ხუმრობით თავის თავს ლევან მელიქიშვილი, ნახჭევანის მაზრის უფროსი (1844 წ. ნოემბერი - 1845 წ. მარტი).

6.15 XV მაიკო ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


საყვარელო დაო, მაიკო! დიდად ვწუხვარ, რომ ვერ გამოიცან ჩვენი მოქმედება - მე კიდეც შევარიგე ცოლ-ქმარნი 1 და! კრიანოსნები ჯერ არ მამსვლია, და როცა მამივა, უთუოდ გამოგიგზავნი, თქმა აღარ მინდა - ჩვენი აქ ცხოვრება, სწორე გითხრა, ტანჯვისა და უსიამოენობის მეტი არა არის რა! ლევანიც 2 ავად გამიხდა და თავად ბლუ იყო, უფრო დაბლუვდა სიცხისაგან. რასაც ეს ნეიდგარდს სწყევლის, აქ გამოგზავნისათვის, არ ვიცი თუ რა მოუვიდეს. - ეს ერთი კაცი გვყვანდა პოლკოვნიკი ფორსტენი, 3 ეს წამოვიდა და შენი მტერი, რომ ჩვენ მარტო დავრჩით!

მაიკო, რაცა გაქვს სათქმელი, რატომ არა მწერ? სულ ერთია, თუ პირად გითქვამს და თუნდ წიგნში მოგიწერია; თუ შენი ამბავია, ხომ იცი შევინახავ საიდუმლოდ და თუ ჩემი კარგი ამბავია და რატომ არ მანუგეშებ ამ დაობლებულს გულზედ?

ვისაც ვახსოვდე, მამიკითხე, და ვისაც არა.. რაც მოუვიდეთ, მოუვიდეთ!

შენი მარადის უცვალებელი ძმა ტატო

წერილი XV

1. „ცოლქმარნი“ - იგულისხმება გონჩა-ბეგუმი თავისი ქმრით.

2. ლევან - ლევან მელიქიშვილი, ნახჭევანის მაზრის უფროსი, რომლის თანაშემწედ მაშინ, ბარათაშვილი ითვლებოდა.

3. პოლკოვნიკი ფორსტენი - შთამომავლობით შვედი, რუსის არმიის ოფიცერი, იმჟამად ქ. ნახჭევანის გარნიზონის საინსპექციოდ ჩასული.

6.16 XVI მაიკო ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


10-სა აგვისტოს, 1845, მურუტს1.

საყვარელო დაო, მაიკო! მართლა, თუ შენ თვითონ ავი ენა არა გაქვს, აბა რა მოგაგონდება ჩემგან ასეთი წყენა, რომ დასანახავად აღარ გინდივარ, ზედ გეტყობა, რომ სტყუი, თვარემ, თუ მართალი იყოს, შორიდგანაც არ გენდომები. - აი ახლაც მინდა ერთი მართალი სიტყვა ვსთქვა - და შენ კი მაშინვე გაჯავრდები; ჩემი რა ბრალია? აი, ახლა ვსთქვათ, ჩვენს ყმაწვილებს რომ ჯვრები მოუვიდათ, რამ დამავიწყა იმათი სახელი? მაგრამ შენ მოიგონე, რად მოუვიდათ?... აი, აკი გითხარ, გაჯავრდები მეთქი. არა შენ რა გაჯავრებს? ეგ სწორეთ იმასა ჰგავს, რომ კაცს ღვთისწყალობა უთხრან და გაჯავრდეს; შენ რა? აგრე გაწითლებაც იქნება, მანანას ეგონება, სიანჩხლით გაწითლდი, ივანე 2 კი ჩაიცინებს. აბა, ნახე, შენვე აძლევ მიზეზს და მე კი მაბრალებ, მე რა ვსთქვი? ჯვრები ტყუილად მიიღეს მეთქი იმათ... რამ დამავიწყა?... ოჰ, მამაგონდა, ილიამ, ალექსანდრე ერისთავმა და ლევანმა. ყველას მსარჩვლელი შენა ხარ! აბა ჩემზედ თქვას ვინმემ რამ ცუდი, თუ წამომესარჩლო?

კარგი, შევრიგდეთ! ხელთ-საქმეს თურმე მიკეთებთ, მაგრამ ვაი შენს მტერს, რაც თქვენ ვერა შეასრულოთ რა! (პატივისცემა კი არ გეგონოს მრავლობითად რომ გეუბნები) - რადგანაც ორნი მოსაქმენი ბრძანდებით, იმისთვის მოგახსენებთ. - მე კი არა გთხოვთ, და თუ გამომიგზავნით, ის მე ვიცი და ხელმწიფე იმპერატორმა, და თუ არა და ის თქვენ იცით და პაპუა ორჯონიკიძემ. 3

აბა რა გამოგიგზაენო! ბროწეული, ყურძენი, ატამი, ხოხობი, დურეჯი, ჯეირანი, აბრეშუმი, თუ სულ ყველა ერთად? აქაურ ფაბრიკებში და მაღაზიებში ამის მეტი არა არის რა. -

ახალ დანიშნულს, თუ პატარძალს, სოფიოს 4 მოახსენე, თუ შეგხვდეს, ჩემი ზონარი რა უყო, ქმარი 5 არას დაუშლის, მეორე სოფიოსაც უთხარ ჩქარა გამიკეთოს; ვინც მე ზონარს მამიქსოვს, აგრე ჩქარა გათხოვდება. - ნიკოლაი აღაპიჩი 6 და კატო 7 ქალაქშივე არიან, თუ წავიდნენ? - ამ თთვის გასულს მეც ვაპირებ ყაზახში წასვლას და თამართან შევალ დილიჯანში რამდენიმე დღე. - კარგად არ ვიცი, რომ დასევდიანებული იქნება.

კარგი, დავიღალე ამდენი ლაპარაკით, არა მცალიან, -

შენი მარადის ერთგული თუნდ ტატო და თუნდ ნიკოლოოზ

წერილი XVI

1. მურუტი - სოფელი კიროვაბადის რაიონში, 14 კილომეტრის დაშორებით მდ. განჯაზე, სოფ. ზურნაბადის მახლობლად. ბარათაშვილის დროს საგაარაკო ადგილი.

2. ივანე - ივანე დავითის ძე ორბელიანი (1825-1883), მანანას ვაჟი, უძახდნენ „მანანიჩს“. სამხედრო პირი, მსახურობდა დაღისტანში.

3. პაპუა ორჯონიკიძე - ღარიბი აზნაური, მაშინდელს არისტოკრატიულ წრეებში ყბადაღებული პიროვნება.

4. სოფიო - სოფიო შალვას ასული ერისთავი, ივანე დავითის ძე ორბელიანის მეუღლე, მანანას რძალი, „ჭკუიანი, განათლებული ქალი, ნაზი, დამატყვევებელი საუბრით იყო განთქმული. დიდი მცოდნე ლიტერატურულ და პოლიტიკურ საკითხებისა“, 1848 წ. გიორგი ერისთავმა უძღენა ლექსი „დიდხანს გიმზერდი“, მასზე არის ნათქვამი, „ისეთი აზიზი იყო, რომ მარაოს ნიავზე ცივდებოდაო“.

5. სოფიო - სოფიო თარხნიშვილი.

6. ნიკოლაი აღაპიჩი - ნ. ა.ივანოვი, სამხედრო-საინჟინრო უწყების ოფიცერი.

7. კატო - ეკატერინე იაკობ ორბელიანის ასული, ნ. ა. ივანოვის მეუღლე. პოეტის ახლო ნათესავი.

8. თამარი - იაკობ ორბელიანის ასული, კატოს და, ანდრია სენკოვსკის ცოლი (სენკოვსკი, სამხედრო-საინჟინრო უწყების გზათა და საჯარო შენობათა კორპუსის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, იმჟამად ცხოვრობდა დილიჯანში.

9. დილიჯანი - დაბა სომხეთში, სააგარაკო ადგილი. „დილიჯნის ხეობა -

ფართო, უსასრელო წალკოტია, რომელიც ახალისებს სულსა და გულს და რომლის ხშირი ტყეების ღრმა ყუდროვანი ჩრდილი იწვევს ოცნებასა და საამო გრძნობას“.

6.17 XVII ბაბალე საგინაშვილისადმი

▲ზევით დაბრუნება


23 აგვისტოს, მურუტი.

საყვარელო დაო ბაბალე! 1 შენ თვითონ მწერ, რომ ახლა ჩამოხველ ბორჯომიდან, და არ ვიცი, ვისთან მამეწერა აქამდისის წიგნი. ნუ ხარ ავყია, სულ მაგას გიშლი და არ იქნა, ვერ დაგაშლევინე. - აბა ვისთვის მომიწერია წიგნი, რაც წამოვსულვარ? თქვენმა მზემ, თქვენ რომ ნათესავები მყევხართ, განა არა, მოგაგონდებით, - მე მაგისთანა მოკლე წიგნებისა არა ვიცი რა; თუ მწერ, რაც იცი და არ იცი, სულ მამწერე; ხომ იცი, აქ ძნელად შევიტყობ მანდაურს ჭორებს - თუმცა შენ ჭორი არ გიყვარს, მაგრამ ჩემის გულისთვის, ვიცი, რომ გაიგონებ განგებ და მასიამოვნებ ამ უდაბურს ადგილს. -

მე აქაური რა მოგწერო? აქაური პირველი ფრანტისა ჯორაკის ქალი ბარბარე2 ბძანდება - ამით წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა; თუ ღმერთი არ შემეწია, გავსულელდები ამდენს თარაქამებში -

ახლა შენ იცი, როგორც წიგნებს და ამბებს არ დამაკლებ. მერმე მე ვიცი და მისს იმპერატორების დიდებულებამ. - ამ ოთხი დღის წინათ თამართას 3 ვიყავ დილიჯანში, პრინცს მოველოდი გატეხილს ხიდზედ, 4 აღარ მოვიდა და იქ შევბრუნდი. - გასულელებულა, სულ იცინის! მართლად ორი დღე ვიყავ, ძალიან მხიარულად გავატარეთ დრო. - ძალუა ნინო 5 მომიკითხე და უთხარ სენკოვსკი 6 უკეთ არის, -

ბატონ ძალუას ელისაბედს 7 მოკითხვას მოვახსენებ; შენმა მზემ, ბევრი რამ მაქვს მოსაწერი, მაგრამ ერთს სიტყვასაც არ მოვწერ, მინამ საკუთრად წიგნი არ მამივა ჭორაჭურაებით სავსე, -

შენს გაზდას, ბაბალე! ნინა ალექსანდროვნა 8 ჩემ მაგიერ მოიკითხე და ასე უთხარ: მატუროვის ცოლმა 9 მოგიკითხა თქო. - ჩვენი დროს გამტარებელი ეს არის. - მაგრამ ძნელი ეს არის, რომ ამისი ენა ჯერ არ მესმის. -

მაგ სულელ მაიკოს უთხარ, რა ხანია თავის წიგნის პასუხი გამოუგზავნე.

შენი მარადის თ. ნ. ბარა[თაშვილი]

წერილი XVII

1. ბაბალე - ბაბალე სამარაგდონ ორბელიანის ასული საგინაშვილი (1825-1870), პოეტის ნათესავი დედის მხრივ, 1839 წ. მისთხოვდა პოეტის მამიდაშვილს ალექსანდრე საგინაშვილს. ბაბალე ევროპულად განათლებელი ქალი ყოფილა, დაინტერესებული მწერლობით. სიკვდილის შემდეგ მასთან ინახებოდა ნ. ბარათაშვილის სურათი, ლექსები და მისი თარგმანი ლეიზევიცის ტრაგედიისა „იულიუს ტარენტელი”.

ბაბალე ორბელიანი იყო გატაცების საგანი პოეტს გიორგი ერისთავისა, რომელსაც მასზე „გამოუთქვამს“ „შეშლილი“. „ესე რომ იკითხოთ, სამარაგდონ ყაფლანის შვილის ქალზედ გახლავსთ... თვითონ. ჰყვარებია და დანიშნული ყოფილა“ (ცსსა, №134), „მშობელთა მიზეზით“ მათი შეერთება ჩაშლილა.

2. ჯორაკის ქალი ბარბარე (?)

3. თამარი - ორბელიანი-სენკოვსკაია (იხ. XVI წერილის მე-8 შენიშვნა.

4. „გატეხილი ხიდი“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ ხიდს სამხრეთი ქართლში მდინარე ხრამზე (ქციაზე), ხრამის მტკვართან შესართავის ზონაში (შემდეგ ამ ხიდს დაერქვა „წითელი ხიდი“).

პრინცი - ალექსანდრე ჰესენელი, დედოფლის ძმა. დარღოს ექსპედიციაში მონაწილეობის შემდეგ პრინცი ისვენებდა კავკასიის მინერალურ წყლებზე. აქედან გამოემგზავრა საქართველოში, საიდანაც ირანში აპირებდა წასვლას. თბილისიდან მას გზად უნდა გამოევლო „გატეხილ ხიდზე“, აქედან გაევლო დილიჯანზე და სომხეთის გზით ჩასულიყო ირანში.

რამდენადაც დილიჯანი ადმინისტრაციულად განჯის მხარეში შედიოდა, ნიკოლოზ ბარათაშვილი სამსახურის მოვალობისამებრ, უნდა შეხვედროდა პრინცს და გაეცილებინა იგი განჯის მხარეზე გავლისას.

ნიკოლოზ ბარათაშვილი განჯიდან ჩამოსულა ქვემო-ქართლში და „გატეხილ ხიდთან“ ელოდა პრინცს, მაგრამ პრინცი არ ჩამოსულა. ნ. ბარათაშვილი „გატეხილი ხიდიდან“ შებრუნებულა დილიჯანში და ორი დღე გაუტარებია თამარ ორბელიან-სენოკოვსკაიას ოჯახში.

5. ძალუა ნინო - მეუღლე იაკობ ორბელიანისა, თამარის დედა. პოეტის „საყვარელი ძალუა“.

6. სენკოვსკი - ანდრია სენკოვსკი (იხ. ზემოთ XVI წერილის მე-8 შენიშვნა).

7. ძალუა ელისაბედ - იაკობ ორბელიანის მეუღლე. 1857 წელს გრიგოლ ორბელიანი წერდა „ქვეყანამ იცის, ელისაბედ ჩემი ძალუა არის, საკუთარი სიყრმითგანვე, თუმცა აქამდის ცოლი არ შემრთო, მაგრამ მაინც კიდევ სიყვარულით მოვიკითხავ“ (წერილები, 2, 186). ხოლო ელისაბედის გარდაცვალებაზე (1857 წ.) იგივე გრ. ორბელიანი იწერებოდა „სოსიკომ მომწერა გარდაცვალება ძალუა ელისაბედისა - სწორედ მოგახსენო, დიდათ ვსწუხვარ, დიდათ შემაწუხა ამ ამბავმა: ორივე პატარები ვიყავით, ერთმანეთის ტოლები, როდესაც შემოვიდა ეგე ჩვენს ოჯახში და მას აქეთ ჩემი და ჩემის ძმებისა იყო საკუთარი ძალუა, თითქმის ყოველ დღე ვიყავით ერთად და საწყალ დედას ჩემსას შვილსავით უყვარდა ელისაბედ (იქვე. 191).

8. ნინა ალექსადროვნა - ნინო ჭავჭავაძე, ა. გრიბოედოეის მეუღლე.

9. მატუროვის ცოლი - (მის გვარს ზოგი კითხულობს როგორც „მატუზოვი“) - ვინაობა გამოურკვეველია, საფიქრებელია, რომ იგი სომხის ქალი იყო. ქართული და რუსული მას კარგად არ სცოდნია.

10. მაიკო - ორბელიანი. პოეტი გულისხმობს 10 აგვისტოს წერილს მაიკოსადმი (წერილი XVI).

6.18 XVIII ალექსანდრე საგინაშვილისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძმაო ალექსანდრე! 1 რომ მემდური, არ ვიცი. კი, აქ რა არის, რა მოგწერო; შენ უნდა მომწერო წიგნი, რომ ტფილისი გატენილია ამბებით. - მამუკა აქ არ იყო, და ჩქარა ნახავ შენ თითონ ქალაქში - რასაკვირველია, რომ შენ მაიორობა არ მოგივა: ყოველ წელიწადს ბორჯომში შეექცევი, ცივსა ნიავს არ მიიდენ! - მე რომ ბაბალესი ვიყო, ძალად გაგაგდებ დაღისტანში! საწყალს მაიორშობა არ ეღირსა, არ იქნა. - ქალაქიდან განჯა ორასი ვერსია, თუნდ გაჯავრდეთ, რას შეგეპუებით.

მაგრამ ტყუილად ვხუმრობ; Скучно, грустно*.2

შენი მარადის თ. ნ. ბარათაშვილი

_______________

* სიტყვები მ. ლერმონტოვის ლექსიდან.

წერილი XVIII

1. ალექსანდრე - ა. საგინაშვილი, კაპიტანი, ბაბალე საგინაშვილის მეუღლე (შემდეგში გენერალი, ილია ჭავჭავაძის დის ქმარი), პოეტის მამიდაშვილი.

2. სიტყვები მ. ლერმონტოვის ლექსიდან.

გიორგი ლეონიძე

7 ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერებთან

▲ზევით დაბრუნება


***

ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფული ხელნაწერები დაწვრილებითს მეცნიერულ შესწავლას მოითხოვს.

დიდი მგოსნის ხელით დაწერილი ეს ფურცლები არის არა მხოლოდ რელიქვია, ძვირფასი სახსოვარი ჩვენი პოეტისა, არამედ ეს ხელნაწერები წარმოადგენენ ერთადერთ წყაროს ჩვენი დიდი პოეტის ლიტერატურული მემკვიდრეობის აღსადგენად.

მკითხველს მოეხსენება, რომ ბარათაშვილის ნაწერებს არ ღირსებია დაბეჭდვა მის სიცოცხლეში.

ბარათაშვილის შთაგონება გადაეცა ქართველ ხალხს არა ბეჭდვითი სიტყვით, არამედ უშუალოდ პოეტის ხელით დაწერილი ამ ფურცლებით.

მეტად მძიმე ისტორიულ ხანაში მოუხდა მოღვაწეობა ნიკოლოზ ბარათაშვილს. მას შემდეგ, რაც 1832 წელს დამარცხდა „მამულის გამოხსნის შეთქმა“, საქართველოდან გადაასახლეს ქართველ მოღვაწეთა მთელი დასი, ყველა საჩინო წარმომადგენელი ქართული მწერლობისა. ცარიზმის სატრაპებმა ჩვენს ქვეყანაში უმკაცრესი ცენზურული რეჟიმი დაამყარეს. საქართველოში თითქმის შეწყდა ქართული წიგნების ბეჭდვა. შეწყდა არსებობა ქართული პრესისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოლომონ დოდაშვილი (მეთაური 1832 წლის შეთქმულობისა, რომელიც ასევე გადაასახლეს, იგი გადასახლებაში დაიღუპა კიდეც).

აი ამ ხანაში იწყებს მოღვაწეობას ნიკოლოზ ბარათაშვილი. ბარათაშვილის ნაწერები ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მან დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება პოვა თვით პოეტის სიცოცხლეშივე, - ბარათაშვილის შემოქმედება ეს იყო სინათლის ნიშან-სვეტი ეპოქისა.

უფრო გვიანაც, მას შემდეგ, რაც უდროოდ გარდაიცვალა ჩვენი დიდი მგოსანი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელით დაწერილ ამავე ფურცლებიდან ეზიარა ბარათაშვილის შთაგონებას დიდი მოძმე და მემკვიდრე ბარათაშვილისა ილია ჭავჭავაძე.

ჩვენ აქ გავეცნობით ბარათაშვილის ამ ხელნაწერებს. ბარათაშვილის ავტოგრაფები, როგორც აღვნიშნეთ, ერთადერთი წყაროა ჩვენი დიდი პოეტის თხზულებათა ტექსტის დასადგენად: ხოლო ამავე დროს ავტოგრაფების შესწავლა შუქსა ჰფენს ბარათაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებულ მთელ რიგს მნიშვნელოვან ისტორიულ-ლიტერატურულ საკითხებს.

7.1 I ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფული ხელნაწერების მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთა ავტოგრაფული ხელნაწერები ორ ჯგუფად განიყოფება

ა. ცალკეულ ლექსთა ავტოგრაფები.

ბ. ნ. ბარათაშვილის თხზულებათა კრებულები (ლექსები და პოემა). ეს კრებულები წარმოადგენენ საზოგადოებაში გასავრცელებლად დანიშნულს ხელნაწერ გამოცემებს.

ჩვენ შემთხვევით არ ვხმარობთ ამ გამოთქმას - ხელნაწერი გამოცემები. ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა დასახელებული კრებულები, რომელთაც ჩვენ ხელნაწერ გამოცემებს ვუწოდებთ, წარმოადგენენ არა უბრალო შემთხვევით კრებას ავტოგრაფებისას, არამედ წიგნს ( = ხელნაწერ წიგნებს), სადაც გარკვეული წესით, ქრონოლოგიის მიდევნებით, დალაგებულია პოეტის ლიტერატურული მემკვიდრეობა. ეს ხელნაწერი გამოცემები იმ ვითარებაში, რომელშიაც მოუხდა მოღვაწეობა ნ. ბარათაშვილს, ბეჭდვითი გამოცემის მაგიერობას ასრულებდნენ. პოეტის ავტოგრაფული გამოცემებიდან მზადდებოდა პირები, რომლებიც ვრცელდებოდა საზოგადოებაში.

სულ ჩვენ დრომდე მოღწეულა ტექსტი ექვსი ავტოგრაფული გამოცემისა, რომლებიც დაუმზადებია პოეტს სხვადასხვა დროს 1841-1843 წლების მანძილზე.

აღვნიშნავთ ამთავითვე, რომ ეს მეორე ჯგუფი ავტოგრაფებისა - ხელნაწერი გამოცემები - მთავარი წყაროა ჩვენი პოეტის კანონიკური ტექსტის დასადგენად.

ჩვენ აქ ცალცალკე შევეხებით ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფების ამ ორ ჯგუფს. პირველად შევჩერდებით ნიკოლოზ ბარათაშვილის ცალკეულ ლექსთა ავტოგრაფებზე.

***

ნიკოლოზ ბარათაშვილის
ცალკეულ ლექსთა ავტოგრაფები

ნიკოლოზ ბარათაშვილის ცალკეულ ლექსთა ავტოგრაფები შემდეგია:

მო = მაიკო ორბელიანისეული კოლექცია - 5 ლექსი.

გო = გრიგოლ ორბელიანისეული კოლექცია - 5 ლექსი.

სდ = ეკატერინე ჭავჭავაძის (სამეგრელოს დედოფლის) კოლექცია - 2 ლექსი.

*

1. მო = მაიკო ორბელიანისეული კოლექცია

ლექსები, რომლებზედაც აქ გვაქეს საუბარი, მგოსანს სხვადასხვა დროს გადაუცია, ან წერილთან ერთად გაუგზავნია მაიკო ორბელიანისათვის. როგორც მოვიხსენეთ, ამ კოლექციაში ხუთი ლექსია, ესენია:

1. „სატრფოვ, მახსოვს“ (1840 წ.);

2. „არ უკიჟინო“ (1841 წ.);

3. „ვპოვე ტაძარი“ (1841 წ.);

4. „ქილის ყვავილი და მწირი“ (პირველი ვარიანტი ლექსისა „სუმბული და მწირი“) 1842 წ.;

5. „დამქროლა ქარმან“ (1845 წ.).

ეს კოლექცია ლექსებისა (აგრეთვე ხუთი წერილი ნ. ბარათაშვილისა მაიკოსადმი) მაიკოს უდროოდ გარდაცვალების შემდეგ დაუცავს ილია ჭავჭავაძის დას ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილისას და შეუწირავს 1893 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის.

დედნები ამჟამად დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში (S - 2484).

2. გო = გრიგოლ ორბელიანისეული კოლექცია

სულ ხუთი ლექსია. მგოსანს ისინი ჩაუწერია წერილებში, რომლებიც სხვადასხვა დროს გაუგზავნია გრიგოლ ორბელიანისათვის. ეს ლექსებია:

1. ა. „ძია გ(რიგოლი)სთან“ [მიძღვნა], ბ. „ღამე ყაბახზედ“ (1836 წ.) - ჩაწერილია წერილში 1837 წლის თებერვლის თარიღით.

2. „ვპოვე ტაძარი“ (1941 წ.) - ჩაწერილია წერილში 1842 წლის 18 ოქტომბრისა.

3. „მირბის, მიმაფრენს“ (1842 წ.) - ჩაწერილია წერილში 1842 წლის 2 მაისისა. 4. „საფლავი ივერიისა“ (პირველი ვარიანტი ლექსისა: „საფლავი მეფის ირაკლისა“) 1842 წ. - ჩაწერილია 1842 წლის წერილში.

5. „სულო ბოროტო“ (1843 წ.). - ჩაწერილია წერილში 1843 წლის 21 აგვისტოსი.

ტექსტები და ვარიანტული წაკითხვები ამ ლექსებისა ავტოგრაფების მიხედვით პირველად გამოაქვეყნეს:

1. იონა მეუნარგიამ 1884 წელს (გაზეთ „დროებაში“, № 114: 1-ა, „ძია გრიგოლისთან“, 1-ბ „ღამე ყაბახზედ“);

2. ექვთიმე თაყაიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა 1895 წელს (ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა მეხუთე გამოცემა; ლექსები 2 - 5).

სად ინახება ამჟამად თვით ავტოგრაფული დედნები, სამწუხაროდ, უცნობია. ვიდრე დედნები აღმოჩნდებოდეს, პირველი პუბლიკაცია ი. მეუნარგიასი, ე. თაყაიშვილისა და დ. კარიჭაშვილისა ავტოგრაფების მაგიერობას ასრულებს.

*

3. სდ = ეკატერინე ჭავჭავაძის (სამეგრელოს დედოფლის) კოლექცია

ორი ლექსი, მიძღვნილი მგოსნის მიერ ეკატერინესათვის:

1. „როს ბედნიერ ვარ“ (1841 წ.).

2. „ცისა ფერს“ (1841 წ.).

ამ ლექსების ტექსტი, ავტოგრაფების მიხედვით, პირველად გამოაქვეყნა იონა მეუნარგიამ ილიას ჟურნალ „ივერიაში“ 1882 წელს (№ IV-V).

ავტოგრაფულ დედანთა შესახებ იონა მეუნარგია შემდეგს გადმოგვცემს: „ეს ორი ლექსი („როს ბედნიერ ვარ“ და „ცისა ფერს“) ბარათაშვილის ხელით არის დაწერილი 14 ფურცელ ქაღალდზე. მისგან ხელმოწერილი არ არის. სინამდვილეს, ხელს გარდა, თვითონ დედოფალიც ამტკიცებს“ (იგულისხმება სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე).

სად ინახება ამჟამად დედნები ამ ორი ლექსისა - უცნობია. საფიქრებელია, რომ ისინი დაცულია ეკატერინეს ასულის სალომე დადიანის (მიურატის) არქივში. სალომე დადიანი დიდი თაყვანისმცემელი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიისა (იხ. ზემოთ, შესავალი წერილი გვ. 57), და ძნელი საფიქრებელია, რომ ბარათაშვილის ლექსები მის ოჯახში დაკარგულიყო.

ვიდრე დედნები აღმოჩნდებოდეს, იონა მეუნარგიას პუბლიკაცია დედნების მაგიერობას ასრულებს.

*

4. მთ. = მიხეილ თუმანიშვილის არქივში შენახული ავტოგრაფი ლექსისა „ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა“ (1844 წ.).

ავტოგრაფი ამჟამად დაცულია საქართველოს ლიტერატურულ მუზეუმში (№ 16398).

***

ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა
ხელნაწერი გამოცემები

რომ გავეცნოთ ამის შემდეგ ავტოგრაფების მთავარ ჯგუფს, ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა ხელნაწერ გამოცემებს, რომლებიც საზოგადოებაში გასავრცელებლად იყო დანიშნული.

*

I = პირველი ხელნაწერი გამოცემა 1841 წლისა

(მაიკო ორბელიანისეული კრებული)

ხელნაწერს წინ უძღვის ავტორისეული წარწერა-მიძღვნა მაიკო ორბელიანისადმი (ფ. 1-v).

„დაო მაიკო! ეს ლექსები იქონიე ჩემეულად. ვიცი, რომ წარმკითხველი მათი მოიგონებ ბევრთა საამოთა დღეთა ყრმაწვილობისათა და შემიბრალებ შენსა ყარიბსა ძმასა.

„თ-ი ნ. ბარათაშვილი “

ხელნაწერი გადაწერილია 1841 წელს. წიგნის პირველ გვერდზე ავტორისეული წარწერაა: „1841 წ. ტფილისი“.

შესაძლო ხდება თარიღის უფრო დაზუსტება: კრებული, როგორც ირკვევა, გადაწერილია 1841 წლის დასაწყისში. კრებულში არაა შეტანილი არც ერთი ლექსი 1841 წლისა. კრებულის გადაწერის შემდეგ მგოსანს დამატებით გაუგზავნია მაიკოსათვის 1841 წლის ზოგი ლექსი, მათ შორის პირველი ლექსი 1841 წლისა „არ უკიჟინო“ (რომელიც დაცულია მაიკო ორბელიანის ზემოთ მოხსენებულ ცალკეულ ლექსთა კოლექციაში).

ბარათაშვილის ლექსების ამ ხელნაწერ გამოცემაში შეტანილია 13 ლექსი შემდეგი წლებისა, შემდეგის თანრიგით:

ბულბული ვარდზედ (1833); ქეთევან (1835); ძია გ...სთან (მიძღვნა), ღამე ყაბახზედ (1836); შემოღამება მთაწმიდაზედ (1836); ფიქრნი მტკვრის პირას (1837); ნაპოლეონ (1838); ჩემს ვარსკვლავს (1837); ჩონგურს (1837); საყურე (1839); ჩჩვილი (1839); [სული ობოლი (1839); „სატრფოვ, მახსოვს“ (1840);]1 ჩემი ლოცვა (1840).

აქ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ გამოცემა არ წარმოადგენს სრულ კრებულს. კრებული, როგორც მოვიხსენეთ, გადაწერილია 1841 წელს, ხოლო აქ არაა შეტანილი მთელი რიგი ლექსები 1836-1840 წლებისა, სახელდობრ: ხმა იდუმალი (1836); ჭავჭავაძის ასულს ეკატერინას (1839); (ეკატერი)ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი (1839); „აღმოხდა მნათი“ (1840). ამრიგად, 1841 წელზე ადრინდელი ლექსებიდან, რომლებზედაც მოგვეპოვება ცნობა, აქ აკლია 4 ლექსი (მათ შორის ბოლო სამი ეკატერინესადმი არის მიძღვნილი); აკლია აგრეთვე მიხ. თუმანიშვილის წერილში მოხსენებული ბარათაშვილის ლექსი „ასტრა“, რომელიც 1838 წელს იყო დაწერილი.

კრებული ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში (S - 2701).

*

II = მეორე ხელნაწერი გამოცემა 1841 წლისა

(ეკატერინე ჭავჭავაძისეული პირველი კრებული)

1882 წელს, ეკატერინე ჭავჭავაძის (სამეგრელოს დედოფლის) სიცოცხლეში, იონა მეუნარგიამ გასინჯა გორდში (ეკატერინეს ოჯახში) ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთა კრებული 1841 წლისა. ეს არის პირველი კრებული, მიძღვნილი მგოსნის მიერ ეკატერინესადმი (აღვნიშნავთ აქვე, რომ არსებობს ამას გარდა მეორე ავტოგრაფული ხელნაწერი გამოცემა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა, გადაწერილი უფრო გვიან, 1843 წელს, რომელსაც ქვემოთ ვეხებით).

1841 წლის ამ პირველი კრებულიდან იონა მეუნარგიამ გამოაქვეყნა 1882 წელს ილია ჭავჭავაძის ჟურნალ „ივერიაში“ (№ IV-V) ლექსები, რომლებიც მანამდე ბეჭდვით გამოცემებში არ იყო შესული; ეს ლექსებია:

1. ა. ძია გ(რიგოლი)სთან [მიძღვნა]; ბ. ღამე ყაბახზედ (1836); 2. (ეკატერი)ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი (1839).

იონა მეუნარგია გადმოგვცემს მის მიერ გამოქვეყნებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების გამო, რომ ისინი „არის დაწერილი ბარათაშვილის ხელით მის ლექსთა კრებაში, ერთს პატარა რვეულში, ფერად ქაღალდზე. რვეული არის დაწერილი 1841 წელს“.

სამწუხაროდ, იონა მეუნარგია არ იძლევა კრებულის დაწვრილებითს აღწერილობას, კრებულში შემავალი ლექსების სრულ ნუსხას, იგი ამ უცნობი ლექსების გამოქვეყნებით კმაყოფილდება.

ამრიგად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთა ეს კრებული, იონა მეუნარგიას უწყების თანახმად, გადაწერილი ყოფილა 1841 წელს, ე.ი. იმავე წელს, რა დროსაც ეკუთვნის ბარათაშვილის ლექსთა ზემოთ განხილული კრებული - მაიკო ორბელიანისეული.

მოცულობის მიხედვით ისინი, როგორც ირკვევა, არ ფარავდნენ ერთმანეთს. მაიკო ორბელიანისეულ კრებულში არაა შეტანილი ლექსი „(ეკატერი)ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“ (აღვნიშნავთ ამასთან, რომ ეს ლექსი არაა შეტანილი აგრეთვე არც სხვა ხელნაწერ კრებულებში).

სად ინახება ამჟამად ეკატერინე ჭავჭავაძისეული ეს კრებული 1841 წლისა, უცნობია. საფიქრებელია, რომ ეს კრებული (ორ ლექსთან ერთად - „ცისა ფერს“ და „როს ბედნიერ ვარ“) დაცულია ეკატერინეს ასულის სალომე დადიანის (მიურატის) არქივში (იხ. ზემოთ, გვ. 154-155).

ვიდრე დედნები აღმოჩნდებოდეს, იონა მეუნარგიას პუბლიკაცია ავტოგრაფის მაგიერობას ასრულებს.

III = მესამე ხელნაწერი გამოცემა 1842 წლისა

(მგოსნის ეგზემპლარი)

კრებულში შეტანილია 21 ლექსი 1833-1842 წლებისა, სახელდობრ შემდეგი ლექსები, შემდეგის თანრიგით:

ბულბული ვარდზედ (1833); ქეთევან (1835); ჴმა იდუმალი (1836); შემოღამება მთაწმიდაზედ (1836); ფიქრნი მტკვრის პირას (1837); ჩემს ვარსკვლავს (1837 წ.); ჩჩვილი (1839); სული ობოლი (1839); „სატრფოვ, მახსოვს“ (1840); ჩონგურს (1837); თავადის ჭავ...ის ასულს ეკა... ნას (1839); საყურე (1839); ნაპოლეონ (1838); ჩემი ლოცვა (1840); ჩემი მეგობართ (ორი ვარიანტით; 1841); „აღმოჰხდა მნათი“ (1840); „არ უკიჟინო“ (1841); „ვჰპოვე ტაძარი“ (1841); ქილის ყვავილი და მწირი (= სუმბული და მწირი, 1842); თავგანწირული მხედარი ( = „მირბის, მიმაფრენს“, 1842); „რად ჰყვედრი კაცსა“ (1842).

კრებული გადაწერილია 1842 წლის მაის-ივნისში. აქ არის შესული 1842 წლის პირველი ნახევრის ლექსები (ბოლო სამი ლექსი; მათ შორის ლექსს „თავგანწირული მხედარი“ ხელნაწერში მოწერილი აქვს თარიღი: „9 მაისი, 1842); ხოლო არაა შესული 1842 წლის მეორე ნახევარში დაწერილი ლექსები (იხ. კრებულები IV, V, VI).

პოეტს კრებული სამუშაო ეგზემპლარად უქცევია, ზოგიერთ ლექსებზე 1842 წელს ჩაუტარებია ახალი სარედაქციო მუშაობა. ამდენად ეს კრებული 1842 წლისა არსებული სახით წარმოადგენს ბარათაშვილის ლექსთა არა „საგარეო“ გამოცემას, არამედ მომავალი „საგარეო“ გამოცემის საფუძველს.

კრებული დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში (H - 1115).

III/IV = დანართი მესამე ხელნაწერი გამოცემისა

ზემოთ განხილული მესამე ხელნაწერი გამოცემისათვის, რომელიც 1842 წელს ეკუთვნის, ნ. ბარათაშვილს, უფრო გვიან, 1843 წლის ბოლოს, დაურთავს თავში ერთი რვეული (8 გვერდიანი). ამ დამატებული რვეულის მე-2 გვერდზე ნ. ბარათაშვილს ჩაუწერია სია 27 ლექსისა.

III გამოცემის ტექსტთან შედარებით სიაში ზედმეტია 5 ლექსი, რომლებიც ეკუთვნის 1842 წლის მეორე ნახევარს და 1843 წელს (ამ ხუთი ლექსიდან უკანასკნელი - „შევიშრობ ცრემლსა“ - ეკუთვნის 1843 წლის ბოლო მეოთხედს). აღსანიშნავია ამასთან, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სათაურები ლექსებისა 27 ლექსის სიაში განსხვავდება რედაქციულად III გამოცემის სათაურებიდან.

რა დროს ეკუთვნის ეს სია, რომელ ხელნაწერ გამოცემას უდგება იგი?

შედარებიდან ირკვევა, რომ სია ამ 27 ლექსისა უდგება ნ. ბარათაშვილის თხზულებათა VI გამოცემას, რომელიც 1843 წლის ბოლო მეოთხედში იქნა დამზადებული (იხ. ქვემოთ); VI გამოცემა შეიცავს იმავე 27 ლექსს, ძირითადში იმავე თანრიგით (აგრეთვე სათაურების რედაქციით)*. ამრიგად, ამ სიაში ჩვენ გვაქვს VI გამოცემის დუბლი, - ან მისი პირველი მონახაზი, ან შემდგომი პარალელი.

ამას გარდა აღსანიშნავია აგრეთვე შემდეგი. ამ დანართი რვეულის მე-6 გვერდზე ჩაწერილია ორი ტაეპი ლექსისა, უსათაუროდ:

„მოახლოებულ არს აღსასრული შენი, კავკასო,
თვალხარბო გმირო, გულუმაძღროვ, ბერო კაპასო!“

ეს ნაწყვეტი წარმოადგენს პირველ ჩანაფიქრს ლექსისა „ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა“, რომელიც პოეტმა ვრცელი მოდის სახით დაწერა (სხვა მეტრით, შაირის საზომით) **.

___________

* 27 ლექსის სიასა და VI გამოცემის ტექსტს შორის მხოლოდ ერთი სხვაობაა. ლექსების თანრიგში, - შენაცვლებულია რიგი მე-7 და მე-8 ლექსისა:

VI გამოცემა:

27 ლექსის სია:

7. „თავადის ჭავ...ის ასულს ეკა...ნას“.

7. წინათ დაუწერია „ეკატერინას“, შემდეგ წაუშლია და დაუწერია „ჩემს ვარსკვლავს“.

8. „ჩემს ვარსკვლავს“

8. „ეკატერინას“

ამას გარდა მცირეოდენი სხვაობაა ლექსების დასათაურებაში:

VI გამოცემა:

27 ლექსის სია:

1. „ბულბული ვარდზედ

1. „ბულბული და ვარდი“

6. „ჩონგურს“

6. „ჩონგური“

7. „თავადის ჭავ...ის ასულს ეკა...ნას“.

7-8. „ეკატერინას“

** ექვთიმე თაყაიშვილი ხელწერის აღწერილობაში გადმოგვცემს ამას გარდა, რომ დამატებული რვეულის 3, 4, 5, 7 და 8 გვერდებზე. „რაღაც ყოფილა დაწებებული, რომელიც შემდეგ მოუცილებიათ“ (ნ. ბარათაშვილის თხზულებათა 1922 წლის გამოცემა, გვ. 121).

ეს დაუწერელი ფურცლები ხელნაწერისა („რომლებზედაც რაღაც ყოფილადაწებებული“) ამჟამად ხელაწერში აღარ მოიპოვება, - ხელნაწერის რესტავრაციის დროს ეს ფურცლები ამოუღიათ.

*

IV, IV - ა = მეოთხე ხელნაწერი გამოცემა 1843 წლისა (ა)

ორ წიგნად: IV - „ლექსნი “; IV - ა - „ბედი ქართლისა“

(ეკატერინე ჭავჭავაძისეული მეორე კრებული)

კრებული, რომლის ორი წიგნი („ლექსნი “, „ბედი ქართლისა “) ერთდროულად არის გადაწერილი, 1843 წელს ეკუთვნის. კრებულის პირველი წიგნის სატიტულო ფურცელზე ავტორის მიერ წარწერილია თარიღი: 1843.

შესაძლო ხდება თარიღის დაზუსტება. კრებული, როგორც ირკვევა, გადაწერილია 1843 წლის მეორე ნახევარში, აგვისტო-სექტემბერში (კრებულში შეტანილია ლექსი „სულო ბოროტო“, რომელიც 1843 წლის აგვისტოშია დაწერილი; ამავე დროს ეს მეოთხე კრებული შედგენილობისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით წინ უსწრებს V და VI კრებულებს, რომლებიც 1843 წლის ბოლო პერიოდს ეკუთვნის).

პირველი წიგნი კრებულისა შეიცავს 25 ლექსს შემდეგი წლებისა და შემდეგის თანრიგით:

ბულბული ვარდზედ (1833); ქეთევან (1835); შემოღამება მთაწმიდაზედ (1836); ჴმა იდუმალი (1836); ფიქრნი მტკვრის პირას (1837); ჩონგურს (1837); თავადის ჭ...ძის ასულს ეკ...ნას (1839); ჩემს ვარსკვლავს (1837); ნაპოლეონ (1838); საყურე (1839); ჩჩვილი (1839); სული ობოლი (1839); „სატრფოვ, მახსოვს“ (1840); ჩემი ლოცვა (1840); ჩემთ მეგობართ (1841); „აღმოჰხდა მნათი“ (1840); „არ უკიჟინო“ (1841); „ვჰპოვე ტაძარი“ (1841); „მიყვარს თვალები“ (1842); სუმბული და მწირი (1842); „შენნი დალალნი“ (1842); „რად ჰყვედრი კაცსა“ (1842); „მირბის, მიმაფრენს (1842); საფლავი მეფის ირაკლისა (1842); კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ (1842); „სულო ბოროტო“ (1843).

მგოსანს თხზულებათა ეს კრებული (ორი წიგნი) მიურთმევია ეკატერინე ჭავჭავაძისათვის 1843 წელს (იხ. ზემოთ, გვ. 83).

აქ შევჩერდებით აგრეთვე ამ ხელნაწერის შემდგომ ისტორიაზე. როგორც მოხსენებული გვქონდა, ეკატერინე 1857 წლიდან გადასახლდა პეტერბურგში (მთავრობის წინადადებით; ეს იყო საპატიო გადასახლება ოდიშის დედოფლისა).

ეკატერინეს, რომელიც თაყვანს სცემდა ბარათაშვილის პოეზიას, თან წაუღია რუსეთში ეს კრებული 1843 წლისა, ორივე წიგნი.***

აი ამ კრებულიდან გაეცნო ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ ბარათაშვილის დიდ პოეზიას ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახში 1858 წლის ზაფხულში.

ამ ღირსსახსოვარი ამბავის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი სხვა ადგილას (იხ. გვ. 85 - 87) და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

შემდგომი ისტორია კრებულისა ასეთია.

კრებული, რომელიც ეკატერინეს პეტერბურგის ბინაში ჰქონდა დატოვებული, შემდეგ დაიკარგა, ეკატერინე ამას მწუხარებით განიცდიდა.

უფრო გვიან, ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ, 1837 წელს, კრებული (ორივე წიგნი) შემთხვევით აღმოაჩინა პეტერბურგში ბუკინისტთან და შეიძინა ე. თაყაიშვილმა. კრებული ე. თაყაიშვილმა შესწირა ქართველთა შორის წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს.

მეოთხე გამოცემის ორივე წიგნი („ლექსნი “, „ბედი ქართლისა“) ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში (S - 2516, S - 2517).

_______________

*** პირველი კრებული, 1841 წლისა ეკატერინეს თავის ოჯახში, ოდიშში დაუტოვებია.

*

V. V - ა = მეხუთე ხელნაწერი გამოცემა 1843 წლისა (ბ)

ორ წიგნად: V = „ლექსნი“; V-ა „ბედი ქართლისა “

(გრიგოლ ორბელიანისეული)

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების მეხუთე ხელნაწერი გამოცემა, - კრებული ორ წიგნად, რომელიც მგოსანს გრიგოლ ორბელიანისთვის მიურთმევია, დაედო საფუძვლად ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველ ბეჭდვით გამოცემას, რომელიც 1876 წელს გამოვიდა პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით.

თუ სად ინახება ამჟამად გრიგოლ ორბელიანისეული დედანი უცნობია. აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ რამდენადაც პეტრე უმიკაშვილის სარედაქციო მუშაობას ყოველთვის დიდი სიზუსტე ახასიათებდა, 1876 წლის გამოცემას, ვიდრე დედანი აღმოჩნდებოდეს, სანდო პირველ-დოკუმენტის მნიშვნელობა ენიჭება. რედაქტორის ცნობის თანახმად ამ გამოცემაში - „ნიშნები ისეა ხმარებული, როგორც დედანში, მართლწერაც დედნისა შეუცვლელია“.

1876 წლის ბეჭდვითი გამოცემა შეიცავს 30 ლექსს და პოემას „ბედი ქართლისა“. გამოცემის სარედაქციო უწყებაში (წინასიტყვაობაში) აღნიშნულია, რომ ამ გამოცემაში 26 ლექსი და პოემა „ბედი ქართლისა“ გადმობეჭდილია გრიგოლ ორბელიანისეული კრებულიდან, ხოლო „ოთხი ბოლოს მოქცეული ლექსი სხვა ხელნაწერებში ვიპოვეთო“, - აღნიშნავს რედაქტორი.

გრიგოლ ორბელიანისეული კრებულიდან მომდინარე 26 ლექსი შემდეგია, შემდეგ წლებს ეკუთვნის და დალაგებულია ისინი შემდეგი თანამიმდევრობით:

ბულბული ვარდზედ (1833); ქეთევან (1835); შემოღამება მთაწმიდაზედ (1836); ჴმა იდუმალი (1836); ფიქრნი მტკვრის პირზედ (1837); ჩონგურს (1837); თავადის ჭავ ... ის ასულს ეკ... ნას (1839); ჩემს ვარსკვლავს (1837); ნაპოლეონ (1838); საყურე (1839); ჩჩვილი (1839); სული ობოლი (1839); „სატრფოვ, მახსოვს“ (1840); ჩემი ლოცვა (1840); ჩემთ მეგობართ (1841); „აღმოჰხდა მნათი“ (1840); „არ უკიჟინო“ (1841); „ვპოვე ტაძარი“ (1841); სუმბული და მწირი (1842); „მირბის, მიმაფრენს“ (1842); „რად ჰყვედრი კაცსა“ (1842), საფლავი მეფის ირაკლისა (1842); „მიყვარს თვალები“ (1842); „შენნი დალალნი“ (1842); კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ (1842); „სულო ბოროტო“ (1843).

ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა ეს კრებული (ლექსები და „ბედი ქართლისა “) გადაწერილი ყოფილა 1843 წლის მეორე ნახევარში, არაუადრეს სექტემბრისა. ყველა მაჩვენებლის მიხედვით, იგი გადაწერილია ბარათაშვილის თხზულებათა ზემოთ განხილულ მეოთხე ხელნაწერი გამოცემის შემდეგ. ეს დასტურდება, ჯერ ერთი, იმის მიხედვით, რომ პოემის „ბედი ქართლისა“-ს ტექსტს ამ კრებულში მნიშვნელოვანი რედაქციული გადამუშავება განუცდია მეოთხე გამოცემასთან შედარებით. პოემის ამ გადამუშავებულ ტექსტს ნ. ბარათაშვილი ამის შემდეგ კანონიზაციას აძლევს და უცვლელად იმეორებს მომდევნო მეექვსე ხელნაწერ გამოცემაში.

აღსანიშნავია ამას გარდა, რომ ეს კრებული, მეხუთე ხელნაწერი გამოცემა, ბოლო პერიოდის (1842-1843 წლების) ლექსების თანრიგის მიხედვითაც უდგება მომდევნო მეექვსე გამოცემას, და არა ადრინდელ მეოთხე გამოცემას.

VI, VI-ა = მეექვსე ხელნაწერი გამოცემა 1843 წლისა

ორ წიგნად: VI „ლექსნი“; VI-ა გედი ქართლისა

(მგოსნის პირადი ეგზემპლარი)

მგოსნის ეს პირადი ავტოგრაფული კრებული (შემდგარი ორი წიგნისაგან: 1. „ლექსნი“; 2. „ბედი ქართლისა“) შემდეგ პოეტის დას ბარბარე ვეზირიშვილს ეკუთვნოდა (საიდანაც მომდინარეობს ამ ავტოგრაფული კრებულის გავრცელებული სახელწოდება - „ვეზირიშვილისეული“).

კრებული გადაწერილია 1843 წლის ბოლო მეოთხედში; გადაწერილია იგი უფრო გვიან, ვიდრე ზემოთ განხილული მეოთხე და მეხუთე ხელნაწერი გამოცემები. მეოთხე და მეხუთე გამოცემების პირველ წიგნში („ლექსნი“) მოთავსებულია 26 ლექსი; ქრონოლოგიურად ყველაზე გვიანი ლექსი, რომელიც შესულია მეოთხე და მეხუთე გამოცემებში, არის „სულო ბოროტო“, დაწერილი 1843 წლის აგვისტოში.

ხოლო აქ განსახილველ კრებულში შედის არა 26, არამედ 27 ლექსი; 1843 წლის ლექსებიდან აქ მოთავსებულია არა მხოლოდ „სულო ბოროტო“, არამედ აგრეთვე უფრო გვიან დაწერილი ლექსი - „შევიშრობ ცრემლსა“, რომელიც 1843 წლის ბოლო მეოთხედს ეკუთვნის და რომელსაც მეოთხე და მეხუთე გამოცემები არ იცნობენ.

სახელდობრ მეექვსე კრებულის პირველ წიგნში („ლექსნი“) მოთავსებულია შემდეგი ლექსები, შემდეგი თანამიმდევრობით:

ბულბული ვარდზედ (1833); ქეთევან (1835); შემოღამება მთაწმიდაზედ (1836); ჴმა იდუმალი (1836); ფიქრნი მტკვრის პირზედ (1837); ჩონგურს (1837); თავადის ჭავ ის ასულს ეკა ... ნას (1839); ჩემს ვარსკვლავს (1837); ნაპოლეონ (1838); საყურე (1839); ჩჩვილი (1839); სული ობოლი (1839 წ.); „სატრფოვ, მახსოვს“ (1840); ჩემი ლოცვა (1840); ჩემთ მეგობართ (1841); „აღმოჰხდა მნათი“ (1840); „არ უკიჟინო“ (1841); „ვპოვე ტაძარი“ (1841); სუმბული და მწირი (1842); „მირბის, მიმაფრენს“ (1842); „რად ჰყვედრი კაცსა“ (1842); საფლავი მეფის ირაკლისა (1842); „მიყვარს თვალები“ (1842); „შენნი დალალნი“ (1842); კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ (1842); „სულო ბოროტო“ (1843); „შევიშრობ ცრემლსა“ (1843).

ამრიგად, ეს კრებული, რიგით მეექვსე ხელნაწერი გამოცემა, ყველაზე გვიანია და ყველაზე სრული ჩვენ დრომდე მოღწეულ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებთა ხელნაწერ ავტოგრაფულ გამოცემათა შორის. ამ მეექვსე გამოცემაში წარმოდგენილია ბოლო რედაქცია ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა.

კრებული ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში („ლექსნი“ H - 2033; „ბედი ქართლისა“ H - 2034).

(VII) = არმოღწეული მეშვიდე ხელნაწერი გამოცემა

და მისგან მომდინარე ორი პირი: VII1 და VII2.

როგორც ირკვევა, 1843 წლის დასასრულს, 1843-1844 წლების მიჯნაზე, ნიკოლოზ ბარათაშვილს დაუმზადებია ახალი კრებული თავის თხზულებათა, რიგით მეშვიდე, რომელსაც აღვნიშნავთ პირობითი ნიშნით: (VII).

თვით ავტოგრაფული დედანი (VII) ჩვენს დრომდე არ მოღწეულა; მაგრამ მოიპოვება ამ კრებულიდან მომდინარე ორი პირი, რომელთაც აღვნიშნავთ ნიშნებით: VII1 და VII2.

შესწავლიდან ამ ორი პირისა - VII1 და VII2 ირკვევა, რომ მათი პირველწყარო - მეშვიდე კრებული (VII) - რედაქციულად უდგება ზემოთ განხილულ მეექვსე ავტოგრაფულ გამოცემას, მხოლოდ ერთის განსხვავებით: მეშვიდე კრებულში არ ყოფილა შეტანილი ლექსი „კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ“, რომელიც სამ სტრიქონს შეიცავს. მგოსანს ეს ლექსი უმნიშვნელოდ მიუჩნევია და ამოუღია კრებულიდან.

კრებული (VII), როგორც აღვნიშნეთ, 1843 წლის დასასრულს (1843-1844 წლების მიჯნას) ეკუთვნის, მასში შეტანილი ყოფილა ყველა ლექსი 1843 წლისა (მათ შორის ლექსი „შევიშრობ ცრემლსა“, რომელიც პირველად მეექვსე რედაქციაში შევიდა), ხოლო არ ყოფილა შეტანილი არც ერთი ლექსი 1844 წლისა.

გავეცნოთ ამის შემდეგ მეშვიდე კრებულის პირებს: VII1 და VII2.

*

პირველი პირი - VII1 - ჩაწერილია ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ დიდ კრებულში S-1512, რომლის ძირითადი ნაწილი გადაწერილია დავით რექტორის მიერ 1821 წელს. ბარათაშვილის ლექსების ეს კრება - VII1 - ჩაწერილია ამ ხელნაწერის 318-333 ფურცლებზე უცნობი პირის მიერ შემდეგი საერთო სათაურით:

„ლექსნი, თქმულნი თავადის ნ. ბარათაშვილისაგან“

ბარათაშვილის ლექსთა ეს კრება - VII1 - განსხვავდება თავის {პირველწყაროდან, ბარათაშვილის ლექსების მეშვიდე გამოცემიდან VII) შემდეგით: გადამწერს აღუდგენია ბარათაშვილის ლექსთა კრებაში ლექსი: „კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ“. რომ ეს ლექსი არ იყო პირველ დედანში (VII) და ახლად არის დამატებული გადამწერის მიერ, ეს შემდეგის მიხედვით ირკვევა: ლექსის ჩამატების დროს გადამწერს მოუთავსებია იგი არა თავის ადგილას, 1842 წლის ლექსებს შორის, როგორც ეს არის ყველა ავტოგრაფულ დედნებში (IV, V, VI), არამედ, ყოველგვარი ქრონოლოგიური რკალის დარღვევით, ჩაურთავს თავში, მეოთხე ლექსად, 1836 წლის ლექსთა შორის. გადამწერს შეუცვლია ამასთან სათაურიც (მოუხსნია ბარათაევის გვარი და ლექსისთვის მიუცია ასეთი უპიროვნო სათაური: „აზარფეშაზედ დასაწერი“).

ლექსები დედანში VII1 მოყვანილია შემდეგი თანამიმდევრობით:

ბულბული ვარდზედ (1833); ქ...... (1835); შემოღამება მთაწმიდაზედ (1836); აზარფეშაზედ დასაწერი (1842); ჴმა იდუმალი (1836); ფიქრნი მტკვრის პირზედ (1837); ჩონგურს (1837); ეკ...ნას (1839); ჩემს ვარსკვლავს (1837); ნაპოლეონ (1838); საყურე (1839); ჩჩვილი (1839); სული ობოლი (1839); „სატრფოვ, მახსოვს“ (1840); ჩემი ლოცვა (1840); ჩემთ მეგობართ (1841); „აღმოჰხდა მნათი“ (1840); „არ უკიჟინო“ (1841); „ვპოვე ტაძარი“ (1841); სუმბული და მწირი (1842); „მირბის, მიმაფრენს“ (1842); რად ჰყვედრი კაცსა“ (1842); საფლავი მეფის ირაკლისა (1842); „მიყვარს თვალები“ (1842); „შენნი დალალნი“ (1842); „სულო ბოროტო“ (1843); „შევიშრობ ცრემლსა“ (1843)*.

*

მეორე პირი - VII2 - შეტანილია ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელნაწერში H - 772.

ეს მეორე ხელნაწერი გამოცემა VII2, როგორც ირკვევა შედარებიდან, გადმოწერილია პირველი პირიდან VII1. ატარებს იმავე საერთო სათაურს: „ლექსნი, თქმულნი თავადის ნ. ბარათაშვილისაგან“**.

გადამწერს ამავე დროს ხელთა ჰქონია მეორე დედანიც, საიდანაც მას ჩაუნიშნავს რამდენიმე ვარიანტული წაკითხვა.

*

დასასრულ აქ უნდა აღვნიშნოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება.

დედნებში VII1 და VII2 ჩვენ გვხვდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ფსევდონიმი: „მირიან ივერი“.

აქ საჭიროა ხაზი გავუსვათ აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ეს ფსევდონიმი „მირიან ივერი“ პირველად ჩნდება 1843-1844 წლების მიჯნაზე (VII) კრებულიდან მომდინარე პირებში VII1 და VII2. არც ერთ სხვა კრებულში, 1-დან - VIმდე ჩათვლით, ეს ფსევდონიმი არ გვხვდება.

ფსევდონიმი „მირიან ივერი“, როგორც ირკვევა, დაკავშირებულია ნ. ბარათაშვილის არმოღწეულ პოემასთან „ივერიელნი“. ამ საგანზე ქვემოთ გვაქვს საუბარი.

აღსანიშნავია ამას გარდა, რომ ფსევდონიმი ნიკოლოზ ბარათაშვილისა „მირიან ივერი“, გარდა პოემისა, შემდეგ გადაუტანიათ ლირიკულ ლექსებზედაც, როგორც ამას გვიჩვენებს ჩვენი დედნები VII1 და VII2, აგრეთვე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების შემცველი ხელნაწერები H - 2398 და H - 2733***.

__________

* აღვნიშნავთ ამასთან, რომ ხელნაწერში S-1512, გარდა აქ განხილული კრებულისა VII 1, შეტანილია აგრეთვე ნ. ბარათაშვილის ლექსი „ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა“. ეს ლექსი არ შეადგენს ნაწილს კრებულისა VII 1; კრებულს VIII, როგორც მოვიხსენეთ, უჭირავს ხელნაწერის 318-333 ფურცლები; ხოლო ლექსი „ომი“ ჩაწერილია სხვა ადგილას, განცალკევებით, ხელნაწერის 191 ფურცელზე.

** რომ კრებული VII 2 გადმოწერილია კრებულიდან VII1, ამას ადასტურებს ტექსტების ანალიზი. რომ ხელნაწერი H - 772 გადმოწერილია ხელნაწერიდან S - 1512, ამას ისიც ამტკიცებს, რომ ხელნაწერში H - 772 შეტანილია არა მხოლოდ ტექსტი კრებულისა VII 1, არამედ ხელნაწერიდან S - 1512 გადმოწერილია აგრეთვე ლექსიც „ომი“, რომელიც კრებულის ნაწილს არ შეადგენს (ეს ლექსი „ომი“ ჩაწერილია ხელნაწერში H - 772 უშუალოდ კრებულ VII1-ის წინ).

*** აღნიშნულ დედნებში „მირიან ივერის“ ფსევდონიმით ხელმოწერილია ლირიკული ლექსები: „შემოღამება მთაწმიდაზედ“, „ნაპოლეონ“, „საყურე“, „არ უკიჟინო“ (ამათგან პირველი სამი ხელმოწერილია ფსევდონიმით „მირიან ივერი“ შემდეგ დედნებში: VII1, VII2 და H - 2398; მეოთხე ლექსი - დედნებში: H - 2398 და H - 2733).

7.2 II ნიკოლოზ ბარათაშვილის არმოღწეული თხზულებანი

▲ზევით დაბრუნება


ნიკოლოზ ბარათაშვილისაგან ჩვენს დრომდე მოღწეულა პოემა „ბედი ქართლისა “ და 36 ლექსი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფების მიმოხილვიდან გამოირკვა შემდეგი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება.

ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა ჩვენს დრომდე მოღწეული კრებულები - ხელნაწერი გამოცემები - ეკუთვნის 1841-1843 წლებს. უკანასკნელი მათგანი დამზადებულია 1843 წლის დასასრულს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა ავტოგრაფული კრებულები შემდეგი პერიოდისა, 1844-1845 წლებისა, არ შენახულა. ჩვენს დრომდე შემთხვევით გადარჩენილა მხოლოდ ხუთი ლექსი ამ ბოლო პერიოდისა, უკანასკნელი ორი წლისა, 1844-1845 წლებისა: აქედან 2 ლექსი აღმოჩნდა მიხ. თუმანიშვილის არქივში; 2 ლექსი პოეტს გამოუგზავნია უცხოეთიდან, ნახიჩევანიდან, 1845 წლის იანვარსა და თებერვალში (ერთი უცნობი პირისათვის, მეორე მაიკო ორბელიანისათვის); ხოლო ერთი ლექსი 1844 წლის აღმოჩნდა პოეტის სიკვდილის შემდეგ ქართლში, წარწერილი მართა ერისთავის თასზე.

ეს არის და ეს, რაც შენახულა. სადღა არის დანარჩენი ლექსები 1844 და 1845 წლებისა? მათი კვალი არსად ჩანს. ნუ დაგვავიწყდება ამასთან, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ბარათაშვილის პოეტურმა გენიამ ზენიტს მიაღწია, პერიოდი „მერანისა“.

ხოლო, რაც მთავარია, საქმე მარტო ამით არ სრულდება.

წყაროების შესწავლიდან ირკვევა, რომ დაკარგულია არა მხოლოდ დიდი ნაწილი ბოლო პერიოდის, 1844-1845 წლების ლექსებისა, არამედ დაკარგულია აგრეთვე უფრო ადრინდელი პერიოდის ისეთი ლექსები, რომლებიც პოლიტიკური რადიკალიზმით ყოფილა აღბეჭდილი, და პოეტს არ შეჰქონდა თავის ნაწარმოებთა იმ ხელნაწერ გამოცემებში, რომლებიც ფართო საზოგადოებაში გასავრცელებლად იყო დანიშნული. ნიკოლოზ ბარათაშვილის ამ ნაწარმოებებს გაცნობილი ყოფილა პოეტის ახლო და სანდო მეგობართა ვიწრო წრე.

ჩვენ აქ შევჩერდებით ნიკოლოზ ბარათაშვილის არმოღწეულ თხზულებებზე, რომელთა შესახებ დაცულია ცნობები წყაროებში.

პოემა „ივერიელნი“

XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის დიდ დანაკლისად უნდა ჩაითვალოს, რომ ჩვენს დრომდე არ მოღწეულა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა „ივერიელნი“, ორეული „ბედი ქართლისა“.

მეტად მნიშვნელოვან ცნობას ნ. ბარათაშვილის პოემის „ივერიელნი“-ს შესახებ გადმოგვცემს პოეტის პირველი ბიოგრაფი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე მამაცაშვილი, პოეტის ახლო მეგობარი სიყრმის დროიდანვე.

ბიოგრაფიულ წერილში „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, რომელიც დაიბეჭდა 1881 წელს გაზეთ „დროებაში“, კ. მამაცაშვილი წერს:

„ბევრი იმისი (ნ. ბარათაშვილის) ლექსები დაკარგულნი არიან, რადგან დაბეჭდვა იმათი მაშინ არ შეიძლებოდა. მე მახსოვს იმისი დიდი პოემა, რომელიც ჩემთვის წაუკითხავს „ივერიელნი“. ამ პოემაში იყო აღწერილი აყვავებული ცხოვრება მე-10, მე-11 და მე-12 საუკუნეებისა. ამ ლექსების გადაკეთება უნდოდა, რომელნიც ისედაც მშვენიერნი იყვნენ“.

ამრიგად, „ივერიელნი“ დიდი პოემა ყოფილა. ამასთან იგი იმდენად თავისუფალი სულით ყოფილა აღბეჭდილი, რომ, კ. მამაცაშვილის ფრთხილად თქმული სიტყვების თანახმად, დაბეჭდვა იმისი „მაშინ არ შეიძლებოდა“.

მგოსანს პოემა „ივერიელნი“, როდესაც იგი გააცნო კონსტანტინე მამაცაშვილს, უკვე დამთავრებული ჰქონია, და თუმცა პოემა „ისედაც მშვენიერი იყო“, ნიკოლოზ ბარათაშვილი ისევ განაგრძობდა მის დახვეწას.

ეს იყო ჩვეულებრივი წესი ნ. ბარათაშვილის შემოქმედებითი მუშაობისა. ასე, პოემა „ბედი ქართლისა“, რომელიც დაწერილია 1839 წელს, პოეტმა მნიშვნელოვნად გადაამუშავა 1843 წელს, თუმცა 1839 წლის ტექსტი „ისედაც მშვენიერი იყო“1. ასევე „შემოღამება მთაწმიდაზედ“ არაერთგზის არის გადახედული და დახვეწილი პოეტის მიერ.

თუ როგორ უფაქიზეს მუშაობას აწარმოებდა მგოსანი თავის უკვე დამთავრებულ პოეტურ ნაწარმოებებზე, ამის შესახებ მეტად საყურადღებო ცნობებს გადმოგვცემს დიმიტრი ყიფიანი, წევრი იმ ლიტერატურული წრისა, რომელსაც სათავეში ედგა ნიკოლოზ ბარათაშვილი.

ეს ლიტერატურული წრე ნიკოლოზ ბარათაშვილისა უფრო ხშირად თავს იყრიდა დიმიტრი ყიფიანისა და მანანა ორბელიანის ოჯახებში.

დიმიტრი ყიფიანი ერთ წერილში (1865 წ.) შემდეგს წერს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი ლიტერატურული წრის შესახებ:

„მისი (ნ. ბარათაშვილის) მოასაკენი ყველაზე ხშირად ჩემთან იკრიბებოდნენ, აქ იყო ხოლმე იგი (ბარათაშვილი) განსაკუთრებით თავის კალაპოტში.

„ტატოს პოეტური ნიჭი ამ წრეში განვითარდა; აქ კითხულობდა იგი პირველად თავის ლექსებს; აქ იგი ისმენდა შენიშვნებს, რასაც თვითეული გამოსთქვამდა გულწრფელად, და აქვე იგი კითხულობდა ამ ლექსებს შესწორების შემდეგ. ისიც უნდა ვთქვა, ეს შენიშვნები ეხებოდა მხოლოდ იმას, რაც ხელს შეუწყობდა აზრის გარკვევას, ან უფრო რელიეფურად გამოთქმას“ 1.

აი ასეთი სახის აზრთა გაზიარებას ჰქონდა ადგილი ნიკოლოზ ბარათაშვილსა და მის უახლოეს მეგობარს კონსტანტინე მამაცაშვილს შორის პოემა „ივერიელნი“-ს დამთავრების შემდეგ, რომლის შემდგომ დახვეწაზე კვლავ ფიქრობდა პოეტი, თუმცა პოემა, კ. მამაცაშვილის სიტყვით, „ისედაც მშვენიერი იყო“.

*

რამ შთააგონა პოეტი დაეწერა პოემა „ივერიელნი“, რა გარემოში და რა განწყობილებათა გავლენის ქვეშ უნდა შეექმნა იგი პოეტს?

ამის გასათვალისწინებლად ინტერესს იწვევს ერთი ცნობა, რომელიც დაცული აქვს კონსტანტინე მამაცაშვილს იმავე წერილში ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ამ ცნობის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა სხვა ადგილას საუბარი. კ. მამაცაშვილი წერს ნიკოლოზ ბარათაშვილის სალიტერატურო წრის შესახებ:

„ხშირად შევიყრებოდით ხოლმე ახალგაზრდა ამხანაგები... გვქონდა ლაპარაკი ჩვენს წარსულ ცხოვრებაზედ. ერთს საღამოს ბარათაშვილის სახლში გადავწყვიტეთ, რომ რადგანაც არა გვაქვს ქართული რიგიანი ისტორია, გავიყოთ მე-4 საუკუნიდან დაწყებული, თითომ თითო საუკუნე აიღოს, და შეადგინოს ისტორია ამ საუკუნისა. პლ. იოსელიანს მიანდვეს დაწერა ძველის საუკუნეების ისტორიისა ქრისტეს წინათ და შემდეგ მე-4 საუკუნემდისინ. მაშინ ძნელი იყო ამისთანა საქმის აღსრულება, რადგან მშრომელნიც ცოტანი ვიყავით და საქართველოს ისტორიის მატიანეები დაფანტული იყო, არ იყო ჯერ შეკრებილი არც ძველი საეკლესიო გუჯრები, არც ბევრი საინტერესო გრამატები... მარტო მატიანედ იყო „ქართლის ცხოვრება“ (იხ. გვ. 85-86).

კ. მამაცაშვილი ამ საყურადღებო ამბავს არც კი აკავშირებს პოემასთან „ივერიელნი“, იგი ამის შესახებ ცალკე მოგვითხრობს. მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ არ შევცდებით, თუ დავასკვნით, რომ ამ ისტორიულ შტუდიებთან იყო ერთგვარად დაკავშირებული თვით პოემაც „ივერიელნი“. ეს პოემა, ძველი საქართველოს ისტორიული წარსულით შთაგონებული, ბარათაშვილს შეუქმნია იმავე გარემოში, იმავე განწყობილების ქვეშ, რამაც უკარნახა პოეტს თვით საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეც კი მოეწყო.

*

აქ საჭიროა საგანგებოდ შევჩერდეთ ერთ საკითხზე, ნ. ბარათაშვილის ფსევდონიმებზე.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერების შესწავლიდან ირკვევა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს ორი ფსევდონიმი ჰქონია: *** (სამი ვარსკვლავი) და „მირიან ივერი“.

ფსევდონიმს (სამი ვარსკვლავი) ნიკოლოზ ბარათაშვილს ამოფარებია, როგორც ავტორი პოემისა „ბედი ქართლისა“.

ფსევდონიმს „მირიან ივერი“ ნიკოლოზ ბარათაშვილი ამოფარებია, როგორც ავტორი პოემისა „ივერიელნი“.

ჯერ პოემა „ბედი ქართლისა“-ს შესახებ.

როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა, ლევან მელიქიშვილის მოთავეობით, განიზრახეს ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა გამოცემა. ლევან მელიქიშვილი ამის გამო შემდეგს სწერდა გრიგოლ ორბელიანს 1846 წლის 19 იანვარს:

ეხლა ვსცემთ განსვენებულის (ნიკოლოზ ბარათაშვილის) ყველა ნაწერებს, ისინი დაიბეჭდება ერთ წიგნად, რომელსაც დაერთვის პორტრეტი.

„ეხლა შენთან აი რა სათხოვარი გვაქვს: 1) დასწერო... წინასიტყვაობა წიგნისათვის და ბიოგრაფია განსვენებულისა, აგრეთვე ეპიტაფია ძეგლისათვის; 2) გამოგზავნო, თუკი გაქვს, მისი რაიმე ლექსები ანდა წერილები, რომლებიც ღირსნი არიან დაბეჭდვისა...

„არ ვიცი, „ბედი ქართლისა“ როგორ უნდა დაიბეჭდოს, რადგან ზოგიერთი ადგილი ძალიან თავისუფალი არის თუ გასწორდება, კარგად იცი, ბევრს დაჰკარგავს მთელი პოემა. მაგრამ ამის ამბავსაც შეგატყობინებ, თუ რას ვარჩევთ“ 1. როგორც ცნობილია, ეს განზრახვა პოეტის თხზულებათა გამოცემისა იმჟამად არ განხორციელდა. პოემა „ბედი ქართლისა“ პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. ბევრად გვიან, 1858 წელს (IX). ცენზურამ ამ გამოცემაში სავსებით დაასახიჩრა პოემის ტექსტი, ამოიღო პოემიდან ყველა „თავისუფალი ადგილი“.

თუ „ბედი ქართლისა“-ს დაბეჭდვის საქმე გაძნელდა 1858 წელს, როდესაც შედარებით მაინც უფრო დამშვიდებული ხანა იყო, რა მდგომარეობა უნდა ყოფილიყო 1839 წელს, როდესაც დაიწერა „ბედი ქართლისა“, და როდესაც მხოლოდ შვიდი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც დამარცხდა 1832 წლის შეთქმულობა. საქართველოში ამ დროს უმკაცრესი საცენზურო რეჟიმი იყო გამეფებული; ყოველი გამომჟღავნება თავისუფალი მოაზრეობისა საგანგებო ფარული მეთვალყურეობის ქვეშ იყო აყვანილი.

აი ასეთ პირობებში 1839 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილი აქვეყებს თავის პოემას „ბედი ქართლისა“.

თავდაპირველად ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს არასოდეს არ შეაქვს პოემა „ბედი ქართლისა“ თავის ლექსთა კრებულებში, არამედ ყოველთვის ცალკე წიგნად ავრცელებს მას: ერთ წიგნად ვრცელდება „ლექსნი“, ხოლო მეორე ცალკე წიგნად „ბედი ქართლისა“.

როგორც გამოირკვა ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფების მიმოხილვიდან, 1841-1843 წლების მანძილზე გამოქვეყნდა ნ. ბარათაშვილის თხზულებათა ექვსი ხელნაწერი გამოცემა.

პირველ სამ ხელნაწერ გამოცემას საერთოდ არ ახლავს პოემა „ბედი ქართლისა“, ეს გამოცემები შეიცავს მხოლოდ ერთ წიგნს: „ლექსნი“.

მეოთხე ხელნაწერი გამოცემა უკვე ორ წიგნად ქვეყნდება: ერთ წიგნად ქვეყნდება „ლექსნი“, ხოლო ცალკე წიგნად - „ბედი ქართლისა“.

ასევე მეხუთე და მეექვსე გამოცემებშიაც ცალკე ქვეყნდება „ლექსნი“ და ცალკე - „ბედი ქართლისა.“

აქ უნდა აღინიშნოს აგრეთვე შემდეგი:

ხელნაწერ გამოცემებში პირველი წიგნი „ლექსნი“ სრულად არის ხელმოწერილი პოეტის სახელ-გვარით.

რაც შეხება პოემას „ბედი ქართლისა“, აქ სულ სხვა სურათი გვაქვს.

სამსავე ავტოგრაფულ დედანში „ბედი ქართლისა“-ს აქვს შემდეგი ზედწერილი:

ბედი ქართლისა,
თქმული
წელსა 1839-სა, ტფილისს

ავტორი მოხსენებული არაა.

პოემის შესავალს - მიძღვნას „კახთა მიმართ“ - ორ დედანში მოწერილი აქვს ფსევდონიმი სამი ვარსკვლავი (***).

მხოლოდ ერთ ხელნაწერში, რომელიც პოეტს მიურთმევია პირადად ეკატერინე ჭავჭავაძისათვის, მიძღვნას „კახთა მიმართ“ მოწერილი აქვს ინიციალები: თ-ი ნ.ბ.

*

აქ რამდენიმე შენიშვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის მეორე ფსევდონიმის „მირიან ივერის“ შესახებ.

ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის სალიტერატურო წრეში შეიქმნა ჯგუფი საქართველოს ისტორიის შესადგენად. დაწერა საქართველოს ძველი ისტორიისა ქრისტიანობის დამყარებამდე საქართველოში მიენდო პლატონ იოსელიანს. ხოლო შედგენა საქართველოს ისტორიისა, დაწყებული ქრისტიანობის დამკვიდრებიდან საქართველოში მირიან მეფის დროს, ითავა თვით ნ. ბარათაშვილის ჯგუფმა.

ფსევდონიმი „მირიან ივერი“ (აღებული პირველი ქრისტიანი მეფის სახელიდან: მირიან ივერიელი) ორკერძ კავშირში იმყოფება როგორც ნ. ბარათაშვილის ისტორიულ შტუდიებთან, ისე, პირველ რიგში, თვით პოემასთან „ივერიელნი“, რომელიც ძველი საქართველოს ისტორიული წარსულით იყო შთაგონებული.

*

როდის დაიწერა პოემა „ივერიელნი“?

კ. მამაცაშვილის ცნობით, „ივერიელნი“ დიდი : პოემა იყო, „რომელშიაც აღწერილი იყო აყვავებული ცხოვრება მე-10, 11, 12 საუკუნეებისა“. პოემა, საფიქრებელია, ხანგრძლივ იწერებოდა.

ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი ცნობა, თუ როდის გააცნო ნიკოლოზ ბარათაშვილმა კონსტანტინე მამაცაშვილს დამთავრებული პოემა ივერიელნი“, რომლის შემდგომ დახვეწაზე კვლავ ფიქრობდა პოეტი, თუმცა პოემა, კ. მამაცაშვილის სიტყვით, „ისედაც მშვენიერი იყო“.

ხოლო პოემის საბოლოო რედაქცია, როგორც ირკვევა, ეკუთვნის 1843-1844 წლების მიჯნას. ამ დროს, 1843-1844 წლების საზღვარზე, ნიკოლოზ ბარათაშვილს პოემა „ივერიელნი“ გაუვრცელებია ვიწრო წრეში ფსევდონიმით „მირიან ივერი“.

ასეთი დათარიღების მკვიდრ საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ფსევდონიმი „მირიან ივერი“ პირველად ჩნდება ხელნაწერებში 1843-1844 წლების საზღვართან, - (კრებულიდან მომდინარე პირებში VII1 და VII2. ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა არც ერთ სხვა ადრინდელ ხელნაწერ გამოცემაში, პირველიდან - მეექვსემდე ჩათვლით, ეს ფსევდონიმი - „მირიან ივერი“ არ გვხვდება.

პოემა „ბედი ქართლისა“, როგორც აღვნიშნეთ, დაწერილია 1839 წელს. პოემა „ივერიელნი“ დაუმთავრებია პოეტს ბევრად უფრო გვიან, მას შემდეგ, რაც დაიწერა „მერანი“.

ასეთია ცნობები, რომლებიც ჩვენ მოგვეპოვება ბარათაშვილის დიდ პოემაზე „ივერიელნი“.

__________

1. იხ. ნ. ბარათაშვილი, თხზულებანი, 1968, წერილი პ. ინგოროყვასი - „ტექსტის ისტორია“, გვ. 273-280.

სხვა თხზულებანი ნიკოლოზ ბარათაშვილისა,
პოლიტიკური რადიკალიზმით აღბეჭდილნი

დავუბრუნდეთ ამის შემდეგ ისევ კონსტანტინე მამაცაშვილის უწყებას.

როგორც ვნახეთ, კ. მამაცაშვილს საჭიროდ მიაჩნია საგანგებოდ აღნიშნოს, რომ დაკარგულია არა მხოლოდ პოემა „ივერიელნი“, არამედ „ბევრი“ სხვა თხზულებანი. ბარათაშვილისა, რომლებიც ასევე პოლიტიკური რადიკალიზმით ყოფილა აღბეჭდილი.

როგორც ვნახეთ, კ. მამაცაშვილი ასე იწყებს თავის ცნობას:

„ბევრი იმისი (ნიკოლოზ ბარათაშვილის) ლექსები დაკარგულნი არიან, რადგან დაბეჭდვა იმათი მაშინ არ შეიძლებოდა“, - და ამას მოჰყვება ცნობა ერთერთი ასეთი დაკარგული თხზულების „ივერიელნი“-ს შესახებ.

დიდად მნიშვნელოვანია ეს ცნობა. აქედან ჩვენ ვგებულობთ, თუ რაოდენ დიდი იყო ეს დანაკლისი XIX საუკუნის ქართული მწერლობისა.

________

3. იხ. პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტ. I, გვ. 340.

ნიკოლოზ ბარათაშვილის არმოღწეული
ლირიკული ლექსები

განვაგრძოთ ისევ ძიება.

წყაროების შესწავლიდან ირკვევა, რომ დაკარგულია არა მხოლოდ პოლიტიკური რადიკალიზმით აღბეჭდილი მთელი რიგი თხზულებანი ბარათაშვილისა, არამედ დაკარგულია მისი ლირიკული ლექსები.

. ნ. ბარათაშვილის ლირიკული ლექსებიდან ჩვენს დრომდე არ მოღწეულა, კერძოდ, ლექსი „ასტრა“. პოეტს ეს ლექსი დაუწერია 1838 წლის ივლისში.

ნ. ბარათაშვილი, როგორც ცნობილია, ხშირად უგზავნიდა თავის ლიტერატურულ მეგობრებს, წერილებთან ერთად, ახალ ლექსებს..

1838 წელს, ივლისის პირველ ნახევარში, ნ. ბარათაშვილს. წერილთან ერთად, გაუგზავნია მიხ. თუმანიშვილისათვის ლექსი „ასტრა“. ახალი ლექსი ნ. ბარათაშვილისა დიდად მოსწონებია მიხ. თუმანიშვილს, იგი მოხიბლულა ამ ლექსის „კარგის სიტყვით, კარგის სტიხით, კარგის ხმით“, მაგრამ ვერ გაუგია ვერც ლექსის სათაური „ასტრა“, და ვერც ის, თუ ვისადმი იყო ეს ლექსი მიძღვნილი. ამიტომაც ნ. ბარათაშვილის ამ ლექსის საპასუხოდ დაუწერია ლექსი „ასტრას“, რომლის ბოლო წარმოადგენს შეკითხვას ბარათაშვილისადმი.

მოგვყავს ეს საპასუხო ლექსი მიხ. თუმანიშვილისა.

ასტრას

ასტრავ, ასტრავ, უცნაურო კაცთათვის,
სადაური სად მოსულხარ, ან რისთვის?
სულო ხარ, სულიერი, ვინ იცის,
ეს სახელი არ სმენია არავის!

ნუთუ შენ ხარ ანგელოსი ციური,
ან ყვავილი უსახელო ველური,
ანუ თვალი უძვირფასესი ზღვისა?
მკითხველთათვის ხარ მარად უცნაური.

მოფრენილო შორეულისა ქვეყნით,
კარგის სიტყვით, კარგის სტიხით, კარგის ხმით,
ვერავისგან შეწყნარებას ვერ ჰპოვებ,
მიუხვედრო, ასტრავ, შენის წოდებით.

გაისარჯე, წარვედ შენსა დამწერთან 1,
ოდესცა ვსცნობ შენსა სახელსა მისგან,
მაშინ გაქვნდეს უეჭველი იმედი,
რომ იქნები წაკითხული ყველასგან.

წინანდალი, 15 ივლისი, 1838 წ.
საღამოს 7 საათზე.

მიხ. თუმანიშვილს გაუგზავნია ნ. ბარათაშვილისათვის ეს საპასუხო ლექსი-შეკითხვა და მასთან ერთად წერილიც, სადაც ამავე „ასტრას“ შესახებ ყოფილა საუბარი.

ნ. ბარათაშვილი პასუხს აძლევს მიხ. თუმანიშვილს თავის წერილში 1838 წლის 6 აგვისტოს თარიღით.

ჩვენ ამგზის ამით ვამთავერბთ საუბარს ბარათაშვილის ლექსზე „ასტრა“. უფრო დაწვრილებით ამ ლექსის შესახებ სხვა ადგილას გვაქვს საუბარი.

აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ სახელწოდება ლექსისა „ასტრა“, როგორც ამას განმარტავს თვით ბარათაშვილი, აღებულია ფრანგული სიტყვიდან „astre“ (ვარსკვლავი, „მთიები“). ნ. ბარათაშვილის ლექსი „ასტრა“ მიძღვნილი ყოფილა პოეტის ფრანგი მეგობარი ქალის დელფინა ლაბიელისადმი.

ეს ლექსი ბარათაშვილისა „ასტრა“ ჩვენს დრომდე არ მოღწეულა.

. მომღერალ სათარას ქება.

ბარათაშვილი, როგორც ცნობილია, მუსიკის დიდი მოყვარული იყო.

სათარა, რომლისთვისაც ნ. ბარათაშვილს მიუძღვნია ლექსი. აღმოსავლურ ჰანგებს მღეროდა. ბარათაშვილი, როგორც ეს ჩანს მისი წერილებიდან, დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა ამ მომღერლის (აღვნიშნავთ, რომ რუს პოეტს ი. პოლონსკისაც, რომელიც თბილისში იმყოფებოდა წარსული საუკუნის ნახევარში, მოუსმენია სათარას სიმღერა და იგი სათარას საგანგებო ლექსს უძღვნის).

ნ. ბარათაშვილს სათარასადმი მიძღვნილი ლექსი დაუწერია 1844 წელს, აგვისტოში, ქართლში 2.

არც ეს ლექსია ჩვენს დრომდე მოღწეული.

გ. აქ საჭიროა ხაზი გავუსვათ აგრეთვე შემდეგ გარემოებას. ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა კრებულები 1841-1843 წლებისა (ხელნაწერი გამოცემები) არ წარმოადგენენ ნ. ბარათაშვილის ლირიკული ლექსების სრულ კრებულებს. ასე, მაგალითად, ლექსები „ცისა ფერს“, „როს ბედნიერ ვარ“, დაცული იყო ეკატერინე ჭავჭავაძესთან, გადაწერილები ცალკე ფურცლებზე (ეს ლექსები არ მოხვედრილა არც ერთ ხელნაწერ გამოცემაში, ხოლო ამ გამოცემათა რიცხვი ექვსია). ლექსი „...ნა, ფორტეპიანოზედ მომღერალი“ შეტანილია მხოლოდ ერთ ხელნაწერ გამოცემაში (მეორეში), დანარჩენ გამოცემებში არ გვხვდება.

ასეთია სურათი, რაც ჩვენ წინაშე იშლება წყაროების შესწავლიდან.

__________

1. ნ. ბარათაშვილთან.

2. ამ ლექსის შესახებ იხ. უფრო დაწვრილებით პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, I, გვ. 343- 344.

ნიკოლოზ ბარათაშვილის არმოღწეული თარგმანები

. ტრაგედია „იულიუს ტარენტელი“.

ნ. ბარათაშვილი, წერილში, რომელიც დაწერილია 1841 წლის 28 მაისს (ძვ. სტილით), სწერდა გრ. ორბელიანს:

ჩვენმა ლიტერატურამ ორი კარგი თარგმანი იშოვა: ყიფიანმა (იგულისხმება დიმიტრი ყიფიანი) გადმოთარგმნა „რომეო და ჯულიეტა“, შექსპირის ტრაღედია, და მე ვთარგმნე „იულიუს ტარენტელი“, ტრაღედია ლეიზევიცისა.

„იულიუს ტარენტელი“ გერმანელი დრამატურგის იოჰან ლეიზევიცისა (1752-1806), რომელიც ნ. ბარათაშვილს უთარგმნია, მნიშვნელოვან ნაწარმოებს წარმოადგენს. იგი პირველი და ამასთან განსაკუთრებით საჩინო პიესა იყო Sturm und Drang-ის პერიოდისა, რომელიც ლესინგს იმდენად მოეწონა, რომ გოეთეს დაწერილად მიიჩნია. ცნობილია, რომ შილერმა თავისი „ყაჩაღები“ ლეიზევიცის ამ პიესის გავლენით დაწერა.

. გარდა ლეიზევიცის „იულიუს ტარენტელისა“, ნ. ბარათაშვილს სხვა თარგმანებიც ჰქონია.

ჩვენ უკვე მოხსენებული გვქონდა, რომ ნ. ბარათაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა, ლევან მელიქიშვილის მოთავეობით, 1846 წელს განიზრახეს ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა გამოცემა (რაც იმ დროს ვერ განხორციელდა). ზემოთ მითითებულ წერილში, 1846 წლის იანვრის თარიღით, ლევან მელიქიშვილი შემდეგს სწერდა გრიგოლ ორბელიანს:

„შევადგინეთ ხელმოწერა, რომლითაც განსვენებულის ნათესავებსა და მეგობრებს ვთხოვეთ შემოწირულება დასაბეჭდად როგორც მისი (ნ. ბარათაშვილის) საკუთარი ნაწერებისა, ისე თარგმანებისა, რათა დავიცვათ შთამომავლობისათვის განსვენებულის თხზულებანი“.1

წერილში, როგორც ვხედავთ, ნ. ბარათაშვილის თარგმანთა შესახებ მრავლობით რიცხვშია საუბარი. ამრიგად დასტურდება, რომ ნ. ბარათაშვილს, „იულიუს ტარენტელის“ გარდა, სხვა თარგმანებიც ჰქონია.

_________

1. იხ. პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, I, გვ. 343.

ნიკოლოზ ბარათაშვილის არმოღწეული თხზულებანი

ბოლო პერიოდისა (1844-1845 წლებისა)

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბოლო პერიოდის ლექსების საკითხი ჩვენ უკვე განვიხილეთ ზემოთ (გვ. 233) და ამ საკითხს აქ აღარ დავუბრუნდებით. ის გარემოება, რომ, როგორც ირკვევა, დაკარგული არის დიდი ნაწილი ბარათაშვილის ბოლო პერიოდის, უკანასკნელი ორი წლის-1844-1845 წლების - ლექსებისა, განსაკუთრებით მძიმე დანაკლისია ქართული მწერლობისა. ეს ხომ ის პერიოდია, როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის მზე დადგა ზენიტში, პერიოდი „მერანისა“.

აქ ჩვენ განვიხილავთ საკითხს, თუ როდის და რა ვითარებაში დაიღუპა პოეტის არქივი.

***

პოეტის ხვედრი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლიტერატურული არქივის

დაღუპვა განჯაში 1845-1846 წლებში

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედი ტრაგიკულად მოეწყო.

როგორც ეს გამოირკვა ბარათაშვილის ცხოვრების შესწავლიდან, ცარისტული ხელისუფლებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ ბარათაშვილი გახდა ცენტრი, რომლის გარშემო ერთიანდებოდა ყველა ცოცხალი ძალა ქვეყნისა. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“, რომლის პოლიტიკური რადიკალიზმი საგონებელს უქმნიდა თვით პოეტის მეგობრებს, ჯერ კიდევ 1839 წლიდან გავრცელდა საზოგადოებაში. ვერავითარმა ფსევდონიმებმა (ჯერ „სამი ვარსკვლავი“ - პოემისათვის „ბედი ქართლისა“, შემდეგ „მირიან ივერი“ - პოემისათვის „ივერიელნი“) ვერ დაფარეს პოეტის ვინაობა. ეს ფსევდონიმები ადრევე გაიხსნა. თავისუფლების სულით შთაგონებული თხზულებანი პოეტისა, რომლებიც ავტოგრაფულ ხელნაწერებში ხელმოუწერლად და ფსევდონიმებით იყო წარმოდგენილი, ვრცელდებოდა საზოგადოებაში სხვადასხვა გადმონაწერების სახით, და ამ გადმონაწერებში ზოგჯერ აცხადებენ პოეტის სახელ-გვარს. უნდა ითქვას ამასთან, რომ დიდ სიფრთხილეს არც თვით პოეტი იჩენდა. ცნობილია, რომ ბარათაშვილი „ბედის ქართლისას“ საჯარო კითხვასაც აწყობდა, - თუმცა ვიწრო წრეში, მაგრამ ამას ფართო გამოხმაურება ჰქონდა. ისიც კი ცნობილი გახდა, რომ ბარათაშვილმა საჯაროდ აუგად მოიხსენა ნიკოლოზ I.

უნდა გვახსოვდეს ამასთან, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის მოღვაწეობის ხანა სულ რამდენიმე წლით არის დაშორებული 1832 წლის შეთქმულობის დროს და ხელისუფლება ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ცოცხალი აზრის ყოველგვარ ნასახს. მით უფრო შეუძლებელია ხელისუფლებას შეუმჩნევლად დარჩენოდა იგი, ვინც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეების აშკარა მქადაგებლად გამოდიოდა. ბარათაშვილი თავიდანვე უნდა გამხდარიყო და გამხდარა კიდეც ცარისტული ხელისუფლების მუდმივი მეთვალყურეობის საგანი.

ჩვენ აქ აღარ შევჩერდებით ნ. ბარათაშვილის ცხოვრების უკანასკნელ პერიოდზე, რომელსაც უკვე იცნობს მკითხველი ამ წიგნის შესავალი წერილიდან. ბარათაშვილის გარშემო თანდათან იკვრებოდა მოჯადოებული წრე.

1844 წელს ბარათაშვილი იძულებული ხდება დასტოვოს საქართველო და მიდის უცხოეთში, ჯერ ნახიჩევანში, შემდეგ განჯაში, საიდანაც იგი ცოცხალი ვეღარ დაუბრუნდება სამშობლოს.

ნიკოლოზ ბარათაშვილი გარდაიცვალა განჯაში 1845 წელს 21 ოქტომბერს და დაკრძალეს იქვე, მშობელ-ნათესავთაგან დაუტირებელი. არავინ საქართველოდან მის დასაფლავებას არ დასწრებია.

რა მდგომარეობაში იყო ამ დროს ნ. ბარათაშვილის ოჯახი? ნ. ბარათაშვილის მამა მელიტონი დამბლად იყო ჩავარდნილი. ბარათაშვილის დედა ეფემია დაავადებული იყო. ამავე დროს ოჯახი სრულ სიღატაკეს განიცდიდა. ბარათში, რომელიც დაწერილია ნ. ბარათაშვილის ოჯახის მეგობრის დიმიტრი ყიფიანის მიერ იმავე დღეებში, როდესაც გარდაიცვალა ნ. ბარათაშვილი, ჩვენ ვკითხულობთ:

«Семейство его (Н. Бараташвили) терпит столько недостатка, что они не имеют возможности даже облечь себя в траурное одеяние».1

ნ. ბარათაშვილის გარდაცვალებიდან მეორე წელს, 1846-ს, ზამთრის გასვლის შემდეგ, განჯაში ჩავიდა პოეტის დედა ეფემია და მოიგლოვა შვილის საფლავი.

ვიდრე პოეტის დედა ჩავიდოდა განჯაში, ნ. ბარათაშვილის ნაწერები გაიბნა და დაიკარგა.

ჩვენს დრომდე მოღწეულა უაღრესად საყურადღებო დოკუმენტური ცნობა პოეტის დედის ეფემიას განჯაში ჩასვლის შესახებ, საიდანაც ვგებულობთ, თუ რა მდგომარეობაში დახვედრია მას განჯაში ნ. ბარათაშვილის პირადი ნივთები.

ამ თანამედროვე დოკუმენტში, რომელიც ეხება ეფემიას ჩასვლას განჯაში 1846 წელს, ვკითხულობთ:

«Онa (мaть H. Бapaтaшвили), быв в Eлизаветполe (ე.ი. განჯაში) получив нeзначительное имущество, после сына, и найдя таковые почти истлевшими и негодными к употреблению, роздала служившим при нем людям» 2.

ასე გაპარტახებული დახვდა პოეტის დედას განჯაში ყველაფერი.

აი ასეთ ვითარებაში, 1845-1846 წლების ზამთარში, დაღუპულა განჯაში ნ. ბარათაშვილის ლიტერატურული არქივი, დაღუპულა, როგორც ჩანს, მთლიანად. არავითარი კვალი არც პოეტის ადრინდელი არქივისა, რომელშიაც დაცული უნდა ყოფილიყო პოემა „ივერიელნი“, ასევე სხვა ლექსები, პოლიტიკური რადიკალიზმით აღბეჭდილი, „რომელთა დაბეჭდვა მაშინ არ შეიძლებოდა“ (კონსტანტინე მამაცაშვილის ფრთხილი გამოთქმით), აგრეთვე პოეტის ლირიკული ლექსები, რომლებიც არ შევიდნენ 1841-1843 წლების ხელნაწერ გამოცემებში (როგორც, მაგალითად, „ასტრა“), ასევე გამოქვეყნებული ლექსების ვარიანტები და შავები, აგრეთვე თარგმანები (მათ შორის თარგმანი დრამისა „იულიუს ტარენტელი“ და სხვ.), ასევე ბოლო პერიოდის ლექსები, 1844-1845 წლებისა, არა ჩანს.

რომ არქივი მთლიანად დაიღუპა, ამას ისიც ადასტურებს, რომ არ მოღწეულა ნ. ბარათაშვილის კორესპონდენცია. ნ. ბარათაშვილს, როგორც ცნობილია, ფართო მიმოწერა ჰქონდა. ჩვენს დრომდე გადარჩენილა ნ. ბარათაშვილის წერილები, გაგზავნილი მეგობრებთან. ხოლო არ მოღწეულა არც ერთი წერილი გამოგზავნილი მეგობრების მიერ ბარათაშვილთან, არც წერილები გრიგოლ ორბელიანისა, არც ეკატერინესი, არც მაიკო ორბელიანისა, არც მიხეილ თუმანიშვილისა, ზაქარია ორბელიანისა და სხვათა, რომლებთანაც ნ. ბარათაშვილს მიმოწერა ჰქონდა.

***

დიმიტრი ყიფიანი წერდა ნ. ბარათაშვილის გარდაცვალების გამო: «Он пал жертвой климата», იგი კლიმატის მსხვერპლი გახდაო. მაგრამ ეს კლიმატი იყო არა მხოლოდ ავთვისებიანი მალარია განჯისა, სადაც იძულებული გახდა წასულიყო პოეტი, არამედ, უწინარეს ყოვლისა, სხვა კლიმატი, კლიმატი ცარიზმისა, რომელმაც იმსხვერპლა რუსეთში არა მარტო დეკაბრისტები, არამედ ლერმონტოვი და პუშკინი, რომლის მწვავე სუსხი მოხვდა პოლონეთის პოეტებს, ხოლო საქართველოში იმსხვერპლა ბარათაშვილი.

მირბის, მიმაფრენს უგზოუკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

ბარათაშვილმა მრავალი ჭრილობა მიიღო (ეს იყო ამავე დროს ჭრილობა ქართული კულტურისა); როგორც ირკვევა, ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ მისი პოეტური მემკვიდრეობიდან; მაგრამ ბარათაშვილის პოეზია ისევ დარჩა აღსავსე და უკლები; მისი პოეზიის სული დარჩა ისევ ძლევამოსილი. ბარათაშვილმა, „მერანისა“ და „ბედი ქართლისა“-ს ავტორმა, შეასრულა თავისი ხალხის წინაშე დიადი მისია; თავგანწირულმა მხედარმა, ახალმა ავთანდილმა, თავისი მერანით გარდაჰკვეთა ბედის საზღვარი, შეასრულა თავისი ტიტანური შემართება:

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

__________

1. იხ. ზემოთ, გვ. 137.

2. იხ. დოკუმენტი, 1849 წლის 20 დეკემბრის თარიღით, გამოქვეყნებული პროფ. შ. ჩხეტიას წიგნში ნ. ბარათაშვილი, 1945 წ., გვ. 359.

7.3 III ცნობა „მერანი“-ს შესახებ ნიკოლოზ ბარათაშვილის VI წერილში

▲ზევით დაბრუნება


ნიკოლოზ ბარათაშვილის VI წერილი, რომელზედაც აქ გვექნება საუბარი, მიმართულია გრიგოლ ორბელიანისადმი. დათარიღებულია წერილი 1842 წლის 2 მაისით. ამ წერილში ნიკოლოზ ბარათაშვილი აცნობს გრიგოლ ორბელიანს თავის ახალ ლექსს „მერანი“ (წერილში იგი მთლიანად არის ჩაწერილი).

წერილის პირველ ნაწილში ნიკოლოზ ბარათაშუილი ატყობინებს გრიგოლ ორბელიანს, რომ შამილმა დაატყვევა ილია ორბელიანი (ძმა ვრიგოლისა), რომელიც თანშეზრდილი, საყვარელი მეგობარი იყო ჩვენი პოეტისა. ბარათაშვილი სწერს გრიგოლს, თუ რა ვაჟკაცობა, რა სიმტკიცე გამოიჩინა ილიამ, როდესაც შამილის ბრძანებით დახოცეს ილიას თანმხლებელი ავარიელები. როგორც უამბნია ბარათშვილისათვის თვით დამსწრეს ილიას დატყვევებისა, ილიას შემდეგი სიტყვებით მიუმართავს შამილისათვის:

„შამილ! როგორ ეკადრება შენს სახელს. მავისთანა უწყალოება! თუ გინდა მაგით შეაშინო ვინმე, ვინ უნდა შეაშინო? ყველანი სიკვდილის შვილები ვართ ჭეშმარიტად ახლა მეც სიკუდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნას!“

ნ, ბარათაშვილი, აცნობებს რა ამას გრიგოლს, უმატებს, რომ ილიას ვაჟკაცობის გამო დიდი მითქმა-მოთქმა არისო. თბილისში.

კერძოდ, ნ, ბარათაშვილი სწერს გრიგოლს, თუ რა თქვა კავკასიის მთავარმართებლის გოლოვინის ცოლმა (როგორც შემდეგიდან ნათელი გახდება, ეს ნათქვაში კავკასიის მთავარმართებლის ცოლისა ნ. ბარათაშვილის მწარე ირონიას იწვევს).

„ასე გასინჯე, გალავინის ცოლმაც კი თქვა, რომ მე ყოველთვის იმედი მქონდა, რომ ქართველი მაგისთანა პასუხს მისცემდაო, - ვითომც ილიას რომ უთქვამს, სიკვდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნასაო“,

წერილში, მას შემდეგ, რაც აწერილია ილიას, ვაჟკაცობა, ყოფილა საკმაოდ ვრცელი ტექსტი - 21 სიტყვისაგან შემდგარი - რომელიც წერილის პირველად დაბეჭდვის დროს წერილიდან ამოუღიათ, ცხადია, იმის გამო, რომ იგი პოლიტიკურად სახიფათო ყოფილა.

თუ რა ეწერა წერილიდან ამოღებელ ამ ტექსტში, ამას ისევ დავუბრენი დებით.

წერილიდან ამოღებულ ამ ტექსტს (21 სიტყვისაგან შემდგარს) წერილში მოჰყვება შემდეგი ტექსტი:

„აი რას ფიქრობს პოეტი ილიას მაგივრად 1:

მირბის, მიმაფრენს უგზო უკვლოდ ჩემი მერანი...“

(მოყვანილია მთელს ლექსი)

გავეცნოთ ამის შემდეგ წერილის პებლიკაციის ისტორიას, რა დროსაც მომხდარა წერილიდან ამოღება ზემოთ, მოხსენებული პოლიტიკურად სახიფათო ნაწილისა. ეს ჩვენ ბევრ საკითხში გაგვარკვევს.

ჩვენ უკვე მოხსენებული გექონდა ზემოთ, რომ წერილის დედანი 1873 წელს გრიგოლ ორბელიანს გადაუცია გამოსაქვეყნებლად, პეტრე უმიკაშვილისათვის, პ, უმიკაშვილს იმავე 1873 წელს გადმოუწერია პირი წერილისა და ამ გადმონაწერის მიხედვით დაიბეჭდა წერილის ტექსტი ჟურნალ „კრებულში" 1873 წელს (№ III). ეს ტექსტი განმეორებულია შემდეგ სხვა გამოცემებშიაც (სად ინახება ამჟამად თვით დედანი გრ. ორბელიანის წერილისა, უცნობია).

პ. უმიკაშვილის გადმონაწერიდან ირკვევა, რომ წერილის დედანში, მითითებულ ადგილას, ყოფილა ვრცელი ტექსტი, 21 სიტყეისაგან შემდგარი; ეს ტექსტი, როგორც ირკვევა, იმდენად სახიფათო ყოფილა პოლიტიკური მხრით, რომ პ უმიკაშვილს არათუ არ უცდია მისი დაბეჭდვა ჟურნალ „კრებულში" (თუნდაც კუპიურებით), არამედ შეუძლებლად ჩაუთვლია მისი გადმოწერაც კი თავის ხელნაწერში, პ. უმიკაშვილს ჩაუნიშნავს ეს ტექსტი თავის გადმონაწერში დაშიფრულად, ასეთი სახის კოდით. ხაზების სიმოკლე-სიგრძით აღუნიშნავს სიტყვების სიმოკლე-სივრძე; სიტყვათა ჯგუფები გაუყვია ნიშნით ); ამავე დროს აღუნიშნავს სასვენი ნიშნები (, ოთხჯერ, ბოლოში I ).

პ. უმიკაშვილის დაშიფრული ტექსტი ასეთია:

0x01 graphic

ტექსტი, როგორც ირკვევა, არა მარტო სახიფათო ყოფილა პოლიტიკურად, არამედ, ამავე დროს, იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ უმიკაშეილს სურდა არ დავიწყნოდა იგი და ასეთი კოდისათვის მიუმართავს.

თუ რას შეიცავდა საცენზურო პირობების გამო ამოღებული ეს ტექსტი, ამის ამოცნობა შესაძლო ხდება თუმცა ზოგადად, მაგრამ, ვფიქრობ, სავსებით ზუსტად.

ჯერ გავითვალისწინოთ ტექსტების თანამიმდევრობა:

1. პირველი ტექსტი - ილიას ვაჟკაცობის აღწერილობა;

2. ამას მოსდეს მეორე ტექსტი, შემდგარი 21 სიტყვისაგან, ამოღებული საცენზურო მიზეზების გამო;

3. ამას უშუალოდ მოსდეს პოეტის განცხადება: „აი რას ფიქრობს პოეტი ილიკოს მაგივრად“ - რასაც მიჰყვება ლექსი „მირბის, მიმაფრენს...“ (მერანი).

ილია ფიქრობს ერთს, ხოლო პოეტი ფიქრობს სხვას; სახელდობრ, პოეტი ფიქრობს მას, რაც გადმოცემულია „მერანში“.

მეორე ტექსტში, რომელიც საცენზურო პირობების გამო ამოლებულ იქნა წერილიდან.

მეორე ტექსტში, რომელიც საცენზურო პირობების გამო ამოღებულ იქნა წერილიდან.

ჩვენ არ შევცდებით, თუ დავასკვნით, რომ ამ მეორე ტექსტში მოხსენებული იყო იმპერატორი (ან პირდაპირ ამ დაწერილობით „იმპერატორი“ 2, ან სრულიად გამჭვირვალე მითითებით).

წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ მიემართათ ასეთი საგანგებო კოდისათვის ტექსტის დასაშიფრავად.

პოეტი დიდად აფასებს ილიას დიდ ვაჟკაცობას, მაგრამ უმძიმს, რომ ილია ამ ვაჟკაცობას სწირავს იმპერატორს, და არა თავის ქვეყანას, თავის ხალხს. ილია ფიქრობს ერთს - „იმპერატორსა ემსხვერპლეთ 3; ხოლო პოეტი ფიქრობს სხვას, რაც მან „მერანში“ გამოსახა, ე. ი თავისი ქვეყნისა და ხალხის თავგანწირულ სამსახურს, თავდადებას, „რათა მოძმესა მისსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“ (- ამას გულისხმობს ბარათაშვილი როდესაც წერს: „აი რას ფიქრობს პოეტი ილიას მაგიერად“).

ნ. ბარათაშვილი ფიქრობს ილია ორბელიანზე იმასვე, რასაც ფიქრობს ილია ჭავჭავაძე „იანიჩარის“ შესახებ.

მოვიგონოთ ეს ლექსი ილია ჭავჭავაძისა, რომელიც მან დაწერა ახალგაზრდობაში, 1860 წელს (ეს ის ხანაა, როდესაც ილია ჭავჭავაძე პირველად ეზიარა ნ. ბარათაშვილის დიდ პოეზიას, კერძოდ, 1860 წელს არის დაწერილი ორი ლექსი ილიასი, მიძღვნილი ბარათაშვილისადმი).

იანიჩარი

აგერ რაზმიდან ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა,
შორსა გაფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა...
მიჰქრის, მიფრნავს, მიჭექავს, უკან მისდევს მტვრისა ბუქი,
მასზედ ჰზის ივერიელი ჭაბუკი ვინმე ჩაუქი.

შვენოდა იგი ჭაბუკი ცხენზედა, ვით ალვა რგული,
მაგრამ მე მის მჭვრეტელს ნაღვლით ამერია სული, გული...
ვთქვი თუ, ვისთვის შენ კისკასობ, ვისთვის? იჩენ სიმარდესა?
შენი რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველს ოსმალეთსა?
შენ სიმარდეს, სიჩაუქეს შენი ქართლი არ დაჰყურებს!

ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი დიდი მოძმე და მემკვიდრე ილია ჭავჭავაძე აქაც ხვდებიან ერთმანეთს.

ნიკოლოზ ბარათაშვილი დიდად აფასებს ილია ორბელიანის ვაჟკაცობას, მაგრამ ილია ორბელიანი არ არის ადრესატი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანისა.

ილია ორბელიანი თავისა დიდი შემართებით და სულიერი სიმტკიცით ხიბლავს ნიკოლოზ ბარათაშვილს; ხოლო ილია ორბელიანი, თუმცა იგი არის „ივერიელი ჭაბუკი ვინმე ჩაუქი“, რომელიც „მიჰქრის, მიფრინავს, მიჭექავს, უკან მისდევს მტვრისა ბუქი“, მაგრამ ილია ორბელიანი მაინც არის მხოლოდ „იანიჩარი“, და არა ის თავგანწირული მხედარი, ის გმირი, რომელსაც უმღერა ბარათაშვილმა თავის „მერანში“. ნიკოლოზ ბარათაშვილს იმედს აღუძრავს დიდი შემართება ილია ორბელიანისა, ამას იქით პოეტი ხედავს და მიესალმება არა იანიჩარებს, არამედ სხვა ვაჟკაცებს, რომლებიც მიზნად დაისახავენ თავისი ქვეყნის სამსახურს, ხალხისათვის თავდადებას.

თვით ნ. ბარათაშვილი იმავე წერილში სწერს გრიგოლ ორბელიანს, რომ, როდესაც გავიგეთ ილია ორბელიანის დატყვევება და ილიას მიერ გამოჩენილი ვაჟკაცობა, „სამი დღე გაბრუებული ვიყავი სხვადასხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით“. სურვილით! ეს იყო სურვილი, რომ მას ეხილა სხვა ვაჟკაცები, თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირულნი და თავდადებულნი.

ამრიგად, ადრესატი „მერანის“ არის არა სხვა ვინმე, არამედ თვით ნიკოლოზ ბარათაშვილი; ხოლო ბარათაშვილთან ერთად რუსთაველის მიერ დახატული გმირი ავთანდილი. ბარათაშვილი თავისი „მერანით“ გადაჰკვეთს ბედის საზღვარს, რათა მოძმესა თეისსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს; ასევე ავთანდილი (რომლის აღთქმაა - „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“) ველად არის გაჭრილი და მოივლის მსოფლიოს ტყვეობაში მყოფი ნესტან-დარეჯანის სახსნელად.

ასეთია უსაზღვრო არე და სული მერანისა.

პავლე ინგოროყვა

_______

1. ეს ერთი ფრაზა რუსულად არის ნაწერი «Boт что думает поэт за Илико»( = აი რას ფიქრობს პოეტი ილიკოს მაგივრად“).

აღვნიშნავთ ამასთან, რომ ამ ტექსტს დღემდე შეცდომით თარგმნიდენ. ამრიგად „აი რას ფიქრობს პოეტი ილიკოს შესახებ“, ასეთი თარგმანი აშკარა დამახინჯებაა წერილის დედააზრისა.

2. მოვიგონოთ მეორე პარალელი, სადაც პირველადი ტექსტი - „მეფესა თავი შესწირეთ“ (იგულისხმება ერეკლე მეფე, შემდეგ შეუცვლიათ - ცენზურის თვალის ასახვევად - ამრიგად; „იმპერატორსა ემსხვერპლეთ“ (ვითომცდა აქ იმპერატორი იგულისხმებოდეს). იხ. ქვემოთ, გვ. 270. შენიშვნა ლექსზე „ომი სააქართველოს თავად-აზნაურთ-გლეხთა“.

3. იხ. წინა შენიშვნა.

7.4 ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა არაავტოგრაფული დედნები

▲ზევით დაბრუნება


ზემოთ ჩვენ დაწერილებით მიმოვიხილეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფული ხელნაწერები.

რამლენადაც ნიკოლოზ ბარათაშვილის ტექსტის ისტორიის დადგენის დროს ჩვენ გვექნება მითითებანი არა მარტო ავტოგრაფულ ხელნაწერებზე, არამედ აგრეთვე არაავტოგრაფულ ხელნაწერებზედაც, ჩვენ აქ წარმოვადგენთ მოკლე ცნობებს არაავტოგრაფულ ხელნაწერთა შესახებ.

ნიკოლოზ ბარათაშვილის არაავტოგრაფული ხელნაწერები განიყოფება ორ კლასად:

კლასი A: არაავტოგრაფული დედნები - გადმონაწერები.

კლასი B: არაავტგრაფული დედნები, ნაწილობრივ არაავთენტურნი (B კლასის დედნებში ნ. ბარათაშვილის მიერ ნაწარმოებს განუცდია მნიშვნელოვანი ცვლილება რედაქტორთა მიერ).

ჩვენ აქ წარმოვადგენთ სიის A და B კლასის დედნებისა.

*

კლასი A
პირველი ჯგუფი
ლექსების არაავტოგრაფიული დედნები,
რომლებიც სცვლიან არმოღწეულ ავტოგრაფებს

ა = ყრმობის დროინდელი ლექსები (1832), პირველი რედაქცია ლექსისა „ბულბული ვარდზედ“ (1832 - 1833), პირველი რედაქცია ლექსისა „შემოღამება მთაწმიდაზედ“ (1833) (- კრებული. ხელნაწერთა ინსტიტუტისა H - 2684, გადაწერილი 1833 წელს, 18 ივნისამდე).

ბ = ლექსი „მადლი შენს გამჩენს“, გამოქვეყნებული ილიას „საქართველოს მოამბეში“1863 წ.( II ). - ხელნაწერი არ მოღწეულა.

გ = ლექსი „ვლოცავ დღეს“, მართა ერისთავის თასის წარწერა, გამოქვეყნებული ჟურნალ „თეატრში“ 1886 წ. (№30), ნინო ორბელიანის გადმონაწერით.

დ = ეპიგრამა „ელენეს და მაროს“ (შეტანილი ხელწერთა ინსტიტუტის ხელნაწერში S - 5190).

ე = ლექსი „ჩინარი“, - არაავტოგრაფული დედნები.

1, ე 2, ე 3 - ტექსტი შეტანილი დედნებში [T] [T 1], [Z].

4 - . პ. უმიკაშვილის გადმონაწერი (ხელნაწერთა ინსტიტუტსა H - 4911).

5 - ტექსტი, გამოქვეყნებული ნ. ბარათაშვილის თხზულებათა 1876 წლის გამოცემაში.

მეორე ჯგუფი

პოემა „ბედი ქართლისა“-ს არაავტოგრაფული დედნები:

1.

ადრინდელი რედაქციის (IV-ა ხელნაწერი გამოცემის) მიმდგომნი:

ე = ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 4911.

ზ = ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 3723.

თ = ხელნაწერთა ინსტიტუტისა Q - 1406.

2.

ბოლო რედაქციის (V-ა და VI-ა ხელნაწერ გამოცემათა) მიმდგომნი:

ი = ხელნაწერთა ინსტიტუტისა H - 1430.

კ = ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 5074.

ლ = ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 1540.

მ. = კ = ხელნაწერთა ინსტიტუტისა H - 1304.

მესამე ჯგუფი

დედნები, შემცველნი „მირიან ივერი“-ს ხელმოწერით 1 (ხელნაწერთა ინსტიტუტისა).

m-1 = 8 ლექსი ხელნაწერთა ინსტიტუტისა H - 2398.

m-1 = ლექსი: „ჩემს სატრფოს“ [ = „არ უკიჟინო“] (ხელნაწერთა ინსტიტუტისა H - 2733).

_________

1. „მირიან ივერი“ის ხელმოწერით, ნაპოლეონ; ჩემს სატრფიალოს [= „არ უკიჟინო“]; შემოღამება მთაწმინდაზედ; საყურე.

დანარჩენი ლექსები, „შენნი დალალნი“, ბულბული ვარდზედ; „ზვირთები მოდუდუნებენ [= ქეთევან]; ხმა იდუმალი.

მეოთხე ჯგუფი (varia)

var.- 1 = 8 ლექსი 2 (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 5190).

var.- 2 = 5 ლექსი 3 (საქართველოს ლიტ. მუზეუმისა №154).

var.- 3 = 4 ლექსი 4 (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 3723).

var.- 4 = ლექსი „სულო ბოროტო” (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 1540).

var.- 5 = იგივე ლექსი (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 2531).

var.- 6 = იგივე ლექსი (ხელნაწერთა ინსტიტუტისა Q - 27).

var.- 7 = იგივე ლექსი (საქართველოს ლიტ. მუზეუმისა 3874/4).

var.- 8 = ლექსი „ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა” (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 1512).

var.- 9 = იგივე ლექსი (ხელნაწერთა ინსტიტუტისა H - 772).

var.- 10 = იგივე ლექსი (ხელნაწერთა ინსტიტუტისა H - 2417).

var.- 11 = იგივე ლექსი (ხელნაწერთა ინსტიტუტისა H - 572).

var.- 12 = ლექსი „ჩემს ვარსკვლავს” (ხელნაწერთა ინსტიტუტისა Q - 362).

var.- 13 = ლექსი „თ. ჭავჭავაძის ასულს ეკატერინას” (ცენტრ-არქივისა 288 (8) №57).

________

2. ლექსები: „სატრფოვ. მახსოვს", „დამქროლა ქარმან“, „ვჰპოვე ტაძარი"; „არ უკიჟინო“; ქალის ყვავილი და მწირი (პირველი ვარიანტი ლექსისა „სუმბული და მწირი“, „მიყვარს თვალები“ „სულო ბოროტო“. „რად ჰყვედრი კაცსა“, - (გარდა ამ 8 ლექსისა, ამავე ხელნაწერშია ეპიგრამა „ელენეს და მაროს“, რომელიც ცალკე გამოვყავით ლიტერით დ (იხ. ზემოთ).

3. ლექსები შემოღამება მთაწმიდაზედ, ნაპოლეონ; ჩემს სატრფიალოს, [„არ უკიჟინო“]; „ვპოვე ტაძარი“, საყურე.

4. ლექსები ჩემი ლოცვა, მერანი, „სულო ბოროტო“; საყურე.

________

1. ქეთევან, რომანსი (1835). - 3. შემოღამება მთაწმიდაზე, ელეგია (1836), - ჴმა იდუმალი (1836), - 4. ფიქრები მტკვრის პირზე (1837) - 5. ჩანგურს (1837). 9. - საყურე (1839) - 10. ჩჩვილი (1839). - სული ობოლი (1869). - 12. „სატრფოვ მახსოვს“ (1840). - 13. ჩემი ლოცვა (1840). - 14. „აღმოხდა მნათი“ (1840). - 15. ჩემთ მეგობართ (1841) - 16. „არ უკიჟინო“ (1841). - 17. ფანტაზია [= „ვპოვე ტაძარი“] (1841). - 18. სუმბული და მწირი (1842). - 19. თვალები [= „მიყვარს თვალები“] (1842). - 20 ლამაზ ბანოვანს [= „რად ჰყვედრი კაცსა“ (1842). - 21. კნიაზ ბარატაევის აზარფეშაზედ (1842). - 22. „მირბის მიმაფრენს“ (1842).23. „შენნი დალალნი“(1842). - 24. საფლავი მეფის ირაკლისა (1842). - 25. შევიშრობ ცრემლსა“ [ფანქრით მიწერილია სათაურად „გალობა სიტურფისა“] (1843). - 26. „სულო ბოროტო“ (1843). - 27. ჩინარი (1844).

*

კლასი B

არაავტოგრაფული დედნები - ნაწილობრივ არაავთენტურნი

პირველი ჯგუფი ანუ T ჯგუფი

(ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებანი,

რედაქტირებული მიხეილ თუმანიშვილის მიერ)

[T] = ლექსთა კრებული (27 ლექსი) 1. ხელნაწერი მიხეილ თუმანიშვილის არქივისა I (ხელნაწერთა ინსტიტუტისა Q- 439).

[T] = ლექსთა კრებული (24 ლექსი) 2 ხელნაწერი ინსტიტუტისა S - 1555.

[T-ა] - „ბედი ქართლისა“. ხელნაწერი მიხ თუმანიშვილისეული არქივისა II (ხელნაწერთა ინსტიტუტისა Q - 438).

[T-ა1] = „ბედი ქართლისა“. ხელნაწერი მიხ. თუმანიშვილის არქივისა III (ხელნაწერთა ინსტიტუტისა Q - 439).

[T-ა2] „ბედი ქართლისა“ (ხელნაწერთა ინსტიტუტისა A - 1258).

[T-ა3] = „ბედი ქართლისა“ (გამოქვეყნებული დ. ბერიშვილისეულ ხელნაწერის მიხედვით ჟურნალ „ცისკარში“ 1858 წ., IX).

[t-1] = „შემოღამება მთაწმინდაზედ“, გამოქვეყნებული ილიას ჟურნალში „საქართველოს მოამბეში“ 1863 წ., №1 (მიმდგომი კრებულისა T )

[t-2] = ლექსი „ფანტაზია“ [ვპოვე ტაძარი“] (შეტანილი ხელნაწერთა ინსტიტუტის კრებულში S - 1540, მიმდგომი კრებულისა T).

1. სარჩევში, რომელიც დართული მეორე კრებულს, ჩამოთვლილია 27 ლექსი(იგივე ლექსები, რაც პირველ კრებულში); მაგრამ ჩაწერილია ამ მეორე კრებულში მხოლო24 ლექსი; 3 ლექსი (13. ჩემი ლოცვა, 20. ლამაზ ბანოვანს 26.„სულო ბოროტო“) არაა მოყვანილი და მითითებულია ჟურნალი „ცისკარი“,

სადაც ეს სამი ლექსი დაიბეჭდა (1851, IV). ტექსტი ლექსებისა (აგრეთვე სათაურები) ამ ორი კრებულისა იდენტურია. ერთნაირია ლექსთა თანრიგიც (ერთის გამონაკლისით; პირველ კრებულში ჯერ მოყვანილია „მირბის, მიმაფრენს“, შემდეგ „შენნი დალალნი“; მეორე კრებულში ამ ორი ლექსის რიგი შენაცვლებულია).

ჯგუფები მეორე - მეოთხე („ცისკრის“ ჯგუფები) :

ჯგუფი მეორე

[z-1] = 4 ლექსი 2, გამოქვეყნებული „ცისკარში“ 1852 წელს (IV).

ჯგუფი მესამე

[z-2] = 2 ლექსი 3, გამოქვეყნებული „ცისკარში“ 1858 წელს (II).

ჯგუფი მეოთხე

[Z] = ლექსთა კრებული ალექსანდრე ჩიქოვანისეული, რომელიც შეიცავდა 27 ლექსს. ამ კრებულიდან (პ. უმიკაშვილის მიერ გადმოღებული პირის მიხედვით) დაიბჭდა „ცისკარში” 1860-1863 წლების მანძილზე 15 ლექსი 4.

__________

1. ლექსები დალაგებულია შემდეგი თანრიგით (სათაურები ლექსებისა მთელ რიგ შემთხვევებში შეცვლილია რედაქტორის მიერ).

2. ლექსები ბულბული ვარდზედ; ჩემი ლოცვა; ქალი [= „რად ჰყვედრი კაცსა“]; „სულო ბოროტო“

3. ლექსები: ჩვილი; ლაშქრობა ქართველთა კავკასზე [= ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა“].

4. ლექსები (მოგვყავს მათი, ქრონოლოგიური თანრიგით): ხმა იდუმალი (1836), ფიქრნი მტკვრის პირას (1837]; ჩონგურს (1937); ჩემს ვარსკვლავს (1837); ნაპოლეონ (1838); პეპელა [= საყურე (1839); სული ობოლი (1839); „სატრფოვ, მახსოვს“ (1840); ჩემთ მეგობართ (1841); „არ უკიჟინო“ (1841); „ვპოვე ტაძარი“ (1841); სუმბული და მწირი (1842); ჩემს მერანს [= „მირბის, მიმაფრენს] (1842); საფლავი მეფის ირაკლისა (1842); ჩინარი (1844).

8 ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა ტექსტის ისტორია

▲ზევით დაბრუნება


***

ჩვენ წინაშე არის დიდი ამოცანა დადგენა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწა მოებთა კანონიკური ტექსტისა.

ამისათვის საჭიროა გავითვალისწინოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველა ნაწარმოებთა ტექსტის ისტორია, რასაც ეძღვნება ქვემორე თავები.

ტექსტის ისტორიაში ჩვენ ვემყარებით მხოლოდ ავტოგრაფებს, როგორც დოკუმენტს.

ტექსტის ისტორიის გათვალისწინების დროს მოგვყავს ყველა ვარიანტი, რომლებიც წარმოდგენილია ავტოგრაფებში.

რაც შეეხება არაავტოგრაფულ დედნებს, ისინი გამოყენებულია, როგორც დამხმარე, შესამოწმებელი მასალა; სახელდობრ, აღნიშნულია, თუ რომელ წაკითხვას, წარმოდგენილს ავტოგრაფებში, ემხრობა ესა თუ ის არაავტოგრაფული დედანი.

ვარიანტების მოყვანის დროს აღნიშნულია მხოლოდ რეალური სხვაობა ტექსტებისა (არაა აღნიშნული უბრალო ორთოგრაფიული სხვაობანი, რასაც ტექსტის დადგენისათვის არა აქვს მნიშვნელობა).

ტექსტის ისტორიაში ავტოგრაფული ხელნაწერები აღნიშნულია ამავე ნიშნებით, რომლებითაც ისინი მოხსენებულია ავტოგრაფების, მიმოხილვაში, გვ. 222-231.

ასევე არაავტოგრაფული დედნები აღნიშნულია იმავე ნიშნებით, რომლებითაც ისინი მოხსენებულია გვერდებზე 231-232, 248-250.

III

ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა
კანონიკური ტექსტი

ჩვენ აქ მოკლედ მიმოვიხილავთ ნიკოლოზ ბარათაშვლის თხზულებათა კანონიკური ტექსტის დადგენის ისტორიას.

*

ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა ტექსტი ძირითად გამოცემებში შემდეგი სახით არის წარმოდგენილი.

1. ნ. ბარათაშვილის პირველ ბეჭდვით გამოცემას, რომელიც გამოვიდა 1876 წელს პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით, საფუძელად დაედო ნ. ბარათაშვილის ავტოგრაფული ხელნაწერი, სახელდობრ, ნ. ბარათაშვილის თხზულებათა მეხუთე ხელნაწერი გამოცემა (V, V-ა). ეს ტექსტი, მეხუთე ხელნაწერი გამოცემა, როგორც გამორკვეული გვქონდა, ახლოა ნ. ბარათაშვილის თხზულებათა საბოლოო რედაქციასთან (რომელიც წარმოდგენილია მეექვსე ხელნაწერ გამოცემაში: VI, VI-ა).

გამოცემა პეტრე უმიკაშეილისა დიდი ნაბიჯი იყო წინ ბარათაშვილის ტექსტის დადგენის ისტორიაში (ამაზე ადრე ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნებული ტექსტები ემყარებოდა ავტოგრაფულ დედნებს).

2. 1895 წელს გამოვიდა ნიკოლოზ ბარათაშვილის თზულებათა გამოცემა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ე. თაყაიშვილი, დ. კარიჭაშვილის თანარედაქტორობით. ამ დროს უკვე ცნობილი იყო ყველა ძირთადი ავტოგრაფი ბარათაშვილისა, მათ შორის ხელნაწერი ავტოგრაფული გამოცემები 1841 - 1843 წლებისა, აგრეთვე ცალკეულ ლექსთა კოლექციები - მაიკო ორბელიანისეული და გრიგოლ ორბელიანისეული (ამას ერთვის პუბლიკაციები იონა მეუნარგიასი ამჟამად უცნობი ავტოგრაფებიდან).

რედაქტორებმა ძირითად დასაყრდენ დედნად მიიჩნიეს ნ. ბარათაშვილის მეოთხე ავტოგრაფული ხელნაწერი გამოცემა (IV, IV-ა) და ტექსტი გამოცემისა დაიბეჭდა ამ მეოთხე ავტოგრაფული კრებულის მიხედვით.

ის გარემოება, რომ რედაქტორებმა დასაყრდენ დედნად მიიჩნიეს მეოთხე ხელნაწერიგამოცემა, არაფრით გამართლებული არაა. მეოთხე ხელნაწერი გამოცემა, მიმოხილვაში დავადგინეთ, წარმოადგენს ადრინდელს, და არა საბოლოო რედაქციას ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა (კერძოდ, მეოთხე ხელნაწერი გამოცემის შემდეგ პოეტმა ახლად გადახედა პოემას „ბედი ქართლისა“ და მასში მეტად მნიშვნელოვანი რედაქციული ცვლილებანი შეიტანა. ასევე ლექსებშიაც შეტანილ იქნა რედაქციული ცვლილებანი).

3. 1922 წელს გამოვიდა . ბარათაშვილის თხზულებანი სამსონ ფირცხალავას რედაქტორობით, გამოცემის მონაწილე და აკადემიური კონსულტანტი იყო ე. თაყაიშვილი.ეს გამოცემაც ემყარება იმავე ავტოგრაფულ კრებულს ნიკოლოზ ბარათაშვილისა, ე. ი. მეოთხე ხელნაწერ გამოცემას.

4. 1930 წელს გამოქვეყნდა ჩვენი გამოცემა ნ. ბარათაშვილის თხზულებათა. ნ. ბარათაშვილის ხელნაწერი მემკვიდრეობის ყოველმხრივმა შესწავლამ ჩვენ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ბარათაშვილის თზზულებათა საბოლოო რედაქცია წარმოდგენილია არა მეოთხე რედაქციაში (რა აზრიც განმტკიცებული იყო ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში 1895 წლდან 1930 წლამდე), არამედ მეექვსე რედაქციაში, რომელიც ქრონოლოგიურად მისდევს მეოთხე და მეხუთე რედაქციებს, და რომელიც შედგენილობის მიხედვით ყველაზე სრულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფულ ხელნაწერ გაცემათა შორის. ჩვენს 1930 წლის გამოცემას საფუძვლად დაედო ეს ტექსტი, ნ. ბარათაშვილის თზულებათა მეექვსე ავტოგრაფული ხელნაწერი გამოცემა.

5. 1939 წელს გამოქვეყნდა ნ. ბარათაშვილის თხზულებანი ი. თავაძის და აკ. გაწერელიას რედაქტორობით. ტექსტის დადგენას ხელმძღვანელობდა ი. გრიშაშვილი. გამოცემაში უცვლელად განმეორებულია 1922 წლის გამოცემის ტექსტი.

6. 1845 წლის საიუბილეო გამოცემაში, რომლის ტექსტის დადგენას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე, ძირითად საორიენტაციო დედნად მიღებულია ნ ბარათაშვილის მეოთხე ხელნაწერი გამოცემა, ხოლო ნაწილობრივ მიღებულია წაკითხვები ჩვენი 1930 წლის გამოცეისა.

ასეთია, მოკლედ ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა ტექსტის დადგენის ისტორია.

*

რაც შეეხება წინამდებარე გამოცემსა, მის დოკუმენტაციას მკითხველი გაეცნო ტექსტის ისტორიაში.

გარდა იმისა, რომ აქ დადგენილია ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა კანონიკური ტექსტი ყველა არსებული ხელნაწერი მასალების გათვალისწინებით, დაზუსტებულია აგრეთვე ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა ქრონოლოგია.

პავლე ინგოროყვა

__________

შენიშვნა

ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილების დედანთა შესახებ

ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილები წინამდებარე გამოცემაში შემდეგი დედნების მიხედვით დაიბეჭდა.

I. წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი (გვ. 169 - 17).

წერილი ავტოგრაფის მიხედვით პირველად გამოაქვეყნა იონა მეუნარგიამ გაზეთ „დროებაში“ 1885 წელს (№114). ჩვენს გამოცემაში წერილი დაიბეჭდა „დროებაში“ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით. სად ინახება ამჟამად ავტოგრაფი, უცნობია.

II. წერილი მიხეილ თუმანიშვილისადმი (გვ. 171- 172).

დაიბეჭდა ავტოგრაფის მიხედვით (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 2484).

III. წერილი-მიძღვნა მაიკო ორბელიანისადმი (გვ 173).

დაიბეჭდა ავტოგრაფის მიხედვით (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 2701).

IV. წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი (გვ 174).

დაიბეჭდა ავტოგრაფის მიხედვით (საქართველოს სალიტერატურო მუზეუმისა №16399).

V. წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი (გვ 175).

დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის მიერ ავტოგრაფიდან გადმოღებული პირის მიხედვით (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 4911). სად ინახება ავტოგრაფი, უცნობია.

VI. წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი (გვ 176-178).

ეს წერილიც დაიბეჭდა პეტრე უმკაშვილის მიერ ავტოგრაფიდან გადმოღებული პირის მიხედვით (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 4911). სად ინახება ავტოგრაფი, უცნობია.

VII. წერილი მაიკო ორბელიანისადმი (გვ 179-180.).

დაიბეჭდა ავტოგრაფის მიხედვით (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 2484).

VIII. წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი (გვ 181).

დაიბეჭდა პეტრე უმკაშვილის მიერ ავტოგრაფიდან გადმოღებული პირის მიხედვით (ხელნაწერთა ინსტიტუტისა - 4911). სად ინახება ავტოგრაფი, უცნობია.

IX. წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი (გვ 182-184).

დაიბეჭდა პეტრე უმკაშვილის მიერ ავტოგრაფიდან გადმოღებული პირის მიხედვით (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 4911). სად ინახება ამჟამად ავტოგრაფი, უცნობია.

X. წერილი ზაქარია ორბელიანსადმი (გვ. 185 - 187).

დაიბეჭდა ავტოგრაფის მიხედვით (საქართველოს სალიტერატურო მუზეუმისა №16401).

XI. წერილი ზაქარია ორბელიანსადმი (გვ. 188 - 189).

დაიბეჭდა ავტოგრაფის მიხედვით (საქართველოს სალიტერატურო მუზეუმისა №16400).

XII. წერილი გრიგოლ ორბელანისადმი (გვ. 190).

წერილი ავტოგრაფის მიხედვით გამოაქვეყნა იონა მეუნარგიამ გაზეთ „დროებაში“ 1885 წელს (№ 114). ჩვენს გამოცემაში წერილი დაიბეჭდა, „დროებაში“ გამოქვეყნებულო ტექსტის მიხედვით. სად ინახება ამჟამად ავტოგრაფი უცნობია.

XIII. წერილი ზაქარია ორბელიანსადმი (გვ. 191 - 192).

დაიბეჭდა ავტოგრაფის მიხედვით (საქართველოს სალიტერატურო მუზეუმისა №16402).

XIV. წერილი მაიკო ორბელიანისადმი (გვ 193-194.).

დაიბეჭდა ავტოგრაფის მიხედვით (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 2484).

XV. წერილი მაიკო ორბელიანისადმი (გვ 195).

დაიბეჭდა ავტოგრაფის მიხედვით (ხელნაწერთა ინსტიტუტისა S - 2484).

XVII. წერილი ბაბალე საგინაშვილისადმი (გვ. 197).

XVIII. წერილი ალექსანდრე საგინაშვილისადმი (გვ. 198).

ეს ორი წერილი ერთროულად არის დაწერილი ერთ ქაღალდზე.

წერილები ავტოგრაფის მიხედვით გამოაქვეყნა გრიგოლ აბაშიძემ 1937 წელს გაზეთში „ლიტერატურული საქართველო“, № 2/25). ჩვენი გამოცემის ტექსტი ამ პუბლიკაციას ემსახურება.