The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ვაჟა-ფშაველა თხზულებანი (ტომი I, ლექსები)

ვაჟა-ფშაველა თხზულებანი (ტომი I, ლექსები)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ვაჟა-ფშაველა
თარიღი: 1964
აღწერა: ვაჟა-ფშაველა თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად ტომი I, ლექსები გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1964 საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი სარედაქციო კოლეგია: გიორგი ლეონიძე (მთავარი რედაქტორი), გიორგი აბზიანიძე, დიმიტრი ბენაშვილი, სოლომონ ყუბანეიშვილი, მიხეილ ჩიქოვანი ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ვარიანტები და შენიშვნები დაურთო ზ. ჭუმბურიძემ რედაქტორი ვ. ჯავახაძე, მხატვარი თ. ყუბანეიშვილი, მხატვრული რედაქტორი გ. გორდელაძე, ტექრედაქტორი ვ. ხუციშვილი, კორექტორი ნ. ბექაური.



1 ***

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

1961 წელს ქართველმა ხალხმა და მასთან ერთად მთელი მსოფლიოს მოწინავე საზოგადოებრიობამ ზეიმით აღნიშნა დიდი ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას დაბადების ასი წლისთავი“, ამ თარიღისათვის საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა დასაბეჭდად მოამზადა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებული, რომელიც ხუთ ტომად გამოსცა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“.

ეს იყო ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული აკადემიური გამოცემა, მანამდე დიდი პოეტის ნაწერები ასე სრული სახით დაბეჭდილი არ ყოფილა, თვითონ მწერლის სიცოცხლეში მისი თხზულებანი ცალკე წიგნებად ძალზე იშვიათად იბეჭდებოდა. მათი ჩამოთვლა აქვე შეიძლება: პირველად ცალკე გამოვიდა ვაჟა-ფშაველას „მოთხრობანი“, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემული 1889 წელს. იმავე საზოგადოებამ 1896 წელს დაბეჭდა „შალვას ნანახი ხატი“ და პოემა „მოხუცის ნათქვამი“, 1898 წ. - პოემა „ახუნდი“, 1898 წელსვე გამოიცა „ამოდის, ნათდება“ და სხვა მოთხრობები ერთ წიგნად, ხოლო 1999 წელს - შედარებით ვრცელი კრებული - „თხზულებანი“ (წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა). 1904 წ. გამოვიდა ვაჟას ლექსებისა და პოემების კრებული „ცრემლების“ სახელწოდებით (გამომცემლობა „სორაპანი“). გარდა ამისა, ორჯერ ცალკე წიგნად გამოვიდა პოემა „ბახტრიონი“ (1897 წ. - ), ი. იმედაშვილისა და ს. ჭელიძის გამოცემა, 1914 წ. - ავტორის გამოცემა), ხოლო 1911 წ. - „სამი საყმაწვილო ამბავი“ (წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა).

მწერლის სიცოცხლეში მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მეხუთედიც კი არ დაბეჭდილა ცალკე წიგნების სახით, ამ ნაწარმოებთა დიდი ნაწილი გაფანტულია იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში, ხოლო ნაწილი, მკაცრი საცენზურო პირობებისა თუ სხვა მიზეზთა გამო, ავტორის სიცოცხლეში საერთოდ არ დაბეჭდილა. ისინი მიკვლეულ იქნა ვაჟას ავტოგრაფებში, რომელთაც ჩვენამდე მნიშვნელოვანი რაოდენობით მოაღწიეს (ეს ავტოგრაფები ამჟამად დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტსა და სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში).

ვაჟა-ფშაველას მხატვრული მემკვიდრეობის შესწავლისა და გამოცემის საქმეს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საბჭოთა ხელისუფლების წლებში. მწერლის ნაწარმოებთა პირველი სრული გამოცემა განახორციელა საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობამ. ამ გამოცემას დიდი ამაგი დასდო ცნობილმა პოეტმა ალ. აბაშელმა: მან შეკრიბა ვაჟას ყველა ნაბეჭდი თხზულება, შეუდარა ისინი არსებულ ავტოგრაფებს, გაასწორა მრავალი დამახინჯებული ადგილი და კომენტარების დართვით გამოსცა შვიდ ტომად. ალ. აბაშელთან ერთად აღნიშნული გამოცემის ტექსტის გამართვა-დადგენაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აკად. ა. შანიძეს, რომელმაც ცალკეულ ტომებს ვრცელი ლექსიკონიც დაურთო, მაგრამ შვიდტომეულში არ დაბეჭდილა ვაჟა-ფშაველას ყველა თხზულება. გამოცემა უმთავრესად ემყარებოდა ნაბეჭდ ტექსტებს, ხოლო ავტოგრაფთა შვენებანი სასურველი სისრულით არ იყო გათვალისწინებული, ასევე - დაწვრილებით არ ყოფილა აღნუსხული ვარიანტები.

ყოველივე ამის გამო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა გადაწყვიტა მოემზადებინა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემა, რომელიც, როგორც ვთქვით, დაიბეჭდა ხუთ ტომად 1981 წელს.

ამ გამოცემამ ჩვენი პრესისა და ფართო მკითხველი საზოგადოების საერთო მოწონება და აღიარება დაიმსახურა. მთელი გამოცემა სულ მოკლე ხანში გაიყიდა. ამიტომ დაისვა საკითხი ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებულის ხელახლა გამოცემის შესახებ.

ახალი გამოცემა არ წარმოადგენს წინანდელის (1861 წ.) სტერეოტიპულ გამეორებას, თუმცა ტექსტის დადგენის პრინციპები და ძირითადი სამეცნიერო აპარატი იგივე რჩება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“ გაითვალისწინა წინა გამოცემასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები და მთელი რიგი ნაწარმოებების ტექსტში შეიტანა თვალსაჩინო შესწორებანი, ამავე დროს ნაწილობრივ შეივსო კომენტარები, დაზუსტდა ზოგიერი თხზულების დაწერის თარიღი და ა.შ.

ამ გამოცემაში პირველად იბეჭდება ვაჟას პირადი წერილები და დოკუმენტები, რომლებიც არ შესულა ხუთტომეულში, გარდა ამისა, ეს გამოცემა შეივსო პოემით, რამდენიმე ლექსით, კორესპონდენციითა და სხვა ნაწარმოებებით.

წინამდებარე გამოცემა იბეჭდება ათ ტომად: I და II ტომები მოიცავს ლექსებს, III და IV ტომები - პოემებს, V და VI ტომებში შედის ვაჟას მოთხრობები, VII ტომში - მოთხრობები და დრამატული თხზულებანი, VIII ტომში წარმოდგენილია თარგმანები, IX ტომში - პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები, ხოლო უკანასკნელი - X ტომი ეთმობა კორესპონდენციებს, პუბლიცისტურ წერილებს, მიმოწერას, ჩანაწერებსა და სხვა დოკუმენტებს.

2 1884

▲ზევით დაბრუნება


2.1 ამირანი

▲ზევით დაბრუნება


ადე, ამირან, რას გძინავს?
ცხენს დაუყარე ხანძილი.
დიაცის დაწუნებულსა
ტირილი გინდა, გან ძილი.
ხალხური

უზარმაზარი ტანისა
კაცი ვინმე სჩანს კლდეშიო,
გულის მდნობელი ნაღველი
უხმოდ დუღს იმის მკერდშიო,

უგრძნობი ჯაჭვი მკლავებზედ
ეხვევა, როგორც გველიო,
და აბლაბუდა თვალებზედ
გადაჰკრობია ქსელიო.

ტანზედ აჰსხმია ყინული
და ხავსი შავის ფერისო,
სდგას ესე დაჩოქებული,
მომლოდნე ჯაჭვის მტვრევისო.

პირდაპირ დაყუდებული
ჟანგდება მისი ხმალიო,
მოსვენებასა თაკილობს,
ცრემლსა ღვრის, როგორც ქალიო.

დაჰვიწყებია ეს მონა
ძირს კაცსა, მაღლა ზეცასა,
არ იხსენებენ მისგანა
დევ-ეშმაკების ჟლეტასა.

მოზარე წამებულისა
ფეხთ ჩასწოლია ფინია,
ამ პაწაწინა არსებას
უცხო რამ დაუჟინია.

დაუსვენებლად ენითა
ლოკავს ჯაჭვს - უნდა გასწყვიტოს,
რომ თავი იხსნას ტანჯულმა,
ბილწი მჭედლები გასწყვიტოს,-

რომელთაც გრდემლზედ გაჰკვერეს.
მის დასაბმელად ჯაჭვიო,
არ შეიბრალეს მართალი,
გაგზავნეს ტყვედა მთაშიო.

რა გაწყვეტამდის მიიყვანს
ფინია რკინის მართულსო,
გულქვა მჭედელი გამოდის,
გრდემლზედ კვერს უწყებს რაკუნსო.

და ჯაჭვი ისევ მთელდება,
გული საკლავად მონისო.
ნეტავ ეს უღვთო წვალება
ამ გმირს გასწირავს როდისო?!

როდის ადგება ამირან,
ჯაჭვ-აბჯრით შემოსილიო,
ჩამოსდნობოდეს ყინული
და უცინოდეს პირიო.

ეჭიროს ხელში თვის ხმალი,
იცქირებოდეს ბარადა,
მთა-კლდეთ გაჰქონდეს დგრიალი,
მას თავს უკრავდენ კვალადა.

მიწა იძროდეს, ღრუბელნი
ფუოდენ, ხტოდენ შავადა,
კეკლუცნი წვრილნი ვარსკვლავნი
მთებზე სხდებოდენ ჯარადა.

სადმე ზღვამ იგრძნოს ამბავი,
კარგების სანატრელიო,
დაუკრას ტკბილი საკრავი,
ცას მიაწოდოს ხელიო.

მუნით ჩამოწვეს ღრუბელი,
გაჩნდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია,
იძახდენ მართლის ჯვარმცმელნი:
„ვაჰმე, რა დიდი ჭირია!“

მჭედლები ცოდვას ნანობდენ,
ამტერევდენ გრდემლებს, კვერებსო,
თვის იარაღის ნაშთებზედ
აფრქვევდენ მწარე ცრემლებსო.

ამირანი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15623 (B).

ცენტრ. არქივის საცენზურო კომიტეტის საქმე, №191, 1885 წ. (A).

თარიღი: 1884 წ. 13 ღეკემბერი (B).

ავტოგრაფი ნაწერია თაბახის ფურცელზე, რომელზედაც მოთავსებულია კიდევ მეორე ლექსიც - „მაცნე“. ორივე ლექსს არეზე ავტორის ხელით მიწერილი აქვს: „ეს ლექსი უკანვე გამოგვიგზავნეთ“ (ორჯერ), „ესეც უკანვე“.

როგორც ამ მინაწერებიდან ჩანს, აღნიშნული ხელნაწერი ვაჟას გაუგზავნია რომელიღაც რედაქციისათვის. რედაქციას გადაწყვეტილი ჰქონია ,,ამირანის“ დაბეჭდვა, რასაც ადასტურებს ლექსის ბოლოს სხვა ხელით გაკეთებული მინაწერი: „ფელეტონის წინად“, რაც ასე უნდა გავიგოთ: ლექსი ფელეტონის წინ გაუშვითო. ფელეტონს იმ დროს უწოდებდნენ გაზეთის გვერდის ქვედა ნაწილს, რასაც ახლა სარდაფს ეძახიან. მაშასადამე, ლექსი გაზეთში უნდა დაბეჭდილიყო და არა ჟურნალში, კერძოდ, ჟურნ. „თეატრში“, სადაც ეს ლექსი საკმაოდ განსხვავებელი სახით იბეჭდებოდა (უფრო ადრე), მაგრამ ცენზურამ დააკავა (იხ ზემოხს. საქმე №191). უეჭველად ცენზურის ჩარევის შედეგია ისიც, რომ ლექსი. არც ამჯერად (გაზეთში) არ დაბეჭდილა.

იმ დროს ერთადერთი ქართული გაზეთი, რომლისთვისაც ვაჟას „ამირანი“და „მაცნე“ შეიძლებოდა გაეგზავნა, „ივერია“ იყო. „მაცნე“ დაიბეჭდა კიდეც „ივერიაში“ 1886 წ. 14 სექტემბერს (№198), ხოლო „ამირანი“, როგორც ვფიქრობთ, ცენზურამ ალბათ ისევ დააკავა. თუ ეს ვარაუდი სწორია, ამ ორი ლექსის ერთად გადაწერა არ ნიშნავს, რომ შექმნითაც ორივე დაახლოებით ერთდროულად შეიქმნა. „მაცნეს“ თარიღი არ უზის. საფიქრებელია, რომ იგი შექმნისთანავე გაეგზავნა „ივერიას“, სადაც მალე კიდეც გამოქვეყნდა, „ამირანი“ კი უფრო ადრეა დაწერილი და ამიტომ თარიღიც ავტორს საგანგებოდ აღუნიშნავს. გადაწერისას პოეტს ლექსი საკმაოდ შეუსწორებია. „თეატრისეული“ ცალკეული სიტყვები ავტოგრაფში შემდეგ არის ჩასწორებული და შეცვლილი, საიდანაც ჩანს, რომ ავტოგრაფი უფრო გვიანდელია.

მიუხედავად ამისა, ძირითად ტექსტად მიჩნეულია პირვანდელი ვარიანტი, რომლის თავის დროზე გამოქვეყნებას ხელი შეუშალა ცენზურამ (იგი პირველად გამოაქვეყნა ს.ყუბანეიშვილმა თავის წიგნში „ვაჟა-ფშაველა. დოკუმენტები და მასალები“). რადგან ლექსი შემდგომში ავტორის მიერ საკმაოდ შესწორებულია, ჩვენ აქ მხოლოდ ვარიანტების აღნუსხვას არ დავჯერდებით და მოვიყვანთ მას მთლიანი სახით, რათა მკითხველს სრული წარმოდგენა ჰქონდეს ვაჟას ამ პირველ, ფრიად საყურადღებო ლექსზე.

ამირანი

(ლეგენდა)

უზარმაზარი ტანისა
კაცი ვინმე სჩანს კლდეშია,
განუწყვეტელი ნაღველი
უხმოდ დუღს იმის მკერდშია,
მაგრამ ბურჯივით მაგრა სდგას,
არავისა სთხოვს შველასა,
ქვეყნის ხვეწნას და მუდარას
რჩეობს საზარელ თმენასა.
რკინისა ჯაჭვი მკლავებზედ
ეხვევა, როგორც გველიო,
და აბლაბუდა თვალებზედ
გადაჰკრობია სქელიო.
ტანზედ აჰსხმია ყინული
და ხავსი შავის ფერისა,
სდგას ესე დაჩოქებული,
მომლოდნე ჯაჭვის მტვრევისა.
მოყმისთვის ვეღარც მთა მთაობს,
ვეღარცა ბარობს ბარია,
დაჰბნელებია სამყარო,
ბეჩავსა, მზე და მთვარია,
ვეღარც საღამოს ჟამს ხედავს,
ვერც რომ ეღება კარია
გარიჟრაჟზედა ბუნების, -
წითელ-ყვითელი, მწვანია.
ორივ -მტრობა და ტრფიალი -
მის გულში უქმად არია.
შავს კლდეზედ მიყუდებული
ჟანგდება მისი ხმალიო,
დატყვევებასა თაკილობს,
ცრემლსა ღვრის, როგორც ქალიო.
დაჰვიწყებია ეს მონა
ძირს კაცსა, მაღლა ზეცასა,
არ იხსენებენ მისგანა
დევ-ეშმაკების ჟლეტასა.
მოზარე წამებულისა
გვერდს მისჯდომია ფინია,
ამ პაწაწინა ოთხფეხსა
უცხო რამ დაუჟინია.
დაუსვენებლად ენითა
ლოკავს ჯაჭვს, - უნდა გაწყვიტოს,
რომ თავი იხსნას ტანჯულმა,
ბილწი მჭედლები გასწყვიტოს...
რა გაწყვეტამდის მიიყვანს
ფინია რკინის მართულსა,
ამ დროს გულ-ბნელი მჭედელი
გრდემლზედ კვერს უწყებს რაკუნსა.
და ჯაჭვი ისევ მთელდება
გულის საკლავად მონისა..
ნეტავ ეს უღვთო წვალება
ამ გმირს გასწირავს როდისა?!
როდის ადგება ამირან,
ჯაჭვ-აბჯრით შემოსილიო,
ჩამოსდნობოდეს ყინული
და უცინოდეს პირიო.
ხელში ეჭიროს თვის ხმალი,
იცქირებოდეს ბარადა,
მთა-კლდეთ გაჰქონდეს დგრიალი,
მას თავს უკრავდნენ კვალადა.
ცაში აფუვდეს ღრუბლები,
მოსქდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია,
იძახდნენ მართლის მტანჯველნი:
„ვაჰმე, რა დიდი ჭირია!*.
მჭედლები ცოდვებს ნანობდენ,
ამტვრევდენ გრდემლებს, კვერებსა,
თვის იარაღის ნაშთებზედ
აფრქვევდენ მწარე ცრემლებსა.

1884 წ. 13 დეკემბერს

ლექსს ავტოგრაფში ახლავს ავტორის შენიშვნა: „ფშავლების წარმოდგენით, როდესაც ამირანი ადგება, მაშინ ბუნებაშიაც არეულობა მოხდება“.

ავტოგრაფში რამდენიმე ადგილი ნასწორებია: 3 ყოფილა: დაუშრეტელი, - წაშლილია და სამაგიეროდ სწერია: განუწყვეტელი. 6 ყოფილა: შველასო, - ო გადასწორებულია და იკითხება: შველასა. 8 ასევე შესწორებულია: თმენასო - თმენასა. 9 ყოფილა: უგრძნობი, - შეცვლილია: რკინისა. 37 ყოფილა: არსებას, - წაშლილია და ამჟამად არის ოთხფეხსა.

3 1885

▲ზევით დაბრუნება


3.1 მთას იქით მთვარე ამოდის

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მთას იქით მთვარე ამოდის,
მთას აქით ნისლი ედება.
გზა-არეული დავდივარ
და გულზედ ცეცხლი მედება.

კლდეს სად-რა გადავვარდები,
ყორნები დამესხმიანო,
მას ვეღარ ჩავეკონები,
ვისთვისაც ცრემლნი მდიანო!

კლდეზედ ჩამორბის ნაკადი,
მორბის და მოიმღერისა,
ვაჰმე, რო გული მიკვდება,
ჯავრი მიმყვება მტერისა.

ყური დაუგდეთ კლდის შვილებს¹,
როგორ ამაყად კივიან...
შენი სახლობა ქორწილობს,
ჩემი ობლები ტირიან!...

(1885 წ.)

_____________________

1. ფრინველებს.

მთას იქით მთვარე ამოდის

ნაბეჭდი: ჟურნ. „თეატრი“, 1885 წ. 17/XI, №13.

3.2 ნეტავი გამაგებინა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ნეტავი გამაგებინა
ერთი რამ გამოცანაო,
პეპელასავით რომ ფრინავ,-
შენ გეკითხები, ქალაო:

ე შენი შავი თვალები,
რისგან არს ჩამოსხმულიო,
როს გხედავ, მწყდება მუხლები,
ლამობს დადნობას გულიო.

ზღვა ბობოქარობს, ზღვა ღელავს,
მენავეები ტირიან;
ტალღებს ტირილი არ ესმის,
შეუბრალებლად ყვირიან,

(1885 .)

ნეტავი გამაგებინა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., №15633 (A).

ასლი: ლიტ. მუზ., №10512 (B) - ესაა ხელნაწერი ჟურნალი „სალამური“.

ნაბეჭდი: ჟურნ. „თეატრი“, 1885 წ, 15 /XII, № 17 (C).

4 1886

▲ზევით დაბრუნება


4.1 გაზაფხულს ია ამოდის

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ყვირისო,-
ე ჩემი გული ტიალი
ისევ და ისევ სტირისო,

ღამით მინახავს მთის პირად
ბუ გულსაკლავად კიოდეს;
ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა
ჩემებრივ გული სტკიოდეს?!

მითამ სუყველას ბოლო აქვს,
ზღვანიც-კი დაშრებიანო;
მაშ ჩემის გულის დამჭრელნი
რატომ არ გასწყდებიანო?!

[1886 .]

გაზაფხულს ია ამოდის

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ, მუზ., №15632 (A).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 2/II, № 105 (B); ჟურნ. „თეატრი“, 1886 წ. 16/III, № 11 (C), გაზ. „საქართველო“, 1915 წ. 21/VI, № 25 (D).

2 ყვირისო] ჰყვირისო BD. 3 ე ჩემი გული] ეს ჩემი გული BCD. 4 სტირისო] ჰსტირისო B. 6 კიოდეს] ჰკიოდეს BD. 8 სტკიოდეს] ჰსტკიოდეს B. 12 რატომ] რატო D.

ესაა ვაჟას პირველი ნაწარმოები, რომელიც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“.ამის შემდეგ ვაჟა „ივერიის“ აქტიური თანამშრომელი ხდება.

4.2 დევების ქორწილი

▲ზევით დაბრუნება


ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,
მთებს მოედრიკათ თავიო.
ტყეს გასდიოდა ფოთოლი,
ზღვა ბობოქარობს შავიო.
დევებსა აქვის ქორწილი,
დიდი დარბაზი ზრიალებს.
მეც დამპატიჟეს, შევედი, -
რა მქისე სუნი ტრიალებს!?
სამპირად ცეცხლი დაენთოთ,
ზედ სამი ქვაბი შხიოდა,
სტუმრების წინა ხონჩებზე
კაცის თავ-ფეხი დიოდა.
უკვენას ყურეშიითა
კვნესის ხმა გამოდიოდა:
„ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?“ -
ყმა ვინმე გამოჰკიოდა.
უსმელ-უჭმელად გავძეხი,
ყელშიაც ამომდიოდა.

(1886 .)

დევების ქორწილი

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., № 15632 (A); ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 57 (B).

ნაბეჭდი: ჟურნ. „თეატრი“, 1886 წ. 9/II, № 6 (C).

სათაური: დევთა ქორწილი (B).

ქვესათაური: (მთიულური) (C).

6 აქვის] ჰქონდა B. 11 ხონჩებზე] ხონჩებზედ BC. 18 გავძეხი] გავძეღი B; გავსძეხი C.

4.3 ისევ შენ, ისევ, ქალაო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ისევ შენ, ისევ, ქალაო,
მომხედე, გამიცინია.
შენ მაინც ნუ მიღალატებ,
მოვკვდები - დამიტირია.
მაღლისა მთისა წვერზედა
საფლავი გამითხაროდი,
ჩემის სამშობლოს ქვიშანი
ხშირ-ხშირად მომაყაროდი.
სოფლისგან დავიწყებულსა
შენც დამივიწყებ მალეო,
მალე იშოვი საქმროსა,
უკან გაჰყვები ხვალვეო.
ემ კლდეებს მაინც შესტირე
დანაბარები ჩემია:
იდგნენ გულ-სალნი ამაყად,
არ შამაუშვან მტერია!
ნუ დაიწყებენ ჩამოშლას...
არწივთ მოზარდონ წიწილნი,
დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს,
მალ-მალ მაიღონ ბიბინი;
მთებმა ახარონ ყვავილნი,
კისრით ატარონ ნისლები,
მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, -
ისევ ცოცხალი ვიქნები.

[1886 წ.]

ისევ შენ, ისევ, ქალაო

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., №15633 (A).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 16/II, № 38 (B).

11 სოფლისგან] ქვეყნისგან B.

4.4 მწყემსი ქალი

▲ზევით დაბრუნება


დაგძინებია, ქალაო,
ამაზო, ხუჭუჭ-თმიანო,
ნეტავი გამაგებინა,
რა გესიზმრება, ღვთიანო?!
მოფრენა უდაბურს ტყეში
ღამით რისაგან გრგენია?
ვაჰმე, რო საით შემოგხვდეს
ვეფხვი, დათვი, ან მგელია!
ფეხთ ქალამნები აცვია,
ტანთ კაბა გაცვეთილიო;
თავი უდვია მკლავზედა,
უჩანს თითები თლილიო.
თუმც დაღლილს დასძინებია,
მითც სუნთქვა მესმის ბთხილიო.
ზურგზედა გუდა ჰკიდია,
თავით კობალი უძევსო.
ამ ტყის ანგელოზს გოგონას
ტკბილს ძილს არა-რა ურღვევსო.
საბთხილო კია, ზეცაო,
შენ გევედრები ბეჩავი,
იმ დღიდან ამ დღემდისინა
მუდამ ვყოფილვარ ბედშავი:
მა გოგოს კალთა აფარო,
არიდო ყველა მას ავი.
თუ მის თვალები გაჰქრება
და სხივს არ მომაყრიანო,
გულის წყლულს არ მომირჩენენ,
ნისლებს არ გადმიყრიანო,
რაც ქვეყანაზე მიწაა,
სულამც მე მომაყრიანო.
თქვენც გეხვეწებით, ხეებო,
და შენც, მდინარევ ხმიანო,
ე გოგო - ჩემი სიცოცხლე -
არაფრით დამიზიანო!

[1886 .]

მწყემსი ქალი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 28/II, № 46 (A); „თხზულებანი“, 1899 წ.(B).

3 ნეტავი გამაგებინა] ნეტა ვინ გამაგებინა A. 14 ბთხილი *] ბთხალიო AB. 21 დღიდან] დღიდამ B.

4.5 სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


ეს გაზაფხულიც მოვიდა,
აგერ ჩამოშრნენ მთანია,
საპირიქითოდ გაიხსნენ
თოვლით შაკრულნი გზანია.
წეროთაც გადაიარეს,
მერცხალიც მოფრენილაო,
დრო არის გაღვიძებისა,
ჩემო დედილო თინაო.
ჭიამაც გამაიღვიძა,
წიპრიამ იწყო სტვენაო,
შენ გაფითრებულს გძინია
და ვერ გაგიძრავს ენაო.
მითამ იღვიძებს, ჩუჩუნებს,
კიდეც დაიწყო ფშვენაო.
არა! მწოლელა დააწვა,
ყელში დაუწყო ჭერაო.
ნეტავ ხაფანგით შემეძლოს
მაგ ეშმაკების ჭერაო.
დიდხან ვერ იპამპლაუშებ,
წვეროსანაო, ქერაო!
განა მართლაა ოხერი
ჩემი მშობელი თინია,
რომ იკლა იმის გულზედა
შენ ეშმაკური ჟინია!
მაშ ხმალს რად ირტყამს წელზედა
ქერივის თინიას შვილია,
თუ მის მზრდელს ძუძუებთანა
ეშმაკს ექნება კბილია.

[1886 ]

სიმღერა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., №15633.

ეს ლექსი მახვილი პოლიტიკური შინაარსის შემცველია და, ალბათ, სწორედ ამის გამო ავტორს მისი დაბეჭდვა ვერ მოუხერხებია (ლექსი პირველად ქვეყნდება ჩვენს გამოცემაში). შემდეგში პოეტს პირველი სტროფი გამოუყენებია სხვა ლექსისათვის, რომელიც „ივერიაში“ დაიბეჭდა (იხ. „ეს გაზაფხულიც მოვიდა“, აქვე, გვ. 20). ამ ლექსის ორი სტრიქონი მეორდება აგრეთვე ლექსში „გაზაფხული“ („მიწა მაირთო მწვანითა“).

სხვათა შორის, ორივე ეს ლექსი მოთავსებულია ვაჟას ერთ ავტოგრაფულ კრებულში (№15633) ერთიმეორის მახლობლად (მათ შუა მოქცეულია მხოლოდ ერთი ლექსი „ისევ შენ, ისევ, ქალაო“). ორივე ლექსს სათაურად აქვს „სიმღერა“ და დასაწყისი სტრიქონებიც ერთნაირია. ერთმანეთისაგან გარჩევის მიზნით, ჩვენ პირველს სათაურად დავუტოვეთ „სიმღერა“, მეორე კი დავასათაურეთ პირველი სტრიქონის მიხედვით: „ეს გაზაფხულიც მოვიდა“.

4.6 ეს გაზაფულიც მოვიდა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ეს გაზაფხულიც მოვიდა,
აგერ ჩამოშრნენ მთანია,
საპირიქითოდ გაიხსნენ
თოვლით შაკრულნი გზანია.

აღელვებულა არაგვი,
ფშავ-ხევსურეთის წყალია,
მოხუის, მთა-კლდეთ შასტირის,
როგორც ძმის კუბოს ქალია.

იაც რომ ამოჩენილა,
ბრიყვის ჩადუნას¹ რძალია,
ეკლებში თავსა მიმალავს,
ბუნების ეშხით მთვრალია.

სუყველა დამშვენებულა,
მაღლა ცა, დაბლა ბარია,
მარტო ეს გული საწყალი
წინანდებულად მკვდარია.

[1886]

_____________________

1. მცენარეა, ნაზოვრებში ამოდის.

ეს გაზაფხულიც მოვიდა

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., №15633 (A); ხელნ, ინსტ., ვაჟას ფონდი, № 57 (B).

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ. 16/III, № 60 (C); „თხზულებანი“, 1899 წ.(D).

1 მოვიდა] მოიდა B. 2 ჩამოშრნენ] ჩამოშრენ B. 3 მოხუის, მთა-კლდეთ შასტირის] მოშუის, მთა-კლდეს შასტირის D. 16 წინანდებულად] წინანდებურად C.

4.7 ფშავლის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


მკვდარი ნურვისა გგონივართ,
გრძნობა-მიხდილი ლეშია,
კიდევაც მიდუღს ვაჟასა
მთიური სისხლი მკერდშია.
რად-რა დავკარგავ იმედსა?
რად-რა ჩავიცვამ შავებსა?
რა მაქვს მე სამგლოვიარო,
ვენაცვლე შენსა თვალებსა?!.
სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული,
შევყურებ მზეს და მთვარესა,
შენს სიბეჩავეს დავაცვეთ
ჩემს დაწყლულებულს მკლავებსა.
თუ გიღალატო, დედაო,
ნუმც დავიმარხო მთაშია,
ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა
ხმალი სატირლის თავშია.
ნუ დამიტიროს ქალ-რძალმა
საკაცეზედა კარშია;
შავეთში გამგზავრებულსა
ცხენი წამექცეს გზაშია;
ქვეყნისგან შაჩვენებულმა
ბინა დავკარგო ცაშია,
გამიწყდეს ბეწვის ხიდაი,
ჩავვარდე კუპრის წყალშია!

[1886 .]

ფშავლის სიმღერა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15633 (A).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 16/111, № 66 (B); „თხზულებანი“, 1899 წ. (C).

1 ნურვისა] ნუვისსა BC. 5-6 რად-რა]რად-რას BC. 9 ვსუნთქავ] ჰვსუნთქავ B. 20 ცხენი წამექცეს გზაშია] ცხენი წამექცეს წყალშია BC.

ლექსის ავტოგრაფი აქამომდე ცნობილი არ ყოფილა, ხოლო „ივერიაში“ და აქედან კი თხზულებებშიც (1899 წ.) შეცდომით ლექსის მე-20 სტრ. ასე დაიბეჭდა: ცხენი წამექცეს წყალშია. სამი სტრიქონის შემდეგ წყალშია ისევე მეორდება სარითმო სიტყვად („ჩავვარდე კუპრის წყალშია“). რაც ვაჟასათვის დამახასიათებელი არ არის. ამიტომ ალ. აბაშელმა შეასწორა უკანასკნელი სტრიქონი და დაბეჭდა ასე: „ჩავვარდე კუპრის ზღვაშია“. ავტოგრაფის მიხედვით კი შესასწორებელი აღმოჩნდა პირველი „წყალშია“: ავტოგრაფშია - „ცხენი წამექცეს გზაშია“, - და არა „ცხენი წამექცეს წყალია“.

4.8 თქვენი ჭირიმე, ჰოი, მთებო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

თქვენი ჭირიმე, ჰოი, მთებო,
ქედ-აწვდილებო ზეცადა,
რამ გაგაჩინათ, ნეტარა,
ჩემფერის კაცის ბედადა?!

ხან-კი რო დაითოვნებით,
ხან დაგედებათ ნისლიო...
...............................................

თქვენ როცა გხედავთ, ტივლებო,
მუხლს გიყრით, გული ღონობსა,
თქვენფერად სიამაყესა
გატაცებული გონობსა.

მაშინ-კი უფრო მიყვარხართ,
როცა ჩამოგდისთ ღვარია
ქოთობით, ვაი-ვაგლახით,
ისმის ბუნების ზარია.

ნადირნი დაღალულები
კლდის თავებზედა სხდებიან,
თავ-თავქე ჩამომცქერლები
აქა-იქ იხედებიან,
და კინჭუხებში ვაჟების
თოფნი ლუჭ-ლუჭად ტყვრებიან.

[1886 .]

თქვენი ჭირიმე, ჰოი, მთებო

ნაბეჭდი: ჟურნ. „თეატრი“, 1886 წ. 23/III, № 12.

ავტოგრაფი ამ ლექსისა დაკარგულია. ლიტ. მუზეუმში ვაჟას ერთ ხელნაწერ კრებულს (№ 15632) თავში რამდენიმე ფურცელი აკლია, სადაც მოთავსებული ყოფილა სწორედ ამ ლექსის ავტოგრაფი. ეს იქიდან ჩანს, რომ გადარჩენილია ლექსის ბოლო ორი სტრიქონი, გადატანილი ახალ ფურცელზე, რომლითაც ამჟამად იწყება ეს კრებული:

და კინჭუხებში ვაჟების
თოფნი ლუჭ-ლუჭად ტყვრებიან.

ამ ავტოგრაფის დაკარგვა განსაკუთრებით დასანანია, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა აღგვედგინა ლექსის ერთი ადგილი, რომელიც ამჟამად დაზიანებულად მიიჩნევა, რაკი ლექსის მეექვსე სტრიქონი - „ხან დაგედებათ ნისლიო“ - შეურითმავად არის დარჩენილი. ეს ადგილი მრავალწერტილითაა აღნიშნული.

4.9 მწყემსის მუქარა

▲ზევით დაბრუნება


ტყუილად ჰფრთხები, ქალაო,
კიდევ მოალის ზაფხული,
მოგანდომებენ ჯალაფნი,
ჩემთან იქონო სულ-გული.
როცა გეტყვიან, ქალთა-მზევ,
ადე. გარეკე ცხვარიო,
საშუბის ყელებს უმარჯვე,
არ დაანებო თავიო,
მეც იქ დაგხვდები ფოცხვერა,
გაკრული გორის პირადა;
მალე გაგიწყვეტ საკინძსა,
ჩაგეტოლები ძნელადა.
ცხვარს ვინღა უგდებს მაშინ ყურს,
თუნდ ტყეც-კი იქცეს მგელადა?!

[1886 .]

მწყემსის მუქარა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ. 1/IV, № 72.

4.10 ქართლი

▲ზევით დაბრუნება


კიდევ ვიხილე ადგილი
წყალ-ველიანი, მთიანი,
სადაც ერთს დროსა ბეჩავსა
ღამე-დ დღე მქონდა მზიანი.
გული სწუხს, ცრემლნი მოდიან,
როს ვხედავ ქართლის არესა,
ვკითხულობ გორის ციხეზედ
ჩემს ფიქრს ძველებურს, მწარესა.
მანდ რომ ძვალები ვიხილე,
არ დამვიწყნია, ციხეო,
ჯერაც დამდევენ ძახილით:
სისხლი აიღე მალეო!
კიდევაც მესმის კიჟინა,
მომდგარა თათრის ჯარები,
ხმლები ელავენ მზეზედა,
ტირიან ქართლის ქალები.
მტერი სჭრის ბალღებს თავებსა,
გლოვობენ შვილებს დედები,
ავსებს და ავსებს ქუჩებსა
ქართველთა სისხლის ხევები.
აგერა სასაფლაოცა,
გულის საკლავი, გორისა!
იქ მეგულება სამარე
ჩემის საყვარლის სწორისა.
შენ წახველ, ძმაო, გამწირე
თვალ-ცრემლიანი, ობოლი.
გამოსრეული უდაბნოს,
როგორაც მუხის ფოთოლი.
დავალ და დავეხეტები
ქვეყნად მძებნელი ბედისა;
გული დამიდნა ამდენის
ჩემის საყვარლის ძებნითა.
ვიცი, რომ გინდა გიამბო
ამბავი ჩვენის ქვეყნისა.
ნურასა მკითხავ, გენაცვლე,
ზღვები ტრიალებს კვნესისა.
ლიახვიც ისევ ისე დის,
დროს გიჟი, დროზედ ჭკვიანი,
მას გზას უღობავს ვაჟკაცი
მტკვარი ზანზარა-ხმიანი.
ქართლის სერებიც მტირალნი,
ქარიშხლით დაჩაგრულები,
სდგანან და იცქირებიან,
დასისხლული აქვთ გულები.

[1886 წ.]

ქართლი

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., № 15633 (A); ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 40 (B).

თარიღი: 1886 წ. B.

6 ქართლის] ქართლისა B. 9 ძვალები ვიხილე] ვიხილე ძვალები B. 36 B-ში წერებულა: „ზღვებია, ზღვები კვნესისა“, ავტორს გადაუსწორებია: „ზღვები ტრიალებს კვნესისა“.

ლექსი ავტორის სიცოცხლეში არსად ჩანს დაბეჭდილი. იგი პირველად გამოაქვეყნა ალ. აბაშელმა ვაჟას თხზულებებში B ხელნაწერის მიხედვით. ამჟამად ლიტ. მუზეუმში აღმოჩნდა მეორე ავტოგრაფიც, რომელიც თითქმის საესებით იმეორებს უკვე ცნობილ ტექსტს, მაგრამ ორიოდე შემთხვევაში უფრო სწორ წაკითხვას იძლევა და სუფთადაც არის გადაწერილი. ამიტომ ძირითად ტექსტად ჩვენ ეს ხელნაწერი მივიჩნიეთ.

4.11 ხევზედ მოდიან ნისლები

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ხევზედ მოდიან ნისლები,
გაჩქარებულნი, მღერითა,
როგორ ხარობენ, ტივლები,
რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა!
ვეღარას ვხედავ ბეჩავი,
გამიქრენ წვერნი მთისანი;
ვაჰმე, ვეღარა მწვდებიან
სათბობლად სხივნი მზისანი.
ბარემ მეც ჩამთქით, ნისლებო,
დამნაცრეთ, დამაფერფლეთო,
თვალნი დამთხარეთ, გულისაც
სადილი გაიკეთეთო.
სად მიხვალ, სადა, ყორანო,
შენ მაინც შამიბრალია,
მიამხანიგე, გენაცვლე,
ყრანტალით გამახარია!..
წავიდეთ, ერთად წავიდეთ,
მოვშორდეთ მშობელს მხარესა,
ნუღარ ვიხილავთ საყვარლის
ჩვენის ბედკრულის მთა-ველსა.
წავიდეთ, გადავიკარგნეთ,
დავსთელოთ სხვისნი არენი!
ვანჩქლიოთ, ერთად ვანჩქლიოთ
ცრემლის წყარონი მწარენი,

[1886 .]

ხევზედ მოდიან ნისლები

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 40 (A) და № 57 (B); ლიტ. მუზ., №15633 (C).

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ. 5/1V, № 76 (D).

უსათაუროა C.

თარიღი: 1886 წ. A.

1 მოდიან] მიდიან D. 3 ტივლები] უყურეთ B. 11 გულისაც] გულისა B. 15 მიამხანიგე] მიამხანაგე D. 20 ბედკრულის] ქვეყნისა BD.

4.12 ვაი, შაგირცხვეს კაცობა

▲ზევით დაბრუნება


(ვუძღვნი . .-ძეს)

ვაი, შაგირცხვეს კაცობა,
მკვეხარავ, გულით ჯაბანო!
დაჰხურეთ ქალის ჩიქილა,
დაჰფარე, მიწის საბანო!

რად გკიდავ ხმალი, ხანჯარი,
წადი, ჩაუჯე ქსელასა.
ვაჟა-ფშაველა რომ დაგხვდეს,
დაეფეროდი მელასა.

იარაღის ცდა დიაცზედ,
ვაჰ, არ მამიდის რჯულადა,
თორო როდისაც მირბოდი,
დაგიქროლებდი მგლურადა!

1886 წ.

ვაი, შაგირცხვეს კაცობა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 40.

ქვესათაური: პირველად ყოფილა „ვუძღვნი ერთს ვისე“, მაგრამ შემდეგ ავტორს „ერთს ვისმე“ გადაუხაზავს და მის ნაცვლად დაუწერია „ნ. - დ - ძეს“.

ლექსი პოეტის სიცოცხლეში არსად ჩანს დაბეჭდილი. ავტოგრაფის მიხედვით გამოაქვეყნა ალ. აბაშელმა ვაჟას თხზულებათა I ტომში. ლექსი მოთავსებულია ავტოგრაფულ კრებულში, რომელიც დათარიღებულია 1886 წლით.

დადგენილი არაა, ვინ არის ნ. - დ - ძე, ვისადმიც მიმართულია ეს ლექსი.

4.13 ბალღების სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


ღმერთმა გვიცოცხლოს ის კაცი,
ვინც ქართლის შვილებს სწყალობსო,
ვის შემწეობით ჩვენგანი
ბევრი კაცობას სწავლობსო.

ვინც ჩვენ სიკეთეს გვიშვრება,
არ დავივიწყებთ ბალღები,
მტერთან ბრძოლასა შავიძლებთ,
დაგვიმსხვილდება მკლავები.

დღეს ქრისტე აღსდგა... ვეცდებით
აღსდგეს ბედკრული ერია,
რომ ვერ გვლახავდეს დღევანდლებრ
შეუბრალები მტერია.

[1886 .]

ბალღების სიმღერა

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., № 15633 (A); ხელნ ინსტ., № 40 (B).

ლექსი ავტორის სიცოცხლეში დაბეჭდილი არ ჩანს. პირველად გამოაქვეყნა ალ. აბაშელმა ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ავტოგრაფული კრებულის (№ 40) მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 1886 წლით. მეორე ავტოგრაფი, რომელიც ლიტ. მუზეუმშია დაცული (№15633), აქამომდე ცნობილი არ ყოფილა. ორივე ხელნაწერი ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს (ერთადერთი განსხვავებაა: 7 შავიძლებთ A ] შევიძლებთ B). მაგრამ ლიტ. მუზეუმში დაცული ავტოგრაფული კრებული საერთოდ უფრო სუფთად გადანაწერია და ძირითად დედნად ის მიიჩნევა.

4.14 ჩემს მურას

▲ზევით დაბრუნება


ვაჰმე, რა მეტად ბევრს უჭირს,
ვაჰ, რა ბევრია ტანჯული,
როგორა ხარობს სხვის ტანჯვით
გულ-გაყინული მსაჯული!
აბა უყურეთ მდინარეს -
სისხლია, განა წყალია...
ვაჰმე, რით უნდა ვუშველო,
ამდენი ცოდვა ბრალია!
იქნება ცრემლმა უშველოს.
მოვრთოთ ქვითინი, გოდება,
მიყეფე, ჩემო მურიავ,
გულზედ ცეცხლს მინდა მოდება.
შენა ხარ ჩემი ფარ-ხმალი,
სიცოცხლე, თვალის ჩინია.
მე მიყვარს შენი ღავღავი
და გესლიანი ღრინია.
აყეფდი, რაღას წკმუტუნებ,
პირით წაყარე დორბლები...
ეგება მგლები შემოფთხნენ,
დაგვიშოშმინდენ ობლები.
ეგება მიწამ შაჭამოს
ერთიან ჩვენი მგმობლები!

[1886 წ.]

ჩემს მურას

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., № 15637 (A); ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 40 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1890 წ. 16/11I, № 57 (C).

სათაური: სიმღერა B. ჩემს ძაღლს C.

A ავტოგრაფი თეთრად გადანაწერია. მასში მოიპოვება ერთადერთი შესწორება მე-17 სტრიქონში: ავტორს ჯერ დაუწერია „ყოყმანობ“, შემდგომ კი შეუცვლია იგი სხვა სიტყვით: „წკმუტუნებ“.

B ხელნაწერი კი შავია, საკმაოდ ნასწორები. გვიჩვენებს შემდეგნაირ სხვაობათ: 5 უყურეთ] გაჰხედეთ. 16 სტრ. შემდეგ წაშლილია:

სხვა ვინ მყავს სანდო ამ ქვეყნად,
მეშველი გასაჭირშია?!
ჩემის მტრის გამმჟღავნებელო,
გენაცვლე ენა-პირშია.
სანამ შენ ჰყევხარ პატრონსა,
მგელს არ დავაჭმევ ბატკნებსა,
მით არ დაულევ საწირავს
ჩემთა წინაპართ ხატებსა.

ამ წაშლილთაგან მე-7 სტრიქონში „საწირავს“ მაგივრად ჯერ ყოფილა „სამღთოსა“.

17 ყოფილა: აყეფდი, ამოწკავწკავდი, - გადასწორებულია: აყეფდი, ნეტა რას უცდი. 21 ყოფილა: მგელმა შაჭამოს, - შეცვლილია: მიწამ შაჭამოს.

ლექსი გვიან დაიბეჭდა, შეკვეცილად (ჩანს - ცენზურის მიზეზით). ნაბეჭდში (C) 1-8 სტრ. აკლია და ასე იწყება:

მიყეფე, ჩემო ერთგულო,
გულზე ცეცხლს მინდა მოდება,
გვეყო დიაცებრ ცრემლის ღვრა,
გვეყო ამდენი გოდება.

14 სტრ შემდეგ ჩამატებულია:

ბოროტის ხალხის „ხორველა“,
დაჩაგრულების ლხინია.

4.15 ყორანმა ყორანს გასძახა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ყორანმა ყორანს გასძახა
იალბუზისა მთასაო:
ადე, წავიდეთ, დობილო,
დროა გავუდგეთ გზასაო.
ძოღან ვიარე ბარადა,
კახეთს თოფები ტყვრებოდა,
ბევრი მკვდარი სჩნდა მინდვრადა,
დედის ერთაიც კვდებოდა.
მე ჩაგიძღვები, ჩავიდეთ,
ბრიყვსა დავთხაროთ თვალები,
გემრიელია, დავჭამოთ
მამაცის ყმისა მკლავები…
ბევრის კახელის, მოკლულის
მტრისგან მთაში და ტყეშია,
გავაცხე ნისკარტს წვერზედა
მიჭრილ-მოჭრილი ლეშია.

1886 წ.

ყორანმა ყორანს გასძახა

ხელნაწერები: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., № 15633 (A), ხელნ, ინსტ., № 40 (ორ ვარიანტად: B და C).

ვაჟას ფონდი, საქ. ცენტრ.არქივის საცენზურო კომიტეტის საქმე (ფონდი 114, 2339, 1886 წ. 21 მაისი) (D).

ასლი: ლიტ. მუზ., № 20582 (E). ეს უკანასკნელი წარმოადგენს ხელნაწერ ჟურნალს - „ნაპერწკალს“, რომელსაც სცემდნენ 1886-1887 წლებში. ლექსი მოთავსებულია „ნაპერწკლის“ 1887 წ.№ 1-ში, ცენზურის მიერ აკრძალულ ნაწამოებთა შორის.

ლექსი უნდა დაბეჭდილიყო 1886 წ. გაზ. „ივერიაში“, მაგრამ ცენზურას აუკრძალავს და ავტორის სიცოცხლეში დაუბეჭდავი დარჩა.

პირველად გამოაქვეყნა ს. ყუბანეიშვილმა (იხ. „ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“, 1940 წ., გვ. 242).

ავტოგრაფების ტექსტი არსებითად ერთნაირია, ოღონდ A ხელნაწერი სავსებით სუფთაა და ბოლოს გადაწერილი, B-ში არის ორიოდე სწორება (5 ყოფილა: ძოღანის, - „ის“ მოკვეცილია და არის: ძოღან. 13 ყოფილა: ქართველის, - გადასწორებულია: კახელის. 15 ყოფილა: ნისკარტზედ, - გადასწორებულია: ნისკარტს. იქვე ჯერ ყოფილა: გავაკარ, - შემდეგ შეცვლილია:გავაცხე).

C ხელნაწერი კი წარმოადგენს ამ ლექსის შავს, რომელშიაც ბევრი ადგილია ჩასწორებული. სახელდობრ: 5 წერებულა: ძოღანის ვიყავ კახეთსა, - გადასწორებულია: ძოღან ვიარე ბარადა. 6 წერებულა: კახეთს დავავლე თვალიო, - შეცვლილია: კახეთს თოფები ტყვრებოდა. 7 ყოფილა: ველზედა, - შეცვლილია: მინდვრადა. 9-10 ყოფილა: წავიდეთ, თვალნი დავთხარნეთ, ჩავახრამუნოთ მკლავები, - გადახაზულია და სამაგიეროდ ჯერ წერებულა: იცი, რა გემრიელია მამაცის ყმისა მკლავები, - შემდეგ კი ისევ შეცვლილია და საბოლოო ასეა: არ იცი, როგორ ტკბილია მამაცის ყმისა მკლავები. 13 პირველად ყოფილა: ბევრის ქართველის გამოვხარ, - შემდეგ შეცვლილია: ბევრის ქართვლისა მოკლულის, - დასასრულ, „ქართვლისა“ გადახაზულია და მის მაგიერ არის „კახელის“. 14 და] ხან ABC. 15 ყოფილა: გავაკარ, - გადახაზულია და სამაგიეროდ სწერია: გავაცხე.

4.16 სვინდისის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


არ ვიცი საით წავიდე,
ვის ვუთხრა ჩემი წვალება,
ცეცხლში დამწვარი სვინდისი
ნეტავ ვის შაებრალება?!
რა დავაშავე, უფალო,
რომ კაცს ამკიდე ბარგადა
და დაჟინებით ჩურჩული
ჩემი გულს დასდევ ხარკადა.
კაცი იტანჯვის, ვერ მთავსობს,
ცდილობს გამაგდოს ჩქარაო...
მაგრამ უჩემოდ სახელი
ბევრმა კი გაიშავაო.
არ დავეხსნები კაცის გულს,
ეს მიწყივ ჩემი ვალია,
სუყველას გამოვამჟღავნებ,
რაც კაცის გულში ბრალია.
ერთსა მოხელეს ვესტუმრე,
მექრთამეს, ქვეყნის მცრცველსაო,
მითხრა: „სად მოხვალ, მურდალო,
არა მცალიან დღესაო!..“
მე ვუპასუხე: „გაჩუმდი,
გრცხვენოდეს საწყლის ღლეტაო,
ულუკმაპუროდ გასწირე
ოთხის წვრილ-შვილის დედაო!“
ადგა, წამიგდო წიხს ქვეშა,
ჩამარტყა ზედი-ზედაო:
„ჩემთან მაგგვარად საუბარს,
შე წუწკო, როგორ ჰბედაო?!“
რამდენს სხვას ვუთხარ, ვინ მოსთვლის,
„როგორ გაჰყიდეთ დედაო!..“
სუყველამ წიხლით გამთელა, -
მაგას როგორა ჰბედაო?! -
გთხოვ, მამაშორო, ქვეყანას
შენ უპატრონო, ზეცაო!

1886 წ.

სვინდისის სიმღერა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 40.

ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. პირველად ალ. აბაშელმა შეიტანა ვაჟას თხზულებებში ამ ხელნაწერიდან.

ტექსტი შეიცავს ზოგიერთ სწორებას: 18 ყოფილა: მღლეტელსა, - გადახაზულია და წერია: მცრცველსაო. 20 ყოფილა: შენთვის არ მცალის დღესაო, - გადასწორებულია: არა მცალიან დღესაო. 28 ჰბედაო, - ჰ შემდეგ არის ჩამატებული. 33 ყოფილა: გთხოვ, მამაშორო ამ სოფელს, - შემდგომში „ამ სოფელს“ შეცვლილია და სწერია: „ქვეყანას“.

4.17 ერთხელც იქნება, მოვკვდები

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ერთხელც იქნება, მოვკვდები,
მივებარები მიწასა, -
გულსა და გრძნობას შაურევ
ცივის სამარის ქვიშასა...
ჩემს გულსა დაეხვევიან
გაშმაგებულნი ჭიანი,
ვეღარას მიშველს ქვითინით
ჩემი ლამაზი თმიანი,
ტყუილად აშფოთდებიან
ჩემნი წაწალნი იანი.
ამაოდ ჩამოსხდებიან
ციდამ ვარსკვლავნი ბარადა,
ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე,
მაღლით მომხტომი ჩქარადა,
მოსქდება კლდისა ნაპრალი,
ჩაიჭედება ჭალადა...
ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ
გადაქცეული მკვდარადა.

1886 .

ერთხელც იქნება მოვკვდები

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1886 წ. 25/V, № 111 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

ტექსტი „ივერიასა“ და „თხზულებებში ზუსტად ერთნაირია. ორივეგან ლექსის პირველი სტრიქონი ასეა:

როცა იქნება, მოვკვდები.

ალ. აბაშელი, რომელსაც ხელთ ჰქონია „ივერიის“ ვაჟასეული ცალი, იმოწმებს აგრეთვე ა. ახნაზაროვის წერილს „ილია ჭავჭავაძე და მეფის ცენზურა“ („ლიტერატურული საქართველო“, 1936 წ. № 12) და ამ სტრიქონს ასე აღადგენს:

ერთხელც იქნება, მოვკვდები.

ლექსში ეს ცვლილება მოუხდენიათ ცენზორის მოთხოვნით.

4.18 რამ გაგაჩინა, ქალაო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

რამ გაგაჩინა, ქალაო,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავინ, ხელით შემახო,
შენ რო ვარდი გქონ მკერდშია!
რომ დავიხოცნეთ, იქაცა
კიდევ გიპოვნი მკვდრებშია.

შენს იქით, ვინ სთქვა, რომ იყოს
ქალი, კაცი და ქვეყანა?..
ოღომც-კი შენთან მამყოფე, -
თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,
მოვკვდე შენს დაუტირებლად,
თუ შეგადარო მზესთანა!

თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,
მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,
ისეც მზეობას მიზამენ
შენი ფოფინა თვალები!

[1886 .]

რამ გაგაჩინა, ქალაო

ნაბეჭდი: ჟ. „თეატრი“, 1886 წ. № 26, 29/VI.

4.19 დაე აყროლდეს სოფელი

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

დაე აყროლდეს სოფელი,
სრულიად დაღრღნან ჭიათა,
ზედ იფარფარონ ონხებზედ
სვავთა, უმსგავსო ფრთიანთა.

ჩემი ლამაზიც მკვდარია,
გულს სვავი აზის მცონარი,
ძუძუს პირს ჩამოჰკლაკვნია
წითელის სისხლის ზონარი.
ვაჰმე, იქნება გულს დარჩეს
წყლულად ეს ბილწის ონარი!

იმ ღვთისგან შაჩვენებელსა
დაუგლეჯია კავები,
ნიდაყვის ძირში დაუჭრავ
მის ბროლისფერი მკლავები.

არა, არ მგონის, რომ შაგრჩეს
მაგის სასვავედ გახდომა,
მაგის თვალების ფოფინის,
თლილი თითების დადგომა..
კიდევოთ მოვა, რა ვიცი,
იესო ქრისტეს აღდგომა!..

[1886 .]

დაე აყროლდეს სოფელი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ, მუზ., № 15632 (B).

ცენტრ. არქივის საცენზურო კომიტეტის საქმე, 1886 წ., № 204 (A) და 1887 წ. № 501 (C).

ეს ლექსი უნდა დაბეჭდილიყო 1886 წ. ჟურნალ „თეატრის“ ივნისის ნომერში, მაგრამ საცენზურო კომიტეტს აუკრძალავს (იხ. საცენზურო კომიტეტის საქმე 204). შემდეგ ავტორს ეს ლექსი გადაუკეთებია და 1887 წ. „ივერიაში“ დასაბეჭდად წარუდგენია, მაგრამ საცენზურო კომიტეტს ესეც აუკრძალავს (იხ. საც. კომ. საქშე 501). ცენზურის მიერ ორგზის აკრძალული ეს ლექსი ავტორის სიცოცხლეში დაუბეჭდავი დარჩენილა. იგი პირველად გამოაქვეყნა ს. ყუბანეიშვილმა წიგნში „ვაჟა-ფშაველა“ (1937 წ., გვ. 407-408).

ლიტ. მუზეუმში დაცულია აღნიშნული ლექსის ავტოფრაფი, რომელიც მისდევს „ივერიაში“ წარდგენილ ვარიანტს. ჩვენ ძირითად ტექსტად აღებული გვაქვს პირვანდელი ვარიანტი, რომელიც „თეატრში“ უნდა დაბეჭდილიყო (გასწორებულია კორექტურული შეცდომები: მცონაში - მცონარი, კაფები - კავები და სხვა). მე-3 სტრ. ონხებზედ ავტოგრაფში გაურკვევლად სწერია და ადრე იბეჭდებოდ: ოხერზედ. ეს შეცდომა შენიშნა ფილოლოგიის ფაკ. სტუდენტმა-დიპლომანტმა გ. მალანიამ. მისივე ცნობით, ონხები ფშაურად ნიშნავს ჩონჩხს.

1 აყროლდეს] მთლად წაწყმდეს BC. 5 მკვდარია] ავადობს BC. ბოლო ექვსი სტრიქონი (15-20) BC -ში ასეა შეცვლილი:

არავინ ეძებს წამალსა,
არ ცრემლაობენ თვალები,
გულს დაუკარგავ ნამუსი,
დადუნებულა მკლავები.
საწყალო, საწყლად გაზრდილო
ნეტავ ვის შაებრალები?

4.20 არაგვს

▲ზევით დაბრუნება


დაწუხებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.

რა ლამაზია, წყეულო,
შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,
გააფთრებულსა ტალღასა
კლდეს რო წაუვლენ თქერანი!

შენ თვალს გარიდებ მაშინა,
მთებისკე მწადის ცქერანი,
უნდომლად მამინდებიან
ბედკრულს ბედკრულნი მღერანი..

გულიც იქ იწევს, თვალიცა,
იქ რო მაღალი მთებია.
ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,
ვის ძუძუც პირში გდებია, -
იმათ კალთაზემც მოვკვდები,
მათ ლოდი გულსამც მდებია!

ზაფხულში აყოვდებიან
მკერდნიც-კი სალის კლდისანი,
ყვავილთ პირს ეკონებიან
ცივნი ნამცვრევნი ცისანი.

გაჰყუჩებია ნიავსა
ჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი,
აღარ აჩხერებს ქვიშათა
კლდით კლდეზე მხტომი გავაზი.

ხან რომ ცა მაიღრუბლება,
ჩაბნელდებიან ხევები,
გაჩნდება მეხთა ტკრციალი,
ათრთოლდებიან ხეები,
კლდეებზედ დაიკეცება
სვავთა და არწივთ ფრთეები.

თმებს უკუიყრის ნაკადი,
ცისაკ დაიწყებს ცქერასა,
შაჰყურებს გაოცებული
შავის ღრუბლების მღერასა.
რა ყურმა უნდა გაუძლოს
იმ მთების გულის ძგერასა?!

ხშირად მოხეთქილს წვიმასა
სიპისა აქვის ღარები,
აქა-იქ გაიმტვრევიან
პირგაშაული ღვარები;
იზიდებიან შენკენა
ის გრძნობისაგან მთვრალები,
იმათ ვეღარა დაიჭერს,
თუნდ რკინის დაჰხვდეს კარები!

ახლა ავდარიც გადიყრის
და მზეც გადივლის გორასა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლები
ხევებში სდგამენ გორასა.
ვეღარა ჰბედვენ, ბეჩავნი,
მთებისად მეხის სროლასა,
მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი
სახვალიოდაც ბრძოლასა!

[1886 წ.]

არაგვს

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15632 (C).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 6/VII, №145 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

6 შენთ ზვირთთა] შენ ზვირთთა C. 10 მთებისკე] მთებისკენ BC. 17 კალთაზემც] კალთაზე C. 19 აყოვდებიან] აყვავდებიან A. 26 კლდეზე] კლდეზედ C. 27 მაიღრუბლება] მოიღრუბლება BC. 33 ნაკადი] მთის წყარო C. 37 რა ყურმა] რამ გულმა C. 38 იმ] ამ C. 43-46 სტრ. ავტოგრაფში (C) შებრუნებული რიგითაა წარმოდგენილი და თანაც „კარების“ ნაცვლად შეცდომით სწერია „ღვარები“:

იმათ ვეღარა დაიჭერს,
თუნდ რკინის დაჰხვდეს ღვარები,
იზიდებიან შენკენა
ის გრძნობისაგან მთვრალები.

4.21 მესტვირის ჩივილი

▲ზევით დაბრუნება


სოფლის წყლულებმა გამსენეს,
ამაღებინეს სტვირიო,
ისიც ქურდებმა მამპარეს
და იმიტომა ვსტირიო.
რად უნდათ შაჩვენებულთა?
არ არი გასაყიდია;
უვერცხლოს, შაუზიკავსა
თვალებზედ ცრემლი ჰკიდია!
თვითონ გავსთალე ველურად
ლერწამნი დუდგულისანი,
სალტები გადავუჭირე
ბედკრულთ და ოხერთ თმისანი...
მის ქარასხაში ჩავქსოვე
სოფლის წყლული და ჭირიო...
ვერვინ შეატყობს იმასა,
უფრო იმიტომ ვსტირიო...
ჩემის ქამანჩის მამპარავს
მიწამ დაუხრას პირიო!..
მომაგონდება მისი ხმა
ველური, მაგრამ ლამაზი,
უსასყიდლოდა მჟღრინავსა
არ უნდა თქვენი აბაზი...
ავაჰმე, ჩემო ქარასხავ,
აღარ მამიხვალ ხელადა,
რომ შევიყარნეთ ძმობილნი
და გავიყარნეთ ველადა?!
ამოგაჟღერო, ტიალო,
ვაკვნესო მთა და ბარიო,
ქალს და კაცს მოსიცილეთა
ვადინო ცრემლის ღვარიო,
და ამოაგდოს შენმა ხმამ
ძლიერი ცეცხლის ქარიო,
იმან დაადნოს ალითა
სტამბულის რკინის კარიო!

[1886 .]

მესტვირის ჩივილი

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ მუზ., № 15633 (A) და № 22398 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 13/VII, №151 (C); „თხზულებანი“, 1899 წ. (D).

სათაური: B-ში ჯერ ყოფილა: მტირალი მესტვირე, შემდეგ: მესტვირის ტირილი. დასასრულ, „ტირილი“ გადახაზულია და აწერია „ჩივილი“, ე. ი. საბოლოოდ აქაც გვაქვს: მესტვირის ჩივილი.

5 რად უნდათ] რად უნდა C. 6 ყოფილა: რა ფასად გაეყიდება, - შემდეგ ეს სტრიქონი წაშლილია და არის: არ არის გასაყიდია B. 7 უვერცხლოს] უმსგავსოს A; B-ში ყოფილა: ვერცხლით არ არის კაზმული. წაშლილია და წერია: უვერცხლოს, შეუზიკავსა. 8 სტრ. შემდეგ წაშლილია: ვის რად უნდარის B. 19 მომაგონდება] მამაგონდება B. 25 შევიყარნეთ] შავიყარნეთ CD. 28 ყოფილა: ვატირო, - გასწორებულია: ვაკვნესო B. 30 ყოფილა: სდიოდეს, - გადასწორებულია: ვადინო B. 31-34 აკლია CD-ში. 33-34 ყოფილა: სულ გადატუსოს, სადაც კი ღვარძლი, ეკალი არიო, - შეცვლილია: იმან დაადნოს ალითა სტამბოლის რკინის კარიო B.

ეს ლექსი დღევანდლამდე ცნობილი იყო მხოლოდ ნაბეჭდი ტექსტის მიხედვით, სადაც ბოლო სტროფი აკლია. ამ სტროფში ავტორი მოუწოდებს სტვირს, რომ მისმა ხმამ ამოაგდოს ძლიერი ცეცხლის ქარი და დაადნოს სტამბულის რკინის კარები. ცხადია, რასაც გულისხმობს ავტორი ამ სტრიქონებში. ისიც აშკარაა, რომ პოეტი ალეგორიას ცენზურის თვალის ასახვევად მიმართავს. მაგრამ ამ ხერხს, როგორც ჩანს, მაინც ვერ გაუჭრია, ცენზურას ეს სტრიქონები არ გამოპარვია და ამოუღია კიდეც ლექსიდან. ლექსის სრული სახე დაცულია ავტოგრაფებში, რომელთა მიხედვითაც იბეჭდება ეს ლექსი ამჟამად.

4.22 თუ მამკლავ, ისევ შენ მამკლავ

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

თუ მამკლავ, ისევ შენ მამკლავ,
ქალავ, თავდახრით მცინარო,
დღეს ჩემის პირის მკოცნელო,
ხვალ სხვისთვის ძუძუს მჩინარო.
წყეული იყოს ღვთისაგან
ის დღე, როდესაც ვნახეო
შენი ფოფინა თვალები
და მოელვარე სახეო!..
შენშია ვნახე ქვეყნისა
სიკეთე, რაც კი არია;
შემოგნატრიდენ ზეცანი
და თავს გიკრავდა ბარია.
რად გინდა, ეშმაკის კერძო,
მასვა სასმელი მწარია?!
არ დაინდობა დიაცი -
მიწყივ ორპირი, ფლიდია,
როგორც სავალად ბეწვისა
ზღვას გადებული ხიდია.

1886 .

თუ მამკლავ, ისევ შენ მამკლავ

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 40 (B).

ნაბეჭდი: ჟ. „თეატრი“, 1886 წ. 27/VII, № 30 (A).

ავტოგრაფში მოიპოვება ერთადერთი შესწორება ლექსის პირველ სტრიქონში. ჯერ ყოფილა: თუ მამკლავ, ისევ შენ მამკლავ, - შეცვლილია: შენს მეტი სხვა ვერვინ მამკლავს.

4.23 ქეიფი

▲ზევით დაბრუნება


დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.
თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია;
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!

1886 .

ქეიფი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15632 (D).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 6/VIII, № 170 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B); „ცრემლები“, 1909 წ. (C).

2 დამალევინე] დამალეინე D. 13 სიკვდილი მიჯობს ცდაშია] სიკვდილი მიჯობს ცაშია BC; სიკვდილი მიჯობს ცდაშია D.

ამ ლექსის შესახებ იხ. გორელი ხალხოსნის, ვაჟას ახლო მეგობრის ალ. გარსევანიშვილის მოგონება, გამოქვეყნებელი ს. ყუბანეიშვილის მიერ (წიგნში „ვაჟა-ფშაველა. დოკუმენტები და მასალები“, 1937, გვ. 133).

ალ. გარსევანიშვილის ცნობით, ეს ლექსი ვაჟას წაუკითხავს იოსებ დავითაშვილის საქველმოქმედოდ გამართულ სადილზე 1883 წ. გაზაფხულზე. იმ დროს ვაჟა გორის სემინარიის მოწაფე იყოო. ვაჟამ სემინარია 1882 წ. დაასრულა. ასე რომ, ალ, გარსენიშვილს თარიღები ეშლება. მაგრამ მაინც დასაშვებია, რომ „ქეიფი“ 1886 წელზე ადრე იყოს დაწერილი.

4.24 სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


(პასუხად)

მე რო ტირილი მეწადოს,
თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?
ერთი იცინის, სხვა სტირის:
ესეთი არი ქვეყანა.
ვისაც არ მოგწონსთ ტირილი,
ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:
მტირალის სტვირის პატრონი
ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა?!
მაგრამ გავიგებთ ერთხელაც,
ვინ ახლო ვსდგევართ ღმერთთანა.

1886 .

სიმღერა (პასუხად)

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15632 (A).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 12/VIII, № 174 (B).

ქვესათაური: „პასუხად“ B-ში არ არის.

თარიღი: 1886 წ. B.

5 მოგწონსთ] მოგწონთ B. 3 გავიგებთ] გაიგებთ B. 10 ახლო] ახლოს B.

4.25 ფშავლის სიყვარული

▲ზევით დაბრუნება


ისეთი ვიყავ, ძმისაო,
როგორც შავი კლდე, სალია,
ვამბობდი, ჩემი ნებაა,
ჩემის გულისთქმის ძალია...
მაგრამა ვნახე ლაშარსა
ერთი ტან-მომცრო ქალიო,
იმ წბილასავით წვრილამა
გულში დამინთო ალიო.
ჯერ-კი პირდაპირ დამკვლია,
თვალს გამიყარა თვალიო,
გატეხა გულის საფარი,
გაუტეხელი რვალიო;
მემრე - კი გადამეთხია,
ვერ გაუკვლიე კვალიო, -
ღმერთმა დასწყევლოს დიაცი,
მემრე - ლამაზი ქალიო!
ვუბარებ, შუაკაცს ვგზავნი:
ქალ, ნუ მიმირბი შორადა,
შენგნით უხანჯროდ დაჭრილსა,
გული გამხდია ორადა.
რად დამჭერ, თუკი მორჩენით
არ გამიხდიდი მონადა?
თუ შენ ის გინდა, რო მომკლა,
გადავილიო კლდეზედა
და შენ ცბიერის თვალებით
შენს უნდავს ეჯდე გვერდზედა?
გკოცნიდეს, ინაბებოდე,
ღილებს გითვლიდეს მკერდზედა?!
კაცის ქალისგან დაჩაგვრას
არა სწერს ჩემი რჯულია;
დიაცის დაწუნებულსა,
სჯობს, რომ არ მედგეს სულია!
მკლავნიმც ნუ მსხიან ტანზედა,
ჭიათ დამიხრან გულია!..
მაშ ხმალს რად ვირტყამ წელზედა,
თავზედ რად მხურავ ქუდიო,
თუკი გავიგო სწორთაგან
ჩემზედ ნათქვამი ცუდიო?!
ვერ შამაშინებს ციმბირი,
ვერც ნაჩალიკი-სუდიო!
წავალ და სადაც ცქიფათი
ხევში საკრეფი წყალია,
იქ ჩამაილის თულუხით¹!
თინიბექაის ქალია.
უნდა გადვუხტე გზაშია,
სიტყვა ვესროლო ცხარიო,
დავტაცო გიშრის ნაწნავი,
გულს დავაბჯინო ხმალიო,
ცხენის გავაზედ მოვიგდო,
სდიოდეს ცრემლი მწარიო,
შუაღამისას ჩარგალსა
გადავიწერო ჯვარიო.
მემრე მოიდეს სადაოდ
თუნდა ოსმალის ჯარიო, -
ქალს არვის წააყვანინებს
ზაზულიაი ხარიო!

1886 .

__________________________

1. სპილენძის კოკა.

ფშავლის სიყვარული

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ, მუზ., № 15633 (C).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 7/IX, № 193 (A); „თხზულებანი“,1899 წ. (B).

1 ჯერ ყოფილა: ძმობილო, - გადასწორებულია: ძმისაო C. 7 წბილასავით] წბალასავით A, წმალასავით B. 11-12 სტრ. აკლია C-ში. 19 შენგნით უხანჯროდ დაჭრილსა] შენგან უდანოდ დაჭრილსა C. 23 თუ შენ ის გინდა, რო მომკლა] იქნება გინდა, წყეულო C. 25 და შენ] შენ კი C. 26 ეჯდე] უჯდე AB. 33. მკლავნიმც ნუ მსხიან] მკლავნიც ნუ მსხიან AB; მკლავებიმც ნუ მსხავ C. 33-34 სტრიქონები C-ში გვიან არის ჩამატებული. 39 შამაშინებს] შემაშინებს C. 43 ჩამაილის] ჩამაივლის AB. 45 გადვუხტე] გადუხტე AC; გადვუხდე B. 49 ცხენის გავაზედ მოვიგდო] მოვიგდო ცხენის გავაზე C. 53 მემრე მოიდეს სადაოდ] მემრე მოდავედ მოიდეს C. 56 ზაზულიაი ხარიო] ზაზულიაით ხარიო B; ზაზულიაი ხარიო C.

4.26 მაცნე¹

▲ზევით დაბრუნება


დაჰღონებულხარ, დედაო,
რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა,
ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე
მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა?
შენი გაზდილი მახარე
წევს მკვდარი კლდისა ძირზედა,
ეტყვიან დარიელასა,
ლაღის მდინარის პირზედა.
ნატყვიარი სჭირს გულშია,
სისხლი ამასდის ნჩქლევითა,
ხელში უჭერავ ფრანგული,
გადატეხილი ქნევითა.
შენს რძეს ვენაცვლე, დიაცო,
კარგი გაგიზდავ რწევითა!

ღამით მოგვადგა ურჯულო
იმ ვიწროებში მსხდომარეთ,
წინ-წინ ის გადაუფრინდა
ჩვენის გაწყვეტის მოლამეთ.
ხუთს კი დაუხშო ნათელი,
სხვანი ჩვენ თვითონ მოვმალეთ.
ზოგი კლდის ეხში შაგვიძვრა,
სხვათ გადალახნეს მთანია,
ყველამ კი გადააწითა
მთების ბალახი მწვანია.
ავსტეხეთ ხმლების წკრიალი,
თავზედ დავხვიეთ ალია.
ბევრი იტირებს ჩვენის მტრის
თმა-თაფლა, თეთრი ქალია!
დედილამ, ღვინოდ ვაქციეთ
ერთიან თერგის წყალია,
ზოგები დაშინებულნი
მთების ნაჟურმა დალია.

[1886 .]

_________________

1. შიკრიკი.

მაცნე

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., № 15623 (A) და № 15633 (ორი: B და C).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 14/IX, № 198 (D).

ქვესათაური: (შიკრიკი) C. ქვესათაურის ნაცვლად სქოლიოშია ჩატანილი სათაურის განმარტება: შიკრიკი AD.

B-ში ლექსი წარმოდგენილია მეხუთე სტრიქონიდან. დასაწყისი, რომელიც წინა ფურცელზე იქნებოდა, დაკარგულია (ეს არის ვაჟას ხელნაწერი კრებული, რომელშიაც იგივე ლექსი „მაცნე“ ერთი ლექსის შემდეგ განმეორებით კიდევ არის რატომღაც შეტანილი).

3 ცრემლ რო ჩამოგდის] ცრემლი ჩამოგდის C. 15-16 სტრიქონები B-ში შეცდომით ორჯერ მეორდება. 16 ვიწროებში] ვიწრუებში C. 21 შაგვიძვრა] შეგვიძვრა D. 25 ხმლების] ხლმების D. 26 თავზედ] თავზე B. 27 ბევრი იტირებს ჩვენის მტრის] ბევრი კი ამოტირდება B. 32 ნაჟურმა] ლაჟურმა D.

№ 15623 დიდი ზომის ფურცელია, შუა გაკეცილი, და „მაცნესთან" ერთად შეიცავს აგრეთვე მეორე ლექსის „ამირანის“ ავტოგრაფს. ეს ლექსები, როგორც ჩანს, ავტორს გაუგზავნია „ივერიის“ რედაქციაში და თან გვერდზე მიუწერია: „ეს ლექსი უკანვე გამოგვიგზავნეთ“, „ესეც უკანვე“ (იხ ლექსის „ამირანის“ კომენტარი, აქვე, გვ. 353).

4.27 მთაო, შე შაუპოვარო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მთაო, შე შაუპოვარო,
რამ-რა გაგხადა შტერადა, -
დაჰყურებ ჭმუნვით ქვეყანას,
გადაქცეული ცქერადა?!

ის აღარა ვარ, ბიძაო,
რაც გინახივარ ძველადა,
მე ქვეყანაში მოვდივარ,
როგორც ბალახი ღერადა.

ვერც პურს ვსჭამ მოსვენებითა,
ვეღარც დავმჯდარვარ მღერადა.
შენ მე მიყურებ, მე - შენა,
ორნივე გავხდით შტერადა!

1886 წ.

მთაო, შე შაუპოვარო

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 57 (A), ლიტ. მუზ., № 15633 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 21/X, № 227 (C).

სათაური: მთას B.

თარიღი: 1886 წ. C.

A ავტოგრაფი და ნაბეჭდი (C) ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს, B კი განსხვავდება მათგან მრავლობითის ფორმებით: 5 ვარ] ვართ. 6 გინახავარ] გინახივართ. 7 მე ქვეყანაში მოვდივარ] ჩვენს ქვეყანაში მოვდივართ. 9 ვსჭამ] ვსჭამთ. 10 დავმჯდარვარ] დავმსხდარვართ. 11 შენ მე მიყურებ, მე - შენა] ჩვენ შენ გიყურებთ, შენ - ჩვენა. 12 ორნივე] ყველანი.

4.28 დამშეული

▲ზევით დაბრუნება


ქავთარი1 სათიბს წავიდა,
ცოლს დააბარა ლელასა2:
„წამომიღოდი ხავიწი,
სამხრად პურსა ვსჭამ ხმელასა.“
იმ დღის ქავთარის ნათიბი
გაჰკვირვებია ყველასა:
უსომს ცელს გაფოთებული,
გრგვინავს და კივის ვაჟია,
მიელის წმინდის ხმიანდსა,
ხავიწს, ჩაწურვილს ჯამშია.
კარგია ერბო ტიალი,
ღონეს შეჰმატებს მკლავშია!

მზე დაიწურა გორის პირს...
არსად სჩანს დიასახლისი,
კუჭი გამგელდა საჭმლისად,
ქავთარს ელევა ხალისი,
ბუტბუტებს გაჯავრებული:
„რა იქნა ის საძაგლისი!“

ლელას დაფქული არ ჰქონდა,
წისქვილისათვის იარა;
დაღამდა ჯავრში, მაშინ-ღა
ბულალა3 ჩაიზიარა,
ერთან ჯამანი გამოფქვნა,
მთელი ტომარა კი არა.
სანამ ფქვილს პურად შეჰზელდა,
ქავთარმაც ჩამოიარა.
ცელ დერეფანში მიჰყუდა.
სახლის კარ შააჭრიალა.
ნაცარსა ჰქექენ ბალღები:
კუდურა4, ნენე ბღვრიალა5.
„დედა სადა გყავთ?“ - შასძახა,
თან ჭერმაც დაიზრიალა.
არ დაუცადა პასუხსა,
ზედ მუშტიც დაატრიალა.
„წისქვილში არი, მამაო“, -
კუდურამ დაიღრიალა,
აბასტად ბალღების ხრომა
კარისკე დაიგრიალა.

ქავთარი ნამცეცებს ეძებს,
სულ გადაჭყვენა ვარცლია.
საუბედუროდ, ტიალი
რაღა ამჟამად დასცლია?!
მარცხენას ყურეს მიჰმართა,
გადმააბუდა ხოკრები;
რა პურს არ შაჰხვდა, წიხლი ჰკრა,
ზედ დააყოლა თოხლები,
სულ ერთმანერთში არივა
მუტრუკ-თიკანი, მოზვრები.

ცოტა ხანს უკან ლელაცა
გაჩნდა კარებზედ კრძალვითა,
დაფქული იმ დღეს წმინდაცა
ხელში ეჭირა ჯამითა.
ქავთარი გადმეეტია
თავის დედაკაცს ჯოხითა,
ბოსლის წინ გაარბენინა
ერთის წიოკით, ფოხლვითა.
ცოლ-ქმარნი დაჭიმულები
გასწვრივ ბილიკზედ გადიან.
მისძახის ლელას ქავთარი:
„სხვანიცა მაგას სჩადიან?
ქმარს სამუშაოდ ჰგზავნიან,
თავად სოფელში დადიან?!.
შე ავის ძუძუთ გაზდილო,
რა ჰქენ, რა უყავ სამხარი?
სჯობს, შენისთანა რძე-ძაღლსა
რო გავუთხარო სამარი!“

მეზობლისაგან ისესხა
ბეჩავმა ლელამ პურია,
ქმარს შაუგორა კარჩიით:
„გაძეღ, დაგიდგეს ყურია!..“
ქავთარმა ხელი პურს სტაცა,
ჩაჩიქა ნიორ-წყალშია...
ვის აგონდება ხავიწი,
ვის-ღა გაუვლის თავშია?!

გამოძღა ჩვენი ქავთარი,
პირზედ ასცოცდა ღმინია,
ტუჩებს-ღა ილოკს ენითა,
როგორც მსუნაგი ფინია.
გადაეწვადა ფანდურსა,
დაჰკრა, დაიწყო ღიღინი;
პატრონის მხიარულებით
თხამაც დაიწყო კიკინი;
ანგელოზებმაც ცაშიით
გუნდად მაიღეს ბიბინი.
კარგს ქეიფზეა ქავთარი,
აღარას დასდვა წუნიო,
და დატრიალდა ოჯახში
ტკბილის საუბრის სუნიო.

[1886 .]

____________________

1 კაცის სახელია.

2 დედაკაცს ჰქვიან.

3. კაცის სახელია.

4. სახელია.

5. ბარად რომ „დაჭყეტილს“ ეძახიან.

დამშეული

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 200 (C).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 16/X1, № 249 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

3 წამომიღოდი] წამამიღოდი B. 6 გაჰკვირვებია] გაჰკვირებია B. 11 კარგია ერბო ტიალი] კარაქი, ერბო ტიალი B. 12 შეჰმატებს] შაჰმატებს B. 18 ის საძაგლისი] მამაძაღლისი C. 25 შეჰზელდა] შაჰზელდა B; ჯერ ყოფილა: სანამ ფქვილს გამოაცხობდა, - შემდგომ გადასწორებულია: სანამ პურს გამოაცხობდა C. 26 ჩამოიარა] ჩამაიარა B; ჯერ ყოფილა „ჩამაიარა“, მაგრამ შემდგომ შესწორებულია და არის: „ჩამოიარა“ C. 27 დერეფანში] დერიფანში A. 49 ლელაცა] დედაცა B. 50 კარებზედ] კარებზე C. 53 გადმეეტია] გადმეეგცია B; ჯერ ყოფილა: გადმეეგება, შეცვლილია და არის:შამეეგება C. 56 ფოხლვითა] ფო£ლვითა AC, ფახვლითა B. 58 ბილიკზედ] ბილიკზე C. 69 კარჩიით] კარშიით C. 74 გაუვლის] გაულის A. 83 ცაშიით] ციდანა C. 84 მაიღეს] გაიღეს AB. 85 კარგს] კარგ A.

ავტოგრაფი მოთავსებულია დიდი ფორმატის ორფურცლიან თაბახზე. აქ უსათაუროდ წარმოდგენილია პატარა ნაწყვეტი პოემიდან „კოპალა“ („ია თალხ- კაბა ამოვა“), შემდეგ ასეთივე მცირე ნაწყვეტი „ბახტრიონიდან“ („მკვდარია უგრძნობი კაცი“) და ბოლოს - „დამშეული“, მე-13 სტრიქონიდან. ყველა ესენი წარმოდგენილია უსათაუროდ, ერთმანეთის მიყოლებით, ისე რომ, მხოლოდ ხაზებით არის გამოყოფილი.

4.29 პაპიჩემის ანდერძი

▲ზევით დაბრუნება


შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!

ვაჟკაცს არ ჰშვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა.
მტერს ხმალი უნდა საფთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.

აგრემც ექმნები პაპაშენს
დღეგრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, მინამ გიდგა სულიო.
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.

[1886 .]

პაპიჩემის ანდერძი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15633 (B).

ასლი: ლიტ. მუზ., № 20582 (C).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 30/XI, № 260 (A).

სათაური: პაპის ანდერძი B.

ლექსი შეტანილია ხელნაწერ ჟურნალ „ნაპერწკალში (C), № 2 (1887 წ. 23 იანვარს), იმ განყოფილებაში, რომელსაც ჰქვია „ცენზურის დარკვეული“.

2 პირველად ყოფილა: გეწია, - ვ შემდეგ აქვს ჩამატებული B. 8 ყოფილ: მტრულადა, - გადასწორებულია: მგლურადა B. 9 ექმნები] ექნები B. 13 ვიყავი] ვიცოდი B.

4.30 ქალას

▲ზევით დაბრუნება


ქალავ, ის მიყვარს მე შენი,
თავს რომ დაჰკიდებ მელადა,
პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,
ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.

დრო-და-დრო გაგეღიმება
გულის საკლავად, ნელადა;
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯროდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა.

ჯერაც ატყვია ჩემს გულსა
შენგნით წყლულები ჭრელადა,
ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,
ვერ გაგიხდები მტერადა!

[1886 წ.]

ქალას

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 3/XII, № 262 (B); „თხზულებანი“,1899 წ. (A).

7. უხანჯროდ] უხანჯლოდ B.

4.31 ვერას დამაკლებ, ვარამო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ვერას დამაკლებ, ვარამო,
რა გინდ გულს მჭიდო ბჯღალები,
თუ შენ მე დამაძაბუნო,
ნუმც მიტირებენ თვალები,
ღრუბლებში ელვად მნათობნი,
ხან-კი მიბჟუტვით მქრალები!

მიყვარხარ გულზე მწოლარი
ობლის საფლავის ქვებურა...
დაგლევ და დაგლევ, ვარამო,
ცივის მთის წყაროს წყლებურა.

ტყუილად იტყვის - კაცი ვარ,
თავზედა ქუდი მხურია, -
ის, ვისაც კარგის საქმისად
ვარამიც არა სწყურია!

[1886 .]

ვერას დამაკლებ, ვარამო

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 2I/XII. № 277.

4.32 ვარსკვლავი

▲ზევით დაბრუნება


(საშობაოდ)

უცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი,
კლდის თავზედ დამცქერალია,
კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას
სხივ-მოფენილი ქალია.

გაჩუმებულა სამყარო,
შაყენებული წყალია,
ბუნების არსთა ყველათა
კლდისაკე ჰრჩებათ თვალია.

გადახალისდა ქვეყანა,
უცხო რამ იგრძნო ძალია.
„არ წავსწყმდებიო, არაო“, -
ბუნებამ დაჰკრა ზარია.

შავეთში გადაგდებული
ადგომას ჰბედავს მკვდარია,
მაცხოვრის შობა შაიტყო,
შავეთის ტყდება კარია, -

გახარებულმა ზეცამა
უხვად დაყარა ცვარია.
ტყდება მონების ბორკილი,
ეშმაკს დაუდგეს თვალია!

[1886 .]

ვარსკვლავი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1886 წ. 25/XII, № 280. „თხზულებანი“, 1899 წ. ტექსტი ორივეგან ზუსტად ერთნაირია.

5 1887

▲ზევით დაბრუნება


5.1 მწყემსის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


ისევ ფშავის ხევს ვენაცვლე,
გულკეთილს, თავაზიანსა,
მის მთებს, მორთულებს ბალახით,
ძირს - ჭალებს, გორ-გურს ტყიანსა,
ველებს, მოხდენით დაქარგულს,
მის არემარეს წყლიანსა;
თამარ-დედოფლის ხატობას,
ჩვენს ლაშარის-ჯვარს მხრიანსა.
წყემს-და სამწყემსოს პატრონი
ფშავლებს არ მოგვცემს ზიანსა!

ჩემსა მიწა-წყალს ვენაცვლე,
იქისკე მრჩება თვალები.
რომ მოვკვდე, ვინ დამიტირებს,
მე აქ ვის შევებრალები?!
გულმა დაიწყო ღონება,
ტანზე ჩაიცვა შავები;
მომაგონდება ხატობა,
წითელ-პერანგა ქალები,
აშურმა-მათრახიანი,
ი სვილის-ფერა ფშავლები,
ტივის ხის სიმსხო, მოხდენით
ზოგ-ზოგს რო დააქვ მკლავები;
სამტროდ და სამოკეთეოდ
ვაჟნი ყველაად კარგები.
კიდეოთ გნახავთ, სწორებო,
აროთ სად დავიკარგები?!
შენ-კი გენაცვლე, ქალაო,
წითელ-პერანგავ, თმიანო!
მოხარშულს გიცნობ ლეგაი,
შენ ბატარქალი გქვიანო.
სხვას რად უზიხარ ცხენზედა,
ლაშარს რად მისდევ, ტიალო?!
რად არ მანდა ვარ თავ-მკვდარი?
სხვაზე ნუ გამცვლი, ქალაო,
კარგი გყევივარ ნაძმობი
…………………………..
ხუთნი დამეცნენ მარტუას,
ხუთნივე თათრის რჯულისა;
ოთხთ მაიწიეს ჩემზედა,
ერთი ცხვრის ფარას უვლისა,
ხელში მოვიგდე მაჟარი,
ჭირიმე იმის სულისა...
ერთს წითელ-წვერას დავტყლიშე,
დავაგლეჯინენ ყბანია,
ცხენზეით გადმეერია,
სისხლით შეღება მწვანია.
მეორესა ვკარ ხანჯარი,
გაფთხვნენ, გაიქცნენ სხვანია,
ვინღა დაეძებს ნადავლსა,
ნეტავ გაიგნონ გზანია!

კარგია ფშაველთ ხატობა,
გაიმართება შილინდი,
შილინდზე „გაუმარჯოზე“
ზედ გადაებმის ჯირითი.
ცხენების ნთქრევა-ბიბინით
მტვერი ცას მისწვდა ძირითი...
შაიყრებიან ფშავლები,
ლამაზ-ლამაზად ზრდილნია,
ისმის ფშაური სიმღერა,
ტკბილი ფშაური ლხინია.
სად არი მაშინ ბეჩავი
ლეგა ბატარაშვილია?
თვალ-გული გადამელია
გძელის მინდვრების ცქერითა,
გულს გავიგრილებ ხანდისხან
ტკბილის ფშაურის მღერითა.

ეს სამი წელი შასრულდა,
აღარ ვყოფილვარ ფშავშია,
მე რო ვერ დამისვენია
ვეღარც შინ, ვეღარც კარშია,
წავალ და არც დავბრუნდები,
ძმას გამოვგზავნი ცხვარშია.

[1887 .]

მწყემსის სიმღერა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1887 წ. 31/1, № 23 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

9 წყემს-და] წყემსს და A**. 30 ბატარქალი] ბატარქალა B. 49 გაიღონ] გაიგნონ B. 62 ბატარიშვილია] ბატარაშვილია A. 67 შასრულდა] შესრულდა B.

33-35 სტრიქონებს შორის ლექსს აკლია სარითმო სტრიქონი, მაგრამ მისი აღდგენა ნაბეჭდის მიხედვით არ ხერხდება, ლექსის ავტოგრაფი კი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის.

49 სტრიქონში ნახმარი „გაიღონ გზანია“ ფშაური იდიომატური გამოთქმა ყოფილა, ნიშნავს სწრაფად წასვლას (ალ. ჭინჭარაული, ვაჟა-ფშაველას ტექსტის დადგენისათვის: „მნათობი“, N 2, 1962,გვ. 172). რაკი ეს გამოთქმა სალიტერატურო ენისთვის უცნობია, ამან გამოიწვია მისი შეცვლა: „გაიგნონ გზანია“, - ასე იბეჭდებოდა დღემდე ყველა გამოცემაში.

5.2 გულო, რას დაჰღონებულხარ

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

გულო, რას დაჰღონებულხარ,
რას იბურები ნისლითა?
განა სულ ესრე ვიქნებით
დაკრუნჩხვილები ყინვითა!
ჩქარა ზაფხული მოალის,
აყოვდებიან იანი,
გაიბანება წვიმითა
მთა და მინდორი მტვრიანი,
საფლავის ქვაზედ მოჯდება
ოფოფა სავარცხლიანი.
წერონიც გამოჩნდებიან,
დამამშვენებნი ცისანი;
გუგული-დ მერცხალიც მოვლენ -
ფრინველნი შორის გზისანი.
დასადნობია, დადნება
მთას თოვლი, ხევში ზვავია.
გამაიმტვრევა არაგვი,
გაზაფხულობით შავია,
მუქარით ანგრევს მიდამოს
გაბეზრებული, ავია.
მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ:
შენაც გაშალე მკლავია.
ცაც ხომ ხმას მოსცემს მაღლითა
მიწის სიცოცხლით ფუილსა,
მოსქდება წვიმა ხშირადა,
დაბლა მაიღებს შხუილსა;
ზედ დაეხვევა ელვაცა
შავის ღრუბლების ხუილსა.

გულო, ჩვენც სიცოცხლეს ვიგრძნობთ,
ლაღს მოვისურვებთ მღერასა,
ჩვენც შევუფერებთ კიჟინით
ყოვლგნივ ბუნების ლხენასა.
იმედი ბევრად სჯობია
უაზრო ბედისწერასა!

[1887 .]

გულო, რას დაჰღონებულხარ

ნაბეჭდი: ჟ. „თეატრი“, 1887 წ. 15/II, № 6-7.

ლექსის მე-13 სტრიქონი ჟურნალში დაბეჭდილია შეცდომით: გუგულად მერცხალნიც მოვლენ. ასევე 26-ე სტრიქონში შეცდომაა: მააღებს (აშკარაა, უნდა იყოს: მაიღებს). ეს ადგილები გასწორებელია წინა გამოცემის რედაქტორების მიერ.

5.3 სამეფოს სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


ქალო, გნახე ფეხშიშველა,
გამაჰგოგდი ეზოშია;
გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი,
მოსეირნეს ფერდოშია.

ვისი ძუძუ გიწოვნია,
იისა თუ ვარდისაო!
გენაცვალე, შავ-თვალწარბავ,
გულო ჩემის დარდისაო!
გამიგონე, სად მირბიხარ,
შე უჯიშოს გვარისაო?!

შენ თუნდ ფჩხილიც ნუ აგტკივა, -
სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა;
ერთხელ კიდევ დამენახვე,
ღმერთი დედას გიცოცხლებსა!..

[1887 .]

სამეფოს სიმღერა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1887 წ. 8/III, №49; „თხზულებანი“, 1899 წ.

ტექსტი ორივეგან ზესტად ერთნაირია.

5.4 მთათ ძილი

▲ზევით დაბრუნება


ხევებში ჩაწვა ნისლები,
განზედ დაყრილან მთანია,
ერთურთზე მიმადლებულნი,
როგორც ერთგულნი ძმანია.

მთვარე ცას შემოსწყრომია,
წყალი ჩაჰხუის შორადა,
ტირილად მესმის ჩხრიალი
მისი ხევიდამ ორადა.
აგერა კიდევ იშხივლა,
სული ამოჰხდა სწორადა!

ნამი უმცვრევავ მწვანეზედ
ნისლებს ნასტუმრალთ, მრავალთა,
თან ნამის, სიოს მზიდველთა
შავთა, შავ-ფერად მავალთა.

შეჰკედლებიან მთათ სამზღვრებს
ორბნი, არწივნი ფრთიანნი;
გავსილა ფრინველებითა
მთების ლოგინი კლდიანი.

იმათაც დასძინებიათ
ნისკარტ-დაშვებით, მხრებითა,
წყნარად ჩამოდის ჯიხვები
ვიწრო ბილიკებ-გზებითა;
ბულულა გარინდებულა
ერთად პირ-ნათლის ძმებითა.

შავის მანდილით შეკრულა
ხევ-ხუვი, მთისა ყელები,
ცის ტატნად მისდევს მთის წვერებს
ნელ-სხივნი, როგორც გველები.

აღარსად ცეცხლი ანთია
მწყემსის ფარეხის პირშია...
შორს სამ აყმუვლდა ნადირი
ხშირის ჩონჩხების ძირშია.

აღარსად გუშაგები ჩნან
მთის პირთ დარაჯად მდგომარედ,
აღარც ნაკვანძი ბალახი,
მტრისა ნავალის მხსომარედ.

ვარსკვლავნი მთის წვერთ სწვევიან,
ეუბნებიან ნანასა:
თქვენს მტერსამც მაჰკლავს სიკვდილი,
ყელშიმც დასცემენ დანასა;
თქვენს მეტი არვინ გვიამბობს
ხმელეთის, წყლეთის ამბავსა.

მარცხნით გერგეტი ამდგარა,
მეფე მეფურად მზირალი,
მარჯვნით ბორბალა ერყევა,
როგორც ობოლი მტირალი...

აგერ ნისლებიც დაიძრა,
როგორც სულები მკვდრებისა,
ცაზე ვარსკვლავნი დაბნელდენ,
დაბლა - თავები მთებისა.

აღარა გამიგია-რა
აქ გასავალის გზებისა!..
მთათ სძინავთ, არ იღვიძებენ,
შიში არა აქვთ მტრებისა!..

[1887 .]

მთათ ძილი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1887 წ. 15/III. № 55

5.5 არწივი

▲ზევით დაბრუნება


არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.

ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

[1887 .]

არწივი (არწივი ვნახე დაჭრილი)

ნაბეჭდი: „ივერია“, 1887 წ. 2/IV, №69; „თხზულებანი“, 1899 წ.

ტექსტი ორივეგან ზუსტად ერთნაირია

6 1888

▲ზევით დაბრუნება


6.1 ნეტავი შენა, შავ-ნისლო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ნეტავი შენა, შავ-ნისლო,
შეუპოვარად მდინარო
ხან ქვეყნის დამბნელებელო,
ხან ზღვის უბეში მძინარო!
შენთვის ერთია ყოველი:
ვაკე, მთა-გორი, კლდენია;
შენ არ დაიშლი შენს წესსა,
თუმც ცრემლი ბევრი გდენია.
ვერ შეაფერხებს შენს სვლასა
მთელის ხმელეთის ძალია,
ვერც გვირგვინოსანთ ბრძანება,
ვერც ამოწვდილი ხმალია.
ზღვა ქშენით გამოგისტუმრებს,
ივლი, დასწვები მთაზედა,
მაღლით დაჰხედნებ ქვეყანას,
ფარს გადაიგდებ მკლავზედა.
ის ლაღნი ძენი კლდეთანი
ვაჟკაცს გეტყვიან ნანასა;
ლაშარის-ჯვარი ჩამოვა,
ყელზედ ჩაგიდებს შანასა;
აიწევ მხარ-ბეჭიანი -
ცრემლით მოგვირწყავ ყანასა,
გააძღებ კაცის შავს გუდას,
ხარებს მიუყრი ჩალასა.
თუ არ შენ, ერთურთს დავსჭამდით,
გულში დავსცემდით დანასა;
მამა ვაჟს მწვადად შესწოვდა,
დედა - ბატარას ქალასა,
ბატარას - ბაცქინტურელას,
უძუძურობით მთვრალასა.

[1888 .]

ნეტავი შენა, შავ-ნისლო

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 21/1, №14.

6.2 უფროც დაბნელდი, ღამეო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

უფროც დაბნელდი, ღამეო,
ეგებ დავკარგო ბილიკი, -
კლდიდამ გადვვარდე წყალშია,
მორევს რომ გააქვს ლიკლიკი.
ეგებ დამძიროს მორევმა,
ქვიშაში დამეძინოსა,
წყალნი იმ არაგვისანი
უბეში ჩამედინოსა;
მესმოდეს დაულეველი
ზვირთების ჩქეფა, ზრიალი,
გასწვრივ-გასწვრივი შხაპუნი,
პირ-ქაფიანი ტრიალი;
ძმის საფლავზედა დებური
გულს მუშტის ცემა, ღრიალი,
წყლის მხევის ორაგულისა
ორკაპის ბოლოს შრიალი, -
ფშათი, იმ წმინდა წყლიანთი,
წვეთთა წკაპ-წკაპი, წკრიალი...

ნუ ეძებ გზასა, ლურჯაო,
ნურცა ჰღონდები ძმისადა;
მე თავი ჩამიბარებავ
ჩემის არაგვის წყლისადა.
თუ შენ ცოცხალი გადაჰრჩე,
წადი, დედაჩემს უთხარა,
რომ მოვკვდი უპატრონოდა
და არაგვი მაქვს სუდარა.
უთხროდი: „შენთვის, დედაო,
მაინც ხომ ვიყავ ურგები“.
არ დამიღონდეს, ვენაცვლე,
ცრემლი არ ღვაროს მწარია;
ერთი სანთელი დამინთოს, -
ისიც არამი არია
ჩემფერა შავ-ბნელ შვილზედა,
განაღამც გლოვა-ზარია?!

[1888 .]

უფროც დაბნელდი, ღამეო

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., №1059 (ალ ფრონელის არქივში) (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 7/II, №28 (A).

ხელნაწერი უსათაუროა, ნაწერია ფანქრით, საბლანკო ფერცელზე, რომელსაც აწერია: «Харьковский Дорожно-Винокурный Завод Д. И. Гуcева». ამ ფურცლის პირველ გვერდზე მოთავსებულია დ. გუსევის წერილი (რუსულად). ალექსანდრე ფეოდოროვიჩისადმი (ალექსანდრე ფრონელის - ყიფშიძისადმი), დათარიღებული 1888 წ. 14 იანვრით, უკან და მეორე ფერცელზე კი მოთავსებულია ვაჟას ორი ლექსის ავტოგრაფი: „უფროც დაბნელდი, ღამეო“ და „სადა ხარ, ჩემო არწივო“ (ავტოგრაფზე მიგვითითა ალ. გვახარიამ).

6.3 მრწამს, მარად მიწამებია

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მრწამს, მარად მიწამებია
მუდმივ სიცოცხლე სულისა,
კარგისა, ქვეყნის მოყვარის,
ქვეყნის ბედისგან წყლულისა.

მრწამს, ფერფლნი კარგის გულისა
ქარმ რო გაფანტოს ხმელადა,
თვითოში მაინც ენთება
ტიალ-სურვილი ცხელადა, -
ავის მჩაგრავად, კეთილის
მუდამ იქნება მცველადა;
ბეჩავის, გაჭირებულის
მომხმარედ, მეშვლად, მხსნელადა.
კარგს გულს არა ჰკლავს ბუნება,
თან დააქვს ძველის-ძველადა!

[1888 .]

მრწამს, მარად მიწამებია

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15624 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 16/II, № 35 (A). B-ში, ნაბეჭდთან შედარებით, ზედმეტია რვა სტრიქონი ლექსის დასაწყისში:

კიდეც რომ დავლპე საფლავში,
დამიწდეს გული, გონია,
რომ დამეკარგოს ერთი რამ,
ძმისაო, - არა მგონია.

რა ვქნა თუ მონაწილე ვარ,
ბუნებავ, შენის ქშენისა,
არ უნდა მოკვდეს ლამაზი
არსი კაცობის ჩემისა.

ლექსის უკანასკნელი სტროფის პირველი ორი სტრიქონი ავტოგრაფში შემდეგ არის ჩამატებული.

6.4 სადა ხარ, ჩემო არწივო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

სადა ხარ, ჩემო არწივო,
გულზედ ნისკარტი დამკარა,
გულიდან სისხლი მადინე,
თვალიდან ცრემლი ანკარა!

დავწუხდი ტირილისაკა,
ცრემლი არ მეკარებისა;
გული შაჭამა ვარამმა,
არავის ებრალებისა!

[1888 წ.]

სადა ხარ, ჩემო არწივო

ხელნაწერი: ლიტ. მუზ., № 1059 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 18/II, № 37 (A).

ხელნაწერი უსათაუროა, ნაწერია ფანქრით, ა. ფრონელისადმი (ყიფშიძისადმი) მიწერილი წერილის უკანა ფურცელზე (იხ. შენიშვნა ლექსისა „უფროც დაბნელდი, ღამეო“).

3 გულიდან] გულიდამ B. 4 თვალიდან] თვალიდამ B. 5 ტირილისაკა] ტირილისაგა AB**. 6 ცრემლი] ცრემლები A. 7 შაჭამა] შეჭამა B.

„დავწუხდი ტირილისაკა“ ნიშნავს: ტირილი მომენატრა, ტირილი მინდა. (შდრ. „ქერის პურისკე დავწუხდი“ ლექსში „მთიელი ბავშვი ქალაქში“).

6.5 ქალებს

▲ზევით დაბრუნება


თქვენ რომ არ გვყვანდეთ, ქალებო,
რა იქნებოდა ქვეყანა?
ვისაც რაც უნდა, ისა სთქვას,
მე-კი გადარებთ მზესთანა.

ბნელს გულში სხივი ჩადგება,
როს თქვენა გხედავსთ თვალია,
ავსდგები თქვენსა საცქერლად,
კიდეც რომ ვიყო მკვდარია;
დატრამლდეს გულისთქმასთანა
ყველა ბუნების ძალია!..

კარგნი, ქართულად ჩაცმულნი,
გამაჰგოგდებით წყნარადა,
ან-თუ დასხდებით მწყაზარნი,
ვით ტრედის გუნდი ფარადა...
თუმც ხშირად თქვენი შვენება
კაცებს გვექცევა ძმარადა, -
მაინც მაყვარებს თქვენს თავსა
ეს გული ძალის-ძალადა!

[1888 .]

ქალებს

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 20/II, № 60.

6.6 მწყემსის ანდერძი

▲ზევით დაბრუნება


თქვენნიმც თვალნ დამიტირებენ,
სწორებო, გენაცვლენითა,
ნეტავი მენა, თუ მიწა
მეღირსა თქვენის ხელითა!..

აქ ნუ გამწირავთ, წამიღეთ,
ჩემს ადგილს მიმაბარეთა;
გზა-გზა ქურდულად მავლიეთ,
ნაბადი წამაფარეთა;
ჩემთ მამა-პაპათ გვერდითა
სამარე გამითხარეთა;
სიცოცხლით ჩამწარებული
მკვდარ მაინც გამახარეთა.

დამცქერდეს დიყელის გორი,
ინოს მთა ჭიუხიანი,
ყინჩად ნაღრანტი აქა-იქ,
ხევები შალდაყიანი.
ხმალიც თან ჩამაყოლოდით,
ჩემი ფრანგული ფხიანი.

ქალს, თვალ-შალშავას უთხროდით,
მალე მაიჭრას თმანია,
შავეთში კელაპტრად მინდან,
რო გავიკვლიო გზანია.

ხომ იცით, უთვისტომო ვარ,
მამგონე არა მრჩებაო;
ვინ აიტკივებს ჩემთვის თავს,
დღეში ათასი კვდებაო!

ჩემ სარჩო-საბადებელი
მიმირთვით თამარ-ნეფესა1.
გენაცვლეთ, ნუ მამიმშიებთ
ბროლას, თეოზე მყეფესა.
რო შაიყარნეთ ციხე-გორს,
ან ლაშარს დავლათიანსა,
ფშავლებო, მამიგონოდით,
დიდს არას მოგცემთ ზიანსა!

[1888 .]

______________________

1. სალოცავია.

მწყემსის ანდერძი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 6/1V, № 73.

„ივერიაში“ კორექტურული შეცდომის შედეგად იკითხება: მე-19 სტრიქონში-თვალ-შავშალას (გასწორებულია: თვალ-შალშავას; შალშავი მოცვს ეწოდება მთაში); 30 სტრ. გამიგონოდით (გასწორებულია: მამიგონოდით). ორივე შესწორება წინა გამოცემის რედაქტორთ - ალ. აბაშელსა და ა. შანიძეს ეკუთენის.

6.7 გაზაფხული

▲ზევით დაბრუნება


მიწა მაირთო მწვანითა,
გაღმა აჭრელდა ქედები;
სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი,
ჩამოდგა წვიმის სვეტები.
გათბი, გულ-ცივო ქვეყანავ,
მზის პირს მიუპყარ გვერდები;
მიწის დუშმანო ყინვაო,
არც ახლა აიხვეტები?!
სიმღერავ, ველად გამოდი,
გულში ნუ დაიკეტები!

წეროთაც გადაიარეს,
მერცხალიც მოფრენილაო;
ოფოფა სავარცხლიანი
იმათ მოუძღვა წინაო,
ამოჩენილან ყვავილნი,
წითელ-ყვითელან ქალანი,
უხდებათ დაკუპრვილებსა
მანდილ-გრეხილნი, კაბანი.
ია ბექურში გვიცინის,
ჟუჟუნა წვიმით ნაბანი.

არაგვმა ლახტი აიღო
ამირანისა, რა ხანი;
მილეწ-მოლეწა კლდეები,
მტკვარს გაადინა ჯახანი.
კართანას1 ფარი წაართვა,
ჟინვანს მოჰგლიჯა ჩაჩქანი;
დევები გაფთხნენ, გაიქცნენ,
გადმოუყარეს აბჯარი;
მოქიშპე არ გაუშვია,
რო არ დაეცეს ხანჯარი.
მუხრანის ველზე მიცურავს
თავ-აღებული კანჯარი.
დამთვრალა სატიალეი,
მთას თოვლი დაულევია;
ორწყალში ჩამასწევია,
თათრის ჯარ დაულევია.
ბასრის გორდაის ცემითა
კლდეები გაულევია;
მთით ბარად ჩამოვარდნილა,
გზა მტკვრისკე გაუკვლევია.

თავის ბუნების ყმა რო ხარ,
არაგვო, იდღეგრძელია!
შენის ვეფხურის ტევებით
გულს წყლული გამიმთელია.
გულით ხომ გხედავ, თუ თვალით,
ვაჟო, ვერ დაგინახეო:
გენაცვლე, მთანი და კლდენი
შაგნებით შამინახეო.

[1888 .]

______________________

1. ადგილია.

გაზაფხული (მიწა მაირთო მწვანითა)

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 21/IV, № 86

6.8 წადილი

▲ზევით დაბრუნება


ნეტარ რატუ არ ვიმღერი,
სტვირთან რა მაქვის საწყრომი,
რატომ არა ვსწმენდ გულს ჟანგსა,
არ ვიტყვი, რაც მაქვს სათქომი?!
მე ხომ მოკლე მაქვ სიცოცხლე,
ცივი მიმელის სადგომი.
რაც ვისა ჰსურდეს, იყბედოს,
მე მოვიხადო ვალია,
ცოტად დაეტყოს მიწასა
მთაში გაზდილის კვალია,
ერთს მაინც ჩემსა მოძმესა
მოუწყლიანდეს თვალია.
სამღერლად გული ბოჟირობს,
რამდენი ცოდვა-ბრალია!
კიდევ იღვიძებს გულშია
მიძინებული ძალია.
მინდა შავეთში მომღერალს
სტუმრად მწვევიყვნენ მთანია,
თან კლდენი შავგვრემანანი, -
მთების მამშვენნი ძმანია;
იანიც მინდან მტირალნი,
ძველ-კაბიანნი დანია.
მორცხვთა, უმზაკვროთ, უგესლოთ
მხრებს უმშვენებენ თმანია,
გულს ნალახვრს, ჩამოდაგულსა
დაჰყრიათ ცრემლთა ცვარნია.

ყველასგან დავიწყებულო,
ბულულავ, შენცა მნახია,
ველად ველურად გაზდილი
მიჩვენე შენი სახია.
რად ეტანები მაღალ მთებს,
არ გნახო, შენზედ ახია!
რად არ მოსდიხარ სოფლის პირს,
ყველამ დაგიგოს მახია?!
ძალუმად მიყვარს, ობოლო,
შენი იერი მკვახია.

არწივნო, ცის პირთ მავალნო,
ძვირად მნახველნო ბარისა,
დოსტოღრივ მჭრელნო ღრუბლების,
თანაც მზიდველნო ქარისა,
თქვენის დასწრებით ამშვენეთ
მღერა ფიქრების მწარისა.

[1888 .]

წადილი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15632 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 13/VIII, № 170 (A).

სათაური: სიმღერა B

B-ში 1-2 სტრ. ყოფილა: ნეტარ რას გავჩუმებულვარ, დედასთან რა მაქვს საწყრომი, - შემდეგ გადახაზულია და შეცვლილია ისე, როგორც ნაბეჭდშია. 9 ყოფილა: მაინცა, - გადასწორებულია: მიწასა B. 12 სტრიქონის შემდეგ ზედმეტია: ურჯულოს სამუქაროდა წმინდად გალესოს ხმალია B. 13 პირველად ყოფილა: დედას ვუმღერო კარგი რამ, - შემდეგ გადასწორებელია: მინდა ვიმღერო კარგი რამ; დაბოლოს არის: სამღერლად გული ბოჟირობს B. 14 ყოფილა: დამღონებია, ბრალია!- გასწორებულია: რამდენი ცოდვა-ბრალია! B. 15 ყოფილა: გამოვაღვიძო, - გასწორებულია: კიდევ იღვიძებს B. 17 შავეთში მომღერალს] გულმოკლულს მომღერალს B. 25 გულს ნალახვრს, ჩამოდაგულსა] გულს მსგავსს ღვთაებისასა B. 35 ობოლი] მარტუავ B. 39 ყოფილა:. ჰაერის პირდაპირ მჭრელნო, - გადაკეთებულია: დოსტოღრივ მჭრელნო ღრუბლების B.

6.9 ბნელეთი

▲ზევით დაბრუნება


(ძველი ამბავი)

რა გაარჩიოს აქ თვალმა:
მზის სხივს ვერ ჰნახავ ვერ-როდის;
არც დილა არი, არც ღამე,
არც-როდის მთვარე ამოდის.
ისმის საზარო ხმა რამე,
ჩანჩხზე ჩქაფუნი მდინარის;
კვნესა და ოხვრა ერთგვარი
იმ არემარის მძინარის;
ამ დაულეველს გმინვასა
უშანთავ ფერი მაღლისა.
კუპრით ნაბარდნი დამდგარან
ტყენი და მთანი გაღმისა.
რა საშიშია აქ ყოფნა,
ერთს წამს დარჩომა კაცისა:
გულს და გონებას წაგართმევს
ხელი ბნელეთის მტაცისა;
გაქვავებული დაჰრჩები,
ნაკუწად კლდისა სალისა.

აქ შენ ხორციელს ვერ ჰნახავ,
არც-როს ფრინველნი ფრინავენ;
არც-როს ღრუბელნი გადმოვლენ
და აქ ნამს არა სწირავენ;
არც ჯიხვნი აიშლებიან,
არც-როს მთიბლები გვრინავენ.
მიკვირს, მაშ, აქ წყალს რა უნდა
ეგრე ხმიანს და მტირალსა,
რად არ დაუნთქავ უკუნეთს,
შაუბრალებელს, მძვინვარსა?!
იტყვიან მკვდართა ცრემლადა
საფლავებშიით მდინარსა.

რა დიდი სასაფლაოა,
რა ბევრნი დახოცილანო,
ქალაქი აუშენებავ,
გვერდი-გვერდ დაწოლილანო,
სიცოცხლით მოუთავსებნი
სიკვდილით მოთავსილანო.
აღარა სძრახვენ ერთურთსა,
სამტროდ არ აძრახდებიან.
ლეში უჭამავ ჭიათა,
ძვალნიც ხომ დამიწდებიან.
სულთა სიკვდილი არ ითქმის,
დრო და დრო აიშლებიან,
ხელს უკიდებენ ერთმანეთს,
მთა-ველად გაიშლებიან;
ჩამოივლიან თავ-თავქვე
ხელგადადებით ერთიან;
ტირიან ქალებურადა,
ცრემლნი ცრემლებსა ერთვიან.
„ღმერთიმც უშველის ცოცხალსა,
ქალსა თუ ვაჟსა - ყველასა,
ვინაც ძმის სამოღალატოდ
არ გასძრავს ხელს და ენასა.
............................................
მამულ-დედული ჩვენია.
ნეტავინ ღვთისა მადლითა
მაინც გვრჩენიყვნეს ძენია,
ეგებ სანთელი აენთოთ -
მკვდართ საიაღო ძღვენია,
ანამც სახელი შაედვათ,
ბნელეთელთ მოსალხენია“.

ტირილით დაღალულები
ისევ მიჰმართვენ მიწასა,
ზოგი ლოდს გულზედ იფარებს,
სხვანი ღორღსა და ქვიშასა.
მეტი იმათ ხელთ რა არი,
რა მზე მაუვათ მთისასა?!
მთან აიწევენ ფერცხლებსა,
ასტეხენ შფოთვა-გმინვასა...

[1888 .]

ბნელეთი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 17/IX, № 194 (თვითონ გაზეთს შეცდომით აწერია № 193).

ლექსის ავტოგრაფი არ შენახულა. პირველნაბეჭდში კი იგი დაზიანებული ჩანს: 52-ე და 53-ე სტრიქონებს შუა უნდა აკლდეს ერთი (ან რამდენიმე) სტრიქონი, რაც მრავალწერტილით გვაქვს აღნიშნული.

6.10 * * *

▲ზევით დაბრუნება


მუტრუკი მიტომ მუტრუკობს,
დედა ჰყოლია ვირიო.
კაცი ბეჩავის მჩაგრავი
სად გაგონილა გმირიო!
გაიგე ავი და კარგი:
შაუფეროდე ყველასა;
ნუ მიენდობი, ერიდე
კაცს გაიძვერას, მელასა.
ოღონდ ვაჟკაცი ვარგოდეს,
რა უშავ ჩოხის ძველასა.

[1888 .]

* * * (მუტრუკი მიტომ მუტრუკობს)

ნაბეჭდი: „საქართველოს კალენდარი“, 1889 წ. (ცენზურის ნებართვა კალენდრის დასაბეჭდად მიღებულია 1888 წლის 6 ივნისს).

6.11 მთიულის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


მზეო, რა ცოტა ხანს გხედავთ,
რა მალევ დაგვემალები!
უცდი მზის ჩასვლას, სიბნელევ,
მოხვალ, თავს დაგვეფარები.
გვიან მოგვიხვალ, ზაფხულო,
მალევე დაგვეთხოვები.
მაღალო სასოვეთ-თავო1,
გაგყინავს, დაგვეთოვნები!
მალედავ დასდებს თვირთვილსა,
ფოთოლნი ჩამოცვივიან;
მოდიან გულხელ-დაკრეფით,
ჩამოსვლით ჩამოტირიან.
დასჭკნები, ქალო ლამაზო,
კავები ჩამოგცვივიან.
მაშინ მითხროდენ, შენთვისა
ვინ ნახეს ატირებული?!
მიწად იქცევი, ვაჟკაცო,
წადილით ახირებული.
მამგონედ საფლავს გიჩრდილავს
შამბნარი აყვირებული.
კეთილს თან დასდევს მოსისხლედ
ბოროტი აბირებული!

[1888 .]

____________________

1. მთის სახელია.

მთიულის სიმღერა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ, ინსტ., ვაჟას ფონდი, № 57 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 21/X, № 220 (A).

სათაური: სიმღერა B.

21 მოსისხლედ] მოსისხლე A.

6.12 გლეხის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


აბა, შავხედნოთ ქვეყანას:
ძირს ვაკე, მაღლა მთებია;
ზოგან ხევები, სხვაგან ტყე,
კლდედ მიუვალი გზებია.
რამდენჯერ დავფიქრებულვარ,
გულშიაც ცეცხლი მნთებია;
სხვაზედ ვერაზედ დავმდგარვარ,
მარტო ეს მიფიქრებია:
ღმერთი რო კაცსა გააჩენს,
თანვე დაუწერს ბედსაო,
ზოგს მისცემს ბატონობასა,
სხვას-კი დაუხრის ქედსაო.
ვენაცვლე უფლის სახელსა,
ჩვენს დამბადებელს ღმერთსაო:
ღმერთმა დამბადა მუშადა,
იმან მიკურთხა მარჯვენა,
უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო
და გამოვკვებო ქვეყანა.

ალალის ოფლით ნაშოვნსა
ლუკმას ვსჭამ გემრიელადა:
ვიცი, რომ ჩემი შრომაა,
ჯაფით მოსული ხელადა;
დაღალულს ქვა რო მაჭმიო,
მომეჩვენება ქადადა.
ბედნიერი ვარ, ოღომც-კი
ქვეყანამ მიცნოს კაცადა.
კაცი ვარ, მენაც კაცი ვარ,
ვაჟკაცი ნამუსიანი;
ცხვარი და ძროხა ბევრი მყავ,
სახნავი სასუქიანი;
ზღვადა დგა ჩემი ყანები,
ყანები თათუხიანი;
საქერეს ქერი მითესავ,
ქერია ჩარათიანი,
სავსე კოდები მიდგია
ყველიან-კარაქიანი.
ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა,
მარჯვენა ბარაქიანი!

უფალს აუნთებ სანთელსა,
გლეხურად შავეხვეწები;
იცის, გლეხი ვარ, შემინდობს,
თუნდაც დავაკლო წესები.
ვერთგულობ მამა-პაპასა,
იმათში მიდგა ფესვები.
სუყველა თავისი მაქვის,
სხვებისას არას ვეხები.

[1888 .]

გლეხის სიმღერა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 151 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 8/XI, № 235 (A).

ავტოგრაფი შავია. პირველად ლექსის სათაური ყოფილა „მუშის სიმღერა“, რომელიც ასე იწყება:

ღმერთმა მიკურთხა მარჯვენა,
თვითონ დამბადა მუშადა...
უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო.

შემდეგ ეს სტრიქონები სათაურთან ერთად წაშლილია, ლექსი ხელახლა არის დაწყებული და სათაურიც შეცვლილი აქვს: „გლეხის სიმღერა“.

2 სტრ. დასაწყისში წაშლილია: ზოგან. 3-4 ყოფილა. ზოგან ტყე არის, ზოგან კლდე, ბარად სავალი გზებია, - შეცვლილია ასე: ზოკან ხეები, სხვაკან ტყე, კლდედ მიუვალი გზებია. 10 პირველად ყოფილა: თანვე, - შემდეგ შეცვლილია და სწერია: მაშინ, - ბოლოს ისევ აღდგენილია პირველი ვარიანტი: თანვე. 20 ყოფილა: ლუკმას რა გემრიელადა, - შესწორებულია: ლუკმას ვჭამ გემრიელადა. ამის შემდეგ წამლილია ერთი სტრიქონი: არმად ნაშოვნსა სიმდიდრეს. 22 სტრ. შემდეგ წაშლილია:

დაღალულს ქერის ფხროკაი
მე მიმაჩნია ქადადა...
მე რომ გემრივლად პურს შავსჭამ
ვადაქცეული მადადა,
სხვა ვინ იამებს ისე პურს,
ჩემებრ გაძღება ან რადა?!

ამ წაშლილ ნაწყვეტში მეორე სტრიქონი ჯერ ასე ყოფილა: არ მეჩვენება ხმელადა; უკანასკნელი სტრიქონი კი - ასე: ან ვინ რა საით გაძღება.

25 ჯერ ყოფილა: ოღონდაც, - გადასწორებულია: ოღონდ კი. 27 სტრ. შემდეგ წაშლილია: ავკარგის ვიცი გარჩევა. 31 ყოფილა: მიწები, - შემდეგ შეცვლილია: ყანები (ასევე 32 სტრიქონშიც). 31-32 და 33-34 სტრ. ავტოგრაფში წარმოდგენილია შებრუნებული რიგით, თანაც პირველად ლექსი აქ ყოფილა დამთავრებული, რასაც ადასტურებს ავტორის ხელმოწერა: ვაჟა-ფშაველა. მაგრამ შემდეგ ხელმოწერა წაშლილია და ლექსი ისევ გრძელდება.

36. ყოფილა: დოვიან-კარაქიანი, - შესწორებულია: ყველიან-კარაქიანი. 37 ჯერ ყოფილა: ბევრსა სძლებს ჩემი მარჯვენა, - შემდეგ შეცვლილია: ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა. 42 სტრ. შემდეგ წაშლილია:

მტკიცე ვარ, მამა-პაპური
არ გამიყიდავ რჯულია...
უნდა ვიცხოვრო იმათებრ,
მათებრ დავლიო სულია.

43 ვერთგულობ] ვერდგულობ. 44 ყოფილა: იქ არის ჩემი ფესვები, - შესწორებულია: იმათში მიდგა ფესვები. ამის შემდეგ წაშლილია სამი სტრიქონი:

წუღას არ ვიცომ, გლეხი ვარ,
ქალმებში მიდგა ფეხები.
მითც კიდევ თქვენი ძმა მქვია.

45 ყოფილა: სუყველაფერი ჩემი მაქვს, - შესწორებულია: სუყველა თავისი მაქვის.

ავტოგრაფის ჩვენებათა მიხედვით პირველნაბეჭდ ტექსტში შევასწორეთ რამდენიმე ფორმა: 1 შევხედოთ] შავხედნოთ; 37 აძღებს] აძღობს.

იმავე ფურცელს, რომელზედაც „გლეხის სიმღერას“ ავტოგრაფია მოთავსებული, ლექსის სათაურის ზემოთ, მარჯვენა კუთხეში ვაჟასავე ხელით აქვს შემდეგი მინაწერი: „მომავალს კვირას მირზას ქალის ჯვარის წერა დამავალეს ქალის პატრონებმა“. მომდევნო ფურცელი შეიცავს ვაჟას ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს.

6.13 ომის წინ ჯარის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


გული გავლესოთ გრძნობითა,
საცაა დაჰკრავს ნაღარა;
ერთი დავსძახოთ ქართულად,
ხვალ არ გვეცლება, აღარა;
ხვალ გვინდა ცემა მტრისადა,
ხმლის ქნევა, ფარის ფარება,
შავის, შავხალის ხანჯრისა
მტრისად გულ-ღვიძლში ტარება,
სისხლის სმა ღვინის მაგივრად,
ცხენთა ფიცხელთა მალება.

დაე, იტირონ დედათა
შვილთა ლაშქარში წასვლაზე:
ან ვისახელოთ, ან გავწყდეთ
ომში პირველად ჩასვლაზე.
იხილოს მიწამ მშობელმა:
გული გვაქვს პაპათეული,
სისხლი გვიფუის ძარღვებში, -
სისხლი ლაშქრობას ჩვეული,
მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი,
არა ვართ გამორჩეული!

[1898 .]

ომის წინ ჯარის სიმღერა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1888 წ. 24/ XI, № 247.

6.14 გიგი

▲ზევით დაბრუნება


ბრალია გიგის სიკვდილი,
ფშაველნ ნუმც გაიგონებენ:
შაიყრებიან ციხე-გორს,
ლაშქრობას მაიგონებენ.
გულზე ეკალი დაესხმისთ,
მტერს ვეღარ დაიმონებენ.

- გიგი სადა გყავთ, ფშავლებო,
ან იმის ცხენი ტიალი?

- გიგის თოფ დაჰკრეს ქისტებმა,
სისხლმა დაიწყო წკრიალი.
აღარ აცალეს რჯულ-ძაღთა,
ფრანგულს გაეღო კრიალი.
გვენახა არწივის მოსვლა,
წეროთ დაქსაქსვა, გრიალი.
დაგენატრებათ, ფშაველნო,
გიგის ფრანგულის ტრიალი.

ახადს გავსთხარეთ სამარე
შავგვრემანაის ბიჭისა.
ცოლს გავუგზავნეთ იმისას
ლურჯი პერანგი გიგისა.
გიგის ლურჯაი ბაგას ჰბავ,
თვალით ცრემლები მისდისა,
ტოტს უცემს მხარ-კვერიანი,
ზურგი დაღარა მიწისა.
- ხმალი რას შვრება გიგისი,
ფრანგული გველის-პირისა?
- სამჯერ იღვრება დღეშია,
უგიგიობას სტირისა.
- ცოლი რას ამბობს გიგისი,
ქალი ლუხუმათ ბერისა?
- ქმარს ეძებს მოშინაურეს,
არ-მიმდევარსა მტერისა.
- დედამ რაღა სთქვა ჯავარამ
შვილის სიკვდილის თქმაზედა?
- გონთით გადვარდა ბეჩავი,
ხელი იტაცა თმაზედა,
შუა გახია მანდილი,
ხორცი იგლიჯა ტანზედა.
ვეღარ გაუძლო ვარამსა,
დანას დაეჭრა ფხაზედა.
- მამამ რაღა სთქვა თინიბექმ,
ამბავ რო უთხრეს შვილისა?
- გულ ჩაიმჯიღა, ჩაფიქრდა,
ალი აჰვარდა პირისა:
„რად არ აცალეს რჯულ-ძაღთა
ვეფხვს ერთხელ გასმა კბილისა?
მოკლან, თუ მოკლეს, რაღა ვქნა,
წეს ეგ არიო გმირისა!“
- შვილმა რაღა სთქვა მახარემ,
ვაჟკაცმ წვერ-შამამავალმა?
- ზავთი დაიდვა, როგორაც
ღრუბელმ ცას გამამავალმა;
სამტროდა ჰლესავს ფრანგულსა,
სისხლი აიღოს მამისა,
შაღებოს ქისტის სისხლითა
ქერა ულვაში ბრძამისა.
- რვალი სადღაა გიგისი,
სამკლავე, საფუხარია?
- ომში ურვალოდ ჩავიდის,
მეხად ცით ნაქუხარია.

[1888 .]

გიგი

ნაბეჭდი „ივერია“, 1888 წ. 4/XII, № 256.

6.15 გაუბედავი სიყვარული

▲ზევით დაბრუნება


გულზედ ისარი დამასვა
ლერწამ-ტანამ, შავ-თვალამა,
გამაბრუა, მუხლი მომჭრა
კლაკნიამ, ხშირ-წამწამამა.
იმ დღეს შევხვდით ერთმანეთსა:
დამინახა, დავინახე;
დიდხანს მსურდა გულგამსჭვალულს,
რომ მესინჯა მისი სახე,
ნაცნობობით მისალმება,
ახლოს მისვლა გავიძრახე,
მეც დამრცხვენდა, ქალსაც შეჰრცხვა,
არ იქმნა, ვერ ავიძრახე.

ნეტავ, ღმერთო, მაცოდინა
რა ფიქრს ჰმალავს ვარდის კონა,
მერე თუნდა ჯოჯოხეთში
გადამაგდე შენი მონა.
ლამაზია, მშვენიერი
ის წყეული, - ქვეყნის წონა.
ტყულად ჰფიქრობ - დამივიწყო,
გული გულსა შაეწონა!

ახლოს მოხვედ გაბუტული,
დამაცქერდი... მითომ რაო?!.
დობილს ჰკითხე: „ის ვინაა,
უცხო კაცი, ნეტავ, ქაო?“
რად მამწარებ წუთისოფელს,
გულგრილობით რადა მკლაო?
გზაში შეგხვდი, არ მომხედე,
მანამ კარგად არ მოგშორდი...
ჩემს გულს ჰყევხარ ჩაქსოვილი,
ამ სამს წელში არ მოჰშორდი.
თუ ეგრეა და გენიშნა,
როცა მნახავ, მომცემ სალამს;
იმედი მაქვს, არ ჩაუვლევ
უქმად შრომას ამ ჩემს კალამს.

[1888 .]

გაუბედავი სიყვარული

ნაბეჭდი: ჟ. „თეატრი“, 1888 წ. 4/XII, № 44-45.

6.16 ობლების სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


ნიადაგ ვივლით კარი-კარს,
ნიადაგ აგიტირდებით;
მშიერ-ტიტველნი, ბეჩავნი
ნიადაგ აგიბირდებით;
უმწეო-უპატრონონი
ნურავის გაგიკვირდებით!
ფეხნი გვქონ ეკლით ნაშაშრნი,
თმები გაგვბმია ბირკებით.
კაცნი ვართ, თქვენი ჭირიმე,
ნურავის გაგიკვირდებით!

მამა ლაშქარში მოგვიკლეს,
დედა ტყვედ წაიყვანესა, -
წაგვართვეს ლეკის შვილებმა,
დაღისტანს გადიყვანესა,
გაგვიტიალეს სახლ-კარი:
ბინად გვაქვს ტყე და ველია,
საბნად ფოთოლი გვეხურვის,
ლეიბად გვიგავ ლელია.
ნურავის გაუკვირდება,
ძმაო, ობლობა ძნელია!..
ვარამმა გული შეჭამა,
ძალ-ღონე გამოგველია!
არა ჩანს ჩვენი პატრონი, -
ობლების დამფარველია.

რად გაგვაჩინე, უფალო,
თუ ამ დღეს მოვესწრობოდოთ,
თუკი აღდგომას სხვასავით
ჩვენაც ვერ დავესწრობოდით!
სხვანი ჩაიცმენ ჭრელ-ჭრულსა,
ვარდთავით აყოვდებიან,
ჩვენ-კი ტიტველას ხორცზედა
კბენრები აგვცოცდებიან.
საზიზღარნი ვართ, რომ გვნახვენ,
ყველანი მოგვშორდებიან.
უბედურებამ მოგვასწრო,
როგორაც ნისლმა წეროთა...
არ ვიცით, სადღა წავიდეთ,
ვის არე-მარე ვსთელოთა;
ვინ შეგვიბრალებს, ვინ გვიშველს
ბეჩავთ, ხმელთ ანწლის ღეროთა?!

[1888 .]

ობლების სიმღერა

ნაბეჭდი: ჟ. „თეატრი“, 1888 წ. 11/XII, № 46-47.

7 1889

▲ზევით დაბრუნება


7.1 ღარიბის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


ტიალო, სიღარიბეო,
გააბეჩავებ ყველასა!
აღარსითა მაქვს სახსარი,
აღარსით ველი შველასა!
ბალღები დამიწიოკდა,
კაბა გაუცვდა ლელასა,
ვინ იტყვის წვნიან საჭმელსა,
პურს ვეღარ ვშოვობ ხმელასა!
შამამტირიან ბალღები,
გამამიწვდიან ხელასა...
პური მოგვშივდა, მამაო, -
სიტყვას მეტყვიან ძნელასა.
ამის გამგონეს ცეცხლი მწვავს,
გული დამიწყებს ლევასა,
გაუსენია ყველანი,
მჭვალს და ყივანა ხველასა.

ვითომ-კი ვშრომობ მედგრადა,
ყელ-თავქვე ვკიდავ მუდამა...
არცა ვარ ცოდვის მოქმედი,
თვით კარგად უწყის უფალმა.
აბა, რა მივცე მახტაში,
რა მაქვს, რა მატიალია?!
ნეტავ იცოდეთ, როგორი
გულში მიბრუნავს ალია!
მიშველე, ჩვენო გამჩენო,
მიშველე, მომეც ძალია!
აკმარე ბეჩავს ჩემს თავსა
ამდენი ცოდვა-ბრალია!
ისე გაივლის სთვლის ღამე,
არ მოვიხუჭო თვალია;
ვფიქრობ: რით, როგორ ვიხადო
მე მამობრივი ვალია?!
მე ვერ ვიქურდებ, ვერ, ვერა,
გული არ მაძლევს ნებასა,
ვამბობ და ნუ გეგონებათ,
თქვენგნით ველოდე ქებასა.
წაიღონ, ერთი ეგ-ღა მაქვს,
ერთი თანგირა ქობია.
მოვკვდები ნამუსიანად,
ესრე სიკვდილი სჯობია.
დაე, შვილებიც გამიწყდენ,
გასწყდენ, როგორაც ვშობია,
მადლიც იმასა, ცოდვაცა,
ვინც წინ გამივლო ღობია!

[1889 .]

ღარიბის სიმღერა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1889 წ. 11/III, № 53 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

3. სახსარი] საღსარი B. 17 ვითომ] მითომ A. 33 ვერ, ვერა] ვერა, ვერ B.

7.2 მთა და ბარი

▲ზევით დაბრუნება


მთაო, რად აგრე ჰგულდიდობ,
ცერად დაჰყურებ ბარსაო?!
რადგანაც ძირით გიცქერის,
მით არ უყადრებ თავსაო?
სალის კლდეებით ამაყობ,
თოვლითა, ყინულითაო;
კენკეშა-ურძან-ქუჩითა,
პირიმზე-მწირულითაო.
შენ არად მოგწონს ბარისა
დიდი სიმდიდრე ხილითა,
ოქროთ ნაქარგი გულ-მკერდი,
ზედ მარგალიტის ღილითა;
არ-რადმე გეჭაშნიკება
ვარდის გაფურჩქვნა დილითა,
გულით დარდების გადაყრა
წითლის, კახურის ღვინითა.

შენი ძმა არი ბარიცა,
სთველ-ზაფხულ ბარაქიანი,
გმირთ სისხლით შაღებილი აქვს
ველები ბალახიანი.
შენი ხევებიც იქ ჩადის,
ხევები კალმახიანი.
საფუძვლად, მთაო, ბარი გაქვს,
იცოდე, ტალახიანი.
თუ ის ჩავარდა უფსკრულსა,
შენ თან ჩაყვები ნიადა;
არ გარგებს, თორო შენ იცი,
მთავ, ამაყობა ფრიადა.

[1889 .]

მთა და ბარი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1889 წ. 2/IV, № 71 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

1 ჰგულდიდობ] ჰგულადობ B. 7 ურძან-ქუჩითა*] ურქან-ქუჩითა AB.

7.3 გუთნისდედის ჩივილი

▲ზევით დაბრუნება


ჯერ იყო დიდი ზამთარი...
გაზაფხულს მაჰყვა ღვარები,
სულ ერთიანად დაიქცა
ჭალა, მამულის თავები;
მიწა მოფხიკა ტიალმა,
კლდენი-ღა დარჩენ სალები;
გარიყა სასაფლაოცა,
თან მამა-პაპის ძვალები;
ხელ-კუდი გამაშვებინა,
ღვარმა დამტაცა ხარები.
სად მწყემსი ჩამოტიროდა,
სად წიოკობდენ ქალები.
ქუხილი იდგა, დგრიალი,
წარღვნისა შასადარები,
სახლის ბანს მაჰხვდა ზოგისას
და გაამტვრია კარები.

დავჯე, დავიწყე ტირილი,
ქალურად ვიეც თავშია:
ვინ ჩადგა ჩვენსა ცოდვაში,
ვინ დაგვაწესა მთაშია!
მთის მიწამ ღონე დაჰკარგა,
მეც ძალი მიმწყდა მკლავშია.
ვცოდვილობთ, თორო რა ყრია
ეხლანდელს თესვა-მკაშია...
წინად ყოფილა ბარაქა,
იტყვიან, მთა და ბარშია.
ცოდვა გამრავლდა, ძმობილო,
ღმერთს სწადს ჩაგვაგდოს ჭკვაშია;
გადაირია ქვეყანა
ერთურთზე ავის თქმაშია.
მალე ვბერდებით, ნასერიც
მალევ გვერევა თმაშია.

[1889 .]

გუთნისდედის ჩივილი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1889 წ. 10/VI, № 119.

7.4 მუდარა

▲ზევით დაბრუნება


მზეო, მისდიხარ-მოსდიხარ,
ცით მიწის მანათობელი,
რით არ მოგწყინდა სინათლე,
სიბნელის დამამხობელი?!
ერთხელ მკვდართადაც ამოდი,
ცივთა სამარეთ ცაზედა;
მადლია, ადამის ძეთა
ნათლად დაადგე თავზედა.
მკვდარს მინდა შენი სინათლე,
ცოცხალს სიცოცხლე მკმარია,
ტრფობით ავსილის გულისთვის
ცა ღრუბლიანიც დარია.
თავისი მზე მყავს ცოცხალსა,
თუ არ გჯობს, არა მდარია...
მაშინ მინათე, ტიალო,
როცა ვიქნები მკვდარია:
გულს გრძნობა აღარ შაეძლოს,
თან ტკბილი, თანაც მწარია,
უაზროდ, უსიყვარულოდ
ჰლპებოდეს, როგორც ჩვარია.
მაშინ გამათბე, ტიალო,
მადინე ცრემლის ღვარია
და მაგრძნობინე, თუნდ ერთ წამს,
სიყვარულისა ძალია.
თუ მზე ხარ, მაშინ მიმზევე,
მიშველე, შემიბრალია!

[1889 .]

მუდარა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1889 წ. 18/VI, № 126..

7.5 გალაშქრება ლაშარის ჯვრის დროშით

▲ზევით დაბრუნება


სრულ აიკრიბა თოვლები,
ბილიკებ დაჩნდა მთებისა;
კარგად იკიდებს ცხენი ფეხს,
ქუჩზე აღარა სხლტებისა;
ყველგან გაივლის მხედარი:
ზოვებ აღარა სქდებისა.
ლაღო ზაფხულის ბუნებავ,
მამშვენო თვალთა, სმენისა,
თამარ-დედოფლის სახეო,
თავზე გვირგვინი გშვენისა;
გაგინათლებავ ქვეყანა,
ფერი დაგიდვავ ლხენისა,
მკვდართა, მომაკვდავთ იმედო,
სულის ჩამდგმელო, ქშენისა;
მარჯვენა-ბარაქიანო,
ძუძუს ჭირიმე შენისა...

სამთოდ გავიდა ცხვარ-ძროხა,
არ ედგომება ბარშია.
ყველასა გვმართებს სიფხიზლე,
ძალის შაკრება მკლავშია;
ერთ მხრივ ლეკები გვესხმიან,
სხვაგნით - ქისტები მთაშია,
გაირეკავენ ცხვარ-ძროხას,
ჩამოჩვეულნი ფშავშია.
ფშაველნიც ამას სჩადიან,
მტრისად ჩამდგარნი კვალშია.
დროა ქისტების დარბევის, -
ხმა გავარდება ხალხშია;
ხატს გაიკითხავს მკითხავი,
ქადაგობს, იცემს თავშია:
„ქისტეთს გადადით, ფშავლებო,
ყველა გამოდით ჯარშია,
ნაქებო ფშავლის შვილებო,
საიმედენო ხმალშია.

დიდი ხანია, ქისტისას
ხარს არ მასჭერით თავიო,
გაუნათლავის ლეშითა
აღარ გამძღარა სვავიო!“

ბატონის სიტყვა საყმოსა
დაუჯდებოდა ჭკვაშია;
სალაშქროდ გული აჩქროლდა,
ვინ ვის აჯობებს ცდაშია.
თოფებს უპირეს ტალები,
ყველამ გალესა ხმალია;
თავს დაიხურეს ჩაჩქნები,
ტანზე ჩაიცვეს რვალია.
ხუზაურ გოგოლაური
შავარდენივით ჩქარია,
იანვარ ელისბარის-ძე
გორის მდრეკელი არია,
სუმელჯი სუმელჯიშვილი -
ამომავალი მთვარია.
სამნი წავიდენ საჯარეს,
შააღეს ბეღლის კარია;
გამააბძანეს დროშაი,
წმინდის გიორგის ჯვარია;
წინ ჩამაუძღვენ ლაშქარსა,
ჩამაამწკრიეს ჯარია.
მათურის თავი გადავლეს,
მთებს გაუბერტყეს ნამია;
მოსხლიტეს ქისტის ცხვარ-ძროხა...
მამლის ყიულის ხანია...
მდევრად გამაჰყვნენ ქისტები,
ვისაც უჭრიდა მკლავია.
ის იყო, გარიჟრაჟია,
მზემ გააბრუნა ღამია,
ზედი-ზედ დატყვრა მაჟრები,
სიათეების ჩქამია;
ბოლი ჩამოწვა ხევებში,
ბრძოლა შაიქნა ცხარია.
ცხრას ქისტს მასდევდა მარტუა
მახინცაური მწარია.
დამარცხდა ქისტის ლაშქარი,
თან გაჰყვა სისხლის ღვარია.
ლაშარის გორზე შამოდგა
ათასი ქისტის ცხვარია,
ასი კურეტი რქა-თეთრი,
ორასი ნისლა ხარია...
თან მაჰყვა დროშის ჟღერითა
გამარჯვებული ჯარია.
მთაზე დაუსჭვეს დროშაი,
აჟღრიალებდა ქარია.
ორმოცს მარგილზე დააგეს
ორმოცის ქისტის თავია,
ორასის ქისტის მარჯვენა,
ფარ-ხმალი ნადავლარია.
მოდგა ლაშქარის სამზერლად
უხვად ქალი და რძალია,
ამ ძუვის ვეფხვების გუნდსა
არ მაჰშორდება თვალია.
ერთკნით ხო ცეცხლი დაენთო,
სხვაგან-კი ჰბუგავს ალია.
ადიდეს ლაშარელაი
და თამარ-მეფე წყნარია.
კარგს ყმათ საკარგყმოს ასმევენ,
მაიხსენიეს მკვდარია,
პირ-ოფლიანნი, ვინაც-კი
ლაშქარს მოკლული არია,
ხატ-თემის ნამუსისადა
ვინც არ დაზოგა თავია!..

[1889 .]

გალაშქრება ლაშარის ჯვრის დროშით

ნაბეჭდი: „ივერია“, 1889 წ. 28/VI, №134.

7.6 მწყემსის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


დროა შენც მალე ჩამაჰდნე,
თოვლო, რჩომილო გორაზე:
დაიძრა მიწით ყვავილნი,
ამოჩნდენ გროვით-გროვაზე,
ჭალამ გაიძრო კონკები,
ტანთ ირთავს ახლის კაბითა,
მოქუჩდა წერო-საოთი
მინდვრის პირთ გუნდად, ძაბვითა;
საყელოს შაკვრა უხდება
ველ-მინდვრებს მწვანის ძაფითა.
ალაზანიც რო გამწყრალა,
მოსჩქეფს პირს დორბლით, ქაფითა
ამ სატიალემ ზამთარმა
წელი მომწყვიტა ჯაფითა;
მოგიკვდი, ძმაო, მიტირე,
ამდვნის ფითრ-ნეკრის კაფითა.
ვენაცვლე გაზაფხულის სულს, -
ის მარჩენს თავის ძალითა;
თუ არ ის, აივსებოდა
ჭალა საქონლის ძვალითა;
დაიქცეოდა მთა-ბარი
მწყემსების ცოდვა-ბრალითა...

რა გიჭირს, ცხვარო, ტიალო,
ძოვე, ბალახი ხშირია;
ბოტო, გაუძვეღ იქისკე,
სადაც ალაზნის პირია.
მარცხნივ შენ გაჰყევ, ბროლიავ,
მაღლა გეჭიროს ცხვირია.
გაზაფხულია, მუდრაგო,
რასა სთვლემ, რასა სტირია?!
ფხიზლად იყოდი, გენაცვლე,
როგორც ვაჟკაცი, გმირია.
ყურდაუჭრელი1 არ დაგვხვდეს,
ცხვარს არ გაგვიკრას კბილია.
აქა გყავს თავის პატრონი,
მეც არ მამივა ძილია.
ძმანი ვართ, ბროლავ, მე და შენ,
ერთი გვაქვს ლხინი, ჭირია.
ვაჟანი ჩვენისთანანი,
ჩემო ბროლიავ, ძვირია,
მთისაკეც მოკლედვე წავალთ,
იქ ჯაფა ბევრით მცირია.
აქ ღიჭი არი, ჯაგ-ჯუგი,
უხვად ჩადუნის ძირია, -
ადვილად დაიმალება
ნადირის მავნე ცხვირია…
გულს გაგვინედლებს მთა-ოხრის
ლაღის ნიავის ძგრიალი,
გამონასხლეტი კლდეზედა
ფიცხის მთის წყაროს ჩხრიალი,
გამოსულთ სამეკობროდა
ცას არწივების ტრიალი.

[1889 .]

____________________

1. მეტი სახელია მგლისა.

მწყემსის სიმღერა

ნაბეჭდი „ივერია“, 1889 წ. 30/VII, № 160.

მოკლედვე ფშაურად ნიშნავს ჩქარა, მოკლე ხანში. სწორედ ამ მნიშვნელობით აქვს ვაჟას ნახმარი ეს სიტყვა 41-ე სტრიქონში, ამიტომ მას გასწორება არ ესაჭიროება (შდრ. ალ. აბაშელის შენიშვნები).

7.7 ნატვრა

▲ზევით დაბრუნება


კლდე უნდა იყო, სალი კლდე -
მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, -
რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს
ქარჩით მოხუცი ხნიერი.
რატომ არვისგან იძლია
შენი სამეფო ძლიერი?
არ იქნა, ლეშით არ გაძღა
ეგ შენი ხახა მშიერი?
რამდენი კენჩხა გამოჰხარ,
რამდენი მკლავი ძლიერი?
რამდენი სახე ქალისა,
ელვა - მთათ შუა რეული,
თვალები - მთვარე მომწყდარი,
წყვდიადში გამორეული,
წელია დილის მზის სხივი,
ვარდებში ჩამორეული.
იმასაც ამას უპირობ,
ვინც მე მინათებს ღამითა,
ვისთვისაც სიცოცხლე მწყურან
ამ ბეჩაურის ჟამითა,
დაჰშალო, დაანაწილო
ძვლები და ლეში კანითა?
ზეზეურ დარჩეს, ღვთის მადლსა,
ყელ-გამოჭრილი დანითა,
რომ ფერფლი ჩემის ლეშისა,
გადატანილი ქარითა,
მიეხლოს იმის ნაშთის ფერფლს,
განედლებული ცვარითა.
მზემაცა ნახოს, მთვარემაც,
ცამ ვარსკვლავების ჯარითა
და გაზაფხულის იამა
მის ანგელოზის თვალითა.

[1889 .]

ნატვრა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1889 წ. 5/XI, № 236.

7.8 ჯეჯილი

▲ზევით დაბრუნება


გლეხის მარჯვენის ნაღვაწო
და გლეხის ოფლით მორწყულო,
ჯეჯილო, ნაჭირმაგევო,
უფლის წყალობით მოსულო!
დაგიმშვენებავ მინდორი,
ლამაზი გიჩანს პირია.
რა ჭირნახული მოსულა
ფეხად და როგორ ხშირია!
თავს დასთამაშებს მერცხალი,
თან დასჭიკჭიკებს სირია, -
სტუმარი უცხო ქვეყნისა
და ჩვენის ქვეყნის შვილია.
ცამ დაგვინამა და მიწამ
საზრდოთ გაუვსო ძირია.
ვინც ნახავს, გაუკვირდება,
და მართლაც გასაკვირია:
ნორჩის ყვავილის გარშემო
არშია ავლავ ძვირია.
კურდღელიც შემოსჩვევია,
რომ აცმაცუნოს პირია.
დარაჯად უდგა ტორუა,
გალობას ეტყვის ტკბილსაო.
ღმერთო, გვიკურთხე ჯეჯილი,
ნუ აარიდებ პირსაო!
გვაღირსე, ყანადა ვნახოთ -
ნამგლებს გაჰქონდეს პრიალი;
მკერდ-ოფლიანის ბიჭების
ცასა სწვდებოდეს გრიალი,
და თანაც შევიწროებულს
მწყრებს ამოჰქონდეს ფთხრიალი!

[1889 .]

ჯეჯილი

ნაბეჭდი: ჟურნ. „ჯეჯილი“, 1890 წ. № 1 (ცენზურის ნებართვა მიღებულია 1889 წ. 7 დეკემბერს).

7.9 სიზმარი სასოწარკვეთილისა

▲ზევით დაბრუნება


სიზმარი ვნახე: წამიღო
ადევებულმა მდინარემ,
ტალღების გადატყორცილი
მიმიღო მხარემ მძინარემ.
გულს მიკლავს უდაბნოშია
ერთი - გრიალი ქარისა,
მეორე განუწყვეტელი
ყიყინი ბაყაყთ ჯარისა,
მესამე - მკვდართა ძახილი…
მოარულთ შუაღამისა.
პურს ვიღებ - გველად მექცევა.
ჯამი ჭიებით ამევსო.
წვერ-მოწამლული ისარი
გულის ფიცარზე დამესო.
ხელი და ფეხი შამეკრა,
სისხლი ჩამომდის ჩქერითა,
კალთაც ამევსო, მიწას სწვდა,
თავქვეც წავიდა მღერითა.

ვნახე: მოკივის თმა-გაშლით
ქალი ლამაზი ცხენზედა,
მომვარდა, გადმამეხვია,
ხელი მომხვია ყელზედა,
გულით ამაძრო ისარი,
გადაისროლა გვერდზედა.
წამისო სალბუნებელი
თლილის თითებით მკერდზედა.
ქალი მიჩნს ანგელოზადა,
ვლოცულობ იმის ფერზედა.
ვცოცხლდები, ჯანი მომეცა,
ლამის წამოვდგე ფეხზედა...
მომშორდა თვალის მხიბლავი,
ფიცხლავ მოახტა ცხენზედა.
ცოტახანს შემდეგ ისარი
გულზედვე მომხვდა ძგერითა.
კაციც რამ მომიახლოვდა
ჯაგარის მსგავსის წვერითა.
გულზე დამადვა ყადაღა,
ცემა დაუწყო კვერითა.
თან ტკბილს მეტყოდა სიტყვასა
გაქნილის, ტკბილის ენითა.
ისე შენ იყავ მოლხენით,
როგორც მე გყევარ ლხენითა!
ვკედებოდი, სისხლიც გამიშრა,
სულიც ამომდის ქშენითა.
გარშემო ვიხედებოდი,
მეშველს ვეძებდი თვალითა.
ვნატრობდი ჩემის მხსნელის თავს,
მომდგარს შიშველის ხმალითა.
შორს, შორს სამ ისმის კიჟინა,
თქრიალ-დგრიალი ჯარისა,
ჯარს ხმას აძლევდა მრისხანედ
ზრიალი კლდეთა კარისა,
ხმალთა წკაპანი, ფართ ჩხერა,
ზედაც წკრიალი რვალისა.
ჩამეეყუდა ჯურღმულში
სხივი მტირალის მთვარისა.

კლდეთ შუა შემოდიოდენ
მხედარნი ჩოხიანები,
არ უშლის იმათ სიარულს
ხეები ტოტიანები.
ბუკს დაჰკრეს, დაფი აძრახეს,
სიმღერა გაახშირესა,
გამოვლეს, გამისასწორდენ,
მოსჯარდენ კლდისა დირესა.
ბევრსა ვსცნობულობ ჯარშია
წარსულის დროის გმირებსა.
ვენაცვლე იმათ მოსვლასა,
დაჭრილი მომარჩინესა!
გულის წყლულები გაქარვდა,
ხელთა მბოჭველი ჯაჭვიცა,
გაქრა წყეული იმ წამსვე
კვერის მცემელი კაციცა,
ჩემთა მოძმეთა მოსვლამა
ყველანი დააფაციცა.

მივრბოდი, ჯარსა მივძახდი:
„ძმანო, მეც წამიყვანეთა,
მეც თქვენი ძმა ვარ, მიშველეთ,
ჯურღმულით გამიყვანეთა.
მაჩვენეთ, თქვენი ჭირიმე,
ქართველთა მიწა-წყალია.
ჩამომწყაზრულსა მთა-ბარსა
რომ ვერ ჰშორდება თვალია.
იქ ყველა მეტურფავება:
სხვაგვარი მზე და მთვარია.
ცა მრისხანებსა თუ ჰჟინჟლავს,
თუ დაწყნარდება - დარია.
მისვლის უმალვე მომერგოს
თუნდა სიკვდილი მწარია.
იქა ჰხატია ცაზედა
ვახტანგის მძლავრი მკლავია,
თამარ-დედოფლის გვირგვინი
და ნინოს ვაზის ჯვარია.
პურად ქვა მომიტანოდით,
ტანზე ჩამაცვით მჩვარია,
ოღომც მაჩვენეთ თვალითა
მშობელი მიწა-მყარია.
ოღომც დამეცეს მხარზედა
ჩვენის ცის ერთი ცვარია.
მეც თქვენთან მწყურან სიკვდილი,
ჩემთ მოძმეთ მნახოთ მკვდარია“.

ყური არ მიგდეს, ჩადიან,
ჩადიან, ჩაიმღერიან,
ჯარს ეშურება საომრად,
საცდელად არა სცალიან.
გული დამილბა, დავდექი,
ძალ-დამდნარს ღონე მელევის,
გავები კლდიანს ადგილას,
პირი არა ჩანს ველების,
ღობედ ჩამიდგა გზაშია
ათასი გუნდი გველების.
პირებს აღებენ, მიშქენენ,
ჟინი აჰშლიათ ხველების.
საძრავი არსაითა მაქვს
არც ფეხთა, არცა ხელების.
მომსხლიტეს ჩემთა მოძმეთა,
შხამს მომესვრიან ხშირადა,
მიშველე, დამბადებელო,
გველებს ნუ მიმცემ პირადა!

[1889 .]

სიზმარი სასოწარკვეთილისა

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., № 15632 (B) და №15636 (A).

ორივე ავტოგრაფი დაზიანებელია, განსაკუთრებით - B. ამ ავტოგრაფში ლექსს ჯერ სათაურად ჰქონია „სიზმარი“, შემდეგ კი ფანქრით მიწერილია: „სასოწარკვეთილისა“. პირველი სტროფი წაშლილია. მე-4 სტრიქონში „მისტუმრა“-ს ნაცვლად არის: „მიმიღო“. 5 ჯერ ყოფილა: მიჟეჟს, - შეცვლილია: მიკლავს. 6 ყოფილა: გუგუნი, - შეცვლილია: გრიალი. 9 ყოფილა: მკვდართა სიმღერა, - შეცვლილია: დევთა ძახილი. 31 მომშორდა თვალის მხიბლავი] მაგრამ წავიდა ასული. 39-49 სტრიქონების შემცველი ფურცლის ბოლო ნახევარი მოხეულია, რის გამოც დაზიანებელია აღნიშნულ სტრიქონთა დაბოლოებანი და 62-73 სტრ. დასაწყისი. 73 სტრ. შემდეგ ლექსის ბოლო ნაწილი, რომელიც ახალ ფურცელზე უნდა ყოფილიყო, მთლიანად აკლია.

A ავტოგრაფში ამომწვარია 37-61 სტრიქონთა დასაწყისი, რაც აღდგენილია B ავტოგრაფის მიხედით. ფურცლის უკანა მხარეზე ამ ადგილას მოდის 103-107 სტრიქონები, რომელიც B-ს აკლია და ამიტომ დაზიანებული ადგილები აღდგენილია ვარაუდით. ზოგიერთი ადგილი ნასწორებია: 27 ჯერ ყოფილა: ანგელოზად მიჩნს ასული, - შესწორებულია: ქალი მიჩნს ანგელოზადა. 31 ყოფილა: მაგრამ წავიდა ასული, - შეცვლილია: მომშორდა თვალის მხიბლავი. 32 ყოფილა: ფიცხლავ, - გადასწორებულია: ფიცხად. 40 ყოფილა: გაქნილის, ტკბილის ენითა, - შესწორებულია: ლაქარდიანის ენითა. 86 სტრ. შემდეგ წაშლილია: „სიკვდილის“.

ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა, პირველად დაიბეჭდა შვიდტომეულის I ტომში (შენიშვნებში, იხ. გვ. 337-339).

7.10 წიწილა მიაქვ ძერასა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

წიწილა მიაქვ ძერასა,
უყურე ბედისწერასა!
პატრონი სტირის, იძახის:
ვეღარას ვუშველ, ვერასა!

პატრონზე მეტად წიწილა
დაჰნანებია მელასა.
მოდი, ნუ ჩაუფიქრდები
მუხთალი სოფლის დენასა!

[1890 წლამდე]

წიწილა მიაქვ ძერასა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15632.

6 ყოფილა: შეჰბრალებია, - გადასწორებულია: დაჰნანებია.

ეს ლექსი წინა ლექსთან („სიზმარი სასოწარკვეთილისა“) ერთად და აგრეთვე მომდევნო ლექსები („ფანდურს“, „ძვალები“, „სიმღერა სასოწარკვეთილისა“, „ვის ემუქრება“ და „შემთხვევა“) შედის ავტოგრაფულ კრებულში, რომელიც დაცულია ლიტერატურულ მუზეუმში ორი ნომრით (№15632 და 15633). ამ კრებულში მოთავსებული ის ლექსები, რომელნიც ავტორის სიცოცხლეშივე იყო ცნობილი, გამოქვეყნებულია 1886-1890 წლებში („სიზმარი სასოწარკვეთილისა“. დათარიღებულია კიდევ 1889 წლით). აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, კრებული 1890 წლამდე უნდა იყოს შედგენილი.

ზემოთ ჩამოთვლილი ლექსები ვაჟას სიცოცხლეში არ დაბეჭდილა, ოთხი მათგანი პირველად ალ. აბაშელმა შეიტანა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა II ტომში, ხოლო ერთი - „ფანდურს“ - გამოაქვეყნა ნ. ხომერიკმა გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებაში" 1952 წ. 29 აგვისტოს (№ 36), აქვე მან განმეორებით დამეჭდა მეორე ლექსი - „შემთხვევა“, თუმცა იგი ნაკლული სახით წინათაც შედიოდა ვაჟას თხზულებათა II ტომში, სათაურით - „კაცი რად გქვიან ?!“.

მიგვაჩნია რა 1889-90 წლები ამ ლექსების შექმნის უგვიანეს მიჯნად, მათ ვათავსებთ იმ თანმიმდევრობით, როგორც ზემოხსენებულ ავტოგრაფულ კრებულშია.

7.11 ფანდურს

▲ზევით დაბრუნება


ამოჭიკჭიკდი, ფანდურო,
გული შაბურე ნისლითა, -
მაშფოთოს ხმამა მკვნესარმა
ჩემს საყვარელზე ფიქრითა.
შენ რო გულს მამფენ ნათელსა,
არ იყიდება ფულითა.
იმით მიყვარხარ, ტიალო,
იმით ყურს გიგდებ გულითა.
გულ-შავნი არ შაისმენენ
შენს ღვთის მონათლულს ჟღერასა,
ავის და დედის გამცემის
გულს ვერ აუტეხ ძგერასა.
იმას ასვით და აჭამეთ,
ამით დაიტკბობს სმენასა,
ქვეყნის მეფობას ურჩევნავ
წიწილა მუდამ ძერასა.

[1890 წლამდე]

ფანდურს

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15633.

3 ყოფილა: დამადნოს, - შეცვლილია: მაშფოთოს.

ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა; იგი როგორღაც გამორჩენია ალ. აბაშელსაც, რომელმაც ამავე ავტოგრაფულ კრებულში მოთავსებული სხვა დაუბეჭდავი ლექსები გამოაქვეყნა.

„ფანდურს“ პირველად დაიბეჭდა გაზ. „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ (№ 36), 1952 წ. 29 აგვისტოს (იხ. ნ ხომერიკი, „ვაჟა-ფშაველას უცნობი ლექსები“).

7.12 ძვალები

▲ზევით დაბრუნება


ძვალთა თქვეს სამარეშია:
ავდგეთ, გვეყოფა ძილიო,
ვიგრძნოთ კიდევა სიცოცხლე,
ლხინი და ბრძოლა ტკბილიო,
აქ ყრას უქმს, გაციებულსა
იქ ტანჯვა სჯობის თბილიო!

იმ ძვლებში ერთი ძვალი სჩნდა
ომში მოკლულის ბერისა,
დაფიტებული, დამჭკნარი,
ნახრავი ჭია-მწერისა,
ძვალმა ჭკვა გამოიჩინა,
სიტყვა სთქვა ძველის-ძველისა:

„დაეყარენით თქვენთვისა,
თქვე საცოდავნო, ხმელანო!
ის დრო ხომ არა გგონიათ,
ჩვენ რომ მოვჭამეთ ძველადო?.
ნეტავ რო სჩქარობ ადგომას,
ვის გაუძღვები, ბელადო?!
სამარეშიით ყურს ვუგდებ
ჩვენს საფლავებზე მავალთა,
ხმა მათი კაცის ხმას არ ჰგავს,
ენა უცხო აქვს მრავალთა.
თქვენ წადით, მე აქ დავრჩები,
გზათ არ შაგიშლით სავალთა!“

[1890 წლამდე]

ძვალები

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15633.

5 ყოფილა: გარინდებულსა, - გადასწორებულია: გაციებულსა.

7.13 სიმღერა სასოწარკვეთილისა

▲ზევით დაბრუნება


ტიალო წუთის-სოფელო,
მაბრუნებ ათას ფერადა,
ანგელოზივით მართალი
ლამის გამხადო მგელადა.

დაბადებიდგან წილადა
მარგინე კვნესა, ჭირია,
და ჩემი თავი შენს ხელში
ქოჭებ-დადგმული ვირია.

ამკიდებ, რასაც ისურვებ,
მომძახი: აჩი, აჩიო!
საპალნეს ნუ დამიკარგავ,
გინდ მოკვდი, გინდა დარჩიო!

რაღა მეთქმევა ბეჩავსა,
უნდა გემონო ბრიყულად,
შენგან დადგმული ქოჭები
უნდა ვატარო ვირულად.

[1890 წლამდე]

სიმღერა სასოწარკვეთილისა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15633.

მეექვსე სტრიქონში ჯერ წერებულა: მარგუნე, - „უ“ წაშლილია და სამაგიეროდ აწერია „ი“ (ე.ი. „მარგინე“).

7.14 ვის ემუქრება

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ვის ემუქრება ნეტავ ხმლით
ეგ უნამუსო, ფლიდია?
კასპიით პონტოიამდე
ქართველთა ძვლების ხიდია,
მაგრამ არ გავსწყდით სრულიად,
კიდევაც ხმლები გვკიდია.

ბევრი გვინახავს წინათაც
სპარსის და თათრის ქაქანი,
მაგრამ გაჰხდიათ ოხრადა
ფარი, ხმალი და ჩაჩქანი,
მათ ლეშზე აგვიტეხია
უმსგავსო ყვავთა ყაყანი.

[1890 წლამდე]

ვის ემუქრება

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., № 15633 (A); ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 40 (ორი ვარიანტი B და C ).

პირველად გამოქვეყნდა გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ 1950 წ. 13 აგვისტოს (ალ. აბაშელის პუბლიკაციით).

ხელნაწერთა ინსტიტუტის ავტოგრაფები მოთავსებულია ერთ კრებულში, ერთმანეთის მომდევნო ფურცლებზე. პირველი მათგანი მთლიანად გადახაზულია, მე-5 სტრ. სიტყვა „სრულიად“ შემდეგ არის სხვა მელნით დამატებული. მეორე ავტოგრაფის მე-3 სტრიქონში ავტორს კალმის ლაფსუსი მოსვლია: ჯერ დაუწერია „შავის ზღვით“, შემდეგ სხვა მელნით გაუსწორებია: „კასპიით“, ამასთანავე ლექსის ბოლოს წაუშლია ორი სტრიქონი.

არ გვიღირსებავ მათთვისა
აროდეს მიწის საბანი.

ეს სტრიქონები ასევე წაშლილია A-შიც. სხვა მხრივ ეს უკანასკნელი არავითარ სწორებას არ შეიცავს. მასთან შედარებით B და C-ში არის მცირე ვარიანტული სხვაობა: 5 არ გავსწყდით სრულიად] სრულიად არ გავსწყდით C. 7 წინათაც] წინავაც B. 10 ფარი, ხმალი და ჩაჩქანი] ხმალი, ფარი და ჩაჩქანი B.

7.15 შემთხვევა

▲ზევით დაბრუნება


უანგელოზოს საყდარსა
ეშმაკი დაჰპატრონდება.
ბეჩაო, ჩემო საჯავროვ,
შენ ვინღა დაგპატრონდება?!

მთა ცაში მიტომ ყელ-ყელობს,
რომ სიმაგრე აქვს ძირითა.
მარტოკა ერთი რას იზამ,
თუნდაც ცეცხლს ჰყრიდე პირითა?!

აბა უყურეთ ფუტკარსა,
როგორ პატარა მწერია,
დათვს სასიკედილოდ შაებმის:
იცის, რომ იმის მტერია.
„ეგ თაფლი, ჩემო დათუნა,
სულ წვეთ-წვეთობით ვპოვეო,
დღედაღამ დაუსვენებლად
მინდვრად ყვავილი ვწოვეო“.

ძაღლს დაეყარა ლეკვები,
მინდოდა ერთის დაჭერა.
ძაღლმა გამიგო სურვილი,
მეცა და გადამამტვერა.

გავკვირდი ძაღლის გრძნობასა,
მოვრთე დიაცებრ ტირილი:
„ახ, კაცო, კაცი რად გქვიან?“
გაისმის ჩემი ყვირილი.

[1890 წლამდე]

შემთხვევა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15633.

ეს ლექსი პირველად გამოაქეყნა ალ. აბაშელმა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა II ტომში, მაგრამ წინა გვერდზე მოქცეული პირველი სტროფი, სათაურთან ერთად, მას როგორღაც გამორჩენია და მიუჩნევია, რომ ლექსი უსათაუროდ იწყება მეორე გვერდზე (ა. აბაშელს დაუსათაურებია: „კაცი რად გქვიან?!“).

შემდგომში ნ. ხომერიკმა ხელახლა გამოაქეეყნა იგი მთლიანი სახით, როგორც ვაჟას უცნობი ნაწარმოები (იხ. ნ. ხომერიკი, „ვაჟა-ფშაველას უცნობი ლექსები“: გაზ. „ლიტერატურა და ხელოვნება“, № 36, 1952 წ. 29/VIII).

8 1890

▲ზევით დაბრუნება


8.1 წიწილა

▲ზევით დაბრუნება


ქორმა წიწილა წაიღო,
იძახდა „წიავ-წიავსა!“
წიწილის თეთრი ბუმბული
ველად გაჰქონდა ნიავსა...
ღვარი წავიდა სისხლისა,
წალეკა მთა ბარია:
არაგვს გზა დაათმობინა
და გადათელა მტკვარია.
ისმოდა ბებრის ეზოში
კრუხის ქვითინი მწარია...
მოჰსვლოდენ მოკეთეები:
კრუხნი, მამლები, ვარია, -
ნათესაობა კრუხისა,
მთელი იმისი გვარია.
ცრემლი იქცევა ქათმების,
დიდი გლოვა და ზარია...

[1890 .]

წიწილა

ნაბეჭდი: ჟურნ. „ჯეჯილი“, 1890 წ. № 2 (ცენზურის ნებართვა მიღებულია 1890 წ. 19 თებერვალს).

8.2 ჩივილი ხმლისა

▲ზევით დაბრუნება


- დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში.
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
- სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიოდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
არას დასდევდა სიკვდილსა,
ოღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალიან ჩემთვისა,
ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამაგდებენ გირაოდ...
და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს
„არშინის“, „ჩოთქის“ გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,
არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა.
მისი ხმა აღარ მსმენია:
„გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო!“

[1890 .]

ჩივილი ხმლისა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 40 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1890 წ. 11/III, № 53 (A).

სათაური არა აქვს B.

ავტოგრაფი წარმოგვიდგენს ლექსის პირვანდელ ვარიანტს, რომელიც არსებითად განსხვავდება საბოლოო ტექსტისაგან და მას აქ მთლიანად მოვიყვანთ:

- დაჰჟანგებულხარ, ფრანგულო,
დაგობებია ქარქაში.
აღარ თუ გყავის მომვლელი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
- ვაჰმე, მომიკვდა პატრონი,
აღარ მყავ ჩემი ბერდია,
ბალღების სათრევლად გავხდი,
გამიუკლოვდა გვერდია.
ალბათ რომ ყველა ერთგულსა
სოფლისგან ესა ჰხვედრია.

ამავე ავტოგრაფულ კრებულში ერთი ლექსით წინ მოთავსებულია ამ ლექსის პირველი ოთხი სტრიქონი „სიმღერა“-ს სათაურით, მაგრამ ეს სტრიქონები გადახაზულია. როგორც ჩანს, ავტორს სასურველად მიუჩნევია, კრებულში ჯერ შეეტანა სხვა ლექსი - „სიმღერა“ (ვის ემუქრება ნეტავ ხმლით), ხოლო მის შემდეგ კი მოუთავსებია „ჩივილი ხმლისას“ ზემოხსენებული პირვანდელი ვარიანტი.

8.3 იმედი რაზიკაული

▲ზევით დაბრუნება


ჯავრი ჰკლავს რაზიკაულსა,
შადედებული შხამითა,
ცრემლი არ მოსდის თვალებზე,
გვაეჭვიანებს ამითა...
რკინის გული აქვს ვაჟკაცსა,
ცრემლს გულსვე ასმევს ჯამითა,
საქვეყნოდ დარდსა არ გაჰფენს,
ამონადუღარს გვამითა!
ვაჟს სიბრალული არ უნდა,
არც ვის გენუკავსთ ამისად...
დრო-და-დრო ამოიხვნეშებს
მანუგეშებლად თავისად.

შაიბურება ნაღვლითა,
როგორც მყინვარი ნისლითა,
ამშვენებს თავსა, ვით მოყმე,
მტერზე ხმალ-და-ხმალ მისვლითა.
სოფლისა, თემის ავ-კარგი
კვლავც უტარებავ კისრითა;
ბევრს არი გადმონაყარი,
ეხლაც გულმაგრობს იმითა.

- მტერს ხომ არ დაუმარცხებავ,
სირცხვილი შაუჭმევია?
იქნება გმირი უებრო
ურჯულოს დაუძლევია?
ტყვედ მის ცოლ-შვილი წაუსხამ,
სახლ-კარი დაუქცევია?
რაზიკაულის ქავ-ციხეც
დაუშლავ, დაურღვევია?

- ძმობამ, ჯერ წარბი იმისთვის
არავის შაურხევია!
- მაშ რა ახვნეშებს ვაჟკაცსა?
რად ზის კარ-დაკეტილშია?
ხმას აღარ იღებს, ერთთავად
ყალიონი სჩრავ პირშია!
აღარც საგლოვოდ სამ მიდის,
აღარც გვინახავ ლხინშია!..
სულ მუდამ როგორ ვავლიოთ
ლაშქრობა-გასაჭირშია?!
იქნება სიზმარი ნახა,
ლიშან დაუდგა ცუდია -
ეზმანა, ბედი ფშავისა
სამარის კარსა ჰყუდია?
იქნება შვილი მოუკვდა,
ნასახელარი გუტია?
- შვილიც მთელი ჰყავს, დედაცა,
ციხეც ყელმაღლობს ისევა,
აგებულს მწვანის ლოდებით,
ვერ ჰზარავს მტრების მისევა.
- რად ჰმალავს ვაჟკაცის დარდსა,
გვითხარ, რად სტირის, რაზედა?
ვაჟკაცის დარდის შატყობა
სხვასაც მაიყვანს ჭკვაზედა!..
- შვილს ვინ ახსენებს, ან ცოლსა?
მეტი დარდი აქვს მაზედა:
ცხენი მაუკვდა ლურჯაი,
აღარა ჯდება სხვაზედა.
ხატში მით აღარ მოვიდა,
აღარ ჩამოჯდა ჯარზედა.
რით-ღა წავალის ლაშქარსა,
ლეკებს რით გაჰყვეს კვალზედა?
ვინ-ღა შააშრობს ტყვეებსა
ცრემლს, ჩამომდინარს თვალზედა?
დაჩაგრულების საშველად
ხელს ვინ დაიდებს ხმალზედა?!
ცხენს გაუთხარა სამარე,
დამარხა თავის ხელითა,
დაულბო ლურჯას ლოგინი
მომსქდარის ცხარის ცრემლითა.
არ გაჰხდის სვავთა საჭმელად,
ყორნების საწიწკარადა
ნიავ-ქარივით მოარულს
როგორც მთას, ეგრევ ბარადა,
ხშირ-ხშირად მხედრის მიმტანსა
ავის დაღისტნის კარადა.
ცხენს გლოვობს რაზიკაული,
იმიტომ არის ავადა!

[1890 .]

იმედი რაზიკაული

ნაბეჭდი: „ივერია“, 1890 წ. 3/VI, № 115 (A); „თხზულებანი“, 1899 წ.(B).

სათაური: იმედი საზიკაული AB (ასევეა ტექსტშიც).

10 არც ვის გენუკავსთ) არც ვინ გენუკვით B. 22 შაუჭმევია] შეუჭმევია B. 35 საგლოვოდ] საგლოვედ B. 36 გვინახავ] გვინახავს B. 42 სამარის] სიმამრის AB. 48 მისევა] მორევა AB. 52 მაიყვანს] მოიყვანს B. 69 გაჰხდის] გახდის B. 70 საწიწკარადა] საწიწკნარადა B.

42 სტრიქონი ორივე ნაბეჭდ ტექსტში წარმოდგენილია ასე: სიმამრის კარსა ჰყუდია. წინა გამოცემის რედაქტორის ალ. აბაშელის მიერ ეს ადგილი გასწორებელია შინაარსის მიხედვით: სამარის კარსა ჰყუდია. 48 სტრიქონში კი აბაშელის მიერვე მორევა გასწორებულია რითმის მიხედვით: მისევა. ჩვენს გამოცემაში გაზიარებულია ორივე ეს გასწორება.

გვარი, რაზიკაული „ივერიაში“ და აქედან თხზულებათა კრებულებშიც დღემდე იბეჭდებოდა მცდარი ფორმით - საზიკაული, რაც რ და ს ასოთა აღრევის შედეგია. ამ მცდარი ფორმის გამო ჯერ კიდევ ალ. აბაშელი გამოთქვამდა ეჭვს: „შესაძლოა დედანში ყოფილიყო რაზიკაული“-ო, მაგრამ გასწორებისაგან მას მაინც თავი შეუკავებია. ასევე მოიქცა ხუთტომეულის სარედაქციო კოლეგიაც.

როგორც ა. ჭინჭარაულმა აღნიშნა („ვაჟა-ფშაველას ტექსტის დადგენისათვის“, „მნათობი“, № 2, 1962, გვ. 168-169), ვაჟა არ მიმართავს გამოგონილ გვარებს, გვარი საზიკაული კი არ არსებობს. რაც მთავარია, იმედი (იმედა) რაზიკაული ფშავში განთქმული გმირია, რომელიც რაზიკაშვილთა წინაპრად ითვლება. მასზე ხალხს საგმირო ლექსები შეუთხზავს. ერთი მათგანი (,,იმედო რაზიკაშვილო, ღმერთმა გაცხონოს მკვდარია...“) მოყვანილია ვაჟას მამის - პავლეს ავტობიოგრაფიაში (იხ ს. ყუბანეიშვილი, „ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი“, 1961, გვ. 10), სწორედ ამ ხალხურ ლექსს ეხმაურება და მასთან მჭიდრო კავშირშია ვაჟას ლექსი.

8.4 მოგონება

▲ზევით დაბრუნება


ნუ მიწყენთ, მომაგონდება
ქალის ვაჟისთვის ნათქომი:
„თუ შენ არ გხედავ ცოცხალსა,
არც მე ვარ ცოცხლად დამჩომი!
ცოცხალი თან ჩამოგყვები,
საფლავში დაგეტანები;
შენ მკვდარს, შენთან მე ცოცხალსა
დაე დაგვიხშონ კარები!
მოვკვდები შენსა გულზედა,
ზევიდამ დაგეფარები:
მე შავსჭამ, - მიწას არ ძალუძს,
რომ შეგიჭამოს თვალები.
მწადს, ერთად შაზელილიყოს
ჩემი და შენი ძვალები!“

ორმა დღემ ჩამაიარა,
ზარი აჩქამდა გლოვისა.
კუბოს ასველებს ცრემლები
მანდილოსანთა გროვისა.
სატრფო დასტირის ჭაბუკსა,
ცრემლი სდიოდა ღვარადა,
გულიც ხომ უწუხდებოდა,
წყალსაც ასხამდენ კვალადა.
გულ-დაბნედილსა დიაცსა
აბრუნებდიან ძალადა.
მოზარეები კუბოთი
მიდგნენ სამარის კარადა.
უცელელი ბინა ყველასი
უცდის მკვდარს დასაფარადა.
კუბო ჩაუშვეს საფლავში,
ცვივა ქვიშა და ლოდები.
- რა უყავ ფიცი, გოგონავ,
ჩაჰყევ, ვის მეელოდები?
- სად გავყვე, ძმაო, რას ვარგებ,
მკვდარს რა ვუშველო იმითა!
არა, მე სიცოცხლე მინდა,
უნდა ვიცოცხლო ჭირითა.
ვიგონო ვარდი გულისა,
ვიტანჯო მოგონებითა.
რომ მოვკვდე, მაშინ ვიქნები
დარდების მოფონებითა!
დაე ვიცოცხლო ტანჯვითა,
ნაღვლით დავიწვა გულია,
დავიწვა, ვით კელაპტარი,
ხატის წინ ანთებულია…
ვიცოცხლო იმის მამგონედ,
ვინც გულს მაჩნივა წყლულია...

ერთს წელს გოგონა მიჯნურის
საფლავზე იარებოდა,
უნთებდა წმინდა სანთელსა,
შინავე ტრიალდებოდა;
საფლავის პირზე დაერგო
ყვავილნი ტურფა ფერისა,
ცრემლით მოერწყო ვარდები,
თვალთაგან მონაწურისა.

ეს ერთი წელიც გავიდა,
იცვლება დრო და ჟამია:
გოგოს სწადიან იპოვნოს
პირველის მსგავსი გვამია;
მსგავსი პირველის მიჯნურის
თვალითა, ტანადობითა,
მოკეთეს ჰმოკეთეობდეს,
მტერს ექმნას ჯალათობითა.

ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა,
და შენც, სიკვდილო, ფასი გძე
სიცოცხლის ნაწყენობითა.
სიცოცხლე სიყვარულითა
და სიყვარული სიცოცხლით,
უერთურთისოდ ვერც ერთსა
ვერ ვიცნობთ, ვერც როს ვიცნობდით.
ერთურთი სწყურან ორთავე,
ერთურთთან დაილევიან;
უერთურთისოდ ვერ სძლებენ,
მალედვე დაილევიან!

[1890 .]

მოგონება

ნაბეჭდი: „ივერია“, 1890 წ 5/VI, № 116 (A); თხზულებანი“,1899 წ. (B).

32. მეელოდები] მოელოდები B.

8.5 ზღვამც ააღელვა მძინარე

▲ზევით დაბრუნება


ზღვამც ააღელვა მძინარე,
ტალღნი ეგორა მთებურა,
რომ გულს მფენიყო ნათელი,
რა მისი ჩქეფა მეყურა.

ნისლნო, ასხედით ცის პირად,
ელვავ, დანათდი ღურბელში,
რა გეხარჯებათ, ტივლებო,
თქვენ მაინც მეცით ნუგეში!

[1890 .]

ზღვამც ააღელვა მძინარე

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15632 (A).

ნაბეჭდი: „საქართველოს კალენდარი“, 1891 წ. (B) {კალენდრის გამოცემაზე ცენზურის ნებართვა მიღებულია 1890 წ. 24 ივლისს).

სათაური: სიმღერა A.

6. ღურბელში] ღრუბლებში B.

8.6 ღიღინი

▲ზევით დაბრუნება


იმ დღეს ჩიოდა პეტრუზა:
„ბევრი მეწვება ნისია“.
ვაჭრობის წესი ეგ არის,
ნუ გასჯავრდები, ბიძია!
მაშ ჩვენ რაღა ვქნათ - ბოსტანში
აღარა მოგვდის ქინძია.
ქერი და პური მთლიანად
გადაგვიძოვა კალიამ!
სახლი სულ გაგვიტიალა
თაგვმა, თხილ-კაკალ-პარიამ.
მეც ბარემ ბევრი ვიყვირე:
„ადე, გააგდე, მარიამ!“
ვერცა-რა იმას ვასმინე,
აღარც ბალღები დამყვენა,
ვეღარას გავხდი, ტყუილად
ყელი და გული გავქენა.
გოდრები დაცარიელდა,
თავშიაც ჭკუა „ნიატა“.
ჯიბეც იძახის: „დავირჩვი,
ეშმაკი ამეკვიატა!“

[1890 .]

ღიღინი (გვ.89)

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ მუზ., № 15632 (B].

ნაბეჭდი: „საქართველოს კალენდარი“, 1891 წ. (A) ცენზურის ნებართვა გაცემულია 1890 წლის 24 ივლისს).

ავტოგრაფში არის შემდეგი სწორებანი:

1 იმ დღეს] ძოღან. 3-4 ყოფილა: სუ ჩვენი არ იწვებოდეს, შენიც დაიწვას, ბიძია, - შეცვლილია: ვაჭრობის წესი ეგ არის, ნუ გასჯავრდები, ბიძია! 7 პირველად ყოფილა: მინდორში, - ჯერ გადასწორებულია: ერთიან, - ბოლოს კიდევ შეცვლილია: მთლიანად. 10 ყოფილა: თაგვმა იმ თხილი-პარიამ, - შესწორებულია; თაგვმა თხილ-კაკალ-პარიამ. 17-18 ყოფილა: გოდრებში პური, თავშია ჭკუა და ფიქრი ნეატა, - გადასწორებულია: გოდრები დაცარიელდა, თავშიაც ჭკუა ნეატა. 19 ყოფილა: ჯიბეც იძახის, დავირჩვი, - გადახაზულია და სამაგიეროდ სწერია: ბნელაში კაცი იძახის, - მაგრამ შემდეგ ესეც გადახაზულია (უნდა ვიგულისხმოთ, რომ ავტორი ისევ პირველ ვარიანტს დაბრუნებია).

8.7 მესტვირის ანდერძი

▲ზევით დაბრუნება


თან დაყოლილი ტანჯვა-ვაება
არ ჩამომეხსნა, მიქენჯნის მკერდსა,
მაინც ჩემს წადილს გზას ვერ აურევს,
ქვეყნის ბომონს-წინ არ ვიხრი ქედსა!
რატომ არ გვჯერა: თუ რომ ზოგებმა
არ დავსთმეთ ქვეყნის ბედნიერება,
მაშინ სოფელსა ბნელი დაჰფარავს
და არსებობა გაუჭირდება.
კარგებს ჰხვედრია მუდამ ბედადა -
დაიკლონ შვება, სმა-ჭამა, ძილი,
რომ უმთავრესთა ბრიყვთ და უზრუნველთ
ისტორიაში ჩაიდვან წილი.
ნუგეშად მკმავის ბეჩავი სტვირი,
მთა-კლდეებზედა რომ უყვარს ჟღერა;
ამაოდ, ვგონებ, რომ არ ჩაივლის
ეს დაძახილი და გულის ძგერა.
ზოგებს არ მოსწონს, მართალი არის,
ჩემის სტვირისა ველური ჟღერა.
იმათ იყბედონ, სხვებს ხომ მაინცა
ჩემი ანდერძი გულს დაეწერა.
ვარდი ვარდია, მაინც არ ვაქებ,
ტყეში მოსული მიჩვენეთ ია,
არც ალვა მინდა, წალკოტის მეფე,
იმას მირჩევნის კლდეებზე ღვია,
და ეიფელის კოშკს თავმომწონებს -
კლდეთ ძირს რომ შავი ლოდები ჰყრია.
ბულბულის სტვენას - კლდეში შავარდნის
მე მირჩევნიან მკაცრი კივილი
და შადრევანსა, როგორც მკვდარს ძმაზედ
მთათა ასულის - ხევის ჩივილი,
იმის ლოდებზე მწყრომარე ხლტომა,
განუწყვეტელი გულის ტკივილი.
ყველა ის მიყვარს, სადაც სიბრიყვემ
სწავლის სახელით არ მიაღწია
და ბუნებრივი წმინდა ქმნილება
ცოდვილის ხელით არ მიარღვია.

[1890 .]

მესტვირის ანდერძი

ნაბეჭდი: „საქართველოს კალენდარი“, 1891 წ. (ცენზურის ნებართვა გაცემულია 1890 წლის 24 ივლისს).

8.8 სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


(ვუძღვნი სოფლელ ჭორტიკებს, ბებრუცუნ-ბებრუხუნებსა)

რამდენი სთელავს ჩვენს მიწას,
პრისტავები და სუდია,
რამდენსა ჰსვამენ ჩვენს ღვინოს,
რამდენი უსვამთ ლუდია,
ქართველად დაბადებულა
და ერი გაუყიდია.
სავსეა ჩვენი ქვეყანა
აფიცერ-პომპოლიკითა.
იმათ ის გვარგეს, - აგვივსეს
კარ-კური ჩონჩორიკითა,
გულებს გვიხეთქენ ყველასა
შტიკების ტონტორიკითა.
ქართულად ენას არ დასძვრენ,
განღამც იკითხონ გაზეთი,
ვერ ჰგრძნობენ, საუბედუროდ,
რომ გაუწყრებათ მათ ღმერთი.
რა ვიცით, ჟამი მივია,
რას გამოატყვრენს, რას არა...
იფთხილეთ, ქართველები ხართ,
არ გაჰხდეთ ქვეყნის მასხარა.
ჯერ სოფლელთ დიაცთ გაიგეს,
გაზეთის ძალი-ღონია,
თქვენ რაღა ღმერთი გაგიწყრათ,
რამ გამოგლიათ გონია!..

[12 აგვისტო, 1890 .]

სიმღერა (ვუძღვნი სოფლელ ჭორტიკებს, ბებრუცუნ-ბებრუხუნებსა)

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 143 (A).

ასლი: ლიტ. მუზ., №1200 (B).

თარიღი: 12 აგვისტო 1890 წ. B.

ხელმოწერა: მამუკა-ვაჟა-ფშაველა - ლუკა რაზიკაშვილი B.

ავტოგრაფი ნაწერია მცირე ზომის ცალკე ფურცელზე. შიგ არის შემდეგი სწორებანი: 2 ყოფილა: პრისტავ ნაჩალიკ სუდია,—შესწორებელია: პრისტავები და სუდია. 6 ყოფილა: თვის ერი გადაუგდია, - შეცვლილია: და ერი გაუყიდია. 7 ყოფილა: რამდენი სხვაა ქართველი, - შეცვლილია: სავსეა ჩვენი ქვეყანა. 8 სტრ. შემდეგ წაშლილია: სხვა არა გვარგეს. 9-10 ყოფილა: იმათ აგვივსეს კარ-კური ცხენების ჩონჩორიკითა, - შეცვლილია: იმათ ის გვარგეს, გვივსეს კარ-კური ჩონჩორიკითა. 12 სტრ. შემდეგ წაშლილია: მათ ენა ფეხებს ჰკიდიათ გაზეთთან ერთიანადა. 15 ყოფილა: ვაი ეს არის, - შეცვლილია: საუბედუროდ.

ჟამი მივია იდიომური გამოთქმაა (შდრ. ხალხური: „ჟამი მივია-მოვია მუცოს თორღვაის კარადა“...- „ხევსურული პოეზია“, I, გვ. 355).

ამავე ფურცლის უკანა მხარეს მოთავსებულია ვაჟასავე ხელით ნაწერი ნაწყვეტი სხვა ლექსიდან:

შავია, როგორც ნახშირი,
როგორც ფისი და კუპრია,
სუყველა იმაში ბუდობს
ანგარება და შურია.
ერთხელ არ იტყვის „სხვას ვარგო“,
მუდამ სხვის ვნება სწყურია...
ცოდვებით ვერ შაედრება
ქრისტეს გამცემი ურია.

ლექსი პირველად გამოქვეყნდა 1961 წ. აკად. გამოცემაში.

ლიტ. მუზეუმში აღმოჩნდა ამ ლექსის ასლი, ჩაწერილი ალ. ფრონელის უბის წიგნაკში - „სამახსოვრო წიგნში“ («Памятная книжка»). რომელიც ავტორს დაუწყია 1881 წ. 10 მაისს (ხელნაწერზე მიგვითითა ს. ლეკიშვილმა). აქ ლექსი ზუსტადაა დათარიღებული. გვერდზე აქვს წარწერა: „ცენზორისაგან ნებადაურთველი“. მაშასადაშე, ლექსის გამოუქვეყნებლობა ავტორის სიცოცხლეში ცენზურის ბრალი ყოფილა.

ალ. ფრონელი (ყიფშიძე) ვაჟასთან დაახლოებული მოღვაწეა. მის არქივში ვაჟას სხვა ნაწერებიც მოიპოვება (იხ. ზემოთ კომენტარი ლექსებისა: „უფროც დაბნელდი, ღამეო“ და „სადა ხარ, ჩემო არწივო“).

8.9 ღამე მთაში

▲ზევით დაბრუნება


დაღამდა... წერილნი ვარსკვლავნი
აყვავდენ, დასხდნენ ცაზედა;
მთვარე-კი ჯერ არსადა სჩანს,
არ დაგვნათოის თავზედა,
ჯერ თუ არ გაუღვიძნია,
ისევ თუ სძინავს მკლავზედა!
ჯერ გამარჯვება არ უთქვამს
შემომჯდარს გორის ფხაზედა,
სხივნი არ დაუგზავნიან
პირის საბანად წყალზედა.
მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა,
დადგომა სწორეს გზაზედა.

მთებს ჩაუცვიათ შავები,
ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;
ცივს ნიავს შესთავაზობენ
უფსკრულს მოარულს დევებსა;
ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს
სიბნელეს დანატევებსა.

გორით-გორს ბუვი გასძახის,
თრთიან ყვავილნი მთებისა,
ქოჩორს უვარცხნის ნიავი,
დარაჯად დაადგებისა.
მითამ იციან ღავღუვი,
რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?!

წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის,
განა ერთი და ორია:
აქაც, იქ, იმას იქითაც;
საცა ფერცხალა გორია,

ლამაზის მთების ასულთა
ხმა ხმისთვის შაუწონია.
მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,
უფალო, დაუმონია;
ამაზე ტურფა და კარგი
მე სხვა აღარა მგონია!..

ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა,
წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ,
ყვავილნი - მიწას და მიწა -
თავის აღზრდილთა მცინარეთ
და მე ხომ ყველას მონა ვარ,
პირზე ოფლ-გადამდინარედ!

ეხლა ცა წყნარობს... სოფელსაც
გულწყნარად დაეძინება.
უეცრად შუაღამისას
ცას ჯანღი დაეფინება,
შავი ზღვის შავი ვეშაპი
პირღია დაგვეღირება,
ჩვენ, მოსვენებით მძინარეთ,
საჭმელად დაგვეპირება.
მოჰსქდება ქარი და ღვარი,
სდგას ლეწა-მტვრევა ბრძოლისა;
დროება ჩამოვარდნილა
დიდი შიშის და ძრწოლისა.
მთელი მთა-ბარი იქცევა,
მეორ-მოსვლაა სწორედა!
მოჰკაწრავს ღვარი ტყე-კლდეებს,
მოაქვს და მოსდგამს ყორედა.

ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა,
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა;
საცა პირიმზეს ახარებს,
იქვე მთხრელია ზვავისა...
მაინც-კი ლამაზი არის,
მაინც სიტურფით ჰყვავისა!..

[1890 .]

ღამე მთაში

ნაბეჭდი: „ივერია“, 1890 წ. 29 VIII, № 185 (A); „თხზულებანი“, 1899 წ.(B).

16 დევებსა] მდევებსა B. 31 ერთმანეთს] ერთმანერთს B. 61 მტვირთველი] მტვირთელი B.

8.10 მგოსანს

▲ზევით დაბრუნება


გულს ნუ გაიტეხ, მგოსანო,
ხმალი აგელე ფხიანი,
მოკეთეს ემოკეთევე
და მტრებს მიეცი ზიანი;
გულს ჩაიყენე სისხლადა
ჩვენი ქვეყანა მთიანი, -
ეგებ ჩვენც გამოგვიდარდეს,
დღე დავინახოთ მზიანი!
ეხვეწე ლაშარის-ჯვარსა,
ჩამოგეშველოს მხრიანი.
მსმენლის გულსა ჰკარ მალამოდ
სიტყვა მართალი, წყლიანი,
ადუღე, გრძნობა ადუღე,
ჭკვა იქმნას დავლათიანი!

რა ტურფა სანახავია
ქვეყანა ჭკვათა-მყოფელი,
ერთის ფიქრით და გრძნობითა
გამტკიცებელი სოფელი.
მტერს რა ლამაზად დაჰხვდება
არსებით განუყოფელი!
გული სჭრის, გონება ზომავს,
ორნივ შენ გებარებიან,
ნეტავი შენა, თუ სხვათიც
გულნი შენს ეზავებიან, -
ვისაც შენ ერჩი, მოძმენიც
იმასვე ედავებიან!
ნეტავი იმას, ვისაცა
წადილი აჰსრულებია,
გულის ნაგრძნობი ისევე
გულში არ აჰსულებია!

[1890 .]

მგოსანს

ნაბეჭდი: „ივერია“, 1890 წ, 12/X, № 217.

8.11 მთას ვიყავ

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
გულზედ მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა.
საკეთილდღეო ქვეყნისა
მედვა სულად და გულადა:
სიცოცხლე, მისთვის სიკვდილი
მქონდა მეორე რჯულადა.
ეხლა თავ-თავქვე მოვდივარ,
ხევში მიმელის ბნელია,
თან მიმდევს ფიქრი მწუხარე,
გულის, გონების მწველია.
მაღლიდამ დაბლა ჩამოსვლა,
ვაჰმე, რა მეტად ძნელია!
წამლობას ვეღარ გამიწევს
ეხლა ცრემლები ცხელია,
რად მოვალ, თავქვე რად მოვალ,
ჩემს თავს რად ვიხდი ტიალად?
იმ მთას თავს რისთვის ვანებებ,
თუნდ ვიქცე ტანჯვის ფიალად?!

[1890 .]

მთას ვიყავ

ნაბეჭდი: „ივერია“, 1890 წ. 13/X, № 218 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

8.12 დაუსრულებელი კვნესა

▲ზევით დაბრუნება


I

მთანი მიყრილან ერთურთზე,
გადაბმულები თხემებით,
გულ-მკერდი ჩამოჰღარვიათ
ბნელის, საზარლის ხევებით;
კაცის ფეხ-დაუკარებთა
სავსედ იტყვიან დევებით,
აქ ხომ სულდგმულსა ვერ ნახავთ:
ჯიხვ-შუნთ, მგელ-კვერნას, მელებით:
გადაკარგულან, დამთხვარან
დევთ მოუსვენრის ტევებით.

საზარელია ეს მხარე,
ზავთით მზარავი კაცისა...
როცა-კი შემობინდდება,
კისკისი ისმის ალისა, -
ამ მომხიბლავის, ცბიერის,
ტურფა, თმა-ხშირის ქალისა;
კლდიდამ რომ დაბლა სიპებზე
ჩხრიალი ისმის წყალისა,
თავს უპყრობს კლდისა ნაჟურსა
მატყვევებელი თვალისა;
გადაივარცხნის ქოჩორსა,
ჩამოპოხილსა ნამისა,
და შეუბურავს საროს ტანს
ჯანღი ნაწნავთა ჯარისა.
შუაღამემდე აქა ზის,
ტკბილად დაჰმღერის არესა,
მკვდართ სულთ აშლამდის ლხინშია,
შესტრფის ამ კლდიანს მხარესა,
უჩვენებს ელვის კბილებსა
ცაზე გადმოსულს მთვარესა.
მთვარე რომ ჩავა, ვარსკვლავნიც
თითოობითა ჰქრებიან,
ცაში ზარს დაჰკვრენ ცისკრისას,
ცოდვილთ სულები ჰკრთებიან,
და მკვდარნიც საფლავებიდამ
სასეიროდა დგებიან.
მაშინ კლდის ქალი, ეს ტურფა,
წავა ნაბიჯით სწრაფითა;
შეივლის შავსა ქანჩახებს,
გალიპულს წყალთა ქაფითა,
ბნელს მღვიმეს მოეფარება
სიპის კარების ჩქაფითა...
ცა გაიბურვის ნისლებით,
როგორც მურით და ლაფითა.

II

ზევით კლდე, სიკვდილის მსგავსი,
სხვა კლდეთ თავს დაეფარება,
ისეთი საზარელია,
ქორი ვერ დაეკარება.
ამ კლდიდამ ამოიქუხებს
ხმა საზარელი კაცისა.
მადნობელია გულისა
ხავსით მორთული ხმა ისა:
„ქვეყნად გამწყდარა წამალი,
ცაო, შენ გემუდარები,
შენი მონა ვარ, უფალო,
ტანჯვით სხვის შეუდარები.
დევთ როგორ უნდა იხარონ,
ერთი რამ გამიწესია,
დარჩომა, ანუ სიკვდილი,
ეგ ხომ ღვთიური წესია.
რა ფერისაა ქვეყანა,
ნეტავ, მაჩვენა თვალითა:
მისი ზამთარი, ზაფხული
წყალ-ველით, მთებით მწვანითა,
ცა, ვარსკვლავებით მორთული,
დღისით - მზით, ღამე - მთვარითა;
ვინ ხარობს, ანუ ვინ გლოვობს
მცხოვრები ცოდვა-ბრალითა,
და მაცემინა დევთადა
ფხა-შეუშლელის ხმალითა;
ვინ იცის, გაქნეს ქვეყანა,
აავსეს კაცთა ძვალითა?!
მე-კი აქ უნდა ვლპებოდე
მოუხმარების ძალითა!“...

[1890 .]

დაუსრულებელი კვნესა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 22397 (C).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1890 წ. 1/X1, № 232 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

სათაური: კლდის ქალი C.

ავტოგრაფი თითქოს დამოუკიდებელი ლექსის სახეს ატარებს, სათაურით „კლდის ქალი“, რომელიც ზუსტად შეესატყვისება „დაუსრულებელი კვნესის“ 11-44 სტრიქონებს. ნაბეჭდებს შორის კი შეინიშნება ზოგი სხვაობა:

3. ჩამოჰღარვიათ] ჩამოჰღარიათ B. 41 მღვიმეს] ღვიმეს A. 48 ქორი] ქარი B. 49 ამოიქუხებს] ამაიქუხებს B. 62 მაჩვენა] მიჩვენა B.

8.13 ლურჯას

▲ზევით დაბრუნება


ლურჯავ, შენც გრძნობა გქონია,
როგორც კაცს, ადამიანსა:
ბარით რო მთაში წამოვალ,
შენ დროს ახანებ გვიანსა,
მუხლში ქარს ჩამაიყენებ,
დაემსგავსები ნიავსა.
არ აბედენებ კლდე-ღრეებს,
მკერდს იქნევ ყალამქრიანსა,
შენც გული გიგებს, ტიალო,
მივალთ სამშობლოს მთიანსა,
კლდეზედაც კარგა მიჰფრინავ,
უგზოს გზასა ჰქმნი გზიანსა.
გულით მაშორებ ვარამსა,
ვარამსა ათასფრიანსა,
არწივის ფრთეებს შეასხამ
ჩემს ფიქრსა მრავალ-ფრთიანსა.
მაყვარებ უდაბურს ადგილს,
ჭიდროსა, ნადირ-მგლიანსა,
გვიან ზაფხულის მნახველსა,
მწირსა და მოკლე-სთვლიანსა, -
ადგილს უმთვაროს, უმზეოს,
ჩვენ რომ ვეძახით მზიანსა!

[1890 .]

ლურჯას

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 22400 (B).

ნაბეჭედი: „ივერია“, 1890 წ. 8/XII, № 261 (A].

ავტოგრაფი ნასწორებია, შეიცავს შემდეგნაირ სწორებასა და ვარიანტებს: 4 ყოფილა: ხანს მიმოკლებ, - შეცვლილია: დროს მიმოკლებ. 5 მუხლში] მუხში. 7 კლდე-ღრეებს] კლდე-ღრეთა. 9-12 სტრიქონები აკლია. 15 პირველად ყოფილა: ფრთეებს შეასხამ მრავალსა, - გადასწორებულია: ფრთეებს შეასხამ არწივის, - დასასრულ, სიტყვები გადასმულია: არწივის ფრთეებს შეასხამ. 16 ჯერ ყოფილა: ათასფრთიანსა, - გადასწორებულია: მრავალ-ფრთიანსა, 16 სტრ. შემდეგ წაშლილია:

და მამა-პაპას მაგონებ,
შამოკალთულებს, ხმლიანსა.

ლექსის ბოლოშიც წაშლილია კიდევ ორი სტრიქონი:

შენ რო მიიბრძვი, უგზოსა
ადგილს ამსგავსებ გზიანსა.

8.14 რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს,
რა-გინდ ვარამმა მკბინოსა,
კიდევ შავმღერნებ ერთხელა,
რომ გულმა მაილხინოსა,
მურის მაგივრად არა სჯობს,
პირს ვარდი მაიფინოსა?!
რა კაცი ჰქვიან იმასა,
ვინც ჯავრის ხდება ვირადა!
ადე, შაჰხედე ქვეყანას,
გორიდამ გორის პირადა!
წეღან რო ჩალად არ გიჩნდა,
დაგიფასდება ძვირადა;
რაც უნდა უძლური იყო,
თავს სცნობ უსწორო გმირადა...
არავის არ დაედები
ტყლაპად და ქალმნის ძირადა,
მოზღვავებული ნაღველი
მოგეჩვენება ლხინადა.

[1890 .]

რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს

ნაბეჭდი: „ივერია“, 1890 წ. 12/XII, № 264.

8.15 ორი გმირი

▲ზევით დაბრუნება


(სოფლის სურაები)

I

ფუნჩიმ1 რო ცოლი შეირთო,
ცოლიც ამასა ჰქვიანო.
ღმერთო, აკურთხე ცოლ-ქმარი,
არაფრით დააზიანო.
ცოდვაა, თავზე ეხუროსთ,
გვირგვინებს რადა ჰხდიანო?!
რა კარგნი სანახავნია,
რატომ არ დააცდიანო?
ფუნჩი სამოცი წლისაა,
პატარძალს თინა ჰქვიანო.
მეტად ტურფაა… პირშია
სამნი კბილანი სჩრიანო.
მოკვდეს, რა მიწა დაიტევს,
საით რას მიაყრიანო?!
უმამულონი დავრჩებით,
საფლავს სად გაუთხრიანო?
ესაა ჩემი სადარდო,
ცრემლებიც ჩამომდიანო.
უფალო, შენ გევედრები,
სიკვდილი გაუგვიანო,
ეგებ ადგილი ვიყიდოთ,
თუ ფასსაც დაგვაცდიანო.
რაკი ტანს ვუქებთ თინასა,
ცხვირიც შევუქოთ ბარეო.
შევუქოთ სამკაულები,
შემოხვეული გარეო.
შევაქოთ, როგორც წესია,
ცას გადმოსული მთვარეო.
შევაქოთ ვაჟკაცობითაც,
მუშტი ჰქონია ცხარეო.
თინას ისეთი ცხვირი აქვს,
არაგვს გასწვდება ხიდადა,
ტანიც ხომ აუჭრელებავ
ჩითებით წითელ-ყვითლადა.
ფიცხობს და ქალობს ბებერი,
ტრიალებს ჯარასავითა.
ვუცქერი, გაშოტილია
ყდათ2 შუა გარასავითა3.
ტაშსა სცემს, ცეკვავს მარდადა
პატარას ქალასავითა.
ფუნჩიაც კაი ბიჭია,
ჩასხმულ-ჩასხმული, მკვრივია,
მზად არის, თუ სადმე გაჩნდა
მუშტაობა და კრივია.
სტკბება დედოფლის სიტურფით,
პირს ეფინება სხივია.
უმშვენებს მოპარსულს პირსა
ბიღ-ულვაშები მსხვილია.
კარგად ვერ იცნობს საცოლეს, -
თინა ახალი ხილია.

ჯერ არ გაუკრავ ცოლს ქმრისთვის
გაფხავებული კბილია.
ცოლ-ქმრის ცხოვრება ამიტომ
ამ ერთს კვირაში ტკბილია.

II

ფუნჩიას მეზობლად ედგა
ერთი დიაცი ხნიანი,
ქვრივს საუბარი უყვარდა,
თუმცა კი იყო ჭკვიანი.

სახელად ნათელს4 ეძახდნენ,
მუშტი იცოდა ძრიანი,
აწიოკებდა ყველასა
მანდილოსანი ფხიანი.
თინაის დამეზობლებით
შეფიქრდა ავი ზნიანი.
ერთხელ თინა და ნათელი
შეჰხვდენ ერთმანერთს გზაშია.
ხომ ვიცით, თინა ნათელსა
არ მოსდიოდა ჭკვაშია.
ამიტომ უთხრა ნათელმა
თინას სიტყვები ცხარია,
ისე კი გამოგვილანძღა,
ვეღარ გაჰრეცხდა მტკვარია:
„რა გექმრობოდა, ბეჩავო,
არა გრცხვენიან თავისა?
კბილები შენ აღარ გიდგა,
თმა გაგცვივნია თავისა.
მთელი ქვეყანა დაგცინის,
თითით უღერენ შენზედა,
რომ ეგრე ხელის აღება
არ შეიძლება ღმერთზედა.
ჰსცუნცრუკობ, ჰხარაკუდაობ
ავარდნილს საქონივითა,
უმსგავსს კუნკუხოს5 დაიქნევ
ხუხუნათ საკომივითა6.
ცალ ფეხი საფლავში გიდგა,
შე ალ-ქაჯების ჯიშისა.
სრულ არაფერი გცოდნია
სირცხვილ-ნამუსის, შიშისა!“
- შენ ჩემსას ვინ გავაზირებს7,
შე ავო, ავის ენისა.
ჩემის თავისა მე ვიცი,
სირცხვილ-ნამუსის ჩემისა.
სხვებზე რო გაგიმარჯვებავ,
თინაიც იმათ სწორია? -
სთქვა და გადუხტა ნათელსა,
დაევლო, როგორც ქორია.
წამოაქცია ყელ-თავქვე,
თავში წაუსვა ტორია.
იმ ადგილიდამ სოფლამდე
არც მაგრე რიგად შორია
ხმა გატყდა: ჩხუბად გახდაო,
შაიძრა მთა და გორია.
მოცვივდენ, დააშოშმინეს
ეს მეომარი ორია.
ბევრს გაუხარდა, ნათელი
რომ გახდა გასაჭორია:
„ეგ შაჰხვდა თავის საფერი,
ეგ არის მაგის სწორია,
მოიდა სეტყვა, წინ დაჰხვდა
ლოდები, ქვა და ყორია“,
ამბობდენ, ვისაც იმათი
ბრძოლა კი გაუგონია.

III

ეს გამარჯვება ცოლისა
ფუნჩის დაუჯდა ძვირადა,
უჩივლა თინას ნათელმა
სუდიებთანა პირადა
და ორი ძროხა დაადვა
ნაცემის გასაპირადა.
მოვიდენ გზირი, ნაცვლები,
გააქვთ გირაოდ ქვაბები.
აღარ გაწირეს სახლშია
საჭმლის სასხმელად ჯამები.
ფუნჩის ოჯახი აიკლეს,
დაბრუნდა ცოდვა-ბრალიო.
ამის მნახველსა ფუნჩისა
გულზე ედება ალიო.
აღელვდა ბოროტისაგან,
ამოუდუღდა გულია
და რამდენჯერმე უხსენა
დედაკაცს მამის სულია.
თან მუგუზალიც უცხუნა,
შუბლზე დაატყო წყლულია.
თინამაც შამაუტია,
დაუდგა კერატივითა.
შათათხა, შაუბოწიწკა8
ლეკების ბელადივითა.
თინამ დასძლია ფუნჩისა,
დაიდვა ბიღებიანი.
მიბნიდა, მიამთელმკვდარა
ავ-ზნე, ავთვისებიანი.
თვითონ კი წარბსაც არ იხრის,
ტრიალებს ჯარასავითა,
შევსცქერი, გაშოტილია
ყდათ შუა გარასავითა.

[1890 წ.]

________________________________

1. ფუნჩი - კაცის სახელია,

2. ყდა, ყდები - გათლილი გრძელი ხეები, რომელზედაც ქსელს. ჰქსავენ

3. გარა - გრძელი გათლილი მრგვალი ხე, რომელიც ქსელშია გავლებული

4. ნათელი - ფშავლის დედაკაცის სახელია

5. კუნკუხო— გავა.

6. საკომი - საკვამლე.

7. გავაზირებს - გარჩეინებს გასჯეინებს.

8. შაუბოწიწკა - გაუმაგრდა.

ორი გმირი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 71.

ავტოგრაფი ჩვენს გამოცემასთან შედარებით შემდეგ სურათს გვიჩვენებს:

ქვესათაური: ყოფილა: ცოლიც ამასა ჰქვიან! - შეცვლილია: სოფლის სურათები.

4 ყოფილა: ითხოვა, - შეცვლილია: შეირთო; მე-15 სტრ. შემდეგ გადახაზულია:

სულ-კურთხეულის გაზდილსა
რა გძელნ კაჩანი ჰსხიანო!

33 სტრ. შემდეგ გადახაზულია:

აჩქამდი, სტვირო, ტიალო,
აძრახდი, გაიხარეო,
კმარა, რაც იმგლოვიარე
და რაც ცრემლები ჰღვარეო,
შენზე ნაკლები ვაება
არც კი მე გადმოვყარეო.

45 ყოფილა: გავხედნებ, - შეცვლილია: ვუცქერი. 42 ჯერ ყოფილა: ტოშში და ფაცხში გამოდის, - მერე შეუცვლია: ტაშსა სცემს, ირვლივ ტრიალებს, - ბოლოს გადაკეთებულია: ტაშსა სცემს, ცეკვავს მარდადა. 43-ე სტრ. შემდეგ გადახაზულია:

მიწასა. პლახვრავს ტიალი
ყუმბარის ძალასავითა;

46 ყოფილა: თუ კი სამ, - გადაკეთებულია: თუ სადმე.

II თავში, 32-ე სტრ. შემდეგ გადახაზულია:

განაღამც კაცთი, ძმათ მზემა,
მე შამრცხვებოდა ქვიშისა;

33 ყოფილა: შენ კი სრულ არა გცოდნია, - გადაკეთებულია: სრულ არაფერი გცოდნია. 57 იმათი] ამათი.

III თავში, 19 ყოფილა: ერთი ნიგზურიც, - შეცვლილია: თან მუგუზალიც; 24-ე სტრ. შემდეგ გადახაზულია:

ცოლ-ქმარი ომში არიან
მკათათვის ბოტებივითა,
ა£ო£დებიან ერთ-ურთსა
მაისის ყოტებივითა;

31 ყოფილა: გავხედნებ, - შეცვლილია: შევსცქერი.

ხელნაწერს ბოლოს ახლავს გაუგებარი სიტყვების ახსნა. ჩვენს გამოცემაში გადმოტანილი სიტყვების გარდა იქ ახსნილია: კაჩანი - წვივები,ნიგზური-მუგუზალი; ბოტი - მამალი თხა, ვაცი; ყოტი - ბაყაყი.

8.16 საახალწლოდ

▲ზევით დაბრუნება


თქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს,
ახლებო, გენაცვლენითა;
სიცოცხლე მიათკეცდება
თქვენის სიკეთის სმენითა.
აკეთეთ, რაც-კი შაიძლოთ
თავით, გულით და ხელითა,
რომ შვილთ გვიკურთხონ საფლავი,
არ მოგვიგონონ წყევლითა,
ოფლმა დაღვრილმა მიწაზე
ამოაცენოს იანი,
განოყიერდეს ოფლითა
მიწა მწირი და კლდიანი,
გადაიაროს ნისლებმა,
დღე გამოვიდეს მზიანი
და აღაღანდეს მინდორი
ოფლით მორწყული, ცვრიანი.
ძვალი განედლდეს გამხმარი,
ფერფლი ადუღდეს გრძნობითა,
მკვდარნი ხარობდენ საფლავში
კარგის შვილების ყოლითა.
მივინძრ-მოვინძრეთ... რას ვარგებთ
უქმად ტახტებზე წოლითა!
ბედს ვხედავ, როგორც მზის სხივსა,
გადმოშუქებულს გორითა,
ვამაყობ, მაღალს ღმერთს ვფიცავ,
გამოსადეგის სწორითა.
ჩემს გულში სანთლად ანთიხართ,
გზა მინათდება თქვენითა;
ჯავშანს ჩაიცვამს ოცნება,
გავალმასდები ენითა.

***

ქართველო ქალო,
ხმელეთის თვალო,
ცხოვრების ძალო,
არ გაგვაწყალო!
შენა ხარ ჩემი,
ვით ზღვაზე გემი -
ღელვა-შფოთის დროს
მშრალზე გამტანი.
შენ გენაცვალე,
რისთვის გამცვალე?
გულს შუბი დამეც
ძნელ-ასატანი...
წარსულს მიჰხედე,
წინ დაიხედე,
გვიშველე, მოდი,
გვითხარი ბანი.

***

რად არ იმღერი, ნეტარა,
ბიძავ, გუნება-მძიმეო,
ახლებსაც მოგვეწყინება,
თუ შენც არ მაილხინეო.

***

აქამდი არსადა სჩანდი,
გული თუ გქონდა კაჟადა,
ლამის რომ სამოცის წლისა
გაჰხდე ოცის წლის ვაჟადა
და სიყვარულის ტრაპეზსა
დრამები სთხოვო ბაჟადა.

***

კარგის შვილების ყოლისა
ყველას მოგვეცა მადაო!
სისხლით ჩვენი ხარ, სულით-კი
სხვას მიეკედლე რადაო?..
ჩვენთან შაები უღელში,
საით მირბიხარ, სადაო?

***

დაწესდა სხვადასხვაგვარი
„უპრავლენია“, ბანკია,
მაშინ მიყვარან ისინი,
თუ არ დაგვადეს ხარკია,
თუ არ აგვკიდეს ზურგზედა
წელის მომწყვეტი ბარგია.
სულ თავისაკენ რად ითლი,
ცოტაც ქვეყანას არგია,
რო თამამად ვსთქვა მაშინა:
„არ მეწუნება, კარგია!“

***

ბევრნი სთელავენ მიწასა,
თომა, პეტრე და ნინია, -
კარგსა ჰსმენ, უკეთესს სჭამენ,
მათ სახლში მუდამ ლხინია,
ბეჩავს სჩაგრავენ, უფროსს-კი
ფეხს ჰლოკენ, როგორც ფინია,
ჩაპწნილებიათ გოგრაში
დაობებული ტვინია,
მომიკვდეს იმათი თავი,
იმათი გულის ჟინია!

***

კარგი ხარ, ქება არ გინდა,
მალამო ჩვენის წყლულისა,
ღმერთსა ვსთხოვ სამარემდისა
შეგრჩეს სიმტკიცე სულისა.

***

მწევარი მისდევს კურდღელსა,
ქორი იტაცებს ქათამსა...
ერთის სადილით ვიყიდი
შენს ცრუპენტელა კალამსა.

***

ვინ არ შეაქებს ბულბულსა,
ვინ არ დასუნავს ვარდსაო!
ჩხირკედელობით იქარვებ
გულზე მოწოლილს დარდსაო!..

***

მთაში მოსულო ყვავილო,
გამოსროლილო ბარადა,
მახსოვხარ პირ-მოღიმარი
და მეხსომები მარადა.

***

მაისის წვიმავ, მიყვარხარ
იაზედ დანადინარი...
ჩუმად გატირებს ვაჟკაცსა
ჯავრი გულს გადამდინარი.
მინდა რომ გამოვაღვიძო
შენი კალამი მძინარი.

***

ნეტავი სულ იცინოდე
და არ მეჩვენო მტირალი.
რად არ გებრალვი ვაჟკაცი,
შენს პირში შემომზირალი...

***

მინდა რომ გაქო, მაგრამა
ენა არ მომდევს, ტიალი.
შენგან სიკეთეს ველოდით,
მაგრამ მოგვეცი ზიანი.
ტვინი გაქვს შხამ-მორეული,
თუმც-კი ბიჭი ხარ ფხიანი.

***

ღმერთმა უშველოს კეკოსა,
დაჯდეს, ნაცარი ქექოსა.

***

ღმერთმა უშველოს ვანოსა,
რომ თავი მოიფხანოსა.

***

ღმერთმა აცოცხლოს ენაო,
მაყურებლების სმენაო.

***

ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
გთხოვ, რომ ცხოვრება
არ გაგვიძნელო.
მოგვშორდი, შხამო,
მოგვშორდი, გველო!
ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
შენი სიკეთე თუმცა-კი მჯერა,
ყური დამიგდე, რასა გთხოვ ჯერა:
ვინაც არ იცის,
ასწავლე წერა;
მე უკეთესის
ჰანგების მღერა
მასწავლე, თორემ
დაგლოცავ ვერა.
გვიცოცხლე თავი,
გვიკურთხე მკლავი.
გვაშორე საქმე
ბილწი და შავი.
და მოგვეც ყველას
პირი და ზავი.
თუ არ მისმინო,
მოგიკვდეს თავი.

[1890 წ.]

საახალწლოდ

ნაბეჭდი: „ივერია“, 1891 წ., 1/I, № 1.

ხელმოწერილია: ჟავა.

9 1891

▲ზევით დაბრუნება


9.1 სიყვარული

▲ზევით დაბრუნება


შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა,
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვსძლევ შეჩვეულს გრძნობასა.
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: „ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!“
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამო სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია,
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!

[1891 წ.]

სიყვარული

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ., მუზ., № 15625 (C).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1891 წ. 6/III, № 49 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

10 მობმულო] მომბულო C. 12 ვსძლევ| ვძლევ AB. მე-19 სტრიქონის შემდეგ წაშლილია ერთი სტრიქონი: მაგრა მცემელის გულითა C. 23 შენდამო] შენდამი AB. 25-26 სტრიქონები C-ში აკლია. 27 შენა მფენ] შენ მაყრი C. ბოლო ოთხი სტრიქონის ადგილას C-ში პირველად ყოფილა ორი სტრიქონი: ცოცხალს შენ მაძლევ ნუგეშსა, შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია. შემდეგ გადასწორებულია და წარმოდგენილია ოთხი სტრიქონი იმ სახით, როგორც ნაბეჭდშია.

9.2 პასუხი

▲ზევით დაბრუნება


- მთაო მაღალო,
ზვავთა ნაღარო,
მე რა გახარო!
არ მიგდებს ყურსა
მდგარი შტერადა:
თუ მივაჩნივარ
თავის მტერადა...
- მთაო მაღალო,
ნისლით ბურვილო,
სალის ყინულით
თავ-დახურვილო,
რატომ არ მისმენ,
მე რა გახარო,
რომ შუბლი გაჰხსნა
და გაიხარო!
- ჩემს შუბლს რა გაჰხსნის,
მტერ-მკვდარო შენა:
მთლად გამიქვავდა
კანი და სმენა,
გამიბათილდა
ჯანი და ენა.
მაინც ყურს გიგდებ,
მითხარი ბარე,
იქნებ გატკბილდეს
ფიქრები მწარე.
- მაშ თუ არ იცი,
გმირო დიდგულა,
მწვანემ შემოსა
ჭალები სულა,
ამოჩნდა ია
და ფურისულა1,
კოდალას უპყრავ
ხელს ღვინით კულა,
გალოთებული
დაჰკივის ველსა,
ნისკარტით ჰზომავს
ფუტუროს ხესა.
დაფნის გვირგვინი
თავს ედგმის ტყესა,
მერცხალი ჭყივის,
მდინარე ხვივის,
იქვე წყანწყარა
მოდის წყნარ-წყნარა.
გაცოცხლდა ბუზი,
გაცოცხლდა ჭია.
ბარად რომ ჰნახო,
ბრწყინვალე მზეა.
გამოიფხიზლე -
გაზაფხულია!
- ვაი შენს მტერსა,
რას ამბობ, რასა?
რა მზე გაათბობს
მყინვარეს მთასა?!
ჩემზედ ვინ ჰნახავს
იმ ნაზსა იას,
ასში ერთს დღესა
ვერ ვნახავ მზიანს.
სულ თოვლი მაწევს,
ყინული დიდი,
მაგრამ არ ვწუხვარ,
ვარ მუდამ მშვიდი.
ბარად წვიმაა,
ჩემს თავზე თოვნა,
ღმერთს როდი ესმის
მაღლის მთის თხოვნა.
ქარი დამბერავს,
ქარი ჰგრიალებს,
ჩემი თეთრი თმა
ცაში ბრიალებს.
ნისლი გადიყრის,
მიჩნდება ბარი,
და შევტრფი შორით,
იმისთვის მკვდარი.
მუდამ ჭირში ვარ,
მაგრამ არ ვკვდები,
ამაყის გულით
ცოცხალი ვრჩები!

ჩაგურგულა
15 თებერვალს 1891 წ,

_________________________

1. მცენარეა ბალახეული.

პასუხი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1891 წ. 17/III, № 50.

9.3 გაზაფხული

▲ზევით დაბრუნება


ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია...
ძლივს საამური დამეცა
ცივი ციური ცვარია.
თოვლი დამდნარა მთაზედა,
ხევებზე მოჰყეფს ღვარია;
აქით არაგვი აყვირდა,
იქით ბანს აძლევს მტკვარია;
არ მოეწყინა ამათა
ჯავრობა შესაზარია.
რამდენი ხანი გავიდა,
რაც დედამიწა არია,
მას აქეთ დაუღალავად
მიწასა სთელვენ ძმანია;
იმათ წყალს დაუბანია
თამარის ტურფან თვალნია;
შვილთ ტრფობით გაუმაძღრები
გადმოსცქერიან მთანია.
ძმანი შესტრფიან დედებსა,
დედები - ლომ-გულ შვილებსა,
საკინძზე ალმასისასა
დაუკერებენ ღილებსა.
უმისოდ საყვარელ ძმათა
ამ დროს ზნე უვლისთ ავია,
არ იზმენ, თუ ერთმანერთსა
არ გაუსინჯეს მკლავია.
ერთურთს ფრანგულებს უქნევენ,
თან იგერებენ ფარითა,
მემრე ჰკოცნიან ერთმანერთს,
მიდიან ერთის თავითა.
იმ ალაზანსაც შაესმის
ძმათ ბრძოლა მცხეთის კარითა,
ისიც წინ მოეგებება
წვერ-ბასრის შუბის ტარითა.
ამძიმებს იმათ სიფიცხეს
თავის ტალღების ღვარითა.
მთას იქით მოსთქვამს რიონი
გაშიშვლებულის ხმალითა...
რა ძლიერ მოსწყურებია
თქვენი დანახვა თვალითა!..
იკურთხოს თქვენი ერთობა,
სამის სამების ძალითა!

[1891 წ.]

გაზაფული (ბუნებამ გამოიღვიძა)

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 57 (A).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1891 წ. 23/III, № 64 (B).

13 დაუღალავად] დაუღალავნი B. 20 ლომ-გულ შვილებსა] ლომგულს შვილებსა B. 23 უმისოდ] უმისოთ B. 25 ერთმანერთსა] ერთმანეთსა B. 29 ერთმანერთს] ერთმანეთს B. 39 ძლიერ] ძრიელ B.

9.4 გუთნისდედის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


მიწავ, შენა გხნავ ისევა,
შეიშრე წვიმა ოფლისა!..
დალოცვილია ღვთისგანაც
ძე, დალოცვილი მშობლისა,
მაინც ხომ შენი საზდოა
სისხლი და ხორციც ყოვლისა.

მიწავ, შენა გხნავ, სწორედა,
გუთანს ვერ ვანდობ რიყესა, -
სახნისს გამიტეხს, საკვეთელს,
გაანაძოძებს ლვილებსა;
იქ დათესილი თესლიცა
გააქვს ყოვ-ყორნებს ბრიყვებსა.

მიწავ, შენა გხნავ, მარტო შენ,
ეგებ გაგავლო კვალია.
გაკეთებულის საქმითა
მეც გამილაღდეს თვალია.
რაც უნდ დავთესო შენს მკერდზე -
ასლი, წმინდა, თუ ქერია,
ცოტა მამივა მაინცა,
თუ არ მოვიდა ბევრია.
რისაც თესლს განდობ, ის მოგყავს
თავის სარგებლით ხშირითა
და გამოსდიხარ ჩემთანა
მუდამ ნათელის პირითა.
ღმერთმა მაშოროს სხვაგან ხვნა:
წმინდას სთეს - მოდის ღვარძლია;
იმის მარგვლამ და წმენდამა
მეც გამასუსტა, გამლია!

[1891 წ.]

გუთნისდედის სიმღერა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1891 წ. 13/1V, № 122.

9.5 ნიბლიას ანდერძი

▲ზევით დაბრუნება


ქარი უბერავს, მოაქვს ნამქერი, -
ჩიტი ნიბლია ატირდა მთაზე.
სულ მუდამ ლაღო და მხიარულო,
ჩიტო ნიბლიავ, ცრემლს აფრქვევ რაზე?
- უსახლკარო ვარ, განა არ იცი,
ყინვამ მომასწრო, ძმობილო, გზაზე.
დამკრა სიცივემ, გული დამილბო
და მიმიყინა ფრთებიცა ტანზე.
ფრენა არ ძალმიძს, ვეღარც დავდივარ,
ზედ მიმეყინა ფეხები ქვაზე.
წადი, უთხარი ჩემსა ობლებსა
და გადასძახე მაღლიდამ თავზე:
აქ გამითხარონ ცივი სამარე,
აქვე დამმარხონ ამ მაღალს მთაზე;
ნაზის იისა კუბო შემიკრან,
გულს დამაყარონ ტურფა კესანე1;
არ დაივიწყო, თუ გწამს უფალი,
არ დაივიწყო, შენი კვნესამე!

[1891 წ.]

_______________________

1. ყვავილია.

ნიბლიას ანდერძი

ნაბეჭდი: ჟ. „ჯეჯილი“, 1891 წ. № 3 (ცენზურის ნებართვა გაცემულია 1891 წ. 18 აპრილს).

10 1892

▲ზევით დაბრუნება


10.1 რისხვა ჯვარისა

▲ზევით დაბრუნება


(ნათლიღების უბედურების გამო)

გული გაშავდა ქვეყნისა,
შხამით შედედდა ზნეობა,
უცოდველთ სისხლით შეღებეს
დიდი საუფლო დღეობა.
წყეულთ ამიღეს ხელშია,
თანაც შემეკვრნენ ფიცითა,
რომ უწინამძღვრონ ქვეყანას
სწავლა-მოძღვრებით მტკიცითა.
მაგრამ უყურეთ ჩემს ბედსა,
როგორი მადგა ვაება:
ჩემთა მოსავთა კრებული
„ანგარიშებში“ გაება…
მე გავუშვივართ, მირბიან,
„არშინს“ ატანენ ხელებსა;
ატირეს ტფილისელები,
მშობლებს უწვავენ გველებსა.
ვაიმე, ჩემო ანდერძო,
ვაიმე, ჩემო მცნებაო!
ჩემთა მსახურთა წყალობით
ზღვები სისხლისა დგებაო;
დაღუპულ ოჯახებისა
ცრემლი ზეცასა სწვდებაო...
შხამად შეერგოს სიცოცხლე,
ვინც-კი ძმის სისხლით ძღებაო,
ვის საპირადო საქმითა
ოცი და ასი კვდებაო!..
არც-კი წითლდება წყეული,
რომ ბოროტებას შვრებაო.
ხიდი გადევით კაცთ გულში,
ხიდს თქვენ რადა სდებთ წყალზედა?!
რად სდგეხართ, ჩემო მსახურნო,
ძარცვა და გლეჯის გზაზედა?
როგორ არ გახსოვთ გოლგოთას
ნაზარეველი ჯვარზედა!..

7 იანვარი [1892 წ.]

რისხვა ჯვარისა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1892 წ. 12/I, № 8..

როგორც ქვესათაურშია აღნიშნული, ლექსი დაწერილია ნათლიღების უბედურების გამო, რაც მოხდა 1892 წლის 6 იანვარს, - ნათლიღებას. ამ დღეს ღვთისმორწმუნე სომხები დღესასწაულობდნენ ვანქის ტაძარში. ტაძართან მისასვლელად მადათოვის კენძულის ბოლოს მტკვრის ტოტზე აგებული იყო სპეციალური ხიდი, რომელიც მღვდელმსახურების დროს ჩატყდა და მრავალი მლოცველი იმსხვერპლა.

ვაჟას ლექსი დაწერილია ამ უბედერების მეორე დღეს.

10.2 მთა და მთვარე

▲ზევით დაბრუნება


მთვარე ამოხდა ფერმკრთალი,
ატირდა, ისმის ძახილი:
„ნეტავი კაცი მაჩვენა,
რომ გულში დამცეს მახვილი.
მომწყინდა წყვდიადთან ბრძოლა,
ჩამოვიღალე ჯანითა,
მომწყინდა კლდე-ღრეთ ღეტება,
თავ-პირის მტვრევა ღამითა!“
ამ დროს საყელო უტაცა
მთამ, მკერდ-ბტყლად მდგომიარემა,
პირქუშმა, ვარმით გაზდილმა,
ვარმისვე მშობიარემა,
და უთხრა ჭირისუფალმა
სულ მუდამ მგლოვიარემა:
„მთვარევ, ნუ იტყვი მაგასა,
მთვარევ, ნუ ჰკარგავ რჯულსაო,
წესს რადა ჰმტყუვნობ თავისას,
ეშმაკს რად აძლევ სულსაო?
ყველა ეგრე ვართ შობილნი
ერთი-მეორის მსახურად;
ერთურთს ვშველთ, ერთურთსა ვწყალობთ
პირნათლად, ჩამოხატულად.
მაშ მე რაღა ვქნა უსხივომ,
უსტარმა, უსინათლომა,
უსმელ-უჭმელმა, ტიალმა,
ობოლმა, უბინადრომა?!
მე სად წავიდე, სად გავქრე,
ქვეყნად სად ვძებნო საფარი?!
ვის ჩავაბარო ყვავილნი
და წყარო ჩემდ მონაბარი?“

ამის გამგონემ მთვარემა
აღარა სთქვა-რა მრუდადა,
უკან დაბრუნვის მსურველი
ცას დაეხურა ქუდადა.
აჭიმა შუბლი მაღალი,
მაღლა წამოდგა ცაზედა,
ხშირი აფრქვია სხივები
მჭმუნვარეს ქვეყანაზედა.
აკოცა მთასა მაღალსა,
განათდა ბნელი ჯურღმული,
განათდა მთელის ქვეყნისა
შეწუხებული სულ-გული.

[1892 წ.]

მთა და მთვარე

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 57 (A).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1892 წ. 18/I, № 12 (B].

12 ვარმისვე] და ვარმის B. 17 ჰმტყუვნობ] ჰმტყუნობ B. 21 ვწყალობთ] ვსწყალობთ B. 28 ვძებნო] ვსძებნო B.

10.3 ფშაველ ლოთის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


ლოთს მეძახიან ჯალაფნი,
ლოთსვე მეძახის ქვეყანა,
ვარ და ვერ დავიარავებ,
ლოთად მიცნობენ ყველგანა.
ვინ დაიჯერებს, თოვლზე ვსთქვა:
შავია, თეთრი არაო,
ვინც წენგოსა სჭამს, იმაზე -
ატკბობს, არ დაამწარაო?!
რა ვქნა, უსმელად ვერ გავძლებ,
თუნდა ჩამქოლოთ ქვითაო,
დარდი მაქვ მძიმე, ძმობილო,
გულს დაბჯენილი რქითაო,
სხვით არაითა მშორდება,
თუ არ სასმელის სმითაო:
რორცა ან არაყათ შავსომ,
ან გამოვთვრები ღვინითა,
თავი ყეენი მგონია,
წვერ-შაღებილი ინითა;
ბოღმა მე ვეღარ მერევა,
დარდებს მე ვათრევ კბილითა:
დავღეჭ და კუჭს მივაბარებ
ჩემის ცოდვილის პირითა,
ეგება იქ დაისვენოს,
თავი გაირთოს ძილითა
და ადრე არ მომესიოს,
რო გავიღვიძებ დილითა.

რორცა რას შავსომ, მაშინა
კაცი ვარ დავლათიანი, -
უმისოდ ბეჩავს თვალები
მიხდება ამლათიანი! -
ყელში საუბარს დავიწყებ,
ჭკვიანურ მამდის სიტყვაცა.
მიყვარს დუქანში მოსულის
ამბის და ყოფნის კითხვაცა,
ან ჩარექაით, ან სტაქნით
ღვინო-არაყის მიწვდაცა.
სუყველა მიყვარს დუქანში:
სასწორ-არშინი, ჩოთქიცა,
ჩარექა, ტიკი, ტიკჭორა,
პირ-მოღიმარი ბოთლიცა.
მაგრამ რომ გამამფხიზლდება,
ჩოთქიც დაიწყებს წკრიალსა,
ვუჯავრობ ჩემსა მუცელსა,
ამ გაუმაძღარს, ტიალსა...
ეს არის ჩემი ეშმაკი,
ჯიბეს ეს აძლევს ზიანსა!..
მივალ შინ დაღონებული,
მოვიბეჩავებ თავასა...
მამესევიან ჯალაფნი
და ამიტეხენ დავასა.
ცოლიც ჩემს მუცელსა ჰლანძღავს,
დედა, მამა და ძმებიცა;
ჩემს სალანძღავად იდგამენ
ენას უენო ქვებიცა!

[1892 წ.]

ფშაველ ლოთის სიმღერა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1892 წ. 2/1I, № 25.

10.4 პაპას ცოლ-შვილის გლოვა

▲ზევით დაბრუნება


კარგა არ გათენებულა,
ცისკარი ბჟუტავს ცაზედა.
ატირდა პაპაის ცოლი,
მოსთქვამს, ქვითინებს მწარედა:

- გოგო, სადა ხარ, ბიჭ-კუპრნო!
რად არ გამოხვალთ კარზედა?
დავიღუპენით, ბეჩავნო,
ცეცხლი გვედება თავზედა;
კარში გამოდით, დამწვრებო,
პირს რომ დააღებთ მზაზედა!..

ორნი საბძლიდან მორბიან, -
იქ წოლილიყვნენ ბზეშია, -
შინაით - თამრო, ჩონქარა,
დედას რო უწვნენ გვერდშია.

- დედავ, რა არი, რად სტირი? -
ორნი მოსძახენ აქითა.
სხვანი თმა-გაწეწილები
დედას წინ უდგან ჭრაქითა.

- დედა მოგიკვდათ, დამწვრებო,
თქვენი ნამდვილი გამზდელი;
მკვდარი ვიპოვნე ბაგაზე,
როცა შევანთე სანთელი.
მოგვიკვდა ქიტოხელაი,
ბოსელშია წევს მკვდარია...
ძროხა, რა ძროხა, ვაიმე,
მთელის ხმელეთის დარია!
ფური, რა ფური, რამდენმა
ხვეწნით გვიცვალა ხარზედა.
თვალი ვინ გვივნო წყეულმა,
ცეცხლ-მოსადებმა თვალზედა!

ეს თქმა იყო და შეიქმნა
ხუთპირად გლოვა-ზარია,
ხელების ქნევა, თმის წეწა,
წარღვნისა შესადარია.

ხუთი წლის ბიჭი, ჩონქარა,
მეტადა სტირის სხვაზედა,
ხელსა ჰხვევს ქიტოხელასა
და თანა ჰკოცნის რქაზედა.
სოფელმაც ყური აცქვიტა
„ვაი“-ს ძახილის ხმაზედა...

[1892 წ. ]

პაპას ცოლ-შვილის გლოვა

ნაბეჭდი: ჟურნ. „ჯეჯილი“, 1892 წ. № 4 (ცენზურის მიერ ნებადართულია 20 ივნისს 1892 წ.).

10.5 მოლოდინი

▲ზევით დაბრუნება


მცირე რამ ნისლის ნაწყვეტი
მთას ეკრა ბუმბულივითა,
ჰშვენოდა ფიქრებში გართვა
მინდორზედ სუმბულივითა.
მთის წვერებს მოსდევს ნიავი
ნადირის სუნსულივითა.
ბუნება ნანობს ცოდვასა,
იუდა სულ-კრულივითა.

- რას უცდი, ნისლო პატარავ,
დაკერებულო მთაზედა?
-რასა? ვერ თუ ჰგრძნობ, ძმობილო,
მტერი ჩამიდგა გზაზედა!
როგორ ვერ ჰხედავ გვალვისგან
დამწვარ-დაბუგულს მიწასა?
თავის ძმისწული მოუკლავ
გაბოროტებულს ბიძასა;
მშობლებზედ მეტად სწყენია
გაზდილის ერთგულს ძიძასა.
თვალები მთელის ქვეყნისა
შემომცქერიან თხოვნითა,
ეგებ როგორმე დავიხსნა
სოფლის ამაგი გოლვითა.
სწორედ ამისთვის დავფიქრდი
და ვეხვეწები ზეცასა:
გამზარდოს, მომცეს ძალ-ღონე,
ვეწამლო ქვეყნის კვნესასა;
გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,
მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,
რომ მოვრწყო გული ქვეყნისა
დაუშრობელის მილითა;
ავაჭიკჭიკო ბულბული
საღამოთი და დილითა.
და წარვსდგე ჩემს მეუფესთან
ხელთ ანთებულის ცვილითა.

[1892 წ.]

მოლოდინი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1892 წ. 13/IX, № 194 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

4 მინდორზედ] მინდორზე B . 13 ჰხედავ] ხედავ B. 30 დაუშრობელის*] დაუშრომელის AB.

10.6 გულს

▲ზევით დაბრუნება


გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,
მანამა სცოცხლობ ჩემთანა,
შენც უნდა იყო ბიჭადა.
რაც-კი რამ სასიცოცხლოა,
შესვი, დალიე ხარბადა:
ზოგი გვირგვინად დაიდგი,
ზოგი ჩაიცვი კაბადა,
საწყევრად ისიცა კმარა,
როცა ვიქცევით ლაფადა;
როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,
ჭია-ღუების საჭმელად,
აღარ გვეცალოს სატირლად,
აღარც სიმღერის სათქმელად,
სამარის ქვასა ზედ ეკრას
ნარი და შამბი სანთელად;
ცა სჭექდეს, წვიმაც დიოდეს,
დილის მზეც ამოდიოდეს,
ურიცხვი გუნდი ყვავილთა
მიწიდამ გამოდიოდეს,
სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს!

[1892 წ.]

გულს

ნაბეჭდი: „ივერია“, 1892 წ. 26/IX, № 206.

10.7 ელეგია

▲ზევით დაბრუნება


როგორღაც ვხედავ სიზმრებსა,
გულო, დაჰრჩები ტიალად,
ლამის რომ შენი ნაგრძნობი
შენვე დაგაჩნდეს ზიანად.
დაბნელდეს მაშინ სამყარო
თავის მთვარით და მზიანად.

ვაჰმე, რა ძნელი იქნება
მაშინ სიცოცხლე ჩემთვინა:
მემრის დღეებთან დავსწყევლი,
რაც მიცოცხლია დღემდინა.
რად მინდა, რადა, სიცოცხლე
მოწამლულისა გულითა,
ვიცხოვრო ქვეყანაშია
გადაგდებულის რჯულითა?!
მოდით, დამკალით მაშინა,
თავი მომჭერით ცულითა!

სადა ხარ, მამაპაპურო
ანდერძო ჯავშნიანაო,
გამოდეგ სამარის კარსა,
აჩრდილო მკლავიანაო,
ჩამბერე სული მაგარი,
სამშობლოვ მწვანიანაო!
ვერ მომკლავ, ჟამო ბედკრულო, -
ხელში მიპყრია დანაო,
თუ გავსტყდე, შხამად შამერგოს
დედის ძუძუ და ნანაო;
იცოცხლე, გულო შენ ჩემო,
ტანჯულო, ქალმნიანაო.

[1892 წ.]

ელეგია

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 57 (A).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1892 წ. 13/IX, № 241 (B).

2 დაჰრჩები] დარჩები B.

10.8 საახალწლოები

▲ზევით დაბრუნება


მოვდივარ ახალი წელი,
მრავალის კეთილის მქმნელი,
მომიდის გუნდი მწერალთა,
სიმართლე-სინათლის მთქმელი;
მრავალი გუნდი ყმაწვილთა,
თავის სამშობლოს დამცველი.
საქმე მიჩინეს იმდენი,
ლამის რომ მომწყვიტონ წელი:
ამკიდეს სახლის მასალა,
ამკიდეს რკინის ლართხები, -
გზას აკეთებენ კახეთსა,
მუშაობითაც გავძღები.
ამკიდეს ღვინის ჭურები,
დიდი მომიდგეს კათხები,
ხანდახან კიდეც დავმღერებ, -
წითლის კახურით დავთვრები.
მამულის პატრონს ვუშველი,
ვაჭრის ცოდვაში ჩავდგები.
დამლოცვენ, მომიგონებენ,
თუ კეთილს გზაზე დავდგები,
და საუკუნეთ სამსჯავროს
ნათელის პირით წავდგები.

როგორღაც ფერი ვიცვალეთ,
კარგი გამოჩნდა ნიშანი,
მხიარულადა ბრძანდება
ჩვენი საერთო მიზანი.
რომ წინ მივდივართ, ამასა
არ უნდა მკითხავ-მისანი.
გავიგეთ ერთობის ძალა,
გავიგეთ წყლულის წამალი;
ეტყობა ჟამთა ბრუნვასა
ახალგაზდობის ნავალი.
მაინც ვიაროთ, მაინცა,
გზა ჯერ ბევრი გვაქვს სავალი
ადვილად ნამგლებს ნუ დასდებთ,
სამკალი არის მრავალი.
მინდა რომ სათითაოდა
შაირი ვუთხრა ყველასა...
ნუ გეგონებათ, ვერ შევძლო,
კარგად ვაუბნებ ენასა.
მაგრამ ამ დროში დავცადე,
არა-რაი სჯობს თმენასა...
სიმართლის თქმასა ჩვენები
არქმევენ „ძაღლურს კბენასა“.
ან ვის რა ვუთხრა, რომ ყველა
მართალი არის ცამდინა:
ძაღლი ჰყეფს, კატა კრუტუნებს,
მგელი მისულა თხამდინა,
ღორი ტლაპოში გორაობს,
წუმპეში უძევს დინგია, -
ეს ვინ არ უწყით, ამითი
რომ სიამოვნობს იგია!
სულ ყველა თავის წრეზეა,
როგორც წესი და რიგია.
კამეჩი დახეტიალობს,
მაინც როყინებს, მაინცა,
მელა იპარავს ქათმებსა,
იმის ოჯახი დაიქცა.
იქავე გდია დღესაცა,
ვინაც რომ გუშინ წაიქცა,
ვინც წიხლი ჩასცა, იმანა
უშველა თავსა, გაიქცა.

ეს ვინ არ იცით, კაცებო,
მზეს ვინა ჰნახავს უთვალოდ.
ჰა, ვინძლო, „კვალო“, დაჰკვალო,
ბოლოს არ დაჰრჩე უკვალოდ.

შენ, „ივერიავ“, ნუ ამბობ,
მე მოვერევი სხვებსაო, -
გიწვევენ საბუჩაოდა,
შემოგამტვრევენ რქებსაო.

„თბილისის ლისტოკს“ მუშტი აქვს,
ვისაც დაარტყას, - დავარდეს,
ერთი დაგარტყას გვერდშია,
ლუკმა პირიდამ წაგვარდეს.
მაგ მომუშტავეთ ყბაშია
ჩემი მოავე ჩავარდეს.

„ნოვოე ობოზრენიე“
არ გაგიფერებს სხვისასა,
ხომ იცი, გულ-არჯალია,
ის ჯავრს არ შესჭამს მტრისასა.
კისრული იცის და სარმა,
ვინ მოსთვლის იმის ხრიკებსა,
თუ ვერას გახდა იმითაც,
ბოლოს მოგაყრის ტლინკებსა.

„კავკაზმა“ კრივი არ იცის,
ბევრი შფოთი და მუქარა,
მისი საქმეა „სტუცერი“,
ზარბაზანი და ყუმბარა,
ვისაც ის დაემუქრება, -
უნდა ჩაიცვას სუდარა.
აღარას გარგებს მოთმენა,
ბევრი ხვეწნა და მუდარა.
მოდი, გაჩუმდი, სჯობია,
სულ ნურას იტყვი, ნუღარა.

ცოტათი შევლაპარაკდით,
ბაასი მოხდა ფულზედა,
თქვენც არ იყავით მართლები,
მე მომიყვანეთ გულზედა.
ვინ ამბობს, სწავლა არ ვარგა,
ხელ-აღებული რჯულზედა?!.
ოღომც ისწავლეთ, გვარგეთ რამ,
გავხდები თქვენი მსახური, -
სუყველას დავაგირავებ,
რაც ტანზე არის სახური.
დაე მე ვიყო ტანჯვაში,
ცხოვრება მქონდეს გლახური.
არ ვარგა ერთურთის კილვა,
უგზოდ სიტყვების რახუნი.

შენც კაი ბიჭი გამოხველ,
სწერ და სწერ ცხარე-ცხარეთა,
თეატრში შენს დრამის ცქერას
ყოფნა გვირჩევნის გარეთა:
სასიამოვნოდ მოსულებს
სიცოცხლე ჩაგვიმწარეთა...

მუშაკო, შენს „პიესასაც“
ცუდი დაუდგა დარია.
წუთისოფელი ასეა:
დღეს - ტკბილი, ხვალე - მწარია.
მიკვირს, ეს წუთისოფელი
ასე რამ არივ-დარია!..
ხშირად-კი უფრო გვინათებს,
თუ ხან ბნელდება მთვარეა.

შენს „რეჩისტობას“ ვენაცვალე
და შენს კისკასად ფრენასა;
ალმასად ხმარობ, ალმასად
მაგ გაფხავებულ ენასა.
არ იცი დიდი, პატარა.
არ ერიდები წყენასა.
და გულ-დათუთქულ მსმენელთა
რადღაც უყრუებ სმენასა.

კოდალა ხეზე შემჯდარა,
ნისკარტს გაუდის კაკუნი..
ტყუილად მიდის ეგ შენი
ბაქიობა და ფხაკუნი.

ამოცანას მოგახსენებთ,
ბევრი არაფერიაო…
ერთს ვიღაცა რედაქტორსა
„ქება“ დაუწერიაო.
ვითომ სხვისა? არა, ისე,
ლაღად დაუმღერიაო,
კაცსაც ჰმადლობს, უფალსაცა,
კვერთხიც დაუჭერიაო...
შემომხედეთ, მე ვინა ვარ!
თავი აუღერიაო.
ბუკისა და ნაღარისთვის
მაგრა შაუბერიაო.
ამინ, ამინ! - ჩვენც ვიძახოთ
და დავუკრათ კვერიაო;
გენაცვალოს შენ ბაბუა,
რომ გძელი გაქვს წვერიაო!

ეხლა, იცით, მე რას გეტყვით,
ამისი თქმა ძნელიაო.
გული მეტყვის, შაირებზე
რომ ავიღო ხელიაო.
რადგან პოეტებისათვის
მუდამ ლუკმა ხმელიაო.
სჯობს, ტყეებში ვისეირო,
ღობისთვის ვსჭრა წნელიაო.
ამისათვის რად შემრისხავთ,
რად გძულსთ მართლის მთქმელიაო?!

მოდი, ეხლა ვადღეგრძელოთ
ჩვენი კუდა-მელიაო!...
განა ეხლანდელი არის
ეს ამბავი, ძველიაო.
გაცოცხლოს და გაგიმარჯოს,
ჩვენო კუდა-მელიაო.
მოხვეჭე მოსახვეჭელი,
ნუ ხარ ჭკუა-თხელიაო.

მობრძანდი, ახალო წელო,
ჩვენ მზად დაგხვდებით ყველაო.
დაგხვდებით ვაჟკაცურადა,
არვისგან გვინდა შველაო.

პური და ღვინო ბევრი გვაქვს,
მასპინძლადა ვართ ქებულნი.
ვფიქრობთ, არ შევრცხვეთ შენთანა,
კარგზე თავ-გამოდებულნი.
კაცნი ვართ, ჩვენაც კაცნი ვართ,
არა ვართ გადაგდებულნი.

მკლავით იმ თავით გვაქებენ,
ჭკვაც ხომ ვისწავლეთ დღესაო;
ერთურთში აღარ ავურევთ
მოკეთესა და მტერსაო.
ვინც ლუკმას შაგვეცილება,
ზურგზე ავადენთ მტვერსაო.
მობძანდი, ჩვენაც დაგხვდებით,
რადღა გვაუბნებ ბევრსაო,
ნუ იკრიჟანგებ, ვინძლო რომ
აჯობო წარსულს წელსაო.

ხელს ნუ შეგვიშლი, გეთაყვა,
ძლივს მივდით სწორე გზაზედა,
ძლივს დავანებეთ კითხვასა
დღეს ჩვენ ბედისა ცაზედა.
მოვშორდით ამაოებას,
დავეშვით ქვეყანაზედა.

[1892 წ. ]

საახალწლოები

ნაბეჭდი: „ივერია, 1893 წ. 1/1, № I.

ხელმოწერა: ველაფშა.

11 1893

▲ზევით დაბრუნება


11.1 ბებერი ლომი

▲ზევით დაბრუნება


დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
სხეულით დაუძლურებულს
ვინ შაიბრალებს ნეტარა?!
ის დრო აღარ აქვს მეფესა,
მიწას რო სდრეკდა ტოტითა
გმირულის გავლით ვაჟკაცი,
მამაცის გადაბოტვითა.
ვეღარ სჭექს წინანდებურად,
ბუნაგშია წევს წყნარადა.
ნადირთა თავზარდამცემი
ეხლა იმალვის თავადა,
ჰგავს თორმეტის წლის სნეულსა,
გულით ისეა ავადა,
ფიქრი უპირო სოფელზე
სახეს ატყვია შავადა.

დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
ტანი სულ დაჰკოჟრებია,
შემომტვრევია ბწკალები,
არ ანათებენ ძველებრივ
მისი ლამაზი თვალები.
ბეჩავო ნადირთ მეფეო,
ნეტავ, ვის შაებრალები?
წაჰსვლია ძველი ილეთი,
წყლულად ჰქცევია ტყავია,
ვაჰმე, რა საბრალო არის,
რა ძნელი სანახავია!

სიმშილით შაწუხებული
ჰქექავს თაგვების სოროსა,
თხოულობს მოწყალებასა,
რომ ტანჯვა დაიშოროსა.
ყურს ვინ მიუგდებს საწყალსა?
ყველა თავისთვის ნადირობს,
ზოგი თავხედი და ბრიყვი
ჯავრის ამოყრას აპირობს,
ბევრს იამს ბუნების ცოდვა.
დაუძლურება გმირისა,
არც ერთი ლომის სიბერეს
ნადირი არა სტირისა.
ვეფხვს უფრო გაჰხარებია
სისუსტე ავის პირისა;
გალაღებული ირემი
ფურს უხმობს, მთაზე ყვირისა.

დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შაუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
იგონებს იმ დროს, როდესაც
ნადირთა გუნდი ებარა
და ლეში იმის ბუნაგში
გამოულევლად ეყარა.

[1893 წ.]

ბებერი ლომი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1893 წ. 9/1, № 5 (A); „თზულებანი“, 1899 წ. (B).

29 წაჰსვლია] წასვლია B. 48 მთაზე] მთაზედ B.

11.2 ერთი რამ მინდა სათქმელად

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ერთი რამ მინდა სათქმელად,
გულს ნისლად დაფარებული,
ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი
სამღერლად დაბარებული.
ვსთქვა, თუ არა ვსთქვა, რას მეტყვით,
გულისაც დავალებული?!
შორს მიდის ჩემი გონება,
ოცნება გამალებული;
გულს ბევრი უნდა ტიალსა -
ხარია ალაღებული.
ნუ მომთხოვთ, მაშინ არ ძალმიძს
მსჯელობა დალაგებული...
მაინც ბოღმა მკლავს, მაინცა
არა ვარ გალაღებული.

ნეტავ, დაგლევდი, ბუნებავ,
შენის ცოდვით და მადლითა,
ან შენ დამლევდი, რომ შენთან
მეც მემუშავა ადლითა.
ვერ სძღები სიყვარულითა,
გულო, არ იქნა არობით!
იმღერე, ისევ იმღერე,
ჟინი მოიკალ გალობით:
ეს გაზაფხულიც ჩამოდგა
ქვეყნის დამდგენის წყალობით.

[1893 წ.]

ერთი რამ მინდა სათქმელად

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონი, № 57 (A).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1893 წ. 2/III, № 44 (B).

ავტოგრაფში ლექსს სათაურად აქვს „სიმღერა“, „ივერიაში“ კი იგი დაბეჭდილია უსათაუროდ, ვარსკვლავებით. სხვა მხრივ ნაბეჭდი ტექსტი ზუსტად ემთხვევა ხელნაწერს.

სათაური „სიმღერა“ საერთოდ დამახასიათებელია ვაჟასთვის და უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ამ სათაურს ამჯობინებს, ვიდრე ლექსი უსათაუროდ დარჩეს. ჩვენს გამოცემაში გატარებული პრინციპის მიხედვით, სათაური „სიმღერა“ შეიცვალა ლექსის პირველი სტრიქონით.

11.3 ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს

▲ზევით დაბრუნება


მშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო,
ქართლისა წყლულთა მოზარე,
მშვიდობა, სულო ძლიერო,
თავის სამშობლოს მოყვარე!...
დიდება შენს ჩანგს, რომ ბევრჯელ
თვალზე ცრემლები მომგვარე...
არ დაივიწყა სამშობლომ
შენი მის ბედზე ტირილი,
მედგარი სულისკვეთება,
შავბედობაზედ ჩივილი,
დაუშრეტელი ნაღველი,
წყრომა და გულის ტკივილი.

მადლი შენს თანამოძმეთა, -
მიწა გახილეს მშობელი,
შენი სატრფო და სადარდო,
გულს ლახვარ-დამასობელი.
შენი მერანი კვლავაც რბის,
მისი ნავალიც შთენილა,
უმადლოდ არ დაკარგულა,
თუ ოდეს ცრემლი დენილა.
მიიღე ჩემი სალამიც,
გამოგზავნილი მთიდამა,
„ჩვენი არაგვიც“ მუხლს გიყრის,
გადმომქუხარი კლდიდამა;
თვის „ატეხილი ჭალები“
ცრემლით ატირა ცხარითა,
სმენად გადიქცენ ისინიც,
გრგვინვა რო ესმათ ბარითა,

ქედებმა თავი იდრიკეს,
ფიქრით მოიცვნენ მწარითა,
ამწვანებულნი მწვანედა,
განათლებულნი მთვარითა.

[1893 წ. ]

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს

ნაბეჭდი: „ივერია“, 1893 წ. 9/VI, № 119.

11.4 რას შემომღმუი, მდინარევ

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

რას შემომღმუი, მდინარევ,
რა გზას მიბნელებ, ღამეო?..
ნუ გამხდი, საეშმაკოდა,
საწუთროვ, შამიწყალეო!
ღმერთო, მიშველე, მომხედე,
ბნელი გზა გამინათლეო,
შინ მიმელიან ბალღები,
თვალი უჭირავთ გზაზეო.
ნუ დამიობლებ შვილებსა
ამ ბედკრულს ქვეყანაზეო,
ნუ აატირებ საწყლებსა,
ცრემლი მოუვათ თვალზეო.
ატირდებიან მწარედა
ჩემის სიკვდილის თქმაზეო;
მაცალე, ბედო, იმდენი,
რო გადავიდე მთაზეო.

იქნება ვაკეც დამიხვდეს,
გზა რომ ვიპოვნო სავალი,
რომ შინ მივიდე ცოცხალი,
წყლულს მოვუპოვო წამალი.
იქ დავისვენებ, მხოლოდ იქ,
სხვაგან არა მაქვს შვებაო:
ობლად ვარ უცხოს თემშია,
გული ამიტომ კვდებაო.
მაგრამ ან სახლში რა მინდა -
დედა არ დამიხვდებაო.
ვიჯავრებ, შორით ნაფიქრი
ფიქრები წამიხდებაო:
ლხინის მაგივრად სახლშია
ტირილი დამიხვდებაო,
სადარდო წუთისოფელში
აღარაფერი მრჩებაო.
ბედის ვარსკვლავსაც არ ვგლოვობ,
ჩახდეს, თუ ჩამიხდებაო;
რისათვის ვცოცხლობ, თუ ფიქრი,
ნატვრა არ ამიხდებაო?!
მარტოკას ჩემის ფიქრითა
ან-კი რა გამიხდებაო?!.
ვაი, რომ საიქიოსაც
გინება დამიხვდებაო!..
აქ ჩემი უქმად ცხოვრება
იქ თვალ-წინ დამიდგებაო.

[1893 წ.]

რას შემომღმუი, მდინარევ

ნაბეჭდი: „ივერია“, 1893 წ. 16/ VI, № 125.

11.5 არწივი

▲ზევით დაბრუნება


არწივო, შენა?
- გახლავართ სწორე!
ახლოს რად მოხვალ,
არ მივლი შორე?!
- რადა და მადა,
მიყვარხარ დიდად,
ვიუბნოთ თუნდა
წყნარად და მშვიდად:
ნუ გადამექცეს
ხვალ დილა ღამედ,
ღმერთი გამიწყრეს,
თუ გავნო რამე.
- მითც ვერ გენდობი:
კაცი ხარ, კაცი,
ჩემზე მოსისხლე,
სხვის სარჩოს მტაცი;
მაგრამ თუნდ მომკლა,
გარგივარ რაში?!
სახელს ვერ მოჰხვეჭ
ამით შენ მთაში.
მაინც რას ჰპოვებ
ჩემს ბუმბულ-ფრთაში?
უნდა დამკიდო
მარგილზე კარში,
ბუზთა საჭმელად,
კოღოთა ჯარში.
- არა.. ყურს გიგდებ...
ვერ გამტეხ, ვერა!.. -
ჩემსკენ თვალები
გადმოაბღვერა;
ძალა სულისა
მათში ეწერა.
- აბა, მიამბე,
მკითხავდი რასა,
რაზე იღალავ,
ენას და ყბასა?
- რა ინადირე
გუშინ ან დღესა,
ვერავის ადენ
ბურტყლსა და მტვერსა?
რამდენი მოჰკალ
ამ ორმოც წელსა?
რამდენის ცოდო
დაიდე ბჯღალზე,
რამდენს ადინე
ცრემლები თვალზე?!
- მრავალი, ბევრი...
სად ძალმიძს ვსთვალო!..
ვიცი, რომ ბლომად
გავლეწე კალო.
მრავალ ვქმენ საქმე
მე სავალალო.
მაგრამ მსხვერპლს ვეძებ
მე, როცა მშიან...
მიყვარს, როს ცაზე
წერონი დიან.
- მაშ სინანული
არა გაქვს გულში,
მაგდენის ცოდვით
აღსავსე სულში?!
- ცოდვა რას ჰქვიან,
არ ვიცი, არა!
ნუღარას მკითხავ,
ეს თქმაცა კმარა…
- არც მტრობა იცი?
არ იცი შური?
- ვისში რა ვპოვო
მე შესაშური?!
მტრობა კი ვიცი,
არ უნდა ფიცი.
მწადიან მტრისა
ვიყარო ჯავრი,
როს ჩემზე მოაქვს
ხმალი და ფარი.
არ დავანებებ
ჩემს საკუთნოსა,
თუ მიდგა კიდევ
მე სისხლის ცვარი.
- ისიც მითხარი,
სადა გაქვს ბინა?
გაქვს თუ არა გაქვს,
შენ თავის „შინა“?
- მაშ ეს რა არის
შენს თვალებს წინა?
ყველგან სახლი მაქვს,
საცა მთებია,
საცა სალი კლდე
ანაგებია,
საც სანადირო
ალაგებია.
- არა გყავს ცოლი,
არა გყავს შვილი, -
გულის სადარდო,
დაგიფთხოს ძილი?
- ჯერ არ მსმენია
მე სიტყვა „მამა“;
ვითომა მყავდენ,
წაიღო ქარმა;
მე იმათ ვერ ვსცნობ,
ისინი მენა..
მოკლე ხნისაა
ფრინველთა ენა.
- მაშ არც ვინ გიყვარს,
შე კარგო, შენა?..
მაშ რასა ჰნიშნავს
ეგ მძლავრი ქშენა?

დადუმდა ეხლა,
დაება ენა.
დაჰკიდა დაბლა
ამაყი თავი,
ზედ ეტყობოდა
ნისკარტი ავი,
ბოლო-მოხრილი,
როგორაც კავი.
ჩამოსქდა ცრემლი.
მდუღარე, ცხელი...
მეც მივიფარე
თვალებზე ხელი.

[1893 წ.]

არწივი (- არწივო, შენა?)

ნაბეჭდი: ჟურნ. „კვალი“, 1893 წ. 11/VII, № 29.

44 მჯღალზე] ბჭღალზე.

11.6 ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


დაუკარ, სტვირო, დაუკარ,
აჟღერდი, გამახარეო.
მეყო, რაც ვიმგლოვიარე
და რაც ცრემლები ვღვარეო.
ვახსენოთ ერთხელ კიდევა
ჩვენი ლამაზი მხარეო.
ღმერთო, უშველე ტურფასა,
გზა გაუნათე, მთვარეო!
ბევრჯელ სდენია ზღვად სისხლი,
დღე დასდგომია მწარეო.
შენ, ბედო ჩემის ქვეყნისა,
გამომიბრწყინდი ბარეო!
რად მიჰრბი, რად მემალები,
ღრუბელს რად მოეფარეო?!
რატომ არ დამენახვები
სხივ-მომფენელი გარეო?!
დღეს თუ არაფრად ვარგივართ,
იქნებ გამოვდგეთ ხვალეო.
რადა ხარ წელში მოხრილი?
აიწი, აიხარეო!..
შვილები წამოგეზარდენ,
სამშობლოვ, გაიხარეო!

შენი წყლულები გულს უწყლავთ,
ნატრობენ შენთვის კარგსაო,
მაგრამ ხელს რაღაც არ სძრავენ,
არ გიმცირებენ ბარგსაო.
ზოგია - ადვოკატია,
ზურგზე ტყავს აძრობს ხალხსაო
და ატრიალებს, როგორც ჰსურს,
ყველგან სამართლის ჩარხსაო:
ქორს ქათამს წააღებინებს,
პატრონს შეაჭმევს ძაღლსაო,
ამ საქმეს წესიერად სთვლის,
მიტომ არ იხრის წარბსაო.

მეორე მხედარი არის,
დააჩხაკუნებს ხმალსაო;
და თუ უბძანეს, იცოდე,
წინ-წინ შენ მოგთხრის თვალსაო.
დედაც, მტრად მოეჩვენება,
მაზეც იხმარებს ძალსაო.

მესამე „აქციზნი“ არის,
გვიშლის არაყის წურვასა,
როცა „პროტოკოლს“ გვიყენებს,
შეიქს გოდება-ურვასა:
„ჯარიმა ბლომად წაგერთმის,
ჩემი არ არის ბრალიო,
მე ჩემს სამსახურს ვასრულებ,
ესაა ჩემი ვალიო“.

მეოთხე - ბოქაულია,
მსახურებს გულიანადა:
მოჩივარ-მოპასუხესა
ორსავ მიჰბეჟავს კარგადა.
მათრახის, მუშტის ტრიალი
სცნო მან ხალხის წვრთნის დარგადა.
ვარია, თივა და ქერი
სოფელს დაგვადო ხარჯადა.

მეხუთე მგოსნობს, თუმც ისიც
სიმებს აჟღერებს მრუდედა,
გახადეს მუზის პატრონი
ალ-ეშმაკების ბუდედა.
აღარვინ გადგას, ბედკრულო,
ციხე-გალავნად, ზღუდედა.
მაზრის უფროსიც უფროსობს,
მიდის და მოდის ყველგანა..
აკეთებს რასმე თუ არა,
მას არა ეთქმის ჩვენგანა...

მასწავლებელიც ასწავლის,
პატარეების მწვრთნელია;
ბოღმა ჰკლავს ბეჩავს, თუმც წყლული
ვერვისთვის გაუმხელია.
ასწავლის, მაინც ასწავლის,
უკან არ დაუხევია;
არადროს გასაფრეწელი
იმას არ დაუხევია.
თვისი პატარა არსება
ბოხჩაში შაუხვევია.
თვის უმადური ხელობა
იმასაც დაუწყევია.

თავადიც ვეღარ თავადობს,
ჰგოდებს და სტირის მწარედა.
შესტირის მამა-პაპასა:
„მეც თქვენთან მიმიბარეთა,
რაღაა ჩემი სიცოცხლე,
-ვეღარ გავსულვარ გარეთა!
სახელი დამრჩა, სახრავი
აღარსიდამა ჩნდებაო.
თქვენ ფუფუნებით ცხოვრობდით,
გული ამიტომ კვდებაო“.

ადგება გაჯავრებული,
ისიც მუდამ-დღე თვრებაო.
ქვეყნისთვის გამოსადეგი

გრძნობებიც აღეგზნებაო,
მაგრამ გულშივე უკვდება,
გარეთ არ გამოჩნდებაო.
დროებამ იცის, ტიალმა...
ვაი, დედაო, დედაო!..
ამით ვათავებ სათქმელსა,
მეტის თქმას ვერა ვბედაო,

გლეხს არა ეზღვის, იმასა
ასვი, აჭამე ბლომადა.
იმ თავის ქოხმახსა გარეთ
საქმეს ნუ მისცემ შორადა.
სულის შეხუთვას ჰგოდებსო,
გამიგონია ჭორადა.
მაღალ ფარდებში ვერ ფრინავს,
მოარულია სწორადა.
ხელს არ აიღებს გუთანზე,
თუნდა გაჰკაფო ორადა.
ბევრს თავსაც არ აიტკივებს,
თუ არ სცნობ თავის ტოლადა.
მას აღარ ახსოვს ძველთ ფიცი
საქმეში წინამძღოლადა:
„ვინაც მტერს მტრულად არ დახვდეს,
დედა შაერთოს ცოლადა!“

აგერ, ის მსახიობია,
მსახური ხელოვნებისა
და, უკეთ რომ ვსთქვათ, მორჩილი
მსმენელთა გემოვნებისა.
ვაი მას, თუ არ აცინა
და ხალხს ცრემლსა ჰგვრის თვალზედა, -
ერთს კაცსაც ვერ დაინახავს
იგი თეატრის კარზედა.

ვაჭარი ვაჭრობს ვაჭრულად,
გროშს აგებინებს გროშებსა;
ისიც თავს ამით მართლულობს:
„სხვისგან ჩავდივარ ცოდვებსა,
ამაშიც ფული, იმაშიც“, -
კედელზე გიღერს თითითა: -
„უნდა მოგებამ შეავსოს
ყველა ეს ხარჯი, იცითა?!“
კარგსა სვამს, კარგი აცვია!
დადის იორღა კვიცითა.
ზარალში ვარო, იძახის,
სკდება რჯულ-ღმერთზე ფიცითა.
ისიც ქვეყანას ატყუებს
და თვალებს უბამს ფისითა.

აგერ ის „ინჯინერია“
და „ინჯინერობს“ იმითა,
რომ დაიძინოს საღამოს
და გაიღვიძოს დილითა.
თუ დაიკვეხოს ქვეყანამ,
აი, მისთანა შვილითა!
მოკლეს არც გზას გააკეთებს,
არც წყალს მოიყვანს მილითა,
რადგან ეს საზარალოა,
ჯიბეს ვერ ავსებს თხილითა.
ყოველგან თამამად დადის,
არა ნაბიჯით ფრთხილითა,
ბორნეოს წმიდად აგიწერს,
ყველა ნაწილით წვრილითა,
და საქართველოს საზღვრებს-კი
ღეჭას დაუწყებს კბილითა.

ჩემი და ქვეყნის იმედი
მომავლებზედა მყარდება,
ჩემი ტანჯული გონება
აქეთ და იქით აწყდება.
ივლის და ივლის... დაღლილი
ვიდრე შუაზე გაწყდება.
და ისევ თქვენს-წინ, ახლებო,
თვალ-ცრემლიანი დადგება.
გამხდია საკაეშნოდა
თქვენი მკლავი და გონება.
ვინ იცის, ეს ნორჩი ძალა
რა საგანს დაემონება:
მამათა ქცევას დასწყევლის,
თუ უფროც მოეწონება?
ღმერთო, დაზარდე ისინი
და მეტი მიეც შნოება.
გული ჩაუდე ამაყი,
აშორე ქვემძრომელობა;
მიეცი პირი მაგარი,
ერთურთის გამტანელობა.

ახ, რა ჯადო გვაქვს შუაზე,
რამ მოგვთილისმა ნეტარა!
როდემდის უნდა ვიხადოთ
უკეთურობის ბეგარა?!
ჩვენს უბედო ბედს ბეჩავსა
კარი სად გამოეჯარა?
ჩვენთვის ამოსულს მთვარესა
ძაძა რად გადაეფარა?!
რად უღალატეს ქვეყანას,
ვისაც ქვეყანა ებარა?!.
თქვენ იცით, თქვენა, მცირენო,
თქვენა და თქვენმა დედამა.
ვინ აატიროს, თუ არ ძე,
სნეულის მშობლის კვნესამა?!.

კაცნი თუ უკუღმართობენ,
ქალებზე რაღა მეთქმევა,
გულს გასაგმირად ლახვარი,
თვალებში ცრემლი მეძლევა,
ვერ ვიტყვი სააუგოსა, -
რბილნი არიან გულითა,
თუკი რამ ერთხელ შეიგნეს,
მიეცემიან სულითა.
უსაზღვროდ ლხინი იციან,
უსაზღვროდ ცრემლის დენანი;
ლამაზებია მაინცა
ჩემის სამშობლოს დედანი.
მაინც მეტი აქვსთ, მაინცა
გულზედა ცეცხლის დებანი.

სამაგალითოდ უბრწყინავსთ
ვარსკვლავნი წარსულს დროსაო,
განწირულ მანდილოსანთა
ის წარმოგვიდგენს ჯგროსაო,
ქვეყნისთვის თავდადებულთა
გასჭირებიათ როსაო:
ნუ დაივიწყებთ ქეთევანს,
ნუ დაივიწყებთ ნინოსა,
ნუ დაივიწყებთ თამარსა,
რომ სხივი მოგვეფინოსა.
ნუ დაივიწყებთ დედობას,
ნუ დააფურთხებთ კერასა,
ისევ ქართველნი ვიქნებით,
მტერი დაგვაკლებს ვერასა,
მეც მხნედ ვიქნები მაშინა
და მოვუმატებ წერასა.
სალხინოდ შესცვლის სტვირიცა
სამგლოვიარო ჟღერასა.

დღეს კი ვიტანჯვი, ვიტანჯვი,
თვალნი მირბიან შორადა.
უფსკრულში დაინთქმებიან
ცრემლების დასათოვადა.
მომაგონდება ისევა
მამა-პაპათა ძვალები;
იმათი შეუდრკელობა,
მათ შეუდრკელი მკლავები,
იბრძოლეს ბევრი, იბრძოლეს,
რამდენი გასწყდა ბრძოლაში!
და ჩვენ-კი სული ამოგვდის
გერდზე გდება და წოლაში.
რა გაიხაროს ქვეყანამ
ამგვართა შვილთა ყოლაში?!.
ჩავიკლავ ვარამს გულშია,
ცრემლს დავაფარებ სარქველად,
ცრემლმა დაფაროს ისიცა,
რაც დამრჩენია სათქმელად.

[1893 წ.]

ქებათა-ქება (დაუკარ, სტვირო, დაუკარ)

ნაბეჭდი: „კვალი“, 1893 წ. 8/VIII, № 33 და 15/VIII, № 34.

11.7 ჩემი ვედრება

▲ზევით დაბრუნება


ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!...
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურადროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.

[1893 წ.]

ჩემი ვედრება

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 197 (A).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1893 წ. 26/IX, № 206 (B); „თხზულებანი“, 1899 წ. (C).

6 შეუდრკელადა] შეუდრკელათა C. 29 სიცოცხლედ] სიცოცხლეთ C. 30 ეძახის თავის მხლებელსა] ეძახის თვის მახლებელსა B. 34 ჩემის გონების] ჩემი გონების C. 42 სტრ. შემდეგ წაშლილია: მხოლოდ მაშინ ვარ A. 50 სულ ბოლოს] სულ-ბედის C.

ავტოგრაფი ნაწერია შუა გაკეცილ ცალკე ფურცელზე, რომლის ერთი გვერდი უკავია ვაჟას ხელით ჩამოწერილ მისივე ლექსების სათაურებს.

11.8 ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


ჯანღმა დაჰფარა ქვეყანა,
მკვდარნი საფლავში სტირიან;
ია არ მოჰყავს გაზაფხულს,
ამოვარდნილა ძირიან.
ხეს არ მოუსხამს ფოთოლი,
მთა აღარ ამწვანებულა;
სიტკბოთ ნაქები თაფლიცა
წამხდარა, გამწარებულა.
მზე ვეღარ ათბობს ქვეყანას,
მიმქრალა, გაშავებულა.
მატლად ირევა ჩემს თვალ-წინ,
რაც ქვეყნად დაშავებულა.
გუნდი ცოდვათა წყეული,
ავსულთა ჩანადინარი,
მეხვევა თვალში და გულში,
სისხლს მადენს, როგორც ისარი.
გრძნობა წინ მიმეზიდება,
უკან მიმათრევს გონება,
მახვილმა გამჭრა შუაზე,
მჭირს ამის გამო ღონება.
არსად სჩანს ჩემთვის წამალი,
არსად სჩანს ჭირთა ფონება.
ძნელია, მეტად ძნელია
შავის ბედისა მონება!

გული მომიკლა სევდამა,
ხედვამ გონება არია,
ყველასთან გულწრფელობამა
გამხადა ცოცხალ-მკვდარია:
ჩემს ბედს თავს ადგა ავდარი,
ჯერ არ უნახავს დარია.
სიყვარულისა ფიალში
შხაში ჩამისხეს მწარია.
ვეღარ მშველს გულის სიმხნევე,
ვერც ხმალი, ვეღარც ფარია.
არაგვო, მოიშველიე
ზლაზვნით მდინარი მტკვარია.
თქვენ მაინც რამე მითხარით
გულისა მოსაფხანია.
სთქვით რამე ძველი ამბავი:
სად გაწყდა ქართლის ჯარია,
რას ფიქრობს საქართველოზე
ურჯულო თათრის ხანია.
რა გვექნა დროშა, რა გვექნა,
რომ აღარა სძრავს ქარია?
ვინ მოსჭრა ძუძუ დედასა,
დახშო სამოთხის კარია,
კერაზე წყალი დაგვისხა,
გამოგვიჯარა კარია?!
ზღვა გადმოგვიგდო მარჩობლად,
თავს დაგვცა ნიავ-ღვარია?!.
ისიმც წაწყმდება სულითა,
გვარით წყეულიმც არია!
მოგვტაცა ჩირაღდანები,
აღარ გვაღირსა კვარია,
გაგვხადა ძვირი სამოსი,
ტანზე ჩაგვაცვა ჩვარია“.

აგერა ჯადოქარები,
შხამის, ბოროტის გუდები!
იმათ ნაჟლეტის ხალხისა
სისხლისა მოსჩანს გუბები!
არ მოეწყინათ ბოროტთა
საქმე და ქცევა ცუდები!
რამ ამოაგდოს ჩვენს შორის
ავსული დანაბუდები?!.
ვერ შეგიყვარებ, ბოროტო,
რაც უნდ მეჩვენო კარგადა,
მაინცა მძულხარ, მაინცა,
მოსიარულე კრავადა.
ათი-ათასჯერ დაგწყევლი,
მოგიხსენიებ ავადა.
არ მინდა შენი სალამი,
არ მინდა შენი ძღვენია.
დაჩაგრულების მჩაგვრელო,
მზარავს, მძულს სახე შენია!
არგასაჩენი უფალსა,
ნეტავ, რად გაუჩენია?!.

ბევრმა იჭაკა ბოლოსა,
თუმც ბაქიობდა თავშია,
და დღეს-კი ტვინ-გაყინული
აღარ ეტევა კანშია.
ავი და კარგი ქვეყნისა
მას აღარ მოსდის ჭკვაშია,
„პრინციპი“ - „იდეიები“
გადუსროლია წყალშია,
მამა-პაპათა ანდერძი
მიკიტნებს მისცა ვალშია.
დღეს იგი ქვეყნის მოზარეს
ცეცხლს უდებს, როგორც ჩალასა,
მის აზრს და წრფელსა გრძნობასა
ეძახის ხათაბალასა.

ზოგმა გაყიდა ნამუსი,
დღეს ის სულ-ხორცით სხვისია,
მისგან რას კეთილს მოელით,
ვინც გულ-გონებით მქისია?!
აღარც ქვეყნის ხმა აშინებს,
აღარც რომ მსჯავრი ღვთისია!

სათქმელად ფრიად ძნელია, -
უფრო სასმენლად ყურითა:
ყვავთა ხელთ იგდეს ბულბული,
ჰსტვენს დაკოდილის გულითა.
ყვავნიც ყურს როდი უგდებენ,
გონება-ბრმანი შურითა.
ისინი თავ-მომწონედა
უფრო ძლიერად ჩხავიან, -
სიტურფის მწვერვლად უცვნიათ,
თუ დაიყვირეს ძალიან.
სადღაა ბულბულის სტვენა
და მისი ტკბილი ჰანგები?
დაჩრდილულია მისი ხმა,
რაკი ჩხავიან ყვავები!..

ერთი რამ საცოდნელია
და სასწავლელი მტკიცედა:
ძმანი რომ ვერ რიგდებოდენ,
ერთმანეთს მოარიდეთა.
წავიდნენ სხვადასხვა მხარეს,
იარონ კიდით-კიდეთა.
ერთი გახდება სამგლედა,
მეორეს შეჰხვრენ ტურანი,
ჩამოიქცევა ოჯახი,
თავს დაეხვევა ბურანი.
ჭკვა დიდი საქონელია,
ბრიყვისთვის მიუწვდომელი,
ფიქრი და აზრი კეთილი
არს მისთვის მიუხვდომელი.
ნუთუ ცალ-ხელა მუშასა
არა სჯობია ორ-ხელი?!
ბრიყვი ჭკვიანის ბარგია,
ზურგით .სათრევი გუდადა,
უნდა ჭკვიანმა ასწოროს
ბრიყვის ნათალი მრუდადა.
მაგრამ ჭკვიანთაც იჭაკეს,
მოსწყინდათ მრუდის სწორება,
მიტომ ნავარდობს უბირი,
ეტყობა თავმოწონება,
გათამამებულს სიბრიყვეს
ან-კი რა შეეწონება?!.

დაძვრება მელასავითა,
დღეს ფეხს არ ადებს ჭიასა,
თუ ჰნახავს უპატრონოს სახლს
და კარს შეამჩნევს ღიასა,
შეძვრება, გამოალაგებს,
რაც-კი რამ მოსახელია,
წაიღებს, დაისაკუთრებს,
თუ ღამეც შეჰხვდა ბნელია;
მაგრამ ჯერ ცოდვა თავისი
არვისთვის გაუმხელია.
ყველას თავს ისე აჩვენებს,
რომ დიდის მადლის მქნელია.
არავის სჯერა, თუ მართლა
იგი მშიერა მგელია.
იგი ჩვენია, ჩვენი ძმა,
ჰგონია, კაი კაცია;
მოლა-მასრადინს ვამსგავსე
ის წვერ-ცმაცუნა ვაცია.
ჭორტიკაც არის, ყბედიცა,
ხანდახან კიდევ - ცეტია,
რა ბევრი ვაჭიანურო, -
სწორედ ორფეხა მხეცია.
მოტვლეპილი აქვს კინკრიხო,
ზედ ასჩენია ქეცია;
თვალებს ძირიდან აცეცებს,
ერთის შეხედვით ბეცია,

კაი-კაცობით ამ სოფლად
ვეღარვინა სჭამს ლუკმასა,
წავართოთ სხვასა, ავგლიჯოთ,
ავნი ფიქრობენ სულ მასა.
კარგნი უცქერენ სეირსა,
ასტეხენ ოხვრა-სულთქმასა,
მაგრამ ბეჩავის საშველად
არა ფიქრობენ არასა;
ვერ აბრუნებენ თვის ჭკვაზე
უკუღმა მბრუნავს ჯარასა.
თუ მაინც ცარცვა მიერგოთ,
ავს ვერ ეტყვიან: „კმარა“-სა.
დავმსგავსებულვართ ყველანი
ცხვრის უპატრონო ფარასა.

[1893 წ.]

ქებათა-ქება (ჯანღმა დაჰფარა ქვეყანა)

ნაბეჭდი: „კვალი“, 1893 წ. 28/IX, № 49.

11.9 ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


იუდასავით ქრისტესა
რადა ჰღალატობ, ძმობილო,
გველ-ბაყაყებთან ჰბინადრობ,
ვაჟკაცო კეთილშობილო?!
აიღე თავი, გამხნევდი,
გულს მოიკრიბე სიმართლე.
რად გიყვარს ბნელი, ნეტავი,
რისთვის შეგძულდა სინათლე?
ნუ დაჰბრმავდები გონებით,
ნუ დასჩლუნგდები გრძნობითა,
მოძმეს რად ჰხუთავ პირში სულს
თავის კეთილის ყოფითა?

მანამ სცოცხლობდა, გულს ედო
მას სიყვარული ქვეყნისა,
იმაზე იყო ალალი
ძუძუ და ნანა დედისა.
მოკვდა უცხოეთს, შეიქმნა
ის მსხვერპლი შავის ბედისა.
ჩვენ დავივიწყეთ მის ღვაწლი,
ღირსი ხსოვნისა მეტისა.
მრავალჟამიერ იკურთხოს
მადლი მაგ შენის ქედისა!
ბევრს დავუკარგეთ ამაგი,
ღვაწლი და გრძნობა ციური,
ვაწამეთ იესოსავით,
ვუგინეთ სახე ღვთიური.
სიცოცხლით დაგვავიწყდება
შრომის ფასება მშრომლისა;
მოკვდება, უნდა ვუკურთხოთ
ნიჭი და ძუძუ მშობლისა!..
ეს ჩვენში ხდება, იკითხეთ,
სხვაგან მომხდარა როდისა?!.

მეღორე ღორებს მიუქსევს,
მეძროხეები - ძროხებსა,
ხარაზი ჰკერავს წუღებსა,
მეჩოხეები - ჩოხებსა;
მუშები მინდვრად გასულან,
იტრიალებენ თოხებსა,
შევხარით, შევსტრფით ყველანი
თავის ჩამოშლილს ქოხებსა;
სად მეგაზეთე გაზეთს სწერს,
ქვეყნის მტრებს ესვრის კოხებსა,
სად დიაკვანი დიაკვნობს,
მღვდელი ხმას მოიბოხებსა,
შეავედრებენ უფალსა
ქვეყნის მადლს, ქვეყნის ცოდვებსა,
შესძღვნიან დამბადებელსა
ცხელს და მდუღარე ლოცვებსა.

ერთი მხრით ცოდვა დამდგარა
და მეორე მხრით - მადლია.
მადლსა ჰსურს ცოდვა დაჩაგროს,
ცოდვა კეთილის ადლია.
უნდა იბრძოლონ მანამდე,
სანამ ქვეყანა არია,
მანამდე ვარსკვლავებია,
მანამდე მზე და მთვარეა.
სიტკბოს რა დაჰლევს ქვეყნადა,
მანამა სუფევს მწარია?
ერთი ბატონობს იმიტომ,
მეორე ეყმოს იმასა,
უღრუბლოდ, განა არ იცით,
სად რა მოიყვანს წვიმასა?!
ვინაც მოკვდება, დავმარხავთ,
გაჩნდება - ვურწევთ აკვანსა,
წამოიზრდება - დაიწყებს
მღერას და ტკბილად კაკანსა.
საქმრო საცოლეს დაეძებს,
საცოლე კიდევ - საქმროსა.
ერთსაც ის უნდა, სხვასაცა,
რომ პირი ჩაიშაქროსა.
წავა, გაივლის დროება,
სიკვდილი მოდგა ახლოსა.

სადღაა ძველი გრძნობები,
ღაწვისა ღაწვზე ტოლება?
აღელვებულსა გრძნობებსა
ახლა ჰბრძანებლობს გონება.
სულის საქმეზე-ღა ჰფიქრობს
უძლურად ქმნილი ლეშია,
და აგერ მეკუბოეცა,
კუბო უჭირავს ხელშია!
ესაა ჩვენი სიცოცხლე,
მისი თავი და კუდია,
თავს ვეხარბებით სასმელად,
თუმცა-კი ბოლო ცუდია.

სამსახურიდან გამაგდეს,
დავეხეტები ცალადა,
მწადიან ცოლი შევირთო,
კარგი ვარ თვალად-ტანადა.
საცა რამ მაჭანკლებია,
ყველასა ვსთხოვე ვალადა,
იარონ კიდით-კიდემდე
და მიმაჭანკლონ კვალადა.
შემოკრბა ბებრის ნახირი,
ყველა ჩაცმული შავადა;
შემოვიმწკრიე გარშემო,
შუაში ჩავჯექ თავადა.
მაშინ შეგვექმნა თათბირი,

გავმართეთ ბჭობა დიდია.
ვსთქვი: ჩემის საქმის წამართვა
ეხლა თქვენზედა ჰკიდია.
თქვენ იცით, ნათლიდედებო,
როგორც აუბნებთ ენასა!
ვიმედობ, ჩემის ქებითა
მსმენელთ დაუხშობთ სმენასა.
სიმდიდრით მაქეთ, სხვას ყველას
თავი ანებეთ, სჯობია.
„ეგ ჩვენც ვიცითო, - იმათ სთქვეს, -
რა დიდი ასაცნობია!
განა არ ვიცით, რომ ფული
მეფობს ეხლანდელს დროშია“.
თუ რას ბებრები მიშველენ,
ჯიბეს არ მიძე გროშია.

ყველგან არა სძოვს ირემი,
არც ყველგანა ჰსვამს წყალსაო.
რა მიჭირს, თუ დაგინახავ,
ცოტათი მოგკრავ თვალსაო.
ხანდახან შენაც მომხედე
შენის ეშხითა მთვრალსაო.
გიყვარვარ, ისა ჰგონია
გარე შემორტყმულს ხალხსაო.
მე ხომ თვით ვიცი, ჰთვალთმაქცობ,
ნახვისას გვირევ კვალსაო,
შენ ხომ სხვას ეარშიყები,
მე ტყულად მდებენ ბრალსაო.
არც ისე ლამაზიცა ხარ,
ნუ მოიწონებ თავსაო.
მე შემიყვარდი, არ ვიცი,
რად არ მოსწონხარ სხვასაო?!
ჩემი ოცნება გამშვენებს,
გარიდებს ყველა ავსაო,
დაბრმავებული ტრფობითა
შენს ავს ეძახის კარგსაო.
როდის მოვიხდი, არ ვიცი,
ამ სიყვარულის ბარგსაო!?

ის აღარა ვარ, ძმობილო,
რაც გინახივარ წინადა...
წუწკმა დიაცმა გამხადა
თავის ბაშმაკის ძირადა;
ორ გროშად აღარ მიყიდი,
აქამდის ვღირდი ძვირადა;
ღმერთმა დასწყევლოს დიაცი:
გელაკლუკება პირადა,
თუნდ არ უღირდე, იცოდე,
უბრალო პანტის ჩირადა.
ვინ იცის, ვინ უკერია
მკერდზე პერანგის ღილადა!..
მე ნუღარ ჩამთვლით, მოძმენო,
თქვენთან მამულიშვილადა.
შენაც კუდს გიქნევს, სხვასაცა,
ამით სულდგმულობს წყეული!
ვის არ ჰქმნის გულ-დაკოდილსა
დიაცი გამოსეული!.

რამდენჯერ გითხარ, ძმობილო,
თავში მოიეც გონია!
არ დაიჯერე, გამიწყერ,
რჩევა არ გამიგონია.
წახველ და წყალში ვერ გახველ,
ვერსად იპოვნე ფონია.
ცოლ-შვილი დააწიოკე,
დედა ატირე ზარითა.
მთაში შენ ვინ მოგიგონებს,
წყევლას გითვლიან ბარითა,
ნეტა-კი უჭკო ჯიუტი
არ დამანახვა თვალითა!

ლიხის მთას გადავიხედე,
მოსჩანდა მხარე ლამაზი;
ვნახე ერთობით ხალხიცა,
იმერ-მეგრელი, აფხაზი...
ვნახე და დიდხანს ვუცქირე,
ვსტკბებოდი იმათ ცქერითა.
მომწონდა ქალი და კაცი
ჩაცმა-დახურვით, ფერითა.
თქვენც რომ გენახათ, იტყოდით,
ნაწკეპებია კვერითა.
მაგრამ შევნიშნე ერთი რამ,
იმან გულსა მცხო მურია.
ხომ იცით, იმას ისე ვმტრობ,
როგორც ღორის ხორცს ურია.
აბა, გაიგეთ, ვინც ისმენთ
და სმენადა გაქვსთ ყურია!..
რად არ გვძულს, თუკი ქვეყნისთვის
მართლა სიკეთე გვწყურია?!

ერთხელ შენც ჰლოთიფოთობდი,
ბლომადა გქონდა გროშები.
დღეს ვინაც გნახავს და გიცნობს,
უთუოდ შაეცოდები...
გაგხუნებია შლიაპა,
დაგძველებია ქოშები.
დოსტებიც შემოგფანტვია,
ვიზედაც გედვა ამაგი,
რაღა დროსია, რას უშველ,
თუმც გენანება ახლა-კი?
დასდიხარ, ადგილს დაეძებ
ოც-მანათიანს თვეშია;
თხოვნა მიეცი ჩვენს ბანკში,
ოცი სხვა მიდის დღეშია.
მარგალიტივით ბიჭი ხარ,
შენ გეთაყვანე ღმერთშია.

დაბერდა, მაგრამ ჯეილობს,
ლამაზთ აყოლებს თვალებსა.
არ უნდა თქვენი სამოთხე,
ოღონდ ჰხედავდეს ქალებსა.
თუ ბალღმა გამოიჩხავლა,
მსახურებს დააბრალებსა.

გამიგონია ამბადა
ერთი რამ ძველი თქმულობა:
ერთხელ ერთს დიდრონს ჭაობში
ბაყაყთ ჰქონიათ ყრილობა.
იმ ბაყაყებში რეულა
ერთი დიდრონი ყიყინა,
ის თურმე წამომჯდარიყო
გზისაკე ყველაზე წინა.
მოჯარებულან სხვანიცა,
წამოუყვიათ თავები.
ამაყად იცქირებიან
სახით მრისხანე, ავები,
და ღმერთს შესთხოვდენ, დაეშრო
ტლაპო ბედ-გასაშავები, -
მით მოსწრებოდენ ვაჟკაცნი
ცაზედა ბინადრობასა,
ვარსკვლავებთანა ყოფნასა,
ძმობას და მეგობრობასა...

დილისთვის გაშრა ჭაობი,
მტვერმა დაიწყო ადენა
და მოახლოვდა ნამდვილად
ბაყაყთა გვარის წახდენა.
უცდიან, სად და როდისა
ავფრინდებითო ცაზედა
და დავბრძანდებით მძიმედა
გაშლილს სუფრაზედ, მზაზედა!..
ვაი რომ ბაყაყთ კეთილს ფიქრს
სეტყვამ მოასწრო გზაზედა!

ამ დროსა მოლახლახებდა
მაღლა ბაყაყიყლაპია;
ბაყაყთა მოსისხლე მტერსა
გრძელი ფეხები აბია.
შენიშნა ბაყაყთა გუნდი,
რიყედ ნაყარი მშრალზედა.
იამა მსუნაგს ფრინველსა,
მსწრაფლად დაეცა თავზედა
და გადარეკა ბაყაყნი
ვარსკვლავებს შორის ცაზედა!

არ ვიცი, საით წავიდე,
სადღა ვეძებო წამალი?...
წინ გზას მიბნელებს წყვდიადი,
ადგილი არ სჩანს სავალი.
ან რისთვის მინდა მე ის გზა,
ბრიყვთა ფეხებით ნათელი?!.
არ მინდა, არა, რადგანაც
მან არ გვაჩვენა ნათელი!
თვით უნდა დავსდო ბილიკი,
ვიხეტიალო ბნელაში,
და უნდა სული დავლიო
კეთილის საქმის შველაში.
ეს არის სულის ნარჩევი,
გონების დანაბეჭდია,
ეს არის ჩემი წადილი,
ეს არის ჩემი ბედია.
დავდივარ გაკაჟებული,
არ მომიხრია ქედია,
იქნება ღმერთმაც მიშველოს,
ასრულდეს დანაყბედია.

[1893 წ.]

ქებათა-ქება (იუდასავით ქრისტესა)

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 174 და № 163 B).

ნაბეჭდი: „კვალი“, 1893 წ. 5/XII, № 50 (A).

ავტოგრაფი ნაწერია ორ სვეტად თაბახის ფურცლებზე, რომლებიც დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში სხვადასხვა ნომრით: № 174 შეიცავს 85-204 სტრიქონებს, ხოლო № 163-205 სტრიქონიდან ბოლომდე. დასაწყისი ნაწილი, 85 სტრიქონამდე, დაკარგულია.

ხელნაწერი შავია და ბევრგან არის ნასწორები, შეიცავს ვარიანტულ სხვაობებსაც. სახელდობრ: 85. სამსახურიდან] სამსახურიდამ B. 87 სტრ. დასაწყისში B-ში წაშლილია: „კარგი ვარ“. ჯერ ყოფილა: საცა რამ ბებრები არის, ყველას დავადე ვალადა, - შეცვლილია: საცა რამ მაჭანკლებია, ყველასა ვსთხოვე ვალადა. 97-98 მაშინ შეგვექმნა თათბირი, გავმართეთ ბჭობა დიდია] მაშინ გავმართეთ თათბირი, შეგვექმნა ბჭობა დიდია B. 99 B-ში ჯერ დაუწერია: მე ვუთხარი, ნათლიდებო, - შემდეგ გადაუკეთებია: ვსთქვი: ჩემის საქმის წამართვა... 107 იმათ] მათა B. 110 B-ში ჯერ ყოფილა: ბატონობს ამა დროშია, - გადასწორებულია: მეფობს ეხლანდელს დროშია. შემდეგ დაუწერია და ისევ წაუშლია: „ჩინებიც უნდა ვახსენოთ“; „შენს წლოვანებას ვინ დასდევს და შენსა“. 112 სტრ. შემდეგ, უკანა გვერდზე B-ში ჯერ არის 198-204 სტრიქონები, შემდეგ კი გრძელდება 113 სტრიქონიდან.

121- 122 სტრ. B-ში ყოფილა: განა არ ვიცი, ჰთვალთმაქცობ, ქვეყანას ურევ კვალსაო, - გადაკეთებულია: მე ხომ თვით ვიცი ჰთვალთმაქცობ, ნახვისას გვირევ კვალსაო. 123 B-ში: შენ კი, - შესწორებულია: შენ ხომ. 127 სტრ. B-ში წაშლილია: „თორემა“ - და მის მაგიერ არის: არ ვიცი; შემიყვარდი] შამიყვარდი B. 130 გარიდებს] გაშორებს B. 131 B-ში ჯერ ყოფილა: გატაცებული ოცნება, - შემდეგ: დაბრმავებული ოცნება, - დასასრულ არს: დაბრმავებული ტრფობითა. 133 B-ში ჯერ ყოფილა: ნეტავი, - წაშლილია და მის ნაცვლად არის: არ ვიცი. 137 B-ში ყოფილა: ერთმა დიაცმა მაქცია, - ვადასწორებელია: წუწკმა დიაცმა გამხადა. 163-164 სტრ. B-ში ყოფილა: უტვინო, თანაც ჯიუტი, ნეტავ არ ვნახო თვალითა, - გადაკეთებულია: ნეტავ-კი უჭკო ჯიუტი არ დამანახვა თვალითა. 167 ერთობით] მთლიანად B. 168 სტრ. B-ში ყოფილა: გურულ-მეგრელი-აფხაზი, - შეცვლილია: იმერ-მეგრელი, აფხაზი. 173 B-ში წერებულა: ყველა ის რომ ჰნახოთ, როვორც... - წაშლილია და მის მაგიერ დაუწერია: თქვენც რომ გენახათ, იტყოდით. 178 სტრ. შემდეგ B-ში წაშლილია: ესაა ჩვენი. 179-180 აბა გაიგეთ, ვინც ისმენთ და სმენადა გაქვსთ ყურია] აბა გაიგეთ, ვინაც კი ისმენთ, სმენად გაქვსთ ყურია B. 189 დოსტებიც შემოგვფანტვია] შემოგფანტვია დოსტები B. 190 გედვა ] გედგა B. 190 სტრ. შემდეგ B-ში წაშლილია: გვიანღაა. 192 სტრ. შემდეგ წაშლილია „წადი“, „ბანკში ითხოვე ადგილი, იქ შეგაჭმევენ ლუკმასა, იქნებ იქ მაინც“... 195 სტრ. B-ში წერებულა: ბანკში ითხოვე, ეგები, - წაშლილია და მის ნაცვლად არის: თხოვნა მიეცი ჩვენს ბანკში.

205 სტრიქონიდან B-ში გრძელდება ახალ ფურცელზე, რომელსაც აქვს გვერდების სათვალავი: აქ ჯერ მოთავსებულია 107-112 და 138-204 სტრიქონები, რომლებიც გადახაზულია, შემდეგ მოდის 243-262 სტრიქონები, და ბოლოს კი - 205-242. 206 სტრ. შემდეგ წაშლილია: ყოფილა ერთი ბაყაყი. 208 სტრიქონს ჩამატების ნიშანი უზის და ალბათ აქ უნდა ჩამატებოდა შემდეგი სტრიქონები, რომლებიც ცალკეა მიწერილი:

სარჩევად ბაყაყთ ჰქონოდათ
ცაზე აფრენა,
ამაზე უფროსთ ჰკითხავდენ,
რომელთაც ჰქონდათ გავლენა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ავტორს შემდგომში ეს სტრიქონები ზედმეტად მიუჩნევია და აღარ დაუხვეწია.

217 დაეშრო] რომ დაშრეს B. 218 სტრ. შემდეგ B-ში წაშლილებია: „ღმერთმა ისმინა მათ“, „და მან“, „უფალმა მისცეს“. 219 მით მოსწრებოდენ ვაჟკაცნი] რომ ეგებ მერე მოესწრენ B. 221 ვარსკვლავებთანა ყოფნასა] ვარსკვლავებისა გვერდზედა B. 222 სტრ. შემდეგ B-ში წაშლილია: „გაშრა დილაზე“, „გათენდა“. 224 სტრ. შემდეგ B-ში წაშლილია: ვინღა იფიქრებს. 228 სტრ. შემდეგ B-ში წაშლილია: მაგრამ არ იქნა ჭაობი. 229 დავბრძანდებით] დავბძანდებით B. 231 B-ში ჯერ დაუწერია: „მაგრამ უყურეთ“, - მაშინვე შეუცვლია: მაგრამ ვაი რომ ბაყაყთ კეთილ ფიქრს, - დაბოლოს არის: ვაი რომ ბაყაყთ კეთილ ფიქრს. 232 სტრ. შემდეგ B-ში წაშლილია: მაღლიდამ ნახა საკრეფი. 233 B-ში ჯერ ყოფილა: ჰაერზე, - შეცვლილია: ამ დროსა. 240 სტრ. შემდეგ B-ში წაშლილია:: მიალაჯ-მოალაჯუნა, ერთს წამს გაავლო მუსრია. 241 და გადარეკა] გადაასახლა B. 243 საით] სადღა B.

A ტექსტში B-ს მიხედვით შეტანილია შემდეგი შესწორებანი: 114 სვამს] ჰსვამს. 174 ნაკვერებია] ნაწკეპებია... 181 სად] რად. 207 დიდრონ] დიდრონს. 230 გაშლილ სუფრაზე] გაშლილს სუფრაზედ. 231 კეთილ] კეთილს. 245 მიძნელებს] მიბნელებს.

ჩამოთვლილთაგან ზოგი ცვლილება, როგორც ჩანს, რედაქციის მიერ არის შეტანილი, ზოგი კი უბრალო კორექტურული შეცდომის შედეგია. ერთი კორექტურული შეცდომა გასწორდა აგრეთვე იმ ნაწილშიც, რომლის ავტოგრაფი არ მოგვეპოვება: 43 სად („კვალშია“: რად).

11.10 ხმა სამარიდამ

▲ზევით დაბრუნება


ხმალი გალესე, ძმობილო,
მტერი გადმოდგა მთაზედა:
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დაგვეცემიან თავზედა.
გალესე, ისე გალესე,
პირს იკიდებდეს თმაზედა.
მადლია, კიდევ ეღირსოს
გორდას მტრის სისხლი ფხაზედა!
აგერ მოდიან წყეულნი
მწყობრად, უშიშრად გზაზედა.
საცაა, თოფი იჭექებს,
კვამლი შაჯდება კვამლზედა...
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დას ატირებენ ძმაზედა!...
გალესე, კარგად გალესე,
არ ილეოდეს ძვალზედა.
უფლის კურთხევა ანთია
სამშობლოს მცველის ფარზედა...
თამარ-დედოფლის ნაკოცნი
ბეჭდად უსვია ხმალზედა.
მხნედ იყავ, ძმაო, ნუ ჰკრთები,
ნეტავ ყოყმანობ რაზედა?
ერთხელ სჯობია სიკვდილი
შავს ყოფნას ქვეყანაზედა!

გული მეც მერჯის და რა ვქნა!
ვარ ცარიელი ძვალები,
მიწისგან შებოჭილი მაქვს
ღონე-მიხდილი მკლავები,
სული ღმერთთანა, - იქ, სადაც
ბრწყინვენ ციური ძალები.
ხსოვნა-კი ჩემის ქვეყნისა
აქვე, ჩემთანა ჰმარხია.
მუდამ თვალებ-წინ მიელავს
ჩემის სამშობლოს სახეა.
არ დაივიწყებს ივერთა
თქვენი პატარა კახია.

[1893 წ.]

ხმა სამარიდამ

ნაბეჭდი: „ივერია“, 1893 წ. 9/XII, № 266.

11.11 ალექსანდრე ყაზბებს

▲ზევით დაბრუნება


შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე, ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
ამოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,
დაღლილი მტრისა ჯავრითა!..
ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,
ცრემლი მიგყვება საგძლადა
და ტრფობა შენის ქვეყნისა
უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.
თავს დგმული ეკლის გვირგვინი
ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,
მამულისათვის გამწყდართა
იმ საქართველოს შვილებსა.
ცოცხლად იმედით მცხოვრებო,
გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში!
პირობა ქართველებისა,
ვგონებ, მიგყვება უბეში!..
უჩვენე შენი კალამი,
ნაწები სისხლის გუბეში!

[1893 წ.]

ალექსანდრე ყაზბეგს

ნაბეჭდი: „ივერია“, 1893 წ. 11/X11, № 268.

11.12 ა. მ. ყაზბეგის გასტუმრების გამო

▲ზევით დაბრუნება


მთასაც ეუწყა ამბავი:
დაკარგვა პირმშო შვილისა.
გამოიღვიძე, ბუნებავ,
დრო აღარ არის ძილისა!
მოგეგებება არაგვი,
ყვავილთ დაგიფენს გზაზედა, -
ხომ იცი, უყვარს დედასა
შვილი დამდგარი ცდაზედა.
გულს გაგიგრილებს ნიავი,
როცა შასდგები მთაზედა.
გაუხარდებათ ქედებსა,
მკვდარს მაინც გნახვენ თვალითა,
უაბჯროდ არ გაგგზავნიან,
წელს შეგიმკობენ ხმალითა.
გიცნობენ თავის ერთგულსა
ცრემლით მორწყულის კვალითა.
ექნებათ დასაბარები, -
შენც დაისწავლი, მგონია, -
ამბავი იმათ ყოფნისა,
ამბავი დასაღონია.
ახლოს გყავს ბერი მყინვარი,
ქედ-მოუხრელი გმირია;
ის განუგეშებს, მხოლოდ ის, -
რჯული არ გაუწირია.

[1893 წ.]

ა. მ. ყაზბეგის გასტუმრების გამო

ნაბეჭდი: „ივერია“, 1893 წ. 21/ XII, № 276.

„ლექსი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მწერლის ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის ნეშტის წასვენებას მის მშობლიურ სოფელ სტეფანწმინდაში, სადაც იგი დარძალულ იქნა.

უნდა აღინიშნოს, რომ „ივერიაში“ ამ ლექსის სათაურში მწერლის გვარი ოდნავ შეცვლილია: ყაზიბეგი („ა. მ. ყაზიბეგის გასტუმრების გამო"). „ივერიაშივე“ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ ვაჟას მეორე ლექსს კი სათაურად აქვს: „ალექსანდრე ყაზბეგს“. მერყეობა ამ ორი ფორმისა - ყაზბეგი და ყაზიბეგი - საერთოდ შეინიშნება იმდროინდელ პრესაში. კერძოდ, „ივერია“ ჯერ იცავდა ყაზბეგს, შემდეგ კი შეცვალა იგი ყაზიბეგად. იქიდანვე უნდა მომდინარეობდეს შეცვლილი ფორმა ვაჟას ლექსის სათაურშიაც. საეჭვოა, რომ ეს ცვლილება თვითონ ვაჟას მოეხდინოს. ამიტომ ჩვენ აღვადგინეთ ფორმა - ყაზბეგი.

11.13 ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


ქრთამი ვაძლიე მუზასა:
ერთხელ მაინცა მნახევი.
არ იქნა, ვერ მოვისყიდე,
თვალით ვერ დავინახევი.
სხვად ყოველი მხრით კარგი ვარ,
მხოლოდ არა ვარ მგოსანი,
მარტოკა ეს-ღა მაკლია,
ბიჭი ვარ პატიოსანი.

არაფრის დარდი არა გვაქვს,
ოღონდ ვსვათ, ვსჭამოთ, ვიძინოთ,
და როცა შეურაცხგვყოფენ,
ხელ-უბრუნებლად ვითმინოთ.
გავშალოთ სუფრა მდელოზე,
ვიძახოთ ჰარი-ჰარალი!..
გზა-დაბნეულთა რად გვინდა,
რომ გზა ვიცოდეთ სავალი.
ის არ გვაფიქრებს, გვადარდებს -
მტერი კარს გვადგა მრავალი;
არც რო გვწადიან შევიტყოთ
ჩვენის წყლულების წამალი!

მთა მაღლა აყუდებულა,
წარბ-შეუხრელად დამდგარა.
ბარსაც არ გაუღვიძნია,
სძინავს, ჯერ როდი ამდგარა.
ორივეს თავზე დასცქერის
ლურჯი ცა, ვარსკვლავიანი,
ხან უწვიმს, ხანაც უთოვის,
ხან დღე მოუვა მზიანი...
ერთხელაც ვერა ირგეს-რა,
მუდამ-დღე მოსდით ზიანი.
კაცია ყველას წამალი,
მიწა რას გვარგებს მთიანი,
ან ხელუქნელი მინდორი, -
შემკული, ყვავილიანი!..

დაჩერჩეტობენ მრავალნი,
ატყაპუნებენ ყურებსა,
ტყავი გააძვრეს ქვეყანას,
ჯიბეს იყრიან ფულებსა...
კაცებად იმათვე სთვლიან,
ამ ხალხის მცარცველ თულებსა!..
ქვეყნის ჭკვა-გრძნობას რა ვუთხრა,
ქვეყნის სამართალს მქისესა, -
იუდას საკმელს უკმევენ,
ჯვარზე აცვამენ ქრისტესა!..
ბრბო მაინც არ გათეთრდება,
რაც უნდა ჰხეხო ქვიშითა,
იმის სიყვარულს მოიხვეჭ
მხოლოდ ძალით და შიშითა.

სიბნელევ, გაქებ, გადიდებ,
საქებარიც ხარ სწორედა,
რადგან შენ დასდგი ცოდვები
ციხე-გალავნად, ყორედა.
რასა ჰყვირიან, ხალხსაო
სიბნელე მოაშორეთა?!
მცირეთა რით-ღა იხარონ,
თუკი არ არის ბნელობა?
ხომ წახდა სამუდამოდა
ჯადოქარების ხელობა!..
დაბნელდი, კარგად დაბნელდი
და დააბრმავე გონება...
როცა ძლიერი სუსტს არჩობს,
რომ მან არ იგრძნოს ღონება..

შენ-კი, სინათლევ, ვერ გაქებ,
რადგან ვერ იჩენ ღონესა,
საცა შენ უნდა გენათა,
ის მხარე დაიმონესა.
გამარჯვებულსა აქებენ,
დამარცხებულსა სძრახავენ,
ტუსაღებს ბორკილს უყრიან,
გადაცვალებულთ ჰმარხავენ...
მიზანს და საქმის თვისებას
საზომად არა ჰსახავენ.
როგორ შეგაქო, როდესაც
შენს შუქს ფეხითა ჰლახავენ!
რა ხანი არის, ჰღონღალობ,
ედები ღობე-ყორესა, -
მაინც აჯობა სიმრუდემ
მაგ შენს სამართალს სწორესა…
დაჯექ, იტირე, საწყალო,
თავში იეცი ლოდები...
მაინცა გწუნობს ქვეყანა,
შენ არვის შეეცოდები.

ანგაარებავ, შენც გაქებ,
რადგან ძალა გაქვს, მიტომა,
შენ ბატონი ხარ ამ ქვეყნად,
რაკი ეშმაკმა გიტომა.
ჰხვეჭ, ჰყლაპავ, რასაც მოხვდები -
რასაც მოავლე ლაშები.
ბევრს გაუსქელე კისერი,
ბევრს გაუდიდე ფაშები.
ერთი აცეკვე, ამღერე,
სხვა-კი ატირე ცრემლადა.
ერთი ხომ კვერად აქციე,
სხვა გარდაქმენი გრდემლადა.
შენც ქვეყნად იხსენიები,
ჰსაზრდოობ ქვეყნის ქონითა.
დადიხარ დოინჯ-შემოყრით
და გვემუქრები ღონითა;
გახვალ-გამოხვალ მდინარეს
აჩემებული ფონითა.

[1893 .]

ქებათა-ქება (ქრთამი ვაძლიე მუზასა)

ნაბეჭდი: „კვალი“, 1893 წ. 21/XII, № 52.

11.14 ზამთარი მთაში

▲ზევით დაბრუნება


(სურათი)

ჩამოგვითოვა ქედები,
თეთრი დახურა მანდილი,
თოვლი ბარადაც გვეწვია,
დიდი არა აქვს მანძილი.
სამგლოვიაროდ იმოსვის
ჩვენის სოფლების მიდამო;
უსიამოვნო ამბავი
მიწას ეუწყა ციდამო.
დაღონებულა ტყე-ველი,
დაღონებულან ჩიტები,
ვეღარ ლაღობენ, დაწყნარდენ
ის მგალობლები, ცქვიტები.
ირემმაც ფერი იცვალა,
მთას უცქერს გაშტერებული,
უკვირს, რა ექნა ბალახი:
სამყურა გახელებული.
შველმა მოძებნა მაყვალი,
ზაფხულში დაწუნებული,
ჰკორტნის, არ სწუნობს ეხლა-კი
თვალ-მარდი, გახუნებული.
დატკბა და ძვირად დაფასდა
ბუხარი გახურებული,
გაწმინდა მონადირემაც
სიათა დაჟანგებული.
აქამდის მოცლით არ იყო
საქმისგან დაბანდებული.
წრიაპებს1 ეძებს ბერიძე,
ხუჩებს2 წნავს გაჩქარებული.
წავა და დასდევს ორბებსა
მთა-მთის პირთ გამალებული,
თუ მოჰკლავს, გამობრუნდება,
შინ მოდის გახარებული.

წინ ცოლი მიეგებება,
ქმარს ნაბადს უგებს კერაზე,
დააძრობს ფეხთით საცმელებს,
იქვე გადაჰფენს ძელაზე;
არ ზარობს, ცოლი მზად არის
გაყინულის ქმრის შველაზე.
გაჩაღებული ცეცხლია...
მხრებზე მოახვევს დურასა.
ერთს ყანწს არაყსაც მოუტანს,
ბერიძე გადიწურავსა...
დალაღებული ბალღები
გაიძახიან „ურასა“.
აშიშინდება მწვადები
წვენის წვეთ-წვეთად დენითა.
ბალღებს ჩიჩია ალაღებს,
ტუჩებს ილოკენ ენითა.
კატაც მიმჯდარა კერას პირს
თავის ულვაშით, წვერითა...
ისიც მოელის ერთს ჩიჩქსა,
რომ გაისველოს პირია.
სახლის ბოძებიც ხარობენ,
დღეს იმათთვისაც ლხინია:
მათზეა ასოდ აქნილი
ხარი-ირემი ღვინია.
ყველაცა ხარობს სახლშია,
რაღაა გასაჭირია.
ხორცი ბევრი და ნაფქვავი,
შეშაც დერეფანს მრავალი,
კიდევაც დარჩა ტყეებში
ხარ-ირმებისა ნავალი.
დაუკარ, ბიჭო, ჩონგური,
უთხარ თავგადასავალი, -
დაჰმღერე ძველი ამბავი
მამა-პაპისა მრავალი.
თოვლო, ითოვლე, ითოვლე,
მთა-ბარს ჩააცვი სუდარა;
ყინვა, ქარი და ნამქერი
ზამთრის წესია მუდამა.

[1893 .]

______________________

1. რკინისაა, ფეხის ძირებზე ამოსაკვრელი, რომ კაცმა ფეხი დაიმაგროს ყინულებზე და გვერდოებზე.

2. ბანდული ანუ ჯღანები - ჩუსტების მსგავსია, ძირს საბანდით გამოქსოვილია.

ზამთარი მთაში

ნაბეჭდი: ჟურნ. „ჯეჯილი“, 1894 წ. № 1 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1893 წ. 11/XII).

40 დურასა**] ბურასა (დურა ტანზე მოსაცმელი ტყავია).

11.15 ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


მელო, შენ გაქებ იმიტომ,
ხრიკები იცი მელური;
იცი, სად სძოვენ ბატები,
სად ზის მამალი, ყვერული.
დაიპარები ჩუმ-ჩუმად,
სადავლოდ არჩევ ღამესა;
არ იქნა, სარჩოს ტაცება
ჯერ შენ ვერ ჩაგაშხამესა.
ძვირად გაებმი ხაფანგში,
სუნით ტყობულობ რკინასა…
შეჰხარი, შეტრფი, მელიავ,
ბატ-ინდაურთა ბინასა.
უცდი, სოფელი მანამდე
არ ამოუშვებს ხვრინასა,
სხვის ძილი, მელო, გაფხიზლებს,
ჩაგადენინებს იმასა,
რასაცა ჰქვიან ქურდობა -
სხვისა ამაგის ტაცება.
ერთხელ-კი, მგონი, შენაცა
ცოდვები ამოგშხამდება.

მგელო, შენც გაქებ, რადგანაც
დიდი არ იცი მზადება, -
როცა-კი სადავლოდ მიხვალ,
მოტაცების დრო დადგება.
დღე-ღამეს არ აბედენებ,
თუკი თვალს მოჰკრავ ცხვარსაო,
დაეტაკები მგლურადა,
დღეს დააყენებ ცხარსაო...
დაგცალდეს... სრულად გამუსრავ
ათასს სულს ცხვრისა ფარასა,
და სულ-კი იმას იძახი, -
მე არ ვაშავებ არასა.

ცხვარო, შენც გაქებ იმიტომ,
ცხვარი ხარ გაუცხარები,
შენ არავის რას უშავებ,
სხვისაგან გაიმწარები.
შენ უნდა მხოლოდ ჰბღაოდე
და, თუ გაქვს, სძოვო ბალახი.
უნდა იმ გზაზე იარო,
რასაც გიჩვენებს ალლახი.
მუდამ ლუკმა ხარ ნადირთა,
უწყინარ-უჩივარია.
ეგ შენი გულისპასუხი
ბნელი და უჩინარია.

ტურავ, მიყვარხარ იმადა,
ჩხავილი იცი ტურული, -
გიყვარს იქ ყოფნა, სადაცა
ტყე არის ჩამობურული.
ჯერ ხომ იჩხავლებ, იყვირებ,
და როს გასძღები მღერითა, -
წამოხვალ ვენახებისკენ
მოღერებული ყელითა,
ამშვენებ ღამის სიმშვიდეს
თავის ტურულის ფერითა.
თუკი რამ შეგხვდა მინდვრადა,
ან იქვე სოფლის პირადა,
მაშინვე დაისაკუთრებ,
ხელით წაგივა ძვირადა.
გიყვარს საწიწკნი ჩიჩია,
საკნატურები ძვალები.
სხვის სარჩოს მოსატაცებლად
ხარბად გიჭირავს თვალები.
დაჰღუპავ ოჯახის პატრონს,
წახვალ და დაემალები.

დათო, დათურად გაზდილო,
მთა-ბარს დაჰდიხარ დინჯადა,
არ სტოვებ ჩაუყლაპავსა,
რაც ჩაგივარდა პირადა.
ძროხა, თხა, ღორი ქოსმანი -
ბევრი ჩაჰყლაპე, ბიძია,
გაგვიტიალე სიმინდი,
ხახვი, კომბოსტო, ქინძია.
თუმც ბევრსა გვპარავ, წყეულო,
გუდაში არა გიძია.
ზაფხულობით ხარ მაძღარი,
ზამთრობით გარჩობს შიმშილი,
ილოკავ თავის ტოტებსა,
შენ როდი იცი სირცხვილი.
ჰგდიხარ ერთ ადგილს დამპალი,
ვით ყუნჭი, ვითა მძორია,
გაქვს ბინად ამორჩეული
ერთი კლდიანი გორია.
მოიბღვირები მანდედან,
თავი ყეინი გგონია.
შემოგადნება ტანზედა,
რაც მოიკარი ქონია.
შენ თუნდა ნუ დაიჯერებ,
მე-კი ნამდვილად მგონია, -
არც შენ შეგრჩება ეგ ქცევა,
ბეჩავის დასაღონია.

სვავო, შე გაუმაძღარო,
რას დაჰლახლახებ ცაზედა?
ხელუყრელი ხარ, უჯიშო,
თვალი გიჭირავს მზაზედა.
თვალ-ყურს ადევნებ საქონელს,
გადაფენილსა მთაზედა.
შენ სხვას არასა ჰნატრულობ,
მარტო იმას სთხოვ ღმერთსაო,
რომ ცხენი, ცხვარი ან ძროხა
გადაიჩეხოს კლდესაო…
შენი აღდგომა ისაა,
ზედ დააფრინდე ლეშსაო.
შენ ბაიბურად არ მოგდის
მწყემსის ოხვრა და კვნესაო.
გასძღები, ისე გასძღები,
აღარ შეგეძლოს ფრენაო, -
თუ კაცი კეტით მოგადგა,
ძაღლივით იცი ღრენაო.
მოჰკვდები თავის მუცლისგან,
შე მუცელ-ღორო, შენაო;
გაძღომის მეტი, მურტალო,
ვერა ისწავლე, ვერაო.
წაბილწულია შენგანა
ფრინველთ ოჯახის კერაო.
არწივის გვერდით ხანდახან
შენც მოგწადდება ფრენაო,
რა უმსგავსი ხარ მაშინა, -
მაგრამ შენ როდი გჯერაო...
ერთი შენა ხარ ლამაზი,
მეორე კიდევ - ძერაო.

გველო, გველურად დასცურავ,
უფრო ჰნადირობ ღამითა, -
შენს გულის წადილს ასრულებ,
როცა ვის სწამლავ შხამითა.
შენი ბუნება ესაა,
რომ სწამლო დედამიწაო.
მაგ შენის ყოფაქცევითა
ქვეყანა წაიბილწაო.
იქ თავით ბედნიერება
შენ არ მოსწამლე კაცისა,
და დღესაც არ დაგვიწყნია
ძველი ხელობა თავისა?!.

გმირების სახე მიჩვენეთ
და მათ საქმენი ნათელი,
იკურთხოს თქვენი სიცოცხლე,
იკურთხოს თქვენი გამდელი!
გობრონო, ხმალი მიბოძე,
უნდა ვემთხვიო ფხაზედა,
ჯვარია ხმალიც, ნარტყამი...
კარგის ვაჟკაცის ტანზედა.
ვაჰ, შენ დროებავ, რა გითხრა,
რისათვის გვტანჯავ, რაზედა,
რისთვის დაგვბადა უფალმა
ცოტანი ქვეყანაზედა?!
მაგრამ სიმცირეც არ გვიშლის,
სხვა მიზეზი გვაქვს წყეული:
ჩვენი გზა-კვალის ამრევი
რისთვის გვყავს გამოსეული?
ჯერ ისევ ბევრის წყლულითა
დაფარული გვაქვს სხეული,
ფეხზე თუმც დადის სუსტადა
ჩვენი დიდი ხნის სნეული.
ვერ ვხედავთ, ავდარს აპირობს,
ცაზე ირევა ღრუბლები,
ჩვენ ბაიბურად არ მოგვდის,
არხეინად გვაქვს გულები,
არც საფარს ვეძებთ, არა ვგრძნობთ -
ავდარს მოჰყვება ღვარები,
ნუთუ ვერ ჰხედავთ, არა გვაქვს
არსად თავშესაფარები.
ხმლები შამფურად ვაქციეთ,
ცეცხლზე დავურთეთ ფარები,
მინდვრად გუთანი დაგვიდგა,
ვეღარ შევაბით ხარები,
ჩვენვე დავლეწეთ თვითონა
ჩვენისა ციხის კარები.
საზარო არის, თუმც ზარსა
აღარ ამბობენ ქალები,
ცრემლს თაკილობენ, ვერ ჰყურობთ,
მათი ჟუჟუნა თვალები!
მიკვირს, ერთმანეთს რად უფრთხის,
საცა რამ არის ძალები;
საცაა, ქარიც ადგება,
გზა გვინდა დასაკვალები.
არსად არ დაგვრჩეს, ცოდვაა
სოფელი შესაწყალები.

[1893 .]

ქებათა-ქება (მელო, შენ გაქებ)

ნაბეჭდი: „კვალი“, 1894 წ. 1/I, № 1.

12 1894

▲ზევით დაბრუნება


12.1 საახალწლოდ

▲ზევით დაბრუნება


მიდის მდინარებრ დრო-ჟამი,
ესაა მისი წესია.
ვის მისდევს, ანუ რისათვის
მახვილი გაულესია?!
დღევანდელს ნათესს ხვალ მოჰმკის,
თუკი რამ დაუთესია.
მაგრამ რად ვცრუობ: თვითონა
იგი როდია მთესველი,
კაცი და მისი ნებაა
დრო და ცხოვრების მხედველი, -
კვიცმა რა იცის ყალხისა,
თუკი არა ჰყავს მხედნელი?!
თავზე გვატყდება დღე-ღამე,
ერთიმეორის მძებნელი.
ზაფხულს ზამთარი შეგვიცვლის,
სთველს - გაზაფხულის ყვავილი,
ჰა მისი დიდი ამაგი,
ფიქრი და გულის ქავილი!
სულ სხვაა დედის გოდება
და მის ბალღების ჩხავილი!

ერთხელ ჩვენც გვქონდა კაი დრო,
ჩვენცა გვყოლია კაცები.
არ იყო მაშინ ადვილი
საკუთნო გასატაცები.
მახვილსა ჰლესდენ სამტროდა,
დარაჯად ედგნენ სოფელსა;
მტერს მტრულად მოექცეოდენ,
კეთილად - კარგის მყოფელსა.
გული ჰქონიათ გულადა,
მარჯვენა მხნე და ძლიერი.
ვერ ფარფაშობდა სოფელში
კაცი ფლიდი და ცბიერი.
არცა გვყოლია ამდენი
უბინადრო და მშიერი:
თბილისს არწივი ბუდობდა
და შავარდენი - მცხეთასა.
ჰყარაულობდენ ვაჟკაცნი
ერთგულად თავის დედასა,
ლეჩაქის მოსახდელადა
არვის აძლევდენ ნებასა.
გვათრია შავმა დროებამ,
ბევრი გვიჩვენა ვაება.
ვინ ასწონს, ანუ ვინ ასწყავს,
რაც ჩვენა ვნახეთ წვალება!..
ეკლით დაფენილს გზაზედა
საით ვიარეთ სადამდე?
ამას იქითაც ვიქნებით,
რაკი არ გავსწყდით აქამდე.
უსისხლოდ ქარქაშს არ ჩავა
ხმალი ნაცემი ვადამდე!

ცრემლო, რას იწევ თვალებში,
ეკლით რად მივსებ უბესა?
მე მაინც დავეწაფები
იმ სათნოების გუბესა...
რად ვსტირი, რა მაქვს საგლოვო,
თუ ანდერძი გვაქვს მამისა,
ვერ შემაშინებს დევის ხმა
და ბრმა წყვდიადი ღამისა.
წამომეზარდენ ბალღები,
დამივაჟკაცდენ შვილები,
ვეჭვობ, რომ ამისრულდება
გულისა დანაპირები,
ჩემზე არ აპარპაშებენ
დუშმანს პატარა გმირები.
ვინაც ქეეყანას უყვარხართ,
ვისაც გიცნობენ კაცადა,
ნუ იზამთ, კვლავაც არ გვყვანდეთ
იმედის დასასახადა.
რად უნდა იმას სიცოცხლე,
ვინც ქვეყნის იმედს უმტყუნა -
ვისაც ელოდნენ ბრძოლასა,
იმან-კი ზურგი უბრუნა
მტერსა და ბრძოლის ველითა
გაიქცა სირცხვილეული,
და ბრძოლის შემდეგ იხილა
მოძშე მტრისაგან ძლეული.
როგორ იაროს მან სოფლად,
ვით სთელოს მიწა მშობელი,
ვინც სამუდამოდ გახადა
თვის გვარი დასაგმობელი?!
ავსა და კარგსა კაცისას
როდი ივიწყებს სოფელი!
გულს ნუ მოგვიკლავთ, ვინცა ხართ
ჩვენი კეთილის-მყოფელი.

დაბერდა, იმას ჰფიქრობენ,
ლომს ეხვევიან ტურები.
რამ გაუმხნევა, არ ვიცი,
ამ უბედურებს გულები?!
რად არ ჰფიქრობენ ბედკრულნი,
რომ იგი ისევ ლომია.
ისეა განა, ტურებთან
რომ ვეღარ შესძლოს ომია?
თუ შნო აქვსთ, ლომის დაჩაგვრა
ან-კი რა მოსანდომია?!
იქნება სწყინდეთ, აქამდის
რად იყვნენ დაჩაგრულები,
და მიტომ ლომის თავზედა
დღეს აღუპრიათ ცულები?
ლომი რის დამნაშავეა,
ეს ხომ ბუნების წესია:
აბედი აბედი არის,
კვესი, ხომ ვიცით, კვესია.
ტურებო, ჩხავანეებო,
ეს უნდა იღოთ ყურადა,
გირჩევთ, თქვენს ქერქში ეხვიოთ,
ლომს ნუ ეპყრობით მტრულადა;
ლომი დარჩება ლომადა
და თქვენ-კი ისევ ტურადა.

ბევრნი ხართ, განა არ ვიცი,
რად იმალებით ბნელაში?
დროს ელით, მაგრამ ამაოდ,
დინჯად დამსხდარნი კერაში.
რატომ არ მეტყვით, რა გინდათ,
რას ნდომობს თქვენი კაცობა?
ნუთუ არ კმარა, ვაჟკაცნო,
ფიქრი და მუდამ დათმობა!
მწყურან მომესმას თქვენი ხმა:
„გულშივ გვინთია ცეცხლიო,
ვერ მოგვატყუებს მტრის ენა,
მისი ოქრო და ვერცხლიო.
ისევ ისა გვრწამს, რაც გვრწამდა,
ვსდგევართ ბურჯად და ციხედა,
არ გადავუთქვამთ ერთმანერთს,
რაც ერთხელ დავიფიცეთა.
გვრწამს ძუძუ თავის დედისა,
რჯულზედა ვსდგევართ მტკიცედა!“
მეც მჯერა, არ დაგვიწყნიათ,
მიტომ ვსცემ ბუკს და ნაღარას.
კიდევ გვაკლია ერთი რამ,
იმაზე ვიტყვი აღარას.

იცოცხლეთ, მანამ სიცოცხლეს
არ დაგენუკოსთ სიკვდილი...
რას ჰგავს სიცოცხლე უშნოვო,
მხოლოდ მიწაზე სირბილი,
სმა-ჭამა, ცეკვა, სიმღერა,
როცა კარს გვადგა სირცხვილი!..

[1894 .]

საახალწლოდ

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 98 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1894 წ. 6/I, № 4 (A).

ავტოგრაფი შავია და შეიცავს შემდეგნაირ სწორებებსა და ვარიანტულ სხვაობებს: 7 თვითონა] თითონა. 31 ყოფილა: ბოგინობდა, - გასწორებულია: ფარფაშობდა. 38 ერთგულად] გულ-მტკიცედ. 42 გვიჩვენა] გვაჩვენა. 56 გვაქვს] მაქვს. 58 ვერ შემაშინებს] რას შემაშინებს. 59 წამომეზარდენ] წამამეზარდენ. 66 გიცნობენ] გიცნობენთ. შემდეგ წაშლილია ერთი სტრიქონი: ნუ გაგვიმტყუვნებთ იმედსა. 74 ყოფილა: გაიქცა თავ-ლაფიანი, - შემდეგ მეორე სიტყვა შეცვლილია ასე: სირცხვილეული. 75 ყოფილა: იხილა ისევ შემდეგა, - გასწორებულია: და ბრძოლის შემდეგ იხილა. 76 სტრ. შემდეგ სტრიქონი რამდენჯერმე დაუწყია და ისევ წაუშლია: „ვაჰ იმის ყოფნას ცოცხალმა“, „რადღაა იგი ცოცხალი“, „ცოცხალმა როგორღა თელოს“. 78 სთელოს] თელოს. 83 ყოფილა: ვინც გცანით, - გასწორებულია: ვინცა ხართ. 88 ჯერ ყოფილა: ასე უბედურთ, - გასწორებულია: იმ უბედურებს. 89 ჰფიქრობენ] ფიქრობენ. 95 იქნება სწყინდეთ] იქნება ის სწყინთ. 105-106 სტრიქონები შემდეგაა ჩამატებული შემდეგი სახით: გირჩევთ თქვენს ტყავში ეხვიოთ, ლომს ნუ აწყდებით მტრულადა. 108 სტრ. შემდეგ წაშლილია: აწეწ-დაწეწა საქმისა. შემდეგ ჯერ ყოფილა: ამხანაგების ერთ-ურთთან, - გადასწორებულია: ამხანაგებს შორის კამათი ასწეწს და დასწეწს საქმესა. 111 ყოფილა: დროს უცდით, ახალ წელიწადს, - შემდეგ სტრიქონის მეორე ნახევარი შეცვლილია: მაგრამ ამაოდ. 112 დამსხდარნი] დაჰმსხდარხართ. 117 მწყურან] მწყურის. 121 გვრწამდა] გვწამდა. 128 ყოფილა: იმიტომა ვარ თამამად,- შემდეგ გადაკეთებულია: იმიტომ ვმღერი თამამად, - ბოლოს არის: მიტომ ვსცემ ბუკს და ნაღარას. 129 კიდევ გვაკლია ერთი რამ] კიდევ სხვა გვიჭირს რაღაცა. 130 ვიტყვი] გეტყვით. 130 სტრ. შემდეგ წაშლილია: მე კი ვაფხავებ, იცოდეთ, პაპის ნაჩუქარს ცალღარას. 132 ყოფილა: არ გენუკვებათ, - შეცვლილია: არ დაგენუკოსთ. 133 ყოფილა: სიცოცხლე რაა უშნოვო, - გასწორებულია: რას ჰგავს სიცოცხლე უშნოვო. 136 როცა კარს გვადგა] თუ კარს მოგვადგა. პირველნაბეჭდ ტექსტში (A) ავტოგრაფის {B) მიხედვით შეტანილია რამდენიმე შესწორება: 35 თბილისს] ტფილისს A. 93 აქვსთ] აქვთ A. 123 ერთმანერთს] ერთმანეთს A.

12.2 სიზმარი ამირანისა

▲ზევით დაბრუნება


I

მდინარეს ვეწაფებოდი,
უნდა მომეკლა წყურვილი,
რომ გავმძღარვიყავ წყალითა,
ეს იყო ჩემი სურვილი.
ვსვამდი გულ-ხარბად ხარივით,
გაძღომა ვეღარ გავიგე;
უბრალო წყურვილის მოკვლით
თითონვე მახე დავიგე.
მაღლა მთას თურმე იწვიმა,
დაღვარა მთელი ქვეყანა,
მდინარემ თურმე იმატა,
მრისხანედ გამოექანა.
მშრალზედა მყოფი აბასტად
შემბოჭა ტალღამ მძიმემა
და დამაქანა თავ-თავქვე
შეუპოვარად მდინემა.
მათრია დიდხანს, თუმც ვგრძნობდი,
სად და როგორა ვცურავდი,
სად მიმახლიდა კლდეზედა,
სად შლამს კბილებში ვწურავდი:
სად ალ-ქაჯთ გროვა მომდევდა,
ჩემს სიკვდილს როგორც ელოდდა,
ევედრებოდენ განგებას,
რომ მე არსიდან მშველოდა.

არ აუსრულდათ წადილი,
არც რომ დამარჩო მდინარემ,
გამრიყა უდაბურს ადგილს,
მისტუმრა მხარემ მძინარემ,
შემზარა უარესადა
ალ-ქაჯთ ძახილმა მძვინვარემ.
მოგროვდენ დევნი პირ-შავნი,
მყრალნი ტან-ბალნიანები.
თავაზიანად მომეპყრენ,
მოვიდენ სალმიანები.
მომართვეს სუფრა საჭმლითა,
ჩამოსხდენ ქალმიანები,
მომაპყრეს გაშმაგებული
თვალები შხამიანები.
ვიცოდი მათი ამბავი,
არ მაცოცხლებდენ ხვალამდე,
მომკლავდენ, მწვადად შემწვავდენ, -
ამას არც თითონ ჰმალავდენ.
კბილებს მიღრჭენდენ ნიშ-გებით,
ჩუმად კუჭებსა ჰკალავდენ.

უხარისთ, რაკი ხელთ მიგდეს
მათი მოსისხლე მტერია.
უიარაღო, უაბჯრო
რა ძნელი დასაჭერია!
წელზე ხელს ვისვამ, დავეძებ,
ვერ ვპოვებ ხმლისა ვადასა,
ვხდები დევ-ქაჯის საჭმელად,
შემჭამენ, როგორც ქადასა.
ან-კი საიდან ვეყოფი
იმათ უსაზღვრო მადასა!

ვევედრი: ღმერთო, მიშველე,
მომეც ხელთ ჩემი ხმალია,
მურდლად ნუ მომკლავ, ერთს მაინც
რომ არ მოვსთხარო თვალია -
მთელი ბედკრული ქვეყანა
დევთა სიკერპემ დალია!
მიშველე, დამბადებელო,
ჩამაცვი ჩემი რვალია.
ნუმც მომკლავს ასე მურდლადა
მურდლის დევების ხელია,
მიშველე, მართალთ მეშველო,
შენს მოწყალებას ველია.

როდი მიიღო უფალმა
ჩემი ვედრება, მუდარა,
ვითომ-კი მეშველებოდა,
ვითომ მწყალობდა მუდამ...
ახლა-კი ზურგი მაქცია,
მიჭირს, არა მშველს რადამე!
ცას სამდურავი ვუთხარი,
მივუშვი გულის სადავე:
„სიმართლის მცველსა არ მშველი,
სხვას ვის უშველი?!“ - ვყვიროდი.
ცრემლს სად შეეძლო ის ეთქვა,
როგორც მე გულში ვსტიროდი.
„არა ხარ საწამებელი“, -
გამწარებული ვსჩიოდი.
„შენ მომკალ, დევნი ნუ მომკვლენ“,-
თურმე ხმამაღლა ვკიოდი.

II

გამომეცხადა მოხუცი,
დარბაისელი თეთრ-წვერა,
მითხრა: „რად სჩივი, ბედკრულო,
მადლი ჰქმენ, განა არ მჯერა?
ეგ სამდურავი რაღაა,
სამტეროდ გულისა ძგერა?!
კეთილზე იდექ, დევებსა
ჰჟლეტდი, მკლავს არა ზოგავდი;
ტანჯულს ქვეყანას იხსნიდი,
ბოროტებაზე ჰშფოთავდი;
რისთვის გაჰზარდე კეთილი,
თუ ბოლოს ბოროტს ჰშობავდი?!
სამდურავიანს კეთილსა
თვით ბოროტება სჯობია
მით, რომე ზოგჯერ ბოროტი
ნაღდის კეთილის მშობია.
მაინც და მაინც, ჭკვა-თხელო,
ღმერთი რა დასაგმობია!..
ღვთის მგმობელს, აი, ეს ჯაჭვი
ხელ-ფეხზე ედვას, მანამდე -
კეთილის მქნელი იგვემოს,
მითც არ იმდუროს - სანამდე,
ცოტას ვერ მოიჭირვებდი,
თუ მოიჭირვე აქამდე ?!“

დევნი მოხუცის მოსვლაზე
გაფთხენ, წავიდენ ღრიალით,
ჰზარავდენ არემარესა
ბილწის თვალების ბრიალით.

გამომეღვიძა. ჯაჭვები
ხელ-ფეხზე მედო მაგარი;
იქავე, შორი-ახლოსა,
ეკიდა ჩემი აბჯარი.
მინდა ხმალს მივსწვდე, ვერ ვსწვდები, -
გამხდარან გადასაყარი.
ჩემს თვალ-წინ დაღონებული
რაღაც მოსჩანდა შავადა,
თვალ-ცრემლიანი, მკვნესარე,
საბრალო სანახავადა.
ჯაჭვს უჯდა, ჩუმად ჰლოკავდა
უთხოვრად, თავისთავადა.

- რა ხარ, რა სულიერი ხარ,
ჩემთან რად მოხველ წყეული?

- შენი ვარ, შენთან მოვკვდები,
შენთვის ვარ შემოჩვეული.
შენი ერთგული მარადის,
შენთან მოვკვდები მეცაო.
დაე მეც ვიყო ტანჯვაში,
მანამ შენ გწყევლის ზეცაო.
ეგება ჯაჭვი გავწყვიტო,
უნდა გავცვითო ენითა,
დაგიხსნა ტყვეობიდანა,
გნახო, რომ იყო ლხენითა.

ეს იყო ერთი საწყალი,
მშიერ-მწყურვალი გოშია.
ისა მყავს მარტო პატრონი
ამ სულის-მხუთავს დროშია.

[1894 .]

სიზმარი ამირანისა

ნაბეჭდი: „კვალი“, 1894 წ. 7/I, № 3.

„კვალში“ ლექსის მეხუთე-მერვე სტრიქონები არეულია და ასე არის დაბეჭდილი:

ვსვამდი გულხარბად, ხარივით,
უბრალო წყურვილის მოკვლით
გაძღომა ვეღარ გავიგე;
თვითონვე მახე დავიგე.

63 მურდლადა] მურტლადა. 64 მურდლის] მურტლის. 72 რადამე!**] რადა მე? (რადამე ნიშნავს „რატომღაც“).

12.3 მოგონება

▲ზევით დაბრუნება


დარბაზში იჯდა თავადი,
დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა,
და მის წინ ქონის სანთელი
მკრთალი ნათელით ბჟუტავდა.
მოხუცებული ჭაღარა
ფიქრებში იყო გართული,
ერთს საგანს დაჰშტერებოდა
მისი გონების მართული.
იმ ხანად ამბად დავარდა:
ააზატებენ ყმებსაო,
ქმარი მოუვა ცოლს სახლში,
ძმა უბრუნდება ძმებსაო,
- რა მოსაფიქრი საქმეა,
ჭკვად მოსატანი ესაო? -
სთქვა ქაიხოსრომ მწყრალადა
და ამოუშვა კვნესაო, -
ჩვენ აღარაფერს გვკითხავენ
ჩვენის საქმისას, ჰყურობთო?!
გვეუბნებიან, თქვენს ყმებსა
ავად ეპყრობით, ჰშურობთო.
თითქოს, თუ განთავისუფლდენ,
მაშინ გვექნება ძმობაო?
მე არ მოგიკვდეთ... უფროცა
ჩამოვარდება მტრობაო...

ახალწლის დილა გათენდა, -
ძღვნობა-დღედ არის ცნობილი,
სისხამ დილაზე წამოდგა
ბატონი კეთილშობილი...
იმას ძღვნის დარდი არა აქვს,
აივანზე დგას მდუმარე, -
და ისევ ჩიბუხსა ჰსუტავს,
სახით ქუში და მჭმუნვარე.

შენიშნა, დედაკაცები
ერეკებიან ვირებსა...
წყალზე მიდიან, თავშლებში
ჰმალვენ გაყინულს ცხვირებსა.
მათ შეუძახა: „დედებო,
ჩვენკენ წამოდით ჩქარაო,
უნდა რამ გამოგიცხადოთ,
ნუღა ყოყმანობთ, კმარაო!“

- ჩვენი ბატონი გვეძახის,
უნდა ვეახლოთ, ქალოვო,
იწყენს და გაგვიჯავრდება,
ბარემ მივბრუნდეთ, ძალოვო! -
სთქვა ერთმა, სხვანიც დასთანხმდენ,
ვირები მიდგენ ეზოში,
ერთი მათგანი კოჭლობდა,
ქარი თუ სჭირდა თეძოში.

მივიდენ, თავი დაუკრეს,
მოკრძალვით დადგენ განზედა:
„რა გნებავთ, ჩვენო ბატონო,
ან დაგვიძახე რაზედა?“
თავადმა ხმა როდი გასცა,
ბიჭებს უბრძანა მკვახედა:
„წადით და ეხლავ, ამ წუთას,
იმ დიდს ქვევრს ამიხადეთა;
მოხსენით ვირებს კოკები
და სულ აავსეთ ღვინითა,
თუ უნდათ, ქალებსაც ასვით,
რომ შინ წავიდენ ლხინითა".
ასრულდა მისი ბრძანება
იმავე წუთას, დილითა,
დიაცნი გაოცებულნი
ბატონს შეჰსცქერენ ღმინითა.

„რად გიკვირსთ, ჩემო დედებო!
კიდევ რა გითხრათ, იცითო?
დღეს ამას იქით მე და თქვენ
უნდა შავიკრნეთ ფიცითო:
მე აღარა ვარ ბატონი,
თქვენ კიდე - ჩემი ყმანიო,
განთავისუფლებთ ყველასა,
შევთვისდეთ, როგორც ძმანიო...
წადით, უთხარით მეზობლებს
და გაახარეთ ყველაო,
ღვინოს რომ ჰსვამდეთ, ესა სთქვით:
მომცემი ადღეგრძელაო!“

[1894 .]

მოგონება

ნაბეჭდი: „კვალი“,1894 წ, 16/I, № 4.

12.4 ხმა მესმის...

▲ზევით დაბრუნება


ხმა მესმის, აღარ მასვენებს,
მიცვალებულის კაცისა;
ის რახანია მსხვერპლია
სულდგმულთ სიცოცხლის მტაცისა.
დამაშვრალს დამეძინება,
როგორც მკვდარს, მშვიდის ძილითა,
და ამ დროს მისი ხმა მესმის
ჩვეულებრ კილო-ტკბილითა.
ვიცნობდი, მინამ სცოცხლობდა,
მის სახე მიჩნდა ხატადა,
მის რჩევა, მადლით მოსილი,
გულს მევლებოდა თაღადა,
და ეხლაც, მკვდრეთით ამდგარი,
მასვე მეძახის ცხადადა:
„რა უყავ, კაცო, რა უყავ
ის შენი დიდი ქონება:
სული წრფელი და მდიდარი,
ნათლით მოსილი გონება?
რა უყავ ქვეყნის ვარამი,
უხვად ნასვამი ჯამითა,
ამ ჯავრზე ჯავრით ნაკვებო,
ნასულდგმულარო ამითა?!
არ გამოგიჩნდა ვარსკვლავი
დღის მაჩვენებლად ღამითა?!
არ დაივიწყო ანდერძი,
გამხნევდი, როგორც ლომია;
ვისაც რომ ქვეყანა უყვარს,
სიცოცხლე მისთვის ომია!“
შემკრთალი ვახელ თვალებსა...
მოვსტყუვდი... გამეცინება…
დავწვები გულ-დაკოდილი
და ტკბილად დამეძინება.

[1894 .]

ხმა მესმის...

ნაბეჭდი: ჟურნ. „მოამბე“, 1894 წ. № 1.

12.5 სიტყვა ეული

▲ზევით დაბრუნება


სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? - ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ვარმით ნაკვები, სნეული,
გულ-გაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ-ჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზრდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა...
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა;
მთელს ქვეყანაზე სხივსა ჰფენს,
როგორც ცამ გამოიდარა.
დაბძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:
ისაა ქვეყნის ნუგეში,
იმას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილის-მყოფელი.
ვიცინი... იმას, ქვეყანას,
ან რა საქმე აქვს ჩემთანა?
მიხარის, ჩემმა გაზდილმა
რომ ბინა ჰპოვა ერთანა,-
ერთმა საწყალმა სიტყვამა,
ბოროტ კაცთაგან წყეულმა,
ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,
თავს მანდილ-ჩამოხეულმა...

[1894 .]

სიტყვა ეული

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 57 (A).

ნაბეჭდი: ჟ. „მოამბე“, 1894 წ. № 3 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1894 წ. 15/II) (B).

4 ვარმით] ჯავრით B.

12.6 ბუნების სურათი

▲ზევით დაბრუნება


დღემ იკლო, ღამე გადიდდა,
გრილა, გაყვითლდა ტყე-ველი,
ჩამოსდის ხეებს ფოთოლი,
ჰყვირის ბუ, ღამის მთეველი,
დაწყნარ-დადუმდა მდინარეც,
გულით სიბრაზის მთხეველი,
აღარსად ტრედი ღუღუნებს,
აღარც მერცხალი სრიალებს.
დამჭკნარ-დამდნარა ბალახი,
ყვავილიც არსად კრიალებს,
სულსა ლევს, კვდება ზაფხული,
მხოლოდ ყელში-ღა ხრიალებს,
და სუნი შემოდგომისა
მთასა და ბარში ტრიალებს...

მთას შუბლი მოუჭმუხვნია,
უფრო გულგრილად დამდგარა.
ნამძინარევს ჰგავს ამირანს,
თითქოს ამ წუთას ამდგარა,
დაწეწილი აქვს თმა-წვერი,
ჰშვენის ჩართული ჭაღარა.
რთვილსა დებს ღამეობითა,
დილ-დილ გორავენ ნისლები,
მთის ყურებს შეკედლებულნი
გაჭირვებულან ირმები.

რადა მჭლევდები, ზაფხულო,
უდარდელთ დარდი მოჰგვარე?!
ნუ დაალუბებ... ბუნებას
ცოტა ბალახი მოჰპარე!
მაგრამ რა? ერთსახეობა
არ არის სიბრძნის დარგია,
ზაფხულის შემდეგ ზამთარი,
კაცმა იფიქროს, კარგია.
ბარში წვიმს, მთები დათოვლა,
ცხვარ-ძროხას ბეწვი აშლია,
დაფიქრებულა მწყემსიცა,
თითქოს სახლ-კარი დაშლია...

კახეთს წავიდეთ, ძმობილო,
მთაში სჭირს კვება ძროხისა.
დროა, ჩავიცვათ ტყავები,
კალთა ავკეცოთ ჩოხისა.
ბარად არ ჰყინავს მიწასა,
მალევე შრება თოვლია,
უხვადა ფითრი, ნეკერი,
თმა-დავარცხნილი მოლია.
ჭალას აფხიზლებს ხოხობი,
ფერდობს - კაკაბი, გნოლია.
იაფად დაიკვებებით,
თან გყავდეს შვილი, ცოლია.
ხვეწნა რად უნდა ერთგულ ძმას,
თავად წამოვა ბროლია.

[1894 .]

ბუნების სურათი

ნაბეჭდი: ჟურნ. „ჯეჯილი“, 1894 წ. № 5 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1894 წ. 6/1X).

17 ამირანს] ამირან. 27 დაალუბებ] დააგუბებ.

ამ ლექსთან დაკავშირებით ვაჟა რედაქციისთვის გაგზავნილ წერილში შენიშნავდა: „ერთსა გთხოვთ, კორექტურას გაუფრთხილდით. უკანასკნელს „ჯეჯილის“ ნომერში ხუთი თუ ექვსი შეცდომაა კორექტურული. სადაც უნდა იყოს - „ნუ დაალუბებ“ (გაამჭლევებ), სწერია - „დააგუბებ“. უნდა იყოს „ამირანს“, სწერია - „ამირან“ და სხვ... ამასთან გთხოვთ უმორჩილესად ბგერა „ჰ“ დაიცვათ ჩემს ნაწერებში ისე, როგორც მე ვხმარობ“ (იხ. მ. დუდუჩავას პუბლიკაცია ჟ. „დროშაში“, 1933 წ.; გადაბეჭდილია ს. ყუბანეიშვილის წიგნში „ვაჟა-ფშაველა. დოკუმენტები და მასალები“, 1937, გვ. 305)

12.7 ნუგეში მგოსნისა

▲ზევით დაბრუნება


ვნუგეშობ სწორედ სანუგეშოცა:
გულზე მედება ცეცხლის გენია,
ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს
ავი მე არა ჩამიდენია;
ვინ რას გაიგებს, ან ვინ რა იცის,
რამდენჯელ ცხარე ცრემლი მდენია?!
ვნუგეშობ ამით: მიწას მიწურად
და ცას ციურად მივე თავაზი,
არ მიბობღნია დაბლა ქვემძრომად,
მაღლა დავფრინავ, როგორც გავაზი;
ჩემს ტურფა მხარეს მკერდს დავაკერე
სიტყვა საგმირო, სიტყვა ლამაზი,
და ამ ჩემს მღერას ყურს რომ უგდებენ
ქართლელ-კახელი, იმერ-აფხაზი.
მამა-პაპათა აკლდამებიდან
გამოვიწვიე გმირთა აჩრდილი
და დავუკოცნე იმათ მკლავები,
სახე შუბის წვრით და ხმლით აჩრჩნილი,
მე გავაცოცხლე ხელის შეხებით
ლეში მდუმარე, ლეში გახრწნილი.
თავზე დავადგი დაფნის გვირგვინი,
წელი შევუმკე ისევაც ხმლითა,
ნოყიერად ვქმენ ნაგვალი მიწა,
როგორაც წვიმამ, მოსულმა ცითა.
არ დაუძველდა ჩემს გულს თვის სატრფო,
როგორაც სხვისას, ვნუგეშობ მითა.
მე არ ვუთხარე მოძმესა ორმო,
მთხრელი შევმურე კუპრით და ლაფით;
არვის გავტაცე მე ლუკმა-პური,
სხვასაც გავუყავ ნაშოვნი ჯაფით,
და სიყვარული ჩემს თანამოძმეთ
ვაუწყე მედგრად ნაღარით, დაფით.
უსულო საგნებს სული ჩავბერე,
ავასაუბრე ლოდები კლდისა
და, როგორც მეფე, გავათამამე
მწირე ბალახი, ის ქუჩი მთისა.
მადლი მფენია მარჯვენაზედა
იმ შემოქმედის, მაღალის ღვთისა!

[1894 .]

ნუგეში მგოსნისა

ნაბეჭედი: ჟურნ. „მოამბე“, 1894 წ. № 9 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1894 წლის 19 სექტემბერს).

8 მივე თავაზი **] მივეთავაზი.

12.8 ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


დარბაისლურად ვწერდით, ვგალობდით,
უნდა-კი გითხრათ, ბევრსა ვწვალობდით...
გადარბაისლეთ, მკითხველო, შენცა,
სულ დაგავიწყეთ მიწა და ზეცა.
უნდა გასწავლოთ, მკითხველო ჩვენო,
ახლა ახალი „მამაო ჩვენო“.
სადარბაისლოდ არღა გვცალიან,
საქმე გაჭირდა ჩვენი ძალიან.
აღარ გვაშინებს ლეკ-ოსმალ-სპარსი,
გულზე მოგვედვა ამისგან ხავსი.
ავირიენით საქმით და ენით.
რა გავაკეთეთ? რა მადლი ვქენით?
სულ არაფერი... ბრბოს ისევ სძინავს.
ყურს ვუგდებ, მაგრამ ტკბილადა ხვრინავს.
ადე, გაინძერ! - ბევრი ვუყვირე,
სავაჟკაცოდა გული ვუკირე.
„დრო ვაჟკაცობის, - მან მითხრა, - მორჩა...“
თავის მართლების გაშალა ბოხჩა:
„ჩვენ კარგადა ვართ, თუ ჭკვა გვაქვს თავში,
თავისუფლადა მთასა და ბარში.
ვიშრომოთ მხოლოდ, გვქონდეს ქონება,
და არ დავკარგოთ ჭკვა და გონება,
არ გვაზარალებს ჩვენ სხვის მონება“.
ერი ასე სჯის თავის ყოფასა,
ვინ შესძლებს იმის აზრის გმობასა?!
ეჰ, დაესწარი, ჩემო მოძმეო,
მრავალს ახალს წელს, მრავალს შობასა.
აწმყოს ვაებით გულ-დაკოდილმა
გავშალე ისევ ძველი დავთრები,
და იქაც ვხედავ, ბლომად ყოფილა
ტურა-მელები, მგლები, აფთრები.
ვინ ვის ღალატობს,ვინ ვის თვალსა თხრის,
ძმა თავის ძმისას ძვალს იმტვრევს ცერზე,
და თავ-მომწონედ,ვით გმირთა-გმირი,
ხელს ისვამს შემდეგ ულვაშზე, წვერზე...
ბევრჯელ მომხდარა, რომ ძმას ძმის სისხლი
დაუქცევია სამშობლოს სერზე!
სულ დაგვფანტვია ჭკვა და გონება,
ხელი უღიათ სჯულზე და ღმერთზე,
სულ-კი იმიტომ, ხმალ-ამოწვდილი
ჯალათი გვედგა დამსჯელად გვერდზე.

გონება მიჰქრის ჟამთა სივრცეში,
იქ სული ჰპოვებს უკვდავებასა.
როგორც ცოდვილი ზიარებითა,
იქ-ღა ვპოულობთ წყლულთა შვებასა:
დიდებულ კაცთა დიდებულს მკლავსა,
ქვეყნიურს ღმერთსა - ქართლის დედასა.
სანამდის ვცოცხლობ, მე ვერ მოვიშლი
იმათ დიდებას, იმათ ქებასა!
იქიდან ისმის დიდის მგოსნისა
სიბრძნისა ზღვაში ჩამშვები ჩანგი.
რა ხანი არის, არღა გვსმენია
მის ობოლ ძეთა მისებრი ჰანგი!
დღესაქამომდე ჩვენს ჭკვა-გონებას
როდი მოჰხდია მონების ბარგი!..
დიდი ხანია, ძალიან დიდი,
რაც ვეღარ ვნახეთ ერთი დღე კარგი,
მაგრამ არ გავწყდით, არც გადავგვარდით,
მშობლიური ცა თავზე დაგვცქერის,
მრავალჟამიერ იყოს სიცოცხლე
ჩემის ქვეყნისა და ჩემის ერის!
უფლის ტრაპეზზე ჩვენდა სამხვეწროდ
დედა-ღვთისმშობლის სანთელი ნათობს,
არცროს გაჰქრება, მუდამ ენთება,
გზას ის გვიჩვენებს, ჩვენ გულს ის ათბობს,
და ჩვენს ოცნებას მომავალზედა,
ნაღვლით გამსჭვალულს, დღეს ის-ღა ატკბობს

[1894 წ.]

ქებათა-ქება (დარბაისლურად ვწერდით, ვგალობითი)

ნაბეჭდი: „კვალი“, 1894 წ. 25/IX, № 40.

„კვალში“ ლექსის მე-11-12 სტრიქონები დაბეჭდილი ასე:

ავირიენით საქმით და ენით.
რა გავაკეთეთ? რა ვქენით მადლი?

აშკარაა, რითმა დარღვეულია სიტყვის გადასმის გამო, ე. ი. საქმე გვაქვს კორექტურულ შეცდომასთან. გასწორებულია: რა გავაკეთეთ? რა მადლი ვქენით? (ალ. აბაშელის გასწორებით: „მადლი რა ვქენით“).

12.9 ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


მოქუჩდენ ამრეზილები
მხედარნი ოთხსავ კიდესა:
მხარზე თოფები გადიგდეს,
ფარ-ხმალი დაიკიდესა;
არ მოველოდი, ძალათი
მათ შარი გადამკიდესა.
შემრისხეს ექსორიითა,
თან ცრემლს აფრქვევდენ ღვარადა:
„მთიდამაც უნდა გაგაგდოთ,
ბინა აღარ გაქვს ბარადა!“
გალესეს ჭორის შუბები,
ზედ მე დამაგეს ტარადა,
ყველას ჩემს წყევლად იწვევენ,
დადიან კარი-კარადა.
საკირის ცეცხლი დაანთეს,
ვეგულვი დასაწვავადა.
მაგრამ ამითი ვერც მომკლეს.
და ვერც გამხადეს ავადა,
ჩემის დატანჯვის მსურველნი
იტანჯებოდენ თავადა.
ჩემი და მათი ამბავი
თქვენც გესმათ კილო-კავადა...
თეთრს თეთრი ჰქვია ყველგანა,
შავი დარჩება შავადა!..

ციდამ რომ ნისლი ჩამოვა,
დაეფარება მიწასა,
ეს დრო წაუვა ერთხელაც,
აღარა ფიქრობს იმასა.
და ჩვენც ხომ ვიცით, დარი სდევს
ქარიშხალსა და წვიმასა....
მალე მზეს ვნახავთ ცაზედა
წინანდლებრ სხივთა ფრქვევითა.
მალე მელიაც მოკვდება
ქათმის ძვალების რწყევითა.
ვის მოვაწონებთ, ნეტავ, თავს
ჩვენ ჩვენის ბილწის რჩევითა.
ვერვინ მოიხვეჭს სახელსა
მართალთ მტრობით და კბენითა,
თუნდ ისეც წახდეს ქვეყანა,
არც-კი ითქმოდეს ენითა.

ბაბილონს ენათ არევა
ჩვენი დროება მგონია:
როგორც ერთმანერთს ვეპყრობით,
რა ყურით გასაგონია?!.
მდინარეს უნდა გავიდეთ,
ვერ გვიპოვნია ფონია;
უნდა ერთურთი ვითრიოთ,
მეტი არ არის ღონია.
ერთი რომ მეორეს ჰკილავს,
მით ძალი შაუწონია.
გამრავლდა ჩვენს ქვეყანაში
მიკიტანი და ჭონია...
მტერს-კი ვერა ვმტრობთ, თავიდან
დავკარგეთ ჭკვა და გონია.
დავჩერებივართ ჩვენს ყოფნას, -
რა ფრიად დასაღონია!...

გადი-გამოდი, კალამო,
გრძნობავ, შენ ბანი უთხარი!
რით დავაჩუმო, არ ვიცი,
გულის ტკივილი მდუღარი?
რით მოვარჩინო სნეული,
დაღონებული, მწუხარი?!
ცივა და შეშა არ არის,
რით გავახურო ბუხარი?
რად სდუმდა, ნეტავ, მგოსანი,
ქვეყნის ცოდვებზე მქუხარი?!
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენს ბედზე დაკერებული.
გულს დავიმშვიდებ ბოლოს ჟამს,
შრომაში დაბერებული.
გულიც შენია, ლეშიცა,
ულვაშიც შაღერებული.
ვერ გაგცვლი მაინც სხვაზედა
ბედისგან გახელებული.
შენს ყოფნას ვადნობ თვალებსა,
ვსდარაჯობ გამგელებული.

[1894 წ.]

ქებათა-ქება (მოქუჩდენ ამრეზილები)

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15626 (B).

ნაბეჭდი: „კვალი“, 1894 წ. 11/XII, № 51 (A).

1 ჯერ ყოფილა: მოვიდენ გამალებულნი, - გადასწორებულია: მოვიდენ გაჯავრებულნი B. 2 ჯერ ყოფილა: მტერნი ოთხსავე კიდესა, - გადასწორებულია: მხედარნი ოთხსავ კიდესა B. 3-4 სტრიქონები პირველად ყოფილა მე-6 სტრიქონის შემდეგ, მერე კი აქ წაშლილია და წინ არის გადატანილი B-ში. 5 ყოფილა: ძალათი, - გადასწორებულია: ძალადა B. 7 ყოფილა: მოსთქვამდენ ექსორიასა, - შეცვლილია: შემრისხეს ექსორიითა B. 11 ყოფილა: მახვილი, - შეცვლილია: შუბები B. 13 იწვევენ] იწვევდენ A. 25 ციდამ] ციდან A. 27 ყოფილა: ეს დრო რომ წავა, - გადასწორებულია: ეს დრო წაუვა B. 29 ყოფილა: ვიცით ჩვენც, დარი მოჰყვება, - შეცვლილია: და ჩვენც ხომ ვიცით, დარი სდევს B. 36 ჩვენის] ჩვენი A. 37 სტრიქონი A-ში გამორჩენილია. 43 როგორც ერთმანერთს ვეპყრობით] რასაც ვწერთ, რასაც ვაკეთებთ B. 45 გავიდეთ] გადვიდეთ B. 49 რომ] რო A; ჯერ ყოფილა: ათრევს, - გადასწორებულია:ჰკილავს B. 50 შაუწონია] შეუწონია A. 51-56 სტრიქონების მაგიერ B-ში არის:

ხშირად იმასაც იგონებს,
რაც არსად გაუგონია.
ნეტავი არ დამანახვა
მიკიტანი და ჭონია.

ამ უკანასკნელ სტრიქონში მიკიტანის მაგიერ ჯერ ყოფილა: დახლიდარი. 59 ყოფილა: დაგაჩუმო, - გასწორებულია: დავაჩუმო B. 61 ყოფილა: მოგარჩინო, - გასწორებელია: მოვარჩინო B. 65 რად] რათ A. 67 სტრ. შემდეგ წაშლილია: წადი, ჩემს სატრფოს უთხარი B. 72 შაღერებული] შეღერებული A. 71 ყოფილა: ძმებისგან, - გადასწორებულია: ბედისგან B. 76 ვსდარაჯობ] ვდარაჯობ A.

როგორც ვარიანტთა შედარებიდან ჩანს, ავტოგრაფი (B) წარმოადგენს შავს, რომელიც საკმაოდ ბევრ სწორებასა და ვარიანტულ სხვაობას შეიცავს. შედარება ცხადყოფს, რომ ძირითად ტექსტად ნაბეჭდი უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ რაც შეეხება ცალკეულ გრამატიკულ ფორმებს, ამ მხრივ კი უპირატესობა ავტოგრაფს უნდა მიეცეს, რადგან აშკარად ჩანს, რომ „კვალში“ წარმოდგენილი ფორმები რედაქციის ჩარევის შედეგია და ვაჟასაგან არ მომდინარეობს. ვაჟას ტექსტი ნასწორებია იმ ნორმათა მიხედვით, რომელთაც იცავდა „კვალი“. ასე, მაგალითად, ვითარებითი ბრუნვის ნიშნად ვაჟა დ-ს ხმარობს. ასევეა ლექსის ავტოგრაფშიც, ნაბეჭდში კი იგი ზოგან შეცვლილია და ნახმარია თ. ასევე შეცვლილია შაუწონია - შეუწონია, შაღერებული - შეღერებული. ამგვარ შემთხვევებში ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ ავტოგრაფის ჩვენებას.

ამ ლექსის ნაწყვეტი (ბოლო) ვაჟას სუფრაზე წარმოუთქვამს 1896 წელს სოფ. ენისელში, სადაც დიდი პოეტი სტუმრად ყოფილა მწერალ ტრიფონ რამიშვილთან. ეს ნაწყვეტი, როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები (ექსპრომტი),გამოქვეყნდა „სახალხო ფურცელში“ (1915 წ. 9 აგვისტო, № 353) შემდეგი სახით:

ექსპრომტი

(სუფრაზე წარმოთქმული ს. ენისელში 1896 წ. ტრ. რამიშვილისას)

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენს ბედზე დაკერებული.
სულიც შენია, ლეშიცა,
ულვაშიც შაღერებული.
მაინც არ გაგცვლი სხვაზედა,
ბედისგან გახელებული,
შენს ყოფას ვადნობ თვალებსა,
ვდარაჯობ გამგელებული.

სინამდვილეში ლექსი დაწერილია არა 1896 წელს, არამედ გამოქვეყნებული იყო ორი წლით ადრე. იგი არ წარმოადგენს ექსპრომტს და ნაწილია სხვა, უფრო ვრცელი, ლექსისა (შდრ. ს. სხირტლაძე, - „ვაჟას ერთი მივიწყებული ექსპრომტი“: „ლიტ. საქართველო“, 1963 წ. 12 ივლისი; მისივე - „დაგვიანებული შენიშვნები“: „ცისკარი“, 1963 წ. № 7, გვ.138).

12.10 გამამერია ჭაღარა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

გამამერია ჭაღარა,
სევდამაც გულში იმატა;
ნუგეშმა ზურგი მაქცია
და პირი მოიკვიმატა.
სიყრმისა დღენი წავიდნენ -
სხივები დილის მზისაო,
თან-თან ბინდდება ნათელი
ჩემის სიცოცხლის გზისაო.
მე წავალ, აქვე დარჩება
ქედი მაღლისა მთისაო;
სხვა ყველა ცვალებადია,
უცვალებია ისაო.
ცოცხალთ თვალთ სალაღობელი
როგორ ამაყად ზისაო!
ვაჰ, რომ წესია: არ ესმის
სხვასა ტკივილი სხვისაო!
იქ მუდამ ქარი უბერავს
და დაძრწის ჯოგი მგლისაო.

გავიგე, მთაო, გავიგე
გულის პასუხი შენია:
„კაცი ის არის, ვისც ჭირში
ერთხელ არ დაუქშენია;
იმას სხვა გასთიბს, სხვა მოსძოვს,
ჭმუნვა არ დაუჩენია;
უფლისა მსგავსად იქცევა,
მით უფალს გაუჩენია“.
ამას დამძახის მუდამ ჟამს
ეგ შენი სახე მჭმუნვარე;
მეც შენსა შემაცქერალსა
თვალთაგან მომდის მდუღარე;
ცა მახურია თავზედა,
მეხის მსროლელი, მჭეხარე.
მომლოდინე ვარ ბედისა,
გულ-დაკოდილი, მწუხარე.

[1894 წ.]

გამამერია ჭაღარა

ნაბეჭდი: ჟურნ. „მოამბე“, 1894 წ. № 12 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1894 წლის 16 დეკემბერს).

ამ ლექსის მე-6 და მე-8 სტრიქონებში გარითმულია ერთი და იგივე სიტყვა- მზისაო:

სიყრმისა დღენი წავიდნენ -
სხივები დილის მზისაო,
თან-თან ბინდდება ნათელი
ჩემის სიცოცხლის მზისაო.

ამგვარი რამ ვაჟასთან არ არის მოსალოდნელი და აქ აშკარად კორექტურული შეცდომა უნდა გვქონდეს. ეს შეუნიშნავს ალ. აბაშელსაც, მაგრამ ტექსტი მაინც არ შეუცვლია. ჩვენ გავასწორეთ: ჩემი სიცოცხლის გზისაო. როგორც ალ. ჭინჭარაული აღნიშნავს, ვაჟას ტექსტში ხშირია მ და გ ასოთა გრაფიკული მსგავსებით გამოწვეული შეცდომები. ასე უნდა იყოს აქაც.

12.11 სამეფო სიყვარულისა

▲ზევით დაბრუნება


სატრფო დავკარგე, იმას ვეძებდი,
შემოვიარე მთელი ქვეყანა.
ჭირი და სევდა ზღვა და ხმელეთზე
სატრფოს მოძებარს შემხვდა ბევრგანა.
რამდენჯერ ფიქრი ცეცხლ-მოდებული
გავგზავნე ცაში მაღლა ღმერთთანა,
მაგრამ მე და იმ ჩემს ბედის ვარსკვლავს
არ მოგვიხერხდა შეყრა ერთკანა.
მოხეტიალე გახელებული
წავაწყდი სადღაც ერთს ტურფა მდელოს.
ცოდვაა მისი მშვენიერება
ადამიანმა ფეხითა სთელოს.
სამოთხეს ჰგავდა, ან კი სამოთხე
იმაზე კარგი რითღა იქნება?
ჩემს აღტაცებას არ აქვს სამზღვარი,
როს მის სურათი თვალწინ მიდგება.
ყოველი ფიქრი საამქვეყნიო
მაშინ ქარწყლდება, გულში მიქრება.
ცივნი წყარონი ურიცხვთ ყვავილთა
ანკარა ნამით პირებსა ჰბანდენ.
წყარო ხომ თვითაც ლამაზი არის,
მაშინ კი ტრფობის ღმერთებსა ჰგავდენ.
უკვდავებისა წყარონი იყვნენ
და უკვდავებით მიდამოს ჰრწყავდენ.
უკვდავების ხეც იქვე ჰყვაოდა,
იქ ვერ აცდენდა გველი ევასა,
ვერა ჰბედავდა ბოროტი სული
ცოდვის საქმნელად გულის რწევასა.
შურის თვალითა შორით უმზერდა,
მაგრამ ხდებოდა იგი ვერასა.
სამეფო ტახტზე ყვავილიანზე
თვით სიყვარული ზედ ბრძანდებოდა,
კაცთა და პირუტყვთ გრძნობა-ვნებებზე
იგი მეფობდა და ბრძანებლობდა.
ვეფხვნი და ლომნი წყნარად, უვნებლად
ირემთ და შველთა შორის დიოდენ,
ქორ-შავარდენნი კაკაბთ, გნოლთ გვერდით
ისხდენ და სამტროდ არა ჰკიოდენ.
არწივსა ხმალი ქარქაშს ჩაეგო,
კლანჭზედაც სისხლი არღა სცხებოდა,
მყის დამტკბარიყო მისი ბუნება,
რა სიყვარული გულსა ჰხლებოდა.
ვისაც გუშინა გულ-ცივად ჰკლავდა,
დღეს იგი მის მტერს შეაკვდებოდა.

ორნი მეფენი, ერთმანერთზედა
აშფოთებულნი შურით, მტრობითა,
ერთი იქით მხრით, მეორე აქით
პირისპირ მოდგნენ თვის მხედრობითა.
საომარ ველად ეს დაესახათ,
ტურფა სამეფო სიყვარულისა,
აქ ჰსურთ ერთმანერთს რომ გაუმწარონ
დღე სიცოცხლის და სიხარულისა.
გულში მხედარნი სიძულილს ჰლესენ,
გრძნობა არ უჩანსთ სიბრალულისა
და მიიწიეს ერთმანერთზედა
ხმალ-მოწვდით, თანაც კიჟინა დასცეს.
მაგრამ უეცრად ყველანი დაცხრენ.
მყის იარაღი ხელით გაუშვეს,
თავ-დაკიდებით შტერივით დადგენ.
მერე მივიდენ და ერთმანერთსა,
ვით ღვიძლმა ძმებმა, კოცნა დაუწყეს,
სულ დაჰვიწყნოდათ, რადაც აქ შეკრბენ,
ცა და ხმელეთსა სხვა ხმა აუწყეს.
ვეღარა ჰღებენ კაცის სისხლითა
მათ შემაცქერალს ტურფა მხარესა.
ერთურთს შესტრფიან თვალ-დამშეულნი,
ვით ცა გადმოსულს მაზედ მთვარესა.
მე კი ვიძახდი: „სატრფოვ, სადა ხარ,
რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?“
-მე თვით გახლავარ ის შენი სატრფო! -
ტრფობის ქვეყანა ერთხმად ჰკიოდა.
გამომეღვიძა. სიზმრად მენახა
და ამის გამო გული მტკიოდა.

[1894 წ.]

სამეფო სიყვარულისა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 128.

ავტოგრაფი მოთავსებულია შუა გაკეცილი თაბახის ფურცლებისაგან შეკინძულ კრებულში, რომელსაც გარედან აწერია: „წვრილი ლექსები ვაჟა-ფშაველასი“. ლექსებს უკავია ამ კრებულის მხოლოდ პირველი ოთხი გვერდი, რომლებზედაც მოთავსებულია სულ სამი ლექსი: „სამეფო სიყვარულისა“, „სიმღერა“ (ათასჯერ მოხველ, იავო) და „შავი ღრუბელი“. დანარჩენ 36 გვერდზე წარმოდგენილია ლერმონტოვის „დემონის“ თარგმანი, რომელსაც სათაურად აქვს „ქაჯი (ლერმონტოვიდამ)“.

თარგმანის ავტოგრაფი შავია და ძლიერ ნასწორებია, ლექსები კი სუფთად არის გადაწერილი. „სამეფო სიყვარულისაში“ გასწორებულია მხოლოდ ერთი სტრიქონი: 57 ყოფილა: ერთმანერთს... უცბად ყველანი დაცხრენ, - შესწორების შემდეგ არის: მაგრამ უეცრად ყველანი დაცხრენ. ამას გარდა, „შავი ღრუბელის“ ერთ სტრიქონში სიტყვები გადასმულია. მეტი სწორება ლექსებში არ არის.

„სამეფო სიყვარულისას“ ბოლოს ფრჩხილებში ავტორის ხელით მიწერილია: „გაგზავნილია „მოამბის“ V №-სათვის“. ანალოგიური მინაწერი აქვს მეორე ლექსსაც („ათასჯერ მოხველ, იავო“): „გაგზავნილია „მოამბის“ V №-სათვის 1894 წ.“ ამრიგად, ეს ორი ლექსი ახლო ხანებში უნდა იყოს დაწერილი და ვაჟას ისინი ერთადვე გაუგზავნია რედაქციისათვის. მაგრამ რატომღაც „სამეფო სიყვარულისა“ ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა, „ათასჯერ მოხველ, იავო“ კი დაიბეჭდა გაზეთ „ივერიაში“ მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ - 1899 წელს. რაც შეეხება მესამე ლექსს „შავი ღრუბელი“, ის კი დაიბეჭდა „კვალში“ 1894 წელსვე.

12.12 ათასჯერ მოხვედ, იავო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ათასჯერ მოხვედ, იავო,
მგოსანო გაზაფხულისა,
მეგონე წინამორბედი
მომავლის სიხარულისა,
მთესველი კაცთა შორისა
ძმობის და სიყვარულისა...

თვალ-დამშეული ვუცქერდი
შენს ნაზს და ტურფა ფერასა,
ვფიქრობდი, ამიყვავებდი
მინგრევ-მონგრეულ კერასა,
მაგრამ ჩემს დიდის ხნის წყლულსა
შენც ვეღარ ჰშველი ვერასა.

დღესაცა გნახე მოსული
უღრანს, უდაბურს ტყეშია;
ლამაზი, ტურფად მოსილი,
მადლით შემკული ფერშია.
აღარ მოგეცი სალამი,
არც აგიყვანე ხელშია:
დამღალა შავმა ფიქრებმა,
გრკალად მომხარა წელშია,
გაუღონოვდა გულიცა,
ვეღარც გაკოცე ყელშია...

ვეღარც მიძგერებთ წინანდლებრ
გულს ვერც შენ, ვეღარც ხევია,
რომ მოაგორებს ლოდებსა,
მოგრგვინახეს, როგორც დევია;
კაცს ეგონება, ხმელეთი
დაუპყრავ, დაუძლევია
და, ფიქრით გატაცებულსა,
უკან არ დაუხევია,
კლდეებ-ლოდებთან ბრძოლაში
წარბიც არ შაურხევია...
გულს მითაც თქვენის ნახვითა
მაღლა ვერ აუწევია,
ვარამს უქენჯნავ, გლახ, გული,
კალთები ჩაუხევია...

[1894 წ.]

ათასჯერ მოხვედ, იავო

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 128 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1899 წ. 12/IX, № 196 (A).

როგორც ავტოგრაფის მინაწერიდან ჩანს (იხ. შენიშვნა წინა ლექსზე - „სამეფო სიყვარულისა“), ეს ლექსი ავტორს გაუგზავნია ჟურნ. „მოამბისათვის“ 1894 წელს, მაგრამ რატომღაც ლექსი მაშინ არ დაბეჭდილა. იგი გამოქვეყნდა მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გაზეთ „ივერიაში“. ამ დროისათვის ავტორს ტექსტში ზოგიერთი შესწორება შეუტანია:

1 მოხვედ] მოხველ B. 10 მინგრევ-მონგრეულ კერასა] მამაპაპათა კერასა B. 15 ტურფად მოსილი] თალხით მოსილი B. 22-23 ვეღარც] ვეღარ B. 25 რომ] რო B. 26 მოგრგვინავს] მოგვრგვინავს B.

უფრო მეტად შესწორებულია ლექსის ბოლო (27-ე სტრიქონიდან), რომელიც პირვანდელ ვარიანტში (ავტოგრაფში) ასეთ სახეს ატარებს:

თითქოს აუკლავ დუშმანი,
ჯავშანი დაუხევია, -
გატაცებულსა ფიქრითა
უკან არ დაუხევია.
კლდეებ-ლოდებთან ბძოლაში
წარბიც არ შაურხევია.

მამაცობს, გულის სანდოცა
სილაჩრე დაუწყევია.
მაგრამ გულს მითაც ვერ მიძრავს,
ეშხით ვერ აუწევია.
ვარამს უქენჯნავ გლახ-გული,
კალთები ჩაუხევია.

12.13 შავი ღრუბელი

▲ზევით დაბრუნება


მზე ამოცურდა ცაზედა,
სხივი აფრქვია მიწასა,
სულიერი და უსულო
ყველა შესტრფოდა იმასა;
მადლობას ძღვნიდენ მნათობსა
ბუნების არსნი ყველანი.
ზღვის პირას იწვა ღრუბელი
შავი, როგორაც მელანი.
ბუნების ძალთა გალობა,
მადიდებელი მზისაო,
მას ესმა, ფრიად ეწყინა,
ჯაგარ-აშლილი ზისაო;
თავ-პირი საზარელი აქვს
და მკერდში გული ქვისაო.

მან თქვა მწყრომარედ: „მოიცათ,
ცოტა მაცალეთ კიდევა;
ავდგე, ცის გულზე გავერთხა,
მზე როგორ გადაირევა.
მერე იხილეთ და დასტკბით
მზის ნათლის სხივის მზერითა,
როს დავუბნელებ თვალებსა
მე ჩემის შავის ფერითა!..“

მართლაც დაიძრა მაღლისკე
გაბრაზებული, მწყრომარე,
და გადეღობა სხივებსა,
შუბლმოქუშულად მდგომარე.
მზემაც ეს იგრძნო, იწყინა,
ჯარი ამრავლა სხივისა;
ცეცხლად მოედვა ღრუბელსა
მწვავი ნათელი იმისა.
იბრძვის ღრუბელი გულ-შმაგად,
თუმც არსითა ჰჩანს წამალი;
უფრო შავდება, რომ იმით
მზეს გზა ურიოს სავალი.
მაგრამ ამაოდ დაურჩა
ყველა სხივი და ღონია:
შავს ღრუბელს სინათლისათვის
ძალი ვერ შეუწონია.
დამწყდარი ნაწყვეტ-ნაწყვეტად
მიმოიფანტა ღრუბელი,
მზე-კი შუა ცას დამდგარა,
ანათებს, როგორც ღუმელი.
სხივს აფრქვევს დედამიწასა,
ბუნებას აძლევს შვებასა;
შეჰხარის იმას ქვეყანა,
დაბლით მიუძღვნის ქებასა.
ვინ არ უკურთხებს ძუძუსა
გამარჯვებულსა დედასა!..

[1894 წ.]

შავი ღრუბელი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 128 (B).

ნაბეჭდი: „კვალი“, 1894 წ. 18/XII, № 52 (A).

4 შესტრფოდა] შეტრფოდა A. 6 არსნი] ძალნი B. 7 პირას] პირათ A. 8 როგორაც] როგორიც A. 14 ყოფილა: და გული მკერდში ქვისაო, - სიტყვებს გადასმის ნიშნად თავზე ციფრები უზის და ასე უნდა წავიკითხოთ: და მკერდში გული ქვისაო B. 15 მწყრომარედ] მწყრომარეთ A; მწყრომარემ B. 17 ავდგე] ავსდგე B. 19 დასტკბით] დატკბით A. 20 სხივის] სხივთა B. 21 დავუბნელებ] დაუბნელებ A; დაგიბნელებთ B. 22 ჩემის შავის] ჩემი შავი A. 23 მაღლისკე] მაღლისკენ A. 26 შუბლ-მოქუშულად მდგომარე] შუბლ-მოქუშული მდგომარე A. 28-29 ჯარი ამრავლა სხივისა, ცეცხლად მოედვა ღრუბლებსა] რაზმი მოგზავნა ახალი, სხივთა, ცეცხლითა მოსილთა B.

ხელნაწერი აქ წყდება. მომდევნო ფურცელი, რომელზედაც ლექსის ბოლო უნდა ყოფილიყო მოთავსებული, დაკარგულია. რომ ეს გარემოება არა, შესაძლოა ძირითად ტექსტად ავტოგრაფი აგვერჩია. ეს იმიტომ, რომ ვაჟასეული ენობრივი ფორმები, როგორც აღვნიშნეთ (იხ. აქვე ზემოთ შენიშვნები ლექსისა „ქებათა-ქება“, გვ. 183), „კვალში“ ხშირად ნასწორებია. ამიტომ, სადაც კი ამის საშუალება არსებობდა, ჩვენ აღვადგინეთ ავტოგრაფისეული გრამატიკული ფორმები.

13 1895

▲ზევით დაბრუნება


13.1 შემომღუღუნე, ჩონგურო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

შემომღუღუნე, ჩონგურო,
აკვნესდი, ამაკვნესია;
მორწყე და ააბიბინე
გულს ვარდი დანათესია,
ჩემთვის კვნესაში სილაღე
რამდენი ჩანალესია!..
ამოჟღარუნდი ხმატკბილად,
ატირდი, ამატირია!...
ჩემთვის ღვთის პირით ტირილში
სამოთხე დანაპირია,
ტირილით გაუმთელდება
გულს მოტეხილი პირია.
ანგელოზთ გუნდში კი ვმღერი
მაშინ, როს აქა ვტირია.
თვალს ნუ მარიდებ, ლამაზო,
ჩემკენ მოიღე პირია.
შენს მზერას ჩონგურის ხმაზე
რაღა სამოთხე სჭირია?!

[1895 წ.]

შემომღუღუნე, ჩონგურო

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 137 (B).

ნაბეჭდი: „კვალი“, 1895 წ. 26/II, № 10 (A).

სათაური: ფანდურს B.

ავტოგრაფი (B) გვიჩვენებს შემდეგ სხვაობას ნაბეჭდთან (A) შედარებით:

1 ჩონგურო] ფანდურო. 4 ყოფილა: რაც გულში დანათესია, - შესწორებულია: გულს ვარდი დანათესია. 5-6 და 9-14 სტრიქონები შემდეგ არის ბოლოში მიწერილი, ხოლო 8 სტრ. შემდეგ ზედმეტია ორი სტრიქონი: გულს როგორ ესლაბუნება შენი ხმა, გასაკვირია. 5 ჩემთვის] მაგ შენს. 6 სტრ. დასაწყისში წაშლილია: სხვაც. 7 ხმატკბილად] გენაცვალე. 9 ყოფილა: ოჰ, მაგ ტირილში ჩემთვის, - გადაკეთებულია შემდეგნაირად: ჩემთვის ტირილში ღვთის პირით. 14 სტრ. დასაწყისში წაშლილია: თუმც. 15 თვალს ნუ მარიდებ] ზურგს ნუ მიბრუნებ. 16 ჩემკენ] ჩემსკე.

13.2 გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ,
შუაზე მოდის მდინარე,
ხიდი, არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.
მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით გამოვედ
ამ სატიალოს მდინარეს.

მეც უნავო ვარ, შენაცა,
ცურვა არ ვიცით, ვტირითა;
მეშველიც არვინ გვიჩნდება
არც ციდან, აღარც ძირითა,
შენ მე მიმელი, მე - შენა
გაცინებული პირითა.

ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,
მდინარე ბრაზობს, ღრიალებს,
ჩემს ძახილსა ნთქამს მის ზვირთი,
როგორ შავადა ტრიალებს!...

რა უნუგეშო ყოფნაა,
წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;
რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია,
მაინც გარგივარ ვერრაში!..
არა, ის მინდა, გხედავდე,
ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

[1895 წ.]

გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ

ნაბეჭდი: „კვალი“, 1895 წ. 13/III, № 13.

13.3 არწივი და ყვავი

▲ზევით დაბრუნება


I

გაზაფხულია. მოფრინვენ
საოთები და წერონი,
ცას ღარადელად აესხნენ
დიდრონნი, გასაშტერონი.
ცა მოწმენდილა. მთებზედა
აღარსადა სჩანს ნისლია.
პატარა ფიფქი მოსულა,
ქედები დაუქირსლია.
კარგი მგზავრობის დრო არის:
გზა გაირჩევა კარგადა.
სამს დღეს მინდორზე ათიეს,
ამინდს ელოდენ, ამადა.
ახლა-კი დროა, წერონო,
ცას აეკიდნეთ ბარგადა!
აფრინდა ერთი, შეჰყვირა,
აალახლახა მხრებია;
წიოკით, ჟღავა-ჟღუვითა
იმას თან მიჰყვნენ სხვებია,
ბოლივით აღმა წავიდენ,
თითქოს ძირს ცეცხლი გვნთებია.
წავიდენ, მაღლა წავიდენ,
ძირს დარჩა დიდი მთებია.
ჯერ არეულად მიფრინვენ,
არ დაწყობილან მწკრივადა;
ჭყივილით ბელადს მისდევენ,
გზის მაჩვენებელს წინასა.
„მივდითო“, არე-მარესა
ერთხმად უხმობენ იმასა.
როგორ უხარისთ მგზავრობა,
ჭკვიანად ისხდენ დილასა!

II

მთას იჯდა ბერი არწივი,
შაღერებული ფიქრითა.
სადავლოდ გამოსულიყო
ვაჟკაცი იმავ დილითა.
იბღვირებოდა მამაცად,
მთა-ბარს თვალებით ჰსუტავდა,
ყველას ჰგრძნობს, ყველასა ჰხედავს,
სადაც-კი რამა ჰსუნთქავდა.
მიმოიხედა მრისხანედ,
თითქოს გულსა ჰკრეს ისარი.
ადგა, მიუპყრო ცივს ნიავს
უდრეკი გულის ფიცარი.
დინჯად წავიდა, ჭკვიანად,
მხრებს ათამაშებს ქარზედა
და დაიღუპა ცაშია
თვალის დახუჭვის ხანზედა.
ნეტავ, სად მიდის ვაჟკაცი,
ვის-რა მიუვა კარზედა?

III

აგერ წერონიც დამწკრივდენ,
წინანდლებრ აღარ ჰყვირიან,
მხოლოდ ბელადი უკივის,
დაწყნარებულნი მიდიან.
მოისმა ჭექა, გრიალი,
თითქოს ცა მიწას დაეცა.
მთას მონადირე ვიდოდა,
ხამად ბანდული ჩაეცვა, -
არწივის ომის უნახავს,
შიშით ხმა მუცელს ჩაექცა.
ჰფიქრობდა: „ვაჰმე, კლდე მოსქდა,
ან მთიდან მოსწყდა ზვავია...
საბრალოს ჩემსა ცოლ-შვილსა
დღე გაუთენდა შავია…
საცაა, მოვა, წამიღებს
შეუბრალები ზვავია.
რად არ ვუჯერე სიზმარსა,
როცა რომ ვნახე ავია“.
კიდევ გაისმა ხვივილი...
ცა გატყვრა... ნიავ-ქარია...
ყურს უგდებს: ციდან მოესმის
გლოვა-გოდების ზარია.
დამწკრივებულნი წერონი...
რა იყო? რამ-რა არია?!.
ბელადს თავში სჭირს ნახმლევი,
დაბლა მოგორავს მკვდარია,
ბუმბულს-კი მიეზიდება
წაღმა-უკუღმა ქარია...
თან მოსდევდს ლეგ-ჩოხა ბიჭი,
ის ხომ არწივი არია!
გაჯობა, ნუ გეწყინება,
შენსას სჯობს მაგის გვარია!
გაცქერდა მონადირეცა,
შუბლს ხელი მიუფარია.

IV

ამ დროს-კი ყვავი არწივსა
უთვალთვალებდა გორითა,
ყველაფერს კარგად ჰხედავდა,
შურსაცა ჰგრძნობდა შორითა.
რამდენჯერ ცდილა, არწივი
მას დაემცირა ჭორითა!..
ბევრჯელ უამბო ფრინველთა
მისი სილაჩრე, ფლიდობა
და დაუძრახა ათასჯერ
არწივსა კაი-ბიჭობა,
მაინც ვერ მოაშლეინა
მისი ხათრი და რიდობა.

ჰხედავს, ახლაც რომ ნადავლსა
მკაცრად დაევლო თავზედა.
სჯიჯგნის, სწეწს გააფთრებული,
ფრთაებ-გაშლილი განზედა.
იმას-კი კუჭი ეწვება,
კონკებ-შემოკრულს ტანზედა.
აენთო, მეტად გაბრაზდა,
მორთო უშნოვოდ ჩხავილი:
ხან თავის ხმაზე მოსთქვამდა,
ხან მელს მიუგავს ხავილი,
ძნელია შურით აღძრული
ბრაზი და გულის ქავილი!
არ იქნა, ვერ აისრულა
ყვავმა თავისი ქადილი.
ის ქუდოსანი ბიჭია,
ამას თავს ჰხურავს მანდილი,
რატომ არწივი არ ვარო,
აღეძრა მისი წადილი.
არწივი კარგად დანაყრდა
და გაათავა სადილი.
კლანჭები მხრებზე გაწმინდა,
ნისკარტი კიდევ - კლანჭითა,
შეინავარდა ჰაერში
ვაჟმა მხარ-ბეჭის მანჭვითა.

V

ყვავი ჯერ დაბლა დაეშვა,
იქ ნასისხარზე ჩაფრინდა;
მარტოკა ბუმბული ჰპოვა
და თავისათვის დაფიქრდა:
„უნდა ვეომო არწივსა,
უნდა ვაჩვენო თავია.
იმას ხომ მაინც იტყვიან -
ყვავი როგორი ავია!
უნდა შევაკვდე. ამ ყოფნას
მის ხელით მოვკვდე სჯობია,
არწივის ხელით მოკლული
ყვავი რა დასაგმობია? “ -
სთქვა ეს და ისიც აფრინდა,
თან „ყვაა-ყვასა“ ჩხაოდა.
არწივთან ბრძოლას უგნური
თავის ჭკვაშია თაობდა.
გაუთამაშა თვალებს-წინ,
შესჩხავლა უგემურადა,
თან ფრთაზე გაეხახუნა
არწივსა უკეთურადა,
მაგრამ ყოველი მის ღონე
რჩებოდა უბედურადა.
ხან შორით გამომალდება
გამწარებული სწრაფადა,
იფიქრებ, გამზადებულა
არწივის გასაკაფადა...

არწივი ყურსაც არ უგდებს,
თითქოს იქ ბუზი ბზუოდა.
ყვავს-კი, შრომისგან დაქანცულს,
ტანს ხვითქი გადასდიოდა.
რა ექნა? არწივი გაძღა,
იმას, ხომ ვიცით, ჰშიოდა!
აღარ შეეძლო მას ფრენა,
მთას დაჯდა, მწარედ ჩხაოდა,
არწივი ცაში ცურავდა, -
ვით ედემს ვარდი ჰყვაოდა.

[1895 წ.]

არწივი და ყვავი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., № 69 (B).

ნაბეჭდი: „ჯეჯილი“, 1895, № 2 (A).

1, 3 ღარადელად**] დაღარულად A. 26 ყოფილა: თვალს ადევნებენ იმასა, - შეცვლილია: გზის მაჩვენებელს წინასა B. 27 „მივდითო“ **] „მივდიოთ“ A. 29 ყოფილა: საწყლებსა, - შეცვლილია: მგზავრობა B. 30 ყოფილა: იყვნენ, - შეცვლილია: ისხდნენ.

II, 2 შაღერებული] შეღერებული A. 11 ცივს ნიავს] ცივ ნიავს A. 14 ყოფილა: დათამაშობდა, - შეცვლილია: მხრებს ათამაშებს B.

III, 3 ყოფილა: ამხნევებს, - შეცვლილია: უყივის B. 4 ყოფილა: გამალებულნი, - შეცვლილია: დაწყნარებულნი B. 5 ჭექა] რაღაც B. 11 ყოფილა: ვაჰმე, ჰფიქრობდა, კლდე მოსქდა, - შესწორებულია ასე: იფიქრა, ვაჰმე, კლდე მოსქდა B. 12 სტრ. შემდეგ ზედმეტია: რად გავხდი საეშმაკოდა, ალ-ქაჯთ შავწირე (ჯერ ყოფილა: ძალად მოვიკალ) თავია B. 13-14 და 15-16 სტრიქონების რიგი შენაცვლებულია B. 15 საცაა, მოვა, წამიღებს] მოვა, წამიღებს საცაა B. 19 ხვივილი] ვივილი A. 22 ყოფილა: ჟივილ-ხივილი მწარია, - შეცვლილია: გლოვა-გოდების ზარია B. 24 ყოფილა: რა მოჰხდა, - შესწორებულია: რა იყო B. 31 ყოფილა: მონადირეო, - შეცვლილია: ნუ გეწყინება B.

IV, 1 დროს კი] დროსა B. 8 სტრ. თავში წაშლილია: არწივის B. 10 არწივსა] არწივისაც A. 11 მოაშლეინა] მოაშლევინა A. 13 ახლაც რომ ნადავლსა] ეხლაცა რომ ნადავლს B. 26 ქადილი] წადილი A. ყოფილა: წადილი, - წაშლილია და მის ნაცვლად წერია: ქადილი B. 32 სტრ. შემდეგ წაშლილია: „ნისკარტი მხრებზე გაწ...“ B. 36 მანჭვითა] ჭმანჭვითა B.

V, 3 მარტოკა ბუმბული ჰპოვა] ბუმბული ჰპოვა მარტო-ღა (ჯერ ყოფილა: გაშლილი) B. 8 სტრ. შემდეგ წაშლილია: „და თან კი გააცმაცუნა თვის...“ B. 12 ყვავი] კაცი B. 14 „ყვაა-ყვასა“] ყვა-ყვაასა“ A. 17 გაუთამაშა თვალებს წინ] გაუთამაშდა თვალებ-წინ A. 24-32 სტრ. აკლია, ხოლო 33-36 სტრ. მიწერილია წინა გვერდის ბოლოში, თავისუფალ ადგილას B.

13.4 უნუგეშო ყოფნა

▲ზევით დაბრუნება


იას, ბნელს ხევში მოსულსა,
დიდი ჭანდრები ჰფარავდა,
ეწადა დიდხანს სიცოცხლე,
წადილს აღარა ჰმალავდა:
ინაბებოდა, ჰკრთებოდა,
მზის სხივს ელოდა მაღლითა,
შეჰფოფინებდა სამყაროს
გაშტერებულის თვალთა.
მზის სხივი აკლდა, ელოდა,
მზე აღარ ამოდიოდა,
ჩიქილად მისი სხივები
თავზე არ ეფინებოდა.
ამოიკვნესა ჩაგრულმა,
გულ-მოკლულს ეტირნებოდა.
მზე ვეღარ აწვდენს სხივებსა
ბნელის ჯურღმულის წყვდიადსა,
ვერ უმთელებდა წყლულს გულსა
ფერ-გახუნებულს იასა.
ია სჭკნებოდა, კვდებოდა,
მიწასვე ებარებოდა.
გაღმა-კი ყვავილთა გუნდი
სამოთხეს ედარებოდა;
მზე უხვად ნათელსა ჰფენდა,
ჯავრი არ ეკარებოდა,
იას სიკვდილი ამ დროსა
მით უფრო ემწარებოდა:
ჰხედავს, რომ სხვანი ლხინობენ,
მას მიწა ეფარებოდა.

[1895 წ.]

უნუგეშო ყოფნა

ნაბეჭდი: ჟურნ. „მოამბე“, 1895 წ. № 4 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1895 წლის 25/IV-ს).

13.5 აღარც-რას მერცხალს ვუყურებ

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

აღარც-რას მერცხალს ვუყურებ,
აღარც ცას მჭყივანთ წეროთა,
იდინონ ნელის ნაბიჯით
შავთ ნისლთა გასაშტეროთა,
მკერდს მაიფინონ ყვავილნი
ჩემის სამშობლოს მდელოთა...
შავთ თვალთ დამასხან ნექტარი
მაცოცხლებელი წყლულზედა,
მითაც ვერ მოვშლი გლოვასა,
ნუგეშსა დაკარგულზედა;
რაც ერთხელ შამყვარებია,
უმტკიცესია რჯულზედა.

[1895 წ.]

აღარც-რას მერცხალს ვუყურებ

ნაბეჭდი: „ივერია“, 1895 წ. 12/V11, № 146.

13.6 ჯამრული

▲ზევით დაბრუნება


ვის გლოვობს ფუნჩათ ჯამრული,
რა თავი დაუღუნია?
ძმა ხომ მთელი ჰყავს, იმედა,
შვიდს წელს ტყვედ დაკარგულია?
ან ძმისწულები - ფოცხვერა,
სამტროდ ნაქები ბუთლია?
ანაც ძმობილი ჯიხვაი,
ბახტრიონს გადასულია?
იქნებ თათრებმა დაჩაგრეს,
დააგმობინეს რჯულია?..
ხმალი ხომ აქვის ისევა
ღარებზედ დაწარბულია?
ლეკისეული ხირიმი
ლამაზად გამართულია ?
ცხვარი ხომ არ უზარალდა,
შიგ დამწვარ-დადაგულია?..
ან სხვა ხო არა აჯავრებს,
სრულ ძმად მიაჩნავ დუნია?
- რასაც შენ მკითხავ, ჯამრული
იმით ყველაით სრულია;
სხვა რამ აწუხებს ვაჟკაცსა,
სხვად აქვს დამწვარი გულია:
ერთს ბეზირგანსა დიაცსა, -
იმის სახელიმც კრულია,
არ გაჰყოლია ცოლადა, -
ვაჟკაცი დაუწუნია...
ამას თაკილობს ჯამრული,
თავი მით დაუღუნია.

[1895 წ.]

ჯამრული

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 181 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1895 წ. 15/VII, № 149 (A).

1 ფუნჩათ ჯამრული] ფუნჩად ჯამრული A. ჯიქით ჯამრული B. 3 ჰყავს] ჰყავ B. 6 სამტროდ ნაქები ბუთლია] ქისტის მამკლავი გულია B. 9 B-ში ჯერ ყოფილა: ან მტერმა ხო არ იძალა, - წაშლილია და შეცვლილი: იქნებ დაჩაგრეს თათრებმა. 10 სტრ. შემდეგ B-ში წაშლილია: ხმალი ხომ აქვის ისევა. მერე ისევ წაშლილია: ცოლისა არა იკითხვის. ბოლოს წაშლილია: პერანგად B. 12 ღარებზედ] ღარებზე B. 16 B-ში ჯერ ყოფილა: იმათში დადაგულია, - გადასწორებულია: შიგ დამწვარ-დადაგულია. ამის შემდეგ წაშლილია: სუყველაფრივაც კარგაა. კვლავ წაშლილია: ან სხვაფრივ. 20 ყველაით] ყველაფრით B. 25 B-ში წერებულა: არ გაჰყოლია ცოლადა, - შემდეგ წაუშლია და დაუწერია: დაუჭრავ მისი გული; A-ში კვლავ პირველი ვარიანტია არჩეული. 28 თავი] ქედი B.

ვაჟას თანამედროვეთა გადმოცემით, ფუნჩათ ჯამრული რეალური პირია, ახმეტელი იყოო. მასზე ხალხური ლექსიც არსებულა (იხ. ვ. რაზიკაშვილი, „მამაჩემი ვაჟა-ფშაველა“, 1961, გვ. 146).

13.7 ცაზე იარე, მთვარეო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ცაზე იარე, მთვარეო,
მზეო, აბძანდი-დაბძანდი!..
მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი,
ხან მოიხვიეთ ნაბადი...
დაწვიმე, შავო ღრუბელო,
დაალბე მკერდი მიწისა;
გაუცინოდი, ლამაზო,
ახარე გული ბიჭისა!
იტანჯეთ ტრფობის ცეცხლითა,
დრო ჩვენ არ გვიცდის, მიდისა:
დავიხოცებით, ტყვენი ვართ
ჩვენ მეუფისა დიდისა.
საიქიოდამ სახდომი
ზღუდე არა სჩანს ხიდისა.
ტიალი წუთისოფელი
მიდის, მიდის და მიდისა;
ჰხედავთ მოკლეა სამზღვარი
უსამზღვრო ზღვისა კიდისა!..

[1895 წ.]

ცაზე იარე, მთვარეო

ნაბეჭდი: „ივერია“, 1895 წ. 19/VII, № 152.

13.8 ***

▲ზევით დაბრუნება


გულში მატულობს ვარამი,
გარს მოდებული ცეცხლითა.
მას ვერ განჰკურნავთ, ეცადოთ
ქვეყნის მეფეთა ვერცხლითა.
არა აქვს ჩემს წყლულს წამალი,
ქვეყნად ვერ ვპოვე მკურნალი,
აღარცა ვრჩები, არც ვკვდები
განკურნებისა მწყურვალი,
გულს ცალკერძა ჰკლავს მტრის ჯავრი,
მეორით - სატრფოს ტრფიალი.
ორითვე გაუმაძღარი
შევქნილვარ ოხერ-ტიალი.
რად უნდა ცივსა სამარეს
ნაგრძნობი, ნააზრებია?
რას არგებს მკვდართა სამეფოს
სიცხოვლე ნაახლებია?
იქ დაისვენებს ამაოდ
ცხოვრების ნაარმებია.

[1895 წ.]

*** (გულში მატულობს ვარამი)

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 181 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1895 წ. 9/VIII, № 169 (A).

სათაური: ქებათა-ქება B.

ავტოგრაფში (B) რამდენიმე ადგილი ნასწორებია, გვაქვს ორიოდე ვარიანტული სხვაობაც:

3 განჰკურნავთ] გაჰკურნავთ. 5 ჯერ ყოფილა: იმას, - გადასწორებულია: ჩემს წყლულს. 10 მეორით - სატრფოს ტრფიალი] ცალკე - სატრფოსა ტრფიალი. 15 ყოფილა: იმის სიგრილეს ვერ ათბობს, - შეცვლილია: რად უნდა ცივსა სამარეს. 17-18 სტრ. აკლია.

ავტოგრაფს სათაურად აქვს „ქებათა ქება“ და შედგება ოთხი ნაწილისაგან, რომელთაგან სამი ავტორს დამოუკიდებელი ლექსების სახით გამოუქვეყნებია გაზეთ „ივერიაში“, მეოთხე კი პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. ამჟამად ძნელი სათქმელია, ცალკე ლექსებად დაყოფის შემდეგ ავტორს ამ ნაწილის გამოქვეყნება აღარ უცვნია საჭიროდ, თუ იგი სხვა რაიმე მიზეზის გამო არ დაიბეჭდა.

ავტოგრაფი („ქებათა-ქება“) შეიცავს ლექსებს შემდეგი თანმიმდევრობით: „გულში მატულობს ვარამი“, „როგორ საშინლად ბნელოდა“, „სოფლისა წესი ასეა“ და „ეშმაკს რად ვაქებ, იცოდეთ“. ამათგან პირველი სამი გამოქვეყნდა, როგორც ვთქვით, „ივერიაში“. ჯერ - მეორე (№ 166), შემდეგ - პირველი (№169) და ბოლოს - მესამე (№ 174). ისინი ავტორმა ალბათ ერთდროულად გადასცა რედაქციას.

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ „ქებათა-ქების“ სათაურით ვაჟა-ფშაველას არაერთი ლექსი აქვს დაწერილი. თითქმის ყველა მათგანი შედგება დამოუკიდებელი ნაწილებისაგან, რომელთა ცალკე ლექსებად დაყოფა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. თუ ამ შემთხვევაში ვაჟას რამდენიმე ლექსად დაუყვია „ქებათა-ქება“, სხვა მაგალითიც არის, როცა პოეტი ცალ-ცალკე დაწერილ ლექსებს „ქებათა-ქების“ სათაურით აერთიანებს და ისე აქვეყნებს.

13.9 როგორ საშინლად ბნელოდა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

როგორ საშინლად ბნელოდა,
როგორ ძალიან ელავდა,
სასაფლაოზე ატეხილს
შამბნარს წითლადა ჰფერავდა;
ცა იქცეოდა და მიწა
თავისთვის სუდარს ჰკერავდა,
სამყაროს ნგრევას ეშმაკი
გახარებული ჰზვერავდა.
ღამის წყვდიადში კისკისი
მისი ჰზარავდა ყველასა,
და კაცნიც სასო-მიხდილნი
ღმერთს აღარ სთხოვდენ შველასა;
შავი ღვარები ჰღარავდა
იმათ სახლების კერასა,
ძმა რომ ძმას თვალებსა სთხრიდა,
ამბობდენ, არაფერასა“.
თვალებ-დათხრილნი სტიროდენ,
ან რად იწყებდენ მღერასა.
ვიბრძოდი იმათ საშველად,
ვეღარა ვშველდი ვერასა.

[1895 წ.]

როგორ საშინლად ბნელოდა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 181 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“ 1895 წ. 5/VIII,№ 166 (A).

სათაური: ქებათა-ქება B.

ალ. აბაშელი უთითებს კიდევ ამ ლექსის მეორე ავტოგრაფს (S № 5317), რომლის მიხედვითაც დაუდგენია მას ტექსტი: დაუმატებია ბოლო ოთხი სტრიქონი, რომელიც ნაბეჭდში არ იყო და გაუსწორებია აგრეთვე სამი სიტყვა: 10 ჰზარავდა] აკრთობდა; 14 სახლების] სახლსა და; 16 ამბობდენ] ეტყოდენ.

ხელნაწერთა ინსტიტუტში, სადაც ამჟამად დაცულია სახ. მუზეუმიდან გადაცემული ვაჟას ავტოგრაფები და მათ შორის ზემოხსენებული (№ 5317) მასალაც, ჩვენ ალ. აბაშელის მიერ მითითებულ ავტოგრაფს ვერ მივაგენით. № 181 ავტოგრაფი გრძელი ლექსია „ქებათა-ქების“ სათაურით, რომლის მეორე ნაწილსაც წარმოადგენს „როგორ საშინლად ბნელოდა“ (იხ. წინა ლექსის კომენტარი).

ავტოგრაფში მოიპოვება მცირეოდენი სხვაობა: 2 ძალიან] ძლიერა. 4 წითლადა] ყვითლადა. 7 ნგრევას] ქცევას. 9 ყოფილა: იმისი, - შეცვლილია: კისკისი. 13 ყოფილა: ჰლოკავდა, - შეცვლილია: ჰღვარავდა. 19 ყოფილა: გაშმაგებული, - შეცვლილია: იმის საშველად. ბოლოს წაშლილია ოთხი სტრიქონი:

ბუ გაჰკიოდა მწუხარედ,
სოფლად ძაღლები ღმუოდენ:
რასც ჰგრძნობდენ, იმას მოსთქვამდენ,
ისინი როდი სტყუოდენ.

13.10 სოფლისა წესი ასეა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

სოფლისა წესი ასეა:
ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან;
მკვდრების მაგივრად მალედვე
მეორეები ჩნდებიან.
სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,
ეს მიტომ დადვა წესადა;
სიკვდილი გაუჩენია
მას თავის გასაკვებადა.
იმიტომა სძულს უძლური,
ვით ტანსაცმელი ძველია,
რომ უყვარს ნორჩი, ახალი, -
მით დაიმშვენოს წელია.
დავიხოცებით, სიყვარულს
საკუთარს, ნადებს გულადა,
ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ
საქვეყნოდ დაკარგულადა.
მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს,
ის ისევ რჩება ცხოვლადა,
დაფრინავს, როგორც ფარვანა,
საამო, კარგი ყოვლადა,
გულის ძგერა აქვს სამეფოდ,
ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა.
ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა,
შიგ ია-ვარდის მრგველია,
იმისგან ჰყვირის ირემი,
მისით დაფრინავს შველია;
მისგანა გალობს ბულბული,
მისგნითვე მწვანობს ველია,
იმისგან ხარობს ბუნება -
უკანასკნელი მწერია...
ზღვაში იღუპვის ჭაბუკი,
თავის სატრფოსთვის ხელია.
დიდება ქვეყნის შემომქმედს,
რა კარგად დაუწერია!..

[1895 წ.]

სოფლისა წესი ასეა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 181 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1895 წ. 15/VIII, № 174 (A).

სათაური: ქებათა-ქება B.

ავტოგრაფში (B) გვაქვს შემდეგი სწორებანი და ვარიანტული სხვაობანი:

3 მკვდრების მაგივრად] დახოცილთ ფეხზე. 6 დადვა] დასდვა. 9 პირველად ყოფილა: მას როდი უყვარს უძლური,- შემდეგ შეცვლილია: მას მით არ უყვარს უძლური, - დაბოლოს არის: მას იმიტომ სძულს უძლური. 10 ტანსაცმელი] ტანთსაცმელი. 11 ყოფილა: ახალი, ნორჩი, ძლიერი, - გადასწორებულია: მას უყვარს ნორჩი, ძლიერი. 12 ყოფილა: რომ მოიღეროს, - წაშლილია და არის: რომ დაიმშვენოს. 13 ჯერ ყოფილა: წავალთ და გულის ტრფობასა, - წაშლილია და არის: რომ ვიხოცებით, სიყვარულს. 15 ყოფილა: ვკარგავთ ჩვენ პირად და ვიცნობთ, - გადაკეთებულია: ვკარგავთ პირადად და ვიცნობთ. 16 საქვეყნოდ] სამუდმოდ. 20 კარგი] სატრფო. 21-22 სტრიქონები აკლია. 24 შიგ ია-ვარდის მრგველია] გულში სამოთხის მრგველია. 25-ე სტრიქონიდან ავტოგრაფი (B) მთლიანად შორდება ნაბეჭდ ტექსტს და ასეთი სახე აქვს:

რწყოს უკვდავების წყაროთი
ყვავილიანი ველია,
სადაც გალობენ ბულბულნი,
სადაც ნავარდობს შველია,
სადც ენასა ასავსავებს
ევას მცდენელი გველია.

ბოლოსწინა სტრიქონის პირვანდელი ვარიანტია: და სადაც ენას იგრძელებს (იხ. აგრეთვე ზემოთ შენიშვნები ლექსისა: „გულში მატულობს ვარამი“).

13.11 ***

▲ზევით დაბრუნება


ეშმაკს რად ვაქებ, იცოდეთ,
საცოდნელია სწორედა,
ხომ ეშმაკია ბოროტი,
ფულიც დაუდგი ყორედა, -
ქრთამს არ აიღებს არასდროს,
თავის გზას მისდევს სწორედა.
ჯოჯოხეთისა მიდამო
იმას ეკუთვნის სრულადა.
წმინდანთა მისი საქმენი
გვამცნეს და იცნეს კრულადა.
მაგრამ მე ისე არა ვსცან,
რაც მათ სდებიათ გულადა.
ეშმაკი ეშმაკი არის,
ბოროტი სული, წყეული,
ცოდვების ჩასადენადა
კაცთათვის გამოსეული.
მაგრამ ბოროტი ცოდვასა
არ დაგისახავს მადლადა,
თუნდ ურმით ოქრო მიართო
თავის ცოდვების სახსრადა.
მაინც ჯოჯოხეთს უჩვენებს,
ამას ამბობენ, სწორია.
ცხვარს არას ერჩის, მას უყვარს
კაცი, რომელიც ღორია.
აბა, რისათვის ვაძაგო! .
ამისთვის გასაჭორია?
ავსულთა ჯავრი ჩემს გულზე
მარტო მას მოუფონია.
არც უნამუსო ყოფილა,
არცა ჰკლებია გონია,
მაინც ჩვენ ეშმაკს ვუწოდებთ,
ქვეყნისო დამაღონია.

[1895 წ.]

*** (ეშმაკს რად ვაქებ, იცოდეთ)

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 181.

შენიშვნები ამ ლექსთან დაკავშირებით იხ. ზემოთ („გულში მატულობს ვარამი“-ს შენიშვნებთან).

ავტოგრაფში ნასწორებია შემდეგი სტრიქონები:

6 ყოფილა: თავის გზა იცის სწორედა, - გადასწორებულია: თავის გზას მისდევს სწორედა. 10 ყოფილა: კაცთა მოგვითხრეს სრულადა, - წაშლილია და არის: გვამცნეს და იცნეს კრულადა. 18 პირველად ყოფილა: თურმე არ ჰსახავს მადლადა, - შეცვლილია ასე: არ დაგისახავს მადლადა.

13.12 ჩვენს მხცოვან მოღვაწეებს

▲ზევით დაბრუნება


ჩემის სამშობლოს არწივნო,
მოგესალმებით მთურადა;
საფერო არაფერი მაქვს,
პირდაპირ გეტყვით ძმურადა:
მომაქვის ქუჩის გვირგვინი
თქვენს თავზე დასახურადა.
რად ჰფიქრობთ, ახლები ვცნობდეთ
თქვენს შრომას დაკარგულადა?!
წყვდიადს ნათელი მოჰფინეთ,
გაიღვიძეთო, იძახდით.
სნეულის მშობლის წამალსა
ხე-ქვასაც კიდევ ჰკითხავდით;
რითაც შაგეძლოთ, სცდილობდით,
თავის ქეეყანას იცავდით.
ოღრო-ჩოღროსა ალაგსა
დასდეთ ბილიკი სავალი,
შიშველის ხელით დაჰგლიჯეთ
ნარი-ეკალი მრავალი!..
რომელი ჭკვათა მყოფელი
უარჰყოფს თქვენსა შრომასა?
მიკვირს, რად უგდებთ თქვენც ყურსა
ერთს-ორს ურწმუნო თომასა...
საცა სიმართლე ჰღაღადებს,
იქვეა აზრთა ცდომაცა!..

[1895 წ.]

ჩვენს მხცოვან მოღვაწეებს

ნაბეჭდი: „საქართველოს კალენდარი“, 1896 წ. (ცენზურის მიერ ნებადადულია 1895 წ. 13 სექტემბერს).

ლექსის დაბეჭდვისას კალენდარში გაპარულა რამდენიმე კორექტურული შეცდომა: მე-12 სტრ. ხე-ქვასაც მაგიერ დაბეჭდილია ხელქვასაც; მე-15 სტრ. ოღრო-ჩოღროსა-ს მაგიერ ოღრო-ჩოჩღოსა. გარდა ამისა, 9-14 სტრიქონები კალენდარში შემდეგნაირი თანმიმდევრობით არის დაბეჭდილი:

წყვდიადს ნათელი მოჰფინეთ,
გაიღვძეთო, იძახდით.
თავის ქვეყანას იცავდით;
სნეულის მშობლის წამალსა
ხე-ქვასაც კიდევ ჰკითხავდით;
რითაც შეგეძლოთ სცდილობდით.

როგორც ჩანს, აქ სტრიქონები არეულია. ამ ადგილის გასწორება ორგვარად შეიძლებოდა: ან უკანასკნელი სტრიქონი გადაგვეტანა წინ - მეორე სტრიქონის შემდეგ, ან მესამე ჩამოგვეტანა ბოლოს. ორივეგვარი სწორება რითმისა და აზრის მხრივ დაახლოებით ერთნაირ შედეგს იძლევა. ალ. აბაშელს აურჩევია მეორე ვარიანტი. ჩვენც ასევე დავტოვეთ.

13.13 ზოგი დრო მოვა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ზოგი დრო მოვა, ნისლითა
სულ-გული შამებურება,
არსად ელვაა, არც მეხი,
ჩაბნედით ჩაიხურება.
სულ სხვა ვარ, როცა ღრუბელი
მდუღარედ დაიწურება.

გულისა მწარე ტკივილი
თვალებს დაუწყებს წოვას,-
ელამუნება სასმელად
შავის ფიქრების გროვასა.

როგორც ცა, გამოვიდარებ,
დამიყუჩდება ტკივილი...
თითქოს არა მაქვს საწყრომი,
არა მჭირდება ჩივილი.

მაგრამ სადიდხნო როდია
ეს ამისთანა წამალი...
კვლავ ამეშლება ტკივილი,
მანამ იყივლებს მამალი,
და ისევ ცრემლი, ტირილი,
ისევ ძველი გზა სავალი...

[1895 წ.]

ზოგი დრო მოვა

ნაბეჭდი: „საქართველოს კალენდარი“, 1896 წ. (ცენზურის ნებართვა გაცემულია 1895 წ. 13/IX).

13.14 1795 წლის სახსოვრად

▲ზევით დაბრუნება


აგერ ამოდგა აჩრდილი,
აკლდამის კარი გაიღო;
რა ფრიად შეწუხებულა,
ხელში ფრანგული აიღო...
მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი,
ნალმა ძგრიალი გაიღო.
თვალთაგან ცრემლ-დანადენსა
სისხლი უცინის მკლავზედა,
მაინც არ ტყდება მოხუცი,
ხელი უვლია ხმალზედა;
გასცქერის ტფილისისაკენ,
აღშფოთებული ძალზედა;
იწვება ჩვენი ქალაქი,
ალი შემჯდარა ალზედა.
იქ მიშველება სწადიან,
თავს ესხმის გუნდი მტერისა;
უხმობს იმერთ და ამერთა,
ვისაც თავი აქვს შველისა.
მოუვლენ არაგველები,-
გულ-გადალევით ელისა.
სადა ჰყავს შავარდნის გუნდი,
ვაჟკაცნი ლომის ფერანი?
ტახტი დაუწვეს მეფესა,
ქვეყანა ქმნილა ვერანი.
სრულ სისხლით გადაბასრულან
მწვანე ივერთა ველანი.
ფარფაშობს აღა-მაჰმადი,
თამაშობს იმის მერანი.
სადაა ქართველთ ბიჭები,
ვით გასძლონ ამის მზერანი?
- ვაჰმე, სადა და სადღაა,
კრწანისზედ გასწყდნენ ყველანი,
უხმობს, უწოდებს მხედართა...
დადუმებულან ენანი...
თამარს და ვახტანგს მიართვეს
ტანზედ წყლულების თმენანი.
ვაჰ, რომ მათ შთამაოებას
დაგვეხშო ყურთა სმენანი:
სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნს
ქაღალდს ნათითხნი მელანი.

[1895 წ.]

1795 წლის სახსოვრად

ნაბეჭდი: „ივერია“, 1895 წ, 16/IX, № 198.

7 ცრემლ-ლანადენსა] ცრემლსა ნადენსა. 22 ვაჟკაცნი] კაცნი.

1795 წ. სპარსელთა 35 ათასიანი ლაშქარი აღა-მაჰმად-ხანის წინამძღოლობით შემოესია საქართველოს. ქართველთა მეფემ ერეკლე მეორემ მხოლოდ 5 ათასი მეომრის შეკრება შესძლო, მაგრამ მტერს მაინც შედგრად დაუხვდა. 10 სექტემბერს გაიმართა პირველი შეტაკება მტრის მოწინავე რაზმთან, რომელიც სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამ მარცხით შეფიქრიანებული აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მოღალატეებმა ქართველთა მცირერიცხოვნობა შეატყობინეს. მტერს გული მოეცა და მეორე დღეს, 11 სექტემბერს, ხელახლა შემოუტია ქართველებს. თბილისის კარიბჭესთან - კრწანისის ველზე გაიმართა გადამწყვეტი შეტაკება, რომელშიაც ქართველებმა უმაგალითო მამაცობა გამოიჩინეს, მაგრამ მტრის დიდმა რიცხობრივმა უპირატესობამ საბოლოოდ მაინც სპარსელების სასარგებლოდ გადასწყვიტა ომის ბედი. მტერმა თბილისი აიღო და მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაარბია. კრწანისის ომმა განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს მომავალი ბედ-იღბლის გადაწყვეტის საქმეში. მალე ამის შემდეგ, 1801 წელს, საქართველო საბოლოოდ შეუერთდა რუსეთს.

1895 წლის სექტემბერში ქართველმა საზოგადოებრიობამ საგანგებოდ აღნიშნა კრწანისის ომის ასი წლისთავი. ამ თარიღს მთელი ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილი გამოეხმაურა. ამის ნიმუშია ვაჟას ლექსიც.

13.15 ვნახე სამოთხე ამ ქვეყნად

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ვნახე სამოთხე ამ ქვეყნად,
რა ტურფა სანახავია;
ხელთ მეპყრა კონად შეკრული
ჩემის სამშობლოს სახია;
არც თავი უჩანს, არც ბოლო,
ასე ვის მოუჩმახია?!
მაგრამ ტურფაა, - გამოსჭვირს
შიგ სახე საქართველოსი:
მთა, ტყე, მდინარე, ყვავილი
მშობელი მიწის მდელოსი;
შიგ ჩაქსოვილა გმირთ სახე,
მამა-პაპათა ქველობა, -
სისხლი და ოფლი ერთურთში,
ხმლითა მამულის მცველობა
და ჩემის სატრფიალოსი
ჟამთ იქით ძველის-ძველობა.
ვნეტარობ ნეტარებითა,
ვერ ვძღები იმის ცქერითა;
ეს კონა გულშიც ჩამერგო
თავ-მოწონებით, მღერითა.
ვინ მომერევა, ვინ მომკლავს
უკვდავს ხედვით და სმენითა?!
შევქმნილვარ ცა-ხმელთა სწორი
ამ ნეტარების თმენითა.
ვლაღობ და ვხარობ ფრიადა
ხელს ჩანგით, პირში ენითა,
აყვავებულის გულისა
აღფრთოვანების კბენითა.

[1895 წ.]

ვნახე სამოთხე ამ ქვეყნად

ნაბეჭდი: „ივერია“, 1895 წ. 26/IX, № 206.

27. აყვავებულის] აჰყვავებულის.

13.16 მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ
წვერ-პირი მორთე თეთრადა,
ეხლა იარონ იქნება
ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა.
მომწყინდა გულის ჯახირი,
დამღალა მისმა ბგერამა;
დღეს-აქამომდე მის ღელვა
ვერ დაამშვიდა ვერრამა;
ბერ-მუხად გულში იფარჩხვის,
რაც მიანდერძა დედამა, -
დაწურა, სისხლად დაწურა
ქვეყნის უღმერთოდ რბევამა;
ტანზე ამასხა ეკალი
საფლავთ წინაპართ კვნესამა,
აკლდამებიდამ მწყრომარედ
იმათმა გადმოხედვამა.

[1895 წ.]

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ

ავტოგრაფი: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 181 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1895 წ. 29/IX, № 208 (A).

ავტოგრაფი (B) გვიჩვენებს შემდეგ სხვაობებს: მე-2 სტრ. შემდეგ წაშლილია: დროა, რომ ახლა. 4 ყოფილა: ჭკვამ და გონებამ, - შეცვლილია: ჭკვამ და გულისთქმამ. 5 მომწყინდა] მამწყინდა. 8 ვერრამა] ვერამა. 11-12 გვიან არის ჩამატებული. 13. ყოფილა: გულზე დამასხა ისრის ჯგრო - შეცვლილია ასე: ტანზე დამასხა ეკალი. 15 მწყრომარედ] შუბლშეკვრით.

13.17 ***

▲ზევით დაბრუნება


ვინ სდგეხარ გულ-ჭირიანი
აფხუშოს ქავის კარზედა?
მტერთა მარჯვენის ნამდნარი
წვიმის ცვრად დაგდის თავზედა,
ერთის კვირეის ნაფხიზლარს
ლული გევლება თვალზედა,
დაგთვლემს და დაებრჯინები
ხამუშად შუბის ტარზედა.

[1895 წ.]

*** (ვინ სდგეხარ გულჭირიანი)

ავტოგრაფი: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 181.

1. ვინ სდგეხარ] პირველად ყოფილა: ვინა ზის. 3-4 სტრ. პირველად ასე ყოფილა: თავს დასდის ხელების წვენი, მიკრული ციხის თავზედა.

ამ ლექსის ავტოგრაფი მოთავსებულია ცალკე ფურცელზე „სიმღერის“ („მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ“) ტექსტთან ერთად. ამავე ფურცლის მეორე გვერდზეა ორი პატარა ხალხური ლექსი, ჩაწერილი უცნობი ხელით 1895 წ 19 ივნისს. ეჭვი იბადება, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ლექსიც ხალხური ხომ არ არისო, მით უმეტეს, რომ იგი ხელმოუწერელია. ალბათ, ამიტომ არ შეჰქონდათ იგი ვაჟას თხზულებებში წინა გამომცემლებს. მაგრამ ხალხურ პოეზიაში ამ ლექსს პარალელი არ მოეძებნება; იგი დაწერილია ვაჟას ხელით, შიგ მოიპოვება სწორებანი, რასაც ვაჟა არ მიმართავდა ხალხურ ნაწარმოებში. ამრიგად, ეს ლექსი უთუოდ ვაჟასია (იხ. ზ. ჭუმბურიძე, სალიტერატურო ენა და მწერლობა, 1962, გვ. 238).

ლექსი უნდა დავათარიღოთ 1895 წლით, რადგან ამავე ფურცელზე მოთავსებული მეორე ლექსი „მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ“ ამ წელსაა დაბეჭდილი. ზემოხსენებული ხალხური ლექსების ჩაწერის თარიღიც 1895 წლის 19 ივნისია. დაბოლოს, ამავე ფერცელზე არის ვაჟას ასეთი მინაწერი: „მოამბეს“-თან ანგარიში გავაკეთე და მე დამედო კიდევ ამ 1895 წლისა 17-ს მარტს, 10 მანეთი და 80 კ. ლ. რაზიკაშვილი. 1895 წ.“

14 1896

▲ზევით დაბრუნება


14.1 საახალწლო

▲ზევით დაბრუნება


კიდევ ავიღებ კალამსა,
კიდევაც გავშლი დროშასა,
დრო არ მოგვყვება ხანდახან,
თუ შენ არ მიჰყევ დრო-ჟამსა,
ხელში ავიღებ ჩონგურსა
და ზედ დავმღერებ ცოტასა;
ვერ ვუღალატებ ჩვეულებრ
ამ საახალწლო მოდასა.
მგელს რომ არ ვაქებ, წესია,
საქებს შევასხამ ხოტბასა.
ღმერთმა დაგასწროთ მრავალსა
ახალწელსა და შობასა!..

მშვიდობა შენთან, მოხუცო,
საერო კილოს დედაო!
მოგიძღვნი მთიდამ სალამსა,
შენთან საუბარს ვბედაო:
რა არის ზოგის სიცოცხლე,
ნეტავ რისათვის ჩნდებაო?
იცოცხლებს ჭიასავითა,
ჭიასავითვე კვდებაო.
იქ საიქიოს დამცდარი
სააქაოსაც სცდებაო.

მშვიდობა ისევ შენთანა,
კისერ-ჟანგიანთ მგოსანო!
ტყავ-ფარაჯიანთ ერთგულო,
ქართველო პატიოსანო!
მთით ბარად ხიდის გამდებო!
მტირალს დედასა ვხედაო:
შვილი დაუჭრეს ლაშქარსა,
სადღაც ღელეში კვდებაო,
თუ „ვეღარ ჰნახავს ურჯულოს“,
წყლულები მოურჩებაო.
დაჭრილის კვნესის გამგონი
გოგო შველივით ფრთხებაო;
მაგრამ მუდარა რო ესმის,
დაკოდილს უბრუნდებაო,
„ბუერით“ წყალსა შეასმევს,
დაკოდილიცა რჩებაო;
ისიმც იხარებს გულითა,
დედა თუმც მოუკვდებაო.

მთაში კერის პირს მჯდომარე
ხევსური ხმალსა ჰფერავდა.
წარსულთა საქმეთ მნახველი
აწმყოს ვაებას ჰზვერავდა.
ერეკლეს დროის მამგონე
ფიქრებს სჭრიდა და ჰკერავდა.
„სხვაზე არ გავცვლი სამშობლოს“,
რა გულმოდგინედ ჰკვერავდა!..
იმან იცოცხლოს, ვინც იმ დროს
მის გულის გრძნობას სწველავდა.

შორს ჩემგან, მაცდურებაო,
შორს ჩემგან, უქმად დვრენაო!
რა ტკბილი არის, ვინც იცის
თავის მშობელი ენაო.
გვიამბობს წარსულთ საქმეთა
მამა-პაპათას ჩვენაო,
სხვამ რამ-ღა უნდა დაატკბოს
ქართველი კაცის სმენაო?
დედინაცვალმა დედობა
ტყუილად დაიჩემაო!
ძველთა თქვეს ძველი ქართული
თავისს ძველებურს წესზედა:
„ხელებს ნუ იკრებთ გულზედა,
საქმეს ნუ აგდებთ ღმერთზედა“.
მტრედსაც მოჰქონდა ბარათი,
გადახვეული მხრებზედა:
„თვით უპატრონეთ თავის-თავს,
ნუ იმედოვნებთ სხვებზედა“.

აგერ დაენთო სანთელი,
ჟიკჟიკებს იელ-ციელა,
როგორც ზოგები ამბობენ,
არც ისე გვიჭირს ძრიელა.
„სისხლს დავღვრი საქართველოსთვის“,
მოხუციც ამბობს მთიელა:
„შენ მითხარ გარემოება,
თუ ცაში დროშამ იელა“.

საზრდოს მძებნელი მთა-ღელეს
მგელი-კი ღმუის მშიერი;
მინდა, რომ ბოროტებასა
სახე ვუცვალო, იერი.
ვეღარც სიტყვა სჭრის ლიტონი
და ვეღარც მკლავი ძლიერი.
სტირის მომხნავი... მის ხნულში
მიწა არა სჩანს ფხვიერი.
თესლს, ნათესს ჩიტნი აჰკრებენ,
ღვარნი წაჰლეკენ მდინარნი.
შინ წიოკობენ ბალღები,
მშიერნი, სახე-მტირალნი.

სიტყვის მთესველნო, ისმინეთ!
ნუ დამეღალვი, მერანო!
და ძველთა სისხლით ნაღებო,
ჩემო ქვეყანავ ვერანო!
და თქენც, ჰე მთანო მაღალნო,
ჩემის სამშობლოს მცველანო!
თქვენც, საქართველოს ასულნო,
ერთად ვიცოცხლოთ, ყველანო!
არ გვეშველება, თუ ერთს დროს
სისხლად არ იქეც, მელანო!

[1896 წ.]

საახალწლო

ნაბეჭდი: „ივერია“, 1896 წ. 13/I, № 9.

„ივერიაში“ დაშვებულია მსხვილი კორექტურული შეცდომა და ამ ლექსის დაახლოებით შუა ნაწილში (ამ სტრიქონებს შუა: „ბუერით წყალსა შეასმევს, დაკოდილიცა რჩებაო“) ჩაბეჭდილია ზემო სვეტში ამოვარდნილი ნაწყვეტი „ახალი აბებიდან“.

ბოლოდან მე-8 სტრიქონში: და ველთა სისხლით ნაღებო, - გასწორდა: და ძველთა სისხლით ნაღებო.

14.2 სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)

არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.

საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.

მთლად მე მეკუთუნის ქვეყანა:
მთაში - მთა, ბარად - ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას - ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია;
ია, უღრანს ტყეს მოსული,
თალხ-კაბა, ენა-მტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, -
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბჭყვრიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.

ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!-
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.

ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.

ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! -
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.

[1896 წ.]

სიმღერა (ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., № 64 (C).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1896 წ. 25/II, № 44 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).

სათაური: ღარიბის სიმღერა C.

ქვესათაური: არა აქვს C.

3-8 სტრიქონები C-ში სავსებით განსხვავებულია:

დაე მეც იმათში ვიყო,
ვინაც ამ ცოდვით ცნობილა.
ასეთს ყოფაში, ძმობილო,
ერთხელ იობიც ყოფილა.
დღესაც მას კაცად იცნობენ,
ამით ის არა გმობილა.

5 წუთისოფლის] წუთის-სოფლის B. 9 ყველას სამარე მოგველის] სულ ბოლოს ტანჯვა მოგველის C. 11 ყოფილა: მაინც ქედს დაბლა არა ვხრი, - გადაკეთებულია: ქედს მიტომ დაბლა არა ვხრი, - დასასრულ კიდევ შეცვლილია: საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი C. 12 სტრ. შემდეგ წაშლილია: და მართლაც ჩემი სიმდიდრე C. 13-14 ისეთი, თქვენმა ძმობამა ჯერ არვის გაუგონია] ისეთი, იმისთანაი, კაცთ ჯერ არ გაუგონია C. 15 მეკუთვნის] მეკუთნის A.16 მთაში მთა, ბარად ბარია] მთა-ბარი, ნიავ-ქარია C. 17 ერთიან] მთლიანად C. 20 გუშაგი] სტუმარი C. 25 გაფურჩნვა] გაფურჩნა AB. 29 ყოფილა: კლდეზე პირიმზე მოსული, - გადაკეთებულია: კლდეზე პირიმზე გაშლილი C. 32 ბჭყვრიალა] ჭყვრიალა A. მპრჭყვინავი C. 38 რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ] მიწას ვჩხვერ, თანაც ვბუბუნებ C. 39 ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე] მიცოხლე ჩემი სამშობლო C. 40 მძინარიც] მძინარაც A, მძინარეც B; ყოფილა: ღმერთო, ამასა - გადაკეთებულია: ღმერთო, სულ იმას C. 41-42 ყოფილა: თუ ვის საწყლობა გავიგე, მის ნაცვლად მენა ვწუწუნებ, - გადაკეთებულია: საწყალთ საწყლობა რო მესმის, იმათ მაგივრად ვწუწუნებ C. 45-50 სტრიქონები C-ში შემდეგ არის მიწერილი, ლექსის ბოლოს. 54 მძინარიც იმას] მძინარეც იმას B; განიჟებითა C. 55-56 სტრიქონები აკლია C-ში. 57 ყოფილა: გულზე შავჯდები ხანდახან, - სიტყვებს ციფრები უზის გადასმით ნიშნად და ვღებულობთ: ხანდახან გულზე შავჯდები C.

14.3 ბავშს

▲ზევით დაბრუნება


ბავში ხარ, „აღუს“ იძახი,
ვერ დახვალ, ვერ დგამ ფეხასა;
დაჰვაჟკაცდები, პატარავ,
იწყებ ულვაშის გრეხასა;
წელზე შეიბამ გორდასა,
ეტრფობი აბჯრის ჟღერასა,
თავსა შეაკლავ, თუ ვინმე
ავად გიხსენებს დედასა.
მშობელი მიწის დარაჯსა
გნახავ მტრისაკენ მზერალსა.
რაკი სცნობს შენსა სიმტკიცეს,
მტერიც დაგაკლებს ვერასა.
გამარჯვებისა ამბავსა
ქართულად იწყებ წერასა,
მაშვრალი, ბრძოლით მოსული,
ჩამოუჯდება კერასა;
გვერდს გისხდებიან სწორები,
ვისმეს თქვენს სუფრულ მღერასა.
იძახებთ „ჰარუნანოსა“,
ზედ დართულს „დელი-დელასა“,
რა რძე მოხუცის ვაზისა
შუბლს შეგიხურებთ ყველასა.
ჰხარობდი, ხარო-ირემო,
თვალი დაუდგეს მელასა!

[1896 წ.]

ბავშს

ნაბეჭდი: ჟ. „ჯეჯილი“, 1896 წ. № 3 (ცენზურის ნებართვა გაცემულია 1896 წ. 6 მარტს).

14.4 დედა და შვილი

▲ზევით დაბრუნება


შვილი

დედავ, მითხარი, გენაცვა,
მე როგორ გამაჩინეო?

დედა

გაიგებ, რომ გაიზდები,
დაწექი, დაიძინეო.

შვილი

შენი ჭირიმე, დედილო,
მინდა ვიცოდე მართალი, -
თავს წამოადგა დედასა
ვით თავმომწონი სარდალი.

დედა

გიამბობ, თავს შემოგევლე,
მიკვირს, რომ არა გცოდნია,
შენ ჩვენს ბაღჩაში მოგთხარე,
აგერ, იქით რომ ღობია.
იქ საკიტრესა ვჩიჩქნიდი,
ვაფხვიერებდი მიწასა,
პირველად ვერა ვნახე-რა,
ეხლაცა ვკვირობ იმასა!..
ჯერ ხომ ბორხვენა ამოჩნდა,
მერე ლუსუმა, ღოლოცა,
მესმის კრუსუნი თხრილშია,
თმა დავინახე ბოლოსა.
ეს იყო, შენ გენაცვალე,
შენი ქოჩორი ოქროსა!..
გეწიე თმაზე, გეწიე,
ამოგაჩინე მთლიანად;
ძლივსა ჰსუნთქავდი, ჰკრუნავდი
გულისა დამაზიანად.
შეგხვიე კაბის კალთაში,
გამოვექანე შინაო.
მამამ რო გნახა, იამა,
ძალიან მოილხინაო.
გაგბანე, ჟეცხლზე გაგათბე,
აკვანიც მქონდა თანაო;
მყის ჩაგაწვინე აყვანში,
გიმღერე ნანი-ნანაო.

შვილი

მაშ, ჩვენებიანთ ვასო-ღა
საით, ვინ გააჩინაო?

დედა

წისქვილს ეპოვნა დედასა,
ალატში, ფქვილის კრეფაში,
ფქვილს თურმე სწმენდდა და ამ დროს
ხელი მოევლო კეფაში.

შვილი

ოჰ, მაშ ვანო-ღა, დედილო,
ის სადღა არის ნაპოვნი?

დედა

ვანო ხნულშია, პაპა-შენს
ეხნა მინდორი, ველები,
გადაბრუნებულს კვალშია
ამოსჩენოდა ხელები,
შენი ძალუა თინაცა
მეხრედ ჰყოლოდა პაპასა,
რა დაენახა ყმაწვილი,
ხელი ეტაცა იმ წამსა.

შვილი

თუ ნაპოვნები არიან,
ორივ რად მიყვარს დიდადა? -
კვლავ ჰკითხა ბავშვმა დედასა
ნაღვლიანადა, მშვიდადა. -
არა, ჩვენები არიან,
მე თვითონ ვიცი წმინდადა.
რისთვის მატყუებ, დედაო? -
სთქვა, გადაეჭდო ყელზედა,
შეჰფოფინებდა თვალებში,
ხელებს უსვამდა თმებზედა.

[1896 წ.]

დედა და შვილი

ნაბეჭდი: „ჯეჯილი“,1896 წ. № 7 (ცენზურის ნებართვა გაცემულია 1896 წ. 11 ივლისს).

26 ოქროსა] ოქროსი.

14.5 ხორცო, დაჰნელდი

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ხორცო, დაჰნელდი, დამჭლევდი,
სულო, იხარე, ჰლაღობდე,
ღმერთმა დამკარგოს, თუ ამას
სიტყვის შნოსათვის ვამბობდე.
ხორცი რა მიშველს მარტოკა,
თუ სულით არა ვგალობდე.
სულო, აჰყვავდი, ამაღლდი,
დაე ლეშითა ვწვალობდე!

დაგვალულს მიწას უხდება,
როს დასწვიმს, დასდის ღვარია;
ეგრევ ნაავდრალს მდელოსა -
მზის დახედნება, დარია.
სულო, აჰყვავდი, ამაღლდი,
ვარდებით დაიფარია.
ცრემლი, ჩემ თვალთა ნაწური,
ზედ ნამად დაიყარია,
საჭირვარამო ქვეყნისა
გულს ლახვრად გამიყარია.
მაშინ ცა მიწას ეწევა,
მთაზე შეჯდება ბარია.
იქ ძოვდეს ჯოგი ირმისა,
დაბუბუნებდეს ხარია,
თავს ევლებოდეს ქვეყანას,
სხივ-უვნებელი მთვარია.

[1896 წ.]

ხორცო, დაჰნელდი

ნაბეჭდი: ჟ. „კვალი“, 1896 წ. 29/IX (B).

საქ. ცენტრ. არქივის საცენზურო კომიტეტის ფონდი, საქშე 1573 (A).

18 ლახვრად] ლახვრით A. 19 ეწევა] ეწვევა B. 24 მთვარია] მთვარეა B.

ეს ლექსი, აგრეთვე „ბედის მომლოდნე უბედო დავრჩი“ და პოემა „ჰაოს და ქართლოს“ ვაჟას გადაუცია ცალკე წიგნად გამოსაცემად იოსებ იმედაშვილისთვის 1899 წელს. ი. იმედაშვილს ხელნაწერი წარუდგენია საცენზურო კომიტეტში ნებართვის მისაღებად, მაგრამ ცენზურას იმავე წლის 24 ნოემბერს უარი უთქვამს დაბეჭდვაზე (იხ. ს. ყუბანეიშვილი, „ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“, 1940, გვ. 263).

14.6 ერთხელ-კი ჩვენაც ვყოფილვართ

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ერთხელ-კი ჩვენაც ვყოფილვართ
კაცნი და გულიც გვდებია:
ღირსეულ შვილთა უთელავთ
სამშობლოს მინდორ-მთებია.
ახლა-კი ჩვენი სიცოცხლე
გულზე ცეცხლ-მოსადებია!
ჰყოლია სულით მტკიცენი
მშობელს ქვეყანას გმირები,
საიქიოდან მინათებს
მათი ნათელი პირები;
საუნჯე ჩემის გულისა,
ქართველ დედათა შვილები, -
მისხია ტანჯულს ოცნებას,
ვით მარგალიტის ღილები.

ცოცხალი მკვდრებთან ვსაუბრობ,
შევტრფი შუბლ-შეკრულს შოთასა,
თვალებს მარიდებს რადღაცა,
მებუზღუნება ცოტასა.
ვენაცვლე იმის კალამსა,
მის გმირთ ხმალთ სალტე-კოტასა,
სატრფოსთვის ხელსა ტარიელს,
ავთანდილ-ფრიდონთ ყოფასა,
ერთურთის გამტანს ჭირშია,
მათ გამტკიცებულს ძმობასა.

იქა ვარ, იქა, მკვდრებშია,
ამ ქვეყნად ვცოცხლობ ძალადა,
ცოცხალი, მკვდრებში მცხოვრები,
აქ არა ვღირვარ ჩალადა.

დღესნამდე ამას ვიძახდი,
ხვალაც ვიძახებ ამასა.
მკვდრები მიშაქვრენ ცოცხლების
გულში ჩანაწვეთს შხამასა.

[1896 წ.]

ერთხელ-კი ჩვენაც ვყოფილვართ

ნაბეჭდი: „მოამბე“, № 9, 1896 წ. (ცენზურის მიერ ნებადართულია 1896 წ. 25 სექტემბერს).

3 უთელავთ] უთელავ.

15 1897

▲ზევით დაბრუნება


15.1 პასუხად N-ს

▲ზევით დაბრუნება


„გული მიკვდება“ - ნუ ამბობ ამას,
გულის სიკვდილი ხომ აუგია?!
იმას მოუკვდეს, ვისც არა უყვარს, -
ვის ჭკვასთან გულიც ზედ წაუგია
და წარბსაც არ ჰხრის, ქედს მაღლა იღებს,
თვისი ცოდვები არ გაუგია.
ამოღებული უსისხლოდ ვაჟკაცს
ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია.
მე არ მიკვდება, უფროც მთელდება
ჩემ გულზე წყლული, ძველი იარა.
ციდამ ხმა მესმის ანგელოზების,
ცამ თვისი აზრი გამიზიარა:
„ბოლო კარგია“ - და ჟრუანტელმა
თავით ბოლომდე ჩამომიარა.
და ამ ხმამ ტკბილმა ახლად დამბადა,
ბნელი კუნჭული გამიმზიანა.
ვერა, ვერ ვიტყვი, რომ აღმაფრენამ
ვითამ მავნო რამ, დამაზიანა.
„დრონი მეფობენ“ - ძველთ ნათქვამია,
და მეც მრწამს ესა, რომ ასე არი.
ჯერ ავდარია, ქვის სეტყვა მოდის,
მაგრამ, ვიმედობ, ადგება ქარი,
დაანიავებს შავთა ღრუბელთა,
მომზიანდება, დადგება დარი
და გაიღება, ერთხელც იქნება,
ბეჩავთათვისცა სამოთხის კარი.

[1897 წ.]

პასუხად N-ს

ნაბეჭდი: ჟ. „კვალი“, № 9, 1897 წ., 21/II.

15.2 ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


უცნაურია ესე სოფელი,
მოჩვენებაა იმაში ყველა!
ბევრი ცხვარი ჰყავს თავიჭამიას,
უფრო ნაკლები ტურა და მელა.
სხვისა მჭამელი თავის თავსაც სჭამს,
მოჩვენებას ჰგავს თუმცა ეს ყველა.
დღევანდელ სიტკბოს მრავლით უმრავლესს
ხვალ ზედ დაერთვის შხამი და წყევლა.
თავის საქმეებს თვითონ განაგებს, -
არას აწყენდა იმას ღვთის შველა, -
მონა თავისი ბატონიც არის,
თვითონვე შედღვებს, რაც მოიწველა.
გარდა სიმართლის, სათნოებისა,
უთავბოლოა, რასაც ვგრძნობთ, ყველა.

ერემს და სერემს გაუხდათ,
ორივ იბრძოდა ძალზეო,
ძმებს დაუტია სურემმა,
ხელი დაედო ხმალზეო:
„მე თქვენ გიჩვენებთ სეირსა,
ორსავ გაგრეკავთ კარზეო;
არ დაგანებებთ, ჩემია,
ხელი აიღეთ ძვალზეო!“…
დაებღაუჭენ ერთმანეთს,
გამართეს მუშტი-კრივია,
მეშველიც არვინ გამოჩნდა,
წყალი დაესხა ცივია.
რომ დაიქანცენ, დაშველდენ,
აღარ შაეძლოთ ბრძოლაო;
დასასვენებლად სამივეს
გვერდზე მოუნდათ წოლაო.
პირ-დაღადრულებს გმირებსა
თავს წამოადგათ მოლაო
და სამივენი კინაღამ
თეირანს წაიყოლაო.

ცამ მოიღრუბლა ჩეენ თავზე,
სეტყვა მოვა თუ წვიმაო?
არ ვიცი, ბედმა პირ-კუშტმა
რატომ არ გაგვიღიმაო?!.
კარგებს წინათაც უტირავ,
კარგნი დღესაცა ტირიან;
,,გვიშველე, დამბადებელო!“ -
დაუცხრომელად ჰყვირიან.
ჩვენის სიგლახის მიზეზი
ჰსურთ ამოაგდონ ძირიან.
უდარაჯებენ ქვეყანას,
მტერნი გულს ლახვრით ჰგმირიან.
ცუდანი კმაყოფილნია
დღეს და წინანდელს დროშია,
ცუდა გაძრომით იცხოვრებს,
როგორც გარყვნილი გოშია.
ქვეყანა წყალსამც წაუღავ,
ოღომც აჩუქოთ გროშია.
ასეა, ვისიც ტვინისა
და გულის ძარღვი ბოშია.

ვერც წინ წავსულვართ, ვერც უკან
ამ დანჯღრეულის გემითა.
მგზავრობა სად გაგონილა
ზურგზე მათრახის ცემითა,
ან თუ მიმოვლა ქვეყნისა
წინა და უკან ხევითა?
ისევ წინ წასვლა ჯობია
ნააზრეობით ჩემითა.
მაშ ხომ არ დავიღუპებით
ხალხი მრავალის თემითა,
ვერ გავიკვლიეთ ბილიკი,
ვართ ჯერ აზრისა რყევითა.
ცუდანო, კარგებს მიჰყევით,
იცხოვრეთ იმათ რჩევითა...

გასწიე, გემო, იცურვე,
წინ გაიწიე ბაგითა,
ვერას დაგვაკლებს ზღვის ტალღა
შემოტევებით შმაგითა.
დე იალქნები დაფრიწოს
ქარის უდივრად ქროლამა,
დაე დაგვლეწოს, თუ უნდა,
ზღვისა ზვირთების სროლამა,
მკვდარს დაგვამზგავსა მაინცა
უქმად გდებამ და წოლმა;
გააბეჩავა მშობელი
უმზგავსთა შვილთა ყოლამა.

ეჰ, მე დამღალა, დამამხო
მარტო ფიქრმა და გრძნობამა,
არა მოგვცა-რა ლამაზის
სიტყვებით ამაყობამა.
აღარ აყეფდა არწივი,
ვეფხვი არ იბრძვის ტოტითა,
ერთხელ საქმეზეც ვიფიქროთ,
დარბაისელნო, მოდითა!
ერთნი ალთაში გავრბივართ,
სხვანი წავედით ბალთასა!
ძმანი ერთმანეთს მივურბით,
სხვა ვინ დაგვაგლეჯს კალთასა!..
ღმერთო, მადლობა შენთვისა,
დედა-ღვთისმშობელს დიდება.
სხვა ვერა მიფიქრია-რა:
ალბათ, უფალმა ინება.
თორემ ვინა თქვა თეთრისა
სიმწვანე ანუ შავობა!
ვინა თქვა: ერთობა გვაწყენს,
გვარგია სხვადასხვაობა.
ბევრსა ტყუიან ძველებიც,
ტყუის ახალი თაობა.

[1897 წ.]

ქებათა-ქება (უცნაურია ესე სოფელი)

ნაბეჭდი: ჟ. „კვალი“, 1897 წ. 9/III, № 11.

15.3 ყველასაცა გვაქვს

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ყველასაცა გვაქვს, ნუ გიკვირთ,
საცხოვრებისო წუხილი!
მაშ რისგან ხდება კაცთ შორის
ამდენი ჭექა-ქუხილი?!
მაინც არ უნდა დავკარგოთ
ციურის გულის დუღილი…

დიდებულს იმას ვეძახი,
ვინც ანგარიშის გარეთა
ქვეყნის ჭირსა და ვარამზე
დაიქვითინებს მწარედა.
აბა, ის არის ვაჟკაცი,
ის მიმაჩნია მთვარედა!..

მოზღვავდეს ჭირი მრავალი
დასაღუპავად ქვეყნისა,
იგი მიუპყრობს მხოლოდ მკერდს,
თავზედ გვირგვინი ჰშვენისა.
„მე მომკალ, ჭირო“, იძახის,
„ბრალი არ არის სხვებისა“…
აზრის და სიმართლისათვის
მხოლოდ ვაჟკაცი კედებისა..
ალალიც იმაზედ არის
ნანა და ძუძუ დედისა!

[1897 წ.]

ყველასაცა გვაქვს

ნაბეჭდი: „ივერია“, 1897 წ. 16/III, № 50.

15.4 ღარიბის აღების ღამე

▲ზევით დაბრუნება


ვისაც რამა აქვს საჭმელი,
დაჯდეს და გაიხაროსა;
ხვალიდან მარხვა დადგება,
ის ხომ უფალმა დალოცა!
საბრალო გოგიას ქვრივი
აფხაკუნებდა თაროსა:
„ახლავ ერბო-კვერცხს მოგიწვავთ“,
პირს აკერია დაროსა.
ეგები დადგენ, ატყუებს
სოსოს, დათას და მაროსა.
ხელში შესცქერენ ბალღები,
საქმე რით მოაგვაროსა?!.
პურიც არ უძევთ ვარცლშია,
მარილი მოაყაროსა,
თორემ ერბო-კეერცხს ვინ მისცემს
იმ მშობელ-გასახაროსა!
ხან მელის ზღაპრებს მოუყვა,
ხან ჩიტუნიას ამბებსა;
მოსწადებია დედასა
ძილი მოჰგვაროს ბალღებსა.
არ იქნა, არ იძინებენ,
დედას აგლეჯენ კალთებსა.
ერთი შესტირის „პურიო“,
მეორე მოსთქვამს „ბაბასა“;
თათებით სწეწენ საბრალოს
ისეც დაგლეჯილ კაბასა.
დაღონებულმა მშობელმა
ისევ მიჰმართა ტაფასა,
გუშინწინანდელს ნადუღარს,
ტაფაზე მიმწვარს ფაფასა.
მოფხიკა პატარ-პატარა,
შეასუსნინა ყველასა,
ადგა და გარეთ გავარდა,
ცრემლი სულს ჰხუთავს, ენასა.

გადგა კარებში… საბრალოდ
აძრახდა, დაიქვითინა,
და ამ დროს მაღლის მთიდანა
ნიავმაც დაისისინა.
შედგა ბალღთ ჟრიამულზედა,
გულს ჩასწვდა მოთქმა დედისა.
თქვა: „მოდი, ერთი გავიგო,
ვინ არს მწყევარი ბედისა?“
გაიგო, ყურიც დაუგდო
მწუხარე დედის „ვაჰმესა“,
წავიდა, დაიღუღუნა
ბნელს და უკუნეთ ღამესა.
მიდის და თან მიიძახის,
როგორც საკვირველს რამესა.
წავიდა, გასცდა სოფელსა;
სასაფლაოსკენ გასწია,
შედგა გოგიას საფლავზე,
ხმას უფრო მაღლა ასწია.
გოგიას ვერ შეასმინა,
რაც იმას დააბარესა.
მიდის და „ვაჰმეს“ იძახის
მთით ბარად, ყოველ მხარესა.

მგელი მოღოღავს სოფლისკენ
და ეფარება ბექებსა;
მოდის თვალ-გაფაციცებით,
ფრთხილად ადგამდა ფეხებსა,
მარხვას იყენებს, ვითომა
ჰსურს რამ მოჰპაროს გლეხებსა.
შედგა და ყური დაუგდო
დედის მოთქმასა მწარესა.
„ოჰ, აქ შიმშილის სუნია,
მე აქ რა გამახარებსა..“
გაიქცა სასაფლაოზე,
ახალს სამარეს დაჰხედა:
,,კაცო, ცოლ-შვილი გიტირის“,
საფლავს დაჰღმუის თავზედა,
მაგრამ პასუხი არ ესმა.
თავს იტკივებდა რაზედა?
იმ დროსვე მთის ნაკვეთიდან
ამოეშუქა მთვარესა,
მთის წვერებს გვირგვინს ადგამდა,
ლამაზს ახილებს თვალებსა.
შეესმა დედის ტირილი,
ყურს უგდებს შესაბრალებსა.
მიბრუნდა, გაჰქრა ციდანა,
ღვთის საბრძანებელს მიჰმართა.
პირმოქუშული გაჩერდა,
სხივნი მაღლისკენ ამართა,
დაუწყო უფალს ვედრება,
ბეჩავთათვის თხოვს შველასა :
სადაც ვის უჭირს, ვინც წვალობს,
მათ გაეხარათ ყველასა.

[1897 წ.]

ღარიბის აღების ღამე

ნაბეჭდი: ჟ. „ჯეჯილი“, 1897 წ. № 31 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1897 წ. 6 მარტს).

15.5 მთათ მითხრეს…

▲ზევით დაბრუნება


მათ მითხრეს: „ნუ დავივიწყებ,
კარგად აგვხედე, ჩაგვხედე;
ჩვენსავით იდეგ მტკიცედა,
ვინძლო აროდეს დაჰბერდე.
ცხოვრება ჭირიანია,
ჭირით არ ერთით, ორითა,
შენაც მოგაცხობს ბევრს რასმე,
არ აგაშმოროს შმორითა.
ჩვენ დაგვიძახე მკურნალად,
წამალს მოგაწვდით შორითა.

ათასი ვნახეთ ვაება,
ათასჯერ რისხვა ციდამა:
სეტყვა, მეხი და ქარ-ბუქი,
ყინვა, თოვლ-ჭყაპი ღვთიდამა.
დიდმა დარდმა და ვაებამ
დაგვაზიანა ვითამა?
ჰხედავთ, რომ გაზაფხულზედა
ღვარები მოჰხეთქს მთიდამა.

გადვიგდებინებთ მაშინა
ყინულის ლოდსა ქედითა,
თუ გუშინ მკვდრადა გვსახავდენ,
დღეს ამდგარნი ვართ მკვდრეთითა;
ბუნებისა ვართ გვირგვინი
შეუპოვარის მკერდითა.

აგვიყვავდება გულ-მკერდი,
გავფენთ ქუჩსა და მუროსა;
მშობადი ძალი გულისა
შიგით აგელებს უროსა;
კაცი სად არის, მის ჩქამი
დადგეს და დაიყუროსა.
განა მშობელმა შვილისთვის
უნდა რამ დაიშუროსა?

ნაყოფი გულის ბგერისა
დაგვესახება გარეთა;
დადის ზედ აუნუსხველი
ცხვარი და ძროხა მთაზედა;
არჩვთა, შუნთა და ხარ-ჯიხვთა
რქა გადუდვიათ რქაზედა;
კაკბის, შურთხის და როჭოსი
ბოინი გვიდგა კარზედა,
გასასუქებლად ლუბ-მჭლენი
აქ მოიბრძვიან მაზედა.
სულ ჩვენ ალერსში არიან
ხშირნი ვარსკვლავნი ცაზედა.
მზე, მთვარე ვერ მოიჭირვებს
შუქი არ დაგვკრან ფხაზედა.
წინათ ჩვენ გვეამბორებენ -
მთებს არ გასცვლიან სხვაზედა.
ხოლო მგზავრობა ვერ ვიცით,
ჩვენ ვერ შავდგებით გზაზედა;
არც ვის უქივართ სიმარდით,
არც ვის მოვწონვართ ხმაზედა.
გვიცნია შეუდრკელობა
მთას დაკერებულს მთაზედა“.

[1897 წ.]

მთათ მითხრეს …

ნაბეჭდი: ჟ. „მოამბე“, 1897 წ. № 6 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1897 წ. 6 ივნისს).

15.6 ცრემლები

▲ზევით დაბრუნება


(ვუძღვნი განდეგილს)

I

ახალ მტკვრად აღელვებული
ქვეყნად ცრემლები დიოდა.
ვინ იყო მისი მშობელი,
ვის თვალებს ჩამოსდიოდა?
ის ცრემლი იყო ხალხისა
და ზღვასავითა დიოდა,
თან ოხვრა-კვნესა მოჰქონდა,
რა ქვეყნად ჩამოდიოდა.
მოსთქვამდა ხალხი ხმამაღლა,
თან ცრემლებს ჩამოჰკიოდა:
„წადით, ეუწყეთ ღმერთებსა,
ზედ მიიჭრენით ლაღადა;
აყვირდით, ზვირთი ზვირთს ეცით,
რა შეხვალთ იმათ ბაღადა“.
დანაბარების მტვირთველნი
ჩამოდიოდა ცრემლები,
როგორაც მეფეთ გლახაკნი,
მათ გზას უთმობდენ ხევები.
მაგრამ ამაოდ: ქვეითა,
სადც თვალი ძლივსა სწვდებოდა,
ზღვასაებ უზარმაზარი
შავი ვეშაპი დგებოდა;
ჰსვამდა და ჰხვრეპდა ცრემლის წყალს,
ქვეით მდინარე შრებოდა.
მოზარეთ ცრემლი და ოხვრა
ღმერთთ ყურს აღარა ჰხვდებოდა.
გროვა-კი იდგა, მოსთქვამდა,
დედა მკედარს შვილზე ბნდებოდა;
მთელი არსება ხალხისა
ცრემლის მდინარედ დნებოდა.
მაგრამ არ იქნა, წყეული
ვეშაპი არა კვდებოდა;
როგორაც გუშინ, დღესაცა
ცრემლის მდინარეს ჰხვდებოდა,
ჰხვრეპდა, აშრობდა ცრემლებსა,
თვით უჭირველად რჩებოდა.
ღმერთნი ღმერთობდენ, უცდიდენ:
სად არს მუდარა გროვისა?
რომ შემწეობა მიეცათ,
რა ხმა ესმოდათ გლოვისა.
ვეშაპი ცრემლებს არ უშვებს,
მტირალთ უშველენ როდისა?!

II

ვნახე, მომკვდარა ვეშაპი,
მძოვრი იმისი ლპებოდა,
გაჰხარებოდათ ფრინველთა,
ლეშზე ყორნები სხდებოდა.
ურიცხვი გუნდი ფრინველთა
იმის ხორცითა ძღებოდა.
ცრემლიც მოსჩქეფდა თამამად,
ვეშაპის ლეშსა სთელავდა,
სრულად მოერწყო მთა-ველი,
შავს ზღვასავითა ღელავდა,
გარს შემორტყმია ღმერთთ სადგურს,
ცეცხლის ალივით ელავდა.

III

ღმერთნი ჰხედავდენ ცრემლის ზღვას,
მწყობრად წყრებოდენ, ჩიოდენ,
უბრძანეს ანგელოზებსა -
იმათ ახლოსა დიოდენ:
„გათხარეთ მიწა, ცრემლის წყალს
გზა ჰქონდეს უფსკრულს სადენი.
ხომ დედამიწა წალეკა,
ზედაპირს დარჩეს ამდენი!“
გათხარეს, უფსკრულს მიუშვეს
ცრემლის მდინარე ჩხრიალით:
„მიწისა გული დაიტევს,
დარდს გაუქარვებს ტრიალით“.
დამალეს, ცრემლის წვეთები
უხვად მიწის გულს ცვიოდა,
დედამიწისა გულ-მკერდზე
ყვავილი ამოდიოდა;
ათასნაირი მცენარე
ათასნაირის ჯურისა.
შაექცეს, ისიამოვნოს,
ვისაც ჰშიან და სწყურისა.

[1897 წ.]

ცრემლები

ნაბეჭდი: ჟ. „მოამბე“, 1897 წ. № 7 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1897 წ. 5 ივლისს).

განდეგილი, რომლისადმიც მიძღვნილია ვაჟა-ფშაველას ეს ლექსი, ფსევდონიმია პოეტი ქალის დომნიკა ერისთავისა. დ. ერისთავსა და ვაჟას პირადი მეგობრობა ჰქონდათ. ვაჟამ განდეგილს (შიო მღვიმელთან ერთად) მიუძღენა აგრეთვე მეორე ლექსი - „პასუხად“ [1915 წ.]; ხოლო თავის მხრივ განდეგილი ვაჟას უძღვნის მოთხრობას - „გვირგვინი“. განდეგილი იყო ვაჟას იუბილეს ინიციატორი 1913 წელს (იხ. ამის შესახებ ნ. ჩიხლაძე, „დომნიკა ერისთავი-განდეგილი და ვაჟა-ფშაველა“, ჟ. „მნათობი“, № 6, 1959 წ.).

15.7 შამოგეხიზნეთ, ქედებო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

გამოგეხიზნეთ, ქედებო,
თქვენც შამიხიზნეთ ძმურადა,
მოგანდეთ ჩემი სიცოცხლე,
ჩემი სვე-ბედი სრულადა.
მიმინდეთ, არ მიღალატეთ,
არ მომექეცით მტრულადა,
იმიტომ მკერდში მისხედხართ,
ვაჟნო, მეორე გულადა.

რა ვუკიჟინო კაცთ გროვას,
რა ვუკიჟინო ჭკვიანად?
ბევრი ჭირს გულსა თქვენეულს
კაცთ სიბრიყვისგან ზიანად;
გამხადა თვისი ერთგული
ეშმაკებისა ზიარად.
ნასულდგმულარი თქვენითა
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.

ხან თუ ნისლები მეწვევა,
გულს შამიბურავს შავადა,
ვწყევ თავის გაჩენის დღესა,
გუნებითა ვარ ავადა.
თქვენ რომ თვალს მოგკრავთ, მაშინვე
მოვრჩები თავისთავადა.

მრწამს აზრი კაცთა სიცოცხლის,
მრწამს საიდუმლო სოფლისა;
მრწამს, რომ ანათებს ღვთის სადგურს
სანთლები მშრომელთ ოფლისა.
მრწამს ბოლოს გასახარებლად
დღეს მწარე ცრემლი ობლისა,
შეგნებული მაქვს მიზეზი
ჩვენის უმსგავსის ყოფნისა.
გაქვავდეს ენა და პირი

[1897 წ ]

შამოგეხიზნეთ, ქედებო

ნაბეჭდი: „კვალი“, 1897 წ. 14/IX, № 39.

მოგვყავს ალ. აბაშელის შენიშვნა ამ ლექსთან დაკავშირებით: „ლექსის უკანასკნელი ოთხი სტრიქონი „კვალში“ ასეა დაბეჭდილი:

შეგნებული მაქვს მიზეზი
ჩვენის უმსგავსის ყოფნისა,
გაქვავდეს ენა და პირი
ჩვენის უმსგავსის ყოფნისა.

ცხადია, უკანასკნელი სტრიქონი წარმოადგენს შეცდომით განმეორებულ მეორე სტრიქონს და მის ალაგას დედანში უთუოდ სხვა სტრიქონი იქნებოდა. მაგალითად, ამგვარი რამ:

გაქვავდეს ენა და პირი
ჩვენის სიავის მყოფლისა.

მაგრამ დედნის უქონლობის გამო დაკარგული სტრიქონის აღდგენა შეუძლებელია. ამიტომ ეს ადგილი წერტილებით აღვნიშნეთ“ (ვაჟა-ფშაველას თხზულებათა I ტ. შენიშვნები, გვ. 346-347).

15.8 ბედის მომლოდნე უბედო დავრჩი

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ბედის მომლოდნე უბედო დავრჩი,
გამწარდა ჩემი სიცოცხლე-ყოფა.
სხვას ვერას ვამბობ, ამას ვიძახი:
იმ დედაჩემმა რისთვისა მშობა?
რად ჩაიმწარა ძილის წამები,
რად დამათირა იავ-ნანითა,
თუ ვერ ვნახავდი ერთხელ ნათელსა,
ვეხეტებოდი მუდამ ღამითა?!
თავით მესვენა ღვთისმშობლის ხატი,
გულს მიბრწყინავდა მაცხოვრის შანა,
და დედის ლოცვას მხურვალეს ჩემთვის
გვირგვინად უდგა თავს იავ-ნანა.
ამაოდ დარჩა მშობლისა ლხენა,
გაუკუღმართდა მისი იმედი:
დედა უძლური, შვილი ბეჩავი,
ორივე ვიწვით, როგორც აბედი.
ვაი, რა ფუჭად სიცოცხლესა ვლევ,
როგორ გაცრუვდა იმედი ჩემი!
რა ცუდს ალაგას გარიყა ზღვამა
აფრა-გაშლილი მსრბოლარი გემი!
როცა აღარ მაქვს საგანი სოფლად,
მაშინ მხოლოდა სიკვდილს-ღა ველი.

რა ნუგეშია სიკვდილის ნატვრა?
ვერ ვანუგეშებ თავს მე იმითა!
რა მადლი არის სიცოცხლისათვის
ცივს სამარეში ძღომა ძილითა,
და გულ-მოკლულად სულის დალევა,
მისვლა იმ სოფლად შავის პირითა?!
რა მივუტანო ამბავი გმირთა?
რით ვანუგეშო სამშობლოს მცველნი?
ნუთუ ის ვუთხრა: ძლეულ ვიქმენით,
საქართველოზე ხარობენ მტერნი?!
ვაი, რა ცუდ დროს ჯანღი დაგვეცა,
ვაი, რა ცუდ დროს გაგვიტყდა გემი;
ვაი, რა ფუჭად გული ვაძგერე,
უკვალოდ რჩება ნავალი ჩემი!

[1897 წ.]

ბედის მომლოდნე უბედო დავრჩი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 152 (C), საქ. ცენტ. არქივის საცენზურო კომიტეტის საქმე, № 1573 (B).

ნაბეჭდი: ჟ. „მოამბე“, 1897 წ. (ცენზურის მიერ ნებადარიულია 1897 წლის 6 ოქტომბერს) (A).

უსათაუროა C.

ავტოგრაფი გვიჩვენებს შემდეგ სხვაობებს: 10 მიბრწყინავდა] მანათებდა. მე-10 სტრ. შემდეგ წაშლილია:

„ჰაერად ვსუნთქე ლოცვა-ვედრება“.
„და ჩემის მშობლის ლოცვა: „გაზარდე,
ღმერთო, ეს შვილი!“ მუდამ მდევს თანა“.

12 გვირგვინად უდგა თავს იავ-ნანა] არშიად ევლო გარს იავ-ნანა. 15 დედა უძლური, შვილი ბეჩავი] შვილი ბეჩავი, დედა უძლური.

ავტოგრაფი მე-20 სტრიქონზე წყდება, ფურცელი დახეულია და ბოლო მოგლეჯილი აქვს, რის გამოც 16--20 სტრიქონებიც დაზიანებულია.

ფურცლის მეორე კაბადონზე მოთავსებული ყოფილა რაღაც განცხადება რუსულად, რომელსაც თარიღად უზის 1897 წ. 29 ივნისი.

A-ს და B-ს შორის არის მცირე განსხვავება: 6 დამათირა] დამიწირა B. 11 ლოცვას] ნანას B. 13 მშობლისა] მშობელსა B.

ლექსი აკრძალული ყოფილა ცენზურის მიერ (იხ. აქვე, გვ. 395, შენიშვნა ლექსისა „ხორცო, დაჰბნელდი).

15.9 პროვინციის ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


მარადის საქებარნი ვართ
წყალ-ჭალა, მინდორ-მთებითა;
ახალი თევზით, - კალმახით,
ცივი, ანკარა წყლებითა.
ნუნუა გვიყვარს… დაძვირდა,
ცოტა ამაზე ვწყრებითა,
რითაც იქნება ვიშოვით,
კიდევაც დავითვრებითა.
დავძახებთ „მრავალჟამიერს“,
ძალიან კარგაც ვშვრებითა.
აღარავინ გვყავს მშიერი,
რაკი თითონა ვძღებითა.
ვიგონებთ ქართველთ დაცემას,
გულს ვინგრევთ მუშტის ცემითა.

ვტირით და ვაღრჭენთ კბილებსა,
დიდი არს ჩვენი გოდება;
თანახმანი ვართ ამ დროსი
მაღალ-დაბალი წოდება.
მწერლები, ჩვენი მწერლობა
მხოლოდ დღეს მოგვაგონდება;
ვსვამთ იმათ სადღეგრძელოსა,
მოგვწონს იმათი ხელობა.
მათ ნაწერს თუმც არ ვკითხულობთ,
შორიდან გაგვეგონება.
გულის ნაგრძნობს და ჭკვის ნათქვამს
საქმით ვინ დაემონება!
ისევ ტირილი და ოხვრა,
იმას რა შეეწონება?!

ქართულს გაზეთებს ვიწუნებთ,
ჟურნალებს ვიწერთ შორითა.
ჩვენი სუყველა გაცუდდა,
გაქონილია ქონითა;
საუცხოვოა უცხოსი,
შეკრული ვარდის კონითა.
ვინ გავა, ვნახავთ ბოლოს ჟამს,
მდინარეს ამა ფონითა.

შემოიარა რუსეთი,
ყოველი კუთხე იმისა.
დღეს სამშობლოში დაბრუნდა,
მზე ამოგვიხდა დილისა.
„ერთ დროს მეც ვიყავ ჭაბუკი“.
- მუდამ ამასა ჰყვირისა:
„თავში მეც მქონდა „პრინციპი“ -
საგზალი ერთი კვირისა.
მაგრამ ამაო გამოდგა
გრძნობა ქართველი შვილისა,
კაცი ან უნდა თვრებოდეს,
ან ყოფნა ჰქონდეს ძილისა.
ან უნდა მოკვდეს უეცრად,
დრო აღარ ჰქონდეს ფიქრისა:
რად გაჩნდა, რისთვის იცოცხლა,
ან სადა კვდება, რისთვისა?“
ესღაა ამისი რწმენა,
ამითა ჰსუნთქავს იგია,
ამიტომ ხშირად დახლში ზის,
ბოთლები მოურიგია.
ხელში უპყრია ჩონგური
და ზედ დაჰმღერის ჰანგებსა.
ჰსვამს ღვინოს, ჰყლურჭავს არაყსა,
მღერის, ახარებს ბალღებსა.
იქვე სწერს „სასუდიაო“,
„სანაჩალიკო“ არზებსა.
არც ვისა სწყევლის, არც ლანძღავს,
არავის აძლევს ვნებასა.
მაგრამ არავინ არ მოსწონს,
არც ვისას გეტყვის ქებასა.
თავის მძრახველის საუბარს
ისმენს, ვით ძაღლის ყეფასა,
სხვას არას ეტყვის, მხოლოდა
ოდნავ მოიფხანს კეფასა.

მთიდან დაიძრენ ხევსურნი
დაბარგულ ჯორუკებითა,
წინ მოუძღვიან რაინდნი
ყველა ფარით და ხმლებითა.
სად მიდის, ნეტავ, ლაშქარი?
ჯორუკებს რაღა ჰკიდია?
ლაშქარ გგონიათ? მოსტყუვდით,
წუთისოფელი ფლიდია:
ჯორუკებისა საპალნე -
ერბოს გუდები დიდია.
გამოვლეს დათვისის ჭალა,
გამოვლეს ორწყალს ხიდია,
„წურვილს“1 ორ-ფეხას მიართმენ,
იმისი ვალი ჰკიდია.

ეს სხვა ორ-ფეხამ შეიტყო,
კაცი გაჯავრდა მშვიდია:
„მე რა მაქვს დანაშაული,
თქვენ ტრფობას გულში ვზრდიდია?
სულ წამოიღეთ, იქნება
ხევსურეთს ერბო კიდეა?
მე რომ მივიწყებთ, იცოდეთ,
საქმე მოგივათ ფინთია;
სად გაგონილა, პურის მფქველს
წისქვილს არ ერგოს მინდია?!“

ატირდა ჩაფართა გროვა
მოთქვამს ზარს ზარიანადა:
„ნეტავი თავზე დაგვეცეს
მთა-ღელე ბარიანადა,
ეს ჩვენი ჯამაგირები
შამცირდა გვარიანადა.
გაფუჭდა ჩვენი ცხოვრება
და ხმლები ტარიანადა.
რისთვის გვიჭრიან ჯამაგირს,
სულ ვიყვნეთ ხათრიანადა?
გავჩუმდეთ, თორემ გაგვრეკენ,
საქმე მოგვივა ცუდადა,
გულში ჩავიკლათ ნაღველი,
დავსხდეთ, ვიტიროთ ჩუმადა“.

ატირდენ მედუქნეები,
თანაც ფრიადა წყრებიან:
„წავიდა ძველი ხეირი,
დავიღუპენით ერთიან:
მიირთვით რამე, დახარჯეთ“, -
გამვლელებს ევედრებიან.

გაკოტრებული ხალხია,
ვის-ღა რად ეფერებიან?!
„გაეშმაკებას “ გვიძრახვენ,
ძლიერაც გვემტერებიან.
ნეტავ რად გაჰკვირვებიათ
„გაეშმაკება“ ობლისა.
ბევრი ვაება იხილა,
ზღვა დგას მის ცრემლის, ოფლისა,
სიტყვაცა სჯერა, შევატყე,
თავის კეთილის-მყოფლისა!

[1897 წ.]

_____________________

1. ერბო

პროვინციის ქებათა-ქება

ნაბეჭდი: „კვალი“, 1897 წ. 26/X და 2/XI, № 45 და 46

15.10 მზე და ვარსკვლავები

▲ზევით დაბრუნება


I

ერთხელ ვარსკვლავთა კრებული
უხვ-სხივიანი ცაზედა
ასტყდა, აბორგვნდა, ჩიოდა...
უნდა იცოდეთ, რაზედა?
ყველა მზეს ემუქრებოდა,
მის დაბნელებას ნატრობდა:
როგორ თუ ყველა აქებსო,
ქვეყანა რადა ჰყვარობდა?!
„მოდი, შევიკრნეთ ფიცითა,
არ ამოვუშვათ ცაზედა,
თუ ამოჩნდება, ერთადა
ყველა დავესხათ თავზედა,
ხმლებით ვცათ, შუბებით ვჩხვლიტოთ,
ჩვენ რით გვაჯობებს ცდაზედა?
ათი-ათასი გუნდი ვართ, -
გავაქრობთ იმავ წამზედა.
მერმე იდიდოს ზვიადი
ცისგნისი ქვეყანაზედა!
ჩვენ კაცნი არად გვაგდებენ,
ზეცის გულ-მკერდის ღილებსა,
არც-კი გვიცნობენ რანი ვართ,
ურიცხვს ბუნების შვილებსა;
არცავინ გვიქებს წვერ-ულვაშს,
არცავინ გვიქებს პირებსა.
ვისგან რა მოსათმენია,
არ გვიგონებდენ გმირებსა?!“

II

ცა კაშკაშებდა, ბნელოდა,
მთვარეს ზღვის მკერდზე ეძინა..
მხოლოდ მოწმენდილს ცაზედა
ვარსკვლავთა გუნდი ეფინა.
მთვარეს შიკრიკი აახლეს,
მაგრამ ძალიან ეწყინა
ვარსკვლავთა უჯიათობა,
მათი შური და ფლიდობა.
შემოუთვალა: „დაწყნარდით,
ეგ როდი არის ბიჭობა:
ყველა დავჯერდეთ თავის ბედს,
ღვთისგან ნაბოძარს სახელსა,
თორემ, რომ ყველა მზედ ვიქცეთ,
უკეთურს ვიზამთ საქნელსა.
ყველა მზედ ვიქცეთ - ხომ დავწვით
ცა და ხმელეთის არეო, -
ტანჯვა-ვაებით შევმურეთ
ყოველი ქვეყნის მხარეო!..
ქებისა ნაცვლად მოგვიძღვნას
ხალხმა კრულვა და წყევაო.
მე არ გიდგევართ, არც მომწონს
თქვენი უგვარო რჩევაო“.

ვარსკვლავთ სთქვეს: „არც საჭიროა
მზის ქვეშევრდომის შველაო,
ნეტავ, რა ძლიერ თავს იდებს,
რა მაგისაგან ცხელაო?!
ნათელსაც მზისგან სესხულობს,
ცეცხლ-ჩამქრალი აქვს კერაო“.

III

ჯერ ისევ უკუნეთია,
ჯერ კიდევაცა ბნელოდა...
მზეს უპირებენ დაღუპვას,
მას აღარავინ ჰშველოდა.
მთას იქით მოფარებულსა
კბილებს უღრეჭდენ ვარსკვლავნი:
„აღარ გაბედო ამოსვლა,
არ ვიყვნეთ შენი მნახავნი,
თორემ სულ მიწა-მტვრად გაქცევთ,
მზეო, იცოდე, ჩვენგანა
შენის საწყლობის მნახველი
განცვიფრდეს მთელი ქვეყანა“.

მზე გული-გულში იცინის,
მხარ-თეძოზედა მწოლარე,
ხმელეთის პირის ფარეში,
მთელის ბუნების მოლარე.
ვარსკვლავთ აბჯარი აისხეს,
ხელში აიღეს ხიშტები,
სულ კოხტა ვაჟკაცებია,
სულ თავ-მომწონე ბიჭები.
ზოგნი ზარბაზნებს მოუდგნენ
და მოუმზადეს ფალია,
აღმოსავლეთზე მიჯარდენ,
იქით უჭირავთ თვალია.
რა წამს მზე ამოჩნდებოდა,
თავზე დაესხათ წყალია,
და ჩამოეგდოთ მიწაზე
მზე სხივ-მიხდილი, მკვდარია.

IV

ერთხელ იყივლა მამალმა,
ღამე შეინძრა ცოტადა,
ახლა მეორედ იყივლა
განთიადისა მკობადა.
ვარსკვლაეთა გუნდიც დაესხა
მზეს თავზე დასამხობადა...
გახშირდა მამლის ყივილი
დღე-ღამის გასაყოფადა...

რითაც გათავდა ეს ბრძოლა,
კარგად გავიგეთ ყველამა:
თავის ბუნაგი მოძებნა
გაწბილებულმა მელამა.

V

თენდება, მაინც თენდება,
აგერ ცისკარი დილისა;
მთის მწვერვალთ მიესალამა
პირველი სხივი იმისა.
ფრინველთ დაიწყეს გალობა.
ბალახმა შექმნა ბიბინი,
მზის მოსვლის შიკრიკი არის
დილის ნიავის სისინი.
გაწითლდა აღმოსავლეთი,
მოდის მზე... მოაქვს ნათელი.
პირველი სხივი დააკრა
იალბუზს, როგორც სანთელი.
იღვიძებს მთელი ქვეყანა,
აღიძრა ყველა სულდგმული;
სიამოვნებით ივსება
დილის მნახველის სულ-გული.
აღარსად სჩანან ვარსკვლავნი,
გამქრალან ცისა კიდითა;
სჩანს, რომ დამარცხდენ, გაწბილდენ,
ვეღარ ჩნდებიან შიშითა.
მას აქეთია მთიები
კრძალვა-სირცხვილით დნებიან,
ღამ-ღამ აბზენენ თვალებსა,
პატარძლებივით ჩნდებიან.
უცქერენ ციდან ქვეყანას,
მის სიტურფითა სტკბებიან.
ბოდიშს იხდიან თანაცა
მზესთან უსირცხვო ბრძოლაზე,
ზოგნი იმიტომ სირცხვილით
ჩამოცვივიან გორაზე.
მზე ისევ მზეობს დღესაცა,
ცხოველ-მცენარეთ ნუგეში;
თან დააქვს აურაცხველი
მადლი კალთა და უბეში.
ვარდს ის გაუხსნის გულ-მკერდსა,
ის ალამაზებს იასა,
ის აცმევს ძვირფას სამოსელს
მინდვრებს და ველებს ტყიანსა.
რით შაედრება უკუნი
დღეს მოვარვარეს, მზიანსა?!.

[1897 წ.]

მზე და ვარსკვლავები

ნაბეჭდი: ჟურნ. „მოამბე“, 1897 წ. № 12.

II, 21 არ გიდგევართ **] არ გადგევართ (არ გიდგევარ ფშაურში ნიშნავს - „არ გემხრობი, შენს მხარეს არ ვიჭერ“).

16 1898

▲ზევით დაბრუნება


16.1 გაზაფხული

▲ზევით დაბრუნება


კიდევ ვეღირსე გაზაფხულს,
ციდამ მანანის დენასა;
ბუნების გამოღვიძებას,
ფრინველთ საამო სტვენასა, -
გუშინ მეგონა, დავმუნჯდი,
დღეს ისევ ვიდგამ ენასა.
ყურს ვიღა უგდებს ამ დროსა
პირად ჭირს, კერძო წყენასა?!

მშორდება, თუ რამ ჭკვაზედა
ან გულზე ჟანგი მდებოდა...
გული აძგერდა სხვარიგად:
ვნახე, ზამთარი კვდებოდა.
მტარვალად გამომცქირალი
მთებზე ყინული დნებოდა;
და ჰა სულ-გულის სიცოცხლე
სამარიდამა დგებოდა!

აყეფებულან ხევები,
ცეცხლს აკვესებენ პირითა:
ვის მუქარაზე მიდიან,
ვის აკვნესებენ ჭირითა?
იქნება მაყრები იყვნენ,
მეფე მოჰყვანდეთ ლხინითა?
კართანას უცდის არაგვი -
ვეფხვი ალმასის კბილითა:
„მოვიდეს, ვინაც ვაჟია!“
ადრტვინებულა ჟინითა.
უროს სცემს სალსა კლდეებსა,
გაუმაძღრებსა ძილითა.

ამდგარა ამირანიცა,
კლდეში დაბმული ჯაჭვითა.
დაუბღუჯია ხმლის ვადა
მოუღალავის მაჯითა,
კვლავ სთელავს დედამიწასა
თვალ-გაუწვდენის ლაჯითა;
სისხლს იძევს, ვინაც ტყვეობის
გმირი აწამა ბაჟითა.

საცა გავხედნებ, ყველგანა
ზღვა მოვარდნილა მწვანისა,
გულისა გამგულებელი,
დამათრობელი თვალისა.
დღეს სამოთხეში ვნეტარობ,
დარდი არა მაქვს ხვალისა.
იამაც მომცა სალამი,
დამ კვლავ ძმა იცნო თავისა.
გვერდს უდგა დიაკონაი,
როგორ ამაყად ჰყვავისა!..
მონა ვარ, მონა ბუნების,
ღონე არა მაქვს დავისა!

[1898 წ.]

გაზაფხული (კიდევ ვეღირსე გაზაფხულს)

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 135 (პირველი ნაწილი) (B), ლიტ. მუზ., № 2240 (მეორე ნაწილი) (C).

ნაბეჭდი: ჟურნ. „მოამბე“, 1898 წ. № 4 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1898 წ. 13 მაისს) (A).

ხელნ. ინსტიტუტში დაცულ ავტოგრაფში (B) წარმოდგენილია ლექსის პირველი ნაწილი 28-ე სტრიქონამდე, მისი გაგრძელება კი (28-ე სტრიქონით დაწყებული), დაცულია ლიტ. მუზეუმში (C). ხელნაწერი შავია.

B ავტოგრაფი შეიცავს შემდეგს სწორებებსა და ვარიანტულ სხვაობას: 3 ყოფილა: გაღვიძებასა - გადასწორებულია: გამოღვიძებას. 4 ყოფილა: საამო ფრინველთ სტვენასა, - სიტყვები გადასმულია: ფრინველთ საამო სტვენასა. 13 ყოფილა: გულზვავად, - გადასწორებელია: მტარვალად. 25 მოვიდეს] მოიდეს. 27 პირველად ყოფილა: ხეებს ჰგლეჯს, ანგრევს კლდეებსა, - წაშლილია და შეცვლილია ასე: ძირს უთხრის სალსა კლდეებსა, - დასასრულ, ესეც წაშლილია და არის: უროს სცემს სალსა კლდეებსა.

C ავტოგრაფი გრძელდება ახალ ფურცელზე 28-ე სტრიქონიდან. აქ 28-35 სტრიქონები შემდეგაა დამატებული და ბოლოშია მიწერილი. ლექსის ბოლო ნაწილს ამ ფურცელზე თავდაპირველად ასეთი სახე ჰქონია:

იამაც მომცა სალამი, -
დამ კვლავ ძმა მიცნო თავისა...
მონა ვარ, მონა ბუნების,
ღონე არა მაქვ დავისა...
გვერდს უდგა დიაკონაი
როგორ ამაყად (ჯერ ყოფილა: თავმოწონებით) ჰყვავისა.
მორთულან საქორწილოდა,
თანხმად ნეტარის ჟამისა.

ბოლო ორი სტრიქონი ავტორს თავიდანვე წაუშლია, ხოლო დანარჩენებისათვის გვერდზე გაუკეთებია თანმიმდევრობის აღმნიშვნელი ციფრები, რომლის მიხედვითაც პირველი ორი სტრიქონის შემდეგ ჯერ უნდა მოდიოდეს მეხუთე-მეექვსე სტრიქონები და შემდეგ კი - მესამე-მეოთხე. ეს ყველაფერი გადახაზულია და ხელახლა არის გადაწერილი იმ სახით, როგორც შემდეგში გამოქვეყნდა კიდეც და იმავე სახით წარმოდგენილია ჩვენს გამოცემაშიც. გვაქვს ორიოდე ვარიანტული სხვაობა: 30 დაბმული] დამბული. 42 და 48 მაქვს] მაქვ.

45 სტრიქონში პირველნაბეჭდში (A) იყო: დიაგონაი, - გასწორდა ავტოგრაფის მიხედვით: დიაკონაი (დიაკონა ყვავილია).

23 სტრ. ნახსენები კართანა ადგილის სახელია.

16.2 მძულხარ - მიყვარხარ

▲ზევით დაბრუნება


მძულხარ იმიტომ, უძლური რად ხარ
ძლიერი მკლავით, მტირალი სახით,
და შენი ბედი, ბედი შავ-ბედი,
რად შემოსილა სულ მუდამ შავით?

მოკეთის მგმობო და მტრის ვერ მცნობო,
შენს დამღუპავთან მისულო ზავით,
ბედის მომლოდნევ გვერდზე წოლითა,
ცარიელ ჯიბით და ბნელის თავით.

მაინც მიყვარხარ, ჩემს წყლულს ოცნებას
ზედ აკერიხარ ალმასის ღილად;
ვერ დაგივიწყე, გულს არ ჰშორდები,
მღვიძარე ვარ, თუ მივიქცე ძილად.

სამსალა პირს მწვავს, გუნებას მირევს,
ბოლოს კი ისევ მეჩვენა ტკბილად.
ესეც წესია, ალბათ, ბუნების:
შენ დედა თუ ხარ, გეკუთნი შვილად!

[1898 წ]

მძულხარ-მიყვარხარ

ნაბეჭდი: ჟ. „მოამბე“, 1898 წ. № 7 (ცენზურის მიერ ნებადართულა 1898 წ. 3 აგვისტოს).

16 გეკუთვნი] გეკუთნი.

17 1899

▲ზევით დაბრუნება


17.1 კიდევ ხმა მესმის ციდამა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

კიდევ ხმა მესმის ციდამა,
ცამ გრძნობა გამიზიარა:
სამოთხის კარი გამიღო,
ბნელეთი გამიმზიანა,
დაკუტებული ოცნება
განკურნა, გააფთიანა;
საამო ჟრჟოლამ შემიპყრო,
მთელს ტანში ჩამომიარა...
სხვა თვალზე ვნახე სამყარო
ჭალა-ველებით, მთიანა.

გუშინ რო გული ეჭვობდა,
დაკოდილიყო მძიმედა,
თავსაც სწყევლიდა, ბედსაცა,
ნუგეშს გვაძლევდა მცირედა,
დღეს ნავთსადგური იპოვნა
იმ ვრცელს განგების მხარესა,
ხან რომ გვალაღებს, ტკბილს გვასმევს,
ხან მოგვაწოდებს მწარესა,
უკლებ-უვსები რა შექმნა,
თუნდა შევხედოთ მთვარესა!
დღეს მტირალს, ბედის მომდურავს,
ხვალ ისევ გაახარებსა.
ღარიბს ამდიდრებს, მდიდრისას
სიმდიდრეს გაათავებსა,
დაბმულს აუშვებს და ახსნილს
დააბამს, გააკავებსა...

საწუთროს ჟინი შეიგნო,
დღე-ღამეობა ჟამისა;
ხვალ განთიადის მომლოდნეს
შიში არა აქვ ღამისა;
ზამთარს ზაფხული მოჰყვება,
ყნოსვითა ვსტკბებით მწვანისა..
სულდგმულს რად დაეძინაო,
ვისა აქვს ღონე დავისა?!
აქ საკვირველი რა არი,
დიდად სახეთქი თავისა?!

[1899 ]

კიდევ ხმა მესმის ციდამა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1899 წ, 27/1, № 135.

17.2 ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


ხელში ავიღებ ჩონგურსა,
მინდა დავმღერო ლაღადა, -
თითები აღარ მომყვება -
გული არ არი საღადა,
გადაქცეულა ნაოხარ
გააბეჩხერებულ ბაღადა.
მიყვარს საგმირო ჰანგები,
სიტყვა და აზრი ციური,
მაგრამ გულს იქით არ მიდის
გრძნობა და ფიქრი ღვთიური;
ფრთებს მიკვეცს აღმაფრენასა
ამბავი ყოველდღიური.

მოძმეთ გონების სიმაღლე მწადდა,
იმათ გრძნობათა და ფიქრთ დიდობა.
ვერაფერს გავხდი, ვერვის რა ვარგე,
გულს დავუკარგე რისთვის მშვიდობა?
რისთვის მეწადა ასეთი ქცევა,
სიყმილი მკლავდა ძმათა რგებისა,
ეს იყო ჩემთვის ბედნიერება,
ეს იყო ჩემთვის ყოფნა შვებისა.
და დღეს ისა მკლავს, გულს ის მიქენჯნის,
ცუდივ ამბავი მესმის ძმებისა.
გუთნისდედისა ყოფნა იფიქრეთ,
ნახოს ზაფხულში ხნულები მისა,
გაფხავებულის ნამგლით მივიდეს,
დრო მოსულიყოს ყანების მკისა,
და ყანის ნაცვლად ხნული დაუხვდეს
გადალესილი ქვიშა-ლამითა..
მაშ არ აევსოს მშრომელსა გული
ბედისა მდურვით, ნაღველ-შხამითა?

გელით - არ მოხველ, მთვარეო,
ცრემლი წინ გვიდგა გუბედა,
შავი მოერტყა ნისლები
ჩვენს უბედურს ბედს ზღუდედა.
ვსტირით, ტირილი არას გვშველს,
დავცურავთ ნაღვლის ზღვაშია;
შინა არ გვეშინავება,
არც გვასვენებენ კარშია,
ჩამწარდა ჩვენი სიცოცხლე
ყოველგან, მთა და ბარშია.
მკლავიც გაცუდდა, გონებაც,
ჩვენთვის ორივე მკვდარია.
ყვავ-ყორნის საბუდრად იქცა
ჩვენი სახლი და კარია.
მოვემწყვდით ორ წყალ შუაში,
აღარსად ჩვენთვის ნავია;
დაგვაწვა თავზედ ღრუბელი,
როგორც ნახშირი შავია;
არ ვიცით, ჟამ-კარ არეულთ,
სით დავაღწიოთ თავია.

სიყმაწვილის დრო წავიდა,
გამომერია ჭაღარა,
რასაც სიყრმის დროს ველტვოდი,
მითომ მიყვარდეს აღარა?!
გუნება გუნებად დარჩა,
თუმცა-ღა მოიმთაბარა,
არ მომრჩენია, ისევ მჭირს,
გულზე რაც მჭირდა იარა.
შავაჟღარუნებ ფანდურსა,
თუ ჟინმა წამომიარა,
მაგრამ ეს არის სადარდო -
თქმა არი საქმე -კი - არა…

[1899 წ.]

ქებათა-ქება (ხელში ავიღებ ჩონგურსა)

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 22401 (C).

ნაბეჭდი: ჟ „მოამბე“, 1899 წ. № 1 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1899 წ. 1 თებერვალს) (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

სათაური: სიმღერა C.

ავტოგრაფში წარმოდგენილია ლექსის მხოლოდ პირველი ნაწილი, სულ 10 სტრიქონი (რაც შეესატყვისება ნაბეჭდის 12 სტრიქონს), რომელსაც დამოუკიდებელი ლექსის სახე აქვს და აქ, როგორც ვარიანტს, სრული სახით მოვიყვანთ:

სიმღერა

ხელში ავიღებ ჩონგურსა,
მინდა დავმღერო ლაღადა,
ვერ მეხერხება ლაღობა,
გული არ არი საღადა:
გადაქცეულა ნაოხარ,
გააბეჩხრებულ ბაღადა.
მიყვარს მაღალი ჰანგები,
სიტყვა და საქმე ღვთიური...
ვაჰ, რო ოცნებას ფრთებს მიკვეცს
ამბავი ყოველდღიური!

გარდა ამისა, ალ. აბაშელს მოჰყავს კიდევ ამ ლექსის („ქებათა-ქების“) ერთი ნაწყვეტის ავტოგრაფული ვარიანტი, რომელსაც აგრეთვე დამოუკიდებელი სახე ჰქონია და სათაურად კი ისევ - „სიმღერა“. ამ „სიმღერის“ დასაწყისი და „ქებათა-ქების“ დაბოლოება (12 სტრიქონი) ერთნაირია.

ალ. აბაშელის განცხადებით, ეს ავტოგრაფი იქვეა დაცული, სადაც ზემოხსენებელი მეორე ავტოგრაფიო (ე.ი. ლიტ. მუზეუმში), მაგრამ ნომერი მითითებული არა აქვს. ჩვენ ამ ავტოგრაფს ვერც ლიტ. მუზეუმში და ვერც სხვაგან ვაჟას ხელნაწერებში ვერ მივაკვლიეთ, ამიტომ აქ მოვიყვანთ ალ. აბაშელის შენიშვნების მიხედვით:

სიმღერა

სიყმაწვილის დრო წავიდა,
გამომერია ჭაღარა,
რასაც სიყრმის დროს ველტვოდი,
ვითომ მინდოდეს აღარა ?!
გუნება გუნებად დარჩა,
თუმცაღა მოიმთაბარა.
არ მომრჩენია, ისევ მჭირს,
გულზე რაც მჭირდა იარა...
შავაჟღარუნებ ფანდურსა,
თუ ჟინმა წამომიარა.
მაგრამ ეს არი სადარდო,
თქმა არი, საქმე კი არა.
ვავლებ გარშემო თვალებსა,
ფონს ვეძებ გემის მხსნელადა, -
დაღიღინება ფანდურზე
გადამექცევა ხველადა.
ადვილად ასასრულები
დღეს მეჩვენება ძნელადა,
და ცეცხლი, გულში მგზნებარე,
გარს მახვევია მწველადა.
ფანდურს აწყდება სიმები,
მარჯვენა მიწყებს თრთოლასა,
შემომდგარს ჩახმახს ვერა ვსხლეტ,
ვეღარა ვბედავ სროლასა.
ვფიქრობ, არ-ყოლა სჯობია
ჩემფერა მოძმის ყოლასა.

17.3 ბაკური

▲ზევით დაბრუნება


- გვიამბე, ელიზბარაო,
რა ამბავ მოხდა ეღოსა?
როგორ დაეცნენ ლეკები
ბაკურის ციხე-ეზოსა?
- არ მინდა ძველი დარდები
რომ გულში აიწეწოსა.
მე რა ვსთქვა? უნდა კაცობა
ბაკურმა დაიკვეხოსა...
ჩემფერეების სიცოცხლე
სამარემ დაილეკოა.

- რად იტყვი, კაცო, მაგასა,
თავს რადა სწიხლავ ფეხითა?
- სიმართლით მარტო ეს მეთქმის,
მაშ ტყუილი ვთქვა კვეხითა?
ვერ შავძელ იმის მხრის ჭერა,
ვერ მოვკვდი, - სული მეტკბილა...
ბაკურის ომი და ქცევა
ნეტავი თვალით გეხილა!
გული მკლავს, ცოცხლად რისთვისა
მტერს ჩავუვარდი ხელშია, -
ამისგან ეხლა ფიქრები
შხამად ამომდის ყელშია.
თავის აღება არ მწადის,
ვეღარც გავშლილვარ წელშია.
- ხომ არ გაექე, რა ვუყოთ,
არ დაგაცალეს სიკვდილი...
ის რისთვის გესირცხვილება,
რაიც არ არი სირცხვილი?
ჩვენც ვიცით, აგრე გავიგეთ
ამბავი კილო-კავადა;
ერთმაც არ დაგგმო, ღვთის მადლმა,
არ მოგიხსენა ავადა.
გენუკავთ, ომის ამბავი
ეხლა გვიამბო თავადა.
- დიდი მოიდა მტრის ჯარი,
გარს შემოგვერტყა ღობედა,
შვიდ დღეს ვიგერეთ თოფებით,
მრავალი კიდეც ვხოცეთა;
დიაცნი წამალს გვიწყავდენ, -
ქების ღირსნია სწორედა!...
მერვე დღეს ტყვია-წამალი
გასწყდა, გათავდა სრულადა
და ჩვენი შრომაც მაშინვე
ჩავთვალეთ დაკარგულადა.
უძილო, მშიერ-მწყურვალნი, -
მტერს, რომ ჩვენ მაშინ ვიყვენით!
ბედმა გვიმუხთლა ტიალმა,
გავცუდდით, გავირიყენით.
მოდგა და მოდგა მტრის ჯარი,
ციხის მოერტყა ლიბოსა;
ჰრჩებოდა ჩვენი ქავ-ციხე
გულ-ხადარას და დიდოსა.
„უნდა ცოლ-შვილით მტერს დავრჩეთ,
სირცხვილი კისრით ვზიდოთა!
მას მემრე ტანზე აბჯარი
როგორღა დავიკიდოთა?!“

ცეცხლად გადიქცა ბაკური,
მარტო ოხვრად და კვნესადა...
გული ჰქცევია ტალადა,
თვალები უჩანს კვესადა.
„ვაჰ დედას მტრისას!“ - ესა სთქვა,
ხელი გაივლო ხმალზედა:
„ისევ მე დაგხოცთ!“ - და ცოლ-შვილს
თვები დასჭრა წამზედა.
მტერს მიეგება ციხის კარს,
მეც იმას მივყევ კვალზედა.
გაუხტა ხმალ-მოღერებით,
ფრანგულმა გაიცინაო:
თორმეტი მოკლა ციხის კარს,
ერთურთზე დააწვინაო.
ვეფხვსა დააცვდა კლანჭები:
ბაკურმაც დაიძინაო.

[1899 წ.]

ბაკური

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 57 (A).

ნაბეჭდი: ჟ. „მოამბე“, 1899 წ. № 3 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1899 წ. 27/III (B); „ცრემლები“, 1909 წ. (C).

6 აიწეწოსა] აიწეროსა C. 14 ვსთქვა] ვთქვა BC. 28 არ არი] არ არის C. 29 აგრე] აგრევ B, აგრეთ C. 31 ღვთის მადლმა] ღმერთმანი C. 35 მოიდა] მოვიდა B. 40 ღირსნია] ღირსია C. 48 გავცუდდით] გავცრუვდით A, გავცურდით BC. 51 ჰრჩებოდა] რჩებოდა BC. 55 მემრე] მერმე C. 59-60 გამორჩენილია C-ში. 69 მოკლ] მოჰკლა BC.

65 სტრ. შემდეგ ავტოგრაფში ვაჟას შეცდომით დაუწერია: „ფრანგულმა გაიცინაო, თორმეტი მოკლა“... მაგრამ მაშინვე შეუნიშნავს შეცდომა, ეს სტრიქონები წაუშლია და გაუსწორებია.

48 სტრ, გავცუდდით არ მოიპოვება არც ხელნაწერში და არც ნაბეჭდ წყაროებში, იგი აღდგენილია „ცრემლების“ ვაჟასეული ცალის მიხედვით ალ. აბაშელის მიერ, რომელიც ამის თაობაზე შენიშნავს: „ცრემლების“ ვაჟასეულ ცალში, რომელიც ჩვენ გადმოგვცა ვაჟას შვილმა ვახტანგმა, ვაჟას თავის ხელით გადაუსწორებია სიტყვა გავცურდით ასე: გავცუდდით. ჩვენს გამოცემაში ასე იბეჭდება“ (იხ. ალ. აბაშელის შენიშვნები, ვაჟა-ფშაველას თხზ. I ტომში, გვ. 348).

ვაჟას „ბაკურის“ წყაროს წარმოადგენს ხალხური გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ვაჟკაცი თავისი ხელით ხოცავს ცოლ-შვილს, რათა ისინი შემოსეულ მტერს არ ჩაუვარდნენ ხელში. ამ თემაზე არსებობს ხევსურული და თუშური ლექსები, სადაც ბაკურის პროტოტიპს მიქელი ჰქვია (იხ. თ. უთურგაიძე, „ბაკურის“ ფოლკლორული წყარო, გაზ. „სახალხო განათლება“,1961 წ., 26 ივლისი).

17.4 სიკვდილი გმირისა

▲ზევით დაბრუნება


ცის ქუხილივით გაისმა
სოფლად სიკვდილი გმირისა,
რომ ვერ უშველა ექიმმა,
ზის და ჩუმადა ტირისა.
ვერც მკითხავებმა უშველეს,
ვედრებამ იმათ პირისა.
მიზეზს რად ეძებთ სხვადასხვას -
დღე-წერა იყო იმისა.
„აფსუს, რა ჯონგა წაიქცა!“ -
ყველა ამასა ჩივისა.
ცრემლი აწვიმა მთაზედა
ტურფამ ცისკარმა დილისა...
კუბოს ფიცრებიც ითლება
მისრიათ ქალის შვილისა.
დრო ჩამოუგდო მტრის ტყვიამ
გაუღვიძარის ძილისა.
ურჯულოს გაუხარდება, -
ლაშქარში ვეღარ ივლისა.

თავს რომ დაატყო - ვკვდებიო,
ჯალაფთ ანიშნა ხელითა,
რომ გაეყვანათ კარზედა
აბჯარ-აბგარით მთელითა.
სულის დალევა გარეთა
წესია ძველის-ძველითა.
ჯერ თავად წამოიწია,
იდაყვებს იდგამს სვეტადა;
სიკვდილსაც არა ჰნებდება:
კერპობა ჰქონდა წესადა.
უნდა ხმლითა სცას მტარვალსა,
თუკი მოუვა ხელადა;
უჩინარია, ვის ებრძვის?
სული ამოჯდა ყელადა.
თავის მომრევი ვაჟკაცსა
არვინ ეგონა ქვეყნადა:
უკვირს, რომ ძალმა უჩინმა
დაჯაბნა მეტის-მეტადა;
მტერი სცემს, პასუხს ვერ აძლევს,
მონას რასმე ჰგავ ქლესასა.
მტრის ჯავრს არა სჭამს მხოლოდ მით,
არ გააგონებს კვნესასა.

მამა ამკაცრებს როსტია,
გული წაჰსვლია დედასა.
ეურჩა შვილი მოხუცსა,
მამას არ აძლევს ნებასა:
ვერ იტანს ვაჟკაცის ფიქრი
გულზე ხელების კრეფასა.
სიკვდილო, კარგის მოკვლისთვის
ნეტავ ვინ გეტყვის ქებასა?!
ბერიძის დისა ტირილი
სანთლად დაენთო ზეცასა.
აეღო მთელი მთა-ბარი
ქალთამზის მოთქმა-კვნესასა.
დაიჭრა თმები გიშრისა,
ათეულის ჰგავ კრებასა.
ცოლის გულსაც ჰხვდა ლახვარი,
თუმც ტირილს ვერა ჰბედავსა;
ჩუმად იტირებს ბეჩავი,
როცა არავინ ჰხედავსა.
ხალხთ ჩვეულება დიდია:
დევსა ჰგავ, რკინის მკვნეტავსა! ·

დერეფანში წევს ბერიძე,
თვალ-დახუჭული, მკვდარია.
მშობელი ქვეყნის დარაჯი
მოკვდა და აღარ არია.
პირნათლად მივა სულეთსა,
სადც იმის წინაპარნია,
რომ არ უმტყუვნა, ასრულა
გმირმა გმირული ვალია.
მკერდზე დააწყვეს იმისი
თოფი, ფარი და ხმალია.
თავით დაუდვეს ხანჯარი,
ხმალშეუვალი რვალია.
ფეხთით უდგია ლურჯაი,
ორთ უპყრავ ლაგმის ტარია,
ტოტს უცემს, ელის პატრონსა,
დაუგვიანდა მგზავრია.
დედ-მამას ანდერძს უწირავს:
„შანშეს მიეცით ხმალია,
სხვის ხელში ნუმც მეგულება,
ღირსი სხვა არვინ არია;
ხანჯალი - ფუნჩაიშვილსა, -
ის კარგი მეომარია;
ფარი და ჯაჭვი - ლეგასა,
ჯერ ომში შეუვალია.
ვინაც პირველად მიუხდეს
ბახტრიონს თარაქამასა,
ვინაც-კი ამოაშხამებს
თათარს ცოდვების ჭამასა,
ჩემ ცხენი იმასა ჰყვანდეს,
ხელ იმან უსვას გავასა,
ალალი არი იმაზე,
ნურც თქვენ დაუწყებთ დავასა.
თოფი - ელიზბარს, ჭრილობით,
მე მგონავ, იყოს ავადა.
ვინც ჩემს იარაღს იხმარებს
ერთგულად, დაუმცდარადა,
ცოცხალიც ვამბობ, მკვდარიცა:
ღმერთმა ახმაროს ალლადა.
ყველაის შრომამც იქნება
მშობელი ქვეყნის წამლადა“.

ეს სთქვა და გაჰქრა, როგორაც
შანდალში ნამწვი სანთლისა;
ვენაცვლე იმის ბიჭობას,
ჭირიმე იმის გამდლისა!..
საგძალი მისდევს შავეთსა
აქ მოხვეჭილის მადლისა.
შაჭირვებულა სოფელი,
ძებნა სჭირდება ბადლისა:
ვაი, რომ ცუდი ბევრია,
პოვნა ძნელია კარგისა!

[1899 წ.]

სიკვდილი გმირისა

ნაბეჭდი: ჟ. „მოამბე“, 1899 წ. № 5 (ცენზურის მიერ ნებადართულია 1899 წ. 27 მაისს) (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

48 ნეტავ] ნეტა B. 54 ჰგავ]ჰგავს B. 67 უმტყუვნა] უმტყუნა B. 73 ფეხთით] ფეხით B. 84 შეუვალია] შაუვალია B.

17.5 შაშვო, მასვე ჰმღერ

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

შაშვო, მასვე ჰმღერ, რასაცა
ჰმღერდი ასის წლის წინადა!
არც ვისა სწყევლი, არც სტირი,
არც ვის რასა სთხოვ წილადა;
მწუხრი დგება, თუ თენდება,
ჰზიხარ, ჰღიღინებ ტკბილადა...
ყრმას ჰგევხარ, აკვანს მწოლარეს,
გამზადებულსა ძილადა...
ღმერთი გიცნია მამადა
და თავი იმის შვილადა!
ან რად იჩივლებ? გუნება
შენი აიმღვრეს რაზედა?!
გწადიან - ბარში იცხოვრებ,
გწადიან - წახვალ მთაზედა.
არ გერჯის გული, ლამაზო,
ფიქრს და აზრს სხვადასხვაზედა.
მოგშივა? - არას იდარდებ,
გაიკვებები მზაზედა.
ისე მოჰკვდები, რომ ერთხელ
არ დაიხედნო ტანზედა.
შენ არ გადარდებს ჭაღარა,
კაცთ რო დაგვთოვნის თმაზედა.
ერთხელ არ მიგიხედია
გზას თავის დანაკვალზედა.
ერთხელ აროდის არ იტყვი:
„სიყმე მოვღალე რისადა?!“
გიგალობია გულწყნარად,
ფრთა გიცემია ფრთისადა.
არც როდის მადლობა გითქვამ
თავის მკვებელის ხისადა,
მიტომ რომ ყველას ვალად ჰხად,
ჰსახავ მსახურად თვისადა.
არ გითხოვია; „მიშველე“
შენ არასოდეს ღვთისადა,
როგორც ცხვარს მინდვრად უცქერი,
ისე გიცქერავ მგლისადა.
მშვიდი, ბავშური გუნება
არ აგმღვრევია მტერზედა;
წუთიერი გაქვს წუხილი
სიძულვილ-სიყვარულზედა.
მოვალეობის უღელი
არა გდგომია ქედზედა.
არც როდის არ გიფიქრნია
არც სხვის, არც თავის ბედზედა.

ან რისგან დაგეღალება,
ვფიქრობ, გული და გონება,
როცა თვით სიხარული ხარ,
არ გიგემია მონება.
სამშობლოს ვერვინ წაგართმევს,
ვერც სახლ-კარს შეგეცილება;
ესეც რომ მოხდეს, შენ მაინც
იმღერებ, გაგეცინება,
და სადმე მივარდნილს ადგილს
ხის ტოტზე დაგეძინება,
უდარდელობის საბანი
საამოდ დაგეფინება.
უცრემლო თვალნი აროდის
არ გიბანია ცრემლითა,
ოც წლობით გული დაჭრილი
არ გიზიდნია მკერდითა.
სრულაც არ გეპრიანება
მკვდარსა ადგომა მკვდრეთითა,
სიკვდილსა სიცოცხლედა ჰქმნი
ლაღის გუნების დებითა.
არ უწყი კაცთა ვნებანი,
არც ის, ჩვენ რისთვის ვწყდებითა...
ბევრში მოგნატრი და ბევრში
ვერ მოგიხსენებ ქებითა!

[1899 წ.]

შაშვო, მასვე ჰმღერ

ნაბეჭდი: „ივერია“, 1899 წ. 25/VII, № 157.

17.6 დედა და შვილი

▲ზევით დაბრუნება


„დავკარგე შვილი“, - დედა ტიროდა, -
ჩასდევდა მოთქმით მდინარის კიდეს;
არ დაჩენილა ხმელეთზე კუთხე,
რომ არ მოევლოს, ან არა ვლიდეს.
ზეცას ვერ მისწვდა, თუმცა დაკარგულს
თვალებით ეძებს ვარსკვლავთა შორის.
ახლოს არ არის, ცამდე შორია -
ამითი გულზე ნაღველი მოსდის.
- თავს რაზე იკლავ? - სხვამ დაუძახა,-
ცხრა კიდევ დაგრჩა, ნუთუ არ კმარა?
- ხომ კმარა, მაგრამ მკვდრისა ალაგსა
ცოცხალი გულში დაიჭერს განა?!

მას როდი ესმის, რას ეძახიან,
მისდევს მდინარეს პირის ხოკითა,
ვინ დააბრუნებს იმას უკანა,
თუნდა დააბან ასი თოკითა?
იარა ბევრი... ზღვას მიაღწია
და შეუდრკელად გადვარდა შიგა;
ზღვამ ხელი არ ჰკრა: აქ ნუ მოხველო,
ზვირთებმა ზღვისამ უფსკრულს დალიკა.
იქაც ეძია და დღესაც ეძებს,
მინამ არ ჰპოვებს, არ დაბრუნდება...
ასეა ყეელგან, საცა დედაა,
ასეა ყველგან დედის ბუნება.

ზღვათა მეფემა დარბაზს იწვია
დიდის ზეიმით და ამბით ისა;
ზღვნად მას მიართვა თავის სალარო,
გადაუშალა თავისი ქისა.
მტირალი დედის მოსალხენადა
მოიპატიჟა მნათობნი ცისა.
ისეთი ლხინი და მასპინძლობა
კაცთაგანს ნუთუ გენახოსთ ვისა?..
მგლოვარე დედას ვერ უსალბუნა,
იმას უფროცა ცრემლები სდისა...

შვილმაც იტირა მკვდარი მშობელი,
მჭმუნვარე სახით სამ დღესა ვლიდა;
მეოთხესა სთქვა: „ჭმუნვით რას ვშველი,
ბევრის ნაღველით და ცრემლის ღვრითა?!“
მეხუთეს დაჰკრა ბუკს და ნაღარას,
ლხინი მოძებნა დარდის წამლადა,
შესანდობარსა დედისას ჰსვამდა,
დარდს მას ატანდა მტვრად და კვამლადა.
მხოლოდ ფიცის დროს დედის სულს ჰფიცავს,
თუ არა ჭირს-რა - სიმართლისადა;
თუ გაუჭირდა, არ ეზოგება
მშობლისა სული თავის ხსნისადა.

[1899 წ.]

დედა და შვილი

ნაბეჭდი: ჟ. „ჯეჯილი“, 1899 წ. № 7-8 (ცენზურის მიერ ნებადართულია 30/VII-ს).

11 მკვდრისა ალაგსა] მკვდრის ალაგასა.

17.7 სამშობლოს მცველნო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

სამშობლოს მცველნო, სადა ხართ,
ერთხელ ვერ გნახეთ თვალითა, -
სახე ნათელით, აბჯარში
და მადლიანის მკლავითა?!
რა ძლიერ შეგყვარებიათ
თავისი მშვიდი სადგური...
ადექით, ერთხელ გვეჩვენეთ,
ერთხელ დაგვიგდეთ ჩვენც ყური!
გვეჩვენეთ, თორემ ეს არი
გაყინა ტვინი და გული,
ხვალ აღარ გვეცოდინება
ანდერძი თქვენი და რჯული.

ნეტავი ერთხელ ჩემს თვალთა,
მწყურვალთ გმირების ნახვითა,
თქვენ მაინც დაუდგებოდით
სრულის ჯანით და სახითა,
რომ გამძღარიყო, ბეჩავი,
მხოლოდა თქვენის ცქერითა
და მაშინ გულის ნაგრძნობი
მე-კი მეუბნა ენითა.
არ უწყით? ავიკრიფენით
თქვენს ნაანდერძევს კერითა,
დავიარებით სოფლადა
თავზე წაყრილის მტვერითა.
მე-კი გულს ვიფხან კიდევა
თქვენთან წერილის წერითა.
ხან, როგორც ეხლა, გემდურით,
ხან გიხსენიებთ ქებითა,
თქვენგან პასუხი არ მესმის,
კაცნო, რად მაგრე ჰშვრებითა?

[1899 წ.]

სამშობლოს მცველნო

ნაბეჭდი: „ივერია“, 1899 წ. 1/VIII, № 163.

17.8 ხარი ირემი

▲ზევით დაბრუნება


ხარი ირემი ტირის ძალზედა.
აღარ წავიდა იალაღზედა;
არ ეკარება ამხანაგებსა,
მარტოდ-მარტოკა დადის განზედა.
ვაჟკაცს დაემტვრა რქები ჭიდილში,
მგლოვიარეა იგი მაზედა.
ნათესავების ნახვა რცხვენიან,
რომ აღარ ჰშვენის რქები თავზედა.
ეკვრის ხევ-ხუვსა, შამბსა, შალდაყსა,
აღარ წავიდა იალაღზედა...
ის როდი იცის შეუგნებელმა,
თუ რქა მოუვა კიდევ რქაზედა;
კვლავ ინავარდებს ირმებთან ერთად
და ნიავს დაჰლევს მაღალს მთაზედა!

[1899 წ.]

ხარი ირემი

ნაბეჭდი: ჟ. „მოამბე“, 1899 წ. № 7 (ცენზურის მიერ ნებადართულია 17/VIII-ს); „ცრემლები“, 1909 წ.

ტექსტი ორივეგან ზუსტად ერთნაირია.

17.9 მხოლოდ ძალა გაქვს დღეს ხელთა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მხოლოდ ძალა გაქვს დღეს ხელთა,
მაგით ხარ მეტი ჩემზედა,
ბატონად მიტომ დამიდეგ,
წყალს მასხმეინებ ხელზედა.
გნებავ - მატირებ ცრემლადა,
გნებავ - მახტუნებ ცერზედა,
პურსაც ვერა ვჭამ კრძალვისგან
და შიშით თავის წრეზედა.
მოგჩერებივარ თვალ-წარბში,
ლუკმა მადგება ყელზედა;
შენ მადლობელიც არა ხარ,
როგორც შეგატყვე ფერზედა.
შენ მაინც ჩემზე ჰგულბრაზობ,
როგორც მოსისხლე მტერზედა.
ჩემი დაღუპვა გწადიან,
მიტომ მაყენებ კლდეზედა?!
გსურს, ანებივრო სვავები
ტიალ-ოხერის ლეშზედა.
ნუ შვრები მაგას, დაფიქრდი,
ხელს ნუ აიღებ ღმერთზედა.
ნუ, თორემ მარტო არა ვარ
ამა სიმართლის მთქმელია:
ვინც ავს უშვრება მოყვასსა,
სხვაც მისთვის ავის მქნელია;
თვითაც მუხთალად მოკვდება
მუხთალად კაცის მკვლელია.

[1899 წ.]

მხოლოდ ძალა გაქვს დღეს ხელთა

ნაბეჭდი: ჟ. „მოამბე“, 1899 წ. № 7 (ცენზურის მიერ ნებადართულია 17/VIII-ს) (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

4. მასხმეინებ] მასხმევინებ B.

17.10 მთას ვუცქერ ყელმოღერებულს

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მთას ვუცქერ ყელმოღერებულს,
მთელის ხმელეთის მფლობელსა,
თვის დღეში ცრემლ-დარდ უნახველს,
არვისთვის არრის მთხოვნელსა,-
ერთს ბედნიერად გაჩენილს,
გაჩენით ბედის მპოვნელსა,
რაც უნდა, რაც ენატრება,
ყველას უჯაფოდ მშოვნელსა.

ვუცქერ ხევს მოქუხარესა.
ლაღსა და ლაღად მდინარსა, -
ქვეყანას, ტურფად მოკაზმულს,
მზეს, მთვარეს, ნათლის მფინარსა,
და ჩვილს ყრმას, აკვანს მწოლარეს,
ტკბილს ოცნებაში მძინარსა;
განათლებისა ნაყოფსა,
უფლის ტახტამდე მყივანსა.
ვუმზერ და ვეჭვობ...სიამე
ამჟამინდელის ხედვისა
მომეწამლება იმ ფიქრით:
„რაღა იქნება მერმისა?“
დრონი წავლენ და ჩვენც წავალთ,
მოთქმა მოჰყვება მოთქმასა,
მაშინ სთქვით, რაღა ვიფიქრო,
მოდგმა არ ჰყავდეს მოდგმასა?
რით დასრულდება სიტურფე
სიცოცხლის, მთისა, ბარისა?!
მზის ძალა მაცოცხლებელი,
მასთან ნათელი მთვარისა?
საქმე ბოლოა სადარდო,
ამატკივარი თავისა!

მაინც მე ამასვე ვიტყვი,
გამწარებული ფიქრითა:
მოვალეობის გრძნობანი
და დედა თავის შვილითა
წუხრ შეჰხარიან ერთმანეთს,
თუნდ დაიხოცნენ დილითა.
რას დავდევ იმას, მსოფლიოს
რა დღე მოელის ბოლოსა!..
თუნდა დაინთქეს უფსკრულსა
და ჩვენც თან ჩაგვიყოლოსა.
ოღონდ მე ჩემი წადილი
და მღელვარება გულისა
ვასრულო, აზრს ვემსახურო,
ერთგული ვიყო რჯულისა:
ვაკეთო, რაცა მწადიან.
რაც მიყვარს, რაცა მწყურისა!

[1899 წ.]

მთას ვუცქერ ყელმოღერებულს

ნაბეჭდი: „ივერია“, 1899 წ. 7/X, № 224.

17.11 ობოლი ბღარტები

▲ზევით დაბრუნება


დაობლებულა ბღარტები,
უდედობასა ტირიან,
ბუდიდამ გადმოცვენილან,
გულ-საკლავადა წივიან.
დაბლა მიწაზე ბღორტავენ
გინგლიანები, წვრილები,
პირებს აღებენ საჭმლისად
ნიბლია-ჩიტის შვილები.
თითონ ვერც საჭმელს შოობენ,
არცა ჩვეულან ფრენასა;
მარტო ერთს თავის ვაებას
ათქმეინებენ ენასა,
გულის მომწყვლელის წრიპინით
ფრინველთ უხშობენ სმენასა...
გულუბრყვილონი... იმათთვის
ვინ მოინდომებს შველასა!...
საკუთარი ჰყავთ შვილები
ნადირს და ფრინველს ყველასა;
ჯერ არც იცნობენ საწყლები
თავის მუხანათს მელასა.

[1899 წ]

ობოლი ბღარტები

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონი, № 124 (A).

ნაბეჭდი: ჟ. „ჯეჯილი“, 1899 წ. № 10 (ცენზურის მიერ ნებადართულია 30/X) (B).

სათაური: ობოლი ბარტყები B.

1 დაობლებულა ბღარტები] დაობლებული ბარტყები B. 3 ბუდიდამ გადმოცვენილან] ბუდიდან გადმოცვივიან B. 8 სტრ. შემდეგ წაშლილია: „ვინ უპატრონებს? - არავინ, იმათვის ვისა სცალიან?“ „ისინი უფრო წივიან“ A. 9 შოობენ] პოობენ B. 11 A-ში ყოფილა: ერთს მხოლოდ თავის ვაებას, - გადასწორებულია: მარტოკა ერთს ვაებას, - ბოლოს კი გაუსწორებია: მარტო ერთს თავის ვაებას. 12 ათქმეინებენ] ათქმევინებენ B. 13 A-ში ყოფილა: თავის საბრალო წრიფინით, - გადასწორებელია: გულის მომწყვლელის წრიპინით, - B-ში კი არის: გულის მომწყვლელი წრიპინით. 15 გულ-უბრყვილონი!... იმათთვის] გულ-უპრყვილონი!... იმათვის A. 17 A-ში ჯერ ყოფილა: თავის შვილები აწუხებს, - გადასწორებელია: საკუთარი ჰყავთ შვილები, - B-ში კი არის: საკუთარი ჰყავ შვილები. 19 ყოფილა: ბეჩავნი, - გადასწორებულია: საწყლები A.

17.12 კლდე და მდინარე

▲ზევით დაბრუნება


I

კლდეს შაეზღუდა ხეობა,
რაზეც მდინარე დიოდა, -
სალსა, ასპიტსა, დიდრონსა
ფერფლიც-კი არა სცვიოდა.
მდინარე უყეფს: „გზა მომეც,
კლდეო, გამიშვი წინაო;
ამ ქვა-ლოდებზე ხტომამა
ძალიან დამაშინაო...
მინდა რომ ბარად ჩავიდე,
იქ მოვიპოვო ბინაო.
გამიშვი, შენი ჭირიმე,
აქ ყოფნა მომეწყინაო“.

და თან კლდის კალთას ეხვევა,
ხელ-ფეხს უკოცნის ზვიადსა,
ვით ბავშვი თავის დედასა,
ვედრებას ეტყვის ფრიადსა.
- „რას ამბობ, ცეტო?-კლდე ამბობს -
სიტყვას რად ამბობ მცდარესა?
მე მოვკვდე, შენ-კი იტლინკო,
სად თქმულა, რომელ მხარესა?!
როგორ კარგი რამ მირჩია,
უყურეთ გასახარებსა!“

ათასჯერ სთხოვა მდინარემ,
ათასჯერ ქუდი უხადა,
მაგრამ კლდემ ისევ და ისევ
თავისი გამოუცხადა.
მდინარე მაინც არ ტყდება,
თუმც ცდა მიუდის ცუდადა,
მაინც კლდეს ეალერსება,
გადიქცა კატის კნუტადა.
კლდე შუბლს არ იხსნის, მაღლიდან
მდინარეს დასცქერს მრუდადა.
- არ შაიძლება, - ბუტბუტებს, -
თუნდა გაიჭრა ხუთადა.
სხვა გზა მოსძებნე, სხვა მხარეს,
ნუ ამეთრიე კუდადა!...

ეს სთველში მოხდა, როცაა
წყალთა და ბალახთ მცირობა..
მდინარე იმედს არ ჰკარგავს,
შეუდრკელია გმირობა!..

მძიმე რამ ზამთარი იქნა
იმ წელს,- ორ ადლზე დათოვა;
გაზაფხულს ზვავმა მდინარეს
უხვად სინესტე აწოვა:
ჯაგარ-აშლილი მოგრგვინავს,
მთა და ბარს აქცევს ქოთითა;
კლდეს აღარ ეალერსება,
კარზე მიუხტა შფოთითა;
უტევს, აღადრის გულ-მკერდსა,
ვით ვეფხი თვის მსხვერპლს ტოტითა.
კლდეზე ტალღები ტყლაშუნობს,
თითქოსა სცემდენ შოლტითა!
კლდე წარბს არ იხრის, იძახის:
„აბა რას მიზამთ, მოდითა!“
მდინარეც უკან არ იხევს,
მორჭმული სალტა-კოტითა:
„გამიშვი, თორო დაგანგრევ!“ -
თან დაჰკიჟინებს ხმიანად,
და თითო დაკვრა ლახტისა
სჩანს კლდისა დამაზიანად.
ერთი თვის შემდეგ კლდე ბორგავს
და აღარ ამბობს ჭკვიანად!
გაჰხუნებია საჩერნე,
ჯაჭვ-მუზარადი ხმლიანად;
ლამის რომ გმირი დამარცხდეს
და გახდეს ოხერ-ტიალად, -
იქცეს მის ტყლაპად, სათელლად,
მის ტალღთა დასაყიალად.

II

მეხუთე კვირა შესრულდა
კლდის და მდინარის ბრძოლისა,
და საქმე მოხდა საგრძნობი
ცისა და მიწის შორისა:
კლდისა მოისმა ქვითინი,
მედგრად გაისმა ჯახანი,
წყალმა მეორე მხარესა
კლდისა გაიღო ჩქაფანი,
და გაიჭიმა ხევზედა,
როგორც გუთანში ჭაპანი,
ქედსა ასწია ამაყად,
შეათამაშა ფაფარი;
დოსტოღრივ მიდის უშიშრად,
არა სჭირდება ჩაფარი,
ანგრევს, რაც უშლის მგზავრობას,
დალეწა ყველა საფარი,
ნიშნს უგებს კლდეს და მისძახის:
„შენი ბიჭობა სად არი?!“
ახალის სანახავითა
გაოცებულა მთა-ბარი.

გალაღებული ჭალაზე
მიიზლაზნება მღერითა;
საამო სანახავია
გამარჯვებულის ფერითა.
ხარობენ ის და ქვეყანა
ერთმანერთისა ცქერითა...
წავიდა, გაივაკევა,
ჰრწყავს და უმღერის ველებსა,
თან ატრიალებს ტალღებსა,
ვით მოთამაშე ხელებსა.

[1899 წ.]

კლდე და მდინარე

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15638 (A).

ნაბეჭდი: ჟ. „მოამბე“, 1899 წ. № 11 (B); „ცრემლები“, 1909 წ. (C).

3 ყოფილა: მდინარე, - შეცვლილია: ხეობა A. 4 სცვიოდა] სცვივოდა C. 7 ამ] აქ BC. მოვიპოვო] მოვიპოვე AB. 22 უყურეთ] უყურებთ BC. 33 შაიძლება] შეიძლება BC. 45 მოგრგვინავს] მოგვრგვინავს A. 50 ვეფხი] ვეფხვი BC. 51 ტყლაშუნობს] ტლაშუნობს C. 52 თითქოსა] თითქმისა C. 56 სალტა-კოტითა] სალტა-კოლტითა C. 57 თორო] თორე C. 72 კლდისა] კლდისას C. 76 კლდისას] კლდისა B. 82 „ჩაფარი“ აკლია BC, ორივეგან ამ სიტყვის ადგილი წერტილებით არის აღნიშნული, ცხადია, ცენზურის მიზეზით. 85 ნიშნს] ნიშს BC. 90 მიიზლაზნება] მაიზლაზნება B, გაიზლაზნება C. 94 ერთმანერთისა] ერთმანეთისა C.

17.13 საახალწლოდ

▲ზევით დაბრუნება


აბა ვინა ხართ, სადა ხართ,
გამოიხედეთ გარეთა!
გილოცავთ ახალსა წელსა,
იცოცხლეთ, გაიხარეთა.
ძალად მოვდივარ მეკვლედა,
თქვენ ხომ არ დამიბარეთა:
სულით და გულით მოძღვნილი
სალამი ჩაიბარეთა,
რაც ვსდუმდი აქამომდისა,
ამაში გამიბარეთა!..

უპირველესი სალამი
ივერის არე-მარესა, -
მისს სისხლსა და ხორცს - ქართლ-კახეთს
და იმერეთის მხარესა,
ბედი და ბედნიერება,
დღეთამც ნუ ჰნახვენ მწარესა...
ვუსურვებ დღეგრძელობასა
სამშობლოს მზეს და მთვარესა:
ნუგეშსა გვცემენ, გვათბობენ
და გვითენებენ ღამესა...

მერე სალამი მუშათა:
ცულის და თოხის მქნეველთა,
მწყემსთა და ღამის მეხრეთა,
მინდორში ღამის მთეველთა,
თავის მარჯვენის მადლითა
მთელის ხმელეთის მრჩენელთა.
მწიგნობართ - ერის წინამძღვართ,
ქვეყნისთვის კარგის მრჩეველთა:
რა გვარგებს, რა გვაზარალებს, -
დღე-მუდამ იმის მკვლეველთა...
მენამც თავს შამოვევლები
ჩემის სამშობლოს მთა-ველთა!

სალამი მღვდელთა, მოხელეთ,
რომ ივარცხნიან ქეჩოსა!
ვთხოვ ათლეინონ ჩვენსკენა
წალდუნასა და ეჩოსა...
ყველას, ვინც ქვეყნის გულისთვის
გაიძრას, გაიჩეჩოსა!..
არაფერს ვეტყვი საწყენსა
ამ ჩვენს დახლიდარს ხეჩოსა:
იმას მილოცვა რად უნდა,
ოღონდ ფულები ხვეჭოსა...
ვაი თუ ფულების გამო
ბოლოს ჟამს გაიბეჭოსა!..

ვუსურვებ, რო გაემარჯვოთ
მშობელის ქვეყნის დედათა!
ერთს ვურჩევ, თუ დაიჯერეს,
სარგოსა მეტისმეტადა:
შვილთა აღზრდაზე იუბნონ,
რო შეიყარნენ ერთადა;
ლამაზად შვილის აღმზდელი
დედა მიცვნია ღმერთადა...
და ყრმათ, ჯერ დაუბუმბლავთა,
ერთგულნი ჰყვანდენ დედასა
და არ შეუდრკნენ ბოლო ჟამს
ბასრის მახვილის კვეთასა,
როცა-კი მტერი მათ მშობლის
შეურაცხყოფას ჰბედავსა...
დიდიმც ექმნება საზღვარი
თქვენთ თვალთ და გულის ხედვასა!..

[1899 წ.]

საახალწლოდ

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 73 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1900 წ. № 1 (წაახალწლო დამატება) (A).

6 ხომ] რომ B. 10 ამაში] იმაში B. 15 ბედნიერება] ბედნიერობა B. 22 ცულის და თოხის მქნეველთა] ცულის და ქარჩის მქნეველთა B, ცულის და თოხის მქნეველსა A. 28 მრწმენელთა] მრჩეველთა B. 32 ყოფილა: ტყე-ველთა, - გადასწორებულია: მთა-ველთა B. 31-39 სტრიქონების დასაწყისი ნაწილი დაზიანებულია B. 41 რად უნდა] არ უნდა B. 45 გაემარჯვოთ] გაემარჯოსთ B. 46 მშობელის] მშობელი B. 52 მიცვნია] მიცნია B. 55 და არ შეუდრკნენ ბოლო ჟამს] და არ შეუდრკენ თავის დროს B. 57 მშობლის] დედის B. 59 ექმნება საზღვარი] ექნება სამზღვარი B.

18 1900

▲ზევით დაბრუნება


18.1 ვითომა ვთიბდი ბეჯითად

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ვითომა ვთიბდი ბეჯითად,
ცელს-კი ვუსვამდი ბალახსა,
წინ მივიბრძვოდი, მივთიბდი
დიყსა, ქუჩსა და შალაფსა.
მეგონა, ბევრი გავთიბე,
თავს კარგ მთიბელად ვსახავდი;
იმას რა მომაგონებდა,
თუ მთას უთიბსვე ვნახავდი!..
გავხედავ ნამუშავარსა,
ოფლით მორწყულსა მდელოსა,
ვუცქერი: თივა არსად სჩანს, -
ქარს მტვერად გაუტანია,
და სათიბეში ნიავღვარს
ლოდები მოუტანია.

[1900 წ.]

ვითომა ვთიბდი ბეჯითად

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 107 (A).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1900 წ. 4/IV, № 74 (B).

ნაბეჭდი და ავტოგრაფი ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. ერთადერთი განსხვავებაა მე-6 სტრ.: მთიბელად] მთიბველად B.

ლექსში გაურითმავადაა დარჩენილი მე-9-10 სტრიქონები:

გავხედავ ნამუშევარსა,
ოფლით მორწყულსა მდელოსა.

ამიტომ საფიქრებელია, რომ ლექსს სტრიქონები აკლდეს.

ალ. აბაშელი ასახელებს ამ ლექსის მეორე ავტოგრაფსაც - ლიტ. მუზეუმში (ნომრის მიუთითებლად), მაგრამ ჩვენ ვერ მივაგენით.

18.2 ზამთარი და გაზაფხული

▲ზევით დაბრუნება


I

ყავლი გაჰსვლოდა ზამთარსა,
მიჩანჩალებდა ჩუმადა...
ქვეყნად არც ერთმა სულდგმულმა
არ გააცილა ძმურადა.
ყველა მისძახდა: „გაგვშოდი,
რაც გვტანჯე, ისიც კმარაო,
ჩვენი ყოფა და ცხოვრება
სულ შენგან დაიცარაო!“
სწორედ აქ ბინა აღარ აქვს,
ადგა და გაიპარაო.
გაზაფხულს ჯარი მოუდის,
მეტი არ არის ჩარაო;
ზამთარმა ჯაგლაგი ცხენით
მთა და მთა შეიარაო.

ძალიან დაღვრემილიყო,
ძალიან გული სტკიოდა,
ვაების გამომზატველი
თვალთაგან ცრემლი სდიოდა.
აღარ იხედავს უკანა,
არ უნდა ნახოს ჭალები:
ცოცხალს რომ ჰნახავს ტყე-ველსა,
ზამთარს დაეწვის თვალები -
გაუდიდებენ კაეშანს
მინდვრის პატარა ქალები1.

ერთ პატარა ხეს მიადგა,
იმაზე გასვლა მაუხდა,
და, ვერ უყურებთ თავხედსა,
რომ ისიც მტრულად დაუხვდა!..
გუშინწინ ჩუმი, დღეს ჰყვირის
და გზას უღობავს ბატონსა;
მტრად აეკიდა ნაკადი
კუდალა ცხენის პატრონსა:
ხევზე გასვლის დროს მოხუცსა
კინაღამ ცხენი წაექცა
და სამუდამოდ კინაღამ
ზამთარს ოჯახი დაექცა.

II

აგერა გაზაფხულიცა
მოაქროლებდა მერანსა,
წითლად და მწვანედ ჰმოსავდა
ქვეყანას მწირს და ვერანსა.
თან მოსდევს ყვავილთ კონები,
ფრინველთა გუნდი ათასი...
წინ გადაუდგა მოხუცსა
ვაჟკაცი ლაღი, კაპასი
და უთხრა: - გამარჯვებაო!
რაღას ჰგვიანობ, ბიძია?..
დადიხარ მშიერ-ტიტველი,
გუდაში არა გიძია.
დროა, იგემოს ქვეყანამ
ლობიო, ბალი, ქინძია.
რად გიყვარს ქვეყნის წვალება,
რადა ხარ აგრე ბილწია?
კარგი, რომ შუა გზას შეგხვდი
და არ მოგასწარ ჭალაზე;
ვერ დაგიხსნიდა ჭაღარა,
გაგმათრახავდი ძალაზე.
- არ მიკვირს შენის ჭკუისგან,
მჯერა, არ გინდა ფიცია. -
უპასუხებდა ზამთარი,
ყელში ედება ხრინწია:
- ერთის თვის წინათ სად იყავ,
ახლა რომ მიტევ, „ვაჟაო"?!
ვერას გაჰხდები, ზამთრისგან
ქვეყანა დაიბაჟაო.
თქვენ სამთა ძმათა ამაგი
სულ ჩემგან დაიხარჯაო.
კვლავ კიდევ მოვალ, სიცოცხლის
ჯერ კიდევ მიცემს მაჯაო.
დამჭლევებული ჩემგანა
ცხვარი, ძროხა და ხარები
ძლივს დაათრევენ ფეხებსა,
დადიან, როგორც მთვრალები;
ეცადეთ შენ და ზაფხული,
რომ გაუნედლოთ ძვალები.

III

- მამაშვილობას, მითხარი,
ვინ გძულს, ვისი ხარ მტერია?!
ათასგან დაიარები,
გიცნობს სხვადასხვა ერია.
ან სიყვარული შენს გულში
ქვეყნად ვისიმე სწერია?

- ბავშვები მიყვარს, სხვა არვინ,
ხელ-ფეხ-ფუნჩულა, ცელქები;
სხვა ყველა მიფრთხის, მემალვის,
როს ქვეყნად დავეხეტები.
ჩემის სიცივით მე მცივა,
ყინვისგან ტყვრება ქვებია...
მისტუმრეთ, თქვენი ჭირიმე, -
ქვა-ლოდებს ვეხვეწებია.
არ მიმიღებენ... ბალღებს -კი,
ამათ არ ვემეტებია;
ბინად მაწვდიან ხელ-ფეხსა
და მეც იქ ვიკვებებია.

ბავშვებს ვეუყვარვარ: უეცრად
გამოცვივიან კარშია,
არ გრძნობენ, მზირას ვუდგევარ,
მივარდებიან ბრჭყალშია.
ან გუნდაობენ, კიჟინით
არბეინებენ ციგასა.
არ ესმისთ დედის ვედრება,
ყურს არ უგდებენ ძიძასა...
აქეიფებენ ბალღები
ამ თავის მოხუც ბიძასა.
მეც ვიკვებები, იმათაც
არა ევნო-რა ამითა;
თუმც ზოგჯერ მჭვალს შესჩივიან
მშობლებს ისინი ღამითა,
არა უშავთ-რა, გაუვლისთ,
წვალობენ ერთი წამითა.

- რა გულქვა რამ ხარ მოხუცო,
სუსტთა და ჩვილთა მტერია!
შენ თუ დასტანჯე, იმათთვის
მომაქეს ყვავილი ბევრია…
წადი, აჩქარდი, ეცადე,
რომ მალე ავლო სერია;
თორემ, ხომ ხედავ, ღრუბლებსა
ჰსურს თავში დაგკრას კვერია,
დაგკრას და დაგანიავოს,
ზურგზე გადინოს მტვერია.

IV

ცამაც ჯავრობა დაიწყო,
იელვა, დაიგრიალა,
და თბილმა, ჟუჟუნა წვიმამ
მიწაზე დაიშრიალა.
ზამთარი ფაცი-ფუცითა
მირბის, მიიბრძვის ზევითა;
ჰხედავს, რომ მისი ბრძანება
აღარვის ესმის ქვევითა.
აბრძანდა იალბუზზედა
და, დიდ ყინულებს გვერდითა,
ისიც თეთრ ჯავშან-მოსილი
დადგა იმ თავის ცხენითა.
იქ მოიბრუნა მან გული,
იქ განისვენა შვებითა;
წამოწვა პირით ცისაკენ,
ჩვენკენ - ზურგით და კეფითა.
დროს ელის, ისევ გვესტუმროს
ჩვეულებრივის წესითა.

ხოლო გაზაფხულს თავს ადგას
თვალ-მარგალიტის გვირგვინი,
იგი ბრძანებლობს დღეს ქვეყნად,
ამას არ უნდა ჩიჩინი!..
მინდორში ღელავს ჯეჯილი,
ბალახი ყვავილიანი,
ჰყვავის ათასფრად ბაღები,
ბაღჩები მწვანილიანი.
ვერ ძღება თვალი კაცისა
ქვეყნის სიტურფის ცქერითა
და ყური ათასნაირის
ფრინველთ გალობის სმენითა!..
დიდება ისმის უფლისა
სულდგმულთ სხვადასხვა ენითა..
წყალნიც-კი ღმერთს ადიდებენ
ლაღად ტალღების დენითა.

[1900 წ.]

___________________

1. ყვავილები

ზამთარი და გაზაფხული

ნაბეჭდი: ჟ. „ჯეჯილი“, 1900 წ. № 4 (ცენზურის ნებართვა გაცემულია 28 აპრილს).

ლექსს ქვეშ მოწერილი აქვს ავტორის სახელი: ვაჟა-ფშაველა, ჟურნალის სარჩევში კი შეცდომით ავტორად დასახელებულია დ. თომაშვილი.

18.3 გულდაკოდილი ნატო

▲ზევით დაბრუნება


ჩიტი რამ უცხო, ფერად ნაცარა,
შემომჯდარიყო ნამყენს ბალზედა;
ღვთის სადიდებლად, რომ გაზაფხულდა,
ჰანგებს აწყობდა იგი ჰანგზედა.
როდი იცოდა, პატარა ნატოს
თვალი ჰრჩებოდა ამ დროს მასზედა.

შეჰფოფინებდა და შეჰხაროდა,
ევედრებოდა ხელების გაწვდით,
რომ დასჯდომოდა ნატოს თათზედა
და ავსილიყო იმისი მადლით.

ჩიტს როდი ესმის; რომ არ უჯერებს,
თვალები ცრემლით აევსო ბავშვსა.
გალობს და გალობს აღუშფოთებლად,
არა ჰღალატობს ის თავის ჰანგსა.
ნატოსაც ჰხედავს, მაგრამ არ უფრთხის,
იცის, ვერაფერს ვერ ავნებს მასა.
სახლიდან ამ დროს დედაც გამოჩნდა,
მიუახლოვდა პატარა ქალსა.

„ციტი, ციტიო!“ - იძახის ნატო
და თითით დედას უჩვენებს ჩიტზე,
ის ჯერ ვერ უთქვამს, დამიჭირეო,
თუმც ეს წადილი ეხატვის პირზე.

- აბა სად არის, დედის სილაღევ? -
დედამა ჰკითხა საყვარელ შვილსა.
და ამ დროს ჩიტმაც, მის დანახვაზე,
თავი ანება სიმღერას ტკბილსა.

აფრინდა იმ წამს, შეინავარდა,
შეშინებული მიფრინავს მაღლა ...
გულდაკოდილი, თვალცრემლიანი,
პატარა ნატო დასტოვა დაბლა.

[1900 წ.]

გულ-დაკოდილი ნატო

ნაბეჭდი: ჟ. „ჯეჯილი“, 1900 წ. № 5 (ცენზურის მიერ ნებადართულია 26 აპრილს).

18.4 დანაბარები

▲ზევით დაბრუნება


I

თბილისი სპარსთა დაიპყრეს,
მიდ-მოდის სისხლის ღვარები;
მეტეხს უსწორდა მტკვრის ძირით
ქართველთ მოჭრილი თავები.
სად არი პატარა კახი?
სადაა ქართველთ ჯარები?
რად არ ჩნდებიან მეშვლადა
ხმალ-ამართული მკლავები?
- სისხლმა დაფარა ფხა ხმლისა,
მიწამ დაჭამა ფარები,
ტიალ კრწანისმა მოგვშრიტა,
დროშებს დაგვიწყდა ზარები.

ვაჟკაცთ შეაკლეს მტერს თავი,
შინ არვინ მომავალია,
ატირდა ცხარის ცრემლითა
მზე მთის პირთ ჩამავალია,
ვინც უღალატა მეფესა
და გაგვილაღა მტერია,
არ დაივიწყებს იმათაც
ტანჯული ქართვლის ერია;
იმათ სახელი, ხსენება
წყეულთ სიაში სწერია.

II

შეძრწუნებულსა მთა-ბარსა
ძილი არ ეძინებოდა.
სხივი მთვარისა მყინვარსა
სქელს ქედზედ ეფინებოდა.
არაგვი ჰღრღნიდა კლდეებსა,
სანგრევლად ეღირებოდა,
გაღმიდამ მგელი გამოღმა
ცხვარს ძმობას ეპირებოდა.
გაწყვეტა ჩვენის ჯარისა
ჩვენს მტერს რად ეწყინებოდა?

არაგვში ცხენი მოცურავს
უმხედროდ, უნაგრიანი;
ვინ ანდო ცხენსა აბჯარი,
ფრანგული მელანქრიანი?!
ან ეგ სამეფო გვირგვინი,
ზურმუხტ-ალმასის თვლიანი?!
წყლის პირს მხედარიც გამოჩნდა,
მოხუცი ცხვრის ტყავიანი;
ეგ ლომი საქართველოსი,
მტერთად ნათქვამი მეხადა,
ლაშქრობას ჩამოღალული,
ლურჯას მისდევდა ფეხადა,
ხელს უქნევს წასასვლელადა,
შამაუძახა მჭეხრადა:

„წადი, ტიალო, ვის უცდი,
მუხლში ჩაუშვი ქარიო ?!
დარეკონ, უთხარ, ქალაქში
სამგლოვიარო ზარიო.
ნუღარ ელიან, სრულ გასწყდა
ერთგული ქართვლის ჯარიო.
ვინც მიღალატა, იმათი
გამგებელია ჯვარიო...
სხვა მოიძიონ პატრონად,
სხვას დაუკროდენ თავიო,
სხვას შამაარტყან წელზედა
ჩემი ნარტყამი ხმალიო.
წადი, ტიალო ლურჯაო,
სწრაფად იარე, მალადა,
შენც სხვა მოსძებნე მხედარი,
მე წელს მოვიდრეკ ძალადა.
მე რისთვის დავრჩი ცოცხალი,
ცოდვა ვქმენ შეუნდობარი,
ვერ მოვკვდი იქა, საცა სხვა,
ერთი ქართველი მხედარი.
არ დამაცალეს შვილებმა
მტრისთვის შამეკლა თავია...
აღარ დამწვავდა თვალებსა
ქვეყნის სვე-ბედი შავია!

მე ვერ წამოვალ თბილისსა,
ვეღარა ვნახავ თვალითა
თვით ქართველთაგან შემუსვრილს
და მორწყულს ცოდვა-ბრალითა.
ან აქ - მთიულეთს - დავრჩები,
ერთგულნი ყმანი არიან,
ან არა, წავალ კახეთსა,
თელავი მიყვარს ძალიან.
არ დამიფასდა ამაგი,
დროს გავატარებ გლოვაში.
კარგის მყოფელი გაიგონ
ქართველთ, უფალს ვთხოვ ლოცვაში.
სხვაფრივ თუნდ მოვკვდე, ვიცოცხლებ
თუშ-ფშაველ-ხევსურთ ხსოვაში“.

[1900 წ.]

დანაბარები

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 107 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1900 წ. 21/V, № 108 (A).

ავტოგრაფი B წარმოგვიდგენს ლექსის მხოლოდ ნაწყვეტებს: პირველი ნაწილის ბოლო 6 სტრიქონს და მეორე ნაწილის ბოლო 18 სტრიქონს (დასაწყისი ამ ფურცელზე არ არის, მეორე ნაწილი კი პირველად, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ მოცულობისა ყოფილა). ნაწყვეტები ზუსტად ემთხვევა ნაბეჭდს, ოღონდ ზოგი სტრიქონი მცირედ ნასწორებია: პირველ ნაწყვეტში ორი სტრიქონის შემდეგ წაშლილია: „იმას რა უთხრა პასუხად“ და „რა უთხრა იმათ“. მეორე ნაწყვეტში ორი სტრიქონის შემდეგ გადახაზულია: „რომ არ მენახა დღე-ბნელი“. სტრიქონი „მე ვერ წამოვალ თბილისსა“ პირველად ასე ყოფილა: „მე ბარად ვეღარ წამოვალ“. ამის შემდეგ კიდევ წაშლილია: „ქალაქს ვერ ვნახა“... „ერთგულნი ყმანი არიან“. ამის ნაცვლად პირველად ყოფილა: „მთათა და სალთ კლდეთ შორისა“.

18.5 ის-კი არ არი ბიჭობა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ის-კი არ არი ბიჭობა,
რო გამაგრებდენ, ჰმაგრობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
თავისთავადა ჰვარგობდე.

არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, ახრჩობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.

მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად,
დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არი,
დაჩაგრულთათვის სწვალობდე.

არც-რა ბიჭობა ეგ არი,
მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე,
თავი მოგქონდეს სხვებზედა
და ამის გამო გვშარობდე.
მგოსნობას არვის აცლიდე,
მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე.

[1900 წ.]

ის-კი არ არი ბიჭობა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 107 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1900 წ. 4/VI, № 118 (A).

ავტოგრაფი {B} შავია, იძლევა შემდეგნაირ განსხვავებებს:

3 ბიჭს მაშინ დაგიძახებდი] ბიჭობა ისა მგონია. 6 არჩობდე] ახრჩობდე. 7 ჯერ ყოფილა: ბიჭობა ისა მგონია, - გასწორებულია: ბიჭად გიცნობდი მაშინა. 8 ყოფილა: დამრჩვალთაც რასმე ათბობდე, - შეცვლილია: სხვის დამრჩვალს - შენა სწამლობდე.

ორი სტროფის შემდეგ B-ში არის ერთი ზედმეტი სტროფი:

არა შგონია ბიჭობა
ფულიან ქალთა ჰყვარობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ უფულობას ჰმძახლობდე.

აქ მესამე სტრიქონი პირველად ასე ყოფილ: ბიჭად გიცნობდი მაშინა. 9 მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად] არც-რა ბიჭობა ის არის. 11 ყოფილა: ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, - შეცვლილია ასე: აბა ის არი ბიჭობა. 13 ყოფილა: ის არის, - შეცვლილია: მგონია. 14 ყოფილა: ჰგალობდე, - შეცვლილია: ჰხარობდე. 19-20 ყოფილა: ბიჭად გიცნობდი მაშინა, რომ მშიერიცა ჰგალობდე, - წაშლილია და სანაცვლოდ არის: ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე.

18.6 მგოსნის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


სამს წელს სჯა იყო სასუფეველში,
მომცენ თუ არა ნება წერისა:
მე ყურს ვუგდებდი სულ-განაბული,
ფიქრს სცემდა ტალღა გულის ბგერისა.
თავი მომეკლა, ამას ვფიქრობდი,
ღონე არ იყო მოთმინებისა.
უფლისა საბჭომ კვლავ ნება დამრთო
ჩანგის აღების და ზედ მღერისა.
დიდება უფალს, რაკი შევიძელ
კვლავ სამსახური ჩვენი ერისა,
დაჩაგრულების გამოსარჩლება,
გათახსირება იმის მტერისა!
დიდება უფალს, რომ კვლავ მომეცა
ძალა ციურის აღმაფრენისა,
რომ სიმუნჯისა ტვირთს ქვეშ არ მოვკვდი,
კვლავ შემიძლიან დაძვრა ენისა
და უხმარ საგძლად საფლავს არ მიმდევს
მწარე ნაღველი გულის კბენისა!

[1900 წ.]

მგოსნის სიმღერა)

ნაბეჭდი: „ივერია“, 1900 წ. 11/VI, № 124.

18.7 ჩიტის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


მე ჩიტი ვარ - ჩიტუნია პატარა,
ფეხ-შიშველი, ტან-შიშველი, ნაცარა;
სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, არც ბინა,
არსად დედა, რომ ჩემთვის გაეცინა,
თავის შვილი კალთაში ჩაეწვინა, -
ეთქვა ჩემთვის ღიღინითა ნანინა
და მეც ტკბილად იმ ხმაზე დამეძინა.
ნეტავ, რად მომეწყინა?
ვიცი, ვიცი, ყველა ჩემი მტერია,
ალალს და ქორს თვალები უბღვერია.
რადა ვტირი? ვინ რას მომცემს დარდშია?
დამიტევენ? - დავემალვი ბარდშია,
და მანამდე დამბრუნავენ თავზედა,
იქ ვიმღერებ, არ გამოვალ კარზედა.

[1900 წ.]

ჩიტის სიმღერა

ნაბეჭდი: ჟ. „ჯეჯილი“, 1900 წ. № 6 (ცენზურის მიერ ნებადართულია 9 ივნისს).

18.8 ხარისთვის უდიერი

▲ზევით დაბრუნება


ლაჭანშია წევს ხუმარა -
მუშა დიდი ხნის სნეული;
წელიცა სტკივა, მუხლებიც,
სულ სტკივა მთელი სხეული.
მესამე ზაფხული მიდის,
რაც ესე არის უქმადა,
მის სარჩო-საბადებელი
გახდა ყვავ-ყორნის ლუკმადა.
მოსწყინდა მხცოვანს მხვნელ-მთესველს
ამდენს ხანს ყოფნა მუქთადა.
ღმერთს სთხოვს ან მორჩეს, ან მოკვდეს,
ნუ ჰყავ ხელუყრელ კუტადა.

უწყრება შინაურებსა,
წაიბუზღუნებს მწარედა:
„რას სხედხართ უქმად, უკლონო,
არ გაიხედავთ გარეთა?
ჩაიწვა ჭირნახულები,
მიეშველენით, ხანია,
ეხლა რა შინ ჯდომისაა,
როგორი დრო და ჟამია?!.“

ესმის მუშების კიჟინა, -
ჰმკიან ყანებსა, შრომობენ,
ეკვეთებიან მინდვრებსა,
ცელ-ნამგლებითა ომობენ.
ჰშურს სნეულს შრომა სხვებისა,
ჰშურს სხვების ნამკალ-ნათიბი;
რად მოიძულა უფალმა, -
რად გამოართვა ნასიბი?
ერთს დროს-კი ამაზე ადრე
არვის გაჰქონდა გუთანი,
არცვინ ჭირნახულს იკლებდა,
დღეს იმარჯვებენ ცუდანი.
ბევრჯელ უნახავთ, ხუმარას
მარტოს მოემკოს დღიური;
ბეჭებზე ნისლი ოფლისა,
ნისლი ენკენისთვიური
რომ ასდენოდეს მუშასა,
ბოლად და კვამლად ქცეული.
დღეს გულ-მოკლული ლაჭანში
წევს ღონე-გამოლეული.
ბევრჯელ დაუწვა თვალები
ოფლმა ნადენმა ღვარადა,
ჩამოურეცხა გულ-მკერდი
ღვთის ნაჩუქარმა შანადა.
მაინც არ გატყდა გულითა,
შრომასვე შეტრფის კვალადა.
გონება მინდვრად მიურბის,
უნდა წავიდეს ძალადა;
რა ვერ ადგება აწევით,
ამოიკენესებს ბრალადა.

უყვარდა სარჩო სნეულსა,
ბევრი პური და ძროხები,
იმიტომ თავისი ჯანი
არ ჰქონდა დანაზოგები.
„რკინის კაცია, რკინისა“,
გაიძახოდენ ზოგები.
მაინც ქვეყნის ყბა ავია, -
დასჯილს თვითაც ჰსჯის სიტყვითა;
ხუმარაზედაც ამბობდა
სოფელი ერთის პირითა:
საწყალი მეტად უდივრად
ეკიდებოდა ხარსაო,
როდესაც ჰხნავდა და ღრმადა
მამულს ავლებდა კვალსაო.

„დაჰკარით, მაგრა დაჰკარით,
ნუ დააოჩნეთ ხარები!“
დაუყვირებდა მეხრეებს
სიცოცხლე-განამწარები.
არ დაასვენის წესივრად,
არც აუშვებდა დროზედა.
რა ხანი არი, მზის სხივი
გაქრა ახუნის გორზედა.
ის ისევ ხარებს დაჰყვირის:
„გასწით, გადადგით ფეხები!
თქვენ ისე მიიზლაზნებით,
ლამის დაგადგათ კეხები
და გაგიხუროთ სახრითა
დადუნებული ლეშები!“
მის ქვა-გულს როდი ესმოდა
ხარების დანაკვნესები!
ხვნას როდი აშლეინებდა
მათ გახრეშილი ქედები.

წინათ მტანჯველი ხარისა
ეხლა იტანჯვის თავადა.
ცოდვიანია, ამდენ ხანს
იმიტომ არის ავადა.
და იქაც ხარის ჩხვერისგან1
დღეებს ჩამოჰლევს შავადა.

[1900 წ.]

_______________________

1. რქენი, რქენისგან.

ხარისთვის უდიერი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 123 (B).

ნაბეჭდი: ჟ. „ჯეჯილი“, 1900 წ. № 10 (ცენზურის მიერ ნებადართულია 11 ოქტომბერს)(A).

4 სტრიქონის შემდეგ წაშლილია: არც საუბარი სწადიან, წევს ჩვრებში გამოხვეული B. 6 ესე არის უქმადა] ასე არის უჭმათა A. 10 ამდენს ხანს] ამდენ ხანს A. 10 სტრ.შემდეგ B-ში წაშლილია: აღარცა რჩება, არც კვდება. 12 პირველად B-ში ყოფილა: და ნუ ამყოფებს კუტადა - შეცვლილია: და ნუა უსაქმურადა, - დასასრულ არის: ნუ ჰყავ ხელუყრელ კუტადა. 15 წერებულა: შინ რას უსხედხართ, უკლონო, - შეცვლილია: რას სხედხართ უქმად, უკლონო B. 18 ყოფილა: მიეშველენით დროზედა, - გადასწორებულია: მიეშველენით, ხანია B. 19-20 სტრიქონები B-ში შემდეგაა ჩამატებული. 25 ჯერ ყოფილა: მათი სილაღე, - შეცვლილია: იმათთვის შრომა B. 26 პირველად დაუწერია: ჰშურს, - შემდეგ სდომებია გადაეკეთებინა: ჰსძულს, - არც ეს მოსწონებია და დაუწერია: ჰსწყინს, - ბოლოს ისევ პირველ ვარიანტს დაბრუნებია: ჰშურს B. 33-34 ყოფილა: ბევრჯელ უნახავთ მარტოკას ამას მოემკოს დღიური, - შეცვლილია: ბევრჯელ უნახავთ, ხუმარას მარტოს მოემკოს დღიური B. 37 ყოფილა: ხუმარას, - გადახაზულია და სანაცვლოდ არის: მშრომელსა B. 47 ყოფილა: თვალებიც - შეცვლილია: გონება B. 62 სტრ. შემდეგ წაშლილია: უდივრად ცემა იცოდა B. 63 ყოფილა: ჰმკიდა, - გასწორებულია: ჰხნავდა B. 64 ავლებდა] ავლევდა B. 69 წესივრად] წესივრათ A. წესზედა B. 70 სტრ. შემდეგ წაშლილია: მზე დიდის ხნისა ჩასული, არც მას ფიქრობდა B. 71 ჯერ ყოფილა: არა თქვის, - იქვე გადაუხაზავს და სანაცვლოდ დაუწერია: მზის სხივი A. 72 გაქრა] გაჰქრა A. 47 ყოფილა: მათრახით, - წაშლილია და არის: სახრითა B. 81 აშლეინებდა] აშლევინებდა A. 85-86 ყოფილა: მაგრე იმიტომ იტანჯვის, ამდენს ხანს არის ავადა, - შეცვლილია: ცოდვიანია, ამდენს ხანს იმიტომ არის ავადა B. 88 ყოფილა: ყოფნა ექნება, - შეცვლილია: დღეებს ჩამაჰლევს B.

18.9 მრავალმა ხმალი აგელა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მრავალმა ხმალი აგელა,
მრავალმა - ჭკუა-გონება,
სხვამ - თავმომწონედ იარა,
რომ დიდი ჰქონდა ქონება.
მწირმა უარჰყო სოფელი,
ირჩია სულის ცხონება,
მაინც ვერ ასცდა სიკვდილსა,
მოუნდა მიწის მონება.

სიკვდილისათვის ერთია
მდიდრის და საწყლის ცხოვრება,
სიკვდილის დათრგუნვას ვცდილობთ,
როს გვწადს სახელის პოება.
მაგრამ მკვდრისათვის ერთია
ავი და კარგი დროება,
ამითი თავსა ვატყუებთ,
სხვა რომ არა გვაქვს შნოება.

თუმც-კი არ არის ურიგო,
თუკი უნარი გვექნება.
სიკვდილის შემდეგ თავისი
კარგი გავწიროთ ხსენება,
ამით ცოტად ვძლევთ სიკვდილსა,
იგია კუბოს შვენება.

[1900 წ.]

მრავალმა ხმალი აგელა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15634 (B).

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1900 წ. 25/XII, № 1338 (A).

სათაური არა აქვს B-ში.

2 მრავალმა - ჭკუა-გონება] ბევრმა - ჭკუა და გონება B. 5-6 და 7-8 სტრიქონები ავტოგრაფში (B) შებრუნებული რიგითაა წარმოდგენილი:

სულყველა ამაოდ დარჩა,
მოუნდა მიწის მონება,
მწირმა უარყო სოფელი,
ირჩია სულით ცხონება.

მოყვანილ ნაწყვეტში მესამე სტრიქონი ჯერ ასე ყოფილა: სხვამ იუარა სოფელი, - ამის წინ კი წაშლილია: სხვა ყველა დაიუარა.

9 სიკვდილისათვის ერთია] მაინც სიკვდილით თავდება B. 11 დათრგუნვას ვცდილობთ] დათრგუნვა გვინდა] წაშლილია: გვწადის B. 21-22 ყოფილა: ამით თუღა ვძლევთ სიკვდილსა, ესაა კაცთა შვენება, - შეცვლილია: ამით ცოტად ვძლევთ სიკვდილსა, იგია კუბოს შვენება B.

ვაჟას ამ ლექსის ავტოგრაფი მოთავსებულია დიდ, სქელყდიან რვეულში, რომელიც 102 ფურცელს (204 გვ.) შეიცავს. რვეულში ჯერ ხალხური ლექსებია ჩაწერილი, რომელთაც მოწერილი აქვთ მთქმელთა ვინაობა. შემდგ კი იწყება ვაჟას საკუთარი ნაწერები. მათ შორის პირველია სწორედ ეს ლექსი, მოთავსებელი რვეულის მე-40 გვერდზე. მას მოსდევს ავტოგრაფი ვაჟას პოემისა „მინდია - გველის-მჭამელი“.

18.10 ჩვენთვისც იკარგვის, თქვენთვისაც

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ჩვენთვისც იკარგვის, თქვენთვისაც,
რას დაგიღიათ პირები?
ნუთუ კარგ მამა-პაპასა
არ ჰყვანდეს კარგი შვილები?!
როგორ არ ჰხედავთ, გზა გეკრვისთ,
გარს შემოგერტყათ თხრილები?
თქვენ ბაი-ბუად არ ივლებთ,
მაღლა გიჭირავთ ცხვირები.
ხომ ჰხედავთ, ბოლოს გამწარდა
ის სიტკბო დანაპირები,
გახუნდა მუნდირებზედაც
ოქროთ ნაფერი ღილები!

[1900 წ.]

ჩვენთვისც იკარგვის, თქვენთვისაც

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 107.

2 სტრ. შემდეგ წაშლილია: გამხნევდით, გამოიღვიძეთ; 8 სტრ. შემდეგ - მთაც იღუპება, ბარიცა.

ლექსი ამ ავტოგრაფის მიხედვით პირველად გამოაქვეყნა ალ. აბაშელმა. ამავე ფურცელზე არის ავტოგრაფი დაუმთავრებელი ლექსისა - „განგაში“, რომელიც წინა გამომცემლებს გამორჩენიათ და პირველად იბეჭდება ჩვენს გამოცემაში.

ამ ფურცელზევე მოთავსებულია ავტოგრაფები ლექსებისა: „სიმღერა“ (ის კი არ არი ბიჭობა), „სიმღერა“ (ვითომა ვთიბდი ბეჯითად) და „დანაბარები“ (ნაწყვეტი). ყველა ისინი გამოქვეყნებულია 1900 წელს. ამავე წლით უნდა დათარიღდეს „განგაში“ და „ჩვენთვისც იკარგვის, თქვენთვისაც“, რადგან ფურცელი, რომელზედაც ეს ლექსებია მოთავსებული, შეიცავს ავტოგრაფულ შავებს და არა გვიანდელ გადათეთრებულ ლექსებს.

18.11 ანდერძი

▲ზევით დაბრუნება


ნუ გასჯავრდებით, შვილებო,
და ნუ დაგვიწყებთ გმობასა,
რომ ბევრი საქმე დაგიგდეთ
გასაკეთებლად მოდგმასა.
ჩვენი დრო იყო გრძნობისა,
ჩვენაც ვგლოვობდით, ვტიროდით.
რომ სნეულს წამალიც უნდა,
იმას ვეღარა ვფიქრობდით.
დრო იყო შეუსაბამო,
გარემოება ვერანი,
ამაოდ დაგვრჩა მამებსა
ფიქრი და გულის ძგერანი.
ეგებ თქვენ დაიჯილავოთ
ბარათაშვილის მერანი!
მინდოდა მკვდარსა გამეგო
ქართველთა ბედისწერანი,
რად უნდა დარჩეს ტიალად
ცრემლით მორწყული მღერანი?!
მინდოდა, ჩამოგვძახებდით
საფლავში ერთად ყველანი:
„შვილთ აგისრულეთ ნანატრი,
აწ განისვენეთ ტკბილადა,
ჩვენაცა დავიწერენით
ქართველ მამულიშვილადა“.

[1900 წ.]

ანდერძი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ., ინსტ., ვაჟას ფონდი, № 123.

ლექსისთვის ავტორს ჯერ დაურქმევია „ანდერძი ყრმათა“ და ასე დაუწყია:

მძიმე ნაღველი საფლავს წავიღე,
ვერაფერს გავხდი ჯავრით და ოხვრით,
თქვენ იცით, ყრმანო,
თქვენზედა-ღა ვარ იმედ-დაყრილი...

შემდეგ ეს ყველაფერი წაშლილია და მის ადგილს იჭერს წინა ლექსის („ხატმა გვიბძანა“) ბოლო ნაწილი, „ანდერძი“ კი ამის შემდეგ ხელახლა არის დაწყებული.

ავტოგრაფში ზოგიერთი ადგილი ნასწორებია: 5 ყოფილა: ფიქრისა, - შეცვლილია: გრძნობისა. 19 სტრ. შემდეგ წაშლილია: გამაგონებდით. 21 პირველად ყოფილა: ასრულდა თქვენი წადილი, - შემდეგ შეცვლილია: მკვდარნო, აგიხდათ ნანატრი, - დასასრულ არის: შვილთ აგისრულეთ ნანატრი. ბოლო ორი სტრიქონი ჯერ ასე ყოფილა:

და თქვენ შვილთ უცხო ტომნიცა
გვცნობენ მამულიშვილადა.

შემდეგ შესწორებულია ისე, როგორც ამჟამად იბეჭდება.

ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. პირველად გამოაქვეყნა ალ, აბაშელმა. დაწერილი უნდა იყოს 1900 წელს (როცა დაიწერა „გველის-მჭამელი“ და „ხარისთვის უდიერი“, რომელთა ავტოგრაფები ამავე რვეულშია).

18.12 არ ვტირი

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

არ ვტირი, არც რას ვემდური,
მწარეს ბედს, მწარეს ყოფნასა,
მუდამ ეს მოსდევს, ამბობენ,
სიმართლესა და ცოდნასა,-
რად დავიჩივლებ ტანჯვასა,
თუ სხვას რას ვარგებ ცოტასა?!
ამიტომა ვსთხოვ უფალსა,
ნუგეშად ვყვანდე ყველასა,
რომ არ ვზარობდე არადროს
გაჭირვებულის შველასა,
თოფს ვესვრი დაუმცდარადა
ცბიერსა თეთრსა მელასა:
ცხვრად ეჩვენება ქათმებსა,
არც ზარობს იმათ კბენასა;
მოკეთეობას შეჰფიცავს,
მარჯვედა ხმარობს ენასა.
ტყავს გავხდი, ვაჭარს მივყიდი,
გაუხარდება დედასა,
რო ჰნახავს კუდ-გაძაგრულსა
ქათმის ძვალების მკვნეტავსა.
ვერ ვუმტრობ, მინდა ვუშველო
დაჩაგრულსა და ბეჩავსა.
ან კი რას ვამბობ? უფალი
ციდამ ყველასაც გვხედავსა,
ყველას საკუთნოს მოგვიწყავს -
მართალს და ქვეყნის მყვლეფავსა.

[1900 წ.]

არ ვტირი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 123.

ავტოგრაფში რამდენიმე ადგილი ნასწორებია: 1 ყოფილა: არც ვტირი, - შემდეგ „ც“ წაშლილია. 5 ყოფილა: ვიტყვი,- გადახაზულია და სანაცვლოდ არის: დავიჩივლებ. 9 ყოფილა: მენაცა, - გადახაზულია და სანაცვლოდ არის: არა დროს. 12 ყოფილა: ნამეტნავ, - გადახაზულია და მის ნაცვლად წერია: ცბიერსა. შემდეგ წაშლილია ერთი სტრიქონი: ტყავს გავხდი, ჩარჩებს მივყიდი. 17 ყოფილა: სომეხს, - შემდეგ შეცვლილია: ვაჭარს. 18 სტრ. შემდეგ წაშლილია:

ღმერთიც ჰშველს საწყლის მეშველსა.

თავდაპირველად ლექსი ამ სტრიქონებით ყოფილა დაბოლოებული და აქვს ხელმოწერაც: ვაჟა. მაგრამ შემდეგ ავტორს მოყვანილი ორი სტრიქონი წაუშლია და ლექსი გაუგრძელებია. ლექსის დასასრული ჯერ ასე ყოფილა: ის განა ერთფერად ჰნახავს მართალს და ქვეყნის მყვლეფავსა?! - შემდეგ პირველი სტრიქონი რამდენჯერმე შეუცვლია: „თვის საფერს ალაგს მიუჩენს“, - „მოგვიწყავს რისაც ღირსნი ვართ“, - დასასრულ, ეს სტრიქონები წაშლილია და სანაცვლოდ არის: ყველას საკუთნოს მოგვიწყავს, მართალს და ქვეყნის მყვლეფავსა.

ლექსი ავტორის სიცოცხლეში დაბეჭდილი. არ ყოფილა. პირველად გამოაქვეყნა ალ. აბაშელმა. ავტოგრაფი მოთავსებულია შუაზე გაკეცილ თაბახის ფურცლებისაგან შეკინძულ რვეულში „მინდია - გველის-მჭამელსა“ და ,,ხარისთვის უდიერს“ შორის. ეს უკანასკნელი ლექსი დაიბეჭდა 1900 წლის სექტემბერში, ხოლო „გველის მჭამელი“ - 1901 წ. იანვარ-თებერვალში. ე.ი. ეს პოემაც 1900 წელს დაწერილად უნდა ვიგულვოთ. ასევე უნდა დათარიღდეს აგრეთვე ლექსი „არ ვტირი“.

18.13 სნეული ვიყავ

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

სნეული ვიყავ სამს წელსა,
გაჭირდა სულთქმა, სიცოცხლე.
გონებაც მხდალად ფიქრობდა,
მკლავთაც დაკარგეს სიცხოვლე
მხოლოდ გულს არა ეჭირვა,
ჰბგერდა მამაცად, მკვიდრადა,
თვის სხივსა მანათობელსა
ჰგზავნიდა მთა და მინდვრადა.
მეც იმას მეუბნებოდა
აუშფოთებლად, დინჯადა:
„ნუ გეშის, არ მოჰკვდებიო,
ისევ იქნები ბიჭადა.
მშობელი მიწა გექნება
ფეხების დასაბიჯადა.
ასდგები, მტერი დაგხვდება,
წინ მიეგებე კრიჭადა,
რომ სთქვას: „შუაზე გავკაფავ“,
შენ ის გაკაფე შვიდადა.
ბევრჯელ მომრჩალა სნეული,
არ მიუღიათ მიწადა“.

ყველა ზურგს უკან დუდუნებს,
არ მორჩებაო, მოკვდება.
მე კი ვიცინი, არ მჯერა.
იმედის ტალღა მოდგება
გულში, და თვალებს მივაპყრობ
ცას სადიდებლად უფლისა.
იგია ყველაფრის გამგე,
მკვდართაც ჩამდგმელი სულისა.
მე მაინც ზეცას შევცქერი,
მტკიცედ მჭერელი რჯულისა:
„შენა ხარ, ღმერთო, პატრონი
კაცისა დაკარგულისა!“

[1900 წ.]

სნეული ვიყავ

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 78.

ხელნაწერში რამდენიმე ადვილი გასწორებულია: 1 ჯერ ყოფილა: სამის წლის, - შესწორებულია: სამს წელსა. 17 ყოფილა: ვინც, - შეცვლილია: რომ. 29 ყოფილა: ჩემთვის ვდუდუნებ, - შეცვლილია: ზეცას შევცქერი. 32 ყოფილა: დაჩაგრულისა, - გადასწორებელია: დაკარგულისა.

ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. პირველად გამოაქვეყნა ალ. აბაშელმა, რომელიც ამ ლექსთან დაკავშირებით შენიშნავს: „შინაარსით ეს ლექსი ეხმაურება ვაჟას ლექსს: მგოსნის სამღერა, რომელიც დაიბეჭდა 1900 წელს. ლექსიც („სნეული ვიყავი“) დაწერილი უნდა იყოს იმავე ხანებში“.

იმავე ფურცელზე, რომელზედაც „სნეული ვიყავის“ ავტოგრაფია, უკანა მხარეს მოთავსებულია ნაწყვეტი 1901 წელს გამოქვეყნებელი ლექსისა „კითხვა-პასუხი“.

18.14 ჩემი ახალი მეკვლე

▲ზევით დაბრუნება


I

ახალწლის წინა ღამესა
ჩვეულებრ ვიჯე კერაზე,
ცეცხლი დავანთე ძლიერი,
ნახჩები ეწყო ძელაზე,
და სამზადისი ხვალისთვის
უკეთესი მაქვს ყველაზე.
ხოლო ოცნება, არ იქნა,
ერთზე ვერ დადგა ვერაზე!

გარეთა ცივა, თოვლი სთოვს,
თან მოჰქრის ქარი, გრიალებს,
ნამქერის სვეტი და სვეტი
ნისლივით ცაში ტრიალებს;
დატანჯულს გულში მიღვიძებს
იმ მიყუჩებულს იარებს.

ვუცქერი ირმის რქაზედა
მამა-პაპეულს აბჯარსა:
თოფსა, დამბაჩას, სიათას,
ხმალ-მუზარადს და ხანჯარსა.
წარმოვიდგინე ძველი დრო,
ძველი ლხინი და წუხილი:
რამდენი სისხლი უნახავთ,
რამდენი ჭექა-ქუხილი.
მათნი პატრონნიც ელოდნენ
მრავალჯერ ამ დროს ლხენითა!
დღეს მათი ფერფლიც გამქრალა,
განაღამც რამ სთქვან ენითა,
ან დაემზადნენ სალაშქროდ,
ან ისეირნონ ცხენითა.
ბუნების მუხთლის წესისა
ატანა გვინდა თმენითა!
ჩვენზედაც ამას იტყვიან
ამავ რიგით და წესითა
შვილები, შვილიშვილები ...
ხე ხარობს თავის ფესვითა!..

და თან ჩემს მეკვლეს ველოდი,
გულის იარის მალამოს,
მოვიდეს, თვალითა ვნახო,
რომ გულის წყლული დაამოს,
ღვთიურის სახით დამათროს,
ტკბილის ხმით მომესალამოს.

II

არ გაუვლია დიდ ხანსა,
რომ ქარმა დაიგრიალა
ძლიერად... დიდმა კარებმა
სახლისამ დაიჭრიალა.
დარბაზს შამოჩნდა მხევალი:
ტანთ სამკაული ჰშვენოდა;
როგორც დიდი ხნის ნაცნობსა,
მას არაფერი რცხვენოდა;
ლხენის, სილაღის სვეტები
სახეზე გადაჰფენოდა.
„აგაშენოსო!“ წარმოსთქვა,
ჩემგანაც ბოდიშს ელოდა.
თვალ-მარგალიტში ჩამჯდარა,
ვხედავ, თუმც ცოტად ბნელოდა.
ძვირფასად მორთული იყო,
სწორედ დედოფალს ჰფერობდა.

ის არის? - სწორედ მასა ჰგავს
სახით, თვალებით, ფერითა.
რა დაჰმართნია? გავკვირდი,
რომ ასე არი ლხენითა!..
წინა წლებშია მწვევია
ოხვრით, კვნესით და წყენითა…
ან ტანსაცმელი ვინ მისცა
სწორედ სამეფო, რჩეული?
წინათ მოსულა მეკვლედა
დაბრანძულ-ჩამოხეული,
მთლად ფეხშიშველა, საბრალო,
ძონძებში გამოხვეული.
ვკვირვობ, გონება დამებნა,
ვერა ვარ გამორკვეული!..
იქნებ კარგი რამ გაიგო, -
წყლულთა განკურნვა მიქადოს,
იქნება, უფალმა ბრძანოს,
კარგი რამ გამომიცხადოს.
ჰსურს ჩემთან ერთად ამ დღესა
მტრის ძლევა გადაიხადოს?!
- კარგო! - მივმართე: - ვინ შენა
და ვინ ეგეთი ლაღობა?!
მიკვირს და ვფიქრობ: იქნება
მმტყუვნობს გონების საღობა.
-ხა, ხა, ხა! - გაიკისკასა: -
რასაცა ჰხედავ, სწორია.
მეყოფა, რაც ვიგლახავე,
ოცნების ვაგე ყორია.
ბალღური მიდებ-მოდება
განვდევნე, მოვიშორია.

დროა, შენც გამოიღვიძო,
მუდამ არ დარჩე ბალღადა;
ხანია, დაატრიალო
გონების ჩარხი საღადა.
მე რომ მიყურებ, რას ჰფიქრობ?
არ გეკადრები აღადა?!.

ეს მიტომ მოხდა, შევიგნე
უვარგისობა გრძნობისა,
არა მქონია უნარი
დღესნამდე ქვეყნის ცნობისა.
დღეს ვიცი, ღმერთმაც მარგუნა
ბედი კეთილის ყოფნისა.

აბა ქვეყანამ რა მოგცა,
მაზე ფიქრმა და შრომამა? -
იმის წყლულებზე წუწუნმა,
მის ორგულებზე წყრომამა?
აქამდე გონს ვერ ჩაგაგდო
მაგ ვაებამ და ცდომამა?!

შიმშილს სძლებ, ტიტველი დახვალ,
მღერი, სჯიუტობ მაინცა.
სიმდიდრე კარგი რამ არი,
რატომ არ ჰფიქრობ, დაიცა,
სუყველა საზრდოზე ჰფიქრობს,
სულდგმული არი რაიცა.
ეგ შენი ჭკუა-გონება,
ნეტავ, საითკენ გაიქცა?!

რად არ უყურებ შენს ტოლებს,
როგორ ცხოვრობენ, ხარობენ,
განა შენსავით ტირიან
და სოცოცხლესა ზარობენ!..
კარგა ჰსმენ, სჭამენ, ტანთ იცმენ,
შენზე უკედა გალობენ.
გნახვენ, სიცილად არ ჰყოფნი,
თუ მოსწადდებათ, გშარობენ.

დიდის ხნის მეგობრები ვართ,
კიდეც მიყვარხარ ძლიერა,
გული მიკვდება, რისათვის
უნდა ხვიდოდე მშიერა!..

III

- სახით ისა ხარ, ვინც მიყვარს,
ხმითაც ჩემს მეკვლეს ჰგევიხარ,
ვეღარ მიგიღებ მეკვლედა,
რაკი აზრს გამოჰქცევიხარ...
მე მეკვლე მინდა სხვა ჯურის:
გულს ჟანგი მწმინდოს, ობია,
იგი, ვინც აზრითა მაღლობს,
ვინც ქვეყნის კარგის მყოფია.
შენ ჩემთან საქმე არა გაქვს,
რომ გამეშორო, სჯობია!

ადე და წადი იმათთან,
ვინც მოგწონს, ვინაც კარგია.
სამარის კარამდე ვზიდავ,
რაც ზურგზე მკიდავ ბარგია.
ნუ იგვიანებ, მშვიდობით,
წაბძანდი, აიბარგია.

ერთხელ გველურის თვალითა
ამხედ-ჩამხედა ტანზედა
და სწრაფად, ვით ნაპერწკალი,
გამოეფარა კარზედა.
უკუღმა შამომიბრუნდა,
ქოქოლას მაყრის თავზედა...

ხმა მესმა რაღაც წყრომისა...
ყურს ვუგდებ... გული მღელვარებს.
სხვა ვინმე ჯავრობს კარებზე,
ჭკვითა და ენით ელვარებს:
„მანდ რა გინდოდა, შე მყრალო,
შე უნამუსოვ, შენაო?
ჩაჰბღერტე მგოსნის გულშია
ეგ შენი ბილწი ენაო?!“

- გავიგე, ნუ შესწუხდები,
მაცდური მომეჩვენაო...
ნუ დაჰღონდები, ლამაზო! -
შინათ ვეძახი მენაო:-
თან მახლავს, ვერ მომაცალა
მადლი და აღმაფრენაო!

სწრაფად გავვარდი კარზედა,
მოსურნე მეკვლის წვევისა,
იქ აღარ დამხვდა, მაღლიდამ
ხმა მესმის იმის წყევისა.
თან მისდევს მაცდურს და არცხვნის..
ქარი ქვითინებს, გრიალებს ...
ნამქერის სვეტი და სვეტი
ნისლივით ცაში ტრიალებს.
ესალბუნება ყველა ეს
გულზე დაჩნეულს იარებს.

შინ შევედ გულ-დამშვიდებით,
რომ კაცი დავრჩი კაცადა,
ვერ მომატყუა მაცდურმა,
თუმც ბევრი ხრიკი მაცადა.

IV

„მხნედ იყავ“, - სარკმლით ხმა მესმა,
გულს ჩამეწვეთა ცხადადა:
მთელი ბულბულის ბოინი
შინ შამომეჭრა სხარტადა,
რაც-კი რამ სახშია ჰპოვეს,
ყველა დაიდგეს ტახტადა.
ზოგნი თაროზე ჩამოსხდნენ,
ზოგთა დაფარეს კარადა.
დაიწყეს ტკბილი გალობა
ტურფათა თვალად-ტანადა.
ჩონგური ამაღებინეს
მეც ხელში ძალი-ძალადა.
სიმთ გავკარ, ავაჟღარუნე
და ზედ დავმღერე თავადა:

„ღმერთო, ჩემს მოკლე სიცოცხლეს
ნუ გაატარებ შავადა,
უშველე ყველა დავრდომილს,
ფიქრს ნუ მომიხდენ ავადა,
ბილწთ, ორგულთ, ქვეყნის წამწყმედთა
ყოფნა შეარგე შხამადა!

ღმერთო, ნუ დამცემ იქამდე,
ბოროტს შავეკრა ზავითა,
ნუ მაგრძნობინებ ამასა
ჩემის ცოცხალის თავითა!
სხვაფრივ რაც უნდა გამხადე,
თუნდ გასათრევი კავითა!“

[1900 წ.]

ჩემი ახალი მეკვლე

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ., მუზ., № 15651 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1901 წ. 1/I, № 1 (A).

სათაური: ახალი ჩემი მეკვლე B.

ქვესათაური: (საახალწლო) B.

ხელნაწერი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული: ნაწერია თაბახის ფურცლებზე ორი სვეტად, მაგრამ ცალი მხარე ჩამოხეული აქვს და გადარჩენილია მხოლოდ პირველ სვეტებზე მოთავსებული ტექსტი. გადარჩენილ ნაწილში, ნაბეჭდ ტექსტთან შედარებით, გვაქვს შემდეგი სხვაობა:

6 მაქვს] მაქვ. მე-14 სტრიქონის შემდეგ ტექსტი სულ სხვაგვარია:

თორემ სიცივით არ მცივა,
ნახჩები ცეცხლზე ტკრციალებს,
მოვა, თუ არა? ვჩურჩუნებ:
რად, იგვიანებს ნეტარა?
ცუდი ხომ არა შაემთხვა,
ხომ არა დაეხედვა-რა?!
ჯერ ადრე არი, თან ვამბობ:
ჯერ შუაღამე არც კია,
რომ უდროვო დროს ირბინოს,
განა ისეთი ბალღია!...

ამის შემდეგ იწყება II თავი, ე. ი. გრძელდება ტექსტი 41-ე სტრიქონიდან. II, 7 დიდი] დიდის.

52-ე სტრიქონით თავდება ერთი სვეტი; მეორე სვეტი, როგორც ვთქვით, ჩამოხეულია. შემდეგ გრძელდება II თავის 53-ე სტრიქონიდან: 63 გონს] ჭკვად. 66 ჯერ ყოფილა: ჰგალობ, სჯიუტობ მაინცა, - პირველი სიტყვა წაშლილია და ზემოდან მის ნაცვლად აწერია: მღერი. 69 ჰფიქრობს] ფიქრობს. 70 არი] არის. 73 რად არ უყურებ] აბა, უყურე. 80 გშარობენ*] გმირობენ A. 85 ჯერ ყოფილა: სახით ისა ხარ, ასულო, - შემდეგ „ასულო“-ს მაგივრად არის: ვინც მიყვარს.

III თავის მე-5 სტრიქონით თავდება ეს სვეტი და მეორე სვეტი ისევ ჩამოხეულია. ამავე ფურცლის მეორე გვერდზე დაზიანებული სახით მოუღწევია III თავის უკანასკნელ ოთხ სტრიქონს. ლექსის დანარჩენი ნაწილის ავტოგრაფი დაცული არ არის.

19 1901

▲ზევით დაბრუნება


19.1 რაფიელ ერისთავის გარდაცვალებაზედ

▲ზევით დაბრუნება


გულსა სწყინს, თუმცა ულმობელს
ვერ შევცვლით უფლის ნებასა:
ყველასაცა ჰკლავს, არ ჰზოგავს,
ვინც გაუზდია დედასა...
ეს ხომ გავიგეთ და ვიცით,
სხვა რაღა გვრჩება სათქმელად?
ერთი ის, მხოლოდ ჩვენგანსა
რაც ჩაეთვლება სახელად,
ან ისა, მკერდში ვისაცა
გული სდებია ქვისია
და არ სცოდნია მშობელი,
არც თანამოძმე თვისია.
კურთხეულიმც ხარ სულითა,
ღმერთმა გიკურთხა ჭაღარა,
მთა-ბარს გულს აუჩქროლებდა
შენი ხმა, შენი ნაღარა,
სამშობლომ ხევსურისამა
ყველასიც გული დაღარა.
გრძნობა შესწირე ზვარაკად
შენსა სამშობლო მხარესა,
რბილსა და ნაზსა ღიღინში
ცრემლსაც ურევდი მწარესა,
გაესხივოსნა წყვდიადი, -
ეხვეწებოდი მთვარესა.
საწყალსა ღამის მეხრესა
აწ ვინღა გაახარებსა,
დაჭრილი შვილი დედასთან
ამბავს ვის დააბარებსა?!
ბარს ვინღა ასწევს მთამდინა,
ან მთას ვინ გააბარებსა?
სამგლოვიაროდ თავის ბედს
თინა ვის ჩააბარებსა?!
ვის დააღონებს ამიერ
წყლულები თავის დედისა?
შეჰბღალავს ტაძარს წმიდასა
ჭარტალა ენა ყბედისა...
ღმერთმა გიკურთხოს სამარე
და ყოფნა მოგცეს შვებისა!..

[1901 წ.]

რაფიელ ერისთავის გარდაცვალებაზედ

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, № 45, 1901 წ. 27 თებერვალი.

სათაურს წინ უძღვის ინიციალი თ. (=თავადი).

ცნობილი ქართველი პოეტი რაფიელ ერისთავი (1824-1901) გარდაიცვალა 1901 წლის 19 თებერვალს თელავში, ხოლო მიწას მიაბარეს თავის მშობლიურ სოფელ ქისტაურში კვირას, 25 თებერვალს.

რ. ერისთავის გარდაცვალებამ ღრმად დაამწუხრა ქართველი ხალხი, მას ფართოდ გამოეხმაურა იმდროინდელი პრესა. კერძოდ, გაზეთ „ივერიის“ 25 თებერვლის ნომერი ძირითადად რ. ერისთავისადმი არის მიძღვნილი, გაზეთი აქვეყნებს ჩიორას (ა. ახნაზაროვის) ვრცელ წერილს, სამგლოვიარო დეპეშებსა და განცხადებებს და სხვ. ხოლო მომდევნო ნომერში პირველ გვერდზეა დაბეჭდილი ვაჟას ლექსი, აქვეა მოთავსებული დეპეშები, ინფორმაცია 25 თებერვალს ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი პანაშვიდის შესახებ და მ. ტყემალაძის სიტყვა აღნიშნულ პანაშვიდზე.

ვაჟა-ფშაველა დიდი პატივისმცემელი იყო რ. ერისთავისა, რომლის შემოქმედებითაც იგი საკმაოდ იყო დავალებული. ამის შესახებ თვითონ ვაჟა წერს. „რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებური მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული, სხვაგვარად შესძრა იგი...“ (ტ. V, 1961 წ. გამ., გვ. 155).

19.2 გულისთქმავ, საფლავს გაგითხრი

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

გულისთქმავ, საფლავს გაგითხრი
და იქ დაგმარხავ ცივადა,
ცხელსა დაგაფრქვევ ცრემლებსა,
მიწას მოგაყრი ხშირადა.
სამზეოს ყოფნა რად გინდა
უვარგის მამიშვილადა?!
ვაი, რომ ჩემი სიცოცხლეც
არ ეღირება ჩირადა!
დავემსგავსები ლოდს რასმე,
მიგდებულს წყალთა პირასა.
გაჰნასკვავს ცრემლის საბელი
ორშაბათიდამ კვირასა,
სიზმარში მომეჩვენები
და ჩამიშხამებ დილასა.

პური ხომ შლამად მექცევა,
წყალი ნასვამი - ძმარადა.
რისთვის-ღა მინდა სიცოცხლე,
ან ვეღირები რაღადა,
თუ შენც არ მყევხარ ცოცხალი
დასაცავ-დასაფარადა?!

ან მთას რა ვუთხრა მაღალსა,
მტკვარსა და არაგვს, ცხეთასა,
ან რა პირით-ღა ვეჩვენო
ძუძუს მწოვებელს დედასა?!

[1901 წ.]

გულისთქმავ, საფლავს გაგითხრი

ნაბეჭედი: „ივერია“, 1901 წ. 19/IX, № 203.

19.3 კითხვა-პასუხი

▲ზევით დაბრუნება


- გულო, რად სტირი, რას სტირი,
რამ სანახავმა გაგმსჭვალა?
- მთას ვეფხვი ვნახე მტირალი, -
ლეკვი წინ ედვა ნაცარა
მკვდარი... ღმუოდა მწარედა,
თვალთ ცრემლი გაებაწარა.
თუ ვეფხვმაც გლოვა იცოდა,
მას ვიფიქრებდი აღარა...
- კიდევა სტირი რაღაზე,
რამ გაგამწარა ნაღველმა?
- მაშ რა ვქნა, დაძმარებულის
ლაღის ხარ-ირმის მნახველმა?!
დაჯანჯალებდა ტყეშია,
ამხანაგს ვერა პოვობდა,
თავის ტოლს - სიცოცხლის სწორსა -
გულ-ამოსკვნილი გლოვობდა.
დაკარგულისა მძებნელი
გაბანულიყო ოფლშია;
იმისი დამღონებელი
გამოერჩიოს სწორშია!
- კიდევაც სტირი, კიდევაც,
მითხარ, რისთვის და რაზედა?
- დიაღაც ვტირი, დიაღაც,
გამწარებული მაზედა, -
ტურფა რამ ვნახე ასული,
ნახვით შემშლელი ჭკვაზედა,
ნახვით მკვდრის გამცოცხლებელი,
შუქურ-ვარსკვლავი ცაზედა;
იის და ვარდის ქსოვილი
იმ იალბუზის მთაზედა,-
ახალს საფლავზე ტიროდა,
ნაცარ-დაყრილი თმაზედა.
არ ვიცი, ქმარსა ტიროდა,
თუ იჭირვოდა სხვაზედა;
ტანჯულმა სილამაზემა
ალი მომიდვა ალზედა.
კარგთან რა უნდა ვაებას,
ან ცრემლის ჯარსა, ღაწვზედა?!
.................................................
................................................
................................................
................................................
გალაღებული კიჟინებს,
მტერი ეხვია გარზედა.
ცოლ-შვილსაც ცეცხლში უწვავდენ,
ჭირს უმრავლებდენ თვალზედა
დავიწვი მისი მნახველი,
გადავირიე ჭკვაზედა.
მტერს მხოლოდ ერთი ებრძოდა,
ერთი იქნევდა მახვილსა.
ბოლო დროს მოკლეს ისიცა,
ვერ მიაღრწია წადილსა.
- კიდევ გაწუხებს რაღაცა,
ოხვრის და კვნესის მშობელი?
- ვიხილე სადღაც, ერთს ადგილს,
აოხრებული სოფელი:
დანგრეულია საყდარი,
ჩაფუშვილია სახლები,
უდედმამოდა შთენილან
ძუძუმწოვარი ბალღები.
დაძრწოდენ, მწარედ ღმუოდენ
ნანგრევთა შორის ძაღლები.
შავად გამურულს ბოძებზე
ისხდენ, ჩხაოდენ ყვავები.
ოთხივე კუთხე სოფლისა,
სავსე ცხვარ-ძროხის ლეშითა,
გაეტიალა მგლის ჯოგსა
თავზე დასხმით და გლეჯითა.
ორბები სტუმრად სწვეოდენ,
დაჰყრანტალებდენ ყორნები,
სჭამდენ გულ-დადინჯებითა
გაუმაძღარი სოვები.
- კიდევ ბევრი გაქვს სათქშელი,
რომ შაბურვილხარ შავადა?
- ვეღარას გეტყვი, ვეღარას,
ზოგი შენ იგრძენ თავადა.
როგორ ვსთქვა ან-კი ყოველი,
რისგანაცა ვარ ავადა?!
- ძალიან კარგი, ესეც სთქვი,
რად გაიცინე?.. რისადა?...
- უჭკვო ვარ, უჭკვო ძალიან:
თავს რისთვის ვიკლავ სხვისადა?!

[1901 წ.]

კითხვა-პასუხი

ხელნაწერი: ავტოგრაფები, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 185 (B). № 78 (C).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1901 წ. 20/XII, № 276 (A).

ხელნაწერთა ინსტიტუტის № 78 შეიცავს ამ ლექსის მხოლოდ პატარა ნაწყვეტს (ამავე ფურცელზე, მეორე გვერდზე, არის ავტოგრაფი ლექსისა „სნეული ვიყავ“):

გალაღებული კიჟინებს,
მტერი ეხვია გარზედა.
ცოლ-შვილსაც ცეცხლში უწვავდენ,
ჭირს უმრავლებდენ თვალზედა.
დავიწვი მისი მნახველი,
გადავირიე ჭკვაზედა.
- კიდევ გაწუხებს რაღაცა
ოხვრის და კვნესის მშობელი.

ზუსტად ამავე სტრიქონებით იწყება მეორე ავტოგრაფიც (B) (№ 185), რომელიც ნაწერია დიდი ზომის თაბახის ფურცლის ცალ გვერდზე (მეორე გვერდი ცარიელია, მეორე დაზიანებულ ფურცელზე კი ვაჟას იუმორისტული ჩანაწერია - „საქართველოს მწერალთა შესახებ“).

პირველნაბეჭდ ტექსტში („ივერიაში“) ზემოთ მოყვანილი ნაწყვეტის მხოლოდ უკანასკნელი ორი სტრიქონი მოიპოვება, პირველი ექვსი კი - არა. უნდა გვევარაუდნა, რომ ავტორმა ალბათ შემდგომ უკუაგდო ეს სტრიქონები, მაგრამ „ივერიაში“ ტექსტი დაზიანებული ჩანს. ამას გვაფიქრებინებს ის გარემოება, რომ № 185 ხელნაწერში ზემოთ მოყვანილი სტრიქონების გვერდით მიწერილია შემდეგი სტროფი:

მტერს მხოლოდ ერთი ებრძოდა,
ერთ იქნევდა მახვილსა.
ბოლო დროს მოკლეს ისიცა,
ვერ მიაღრწია წადილსა.

ამ სტროფის ადგილი სავარაუდებელია სწორედ ზემოთ მოყვანილი ექვსი სტრიქონის შემდეგ, ვიდრე დაიწყებოდეს ახალი კითხვა: „კიდევ გაწუხებს,რაღაცა...“

„ივერიაში“ კი ეს სტროფი ჩართულია სრულიად უადგილო ადგილას, ლექსის 64-ე და 65-ე სტრიქონებს შორის, რითაც ირღვევა აზრის ბუნებრივი მდინარება.

ამიტომ ჩვენ ეს სტროფი გადავიტანეთ თავის ადგილას და ავტოგრაფის მიხედვით აღვადგინეთ მისი წინა სტრიქონებიც, მაგრამ რადგანაც ავტოგრაფი თავნაკლულია და იწყება მხოლოდ 42-ე სტრიქონიდან, ამიტომ წინ კიდევ დარჩა კითხვა (ჩვეულებრივ, ორსტრიქონიანი) და პასუხის დასაწყისი (ორი სტრქონი მაინც, თუ მეტი არა), რომელთა აღდგენაც არ მოხერხდა და ჩვენს გამოცემაში წერტილებით არის აღნიშნული.

№ 185 ავტოგრაფის დაცულ ნაწილში (43-ე სტრიქონიდან) მოიპოვება შემდეგი სწორება და ვარიანტული სხვაობანი: 59 შთენილან] შთენილა. 61 პირველად განზრახული ჰქონია დაეწერა: დაწრწოდენ ნანგრევთა შორის, - მაგრამ უკანასკნელი სიტყვა აღარ დაუწერია, მეორე სიტყვა კი წაუშლია და ასე შეუცვლია: მწარედ ღმუოდენ. 63 გამურულს] გარუჯულს. 65 ყოფილა: და გარეშამო სოფლისა, - შეცვლილია: და ოთხსავ კუთხეს სოფლისა. 67 სტრ. შემდეგ წაშლილია: ბასრის კბილების. 68 სტრ. შემდეგ წაშლილია: ითრევდენ. 69 ყოფილა: სტუმრად სწვეოდენ სვავები, - შეცვლილია: ორბები სტუმრად სწვეოდენ. 73-78 სტრიქონები გვიან არის ჩამატებული და ცალკეა გვერდზე მიწერილი. 74 ყოფილა: რომ ქშინავ ღრმად და მძიმედა, - შეცვლილია: რომ შებურვილხარ შავადა. 74 სტრ. შემდეგ წაშლილია: ბევრი რამ(ა) მტანჯავს, როგორ ვსთქვა. 79 ძალიან კარგი] ეგ ყველა კარგი.

19.4 ღიღინი

▲ზევით დაბრუნება


(ვუძღვნი აკაკის)

გაკაჟდი, გულო,
გაფხავდი, ენავ!
ვერას დამაკლებ, შავთ დროთა დენავ!
სანამ მაქვს სმენა
და პირში ქშენა,
ვერას დამაკლებს ძაღლების ღრენა!
სანამ მაქვს ჯანი
და ფეხზედ ჯღანი.
მუშაობს მკლავი და ტანზე თავი, -
მოკეთის ბაზმა
და მტრისთვის ავი
ვარ და ვიქნები.
მკვდარს რაღა მეზღვის?
ან რაღა მეთქმის?!
ცოცხალს კი ესა გულს დამეთესა:
ყელსა მჭრის დანით
მოძმეთა კვნესა!
მიტომ არ ვიშლი,
ენასა ვლესავ
და მგლოვიარეს ქართულსა ვთესავ.

[1901 წ]

ღიღინი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1901 წ. 23/XII, № 279.

19.5 ზმანება

▲ზევით დაბრუნება


მოვიდნენ, მოდგნენ აჩრდილნი,
წინაპართ გმირთა სახენი,
ჯაჭვ-მუზარადით მორთულნი,
წარსულთა დროთა ქართველნი.
სდუმან, ხმას ერთიც არ იღებს,
მხოლოდ ცრემლს ჰღვრიან გმირები...
რა ტურფა სანახავნია
ამ დროს მამულიშვილები!
ნაჭრევიანი სახე აქვთ,
ნაჭრევიანი თავები...
ნეტავი გამაგებინა,
ტანთ რად აცვიათ შავები?

მე როდი ვტირი, გულს ვიჭდევ
ვაჟკაცთა ღვთიურს სახესა,
გამეღო სამოთხის კარი:
მეც იმათ დამინახესა.
გადავეწვადე ჩონგურსა,
დავკარ, დავიწყე ღრეობა:
„არ დაეღუპვის, - ვიძახი, -
თქვენს აღმზრდელს ერსა ზნეობა!.."
ერთის წამისა მომეცა
მეც სანუგეშო დღეობა.

„ნუ იტყვით, ნურაფერს იტყვით,
ნუ დაიჩივლებთ, ძმობასა,
კარგა გავიგე, რისთვისაც
ხართ უნუგეშოს ყოფასა:
თქვენი დარდი და ტირილი
ჯერ ვერ მოგვიყვანს ცნობასა,
ჯერ დრო არ არი, ვერ მოვშლით
ერთურთის შურს და მტრობასა.
თქვენ დაგაბრალებთ ავს საქმეს,
თქვენვე დაგიწყებთ გმობასა.

თქვენს მყუდრო ბინას რად სწირავთ,
რისთვის აჰშლილხართ ვაჟები?
წადით, აკლდამათ მიჰმართეთ,
თქვენ აღარ გაძეთ ბაჟები.
მიუბარენით თვის სადგურს
და დაიძინეთ ტკბილადა.
თავის საცდელი ხომ სცადეთ,
იღვაწეთ თავის წილადა,
და მოდგმას ჩაგვეწერენით
გულში მამულიშვილადა;
ნამაშვრალ-დატანჯულები
სჯობს რომ მიიქცეთ ძილადა!“

გაბრაზებულნი გაბრუნდენ,
რაღაც სამდურავს მეტყვიან,
დამშალეს ტან-იოგითა,
გული მომიკლეს ძალიან.
თვალთაგან ცრემლი ჩამომდის,
ქაღალდზე დადის მელანი:
გულს გაუწირეს სახსოვრად
შავი ფიქრები ვერანი.
ჩემს წინ წევს დაქანცულობით
ბარათაშვილის მერანი.
თავს დამყეფს შავი ყორანი,
მიყაშყაშებენ სვავები.
ეხლა გავიგე კარგადა,
რისთვისც მიდიან მწყრალები.
გადავისროლე ჩონგური,
ცრემლით მევსება თვალები.
ნეტავ რისათვის მახათრებს
იმ მამა-პაპათ ძვალები?! -
ან იმათ მოგონებაზე
რად ვხდები შასაწყალები?!
გული მემღვრევა, ვშტერდები,
სისხლის ფიქრებში გავები.
კბილთ ვაღრჭენ, ვიკვნეტ ულვაშსა,
ნემსები მჩხვლეტენ მწვავები...
ნეტავ ზმანების სურათნი
არ ყოფილიყვნენ ავები!

[1901 წ.]

ზმანება

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 135 და № I67 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1901 წ. 25/X11, № 280 (A).

№ 135 ავტოგრაფი წარმოგვიდგენს ლექსის ძირითად ნაწილს, № 167 კი შეიცავს მხოლოდ ნაწყვეტებს: პირველი ნაწყვეტი იწყება მე-9 სტრიქონით მე-12 სტრიქონამდე. ამას უშუალოდ ებმის 45-48 სტრიქონები, ხოლო ფურცლის მეორე მხარეს ცალკე ნაწყვეტად წარმოდგენილია ლექსის ბოლო ნაწილი - დაწყებული 57-ე სტრიქონიდან.

ამ ნაწყვეტებშიც ბევრი ვარიანტული სხვაობა გვაქვს: 11 გამაგებინა] შემაგნებინა. 45-46 გაბრაზებულნი გაბრუნდენ, რაღაც სამდურავს მეტყვიან] გულბრაზად თავებს აქნევენ, ამით სამდურავს მეტყვიან. 48 ყოფილა: გული დამიკლეს ერთიან, - შეცვლილია: გული მომიკლეს ძალიან. 57 ეხლა გავიგე კარგადა]. ეხლა კი მესმის ყოველი. 58 რისთვისც მიდიან მწყრალები] რისთვის მეჩვენნენ მწყრალები. 62 იმ მამა-პაპით] მამა-პაპათა. 63 მოგონებაზე] მოგონებითა. 64 შასაწყალები] შასაბრალები. 66 ყოფილა: მახვილს ეძებენ მკლავები, - შეცვლილი: სისხლის ფიქრებში გავები.

19.6 მამა და შვილი

▲ზევით დაბრუნება


- ძალიან მიყვარს იესო,
მისი ამბავი მითხარი.
ყველამ მის ხსენებაზედა
გამოისახა პირჯვარი
საყდარში... მისი სახელი
გულსა მწვდა, როგორც ისარი! -
მამასა ჰკითხავს გოგია,
მოუსვენარი, ცელქია, -
მას არ დაურჩა უვლელი
ტყე, მდინარე და ბექია.
მრავალჯერ საზენაოცა
ფიქრები გაუქექია:
„ეს ცა რისაა? - ჰკითხულობს, -
სადა ბრძანდება ღმერთია?
მთვარე ცით რად არ ჩამოდის,
რომ დამიმშვენოს გვერდია?
რად დადის ჩამოგლეჯილი
ეგ ჩვენი მუშა ბერდია?“
ამგვარი ფიქრი მრავალი
გაუთლავ, გაუგვერდია.
- ის ღმერთი იყო, შვილიკო, -
შვილს ტკბილად უთხრა მამამა, -
კაცობა მოიწადინა,
მადლით ქვეყანა დანამა.
სნეულთ არჩენდა და ბრმათა
იგი აძლევდა ხედვასა,
მკვდარს შვილსაც გაუცოცხლებდა
ბევრს მგლოვიარეს დედასა.
ყველაფერს, რაც რამ ებადა,
იგი აძლევდა გლახებსა;
საწყალი ხალხი უყვარდა,
მდიდრებს უხშობდა ხახებსა.
- მაშ თითონ ქრისტე, მამილო,
მდიდარი იყო ძალიან?
- იმდენიც არა ებადა,
რომ დაელია წყალია...
არც მისთვის თავშესაფარი,
რომ მოეტყუა თვალია.
თავით ბალიშად ქვა ედვა
და ქვეშ ლეიბად - ბალახი,
როცა ხალხს უქადაგებდა,
იყო ლამაზი სანახი:
მოხუცნი, ყრმანი, ქალები,
როგორაც თაფლსა ბუზები,
ზედ ედებოდენ, გაეგოთ
მისი ღვთიური სიტყვები.
თუმც ქრისტეს მტრებიც კი ჰყავდა,
ჰშურდათ, რად უყვარს ხალხსაო,
და ბევრს ხრიკებსა ხმარობდენ,
შესძულებოდა მასაო,
მოწაფე არვინ ჰყოლოდა
ქრისტეს და სწავლის მსმენელი,
მტარვალთ არ უყვართ მოძღვრება,
სიბრძნისა გამომჩენელი!..
- ისეთი კარგი დედამა
რად ჩააწვინა ბაგაში?
— რა უშავს თვალ-მარგალიტსა,
ნადებს წიგნების აბგაში?
— რაზე მოჰკლავდა ქრისტესაც
შეჩვენებული იროდი?!
მანამდე გაათავებდა
მღვდელი მის ამბავს, ვტიროდი...
და რომ შევიტყე, გადარჩნენ
მტერს ქრისტე, მისი მხლებლები,
გულში ნათელი ჩამადგა,
აღარ მდიოდა ცრემლები.

მამამ შვილს შუბლში აკოცა,
ხელი გადუსვა თავზედა
და, სახე-გაბრწყინებული,
ხელს დიდხანს უსვამს თმაზედა.
ფიქრი-კი შორს მიურბოდა
თავის ძის მომავალზედა!

[1901 წ.]

მამა და შვილი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1901 წ. 25/XII, № 280.

19.7 „ხატმა გვიბძანა“

▲ზევით დაბრუნება


(ქუჯეგას ნაამბობი)

ფშავში მოიდა ამბავი:
რუსისა მოდის ჯარია.
რუსთა ხემწიფეს ერეკლემ
გადასცა თავის ხმალია, -
აღარ სცნა მეფობის ღირსად
ბაგრატიონთა გვარია.
რამდენიც ფშავით ჩავიდა,
ყველას შესჩივის ცრემლადა:
- „ჩემი ხალხი და ქვეყანა
მყვანდა მეორე ღმერთადა,
მაგრამა თავი ქართველებს
ვერ მოვუყარე ერთადა.
არც ერთხელ მშვიდის ძილითა
ვერ დავიძინე ღამითა.
ორი ერთს პირზე დამდგარი
ჩვენში ვერ ვნახე თვალითა.
მარტო მე რას გავხდებოდი -
ერეკლე - თავის ხმალითა!..“

ეს ხმა ყაენთან მისულა,
გამწარებულა თათარი,
სახონთქროს თურმე ხონთქარმა
დააწყებინა დგანდგარი.
შაყარა ჩვენს დასარბევლად
დიდი და მცირე, რაც არი,
და დაღისტანიც ყალხს შედგა,
როგორც სარჩოლად აფთარი...
ჩვენც არ გვიამა, რო გითხრა,
განაძრახები მეფისა, -
ყველას თავზარი დაგვეცა
ახალი რბევა-ყვლეფისა.
მალევ კაცები გავგზავნეთ
ფშავ-ხევსურეთის მხარესა,
ვამზადებთ ტყვია-წამალსა,
ფიქრსა ვფიქრობდით მწარესა.
მძიმე ლაშქარი მოიდა,
ლაშარის გორი აივსო,
ჩვენს გულს ნანთები საკირე,
ვხედავთ, რომ დაქრა, დაივსო.
ასტყდა ქადაგი, ჩვეულებრ,
ხატსა ჰკითხავდა რჩევასა,
მაგრამ უყურებ განგებას,
უყურე უფლის ნებასა!...
ჩვენ ჩვენი ლაშარის ჯვარი,-
(რას ვიფიქრებდით ამასა) -
საომრად გამზადებულთა
პირს გაგვავლევდა ჩალასა.
გვეტყოდა: „ჩემო ფშავლებო,
მე გამიგონეთ, მამასა,
ტყუილად თავზე გადიცვამთ
ტანჯვას და ხათაბალასა.
დრომდის ყავლი აქვს გასული
ჩემს ხმალს და იმის ძალასა.
გირჩევთ შინი-შინ წახვიდეთ,
გაჰყვეთ არაგვის ჭალასა.
რუსის დავლათი ორს ადლზე
დაბლა გაარღვევს მიწასა.
თითონ უფალი ჰლალაობს,
სხვას არ თხოულობს ძიძასა“.
ეს იყო.. წელები დაგვწყდა
შვილ-შვილიშვილებს, ბიძასა.
ხმალი ჩავაგეთ ქარქასში,
თოფი შავკიდეთ კაჩხასა,
დღემდის გულს ვასმევთ ბალღამსა
და აღარც ვამბობთ არასა.

[1901 წ.]

„ხატმა გვიბძანა“

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 123.

ავტოგრაფი შავია და საკმაოდ ნასწორებია. პოეტს ლექსი ჯერ ასე დაუწყია: წინ წინ რო ამბავ მოიდა, რუსის ჯარები მოდისო. მაგრამ შემდეგ ეს სტრიქონები წაშლილია. 3 სტრ. პირვანდელი ვარიანტია: ერეკლემ ტახტი დაუთმო. 8 ყოფილა: ცრემლადა, - შემდეგ: მტირალი, - ბოლოს ისევ არის: ცრემლადა. 19-20 ყოფილა: ეს ხმა ყაენსაც გაეგო, აეკრაჭუნა კბილები, - შემდეგ შესწორებულია: ეს ხმა ყაენთან მისულა, გამწარებულა თათარი. 23 ყოფილა: შაყარა თურმე სალაშქროდ, - შეცვლილია: შაყარა ჩვენს დასარბევლად. 25 ყოფილა: დაღისტანიც ხომ, - შესწორებულია: და დაღისტანიც. 38 სტრ. შემდეგ წაშლილია: მაშინვე. 33 ყოფილა: თოფ-იარაღსა, - შეცვლილია: ტყვია-წამალსა. 35 ყოფილა: მალევ, - შეცვლილია: მძიმე. 36 სტრ. შემდეგ წაშლილია: საღმთოდა ცხვრებიც დავხოცეთ. 40 ყოფილა: ვკითხავდით, - გადაკეთებულია: ჰკითხავდა. 40 სტრ. შემდეგ წაშლილებია: „ომი გვწადიან“, „ვიომოთ“, „ქადაგის პირით ხატიცა“, „რა ქნან საყმონი გკითხავენ“. 47 სტრ. შემდეგ შეცდომით დაუწერია 49-ე სტრ. და ისევ წაუშლია.

ლექსის დაბოლოება ჯერ ასეთი ყოფილა:

რუსის დავლათი ორს ადლზე
გაარღვევს მიწა-მყარასა.
ეს იყო... ხატმა გვიბძანა,
ვსდუმთ, აღარ ვამბობთ არასა!

აქ პირველ სტრიქონში „დავლათის“ მაგიერ ჯერ წერებულა „იღბალი“. უკანასკნელ სტრიქონში - „დავდუმდით, აღარ ვამბობდით“. შემდეგ პოეტს ეს სტროფი წაუშლია და ლექსი გაუგრძელებია, რის გამოც წაუშლია აგრეთვე მომდევნო ლექსის („ანდერძი“) სათაური და დასაწყისის პირვანდელი ვარიანტი.

ლექსი დაწერილი უნდა იყოს საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავზე - 1901 წელს, მაგრამ ალბათ ცენზურის მიზეზით არ გამოქვეყნებულა.

19.8 მიკვლევა

▲ზევით დაბრუნება


კიდევაც მეკვლედ მოვდივარ,
თუკი კეთილად დასცადეთ
ჩემი მოკვლევა... მოლოცვით
თუკი კეთილი რამ ჰნახეთ.
ან რა ვქნა საწყალობელმა,
ათასი ხერხი გაცადეთ?!
მაინც თქვენ ყეინები ხართ,
მე მაჩანჩალად გამხადეთ.
თქვენ ტანთ ქურქები მოისხით,
მე ჩოხის-ძველაც გამხადეთ...

არ გემდურებით, არცა მწყინს,
მაინც კეთილი მწყურია..
სამშობლოს მაჯის ცემისკე
ფხიზლად მიჭირავს ყურია:
მისთვის, თუკი რამ მებადა,
არცა-რა დამიშურია.

მე ჩემს ზნეს მაინც არ მოვშლი,
მკვიდრად ვიდგები მაინცა,
თუნდა ამბავიც მოვიდეს:
„მართალთ სამყოფი დაიქცა!"
თუნდ ჩემ საომრად ამხედრდეს,
სულდგმული არი რაიცა;
თავზე დამატყდეს ლოდებად
ათი ათასი ვაიცა, -
ვერ გათქმეინებთ იმასა:
„ბრძოლის ველიდან გაიქცა!“

ეგებ დაგჩემდესთ თქვენც ეს ზნე,
თქვენაც ამ გზაზე იაროთ,
თქვენის კაცობის ნასახი
სხვასაც რამ გაუზიაროთ.
ამიტომ ავხირებულვარ,
მეკვლედ მოვდივარ ძალადა:
კეთილი ზრუნვა და ფიქრი
რად ჩამეთვლება ბრალადა?
რის ქმნად თავს მოვალედა ვრაცხ,
თქვენაც დაგედვასთ ვალადა!..
ვინც არ იწამებს კეთილსა,
იქცეს მიწად და წყალადა!
ან თუ ნაჩხატის ჯოყრადა,
ძროხების საჭმელ ჩალადა!
გაიმსჭვალენით კეთილით
სისხლით, ხორცით და ძვალადა!...

ძილი გაშოროსთ ხანგრძლივი,
სიფხიზლე მოგცესთ მრავალი.
სიზმრადამცა გაქვთ ქცეული
ჩვენი თავგადასავალი:
მტრისათვის მტრობა ორკეცი,
მოკეთისათვის - ნუგეში;
ვახტანგ-დავითთა ანდერძი,
ჩაკერებული უბეში.
ნუმც ვნახავ თქვენგან ნურავის
გვერდზე მწოლარეს წუმპეში.

ისემც გასწურთნით თავისთავს,
საამო იყვნეთ ღვთისადა;
რომ იმის ლოცვა-კურთხევით
საშიშნი გავხდეთ მტრისადა.
ზენართა გრძნობათათვისა
გუნებამცა გაქვთ ძლიერი.
მუდამამცა ხართ, მუდამამც,
სიმართლისათვის მშიერი.

კარგის გაგებამც გექნებათ
და სიძულილი ავისა.
გიყვარსთმცა კარგი ყველასა,
სხვისა იყოს თუნდ თავისა.
დიდთა და მცირეთ სულ-გული
ია-ვარდითამც ჰყვავისა.
ბულბულსამც ჰნახავთ მგალობელს
იქ, სად ყვავები ჩხავისა.
წარსული, გულს ჩაჭდეული,
გაქვთ აწმყოს მანათობელი
და მომავალიც ბრწყინვალე -
სულ-გულის გამათბობელი.
აგშორდესთ შური ერთურთში,-
ეგ ჩვენი დამამხობელი!

[1901 წ.]

მიკვლევა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 88 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1902 წ. 1/I, № 1 (A).

სათაური: საახალწლო B.

ავტოგრაფი შეიცავს შემდეგნაირ სწორებებსა და ვარიანტულ სხვაობებს ნაბეჭდ ტექსტთან შედარებით:

3 მოკვლევა... მოლოცვით] მოკვლევა-მოლოცვით. 5 საწყალობელმა] წყლის წაღებულმა. 7 ყეინები ხართ] ყეინად გაჰხდით. 11 პირევლად ყოფილა: რა უშავს, - შემდეგ: არცა მშურს, - ბოლოს არის: არცა მწყინს. 17-26 სტრ. შემდეგ არის ბოლოში მიწერილი, ხოლო მისი ადგილი მითითებულია მე-16 სტრიქონთან სპეციალური ნიშნით. თავის მხრივ ამ ჩამატებულ სტრიქონებშიც 21-24 სტრიქონები ჩამატებულია. 20 სამყოფი] სამყოფო. 21 ყოფილა: თუნდ ჩემთან ბრძოლა დაიწყოს, - შეცვლილია: თუნდ ჩემ საომრად ამხედრდეს. 23 თავზე დამატყდეს ლოდებად] თავზე დამატყდეს, მქელავდეს. 26 სტრ. შემდეგ წაშლილია ორი სტრიქონი: ან მომავალი რას იტყვის, ისიცა ვნახოთ, დაიცა. 29 ყოფილა: ნიშატი, - გადასწორებულია: ნასახი. 36 თქვენაც დაგედვასთ ვალადა] სხვასაც დაედვას ვალადა. 38 სტრ. შემდეგ წაშლილია: უმადლოს, უხეიროსა. 53-56 სტრ, მიწერილია გვერდზე. 56 ყოფილა: იყვნეთ, - გასწორებულია: გაჰხდეთ. 62 სტრ. შემდეგ წაშლილია: ერთნაირადამც. შემდეგ წაშლილია: და სიყვარული კარგისა. 63 ყოფილა: და კარგიმც გენიაზებათ, - წაშლილია და ზემოდან აწერია: გიყვართმცა კარგი ყველასა. 68 ყოფილა: საცა, - შეცვლილია: დღეს სად. 73 ყოფილა: აგშორდეთ შური და მტრობა, - შეცვლილია: ერთ-ურთში შური და მტრობა.

20 1902

▲ზევით დაბრუნება


20.1 ამიცანა

▲ზევით დაბრუნება


დადის ცხვარივით უმანკოდ,
კაცთმოყვარულის ქურქითა,
თავიც-კი მოსწონს, რომ სული
მან გააბრწყინა შუქითა
ქართველის ერის... აგვიკლო
უსამზღვრო ბაქი-ბუქითა...

მოღალატობა დასწყევლა,
ვით ქრისტიანმა იუდა...
ზნეობის მქადაგებელმა,
ვნახეთ, თითონაც იმრუდა...
ვნახავთ, კიდევაც გვიწერდეს
ზნეობრივ კანონს რიხითა
და სადღეგრძელოდ ზნეობის
ნუნუას ჰსვამდეს ჭიქითა.
სწორი ყოფილა ნათქვამი
ქართველის ერის პირითა:
,,გველი ჭრელია გარეთა,
ადამიანი - შიგნითა“.

[1902 წ.]

ამიცანა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1902 წ. 4/I, № 3 (A). „საქართველოს მოამბე“, 1910 წ.1/I, № 10 (B).

სათაური: ამიტანა A; ამოცანა B.

6 უსამზღვრო] უსაზღვრო B. 10 თითონაც] თავადაც B. 13 და სადღეგრძელოს ზნეობის] სიმართლის სადღეგრძელოდა B. 15 ნათქვამი] ნათხრობი B. 16 ქართველის] ქართველი B.

სიტყვა ამიცანა ჩვეულებრივ იხმარება მთაში, კერძოდ, ფშავში, ,,ამოცანას“ მნიშვნელობით (იგი მიღებულია სიტყვისაგან ამიცან, ე. ი. ამიხსენ!). ამ სიტყვას ვაჟა ხშირად ხმარობს: „ამიცანას მოგახსენებთ, ბევრი არაფერიაო“ (ხუთტომ., I, გვ. 102); „ეს ამიცანა ამიცნოს, კაცი ვერ ვპოვე ჭკვიანი“ (ტ. II, გვ. 307) და სხვ.

როგორც ჩანს, ვაჟას ეს ლექსი „ამიცანას“ სათაურით გაუგზავნია „ივერიაში“ დასაბეჭდად. სიტყვის ეს უჩვეულო ფორმა რედაქციაში თუ სტამბაში სწორად ვერ ამოუკითხავთ და ც და ტ ასოთა აღრევის გამო დაუბეჭდიათ „ამიტანა“. შემდგომში ეს ლექსი „საქართველოს მოამბეში“ დაიბეჭდა „ამოცანას“ სათაურით, მაგრამ მისი ვაჟასეული სათაური არის უთუოდ ამიცანა.

20.2 მთვარეო, ბევრმა გიმღერა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მთვარეო, ბევრმა გიმღერა,
ბევრმა გაშტერა თვალები,
შენს სადიდებლად მომართა
ბევრმა ჩონგურის ძალები, -
მაგრამ წავიდნენ ამ სოფლით
უკმაყოფილო, მწყრალები,
ჩაყლაპა დედამიწამა
მათი გრძნობა და ძვალები.
არვის მიეცი პასუხი
და მეც ამასვე მოველი;
მე შენ იმიტომ არ გიმღერ,
რისამე ვიყო მთხოვნელი.
მისთვის, რომ შენთვის რამ მშურდეს,
რადა ვარ დასაგმობელი?
რასაც ვეძიებ, იმისა
არროდისა ვარ მპოვნელი.

ილევი, მაინც ანათებ,
მცხრალს ხომ რა ქება გჭირია!
ხან ყმაწვილი ხარ, ხან ბერი,
თავის ბედს არა სტირია.
სასეიროდ გაქვს ცის სივრცე
და სანადიმოდ - ქვეყანა;
რომ აგრე გივლის, გლალაობს,
რა სიკეთე გაქვს მზესთანა?!
ვინ იცის, რა ჟმით აქამდე
თავზე დასცქერი მიწასა!
იმიერიდამ თავისს რჯულს
როდი დაარღვევ წმინდასა,
რაკი1 ვერსაით იშოვნი
ფეხსაცმელს, ქალმან-წინდასა!

ისა მშურს: იცი ყოველი,
რაც-კი მომხდარა ძველადა,
სით როგორ დაგემალება,
ახალიც გიპყრავ ხელადა, -
ვის უღვიოდა გულშია
მამულის ტრფობა ცხელადა,
გმირთი, ჩემ მამა-პაპათი,
გაგინათებავ ცივითა
სახე და ბტყელი მხარ-ბეჭი
დანასხურების სხივითა.
ბევრი გინახავ მხედარი,
ნაწვიმი სისხლის წვიმითა,
არშიყთა ხვევნაც მრავალი,
რო გაიყარნენ დილითა.

ბევრჯელ ქურდულად ჰსინჯავდი
იმ ჩვენს კურთხეულს თამარსა,
სარკმლიდამ უთვალთვალებდი
იმის თვალ-წარბსა მწყაზარსა.
გინდოდა მისი სიტურფე
რომ შაგესუტა სრულადა,
ვერ შესძელ, შავი ნაღველი
მიტომ ჩაგიჯდა გულადა
და ჭორფლი კაეშანისა
სახეს გაქვს გადაკრულადა.
უცქერდი - ღვთისმშობლის ხატთან
როს დაჩოქილი ცრემლადა
ევედრებოდა, თვის წილ-ხვედრს
რომ ჰყოლებოდა მცველადა.
ან როცა ძლევა-მოსილსა
ჯარს წინ უძღოდა დროშითა,
ან როცა ოქროთ ნაქარგის
დასეირნობდა ქოშითა.
ესა მშურს შენთვის, სხვას ყველას
ვიშოვნი ცივის გროშითა!..

[1902 წ.]

____________________

1. მე ვიცი, ვერსად იშოვი და სხვ.

მთვარეო, ბევრმა გიმღერა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ., ინსტ., ვაჟას ფონდი, № 99 (ორი ავტოგრაფია: A და B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1902 წ. 17/I, № 13 (C) A-სთან შედარებით BC იძლევა შემდეგ სხვაობას:

4 ყოფილა: თავის, - გასწორებულია: ბევრმა B. 5 ყოფილა: წავიდნენ ამა სოფლითა, - გასწორებულია: მაგრამ წავიდნენ ამ სოფლით B. 16 ყოფილა: არ როდის ვიყავ მპოვნელი, - გასწორებულია: არ როდისა ვარ მპოვნელი B. 18 ყოფილა: მცხრალი ხომ უფრო ფრიადა, - გასწორებულია: მცხრალს ხომ რა ქება გჭირია B. 25 ჟმით] ხნით C. 30 ფეხსაცმელს] ფეხთ-საცმელს C. 30 სტრ. შემდეგ წამლილია: ძველიც ხომ იცი, ახალიც სრულად გეშლება თვალწინა B. 33 ყოფილა: მტკვარი როგორა დიოდა, - შეცვლილია: სით როგორ დაგემალება B. 35-36 ყოფილა: ან კაცნი როგორ კაცობდენ, მამულს ვინც ედგნენ მცველადა, - შეცვლილია: ვის უღვიოდა გულშია მამულის ტრფობა ცხელადა B. ამის შემდეგ წაშლილია ორი სტრიქონი: „გმირთ მადლიანი მხარ-ბეჭი გაგინათებავ სხივითა“. ამ წაშლილი სტრიქონების ნაცვლად ზემოთ არის მიწერილი 37-40 სტრიქონები ახლანდელი ძირითადი ტექსტისა B. 37 გმირთა, ჩემ მამა-პაპათი] გმირთა, ჩემ მამა-პაპათა C. 42 ყოფილა: ცრემლის წვიმითა, - შეცვლილია: სისხლის წვიმათა B. 43 ყოფილა: ხომ ჰნახე, - შეცვლილია: მრავალი B. 44 პირველად ყოფილა: გაცალცალკევდენ დილითა, - შემდეგ შეცვლილია: რო გაიპარნენ დილითა, - დასასრულ, არის: რო გაიყარნენ დილითა B. 45 ბევრჯელ ქურდულად ჰსინჯავდი] ქურდულად ბევრჯელ ჰსინჯავდი B. 46 კურთხეულს] მადლიანს C. 49-54 სტრიქონები მიწერილია უკანა გვერდზე B-ში. 51 შესძელ] შესძლე C, შასძელ B. 53 კაეშანისა] მჭმუნვარებისა B. 55-56 პირველად ყოფილა: როცა ღვთიშობლის ხატის წინ მუხლმოდრეკილი ცრემლადა, - შემდეგ: როცა ღვთიშობლის ხატის წინ დაჩოქებული ცრემლადა, - დასასრულ: უცქერდი ღვთიშობლის ხატთან როს დაჩოქილი ცრემლადა B. 57 თვის წილ-ხვედრს] მის სამწყსოს B. 61-62 ყოფილა: ან როცა აივანზედა დასეირობდა ქოშითა, - გადაკეთებულია: ან როცა ოქროთ ნაქარგის დასეირობდა ქოშითა B. 65-66 პირველად ყოფილა: „ესა მშურს შენთვი ძალიან, სხვა მე არ...“, „და შემოგნატრი ვიშითა“, - შემდეგ: „ესა მშურს, მთვარევ, შენთვისა, მიტომ გიმღერი დაბლითა, შენ, თითქოს არა მომხდარა, ყურსაც არ მიგდებ მაღლითა“, - დასასრულ არის: „ესა მშურს შენთვის, სხვას ყველას ვიშოვნი ცივის გროშითა“ B.

20.3 ველს სადმე შევხვდი ტურფასა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ველს სადმე შევხვდი ტურფასა,
ჰყვაოდა ია-ვარდითა,
მეუფეს მადლი ციური
იქ დაებერტყა კალთითა,
დაჩრდილულიყო ხეებით,
თაღი შაეკრა ბარდითა.
გული ამევსო სიამით,
განვთავისუფლდი დარდითა.
ლამაზი სუნი ყვავილთა
ლამაზს ბულბულის მღერასა
გაელამაზა უფროცა, -
მეტს კარგს ვერ ჰნახავთ ვერასა.

მეორეს დღესაც მივედი,
მენახა იგივ ადგილი.
თქვენს მტერს, რაც ვიგრძენ მაშინა,-
მთლად მომეშხამა წადილი...
ყოილნიც ისევ ყოოდენ,
ბულბულიც ისევ გალობდა,
თუმც მის გალობა ძლივს ვიცან,
ნაღველ-ძმარითა მწარობდა...
თვალებსა ვხუჭავ, ცხვირზედაც
მაგრა ვიჭირებ ხელებსა,
გველები შემოჰხვევია
ტურფა მცენარეთ წელებსა,
და მძოვრის სუნის სიმყრალე
დაჰქრის ტყესა და ველებსა...

[1902 წ.]

ველს სადმე შევხვდი ტურფასა

ნაბეჭდი: „ივერია“,1902, 27/VIII, № 182.

20.4 თათრობა

▲ზევით დაბრუნება


(ისტორიული ამბავი)

დაჰსხმიან ასაკლებადა
ზურაბის ოჯახს თათრები,
ისეთს ნაბუერს ადენენ,
როგორც ცხვრის ფარას აფთრები.
გამოუყრიათ კარშია
ზურაბ და მისი ცოლია.
გულ-გახეთქილი ბალღები
ღობე-ყორეებს სტოლია.
უმასპინძლებენ თავის-თავს,
თითონა ჰხდიან თაროსა,
აღარას ჰკითხვენ ზურაბსა,
აღარც იმის ცოლს დაროსა...
თავებსა სჭრიან ძროხებსა,
სწვამენ მწვადებს და ქაბაბსა,
თითონ ზურაბსაც შასწვამენ,
თუ რასმე მისცემს საბაბსა,
და ისუქებენ ისედაც
ქონით გაჟღენთილს ღაბაბსა.
ზურაბს და იმის ცოლ-შვილს-კი
სიმშილით ეწვისთ კუჭები.
„ვაი დედასა, რას შვრება
ურჯულო გასაფუჭები“!...
მარტო ამას-ღა ამბობენ
ცოლ-ქმარნი სახე-ლურჯები:
„ჩვენს სახლში აღარას გვკითხვენ,
თათრებს ვგონივართ ყუნჭები...“
ცოტა ხანს შემდეგ ორივეს
ფეხზე ჩაედვათ ხუნდები.
გული აევსოთ მჭვალითა,
დაუდამბლავდათ კუნთები.

ზურაბის სარჩოს რომ მორჩნენ..
ახლა იკითხეს საყდარი:
„წარმოადგინეთ ჩვენთანა,
მღვდელ-დიაკვანი სად არი?“
წვერებით მოჰყავთ ხუცესი,
თავზე ეყარა ნაცარი.

უყვირეს: „ქრისტეს მოსავო,
უნდა იწამო მაჰმადი
და გქონდეს სახელმძღვანელოდ
მაჰმადიანთა ადათი!“
„მიწყალე ღმერთო“ არა სთქვა,
უნდა იყვირო: „ალლაო!“
რას იზამს? ნათქვამი არის:
აღმართსაცა ჰხნავს ძალაო.
წვერს აცანცარებს ხუცესი
და ამბობს: „ხათაბალაო!“
„ვინც არ იწამებს ჩვენს რჯულსა,
სულ თავებს დაგჭრით ხვალაო!“

ახლა მონასტერს მიუხდენ,
დააწიოკეს ბერები.
სულ აწი-ოწით გარბოდენ
ქრისტიანობის მცველები.
ვინც არ გაექცა იმათა,
მაგრა შეუკრეს ხელები;
ვინც გათათრება აღუთქვა,
შეანარჩუნეს წვერები;
ვინც არა, ჰგვემეს უღმერთოდ
და თავში დასცხეს კვერები...
ეკვდერში, სენაკებშია
დააბეს თავის ცხენები.
სადაა ქართვლის მხედრობა,
არ მოდის შენაწყენები?
- ვინ მოვა? დამკვალებლადა
თათრებს ჰყოლიან ჩვენები.

[1902 წ.]

თათრობა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ., ინსტ., ვაჟას ფონდი, № 110 (B).

ნაბეჭდი: „ივერია“, 1902 წ. 7/IX, № 190 (A).

ავტოგრაფი წარმოადგენს შავს, სადაც ბევრი ადგილი წაშლილი და ნასწორებია. ლექსის გმირს ზურაბს ხელნაწერში პეტრე (პეტრია) ჰქვია. ვარიანტული სხვაობანი A-სა და B-შორის ასეთია: 2 ზურაბის ოჯახს] პეტრიას ოჯახს. 6 ზურაბ] პეტრე. 10 თითონა] თვითონა. 11 ზურაბსა] პეტრიას. 13 ძროხებსა] საქონელს. 14 ყოფილა: ჰხარშვენ ყაურმას, ქაბაბსა, - შეცვლილია: ჰსწვამენ მწვადებს და ქაბაბსა. 15 ყოფილა: თითონ იმასაც შაჰსწვამენ, - შეცვლილია: თითონ პეტრესაც შაჰასწვამენ. 17 ისედაც] უფროცა. 19 ზურაბს და იმის ცოლ-შვილს-კი] პეტრეს და იმის ქულფათს-კი.

20 სტრ. შემდეგ 27-მდე B-ში პირველად დაუწერია:

სხვა რა ქნან? უნდა იკვნესონ,
ილოკონ თითი, მუჭები.
ცოლ-ქმარი ამას ამბობენ
ერთხმად, თვალ-დახუჭულები:
„რას ჰშვრება, კაცნო, ვერ ჰყურობთ,
ურჯულო, გასაფუჭები?!
ჩვენს სახლში აღარას გვკითხვენ,
ცოლშვილით მაგათ უნდებით!“
გული აევსო მჭვალითა,
დაუმდამბლავდა კუნთები.

შემდეგ ეს სტრიქონები წაუშლია და მის ნაცვლად დაუწერია:

და მარტო იმას ამბობენ
ნაღვლისგან სახე-ლურჯები:
„ღმერთო, რა საქმეს გვიშვრება
ურჯულო გასაფუჭები?!
ჩვენს სახლში აღარას გვკითხვენ,
თათრებს ვგონივართ ყუნჭები“.

27 ორივეს] ყველასა. 28 ფეხზე ჩაედვათ] ხელ-ფეხზე ედვა. 29 აევსოთ] აივსო. 31 ზურაბის სარჩოს რომ მორჩნენ] პეტრიას რბევას რომ მოჰრჩნენ. 34 მღვდელ-დიაკვანი] მღვდელ-დიაკონი. 35 წვერებით მოჰყავთ] წვერით მოჰყვანდათ. 37 მოსავო] მმოსავო. 46 ამბობს] ფიქრობს. 48 სტრ. შემდეგ ზედმეტია ორი სტრ.: თუ სწადთ, ნუ აასრულებენ, რაც მტერმა დაავალაო!... 53-54 ვინც არ გაექცა იმათა, მაგრა შეუკრეს ხელები] ვინც იქ დაუხვდათ, იმათ კი მაგრა შაუკრეს ხელები. 63 ყოფილა: რას მოვლენ?! დამკვალებელნი, - შეცვლილია: ვინ მოვა? დამკვალებლადა...

20.5 მთების სიზმარი

▲ზევით დაბრუნება


ჯაჭვად გადაბმულთ, მხარ-ბეჭ მიყრდნობილთ
ერთი სიზმარი ეზმანათ მთათა;
ერთი ნაღველი და ერთი ფიქრი
ამ მოჩვენებამ აღუძრა მათა.
სალს მკერდებშია აბორგებული
გული სამდურავს უთვლიდა ცათა
და ერთი სიტყვა პირზე ეკერათ
ყველას საერთო: „რისათვის? რათა?“
ჩამოიწყვიტეს მთებმა საკინძი,
ჩამოიგლიჯეს ჩოხების კალთა.

რა დაესიზმრათ, ნეტავ, ისეთი,
რომ ასე გაწყრნენ, ასე აშფოთდენ?
„სიკვდილი გვიჯობს ამ დამცრობასო!“
შუბლ-მოღრუბლულნი ერთხმად ამბობდენ.
- სხვა არაფერი, ღმერთი ეჩვენათ
და გადაჭრილად მან მთებს უბრძანა:
„მთანო მაღალნო, ბარად იქეცით
და ჩაიყოლეთ კლდეებიც თანა!“
ასრულდა კიდეც ვითომ ბრძანება, -
მთათ დაებჯინათ კისერში დანა:
იქცნენ ბარადა, ყველა მათ სთელავს,
გუთანს ავლებენ, დათესეს ყანა.
მხოლოდ ბარი- კი იმათ მაგივრად
უფალმა მაღლა ამოიყვანა.
„რა დავაშავეთ, ღმერთო, ისეთი,
რისხვა თავს დაგვეც შენ ამისთანა?!“
ათასი მღილი უჭვრეტს მათ გულ-მკერდს,
გველები ჰზომენ ძელებისთანა.
ღორები სთხრიან, ანადგურებენ,
დაჰღრუტუნებენ უმსგავსოდ თანა.
სხვა სურათებიც, გულის ამმღვრევი,
სხვადასხვა ჯურის მათ მოეზმანა.
აღარსად მათთვის ტკბილი ოცნება,
ანკარა ნამით პირების ბანა,
აღარსად მათზე ცივნი წყარონი,
ელვა-მეხითა გულ-მკერდის ფხანა,
აღარსად დეკა, არსად პირიმზე,
აღარსად შურთხის ლამაზი სტვენა,
იაფად ნამი მარგალიტისა,
ხშირ-ხშირად ლურჯის ნისლების დენა.
ჯოჯოხეთშია ჩაცვივნილები,
არავის ესმის იმათი ენა.
აღარსად არჩვის სიფრთხის განგაში,
სიტურფით სავსე ჯიხვების მზერა.
ებრძვიან სულსა, იხოცებიან,
არ შეუძლიანთ ცოცხლად დარჩენა.

***

გარიჟრაჟია, გამოეღვიძათ,
შეუდგათ მთებსა ლხინი, ბოჟირი,
რომ ისევ-ისე მეფენი იყვნენ
და ყველას ესხა ტანზე პორფირი.
დილის მზის სხივმა მათ გაუღიმა,
წინდაწინ იმათ მიეალერსა.
ბარი-კი იმათ ფერხთ-ქვეშე იდვა
და მოისმოდა მის ოხვრა-კვნესა.

ეცინებოდა ეხლა-კი მთებსა,
რომ მოჩვენება სინამდვილედ სცნეს.
„მთათა მთობასა ვერვინ ჩამოგვყრის,
რად არ ვიფიქრეთ?“ - თანაც ესა სთქვეს.
იმიერიდან ბარად ქცევისა
სიზმარი თუნდა ასჯერაც ნახონ,
სულ ტყუილია, რომ ახდომისა
იჭვი ოდნავა გულს განიზრახონ.

[1902 წ.]

მთების სიზმარი

ნაბეჭდი: „ივერია“, 1902 წ., 10/IX, № 192.

მე-18 სტრიქონი „ივერიაში“ დაბეჭდილია ასე:

და ჩაიყოლეთ კედლებიც თანა.

კორექტურული შეცდომაა, უნდა იყოს: კლდეებიც. ალ. აბაშელს ხელთ ჰქონია „ივერიის“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისეული კომპლექტი, სადაც ეს სიტყვა სწორედ ასე ყოფილა ვიღაცის ხელით გასწორებული.

20.6 ვინ არის კაცი?

▲ზევით დაბრუნება


კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.

კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიუტობას არ გასწევს.

კაცი ის არის, ვინაცა
საქმით სხვის, სიტყვით ჩვენია,
და თავის ოინბაზობას
ჰმალავს, არ დაუჩენია.

კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.

კაცი ის არის, ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.

გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.

კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, -
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.

[1902 წ.]

ვინ არის კაცი?

ნაბეჭდი: 1903 წლის „საქართველოს კალენდარი“ (ცენზურის მიერ ნებადართულია 1902 წ. 5 ოქტომბერს).

ამ სატირულ ლექსში მოცემულია ერთგვარი დაპირისპირება ვაჟასავე ლექსთან „კაი ყმა“.

20.7 პასუხი არყისა

▲ზევით დაბრუნება


(ვუძღვნი თ. რაზიკაშვილს)

რა გითხრა, ბიჭო, ისეთი,
არ გავაჯავრო მსმენელი?
ის მასაზრდოვებს, რომ დიდის
ტრფობის ჭირის ვარ მთმენელი,
გულში რომ ცეცხლად მიღვივის
სიცოცხლის გამომცემელი.
კლდეზე ვარ დაფუძნებული,
იგია ჩემი მრჩენელი.

ეს გიკვირს? ტყუილად გიკვირს:
უშრეტს მაწოვებს ნექტარსა,
საით ჰპოულობს, ვინ ჰკითხავს,
მე ვენაცვალე დედასა!
უეჭველია, საერთო
ცისა და მიწის ძალითა.
რასაც მე, კლდისვე აღზრდილი,
ბევრს ვერა ვხედავ თვალითა,
და იქნებ კიდეც ვივსები
მე იმის ცოდვა-ბრალითა?!

არც როდის გამიგონია
მის სამდურავი ყურითა...
ქვეიდან დიდი ჭანდრები
შემომყურებენ შურითა:
რად ვდგევარ იმათზე მაღლა
ასე ამაყის გულითა,
თუმც ხშირად შემურვილი ვარ
ნისლებ-ჯანღების მურითა,
ტან-მომცრო, გაბუებული,
მხოლოდ ძლიერი სულითა...
ბრაზობენ, მტკიცე რადა ვარ,
შეურყეველი რჯულითა.
იქნება კიდეც ნატრობენ,
რომ ვინმემ მომჭრას ცულითა?!

მე ვარდი გამიგონია -
ტურფა ყვავილი ბარისა,
თვალ-გულის მახარობელი
თურმე ჰირიმზეს ჰგავისა,
სხვაფრივ-კი ხელუყრელია
და არასა ჰრგებს არვისა.
ჩემი ბეჩავი ტოტებიც
მქნელი როდია ავისა!..
იმათგან ცოცხი იკვრება
კალოს საგველი, ხვავისა.
გაჰყიდის ვინმე ბეჩავი...
წვრილი ცოლ-შვილი ჰყავისა.
მოუტანს საზრდოს იმათა,
მხდელი მშობლურის ვალისა,
რომ გაალაღოს საწყლები,
ცრემლი შეუშროს თვალისა...
იუბენ ცხოველ-მყოფელად,
ძმა ამას გეტყვის თავისა.

[1902 წ.]

პასუხი არყისა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 150 (B და C), № 61 (D) და № 56 (E).

ნაბეჭდი: გაზეთ „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1902 წ. 20/X, № 63 (A).

სათაური: თედო რაზიკაშვილის პასუხად B.

ქვესათაური: ვუძღვნი რაზიკაშვილს C; ვუძღვნი თ. პ. რაზიკაშვილს D.

ავტოგრაფებისა და ნაბეჭდი ტექსტის შედარება გვიჩვენებს, რომ ამ ლექსზე ავტორს განსაკუთრებით ბევრი უმუშავია და ვიდრე საბოლოო სახეს მისცემდა, რამდენჯერმე გადაუკეთებია. შესწორებანი არსებითია, რედაქციული ხასიათისა, და ამიტომ პირვანდელ ვარიანტს აქ სრულად წარმოვადგენთ. ლექსის პირველი ვარიანტი (B) ასეთია:

თედო რაზიკაშვილის პასუხად

ბიჭო, რად მაგრე გაოცებს
არყი კლდის თავზე მდგომარე?
მაშ წყალიც უნდა გვიკვირდეს
მაღლიდან დაბლა მხტომარე,
დედა - შვილების მკვლელზედა
გამეხებული, მწყრომარე,
ყინვა - სხეულის მყინავი,
ცეცხლი - ყინულის მდნობარე!
არ მიკვირს, წესად მიცნია
შვილი დედისა მცნობარე,
იმისგან მშობლის ალერსის
გულის სალბუნად მგრძნობარე.
მურყანს, არყსა და დეკასა -
ყველას წესი აქვს თავისა.
არ მიკვირს ქევყანაზედა
ყოფნა ავის და კარგისა.
თუნდაც რომ მწყინდეს ძალიან,
ღონე არა მაქვს დავისა.

ამ ვარიანტის მე-12 სტრიქონში ავტორს ჯერ დაუწერია „მშობლის ალერსის“, შემდეგ ეს სიტყვები წაუშლია და სამაგიეროდ დაუწერია: „იმისგან დედის ალერსის“, - დასასრულ, „დედის“ გადაუხაზავს და მის ნაცვლად დაუწერია: „მშობლის“.

შემდგომში ავტორი კვლავ დაბრუნებია ამ ლექსს, უკანასკნელი ორი სტრიქონი და ხელმოწერა „ვაჟა-ფშაველა“ წაუშლია და პირდაპირ გაუგრძელებია:

არყი სჯობია იმასა,
მარად რომ ვარდი ჰყვავისა:
იმისგან ცოცხი იკვრება
კალოს საგველი, ხვავისა.
გაჰყიდის ვინმე ბეჩავი,
საზრდოს მიუტანს შვილებსა —
ხომ იცნობ შამბით დაზდილებს,
ფერმწვანეთ, კაჩა-ტიტვლებსა.
ვარდი კი იმათ ალაღებს,
ვინც საწყალთ აჭერს წიხლებსა.

უკანასკნელი ორი სტრიქონი პირეელად ასე ყოფილა:

ვარდი კი მაძღართ ალაღებს,
ვით ნაქურდალი ღილღვებსა.

ეს სტრიქონები გადახაზულია და შეცვლილია ზემოთ მოყვანილი სტრიქონებით: ვარდი კი იმათ ალაღებს, ვინც საწყალთ აჭერს წიხლებსა. ამის შემდეგ - წაშლილია კიდევ ორი სტრიქონი:

ვინც კუჭ-ნასიამოვნები
ასიამოვნებს ყნოსვასა.

ქემოთ იმავე ფურცელზე მოთავსებულია ამ ლექსის ახალი ვარიანტი (C).

პასუხი არყისა

(ვუძღენი რაზიკაშვილს)

რა გითხრა, ბიჭო, ისეთი,
არ გავაჯავრო მსმენელი:
ის მასაზრდოვებს, რომ გულით
დიდის ჭირის ვარ მთმენელი...
კლდე მიყვარს, არც ის მღალატობს,
კერპის გულ-მკერდის მჩენელი.
დედა მყავ შეუპოვარი,
რაა იმასთან ტყე-ველი?!.
ეს სიყვარული კლდისადმი
მრგებს ვით ერბო და კარაქი
და გრძნობის სასეიროდ მაქვს
დაბლა მცენარეთ ბანაკი.
იგრძენი, კარგად იფიქრე,
ნუ გეგონება არაკი.
ხომ იცი, სიმართლე მიყვარს,
მძულს ჩირთი-ფურთი, მალაყი,
ვერც მათქმეინებს არ სათქმელს
ბევრი ღვინო და არაყი.
ეს სიყვარული, ვით ერბო,
მიპოხს ფესვებს და ქეჩოსა.
ხერხი იმიტომ მირჩევნავ
და არა ვწყალობ ეჩოსა.
ხანდახან დაუტატანებ
არუთინას და ხეჩოსა.
იმიტომ გეტყვი, ნუ გიკვირს
არყი კლდის თავზე მდგომარე.
მაშ წყალიც უნდა გვიკვირდეს
მაღლიდან დაბლა მხტომარე,
დედა-შვილების მკვლელზედა
გამეხებული, მწყრომარე,
ყინვა - სხეულის მყინავი,
ცეცხლი - ყინულის მდნობარე.
არ მიკვირს, წესად მიცნია
შვილი - დედისა მცნობარე,
იმის ლხენაზე მომლხენი,
მის ჭირის ჭირად მგრძნობარე.
მურყანს, არყსა და დეკასა -
ყველას წესი აქვს თავისა.
არ მიკვირს ქვეყანაზედა
ყოფნა ავის და კარგისა...
არყი სჯობია იმასა,
ბარად რომ ვარდი ჰყვავისა.
არყისგან ცოცხი იკვრება,
კალოს საგველი, ხვავისა.
გაჰყიდის ვინმე ბეჩავი,
საზრდოს მიუტანს შვილებსა,
ხომ იცნობ შამბით დაზდილებს,
ფერ-მწვანეთ, კაჩა-ტიტვლებსა,
ვარდი კი მდიდრებს ალაღებს,
ვინც საწყალთ აჭერს წიხლებსა.

ამ ვარიანტში 11-12 სტრიქონები შემდეგ არის ჩამატებული. 14 სტრ. შემდეგ წაშლილია: „სწორს გეტყვი, უფალსა ვფიცავ“. 16 სტრ. შემდეგ წაშლილია: „ვერც“, „არც როდის დამილევია“. უკანასკნელის წინა სტრიქონში „მდიდრებს ალაღებს“ მაგივრად პირველად ყოფილა: „იმათ ალაღებს“.

ხელნაწერთა ინსტიტუტშივე ცალკე ფურცლად დაცულია ავტოგრაფი № 61 (D), რომელიც პირვანდელი სახით ზემოთ მოყვანილ ვარიანტს (C-ს) მისდევს მცირეოდენი სხვაობით. მაგრამ პორველი თოთხმეტი სტრიქონი ავტორის მიერ საფუძვლიანად ნასწორებია (სწორება გვიანდელია, სხვა მელნით), დანარჩენი ნაწილი კი უცვლელად არის დატოვებული.

სურათის სისრულისათვის აქ წარმოვადგენთ ხსენებულ სტრიქონებს ამ ავტოგრაფის მიხედვით, გასწორებამდე და გასწორების შემდეგ:

გასწორებამდე

რა გითხრა, ბიჭო, ისეთი,
არ გავაჯავრო მსმენელი:
ის მასაზრდოვებს, რომ გულით
დიდის ჭირის ვარ მთმენელი
და ტრფობა გულში მიღვივის -
სოცოცხლის გამომცემელი.
კლდე მიყვარს, არც ის მღალატობს,
კერპის გულ-მკერდის მჩენელი.
დედა მყავ შეუპოვარი,
რაა იმასთან, ტყე-ველი?!
ეს სიყვარული დედისა
მრგებს, ვით ერბო და კარაქი..
იფიქრე, კარგად იგრძენი,
ნუ გეგონება არაკი.

გასწორების შემდეგ

რა გითხრა, ბიჭო, ისეთი,
არ გავაჯავრო. მსმენელი:
ის მასაზრდოვებს, რომ გულით
ტრფობის ჭირის ვარ მთმენელი -
გულში რო ცეცხლად მიღვივის
სიცოცხლის გამომცემელი.
კლდეზე ვარ დაფუძნებული,
იგია ჩემი მრჩენელი,
იწურავს ჩემთვის ნეკტარსა
სიცოცხლის გამომჩენელი,
მე რას დავეძებ ან კი სხვას,
ოღონდ არ დახმეს ფესვები.

ლექსის მოგვიანო რედაქცია წარმოდგენილია ვაჟას ფონდში № 56 ავტოგრაფის სახით (E), რომელსაც დასაწყისი რვა სტრიქონი ამჟამად აკლია. შემონახულ ნაწილში გვაქვს შემდეგი სწორებანი და ვარიანტული სხვაობა ნაბეჭდ ტექსტთან (A) შედარებით: 10 სტრ. დასაწყისში წაშლილია: „იწურავს“. 14 მიწის] ქვეყნის. 15 ყოფილა: მისი, - შეცვლილია: კლდისა. 19 ყოფილა: თუმც მე არ, - შეცვლილია: არც როდის. 25 შემურვილი] შემურულიც. 31 წაშლილია: კიდეც ნატრობენ, კარგად ვგრძნობ,- მის მაგიერ არის: იქნება კიდეც ნატრობენ. 34 ყოფილა: ბარად რომ უყვარს ყველასა, - შეცვლილია: ტურფა ყვავილი ბარისა. 36-37 სტრ. აკლია. 38 ყოფილა: ვერ რჩებიან ვერასა, - შეცვლილია: არას ჰრგებს არვისა. 46 ყოფილა: ამსრულებელი ვალისა - შეცვლილია: მხდელი მშობლურის ვალისა. 47 საწყლები] ისინი. 49 იუბენ] იუბნე A.

ლექსი დაწერილია პასუხად თ. რაზიკაშვილის ლექსისა „არყი (ვუძღვნი ვაჟა-ფშაველას)“, რომელიც დაიბეჭდა „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატემაში, 1902 წ. № 37.

20.8 ღმერთს რაცა ვთხოვე

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ღმერთს რაცა ვთხოვე, არ მომცა,
არ შემისრულა მუდარა.
ლამის წავიდე ამ სოფლით,
ისე ჩამაცვათ სუდარა.
ცოტად ნუგეში არა მცეს
კეთილით სავსე გუდამა?
არ ვიცი, ჩემს თავზე არი,
თუ ასე იყო მუდამა?!.
გამანადგურა ბოროტზე
ძალად თვალების ხუჭვამა,
გულ-ამღვრეულმა სიცოცხლემ,
ხათრით ყოფნამ და კუნჭვამა,
დახეთ, რას ცეცხლში ჩამაგდო
წუთისოფელმა ფუჭამა:
წადილი მომცა იმდენი,
რომ ვერა ზიდა ლურჯამა,
სახსარს-კი ასრულებისას
ფრთა და თვალები უჭამა.
სთქვით: რაღა ღონეს მიჰმართოს
ასეთს ყოფაში მუშამა?!
რა ქნას საწყალმა ბატის ფრთამ,
ქაღალდზე მელნის შუშამა, -
დღე და ღამ დაუდეგარად
ძაღლმა მყეფარემ, ყურშავმა?!
აღარაფერს ვთხოვ უფალსა,
აღარც-რას ვიტყვი გზიანად.
აღარცა ვზოგავ სიცოცხლეს
დასაკლავ-დასაზიანად!...

[1902 წ.]

ღმერთს რაცა ვთხოვე

ნაბეჭდი: „ივერია“, 1902 წ. 1/XII, № 258.

20.9 საშობაო სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


მშიერი გაძღომას ნატრობს,
ხოლო ტუსაღი შვებასა,
წყალ-წაღებული ხავსს ეძებს,
თან უფალსა სთხოვს შველასა.
ვისაც რა სტკივა, წესია,
იგი აუბნებს ყველასა.
ისრაილები ელოდნენ
ერთს დროს ცით განათლებასა.

დაუდგა სანატრელი დღე,
სიტყვა გაისმა ახალი,
მაგრამ გასჭირდა ძალიან,
არვინ იწამა მართალი.
და სიტყვა მაცხონებელი
უცხოდ ეჩვენა ყურებსა.
დიდი ჩოჩქოლი შაექნათ
მაშინვე მელა-ტურებსა...

დღეს ვიცით, ცოდვა რაც არის,
ნასწავლები გვაქვს ციდანა:
„ცოდვაა მოყვასის ჩაგვრა“,
ჩვენ გვესმის ყოველ მხრიდანა,
თუმც არ ვასრულებთ არასდროს,
რაც დაგვევალა ღვთიდგანა.
ცუდს ზნესა უძლური ცოდნა
გააბათილებს სიდანა?

და ჯვარი ნაზარეველის
სამკაულად გვაქვს გარეთა,
ვერ ჩავისახეთ გულშია
მასხივოსნებელ მთვარედა.
მწარეს ვჭამთ, გრძნობაც მწარე გვაქვს,
თუმცა კი არ ვგრძნობთ მწარედა.
ბნელში ვართ, მაინც ბნელში ვართ,
დღე გარდავქმენით ღამედა.
ვერაფერს გახდა იესო
და, მით უმეტეს, მაჰმედა!

[1902 წ.]

საშობაო სიმღერა

ნაბეჭდი: „ივერია“, 1902 წ. 25/X11, № 277.

20.10 ეულის სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


რისათვის მინდა სიცოცხლე,
თუკი ვიქნები ავადა, -
წყლული მექნება გულზედა
გრძნობა-გონების მწვავადა;
დღეები დღეებს არ ჰგავდეს,
მზე დამყურებდეს შავადა;
არცავინ მყვანდეს ერთგული,
მოვიდეს სანახავადა;
მოვკვდე და არვინ მიტიროს,
ცრემლი აფრქვიოს ღვარადა;
არვინ ჩაიცვას შავები
და არ მიგლოვოს გლოვითა;
არავინა სთქვას შანდობა,
გულ-ამოსკვნილმა ოხვრითა;
არცვინ მიყიდოს სუდარი,
მმარხავდეს ძველის ჩოხითა,
მღვდელ-დიაკვანი გალობას
ხმით დამძახოდენ ბოხითა.

უმსგავსს არც სიცოცხლე მინდა
და არც სიკვდილი სწორედა!..
ქვადვე მერჩივნა გაჩენა, -
გამოვდგებოდი ყორედა;
ან მინდვრად ხედა ვმდგარვიყავ,
მოსაგრილებლად მგზავრისა,
როს სიცხე-პაპანებაა
და მწუხარება ჰავისა...
ზამთრობით - დასასვენებლად
თუნდ სვავ-ძერათა, ყვავისა.
ურგები შვილი დედასა
ნეტავი რადა ჰყავისა!..

[1902 წ.]

ეულის სიმღერა

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902 წ. 25/XII, № 2024.

30 სადა] რადა.

20.11 ბავშობაშიაც დედა მიყვარდა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ბავშობაშიაც დედა მიყვარდა,
სულ ის მინდოდა გვერდით მყოლოდა.
ერთს წამს მის ჩემგან მოშორებასა
მე ვგრძნობდი გაყრად საბოლოვოდა.
მივსდევდი თანა და მივტიროდი,
თვალთაგან ცხარე ცრემლი მდიოდა.
ოღომც მშობელი თვალით მენახა, -
მაძღარი ვიყავ, როცა მშიოდა.
განა მარტო მე? - „დედა მინდაო“,
ყველა თქვენგანიც ამას ჰკიოდა:
როცა კი დედას ვერა ჰხედავდა,
ჩემსავით სხვებსაც გული სტკიოდა,
თვალს რო მოვკრავდი - მზე ამოვიდის,
წავიდის სადმე - მზეც ჩაესვენის.
შავი ნაღველი, გულის მჩაგვრელი,
ნისლად და ლოდად გულს დამესვენის.
ის ხომ მომიკვდა და მის მაგივრად, -
როგორ გგონიათ? - სხვა დედა დამრჩა,
ეს უფროც მიყვარს, ვიდრე პირველი
და ის სიყრმისა გრძნობებიც შამრჩა.
თუმც აღარა ვარ ეხლა ყმაწვილი
და ჟამთა დენამ თეთრად დამთოვნა,
მაინც მას ვტირი: „დედა მინდაო,
დედა მაჩვენეთ“, - არს ჩემი თხოვნა.

[1902 წ.]

ბავშობაშიაც დედა მიყვარდა

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 56 (A) და № 44 (B), ლიტ. მუზ., № 15630 (C).

C ავტოგრაფი შავია, A და B კი სუფრად არის გადაწერილი. მათ შორის შეინიშნება მცირე ვარიანტული სხვაობა:

5 თანა] უკან BC. 11 როცა კი დედას ვერა ჰხედავდა] როცა დედასა ვერა ჰხედავდი B, როცა კი დედას მოჰშორდებოდა C. 12 ჩემსავით სხვებსაც გული სტკიოდა] ჩემსავით შენაც გული გტკიოდა B. 13 რო] რომ B. 15-16 ყოფილა: შავი ნაღველი, როგორაც დარდი, პაწიას გულსა ზედ დამესვენის, - გვიან, სხვა მელნით, შესწორებულია: შავი ნაღველი გულის მგმირავი ნისლად და ლოდად გულს დამესვენის C. 20 და ის სიყრმისა გრძნობებიც შამრჩა] რაღა სიყრმისა გრძნობები შამრჩა B. 22-24 სტრ. დაზიანებულია C.

იმავე ფურცელზე, რომელზედაც A ავტოგრაფია მოთავსებული, მეორე მხარეს არის ნაწყვეტი ლექსისა - „პასუხი არყისა“. ამის მიხედვით ლექსი შეიძლება დათარიღდეს 1902 წლით.

ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. ალ. აბაშელმა თავის შენიშვნებში (იხ. ვაჟა-ფშაველას II ტ., გვ. 426) მიუთითა ამ ლექსის C ავტოგრაფზე, მაგრამ იგი მთლიანად არ გამოუქვეყნებია.

21 1903

▲ზევით დაბრუნება


21.1 დამსეტყვე, ცაო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!...

განა მარტო ვარ ამ ქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არც ტარასტა სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, -
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯებ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წარბნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!...
ისევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, -
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.

სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს -
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.

[1903 წ.]

დამსეტყვე, ცაო

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი № 106 (C).

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცელი“ (სურათებიანი დამატება), 1903 წ. 27/III. № 104 (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

A და B ზუსტად ერთნაირია, გარდა ერთი პატარა განსხვავებისა: 2 ჩემის თავითა] ჩემი თავითა B. ავტოგრაფი (C) კი წარმოადგენს შავს და შეიცავს მრავალ შესწორებასა და განსხვავებას:

3 ყოფილა: გაუტეხელის გულითა, - შემდეგ ს წაშლილია და სიტყვებს გადასმის ნიშნად თავზე ციფრები უზის, რის შედეგად უნდა წავიკითხოთ: გულითა გაუტეხელი. 4 მოუღალავი მკლავითა] მოუდრეკელის მკლავითა. 5 მომკერძო] მეწვიოს. 6 ბილწთ] ავს. 7-8 სტრ. აკლია. 13 ყოფილა: ეს მანუგეშებს, რომ ვიცი, - გადასწორებულია: ეს ვიცი, მითი ვნუგეშობ. 14 ყოფილა: მან გული გამიერთფერა, - გადასწორებულია: გულიც მან გამიერთფერა. 18 ათასჯერ] ასჯერა. 23-28 სტრ. აკლია. 29 ყოფილა: სანამ ვიცოცხლებ, - შეცვლილია: სანამა ვცოცხლობ. 32 ყოფილა: სათრევლად, - შეცვლილია: საჯიჯგნად.

11-12 სტრ. AB-ში ასეა დაბეჭდილი:

ვისაც არავინ არ სწყალობს,
წყევლას უბარებს..

მრავალწერტილით აქ შეცვლილია სიტყვა ტერტერა. ცხადია, ეს ცენზურის ბრალია. ამავე მიზეზი წინა სტრიქონში ტარასტას მაგიერ დაბეჭდილია არავინ.

ჩვენ აღვაგინეთ ეს სტრიქონები ავტოგრაფის მიხედვით, ოღონდ ნაბეჭდიდან დავტოვეთ გამოთქმა „წყევლას უბარებს“. ხელნაწერში ჯერ ყოფილა: „და არცა სწყალობს ტერტერა“, შემდეგ გადასწორებულია: „ჩალად არ აგდებს ტერტერა“. როგორც ჩანს, ვაჟას ესეც არ მოსწონებია და დასაბეჭდად ასე გადაუცია: „წყევლას უბარებს ტერტერა“. სწორედ ამ უკანასკნელ ვარიანტში ტერტერა, ცენზურის მიზეზით, მრავალწერტილით შეუცვლიათ.

21.2 პირველი გაზაფხულის სურათები ბარად

▲ზევით დაბრუნება


ქერონა1 მღერის: „დაწვიმე!“
აღარ აყენებს ენასა,
შეჰხარის მეტისმეტადა
ცის ნამის ჩამოდენასა;
შაშვი ნატრულობს დილისას
მშვიდობით გათენებასა,
სამგლოვიაროდ მოსილი
ჯაგზე დაიწყებს სტვენასა.

„აყვავდით აი ჩემსავით!“ -
შვინდი მისძახის თხილებსა.
„დამსწარ ერთის კვირითა“, -
ტყემალი უჩენს კბილებსა,
უღიმის: „ნაადრეობა
ძლიერ ნუ გაგაკვირვებსა!
შენ აყვავებით დამასწარ,
მე დავმწიფდები მალეო,
ნუ მოგწონს თავი ძალიან, -
ამ სამ თვეს დამაცალეო.“

ყვავილი ამოუყრია
წითელ-ყვითელი მდელოსა,
წამოუშლია ფეხზედა
ცად გადამავალს წეროსა:
„დაცოცხლდით!“ დაუძახნია
აბუეტს გასაშტეროსა...
რასა ცოდვილობს ბეჩავი,
ვინ აძლევს გასამრჯელოსა?!
ღრუბლისთვისც შეუთხოვნია,
რომ ნამით დაასველოსა;
აჰსრულებია წადილი,
კურთხევა იმის გემოსა!
ნახოს და ვისაც-კი ძალუძს,
დაჯდეს, კალმითა სწეროსა.
რაც სარჩო ჰქონდა ბუნებას,
ან რაც ტან-ფეხზე ემოსა.

შეხე, კურდღელი მოუკლავ
მაგ ბერიკიანთ ბეროსა:
ჩაჰსაფრებია ჯეჯილში,
ნაფლატის პირში ღელოსა,
უნდა აგვიკლოს კვეხნითა,
გასივდეს, გაიბეროსა!

კალთაში მოუკრეფია
სვინტრი და სატაცურია,
შინ მოდის გახარებული,
უკან მაჰყვება მურია,
ამაყი, პატრონზე ნაკლებ
არც იმასა აქვ გულია...
იხილეთ, ბეროს ქოხშია
როგორი ჟრიამულია!...

ხევსაც რომ მოუმატნია,
ამ ჩვენს პატარას წყალასა!
გუშინწინ ქოჩორ-დავარცხნილს
ოთხის წლის ჰგვანდა ქალასა,
ეხლა-კი ქვრივს ჰგავ კაპასსა,
ებუზღუნება ჭალასა.
ყველას შეჰმუსრავს, დაანგრევს,
საცა მიიტანს ძალასა...
სწორედ ყურები აგვწეწეს,
იმდენს ჟივიან ჩიტები;
აყრიათ ფრთა-ნისკარტებზე
ციური მარგალიტები...
ნელის ხმით, გაუბედავად
ვენახში დვრინვენ გვრიტები;
სდუმან და დასძინებიათ,
არას ამბობენ ჩხიკვები:
აუფხორიათ ქოჩორი,
ჩამოუშვიათ ყიყვები,
დაუჩაგრია წვიმასა
ერთ დროს ყოჩაღი ბიჭები!...

გაჰსუქებია ბებერს ვაზს
გამოტანილი კვირტები, -
ქართველის კაცის სიცოცხლე,
მისი გული და ფირტვები.
ვაზის რძით უმსუბუქდება
ცხოვრების მძიმე ტვირთები:
მთვრალი თუნდ კლდეზე გადაგდე,
თუნდ გვერდში სჩხვლიტე ხიშტები, -
სიმტკივნეს როდი-ღა მტკივნობს,
რაკი სილაღე ეწვევა...
ღვინისგან მკვდარიც ცოცხალ არს
და მძიმე უღელს ეწევა,
არც არას უფალს უშავებს,
ცა რისთვის გადაეწევა?!.

ახლა სოფელიც ვიხილოთ,
მოვნახოთ მისი საღები,
აქამდე ტყე-ველი ვსინჯეთ,
სოფლის გარშემო ბაღები,
ახლა ვიგემოთ სოფლისაც
ყოფნა და მაწონ-ნაღები.

ჭიაკოკოლას ანთებენ,
ზედა ხტებიან ბალღები,
ეზოში ჯუჯულებითურთ
მწვანეს ჰკორტნიან ბატები...
მზის ყუდროს მისჩერებიან
დედა-ბუდრიან კატები,
კრუხი მოუძღვის წიწილებს,
ხმას იბოხებენ მამლები:
დიდის ოჯახის პატრონნი,
ბევრის შვილების აღმზრდლები.

ბატკნები დედებს უხმობენ,
მათ ბანს აძლევენ ხბორები,
ასტეხენ ბღავილ-ყვირილსა
მინდვრით მოსული ძროხები.
ბოსტნებში სამწვანილოდა
სკაპი-სკუპობენ თოხები...
ბარის ტარს სცემენ კალთებსა
შავი და თეთრი ჩოხები.

მუდამ ჟამს ჭირის მტვირთველნი
დალაღებულან ქოხები;
ისე სჩანს, ამწვანებულან
შუა სოფელში გოხები,
მიკვირს, რომ არსით გამოჩნდა
მაგ გზირ-ნაცვლების ჯოხები?!

დამაშვრალთ დასძინებიათ,
დაუთენთიათ სიცხესა;
მოეზმანებათ „ბრძანება“,
ბრძოლას ასტეხენ ფიცხელსა.
ხმამაღლა დაიძახებენ:
„ხალხნო, მოვიდა ბრძანება!“
იხილეთ მაშინ სეირი,
კურდღლისთვის დატატანება!

ვინ დაჰპატიჟა მერცხლებსა,
რომ დაეძებენ ბინასა?!
სახლებში დაფარფატობენ,
ბუდეს ეძებენ წინასა.
ყველა მშრალს ქოხს და ყუდროსა
უხმობენ „თავის შინასა!“

იქავე, სოფლის პირადა,
ბრალად ღრიტინებს გუთანი...
სავსეა დედაკაცებით
ჭორიკიაანთ უბანი.
ილოცოს იმათ სულისთვის,
ტარასტავ, მოძღვარს უთხარი.
მზემ გარეთ გამოიტყუა,
აღარ სჭირდებათ ბუხარი.
დიდი რამ ჟრიამულია,
დიდი ხმა ისმის მქუხარი.
თავზე დასცქერისთ ნაშალი
ძველი კოშკ-ციხე მწუხარი.
ობოლსა, უპატრონოსა,
ცრემლები მოსდის მდუღარი.

მთა რაღას ამბობს ბებერი,
ბარში რომ მიდი-მოდია?
სწყინს და იჩმახავს სახესა,
გალაღებული როდია!
„ტიალ ზაფხულო, სადა ხარ,
აქ ჩემთანამდიც მოდია!
რით გავაჯავრე უფალი,
ნეტავი, რითა ვცოდია?!
რად არ მაკმავებს წაწყმედას,
ნეტავ როდისა ვცხონდია?!“

სხვა მან რა იცის ბარსა -
სიმწვანე სტაცებს თვალებსა;
შურით დასცქერის შორიდან
გაღაღანებულს ჭალებსა.
სიმწვანით იცნობს გაზაფხულს,
მითი მოიკრებს ძალებსა;
გამხვალი თოვლი მოქანავს,
ქუხილი მოაქვ ზვავებსა.

გაზაფხულს ნატრობს ძალიან,
როგორც ცხონებას მწირია.
ჩირთი რომ იქაც მიაღრწევს,
ვისთვის რა გასაკვირია?!
ტყუილად ღონობს მოხუცი
და ეჩმახება პირია,
რომ მის ჭაღარის წინაშე
ბუნება სალმით ძვირია,
ვიღაცა ღლაპსა ჰმასპინძლობს,
მთა-კი ობლადა ჰხირია.

[1903 წ.]

__________________

1. ჩიტია

პირველი გაზაფხულის სურათები ბარად

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 171 (C).

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903 წ. 10/IV, № 108 (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

სათაური: ჯერ ყოფილა: გაზაფხულის სურათები ბარში, - შემდეგ შეცვლილია: პირველი გაზაფხულის სურათები C; პირველ გაზაფხულის სურათები ბარად AB.

ავტოგრაფი შავია და ძირითად ტექსტთან შედარებით შეიცავს შემდეგნაირ სწორებასა და სხვაობას: 1 მღერის] ამბობს. 1 სტრ. შემდეგ წაშლილია: უხმობს ნამს დაუსვენარად. 2 სტრ. შემდეგ შემოხაზულია: შაშვი ზილს ამბობს ხმატკბილად. 5 დაუწერია: შაშვი საღამოთ ნატრულობს, - მაგრამ შემდეგ „საღამოთ“ წაშლილია და სამაგიეროდ ბოლოში დამატებულია: „დილისას". 8 დაიწყებს] როს იწყებს. 10 ყოფილა: ყველასა, - შეცვლილია: თხილებსა. ამის შემდეგ წაშლილია სტრიქონი: იმას მის ხმაზე ყველანი. 12 სტრ. შემდეგ წაშლილია: თავს ნუ იწონებ მაგითა. 13 „უღიმის“ შემდეგ გადახაზულია: „შორი“, „პირდაპირიდან“, - მათ ნაცვლად სწერია: ნაადრეობა. 17 სტრ. გვიან არის ჩამატებული: „ძალიან თავიც ნუ მოგწონ“. 19 ყოფილა: ლუსუმა ამოუყრია, - გადახაზულია და ახალ სტრიქონში ასეა შეცვლილი: ყვავილი ამოუყრია. 24 სტრ. შემდეგ წაშლილია: „ისინიც“, „თან წვიმა დაუფრქვევია“. 25-26 სტრ. გვიან არის ჩამატებული. 25 ბეჩავი] საწყალი. 27 ღრუბლისთვისც შეუთხოვნია] ღრუბლისთვის შეუთხოვია. 30 ჯერ ყოფილა: ყვავილი ესხმის ღეროსა, - შეცვლილია: კურთხევა იმის გემოსა. 33 ყოფილა: მინდორსა, - შეცვლილი: ტყე-ველსა. 41-46 სტრ. გვიან არის ჩამატებული. 44 ყოფილა: თან უკან მოსდევს მურია, - შესწორებულია: უკან მაჰყვება მურია. 47-48 სტრ. აკლია. 59 აყრიათ ფრთანისკარტებზე] ჰბანენ ფრთებსა და ნისკარტებს. 71 ჯერ ყოფილა: იგი, მწიდნავის სიცოცხლე,- შეცვლილია: ქართველის კაცის სიცოცხლე. 75 გადაგდე] გადვარდეს. 77 როდი-ღა) აღარა. 83 სოფელიც ვიხილოთ] მივმართოთ სოფელსა. 91 ჯუჯულებითურთ] ჭუჭულებითურ. 98 ბევრი შვილების აღმზრდლები] ბევრის შვილების გამზდლები. 99-100 ბატკნები დედებს უხმობენ, მათ ბანს აძლევენ ხბორები] ბატკანი დედას უბღავის, თავიანთ დედებს - ხბორები. 101 ბღავილ-ყვირილსა] ალიაქოთსა. 112 გზირ-ნაცველების] გზით-ჩაფრების. 121-126 სტრ. აკლია, 127-140 კი ბოლოს არის მიწერილი. 127 პირადა] პირშია. 137 ყოფილა: მწუხარე, - გადახაზულია და მის ნაცვლად არის : ნაშალი. 138 სტრ. დასაწყისში წაშლილია: „ნაშალი“. 139 ყოფილა: დაფიქრებული, მწუხარე, - წაშლილია და სამაგიეროდ სწერია: ობოლსა, უპატრონოსა. 140 სტრ. დასაწყისში გადახაზულია: თვალთა. 148 სტრ. შემდეგ წაშლილია: რომ ვყევარ დავიწყებული. 151-152 ჩამატებულია გვიან. 151 სხვა მან რა იცის ბარისა] ჰხედავს შორითა შორიდან. 153-154 და 155-156 წარმოდგენილია შებრუნებული რიგით: ჯერ 155-156 და შემდეგ 153-154. 159 ძალიან] ძმათათვის. 160 ჯერ ყოფილა: როგორც მოხუცი, - შეცვლილია: ვითა ცხონებას. 166 ბუნება სალმით] სალმით ბუნება. 167 ჰმასპინძლობს] ნუგეშს სცემს. 168 ყოფილა: ის, - შეცვლია: მათ.

ლექსის 120-ე სტრიქონი ნაბეჭდში გამორჩენილა, რაც ალ. აბაშელისა და ა. შანიძის გამოცემაში მრავალწერტილითაა აღნიშნული. სტრიქონი აღვადგინეთ ზემოთ მითითებული ავტოგრაფის მიხედვით, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტში აღმოჩნდა. ავტოგრაფის მიხედვითვე გასწორდა: 103 სამწვანილოდა (იყო: სამწვანილოდან AB). რაკი ეს შეცდომები „ცნობის ფურცლის“ დამატებიდან კრებულ „ცრემლებშიც“ გადადის, ცხადია, ლექსი გაზეთიდან პირდაპირ გადაუბეჭდიათ, თუმცა მათ შორის ზოგი სხვაობაც შეინიშნება.

ავტოგრაფთან შედარება ააშკარავებს, რომ ავტორისეული ფორმები „ცნობის ფურცელში“ უფრო არის დაცული, მაგრამ გვაქვს რამდენიმე საპირისპირო მაგალითიც. ყველა ამ შემთხვევაში, ცხადია, დავემყარეთ ავტოგრაფს და ტექსტი მის მიხედვით გავმართეთ, აქ კი მოვიყვანთ „ცნობის ფურცელში“ (A) ან „ცრემლებში“ (B) წარმოდგენილ ვარიანტსაც:

11 დამასწარ] დაგასწარ A; ერთის კვირითა] ერთი კვირითა B. 43 შინ] ვინ B. 68 ერთ დროს] ერთს დროს B (ავტოგრაფში სწერია: „ერთს“, მაგრამ შემდეგ „ს“ წაშლილია). 69 ბებერს] ბებერ A. 98 ბევრის] ბევრი A. 114 დაუთენთიათ] დაუთენთია A. 125 ყუდროსა] მყუდროსა B (ავტოგრაფში ეს სტრიქონი არ არის). 137 დასცქერისთ] დასცქერით B. 148 რითა] რითი B. 161 მიაღრწევს) მიაღწევს B.

21.3 იას უთხარით ტურფასა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.

[1903 წ.]

იას უთხარით ტურფასა

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903 წ. 20/IV, № 111.

21.4 ჭირისუფალი

▲ზევით დაბრუნება


(სურათი)

უბედურება ეწვია,
დიდი ვაება ჩალხისა;
ისმის ნაომარს ქვითინი,
გლოვა-ტირილი ხალხისა.
მოჰსვლია მთელი სოფელი, -
მოკეთეები შორითა;
ღვარი ჩამოდის ცრემლისა
იმ ნაომარის გორითა;
დგანდგარებს მთელი დარბაზი,
მკვიდრად ნაგები ყორითა.

რა ამბავია? რა მოხდა?
რამ შეაძრწუნა ქვეყანა?
თავი-თავს ამდენს ქალს და კაცს
რამ მოუყარა ერთგანა?
არა მომხდარა ისეთი,
მუდამაც არა ხდებოდეს;
განა რა საკვირველია,
ადამიანი კვდებოდეს?
დაკვრითა, ძალ-დატანებით
რომ ხე და ან ქვა ტყდებოდეს?!
ის უფრო უნდა გვიკვირდეს,
ეს ასე არა ხდებოდეს:
შაბერვით, წყალის დასხმითა
სანთელი არა ქრებოდეს
და დღის მაგივრად ხანდახან
უკუნი არა დგებოდეს...

დერიფანს სამი კუბო დგას,
სამი ცხედარის საწოლი:
ურთი დედაა შვილების, -
შვილები მასთან ნაყოლი.
გათავდა ჩალხის ბედობა,
იმისი სარჩო-საყოლი;
აღარვინ დაჰრჩა ვაჟკაცსა
იმისი ამყოლ-დამყოლი;
აღარც ლაშქრობას ერთგული,
აღარც საქმეზე გამყოლი.
რძით ნაზელს, კირით ნაგებსა
კოშკსა ჰგავ გოხით ნაქოლი.

არც არას ამბობს ჩალხია,
ჩიბუხსა ჰსუტავს მხოლოდა;
ფეხ-ფეხზე გადაგდებული
დამჯდარა ტახტის ბოლოსა.
ვინა ისეთი მოზარე,
რომ იგი აიყოლოსა?

როგორც ქვას, ცრემლი არ მოსდის.
გული თუმც სტკივა მწარედა;
გულშივე ჰხარშავს ნაღველსა,
არ გამოაჩენს გარეთა.
არავის უკვირს იქ მყოფთა,
რატომ არ ტირის ჩალხია:
ვაჟკაცად არი ცნობილი,
განა დიაცი, ბალღია,
რომ თავის დაღონებითა
აცრემლ-ატიროს ხალხია
და მტერსაც გალაღებულსა
ის ათქმევინოს „ახია!“...
ვერ შასძლებს შეუძლებელსა:
ჯავრს ვერ დაიჩნევს იგია;
ჩალხიას ასეთი ქცევა
სხვებისთვის მაგალითია -
გააადვილოს სიკვდილი
ლაჩარის ხალხის თვალშია:
როს ხმალზე საქმე მიდგება,
არ აკანკალდენ მკლავშია.
ვისაც სიკვდილი აშინებს, -
ვინ გაიყოლებს ჯარშია?!

თან-თან ტირილი გახშირდა,
მოზარეებიც გამრავლდა;
ჩალხიას გული ამ დროსა
უფრო და უფრო გაქვავდა.
ორნი მხარ-და-მხარ უსხედან,
ახლად მოჰსვლიან სწორები:
ერთი შავერდი, სხვა გივი,
ორივე მთა და გორები;
ისინიც მისებრ კერპები,
ლაშქარში მოზიარენი,
გულს უმაგრებენ ჩალხიას
გმირნი ტყავ-ჩოხიანები,
დაჭრეხილ ფახახიანნი,
ხმა მჟღრინავ-ბოხიანები,
თითო-ოროლი წამოთქვეს
სიტყეები ბოძიანები.
გახსნეს არაყის დოქებიც,
საფევით ძონძიანები
და გაუწოდეს ყანწითურ
მკლავები ტოტიანები -
ჩალხიას ძღვნად მოტანილი
არაყი შესანდობარი;
თან უთხრეს ორთვე ძმობილთა
სიტყვა სალბუნო, მწყობარი:

„ჩვენ არაყ შავსვათ, ჩალხიავ,
დიაცთ საქმეა ქვითინი,
ჩვენი-კი - ხმლების ტრიალი
და ლურჯეების ბიბინი.
ვინაც დაგაკლდა, გიცხონოს,
ღმერთმა გაკმავოს ზარალი;
საერთო არი სიკვდილი -
ყველას თავგადასავალი.
ამბობენ: ღვთის გაცემულსა
ჩვენ ვერსით ვუშველთ ვერასა,
კაცი ვერსაით წაუვა
თავის ბედსა და წერასა!“

ჰსვამენ მკვდართ შესანდობარსა,
ვინც ლაშქარს მოკვდა, ველადა;
ლაშარის-ჯვარიც ახსენეს,
რომ საყმოს ჰყვანდეს მცველადა.
ხელიდან ხელში გადადის
არაყიანი ხელადა.
მთებივით ჩრდილს აყენებენ
დიდს მამა-პაპის კერასა.
ვერ ჰყურობთ ჭირისუფალსა,
რომ ამ დროს ჰბედავს მღერასა!

მოატანინა ჩონგური,
დაჰკრა, დაიწყო სიმღერა:
ვისაც რამდენი ეწადოს,
ილაყბ-იუბნოს იმდენა!
მტრისთვის ეს ხორველა იყო,
მოკეთის გული მთელდება,
აღარც მას, აღარც ჩალხისა
ყოფნა არ გაუძნელდება,
და სხვასაც ამისთანა დროს
გუნება გაუმხნევდება!

[1903 წ.]

ჭირისუფალი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 91 (დასაწყისი) და № 165 (ბოლო) (C).

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატემა, 1903 წ. 27/IV, № 113 (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

სათაური: ცრემლი C.

ავტოგრაფი წარმოადგენს ლექსის შავს, რომლის ფურცლები დაცულია ხელნ. ინსტიტუტში სხვადასხვა ნომრით (ადრე ცნობილი იყო მხოლოდ პირველი ნაწილის ავტოგრაფი). ხელნაწერი შეიცავს შემდეგნაირ სწორებებსა და ვარიანტებს:

1 ყოფილა: უბედურება ეწვია დიდი, - შემდეგ „დიდი“ წაშლილია. 4. ყოფილა: ცრემლის ღვრა არი ხალხისა, - შესწორებულია: გლოვა-ტირილი ხალხისა. 4 სტრ. შემდეგ წაშლილია: მოუყრავ ქვეყანას თავი. 5 ყოფილა: მოსულა, - გადასწორებულია: მოსვლია. 7-32 სტრ. დასაწყისი სიტყვები დაზიანებულია ფურცლის ჩამოხევის შედეგად. 11 რა ამბავია? რა მოხდა?] რა მოხდა?... რა ამბავია?... 12-14 სტრ. გადანასწორებია (პირვანდელი ნაწერი აღარ იკითხება). 14 ერთგანა] ერთკანა. 15-26 სტრ. მაგიერ პირველად ყოფილა. 4 სტრიქონი (სტრიქონები დაზიანებულია):

[აუკ]ლავ მისი სახ-კარი,
[ოჯ]ახი დაუქცევია..
[მაგ]რამ მტერს ჭირის უფალი
[ქვეყ]ნით ვერ გაუქცევია.

შემდეგ ავტორს შეუცვლია. ეს ადგილი და მიუცია მისთვის ის სახე, როგორც ნაბეჭდშია (მცირედ განსხვავებულია მხოლოდ ერთი სიტყვა მე-15 სტრიქონში: მომხდარა] მოხდა-რა). ამ სახით ეს ადგილი (15-26 სტრიქონები) მიწერილია ხელნაწერის ბოლოში.

27 დგას] სდგა. 36 სტრ. შემდეგ ავტოგრაფში წაშლილია: მაინც კლდესა ჰგავ ვაჟკაცი. 39 არც არას ამბობს] არც-რას არ ამბობს. 43 დაუწერია: „სად არის“, - შემდეგ გადაკეთებულია: სადა ისეთი მოზარე. 45 როგორც ქვას, ცრემლი არ მოსდის] არ მოსდის ცრემლი, როგორც ქვას.

48 სტრ. შემდეგ წაშლილია ერთი სტროფი:

რად სჩადის ნეტავ ამასა,
ცრემლს რად აღარ ღვრის იგია?
ვაჟკაცისათვის სიმაგრე
მუდამ წესი და რიგია.

აქ მესამე სტრიქონი ავტორს ჯერ ასე დაუწყია: „მიტომ რომ...“ შემდეგ ეს სიტყვები წაუშლია.

34 ყოფილა: ერია, - გასწორებულია: ხალხია. 55-56 და მტერსაც გალაღებულსა ის ათქმევინოს:„ახია!“] რად უნდა თავი ცოცხალი, თუ გალაღდება მტერია. 57 ვერ შასძლებს შეუძლებელსა] რაც უნდა ჭირი ეწვიოს. 58 ვერ] არ. 59 ჩალხიას] იმისი.

63-64 სტრიქონების მაგიერ არის ერთი სტროფი:

რომ მტერს გულდაგულ დაუხვდენ,
მტკიცენი იყვნენ ხმალშია,
ლაშქრობას თან სდევს სიკვდილი,
ცხრო არ გაუჩნდესთ მკლავშია.

უკანასკნელ სტრიქონში „გაუჩნდესთ“ მაგიერ პირველად ყოფილა „მაჰკიდოსთ“.

66 ყოფილა: რა სატარია ჯარშია, - გასწორებულია: მას ვინ გაავლევს ჯარშია. 67. თან-თან ტირილი გახშირდა] გახშირდა უფრო ტირილი. 68 მოზარეებიც] მოზარეები. 69-70 ჩალხიას გული ამ დროსა უფრო და უფრო გაქვავდა] რამდენსაც მეტსა ტირიან, ჩალხია უფრო გაქვავდა. 73-74 სტრიქონები რამდენჯერმეა შეცვლილი: „ერთი ხმალმოკლეთ გიგია. მეორე შავერდი...“ „ერთი შავერდი, სხვა გივი - ორივე (ჯერ წერებულა: სამნივე) მთა და გორია“. 75 ყოფილა: და ლაშქრობაში მყოლები, - გასწორებულია: ლაშქრობის მოზიარენი. 76 სტრ. შემდეგ წაშლილია: ბევრს არც ისინი ჩივიან. 83 ყოფილა: თან კალთი გახსნეს, - წაშლილია და შეცვლილია ასე: გახსნეს არაყის დოქებიც.

85-ე სტრიქონიდან გრძელდება № 165-ში. 85 ყოფილა: და გაუწოდეს ჩალხიას,- შეცვლილია: და გაუწოდეს ყანწითურ. 89 ორთვე] ორთავ. 96 სტრ. შემდეგ წაშლილია: მარტო ხომ შენზე არ არი. 100 ყოფილა: ჩვენ ცდით ვერ უშველთ ვერასა, - შეცვლილია: ჩვენ ვერსით უშველთ ვერასა. 102 სტრ. შემდეგ წაშლილია: შახურდენ არაყის სმითა, ყანწი (პირველად ყოფილა: ყანწებ) უპყრია ყველასა. 103 ჰსვამენ მკვდართ შესანდობარსა] ჰსმენ მკვდრების შესანდობარსა. შემდეგ წაშლილია: ადღეგრძელებენ ხატებსა. 117 ყოფილა: მტერს ამით გული უკვდება, - შეცვლილია: მტრისთვის ეს ხორველა იყო.

პირველად ლექსის დაბოლოება სულ სხვაგვარი ყოფილა:

შნოდ არის ნაღვიარები
მამა-პაპითვე ძველადა,
დამალოს ცრემლი ვაჟკაცმა,
არ გამოჰფინოს ველადა,
რაც უნდა ჭირი ეხვიოს
მოსათმენელი ძნელადა, -
თავის ჭირს არა ჰხადოდეს
წვეულთა დასაწველადა.
რა არის ამის მიზეზი,
კაცი თავს იხდის მგელადა?l
მიზეზი ასეთის ქცევის
ყველამ იცოდა წინადა,-
როდესაც ქართველთა სისხლი
მთა-ბარს დიოდა მილადა
და შვილს, დაკოდილს ზურგშია,
მამა არ სცნობა შვილადა.

სავარაუდოა, რომ ეს სტრიქონები მოსდევდა ლექსს 48-ე სტრიქონიდან. ამ ნაწილშიც ზოგი რამ შესწორებულია. კერძოდ, მე-6 სტრიქონის წაშლილი ვარიანტია: გულ-გონებაზე მწველადა. მე-8 სტრიქონში „წვეულთა“-ს ნაცვლად პირველად ყოფილა: „გარეშეთ“, მომდევნო სტრიქონში „არის“ ნაცვლად: „იყო". 11-12 სტრიქონების წაშლილი ვარიანტია: „ამის პასუხი ყველამა იცოდა ძველის-ძველადა“.

„ცრემლებში“ ლექსი დაბეჭდილია შემდეგი სხვაობით: 8 იმ]ამ. 27 დერიფანს] დერეფანს. 64 აკანკალდენ] აკანკალდეს. 96 გაკმავოს] გაკმაოს. 100 ვერსით] ვერსაით. 122 გუნება] ბუნება.

21.5 თუნდა ამოდი, მზეო, და

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

თუნდა ამოდი, მზეო, და
თუნდ ნუ ამოხვალ მბრწყინავი,
შენ მე გამათბობ ვეღარა,
ყინული მაძევს მყინავი!
მთას უჭირს შენი სინათლე,
მე, მღილს, არ მიჭირს არადა,
შენი სიცხოვლით დამწვარი
დღესაც გულია ავადა!
არ უნდა გაფერადება,
შეღებულია შავადა;
არ მინდა ყველა სათქმელად,
ვისც ჰსურს, გაიგოს თავადა!
გულში ბევრია საფქავი,
არ მინდა დასაფქავადა:
დალპეს, დაობდეს და, თუნდა,
ჩიტთა შეჭამონ, ჭიათა!
შენგნით იხარონ ვერხვებმა,
დეკა-ურძანთა, ღვიათა,
კლდეთა-უენო ჩემთ სატრფოთ
და ოთხფეხებთან ფრთიანთა,
მკვდრებს არ უნდიხარ არაფრად,
ძველადვე უთქვამთ ჭკვიანთა:
საით და როგორ ვეომოთ,
ნეტავ უხმლონი ხმლიანთა?!
ამოხვალ-სხვისთვის ანათებ,
ჩემთვის ღამეა ფრიადა:
ვერ მოერევი შენ იმას,
ვინაც დღე გამიწყვდიადა.

[1903 წ.]

თუნდა ამოდი, მზეო, და

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903 წ. 27/1V, № 113 (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

4 მაძევს] მაწევს B. 26 ჩიტთა შეჭამონ, ჭიათა] ჩიტთა შეჭამონ ჭიადა B. 19 ჩემთ სატრფოთ] ჩემ სატრფოთ B.

21.6 ბაღი ვიხილე გუშინა

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ბაღი ვიხილე გუშინა:
ია-ვარდითა ჰყვაოდა.
მცენარეულით სავსეა,
სიტურფით სხვადასხვაობდა.
დღეს ვნახე... გული მომიკვდა,
რომ ბაღი არარაობდა,
ზედ დადიოდა ნახირი,
ზოგი ხტის, ზოგი ბღაოდა,
და ცაში ნიშის მოგებით
შავი ყორანი ჩხაოდა.

გუშინა ვნახე ჭაბუკი:
ლაღი, ყელ-მოღერებული,
მტერთან და მოკეთესთანა
საფრად გულ-მოჯერებული:
მოკეთესთანა - სიკეთით,
მტერზე ხმალ-ამოღებული,
და დღეს-კი წელში მოხრილი,
ყველასთან მოფერებული.

გუშინა ვნახე ქალ-ვაჟი,
ყელ-ყელზე გადაჭდობილნი,
ყველასგან ურთიერთისა
მოსიყვარულედ ცნობილნი,
და დღეს-კი ერთმანერთისა
დაუდეგარად მწყევარნი:
არ იზავებდენ ერთმანერთს,
როგორაც კურდღელს მწევარნი,
ერთი ერთისა, სხვა სხვისა
მოარშიყედა მდევარნი.

გუშინ ვიხილე ყმაწვილი,
დედის გულ-მკერდში ჩაკრული,
დედას უბღუჯავს ძუძუებს,
ტკიპივით იყო დაკრული;
და დღეს-კი იმისვე ხელით
მისი მშობელი დაკლული.

გუშინა ვნახე მდინარე:
აღვარებული ქოთობდა,
და დღეს-კი დადინჯებულა,
იგი აღარა ლოთობდა, -
ქვებს დაესვენა, ხეებსაც,
ჭკვიანად მოდის, უმადა,
გადაქცეულა საწყალი
სახრავ და სათლელ დუმადა:
მხოლოდ ამას-ღა დუდუნებს:
„თავისთვის ვიყო ჩუმადა!“...

[1903 წ.]

ბაღი ვიხილე გუშინა

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცელი“, № 2145, 1903 წ. 2/V.

21.7 მემღერება და ვიმღერი

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მემღერება და ვიმღერი, -
გულზე მჭირს სამი იარა:
წარსულზე ფიქრი მაწუხებს,
აწმყოში არა ყრია-რა
და მომავალის ფიქრებიც
არავინ გამიმზიანა!

ნისლებში გახვეულია,
ოდნავა ბჟუტავს ვარსკვლავი,
ვეღარ ვაშორებ თვალებსა,
ერთხელ იმისი მნახავი.
დაჟინებულის მის ცქერით.
შევიქენ დასაძრახავი.

გულში კი წყლული იზრდება,
სულსა მიხუთავს, მაღონებს,
სიკვდილი არა მწადიან,
თუმც ტანჯვა სიკვდილს მაგონებს,
და ჩემი ყოფნა ასეთი
საწყალს ამირანს მაგონებს.

ხმალიც გვერდს უძე, გოშიაც
ერთგულადა ჰღრღნის რკინასა;
არც ხმალი მოდის გმირთანა,
ვერც თითონ სწვდება იმასა.
გაღრღნილი ჯაჭვიც მთელია,
ჰხედავს, მეორე დილასა;
სწვავს ტანჯვა-ვაების ცეცხლი
პატრონს და იმის ფინასა:
მომავლის სხივი აქარვებს
გმირის ოხვრას და გმინვასა.

[1903 წ.]

მემღერება და ვიმღერი

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903 წ. 22/V, № 120 (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

6 გამიმზიანა] გამიზიარა B. 19 უძე] უძევს B. 26 ფინასა] ბინასა AB.

21.8 ქებათა-ქება

▲ზევით დაბრუნება


დროება გამოიცვალა,
ზნეც შაეცვალა მელასა;
სხვადასხვა ფერი დაედვა
კაცსა და ცხოველს, ყველასა,
მგელმა უარჰყო მგელობა,
ცხვრის ზნე დასჩემდა ტურასა
და პირზე კლიტეც დაედვა
სახლის ყარაულს მურასა.
მთას მთობა აღარ სწადიან,
აღარც რო ბარსა ბარობა;
გახდა ყვავ-ყორანთ სათრევლად
წინაპართ მონაგარობა!
ვევედრე ხატსა და ღმერთსა,
მოეღო ჩვენზე წყალობა...
წაიღო ქარმა და წყალმა
ცრემლით მორწყული გალობა!
გითხარით, არ დაიჯერეთ,
სნეულს უნდაო წამლობა.

მუდამ ჟამს როგორ ვევედრო
მაღლა ცას, დაბლა მიწასა!
ცა ხომ ფერობის ღირსია,
თავს ვინ დაუკრავს ციცასა?
აღარ მწადიან ვიუბნო,
რაც მიღრღნის გულის ფიცარსა;
ცოცხალს ფიქრს ვმარხავ გულშია
და ზედ მივაყრი მიწასა.

გუშინა ვნახე ფრინველი,
თვის სიმღერაში დნებოდა;
არვინ უშლიდა ხელობას,
ტკბილის ხმებითა ძღებოდა,
და იქვე, გვერდზე, მდინარეც
ტკბილ-მოსაუბრე ჰხლებოდა.

ნიავიც მოდუდუნებდა
ველებზე სული-წმინდადა,
იგივე იყო უცვლელად,
რაც ათასის წლის წინადა.
არვინ უშლიდა ნავარდსა,
რაც ჰქონდა სადენ მილადა.
უბინადროა ბეჩავი,
ხმელეთს თუმცა სცნობს ბინადა;
არცვის ჰმტრობს, არცვინ მასა ჰმტრობს,
ცხოვრობს თავისთვინ ტკბილადა,
ფარფატებს მშრომელი კაცის
თავ-შუბლის გასაგრილდა.
ბევრჯელ თუმც მისი წყალობა
მუშას ექცევა ჭირადა
და წუთის სიამოვნება
საწყალს უჯდება ძვირადა.

ცაში ღრუბელი ჩიოდა:
„გზა ამირიეს სავალი,
დიდი ხანია ცოცხალ ვარ,
მიდიან წელნი მრავალი,
ასეთი არ შამხვედრია
ჯერ მე თავგადასავალი:
გადამაჩვიეს მეც იმ წესს,
რაც-კი მებოძა ღვთისგანა,
გულ-მკერდს მიპობენ ტყვიითა,
ჭირი იქნება მისთანა?!
თქვენ, კაცნო, მზესაც უმტერებთ,
თუმც არა გყავთ-რა მზისთანა;
თუ მე გსეტყვთ, მზეც ხომ ბევრჯელა
გწვავთ და მოგივლენთ გვალვასა!
არ ვიცით, სადღა წავიდეთ,
თავს სად დავუწყებთ მალვასა!
ხელ-ფეხს ჩამედვა ბორკილი,
ვეღარ ვაუბნებ ენასა,
დაუდნავ ჩემი არსება
ნაღველს და გულის კბენასა.
შიშ-უცოდარმა გავიგე,
დღეს შიში რაცა ყოფილა:
დაშინებულის ლეშიდან
ფიქრიც მშიშარა შობილა.
როდი-ღა ვიცი, თუ რა ვქნა,
რით მოვუარო საქმესა?
უნდა წავიდე, შევჩივლო
ცა-დედამიწის გამჩენსა:
რად ითმენს, რად მათმენინებს
კაცთ თავხედობას ამდენსა!“
მისეირნობენ ქუჩაზე
ზაალ, გორჯასპი, სულხანი,
მემამულენი ქართველთა,
სამივე იყო მსუქანი.
თან ერთმანეთსა ჰკითხავდენ:
სად არის სასმლის დუქანი?

მხარზე კომბლები გაედვათ,
წელზე ხის ხმლები ეკიდათ;
აჰშარდა პოლიციელი,
სამივეს გადაეკიდათ...
დამშვიდდა მაშინ, როცა სცნო,
რომ დგნალის ხმლები ეყიდათ,
თორემ სამივეს დასცრცვიდა,
ეს დაიჯერეთ ბეჯითად!

სოფლიდან ქალაქს ჩამოვედ,
ქალაქის ნახვა მეწადა:
საცხოვრებელად რო გითხრათ,
არ გამაჩნია ბეწვადა.
თითო ნაბიჯის გადადგმას
აქ ეჭირვება ფულიო,
ამდენის ფულის ძლევასა
თანაც ამოჰყვა სულიო.
ვინაც შემხვდა და ვისც შევხვდი,
ყველა იძახის „ზრასტისა“,
ეს ამოდენი დუნია,
რაც-კი ქალაქში დადისა.

შევხედე: მოიზლაზნება
ჩემი ნაცნობი სესეცა,
ქალმებით, ტყაპუჭიანი,
გაბრიყვებულა ესეცა.
ეგები ამან მაინცა,
ვსთქვი, მითხრას: „გამარჯვებაო“,
სალამი ჩემის ქვეყნისა
გულს მალამოდა ჰხვდებაო...
იმანაც „ზრასტით“ მომმართა,
თავი არ მომიკვდებაო!

როცა წვიმის და დელგმისგან
იმღერევა დიდი მდინარე,
რა დაიფარავს პატარას,
მზე, მთვარე, სხივთა მფინარე,
რომ არ აიმღვრეს ბეჩავი,
თუნდ არ ეწადოს დიდადა
ლაფის და მწურის თავს დასხმა,
დენა ეწადოს წმინდადა?!
ყველა იმ ხიდზე გაივლის,
რაც გადებულა წინადა!...

ეჰ, სხვა რა მეთქმის, მხოლოდ ეს:
ქება-დიდება დროებას,
ბრიყვის და შეუგნებელის
ფიქრსა, აზრსა და შნოებას,
დავრდომილს აუდგომელსა
ფეხებზე ხუნდი მოებას.

აწ გაუმარჯოს სიყმილსა,
სიცივისაგან კანკალსა,
მინდორსა გაღაღანებულს,
ყანას მოწიფულს, სამკალსა,
ჟანგისგან დახრულს და დაჭმულს
მიგდებულს ცელსა, ნამგალსა
და ოჯახს გავერანებულს,
ათასის მტრისგან ნაგალსა,
ჩვენს ამაგს საყვავყორნესა,
ვინ გინდა ვისგან ნადავლსა!

ბუნებავ, მინდა რამ გითხრა,
არა ახალი, ძველია:
რამდენს იწველი, იწველი,
რძე-კი არ გამოგელია?
რამდენს ვაებას ეგ შენი
გულ-მკერდი დაუთელია...
შენი წესი და თავ-ბოლო
საიდუმლობა მთელია.
შენ სხვას ვერაფერს შეიძენ
მის მეტს, რაც შეგიძენია;
რაც გაბადია, მხოლოდ მას
უნდა უცვალო ფერია.
მოკეთე თუმც ხარ თავისა, -
მასთან თვისივე მტერია;
მაგრამ ჯერ შენთვის საყელო
არავის დაუჭერია.
სამთხოვარაოდ ვისკენ-ღა
უნდა გასწვადო ხელია?
თავისთავს თუ სთხოვ, სხვამ ან ვინ
უნდა მოგართვას ძღვენია?
ნახარჯი ერთის ჯიბისა
მეორეს შაურჩენია.
მაშ კაციც შენებრ ძლიერი
ღმერთს რად არ გაუჩენია?!

დამბრუნავს ფიქრი ბოროტი,
თავზე დამძახის ავადა:
არც ყორანია, არც ყვავი,
ფრთებს ათამაშებს შავადა.
კაცი საღი და ჯანმთელი
ფიქრისაგან ვარ ავადა;
ცეცხლი მედება გულზედა,
მზად არს ჩემს დასაწვავადა.
ვერც დამწვა, აღარც განელდა,
მე ამან დამაავადა.

ვერც მოვიშორე თავიდან,
აღარცვინ წყალი დამისხა.
ტანჯულ-გვემულმა ოცნებამ
მხოლოდ ეკალი დაისხა.
რა დაჰშრეტს ცეცხლსა, მინამდე
ტირილი ისმის ჩვენითა, -
მანამდე თვალთა ხედვა მაქვს,
არ დავოჩნდები სმენითა.
უქნარმა, ხელებით დამბლამ,
უნდა ვიუბნო ენითა...

[1903 წ.]

ქებათა-ქება (დროება გამოიცვალა)

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 94 (1 ნაწილი) და № 89 (II ნაწილი) (C); ლიტ. მუზ., № 22400 (D).

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, № 121, 1903 წ. 25/V (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

2 შაეცვალა] შეეცვალა AB. 4 კაცსა და ცხოველს] კაცს და ცხოველებს C. 19 ვევედრო] ვეფერო C. 22 ციცასა] ცისასა B. 23 ვიუბნო] ყოფილა: რამა ვსთქვა, - შესწორებულია: ისა ვსთქვა C. 25-26 სტრ. C-ში ასეა: ვინ მოგცემს ნებას, ბეჩავო, რო მიეწვადო ხმლის ტარსა... 30 ხმებითა] სიმღერით B. 32 ყოფილა: ხმა-მორაკრაკე ჰხლებოდა, - შეცვლილია: ტკბილ-მოსაუბრე ჰხლებოდა C. ჰხლებოდა] ჰხდებოდა AB. 34 სული-წმინდადა] სულიწმიდადა B. 41 არცვის] არვის AB. 42 ცხოვრობს] სცხოვრობს C. 49 ცაში ღრუბელი ჩიოდა] ცაში ღრუბლები ჩიოდა B, მხოლოდ ღრუბელი ჯავრობდა C. 51-52 ყოფილა: ათიათასსა წელს ვცოცხლობ და უფრო კიდევ მრავალი, - შესწორებულია: დიდი ხანია რაც ვცოცხლობ, მილიონ წელი, მრავალი C. 54 სტრ. შემდეგ წაშლილია: დაბლით ზარბაზნებს მესრიან, სრულ ამირიეს გზა-კვალი C. 62 გწვავსთ] გწვავთ AB, გწოვსთ C; მოგივლენსთ] მოგივლენთ AB. 63 არ ვიცით] არ ვიცი AB. 71 ყოფილა: დაშინებულის გონებით, - შეცვლილია: დაშინებულის ლეშიდან C. 77 ყოფილა: ან მე რად მტანჯავს, - შეცვლილია: რად მტანჯავს, ან თვით რად ითმენს C. 79 მისეირნობენ] მოსეირნობენ B. 80 ყოფილა: დავითი, - შემდეგ შეცვლილია: სულხანი C. 83-84 სტრ. გვიან არის ჩამატებული C. 85 მხარზე კომბლები გაედვათ] მხრებზედ გაედვათ კომბლები C. 89 სტრ. წინ რამდენჯერმე დაუწყია და წაუშლია: „წელზე თქ...“ „ვინ მოგცათ ხმლები, მაჩვენეთ“, „ძლივს“, „წელზე“, „ტანზე ხის“ C.

93-ე სტრიქონიდან C იწყება სხვა ფურცელზე (№ 89 ავტ.): 93 სოფლიდან ქალაქს ჩამოვედ] ფშავით ქალაქში წამოვედ C. 94 სტრ. შემდეგ წაშლილია: მარტოკა ნახვა, სხვარიგად C. 95 რო] რომ A. 100 სტრ. შემდეგ C-ში ზედმეტია ორი სტროფი:

ფულიც რომ შამოგაკლება,
თავში დაირტყი ცულიო,
ან უნდა წყალში ჩაჰვარდე,
აი ქალაქის რჯულიო!...
ვახტანგის მონაღვაწევი
მეუცხოვა და მეოცა.
თავ-ბრუ დამესხა მაშინვე,
შიგ ფეხი შევდგი მე როცა.

107 ქალმებით] ქალამნებით AB. 108 გაბრიყვებულა] გაუბრიყვებავთ C.

110 გამარჯვებაო] გამარჯობაო AB. 120 თუნდ] თუმც C. 121 მწურის] წურის B. 122 ყოფილა: დენა ეწადოს წმინდადა, - შეცვლილია: დენა უნდოდეს წმინდადა C, დენა ეწადოს წმიდადა B. 123 ყველა] ყველაც AB. 124 გადებულა] დადებულა C. 131 სიყმილსა] სიმშილსაც C. 138 ნაგალსა] ნაგულსა B. 141- 144 სტრ. მიწერილია გვერდზე, ცალკე, 145-162 სტრ. კი— ფურცლის მეორე მხარეს C. 145-146 ყოფილა; რამოდენს შენი გულმკერდი ვაებას გადუთელია, - შესწორებულია: რამოდენს ვაებას ეგ შენი გულ მკერდი გადუთელია C. 146 სტრ. შემდეგ წაშლილია: საიდუმლებით სავსე ხარ C. 149-150 ყოფილა: შენ მეტს ვერაფერს შეიძენ, რას უცდი, რაღას ელია, - გადასწორებულია: შენ სხვას ვერაფერს შეიძენ, მის მეტს, რაც შეგიძენია C. 150 სტრ. შემდეგ წაშლილია: ბეწვისა დანაფასებსა, ან ვისკენ... C. 151-156 სტრ. აკლია C. 157 ყოფილა: ვისაკენ, - გადასწორებულია: ვისაკე ღა C. 163-164 სტრ. აკლია C. 172 მზად არს] მზაა C. 177 ტანჯულ-გვემულმა] და დატანჯულმა C. 179 მინამდე] მანამდე B. 180 ყოფილა: არ დავყრუვდები სმენითა, - შეცვლილია: ტირილი ისმის ჩვენითა C.

C ავტოგრაფი წარმოადგენს ლექსის შავს ორ ფურცელზე, რომლებიც დაცულია ხელნ. ინსტიტუტში სხვადასხვა ნომრით (№ 94 - დასაწყისი 92 სტრ. ჩათვლით და № 89-93-ე სტრიქონიდან ბოლომდე). პირველად ისინი, ჩანს, ავტორს შეუქმნია დამოუკიდებელი ლექსების სახით, რადგან პირველ ნაწილს ცალკე აქვს ვაჟას ხელმოწერა. შემდეგში პოეტს ისინი გაუერთიანებია და ამ სახით დაიბეჭდა კიდეც „ცნობის ფურცლის“ დამატებაში, ხოლო აქედან გადაიბეჭდა „ცრემლებში“. პირველნაბეჭდის ზოგი ადგილი ჩვენ შევასწორეთ ავტოგრაფის მიხედვით.

რაც შეეხება D ავტოგრაფს, იგი წარმოადგენს ლექსის მხოლოდ დასაწყის ნაწილს სრულიად განსხვავებული ვარიანტის სახით და ამიტომ მას აქვე მთლიანად მოვიყვანთ:

დროება გამოიცვალა,
დღე მოგვევლინა ცუდია:
ორმოცს რუსთაველს სჯობია
ერთი ჩერჩეტი „სუდია“.
ნიკორა ხალხი გამრავლდა,
ქვეყანაც იმათ ხელშია,
კაცებად იმათ იცნობენ,
გაჭიმულებსა წელშია,
სიმსუქნისაგან რა ქონი
ამოჩრილი აქვთ ყელშია...
მიკვირს, უკუღმა რად ვფიქრობთ,
ჭკუა რამ გაგვიმრუდაო,
რაც მამა-პაპას უყვარდა,
დღეს ის რამ გავიცუდაო.
არა გვწამს, ჩვენის თვალის ხაზს
რომ გასწორება უნდაო.
სათვალავშიაც მოვსტყუვდით, -
ათი დავარქვით ოთხსაო.
ჩვენი გრძნობა და გონება
მსხვერპლად შავსწირეთ ჩოთქსაო.
ეშმაკს ანგელოზს ვეძახით,
ანგელოზი გვიჩნს ალადა.
უჭკონი, შეუგნებელნი
ვბრძენობთ, ვჭკვიანობთ ძალადა,
გაგვიჯდა შხამი მწამლავი
ხორცად, სისხლად და ძვალადა.

მე-14 და მე-15 სტრ. მცირედ ნასწორებია: პირველად ყოფილა: „რად გაგვიცუდდაო“ და „არ გვჯერა“.

21.9 ვიცანი, ღმერთო, სამყარო

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -
ეს შენი დანაბადები,-
იმისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები:
მბოჭავს, არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები;
დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გინდა, ნეტავ, სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი, მოლხენა,
ბოლოს - ვაი და დარდები?!
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდა მინდვრის თაგვები:
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სრა-სახლების თაღები;
ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა
დღეს მოლხინარი ბალღები.
ამას ბჭობს, ვისც აბარია
განგების ბჭეთა საღები.

ასეა, ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
არას გვიშველის გინება,
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა, გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.

განგების გასართობნი ვართ
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა -
დაგვღალოს, ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
გამსჭვალულებმა ჭირითა.
ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით,
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა
იმას, რაც წარმოსდინდება
სიწმინდის ჭურჭლის პირითა!

[1903 წ.]

ვიცანი, ღმერთო, სამყარო

ხელნაწერი: ავტოგრაფები: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 91 (C) და № 106 (D).

ნაბეჭდი: გაზ „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903 წ. 8/VI, № 125 (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

13 ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ] რა? თუნდა ჩვენ ვიყვნეთ D. 19 დარბაზი] დარბაზთა D. 20 სრა-სახლების] სასახლისა B. 22 სტრ. შემდეგ წაშლილია: კარგი როდია, ერთს რომ აქვს განგების... D. 23 აბარია] აბარიათ AB. 25 ვიცით კარგადა] ვიცი კარგათა B. 37 პირველად ყოფილა: ხან გვტანჯოს, - შემდეგ: ჯერ გვტანჯოს, - დასასრულ არს: დაგვღალოს D. 41 სჯობს] სჯობ D.

C ავტოგრაფი ძალიან განსხვავდება ნაბეჭდი ტექსტისაგან და ამიტომ მას აქ მთლიანად მოვიყვანთ:

სიმღერა

ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -
ეს შენი დანაბადები —
იმისი ავლა-დიდება
და შიგ საგზალი ნადები.
დღეს გულსაცა სწვავს, [კუჭსაცა]
გუშინ ნაჭამი ქადები.
სასინანულოდ უხდება
კაცს თვისი დანაქადები,
გვმტრობენ და არ ვებრალებით
სავედრებელი ხატები.
რა? თუნდა კაცის სიცოც[ხლე],
თუნდა ჩხაოდენ კატები? -
ერთხელაც უნდა დაინგრეს
კოშკები კაცთა ნაგები...
გავერანდება ოდესმე
ტურფად შემკული ბაღები.
ერთნი ვართ, - თუმცა არ გვჯერა, -
კაცნი და მინდვრის თაგვები,
ვიდრე ეკუთვნის მარტო ერთს
ბუნების ძალთა საღები.

უკანასკნელი ორი სტრიქონის წინ ამ ხელნაწერში წაშლილია: მუდამაც ასე იქნება, ღმერთია ამის თავდები, ვიდრე მარტოკა ერთსა აქვს...

21.10 მე მისი არაფერი მწამს

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მე მისი არაფერი მწამს,
ვინც ერთგულია ქვეყნისა
და სხვისა ერთგულებაზე
ხალხს აცქერინებს ეჭვითა.

სხვისთვის შურს იგივე გრძნობა,
რისიც მტვირთველი თვით არი.
მისთანა ქვეყნის ერთგული
ღმერთმა გვაშოროს ვინც არი;
არც არის კაცობის ღირსი
და არც ძმად გასაფიცარი!

რო მართლა ქვეყანა უყვარს,
მე ეს არ დამიჯერია:
ენით თვალთმაქცობს ალბათა,
გულით-კი ხალხის მტერია.
იქნება ეს არც-კი იცის,
იგი იმდენად შტერია?!

მაშ რისთვისა სძულს თვის მსგავსი,
მის მსგავსის გრძნობის მთქმელია,
თუ მართლა სამშობლო უყვარს,
გრძნობა-გონებით მთელია?!
არ არის საწამებელი,
რაც იმას დაუწერია;
გიცანი, ვინცა ბრძანდები -
კუდ-მოგლეჯილი მელია!

[1903 წ.]

მე მისი არაფერი მწამს

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903 წ. 17/VI, № 126 (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

21 არ] არც B. 23 ბძანდები] ბრძანდები B.

21.11 შავი დამაწვა ღრუბელი

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

შავი დამაწვა ღრუბელი,
არც მომკლა, აღარც მაცოცხლებს,
განადგურებას მიპირობს,
დაბლა ჭიასებრ მაცოცებს.
ვერ ვიღებ თავსა.. არ ჰყურობთ,
ხატ-ღმერთსაც აღარ მალოცებს?!
მიწას ვლოცულობ და ვკოცნი,
ბოლოს ხომ ისიც მაკოცებს!...
რითა ვძლებ ამდენს ვაებას,
მიკვირს, ესა-ღა მაოცებს..

შხამი ჩამისხეს ღვინოში,
მასმევენ, თუმცა ვიცანი...
ვინ დასდევს - სიცოცხლე მწყურის,
თუ მეც რამე მაქვს მიზანი.
რად უნდათ ჩემი სიკვდილი,
გაიგოს, ვინცა მისანი!
შხამიან ისრებს შესვრიან,
გამიპეს გულის ფიცარი.
თუ დამეშავოს მე რამა,
ძალნი მრისხავდენ ღვთისანი...
ჩემთვის გზის მაჩვენებელი
სხივნიც შაჰშურდეს მზისანი.
ვიცი, არვინ მყავს მშველელი,
მკლავნი სუსტობენ ძმისანი.
სასაცილოდაც არ ჰყოფნისთ
ცრემლები ჩემის დისანი.
„ღმერთი მიშველსო“, - ვიძახი,
იმედად ის-ღა ვიცანი!

[1903 წ]

შავი დამაწვა ღრუბელი

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903 წ. 13/VII, № 35 (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B).

4 მაცოცებს] მაცოცვებს A. 10 ესა-ღა] ეს-ღა A. - 17 მესვრიან] მესრიან A. 23 მშველელი] მეშველი B. 25 ჰყოფნისთ] ყოფნით B.

21.12 ზღვაში შევცურდი

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ზღვაში შევცურდი, ვამბობდი:
გავკვეთ, გავაპობ ზღვასაო;
მთისას ვამბობდი - გადვივლი,
თუნდ ჯანღი მერტყას გარსაო;
ქარბუქიც ადგეს უებრო,
თავზარსა სცემდეს ბარსაო!
სიკვდილი პირ-დაღებული
დამტრიალებდეს თავსაო;
რა შეაჩერებს ვაჟკაცის
შეუდრეკს გულისთქმასაო!

როცა მაღალი მთა ვცადე,
ჭირიც მაჩვენა მრავალი;
თვალ-წინ ვერაფერს ვხედავდი,
არა ჩნდა კაცის ნავალი
და მოღრუბლული მის სახე,
ღრიალი შესაზარავი;
სულთამხუთავი გვერდითა,
კაცის სიცოცხლის მპარავი,
საკირის ცეცხლად დადგმული
თავზე ყინულის კარავი,
მაშინ ვსთქვი - არა ყოფილა
ადვილად გადასავალი.
ვეძიე, ვერსადა ვპოვე
ჭირისგან მსხნელი წამალი.

უკან დავბრუნდი ტირილით,
თავის-თავისა მწყევარი.
ვიძახდი, შეუძლებელის
ფიქრის რადა ვარ მდევარი,
ვით ორი კურდღლის შეპყრობის
მოიმედოვნე მწევარი?!
გაწბილებული ვეღარ ვარ
მაღლისა მთისა მკვლევარი.

ვწყევ თავის გაჩენის დღესა,
ბრალს არ ვდებ მთასა მაღალსა,
არცვის ვაუწყებ ადვილად
თავის თავგადასავალსა,
მიტომ რომ ბევრნი იწყენენ,
წყევლას მეტყვიან მრავალსა.

ზღვა ვცადე: მეორე ნაპირს
სატრფოსთან გასვლას ვლამობდი;
არც გემი მქონდა, არც ნავი,
თავის მკლავებით ვწვალობდი.
„ჰე, ღმერთო, შენის ძალითა!“
თან ამასაცა ვგალობდი.
ჩემს სისუსტეზე ზღვაშია
ბოლოს დროს კიდეც ვცხარობდი.

დავრჩი და დავრჩი ზღვის შუა,
მათამაშებენ ტალღები,
„ის რა ჩვარი სჩანს ზღვაშია?“
ამას ამბობენ ბალღები,
თითით უღერენ ჩემზედა
ზღვის ნაპირებზე მდგარები;
დაკეტილი მაქვს ორივე
სიკვდილ-სიცოცხლის კარები.

ასეთს ყოფაში შთენილსა
მითენდება და ღამდება:
სულ ავდარია ჩემს თავზე,
როდის-ღა გამიდარდება?!
ვეთრეინები ზღვის ტალღებს
სიცოცხლე-გამწარებული.
არც დაბრუნვა სჩანს, არც წინსვლა,
ვარ ღვთისთვის ჩაბარებული,
ანგელოზი სტირს, ეშმაკი
იმღერის გახარებული.

[1903 წ.]

ზღვაში შევცურდი

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903 წ.31/VIII, № 147.

21.13 კაფიები

▲ზევით დაბრუნება


(ექსპრომტები)

ჩონგურს სიმები მოვუწყე
და ზედ დავმღერი ამასა:
როგორ მივენდოთ ცხოველებრ
მარტო სმასა და ჭამასა?!..
სხვას როგორ უძმობს, საკუთარს
ვინც სცემს დედას და მამასა?!
ვისაც შინ ბალღებს უშიან,
უცხოს კი აწვდის ქადასა,
არა მგონია, მოესწროს
იგი ბალღების აღზდასა!..
ამას ამბობდენ ძველები,
თვალთაგან გვხდიდენ ფარდასა...
მაინც არ ესმის სიმართლე
დღევანდელს ახალგაზდასა.

ჩონგურის სიმთა წკრიალი
მიდიდებს თვალთა ხედვასა,
ვერ დამიმალავთ სიყალბეს,
ეცადოთ, ერთი ბეწვასა...
ქარი უბერავს და ჰფანტავს
ჰაერში სიმთა ჟღერასა...
ზამთარი მოდის - ცუდი დრო,
ცეცხლი მიქრება კერასა.
ცუდის ნიშნების მსინჯველი
მე როდი ვიშლი მღერასა!..

მთისა მოფრინდა არწივი,
მხარე მხარსა მცემს...მიამბო:
„კაი ნიშნები გამოჩნდა,
ნუ დაჰღონდები ფრიადო,
ეცადე გაბედვითა სთქვა,
ვინძლო ძმა გაადიადო!“
მეცა ვმხნევდები და ვმღერი:
ნუ ჰლაღობ, კაცო ზვიადო,
არც შენ შეგრჩება ერთი დრო,
ვამეფებულო წყვდიადო!..
შეგჭამა ძაღლმა და ღორმა
მამა-პაპურო ხმიადო!

დავსხდებით, ღვინოს დავიდგამთ:
მე, ლუარსაბი, ოტია,
დიდი არს ჩენი მსჯელობა,
ფეხ-დამტვრეული როდია!
მსხვილ-მსხვილ საგნებზე ვბაასობთ,
ცასა და ხმელეთს ვაერთებთ,
უძლურს წიხლსა ვცემთ, ძლიერს კი
ვუკმევთ გუნდრუკს და ვაღმერთებით.
ჩვენისა ქვეყნის სვე-ბედსა
დედა-ღვთისმშობელს ვავედრებთ.
მუშტს, მტრისთვის შემოქნეულსა,
ერთი-მეორეს ვახვედრებთ.

გავაადვილებთ ძნელ საქმეს,
ადვილი გვიჩანს ძნელადა:
ერთი რაღაცა მიზეზი
მოგვაგონდება ხელადა,
იგი გვიშხამავს სიცოცხლეს,
გვედება ცეცხლად მწველადა.
ვერც გეტყვით იმის სახელსა,
რომ არ აგიტყდეთ ხველადა...

აიცნობს იმის სახელსა
ამ წუთისოფლის მცნობია...
ამოვიოხრებთ, ვჩუმდებით,
გულს გვეკიდება ობია, -
ფრთებს შეიკვეცავს ოცნება,
ტკბილის ფიქრების მწყობია,
და ისევ ღვინოს მივმართავთ,
იგი ყველაფერს სჯობია!

[1903 წ.]

კაფიები

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 92 (B).

ნაბეჭდი: 1904 წლის „საქართველოს კალენდარი“ (ცენზურის მიერ ნებადართულია 1903 წლის 25 სექტემბერს) (A).

ავტოგრაფი შავია, გვიჩვენებს შემდეგნაირ სწორებასა და ვარიანტულ სხვაობას: 1 ჩონგურს სიმები მოვუწყე] ჩონგურსა სიმი მოუწყე. 4 სტრ. შემდეგ წაშლილია:

თუ არ დაუგმობთ ავს ჩვენს თავს,
სხვა რად დაგვიწყებს დავასა?

5-14 სტრ. ნაცვლად არის ერთი სტროფი:

თუ ცისას არას გავიგებთ,
სხვის ჭირს არ გავიზიარებთ..
გაჭირებულის გულისთვის
თავსა არ დავიზიანებთ.

15 სტრ. წინ წაშლილია: ხალხია ათასნაირი, ათასნაირის ფიქრისა. 21 ზამთარი მოდის - ცუდი დრო] ზამთარი გვიახლოვდება. 22 სტრ. შემდეგ წაშლილია: მე უდარდელად. 23 ყოფილა: მცქერალი, - შეცვლილია: მსინჯველი. 24 როდი ვიშლი] მოვყოლივარ. 31 ვმღერი] ვამბობ. 35. შეგჭამა ძაღლმა] შაგჭამა ძაღმა. 38 მე, ლუარსაბი, ოტია] ლუარსაბი და ოტია. 39 პირველად ყოფილა: სხვილ-სხვილი საუბარი გვაქვ, - შეცვლილია: სულ სხვილ საგნებზე ვთათბირობთ, - დასასრულ არის: დიდი არს ჩვენი მსჯელობა. 41 სწერია: მსხვილ საგნებზედა ვბაასობთ, - მაგრამ გადასმის ნიშნად ციფრები უზის და უნდა წავიკითხოთ: ვბაასობთ მსხვილ საგნებზედა. 45 ჩვენისა ქვეყნის] ჩვენის ქვეყნისა. 48 ავტორს ჯერ დაუწერია: „ადვილი საქმე ძნელად გვა“... - მაგრამ უკანასკნელ სიტყვაზე გაუწყვეტია და ასე შეუცვლია: გავაადვილებთ ძნელს საქმეს. 52 მოგვაგონდება] წარმოგვიდგება. 53 სიცოცხლეს] მუსაიფს. 55-56 აკლია. 57-58 ყოფილა: ვერ გეტყვით იმის სახელსა, თვითვე გაიგეთ სჯობია, - შეცვლილია: აიცნობს იმის სახელსა ამ წუთისოფლის მცნობია. 60 ყოფილა: მოგვედება, - შეცვლილია: გვეკიდება. 61-62 სტრიქონები აკლია.

21.14 ოცნებავ, ჩანგი მომართე

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

ოცნებავ, ჩანგი მომართე,
ტირილის ნაცვლად მაცინე;
არ კმარა, რაც რომ ვიტანჯე
და რაც ცრემლები მადინე?!

მინდა დღეს გული ლაღობდეს,
მოსვენებითა ვტკბებოდე,
არ ვწყევდე თავის გაჩენას,
ბედნიერებით ვთვრებოდე.

ვერ შესძლებ ამას, მეც გატყობ,
ლხენას არა ხარ ჩვეული,
არ გაძლევს მოსვენებასა
ცხოვრების შხამი წყეული,-
მაშ ნურც მე და შენ ვიქნებით
სწორებში გამორჩეული.

[1903 წ.]

ოცნებავ, ჩანგი მომართე

ავტოგრაფი: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 45 (B).

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903 წ.2/X, № 164 (A).

4 და რაც] რაც რომ B. 6 მოსვენებითა] დასვენებული B. 8 ვთვრებოდე] ვთრებოდე B. 12 სტრ. შემდეგ წაშლილია: შავის ფიქრებით B. 13-14 სტრ. აკლია B.

21.15 სიცოცხლემ შხამი მასმია

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

სიცოცხლემ შხამი მასმია,
მე კახურ ღვინოდ შავირგე::
შავსვი და არც მოვერიდე,
თუმც მის სიმწარე გავიგე.
ვიცოდი, ეს იქნებოდა:
ეკლის ლოგინიც დავიგე.

ვწევარ და მძინავს ტკბილადა
აი, ბიჭობაც ეს არი!
მაღლიდან შავი ღრუბელი
თავს დამწოლია მჭეხარი.
რაცა სწადიან, ისა ქმნას,
მესროლოს მეხი მედგარი.
მე ვარ და არ შავუდრკები,
გაკაჟებული მხედარი.
ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,
ნუკი გგონივართ ცხედარი.
გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,
მოუსვენარი, მყეფარი.
ჩემს თვალებს ვეღარ აშინებს
ცრემლი და სისხლი მჩქეფარი,
არც საკუთარი, არც სხვისა,
ჩვენი ტყე-ველის მღებარი.

[1903 წ.]

სიცოცხლემ შხამი მასმია

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცელი, 1903 წ., 28/X, № 2306.

21.16 შემოდგომა მთაში

▲ზევით დაბრუნება


დარდმა შეიპყრო მთა-ბარი,
რა გაუხუნდა მშვენება,
დიდი ხანია დაღამდა,
აღარ გვეღირსა თენება.
ტყეს, გუშინ ამწვანებულსა,
ყვითელი ფერი სდებია.
ყველა იძახის: „აცივდა!"
დაუთოვნია მთებია.
ავსილა პანტით და ფოთლით
ბილიკები და გზებია.
მომაკვდავსა ჰგავს ბუნება,
თუმც არ იძახის: ვკვდებია,
მომეშველენით, კაცებო,
ეს არი, ვიღუპებია!..

ან რად იძახებს, რომ იცის,
მალე აღდგება მკვდრეთითა.
დაიწყებს ლაღად სულთქმასა
მოღერებულის ქედითა.
ბრალი ჩვენი, რომ სიხარულს
სად, როდის მოვესწრებითა!..

დაბლა სწვიმს, ცოტა ზევით-კი
თოვლი მოჰკიდა ხეებსა,
სახლებში ახალგაზრდები
ყალიბში ასხმენ ტყვიებსა.
თოფებს ჰმართავენ, დათვების
კვალი გაჩნდება დილითა,
ვისც ხელი მოემართება,
ღამე გაიგებს სიზმრითა.
თან იბანდავენ ბანდულებს, -
აქ არ ივლება წუღითა.
საგძალსაც აცხობინებენ,
ზურგით საზიდავს გუდითა.
ზოგი სწუხს - დარჩათ მთაშია
ტიალი ქერი სამკალი:
ხელი არ დაეკარება,
არ ეკიდება ნამგალი.
სხვას დაჰრჩა დასაგულები
თივა, ზვავების მსხვერპლია.
მთაო, შენც უსამართლობას
ბევრჯელ მრავალსა ჰშვრებია,
დაუნაშავრის კაცისა
დიდს ცოდვაშია სდგებია;
აფუჭებ კაცის ამაგსა
მოულოდნელის წყრომითა;
გაატიალებ ერთს წუთში
კაცის მონაგარს შრომითა.
ან რა მოიგე, საწყალო,
მაგ უსამართლო ომითა?!
რაც ააშენე, მასვე ჰშლი
თავის ჯანით და ღონითა.

სახლებიდანა ამოდის
ბოლები, როგორც ნისლია,
ერთვიან ღრუბელს ცისასა,
ვით მონაწყვეტი მისია.
ცეცხლია გაჩაღებული,
ზედ ხარის იწვის ღვიძლია.
სამღთო აქვს, ხარი დაუკლავს
დღეს შავერდაანთ ბერასა,
სამი ჭედილაც წააკლა,
ეს ვერ გახდება ვერასა:
სახინკლე ხორცი საზამთროდ
საკმაო უნდა ყველასა.
რა სიცოცხლეა იმისი,
ვინც არ ჰხვრეპს ხინკლის წვენასა?!
კაცები შემოჰსხდომიან
გარს გაჩაღებულ კერასა.
ჰსვამენ სულადის არაყსა,
ბეროს უპყრია ხელადა
და ერთიც ყანწი ხარისა, -
ყვითლად რომ გააფერადა.
ასმევს ძველთ შესანდობარსა,
კარგად ცხოვრობდენ ძველადა;
არაყსა არც-კი კადრობდენ,
ღვინოს შოვობდენ ხელადა,
ვინც ყანწს არ დასცლის, მასპინძელს
ის მიაჩნია მგელადა:
„ვინც არ დასცალოს, რაც შასვა
შხამად შაერგოს, გველადა!..“
მჭვარტლი და ბოლი კუპრივით
თავზე ადგიათ მცველადა.

ხარი ირემიც დამშვიდდა,
არ შფოთავს, აღარ ჰყვირისა,
მოიკლა ვნება, დღეს ეძებს
ჰპოვოს საამო პირისა.
გამხდარი, გალეულია:
ძარღვები უჩანს კისრისა,
აღარ აქვს ძველი ილეთი,
თვალთგან ცეცხლს ვეღარ ისვრისა.
აქამდე ფურის მძებნელი
ახლა დაეძებს ბალახსა, -
მთების კალთებში ლელ-უროს,
ჯიხვის, არჩვების ნალახსა.

ცხვარი და ძროხა აჰსხმია
ჭალას და ჭალის პირებსა,
დატვირთულს გუდა-ნაბდებით
ცხვრებს შუა ვხედავ ვირებსა.
თავქვე იწევენ მწყემსები,
ბარს წასვლა დააპირესა.

ბევრს ჰრჩება ფეხი უკანა,
ჯადო არ უშვებს ოხერი,
აბორიალებს ვაჟკაცსა
გრძნობა და ფიქრი ორ-ფერი:
ერთი წინისკენ მიებრძვის -
ეს ცხოვრებაა ტიალი!
მაშ რაღა უშლის ბარს წასვლას?
- შავის თვალების ციალი,
ხშირი თმა, ხმა დათაფლული,
ღიმილი - დილის ცისკარი,
მწყემსის მუხლების მომკვეთი
სწორედ მიზეზი ის არი.

დაუჯაბნია პირველსა
მეორე გრძნობა მღელვარი,
თავ-პირზე მოუხვევია
შავის ფიქრების ზეწარი.
ჯერხანადა სწუხს ჩობანი,
ვიდრე გასცდება არაგვსა,
და რაკი კახეთში ჩავა,
დაჰლევს ღვინოს და მაჭარსა,
მუხლებში გაიმართება,
დაეფერება ჩაფარსა.
მაშინ ის ფიქრი აწუხებს,
როდისა ჰნახავს შირაქსა -
თვალ-გადუწვდენელს მინდორსა,
ცხვრისას და თავის ბინასა,
მიურიალებს ცხვრის ფარას,
ჯოხს უქნევს ვაცსა წინასა.
ბოტიც დიდებით მიჰბოტავს,
ყეინი რით სჯობ იმასა?!

აგერ შირაქიც. ჩავიდა
მწყემსი და მისი ცხვარია;
აქ სხვა ფიქრები ებადვის,
საქმე უჩნდება ცხარია:
თავის და ძაღლების ჯერი,
საქონისათვის მარილი,
ოცნების ნებას არ აძლევს
ცხვრების და ძროხის ბღავილი;
ქურდის თათრების ტანტალი
და მგლების ჯოგის ღმუილი.
რა დროს ქალებზე ფიქრია,
თან ქარბუქს მოაქვს წუილი;
ყველა ეს მართალი არი,
ნუ გეგონებათ ტყუილი.

ათასში ერთხელ თეოზე
როცა წყემსია მწოლარი,
მოელანდება თვალ-შურთხი,
მის მკერდზე ჭრელი ზონარი
გაიშმუშნება, ადგება,
მოიცლის ნაბდის კალთასა,
იშორებს მაცდურს ოცნებას,
მწარე ფიქრების ხლართვასა.
რას არგებს მარტო ოცნება,
ჰაერში ხელის ფათური?
დღეს უერთგულოს თავის ცხვრებს,
იმათი არი მსახური...

ამოიოხრებს და მერე
ძაღლებს ხმას მისცემს ჩობანი,
არ დაიძინონ, იფხიზლონ,
არ გაახარონ ყორანი,
მასთან მოსულნი მხლებლადა
სვავნი, ორბნი და ბორანი,
ლეშ-სისხლის გაუმაძღრობით
სწორედ დევების სწორანი.

მერცხალიც აღარ ჭიკჭიკებს,
აღარც ქედანი ღუღუნებს.
მთის წყალიც მოდის ჩუმადა,
ერთს და იმასვე დუდუნებს:
„ღმერთო, შენია ქვეყანა,
შენი ნაღვაწი სრულადა,
დამადნო მუდმივმა შიშმა,
გულმა ნადებმა წყლულადა.
ნუ დამშრეტ, ქვესკნელს ნუ მიმცემ,
მიტყოდენ დაკარგულადა!“

საწყალს სიკვდილი აშინებს,
იმიტომ არის მწუხარი:
რა წამსაც დაცოტავდება,
ცრემლები მოსდის მდუღარი.
ამბობს: „ეგ არი, ვკვდებიო,
ტანზე ჩამეცმის სუდარი!“
ის როდი იცის, თუ მოვა
კიდევ ზაფხული მქუხარი,
მომავალს ვერ სცნობს საწყალი,
თავის სიმცირის მწუნარი.

[1903 წ.]

შემოდგომა მთაში

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 155 და 156 (B).

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903 წ, 28/X, № 2306 (A).

ავტოგრაფი დაცულია ორი ნომრით. ლექსის ძირითად ნაწილს შეიცავს № 156, რომელიც თაბახის შუაგაკეცილ ფურცელს წარმოადგენს. იგი დაზიანებულია, ჩამოხეული აქვს კიდე, რასაც გაჰყოლია სათაურის მეორე სიტყვა „მთაში“ და პირველი ხუთი სტრიქონის ბოლო. ასევე დაზიანებულია უკანა გვერდზე და მეორე ფურცელზე ამ ადგილას მოხვედრილი სხვა სტრიქონებიც. ლექსს ამ ხელნაწერში რამდენიმე ადგილი აკლია (მათგან 51-78 და 151-158 სტრიქონების ავტოგრაფს შეიცავს № 155 ხელნაწერი), გარდა ამისა, სტრიქონთა თანმიმდევრობაც სხვაგვარია და ვარიანტული სხვაობაც თვალსაჩინოა. ყოველივე ეს ლექსის ამ პირვანდელ ვარიანტს სავსებით განსხვავებულ სახეს აძლევს და მას აქ თავიდან ბოლომდე მოვიყვანთ (დაზიანებული ადგილები კავებშია ჩასმული):

შემოდგომ[ა მთაში]

დარდმა შეიპყრო მ[თა-ბარი],
რა გაუხუნდა [შვენება],
დიდი ხანია დ[აღამდა]
აღარ გვეღირსა თე[ნება].
ტყეს ლხენით გამომ[ზირალსა]
ყვითელი ფერი სდებია -
ყველა იძახის: „აცივდა“...
დაუთოვნია მთებია.
ავსილა პანტით და ფოთლით
ბილიკები და გზებია.
მომაკვდავსა ჰგავ ბუნება,
თუმც არ იძახის: „ვკვდებია,
მომეშველენით, კაცებო,
ეს არი ვიღუპებია!“
ან რად იძახებს, რომ იცის
მალე ადგება მკვდრეთითა...
დაიწყებს ლაღად სულთქმასა
მოღერებულის ქედითა.
ბრალი ჩვენი, რომ სიხარულს
სად-როდის ვეღირსებითა!
ცხვარი და ძროხა აჰსხმია
ჭალას და ჭალის პირებსა,
დატვირთულს გუდა-ნაბდებით
ცხვრებს შუა ვხედავ ვირებსა.
თავქვე იწევენ მწყემსები,
ბარს წასვლა დააპირესა.
ბევრს ჰრჩება ფეხი უკანა,
ჯადო არ უშვებს ოხერი,
აბორიალებს ვაჟკაცსა
გრძნობა და ფიქრი ორფერი:
ერთი წინისკენ მიებრძვის -
ეს ცხოვრებაა ტიალი
[მაშ რაღა უ]შლის ბარს წასვლას?
[— შავის თ]ვალების ციალი,
[ხშირი თმა], ხმა დათაფლული,
[ღიმილი-] დილის ცისკარი,
[მწყემსი]ს მუხლების მომკვეთი
[სწორედ] მიზეზი ის არი...
[დაუჯაბ]ნია პირველსა
მეორე გრძნობა მღელვარი,
თავ-პირზე მოუხვევია
შავის ფიქრების ზეწარი.
ჯერხანადა სწუხს ჩობანი,
ვიდრე გასცდება არაგვსა,
და რაკი კახეთში ჩავა,
დაჰლევს ღვინოს და მაჭარსა -
მუხლებში გაიმართება,
დაეფერება ჩაფარსა.
მაშინ ის ფიქრი აწუხებს,
როდისა ჰნახავს შირაქსა -
თვალ-გადუწვდენელ მინდორსა,
ცხვრისას და თავის ბინასა.
მიურიალებს ცხვრის ფარას,
ჯოხს უქნევს ვაცსა წინასა,
ბოტიც მიჰბოტავს დიდებით,
ყეინი რით სჯობ იმასა?l
აგერ შირაქიც. ჩავიდა
მწყემსი და მისი ცხვარია.
აქ სხვა ფიქრები ებადვის,
საქმე უჩნდება ცხარია:
თავის და ძაღლების ჯერი,
საქონისათვის მარილი,
ოცნების ნებას არ აძლევს
ცხვრების და ძროხის ბღავილი,
ქურდის თათრების ტანტალი
და მგლის ჯოგების ღმუილი.
რა დროს ქალებზე ფიქრია,
თან ქარ-ბუქს მოაქვს წუილი.
ყველ[ა ეს მართალი არი],
ნუ გეგონებათ [ტყუილი],
ათასში ერთხელ [თეოზე]
როცა მწყემსია მწოლ[არი],
მოელანდება თვალ-შურ[თხი],
გულ-მკერდზე ჭრე[ლი ზონარი],
ამოიოხრებს, დაჯდება,
მოიცლის ნაბდის კალთა[სა],
იშორებს მაცდურს ოცნებას,
მწარე ფიქრების ხლართვასა...
ძაღლებს ხმას მისცემს, აფთხილებს
მკერდ-გაღეღილი ჩობანი:
არ დაიძინონ ძაღლებმა,
არ გაახარონ ყორანი,
მასთან მისულნი მხლებლადა
სვავნი, ორბნი და ბორანი,
ლეშ-სისხლის გაუმაძღრობით
[სწორედ დევების სწორანი],
დაბლა სწვიმს, ცოტა ზევით კი
თოვლი მოჰკიდა ხეებსა;
სახლებში ახალგაზდები
ყალიბში ასხმენ ტყვიებსა.
თოფებსა ჰმართვენ, დათვების
კვალი გაჩნდება დილითა.
ვისც ხელი მოემართება,
ღამე გაიგებს სიზმრითა...
თან იბანდავენ ბანდულებს,
აქ არ ივლება წუღითა.
საგზალსაც აცხობინებენ
ზურგით საზიდავს გუდითა.
ზოგი სწუხს, დაჰრჩათ მთაშია
ტიალი ქერი სამკალი,
ხელი არ დაეკარება,
არ ეკიდება ნამგალი...
სხვას დაჰრჩა დასაგულები
თივა, ზვავების მსხვერპლია,
მთაო, შენც უსამართლობას
ბევრჯელ მრავალსა ჰშვრებია,
დაუნაშავრის კაცისა
დიდ ცოდვაშია სდგებია.
[აფუჭებ კაცის ამაგსა]
[მოულოდნელის წყრომ]ითა,
[გაატიალებ ერ]თ წუთში
[კაცის მო]ნაგარს შრომითა.
[ან რა მოი]გე, საწყალო,
[მაგ უსა]მართლო ომითა?!
[რაც ააშე]ნე, მასვე ჰშლი
[თავის] ჯანით და ღონითა.
ხარი ირემიც დამშვიდდა,
არ შფოთავს, აღარ ჰყვირისა,
მოიკლა ვნება, დღეს ეძებს
ჰპოვოს საამო პირისა.
გამხდარი, გალეულია,
ძარღვები უჩანს კისრისა,
აღარ აქვს ძველი ილეთი,
თვალთგან ცეცხლს ვეღარ ისვრისა.
აქამდე ფურის მძებნელი
ახლა დაეძებს ბალახსა,
მთების კალთებში ლელ-უროს,
ჯიხვის, არჩვების ნალახსა.
მერცხალიც აღარ ჭიკჭიკებს,
აღარც ქედანი ღუღუნებს.
მთის წყალიც მოდის ჩუმადა,
ერთს და იმასვე დუდუნებს:
„ღმერთო, შენია ქვეყანა,
შენი ნაღვაწი სრულადა,
დამადნო მუდმივმა შიშმა,
გულში ნადებმა წყლულადა.
ნუ დამშრეტ, ქვესკნელს ნუ მიმცემ,
მიტყოდენ დაკარგულადა!“

წარმოდგენილ ტექსტში ზოგიერთი ადგილი ავტორის მიერ ნასწორებია: 2 ყოფილა: რომ, - გადასწორებელია და არის: რა. 3 ყოფილა: რა ხანი არი, - შესწორებელია: დიდი ხანია. 19-20 პირველად ყოფილა: ბრალი ჩვენი, რომ არ ვიცით, სიცოცხლეს მოვესწრებითა, - ჯერ „არ ვიცით“ შეცვლილია სიტყვით „მოვკვდებით“, - შემდეგ ეს ორი სტრიქონი მთლიანად წაშლილია და ხელახლა ასე არის მოყვანილი: ბრალი ჩვენი, რომ სიხარულს სად-როდის მოვესწრებითა, - დასასრულ, ეს უკანასკნელი სიტყვა გადახაზულია და სამაგიეროდ სწერია: ვეღირსებითა. 43 სტრ. შემდეგ წაშლილია: ფიქრები გაეფანტება. 49 ყოფილა: ეხლა, - შეცვლილია: მაშინ. 55 ყოფილა: ბოტიც დიდკაცად მიჰბოტავს, - შესწორებულია: ბოტიც მიჰბოტავს დიდებით. 62 სტრ. შემდეგ წაშლილია: არ აძლევს დილა-საღამოს. 65 სტრ, შემდეგ წაშლილია: ღამ-ღამ მგლის. 68 პოეტს ჯერ სდომია დაეწერა: ნამქერს, - მაგრამ მაშინვე წაუშლია და სამაგიეროდ დაუწერია: ქარ-ბუქს. 74 ყოფილა: და მკერდზე, - შეცვლილია: გულ-მკერდზე. 75 დაუწერია: წამოყუნთდება, - მაგრამ მაშინვე გადაუხაზავს. ამის შემდეგ წაშლილია: გადიგდებინებს. 76 ყოფილა: შავისა, - შეცვლილია: მოიცლის. 79 ყოფილა: ახმიანდება თეოზე, - ჯერ ასე შეუცვლია: ძაღლებს ხმას აძლევს, - ბოლოს არის: ძაღლებს ხმას მისცემს, აფთხილებს. 82 ყოფილა: არ გაალაღონ, - გადასწორებელია: არ გაახარონ. 82 სტრ. შემდეგ წაუშლელად არის დარჩენილი ერთი ზედმეტი სტრიქონი: იფხიზლონ, ცხვარს უპატრონონ. 83-86 სტრ. ერთ გრძელ სტრიქონად მიწერილია გვერდზე. 121 სდომია დაეწერა: გასწვრილებია, - მაგრამ სიტყვა არც კი დაუმთავრებია, ისე წაუშლია. 128 ყოფილა: ბრიყვის დათვების, - შეცვლილია: ჯიხვის, არჩვების. 131 ყოფილა: არაგვიც, - შეცვლილია: მთის წყალიც. ხელნაწერის ბოლოში წაშლილია სამი სტრიქონი:

მომეცი სარდო უხვადა,
დიდი გამხადე, მქუხარი,
რომ დიდი მოვრწყო მინდორი.

აქ გვერდი თავდება და ლექსი გაწყვეტილია, დარჩენილი რამდენიმე სტრიქონი ალბათ სხვა ფურცელზე იყო გადატანილი.

ძირითადი ტექსტის 51-78 და 151-158 სტრიქონები, როგორც ვთქვით, მოთავსებულია ცალკე ფურცელზე (№ 155). ნაბეჭდთან შედარებით აქ აკლია 53-54 და 69-70 სტრიქონები. რამდენიმე ადგილი ნასწორებია: 55 ჯერ ყოფილა: კერაა, - შემდეგ შეცვლილია: ცეცხლია. 56 ყოფილა: ზედ იწვის სუკი, ღვიძლია, - შესწორებულია: ზედ ხარის იწვის ღვიძლია. ამის შემდეგ წაშლილია: „სამღთოდ დაკლულის ხარისა, ვინც ღმერთს“... 77-78 სტრ. ასეთი სახით არის წარმოდგენილი: „ვინც არ დაცალოს, - თან ატანს, - „შხამად შაერგოს, გველადა“. 155 სტრ. კი ავტოგრაფში ასეა: ამოიოხრებს ერთს თუმცა.

ლექსის ზოგიერთი ადგილი, ხელნაწერის ცუდად ამოკითხვის გამო, ,,ცნობის ფურცელში“ სწორად არ დაბეჭდილა. ეს ადგილები ჩვენ შევასწორეთ ავტოგრაფის მიხედვით: 24 ყალიბში ასხმენ ტყვიებსა] ყალიბშია სმენ ტყვიებსა. 61 სახინკლე ხორცი საზამთროდ] სახინკლედ ხორცი საზამთროდ. 127 ბოტიც დიდებით მიჰბოტავს] ბოტიც დადებით მიჰბოტავს. 134 საქონისათვის] საქონლისათვის. 140 თან ქარბუქს მოაქვს წუილი] თან ქარბუქს მოაქვს ზუილი.

21.17 მოფრინდა უცხო ფრინველი

▲ზევით დაბრუნება


(სიმღერა)

მოფრინდა უცხო ფრინველი
და დამტრიალებს თავზედა.
არც არწივია, არც ქორი,
თუმც ორივეს ჰგავ ხმაზედა,
აბია შიბი ოქროსი
ოქროთ დაფერილს ბჯღალზედა,
მაზედ მობმული ბარათი
ალს მომიმატებს ალზედა.

შავეთით მოწერილია,
გადმოტანილი ქარისა:
„ჩემთვის ნუ სტირი, საწყალო,
ჩემი სამყოფი ჰყვავისა,
გვიმღერის ტკბილს სიმღერებსა,
შოთაც გვერდითა გვყავისა.
ტახტზე ბძანდება თამარი,
დილის ცისკარსა ჰგავისა.
ვახტანგს მოურჩა წყლულები,
იმედიცა აქვს ხმალისა.
დავითმა ნება აიღო
კავკასის ერთა ზავისა.
სულ გარს მარტყია გმირები
იმ გარდასრულის ჟამისა...
აქ სდგება, უფლის საბჭოში,
დადგენილება ამისა,
არჩევენ გათენებასა
კვლავ სამანდაო ღამისა.
საბრალო შენ ხარ, ბეჩავო,
თავი მოიკლა ლამისა“.

28 დეკემბერი, 1903 წ.

მოფრინდა უცხო ფრინველი

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., №15634.

10 ჯერ ყოფილა: შავის და ბნელის ქალისა, - შეცვლილია: გადმოტანილი ქარისა. 23 სტრ. შემდეგ წაშლილია: მეც მოწამე ვარ ამისა.

ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა, პირველად ვაჟას თხზულებათა კრებულში გამოაქვეყნა ალ. აბაშელმა.

21.18 ახალი წელი ფშავში

▲ზევით დაბრუნება


ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
თან დედას ეხვეწებიან:
„დედავ, დაგვიცხვე კვერები!“
დილით თაფლ-ერბოს ელიან
ტკბილეულობის მტერები.
და-ძმებსა ერთმანერთისთვის
გადუხვევიათ ხელები.
„ჩქარა, გათენდი!“ - ნატრობენ
ღვთისთვის ვედრების მთქმელები.

დარბაზში ცეცხლი ანთია,
გაჩაღებული ტკრციალებს.
სამზადისშია თეთრუა,
ჯარასავითა ტრიალებს:
ძელზე კეცები მიჰყუდა,
შეუდგა პურის ზელასა,
ხმიადის ბედის-კვერებსა
ის გამოუცხობს ყველასა,
იმით გაიგებს შვილების,
საქონლის ბედისწერასა.
თავისთვის, თავის კაცისთვის
ის კვერებს არა ცდილობდა.
რა საჭიროა, რომ მათთან
წუთისოფელი წბილობდა:
დათრთვილა ჟამთა დენამა
ორივე - ცოლი, ქმარია,
ოჯახზე ფიქრმა და ჯავრმა
დაჰჩაგრა, ხელი დაჰრია;
თავისი ბედის-კვერები
მათ ადრევ შეუჭამია.

დღეს შვილებისა მოლხენა
დედისთვისც სიხარულია,
აშრომებს ძალაუნებრივ
ბალღების სიბრალულია,
ამ დღისთვის ქმარსაც ელოდა, -
შირაქში არი ცხვარზედა;
არ მოუვიდა რადღაცა,
დაფიქრებულა მაზედა.
გარეთაც შავი ღრუბლები
არეულია ცაზედა;
ის ეგონება მნახველსა,
ზღვა დაცემულა ზღვაზედა.
„ავი კი არა შაემთხვას
იმ ბეჩავს კაცსა გზაზედა;
არ გადურჩება სიკვდილსა,
თუ წამოვიდა მთაზედა!“
ცომსა ჰზელს ვარცლში თეთრუა,
თან ამას ჰფიქრობს ქმარზედა.

გარეთ კი თოვლი ნაპენტი
მიწას ედება, დუდუნებს,
თან მოსდევს ქარი მხლებლადა,
ისიც იმასთან ზუზუნებს:
ხან კარის ზღურბლზე მოდგება,
კურატივითა ბუბუნებს;
ხევებშიც გადაიჭრება,
გარისხებული გუგუნებს.
შორს თუ წავიდა, მაშინ კი
სნეულივითა კრუსუნებს.
„ადეთ, ბალღებო, დაწევით,
უნდა გადმოვდგა კეცები.
ვერ ჰხედავთ, კერას აბანდებთ,
რადა ხართ იმდნად ბეცები?!
დაწევით, შვილო, დაწევით,
თუ გსურთ დაგიცხოთ კვერები...
აბა, აასწრობს ვინ ვისა,
ის ტკბილად დასაბერები!“
დედის ამ სიტყვის თქმაზედა
ბალღებსა სწყდებათ წელები...

დედა-ბოძისა უკანა
მათ უდგათ ჩალის ლოგინი;
ჩაეწყვნენ ძელების შუა,
უდგათ ხელების ბოტინი.
დედამ ფარდაგი წაჰხურა,
ერთიც ნაგლეჯი ფლასისა,
ფეხებზე კაბა მიაგდო
და ფაფანაგი თავისა:
„თუ გადიხადეთ, ვაი თქვენ!“
სჭუჭკავს თან მთქმელი ამისა.
პატარა ქალმა ნენემა
თან ჩაიწვინა თოჯები,
ეწყვნენ ლოგინში ბალღები,
ვით დოლფარაში გოჭები.
პურის ცხობასა, თეთრუავ,
ნეტავ როდის-ღა მორჩები?!
ლოგინის ბოლოს ვარცლი დგა,
თავით - საპურე გოდორი.
ზედა ზის ჭრელი დედალი,
მას თავს უმშვენებს ქოჩორი,
ხოლო მხარს - მისი მეუღლე,
გვირგვინოსანი მამალი.
იმათ ფეხებზე ჰკიდიათ
ქვეყნის თავგადასავალი:
მათ ახალწელი მაშინა,
როს საკენკი აქვთ მრავალი.

შუაღამეა. კერაზე
ცეცხლი ოდნავ-ღა ბჟუტავდა
და შავი კატა ცეცხლის პირს
იჯდა, თვალებსა სჭუტავდა.
ქათამი იქექებოდა,
ხამუშ-ხამუ შად კრინავდა;
ზევით, მივარდნილს კუთხეში,
ხარი ნიკორაც ფშვინავდა.
გახშირებული ძილია,
მთელი დარბაზი ხვრინავდა;
გარეთ ბუნება ჯავრობდა,
დედამიწასა ჰყინავდა,
არ ისვენებდა ქარიცა,
ავს ძაღლივითა ღრინავდა;
სულს ჰხუთავს, ბუ და ღამურა
ერთიც ვეღარა ფრინავდა.
ახალს იწყობდა სიცოცხლეს,
ძველს ცხოვრებასა სწირავდა
ქვეყანა, ასე შავნიშნე;
კიდეც იმიტომ გმინავდა:
არ ეთმობოდა წარსული,
მკერდს იმჯიღავდა, დრტვინავდა.

გარიჟრაჟია. ლოგინში
დედა მიუხტა შვილებსა,
პირით ჰხდის ძველმანს სახურავს,
ჩაებუბნება ტკბილებსა:
„ენაცვლოსთ დედა-მშობელი
ამ ჩემსა ოქროს ღილებსა!“
კოვზით თაფლ-ერბოს სთავაზობს,
დააღებინებს პირებსა.
დედისგან ნაზიარებლებს
ღმერთიც დაუზდის გმირებსა.
„დაბერდით ასე ტკბილადა,
შვილებო, როგორც თაფლია,
მფარველად გედგესთ თავზედა
ღვთის და ხატების მადლია!“
დედისა ხელით ნაჭმევი,
შხამიც რომ იყოს, ტკბილია,
თავის თავს უკვდავადა ჰგრძნობს
ასეთ ძღვნის შემდეგ შვილია.

წამოიშალნენ ბალღები,
ვის აგონდება ძილია? -
შეექცევიან თაფლ-ერბოს,
ჭამეს სხვა და სხვა ხილია:
ზოგი რამ კახური ვაშლი
და ზოგიც პანტის ჩირია.
ხინკლისთვის საკიდელზედა
დიდრონი ქვაბი ჰკიდია:
უხინკლოდ ახალი წელი
არაფერსა ჰგავს, ფინთია.
მეკვლე არა სჩანს, საცაა
იმისი მოსვლა წესია,
არ მოდის მოსალოცადა,
ენა არ გაულესია.
აგერ, გამოჩნდა მოხუცი,
მოლოდინაანთ ბერია,
უკვალავს თოვლსა მოჰკვალავს,
თან ჯოხი დაუბჯენია.
წინ მიეგება თეთრუა
და მიაწოდა კვერია;
აგორებს ისიც დარბაზში, -
სცნან, ღმერთს რა დაუწერია:
ღვთით, კვერი წაღმა დაბრუნდა,
ვერ გაიხარებს მტერია..

კმაყოფილია თვით მეკვლე,
რომ კაი კვალი ჰქონია;
დიასახლისსაც უხარის, -
ღმერთი თავის შინ ჰგონია.
მეკვლე მიჰბიჯავს დარბაზში,
თან ამას ამბობს მტკიცედა:
„ფეხი ჩემი და კვალი ღვთის!“
ღიმილიც მოსდის პირზედა:
„ახალმა წელმა ახალი,
ვთხოვ უფალს, მოგცეთ ბედია, -
ცხვარი და ძროხა ურიცხვი,
დოვლათი მეტის-მეტია!
შენ იყავ, ღმერთო, გამგონე
რაც ეხლა დავიყბედია!“
აბერებს ყველას თაფლითა,
თხილს აძლევს... დასაკვნეტია.

ჯიბე აივსეს ბალღებმა,
ცას ეწევიან ლხენითა...
მეკვლეც ჩამოსვეს ტახტზედა,
ტკბილ-მოუბარი ენითა.
წინ ხონჩით პური მიართვეს,
ზედ თაფლიანი ჯამია,
მხოლოდ ეს ესმის მეკვლესა:
„აბა მიირთვი, ჭამია!“
გვერდს უდგა სასმლით ხელადა,
იქ რომ სამფეხა სკამია,
თეთრუაც წამოჩოქილი
ცალს მუხლზე იქვე არია.
„მიირთვი, ბერო, არაყი,
თუმცა ვერ არი მწარია;
არ დავაცადე, ავჩქარდი,
ოხერი უფუარია“.
- არაყს მიზეზი არა აქვ,
რაც გითხრა, უტყუარია.
- აბა მაშ კარგა მიირთვი! -
თან მიაწვადა ყანწია, -
არაყისათვის ნუ გვზოგავ,
გადაიწურე, ასწია!
მეკვლეც ჰსვამს, ხოლო ნარჩომსა
ცეცხლს უძღვნის, ადის ალია.
- არაყს ხო ქება არ უნდა,
ვატყობ ექნება ძალია!..
კვალად და კვალად სთავაზობს
დად გაფიცული რძალია...
მეკვლესა სადღეგრძელონი
პირს მოსდის, როგორც წყალია.
ქვაბში ხინკალი თლუხთლუხებს,
იგი უსმელად მთვრალია,
ბედნიერია ოჯახი,
ტრიალებს ღვთისა თვალია,
იკურთხოს მისვლა მეკვლისა,
იკურთხოს მისი კვალია!

[1903 წ.]

ახალი წელი ფშავში

ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1904 წ. 1/1, № 180 (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B.

9 ერთმანერთისთვის] ერთმანეთისთვის B. 64 იმდენად] იმდნათ B. 73 ჩაეწყვნენ] ჩაეწყნენ B. 82 ჩაიწვინა] ჩააწვინა AB. 128 დაუზდის] დაუზრდის B. 125 სასმლით ხელადა] სასმლის ხელადა B.

22 ვარიანტები, შენიშვნები

▲ზევით დაბრუნება


ვაჟას თხზულებათა ტექსტი გამართულია დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა წყაროს შესწავლისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ჩვენი მიზანი იყო ტექსტის იმ სახით გამართვა, როგორც იგი საბოლოოდ გამოვიდა ავტორის ხელიდან, თუმცა აბსოლუტური სიზუსტის მიღწევა ამ მხრივ, ცხადია, ყოველთვის არ ხერხდება. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ვაჟას ხელნაწერებს: სადაც კი შესაძლებელი იყო, ძირითად ტექსტად ავტოგრაფებია არჩეული, ხოლო თუ ავტოგრაფი მხოლოდ შავის ან ნაწყვეტის სახით არის დაცული, მის ჩვენებას მაინც სათანადო ანგარიში ეწევა ტექსტის დადგენისათვის. ლექსები დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ბევრი ლექსი ავტორის მიერ დათარიღებული არ არის. ასეთ შემთხვევაში, თუ სხვა რაიმე ცნობა არ მოგვეპოვება, დათარიღება ხდება პუბლიკაციის დროის მიხედვით, ხოლო პოეტის სიცოცხლეში გამოუქვეყნებელი, ავტოგრაფებში აღმოჩენილი ლექსები თარიღდება იმავე ავტოგრაფებში (არა კრებულებში) მათ გვერდით მოთავსებული სხვა ნაწერების მიხედვით. ჩვენ მიერ დადგენილი თარიღი კავებშია ჩასმული, ხოლო ავტორისეული დათარიღება, თუკი რომელიმე წყაროში მოიპოვება, ყოველთვის გადმოტანილია ძირითად ტექსტში უკავებოდ.

ლექსები, რომელთა დათარიღება არ მოხერხდა, ბოლოშია მოქცეული. ცალკეა გამოყოფილი წვრილი ლექსები, ნაწყვეტები და ყრმობის დროინდელი ლექსები, რომლებიც ერთვის II ტომს.

ძირითადი ტექსტის სქოლიოში დატოვებულია ავტორისეული შენიშვნები, რომელთა დართვა ვაჟას საჭიროდ დაუნახავს, ყოველგვარი სხვა განმარტება და შენიშვნები კი მოცემულია ტომის ბოლოს დართულ კომენტარებში.

როგორც აღვნიშნეთ, ვცდილობდით ვაჟას თხზულებანი დაგვებეჭდა იმ სახით, რაგვარადაც ავტორის ხელიდან გამოვიდა. ეს პრინციპი დარღვეულია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, - ცალკეული ლექსების დასათაურებისას. საქმე ის გახლავთ, რომ ვაჟას უამრავი ლექსის სათაურად ნახმარი აქვს სიმღერა (გარდა იმისა, რომ გვხვდება კიდევ „მთიულის სიმღერა“, „პატარა მწყემსის სიმღერა“ „დათვის სიმღერა“, „კურდღლის სიმღერა“, „სადღესასწაულო სიმღერა“ და ა.შ.) შეიძლება ითქვას, რომ სიმღერა ვაჟასთან ლექსის სინონიმია და მარტო ეს სათაური არსებითად ლექსის დაუსათაურებლად დატოვებას უდრის. ყველა ეს ლექსი „სიმღერის“ სათაურითვე რომ დაგვებეჭდა ჩვენს გამოცემაში, ეს პრაქტიკულად დიდ უხერხულობას შექმნიდა: გაჭირდებოდა სათაურით ლუქსის მოძებნა, ციტირების დროს სათაურის მითითება და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვამჯობინეთ, წინა გამომცემელთა მსგავსად, სათაურად გამოგვეტანა ლექსის პირველი სტრიქონი, ხოლო „სიმღერა“ კი მას იქვე, ფრჩხილებში მივუწერეთ. სათაურად „სიმღერა“ დატოვებულია, თუ ლექსს აქვს მიძღვნა, ან ქვესათაური, რომლის მიხედვითაც იგი სხვა „სიმღერებისაგან“ გამოირჩევა.

გამონაკლისის სახით გასწორებულია აგრეთვე რამდენიმე ვაჟასეული ფორმა. მაგალითად: ბაშვი - ბავშვი, სარდო-საზრდო და სხვ.

თუ ამ ორიოდე გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში, ტექსტი იბეჭდება ვაჟას ორთოგრაფიის დაცვით. უცვლელად არის დატოვებული ვაჟას მიერ სხვადასხვანაირად ნახმარი პარალელური ფორმები და სიტყვები, როგორიცაა, მაგალითად: -ზე და -ზედ, მო- და მა-, შე- და შა-, მოსწონს და მოსწონ და ა.შ. ამგვარი პარალელური ფორმები ძირითად ტექსტში დატოვებულია იმ სახით, როგორც არის A ვარიანტში, დანარჩენი წყაროების ჩვენება კი ასახულია ვარიანტებში.

საერთოდ, ძირითადი ტექსტისაგან განსხვავებული ადგილები და ცალკეული ფორმები ვარიანტებში დაწვრილებით არის აღნუსხული, გარდა აშკარა კორექტურული შეცდომებისა. ვარიანტებში აღუნიშნავად არის დატოვებული აგრეთვე ზოგიერთი საერთო მოვლენა, რომელთაც აქვე ჩამოვთვლით:

1. ვარიანტებში არ შედის შესწორებანი სასვენი ნიშნების ხმარების მხრივ (პუნქტუაცია გამართულია ძირითადად თნამედროვე ნორმების მიხედვით).

2. ვითარებითი ბრუნვის ნიშნად ვაჟა-ფშაველა ყველგან ხმარობს, -ად, -დ ფორმატს (გარდა ყრმობის დროინდელი ლექსების ავტოგრაფული კრებულისა, სადაც ნახმარია -ათ, -თ). როგორც ივ. გომელაური გადმოგვცემს თავის მოგონებებში (იხ. „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6), ვაჟა ვით. ბრუნვაში დ-ს იცავდა. მაშასადამე, თუ სადმე ასეთ შემთხვევაში დ-ს მაგიერ თ გვხვდება, ეს რედაქციული ჩარევის შედეგია (ჟურნ. „კვალი“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“ და სხვ.). ცხადია, ასეთი დამახინჯებული ფორმები ყველგან გასწორებულია, მაგრამ იგი ვარიანტებში აღნუსხული არ არის.

3. ზმნის დნენ და დენ დაბოლოებათაგან ვაჟასთან სისტემატურად ნახმარია დენ, მაგრამ ამავე დროს ხშირად გვხვდება ნენ და არა ენ ფორმატი. ეს წესი დაცულია ჩვენს გამოცემაშიც: თუ ვაჟას თხზულებათა ბეჭდურ პირველწყაროებში სადმე დნენ არის, იგი გასწორებულია, როგორც ვაჟასთვის უჩვეულო ფორმა (ვარიანტებში მიუთითებლად), ნენ კი უცვლელად არის დატოვებული.

4. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი ვ-უ ხმოვნის წინ ზოგჯერ გამოტოვებული იყო, რის გამოც I და II პირის ფორმები ურთმანეთს ემთხვეოდა. რომ ასე არ მოხდეს, ახლანდელი ორთოგრაფიული წესის მიხედვით I პირში ვ მუდამ იწერება. უ-ს წინ ვ ხშირად ნახმარი აქვს ვაჟასაც, მაგრამ არა ყოველთვის. ჩვენ ეს ორთოგრაფიული წესი ბოლომდე გავატარეთ, მისი ვარიანტებში ჩვენება კი ზედმეტად მიგვაჩნია.

5. ვაჟას ნაწერებში უმრავლეს შემთხვევაში სწორად არის ნახმარი აგრეთვე II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშნები ჰ და ს. ცალკეული გადახვევები, თუკი აშკარაა, რომ ვაჟასეულია, ჩვენ ხელუხლებლად დავტოვეთ, როგორც ამას თვითონ ვაჟა მოითხოვდა ან. თუმანიშვილისადმი გაგზავნილ ბარათში. მხოლოდ ნაბეჭდი წყაროების მიხედვით დადგენილ ტექსტში კი ამ მხრივ შეტანილია მცირეოდენი შესწორებანი, რაც ვარიანტებში ყოველთვის მითითებული არაა.

ყოველგვარი სხვა სახის განსხვავება აღნუსხულია ვარიანტებში. იქვე დაწვრილებით არის აგრეთვე ნაჩვენები ხელნაწერთა ავტორისეული სწორება: ჯერ მითითებულია პირვანდელი ვარიანტი, შემდეგ კი თანმიმდევრულად ის ცვლილებანი, რაც ხელნაწერს განუცდია.

„ვარიანტებსა და შენიშვნებში“ ნაწარმოების სათაურის შემდეგ დასახელბულია წყაროები, რომელთა მიხევითაც მომზადდა ჩვენი გამოცემის ტექსტი.

ვარიანტებში მითითებული ციფრი გვიჩვენებს ლექსის სტრიქონს (სათაურის ჩაუთვლელად). კავის ] წინ მოყვანილია ჩვენი გამოცემის ტექსტი, კავის შემდეგ კი მისი ვარიანტი ამა თუ იმ წყაროს მიხედვით.

A ლიტერი ყველგან აღნიშნავს იმ წყაროს, რომელიც საფუძვლად უდევს ძირითად ტექსტს ჩვენს გამოცემაში. დანარჩენი წყაროები დალაგებულია ქრონოლოგიურად (ჯერ ხელნაწერები, შემდეგ - ნაბეჭდი ტექსტები). თვითეულ მათგანს ფრჩხილებში მიწერილი აქვს ლიტერი (A, B, C,D...), რომლითაც ისინი აღინიშნებიან ვარიანტების ჩვენებისას.

1961 წელს გამოცემულ ხუთტომეულთან შედარებით, წინამდებარე გამოცემის 1-11 ტომებში (ლექსებში) შემდეგი ცვლილებებია შეტანილი: ზოგიერთი ლექსი კრებულში პირველად იბეჭდება („ვინ სდგეხარ, გულჭირიანი“, „რაფიელ ერისთავის გარდაცვალებაზედ“ და სხვ.); ამოღებულია ის რამდენიმე ლექსი და ნაწყვეტები, რომლებიც სხვა თხზულებათა ნაწილს ან ვარიანტს შეადგენს; შესწორდა მთელი რიგი ნაწარმოებების ტექსტი; ნაწილობრივ დაზუსტდა და შეივსო აგრეთვე კომენტარები. საერთოდ გათვალისწინებულ იქნა ხუთტომეულის შესახებ პრესაში გამოთქმული ის შენიშვნები, რომლებიც მართებულად იქნა მიჩნეული. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატის ა. ჭინჭარაულის წვლილი, რომელმაც თავის რეცენზიაში (ჟ. „მნათობი“, № 2 და 3, 1962 წ.). საყურადღებო შენიშვნები გააკეთა და გარდა ამისა, ზოგიერთი სხვა შენიშვნა პირადადაც გაგვიზიარა. ა. ჭინჭარაულის მიერ შეტანილი შესწორებანი კომენტარებში აღნიშნულია ორი ვარსკვლავით /**/, ერთი ვარსკვლავით /*/ აღინიშნება ალ. აბაშელისეული გასწორებანი.