

|
|
||||
|
![]() |
აკაკი წერეთელი. თხზულებანი (ტომი I, ლექსები) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: წერეთელი აკაკი |
| თარიღი: 1940 |
| აღწერა: ი. თავაძის, ა. აბაშელის, ი. გრიშაშვილის, პ. ინგოროყვას და გ. ლეონიძის რედაქტორობით ა. აბაშელის და პ. ინგოროყვას რედაქტორობით ფასი 25-50 ა. ყდა, 4-50 3. 30-00 3. მხატვარი ლადო გრიგოლია ტექხელმძღვანელი პ. ჩერნიშკოვი ტექრედაქტორი ნ. კაკუშაძე გამომშვები გ. იამანიძე; კორექტორები: ვ. ხოშტარია, ვ. ხუციშვილი. გადაეცა წარმოებას 20/II-40 წ. ხელმოწერილია დასაბეჭდად 14/VI-40 წ. ზომა 7 X 11. ქაღ. ზომა 70 X 108. მთავლიტის რწმუნებული №1584. შეკვეთის №467. ტირაჟი 4100. სახელგამის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი, ჟორესის ქ. №5. |
![]() |
1 რედაქციისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე გამოცემის სახით პირველად ქვეყნდება აკაკი წერეთლის თხზულებათა სრული კრებული. იგი შვიდ ტომად არის განზრახული. ცალკეულ ტომებში მოთავსებული იქნება:
ტომი I. ლექსები. 1859-1914 წწ.
ტომი II. ლექსები:
ა. უთარიღონი.
ბ. საბავშვო ლექსები.
გ. იგავ-არაკები.
დ. იგავ-არაკები კრილოვით.
ე. თარგმანები.
ვ. ყრმობისა და სიჭაბუკის დროინდელი ლექსები.
ზ. სხვადასხვა.
3. ვარიანტები.
ტომი III. პოემები. - დრამატიული ნაწერები ლექსად.
ტომი IV. მოთხრობები. - ჩემი თავგადასავალი.
ტომი V. დრამატიული ნაწერები პროზით.
ტომი VI და VII. პუბლიცისტიკა, კრიტიკა, სხვადასხვა წერილები. აკაკის მიმოწერა.
ტექსტების დადგენისას რედაქციამ იხელმძღვანელა აკაკის თხზულებათა ყველა არსებული პუბლიკაციით და ავტოგრაფებით. შეძლებისამებრ აღდგენილია დაზიანებული და ცარისტული ცენზურის მიერ დამახინჯებული ადგილები.
![]() |
2 აკაკი წერეთლის შემოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
I
აკაკი წერეთლისათვის პოეზია არ იყო განყენებული „წმინდა ხელოვნება“, არამედ მძლე საბრძოლო იარაღი, ხალხის სამსახურისათვის დანიშნული. აკაკი წერეთელმა თავისი დიდი პოეტური ტალანტი ხალხის სამსახურს მიუძღვნა.
მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს!
ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის, ხან მწუხარების!
აღტაცებით სიმთა ჟღერა
გამოსცემდეს მაგნიტის ხმას
და მაზედაც ჩემი მღერა
ორხმოვანად გამოისმას,
რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს
და მჩაგვრელს-კი გულში ძგერით
ისარივით ესობოდეს!
მაშინ მხოლოდ ამ ჩემ ჩანგურს
აშორდება უქმად გდება,
და ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს,
ვფიცავ, არც ის მოსტყუვდება!
გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვისმე მოვეფერო,
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!..
რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო,
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც დავიქოლო!
სხვისი ლხენით ხომ ვიხარებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,
და მაინც არ აღვიარებ
შავს თეთრად და თეთრსა შავად!..
მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა
და გულს წრფელად ახურებდეს!
***
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში განუყრელია ორი დიდი სახელი: აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძისა.
ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი არიან იდეური ხელმძღვანელნი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, რომელსაც მტკიცე საფუძველი ჩაეყარა საქართველოში მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან. ილია და აკაკი იყო ის ორი რჩეული, რომელთაც თავისი მძლე მხრებით აზიდეს ეპოქის ტვირთი.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიას საქართველოში მე-19 საუკუნის მანძილზე გრძელი ისტორია აქვს. ხოლო ახალი და მთავარი, რაც ილიამ და აკაკიმ შეიტანეს ამ იდეოლოგიაში, - ეს არის დაკავშირება ეროვნული განთავისუფლების საქმისა - მშრომელი ხალხის განთავისუფლების საქმესთან.
აქ საჭირო იქნება უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ ამ საგანზე.
***
ილია ჭავჭავაძე თავის პირველ პოემაში „აჩრდილი“ - (რომელიც არის დეკლარაცია 60-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეებისა) - უმღერის არა მხოლოდ საქართველოს განთავისუფლებას, არამედ „შრომის ახსნას“.
შრომისა - ახსნა - ეგ არის ტვირთი
ძლევამოსილის ამ საუკუნის,
კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი
მაგ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის.
ვეღარ გაუძლებს ქვეყანა ძველი
განახლებისა გრიგალის ქროლას,
ვეღარ გაუძლებს ქვეყნის მძარცველი
ჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას,
და დაიმსხვრევა იგი ბორკილი,
შემფერხებელი კაცთა ცხოვრების,
და ახალ ნერგზედ ახლად შობილი
ესე ქვეყანა კვლავ აჰყვავდების.
შრომის სუფევა მოვა მაშინა
ჭეშმარიტების მის ძლიერებით...
ილია ჭავჭავაძე არის ავტორი არა მხოლოდ „მგზავრის წერილებისა“, რომლითაც მან ქართველ . ხალხს საბრძოლო საგნად დაუსახა - „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნესო“, - არამედ ილია ამავე დროს არის ავტორი „კაკო ყაჩაღისა“, „მუშისა“, პარიზის კომუნისადმი მიძღვნილი ლექსისა.
აქ საჭიროა მოვიგონოთ აგრეთვე ილია ჭავჭავაძის საპროგრამო წერილი „მეცხრამეტე საუკუნე“, რომლითაც მოხუცი ილია მიეგება ახალი მეოცე საუკუნის დასაწყისს (წერილი გამოქვეყნდა 1900 წელს პირველ იანვარს), და რომელი წერილიც ამ დიდი მწერლისა და მოაზროვნის ერთგვარ ანდერძს წარმოადგენს, მომავალი თაობებისადმი მიმართულს. ილია სწერს:
„ვინ მოსთვლის ყოველს იმ სიკეთეს, რომელიც მე-19 საუკუნემ შესძინა კაცობრიობას. ერთი დიდი და სახელოვანი საქმე მე-19 საუკუნისა, სხვათა შორის, ის არის, რომ მაგარს საფუძველზე დააყენა და ფრთა გააშლევინა იმ კაცთმოყვარულს მოძღვრებას, რომ ყოველი ადამიანი - ყველასთან თანასწორი და თანასწორად შესაწყნარებელი და გულშესატკივარია. მართალია, ამ მოძღვრების დასაბამი დიდის ხნისაგან მოდის, მაგრამ ამ საუკუნემ ეს მოძღვრება განადიდა, განაძლიერა, გააფართოვა, და დაუდვა-რა მეცნიერული საბუთი, - ღარიბთა და უძლურთა სამწეო მოძღვრებად გარდააქცია. ამ მეცხრამეტე საუკუნემ სოციალური წყობილების იდეალად გამოსახა: „გაუქმება ქონებისა და შემოსავლის მეტნაკლებად განაწილებისა ადამიანთა შორის, გაუქმება ყოველის კლასობრივის ბატონობისა და, შეძლებისამებრ, ყოველის კლასობრივის სხვადასხვაობისა, ფეხზე წამოყენება და ხელშეწყობა გამრჯელ და მშრომელ კლასებისა წარსამატებლად“. ამ გზაზედ წინა-საუკუნეებს იმოდენი არა უქმნიათ-რა, რაც ამ ერთმა მეცხრამეტე საუკუნემ ჰქმნა თავისდა პატივის მოსახსენებლად“.
ილია დაასკვნის:
„დღეს ღარიბსა და მდიდარს შორის, ძლიერსა და უძლურს შორის უფრო დიდი ზღვარი არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა, და აქ არის იგი სიმწვავე იმ ტკივილისა, რომლის მორჩენაც მე-19 საუკუნემ უანდერძა აწ მომავალს საუკუნეს. მეცნიერება, ადამიანის გონების წინსვლა, ზნეობის აღმატება, - ჯერ ბევრს სხვას კიდევ ძლევამოსილობით მოიქმედებს, მაგრამ ამ მე-19 საუკუნის ანდერძზე უაღრესს და უდიდესს საგანს სხვას ვერას აღმოაჩენს და არ გაუთვალისწინებს კაცობრიობას დღეის ამას იქით“ 1.
***
სამოციანი წლების თაობის ორი დიდი კორიფეის - ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში წითელი ხაზით გასდევს ერთი და იგივე ძირითადი იდეოლოგიური მაგისტრალი.
აკაკი წერეთლის შემოქმედებაში ასევე დაკავშირებულია სამშობლოს გამოხსნისა და შრომის განთავისუფლების საქმე.
გადავიკითხოთ ჯერ აკაკი წერეთლის პოეტური ანდერძი „საქართველოს დღევანდელი სახე“. ჩვენ აქ მოგვიხდება თითქმის მთლიანად მოვიყვანოთ ძირითადი ნაწილი ამ ლექსისა, რადგან აქ გახსნილია პოეტის მსოფლმხედველობის არსი, მოხაზულია პოეტის სამოქმედო პროგრამა.
ვის იგლოვ იერემია?
თავზე რად იყრი ნაცარსა?
რად სტირი იერუსალიმს
და სოლომონის ტაძარსა?
ვინ იგულისხმებს გოდებას,
როცა შენ ერთი სტიროდე,
თუ იმავე დროს ილხენდეს
ათი-ათასი იროდე?..
შემკრა-შემბოჭა შავ-ბედმა,
ტანჯვები გამიზვიადა,
და მწუხარებით შავ-კუპრი
გულზე დამაწვა ტყვიადა.
მეზარევ, ზარი აუშვი
ამირან გმირის კვნესითა!
ხმა გრძნობას შეუთანახმე
ძველ ჩვეულება-წესითა
და ნაღველ-ქაფად გამილღვე
ეს მძიმე ტვირთი გულისა,
რომ ნიშნად გადმოვანთხიო
მომავალ სიხარულისა!
„ვაი“ და „უი“ წარსულსა,
„უი“ და „ვაი“ აწმყოსა,
თუ მომავალმა იმედი
მალამოდ გულს არ აცხოსა!
რომ ეს მალამო არ მქონდეს,
რა გაუძლებდა ჩემ წყლულსა?
და ჯოჯოხეთის სახნისით
გადაბრუნებულ გლახ-გულსა?..
მეც ცისარტყელად მესახვის
იმედი მომავალისა,
წყნარი, შვიდფერი, შვიდძალი,
ტკბილად ამხელი თვალისა.
პოეტის გულს - „ჯოჯოხეთის სახნისით გადაბრუნებულს“ იმედით ავსება შეუდრეკელი რწმენა - დამონებული ქვეყნის, ჩაგრული ერის განთავისუფლებისა. პოეტს თავისი სამშობლო წარმოუდგენია ტანჯული, მაგრამ ქედმოუხრელი გმირის ამირანის სახით, რომელიც დაამსხვრევს ბორკილებს.
პოეტი იმაღლებს ხმას -
რომ ძველი საგალობელი,
საერო, მამა-პაპური,
გავიმეორო კიდევ დღეს
და ყველამ დაუგდოს ყური,
და დღემდე რაც მე უჩინრად
გულის ფიცარზე მეწერა
აწ მაინც აღარ დავფარო!..
ai ეს ჩემი სიმღერა:
„კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვეოდა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა,
და რაღაცა მანქანებით
გული ისევ მთელდებოდა.
ჰქონდა ჭირში მოთმინება,
არც კვნესოდა, არც ოხვრიდა,
უსამართლო ძლიერებას
მონურად თავს არ უხრიდა!..
ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა, ყველა გააოცა,
და ის ღვაწლიც მაგალითად
შვილიშვილთა მან გადმოსცა.
კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯვაჭვული ამირანი
არის მთელი საქართველო
და მტრები-კი - ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!
სიხარულად შეეცვლება,
ამდენი ხნის გასაჭირი!..
პოეტი ჰკითხულობს, - ვინ არის მხსნელი?
ეს კი, მაგრამ ვინ გმირია,
რომ აუშვებს მიჯაჭვულსა?
ან მალამოს ვინ უმზადებს?
გაუკურნებს ვინღა წყლულსა?
თუ რომ დავით, ღვთის რჩეული,
მას ვეღარას მოეხმარა,
და თამარის მალამომაც
წყლული ვეღარ დაუწყნარა, -
ამ ორი ძალზე უფრო დიდი
არის კიდევ სადმე ძალი,
რომ წარსულმა ვერ დაბადა
და წარმოშობს მომავალი?
პოეტი უპასუხებს:
„არის!..
….ვხედავ მომავალში
გამოსულა მუშათ ერი,
ერთმანეთთან შეთანხმებით
ძლიერი და ბედნიერი!
გზა გაჰყავს და ხიდსაც აგებს,
სისხლითა და ოფლით რწყულსა
და, მომავლის მოიმედე,
აღარ იმჩნევს წყლულად წყლულსა.
გამარჯობა ნამდვილ მუშებს
ვაშა, ვაშა მომავალსა!..
ის ასწორებს დღევანდლების
გამრუდებული გზა და კვალსა.
გაასწორებს და გზას მისცემს
ტარიელს და ავთანდილსა,
ამირანის სისხლ-ცრემლებით
ქართველებად გამოზრდილსა.
ნეტავ იმ დროს და მის დამსწრეს!
ზეზეულა ჰგრძნობს ცხონებასა:
არც ისურვებს ბატონობას
და არც ვისმე მონებასა.
აღიარებს მხოლოდ ძმობას,
თანსწორობას, სიყვარულსა,
და საზღვარი არ ექნება
მის უმანკო სიხარულსა!
შორით ვხედავ იმ ნეტარ დროს,
ამ ცუდ დროში დანაბადი,
და ანდერძად მხოლოდ რჩება
ჩემი გუდა და ნაბადი!
დიახ!.. მხოლოდ ანდერძად-ღა!
მაგრამ მაინც იმედია:
მომავალი სიხარულიც
ნეტარება და ბედია!..
რა ვუყოთ, რომ ვერ მოვესწარ!
სიკვდილის-წინ ხომ მაინც ვგრძნობ
მომავალ ბედს? და ამ გრძნობას
სულთამბრძოლი თან ჩავიდნობ:
არ მომკვდარა საქართველო!
აჰყვავდება ერთხელ კიდე!
და გაისმის ძველებურად
იმისი ხმა კიდით-კიდე!
***
აკაკი არის სახალხო პოეტი - ამ სიტყვის ნამდვილი და მაღალი მნიშვნელობით.
აკაკი არის პოეტი, დაჯილდოებული უბრწყინვალესი პოეტური ხმით, დიდი პოეტური ტალანტი. მაგრამ ეს ცოტაა.
აკაკის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმის გამო, რომ აკაკის პოეტური შემოქმედება ორგანიულ კონტაქტში იმყოფება ეპოქასთან. იგი გამომსახველი ეპოქის. იგი არის „ხალხის საყვირი“, ტრუბადური ხალხის იმედებისა.
აკაკის პოეზიისათვის უცხოა არისტოკრატიული განყენება ხელოვნების კოშკში, აკაკის პოეზია დემოკრატიულია ამ სიტყვის პირდაპირი, ნამდვილი და მაღალი მნიშვნელობით.
რასაკვირველია ამით აიხსნება ის განუზომელი პოპულარობა, რომელიც წილად ერგო. აკაკის პოეზიას, ის უგულისხმიერესი გამოხმაურება - რომლითაც უპასუხა ხალხმა პოეტის სიტყვას.
არც ერთ ქართველ პოეტს, რუსთაველის `შემდეგ, არ რგებია ასეთი პოპულარობა, არ მიუღია ხალხს ისე ახლო, როგორც აკაკი. ცხადია ეს არ არის შემთხვევითი ამბავი.
აკაკის სიტყვა, როგორც ნაყოფიერი თესლი, გადავიდა ხალხში და მოიტანა ნაყოფი. ხალხმა მიიღო აკაკის პოეზია - როგორც თავისი ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი.
***
გავეცნოთ ამის შემდეგ უფრო ახლო აკაკის შემოქმედების იდეურ მაგისტრალს.
რომ უფრო მეტის სიზუსტით გამოვავლინოთ აკაკის პოეზიის იდეური არსი, უფრო ახლო ვიგრძნოთ პოეტის გულის ფეთქა, ჩვენ ხშირად მოვისმენთ თვით პოეტის ხმას.
როდესაც აკაკის პოეზიას ვიხილავთ, პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნო მებრძოლის ის შეუნელებელი პათოსი, რომლითაც აღბეჭდილია აკაკის პოეზია, ის რევოლუციური სულისკვეთება, რომელიც ელექტრო დენის მსგავსად გასდევს აკაკის პოეტურ შემოქმედებას.
ზღვაო, აღელდი, აღელდი,
ქარტეხილს დაემორჩილე!
აამთაგორე ტალღები,
კიდეებს გადააცილე!
მარგალიტების სალარო
შენი უფსკრული გულია,
მყუდროების დროს ის განძი
ქვეყნისთვის დაფარულია.
მხოლოდ როდესაც მრისხანებ,
გულს უხსნი მზე და მთვარესა:
იმ მარგალიტებს შესტყორცნი
შენს შემკვრელს არემარესა...
დიადი სიტყვა „რევოლუცია“ - პირველად გაისმა ქართულს მწერლობაში თავისი ნამდვილი მნიშვნელობით მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან. ამ სიტყვამ გამოანათა თავისი ნამდვილი ზავთიანი ელვარებით იმ დიადს ხალხურს მწერლობაში, რომლის ფუძემდებელნი არიან ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი.
წარსული საუკუნის ბნელით მოცულს ხანაში აკაკი გრძნობს მომავალი რევოლუციის შორეულ მონათებას, გრძნობს მის აუცილებლობას, იგი უმღერის მომავალი რევოლუციის განმაახლებელსა და განმწმენდელს ძალას.
ლექსში, რომელიც დაწერილია 1882 წელს, პოეტი ინატრის და უმღერის რევოლუციის სისხლიან წვიმას.
ღმერთო, წვიმა მოიყვანე
წითელი და შხაპუნაო,
რომ გავიდეთ სამუშაოდ
და დავსძახოთ „ჰოპუნაო“!
რომ ქალებიც გვერდში გვედგენ
ნამგლითა და ცელითაო;
ჩვენგან მოჭრილ თავთავს ჰკრებდენ
მადლიანის ხელითაო.
შვილებიც თავს დაჰხაროდენ
მობრუნებულს ალოსაო;
„ოროველას“ დასძახოდენ
მამა-პაპურ კალოსაო!
„წახდა ჩვენი ჭირნახული, ვერ მოვიმკეთ, რაცა ვთესეთ“, - ამბობს პოეტი; „მაგრამ მაინც ნუ დავსცხრებით“ - მოუწოდებს იგი:
ეგებ ოდესმე გამოჩნდეს წარღვნის შემდეგ ცისარტყელა,
დაიქუხოს, დაიელვოს, გაგვინათლოს დღეს რაც ბნელა!
[1873 წ.]
პოეტი მიმართავს „გამდიდრებულს ბატონს“:
გამდიდრებულხარ, ბატონო,
და ბრწყინავ გარეგნობითა...
იგი მოაგონებს დამონებული ხალხის გამწირველსა და მტარვალს, ცათამდე ამაღლებულს „გამდიდრებულს ბატონს“, თუ რას უქადის მას ხვალინდელი დღე:
მაშინ იქუხებს, იელვებს
ხალხთ რისხვა მიძინებული
და მეხს დაგატეხს კერპ თავზე,
წარსულზედ შენანებული!
გაგარონინებს ქვესკნელსა,
გინდ მაღლა იყო ცათამდე...
თავისუფლება მოითხოვს საქმესა და მსხვერპლს, და არა ცრემლებს:
ნუ, პოეტო!.. ნუ, ნუ სტირი,
ბედის ვარსკვლავს ვხედავთ რაკი!
კმარა ცრემლი!.. საქმის დროა!
მსხვერპლი გვინდა და ზვარაკი.
ჩვენ გვესმის პოეტის ვაჟკაცური ხმა. ბრძოლისაკენ მომწოდებელი:
რაც ძალადობით წაიღეს,
ვინ დააბრუნებს ნებითა?
ვინ ნახა თავისუფლება
ტანჯვით და მოთმინებითა?!
არ სჯობს, რომ კაცმა გმირულად
ბრძოლაში სული დალიოს,
ვიდრე სხვის ნება-ბრძანებით
მან საწამლავი დალიოს?
აი, რას ამბობს რუსთველი,
სულ-მნათი, ყვავილოვანი:
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!“
რა იყო საგანი ამ საგმირო სიმღერისა? რა საქმისაკენ უხმობდა გმირებს მისი „დაფი და ნაღარა“?
როგორც მოვიხსენეთ, ორს რასმე უმღეროდა პოეტი: სამშობლოს განთავისუფლებასა და „შრომის ახსნას“.
პოეტი მიმართავს სამშობლოს:
მშვენიერო, შენ გეტრფი,
შენი მონა, ერთგული,
შენთვის სულდგმულს, შენგანვე,
შენთვის მიძგერს ეს გული.
მეგულები ციხეში,
ცხრაკლიტულში მჯდომარე...
შეთვისებას გიპირებს
გაიძვერა მოყვარე!
გაუმაგრდი განსაცდელს,
აიტანე ტყვეობა!
გშვენის ნესტან-დარეჯნის
მაგალითი... მზეობა.
ტარიელი დაგეძებს,
გავარდნილი დღეს ველად;
ავთანდილიც ფრიდონით
მოდის გამოსახსნელად!..
ამავე დროს პოეტი შთაგონებულია „შრომის ახსნის“ საქმით. პოეტი დაგვისახავს თავისუფალ შრომას როგორც უზენაეს იდეალს, როგორც უმაღლესსა და უკეთილშობილესს მოწოდებას განთავისუფლებული ადამიანისა:
გვახსოვდეს, რომ პატიოსანს
ოფლს მოითხოვს სამართალი,
და ტანს გასწმენდს ჩირქიანსა
მხოლოდ მარტო წმინდა წყალი!..
არც სისხლით და არც ცრემლებით
არ იქნება ტანის ბანა!..
შრომაშია მხოლოდ შვება
და ცხოვრების გამოცანა.
პოეტი მიმართავს მუშებს:
მუშებო, თქვენი მარჯვენა
იკურთხოს, ოფლით ნაბანი!
მიწაა თქვენი ლოგინი
და ლაჟვარდი ცა - საბანი!
უდროოდ გცივათ და გცხელათ,
ბევრჯელაც რჩებით მშიერი,
მაგრამ ყველაფერს აიტანს
თქვენი ბუნება ძლიერი!
მიმხვდარი არის ეგ თქვენი
შეუბღალავი გონება,
რომ პირუტყვსავით არ შვენის
მშრომელ კაცს სხვისი მონება!
პოეტი უსახავს მუშებს შრომის განთავისუფლების დიადს მიზანს, იგი აღაგზნებს მშრომელთა გულს იმ დიადი იმედით, რომლის მოლოდინში, პოეტის სიტყვით, „კაცს ვერ ერევა შავ-ბედი“.
ნუ გამოილევთ ამ იმედს,
ეგ იყოს თქვენი საგანი...
მუშებო, თქვენი მარჯვენა
იკურთხოს, ოფლით ნაბანი!..
როდესაც 1881 წელს რუსეთის რევოლუციონერებმა მოჰკლეს ცარისტული რუსეთის - „ხალხთა საპყრობილის“ მთავარი მეციხოვნე ალექსანდრე II, აკაკი ამას პოეტური ჰიმნით შეეგება.
თქვენ ხელში იღებთ 1881 წლის გაზეთს, რომელიც სამგლოვიარო არშიებით არის შემოსალტული ალექსანდრე II-ის მოკვლის გამო, და აქ სრულიად მოულოდნელად, სრულს კონტრასტში ამ ტრაურულ ფურცლებთან, ჰკითხულობთ აკაკის ლექსს, სადაც პოეტი, ქვეყნის ჯალათის მოსპობის გამო, ახალი გაზაფხულის დაწყებას უმღერის:
დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
„გაზაფხული! გაზაფხული!“
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა,
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი თუ: გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
პოეტს მას შემდეგ ხანგრძლივ მოუხდა ნამდვილი გაზაფხულის მოლოდინი, მაგრამ განა არსებობდა ისეთი ძალა, რომელსაც შეეძლო ჩაექრო მომავლის იმედით ანთებული პოეტის გული, თუმცაღა ეს გული - აწმყოშ „ჯოჯოხეთის სახნისით“ გადააბრუნა! პოეტი ბოლომდე რჩება გულგაუტეხელ მებრძოლად.
პოეტი მიმართავდა თავის მუზას:
ჩონგურო, ჩემო დიდებავ,
და ძლიერებავ, კალამო!
ზოგჯერ ფინთიხო გულისა,
ზოგჯერ წყლულისა მალამო, -
ნუ გამომილევ ძალ-ღონეს
საბრალოს მუშას მთესველსა,
მებრძოლსა გულგაუტეხელს,
ბნელში იმედით მკვესელსა!
გმირობის ტრუბადური - იგი მღეროდა:
არა, აჰყვავდეს იმედი,
გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა,
გმირებს უძახის, უყივის
ჩემი დაფი და ნაღარა.
მას არ აშინებდა ზამთრის სუსხი:
დე დაზამთრდეს, სუსხმა დაგვკრას,
ქარიშხალმაც გვბეროს ველით, -
ზამთარი ვერ შეგვაშინებს,
თუ გაზაფხულს კი მოველით!“
***
ამ დიდის ხნის მოსალოდებელი გაზაფხულის დასაწყისი პოეტმა დაინახა დიადს მოძრაობაში ცხრაას-ხუთი წლისა.
რა აღფრთოვანებით შეეგება პოეტი ხალხის გამოღვიძებას, რევოლუციის ძლევამოსილ აღმავლობას.
აღსრულდა თითქმის, რასაც ვნატრობდით
ჩვენ ამ ნახევარ საუკუნეში...
ცხრაას-ხუთი წელი, რასაკვირველია, სულ სხვა ხანის დასაწყისი იყო, იგი ხსნიდა სრულებით ახალს ეპოქას, მოძრაობაში მოდიოდა ახალი ძალები, ისახებოდა ახალი იდეები, ახალი მიზნები, იხსნებოდა ახალი გზები.
წარსული საუკუნის სამოციანი წლების მოღვაწისათვის ამ ახალს ცხრაასხუთის წლის მოძრაობაში, ცხადია, ბევრი რამ გაუგებარი უნდა დარჩენილიყო. მაგრამ დაბერებული მებრძოლი პოეტი არ დარჩა ამ ახალი მოძრაობის გარეშე. „ბერი მინდია“ ჩადგა ახალ მებრძოლთა რიგებში, მისი ადგილი იქ იყო, სადაც ახალი ძალებით ქვეყნის ახალი მომავალი იჭედებოდა. პოეტი აღფრთოვანებული მღეროდა:
ჯერ ამ ჩემ თვალს არ უნახავს
მოსავალი ამისთანა,
ოქროს ფერად რომ ბიბინებს
დალოცვილი ოქროს ყანა.
პოეტი იგონებს თავდადებულ მუშაკებს, რომელთაც წარსულში გასტეხეს ახო და თესლი მიმოაბნიეს.
დღეს ის თესლი ამოსულა,
დამწიფებულს ვხედავთ პურსა,
ნამგალს ითხოვს, სხვას არაფერს,
და სხვანაირს სამსახურსა!
მუშა შედის სიხარულით
წმიდა ნამგლის ტრიალითა...
და პოეტი აღფრთოვანებით მიმართავს მომკელ მუშებს:
ვაშა! ვაშა! კეთილ მუშას,
მის მარჯვენას და მის ხელსა!..
მოხუცმა პოეტმა ამ დროს მართლაც პირნათლად აასრულა ის დიადი აღთქმა, რომელიც მან წარსულში დასდო: ჯერ კიდევ მეოთხედი საუკუნით ადრე, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, პოეტი სწერდა:
მხოლოდ ჩემი გაზაფხული
არ მოსულა ჯერაც კიდე,
გინდ ხმელეთიც აბიბინდეს
და აჰყვავდეს კიდით-კიდე...
სანამ ჩემი მე სურვილი
კუკურშივე მეგულება,
რას მიქვიან გაზაფხული
და ბუნების განახლება!
მაგრამ როცა აკოკრდება,
გაიშლება, აჰყვავდება,
და იმისი სურნელება
არემარეს მოედება, -
მაშინ მხოლოდ! მხოლოდ მაშინ
მეც მომივა გაზაფხული,
და მოგიკვდეთ, თუ სიმღერით
ვერ დავჩაგრო მე ბულბული!
და აი ბებერი ბულბული ამღერდა, ამღერდა სრული ხმით.
ცხრაას-ხუთი წლის რევოლუციას ქართულს პოეზიაში არ ჰყოლია უფრო დიდი მომღერალი, ვიდრე აკაკი წერეთელი.
აქ საკმაოა ჩამოვთვალოთ ის ლექსები, რომელიც პოეტმა ცხრაას-ხუთი წლის მოძრაობას უძღვნა:
„ჩემი რწმენა“, „ხანჯალს“, „გაზაფხული“, „სიმღერა“, „თქვენი ჭირიმე“ („ამ დროს ველოდი, მოვესწარ“), „გაზაფხული“ („მესმის, მესმის“), „გურული ნანინა“, „ყანა“, „ნატვრა“ („ასრულდა“), „რჩევა“, „ძირს“ („ძირს მთავრობა უსამართლო“), „კოჭაობა“, „ინტერნაციონალი“, „ტყვეს“.
ჩვენ აქ აღარ შევჩერდებით ამ ლექსებზე, რადგან მათ, ცხადია, კარგად იცნობს მკითხველი.
ჩვენ აქ დაგვრჩენია მხოლოდ ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აკაკი წერეთელი, - თუმცაღა სულ სხვა თაობის კაცი, არას შემთხვევაში არ არის გარედან მოსული ცხრაას-ხუთი წლის რევოლუციასთან, რომელმაც ახალი ეპოქა გახსნა. ბრძოლაში დაბერებული ძველი მებრძოლის ანთებული გული მთელი სავსებით განიცდის რევოლუციის ცეცხლს.
გადავიკითხოთ პოეტის „ჩემი რწმენა“, რომელშიაც პოეტი ასე სრულ-ხმოვანად, ასეთის ვაჟკაცურის ხმით უმღერის რევოლუციის სტიქიურ ძლევამოსილებას.
ჩემი რწმენა
რომ მოდიდდება წყალი-მდინარე
და კალაპოტში ვეღარ ეტევა,
აღელვებული, აქაფებული
კიდეებზედაც გადაენთხევა,
წალეკავს ნაპირს და თან წაიღებს
მოპირდაპირედ რაც დაუხვდება,
სტიქიონურის ძალმოსილობით
კლდეებს ეხლება და ქვებზე ჰხტება,
დაქანებული სიმწრით თავდაღმა
უსწორ-მასწორად იმღვრევა ხშირად
და გველ-ბაყაყიც, თევზებთან ერთად,
გამოჰყავს ხოლმე ძალით ნაპირად, -
ხალხიც ასეა! რომ აღელდება
და თავის ქერქში ვეღარ ეტევა,
ვერ შეაჩერებს, როგორც სტიქიონს,
ვეღარც ვედრება და ვეღარც წყევა!..
წალეკავს ყველას, რაც ცხოვრებისთვის
არ გამოდგება... უქმი ბარგია,
და გადარეცხავს სისხლით მხოლოდ მას,
რაც წარსულიდან აღარ არგია!..
და როდესაც ის კალაპოტშივე
ჩადგება ბოლოს დამშვიდებული,
დაიწმინდება, და იწყებს დენას
სხვა ცხოვრებისთვის განახლებული.
ასე ვფიქრობდი და ამ განზრახვას
მოვესწარი კიდეც... განხორციელდა.
*****
სიყმაწვილიდან მოხუცებამდე
ეს მაწვა გულზე, როგორც რომ ლოდი,
და ხალხის ჩვენში გამოღვიძებას
ერთხელ ოდესმე მეც მოველოდი...
პოეტი ამთავრებს სიტყვებით:
... და, ვით ბულბული დაბერებული,
მეც დროს ვუგალობ ქებათა-ქებასა.
მართალი არის, სისხლი იღვრება,
მაგრამ მოითხოვს ამას ბუნება!
წყალი ხორცსა ჰბანს და სისხლი სულსა,
ამას გვიმოწმებს თვით ქრისტეს ვნება.
თვითო-ოროლა კარგიც იჭრება,
რომ იმარგლება სიმინდის ყანა,
მაგრამ ამიტომ მის გათოხნაზე
ხელს იღებს ხოლმე ქვეყანა განა?.
ხალხი მღელვარებს, ვაშა მის ღელვას!
ერთხელ ის მღვრიაც დაიწმინდება,
როცა ცხოვრება გამარჯვებული
კალაპოტშივე წმიდად ჩადგება.
ასე გრძნობს გული, აღელვებული,
ხალხის მიბაძვით მოუსვენარი!..
ვერ შეაჩერებს ძალით ზამთარი,
როცა გაზაფხულს ეღება კარი...
დასასრულ დაგვრჩენია აღვნიშნოთ, რომ აკაკი წერეთელი იყო პირველი ქართულს პოეზიაში, რომელმაც გადმოიღო ქართულ ენაზე დიადი პროლეტარული ჰიმნი „ინტერნაციონალი“.
II
აკაკი წერეთლის შემოქმედების იდეურ-პოლიტიკური მაგისტრალის გაცნობის შემდეგ, ჩვენ აქ წარმოვადგენთ აკაკის ლიტერატურული მემკვიდრეობის მიმოხილვას.
აკაკი წერეთელმა დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა მწერლობის თითქმის ყოველ დარგში: ლირიკის ჟანრები; პოლიტიკური ლირიკა, სატირა, პუბლიცისტური ლექსები; პოემები; დრამატურგიული ნაწერები; მხატვრული პროზა; მემუარული ლიტერატურა; ნარკვევი-ფელეტონი; პუბლიცისტიკა, კრიტიკა-ლიტერატურისმცოდნეობა, წერილები ისტორია-ეთნოგრაფიაზე, ხალხურ სიტყვიერებაზე და სხვ.
აკაკის არა-ერთგზის აღუნიშნავს, სიტყვიერად და წერილობითაც, რომ იგი თავის ლიტერატურულ მუშაობაში არ ისახავდა მიზნად ხელოვნებას. პოეტი თავის-თავს. უწინარეს ყოვლისა, სთვლიდა „გარემოების საყვირად“, მას თავის პირდაპირ საქმედ და მოვალეობად მიაჩნდა პასუხი გაეცა იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება აყენებდა; პოეტი თავმდაბლურად აღნიშნავდა, რომ თუ ზოგი რამ გამოუვიდა მას ხელიდან ღირსი ხელოვნების სახელისა, ეს მოხდა თავისთავად, მისდა უნებურად.
პოეტის ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი გვისურათებს მისი მუშაობის გარემოს.
აკაკი მართლაც ჩაყენებული იყო პუბლიცისტის მუშაობის პირობებში. ეს გამოწვეული იყო იმ საერთო ვითარებით, რომელშიაც იმყოფებოდა ქარ- თული მწერლობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში.
აკაკი, დიდი პოეტი-მოქალაქე, იყო ფხიზელი მეთვალყურე საზოგადოებრივი ცხოვრების მაჯისცემისა. აკაკი, ეს ხალასი უბრწყინვალესი ლირიკოსი, თავის დიდს პოეტურ ტალანტს ძალიან ხშირად იყენებდა, როგორც პუბლიცისტი და არა როგორც მხატვარი. პუბლიცისტური ხასიათის ლექსებს, რომლებშიაც პოეტი გვევლინება როგორც „გარემოების საყვირი“ ყოველდღიური ზოგჯერ წვრილმანი საჭირბოროტო საკითხებისა, - აკაკის პოეტურ მემკვიდრეობაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს.
თავის წმინდა მხატვრულ ნაწერებშიაც აკაკი ზოგჯერ მეტ ყურადღებას აქცევს პოლიტიკური ტენდენციის პირველ პლანზე წამოწევას და წმინდა პუბლიცისტიკის ხაზებში გაშლას, ვიდრე ნაწარმოების მხატვრულ სრულყოფას.
მაგრამ აკაკი მაინც რჩება შეუდარებელ აკაკიდ. აკაკის შემოქმედება ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა მე-19 საუკუნის ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში. აკაკი არის ბუნებრივი დიდი სტიქიური მხატვრული ტალანტი და მთელ რიგ ნაწერებში აკაკის ეს დიდი ტალანტი თავს იჩენს მთელი თავისი შეუდარებელი ბრწყინვალებით.
აკაკის პოეზია
ისტორიული პოემები. პოემა „გამზრდელი“. აკაკის ლირიკა.
აკაკის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან პირველ რიგში მის პოეზიაზე შევჩერდებით.
თავდაპირველად საუბარი გვექნება აკაკის პოეზიის დიდი მხატვრული ტილოების შესახებ.
***
აკაკის პოეზიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ციკლს შეადგენს ისტორიული პოემები:
ბაგრატ დიდი (1875 წ.)
თორნიკე ერისთავი (1884 წ.)
კიკოლას ნაამბობი (1889 წ.)
ნათელა (1900 წ.)
ასი წლის ამბავი (1901-1905 წ.)
გორგასლანი (1912) და სხვანი.
აკაკი წერეთელმა ისტორიული თემატიკა გამოიყენა, როგორც მძლავრი იარაღი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეის საპროპაგანდოდ. აკაკის ისტორიული პოემები განათებულია კეთილშობილი პატრიოტიზმის მაღალი გრძნობით. აქ არის არა მხოლოდ წარსულის რომანტიკა. პოეტი უნერგავს მკითხველებს დამონებული სამშობლო ქვეყნის აღდგენის იმედს. ქართველი ხალხის დიადი გმირული თავგადასავალი წარსულში პოეტს ესახება როგორც საწინდარი სამშობლოს მომავალი აღორძინებისა.
იდეური მიზანდასახულობა აკაკის ისტორიული პოემებისა შესაძლოა შევაჯამოთ „თორნიკე ერისთავის“ პროლოგის სიტყვებით. ამ პროლოგში მოცემულია ლეიტ-მოტივი აკაკის ისტორიული პოემების მთელი ციკლისა:
ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაში ვარსკვლავები?
ვინ შეამკოს ღირსეულად
ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?
ვინ მოგვითხრას მათი საქმე -
უთვალავი, საგმირონი,
და ან მათზე გადმოსული
მადლი ღვთისა და მირონი?
ნაშთი ძველი დიდებისა
არ გამქრალა ჯერაც ყველა...
დღესაც მისის შარავანდით
ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!..
„შვიდ სამთავროს“ მოგვაგონებს
მოელვარე ის შვიდ-ფერი
და გვიმღერებს: „არ მომკვდარა,
გაიღვიძებს ისევ ერი!“
ამ იმედით ფრთაშესხმული
ჩვენი გული სიამით სძგერს,
და ოცნებაც ლაჟვარდ ფერად
წარმოგვიდგენს ქართლისა ერს:
წარსულ-ნერგზედ ახალ-ნერგის
ველოდებით შეხორცებას!
მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს
და ვეძლევით აღტაცებას.
საქართველო - „ხე ცხოვრებისა“ - არ გამხმარა, იგი ნედლია, მის ფესვებს ასაზრდოებს უკვდავების წყარო, და „ხე ცხოვრებისა“ იყრის ახალ ნერგს. პოეტი, როგორც მებაღე, უვლის მას და ელოდება „წარსულ-ნერგზე ახალ-ნერგის“ შეხორცებას.
***
აკაკის ისტორიულ პოემებს, როგორც მოვიხსენეთ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეის პროპაგანდისათვის.
რაც შეეხება ისტორიულ პოემებს, როგორც წმინდა მხატვრულ ნაწარმოებთ, ისინი არაა ერთნაირი ღირსებისა.
აკაკის პირველი ისტორიული პოემა „ბაგრატ დიდი“ აღბეჭდილია ერთგვარი სქემატიურობით. სქემატიურობის ელემენტებს შეიცავს აგრეთვე მეორე ცნობილი პოემა „ნათელა“, თუმცა იგი დაწერილია აკაკის ჩვეულებრივი ნათელი ლექსით. ერთი ადგილი ამ პოემისა „ნათელას სიმღერა“ („ჩონგურს სიმები გავუბი...“) გადავიდა ხალხში, ხალხურ სიმღერად იქცა.
დიდ მხატვრულ სიმაღლეზე სდგას აკაკის ისტორიული პოემა „კიკოლას ნაამბობი“, ეს აკაკისეული „კაკო ყაჩაღი“.
ამ პოემაში გაცოცხლებულია ეპოქა ძველი საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის დასრულებისა (მე-18 საუკუნის ბოლო - მე-19 საუკუნის დასაწყისი).
პოემაში მკვეთრად არის მოხაზული სახე ქვეყნის მოღალატის ზურაბ წერეთლისა, ცბიერი კარისკაცის და ამავე დროს ზვიადი გულქვა ბატონისა. გლეხობის წრიდან გამოსული კიკოლა განასახიერებს მშრომელი ხალხის გმირულ სულისკვეთებას ქვეყნის განსაცდელის ხანაში. კიკოლა, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისა და ტფილისის დაღუპვის მომსწრე, არ ემორჩილება მოღალატე ბატონის ბრძანებას, არ უშინდება მის მუქარას, და თავის მოძმეებთან ერთად სისხლსა ღვრის ქვეყნისათვის. შემდეგ, როდესაც გამარჯვებული მოღალატე ბატონი შურს იძიებს ურჩი ყმის - კიკოლას ოჯახზე, კიკოლა - სიმწრით გულანთებული როგორც ოჯახის დაღუპვით, ისე სამშობლო ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ბედით, ტყვიით უმასპინძლდება სამშობლოს ღალატში გარეულს ზვიად მებატონეს.
„კიკოლას ნაამბობი“ აღბეჭდილია პოეტური თხრობის კეთილშობილი უბრალოებით. რეალისტურ ფერებში, მხატვრული სიმართლით აღბეჭდილს სახეებში, აქ გაცოცხლებულია მთელი ეპოქა.
***
აკაკის ისტორიულ პოემებში - ცენტრალური ადგილი უჭირავს პოემას „თორნიკე ერისთავი“. ეს პოემა უცილობელად უნდა მიეკუთვნოს მე-19 საუკუნის ქართული პოეზიის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებთა რიცხვს.
პოეტს გადავყევართ სამშობლო ქვეყნის შორეულს წარსულში. ხანა, რომელსაც წარმოგვიდგენს პოეტი, მეათე საუკუნის მეორე ნახევარი, არის ის ღირსსახსოვარი ეპოქა ქართველი ხალხის ისტორიისა, როდესაც სწარმოებს საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, და რის შემდეგაც იწყება მძლავრი აღმავლობა საქართველოს სახელმწიფოებრივობისა.
ცენტრალური იდეა პოემისა - ეს არის იგივე მუდმივი, დომინანტური იდეა აკაკის მთელი შემოქმედებისა, - „წარსულ-ნერგზე ახალ-ნერგის შეხორცება“, რისი სამსახურიც თავს იდვა ქართული პოეზიის ამ დიდმა მებაღემ. აკაკი უმღერის გმირად შობილს, მაგრამ ისტორიული ბედის უკუღმართობის გამო მონობის ჯაჭვით შეკრულს ერს:
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი,
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი.
„თორნიკე ერისთავში“ აკაკი წერეთელი წარმოგვიდგება თავისი დიდი პოეტური ტალანტის ბრწყინვალე გამონათებით.
მართალია, პოემის ყველა ნაწილები არაა მოცემული თანაბარი მხატვრულის დამთავრებით. პოემის პირველი ორი კარი - შედარებით მკრთალია. მაგრამ მოთხრობის მანძილზე პოეტის ხმა თითქო მტკიცდებაო თანდათან, და პოემის მეორე ნაწილში იგი იმღერის სრულის პოეტურის ხმით.
წარუშლელ შთაბეჭდილებას სტოვებს მესამე კარი პოემისა. რა სიმდიდრე ფერებისა, გამოყენებული უცთომელის არტისტიული შეზომილობით, რა ძალოვანება მხატვრული სიტყვისა, ჭეშმარიტი დრამატიზმი, რომლისაგან აცილებულია რაიმე ყალბი ნოტა, მკვეთრად მოხაზული სახეები და სურათები. ხოლო ამასთან შეხამებით სრულყოფილი პოეტური ფორმა, აკაკის სრულხმოვანი ლექსი, ლექსი ნათელი და მართალის ხმით მჟღერი, მოკლებული რაიმე ზედმეტს ორნამენტაციას და პოეტურ „ფალცეტს“, ლექსი - თქმული ბუნებრივი, გულის ხმით.
ბატალური სცენები ამ მესამე კარში - ნამდვილი შედევრია. როგორის თანდათანობით და მხატვრულის შეზომილობით იზრდება, იშლება და ფართოვდება დრამატიული მღელვარება; ჯერ თორნიკეს მიერ ომის განრიგება; შემდეგ, ბუნების გამოღვიძებასთან ერთად, სიცოცხლის პირველ ფეთქასთან ერთად, პირველი ძახილი მომავალი ომისა, განთიადზე დაკრული საჰარი, საყვირთა ახმაურება, ისართა პირველი გადაშხუილება; მას შემდეგ ბრძოლის თანდათანი გაშლა, ცალკეული ეპიზოდები და სცენები, ორბელიძისა და აფრანიკის მარტომბრძოლობა, და ბოლოს „შენივთება“ ბრძოლისა (- როგორც ძველ-ქართულად იტყოდნენ) და ომში გასული თეთრწვერა და თეთრთმიანი ბებერი გმირი თორნიკე, ბერ-კვიცზე მჯდომარე...
და, დასასრულ, ბრძოლის ფიწალი, რომელიც ჰკრავს ამ მესამე კარს, სურათი გადახდილი ომისა, სისხლის კალო, რომელსაც დასცქერის მთვარე მოზარე ქალის მსგავსად - ფერმიხდილის ნათელით, - ბრძოლის ველი, ავსილი დახოცილი გმირებით...
პოემის უკანასკნელი, მეოთხე კარი, სულ სხვა ასპექტში გაშლილი, აგრეთვე მოცემულია პოეზიის მაღალ რეგისტრში. ამ მეოთხე კარში არის ნამღერი აკაკის დიადი ჰიმნი ამირანის შესახებ. რომელსაც პოეტი წარმოგვიდგენს საქართველოს სიმბოლოდ.
აღსანიშნავია, რომ აკაკი პირველი იყო, რომელმაც ახლად გააცოცხლა ქართულ პოეზიაში ეს უდიადესი სახე ძველ-ქართული მითოსისა - ამირანი.
პრომეთე-ამირანი - მსოფლიო დიაპაზონის თემაა, და აკაკის ამ პირველი ჰიმნის შემდეგ ეს უნივერსალური თემა ჯერ კიდევ მოელის სრულყოფილს დამუშავებას ქართულ პოეზიაში, იმ ხალხის ენაზე, რომელმაც შეჰქმნა ეს უდიადესი მითოსი კაცობრიობისა.
პოემას ამთავრებს - ცაში ატყორცნილი გუმბათის მსგავსად - პოეტური აპოთეოზი. ისახება ცისარტყელა - მომასწავებელი ერის უკვდავებისა და „წარსულ-ნერგზე - ახალ-ნერგის შეხორცებისა“.
***
გარდა ისტორიული პოემებისა აკაკის აქვს მთელი რიგი ლექსები, შთაგონებული საქართველოს ისტორიული წარსულით. ზოგან ისტორია აღებულია როგორც საერთო ფონი, რომლის ქარგაზე პოეტი ჰქმნის პოლიტიკურის სიმახვილით აღბეჭდილ ლექსებს. სხვა ლექსებში კიდევ ცენტრში დაყენებულია საქართველოს ისტორიულ მოღვაწეთა ღირსსახსოვარი სახეები, როგორც მაგალითად ლექსში, რომელიც მიძღვნილია ძველი საქართველოს ჭირნახული გმირი ბებერი ირაკლის ხსოვნისადმი („ირაკლის საფლავზედ“).
ცალკეა აღსანიშნავი მთელი წყება ბრწყინვალე ლექსებისა, მიძღვნილი თამარისა და რუსთაველისადმი: „რამ გამოიწვია ვეფხის-ტყაოსანი“, „სიზმარი“, „ლეგენდური“, „ხალხური“ და სხვ. აქაც ჩვენ გვაქვს არა უბრალო განყენებული რომანტიკა წარსულისა, არამედ იმედის ხმა, მოწვდენილი წარსულიდან აწმყოში.
ქვეყანამ ეთერს მშვენებით
თამარი ამჯობინაო,
მიუვალ ადგილს, კლდის წვერზე
მას დაუნიშნა ბინაო!
სანთლად დაუნთო ვარსკვლავი,
ცა საბნად დაახურაო,
შვიდასი წელი შორიდან
იმედით უთვალყურაო...
აღმოსავლეთით გამოჩნდება აღთქმის ვარსკვლავი:
მზეს ედრებოდა სიცხოვლით,
სინაზით სავსე მთვარესო,
უცნაურ სხივებს აფენდა
ოთხკუთხივ ყოველ მხარესო.
მივიდა და იქ გაჩერდა
სადაც ამბობენ თამარსო,
ძველ საყდარს დაჰქათქათებდა,
სხივებს აფენდა მას გარსო.
წამოდგა მზეთუნახავი,
სთქვა: „დიდხანს მძინებიაო!
სანამდი ვიყავ მღვიძარი,
არავის მშინებიაო...
მაგრამ ღალატმა ბოლოს დროს
პირბადე დაიფარაო:
მტერი მომადგა მოყვრულად
და ბანგი შემაპარაო.
დღეიდან მმართებს ფხიზლობა,
მეყო ამდენი ძილიო!..“
***
პოემა „გამზრდელი“.
აკაკის პოემებიდან არა-ისტორიულ თემატიკაზე პირველ რიგში უნდა მოვიხსენოთ - აკაკის პოეტური შედევრი - პოემა „გამზრდელი“.
არაა ინტერესს მოკლებული აღვნიშნოთ, რომ თვით აკაკი თავის პოეტურ მემკვიდრეობაში ყველაზე მაღლა „გამზრდელს“ აყენებდა. დამსწრე პირები მოწმობენ, რომ მომაკვდავმა პოეტმა მოითხოვა წაეკითხათ მისთვის „გამზრდელი“. პოეტი ჩაფიქრებული უსმენდა პოემას; ხოლო უკანასკნელი სცენის წაკითხვის დროს, როდესაც გამზრდელი გულში მიიჭედავს ტყვიას - თავისი გაზრდილის სიმდაბლისა და დაცემის მხილველი, პოეტს ცრემლები მოერია...
ლიტერატურული კრიტიკა „გამზრდელის“ შეფასებაში უნდა დაეთანხმოს პოეტის შინაგან გრძნობას.
პოემა „გამზრდელი“ მართლაც მაღალი რეგისტრის მხატვრული ნაწარმოებია. იგი ნამდვილი სამკაულია აკაკის პოეზიისა, უზადო, წმინდა ბრწყინვალების გამომცემი ძვირფასი თვალი.
მოქმედება პოემისა „გამზრდელი“ იშლება კავკასიონის მთების ფონზე. და ჩვენ აქ თითქო ვსუნთქავთ კავკასიონის მთების წმინდა გამჭვირვალე ჰაერით.
პოემის მოქმედი გმირებია კავკასიის მთიელები, მთის შვილნი, „რთულ ცხოვრების უარმყოფნი“. პატრიარქალური ცხოვრების ფონზე პოეტმა გადაგვიშალა ადამიანთა დიდი დრამა.
მარტივი ფონი, რომელიც მისცა პოეტმა თავის თხრობას, განათების ერთგვარს კონტრასტს იძლევა და მით უფრო მეტის სიმკვეთრით წარმოაჩენს იმ დიდ დრამას, ადამიანის დიდ გრძნობათა იმ ღელვას, რომელიც ირხევა პოემის სტროფებში.
პოემა „გამზრდელი“ ნამდვილი შედევრია პოეზიისა - ნათელი არქიტექტონიკით, მხატვრული ოსტატობის გენიალურად შეზომილ სისადავით, უცთომელად შეხამებული და იდეალურის ეკონომიით გამოყენებული ფერებით.
მე ცოტა მეგულება პოეტური ნაწარმოები, სადაც ერთს სურათში, სულ რამდენიმე ასეული სტრიქონის მანძილზე, თითქოს რამდენიმე ხაზმოსმით, მაგრამ ასეთის მხატვრული სრულყოფით და ასე სრულხმოვანად გაშლილი იყოს ადამიანის ბუნება, ადამიანის საქმე, ადამიანის მარადიული გრძნობანი, სიყვარული, მეგობრობა, ტრაგიული შერხევა ადამიანის სულისა, ღალატი, სიბრძნე.
ფერები აქ სცვლიან ერთი-მეორეს ისეთივე ბუნებრივობით. როგორც თითონ ბუნებაში.
ჯერ სინათლეა. მერცხლის ბუდეს - მთიელი აფხაზის ბინას - დაჰქათქათებს მზე და მთვარე. მაგრამ უეცრად ეს მერცხლის ბუდე გარს შემოიხვევს ელვა-ჭექას.
პოეტის ერთი მაგიური ხელშეხება, და თითქოს უეცრად, ულოდნელად, ჩვენს წინაშე ცოცხლდებიან სამუდამოდ დაუვიწყარი სახეები:
აფხაზი, რომლის კეთილშობილი გული, გაშლილი სიყვარულისა და მეგობრობისათვის, დაყენებულია უმძაფრესი ტრაგიული განსაცდელის წინაშე. მაგრამ ეს ქარტეხილისებური შერხევა ადამიანის სულისა, კიდევ მეტის სიმკვეთრით, ელვისებური განათებით წარმოაჩენს გმირის სულიერს სიდიადეს. წვეთ-წვეთად იცლება აფხაზის გული განუკურნებელი ჭრილობისაგან, მაგრამ იგი მაინც ჰპოულობს ძალას განჰკურნოს თავისი ნაზი მეგობრის შეურაცხყოფილი სიყვარული; და ამავე დროს ჭეშმარიტი სულიერი სიდიადით, ნამდვილი გმირის პირქუში თავდაჭერითა და სულგრძელებით - ქვე დაანარცხოს ღალატი და სიმდაბლე.
აფხაზის გვერდით - სათუთი ნაზიბროლა, ეს ნაზი და უმანკო ყვავილი სიყვარულისა, ჯერ სიხარულით გაშლილი მზის სხივებში, შემდეგ დასეტყვილი, მოტეხილი ღეროზე, თავდახრილი მწუხარების სიმძიმის ქვეშ.
ამათთან საფარ, უარმყოფელი კაცობისა, გამტეხელი მეგობრობის აღთქმისა, ძმობისა, დობისა, ყოველივესი, რაც წმიდაა ადამიანისათვის, - ბოლოს დალახვრული თავისი ადრინდელი - მისგან გაწირული მეგობრის გმირული სულგრძელების ხილვით, გატეხილი თავისი უმდაბლესი შეცოდების სიმძიმით.
ხოლო პოემის ფინალში ჩვენ წარმოგვიდგება მონუმენტალური ფიგურა თვით გამზრდელისა, ბრძენისა და თვალუხვავად მსჯელი მსაჯულისა, რომლის გულში მისივე ხელით მიჭედილი ცხელი ტყვია ამთავრებს ამ დიდს ადამიანურს დრამას.
პოემის პერსონაჟები დასახულია უცდომელი ხელოვნებით. ერთგვარი მოჩვენებითი სიმარტივე წერისა ურთულეს პოეტურ ეფექტს განასახიერებს. პოეზიაში - სუბუქი ეს არ არის ზერელე. პოემაში „გამზრდელი“, აქსესუარებით გადატვირთული წერის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს სუფთა ხაზებით გაყვანილი გამჭვირვალე მაგისტრალი პოემისა. ხოლო ამ ნათელ ფონზე სახეები გამოყვანილია სუფთა კალმის მოსმით; დრამატიული კოლიზიები გაშლილია ნათლად და ბუნებრივად; დახატული სახეები აღბეჭდილია სიმართლით. მას ხოლო ყოველსავე ამასთან - პოემაში „გამზრდელი“ ჟღერს აკაკის მაგიური ლექსი, ნათელი და მოთინათინე, გამჭვირვალე - როგორც წყარო იმ მთებისა, რომელსაც იგი უმღერის; ლექსი - მარტივის წყობით და რთულის რიტმით, რომლის ჰარმონიულ რხევაში თითქოს გვესმის კავკასიონის მთები- დან მორხეული სიოს სუნთქვა და ტყეების შრიალი.
***
პოემა „ნაცარქექია“.
აკაკის ორი მთავარი პოეტური ნაწარმოების - „გამზრდელისა“ და „თორნიკე ერისთავის“ შემდეგ, უნდა დავასახელოთ აკაკის მესამე პოეტური თხზუ ლება განსხვავებული ჟანრისა - პოემა „ნაცარქექია“.
აქ ჩვენ ვეცნობით აკაკის პოეტური ტალანტის ახალ მხარეს. ლირიული დრამატიზმი „გამზრდელისა“ და „თორნიკე ერისთავისა“ პოემაში „ნაცარქექია“ იცვლება აკაკის თავისებური რბილი და სხივოსანი ჰუმორით, რომლითაც ამ პოემაში შეზავებულია პოლიტიკური სატირა.
მეორე თავისებური მხარე პოემისა „ნაცარქექია“ ის არის, რომ იგი აგებულია ფოლკლორულ ქარგაზე.
აკაკის მახვილმა პოეტურმა თვალმა შენიშნა ქართულ ხალხურ ფოლკლორში ეს შესანიშნავი ნიღაბი „ნაცარქექია“, და პირველმა შემოიტანა ეს კოლორიტული მხატვრული სახე ქართულს მწერლობაში, გამოიყენა-რა იგი პოლიტიკურის სიმახვილით აღბეჭდილს პოემაში.
პოემას „ნაცარქექია“ აკავშირებს ფოლკლორთან როგორც თვით ნიღაბი „ნაცარქექიასი“, ისე პოეტური თხრობის სხვა აქსესუარები. პოეტი დიდის ოსტატობით იყენებს ფოლკლორიდან აღებულს მხატვრულ მოტივებს, და გაატარებს-რა მას თავის პოეტურ პრიზმაში, ახალ პოეტურ სიცოცხლეს ანიჭებს ფოლკლორულ სახეებს, ფოლკლორულს პოეტურ ინვენტარს.
***
აკაკის ლირიკა.
აკაკის მრავალგვარსა და მრავალსახოვანს ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ლირიკას.
ჩვენ აქ შევდივართ აკაკის პოეზიის ძირითად სამყაროში. აკაკი უწინარეს ყოვლისა არის პოეტი ლირიკოსი.
მე-19 საუკუნეში ორი ლირიული გენია ამშვენებს ქართულ პოეზიას: ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლისა.
სხვადასხვა იყო მათი ეპოქა. ამას გარდა სხვადასხვანაირია თვით ბუნება მათი პოეტური გენიისა.
როდესაც ყრმა-პოეტმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავისი „მერანი“ მიანდო გიჟურ სრბოლას, ბედის ვარსკვლავი მისი სამშობლო ქვეყნისა ბურუსში იყო გახვეული.
ხოლო აკაკი უკვე ამჩნევდა ბედის ვარსკვლავის შორეულ მონათებას:
ჰე, მგოსანო, აღმოსავლეთს
შეხედე და ნუ იტეხ გულს:
იქ შენიშნავ ჩვენის ბედის
ვარსკვლავს ოდნავ გამოხატულს.
მსგავსად მოგვთა ეც თაყვანი
იმ ნიშანსა წინამორბედს,
და შენც ოქრო-გუნდრუკ-მურად
თავი უძღვენ იმ ჩვენს „იმედს“.
შენ, თუ გინდა, მის აღდგომას
ვერ მოესწრო აწ ვეროდეს,
ეს იცოდე, რომ ხელიდან
გაუსხლტება ის ეროდეს.
ნუ, პოეტო! ნუ, ნუ სტირი,
ბედის ვარსკვლავს ვხედავთ რაკი!
კმარა გლოვა! საქმის დროა!
მსხვერპლი გვინდა და ზვარაკი!
ამრიგად, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის პოეზიას, ცხადია, თავის ბეჭედს ასვამს ორი სხვადასხვა ხანა ქართველი ხალხის საზოგადოებრივი ცხოვრებისა.
ხოლო ამის გარეშე, როგორც მოვიხსენეთ, სრულებით სხვადასხვაა თვით პოეტური ბუნება ამ ორი მგოსნისა. აქ გვაქვს ორი სხვადასხვა პოეტური ხმა, ორივე აღბეჭდილი ნამდვილის ბრწყინვალებით.
ჩვენ იქნებ უფრო ახლო ვიგრძნობთ ამ ორი პოეტური გენიის თავისებურ ელფერს, თუ მათ შევადარებდით ვეფხის-ტყაოსნის ორს სხვადასხვაგვარად გამონათებულს სახეს, - ტარიელისა და ავთანდილისას.
ბარათაშვილი - თავისი ზღვა გულით, პოეტური გენიის ტრაგიულის ელვარებით, - გვაგონებს ვეფხის ტყავით შემოსილ გმირს, შავ მერანზე მსხდომარე ტარიელს.
ხოლო აკაკი მოგვაგონებს მეორე გმირს, თეთრ-ტაიჭოსანს ნათელს ავთანდილს, - თავისი პოეტური გენიის ნათელი აპოლონური ბუნებით,
აკაკის, მის საუკეთესო ლირიულ ლექსებში, აქვს უზადო მოთინათინე ლირიული ხმა.
ვის უმღერია საქართველოზე ისე, როგორც აკაკის. ქართული პოეზიის ამ ორფეოსს:
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!
ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.
წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.
გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო,
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლა გამიხარეო!..
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!..
ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო...
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:
დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!
ან-და, როდესაც ვკითხულობთ აკაკის „ყანა“-ს („მუშური“), მისი რიტმის, ტალღისებურს რხევაში, თვით სახეებისა და სიტყვების მიმოქცევაში, თვით რითმების წყობაშიაც, რომელიც მაგიურად ჟღერს ერთ მელოდიურ ხმაზე, განა აქ არ ისმის ტალღისებურად მობიბინე ყანის ნელი შრიალი:
ყანაო, მუშის სამოთხევ.
გლეხის დიდებავ, ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს
და ნამმა გადაგბანაო;
დილის ნიავმა დაგქროლა,
ალერსით გითხრა ნანაო;
ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,
ზურმუხტად აგამწვანაო.
ყანაო, გულ-ხელგაშლილო,
ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!
მოყვრულად შემოგსევივართ,
მტრულად გიმეტებთ განაო?
გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,
გაგთოხნით ყოველგანაო!..
ყანაო, დაუზარებო,
უხვად მომცემო, ყანაო...
ზედ უფლის თვალი დაგყურებს,
შენი ბარაქა ბრძანაო;
აგშორდეს გვალვა და სეტყვა,
მოსავლის გამოცანაო...
ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,
ყანაო, ჩვენო ყანაო!
მაღალმა ღმერთმა აკურთხოს
სხვაც ბევრი შენისთანაო!
***
აკაკის ლირიკა მრავალხმოვანია, აკაკის ლირას მრავალი სიმები აქვს. ფილოსოფიური ლირიკის დარგში აკაკი ჰქმნის ისეთს შედევრს, როგორიც არის „სულიკო“, ეს ნამდვილი ობოლი მარგალიტი ქართული პოეზიისა, რომელიც აღბეჭდილია ბუნებას ღრმა გრძნობით, რომელშიაც ისმის ბუნების გულის ფეთქა, ადამიანის სიყვარული მიმოფრქვეულია - ვარდის სურნელებაში, ვარსკვლავის სხივებში, ბულბულის გალობაში.
აკაკი არის ავტორი უნაზესი ლირიული ლექსებისა. მის „იავნანაში“ ამღერებულია ის გრძნეული ხმა, დედის ტკბილ სიმღერაში რომ ირხევა.
ხოლო ასეთი უნაზესი ლირიული ლექსების გვერდით აკაკი არის მგოსანი „ხანჯალი“-სა, მგოსანი რისხვითა და ზავთით აფეთქებული ლექსებისა, რომელშიაც სიტყვა ელვარებს, როგორც ქარქაშიდან ამოწვდილი მახვილი.
ან-და როგორის ჰაეროვანი სუფთა ხმით, ეოლოსის ქნარის მსგავსად, უპასუხებს აკაკი ქართული ფოლკლორიდან მოწვდენილ ხმას, და უბრუნებს ამ ხმას, გამდიდრებულს ახალი ფერადოვნებით.
ალვის ხე აყვავებულა,
აშვენებს არემარესა,
გარს იხვევს ქვეყნის შვენებას,
თავს ივლებს მზეს და მთვარესა!..
.....
ალვის ხეს ალი მოედვა,
მაგრამ ხე ჰყვავა, არ ხმება,
რა უცნაური ცეცხლია,
რომ ნამდვილს არ ეთანხმება...
ან-და გადავიკითხოთ „ურიული მოთქმითი ტირილი საქართველოში“, აკაკის პოეზიის ეს მეტად თავისებური პოეტური შედევრი. იგი მოცემულია უცთომელის არტისტიულობით შეზომილს მხატვრულ პლანში. აქ ჩვენ გვაქვს ეგზოტიური კოლორიტით აღბეჭდილი ჟანრული სურათი. ხოლო ამ ეგზოტიურ ფონზე - მოგვესმის უმძაფრესი პოეტური მღელვარებით გამსჭვალული იერემიადა დაკარგულ ტკბილ მამულზე, მოგვესმის ჭმუნვით აღვსილი ხმა ელეგიური ქნარისა. ამ მარტივსა და მონოტონურ ხმაში, ამ ხალხურს შეუფერადებელს მოთქმაში, იგრძნობა მთელი ტრაგიზმი ებრაელთა ხალხის ბედისა, იგრძნობა უძირო სევდა ებრაული დიასპორასი. ჩვენ ვიმსჭვალებით თანაგრძნობითა და პატივისცემით ამ დიდი ერისადმი, რომელმაც დაჰკარგა კერა, დაბეჩავდა მონობაში, მაგრამ მაინც არ გაინელა სიყვარული დაკარგული ტკბილი სამშობლოსი, საუკუნეთა მანძილზე თავისი გულით ატარებდა ამ დაკარგულ სამშობლოს...
სრულხმოვანია აკაკის ლირა. უმძაფრესი დრამატიული მღელვარება; ამის გვერდით უნაზესი დარბილება ლირიული ხმისა; ხოლო ამის გვერდით საგმირო სიმღერის ხმა და მონუმენტალურ ხაზებში გამოკვეთა პოეტური სახისა. გადაიკითხეთ აკაკის „მურზაყან შავ-სევდიანი“ („სვანური სიმღერა“), გამოკვეთილი მკაცრ ხაზებში, ბრინჯაოს ქანდაკების მსგავსად.
მურზაყან, მთის შვილი, გმირი, დიდი გმირის ამირანის შთამომავლობისა, თავისუფალი მთებიდან - ბარში ჩამოსული, ღალატით მოიკვლის.
*****
დაიგვიანა მურზაყან. ცნობა მოვიდა ოდისო:
მურზაყან ბარში დავტოვეთ, მანდ მთებში აღარ მოდისო,
სახლი აიგო მიწისა, სახურავი აქვს ლოდისო...
აკაკის ლირიულ გენიას ახასიათებს პოეტური ხმის მრავალსახეობა და ამავე დროს მხატვრული სინათლე.
აკაკის ლექსი მელოდიურია და ამავე დროს პლასტიური. რამდენი სიმჭვირვალეა და სინათლე დახატულ სახეებში:
ის გაზაფხულის იაა,
გარს ეხვევიან ვარდები,
შენ - შემოდგომის ფოთოლი,
სიო გკრავს, ჩამოვარდები!..
..................(მოხუცი და ახალგაზრდა).
***
აკაკის ლირიკულ მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კერძოდ სიყვარულის ლირიკას. დაწყებული მისი პირველი ლექსით „საიდუმლო ბარათი“, რომელიც გამთბარია პირველი სიყვარულის სინაზით, პოეტმა არაერთხელ აამღერა თავისი ქნარი სიყვარულის ჰანგით.
მაგრამ აკაკის პოეზიის მთავარი საგანი მაინც სხვა იყო. აღსანიშნავია ერთი საგულისხმო გარემოება. როგორც ირკვევა, მთელი წყება ლექსებისა, რომლებიც შთაგონებულია სიყვარულით, პოეტს არ გამოუქვეყნებია (ხოლო ამ გამოუქვეყნებელ ლექსებს შორის არის პოეზიის შედევრები).
თავისი პირადული გრძნობა პოეტს ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნდა, ვიდრე ის სხვა დიდი სიყვარული, რომლითაც დამწვარი იყო პოეტის გული.
მაგრამ იცით, ჩემი სატრფო ვინ არი?
ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი,
ფეხშიშველა, თავზე ლეჩაქახდილი...
***
სამშობლო, აი ვის უძღვნა პოეტმა სიყვარული თავისი ზღვა გულისა... სამშობლო იყო მუდმივი საგანი აკაკის პოეზიის.
გამიგონია, ვითომც ლერწამი
ობლის საფლავზე ამოსულიყოს
და თავის ქნევით, დამუქრებული
მაღლა ზეცისკენ ის წასულიყოს,
რომ მიეტანოს იქ ჩვენის ქვეყნის
მწარე ამბავი და საჩივარი;
მაგრამ იმავ დროს ეშმაკის სული
დასტაკებოდეს გრიგალი ქარი,
გადაეღუნოს, გადმოეღუნოს
და მოეთხაროს სულ ძირიანა;
მერე ენახოს მწყემსს წაქცეული,
ხელში აეღოს პატარა დანა,
და გამოეჭრას მას სალამური...
ეს მწყემსი არის თვით აკაკი. მას ხელთ უპყრია ეს სალამური, გამოკვეთილი ობლის საფლავზე ამოსული ლერწმისაგან, სალამური, რომლის ხმებშიაც ისმის სამშობლო ქვეყნის „მწარე ამბავი და საჩივარი...“ მაგრამ სევდის ხმასთან ერთად ეს სალამური გამოსცემს ამაგზნებელ ჰანგებს, მომავლის იმედით შთაგონებულს.
მგოსნის გული ანთებულია სამშობლოს სიყვარულით, იგი იწვის სამშობლოსათვის, როგორც სანთელი, წმინდა სინათლის გამომცემელი:
მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი,
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ჰფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს
თვალუწვდომელი წყვდიადი.
მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული,
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.
რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა,
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.
სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი - ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა,
და, რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც, განა?
კი!.. მაგრამ მნათე არსად სჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა!..
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!
მაგრამ გამოჩნდა მნათე, მოიტანა ცეცხლი და აანთო იგი სანთელი. მისი წმინდა გამონაშუქი არის აკაკის პოეზია.
***
შორს წაგვიყვანდა ჩამოთვლა აკაკის ყველა იმ ლექსებისა, სიყვარულით განათებული ლექსებისა, რომლებიც პოეტმა სამშობლოს მიუძღვნა. ეს ლექსები მიიღო ქვეყანამ. ამ ლექსებს მღერის საქართველო.
აქ საჭიროა მხოლოდ ერთხელ კიდევ ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ პოეტმა განუყრელად შეაერთა სამშობლო ქვეყნის ბედი და მშრომელი ხალხის საქმე. თავისუფალი სამშობლო და თავისუფალი შრომა, - აი ის ორი დიდი საგანი. რომელსაც უმღერის პოეტი. სამშობლოს თავისუფლება, პოეტის რწმენით, მშრომელთა ხელით უნდა გამოიჭედოს. ეს ძირითადი მამოძრავებელი იდეა აკაკის მთელი შემოქმედებისა ჩვენ უკვე დაწვრილებით გვქონდა განხილული ამ წერილის შესავალში.
აკაკი წერეთელი, ეს დიდი მომღერალი სამშობლოსი და მშრომელი ხალხის საქმისა, და აკაკის გვერდით მისი სახელოვანი თანამებრძოლი დიდი ილია ჭავჭავაძე. რომლებიც ერთად ეწევიან საქვეყნო საქმის უღელს, რომლებიც, როგორც ორი რქანათელი დაუღლვილი ხარი, ავლებენ ყამირზე ღრმა ხნულს, რომელშიაც ახალი თესლი ითესება. უნათლესი სახეებია მე-19 საუკუნის საქართველოში. მათი სახეები უგულითადესი სიყვარულით შემოსა ქართველმა ხალხმა.
მხატვრული პროზა
აკაკის შემოქმედების ძირითადი სამყარო არის პოეზია. პოეზია ბუნებრივი სტიქიონია აკაკის მხატვრული გენიისა.
მაგრამ ამის გვერდით აკაკიმ დიდი და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაგვიტოვა მხატვრული პროზის დარგში.
უნდა აღინიშნოს ამასთან დამახასიათებელი ნიშნეულობა აკაკის მხატვრული პროზისა: აკაკის მხატვრული პროზა ეს არი პოეტის პროზა. აკაკი შემოდის მხატვრულ პროზაში - პოეზიის კარებით.
***
აკაკის მხატვრული პროზიდან პირველ რიგში უნდა მოვიხსენოთ ისტორიული მოთხრობა „ბაში-აჩუკი“, რომელიც სამართლიანად სარგებლობს ქართველი მკითხველის განსაკუთრებული სიყვარულით.
„ბაში-აჩუკი“ დიდი დიაპაზონის მხატვრული ნაწარმოებია.
იგი წარმოადგენს მეტად თავისებურს მხატვრულ შენადნობს, რომელშიაც თითქოს გაერთიანებულია სპეციფიკა პოეზიისა და პროზის. „ბაში-აჩუკი“ აღბეჭდილია პოეზიის სპეციფიური ჰაეროვნებითა და სისუბუქით; ამავე დროს აქ გვაქვს დიდის ოსტატობით გაშლილი მხატვრული თხრობის კვანძი. „ბაში-აჩუკში“ შერწყმულია ფეიერვერკი პოეზიისა და სიმკვრივე პროზისა. ეს გარემოება „ბაში-აჩუკს“ უაღრესად თავისებურ ელფერს ანიჭებს.
ეს თავისებური, რომანტიზმის სურნელებით მოფრქვეული სტილი „ბაში-აჩუკი“-სა სრულს ჰარმონიაში იმყოფება იმ თემატიკასთან, რომლისადმი მიძღვნილია ეს რომანტიული პოემა პროზით.
თემა „ბაში-აჩუკისა“ეს არის გმირული თავგადასავალი ქართველი ხალხისა მის ისტორიულ წარსულში.
მოთხრობა იშლება მე-17 საუკუნის ისტორიულ ფონზე. ეს არის ტრაგიული ეპოქა ქართველი ხალხის ისტორიაში, როდესაც განსაცდელს-ქვეშ იყო დაყენებული თვით არსებობა ქართველი ხალხისა. ავტორი თავის რომანტიულ მოთხრობაში უმღერის ქართველი ხალხის გამძლეობას, რომელმაც გადაიტანა ეს განსაცდელი. „ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა, ვით ქვითკირსა“.
მოთხრობის აპოთეოზში ავტორი ადარებს საქართველოს - უკვდავს „ხეს ცხოვრებისას“, რომელსაც ვერ ვნებს ზამთარი და რომელიც გაზაფხულზე ისევ მწვანით იმოსება.
ავტორი ამთავრებს და ჰკრავს მოთხრობას სიმბოლიური სურათით. ქვეყნისათვის ჭირნახული გმირი - დაფიქრებული შესცქერის ზამთრისაგან გაძრცვნილ ხეს, ფოთლებ-დაცვენილს. და ავტორი აცხადებს, გმირის სიტყვებით:
„საქართველო ჩვენი ცხოვრების ხეა... სანამდის მისი ძირი არ შესუსტდება, ღერო არ შეინძრევა და ფესვები მაგრად ექნება გადგმული, შტოების შერხევითა და ფოთლების დაცვენით არა უჭირს-რა...
„ხე, როგორც მცენარე, მოურწყველად ვერ იხარებს; ისე ეროვნების ხესაც, ძირის გასამაგრებლად და ფესვების განზე გასადგმელად, ოფლთან ერთად ხანდახან წმიდა მოწამებრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად! ამგვარი მსხვერპლის უჩვეულო არ არის ჩვენი ქვეყანა, და დღეს, თუ განგებას ჩვენთვის წილად უხვედრებია სამსხვერპლო ზვარაკობა, სასოებით მივეგებებით და მორჩილებით თავს დავდებთ“.
ამ გმირთა ოფლით და სისხლით მორწყული და ფესვებ-გამაგრებული ხე ცხოვრებისა - გადაიტანს სუსხიან ზამთარს და გაზაფხულზე ისევ იწყებს ფურცლობასა და ყვავილობას.
გმირობის თემა დიდი თემაა, მაგრამ ამდენადვე რთული და ძნელი. აქ არის საცთური მხატვრული სიმართლის დარღვევისა, გადაჭარბებისა, მხატვრული პროპორციების აცდენის, ან-და სქემატიურობის.
აკაკის მხატვრულ შემოქმედებაში გმირობის თემატიკას დიდი ადგილი უჭირავს. აკაკის ყველა ნაწარმოები, მიძღვნილი ამ თემისადმი. არა სდგას . მხატვრულის მხრით ერთნაირ სიმაღლეზე. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ აკაკის ზოგი ისტორიული პოემა, მაგალითად „ბაგრატ დიდი“, - სქემატიურად არის მოხაზული. მაგრამ ამის გვერდით ჩვენ გვაქვს მხატვრულად სრულყოფილი ნა- წარმოებნი, ასე - იმავე ისტორიული პოემების ციკლში მაგალითად „კიკოლას ნაამბობი“. (აკაკის პოეტური შედევრი - ისტორიული პოემა „თორნიკე ერისთავი“ სხვა ასპექტშია მოცემული), - აგრეთვე ცალკეული ლექსები. გმირობის სულით, სიდიადის შარავანდედით არის მორხეული აკაკის „გამზრდელი“.
სხვა ხაზებში, მაგრამ მხატვრულის სრულყოფით არის აღბეჭდილი აკაკის ეს ისტორიული მოთხრობა „ბაში-აჩუკი“.
„ბაში-აჩუკის“ გმირები წარმოდგენილია ერთგვარი იდეალიზაციის ასპექტში, მაგრამ ისე, რომ მხატვრული პროპორციები დარღვეული არაა. აქ საერთოდ მთელი მოთხრობა აყვანილია პოეზიის რეგისტრში; აქ არის სიმღერა, მაგრამ სიმღერა ბუნებრივი ხმით.
მოთხრობის მთელი ანსამბლი დიდის მხატვრული შეზომილობით არის გაშლილი. მიღწეულია შინაარსისა და მხატვრული ფორმის შინაგანი ჰარმონია.
განსაკუთრებულის მომხიბლაობით არის აღბეჭდილი აკაკის ენა, ეს ნამდვილი „ტკბილ-ქართული“ (რუსთველის სიტყვა რომ გავიმეოროთ). აკაკის ქართული ბუნებრივია, სადა და თან ნათელი, გამჭვირვალე როგორც წყაროსთვალი. აკაკის სიტყვის მიუწვდომელი მხატვრული სისადავე თითქოს მორხეულია რბილი მოთინათინე ნათელით.
„თითქოს ჯადოქარს მოეტანოს, რაღაცამ გაიწკრიალა ჰაერში და თან მოისმა საამური ჩონგურის ხმა“. ეს სიტყვები „გოგია მეჩონგურე“-სი უნებლიედ გვაგონდება, როდესაც ვისმენთ აკაკის ტკბილ-ქართულს.
***
„ბაში-აჩუკის“, ამ დიდი მხატვრული ტილოს გვერდით, აკაკიმ მხატვრული პროზის დარგში დაგვიტოვა მთელი რიგი პატარა ფორმის ნაწარმოებნი სხვადასხვა ჟანრისა. ავტორი აქაც გვევლინება როგორც ნათელი და სუბუქი წერის ოსტატი.
აკაკის „სიკვდილი“ აღბეჭდილია აკაკის ნათელი და სხივოსანი ჰუმორით.
ორიგინალურ მხატვრულ ფორმაში არის მოცემული „ქართული ფულის თავგადასავალი“.
მოთხრობაში „სამგვარი სიყვარული“ ვეცნობით აკაკის - როგორც ნოველის ოსტატს.
აკაკის ეკუთვნის აგრეთვე ციკლები: „ძველებური ამბები“ და „საყმაწვილო ამბები“.
პატარა ფორმის ნაწარმოებთა შორის ცალკეა აღსანიშნავი „გოგია მეჩონგურე“, ხალხური თქმულების პოეტური გამოხმაურება, და „დავითის გვირგვინი“, ღრმა და მხატვრული სრულყოფით დამუშავებული ლეგენდა.
***
დასასრულ, აკაკის „ჩემი თავგადასავალი“.
ცნობილია, რომ აკაკი თავის პოეტურ მემკვიდრეობაში ყველაზე მაღლა აყენებდა „გამზრდელს“, ხოლო მხატვრული პროზიდან - „ჩემ თავგადასავალს“.
ლიტერატურული კრიტიკა უნდა დაეთანხმოს მწერლის ამ შეუმცდარს. შეფასებას. აკაკის მხატვრული პროზის დარგში „ჩემ თავგადასავალს“ უცილობელად უნდა მიეკუთვნოს ცენტრალური ადგილი.
„ჩემი თავგადასავალი“ მემუარული ჟანრის ლიტერატურას განეკუთვნება, მაგრამ შესრულების მხრით იგი აყვანილია მაღალი რეგისტრის მხატვრული ნაწარმოების ღონეზე.
„ჩემი თავგადასავალი“ არ არის მარტოოდენ ავტობიოგრაფია მწერლისა. იგი არის გაშლილი ქრონიკა საქართველოს მე-19 საუკუნის ცხოვრებისა, რომელშიაც ვგრძნობთ მთელი ეპოქის ყოფას.
„ჩემი თავგადასავალი“ ეკუთვნის იმ წიგნთა რიცხვს, რომლებიც დროთა მანძილზე არ ბერდებიან.
იგი დარჩება საკითხავ წიგნად, როგორც შესანიშნავი ადამიანური დოკუმენტი.
მაგრამ ამას გარდა მას დიდის ინტერესით აიღებს ხელში მომავალი ისტორიკოსიც, როდესაც იგი მოინდომებს მე-19 საუკუნის ყოფის გაცნობას, კონკრეტულსა და სრულყოფილს მხატვრულს ასახვაში.
დრამატურგია
აკაკის დრამატურგიული მემკვიდრეობა ორ ჯგუფად იყოფა: დრამატიული ნაწერები პროზით და ლექსად.
განსხვავებაა მათ შორის არა მარტო ფორმის მხრივ. მათი მხატვრული ღირსებაც სხვადასხვაა.
პირველი ჯგუფი, დრამატიული ნაწერები პროზით, საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მათი რიცხვი თითქმის ოცამდის აღწევს. მათ შორის არის: დრამები, კომედიები, ვოდევილები, სცენები და სხვ.
აკაკის ეს პროზაული დრამატიული ნაწერები - მხატვრულის მხრით ნაკლებ მნიშვნელოვანად უნდა ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ თვით ავტორიც არ ანიჭებდა მათ დამოუკიდებელ მხატვრულ მნიშვნელობას. დაწერილია ისინი მეტწილად იმდროინდელი ახლად ფეხ-ადგმული ქართული სცენის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ასე ღარიბი იყო პიესებით. აქ იყო, ასე ვთქვათ, ერთგვარი „საზოგადოებრივი დატვირთვა“ პოეტისა2.
***
სულ სხვა ხასიათისაა აკაკის დრამატიული ნაწერები ლექსად. მათ შორის ჩვენ გვაქვს სამი მაღალი მხატვრული რეგისტრის ნაწარმოები: პატარა კახი, თამარ ცბიერი და მედია.
აქ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ამ სამი ნაწარმოების ხასიათს უფრო ზუსტად გამოხატავს სახელწოდება: „დრამატიული პოემა“, ვიდრე „დრამა“. აქ მთავარია არა წმინდა დრამატურგიული სპეციფიკა, დრამატურგიული ხერხები, არამედ პოეზია.
ამით მხატვრული ღირსება ამ ნაწარმოებთა ოდნავაც არ კლებულობს. ჟანრი - „დრამატიული პოემა“ რასაკვირველია ისეთივე სრულყოფილი სახეა ხელოვნებისა, როგორც წმინდა დრამის ჟანრი.
***
თემატიკის განხრის მხრით - ეს სამი ნაწარმოები სხვადასხვა ელფერს ატარებენ.
„პატარა კახი“-ს მხატვრული აქცენტი - ეს არის პატრიოტიკა, ისტორიულ მასალაზე გაშლილი. თავისი იდეური მიზანდასახულობით აქ ჩვენ გვაქვს ისეთივე ხასიათის ნაწარმოები, როგორიცაა, მაგალითად, ზემოთგანხილული ისტორიული პოემა „თორნიკე ერისთავი“, ან-და ისტორიული მოთხრობა „ბაში-აჩუკი“.
ნაწარმოების ცენტრში სდგას - „პატარა კახი“, ახალგაზრდა ერეკლე. პოეტი აქ უმღერის საქართველოს ამ ახალგაზრდა არწივის პირველს გაფრენას.
მაგრამ მაინც მთავარი გმირი ნაწარმოებისა არის იმდენად არა ახალგაზრდა ერეკლე, არამედ ბრმა მოხუცი გელა, გლეხობის წრიდან გამოსული, ქედმოუხრელი გმირი, განსახიერება მშრომელი ხალხისა. ეს გელა არის, რომ რაზმავს ხალხს, აანთებს სამშობლო ქვეყნის სიყვარულით ხალხის გულს.
დამახასიათებელია ამ ნაწარმოების იდეური მიზანდასახულობისათვის, რომ ბრძოლას შემოსეული მტრის წინააღმდეგ გადასწყვეტს თვით მშრომელი ხალხი, გლეხობა. იმ დროს, როდესაც ერეკლე და მისი თანამებრძოლნი განსაცდელში ვარდებიან, როდესაც ერეკლეს თავგანწირული გმირობა ვერ შველის საქმეს, ამოძრავდება თვით ხალხი, მშრომელი გლეხობა, რომელიც დაიძვრის. გმირულის სიმღერით - „მუმლი მუხასაო, გარს ეხვეოდაო...“ მუშა-გლეხობა მოიგებს უკვე წაგებულ ომს და დაიხსნის ქვეყანას განსაცდელისაგან.
„პატარა კახი“ მაღალი რანგის პოეტური ქმნილებაა. დაწყებული პირველი სტროფიდან („დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან! მაგრამ სალამურს თუ მოჰკრა ყური...“) და გათავებული უკანასკნელი სცენით, როდესაც მოხუცი გელა ეთხოვება ბრძოლაში დაღუპული ძვირფასი გმირების ნეშტს, - აქ ჟღერს მართალი ხმა პოეზიისა.
მეორე ნაწარმოები - „თამარ ცბიერი“ - განსხვავებულ თემატიურ რკალშია მოცემული.
პოეტი, იდეალისა და სინამდვილის ტრაგიული დაცილების ფონზე, გვი- სახავს ორ სხვადასხვა პოეტურ ხატს, პოლარულ სახეებს:
თამარ, - მოსილი დემონიურის მშვენიერებით, ეს მშვენიერი ჯადოქარი, ტრფობის სურვილით შემობურვილი, რომლის საბედისწერო მშვენების დემონიური ელვარება ხიბლავს განურჩევლად ყველას, რომელიც ხარკად ღებულობს ქვეყნის გულისძგერას; იგი ბოლოს იღუპება, დაფერფლილი თავისივე ცეცხლით. ხოლო მის გვერდით სულ სხვა მსოფლიოდან მოვლენილი განყენებული იკონოგრაფიული სახე მგოსნის გოჩასი, რომლისთვისაც მხოლოდ იდეალია ჭეშმარიტი სინამდვილე, ხოლო იდეალს დაცილებული სინამდვილე წარმავალ ოცნებას უდრის.
„თამარ ცბიერში“ ცალკეული ხაზები დრამატიული კოლიზიის გაშლისა თუმცაღა ერთგვარი სქემატიურობის ელფერს ატარებს, მაგრამ ეს ნაკლი სავსებით გამოსყიდულია იმ დიდი პოეტურობით, პოეტური აღვსილობით, რომლითაც აღბეჭდილია ამ ნაწარმოების ცალკე პასაჟები.
დასასრულ, მესამე ნაწარმოები „მედია“.
აქ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ლიტერატურული კრიტიკა აკაკის დრამატიული პოემებიდან ხშირად ახსენებს „პატარა კახს“ და „თამარ ცბიერს“, ეს მესამე ნაწარმოები „მედია“ - ჩრდილშია დაყენებული.
ეს არაფრით არ არის გამართლებული. „მედია“ მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ქართული ლიტერატურისა, როგორც თავისი პოეტური ღირსებებით, აგრეთვე თითონ თემის მხრითაც, რომლისადმი იგი მიძღვნილია.
აკაკი პირველია ქართულ პოეზიაში, რომელიც შეეხო თქმულებას „ოქროს-საწმისიანი ვერძი“-ს შესახებ, მითოსს, რომელიც დაკავშირებულია ძველ კოლხეთთან და ელადასთან.
ვინ არ შეჰხებია ამ უნივერსალურ თემას, პოეზიის მხცოვანი პატრიარქის ჰომიროსის შემდეგ, ანტიური ტრაგიკოსებიდან და ეპიკოსებიდან მოკიდებული, და დასრულებული ევროპის ახალი პოეზიით.
ხოლო აკაკის „მედია“-ს სახით მსოფლიო პოეზიის ამ დიდ ორკესტრს თავისი ხმა შეუერთა თვით კოლხეთმა, თვით მედიას მზიურმა სამშობლომ. აკაკის „მედია“ ტრილოგიის სახით იყო განზრახული: „მედია კოლხეთში“, „მედია ელადაში“, „მედია სამშობლოში დაბრუნებული
პოეტმა განახორციელა მხოლოდ პირველი ნაწილი ამ ტრილოგიისა - „მედია კოლხეთში“.
„მედია კოლხეთში“ გვაგრძნობინებს კოლხეთის ბუნების წარმტაც პოეზიას. ჩვენ თითქოს გვესმის ორფეოსის ჩანგის ჟღერა, დარხეული კოლხეთის ველებზე.
ხოლო ამ პოეტურ ფონზე, კავკასიონის მთებში, რომელიც ზღუდის სახით მოვლებია კოლხეთის მზიან ველებს, ისახება გრანდიოზული აჩრდილი მიჯაჭვული ამირანისა.
აკაკის „მედია“-ში არის გრძნობა ძველი მითოსის სულისა. მითოსის შეგრძნობით არის აღბეჭდილი „მედია“-ში „გაზაფხულის ბუნიაობა“, როდესაც ზამთარ-გაზაფხულის მიჯნაზე შესწორდება დღე და ღამე, დგება ჟამი, როდესაც - „არც ბნელს, არც ნათელს არ ჰსურს დაკლება, საზღვარს არც ერთი არა სცილდება“. გაზაფხულის ბუნიაობის ეს ღამე - არის „ღამე ამირანისა“, როდესაც ყოველწლიურად ხდება ამირანის ჯაჭვის გამაგრება მჭედლების მიერ. ამირანის ამ მიჯაჭვას, მჭედლების მიერ საბედისწერო უროს დაკვრას, თითქოს ეხმაურება თვით ბუნება, რომელიც მღელვარებს და შფოთავს ბუნიაობის სასწორთან, ზამთარ-გაზაფხულის მზღვარზე.
მედია, ჯერ კიდევ ყმაწვილი, რომელიც პირველად შედის ცხოვრების გაზაფხულში, გაზაფხულის ბუნიაობის განთიადზე გასული „ამირანის ცრემლების“ შესაგროვებლად; - მზიური ჭაბუკი იაზონ, ვეფხის-ტყავ მოსხმული, რომელსაც თავზე გადაუვლის ამირანის ორბის აჩრდილი; - ორფეოს, რომლის ჩანგის ჟღერა ხიბლავს და ამშვიდებს ბუნების მღელვარებას; - მითოსის წრიდან გამოშუქებული სახეებია.
აკაკის „მედია კოლხეთში“, და ამის გვერდით აკაკის ჰიმნი ამირანზე, ეს პირველი სიმღერებია ქართული პოეზიისა, ძველი საქართველოს მითოსის მემკვიდრეობის ამსახველი.
აკაკის ამ პირველი სიმღერის შემდეგ - ეს უნივერსალური თემები, დიადი მითოსი ამირანისა, და მითოსი „ოქროს-საწმისიან ვერძზე“, - მოელის შემდეგს სრულყოფილს გაშლას ქართულს მხატვრულ სიტყვაში.
პუბლიცისტისა. კრიტიკა-ლიტერატურისმცოდნეობა
აკაკის ძირითადი ლიტერატურული მემკვიდრეობის - პოეზიის, მხატვრული პროზისა და დრამატურგიის - ზემოთ-წარმოდგენილი მოკლე მიმოხილვის შემდეგ ჩვენ დაგვრჩენია შევეხოთ აკაკის ნაწერებს პუბლიცისტიკისა და კრიტიკა-ლიტერატურისმცოდნეობის დარგიდან.
ჩვენ აქ მხოლოდ ზოგიერთი შენიშვნებით დავკმაყოფილდებით.
***
ქართული ჟურნალისტიკა-პუბლიცისტიკის ისტორიაში აკაკის ეკუთვნის საპატიო როლი. აკაკიმ შეჰქმნა თავისებური ჟანრი: მხატვრული ფელეტონი-ნარკვევი.
აკაკის ეს ფელეტონი-ნარკვევები (სხვადასხვა სახელწოდებით „ცხელ-ცხელი ამბები“, „ნადუღი“ და სხვ.) სისტემატურად ქვეყნდებოდა ქართულს პრესაში.
არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ წარსულ საუკუნეში არც ერთს ჟურნალისტს-პუბლიცისტს არ ჰყოლია იმდენი მკითხველი ქართულ საზოგადოებაში, რამდენიც აკაკის ამ ნარკვევებს. რეზონანსი აკაკის ამ ფელეტონებისა განუზომელად დიდი იყო, იგი დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენდა.
აკაკი ამ ფელეტონებში ჩვენ გვევლინება როგორც ფხიზელი მეთვალყურე საზოგადოებრივი ცხოვრების მაჯისცემისა, იგი ეხმაურება და პასუხს აძლევს ყველა იმ მწვავე საჭირბოროტო საკითხებზე, რომელსაც საზოგადოებრივი ცხოვრება ყოველდღიურად აყენებდა.
პუბლიცისტური თავისი შინაარსით, პოლიტიკური სიმკვეთრით გამახვილებული, აკაკის ფელეტონები ამავე დროს აღბეჭდილია მხატვრული სიმკვეთრით. იგი ზოგჯერ პოლიტიკური სატირის ხაზებშია გაშლილი. თან შეზავებულია აკაკის მახვილი ჰუმორით.
აკაკის ფელეტონები ჩვეულებრივ ლექს-ნარევი პროზით არის ნაწერი.
***
კრიტიკა-ლიტერატურისმცოდნეობის დარგში ცალკე უნდა მოვიხსენოთ აკაკის ცნობილი კრიტიკული ნარკვევი: „სამი ლექცია ვეფხისტყაოსანზე“.
აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ აკაკი წერეთლისათვის შოთა რუსთაველი არ იყო მარტოოდენ განყენებული ლიტერატურული ინტერესის საგანი. შოთა რუსთაველის დიადი გენია გზის მაჩვენებელი ვარსკვლავის სახით უნათებდა პოეტს. აკაკი მიმართავდა რუსთაველის ლანდს:
შენ ნიშნად უკვდავებისა
ერს მოვლენიხარ განგებით,
ვით ცისარტყელა აღთქმისა
უცნაურისა ჰანგებით...
აკაკიმ უძღვნა რუსთაველს მთელი ციკლი შთაგონებული ლექსებისა: ლეგენდის ფორმაში დაწერილი პოეტური შედევრი: „რამ გამოიწვია ვეფხის-ტყაოსანი“, „რუსთველის სურათზედ“, „სიზმარი“ და სხვა.
მაგრამ ეს ცოტაა. აკაკის პოეზიაში ცოცხლდებიან თვით რუსთაველის გმირები, ისინი თითქოს ახალ ხორცს ისხამენ სულ სხვა ეპოქის იდეების გადმოსაცემად. აკაკის პოეზიაში მეტყველებს რუსთაველის დიადი გენიის უშუალო პოეტური გამოძახილი.
რაც შეეხება აკაკის თეორეტიულ ნაშრომს ლიტერატურისმცოდნეობის დარგიდან - „სამი ლექცია ვეფხის-ტყაოსანზე“, აკაკიმ ამ კრიტიკულ ნარკვევში, როგორც ცნობილია, წამოაყენა გარკვეული თეორია ვეფხის-ტყაოსნის შესახებ.
ბევრი რამ, შესაძლოა, საცილობელია აკაკის ამ თეორიაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოეტის მახვილი თვალი ამჩნევს ბევრს რასმე მნიშვნელოვანსა და ძირითადს.
აკაკის შეხედულება ვეფხის-ტყაოსნის ტიპების ეთნოგრაფიულობის შესახებ - იმ სახით, როგორც ეს პოეტმა წარმოგვიდგინა, სჩანს არ არის მართალი (პირადად ჩვენ აკაკის ამ შეხედულებას არ ვიზიარებთ). მაგრამ ერთი რამ, და ამასთან მთავარი, უეჭველად იგრძნო პოეტმა: ეს ღრმა ორიგინალობა ვეფხის-ტყაოსნისა, ვეფხის-ტყაოსნის ქართულობა. პოეტი გრძნობდა, რომ ვეფხის-ტყაოსანი არის სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი ქართველი ხალხისა, რომ ვეფხის-ტყაოსანი ყველა ძაფებით დაკავშირებულია საქართველოსთან, რომ ვეფხის-ტყაოსანში ასახულია ქართული გარემო, ქართული სინამდვილე.
ვეფხის-ტყაოსნის შემდგომი გაღრმავებული მეცნიერული შესწავლა ადასტურებს პოეტის ამ ძირითადს თეზისს.
აკაკი და ახალი ქართული სალიტერატურო ენა
ჩვენი მიმოხილვის დასასრულს საჭიროა შევჩერდეთ ერთს მეტად მნიშვნელოვანს საკითხზე: ახალი ქართული სალიტერატურო ენის შესახებ.
ქართული მწერლობის ორს დიდს კორიფეს, ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს, ამ ორს განუყრელს თანამგზავრს ქართული ლიტერატურის ასპარეზზე, განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ახალი ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში.
ენა - ურთულესი ცოცხალი ორგანიზმია. დროთა მანძილზე ენა ვითარდება, იცვლება. მას აქვს - ისტორიული პირობებისდა მიხედვით - თავის დაცემისა და აღმავლობის პერიოდები.
მე-19 საუკუნის დასაწყისი არის დიდი ეპოქალური მნიშვნელობის ტეხილი ქართველი ხალხის ისტორიაში.
ქართული ენის მდგომარეობაზე, ცხადია, დიდი გავლენა იქონია იმ გარემოებამ, რომ მე-19 საუკუნეში ქართული ენა შეზღუდვილი იყო თავის უფლებებში, ქართული ენა მე-19 საუკუნეში აღარ არის ენა სახელმწიფოსი, სახელმწიფოებრივი ენა.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, იმ რთულს გარემოში, როდესაც დასრულდა „ძველი ქართლი“ და ტკივილებით იბადებოდა ახალი საქართველო, - ქართულმა ლიტერატურამ, და მასთან ერთად ქართულმა სალიტერატურო ენამ, რთული ევოლუცია განიცადა.
ჩვენ აქ არ შევუდგებით ამ ევოლუციის გზებისა და მისი ცალკე საფეხურების აღნიშვნას. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ სამოციან წლებში - ქართული ლიტერატურა, ახალ იდეურ საფუძვლებზე, გაიშალა დიდი მასშტაბისა და დიაპაზონის ლიტერატურის სახით, ნამდვილი ხალხური ლიტერატურის სახით.
ლიტერატურის ახალ შინაარსთან, ახალ მიმართებასთან ერთად - შეიცვალა თვით სალიტერატურო ენის საერთო ხასიათი, განახლდა მისი საერთო სტილი.
საფუძველი, რომელზედაც მტკიცედ დაემყარა სამოციანი წლების ქართული მწერლობა - სალიტერატურო ენის გადახალისება-განახლების დროს, ეს იყო ცოცხალი სალაპარაკო ენა ხალხისა, ხალხური ენა.
თვით ხალხია შემნახველი - ერის უწმინდესი განძისა, - ენისა, ენის ბუნებრივი და მართალი წყობისა.
ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა, ახალი ეპოქის ქართული მწერლობის ამ დიდმა ფუძემდებლებმა, ახალი ჭედი მისცეს ქართულ სალიტერატურო ენას, ახლად დააფოლადეს იგი - ხალხური ენის, ხალხის ენის საფუძველზე.
მას შემდეგ ეს ენა, აღბეჭდილი ხალხურობით, გადახალისებული და დაწმენდილი, - გახდა ნათელი ორგანო ჩვენი ახალი მწერლობისა.
***
მიმდინარე 1940 წელს საბჭოთა საქართველო, და საბჭოთა საქართველოსთან ერთად დიდი საბჭოთა კავშირის მოძმე ერები, დღესასწაულობენ აკაკი წერეთლის დაბადების ასწლოვან იუბილეს, იგონებენ დიდს პოეტს, რომელიც უმღეროდა სამშობლო ქვეყანას და მშრომელი ხალხის საქმეს, უმღეროდა ანთებული მომავლის დიდი იმედით.
პოეტის იმედი აღსრულდა. დღეს თავისუფალია პოეტის მშვენიერი სამშობლო. თავისუფალია შრომა.
დიდი ისტორიული მოვლენები თითქოს წინასწარ გამოსცემენ უხილავ სხივებს მომავლიდან.
აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ წარსული საუკუნის 80-იან წლებში უმღერა გორს:
გორო, ქართლის შუაგულო,
მეთაურო ქართლისაო,
ადრე ღირსად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო!
პოეტი მიმართავდა გორის მიწას, მორწყულს სისხლით, ცრემლით და ოფლით:
ტყვის დამხსნელად მონამზადო,
საიმედოვ ობლისაო.
და აი, აქ, გორში, საქართველოს მიწა-წყალზე, დაირწა აკვანი იმ დიდი გმირისა, რომელმაც დაიხსნა ტყვე და გაანთავისუფლა ქვეყანა, დაირწა აკვანი იმ დიდი გმირისა, რომლის მზე დღეს უნათებს პოეტის სამშობლოს და სხივებსა ჰფენს მთელს მსოფლიოს.
1940 წ., მაისი.
პავლე ინგოროყვა.
_________________
1. იხ. ილია ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული, ტ. VI. ტფ. 1927 წ., გვ. 6-8.
2. ასე, ცნობილი კომედიის „კინტო“-ს დაწერის შესახებ, ავტორი შემდეგს ცნობას გადმოგვცემს, რომელიც მოგვყავს როგორც ეპოქის დამახასიათებელი შტრიხი:
„პირველ ხანებში, როცა ქართულ თეატრს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სცენაზე ფეხი მოდგმული, რთული პიესების წარმოდგენა მოუხერხებელი იყო. გარდა გაბუნიასი და საფაროვის ქალისა, არტისტი ქალები არ გვყოლია, და ეს გარემოება გვაიძულებდა, რომ პიესებიც მისთანა აგვერჩია ხოლმე, სადაც ქალების როლი ნაკლები იყო. - სეზონი თავდებოდა. უკანასკნელ დღეს გაბუნიას ბენეფისი იყო. მაგრამ, რადგანაც რამდენიმე დღის წინათ საფაროვის ქალი ავად გახდა მოულოდნელად, საბენეფისოდ ამორჩეული პიესის თამაში მოუხერხებელი შეიქნა და ბენეფისი აღარ შედგებოდა... დრო აღარ იყო, სხვა პიესა აგვერჩია, და ვერც პიესა გამოვნახეთ მისთანა, რომ მარტო ერთი ქალი ყოფილიყო მოთამაშე. - ახალგაზრდა ნიჭის ყოველთვის თანამგრძნობი ვიყავი და გაბუნიას დაღონებამ მეც შემაწუხა. მეტი ვეღარა მოვახერხე-რა, დავჯექ იმ ღამესვე და გათენებამდე დავწერე ეს სცენები „კინტო“, სადაც ერთი ქალის მეტი არ არის საჭირო და რომელსაც თვითონ მობენეფისე ითამაშებდა... სამ დღეში მოვამზადეთ ახალი პიესა“.
![]() |
3 ლექსები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 1859 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1.1 ნავი |
▲ზევით დაბრუნება |
საშუალ ზღვისა ცურავდა ნავი.
ყოველის მხრიდან ჰქრიდა ნიავი.
სჩანდა, რომ ნავი იღუპებოდა
და შემწედ არვინ ეგულებოდა.
ამ დროს ხვამალდმა გამოიარა,
ნავმა იხილა რა, გაიხარა;
გაჭირვებისგან სთხოვა გამოხსნა.
ხვამალდს შეჰბრალდა, ეს საქმე რომ სცნა,
მოაბა ჯაჭვი, შველა ინება
და უთხრა: „შიში ნუღარ გექმნება!
ქარი ჩემს სივრცეს რომ შემოხედავს,
მერწმუნე, ქროლას ვეღარ გაჰბედავს!
მალე მოვახდენ აქ მყუდროებას
და შენ მიიღებ თავისუფლებას!“
ნავს ეს ნუგეში დიდად იამა
და, რაც შეეძლო, მას ასიამა.
რა ნავი ნახა განსვენებული,
შეიქმნა ქარი განრისხებული:
დიდის დაკვეხით ხვამალდს შეჰბერა,
მაგრამ მის სივრცეს დააკლო ვერ-რა.
ჩადგა ნიავი ძალით, არ ნებით,
და ზღვა დასტოვა მან განსვენებით.
ნავს ესე საქმე დიდად იამა,
სთქვა: „გამომიჩნდა კეთილი მამა!
თუ ესა მყავდეს და ეს მფარვიდეს,
მე ვერავინ ვერ მომერეოდეს“.
დაემორჩილა ხვამალდსა ნებით,
დიდის სურვილით და განსვენებით.
მას შემდეგ ვითომ აქვს მშვიდობა ნავს
და მავნებელიც აღარავინ-ჰყავს...
გაძული არის გარეშე მტერი,
მოშორდა იმ ნავს, აღარსადა-ჰყავს,
მაგრამ რაი, რომ თვით ის ხვამალდი
მას თავზე აყრის მტვერსა და ნაგავს.
1859 წ., 25 მარტი,
საჩხერე.
ნავი (I, 3)1. დაწერის თარიღი: 1859 წ., 25 მარტი, საჩხერე2. დაიბეჭდა 1859 წ.
- ცისკარი 1859 წ. სექტ. || ავტოგრაფი XV,3. -
ლექსი „ნავი“ - პირველი ნაწარმოებია აკაკისა, რომელშიაც გამოვლინებულია პოეტის პოლიტიკური მსოფლმხედველობა, ეროვნული რადიკალიზმი, რომელიც პოეტის მთელს შემოქმედებას ახასიათებდა შემდეგში. ამის გამო - აკაკის ლექსთა კრებული გავხსენით ამ ლექსით.
აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ ცისკარში დაბეჭდილ ტექსტში შეცვლილია ლექსის ფინალი, რითაც სრულებით დამახინჯებულია ამ ლექსის დედა-აზრი. სახელდობრ ცისკარში გამოგდებულია ბოლო ოთხი სტრიქონი, რომელიც აქ სწორ რკალებში [...] გვაქვს მოთავსებული, ხოლო ამის წინარე ორი სტრიქონიც გადაკეთებულია.
ცისკარში დაბეჭდილია:
„მისსა შემდეგ აქვს მშჳდობაჲ ნავს და მავნებელიც აღარავინ ჰყავს“
აკაკის ტექსტი შემდეგია (იხ. ავტოგრაფი):
„მას შემდეგ ვითომ აქვს მშვიდობა ნავს
და მავნებელიც აღარავინ-ჰყავს...
***
[გაძული არის გარეშე მტერი,
მოშორდა იმ ნავს, აღარსადა-ჰყავს,
მაგრამ რაი, რომ თვით ის ხვამალდი
მას თავზე აყრის მტვერსა და ნაგავს.]“
ლექსის ბოლო გადაუკეთებია ცისკრის რედაქტორს ივ. კერესელიძეს - ცენზურის შიშით, როგორც „მთავრობის საწინააღმდეგო“.
ამ გარემოებას აკაკის სამართლიანი გულის-წყრომა გამოუწვევია. ერთს ამ-დროინდელ წერილში (1860 წლის 25 აპრილის თარიღით) აკაკი სწერს დედას:
„მე და კერესელიძე როგორღაც ვერ მოვეწყვეთ. ლექსები წამიხდინა, თავისებურად გადააკეთა და შარშან სექტემბრის აქეთ აღარაფერს აღარ უგზავნი...“3
_________________
1. რიცხვები ლექსების სათაურების შემდეგ (როგორც ამ შემთხვევაში, ისე ყველგან ქვემოთ) - აღნიშნავს: რომაული ციფრი - ჩვენი გამოცემის ტომს, არაბული ციფრი - გვერდს.
2. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ცისკარში.
3. წერილი დაცულია ქუთაისის სამხარეთმცოდნეო მუზეუმში (კირილე ლორთქიფანიძის არქივი).
![]() |
3.1.2 საიდუმლო ბარათი |
▲ზევით დაბრუნება |
საიდუმლო ბარათო!
გითხრეს: „ექმენ მარადო
სიხარულის მიმნიჭედ
და სევდისა ფარადო“.
მისთვის გიდებ უბეში,
გალბობ ცრემლის გუბეში,
ამისრულო, რაც გითხრეს,
თუ ხარ ჩემი ნუგეში!
ვერა მხედავ მდუმარეს,
ცრემლებს რომ ვღვრი მდუღარეს?
რად არ მეტყვი მის ამბავს,
ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?
როცა მისი მარჯვენა
გრძნობით გხატავდა შენა,
თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე,
ვერც სახეზედ მოწყენა?
როცა ამ სიტყვებს სწერდა,
გული ხშირად უძგერდა?
და თან ტკბილის გრძნობითა
სიყვარულსა დაგმღერდა?
ან როს ფარულად მანა
შენ ჩემთან გამოგგზავნა,
ანგელოსი სუფევდა
მის გულში, თუ სატანა?
არა! ამ გრძნობას განა
მიჰბედავდა სატანა?!
მაშინ უკუღმა ბრუნვას
იწყებდა თვით ქვეყანა!
საიდუმლო ბარათო,
მექმენ… მექმენ მარადო
სიხარულის მომნიჭედ
და სევდისა ფარადო!
1859 წ. 20 მკათათვე,
პეტერბურგი.
ავტორის შენიშვნები
ეს ლექსია, რომელიც პირველად დაიბეჭდა ჩემი სახელით და გვარით. მანამდე-კი უსახელოდ ვბეჭდავდი. ვერც ამ ლექსზე ვბედავდი ჩემი ვინაობის გამოცხადებას, მაგრამ ჩემდა შეუტყობლად მოხდა. დაებეჭდა „ცისკრის“ რედაქტორს და თავისთავად მოეწერა ჩემი სახელი და გვარი. ჩემთვის წერილი გამოეგზავნა შემდეგი შინაარსის:
„პლატონ იოსელიანს, რომელიც ქართულს ასწავლის ნამესტნიკ ბარიათინსკის, გადაუთარგმნია მისთვის ეს შენი ხელნაწერი ლექსი და შენი ვინაობაც მოუხსენებია. ბარიათინსკის ძალიან მოსწონებოდა და ებრძანებია: რომ დაბეჭდოთ, ავტორის სახელი და გვარი მოაწერეთო, და მეც-მეტი რაღა გზა მქონდა? — შენი სახელით დავბეჭდე და არ გამიჯავრდეო“. ეს ყოლიფერი მართალი იყო თუ არა, არ ვიცი!.. ეგებ, რედაქტორმა, როგორც ყმაწვილის გულგასაკეთებლად, ისე მოაწერა, მაგრამ მე კი დავიჯერე და დიდადაც მეფონა, რომ ყურადღებასაც მაქცევენ-მეთქი.
იმ ხანებშივე ამ ლექსის გამოისობით ორი წერილიც მივიღე. ერთი ჩემი უცნობის ანჩისხატის დეკანოზის ეფრემის იყო. აი, რას მწერდა სხვათა შორის: „გილოცავ მოშაირობას და თანვე გთხოვ, მამა-შვილობას, ამისთანა ლექსებს მდაბიო ენით ნუ სწერ! დარბაისლური ენა ეჭირვება და შენ-კი რაღაც სოფლიურ ენითა სწერ. და ეს მით უფრო საშიშია, რომ შენი ლექსი ყველას გულში ხვდება. გამოსვლისთანავე სასიმღერო ლექსად გადაიქცა. განსაკუთრებით ქალები იმღერიან, და ვაი თუ მაგ შენ ენას მიეჩვიონ და გადიგდონ გულიდან ძველი დარბაისლური ქართულიო“. მეორე წერილი იყო თ. ირაკლი ლორთქიფანიძისა. ისიც მაქებდა და მთხოვდა ძველი ენითა სწერეო. ამ წერილებმა, ცოტა არ იყოს, გამაყოყოჩეს. ცხრამეტი წლის ახალგაზრდას სულსა და გულს მიტკბობდა უფრო ის, რომ „ქალები იმღერიანო“. და მეც გადავწყვიტე, რომ თავი დავუდვა მწერლობას, მაგრამ სახალხო ენით და არა დარბაისლურად ვწერო.1
______________
1. ეს პირველი შენიშვნა ძირითადში იმეორებს „ჩემი თავგადასავალის“ ცნობას. (რედ.)
საიდუმლო ბარათი (I, 5). დაწერის თარიღი: 1859 წ., 20 მკათათვე, პეტერბურგი.1 დაიბეჭდა 1860 წ.
- ცისკარი 1860 წ. იანვ. || სალამური 1893 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. - (დედნები სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს).
„საიდუმლო ბარათი“ - პირველი ნაწარმოებია პოეტისა, რომელშიაც ისმის აკაკის ლექსის თავისებური ახალი ჟღერა, რომელშიაც პოეტი სავსებით თავისუფლდება იმ დროს გაბატონებული არქაისტული ტრადიციებიდან.
აკაკის ამ ლექსმა გამოქვეყნებისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა, მას ფართო გამოხმაურება ჰქონდა. არქაისტების წრე პოეტს უწუნებდა „მდაბიურ“ კილოს.
ამ ლექსის შესახებ იხ. აკაკის შენიშვნა ავტობიოგრაფიულ ქრონიკაში „ჩემი თავგადასავალი“.2 იხ. აგრეთვე ავტორის შენიშვნები (წინამდებარე კრებულის I ტ. გვ. 73).
________________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ცისკარში.
2. აკ. წერეთელი, რჩეული ნაწერები, I ტ. (1925 წ.) გვ. 73.
![]() |
3.1.3 ცოდვილის სინანული |
▲ზევით დაბრუნება |
სოფლის ღელვისგან აღტაცებულმან,
გადავსცდი მცნებას, გცოდე, მამაო!
და ვაი! დღეს სცნო ბოროტმა სულმან
სოფელი ესე ცრუ და ამაო!
ვგრძნობ, სახიერო! ეს ბოროტება
გამოუთქმელი და საშინელი,
თუმც სხვათ ბოროტთა აღემატება,
მაგრამ შენდობას მაინც მოველი!
რადგან ზეცავ, შენ, აჰა, მოგმართე,
ამაოდ ნუ ჰყოფ ჩემს სინანულსა!
კეთილისათვის გზა წარმიმართე,
ძალ-მეც, ვსთრგუნვიდე ბოროტსა სულსა!
შენანებულს შენ არ მოიძაგებ,
ნუგეში ამით მე მემატება!
და სულგრძელებას შენსას ვადიდებ,
ოდეს მეზვერე გამახსენდება.
1859 წ., 22 მკათათვე,
პეტერბურგი.
ცოდვილის სინანული (I, 7). დაწერის თარიღი: 1859 წ., 22 მკათათვე, პეტერბურგი.1 დაიბეჭდა 1860 წ.
- ცისკარი, 1860 წ. მარტი. -
ეს ლექსი, როგორც თარიღების შეხვედრა გვიჩვენებს, ერთდროულია ლექსთან „საიდუმლო ბარათი“. თვით აკაკი ერთ წერილში (1860 წლის 25 აპრილის თარიღით) ხუმრობით სწერს დედას: „საიდუმლო ბარათი რომ დავწერე, თქვენი შემეშინდა და სინანულის ლოცვა თან მივაყოლე“-ო.
______________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ცისკარში.
![]() |
3.1.4 ქართლის სალამი |
▲ზევით დაბრუნება |
შორის ქვეყნიდგან, მოშორებულსა,
სამშობლო ჩემო! გიგზავნი გულსა,
შენს ერთგულს მონას, მსხვერპლადცა მზასა,
შენთვის ოხვრისგან დაწყლულებულსა.
მშვიდობა შენთან, სამშობლო მხარე!
ერთს დროს ჩემთ სევდათ მეიავარე,
რა რომ მოგშორდი, სევდამ კვლავ მძლია
და სიხარული მანდვე დავჰყარე.
ვაი, თუ დავჰყარე უკუნისამდე?
ვეღარ გიხილო სანამ ვსუნთქავდე?
უნდ უნუგეშომ კაეშანს ვმონო
და ჯაჭვ-ჩაბმული მას უნდა ვჰყავდე.
ასე ამ ქვეყნად გამიქრეს ბედი,
ვეღარ გიხილო სამშობლო მეტი!
ჩემი სურვილი, მხურვალე გრძნობა
ამაო იქმნეს, აღწყდეს იმედი!
უნდ სიკვდილამდის ვეგდო ამ მხარეს,
სევდისა მსხვერპლად ცრემლს ვღვრიდე მწარეს,
სად ვერ ვსჭვრეტ ვარსკვლავს, მთვარე მქრალია,
დღეს ბნელი ჰფარავს მის არემარეს?
წყეულო გრძნობავ! მყოფ უიმედოს?
არ მრწამს, სამშობლომ გამომიმეტოს!
ვეღარ ვიხილო? წყლული ვერ ვჰკურნო?
მაშინ ჩემს გულსა ცეცხლი მოედოს!
არა! ვგონებ კი მეღირსოს ნახვა!
ნახვა! რა ნახვა? ის იქნება სხვა!
როს მის გემებსა დააქანებდეს
კასპიისაცა და ექვსინის ზღვა!
აღსდეგ, სამშობლო! ბევრი გეძინა!
ვინც კვალში გდევდენ, გაგისწრეს წინა!
შენის ბუნების მექონი, მითხარ,
რამ დაგაღონა? რამ შეგაშინა?
აღსდეგ მამაცად და გაიმართე,
თუ რომ იშრომებ, გზები გაქვს ფართე!
ცეცხლის გემები, რკინისა გზები
და ტელეღრაფი თამამად მართე!
როგორც შეფერის შენსა ბუნებას,
ისე აძლევდე შრომასა ნებას,
ხარბის თვალითა მიიტაცებდე
და ავრცელებდე მანდ განათლებას.
1859 წ., ივლისი,
პეტერბურგი.
ქართლის სალამი (I, 8). დაწერის თარიღი: 1859 წ., ივლისი, პეტერბურგი1 დაიბეჭდა 1859 წ.
- ცისკარი 1859 წ. ოქტომბერი. -
ცისკარში დაბეჭდილ ტექსტს ბოლოში მიმატებული აქვს შემდეგი ოთხი სტრიქონი:
„ჰხედავ რუსეთსა? რუსეთს შენს მხსნელსა?
ვით ჰზრუნავს შენთვის, გიმართავს ხელსა?
ეცადე ნაცვალს, და მოთმინებას
შენ ნუ აკმარებ მას ცარიელსა“.
ეს დამატება, რომელიც სრულიად სცვლის ლექსის დედა-აზრს, როგორც ირკვევა, დამატებულია ცისკრის რედაქციის მიერ, რათა ლექსი ცენზურისათვის „უვნებელი“ გაეხადათ. ცისკრის რედაქციას, როგორც ვნახეთ, სხვა შემთხვევაშიაც მოუხდენია ამგვარი „შესწორება“ აკაკის ლექსებში. (აკაკი ზემოთ-დასახელებულს 1860 წლის 25 აპრილის წერილში აღნიშნავს, რომ ცისკრის რედაქციამ „ლექსები წამიხდინა, თავისებურად გადამიკეთაო“. აქ იგულისხმება ორი ლექსი: „ნავი“ და „ქართლის სალამი“).
________________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ცისკარში.
![]() |
3.1.5 ერთ ქალს |
▲ზევით დაბრუნება |
ვარდი რომ ერჭო თმაში ზედ პეპელათი
ვარდს პეპელა დასჯდომოდა,
დაჰფეთქდა და დაჰსუნთქავდა,
მაგრამ ვარდი ვარდს ქვემოდა
სხვა ყვავილსა არა ჰგავდა.
იგი ტურფა მის მჭვრეტელსა
ნეტარების სუნნელს სცემდა,
მაგრამ ხელის შემხებელსა
შეუბრალად ეკლით სცემდა.
და მჭვრეტელნი, მაშინ ოდენ
დარდ-აშლილნი, ერთხმად ყველა,
გულდაწყვეტით იძახოდენ:
„ნეტავი შენ, ოჰ, პეპელა!“
მაგრამ იმ დროს, გაუხარი,
ვით ზამთარში თვით პეპელი,
უნუგეშოდ, ცოცხალ-მკვდარი,
ბედს სწყევლიდა წერეთელი.
1859 წ.
ერთ ქალს, ვარდი რომ ერჭო თმაში ზედ პეპელათი (I, 10). დაწერის თარიღი: 1859 წ.1. - პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი VII,22. -
_________________
1. თარიღი ღნიშნულია ავტოგრაფში.
![]() |
3.2 1860 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.2.1 ამაო ძებნა |
▲ზევით დაბრუნება |
მაისის ღამე ბნელთვალიანი,
აგერ, განთიადს ესალამება,
და ვარსკვლავთ კრება უხვსხივიანი
გულდაწყვეტილი ნელ-ნელა ჰქრება.
იწყო კაშკაში ცისკრის ვარსკვლავმა,
მთვარემ დაუთმო მას თვისი ბინა,
წყნარად დაჰქროლა დილის ნიავმა
და სუნნელება ქვეყნად მოჰფინა.
მამალთ ხმამაღლა იწყეს ყივილი,
მუშებს აუწყეს მით გათენება,
აღიძრნენ ჩიტნი და ერთხმად ტკბილი
გრძნობით ბუნებას შეასხეს ქება.
შემოქმედების სარკევ, ბუნება,
ვინ ჩაგისახა ეგ ძლიერება?..
ნეტავ თუ იყოს ღვთისა ქმნილება,
გჭვრეტდეს და არ ჰგრძნოს მან ნეტარება?
მაგრამ რას ვხედავ! აჰა ჭაბუკი,
რომელიც შენ ყურს სულაც არ გიგდებს,
კვნესის და ოხრავს, სტირს უბადრუკი
და წარსულს დროებს ოცნებით ეძებს!..
მთა-კლდეთ შეჰბღავის, ჩასძახის ქვესკნელს,
წყალსა მიჰყვირის მსწრაფლმიმავალსა,
მაგრამ ვერ ჰპოებს ნუგეშისმცემელს
და უმრავლდება წყლული საწყალსა!
მთანი და კლდენი სისხლს უჩვენებენ,
ქვესკნელი - საფლავს და ძვლებს გამხმართა,
რომელნიც ანდერძს მოგვაგონებენ
მსხვერპლად შეწირულთ ჩვენთ წინაპართა.
საზარელ, უხმო ამა პასუხით
საბრალოს გულში სისხლი სდუღდება,
და მდინარესვე მტირალისა ხმით
წარსულის ამბავს ის ევედრება.
მაგრამ მდინარე აქაფებული
ქვე მოაქანებს ასწლოვანთ ხეთა,
მალ-მალ ტალღით სცემს განრისხებული
და ჰსურს გაგლეჯა კლდოვანთ კიდეთა,
რომ მსწრაფლ მორეცხოს მან სისხლი ძველი,
მის კიდეებზედ გადათხეული,
მაგრამ კიდეთა შეუკრეს ხელი
და მისგამოა აღელვებული.
1860 წ.
ამაო ძებნა (I. 11). დაწერის თარიღი 1860 წ. (ან 1859 წ.).1 დაიბეჭდა 1860 წ. - ცისკარი 1860 წ., აპრილი. || ჩონგური 1864 წ. || გოგია მეჩანგურე და სხვა ლექსები 1877 წ.2 || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. - (დედნები სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს).
ამ ლექსის შესახებ მოიპოვება მეტად საყურადღებო ცნობა კირილე ლორთქიფანი- ძისა (რომელმაც ეს ლექსი დაბეჭდა მის მიერ გამოცემულ კრებულში „ჩონგური“); კ. ლორთქიფანიძე გადმოგვცემს, რომ „აკაკის ნაწარმოები ჭავჭავაძის არაგვის გამო არის დაწერილი“.3
„არაგვი“ - ეს არის ცალკე კარი ილიას პოემიდან „აჩრდილი“. ამრიგად, აკაკი ამ თავისი ლექსით პირველად ეხმაურება თავის მომავალ დიდ თანამებრძოლს ილია ჭავჭავაძეს.
_________________
1. კრებულში „ჩონგური“, რომელიც 1864 წელს დაიბეჭდა კ. ლორთქიფანიძის რედაქ- ტორობით, თარიღად აღნიშნულია 1860 წელი. მაგრამ არაა გამორიცხული რომ რედაქტორს (ან თვით პოეტს) ამ შემთხვევაში ერთი წლის შეცდომა მოსვლოდეს, და „ჩონგურში“, დაწერის თარიღის ნაცვლად, ნაჩვენები იყვეს ამ ლექსის პირველად დაბეჭდვის თარიღი. თვით აკაკის უფრო ადრინდელი ხანის წერილის მიხედვით (რომელიც მოწერილია დედასთან 1860 წელს 25 აპრილის თარიღით), - სავარაუდებელია, რომ აკაკის ეს ლექსი, სხვა ლექსებთან ერთად, სჩანს გადმოუგზავნია ცისკრის რედაქციაში 1859 წლის სექტემბრამდე. თუ ამგვარი ინტერპრეტაცია აკაკის წერილისა გამართლდა, მაშინ ამ ლექსის დაწერის თარიღად 1859 წელი უნდა ვიცნათ.
2. კერძოდ კრებულში „გოგია მეჩანგურე“ დაბეჭდილია ლექსის მხოლოდ პირველი ოთხი სტროფი, სათაურით: „მაისის ღამე“.
3. იხ. ცნობა კ. ლორთქიფანიძისა, ჩართული ს. გორგაძის „აკაკის ბიბლიოგრაფიაში“, საქ. მუზ. ხელნაწერი H-1466.
![]() |
3.2.2 შამილის სიზმარი |
▲ზევით დაბრუნება |
შუაღამეა. გავსილი მთვარე
დედამიწაზე სხივებს უხვად ჰფენს;
მთები, ტყეები, კლდე და მდინარე,
ყველა მდუმარებს და გრძნობით ისმენს:
ვით განსვენების ანგელოზნი ცით
გადმოეფინენ გუნდად ხმელეთად
თვისის ნეტარის და მსუბუქის ფრთით
და მყუდროებას ჰგალობენ ერთხმად.
მაგრამ კავკაზსა ეს მყუდროება,
ცით მოვლენილი, არ ეყურება,
გაურჩეველი აქვს მას დროება,
მხოლოდ სხვა რამეს ემსახურება.
იმას ჰსურს სისხლი, ომი ფიცხელი,
მისთვის საღმრთო ხმას რათა ჰგალობენ?
სისხლს სთხოვენ მთები, კლდეები, ველი,
და მდინარენიც მას ჰღრიალებენ.
მხეცთა ღრიალი, ფრინველთ ჩხავილი,
ქართა ქრიალი, ზვავთა გრიალი -
ამას ნიშნავენ: „გვწყურიან სისხლი“ -
და თერგისაც ეს არის ღრიალი.
მათის სურვილის აღმსრულებელი,
მწუხარის სახით, დაფიქრებული,
ქვაზე ზის „ყურნის“ მადიდებელი
და მურიდნი ჰყავს შემოკრებული.
ზოგს დახმობია გულ-მკერდზე სისხლი
მისგან მოკლულის ჩხუბში გ¡აურის,
ზოგს ჩასწუწკურებს ისევ ახალი,
უმზერს კმაყოფით, უჭვრეტს, უხარის.
ამბობს ჰიმამი: „მართლმორწმუნენო!
ჩვენი გაკიცხვა მაჰმადს არა ჰსურს,
დროა გამხნევდეთ, ერთგულნო ძენო,
და თავს ნუ მივსცემთ მონად გიაურს!
„ხომ გახსოვთ ჩემი დარღოში ომი
და სხვანი კიდევ ბევრგან მრავალი?
მე არ გეგონოთ ცრუ მოწმის მდომი,
მოწმედ მეყოფა მიწა და ქვანი!
„დრო გადავიდა! - მოვხუცდი, ჰალლა!
მაჰმადო! ვატყობ, ღონე მაკლდება,
მაგრამ დღეს ჩემში ახლდება ძალა
და დამჭკნარ ძარღვში სისხლი სდუღდება.
„მართლმორწმუნენო: ჰა! წაიყვანეთ,
უკანასკნელად მსურს ვსცადო ბედი.
წინ წაგიძღვებათ კაზი-მაჰომეტ,
მაგაზე დამრჩა მხოლოდ იმედი.
„თქვენ მიაშურეთ მარცხენა მხარეს,
სადაც განაგებს თვითონ კნიაზი!
მაჰმადის ძალით ნახავს სიმწარეს,
და თქვენც თაყვანს გცემსთ მაშინ კავკაზი!
„და სიბერის ჟამს ამ შიშველის ხრმლით
მარჯვენა მხარეს მე შევეჭრები: -
დღეს უნდა გავსძღე გ¡აურის სისხლით,
მათ მჩქეფარე სისხლს მივეყურჭები“.
შეიქმნა ომი მეტად ფიცხელი,
საზარელი და ცუდ-სანახავი,
ლეკებმა სისხლით შეღებეს ხელი,
ველს ეფინება რუსების თავი!
ომიც გათავდა. მუნ კმაყოფილმა
ყურანს შესწირა გმირმა ნამაზი,
და იმავე დროს იმისმა შვილმა
ტყვედ მოუყვანა თვითონ კნიაზი.
მან ძვირფასი ტყვე წარჩინებული
მის წინ მოსული რომ დაინახა,
მსწრაფლ აუღელდა მრისხანე გული,
„თავი მოსჭერით!“ ჯარს მიაძახა.
[1860 წ.]
შამილის სიზმარი (I, 13). დაწერილია 1860 წ. (ან 1859 წ.).1
- ავტოგრაფი XXIII,34. -
ეს ლექსი, მიძღვნილი შამილისადმი, მას შემდეგ არის დაწერილი, როდესაც შამილი, ხანგრძლივი გმირული ბრძოლების შემდეგ, დამარცხდა და ტყვედ იქმნა წაყვანილი (1859 წ.).
ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. ცისკრის რედაქციას, რომელსაც გადმოუგზავნა პოეტმა ეს ლექსი, შეუძლებლად უცენია მისი გამოქვეყნება პოლიტიკური ტენდენციის გამო, რადგან ლექსი „თავისუფლად იყო დაწერილი“.
ამ ლექსის შესახებ იხ. აკაკის მოგონებაში: „ორი შეხვედრა“ (გაზ. კვალი, 1893 წ. №2).
_______________
1. როგორც ირკვევა, აკაკის ზემოთ-დასახელებული წერილიდან 1860 წლის 25 აპრილის თარიღით, აკაკის ეს ლექსი გადმოუგზავნია ცისკრის რედაქციაში 1859 წლის სექტემბრის შემდეგ, არა უგვიანეს 1860 წლის იანვარ-თებერვლისა, მეორე ლექსთან „მოხუცის მოგონებასთან“ ერთად. (ეს უკანასკნელი დაიბეჭდა ცისკარში 1860 წელს, მაისის ნომერში).
![]() |
3.2.3 მოხუცის მოგონება |
▲ზევით დაბრუნება |
სიყრმისა ჟამნი
განქრნენ ვით წამნი,
სიკვდილსა ვუცდი;
..........წარვიდენ წელნი
..........ტკბილ-სანატრელნი,
ადრე მოვხუცდი!
..........შეკრთა სხეული,
..........იჩაგრა გული
ერთს დროს მხურვალე,
..........მხოლოდღა ცრემლში
..........დამრჩა ნუგეში,
სრულად ვიცვალე!
..........ერთს დროს სიყვარულს
..........ცხადს, ხან დაფარულს
მეცა ვუმღერდი!
..........ის დრო ნეტარი
..........ეხლა სად არი?
ვხედავ, დავბერდი!
..........ერთხელ ვმონებდი
..........და ვთაყვანებდი
მეცა შავს თვალებს!
..........მარად ვიცნობდი
..........და მარად ვგრძნობდი
მე იმათ ძალებს!
..........სიზმარებრ ჩქარა
..........დრომ გაიარა,
გაქრა ყოველი!
..........ხალისი მანა
..........თან წაიტანა,
რაღას მოველი?
..........ჩემსკენაც ჰრბოდენ,
..........მეცა მეტრფოდენ
ყმაწვილნი ქალნი,
..........და სწითლდებოდენ,
..........როს შეხვდებოდენ
მათ ჩემნი თვალნი.
..........სად არს ხალისი
..........და ჟამი ისი,
მათ რომ წიგნს ვსწერდი?
..........მოვიდა რიგი,
..........განქრა დრო იგი,
და მეც დავბერდი!
..........მეც ვჯირითობდი,
..........მეც ვხალისობდი
ცხენის ჭენებით;
..........ბევრჯელ ფერხული
..........გვქონდა დაბმული,
და ვტრიალებდი სიამოვნებით!
..........სიყრმისა ჟამნი
..........განქრნენ ვით წამნი,
სიკვდილსა ვუცდი;
..........წარვიდენ წელნი
..........ტკბილ-სანატრელნი,
ვაი, მოვხუცდი!
..........ხშირად ვბედავდი
..........და თორმეტამდი
კახური ღვინო გარდმისვამს თასით!
..........ვერ მომრევია
..........და მითხოვია:
„კიდევ დამისხით და ისევ მასვით!“
..........მაწვდენდენ სასმოს
..........სიტყვით: „გაამოს!“
რომ გადავკრავდი, მეც - „ალავერდი“
..........სხვასა ვეტყოდი
..........იმავ სასმოთი.
დღეს მომეშალა! განა დავბერდი?!
..........მაშინ ამგვარ დროს,
..........ცუდს, არ სანატროს
არ მოველოდი!
..........სიკვდილის კარსა
..........მივადექ მწარსა,
გულს მხვდება ლოდი!
..........ეჰ, სიყმაწვილევ!
..........რად მომიძულე?
დროვ! რა მიყავი?
..........მოველი სიკვდილს,
..........საფლავსა განთხრილს,
კუბოს და სუდარს, ვაი და ვაი!
[1860 წ.]
ავტორის შენიშვნები
პირველ ხანებში ძალიან გამიტაცა ოცნებამ და იმას ვწერდი, რაც არ მეგრძნო. მაგალითად წარმოვიდგინე, რომ, ვითომ ღრმა მოხუცებული ვარ და დავსწერე ეს ლექსი, სადაც წარმოდგენის მეტი არა არის-რა. მაგრამ ამ ოცნების ხანამ დიდხანს ვერ გასტანა. სტუდენტობამ იმოქმედა ჩემზე და მეც ხელი ავიღე საოცნებოზე. რაც არ ამაღელვებდა და არ გამმსჭვალავდა, იმაზე ხმასაც არ ვიღებდი, და სწორედ ამ დროიდგან იწყება ჩემი საზოგადოების გადაკიდება და გაჭირვება...
მოხუცის მოგონება (I, 16). დაწერილია 1860 წ. (ან 1859 წ.)1 დაიბეჭდა 1860 წ.
- ცისკარი 1860 წ. მაისი და 1862 წ. იანვარი. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. - (ცისკრის, ტექსტი სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს).
ამ ლექსის შესახებ იხ. აკაკის შენიშვნა („ავტორის შენიშვნები“, ტ. I, გვ. 858).
________________
1. თარიღის შესახებ იხ. წინა შენიშვნა.
![]() |
3.2.4 ალექსანდრა |
▲ზევით დაბრუნება |
მშვენიერო ალექსანდრა,
თვით ბუნებამ მთვარედ გბადრა!..
ქვეყნიერმა სიტურფითა
შედარება ვით შეგკადრა!
რომ გიყურებ მოცინარეს,
მით ვიქარვებ სევდას მწარეს;
მსურს ორივე გადავფრინდეთ
უდაბურსა უცხო მხარეს.
იქ შევეტკბოთ ორთავ მყუდროთ,
მტრედებივით დავიბუდოთ,
რომ სიამით მარტოდ-მარტო
ნეტარებით განვვლიდეთ დროთ.
მაშინ, ჩემო ნეტარება,
მითხარ შენი აღსარება,
ნახე ჩემი გულის სიღრმეც...
სატრფიალო ძლიერება.
შემდეგ ერთი გულისთქმითა,
შეთანხმებით და ლოცვითა,
ღმერთს ვავედროთ საქართველო,
იცვას ისევ, როგორც სცვიდა!..
და, შეწირვა ლოცვის თუ ჰსურს,
მწირად მყოფთა, ჩვენ უდაბურს -
ყვავს ან ყორანს გადმოგვიფრენს
და მოგვაწვდენს ხმას მშობლიურს.
მაშინ უცხოს მახარობელს,
სანუგეშო ამბის მთხრობელს,
მადლს შევწირავთ და სამშობლოს
შევავედრებთ კვლავ ღვთისმშობელს!
მაგრამ, ჩემო ალექსანდრა,
ამაოა ჩვენი ნატვრა:
ცხადად ვერ ვჰფრენთ, და ოცნება
წამს იშვა და წამსვე გაქრა.
[1860 წ.]
ალექსანდრა (I. 19). დაიბეჭდა 1860 წ.
- ცისკარი 1860 წ. დეკემბერი || თხზულებანი, I. 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
ცისკრის ტექსტი სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს.
![]() |
3.2.5 დედაბერ-მამაბერი |
▲ზევით დაბრუნება |
ეჰ. დედილო, ერთხელ შენცა
კეკლუცად ყმაწვილ-ქალობდი,
და, ჭაბუკი თავმომწონე,
მეც სიყვარულს გიგალობდი!
თვის შვენების მოტრფიალე,
სარკეს თვალს არ აშორებდი;
მეც ვიგრეხდი ულვაშებსა
და ყურთმაჯებს ვისწორებდი.
ჩემსა ხელსა შენს გულ-მკერდში
ხშირად გაჰქონდა ფართხალი
და ჩემთ ბაგეთ მაგ შენს ყელში
კრთოლვით უძებნიათ ხალი!..
ერთმანეთის თანაგრძნობას
გულის ძგერით ვაცხადებდით:
შვენებით და სიჭაბუკით
ტრფობის ალსა გულს ვიდებდით.
ერთს დედაბერ-მამაბერსა,
გახსოვს, ჩვენ რომ შევეყარეთ,
გავკიცხეთ საცოდავები
და სიცილი დავაყარეთ?
მათ მაშინ თავს ვადარებდით,
აწმყო ჩვენი გვექებოდა!
არ ვფიქრობდით, თუ რომ ერთხელ
ჩვენც ბოლო მოგვეღებოდა!
ერთმანეთის ეშხით მთვრალნი
სიჭაბუკით ვამაყობდით
და, დრო რომ წლებს გვიწამლვიდა,
იმას-კი ვეღარ ვატყობდით!
სოფლის ბრუნვამ დაგვაშორა
ერთმანეთსა, გაგვამწარა...
და მას შემდეგ, ვაი ჩემს თავს,
დიდმა ხანმა გაიარა!
აჰა, მოველ და აწ კვალად
იმავ ადგილს შევიყარეთ,
სადაც პირველ ერთმანეთის
სიყვარულით გავიხარეთ!
მაგრამ ვაი ამგვარ შეყრას:
ერთმანეთში რასა ვხედავთ?
ძველ აღთქმის განმეორებას
ვეღარცერთი ვეღარ ვბედავთ!
ვაი, მე მუხლები მითრთის...
ვხედავ, ძალი გამქრობია!
შენც ძვალზედ კანი დაგკვრია
და თითები დაგხმობია!
უკბილობით ბაგეები
ჩემი პირში შემივარდა...
შენც ის ყელი დაგჭკნობია,
რომელიცა მე მიყვარდა!..
ძლივსღა სიტყვის გამომთქმელი,
სიყვარულს ვეღარ გიმღერი;
შენც ბაიად გარდაგქმნია
შავ ღაწვებზედ ვარდის ფერი.
რაც გვიყვარდა, ის შეგვძულდა:
შენ სარკესა თვალს არიდებ,
მე ყურთმაჯებს ვერ ვისწორებ,
ულვაშზედაც ხელს არ ვიდებ!
მაშ იმ დროის რაღა დაგვრჩა?
- ღიმილი და მწუხარება!
მაგრამ მოხუცის სახეზედ
ღიმილსაც არ აქვს შვენება!
ჩვენც იმ ბებრებს დავემსგავსეთ,
ადრე ჩვენ რომ დავცინოდით!
და, ჭაბუკნო, თქვენ, აშიყნო,
აწ დაგვცინეთ თქვენცა, მოდით!
1860 წ.
დედაბერ-მამაბერი (I, 21). დაწერის თარიღი 1860 წ.1 დაიბეჭდა 1880 წელს.
- დროება 1880 წ. №264 || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, 1912 წ. -
________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია „ჩემ ნაწერებ“-ში.
![]() |
3.3 1861 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.3.1 *** (დედამ რომ შვილი გაზარდოს) |
▲ზევით დაბრუნება |
დედამ რომ შვილი გაზარდოს
და მერე თქვენისთანაო?!
ნაცარქექია რამე ხართ
ყველგან და ყველასთანაო!
არც ლხინში ვარგხართ, არც ჭირში,
ზარმაცი, ენატარტალა;
და კუჭით გიყვარსთ სამშობლო,
როგორც ფლავი და არტალა.
სიტყვით სულ სხვა ხართ, საქმით სხვა,
ორჭოფობს თქვენი გონება;
თანასწორობას ჰქადაგებთ
და გსურთ-კი გაბატონება.
თუ რამეს ელით, წინ მიხვალთ
გაბედვით... იერიშითა,
და თუ არა და იხევით
სულ უკან-უკან შიშითა!
მუდამ სხვას ეძებთ, სხვა გინდათ
საქმის დროს გზა და ხიდადა!
მზა საქმეს ეპატრონებით
და თავი მოგაქვსთ დიდადა.
თქვენა ხართ მამულისშვილი?
აბა რა დასაჯერია!..
თუ არ თქვენთვისვე, მაგ თქვენს გულს
ერთხელაც არ უძგერია.
საბრალო ჩვენი სამშობლო
ყურს გიგდებსთ გულის ძგერითა
და თქვენ-კი იმას ატყუებთ
მომხიბლავ სიტყვა-წერითა.
დედამ რომ შვილი გაზარდოს
და მერე თქვენისთანაო!
ნაცარქექიად დარჩებით
ყველგან და ყველასთანაო.
1861 წ. 2 იანვარი.
*** („დედამ რომ შვილი გაზარდოს და მერე თქვენისთანაო“ 1, 24). დაწერის თარიღი: 1861 წ., 2 იანვარი1. - პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი L - 96. -
ეს ლექსი შეიცავს პოლემიკას პეტერბურგის სტუდენტობის ერთ ნაწილთან. აღსანიშნავია, რომ აკაკის ერთგვარ ქარგად და ქვეტექსტად თავისი ლექსისათვის აუღია ილიას ლექსი „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, რომელიც ამ დროს პოპულარული ყოფილა სტუდენტობაში, რითაც აკაკი ხაზს უსვამს, რომ სტუდენტობის ეს ერთი ნაწილი შორს არის იმ იდეალისაგან, რომელიც ილიამ დასახა თავისი ლექსით. (შეადარეთ აკაკის ლექსი ილიას ლექსს; იხ. ილიას ლექსი თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1937 წ., გვ. 61).
ლექსი გამოწვეულია იმ უსამართლო და არა გულისხმიერი მოპყრობით აკაკისადმი, რომელიც გამოიჩინეს პეტერბურგის ზოგიერთმა სტუდენტებმა (იხ. ამის შესახებ აკაკის „ჩემი თავგადასავალი“, რჩეული ნაწერები, I. 1925 წ., გვ. 74-76).
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ აკაკის, რომელსაც ეს პოლემიკური ლექსი სჩანს დაუწერია აფექტის დროს, შემდეგ აღარ დაუნახავს საჭიროდ ამ ლექსის დაბეჭდვა და თავის სიცოცხლეში აღარ გამოუქვეყნებია.
_______________
1. თარიღი აღნიშნულია ავტოგრაფში.
![]() |
3.3.2 ლოდინი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრენით მოდი, შუაღამე,
დამამშვიდე, ჰღელავს გული!
შენა ხარ ჩემი სიამე,
დრო, სატრფოსგან დანიშნული!
საბრალო ჩემი ნუგეში,
ასრულებს რა მშობლის სურვილს,
ოხვრით გორავს ქვეშსაგებში,
ცრემლით იკლავს ტრფობის წყურვილს.
მაგრამ შენ დროს, შუაღამე,
მის მეტს ყველას ეძინება;
მაშინ კი ჩემი სიამე
საწოლიდგან წამოდგება.
ქურდულად პირდაპირ ფენჯერს
მოადგება, ავლებს თვალებს;
შემკრთალს გული მაღლად უძგერს,
მკერდს პერანგი დაჰფართხალებს.
ზეცით მთვარე სხივს ჰფენს ფენჯერს,
ქვეყნის მთვარეს ეჯიბრება,
მაგრამ ვერ სძლევს ჩემს ამაძგერს,
მეტობს ჩემი ნეტარება!..
ისმენს - ვარდსა ვით ბულბული
შესჭიკჭიკებს საბრალო ხმით,
უღელავს და უძგერს გული
და შენატრის მას გულისთქმით:
„ვარდო, ვარდო მშვენიერო,
სუნნელების აღმომფშვენო!
ყვავილთ მეფევ, უცხო ფერო,
ედემისა დამამშვენო!
„არვის ჰმონებ, თავისუფლებ,
აღყვავდები უცხო ველად,
აშიკ ბულბულს თავს აწონებ,
გაგიხდია ეშხით ხელად.
„ქურდულად ვსჭვრეტ მე ჩემს ბულბულს,
ჩემ სატრფობლად წამოსულსა,
და, შორიდგან რომ ვუძღვნი გულს,
შორიდგანვე ვწირავ სულსა.
„ვარდო, ვარდო, მეხარბება
შენი ეგე ნეტარება!..
ღმერთო, როდის მეღირსება
გავხდე მისი საკუთრება?!“
აი რას ჰგრძნობს მოციმციმე
ჩემი ტკბილი ნეტარება;
მალე მოდი, შუაღამე,
მეც მის ნახვა მენატრება!..
[1861 წ.]
ლოდინი (I, 26). დაიბეჭდა 1861 წ.
- ცისკარი, 1861 წ. იანვარი || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, 1, 1912 წ. -
„ცისკარში“ დაბეჭდილი ტექსტი, ბოლო რედაქციასთან შედარებით, შეიცავს ორს ზედმეტ სტროფს; ამას გარდა ცალკეული სტრიქონები სტილისტიურ ვარიანტებს წარმოგვიდგენს.
![]() |
3.3.3 სალამური |
▲ზევით დაბრუნება |
სად ხარ, ჩემო სალამურო,
ხმატკბილო და საამურო,
რომ შენის ხმით ჩრდილოეთში
ქართველს გული გამიხურო!
როცა მწყემსი გიპყრობს ხელში
და გაჰკივის მთა და ველში,
ტკბილსა ხმასა ცაში ჰკარგავს
და სევდისას - შავს ქვესკნელში,
მაშინ ფიქრი ჩემი შენს ხმას
გარს ეხვევა, ვითა ძმა ძმას
და შენი კვნესით მაგონებს
საქართველოს მწარე მოთქმას:
ხან სპარსელნი აკვნესებენ,
ხან თურქები აოხრებენ,
ხან სკვითები, დროს შერჩევით,
მყუდროებას უშფოთებენ!
მაშ, უწყალო სალამურო,
მტირალო, არსაამურო,
რად მსურს შენი ხმა ვისმინო
და ქართვლის ბედს მოვემდურო?!
მაგრამ ზოგჯერ რომ ტკბილი ხმა
სანუგეშოდ მიჰფრენს აღმა
და ჩემთ გიჟთა ოცნებათა
ხარბად ინთქავს უფსკრული ღრმა,
თავგანწირულს მამულის მცველს
წარმოვიდგენ მაშინ ქართველს:
მტერს შეჰყვირის: „ჰკა მაგასა!“
გამოსული ბრძოლისა ველს.
აბა ეს ხმა, სალამურო,
ტკბილხმოვანო, საამურო,
აროდეს არ მომყირჭდება,
ძალგიძს მუდამ მომაწყურო!
ქართულად ჰკვნეს, ქართულად სტვენ,
ქართველის გულს ამით ალხენ,
ხასიათს და ჩვეულებას
წინაპართა გვაგონებ ჩვენ.
მაგრამ, ჩემო სალამურო,
გრძნობით მსტვენო, საამურო.
აღარავინ გიგდებს დღეს ყურს,
სჯობს, ისევ მწყემსს ემსახურო!..
1861 წ.
სალამური (I, 28). დაწერისა და დაბეჭდვის თარიღი 1861 წ.1
- ცისკარი 1861 წ., მარტი. || ჩონგური 1864 წ. || სალამური 1893 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
„ცისკარში“ და „ჩონგურში“ დაბეჭდილი ტექსტი, ბოლო რედაქციასთან შედარებით, შეიცავს ორს ზედმეტ სტროფს, ამას გარდა ცალკეული სტრიქონები სტილისტიურ ვარიანტებს წარმოგვიდგენს. სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს აგრეთვე „სალამური“-ს ტექსტიც.
_________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ჩონგურში.
![]() |
3.3.4 მუშური |
▲ზევით დაბრუნება |
სიმინდსა თოხნა დავუწყოთ,
ერთხმად დავსძახოთ მუშური;
ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს,
რომ გლეხნი ვართ უბედური!
მარტო ჩვენთვის არ ვმუშაობთ,
სხვისაც გვმართებს სამსახური:
ბატონი გვყავს, ვართ საწყალი,
უპატრონო, უბედური!
ყველა თავში გვიჩაჩქუნებს,
გარეშე და შინაური;
ცხელსა მიწას უხვად ალბობს
ოფლი, ჩვენგან მონაწური.
ჩვენი ჯაფით მონაყვანი
სხვასთან მიდის საზრდო პური,
შინ ცოლ-შვილს შიმშილი გვიკლავს,
მაგრამ ვინ მიუგდოს ყური?
მათსა საზრდოს სხვა იტაცებს,
სტირის ცოლი მეძუძური,
შიმშილისგან რძე უშრება,
წივის შვილი უსუსური!
ღმერთს ბატონად მოუცია
ჩვენთვის ერთი აზნაური,
მისთვის სუყველა ჩვენა ვართ -
მებეგრეცა და მსახური.
მისგან ტანჯვას რომ მოვრჩებით,
მაშინ გვტანჯავს მისი ფური!
უპატრონოდც არ ვარგივართ,
როგორც ცხვარი უმწყემსური.
მაშინ ყველა ბატონია!
გამკითხავი სადღა არი!...
მდივანბეგის ბოქაულებს
გაეღებათ სახლის კარი.
სულ მათ მიაქვთ, რაც რომა გვაქვს:
ქათამი, თხა, ძროხა, ცხვარი.
ჩვენ ყოველდღე ტანჯვას ველით!..
გლეხებს რა გვაქვს გასახარი?
სამართალს კოლოფში სძინავს,
ის არს ფულის მეგობარი,
არ იღვიძებს, თუ უფულოდ
მასთან მივიდა სტუმარი!
შინდის წკნელებზე სწერია
ჩვენი სახელი და გვარი...
განვაგრძოთ, ძმებო, მუშური,
ჩვენი სევდის განმაქარი!
ბანს გვეტყვიან ნაღვლიანად
არე-მარე, მთა და ბარი!
ნუთუ გულგრილად უყურებს
ჩვენს ტანჯვასა მაცხოვარი!...
1861 წ., 15 აპრილი
მუშური (I, 30). დაწერის თარიღი: 1861 წ., 15 აპრილი1. დაიბეჭდა 1863 წელს.
- ცისკარი 1863 წ. იანვარი. || ჩონგური 1864 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ.
რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
აკაკის ლექსების 1893, 1908 და 1912 წლების გამოცემებში ცენზურის მიერ ამოგდებულია შემდეგი ადგილი, რომელიც აქ სწორ რკალებში […] გვაქვს მოთავსებული:
მაშინ ყველა ბატონია!
გამკითხავი სადღა არი!..
[მდივანბეგის ბოქაულებს
გაეღებათ სახლის კარი.
სულ მათ მიაქვთ, რაც რომა გვაქვს:
ქათამი, თხა, ძროხა, ცხვარი.
ჩვენ ყოველდღე ტანჯვას ველით!..
გლეხებს რა გვაქვს გასახარი?
სამართალს2 კოლოფში სძინავს,
ის არს ფულის მეგობარი,
არ იღვიძებს, თუ უფულოდ
მასთან მივიდა სტუმარი!
შინდის წკნელებზედ სწერია
ჩვენი სახელი და გვარი...]
განვაგრძოთ, ძმებო, მუშური,
ჩვენი სევდის განმაქარი!
___________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ჩონგურში.
2. კერძოდ სიტყვა „სამართალს“ (ფრაზაში: „სამართალს კოლოფში სძინავს“), რომელიც ამოშლილია ცენზურის მიერ ყველა გამოცემებიდან, აღდგენილი გვაქვს კირილე ლორთქიფანიძის ჩანაწერის მიხედვით „ჩონგური“-ს ნაბეჭდ ეგზემპლარში. (ჩონგურის ნაბეჭდი ეგზემპლარის ფურცელი, კ. ლორთქიფანიძის ჩანაწერით, დაცულია ქუთაისის სამხარეთმცოდნეო მუზეუმში, კ. ლორთქიფანიძის არქივში).
![]() |
3.3.5 საბრალო გული |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი კ. ლორთქიფანიძეს)
საბრალო გულო, დროა გამოსთქვა
დღეს თავისუფლად შენი ტანჯვანი!
ყურსა გიგდებენ: მთა, კლდე და ტბები,
ველი, მდინარე, მიწა და ქვანი.
წყნარი ღამეა და შენ მარტო ხარ,
ვერა გჭვრეტს თვალი მქირდავი კაცის,
მოწმად გყავს მთვარე ბაკედასხმული
და მოთამაშე ვარსკვლავები ცის.
დაგტვირთავს ტანჯვა ეგ დაფარული,
თუ რომ არავის გაუზიარე!..
უსულო საგანთ მაინც შესჩივლე,
ეგებ მათ იგრძნონ შენი სიმწარე!
ხომ გახსოვს, ოდეს კაცს ანგელოზად
და სასუფევლად სოფელს სახავდი?
ვინ დაგიბრუნოს ის ნეტარი დრო,
როს ცრუ ოცნებას შენ მონად ჰყავდი!
რა ბედნიერი იყავი მაშინ!..
დღეს შეგისრულდა შენ ოცი წელი
და, აბა, რას გრძნობ? თუ გიყვარს კაცი
და კიდევ მოგწონს ეს ცრუ სოფელი?
ვგონებ, ვერ უძლებ, მგრძნობელო გულო,
კიდეც ემდური სოფლის ბრუნვასა!..
ანგელოზებად ვისაც სახავდი,
ისინი, ხედავ, გესვრიან ქვასა,
რადგან არ დასდევ არცა პატივსა,
არც დიდებასა ამა სოფლადა,
ბრმად რომ არ ჰმონებ საზოგადო აზრს
და შეუპოვრად დახვალ ობლადა.
ვიცი, ის ბედი, სხვა რომ შეგნატრის,
შენ მიგაჩნია მხოლოდ სახვნეშად!
ბედს შენთვის ერთი მხოლოდ ბუნება
წინ დაუნიშნავს მუდამ ნუგეშად.
მაშ, ნუ გწყინს, გულო, კაცთაგან გმობა,
ხელი გეძახონ, ნუ გენაღვლება, -
შენ კი დაადექი შენს წმინდა აზრსა
და აღასრულე დანიშნულება!..
ჩვეულებრივად, მაშ, ამაღამაც
დასტკბი ბუნებით და გაიხარე!
ქვეყნად ყურს გიგდებს ტკბილი ბუნება
და ზეცით ეშხით დაგნათის მთვარე!
დღეს განისვენე, საბრალო გულო!
აწ შეაყენე, დრო არის, ღელვა
და, სევდისაგან გარემოდებულს,
ბნელს განგინათლებს შენ საღმრთო ელვა!
1861 წ., 18 ნოემბერი,
პეტერბურგი.
საბრალო გული (I, 32). დაწერის თარიღი: 1861 წ., 18 ნოემბერი, პეტერბურგი.1 დაიბეჭდა 1862 წ.
- ცისკარი 1862 წ., აპრილი. || ჩონგური 1864 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
„ცისკარში“ და „ჩონგურში“ დაბეჭდილი ტექსტი, ბოლო რედაქციასთან შედარებით, შეიცავს ერთ ზედმეტ სტროფს, ამას გარდა ცალკეული სტრიქონები ზოგიერთს სტილისტიურ ვარიანტებს იძლევა.
________________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ცისკარში. ჩონგურში აღნიშნულია თარიღი (დაწერის ადგილი მოხსენებული არაა).
![]() |
3.3.6 აპელაციის მცოდნე |
▲ზევით დაბრუნება |
ბედნიერია ჩანჩურა! შვილი ჰყავს მას საქები,
თქვენს მზეს ვფიცავ, წყალივით იცის აპელაცია!..
წვერ-ულვაშს აღარ ჰკადრობს, მოუშვია ბაკები:
ეს სწავლის ნიშანია, უჰ, რა დიდი კაცია!..
ქართულ ტანისამოსსა, აბა, რაღად იკადრებს:
სწავლული კაცი არის, ტანზე ფრაკი აცვია;
ვინც რუსული არ იცის, მთის ნადირსა ადარებს, -
ვინ ამტყუნებს, მართალს ბრძანებს: ის სწავლული კაცია!
არ მოსწონს სალამური, არც თარი, არც ჩონგური,
ლეკური ეზიზღება, მოსწონს ტანცი-მანცია;
ვერც დავძრახავთ: ოპერისთვის მიუჩვევია ყური!
უჰ! რა შვილი დამდგარა! რა სწავლული კაცია!..
მაზრაც კი ჩააბარეს, აწ ვიღა შეედრება!
მოჩივარს რომ შეუტევს, სწორედ რომ მამაცია!
უფულო კაცის წვევა ჟამივით ეჯავრება!
სხვა რამე არ იფიქროთ! ის სწავლული კაცია!..
ამბობენ, - ქრთამი სძულსო, არ იძღვნის არც ქათამსა,
მხოლოდ მაშინ არ იწყენს, თუ მსუქანი ვაცია.
მაგრამ ეს ზვარაკია! ამას ვინ ეტყვის ქრთამსა?
სხვამ რომ ჰქნას, ის სხვა არის! ეს სწავლული კაცია!
თუ რუსული არ იცი, ახლოს ნუ ეკარები,
მუსაიფი არ უყვარს, ქართულში ზარმაცია;
უსწავლელებთან, თურმე, მოსდის ზაფრის ქარები;
რა ჰქნას? არ გავამტყუნებ: ის სწავლული კაცია!..
გაბუტვით დადის, სიბრძნე აღარ ეტევა ყელში,
მთელს ნაციას ის მოსწონს, მას სძულს მთელი ნაცია!..
აი, სწავლული შვილი, სანატრი ამ სოფელში,
ქართველების შეხედვით ყოვლად კარგი კაცია!..
1861 წ., დეკემბერი.
აპელაციის მცოდნე (I, 34). დაწერის თარიღი: 1861 წ. დეკემბერი1 დაიბეჭდა 1862 წ.
- ცისკარი 1862 წ. ოქტომბერი. || ჩონგური 1864 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ.
ცისკრის და ჩონგურის ტექსტი ზოგიერთს სტილისტიურ სხვაობას შეიცავს.
___________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ჩონგურში.
![]() |
3.4 1862 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.4.1 ფარისეველი |
▲ზევით დაბრუნება |
შეხედეთ ფარისეველსა,
ლოცვითა ღამის მთეველსა,
ცხადად ბოროტის დამგმობსა,
ჩუმად კი ცოდვის მდეველსა.
წამის-წამ ახსენებს უფალს,
ამ თვალთმაქცობით გიხვევსთ თვალს,
მე უღმრთო კაცსა მეძახის
და მიზეზს ადებს თერგის წყალს.
შეგტირისთ ჯვარითა და ღვთით;
თქვენც გჯერათ: ცუდ კაცადა მხდით;
მაგრამ მიზეზი სხვა არის, -
მე გეტყვით, რადგან ვერ მიხვდით.
მე და ეგ ვცნობდით ერთმანეთს!
ეგ რომ მუშტებით იმტვრევს მკერდს,
არ იცით, რომ თქვენც გატყუებსთ
და ეცრუება თვითონ ღმერთს?
აბა სინჯეთ - ერთხელ გარეთ
სადმე ჩუმად მიეპარეთ,
მაშინ ნახავთ, რომ იმავ მუჭს
გლეხკაცს ურტყამს თავში მწარედ.
გეფიცებით, იმავ თვალებს,
ცხადად რომ ცას უყვრიალებს,
ჩუმად ბევრჯერ აშიყულად
უთამაშებს ლამაზ ქალებს.
საყდარში რომ დაგვიხელებს
და ხატს უპოტინებს ხელებს,
მერწმუნეთ, იმავ ხელებით
მოჩივრებს ჯიბეს უთხელებს.
მე ვერ შემაცდენს თქვენსავით
მარხვით, ლოცვით, მოხრილი თავით,
შევუტყე ფარისევლობა,
ღირსია ჩაიქოლოს ქვით!
ვიცანი გაიძვერა მე,
და მისთვის მიწყრება თურმე,
უღმრთოობას მიტომ მწამობს
და მეძახის: „რუსეთუმე!“
1862 წ., 6 იანვარი,
პეტერბურგი.
ავტორის შენიშვნები
როცა ეს ლექსი დავსწერე, კერძოდ მხედველობაში არავინ მყოლია!.. საზოგადო ტიპი იყო, ყველამ-კი ექვთიმე წერეთელს მიაწერა. მე იმ ექვთიმეს ვიცნობდი და კარგის მხრითაც. სხვებს იმას ვამჯობინებდი, მაგრამ იმ შემცდარმა აზრმა ისე მტკიცედ გაიდგა საზოგადოებაში ბიჯი, რომ თვით ექვთიმემაც დაიჯერა და სამდურავი მოგვივიდა. ახლა, როდესაც ნახევარმა საუკუნემ გაიარა და ისიც განსვენებულია, აღვიარებ, რომ ეს ლექსი ექვთიმეს არ შეეხება. საზოგადო იყო, იმ დროში, რაც უნდა დაწერილიყო საზოგადო ტიპად, გამოჩნდებოდენ მისთანები, რომ თავის-თავზე იღებდენ, ატყდებოდა ერთი ვაი- უშველებელი და ჩამოვარდებოდა ხოლმე სამარადისო მტრობა. ჩემი მტრებიც თანდათან მრავლდებოდენ, მაგრამ ქალებისა და ბავშვების სიყვარული მიბრუნებდა გულს.
ფარისეველი (I, 35). დაწერის თარიღი: 1862 წ., 6 იანვარი, პეტერბურგი1 დაიბეჭდა 1863 წ.
- ცისკარი 1862 წ. ივნისი. || ჩონგური 1864 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები. I. 1912 წ. -
ცისკარსა და ჩონგურში დაბეჭდილ ტექსტში ლექსს მიწერილი აქვს ქვე-სათაურად: პოემიდგან „რუსეთუმე“. 1893 და 1912 წლის გამოცემებში ეს ქვესათაური მოხსნილია. იხ. ამ ლექსის შესახებ აკაკის შენიშვნა („ავტორის შენიშვნები“, ტ. I, გვ. 852).
________________
1. ამრიგად არის ნაჩვენები დაწერის თარიღი და ადგილი ჩონგურში. ხოლო ცისკარში და ჩემი ნაწერების I ტომში აღნიშნულია: 1862 წ. 30 მარტი, პეტერბურგი.
![]() |
3.4.2 ფუტურო |
▲ზევით დაბრუნება |
როს სასეიროდ გავდივარ ველად
ზაფხულში, ბნელსა შუაღამის დროს,
ხშირად შორიდგან ვსჭვრეტ მანათობლად,
ვით მართალ მნათობს, მაშინ ფუტუროს.
მაგრამ თუ ახლოს მივედი, ვნახე,
მაშინ კი სწორედ გული მიკვდება:
ხელში მირჩება მე დამპალი ხე
და ეს მაშინვე მომაგონდება:
არიან ჩვენში დღეს სწავლულები,
შორიდგან თუმცა ბევრს გვინათებენ,
მაგრამ ახლოს კი, დალოცვილები,
როგორც ფუტურო, ვერას გვარგებენ.
1862 წ., 9 იანვარი.
ფუტურო (I, 37). დაწერის თარიღი: 1862 წ.. 9 იანვარი.1 დაიბეჭდა 1862 წ.
- ცისკარი 1862 წ. მაისი. || ჩონგური 1864 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I. 1912 წ. -
_______________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ჩონგურში.
![]() |
3.4.3 შიქასტა |
▲ზევით დაბრუნება |
ვით სნეულსა თანაუგრძნობს
მისივე მსგავსი სნეული,
ისე მკვნესარ შიქასტის ხმას
ძგერით უგრძნობს ჩემი გული.
ახ, მეზურნევ, დაჰკა! დაჰკა!
გამაგონე ეგ სევდის ხმა!
მაგაშია ჩემთა ძველთა
მამაცური ოხვრა, მოთქმა.
გამიხურე ჰანგით გული,
ეგებ დასდნეს მწუხარება
და ჩემთ თვალთა გადმოსთხიონ
ნაღვლიანი მდუღარება!
ვიცი, ცრემლი მამაკაცსა
შეარცხვენს და არ შეშვენის,
მაგრამ მიჯობს, ჩუმად ტანჯვას
ცრემლი ვღვარო, არა მრცხვენის.
ნურვინ სცდილობს, იმ ცრემლებში
ნახოს კერძო სიყვარული!
იქ იქნება საიდუმლო,
გულგამხეთქი, დაფარული!
ყოველს წვეთში ტანჯვას ნახავს,
საქართველოს გამომხატველს
და მწარესა ნაკადულში
გრძელ მოთხრობას, გულის დამწველს.
ახ, მეზურნევ, დაჰკა, დაჰკა!
ეგებ დადნეს მწუხარება
და ჩემთ თვალთა გადმოსწურონ
ნაღვლიანი მდუღარება!
1862 წ., აპრილი
შიქასტა (I, 38). დაწერის თარიღი: 1862 წ., აპრილი.1 დაიბეჭდა 1863 წ.
- ცისკარი 1863 წ. მარტი. || ჩონგური 1864 წ. || სალამური 1893 წ. (კრებულ სალამურის ავტოგრაფულ ხელნაწერში ლექსს თავდაპირველად სათაურად ჰქონია „თანაგრძნობა“, შემდეგ გასწორებულია: „შიქასტა“). || თხზულებანი, I. 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. || ავტოგრაფი K-31 (სათაურით „შიქესტა“). - დედნები სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს.
1893 წლის გამოცემაში ცენზურის მიერ ამოგდებულია მე-6 სტროფის პირველი ორი სტრიქონი:
[ყოველს წვეთში ტანჯვას ნახავს,
საქართველოს გამომხატველს].
_________________
1. ამრიგად არის აღნიშნული დაწერის თარიღი ჩონგურში. ხოლო გვიანდელ გამოცემებში „სულიკო და სხვა ლექსები“ და „სიმღერა აკაკისა“ - თარიღად ნაჩვენებია 1861 წელი.
![]() |
3.4.4 *** (ალექსანდრა გამიხელდა...) |
▲ზევით დაბრუნება |
***
ალექსანდრა გამიხელდა,
მომექუშა, დამცა ელდა;
ნეტავ ვსცნობდე, რას მიწყრება,
გული რისთვის აუღელდა?
შეუპყრია შავსა ფიქრებს,
იჭვნეულად ჩემზედ ჰფიქრობს;
ნეტავ მამცნო, ამგვარ ჭორებს
სად ტყობილობს? საიდგან ჰკრებს?
ვფიცავ გრძნობით ზე-ნათელსა,
გეფიცებით ქვენა-ბნელსა,
არ ვსტოებდე ძველსა გზასა
და არც სატრფოს ჩემსა ძველსა!
მაშ რიღასთვის გამიხელდა,
მომექუშა, დამცა ელდა?
მითხრას მაინც: რას მიწყრება,
გული რისთვის აუღელდა?
მის მმღერალსა რად მაღონებს?
განა თვითონ არა ჰგონებს,
რომ მის ეშხით დათუთქული
ეს გული სხვას აღარ ჰმონებს?
ჰგონებს, მაგრამ არის ქალი!
მაშ სადღა აქვს სამართალი?
იგი თურმე მხოლოდ ხუმრობს,
როცა ჩვენ გვწვავს ტრფობის ალი!
აი რისთვის გამიხელდა,
მომექუშა, დამცა ელდა!
ახლა ვიცი, რად მიწყრება,
გული რისთვის აუღელდა!
მართლაც თუ აქვს ჩემგან წყენა,
არ კმარა ეს ჭირთა ჩენა?
ნუთუ ცოდვას ვერ გამბანდა
ესოდენი ცრემლთა დენა?
აწ მაკმაროს მრისხანება,
ეს გული მას ემონება!
შემიბრალოს მისი მონა,
რომ კვლავც შევძლო თაყვანება!
ნუღა ქუშობს... შეისმინოს,
სამკურნალოდ გამიცინოს
და ცრემლების მოსაშრობლად
მისი ეშხი მომაფინოს!..
და თუ კიდევ გამიხელდა,
რისხვით გული აუღელდა,
ანუ შემშლის უეჭველად
და ან მომკლავს მისგან ელდა!
[1862 წ.]
„ალექსანდრა გამიხელდა“ (I 39). დაიბეჭდა 1862 წ.
- ცისკარი 1862 წ. ივლისი. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I. 1912 წ.
ცისკრის ტექსტი ზოგიერთს სტილისტიურ სხვაობას შეიცავს.
![]() |
3.4.5 ჭური |
▲ზევით დაბრუნება |
ორმოცკოკიანი ჭური
ცარიელი კაცმა ნახა;
რაც ჩასძახა, მოვჰკარ ყური,
რომ ჭურმაც ის ამოსძახა.
მე მაშინვე მომაგონდენ
ზოგიერთი ყმაწვილები:
რასაც კი გაიგონებენ,
ჰყვირიან დალოცვილები!..
[1862 წ.]
ჭური (I, 40). დაიბეჭდა 1862 წელს.
- ცისკარი 1862 წ. აგვისტო. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. || თემი 1911 წ. 6 ივნისი, 122 (ჩართულია პროზაში: „ნადუღი“). -
![]() |
3.4.6 ზღაპარი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდებულს მებატონეს კარს მიადგა მესტვირე,
მშვენიერად დამკვრელი, მსმენელის გამაკვირვე;
ეშხით დაუკრა სტვირი, ზედაც გრძნობით დაჰმღერა,
შეაერთა ორი ხმა, გულს სევდა გადაჰფერა.
უნებურ გრძნობით ბატონს მოეწონა ეს სტვირი,
კმაყოფილების ნიშნად გააწლაკუნა პირი.
ზოგიერთი დიდკაცი, - ვის არ მოეხსენება, -
პირს დაუწყებს წლაკუნსა, რომ რამ მოეწონება,
რადგანც იმის იმ დროსა საჭმელი აგონდება,
თორემ ესტეტიკისა მას არრა ეყურება.
და წლიდგან წლამდის მხოლოდ მის კუჭს ემსახურება:
ღორის ქონით გაძღება, მერე ღვინით ჩაჰფერავს
და იქვე გაჰგორდება; თუ მუცელზედ გაჰბერავს,
კოტრიალობს ლოგინზედ, ბედს სწყევლის, იგინება
და მუცელზედ ხელს ისვამს (უკეთ დაეძინება!).
ვახშმობამდის იხვრინებს, მრავალგვარად ცხვირს ასტვენს,
ვახშმად კი ნაკლებსა სჭამს: ხუთ გირვანქას, რას აწყენს?!..
დილას გავა, სეირნობს, ტორტმანით ადგამს ბიჯსა
და მოჭედილი ხმალი უკან მიაქვს მის ბიჭსა.
ახალი წლიდგან წლამდისა დროს ატარებს ამგვარად
და, თუ ძილი გაუტყდა, ოჯახზედ ჰფიქრობს მარად.
აწ ისიც მოიხსენეთ, რას შვრებიან ცოლები:
- ქალებო, არ გამიწყრეთ, თქვენ კი გენაცვალები, -
წიგნი სძულთ, ოჯახობის მათ არრა გაეგებათ,
გულზე ხელის დაკრეფა მიაჩნიათ საქებად;
ქარვის კრიალოსანსა მარცვალ-მარცვლად ჩასთვლიან,
რომ ჰკითხოთ: „რამდენია?“ მერწმუნეთ, ვერ გეტყვიან;
სადილ-ვახშმის მზადებას პატივს სულ არა სცემენ:
მოართმევენ - შესჭამენ, თუ არა - ბიჭებს სცემენ;
როგორც წიგნს მიიღებენ, ცხენს შეხტებიან მალით,
მიაჭენებენ: „აჩუ!“ ბიჭი მისდევს ჩანჩალით.
სტუმრობა და ბალები არ გამოეპარებათ:
იქ ჭორებს შეიტყობენ, და ეს აქვსთ ნეტარებად!..
სულ რომ ბევრიც იჯავროს, ვინ გაუგონებს ქმარსა!
ულვაშებს შეურცხვენენ, ცხვირში ადენენ ძმარსა!
ეტყვიან: „გაქრა ის დრო, ძველ დროს ნუღარ მოელი,
ჩვენ ქალბატონები ვართ! რად გავისვაროთ ხელი?
სირცხვილია ოჯახში ჩვენგან განკარგულება,
მზარეული, გამდელი თუკი შინ გვეგულება!
ძვირფასად გამოგვაწყვეთ, გინდ აიღეთ ვალები;
აბა, რისთვის შეგვირთეთ? თქვენ დაგიდგათ თვალები!“
ამგვარად მათი ქმრები ვალებში ვარდებიან,
პოღოს, ყაზარ, კარაპეტ კი მათით მდიდრდებიან!..
ყველა ასე არ არის, მე ზოგზედ მოგახსენებთ,
და, ქალებო, გაწყრომას სუყველა ნუ ინებებთ!
ამგვართაგანი იყო თურმე ის მებატონე,
რომლის კარსაც მიადგა მესტვირე თავმომწონე.
ამისთანა სტვირის ხმა ბატონს არ გაეგონა
და უნებურის გრძნობით მას სტვირი მოეწონა.
უთხრა: „თუმც კარგი ხმა გაქვს, ცოტა მაღლა ვერ ჰყვირი!“
და მაღალ-ბანის მთქმელად გამოუგზავნა ვირი.
მესტვირემ სთქვა: „მერწმუნეთ, დავამტვრევ ამ ჩემს სტვირსა,
აღარც ხმას ამოვიღებ, თუ მართლა გზავნით ვირსა!..
შევსცდი, რომ აქ მოვედი! მე ვისთან აქ რა მინდა?!“
ამაყად დაიძახა, არავის შეუშინდა.
„რაო“ - მებატონემა ერთი დაიღრიალა:
„მაგას ჯერ არ უნახავს დიდკაცებისა ძალა?
რას ამბობს? არ მინდაო ბრძანებით სამსახური?
ჰე, ბიჭებო! გააგდეთ! მიაყოლეთ პანღური!..
თავზედ გადაამტვრიეთ მაგ მაწანწალას სტვირი
და აქვე ამომგვარეთ ჩემი საქები ვირი!“
შემებრალა ბატონი! შემეცოდა მესტვირე!
აწ შენა სცან, მკითხველო: მე რომელი ვიტირე?
1862 წ.
ზღაპარი (I, 41). დაწერისა და დაბეჭდვის თარიღი 1862 წ.1
- ცისკარი 1862 წ. ოქტ, || ჩონგური 1864 წ. || თხზულებანი, 1, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, 1, 1912 წ. -
_____________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ჩონგურში.
![]() |
3.4.7 მ ….. ს |
▲ზევით დაბრუნება |
იგი გრძნობის შენია
შენია და შენია,
ის გაშლილი ვარდია
ერთგული და შენ ია!..
ძმაო, დასტკბი მათითა...
გუშინ შენზედ მათითა,
შენ მანდ დარჩი ნეტარად,
მე წამოველ მათითა!
შენ ხარ მისთვის დარადა,
მე უდაროს დარადა...
რად მიწყრება, ვიცოდე,
ვის გამო? ანდა რადა?
ჩემის გულის ისარი
შენც ხომ იცი, ის არი! -
გუშინ რომ უარი სთქვა,
დღესაც მითხრა ის ვარი!..
მშვენიერთა სადარი
შენი ნორჩი სად არი?
გულმა მიამბო, თურმე
შენ ხარ მისი სადარი!
1862 წ.
მ.... ს (1, 43). დაწერის თარიღი 1862 წ.1 დაიბეჭდა 1865 წ.
- ცისკარი, 1865 წ. დეკემბერი. -
________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ცისკარში.
![]() |
3.4.8 ან …… ს |
▲ზევით დაბრუნება |
სიზმრად ვნახე შენი გული,
ეს სიტყვები ზედ ეწერა:
„გამოცვლილა სიყვარული
აქ ოთხმოც-და-ცხრამეტჯერა!“
მეასედ მეც მზად ვიყავი
ჩემი თავი ჩამეწერა,
მაგრამ გააქნიე თავი,
მომაყვირე: ვერა! ვერა!
რა დამგმო და არ მინება
შენმა გულმა, დავრჩი ასე!
ვსცნობდე მაინც, ვინ იქნება
შესაბრალი ის მეასე?
დამკვიდრდება მაგ შენ გულში
ის მეასედ ჩაწერილი?
თუ გამოსცვლი მასაც სხვაში
და დარჩება თავდახრილი?
დიახ, შენს გულსა აქვს ძალა
და მასთანც გამოცდილება:
სადაც ასი წაიშალა,
იქ სხვა ერთიც წაიშლება!..
1862 წ.
ან....ს (1, 44) დაწერის თარიღი 1862 წ.1 დაიბეჭდა 1871 წ. -
- დროება 1871 წ. 22 აგვ. №33 (ჩართულია პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ნიშადური 1908 წ. 8 ივნისი №47, || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
დედნები სტილისტიური სხვაობას შეიცავენ. სათაურიც განსხვავებულია: 1 „ახ ... ს“; 2. „ან ... ს“; 3. „კეკელას ალბომში“.
________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ნიშადურში.
![]() |
3.4.9 პასუხი ილია მამაცაშვილს |
▲ზევით დაბრუნება |
თავისუფლების იმედს რად ჰკარგავ, ჩემო ილია?
რად მოგვიწამლე ჩვენი იმედი, ახალი წელი?
განა არ იცი, თავის გამოხსნა რა ადვილია,
თუ რომ ძმურადა ჩვენ ერთმანეთსა მივეცით ხელი.
მაგრამ ვაი რომ ვერვის ვხედავთ მხნე მოციქულად,
რომ მწველი გრძნობა წარმოვუთქვათ სავსე ნაღველით.
აბა ვის ვხედავ... სამსხვერპლოდ მზას აქეთ ან იქით,
რომ ჩემის ჩანგის სიმნი ვალბო სიამის ცრემლით.
განა არ იცი, შენს მმღერალსა იმედს რა აცლის
და რის გამოც აქვს აღშფოთებულს კრულვა და წყევა? -
ის, რომ ტკბილ სიტყვას, უფასურსა, არვინ გვამადლის
და საქმეში კი, ძმაო, ყველა უკან იხევა.
1862 წ.
პასუხი ილია მამაცაშვილს (1, 45). დაწერის თარიღი 1862 წ.1 ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი VII,24. -
_______________
1. თარიღი აღნიშნულია ავტოგრაფში.
![]() |
3.4.10 გამოთხოვება |
▲ზევით დაბრუნება |
თუ შენ მიტკბობდი დღემდის ბედ-მწარსა
და განმიქარვე გულისა დარდი,
მაშ დამაწერე გულის ფიცარსა:
„მშვიდობით გნახო, მე შენ მიყვარდი!“
ხომ არა გცვლია ის გრძნობა ჯერე?
ისევ გიყვარვარ? სხვისი ხომ არ ხარ?
გულის ფიცარზე მაშ დამაწერე:
„მშვიდობით იყავ, ისევ მიყვარხარ!“
თუ იმედიც გაქვს, რომ მაგ სიყვარულს,
რა გინდ შორს ვიყო, არ გაეყრები,
მაშ დააბეჭდე, მოდი, ამ ჩემს გულს:
„მშვიდობით გნახო, შენ მეყვარები!“
მაშინ ამგვარად შენგან დადაღულს
და უცნაურად შენგან დაბეჭდილს,
დავიცვავ შენთვის ამ საბრალო გულს,
სანამ არ მივსცემ უწყალო სიკვდილს.
1862 წ.
გამოთხოვება (I. 46). დაწერის თარიღი 1862 წ.1 ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი VII, 20 -
______________
1. თარიღი აღნიშნულია ავტოგრაფში.
![]() |
3.4.11 ნინოს სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემი ვარსკვლავი მოსწყდა,
თან გაჰყვა ჩემი ბედი:
გაჰყვა და წამიწყმიდა
უნუგეშოს იმედი.
კვლავ ვეღარ გამინათლებს
ვარსკვლავი დაღუპული,
და ტრფობასაც ვერ შესძლებს
მეორედ ჩემი გული!
გინდ მწვავდეს მისი ალი,
მსურს ზედ ცეცხლი დავადო!
არ მინდა ღენერალი,
შორს!.. შორს ჩემგან, თავადო!..
შენთან ჰფრენს ჩემი სული,
ჩემო გულის იმედო!
მე შენ სხვაზე ვერ გაგცვლი,
ჩემო სიცოცხლის მტრედო.
ჩემი ვარსკვლავი მოსწყდა,
თან გაჰყვა ჩემი ბედი...
გაჰყვა და წამიწყმიდა
უნუგეშოს იმედი.
1862 წ.
ნინოს სიმღერა (I, 47). დაწერის თარიღი 1862 წ.1 ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი VII,19. -
_____________
1. თარიღი აღნიშნულია ავტოგრაფში.
27 a ( = 130). იავნანა (I, 236). იხ. ქვემოთ, 130.
![]() |
3.5 1863 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.5.1 ვირი და ფილოსოფოსი |
▲ზევით დაბრუნება |
ერთსა ფილოსოფოსსა მიუახლოვდა ვირი,
უკრიჭა, გაუცინა, ჩამოუგდო ქვიქვირი.
ბრძენმა ვერ დაინახა, ცაზედ ვარსკვლავებს სთვლიდა;
მაგრამ ვირი ბატონს ბრძენს მათ თვლას აღარ აცლიდა.
რა მოესმა ყროყინი, მაშინ-კი მოიხედა,
სთქვა: „ეს ვირი რას შვრება, ნეტავ რას მეთავხედა?“
გაეცინა და უთხრა მან ვირსა: „ჩოქში, ჩოქში!
აქ რად ხარ? ისევ გიჯობს, წახვიდე ვირის ჯოგში!“
- არა, მე თქვენში მოვალ, ვემონები ტკბილს გრძნობას:
მითხრეს - აქ ვითომც ჩემს ძმებს აძლევდენ დიდკაცობას!
- რას ამბობ? ვის უნახავს აქ დიდკაცობა ვირის?
- როგორ არა! ის არის, ვინც ყველაზედ მეტს ჰყვირის.
მეც აქ გავდიდკაცდები, შენც გული ნუ დაგწყდება;
რომ მოგშივდეს, მე მთხოვე, მამა ნუ წაგიწყდება!
[1863 წ.]
ვირი და ფილოსოფოსი (I, 48). დაიბეჭდა 1863 წ.
- ცისკარი 1863 წ. თებერვ. || თხზულებანი, I, 1893 წ. ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
ცისკარში უკანასკნელი სტრიქონი ასე იკითხვის:
„მოგშივდეს, ჩემს ბიჭს სთხოვე, მამა ნუ წაგიწყდება!“
![]() |
3.5.2 სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
სამეფოო ძველთა ძველო,
დღეს სნეულო გულის მწველო,
დამჭკნარი გაქვს ძველი ქება,
ვით ზაფხულში მზისგან მდელო!..
..........მაგრამ აწ კი დრო მოგიდის,
..........გაცოცხლდები, საქართველო!..
დავივიწყოთ ის ნანინა,
რამაც დღემდის დაგაძინა...
დავსძახოთ ჰარი-არალი!..
ხედავ, ბედმაც გაგვიცინა!..
..........აწ ვიხაროთ, ბერო ქართლო,
..........კმარა, რაც ცრემლი გვედინა!..
ამდენის ხნის მწუხარება,
ნახავ, მალე გაგეყრება!..
დრო მოგელის, გაიღვიძე,
თუ რომ გინდა ნეტარება!..
..........კმარა ამდენი ხნის ძილი,
..........გაიღვიძე! გვეჩქარება!..
ნუთუ ჯერ ვერ შეგინიშნავს,
ის ვარსკვლავი როგორ ბრწყინავს,
ბედს გექადის, გეუბნება:
„გაიღვიძე, ნუღარ გძინავს!..“
..........შესამკობლად გვირგვინს გიწნავს!..
..........მიეგებე, ახალი დრო
წინა წავალთ შენნი ძენი,
გვსურს ახალს დროს ვუღოთ ბჭენი,
და დავსთხიოთ წმინდა სისხლი,
რომ გაგბანოთ ძველი სენი!..
..........მზა ვართ, მსხვერპლად შეგვიწირე,
..........აღდეგ, შემოირტყი წენი!
დიდებაო ძველთა ძველო,
ორთ აღმშფოთთა ზღვათა მცველო,
გაიღვიძე, ნუღარ გძინავს,
ნეტარების მომლოდნელო.
..........მოგვასწარ, რომ დავჰკიოდეთ:
..........„ვაშა! ვაშა! საქართველო!..“
[1863 წ.]
სიმღერა („სამეფოო ძველთა ძველო“) 1, 49. დაიბეჭდა 1863 წ.
- ცისკარი 1863 წ. თებერვ. || სალამური 1893 წ. -
ეს ლექსი საოცარის დამახინჯებით დაიბეჭდა „ცისკარში“. ლექსისათვის ცისკრის რედაქტორს ივ. კერესელიძეს გაუკეთებია ასეთი უცნაური სათაური:
„დიდის კნიაზის მიხაილ ნიკოლაოზის-ძის მობძანების დროს ახალი შთამომავლობა უმღერის საქართველოს“.
აკაკი თავის მოგონებაში ცენზურის შესახებ, კერძოდ ამ ლექსის სათაურის ისტორიის გამო შემდეგს გადმოგვცემს:
„იმ დროში არათუ შლიდენ ნაწერებს ცენზორები, თავისას ჩააწერდენ ხოლმე სამაგიეროს და ისე იბეჭდებოდა. ერთხელ კერესელიძესთან მივედი, გახარებული დამიხვდა: გავაშვებინე შენი ლექსიო! დიდ უარზე კი იდგა, სანამ სათაური არ გამოუცვალეო და „სიმღერის“ მაგიერ ასე დავაწერეო: „დიდი მთავრის მობძანების დროს ახალთაობა უგალობს საქართველოს“. აი ხერხს რა შეუძლიან! ლექსი სრულიად გავაშვებინე და სათაური რაც უნდა, ის იყოსო!.. მოჰყვა კითხვას: „სამეფოო ძველთა ძველო“ და სხვა. ამ გვარი ბევრი რამ გადაგვხედია და ბევრი სიმწარეც გამოგვივლია ცენზორების ხელში“. (იხ. აკაკის ავტოგრაფული ხელნაწერი, დაცული საქ. მუზეუმში, H-1491. აკაკის მოგონება, ჟურნ. საქართველო, 1908 წ. №3).
ეს ლექსი აკაკიმ შემდეგ დაბეჭდა თავის ლექსების კრებულში „სალამური“(1893 წ.) სათაურით: „ძველ სამეფოს“, მაგრამ ამ მეორე-გზის თუმცა მოხსნილია ძველი სათაური, მაგრამ სამაგიეროდ დაზიანებულია და დაჩეხილი თვით ტექსტი ლექსისა: პირველი სტროფიდან ამოღებულია ბოლო ორი ტაეპი, მეოთხე სტროფიდან - ბოლო ოთხი ტაეპი, და უკანასკნელი სტროფიდან - ბოლო ორი ტაეპი.
ჩვენს გამოცემაში ტექსტი დავბეჭდეთ ცისკარისა და სალამურის ამ დაზიანებული დედნების მიხედვით, რადგან აკაკის ხელნაწერი ცნობილი არ იყო.
პირველი ტომის დაბეჭდვის შემდეგ, კირილე ლორთქიფანიძის არქივში ჩვენ ვიპოვეთ კრებულ სალამურის ორი ხელნაწერი დედანი (- ერთი აკაკის ავტოგრა-ფული ხელნაწერი, გადაწერილი 1892 წელს, მეორე - ხელნაწერი პირი, ცენზურაში წარდგენილი იმავე წელსვე), და ყველა ამ დედნების შედარების საფუძველზე შესაძლო ხდება აღდგენილ იქმნას ამ ლექსის საბოლოო კანონიკური რედაქცია. შედარებიდან გამოირკვა, რომ დასახიჩრებული ყოფილა როგორც ცისკარის ტექსტი, ისე სალამურის ტექსტიც.
ა) ცისკარის ტექსტში რედაქტორს ივანე კერესელიძეს გადაუკეთებია არა მხოლოდ სათაური, არამედ ადგილ-ადგილ გამოუცვლია ლექსის ცალკეული გამოთქმები, რათა ლექსი შეეფარდებია მის მიერ მოგონილ სათაურთან.
ბ) სალამურის კრებულის ხელნაწერ დედანში აკაკის აღარ შეუტანია მე-5 სტროფი, რადგან არ ჰქონია იმედი ამ სტროფის ცენზურაში გატარებისა (ამ ერთ სტროფს შეეძლო გამოეწვია მთელი ლექსის აკრძალვა). ამას გარდა მე-6 სტროფის ტონი ოდნავ შერბილებულია.
ამ განმარტებათა შემდეგ მოგვყავს აქ ამ ლექსის აღდგენილი საბოლოო კანონიკური რედაქცია:
ძველ სამეფოს1
სამეფოო ძველთა-ძველო,
დღეს სხეულო გულის მწველო,
დაჭკნა შენი ძველი ქება,2
ვით ზაფხულში მზისგან მდელო,
მაგრამ თუ დრო შეიცვალა,
გაცოცხლდები საქართველო!3
დავივიწყოთ ის „ნანინა“,
რამაც დღემდი დაგვაძინა!
სხვა კილოზე დავამღეროთ,
თუ რომ ბედმა გაგვიცინა!
ბერო ქართლო, გულს ნუ იტეხ,
კმარა ცრემლი რაც გედინა!4
ამდენი ხნის მწუხარება,
ნახავ, მალე გაგეყრება!..
გაიღვიძე, დროს ნუ ჰკარგავ,5
თუ რომ გინდა ნეტარება,
სიფხიზლე თვით სიცოცხლეა,6
გაიღვიძე, გვეჩქარება.
ნუთუ ჯერ ვერ შეგინიშნავს
ის ვარსკვლავი როგორ ბრწყინავს?
შენი არის... ბედს გექადის!
მიეგებე, ნუღა გძინავს!
..........მოემზადე, ახალი დრო
..........შესამკობლად გვირგვინს გიწნავს!7
წინა წავალთ შენნი ძენი,
გვსურს ახალ დროს ვუღოთ ბჭენი,
და დავსთხიოთ წმინდა სისხლი,
რომ გაგბანოთ ძველი სენი!...
..........მზა ვართ, მსხვერპლად შეგვიწირე,
..........აღდეგ, შემოირტყი წენი!8
დიდებაო ძველთა-ძველო,
ორ აღმშფოთთა ზღვათა მცველო,
გაიღვიძე, ნუღა გძინავს,
ნეტარების მომლოდნელო!
..........მოგვასწარ, რომ გავკიოდეთ:
..........„ვაშა, ვაშა საქართველო!“9
_______________
1. ასეა სათაური 1892 წლის ავტოგრაფში. (1863 წლის ვარიანტში, აკაკის ცნობით, ლექსს რქმევია „სიმღერა“).
2. ასეა ავტოგრაფში. ხოლო ცისკარში: „დამჭკნარი გაქვს ძველი ქება“.
3. ასეა ბოლო ორი სტრიქონი ავტოგრაფში; ხოლო ცისკარში ტექსტი ასე იკითხვის:
„მაგრამ აწ-კი დრო მოგიდის,
გაცოცხლდები საქართველო...“
(ტექსტი აქ ცხადია გადაკეთებულია ცისკრის რედაქტორის მიერ ლექსის შესაფარდებლად მოგონილ სათაურთან).
4. ასეა უკანასკნელი ოთხი სტრიქონი ავტოგრაფში; ხოლო ცისკარში ასე იკითხვის:
„დავსძახოთ ჰარი-არალი!..
ხედავ, ბედმაც გაგვიცინა!..
აწ ვიხაროთ, ბერო ქართლო,
კმარა რაც ცრემლი გვედინა“.
(აქაც ტექსტი გადაკეთებულია ცისკრის რედაქტორის მიერ ლექსის შესაფარდებლად მოგონილ სათაურთან).
5. ასეა ავტოგრაფში; ცისკარში: „დრო მოგელის, გაიღვიძე“.
6. ასეა ავტოგრაფში; ცისკარში: „კმარა ამდენი ხნის ძილი“.
7. ასეა ეს სტროფი ავტოგრაფში; ხოლო ცისკარში ეს სტროფი ასე იკითხვის:
„შენიშნე, ჩვენც შეგვინიშნავს,
შენი ვარსკვლავი ვით ბრწყინავს,
ბედს გექადის, გეუბნება:
„გაიღვიძე, ნუღა გძინავს!..“
მიეგებე, ახალი დრო
შენთვის ვაზისა გვირგვინს სწნავს!..“
8. მეხუთე სტროფი, როგორც აღვნიშნეთ, არაა შეტანილი ავტოგრაფში, რადგან საეჭვო იყო ამ სტროფის ცენზურაში გატარება და ამ ერთ სტროფს შეეძლო გამოეწვია მთელი ლექსის აკრძალვა.
9. მეექვსე სტროფი ავტოგრაფში ასე იკითხვის (- ტონი ოდნავ შერბილებულია; გამოშვებულია „ორთა-ზღვათა მცველობა“ საქართველოს მიერ):
„დიდებაო. ძველის-ძველო
დღეს სხეულო საეჭველო!
გულს ნუ იტეხ, წამოდექი,
ნეტარების მომლოდნელო!
..........მოგვასწარ რომ ვიძახოდეთ:
..........“ვაშა, ვაშა, საქართველო!“
![]() |
3.5.3 დღე და ღამე იყრება |
▲ზევით დაბრუნება |
დღე და ღამე იყრება,
ცელქი ვარსკვლავთა კრება
მოწმენდილ ლაჟვარდ ცაზედ
ხანა ჰკრთის და ხან ჰქრება.
ზენარე და ქვენარე,
ცხოველი და მცენარე
ყველა ამბობს: „გიყვარდეს,
დასტკბი და გაიხარე!“
ტახტს დაჯდა სიყვარული,
უგალობებს ბულბული,
ჭაბუკობა შეჰხარის,
არევით უძგერს გული.
მოხუცს-კი ეძინება,
ყმაწვილს ცოლს ეცინება;
დაიძინე, მოხუცო,
აბა ვის ეწყინება?
მოისვენა მოხუცმა,
მაგრამ უცებ კატის ხმა:
„მიავ! მიავ, მიაუ!“
კარებს უკან მოესმა.
ცოლს უთხრა მან: „გემდური;
რად არ მიუგდე ყური
კატას? შინ შემოუშვი,
შია, აჭამე პური!“
- „ბატონო, მართალს ბრძანებ!
კატას კი ვუპატრონებ,
მაგრამ ჯერ დაიძინე,
ნანინას მოგახსენებ!“
უთხრა მოხუცს ნანინა,
ჯერ ტკბილად დააძინა,
მერე კატა მონახა,
ქმარს ცინდალი შესძინა.
ქმარმა რომ გაიღვიძა,
მისი ცოლი აფიცა:
„კატა ხომ გააძღეო?“
ცოლმაც დასტური მისცა.
ქმარს მართალი ეგონა,
ცოლს გულში ჩაეკონა:
ამგვარი მორჩილება
მას მეტად მოუწონა;
და ისევ დაიძინა;
ცოლმაც უთხრა: „ნანინა!
შენ სიზმრადაც ვერ ნახავ,
რაც ცხადად შეგვეძინა!“
1863 წ., 23 მარტი.
დღე და ღამე იყრება (I, 51). დაწერის თარიღი: [1863 წ.] 23 მარტი1. დაიბეჭდა იმავე წელს.
- ცისკარი 1863 წ. მარტი. || თხზულებანი, 1, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, 1, 912 წ. - ცისკრის ტექსტი ზოგიერთს სტილისტიურ სხვაობას შეიცავს.
_______________
1. დაწერის თარიღი 23 მარტი (წელიწადის აღუნიშნავად) ნაჩვენებია ცისკარში.
![]() |
3.5.4 გლეხის აღსარება |
▲ზევით დაბრუნება |
„ხატად და მსგავსად ღვთისა ვინ ქმნილ არს,
ჭეშმარიტების მხილებაც უყვარს; და ვისაცა
წყინს ჭეშმარიტება, სჩანს, დაუკარგავს მას ღვთის
ხატება“.
ოხ, დარდების ამშლელო, ჩემის გულის ხაზი ხარ!..
თავდახრილი მიტომ ვარ, რომ კისერზე მაზიხარ.
დამტკბარს ვეროდეს გხედავ, ჩემთან მუდამ ბრაზი ხარ;
უჩემოდ გამრჯელი ხარ, თუ მე მხედავ, ნაზი ხარ!..
რომ იცი, რაღად მკითხავ: ასე რისთვის ვღონდები?
მისთვის, ჩემო ბატონო, რომ სულ შენ მაგონდები!
პირუტყვივით მიმონებ, მფლობ და არ გეცოდები;
მაგრამ, ჩემო წამწყმედო აქ, იქ შენ ვერ ცხონდები!.
ცხადად შენ მაგონდები, შენ ხარ ჩემი სიზმარი;
შენ მღვდელივით სუქდები, მე ოფლად ვარ დამდნარი,
მაგრამ შენ რას დამეძებ?! შენი ფიქრი ეს არი:
„ნეტავ ვინ გაასწორა ერთადო მთა და ბარი?!“
ამით ჩვენის კავშირის უფლებით ხარ შემცვლელი:
ძლიერმა სუსტი მნახე, დაჩაგვრა შეიძელი!
მაშ ახლა რაღად სწუხარ, ახალს დროს რომ მოელი?
რად არ მეტყვი: „ძმები ვართ, მოდი, მომხვიე ხელი!“
თორემ შენ ცხვირს მაჩვენებ, მე ჩამოგიყრი ყურებს,
მტერს ვინ უწინაღმდეგებს, რომელიც ჩვენ შეგვყურებს?
ერთმანეთის მტერს ვეღარც მამული გვიმსახურებს
და ახალს დროს დაგვასმენს, შვილისშვილთ მოგვამდურებს.
მაგრამ, ვაი! ეს სიტყვა შენ როგორღაც გემწარა,
მეუბნები: „შენ ვინ ხარ, ვისი ტიკი-ტომარა?“
მაგრამ, ჩემო კეთილო, იფიქრე, ნუ სჯი ჩქარა
და მაშინ აღიარე - მართალს ვამბობ, თუ არა?!
1863 წ.
ავტორის შენიშვნები
ამ ლექსმა, რომელიც ბატონ-ყმობის გადავარდნამდეა დაწერილი, ძალიან უსიამოვნება გამოიწვია თავადებში და ბევრი მტერიც შემძინა. ერთმა მათგანმა, თავადმა მიქელაძემ, სასიკვდილოდ შემომიტია და ალალ-ბედზედ გადამარჩინეს.
გლეხის აღსარება (I, 53). დაწერისა და დაბეჭდვის თარიღი 1863 წ.1
- ცისკარი 1863 წ. მაისი. || ჩონგური 1864 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
ცისკარსა და ჩონგურში დაბეჭდილ ტექსტში ცენზურის მიერ ამოღებულია მეორე სტროფის უკანასკნელი სიტყვები:
„პირუტყვივით მიმონებ, მფლობ და არ გეცოდები,
მაგრამ ჩემო. .....................................“
ამას გარდა ცენზურის მიერ ამოღებულია სიტყვა „მღვდელივით“, შემდეგს სტრიქონში:
„შენ [მღვდელივით] სუქდები, მე ოფლად ვარ დამდნარი“.
ამ ლექსის „გლეხის აღსარების“ შესახებ აკაკი შემდეგს გადმოგვცემს:
„ამ ლექსმა, რომელიც ბატონ-ყმობის გადავარდნამდეა დაწერილი, ძალიან უსიამოვნება გამოიწვია თავადებში და ბევრი მტერიც შემძინა. ერთმა მათგანმა, თავადმა მიქელაძემ, სასიკვდილოდ შემომიტია და ალალ-ბედზედ გადამარჩინეს“. (იხ. ავტორის შენიშვნები, ტ. I, გვ. 858).
________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ჩონგურში.
![]() |
3.5.5 მოგონება |
▲ზევით დაბრუნება |
ჰიმნი, მკვნესარნი სამარის ხმითა,
ზედ დასტირიან რაღაც საგანსა
და უცნაურის თანაგრძნობითა
ეს ჩემი გულიც ეტყვის მათ ბანსა.
ღმერთო! რა მიყვარს ეს მწარე მოთქმა!.
- ვეტრფიალები ამ ჩემსა ჩანგსა!
მხოლოდ ამისი ეს მაცდური ხმა
გულს გადამფერავს მოდებულს ჟანგსა.
ეს არის ჩემი თანამგრძნობელი,
ეს ისმენს მხოლოდ ჩემს აღსარებას;
მეალერსება, ვითა მშობელი,
და ცრემლით ადნობს ჩემს მწუხარებას.
აი, ეხლაცა ჩემი გონება
სიმთ გააცოცხლეს, აამღელვარეს,
მომცეს წარსულთა დროთ მოგონება
და გარდმიტანეს სამშობლო მხარეს.
ჰა! წარმომიდგა თვალწინ ჭაბუკი...
გაჭირვებისგან რომ ცრემლსა ღვრიდა,
მაგრამ მტკიცე და პატიოსანი,
უფროსების წინ თავს არა ჰხრიდა.
პირმოთნეობით, ის დაჩაგრული,
არავის სთხოვდა თვის წარმატებას
და, სიმართლისთვის თავგანწირული,
აღიარებდა ჭეშმარიტებას.
უშლიდა მოძმეთ სულის მდაბლობას,
ჰგმობდა მათ შორის ის უპირობას,
მაგრამ ეტყოდენ რაგვარ მადლობას?
ემუქრებოდენ ტყავის გაძრობას!
„გამოახილეთ, ამბობდა, თვალი,
შეიტყვეთ, გლეხიც თქვენი ძმა არი!“
და რას ისმენდა ნაცვლად საწყალი?
„ჩუ, თორემ ცხვირში წაგსკდება ძმარი!“
დაჩაგრულს გლეხებს ეფერებოდა,
დიდკაცებს ჰგმობდა პირუთნეველად,
მისთვის მას ყველა ემტერებოდა...
ყველას მიაჩნდა საზიზღარ გველად!
მაგრამ მაინცა თავს არ იხრიდა
უფროსების წინ, იმათი მტერი,
თუმც ჩუმად ხშირად ცრემლებს კი ჰღვრიდა,
გაუკითხავი ყველგნით... მშიერი.
შიმშილ-წყურვილით გახდა ის ავად,
მისი დაცემა ყველამ იხარა;
მოკვდა საბრალო გაუკითხავად
და საუკუნოდ მიწამ დაჰფარა.
ოჰ, უგნურებავ! ოჰ, საძაგლობა!
ის მოკვდა, მაგრამ არ არის მკვდარი;
მას მოიგონებს შთამომავლობა
და მას უგალობს აწ წმინდა ქნარი.
ვინც მოუსწრაფა საწყალს სიკვდილი,
იმას კი გრძნობით არვინ აკურთხებს;
მას შეაჩვენებს მისივე შვილი
და მამის საფლავს გადააფურთხებს.
კურთხეულმც იყოს ამგვარი შვილი!
და ამას ამბობს ეს ჩემი ქნარი:
„ვინც სამშობლოსა უყო კეთილი,
ჩვენი მამაცა მხოლოდ ის არი!“
1863 წ.
მოგონება (I, 54). დაწერისა და დაბეჭდვის თარიღი 1863 წ.1
- ცისკარი 1863 წ. ივნისი. || ჩონგური 1864 წ. || თხზულებანი, 1, 1893 წ. ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
______________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ჩონგურში.
![]() |
3.5.6 სიმღერა მკის დროს |
▲ზევით დაბრუნება |
გავლესოთ, ძმებო, ნამგალი,
პური შეგვქნია სამკალი,
ჯერ „ჰოპუმ“ დავაგუგუნოთ
და მერე „ჰარი-ჰარალი!“
ვერა ხედავთ ჩვენს მეთაურს,
როგორა ხტის? გული უხურს!
რა სიამით და სიხარბით
შეჰყურებს დამწიფებულ პურს!
მეთაურო, დაგვაცალე,
ჯერ ეს ყანწი გამოცალე,
მერე გნახავთ, რაც ბიჭი ხარ,
ნამგალი დაატრიალე!..
მკაში არც ჩვენ ჩამოგრჩებით,
ჩვენც გვერდში ამოგიდგებით;
გულგაღებული, პერანგა,
პურს ცეცხლივით მოვედებით!
ჯერ თანასწორ დავუაროთ,
გულს დარდები გავუქარვოთ,
და, ვინც მკაში ჩამოგვრჩება,
პირში პური მივაყაროთ!
მეთაურო, თაბაგარო,1
ნუ გგონია, რომ დაგვჩაგრო!
ნახავ მკაში, რომ შენც ჩვენთან
ბევრი ოფლი გადმოღვარო!
მომკლები ვართ ჩვენცა სრული,
არ ვყოფილვართ დაჩაგრული,
თაბაგრები თუმც არა ვართ,
მკა კი ვიცით თაბაგრული.
ჰე! დატრიალდა ნამგლები;
ბიჭებო, თქვენ გენაცვლები!
გიცნობთ, სადაურიცა ხართ:
შორაპნიდგან იმერლები!
ამას ჰქვიან ხელაური,
ასე უნდა მომკათ პური!
მეთაურო, შენ კარგად მკი,
მაგრამ აგდის კი ალმური!
ჩუ! მტრედმა დაიღუღუნა,
მკა ხომ ჩვენ არ დაგვიწუნა?
ჰა, ბიჭებო, დატრიალდით,
ჰოოპუნა! ჰოოპუნა!
ჰოოპუნა! ავხე! ავხე!
ბიჭო, ჩემი მკაცა ნახე
და, თუ შენ მკაში ჩამოგრჩე,
ქალაჩუნა დამიძახე!
ჰოპ! ჰოპ! ჰერი! ჰერი!
ჩუ, გამოხტა აგერ მწყერი,
ნამგლებით გარს შემოვერტყათ,
დავიჭიროთ პურის მტერი.
მეთაურო, ბარაქალა!
ხომ ნახე, აწ ჩვენი ძალა?
საღამომდე სულ მოვრჩებით,
ნამგალმაც თუ დაგვაცალა!
ნელა, ბიჭო! აწ კი კმარა,
ჰხედავ? მზემაც გადიხარა;
ჯერ რიგიანად ვისამხროთ,
მერე მოვმკით უფრო ჩქარა!
1863 წ.
______________________
1) თაბაგარი გვარია, პირველი მომკლები იმერეთში და სახელგანთქმულები. [ავტორის შენიშვნა]
სიმღერა მკის დროს (I, 56). დაწერისა და დაბეჭდვის თარიღი 1863 წ.1
- ცისკარი 1863 წ. ივლისი. || ჩონგური 1864 წ. || თხზულებანი, 1, 1893 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
ცისკარში და ჩონგურში დაბეჭდილი ტექსტი შეიცავს ზოგიერთს სტილისტიურ ვარიანტებს, და ამას გარდა ორი ზედმეტ სტროფს:
მე-10 სტროფის შემდეგ ჩამატებულია:
„ჰა, ბატონებო, გვიყურეთ,
ოფლში რა-რიგად მოვსცურეთ;
თუ მკითა ვერ გაგაკვირვოთ,
ლეჩაქები დაგვახურეთ“.
ბოლოში დამატებულია სტროფი:
„უხვად მოვიდა წელს პური,
მაგრამ ბედს მაინც ვემდური,
რომ ამას სულ სხვა წამართმევს,
და მე კი ოფლსა ტყვილა ვღვრი!“
უკანასკნელი დამატების შესახებ იხ. აკაკის შენიშვნა „ჩემ თავგადასავალში“ (რჩეული ნაწერები, I, 1925 წ. გვ. 74).
_________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ჩონგურში.
![]() |
3.6 1864 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.6.1 იმერული ნანინა |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს)
გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო!
აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?
დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო...
დაიძინე ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...
დედა ეტყვის: „გენაცვალოს შენი მშობელიო,
ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო!
შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო,
მამიშენის ბედის არ ხარ, შენ სხვა ბედს ელიო:
..........შენი ვარსკვლავი სხვა არის! - ბედმა გიცინაო!
..........იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...
ღმერთს შენი ბედნიერება წინეთ უსახავსო,
შენც მის ნაცვლად ემსახურე, ნურას იზამ ავსო,
დედას თმას ნუ მაწეწინებ, ნუ ჩამაცმევ შავსო!
სხვებ რა გიჭირს: ხომ შეიტყვე, ბატონი არ გყავსო!
..........რისთვის შეკრთი? მართალია!... რამ შეგაშინაო?
..........იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...
გაიზრდები, გენაცვალე, თავისუფალიო;
ბატონი ვერ შეგაწუხებს, ვერც გაგტეხს ვალიო;
შენს მტერსა და მოშურნესა დაუდგეს თვალიო;
ჭირისა და ავ თვალისგან გიხსნის უფალიო!
..........ხომ გიამა, გენაცვალე! მან გაგაცინაო?
..........იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...
დიდი-კაცის შვილს სკოლაში გვერდთ მოუჯდებიო;
აბა შენ იცი, ბიჭოჯან, როგორ ეცდებიო;
ძველ ბატონის შვილს სწავლაში ნუ ჩამორჩებიო,
გლეხსა ნიჭი არა აქვსო, არ აფიქრებიო!..
..........შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო,
..........იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...
ჩინოვნიკებიც არიან ჩვენი გამწვალეო:
ჩვენს საქმეზე როცა მივალთ, გვეტყვიან: „ხვალეო“,
და, ჩვენ როცა დაგვსაქმებენ, მაშინ კი - „მალეო!“
ამას შენ ვეღარ გეტყვიან, შენ გენაცვალეო,
..........რომ ვეღარ დაგიბრიყვებენ, თუ რომ თავი სცნაო!
..........იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...
პაწაწინა იადონო და ვარდის კონაო,
დღეს ხომ კარგად გაიგონე ჩემი ნანინაო?
და, თუ კარგად გაიგონე, ხომ მოგეწონაო?
მაშ ნუ გძინავს! გაიღვიძე! იცან ქვეყანაო!
..........შენც შეიტყვე ამა სოფლის ცრუ გამოცანაო!
..........იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...
[1864 წ.]
იმერული ნანინა (I, 58). დაიბეჭდა 1864 წ.
- ცისკარი 1864 წ. მაისი. || თხზულებანი, I, 1893 წ. | რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
![]() |
3.6.2 ჩანგურის ძალა |
▲ზევით დაბრუნება |
მოდი, ჩემო ჩანგურო,
მსურს, ისევ გემსახურო,
გამღერო სულ სიმართლე
და ბევრი მოგამდურო!
ოდეს შენი მომტანი
მე მუზი გავიცანი,
თითქოს ხელახლად ვიშევ
და თავიც მაშინ ვცანი.
სულმან ჰგრძნო უცხო ძალი,
გულში ამენთო ალი;
ვნახე, თურმე ბრმა ვიყავ,
და გავახილე თვალი.
უცხო ძალი ვიგრძნე რა,
გულმა დამიწყო ძგერა,
მაშინ აგიღე ხელში
და ვიწყე საღმრთო მღერა...
რასაც თვალი ჰხედავდა,
გულიც მის თქმას ჰბედავდა;
და იმ დღიდგან მშვიდობა
მგოსნისათვის გათავდა...
ვნახე, რომ მეგობარი
თურმე იყო ხუმარი!..
და იმის სიყვარულიც
ჩემდამო კი სიზმარი!..
თავს ვუთხარი: „გასწორდი!
კმა, რაც დღემდის მოღორდი!“
ზიზღით ზურგი ვუჩვენე
მეგობარს და მოვშორდი.
ვიხილე სწავლულები
მე სახელ-განთქმულები;
ვნახე, ტვინზედ ეწერათ:
„უგნურების შვილები!“
მაშინ მოვსდრიკე ქედი,
გადავსწყვიტე იმედი,
დავჯექ კურცხალის ყრითა
და მოვსთქვი ჩემი ბედი!
ვსთქვი-რა მწარე ნანინა,
თვალთ ცრემლი მომედინა!..
ჩანგურო! შენც მოგშორდი!..
ხომ გახსოვს - დამეძინა...
მაგრამ მოჰფრინდა მუზი,
რისხვით მითხრა: „რას უზი?“
გულის მითხრა: „გახსენი
ეგ გრძნობისა აუზი!
„ხან სიტკბო აიაფე,
ხან ნაღველი აქაფე,
ჭეშმარიტება აქე
და ბოროტი აკაფე!..
„ხალხს სძულს ეს სამსახური,
დაგრჩება უმადური!“
შებრალებით ვუჩვენე
მათ ზურგი და მოვშორდი.
კეთილ კაცთან მივედი,
მაზედ-ღა მრჩა იმედი,
ვნახე და რისხვით გული
ამენთო ვით აბედი:
ტკბილად დაიწყო სტვენა,
მოხიბლა ყველას სმენა
და ბროლის კბილებითა
დამალა შავი ენა.
სისხლით უყარდა ხელი,
გულში ედვა მას გველი,
და შუბლზე კი ეწერა
შავად: „ფარისეველი!“
თავს ვუთხარი: „გასწორდი!
კმა, რაც დღემდი მოღორდი!“
წყევით ზურგი ვუჩვენე
იმასაც და მოვშორდი.
და მუზს გარისხებული
ვეტყოდი: „ხარ წყეული!
რად წამართვი სიამე
და აღმიშფოთე გული?
„მესმის ყველგნით მტერობა,
გამიქრა მეგობრობა
მას შემდეგ, რაც შენ იწყე,
მუზავ, ჩემთან სტუმრობა.
„წამართვი ტახტად გული,
ზედ დასდევ სიყვარული,
და მას შემდეგ აღარ მაქვს
შიგ არრა დაფარული!
„აწ აღარ მაქვს მე ფარად
პირმოთნეობა მარად,
და მისთვისც ვერვის ვხედავ
მეგობრად გამახარად!..
მუზმა დამიგდო ყური
და მითხრა: „განა ჰსური,
რომ გყავდეს მეგობარი?
აჰა, ჩემი ჩანგური!
„შენი კვნესით მოიწყენს,
შენის შვებით მოილხენს
და ცრემლში დამდნარ ნაღველს
სიმებით შესვამს, იდენს!.:
„და ვინც კი ხორციელი
ნახო მის ბანის მთქმელი,
ის მიგაჩნდეს მეგობრად!
იმას მიეცი ხელი!“
ეს მითხრა და გაფრინდა
ის მშვენიერი, წმინდა,
და კურთხევით დამძახა:
„აგისრულებ, რაც გინდა!“
შემდეგ შენ ხარ ნუგეში,
გიდებ გრძნობით უბეში,
ტკბილ გრძნობას დაგღიღინებ
და სევდას ზედ დაგხვნეში!
[1864 წ.]
ჩანგურის ძალა (I, 60). დაიბეჭდა 1864 წ.
- ცისკარი 1864 წ. ივნისი. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, 1, 1912 წ. -
ცისკარში დაბეჭდილ ტექსტში 14-16 სტროფები გადატანილია მე-8 სტროფის წინ, და წინ უძღვის შემდეგი ტექსტი:
თავს ვუთხარი: „გასწორდი!
კმა რაც დღემდი მოღორდი“.
შებრალებით ვუჩვენე
მათ ზურგი და მოვშორდი.
მე-13 სტროფი იკითხვის ამ-რიგად:
„ხალხს სძულს ეს სამსახური,
დაგრჩება უმადური!
მაგრამ შენ სიმთ ჩამოჰკარ,
ააკვნესე ჩანგური!“
ამას გარდა, ცისკარში დაბეჭდილ ტექსტს ბოლოში დართული აქვს შემდეგი სამი ზედმეტი სტროფი, რომელიც აკაკის ლექსის უკანასკნელ რედაქციაში აღარ შეუტანია:
„შენით მიყვარს სოფელი!
შენი ბანისაც მთქმელი
ვნახე, და ერთმანეთსა
გრძნობით მივეცით ხელი.
მაშ აქ მოდი, ჩანგურო,
უგნურის დამამდურო,
სამთავ გრძნობით ვიმღეროთ
და ტკბილად ვატაროთ დრო.
იმღერე, რა გაჩერებს?
რას აყოლიხარ მტერებს?
აბაშიძეც ბანს გეტყვის.
წერეთელი დაგმღერებს“.
![]() |
3.6.3 მოქრთამე მსაჯულებს გლეხისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
გულქვაო, დროა აწ გვითხარ:
როდემდის უნდა გვაწვალო?
ვინა ხარ? სიდან მოსულხარ?
ან რა სჯულის ხარ, მტარვალო?..
კისერს გვხეხ მძიმე უღელით,
გვაყრუვებ მაღლისა ხმითა,
და ქრისტეს, ქრისტეს სახელით,
ქრისტიანი ჰგმობ საქმითა!..
იუდას კანონით ჰსაქმობ!
პილატებრ გვაძლევ ჩვენ ზავსა
და ჯვრის სახელით ჯვარსა ჰგმობ:
ჯვარს აცვამ ჯვრისა მმოსავსა.
ჩვენს კანზედ ჩვენივე სისხლით
კანონი დაგიწერია!
პილატებრ იბან შენ ხელს წყლით
და ხორცს გვგვლეჯ, ვითა ძერია!..
ჯერ ჩვენის ხორცითა ძღები,
სისხლითა იკლავ წყურვილსა
და ჰფიქრობ: ვითა „უძღები“
მერე ვიქმ ღვთისა სურვილსა!..
მაგრამ შენს კანონს არა ჰგავს
კანონი იმ ჯვარცმულისა:
არ გაათეთრებს ტყვილად შავს,
ხარბი არ არის ფულისა!
მაღლით ხმა გვესმის: „ითმინე,
გლეხო, აწ გიხსნის უფალი!“
გეძახის მსაჯულს: „ისმინე,
გამოახილე შენც თვალი!
„ძმა ძმას ნუ აღრჩობ ძმის ხელით,
კაენის შავ გულისთქმითა
და ქრისტეს, ქრისტეს სახელით,
ნუ ჰგმობ იუდას საქმითა!..“
[1864 წ.]
მოქრთამე მსაჯულებს გლეხისაგან (I, 64). დაიბეჭდა 1864 წ.
- ცისკარი 1864 წ. აგვისტო. -
![]() |
3.6.4 ვედრება |
▲ზევით დაბრუნება |
ძმაო მკითხველო! ძმობას გაფიცებ,
კაცი რომ ნახო შენ დაცემული,
თუ რად დაეცა მიზეზს ნუ ეძებ!
შენი ვალია, შეგტკივდეს გული!
შეგტკივდეს, მაგრამ ესეც უნდა სცნა,
რომ დაცემული არის ორგვარი:
ერთს ჰსურს ადგომა, უნდა თავის ხსნა,
და მეორე კი გდია, ვით მკვდარი!
ერთი მოელის კაცთაგან შველას:
ებრძვის თვის დამცემს, რაც შეიძლება;
მეორე ვერ გრძნობს ამაებს ყველას
და მტერს პირუტყვებრ ემორჩილება!
პირველს თუ შეხვდე, შრომა უკურთხე,
ხელი მიეცი, წამოაყენე,
და მეორეს კი ზედ დააფურთხე!
იტირე, მაგრამ ზურგი უჩვენე!
··································
··································
··································
··································
შემდეგი აზრი თქვას აქ წერტილმა
რადგან ჩემს კალამს, არა აქვს ნება
უნდა პირუტყვებრ ჩავიწყვიტო ხმა,
თორემ ჩემს ბატონს ეს ეწყინება.
უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით,
გულს თუ დამადგა ვერც დავახველო,
ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით!
„ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო“!
[1864 წ.]
ვედრება (I, 66). დაიბეჭდა 1864 წელს.
- ცისკარი 1864 წ. ოქტომბერი. || თხზულებანი, I, 1893 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ჩემი ნაწერები, 1, 1912 წ. -
ცისკარში დაბეჭდილ ტექსტში, ფრაზაში: „[ფურთხის] ღირსი ხარ..“ ცენზორს ამოუღია სიტყვა: „ფურთხის“.
![]() |
3.6.5 პასუხი ბ. ჯ(ორჯაძისას) |
▲ზევით დაბრუნება |
სევდით სავსე სახედ ქალი,
გულში ალი ეკიდება
და წამწამებზედ კურცხალი
მარგალიტებრ ეკიდება.
თვის ნაშობ ცრემლს მისი თვალი
თვით ვერ ჰხედავს, შორს გაჰყურებს,
და, ვინ იცის, მაშინ ქალი
რას უჩივის? ვის იმდურებს?
ოცნებით დროს სევდას ჰპარავს,
ჰფიქრობს: „სევდა ვეღარ მავნებს!“
მდუმარებით სევდას ჰფარავს,
მაგრამ ცრემლი კი ამჟღავნებს:
იგი მცირე მარგალიტი
გრძელი ამბის შემცველია,
თვით დამდნარი გულის წვეთი
ვარდ-ღაწვების შემწველია...
ქართვლის მწარე აწმყო ბედი,
გამქრალი ძველი დიდება
და მომავალი იმედი
მასში ერთად იხატება.
იმ ცრემლს ჰშობს წარსული ბედი,
აწმყო თვალსა მოაჩქერებს
და მომავალი იმედი
წამწამებზედ შეაჩერებს.
მეც თანავგრძნობ მაგის შობას,
პატივსა-ვსცემ მოჩქერებას
და ტკბილ გრძნობით გამარჯვებას
მივულოცავ შეჩერებას.
[1864 წ.]
პასუხი ბ. ჯ(ორჯაძისას) (I, 67). დაიბეჭდა 1864 წელს.
- ცისკარი 1864 წ. ოქტომბერი. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I. 1912 წ. -
ლექსი მიძღვნილია პოეტი ქალის ბარბარე ჯორჯაძისადმი.
![]() |
3.6.6 ნადირობა |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი ჩემს ძაღლს)
კუდქიცინა და შავყურა,
ჩემო ძაღლო, ჩემო მურა,
სუყველამ ჭირი მოგჭამოს,
ვინც მე ტყვილად დამემდურა!..
რადგან კაცში მეგობარი
უსასყიდლო არსად არი,
სულ ძებნით რომ გადვიაროთ
ოცდაათი მთა და ბარი,
აწ მეგობრად გირჩევ შენა!..
თუმც, პირუტყვო, არ გაქვს ენა,
მაგრამ გშვენის კუდის ქნევით
ერთგულების გამოჩენა.
მე რომ სევდით მიწუხს სული,
შენც გიღრინავს მაშინ გული:
წუწკუნით თვალებში მიცქერ
შენ კუდამოძუებული.
და, მოლხენას რომ შემატყობ,
ჩემს სიხარულს შუა იყოფ:
კუდს აქიცინებ, ნავარდობ,
ყურებს სცქვეტ, ჰყეფს და ამაყობ!
არ ხარ კაცივით შავპირი!..
მეგობრებს აწ აღარ ვსტირი,
რადგანც შენ დაგემეგობრე:
ყველამ შენ მოგჭამოს ჭირი!..
ბევრნი ტყვილად თავს იმკობენ,
კაცნი ვართო, ამაყობენ,
მაგრამ მხოლოდ შენ გბაძავენ:
ძაღლობენ და ვერ იტყობენ.
უსაქმურად ტყვილა ჰყეფენ,
საზრდოს სუნით დაეძებენ,
ძლიერს ფეხებს უსლაქავენ,
სუსტებს კი საზრდოს სტაცებენ.
ვხედავ, გაძვირდენ კაცები,
ნაცვლად მრავლობენ მხეცები,
მაგრამ ბევრნი ვერა ჰხედვენ,
რადგანც არიან ბეცები!..
აწ მე და შენ ვინადიროთ
და მჭვრეტელნი გავაკვირვოთ:
მოედანზედ გამოვაგდოთ
ის მხეცები, დავიჭიროთ.
ჩუ! გამოხტა ერთი მხეცი!
სსსი!.. ჰკარ მაგას!.. მაგას ეცი!..
რა მხეცია, ერთი ვნახოთ?
დამართნია კიდეც ქეცი!..
თავმსხვილაა და შავპირი,
ჩამოუგდია ქვიქვირი,
ეხლა ვიცი, ვინც ბრძანდება:
ბატონია დიდი ვირი!
ეგ კუდმოკლე, შუბლმაგარი,
პირუტყვების თავი არი,
თუმც გარჩევა კი არა აქვს,
სწორად უჩნს მას მთა და ბარი!..
მეგობრები ჰყავს ათასი,
თუმც კიტრია მაგის ფასი!..
შეუტივე მაგ ყურგრძელსა,
ამუ! ამუ! ჰკარ მაგას!.. სსსი!..
ტყვილად გახლართულა თოკში,
სჯობს, წაბძანდეს ვირის ჯოგში!
„აცე, ვირო! აცე, ვირო!“
მივაძახოთ „ჩოქში! ჩოქში!“
აბა, კიდევ, ჩემო ძაღლო,
მოუყეფე ახლო-მახლო,
გამოაგდე მოედანზედ
მხეცი, კბილი კი არ ახლო!..
ჩუ! გამოხტა!.. ესეც ორი!..
რა მხეცია? - გახლავსთ ღორი!
ღრუჩუნითა მოძუნძულობს,
მსუქნადა აქვს ტანზე მძორი.
კუდს აბზეკს და თავს დაბლა ჰხრის,
მისის დრუნჩით მამულსა სთხრის,
სხვის ეზოში ნაგავსა სჩხრეკს,
გამოაქვს და შარაზედ ჰყრის.
მაგის ყველას ეშინია,
რადგანც აქვს დიდი ზვინია,
თვისას სვრის, სხვის ეზოს სწმენდავს,
ერთგული და მომჭირნეა!..
ჰკარ მაგას! ნუ შეგეშინდა!
ეგ პირუტყვი ჩვენ ნუ გვინდა!
წასულია მაგისი დრო,
მაგის დილა დაიბინდა!
სსსი! აწ თავი მოუარე,
უკბინე და გაამწარე,
რომ ხალხში აღარ გამოჩნდეს,
მოძებნოს თავის საღორე!
მოუყეფე! აბა! ეცი!..
ჩუ! გამოხტა კიდევ მხეცი!
აბა, სცანით, რა მხეცია,
თუ არა ხართ ყველა ბეცი!
ყურცქვიტინა და კუდგრძელა,
მოცუნცულებს ნელა-ნელა!
აბა, კარგად გამოვიცნოთ,
დავუკვირდეთ მაგას ყველა!
ვხედავთ, ვიცნობთ: გახლავსთ მელა,
მაგან ყველა მოგვინელა:
არც მტერსა და არც მოყვარეს
არ ზოგავს, თუ დაიხელა!..
წინ მეტად შორს იყურება,
სხვის ეზოში რომ მიძვრება,
და ვაი მაგის მიმნდობსა,
რა უწყალოდ ტყავი სძვრება!
სხვის ხარჯით გასუქებული,
დადის ეგ გაწუწკებული,
გაუტანლობით, ღალატით
და ეშმაკობით ქებული!
სსსი! მურა, მაგას უკბინე!
სერი გადაარბენინე!
კუდიდან ტყავი ააძრე
და თავზედ გადააფინე!
მოუყეფე! მორბის მგელი,
ეგ მყრალი და საძაგელი;
სულ მაგისგან ამოვარდა
საწყალი ჩვენი სოფელი!..
ურცხვად, უშიშრად ტანტალობს,
საზრდოს სტაცებს ყველას, ძალობს,
მაგრამ ვერვინ რას უბედავს,
რადგან თვითონ ლომი სწყალობს.
მაგრამ ლომსაც მოუვა დრო,
მოაგონდეს თვისი სორო,
უტეხს ტყეში გლიჯინობდეს,
აღარ ჰქონდეს ბინა მყუდრო!
მაშინ მგელსაც დაივიწყებს
ტაცებაზედ ხელს აიღებს
და, ახლა რომ ფეხებს სლაქავს,
იგივე ძაღლი შეუყეფს.
მოუყეფე კიდევ ჩქარა!
ან-და ნუ ჰყეფ! აწ კი კმარა!..
თორემ ამ ერთგულებისთვის
დაგვერქმევა მეტიჩარა!..
დღეს სიმართლეს ვინღა ეძებს?
დავანებოთ თავი მხეცებს!..
თუ სუყველა გამოვაგდეთ,
ცოტას ვნახავთ ჩვენში კაცებს!..
ესე ჩვენი ერთგულება,
ვფიქრობთ, ბევრს არ ეყურება!..
მართლისათვის, კარგად ვიცით,
რომ ბევრი დაგვემდურება!..
მაგრამ შენ, ჩემო ქუცურა,
ტკბილად მყეფო, კარგო მურა,
სუყველა შენ გენაცვალოს,
ვინც ამ ლექსზედ დამემდურა!..
1864 წ., მოსკოვი.
ავტორის შენიშვნები
ხალხი-ბრბო პირუტყვულ მიმბაძაობით სცხოვრობს. ერთმა ცხვარმა თუ დაიძახა „ბეკეკეო!“, მთელი ფარა აბღავლდება. ბრბოც ასეა. ერთმა თუ რამე წაიცდინა, სხვებიც აჰყვებიან, ერთი-მეორის წამხედურობით ააგორებენ ნათქვამს თოვლის გუნდასავით და აღარსად არის გაკითხვა!.. სწორედ მეც ამგვარად ვიყავ ყბადაღებული და წკიპზე ეკიდა ჩემი გულის-გატეხაც, მაგრამ ტყვილად-კი არ არის ნათქვამი, რომ ღმერთი არ გასწირავს ბედისაგან განაწირსაო!..
იმ ხანებში ერთ ღვთისნიერ კაცს, გიორგი ჭილაძეს, სასტუმრო „კოლხიდა“ ეჭირა. ის შემხვდა და მითხრა: „ნუ გეშინიან! ფიქრი ნუ გაქვს! ნუ დაზოგავ ამ მუქთახორა ხალხს, ეგრე რომ გდევნიანო!.. გადმოდი ჩემთან, საკუთარი ოთახი გექნება, საჭმელი, სასმელი, მოსამსახურე გეყოლება. ასე რომ, ყვე- ლაფერი უზრუნველად გექნება, გარდა ტანისამოსისა. როცა გექნეს, გადამიხადე, და თუ არ გექნება, ალალი იყოს შენზეო!..“ მე არ შემეძლო არ მიმეღო ამ კეთილი კაცის წინადადება და გადავედი „კოლხიდაში“. ქონებრივად ხელგამობრუნებულს, ზნეობრივი გამხნევებაც მეჭირვებოდა და ესეც ვიპოვე ნიკოლაძისა და ხელთუფლიშვილის ოჯახებში. მათთან ერთად გადავწყვიტე მა- შინ, რომ, რაც უნდა დამმართოდა, არ გადამეხვია არჩეულ გზისათვის და, როგორც გეგმა, დავსწერე: „გავკაჟებივარ შავ-ბედსა“ და სხვანი. აღარავის ვზოგავდი, ვისაც-კი შევნიშნავდი საზოგადო უკუღმართობას, და არავის ვეპუებოდი; სხვათა შორის მაშინ დაიწერა ეს ლექსიც: „ნადირობა“.
ამ ლექსში გამოხატულები იყვნენ მაშინდელი გავლენიანი ბობოლა პირები, მაგრამ მე რომ თვითო მქონდა სახეში, მოდავე ას-ასი გამოუჩნდა. ყველა თავის-თავზე იწერდა და ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. მათმა მრისხანებამ ჩემზე უმწვერ-ვალესობამდე მიაღწია. მხოლოდ ერთი ამათგანი, სპირიდონ მაჭავარიანი, ღენერალი, სხვანაირად მომექცა...
ერთხელ თურმე მეფე სოლომონ პირველი გეგუთში ნადირობდა. ავდრიანი დღე იყო. გამოაგდეს ბროწოულას კურდღელი და მიუტევეს მწევრები. აცქვიტა, განსაცდელში ჩავარდნილმა მსხვერპლმა, ყურები, დაადგა ტალახიან გზას და ისე გარბოდა, რომ მწევრები ჩამოიშორა. მეფემ დაინახა, მოშალა ნადირობა და ბრძანა: ვერ უყურებთ ამ კურდღელსო? ტალახიან გზაზე რომ ასე გარბის, მშრალი რომ იყოს, მაშინ ხომ უფრო მეტ სიმარდეს გამოიჩენსო? იმ კურდღლისა არ იყოს, სპირიდონ მაჭავარიანიც ცუდ დროს... ტალახიან დროს, იყო დაბადებული და გაზრდილი. წინ მშრალი არ ედვა!.. იმ დროში არავინ იცოდა „საზოგადო“ რა იყო! ყველა თავის კუჭზე ჰფიქრობდა, საპირადოს მისდევდა და სპირიდონ მაჭავარიანიც ჩაება „თანამედროვეთა ფერხულში“ და, როგორც შესანიშნავ ნიჭისა და ჭკუის პატრონმა, ყველას გაუსწრო: თავში დაუდგა და გაითქვა სახელი. აი, ეს კაცი შემოვიდა ჩემთან მხიარულად, მომცინარის სახით და ტკბილად მითხრა:
- საჩხუბრად და სასაყვედუროდ არ მოვდივარ შენთან! მინდა რომ გულგახსნით, მეგობრულად გესაუბრო!... ეს რა ლექსი დაგიწერიაო, რომ ქვეყანა ააყაყანე? თუმცა მეც მელიად გამოგიყვანივარ, მაგრამ მაინც დიდი თანამგრძნობი ვარ და მომწონს... ის კი არ არის მართალი, რომ მე „არც მტერსა და არც მოყვარეს არ ვზოგავდე!“ ეგ სენი ღმერთმა მაშოროს! სხვა კი შეგიძლია სთქვა. რასაცა შენა ჰგრძნობ და ჰფიქრობ, იმაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია!.. ის არც ჩემთვის არის უცხო!... მაგრამ თვალი დაუდგეს დროსა და ვითარებას!.. დიდი გრიგოლ წერეთელი რომ მეფობდა იმერეთში, - ასე ვსთქვათ მეფობდაო... მართალია, მეფე არ ყოფილა, მაგრამ იმ ახალ რუსობის დროს, მეფის ოდენი ძალა ეჭირა ხელში, რაც უნდოდა, გაიტანდა. შორსმჭვრეტელი კაცი იყო, და აწმყოს რომ თავის ნებაზე ხმარობდა, იმავე დროს მომავალსაც იმზადებდა. იმ დროს - მე, ბესარიონ ხელთუფლიშვილს, სისო მესხს და ორიოდე სხვასაც, როგორც ნიჭიერებს სახელი გვქონდა კარგი „ჩინოვნიკობის“. ერთხელ დაგვპატიჟა ყველა ერთად გრიგოლ წერეთელმა, გაგვიმასპინძლდა და ნასადილევს დაგვიკეტა კარები და აღარ გამოგვიშვა, სანამ მის ერთგულებაზე არ დაგვაფიცა: დღეიდან თუ რამე საქმე შეგხვდესთ ჩემ შესახებ, ჩემ სასარგებლოდ იმოქმედეთო. აი, როგორ დროს ვარ დაბადებული და გაზრდილი! დღესაც, რომ კიდევ ასეთი სიბნელეა ჩვენში, აბა, იფიქრე, რა იქნებოდა მაშინ? აი მანდერ შენ!.. ვინა გყავს თანამგრძნობი? და რომ კიდეც გყავდეს, ვინ გაჰბედავს, გამოაცხადოს? დიდი გვარისშვილი ხარ, დიდი ოჯახის, ხომ ხედავ რა დღეს გაყენებენ? და მე, უბრალო გვარისას, იმ დროში რა დღეს დამაყენებდენ, რომ ჩემ გულისთქმას მივჰყოლოდი? და ან რას გავაწყობდი? რა გამოვიდოდა? ჩავები საზოგადო ფერხულში, ეგებ თავს მაინც ვარგო-თქო და, მადლობა ღმერთს, სიბნელეში მარჯვედა ვჰფრენ!.. ღამურა ვარ!.. კიდევ მეტიც... თუმცა ეს ჩემი ბუნების მოთხოვნილება არ არის!.. ჩემი ბნელი ცხოვრების გზა გამივლია, წინ ორი პარასკევი აღარ მრჩება და ახლა ახალ გზაზე დადგომას და, რაც ძველი გზით შემიძენია, მის დაკარგვას, ვეღარ მოვახერხებ! მაგრამ მომავალი დროის მახარობელ მერცხლებად ვისაც კი ვხედავ, თანავუგრძნობ. რამდენიც უნდა მლანძღო, რაც უნდა მიყო, მე მაინც შენი მოყვარული და თანამგრძნობი ვიქნები! გუშინ მომიხმო „შენმა მგელმა“ და მკითხა: „მართალია, იმ მოუსვენარს ვუგინებივართო: შენც, მეც და ჩვენზე უფროსებიცო?“ და მე მოვახსენე, რომ ტყუილი მოუხსენებია-თქო!.. იმ იგავ-არაკში... იმ სატირაში, კრილოვის იგავ-არაკისა არ იყოს, არც სახელი და არც გვარი ვისმესი არ არის მოხსენებული, და თავის-თავზე რად უნდა მიიღოს ვინმემ-მეთქი? ზოგიერთი ადგილიც გადავუთარგმნე.. ბევრი იცინა. ბოლოს მითხრა, ურჩიე, რომ სამსახურში შემოვიდეს ჩემთან, კარგ ადგილს მივსცემ. გაჭირვებასაც გა- დარჩება და კიდეც დაწინაურდებაო!.. განა ვერ ჰხედავს, რომ მადლიერი არავინა ჰყავს და მისიანებივე უჩივიან... ბეზღებით გამაყრუესო!..
- მადლობელი ვარ, - როგორც თქვენი, ისე მისიც, - ვუთხარი მე, - მაგრამ თქვენ თქვენდა-თავად რას მირჩევთ? შევიდე სამსახურში და დავანებო „ამ ჩხირ-კედელობას“, როგორც საზოგადოდ მიაჩნიათ, თავი?
- არ გირჩევ! სანამ ძალ-ღონე გაქვს, მაგ გზით იარე!.. ნათქვამია: იერუსალიმს მიმავალს ნუ ეტყვი, რომ ვერ ჩახვალო!.. თუ იერუსალიმამდი ვერ მივა, სტამბოლში ხომ ჩავა, ისიც კარგიაო! ამისი არ იყოს, შენ, ეგები, რასაც ჰფიქრობ, იქამდი ვერ მიაღწიო, მაგრამ გზის გაკვლევით ცოტათი მაინც დააწინაურებ ხალხს და მერე სხვებმა, შენმა მომყოლებმა, გაჰკვალონ ძირამდი!.. მაგ გზას, რომელზედაც დგეხარ, ნუღა მოშორდები და მეც მიგულე საიდუმლო თანამოაზრედო...
ეს მითხრა და გამომეთხოვა, მართლა მეგობრულად... მას უკან კიდევ დიდხანს იცოცხლა სპირიდონ მაჭავარიანმა. ვაკვირდებოდი მის მოქმედებას და თანდათან ვრწმუნდებოდი მის გულისთქმაში...
ნადირობა (I, 68). დაწერის თარიღი: 1864 წ., მოსკოვი ¹. დაიბეჭდა 1871 წ.
- კრებული 187№1 5. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ.
„კრებულში“ დაბეჭდილ ტექსტში ცენზურის მიერ ამოღებულია მე-12 სტროფი:
„თავმსხვილაა და შავპირი,
ჩამოუგდია ქვიქვირი,
ეხლა ვიცი, ვინც ბრძანდება:
ბატონია - დიდი ვირი!“
ამას გარდა ამოღებულია სიტყვები შემდეგ სტრიქონებში:
30-ე სტრიქონში:
.......................„[ - - ] სულითა ეძებენ“
72-ე სტრიქონში:
....................... „რადგან აქვს დიდი [- - -]“
„კრებულის“ ნაბეჭდი ეგზემპლარში, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკაშია დაცული, ამოღებული სიტყვების პირდაპირ ფანქრით მიწერილია ასო „ჩ“, რაც ალბათ აღნიშნავს სიტყვას „ჩინი“. ამის მიხედვით ეს სტრიქონები ასე უნდა იქმნეს აღდგენილი:
30: „[ჩინებს] სულითა ეძებენ“
72: რადგანც აქვს დიდი [ჩინია]“
1893 და 1912 წლის გამოცემებში ეს ადგილები ასეა წარმოდგენილი:
30: „საზრდოს სუნით დაეძებენ“
72: „რადგანც აქვს დიდი ზვინია“
აკაკი ამ ლექსის „ნადირობის“ შესახებ შემდეგს გადმოგვცემს:
„ამ ლექსში გამოხატულები იყვნენ მაშინდელი გავლენიანი პირები, მაგრამ მე რომ თვითო მყავდა სახეში, მოდავე ას-ასი გამოუჩნდა. ყველა თავის-თავზე იწერდა და ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. მათმა მრისხანებამ ჩემზე უმწვერვალესობამდე მიაღწია“, (იხ. ამ ლექსის შესახებ ვრცელი შენიშვნა აკაკისა: ავტორის შენიშვნები, ტ. I, გვ. 858-860).
__________________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია კრებულში. ხოლო „ჩემ ნაწერებ“-ში ნაჩვენებია მხოლოდ თარიღი (დაწერის ადგილი „მოსკოვი“ - აღნიშნული არაა).
![]() |
3.7 1865 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.7.1 უდარდო კაცი |
▲ზევით დაბრუნება |
ყველასათვის კარგი მსურს,
ბოროტების მტერი ვარ,
არ გავივლებ გულში შურს
და მით ბედნიერი ვარ!..
მე ბევრს არას დავეძებ,
რაც მაქვს ცოტა, ვჯერივარ,
ქვრივ-ობლებს არას ვტაცებ,
ისეც ბედნიერი ვარ!
პატიოსან ოფლსა ვღვრი,
მეც ერთ მუშად ვწერივარ;
უსაქმურებს ვუყვირი:
„მხედავთ? ბედნიერი ვარ!“
ბატონიც ვარ, ყმაცა ვარ,
ჩემთვის ყველაფერი ვარ!
ხომა მხედავთ,. რაცა ვარ?
ვარ და ბედნიერი ვარ!..
ხან მაქვს წყალი და პური,
ხანდახან მშიერი ვარ,
მაგრამ ბედს არ ვემდური,
მაინც ბედნიერი ვარ!..
მიყვარს გაჭირვებული,
მეც მისებრ ოხერი ვარ!
თუმც არ მაქვს გროში ფული,
მაგრამ ბედნიერი ვარ!..
დიდკაცებს თავს არ ვუკრავ,
- რა მათი საფერი ვარ? -
უმათოდაც, არ ვფიცავ,
ჩემით ბედნიერი ვარ!
სანამდის მაქვს ძალ-ღონე,
და არცა ხნიერი ვარ,
ვიძახებ თავმომწონე:
„ვარ და ბედნიერი ვარ!“
[1865 წ.]
უდარდო კაცი (I, 73). დაიბეჭდა 1865 წ.
- ცისკარი 1865 წ. მარტი. || დროება 1884 წ. 31 ოქტ. №235, (ჩართულია პროზაში: „ერთი წერილის პასუხად“). || სალამური 1893 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ.-
დედნები მნიშვნელოვან განსხვავებას შეიცავს, არის სტროფების მეტ-ნაკლებობა. ჩვენს გამოცემას საფუძვლად დავუდევით „სალამური“-ს ავტოგრაფული ხელნაწერის ტექსტი.
დროებაში დაბეჭდილ ტექსტს აკლია სტროფები: მე-3, მე-7, მე-8, მე-9.
გამოცემებში, გარდა „სალამურისა“ გადასმულია ერთი-მეორის ადგილას მე-4 და მე-5 სტროფი.
ცისკარში დაბეჭდილ ტექსტში ორი ზედმეტი სტროფია, სახელდობრ:
შემდგომად სტროფისა: „ხან მაქვს წყალი და პური...“:
„მიყვარს თავისუფლება,
მუდამ მისი მმღერი ვარ,
და სხვა რა მენაღვლება?
ვარ და ბედნიერი ვარ!..“
შემდგომად სტროფისა: „ბატონიც ვარ, ყმაცა ვარ...“:
„ცუდ საქმეში, ღალატში
არვის დავუჭერივარ,
და სხვა რა მენაღვლება?
ვარ და ბედნიერი ვარ!“
![]() |
3.8 1867 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.8.1 გამოცანა |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი ჩემს მოგვარეს)
ანწლისაგან არ ივარგებს, რომ გაკეთდეს სტვირი,
ჩოჩრისაგან გაიზრდება მხოლოდ დიდი ვირი;
საპნითაც არ გათეთრდება კაცის შავი პირი!
გამოიცანთ, ვიზედ ვამბობ ამას და ვის ვსტირი?
როდესაც ვარდი დასჭკნება, აღარ ჰყეფს ბულბული;
მეგობრები გვშორდებიან, თუ დაგვაკლდა ფული!
ლომიც ხშირად გვინახავს ჩვენ კუდმოძუებული!
აბა მიხვდით, ვიზედ ვამბობ? ვისთვის მიწუხს გული?
არ ჰშვენის ვირს უნაგირი, მოუხდება კეხი;
ბრიყვი არ დაჭკვიანდება, გინდ გადავლოს ლიხი,
ლიხს აქეთ თუ ჩოქში უთხრეს, იქ მიელის: ხი! ხი!
აბა, სცანით, ვიზედ ვამბობ? ვის უყვარს: ხი! ხი! ხი!
პირუტყვია, თუ გამაგრდა კაცის შუბლზედ კანი,
ნეტა სწავლას რით იჩემებს, ვისაც უჭირს „ანი“?
შერცხვეს კაცი ბოროტი და თვის ძმის არ-გამტანი!
ამ სიტყვებით ვის ვიგონებ, მკითხველო, შენ სცანი.
და ტროადელის გმირისა ვის ჰქვიან სახელი?
ენა გესლით ვის უყარს და გულში უძევს გველი?
ახალგაზდა ქართველების ვინ არს შურით მკვლელი?
ამის ახსნას გამოცნობით მკითხველისგან ველი!
[1867 წ.]
ავტორის შენიშვნები
ერთი სტუდენტი დაბრუნდა პეტერბურღიდან და ჩამოიტანა ამბავი: ჩვენმა ღუბერნიის წინამძღოლმა უმაღლესად მოახსენა, რომ ქართველი ყმაწვილები სტუდენტობის დროს იქ ფუჭდებიან, რჯულზე ხელს იღებენ, ნათესაობა აღარა სწამთ, მთავრობის ორგული არიანო და სხვანი.
ამან მაშინდელი თავად-აზნაურობა ააღელვა. დარბაისლებმა, ვინც-კი იყვნენ, მოიყარეს თავი ნიკო აბაშიძისას და შეჰკრეს პირობა, რომ ამისთანა წინამძღოლს არც ჭირში და არც ლხინში აღარ მიეკარონ, ყოველივე კავშირი სამტერ-მოყვარო გასწყვიტონ მასთან. ამოასვენეს ძელი-ჭეშმარიტი, რომელიც მუდამ გულზე ეკიდა თ. ირაკლი ლორთქიფანიძეს, და შეჰფიცეს ერთმანეთს. როცა ჯერი ჩემზე მოდგა, მე მოვახსენე-ყე: „ის კაცი ჩემი მოგვარეა, შვილად მივაჩნივარ და ჩემთან საპირადო კარგის მეტი არა მიუძღვის-რა... მაგრამ, რადგანაც საზოგადო საქმეა, მეც თქვენთან ვიქნები... არ ჩამოგშორდებით, მაგრამ ფიცით კი არ დავიფიცავ-მეთქი“. მეორე დღესვე დავსწერე ლექსი: „ჩემს მოგვარეს“. ეს ლექსი პოეზიის მხრით ვერაფერი შვილია, მაგრამ რადგანაც იმ დროისთვის გამოჩენილ პირს შეეხებოდა... დიდი ალიაქოთი ასტეხა: როგორ გაბედა? ვის გაუბედაო? და სხვანი. გაიმართა საპასუხოდ ვითომ შაირები, მაგრამ ლანძღვა-გინება მხოლოდ. მაგინებდენ უშვერად, არა მარტო მე!.. ჩემ ცოლ-შვილსა და დედ-მამასაც-კი. მამამ დიდის მწუხარებით მითხრა: „შვილო, რას მერჩოდი, რომ ქვეყანა გადამამტერე? მტრებს მიზეზი მიეცი და მოყვრე- ბი ჩამომაშორეო. აბა, ამაზე არის ნათქვამი: ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო“ და სხვანი... მიზეზი რომ ავუხსენი, არ დაიჯერა: „რა ქვეყანაშიაც ხარ, იმ ქვეყნის ქუდი უნდა გეხუროსო“. ჩვენ ერთმანეთს ვერ დავეთანხმეთ და დიდხანსაც მყავდა მამა გამწყრალი. მხოლოდ ღრმა მოხუცებულობაში რომ შევიდა, მაშინ შემირიგა.
ჩემმა ლანძღვა-გინებამ სტამბამდინაც მიაღწია. მაშინდელმა ოდესის სტუდენტებმა, დათიკო ერისთავმა, დამიწერა უცნაური ლანძღვა, მაგრამ, რადგანაც მხოლოდ ჩემი ლანძღვის მეტი არა იყო-რა, ხმა არ გამიცია. მეორედ იმ ხანებში „ცისკრის“ რედაქციაში შევედი. რედაქტორი აღელვებული დამხვდა და მითხრა: ეს-ეს არის შენზე ლანძღვის ლექსი მივიღე, მაგრამ ვაი დაბეჭდვასა და ვაი დაუბეჭდაობას!.. თუ დავჰბეჭდე, შენ გეწყინება, და თუ არა, თანამშრომელს დავჰკარგავ! და მერე ვის? უგანათლებულესს, სვიტის ღენერალს, გრიგოლ დადიანს, რომელიც კოლხიდელის სახელით თანამშრომლობს, რადგანაც თავის ვინაობის გამომჟღავნების ეშინიაო!.. მე სიცილი ამიტყდა და ვუთხარი: დაბეჭდე, მაგრამ იმ პირობით-კი, რომ იქვე ჩემი ლექსიც საპასუხოდ მიუბეჭდო-მეთქი. მაშინვე დავსწერე საპასუხო ლექსი და გადავეცი. აი კოლხიდელის ლექსი და ჩემი მაზე პასუხიც:
გამოცანის მწერალს
გამოცანა
ოდესმე ერთი ირმისა ნუკრი შორის ლომებთა გამოიზარდა.
სადაც ენახა ლომი ბრძოლაში, თჳს სიალმათეს ვით არ იხმარდა.
მით წესი ბრძოლის მცირედ გაიცნო, მაგრამ ესოდენ კი გაეხარდა,
სთქვა თუ, - ჩემს ტოლში ლომი ვიქნები, ასე ეგონა თუ გადაგვარდა.
და რომ მოემთხვა თ¢სსა არესა, იფიქრა ტოლში გამოვერევი,
ჩემის ხევისას, ჩემის ქუეყნისას, სადღა იქნება ჩემი მომრევი?
ვისაცა შევღრენ, სულ შევაშინებ, ვინ გამოჩნდება ჩემი წამქცევი?
არ გამიჩნდება ლომშიდ გაზრდილსა ბრძოლის უღლისა ჩემთან გამწევი.
კბილი და ბრჭყალი გასაბზარავად რადგან მას ნუკრსა ეძვირებოდა,
და მაინც რჩოლა თავის ტომისად დაუყოვნებლად ესურვებოდა,
იკბინებოდა, ტორსა იქნევდა, ტლიკებსა ყრიდა, ირქინებოდა,
ერთისა სიტყვით არვინ უზოგავს, რაც მისის ღონით შეიძლებოდა.
ამგვარად ნუკრის უზრდელობანი მიწუდნენ ცნობადმდე ქორ-ბუდიანთა,
მათ მშვენიერთა, ტომის ერთგულთა, ვითვე ძლიერთა, სწორ-მხედიანთა,
რქენაში უფრო გამოცდილებთა, მაგრამ სარქენად მუნემ გვიანთა.
სანამდის ნუკრს არ გამოუცხადონ, ნუ ყრის ტლიკებსა ის ჩლიქიანსა.
დასტურ ამისთვის შეკრბენ, არჩიეს დამარღვეველი ნუკრის ზრდილობის,
თქუჱს თუ, მოისპოს ვინც ამაყია, და გამლანძღველი ჩვენშიდ კერძობის.
თავი ლომად უჩნს, სხუას წიხლსა ურტყავს, ღირსია ნუკრი ექსორიობის,
მაგრამ პირველად შევატყობინოთ, მიზეზი თუა თავის ბრკოლების.
გამოცანა (I, 75). დაიბეჭდა 1867 წ.
- ცისკარი, 1867 წ..მაისი || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. || ავტოგრაფი K-45. -
გამოცანა ეხება ქუთაისის გუბერნიის მარშალს ნესტორ წერეთელს.
ამ ლექსის ისტორიის შესახებ იხ. დაწვრილებითი შენიშვნა აკაკისა (ავტორის შენიშვნები, 1, გვ. 861).
![]() |
3.8.2 მოზარე |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი ჩვენს პოეტებს)
როს ჭირისუფლად ვიყავ მწუხარე
და სატრფო მედვა კუბოში მკვდარი,
მაშინ მოვიხმე ჩემსას მოზარე
და ვათქმევინე კუბოზედ ზარი.
„ვაი-ვაის“ ხმა მისი მხეცური
გულს მიტანჯავდა, იყო უგვანი,
მაგრამ მე მაინც მივუგდე ყური,
რადგანც ჩემივე იყო ის ბანი.
მოუწვეველად გაჩნდა მმღერალი
და კარს მომადგა ჩანგმომართული;
გამოიჩინა მგოსნობის ძალი:
„სალხინო“ სთქვა მან ტკბილი და სრული!
მაგრამ უდროვო მისი ტკბილ-სტვენა
და უადგილო მისი ჩანგური
გაკიცხვის ხმებად მე მომეჩვენა
და მეც მას ნაცვლად ვუძღვენ პანღური!
როს უკადრისი პანღური მოხვდა
და ჩანჩალითა განვლო ის არე,
ჩვენი მმღერალი მაშინ კი მიხვდა,
თუ რად მერჩია იმას მოზარე.
შემდეგ ჩემისა იმ მწუხარების
როდეს გავიდა დიდი დროება,
ვითა წესია ჩვენის ბუნების,
მე მოვიქარვე ის მწუხარება.
მოლხენით ვიყავ, მქონდა ქორწილი,
მხიარულებდენ ჩემი სტუმრები,
ტკბილ-ბაასი და გულით სიცილი
გვქონდა, გვიმღერდენ მეჩანგურები.
ჩვენც ლხინისადმი მოუყირჭებლად
მადა გვეხსნოდა, გვიდიდდებოდა,
შევექცეოდით, და ლხინის მსხვერპლად
მგრძნობარე გული თითქოს დნებოდა.
ამ დროს მოგვადგა მოზარე კარზედ
და შესაზარი დაიწყო ზარი;
თუმც კარგს კილოზედ სთქვა და კარგს გვარზედ,
მაგრამ მე მაინც ვუჩვენე კარი!..
ვსთქვი: „ეს მეორედ შემომელახა!..
ნეტავ მთვრალია, თუ გიჟი ცეტი?“
მან გულმოსულმა ეს შემომძახა:
„ქართველებისა ვარ მე პოეტი!“
[1867 წ.]
მოზარე (I, 76). დაიბეჭდა 1867 წ.
- დროება, 1867 წ. 13 ოქტ. №41. || თხზულებანი, I. 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
![]() |
3.8.3 *** (წარსული გულს მწყვეტს, აწმყო მაღონებს...) |
▲ზევით დაბრუნება |
წარსული გულს მწყვეტს, აწმყო მაღონებს,
მომავალისგან თუმც ბევრს მოველი,
მაგრამ ბევრია ჩვენში გვამები
ყოვლის კეთილის ხელის-შემშლელი.
როდის იქნება ის დრო, რომ ჩვენში
ზიზღით თითებით მათ გვიჩვენებდენ
და საზოგადოდ არ თუ ღირსებას,
იმათს სახელსაც კი აჩვენებდენ?!
დაუფარავად, პირუთნეველად
მრისხანედ სჯიდენ სულ იმათ ავზედ
და, ოდეს მოჰკვდენ, სამაგალითოდ
ზედ აფურთხებდენ იმათ საფლავზედ.
[1867 წ.]
*** („წარსული გულს მწყვეტს“) (I, 78.) დაიბეჭდა 1867 წ.
- დროება 1867 წ. 27 ოქტომბ. №43. (ჩართულია კორესპონდენციაში ქუთაისიდან). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
დროებაში დაბეჭდილ ტექსტში ცენზურის მიერ ამოღებულია უკანასკნელი სიტყვა:
და ოდეს მოჰკვდნენ, სამაგალითოდ
ზედ აფურთხებდნენ იმათ [საფლავზედ].
![]() |
3.8.4 რჩევა |
▲ზევით დაბრუნება |
(ზოგიერთების საპასუხოდ)
შენი გზა აღმაფრენაა
და მარტო ჩანგი - ხელობა!
დაბლა ქვეყანას რას არგებს
შენი ზრუნვა და მსჯელობა?
ეს საქვეშქვეშო ქვეყანა
ჩვენ უკეთ შეგვისწავლია:
ვიცით შიგ რაცა სთესია,
რა გალავანიც ავლია.
ჰაერში მოჭიკჭიკე ხარ,
ზეანატაცი ტოროლა!
ქვეყანას ზოგიერთებიც
ვეყოფით თვითო-ოროლა.
ჩვენ დაგვაცადე! ჩვენ ვიცით,
რაც უნდა ჩვენსა მხარესა.
შენ წადი და ესაუბრე
ვარსკვლავებს, მზეს და მთვარესა!“
ასე ურჩევდენ მგოსანსა
ხოხონიკა და ტეტია:
ერთი მათგანი ბრიყვია
და მეორე კი ცეტია!
ჯერ არ იციან არც ერთმა,
თუ რა ხილია ხურმაო!
„ჩემზე მეტს რომ იწველიდეს,
დამწიხლოს მე იმ ფურმაო!“
1867 წ.
რჩევა (ზოგიერთების საპასუხოდ) (I, 79). დაწერის თარიღი: 1867 წ.1 დაიბეჭდა 1899 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. დეკემბერი №12 || ავტოგრაფი XV,8 (სათაურით: „პასუხი“). -
კრებულში დაბეჭდილ ტექსტში ლექსის მეორე სტროფი არ არის. აღდგენილი გვაქვს ავტოგრაფიდან.
______________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია აკაკის კრებულში.
![]() |
3.9 1868 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.9.1 მეგრული ალეღორია |
▲ზევით დაბრუნება |
დიდს ირემსა ირმის ნუკრი
უმდაბლესად ვუძღვნი სალამს.
ბზეს მივართმევ, ქერს დავუყრი,
ნეტავ თვის ჯიშს რაღად მალავს?
საცნობია ხომ ყურებით
ვინც ბრძანდება, რა გვარია?
მაგრამ არ დავემდურებით,
ყურგრძელის მეგობარია!
ირმის ნუკრსა ცილსა სწამებს,
ემუქრება ჩუმად კბენას,
მით მეგობარს ასიამებს,
მაგრამ ტყვილად ჰღალავს ენას!
ჩემობს ქორბუდიანობას,
ყურები რქად მიუღია,
იმტკიცებს კუდიანობას,
უქმად პირი დაუღია!
ჭეშმარიტების მტერია,
სჩანს, ყურგრძელის არს ამყოლი,
და შუბლზედაც აწერია
სხვილ ასოთი: დიდი ნოლი.
1868 წ., 15 იანვარი.
ავტორის შენიშვნები
მეორე დღესვე ორივე ერთად დაიბეჭდა. ამან კიდევ უფრო ააღელვა საზოგადოება. დიდმა და პატარამ ჩემზე მოიტანა იერიში. ცენზურა შეფახეს, მთავრობას დამაბეზღეს, და აღარ ვიცი, როგორ ავიტანდი ამ განსაცდელს, რომ ქალები და ახალგაზრდები არ მყოლოდენ თანამგრძნობი!?
ამ ალიაქოთს დაერთო კიდევ გლეხების განთავისუფლება, რომელსაც მე თანავუგრძნობდი, და დავწერე „იავ-ნანა“. მაშინ-კი აუტანელი შეიქმნა ჩემი ცხოვრება: ჩამოვშორდი დედ-მამას, ოჯახს... ცოლ-შვილი საყოლში გავისტუმრე და მე გავკერპდი, ავიღე საპირადო ცხოვრებაზე ხელი, განზე გადავდევი ყოველიფერი, და აშკარად შევუდექი ჩემ გზას, რაც დამემართოს, დამემართოს-მეთქი.
და მის შემდეგ, ორჯელ-სამჯელ სიკვდილს გადარჩენილს, მოთმინება ფარად მქონდა, და თითონ-კი უშიშრად ვუყეფდი ყოველგვარ ცუდ-მოვლინებას ჩვენში. შეიძლება ზოგჯერ კიდეც შევმცდარიყო, მაგრამ ყოველთვის-კი გულწრფელი ვყოფილვარ...
მეგრული ალეღორია (I, 80). დაწერის თარიღი: 1868 წ. 15 იანვარი, ტფილისი.1 დაიბეჭდა 1868 წელს.
- ცისკარი, 1868 წ. იანვარი. || ჩემი ნაწერები, 1, 1912 წ. || ავტოგრაფი K-45. -
ლექსი ეხება გრიგოლ დადიანს, რომელიც „კოლხიდელი“-ს ფსევდონიმით სწერდა.
ამ ლექსის ისტორიის შესახებ იხ. დაწვრილებითი შენიშვნა აკაკისა (ავტორის შენიშვნები, I, გვ. 861).
________________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ცისკარში. „ჩემ ნაწერებ“-ში აღნიშნულია თარიღი 1868 წ. 15 იანვარი (დაწერის ადგილი „ტფილისი“ - მოხსენებული არაა).
![]() |
3.9.2 ნინო |
▲ზევით დაბრუნება |
ჰე, ლოთებო, ვის უნახავს
გოგო, ჩემი საყვარელი?
გეფიცებით, სხვას არა ჰგავს,
არავინ ჰყავს სადარელი...
ვენაცვალე ჩემსა ნინოს:
ძმობას ვფიცავ, შემიყვარდა!
მდიდარი კი არ გეგონოსთ:
მხოლოდ ერთი აქვს ხაბარდა!..
ადრე თუმცა მდიდრად იყო,
თვლებიც ბევრი კი ჰქონია,
მაგრამ ბოლოს ხელი მიჰყო,
საყვარლებში გააბნია!
და მის შემდეგ ამის ტანზედ
აღარ ცმულა კაბად ფარჩა!
ახლა მღერს სულ სხვა საგანზედ,
ერთი ხაბარდა-ღა დარჩა!..
მაგრამ არის სულ სხვა ქალი!
ერთხელ მცივანს შემეყარა;
ამივარდა მე კანკალი,
მანც ხაბარდა დამაფარა!
ჩემს ნინუცას ვენაცვალე!
ჰხედავთ, როგორ შემიყვარა?
რომ გავეთბე გოგოს მალე,
მე ხაბარდა დამაფარა...
ახლა მჭორვენ, - მაგრამ მიკვირს! -
ნუთუ მე მან არ მიკმარა,
გასცა და იმ საძაგელს ვირს
პირიქითვე ჩაუყარა?!
და არ ნაღვლობს ფულისათვის!
ეშმაკისა რამ ხიდია!..
ჰხედავთ, სხვისი გულისათვის
ხაბარდაც გაუყიდია!!..
პერანგიც შემოჰხევია,
იჩენს გულ-მკერდის სითეთრეს,
ნაოჭიც აუზევია,
აცხადებს, რაც აქვს, სიმდიდრეს...
ეს ტურფა გოგო ლამაზი,
დღეს თუმცა ქვეყნის ბარგია,
არ დაჰკარგვია მით ფასი,
უხაბარდოდაც ვარგია!..
გამოუჩნდება მშველელი,
დრო იქნება, მისცემს ფულებს,
მაგრამ ვინმე საყვარელი
საწყალს კიდევ გააშიშვლებს!
და ჩემი ლამაზი ნინო
დარჩება სულ მარტოდ-მარტო!
შეიქნება სასაცინო
და მოკვდება უხაბარდო!..
20 იანვარი, [1868 წ.]
ნინო (I, 81). დაწერის თარიღი: 20 იანვარი [1868 წ.].1 დაიბეჭდა 1868 წ.
- ცისკარი 1868 წ. იანვარი. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
ცისკარში დაბეჭდილი ტექსტი ზოგიერთს სტილისტიურ სხვაობას შეიცავს: ამას გარდა ცისკარში ლექსს მიწერილი აქვს მიძღვნა: „(ვუძღვნი დ. ბერიევს)“.
იგულისხმება დიმიტრი ბერიევი, ცისკრის თანამშრომელი.
_________________
1. დაწერის თარიღი 20 იანვარი (წელიწადის აღუნიშნავად) ნაჩვენებია ცისკარში.
![]() |
3.9.3 *** (ეჰ, ქართველო, აბა მითხარ, ვინა ხარ?..) |
▲ზევით დაბრუნება |
ეჰ, ქართველო, აბა მითხარ, ვინა ხარ?
მოწინავეს ჩამორჩი, უკანაზედ წინა ხარ,
უცხო კაცად არ ვარგხარ, აღარცარა შინა ხარ,
ორთა შუა აგდიხარ, სანაგველას ფინა ხარ!
ჯერ ქართულიც არ იცი, უცხოს რაღას ედები?
სიარულიც რომ გიჭირს, მაღლა რაღაზე ჰხტები?
სულ ბევრიც რომ იხტუნო, წელს ზევით ვერ ახტები;
დაეცემი, მერწმუნე, სასაცილო გახდები.
პირში-მთქმელი არ გიყვარს, მართლისთვის ილანძღები,
თუ გშია, პატრიოტობ, შენ მოძმებსაც უწყრები;
მაგრამ მაშინ-კი სხვა ხარ, როდესაც გამოძღები:
თავი ქონით გაქვს სავსე და ტვინით-კი - ფეხები.
[1868 წ.]
*** („ეჰ, ქართველო, აბა მითხარ ვინა ხარ“) 1, 83. დაიბეჭდა 1868 წელს.
- დროება 1868 წ., 2 თებერვ. 1 5 (ჩართულია პროზაში: „არც ჩვენია...“). || თხზულებანი, 1, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. - დროებაში დაბეჭდილი ტექსტი სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს.
![]() |
3.9.4 მაზურკის ხმა |
▲ზევით დაბრუნება |
გრძნობით აღვსილი დარია,
თვით ანგელოზის დარია,
ვისაც ის სხივებს მიაფენს,
მის გულში მაშინ დარია.
მაისის ვარდის ფერია
ცით მოვლენილი ფერია,
შედარებითა ვენერაც
იმასთან არაფერია.
მას ვუძღვნათ სული და გული,
მისგან დამწვარი, დაგული,
სიცოცხლეც ფიანდაზადა
მის წინაშე ვყოთ დაგული.
თაფლს ბუდედ ჰქონდა მანანა,
ვინც მე სიცოცხლე მანანა,
ისაა გრძნობის დამტკბობი,
ვით უდაბნოში მანანა.
სიცოცხლისა შენ იმედო,
გულს ისარი შენი მედო,
ანგელოზებრ გიტრფიალებ,
მე გეძმობი, შენ-კი მედო.
1868 წ., 15 თებერვალი,
ტფილისი.
მაზურკის ხმა (I. 84). დაწერის თარიღი 1868 წ., 15 თებერვალი, ტფილისი,1 დაიბეჭდა 1868 წ.
- ცისკარი 1868 წ. მარტი. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
____________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ცისკარში. „ჩემ ნაწერებ“-ში: 1868 წ.,15 თებერვალი (დაწერის ადგილი „ტფილისი“ აღნიშნული არ არის).
![]() |
3.9.5 დიდი პოეტების მიბაძვა |
▲ზევით დაბრუნება |
ახ! ოხ! უხ! ვაი და ვუი!
ვაი და ვუი! ოხ! ახ! უხ!
ოჰ, რა გულსაკვდავად ვზუი!
გინდ დარიც იყოს, მაინც ვქუხ!
ეს ჩემი ანწლის ჩანგური
უცხო მხარეს არს გათლილი,
უნდა ვიმღერო კატური,
რომ დაგიკარგოთ მით ძილი!..
სხვა სჯულზედ მოვრთავ ამ ჩემ ჩანგს,
სიმებს შევუყენებ ჯორას,
მსმენელს მოვსდებ ყურებში ჟანგს,
დავსდგამ „ვაის“ მაღალ ხორას!
უცხო-უცხო ქვეყნის პირებს
გადავაცვამ ქართულ კაბას,
თათრებს ვალოცებ ჩვენს ხატებს,
ქრისტიანს გავგზავნი ქაბას.
„ვაის“, „ვუის“ გავახშირებ,
ვიყვირებ: „მგელი მიაქვს კრავს!“
ცოცხლებზე ძველ მკვდრებს ვატირებ,
და დროებაც ტაშს დამიკრავს.
მაშ აწ თქვენც დამიგდეთ ყური,
მინდა მოგალხინოთ ზარით,
და, თუ გულში არ გაქვთ შური,
გთხოვთ, თქვენც ტაში დამიკარით:
„აგვისტო არის, ამდგარა მტვერი
და სიცხისაგან იწვის ქვეყანა,
თითქო უწყალო ის ჩვენი მტერი
თავს დაგვტრიალებს შავი სატანა,
რომ ჯოჯოხეთის ცხარის სხივებით
გამომეტებით დაგვწვას, დაგვდაგოს,
სისხლი გვიღელვოს ბოროტის ვნებით
და უთავბოლოდ ჩვენ გვაქადაგოს.
ბზუილ-ბზუილით პირსა და ცხვირში
გვკბენენ უწყალოდ ჩვენ კოღოები,
როგორც ბნელს ღამეს სადმე ხის ძირში
უხაბარდოდა... ახ!.. გოგოები!..
ფრთებჩამოყრილი სჩანს მაღალ ხიდან
და ძლივსღა სუნთქავს მარდი მიმინო,
ვით წამოსული ორთაჭალიდან
ქეიფის შემდეგ ლამაზი ნინო.
ხის ქვეშაც ძაღლი დიდ-გულმოსული,
გაბრაზებული უღრენს მკბენარს მწერს,
თითქოს პოეტი თვით-გამსჭვალული
მტერთ გასაგმირად სატირასა სწერს.
ყურგრძელი ვირი თავდაქინდრული
აგერ ჩეროში გამდგარა განზედ,
როგორც პლატონი, სიბრძნითა სრული,
ჰფიქრობს რაღაცა მაღალ საგანზედ.
მხოლოდ მუშაკი ტვირთმოდებული
ქუჩაში მოდის ფეხებშიშველა,
არვის შესტკივა საწყალზედ გული,
არავის უნდა საბრალოს შველა!
სიცივე იყოს, თუ გინდა სიცხე,
ვერ მოისვენებს, მისთვის ერთია!
იშრომე, ძმაო, კუჭი გაიძღე,
შენ შემწედ მხოლოდ ერთი ღმერთია.
გიჭირს იყიდო შენ საზრდო პური,
მაგრამ ნუ შიშობ, სჯობს, დამიჯერე,
აი რას გეტყვი, დამიგდე ყური:
ჩვენი თხზულება გამოიწერე!
და იქ შეიტყობ, ვით ვასრულებთ ვალს:
ჩვენ ვფიქრობთ მუდამ თქვენ კარგს და ავზედ,
და სამკურნალოდ ფეხების წამალს
ტირილით გადებთ უტკივარ თავზედ,
რადგანაც კაცის ბედნიერება
ჩვენ მარტო თავში არ გვეგულება:
კაცი ფეხებით დაიარება
და, მაშ, იქ არის მიმართულება!“
[1868 წ.]
დიდი პოეტების მიბაძვა (I, 85). დაიბეჭდა 1868 წ. - (ლექსი ატარებს მეორე სათაურსაც: „ახალი პოეტების მიბაძვა“).
- ცისკარი 1868 წ. თებერვალი. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
ცისკარში დაბეჭდილ ტექსტში, მე-12 სტროფში, ცენზორს (ან რედაქციას) ამოუგდია სიტყვები: „ვირი“ და „პლატონი“:
„ყურგრძელი [ვირი] თავჩაქინდრული
აგერ ჩეროში გამდგარა განზედ;
როგორც [პლატონი], სიბრძნითა სრული,
ჰფიქრობს რაღაცა მაღალ საგანზედ“.
ეს სიტყვები „ვირი“ და „პლატონი“ ამოუშლიათ სჩანს იმის გამო, რომ აქ ალბათ დაუ- ნახავთ გადაკრული სიტყვა პლატონ იოსელიანის მიმართ.
იქვე ამოგდებულია აგრეთვე სიტყვა „ქაბას“, ფრაზაში: „ქრისტიანს გავგზავნი ქაბას“. ამას გარდა, ცისკარში დაბეჭდილ ტექსტში არის ზედმეტი სტროფი (მე-4 სტროფის შემდეგ):
„უცხო და უცხო პურებით
ქართველს მუცელს გავუბერავ.
უცხო ქვეყნების ნაჭრებით
ქართველს სამოსს შევუკერავ“.
![]() |
3.10 1870 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.10.1 ზოგიერთების ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
სულო ბოროტო! შენდა მოვილტვი,
ბედნიერებას არ გთხოვ, ნუ მომცემ!
შენგან წყალობად იმას მივითვლი,
თუ ჩემს მოძმეებს როგორმე დასცემ!
გაქებ, გადიდებ, სულო ბოროტო,
მუხლმოყრით ყოველ ღამე გილოცავ,
თუ ეცდები და ჩემს მოძმეებსა
პატიოსნებას ამოუხოცავ!
შენდა პატივად აღთქმასაც დავდებ,
ხმელა წყალ-პურზე მე ვიმარხულებ,
თუ იმდენსაც იქმ, რომ ქართველებსა
ერთი-ერთმანეთს შენ შეაძულებ!
შიშველი ვივლი, წყურვილს მოვიკლავ,
შიმშილს მოვითმენ და არ ვითხოვ პურს,
მხოლოდ უსაქმოდ ნუ დამაყენებ
და ნუ გამოლევ ამ ჩემს გულში შურს!
მომეცი მხოლოდ იმდენი სწავლა,
ხერხი, გონების განვითარება,
რომ მე შემეძლოს ხალხის დაჩაგვრა,
და მით გულს მივსცე მე ნეტარება!
პირმოთნეობის, მოღალატობის
და ორპირობის მომმატე ნიჭი,
რომ ვიმოქმედო ჩვენს ქვეყანაში
და თანდათან წინ წავადგა ბიჯი!
სულო ბოროტო! ეს აღმისრულე
და მეტს არ ვითხოვ შენგან დიდებას!
მაშინ შენც ნახავ, რომ ყველა ერთხმად
მე დამიწყებენ ჩვენში დიდს ქებას.
[1869 წ.]
ზოგიერთების ლოცვა (I, 88). დაიბეჭდა 1869 წ.
- მნათობი 1869 წ. ივლის-აგვისტო. || თხზულებანი. I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
![]() |
3.10.2 პასუხი ჭალადიდელისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
იყავ უმანკო, ვითარცა მტრედი,
და მეცნიერი, ვითარცა გველი!“
ამას გვასწავებს წინამორბედი,
ამას გვიმოძღვრებს თვით ჩვენი მხსნელი.
თუ ეს ღირსება ორივე ერთად
აქვს კაცსა ზეცით მონიჭებული,
მაშინ ის მოსჩანს სულდგმულში ღმერთად,
არს პირუტყვებზედ ამაღლებული.
მაგრამ თუკი ეს ორივ ღირსება
არა აქვს ერთად შეთვისებული,
მაშინ ნახევრობს მისი არსება,
არ არის კაცად-კაცადი, სრული:
თუ უმანკოა მხოლოდ, ვით მტრედი,
და აღარა აქვს სიბრძნე მას გველის,
მაშინ მოელის საწყალს შავბედი
და ქვეყნად შვებას ნუღა მოელის!
მისთვის, რომ მოძმეთ ის მიენდობა,
ჰგონია ყველა მას თავის სწორი,
და მით მათგანვე კი დაემხობა:
ისე გაჰგლეჯენ, ვით მტრედსა ქორი!
თუ არ აქვს მტრედის უმანკოება
და მხოლოდ გველებრ არს მეცნიერი,
არც მაშინა აქვს კაცს მყუდროება:
ის არის თვითვე თავისი მტერი,
რომ უყვარს მხოლოდ მას თავი თვისი,
სარჩოს იმატებს, მოძმეთ მკბენარი,
მაგრამ ამხილებს მას სინიდისი
და მისგამო არს მოუსვენარი!
ჰსურს მოატყუოს მან თვისი ტომი,
ტკბილი სიტყვა აქვს რიდედ და ფარად;
მაგრამ ხშირად-კი სიკვდილის მდომი
ჩუმად იტანჯვის მარად და მარად!
მის ცრუ ღირსებით დაბრმავებული
ბევრი შეჰნატრის ამგვარ კაცის ბედს,
და არ იციან, რომ მისი გული
ედრება ხშირად ცეცხლნადებს აბედს!..
მაშ, მხოლოდ ნეტარ არს იგი კაცი,
ვინც უმანკოა და მეცნიერი!
მისი სიცოცხლე არის ორკეცი,
ის არის ქვეყნად სრულ-ბედნიერი.
ავიც და კარგიც მას ეყურება,
თვით არ იზამს ავს, სხვის ავს იცილებს;
მოძმეთ უმანკოდ ემსახურება
და სიცოცხლესაც მითი იტკბილებს.
ამგვარი კაცი არის პოეტი:
დროზედ იმტრედებს და დროზედ გველობს.
მის ტომს მისთვის სძულს, ჰგონია ცეტი
და მის ქცევაზე უმართლოდ ხელობს.
მაგრამ პოეტი, კაცი გველ-მტრედი,
მოძმეთ ცრუ აზრსა არ აგდებს არად!..
ახალგაზდობის მას აქვს იმედი
და იმას უმღერს მარად და მარად!..
ხან მტრედებრ აღმა ჰფრენს მოწონებით,
ხან გველივითა ქვესკნელში ძვრება;
მაგრამ ყოველთვის თვის მოქმედებით
ის მხოლოდ მამულს ემსახურება!
ვერ შეაშინებს მას სოფლის ღელვა,
მხნედ მიაცურებს იგი თვის წრფელ ნავს,
და, გზას უნათებს რა საღმრთო ელვა,
ის სიბნელიდან ნათლად გამოჰყავს.
1869 წ.
პასუხი ჭალადიდელისადმი (I, 89). დაწერისა და დაბეჭდვის თარიღი 1869 წ.1
- მნათობი 1869 წ. სექტემბერ-ოქტომბერი. || თხზულებანი, I. 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. - მნათობში დაბეჭდილ ტექსტში, მე-8 სტროფში ცენზურის მიერ ამოგდებულია სიტყვა:
„ჰსურს მოატყუოს მან თვისი ტომი,
…….. აქვს მას რიდედ და ფარად“.
შემდეგ ხარვეზი აკაკის შეუვსია სიტყვებით: „ტკბილი სიტყვა“.
________________
2. დაწერის თარიღი აღნიშნულია მნათობში.
![]() |
3.10.3 გიორგის აღსარება |
▲ზევით დაბრუნება |
ადრე ყოფილა ჩემი გვარი „ქართველიშვილი“,
შემდეგ მეძახდენ „გურჯიოღლის“ დიდხანს თათრები,
დღეს-კი „გრუზინსკით“ შევიქენი მე გარდაქმნილი...
სულ დამეკარგა გვარ-ტომობის ძველი დავთრები!
მამა ყოფილა ჩემი თურმე მამაცი, სრული,
მტრისა მებრძოლი, გულადი და შეუპოვარი;
ბრძოლის ველზედა სისხლით იყო ის დაწურული,
ბარათაშვილმა მისთვის მორთო უკვდავი ქნარი!
დედა-ჩემიცა ქალი იყო სულით მაღალი,
მამულისათვის შვილის მზრდელი სისხლის სათხევლად!
მას აუხსნია შვილებისთვის მათ-მათი ვალი,
ისინი ჩხუბში დახოცილან, მე დავრჩი მძევლად...
ჯერ არ შემეძლო მომეხმარა კარგად ფარ-ხმალი,
როდესაც მამა ბრძოლის ველზედა სისხლად დასწურეს!
იმან ქართულად აასრულა მით თვისი ვალი,
ყიზილბაშებმა ტფილისისკენ რომ მოაშურეს.
დედამ ოდეს სცნა ეს ამბავი, მას ელდა ეცა;
ვეღარ გაუძლო იმდენ ჯავრსა, მუცელს გადაჰყვა!
ასე ჩვენს ოჯახს გაურისხდა სასტიკად ზეცა;
მე დავრჩი ობლად და მომვლელიც აღარავინ მყვა.
მაშინ ხელთ მიგდო ვიღაც უცხო მე დედაკაცმა;
დიდხანს დამდევდა და მაშინ-კი იშოვნა მან დრო:
ხელში ჩამიგდო კაკიები მან ერთი აცმა,
მით მომატყუა და ცრემლებიც მითი შემაშრო.
მაგრამ ნაცვალი დედის, იცით თქვენც, თუ რა არი;
გერისა კუჭი მისგან ხომ ვერ გამოძღებოდა!
ოჰ, მიეყაროს იმ კუდურსა თვალში ნაცარი,
რომ ობლის კვერი იმის ხელში გვიან ცხვებოდა!
წინაგანზრახვით არ მომცა მე მაღალი სწავლა,
ოქროქსოვილით ამიხვია ორივე თვალი,
რომ ვერ შევიძლო მე უმისოდ სწორ გზაზე გავლა
და მის მონასა მებნეოდეს აწ გზა და კვალი!
არავინ მომცა მე საშველად დაცემულს ხელი,
და სიყრმიდანვე შევეზარდე ამა მონებას!
აღარ მამძიმებს ეს მონების მძიმე უღელი…
სული მკვდარია... და არც ველი მე აქ ცხონებას!..
და როს მოვკვდები, თუ მის შემდეგ ჩემი შვილები
აიცილებენ მამის ხვედრსა, უბედურებას,
მაშინ საფლავში შეიძვრიან მსწრაფლ ჩემი ძვლები
და სული ზეცას მაინც იცნობს ტკბილ ნეტარებას!..
1869 წ.
გიორგის აღსარება (I, 91). დაწერისა და დაბეჭდვის თარიღი 1869 წ.1
- დროება 1881 წ. №42. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. || ავტოგრაფი K-45 (სათაურით: „გიორგის მოთხრობა“. - ზოგიერთს სტილისტიურ ვარიანტს შეიცავს).
________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია დროებაში
![]() |
3.11 1870 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.11.1 პასუხი მაცდურს |
▲ზევით დაბრუნება |
მისთვის ვეღარ ვმღერ, როგორც ბულბული,
რომ გულში ვარდი აღარ მიყვავა…
მის ნაცვლად ეკლით ამევსო გული
და ზედ ყორანი შავი დამჩხავა!
ეს არის ჩემი შავ-ბედის წერა,
მოძმეებისგან გამოკვებული;
მისთვის აღარ აქვს ჩემს გულს ტკბილ-ძგერა,
სევდის ჯაჭვითა არის დაბმული.
მეხსიერება დროსა წარსულსა
უსუსტრად, მტრულად მარად მაგონებს,
მით მომავალი მიშფოთებს სულსა,
წარსული გულს მწყვეტს, აწმყო მაღონებს.
ჰოი, სად ხარ, დროვ! ოდეს ეთერსა,
ვით ტრფობის ქალ-ღმერთს, თაყვანი ვეცი?
მაშინ მოყვასად ვრაცხდი თვით მტერსა
და სიცოცხლეცა მქონდა ორკეცი.
არ მითქვამს მისთვის: „მიყვარხარ, ქალო!“
არც იმას უთქვამს, თუ მომწონხარო;
თურმე ჩუმი ხარ, ტრფობისა ძალო,
ვით უკვდავების მკურნალი წყარო,
რომლის მიგნებას და დაწაფებას
ბევრს არ ანიჭებს ნუგეშად ღმერთი!
იგემებს მხოლოდ ამ ნეტარებას
მისგან რჩეული ათასში ერთი!
სატრფოსა გულსა ჩუმი ტრფიალით
მიიზიდავდა ძგერით ეს გული,
თითქოს ვიყავით უცნაურ ძალით
ერთმანეთისთვის დაბადებული!
დღეს-კი ამაო იქმნა ეს ფიქრი,
მე დავრჩი ობლად, შენ გამეყარე,
მაგრამ შენ გმონებ მაინც, თუმცა განქრი: -
გულს მახატია შენი სამარე.
და საფლავის ქვას რომ წარმოვიდგენ,
რომელზედაცა ასე სწერია:
„ნეტარნი დღენი ადრე წავიდენ,
შენი ეთერი დღეს აქ მტვერია“, -
მაშინ ხელიდან მვარდება ჩანგი,
რომელზედაცა ნაღველს ცრემლად ვღვრი,
მისგან ედება სიმებსა ჟანგი,
და იმიტომაც აღარას ვმღერი!
[1870 წ.]
პასუხი მაცდურს (I, 93). დაიბეჭდა 1870 წ.
- მნათობი 1870 წ. თებერვალი. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, 1, 1912 წ. -
![]() |
3.11.2 ყეენობა |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი აზნაურობას)
გათავდა ყეენობა...
დიდი ამბავი იყო:
კრივი და ცუდ-ენობა!..
ბევრს გადაჰხდა საბრიყვო!..
ამ დიდმარხვის ორშაბათს
შეკრბა ხალხი მრავალი!..
ძლიერად სცემდენ ნობათს
და მასზე ჰქონდათ თვალი,
თუ ვინ ამოირჩიონ
ორშაბათის ყეენად...
რომ მაჰმად-ხანს დასცინონ
პატრიოტთ მოსალხენად!
ნახეს ერთი გლახაკი,
ის მოჰკაზმეს ყეენად...
მოჰგვარეს ვირი ჭაკი,
მისცეს ბედაური ცხენად!
და ზედ შესვეს პამპულა,
აბჟანდიც დაუგრძელეს...
აიღეს თასი, კულა,
ბატონად ადღეგრძელეს!
დალიეს, შეჭორიკდენ:
იწყეს აყალ-მაყალი!
„ავირჩიოთ, - ჰყვიროდენ, -
სჯობს, ყეენი ახალი!“
ძველს ყეენს სტაცეს ხელი,
ლაფში გადაუძახეს,
გაძარცვეს და შიშველი
ლანძღეს!.. რა არ უძახეს?!..
ახალი ყეენობა
ბევრმა მოიწადინა!
შეიქნა მოენობა:
ძმამ ძმას სისხლი ადინა.
ქუჩებში ხრიალობდენ,
როს დაფა-ზურნა დაჰკრეს,
ერთმანეთზე ძალობდენ,
კისერშიაც ბევრს წაჰკრეს!..
გაჩნდა კრივი ძლიერი,
გაიყვნენ პარტიებად;
ჩხუბობენ, ასდით მტვერი,
თავის-ტეხა ექებათ.
ბანებიდან ქალები
მაჩხუბრებს ბანს აძლევენ...
ეღალებათ ხელები,
ერთმანეთს ვერა სძლევენ!..
ძმობილო, ძმაზედ მიდი!
სთხლიშე, არ იგვიანო!..
ბიჭებო, ჰაი გიდი!
კაჟისთავებიანო!..
დაუშინეთ ერთმანეთს,
მაგისთვის არვინ დაგსჯით!
მოგცემენ თითო მანეთს,
ტყუილად არვინ გაგრჯით!.
ვინც მოგცეს მეტი ფასი,
შენც იმისკენ იყავი,
აიღე სავსე თასი,
იმას დაუკარი თავი!
ეგ ყეენები ყველა
ერთმანეთის დარია!..
ალია და ოსმალა -
ორივე თათარია!..
მაგრამ რჩევა რად უნდა
ამ დალოცვილ მეომრებს?..
მოსცვივა ქვა და გუნდა,
ერთმანეთს სტეხენ კისრებს!..
ასრულებენ სხვის ნებას,
ბოლოს სახლში მიდიან
და თვის პატიოსნებას
თითო გროშად ჰყიდიან!..
ამ ხალხის სულელობა
მინდა მიტომ დავძრახო,
რომ მსგავსი ყეენობა
მაისში აღარ ვნახო.
1870 წ., 5 მარტი,
ქუთაისი.
ყეენობა (I, 95). დაწერის თარიღი: 1870 წ., 5 მარტი, ქუთაისი.1 დაიბეჭდა იმავე წელს.
- მნათობი 1870 წ. მარტი. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, 1, 1912 წ. -
1893 და 1912 წლის გამოცემებში უკანასკნელი სტრიქონი დამახინჯებულად არის დაბეჭდილი:
„მასში აღარა ვნახო“.
უნდა იყოს, ისე როგორც მნათობშია დაბეჭდილი:
„მაისში აღარ ვნახო“.
______________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია მნათობში და ჩემ ნაწერებში.
![]() |
3.12 1871 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.12.1 პასუხი მეგობარს |
▲ზევით დაბრუნება |
ქალო, შენი წერილი
მემახვილ-მეისარა!..
ის ვარ, რაც არ გგონივარ,
რაც გგონივარ, ის არა!
მეუბნები: „შენ სწუნობ,
თუ გწუნობს ქვეყანაო?
რად გამხდარხარ ყველასთვის
რაღაც გამოცანაო?
თუ ჭკუა გაქვს, დიდება
რით ვერ შეიძინეო?
თუ გრძნობა გაქვს, მოყვარე
რით ვერ გაიჩინეო?
თუ არა გაქვს არც ერთი,
მაშ რაა ის ძალაო,
რომლის გამოც ამ ხალხმა
შენზე მოიცალაო:
ყბად აგიღო, ცილს გწამებს,
ამბობს ათასს რამესო;
გიშორებს და იმ „შორსაც“
გიშხამავს სიამესო?!
არ მოგწყინდა ამდენი
ტანჯვა-მოთმინებაო?
გკითხავ და გთხოვ პასუხსაც,
ხელთ მაქვს ამის ნებაო.“
ამ სიტყვებმა, დობილო,
მომიმატეს ჭირი ჭირს!
შენც რომ ჰფიქრობ სხვებსავით,
ის მაწუხებს და მიკვირს:
სხვამ, რაც უნდა, ისა სთქვას,
შენ-კი, მსურს, რომ მიცნობდე
და ჩემ გულის-პასუხებს
მუდამ თანაუგრძნობდე!
ნუ გიკვირს, რომ არა მაქვს
სუყველასთან თანხმობა!
სწორს დავეძებ, არა მსურს
ბატონობა... არც ყმობა!
ვკიცხავ, ვსდევნი და ვყვედრი
ქვეყნის უკუღმართ ბრუნვას
და ბიწიერებად ვრაცხ
პირადობაზე ზრუნვას!..
მე მგონია, მისთვის ვართ
ქვეყნად მოვლინებული,
მაცხოვარი რისთვისაც
იქმნა ჯვარზე ვნებული!
გინდ ცამდისაც ამაღლდეს,
კაცი რა არის? - ჭია!..
რაც ბრწყინავს - ფუტუროა!
გარეგნობა - ფუჭია!..
კმარა კაცისთვის მხოლოდ
ღვთის მსგავსება-ხატება!..
ამ ციურ ნიჭს ამ ქვეყნად
სხვა რა დაემატება?!
ეს არის ჩემი რჯული
და ჩემი აღსარება!..
და მგონია, რომ კმარა
ქვეყნად ეს ნეტარება!
მართალია, ხორციელს
არ აქვს თავისუფლება,
ხელ-ფეხს უკრავს სხვადასხვა
დამოკიდებულება,
და ვინც ახსნას არ სცდილობს,
ჩემებრ უბედურია:
სხვები ნაღველს ასმევენ,
შარბათი რო სწყურია.
მაგრამ რა ვქნათ, ეს ტანჯვა
ყველა მუშაკთ წესია,
და ვერც მე ვუღალატებ
ვისთვისაც მიკვნესია!
დეე დამგმოს, ქვეყანამ,
გამიმეტოს, გამკიცხოს!
თავი ბრძენი ეგონოს,
მე გიჟებში ჩამრიცხოს!..
ვერ ვუმუხთლებ მე მაინც
ამ ჩემ გრძნობა-გონებას!
ვერ ავიტან ცხოვრების
ბრძანებას და მონებას!..
ხელს არა ვჰყოფ გარეგნად
გაბრწყინვებას და მკობას!
ვერ დავუთმობ ვერავის
შინაგან აკაკობას!..
1871 წელს, 14 იანვარი,
ქუთაისი.
პასუხი მეგობარს (1, 98). დაწერის თარიღი: 1871 წ., 14 იანვარი, ქუთაისი1 დაიბეჭდა 1890 წ.
- თეატრი 1890 წ. 12 აპრილი №12.-
![]() |
3.12.2 ჩანგური |
▲ზევით დაბრუნება |
მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმიდით ახურებდეს!
ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის, ხან მწუხარების!
აღტაცებით სიმთა ჟღერა
გამოსცემდეს მაგნიტის ხმას
და მაზედაც ჩემი მღერა
ორხმოვანად გამოისმას,
რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს
და მჩაგვრელს-კი გულში ძგერით
ისარივით ესობოდეს!..
მაშინ მხოლოდ ამ ჩემ ჩანგურს
აშორდება უქმად გდება
და, ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს,
ვფიცავ, არც ის მოსტყუვდება!
გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვისმე მივეფერო,
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!..
რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო,
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც დავიქოლო!
სხვისი ლხენით ხომ ვიხარებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,
და მაინც არ აღვიარებ
შავს თეთრად და თეთრსა შავად!..
მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა
და გულს წრფელად ახურებდეს!
[1871 წ.]
ჩანგური (I, 101). დაიბეჭდა 1871 წ. ეს ლექსი ცნობილია სათაურით: „ვარდის ხმაზე“ და „ჩანგური“. ჩვენ უკანასკნელი სათაური დავტოვეთ, როგორც ხალხში უფრო გავრცელებული.
- კრებული 1871 წ. №IV (ცენზურის ვიზა 30 აპრილს). || სალამური 1893 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. || რჩეული ლექსები, I, 1908 წ. (სათაურით: „მე ჩანგური მისთვის მინდა“). || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ.
კრებულში და გამოცემებში (გარდა სალამურისა და 1908 წლის გამოცემისა) ლექსს დართული აქვს მიძღვნა: „ვუძღვნი ან. მუსხელიშვილისას“.
![]() |
3.12.3 ციცინათელა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!
ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!
აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!
წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია…
მშიერი - სისხლის მტერი,
რომ გაძღება - მთვრალია!
მაშ რად მინდა წურბელა?
მან გული დამიბნელა!
ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!
მეორე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!
მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოისარი?
ისევ ციცინათელა,
უწყინარი ის არი!
მესამე ტანს გვიმოსავს,
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!
მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?
ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.
მებრალები, - კარგი ხარ!
და ვაი, სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ,
მე კი დღეც არ მარგიხარ.
ნეტავ რისა გაქვს რიდი?
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!
კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..
ჩემო ციცინათელა,
სადღა ჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორ-შორ ნათებამ
უდროოდ დამანელა!..
[1871 წ.]
ციცინათელა (I, 103). დაიბეჭდა 1871 წ.
- დროება 1871 წ. 31 ივლისი, №30 (ჩართულია პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. || თემი 1914 წ. 17 მარტი №167. || ავტოგრაფი K-45. -
![]() |
3.12.4 *** (ჩემო თავო ბედი არ გიწერია) |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!
ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!
ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,
რადგანც სატრფო, ვხედავ,ჩემი მტერია!..
მით ჯოჯოხეთს მარად გულით ვატარებ!
თუ მარტო ვარ, თავს მომაკვდავს ვადარებ,
თუ ხალხში ვარ, ძალით ღრუბელს ვადარებ
და მოწყენით ჩემზედ მტერს არ ვახარებ,
რომ არა სთქვან ჩემზედ: „რა ოხერია!“
..........ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!
..........ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!
..........ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,
..........რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!..
აღარა აქვს ბოლო ამ ჩემს სატანჯველს,
არვინ მაძლევს სანუგეშოდ ძმურად ხელს;
ჩემს შარბათში ნაღველს ვჭვრეტ და ვარდში გველს,
მისთვის ვწყევლი და ვემდური ამ სოფელს,
რომლისგანაც მე გზები ამერია!..
..........ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!
..........ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!
..........ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,
..........რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!
რაღას ველი, დრო არს განქრეს იმედი;
გინდ მეწვიოს, ვერას მარგებს აწ ბედი!
დამწვარი ვარ ისე, როგორც აბედი!
ახა, ღმერთო, რა უდროოდ დავბერდი:
საფლავისკენ ფეხი გამიშვერია!…
..........ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!
..........ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!
..........ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,
..........რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!
დავუძლურდი, განქრა გიჟი ოცნება…
ნაღვლიანად ჩემს თავზედ მეცინება
და ღმერთს ვვედრებ: „ღმერთო, მომეცი ნება,
რომ მეღირსოს საფლავში დაძინება!..
სჯობს, სულ გაქრეს კაცი, რადგანც მტვერია!“
..........ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!
..........ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!
..........ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,
..........რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!
1871 წ.
*** „ჩემო თავო, ბედი არ გიწერია“ (I, 105). დაიბეჭდა 1871 წ.
- დროება 1871 წ. 18 აგვისტო №32. (ჩართულია პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || სალამური 1893 წ. || თხზულებანი, I, 1898 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. || ავტოგრაფი K-45 (სათაურით: „კვნესა“). -
დროებაში დაბეჭდილ ტექსტში ლექსის ბოლოში დართულია ზედმეტი სტროფი, რომელიც ავტორს ლექსის უკანასკნელ რედაქციაში აღარ შეუტანია:
„ამ ტანჯვისგან საფლავმა დამიფაროს!
რომ ამ გულზედ მე მიწა დამეყაროს,
აგებ მაშინ სატრფომ აქ გაიაროს,
ჩემს საფლავზედ ცრემლები დააღვაროს,
რომ სხვებმაც სთქვან: „ხედავ, რა მწუხარია?“
..........ჩემო თავო და სხვ.
![]() |
3.12.5 კნეინების ლათაია |
▲ზევით დაბრუნება |
რად მინდოდა სითეთრე?
ვყოფილიყავ მოშავო!
და თქვენ-კი არ გამეცანით,
შალომავ და მოშავო!
მოკლე ხნით რად მინდოდა
ოქრომკედი, შლეიფი,
თუ აწ მაინც დიდ-ხნობით
დამეკარგვის ქეიფი!
მაგრამ ჩემი შეცდომაც
მოიტანა ალომა,
და მით გამებატონა
მე მოშა და შალომა!
იტიროს ჩემმა ქმარმა,
ბეღლებმა და კალომა!..
ვაი, რამდენს იცინებს
ჩვენზედ მოშა… შალომა!...
[1871 წ.]
კნეინების ლათაია (I, 107). დაიბეჭდა 1871 წ.
- დროება 1871 წ. 26 სექტემბერი №38. (ჩართულია პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
![]() |
3.12.6 ალლა-ვერდი |
▲ზევით დაბრუნება |
ალლა-ვერდი ჩვენს ქალებს!
ალლა-ვერდი კნიაზებს!
ალლა-ვერდი „კნიაჟნებს“!
უმანკოების ვაზებს!
გუშინ გვქონდა მოლხენა,
დღეს რად მოგვიწყენია?
რად ჩაგვვარდნია ენა,
ხომ არაფრის გვრცხვენია?!
მდიდრული მორთულობით
აკი ჩვენ გვაკვირვებდით!
არ სწუხდით უფულობით
და ვაჭრებს იპირებდით!
დღეს მწუხარებით, განა,
გიღელავსთ ეგ გულ-მკერდი,
როს არშინით თქვენთანა
მოდიან: „ალლა-ვერდი!“
მოშა, მისი წვერებით
მოდის, თანაც ახველებს;
ტყვილად ნუ ეფერებით:
„არაო“ აქნევს ხელებს.
იფიცავს დაბადებას,
იხსენიებს თავის რჯულს;
არ გაძლევთ მოცდის ნებას,
დღესვე ითხოვს თავის ფულს!
.......ალლა-ვერდი ჩვენს ქალებს! და სხვ...
შალომა დილ-დილობით
ჩამოუვლის კნეინებს;
ჩვეულებრივ ზრდილობით,
მუსაიფით აცინებს.
ფულებს არ სთხოვს, ვექსილს სცვლის,
წვერებზედაც ხელს ისვამს!..
თავნზედ სარგებელს ათვლის,
ერთი-ორად ზედ ისვამს!..
მერე კოხტურად თავს ჰხრის,
ზრდილობით აძლევს სალამს
და, რა ყურთმაჯს შეიყრის,
გულში სხვა გრძნობას მალავს!..
.......ალლა-ვერდი ჩვენს ქალებს! და სხვ...
ისპანიოლკით ბრძნულად
მოდის ფიფინაშვილი,
თავს გიკრავთ ფრანციულად,
პირზე მოსდის ღიმილი:
„პარდონ! რომ შეგაწუხეთ,
მაგრამ მისთვის მოველი,
რაც ნისია წაიღეთ,
იმის ფულებს მოველი!
„ჟე ვუ პრი! ამავე ხნით
გავსწორდეთ ანგარიშში,
რადგანაც ფულებს ვგზავნით
სავაჭროზედ პარიჟში!“
.......ალლა-ვერდი ჩვენს ქალებს! და სხვ...
ხარაზოვი მრისხანედ
მოდის გაჯავრებული:
„რისთვის დააგვიანეთ?
დროა, გვიბოძოთ ფული!
„კრედიტი ჩვენ არ ვიცით,
ესე იგი ნისია;
რა ვქნათ, ირწმუნეთ ფიცით,
რომ სავაჭრო სხვისია.
„ჩვენც ვყიდულობთ, ფულს ვიღებთ,
მითი გვიდგია სული,
და ნურც თქვენ დაივიწყებთ,
აწ-კი გვიბოძეთ ფული!“
.......ალლა-ვერდი ჩვენს ქალებს! და სხვ...
და წვრილ-წვრილი ვაჭრები
შემოდიან დას-დასად!
სირმები და ნაჭრები
გიჯდებათ ოხვრის ფასად!
ცოლი ქმარს ებუტება,
ქმარი-კი ცოლს ემდურის;
ყველას გული უკვდება,
ყველა სიმწრის ოფლსა ჰღვრის!
ერთმანეთს ადებენ ბრალს,
ერთმანეთს იმდურებენ,
მაგრამ ამითი ხომ ვალს
ვეღარ გაისტუმრებენ?!
ეჰ, რაღა გაეწყობა,
ჩვენ ადრევე ვიცოდით,
რომ თქვენი გამოწყობა
ბოლოს დაგწვავდათ ცოდვით!
ალლა-ვერდი ჩვენს ქალებს!
ალლა-ვერდი კნიაზებს!
ალლა-ვერდი „კნიაჟნებს“!
უმანკოების ვაზებს!!!
[1871 წ.]
ალლა-ვერდი (I, 108). დაიბეჭდა 1871 წ.
- დროება 1871 წ. 15 ოქტომბერი №41. || თხზულებანი, 1, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
![]() |
3.12.7 ბანკობია |
▲ზევით დაბრუნება |
იძინეთ, ძმებო, კვნესით... ღრმა ძილით!
საკმაოდ გისვამთ, გეტყობათ, ბანგი!..
ეგებ სიზმარში ნახოთ სიცილით,
რომ აგიყვავდათ თქვენ თქვენი ბანკი.
მე-კი ცხადად ვსჭვრეტ და ჭეშმარიტად,
რომ თქვენი ბანკი, თქვენი ალალი,
გადაქცეულა პატარა გვრიტად
და მას მრისხანედ დამზერს ალალი.
……………………………………….
მაგრამ თქვენ გძინავსთ, თქვენ ვერას ხედავთ,
ზოგ-ზოგნი ძილსა კიდეც იგონებთ!
„ჰოუ! ჰოუს!“ თქმა არავის გნებავთ
და წინ-დახედვით თავსაც იწონებთ!
მაშ ისევ ძილით დრო გაატარეთ!
და თუ სხვამ ვინმემ ქორს მიაძახოს,
თქვენ მას მისდეგით, ქვა მიაყარეთ,
რომ ტკბილნი დღენი მან ვეღარ ნახოს.
და თავი ისევ მიეცით სიზმრებს,
რომ ვეღარავინ გიფრთხობდეთ ძილსა!
ემონეთ მხეცებს!.. ენდვეთ უმეცრებს
და საზიაროს ნუ სდევთ წიწილსა!
და მაშინ თქვენცა... აქ, უკაცრავად,
უნდა გავაგდო ჩემი კალამი,
რადგანაც ცოტად გახლავართ ავად
და დოქტორს უნდა მივსცე სალამი!
[1871 წ.]
ბანკობია (I, 111). დაიბეჭდა 1871 წ.
- დროება 1871 წ. 17 დეკემბერი №49 (ჩართულია პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, 1, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, 1, 1912 წ. -
ეს ლექსი დაზიანებულია ცენზურის მიერ. დროებაში დაბეჭდილ ტექსტში მეორე სტროფის შემდეგ არის ხარვეზი, აღნიშნული მრავალწერტილებით, და ამას გარდა მეხუთე სტროფიდან ამოღებულია ბოლო ორი სტრიქონი.
1893-ისა და 1912 წლის გამოცემებში აგრეთვე დატოვებულია იგივე ხარვეზი მეორე სტროფის შემდეგ, და აღდგენილია მხოლოდ მეხუთე სტროფის ბოლო სტრიქონები:
[ემონეთ მხეცებს!.. ენდვეთ უმეცრებს
და საზიაროს ნუ სდევთ წიწილსა!]
![]() |
3.12.8 გამოთხოვება |
▲ზევით დაბრუნება |
უნებურ ცეცხლის აღმგზნებელო გულში და მწველო,
ჩემის ცხოვრების ტკბილო საგანო და სანუგეშო!
როდემდის უნდა მაგრე გჭვრიტო, შენ შეუცვლელო,
რომ ჩემზედ გული არ მოგიბრუნდეს და მით ვიხვნეშო?
ხომ კარგად ჰხედავ, ტრფობის ჯაჭვით გული დამება
და თავშეწირვა უფიქრალი არს ჩემთვის ტკბილი?
და მაშა შენცა, ჩემო მფლობო, ჩემო ღვთაება,
მომმადლე ხოლმე შენს შემვედრეს მცირე ღიმილი,
ის... ის ღიმილი, რომელიცა მაგ სახეს მეტყველს
გამოუთქმელის სილამაზით უფრო აშვენებს
და მე-კი მიდებს საწყალს გულში ძლიერ ცეცხლს დამწველს
და მღელვარესა გულის-ძგერით აღარ მასვენებს!
თუმცა-კი ვსცდილობ, რომ ის გრძნობა სხვას დავუფარო,
ხუმრობით სიტყვებს ბანზედ ვაგდებ, მადევს პირბადე,
მაგრამ გულში-კი, არ შემიძლია, არ აღვიარო:
„მე ბედგამწყრალი უნუგეშოდ რად დავიბადე?
რად მინდა გრძნობა, თუ არავის გავუზიარებ?
რად მინდა ცოდნა, თუ მეგობარს არ მივეც რჩევა?
რად მსურს სიცოცხლე, თუ სიმწარედ მას აღვიარებ?
მაშინ დამრჩება მე ამ სოფლად კრულვა და წყევა!..
ოდეს გიხილე, მეგონა თუ მყის დავიბადე!
ჩვეულებრივად გულმა გრძნობა ვეღარ დაჰფარა,
მით ამეხადა უნებურად ჩემი პირბადე,
და თვის ღვთაებად შენ დაგნიშნა, შენ აღგიარა!
მაგრამ, ვაიმე! არ მიმიღე მსხვერპლის მწირველად,
არ შეიწირე მრისხანემან საბრალოს „წვლილი!..“
მისგამო დავშთი ასე შმაგად და ასე ხელად,
ასე საბრალოდ და უდროოდ მე გულმოკლული!
აწ-კი მშვიდობით, ჩემო ავო და ჩემო კარგო!..
გშორდები, მაგრამ შენთან რჩება საბრალო გული!..
უმჯობესია, ამ სოფლიდგან გარდავიკარგო
და იქ დავლიო შენს ხსოვნაში საბრალო სული!..
1871 წ.
გამოთხოვება (1, 112). დაწერის თარიღი 1871 წ.1 დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 28 ოქტ. №227. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია დროებაში და „ჩემ ნაწერებ“-ში.
![]() |
3.12.9 სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
მით მომწონდა ჩემი თავი,
ეს მიმაჩნდა მე საკვეხად,
რომ კლდე ვიყავ მაგარ გულით,
მეტად ძნელი გასატეხად.
მაგრამ შენ-კი, უცნაურო,
მძლავრად მოხვდი ჩემს გულს მეხად:
ულოდნელად დამარბილე,
სანთელივით დასაგრეხად!
გულში ცეცხლი გამიჩინე,
ამიდუღე მით ნაღველი,
უხმოდ ვიწვი, ნელ-ნელა ვსდნები,
ვით ხატისა წინ სანთელი.
შენ-კი შორით მეჩვენები,
ვით ეშმაკი წამწყმედელი,
რომელსაცა ეჯავრება
სიწმინდე და ეს სოფელი!
ვინც ციურს ნიჭს, უფსკრულს გრძნობას
ცივგულობით თვით ვერ იგრძნობს,
ნამდვილს გრძნობას, ტკბილს სიყარულს
სხვისას აბა ვითღა იცნობს?
მისთვის ყვავიც ბულბულია,
მისთვის ცრუც-კი მართლად უბნობს!
და რად უნდა სხივი მზისა,
მთვარის სხივიც კი დააჭკნობს!
ეს ვიცი და არ გამტყუნებ,
გეთხოვები, გაძლევ სალამს!
იმედიც მაქვს, რომ ეს გული
თავის გრძნობას თვით დამალავს:
აღარც ენას ათქმევინებს,
არც ენდობა ჩვეულ კალამს,
თუმცა სხვისი ტრფიალება
ხელმეორედ ვერ გაალავს!..
1871 წ.
სიყვარული (1, 114). დაწერის თარიღი 1871 წ.1 დაიბეჭდა 1881 წ. - (ლექსი ატარებს მეორე სათაურსაც: „საყვედური“).
- ივერია 1881 წ. №4. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I. 1912 წ. || ავტოგრაფი K-45. -
_______________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ივერიაში.
![]() |
3.13 1872 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.13.1 *** (გამტანია ჩვენი ერი...) |
▲ზევით დაბრუნება |
I
გამტანია ჩვენი ერი,
გარეგანად მშვენიერი,
თვალში მცქერი, პირმომფერი,
ქვეშ-ქვეშ შტერი, ტკბილად მმღერი!
………………………….
ისე უყვარს ქვრივ-ოხერი,
რომ ჰსურს, იყოს ჩვენში ბევრი.
ჰაი გიდი, ჩვენი ერი!..
ჰერი! ჰერი! ჰერი! ჰერი!..
II
უკაცრავად, მე ჩვენს ხალხზედ
..........ცოტა აზრი შემეცვალა,
რასაც ჰბადავს თვითონვე ზრდის,
..........სხვა არ უნდა ძიძა-ლალა;
ხომ ზარმაციც არ ყოფილა,
..........იხედება თვალ-და-თვალა,
მკა და თესვა კარგად იცის,
..........თუ რომ ბედმაც დააცალა;
აღმა ხვნენ და დაღმა ფარცხვენ,
..........ყანებს დაატანეს ძალა!
მაგრამ პატივს დააყრიან,
..........მზად არიან, დღეს თუ ხვალა!
და აწ თქვენს ადვოკატებსაც
..........ერთი გუდა ხიზილალა!
[1872 წ.]
***„გამტანია ჩვენი ერი“ (I, 116). დაიბეჭდა 1872 წ.
- დროება 1872 წ. 24 მარტი №12. (ჩართულია პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
ეს ლექსი სჩანს დაზიანებულია ცენზურის მიერ. პირველი სტროფის შემდეგ - ხარვეზია, აღნიშნული მრავალწერტილებით.
![]() |
3.13.2 *** (აქედან და ციმბირამდე...) |
▲ზევით დაბრუნება |
აქედან და ციმბირამდე
დიდი ბიჯი იქნება,
ვინც იმას გადმოაბიჯებს,
მარჯვე ბიჭი იქნება!..
მაგრამ იქით წასულები
აღარვინ დაგვბრუნებია...
ეტყობა, რომ იმერეთი
ყველას დაუწუნებია!..
ტუსაღს რომ მოიკითხავენ,
წაუკითხვენ დავთარსაო,
ეტყვიან: „სიცხე გახურვებს
აქ? იქ ნახავ ზამთარსაო!
„ცოტა დაუდგრომელი ხარ,
ჩქარი ხარ და ფეხმალიო,
მაგრამ მაგაზე ნუ ჰფიქრობ,
ვიცით მაგის წამალიო“.
რკინის საცმელს მოართმევენ,
რბილად ფეხებში უყრიან,
ზურგზედ საგზალს მოჰკიდებენ,
თავსაც მძიმედ დაუხრიან.
მოახსენებენ: „გავწმინდეთ
ჩვენ ჩვენი ანგარიშიო!
ჩვენ შენი ხათრი აღარ გვაქვს
და ნუღარც შენ გაქვს შიშიო!
„სიცილით დაადეგ გზასა!
რაღა გაქვს მოსაწყენიო?
ქვეითად მიტომ გისტუმრებთ,
რომ არ დაღალო ცხენიო.
„თოფიან ჯარსაც გაახლებთ,
სარდლობა დაგშვენდებაო!
გზაზე, სად დაგიღამდება,
იქ არ გაგითენდებაო.
„ახლა გვიბოძე სალამი,
გამოგვეთხოვე ყველასო!
ნურც შენს მსაჯულებს დასწყევლი,
თორემ აუტეხ ხველასო!
„გამოეთხოვე ცოლ-შვილსა,
გამოეთხოვე მოყვრებსო!
ესალმე ადვოკატებსაც,
თქვენსა ვერაფრად მომხრებსო!“
[1872 წ.]
„აქედან და ციმბირამდე“ (I. 117). დაწერილია არა უგვიანეს 1867 წლისა.1 დაიბეჭდა 1872 წ. - ჩართულია პიესაში (პროზაში): „სცენა საპატიმროში“. - კრებული 1872 წ. მარტი №7. || აკაკის კრებული 1898 წ. მარტი №VII. -
_________________
1. ბოლო დრომდე გამორკვეული არ იყო ამ პიესის დაწერის თარიღი( - ცნობილი იყო მხოლოდ დაბეჭდვის დრო) და ჩვენ ამის გამო ლექსი „აქედან და ციმბირამდე“ მოვათავსეთ 1872 წლის ჯგუფში (დაბეჭდვის დროის მიხედვით).
მას შემდეგ ლ. ასათიანმა აკაკის ერთი წერილის მიხედვით დაადგინა, რომ პიესა დაწერილი ყოფილა არა უგვიანეს 1867 წლისა. (იხ. აკაკის წერილი, „გახსენება თეატრის შესახებ“ ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, 1910 წ. №35. ლ. ასათიანი, ცხოვრება აკაკი წერეთლისა, 1940 წ. გვ. 235).
![]() |
3.13.3 ფოთი |
▲ზევით დაბრუნება |
ფულით ვერ ძღება დღეს ფოთი,
ვით დიდმუცელა პოღოზი;
სულ ოცნებაა იმისი -
რკინის-გზები და ბოღოზი!..
შემწვარი კიბოს სუნით ჰყარს,
დაბერდა, როგორც პაპია!
ოჰ! ოჰ! რა დიდი სვავია, -
უზომოდ ფულის-ყლაპია!
სიცრუით ბევრსა გვპირდება...
ამბობენ: გვიხვევს თვალსაო;
შტუკმეისტრებსა ამდიდრებს
და ხალხს-კი ადებს ვალსაო!
ნეტავ რას ჩავცივებივართ
ამ ბებერს გამომხრჩვალსაო,
არა სჯობია, კავკასი
შეუდგეს სხვა გზა-კვალსაო?
ვით სპილო არ მრწამს სპილოდა,
თუ აღარა აქვს ხორთუმი, -
ისე კავკასი კავკასად,
თუ არ ექნება ბათუმი!
ჭოროხი ჩვენს ძველ დიდებას
წაიღებს, შავს ზღვას შერთავსო,
თუ დაგვეკარგა ის წყალი,
ჩვენს „ვაის“ „უის“ შერთავსო!
ზედ იალბუზზედ შემდგარი
ქართლოსი ამბობს ამასო,
და როს იქნება, შვილებმაც
ერთხმად მივსძახოთ მამასო!..
ორაზროვანი ღიმილით
შენც ხომ ყურს უგდებ, აჭარა?..
ძველ დროში ჩვენო ძმა ტკბილო,
რომელს ძმად გხედავთ აწ არა!..
[1872 წ.]
ფოთი (I, 119). დაიბეჭდა 1872 წ.
- დროება 1872 წ. 14 ივლისი №27 (ჩართულია პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
![]() |
3.13.4 ფარშავანგი |
▲ზევით დაბრუნება |
უცხოს წალკოტს და მშვენიერს
აღყვავებულს მრავალფერად,
სადაც იადონი უმღერს
საამოდ და გულსაძგერად,
ერთი ფარ-შავ-ანგი გვყვანდა,
მოსაწონი, დახატული,
კვერცხის დება არ იცოდა,
ჰქონდა მხოლოდ კარგი გული!
საარაკო ფრინველს ჰგავდა,
მას ვუმღერდით, მას ვაქებდით;
მაზედ ცუდს ვინც გაბედავდა,
ბატის ფრთებზედ ავაგებდით!..
დრომ ვერ დასდო მას თვის კვალი,
დარჩა, როგორც იყო, ტკბილი;
ახალგაზრდათ წმინდა თვალი
მისკენ იყო მიპყრობილი!..
ერთს დღეს მოგვესმა ყიყლიყო,
აღარ გვესმა ტკბილი ჰანგი...
მიველთ, ვნახეთ, აღარ იყო
ბაღში ჩვენი ფარ-შავ-ანგი!..
ნაცვლად მისსა დათვი დაგვხვდა,
მას თან ჰყავდა ორი ბელი!..
მაშინ მივხვდით: საქმე წახდა!
შემოვირტყით თავში ხელი!..
მას აქეთ, შეწუხებული,
ფარ-შავ-ანგს ვეძებთ მწუხარე,
მას ვიგლოვთ გულდაწყვეტილი
და ცრემლები გვდის მდუღარე!
გვასწავლეთ, საით გაფრინდა
ის ჩიტი ღვთით-მადლიანი,
და მოგვაშორეთ, არ გვინდა
ეს დათვი ორ-ბელიანი!
[1872 წ.]
ფარშავანგი (1, 121). დაიწერა და დაიბეჭდა 1872 წ.
- დროება 1872 წ. 28 ივლისის №№29 (ჩართულია პროზაში: „ახმედ-ფაშა კახაბერი“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, 1, 1912 წ. -
ლექსი „ფარშავანგი“ (ჩართული ალეგორიულად დაწერილს ფსევდო-ნეკროლოგში: „ახმედ-ფაშა კახაბერი“), აგრეთვე ლექსი „ხარაბუზა ღენერალს“ (68-ე) და ლექსები ჩართული „პატრიოტის აღსარება“-ში („კოღო-ბუზო ჭიანჭველო“ - იხ. ქვემოთ, მე-90), - დაწერილია „მამათა“ და „შვილთა“ ცნობილი პოლემიკის დროს წარსული საუკუნის 70-იან წლებში. ამ პოლემიკის შესახებ იხ. მოგონება თვით აკაკისა (ავტორის შენიშვნები, I, გვ. 864).
აკაკის აქ დასახელებული ლექსებიდან პირველი ორი ლექსი „ფარშავანგი“ და „ხარაბუზა ღენერალს“ დაწერილია 1872 წელს, როდესაც გრიგოლ ორბელიანმა გამოაქვეყნა პამფლეტი „პასუხი შვილებთა“, რომელიც ხელნაწერად გავრცელდა. ხოლო როდესაც 1874 წელს გროგოლ ორბელიანმა ეს პამფლეტი დაბეჭდა ცისკარში (- ოდნავის შერბილებით), აკაკიმ უპასუხა ფელეტონით „პატრიოტის აღსარება“ (დაიბეჭდა გაზ. დროებაში 1875 წ. 8 იანვარს, №4).
![]() |
3.13.5 ხარაბუზა ღენერალს |
▲ზევით დაბრუნება |
იარანალ-ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
დაგიკარგავს შენი მუზა!
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
სამასხარო მოედანზე
გამოსულხარ, დგეხარ განზე,
საქდები კანზე, მღერ-საგანზე -
შენგან უცნობ „ანა-ბანზე“,
...რომ არ არის ეგ შენი გზან?!
ვაი, ჩვენო ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
გაგფრენია შენი მუზა!
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
რას აკეთებ? გიკვირს განა,
რომ შეამკე ლოპიანა?
ჩვენ არ მოგვწონს შენისთანა
ენა-წმინდა, გულ-სატანა.
...ორპირობამ გაგატუზა?
ვაი, ჩვენო ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
რად გაჰკიცხე შენი მუზა?
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
ჩვენთან ტკბილო, ვით შაქარო,
ტკბილ ლექსების ფეიქარო!
აქაცა ხარ, იქაც ხარო,
გულფუტურო და თავქარო!
...ირხევი, ვით დამჭკნარი ბზა,
იარანალ-ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
ძაძას იცვამს შენი მუზა!
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
პოლიტიკა სპარსეთისა
გისწავლია, გიკვირს ისა, -
სხვამაც მიტომ შეგითვისა:
ჩუმად გატენია ქისა...
...თვით მოლა ხარ ჰაჯი-მუსა!
საცოდაო ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა!..
აღარა გყავს შენი მუზა!..
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!..
ვაჟკაცობა არც შენ გიყვარს,
ვერც აიღებ, ვგონებ, შენ ყარსს,
სიტყვით სამსონს, საქმით საპყარს,
ამ ბოლო დროს სიტყვაც გიყვარს.
...მაგრამ ჩვენც გვაქვს „ის“ შენთვის მზა,
იარანალ-ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
რად დაჰკარგე შენი მუზა?
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
მიბრძანდებით, გატყობთ, ქაბას,
მიტომ იცვამთ სპარსულ კაბას,
იქ დერვიშებს ეტყვით ქებას,
რომ მათ კუდი გამოგებას.
...ეხლა კი მიგიგნია გზა!.
ბარაქალა, ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
დაგიკარგავს შენი მუზა!
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
სადაც შრომობს რიონელი -
შენ ხომ იქ არა გაქვს ხელი?
შენებს ძველი, ჭკუათხელი
დიდყურაძეს ვაახელი
...და გვერდს დავუყენე გრუზა!
ასე, ჩემო ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
რად დაჰკარგე შენი მუზა?
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
სადაც იყო გოგიტელა,
იმას ენაცვალოს ყველა
შენისთანა ენაბრტყელა,
უსარგებლო ბელა-ბელა!
...ნუკრის მტკვერი კარკარ-ტუზა
მოგიხდება ხარაბუზა!
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
დაიკარგა შენი მუზა!
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
იმ ლიბერალს, ბურთივით მრგვალს.
რად უპრაწავ მრისხანედ თვალს?
ის იხდის ვალს და თქვენსა კვალს
არ აღირსებს თავის ნავალს, -
...თქვენსავით ვერ წაიკუზა,
იარანალ-ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
აღარა გყავს შენი მუზა!
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
ნოვღოროდის ლიბერალო,
ლოპიანას მომღერალო,
საათნავას ეშხით მთვრალო,
აწ კი უნდა შეგიბრალო,
...არ გაგხადო რომ ანდაზა!
საცოდავო ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
დაგიკარგავს შენი მუზა!
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
რადგან ერთ დროს იყავ კაცი
გულმტკიცი და გულმამაცი,
აკაკია არას გკადრებს,
ბაკაკიამ გითხრას: „აცი!“
...რომ მოსძებნო ისევ მუზა,
იარანალ-ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
დაიბრუნე შენი მუზა!
ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!
[1872 წ.]
ხარაბუზა ღენერალს (I, 123). დაწერილია 1872 წელს. ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
იმ ლექსთა შორის, რომლებიც დაიწერა ახალი თაობის წარმომადგენელთა - ილიას და აკაკის მიერ: „მამათა“ და „შვილთა“ პოლემიკის დროს, განსაკუთრებით დაუნდობელად არის დაწერილი აკაკის ეს პამფლეტი: „ხარაბუზა ღენერალს“.
ლექსი, ცხადია, ვერ დაიბეჭდებოდა, იმდენად თავისუფლად არის იგი დაწერილი, მაგრამ ხელნაწერად და ზეპირის გზით ეს ლექსი ფართოდ გავრცელებულა. თუ რამდენად პოპულარული გამხდარა ეს ლექსი, ამისი მაჩვენებელია თუნდ ისიც, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგაც ეს ლექსი ზეპირად ხსომებიათ. ლექსი პირველად გამოაქვეყნა პოეტმა ი. გრიშაშვილმა ვალერიან გუნიას, კოლა ერისთავის და ს. მერკვილაძისაგან ზეპირად განაგონის მიხედვით (იხ. ლიტერატურული გაზეთი 1935 წ. №5).
ჩვენს გამოცემაში ლექსი დაიბეჭდა აკაკის ავტოგრაფული ხელნაწერიდან (ავტოგრაფი I,16). ჩვენს განკარგულებაში იყო აგრეთვე ამ ლექსის პირი (L-2127/4), რომლის ტექსტი ავტოგრაფს უდგება.1
______________
1. ამ შენიშვნების ბეჭდვის დროს ამხ. შალვა რადიანმა გადმოგვცა ხელნაწერი კრებული (- გადაწერილი უნდა იყვეს წარსული საუკუნის 70-იან წლებში), რომელშიაც მოთავსებულია „მამათა“ და „შვილთა“ პოლემიკის შემცველი ლექსები: 1 ილია ჭავჭავაძის „გამოცანები“; 2. გრიგოლ ორბელიანის „პასუხი“: 3 ილია ჭავჭაძის „პასუხის-პასუხი“; 4 აკაკის „ხარაბუზა-ღენერალს“; 5 აკაკის „სიმღერა“ (- ამ სათაურით არის მოყვანილი ლექსი „ფარშავანგი“). - ლექსს „ხარაბუზა ღენერალს“ ამ ხელნაწერში მოწერილი აქვს დაწერის თარიღი: 7 თებერვალი, 1872 წელი, ქუთაისი.
![]() |
3.13.6 აღარ გვაქვს გრძნობა |
▲ზევით დაბრუნება |
აღარ გვაქვს გრძნობა, დავკარგეთ გონი,
გაგვიქრა სული მამა-პაპური!
ჩინი შეგვექნა ჭკუის საწონი
და ძმობის ნაცვლად - ბოროტი, შური!
ადგილი იგი, სადც ჩვენს წინაპარს
სისხლი უღვრია თავგანწირულსა,
შვილთ გვეზიზღება დღეს, აღარ გვიყვარს
და ვერ გვიხურებს გაყინულს გულსა!..
იქ, სადაც ძველად ქართველი ქართველს
ხელს მიაწვდენდა ძმურად, საშველად,
დღეს იქ ქართველი ყელში უჭერს ხელს
თვის მოძმეს სულის ამოსახდელად!..
ჯერ მოჰკლავს ტანჯვით და დევნით საწყალს,
მერე მოვა და ზარით იტირებს,
აასრულებს ის უკანასკნელს ვალს,
ფარისევლობით მჭვრეტელს აკვირვებს!..
ფარისეველო! გაუტანელო!
სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო,
ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო!
რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო?!
რისთვის გაჰყიდე?.. მაგრამ კითხვა ღირს?!
განა ეს ისეც არ შეგვიტყვია:
მხოლოდ ის ჰკურნებს ქართველისა ჭირს,
თუ თავის მოძმეს გულში ჰკრა ტყვია!..
დავკარგეთ გრძნობა, აღარ გვაქვს გონი,
გაგვიქრა სული მამა-პაპური!
ჯილდო შეგვექნა ჭკუის საწონი
და ძმობის ნაცვლად - შური და შური!..
[1872 წ.]
აღარ გვაქვს გრძნობა (1, 126). დაიბეჭდა 1872 წ.
- დროება 1872 წ. 25 აგვისტო №33 (ჩართულია პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ჩემი ნაწერები, 1, 1912 წ. -
დროებაში მე-6 სტროფის პირველი სტრიქონი დაბეჭდილია ამ-რიგად:
„რისთვის გაჰყ...? მაგრამ კითხვა აღარ ღირს!“
პოეტს ამ-რიგად გადაუკეთებია ეს სტრიქონი, რადგან ცენზორს არ გაუშვია ნამდვილი ტექსტი:
„რისთვის გაჰყიდე?.. მაგრამ კითხვა ღირს?!“
![]() |
3.13.7 განჰქრენ ჟამნი |
▲ზევით დაბრუნება |
განჰქრენ ჟამნი ოცნების,
რაც მრწამდა, აღარ მჯერა!
ბაგეთ არ ეკოცნების,
აღარც გულს გააქვს ძგერა!
აწ თვალნიცა სწორმხედნი
ვარდშიც სჭვრეტენ ეკალსა!
სოფელო! ვეღარ მხედნი:
ორგზის ვერ ვიხდი ვალსა!..
გინდა, რომ მომევლინო
ათასფერ მაღალ ნიჭად,
ნუ ჰფიქრობ შემაცდინო,
მაინც მექმნები იჭვად!..
თუ მეჩვენე საყვარლად
და ამიძგერე გული,
ღიმილით გეტყვი ტკბილად:
„ბატონო, არ მაქვს ფული!“
არ მომიცდი მაშინა,
ტყვილად არ დაღალდები!
ვით რკინის-გზის მაშინა,
სხვისკენ წასრიალდები!
თუ მეჩვენე მეგობრად,
ნახე სახლის კარები,
ფულს გთხოვ... გაგიხდი უბრად:
ვეღარ მომეკარები!
თუ მოდი ნათესავად,
საწყლობას მოვიგონებ,
და შენც, რა მნახავ ავად,
აღარ მომიცდი, ვგონებ!..
როგორც გინდა გვეჩვენო,
ცხადად, გინდ მოლანდებით,
ერთგზის ნაცნობო ჩვენო,
გიცნობთ, ვინცა ბძანდებით!
სიჭაბუკე შორს-ღა ჰფრენს,
მას გაჰყვა ქარი-მარი,
და აწ ვეღარ შეგვაცდენს
შენისთანა სტუმარი!
განჰქრენ ჟამნი ოცნების,
რაც მრწამდა, აღარ მჯერა!..
ბაგეთ არ ეკოცნების
და აღარც გულს აქვს ძგერა!
[1872 წ.]
განჰქრენ ჟამნი (I. 127). დაიბეჭდა 1872 წ.
- დროება 1872 წ. 25 აგვისტო №33 (ჩართულია იმავე პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
![]() |
3.13.8 ჩიტუნიები |
▲ზევით დაბრუნება |
ჩიტო! ჩიტუნიებო!
შინ ღომის წუნიებო,
სხვის სახლში შაქრის ჭამით
არ გახდეთ უგუნებო!
ნუ გსურსთ სხვისი ალერსი,
პატივი უკეთესი!..
ეგ სულ ვაჭრული არის
ანგარიში და წესი,
თორემ პირადობითა,
საკუთარ მინდობითა,
არავინ არ გაგიტანსთ
არც ძმობით, არც დობითა!
თავზედ რომ ვარდს გადებენ,
ქვეშ ეკალს გიმზადებენ;
სულ სტყუიან, იცოდეთ,
რასაც რომ გიქადებენ.
ნახავთ ერთს დღეს თქვენც საზარს,
ფეხზედ შეგსხნიან ბაწარს,
საცინლად აგიგდებენ
და გიჩვენებენ თქვენც კარს.
მაშ სჯობს, ჩიტუნიებო,
შინ ღომის წუნიებო,
სხვის სახლში შაქრის ჭამით
არ გახდეთ უგუნებო!
[1872 წ.]
ჩიტუნები (I, 129). დაიბეჭდა 1872 წ.
- დროება 1872 წ. 1 სექტემბერი №34 (ჩართულია პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. || ავტოგრაფი K-45 (სათაურით: „ჩიტებს“).
![]() |
3.13.9 სავლე |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც პირველ ჭეშმარიტებას
დაქადაგებდენ მოციქულები,
უარსა-ჰყოფდენ უღირს დიდებას,
სიწმინდით სძგერდა-რა მათ გულები;
დაბად და დაბად და ქალაქებად
ჭეშმარიტებას ხალხს ახარებდენ,
ავს საგინებლად და კარგს საქებად
დაუფარავად აღიარებდენ; -
მაშინ კერპებმა განიფრთხეს ძილი,
რადგანაც ნათელს ერჩიათ ბნელი,
და მოციქულებს სწამეს-რა ცილი,
მათ სადევნელად ამართეს ხელი!..
მაგრამ ქადაგნი შეუპოვარად
აღიარებდენ ჭეშმარიტებას,
თავგანწირულნი მარად და მარად
შეურაცხჰყოფდენ მათს ბოროტებას!..
და მით კერპები გამძვინვებული
ვეღარ ჰფარავდენ თვის მახინჯობას!..
უიმედობით უძგერდათ გული,
სჭვრეტდენ მოციქულთ რა გამარჯვებას!..
გასტყდენ კერპები! ერთი მათგანი,
თავკაცთაგანი, სახელად სავლე,
გამოიცვალა-რა მან საგანი,
ახალის სჯულის იქმნა მოსწავლე!..
აღიარა-რა ჭეშმარიტება,
ნათელს მიჰმართა, განვიდა ბნელით,
და თვით დაიწყო მან ქადაგება
მოციქულისა პავლეს სახელით!
სავლეებს ჩვენშიც ბევრს ვეგულები,
ცრუ აზრი მართლად რომ შეიცვალონ,
მაგრამ სადა გვყავს მოციქულები,
ჭეშმარიტება რომ მათ ასწავლონ?
[1872 წ.]
სავლე (I, 130). დაიბეჭდა 1872 წ.
- დროება 1872 წ. 13 ოქტომბერი №40 (ჩართულია პროზაში „შავ-შავი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. -
![]() |
3.13.10 ორი სურათი |
▲ზევით დაბრუნება |
საფლავებრ ბნელი მაისის ღამე
გადასწოლია მძინარ ბუნებას,
რომელიც თითქმის მთლად გაუმსჭვალავს
ჯოჯოხეთურსა უცნაურ ვნებას!
ყოვლგან ხელმწიფობს მკვდრული სიჩუმე...
მხოლოდ ხანდახან ისმის კივილი
და მას პასუხს სცემს რაღაც ფრთქიალით,
როგორც ტვინის წვას, გულის ტკივილი!..
ნეტავ რა ხმაა ეს საზარელი?
კუდიანებს ხომ არ ეძახიან
ბრუტსაბძელაზედ და ისინიცა
ბატონ როკაპთან მიისწრაფიან?
არა! საზარი და შავბედითი
ეს ხმა ზარნაშოს კივილი არი,
და ნანგრევიდგან მეღამურები
გამოფრინვიან ამ ხმით დამფრთხარი.
წყევის ბეჭედი აძევს ბუნებას!..
მთლად დაუტვირთავს ის შეჩვენებას!..
არარაობა სჯობს ამ არსებას
და ტანჯვით შფოთვა - ამ მოსვენებას!..
მაგრამ უეცრად მთის გადაღმიდან
გამოჩნდა მთვარე სხივმომფინარე,
მასთანც მუდამი მისი თანმსრბოლი
მცირე ვარსკვლავი მოსხივცისკარე!
თვის შუქით ჰკურნებს ტანჯულ ბუნებას,
მშობლურ ალერსით სჭვრეტს მომცინარე!..
მით მოუბრუნდა ბუნებას მაჯა
და სულს იბრუნებს მთლად არემარე!..
ყოველ სულდგმულსა, ყოველ მცენარეს
ერთბაში ტკბილი აქვსთ გულის-ძგერა!..
ყვავილნი ფშვინვენ სუნნელებასა
და ბულბულთ იწყეს ჩვეულებრ მღერა.
ნიავი უქრის, მცენარე თავს ჰხრის,
ფოთოლს საამოდ გააქვს შრიალი!
მიკვირს, ბუნება რად იტანჯოდა,
თუ თვით ჰქონია ამდენი ძალი?!..
ვგონებ, მაგალითს გვაძლევს ბუნება:
ჯერ უნდა ვნახოთ ჩვენ განსაცდელი,
რომ მით, გვირგვინი გამოცდილების,
ბოლოს ვიხილოთ ბნელით ნათელი!..
მაგრამ ძნელი ხარ შენ, განსაცდელო!
ვინ გაგიძლოს შენ, თუ არ რჩეულმა?!
აურაცხელი და უწონელი
ვით აიტანოს ტანჯვა გლახ-გულმა?!..
შენი მებრძოლი, სულით ობოლი,
ბევრი გვინახავს მშვილდებრ ღუნული,
და, რომელიც-კი არ მოგღუნვია,
დაგიმტვრევია, როგორც ყინული!..
შემცნეული მაქვს მეც შენი ძალა,
რასაც მექადის, ვხედავ, მე ბედი,
მაგრამ დავიმტვრე, არ მოვიღუნვი,
მსურს, მატყუებდეს მისთვის იმედი!..
თუმცა კრული მაქვს აწმყო არსება,
მეხსიერებაც, ყოველს ჩემს წარსულს
ზარნაშოსავით რა თავს დასძახის,
ტვინსა მიდუღებს, მით მიშფოთებს სულს;
და მის ხმაზედა შავი ფიქრები,
ვით მეღამურა, თავზედ დამფრენენ
და, აწმყოს წარსულს რა უერთებენ,
ბნელზედ ორკეცად უკუნს მაფენენ!
მაგრამ მე მაინც სრულ იმედითა
ველი იმ მთვარეს და იმ ვარსკვლავსა!
მოვტყუვდე, მაინც არ მოვიღუნვი
და ჩავალ სწორი სწორსა საფლავსა!
1872 წ., 15 ოქტომბერი,
ქვაშიხორი.
ორი სურათი I, 132). დაწერის თარიღი: 1872 წ., 15 ოქტომბერი, ქვაშიხორი1 დაიბეჭდა 1873 წ.
- კრებული 1873 წ. №3. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
________________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია კრებულში.
![]() |
3.13.11 სხვადასხვაგვარი სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
ქართლელ ქალმა სიყვარული
ტრფიალებით გამოხატა,
კაცის გული რკინად სახა,
თვისი მასზედ ანდამატა.
იმერელმა კი ამ გრძნობას
ანგარიშიც დაუმატა, -
სთქვა: „თუ კაცი თაგვი არის,
ქალი უნდა იყოს კატა,
„რომ კუდქნევით და კრუტუნით
შეაცდინოს, დაიჭიროს,
ხან შეიპყრას, ხან გაუშვას,
ხან აცინოს, ხან ატიროს;
არც მოჰკლას და არც არჩინოს,
მით მჭვრეტელი გააკვიროს,
და, მსხვერპლი რომ დაუჭლექდეს,
მერმე სხვებზედ ინადიროს!“
მეგრელმა სთქვა: „სიყვარული
უნდა იყოს დაფარული, -
ტურასავით ფაცხაში ძვრეს,
თუ დაუხვდეს კარ-ხურული;
მაჟვაბელად თავს დამაწვეს,
მით დამიფრთხოს ტკბილი რული
და მთელ ღამეს მაცოდვილოს,
ქმარმა ხვრინვით სთქვას მაყრული!“
გურულმა სთქვა: „სიყვარული
რას მიქვიან დაფარული?
გაბედული უნდა იყოს,
პირდაპირი, ვით შურდული!
გაუწყვეტის კავშირითა
გადააბას ორი გული,
შიგ ყვავილი ჩამისახოს
და მუდამი გაზაფხული.
„კაცი უნდა ლომი იყოს,
დედალ ვეფხვად მე დამსახოს,
მე ჩიტივით მეჭიკჭიკოს,
სხვებს ზარის ხმით შეუძახოს,
რომ მის შიშით ყველა ძრწოდეს,
ხელი ვერვინ ვერ შემახოს;
და ის ღმერთმა შეარცხვინოს,
ვინც ამგვარი ტრფობა სძრახოს!“
1872 წ.
სხვადასხვაგვარი სიყვარული (1, 134). დაწერის თარიღი 1872 წ.1 დაიბეჭდა 1873 წ. - კრებული 1873 წ. №2. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
__________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია კრებულში.
![]() |
3.13.12 სხვაგვარი ტრფობა |
▲ზევით დაბრუნება |
ქალო, ნუ იცხებს ფერ-უმარულსა,
ნურც იხუჭუჭებ შენ კეკლუცად თმას:
ვერ მომიმატებ მით სიყვარულსა,
ვერც გაადიდებ ამ ჩემს გულისთქმას.
დრო გადაგსვლია! არ ხარ ყმაწვილი!
გამოგიტყდები, ვერ დაგიფარავ,
გაკლია კიდეც საძირის კბილი...
ნუღარ ყმაწვილობ, წლებს ნუ იპარავ!
რა საჭიროა? რომ კარგად იცი,
ისეც მიყვარხარ გულაღელვებულს!
თუ შენ გიყვარვარ, რად გინდა ფიცი?
სცნობს საყვარელი საყვარლისა გულს!
საქვეყნოდ გეტყვი, რომ დაიჯერო:
შემსჭვალული ვარ მე სიყვარულით!
მსურს გული მხოლოდ შენთვის ვაძგერო
და გეტრფიალო სულით და გულით!
მისთვის მიყვარხარ, რომ შენ ხარ ქალი,
ჭეშმარიტების გრძნობით აღვსილი;
რომ აასრულე მშობელის ვალი
და გამოზარდე. მამულისშვილი!..
რომ ნანინაში შენს პატარა შვილს
არ უმღეროდი მრუდე მაღლობას
და სიყრმიდანვე იმ უმანკო ჩჩვილს
რომ არ აჩვევდი მით საძაგლობას!
ეტყოდი: „თუმც ხარ შენ ჩემი შვილი,
მაგრამ ეკუთვნი პირველ სამშობლოს!
შენ-კი მიიღე ღირსი სიკვდილი
და დედა-შენმა, დეე, იობლოს!
„უმეცრებისგან დამონებული
ვართ, შვილო! არ გვაქვს ჩვენში ჩვენ ბინა,
და შენ აივსე მათ შურით გული, -
ეს არის, შვილო, ჩემი ნანინა!“
სწრთვნიდი-რა შენ შვილს, აი, ამგვარად,
პატიოსნების გზა მოუპოვნე
და სიყვარული მამულის მარად
დედის რძესთანა თან შეაწოვნე!
მომეცი ხელი, გული მაქვს ცხელი!
რომ მოგეხვიო, მომეცი ნება!
შენ გენაცვალოს კეკლუც ყოველი,
ოხერიც იყოს მათი მშვენება!
მე შენ არ გეტრფი მშვენებისათვის,
არც თითები გაქვს ბროლივით თლილი!
მე გიამბორებ ხელზედ მისათვის,
რომ მაგით გეპყრა მამულისშვილი!
შენ მკერდს ვემთხვიო, მაქვს მე სურვილი,
თეთრი რომ არის - მისთვის კი არა!
არა... მისთვის, რომ მამულისშვილი
ჭეშმარიტ დედას მაგ გულში გეპყრა.
მაშ ნუღა იცხებ ფერ-უმარულსა,
ნურც იხუჭუჭებ შენ კეკლუცად თმას!
ვერ მომიმატებ მით სიყვარულსა,
ვერც გაადიდებ მით ჩემს გულისთქმას.
1872 წ.
სხვაგვარი ტრფობა (1, 136). დაწერის თარიღი 1872 წ.1 დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 5 ოქტომბერი №210. ||თხზულებანი I, 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ბაგრატ დიდი და სხვა ლექსები 1911 წ. || რჩეული ლექსები III, 1912 წ. || ჩემი ნაწერები II, 1913 წ. -
ეს ლექსი ორი რედაქციით არის წარმოდგენილი:
პირველი რედაქცია წარმოდგენილია დედნებში: დროება (1880 წ.), თხზულებანი (1893 წ.) და ჩემი ნაწერები (1913 წ.). - მეორე რედაქცია - დანარჩენ დედნებში.
ჩვენი გამოცემის ძირითად ტექსტში დაიბეჭდა პირველი რედაქცია. მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და უფრო მართებულია ამ ლექსის საბოლოო კანონიკურ ტექსტად მეორე რედაქცია მივიჩნიოთ. მართალია პირველი რედაქცია განმეორებულია ყველაზე გვიანდელს გამოცემაში „ჩემი ნაწერები“ 1913 წ., მაგრამ ეს გამოცემა ძირითადში „თხზულებათა“ 1893 წლის გამოცემის უბრალო გადმონაბეჭდს წარმოადგენს. ხოლო სხვა გამოცემებში, ოომლებიც 1893 წლის შემდეგ გამოვიდა, და რომლებიც გადახედულია და რედაქტირებულია თვით პოეტის მიერ, ყოველთვის იბეჭდებოდა მეორე რედაქცია. ამის გამო, ჩვენი გამოცემის დამატებაში, განმეორებით მოგვყავს ეს ლექსი მეორე რედაქციის მიხედვით (იხ. დამატებანი, ტ. II, გვ. 536-537).
მეორე რედაქციის ტექსტი სრულად, ცენზურის კუპიურის გარეშე, დაცულია შემდეგს დედნებში: ა) ბაგრატ დიდი და სხვა ლექსები 1911 წ.; ბ) რჩეული ლექსები III, 1912 წ.
რაც შეეხება მეორე რედაქციის დანარჩენ დედნებს (სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ., სიმღერა აკაკისა 1903 წ.) - აქ ცენზურის მიერ ამოღებულია მე-6 სტროფი:
„[უცხო ხალხისგან დამონებულნი
ვართ, შვილო, არ გვაქეს ჩვენში ჩვენ ბინა;
იზარდე მათ მტრად, არისხე გული. -
ეს არის ჩემი ტკბილი ნანინა.]“
ხოლო პირველი რედაქციის დედნებში (დროება, თხზულებანი I. ჩემი ნაწერები II) - ეს სტროფი თუმცა არის, მაგრამ გადაკეთებული სახით; პოეტი იძულებული გამხდარა, ცენზურის მიზეზით, შეეცვალა ტექსტი ამ-რიგად:
„უმეცრებისგან დამონებული
ვართ, შვილო! არ გვაქვს ჩვენში ჩვენ ბინა,
და შენ აივსე მათ შურით გული,-
ეს არის, შვილო, ჩემი ნანინა!“2
______________
1. დაწერის თარიღი - 1872 წელი - აღნიშნულია დროებაში. ხოლო გვიანდელს გამოცემაში „სულიკო და სხვა ლექსები“ თარიღად ნაჩვენებია 1862 წელი. (არაა გამორიცხული, რომ აქ კორექტურული შეცდომაც იყვეს).
2. ცენზურის მიზეზითვე არის შეცვლილი პირველი რედაქციის დედნებში გამოთქმა: „ჭეშმარიტების გზა მოუპოვე“.
![]() |
3.13.13 მუხამბაზი |
▲ზევით დაბრუნება |
ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,
სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.
არ მშორდება მწუხარება და ჭირი,
მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი.
რას მიქვიან პირადი მწუხარება?
მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!
ვიღას ახსოვს თავისი სატკივარი,
თუ სატრფოც ჰყავს იმ დროს მას ცოცხალ-მკვდარი?
მაგრამ იცით, ჩემი სატრფო ვინ არი?
- ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი!
ფეხშიშველა, თავზე ლეჩაქახდილი,
უგრძნობლად ჰხდის საწყალს საღათას ძილი!
თავს ვადგივარ მისი ჭირისუფალი;
თუმცა გულს მწვავს მწუხარების მე ალი,
მაგრამ მაინც ვიცინი სამნაირად,
და მჭვრეტელთაც ესა აქვთ გასაკვირად:
„ჭირისუფალს მხოლოდ ცრემლი შვენისო!
ეს იცინის!.. როგორ არა რცხვენისო?!“
რა იციან, რომ ეს გული მკვდარია!..
რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზე მწარია!..
[1872 წ.]
მუხამბაზი (I, 138). დაიბეჭდა 1872 წ.
- კრებული 1872 წ. №10-11-12. || სალამური 1893 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I, II, III, - 1908 და 1912 წწ. -
![]() |
3.13.14 გამოსალმება |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო ჩანგო, ობოლ-მწირო,
ჩემის უბედობის ძირო,
მტრებისაგან ქვებ-ნასროლო,
მოყვრებისგან განაწირო!
გეთხოვები შენი მონა...
ვერ მოგიმკე ვარდის კონა!..
ნაცვლად ეკლის თაიგული
გიძღვენ მწარ-სიცოცხლის წონა!..
ვის ვსტიროდით ჩვენს არეში
ან დღე, ან ღამე - მთვარეში?
უპასუხოდ რად მივდივართ,
მეგობარო, სამარეში?..
რას ვკითხულობთ? შორს არ არი,
წავიდეთ, სამარის კარი!..
უკანასკნელად იჟღერონ
სიმებმა სიკვდილის ზარი,
რომ დამშვიდდეს გულის ვნება:
ერთ წამს ვნახო განსვენება
და ოცნებით დამეხატოს
მე ამგვარი მოჩვენება:
გამოჩნდეს ქართველი ქალი,
რომ ემოსოს კაცის ძალი
და მამულის სიყვარულის
გულში ედვას ტრფობის ალი!
მას ჭაბუკი აძლევდეს ხელს,
ვით თანამგრძნობს მის სასურველს,
და ორკეცის სიყვარულით
გადიოდენ ბრძოლისა ველს!..
რომ მათ ჰქონდეთ ერთი პირი,
ერთი ლხინი, ერთი ჭირი
და ერთად გამოეზარდოსთ
მამულისთვის შვილი გმირი!..
მაგრამ, ვაი, რასა ვჰსური?
თითქო ვიყო უსუსური!..
რად ვერ ვგრძნობ, რომ ოცნებითაც
ვერ იხარებს უბედური!..
ეჰ! გაჩუმდი, ჩანგო კრულო!..
სუ! ნუღა სძგერ, გულო წყლულო!..
და რაც მტანჯე, ის მაკმარე...
უშფოთველად გაქრი, სულო!..
1872 წ.
გამოსალმება (I. 139). დაწერის თარიღი 1872 წ.1 დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1980 წ. 18 ოქტომბერი №220. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები. II. 1913 წ. -
__________________
1. დაწერის თარიღი ნაჩვენებია დროებაში.
![]() |
3.13.15 ახალი სამართალი |
▲ზევით დაბრუნება |
კატა და ძაღლი
მორბის კატა, ვით ისარი,
ძაღლმა გამოუნავარდა!..
ოხ, რა კუდიანი არი:
არ-კი ხეზედ შეუვარდა!..
აბუძგული, კუდპრეხილი
ძაღლს მაღლიდამ დაჰფხუკურებს;
უღრენს მურა კბილღრჭენილი,
კუდის ქნევით რა შეჰყურებს.
კატუნია იმას ჭყავა,
რომ განსაცდელს თვალით ჰხედავს,
ძაღლი ხეზედ თუმც ვერ გავა,
მაგრამ ძირს ის ვერ მობედავს.
უცდის მურა მას ხის ძირში,
თაგვის მტერს, ნივრის წუნიას,
თუ ჩამოვა, შიგ ცხვირ-პირში
მიახტება ციცუნიას!
საწყალი ვინ დაიფაროს?
რა ქნას კატამ დატანჯულმა?
მაგრამ უეცრად იმა დროს
იქ გაიარა მსაჯულმა!..
როგორც ჩვენ გვყავს მსაჯულები,
პირუტყვთაც ისე ჰყავსთ ვირი;
პრისტავებად მათაც მგლები,
ადვოკატად მელა ძვირი!..
ვირმა, რაკი დაინახა
ჩხუბი ძაღლისა და კატის,
ბრძანების ხმით მიაძახა
ორთავ შოვნა ადვოკატის.
უთხრა: „მიკვირს, ჩხუბს ვით ჰბედავთ,
დაგავიწყდათ მსაჯულიო?
ახლა მაინც ხომ-კი მხედავთ,
დაიმშვიდეთ ჯერ გულიო!..
„უკანონოდ ნუ ირჯებით,
საჩივარი მომართვითო,
თორემ ორნივ დაისჯებით:
დაგიჭერენ თვითო-თვითო!..“
რა გზა ჰქონდათ!.. დაუჯერეს,
ვეღარ გაუბედეს ვარი:
დროთი ჩხუბი შეაჩერეს
და მიართვეს საჩივარი!
ეს საქმე რომ განეხილა,
მართლმსაჯული დაეჩქარა,
დრო დაუნიშნა „ხვალ დილა“
და ორივე დაიბარა...
თვითონ კი დაადგა შარას,
არავინ არ დაუძრახავს!..
ზოგ-ზოგ მსაჯულს მეტიჩარას
არ ჰგავს, ჩვენში რომ გვინახავს!..
აწ სად იყო და სად არა,
ეცა სუნი, გაჩნდა მელა!
ჰხედავს, რომ ჩხუბი ამტყდარა,
მოცუნცულდა ნელა-ნელა!..
ვითომც უეცრად იმ მხარეს
მან თავისთვის გაიარა;
მომჩივრებმა გაიხარეს
და მიმართეს მისკენ ჩქარა.
ორივე დიდი ვედრებით
მას მივარდენ, როგორც გიჟი,
მაგრამ მელამ შეფერებით
ჯერ გაიდვა თავ-პატიჟი,
მერე ძალით დაეთანხმა,
მაგრამ სთხოვა ბევრი ფული!
მურას არ იამა ეს თქმა
და დარჩა პირდაღებული!
ბოლოს უთხრა: „ეხ, ბატონო,
საქმე ჰქმენ ღვთის სასიამო...
ღარიბი ვარ და უღონო,
მე რა მაქვს, რომ შენ გაჭამო!“
- „არ გაქვს? ჩემი რა ბრალია?
მღვდელმა ტყვილა ვის უწირა?
რიგი და სამართალია,
ადვოკატს რომ მისცე ქირა!“
- „პატრონისგან განაჩენი
დღეში მაქვს მე თითო მჭადი,
ნახევარი იყოს თქვენი!“
მაგრამ მელამ უთხრა: - „წადი!..
„ეგ არის ცხადი დამცრობა
ჩემისთანა ადვოკატის!..
სჯობს, მოვისმინო პირობა
ისევ საცოდავი კატის!“
სთქვა და კატას მიუბრუნდა,
მურას შეაქცია ზურგი!..
აბა ადვოკატს რად უნდა
მოჩივარი მისი ურგი!?
კატამ დაუწყო: - „ბატონო,
ახალი სჯულის ჭახრაკო!
რა მაქვს, რომ შენ მოგაწონო?
და რა არის საარაკო
„თქვენის შრომის შესაფერი?
რაც მაქვს, სულ დასაწუნია!..
დაღარიბდეს თქვენი მტერი,
ვარ ღარიბი ციცუნია!
„მაგრამ, თუ მექმნა იმედი
თქვენ კრიმანჭულ-შობილების,
არ დამჩაგრავს ჩემი ბედი,
შემწე ჩემი ბრჭყალ-კბილების:
„კუპატებს, თევზებს და ყველებს
ჩემს პატრონს ხშირად მოვპარავ!
და ეს არც შენ დაგახველებს,
მოგართმევ, თუ დამიფარავ!“
მელამ რომ ეს გაიგონა,
წამოუდგა ნერწყვი პირში!
კატას თავი მოუქონა
და შველაც უქადა ჭირში.
უთხრა: ,,ყველა ნაქურდალი
ნახევარი ჩემი იყოს;
ვერას გიზამს სამართალი,
არავინ არ გაგაბრიყვოს!
ვერას იზამენ ჩემს საწყენს,
მსაჯულები მე ხელში მყავს!..
ისინიც რომ იღებენ ძღვენს,
ორჯერ-სამჯერ ჩვენც გვინახავს!“
ამ სიტყვით დააიმედა,
კუდი კუდში გაუყარა!..
საწყალმა ძაღლმა შეხედა
და ყურები ჩამოჰყარა!
გათენდა დილა თუ არა,
დაბძანდა მსაჯულად ვირი,
მოჩივრად წამოდგა მურა,
მოჰყვა თვისი გასაჭირი:
- „დიდშობილებაო ვირო,
თავდიდო და ყურებგრძელო,
ჩვენი მსაჯულების პირო,
როგორც სხვებრ, გვარითაც ძველო!
„ღარიბი ვარ, თქვენთ ფერხთ მტვერი,
არავინ მიადვოკატა,
ამით მჩაგრავს ჩემი მტერი,
ამას ჰხარობს დღეს ეს კატა!..
„თქვენვე იცით, არ გახლავარ
მელასავით ხერხიანი,
მაგრამ მოგახსენოთ, მზა ვარ
მე, საწყალი, შავდღიანი!
„არ გახლავარ მჭევრმეტყველი,
ენა მიხმება მწუხარეს;
მაგრამ თქვენის სიბრძნით ველი,
არ დასჩაგრავთ მართალ მხარეს!..
„რა ვქნა , თავი შეიწუხე!
მომისმინე ყურადღებით
მე და ჩემი მოპასუხე
ერთს ბატონს ვემსახურებით.
„ჩემი გვარი ადრევ, ძველად,
უსამართლო მსაჯულებმა
დაამტკიცეს ეზოს მცველად:
- დასჭამა ისინი მგლებმა! -
„მეც ეზო და მთლად სახლ-კარი
მაბარია, მაქვს ბრძანება;
ზაფხულია, თუ ზამთარი,
მაინც არ მაქვს მოსვენება!
„მთელი დღე და მთელი ღამე
ვყეფ მე ყურებ-დაცქვეტილი!
სად არის ჩემთვის სიამე!
ან სად არის ტკბილი ძილი?
„ზაფხულობით სიცხე მარჩობს,
ზამთარ-ზამთარი სიცივე მკლავს!
ერთგულობით ვერავინ მჯობს,
ჩემისთანა არვინ ახლავს!
„მაგრამ მაინც უმადური
პატრონი არაფრად მაგდებს,
და, რომ ვსთხოვო ლუკმა პური,
ცემით კარში გამომაგდებს.
„ახლა ნახეთ თქვენ ეს კატა,
ჩემი მტერი, ჩემი მკვლელი!..
ნეტავ ამან რა შემატა
და ან მე რა დავაკელი,
„ჩვენს ბატონს რომ ასე უყვარს
და მე-კი მადენს სიმწრის წვენს?
მე მიკეტავს ყოველთვის კარს
და ამას საწოლში იწვენს!
„ამას არ ვჩივი ხარბობით:
როგორც უნდა, ისე ჰყავდეს;
მაგრამ ამ კატის შარობით
მე ის რად უნდა მირტყამდეს?
შარშან ამ დროს, მარტის თვეში,
როცა კატები ჩხავიან,
მე ვიწექი კიბეს ქვეშა,
შუაღამის შემდეგ გვიან.
„მომესმა კატის ჩხავილი,
შევიტყე, იყო მამალი,
რადგან ხმა ჰქონდა მას მსხვილი...
აღარ გავახილე თვალი.
„ვსთქვი: ეს კატა გარეული
ჩვენს ციცასთან სიძედ მოდის,
იმისათვის უცემს გული,
ჩემთან რად მოიხდის ბოდიშს?
„ვსთქვი და დავაპირე ძილი.
მაგრამ უცბად გავიგონე
ქალბატონის მე ხმა ტკბილი,
შეფერებით თავმომწონე:
„ჩემო კატუნო, რა არი?
რას შემომჭყავი გარსაო?
გვერდს მიწევს მე ჩემი ქმარი,
შენ ვინ გაგიღებს კარსაო?“
„ამაზედ კატა აყვირდა:
„მიაუო!“ ვაის ხმითა;
ეს მე ცოტა გამიკვირდა
და როგორღაც არ დამიჯდა.
„ვიფიქრე თუ: ახლა ბნელა;
ეს რომ ბატონებს მიწუხებს,
ვუკბენ, მივეპარვი ნელა,
ამოვაკვეთინებ ფეხებს!
„რომ წამოვდეგი, მივედი,
კაცი დამხვდა კანკურაზი!
ავენთე, როგორც აბედი,
მომერია მაშინ ბრაზი!
„რბილ ადგილში ვსტაცე კბილი,
ღვარად სისხლი გავადინე,
ჩვენი ეზო და ადგილი
სიმწრით გადავარბენინე!..
„მეორეს დღეს თავმომწონედ
მე სასახლეში შევედი,
მაგრამ უცბად ქალბატონმა
თავზედ მხეთქა დიდი კეტი,
„და ვაჟბატონს ასე უთხრა:
„ამ ძაღლმა ის მიწყინაო,
რომ წუხელი აღარ დასცხრა
და კატა დამიკბინაო!“
„რა თქმა უნდა, ტკბილ სიტყვითა
ქმარს შეაცდენს ცოლი ფრახი,
და ვაჟბატონმაც რისხვითა
გადამიჭირა მათრახი.
„ამგვარად კატის შარობით
მე გადამწყდა განსაცდელი
და აწიცა ამგვარობით
ამისგან ბევრს ტანჯვას ველი.
„ეს პირველი საჩივარი!
აწ მეორეს მოგახსენებ...
მისგანა ვარ მე დამწვარი,
გული მტკივა, ვერ ვისვენებ:
„საფერისცვალობოდ ბატონს
ძღვნად მოერთვა ორაგული,
და მასპინძელსაც თავმომწონს
სიამით უძგერდა გული!
„სთქვა: „მეზობლებს დავპატიჟებ,
მოვხვდი ჩემს ძველის-ძველს ღვინოს,
სტუმრებს ყველას დავაგიჟებ,
მინდა ყველამ მოილხინოს!“
„თევზის მოხარშვა უბრძანა,
ხახვ-ნიგოზი ჩაანაყეს
და მთლად წვნიან-ფოჩიანა
ის თახჩაში შეინახეს.
„თევზის სუნმა გაამხეცა
ჩვენი ციცა... გაიწურა!..
აქეთ ეცა, იქით ეცა,
როგორც იქმნა, თევზთან შეძვრა.
„და მის ეშხით გაბრუებულს
აღარ ესმის: „აცხა! აცხა!“
აბა, კი იჯერებდა გულს:
რომ უნდოდა, ისე გაძღა!
„იქიდამ ძლივსღა გადმოხტა,
ღია დარჩა თახჩის კარი.
ახ, ღმერთო ჩემო, რა მოხდა!..
მთელს ოჯახს დაეცა ზარი!
„ვაჟბატონი აღრიალდა...
ჰყვირის: „ეს ვინ გამიბედა!“
ეს ქურდობაც მე დამბრალდა
და მაყვირეს: „ვაი, დედა!..“
„მე რომ ჯოხი მამწარებდა,
ვწუწუნებდი ცრემლის ღვრითა,
კატა სეირს მიყურებდა,
ულვაშების ცმაცურითა!..
„ბევრი რამ მახსოვს ამგვარი,
უფრო ბევრს აწიც მოველი,
თავსა თქვენ-წინ მისთვის ვიხრი
და ვარ სამართლის მთხოველი!“
ვირმა რომ ეს ასე ნახა,
სახეში მიიღო ყველა,
მოპასუხეს დაუძახა,
და მის ნაცვლად წარსდგა მელა.
თავი დაუკრა მსაჯულსა,
გრძელი კუდი გაუქნია!..
ვნახოთ, კატას გატანჯულსა
რა მოსარჩლე მიუგნია!..
ადვოკატმა ჩაახველა,
ჯერ ვითომ ხმა გაისწორა,
მერე მოჰყვა: - „ერთად ყველა,
ერთგვარად და თანასწორა,
„მტყუანი, გინდა მართალი,
თქვენს სამართალს თხოულობენ!..
ჰსურთ, ერთმანეთს დასდვან ბრალი
და გამტყუნებას სცდილობენ,
„მაგრამ თქვენის სიბრძნის ქება
სხვა ქვეყნებშიც გასულია!..
ვისაცა ჰსურს მოტყუება,
მისი საქმე წასულია!
„თქვენ, ბრძენო, მტყუანს და მართალს
ერთი შეხედვით შეატყობთ.
სიცრუით ვინ აგიხვევთ თვალს?
მტყუანს ანგელოზს დაუფრთხობთ!
„ჩვენ სხვა არავინ გვგონია
მსაჯულად თქვენი სადარი!..
ჯერ არვის გაუგონია,
რომ ყოფილიყოთ შემცდარი.
„მაშ ვერ გვაშინებს შავ-ბედი,
თუ თქვენ მოგვფინეთ სინათლე,
რადგანც ჩვენა გვაქვს იმედი,
რომ წინ მიგვიძღვის სიმართლე.
„სიცრუით მაბეზღებელსა
ძაღლს რაზედ მოსვლია გული?
ამ ჩემსა მარწმუნებელსა
რა აქვსო დანაშაული?
„ეს რომ უყვარს ამის პატრონს,
სულ ყოველდღე ეფერება:
ხან ყველს აჭმევს და ხან მაწონს, -
მურა მისთვის ემტერება?
„სწორედ ახირებულია!..
ტყვილა ხომ არ უგდებენ ყურს:
ესეც მათი ერთგულია,
ესეც იჩენს მათს სამსახურს!..
„ეგ ძაღლი თუ ეზოს იცავს,
ეს შინ იცავს სახლების ჭერს,
და დაუძინებლად სისხლს სვამს
თაგვებისას... ვით მტრებს, იჭერს!
„ღამ-ღამობით ფეხთით უწევს
ქალბატონს და შეჰკრუტუნობს;
არც ბრჭყალავს, არც რამესა ხევს
და არც მოსაკითხსა სწუნობს.
„თვითონც დახატული არი.
სუყველას თავს მოაწონებს,
დროზედ მარდი, დროზედ წყნარი...
მისთვის უყვარს მის ბატონებს!
„და სხვა, რაც კი შეეხება
ძაღლთან ამის პირადობას,
მურა უსაფუძვლოდ სწყრება,
ეწამება ღალატობას.
„სხვამ რომ კატის ხმით იძახა,
ჩვენც ვიტყვით, რომ მართალია,
ბატონმაც ძაღლი გალახა,
მაგრამ კატის რა ბრალია?
„საყვარლისთვის უკბენია,
ქალბატონიც დაემდურა!
ხომ არვის დაუსმენია,
და კატას რას ერჩის მურა?
„თევზი რომ შესანახავად
ბატონმა სხვას მიაბარა,
და კატა მოიქცა ავად,
რომ ის თევზი მოიპარა,
„მისთვისაც მურა გალახეს,
კინაღამ სული გალია?
ხომ არვის სდომებია ეს, -
და, მაშ, კატის რა ბრალია?
„პატრონების არის ნება
გალახვაც და მოფერება!
ძალობა ხომ არ იქნება?
კატას რისთვის ემტერება?!.
„ეს გახლავსთ, თუ მოიხსენებთ,
სულ კატის დანაშაული,
და თუ მაინც გაამტყუნებთ,
თქვენი ნება იყოს სრული!“
ვირმა ესეც მოისმინა,
შეიფერა, რა თქმა უნდა!..
გუნებაში ჩაიცინა
და ორივეს მიუბრუნდა:
- „თქვენში ვინ არის მტყუანი
და ან მართალი, არ ვიცი!..
გყავსთ მოწმები მოსაყვანი,
რომ მიიღონ იმათ ფიცი,
„და ისე სიმართლე თქვენი
თვითოეულად ამიხსნან,
რადგანც განჩინება ჩვენი
მსურს, რომ სხვაგანაც მართლად სცნან?“
კატა მარდად დაეთანხმა
და დანიშნა მოწმედ ტურა,
მაგრამ რა უნდა ქნას ძაღლმა?
დაფიქრდა საწყალი მურა
და მოახსენა ბატონ ვირს:
- „მელა ნიშნავს თვის მოძმებსო,
თორემ შინაურს, ეს მიკვირს,
ტურა როგორ უმოწმებსო?“
და სთხოვა გადაყენება,
მაგრამ ვირი ვერ მოიმხრო,
რადგანაც იმან ინება,
დაენიშნა ახალი დრო...
ეს დრო დიდხანს გაგრძელდება? -
როგორც ჩვენში, ერთის წლობით!
და საქმე რით გათავდება? -
კოცნითა და მასპინძლობით...
[1872 წ.]
ახალი სამართალი (ძაღლი და კატა) (I, 141). დაიბეჭდა 1872 წ. - (სათაურის მეორე ვარიანტი: „სამართალი. კატა და ძაღლი“).
- დროება 1872 წ. 3 ნოემბერი №43. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
ლექსს დროებაში დართული აქვს მიძღვნა: „ვუძღვნი კ. ნიკოლაძისას“.
აღსანიშნავია ერთი ვარიანტი დროებაში დაბეჭდილი ტექსტისა (24-ე სტროფი):
დროებაში დაბეჭდილია:
„მაგრამ თუ მექმნა იმედი
თქვენი მეგრულ-შობილების“
1893 და 1913 წლის გამოცემებში:
„მაგრამ თუ მექმნა იმედი
თქვენ კრიმანჭულ-შობილების“.
ამგვარი კონკრეტული ხაზგასმა დროების პირველ-ნაბეჭდ ტექსტში გვიჩვენებს, რომ „ადვოკატი“-ს სახით ამ ლექსში ნაგულისხმევია გარკვეული პიროვნება, რომლის ამოცნობაც კონკრეტულმა მითითებამ შესაძლოა გააადვილოს.
![]() |
3.14 1873 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.14.1 ჩემს მეგობარს |
▲ზევით დაბრუნება |
ხელში მიჭირავს შენი უსტარი,
ნუგეშად, სატრფოდ მონაწერია,
ბრძნულის აზრისა, გრძნობით დამტკბარი,
და მით ამ გულის ამაძგერია!..
მოგიწერია, ყველაზედ მეტო,
ჩემი წყლულების ტკბილო მალამო:
„გრძნობით აღვსილო, ჩემო პოეტო,
შენსა სევდასა ნუ მიმალავო!“
შენ არ მოსტყუვდი ჩემის ღიმილით,
სჩანს, გეყურება ამ გულის ძგერა!..
და მეგობრულის თანგრძნობით ტკბილით
გსურს მომისმინო მე აღსარება,
რომ ჩემი მჭკნობი, ჩემი მღალავი,
გლახ ჩემი ტვირთი გაიზიარო?
მაშ მოამზადე, თანმგრძნობო, თავი,
რომ შენცა ჩემთან ცრემლები ჰღვარო!..
წარსული, აწმყო და მომავალი
ჩემი არს ბრძოლა ჩემივე ბედის!
მით სისხლის ცრემლით მომერწყო კვალი
და სურვილიცა განქრა იმედის!
ძმათ სიყვარულით აღმევსო გული,
რა რომ შევიძელ ავ-კარგის ცნობა,
ვშრომობდი მათთვის თავგანწირული,
მაგრამ ვერ ვპოვე მათში თანგრძნობა!..
ვიდოდი ხალხში შეუპოვარად
პირბადიანი და მომღიმარი,
მაგრამ ჩუმად კი მიწურავს ღვარად
ოხვრით ნართავი ცრემლები მწარი!..
სულით და გულით ობოლი, მწირი,
ჩემთ დღეთა ისე ვათენ-ვაღამებ,
რომ სისუსტისგან თავს მაინც არ ვხრი
და უგუნურს მტრებს მით არ ვახარებ.
მაგრამ კაცი ვარ მეც ხორცშესხმული,
უბედურს წამებს მეც ხშირად ვმონებ,
და მაშინ, რომ კვლავ გამემხნეს გული,
სიმხნის მალამოდ მე შენ გიგონებ...
გიგონებ და კვლავ ისევ ხალისით
ჩემს მწარე მიზანს ვემსახურები
და განწმენდილის მე სინიდისით
საფლავისაკენ მივეშურები…
რადგანც ვიხილავ მე განსვენებას
უგრძნობლობითა იმ უმწარ-ტკბილით,
ბოლოს მოვუღებ რა მოთმინებას
საუკუნოსა უფსკრულის ძილით!
სადაც სიცოცხლით გაჭირვებული
გავხდები მე მყის მდიდარი მკვდარი,
რადგანც ჩემ ცრემლით დასოვლებული
იქ თან ჩამყვება შენი უსტარი!..
უსტარი ტკბილი, ცოცხლის ნუგეში,
უსტარი, ცივის მკვდრისა სიმდიდრე,
უსტარი, მყოფი ამ ჩემს უბეში,
რომლითც გიგონებ, ცოცხალ ვარ ვიდრე!..
[1873 წ.]
ჩემს მეგობარს (I, 152). დაიბეჭდა 1873 წ.
- კრებული 1873 №1 (ცენზურის ვიზა 26 აპრილს). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
კრებულში დაბეჭდილ ტექსტში ამ ლექსის სათაურია: „ჩემს მეგობარს ნ ... ს“.
![]() |
3.14.2 *** (წახდა ჩვენი ჭირნახული…) |
▲ზევით დაბრუნება |
წახდა ჩვენი ჭირნახული: ვერ მოვიმკეთ, რაცა ვთესით,
ჩვენი წაღმა დანათესი უკუღმა გვიფარცხეს ქეზით,
უწესურად გაგვილეწეს, რაც მოვიმკეთ უმალ კვნესით,
ფალიაზედ წყალს გვისხამენ, რაღას ვიზამთ ჩახმახ-კვესით!
მაგრამ მაინც ნუ დავსცხრებით, კვალს ვუყეფოთ ნელა-ნელა,
ეგებ ოდესმე გამოჩნდეს წარღვნის შემდეგ ცისარტყელა,
დაიქუხოს, დაიელვოს, გაგვინათლოს დღეს რაც ბნელა,
ახლის ტყავით შეგვიმოსოს - რაც შემთხვევამ დაგვიძველა.
[1873 წ.]
*** „წახდა ჩვენი ჭირნახული“ I, 154.
ლექსი ჩართულია ფელეტონში, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო გაზ. დროებაში 1873 წელს და რომელიც ცენზურას აუკრძალავს. შენახულა ანაწყობი საკორექტურო ფურცელი, რომელზედაც წარწერილია საცენზურო კომიტეტის დადგენილება: «Зaпpeщeно по определению цензурного комитета на заседаний 21 июня 1873 г.» ლექსი იბეჭდება აღნიშნული საკორექტურო ფურცლების მიხედვით (ამ-ჟამად დაცულია საქ. სახ. მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში 1475-H).
![]() |
3.14.3 რჩევა ახალგაზრდა მწერლებს |
▲ზევით დაბრუნება |
ააჭიჭინე აჭი-ბაჭია,
მართალს, ჭკვიანურს ნურას იმღერი,
თორემ გამოჰხრავს შენს ჩანგს, ვით ჭია,
ჭკუის მტარვალი ტვინმეისტერი.
როგორ არ იცი? ჩვენში მართალი
ისე წამხდარა და სცვლია ფერი,
როგორც ურიის მყრალი ფართალი!
ამას გვიმტკიცებს ტვინმეისტერი!
მაგრამ სიცრუეს და ორპირობას
მარად თაყვანს-სცემს ერი და ბერი,
და ვინც არა სცემს - სჩადის ვირობას!
ამას გვარწმუნებს ტვინმეისტერი!
შენ ხარ პოეტი, ცხოვრების სარკე,
სადაც იხატვის ყოველიფერი,
მაგრამ ნუ ხატავ ყველას, თავს არგე!
ნუ გადიმტერე ტვინმეისტერი!
„ყარყუმს რა მოჰკლავს? - თავისი ენა!“
ვინ გეხვეწება შენ, რომ იმღერი?
ყველას მაგისთვის ჰსურს შენი წყენა
და მას გიწყრება ტვინმეისტერი!
შენ თუ ხალხს სძულხარ, შენ რაღად გიყვარს?
წყალმაც წაიღოს მთლად ქვრივ-ოხერი!
შენ რა გატირებს? რად მოჰყვები ზარს?
ამას გიწყრება ტვინმეისტერი!
ტყვილად ნუ სცდილობ დიდკაცის გმობას,
გინდ მამულისაც იყოს ის მტერი,
თორემ შესცდები, ვფიცავ შენს ძმობას,
და გაგიწყრება ტვინმეისტერი!
სჯობს, ნუ დასცინებ ხელჯოხიანებს,
გინდა შიგ თავშიც უფრენდესთ მწყერი,
თორემ იცოდე, რომ გაზიანებს
და გაგიწყრება ტვინმეისტერი!
ხალხში სამართალს ტყვილა ნუ ელი!
თუ გსურს არ მოჰკვდე ჩვენში მშიერი,
ფარისევლობას მიჰყავი ხელი
და მოგიწონებს ტვინმეისტერი!
ხელჯოხიანებს სიტყვა თუ ფული
წინ დაუყარე, როგორც ცხენს ქერი,
თუ გსურს მოიგო იმათი გული
და ასიამო ტვინმეისტერი!
დიდკაცს რომ შეხვდე, წინ გაუგორდი,
ზურგით ასწმინდე მის ფერხთა მტვერი,
უმცროსი სჩაგრე, ტოლს გაუსწორდი
და დაგიმადლებს ტვინმეისტერი!
ბანზე შეაგდე შენი კალამი,
რომ დაეყაროს ბლომად მას მტვერი,
თუ გსურს მიიღო ხალხის სალამი
და შეირიგო ტვინმეისტერი!
ააჭიჭინე აჭი-ბაჭია!
მართალს, ჭკვიანურს ნურას იმღერი,
თორემ გამოხრავს შენს ჩანგს, ვით ჭია,
ჭკუის მტარვალი ტვინმეისტერი!
[1873 წ.]
ავტორის შენიშვნები
განსვენებული დავით ერისთავი, დრამების გადამკეთებელი, მეტად გულწრფელი და კეთილი კაცი იყო. ამას შემდეგი ამტკიცებს. როცა ის ოდესაში სტუდენტი იყო და ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, თურმე მე იმას საშინლად ვეჯავრებოდი და ვსძულდი. ეს მწერლობითაც აღნიშნა განსვენებულმა: დამიწერა ლანძღვა-კრულვის ლექსი, სადაც გველიც კი მიწოდა და სხვ. მე, რასაკვირველია, ხმაც არ გამიცია. ოდესიდან რომ დაბრუნდა, მაშინ-კი ძალიან ვერიდებოდი, რადგანაც ვიცოდი, რომ არ ვესიამოვნებოდი. ერთხელ მოულოდნელად შემოვიდა ჩემთან, ცოტა ფერმიხდილი, და დამეკითხა:
- მიმიღებო?
- რატომ არა? დიდის სიამოვნებით, - ვუთხარი მე, - ყოველგვარი ნიჭი მიყვარს და პატივისმცემელი ვარ!
- კი, მაგრამ მე რომ ცუდად გიხსენიებდი?!
- ეგ შენი საქმეა!.. ალბათ ცუდად მიცნობდი...
- საქმეც ის არის, რომ სულაც არ გიცნობდი!.. მხოლოდ განაგონებით მყავდი წარმოდგენილი.
- ახლა?
- ახლა-კი თვალ-ყურს ვადევნებ შენ ნაწერებს და ვრწმუნდები, რომ ახირებული კაცი ხარ, მაგრამ საგმობელი-კი არა! ახლა მიტომ შემოველ შენთან, რომ ბოდიში მოვიხადო და სიყვარულით შევეხო იმ ხელს, რომელმაც ეს ლექსი „რჩევა ახალგაზრდა მწერლებს“ დასწერაო.
მითხრა და გამომიშვირა გაზეთი, სადაც ეს ლექსი იყო დაბეჭდილი. იმ დღიდან მეგობრები ვიყავით ერთმანეთის და ისიც, როგორც მეგობარი, მირჩევდა ხოლმე, იმერულად ნუ სწერო!..
რჩევა ახალგაზრდა მწერლებს (I, 155). დაიბეჭდა 1873 წ.
- კრებული 1873 წ. №3 (ცენზურის ვიზა 17 ივლისს). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
ამ ლექსის შესახებ იხ. აკაკის შენიშვნა (ავტორის შენიშვნები, ტ. I, გვ. 862-863).
![]() |
3.14.4 სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
დაგვიზამთრდა, სუსხმა დაგვკრა,
ტკბილ-ტაროსი შეგვეცვალა
და უწყალო ქარიშხალმაც
აორკეცა თვისი ძალა!
ვინც თვისტომის ტყავისაგან
შეიკერა ქურქი თბილი,
მას სიცივე ვერას ავნებს
და ცხოვრება ელის ტკბილი.
მაგრამ რა ქნას, ვისაც ამ გზით
არ უკერავს სამოსელი,
სიცივე რომ მიადგება
და შიმშილი, კუჭის მწველი?!
სჯობს, მიჰბაძოს იმან მერცხალს:
სიცივეს თუ შეუშინდეს,
გაეშუროს დასავლეთით,
ფრთა გაშალოს, გადაფრინდეს;
საზრდო მისცეს სულსა და გულს,
მით სურვილი დაიმწიფოს;
და, როს ზამთრის შეუპოვრად
თვისი ღონე მოიკრიფოს,
მაშინ ისევ გადმოფრინდეს,
აჭიკჭიკდეს, ვით მერცხალი,
რომ სხვებმაც სთქვან: „გაზაფხული
ახლო არის მომავალი!“
დე, დაზამთრდეს, სუსხმა დაგვკრას,
ქარიშხალმაც გვბეროს ველით, -
ზამთარი ვერ შეგვაშინებს,
თუ გაზაფხულს კი მოველით!
[1873 წ.]
სიმღერა (I. 157). დაიბეჭდა 1874 წ. (ცენზურაში წარდგენილია 1873 წელს).
- კრებული 1873 წ. №10 (ცენზურის ვიზა 1874 წ. 1 იანვარს).|| თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.14.5 სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
სიყვარულო, ნიჭო სრულო!
ვის აგდებ და ვისკენა ჰფრენ?
ბრმად დახვალ და უგზო-უკვლოდ,
ძველ ბანაკსა ეკლებით ჰფენ.
გულსა, შენგან დახაზულსა,
ვეღარ ჰკურნებს დრო და ჟამი:
თან იტაცებ სიხარულსა,
თან გდევს ოცნებისა წამი.
ან რად მოხვალ? რისთვის აღგვძრავ?
და თუ აღგვძრავ, რაღად გვტოვებ?
სიჭაბუკის ვარდსა გვიზრავ,
გვაობლებ და გვამარტოვებ!
და გვაობლებ განა გვამით?..
გვამი ჰპოებს მალე თვის ტოლს!..
მაგრამ შენ-კი გვტანჯავ ამით,
რომ სულს სტოვებ საწყლად ობოლს!
და ობლობის სამკურნალო
ერთი მხოლოდ საფლავია!
უშენოდ, სამოთხის ძალო,
ტრფობავ, სიცოცხლე ავია!..
ტრფობავ, შენი ვარ გონებით!
გულზედ მაქვს შენი ისარი!
მაგრამ სოფელს ვემონები
და ცოცხალ ვარ ცოცხალ-მკვდარი!
სიყვარულო! სიყვარულო!
წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე!
დროა ტანჯვა დამისრულო:
გულზედ მიწა დამაყარე.
1873 წ.
სიყვარული (I, 158). დაწერის თარიღი 1873 წ.1 დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 5 ოქტომბერი №210. || თხზულებანი, I, 1893 წ. -
_______________
1. დაწერის თარიღი ნაჩვენებია დროებაში.
![]() |
3.14.6 სიჭაბუკე |
▲ზევით დაბრუნება |
სიჭაბუკევ, კეთილ-მტკბარო,
სასუფევლის საიდუმლო,
უკვდავების წმინდა წყარო,
სად ხარ, ჩემთვის დაკარგულო?
ცეცხლის ოხვრით შენი მგონე
თავს ვამონებ ოცნებას ტკბილს
და, წარსულით თავმომწონე,
წამთა ვპარავ გულის ტკივილს!
ვცდილობ, ის დრო, აწ გამქრალი,
დავიბრუნო, მით ვიხარო;
კვლავ აღვიგზნო გულში ალი,
ნეტარების ცრემლი ვღვარო.
მაგრამ, ვაი, ჩემსა ჩანგსა
დავიწყნია ტკბილი ჟღერა,
და ჩვეულებრ მისსა ჰანგსა
ხარკად არ აქვს გულის ძგერა!
ტკბილისა წილ ხმასა მწარეს
ნაღვლით სავსე ნაღვლად ვისმენ,
ნაღველს ცრემლად ვღვრი მდუღარეს
და მას ხარბად სიმნი ისმენ!
ვეღარ გპოებ ვერც ოცნებით,
დროო, ერთგზის დაკარგულო!
მაშ სჯობს, იყო მოსვენებით,
ნაღვლით სავსე, წყლულო გულო!
და შენ-კი, ერთგულო ჩანგო,
მსურს, რომ ისევ ხელი გახო, -
გაუყრელო ამხანაგო, -
და გულმკვლელად შემოვსძახო:
„სიჭაბუკევ, კეთილ-მტკბარო,
სასუფევლის საიდუმლო!
უკვდავების წმინდა წყარო,
სად ხარ, ჩემთვის დაკარგულო?!“
1873 წ.
სიჭაბუკე (I, 159). დაწერის თარიღი 1873 წ.1 დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 19 ოქტომბერი №221. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
________________
1. დაწერის თარიღი ნაჩვენებია დროებაში.
![]() |
3.14.7 გაუბედავი სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
ათი წელი,
მწარედ მწველი,
გულს მიდაგავს ტრფიალება,
........და უბრალოდ
სავალალოდ
ჩემს გულშივე იმალება!
........მიძგერს გული
........აგზნებული,
მაგრამ გონი მიბამს ენას.
........მისი სხივით
........სანთელივით
ვსდნები და თანც ვმადლობ ზენას!..
........თუ ისიც მცნობს
........და ისიც გრძნობს,
ჩემებრ იწვის უხმოდ, ერთი...
........მაშ, ოხ, ღმერთო,
........რად წაგვერთო
ჩვენ კავშირი შემაერთი?!
........ვიცი, გზნობის
........ნამდვილ გრძნობის
ნიშანია მდუმარება,
........ცხადად ტკბილი
........რამ ღიმილი,
ჩუმად ცრემლი, მდუღარება.
........მაგრამ მაინც,
........მეტრფის მე ვინც,
მსურს, რომ ერთხელ გამაგონოს:
........„შენ ჩემი ხარ!
........„გულს მიზიხარ!“
მითხრას ეშხით... დამაღონოს!
........ორთავ ვიცით,
.......ფიცით მტკიცით
გრძნობა ჩვენი შეგვიტყვია!
........თუმც-კი ვხედავთ,
........თქმას ვერ ვბედავთ,
გულზედ გვაწევს, როგორც ტყვია!..
........ათი წელი,
........მეტად მწველი,
გულში გვაქვს ეს ნეტარება!..
........ვუგდებთ-რა ყურს,
........ორივეს გვსურს
და ვერ გვითქვამს აღსარება!..
1873 წ.
გაუბედავი სიყვარული (I, 161). დაწერის თარიღი 1873 წ.1 დაიბეჭდა 1881 წ.
- ივერია 1881 № 5. || თხზულებანი, I, 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. ავტოგრაფი K-45. -
________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ივერიაში.
![]() |
3.15 1874 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.15.1 გლეხური სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ ამორჩეულ ხელოსნებს
ნეტავი რაღა ჰქვიანო?
უწინდელ მოურავებზედ
ისინი უკეთ ჰგვიანო:
წინეთ რომ თავებს აკვეცდენ,
დღეს ძირიანად მკიანო!
და არავინ ჰყავსთ, რომ უთხრასთ,
გაჩერდით, ხელმანკიანო!
თორემ ერთხელაც იქნება,
კისერში ამოგთხრიანო...
მაგრამ ან-კი რა, ეგ შველაც
ჩვენთვის იქნება გვიანო.
ზოგი მკურნალი კაცს მოჰკლავს,
მერე გაიგებს სატკივარს.
მაგრამ რაღა დროს, იმითი
რაღას უშველის საწყალ მკვდარს?
და მაშინ თუ ვინმემ უთხრა:
„ვერ გაისარჯე კარგადო!“
პასუხად ეტყვის: „წამლები
იქ გავატანე ბარგადო!
„არ დამიკლია ფორმებით
მე რეცეპტების წერაო,
მაგრამ, ეტყობა, ყოფილა
თვითვე სიკვდილის წერაო.
„და წამალს ამგვარს სნეულზედ
ვითღა ექნება ძალაო!“
იტყვის და წავა თავისთვის
სიმღერით: „ტრა! ლა! ლა! ლაო!“
ჩვენ ზოგი მოურავები
ამ მკურნალს შევადარეთო:
რომელს წამალსა შინ ასმენ,
მასვე ასმევენ გარეთო.
მაგრამ შინ რომ შარბათია,
გარეთ კაზმავენ მწარედო,
გვასმევენ და გვიბრძანებენ:
„იცინეთ, გაიხარეთო!
„ცხადად რომ წყენა არ გაჩნდეთ,
ჩუმად გინდ ცრემლიც ღვარეთო!
მაგრამ შევჰყვიროთ ახალ წელს:
მობრძანდით, დაგვიფარეთო!
„თუ მოხვალ, გზები კარგია,
ჩვენგანვე გაკეთებული,
ნუ გჯერათ, დახარჯულიყოს
ვისგანმე იმაში ფული:
„გავთხარეთ, ჩვენვე მოვკირწყლეთ,
გავაბოგირეთ, გავხიდეთ,
რომ აღარ გვქონდა შეძლება,
ცოლის პერანგი გავყიდეთ!
„გზები კარგია, მობრძანდით,
გთხოვთ, გადაგვავლოთ თვალიო!
და ვნახავთ, თუ თქვენც არ ბრძანოთ:
საწყლებო, თქვენი ბრალიო!“
ჩვენ ამორჩეულ ხელოსნებს,
შევიტყვეთ, რაცა ჰქვიანო:
ახალ-წესის თაბაგრები,
რადგანაც კარგად მკიანო.
[1874 წ.]
გლეხური სიმღერა (I, 163). დაიბეჭდა 1874 წ.
- ჩართულია წიგნში „საახალწლო ხუმრობა“ (ლექს-ნარევი პროზა), 1874 წ. (ცენზურის ვიზა 5 მარტი).
![]() |
3.15.2 ენების გასამართლება |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი გ. მუხრან-ბატონს)
მუხრანიდამ ჯარი მოდის,
წყალივითა იწყო დენა;
მუხრან-ბატონი სარდლად ჰყავს,
უნდა თავის გამოჩენა.
ქართლ-ბატონს შემოსწყრომია,
უფიცნია მაღლა ზენა,
რომ მოყვრობით არ დაზოგავს,
უნდა ამოჰგლიჯოს ენა!
მისი რისხვა და მუქარა
ქართველ-ბატონს მოეხსენა;
გაჯავრდა და თან გაჰკვირდა:
„რა გვაქვს საჩხუბარი ჩვენა?
თავის გვარი როგორ დაჰგმო,
სჯული როგორ შეაჩვენა?
რა ფათერაკს შეხვდომია!
რა ეშმაკი მოეჩვენა...
რომ სულ უმიზეზოდ შფოთავს
და აღარც ჩვენ მოგვასვენა!
შემიგროვეთ, რაც მყავს ჯარი,
მივეგებო ცხენ-და-ცხენა;
რომ გავჩუმდეთ, არ ივარგებს,
რადგანც უნდა ჩვენი წყენა!“
ასე ბრძანა ქართლ-ბატონმა
და ზედ ცხენი მიაჭენა!
მიეგება მომავალსა,
თავს უჩვენებს აწ დამხვდურად,
მიაძახა: „მოღალატევ!
ფუ, ვერ გხედავ ძმასა ძმურად:
გული გესლით აგივსია,
ნათესავის დასამდურად!
მოძმის სისხლში ხელს თუ ისვრი,
მაშ დაგხვდები მეც მეფურად,
სასიკვდილოდ გაგიმეტებ,
ნუღა გიკვირს ჩემგან ნურად.
ერთს ანდაზას მოგაგონებ,
საგულისხმოდ იხვენ ყურად:
ძმის გაწირვა, მტრის მიდგომა
არ გეთვლება სამსახურად.
ტყუილად ნუ ვსწყვეტთ მაგდენ ჯარს
ცუდად, სისხლის მოსაწყურად:
თუ გულს გერჩის, ჩვენ შევებათ
ერთმანეთსა, სჯობს, „კახურად“.
მუხრან-ბატონს გაეცინა
და უთხრა: „ეგ რა სჩმახეო!
კაცი ვარ მე ქვეყნის ტოლი
სუსტად ვით დამძრახეო?
რაც შენ დღეს ჭირი მოგადგეს,
ის შენს თავსვე დასძახეო.
რად მაგზავნიდი სხვა ქვეყნად,
რად შემიცვალე სახეო?
იქ მე მასწავლეს ხერხები
და ათასგვარი მახეო;
ვერ შემაშინებ მუქარით,
გირჩევ, სხვა ვინმე ჰფახეო,
თორემ ვერ მომაშლევინებ,
რაც გულით განვიზრახეო.
სასაცილოა ეგ თქვენი
რაღაც სიტყვები მკვახეო...
უმჯობესია, რომ დამრჩე...
სხვა ენით დაიძახეო!“
ქართლ-ბატონს ფერი ეცვალა,
შეიქნა დაღონებული!
რა ექნა, ჯარი არ ჰყვანდა;
მან დაუჩაგრა მას გული,
რომ მომხრედ ვერვის ხედავდა,
ყველასგან დავიწყებული!
დაჯდა, საკინძი შეიხსნა,
მოსთქვამდა გამწარებული:
„ვაი, გავკოტრდი, კრეზივით
მე ერთ დღეს გამდიდრებული!
და აწ სიცოცხლე რად მინდა,
დამმარხეთ გაშავ-დღებული!“
ამ მოთქმაზედ მთლად შეიძრა
ქართლ-კახეთი, იმერეთი,
მოვიდენ და მოახსენეს:
„ბატონო, დაგვეცა რეტი;
მართალია, თქვენ მომხრედ დღეს
არ ვარგივართ ჩვენ არც ერთი,
მაგრამ შვილებს გამოგიზრდით,
თუ ხელს მოგვიმართავს ღმერთი.
მანამდი-კი მოითმინეთ,
ჭირს როგორმე გაუძელით;
თორემ ჩვენ ყველას ყელს დაგვჭრით
და თქვენც გამოიჭრით ხელით;
სჯობს, ჯერეთ ცოტას დასჯერდით,
იმერლები იახელით!
მართალია, მათგან შველას
და კურნებას მთლად ნუ ელით,
მაგრამ არაობას ხომ სჯობს,
რომ დავრჩებით ცალ-უღელით?!“
[1874 წ.]
ავტორის შენიშვნები
გ. მუხრან-ბატონმა გამოსცა წიგნი სხვადასხვა ერების გაერთიანებაზე. იმ წიგნაკში ის აზრი იყო გატარებული, რომ პატარა ერებს უფლება არა აქვსთ თვითარსებობის და დიდ ერებში უნდა გაითქვიფონო. ამან დიდი უსიამოვნება გამოიწვია საზოგადოდ, მაგრამ ვინ რას იტყოდა? ერთმა მხოლოდ ირაკლი გრუზინსკიმ ჰკითხა: რამ დაგაწერია ამისთანა საუკუღმართო რამ? ან რამ გაფიქრებიაო? - მე დიდიხანია მოფიქრებულიც მქონდა და დაწერილიცო, - მიუგო მუხრან-ბატონმა, - მაგრამ დაბეჭდით არ ვბეჭდავდი, რადგანაც შენ გიცდიდიო, და როცა შენც შენი ვინაობა აბანოზე გაცვალე, მაშინ-კი დავბეჭდეო!.. ეს მე გადმომცა სიცილით გიორგიმ, და თანვე დამეკითხა: შენ რაღას იტყვი პოეტოო?
- რაღაი-კი საქმე გაბან-გარეცხაზე მივარდება, ერთი აბანო საკმაო არ არის ირაკლისათვისაც, მაგრამ თქვენს წიგნაკსაც-კი ბევრი მოუნდება-მეთქი - მოვახსენე.
მეორე წიგნაკი, თუმც მზად ჰქონდა, მაგრამ აღარ გამოუცია, და ცენზურასაც ნაბძანები ჰქონდა - თვალ-ყური ედევნებია, რომ არავის დაეწერა-რა იმ გამოსულ წიგნაკზე. ეს ლექსი - „ენების გასამართლება“ - ალეგორიულად დაწერილი შევაპარე ცენზურას. მაშინ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ ლექსმა. მაგრამ დღეს-კი აღარა აქვს მნიშვნელობა.
![]() |
3.15.3 ***(ერთხელ ვნახე, მეტად ვერა…) |
▲ზევით დაბრუნება |
ერთხელ ვნახე, მეტად ვერა,
ვინც მე გული ამიძგერა,
ვისიც სახე და სახელი
გულის ფიცარს დამეწერა.
სევდავ, ხელი მით შეგახე,
რომ მეორედ ვერსად ვნახე
ცხადად... მაგრამ ოცნებით კი
თვალ-წინ მიდგა მისი სახე:
პირ-ეთერი, ტანად სარო,
სათაყვანო, სანეტარო,
ჭმუნვილისთვის სამკურნალო,
უკვდავების ვითა წყარო.
ბროლ-ფიქალზედ ვარდ-ღაწვები,
- გულო, რად არ დაიწვები? -
ბროლ-ბალახში, ბაგე-ლალი,
ბაგეთ ტკბილად დასაწები.
შავ-ხუჭუჭ-თმა, ნაწნავ-ბევრი,
წამწამ-ხშირი, წარბებ-ტევრი…
კერძოდ ყველა - სიყვარული,
ერთად - სიყვარულის წევრი.
ხალ-ნასობი, ყელი ბროლი,
სიამითა ამაჟრჟოლი,
უყირჭებლად სურვილისა
სამარეში თანჩამყოლი!
მოციმციმე, თვალმაყვალა,
პირნათელი, მხიარული,
უძლეველი რამე ძალა,
ყოვლით სრული სიყვარული!
ამაჟრჟოლი, ხმანარნარი
ერთხელ ვნახე, მეტად ვერა,
მაგრამ მაინც მოვრთე ქნარი
და მის ეშხზედ ვიწყე მღერა!
ვით ბულბული ტურფა ვარდსა
შორით უყეფს, ბედზედ მწყრალი,
მეც ისე ჩემს გულის დარდსა
შორით ვუმღერ, ეშხით მთვრალი.
მიხდილ ფერით, გულის ძგერით,
აღშფოთებით ვიფრთხობს ძილსა,
და სურვილს ვკლავ, რა სიმღერით
ოცნებასა ვმონებ ტკბილსა...
1874 წ.
*** „ერთხელ ვნახე მეტად ვერა “(I, 168). დაწერის თარიღი 1874 წელი.1 დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 19 ოქტომბერი, №221. || თხზულებანი, 1, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
_______________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია დროებაში.
![]() |
3.15.4 ძველი და ახალი წელი |
▲ზევით დაბრუნება |
პიიპუ! პიპუ! პუუუ!
ხელში მიჭირავს ქამანჩა;
მსურს, გავბერო სტვირის გუდა,
რომ ლექსებით ძველ ბატონსა
მივაყაროთ ქვა და გუნდა!..
რაც რომ იმან ჩვენ გვაკვნესა,
კმარა!.. მეტი აღარ უნდა!..
მტარვალობდა, მაგრამ ბოლოს
მასაც ფერი გაუხუნდა
და ახლისა მოსვლის წინათ
უსირცხვილოდ წალაყუნდა!..
ზოგიერთი პირუტყვები
შეიკრიბნენ გუნდა-გუნდა,
გაჰყვნენ, ცრემლით გააცილეს,
წინ უძღოდათ მელა-კუდა.
თავს სტირიან: „რაღა ვქნათო?
ჩვენს ბუმბერაზს ვშორდებითო;
იმის ხელში აღმა მსვლელი,
აწ თავდაღმა ვგორდებითო,
დღემდი ეშვით სხვების მგლეჯი -
დღეს უეშვოდ ვღორდებითო
და წმინდასა ანგარიშში
ვერვის გავუსწორდებითო!..“
ტირიან და ქვითინებენ,
ცრემლმორეულს ხუჭვენ თვალსა...
დახეთ!.. დახეთ თვალთმაქცებსა!
ამადლიან მომავალსა.
მაგრამ გულში სულ სხვას ჰგრძნობენ,
იწყევლიან გზა და კვალსა,
რომ შიშის ქრად ისახავენ
ახალ-ბატონს მომავალსა,
რომელიცა კარგად არჩევს,
თურმე, ვარდსა და ეკალსა!
ჩვეულებრივ თვალთმაქცობით
მას ვერ აუხვევენ თვალსა!..
არ აჰყვება მოენეებს,
არც კიკოებს, არც იმ ქალსა,
რომელიცა საქნიელზედ
მიმინოებს უქნევს თვალსა!..
როგორც მისი ჭკუა ურჩევს,
ისე აჩენს სამართალსა!...
ერთის სიტყვით, სულ არა ჰგავს,
თურმე, იმ ძველ ბატონს მთვრალსა!
ხალხიც მისგან სამკურნალოდ
მიტომ ელის დღეს წამალსა,
რომ აწ წყლული მოუშუშოს
ერთგულსა და შესაბრალსა,
და ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ იმედს
აგვისრულებს, ვითა ვალსა.
მაგრამ უნდა გავიხსენოთ
ჯერ რუსთველის ნაუბარი:
„მას მკურნალმა ვითა არგოს,
ვინც არ სთქვასო სატკივარი?“
და თვითონ ჩვენ უნდა ვუთხრათ
ჩვენი წყლული-საჩივარი,
თუ ვით დღემდის მართალს სიტყვას
დახურული ჰქონდა კარი,
და მძარცველებს ჰქონდათ ხელში
ბურთ-მოედან, მთა და ბარი...
დროა, იმათ ბნელ საქმეებს
მიენათოს დღეს ლამპარი,
რომ გამოჩნდეს ნათლად და მთლად
საქმე მათი შესაზარი,
და შენც, ჩვენო ახალ-კოჩო,
სმენად ყური მოგვაპყარი!..
რა გამრავლდენ ტურა, მელა
და ძაღლები შინაური,
გაწყვა ჩვენში საქონელი,
ქათამი და ინდაური,
სულ საპლნობით მიდის ღვინო
და ტომრებით მისდევს პური!
ბატონ მელებს გაუმარჯოსთ!
მოგვწონს მათი სამსახური,
კუდის ქნევა, ფეხის სლაქვა
და ცქვიტინა მათი ყური:
არც იქით მხრით, არც აქეთ მხრით
არავინ ჰყავსთ უმადური.
აზნაურსა გლეხი ჰნატრის,
გლეხს შენატრის აზნაური
და ერთად-კი ორივესა
აქვს მაძღარი ძაღლის შური...
ამ ჩიტების გუნდში ვიცნობთ
ჩვენ მხოლოდ სამს შუამავალს,
რომელნიცა საზოგადოდ
ჯერ არ შესდგომიან სხვის კვალს:
ხელქვეითებს ტყავს არ ხდიან
არ აგლეჯენ რბილსა და ძვალს
და მით ახალ ქურქს არ ჰკერვენ,
სჯერდებიან გამონაცვალს!..
შვიდი მგელი კიდევ სხვა გვყავს,
თითო თითოს მაზრებშია,
ყველა ერთად ბოდიშს იხდის
ჭკუასა და აზრებშია!..
მათი ნაშრომ-ნაღვაწევი
ბევრჯელ ვნახეთ ბაზრებშია,
ერთი მათშიც ურევია
კარგი, როგორც ფაზრებშია!..
გავჩუმდებით, არას ვიტყვით
იმ ერთს დათვის ნახლებზედა,
რომელსაცა იმედი აქვს
დღესაც კარის ძაღლებზედა
და უძახის: „გეში! გეში!“
თითს უშვერს მათ სახლებზედა
და ძველებთან გადასული
კბილს ილესავს ახლებზედა!
ერთიც არის... მაგრამ არა,
სჯობს, იმაზედ არა ვსთქვათ-რა,
თორემ, ვიცი, არ დაგვზოგავს,
გიჟია და მეტიჩარა...
ცუღლუტი და გაიძვერა
დატრიალობს, როგორც ჯარა,
ვინც რომ კი დაუკვირდება,
უჩემოდაც იცნობს ჩქარა!..
და ეს ჩემი მესტვირობაც,
მე მგონია, აწ-კი კმარა!
ბოდიშს ვიხდი მკითხველებთან,
გავჩუმდები, სწორედ, თვარა
სტვირის გუდა დაიჩუტა,
ყელში სული გაეპარა!
........პიიპუ! პიპუ! პუუუ!
[1874 წ.]
ძველი და ახალი წელი (I, 170). დაიბეჭდა 1875 წ. 1 იანვარს (დაწერილია 1874 წ.).
- დროება 1875 წ. №1 იანვრის 1. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები. II. 1913 წ. -
1893-ისა და 1913 წლის გამოცემებში გამორჩენილია სტრიქონები:
„დღემდე ეშვით სხვების გლეჯი,
დღეს უეშვოდ ვღორდებიო“.
![]() |
3.16 1875 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.16.1 *** (კოღო-ბუზო! ჭიანჭველო!..) |
▲ზევით დაბრუნება |
პატრიოტის აღსარება
კოღო-ბუზო! ჭიანჭველო!
ქუდმოხდილო! ფეხშიშველო!
შენ თავს რომ მე ამ არგიხარ,
როგორ გინდა სხვებს უშველო?!
ეგ ბზუილი შესაზარი
არავისთვის აღარ არი!
ერთი სიო სულ გაგფანტავსთ,
ზღვაში ჩაგყრისთ ზენა-ქარი!
აბა სად გაქვს, გვითხარ, ღონე,
რომ დაჰფრინავ თავმომწონე!
გულით გირჩევ, შენცა ჩემებრ
სდუმენ, ძალას დაემონე!
დაგარიგებ შესაბრალსა,
მით ვასრულებ ჩემსა ვალსა:
დამიჯერე, არ გატყუებ
მიმავალი მომავალსა!
თვარა, ჩემო ჭიანჭველო,
ქუდმოხდილო, ფეხშიშველო!
შენ თავს შენ რომ ვერ არგიხარ,
ვით გინდა, რომ სხვებს უშველო?!
კოღო-ბუზების პასუხი
მიმავალო, მშვიდობით!
აწ დრო არის, მოგვშორდე,
ძველ დროს გამოეთხოვო,
ახალ დროს გაუსწორდე!
თუ რომ გული წმინდა გაქვს,
თუ რომ არ გრძნობ რაღაც შიშს
მომავალთან, ვინა გთხოვს
ან რჩევას, ან ანგარიშს!
შენ რომ გზა გაგივლია,
ის ჩვენ აღარ გვარგია;
და ის ჩვენთვის ცუდია,
რაც რომ თქვენთვის კარგია!
კოღო ვართ, თქვენ ბობოლა!
მაშ ჩვენ ვინ გაგვატოლა?
ჩვენ ბზუილი შეგვშვენის...
თქვენ გვერდზე წამოწოლა.
თქვენ სხვა ხართ და ჩვენ სულ სხვა,
არა გვაქვს-რა საერთო
მის მეტი, რომ ჩვენს კვნესას
თქვენგან ცილიც დაერთო!
თქვენი გზა თუ კარგია,
ღმერთმა თქვენ მოგახმაროს,
და ჩვენ-კი იმავ გზისგან,
საწყლები, დაგვიფაროს!
ჩვენ, ქუდმოხდილ-ფეხშიშვლებს,
არ გვიდრკება გულები,
სანამ თვალ-წინ გვიდგიან
პირველ მოციქულები!
თქვენ-კი ფრთხილად იყავით,
მიჰბაძეთ ფარისევლებს,
დაგვქოლეთ და დასცინეთ
გაუსხლეტელს ჩვენს ცრემლებს.
ზღაპრად თქმულა, რომ დიდ ლომს
კოღო არ შეუშინდა
და კიდეც დაამარცხა,
ცხვირში რომ შეუფრინდა!
და ბობოლას ომი-კი
არვის გაუგონია!..
ის სხვას უქსოვს სამოსელს
და მით თავმომწონია!
ჩვენ ბუზები გახლავართ,
თქვენ ბობოლა ბძანდებით!
მაგრამ რად იგვიანებთ,
რატომ არ წაბძანდებით!
მიმავალნო, მშვიდობით!
გზა გვიტიეთ მომავალს!..
რად სწუხდებით რჩევისთვის?
ჩვენ ვპოებთ ჩვენს გზა და კვალს...
[1875 წ.]
***„კოღო-ბუზო! ჭიანჭველო!“ (I, 174 ). დაიბეჭდა 1875 წ.
- დროება 1875 წ. 8 იანვარი №4. (ჩართულია პროზაში „პატრიოტის აღსარება“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ -
ამ ლექსის შესახებ („კოღო-ბუზო ჭიანჭველო“) - იხ. ზემოთ, 67, შენიშვნა ლექსისა „ფარშავანგი“.
![]() |
3.16.2 სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ბულბული ვარდს მაშინ დაჰყეფს,
როცა ეშხით მთვრალია!
მერცხლის ტკბილი ჭიკჭიკიცა
გაზაფხულის ბრალია!..
თუ მე გიმღერ, მშვენიერო,
ეს სულ შენი ბრალია;
და ის სცდება, ვინც რომ ჩემზედ
ამ მღერისთვის მწყრალია.
არ დაჭკნება მითი ვარდი,
რომ დააფრთხო ბულბული,
მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა,
მაინც მოვა ზაფხული!
მე რომ კიდეც გამაჩუმოთ,
მითი შენ რა გაკლდება:
ჩემს ადგილზედ სხვა მღერალი
ათასი სხვა გაჩნდება...
მსურს მოვფინო, მშვენიერო,
შენი ქება ცის კიდეს!..
ვფიცავ, ლხინად მიმაჩნია
ჭირი შენს გადამკიდეს!..
რომ დამიბან კიდეც ენა,
გულს ხომ მაინც ვიძგერებ!
ტურფავ, შენის გულისათვის
ქვეყანას დავიმტერებ.
ნათესავებს და მეგობრებს
შენთვის ყველას ვეყრები!
უსასყიდლოდ გმსახურებ და
მძიმე ტვირთს ქვეშ ვიხრები!
და თუ ბედმა უნებურად
მომაშორა ეგ სახე,
მაშინ, ტურფავ, შორს მყოფიცა
ერთგულ მონად დამსახე.
თვითონაც ვგრძნობ, რომ ეს ჟინი,
ტურფავ, შენი ბრალია,
და ბრიყვი-კი, უსამართლოდ,
დღეს ჩემზედ გამწყრალია.
[1875 წ.]
სიმღერა (I, 177). დაიბეჭდა 1875 წ.
- დროება 1875 წ. 9 აპრილი №42 (ჩართული პროზაში „სადიდმარხვო მიდ-მოდება“). || გოგია მეჩანგურე და სხვა ლექსები 1877 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.16.3 *** (ტყიბულმა სთქვა…) |
▲ზევით დაბრუნება |
ტყიბულმა სთქვა: ტყე რომ გაწყვა და ხე შეიქმნა ძვირიო,
მაშინ დამადგა შავი დღე და მომევლინა ჭირიო:
მომაგნეს, გვერდი ჩამტეხეს, გამომიჩინეს ძირიო;
ასტეხეს ჩემზედ განგაში, გააღეს მყრალად პირიო!
ზოგმა რა სთქვა და ზოგმა რა, - ეს იყო გასაკვირიო.
აქამდე ნახშირს ზიდავდა მხოლოდ ოთხფეხი ვირიო,
ახლა ორფეხნიც მომადგნენ, მე უფრო იმას ვსტირიო.
ამაზედ არის ნათქვამი: ყურში გაირჭვე ჩხირიო!
საფრანგეთში მივდიოდი და პასპორტი არ მომცესო,
ყველამ ხელი შემიშალა, პატრონებმაც გადამცესო;
ცხადად რომ ერთს მიმაბარეს, ჩუმად სხვასაც გადამცესო;
საქმე მითი გამიფუჭეს; რაც დათესეს, ის მომკესო!
დამჩაგრეს და ვერვის ვხედავ, აწ ნუგეში რომ მომცესო,
თუ არ ისევ ძველს ოსტატსა, ვერვის ვხედავ უკეთესსო!
ეს სულ შენი ბრალი იყო, უსვენარო, შენ, ხუცესო,
და ნეტავ ყელზედ დაგადგეს გაუმაძღარს, რაც მოგცესო!
ჩემი ცეცხლი შეეკიდოს, ვინც ეს საქმე გამიძნელა,
და მით საცოდავი კაცი უსამართლოდ მოინელა!
ეჰ, რაღა დროს! ახლაც კიდევ შეიძლება ჩემი შველა,
მოთმინებით, ანგარიშით გამოვჰკეთდე ნელა-ნელა!
და თუ ისევ მარჯვედ იქნა გამოცდილი ჩემი ელა,
მგლები ვერას დამაკლებენ, ღმერთმა შეარცხვინოს ყველა
ცრემლისა და ოხვრის შემდეგ ვის არ გაუცინიაო?
რაც დავჰკარგე, ამოვიგებ, - ამის არ მეშინიაო!
გელათი ისე დამჩაგრავს, როგორც ლომსა ფინიაო!
და მისი კვეხნა, ფართხალი მხოლოდ ერთი ჯინიაო.
ამ შაირის შემთხზველი ვარ: ვერ მიცანი ნინიაო...
[1875 წ.]
***„ტყიბულმა სთქვა“ (I, 179). დაიბეჭდა 1875 წ.
- დროება 1875 წ. 7 მაისი. №51 (ჩართულია პროზაში „საცივი“). -
![]() |
3.16.4 *** (ახალგაზრდა ქალი ბროლობს და ლალობს…) |
▲ზევით დაბრუნება |
ახალგაზრდა ქალი ბროლობს და ლალობს,
სიბერეში დამაჭანკლობს, დალალობს,
სუყოველდღე ჩამოივლის დუქნებსა!
მით იქარვებს სიყმაწვილის ბუქნებსა!
რომ შეხვდება ახალგაზრდა ქალ-ვაჟსა,
გულში ამბობს: „ვინა მთხოვდა მე ბაჟსა!
სხვისი რჩევა რისთვის დავიჯერეო
და ტრფიალით გული არ ვიჯერეო?“
გულდაწყვეტით ამას ამბობს ბებერი;
ვეღარ შველის უმარილი და ფერი,
ვერ იბრუნებს დაკარგულს დროს ადრინდელს,
რაღა რჩება? მაჭანკლობას ჰკიდებს ხელს.
და იმისთვის, ვინცა ბროლობს და ლალობს,
სიხარულით დამაჭანკლობს, დალალობს,
გულმოდგინედ ჩამოივლის დუქნებსა
და იქარვებს სიყმაწვილის ბუქნებსა!..
[1875 წ.]
*** „ახალგაზრდა ქალი ბროლობს და ლალობს“ (I, 180). დაიბეჭდა 1875 წ.
- დროება 1875 წ. 9 მაისი №52, (ჩართული პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.16.5 *** (სილამაზით პეპელა ხარ ხატისა…) |
▲ზევით დაბრუნება |
სილამაზით პეპელა ხარ ხატისა,
მიხვრა-მოხვრა და ქცევა გაქვს კატისა;
დღეში ასჯერ შეიცვლები მარტივით,
რომ მოხიბლო გული ანდამატისა!
დრო და ჟამის ნარნარი ხარ ქმნილება,
„პოჟოლუსტა“ მისთვის გეადვილება;
არ შეგშვენის მშობლიური არა რა;
გიხარია ეგ სკვითური ცვლილება!
„მოდნებს“ დასდევ, იმაში ხარ გართული,
წერა-კითხვა გეზარება ქართული;
ერთის სიტყვით, რომ უნდათ ისეთი ხარ,
მისთვის გეტრფის ეშხით სავსე აწ გული!
ეგ თვალები ეშხის ცეცხლით მწველია,
ეგ ტუჩები ტკბილად საკოცნელია,
ფეხებამდე სატრფიალო რამა ხარ
და დათმობა შენი მიტომ ძნელია!
შენ მიმხვდარხარ, თუ რად ხარ გაჩენილი,
რომ შეგშვენის უსაქმობა და ძილი!
შრომის ნაცვლად და კეთილის საქმისა
მხოლოდ ლხინში აგიღია შენ წილი!
სილამაზით პეპელა ხარ ხატისა,
მიხვრა-მოხვრა და ქცევა გაქვს კატისა;
კუდის ქნევა და კრუტუნი მისივე,
რომ მოხიბლო გული ანდამატისა!
[1875 წ.]
*** „სილამაზით პეპელა ხარ ხატისა“ (I, 181). დაიბეჭდა 1875 წ.
- დროება 1875 წ. 9 მაისი №52, (ჩართული იმავე პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || სალამური 1893 წ. სათაურით: „ახლანდელ ქალებს“). || თხზულებანი, I. 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
ჩვენს გამოცემაში ლექსი დაიბეჭდა ნაბეჭდი გამოცემების საფუძველზე.
პირველი ტომის დაბეჭდვის შემდეგ აღმოჩნდა კრებულ „სალამური“-ს ხელნაწერი დედნები, - აკაკის ავტოგრაფი და ცენზურაში წარდგენილი პირი (- დაცულია კირ. ლორთქიფანიძის არქივში). ცენზურას ამოუშლია ლექსიდან მე-2 და მე-3 სტროფის შემდეგი სტრიქონები, რაც აქ სწორ რკალებში [ ] გვაქვს მოთავსებული:
„დრო და ჟამის, ნარნარი ხარ ქმნილება,
[„პოჟოლუსტა“ მიტომ გეადვილება!..
არ შეგშვენის მშობლიური არა რა...]
გიხარია ეგ სკვითური ცვლილება!
„მოდებს“ დასდევ, იმაში ხარ გართული,
[წერა-კითხვა გეზარება ქართული;
შენი ღმერთი დაგავიწყდა, აღარ გწამს,
კერპადა გყავს თვით დათვი ამართული!..]
ხოლო თხზულებათა I ტომში (1893 წ.) და „ჩემი ნაწერები“-ს II ტომში (1913 წ.) ეს ორი სტროფი, დაზიანებული ცენზურის მიერ, თუმცა აღდგენილია, მაგრამ პოეტი იძულებული გამხდარა შეეცვალა ტექსტი. სახელდობრ პირველი ორი სტროფის ბოლო ორი სტრიქონი ასეა გადაკეთებული:
ავტოგრაფში პოეტს ჰქონდა:
„არ შეგშვენის მშობლიური არა რა...
გიხარია ეგ სკვითური ცვლილება!“
გამოცემაში შეცვლილია:
„არ შეგშვენის მშობლიური არა რა;
მოდნა არის ეგ სხვაგვარი ცვლილება!“
მეორე სტროფის ბოლო სტრიქონები ასეა გადაკეთებული:
ავტოგრაფში პოეტს ჰქონდა:
„... წერა-კითხვა გეზარება ქართული;
შენი ღმერთი დაგავიწყდა, აღარ გწამს,
კერპადა გყავს თვით დათვი ამართული!..“
გამოცემაში შეცვლილია:
„... წერა-კითხვა გეზარება ქართული;
ერთის სიტყვით, რომ უნდათ - ისეთი ხარ,
მისთვის გეტრფის ეშხით სავსე აწ გული!“
![]() |
3.16.6 ლეგენდიდან „ვარდი და ეკალი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საფლავის ქვაზე
ვით ამ წყვდიადსა და ბნელსა ღამეს
ანათებს მთვარე, სხივმომფინარე,
ისე აბრწყენდა ქველმოქმედებით
ცხოვრების ბნელ გზას აქა მდებარე;
ვით ლაჟვარდოვან ცაზედ კაშკაშით
სჩნდება თანდათან ვარსკვლავთა კრება,
ისე ბრწყინავდა მისი აზრები,
ვინც ამ ბნელ საფლავ ქვეშ იფარება;
და ვით ეს ვარდი, ნორჩი, კოკობი,
ამო საჭვრეტი, წმინდა, სუნნელი,
ისე რჩეული იყო მის გრძნობა,
ვისაც აქ იცავს საფლავი ბნელი;
ვითა ბულბულის სტვენს მრავალგვარად
და შორს გაისმის მისი გალობა,
ისე უმღერებს ჩანგ-მომართვითა
ამგვარ კაცებსა ჩამომავლობა!
ვინც თვის მამულზედ მარად ჰფიქრობდა
და სამშობლოსთვის უძგერდა გული,
მისი სახელი უკუნისამდე
იყოს მაღალი და კურთხეული!
მეორე ქვაზე
გველ-ბაყაყის ბუდე იყო
სიცოცხლეში მისი გული,
ვისიც გვამი დაწყევლილი
დღეს აქ არის დამარხული.
ქვრივ-ობლების დამჩაგვრელმა
არ იცოდა ქვეყნად მადლი
და სამშობლოს ისე ჰხრავდა,
ვით საფლავის მას ჰხრავს მატლი.
აზრებით მტრელს, ძმის დამჩაგვრელს
მრუდე ჰქონდა გზა და კვალი
და, რაც სთესა სიცოცხლეში,
ამოვიდა ვით ეკალი.
და ვაი მას, ვინც ამგვარად
საუკუნოდ დაიძინა;
მის საფლავში გველ-ბაყაყებს
და მატლებს აქვთ მხოლოდ ბინა!
იმას დაჰგმობს შემდეგი დგმა,
შეაჩვენებს და დასცინებს,
და სახსოვრად საუკუნოდ
მას ბაყაყი უყიყინებს!..
[1875 წ.]
ლეგენდიდან „ვარდი და ეკალი“ (I. 182). დაიბეჭდა 1875 წ. -
- დროება 1875 წ. 20 ივნისი 1 69 (ჩართულია პროზაში: „ვარდი და ეკალი“). || საყმაწვილო ამბები 1885 წ. || ნაკადული მოზრდილთათვის. 1908 წ. №11. || ცალკე ლექსები: თხზულებანი, I, 1893 წ., ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
დროებაში საყმაწვილო ამბებში და ნაკადულში პირველ ლექსს სათაურად აქვს: „ბულბულის სტვენა“; მეორე ლექსს: „ბაყაყის ყიყინი“.
![]() |
3.16.7 ლეგენდიდან „გოგია მეჩანგურე“ |
▲ზევით დაბრუნება |
***
ჩემს სამშობლოსა ღალატი
შავ ნისლივით ჩამოაწვა:
ძმამ ძმას საფრთხე გაუთხარა,
შვილმა მამა ჯვარზედ აცვა!..
ისარგებლა მით სტუმარმა,
ჩვენგანავე მოწვეულმა,
და სტუმრობა არ იკმარა:
მასპინძლობა უთხრა გულმა.
მაგრამ იმის მასპინძლობას
ჩვენ ქვეყნისთვის არ აქვს მადლი:
უცხო სენი თვალთმაქცური
გულ-ღვიძლს უხრავს, ვითა მატლი!
და მის შემდეგ ჩემს სამშობლოს
თვისი ფერი შეეცვალა,
და ნაყოფის მოცემაში
დაეკარგა ძველი ძალა!
ვარდი ეკლად შეიცვალა,
საპატიო გახდა ანწლი
და პურის წილი ითესება
მგორვალა და მავნე ღვარძლი!..
მაგრამ, ძმებო, ნუ შევკრთებით!
სასხლავს მივჰყოთ ყველამ ხელი;
ეკალს ძირი ამოვუგდოთ,
სისხლით ვღებოთ მთა და ველი!..
ეკლნარშია მწარ სიცოცხლეს
ვარდნარშია სჯობს სიკვდილი!..
ამ აზრით უნდ იმსჭვალოდეს
მამულისა ვარგი შვილი!..
უსამართლო ძლიერებას
საუკუნო არ აქვს ძალი!..
უძლეველი საბოლოოდ
არის მხოლოდ სამართალი.
და მაშ, ძმებო, დრო ძვირად ღირს...
ნუ დავჰკარგავთ, დავეშუროთ
და ჩვენისა თავგაწირვით
შვილებს ქუდი დავახუროთ,
რომ ჩვენისა თავშეწირვით
აღარ ექმნესთი მონებით წვა,
და აღარც სთქვან, რომ ღალატი
მათაც უღლად ზე დააწვა!
დედის სიმღერა
ცხრა თვეს მუცლით გატარებდი,
„ვაით“ გშობე, „უით“ გზარდე,
და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?
ქალი მამას ქმარში გასცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!
ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
უფიქრელად თავს შესწირავს!
დედა თვის შვილს ენაცვლება!..
მაგრამ შვილი ხშირად დედას
გასცვლის ხოლმე საყვარელში!..
არ იცის, რომ მოტყუებულს
სხვისი სატრფო რჩება ხელში!..
მაგრამ ნება ბუნებისა
ეს არის და ასე იყოს:
დედამ უნდა შვილისათვის
თავის-თავი დაივიწყოს!..
რა მოგშორდი, შვილო, შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს...
ვაჰ, თუ გშია! ან გწყურია!
ან გცივა და არა გხურავს!
ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,
გულს გასვია მტრის ისარი
და, რომ წყლული შეგიხვიოს,
დედა-შენი არსად არი!..
ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს
ყვავი ჰკორტნის და ყორანი;
და უნაგრით უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!..
ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედა-შენიც ჩიტად
გადაიქცეს, შენსკენ ჰფრენდეს!..
დის სიმღერა
ძმა კარგი და რიგიანი
დისთვის არის საქებარი,
თუ მასთანაც იმავე დროს
არის მისი მეგობარი.
მეგობრობა არის გრძნობის
და აზრების შეთანხმება,
თვარა უამათოდ არის
ანგარიში, და გაქრება!..
მე გოგია მისთვის მიყვარს,
რომ ძმაა და მეგობარი;
და მისთვის მსურს მისი ხილვა,
მასთან ხშირი საუბარი,
რომ თავიდან ფეხებამდე
ის მამულისშვილი არი!..
თვის მარჯვენას მისთვის ხმარობს
და მისთვის ჟღერს მისი ქნარი.
ღმერთო, მიეც გამარჯვება,
განსაცდლისგან დაიხსენი!
დაგვიბრუნე შინ მშვიდობით,
გევედრები მონა შენი!
და თუ მოკვდეს ბრძოლის ველზედ,
გაემსჭვალოს ისრით გული,
მაშინ ჩიტად გადამქმენი!
მსურს, შევიქნე მე ბულბული,
რომ მის საფლავს მარტოხელსა
მე ვუსტვენდე გრძნობამტკბარი,
და იმ ხმასაც ყურს უგდებდენ
არემარე, მთა და ბარი...
ცოლის სიმღერა
მითხარით, ლამაზ ცოლისთვის
ნეტა რა არის ქმარიო?
ადვილად გამოსაცვალი
ვერცხლისა რამ ქამარიო!
დღეს ერთს მოირტყამს, მეორით
ხვალ დაიშვენებს წელსაო;
თუ დაეკარგა, იტირებს,
მაგრამ გაუძლებს სენსაო!
ლამაზი ქვრივი ცრემლებსა
დაშვენებისთვის დაჰღვრისო,
და რომ შენიშნავს ლამაზს ვაჟს,
კეკლუცად თავს ძირს დაჰხრისო.
და ქვეშ-ქვეშ იწყებს ჭვრეტასა,
მორცხვობით თვალებს ნაბავსო;
მაგრამ ამ ხერხით საქმროსა
უცბად მახეში აბამსო!
ერთხელ ნაცადი ცოლობის,
ხელში დაიჭერს ქმარსაო
და, თუ არ იქმნა მორჩილი,
ცხვირიდან ადენს ძმარსაო!
გაბატონდება ოჯახში,
განზედ გაიჩენს კუროსო,
და ქმარი ვერას გააწყობს,
ბევრიც რომ იფხაკუროსო!..
ჭკვიან ქალს ვერ შეაშინებს
ქვრივობა, ქმრის სიკვდილიო:
შავს იცვამს, მაგრამ იმედი
გულში უჩნდება ტკბილიო!
მითხარით, ლამაზ ცოლისთვის
აბა რა არის ქმარიო,
თუ არ ადვილად საცვალი
უბრალო რამ ქამარიო?!
[1875 წ.]
ლეგენდიდან „გოგია მეჩანგურე“. ლექსები:
ა. „ჩემს სამშობლოსა ღალატი“ (I, 184);
ბ. დედის სიმღერა (I, 185);
გ. დის სიმღერა (I, 186);
დ. ცოლის სიმღერა (I, 187).
დაიბეჭდა. 1875 წელს.
ჩართულია პროზაში „გოგია მეჩანგურე“:
- დროება 1875 წ. 25 ივნისი 1 71. || გოგია მეჩანგურე და სხვა ლექსები 1877 წ. || საყმაწვილო ამბები 1885 წ. || გოგია მეჩანგურე 1908 წ.1 ლექსები ცალკე დაიბეჭდა:
- თხზულებანი, I, 1893 წ. (ოთხივე ლექსი). || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. (ოთხივე ლექსი). || ბაგრატ დიდი და სხვა ლექსები) 1911 წ. (პირველი ლექსი). || რჩეული ლექსები III, 1912 წ. (პირველი ლექსი). -
_______________
1. 1908 წლის გამოცემაში გამოშვებული მთლიანად პირველი ლექსი, „ჩემს სამშობლოსა ღალატი“, „დედის სიმღერა“-ში გამოშვებულია მე-4 და მე-5 სტროფები, „ცოლის სიმღერა“-ში - მე-3, 4, 5 და 6 სტროფები.
![]() |
3.16.8 სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
გუშინ-ღამ მთვარე,
სხივმომფინარე,
ვნახე, ლურჯ ცაზედ მონარნარობდა;
...ეშხით მგზნებარე,
...ის შევადარე
ჩემს საყვარელსა... გული ხარობდა!
...დიდხანს და დიდხანს
...იმ ნათელ საგანს
მე შევყურებდი სულგანაბული;
...ამ სულს და ამ ტანს,
...ჟრჟოლის თან ამტანს,
ათამაშებდა ძგერითა გული...
...გრძნობით გამსჭვალულს,
...ფიქრით მოხიბლულს,
არ მეტყობოდა ქვეყნიურება;
...უკვდავსა და სრულს
...ვგრძნობდი სიყვარულს,
ჭეშმარიტებად მჩნდა მაცდურება!
...მაგრამ ბოლოს ჟამს,
...სიტკბოების წამს
იგივ მნათობი მენაღველ-ძმარა:
...სულს აწვეთებს შხამს
...და გულს მით მიწვავს,
რომ ჩემგან მარად აწ მიეფარა.
...გაჰქრა ოცნება,
...აშხამდა ვნება,
სიცოცხლეც გაჰქრეს!.. რაღას მოველი,
...თუ მოსვენება
...აღარ მექნება,
შიგნივი და გარეთ მედება ბნელი!..
1875 წ., 28 ნოემბერი,
ქუთაისი.
სიმღერა (I, 189). დაწერის თარიღი: 1875 წ., 28 ნოემბერი, ქუთაისი1. დაიბეჭდა 1878 წ. - (ლექსი ატარებს მეორე სათაურსაც: „მთვარე“).
- დროება 1878 წ. 22 დეკემბერი №263. || სალამური 1893 წ. თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
______________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია დროებაში.
![]() |
3.16.9 *** (ნაღვლიან გულისა ვნებამ…) |
▲ზევით დაბრუნება |
ნაღვლიან გულისა ვნებამ
დამაწყევია შავ-ბედი!
ფრთებდაკვეცილმა ოცნებამ
მთლად წამიწყმიდა იმედი!
სიცოცხლე-გამწარებულსა
მით შემეცვალა გუნება:
ნდობა აღარ აქვს გლახ-გულსა,
სულმაც დაჰკარგა რწმუნება!..
და ასე ამბობს გონება:
„დააცხრე გულის ვნებაო!
სიცოცხლე არის მონება,
სიკვდილი - განსვენებაო!“
1875 წ., ქუთაისი
*** „ნაღვლიან გულისა ვნებამ (I, 190). დაწერის თარიღი: 1875 წ., ქუთაისი.1 დაიბეჭდა 1878 წ.
- დროება, 1878 წ. 25 დეკემბერი №266. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
_____________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია დროებაში.
![]() |
3.16.10 კოლხიდელს |
▲ზევით დაბრუნება |
მებოძა თქვენი ბრძნული წერილი,
მაგრამ პირადად მე არ მეხება:
გაურჩეველად ხნოვანებისა,
კარგის ყოველთვის მჩვევია ქება!
თუ საფუძველი კარგია ძველი,
წუნს როგორ დასდებს ხუროთმოძღვარი?
ეცდება კიდეც, რომ ზედ ააგოს
საშვილიშვილო წმინდა ტაძარი!..
თუ ეს არ მესმის, რაღა მსმენია?
რა საჭიროა ამის მოძღვრება?!
მთვარე მაშინაც კიდევ ანათებს,
როცა ილევა, ნელ-ნელა ცხრება.
მათუსალადაც რომ გადაიქცეს
მეტის სიბერით აწ „კოლხიდელი“,
მაინც დარჩება კიდევ იმასში
ოჯახისშვილი... ძველი ქართველი,
ვისთანაც მისვლა და ვისიც ნახვა
სულით და გულით მე მენატრება!..
მაგრამ ერთი რამ გარემოება
წინ მეღობება და მეფარება:
არ ვიცი, როგორ უნდა ვეახლო:
როგორც მორჩილი? თუ ამხანაგი?
როგორც დადიანს წერეთელი? თუ
როგორც „კოლხიდელს“ მხოლოდ აკაკი.
1875 წ.
კოლხიდელს (I, 191). დაწერის თარიღი 1875 წ.1 დაიბეჭდა 1899 წ.
- აკაკის კრებული 1899 წ. ოქტომბერი №10. -
_____________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია აკაკის კრებულში.
![]() |
3.17 1876 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.17.1 აღმართ-აღმართ |
▲ზევით დაბრუნება |
აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა.
მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.
შემიდუღდა მაშინ სული და გული;
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.
გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო;
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.
ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,
რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.
ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: „ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!“
და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?“
გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდა?
მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!..
ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!“
მივაძახე: „ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!“
არ მისმინა მწუხარებით დანაგულს
და დამასო საუკუნოდ დანა გულს!
აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,
თუ მაღლობზე თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?
ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა, მალით!
იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!
დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად, ის!
ხელდაკრეფით განისვენე მარადის!
1876 წ. 1 იანვარი,
ს. ახალგორი.
აღმართ-აღმართ (I, 192). თარიღად მოწერილია: 1876 წ. 1 იანვარი, ს. ახალგორი.1 დაიბეჭდა 1876 წ.
- დროება 1876 წ. 9 იანვარი №2 (ჩართულია პროზაში: „ნადუღი“). || სალამური 1893 წ. || თხზულებანი, I, 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I, II, III, - 1908 და 1912 წწ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
ჩვენს გამოცემაში ლექსი დავბეჭდეთ თანახმად დედნებისა „სალამური“ „სულიკო და სხვა ლექსები“ და „სიმღერა აკაკისა“, რომლებიც ამ ლექსის ბოლო რედაქციას წარმოგვიდგენს.
_______________
1. არ. ქუთათელაძის ცნობით (იხ. ფასკუნჯი 1908 წ. 1 5) ლექსი დაწერილია 7 ოქტომბერს 1875 წ. (ქუთაისში). დროებაში დაბეჭდილ ტექსტს მოწერილი აქვს თარიღი: 1871 წ. 1 იანვარი, ს. ახალგორი. დაცილება არ. ქუთათელაძის მიერ აღნიშნული თარიღისა და დროებაში დაბეჭდილი ტექსტის მოწერილი თარიღისა შესაძლოა იმით აიხსნება, რომ დროების თარიღი იქნებ აღნიშნავს არა თვით ლექსის დაწერის დროს, არამედ იმ ფელეტონის თარიღს, რომელშიაც ჩართულია ეს ლექსი; არაა აგრეთვე ისიც გამორიცხული, რომ დროების თარიღი აღნიშნავს ამ ლექსის ახლად გადამუშავებისა და რედაქტირების დროს. (მაინც, როგორადაც არ უნდა აიხსნას თარიღების დაცილება, ჩვენ უფრო მართებულად დავინახეთ ჩვენს გამოცემაში შეუცვლელად დაგვეტოვებია დროებაში აღნიშნული თარიღი, რადგან ასეთი დოკუმენტაცია თვით პოეტისაგან მომდინარეობს).
![]() |
3.17.2 *** (ღმერთმა მტერსაც ააშოროს…) |
▲ზევით დაბრუნება |
ღმერთმა მტერსაც ააშოროს
მეგობარი შენისთანა:
დილას სხვა ხარ, საღამოს სხვა,
ავ-კარგობის გამოცანა.
შენს მეგობარს, ტკბილმოუბარს
მითი უბნევ გზა და კვალსა,
რომ ხან მასთან გულს იყინვებ,
ხან იკიდებ ტრფობის ალსა;
ხან სიცოცხლეს სრულად სწირავ,
ხან უდგები გან-და-განა;
მაგრამ რადგანც პოეტი ხარ,
უნდა იყო გამოცანა!
[1875 წ.]
*** „ღმერთმა მტერსაც ააშოროს“ (I. 194). დაიბეჭდა 1876 წ.
- დროება 1876 წ. 18 იანეარი 1 6 (ჩართულია პროზაში „ნადუღი“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. || ავტოგრაფი XXIII,11. -
![]() |
3.17.3 იმერული ლექსი |
▲ზევით დაბრუნება |
პატარა საყვარელო,
რისთვის მომიკალ გული?
გალიაში გაგზარდე,
ვით მაისის ბულბული.
შაქრით მყავდი გაზრდილი,
შენთვის ვვლე კიდის-კიდე!
პატარა საყვარელო,
ცეცხლი რად მომიკიდე?
გული შენ მოგიძღვენი,
სულიც შენ შემოგწირე!
პატარა საყვარელო,
შენ რაღად დამამცირე?
რომ დამგმე უმიზეზოდ
და გამცვალე სხვაშია;
მიჯობს დამწვა ცეცხლითა,
ან ჩამაგდო ზღვაშია!
პატარა საყვარელო,
ჩემო მკვლელო, უგულო,
გალიაში გაზრდილო,
გაზაფხულის ბულბულო!
[1876 წ.]
იმერული ლექსი (I, 195). დაიბეჭდა 1876 წ.
- დროება 1876 წ. 4 თებერვალი. №13 (ჩართულია პროზაში: „ჩანგური“). თხზულებანი, I. 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. || ავტოგრაფი K-45 (სათაურით: „იმერული სიმღერა“). -
![]() |
3.17.4 მუხამბაზი |
▲ზევით დაბრუნება |
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!
ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ.
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!
სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!
ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები!
...რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
...გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!
სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია:
საუკუნო მეგობრობის მცველია!
ახალი-კი დროებითად მწველია
და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია.
შენ ერიდე!.. მოიფარე ფარდები!
...რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
...გეფიცები, ქალო, შეგიყვარდები!
ჩემსავით რომ შეგიყვაროს, ვინ არი?
ვინ გაღმერთოს ციურად მომცინარი,
თუ არ მევე?.. გინდა ვიყო მძინარი,
შენი სახე მაინც ჩემ თვალთ-წინ არი;
თუ გამიქრა, კლდეზედ გადავვარდები!
...რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
...გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!
აწ რაღა ვარ, შენგან ტრფობას ჩვეული?
ვეხეტები გზა-და-კვალდაბნეული!
ლხინს ვშორდები, ჭირისაგან წვეული!
გაყრის წამი ჩვენი იყოს წყეული!..
სჯობს, შევრიგდეთ! ფეხთ-ქვეშ დაგივარდები!
...რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
...გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!
[1876 წ.]
მუხამბაზი (I, 196). დაიბეჭდა 1876 წ.
- დროება 1876 წ. 4 თებერვალი №13. (ჩართულია იმავე პროზაში: „ჩანგური“). || სალამური 1893 წ. (სათაური: „კინტოური“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. || ავტოგრაფი K-45: -
დედნები სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს.
![]() |
3.17.5 საწყალი და დარბაისელი |
▲ზევით დაბრუნება |
ვინც ტიკივით იბერება,
ისე დადის ამ სოფელში,
იმას რჩება მოედანი,
ბურთიც მას უჭირავს ხელში.
თორემ ამისთანა საწყალს
ვინ მიაქცევს ყურადღებას?
უპირბადო მაწანწალა
თავს აძლევს თვით დავიწყებას.
ვინცა მხოლოდ გარეგნობით
თავს იწონებს ხალხის თვალში,
ის მოსწონთ და მის ზნეობას
არვინ ჩაუდგება კვალში!
თორემ ამისთანა ვინმე,
გინდა იყოს კაცი სრული,
გარეგანის უხერხობით
აქვს ღირსება დაფარული!..
გამჭრიახი ჩვენი ხალხი
თვალს იხუჭავს სიმართლეზედ:
დიდებულს ქურდს ვერას ჰკადრებს,
მართალ საწყალს იჭერს თხლეზედ!
მაგალითად, ეს საწყალი
ამ დიდკაცსა შევადაროთ,
ავწონოთ და დავაფასოთ,
ისე, მხოლოდ სამასხაროდ!
დიდი-კაცი მსუქანია,
თავმსხვილი და მუცელდიდა;
და თუ კარგი ზნის არ იყოს,
კოლოტივით რა გაზრდიდა?
ეს საბრალო კატის შაშხს ჰგავს,
ძლივს დაღოღავს ცოცხალ-მკვდარი;
და თუ არ უზნეურობით,
რისგან არი, მაშ, გამხდარი?
დიდი-კაცი მდიდარია,
საწყალი-კი დღიური მუშა,
და თუ ეს ჭკვიანი იყოს,
ამის საქმე რამ დაფუშა?
დიდი-კაცი ანგარიშით
იცინის და იჭყანება;
შიგნით სხვაა, გარეთ სულ სხვა,
გაწვრთნილი აქვს გულის ნება!..
საწყალს-კი ეს ანგარიში
აროდეს არ ეყურება:
სიცილის დროს სულ ხარხარობს
და ტირის, თუ ეტირება!
დიდკაცი იქ იტყვის „დიახ“,
სადაც „არ“ არ შეიძლება,
და ამისთვის ასი რომ სთქვას,
ერთხელაც არ შეეშლება.
საწყალი-კი სულ ტიკტიკობს,
საეჭვოც-კი ჰსურს, რომ ახსნას
და ამგვარად ასზედ ათჯერ
რომ არ შესცდეს, რა უნდა ქნას!
აი დიდკაცს ზნეობითი
ამაღლება რით ატყვია!
მაგრამ ამ ჩვენს დღიურ მუშას
საწყალს ჯერ ვერ შეუტყვია,
რომ, ვინც მხოლოდ იბერება
კოლოტივით ამ სოფელში,
იმას რჩება მოედანი
და ბურთიცა მას აქვს ხელში!
[1876 წ.]
საწყალი და დარბაისელი (I, 197). დაიბეჭდა 1876 წ.
- დროება 1876 წ. 22 თებერვალი №19 (ჩართულია პროზაში „ნადუღი“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.17.6 გაზაფხულის სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
მზის სხივებით შემოსილი
ქვეყნად მოვალ პატარძალი;
ბუნებაო, კმარა ძილი,
შენთვის მომაქვს ჩემი ძალი!
აჰყვავდი და აბიბინდი,
ძალა შენი თვით იჩინე;
მთლად გაჰფანტე შენი ბინდი,
გარს ნათელი მოიფინე.
შეიმოსე საქორწინოდ,
მომეგებე მომავალსა
და მერმისთვის მეც სალხინოდ
შენზედ დავსდებ ჩემსა კვალსა,
კვალს კეთილს და ნაყოფიეროს,
საბოლოოდ მოსამკელსა,
და მისათვის ვიცვლი მე ფერს,
გაცმევ მდიდრულ სამოსელსა.
მზის სხივებით შემოსილი
ქვეყნად მოველ პატარძალი,
და, ბუნებავ, შენ ქორწილი
გამიმართე მე ახალი...
[1876 წ.]
![]() |
3.17.7 ზაფხულის სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ტვირთი, ბოლოს სასარგებლო,
მძიმეც მჩატედ გვეჩვენება!..
ვისაც მწარე უჭამია,
იცის სიტკბოს გემოვნება!
ეს სიცხე და მხურვალება
ჩემს ტვირთს ზრდის და ამაგრებსა!..
ვისაც ჭირით არ უთესავს,
ის ლხინით რას მოიკრებსა?
გულგახსნილი, სიცხიანი
ვემონები დღეს ჩემს ბედსა
და მძიმე ტვირთს სიხარულით
ვითმენ, როგორც დიდს იმედსა.
ბუნებავ, შენცა წამბაძე,
მე ამიღე მაგალითად
და ნაყოფი ქვეყნის საზრდო
აიკიდე ზურგზედ ტვირთად.
მზის სხივი და მხურვალება
ტვირთს ზრდის და თანც ამაგრებსა;
ვისაც ოფლით არ უთესავს,
ის ვერაფერს მოიკრებსა.
[1876 წ.]
![]() |
3.17.8 შემოდგომის სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ძუძუ მევსება ტკბილის რძით,
და შენც-კი გშიან განაო?
მოსწოვე, შენი სარჩოა,
შვილო! ნანინა-ნანაო!
მხოლოდ ძუძუთი იზრდება
ბევრი სხვაც შენისთანაო;
სანამ არ გაძღე, ეს ძუძუ
სულ პირში გედვას!.. ნანაო!..
თან სწოვე, თანაც იზარდე,
რომ ქვეყნის გამოცანაო
ერთ დროში შენვე გაიგო,
ნანინა, ნანა-ნანაო!
რომ რძე დაგაკლდეს, მაშინ ხომ
სჯობს გაგიყარო დანაო;
მაგრამ ეს ღმერთმა გვაშოროს,
ნანინა, ნანა-ნანაო!
ამ თვეებს მისაბაძავი
არვინ ჰყავს ჩემისთანაო;
ქვეყანას ძუძუ აწოვეთ,
უძახეთ: „ნანი-ნანაო!..“
ძუძუს მოადგა ტკბილი რძე,
აწვება თანდათანაო,
შვილო, მიშველე, მოსწოვე!..
ნანინა, ნანა-ნანაო!
[1876 წ.]
![]() |
3.17.9 ზამთრის სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
თოვლით, წვიმით და ქარიშხლით
მოვალ, ყინვაც თან დამყვება!
ჩემის სუსხით დამსჭვალული
საქონელიც ხშირად სწყვება!..
ქვრივ-ობლისა და ღარიბის
მე არა მაქვს სიბრალული;
ვაი, ვინც არ დამიხვდება
თბილს ოთახში!.. ქურქმოსხმული!
ბოქაულად შევუგზავნი
ანთებაებს, სურდოს და მჭვალს,
და თუ მარჯვედ არ დამიხვდა,
საუკუნოდ დახუჭავს თვალს.
არემარეს გავაბრუებ,
წყლებსაც შევუყენებ დენას,
ქვეწარმავალს გავაშეშებ
და ავუბამ ფრინველს ენას.
ხმელ შეშას ფასს მოვუმატებ,
ცეცხლსაც გავაგემრიელებ;
ყველას დავაძახებ: „მცივა!“
არვის მოვიმადლიერებ!
თოვლით, წვიმით და ქარიშხლით
მოვალ, სუსხიც თან მეხლება,
და ვაი მას, ვისაც ჩემი
ისარი გულს მიეხლება!
[1876 წ.]
გაზაფხულის სიმღერა (I, 199); ზაფხულის სიმღერა (I, 200); შემოდგომის სიმღერა (I, 201); ზამთრის სიმღერა (I, 202). დაიბეჭდა 1876 წ.
- დროება 1876 წ. 22 თებერვალი №19 (ჩართულია პროზაში: საყმაწვილო ზღაპრები, პირველი საღამო) || საყმაწვილო ამბები 1885 წ. (ჩართულია იმავე პროზაში). - ცალკე ლექსები დაიბეჭდა: თხზულებანი, I, 1893 წ. (ოთხივე ლექსი). || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. (ოთხივე ლექსი). || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. (ლექსები: „გაზაფხულის სიმღერა“ და „შემოდგომის სიმღერა“). || სიმღერა აკაკისა 1903 წ. (ლექსი „შემოდგომის სიმღერა“). -
![]() |
3.17.10 *** (თქვენ უნდა იქნეთ, სწორედ, ჩვენი თავმჯდომარეო, |
▲ზევით დაბრუნება |
თქვენ უნდა იქნეთ, სწორედ,
ჩვენი თავმჯდომარეო,
რადგანაც გაგიცვნიათ
ვარსკვლავი და მთვარეო!
ისევ თქვენ უნდა იქნეთ
ჩვენი თავმჯდომარეო,
რადგანაც გვეხვეწებით
ჩუმად: „მოგვეხმარეო!“
თქვენს მეტი არვინ გვინდა,
სწორედ, თავმჯდომარეო,
რადგანაც ბებერი ხართ
და გელისთ სამარეო!
ეს უნდა ავირჩიოთ
ბანკის დირექტორადო,
რადგანაც მაგის ქება
თქვენგან გვესმის ჭორადო!
მეორედ ესა გვყავდეს
ბანკის დირექტორადო,
რადგანაც ბანკის ფულებს
მოგვცემს ერთი-ორადო!
და ან ეს უნდა იყოს
ბანკის დირექტორადო,
რადგანაც ჩვენი კენჭი
მივჰყიდეთ ერთ ღორადო!
აი, ეს უნდა იქნეს
ბანკის ზედამხედველი,
რადგანც მაგის წყალობით
„დამფასებლობას“ ველი.
სწორედ ეგ უნდა იქნეს
ბანკის ზედამხედველი,
რადგანც თავში ბაყაყი
და გულშიდა ჰყავს გველი!
და ან ეს უნდა იქნეს
ბანკის ზედამხედველი,
რადგანც სიბერით ყრუა
და თვალით ვერ-მხედველი.
[1876 წ.]
*** „თქვენ უნდა იქნეთ, სწორედ, ჩვენი თავმჯდომარეო“ (I, 203). დაიბეჭდა 1876 წ.
- დროება 1876 წ. 14 აპრილი №36. || თხზულებანი, I, 1893 წ. 1 ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
ამ ლექსის შესახებ იხ. შენიშვნა აკაკისა (ავტორის შენიშვნები, ტ. I, გვ. 864).
![]() |
3.17.11 თაგვების ლათაია |
▲ზევით დაბრუნება |
„დავკარგე ფერის“ ხმაზედ.
შეყრილან თაგვები,
რჩევა ჰქონიათ,
როცა კატის ხმა
გაუგონიათ.
უთქვამს ვირთაგვას,
უკუდოს და ხმელს:
„რატომ ერთმანეთს
ჩვენ არ მივსცემთ ხელს?
„ნუთუ არ გესმით
კატის ჭყავილი,
რომლისგანაც გვაქვს
ზურგის ქავილი?
„თქვენ ჯერ არა ხართ
გამოცდილები
და მე-კი მახსოვს
მათ ბრჭყალ-კბილები!
„თუ არ გსმენიათ,
აწ მომისმინეთ,
თუ მე რა მიყვეს
სამის წლის წინეთ:
„გამინავარდეს,
წინ გამიხტუნეს,
საქმე და ქცევა
რომ დამიწუნეს.
„ბრჭყალები გამკრეს,
ამაწრიპინეს;
მაგრამ ხელი ვერ
ამაღებინეს
„იმ თაროზედა,
სითკენც მე მარად
მივიპაროდი
ჩუმად, მშიშარად!
„ახლა მე იქ ვარ
სრული პატრონი
და იმედიც მაქვს
მომეცხოს ქონი,
„თუ ეს კატები
არ იქნებიან;
თორემ, იცოდეთ,
ადრე თუ გვიან,
„თქვენ არ დაგზოგვენ
გაუტანლები!
მე კარგად ვიცი
მათი ბრჭყალები!“
მათს რიცხვში თურმე
იყო თრითინა;
რომ გაიგონა
ეს, გაიცინა.
ადგა და უთხრა
ზოგ-ზოგ თაგვებსა:
„თქვენ ვერ მოარტყამთ
იმ კატებს ქვებსა.
„თქვენგანი ეჟვანს
ვერვინ შეაბამს!
და რასაც ჰფიქრობთ,
ის დაგიშაბა ს“.
დაღონდა ამით
ჩვენი ვირთაგვა;
სევდა მოედვა,
აქვს წვა და დაგვა!
და აღარ იცის,
ვის მიეკედლოს?
სიყვითლეს კიდევ
როგორ გაუძლოს!
[1876 წ.]
ავტორის შენიშვნები
„თქვენ უნდა იქმნეთ სწორედ ჩვენი თავმჯდომარეო“.
ქუთაისში სათავად-აზნაურო ბანკის გახსნამ იმ წესებით, რომელიც არსებობს დღეს, ორად გაჰყო ახალ-თაობა. უკმაყოფილო დარჩენ „დროების“ თანამშრომლები და გაიმართა წერა. ერთხელ მოწინააღმდეგები შეიყარენ და რჩევა შექმნეს: „ჩვენც ახალი გაზეთი გავიჩინოთ და ისე ვუპასუხოთ ხოლმე“. საქმე ისე გამწვავდა, რომ პირადობაზე მიდგა. ერთი მეორეს აღარ ზოგავდა. ოპოზიციაში ცოტანი იყვენ: გ. წერეთელი, ი. მესხი, ნ. ნიკოლაძე, კ. ლორთქიფანიძე და სხვანი. ეს ლექსები: „თქვენ უნდა იქმნეთ“ და „თაგვების ლათაია“ იმ ხანებშია დაწერილი. - „კატად“ ნიკოლაძეა მოხსენებული და „ვირთაგვად“ მეორე მხარის ბანკის მომხრის მეთაური.
თაგვების ლათაია (I, 205). დაიბეჭდა 1876
- დროება 1876 წ. 16 ივნისი 1 60. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
ამ ლექსის შესახებ იხ. შენიშვნა აკაკისა (ავტორის შენიშვნები, ტ. I, გვ. 864).
![]() |
3.17.12 *** (დიდხანს ვსძებნე იდეალი…) |
▲ზევით დაბრუნება |
დიდხანს ვსძებნე იდეალი,
მაგრამ არსად მოინახა!
დღეს ავაღე ყველას თვალი
და ვიცინი: ხა, ხა, ხა, ხა!
ჩვენი ცხოვრების სარკეში
თვალთმაქცობა ჩაისახა!
რა იმედი! რის ნუგეში!
მეცინება: ხა, ხა, ხა, ხა!
ბევრი ვნახე ჩამოსული,
ჩვენში ბრძოლა განეზრახა,
მაგრამ გადუბრუნდათ გული
სასაცილოდ: ხა, ხა, ხა, ხა!
მოიშალა-რა ფაფხური,
ცხოვრებით-რა შეილახა,
მტერს დაუწყო სამსახური
და შესცინის: ხა, ხა, ხა, ხა!
ადრე დასცინოდა ტუზებს,
დღეს თვით დაუღია ხახა
და უსაქმოდ ჰყლაპავს ბუზებს,
და იცინის: ხა, ხა, ხა, ხა!
ვინც რომ გუშინ ქვეყნის მტერსა
გამბედავად შეუძახა,
დღეს ულოკავს ფერხთა მტვერსა
და იცინის: ხა, ხა, ხა, ხა!
კაცი იყოს, გინდა ქალი,
ჩვენში ყველა არის გლახა;
და რად ვსძებნოთ იდეალი?
სჯობს, ვიცინოთ: ხა, ხა, ხა, ხა!
[1876 წ.]
*** „დიდხანს ვსძებნე იდეალი“ (I, 207). დაიბეჭდა 1876 წ.
- დროება 1876 წ. 7 ივლისი 1 69 (ჩართულია პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
„აკაკის სიმღერა“-ში არ არის მე-4 სტროფი.
![]() |
3.17.13 *** (გაბრწყინდი, ჩემო კანდელო…) |
▲ზევით დაბრუნება |
გაბრწყინდი, ჩემო კანდელო,
მინათლე ბნელი ღამისა!..
მინათლე, რადგანც დაგირჩა
სინათლე მცირეს ჟამისა!..
ჩემი სიცოცხლე შენსავით
იწვის და თანდათან სდნება:
წარსული აღარას მარგებს,
მომავალი მენანება!
და მაშ შენც, ჩემო სიცოცხლევ,
რადგანც მშორდები ხვალისად,
დღეის-დღე მაინც მილხინე,
რომ დრო ვატარო ხალისად.
[1876 წ.]
„გაბრწყინდი ჩემო კანდელო“ (I, 208). დაწერილია 1853-1856 წ.წ. დაიბეჭდა 1876 წელს.
- დროება 1876 წ. 3 ოქტომბერი №105 (ჩართულია წერილში „მაქოობა“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
თუმცა აკაკი ბავშვობის დროიდანვე გამოსთქვამდა შაირებს, სწერდა აგრეთვე სცენებსაც, მაგრამ თავისი ნამდვილი პოეტური შემოქმედების დასაწყისად აკაკის მიაჩნდა ლექსი „გაბრწყინდი ჩემო კანდელო“.
წერილში, რომელიც დაიბეჭდა გაზ. დროებაში. 1876 წელს (№105), აკაკი მოგონების სახით წერს:
„ამ ოცის წლის წინეთ, იმ ხანში ვიყავი, როცა ადამიანი ყმაწვილობიდან ჭაბუკობაზე გადადის; იმ დროს გული არის მბრძანებელი თავისა.
„ზურმუხტ ოცნებებით შეკაზმული სხვადასხვაგვარი ფიქრები და მრავალგვარი გრძნობები რას არ მოაქმედებინებენ ახალგაზდას?! მცირე მიზეზი ალომ-არწივებს და მცირევე აჭიანჭველებს გამოუცდელ რაინდს.
„მეც ისე მომდიოდა. და ერთხელ, არ ვიცი რამ მომცა მიზეზი, მაგრამ ისე კი გავიმსჭვალე, რომ წმინდის გულით შემდეგი სიტყვები დავამღერე ჩანგს“. - (აქ აკაკის მოჰყავს ეს ლექსი: „გაბრწყინდი ჩემო კანდელო“).
„მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა; ბევრი მითქვამს და ბევრიც დამიწერია; მაგრამ მათგანი მეასედიც აღარ მახსოვს, და ეს ერთი, ეს პირველი ლექსი კი, პირველ სიყვარულივით, სიკვდილამდე დაუვიწყარად დაებეჭდა ამ ჩემს გულს!
„სწორედ იმ დღიდანვე მივუპყარი გული ჩვენ ხალხს და დავაკვირდი მის ცხოვრებას...“
ამ ლექსის შესახებ არსებობს აგრეთვე მეორე ცნობა, რომ აკაკიმ ეს ლექსი „გაბრწყინდი ჩემო კანდელო“ დასწერა გიმნაზიაში ყოფნის დროს, 13 წლისამ, ე.ი. 1853 წელს.1 ხოლო აქ მოყვანილს წერილში, აკაკი, როგორც ვნახეთ, აღნიშნავს, რომ მან ეს ლექსი დასწერა „ამ ოცი წლის წინათ“, ე. ი. 1856 წლის ახლო. გამოთქმა „ამ ოცი წლის წინათ“, სჩანს, უნდა გავიგოთ როგორც ზოგადი მიახლოვებული ცნობა, და არა ისე, რომ ამ ლექსის დაწერის შემდეგ განვლო ზუსტად, უმეტნაკლებოდ, 20 წელმა. ამ ორი ცნობის შეფარდების მიხედვით ლექსი სჩანს დაწერილია 1853-1856 წლებში.
______________
1. იხ. აკაკის ლექსების გამოცემები 1908 და 1912 წლებისა („რჩეული ლექსები“ II და III, შესავალი წერილი ს. მერკვილაძისა: „აკაკის ცხოვრება“. ცნობა, სჩანს, თვით აკაკის გადმონაცემს წარმოადგენს).
![]() |
3.17.14 *** (პირადად ხმას არვის გავსცემ…) |
▲ზევით დაბრუნება |
პირადად ხმას არვის გავსცემ,
გინდა მლანძღოს, გინდა მაქოს!
უსამართლოდ თუ რამე სთქვეს,
მე გავაგდებ მაშინ მაქოს!
რომ მეტყვიან: „ჰა, ვკეთდებით,
ჩვენი ბანკი გაუხსნიათ!“
მე გავაგდებ მაშინ მაქოს,
ვიტყვი: „ჯერ ვერ შეუტყვიათ!“
რომ მეტყვიან: „იმ კაცებსა
კარგი საქმე დაუწყიათ!“
მე გავაგდებ ჩემსა მაქოს,
ვიტყვი: „ჯერ ვერ შეუტყვიათ!“
რასაც-კი რომ გავიგონებ
ჭკუაში არ-მოსასვლელსა,
ვიტყვი: „ჯერ ვერ შეუტყვიათ!“
და ჩემს მაქოს ვსტაცებ ხელსა.
მაგრამ როცა გაიგებენ
და მოხვდებათ გულში ტყვიად,
მაშინ მაქოს გამოვაგდებ,
ვიტყვი: „ახლა შეუტყვიათ!“
[1876 წ.]
*** „პირადად ხმას არავის გავსცემ“ (I, 209). დაიწერა და დაიბეჭდა 1876 წ.
- დროება 1876 წ. 3 ოქტომბერი №105 (ჩართულია იმავე პროზაში „მაქოობა“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
დროებაში დაბეჭდილ ტექსტში და 1893 წლის გამოცემაში არის ზედმეტი სტროფი (მე-2 სტროფის შემდეგ), რომელიც ავტორს ამ ლექსის ბოლო რედაქციიდან ამოუღია:
„ივერიას“ გამოსცემენ,
მტერს მოხვდება გულში ტყვიათ!“
მე გავაგდებ მაშინ მაქოს,
ვიტყვი: „ჯერ ვერ შეუტყვიათ!“
![]() |
3.18 1877 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.18.1 ფარეშების სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ამან ეს სთქვა... იმან ის სთქვა!
ეს ეს არი!.. ის ის არი!
ამას ეს ქვა! იმას ის ქვა!
ეს ისარი!.. ის ისარი!..
ვიცით, გვითხრეს სხვებმა სხვისი,
რომ უქმნია ვინცღას რაცღა!..
გაჩნდეს კბენა!.. ნძგა, მაგას... სსსი!
მიავ! მიავ! აცხა! აცხა!..
ძაღლი კატას ემუქრება,
კატა მტრულად ძაღლს უყურებს!
მოედანი-კი ვირს რჩება...
მღერის, აპანტურებს ყურებს!
ამან ეს სთქვა!.. იმან ის სთქვა!
ეს ეს არი!.. ის ის არი!
ამას ეს ქვა!.. იმას ის ქვა!
ეს ისარი!.. ის ისარი!
[1877 წ.]
ფარეშების სიმღერა (I, 210). დაიბეჭდა 1877 წ.
- დროება 1877 წ. 25 თებერვალი №22 (ჩართულია პროზაში „ფარეშობა“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.19 1878 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.19.1 თვალის ახილვა |
▲ზევით დაბრუნება |
მადლობა ღმერთს, აღარა მაქვს
სიჭაბუკის აწ სათვალე!
რაც მე იმან შემაცდინა,
ის, მკითხველო, შენ დათვალე!
სადაც მივიხ-მოვიხედე,
მომეჩვენა ია-ვარდი,
და მოკრეფა რომ მინდოდა,
შიგ ჭინჭარში გადავვარდი!
დავიშუშხე და მკურნალად
გამოვძებნე მეგობარი,
მაგრამ წყლულზედ გადამავლო
იმ წყეულმა ცხარე ძმარი.
ამ უგულო გამეტებამ
წყლული უფრო გამიმწარა;
გაჭირვების ტალ-კვესზედა
საყვარლისკენ გამაჩქარა.
სატრფო დამხვდა უსიამოდ,
გამილესა მე ნაღველი;
თვით ფერხულში გაერია,
გადახვია მან სხვას ხელი...
გულში ცეცხლი მომეკიდა...
ვაი ჩემს თავს, ამის მნახველს!
ნათესავებს მივაშურე,
ვსთქვი: „საშველად მომცემენ ხელს!“
მაგრამ სახლში რომ მივედი,
კარი დამხვდა დაკეტილი!
ვარახუნე... ხმაც არ გამცეს;
მოიგონეს, თურმე, ძილი!
გულმოკლული გამოვბრუნდი,
მსაჯულს ვსთხოვე სამართალი,
მაგრამ საწყლად რომ წავდეგი,
ამარიდა მანცა თვალი!..
ზნეობითად დაჩაგრულსა
მომაგონდა მე მოძღვარი;
მიველ... ისიც მომეგება,
გადამსახა ლოცვით ჯვარი.
ჩემი ტანჯვა მოისმინა,
აუჩჩვილდა მასაც გული,
მკითხა: „შვილო, დაცემის დროს
ხომ არ დაგკარგვია ფული?“
მოვახსენე: „როგორ არა!..
დამეკარგა... თანც სათვალე..”
არ იამა... ზე წამოდგა
და მიჩვენა კარი მალე...
მაშინ მივხვდი, რომ წაქცევამ
საქმე მიყო მეგობრული!..
სოფელს თავი დავანებე,
ტყე-ტყე ვიწყე სიარული.
ჩემი ჩანგიც თან წავიღე,
მით ვიქარვებს გულის ვნებას
და, მხეცებს რომ შევეყრები,
წმინდის გულით ვამბობ ქებას:
„დიდო მგელო, შენ სჯობიხარ
ნათესავს და მეგობარსა:
შენ, თუ გშიან, მოიტაცებ
მთელ ჯოგიდან ერთსა ცხვარსა;
„ისინი-კი, გამაძღრებიც
არ დაზოგვენ არცა ერთსა!..
თვალთმაქცობით ატყუებენ
დაბლა კაცს და მაღლა ღმერთსა!
„სჯობს მსაჯულის განაჩენსა,
დათვო, შენი სამართალი:
ისე შენი არ იბნევა,
როგორც მისი გზა და კვალი!
„მსუქნებს სტყავებს სიცოცხლითვე,
ხელს არ ჰკიდებს მჭლეს და მძორსა
და, მერწმუნე, ბევრად მეტობს
მისი ტორი შენსა ტორსა.
„მოძღვრები და სულის კაცი
გავიცანი სოფლად ყველა...
სიწმიდით და უმანკობით
შენ სჯობიხარ იმათ, მელა:
,,შენ იპარავ: ქათმებს, ბატებს,
იხვებსა და ინდაურებს...
ისინი-კი ყველაფერზედ
თვალს სჭყეტენ და სცქვეტენ ყურებს...
„კბილბასრო და ბრჭყალმახვილო
გარეულო კატუნია!..
ვინც რომ შენ არ გამჯობინებს
საყვარელსა... ვერ უცვნია!
„შენ არავის მიიკარებ
არც რისხვით და არცა თნევით,
ის-კი აცდენს მამაკაცსა
კრუტუნით და კუდის ქნევით!
„მხეცებო და პირუტყვებო!
გაგიცანით ყველა კარგა...
და ღმერთს ვმადლობ, რომ მაცდური
მე სათვალე დამეკარგა!“
[1878 წ.]
თვალის ახილვა (I, 211). დაიბეჭდა 1878 წ.
- დროება 1878 წ. 26 აპრილი № 80, || თხზულებანი. II. 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913. -
![]() |
3.19.2 უცხო მხარე |
▲ზევით დაბრუნება |
წავალ, სადაც სიღარიბეს
ბოროტებად არა სთვლიან,
სადაც პირადი ღირსებაებს
ნაბოძვარში არა სცვლიან!
სადაც ყველა თანსწორია,
ერთს მეორის არ აქვს შიში,
სადაც მოსპო ქრისტეს მცნებამ
ფარისევლის ანგარიში!
ამისთანა უცხო მხარე
ვიცი მხოლოდ ერთად-ერთი:
ოცნებისა სამთავროში, -
იმას ჰქვია... სიზმარეთი!..
[1878 წ.]
უცხო მხარე (I, 214). დაიბეჭდა 1878 წ.
- დროება 1878 წ. 9 დეკემბერი №252. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.19.3 სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
მინდა რამ ვსთქვა, მაგრამ თევზი
მაგონდება მის ანდაზით,
და სიტყვებსა ეს მიზეზი
გულში მიკლავს უხმოდ, ბრაზით!..
პირში ლაგმით რა უნდა ვსთქვა?..
მხოლოდ ვიტყვი გადაკვრითა,
და თუ გული არა გაქვს ქვა -
უნდა დასდნეს ამ ცრემლთ ღვრითა.
პირველ ყოვლის მოგაგონებ
შენს ცხოვრებას წმინდას, წარსულს...
არ დავფარავ... დაგაღონებ
და ვაშფოთებ ამით შენს გულს!
გახსოვს, ოდეს ცხრაკლიტულში
შენ სცხოვრობდი დედოფლურად?..
სიმხნე გედვა მაგ კლდე-გულში
და ვერ გპოვეს მათ უძლურად?..
იმ დროებში შენი შოვნა
ბევრს უნდოდა ანგარიშით,
მაგრამ ვერვინ დაგიმონა
ვერც შეცდენით, ვერცა შიშით!
სპარსელს, თურქსა და ბერძენსა
არ ჩაუგდე თავი ხელში,
გულით მტრედს და სულით ბრძენსა
ვინ გჩაგრავდა ამ სოფელში?
თავშეხვეულს შენს მოტრფიალს
ხშირად სცხებდი თავში კომბალს!
გულში ტყვილად იდებდა ალს...
სულ უბრალოდ გიქნევდა თვალს!..
მეორესაც, თავშეღებულს,
უგზავნიდი ხშირ შერცხვენას,
არ დასდევდი შენ მისსა გულს
და არცა რას იმის წყენას!..
მხოლოდ ერთი მე გიყვარდი!..
ჩემიც გსურდა სიყვარული!..
შენ ჰყვაოდი, ვითა ვარდი,
მეც გეტრფოდი, ვით ბულბული!..
მაგრამ ბოლოს მიღალატე
ულოდნელად, დიაცურად!..
გულში ცეცხლი მომიმატე,
გამაშმაგე არ-კაცურად!..
მოხიბლულმა, ვითა ჩერო,
მე დამაგდე ცოცხალ-მკვდარი,
და ხომ გახსოვს, მშვენიერო,
თუ მე მაშინ რა გითხარი?
„ნუ სტყუვდები, თავის მტერო!..
მე მაგდებ და სხვასთან მიხვალ?!
მაგრამ, დღეს-კი ბედნიერო,
რად არ ჰფიქრობ, რა გელის ხვალ?
„მონის ფასად დაგიჯდება
დღევანდელი ეგ ალერსი!..
ხასისათვის ვინ გიჟდება?
რად არ იცი შენ ეგ წესი?!.
,,ბევრის აღთქმით, დიდის ხერხით
რომ ჩაგითრევს და შეგაცდენს,
მერე ზედ შეგდგება ფეხით,
დაგიმონებს, ცრემლებს გადენს!..
,,ლეჩაქს მოგხდის, გაგაშიშვლებს,
ბანგს შეგასმევს, დაგაძინებს,
გამოგიზრდის მონად შვილებს
და თვითონვე შენ დაგცინებს!
„ამ თავითვე იჭკვიანე!
ნუ ენდობი გარყვნილს, მაგ ავს!
და მაშინ მეც, გეთაყვანე,
მსხვერპლად შემოგწირავ ჩემ თავს!..
„მაგრამ, ვაი, ყურს არ მიგდებ,
მაცდურისკენ თვალს იშტერებ!..
მისთვის გულში მწველ ცეცხლს იდებ!..
მისთვის მხოლოდ გულს აძგერებ!..
„მიკვირს, მიკვირს, რად არ გრცხვენის?
ჰხედავ, როგორ გიშვერენ თითს?!
ოლომფრე ხომ ხარბადა გრყვნის,
და შენ-კი ვერ ჰბაძავ ივდითს!..”
ეს გითხარი, მაგრამ შენ-კი
ჩემი აღარ დაიჯერე:
შეიყვარე ის გულმანკი,
გულიც მისთვის აიძგერე!..
აიძგერე და ახლა-კი,
რაც გირჩიე მაშინ, ყველა
გაგონდება, ვით არაკი,
და აღარ გაქვს მაინც შველა!..
მაგრამ იცი, მე რას გირჩევ,
ვით სნეულსა და ავადმყოფს?
თუ ორს ჭირში ერთს აირჩევ, -
გარყვნას ისევ სიკვდილი სჯობს!..
სხვასაც გირჩევ, მაგრამ თევზი
მაგონდება მის ანდაზით
და სიტყვებსა ეს მიზეზი
გულში მიკლავს უხმოდ, ბრაზით!..
[1878 წ.]
სიყვარული (I, 215). დაიბეჭდა 1878 წ. - (ლექსი ატარებს აგრეთვე სათაურებს: ა) „საყვედური“; ბ) „შენანებული საყვარლისადმი რჩევა“.
- დროება 1878 წ. 30 დეკემბერი №267. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ბაგრატ დიდი და სხვა ლექსები 1911 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. || ავტოგრაფი L-1469/4. -
ლექსს დიდი წვალება განუცდია ცენზურისაგან.
დროებაში დაბეჭდილ ტექსტში და 1893 წლის გამოცემაში ცენზურის მიერ ამოგდებულია პირველი ორი სტროფი:
„მინდა რამ ვსთქვა, მაგრამ თევზი
მაგონდება მის ანდაზით,
და სიტყვებსა ეს მიზეზი
გულში მიკლავს უხმოდ, ბრაზით.
პირში ლაგმით რა უნდა ვთქვა?..
მხოლოდ ვიტყვი გადაკვრითა,
და თუ გული არა გაქვს ქვა -
უნდა დასდნეს ამ ცრემლთ ღვრითა“.
1913 წლის გამოცემაში აღდგენილია მხოლოდ პირველი სტროფი, ისიც შეცვლით:
„მინდა რამ ვსთქვა... მაგრამ თევზი
მაგონდება მის ანდაზით,
და რა გითხრა გაცხადებით
შენ, გათქმულო სილამაზით?“
დროებაში დაბეჭდილს ტექსტში და 1893 წლის გამოცემაში ამოგდებულია სტრიქონები:
„ოლომფრე ხომ ხარბადა გრყვნის,
და შენ-კი ვერ ჰბაძავ ივდითს!..“
1913 წლის გამოცემაში ეს სტრიქონები აღდგენილია ოდნავის შეცვლით:
„და ივდითის ონოფრესთან
რად არ ჰბაძავ შენც მაგალითს?“
სტრიქონი: „სპარსელს, თურქსა და ბერძენსა“ - დროებაში და 1893 წლისა და 1913 წლის გამოცემებში შეცვლილია ამ-რიგად: „სხვადასხვა ტომის პირებსა“.
მე-7 სტროფის 2-4 სტრიქონები და მე-8 სტროფის 1 სტრიქონი - ბეჭდურ გამოცემებში არ მოიპოვება (სჩანს გამორჩენილია კორექტურული შეცდომის მიზეზით). აღდგენილი გვაქვს ავტოგრაფიდან.
![]() |
3.19.4 სხვადასხვა ერი1 |
▲ზევით დაბრუნება |
მაღალმა ღმერთმა ხელახლა
კაცს დაუბრუნა ედემი,
სადაც სცხოვრობდა ცოდვამდის
პირველი მამა ადამი.
ყოველის მხრიდამ მოატყდა
ადამის ტომი სამოთხეს!
გაიყვეს, გაინაწილეს,
დასახლდენ თავ-თავის კუთხეს.
და მაშინ ბრძანა უფალმა:
„თქვენია მთლად ეს ქონება!..
მე ხელს არ გიშლით... იხმარეთ!
გამოიჩინეთ გონება!“
ის ანგელოზიც გაფრინდა,
კარზედ რომ იდგა მცველადა,
და ხილულ იქმნა სამოთხე
ისევე, როგორც ძველადა.
ყოველმა ერმა თვის კუთხეს
უნდა სდვას კილო და კვალი,
და ვინც აჯობებს იმათში,
იმას აკურთხებს უფალი.
ინგლისელები
ინგლისელებმა შვენებას
არ მიაქციეს იქ ყური!..
აჰკაფეს ვარდი და ია,
ნაცვლად დათესეს ზედ პური.
მთები გახვრიტეს, კლდე - აპეს,
ზღვა ზღვას შეურთეს არხითა
და ააბრუნეს ქარხნები
სხვადასხვა-გვარის ჩარხითა.
ამართეს დროშა მუდამი,
ზედ ეს დასწერეს სიტყვები:
„მხოლოდ შრომა და ვაჭრობა,
სხვას ქვეყნად არას მივყვები!“
და თავმომწონედ, ამაყად
ის დროშა ხელში იჭირეს;
სხვის თვალში ბეწვსა სწუნობენ,
თვისაში იქებენ დირეს.
ნემცები
მეორე დროშა ამართეს
ნემცებმა; ზედ ეს ეწერა:
„ჩვენი თავი და ოჯახი,
ამ ქვეყნად სხვა არრა გვჯერა!
„სანამ გვექნება სიგარი,
კუპატი, ლუდი, პურიო,
არას დავეძებთ!.. ჩვენ სხვების
არ გვმართებს სამსახურიო!“
ამ განზრახვითა შეუდგნენ
მეცნიერება-სწავლასა
და ერთნაირად იკვლევენ
დარბაზებსა და თავლასა.
საპირისგემო ქარხნები
ააგეს ფერად-ფერადი
და ზედაც დაღი დაასვეს
სასაკუთრო და პირადი.
მერე დაიწყეს ოცნება,
როგორც მაძღარის წესია,
და იქ ჰფიქრობენ მოიმკონ,
სადაც მათ არ უთესია.
იტალიელები
იტალიელთა რომ ნახეს
ის მშვენიერი ბუნება,
აიგზნეს სიყვარულითა,
გაუორკეცდათ გუნება.
დროშაზედ ასე მოქარგეს:
„ეს არის ჩვენი მცნებაო:
სიყვარული და ოცნება,
სხვადასხვა ხელოვნებაო!“
ჰხატვენ, უკვრენ და მღერიან,
ბუნებას ეჯიბრებიან;
სხვებს მაგალითებს აძლევენ,
ქვეყანას ემოძღვრებიან.
თვალს სდევენ, გულსა ჰყვებიან,
კუჭს ივიწყებენ ხშირადა,
და მის ბრალია, თუ ზოგჯერ
თავი უჯდებათ ძვირადა.
ფრანგები
ფრანგებმა თავის წილ-ხვედრი
სხვადასხვა-რიგად გამართეს;
ბევრიც იშფოთეს და შემდეგ
წითელი დროშა ამართეს...
დასწერეს: „თავისუფლება,
ძმობა და სიყვარულიო
ვისაც არ ჰსურდეს ქვეყნისთვის,
ღვთისაგან იყოს კრულიო!“
სწავლა და ხელოვანება,
სიბრძნე და მეცნიერება
მისათვის უნდათ, რომ სხვებსაც
მისცენ მით ბედნიერება!
შრომობენ შესანიშნავად,
გულგახსნით, პირმომცინარად
და ჯერ არავის უნახავს
უსაქმურად და მძინარად.
ჭირში და ლხინში ერთგვარად
მაღალ-სულობით ქებულან;
ბევრჯერც ჰქონიათ შავი დღე,
მაგრამ არ შეშინებულან!
სითკენაც უნდა ისროლოთ,
ვით კატა, ფეხზედ სდგებიან!
რა ჭირიც უნდა მიადგესთ,
სხვის შემწედ ემზადებიან.
კისრულიც ბევრჯერ უქნიათ,
არ დამტვრევიათ ფეხები...
და სჩანს, რომ ვერას დააკლებს
მათ, გინდ აწვიმოს მეხები.
ქართველები
ქართველნი როცა შევიდენ,
და თავის კუთხე მონახეს,
ყურთმაჯა მაღლა შეიგდეს
და აღტაცებით დასძახეს:
„შენი გამჩენის ჭირიმე!..
ცხონება ეს ყოფილაო:
ზაფხულში საამოდ გრილა,
ზამთარში კარგად თბილაო.
„რასაც-კი თვალი ისურვებს,
ან გული მოინატრებსო,
სულ აქ ყოფილა; ღვთის მადლით
სრულად ვერავინ აკრებსო!..
„და რაღა უნდა ამ ქვეყნად
ადამის შვილსა მეტიო?
ვინც ამას არ დასჯერდება,
გიჟი იქნება, რეტიო!
„ამა სამოთხის კუნჭულსა
რაღა აკლია ერთიო?!
დავჯდეთ და ლხინი გავწიოთ,
ვახსენოთ მაღლა ღმერთიო!“
დაჰკრეს ზურნა და ნაღარა,
დასძახეს „ჰარი-ჰარალი!“
წითელ ნუნუას ეწაფნენ,
სთქვეს: „კუპრიელსო ზარალი!“
ამართეს დროშა მაღალი,
ოქრომკედითა ნაკერი!
გამოეხატათ ზედ ჯვარი
და ქვეშ ეს იყო ნაწერი:
„ენა და სარწმუნოება,
ზნეობა საამურიო;
ამ ქვეყნად ყველას პატივი,
მაღლა ღვთის სამსახურიო!
„მოყვრისთვის თავის გაწირვა
და მეგობრული ვალიო!
მტრისათვის მოსაგერებლად
ბასრი შიშველი ხმალიო!..“
ასე დასწერეს, მაგრამ-კი
ისინი ძილმა წაიღო,
და მათი კარგი ყოველი
ჩხიკვმა და ყვავმა გაიყო!
ჯერ ცუდი სანახავია
იმათი მხარე მძინარი;
მაგრამ თუ გამოიღვიძეს,
ბედი იმათი წინ არი...
ბერძნები
წინდახედულად, ხერხითა,
საწყლად შევიდა ბერძენი,
ოდესმე გამოჩენილი,
ქვეყნისთვის ბევრის შემძენი.
შეხედა სხვების შენობას,
გულდაგულ ათვალიერა;
მერე დროშაზედ ქარაგმით
ტკბილის იმედით დასწერა:
„სჯობს, მაშინ ხერხი ვიხმარო,
როცა აღარ სჭრის ხმალიო,
და ვიეშმაკო იქ, სადაც
არ გადის სამართალიო,
„რომ დავიბრუნო ოდესმე
ჩემი დიდება ძველიო!..
და ნურვინ სცდილობს უბრალოდ
შემაშლევინოს ხელიო!
„არ ვკითხავ სლოვიანებსა,
დედას ვუტირებ თათრებსო,
და ინგლისელებს - მათ მომხრებს -
დავაკარგვინებ დავთრებსო!“
ედემში სხვებიც შევიდენ,
მაგრამ არ მოვიხსენიებთ,
რადგანც მიდგომით ვერ ვაქებთ
და მართლით კი ვაწყენიებთ...
როცა ყველანი დასახლდენ,
მობრძანდა მაღლით უფალი
და გადაავლო ედემსა
მამობრივ წყალობის თვალი.
ბრძანა: „მსურს ყველას ვუჩვენო
მე ორი მაგალითიო
და ერთს კარგზედ და ერთს ცუდზედ
მათ მივუშვირო თითიო!...“
ჯერ ფრანცუზებზედ უჩვენა:
„მისდიეთ იმათ კვალსაო,
და მაშინ მაღლით ვაკურთხებ
თქვენს ბედს და მომავალსაო!“
მერე სკვითებსაც შეხედა:
„ამას ხომ ხედავთ თქვენაო?
არ მიჰყვეთ მაგის გზა და კვალს,
არ გაირისხოთ ზენაო!“
ბრძანა და ნათლით ამაღლდა
ზეცასვე ღმერთი უფალი…
და ვისაც არ სწამს ღვთის სიტყვა,
დაუბნელდება მას თვალი!..
[1878 წ.]
_______________
1. აქ ბევრი სხვა ერებიც იყვნენ მოხსენებული, მაგალითად: ისპანიელები, თათრები, სომხები, რუსები და სხვანი. მაგრამ ცენზურამ არ გაუშვა, დაიჭირა და მე-კი აღდგენა აქ ვეღარ მოვახერხე. განსაკუთრებით სასაცინო იყო სომხები და რუსები. [ავტორის შენიშვნა].
სხვადასხვა ერი (I. 218). დაიბეჭდა 1878 წ.
- დროება 1878 წ. 24 ნოემბერი №240. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები. II, 1913 წ. -
ლექსი „სხვადასხვა ერი“, როგორც აღნიშნავს თვით აკაკი 1913 წლის გამოცემის შენიშვნაში, დეფექტურად არის მოღწეული ცენზურის მიზეზით. აკაკი სწერს: „აქ ბევრი სხვა ერებიც იყვნენ მოხსენებული, მაგალითად: ისპანიელები, თათრები, სომხები, რუსები და სხვანი. მაგრამ ცენზურამ არ გაუშვა, დაიჭირა და მე კი აღდგენა აქ ვეღარ მოვახერხე. განსაკუთრებით სასაცინო იყო სომხები და რუსები“.
სრული დედანი ამ ლექსისა შესაძლოა აღმოჩნდეს საცენზურო კომიტეტის შეუსწავლელ მასალებში.
ჩვენ პირადად გაგვიგონია ზეპირი გადმოცემა ზოგიერთი დაკარგული ტაეპებისა ( - აპ. წულაძისაგან), მაგრამ, რაკი ავთენტიური დედანი არ მოიპოვება, მათი დაბეჭდვისაგან თავი შევიკავეთ.
![]() |
3.20 1879 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.20.1 დედა და შვილები |
▲ზევით დაბრუნება |
ქვრივ-ოხრობის განაცადმა,
სიმწრის ლუკმით გამოზდილებს,
ცოტა იმედ-მოცემულმა,
ერთხელ დედამ უთხრა შვილებს:
„სხვის ეზოში მელა არის,
ჩვენსაში-კი დიდი მგელი
და, შვილებო, მასახელეთ:
თოფ-იარაღს სტაცეთ ხელი!“
უფროსმა სთქვა: „მე რას დავდევ?
რისთვის უნდა ვიჩერჩეტო,
რომ მივიდე და შევება?!
თავი როგორ გავიმეტო?“
მეორემ სთქვა: „მეზობლისას
გვიჯობს თავი მოვიყაროთ:
მოვკლათ მელა და ისინიც
მერე მგელზედ მოვიხმაროთ!“
უმცროსმა სთქვა: „აჰ! მეზობლის
მოხმარება ვეღარ გვარგებს:
სანამ თქვენ აქ მოხვიდოდეთ,
მგელი სრულად ამოგვაგდებს!“
ვერ დათანხმდენ კერპობითა,
მოუვიდათ დიდი ჩხუბი!..
სასიკვდილოდ მოუღირეს
ერთმანეთსა ძმებმა შუბი...
სანამ უგნურ მაჩხუბრებსა
ვაი ჰქონდათ და ვაგლახი,
დიდმა მგელმა შეუპოვრად
ამოაგდო მთლად ოჯახი.
ქვრივ-ოხრობის განაცადმა
დედამ რომ ეს დაინახა,
ცხელი ცრემლი გადმოღვარა...
მწუხარებით დაიძახა:
„ღმერთო ჩემო! რადგან ბედმა
მე შვილებში მომატყუა,
შვილისშვილებს მაინც მიეც
შეძლება და მეტი ჭკუა!“
[1879 წ.]
დედა და შვილები (I, 224). დაიბეჭდა 1879 წ.
- დროება 1879 წ. 9 იანვარი, №5. || თხზულებანი, II, 1893 წ. ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.20.2 კითხვა-მიგება |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვა
ჩემს ძარღვებში სისხლი ჰბრუნავს,
პილპილითა შეკაზმული;
ხან ჯოჯოხეთს, ხან სამოთხეს
წამ-და-უწუმ იცვლის გული.
ზოგჯერ ჩემს ბედს არვინ ღირსა,
ზოგჯერ ვრჩები შესაბრალი;
ხან კოღო ვარ სისუსტითა,
ხან გულში მაქვს ლომის ძალი.
ეს შარბათი, მე რომა ვსვამ,
ხან მწარეა და ხან ტკბილი,
და არ ვიცი - რა ვარჩიო
მე: სიცოცხლე, თუ სიკვდილი?
პასუხი
თუ მაგ შენის გრძნობის ცვლისა
ბრალი იყო ტურფა ქალი,
ტკბილ შარბათსა დაეწაფე,
მწარეს აარიდე თვალი!
სადაც ვარდი აკოკრდება,
იქ ეკალიც ხომ იჩენს პირს;
მაგრამ ბრძენი მხოლოდ ვარდს ჰკრეფს,
ეკალზედ-კი არ ახევს ცხვირს.
ქალიც ვარდის ჯაგი არის:
ეკალთან აქვს ყვავილები!..
ორში ერთი აირჩიე, -
თვითონ ჯაგს თავს რად ევლები?!
[1879 წ.]
კითხვა-მიგება (I, 226). დაიბეჭდა 1879 წ.
- დროება 1879 წ. 12 იანვარი, №8. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.20.3 მზრუნველებს |
▲ზევით დაბრუნება |
მამის სული გაუშვიათ,
პაპისას-კი იგონებენ;
დედას დედინაცვალზედა
სცვლიან და თავს იწონებენ!
ნუთუ შინ ვერ მოუნახავსთ
ვერც ცოცხალი, ვერცა მკვდარი
ღირსი მათის ყურადღების,
სახსოვი და საქებარი?
მაგრამ ამ ჩვენს სნეულ დროში,
როცა მეფობს ანგარიში,
რომელსაც ჰყავს დიდ-ვეზირად
ორგულობა, ანუ შიში,
ვის რად უკვირს, რომ მშობელი
მის ნაშობსა თვითვე ჰყიდის...
რომ შობილი თვის მშობლისვე
მოსაკლავად მარჯვედ მიდის?!
ხა! ხა! ხა! ხა! ქების ტაში
დაჰკათ!.. ბუქნაც დაუარეთ!..
შინაურებს შიმშილით ჰკვლენ,
მდიდრებს უდგმენ ტაბლას გარეთ!..
[1879 წ.]
მზრუნველებს (I, 227). დაიბეჭდა 1879 წ.
- დროება 1879 წ. 30 იანვარი №23. || თხზულებანი. II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.20.4 გ...ს |
▲ზევით დაბრუნება |
ახალ-თაობის კაცია
და გულით კარგი სწადია,
მაგრამ, ბევრისა ვერ შემძლე
ტრიალობს, როგორც გადია,
რომელსაც უნდა გულითა
თვით გამოზარდოს ყოველი:
ბატონის შვილი, სხვის შვილი
და მრავალგვარი ცხოველი!
ხან ცხვრებსა დასდევს მინდვრებში,
ხან მივარდება წიწილებს;
ძროხებსაც სწველის, ხბოს უვლის,
ღორს სდევნის, გოჭებს აჭყივლებს.
რა საქმეც უნდა გამოჩნდეს,
სუყველას ეპოტინება
და, თუ სხვა ნახა უსაქმოდ,
იცის პირდაპირ გინება.
ხანდახან კიდეც დასწყევლის,
მაგრამ უგულოდ... ენითა!..
ღმერთმან ხომ იცის, არ შვრება
ამას ის თავის ჩენითა?!
ხედავს, რომ თავს ვერ გაართმევს
მარტო ის ამდენ საქმეებს
და, ვინც ზარმაცობს ოჯახში,
მისგამო უღრენს და უყეფს.
მაგრამ ამგვარად მშრომელი
და გადამხდელი ომისა,
ბოლოს სიძულვილს მოიმკის
ნაყოფად თვისი შრომისა.
და გაკიცხულსა, საბრალოს
თუმცა ხელს კი ვერ ახებენ,
მაგრამ გახეთქენ გულზედა...
მიწაში ჩაუძახებენ!..
[1879 წ.]
გ ... ს (I, 228). დაიბეჭდა 1879 წ.
- ივერია 1879 წ. მაისი №5-6. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.20.5 ჩემს მეგობარს |
▲ზევით დაბრუნება |
რაღა დროს შენი მღერაა,
ჭიანური და ნაღარა:
მუხლებში ღონემ გისუსტა,
თმაში გერევა ჭაღარა?!.
მაგრამ ჩვენს ძველებს რომ უთქვამთ:
„არ დაბერდება გულიო,
თუ არ ყოფილა ზნეობით
ვაგლახად შელახულიო;
და გვამი, რაც უნდ დასუსტდეს,
მაინც ძლიერობს სულიო,
როგორც ძველ, ნახმარ ჭურჭელში
კახური შენახულიო,“-
თურმე მართალი ყოფილა!..
მაგალითს ვხედავ შენითა:
სული და გული მრთელი გაქვს,
ხორცი თუმც გჭვალავს სენითა!
მაგრამ შენ შენთვის არ ფიქრობ:
ჭირი რომ გადგას კარზედა,
შენ მაშინ სტირი და ჩივი
სამშობლოს სატკივარზედა...
ამით ირისხებ უფროსებს,
იმდურებ ამხანაგებსა...
ფრთხილად!.. ერიდე ხაფანგსა,
ყოველის კუთხით ნაგებსა!..
თავს ნუ იმეტებ, სანამდის
შენს სამშობლოსა არგიხარ
და სანამ თვითონ არ იგრძნო,
რომ ქვეყნის ურგო ბარგი ხარ!
ვინც რა უნდა სთქვას, ნუ დასდევ!
შენვე ხარ შენი მსაჯული!
და მაგალითად ის გყავდეს,
ვინც ჩვენთვის იყო ტანჯული!
[1879 წ.]
ჩემს მეგობარს (I, 230). დაიბეჭდა 1879 წ.
- ივერია 1879 წ. მაისი №5-6. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.20.6 ნატვრა |
▲ზევით დაბრუნება |
ნეტავი ჩიტი ვიყო, ჩიტუნია პატარა,
ტკბილის ხმით მოჭიკჭიკე, სიამით მონავარდე,
რომ გავგოგდე... ავფრინდე... ფრთები გავშალო ჩქარა
და ცისკენ თავისუფლად ისარივით ავვარდე!
მივფრინდები იმ არეს, სად ვარსკვლავნი კრთებიან,
სადაც ხშირად კაშკაში გააქვს მოწმენდილ მთვარეს;
იქ, სადაც მტრის ისრები მე ვეღარ მომწვდებიან,
იქიდან გადმოვხედავ ჩემსა სამშობლო მხარეს!
მხარეს, მაგრამ რა მხარეს? ოდესმე ბედნიერსა,
დღეს-კი ჭირში ჩავარდნილს, დღეს-კი ცოცხალ-მკვდარ მხარეს.
სადაც ის აღარ არის, რაც რომ ძველად ყოფილა!
სადაცა ძმა ძმასავე მხოლოდ უთხრის სამარეს.
ვნახავ იმ ბრძოლის ველებს, სადაც ბედი სწყდებოდა,
მტერი, მგონი, შემუსვრის ანგარიშში სცდებოდა,
რადგანც ქართველს იმა დროს თავი ავიწყდებოდა...
ბრძოლა!.. სჯული და ენა კი მითი მტკიცდებოდა.
დავეცემი გულ-მკერდით... იმ ველზედ დავეშვები,
ნისკარტით ვუამბორებ წმინდას სახსოვარს მიწას!
წინაპრების სახსოვრად კვნესით ჭიკჭიკს მოვჰყვები:
ქვეყანას შევაბრალებ... შევავედრებ მათ ზეცას.
მაგრამ ვით გავარჩიო ჩვენი მკვდარი და მტერი?
ხომ სულ ერთადა ჰყრიან არეულ-დარეული?
წმინდა ბრე წინაპრების და მტრების ბილწი მტვერი
რატომ არ არის ნეტავ გარჩეულ-გასაზღვრული?
არ დავსდევთ, მაგრამ ის-კი თვით ბუნებამ გასაზღვრა:
იქ ეკალი ამოდის, სადაც მტერი მარხია,
და სადაც ჩვენმა ძველმა წმინდა სისხლი დაჰღვარა,
იქ მოდის ყვავილები და ზოგანც ვარდის ხეა.
ეკალს და ბალახ-ბულახს, მტრის გულზე ამოსულსა,
მივანებებ ბაყაყებს... დეე, მათ უყიყინონ!
მე ვარდის ყვავილებზედ ავიღელვებ ამ გულსა,
ვიჭიკჭიკებ... და მკვდრებმა საუკუნოდ იძინონ.
ნეტავი ჩიტი ვიყო, ჩიტუნია პატარა,
რომ ჭიკჭიკით გამოვსთქვა ვნება ჩემის გულისა!
ვნახო ჩემი სამშობლოს ბედნიერება ჩქარა
და ვიმღერო სიმღერა შორის გაზაფხულისა.
[1879 წ.]
ნატვრა (I, 232). დაიბეჭდა 1879 წ.
- ივერია 1879 წ. ივლისი №7. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
ამ ლექსიდან ცენზურას ამოუღია მესამე სტროფი: დროებაში დაბეჭდილ ტექსტში და 1893 წლის გამოცემაში - მესამე სტროფის ადგილას გაშვებულია ხარვეზი.
1913 წლის გამოცემაში ეს ხარვეზი აკაკის შეუვსია შემდეგი სტროფით:
„მხარეს, მაგრამ რა მხარეს? ოდესმე ბედნიერსა,
დღეს-კი ჭირში ჩავარდნილს, დღეს-კი ცოცხალ-მკვდარ მხარეს,
სადაც ის აღარ არის, რაც რომ ძველად ყოფილა!
სადაცა ძმა ძმასავე მხოლოდ უთხრის სამარეს“.
ეს ჩამატებული სტროფი არ წარმოადგენს ცენზურის მიერ წინად ამოღებული სტროფის აღდგენას, არამედ ახლად არის დაწერილი პოეტის მიერ ხარვეზის შესავსებად. რომ ეს ასეა, ეს შემდეგის მიხედვით ირკვევა: ლექსი „ნატვრა“ დაწერილია თავიდან ბოლომდ ჯვარედინი რითმების დაცვით (ab ab), ხოლო ეს დანამატი სტროფი ჯვარედინ რითმებს არ შეიცავს. (ამასთან ეს სტროფი თავისი ტონითაც არ არის სავსებით ორგანიულად შერწყმული ლექსის პოეტურ ქსოვილთან).
![]() |
3.20.7 უ-ს |
▲ზევით დაბრუნება |
საბრალო არის დატვირთული უზომოდ ვირი:
ფეხებარევით, თავქინდრული მოდის თავდაღმა;
ვეღარ ახერხებს საყროყინოდ გააღოს პირი
და უწკეპლოდაც აღარ ესმის აღარც „აცის“ ხმა.
მაგრამ იგივე რომ ავკიდოთ ტვირთი ბედაურს,
არად შეიმჩნევს, ვითომ ვერც გრძნობს: არის თუ არა;
კუნტრუშ-ხვიხვინით მონავარდობს, წაიცქვეტს-რა ყურს,
და ვირის სავლელ გზას გაივლის თორმეტჯერ ჩქარა.
ვირს-კი ჰგონია, თუ მშრომელი მხოლოდ ის არი,
და, ვინც მისავით არ იტანჯვის ტვირთმოდებული,
არ ეკადრება მის ვირობას! არ არს სადარი!..
და ვირულ სიბრძნით იბერება შეფერებული.
საბრალო ვირო! ჭკუაძვირო! ვინ გააკვირო?
ყურპანტურობა და ყროყინი შენი წესია!..
მაგით ნუ ფიქრობ ბედაური გააშავპირო!
ყველა მას მომკის, რაც რომ თვითონ დაუთესია!
და, თუ ვერ მიხვდი უბრალო აზრს მაგ დიდის თავით,
რატომ არ გესმის, აბა, რად გაქვს დიდი ყურები?
„ვირები რაგინდ ტვირთ-ქვეშ მოჰკვდენ, ისრისონ ზვავით,
მაინც არ ეთქმისთ უბედურებს ბედაურები!“
[1879 წ.]
უ-ს (I, 234). დაიბეჭდა 1879 წ.
- ივერია 1879 წ. ივლისი №7. || თხზულებანი, II. 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.20.8 ნ ... ს |
▲ზევით დაბრუნება |
ახალ-თაობას ჩემულობს
და ვითომც კარგი სწადია, -
და რომ საქმესაც არიგებს,
ვით მოურავი!.. ცხადია!..
ის მოურავი, რომელიც
დარბაისლურად ირჯება
და, ორგულს ნახავს თუ ერთგულს,
ერთგვარად გაეკრიჭება...
ვაჟბატონს ქალებს ურიგებს,
ქალბატონს მოჰგვრის კუროსა,
არც ბატონის შვილს დააგდებს
უერთგულ-უმსახუროსა.
პირში ყველასთვის ვარდია!..
თაყვანს-სცემს უმეტსობა,
მაგრამ་ზურგს უკან კი ყველას
ის ეკალივით ესობა!
თუ არჩევანშიც ჩავარდა,
არჩევა არ აშორდება!..
ვაი ხალხს, მისგან მოხიბლულს,
რა სასაცილოდ ღორდება!..
[1879 წ.]
ნ ... ს (I, 235). დაიბეჭდა 1879 წ.
- ივერია 1879 წ. სექტემბერი №9. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.20.9 იავ-ნანა |
▲ზევით დაბრუნება |
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!
გაფუნჩულო ახალ-ნორჩო, შენ პაწაწინაო!
მაგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?
დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო!
დაიძინე, იავ-ნანა, ვარდო-ნანინაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო.
დაიძინე, გენაცვალოს შენი მშობელიო;
ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო.
შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო.
აგცილდეს სხვისა მონობა დამამხობელიო!
თავისუფლების სხივები გულს მოგეფინაო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!
გაივსე და გაიზარდე, პატარა მთვარეო;
შეისწავლე და შეიტკბე სამშობლო მხარეო!
ანუგეშე, სადაც ნახო, მოძმე მწუხარეო!
შვილო, მამულის გულისთვის სისხლიც დაღვარეო!
ჩვენმა ძველმაც მაგგვარადა მტერი აშინაო.
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!
პაწაწინა იადონო და ვარდის კონაო,
ყური უგდე, დაისწავლე ჩემი ნანინაო!
თვალულად დააკვირდი, იცან ქვეყანაო,
რომ გაიგო ამ სოფლისა ცრუ გამოცანაო...
მაგრამ ჯერ-კი დაიძინე, ადრეა განაო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!
1879 წ.
იავ-ნანა (I, 236). დაწერის თარიღი 1879-1880 წ. (ან 1862 წ.)1
დაიბეჭდა ცალკე ლექსის სახით: დროება 1880 წ. №13; სალამური 1893 წ.; თხზულებანი, II, 1893 წ.; სიმღერა აკაკისა 1903 წ. (სათაურით: „ნანა“); ჩემი ნაწერები II, 1913 წ.
ჩართულია პიესაში „კინტო“ (დაწერილია 1879 წლის ბოლოს ან 1880 წლის დასაწყისში, 9 იანვრამდე. დაიბეჭდა 1899 წ. აკაკის კრებულში 1899 წლისა №7).
_____________
1. ლექსი ჩართულია პიესაში „კინტო“, რომელიც 1879-1880 წლებს ეკუთვნის ხოლო გამოცემაში „სიმღერა აკაკისა“ თარიღად ნაჩვენებია 1862 წელი. ეს თარიღი 1862 წელი შესაძლოა აღნიშნავს ამ ლექსის რომელიმე ადრინდელი ვარიანტის დაწერის დროს (1864 წელს, ჟურნალ „ცისკარის მაისის ნომერში, აკაკიმ გამოაქვეყნა „იმერული ნანინა“ [„ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს“], რომელიც ამავე თემის ვარიაციას წარმოადგენს. საფიქრებელია ამაზე ადრეც აკაკის დაწერილი ჰქონია ამავე ლექსის სხე ვარიანტი).
![]() |
3.20.10 კინტოს სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
საყვარლისა ეშხზედა
ღვინო დამილევია;
მის ხსოვნა-სიყვარულში
სულიც დამილევია!..
მისმა შუქმა დამადნო,
სიცოცხლეც დამწვარია;
დღე-დღეობით მზე არის,
ღამ-ღამობით მთვარეა!
მისი ცეცხლი ამ გულსა
აროდეს არ ნელდება:
თუ იმას არ ვუყურებ,
დღე ნათელი ბნელდება.
მაშინ ვკვდები სევდითა,
სისხლის ცრემლით ვსტირი მე,
სანამ არ მანუგეშებს,
იმისი-კი ჭირიმე...
საყვარლისა ეშხზედა
ღვინო დამილევია,
მის ხსოვნა-სიყვარულში
სულიც დამილევია!..
1879 წ.
კინტოს სიმღერა (I, 237). კინტო (I, 238). დაწერის თარიღი 1879-1880 წ. დაიბეჭდა ცალკე ლექსების სახით: დროება 1880 წ. №№23 და 27; თხზულებანი, II, 1893 წ.; ჩემი ნაწერები, II, 1913 წ.
ჩართულია იმავე პიესაში კინტო (1879-1880 წ.).
![]() |
3.20.11 კინტო |
▲ზევით დაბრუნება |
ერთი ვინმე კინტო ვარ,
საყვარელი მეცა მყავს!
ის სულ სხვა ვარდი არი,
სხვის საყვარელს არა ჰგავს!
შავგვრემანი, შავთვალა,
ეშხის ცეცხლით მწველია!
ბაიყუში ქმარი სძულს,
ჩემი საყვარელია!
საცა წავალ-წამოვალ,
მაგონდება სულ ისა!
იმას-კი ვენაცვალე,
ჰოი, მისი სულისა.
დაღამდება თუ არა,
მელის გულის ძგერითა;
მე ჩავუვლი კარ-და-კარ
თარითა და მღერითა.
თუ რომ დრო აქვს, შემიხმობს,
აღარ უნდა ვედრება;
ვფიცავ, ჩემ საყვარელსა
სხვისი ვერ შეედრება!
ჭირიმე! ჭირიმე! ჭირიმე!
შავგვრემანის ჭირიმე!
ჭირიმე! ჭირიმე! ჭირიმე!
შავ-თვალ-წარბას ჭირიმე!
1879 წ.
კინტოს სიმღერა (I, 237). კინტო (I, 238). დაწერის თარიღი 1879-1880 წ. დაიბეჭდა ცალკე ლექსების სახით: დროება 1880 წ. 1№23 და 27; თხზულებანი, II, 1893 წ.; ჩემი ნაწერები, II, 1913 წ.
ჩართულია იმავე პიესაში კინტო (1879-1880 წ.).
![]() |
3.20.12 მესტვირული |
▲ზევით დაბრუნება |
აჭრელდა ჩვენი ქვეყანა,
ხალხიც აირ-დაირია:
მათი საქმე და ხელობა
სულ სხვადასხვანაირია!
მართალ-მტყუანის გარჩევა
სწორედ რომ გასაჭირია:
ვის თვალშიც ბეწვი არა ძევს,
მისაში თურმე დვირია;
ვინც რომ სპეტაკად მიგვაჩნდა,
ის თურმე სულ შავპირია.
ზურგს უკან ყველა ღაღადებს,
პირში-კი მთქმელი ძვირია;
მაგრამ მე ვბერავ გუდასა,
ხელში ავიღე სტვირია,
მსურს, ყველა ღირსად შევამკო,
მათ ვუთხრა ეგ შაირია;
ვინც უნდა იყოს, რა მგამა,
გინდ დიდი, გინდა მცირია;
გამოჩნდეს, ვინც-კი დასჩაგრა
ქვრივ-ობოლი და მწირია,
გავსინჯოთ მათნი საქმენი,
გამოვუჩხრიკოთ ძირია
და შევუმუროთ საქვეყნოდ
იმათ ცხვირი და პირია;
მაგრამ ჯერ ქებით დავიწყოთ,
თუმც-კი საქები ძვირია,
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!..
***
ახალ-წელიწადს გილოცავ,
ჩვენო კარგო დიმიტრიო,
ძველებში შენ რჩეული ხარ,
ვერავის ვერ შეგადრიო.
დაგვიბერდი, მაგრამ მაინც
შრომობ, ჩუმად ოფლსა ჰღვრიო!
ლხინში მაღლა თავს არ იღებ,
ჭირში დაბლა არა ჰხრიო;
შენს სახსოვარს ხალხის გულში
ვით ბეჭედსა ამოსჭრიო,
მაგრამ იმ ერთ ბატონივით
ბოლოს-კი არ აურიო,
შენი წმინდა საქმეები
უეცრად არ აიმღვრიო.
თორემ შენსა სიყვარულსა
ჩვენ გულიდამ ამოფხვრიო, —
ამ შაირით თუ გაწყინეთ,
მოგვიტევეთ მამობრიო!
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!..
***
კონსტანტინეს თუმც არა აქვს
ნიჭიერებთან ცილობა,
მაგრამ მამულის საქმეში
ყველგან აქვს მონაწილობა;
მით ქართველობა ეტყობა,
შვენის მამულისშვილობა,
მაგრამ რას იზამს აღმართში
იმისი გულკეთილობა?
სხვის გულგრილობას რომ ხედავს,
მისგან აქვს გულში ჭრილობა!
ღმერთმა აკურთხოს ჩვენ შორის
ეს ტკბილი მამა-შვილობა!
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!..
***
საჯირითო მოედანზედ
ნიკო პირველი რაშია!
გინდათ გითხრათ, რასა შვრება
და ან საქები რაშია?
შორს-გამჭვრეტელი, მამაცი,
წინდახედული ვაჟია;
სადაც-კი ჭკუა არ გადის,
იქ ცეტი და გიჟმაჟია.
ხანდახან ბამბის ქულაა,
ხანდახან მტკიცე კაჟია...
მისგან ბევრს რამეს მოველით,
თუ არ გარდახდა ბაჟია!
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!..
***
ერთხმად აქებენ ყველანი:
კარგი არის ლევანიო,
ქართული ყურძნის ვაზია...
სანაქებო მტევანიო;
მხოლოდ იმას აშორდება
ქვრივ-ობლების წყევანიო,
თვით ბრძენია, რაღად უნდა
იმას ჩვენი რჩევანიო?..
……………………………
……………………………
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!..
***
ივანე ბევრს კარგს გვპირდება,
თუ რომ არ მოაჭორაო;
ამბობენ, სიბერის დროს მან
საქმე სულ გაასწორაო;
თავს სდებს, თუ ქართველს სომეხი
როგორმე მოაშორაო;
ჩვენ სასიკეთოდ გამართა
ერთი რაღაც კანტორაო;
ღმერთმა ხელი მოუმართოს,
თუ ბოლოს არ დაგვტორაო!
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!..
***
აწ ახლებზე გადავიდეთ,
ვახსენოთ ჩვენი ილია;
იმისი გემო ხომ ვნახეთ,
ცოტა მოძველო ხილია!
ქვეყნის ერთგული, გულწრფელი,
კარგი მამულისშვილია;
გულშია მეტად გულადი,
სიტყვით-კი ცოტა ფრთხილია,
მე ვფიქრობ, ეს მისგან არის,
რომ დარბაისლად ზრდილია!
ცოტა უდროოდ გასუქდა
და ბედით კმაყოფილია
და არას აწყენს, ხანდახან
რომ მას დავუფრთხოთ ძილია!
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!..
***
გიორგი ჩვენში ყველაზე
უფრო შრომის-მოყვარეა,
მაგრამ მისი ნაწერები
სხვადასხვაა, ორგვარია:
ერთი ნიჭიერი არის,
მეორე-კი ზღაპარია!
მგონია, თუ იმ ერთს კაცსა
ორი თავი აბარია,
როცა ერთი გამოჩნდება,
მეორე ჩრდილს აფარია,
საზოგადოდ-კი ის კაცი
ჩვენში კარგი ლამპარია.
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუ
***
ახლა შენთან ალავერდი,
კარგო მუშა, ჩვენო სერგო,
„ივერიის“ და „დროების“
შემაერთებელო გვერგვო!
უმადური ჯაფა, შრომა
არჩევანში წილად გერგო
და დრო არ გაქვს, ხელოვნურად
რომ ჩვენ რამე დაგვინერგო.
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!..
***
პეტრეზედაც ცოტა რამ ვსთქვა…
მაგრამ კარგად მოვიხსენოთ;
ჩვენ უმისოდ არ ვარგივართ
და არც ვარგა ის უჩვენოდ,
ახლოს კარგი სახმარია,
შორს არ უნდა გავაჭენოთ;
უნდა ერთი თვე ვაშრომოთ
და თერთმეტი მოვასვენოთ.
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!.
***
სათვალავში, რა თქმა უნდა,
რომ ნიკოც არ მავიწყდება.
მაგრამ რა ვქნა, რომ იმაზედ
ამ ბოლო დროს გული მწყდება:
შინაურებს წიხლებს ესვრის,
გარეულებს ვეღარ სწვდება,
აქაც ფეხი აუსხლტება,
იქ ყინულზედ გაცურდება;
ცოტა გვიან-კი მოუვა,
მაგრამ მაშინ გაოცდება!
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!..
***
დათიკო კარგად დასტოვა
სახელგანთქმულმა მამამა;
შვილსაც-კი ერგო ის ქება,
ცოტა მან გაათამამა;
ამ ბოლოს-კი გაგვისუქდა,
აწყინა მუქთად ჭამამა
და ეჰ, ვითა ჰქნას ვარდობა
ასკილმა ანუ კამამა!
პიიპუ! პიპუ! პიპუ! პიიპუუუ!..
***
ოცი წელი შეუსრულდა,
რაც რომ მწერლობს აკაკიო,
ბევრი გვითხრა შაირები,
ზღაპრები და არაკიო,
დაგვანახვა, სადაც იყო
ან მგლები, ან ზვარაკიო,
და ძალიან კარგს იზამდა,
რომ დაგვეხსნას ახლა-კიო...
[1879 წ.]
მესტვირული (I, 239). დაიბეჭდა 1880 წლის 1 იანვარს.
- დროება 1880 წ. 1 იანვ. №1. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
1893 წლისა და 1913 წლის გამოცემებში უკანასკნელ სტროფში გამორჩენილია სტრიქონები:
„დაგვანახვა, სადაც იყო
ან მგლები, ან ზვარაკიო“.
აღდგენილი გვაქვს დროებიდან.
![]() |
3.21 1880 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.21.1 სურვილი |
▲ზევით დაბრუნება |
მინდა, რომ ჩემსა სატრფოსა
ვხედავდე თავისუფალსა,
რომ ძალით ვერ აშინებდენ,
ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!
მინდა, რომ მისი სახელი
გაისმას ძველებურადა
და მისიანნი ყველანი
ერთად სცხოვრობდენ ძმურადა.
მინდა, რომ მისსა დიდებას
დამღერდეს რუსთველის ქნარი,
და იღვიძებდეს იმ ხმაზედ
ტაშის-კვრით ხალხი მძინარი...
მინდა, რომ... მაგრამ, ეჰ, კმარა,
ფრთა შევაკვეცოთ სურვილსა,
თორემ რა მოჰკლავს უფსკრულსა
მამულისშვილის წყურვილსა?!..
[1880 წ.]
სურვილი (I, 244). დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 19 იანვარი №14. || სალამური 1893 წ. || სულიკო და ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I, II, III,-1908 და 1912 წწ.
დროებაში სიტყვა „თავისუფალსა“ (ფრაზაში: „მინდა რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა“) დაბეჭდილია, ცენზურის გამო, შემოკლებით: „თ-სა“.1
____________
1. გამოცემაში უნდა შესწორდეს მეოთხე სტროფის მეორე სტრიქონი; დაბეჭდილია (ლექსის ადრინდელი რედაქციის თანახმად): „გაისმას ძველებურადა“. უნდა შესწორდეს: „გაითქვას ძველებურადა“ (- ასე იკითხვის ეს სტრიქონი ლექსის ბოლო რედაქციაში).
![]() |
3.21.2 ავადმყოფი |
▲ზევით დაბრუნება |
არ მომკვდარა!.. მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს!..
ვინც შენატრის იმის სიკვდილს,
უმალ მასვე დაამიწებს.
ბევრის ბრძოლით დაღალულსა
ეჭირვება მოსვენება!
შემცდარია, ვინც გულს იტეხს:
წესი არის და ბუნება!
ჩვენ-კი ჩვენდა თავად გეტყვით:
გულსა სწამს და ჭკუას სჯერა,
რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა
მომავალი ბედისწერა!
მისთვის, რომ დღეს ვეღარ გვარჩენს,
არ გვიმართებს ორგულობა!
ჩვენს წინაპრებს თუ ჰქონიათ,
ჩვენცა გვქონდეს დიდსულობა!
დეე, მისთვის გავღარიბდეთ,
ზურგს მოვიდვათ საწყლის გუდა:
პატიოსანს ღარიბს რით სჯობს
გამდიდრებული იუდა?
არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს,
და როდესაც გაიღვიძებს,
მოიგონებს იმათ სახელს,
ვინც დღეს იმას არ ივიწყებს!..
[1880 წ.]
ავადმყოფი (I, 245). დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 25 აპრილი №86. || თხზულებანი, II, 1893 წ. || რჩეული ლექსები I. 1908 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ.-
1893 და 1913 წლის გამოცემებში ცენზურის მიერ ამოღებულია პირველი სტროფის ბოლო ორი სტრიქონი, რომელიც აქ სწორ რკალებში [...] გვაქვს მოთავსებული:
„არ მომკვდარა!.. მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს!
[ვინც შენატრის იმის სიკვდილს,
უმალ მასვე დაამიწებს.]“
ლექსი აკაკის შეტანილი ჰქონია აგრეთვე 1892 წელს გამოსაცემად დამზადებულს კრებულში „სალამური“, მაგრამ ამ-გზის ცენზურას ლექსი აუკრძალავს. შენახულა ავტოგრაფული ხელნაწერი ამ კრებულისა, და აგრეთვე ცენზურაში წარდგენილი ხელნაწერი პირი, რომლებიც ამ-ჟამად დაცულია ქუთაისის სამხარეთმცოდნეო მუზეუმში (კირ. ლორთქიფანიძის არქივი, №№K-46 და K-47).1
ცენზურის მიერ ამოღებულია ერთი სტროფი (მე-8), რომლის ადგილას გამოცემებში გაშვებულია ხარვეზი, წერტილებით აღნიშნული. დაკარგული სტროფის აღდგენა ვერ მოხერხდა, რადგან ავტოგრაფი არ შენახულა.
აღვნიშნავთ ამასთან, რომ მე-7 სტროფის მე-3 სტრიქონი უნდა გასწორდეს ამ-რიგად:
„და როს საეროდ, თანსწორად“.
1913 წლის გამოცემაში ნაცვლად სიტყვისა „საეროდ“ დაბეჭდილია „საერთოდ“. დროებაში და 1913 წლის გამოცემაში დაცულია სწორი წაკითხვა: „საეროდ“.
________________
1. აქ საჭიროა აღვნიშნოთ ერთი ვარიანტი ამ ხელნაწერი დედნებისა; მე-5 სტროფის ბოლო სტრიქონები აქ ასე იკითხვის:
„პატიოსან ღარიბს ვით სჯობს
ვერცხლის მხვეჭი თვით იუდა“.
ხელნაწერი დედნების ეს ტექსტი უფრო სწორია, ვიდრე ნაბეჭდი გამოცემების დღემდე ცნობილი ტექსტი (- ამ უკანასკნელში დარღვეულია ცეზურა).
![]() |
3.21.3 მუშებს |
▲ზევით დაბრუნება |
მუშებო, თქვენი მარჯვენა
იკურთხოს, ოფლით ნაბანი!
მიწაა თქვენი ლოგინი
და ლაჟვარდი ცა - საბანი!
უდროოდ გცივათ და გცხელათ,
ბევრჯელაც რჩებით მშიერი;
მაგრამ ყველაფერს აიტანს
თქვენი ბუნება ძლიერი!
მიმხვდარი არის ეგ თქვენი
შეუბღალავი გონება,
რომ პირუტყვსავით არ შვენის
მშრომელ კაცს სხვისი მონება!
მაგრამ ჭირს ჰფარავთ საოცრად
და დახვალთ უსაყვედურო!
არ გინდათ, რომ სხვამ შეგნიშნოსთ
და გითხრასთ: „თქვე უბედურო!“
ამგვარი ამპარტავნება
ძლიერებაა სულისა,
დიდება კაცად-კაცადის,
დამატკბობელი გულისა
იმ უკვდავების წყაროთი,
რომელსაც ჰქვიან იმედი
და რომლის მოლოდინშია
კაცს ვერ ერევა შავ-ბედი!
დიაღ!.. იმედი გირჩევსთ თქვენ:
„ჯერ გქონდესთ მოთმინებაო
და, როს საერთოდ, თანსწორად
სურვილი აღიგზნებაო,
…………………………….
……………………………
……………………………
…………………………… !”
ნუ გამოილევთ მაგ იმედს,
ეგ იყოს თქვენი საგანი...
მუშებო, თქვენი მარჯვენა
იკურთხოს, ოფლით ნაბანი!..
[1880 წ.]
მუშებს (I, 246). დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 27 აპრილი №88. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ.
![]() |
3.21.4 *** (ერთი ქალისას ამბობდენ...) |
▲ზევით დაბრუნება |
ერთი ქალისას ამბობდენ:
„მშვენიერება არიო!...
ნეტავ მას, ვინც-კი გახდება
იმისი მეგობარიო!..
„ამ დროში საქართველოში
არავინა ჰყავს ტოლიო,
მაგრამ ვინ ღირსა, რომ ჰყავდეს
მისებრ ლამაზი ცოლიო?
„ტაძარი არის ტრფობისა
მისი უმანკო გულიო;
ბევრი ჭაბუკი გვინახავს
მისგამო გალახულიო!
„ვითა ბულბული კოკობ ვარდს,
დასტრფიან ყმაწვილებიო;
ეხეთქებიან ერთმანეთს
უსაქმო ცუღლუტებიო!
„მაგრამ ამ ლამაზ ქმნილებას
სხვა მხრით უჭირავს თვალიო...
მოდით და ნახეთ საქები
ჩვენი ქართველი ქალიო!“
წაველ და ვნახე ლამაზი:
მართლა რომ მოსაწონია!
მაგრამ შემცდარი ბრძანდება,
ვისაც ქართველი ჰგონია!
სახელად ერქვა მაშინკა;
ვსთქვი თუ: რა არის მოდა-თქო?
ძველი დრო რომ ყოფილიყო,
მარიამ ერქმეოდა-თქო!
თავმოხდილს, საკუთარ თმებში
სხვებისაც ჰქონდა ჩართული!
სხვა ენით ამიჟღურტულდა,
ეზარებოდა ქართული!
ამბობდა: „როგორ ვიკადრებ
ქართულად ჩაცმა-ხურვასო!“
ნახევრად იყო ტიტველი…
თითქო აპირობს ცურვასო!
კაჭკაჭივითა მეტყველი,
დახტოდა, როგორც კალია,
ის ტუტუცების დამწველი
და მათი გულისკალია.
მხოლოდ ეს იხატებოდა
იმის ჟუჟუნა თვალებში:
„მე ჩემი დღე და სოფელი
უნდა დავლიო ბალებში!“
და ეს სიტყვები ეწერა
იმის მშვენიერ სახესა:
,,სხვა საქმე არ მაქვს, მე მხოლოდ
აშიყებს ვუგებ მახესა.
„მომწონს კალინა, მალინა,
მძულს ვარდები და იაო!
სამშობლო რასა მიქვიან,
მეწყერსაც წაუღიაო!“
[1880 წ.]
*** „ერთი ქალისას ამბობენ“ (I, 248). დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 7 სექტემბერი №189 (ჩართულია პროზაში „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, II, 1893 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. (სათაურით „ახალმოდის ქალი“). || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.21.5 გამოცვლილი დრო |
▲ზევით დაბრუნება |
გამოიცვალა ქვეყანა,
ჩარხი უკუღმა ტრიალებს:
ვირი კოკობ ვარდს დაჰგალობს,
ბულბული ვირებრ ჰღრიალებს!
ზამთარში სიცხე გვაწუხებს,
ზაფხულში დგება ზამთარი;
სომეხმა ხმალი აიღო,
ქართველმა - სომხის დავთარი!
ქურდები სჭრიან სამართალს,
მართლებს უყრიან ბორკილსა,
და ქვეყნის მტერი იუდა
დასცინის მამულისშვილსა.
ბრიყვი და უსწავლელები
თავში უდგია ჭკვიანებს...
გაჰქრეს ეს ჟამი ბარემღა,
ნეტავი რას იგვიანებს?!..
[1880 წ.]
გამოცვლილი დრო (I, 250). დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 7 სექტემბერი №189 (ჩართულია იმავე პროზაში: ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, II, 1893 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. || რჩეული ლექსები II და III 1908 და 1912 წწ. (სათაურით: „გამოიცვალა ქვეყანა“).
![]() |
3.21.6 ახალი გზა |
▲ზევით დაბრუნება |
ნუ იფიქრებ, დაგაყვედრო,
შე მაცდურო, ჩემო მუზა,
იმისთვის, რომ შენის რჩევით
ეკლიანი შემხვდა მე გზა!
გმადლობ კიდეც მისთვის, რომ შენ
ამიხილე ბრმასა თვალი,
თუმც-კი ჩვენში ცხოვრებისთვის
მწარე არის ეგ წამალი:
სად ვერც იტყვი, ვერცა ისმენ,
ვერც რას ნახავ საამურსა,
იქ რად უნდა ბაგეთ სიტყვა,
თვალთ ხილვა და სმენა ყურსა?!
ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ,
მომივლია კიდით-კიდე;
მართლის თქმით და გულწრფელობით
ჭირი ჭირზედ გადვიკიდე!
აქ მონება ჭკუა არის,
ორპირობა - სიბრძნე დიდი,
და მას რჩება მოედანი,
ვინც-კი არის მეტად ფლიდი!
ცოტა მაღლა ასასვლელად
ძმა ძმას იხდის კიბე-ხიდად,
მშობელს შვილი, შვილს მშობელი,
ქმარს ცოლი ჰსურს გასასყიდად.
აქ თვით სჯული ფარისევლებს
ხელთ უპყრიათ ბადე-ქსელად,
ძლიერების საპირფეროდ,
უძლურების მოსაწველად!
……………………………….
………………………………
………………………………
…………………………….. !
მხოლოდ საწყალ მიწის მუშას
არავინ ჰყავს გამკითხავი,
მისის ოფლით თავს იკვებენ,
ქურქად მიდის მისი ტყავი!
მაგრამ ვინ რას გვათქმევინებს,
ჩემო მუზავ, ტყვილა ელი!..
დროა, სიტყვა უკუვაგდოთ,
სხვებ მოვკიდოთ საქმეს ხელი.
თორემ ისე ჩვენი შრომა
ემსგავსება ბებრის ბუქნას!
რაც ყოფილა, დღეს არ არის,
რაც დღეს არის, ხვალ ის ნუ ჰქნას!
ყარიბო და განწირულო,
ნუ შეკრთები, ჩემო მუზა!
სანამ კიდევ ძალ-ღონეს ვგრძნობთ,
ვერ დაგვაფრთხობს ახალი გზა!
[1880 წ.]
ახალი გზა (I, 251). დაიბეჭდა 1880 წელს.
- დროება 1880 წ. 23 სექტემბერი №201. || თხზულებანი, II. 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
ცენზურის მიერ ამოღებულია მე-8 სტროფი (გამოცემებში აღნიშნული ხარვეზით), დაკარგული სტროფის აღდგენა არ მოხერხდა ავტოგრაფის მოუღწევლობის გამო.
![]() |
3.21.7 მეგობარს |
▲ზევით დაბრუნება |
გაუქმებული, პირუთნეველი
კვალად ავიღე ხელში კალამი
მხოლოდ მისთვის, რომ სიმდაბლით წრფელი
გულით მოგიძღვნა, ძმაო, სალამი!
აბა, გვაცნობე, გასაჯე თავი:
როგორ მშვიდობით ხარ, მეგობარო?
ისე გვწყურია შენი ამბავი,
როგორც დაკოდილს ირემსა წყარო!
გვინდა ვიცოდეთ (ხარ მეგობარი):
ვით შეეთვისე მაგ უცხო მხარეს,
სადაც სიბნელე სხვადასხვაგვარი
სქლად მოსდებია გულბნელსა მხარეს;
შეხორცებია ჯაჭვსა მონების,
სულსა აშფოთებს, გულსაც აბნელებს
და მით სიცოცხლეს ჭკუა-გონების
აცოცხალ-მკვდარებს, ისე აძნელებს!
ხომ არ შეგიფრთხა, ჩემო გიორგი,
მით ეგ უმანკო ჭაბუკი გული
და შეგაპარა მან შიგ აღმბორგი
სისუსტის თესლი, ცრუ სინანული
შენის წარსულის წინა-ცხოვრების,
იმ საქებისა და უცოდველის,
რომელიც თვისის ნამდვილ ღირსების
მართლდაფასებას ბოლოს მოელის?
ეგებ შეწუხდი, ვითა გულჩვილი,
და სისუსტისგან თავსაც დაბლა ჰხრი,
როს გაგონდება ბუნებით თბილი
ტკბილმოღიმარი შავი ზღვის პირი?
თუ, ვით მამაცი, გამოცდით ბრძენი,
გულკლდოვანი და შეურყეველი,
შენს ბედის დევნას შენვე დასცინი
და მოთმინებით სულ სხვა ბედს ელი?
გაგონდებიან, როს გული გიწუხს,
შენი აქ მყოფი შენ მეგობრები
და ოცნებითა შენს გულის პასუხს
იმათ უმჟღავნებ, ესაუბრები?
და მითი უფრო მოუსვენარად
შენი სურვილი გულში მწიფდება,
და იმ ნეტარს დღეს მოელი მარად,
როს ჩვენი აზრიც გახელმწიფდება.
მაშინ ჩვენც, ძმაო, რომ დავინახავთ
შენის ვარსკვლავის საამო კაშკაშს,
ბედნიერებად ჩვენს თავს დავსახავთ
და აღტაცებით დავკრავთ ხმოვანს ტაშს.
კმარა, რაც დღემდის ახლად და ძველად
გადაგვხდომია დიდი საბრიყვო!
აწ-კი დრო არის, რომ დროს შემცვლელად
მოგვესმას ჩვენში ერთი: „ყიყლიყო!“
[1880 წ.]
მეგობარს (I, 253). დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 24 სექტემბერი №202. || თხზულებანი. II,1893 წ. ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.21.8 მინდა რამ ვსთქვა |
▲ზევით დაბრუნება |
მინდა რამ ვსთქვა, მაგრამ რა ვსთქვა
უსამართლოდ ალაგმულმა?
ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ
შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა!
მე ამ ლაგამს წავიძრობდი,
არ მაქვს უცხოს მორიდება;
მაგრამ რა ვქნა, რომ ხელმარჯვედ
ჩემივე ძმა მეჭიდება!
იმის აზრი სულ სხვა არის
და სულ სხვას ჰგრძნობს ჩემი გული;
მე სხვა რამე მენატრება, -
მაგას ჯილდო, ანუ ფული!
ეჰ, რა მეთქმის? მირჩევნია
უხმოდ მოვკლა გრძნობა გულში
და არვის-კი არ მივყიდო
არც ჯილდოში და არც ფულში!..
[1880 წ.]
მინდა რამ ვსთქვა (I, 255). დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 1 ოქტომბერი №207. || თხზულებანი, II, 1893 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.21.9 ახალი წელი |
▲ზევით დაბრუნება |
მას უხაროდეს ახალი წელი,
ვინც-კი ცხოვრებით კმაყოფილია,
ვისიც წარსული არ იყო მწველი
და მომავალი ვისიც ტკბილია;
ვინც შარშან გულით ვარდი ატარა
და წელსაც ჰფიქრობს, მომკის იასა,
და თვისი გული მან მით ადარა
სამოთხის კარსა, შვებით ღიასა;
ვინც ტრფობის ტახტად შეიმკო გული
და ზედ ხელმწიფედ დასვა იმედი,
და ვისაც ეშხით, ვითა ბულბული,
განუწყვეტელად უმღერდა ბედი!
მას უხაროდეს... თორემ ნაღველი
ვინც შესვა ჩემებრ და სცნო მწარ-ძალა,
მას რაღად უნდა ახალი წელი?
მისთვის ერთია: „დღესა“, თუ „ხვალა“!
სამივეც ერთად შეზავებული:
წარსული, აწმყო და მომავალი,
ვეღარას არგებს! ბნელი უფსკრული
და საფლავია მისი წამალი!
მაშ ნუ მილოცავთ მე ახალსა წელს!
ჩემთვის ერთია - „ახალი“, „ძველი“!
თუ შარშან ვსვამდი მწარესა ნაღველს,
ამ სასმელს წელსაც ველი და ველი!
[1880 წ.]
ახალი წელი (I, 256). დაიბეჭდა 1881 წელს (ცენზურის ვიზა 1880 წ. 22 ნოემბ.)
- ივერია 1881 წ. №1. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები I1, 1913 წ. -
![]() |
3.21.10 პოეტის გული |
▲ზევით დაბრუნება |
პოეტის გული
აღელვებული
...ზღვისა დარია:
ზვირთებს აგორებს,
სდგამს ტალღის გორებს,
...თუ ავდარია!..
ღრიალ-გრიალით,
უცნაურ ძალით
...ცას ემუქრება,
და მაშინ ნავი,
მასზე მბრუნავი,
...მისგან გაჰქრება!..
მაშ ღელვისა დროს,
სჯობს, მოერიდოს,
...ინავთსაყუდლოს,
რომ გულის წყრომა
და ტკბილ-დაცხრომა
...მას დააცალოს;
და ისე მის გულს,
ტკბილ-დამშვიდებულს,
...უფსკრულს და ფართოს,
თამამად, ნაზად
და მოსაკაზმად
...ეშხით მიმართოს;
და ხელი ახოს,
რა მშვიდად ნახოს,
...ვით მშვიდი გვრიტი!..
ნახოს მის გულში,
დამშვიდებულში,
...მან მარგალიტი!..
[1880 წ.]
პოეტის გული (I, 257). დაიბეჭდა 1881 წელს (ცენზურის ვიზა 1880 წ. 22 ნოემბ.)
- ივერია 1881 წ. №1. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები , II, 1913 წ. -
![]() |
3.21.11 დიდი ვინმე |
▲ზევით დაბრუნება |
გზა მომეცი! ჩამოდექი!..
ხომ ხედავ, არ გეხუმრები?
ჩემს მშობლის მკვლელსა ვახლავარ
და იმას ვემსახურები!..
არ მცალიან... მეჩქარება:
გასალესად მაძლევს დანას,
და მით ჩემს ძმებს ყელებს დასჭრის
ჩუმად... ცხადად ეტყვის „ნანა“-ს!
მე-კი სრულად გამაკეთებს,
ერთგულად რომ დამისახავს;
და საბრალო ჩვენი ერიც,
დიდკაცად რომ დამინახავს,
მუხლს მომიყრის, თაყვანსა-მცემს,
დამაფასებს ქვეყნის ცალად
და მომავალ თაობისთვის
გამომსახავს იდეალად!
მეც ის მინდა!.. მეც იქ შევალ, -
სადაც ტკბილა, სადაც თბილა!
თორემ, თუ მე არ ვიქნები,
ქვა ქვაზედაც ნუ ყოფილა!
გზა მომეცი! ჩამოდექი!
გამოცქვიტე აწ ყურები!
ხომ შეიტყვეთ, ვის ვახლავარ
და ან ვის ვემსახურები!!
[1880 წ.]
დიდი ვინმე (I, 258). დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 6 დეკემბერი №258. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
1893 წლისა და 1913 წლის გამოცემებში ცენზურის მიერ ამოღებულია მეორე სტროფი, რაც აქ მოთავსებული გვაქვს სწორ ფრჩხილებში [ ]:
„გზა მომეცი! ჩამოდექი!..
ხომ ხედავ, არ გეხუმრები?
ჩემს მშობლის მკვლელსა ვახლავარ
და იმას ვემსახურები!..
[არ მცალიან... მეჩქარება:
გასალესად მაძლევს დანას,
და მით ჩემს ძმებს ყელებს დასჭრის
ჩუმად... ცხადად ეტყვის „ნანა“-ს].
![]() |
3.21.12 *** (თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ…) |
▲ზევით დაბრუნება |
თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ
და მაგდებენ საკირეში!
ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა
მითვლიან მე ერთ კვირეში.
მამა-პაპის სწორ გზაზედა
სიარულსაც კი მიშლიან,
მაგიერად მათ მრუდ გზაზედ
ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან!
ვერ დავაგდებ ძველსა გზასა,
გინდა იყოს ეკლიანი:
ვიცი, სხვებიც მომყვებიან
ჩემებრ შავბედ-ეტლიანი!
და თუ ვინმემ გადუხვია
და გადასდგა მრუდედ ფეხი,
გაუსკდეს მას დედამიწა
და დაეცეს თავზედ მეხი!
[1880 წ.]
*** „თვალს მიხვევენ“ (I, 259). დაიბეჭდა 1880 წ.
- დროება 1880 წ. 9 დეკემბერი №259. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.21.13 ჩვენი მიხაკა |
▲ზევით დაბრუნება |
ეს სოფელი უსამართლო
მასხარა და ტუტუცია,
იმასა სთხოვს ანგარიშსა,
ვისთვისაც არ მიუცია.
მდიდარს თვითონ ემონება,
საწყალს-კი სთხოვს სამსახურსა,
ედავება, ხელიდან გლეჯს
ოფლით ნაშოვნ ლუკმა-პურსა.
მაგრამ ეს ხომ ადამს აქეთ
საზოგადო რამ წესია:
ხშირად ის მკის და ისა სჭამს,
ვისაც სულ არ უთესია!
ეჰ, ვინ დასდევს საწყალ მუშას!..
ფეხით სრესენ, როგორც ჭიას,
და ფეხთა მტვერს ულოკავენ
გამდიდრებულს და პრანჭიას.
სამართალი ბეცი არის:
ახლოს ვერ სჭრის, შორს ვერ ხედავს,
მაგრამ ხალხი დაბორკილი
ურჩობას ვით გაუბედავს?
უღირსად და უსამართლოდ
ამაღლებულს ემონება;
დაჩაგრულს და შერისხულსა
სდევნის!.. სად აქვს მას გონება?..
მაგალითად გინდ ავიღოთ
ჩვენი მიხაკ ლორისაო!
პაპა-მისი მწყემსი იყო
თხებისა თუ ღორისაო.
მამა-მისიც ტყავებს ჰყიდდა
საცოდავი ტარიელა,
ქუჩა-ქუჩა დადიოდა
ჯიბე და თავ-ცარიელა.
მაგრამ ნახეთ დღეს რაღაა
მიხაკუა მისი შვილი?
დარჩა ქვეყნის მოედანი!
სადღაა სხვა მიხაილი?
სახელმწიფო კაცს ეძებდენ
რუსეთისთვის ამ ცუდ დროსო,
მისთანას, რომ ახალ რუსეთს
მარჯვედ ტყავი გააძროსო,
და მეტყავის შვილს მიადგენ,
სთქვეს თუ გამოცდილიაო;
კინტოებში გაზდილია
გაქნილ-გამოქნილიაო.
სასახლეში მიიწვიეს,
უთხრეს: „უნდა გვიშველოო:
ძველი უნდა გაგვიახლო,
ახალი-კი გვიძველოო!..“
ეს უთხრეს და პირველობა
მიანიჭეს მიხაკასა,
თითონ შორით უყურებენ
მის თესვას და იმის მკასა.
ჯარასავით დატრიალდა
ჩვენი კინტო მიხაკუა,
სასახლეში კარისკაცებს
ყველას ერთად ……….
გულში ამბობს: „ამდენ ვირებს
რად უყრიდენ აქ თავსაო?
ქვეყანას სხვას რას უზამდენ,
თუ არ ცუდსა და ავსაო?“
ზოგი გაყარ-გამოყარა,
ზოგს კუდს უქნევს, როგორც მელა,
ერთნაირად მოატყუა
ახალი და ძველი, ყველა.
სათვალთმაქცო რამ მალამო
ძველსაც მოსცხო, ახალსაც სცხო,
მაგრამ სომხური საქმე-კი
უფრო კარგად გამოაცხო:
ახლებს თვალი აუხვია,
მოატყუა, მოაღორა,
ძველსაც მხარი მოუქცია:
კოტრიალით გააგორა!
ჩვენი მიხაკა (I, 260). დაწერილია 1880-1881 წ. პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
პამფლეტი „ჩვენი მიხაკა“ დაწერილია რუსეთის იმპერიის პრემიერ-მინისტრის გრაფ მიხეილ ტარიელის-ძის ლორის-მელიქოვის (1825-1888 წ.) წინააღმდეგ, რომელიც საქართველოდან იყო წარმოშობით.
ჯერ კიდევ ცხრა წლით ადრე, ვიდრე მ. ლორის-მელიქოვი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ილია ჭავჭავაძემ სამარცხვინო ბოძზე გააკრა ეს კარიერისტი; ილია, თავის ცნობილს „გამოცანებში“, რომელიც 1871 წელს არის დაწერილი, შემდეგს სწერდა მ. ლორის-მელიქოვის შესახებ:
ოინბაზი, ლაქათაა,
გრძლად გალეული მელია,
ბაზრის ბიჭად გაჩენილა,
ეხლა ქვეყნის მმართველია.
ცუღლუტია, ხერხიანი,
ენა-ცქვიტი, ყურ-მახვილი,
დროთა-ბრუნვის შესაფერი
კარგად იცის მოძახილი.
მარჯვედ მოდის კენჭის ყრაში,
სურს ალჩუა, სურს თაფია,
ბევრჯერ გაძვრა და გამოძვრა,
მაგრამ ვერ გახდა გრაფია.
გრაფობისთვის ერი დაკლა,
ცოდვა დაიდვა დიდია,
მაგრამ ერიც და ქვეყანაც
იმას ფეხებზედ ჰკიდია.
აკაკის პამფლეტი დაწერილია 1880-1 წლებში, როდესაც მ. ლორის-მელიქოვს უკვე იმპერიის პირველი მინისტრის პოსტი ეჭირა და ფაქტიური დიქტატორი იყო.
აკაკის ეს გაბედული და დაუნდობელი პამფლეტი, ცხადია, ვერ დაიბეჭდებოდა, მაგრამ იგი ხელნაწერად და ზეპირის გზით ფართოდ გავრცელებულა.
პოეტი ი. გრიშაშვილი გადმოგვცემს, რომ ამ პამფლეტის ტაეპები მას გაგონილი ჰქონია ზეპირად ცნობილი დეკლამატორის კ. ერისთავისაგან. ამას გარდა ი. გრიშავილმა დავით ერისთავის - „სამშობლო“-ს ავტორის - არქივში (რომელიც ამამად დაცულია საქ. ცენტრ-არქივში) - აღმოაჩინა ამ ლექსის ეგზემპლარების მთელი დასტა, ჰეკტოგრაფზე დაბეჭდილი. ლექსი, როგორც სჩანს, არა-ლეგალურად ვრცელდებოდა, ჰეკტოგრაფზე გამრავლებული პირების სახით, და ამ გავრცელებაში, როგორც ირკვევა, წილი უძევდა დავით ერისთავსაც.
ი. გრიშაშვილმა დაბეჭდა ლექსი ამ ჰექტოგრაფული პირის მიხედვით (იხ. გაზეთი „სიტყვა და საქმე“, 1934 წ. №1).
ამ-ჟამად ჩვენ ვიპოვეთ თვით აკაკის ავტოგრაფული დედანი (ავტოგრაფი XXIII,48), რომლის მიხედვითაც დავბეჭდეთ ეს ლექსი ჩვენს გამოცემაში.
ავტოგრაფს აკლია დასაწყისი (პირველი ექვსი სტრიქონი), რაც შევავსეთ ჰეკტოგრაფული პირიდან.
აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, აკაკის ავტოგრაფთან შედარებით ჰეკტოგრაფული პირი შეიცავს ორ ზედმეტ სტროფს, რომლებიც დამატებულია ლექსის ბოლოში. ეს ორი სტროფი სჩანს არ ეკუთვნის აკაკის, იგი საფიქრებელია დავით ერისთავის მიერ უნდა იყვეს დართული. (- განსხვავებაა სტილისა, და თვით ლექსთწყობისა: აკაკის ლექსი „მაღალი შაირი“-ს წყობით არის დაწერილი, ხოლო დამატება „დაბალი შაირი“-თ). ამიტომ ეს ორი სტროფი არ შეგვიტანია ჩვენს გამოცემაში.
მოგვყავს აქ ეს ორი დამატებული სტროფიც:
„რუსეთი დროით ამშვიდა,
მერე სთქვა, ნურას ელითო,
ტყვილი იმედი ნუ გაქვსთო,
რომ გამოვიდეს ბნელითო!
რაც რომ მინდოდა, ის მომცეს,
გრაფობა გამოვსტყუეო,
მთელი რუსეთი, ევროპა
მე, კინტომ მოვატყუეო“.
ეს დამატება, როგორც ვხედავთ, ეხმაურება ილია ჭავჭავაძის ზემოთ-მოყვანილს „გამოცანა“-ს. ილია სწერდა, რომ ლორის-მელიქოვმა „გრაფობისთვის ერი დაკლა“ და რომ ეს „ბაზრის კინტო“ - „ბევრჯერ გაძვრა და გამოძვრა, მაგრამ ვერ გახდა გრაფია“. ხოლო აკაკის ლექსის ამ დამატების ავტორს საჭიროდ დაუნახავს აკაკის ლექსის ბოლოში აღენიშნა აგრეთვე ისიც, რომ ასრულდა ილიას სიტყვებიც ლორის-მელიქოვის შესახებ, რომელმაც მიიღო გრაფობა „ერის დაკვლის“ საფასურად.
არაა ინტერესს მოკლებული აღვნიშნოთ აგრეთვე, რომ ლორის-მელიქოვს, როდესაც მან 1878 წელს გრაფობა მიიღო, ილიას ლექსის საპასუხოდ უთქვამს: „მაინც ხომ გავხდი გრაფი“-ო.
[1880-1 წ.]
![]() |
3.22 1881 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.22.1 გამოფხიზლება |
▲ზევით დაბრუნება |
გავკაჟებივარ შავ-ბედსა,
დავდივარ შეუპოვარი!
ვერ შემაშინებს რისხვით ცა,
ჭირზედა ჭირის მთოვარი!
არ ვუღალატებ სინიდისს,
თავს შევინახავ წმინდადა
და ჩემ სიცოცხლეს ვიგულებ
ჩემის სამშობლოს წინდადა!
ოფლით მოვრეცხავ სამშობლოს,
იმ წმინდა სისხლით ღებულსა,
რომ შევეყარო პირნათლად
იქ ჩვენს წინაპრებს ქებულსა!
და აქ-კი შესანდობარსა
ჩავარაკრაკებ კულითა
და შემოვძახებ თამამად
გრძნობით აღვსილის გულითა:
„ჩანგურო, ჩემო დიდებავ,
და ძლიერებავ, კალამო,
ზოგჯერ ფინთიხო გულისა,
ზოგჯერ წყლულისა მალამო!
„ნუ გამომილევთ ძალ-ღონეს
საბრალოს მუშას-მთესველსა,
მებრძოლსა გულგაუტეხელს,
ბნელში იმედით მკვესელსა!“
[1881 წ.]
გამოფხიზლება (I, 263). დაიბეჭდა 1881 წ.
- ივერია 1881 წ. №2 (ცენზურის ვიზა 2 იანვარს). || თხზულებანი, II 1893 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.22.2 გამოსალმება |
▲ზევით დაბრუნება |
დავაგდე მხარე ფარისევლების,
ის მზაკვარების უნივერსტეტი,
სადაც სატანა წვრილ-წვრილ ეშმაკებს
ჰგზავნის, რომ ხერხი ისწავლოს მეტი;
მხარე შემკული ბუნებისაგან,
ხალხი ავსილი ნიჭიერებით;
იქ, სადაც ერთი უბედურია
მხოლოდ მეორის ბედნიერებით.
იქ ყველა შრომობს მოუსვენარად!
განა მიტომ, რომ თვით შეიძინოს?
არა! მისთვის, რომ სხვას რამ დააკლოს,
ის აატიროს და თვით იცინოს!
იქ სისხლ-ხორცობა, ძმობა, მოყვრობა,
სიყვარული და ამხანაგობა
იციან მარტო სხვის საჩვენებლად,
ნამდვილ-კი მხოლოდ არს ვერაგობა!
ვინც იმ ცუდებში უფრო ცუდია,
ის არის უფრო ძლიერხმიანი,
და ხუთს ვერ ნახავ ასს კაცში, რომ სთქვა:
„აქაც ყოფილა ადამიანი!“
დავაგდე, დავგმე მისი მყობადი,
მაგრამ ცრემლით-კი ამევსო თვალი,
რადგანც მე იმ დროს მაგონდებოდა
მისი წარსული და მომავალი!
[1881 წ.]
გამოსალმება (I, 264). დაიბეჭდა 1881 წ.
- ივერია 1881 წ. №2 (ცენზურის ვიზა 2 იანვარს). || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
1893 წლისა და 1913 წლის გამოცემებში ცენზურის მიერ ამოღებულია პირველი სტროფის ბოლო ორი სტრიქონი:
„დავაგდე მხარე ფარისევლების,
ის მზაკვარების უნივერსტეტი,
[სადაც სატანა წვრილ-წვრილ ეშმაკებს
ჰგზავნის, რომ ხერხი ისწავლონ მეტი]“.
![]() |
3.22.3 სასოწარკვეთილება |
▲ზევით დაბრუნება |
ჰეი, სამშობლოვ, სხვებისთვის დედავ,
ჩემთვის-კი ავო დედინაცვალო!
ვიცი, დაიბან პილატებრ ხელსა
და იტყვი, რომ ხარ შენ დღეს უბრალო
ჩემს ტანჯვაში და ჩემს განსაცდელში.
მაგრამ მსურს გითხრა მე საყვედური
მხოლოდ მისთვის, რომ უნდა გათავდეს
ჩემი შენდამო აწ სამსახური.
დღეს პირველად და უკანასკნელად
დაუფარავად ვიტკენ შენზედ გულს
და აღარ ვმალავ იმ მძიმე ტვირთსა,
დღემდის-კი მხოლოდ ჩემთან დამარხულს!
სული და გული, ბუნების ნიჭი,
სიჭაბუკე და წამი ყოველი
შენ შემოგწირე და რა მივიღე
სამაგიერო მე სასყიდელი?
უსამართლობა, მტრობა და დევნა!
ცილისწამება გულის-საკლავი!
და საუკუნოდ განსასვენებლად
მოსწრაფებული შავი საფლავი!
შავი საფლავი, სადამდის მტრობა
ვეღარ ჩაჰყვება ძალმიხდილს მკვდარსა
და მცილებელთა შავნი საქმენი
ფერს ვერ უცვლიან თეთრსა სუდარსა.
უკანასკნელ ჟამს მე ეს მამხნევებს,
ეს მრწამს და სიკვდილს მიტომ არ ვნაღვლობ
და სინიდისის სიწმინდისათვის
მტერ-მოყვარესა ჩემს ბედსა ვმადლობ!
დეე, მან დაჰგმოს ჩემი საფლავი
და მან დამქოლოს წყევისა ხმითა,
ვისაც ეშრომოს აქ ჩემზედ მეტად
სიტყვით, ან საქმით, ან გულისთქმითა!
და მან გამკიცხოს და შემარცხვინოს
უსამართლოდ და უდროოდ მკვდარი,
ვისაც ჩემსავით აქვს სიყვარულით
სული წმინდა და გული მდიდარი!
მშვიდობით, ჩემო დედინაცვალო,
ჩემთან პირშავო ჩემო სამშობლო!
შენდობილ იყო ჩემგან ამიერ,
და ღმერთმა მოგცეს კეთილი ბოლო!
[1881 წ.]
სასოწარკვეთილება (I, 265). დაიბეჭდა 1881 წ.
- ივერია 1881 წ. №2 (ცენზურის ვიზა 2 იანვარს). || თხზულებანი, I I , 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.22.4 არაკი |
▲ზევით დაბრუნება |
ლურჯამ სთქვა: - „ჩემი პატრონი
მე მეპყრობოდა ავადო:
ორივე ფეხში ბორკილი
მეყარა სატანჯავადო!
მხედნიდა... თავისუფლება
არ მქონდა ჩემდა თავადო,
და ჩემი ბედის ვარსკვლავი
ცაზედ ეჭედა შავადო.
ცით ჩამოვარდა წერილი,
დამფარველი და მხსნელიო.
ეწერა: - „თავისუფლება!..
მოისპოს წესი ძველიო!“
მაშინვე შემტყდა ბორკილი,
მომეხსნა ყელ-საბელიო:
შევხტი და ძევინავარდე,
თვალი შემაშრა სველიო.
ვამბობდი: - „ჯერ ეს რა არი?
უფრო კარგ ბედსაც ველიო:
მევე ვარ ჩემი პატრონი,
და ზეცა ჩემი მცველიო!“
მაგრამ მიმუხთლა შავ-ბედმა:
ფუ! შერცხვეს ეს სოფელიო!
საითაც ფეხი გადავდგი,
ყოველგან მტაცეს ხელიო;
მითხრეს: - „აქ შენი რა არი?
სად მოხვალ ჭკუათხელიო?
შენთვის არც მთაა, არც ბარი,
არც მინდორი და ველიო!“
მაშ ამგვარს თავისუფლებას
მიჯობს, შემჭამდეს მგელიო!..
გლეხკაცმა უთხრა ლურჯასა:
„ნეტავ რას ამბობ მაგასო?
ეგ ჩემი გულის ისარი
შენ მაინც ვინღა დაგასო?
ერთს ჯამში ჩემი ნაღველი
რით ვინ გალესა და გვასო?
და სანამ უნდა ვითმენდეთ
ამდენ წვასა და დაგვასო?“
აქ ლურჯამ დაიხვიხვინა,
მაღლა წიხლები აყარა;
გლეხმაც რაღაცა იფიქრა,
თავი მიწისკენ დახარა.
იარაღს ხელი მოჰკიდა,
შრომისა ოფლი დაჰღვარა,
და მაშინ ბედის ვარსკვლავმაც
მაღლიდამ ძლევა ახარა.
[1881 წ.]
არაკი (I, 267). დაიბეჭდა 1881 წ.
- შრომა 1881 წ. №2. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.22.5 ქართველი ქალი |
▲ზევით დაბრუნება |
მწუხარე და სევდიანი
სერზედ იდგა ერთი ქალი,
ფერმიხდილსა მღელვარებით
შორს ეჭირა გზისკენ თვალი.
მას უნდოდა რომ შეეტყო
მისი ქვეყნის ბედისწერა;
შიკრიკს მოჰკრა შორით თვალი
და დაუწყო გულმა ძგერა.
მიაძახა ახლოს მოსულს:
- „ნუ დაჰფარავ ნურაფერსო,
თორემ ბოლოს გაზღვევინებ,
გეფიცები ზეციერსო!“
წინ წამოდგა მონამ ბიჯი,
ტირილითა მოახსენა:
- „ვაი ჩემს თავს!.. სჯობს დამებას
ცოდვილი და მწარე ენა!
ვხედავ, შენზედ უჩხავლია
შავბედითსა ყორანს შავსო!
რაღა გითხრა მე საბრალომ
შენ, შვილების დამკარგავსო?“
ქალმა უთხრა: - „სუ!.. არ გკითხავ!
ჯერ მითხარი შენ ესაო:
თათრებს დარჩა გამარჯვება,
თუ ჩვენს ძლიერს მეფესაო?“
- „ეგ რა ბრძანეთ?!.. ქართველ ჯარსა
განა სძლევდა თათარიო?
თვით არ მივა, და მოსულ მტერს
რომ დაუხვდეს, მზად არიო!
ზარი დასცეს სერასქირსა,
არ მოსულა ჯერაც გონსა!
ქართველები ღმერთს მადლობენ,
ადიდებენ სოლომონსა!“
ქართვლის ქალი პირჯვარს იწერს:
„მადლი ზენა ქართველებსო!
აბა ახლა მომიყევი,
რაც გადახდა ჩემს შვილებსო“.
- „შენი პირმშო აღარა გყავს:
ალექსანდრე მოგიკლესო;
უმცროსი ძმა მიეშველა,
იმასაც დღე უმოკლესო.
თათრის ტყვიამ გაუხვრიტათ
ორთავ გულის ფიცარიო;
მოკვდენ, მაგრამ სახელი-კი
ნახეს დაუვიწყარიო!..“
დედას ცრემლი უნებურად
წამწამებზედ შეუჩერდა;
ნაცრის ფერი გადაედვა,
გული ხშირად აუძგერდა.
მაგრამ ეს სთქვა: - „გამიზრდია
ქართველ ქალსა ქართვლის შვილი!
ეს ნაღველი დედისათვის
მწარე არის და თან ტკბილი!
მამულისთვის მიშობია,
მისი ჭირის სანაცვლოდო;
ქართველ დედებს ვალად გვაძევს,
ამ ჭირს უნდა გავუძლოთო.“
ესა სთქვა და ისევ ჰკითხა:
- „საშუალმა რაღა ქნაო?
ამოიგო ძმების სისხლი?
თათრის მძორის დასდგა ძნაო?“
- „არა, ჩემო ქალბატონო,
ვერ გავბედავ ტყუილსაო;
ეგ სახელი არ უნახავს
ქალაჩუნა თქვენს შვილსაო!
უფროსი და უმცროსი ძმა
მტრის რაზმში რომ გაჰკიოდა,
საშუალო ტყეში იწვა:
გულ-მუცელი ასტკიოდა“.
ეს რომ ესმა, ქართვლის ქალი
უცნაურად დაიღრიჯა,
ამოჰყარა ძუძუები,
მოთქმით თავი მოიგლიჯა:
- „ვაი ლეჩაქს, შერცხვენილსა,
ვაჰ ძუძუებს გაკიცხულსო,
ვაი დედას, თითქმის პირშავს,
რა მახვილი მეცა გულსო!
არა ვსტირი იმ ორ შვილსა,
ომში მოკლულს გმირულადო,
ვიგლოვ ცოცხლად დარჩენილსა
უსახელოდ... ვირულადო!“
[1881 წ.]
ქართველი ქალი (I, 269). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 29 იანვარი №21. || თხზულებანი, II. 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.22.6 ბაიათი |
▲ზევით დაბრუნება |
მაცდურმა მახე დამიგო,
მიჯნურთ ბადეში გამიბა,
პასუხიც აღარ მომიგო,
გული მან ჯაჭვით დამიბა!
მიიპყრა ჩემი გონება,
გამიხდა გულის მეფადა,
მით მისი სრული მონება
გლახ-გულში ხარკად მებადა!..
მაგრამ ამგვარი მონება
არ დამამცირებს აროდეს!..
მითი მაქვს თავმოწონება,
თუ გინდ არც დაიფაროდეს!..
თაყვანს-ვსცემ ტურფად შემკულსა,
ვინც არს შვენების ღვთაება! -
ვიშ!.. საყვარელო!.. ჩემს გულსა
რა ტკბილი ჯაჭვი დაება!..
[1881 წ.]
ბაიათი (1, 272). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 1 თებერვალი №24 (ჩართულია პროზაში: ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, №1912 წ. -
![]() |
3.22.7 N-ს |
▲ზევით დაბრუნება |
მაგ თვალებმა ნაპერწკალი
გულში მკრეს და დამიმონეს...
განმიახლეს ძველი ალი,
ამაჟრჟოლეს, დამაღონეს.
მოვიგონე ძველი ქნარი,
სიმთა იწყეს ტკბილად ჟღერა;
გრძნობა, გულში ნაგუბარი,
ტოკავს და გულს მით აქვს ძგერა!..
ჩალად მიჩანს აწ შავ-ბედი,
თვალთ შემაშრა მდუღარება!..
გინდ ვიწოდე, ვით აბედი...
მალხენს ტკბილი მდუმარება!..
შავ ფიქრების უკუმყრელად
სახე მისი ჩემთვის მზეობს;
გული, ქმნილი მისგან ხელად,
ჭირთა მძლეობს, ამაყ-მხნეობს!
წრფელ აზრების შეურყევლად,
სიყვარულის იმ წმინდა მსხვერპლს -
თაყვანს-ვსცემ და საკურთხევლად
აღვიარებ მე მისს სახელს!..
ის სახელი მადლიანი,
წმინდა, ტკბილი, ვით მანანა,
სამ-აზრი, სამ-მარცვლიანი
მიყვარს, თუ მანც არ მანანა!..
[1881 წ.]
N-ს (I, 273). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 1 თებერვალი №24 (ჩართულია იმავე პროზაში: ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები I, 1912 წ. -
![]() |
3.22.8 *** (წარმოდგენავ შენ ოცნების…) |
▲ზევით დაბრუნება |
წარმოდგენავ შენ ოცნების,
გულთ მადარო, ზესთ სადარო!
ამპარტავნებავ მშვენების,
უკვდავების ტკბილო წყარო!
შენის ჭვრეტით ვერ-გამაძღარს
გული მტკივა ხშირი ძგერით!
ვაი, ვისაც ჩემებრ უყვარს
უნუგეშოდ, შორს სიმღერით!
თუ ახლოს ვარ, შენ მიმონებ
და ხარკად გაქვს მდუმარება!
თუ მოგშორდი, მე გიგონებ
და მდის ცრემლი - მდუღარება!
და თუ ვიწყებ შორით წერას
შენთან, ხელი მიკანკალებს,
და მიხშირებს გული ძგერას
რა შიგ ცეცხლი გამიალებს!
ვეცადე, ეს სიყვარული
დამეფარა და გამექრო:
მაგრამ რა ვქნა, - სუსტი გული
ხან-მსვლელობით მეწვის უფრო!
ვიცი, მაგ ცივს ამაყს გულში
ვერვინ ჰნახავს ცეცხლმოდებას,
მაგრამ მე შენს სიყვარულში
მაინც ვპოვებ ნეტარებას!
დაე, გულმა ნუ იხაროს,
შენი ეშხით დავიდაგო!
მაგრამ მიკვირს - განკითხვის დროს
რა პასუხი უნდა მაგო?!..
[1881 წ.]
*** „წარმოდგენავ შენ ოცნების“ (I, 274). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 1 თებერვალი № 24 (ჩართულია იმავე პროზაში: ცხელი-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
![]() |
3.22.9 ადვოკატებს |
▲ზევით დაბრუნება |
ეხლანდელ ადვოკატებს,
იმ მჩხავან და წუწკ კატებს,
ვერ აწამებს ვერავინ
ვერც ჯვარსა და ვერც ხატებს.
მათი უძღები გული
და შებღალული სული
მუდამ ამას გაჰკივის:
ფული, ფული და ფული!
სხვისი უბედურება
არცერთს არ ეყურება,
სიტყვით სხვებს და საქმით-კი
ჯიბეს ემსახურება!
ძველი აღთქმა ქებული
აქვთ დღეს დავიწყებული
და სჯულად გაუხდიათ
მხოლოდ ფული და ფული!
ეხლანდელ ადვოკატებს,
იმ მჩხავან და წუწკ კატებს,
ხერხიან სიცუდეში
ვერვინ გადაამატებს!
[1881 წ.]
ადვოკატებს (I, 275). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 6 თებერვალი №27. || სალამური 1893 წ. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
დროებაში დაბეჭდილ ტექსტში ბოლო სტროფი არ არის.
![]() |
3.22.10 *** (იქ, სადაც, ძმებო, უმეტესობას…) |
▲ზევით დაბრუნება |
(სცენიდან ნათქვამი)
იქ, სადაც, ძმებო, უმეტესობას
უკუღმა ესმის პატიოსნება,
ყურს ვინ დაუგდებს სიმართლის მღერას
და ვის რად უნდა ტკბილი მგოსნება?
იქ, სადაც მხოლოდ პირადობისკენ
აქვთ მიქცეული თვალი და ყური,
რად იამებათ, აბა მითხარით,
ლექსი ტკბილი და ტკბილი ჩანგური?
იქ, სადაც მოძმე თავისვე ძმასა
მტერთან აბეზღებს მარად და მარად,
ვინ ეყოლება საბრალო მმღერალს
გაჭირვების დროს შემწედ და ფარად!
იქ, სადაც თურმე ქვეყნისთვის შრომა
მაიმუნობა ბევრსა ჰგონია,
მართალი სიტყვა, სცენიდან თქმული,
რა სასიამო გასაგონია!
[1881 წ.]
*** სცენიდან ნათქვამი „იქ, სადაც, ძმებო, უმეტესობას“ (I, 276). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1981 წ. 5 თებერვალი №26. || თხზულებანი, II, 1893 წ. || რჩეული ლექსები III, 1912 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.22.11 *** (ახალგაზრდა მონადირეს…) |
▲ზევით დაბრუნება |
ახალგაზრდა მონადირეს
კარს მიადგა ერთხელ ბედი:
გალიაში ჭკუამცირეს
შეუფრინდა უცბად მტრედი.
საწყალს ეგონა სიზმარი,
ან ხუმრობა და შეშინდა;
ვერ მიხურა დროზედ კარი...
მტრედი ისევ გამოფრინდა!
ცხადი იყო, მერე მიხვდა,
თავის-თავსა შანს უგებდა,
და გაფრენილს გამოუდგა,
ტყეებში მახეს უგებდა.
შენც ხომ ასე მოგივიდა,
შესაბრალო ჩემო ძმაო:
სატრფო ხელით წაგივიდა...
ღირსი ხარ, რომ ჩაექვაო!
[1881 წ.]
„ახალგაზრდა მონადირეს“ (I, 277). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 8 თებერვალი №29 (ჩართულია პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
![]() |
3.22.12 სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
დასტრფის ვარდსა, გულის დარდსა,
სტვენს ბულბული საამო ხმას;
ძილგატეხით გულს აძგერებს,
მაგრამ ვინ ჰგრძნობს მისსა მოთქმას!
ხან ზედ დაჰყეფს მამაცურად,
ხან ქალივით უნაზდება;
არად იმჩნევს მისგან ტანჯვას,
ჰგრძნობს სიყვარულს, ჰგრძნობს და დნება.
მიხდილ ფერით, გულის ძგერით
ტყვილა უმღერს გაშლილ ვარდსა,
გაფრინდება უცხო მხარეს,
თან წაიღებს მისგან დარდსა!
[1881 წ.]
სიმღერა „დასტრფის ვარდსა“ (I. 278). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 10 თებერვალი №30. || თხზულებანი, I, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. -
![]() |
3.22.13 სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ბულბულმა სთქვა: - „პოეტები
ვარდის ჩიტად მიწოდებენ;
სიყვარულის ტყვე ვგონივართ,
მიბრალებენ!.. მიცოდებენ!
ჰგონიათ თუ, აგზნებულად
სხვადასხვა ხმით მისთვის ვმღერი,
რომ მიყვარდეს. ვარდის სუნი
და მომწონდეს მისი ფერი!
ვერ უგრძვნია იმათ გულსა,
ვერც მიმხვდარა მათი ჭკუა,
რომ ვარდისკენ მიმიზიდავს
ცის ნამი და ჭია-ჭუა!“
[1881 წ.]
სიმღერა „ბულბულმა სთქვა“ (I, 279). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 10 თებერვალი №30. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. -
![]() |
3.22.14 *** (ჰე დრონი, დრონი…) |
▲ზევით დაბრუნება |
ჰე დრონი, დრონი,
ნაქებნი მტკბარად,
გაჰქრენ, წავიდენ
სიზმრებრივ ჩქარად.
ამგვარი ღვაწლი
არ ღირს არც ფარად,
შრომა გავმართოთ
უფრო სხვაგვარად:
სჯობს, მთებში ვსძებნოთ
ის ჭკუა მარად,
რომელიც დღეს ჩვენ
დავკარგეთ ბარად.
[1881 წ.]
*** „ჰე დრონი, დრონი“ (I. 230). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 1 მარტი №44 (ჩართულია პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“).
![]() |
3.22.15 გაზაფხული |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
„გაზაფხული! გაზაფხული!“
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა!
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი თუ: „გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
„მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.
„დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად: „ტია, ტიას!“
1881 წ. 1 მარტი.
გაზაფხული (I, 281). დაწერის თარიღი: 1881 წ. 1 მარტი1 დაიბეჭდა 3 მარტს 1881 წლისა.
- დროება 1881 წ. 3 მარტი №45. || თხზულებანი. II, 1893 წ. || რჩეული ლექსები I. 1908 წ. || ჩემი ნაწერები, II. 1913 წ.-
აკაკის ეს პოეტური ჰიმნი, რომლითაც იგი გაზაფხულის დაწყებას უმღერის, დაწერილია რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის მოკვლის გამო 1881 წელს, 1 მარტს.
__________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია დროებაში.
![]() |
3.22.16 სიზმარი |
▲ზევით დაბრუნება |
დღიურ სიცხადით გულდაჩაგრულსა,
ძილში მეღირსა ტკბილი სიზმარი:
ვნახე, რომ ქვეყნად ჩამოსულიყვნენ
ნინო, ქეთევან და თვით თამარი.
თამარს თავს ედგა ძლევის გვირგვინი
და ქეთევანსა - წმინდა მოწმობის;
ნინოს ხელთ ეპყრა ჯვარი ვაზისა,
ნიშანი დიდი ქრისტიანობის.
ზეცად აეპყრათ სამთავეს თვალი,
საქართველოსკენ იშვერდენ ხელსა
და შეერთებით, ხმაშეწყობილად
ჰგალობდენ ტკბილსა საგალობელსა:
„დედაო ღვთისავ, შენი ხვედრია
ეს საქართველო დიდ-ჭირნახული,
შეუნდევ ცოდვა, ნუ ააღებ ხელს,
ლმობიერებით იბრუნე გული!
„მოეც კურთხევა ზეცით, მაღალო,
და გადმოსახე ძლიერად ჯვარი,
რომ აღადგინო ქართველთა ერი,
დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი!
„მისსა მხნეობას, მისსა ზნეობას
გაუმტკიცებდე აღმაფრენასა
და შენ საქებრად, სადიდებელად
ნუ დაუკარგავ იმ ტკბილ ენასა,
„რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა,
ქეთევან მარად შენ გადიდებდა
და ნინო ძისა შენის მცნებასა
შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!“
[1881 წ.]
სიზმარი (I, 282). დაიბეჭდა 1881 წელს.
- ივერია 1881 №4 (ცენზურის ვიზა 4 მარტს). || თხზულებანი, II, 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. სიმღერა აკაკისა 1903 წ. და რჩეული ლექსები I. 1908 წ. (სათაურით: „ნინო, ქეთევან და თამარი“). || ნაკადული მოზრდილთათვის 1908 წ. №11.-
ეს ლექსი შემდეგ აკაკიმ შეიტანა პოემაში „თორნიკე ერისთავი“ (პოემის ფინალში, აპოთეოზის სახით).
ივერიაში, ნაკადულში და 1893 წლის გამოცემაში მე-5 სტროფის მე-3 სტრიქონი იკითხვის ამ-რიგად:
„რომ აღადგინო ქართველი დედა“.
ლექსს დართული აქვს მიძღვნა, ინიციალებით: ვ[უძღვნი] ქ. მ. - (ინიციალები გახსნილი არაა).
![]() |
3.22.17 *** (არ გათეთრდება ყორანი…) |
▲ზევით დაბრუნება |
არ გათეთრდება ყორანი,
ბევრიც რომ ხეხოთ ქვიშითა!
მტერი არ შეგვიშინდება
ვაგლახითა და ვიშითა!
მტრებს მივაგებოთ ფარ-ხმალი,
ყორანს შევსტყორცოთ ისარი,
სხვა შრომა ტყვილად ჩაივლის:
მათი წამალი ის არი.
ყორნის ნაღველი ხალხისგან
წამლად არს დასახულიო,
და თუ ის ხელში არ იგდო,
ვით გაიკურნოს წყლულიო?
მწარეს რომ მწარე მოხვდება,
ორივე გალაყდებიან...
და სადაც ეკალი იყო,
იქ ვარდნი აჰყვავდებიან!
არ გათეთრდება ყორანი,
ბევრიც რომ ხეხოთ ქვიშითა!
მტერი არ შეგვიშინდება
ვაგლახითა და ვიშითა!
[1881 წ.]
*** „არ გათეთრდება ყორანი“ (I, 283). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 8 მარტი №50 (ჩართულია პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“). -
![]() |
3.22.18 აღდგომა |
▲ზევით დაბრუნება |
მაღლა ცაზე მზე თამაშობს
და ქვეყანა ძირს იხარებს:
„ქრისტე აღდგა!“ „ჭეშმარიტად!“
ყველა ასე აღიარებს.
იღვიძებს და იმოსება
ათასფერად დღეს ბუნება;
თითქო იგი „ქრისტე აღდგას“
თვის შემოქმედს ეუბნება.
ყველა ხარობს, ლიტანიობს,
უსულო და სულიერი!
„ქრისტე აღდგა!“ „ჭეშმარიტად!“
აღიარებს ქრისტეს ერი.
იცის, რომ ეს ნიშანია
მკვდრეთით კაცთა აღდგინების,
და მით თვისი აღდგომაცა
მომავალი ელხინების.
„ქრისტე აღდგა!“ გიხაროდეს,
ვისაც-კი ეს ეყურება!
ჭეშმარიტად აღდგა და მით
მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება.
[1881 წ.]
აღდგომა (I, 284). დაიბეჭდა 1891 წ.
- დროება 1881 წ. 12 აპრილი, №77. || თეატრი 1890 წ. №14. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.22.19 გამოსათხოვარი |
▲ზევით დაბრუნება |
აჰა ჩვენი სიქადული,
მოწინავე ქართველთ რაზმი,
უთავბოლოდ აღჭურვილი,
უცხო ფერად მონაკაზმი,
საიმედო, სანუგეშო,
საჩინო და ჩინთა დასი!..
ვინ აწონოს მათი ღვაწლი,
რომ შრომასა დასდოს ფასი?
ქვეყანა და ქვეყნის საქმე
კაჭკაჭივით გაუგიათ!..
ქვეყნის მტერი და ორგული
ენის წვერზედ აუგიათ!
ნეტავი თუ ვინმე გაძღეს
მათის ნახვით და ყურებით!
ვინ არის, რომ მათ არ იცნობს,
ან თვალებით, ან ყურებით?
მე რაც ვიცნობ, აგერ გახდა
ოცდახუთი წელიწადი,
და არ მახსოვს, რომ დაეწვასთ
ან შამფური და ან მწვადი!
მამულისთვის მათი შრომა
არ ყოფილა, ვფიცავ, ფუჭი!
ამას მათვე დაუმტკიცებს
ნებიერი მათი კუჭი!..
უნებურად იმათ რაზმში
ვითვლებოდი მე სხვა რადა,
თუ არ ვინმე „ცეტ-ბასილა“
ხუმარა და მასხარადა?
მართლაც, მათის შრომის დროსა
ბევრჯელ განზე მიძინია!..
და ქვეყნისთვის რომ სტიროდენ,
აკაკურად მიცინია!..
და ამგვარად, გამოვსტყდები,
მათ ნაშრომში არ მაქვს წილი!
აბა როგორ მივყოლოდი
დიდ მამლებსა მე - წიწილი?
მხოლოდ ჩემთვის ვწიაქობდი!..
ახლაც მარტოდ ვიწიაქებ!..
საგმობს შეუპოვრად დავგმობ
და საქებსა ყველგან ვაქებ.
მისთანასი მე არ მინდა
არც ბანი, არც მოძახილი,
ვინც ჰგონებს, რომ სტაფილოა
და ბოლოკი კარგი ხილი!
მართალია, ძნელი არის
მარტოობა ამა სოფლად,
მაგრამ უღირს ამხანაგსა,
მირჩევნია დავრჩე ობლად.
გზად და ხიდად დამიგია
ცხოვრებისა ჩემის კვალი,
და ოცნებით დამისახავს
ტკბილ მეგობრად მომავალი!
ეგებ თავსაც ვატყუებდე,
მაგრამ ვლოცავ იმ ტყუილსა,
რომელიც კაცს და ქვეყანას
ზოგჯერ ნაყოფს აძლევს ტკბილსა...
[1881 წ.]
გამოსათხოვარი (I. 285). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1831 წ. 19 ივნისი №126. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.22.20 *** (ვით მზესუმზირე მზეს უჭვრეტს…) |
▲ზევით დაბრუნება |
ვით მზესუმზირე მზეს უჭვრეტს,
ისე შეგყურებ, ლამაზო!
რაგინდ მასხამდე მით თავ-რეტს...
გინდ გულს მახვილიც დამასო!
მაგრამ როდემდის?.. მიდიხარ,
შენსა ნათელსა მით მაკლებ...
თუმც მარად გულში მიზიხარ,
უშენოდ მაინც ვერ გავძლებ!
და როს სცნო ჩემი ამბავი,
ტანჯვისგან გულმოკლულისა,
ასე სთქვი: - „მსხვერპლი შექმნილა,
საბრალო, სიყვარულისა!..“
ეს სთქვი და მიწით დაფარულს
მიუძღვენ ვარდისა კონა...
ვინც შენსა ჩუმსა სიყვარულს
ესე სოფელი უწონა!
[1881 წ.]
*** „ვით მზესუმზირე მზეს უჭვრეტს“ (I, 287).
- დროება 1881 წ. 24 ივნისი №130. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ავტოგრაფი K-45. -
![]() |
3.22.21 სალამი არქეოლოგებს |
▲ზევით დაბრუნება |
შავი ბედი საქართველოს
ძველათგანვე უღლად აწვა;
ბევრი ნახა აოხრება,
დაქცევა და ცეცხლით დაწვა.
მაგრამ მაინც, უცნაურად,
არ ჰქრებოდა... არ კვდებოდა:
იმ ფერფლიდან ისევ წმინდად
ის ორბივით ახლდებოდა.
ნაშთი ჩვენის ძველ დიდების
დღეს ღრმად არის დამარხული!
ზეზეურად დაგვრჩა მხოლოდ
ქართველური წმინდა გული.
და იმ გულით გეგებებით
დღეს ჩვენს სტუმრებს, მეცნიერებს!..
თქვენი შრომა, თქვენი ღვაწლი
მას მადლობით აგვიძგერებს.
მოგვებივით მოგზაურობთ,
გინდათ ძველის გამოკვლევა?
ღმერთმა მოგცესთ გამარჯვება!..
დაგვირგვინდეს თქვენი ძლევა!..
ღმერთმა ჰქმნას, რომ სხვებიც გაჩნდენ
აწ აქ თქვენი მიმბაძავი,
რომ შეიტყონ ჩვენი აწმყო,
ჩვენი კარგი, ჩვენი ავი;
გვიყურონ და შეგვისწავლონ
მეცნიერის მოყვრის თვალით,
რომ ჩვენც გავყვეთ ერთად, ძმურად
სწორის გზით და მართლის კვალით.
მაშინ ჩვენ თქვენ არ გაკმარებთ
დღევანდელებრ მარტო თბილ გულს
რასაც ეძებთ დღეს, მის კარებს
ჩვენგან ნახავთ მზად გაღებულს...
1881 წ.
სალამი არქეოლოგებს (I, 288). დაიწერა და დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 22 სექტემბერი №197. || თხზულებანი, II. 1893 წ. - დროებაში ლექსის ტექსტს დართული აქვს შემდეგი შენიშვნა:
„ამ ლექსით მიესალმა ავტორი გუშინ [21 სექტემბერს] ქართულ წარმოდგენაზე მოწვეულს არხეოლოგიურს კრებასა“.
![]() |
3.22.22 უკანასკნელი ნატვრა |
▲ზევით დაბრუნება |
სანამ მესხა წვერ-ულვაში,
გულიც მქონდა საგულესა,
ბედმა ხორცი ეკლით მჩხვლიტა,
სულს ნაღველი გაულესა!
დღეს, როდესაც გული გატყდა
და თმა იმკო ჭაღარითა,
ნუღა მოვა ბედი ტყვილად
სიცილით და ნაღარითა!..
მის გულს ვეღარ გაამთელებს
ია-ვარდის კონებითა,
ვინც სრულიად ურწმუნოა
გრძნობითა და გონებითა!
ის დანაშთენ სიცოცხლეში
არ ნატრობს მეტს აღარასა,
რომ სამშობლოს მტრის სისხლითა
იღებავდეს ჭაღარასა!..
[1881 წ.]
უკანასკნელი ნატვრა (I, 290). დაიბეჭდა 1881 წ.
- დროება 1881 წ. 6 ოქტომბერი №207. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 წ. || თემი 1913 წ. 13 მაისი №123. -
![]() |
3.22.23 ოცნება თარზე |
▲ზევით დაბრუნება |
მიყვარს თარი, გულსაკლავად მკვნესარი:
მწუხარების უკუმყრელი ეს არი!..
სიმები რომ დაიწყებენ ჟღერასა,
სული ჰშფოთავს, გული შეიქმს ძგერასა;
ყურსა ვუგდებ უცნაურსა ციურ ხმას,
ვიორკეცებ აღტაცებით გულისთქმას.
მით ვივიწყებ ამ ქვეყნისა მე მცნებას,
შორს მივყევარ მომხიბლავსა ოცნებას:
ქვეყნიერად ვხედავ... ვხედავ სამოთხეს,
ათასფერად შეხამებულს მის კუთხეს;
ყვავილებსა, სუნნელების მფშვინავსა,
და ბულბულსა, ზედ საამოდ მსტვინავსა.
ცით მოწმობენ ვარსკვლავები და მთვარე!..
არვის ჰმონებს შემკობილი ეს მხარე;
რადგანც ელის განთიადის ცისკარსა,
ის სამწუხროდ არ გააღებს მის კარსა!
რა ხალხია! რა ხალხია აქ მდგმური! -
ერთობა და სიყვარული აქვსთ ძმური!
აქ ქალები ვარდივით იშლებიან,
წმინდის საქმით და გრძნობით იგზნებიან,
სამშობლოსთვის შეუწირავთ მთლად გული
და უსტვენენ ისე, როგორც ბულბული!..
ეს ქვეყანა ეგებ ჩვენი მხარეა?
მაგრამ არა!.. ვიცით, რომ სიზმარია!..
სიმი შესწყდა!.. თარმა ხმა შეიცვალა!..
ოცნებამაც დაჰკარგა მისი ძალა...
თვალთ-წინ ჰქრება საამური ჩვენება...
ბაღის ნაცვლად, სხვა რამე მეჩვენება?
აღარც ვარდი, არც ბულბული, არც მთვარე!..
სხვის მოედნად გადაიქცა ეს მხარე.
ვარდის ნაცვლად ეკალს ათესინებენ...
ბულბულის წილ ბაყაყნი ყიყინებენ!
ეს-კი მგონი აღარ იყოს სიზმარი!
მაშ რაღად მღერ? სჯობს დადუმდეს აწ თარი!
[1881 წ.]
ოცნება თარზე (I, 291). დაიბეჭდა 1881 წ.
- შრომა 1881 წ. 6 დეკემბერი №15. || სალამური 1893 წ. || თხზულებანი, II, 1893 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || ავტოგრაფი K-46. || ხელნაწერი პირი (ცენზურაში წარდგენილი) K-45. -
1893 წლის და 1903 წლის გამოცემებში ცენზურას ამოუშლია ლექსის ბოლო:
„აღარც ვარდი, არც ბულბული, არც მთვარე!..
სხვის მოედნად გადაიქცა ეს მხარე.
ვარდის ნაცვლად ეკალს ათესინებენ...
ბულბულის წილ ბაყაყნი ყიყინებენ!
ეს კი მგონი აღარ იყოს სიზმარი!
მაშ რაღად მღერ? სჯობს დადუმდეს აწ თარი!“
ეს სტრიქონები ამოშლილია აგრეთვე კრებულ „სალამური“-ს იმ ხელნაწერ დედანში, რომელიც ცენზურაში იყო წარდგენილი. მაგრამ შემდეგ, „სალამური“-ს ბეჭდვის დროს, ავტორს მაინც მოუხერხებია ტექსტის ნაწილობრივ აღდგენა. (ამ ექვსი აკრძალული სტრიქონიდან აქ აღდგენილია 1, 5 და 6 სტრიქონები).
![]() |
3.22.24 მწერლების ფერხული |
▲ზევით დაბრუნება |
ვახტანგ ჰგოდებს, ჰკვნესს ნიკოლოზ,
ჰკანანახობს მათ ილია,
გრიგოლ ოხრავს, ალექსანდრე
იმღერის და ხმა ტკბილია!
ანტონ უსტვენს, საიმედოდ
ჯერ ჭყლოპინებს ბარტყ-ცახელი,
ქედანივით ყელს იღერებს
მოღუღუნე რაფაელი.
ტკბილ-ქართულობს გრძნობით კატო,
გულს იპარავს ლომაური;
სანდრო ჰღელავს, და სოფრომი
მოსთქვამს ბედის უმადური.
სხვები მხოლოდ ბანს აძლევენ,
ჭიკჭიკობენ ტკბილად ყველა!
ჩუ! მალული, - ფრთხილად, ფრთხილად! -
გეპარებათ კუდა-მელა.
1881 წ.
მწერლების ფერხული (I, 292). დაწერის თარიღი 1881 წ.1 პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XV21 || პირი L - 2158/4. -
_____________
1. ავტოგრაფში თარიღად ნაჩვენებია 1881 წელი, ხოლო ხელნაწერ პირში L-2158 თარიღად აღნიშნულია 1884 წ. მაისი. (ხელნაწერ პირში აღნიშნული 1884 წელი საფიქრებელია არის გადაწერის შეცდომა - ნაცვლად 1881-ისა).
![]() |
3.23 1882 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.23.1 საახალწლო ნატვრა |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული ანდაზაა:
„როგორც მოხვალ სვინაო,
- ნურას უკაცრავადა, -
ისე წახვალ შინაო.“
წყევით და შეჩვენებით
გავისტუმრებთ ძველს წელსა;
საკურთხადაც დავუდგამთ
ძირმწარეს და ნაღველსა.
თუმც ყოველ წელს ვსტყუვდებით,
ყოველთვის გვიკვნესია,
მაგრამ მაინც ახალ-წელს
დავუხვდეთ ვით წესია!
კაცი ჭირში, თუ ლხინში,
თავს იტყუებს იმედით...
მაშ ამ ახალ-წელსაცა
ველოდეთ კარგის ბედით.
თუ მოიტანს, ხომ კარგი,
თვარა რა გაეწყობა:
ასი წლის არეული
ერთ დღეს არ დაეწყობა!
ვინატროთ მაინც რამე...
გულ-გატეხა ძნელია!
ვისურვოთ ყველაფერი,
რაც-კი სასურველია:
ღმერთმა ქნას, სხვა წესები
ჩვენში შემოსულიყოს
და, რაც აქამდის გვაკლდა,
მომავალში სრულ იყოს!
რომ მხოლოდ სამართლისკენ
ეჭიროს ყველას თვალი;
არც უფროსს და არც უმცროსს
არ ებნეოდეს კვალი!
მწყემსი იყოს კეთილი,
ცხოვარი ტკბილად სძოვდეს,
და ბოროტი კეთილსა
უწყალოდ სისხლს არ სწოვდეს.
მართალს ამბობდეს ენა,
სწორედ ისმენდეს ყური,
რომ არ დასჩაგროს ტყვილად
გარეშემ შინაური!
ვინატროთ ქართველთათვის
სწავლა და განათლება,
რომ ღირსად მოეხმაროსთ
საერთო მათ უფლება;
რომ ქვეყნის მომავალ ბედს
არ სწყვეტდენ უმეცრები
და მოედანზედ იდგნენ
ნამდვილ ბედაურები.
კაცები კაცებს ჰგვანდენ
მამულისა-შვილობით
და ქალები ძველ ქალებს
გვაგონებდენ ზრდილობით.
ერი ერის-კაცობდეს,
სჯულს არა სტეხდეს მღვდელი,
ხალხი ცხვრად არ მიაჩნდეს
და არც თვით იყოს მგელი.
ჩვენი მასწავლებლები
ყოველდღე არ თვრებოდენ
და ყმაწვილებს უმიზნოდ
აღარ უჯავრდებოდენ!
ექიმები ამდენ ხალხს
არა ჰკლავდენ ძალ-და-ძალ,
რომ მათ უვარგისობას
არ ვხედავდეთ თვალ-და-თვალ!
ჩვენი სამსჯავროები
გვაძლევდენ სამართალსა,
და ადმინისტრაცია
არა ხუჭავდეს თვალსა!
პოლიციისაგანაც
ყველგან რიგი იცვოდეს,
და, თუ რამ მოხდა სადმე,
წინდაწინ არ იცოდეს!
სინიდისში ჩავარდენ
ყველა ადვოკატები
და ურცხვად არ ჭყაოდენ,
როგორც მარტში კატები!
დღითი-დღე ვარჯიშობდენ
ჩვენი აქტიორები
და ლუკმას აღარ სდევდენ,
ვით მშიერი ქორები.
მეტი გამბედაობა
ექმნესთ ლიტერატორებს,
რომ სულ სიმართლე სწერონ
და არ გადაჰყვენ ჭორებს.
ამ ლექსის დამწერისთვისც
ვინატროთ დღეგრძელობა,
რადგან პირდაპირი თქმა
არის მისი ხელობა.
[1882 წ.]
საახალწლო ნატვრა (I, 293). დაიბეჭდა 1882 წ.
- შრომა 1882 წ. 6 იანვარი №1. || დროება 1882 წ. 13 იანვარი №8 („ქუთათურ ამბებში“). || თხზულებანი, II, 1893 წ. || ავტოგრაფი K-15.-
„შრომაში“ ტექსტი დაიბეჭდა სრულად, „დროებაში“ შემოკლებით.
1893 წლის გამოცემაში ცენზურას ამოუღია შემდეგი ადგილები:
14 სტროფი, მე-2 სტრიქონი:
„ერი ერის-კაცობდეს,
[სჯულს არა სტეხდეს მღვდელი.]“
მე-17 სტროფი ცენზურას ამოუღია მთლიანად:
[ჩვენი სამსჯავროები
გვაძლევდენ სამართალსა,
და ადმინისტრაცია
არა ხუჭავდეს თვალსა.]
![]() |
3.23.2 *** (დამდეგ მაისს დაიწყება…) |
▲ზევით დაბრუნება |
დამდეგ მაისს დაიწყება
შინაური ომი:
დას-დასებად გამოდიან
მარშლობისა მდომი!
ზოგს შაშხები აიმედებს,
ზოგს ზუთხი და ღომი...
თუმცა არცერთს არ მიუძღვის
ქვეყნისთვის ნაშრომი,
მაგრამ კერძოდ ბრძანდებიან
მარჯვედ ქვეშ-ქვეშ მძრომი.
გონებით და განათლებით
ყველა არის ჩინი...
სხვისასაც ვერ გაიგებენ,
არ უნდა ჩიჩინი!
მეკენჭეებს მით უდგებათ
მუდამ თვალის-ჩინი,
რომ საჭმელზედ ბლომად ჰყრია
მიხაკ-დარიჩინი!..
ხალხს ხბოს თავი, და მარშლებს-კი
წყალობა და ჩინი!
მითქმა-მოთქმა და გინება
კრებას აამყრალებს;
ერთი მეორეს ამტყუნებს,
მუხთლობას აბრალებს;
და სუყველა-კი უკუღმა
ენას ატრიალებს!
ქრთამიც ბევრი გაიცემა,
აიღებენ ვალებს...
სადაც ფული ვეღარ გასჭრის,
იქ იმხრობენ ქალებს,
და წინ ვინღა დაუდგება
მათ უცნაურ ძალებს?!
ეს მაისიც არ იქნება
სხვებზედ უკეთესი!
ესეც ისე გათავდება,
როგორც არის წესი:
ღვარძლ-გორვალა გამრავლდება,
ხალხში დანათესი,
ვარდს დააჭკნობს და ეკალს-კი
უმაგრდება ფესვი!
[1882 წ.]
*** „დამდეგ მაისს დაიწყება“ (I, 296). დაიბეჭდა 1882 წ.
- დროება 1882 წ. 28 იანვარი №20 (ჩართულია პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“) || თხზულებანი, II. 1893 წ. -
![]() |
3.23.3 ზოგიერთს ქალებს |
▲ზევით დაბრუნება |
შვენიერება ციური
ქვეყნად ვის მოუტანია?
ბროლ-მკერდა, სახე-ნათელი,
ალვის-ხე მისი ტანია.
გრძნობა - იალბუზ მაღალი,
გონება - უფსკრო, უძირო,
ზნეობა - თვალთმაქც-მხიბლავი,
ორპიროვანი უპირო!
ვითა ფუტკარი ბზუილით
სავსე სკას ტკბილთაფლიანსა -
ჭაბუკნი ენაწყლიანნი
ეტრფიან ენაწყლიანსა!
[1882 წ.]
ზოგიერთს ქალებს (I. 297). დაიბეჭდა 1882 წ.
- დროება 1882 წ. 4 თებერვალი №25 (სათაურით: „შესხმა ზოგიერთ ქალებს“). || თხზულებანი, II. 1893 წ. -
![]() |
3.23.4 ბებიას სიტყვები |
▲ზევით დაბრუნება |
ბებიამ მითხრა: „სოფელი
გაუტანელი არიო:
უფრო უკუღმა იღება
მისი თვალთმაქცი კარიო!
„თავაღებულად, პირდაპირ
ვინც მიადგება წინაო,
ის ხშირად რჩება კარ-გარეთ
და ეკარგება ბინაო.
„საყვარლად იმას გაიხდის,
ვინც არის გაიძვერაო!
ვინც სიმართლეზე თავსა სდებს,
ეწამლვის ბედის-წერაო...“
არ დავუჯერე ბებერსა...
ლაყბობას ვეწამებოდი!..
ის მიმტკიცებდა ტირილით
და მე სიცილით ვკვდებოდი!
ეხლა რომ ვხედავთ ორივე,
ჩვენ თავზედ რა ამბებია,
მე ცრემლები მდის და ის კი
სიცილით კვდება, ბებია.
[1882 წ.]
ბებიას სიტყვები (I, 298). დაიბეჭდა 1882 წ.
- დროება 1882 წ. 24 მარტი №62. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.23.5 ყმაწვილები |
▲ზევით დაბრუნება |
ბავშვების საღამოს შესახებ
ანგელოზთა წმინდა გუნდსა,
ვხედავთ ყმაწვილების კრებას;
გული მიცემს სიამითა
და სული გრძნობს ნეტარებას!
მხოლოდ ჭკუა, გამოცდილი,
ეშმაკივით მეუბნება:
„ფრთა შეჰკვეცე!.. შეაჩერე
მატყუარი ეგ ოცნება!
„რაც გინახავს დღემდის სხვებზედ,
მაგათზედაც ის იქნება:
რომ შესტოპვენ ცხოვრებაში,
გაიტაცებთ სოფლის ვნება!
„მაშინ მხოლოდ თავის-თავზედ
დაიწყებენ დღიურ ზრუნვას
და ხელმარჯვედ მიჰყვებიან
უკუღმართსა სოფლის ბრუნვას“.
სცდები, ჭკუავ! ტყუილია
ეგ სიტყვები მოშხამული!..
წინათმგრძნობი მოციქული,
სულ სხვას ამბობს ჩემი გული!
ზოგი მართლაც რომ გაფუჭდეს,
ეს არ არის ანგარიში!...
სამში ერთმა თუ ივარგა,
აღარ უნდა მაშინ შიში!
ცხოვრებაში ბიჯს წინ წადგმენ,
დააჩნევენ კეთილ კვალსა
და გმირულად გადააბმენ
წარსულსა და მომავალსა.
ანგელოზთა წმინდა გუნდსა,
თავს დავხარი ყმაწვილთ კრებას
და ოცნებით წინდაწინვე
ვგრძნობ მომავალ ნეტარებას.
[1882 წ.]
ყმაწვილები (I, 299). დაიბეჭდა 1882 წ.
- დროება 1882 წ. 4 აპრილი №67. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
დროებაში დაბეჭდილი ტექსტიდან ცენზურას ამოუღია მე-7 სტროფის ბოლო ორი სტრიქონი:
[და გმირულად გადააბმენ
წარსულსა და მომავალსა].
![]() |
3.23.6 ბებიას ნაამბობი |
▲ზევით დაბრუნება |
ოცნებით გატაცებული
ჩრდილში დამჯდარა ბებია;
ჰფიქრობს, რაც ადრე უნახავს,
ან ახლა რა ამბებია.
ხან იცინის და ხან ტირის,
თითქოს ჭკუაზედ იშლება,
და მისი სახე დამჭკნარი
მარტის დღესავით იცვლება.
ხშირ ყვავილებში მახლობლად
ყმაწვილი დასდევს პეპელას;
ის არის მისი სურვილი,
მას ანაცვალებს სუყველას...
- „ბებია, ბები, მიშველე,
პეპელა გამოფრინდაო!“
- „მე ჩემი დარდი მეყოფა,
შვილო, ეგ რაღად მინდაო?!“
- „ბებილო, დიდი ხანია
მინდა რამ გკითხო შენაო,
მე ნუ მოგიკვდე, მითხარი,
დასძარი ჩემთვის ენაო!“
- „შენ გენაცვალოს ბებია,
რად მინდა თხოვნა, ფიციო!
შენზედ უკეთესს ვის ვეტყვი,
თუ-კი მე რამე ვიციო!“
- „არ გაჯავრდები? მაშ კარგი!
ყური დამიგდე დიდდედა:
როცა ბაზრიდამ მოვდივართ
მე და შენ ხოლმე ხიდზედა,
„ყოველთვის ფერი გეცვლება,
გული დაგიწყებს ძგერასა,
და შენ რაღაცა ბუტბუტით
ახშირებ პირჯვრის წერასა.
„და ხიდის ყურთან რომა დგას
ვიღაცა აყუდებული,
თვალცრემლიანი შეჰყურებ
მას, სახეგაბრწყინვებული, -
„ხიდის ჩატეხას თუ ჰფიქრობ,
გაშინებს დიდი მტკვარიო,
ან ერიდები იმ ბოჩოს,
ხიდთან რომ შავად არიო?“
ბებიამ უთხრა: - „გატყობ, ხარ
რაღაცა უცნაურიო!
გეტყვი ჩემ გულის პასუხებს
და შენ დამიგდე ყურიო:
„შენ რომ ბოჩოლას ეძახი,
ის არის ძეგლი გმირისა;
ხომ ხედავ, ქუდმოხდილია,
თითქო რაღაცას სტირისა!
„ხედავ, დამდგარა მტკვრის პირად,
ყურს უგდებს მწარე ნანასა,
ესმის, რაც ტანჯვა უნახავს
საბრალო ჩვენს ქვეყანასა!
„იმას უამბობს მღელვარე
მტკვარი, დუდუნით მთხრობელი,
რაც ქართველთ ცრემლი უღვრიათ,
თვალთაგან შეუშრობელი.
„ერობის, ენის, სჯულისთვის
ვით შეუნახავთ პირობა
და მარად, საშვილიშვილოდ
გადაუხდიათ გმირობა.
„ან რა მიუძღვით მათ ღვაწლი
ქრისტიანობის წინაშე,
რომ შეუწირავთ ქვეყნისთვის
მათ სისხლი, როგორც ზედაშე.
„ძველი ამბისა მოთხრობას
ყურს უგდებს გაოცებული;
ნიშნად პატივისცემისა
ქუდს იხდის მოხუცებული
„და ასე ამბობს: - ,,ამაღლდეს
ქვეყანა უძლეველიო!
და წყეულ იყოს, ვინც მტრულად
იმას შეახოს ხელიო!
„ის შემცდარია სრულიად
ჭკუით და გონებითაო,
ვინც ჰფიქრობს იმის დაჩაგვრას
შიშით და მონებითაო!
მე ვიცი კარგად, რაც არის
მისი კავშირი სრულიო:
სიმართლით გულის მოგება,
ძმობა და სიყვარულიო!“
„აი რას ჰფიქრობს ის გმირი,
შენ რომ ბოჩოლა გგონია,
ვისიც სახელი სუყველა
ქართველ კაცს გაუგონია!
„მას ეძახოდენ ვარანცოვს!
ის იყო გმირთა-გმირიო...
მის დროს ვიგონებ მოხუცი
და, შვილო, მიტომ ვსტირიო!“
[1882 წ.]
ბებიას ნაამბობი (I, 301). დაიბეჭდა 1882 წ.
- დროება 1882 წ. 14 აპოილი №76. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.23.7 პოეტს |
▲ზევით დაბრუნება |
(კითხვა-პასუხი)
ამაყი გული,
გაქსუებული,
ვერც ერთხელ მგრძნობი სიყვარულისა;
........ხშირმოუბარე,
........ნაგესლი, მწარე
ენა, გამცემი დაფარულისა
........სახე მცინარი,
........სხვაგვარ მჩინარი,
გაუტანლობის ბეჭედ-დებული;
........თმაში ჭაღარა,
........ხელში ნაღარა,
სიტყვით საქმისგან განსხვავებული!..
........დახვალ ამ სოფლად
........მარტოკა, ობლად,
ვით გარეგანი, მიუნდობელი;
........შენთვის არ არი
........არც მეგობარი,
არცა შობილი და არც მშობელი!
........შენსა ტრფიალსა
........არიდებ თვალსა,
თითქოს არ გესმის მის გულის ძგერა
........სჩანს, ტყუილია -
........თუმც-კი ტკბილია -
შენი ჩანგი და შენი სიმღერა!
პასუხი
რად მაყვედრი სიყვარულსა,
თითქოს რაღაც წყალობასა?
რისთვის მირცხვენ ჭაღარასა,
იგმობ ყმაწვილ-ქალობასა?
სიყვარული არის სჯული,
ტრფიალება - წმინდა ლოცვა!..
ხამს გულსა და გონებაში
საიდუმლოდ მათი დაცვა.
თუ გიწამე ჩემდა ხატად,
საუკუნოდ სადიდებლად,
ვერ გაგიტან, მაშ, საეროდ
ურწმუნოთა სათითებლად!
ტაძრად გულს და საკურთხევლად
მისთვის გიდგამ გონებასა,
რომ არ სთვლიდე ქვეყნიურად
ამ ზეციურ მონებასა!
გარეგანი უნიშნობა
რად გგონია გულგრილობა?
არ იცი, რომ სჯულმა დაჰგმო
ფარისეველთ საძაგლობა?
მოტრფიალთა საუბარი
არის დიდი აღსარება;
მათი ხვევნა, მათი კოცნა -
საიდუმლო ნეტარება!
ეს თუ გესმის, ნუღა მყვედრი!
თუ არა და... არ მაქვს ბრალი!..
სჩანს, რომ თურმე სხვაგვარად სწვავს
პოეტებსა ტრფობის ალი!
[1882 წ.]
პოეტს (I, 304). დაიბეჭდა 1882 წ.
- დროება 1882 წ. 18 აპრილი №79. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.23.8 ზარი |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეშ დედამიწა გვისკდება,
მაღლიდან გვატყდება მეხი;
ერთის მხრით სპარსი მოგვადგა
და მეორედან სომეხი...
მამების სისხლით მორწყული
ალვის-ხე, ქვეყნის შვენება,
უნდათ, რომ წამოაქციონ
და მოსპონ მისი ხსენება.
ცული და ხერხი უჭირავსთ
მათ ხელში შეერთებული;
ქართველი განზედ გამდგარა,
შესცქერის პირდაღებული.
აი, რა ვუთხრა მისთანა
პატრონსა ჭირისუფალსა,
რომელსაც რისხვით სტუქსავენ...
წყალობით უხვევენ თვალსა!
რაც ძალადობით წაიღეს,
ვინ დააბრუნებს ნებითა?
ვინ ნახა თავისუფლება
ტანჯვით და მოთმინებითა?!
არ სჯობს, რომ კაცმა გმირულად
ბრძოლაში სული დალიოს,
ვიდრე სხვის ნება-ბრძანებით
მან საწამლავი დალიოს?
აი რას ამბობს რუსთველი,
სულმნათი, ყვავილოვანი:
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!“
ზარი (I, 306). დაიბეჭდა 1882 წ.
- შრომა 1882 წ. 5 მაისი №17. || თხზულებანი, II. 1893 წ. -
შრომაში ლექსის სათაურია:
„სახალხო ლექსი
(აღა-მაჰმად-ხანისაგან ტფილისის აოხრების დროს)“.
სათაური და ქვე-სათაური წარწერილია ავტორის მიერ ცენზურის თვალის ასახვევად; იგი არც „სახალხო ლექსია“ და ამასთან სრულებით არ გულისხმობს წარსულს, არამედ თანამედროვეობას.
1893 წლის გამოცემაში ლექსს ეწოდება „ზარი“ და აქაც განმეორებულია იგივე ქვესათაური: „(აღა-მაჰმად-ხანისაგან ტფილისის აოხრების დროს)“.
ჩვენს გამოცემაში ეს ქვე-სათაური, როგორც დართული მხოლოდ საცენზურო პირობებისა გამო, მოვხსენით.
[1882 წ.]
![]() |
3.23.9 შეხტი, ბიჭო! |
▲ზევით დაბრუნება |
მარტოხელი ბიჭი იყავ, შენ ხელთ იყო არემარე,
ბევრჯელ სისხლი დაანთხიე, მწუხარების ოფლი ღვარე;
ძნელი იყო!.. ბნელი იყო, არსაით სჩნდა შენთვის მთვარე;
დღეს ხომ ხედავ ცისკრის ვარსკვლავს? შეხტი, ბიჭო... გაიხარე!
ხან მშიერი, ხან მწყურვალი, ზოგჯერ სულ არაფრის მქონე,
აღებული საკიჟინოდ, შენით იყავ თავმომწონე;
ხორცად ეკლით დაჩხვლეტილი, თავი არვის დაუმონე!..
ზნეობითად ლომ-კაცი ხარ, საიმედოდ გერჩის ღონე;
დღეს თუმცა თმა გაგიჭრელდა და წელშიაც გაიხარე,
მაგრამ მაინც ერთი კიდევ შეხტი, ბიჭო!.. გაიხარე!..
ვიცით, ცისკარს რომ მოჰყვება თანვე სრული გათენება!
ეს ბუნების კანონია, უტყუარი მისი მცნება!..
გრწამდეს, გრწამდეს, ხორცს შეისხამს, რომ გხიბლავდა, ის ოცნება,
და მორწყული შენის ცრემლით მრავალფერად აღეგზნება
შენი გულის საწადელი.. შენ რომ გიყვარს, ის... ის მხარე!
მაშ კი გმართებს სიხარული, შეხტი და ჩვენც გაგვახარე!..
[1882 წ.]
შეხტი, ბიჭო! (I, 307). დაიბეჭდა 1882 წ.
- დროება 1882 წ. 16 ივნისი №123. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
დროებაში დაბეჭდილი ტექსტიდან ცენზურას ამოუღია მე-3 სტროფის შემდეგი სტრიქონები:
„[გრწამდეს, გრწამდეს, ხორცს შეისხამს, რომ გხიბლავდა, ის ოცნება,
და მორწყული. შენის ცრემლით მრავალფერად აღეგზნება]
შენი გულის საწადელი...“
![]() |
3.23.10 იუდა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩამოდექით! შორს... შორს ჩვენგან!..
აგვიღია თქვენზედ ხელი:
შევიტყვეთ, რომ იუდა ხართ
ნამდვილ ისკარიოტელი.
თქვენი მიეთ-მოეთობა
ვეღარ გასჭრის, თქმა არ უნდა;
წაღმა წახვალთ, თუ უკუღმა,
მაინც ვიცით, ხართ იუდა!
ის, ვინც გთვლიდა მოციქულად,
ან აქამდე რად მოსტყუვდა?
თორემ ჩვენ სულ ვამტკიცებდით,
რომ იყავით თქვენ იუდა.
პირში ტკბილი, თავკატუნა,
გაიძვერა, მელა-კუდა...
აწ-კი ყველამ დაინახა,
რომ ყოფილხართ თქვენ იუდა!
ხა! ხა! ხა! ხა! მომხრეებმა
მოგაყარესთ ქვა და გუნდა?!
ყოველის მხრით გეძახიან:
„ჩამოდექით! შორს, იუდა!
ჩამოდექით, აწ შევიტყვეთ,
რომ ხართ ისკარიოტელი!“
იძახიან და ბანს აძლევს
მათ თანასწორ ტყე და ველი.
[1882 წ.]
იუდა (I, 303). დაიბეჭდა 1882 წ.
- შრომა 1882 წ. 8 ივლისი №26. || თხზულებანი, II, 1893 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ხელნაწერი ჟურნალი „სალამური“ 1886 წ.-
ამ ლექსის ბოლო სტროფი გაზეთ შრომაში 1882 წელს ასეა დაბეჭდილი:
„ჩამოდექით, აწ შევიტყვეთ
რომ ხართ ისკარიოტელი!“
იძახიან და ბანს აძლევს
მათ . . . . . . . . . . . . . . . . . .“
უკანასკნელი სტრიქონიდან ცენზორს ამოუღია სიტყვები.
1893 და 1908 წლების გამოცემებში. ეს ბოლო-სტრიქონები აღდგენილია ამ-რიგად:
„მათ [თანასწორ მთა და ველი]“
ხოლო 1903 წლის გამოცემაში („აკაკის სიმღერა“) და ხელნაწერ ჟურნალში „სალამური“ ბოლო სტრიქონი ამ-რიგად იკითხვის: „მათ აკაკი წერეთელი“, და მაშასადამე მთელ სტროფს ასეთი სახე აქვს:
„ჩამოდექით, აწ შევიტყვეთ
რომ ხართ ისკარიოტელი!“
იძახიან და ბანს აძლევს
მათ აკაკი წერეთელი“.
![]() |
3.23.11 *** (ღმერთო, წვიმა მოიყვანე...) |
▲ზევით დაბრუნება |
ღმერთო, წვიმა მოიყვანე
წითელი და შხაპუნაო,
რომ გავიდეთ სამუშაოდ
და დავსძახოთ „ჰოპუნაო!“
რომ ქალებიც გვერდში გვედგენ
ნამგლითა და ცელითაო;
ჩვენგან მოჭრილ თავთავს ჰკრებდენ
მადლიანის ხელითაო.
შვილებიც თავს დაჰხაროდენ
მობრუნებულს ალოსაო;
„ოროველას“ დასძახოდენ
მამა-პაპურ კალოსაო!
ღმერთო, წვიმა მოიყვანე,
მიწის გამალბობელიო,
რომ გასწყვიტოს ჭია-ჭუა,
ქვეყნის დამამხობელიო!
[1882 წ.]
*** „ღმერთო წვიმა მოიყვანე“ (I, 309). დაიბეჭდა 1882 წ.
- დროება 1882 წ. 29 ივლისი №156 (ჩართულია პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, II, 1893 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ.
![]() |
3.23.12 ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ |
▲ზევით დაბრუნება |
შენს წმინდა საფლავს,
გულის მოსაკლავს,
დავყურებ, გმირო, სულგანაბული;
........ ...შენგან ქებული,
........ ...დავიწყებული
დღეს მაგონდება ჩვენი წარსული!
........ ...თვალთცრემლიანსა,
........ ...გულსევდიანსა
ენა მებმება, ვერრის ვარ მთქმელი,
........ ...და ან-კი რა ვსთქვა?
........ ...გულზედ მადევს ქვა
მეცა შენსავით, გულის დამწველი.
........ ...ეს არ-სანატრო,
........ ...უკუღმართი დრო
სიცოცხლითვე გვკლავს, გვედება ბნელი,
........ ...არცა გვაქვს ძალი
........ ...და არც წამალი...
სად არის მხსნელი, რომ მოგვცეს ხელი?!
........ ...ტკბილო პოეტო,
........ ...ნათლისა სვეტო!
შენ არ დაგწვია ჩვენსავით გული,
........ ...რომ ჩვენი ერი,
........ ...დღეს სხვის ფეხთ მტვერი,
შენ არ გინახავს ასე ჩაგრული!
........ ...თორემ სხვაგვარად,
........ ...მწარედ და მარად
ეგ შენი გულიც იწყებდა ძგერას...
........ ...და შენც ჩვენსავით
........ ...სიტყვებით ავით
გესლით და ნაღვლით იწყებდი მღერას.
........ ...და მაშინ შენს გულს,
........ ...ჩვენთვის აღგზნებულს,
სხვა ფასს დასდებდა უმეტესობა,
........ ...და ის ისარი,
........ ...სასტიკად მწარი,
შენც მოგხვდებოდა, ჩვენ რომ გვესობა...
........ ...და მადლობა ღმერთს,
........ ...რომ გერგო შენ ერთს
სიცოცხლითავე საფასო სრული:
........ ...ძალი, დიდება,
........ ...პატივი, ქება
და ქართველთაგან მზა სიყვარული!..
........ ...მმღერალო ტკბილო,
........ ...მამულისშვილო,
ამაღლებულო სულით ზეცამდე!
........ ...იყავ კურთხეულ,
........ ...არ-დავიწყებულ
ამიერიდან უკუნისამდე!..
1882 წ., 14 აგვისტო,
შუამთა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ (I, 310). დაწერის თარიღი: 1882 წ. 14 აგვისტო.1 დაიბეჭდა 1882 წ. -
- დროება 1882 წ. 29 აგვისტო №181. || თხზულებანი, II, 1893 წ. || პირი L - 2189/4.
1893 წლის გამოცემაში ცენზურის მიერ ამოღებულია მე-4 სტროფის მეორე ნახევარი, რომელიც აქ სწორ რკალებში [...] გვაქვს ჩასმული:
„ტკბილო პოეტო,
ნათლისა სვეტო!
შენ არ დაგწვია ჩვენსავით გული,
[რომ ჩვენი ერი,
დღეს სხვის ფეხთ მტვერი,
შენ არ გინახავს ასე ჩაგრული]“.
_______________
1. დროებაში თარიღი აღნიშნულია ამ-რიგად: 1882 წ. აგვისტოს 14, შუამთა. ხელნაწერ პირში L - 2189/4: 1882 წ. აგვისტოს 14, ქ. თელავს.
![]() |
3.23.13 არაბი-ფაშა |
▲ზევით დაბრუნება |
გაბრიყვდა არაბი-ფაშა,
უბედური და მზებნელი!..
ნეტავ, ვის ეურჩებოდა
თავისუფლების მძებნელი?
განა სიმართლე რომ ჰქონდა,
მისთვის ჰყვიროდა „ალლასა“?
გინდა ცამდინაც სტყუოდეს,
ვინ გაამტყუნებს ძალასა?
კაცობრიობის სინიდისს
აბა რა მოუმატია?
ადრინდელ ბარბაროსობას
დღეს ჰქვია დიპლომატია!..
თუ ვაჟკაცურად კაცსა ჰკლავ,
მაშინ ხარ ჩინგის-ყაენი,
და ქვეყნის გმირი, თუ მოძმეს
ჰღალატობ, როგორც კაენი.
უსამართლობა წინ მიდის
კანონიერის გზებითა:
სრული უფლება ეძლევა
სხვადასხვა კონგრესებითა.
სჯულის ფიცარი გაფხიკეს,
ზედ მცნება აღარ სწერია;
და ისტორია ჩვენ დროში
მეჭორე დედაბერია!
ძალაა ქვეყნის დიდება!
ჭეშმარიტება არს ძალა!
წესები ისევ ძველია,
მხოლოდ გზა გამოიცვალა!
ეს არ სცოდნია არაბსა,
იმ საბრალოს და მზებნელსა!..
სხვისი იმედი რას არგებს
თავისუფლების მძებნელსა?
1882 წ.
არაბი-ფაშა (II, 312). დაწერისა და დაბეჭდვის თარიღი 1882 წ.1
- დროება 1882 წ. 7 სექტემბერი №187. || თხზულებანი, II. 1893 წ. -
________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია დროებაში.
![]() |
3.23.14 ქალ-ვაჟის მიწერ-მოწერა |
▲ზევით დაბრუნება |
ქალი
მზის სხივები აკოკრებენ
მაისის ვარდს სასურველად,
და ცის ნამი გულში ხვდება
გასაფურჩქვნელ-გასაშლელად.
ყმაწვილ ქალს ზრდის ტრფიალება,
სიყვარული გულს გაუშლის!
ეს ბუნების წესი არის...
ვინ შეშლის, ან ვინ დაუშლის?
ეშხი შენი სხივად მომხვდა,
სიყვარული - გულის ნამად!
და შენი ვარ!.. შენთვის დავსჭკნე,
ნუ გამკიცხავ, ნუ მგმობ ამად!
ვაჟი
ავგაროზად გულს დავიდევ
წიგნი, შენგან მონაწერი;
სული მივე საკურთხევლად,
საყდრად - გული ანაძგერი;
ფიქრად - გრძნობა, გრძნობა - ლოცვად,
ორივ ერთად - საარაკოდ!..
თავი ჩემი ზედ დავადევ
დასაწველად საზვარაკოდ!
თვით ფერფლიც-კი ქარს მივანდე,
რომ მოჰფინოს კიდის-კიდე,
და ყველამ სცნოს, რომ სხვა ღმერთი
არ მყოლია შენგან კიდე...
სამი თვის შემდეგ
ქალი
ვარდს ეკალი თან ჰხლებია,
იჩხვლიტება მწარედ ხშირად, -
ტრფიალების ტკბილსა ბადაგს
ნაღველი აქვს თურმე ძირად!
სხივთა შენთა უკუმყრელო,
ეშხის სხვებზედ გადამტანო,
ფიცის მტეხო, მწვალებელო,
მოღალატევ, არ-გამტანო!
ან რა ვიყავ? ან რა იყავ?
მოიგონე, აბა, ერთი!
არ გახსოვს, რომ თავდებად გვყავს
ძირს ეშმაკი, მაღლა ღმერთი?
ვაჟი
რაც ვიყავით, ისევ ის ვართ!
იგივე გვაქვს ორთავ ძალა,
მაგრამ დრომან ხარბი გული
გააძღო და მით შესცვალა!
ტყუილია! არ გვიმართებს
ერთმანეთის საყვედური!
„ბალი წვერში გამწარდება“,
ბოლოშია უგემური!..
შენც სხვა ხილი! მეც სხვა ხილი!..
გვიჯობს, მივყვეთ გულის ნებას!
ჩვენ ვერ შევშლით, რაც კანონად
დაუდვია თვით ბუნებას!
[1882 წ.]
ქალ-ვაჟის მიწერ-მოწერა (II, 314). დაიბეჭდა 1882 წ. (ლექსი ატარებს მეორე სათაურსაც: „სატრფოს“).
- შრომა 1882 წ. 22 სექტემბერი №37. || თხზულებანი, II. 1893 წ. -
![]() |
3.23.15 დარიგება |
▲ზევით დაბრუნება |
ვარსკვლავსა უცბად მოწყვეტილს
და ცის წყვდიადში დაღუპულს
ნუღა უყურებ, ჭაბუკო,
ნუ აცდენ ნურც თვალს და ნურც ყურს.
მის მაგიერად სხვა ვარსკვლავს
იქვე მიაპყარ გონება,
მაგრამ მუდამად მნათობად
ისიცა ნუ გეგონება.
როცა პირველად ბრწყინავდა
და ან ჰქრებოდა ბოლოსა,
სხვებსაც ბევრს აჭვრეტინებდა
და არ შენ მარტო მხოლოსა.
სხივმომფენ ვარსკვლავს ვადარებ
ლამაზ ქალს შეყვარებულსა,
და მოწყვეტილსა ვარსკვლავსა -
ბოლოს ჟამს გაგრილებულსა.
[1882 წ.]
დარიგება (II, 316). დაიბეჭდა 1882 წ.
- შრომა 1882 წ. 6 ოქტომბერი №39. || თხზულებანი, II, 1893 წ. - ლექსი მიძღვნილია დავით კეზელისადმი.
![]() |
3.23.16 ვახტანგ ორბელიანს |
▲ზევით დაბრუნება |
ეწვის გული, ანაძგერი
წარსულისა მოგონებით;
ფიქრს აღელვებს შავად, ავად,
მოშხამულა მწარ-გონებით.
ოხრავს, ჰკვნესის, მოსთქვამს, ჰგოდებს
და იძახის მსგავსად ყვავის,
რომ ივერი მისი ძველი
მისებურად ვეღარ ჰყვავის!
ზოგჯერ ნაშთთა ძველ დიდების
ჯოჯოხეთად გულს ისახავს,
ხან იმედი ლამპარივით
უნათებს და ცამდი აჰყავს.
ორგვარ გრძნობას ორი აზრი
ეჭიდება არეულად;
ხან სძლევს „ჰო“ და ხან სძლევს „არა“,
ვერ იმონებს თუმცა სრულად.
ეჰ, მგოსანო, აღმოსავლეთს
შეხედე და ნუ იტეხ გულს:
იქ შენიშნავ ჩვენის ბედის
ვარსკვლავს, ოდნავ გამოხატულს.
მსგავსად მოგვთა ეც თაყვანი
იმ ნიშანსა წინამორბედს
და შენც ოქრო-გუნდრუკ-მურად
თავი უძღვენ იმ ჩვენს „იმედს“.
შენ, თუ გინდა, მის აღდგომას
ვერც მოესწრო აწ ვეროდეს,
ეს იცოდე, რომ ხელიდან
გაუსხლტება ის ეროდეს.
ნუ, პოეტო! ნუ... ნუ სტირი,
ბედის ვარსკვლავს ვხედავთ რაკი!
კმარა ცრემლი!.. საქმის დროა!
მსხვერპლი გვინდა და ზვარაკი.
[1882 წ.]
ვახტანგ ორბელიანს (II, 317). ლექსს მიწერილი აქვს ქვე-სათაური: „(მისი თხზულების გამო)“. დაიბეჭდა 1882 წელს.
- შრომა 1882 წ. 6 ოქტომბერი №39. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
ლექსი, სჩანს, დაწერილია 1881-1882 წლებში; იგი წარმოადგენს პოეტურ გამოხმაურებას ვახტანგ ორბელიანის თხზულებათა გამოცემის გამო, რომელიც ცალკე კრებულად გამოვიდა 1881 წელს.
![]() |
3.23.17 კურთხევა |
▲ზევით დაბრუნება |
კურთხეულ იყოს თავადი
ერთგული, ხალხის მოყვარე,
გასანათებლად ბნელისა
სხივთა მფენელი, ვით მთვარე!
იყოს ძლიერი მარჯვენა
მისი, კეთილის მთესველი,
კარგისთვის კარგის მომნიჭე,
ბოროტზედ ცეცხლის მკვესელი!
ამმაღლებელი ხალხისა
თვით ამაღლდება ცათამდე,
გაითქმის მისი სახელი
ამიერ უკუნისამდე!..
კურთხეულ იყოს!.. მაგრამ, ეჰ!..
სადა ხარ ჩვენში ჯერ, გმირო,
რომ ჰკურნო წყლული ხალხისა
და მტერს ძლიერად უგმირო?
[1882 წ.]
კურთხევა (I, 319) დაიბეჭდა 1882 წ.
- შრომა 1882 წ. 13 ოქტომბერი №40. || თხზულებანი, II, 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. -
![]() |
3.23.18 *** (გამდიდრებულხარ, ბატონო...) |
▲ზევით დაბრუნება |
გამდიდრებულხარ, ბატონო,
და ბრწყინავ გარეგნობითა...
თუმცა მოქმედობ გარყვნილის
გონებითა და გრძნობითა...
მაგრამ ვინ გკითხავს? რას დასდევ?
ვინ ჩაგიდგება კვალშია?
დღიური ჭკუა-გონება
მხოლოდ ყურში და თვალშია!
ქვეყანა განწირული გაქვს
გასაცემ-გასაყიდადა,
და მოძმე შენი რად გინდა,
თუ არ კიბედ და ხიდადა?
ფეხითა მათი მსრესელი
ასულხარ მაღლა სერზედა
და იმ მაღლიდან აფურთხებ
შენ-წინ ქედმოხრილ ერზედა.
რა გაეწყობა?! ძლიერო,
იცი, შეგრჩება ყოველი!..
მაგრამა „ხვალე“ რას გეტყვის,
იმას შენ დღეს არ მოელი:
ჭეშმარიტება ჩაგრულ ერს
გამოუგზავნის მოციქულს...
ის თვალს აუხელს მძინარსა
და დაანახვებს მაგ შენს გულს.
მაშინ იქუხებს, იელვებს
ხალხთ ძალი მიძინებული
და მეხს დაგატეხს კერპი თავზედ,
წარსულზედ შენანებული;
გაგარონინებს ქვესკნელსა,
გინდ მაღლა იყო ცათამდე,
და შეაჩვენებს შენს სახელს
უკუნით უკუნისამდე!
[1882 წ.]
*** „გამდიდრებულხარ ბატონო“ (I, 320). დაიბეჭდა 1882 წ.
- შრომა 1882 წ. 13 ოქტომბერი №40. || თხზულებანი, I, 1893 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. (ზედწერილით: „ერთი არჩევნის გამო“).
![]() |
3.23.19 N-ს |
▲ზევით დაბრუნება |
კაცის თავგადასავალი
გულის ფიცარზე სწერია:
ღიმილი მატყუარია,
სიტყვა არ-დასაჯერია.
მხოლოდ თვალები არიან
გამცემი დაფარულისა:
იქ იხატება ყოველი
მიმოძრაობა სულისა.
მეც კატასავით თვალებში
გიყურებ მიხდილ ფერითა
და პასუხს ვაძლევ შენს გრძნობას
იდუმალ გულისძგერითა.
[1882 წ.]
N-ს (I, 322). დაიბეჭდა 1882 წ.
- შრომა 1882 წ. 27 ოქტომბერი №42. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.23.20 ნადუღი |
▲ზევით დაბრუნება |
დამქროლა გრიგალმა ქარმა...
ვაიმე, თავო ბედშავო!
დღიურ ლუკმისა მდევარმა
სხვისათვის რა ვიმუშავო?
ღარიბსა სხვისი მონება
ჭირად დამერთო ჭირზედა
და თქმისაც არ მაქვს მე ნება:
ხელს მაფარებენ პირზედა!
სურვილი, უხმოდ ჩამკვდარი,
გულსა მიდაღავს იდუმალ!..
გაჭიანურდა ზამთარი,
გაზაფხულს ვნატრობ თუმც მალ-მალ!
მაგრამ სად არის მკურნალი,
ბუნების სულის ჩამდგმელი?
რად არ მოგვხედავს ღვთის თვალი,
ჭირთაგან ხსნისა აღმთქმელი?
ეს უნდა ვკითხო მოძმეთა...
უნდა სთქვან, უნდა ამიხსნან!..
თან ჩამყვენ წმინდა მოწმედა,
თავხსნილთა მეცა დამიხსნან!
მაგრამ, ეჰ, ვინ გაიგონა
ფეხებშეკრული მდევარი!..
ფუ! შერცხვეს კაცი სხვის მონა
და დღიურ ლუკმის მდევარი!
[1882 წ.]
ნადუღი (I, 323). დაიბეჭდა 1882 წ.
- შრომა 1882 წ. 27 ოქტომბერი №42. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.23.21 ყმაწვილ ქალს |
▲ზევით დაბრუნება |
ყოველ სნეულებაზედ
სიყვარული ძნელია:
შეყვარებულისათვის
ნათელიც-კი ბნელია;
თვალით ვეღარას ხედავს,
ყურში არ ეყურება
და ყურმოჭრილ ყმასავით
მის კერპს ემსახურება.
რაც უნახავს საყვარლის,
ან რაც გაუგონია,
გინდ საძაგლობაც იყოს,
მაინც კარგი ჰგონია!
ეს ბუნების კანონი
ყველასათვის ვალია:
გაურჩევლად იმონებს,
კაცია თუ ქალია.
და შენც უნდა ელოდე,
რაც ვალი და წესია!..
თუმცა ტრფობას შენს გულზედ
ჯერ არ დაუკვესია;
მაგრამ ერთხელ უეცრად
დაგკრავს, მოგიდებს ალსა,
გაგრძნობინებს უცნაურს
რაღაც ციურსა ძალსა.
ის ბიჯი მიითვალე
სიკვდილ-სიცოცხლის სწორად:
ან ავად და ან კარგად
გარდაგქმნის ერთი-ორად.
მაშინ შენს სათაყვანოს
თუ შეხვდი ღირსეულსა,
გაგიმტკიცებს გონებას,
აგიმაღლებს მით სულსა.
რაც ბუნებითად კარგი
შენში კი იპოება,
აყვავდება, იხარებს,
ვითა უმანკოება.
მაგრამ თუ შეხვდი უღირსს,
ზნეობითად დაცემულს,
ვაი შენს სიცოცხლესა,
საფლავამდე დაშხამულს!
დრო რომ გამოგაფხიზლებს,
ნახავ თავს მოტყუებულს,
მაშინ სულდაჩაგრული
ნაღვლით აივსებ მაგ გულს;
და გაბოროტებული
აქეთ-იქით ეცემი,
მაგრამ საითაც წახვალ,
იქითვე დაეცემი.
აი, ამას უფრთხილდი,
ცუდად არ წაჰკრა ფეხი,
რომ თავზედ არ დაგატყდეს
ის სასიკვდინო მეხი!
ბევრი დაუჭერიათ,
ვით ჩიტები, მახითა.
არ მოსტყუვდე შენ მაინც
გარეგანის სახითა!
ნუ გაიჩენ ცუდს წრეში
შენ ტოლ-ამხანაგებსა,
და თავიდან აიცდენ
მახეს, შენთვის ნაგებსა.
ერიდე გარეგნობით,
შემთხვევით ამაღლებულს!
სხვა კანონი და გზა აქვს
მის სულს, ჭკუასა და გულს.
შავს ენას და შავსა გულს
აფარებენ თეთრს კბილებს.
არა! გიჯობს, რომ მიჰყვე
შენ იმ მამულიშვილებს,
ქვეყნისთვის რომ ყოველდღე
ოფლში იწურებიან
და, ვით ბნელში ვარსკვლავი,
ისე ჩუმად ჰქრებიან!..
[1882 წ.]
ყმაწვილ ქალს (I, 324). დაიბეჭდა 1882 წ. - (სათაურის მეორე რედაქცია: „ყმაწვილი ქალი“).
- დროება 1882 წ. 21 ნოემბერი №243. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.23.22 ქებათა-ქება |
▲ზევით დაბრუნება |
სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით
და ნეტარებას მიმრავალკეცებს
მიდამო მისის მშვენიერებით.
...ვიშ, ამ საღამოს,
...მშვიდსა, საამოს,
ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..
...რა უცნაურად,
...მაღლით ციურად
სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,
...რომ საიდუმლო,
...სასიქადულო,
კაცსაც ბუნების შეატყობინოს
...და, სადაც ჭკუა
...სცდება და სტყუა,
იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს!
...აჰა, ვგრძნობ მეცა,
...რომ არის ზეცა,
აღვსილი რაღაც ძალით საგზნობით,
...და ეს ქვეყანა,
...ყოვლგნით ყველგანა,
თავს უხრის შემქმნელს მადლით საგრძნობით!
...დახეთ ამ მთვარეს,
...სხივმომფინარეს,
თითქოს ტკბილი სევდით ივსებსო გულსა!..
...მოკაშკაშენი,
...მოთამაშენი,
ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.
...ძალთა დიდება,
...შექმნათა ქება,
არს საიდუმლო მათი ვედრება.
...ქვეყნით ბუნება
...ბანს ეუბნება
და ეს ბანია „ქებათა-ქება“.
...ყვავილთა ენა -
...სუნნელთა ფშვენა,
საგალობელად აღმა კმეული,
...წყალთა ჩქრიალი,
...ფოთოლთ შრიალი,
ბალახთ ბიბინი რაღაც გრძნეული,
...ბუნების მაყრულს,
...საქორწილოდ სრულს,
ეკავშირება, ზე ემატება, -
...და ახლა მეც ვგრძნობ,
...საიდუმლოდ ვცნობ,
რომ არის კაცში ღვთისა ხატება!..
რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა
ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა?..
ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება
ძლევამოსილად გარდამიცვალა?! -
შენ, სიყვარულო, ცისა და ქვეყნის
კავშირო და თან შუამავალო!
შენ, რომლის ერთ წამს, იმ სანეტაროს,
მზა ვარ, სიცოცხლე მთლად ვანაცვალო!..
შენ, ვისაც უგნურთ უმეტესობა
ვერ გიგრძნობს, ვერც გცნობს, მხოლოდ ცილს გწამებს,
და შენ მაგიერ შენის სახელით
ის აღიარებს პირუტყვულ წამებს!
შენ და მხოლოდ შენ, ციურო ნიჭო,
გამოუთქმელო კაცთა ენითა!..
შენგან მგოსანი ფრთებშესხმული ვარ
და მონავარდე აღმაფრენითა,
რომ მეც, გედივით, სიკვდილის წინეთ
უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო...
გცხო წმინდა სიმებს ციურ მალამოდ
და ვთქვა გალობა საშვილიშვილო.
მე მას ვუგალობ, ვისაც განგებამ
მშვენიერება უსხივცისკარა!..
ვინც ვარდს ელფერი, იას სინაზე
და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა!..
ის არის ჩემი ტკბილი სიზმარი
და მომხიბლავი მძლავრი ოცნება...
სიყვარული რომ ტახტად უდგია,
ეგვირგვინება პატიოსნება!..
როცა ჭაბუკი გამოუცდელი
მას თაყვანს-ვსცემდი თავდადებულად,
ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,
იმაში შენათხზ-შეერთებულად;
და, საამქვეყნოდ გულგრილ მოხუცი,
დღესაც თაყვანს-ვსცემ, როგორც პირველად,
თითქო ჭაბუკი ვიყო მე ახლა
და ვყოფილიყო მოხუცი ძველად!..
სხვებმა სვან ღვინო!.. მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ მეტის სიხარულითა!..
ემატა სოფელს მშვენიერება
ჩემს თვალში მისის სიყვარულითა!..
[1882-1900 წ.]
ქებათა-ქება (I, 326).
ამ ლექსის სამი რედაქცია არსებობს:
პირველი რედაქცია: „საღამო (ვუძღვნი გრ. ორბელიანს)“; დაიბეჭდა დროებაში 1882 წ. 2 აპრ. №65 და თხზულებანი. II, 1893 წ.
მეორე რედაქცია: „ლხინი“; დაიბეჭდა ივერიაში 1887 წ. 11 იანვ. №7 და თხზულებანი, II, 1893 წ.
მესამე ბოლო რედაქცია: „ქებათაქება“; დაიბეჭდა აკაკის კრებულში 1900 წ. იანვ. №1.
ჩვენი გამოცემის ძირითადს ტექსტში ლექსის მესამე (ბოლო) რედაქცია დავბეჭდეთ. პირველი და მეორე რედაქციები მოგვყავს ვარიანტებში (II, 605-607).
![]() |
3.24 1883 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.24.1 გამოთხოვება |
▲ზევით დაბრუნება |
შენთან არს გული, გინდა სად ვიყო,
ცხრა მთას იქით, თუ ზღვის განაკიდე;
ტკბილად გიგონებ, დაუვიწყარო,
რა გინდ შენგამო სისხლის ცრემლს ვღვრიდე.
შენგან ნასმევი სავსე ფიალით
ცხოვრების წყარო იყო სამსალა,
მაგრამ მე მხოლოდ ის მაწუხებდა,
რომ მაკლდებოდა დღიური ძალა,
ძალა, რომელიც მისთვის მინდოდა,
რომ ვყოფილიყავ შენი მსახური,
თორემ პირადად ჩემი გულისთვის
არცარას გყვედრი და არც გემდური.
ან რად დაგყვედრო, როცა ერთის მხრით
შენ შენდა თავად არც-კი გაქვს ბრალი!
მე ისე გძულდი, როგორც სნეულსა,
საზოგადოდ, სძულს მისი მკურნალი,
რომელიც წყლულზედ გამომეტებით
გასაცხარებელს ადებს წამალსა,
ნაღველს ჩაურთავს სამკურნალოში
და მით ასრულებს ის თავის ვალსა.
და ჩემთვის ხომ არ შეიცვლებოდა
ეს საზოგადო ყველასთვის წესი?
მაგრამ მე, როგორც სუსტსა ქმნილებას,
მენატრებოდა შენგან ალერსი...
რა ვეღარ გნახე, გონების ურჩად,
თითქმის მოკლული დამირჩა გული
და განვიზრახე, ამიერიდან
შევიქმნე შენგან მოშორებული,
რომ იქ, შორს სადმე, ჩემდა ნებისად
წარმოგიდგინო სრულ იდეალად
და შენი ხსოვნა კუბოს კარამდე
თან ჩავიტანო სჯულად და ვალად.
1883 წ., 1 იანვარი,
იმერეთი.
გამოთხოვება (I, 329). დაწერის თარიღი: 1883 წ. 1 იანვარი, იმერეთი.1 დაიბეჭდა 1883 წელს.
─ დროება 1883 წ. 1 იანვარი №1. || შრომა 1883 წ. 12 იანვარი №2. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
დროებაში და 1893 წლის გამოცემაში აკლია მე-5 სტროფი.
![]() |
3.24.2 გლეხისა და თავადის ბაასი |
▲ზევით დაბრუნება |
თავადმა სთქვა: „სულ ჩემია
მინდორი, ტყე, მთა და ველი:
ჩემი მამა-პაპის სისხლით
შეღებილია და სველი!..
მტერს თურმე ის იგერებდა,
ის ყოფილა მისი მცველი;
ძვალ-რბილით ზედ დაკეპილი,
მანდ მარხია ჩემი ძველი,
და ამ წმინდა სამარეზედ
სხვას ვის უნდა ჰქონდეს ხელი?“
გლეხმა უთხრა: „რასაც ბრძანებთ,
მართალია!.. შეგვიტყვია.
თქვენი ძველი მანდ მომკვდარა,
მათი ძვლებიც მანდ აწყვია;
ზოგი ხმლითა დაკუწულა,
ზოგს სცემია გულში ტყვია,
მაგრამ მაინც თქვენსა აზრსა
მართლის კვალიც არ ატყვია!..
„თქვენ გყავთ მკვდრები, მაგრამ ჩვენიც
ურევია მანდ მკვდარიო?
თქვენ რომ გარე მტერს ებრძოდით,
ჩვენ შინც გვქონდა საქნარიო:
ვმუშაობდით, ოფლს ვაქცევდით,
ზაფხული თუ ზამთარიო,
ჩვენს ჭირნახულს თქვენ გაძლევდით,
არ იყავით გამხდარიო,
თორემ ყველა დაგჩაგრავდათ,
სპარსელი თუ თათარიო!
„სულ სიმართლეს მოგახსენებ,
არას გეტყვი ჭორადაო:
მაშინ თურმე ქართლის ხალხი
იყოფოდა ორადაო,
ქვეყნის საქმეც გაყოფილი
ჰქონდათ თანასწორადაო.
თვისდებოდენ ერთმანეთში
უფროს-უმცროს ძმურადაო.
დღეს ეს ყველა მოგვეშალა,
მიდის დასამდურადაო;
ჩვენ ისევე მუშები ვართ -
თქვენ ხართ უსაქმურადაო!..
„წინაპრებთან ვერ მიდიხართ
ვერც გულით, ვერც გონებითო;
შიგნივ საქმის ამრევი ხართ
გარე მტრების მონებითო!
უცხო ხალხის ნაბიჭვრები
დახვალთ თავმოწონებითო;
გიყვართ თავის გამოჩენა
სხვისი შრომა-ქონებითო,
მაგრამ, ნურას უკაცრავად,
ვეღარ დაგემონებითო.“
[1883 წ.]
გლეხისა და თავადის ბაასი (I. 331). დაიბეჭდა 1883 წ.
- იმედი 1883 წ. №2. || ავტოგრაფი XIX,6 -
ჩვენს გამოცემაში უკანასკნელი სტროფის ტექსტი აღდგენილი გვაქვს ავტოგრაფიდან. „იმედში“ დაბეჭდილი ტექსტი შეცვლილი ყოფილა ცენზურის მიზეზით:
„იმედში“ დაბეჭდილია:
წინაპრებთან ვერ მიდიხართ
ვერც გულით, ვერც გონებითო:
ქვეყნის საქმეს ყურს არ უგდებთ
და ძმობას ერიდებითო!
უცხო ხალხის გამონაცვლით
დახვალთ თავმოწონებითო...
ავტოგრაფში:
წინაპრებთან ვერ მიდიხართ
ვერც გულით, ვერც გონებითო;
შიგნივ საქმის ამრევი ხართ
გარე მტრების მონებითო!
უცხო ხალხის ნაბიჭვრები
დახვალთ თავმოწონებითო...
__________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია დროებაში.
![]() |
3.24.3 პატარძალი |
▲ზევით დაბრუნება |
(სოლომონის ნაამბობი)
ბევრი ვუშალე ბატონსა,
არ იქნა, არ დამიჯერა;
კერპივით თვითონ გადასჭრა
იმ ქალის ბედი და წერა.
მიბრძანა: „ჩემო სოლომონ,
უნდა მოეგო გონსაო!
ძვალ-რბილი მაინც შერჩება,
თუ დაუდნობენ ქონსაო.
„ჩემივე სჯულის კაცია,
ამით მაინც სჯობს სხვასაო;
ხმელეთი საბურთაოდ აქვს,
ნავებით ჭედავს ზღვასაო.
„ფიცითა აღთქმაც დამიდვა,
პირობას მაძლევს დიდსაო;
ჩვენ-შუა თვითონ ააგებს
შემაერთებელ ხიდსაო.
„გადარჯულ-გადმორჯულებას
არც მე ვსთხოვ, ვერც ის მკადრებსო,
იცის სიმამრის პატივი,
მე სხვებს არ გამიყადრებსო.“
შევჰყვირე: „ცხრამთა-გადაღმელს
ნუ მიენდობი სიძეს-თქო,
მისს ბუნებაში და შენში
დიდი საზღვარი რამ ძევს-თქო“.
არ გამიგონა ბატონმა,
გადაიხადა ქორწილი,
და იმ ღამესვე შესრულდა
ჩემი ნათქვამის ორ-წილი:
შეურცხვა იმას მზეობა!..
თურმე პირბადე ეფარა:
ქალი მოახლედ უნდოდა
და სიძედ შემოგვეპარა.
ხელში ჩაიგდო თუ არა,
ლეჩაქი გადაახია!..
ყოველი კერპი მამისთვის
ამგვარი ბედი - ახია!
მაშინ-კი ბრძანა ბატონმა:
„სოლომონ, მოგვაღორესო,
მაგრამ დღეს ნუღა ვედებით
ჩვენ ტყვილა ღობე-ყორესო!
„ფიცის ფურცელი ხელში მაქვს,
ზეცას წავიღებ ამასო,
სამაგიეროს იქ მოვთხოვ
იმ დიდ ზეციერ მამასო!“
ეს რომ სთქვა, დაბლა დაეცა,
სიჩქარით სული დალია
და ნათლის სვეტი იმის გვამს
დაადგა, თითქოს ალია!
ჩვენც მომაკვდავის სიტყვები
გულს დაგვეწერა ყველასა;
ზეცას ვუჭვრეტდით და იქაც
ვხედავდით ცისარტყელასა.
[1883 წ.]
პატარძალი (I, 333). დაიბეჭდა 1883 წ.
- დროება 1883 წ. 13 მარტი №54. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ავტოგრაფი K-45. -
![]() |
3.24.4 ვაჭარს |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჭარო, მაგ შენს აბაზში
სისხლი და ოფლი ჩვენია!
როგორ არა გაქვს ღვთის შიში,
ან კაცის რად არ გრცხვენია,
რომ ჩვენვე მოსაწამლავად
ხელში გიჭირავს ეგ ფული
და უცდი მარჯვე შემთხვევას,
რომ ამოგვაძრო მით სული?!
რა დაგიშავეთ? რას გვერჩი?
რა მოგვიცია მიზეზი?
ის, რომ არ მოუქნევია
ჩვენს სულგრძელობას ჯერ დეზი?..
ეგრე აფასებ და გვიხდი
ჩვენ გულუხვ მასპინძლობასა,
რომ დღემდი ტურა-მელობდი
და დღეს-კი იჩენს მგლობასა?
სოფლებს ატყავებ უშიშრად
და თამამად ჰხრავ ქალაქსა...
სისხლმეტი ხომ არ გაშფოთებს,
ხომ არ თხოულობ დალაქსა?..
[1883 წ.]
ვაჭარს (I, 335). დაიბეჭდა 1883 წ.
- დროება 1883 წ. 30 მარტი №67. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.24.5 გაზაფხული |
▲ზევით დაბრუნება |
საპატარძლოდ მორთულია
მოკეკლუცე გაზაფხული
და ჰფეთქს ძალი ბუნებისა,
ზამთრით გამოღვიძებული!
რაც-კი ქვეყნად გაჩენილა:
უენოა, თუ აქვს ენა,
სულიერს, თუ უსულოსა
საზოგადო აქვსთ დღეს ლხენა;
ყველა ერთგვარ მოუხიბლავს
გაზაფხულს თვალ-მშვენიერსა
და იმღერენ საიდუმლოდ
ერთხმად „მრავალ-ჟამიერსა.“
მხოლოდ ჩემი გაზაფხული
არ მოსულა ჯერაც კიდე,
გინდ ხმელეთიც აბიბინდეს
და აჰყვავდეს კიდის-კიდე.
სანამ ჩემი მე სურვილი
კუკურშივე მეგულება,
რას მიქვიან გაზაფხული
და ბუნების განახლება?
მაგრამ როცა აკოკრდება,
გაიშლება, აჰყვავდება
და იმისი სუნნელება
არემარეს მოედება, -
მაშინ მხოლოდ!.. მხოლოდ მაშინ
მეც მომივა გაზაფხული,
და მოგიკვდეთ, თუ სიმღერით
ვერ დავჩაგრო. მე ბულბული!
[1883 წ.]
გაზაფხული (I 335; II. 535). დაიბეჭდა 1883 წ.
- შრომა 1883 წ. 27 აპრილი №16. || თხზულებანი, II, 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები II და III 1908 და 1912 წწ. || ავტოგრაფი K-13. -
ექსი „გაზაფხული“, ეს ნამდვილი დამამშვენებელი აკაკის ლირიკისა, მხოლოდ ეხლა სდგება მკვდრეთით მთელი თავისი ბრწყინვალებით.
ერთ-ერთი დიდი ბოროტება, რომელიც ჩაუდენია ცენზურას ქართული პოეზიის მიმართ, ის არის, რომ ამ ლექსის ნამდვილი სახე დაფარული იყო ქართველი მკითხველისათვის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ისტორია ამ ლექსის ტექსტისა ასეთია.
ლექსი პირველად დაიბეჭდა 1883 წელს გაზეთ შრომაში დაზიანებული სახით: ცენზურას ამოუღია ლექსიდან ორი სტროფი, მე-5 და მე-6.
1893 წლის გამოცემაშიაც („თხზულებანი“ II) ლექსი ასევე დაზიანებულად დაიბეჭდა: აქაც, მე-5 და მე-6 სტროფების ნაცვლად მკითხველი ხედავს რვა-სტრიქონიან ხარვეზს, აღნიშნულს მრავალ-წერტილებით.
უფრო გვიანდელს გამოცემებში აკაკის აღუდგენია ეს ორი სტროფი - შემდეგნაირად:
[სანამ ჩემი მე სურვილი
კუკურშივე მეგულება,
რას მიქვიან გაზაფხული
და ბუნების განახლება?]
[მაგრამ როცა აკოკოდება,
გაიშლება, აჰყვავდება
და იმისი სუნნელება
არე-მარეს მოედება, - ]
მაშინ მხოლოდ!.. მხოლოდ მაშინ
მეც მომივა გაზაფხული...
მაგრამ, როგორც ეხლა ირკვევა, ეს ორი სტროფი, აქ მოყვანილი სახით, სრულებითაც არ წარმოადგენს ცენზურის მიერ აკრძალული ძველი ტექსტის აღდგენას და უცვლელ განმეორებას, არამედ ახლად არის დაწერილი პოეტის მიერ; რაკი პირვანდელი ნამდვილი ტექსტი აკრძალა ცენზურამ, პოეტი სცდილა ამ ახალი სტროფებით მიახლოვებით მაინც ეგრძნობინებინა ქართველი მკითხველისათვის თავისი აზრი.
ხოლო როგორი იყო ნამდვილი პირვანდელი ტექსტი ამ ლექსისა? ეს გამოირკვა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ვიპოვეთ ამ ლექსის ნამდვილი დედანი, გადაწე-რილი თვით პოეტის ხელით. ეს დედანი აღმოჩნდა მხოლოდ ეხლა, ამ შენიშვნებზე მუშაობის დროს, ჩვენი დამსახურებული მოღვაწის და აკაკის მეგობრის კირილე ლორთქიფანიძის ქაღალდებში.1
მოგვყავს აქ ამ ლექსის ტექსტი აკაკის ავტოგრაფული ხელნაწერის თანახმად. ის ადგილი ლექსისა, რომელიც აუკრძალავს ცენზურას, რომლის დამარხვასაც სცდილა მტერი, აწყობილი გვაქვს შავათ:
გაზაფხული
საპატარძლოდ მორთულია
მოკეკლუცე გაზაფხული
და ჰფეთქს ძალი ბუნებისა
ზამთრით გამოღვიძებული!
რაც კი ქვეყნად გაჩენილა,
უენოა, თუ აქვს ენა,
სულიერს, თუ უსულოსა,
საზოგადო აქვსთ დღეს ლხენა.
ყველა ერთგვარ მოუხიბლავს
გაზაფხულს თვალ-მშვენიერსა,
და იმღერენ საიდუმლოდ
ერთხმად „მრავალ-ჟამიერსა“!
მხოლოდ ჩემი გაზაფხული
არ მოსულა. ჯერეც კიდე,
გინდ ხმელეთიც აბიბინდეს
და აჰყვავდეს კიდით-კიდე!
[სანამ ძველი პრომეთეოს
ქართველების ამირანი
მიჯაჭვული მეგულება
ვერ გამმსჭვალავს სხვა საგანი.
და როდესაც თავს აიშვებს
ჭირნახული გმირთა-გმირი,
ჩემთვის მაშინ ვარდის-ფერად
აჰყვავდება ქვეყნის პირი!]
მაშინ მხოლოდ! მხოლოდ მაშინ
დამიდგება გაზაფხული,
და მოგიკვდეთ, თუ სიმღერით
ვერ დავსჩაგრო მე ბულბული.
პრომეთეოსის თემა ახალ-ქართულ პოეზიაში-აკაკიმ გააცოცხლა პირველად. ეს თემა გაშლილი აქვს პოეტს ამ ლექსში „გაზაფხული“, ლექსში „ამირანი“ და დრამაში „მედეა კოლხეთში“. დრამა „მედეა კოლხეთში“ აკაკიმ დასწერა 90-იან წლებში. ხოლო „გაზაფხული“ და „ამირანი“ უფრო ადრეა დაწერილი. 80-იანი წლების დასაწყისში.2
_____________
1. ამ-ჟამად დაცულია ქუთაისის სამხარეთმცოდნეო მუზეუმში (ავტოგრაფი K-13).
2. ლექსი „ამირანი“ აკაკიმ შეიტანა პოემაში „თორნიკე ერისთავი“, ხოლო ეს უკანასნელი დაწერილია არა უგვიანეს 1883 წლისა. „თორნიკე ერისთავ“-ზე მუშაობის დროსვე დაწერილი ჰქონია აგრეთვე ეს ლექსიც „გაზაფხული“. ეს სჩანს იმის მიხედვით, რომ „თორნიკე ერისთავი“-ს პირველ რედაქციაში (რომლის ავტოგრაფული ხელნაწერიც აგრეთვე ეხლა აღმოჩნდა) - აკაკის შეუტანია დასაწყისი პირველი სამი სტროფი ამ ლექსიდან „გაზაფხული“ (ჩაურთავს პოემის პირველი კარის მე-VII თავში, სადაც გადმოცემულია იოვანე მთაწმინდელის ექსტატიური ხილვა ბუნებისა); მაგრამ შემდეგ, პოემის საბოლოო რედაქტირების დროს, აკაკის ეს სტროფები ამოუღია პოემის ტექსტიდან, სჩანს იმის გამო, რომ ეს სტროფები არ უდგებოდა ისე ორგანიულად პოემის მხატვრულ ქსოვილს, და ამასთან ლექსის შუაზე განკვეთა აღარ დაუნახავს პოეტს მიზანშეწონილად.
აქ ორიოდე სიტყვა „თორნიკე ერისთავი“-ს ამ ახალი ავტოგრაფული ხელნაწერის შესახებაც, რომელიც აღმოჩნდა იმავე კ. ლორთქიფანიძის არქივში (ხელნაწერი K-38). „თორნიკე ერისთავი“-ს ავტოგრაფული დედნები დღემდე ცნობილი არ იყო და ეს ხელნაწერი განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს აკაკის ამ დიდი ეპიური ნაწარმოების დაწერის ისტორიის შესასწავლად და ტექსტის ისტორიის აღსადგენად. ავტოგრაფი შეიცავს მთელ რიგ სტროფებს, რომელიც პოეტს აღარ შეუტანია პოემის ბოლო რედაქციაში. განსხვავებული რედაქციით არის წარმოდგენილი კერძოდ პოემის პროლოგი.
![]() |
3.24.6 გამოთხოვება |
▲ზევით დაბრუნება |
სიტყვით, საქმით, შურით, მტრობით
მე ნადევნი ყველასაგან,
ჩემის ნებით და სურვილით
აწ-კი წავალ, დროა, სხვაგან.
ვეთხოვები იმა მხარეს,
სადაც ვიყავ ნაწამები,
სადაც ტკბილი არ მქონია
არა თუ დღე, არც წამები.
სადაც მხოლოდ პირადობას
არც ზომა აქვს, არც საზღვარი
და „საერთო“, „საზოგადო“,
არ იციან, თუ რა არი!
სად მოქმედობს სუსტი სმენა,
ავი ენა, ხარბი თვალი!..
სადაც არ სწამთ და არ სჯერათ
საიმედო მომავალი.
ვერ შევსძლებ, რომ შევურიგდე
სკვითურ რიგს და იმათ წესსა!..
და უბრალოდ რად ვიტანჯო?
ისიც კმარა, რაც მაკვნესა!
წავალ სხვაგან და იქიდან
ვადევნებ მას ყურს და თვალსა;
და უფრო ხელ-შეუშლელად
ვმსახურებ მის მომავალსა.
[1883 წ.]
გამოთხოვება (I, 337). დაიბეჭდა 1883 წ.
- შრომა 1883 წ. 4 მაისი №17. || თბზულებანი, II, 1893 წ. -
შრომაში დაბეჭდილ ტექსტში ცენზურის მიერ ამოღებულია სიტყვები, რომლებიც აქ სწორ რკალებში გვაქვს მოთავსებული:
მე-4 სტროფში:
„სადაც არ სწამთ და არ სჯერათ
[საიმედო] მომავალი“.
მე-5 სტროფში:
„ვერ შევსძლებ, რომ შევურიგდე
[სკვითურ] რიგს და იმათ წესსა!..“
![]() |
3.24.7 ს. მესხის გარდაცვალებაზედ |
▲ზევით დაბრუნება |
თვალს ვაძლევ მილად მწუხარებას, მაგრამ ცრემლები
შიგნივ, უჩინრად, გულს სამსალად მეწვეთებიან;
ახალი ჭმუნვით ატანილი ძველი წყლულები
სამრავალკეცოდ იშლებიან!.. მიახლდებიან!..
აღარ მეგონა, თუ გულს, ჩვეულს მწუხარებასა,
კიდევღა რამე უგმირებდა ასე საგრძნობლად!..
მაგრამ დაკარგვა ამხანაგის და მეგობრისა
ძნელი ყოფილა!.. ვეღარ იტანს ხორცი ამ სოფლად!
ჩვენს პატარა წრეს, უმისოდაც ამ მცირე რაზმსა,
დააკლდა მუშა!.. შეეწირა სამშობლოს მსხვერპლად!
აქ ვალმოხდილი წრფელის გულით და სინიდისით,
იქ საკადრისად წინაპრებთან წარსდგა პირნათლად!..
მოგვშორდა, მაგრამ, სანამდის ჩვენ ჩვენს წმინდა მიზანს
არ ვუღალატებთ, არ გასწყდება კავშირი ძმური:
ჩვენთან იქნება უხილავად!.. მაგრამ ოცნება
ვერ დაგვავიწყებს მაინც ნამდვილს... და ბედს ვემდური!
1883 წ.
ს. მესხის გარდაცვალებაზედ (I. 338). დაწერისა და დაბეჭდვის თარიღი 1883 წ.
- დროება 1883 წ. 14 აგვისტო №160. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.24.8 სახსოვრად |
▲ზევით დაბრუნება |
(სერგი მესხს)
სამაგალითო მოღვაწევ!
ერთგულო შვილო ქართლისა!
რწმუნება გქონდა მომავლის,
გიყვარდა ძებნა მართლისა!
მაგრამ უდროოდ გაგვიქრი,
ერთი ძმა პირველთაგანი!
საფლავში ჩაგყვა ნატვრის-თვლად
ხსნის იმედის საგანი.
აქ-კი დაგვიგდე ანდერძად,
კვალში რომ მივყვეთ იმ თქმულსა?
ამინ! მსხვერპლი ვართ იმ აღთქმის,
კიდობნად მივცემთ ჩვენს გულსა!
[1883 წ.]
სახსოვრად (სერგი მესხს) (I, 339). აკროსტიხით: „სერგი მესხს აკაკი“. დაწერილია ს. მესხის გარდაცვალების შემდეგ. საფიქრებელია იმავე 1883 წელსვე. - ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- თეატრი და ცხოვრება 1915 წ. №25. -
![]() |
3.25 1884 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.25.1 მომავალ ქართველ ქალს |
▲ზევით დაბრუნება |
შეგნიშნე ნათელ სახეზე,
ქალო, ორგვარი ღიმილი,
ძლიერად გამომეტყველი,
ხან ნაღვლიანი, ხან ტკბილი!..
მიგიხვდი საიდუმლოსაც
სულთმოძრაობის და ვნების!
ვერ მოატყუებს სულმნათსა,
მესაიდუმლეს ბუნების...
სამოთხის სარკმელს მაგონებ
თვალების ელვარებითა
და წმინდა ტაძარს მიხატავ
გულ-მკერდის მღელვარებითა.
ნაღვლიანობა ხარკია
დღევანდელ ჩვენის ბედისა,
და სიტკბოება - ოცნება
შორეულ სხვა იმედისა!
ვაფასებ შენს სრულ არსებას,
ვადიდებ სულ-ანთებულად,
თაყვანს-ვსცემ შენში თამარსა
და ნინოს შეერთებულად!..
მალე გიხილვენ ამ ქვეყნად
ძმებიცა აღტაცებული,
და იქაც წმინდა წიაღში
ჩაგრიცხავს დედათა კრებული.
[1884 წ.]
მომავალ ქართველ ქალს (I, 340) დაიბეჭდა 1884 წ. - (ლექსი ატარებს მეორე სათაურსაც „იდეალი“).
- დროება 1884 წ. 20 იანვარი №14. || სალამური 1893 წ. || თხზულებანი, II 1893 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. -
დროებაში, თხზულებანი II და 1908 წლის გამოცემაში არ არის მე-4 სტროფი, არის „სალამურში“. დროებაში, თხზულებანი II და 1908 წლის გამოცემაში არის მე-6 სტროფი, ხოლო „სალამურიდან“ ამოღებულია.
სტროფების დაკლება, სჩანს ცენზურის მიზეზით აიხსნება, ყოველ შემთხვევაში მე-4 სტროფისა, რომელიც ასე იკითხვის:
„ნაღვლიანობა - ხარკია
დღევანდელ ჩვენის ბედისა,
და სიტკბოება - ოცნება
შორეულ სხვა იმედისა.“
![]() |
3.25.2 არაკი |
▲ზევით დაბრუნება |
იყო ერთი მაიმუნი,
ეძახოდენ ლუკა-მელას;
ზურგს ეკიდა ქვეყნის წუნი,
ულოკავდა ფეხებს ყველას.
კუდიანი, პაწაწინა,
სასაცილო რამე იყო.
ერთხელ საზრდო მოისუნა
და ქურდობას ხელი მიჰყო.
შეუტყეს და დაიჭირეს,
სულ კუდით ქვა ასროლიეს;
გაშოლტეს და აატირეს,
სული ხორცად დაულიეს.
დაუკეტეს ყველგან კარი,
აღარავინ მიიკარა;
შიმშილისგან კუჭგამხმარი
ტრიალებდა, როგორც ჯარა.
აქეთ ეცა, იქით ეცა,
ვერას გახდა მაიმუნი;
მწუხარებამ გააბეცა,
დაემართა თურმე მუნი.
ერთს ყიზილბაშს შეეცოდა,
საპატრონოდ ხელი მიჰყო, -
მოსტყუვდა და არ იცოდა,
თუ რა საძაგელი იყო.
და რომ გაძღა მაიმუნი,
გამობრუნდა, მოისვენა,
შინაურებს დასდო წუნი,
ჩუმად იწყო მათი კბენა.
იკბინება ის პირმყრალი,
ის წუწკი და საძაგელი!
თურმე იმისი წამალი
სილაა და ზურგიელი.
[1884 წ.]
არაკი (I, 341). დაიბეჭდა 1884 წ.
- დროება 1884 წ. 22 იანვარი, №16. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
„არაკი“ მიმართულია ცენზორის ლუკა ისარლოვის წინააღმდეგ, რომლის შერქმეული სახელები იყო „ლუკა-მელა“ და «гaдина» (იხ. ამის შესახებ ზემოთ, შენიშვნა ლექსისა „ხანჯალს“).
![]() |
3.25.3 გორი |
▲ზევით დაბრუნება |
(მესტვირული)
გორო, ქართლის შუაგულო,
მეთაურო ქართლისაო,
ადრე ღირსად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო!
ძირს გორის-ჯვარი დაგყურებს,
მაღლით თვალი უფლისაო,
ერთგულო და საიმედო
წილხვედრის ღვთისმშობლისაო!
ძველად მისთვის სისხლის მღვრელო,
დღეს ცრემლის და ოფლისაო;
ტყვის დამხსნელად მონამზადო,
საიმედოვ ობლისაო!
გამხნევდი, გაგვილომგულდი,
მუხლი მოიბი მგლისაო,
გაჰკაფე, გადაიარე
გრძელი გზა მომავლისაო.
დასთესე თესლი კეთილი,
შესარგო მამულისაო,
და ნახავ ნამგლის ტრიალსა
„ჰოპუნით“ მომკელისაო.
[1884 წ.]
გორი (მესტვირული) (I, 342). დაიბეჭდა 1884 წ.
- დროება 1884 წ. 23 თებერვალი №41. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.25.4 *** (დილას თხები გამორეკეს...) |
▲ზევით დაბრუნება |
დილას თხები გამორეკეს,
წინ უძღოდა მათ ბელადი,
სხვებზე უფრო ღონიერი,
გამოცდილი და გულადი.
რქები ზურგზე გადაეწყო,
იჯგიმვოდა შეფერებით!
ჯოგიც იმას დაჰყვებოდა
ცოტა უკან, მოშორებით.
ვსთქვი: „ჰყოლიათ პირუტყვებსაც
წინამძღოლი, მეთაური!
ჩვენ რომ ვფიქრობთ, არ ყოფილან
ისე ბრიყვი და უგნური“.
მეორედ რომ ვნახე ჯოგი,
სხვა თხა ჰყავდათ მათ წინმსვლელი,
და ვიკითხე: „თუ რა იქნა
მეთაური მათი ძველი?“
მწყემსმა მითხრა: „გამოსცვალეს!..
აღარ გახლავთ მეთაურად!..
არ ვარგოდა... დაიწუნეს
და დასჩაგრეს უცნაურად.
ყველა ერთად დაეჯახა,
არ ზოგავდენ სასიკვდილოდ!
აგერ უკან მოიკოჭლებს,
აფხორვილი სასაცილოდ“.
ეს რომ მითხრა, გამიკვირდა,
არ მცოდნია მათი წესი!..
თურმე მათაც კი სცოდნიათ,
რომელია უკეთესი!..
მაშინ-კი ვსთქვი: „ჩვენ რაღა ვართ,
თუ არ ბრიყვი... უგნურ-ცეტი?!
პირუტყვებსაც კი ჰქონიათ
მოსაზრება ჩვენზედ მეტი!..
[1884 წ.]
*** „დილას თხები გამორეკეს“ (I, 343). დაიბეჭდა 1884 წ.
- დროება 1884 წ. 31 მაისი №115 (ჩართულია პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“). || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.25.5 ხარაბუზა და ფუტკარი |
▲ზევით დაბრუნება |
ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა,
მიაძახა: „გზა მამეო!
ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ?
როგორ გამეთამამეო?!
„თუ ვერ ატყობ თავს, ვინცა ხარ,
გამიგონე, მე გითხრაო:
შენ რომ ფრთები გამოგბმია,
ღმერთი მაშინ გაგიწყრაო!
„ბზუილასა, ტყუილასა,
შხამიანსა, მკბენარსაო,
ვინ არ გიცნობს უსაქმურსა,
მფრინავს მოუსვენარსაო?!
„მე-კი დარბაისლად მცნობენ,
შრომისა ვარ მოყვარეო...
ჩემთვისა ვარ, არვისა ვკბენ,
არ ვარ შენი მოგვარეო!
„ქვეყნის თვალში მე სულ სხვა ვარ,
შენ სულ სხვა ხარ... ხომ ხედავო?
ჩამოდექი, გზა მომეცი!..
ურჩობას ნუ მიბედავო!“
ფუტკარმა ეს უპასუხა:
„ნუ მაცინებ, ხა-ხა-ხაო!
ვინც რომ ქვეყნად გაგაჩინა,
ნეხვის ჭიად დაგსახაო!
„ბევრს რომ შრომობ, ნუთუ ჰფიქრობ,
რომ მთა და ბარს ასწორებო?..
მხოლოდ ფუნეს აგუნდავებ,
იქვე ახლო აგორებო.
„ის ხომ შენი საზრდო არის?
შენს მეტს არვის არგიაო!
შენ აკეთებ... შენვე ჰზიდავ...
საკუთარი ბარგიაო!
„დარბაისლად იმუშავებ,
რაღად ირბენ, აბა, შორსო?
ყოველ ფეხის გადადგმაზე
ნახავ, გინდა მთელ გოდორსო!
„მე-კი სხვა ვარ... სულ სხვა მუშა
და სხვაგვარად მოღვაწეო:
ზეცის მუშას მეძახიან,
არ ვარ მარტო სამიწეო!
„მისთვის დავფრენ მოუსვენრად,
რომ მოვძებნო ყვავილიო,
გულის წვენი ამოვწუწნო,
სამკურნალო რამ ტკბილიო.
შევუმზადო მით ქვეყანას
თაფლი, ზეცას - სანთელიო,
რომ იქ წმინდად შეიწიროს
და ანათოს აქ ბნელიო.
„ვინც მე იმ დროს ხელს შემიშლის,
ქვეყნის მტერიც ის არიო,
და მისთვის მაქვს მომართული
გესლიანი ისარიო!“
ეს უთხრა და ფრთა გაშალა,
მიაშურა ყვავილებსა...
და ჩვენც ამგვარ პასუხს ვკადრებთ
ზოგიერთ ჩვენს ყმაწვილებსა.
[1884 წ.]
ხარაბუზა და ფუტკარი (I, 345). დაიბეჭდა 1884 წ.
- დროება 1884 წ. 19 ივნისი, №131. || ივერია 1886 წ. 26 იანვარი, №20 (ჩართულია პროზაში: „სამეგობრო წერილი“). || თხზულებანი, II. 1893 წ. -
![]() |
3.25.6 პასუხად კ...ა...ს |
▲ზევით დაბრუნება |
მეუბნებიან: ვითომც მე
არ მქონდეს თავმოყვარება!
რა ვქნა, რომ ჟინი და მტრობა
ამ ჩემს გულს არ ეკარება!..
უხასიათო ვგონივართ,
ზოგჯერ რომ შევსცვლი ჩემს სიტყვას
და მითი საუმჯობესოდ
ვიცვლი წამიერ გულისთქმას!
რა ვქნა, რომ სხვაგვარადა სჭრის
ჩემი ტანჯული გონება,
და გრძნობა ახირებული
სხვის კანონს არ ემონება!
როდესაც ჭია გვაწუხებს,
გვკბენს და მით გვაძლევს ვნებასა,
მაშინ ჩვენც ვშფოთავთ, ვმრისხანებთ
და ვკარგავთ მოთმინებასა.
მაგრამ რაღაი გვშორდება
და ვერ გვაწუხებს კბენითა,
აღარ ვიგონებთ მას გულით
და არც ვახსენებთ ენითა!
ადამიანიც ასეა.
ისივ ჭია და მატლია,
და უსუსტარი მის მტრობა
მაშ რა ჭკუა და მადლია?!
[1884 წ.]
პასუხად კ.... ა....ს (I, 347). დაიბეჭდა 1884 წ. - (სათაურის მეორე რედაქცია: „პასუხად კ.....ს“).
- დროება 1884 წ. 28 ივლისი, №163. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.25.7 ღიმილი |
▲ზევით დაბრუნება |
შური, მტრობა, ბოროტება
სულ ერთად რომ მომაწვება
და, სისუსტით გულგატეხილს,
აღარა მრწამს არსით შვება,
ერთი-გვარი რამ ღიმილი
სამსონისას მაძლევს ღონეს,
და მაშინ, გინდ ჯოჯოხეთიც
შემეჭიდოს თავმომწონეს,
არ გავდრკები... გულით გმირსა
და მებრძოლსა მრავალგვარად,
ხელთ მიპყრია ის ღიმილი
მტრისთვის ხმლად და მოყვრის ფარად.
ის ღიმილი ნიშანია
ახალგაზრდათ თანაგრძნობის
და მიზეზი საორკეცო
ჩემის მღერის, ჩემის გზნობის.
შური, მტრობა, ბოროტება
და მდევნელთა დიდი კრება
იმ ღიმილის დანახვის დროს
აჩრდილივით თვალ-წინ ჰქრება.
ის ღიმილი არის მხოლოდ
ამ ჩემს თვალში წმინდათ-წმინდა,
და სხვანაირი ღიმილებსა
არც დავეძებ და არც მინდა.
[1884 წ.]
ღიმილი (I, 348). დაიბეჭდა 884
- დროება 1884 წ. 19 სექტემბერი, №202. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.25.8 სიმართლე |
▲ზევით დაბრუნება |
ფუ! იმ მოედანს, სადაცა
ვირები ბედაურობენ!
შაბაშ იმ ერსა, რომელსაც
უღირსნი მეთაურობენ!..
და ვაი იმ დროს, როდესაც
ვეღარ სჭრის ჭკუა-გონება,
და ყოველგვარი ღირსება
ვერცხლითა აიწონება!
როდესაც მონას უფალი
ზიზღითა თავზე აფურთხებს!..
მონა-კი სამაგიეროდ
ფეხებს ულოკავს!.. აკურთხებს.
მაშინ აღარ ღირს სიცოცხლე,
სიკვდილი სანატრელია!..
მაგრამ უძებრად შურისა,
ვაი, რომ ისიც ძნელია!..
[1884 წ.]
სიმართლე (I, 349).
ლექსი აწყობილი იყო გაზ. დროებაში დასაბეჭდად (1884 წ. 3 ოქტომბერს), მაგრამ ცენზურას აუკრძალავს. საცენზურო კომიტეტის დადგენილებაში აღნიშნულია: «Пo жypналу цензурного комитета определено: в виду 6 и 90 ст. цензурного устава напeчaтaниe вocпpeтить и yдepжaть пpи дeлax». - ლექსი იბეჭდება საცენზურო კომიტეტის საქმეებში დაცული ტექსტის მიხედვით.
![]() |
3.25.9 ვინც მიყვარს |
▲ზევით დაბრუნება |
ვითა სხივი ცით მნათობის
გაანათებს ქვეყნად ბნელსა,
ისე შენი სიყვარული
გამიქარვებს ჭირსა ძნელსა.
გინდ ქვეყანაც ამიმტერდეს,
მზად იყოს, რომ მაცვას ჯვარზე;
ჯოჯოხეთიც, მისი რაზმით,
სამაცდუროდ მადგეს კარზე, -
არ შევდრკები... მაშინ შენის
მეგობრობით აღჭურვილი!..
მებრძოლს შენის სახელითა
მთლად გადამქნის მე სურვილი:
სოლომონის სიბრძნეს მომცემს,
სამსონისა ძლიერებას,
და გინდ შავი დღეც დამადგეს,
არ მომაკლებს ნეტარებას.
ვითა სხივი ცით მნათობის
გაანათებს ქვეყნად ბნელსა,
ისე შენი სიყვარული
მეც მინათებს ამ სოფელსა.
[1884 წ.]
ვინც მიყვარს (I, 350). დაიბეჭდა 1884 წ.
- დროება 1884 წ. 5 ოქტომბერი №214. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.25.10 ცრუ მგოსანს |
▲ზევით დაბრუნება |
არ მინდა შენი „ნანინა“
და შენი სძლისაპირები!
მე დამაძინო ის გინდა?
და შენ-კი ლხინს ეპირები?
შენ დაღამებას მიქადი...
მე ველი გათენებასა;
გსურს შენ კილოზე ვიმღერო,
გადავჰყვე შენსა ნებასა.
არ მოხერხდება!.. ვერ დავსთმობ
მე ჩემებურსა მღერასა,
სანამ ყურს ვუგდებ სიამით
სამშობლოს გულის ძგერასა.
შენი „ნანინა“ შენ გქონდეს...
ეგ შენი მოსაწონია...
წადი, სიდანაც მოსულხარ!..
მშვიდობის გზაცა გქონია!!
[1884 წ.]
ცრუ მგოსანს (I, 351).
ლექსი უნდა დაბეჭდილიყო გაზეთ დროებაში 1884 წელს 8 ოქტომბერს, მაგრამ ცენზურას აუკრძალავს. ლექსი იბეჭდება ორი დედნის მიხედვით: 1) საცენზურო კომიტეტში დაცული ტექსტისა და 2) აკაკის ავტოგრაფული ხელნაწერისა (XV,35). პირველ დედანში ლექსს ეწოდება: „ტყუილ მგოსანს“; მეორე დედანში: „ცრუ მგოსანს“.
![]() |
3.25.11 ჰეო-მეო |
▲ზევით დაბრუნება |
ჰეო, მეო! კაცო სამიწეო!
შენ თუ შენი დედა გიყვარს,
და რად მაძულებ მეო:
ვინც მე მშობა და გამზარდა,
რისთვის დამიგმეო?
მისთვის, რომ ვერ გიბატონე,
გულით ვერ გეყმეო,
საცბიეროდ სხვა მითხარ და
სხვა იგულისხმეო?
ნერგი რაზე გამიოხრე,
ნედლი გამიხმეო?..
ქრისტიანად თავს იჩენდი,
სჯული-კი დაგმეო!..
სასიკვდილოდ არა მზოგავ,
თავს სუდარს მაცმეო.
ჰეი, ჰეი, აწ გეყოფა,
რაც რომ დაგითმეო,
თორემ მეც შენ საკადრისად
სხვა რასმე გაჭმეო!
[1884 წ.]
ჰეო-მეო (I, 352). დაიბეჭდა 1884 წ.
- დროება 1884 წ. 14 ოქტომბერი №222. || თხზულებანი, II, 1893 წ.
ლექსს დროებაში მიწერილი აქეს ქვე-სათაურად: „გოჩაიანიდან ამოწერილი“ (- ცენზურის თვალის ასახვევად: ვითომც ლექსის თემა აღებულია ძველ-ქართული ნაწარმოებიდან „გოჩაიანი“).
![]() |
3.25.12 სახალხო შაირი |
▲ზევით დაბრუნება |
მამა უცხონდა სკვითორელს,
თავი-კი მივსცე ხელადა!
თავის ოჯახში ბრიყვია,
სხვისაში შედის ხელადა;
ხან იღრინება ძაღლივით,
ხან იპარება მელადა;
სხვებს „მაცა, მაცას“ უძახის,
დიდად ყროყინებს ველადა;
აღარც კაცია, არც მხეცი,
გამხდარა საეჭველადა;
ქვეყნის ცოდვა და ვარამი
გარს შემორტყმია მცველადა;
არ იხსენება ახლებში,
არც ვარგებულა ძველადა;
ღმერთო, შენ გაასამართლე,
შენ გიხმობთ დამფარველადა.
[1884 წ.]
სახალხო შაირი (I. 353) ნოემბერი). დაიბეჭდა 1885 წელს (ცენზურის ვიზა 1884 წ. 15 ნოემბერი).
- საყმაწვილო წიგნი „გადია“ 1885 წ. -
სათაური „სახალხო შაირი“ ცენზურის თვალის ასახვევად არის მიწერილი (- თითქო ლექსი ხალხური შაირის უბრალო ვარიაციას წარმოადგენდეს, და არა პოლიტიკური ტენდენციის შემცველს ნაწარომოებს).
![]() |
3.25.13 ამირანი |
▲ზევით დაბრუნება |
კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვეოდა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა,
და რაღაცა მანქანებით
წყლული ისევ მთელდებოდა.
ჰქონდა ჭირში მოთმინება:
არც ჰკვნესოდა, არც ოხვრიდა;
უსამართლო ძლიერებას
მონურად ქედს არ უხრიდა!
ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა!.. ყველა გააოცა!..-
და ის ღვაწლი მაგალითად
მიწის-შვილთა მან გადმოსცა.
კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი
არის მთელი საქართველო
და მტრები-კი ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი!..
[1884 წ.]
ამირანი (I, 354). დაწერილია არა უგვიანეს 1883 წლისა.დაიბეჭდა 1884 წელს.1
─ ჩართულია პოემაში „თორნიკე ერისთავი“ და „საქართველოს დღევანდელი სახე“ -ცალკე ლექსად მოთავსებულია ავტოგრაფებში K-46 (სათაურით „ამირანი“) და XIX,12 (სათაურით „სიმღერა ძველთა“). აგრეთვე ცალკე ლექსის სახით დაიბეჭდა შემდეგს გამოცემებში: ა) სალამური 1893 წ. (სათაურით „ამირანი“); ბ) რჩეული ლექსები I, 1908 წ. (სათაურით: „ამირანი“); გ) რჩეული ლექსები II, 1908 წ. (იმავე სათაურით); დ) ჟურნალი ნაკადული 1908 წ. (№11, მოზრდილთათვის), სათაურით „მიჯაჭვული ამირანი“; ე) რჩეული ლექსები III, 1912 წ. (სათაურით: „ამირანი“). -
სალამურში დაბეჭდილ ტექსტში ცენზურის მიერ ამოღებულია მე-5 სტროფი.- „საქართველოს დღევანდელ სახე“-ში ჩართული ტექსტი ამ ლექსისა, დაბეჭდილი გაზეთ ივერიაში 1902 წელს (№235), - აგრეთვე დასახიჩრებულია ცენზურის მიერ (იხ. ვარიანტები, ტ. II, გვ. 600).
______________
1. პოემა „თორნიკე ერისთავი“, რომელშიაც ჩართულია ლექსი „ამირანი“ წაკითხული იყო საჯაროდ მწერალთა წრეში 1883 წ. (იხ. დროება 1883 წ. 1 60). დაიბეჭდა 1884 წელს.
![]() |
3.25.14 ნაძალადებ საქმროს |
▲ზევით დაბრუნება |
დამეხსენი, ჩრდილოელო!..
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?..
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?!
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?!
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინვება ტვინი თავში!..
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!...
არაფრად ჰგავს შენს ხმელ სოროს
მხარე ჩემი ეს მდიდარი!..
არა, ღმერთმა ამაშოროს
შენისთანა ბრანძი ქმარი!..
ვერ მომხიბლავ, ცრუ მოყვარე,
ვერც ენით, ვერც თვალადობით...
შეგიპყრივარ, როგორც მთვარე
გველეშაპსა, ძალადობით...
შენი ტყვე ვარ, მაგრამ ჩემ გულს
ანუგეშებს ის იმედი,
რომ ოდესმე შენს ცხრაკლიტულს
მთლად დალეწავს ჩემი ბედი!
დამხსნის შენსა მონებასა,
ცბიერებას გაგიწბილებს,
გამიმტკიცებს გონებასა,
თავის უფლად მაქორწილებს!..
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო!..
[არა უგვიანეს 1884 წ.]
ნაძალადებ საქმროს (I. 355). დაწერილია არა უგვიანეს 1884 წლისა.1 პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. (ვრცელდებოდა ხელნაწერის სახით არა-ლეგალურად).
- ავტოგრაფის პირი, ხელნაწერი საქ. მუზეუმისა H - 1497. -
______________
1. ლექსის თარიღი მიახლოვებით არის განსაზღვრული ფორმალური ნიშნების მიხედვით. ლექსი დაწერილია ორმაგი - ჯვარედინი რითმით, რაც აკაკის ადრინდელ ლექსებში გვხვდება. (უკანასკნელი ლექსი ჯვარედინის რითმით დაწერილია 1884 წელს).
![]() |
3.25.15 სოფლური |
▲ზევით დაბრუნება |
ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ ჰფრენ
ამ ეზოში დილ-დილასო!
ვერ მომპარავ... არ გაგატან
ჩემ პატარა წიწილასო!
პატარძალი შემოგძახებს,
ძაღლი იწყებს ყეფასაო;
ჩემი თოფი ტყვიას გიძღვნის,
დაგიკოცნის კეფასაო!..“
- „პატარძალმა დაიძინა,
ძაღლი მისდევს კურდღელსაო,
თოფი იწვავს ფალიაზე,
ვინ შემიშლის მე ხელსაო?..“
- „პატარძალი გაიღვიძებს,
ძაღლი კურდღელს დაიჭერსო,
ფალიაზე წამალს დავყრი,
დაგიხვდები მარჯვედ მტერსო!..“
- „პატარძალი გიორგულებს,
არ გაგიტანს მურიაო,
შენი თავი შენ გიმტყუნებს,
სისხლი ტყვილა გწყურიაო!..“
- „ვაი შენს ტყავს, ძერა-კუდა,
შემირჩიე განა დროო?..
მაგრამ მოვა იმისთანაც,
შენი ბუდე განატროო!
მეც მინამდის ცდას არ მოვშლი,
შვილს გადავსცემ სესხს და ვალსო.
ნათქვამია: სუყოველთვის
ვერ მოიტანს კოკა წყალსო!..“
[1884 წ.]
სოფლური (I. 357). დაწერილია 1884 წლის ახლო.1 დაიბეჭდა 1893 წელს (ცენზურის ვიზა 1892 წ. 18 დეკემბერს).
- თხზულებანი, II. 1893 წ. -
______________
1. ლექსი აწყობილი ყოფილა დასაბეჭდად გაზეთ „დროება“-ში 1884 წელს, მაგრამ ცენზურას აუკრძალავს. (ცნობა მოწოდებულია არტ. ახნაზარის მიერ, რომელსაც 1884 წელსავე, ლექსის ცენზურის მიერ აკრძალვის შემდეგ, გადაუწერია ეს ლექსი თავის რვეულში).
![]() |
3.26 1885 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.26.1 რუსთველის სურათზე |
▲ზევით დაბრუნება |
სულმნათო! მადლი შენს გამჩენს!
დიდება ერსა შენს მშობელს!
და ძეგლად სამარადისოდ
ნეტარხსენება ამ სოფელს!..
შენ ნიშნად უკვდავებისა
ერს მოვლენიხარ განგებით,
ვით ცისარტყელა წარღვნისა -
უცნაურისა ჰანგებით.
სულმნათო! ჩვენცა გვასწავე
ეგ საიდუმლო ჟღერისა,
რომ აგვისრულდეს წადილი,
მგოსანი ვიქმნე ერისა;
რომ ჩემის მღერით აგზნილი
რაყიფი ტარიელობდეს:
ქაჯთა ებრძოდეს ლომ-კაცი,
ნესტანისათვის ხელობდეს!..
მაშინ, ვით ჩვენსა მნათობელს,
სახელი აღგემატება
და შენი სახე ივერთა
გულს ძეგლად დაეხატება!..
[1885 წ.]
რუსთველის სურათზე (I, 358). დაიბეჭდა 1885 წ.
- თეატრი 1885 წ. 14 ივლისი №1. || თხზულებანი, II, 1893 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ავტოგრაფი XXIII,12. -
![]() |
3.26.2 გამოცანა |
▲ზევით დაბრუნება |
მამად მზე მყავს, დედად - მთვარე,
ვარსკვლავები - წვრილ და-ძმადა;
„ცა ქუდად არ მიმაჩნია,
დედამიწა ქალამნადა!“
არც დიდი ვარ, არც პატარა,
არც ბატონი და არც მონა;
გულს მესობა ხან ისარი,
ხან სუნნელი ვარდის კონა.
ქვეყნის შვილი, ქვეყნის მოძმე,
ქვეყანაში ყარიბი ვარ;
მაშინ უფრო მდიდარი ვარ,
როცა უფრო ღარიბი ვარ!..
ვინც რომ მიყვარს, ის ხომ მიყვარს;
ისიც მიყვარს, ვინც რომ კი მძულს!
მწარე ენას ვამსახურებ
გაწმენდილს და მარად ტკბილ გულს.
მხედავთ, ვინც ვარ? ვინ გგონივართ?
ერთი ვინმე გიჟი-ცეტი?..
უკაცრავად!.. შემცდარი ხართ:
მე გახლავარ ეს - პოეტი!
[1885 წ.]
გამოცანა („მამად მზე მყავს“), (I, 359). დაიბეჭდა 1885 წ.
- თეატრი 1885 წ. 14 ივლისი №1. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ავტოგრაფი XXIII,12. -
![]() |
3.26.3 კურთხევა |
▲ზევით დაბრუნება |
„თეატრს“
თუ საპირადოდ დაბადებულხარ,
კერძოობისა მხოლოდ მძებნელი,
იყავ უსუსურ!.. იყავ ხანმოკლე!
და ამავ თავით მარად დღებნელი!..
მაგრამ თუ ჩვენთვის ერთგულ მუშაკად
ხარ, ნორჩო, წრფელად მოვლინებული,
იყავ კურთხეულ! იყავ საყვარელ!
და ყველასაგან ერთხმად ქებული.
წრფელად იზარდე! შრომით იღვაწე,
რომ მითი კაცად გამოფოლადდე
და, სწორმხედველი, ჩვენსა სიცუდეს
დანიშნულებად კაცთა არ ჰხადდე!
[1885 წ.]
კურთხევა „თეატრს“ (I, 360). დაიწერა და დაიბეჭდა 1885 წ.
- თეატრი 1885 წ. 14 ივლისი №1. || თხზულებანი, II, 1893 წ. - ლექსი ეხება გაზეთ „თეატრ“-ს.
![]() |
3.26.4 ჩემი ბაიათი |
▲ზევით დაბრუნება |
ჭაღარა-გამწარებულსა
სიცოცხლე მომბეზრებია:
რაც რომ მიგრძვნია, გულსა მწყვეტს,
მშხამავს, რაც მიაზრებია!
ეს შურიანი ქვეყანა
ხარბი და უმადურია:
პირველად იმას გასწირავს,
ვინც გულით ნამსახურია!
მოჰკლავს და შემდეგ სიკვდილის
იგლოვს მას თვალთმაქცურადა;
დევნილს დამარხავს პატივით
და ღარიბს - დიდკაცურადა.
მაგრამ მკვდარს რაო? ეს წესი
მაიმუნობა მგონია:
ცოცხლების თვალის სეირი,
მათივე მოსაწონია!
სამარის კარზედ შემდგარსა
გულში ეს მრჩება წუნადა:
ვაი თუ სიკვდილის შემდეგ
მეც გავხდე მაიმუნადა!
[1885 წ.]
ჩემი ბაიათი (I, 361). დაიბეჭდა 1885 წ.
- თეატრი 1885 წ. 15 სექტემბერი №4. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.26.5 კითხვა-მიგება |
▲ზევით დაბრუნება |
ბულბულო! რატომ აღარ სტვენ?
ვარდი შენს მღერას ელისო!
- რაღა და როგორ ვიმღერო:
შხამი მაშინებს გველისო.
პოეტო! რატომ აღარ სწერ?
რაზედ აიღე ხელიო?
- რა ვქნა, რომ ყველა მე მიღრენს;
მიბღვერენ, ვითა მგელიო.
[1885 წ.]
კითხვა-მიგება (I, 362). დაიბეჭდა 1885 წ.
- თეატრი 1885 წ. 24 ნოემბერი №14. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.27 1886 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.27.1 მურზაყან შავ-სევდიანი |
▲ზევით დაბრუნება |
სვანური სიმღერა
მთვარე ერთია, ერთი მზე, მურზაყანც ერთად-ერთიო,
დალოცოს წმინდა გიორგიმ, მაღლით სწყალობდეს ღმერთიო!
დევ-კაცსა ტანზე აუბამს ფოლადის გული-მკერდიო,
აუსხამს რკინის გვერდები, რკინისვე ფიცარ-ფერდიო!
არწივს წაართვა თვალები, მუხლი მოუბამს მგლისაო,
მხარ-მკლავი ამირანისა, ამირან მძლეთა-მძლისაო;
შევარდენია მთა-კლდისა, ხოხობი ძირ-სოფლისაო,
დიდი მოსარჩლე პატრონი საბრალო ქვრივ-ობლისაო.
მურზაყანს წიგნი მოუდის: „მოყვრებმა დაგიბარესო!“
მურზაყან, ფრთხილად იყავი, ნუ წახვალ უცხო მხარესო,
ნუ დასცდი, ფეხს ნუ გადასდგამ სახლიდან ახალ-მთვარესო,
არ გიღალატონ მარტოსა ფლიდებმა სხვისა კარესო.
არ დაიშალა, ასე სთქვა: „სად არის ჩემი მტერიო!
გამიდიაცდენ მებრძოლნი, მნახონ, დაჰკარგონ ფერიო!..
რომ მომეჯარონ, შევჰყვირო, გავფანტო, როგორც მტვერიო,
მათი მოყვრები ვატირო, იგლიჯონ თმა და წვერიო!..“
დაიგვიანა მურზაყან. ცნობა მოვიდა ოდისო:
„მურზაყან ბარად დავტოვეთ, მანდ მთებში აღარ მოდისო!
სახლი აიგო მიწისა, სახურავი აქვს ლოდისო,
აქ ბარი „ვაი“-ს იძახის... მთა „უი“-ს იძახოდისო!..“
[1886 წ.]
მურზაყან შავსევდიანი (სვანური სიმღერა) (I, 363). დაიბეჭდა 1886 წელს.
- თეატრი 1886 წ. №1, (სათაურით: „მურზაყან შავ-სევდიანი“). || სალამური 1893 წ. (სათაურით: „სვანური სიმღერა“). || ავტოგრაფი XXVIII14. -
ლექსში მოცემულია ჰეროიზაცია მურზაყან (კონსტანტინე) დადიშკელიანისა, რომელიც ტრაღიკულად დაიღუპა 1856 წელს.
ლექსი პირველად დაიბეჭდა 1886 წელს გაზ. თეატრში ავტორის ხელმოუწერელად. ლექსს წინ უძღვის შენიშვნა ავტორისა, რომელშიაც, ცენზურის თვალის ასახვევად ეს ლექსი ხალხური ლეგენდის სახით არის მონათლული. მოგვყავს ეს შენიშვნა აკაკისა, რომელიც ლიტერატურულ ინტერესს წარმოადგენს, - აქ მოცემულია პოეტურ ასპექტში ხალხური გმირის სახე.
ლეგენდა
მურზაყან შავ-სევდიანი
(მთიული გმირი)
„საზოგადოდ მთებში, და განსაკუთრებით თავისუფალ სვანეთში საკვირველი ახოვანი და თვალ-ტანადი ხალხი იცის. იმათში რომ ვინმე გამოერჩეს მშვენიერებით, ის მართლა საარაკო უნდა იყოს და ამისთანაც ყოფილა მურზაყან შავ-სევდიანი! მის გოლიათურ ტანს, თვითოეული სხეულის წევრი ისეთის თანსწორობით ჰქონია შენაკვთი, რომ მნახველს საგანგებოდ ჩამოსხმული ეგონებოდაო. ლომის ძალ-გული, ვეფხვის სიმარდე, ბრძნული წინდახედულობით შეზავებული, მის არსებას უმაღლესად აგვირგვინებდაო. თითქოს ბუნებას საკუთრად მისთვის მოეცალოს და თვისი შემოქმედებითი ძალა მაზედ გამოეჩინოსო. - ზრდილი, თავმდაბალი, ბუნება-თანაზიარი და მხიარული ყოველთვის და ყოველგან, ყველასთვის თვალის ჩინი იყოო - ძვირად თურმე უნახავსთ გარისხებული, მაგრამ იმ დროსაც ასე იტყოდა კაციო, რომ ნეტავი ახლოს არ მიმაკარა და შორიდან-კი თვალი არ მომაშორებიაო, ისე შვენოდაო. - ჯერ ისევ ახალგაზრდა ყოფილა, ღალატით რომ მოუკლავსთ. მაგრამ ბრძოლის დროს საარაკო გმირობა კი ჩაუდენია.
„ხალხში მრავალი გვარია იმაზედ თქმულობა. აი ერთი იმათგანი სასიმღერო“.
![]() |
3.27.2 ხალხური |
▲ზევით დაბრუნება |
საგველ-ბაყაყო ჭაობი
აყროლებული შრებაო,
მოშხამულ ოხშივარითა
ქვეყანას ემუქრებაო!
ქვემძრომებიცა ფუსფუსით
კიდეზედ გამოსულანო;
ბრიყვულის მედიდურობით
უგნურად გარს მოცულანო!
გველი მკურნალობს, ბაყაყი
იჩემებს ბულბულობასო.
რა ვუთხრა დროთა ცვლილებას,
ფუი მის საძაგლობასო!
სადა ხარ, წვიმავ შხაპუნავ?
მოვარდი ნიავღვაროო,
რომ ქვემძრომები წალეკო,
უფსკრულში გადაჰყაროო!
[1886 წ.]
ხალხური („საგველ-ბაყაყო ჭაობი“, I, 364). დაიბეჭდა 1886 წ!
- თეატრი 1886 წ. №2. -
ამ ლექსის სათაური „ხალხური“ - აგრეთვე იმავე უკვე ნაცნობს ხერხს წარმოადგენს ცენზურის მოსატყუებლად, თითქოს ლექსი ხალხური შაირის უბრალო ვარიაციას წარმოადგენს.
![]() |
3.27.3 გამოცანა |
▲ზევით დაბრუნება |
ზღვაში ფულები ჩაჰყარა,
ქვები აჭამა მან ჭიას;
სიცრუის სტვირი გაბერა,
აძახებს აჭი-ბაჭიას.
რკინის-გზას გადაეღობა,
ჰხრავს და არ ანძრევს ხელებსა,
რაც უნდა გულზე დაადგეს -
მაინც არ დაახველებსა.
ნიკრისი თავში შესვლია,
შეჭიდებია ვით ნალი,
მოშავ, რო ვირი გყოლია,
ის არის მისი მკურნალი.
[1886 წ.]
გამოცანა („ზღვაში ფულები ჩაჰყარა“), (I, 365). დაიბეჭდა 1886 წელს.
- თეატრი 1886 წ. №2. || ავტოგრაფი XXII,20. -
გამოცანა ეხება ვინმე შავროვს, სპეკულანტ-მოსაქმეს, რომელიც წარსული საუკუნის 80-იან წლებში ფოთის ნავთსადგურის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. ლექსის უკანასკნელ სტროფში ჩართულია ზმის სახით გვარი: შავროვი („მოშავ, რო ვირი გყოლია“...).
ლექსები 222 და 223 დაიბეჭდა ავტორის ხელმოუწერელად. აკაკის ავტორობას ცხადჰყოფს მათი სტილი. ამას გარდა, ამ ლექსების აკაკისადმი კუთვნილება დოკუმენტალურად დასტურდება იმის მიხედვითაც, რომ კერძოდ 223-ე ლექსი აღმოჩნდა აკაკის ავტოგრაფებში.
![]() |
3.27.4 მუშური |
▲ზევით დაბრუნება |
ყანაო, მუშის სამოთხევ,
გლეხის დიდებავ, ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს
და ნამმა გადაგბანაო;
დილის ნიავმა დაგქროლა,
ალერსით გითხრა ნანაო;
ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,
ზურმუხტად აგამწვანაო.
ყანაო, გულ-ხელგაშლილო,
ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!
მოყვრულად შემოგსევივართ,
მტრულად გიმეტებთ განაო?
გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,
გაგთოხნით ყოველგანაო!..
ყანაო, დაუზარებო,
უხვად მომცემო, ყანაო!..
ზედ უფლის თვალი დაგყურებს,
შენი ბარაქა ბრძანაო;
აგშორდეს გვალვა და სეტყვა,
მოსავლის გამოცანაო...
ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,
ყანაო, ჩვენო ყანაო!
მაღალმა ღმერთმა აკურთხოს
სხვაც ბევრი შენისთანაო!
[1886 წ.]
მუშური (I, 366). დაიბეჭდა 1886 წელს.
- თეატრი 1886 წ. 2 თებერვალი №5. || თხზულებანი, II, 1893 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. (ეს ლექსი ჩართულია აგრეთვე დრამაში: „პატარა კახი“). - ვარიანტს ლექსისა „მუშური“ წარმოადგენს ლექსი „ყანა“: თხზულებანი, II. 1893 წ. დედა-ენა (1886 წ. და შემდგომნი), რჩეული ლექსები II და III 1908 და 1912 წწ. (იხ. ვარიანტები II, 608).
![]() |
3.27.5 ძველ მეგობარს |
▲ზევით დაბრუნება |
გიყვარდი, აღარ გიყვარვარ...
მეფე ხარ შენის გულისა!..
ვერავინ დასდებს კანონსა
სხვის გრძნობა-სიყვარულისა!..
როგორც გაჩენა, გაქრობაც
იმ გრძნობის, უცნაურია:
დღეს ერთი უნდა ბუნებას,
და ხვალ მეორე სწყურია.
არ მიკვირს შენი გულის ცვლაც,
ქალი ხარ... ჭრელი პეპელა:
ყვავილებიდან ყვავილზე
გადაფრინდები ნელ-ნელა.
მაგრამ ყოველგვარ ყვავილს-კი
არა აქვს ერთი ბუნება:
ზოგ-ზოგი სამკურნალოა,
ზოგს მოაქვს სუნნელთან ვნება.
ღმერთმა გაშოროს! მაგრამ თუ
შენც შეგხვდა მსგავსი ყვავილი,
მოსწამლავს შენსა არსებას
უზომო გულის-ტკივილი!..
მაშინ, გთხოვ, მომიგონებდე,
შენგან განაწირ მეგობარს!..
ცრემლში გალესილ ჩემ ნაღველს,
და ჩემს გულშივე ნაგუბარს,
წამლად დავანთხევ, რომ წყლული
ორივეს ერთად დაგვიქროს,
და ძველზედ მიმატებულმა
ახალმა ტრფობამ დაგვათროს!
გიყვარდი!.. აღარ გიყვარვარ?
მე კიდევ ველი სიყვარულს;
თაყვანს-ვსცემ მისსა გაგრძობას,
უარვყოფ მისსა დასასრულს.
[1886 წ.]
ძველ მეგობარს (I, 367). დაიბეჭდა 1886 წელს.
- ივერია 1886 წ. 4 მაისი, №97. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.27.6 პასუხი |
▲ზევით დაბრუნება |
აკი გითხარ, დედამთილო:
„ნუ გამგზავნი წისქვილშია: იქ
ბიჭები დამხვდებიან, ჩამაგდებენ
სირცხვილშია“.
ხალხური.
აკი გითხრეს, ბატონებო,
იმ თავითვე: „ფრთხილადაო!..
საზოგადო საქმე ნუ გჩანსთ
ჩალად, ბზედ და თხილადაო...
ვინც გირჩევდენ პირველადვე
საქმის კარგად გაგებასა,
თქვენ იმათ არ უპირებდით
ხანჯლის წვერზე აგებასა?
სიტყვაც თქვენ არ აუკრძალეთ,
დაადექით ველურ ძალსა;
სიცრუესა მხარს აძლევდით,
სიმართლეს-კი სთხრიდით თვალსა?
მუშტი-კრივი, ლანძღვა-თრევა
და უაზრო ფრაკის ხევა
სხვას რა ბოლოს მოიტანდა?
გვიანღაა ბედის წყევა!
და ჩვენც ასე მოგახსენებთ:
„რაც მოგივა, დავითაო,
- ნურავის ნუ დააბრალებ -
ყველა შენის თავითაო!!!“
[1886 წ.]
პასუხი (I, 369). დაიბეჭდა 1886 წ.
- თეატრი 1886 წ. 4 მაისი №18. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.27.7 პროზიდან „ჭორი“ |
▲ზევით დაბრუნება |
უთვალო და უფეხო რამ,
ხელში ძნელი დასაჭერი,
პატარა და ცის ოდენა,
სუსტი, მაგრამ ღონიერი;
უძვლო, უფხო, გაუმშრალი,
შავი, თუმცა წითელფერი,
რწყილს აქლემად გადააქცევს,
ეშმაკების პირსაფერი.
ვინც ამას ვერ გამოიცნობს,
თვალში ერთი გუდა მტვერი.
[1886 წ.]
პროზიდან „ჭორი“ (I. 370). დაიბედა 1886 წ.
- ივერია 1886 წ. 19 ოქტომბერი №226. (ჩართულია პროზაში „ჭორი“). || თხზულებანი II. 1893 წ. -
![]() |
3.27.8 გოგოლის ხსოვნას |
▲ზევით დაბრუნება |
(„რევიზორის“ იუბილესათვის)
როდესაც უგნურებას,
გაბერილსა დიდებას,
ყოველგვარ საძაგლობას
და ცრუ ჭეშმარიტებას -
უმაღლეს მტარვალობის
კალთა ეფარებოდა,
და ჩაგრულების ცრემლი
დღითი-დღე იღვრებოდა,
როდესაც ცრუ მგოსნები
ადიდებდენ ცრუ ღმერთებს,
და მით ფარისევლობა
თამამად ისხამდა ფრთებს, -
მაშინ გაისმა ხალხში
ხმა, რაღაც უჩვეულო,
და იმ ხმამ კიდით-კიდე
ელვასავით შემოვლო...
შეჰკრთა მოულოდნელად
მით მჩაგვრელების კრება,
და გამოფხიზლდა უცბად
მცონარე უმეცრება.
რა ხმა იყო, ნეტავი,
ყოველ ხმაზე ძლიერი,
რომელმაც ციურ ძალით
სცვალა ცხოვრების ფერი?
ის ხმა იყო ამ კაცის
უცნაური ხარხარი!
ჩაგრულებთა „სალხინო“
და მჩაგვრელების „ზარი“.
თურმე ამან ნაღველი
ცრემლებში გაილესა
და გულში ჩაიგუბა,
სთქვა: „წამლად მსურსო ესა!“
სიცილით ამოჰქონდა
წვეთ-წვეთად ის წამალი,
რომ დაბრმავებულების
აეხილა მით თვალი.
ეუცხოვა სნეულებს
უჩვეულო ფიალი,
როს ძალაუნებურად
შესვეს მათ ის წამალი.
და მაშინ-კი გაიგეს,
რომ ის, ვისაც სძრახავდენ,
ბოროტებას სწამებდენ
და უგულოდ ჰსახავდენ,
თურმე კარგი ყოფილა,
კეთილგანზრახვით სრული,
და მისი ნაღველ-გესლი -
უზომო სიყვარული.
თაყვანი-სცეს საერთოდ
მის ძლიერ მოვლინებას,
და ჩვენც დღეს პატივსა-ვსცემთ
მის ნიჭს და ხელოვნებას.
ხელოვნებას არა აქვს
საკუთრება... საზღვარი!
ის ყოველ ხალხს ეკუთვნის,
ვით ყველას მაცხოვარი.
უცხო არც ჩვენთვის არის
„რევიზორის“ შემთხზველი,
და თავზე გვირგვინს ადგამს
ქართლში ქართველთა ხელი.
[1886 წ.]
გოგოლის ხსოვნას (I. 371). დაწერილია 1886 წელს. დაიბეჭდა 1886 წელსვე.
- ივერია 1886 წ. 8 მაისი №99. || თემი 1912 წ. 26 მარტი №14. || ავტოგრაფი XIX2 (სათაურით: „გოგოლის სახეს“). -
ლექსი დაწერილია გოგოლის „რევიზორი“-ს პირველად წარმოდგენის 50 წლის იუბილესათვის. გაზეთ დროებაში 1886 წლის 8 მაისის ნომერში, სადაც დაიბეჭდა აკაკის ეს ლექსი, მოთავსებულია შემდეგი ცნობა ტფილისში გამართული საიუბილეო საღამოს შესახებ, რომელშიაც მონაწილეობა მიუღია აკაკის:
„ამ წელს [1886 წ.] შესრულდა ორმოცდაათი წელიწადი მას შემდეგ, რაც პირველად წარმოადგინეს გოგოლის უკვდავი კომედია «Peвизоp»-ი. მთელმა რუსეთმა დიდის ამბით იდღესასწაულა ხსენება თავის სახელოვანის მაღალნიჭიერი მწერლისა. ჩვენმა დრამატიულმა დასმაც არ დაივიწყა რუსეთის სახელოვანი მწერალი და ღირსეულად პატივი სცა მის სახელს. გუშინ 6 მაისს „დრამატიული საზოგადოების“ თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა გოგოლის სახსოვრად. ითამაშეს «Peвизоp»-ის მე-2 და მე-3 მოქმედება. წარმოდგენის წინად, აიხსნა თუ არა ფარდა, სცენაზე გამოჩნდნენ არტისტები ხუთის ყვავილის გვირგვინით ხელში. სცენაზე ერთს ამაღლებულ წითელის მაუდით დაფენილს და ყვავილებით შემკულ ადგილას გოგოლის სურათი იდგა.
„... გამოვიდა ჩვენი სახელოვანი აკაკი და დიდის გრძნობით წაიკითხა თავისი მშვენიერი გრძნობით და აზრით სავსე ლექსი. ლექსმა მთელი საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა.
„...შემდეგ გოგოლის სურათის ქვეშ გვირგვინები დააწყეს“.
![]() |
3.27.9 სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
სიყვარულო, ნიჭო სრულო,
წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე,
ჯერ აკვანო ნეტარების,
მერმე კუბოვ და სამარე!
დღეს ჩემი ხარ, ხვალ სხვისი ხარ,
უგზო-უკვლოდ მოარული!
სად არს შენი დასაბამი?
ან სადა გაქვს დასასრული?
ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის,
ყველას-კი ჰსურს, რომ გემონოს!..
ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს
სიცოცხლე არ შეუწონოს?
დიდის ხნობით... მაღალ გრძნობით
თუმც არავის არ ახარებ
და წამიერ სიტკბოებას
საუკუნოდ წაამწარებ,
მაგრამ მაინც ყველა გეძებს!..
ცოცხალმა ვით დაგიწუნოს?
ვინ არის, რომ იმ ერთს წამში
არ გასწირავს საუკუნოს?!
[1886 წ.]
სიყვარული (I, 373). დაიბეჭდა 1886 წ.
- ივერია 1886 წ. 26 ოქტომბერი №231 (ჩართულია პროზაში: „დარო და მარო“). || თხზულებანი, II, 1893 წ. || ჩემი ნაწერები II, 1913 წ. -
![]() |
3.27.10 პოეტი |
▲ზევით დაბრუნება |
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა:
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია;
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია;
ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია,
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!
თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ, უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.
[1886 წ.]
პოეტი (I, 374). დაიბეჭდა 1886 წ.
- ივერია 1886 წ. 30 ოქტომბერი №234. || თხზულებანი, II, 1893 წ. || თემი 1913 წ. №113 (სათაურით „მგოსანი“). || ავტოგრაფები L-103, XXIII,10. -
დედნები - სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს.
![]() |
3.27.11 განათლების საგალობელი |
▲ზევით დაბრუნება |
ერთ დროს რომ მკვდარი მეგონა,
თურმე საღათით სძინავდა:
სული გვამშივე სდგომია,
თუმც ბაგე აღარ ფშვინავდა.
აწ გამოფხიზლდა უეცრად,
ზე აღსდგა ასამაღლებლად!
ნამსჭვალსა ხელი შეახე,
თომაო, სარწმუნებელად.
აღდგომის ფერხულს ჩავებათ
წყობისად მარგალიტადო,
ხან „ქრისტე აღსდგა“ ვიძახოთ,
ხანა ვსთქვათ: „ჭეშმარიტადო!“
აღსდგა და აწ ამაღლდება,
თან სდევს ციური ნიჭება,
და საუკუნო ცხოვრება
ამიერ მოგვენიჭება!..
[1886 წ.]
განათლების საგალობელი (I, 375). დაიბეჭდა 1886 წ. ლექსი ატარებს მეორე სათაურსაც: „საგანთა“.
- ივერია 1886 წ. 2 ნოემბერი №237. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ავტოგრაფი XV, 16. -
![]() |
3.27.12 სიმღერა ძველთა |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველმა ხელი ხმალს ვიკარ,
მტერს როგორ შევუშინდები!
სიცოცხლეს მსხვერპლად შევსწირავ,
სულითაც დავეწინდები!
გარს გინდა გუნდი მეხვიოს,
მარტოსა მეჯარებოდეს,
თუ რომ გავექცე, „ფუ“ მითხრან!
დარჩენა მეჯავრებოდეს!
ჩემი ძველების ანდერძსა
ვერ გავტეხ დიაცურადა:
ან მოვკლავ, ან შევაკვდები
ქვეყნის მტერს ვაჟკაცურადა.
და ანდერძს გაუტეხელად
გადავცემ შვილისშვილებსა...
ერთის დგმის ღვაწლი მეორეს
ცხოვრებას უადვილებსა.
გულს ვერ გავიტეხ ქართველი,
ვერ დავაჩლუნგებ ძველ ხმალსა,
და ვერც დავჰკარგავ გულგრილად
წინაპართ გზასა და კვალსა!
ქართველმა ხელი ხმალს ვიკარ,
მტერს რაღად შევუშინდები!
სიცოცხლეს მსხვერპლად შევსწირავ
და სულით დავეწინდები!..
[1886 წ.]
სიმღერა ძველთა (I, 376). დაიბეჭდა 1886 წ. ეს ლექსი ატარებს მეორე სათაურსაც: „გორგასლანის სიმღერა“.
- ივერია 1886 წ. 4 ნოემბერი №238. || სალამური 1893 წ. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ბაგრატ დიდი და სხვა ლექსები 1911 წ. - ვარიანტი, წარმოდგენილი ივერიაში, „თხზულებათა“ II ტომში და 1911 წლის გამოცემაში (სათაურით: „გორგასლანის სიმღერა“) შეიცავს ხუთ სტროფს, მეექვსე სტროფი (- განმეორება პირველი სტროფისა) არ არის; ამას გარდა ტაეპები I და V სტროფისა განსხვავებულია:
I სტროფის დასაწყისი: „ვახტანგმა ხელი ხმალს ვიკარი, მტერს როგორ შევუშინდები...“ (ნაცვლად ძირითადი რედაქციის ტექსტისა: „ქართველმა ხელი ხმალს ვიკარ, მტერს როგორ შევუშინდები...“).
V სტროფის დასაწყისი: „გულს ვერ გავიტეხ, ბაყათარ! ვერ დავაჩლუნგებ ძველ ხმალსა...“ (ნაცვლად ძირითადი რედაქციის ტექსტისა: „გულს ვერ გავიტეხ ქართველი, ვერ დავაჩლუნგებ ძველ ხმალსა...“).
![]() |
3.27.13 ახლანდელი პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
მოლამ, ყადმა და ახუნდმა1
შეჰკრეს კავშირი ძლიერი,
რომ გადიყვანონ ყირაზე
საბრალო ქართველი ერი.
წვერებზე მოისვა ხელი
მოლამ, სთქვა: „ბისმირ ჰალლაო!..
ამ ხალხის გასათათრებლად
უნდა ვიხმარო ძალაო...
„ავკრძალავ წირვა-ლოცვის დროს
მათ ენას მამა-პაპურსო
და მივცემ სამაგიეროდ
ჩვენს მეტყველებას დათვურსო“.
ყადმა მიუგო ღიმილით:
„ჰა, ქეშეშ, ბარაქალაო!
სამართალს ჯანი გავარდეს,
ხალხიც მას ენაცვალაო!
„თვითონ მე გავასამართლებ
ჩემგანვე გარყვნილ ერსაო!
გინდა სტყუოდეს, გინდ არა,
გავწირავ, როგორც მტერსაო...
„ნელ-ნელა გადავასახლებ...
იმათ დაუდგეს თვალიო!
და მაშინ სულ ჩვენ დაგვრჩება
მათი მიწა და წყალიო!..”
ახუნდმა უთხრა: „იახში!
მეც ვეთანხმები მაგათო!
და სკოლებს გადავაკეთებ
ხალხისთვის ვირის ბაგადო,
„რომ სხვისი ვერრა ისწავლონ,
თავისიც დაავიწყდესთო
და მათი ტკბილი განზრახვა
უდროოდ დაუმიწდესთო!“
ერთხმად დასწერეს: „ილ ალლაჰ!“
ჩაყლაპვას გვემუქრებიან,
და ზოგნი, თურმე, ჩვენშიაც
იმათ ბანს ეუბნებიან.
[1886 წ.]
________________
1. მოლა სასულიერო წოდების წარმომადგენელია, ყადი - სამსჯავროსი და ახუნდი - სწავლა-განათლების. (ავტორის შენიშვნა)
ახლანდელი პოლიტიკა (I, 377). დაწერის თარიღი 1886 წ.1 აწყობილი იყო დასაბეჭდად 1894 წელს, მაგრამ ცენზურამ აკრძალა. შემდეგ დაიბეჭდა 1904 წელს.
- ავტოგრაფი XXII,₉ (სათაურით: „ახლანდელი პოლიტიკა“). || მოამბე 1894 წ. № 3 (სათაურით: „რჩევა“). || ივერია 1904 წ. 29 აგვისტო №200 (სათაურით: „პირობა“). || სამშობლო 1915 წ. 8 ივნისი №99. (სათაურით: „პირობა“). || ხელნაწერი ჟურნალი „სალამური“ 1886 წ. (სათაურით: „მოლლა, ყადი და ახუნდი“). || ხელნაწერი პირი K-42 (უსათაუროდ).
ლექსში „ახლანდელი პოლიტიკა“, რომელიც ალეგორიის ხაზებში არის გაშლილი, მოლას სახელით იგულისხმება საქართველოს ექსარხოსი, ყადის სახელით - კავკასიის მთავარმართებელი, ხოლო ახუნდის სახელით-კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი.
ისტორია ამ ლექსისა შემდეგია.
პირველი ვარიანტი ლექსისა აკაკის დაუწერია 1886 წელს. ეს პირველი ვარიანტი მოთავსებულია ხელნაწერ ჟურნალში „სალამური“: (ლექსი მოწერილია დაშიფრულად, ასოებით: „ა...ი“).2
შემდეგ აკაკის ლექსი გადაუმუშავებია და განუვრცია: პირველ ვარიანტში ლექსი ხუთ სტროფს შეიცავდა, ხოლო ბოლო რედაქციაში 9 სტროფს შეიცავს. ამასთან ბოლო რედაქციაში ლექსი კიდევ უფრო გამახვილებულია პოლიტიკურად.
ლექსი იმდენად თავისუფლად არის დაწერილი და ალეგორია იმდენად გამჭვირვალეა, რომ ცხადია მის დაბეჭდვას ცენზურული დაბრკოლება უნდა გადაღობებოდა.
1894 წლამდე აკაკის ვერ მოუხერხებია ლექსის დაბეჭდვა. 1894 წელს აკაკის ლექსი გადაუცია დასაბეჭდად ჟურნალ მოამბეში და ცენზურის თვალის ასახვევად დაურთავს ასეთი შენიშვნა:
„ეს ლექსი შაჰ-აბასის დროს შეეხება“.
აგრეთვე შემდეგი სტროფისათვის:
ნელ-ნელა გავასამართლებ...
იმათ დაუდგეთ თვალიო..
და მაშინ სულ ჩვენ დაგვრჩება
მათი მიწა და წყალიო…“ -
აკაკის დაურთავს ასეთი შენიშვნა: „იმ დროს გადასახლებული ქართველები დღესაც ბევრნი არიან სპარსეთში“.
ცენზურა ამ შენიშვნებს შეცდომაში შეუყვანია და ლექსისათვის ვიზა მიუცია. მაგრამ როდესაც ლექსი აწყობილი იყო ჟურნალ მოამბეში დასაბეჭდად, ცენზურა მიმხვდარა ლექსის ალეგორიულ აზრს, აუკრძალავს ლექსი და ამოუღია ჟურნალიდან. (ჩვენ დრომდე მოღწეულა ერთი ეგზემპლარი ჟურნალ მოამბისა, რომელიც ეკუთვნოდა მოამბის რედაქტორს ალ. ჭყონიას, და რომელშიაც ჩაკერებულია საკორექტურო ფურცელი აკაკის აკრძალული ლექსისა. რედაქტორის ამ წინდახედულობას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენ დრომდე გადარჩა აკაკის ლექსის ის ტექსტი, რომელიც ცენზურამ 1894 წელს აკრძალა).3
მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 1904 წელს, აკაკის მოუხერხებია ამ ლექსის დაბეჭდვა გაზეთ ივერიაში, მაგრამ ლექსს ამ-გზის ცენზურის კუპიურები განუცდია. ივერიაში დაბეჭ- დილ ტექსტში ცენზურის მიზეზით შეცვლილია სტროფი:
„ავკრძალავ წირვა-ლოცვის დროს
მათ ენას მამა-პაპურსო
და მივცემ სამაგიეროდ
ჩვენს მეტყველებას დათვურსო“.
უკანასკნელი ორი სტრიქონი ასეა გადაკეთებული:
მაინც არ გამოადგებათ,
რომ ვეღარ აჭმევს მათ პურსო.
ბოლო სტროფში - ფრაზა: „ჩაყლაპვას გვემუქრებიან“ გადაკეთებულია: „ქვეყანას ემუქრებიან“.
ჩვენს გამოცემაში აღვადგინეთ ლექსის პირვანდელი დედანი ავტოგრაფის თანახმად. დავუშვით მხოლოდ ერთი გამონაკლისი; ბოლო სტრიქონები მე-8 სტროფისა ავტოგრაფში ასე იკითხვის:
„ამ ხალხის გასარუსებლად
უნდა ვიხმარო ძალაო“.
გამოცემაში დავტოვეთ „გასათათრებლად“ (- ისე როგორც ეს არის მოამბეში და ივერიაში), რადგან ლექსი თავიდან ბოლომდე ალეგორიულ ხაზებში არის გაშლილი და კონტექსტს აქ უდგება „გასათათრებლად“ (თუმცა აქ, რასაკვირველია, „გასარუსებლად“ იგულისხმება).4
________________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია სამშობლოში.
2. ამავე პირველი ვარიანტის მეორე ვერსია დაიბეჭდა აკაკის გარდაცვალების შემდეგ გაზ. სამშობლოში 1915 წელს (ლექსს მოწერილი აქვს დაწერის თარიღი: 1886 წელი). პირველი ვარიანტის ეს ორივე ვერსია, - ხელნაწერ ჟურნალ „სალამური“-სა და გაზეთ სამშობლოში გამოქვეყნებული ტექსტი, - მოყვანილი გვაქვს სრულად ვარიანტებში (იხ. ტომი II, გვ. 603).
3. ალ. ჭყონიასეული ეს პირადი ეგზემპლარი მოამბისა ამჟამად დაცულია ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკაში.
4. ხელნაწერი დედანში K-42 ეს ადგილი ასე იკითხვის:
„ამ ხალხის გასასკვითებლად
უნდა ვიხმარო ძალაო“.
ეს ვარიანტი აღმოჩნდა პირველი ტომის დაბეჭდვის შემდეგ.
![]() |
3.27.14 დ. ყიფიანის სადღეგრძელოდ |
▲ზევით დაბრუნება |
(ექსპრომტი)
ვით დილის ნამი ააბიბინებს
უდროოდ დამჭკნარ, ფერმიხდილ მდელოს,
ისე გვიმრთელებ ჩვენც მაშვრალ გულსა,
და მისთვისა ვსვამთ შენს სადღეგრძელოს!
უფროს მოძმებში რჩეულთაგანო,
უმცროსებისთვის სამაგალითო,
დავრდომილთათვის გულდაწყვეტილო,
სულდგმულო მხოლოდ სრულ კეთილითო!
იცოცხლე დიდ ხანს შენდა გუნებად!
ღმერთმა მოგასწროს იმ დღეს ბედნიერს,
რომ შეთანხმებით და სიყვარულით
გავიძახოდეთ „მრავალ-ჟამიერს!“
[1887 წლამდე]
ყიფიანის სადღეგრძელოდ (I, 379). დაწერილია 1887 წლამდე. ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XV,26. -
![]() |
3.28 1888 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.28.1 ქართველი უცხოეთში |
▲ზევით დაბრუნება |
ბევრჯელ შიმშილს და სიცივეს
ძაღლივით აუღრენივარ,
მაგრამ იმავ დროს სხვა ძალას
მე აღმა აუფრენივარ.
სიტყვები სასაყვედურო,
სათქმელად მომზადებული,
უკუქცეულა... გამქრალა,
გადამწმენდია-რა გული.
და მითქვამს: „თუ რომ უმსხვერპლოდ
ვერ გაიხარებს ქვეყანა,
ღმერთო, მიმიღე ზვარაკად...
ყელში გამერჭოს მე დანა...
და მით ასრულდეს ანდერძი,
გადმონაცემი ძველთაგან:
„იხსენ, უფალო, ჩემგამო
ქვეყანა განსაცდელთაგან!“
ასე ამბობდა ქართველი,
ტყვედ გაგზავნილი სხვა მხარეს,
და სპეტაკ წვერზედ წვეთ-წვეთად
ცრემლსა აფრქვევდა მდუღარეს.
ფიქრმა წაიღო... ოცნება
ცეცხლად მოედვა და ალად,
სანამდი ძილი მშვიდობის
არ გადმოვიდა მკურნალად.
ამ დროს გაიღო კარები,
მის წინა წარსდგა სკვითელი
და მირონცხებულ მოხუცსა
მტრულად შეახო მან ხელი:
ქვა დაჰკრა!.. თავი გაუპო,
დაიმორჩილა მძინარი
და, სულთამბრძოლი რომ ნახა,
სიამით იწყო ხარხარი!
[1887-8 წ.]
ქართველი უცხოეთში (I, 380). დაიბეჭდა 1888 წელს.
- ივერია 1888 წ. 29 იანვარი №21 (სათაური: „ქართველი სპარსეთში“). || ავტოგრაფი XIX,2 (სათაური: „ძველი ამბავი - ქართველი უცხოეთში“). || თხზულებანი, II, 1893 წ. (სათაური: „ქართველი უცხოეთში“). || რჩეული ლექსები I. 1908 წ. -
ლექსი ეხება ტრაღიკულად დაღუპულს ქართველ მოღვაწეს დიმიტრი ყიფიანს (1814-1887).
ლექსი სჩანს 1887 წელს არის დაწერილი, მაგრამ საცენზურო პირობების გამო პოეტს ვერ მოუხერხებია მისი გამოქვეყნება 1888 წლამდე (დაიბეჭდა ივერიაში 1888 წ. 29 იანვარს). სათაური „ქართველი სპარსეთში“ და ქვესათაური: „ძველი ამბავი“ - ცენზურის მიზეზით არის წარწერილი. ჩვენს გამოცემაში დავტოვეთ, აკაკის ავტოგრაფის თანახმად, სათაური: „ქართველი უცხოეთში“ (ქვესათაური „ძველი ამბავი“ - მოვხსენით).
აკაკის ავტოგრაფიდან აღვადგინეთ შემდეგი ადგილი, შეცვლილი ცენზურის მიზეზით: „ასე ამბობდა ქართველი, ტყვედ გაგზავნილი სხვა მხარეს“ (ივერიაში და 1893 წლის გამოცემაში დაბეჭდილია: „ასე ამბობდა ქართველი, გადახვეწილი სხვა მხარეს“).
ლექსის ბოლო ავტოგრაფში ასე იკითხვის:
და სულთა-მბრძოლსა წამებულს
დამზერდა პირ-მომცინარი!
![]() |
3.28.2 ჟორჟ-დე-პარი |
▲ზევით დაბრუნება |
ხან მცივა და ხან მცხელა,
ყოველთვის კი - მშიანო;
ქუჩა-ქუჩა დავდივარ,
ჟორჟ-დე-პარი მქვიანო.
სხვებსავით ცუდკაცობას
ჩემზე ვერ იტყვიანო;
რომ მხედავთ, სულ ესა ვარ,
ჟორჟ-დე-პარი მქვიანო.
რა გამოვა, სხვებსავით
ტყვილა რომ ვიჭკვიანო!
სჯობს, რაცა ვარ, ის ვიყო...
ჟორჟ-დე-პარი მქვიანო.
ისინი „პარუმობას“
ბოროტად იმკიანო;
მე სიმართლით ნაშოვნი
ჟორჟ-დე-პარი მქვიანო.
აფსუს, რომ ჩვენს ფრანტებსა,
ტროტუარს რომ ჰგვიანო,
ადიდებენ, და მე-კი
ჟორჟ-დე-პარი მქვიანო!
ყველანი თვალთმაქცობენ,
ქვეყანას სულს ჰხდიანო;
მე არავის ვატყუებ,
ჟორჟ-დე-პარი მქვიანო.
ამ ჩვენ დიდ ვაჟბატონებს,
კაცს რომ ეძახიანო,
არ გავუცვლი ჩემ სახელს:
ჟორჟ-დე-პარი მქვიანო.
დეე, შემცხეს-შემცივდეს,
რა ვუყოთ, რომ მშიანო!
ჩამოდექით, მოვდივარ,
ჟორჟ-დე-პარი მქვიანო!
[1888 წ.]
ჟორჟ დე პარი (I, 382). დაიბეჭდა 1888 წ.
- ივერია 1888 წ. 17 ნოემბერი №242 (ჩართულია ამავე სათაურის პროზაში). || თხზულებანი II, 1893 წ. -
![]() |
3.28.3 პროზიდან „ბოდვა“ |
▲ზევით დაბრუნება |
I
ერთს ვისმე ვიცნობ შორიდგან,
თქვენც გენახვებათ ყველასა;
ვარსკვლავებს ეპოტინება,
ჭიქა ჰკიდია ყელასა;
მგელს კრავის ტყავში დაჰმალავს,
ქათამს მოჰპარავს მელასა;
სახალხოდ ოქროპირადა
გვიქადდა ჭირში შველასა!
თვითონ დარბაზში შებრძანდა,
ჩვენ დაგვსვა სანახველასა!
ვინც გამოიცნობს ამ ბატონს,
მივართმევ საპოვნელასა!
II
დღეს ერთი ქალი გამაცნეს,
სახელოვანი, ქებული;
დედ-მამა ჰყავდა ქართველი,
ქართლშია დაბადებული;
მაგრამ ისეა ნასწავლი
და ისე განათლებული,
რომ დედა-ენაც არ იცის,
სძულს კიდეც, დავიწყებული!
თამარ, ქეთევან და ნინო
ყველა ჰყავს დაწუნებული;
სხვას შესტრფის მისი გონება,
სხვა გრძნობით დამძიმებული!..
ღმერთმა ნუ მისცეს, რაცა ჰსურს,
და შეურცხვინოს ერთგული!..
III
აქაც არის, იქაც არის,
არც ჩვენია, არც სხვისაო;
თავად ფრთხილი, თანამგრძნობი
მხოლოდ სხვისის მარცხისაო!
ფარ-ხმალი აქვს სათვალთმაქცო,
არც რკინის და არც ხისაო,
აღმა-ხნულში მხმარებელი
სადაღმართო ფარცხისაო!
მისი ღვაწლი შეაჩვენოს
მაცხოვარმა კაცხისაო!
[1889 წ.]
პროზიდან „ბოდვა“ (I, 384). დაიბეჭდა 1889 წ.
- ივერია 1889 წ. 24 სექტემბერი №202 (ჩართულია პროზაში: „ბოდვა“). || თხზულებანი II, 1893 წ. -
![]() |
3.28.4 ჯარისკაცი |
▲ზევით დაბრუნება |
პატარა ბიჭი ვიყავი,
პატარა ბიჭუკელაო;
„დაურჩი დედას, კარგი ხარ!“
შემომნატრიდა ყველაო.
პატარა გოგო მიყვარდა,
პატარა გოგუცანაო;
ცაზე ვარსკვლავიც არ ბრწყინავს
ლამაზი იმისთანაო.
თავი მოგვწონდა ორივეს,
გულს კარი მქონდა ღიაო;
შიგ ჭიკჭიკობდა ბულბული,
ვარდი ჰყვავოდა, იაო.
გვეგონა, დაბლა ქვეყანა
მაღლა ცით დათაფლულაო,
შიგ სიყვარული ნათესი
ჩვენს კარზე ამოსულაო...
თავზედ დავიდგით გვირგვინი,
მივდექით საყდრის კარსაო;
მამასახლისმა დაგვჩხავლა:
- მღვდელო, ნუ დასწერ ჯვარსაო!
ნეფეს სალდათად იწვევენ,
უნდა მოხადონ ვალიო;
სამ წლამდის ქვრივად დარჩება
ხემწიფის პატარძალიო.“
დავღონდი პატარა ბიჭი,
პატარა ბიჭუკელაო;
„ვაი შენს დედას, საბრალოვ!“
შემომტიროდა ყველაო.
პატარა გოგოც ატირდა,
პატარა გოგუცანაო,
მაგრამ ჩემ დაბრუნებამდი
სხვა ნახა ჩემისთანაო.
[1889 წ.]
ჯარისკაცი (1, 386). დაიბეჭდა 1889 წ. - ლექსი ატარებს მეორე სათაურსაც: „ახალი სიმღერა“.
- ივერია 1889 წ. 5 ოქტომბერი №210. || თხზულებანი, II, 1893 წ. || სალამური 1893 წ. - დედნები სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს. - ლექსი ეხმაურება საყოველთაო სამხედრო ვალდებულების („სალდათობის“) შემოღებას საქართველოში და სჩანს დაწერილია 1887-1889 წლებს შორის. („სალდათობა“ შემოღებულ იქმნა საქართველოში 1887 წლიდან).
ივერიაში დაბეჭდილ ტექსტში ლექსის უკანასკნელი ორი სტროფი არ არის (ცენზურის მიზეზით).
![]() |
3.28.5 არაკი |
▲ზევით დაბრუნება |
პასუხი
განთიადისას ბულბული
მოსთქვამდა: - „ოშავ დილაო!
ჩვენს ბაღში ვარდი გამწყვარა,
შამბნარი წამოზრდილაო;
დიდყურიანი, კუდმოკლე
შიგ მხეცი შემოჭრილაო;
ყვავილებს სტკეპნის, ზედ გორავს,
ყროყინებს: „გრილა-გრილაო!“
პირდაღებული მებაღე
შეჰხარის: - „რა ყოფილაო?
მაღალ ბანით და კრინებით
ბულბული გააწბილაო!“
მივიდა, უთხრა ბულბულსა:
- „ვეკრძალვი შენსა წყენასო,
მაგრამ მე რა ვქნა? დაბერდი,
აღარ გიქებენ სტვენასო.
ძირს გოგვას ვეღარ ახერხებ
და ზეით - აღმა-ფრენასო!
შენს ნაცვლად სხვა მგალობელი
მოუგზავნია ზენასო;
იბერება და პირს აღებს,
თითქოს აპირებს კბენასო,
კუდს მაღლა იღებს, თავს დაბლა,
ტკაველზე აგდებს ენასო;
თითონვე არის მედოლეც,
მით გვიორკეცებს ლხენასო!
ხმამაღალია: მთებს იქით
მგლებსაც უხიბლავს სმენასო,
და აწ გაფრინდი, ბულბულო,
არ გირჩევთ აქ დარჩენასო!“
ბულბულმა უთხრა: - „ეგ სიტყვა
გულს ისარივით მეცაო;
ნაღველი უფრო გასივდა,
სიმწარემ იორკეცაო.
ბაღში რომ ბინა აღარ მაქვს,
ამას კი ვხედავ მეცაო!..
დავსტოვებ: წავალ, საითაც
გზას დამინიშნავს ზეცაო.
ვინც რომ შენსავით ყრუ არის,
ჭკუა-კოჭლი და ბეცაო,
მგალობლად ნუ მოუშალოს
ღმერთმა ეგ ვირი-ქეცაო!“
ფრთები გაშალა, გაფრინდა
და ცხრა მთა გადაიარა,
თავისი გულის-ტკივილი
მთა და ბარს გაუზიარა.
[1889 წ.]
არაკი (I, 388). დაიბეჭდა 1889 წ.
- ივერია 1889 წ. 6 აგვისტო №166. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.28.6 პროზიდან „ბოდვა“ |
▲ზევით დაბრუნება |
ღარიბი კაცი ვერ სწავლობს,
პირუტყვი რჩება... მხეცია!
მაგრამ რა მისი ბრალია?
ხელს უშლის „უფულენცია!“
მდიდარიც აღარა სწავლობს,
წიგნები შეუკეცია;
ქეიფით დაქანცულია
და ამბობს: „ინფლუენცია!“
იქაც რომ ქართველ სტუდენტებს
გასძნელებიათ ლექცია!..
ნატრობენ სასმელს და საჭმელს,
აწუხებთ „უფულენცია“.
აკ-კი აქვთ ხელის საბანად
ჩვენს ფრანტებს თვით ესენცია!
ყელში ამოსდისთ ბლომანჟე...
ჰგონიათ „ინფლუენცია“.
კნიაზი განზე ფულს ჰფანტავს,
ხარჯები მრავალკეცია!..
და შინ-კი ცოლ-შვილს ატყუებს:
„დუშიჩკა, უფულენცია!“
კნეინაც უხდის მაგიერს:
სხვაგან აქვს რეზიდენცია;
და იქ რომ სახადს შეიყრის,
შინ ამბობს: „ინფლუენცია“.
ლიტერატორი ვეღარ სწერს,
საგანს ვერ ჰპოებს: ბეცია.
სჩანს, რომ ორივე შეჰყრია:
„ინფლუენც-უფულენცია!“
ეს ორი სენი ყველასთვის
სწორედ მუნი და ქეცია:
„უფულენცია“ აღრჩობს ზოგს,
და ზოგსაც „ინფლუენცია“.
მე-კი გადავრჩი იმ ძველ სენს:
დანიშნული მაქვს პენცია,
მაგრამ სანამდე მომცემდენ,
გამგუდავს „უფულენცია“.
[1889 წ.]
პროზიდან „ბოდვა“ („ღარიბი კაცი...“), (I, 390). დაიბეჭდა 1889 წ.
- ივერია 1889 წ. 10 დეკემბერი №263 (ჩართულია პროზაში „ბოდვა“), || თხზულებანი, II, 1993 წ. -
![]() |
3.28.7 *** (გამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს...) |
▲ზევით დაბრუნება |
გამიგონია, ვითომც ლერწამი
ობლის საფლავზე ამოსულიყოს
და თავის ქნევით, დამუქრებული,
მაღლა ზეცისკენ ის წასულიყოს,
რომ მიეტანოს იქ ჩვენის ქვეყნის
მწარე ამბავი და საჩივარი;
მაგრამ იმავ დროს ეშმაკის სული
დასტაკებოდეს გრიგალი ქარი,
გადაეღუნოს, გადმოეღუნოს
და მოეთხაროს სულ ძირიანა;
მერე ენახოს მწყემსს წაქცეული,
ხელში აეღოს პატარა დანა
და გამოეჭრას მას სალამური,
რომ მოწყენის დროს სული ჩაჰბეროს,
და მთა და ბარის დასატკბობელად
ააკვნესოსო და აატიროს.
[1889 წ.]
*** „გამიგონია ვითომც ლერწამი“ (I, 392). დაიბეჭდა 1890 წელს (ცენზურის ვიზა 1889 წ. 25 ოქტომბერი).
- ჩართულია დრამაში „პატარა კახი“ (პირველი გამოცემა გაზეთ „თეატრი“-ს რედაქციისა, ტფ. 1890 წ., ცენზურის ვიზა 25. X. 1889 წ.). - ცალკე ლექსის სახით დაიბეჭდა „რჩეულ ლექსებში“ I. 1908 წ., სათაურით: „სალამური“.
![]() |
3.28.8 მღვდელი და ექიმი |
▲ზევით დაბრუნება |
მღვდელმა უბრძანა დიაკვანს:
„ხომ ხედავ, ღმერთი სწყრებაო!..
არც ქორწილია, არც ნათვლა
და არც არავინ კვდებაო!
„ცოლები სხვის ქმრებს მისდევენ,
ვინღა დაიწერს ჯვარსაო?
შვილებიც რომ აღარა ჰყავთ...
ხმარობენ ჯადოქარსაო!
„სიკვდილიც განზე გვიდგება,
ის ჩვენი ცოდვით სავსეო!..
აღარ გვაქვს შემოსავალი
და გლახაკს დავემსგავსეო“.
დიაკონმა სთქვა: „მამაო!
გულს ნუ გაიტეხ ჯერაო!
რომ ბედი გამოგვეცვლება
ამ მოკლე ხანში, მჯერაო!
„ჩხუბი მოსვლიათ დოქტორებს,
ერთმანეთს აკვდებიანო!..
სნეულთან აღარ მიდიან,
და თუ მიდიან, გვიანო.
„რაღას არგებენ მომაკვდავს?
მაგრამ არ სტკივათ გულიო:
რეცეფტებს სწერენ სიჩქარით,
რომ ჩაიჯიბონ ფულიო.
„ფეხისას თავზე ადებენ
და ფეხზე თავის წამალსო;
დიპლომით ჟლეტენ ქვეყანას
და ვინღა დასდებს მათ ბრალსო?“
მღვდელმა სთქვა: „ღმერთმა აკურთხოს
იმათი მოხელობაო!
ისინიც რომ არ გვშველოდენ,
რაღას გვარგებდა მღვდლობაო?“
[1890 წლამდე]
მღვდელი და ექიმი (I, 393).
ლექსი აწყობილი ყოფილა 1890 წელს გაზ. „თეატრ“-ში დასაბეჭდად, მაგრამ ცენზურას აუკრძალავს. შენახულა ლექსის საკორექტურო ფურცელი, ჩართული საცენზურო კომიტეტის საქმეებში (ფონდი 114, №995), რომელსაც დართული აქვს საცენზურო კომიტეტის შემდეგი დასკვნა:
«Пo жypнaлy цензypного комитета 27 мapтa 90 г. oпpeдeлeно: ввидy 22 и 105 cт. ycт. ценз. ком. изд. 86 г., нaпeчaтaние воспpeтить».
ეს ლექსი აუკრძალავს ცენზურას 1890 წელს არა პირველად. ივერიის ძველი თანამშრომელის არტ. ახნაზარის ცნობით, აკაკის 1890 წელზე ადრე (ვიდრე იგი გადასცემდა ლექსს გაზ. თეატრში დასაბეჭდად), ლექსი გადაუცია ივერიისათვის, მაგრამ მისი დაბეჭდვა არ მოხერხებულა ცენზურის მიზეზით. (ამ-დროიდან ა. ახნაზარს, რომელიც მაშინ ივერიის რედაქციაში მუშაობდა, შეუნახავს ამ ლექსის აკაკისეული ავტოგრაფი).
ლექსის დაბეჭდვის დროს სახელმძღვანელოდ სამი დედანი გვქონდა: 1. საცენზურო კომიტეტის საკორექტურო ფურცელი; 2. აკაკის ავტოგრაფი - დაცული ა. ახნაზართან; 3. აკაკის ავტოგრაფი VII,25.
![]() |
3.28.9 „ბოდვა“ |
▲ზევით დაბრუნება |
I
ცრემლში ნალესი ნაღველი,
მინდა, რომ მელნად ვიხმარო,
საწერლად მივსცე გლახ-გული,
ფრთა კალმად აღარ ვიკმარო!
მის ნაცვლად ენა ჩავუწო,
საწვერმახვილო ის არი!..
ხან სამკურნალო მალამო,
ხან სასიკვდილო ისარი!
თავგანწირულად, პირდაპირ
შევეჭიდები ქვეყანას!..
რას მომცემს, ან რას წამართმევს,
გული რომ დამწყდეს, მისთანას?
მას შემდეგ, რაც მე კაცადი
გამიზომ-ამიწონია,
ყოველი მისი დიდება
სულ სათვალთმაქცო მგონია.
ვხედავთ, რომ ქვეყნის აყოლით
გვჭირს სოფლისავე მონება;
სხვისი თვალი და ყურია
ჩვენი გრძნობა და გონება!..
ორივე ღმერთმა მაშოროს:
სხვისი თვალიც და ყურიცა!
მაშოროს სხვაზე უფლება
და სხვისი სამსახურიცა!
სჯობს, ისე დავრჩე, რაცა ვარ
და დღემდი რაცა ვყოფილვარ...
შიშველი წავალ იმ სოფლად,
აქაც ხომ ისე ვშობილვარ!
არ მივიმადლებ, არ მინდა
მამა-პაპური წყალობა...
სამცონარეო დიდება
და მათი ჩამომავლობა!
ღონიერია სოფელი,
სარბიელი აქვს საცადი:
ყოვლისფერს თვითვე მოიმკის,
თუ ვარგა კაცად-კაცადი.
მაგრამ გულხარბი ქმნილება
უზომო, უმაძღარია;
აღარ სჯერდება სამყოფსა
და მეტის მაძებარია.
ხან იმას ეძებს, ხან ამას,
სურვილი მრავალგვარია!..
ხან სიტკბოს ჰპოებს ნაღველში,
ხან მისთვის თაფლიც მწარია.
მე არ ვარ ბევრის მძებნელი,
ცოტაც არ მომყირჭებია,
და მხოლოდ იმას ვჯერდები,
რაც ზეცით მომნიჭებია.
შენი ქება და დიდება,
შენი ლხინი და ჭირიო,-
მაღლიდგან გადმომაძახეს, -
ქამანჩაა და სტვირიო.
„სული და გული შიგ ჩასდევ,
ხელში აიღე მალეო;
ნუ სდევ უკუღმართ ცხოვრებას!
გაშორდი... გაეცალეო!..
„გეტირებოდეს - იტირე,
იშვებდე - გაიცინეო!
იშრომე... დაიღალები -
დაწექ და დაიძინეო!
„სხვების მიყოლით... მიბაძვით
არ გადაადგა ბიჯიო!..
შენ რას დაეძებ, დაგძრახონ
და დაგიძახონ გიჟიო!..
„შენ მხოლოდ ნუ მოშორდები
იმ შენ ქამანჩა-სტვირსაო!..
თუ შენვე არ უღალატებ,
ის არ გაგიტეხს პირსაო;
„კუბოს კარამდე მიგყვება,
ვით ძმას და მეგობარსაო,
და, რომ მოკვდები, შენს ამბავს
გადასცემს მთა და ბარსაო!“
გულში ჩამეჭრა ეს სიტყვა
კანონებად და სჯულადა,
და შემდეგ ჩემი ცხოვრება
მიდის სულ კრიმანჭულადა.
მისის მშვენების მნახველი
მხოლოდ გონების თვალია!..
კვალში ჩავუდგეთ! ვეძიოთ!
ვიპოვოთ ჩვენი ვალია!..
„ეძიებდეთ და ჰპოებდეთ!“
მაცხოვარია, რომ ბრძანებს...
წამის მიმყოლი პირადად
საუკუნეებს ინანებს!..
ეგები მითხრან: - „რას ჰბოდავ?
და ან ვინ გაგიგონებსო?
შენი მხილება რას არგებს
დღეს გულგატეხილ მონებსო?“
მე რაღა მეთქმის ჩემ თავად,
დატვირთულს ქვეყნის ჭირითა?
და პასუხს ვაგებ მათ მხოლოდ
პატარა ფუტკრის პირითა:
- „თაფლს ცოცხლებისთვის ვამზადებ,
მკვდრებისთვის წმინდა სანთელსო,
და ვაკავშირებ ორ სოფლის
სიტკბოებას და ნათელსო!
მაგრამ არავის ვუყვარვარ,
თუ არ რჩეულსა ზენასო,
და მეძახიან ბზუილას,
უსაქმურსა და მკბენარსო.
„ღმერთი ხომ ჰხედავს, პირიქით
რომ ვარ მე უწყინარიო,
მხოლოდ პირაქეთ მომსვლელზე
ფარ-გვარად მოისარიო!“
მეც ამ ფუტკრის ვარ მიმყოლი!
ეს არის ჩემი მოძღვარი,
და ჩემს გულს გაკერპებულსა
არ დაედება საზღვარი!
თუ არ სიკვდილით... სიცოცხლით
ვერვინ შემიშლის ბოდვასა,
და გამოვიტან საქვეყნოდ
დაფარულს მადლს და ცოდვასა.
ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა
ღვთისმშობლის წილნახვედრია,
ქალწულ დედისგან ნაკურთხი,
ძისადმი შენავედრია!
აქ ნინო, თამარ, ქეთევან
სამარადისოდ ქებულან,
დედათ გვირგვინად ზეგარდმო
კურთხევით გაბრწყინვებულან.
აქ ჩვენი ძველი დედებიც
სამაგალითო ყოფილან:
ქვეყნისთვის თავი დაუდევსთ,
რადგანაც მისთვის შობილან!
გამოუზრდიათ გმირები
სამშობლოს მსხვერპლად, ზვარაკად,
და მით გვაძლევენ მაგალითს,
თითქოს ზღაპრად და არაკად!
დიდება იმათ დედობას!
დიდება იმათ სახელსა!..
იმათ სხივებზე დღეს ჩვენში
ქალი თვალს ვეღარ ახელსა!
ვერ ახელს მიტომ, რომ სხვა მხრით
უჭირავს შემცდარს თვალები...
და უნდა ღირსად შევამკოთ
ჩვენ დღევანდელი ქალები.
II
დრო წავიდა, სხვა მოვიდა,
დღე დაწვა და ღამე ჰშობა.
„ზრასტის“ ვეტყვი ზოგიერთ ქალს!..
აღარ ესმის „გამარჯობა“.
ვეტყვი, მაგრამ სად მოვნახო,
სახლში რომ არ დამიხვდება?
დილას ადრე კატასავით
ის ხომ კარში გამოხტება!
თითქოს რამე დაჰკარგოდეს
და ეძებდეს დანაკარგსა.
მაგრამ ვისთვის? ოჯახისთვის
შესაძენს და განა კარგსა?
სულაც არა! სხვა რამესთვის
მიჰქრი-მოჰქრის და ფარფაშობს!
აღარ ახსოვს მას ოჯახი,
არც იგონებს ქმარს და ნაშობს.
სძულს წარსული, აწმყოს ეტრფის,
მომავალში მისთვის ბნელა;
იმდენს ჰგრძნობს და იმდენს ჰფიქრობს,
რამოდენსაც ბუზ-პეპელა.
ბევრი იტყვის: „ნეტავ ჩვენში
ამისთანა ვინ უნახავს?
აბა, ერთი მიგვითითოს,
ვისზედა სწერს? ვის გვისახავს?“
უკაცრავად, ვერ გავამხელ
იმათ გვარს და იმათ სახელს,
უფრო მალე გავიმეტებ
მოსაჭრელად ენას და ხელს.
სარკე თვითონ გამოაჩენს
მისის სახით თვითეულ ქალს,
და თუ ვინმე მახინჯია,
მე არ ვიღებ ჩემს თავზე ბრალს!..
მხოლოდ ვამბობ: „ბუნებაო,
რად შეამკე ეგრე სრულად,
თუ იმ შენს მადლს, დიდებულ ნიჭს,
ატარებდენ გაბასრულად?
„თუ ქვეყანას არას არგებს,
განა არ სჯობს, დაბნელდეს მზე?
ქართველ ქალის ჩვენ ამ დროში
რას გვარგია სილამაზე?“
ჰეი! ჰეი! ვეღარ ვხედავთ
დღეს ძველებურ ქართველ დედებს,
მათ მაგიერ მომავალზე
ვეღარავინ გვაიმედებს!
მაგონდება შაჰ-აბაზი,
მთელს კახეთზე გულმღელვარე,
და იმის-წინ ტყვედ წამდგარი
ქალი, ეშხით მოელვარე.
თრთის ყეენი ფერწასული,
ჰხიბლავს ქალის მას მშვენება,
მოეღელვა გულზე სისხლი,
აეშალა ვნებათ-ვნება.
და ტყვეს ჰკითხავს: „ჩვენება ხარ,
თუ ნამდვილი მიწის შვილი?
თავს გვირგვინი გეკადრება
და რას ჰნიშნავს ფეხთ ბორკილი?“
- „ჩვენს სისუსტეს და თქვენს ძალას! -
ქალი მტკიცედ ეუბნება: -
ალბათ ღმერთთან შემცოდე ვართ...
კურთხეულ არს მისი ნება!..“
- „ვხედავთ! მაგრამ შენდა თავად
ჩემ წინაშე რა გაქვს ბრალი?
ნუთუ მართლა ბრძოლის ველზე
გამოსულხარ სუსტი ქალი?“
- „რატომ არა?.. ქალი რომ ვარ,
უფრო ჩვილი არ მაქვს გული?!
აქ მარხია ჩემის ქვეყნის
ერთგულება-სიყვარული!
„და ეს არის, დღევანდელ ჭირს
რომ მიქარვებს... მიადვილებს!..
მამა-პაპათ მიანდერძეს,
რომ გადავცე მეცა შვილებს...
„მამა არ მყავს!.. თათრის ომში
მოკლულია ჩემი ქმარი!..
შვილები ჯერ არ დაზრდილან...
მეღა დავრჩი მეომარი.
„ვერ ვაჭმევდი ოჯახს სირცხვილს!
მომეხადა უნდა ვალი:
მამაკაცის მაგიერად
მე ავიღე ხელთ ფარ-ხმალი.
„და ავიღე განა მიტომ,
რომ ბორკილზე გამეცვალა?!..
ეჰ!.. რა ვუყოთ? ნათქვამია:
„აღმართსა ჰხნავს მეტი ძალა!“
„ერთით ერთზე ვერ მოჰბედავ...
გუნდით ებრძვი ყოველ ქართველს!..
ხომ ქალი ვარ, მაგრამ ერთი
მეც ვერ დამრევს თათარი ხელს“.
ვით მრისხანე ანგელოზი,
მცველად მდგომი ედემის კარს,
ყეენის წინ სდგას ტყვე-ქალი,
თავბრუს ახვევს და სცემს თავზარს.
გალომებულ-გავეფხვებულს,
აღელვებულს ქართველსა ქალს
მოთმინებით უსმენს სიტყვებს...
ვერ აშორებს ძლიერი თვალს!
„ბაშვადონუმ! - ბოლოს ბრძანა, -
ქალი უნდა ამისთანა!..
ვხედავ, რითიც მიმკლავდება
ერთი ბოხჩა ეს ქვეყანა!..
„გული მიწვევს მათ სამუსრად...
გონება სხვას მეუბნება:
ძნელი არის ამისთანა
ხალხის ჩვენგან დამონება!
„არ შეიცვლის არც ზნეს, არც ფერს,
სანამ სრულად არ გაჰქრება!..
და ცოდვაა ამისთანა
მტკიცე ხალხის აოხრება!..“
ეს ბრძანა და სარდლებს უთხრა:
„შეაყენეთ სისხლის ღვრაო!
მზემან შუქი მომაფინა…
ვნება გულის დამიცხრაო!“
- „მხეცი იყო შაჰ-აბაზი
და პირუტყვი იმ დროს ერი,
მაშინ ყველა იტანჯოდა,
და დღეს კი ვართ ბედნიერი.
„აღარც ომი, არც სისხლის ღვრა,
არც ტყვეობა, არც ბორკილი!..
და რად ვიტკენ უტკივარ თავს,
ცხოვრება მაქვს როცა ტკბილი?“
ამგვარ პასუხს იძლევნება
დღევანდელი ჩვენი ქალი!..
იყურება და ვერ ჰხედავს,
გახელილი თუმც აქვს თვალი.
აბა, ჰკითხე: ვისთანა ჰყავს
და როგორ ჰზრდის თავის შვილებს?
უზრდელობად ჩამოგართმევს,
უპასუხოდ გაგაწბილებს.
შვილი მიტომ გააბარა,
თვითონ მასზე არ იფიქროს;
თავს ვერ ართმევს სხვა საქმეებს,
ვერ დაჰკარგავს უბრალოდ დროს:
დავიზიტობს, ბალში დადის,
ხელოვნებას ვერ დასტოვებს:
თაყვანსა-სცემს, გრძნობით სავსე,
ლოდებსა და ტარტაკოვებს!
III
ქალებმაც რომ გვკითხონ კაცებს:
„თქვენ რაღა ხართ, ჩვენ რომ გვწუნობთ?
განა თქვენ-კი ცხოვრებაში
ჩვენზე ნაკლებ მაიმუნობთ?
„ცოლს რომ ირთავთ, რას დაეძებთ:
მეგობარს და. შვილის მშობელს?
თუ ფულსა და პროტექციას,
სინიდისის დამამხობელს?
„როდის იყო, რომ მოგწონდათ
და ეტრფოდით მუშა-ქალებს?
თქვენვე არ სდევთ ბუზ-პეპელებს,
ვერ აშორებთ გულს და თვალებს?!
„თქვენ არა ხართ, რომ გვიჩვენებთ
შავს თეთრად და თეთრს-კი შავად?
უთავბოლოდ თუ ვირჯებით,
იმიტომ, რომ ვერ გცნობთ თავად!“
ეს რომ გვკითხონ, რაღა გვეთქმის?
ჩავიგუბოთ პირში წყალი!
წავიყრუოთ და ჩვენს საქმეს
ავარიდოთ ჩვენვე თვალი!..
თორემ აღარ მოხერხდება
ჩვენის თავის გამართლება,
და დრომაც რომ გვიკიჟინოს,
ღირსი ვართ და გვემართლება!
გული მწყდება, მაგონდება
სიყმაწვილე გადასული!..
სხვაგვარ ვგრძნობდით, სხვას ვფიქრობდით,
სხვანაირად სძგერდა გული.
ჩვენ ვიყავით უცხო მხარეს
თავმოყრილი ერთად, სრულად:
ვამზადებდით ქვეყნისათვის
თავს მოწამე-მოციქულად.
ჩამოვედით: ვიწყეთ ბრძოლა,
მივიტანეთ იერიში;
არ გვქონია სხვისი რიდი,
არც გვდებია გულში შიში,
სანამ ბედმა უკუღმართმა
არ დაგვსეტყვა, არ დაგვმეხა,
და სურვილით სავსე გული
უდროოდ არ გაგვიტეხა.
მაშინ მხოლოდ ცხოვრებამაც
შეგვიტოპა... შეგვითრია!..
და მას შემდეგ შრომის ოფლი
ქვეყნისთვის არ დაგვიღვრია.
და რაღა ვართ? დღეს სულ სხვა ვართ,
გადვიქეცით მხოლოდ ენად,
მოყვრის გულის მოსაკვლელად
და მტერების მოსალხენად!
„ჭამა გვინდა და სმა გვინდა!“
აი ჩვენი საჩივარი!..
არ ვფიქრობთ, რომ ღორმუცლობას
არც ზომა აქვს, არც საზღვარი.
საზრდო უნდა კაცს იმდენი,
რომ განაგრძოს მუშაობა,
და, მეტისმეტს ვინც დაეძებს,
თანვე ახლავს პირშაობა!
მაგრამ, ჰეი, ვინ არ სცდილობს,
რომ კარგად ჰსვას!.. კარგად სჭამოს!..
ჩაიცვას და დაიხუროს...
თვალსა და გულს ასიამოს?
ამ სურვილებს ვერ ასცდება
ვერც ძველი და ვერც ახალი!
თითქოს მხოლოდ ესღა იყოს
ცხოვრებაში ჩვენი ვალი!
მაგალითად გინდ ავიღოთ
იმერელი კიკოლიკა:
მოციქულად მზადდებოდა,
ადვოკატად გაიტლიკა!
დღეს დასცინის თავის წარსულს!..
შეცდომად სთვლის! სხვებსაც სძრახავს!
გარეულებს შეურიგდა,
შინაურებს აძრობს-რა ტყავს!..
ქურქს იკერავს! აღარ სცივა,
ემატება შნო და ძალა;
ხალხსაც მოსწონს და ტაშის-კვრით
შესძახიან: „ბარაქალა!“
იქ რომ მივწვდით კიკოლიკას,
ქართლშიც ვნახოთ ტეტიკელა;
პირობა და შორი აღთქმა
დაავიწყდა ჩვენში ყველა!..
„ამყოლს აჰყევ, ჩამყოლს ჩაჰყევ“ -
დღეს ეს არის მისი მცნება;
ჩაბმულია სხვის ფერხულში
და მაღალს ბანს ეუბნება!
კაკალს შოვობს და ქვაც მზად აქვს,
დროზე ჰკრეფს და დროზე ამტვრევს!..
სათვალთმაქცოდ მღვრიეს სწმენდავს,
მაგრამ უფრო წმინდას ამღვრევს,
რომ თევზები წმინდა ბადით
უფრო მარჯვედ დაიჭიროს,
უმასპინძლოს მუქთახორას,
გულუხვობით გააკვიროს,
და იმისი დახმარებით
ხმა გაიგდოს, ისახელოს;
იბურთაოს ცხოვრებაში,
გადაავლოს ბურთი ლელოს!..
ბრბო რას ამბობს? რა უნდა სთქვას?
შენატრის მის ხერხს და ძალას!
მაგალითად მიაჩნია
და შესძახის „ბარაქალას!“
მხოლოდ ერთი ფეხშიშველა,
კუჭ-და-მუცელცარიელა,
მას უყურებს მწუხარებით
მეწალკოტე ტარიელა.
ხან იცინის ნაღვლიანად,
ხან ცრემლებს ჰღვრის მწუხარებით,
და გულში-კი ასე ჰფიქრობს
გამოცდილის დაკვირვებით:
„ხეს როდესაც დაჰკრავს სუსხი,
უმალ წვეროს დააჩნდება,
გაყვითლდება ნელა-ნელა
და ფოთლებიც დასცვივდება!..
დროზე უნდა მიშველება,
რომ არ გახმეს ძირიანა;
გადასხეპვა ეჭირვება,
წამალია მისი - დანა!“
IV
ცხოვრებისთვის რაც კარგია,
შეგნებული მაქვს მეც სრულად,
მაგრამ რა ვქნა, ვერ გავხდები
ღორმუცლების მზარეულად.
არ ვარგივარ საპირადოდ
არც მტერსა და არც მოყვარეს:
უპურღვინოდ რომ მხედავენ,
ქვა და გუნდა მომაყარეს.
მაგრამ რა ვქნათ? ცრუ სოფელმა
სხვა-კი ვინმე გაახარა,
თუ არ ქლესა, ენატკბილი,
და საქმით-კი მატყუარა?
და რას მარგებს მაშ მე ქვეყნის
აყოლა და ყურის გდება?
რასაც ვფიქრობ და დავეძებ,
ოდესმე ხომ გამართლდება?
ჩემ სურვილსა და ჩემ შრომას
დღეს თუ არ აქვს გასავალი,
(სულ კუჭი ხომ ვერ იმეფებს?)
სად წაუვა მომავალი?
როცა მუშა ჰხნავს და სთესავს,
ხორბალს აბნევს... აღარა სჩანს...
მაგრამ მოვა დრო და თესლი
ერთხელ ნაყოფს გამოიტანს.
სიტყვა იგივ თესლი არის,
ნორჩი გული - მიწა-ხნული,
და აბიბინ-ამწვანდება,
რომ მოუვა გაზაფხული.
თუმცა მე-კი ვერ მივაწევ,
ვეღარ ვნახავ მწიფე სამკალს
და სხვა ვინმე ჩემ ნათესზე
ატრიალებს მღერით ნამგალს.
დაივიწყებს, მოლხენის დროს,
მამა-პაპის დროს გადასულს
და აღარც-კი მოიხსენებს
მხვნელისა და მთესველის სულს.
მაგრამ შრომა, ლოცვასავით,
თავისთავად ცამდი ადის,
როგორც სანთელ-საკმეველი
ქვეყნის შვება-სიდიადის.
ეს მამხნევებს, მანუგეშებს!..
ეს მიმთელებს გატეხილს გულს
და აფერად-აფრთოვანებს
ჩემს სიხარულს და სიყვარულს!
სიყვარული სიხარულს შობს,
სიხარული - შვება-ლხენას
და ორივე კი ფრთებს ასხამს -
საოცნებო აღმაფრენას.
აღმა მფრენი დაბლაც ხედავს
უფრო ნათლად, უფრო დიდად!
ქვეყნის ჭირი, ქვეყნის ლხინი
წინ მიუძღვის გზად და ხიდად.
ჩემი ქნარიც აღმაფრენი,
ხან ზარს ამბობს და ხან ზევსურს,
დღეს-კი ბოდავს და, ვაფრთხილებ,
ყურს ნუ უგდებს, ვისაც არ ჰსურს.
მა რა არის, თუ არ ბოდვა,
ეს სიმღერა გადაკრული...
და დარიან-ავდრიანი,
როგორც მარტის გაზაფხული?
დიახ, ვბოდავ, ცეცხლში ვიწვი
და არც ველი სხვისგან შვებას,
მაგრამ ისეც, ჩემდა თავად,
არა ვკარგავ სასოებას.
რკინას ცეცხლი აფოლადებს,
ადამიშვილს - განსაცდელი,
თვით ცხოვრება არის ბრძმედი
და განგება გამომწველი.
რა არის, ვინც ვერ აიტანს
ამირანის გასაჭირსა!
თქმულა: „ჭირში გამაგრება
ისე უნდა, ვით ქვიტკირსა!“
ჩვენც ნაშთი ვართ ამირანის,
მომავალით სულჩადგმული,
და სიმბოლოდ დაგვესახა
გულზე რწმენა ეროვნული.
ქვაკუთხედი არის მისი
ენა, რჯული და ელფერი,
ბუნების და ისტორიის
შენათხზი და შესაფერი.
ვინც უარჰყოფს ან ერთს მათგანს
და უცარავს უკუღმა ბედს,
პილატეა, ან იუდა,
და უარჰყოფს თვით შემოქმედს.
ვერ ვიწამებ მოციქულად
მე იუდა გამცემელსა!
ვერც მივბაძავ პილატესა,
არ გავიბან მე წყლით ხელსა!
რასაცა ვგრძნობ, კიდეც ვამბობ...
რასაც ვამბობ, მას ვასრულებ;
და ამისთვის, ახალგაზდავ,
მტრულის თვალით რად მიყურებ?
ყმაწვილი ხარ, ჯერ ვერა ხარ
ცხოვრებაში გამოცდილი
და არ იცი, როგორ ჰფარავს
კაცის შავ გულს - თეთრი კბილი.
მეც შენს ხანში ეგრე ვიყავ,
ვერ ვარჩევდი ავსა და კარგს;
სიბრიყვეს და სისულელეს
უნებურად ვაძლევდი ხარკს.
წმინდას გულით, წრფელის სულით
ვლოცულობდი ქუდმოხდილი,
მაგრამ მაინც ბევრჯელ შევცდი,
რომ არ ვიყავ გამოცდილი.
ზოგი ვაქე არა-ღირსი,
ზოგიც დავჰგმე უსამართლოდ,
და ვიდოდი უსწორ-მასწორ,
როგორც ბნელში, უსინათლოდ.
სანამ ბოლოს დრო და ხანმა
თვალები არ ამიხილა
და სიმართლე-სიმტყუნეზე
თანასწორ არ გამაფრთხილა.
ახლა ვიცი, სად რა არის,
ვინ რა არის და როგორა?
კმარა, რაც რომ სიყმაწვილემ
შემაცდინა, მომაღორა.
არ მწამს სიტყვა ცარიელი,
სათვალთმაქცო მძულს მე წერა.
საქმე... საქმე, მხოლოდ საქმე!
როცა ვხედავ, ეს-კი მჯერა.
მაგრამ ჩვენში საზოგადოდ
არ იგლეჯენ შრომით კალთას;
გარბიან და გამორბიან,
ზოგი ალთას, ზოგი ბალთას.
სხვაგან სადმე სხვის ნათქვამსა
ყურს რომ მოჰკვრენ ჭორივითა,
შინაურებს ერევიან
„ოთოთაანთ ქორივითა“.
ეს მარქსობს, ის გარიბალდობს,
ის კეისრობს და ეს ბრუტობს;
ნამდვილ საგანს-კი ვერც ერთი
ვერა ხედავს, ყველა ბრუტობს.
და ბრუტიან მეთაურებს
ვინღა მოსთხოვს გზის სისწორეს?
იქით-აქეთ უგზო-უკვლოდ
ედებიან ღობე-ყორეს.
უმეცრებამ სძლია ცოდნას,
დაიმონა კუჭმა გული!
ფარისევლის ლოცვად გახდა
„სამშობლო“ და „სიყვარული“.
„ვეღარა სცნობს ძაღლი პატრონს“,
აირია გზა და კვალი,
მაგრამ მაინც კიდევ ნათლად
თვალ-წინ გვიდგას მომავალი.
ის გაჰფანტავს დღევანდელ ბნელს,
გამოაჩენს მრუდეს და სწორს
და კიდევაც განასხვავებს
იუდას და პეტრეს ამბორს.
მაშინ-კი ჩვენც დავინახავთ
დღეის საქმის მეთაურებს!
და სიმართლით გამოვუზომთ
სანაქებო თვალს და ყურებს.
[1889-1892-1902 წ.]
ბოდვა (I, 394). დაიბეჭდა 1889-1902 წ.წ.
- მე-II და III თავი დაიბეჭდა გაზ. ივერიაში 1889 წელს 19 და 26 ნოემბერს (№№247 და 252). - I, II და III თავები - თხზულებანი, II, 1893 წ. (ცენზურის ვიზა 1892 წ. 18 დეკემბერი). - მე-IV თავი - გაზ. ივერიაში 1902 წ. №202 (- აწერია თავი VI. მაგრამ ეს სჩანს კორექტურის შეცდომაა ნაცვლად IV-ისა). -
![]() |
3.29 1890 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.29.1 მუშის ნატვრა |
▲ზევით დაბრუნება |
ვისაც რა უნდა უყვარდეს,
სულ სხვაა ჩემი ტრფიალი:
მიყვარს პირწმინდა ნამგალი,
მისი ყანაში ტრიალი!..
თავი მოუკვდეს ზოგიერთს:
რომ იტაცებენ სხვისასა...
საწყალ კაცს ჯიბეს აჭრიან,
ურცხვად ივსებენ ქისასა.
ქორი ვარ, სხვას რომ მოვსტაცო?
რად გავიშავო პირი მე?
გარს შემოვევლე ჩემს გუთანს!
ჩემი სახნისის ჭირიმე!
რად დავიბნელო სიხარბით
სამიწე წუთის თვალები?
ხერხსა, ხელეჩოს, სატეხსა,
ნაჯახ-ცულს ვენაცვალები!..
რაც ჩემი ურმის არ არის,
სახლში არ შემიტანია!
ღმერთმა მაშოროს, რაც ჩემის
ოფლით არ გამიბანია!
ბედს არ ვემდური, ღმერთს ვმადლობ!
თავი არ მომაქვს საკვეხნად,
თავდებად მაღლა ზეცა მყავს
და დედამიწა ამ ქვეყნად.
ვისაც ვინ უნდა უყვარდეს,
მე სულ სხვისა ვარ ტრფიალი,
სანამდის მადლით დამყურებს
საშვილიშვილოდ ღვთის თვალი.
[1890 წ.]
მუშის ნატვრა (I, 410). დაიბეჭდა 1890 წ.
- თეატრი 1890 წ. 28 იანვარი №5. || თხზულებანი, II. 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I. 1908 წ. || რჩეული ლექსები II და III 1908 და 1912 წწ. (ბოლო ორი სტროფი აკლია). || ავტოგრაფი XXIII,6. -
![]() |
3.29.2 ბოდვა (ერთი რამე შემინიშნავს...) |
▲ზევით დაბრუნება |
ერთი რამე შემინიშნავს,
მაგრამ ჩუმად გეტყვით ყურში:
ჩვენში თურმე ბევრი არის
კაჭკაჭი და თუთიყუში.
სხვისი აზრით მოაზრე და
სხვისი სიტყვით მოუბარი,
ვით ბრძენი და მჭევრმეტყველი,
აბა ჩვენში ვინ არ არი?
ერთი ნახვით ვერ შეატყობთ:
იჩენს გრძნობა-გონებასა,
რადგანც, ვითომ თავის ბარგად,
ატარებს სხვის ქონებასა.
და, თუ ნახეთ მეორედაც
ის ნასწავლი საოცარი,
თუთიყუში გამოდგება,
წარა-მარად მოუბარი.
[1890 წ.]
ბოდვა („ერთი რამე შემინიშნავს“), (I, 412). დაიბეჭდა 1890 წ.
- თეატრი 1890 წ. 3 თებერვალი №6. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ავტოგრაფი XXIII,8. -
![]() |
3.29.3 შობა |
▲ზევით დაბრუნება |
ვუძღვნი პატარა ილიკოს
აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი „სჯულის ცნობისა“,
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
გაჰკვირდენ ვარსკვლავთმრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება...
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.
ჰფიქრობდენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდენ ქებათ-ქებასა.
გაჩერდა ბეთლემს მნათობი,
ქვაბზე სხივები დაჰფინა.
სთქვეს მოგზაურთა: „აქ არის
ახალშობილის, სჩანს, ბინა!“
შევიდენ, ნახეს მწოლარე
ბაგაში საკვირველი ყრმა.
ნაცვლად „მზე შინის“ ისმოდა
ანგელოზთ საამური ხმა!
ხედავენ ღარიბ სახვევში...
არსად სჩანს ხოჭიჭ-აკვანი!..
დაემხვენ მის-წინ მორჩილად,
სასოებით სცეს თაყვანი.
ოქრო, გუნდრუკი და მური
შესწირეს ახალშობილსა
და უგალობდენ სიმდაბლით
საგალობელსა წყობილსა:
„დიდება ყოვლის შემოქმედს!
დიდება მისსა მცნებასა!..
დიდება ქვეყნად მაცხოვრის
ხორციელ მოვლინებასა“!..
[1890 წ.]
შობა (I, 413). დაიბეჭდა 1890 წ. ლექსს დართული აქვს მიძღვნა: „ვუძღვნი პატარა ილიკოს“.
- თეატრი 1890 წ. 3 თებერვალი №6. || თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.29.4 ნათლისღება |
▲ზევით დაბრუნება |
კურთხეული კიდით-კიდე
მადლით ღელავს იორდანე,
შიგ სდგას ერი და ნათელს-სცემს
ერთად წმინდა იოანე.
არემარეს, იქ მღელვარეს,
მიმოავლო ლოცვით თვალი
და იხილა შორით სერზე
მგზავრი მშვიდად მომავალი.
ერს შეჰყვირა: „აჰა, მოვალს! -
და უჩვენა მგზავრი თითით, -
მე ნათელს-ვსცემ მხოლოდ წყლითა,
ის ნათელს-სცემს სული-წმიდით!“
მოახლოვდა მგზავრი, მდაბლად
მოიკითხა იოანე...
უთხრა: „მოველ ნათლის-ღებად,
მეც გამწმინდე და გამბანე!“
ჩადგა წყალში იოანე,
ნათელს-სცემდა წმინდა წყლითა
და იმავ დროს მტრედის სახედ
გადმოვიდა სული-წმიდა.
[1890 წ.]
ნათლის-ღება (I. 415). დაიბეჭდა 1890 წ.
- თეატრი 1890 წ. 3 თებერვალი №6. || თხზულებანი, II, 1893 წ. || ავტოგრაფი XIX,10. -
![]() |
3.29.5 მუშები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიჭო, მამალმა იყივლა,
აპირებს გათენებასა!..
მუშა ხარ, მეტს ძილს ერიდე,
როგორც ჭირსა და სნებასა!
თორემ თუ თავი წაგართვა,
დაგაბეჩავებს ტიალი,
დაგავიწყდება გუთანი,
თოხი და ნამგლის ტრიალი!
ცისკრის ვარსკვლავიც კაშკაშობს -
ის ხომ თვით უფლის თვალია! -
დაჰხარის მუშას, როცა ის
საქმეზე მიმავალია.
ადექი, ღმერთი ახსენე,
დავხედოთ იმ ჩვენ ყანასა!
გულგასავსებად დანამულს
ნიავი უმღერს „ნანასა“!
[1890 წ.]
მუშები (I, 416). დაიბეჭდა 1890 წ.
- თეატრი 1890 წ. 11 თებერვალი №7. || თხზულებანი. II, 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || ავტოგრაფი XIX,17 და XXIII,7. -
![]() |
3.29.6 სახსოვარი დ. ბაქრაძის |
▲ზევით დაბრუნება |
სამაგალითო ცოდნასთან შრომა
და სიყვარულით ავსილი გული,
აი ვის ჰქონდა ჩვენში უტყუვრად
შეთვისებულ და მინიჭებული.
დადუმდა ბაგე მართლის მეტყველი,
გულზე დაეჭდო მშრომელი ხელი,
ნათლით მოსილსა, ნათლის მძებნელსა,
ამიერიდან დაჰფარავს ბნელი.
მაგრამ დაჰფარავს მხოლოდ მარტო გვამს,
და სახელი-კი, ერთად მის ღვაწლთან,
ნათლის სხივებით შენაკავშირი,
როდი ჩაჰყვება სამარეში თან.
ის აქ დარჩება საშვილიშვილოდ,
ვითა თვით რჯული! ვით წმინდა მცნება!
და ყველას გულზე დაგვეხატება
სამარადისო მაგის ხსენება.
მშვიდობით, ძმაო; ვით სოფლის მუშას
გადახდილი გაქვს ამ სოფლის ვალი,
და შენსა აწმყოს, შენსა წარსულსა,
დააგვირგვინებს თვით მომავალი.
1890 წ.
სახსოვარი დ. ბაქრაძის (I, 417). დაწერილია ისტორიკოსის დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო, 1890 წელს.
- ავტოგრაფი XIX,11. -
![]() |
3.29.7 არწივი |
▲ზევით დაბრუნება |
გალიაში ზის არწივი,
ვეღარ ახერხებს ნავარდსა;
ვეღარც სჭვრეტს ატეხილ ჭალებს,
ვერც ყნოსავს ია და ვარდსა.
ტანჯვით იგონებს იმ ძველ დროს,
როცა თავს აჯდა იალბუზს
და ქვემოთ მავალ ცხოველებს
ოდნავ ჰხედავდა, ვითა ბუზს;
ცის სიახლოვით ამაყი,
ძირს ეშვებოდა შურდულად,
სხვებზედ პირდაპირ მიმსვლელი
თვით დაიჭირეს ქურდულად.
გალიაშია მზებნელი
მარტოდ-მარტოკა ის ობლად,
და, იქვე ჯირკვზე მიბმული,
ბაიყუში ჰყავს მეზობლად.
[1890 წ.]
არწივი (I, 418). დაიბეჭდა 1890 წ.
- ჯეჯილი 1890 წ. №3. (ცენზურის ვიზა 7 აპრილს). -
ჯეჯილში დაბეჭდილ ტექსტს მიწერილი აქვს: „თარგმანი რუსულით“. ნამდვილად კი ლექსი ორიგინალურია; ლექსი გამოცხადებულია თარგმანად - ცენზურის მოსატყუებლად, და ავტორს მიუღწევია კიდეც მიზნისათვის, ცენზურას ნება დაურთავს ლექსის დაბეჭდვისა.
ლექსი დაწერილია გორში. იხ. ამ ლექსის შესახებ ცნობა სოფრომ მგალობლიშვილისა (მოგონებანი, 1938 წ., გვ. 155-156, 177).
![]() |
3.29.8 ექსპრომტი |
▲ზევით დაბრუნება |
(თქმული ერნესტო როსსის პატივსაცემად)
ოცნებით ვკითხე შექსპირის აჩრდილს:
„შენ ხარ მთავარი, მგოსანთ უფროსი,
მაგრამ ვერ მივწვდით შენს მაღალს აზრებს
და ვინ აგვიხსნის?“ - „ერნესტო როსსი!“
ესევე ვკითხე ხელოვნებასაც:
„წარსულთა დროთა, ანუ ამ დროსი
ვინ მიგაჩნია უკეთეს მოძღვრად?“
მანაც მომიგო: „ერნესტო როსსი!“
კაცებსაც ვკითხე, ვინც დღეს არიან
თაყვანისმცემი მხოლოდ ოქროსი,
და მათაც-კი სთქვეს, რომ „ოქროზედაც
სათაყვანოა ერნესტო როსსი!“
მაშინ ავიღე სასმო ქართულად
და უფროსის-წინ წავდექ უმცროსი,
რომ ვადღეგრძელო მამა-პაპურად
სახელგანთქმული ერნესტო როსსი!
1890 წ.
ექსპრომტი (თქმული ერნესტო როსის პატივსაცემად). (I, 419). დაიწერა და დაიბეჭდა 1890 წ.
- ივერია 1890 წ. 24 ივნისი, №133. || ავტოგრაფი VII,37. -
ლექსი მიძღვნილია სახელგანთქმული მსახიობის ერნესტო როსისადმი, რომელიც ტფილისში იყო ჩამოსული 1890 წელს. როსის პატივსაცემად გამართულ საღამოზე აკაკიმ მიმართა მას სიტყვით და აქ მოხსენებული ექსპრომტი-ლექსით.
![]() |
3.29.9 ლეგენდური |
▲ზევით დაბრუნება |
ღმერთმა ბრძანა: „მზე და მთვარე
ახლდეს თამარ დედოფალსო!
სხივს აფენდეს მის დიდ გვირგვინს,
უნათებდეს გზა და კვალსო:
წარსულსა ჰხნავს, აწმყოს სთესავს,
მკას უმზადებს მომავალსო, -
არემარემ თაყვანი-სცეს
ზეცის რჩეულს ნატვრის თვალსო!“
ვინ ეურჩოს ღვთის ბრძანებას?!
არ გასტყდება უფლის სიტყვა!..
დამორჩილდა არემარე,
გადგა მხოლოდ გურგანის ზღვა:
არად უჩანს დიდი მეფის
არც წყალობა, არცა რისხვა!
რას გულდიდობს, რად არ იცის,
მიადგება კარს განკითხვა?!
წარბი შეჰკრა დედოფალმა,
გაიშვირა მძლავრად ხელი,
ბრძანა ჯარის გამოწვევა:
ხელთ აიღონ ნამგალ-ცელი!
გადამკონ და გადათიბონ
მინდორი, ტყე, მთა და ველი!
თივა ურჩ ზღვას დააყარონ,
გაუკეთონ თავ-სარქველი.
„გაუხსენით ძარღვი ბაქოს,
გამოუშვით კუპრის წყარო!
მინდა ზეთი ჯოჯოხეთის
მოღალატეს დავაღვარო...
„ცეცხლი მივსცე, ამოვაშრო,
ბარით ძირი გავუთხარო.
თავმან ჩემმან, ჩემი ურჩი
არ ვაცოცხლო, არ ვახარო!“
ღვთის რჩეულის ბრძანებასა
მხოლოდ შმაგი ვერ მიხვდება!
იწვის კასპი კიდით-კიდე,
ალი მაღლა ცამდი სწვდება!..
გულდიდობა ყბედ-ღრიალას
სინანულში ავიწყდება,
შენდობას სთხოვს თამარ-მეფეს
და მოხარკედ გაუხდება.
[1890 წ.]
ლეგენდური (I, 420). დაიბეჭდა 1890 წ.
- ჯეჯილი 1890 №5. (ცენზურის ვიზა 21 აგვისტოს). || ავტოგრაფი XIII,27 (მე-XIX ავტოგრაფიდან).
![]() |
3.29.10 წერილი ქალაქელ ქალისა სოფლელ მეგობარ ქალთან |
▲ზევით დაბრუნება |
მომივიდა შენი წიგნი
მე ქართულად მონაწერი,
ვატრიალე აქეთ-იქით,
ვერ გავიგე ვერაფერი.
მივაშურე ჩემს მეგობრებს
და სიცილი დამაყარეს,
რომ ქართული არ იციან,
გულის წმინდით აღიარეს.
არ ვიცოდი რაღა მექნა,
აქეთ ვეცი, იქით ვეცი,
მაგრამ ბოლოს გამახსენდა,
და გადიას გადავეცი.
იწერები, როგორა ვარ,
ან დროებას ვით ვატარებ.
მოკლედ გეტყვი, არ მცალიან,
სრულ სიმართლეს აღვიარებ!..
რა გავიდა ქალაქიდან
და მოგვშორდა დუშკა ლოდი,
შენმა გაზრდამ, მე სიხარულს
არ ვფიქრობდი, არ ველოდი.
სევდა გულზე შემომაწვა
სისხლის მშრობი, ნაღვლის მწოვი,
მაგრამ ბედმა ულოდნელად
მოგვივლინა ტარტაკოვი.
არც ის შეგვრჩა დიდი-ხნობით,
გვეგონა თუ დავრჩით მარტო,
მაგრამ ღმერთმა შეგვიბრალა,
გაგვიჩინა რუბირატო.
სადაც კიდევ სხვაც დავურთო,
ჯერ არ ვიცი, რით შევამკო,
რადგანც კარგად ვერც-კი ვიცნობთ,
ახალია პერკუოკო.
ყველა ასე გავიძახით:
პერკუოკო, რუბირატო,
და კაცებიც ბანს გვაძლევენ:
პ-ე-რ-კ-უ-ო-კ-ო, რ-უ-ბ-ი-რ-ა-ტ-ო!
1890 წ., 20 დეკემბერი.
წერილი ქალაქელ ქალისა სოფლელ მეგობარ ქალთან (I, 422). დაწერის თარიღი: 1890 წ. 20 დეკემბერი1. დაიბეჭდა 1912 წელს.
- თემი 1912 წ. 26 მარტი №64. -
___________
1. გრ. დიასამიძე, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ლექსი, გადმოგვცემს: „ლექსი - „წერილი ქალაქელ ქალისა სოფლელ მეგობარ ქალთან“ დაწერილია ექსპრომტად მამი-ჩემის ნიკო დიასამიძის სახლში 20 დეკემბერს 1890 წელს, სადარბაზო ბაასის დროს“ (თემი, 1912 წ №64).
![]() |
3.29.11 ტ. ბაგრატიონის ალბომში |
▲ზევით დაბრუნება |
ნინოს, თამარს და ქეთევანს
არ სცოდნიათ სკვითის ენა,
მაგრამ მითი არ კლებიათ
ღირსება და ნიჭი ზენა.
და ჩვენს დედებს, მათ მიმდევრებს,
წუნს ვერ სდებდა ვერა მტერი!..
მათით იყო საქართველო
ძლიერი და ბედნიერი.
დღეს მსგავსები ძვირად სჩანან
სანუგეშოდ და იმედად:
ცოლს ცოლობას ვერვინ ატყობს
და ვერც ვინ სცნობს დედას დედად.
რად დამცირდა? ვინ დაჩაგრა
დღევანდელი ქართვლის ქალი?
მხოლოდ მან, რომ სხვაგვარია
დღეს იმისი იდეალი.
სკვითის ენა, სკვითის ქცევა,
მეგობრადაც ვინმე სკვითი...
ვისურვებ, რომ აგცდენოდეს
შენ ეგ სხვისი მაგალითი.
[1891 წლამდე]
ტ. ბაგრატიონის ალბომში (I, 424). დაწერილია 1891 წლამდე. პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფები: XIII,8; XXII,34; XXVI,13; VII,21. -
![]() |
3.30 1891 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.30.1 ნინოობას |
▲ზევით დაბრუნება |
იტირე, მიწავ სამშობლოვ!
ზარი აუშვი, ზეცაო!
ისტორიულმა ღვთის რისხვამ
დღეს ჩვენთვის იორკეცაო!..
ენაც წაგვართვეს და რჯულიც,
ნათელი რამღა გვფინოსო?
„თამარ“ მონათლეს „ფამარად“,
„ნინა“ დაგვირქვეს ნინოსო!
სად არის კუბო თამარის,
ქვეყნისგან ნაამბორისა?
ვის ხელში არის საფლავი
ნინო მოციქულთ-სწორისა?..
სადღაა ჯვარი ვაზისა,
შეკრული წმინდის თმებითა?
დასდუმდა მისი ტროპარიც,
ქართულის კილო-ხმებითა!
ქრისტეს სახელით ქრისტეს რჯულს
წვალება შემოერია
და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე
„ქართველი“ აღარ სწერია.
ვიტიროთ?!.. არა! ვაჟკაცსა
არ შვენის ცრემლით გლოვანი!..
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი“!
18…
ნინოობას (I, 425). დაწერის თარიღი 1891 წ.1 დაიბეჭდა 1910 წელს. ეს ლექსი მეორე სათაურსაც ატარებს: „გლოვა“.
- განათლება 1910 წ. №1. || ავტოგრაფი XV,4. || ავტოგრაფი XVIII,18. || ავტოგრაფი XXII,8. - განათლებაში დაბეჭდილ ტექსტში და ავტოგრაფებში XVIII და XXII არ არის პირველი ორი სტროფი. -
_____________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია XV ავტოგრაფში.
![]() |
3.31 1892 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.31.1 ხალხური |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყანამ ეთერს შვენებით
თამარი ამჯობინაო:
მიუვალ ადგილს, კლდის წვერზე
მას დაუნიშნა ბინაო!
სანთლად დაუნთო ვარსკვლავი,
ცა საბნად დაახურაო;
შვიდასი წელი შორიდან
იმედით უთვალყურაო!
აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი ბეთლემისაო;
ნიშანი ახალ აღთქმისა,
წინამორბედი ღვთისაო.
მზეს ედრებოდა სიცხოვლით,
სინაზით სავსე მთვარესო,
უცნაურ სხივებს აფენდა
ოთხ-კუთხივ ყოველ მხარესო.
მივიდა, ბოყვას1 გაჩერდა,
სადაც ამბობენ თამარსო;
ძველს საყდარს დაქათქათებდა,
სხივებს აფენდა მას გარსო.
წამოდგა მზეთუნახავი,
სთქვა: „დიდხანს მძინებიაო!..
სანამდი ვიყავ მღვიძარი,
არავის მშინებიაო...
„მაგრამ ღალატმა ბოლოს დროს
პირბადე დაიფარაო:
მტერი მომადგა მოყვრულად
და ბანგი შემაპარაო.
„დღეიდან მმართებს ფხიზლობა,
მეყო ამდენი ძილიო!..
სამოურავო ჩემია:
ღვთისმშობლის ხვედრი... წილიო!“
ქვეყანამ ეთერს თამარი
ტყვილად არ ამჯობინაო:
ცაში აქვს სამარადისო,
აქ - საუკუნო ბინაო.
[1892 წ.]
_____________
1. სოფელია რაჭაში. (ავტორის შენიშვნა).
ხალხური („ქვეყანამ ეთერს მშვენებით...“), (I, 426). დაიბეჭდა 1892 წ.
- ჯეჯილი 1892 წ. №5 (ცენზურის ვიზა 29 სექტემბერს). -
![]() |
3.31.2 სატრფოს |
▲ზევით დაბრუნება |
მშვენიერო, შენ გეტრფი,
შენი მონა, ერთგული!
შენთვის სულდგმულს, შენგანვე,
შენთვის მიძგერს ეს გული!
მეგულები ციხეში,
ცხრაკლიტულში მჯდომარე...
შეთვისებას გიპირებს
გაიძვერა მოყვარე!
ტკბილად გაჭმევს, ტკბილს გასმევს,
შეზავებულს ბანგითა,
დედის ხმაზედ გიმღერის
დედინაცვლის ჰანგითა.
გაუფრთხილდი! ნუ გჯერა
მაგის ტკბილი ნანინა,
შენზე წინათ სხვაც ბევრი
მოხიბლა, შეაცდინა!
გაუმაგრდი განსაცდელს,
აიტანე ტყვეობა!
გშვენის ნესტან-დარეჯნის
მაგალითი... მზეობა.
ტარიელი დაგეძებს,
გავარდნილი დღეს ველად;
ავთანდილიც ფრიდონით
მოდის გამოსახსნელად!..
რომ სისხლი და ცრემლები
მსხვერპლად შენ-წინ დაღვაროს!..
აქ ცოცხლებს სცეს ნუგეში
და იქ მკვდრები ახაროს.
[1892 წ.]
სატრფოს (I, 428). დაიბეჭდა 1893 წ. (ცენზურის ვიზა 1892 წ.).
- სალამური 1893 წ. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები II და III 1908 და 1912 წ. (სათაურით: „სამშობლოს“. აკლია მე-2 და 7 სტროფი).
![]() |
3.31.3 ხალხური (ალვის-ხე აყვავებულა...) |
▲ზევით დაბრუნება |
ალვის-ხე აყვავებულა,
აშვენებს არემარესა;
გარს იხვევს ქვეყნის შვენებას,
თავს ივლებს მზე და მთვარესა.
„ეს შენ ხარ აკოკრებული,
მზეთუნახავო თინაო!
მშვენიერებამ შეგამკო,
ცით მადლი გადმოგფინაო!“
ზედ უკვდავების წყალი სდგას,
ფიალი, თვალის მომჭრელი!..
გრძნობა-გონებას იტაცებს,
არ ეკიდება კი ხელი!
„ეგ, ქალო, შენი გულია,
შიგ გრძნობა ნაგუბარიო;
არ ეკარება ჯერ ტრფობა!..
შორს არის მეგობარიო!“
ალვის-ხეს მგზავრი წაატყდა,
მგოსანი აღელვებული;
თავი შესწირა სამსხვერპლოდ,
საკურთხად დაუდგა გული.
და იწყო ლოცვა-კურთხევა,
ჩანგზე დაჟღერა... დაჰკვნესა;
ცეცხლს ანთებს... კაჟი მონახა,
ნაპერწკლებსა ჰყრის... დაჰკვესა.
„ეგეც ხომ შენი ბედია,
ზვარაკი შენი გულისო;
მგოსანი ტრფიალებისა,
დამკვესი სიყვარულისო.“
ალვის-ხეს ალი მოედვა,
მაგრამ ხე ჰყვავა, არ ხმება!..
რა უცნაური ცეცხლია,
რომ ნამდვილს არ ეთანხმება!..
„ეგ ალი ტრფობის ალია,
ტკბილად... უცეცხლოდ მწველიო,
სულით სჩანს, გულით იცნობა,
არ ეკიდება ხელიო!“
ალვის-ხე აყვავებულა,
აშვენებს არემარესა!..
შეყვარებული თინათინ
ამეტებს მზე და მთვარესა.
[1892 წ.]
ხალხური („ალვის ხე აყვავებულა“), (I, 429). დაიბეჭდა 1893 წ. (ცენზურაში წარდგენილია 1892 წ.).
- სალამური 1893 წ. (ცენზურის ვიზა: 1892 წ. 12 დეკემბერი). || კვალი 1893 წ. 7 მარტი №10. -
![]() |
3.31.4 ხალხური (მინდვრად ეგდო თეთრი ქვა...) |
▲ზევით დაბრუნება |
მინდვრად ეგდო თეთრი ქვა,
დავჰკარ ხელი, თან ამყვა...
ქალო, შენი სიყვარული,
სადაც წაველ, თან წამყვა.
ქვა უბეში ჩავიდევი,
დამამძიმა, დამძალა!..
ქალო, შენი სიყვარულიც
გამწარდა, ვით სამსალა.
ქვა ავიღე, გადავაგდე,
მივუმატე ძველ ყორეს...
ქალო, შენი სიყვარულიც
გადვულოცე მეორეს!
იმ ქვას წვიმა დაასველებს,
ცრემლები - შენს სიყვარულს...
მაგრამ წვიმა ქვას ვერ ალბობს
და ცრემლები კაცის გულს.
[1892 წ.]
ხალხური („მინდვრად ეგდო თეთრი ქვა“), (I, 431). დაიბეჭდა 1893 წ. (ცენზურაში წარდგენილია 1892 წ.).
- სალამური 1893 წ. (ცენზურის ვიზა: 1892 წ. 12 დეკემბერი). || კვალი 1893 წ. 21 მარტი №12. || აკაკის კრებული 1898 წ. №12. || ავტოგრაფი XIX,13. -
სალამურში დაბეჭდილი ლექსი მთლიანად შვიდმარცვლოვანი წყობით არის დაწერილი (იხ. ვარიანტებში, ტ. II, გვ. 608).
![]() |
3.31.5 გულის პასუხი |
▲ზევით დაბრუნება |
ცრემლში მილესავს ნაღველი
და მელნად ის მიხმარია!...
შიგ თაფლი არის ნარევი
და ზოგად ცხარი ძმარია!..
ზოგს ეტკბილება, ზოგს არა,
მაგრამ რა ჩემი ბრალია?
ბულბული ვარდს და ეკალზე
თანსწორად მომღერალია!
[1892 წ.]
გულის პასუხი (I, 432). დაიბეჭდა 1893 წ. (ცენზურაში წარდგენილია 1892 წ.).
- სალამური 1893 წ. (ცენზურის ვიზა: 1892 წ. 12 დეკემბერი). || თხზულებანი, I, 1893 წ. (ფაქსიმილე). -
![]() |
3.31.6 განთიადი |
▲ზევით დაბრუნება |
მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა...
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს...
მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:
„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!..
„ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.
„წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.
„გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო,
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად გამიხარეო!..
„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!..
„ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო...
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:
„დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!“
[1892 წ.]
განთიადი (I, 433). დაიბეჭდა 1893 წელს (ცენზურის ვიზა 1892 წ. 12 დეკემბერი).
- სალამური 1893 წ. || აკაკის კრებული 1898 წ. №7 და №12. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები, I, 1908 წ. || რჩეული ლექსები II და III, 1908 და 1912 წ. (ნაწყვეტი). -
აკაკის ამ უბრწყინვალესი პოეტური შედევრის პროლოგში მოხსენებული „თავდადებული“, „რაინდი ურჩი მტრისა“ - იგულისხმებს ტრაღიკულად დაღუპულს ქართველ მოღვაწეს დიმიტრი ყიფიანს.
![]() |
3.31.7 საღამო |
▲ზევით დაბრუნება |
ვარდი ჰფშვენს და ბულბული ჰსტვენს,
დაჰკაშკაშებს მოწმად მთვარე;
ვარსკვლავები ზე დაჰფეთქენ,
უთვალყურებს არემარე!
ქვეყნიერად გადმოსულა
სასუფევლით სიყვარული!...
იწვევს ყოველ სულიერსა,
რომ მიჰმადლოს სიხარული.
ცა და მიწას შეამყარებს
ბუნებისა ეს ქორწილი,
მაგრამ მე-კი... მხოლოდ მე ერთს
იმ ფერხულში არ მაქვს წილი.
სანამ ჩემი საყვარელი
ქაჯებსა ჰყავს ცხრაკლიტულში,
ვინ მაღირსებს სასუფეველს?
ჯოჯოხეთი მიძევს გულში!
[1892 წ.]
საღამო (I, 435). დაიბეჭდა 1893 წ. (ცენზურის ვიზა 1892 წ. 18 დეკემბერს).
- თხზულებანი, II, 1893 წ. -
![]() |
3.31.8 ქვეყნის ხმა |
▲ზევით დაბრუნება |
ერთმა ცხვარმა დაიბღავლა,
სხვებიც აჰყვენ, მისცეს ბანი;
ბღავიან და არ იციან
არც მიზეზი, არც საგანი.
არა შფოთვენ ანგარიშით,
არც შიშით, არც თავხედობით,
მხოლოდ ისე პირს აღებენ
ერთმანეთის წამხედრობით.
სწორედ ამგვარივე არის
მითქმა-მოთქმა სოფლიური,
და ის ცხვარი უნდა იყოს,
ვინც ათხოვოს იმას ყური.
[1892 წ.]
ქვეყნის ხმა (I, 436). დაიბეჭდა 1893 წ. (ცენზურის ვიზა 1892 წ. 18 დეკემბერი).
- თხზულებანი II, 1893 წ. || ავტოგრაფი VII,12. -
![]() |
3.31.9 ხოლერა |
▲ზევით დაბრუნება |
(მესტვირული)
I
ხოლერამ სთქვა: „ღვთის რისხვა ვარ,
სიკვდილის მოციქულიო;
მიქელ-გაბრიელს ვახლავარ
ერთგული ბოქაულიო,
როგორც მიმინო სამწყეროდ,
სულებზე გაწაფულიო!..
ვერც შემაშინებს მუქარა,
ვერც მომიყიდის ფულიო!..
მივალ, ქორივით ვებდღვნები,
თუ შემხვდა გაწირულიო;
ხორცს ცოდვილ მიწას მივუგდებ
და ცაში მიმაქვს სულიო!..“
II
დაბრძანდა ღმერთი მაღალი
სამსჯავროდ, გულმოსულია!..
ბრძანებს: „გაფუჭდა ქვეყანა,
ლამის დაჰკარგოს რჯულია!..
მხარე უქცია სწორე გზას,
მრუდე გზას მოარულია,
ვეღარ მოეგო გონებას,
არ იცის სინანულია...
მეყო ამდენი მოთმენა
და მეტი სიბრალულია!
ახლა-კი დროა ვაჩვენო
ძალი და სასწაულია:
აღარ დავზოგო გლეხკაცი,
დავსაჯო დიდებულია!
ქვეყნის მატყუარ ვაჭრებსა
ვეღარ უშველის ფულია!
ჩინოვნიკებიც დავჟლიტო, -
საქმე აქვსთ დახლართულია...
………………………………… “
ეს არის ზეცის სასწორი,
საქვეყნოდ დადებულია!..
III
შეიძრა ცა და ქვეყანა
ამ სიტყვით დიდებულითა,
ფეხზე აღარ დგას ეშმაკი
ჯოჯოხეთს სიხარულითა!..
ასტირდენ ანგელოზები
ამ ქვეყნის სიბრალულითა.
ის ჩვენი წმინდა გიორგი
სავსეა სასწაულითა, -
წინ დაუჩოქებს შემოქმედს
და ევედრება გულითა:
,,შენ გააჩინე ქვეყანა
ნებით და სიყვარულითა!..
დღეს რაღად გამოიმეტე
…………………………..
და რად უგზავნი ხოლერას
მახვილით გაბასრულითა?..“
IV
ბრძანა უფალმა: „გიორგი,
მაგრე რად შეგეშინდაო?
ქართლში გავგზავნე ხოლერა,
იქითკენ გადაფრინდაო,
შიგა და შიგან გამომკის,
თუ კარგად გამიწმინდაო!
ქართლი ღვთისმშობლის ხვედრია,
ძემ ღვთისამ დაიწინდაო;
ქეთევან მისთვის ეწამა
და ნინო მოუვლინდაო;
თამარსა მისი გულისთვის
სულ სისხლის ცრემლი სდინდაო,
და საუკუნოდ გაწირვა
იმისი არც მე მინდაო!..“
V
გიორგი ჰკადრებს: „დიდება
შენს სულგრძელებას, უფალო!
გინდა ბოროტი გააქრო,
კეთილი კეთილს უცალო!
მაგრამ ხოლერის შიში მაქვს,
ყრუ არის ის და უთვალო,
წარამარ დაეხეტება
უაზროდ, უგზო-უკვალო!..
ვაი თუ ბრალიანებში
გამოურიოს უბრალო!..
თუ შენი ნებაც იქნება,
მე გამისტუმრე, უფალო,
ვინც სასიკვდილე არ არის,
ხელიდან გამოვაცალო!..“
VI
„კარგიო, - ბრძანა უფალმა, -
ადექი, დაეჩქარეო!
კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდი
სულ ფეხ-ფეხ მოიარეო;
სადაც-კი შეგხვდეს ცოდვილი,
ხოლერას ჩააბარეო,
რომ ვეღარ ნახოს ნათელი,
დაბნელდეს მზე და მთვარეო!..
მაგრამ, თუ ნახო მართალი,
ზე კალთა დააფარეო;
გადაეც ჩემი კურთხევა,
ქვეყნადვე დაამყარეო!
ნუ გამოულევ სიმდიდრეს,
ცოლ-შვილში გაახარეო!..“
VII
მადლი შესწირა უფალსა,
წამოდგა გახარებული,
სხივებს გადმოყვა მაღლიდან
ნათლით პირ-გაბრწყინვებული;
დადის, დაეძებს მართალ კაცს,
გულ-და-გულ გაჩქარებული.
წინ შეეყრება დიდკაცი,
ყურთმაჯებ გადაგდებული, -
დღეს როგორღაცა ქვეითობს
მამა-პაპობით ქებული!.
არც სახითა ჰგავს წინაპარს,
აღარც ხორცი აქვს, არც სული!..
დროს აჰყვა, მაიმუნობით
დაჰკარგა ყმა და მამული.
მტრის საგულისო გამხდარა,
მსახურებს გაჭირვებული;
ლუკმას მოელის დღიურსა,
შეჰყურებს პირდაღებული...
თუ სადმე, ერთხელ ათასში,
ხელში ჩაიგდო მან ფული,
მაშინვე მიფლანგ-მოფლანგავს,
რჩება მთლად ამოგდებული...
VIII
შეხედა წმინდა გიორგიმ,
გადააქნია თავია..
- „ეს თავად-აზნაურობა
რა ცუდი სანახავია:
თავისი კარგი დაჰკარგა,
მოიმკო სხვისი ავია;
აღარ სწამს თავის ქვეყანა
და თავის სალოცავია!..
თავის მკვდრებს აღარ იგონებს,
სხვებზე აცვია შავია!
რომ შევიბრალო, არა ღირს!..
აბა, რა საცოდავია?
ისევ ხოლერას დავუთმობ,
იმან გააძროს ტყავია!..
IX
მოშორდა წმინდა გიორგი...
ცოტა რომ გადაიარა,
წინ, გალეშილი არაყით,
გლეხკაცი შემოეყარა;
ზურგზე ეკიდა არზები,
უბეში მარკა ეყარა;
აღარ ახსოვდა ღვთის ძღვენი,
აღარც საქვეყნო ბეგარა!..
დავიწყებია ხვნა და მკა,
თესვას ახერხებს ვეღარა!..
ღვთის მუშად აღარ ვარგია,
დადის ეშმაკის მკვეხარა!..
X
ეწყინა წმინდა გიორგის,
მუხლზე დაიკრა ხელია!..
სთქვა: „მაბეზღარი და ლოთი
გლეხკაცად რა სათქმელია?
არ აგონდება სახლ-კარი,
მინდორი, ტყე და ველია;
სუდებში დაეხეტება
და დუქან-დუქან მსვლელია!
გარეშე სტუმრად არ ვარგა,
შინ ცუდი მასპინძელია,
შესძულებია გუთანი,
თოხი, ნამგალი, ცელია.
ადრე რომ დედამიწისა
სულ ოფლით იყო მრწყველია
დღეს ღვინისა და სისხლისა
ბოროტად დამთხეველია!
სხვებს რომ უყურებს უგნური,
იმათი მიმბაძველია!..
ეტყობა, ამის მარჯვენას
ღვთის მადლი გამოელია, -
მიწა მოსავალს უკავებს,
ვენახს უსეტყვავს ელია!
ამისი გამობრუნება
ხელახლად მეტად ძნელია...
აღარ ვარ ამის მოსარჩლე
და კალთის დამფარველია!
ამისი ბინაც აქ იყოს,
სადაც ხოლერის სთველია!..“
XI
………………………………
XII
დაღონდა წმინდა გიორგი,
ხმამაღლა იწყო გოდება:
„ვაი, მიმტყუნა იმედმა,
წამიხდა ჩემი ვედრება!..
ყველა წრე გაფუჭებულა,
წამხდარა ყველა წოდება!
……………………………..
ყველაც რომ გაწყდეს ხოლერით,
ზეცას რად შეეცოდება!..“
და ღმერთს რა უთხრას გიორგიმ!
გული მით დაეკოდება.
XIII
გზაჯვარედინზე გავიდა,
მტირალი, როგორც ქალია;
დაბლა მოიყრის მუხლებსა,
მაღლა ააპყრო თვალია;
ზეციერ მამას შესჩივის,
მლოცველი გულმხურვალია:
„იდიდოს შენი კანონი
და შენი სამართალია!..
დავიწყებია ქართველებს
შენი სესხი და ვალია,
გადაცდენია ძველ გზასა
და დაბნევია კვალია;
მაგრამ იმისი გაქრობა,
ჯერ მაინც, ცოდვა... ბრალია!..
შენს ხელში არის, უფალო,
იმისი მომავალია!..
შეუნდვე ცოდვა და მოეც
შენი მადლი და ძალია!..
ამის მეოხი პატრონი
თვით ზეცის დედოფალია!“
XIV
იდიდოს წმინდა გიორგი,
რომ საწყლის მეგობარია!..
პირქვე ამხვია მტირალი,
შენდობის მათხოვარია!..
მთლად დედამიწა შეიძრა,
შეირყა მთა და ბარია;
ერთი იქუხა, იელვა,
ცამაც გააღო კარია
და გადმობრძანდა ნათლითა
იესო მაცხოვარია.
წამოაყენა გიორგი,
ღვთის მადლით მოუბარია:
„გიორგი, შენი ვედრება
და შენი სათხოვარია
ზეცამდის მიწვდა სიწმინდით,
გაისმა როგორც ზარია!..
ისმინა შენი უფალმა
და გადმოგსახა ჯვარია,
დედის წილხვედრი ქვეყანა
დღეიდან შენ გაბარია!..
შენ ხელთ იქნება ამიერ
მისი ხმალი და ფარია!“
ბრძანა და ზეცას ამაღლდა,
როგორც ელვა და ქარია!
XV
გამხიარულდა გიორგი,
პირნათლად გაიცინაო,
მისმა სიცილმა ნათელი
ოთხ-კუთხივ მოაფინაო.
„სეირს ვაჩვენებ ხოლერას! -
სთქვა, - მე წავიფრენ წინაო!..
წავიდეს, როგორც მოსულა,
მონახოს ძველი ბინაო!
ჯერ ისიც კმარა, რაც მოკლა
და ცოდვა ჩაიდინაო:
უფრო მუშა-ხალხს ერჩოლა,
ცრემლები დაადინაო;
არ შეეპუა ექიმებს,
ქვეყანა შეაშინაო,
სულ კუდით ქვას ვასროლინებ,
თუ არ წაეთრა შინაო!“
XVI
ვენაცვა წმინდა გიორგის,
იმის თეთრ რაშს და შუბსაო!
მთავარი არის მძლეთა-მძლე,
ვინ გაუბედავს ჩხუბსაო!
ისე გაბერავს ხოლერას,
როგორც ტიკჭორას... რუმბსაო!
მაღლით ნათელი ადგია
იმის ბრწყინვალე შუბლსაო.
ამ შაირების გამომთქმელს
სწყალობდეთ თითო რუბსაო.
[1892 წ.]
ხოლერა (I, 437). დაწერილია 1892 წელს. დაიბეჭდა 1892 წელსვე.
- ცალკე გამოცემა 1892 წ. -
1892 წლის გამოცემა დაიბეჭდა ცენზურის კუპიურებით. ცენზურას ამოუღია მთლიანად XI თავი და ცალკე ადგილები II, III და XIII თავებიდან.
რათა აღგვედგინა ეს ხარვეზები, ჩვენ გადავშინჯეთ საცენზურო კომიტეტის საქმეები, იმ იმედით, რომ საცენზურო კომიტეტის საქმეებში აღმოჩნდებოდა ამ ლექსის საცენზურო ეგზემპლარი, მაგრამ ძიება უშედეგოდ დამთავრდა. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით დაგვებეჭდა ამ ლექსის ტექსტი ჩვენი გამოცემის პირველ ტომში 1892 წლის ცენზურის მიერ დაზიანებული დედნიდან.
I ტომის დაბეჭდვის შემდეგ ჩვენ ვიპოვეთ ამ ლექსის ხელნაწერი პირი, რომელიც ცენზურაში ყოფილა წარდგენილი 1892 წელს. აღმოჩნდა ეს ხელნაწერი არა საცენზურო კომიტეტის საქმეებში, სადაც პირველად ვეძებდით, არამედ კირილე ლორთქიფანიძის არქივში. ძველს მწიგნობარს კ. ლორთქიფანიძეს, რაკი ცენზურამ არ გაუშვა მთლიანად ეს ლექსი, წინდახედულად შეუნახავს თავის ქაღალდებში ცენზურაში გატარებული ეგზემპლარი აკაკის ლექსისა, რომელშიაც დაცული იყო ცენზურის მიერ გადახაზული ადგილები. ამას გარდა კ. ლორთქიფანიძეს თავისი ხელით ჩაუწერია ცენზურის მიერ ამოღებული ადგილები ამ ლექსის ნაბეჭდი გამოცემის თავის პირად ეგზემპლარში.1
ამ დედნების მიხედვით ამ-ჟამად ხერხდება ლექსის მთლიანად აღდგენა. ცენზურის კუპიურები თითქმის ერთიან შეჰხებია ამ ლექსის იმ ადგილებს, სადაც საუბარი იყო სამღვდელოებაზე.
მოგვყავს აქ ყველა ეს ადგილები, ამოღებული ცენზურის მიერ.
თავი II (იხ. ჩვენი გამოცემის I ტომი, გვ. 438. - უნდა ჩაემატოს იმ ადგილას, სადაც ხარვეზი აღნიშნული გვაქვს მრავალწერტილებით):
„მაშინ მღვდლებს რთველი, მოუვათ,
დიაკვნებს გაზაფხულია!..
მერე იმათაც მოვკითხავ,
მკვდრებზე მიუდისთ სულია“.
თავი III (იხ. იქვე, გვ. 438):
„რისხვით, წყევლით და კრულვითა“.
თავი XI (იხ. ჩვენი გამოცემის I ტომი, გვ. 441):
„მერმე სთქვა: ახლა გავშინჯოთ
მღვდელი და დიაკონია!..
ღირსი არ შემხვდა სხვა წრეში,
აქ კი ვიპოვნი მგონია.
(- ეტყობა მათი ამბავი
ცაში არ გაუგონია!)
გამოიცვალა წესები,
წახდენ ჟამნი და დრონია...
სადღაა მღვდელი ქართველი?
სხვაგვარად თავმომწონია!..
წიგნების კითხვა ეშლება,
არ ესმის ტიბიკონია,
დათვურად ბღავის და ჰფიქრობს,
რომ ტკბილი იადონია!
ხატს წმინდა სანთელს არ უნთებს,
შიგ გარეული ქონია.
საწყალ მრევლს გამოულია
დრამით ძალი და ღონია;
სხვა გზას ადგია, მაგრამ ჯერ
კიდევ გასავალს ფონია!..“
თავი XII (იხ. იქვე, გვ. 441):
„ჩინოვნიკსა და ვაჭრებსა
რა ხელი მიეწოდება?“
______________
1. ორივე დედანი, ცენზურაში გატარებული ხელნაწერი პირი, და ნაბეჭდი გამოცემა კ. ლორთქიფანიძის ჩანაწერებით, ამ-ჟამად დაცულია ქუთაისის სამხარეთმცოდნეო მუზეუმში (კ. ლორთქიფანიძის არქივი: ხელნაწერი - K-48, ნაბეჭდი - K-43).
![]() |
3.31.10 ძველი და ახალი წელიწადი |
▲ზევით დაბრუნება |
ძალით მოსული სტუმარი
ჭირზედაც უარესია:
მასპინძლის გაუტანლობა
მისი რიგი და წესია!..
შარშან არ იყო, გვესტუმრა
ეს წელიწადი დღე-მეტი?
არ გაგვიტანა წყეულმა,
თავბრუ დაგვასხა და რეტი!
კიდობნის მტრედად მივიღეთ:
დავხვდით ლოცვით და ნატვრითა!
ამან-კი, ღვთისგან წყეულმა,
უბედურობით დაგვტვირთა!
სხვადასხვა ჭირი, სახადი,
მან ხარკად შემოგვაწერა,
და ესეც რომ არ გვაკმარა,
ზედ დაამატა ხოლერა!
ახლა-კი, ვირზე შემჯდარი,
მიიპარება ბებერი!..
და რაღა გვეთქმის ჩვენც მეტი:
„წინ წყალი... უკან მეწყერი!“
ახალი წელი მოგვიდის,
რაშზე ზის, მოაკუნტრუშებს
და იმედს აძლევს თანასწორ
უსაქმურებსაც და მუშებს.
გატაცებული სურვილით
ყველა ეძლევა ოცნებას:
რაც ძველმა წელმა დააკლო,
ახლისგან ელის შევსებას.
მაგრამ ვინ იცის, რას გვეტყვის?
ახალიც ძველის შვილია:
ბოლოში გაგვიმწარდება!..
თავში სუყველა ტკბილია!!
გულგატეხილი ანდაზაც
ამბობს: - „მე არას ველიო,
ახალი ცოცხი კარგად ჰგვის,
ქვიშას მოატანს ძველიო“.
[1892 წ.]
ძველი და ახალი წელიწადი (I, 444). დაიბეჭდა 1893 წ. (ცენზურის ვიზა 1892 წ. 18 დეკემბერი).
- ჯეჯილი 1893 წ. №1. -
![]() |
3.31.11 ალბომში |
▲ზევით დაბრუნება |
ახლანდელ ქალებს
ტკბილ სიტყვას ვეღარ ახერხებ,
ასეტყვებ აუგიანსა!..
რა გითხრა ენატარტალას,
უკუღმართს, საქმეგვიანსა?!
ლეჩაქმოხდილი, ტრიხინა,
მხარ-მკლავებ, გულ-მკერდ-ტიტველა
გადასკუპ-გადმოსკუპდები,
დაჰფრენ ვით ჭრელი პეპელა.
ვერ ჰხედავ ქვეყნის ბორკილსა,
გულს არ გწვავს მისი მონება!..
გრძნობა მტრისაკენ გიზიდავს,
მათკენ ჰქრის შენი გონება!..
ძველი დედების ქალობა
დაგვიწყებია, სთქვი, თუ რად?
უპიროდ გახუნებულხარ,
აჭრელებულხარ სკვითურად!..
მაშ რაღად გიკვირს, რომ მძულდე...
არ ვიყო შენი მოყვარე
და შენს სიცოცხლეს მერჩიოს
ძველი დედების სამარე?!
[1892-3 წ.]
ალბომში ახლანდელ ქალებს (I, 446). დაწერილია არა უგვიანეს 1892-3 წლებისა. პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XIX,1. -
![]() |
3.31.12 იმედი ებრაელთა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩანგი მტირალი, სიმების კვნესით,
დღეს თუმცა აწმყოს მოსთქვამს დაჩაგრულს,
მაგრამ წარსულით გულდაწყვეტილებს,
იმედი მაინც გვიბრუნებს ჩვენ გულს!..
შევსტრფით, შევგალობთ მომავალ ვარდსა,
აღარად ვიმჩნევთ დღევანდელ ეკალს!..
დეე, გაგვკაწროს!.. სხვების სანიშნოდ
სისხლით და ოფლით მოვრწყავთ გზა და კვალს.
ის გზა მიგვიყვანს ჩვენ იმ ტაძრამდე,
სადაც არს ჩვენი „წმინდათა-წმინდა“,
და მის კარზედ რომ ტვინიც მივასხათ,
სხვა ნეტარება ჩვენ რაღა გვინდა?
ოღონდ-კი ჩვენს შვილს და შვილიშვილებს
იმ დიდი ტაძრის გაეღოსთ კარი
და კიდობნის წინ ძველებურადვე
აინთოს ისევ წმინდა ლამპარი,
რომ მისმა შუქმა გაჰფანტოს სრულად
გარს მოდებული სხვის ნებით ბნელი,
და მსოფლიოსა ერთ-ბრწყინვალებას
თვითონაც შერთოს მცირე ნათელი.
მაშინ-კი დღეის მტირალი ჩანგი
სალხინო ხმებზე ამაყად დაჟღერს,
და გამოხსნილი შვილიშვილებიც
შემოსძახებენ: „მრავალ-ჟამიერს!..
[1892-3 წ.]
იმედი ებრაელთა (I, 447). დაწერილია არა უგვიანეს 1892-3 წ. დაიბეჭდა 1894 წელს. - ლექსი ატარებს მეორე სათაურსაც: „ჩანგი მტირალი“.
- მოამბე 1894 წ. მარტი №3 (ცენზურის ვიზა 15 თებერვალს). || ავტოგრაფი XIX,5. -
ლექსის სათაური ავიღეთ ავტოგრაფიდან. ავტოგრაფის მიხედვითვე არის აღდგენილი მე-6 სტროფის მე-3 ტაეპი:
მაშინ კი დღეის მტირალი ჩანგი
სალხინო ხმებზე ამაყად დაჟღერს,
და გამოხსნილი შვილიშვილებიც
შემოსძახებენ: „მრავალ-ჟამიერს!..“
მოამბეში ნაცვლად გამოთქმისა: „გამოხსნილი“ - დაბეჭდილია „მოლხენილი“.
![]() |
3.31.13 თემურ-ლენგის ტყვე |
▲ზევით დაბრუნება |
გულდადაღული, დამწვარი,
მეფის ტყვეობის მნახველი,
ტყვეობაში მყოფ ცოლ-შვილსა
ეკითხებოდა ქართველი:
„მითხარით, რა გადურჩინეთ
სამშობლოს აოხრებულსო,
როდესაც თემურ მძვინვარე
ფეხით სთელავდა მის გულსო?“
ცოლმა მიუგო: „რაც გვქონდა
სიმდიდრე ჭეშმარიტიო:
ოქრო და ვერცხლი დიდძალი,
თვალი და მარგალიტიო.“
- ,,ნუთუ ეგ არის სიმდიდრე
მაგ შენს გულსა და თვალშიო?
ეგ ოქრო ცეცხლში ჩაჰყარე!
თვალ-მარგალიტიც წყალშიო!“
ეს სთქვა და მიუბრუნდა ქალს:
„შენ მაინც გამახარეო!
გულმა რა გითხრა, როდესაც
დააგდე ჩვენი მხარეო?“
- „რა უნდა გითხრა, მამილო!..
დავსწყევლე ჩემი ბედიო!..
სხვა რა შემეძლო. მე იმ დროს,
ბედკრულსა, ამის მეტიო:
„მოვსწყვიტე ვარდის კოკობი,
სახსოვრად მოვიტანეო;
მისი დამჭკნარი ფურცლები
ცრემლებით გადავბანეო.“
- „დამჭკნარი ვარდი ცრემლებით
არ განედლდება... არაო!..
მარტო ცრემლები ქვეყნისთვის
საშველად არა კმარაო!“
მერე ვაჟს ჰკითხა მოხუცმა:
„შენ რაღა იცი კარგიო?
რა წამოიღე, მიჩვენე,
საშვილიშვილო ბარგიო?“
შვილმა მიუგო: „ხანჯალი,
სიფრთხილით შენახულიო,
რომ საიდუმლოდ მონღოლებს
გავუპო ხოლმე გულიო!“
- „შემცდარხარ, შვილო! მაგითი
ვერ ნახავ გამარჯვებასო:
რომ ბევრიც მოჰკლა აქ მტერი,
იქ ქართლს ვინ მისცემს შვებასო?
„რად დაგავიწყდათ სუყველას
საუნჯე წმინდა... დიდიო,
წარსულისა და მომავლის
სიცოცხლის გზა და ხიდიო:
„სად არის ჩვენი ჩანგური,
ქვეყნის ჭირი და ლხინიო;
სამშობლოს სისხლი და ხორცი,
მისივე ნაღველ-ტვინიო?“
მაშინ მიუგო მგოსანმა:
„გულზე მე დავიკიდეო,
ვერ გავეყრები, გინდ მოვვლო
ტყვეობით კიდით-კიდეო!
„ჩემი სამშობლოს სიცილი
და მისი მწარე კვნესაო...
ორივე ერთად სიმებმა
შიგ გულში ჩაისკვნესაო.“
სთქვა და ჩამოჰკრა სიმებსა,
ხმას ცას აწვდენდა ჰანგებით...
და ის ხმა ტყვედ-ქმნილს ბაგრატსაც
მოესმა ღვთისა განგებით...
მოესმა: „ბაგრატ, გახსოვდეს
შენი სამშობლო ტკბილიო!
ვინც სულს არ სწირავს სამშობლოს,
არ ეთქმის ქვეყნის შვილიო“.
მაშინ სთქვა ბაგრატ: „ჰე, ღმერთო!
აწ იყავ ნება შენიო!..
მე სულს გავსწირავ, მაგრამ შენც
სამშობლო დამიხსენიო...“
[1892-3 წ.]
თემურ-ლენგის ტყვე (I, 448). დაწერილია არა უგვიანეს 1892-3 წ. დაიბეჭდა 1893 წელს.
- კვალი 1893 წ. 24 იანვარი №4. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || ავტოგრაფი XIX,7 (სათაური: „ძველი ანბავი“). -
ავტოგრაფში დაცული ტექსტი, რომელიც პირველ რედაქციას წარმოადგენს, სულ სხვა პოეტურ ასპექტში არის გაშლილი; თვით ისტორიული გარემოც აქ განყენებით არის მოცემული. ლექსის ამ პირველ რედაქციას მთლიანად ვბეჭდავთ ვარიანტებში (იხ. ტომი II, გვ. 596-597).
რაც შეეხება ლექსის ბოლო რედაქციას (რომელიც 1893 წელს დაიბეჭდა), - აქ შეცვლილია პოეტური მიზანსცენა, განყენებული ისტორიული გარემო მოხსნილია და ლექსი დაკავშირებულია მე-XIV საუკუნის ქართველ მოღვაწესთან ბაგრატ დიდთან (- აქედან თვით სახელწოდებაც ლექსისა: „თემურ-ლენგის ტყვე“).
ლექსის ამგვარი გადაკეთება საცენზურო პირობებით უნდა აიხსნას; განყენებული ისტორიული გარემო - გამჭვირვალედ იგულისხმებდა ცარისტულ რუსეთს და ლექსის ამ სახით დაბეჭდვა საძნელო გამხდარა იმ-დროინდელ საცენზურო პირობებში.
რომ პოეტი ამ შემთხვევაში აწმყოს იგულისხმებდა და არა წარსულს, ეს სჩანდა ლექსის პირველი რედაქციის თვით ფინალიდან, რომელიც ასე სრულდება:
„ჩემი სამშობლოს სიცილი
და მისი მწარე კვნესაო...
ორივე ერთად სიმებმა
შიგ გულში ჩაისკენესაო“.
სთქვა და ჩამოჰკრა სიმებსა,
ხმას ცას აწვდენდა ჰანგებით...
და ის ხმა ისევ ჩვენამდი
მოაწევს ღვთისა განგებით.
ხოლო ბოლო-რედაქციაში ფინალი ასეა გადაკეთებული:
და ის ხმა ტყვედ-ქმნილს ბაგრატსაც
მოესმა ღვთისა განგებით.
ამრიგად აწმყო აქ შენაცვლებულია წარსული ისტორიული გარემოთი.
იმისათვის, რომ შესაძლო გამხდარიყო ლექსის ცენზურაში გატარება, ავტორს ამასთან ერთად სხვა ხერხისათვისაც მიუმართავს: ლექსისათვის მიუწერია „მიბაძვა“, - თითქო ლექსი არ არის ორიგინალური, არამედ გადმოკეთებას წარმოადგენდეს. (ლექსი დაიბეჭდა ამგვარი ზედწერილით).
სინამდვილეში ლექსი ორიგინალურია. აქ მართალია არის „მიბაძვა“, მაგრამ არა სხვა ვისიმე, არამედ თვით აკაკი წერეთლის მეორე ნაწარმოებისა: ისტორიული პოემისა „ბაგრატ დიდი“. ლექსის ბოლო, როგორც აღვნიშნეთ, ეხმაურება აკაკის ამ ადრინდელს ისტორიულ პოემას.
დასასრულ, აქ საჭიროა შევეხოთ შემდეგ საკითხსაც. შესაძლოა აღიძრას ასეთი კითხვა: ხომ არ იქნებოდა მართებული ძირითად დედნად ჩაგვეთვალა ის პირველი რედაქცია, რომელიც ავტოგრაფშია დაცული, და იგი მოგვეთავსებია ჩვენს გამოცემაში ძირითადი ტექსტის სახით.
ეს არ იქნებოდა უსაფუძვლო, მაგრამ ჩვენ ანგარიში გავუწიეთ შემდეგს გარემოებას: საქმე ის არის, რომ ამ ლექსის ბოლო რედაქცია („თემურ-ლენგის ტყვე“) - პოეტურად უფროა დამუშავებული, ხოლო პირველი რედაქცია, რომელიც ავტოგრაფშია წარმოდგენილი, ნაკლებ დამუშავებულ სახეს ატარებს. ამიტომაც ვარჩიეთ ჩვენი გამოცემის ძირითად ტექსტში შეგვეტანა ბოლო რედაქცია, ხოლო ავტოგრაფის ტექსტი ვარიანტებში მოვათავსეთ.
![]() |
3.31.14 ჭაღარა |
▲ზევით დაბრუნება |
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა...
ვეღარ გაჰკივის თამამად
ჩემი დაფი და ნაღარა.
გული არ იშლის გულობას,
მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!..
ვარ ბევრი „ვაის“ მნახველი
და ბევრი „უის“ გამგონე.
ამევსო გული წვეთ-წვეთად
ნაღველითა და შხამითა,
ისე, ვით საუკუნები -
სხვადასხვა მრავალ წამითა.
მაშ რაღად მინდა სიცოცხლე
მე, აწმყო-გამწარებულსა,
თუ, ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს,
ვხედავ მას აოხრებულსა?
მაგრამ იმედი, ცის ნიჭი,
რომ გამიელვებს გლახ-გულსა,
თავი ტარიელ მგონია,
ოცნებით გარემოცულსა.
ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს,
მხარი მხარს მივსცეთ, ხელი ხელს,
ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს,
მოელის ტურფა გამომხსნელს!
რა ვუყოთ, თეთრი მერიოს?!
სისხლით შევღებავ ჭაღარას
და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ
ამ ჩემ დაფსა და ნაღარას.
მაგრამ, ვაიმე, რომ ეჭვი
მოუგზავნია ჯოჯოხეთს:
მაცდურ სარკეში მახედებს,
ოცნებას მიკლავს... გულს მიხეთქს!..
ამბობს: „ფრიდონ და ავთანდილ
ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!..
და შენც ტარიელს მოჰგავხარ
ისე, ვით კატა ლომსაო“.
მართალი არის, მაგრამ რა?
რისთვის დავჰკარგო იმედი?
გმირს წინა-უძღვის ყოველთვის
უძლური წინამორბედი!..
არა! აყვავდეს იმედი!..
გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა!..
გმირებს უძახის... უყივის
ჩემი დაფი და ნაღარა!..
[1892-3 წ.]
ჭაღარა (I, 451). დაწერილია არა უგვიანეს 1886 წლისა. დაიბეჭდა 1893 წელს. - კვალი 1893 წ. 10 იანვარი №2. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || ვარიანტი: „ის არ ვარ, თქვენ რომ გგონივართ“, წარმოთქმული იუბილეზე, სიტყვის ბოლოს; ალი 1908 წ. 10 დეკემბერი №31. || ცხოვრების გზა 1908 წ. 1 97. || ავტოგრაფი XIX,8. || ხელნაწერი ჟურნალი „სალამური“ 1886 წ. -
აკაკის განთქმული ლექსი „ჭაღარა“ პირველად თუმცა 1893 წელს დაიბეჭდა, მაგრამ, როგორც ეხლა ირკვევა, დაწერილი ყოფილა ბევრად ადრე, არა უგვიანეს 1886 წლისა. ლექსის დაბეჭდვის დაგვიანება, ცხადია, საცენზურო პირობებით იყო გამოწვეული. ეროვნული რადიკალიზმი, რომელიც სჩქეფს ამ ლექსის ყოველი ტაეპიდან, რევოლიუციური სულისკვეთება, რომლითაც გამსჭვალულია ლექსი, ცხადია გამხდარა მიზეზი ამ ლექსის ცენზურის მიერ აკრძალვისა.
ლექსი, ვიდრე დაიბეჭდებოდა, როგორც ირკვევა, ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. (ასე, ლექსი მოთავსებულია ხელნაწერ ჟურნალში „სალამური“ 1886 წლისა).
1893 წელს, როდესაც აკაკიმ პირველად მოახერხა ამ ლექსის დაბეჭდვა (გაზეთ კვალში), ლექსისათვის ქვესათაურად გაუკეთებია: „დიდ-მოურავის სააკაძის სიმღერა“. ეს არის უკვე ნაცნობი ხერხი, რომელსაც მიმართავდა პოეტი ცენზურის თვალის ასახვევად (თითქო ლექსი წარსულს ეხებოდეს და არა აწმყოს). ეგევე ქვესათაური „დიდ-მოურავის სააკაძის სიმღერა“ მიწერილი აქვს ლექსს 1898 წლის გამოცემაშიაც (აკაკის კრებულში).
ჩვენს გამოცემაში ეს ქვე-სათაური („დიდ-მოურავის სააკაძის სიმღერა“) - მოვხსენით, როგორც საცენზურო პირობების გამო დართული. (ეს ქვე-სათაური არ არის არც აკაკის ავტოგრაფში, და აგრეთვე არც 1886 წლის ხელნაწერ პირში).
ამას გარდა კვალსა და კრებულში მე-7 სტროფის მე-2 ტაეპი შეცვლილია ცენზურის მიზეზით:
„ინით შევღებავ ჭაღარას“.
ჩვენს გამოცემაში დავიცავით აკაკის ავტოგრაფის ტექსტი:
„სისხლით შევღებავ ჭაღარას“.
ლექსი „ჭაღარა“, რომელშიაც ასე მკვეთრად არის გამოსახული პოეტის გულის-თქმა, აკაკისათვის სჩანს განსაკუთრებით მახლობელი და ძვირფასი იყო, და საიუბილეო ზეიმზე (1908 წელს 7 დეკემბერს) აკაკიმ დაასრულა თავისი სიტყვა ამ ლექსით „ჭაღარა“, ნაწილობრივ განახლებული სახით.
აკაკის ეს ლექსი, როგორადაც იგი წარმოთქმული იყო პოეტის მიერ საიუბილეო ზეიმზე, უცვლელად დავბეჭდეთ ვარიანტებში (იხ. ტ. II, გვ. 593-594).
ამას გარდა, რადგან ამ ლექსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აკაკის პოეტურ მემკვიდრეობაში, მოგვყავს აქ ამ ლექსის პირველი ვარიანტიც, იმ სახით, როგორადაც იგი მოთავსებულია ხელნაწერ ჟურნალში „სალამური“ 1886 წლისა. (ეს მით უფრო საჭიროდ მიგვაჩნია, რომ მე-7 სტროფი ლექსისა ამ ხელნაწერში ნამდვილის სახით არის დაცული, იმ დროს როდესაც კვალსა და კრებულში ტექსტი დაზიანებული ყოფილა ცენზურის მიზეზით).1
ლექსი „სალამურ“-ში უსათაუროდ არის მოყვანილი და იკითხვის ამ-რიგად:
***
რაც ვიყავ, ის აღარა ვარ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა...
თამამად აღარ იძახის
ჩემი დაფი და ნაღარა.
გული არ იშლის გულობას,
მაგრამ ვერ შესწევს მას ღონე,
ვარ ბევრი „ვაის“ მნახველი
და ბევრი „უის“ გამგონე.
აივსო გული წვეთ-წვეთად
ნაღველითა და შხამითა,
ისე, ვით საუკუნები
სხვადასხვა მრავალ წამითა.
მაშ რაღად მინდა სიცოცხლე
მე, აწმყო-გამწარებულსა.
თუ ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს,
ვხედავ მას გაოხრებულსა.
მაგრამ იმედი, ცის ნიჭი.
რომ გამიელვებს გლახ-გულსა.
თავი „ტარიელ“. მგონია
ოცნებით გარემოცულსა.
ვუხმობ „ფრიდონს“ და „ავთანდილს“
მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს,
„ნესტან-დარეჯან“ ქაჯებს ჰყავს,
ცრემლით დაეძებს გამომხსნელს.
რა ვუყოთ, თეთრი მერიოს,
სისხლით შევღებავ ჭაღარას
და საგმირო ხმებს ვამღერებ
ჩემსა დაფსა და ნაღარას.
მაგრამ, ვაიმე, რომ ეჭვი
მოუგზავნია ჯოჯოხეთს:
მაცთურ სარკეში მახედებს,
ოცნებას მიკლავს, გულს მიხეთქს.
ამბობს „ფრიდონ“ და „ავთანდილ“
ჯერ ვერ გადიხდის ომსაო,
და შენ „ტარიელს“ მიგავხარ
ისე ვით კატა ლომსაო.
მართალი არის, მაგრამ რა?
რისთვის დავკარგო იმედი?
გმირს წინა უსწრობს ყოველთვის
უძლური წინამორბედი.
არა, არ შევუშინდები,
გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა,
გმირებს უძახის, უყივის
ჩემი დაფი და ნაღარა.2
___________________
1. ეს მე-7 სტროფი კვალსა და კრებულში ასეა დაბეჭდილი:
„რა ვუყოთ თეთრი მერიოს?!
ინით შევღებავ ჭაღარას
და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ
ამ ჩემ დაფსა და ნაღარას“.
ხოლო სალამურში:
„რა ვუყოთ, თეთრი მერიოს,
სისხლით შევღებავ ჭაღარას
და საგმირო ხმებს ვამღერებ
ჩემსა დაფსა და ნაღარას“.
აღსანიშნავია, რომ აკაკის 32 წლის შემდეგ ისევ ზეპირად ხსომებია ეს ადრინდელი ტექსტი მე-7 სტროფისა და 1908 წელს საიუბილეო ზეიმზე წარმოთქმულ სიტყვაში ეს სტროფი აკაკიმ გაიმეორა ისევე, როგორც ეს ჩაწერილია შეგირდების მიერ 1886 წელს გადაწერილს ხელნაწერ ჟურნალ სალამურში.
აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ ხელნაწერი ჟურნალი „სალამური“ მივიღეთ მას შემდეგ, როდესაც I ტომი უკვე დაბეჭდილი იყო, და ჩვენს გამოცემაში მე-7 სტროფის ბოლო დაბეჭდილი გვაქვს არა „სალამური“-ს თანახმად, არამედ „კვალი“-ს და „კრებული“-ს თანახმად. მართალია ეს ადგილი სწორად არის წარმოდგენილი 1908 წელს წარმოთქმულს სიტყვაში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ადგილი პოეტმა სიტყვის წარმოთქმის დროს შესცვალა; ეხლა კი ირკვევა, რომ ეს არის ნამდვილი პირვანდელი ტექსტი ამ ლექსისა. მომავალ გამოცემაში ეს მე-7 სტროფი უნდა აღდგენილ იქმნეს „სალამური“-ს ტექსტის თანახმად.
2. აღვნიშნავთ ხელნაწერ ჟურნალში მოთავსებული ტექსტის გადაწერის შეცდომებს: სტროფი I,1: „რაც ვიყავი, აღარა ვარ“; II,2: „შესტანს“ (= შესწევს); VIII2: „ოცნებით“; IX,1 : „ტარიელ“ (ნაცვლად სიტყვისა „ავთანდილ“); XI,3 : „ტარიელ“ (უნდა „ტარიელს“); XI,3: „უყვირის“ (= უყივის).
![]() |
3.31.15 ახლანდელი სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ჰკარ! მოჰკალ! შეჰკარ! შეიპყარ!"
იძახდენ ჩვენი ძველები...
ამას მოწმობენ მტრის სისხლით
ნაღები მთა და ველები.
„ჰკარ! მოჰკალ! შეჰკარ! შეიპყარ!“
დღესაც ვიძახით ყველანი;
მაგრამ ენა გვაქვს ფარ-ხმალად
და სისხლად შავი მელანი!..
ვეფხ-ლომნი გადაგვიშენდენ,
გამრავლდენ მელა-კატები...
„ჰკარ! მოჰკალ! შეჰკარ! შეიპყარ!“
ჰყვირიან ადვოკატები.
ძმა ძმას არ ჰზოგავს, მამა შვილს,
მოყვარე მოყვრის მტერია!..
„ჰკარ! მოჰკალ! შეჰკარ! შეიპყარ!“
ყოველგან ასე სწერია!..
იჩაგრებიან საწყლები...
ცრემლზე ცრემლს ჰღვრიან მწარესა:
„ჰკარ! მოჰკალ! შეჰკარ! შეიპყარ!“
გაისმის ყოველ მხარესა!..
[1892-3 წ.]
ახლანდელი სიმღერა (I, 453). დაწერილია არა უგვიანეს 1892-3 წ. დაიბეჭდა 1893 წელს.
- კვალი 1893 წ. 31 იანვარი №5. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. || ავტოგრაფი XIX,9. -
![]() |
3.31.16 იუდა |
▲ზევით დაბრუნება |
აქ ყოფილა!.. გვითვალყურებს,
ჰგონია, რომ ვიტყვით რამეს,
მაგრამ როგორ გავბრიყვდებით?
განა ცოტა ჩაგვაშხამეს?!
იმას ვიტყვით, რაც რომ მაგას
ბევრით არად იამება:
საზიზღარი ეპისტოლე
მოუცდება, გაუხმება!
ოჰ! რა ფარისეველია,
გაიძვერა, მელა-კუდა!?
მთელი ქვეყნის საბეზღარი
ზურგს ჰკიდია ცოდვის გუდა...
თვით პირადად კარგად არის,
ტკბილად, თბილად დაიბუდა;
მოძმის ხორცს სჭამს, მისვე სისხლს სვამს
ეგ კაენი... ეგ იუდა!
არც ბერდება, აღარც კვდება,
ჯოჯოხეთსაც, სჩანს, არ უნდა...
ისევ უნდა ჩვენ დავჯოხოთ,
მივაყაროთ ქვა და გუნდა.
ეგ იუდა, ეგ კაენი,
თვისიანის გამყიდველი,
ვერა ხედავთ, სად დამჯდარა,
ნამდვილ ისკარიოტელი?..
უნდა რამე გაიგონოს,
დაინახოს, - გვითვალყურებს...
მაგრამ არა! ვერ მივართვით!
ტყვილა აპარტყუნებს ყურებს!..
ადე!.. ადე!.. კარში გადი,
მაბეზღარო, შენ იუდა!
ცარიელი მიუტანე
შენს გამომგზავნს შენი გუდა!..
[1892-3 წ.]
იუდა (I, 454). დაწერილია არა უგვიანეს 1892-3 წ. პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XIX,10 (ნაწყვეტი). || პირი H-1507 საქ. მუზეუმისა (სრული ტექსტი).
![]() |
3.31.17 ქუთაისი |
▲ზევით დაბრუნება |
მშვენიერო ქუთაისო,
სავარდო და სამაისო!
ვინ ყოფილა შენი მავნე,
გულს ეკალი რომ დაგისო?
შენი ციხე-გალავანი,
ბევრჯელ სისხლით განაბანი,
მიწასთან ვინ გაგისწორა,
ერთხელ მტკიცე, ახოვანი?
თავს დაგყურებ აოხრებულს,
ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს!
ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს,
ერთ დროს განთქმულს და დიდებულს!
ეგ ფაზისი თავმომწონი,
სახელცვლილი დღეს რიონი,
გულამღვრევით რას ბუტბუტებს,
გადასული დროს მომგონი?
აგონდება ოქროს კრავი,
ვით ქონება რამ უძრავი?
და მრისხანე ზვირთებზედაც
არგო, ფრთხილად მომცურავი?
შიგ იაზონ ელინებით,
ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,
მედეიას მომპარავი
მედიასვე მანქანებით?
სადღა არის ოქროს სილა?
შლამ-ტალახით ამოვსილა!..
მწუხრის ზეწარს დაუფარავს
მაგის მზე და მაგის დილა!..
გარბის შენგან მგლოვიარე!
ცრემლით ირწყვის არემარე
და შავ ზღვასვე შეჰღრიალებს:
„ჩემი ტანჯვა მიიბარე!“
მაგრამ, ჩემო ქუთაისო,
ძალით სხვასთან შენათვისო!
მოთმინება!.. მოთმინება!..
სევდით გული არ აივსო!..
[1892-3 წ.]
ქუთაისი (I, 456). დაწერილია არა უგვიანეს 1892-3 წ. დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 21 თებერვალი №8. || აკაკის კრებული 1898 წ. №12. || ავტოგრაფი XIII,28 (და XIX,15). -
![]() |
3.31.18 ღამის მეხრე |
▲ზევით დაბრუნება |
ღამის მეხრე ვარ! ბიჭი ვარ
ტოლებში გამორჩეული!
არა ვარ ნებიერობით
უსაქმურობას ჩვეული.
არც დამელევა, ღვთის მადლით,
ნახარი თვითო-ოროლა,
ამხანაგად მყავს ძაღლი და
პატარა ჩიტი - ტოროლა.
სადაც-კი წავალ, თან დამდევს
მურია, არა შორდება,
ნადირსა, ჩემზე მომხტომსა,
შეებმის, გაუსწორდება.
განთიადისას თუ ძილმა
დამიბეჩავა, დამძალა,
საკმაო არის - ტოროლამ
თუ მაღლა დაიწკრიალა!
წამოვვარდები, ჩემ ნახირს
ჯერ გადავავლებ მე თვალსა,
და მერე ხელ-პირს დავიბან,
მადლობას ვსწირავ უფალსა!
………………………………..
[1892-3 წ.]
ღამის მეხრე (I, 458). დაწერილია არა უგვიანეს 1892-1893 წ. პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XIX,16. -
![]() |
3.32 1893 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.32.1 მიმკვლევა |
▲ზევით დაბრუნება |
გამხიარულდი, ბუხარო!
გულჩახვეული ნუ ხარო!..
მცივანა ზამთარს უყვარხარ,
და არც ცხელ ზაფხულს სძულხარო!“
მოვდივართ მოსალოცავად,
მოგვაქვს სამკვლევი და „კვალი“;
ღმერთმა მრავალს წელს დაგასწროსთ
და გაგითენოსთ ახალი!
შენ აგუზგუზებ, ბუხარო,
დაბლა ნაკვერჩხალს, მაღლა ალს...
ნიგუზალს შეგიჩინჩხალებთ,
გაგაყრევინებთ ნაპერწკალს.
და ლოცვა-ნატვრას დავიწყებთ...
ეს ძველებური წესია:
„ის ერთი ასად მოიმკოს,
რაც კარგი დაგითესია!..
„ამდენი პური და ღვინო!..
ხორაგეული ამდენი!..
ამდენი ჯოგი ოთხფეხი:
ცხვრები, ძროხები და ცხენი.
„ამდენი ოქრო და ვერცხლი!
თვალ-მარგალიტი ამდენი!
სიკეთე ბევრი სხვადასხვა
და ღმერთი მხოლოდ ამხდენი!“
ამ ძველებურსა ნატვრასა
ჩვენც დავამატებთ ახალსა:
„ამდენი თანამგრძნობელი
და წამკითხველი ჩვენს „კვალსა!“
გამხიარულდი, ბუხარო,
დაფიქრებული ნუ ხარო!
ჩვენს მოყვრებს ყველას უყვარხარ!..
მტრებს ხომ სძულხარ და სძულხარო.
[1893 წ.]
მიმკვლევა (I, 459). დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 3 იანვარი №1. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. || ჯეჯილი 1905 წ. №1. -
![]() |
3.32.2 სტუმრები |
▲ზევით დაბრუნება |
ცეცხლი აანთეთ გუზგუზა,
გამხიარულდეს ბუხარი!..
გადამთიელი ცოლ-შვილით
კარზე მოგვადგა სტუმარი.
„გზაზე ტყის პირად ეყარენ
მშიერ-მწყურვალი, გამხდარი!..
გამოქცევიან შიმშილსა,
გადმოულახავთ მთა-ბარი.
„ჩემი მათ არა ესმისთ-რა,
არც მათი მესმის მე ენა;
მაგრამ ადამით ძმები ვართ,
მამაც ერთი გვყავს ჩვენ ზენა.
„ღვთის მოცემული ბევრი გვაქვს
ხორაგი, პური და ღვინო,
რომ გეყოსთ შინაურებს და
გარეულებიც ვარჩინო...“
შინ შემოდიან მგზავრები,
კუთხეებს მისჩერებიან,
და რომ ვერ ჰხედვენ ხატებსა,
შეშინებული კრთებიან.
პირჯვარსაც აღარ იწერენ,
ურჯულოს სახლი ჰგონიათ...
სუფრას დაუსხდენ პირდაპირ,
ეტყობათ, მადა ჰქონიათ!
გამოძღენ... გამოსისინდენ,
წითელი ღვინით თვრებიან...
მადლიც არ უთხრეს მასპინძელს
და წასვლას ეპირებიან.
ამბობენ: „აქ ვერ დავრჩებით
ამაღამ!.. ცოდვა არიო:
ურჯულოები ყოფილან,
არ აქვსთ ხატი და ჯვარიო!“
ვერ მიხვდენ და ვერ შეიძლეს
გონებით მის წარმოდგენა,
რომ ხატიცა და ჯვარიცა
მასპინძელს გულში ესვენა!
[1893 წ.]
სტუმრები (I, 461). დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 3 იანვარი №1. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.32.3 *** (სანამ ვიყავ ახალგაზდა...) |
▲ზევით დაბრუნება |
სანამ ვიყავ ახალგაზდა
და სიამით სძგერდა გული,
ვნატრობდი და არ მეღირსა
ბედუკუღმართს სიყვარული.
რომ დავბერდი, დავუძლურდი,
სახე დაჭკნა, დამეღარა, -
სიყვარული რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!
სიღარიბე კვალში მდევდა,
კარის-კარზედ დამატარა;
აწ სიმდიდრე რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!
ვინც მინდოდა სამეგობროდ,
ყველამ გვერდი ამიარა:
დღეის იქით მეგობარი
გინდ მყავდეს და გინდა არა!
უსამართლოდ დაცინებამ
ჩვენში ბევრჯელ გამამწარა,
ცხრა მთას იქით, რაღად მინდა,
გინდ მაქონ და გინდა არა!
ვისაც ვთხოვდი შემწეობას,
ჩემთვის წყალიც არ დაღვარა,
რომ მოვკვდები, რაღად მინდა,
გინდ მიტირონ, გინდა არა!
სული კრული, გული წყლული,
სახე მჭკნარი, თმა ჭაღარა,
ამისთანა სიცოცხლეც-კი
გინდა იყოს და გინდა არა!
[1893 წ.]
*** „სანამ ვიყავ ახალგაზრდა“ (I, 463), დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 17 იანვარი №3. || სიმღერა აკაკისა 1903 წ.
![]() |
3.32.4 შეცდომა |
▲ზევით დაბრუნება |
სულელი არის, ვინც ჰფიქრობს,
რომ მთვარე ჩემთვის ბრწყინავსო,
მარტო ჩემთვის!.. და სხვებისთვის
ყველასთვის ბნელში სძინავსო!
უგნური არის, ვინც ჰგონებს,
ჩემთვის იშლება ვარდიო,
მარტო ჩემთვის! და სხვებისთვის
ყველასთვის ეკლის ბარდიო!..
შემცდარი არის, ვისაც სწამს,
ქალმა მე შემიყვარაო!..
სხვებისთვის გული დაიხშო...
პირბადე დაიფარაო!..
[1893 წ.]
შეცდომა (I, 464). დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 31 იანვ. №5. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.32.5 ყარიბი |
▲ზევით დაბრუნება |
ნუ კითხულობთ: ვინა ვარ?
სიდან მოვალ? სად მივალ?
სულ ესა ვარ, რაცა ვარ,
რასაც მხედავთ თვალ-და-თვალ!
თავისუფლად დავდივარ:
არც ბატონად, არც მონად!
ცა ქუდად არა მყოფნის,
დედამიწა ქალამნად.
უფროსი, არც უმცროსი
ნებით არვინ მყოლია!
ვინცა მცნობს და ვისაც ვსცნობ,
ყველა ჩემი ტოლია!
ძმობა და სიყვარული
ფულით არ მიყიდია!..
მხოლოდ გული და სული
მათი გზა და ხიდია!
არც მქონია, არც რამ მაქვს,
არც მექნება, მგონია,
მაგრამ ჩემზე მდიდარი
არც-კი გამიგონია!
მე რომ მაქვს, ის სიმდიდრე
ღვთისგან მოცემულია:
სულია ის საუნჯე
და სიმდიდრე გულია!
ვერ მომპარავს ვერავინ,
თან დამაქვს ეს დიდება!..
განჩინების ძალითაც
ხელი არ ეკიდება!
ჩამოდექი, პრისტავო!..
ნუ მოდიხარ, მოვალე!..
სიმდიდრეც ამას ჰქვიან!..
ვინც მომცა, ვენაცვალე!..
[1893 წ.]
ყარიბი (I, 465). დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 14 თებერვ. №7. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.32.6 *** (კაციც ბევრია გოშია...) |
▲ზევით დაბრუნება |
კაციც ბევრია გოშია,
ცხვრისთავა, ბატისტვინაო:
ინდაურს დაემსგავსება,
თუ ვინმე დაუსტვინაო!
გაიბერება ტიკივით,
დაბლა დაუშვებს ცხვირსაო;
ბოლოს შლის ფარშევანგივით,
ფრთებს მიახოხებს ძირსაო!
მაღლა შევარდენს იწუნებს
და დაბლა იადონსაო!..
ვერც შეიგონებს სხვის რჩევას,
ვერც თვითონ მოდის გონსაო!..
[1893 წ.]
*** „კაციც ბევრია გოშია“ (I, 466). დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 18 აპრილი №16 (ჩართულია პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“). -
![]() |
3.32.7 *** (თუ იდეალი მწერლისა...) |
▲ზევით დაბრუნება |
თუ იდეალი მწერლისა
მხოლოდ პური და გროშია,
რა არის, თუ არ წუპაკი,
პურისთვის მყეფი გოშია?
როს წარამარად მწერალი
სიტყვების წამომროშია,
რა არის, თუ არ საბრალო,
გზადაბნეული გოშია?
როცა სხვის სიტყვებს უგულოდ
იძახის, როგორც შოშია,
რა არის მაშინ მწერალი,
თუ არ წუწკუნა გოშია?
გამრავლებულან მჯღაბავნი
ყოველგან ამ ჩვენ დროშია,
და ისე ჰგვანან მწერლებსა -
როგორც ლომს და ვეფხს გოშია!..
[1893 წ.]
*** „თუ იდეალი მწერლისა“ (I, 467). დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 18 აპრილი №16 (ჩართულია იმავე პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“). -
![]() |
3.32.8 მცირე ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც გაჭირვებული
კისრულობს სხვისა მონებას,
რომ არ დაეცეს, უფალო,
ნუ გამოულევ გონებას...
უღირსი როცა შეიძენს
შემთხვევით ყოფა-ქონებას,
რომ არ გაბრიყვდეს, უფალო,
ნუ დაუკარგავ გონებას!..
როდესაც ქალი კეკლუცი
ხელს მიჰყოფს თავმოწონებას,
რომ არ გაფუჭდეს პრანჭვითა,
ნუ დაუმონებ გონებას!
როდესაც ვკრეფავთ კოკობ ვარდს
და ვსცდილობთ ზედ დაკონებას,
რომ იქ ეკალსაც ვხედავდეთ,
ნუ დაგვიბნელებ გონებას!
ყველას, ყოველთვის, ყოველგან,
ნუ გამოულევ გონებას,
რომ მხოლოდ სიბრძნე-სიმართლით
სცდილობდეს შენსა მონებას.
[1893 წ.]
მცირე ლოცვა (I, 468). დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 18 აპრილი, №16 (ჩართულია იმავე პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“). || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. -
![]() |
3.32.9 გამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
1
როგორც ღრუბელთ წინამძღვარსა,
უყვარს გრგვინვა, ჭექა-ჭუქი,
რომ მის ფრთებ-ქვეშ შეიფაროს
წიწილა და ბატის ჭუკი.
2
მართლის თქმით და გულწრფელობით
ბევრი ვინმე მოიმდურა;
უფრო კარგი იქნებოდა,
რომ არ იყოს ის ცმუტურა.
3
ბევრს ამბობს და რიგიანად,
რაც გულში აქვს, ვერ დამალავს;
ნაძლევს დავდებთ, ვინც რომ იმას
შეაჩერებს, ან დაღალავს.
4
კატასავით მოკრუტუნე,
წყნარი, ფრთხილი, კუდა-მელა,
მხოლოდ ჰფიქრობს თავის-თავზედ,
სულ ერთია მისთვის ყველა.
5
ვერც არაფერს გააკეთებს,
არც არაფრის წამხდენია;
მაგრამ ზოგჯერ მისი სიტყვა
სიზმარივით აგვხდენია.
6
უმნიშვნელოდ არას იტყვის,
და თუ ნახა მან მიზანი,
ერთს მისთანას დაიძახებს,
როგორც დიდი ზარბაზანი.
7
სიტყვით წმინდა გიორგია,
საქმით თურმე გეურქ-აღა;
უწყლოდ თევზი გააჩინა,
რიყეები გააბაღა.
8
პროკურორად ნამყოფია,
მერე იყო. თვით ვექილად;
სადაც გინდა, როგორც გინდა,
გამოდგება ის ადვილად.
9
ხან ჩვენია, ხან სხვისია,
ხან აქარი, ხან იქ არი,
ხან წაღმა და ხან უკუღმა
ბდღვირს აადენს, როგორც ქარი.
10
გულით ამბობს, რასაც ამბობს,
რაც პერანგზე დაიწერა,
და თუ სცდება, მისი ცოდვა
მიეცა მას, ვინც ჩაბერა.
[1893 წ.]
გამოცანები (I, 469). დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 25 აპრილი, №17. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.32.10 ალბომში |
▲ზევით დაბრუნება |
ყმაწვილი სჯობდი მოხუცსა,
მოხუცდი - სჯობხარ ყმაწვილებს!
ასეა, ვისაც ბუნება
თვის ძალას გაუნაწილებს.
ახალი ცუდი ძველ კარგის
ვისგან რა შესაფარდია?
ვარდი რომ კიდეც სჭკნებოდეს,
მაინც ვარდი და ვარდია.
ის თუმც აღარ ხარ, რაც იყავ,
შენთანვე შედარებითა,
მაინც შენ გირჩევს გონება
და გრძნობა ნეტარებითა.
იცოცხლე, იმხიარულე,
ციურის ნიჭით გზნობილო!
არ მინდა დაგასახელო,
ისეც ყველასგან ცნობილო!
[1893 წ.]
ალბომში (I, 471). დაიბეჭდა 1893 წ.
- კვალი 1893 წ. 9 მაისი, №19. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. || ავტოგრაფი XXIII,40. -
![]() |
3.32.11 გ … ს |
▲ზევით დაბრუნება |
ახლოს ხარ - თვალს ვერ გიმართავ,
შორით ვუნდები ცქერასა;
ლამის, დავჰკარგო გონება,
გადავჰყვე გულის ძგერასა!..
შენ-კი მეკრძალვი ბეჩავსა,
როგორც წიწილა ძერასა...
შენს ღმერთს მიჰმადლე... დაუგდე
ყური გლახ-გულის ძგერასა.
ნუ გამხდი ნაცარქექიად,
ნუ დამსვამ ცივსა კერასა;
ზედ ნუ დამაყრი ნაცარსა...
მიხშირებ გულის ძგერასა!..
ნუ მაწყევლინებ გაჩენას,
სიცოცხლეს, ბედისწერასა!..
თანგრძნობა უნდა მალამოდ
სნეული გულის ძგერასა.
ქვეყნის მკურნალი შევჰყარე,
მაგრამ ვერ მიხვდენ ვერასა:
სხვადასხვა მიზეზს ადებდენ
ამ ჩემი გულის ძგერასა.
აღელვებასა მიშლიდენ,
სიცილს, ტირილს და მღერასა;
მაგრამ ვერ არგო ვერც ერთმა
შელახულ გულის ძგერასა!
ყური დავუგდე მაშინ მე
ჩემი სიმების ჟღერასა,
და თვითვე მივხვდი, რაც იწვევს
ამ ჩემი გულის ძგერასა:
ბრალი არა აქვს ლამაზ ქალს,
შავგვრემანს, არცა ქერასა!..
მარტო შენა ხარ მიზეზი:
მიხშირებ გულის ძგერასა
მიტომ, რომ თვალს ვერ გიმართავ,
შორით ვუნდები ცქერასა!..
ლამის დავჰკარგო გონება,
გადავჰყვე გულის ძგერასა.
[1893 წ.]
გ ...ს (I, 472). დაიბეჭდა 1893 წელს.
- კვალი 1893 წ. 16 მაისი №20. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.32.12 პროზიდან „ძალად ლიტერატორები“ |
▲ზევით დაბრუნება |
ყველასათვის ცუდი მსურს!
სინიდისის მტერი ვარ;
თაყვანსა-ვსცემ მტრობა-შურს
და მით ბედნიერი ვარ!
ვწერ და გროშებს დავეძებ,
ცოტასაც არ ვჯერივარ;
თუ არ მომცემს - ვიტაცებ
და მით ბედნიერი ვარ!
წარამარა მელანს ვღვრი.
პუბლიცისტად ვწერივარ;
თავბრუ მესხმის და ვყვირი:
„მხედავთ? ბედნიერი ვარ!!“
ბატისტვინა, შოშია,
ჭია-ღუა, მწერი ვარ!..
ვყეფ მე, როგორც გოშია,
და მით ბედნიერი ვარ!
პატრონი მყავს გულდიდი,
მეც მის შესაფერი ვარ!
მრუდე მაქვს გზა და ხიდი,
მაგრამ ბედნიერი ვარ!
შევწუწკუნებ რედაქტორს,
მისი ფეხთა-მტვერი ვარ!
სხვას ვერ ხედავს ის ჩემ სწორს
და მით ბედნიერი ვარ!
მხოლოდ მისი გულისთვის
თითქმის ყველაფერი ვარ!
რჯულს გავყიდი ფულისთვის
და მით ბედნიერი ვარ!
ცუდს ვფიქრობ და ცუდი მსურს,
კარგი კაცის მტერი ვარ!..
ქვეყნად ვთესავ მტრობა-შურს
და მით ბედნიერი ვარ!..
[1893 წ.]
პროზიდან „ძალად ლიტერატორები“ (I. 474). დაიბეჭდა 1893 წელს.
- კვალი 1893 წ. 23 მაისი №21 (ჩართულია პროზაში „ძალად ლიტერატორები“). -
![]() |
3.32.13 მმღერალ ქალს |
▲ზევით დაბრუნება |
საგანგებოდ მოვლენილო
უზენაეს განგებითა,
სულთან გულის გადამბმელო
მომხიბლავის ჰანგებითა!
თვალი გჭამს და ყური გყლაპავს
და მაინც ვერ ძღება გული;
ვარდ-ბულბული შენში თხზულა,
რომ ამაღლდეს სიყვარული.
გიყურებ და მაგონდება
თვალდათხრილი მე ბულბული,
გაცრცვნილ ზამთარს რომ ვერ ხედავს,
თვალ-წინ უდგას გაზაფხული.
მოტყუებით მოხიბლული,
აფერადებს ჰანგით ჰანგსა,
ქვეყნით ცხოველს გამოიწვევს,
„ცით ფრინველს და ზღვით ნიანგსა“.
შენც ისე ხარ! მხოლოდ განზრახ
ჩვენს აწმყოზე ხუჭავ თვალსა
და ოცნებით წარმოიდგენ
ჩვენს წარსულს და მომავალსა.
ხან ქვითინებ გულდაწყვეტით,
შავ ქვესკნელში აძვრენ ხმასა,
ხან იმედი ცაში აგყავს,
აორკეცებ გულისთქმასა!..
ჩამოგვბერე ჩვენც ეგ ძალა,
სულთან გულის გადამბმელო,
რომ ყოველთვის თვალ-წინ გვედგას
ფერმიხდილი საქართველო!
[1893 წ.]
მმღერალ ქალს (I. 476). დაიბეჭდა 1894 წ. (ცენზურის ვიზა 1893 წ. 25 ნოემბ.).
- მოამბე 1894 წ. იანვარი №1. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო სიმღერა №12. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. -
ლექსი მიძღვნილია მაკინე ამირეჯიბისადმი, რომელიც დიდის ხელოვნებით მღეროდა ქართულ ჰანგებს.1
______________
1. მასვე ეძღვნის მეორე ლექსი: „მ. ამირეჯიბის ალბომში“ (ტ. I, 582).
![]() |
3.32.14 ალექსანდრე ყაზბეგის კუბოზე |
▲ზევით დაბრუნება |
აჰა, საზღვარი სიკვდილ-სიცოცხლის,
უცნობ-ნაცნობი რამ გამოცანა...
აქ იყრებიან, ვით დღე და ღამე,
ის საუკუნო და ეს ქვეყანა!..
ამ საიდუმლო საზღვრის წინაშე
წამდგარვართ დღეს ჩვენ თვალცრემლიანი
და თაყვანსა-ვსცემთ, ვინც ღირსეულად
განვლო ამ ქვეყნის გზა ეკლიანი.
სხვაგვარი იყო ამისი ნატვრა
და სულ სხვაფერი მისი ოცნება!..
ძვირფას საუნჯედ ემარხა გულში
ქრისტეს მოძღვრება და წმიდა მცნება:
ძმათ სიყვარული და სათნოება,
შრომის კავშირით შეერთებული…
გული სიწმინდით და სული მარად
წრფელი ზრახვებით გაახლებული.
ამ ღირსეული საგზლით მიმართა
ზეცას პირნათლად ღირსსა წინაპრებს,
და აქ მსოფლიო ვალის გადახდით
ამიერიდან იქ ინეტარებს!
და ჩვენც მხოლოდღა გვრჩება ვუსურვოთ
„წმიდათა თანა მას განსვენება...“
და აქ სახსოვრად საშვილიშვილოდ
სამაგალითო „ქებათა-ქება!“
1893 წ.
ალექსანდრე ყაზბეგის კუბოზე (I, 477). დაიწერა 1893 წელს. დაიბეჭდა 1894 წ. (ცენზურის ვიზა 1893 წ. 25 ნოემბ.).
- მოამბე 1894 წ. იანვარი №1. -
![]() |
3.33 1894 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.33.1 ავადმყოფი მგოსანი |
▲ზევით დაბრუნება |
ბედო შავპირო, უპირო,
ამრევო გზა და კვალისა!
სულს ნუ ამომხდი, მაცალე
დახამხამება თვალისა!..
აჩრდილიღა ვარ წარსულის
და ლანდი მომავალისა!..
ვის შერჩენია, მე შემრჩეს,
გადახდა სოფლის ვალისა?
მაგრამ სურვილმა მომხიბლა
ცრუ მოიმედე ხვალისა;
ჩამიხმატკბილა ჩანგურმა
და გული გამიხალისა:
ჩანგურო! ჩემო ჩანგურო!
ოცნების ზღვაში მცურავო!
შენი კრინმანჭი წკრიალი
ხელახლად მომეწყურაო;
ჯორა გაქვს ია-ვარდისა,
სიმი - ბულბულის ენაო;
ფრთები არწივის გასხია,
შეგშვენის აღმაფრენაო;
მიმოფრენ, მეც თან დაგყავარ,
წამის-წამ, კიდის-კიდესო!
ვეღარ მერევა სიკვდილი
მე, შენსა გადამკიდესო!
დიდება შენსა მოვლენას,
ციურო, ტკბილო ძალაო!..
დაადნა გული შენს სიმებს
და სული დაიცალაო.
[1894 წ.]
ავადმყოფი მგოსანი (I, 78). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 27 თებერვალი, №10. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.33.2 მწუხრი |
▲ზევით დაბრუნება |
მთვარიანი ღამე იყო,
წყნარი, გრილი, მომხიბლავი!..
ზეგარდამო მადლსა ჰფენდა
ძალთა-ძალი უხილავი.
ცა ქვეყანას, ქვეყანა ცას,
ყურს უგდებდენ ერთმანეთსა;
მით ორივე შეთანხმებით
ადიდებდენ შემოქმედსა!
ცის და ქვეყნის შუამავლად
სხივი იყო მთიებისა,
და იმათში პირველობა
შუქურ-ვარსკვლავს მიეთვისა.
თვით მცენარე აღმაკმევით
მიმოჰფენდა სუნნელებას...
სიჭაბუკე ძალსა ჰგრძნობდა
და სიბერე გაახლებას...
წამი იყო სასუფევლის
მრავალმეტყველ მდუმარება
და ნაყოფი სამოთხისა,
ამაჟრჟოლი ნეტარება.
აქ უეცრად ვარდის ბუჩქი
შეინძრა და შეირხა რტო,
ზედ ბულბული თურმე იჯდა
გამსჭვალული მარტოდ-მარტო.
მოერია გრძნობა მმღერალს,
გულში მადლი ჩაესახა!..
ტკბილ-ზევსური, მწარე ზარი,
ორივ ერთად შემოსძახა.
ხმა გაისმა სხივნართი რამ,
ზეამტანი, ამაძგერი!..
ყველა სმენად გადაიქცა,
უსულო და სულიერი.
მოფერადე ჰანგით ჰანგის
დაიქანცა, დაიღალა,
თითქოს ჩასდნა თვის ჭიკჭიკში:
ხმა შესწყვიტა... გაქრა ძალა!..
ნაცვლად მისსა იქვე ახლოს
აჭიკჭიკდა სხვა ბულბული...
იგივ კილო, იგივე ხმა...
შიგ არც სული და არც გული!..
თურმე რაღაც სათამაშო
ბავშვს ეჭირა, სულს ჰბერავდა
და მანქანიც ხელოვნური
ბულბულისა ხმით უკრავდა.
მაგრამ ნამდვილს ისე ჰგავდა,
ვითა მწუხრი განთიადსა,
ვით უსულო - სულიერსა
და აჩრდილი - მისვე ცხადსა.
შევადარე ერთმანეთსა,
შევუწონე დიდსა მცირე
და ასე ვთქვი: „სხვადასხვაა
პოეტი და მოშაირე!“
[1894 წ.]
მწუხრი (I, 480). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 6 მარტი №11. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.33.3 პასუხი |
▲ზევით დაბრუნება |
რას მეტყვი, ძმაო, მისთანას,
რომ არ მსმენოდეს ათასჯერ?
სიტყვას ნუ აჭიანურებ!..
მოკლედ გამოსთქვი... გადასჭერ!
რასაც შენ ამბობ, ეგ ხომ ჩვენც
იმ თავიდანვე ვიცოდით?!
წყალი მაშინაც გვახრჩობდა!..
ცეცხლში მაშინვე ვიწვოდით!..
წამალი გვინდა!.. წამალი,
შეპყრობილს მრავალ სენითა!
ვის გაუკურნავს სნეული
რჩევით და მარტო ენითა?
სიყმაწვილეში ერთ ზღაპარს
გამდელი მეუბნებოდა...
დღეს ის ზღაპარი მცნებად მწამს,
მაშინ-კი მეცინებოდა.
იმ ზღაპარს ხალხი უძახის
„უკვდავებისა წყაროსა“,
დიდ ჭირში გამამხნევებელს,
სასურველ-სანეტაროსა.
ჭირისუფალი დაეძებს,
მოლახავს კიდით-კიდესა;
არ ერიდება შემთხვევას,
ბევრ ჭირის გადამკიდესა.
თავის-თავს მისთვის ივიწყებს,
თვალ-წინ უდგია სნეული;
მტერს სასიკვდილოდ შეებრძვის,
გინდ იყოს ქაჯი-გრძნეული.
ან შეაკვდება, ან მოჰკლავს,
ხელში ჩაიგდებს „წყაროსა“;
მოაქვს და სნეულს ასხურებს,
რომ ადგეს!.. გაიხაროსა!!
მაშინ-კი თავის-თავზედაც
ჰზრუნავს ვალმოხდილ გმირთ-გმირი;
ლხინობს და ლხინიც ერგება:
გამოვლილი აქვს მას ჭირი!
ჩვენც გმირი გვინდა დღეს, ძმაო,
„უკვდავებისა“ მძებნელი!
და არა ნაცარქექია,
ტიტინა, ქუჩის მტკეპნელი!
[1894 წ.]
290. პასუხი (I, 482). დაიბეჭდა 1894 წელს.
- მოამბე 1894 წ. აპრილი №4 (ცენზ. ვიზა 14 მარტს). || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.33.4 ნეიტრალი |
▲ზევით დაბრუნება |
აქეთაც ვარ, იქითაც ვარ,
მიყვარს შუა მე ტრიალი!..
მაგრამ არსად კი არა ვარ:
ჩემთვისა ვარ... ნეიტრალი.
მადლობა ღმერთს, რომ სხვებსავით
არ მებნევა გზა და კვალი!..
გადავდივარ!.. გადმოვდივარ!..
ისე, როგორც ნეიტრალი.
მე არა მსურს, ჩემზე ვინმე
რომ გარისხდეს!.. იყოს მწყრალი!..
იაც მომწონს, ვარდიც მიყვარს,
რადგანაც ვარ ნეიტრალი.
სამაისო მომზადებამ
ორად გაჰყო ჩვენში ძალი;
მე არც ერთს არ ვემატები:
განზედა ვარ, ნეიტრალი.
ამბობენ, რომ საზოგადო
საქმე არის ყველას ვალი,
მაგრამ მე ჯერ ვალს არ ვიხდი,
სანამდის ვარ ნეიტრალი.
სულ სხვადასხვა პარტიისა
ერთად შემხვდა ორი ქალი:
ერთი ერთს მთხოვს, მეორე სხვას...
დამაფიქრეს ნეიტრალი.
ერთს ის ვუთხარ, მეორეს ეს,
აქეთ თვალი!.. იქით თვალი!!..
ბისმარკივით გამოვძვერი,
დავრჩი ისევ ნეიტრალი.
საარჩევნო ლხინში ვიყავ:
იქ სუყველა იყო მთვრალი.
მეც ვსვი, მაგრამ ფხიზლად ვიყავ,
რადგანაც ვარ ნეიტრალი.
ვინც ამ ქვეყნად პირდაპირობს,
ვაი მხოლოდ მისი ბრალი,
თვარა ყველგან კარგი ყმაა
ჩემისთანა ნეიტრალი!..
აქეთაც ვარ, იქითაც ვარ,
მიყვარს შუა მე ტრიალი!..
მაგრამ არსად კი არა ვარ,
ჩემთვისა ვარ, ნეიტრალი!!..
[1894 წ.]
ნეიტრალი (I, 484). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 3 აპრილი №15. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.33.5 ქართველი ქალი |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი გრ. დიასამიძეს)
ვინ სთქვა: „ქართველ ქალს მშვენება
მაღლით არ მოჰმადლებია?“
არც ერთი ნიჭი ბუნების
რჩეულსა არ დაჰკლებია!..
თვით სარკე ხელოვნებისა,
შემკული გარეგნობითა,
გონების ნერგი მაღალი,
აყვავებული გრძნობითა,
თვალსა სჭრის და გულს იტაცებს
ანდამატურის ძალითა
და ჰხიბლავს ყოველ არსებას
გარს შემონაშუქ ალითა!
ბნელში მნათობი, ნათელში
მოთინათინე ქმნილება
ესისხლხორცება სიცოცხლეს
სხვისას და ენაწილება!..
მაგრამ!.. რა მაგრამ? მე მაინც
ჯერ მას ვერა ვსცემ თაყვანსა,
„ზარს“ ვერ ვუმღერებ მის კუბოს
და „ნანას“ - მისსა აკვანსა!..
მიტომ, რომ მისსა მშვენებას
აკლია გვირგვინ-ბეჭედი,
აწმყოში სულის ჩამდგმელი
და მომავალში იმედი:
ეს არის ნერგი ოცნების,
ღრმად გულში ჩამარხულისა,
სახის აღმგზნები ბეჭედი
სამშობლოს სიყვარულისა!..
[1894 წ.]
ქართველი ქალი (I, 486). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 10 აპრილი №16. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. || სულიკო და სხვა ლექსები: 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || ავტოგრაფი XXVIII,1. -
![]() |
3.33.6 ქრისტე აღდგა! |
▲ზევით დაბრუნება |
მარიამ იაკობისი,
მარიამ მაგდალინელი
და მასთან ერთად სალომე,
ქრისტეს საფლავის მძებნელი
მოსულან ნელსაცხებლითა,
რათა სცხონ გვამსა დიდებულს;
მაგრამ შემკრთალან, რომ ხედვენ
დიდ ლოდსა გადაგორებულს.
მკვდარი არსად სჩანს!.. და მარჯვნივ
ჭაბუკი ვინმე მდგომარე,
სპეტაკი შესამოსლითა,
ნათლითა მოსხივცისკარე,
მათ ეუბნება: „რად შეკრთით?
ანგელოზი ვარ მე მცველი.
აწ გიხაროდენ: ზე აღდგა
იესო ნაზარეველი!“
მენელსაცხებლეთ აევსოთ
სიხარულითა მყის გული
და მიახარეს ქვეყანას:
„აღდგაო მკვდრეთით ჯვარცმული!
აღდგა ვინც სისხლი დაჰთხია
ახალი რჯულის დვრიტადო!“
ცა და ქვეყანაც პასუხად
იძახის: „ჭეშმარიტადო!“
[1894 წ.]
ქრისტე აღდგა (I, 487). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 17 აპრილი №17. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.33.7 თვალი პატიოსანი |
▲ზევით დაბრუნება |
ღვთისმშობლის დიდებულ გვირგვინს
ძვირფასი დააკლდა თვალი…
და იმის მოპოებასა
ბრძანებდა ღმერთი უფალი.
უბრძანა მთავარანგელოზს:
„მიმოვლე ზღვა და ხმელიო
და საკადრისი თუ შეგხვდეს
თვალი, შეახე ხელიო!“
დაეშვა მაღლით გაბრიელ;
ათვალიერებს ქვეყანას,
მაგრამ საძღვნოსა ციურსა
ვერ ჰპოებს, რომ სურს, მისთანას.
ზღვაში მარგალიტს და მარჯანს,
ხმელეთზე იაგუნდ-ლალსა,
ზურმუხტს და ალმასს ელვარეს
სწუნობს!.. არიდებს მათ თვალსა,
რადგან ვერ ჰხედავს იმათში
უნაკლულოსა... უზადოს!..
არ იცის: უფალს რა უთხრას?
ღვთისმშობელს რა მოუმზადოს?
დაღონდა!... ფრთები გაშალა
სხივების მოსაფენადა
და მიემართა ზეცისკენ
ხელახლად ასაფრენადა.
მაგრამ იმავ დროს შორს რაღაც
შენობას მოჰკრა მან თვალი!..
ის იყო ქოხი საწყლისა,
ნახევრად ნაქცევ-დამპალი.
შეფრინდა მის ბნელ ოთახში
ცის მოციქული ელვარე
და ნახა ქალი უძლური,
ძის მომაკვდავად მდებარე.
მის-წინაც, მუხლებმოყრილი,
საბრალო მისი ასული!
გული ევსება ტანჯვითა
და სასოებით თან სული.
მაღლა აეპყრა ხელები,
ფიქრით ქვეყანას ბურავდა,
და ღაწვზე, ვით მარგალიტი,
ობოლი ცრემლი გორავდა.
„ვიპოვე, რასაც ვეძებდი
გვირგვინის შესამკობლადა
ცისა და ქვეყნის დედისთვის!..
ყოფილა აქვე, სოფლადა!..“
სთქვა ანგელოზმა და ცრემლიც
მოსწყვიტა სიხარულითა...
ცრემლი, ნაშობი უმანკო
ვედრება-სინანულითა.
[1894 წ.]
თვალი პატიოსანი (I, 488). დაიბეჭდა 1894 წელს.
- ჯეჯილი 1894 წ. №3 (ცენზურის ვიზა 26 აპრილს). -
![]() |
3.33.8 მესტვირე რას ამბობს? |
▲ზევით დაბრუნება |
ცრემლით ამევსო ქამანჩა,
კვნესით და ოხვრით - სტვირიო!
აქამდე ძველ დროს მოვთქვამდი,
ახლა ახალსაც ვსტირიო!..
ღმერთო, რა ვნახე?! რას ვხედავ?..
რა დრო დაგვიდგა ესაო?
სიმტყუვნე გულში იცინის,
სიმართლემ დაიკვნესაო!..
მელა მექათმედ დამდგარა,
მწყემსობას ჩემობს მგელიო...
ეშმაკი ეშმაკს პატიჟობს:
„სასუფეველში გელიო!“
დიდება შენდა, უფალო!
სხვა დროა... უცნაურიო...
გადაუბრუნდა ქვეყანას
თვალი, ენა და ყურიო!..
ცრემლით მევსება ქამანჩა,
კვნესით და ოხვრით - სტვირიო,
აქამდე ძველებს მოვთქვამდი,
ახლა ახლებსაც ვსტირიო!..
[1894 წ.]
მესტვირე რას ამბობს (I, 490). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 12 ივნისი №25. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. -
![]() |
3.33.9 სამი დრო |
▲ზევით დაბრუნება |
ჭაბუკობის დროს, როდესაც
სიცოცხლე გრძნობით დნებოდა,
ფერადი, ჭრელი ქვეყანა
ვარდისფრად მეჩვენებოდა.
სიკვდილიც ტკბილი მეგონა,
საძრახსა არვის ვძრახავდი;
დიდს და პატარას სულ ერთად
ანგელოზებად ვსახავდი.
აღარ დგებოდა ბუდეში
ფრთებშემოსხმული გარს, გული:
შიგ ია-ვარდი ჰყვაოდა
და ჭიკჭიკობდა ბულბული.
რომ დავვაჟკაცდი, მესტუმრა
„თვალდიდა“ გამოცდილება,
და მოწონებულ ქვეყანას
მევე შევნიშნე ცვლილება:
ვარდი ერთი თვით იშლება!..
თერთმეტით - მარტო ეკალი...
და კაცის ანგელოზობაც
აღარ გამოდგა მართალი!
გული დააჭკნა საგულეს,
გარს მოიქაფა ნაღველი!..
ბულბულიც ყორნად გადიქცა,
ჭრომახი ქვეყნის მნახველი.
ხანში რომ შეველ, ქვეყანას
გულგრილად ვავლებ მე თვალსა:
ვარდს აღარ ვაქებ-ვადიდებ
და აღარც ვწყევლი ეკალსა.
ორივე ერთ ხეს აბია!
ძირი ორივეს ერთია!..
მათი გამრჩევი, მსაჯული
თვით შემოქმედი-ღმერთია.
[1894 წ.]
სამი დრო (I, 491). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 17 ივლისი №30. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.33.10 ხატის წინ |
▲ზევით დაბრუნება |
მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი,
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ჰფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს
თვალუწვდომელი წყვდიადი.
მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული,
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.
რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა,
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.
სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი - ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა,
და, რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც, განა?
კი!.. მაგრამ მნათე არსად სჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა...
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!..
[1894 წ.]
ხატის წინ (I, 493). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 28 აგვისტო №36. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები III, 1912 წ. -
![]() |
3.33.11 *** (ა ცანგალა, ცანგალაო!..) |
▲ზევით დაბრუნება |
..........ა ცანგალა, ცანგალაო!
..........ბაქია და სანდალაო!..
გამოცანას მოგახსენებთ,
დიდი არაფერიაო:
ერთი რამე სულიერი,
თავის-თავის მტერიაო...
პროზის წერით დაჩუტულა,
ლექსებს გაუბერიაო;
ასი ჯორის საპალნეა,
რაც რამ დაუწერიაო.
..........ა ცანგალა, ცანგალაო!
..........ბაქია და სანდალაო!..
ერთ ფალავანს დაეძგერა,
ებღაუჭა, ეწვალაო...
ყელში ხელი წაუჭირეს,
საწყალს ფერი ეცვალაო.
შეევედრა: შენ ყოფილხარ
უძლეველი რამ ძალაო!..
ყურმოჭრილ ყმად გაგიხდები,
თუ სიკვდილმა მაცალაო.
..........ა ცანგალა, ცანგალაო!
..........ბაქია და სანდალაო!..
რომ გაუშვეს, სხვას მივარდა,
სულ სხვა აითვალთვალაო;
თოფი ჰქონდა დიდგულისა,
რევოლვერი დაცალაო;
იქუჩმაჩა, ებღაუჭა,
მაგრამ ვინღა აცალაო:
ყურებში რომ ხელი სტაცეს,
კარში გაიცანცალაო!..
..........ა ცანგალა, ცანგალაო!
..........ბაქია და სანდალაო!..
გადუბრუნდა შიშით გული
და სულ გადაგვერიაო:
ან-ჩინურად გადაწერა,
რაც-კი დაუწერიაო!
ძველი მტრების მოყვარეა,
და მოყვრების მტერიაო!
ვისაც ადრე წიხლს ესვრიდა,
მათი ფეხთა მტვერიაო!..
..........ა ცანგალა, ცანგალაო!
..........ბაქია და სანდალაო!..
[1894 წ.]
*** „ა, ცანგალა, ცანგალაო“ (I, 494). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 2 ოქტომბერი №41 (ჩართულია პროზაში: „სახუმარო გასართობი“). -
ამ ლექსში „ბაქია“-ს სახელით იგულისხმება ანტონ ფურცელაძე (რომლის ფსევდონიმი იყო „ქერელი ბექა“). „სანდალა“ - ფსევდონიმია ზაქარია ჭიჭინაძისა.
![]() |
3.33.12 ზღვაო, აღელდი, აღელდი! |
▲ზევით დაბრუნება |
ზღვაო, აღელდი, აღელდი,
ქარტეხილს დაემორჩილე!
აამთაგორე ტალღები,
კიდეებს გადააცილე!
მარგალიტების სალარო
შენი უფსკრული გულია,
მყუდროების დროს ის განძი
ქვეყნისთვის დაფარულია.
მხოლოდ როდესაც მრისხანებ,
გულს უხსნი მზე და მთვარესა;
იმ მარგალიტებს შესტყორცნი
შენს შემკვრელს არემარესა.
პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი
მრისხანე გულის ღელვასა...
ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი
და სიბნელის დროს ელვასა!
[1894 წ.]
ზღვაო, აღელდი, აღელდი (I, 496). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 23 ოქტომბერი №44. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.33.13 პამპულა |
▲ზევით დაბრუნება |
(მესტვირული)
..........პიიიპუ! პიპო! პიპუ!
პამპულა რომ შეკაზმულა
ჯიღითა და ჯინჯილითა,
ყურა-რაშზე გადამჯდარა,
მოაგელვებს ჩინჩილითა;
ხელში ხმალი აუღია,
მოჭედილი ღინჭილითა;
ნაზირ-ვეზირ-ფარეშები
თან მოსდევენ კინკილითა,
ეჟვნებს გააქვსთ ჟღარა-ჟღური.
თითქოს ბობღან-წინწილითა;
ჯამაათი დაუხვდება
ღრეჭითა და სიცილითა:
„პამპულ, საით მიბრძანდებით?
რას მიირთმევთ დილ-დილითა?
უნდა ლხინში დაგვეწვიოთ,
დაგიხვდებით წიწილითა;
გოჭის-კუდს ზედ დაგითავებთ,
ღვინოს გასმევთ ჭინჭილითა“.
..........პიიიპუ! პიპო! პიპუ!
პამპულ ბძანებს: „რა დროსია?
რასი ჭამა, რასი სმაო?
ღმერთმა მტერსაც ააშოროს
ის, რაც მე დღეს მესიზმაო.
კორტოხიდან გადმოვიდა
იმერელი ვინმე ყმაო,
მე რომ გაღმით შევუტიე,
გამომიხტა გამოღმაო!..
მომაძახა: „სიდან, სადა?!..
რას ფაფხურობ, ჩემო ძმაო?
ჩემზე მეტს რომ იწველიდეს,
მე დამწიხლოს იმ ფურმაო;
შენ რისთვისაც ხვანცარიკობ,
კი შეგატყვეთ, არ ვართ ბრმაო,
ვისგანა ხარ მოგზავნილი
ყურმოჭრილი შინა-ყმაო?
უკუაგდე უკადრისი
ხრიკები და გულისთქმაო!..
მეტს ნუ ეძებ! არ დაჰკარგო,
ხელში რაც გაქვს, ეგ ლუკმაო!“
ეს რომ მითხრა, გამეღვიძა,
ამბუძგოდა თავზე თმაო,
ენა მუცლად ჩამვარდნოდა,
გამეკმინდა შიშით ხმაო!“
..........პიიიპუ! პიპო! პიპუ!
შეებრალა ჯამაათსა,
დაბლა თავი დახარაო,
უთხრა: „პამპულ! კინკილ-პამპულ!
ეგრე ვინ გაგაცხარაო?
სიტყვა-პასუხს ისე ხმარობ,
როგორც კაი ჯაფარაო.
შენი ჭკუის წაღმა ხნული
უკუღმა ვინ დაბარაო?
პურის ნაცვლად მოგიმკია
ღელაღუნტა, ფარფარაო!
დალოცვილო, ვინ არ იცის,
რაცა ხარ და რაც არაო?
კინკილ-პამპულ! პამპულ-კინკილ!
მთელი ქვეყნის მასხარაო!“
..........პიიიპუ! პიპო! პიპუ!
[1894 წ.]
პამპულა (I, 497). დაიბეჭდა 1894 წელს.
- კვალი 1894 წ. 30 ოქტომბერი №45 (ჩართულია პროზაში: „სახუმარო გასართობი“). -
ამ ლექსში „პამპულა“-ს სახელით მონათლულია ანტონ ფურცელაძე.
![]() |
3.33.14 ანდერძი |
▲ზევით დაბრუნება |
ოთხი ფიცარი კუბოსთვის,
უბრალო, შეუმკველადა,
და ოთხი მუშაც წამღები,
რომ გამასვენონ ხელადა.
არც გვირგვინები, არც სიტყვა,
არცა-რა ცერემონია,
არ მინდა!.. მოლას ანდაზა
მეც ბევრჯელ გამიგონია.
მინდა, რომ ბაღში დამმარხონ,
სადაც არ იყოს სხვა მკვდარი!..
ზაფხულმა მწვანით შემმოსოს
და თოვლს მაყრიდეს ზამთარი!..
მზე საფლავს სხივებს ტყორცნიდეს,
დაჰქათქათებდეს ზედ მთვარე,
და ვარსკვლავები ჭიკჭიკა,
მიბნედით მოსხივცისკარე.
დილ-დილით გასაღვიძებლად
შაშვმა მისტვინოს ზევსური,
რომ მის მაღალ-ბან სალამურს
სიკვდილმაც დაუგდოს ყური.
საღამოს ვარდის ჩიტუნამ
ჩასკვნით ჩამკვნესოს „ნანინა“,
იქვე მახლობლად ბუჩქებზე
მას აერჩიოს რა ბინა!..
და ამდენ ნატვრის გვირგვინად
ერთსაც დავსახავ სხვა რამეს:
კავშირსა სიკვდილ-სიცოცხლის,
ორივე სოფლის სიამეს!..
ის მირჩევნია ძვირფას ძეგლს,
ყოველგვარ სანახაობას,
რომ იქ უქმე-დღე ვხედავდე
მოზარდულ ქართველ თაობას!..
იქ თამაშობდეს, ცელქობდეს,
ეხორცებოდეს ქართველ ერს!..
თავისებურად დამღერდეს
ძველებურ „მრავალ-ჟამიერს!“
[1894 წ.]
ანდერძი (I, 499). დაიბეჭდა 1894 წელს. -
ჩართულია მოთხრობაში „სიკვდილი“.
- კვალი 1894 წ. №49. || აკაკის კრებული 1897 წ. ოქტომბერი №2. || ორი მოთხრობა 1903 წ. -
![]() |
3.33.15 პატარა მურია |
▲ზევით დაბრუნება |
რას წუწკუნებს ის პატარა მურია?
ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია?
ვისი არის და ან სადაურია?
ქუცი, ქუცი! კუდქიცინა მურია!
რომ არ მოდის?.. თითქოს უმადურია!
რა ყოფილა, ხედავთ, ბრიყვი მურია?!
კიდეც რომ ჰყეფს!.. რაღაც უცნაურია!
თათი, თათი, სალახანავ მურია!
მისი ყეფა მხოლოდ მარტო შურია...
ვის აშინებს სასაცილო მურია?!
მაგის ხერხი - ერთი ლუკმა პურია:
გადაუგდებ, გაჩუმდება მურია.
ვინც გააძღებს, მისი შინაურია,
იმას ჰმონებს და კუდს უქნევს მურია.
ან-კი რა ქნას? ბუნებით უძლურია.
ქუცი, ქუცი! საცოდავო მურია!..
ლაქუცაა კუდქიცინა მურია,
თუ არ ჰშია და ან არცა სწყურია.
[1894 წ.]
პატარა მურია (I, 501). დაიბეჭდა 1894 წელს. -
ჩართულია მოთხრობაში „სიკვდილი“.
- კვალი 1894 წ. №52. || აკაკის კრებული 1897 წ. ოქტომბერი №2. || ორი მოთხრობა 1903 წ. || ავტოგრაფი VII,28 (ცალკე ლექსად, სათაურით: „პატარა მურია“).-ავტოგრაფის ტექსტი სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს.
არსებობს ცნობა, ვითომც ეს ლექსი „პატარა მურია“ ეხება ფრანგ ჟურნალისტს ჟიულ მურიეს. (იხ. ამის შესახებ ჟურნ. მნათობი, 1938 წ. 1 5). მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ კონტექსტს მოთხრობისას „სიკვდილი“, რომელშიაც ჩართულია ეს ლექსი, - ცნობა, თითქოს ეს ლექსი ფრანგ ჟურნალისტს იგულისხმებდეს, საეჭვოდ გვეჩვენება. ლექსში მოცემულია ზოგადი ტიპი წვრილფეხა მლიქვნელისა, ხოლო რამდენადაც აქ არის გადაკრულ-სიტყვაობა, იგი სჩანს ქართულ გარემოს, ანუ უფრო სწორედ ქართულ ლიტერატურულ-ჟურნალისტურ გარემოს ეხება.
![]() |
3.33.16 ჩემი თხა |
▲ზევით დაბრუნება |
(ხალხური)
ჩემო ლამაზო ბეკეკა,
შენ ჩემო თხაო ბელაო!
ჩემი მტერი და ორგული
შენ გენაცვალოს ყველაო.
წვერი გაქვს დეკანოზისა
და რქები ეშმაკისაო;
კბილები, ნამგლად ნალესი,
ნეკერს ჰკვრეხს, ბალახს მკისაო.
მთაში რომ წაკოკინდები,
დააგდებ მინდორ-ველსაო;
ჯიხვებს ეწვევი კლდეებში,
იქ მოიღერებ ყელსაო.
გაძღები, გასისინდები,
ჯიქანს გაივსება რძითაო!
რა გზითაც დილას წასულხარ,
ბრუნდები იმავ გზითაო.
მოხვალ და საწველს ამივსებ,
არ დამამადლი წველასო!..
მეძღვნეო ჩემი შვილების,
შენ მირჩევნიხარ ყველასო!
თვალის-ჩინივით მოგივლი,
ნუ გეშინია მტერისო!..
მაგ ძუძუების ჭირიმე:
საწველში ჩაიმღერისო!..
ბეკეკავ! ჩემო ბეკეკავ!..
შენ ჩემო კარგო ბელაო!..
ჩემი ოჯახის ურგები
შენ გენაცვალოს ყველაო!
[1894 წ.]
ჩემი თხა (I, 502). დაიბეჭდა 1895 წელს (ცენზურის ვიზა 1894 წ. 15 დეკემბერს).
- ჯეჯილი 1895 წ. №1. || დედა-ენა 1907 წლის გამოცემა და შემდგომნი. -
![]() |
3.34 1895 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.34.1 რამ მომარჩინა? |
▲ზევით დაბრუნება |
ბურანში მყოფს ცოცხალ-მკვდარსა
ხმა ჩამესმა ციური რამ:
„ვერ გიმეტებ სასიკვდილოდ!
ჯერ ადრეა!.. ვერ გაგწირავ!“
თან ჩამოჰყვა, როგორც კიბეს,
სამკურნალო იმ ხმას ძალი:
ვისუნთქე და შევფართხალდი,
გავახილე სუსტად თვალი.
ნათლის შუქმა თვალი მომჭრა,
მომეჩვენა რაღაც ბუნდად...
თითქოს დასი ანგელოზთა
მეხვეოდა მე გარს გუნდად.
ერთს ეჭირა ჩანგი ხელში,
სულს ატკბობდა ჟღერით... მღერით,
და სხვები-კი ბანს აძლევდენ
თანგრძნობით და გულისძგერით.
ვთქვი: „სადა ვარ? სად მოვსულვარ?
ვეღარა ვცნობ მე ამ სოფელს!..
ეს ყოფილა, რომ იტყვიან
ზეცასა და სასუფეველს!!..
„ეს სიმღერაც მალამოა
წრფელი გულის, წმინდა სულის!..
მშობელი და თვით ნაშობი
ზეციური სიყვარულის!“
ეს ვიგრძენ და მისუსტებულს
სამკურნალოდ მიმეძინა...
ვფიცავ ღმერთსა, მხოლოდ ამან!..
ამან მხოლოდ მომარჩინა!..
[1895 წ.]
რამ მომარჩინა (I, 503). დაიბეჭდა 1895 წელს.
- კვალი 1895 წ. 15 იანვარი №5. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12.-
![]() |
3.34.2 პანორამა |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგს ის მოსწონს, ზოგს ეს მოსწონს,
სულ სხვადასხვა ბევრი რამა;
მე-კი ყველას მირჩევნია
პაწაწინა პანორამა:
ჩაიხედავ, გამოჩნდება
ყველა ნათლად, უტყუარად,
გინდ იხმარონ მელის ტყავი
პირბადედ და ხელში ფარად.
ყველგან არის... ბევრგვარია
ამისთანა საჭვრეტელი,
მაგრამ ჩვენში ერთი არის:
„საზოგადო სარბიელი!“
ვინც გინდათ და ვინც არ გინდათ,
აქ შეხვდებით ყველას ერთად;
გაბერილებ-გაგუდულებს
თავი მოაქვსთ რაღაც ღმერთად.
პირბადედ და გზა-და-ხიდად
გაუხდიათ სიყვარული!..
სათვალთმაქცოდ იძახიან:
„ოჰ, სამშობლო!.. ოჰ, მამული!..“
ენაჭახრაკ, საქმეხრიკა,
საგულ-კოჭო ლიბერალებს,
ყველას გულში სულ სხვა უძევს!..
თავში სხვა რამ უტრიალებს!
გვატყუებენ, გვაბრიყვებენ,
გზას გვიხლართვენ წარამარა!..
დროა, თვალი გავახილოთ!..
რაც მოვტყუვდით, ისიც კმარა...
ვინც იჩემებს მოღვაწობას,
მოღვაწეა განა ყველა?
ზოგჯერ თურმე ძაღლივით ჰყეფს
მატყუარა კუდა-მელა.
არა, არა! სხვა დრო გვინდა!..
გამოვიდეს სულ სხვა დასი,
რომ ძველსაცა და ახალსაც
ღირსეული დასდვან ფასი.
ჩვეულება-ტრადიციით
ვინ თქვა ქვეყნის სამსახური?
ვინც ღირსია, მას თაყვანი!..
ვინც არა და - მას პანღური!.. -
მაშინ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის
წარმატებას დავიჯერებ...
გულს ვაძგერებ საბულბულოდ!..
ჩანგს სავარდოდ ავაჟღერებ...
მანამდის-კი წინ დაგიდგამთ
გასაცნობად პანორამას,
და გიმღერებთ იმერულად
„გვეგონას“ და „ჩაირამას“.
აქ არიან თავმოყრილი
სულ ჩვენები და არ უცხო!..
მინდა საგზლად თვითოეულს
„გამოცანა“ გამოვუცხო:
პულიცისტს
აი!.. ჰხედავთ ამ ვაჟბატონს,
ყველაზე წინ რომ დამდგარა
და სახეზეც აწერია:
„თავმოყვარე მეტიჩარა?“
დღეს ერთია, ხვალ მეორე;
აქ სულ სხვაა და იქ სულ სხვა!
აპრილივით მოიდარებს,
მარტივით-კი იცის სუსხვა...
ხან მხარს აძლევს ფარისევლებს,
გოლგოთაზე მისდევს ქრისტეს
და ყველაზე მაღლა ჰყვირის:
„წაიყვანეთ! ჯვარს აცვით ეს!“
ხან კელაპტრით ლიტანიას
ქრისტიანთან უვლის ერთად
და იძახის: „ქრისტე აღდგა!
აღვიაროთ ღმერთი ღმერთად!“
ხან მტერია მოსისხარი,
ხან მორჩილი-მონა შვილი!..
არც აქ არის, არც იქ არის,
მიხტი-მოხტის, როგორც რწყილი!
„ასკიკუკუს“ მოთამაშე,
„ფიგაროა“ მწერლობაში!..
იმას ცდილობს, მხოლოდ იმას,
რომ ასტეხოს რამ განგაში!..
შეახეთქოს ტოლი ტოლსა,
მეგობარი მეგობარსა;
მერე შედგეს მაღალ სერზე,
გადასძახოს მთა და ბარსა:
„შემომხედეთ, აი, სად ვარ
გმირი, ყოვლის შემძლებელი!..
კარზე ყურით მიბმული მყავს
იუდა და ბელზებელი.
„ჩემი გეგმით, ჩემი რჩევით
ეს ქვეყანა გაჩენილა!..
ზამთარ-ზაფხულს მე ვაყენებ,
ჩემით ცივა, ჩემით თბილა!..
„თვით შემოქმედს ჩემი რჩევით
მოუწყვია არემარე...
მე ვათენებ, მე ვაღამებ,
მე ამომყავს მზე და მთვარე!
„მოდით, რაღა!.. მეთაყვანეთ!..
მე ვარ თქვენი წინამძღოლი!..
მე ვარ, მხოლოდ მე! მე! მე! მე!..
არვინ არის ჩემი ტოლი!“
ამას ჰყვირის კუდაბზიკა!..
გაგვიჭედა ყველას ყური...
წვერიც აქვს და „მე“-საც ჰბღავის
ვით თხა, თხების მეთაური.
ბევრს ატყუებს!.. მის ხელშია
ჩვენი ცხვრების ბედისწერა!
მაგრამ ჩვენ-კი, უკაცრავად,
იმისი რამ არა გვჯერა:
„მე“-ს რომ ჰბღავის, არ ვარგია
იმისთანა მეთაური!..
თუ გარეთ მგელს გადაურჩა,
ძაღლი შესჭამს შინაური!
ეს ცხადია, მაგრამ მაინც
გადაჰკვრია თვალზე ბისტი,
და ყოველგან „მე“-ო ბღავის
ზოგიერთი პუბლიცისტი.
პოეტებს
ცოტა ნიჭი, ცოტა ცოდნა,
ზედ ქართული ანა-ბანა...
ცა ქუდად არ მიაჩნია
და ქალამნად ეს ქვეყანა!
ხან რუსთველობს, ხან შავთელობს,
ხანაც მოიჩახრუხავებს...
აძირმწარებს ტკბილ ქართულსა:
ხან თავს სჭრის და ხან ატყავებს.
საპირადო და საკუჭო
აზრებს აძლევს მაღალ ბანსა;
სიტყვებს გააქვს ბრახაბრუხი,
როგორადაც ბარაბანსა.
წამოყაჭავს ტკბილ-ტკბილ რითმებს.
„კუჭო - მუჭო, გულო - ფულო“
და ბოლოში მიაკერებს:
„ოჰ, მამულო, დაღუპულო!“
ვინც ამ სიტყვებს აბდაუბდად
მიაკოსებს, მოაკოსებს,
პოეტია!.. სხვა რა უნდათ
ჩვენს კაჭკაჭა-კრიტიკოსებს?
ამ სიტყვებში ეხატებათ:
ხელოვნება-პოეზია!..
ია, ვარდი და სუმბული
მათთვის მხოლოდ ჩალა-ბზეა!..
ტაშს უკვრენ და იძახიან:
„ვაშა! ვაშა! - გენიაო!..
დაცემული ჩვენი მხარე
ამის აღნადგენიაო!
„ზეგარდამო შთაგონებით
ცამდის აწეულიაო
და ვინც ამას თაყვანს არ სცემს,
ის ბოროტი სულიაო“.
შეფერებულ ვითომ პოეტს
თავი მოაქვს რაღაც დიდად
და მწერლობას ცხოვრებისთვის
ის იკეთებს გზა-და-ხიდად:
ხან აქ არის, ხან იქ არის,
მოძვრებ-გაძვრებ-გამოძვრება!
მაგრამ ყველგან მედიდურობს,
კოლოტივით იბერება.
იცის კარგად, რომ ამწონი
და გამზომი არვინა ჰყავს...
რომ კრიტიკოს-კაჭკაჭები
ვერ არჩევენ ბულბულს და ყვავს.
აი, ამან გაასწორა,
მხოლოდ ამან, მთა და ბარი
და მიტომაც მრავალია
პოეტობის მაძებარი.
პედაგოგებს
მეხრე-ტეტია მიხაკა
და ღვიტიკელა გოგია,
ვინც ქართულს დაამახინჯებს,
სუყველა პედაგოგია.
„კორფი“ და „ვოდოვოზოვი“,
„უშინსკიც“ შეუსწავლიათ:
„პესტალოც-დისტერვეგები“
არშიად გარე ავლიათ.
მხოლოდ მას იმეორებენ,
რაც სხვისგან გაუგონიათ,
სურამში დაბადებული
ნოვღოროდელი ჰგონიათ!..
მათთვის არც გვარი, არც ტომი,
არც სხვანაირი ბუნება!..
სამაიმუნო გამხდარა
მათი ჭკუა და გონება.
აი, ხომ ხედავთ ამ ბატონს,
რომ ჰგმობდა ჩვენსა სკოლასა
და მითი გულს უკეთებდა
მთაგადაღმიელ მოლასა?
ცხადად აქ იყო, ჩუმად - იქ,
მტრისა და მოყვრის მსახური!..
ჩაიბისმარკა: არ დასწვა
არც მწვადი და არც შამფური.
მას, თურმე, პედაგოგობა
დაჰქონდა გასაყიდადა
და ჩვენი ახალგაზრდობა
დაიდვა გზად და ხიდადა.
და, რაც უნდოდა, იშოვნა...
აუხდა გულის-წადილი!..
დღეს ეძებს მარტო მეგობრებს,
მზადა აქვს მათთვის სადილი.
იცის, რომ კუჭი მაძღარი
ადვილი მოსაგებია!..
მოიხიბლება - ცუდს აქებს
და დაჰგმობს, რაც საქებია!..
იცის და მიტომ ჰპატიჟობს
დიდს და პატარას, ყველასა...
მაგრამ ვის? ინტელიგენტსა,
ფუჭსა და ღორმუცელასა.
იოლად წავა მათითაც...
ბრმა და ყრუ არის სოფელი:
მოყვარე მტერი ჰგონია
და მტერი - შემამკობელი.
აი, ამასთან მეორეც
მოდის და მოიფხორება...
ვითომ ვერ იცნობს მოლასა!..
ჩუმად-კი ეამბორება.
ეტყობა, პედაგოგიის
ჯერ მაგას არრა სცხებია:
ვერ შეუგნია სხვისი რამ,
თავისიც დაჰვიწყებია!..
აღარც აქ არის, აღარც იქ!..
ჩამდგარა ორთა წყალთ შუა!..
გამოღმა გრძნობა დაჰკარგა
და გაღმა დარჩა მას ჭკუა...
მაგრამ ხომ გაგიგონიათ:
„ქვეყანას უმოახლოსა
ვირს ვარდისახარს ეძახდენ,
რომ ხელი არვინ ახლოსა?!“
მესამე? მაგრამ მესამე,
მეათე, გინდა მეასე!..
სულ ერთი გვარის არიან...
შემისწავლია მე ასე.
და როცა გამოერევა
იმათში თითო-ოროლა,
როგორც ყვავებში ბულბული,
ანუ ჩხიკვებში ტოროლა,
აჩხავლდებიან დიდები,
აღარც აძლევენ შველასა!..
ან-და თვის კერძად გაჰხდიან,
ან შეაჭმევენ მელასა.
ვინღა გაარჩევს პედაგოგს
უგვაროსა და გვარიანს,
როდესაც ერთი ფასი აქვს
კავთისხევსა და ვარიანს?!..
…………………………….
[1895 წ.]
პანორამა (I, 505). დაიბეჭდა 1895 წელს.
- კვალი 1895 წ. იანვარ-თებერვალი №№ 6, 7, 8, 9. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
კვალში, უკანასკნელ ნომერში, მიწერილია: „შემდეგი იქნება“. მაგრამ არც კვალისა და არც კრებულის ნომრებში გაგრძელება არ არის. (ავტორს „პანორამა“ ან აღარ გაუგრძელებია შემდეგ, ან-და, შესაძლოა, ბოლო ცენზურამ აკრძალა).
![]() |
3.34.3 სამძიმარი |
▲ზევით დაბრუნება |
(ბატონიშვილის ალექსანდრე ბაგრატიონის
დასაფლავებაზე წარმოთქმული)
ეს საგულისხმო დღევანდელი დღე
საგანგებოა და სახსოვარი,
როგორც აჩრდილი ჩვენი წარსულის
და მომავალის ნიშან-ლამპარი.
ამგვარი გლოვა და ეს ტირილი
აღარ გვინახავს დიდი ხანია!..
სჩანს, რომ წარსულ დროს თვის ჩვეულება
საფლავში თან არ ჩაუტანია,
და ისევ თურმე გვიღვივის გულში
ობოლ ნაკვერჩხლად ჩვენი ძველი დრო,
ვით ცისარტყელა ფერადოვანი,
შვების ნიშანი მარად-სამკვიდრო!
ვინ მოგვაგონა ეს ჩვეულება?
ვინ შეგვითანხმა ერთ გრძნობად გული?
მან, ვინც დავჰკარგეთ ასე უდროოდ
და მაღლით იქმნა მიწოდებული!..
ნერგი სამეფო, შტო ჩინებული,
ჩვენ ნიადაგზე აღმონაცენი!..
ხალხის ნაშობი, თან-შენაზარდი,
ჭირში და ლხინში ჩვენი და ჩვენი!!
შეძლების-და-გვარ ქვეყნის მოყვარე,
გულის-მომგები და საყვარელი!..
აი, ვის იგლოვს ამდენი ხალხი!..
ვის საფლავზეა ცრემლების მღვრელი!
ცვალებადია ჩვენი ქვეყანა!..
მხოლოდ განგება არ შეიცვლება...
მაგრამ მოყვარე და საყვარელი
ქვეყნის მკვდართ რიცხვში არ ჩაითვლება!..
აქაც დარჩება, იქაც წაჰყვება
მას ზნეობრივი მისი ქონება!..
ხალხის გულია იმისი კუბო
და მტკიცე ტახტი-ქვეყნის გონება.
მშვიდობით!.. მარად კურთხეულ იყოს
ამ ქვეყნად ჩვენში შენი ხსენება!..
და იქ, დიდებულ წინაპართ შორის,
ღირსი მიღება და განსვენება!..
1895 წ.
სამძიმარი (I, 513). დაიწერა და დაიბეჭდა 1895 წელს.
- კვალი 1895 წ. 12 მარტი №12. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.34.4 სახუმარო გასართობი |
▲ზევით დაბრუნება |
(ჩვენი პოეტების მიბაძვა)
ზამთარი რო წავიდა,
მოვიდა გაზაფხული,
სახლში ჭყივის მერცხალი,
ბაღში კივის ბულბული.
აყვავებულა ვარდი,
ნესვიც დამწიფებულა,
ღობეში-კი მსუნაგი
ღორი გაკვეხებულა!
მებაღე დიდი ჯოხით
ღორზე ამხედრებულა...
გაუმარჯოს სამშობლოს,
მტერიც დამარცხებულა!
[1895 წ.]
სახუმარო გასართობი (I. 515). დაიბეჭდა 1895 წელს.
- კვალი 1895 წ. 2 აპრილი №15. -
![]() |
3.34.5 სულიკო |
▲ზევით დაბრუნება |
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“
ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო;
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა... თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას:
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით:
შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა:
„ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!
„სამად დაშლილა ის ერთი:
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთმანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.
მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩივი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!..
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!
ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ:
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!...
[1895 წ.]
სულიკო (I, 516). დაიბეჭდა 1895 წელს.
- კვალი 1895 წ. 5 ივლისი №29. || აკაკის კრებული 1897 წ. ოქტომბერი №2. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. || რჩეული ლექსები II და III, 1908 და 1912 წ. (ნაწყვეტი). -
![]() |
3.34.6 თერთმეტი ენკენისთვე |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი იაკობ გოგებაშვილს)
კრწანისის ველი! კრწანისის ველი!
რა საგულისხმო გასაგონია?!
გმირთა კალოა, სისხლით მორწყული,
და ერიც მითი თავმომწონეა!..
სადაც ქართველი კი წამებულა,
ეს სუყველაზე უდიდესია:
მამების კუბო სამარადისოდ
შვილების აკვნად აქ ნათესია!
ეს არის დიდი უღელტეხილი
ჩვენი წარსულის და მომავალის,
მკვდრეთით სიცოცხლის მომნიჭებელი,
ძველზე გამყვანი ახალი კვალის!
აქ რომ კვდებოდენ ჩვენი მამები,
გატაცებული და გამსჭვალული,
სულ სხვა განზრახვით და სხვა იმედით
სიკვდილის წინეთ უძგერდათ გული:
ჰფიქრობდენ: „ჩვენ ვართ უკანასკნელი
სამშობლოს მსხვერპლი, გათავდეს ჭირი!..
და ქრისტეს მცნებას აწ ქვაკუთხედად
უნდა დაედვას „ორთა კავშირი“.
„კავშირი ჯვარით გამყარებული,
კავშირი ძმური და მეგობრული!..
და, ვინც იფიქროს მისი გაწყვეტა,
იყოს წყეული ღვთისგან და კრული!
„ან ვინ იფიქრებს იმის გაწყვეტას,
თუ არ უგნური და უმეცარი?
ძმობა, ერთობა და სიყვარული
ქვეყნისთვის არის ციური ცვარი!..
„ერთობა რჯულის, ერთობა გულის
უფარისევლო და პირდაპირი, -
აი, რა არის სხვადასხვა ტომის
შემხორცებელი წმინდა კავშირი!“
ასე ჰფიქრობდენ, რომ გვიანდერძეს
მათი განზრახვა სახელმძღვანელოდ,
და მათი ღირსი აღარ ვიქნებით,
ეს გრძნობა გულში რომ გავინელოთ!
მოყვრად ვერ ვიცნობთ, ვინც ცივად გვეტყვის:
„შესცვალეთ თქვენი ხორცი და ფერი,
დაჰკარგეთ ენა, ზნე-ჩვეულება,
უარჰყავთ თქვენი ყოველიფერი!
„წარხოცეთ თქვენი მეხსიერება,
ზოგჯერ აღმძვრელი სინანულისო,
და მაშინ მხოლოდ გახდებით ღირსი
თქვენ ჩვენი ძმობა-სიყვარულისო“.
არა! არ გვჯერა!.. აქ შეცდომაა!..
ასე არ ესმის ქართველს კაცობა!
ჯერ უნდა თვითონ სულით ამაღლდეს,
რომ სხვას მიუძღვნას მერე მან ძმობა.
და ადამიანს რა აამაღლებს,
თუ არ მისივე წმინდა სამშობლო,
ენა, ფერადი ზნე-ჩვეულება,
ვით „წმინდათ-წმინდა“ საამასოფლო?..
ვისაც არ უყვარს მშობელი დედა,
ის მის მაგიერ ვის შეიყვარებს?
ვისაც სძულს თავის სახლი და კარი,
ვინღა გაუღებს სამოყვროდ კარებს?
განა სხვის სახლში შევა ერთგულად
თავისი მტერი და გარეწარი?
თუ არ ქვეშ-ქვეშად, ფარისევლობით,
ვით მოღალატე მონა... მზაკვარი?!..
არა და არა! ქართველმა იცის
ეს და მიტომაც მრუდედ არ სდგამს ფეხს
და გადმონაცემს ძველებისაგან
საშვილიშვილო „ანდერძს“ არა სტეხს!..
და ის „ანდერძიც“ აქ დაიწერა,
„კრწანისის ველზე“, ქართველთა სისხლით,
გამტკიცდა დღეის-დღის მოგონებით
და დაგვირგვინდა დღესვე ასი წლით!..
კურთხეულ იყოს ამიერიდან
და საუკუნოდ სახსენებელი,
ვინც რჯულს და მამულს შესწირა თავი
და სისხლით მორწყო კრწანისის ველი!..
[1895 წ.]
თერთმეტი ენკენისთვე (I, 518). დაწერილია 1895 წელს (კრწანისის ისტორიული ბრძოლის ასი წლისთავზე). დაიბეჭდა 1895 წელსვე.
- კვალი 1895 წ. 17 სექტემბერი №40. || თემის დამატება 1912 წ. №1 (64). -
![]() |
3.34.7 თვალებო! |
▲ზევით დაბრუნება |
სარკეო სულის და გულის,
გრძნობა-გონების სარკმელო,
გაღალვით მიმტყუებელო,
კარზე წამწამით დამბმელო!..
თვალებო! ქვეყნის ვარსკვლავად
მოციმციმ-მოკაშკაშენო!
თქვენის ანდამატ-სხივებით
უნდა ედემი ვაშენო!..
რომ აწ და სამარადისოდ
ის იყოს ჩემი სადგური,
სად ევა აღარ იქნება
და აღარც გველი მაცდური;
რომ „ცნობადისა ხე“ იგი
აღარ დამეგოს მე მახედ,
და სიყვარული უკვდავი
წინ მიელვებდეს ღვთის სახედ.
გავიადამებ ოცნებით
მე მაშინ გრძნობა-გონებას,
ღმერთად ვიწამებ თქვენს მფლობელს,
მსხვერპლად შევწირავ მონებას!
წამს საუკუნედ მივითვლი,
მარადად - საუკუნოსა,
მაგრამ ოცნებით სნეული,
ვაჰ თუ ვეღარამ მკურნოსა!..
თვალებო! ქვეყნის ვარსკვლავად
მოციმციმ-მოკაშკაშენო!
ჩემი ედემი სხვის კარზე
როგორ ავაგო, ვაშენო?..
[1895 წ.]
310. თვალებო (I, 521). დაიბეჭდა 1895 წელს.
- კვალი 1895 წ. 26 ნოემბერი №50 || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.34.8 ობოლი |
▲ზევით დაბრუნება |
(ხალხური)
დედის ტკბილი რძის ჭირიმე!
ძუძუებს ვენაცვალები!!
ვინც მათი გემო არ იცის,
ახვეული აქვს თვალები.
ხელში ჩამიგდო ობოლი
კუდურმა დედინაცვალმა.
დამწყევლა ენაბოროტმა,
გამღალა მისმა მე თვალმა...
აღარც ვიზრდები, არც ვკვდები,
შევკვნესი სხვისა კერასა;
დედის სახელსაც ვერ ვამხელ,
ვაი ჩემს ბედისწერასა!..
დედას ვეძახი - „მამასა“,
ვეძახი მამას - „პაპასა“;
არც ერთი პასუხს არ მაძლევს
და იმან გამაკაპასა.
ოჰ, რა ძნელია ობლობა
და უძნელესი - გერობა!
დედინაცვალის დედობა,
მისი მოყვრული მტერობა!!..
დედის რძე თაფლი ყოფილა
და დედინაცვლის - ნაღველა:
დავლიე - ყელზე დამადგა,
ძირმწარედ წამომახველა!..
ისევ დედის რძის ჭირიმე,
ძუძუებს ვენაცვალები!
ოცნებით მაინც შევეტკბო,
სიცხადით განაწყალები.
[1895 წ.]
ობოლი (I, 522). დაიბეჭდა 1895 წელს.
- ჯეჯილი 1895 წ. №6 (ცენზურის ვიზა 4 დეკემბერს). -
ჯეჯილში დაბეჭდილ ტექსტში ლექსს ქვე-სათაურად მიწერილი აქვს: „ხალხური“. ამგვარი მინაწერი, როგორც უკვე იცის მკითხველმა, ჩვეულებრივი ხერხია აკაკისა პოლიტიკური ლექსების ცენზურაში გასატარებლად, თითქოს ლექსი არ ისახავს პოლიტიკურ ტენდენციას არამედ ხალხური შაირის უბრალო ვარიაციას წარმოადგენდეს. სინამდვილეში აქ გვაქვს მძაფრი პოლიტიკური შინაარსით აღვსილი ლექსი, მიმართული „ხალხთა საპყრობილის“ ცარისტული რუსეთის წინააღმდეგ.
აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ ჩვენს გამოცემაში შეცდომით გაგვეპარა ქვე-სათაური „ხალხური“. იგი, ცხადია, ამოღებული უნდა ყოფილიყო და შემდეგს გამოცემაში ეს ქვე-სათაური უნდა მოიხსნას.
![]() |
3.34.9 მახვილი თუ ინდუსტრია!?.. |
▲ზევით დაბრუნება |
გაიძვერა გმირებისთვის
ეს ქვეყანა თეატრია!..
თვალთმაქცობენ და ჰყვირიან:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
ვისაც ქვეყნის ნაცოდვარი
ჯიბეში სქლად ჩაუყრია,
ის ყველაზე მეტად ჰყვირის:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
ჭკუამწყრალი ლიბერალი,
კუჭისთვის რომ მოაზრეა,
ბანზე აგდებს სიტყვებს!.. ჰყვირის:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
ქურდი თხლეზე დაჭერილი,
პატრონს რომ ზედ მიუსწრია,
თავს იმართლებს და იძახის:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
შეხიზნულებს ჩვენს ოჯახში,
სამტროდ თავი მოუყრია:
აღარ გვზოგვენ, ჩვენ-კი ვფიქრობთ:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
რაზედაც ჩვენს მამა-პაპებს
ოფლი სისხლად დაუღვრია,
წაგვართვეს და ჩვენ ვიძახოთ:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
ვისაც ჩვენი ქვეყნისათვის
ცოცხლად ტყავი გაუძვრია,
რა ნება აქვს, რომ იძახოს:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
ვინც პირადის ანგარიშით
ჩვენი წმინდა აამღვრია,
აქვს უფლება იძახოდეს:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
ვინც აფასებს მხოლოდ იმას,
ვისაც თავი მოუხრია,
განა ჰშვენის იძახოდეს:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
ვინც სდევნიდა ყველა კარგ კაცს,
რომ კბილები ჩაემტვრია,
დღეს ნება აქვს, რომ იძახოს:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
ვფიცავ ღმერთსა, ღმერთსა ვფიცავ,
ეს ქვეყანა თეატრია:
ყველა სტყუის, ვინც იძახის:
მახვილი თუ ინდუსტრია?“
მხოლოდ კენჭებს ვინც აგროვებს:
ან იყრის და ან უყრია,
იმას ჰშვენის, რომ იძახოს:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
ლიბერალო! შე საბრალო!
რათ აჩქარდი? ჯერ ადრეა!
კენჭობის დროს უნდა გეთქვა:
„მახვილი თუ ინდუსტრია?“
[1895 წ.]
მახვილი თუ ინდუსტრია (I, 523). დაიბეჭდა 1895 წელს.
- კვალი 1895 წ. 10 დეკემბერი №52. || აკაკის კრებული 1898 წ. აგვისტო №12. -
![]() |
3.34.10 „ივერიის“ თანამშრომლები |
▲ზევით დაბრუნება |
(ფირუზა, ლალი, მეველე, ნალი, ფარნაოზი,
დიოგენი, მენავე, მეკობრე, მანველიძე, პონტელი,
მეკალანდრე და განდეგილი)
ივერიამ აგვირია
ყველას გზა და კვალი!
აღარ ვიცით, სად მივყავართ?
ვაი, ჩვენი ბრალი!..
წინამძღოლად გამოსულან
„ფირუზა“ და „ლალი“,
ერთი ბრმაა, ერთი კოჭლი!
ვაი, ჩვენი ბრალი!..
„ნახირ-ნახირ!“ იძახიან
„მეველე“ და „ნალი“,
მოედანიც იმათ რჩებათ, -
ვაი, ჩვენი ბრალი!
„ფარნაოზი“ უმაძღარი,
„დიოგენი“ მთვრალი,
ცხოვრებასაც გვასწავლიან, -
ვაი, ჩვენი ბრალი!..
„მენავეც“ ხომ „მეკობრეა“
გამძვრალ-გამომძვრალი,
ზნეობაზე გვიქადაგებს, -
ვაი, ჩვენი ბრალი!..
„მანველიძე“ უმეცარი,
ნიჭით გამომშრალი,
როსისა და მაზინს არჩევს?
ვაი, ჩვენი ბრალი!..
ილია რომ „პონტელია“,
პილატებრ მმღერალი:
დრამებს გვიწერს, იტეხს კისერს!
ვაი, ჩვენი ბრალი!
„მეკალანდრე“ გუნიაა
და ბანკის ბორბალი,
იმას უნდა დავუჯეროთ?
ვაი, ჩვენი ბრალი!..
უნიჭოა და უენო,
არ აქვს ფეხი, თვალი..
საარშიყო როლს თამაშობს!
ვაი, ჩვენი ბრალი!
ყველასა სჯობს „განდეგილი“,
მაგრამ ისიც ქალი? -
წვერ-ულვაშო, შერცხვენილო, -
ვაი, ჩვენი ბრალი!..
[1895-1896 წ.]
ივერიის თანამშრომლები (I, 525). დაწერილია 1895-1896 წლებში.1 ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XXII,18. -
ივერიის თანამშრომლები, მოხსენებულნი ამ ლექსში ფსევდონიმებით, შემდეგნია: „ფირუზა“ - ილია ჭავჭავაძე. (აკაკის, როგორც სჩანს თითონ ლექსიდან, არ სცოდნია, თუ ვისი ფსევდონიმი იყო „ფირუზა“).2 ლალი - გიორგი ლასხიშვილი. მეველე - დავით მიქელაძე. ნალი - ალექსანდრე ნანეიშვილი. ფარნაოზი, დიოგენი და მანველიძე (მანოელიძე) - არტემ ახნაზაროვი. მენავე - პოეტი გრიგოლ (გრიშა) აბაშიძე. ილია პონტელი - ილია ჩიქოვანი.
მეკალანდრე - ვალერიან გუნია.
განდეგილი - პოეტი ქალი დომინიკა ერისთავისა.
_______________
1. თარიღი ირკვევა ლექსში მოყვანილი ივერიის თანამშრომლების სიის მოხელეთ.
2. ლექსში „ფირუზა“ კოჭლად არის ნაგულისხმევი („ბრმა“ - არის „ლალი“). აკაკის, სჩანს, ჰგონებია, რომ „ფირუზა“, ავტორი ლექსისა „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი“ (რომელიც აკაკისაც ეხება), - არის გრიგოლ ვოლსკი (პოეტი, „ივერიის“ თანამშრომელი), სინამდვილეში კი ამ ლექსის ავტორი ილია იყო.
![]() |
3.35 1896 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.35.1 ოპოზიციის სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ბედმა გვიმუხთლა უდროოდ,
ტკბილ-ტაროსი შეგვეცვალა
და, ტიალმა, ფლავის ჭამა,
აღარ იქნა - არ გვაცალა!
ხოლო ვინც-კი მას მიუჯდა,
შეიკერა ქურქი თბილი,
მას ზამთარი ვერას ავნებს
და ცხოვრებაც ელის ტკბილი.
მაგრამ რა ქნას, ვისაც შრომით
გაუფრთხია თვისი ძილი, -
იგი სხვისთვის მებრძოლია,
„მუხთარს“ რჩება მისი წილი!
სჯობს მიჰბაძოს იმან ქრისტეს:
ბოროტებას არ შეუდრკეს,
მაჰმადის რჯულს უარი-ჰყოს
და ქრისტესის ჯვარს შეუდგეს...
საზრდო მივსცეთ სულსა და გულს,
მით სურვილი დავიმწიფოთ,
მოთმენით და სულგრძელობით
მტერი ნალოდ ავიკრიფოთ.
მაშინ მუხთარ ფლავისაკენ
კისერს კიდევ გაიწოდებს,
რადგან, ბედშავს, ძველებურად
აღარავინ მიაწოდებს;
ზამთრისათვის შეკერილი
ქურქი თბილი - გაუცვდება,
და ფლავისგან გაპოხილი
კუჭიც მალე გაუხმება.
აი, მაშინ... სწორედ მაშინ
ავჭიკჭიკდეთ ვით მერცხალი,
რომ მოგვძახონ თვითვე მტრებმა:
„გაზაფხული თქვენი არი!
რომე ფაშის ქადაგება
ტყუილია, არ-მართალი,
ფლავის ჭამა შხამად ერგოს,
ახია და სამართალი!..“
თვით ფაშამ-კი სიმწარისგან
თმა იგლიჯოს ხელით ბღუჯი,
სამუდამოდ დაიწყევლოს
ის მსუნაგი თვისი კუჭი!
დეე, ჯერეთ იპარპაშოს,
რადგან ფლავი ეგემება,
მაგრამ ოხერი ერთი დრო
რომ არავის არ შერჩება!..
1896 წ., 20 მარტი.
ოპოზიციის სიმღერა (I, 527). დაწერის თარიღი 1896 წ. 20 მარტი1. პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- პირი L - 15. -
____________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ხელნაწერ პირში L - 15.
![]() |
3.35.2 არაგვისპირელს |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც ჩვენში მწერლობა
თანდათან იშრიტებოდა,
შენ მოგელოდი „ხედ-წმინდად“
და ნახვა მენატრებოდა.
მოხველ თავმდაბლად და ამბობ:
„გიახელთ ახალ-დვრიტადო!“
და მეც რას გეტყვი მოხუცი,
თუ არა: ჭეშმარიტადო?!
[1896 წ.]
არაგვისპირელს (I, 529). დაიბეჭდა 1896 წელს.
- კვალი 1896 წ. 20 აპრილი №18. -
![]() |
3.35.3 მუხამბაზი |
▲ზევით დაბრუნება |
ფუ! ჩემს ვარსკვლავს და ჩემს ბედისწერასა:
ცივ ნაცარში მიმატყუპა კერასა!
რაც მებადა, გაატანა ურჯულოთ,
შემოსეულ ჩხიკვს, ყვავსა და ძერასა!
რას მერჩოდა? ვის რა ვირი მოვჰპარე,
რომ საკანად გამიხადა ეს მხარე,
სადაც სისხლი დავანთხიე სარწყავად
და ცრემლებიც თან ჩავურთე მდუღარე?
ცალი ხელით გვარს და რჯულს ვიფარავდი,
მეორეთი ვთოხნიდი და ვბარავდი!..
სისხლის ოფლში გავიწურე... გავკაჟდი,
გავფოლადდი ცეცხლში!.. დავჰპატარავდი!
დავჩიავდი!.. ნალევი ვარ კვერცხივით.
მზე ვერ მწვდება ჯერ ვერც შუქით, ვერც სხივით.
და თუ დამწვდა... ჩამომჭვრიტა სარკმელში,
ვიბრჭყვიალებ ერთხელ კიდე ვერცხლივით!
მაგრამ ჯერ-კი, ფუ, ჩემს ბედისწერასა,
სანამ ასე მიკრული ვარ კერასა!..
შხამ-ნაღველი და ძირმწარე ჩემს კალამს!
და ცრემლები ამ ჩემ შემკრთალ წერასა!..
[1896 წ.]
მუხამბაზი (I, 530). დაიბეჭდა 1896 წელს.
- კვალი 1896 წ. 20 აპრილი №18. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. -
![]() |
3.35.4 პირუთნევლად |
▲ზევით დაბრუნება |
(მარიამ სვიმონის ასულს გოპაძისას)
კარგი რამ ხარ, როგორც დედა!..
უკეთესი - როგორც ცოლი!..
თვალ-ტანადად ლამაზ-სანდო...
საკადრისი ქმრის და ტოლი!
შემოქმედმა შენით შენზე
თვისი ძალა დაგვანახვა...
დიდება მის ძლიერებას!..
რაღა ეთქმის პოეტსა სხვა?
1896 წ., 12 აგვისტო,
აბასთუმანი.
პირუთნეველად (1, 531). დაწერის თარიღი: 1896 წელი, 12 აგვისტო. აბასთუმანი.1 პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი L - 508/4 . -
_____________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ავტოგრაფში.
![]() |
3.35.5 ჩემი ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
თამარს, ქეთევანს და ნინოს
თაყვანს-ვსცემ, როგორც იდეალს,
საკვერთხად ვუდგამ წმინდა გულს
და ვუკმევს ტრფიალების ალს!
დიდება ერთის მზეობას!
მეორის მოთმინებასა!
მესამის სარწმუნოებას!..
და მათსა მოვლინებასა!..
ერთს არსებაში სამივეს
ვხედავ აქ მოთავსებულად!..
თაყვანს-ვსცემ, როგორც ღვთაებას,
და თავს ვგრძნობ გაახლებულად.
1896 წ.
ჩემი ლოცვა (I, 531). დაწერის თარიღი 1896 წ.1 ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი L - 438/4. -
________________
1. ლექსი მიძღვნილია ტასო მაჩაბლისადმი (წარწერილია სურათზე). თარიღი 1896 წ. აღნიშნულია სურათის მინაწერში (საფიქრებელია ტ. მაჩაბლის მიერ).
![]() |
3.35.6 ახალგაზრდა ქალს |
▲ზევით დაბრუნება |
(სურათი რომ გავუგზავნე)
აჰა, სახე მოღრუბლული,
უპირბადო, სწორმხატველი
მისის გრძნობის, ვისიც გული
არს კეთილის განმზრახველი.
მაგრამ ზრახვა ხელუქმნელად
რად მინდა მე გულის-მკვლელი,
როს სიცოცხლე ჩემი ბნელად
მირბის, კვალთა ვერ-მსახველი.
ან-კი რა ვქნა, არ მაქვს ბრალი!
დრო მეფობს და დრო მტარვალობს,
არ გაჰქრება სუნთქვით ალი,
იქ, სადაც-კი ცეცხლი მძლავრობს.
მაგრამ მაინც ამ ჩემს სურვილს
არ მოვიკლავ გულში ჩემით,
და როს ვნახავ მამულისშვილს,
თანავუგრძნობ თაყვან-ცემით.
თუ ამ აზრებს შენცა უგრძნობ,
მაშინ გქონდეს ჩემი სახე! -
და თუ არა - ვერც მე გიცნობ,
და გთხოვ, ცეცხლში შეუძახე!..
[1897 წლამდე]
ახალგაზრდა ქალს (სურათი რომ გავუგზავნე) (I, 532). დაწერილია 1897 წლამდე.1 დაიბეჭდა 1912 წელს.
- თემი 1912 წ. 26 მარტი №64. სათაურით: „კატო ნიკოლაძისას (სურათზე)“. || ავტოგრაფი XXII,31. || ავტოგრაფი XXVIII,3 და ხელნაწერი პირი H - 1507 საქ. მუზეუმისა (სათაურით: „კატო, ნიკო და მიხას“). || ავტოგრაფი K-45 (სათაუ-რით: „სურათზედ“). || K-41 (ფოტო ავტოგრაფისა), სათაურით: „მარიამ ხელთუფლიშვილისას“.
___________
1. ეს ლექსი, და აგრეთვე მომდევნო ლექსი „სარკე“ (320) - გამოაქვეყნა 1912 წელს გრ. დიასამიძემ, მისი მამის ნიკო დიასამიძის ქაღალდებიდან. ლექსები 1897 წლამდეა დაწერილი (ნ. დიასამიძე გარდაიცვალა 1897 წელს). კერძოდ პირველი ლექსის შესახებ გრ. დიასამიძე წერს:
„ლექსი „კატო ნიკოლაძისას“ დაწერილია, თუ არა ვცდებით, სამოცდაათიანი წლების ბოლოს. იგი იყო საკუთარი ხელით დაწერილი მის სურათზე“ (იხ. თემი 1912 წ. 1 64). ეს მიახლოვებული თარიღი, აღნიშნული გ. დიასამიძის მიერ, სწორი უნდა იყვეს; ამას გვაფიქრებინებს თვით ლექსის ფორმალური ნიშნები. (ლექსი დაწერილია ჯვარე-დინის რითმით, რასაც აკაკი აღარ ხმარობდა 80-იანი წლების შემდეგ; უკანასკნელი ლექსი ჯვარედინის რითმით დათარიღებულია 1884 წლით).
![]() |
3.35.7 სარკე |
▲ზევით დაბრუნება |
გამოცანა
იჩემებს თავის-თავობას,
მაგრამ სჭირს სხვისი მონება!
სხვისი თვალი და ყურია
მისი გრძნობა და გონება.
თავს იჩენს გარეგნობითა...
შინაგნით არაფერია!
„ვარ ფუჭი მამულიშვილი!“
სახეზე დაუწერია.
[1897 წლამდე]
სარკე (I, 533). დაწერილია 1897 წლამდე. დაიბეჭდა 1912 წელს.
- თემი 1912 წ. 26 მარტი №64. -
![]() |
3.36 1897 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.36.1 ნ. ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო |
▲ზევით დაბრუნება |
„იყო და გაჰქრა“! აი ეს არის
სიტყვა ყველასთვის უკანასკნელი!
და სადგურადაც სამარადისოდ
ვიწრო საფლავი, ცივი და ბნელი!
ან დასაბამი რა იყო ჩვენი?
ან რა იქნება აწ დასასრული?
ვერ სჭრის გონება, იჭვით აღვსილი,
და ვერც სავსებით გვისახავს გული.
გრძნობა-გონების სასწორის რყევას
ამაგრებს მხოლოდ სარწმუნოება:
ის სიყვარულის პირმშო ნათელი,
თვით სასოება და სათნოება.
ეს გვაძევს ვალად ყველა მიწის-შვილს,
და ნეტარება ამის გადამხდელს!...
იმ ქვეყნად სული მიაქვს ნათელი
და ამ ქვეყნად-კი დასტოვებს სახელს.
და შენც, ცხედარო!.. ქვეყნიურ ვალის
ქრისტიანულად ხარ გადამხდელი:
იქ წინაპრებთან მიხვალ პირნათლად,
აქაც სახელის დამტოვებელი!
„იყო და გაჰქრა უმნიშვნელოდო!“
რომ ითქვას შენზე, არა გვაქვს ნება!..
მშვიდობით, ძმაო, ქართველთა შორის
კურთხეულ იყოს შენი ხსენება!..
1897 წ.
ნ. ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო (I. 534). დაიწერა და დაიბეჭდა 1897 წელს.
- კვალი 1897 წ. 16 მარტი №12. -
![]() |
3.36.2 მაინც ჩვენია |
▲ზევით დაბრუნება |
მადლის გამომეტყველი,
სახე რამ ზეციური,
მომწონს, როცა ზედ ზრუნვაც
იხატება დღიური...
მომწონს და გულში ვამბობ:
საოცნებო რამ არის!..
სწორი არის შვენებით
თვით იმ დიდი თამარის!..
მაგრამ მხოლოდ გარეგნად...
თვალ-ტანადად, სხვებ არა!..
ძნელი არის, თუ მთვარეს
ნისლი გადაეფარა!..
ის თამარი ქართველი
ადიდებდა თვით ქართველს,
თავს სწირავდა სამშობლოს,
სხივებს ჰფენდა მთა და ველს!
ეს ვერ გვათბობს!.. გვინათებს
შორით, მსგავსად მთვარისა!
აჩრდილია უსულო
იმ დიდი თამარისა!..
მაგრამ მაინც თვალსა გვჭრის
ძალა-უნებურადა,
როცა გაიჭიატებს
ისევ ჩვენებურადა!..
მეც შევჰყურებ ოცნებით
მაშინ, გულისძგერითა,
და მთა და ბარს ვაყრუებ
ჩემი ჩანგის ჟღერითა!..
[1897 წ.]
მაინც ჩვენია (I, 535). დაიბეჭდა 1897 წელს.
- აკაკის კრებული 1897 წ. სექტემბერი №1. (ცენზურის ვიზა 30 აგვისტოს). -
![]() |
3.36.3 ფუტკარი |
▲ზევით დაბრუნება |
ხატის ბუზი, ზეცის მუშა
პაწაწინა ფუტკარია!..
შორს მიფრინავს სამუშაოდ,
მიიმღერის... უხარია!
ყვავილიდან ყვავილებზე
გადაბზუის, გადმობზუის.
ის სიმღერა მუშურია,
მისებური... არა სტყუის..
აქაც წოწნის, იქაც წუწნის
სათაფლ-სანთლო მასალასა;
არ იზოგავს, ღვთის მოცემულს,
არც ნიჭსა და არც ძალასა.
დაბრუნდება დატვირთული,
მიაშურებს ისევ სადგურს;
სულსა სწირავს და გულს უძღვნის
ღვთის და კაცის ტკბილ სამსახურს!..
წვიმა-ელვა-ქუხილის დროს
ეტანება ფოთლის კარავს!..
უფრთხილდება ნამუშავარს,
რომ არ წახდეს... თავს იფარავს.
არვის ერჩის, და თუ მტერი
სადმე გზაში დაუხვდება,
მივარდება ვაჟკაცურად,
ისარს ჰკრავს და შეაკვდება!
შენც, მგოსანო, კაცთა შორის
ფუტკრადა ხარ გაჩენილი!..
თაფლს და სანთელს რომ სხვას აძლევ,
რაღა გრჩება ნათელ-ტკბილი?
[1897 წ.]
ფუტკარი (I, 536). დაიბეჭდა 1897 წელს.
- აკაკის კრებული 1897 წ. სექტემბერი №1.-
![]() |
3.36.4 მოხუცი და ახალგაზრდა |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი ვ. წ-სას)
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდსა ვჭვრეტ,
ორთა შუა მაქვს გონება,
თაყვანისცემა ერთის მსურს
და მეორესი მონება.
მსურს, მაგრამ მარტო ჩემს სურვილს
რა უფლება აქვს? რა ძალა?
შარბათი სიყრმემ წარმტაცა,
სიბერეს მოაქვს სამსალა...
ტრფობის ბუდეა მშვენება,
თავდები სიჭაბუკეა!..
და ეს ორივე აკლია,
ვისაც ჭაღარა უმკია!
მე-კი ეს ჩემი ჭაღარა
მაფრთხილებს, გულიკალია,
ოცნებას მიკლავს, სურვილს სწყლავს,
როგორც წესი და ვალია:
„ვის ეტრფი? - მეჩურჩულება -
რა არის თქვენში საერთო?
მას ლხინი ლხინზე მოელის,
შენ ჭირი ჭირზე დაგერთო!..
„სიჭაბუკე და სიბერე
ორი სხვადასხვა კიდეა:
ერთი რომ ჯაჭვით აბია,
მეორე ბეწვზე ჰკიდია!..
„ის გაზაფხულის იაა,
გარს ეხვევიან ვარდები!..
შენ - შემოდგომის ფოთოლი,
სიო გკრავს, ჩამოვარდები!..
„და გაშრა ტრფობის აუზი,
გულში ძველიღა არხია;
შიგ გადასული ამბავი
თვალ-მარგალიტად მარხია!..
„მოდგება ცნობისმოყვარე,
თან გადმოჰყვება სურვილსა,
მაგრამ უკანვე იქცევა,
რომ ვერ მოიკლავს წყურვილსა!
„სიჭაბუკესვე მიმართავს,
მასთან დაიჭერს კავშირსა:
პატარა ნაპერწკალი სჯობს
დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა!..“
მამხილებს, მაგრამ ჯერ მაინც
გული არ იშლის გულობას:
თვალს ურჩევს მზერით დატკბობას
და ენას მოციქულობას...
[1897 წ.]
მოხუცი და ახალგაზრდა (I, 537). დაიბეჭდა 1897 წელს.
- აკაკის კრებული 1897 წ. ოქტომბერი №2.-
ლექსს დართული აქვს მიძღვნა: „ვუძღვნი ვ. წ-სას.“ ამ ინიციალებით იგულისხმება პოეტის მეგობარი ვარო წერეთლისა, რომელმაც შეჰქმნა ჰანგი „სულიკო“-სი, აკაკის ამ უშესანიშნავესი პოეტური შედევრისა.
![]() |
3.36.5 ნიკო დიასამიძის სახსოვრად |
▲ზევით დაბრუნება |
ქალაჩუნა, ენატკბილი,
გაიძვერა მოუბარი,
ყველას მოსწონს ცხოვრებაში
და ბევრიც ჰყავს მეგობარი!..
პირში-მთქმელი, უბოდიშო,
თავმომწონე, უშიშარი
ბევრს არ უყვარს, რა თქმა უნდა,
და ცოტაც ჰყავს მეგობარი!..
ესეები ყველა ვიცი,
მოვლილი მაქვს მთა და ბარი;
კარგად ვატყობ, სადაც არის
უპირბადო მეგობარი.
შენც გიცნობდი... ფიცხი იყავ,
თავგამწევი, მეტი ჩქარი,
მაგრამ ძვირად შემხვედრია
შენებრ წმინდა მეგობარი!..
ლხინში კარგი, ჭირში მარგი,
პირის-კაცი უტყუარი,
სიმართლის დროს საიდუმლოდ
თვით მტრებისაც მეგობარი!
საზოგადო ჩვენი საქმის
თანამგრძნობი უებარი,
ავის მტერი სიტყვით, ქცევით,
კარგის - გულით მეგობარი.
კარგი მუშა, მეოჯახე,
კარგ ცოლ-შვილზე გადამკვდარი,
მეზობელი მეზობლების
მოყვარული... მეგობარი.
ერთი ხიდან გაკეთდება
როგორც ჯვარი, ისე ბარი,
ხშირად ერთ და იმავ საქმეს
მტერიც ჰყავს და მეგობარი...
და შენც, ძმაო, ღალატობამ
საქმე გიყო საოცარი:
მტრებს შეასხა ფრთები მხოლოდ
და ცრემლებს ღვრის მეგობარი.
მაგრამ მაინც შეუნდვე მტრებს,
მოიგონე მაცხოვარი!..
ის, ვინც იყო გაურჩევლად
მტრის და მოყვრის მეგობარი.
1897 წ.
ნიკო დიასამიძის სახსოვრად (I, 539). დაიწერა და დაიბეჭდა 1897 წ.
- აკაკის კრებული 1897 წ. ოქტომბერი №2.-
![]() |
3.36.6 ქართული პატრიოტობა |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც ჩემ-წინ სუფრაზე
ცხელი, შუშხუნა მწვადია,
მაშინ მე სამშობლოსათვის
ყოველი კარგი მწადია!
როცა გადავკრავ ნუნუას
თას-ყანწით, გინდა კულითა,
მაშინ მეც ზეცას ვავედრებ
ამ ჩემ სამშობლოს გულითა.
როდესაც ვეტრფი ქართველ ქალს,
ვეძლევი ნეტარებასა...
ვეღარა ვფარავ!.. სახალხოდ
ვამბობ ჩემს აღსარებასა:
„მრავალ-ჟამიერ! ჟამიერ,
ჩვენს ტურფა საქართველოსა!“
ვიტყვი და შეუპოვარად
გადავკრავ სადღეგრძელოსა.
მაგრამ ესენი სუყველა
თუ აღარ მექნა ხელადა,
წიხლსა ვკრავ შინაურობას
და გავიჭრები ველადა.
დავეწაფები გულით კვასს,
გავსისინდები ქაშითა
და, კუჭად გადაქცეული,
გულს დავიფარავ ფაშვითა!..
დამავიწყდება ქართული,
ჟუჟუნა, შავი თვალები!..
ჩიჩხასაც არა უშავს-რა,
სკვითის ქალს ვენაცვალები!
თუ გსურთ, რომ დავრჩე ქართველად,
ვიხდიდე მშობლურ ვალებსა,
ნუ გამომილევთ ღვინოსა,
ცხელ მწვადს და ლამაზ ქალებსა!..
[1897 წ.]
ქართული პატრიოტობა (I, 541). დაიბეჭდა 1897 წელს.
- აკაკის კრებული 1897 წ. ნოემბერი №3 (ცენზურის ვიზა 20 ოქტომბერს). -
![]() |
3.36.7 გამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
1
თავი ახალი,
ტანი-კი ძველი,
ფეხები მრუდე,
გამკრავი ხელი.
2
„ფოღ“ და „ჟამანაკ“
„ტერ-ვოღორმია“!..
მთლად საქართველო
ჩემთვის მიყმია.
3
მკბენარ-მკბენარ, მწოვარ-მწოვარ,
ტანზე მჯდომი კირაკუზა,
განსაცდელში რომ ჩავარდა,
შეშინდა და მოიკუზა;
მათხოვრობას ხელი მიჰყო,
ჩემ კარებზე აეტუზა,
შემებრალა, შინ შევუშვი,
ყველაფერი დაუხვდა მზა.
რომ გამოძღა-გასისინდა,
აიყოჩა, აიგრუზა...
სახლ-კარს მართმევს, კარში მაგდებს...
დამიხლართა სავალი გზა!..
რა არის მისი წამალი?
ბრაგი-ბრუგი, „ბუზა-ბუზა“!..
და ვინც ამას გამოიცნობს,
მისი იყოს ჩემი მუზა.
[1897 წ.]
გამოცანები (I, 542). დაიბეჭდა 1897 წელს.
- აკაკის კრებული 1897 წ. ნოემბერი №3. -
![]() |
3.36.8 ოცნება |
▲ზევით დაბრუნება |
თვალაბმული, თბილ ოთახში,
გალიაში ზის ბულბული,
მოხიბლულა და ჰგონია
ზამთარშიაც გაზაფხული!..
წალკოტს ხედავს აყვავებულს,
ვარდებს კოკრად გადაშლილსა;
„იავ-ნანას“, „ვარდო-ნანას“
ჩვეულებრივ უმღერს ტკბილსა!
ტანში უვლის ჟრუანტელი,
იქანცება... იწვის... დნება!..
და ცხადზედაც უტკბესია
მატყუარი ის ოცნება!..
სიბერის დროს მგოსანს გულში
შეჰპარვია სიყვარული...
ჰიპნოტიზმურ ცბიერი ძალით
კრულია და გამსჭვალული.
ხედავს სატრფოს სხივმოსილსა
ქვეყნის დარად, ზეცის სწორად;
შეჰყურებს და ემატება
სიჭაბუკე ერთი-ორად.
გულს ჩანგურად აკოპიტებს,
ზედ გაუბამს სულის ძაფებს
და, გედივით, სიკვდილის წინ
ერთხელ კიდევ შემოსძახებს:
„შენ გეტრფოდი!.. შენვე გეტრფი,
საიმედო ჩემი საფიცარს...
და შენ მხოლოდ ახატიხარ
ამ ჩემ წმინდა გულის ფიცარს!“
[1897 წ.]
ოცნება (I, 543). დაიბეჭდა 1897 წელს.
- აკაკის კრებული 1897 წ. ნოემბერი №3. -
![]() |
3.36.9 *** (სულხვავო და ღორმუცელა...) |
▲ზევით დაბრუნება |
სულხვავო და ღორმუცელა,
ძაღლთაპირა „კუჭიაო“,
უსამართლოდ ჩანაყლაპი
ყველა თურმე ფუჭიაო!
ქვეყნის სასწორ-სამართალი
ღვთის ნები და მუჭიაო,
და რატომ არ ეკითხები
მის განგებას „კუჭიაო!“
ბაბილონის გოდოლივით
იბერები, იზრდებიო!..
რომ გასკდები გაპრეწილი,
მაშინ გამოფხიზლდებიო.
გველეშაპმაც გადაყლაპა
შუა ზღვაში იონაო...
ჰგლოვდა ხალხი წინასწარმთქმელს,
რადგან მკვდარი ეგონაო.
მაგრამ სამ დღეს მტრის მუცელში
ცოცხლად მოიკალათაო,
მეოთხე დღეს გამოვიდა
ხმელზე ძალის-ძალადაო.
სთქვა: „რა დიდხანს მძინებია,
სამ დღესა და სამ ღამესო,
უსიცოცხლოდ, უსინათლოდ,
მოკლებული სიამესო.
„მაგრამ, ღმერთო, ვისაც თურმე
არ გასწირავ მაღლით შენო,
ის არ ჰქრება, და იმის ბნელს
ნათელ შუქსაც მიაფენო!“
ამდენ მსხვერპლსაც გადმოხედე
მოწყალების თვალითაო,
გაუმტკიცე ნეტარება
კარგი მომავალითაო!...
[1897 წ.]
*** „სულხვავო და ღორმუცელა“ (I, 544). დაიბეჭდა 1897 წელს.
- აკაკის კრებული 1897 წ. ნოემბერი №3 (ჩართულია პროზაში: „კუჭია“). -
![]() |
3.36.10 ბებერი |
▲ზევით დაბრუნება |
რა სინათლეა სინათლე
დამცხრალი, ძველი მთვარისა?
ვინ თქვა, რომ რქაც-კი კარგად ხნავს
ნაცად, ბებერი ხარისა?!
მოხუცის სანუგეშებლად
ეს უთქვამს ვიღაც ცბიერსა,
და ჰგონებია მართალი
გულნაკლულ, საწყალ ხნიერსა!..
მე-კი არ მჯერა, რადგანაც
გამოცდილი მაქვს სიბერე:
გულს არ ვიტეხდი, ფაფხურით
ბევრი ვიჭიმე, ვიბერე...
თმაც შევიძინე, კბილებიც,
ბევრი რამ გამოვიგონე
და მაინც ვერ დავიბრუნე
ახალგაზრდობის ძალ-ღონე!..
ქალებიც მიტატანებენ:
გასწი, შე ბებრუცანაო!..
სხვაც ბევრი არის ურგები
აქ, ჩვენში, შენისთანაო...
მართალს ამბობენ: სიბერეს
აღარას არგებს წვალება!
ნათქვამი არის: „ხალთაში
შუბი არ დაიმალება“.
[1897 წ.]
ბებერი (I, 546). დაიბეჭდა 1897 წელს.
- აკაკის კრებული 1897 წ. დეკემბერი №4 (ცენზურის ვიზა 29 ნოემბერს). -
![]() |
3.36.11 მწყემსის სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
შენ, ჩემო ძროხავ შვინდაო,
საკვები აღარ გინდაო:
ზაფხული კარზე მოგვადგა,
ცამ ლურჯად მოიწმინდაო.
გაგდენი საბალახოზე,
თან წამოგყვები მეცაო;
ძირს დედამიწა ბიბინებს
და დაგვქათქათებს ზეცაო.
იქ წყალი ჩამოჩუხჩუხებს
უკვდავებისა წყაროდო,
შენ იმ ბუნების სიუხვით,
მე შენით გავიხაროთო!
გაძღები, გასისინდები,
ზურგზე დაიჯენ ღარსაო,
გაგიფრთხილდები თვალის-ჩინს,
შემოგევლები გარსაო.
დაემსგავსები ირემსა,
კისერსაც მოიღერებო...
ნუ გეშინია ნადირის,
ხელმარჯვედ მოგიგერებო!
ზაფხულიც მალე გაირბენს,
იქ არ დავრჩებით დიდხანსო;
წველას უმატებ, ერთგულო,
გამოიტიკნი ჯიქანსო.
ხბოსაც ეყოფა, ოჯახსაც
ეგ შენი მონაწველიო,
არ დაგვაკლდება ზამთრისთვის
ერბო და ხაჭო-ყველიო.
მადლი შენს გამჩენს, შვინდაო!
დღეს მეტი რაღა გვინდაო?
ზაფხული კარზე მოგვადგა,
ცამ ლურჯად მოიწმინდაო!
[1897 წ.]
მწყემსის სიმღერა (I, 547). დაიბეჭდა 1897 წელს.
- აკაკის კრებული 1897 წელი, დეკემბერი №4. -
![]() |
3.36.12 საახალწლო ანდაზები |
▲ზევით დაბრუნება |
ილიადა გადვიკითხე
ქართველების ჰომერისა,
სხვა მწერლებიც მივაყოლე
სულ სხვადასხვა ნომერისა.
ჭკუა-გრძნობის ლამპარ-შუქი
შარავანდად მომეფინა,
თვალი ვეღარ გავუმართე,
დავხუჭე და დამეძინა...
გულის-ძილში მომეჩვენა
უცნაური ბებრუცანა!
მე ჩემ დღეში არ მინახავს
სულიერი იმისთანა:
თავშიშველა, ფეხშიშველა,
საზიზღარი ყოველი მხრით...
თავზე მადგა დატვირთული
ზურგზე გუდით, ხელში დავთრით.
შემეზიზღა!.. დავეკითხე:
„ვინ ხარ და რა სულიერი,
საამქვეყნო რომ არ გაძევს
არც ხორცი და აღარც ფერი?!“
მიპასუხა: „მე ისა ვარ,
შარშან ამ დროს რომ მელოდი;
დღეს-კი გინდა გამისტუმრო,
მომაყარო ქვა და ლოდი?!
„შარშან მთხოვდი: „მოდი, მოდი!“
დღეს იძახი: „წადი, წადი!“
მაშინ ვიყავ მე „ახალი“,
ახლა - „ძველი წელიწადი“.
„მე მივდივარ, სხვა მოგიდისთ
სანატრო და სასურველი,
მაგრამ ისიც შეგძულდებათ,
რომ გაივლის ერთი წელი.
„ქვეყნის სურვილს, ქვეყნის იმედს
ვერც „ახალი“ გაამართლებს!..
თქვენს ცოდვებს და თქვენს შეცდომას
რად აბრალებთ მიმავალ წლებს?!
„თავმოყვარე ადამიანს
მოსწონს თვისი ჭკუა-გრძნობა
და მიტომაც ეძნელება
თავის-თავის გამოცნობა.
„უსამართლო ქვეყანაში
დიდს, პატარას, კაცებს, ქალებს...
ვისაც-კი რამ წაუხდება,
მიზეზს ყველა მე მაბრალებს!
„იძახიან: „რაც გადაგვხდა,
მხოლოდ მოსავალიაო
ბედისა, და მარცხიანი
წელიწადის ბრალიაო!“
„ანდაზა-კი ავიწყდებათ:
„რაც მოგივა, დავითაო,
სხვას ნურავის დააბრალებ,
ყველა შენი თავითაო“.
„თქვენი ცოდვა-მადლით მადევს
ზურგზე გუდა გატენილი
და რაც ვნახე ამ წელიწადს,
დავთარში მაქვს ჩაწერილი.
„ცოდვის გუდას მე წავიღებ,
შენ-კი გქონდეს ეს დავთარი:
გადიკითხე, შენებურად
გაჰკარი და გამოჰკარი!“
ეს მითხრა და უცბად გაჰქრა,
თვალიც ვეღარ მოვასწარი!..
ხელში შემრჩა მხოლოდ მისი
უცნაური რამ დავთარი.
გადავშალე, გადვიკითხე,
გამაკვირვა... გამაშტერა!..
იმ გუდიანს, იმ კუდიანს
რაები არ ჩაეწერა?!
ყველა რომ ვთქვა, არ იქნება,
არ მომცემენ ამის ნებას!..
და თუ არ ვთქვი, გავსკდი გულზე...
ამფერ ამ ჩემს მოთმინებას...
მოდი, ისევ სჯობს მივმართოთ
ანდაზებს და უმანკო ზმებს,
გზა და კვალი გავუკვლიოთ
უჟურულო აფორიზმებს.
„მე რომ შემხვდა წელიწადი,
თქვენს მტერს კიდევ იმისთანა!“
ასე იწყებს ბებრის დავთრის
ზღაპრები და გამოცანა.
„ვენახები გახმა ყველგან,
გაწყვა ღვინის მოსავალი.
„მიზეზ-მიზეზ დოს მარილი
აკლიაო“ დამდვეს ბრალი!
„ღმერთმა მტერსაც ააშოროს
ჩემისთანა ბედისწერა!
„სად ერეკლე და სად თეკლე?“
ის რომ გახმეს, მერე მე რა?!
„დამნაშავეს ვხედავ, ვიცი,
ვინც ქვეყანა დამამტერა!
„სადაც შევა მეფილოქსრე,
იქ გაჩდება ფილოქსერა!“
„მაგრამ რა ვქნა, ეს სიმართლე
რომ არავინ დამიჯერა?!
გზა არ მქონდა, ამ დავთარში
მაინც უნდა ჩამეწერა.
„კაცის კვლა და ძარცვა-გლეჯა
გაისმოდა ყოველ მხარეს,
ბევრი ცოდვა ჩაიდინეს,
ყაჩაღებმა სისხლი ღვარეს!
„შეეშინდათ სოფლელებს და
უფროსებიც გაიმწყრალეს,
მაგრამ, დახეთ უგნურებას!
ეს ცოდვაც მე დამაბრალეს!..
„ახა, ღმერთო! აბა ბრძანონ:
ვინ ქურდობს და ვინ იტაცებს?
ვინ გამოდის შარა-გზაზე,
ვინა ჰგლეჯს და ვინ ჰკლავს კაცებს -
„თუ არ ის, ვინც კატორღიდან
გაქცევიათ? შეუტყვიათ,
მაგრამ, როცა უჯიბიათ,
თვითვე ხელი შეუწყვიათ!
„თუ კარგია, რად გზავნიან,
თუ არა-რად გვიბრუნებენ,
რას გვერჩიან ან ხალხს, ან მე,
რომ საერთოთ გვიწუნებენ?!
„ეჰ, ხომ ვიცით დამნაშავე,
მაგრამ ხმაც ვერ გაგვიცია:
„ავაზაკებს იქ რა უნდათ,
სადაც არის პოლიცია?“
„ჭირი გაჩნდა საქონლისა,
მუსრი გაჰკრა იმისთანა,
რომ საბრალო პატრონებმა
ვერ მიასწრეს ვეღარც დანა!
„აღრიალდენ სოფლელები,
დამწყევლეს და დამდვეს ბრალი...
მე რა მექნა?! „ჭირი იქ სჭრის,
სადაც მივა ბეითალი“.
„სიცივემ და სიღარიბემ
გაახურვა მალარია,
წარამარა ქინაქინამ
კიდევ უფრო გადარია!
„ზოგი მოკვდა უპატრონოდ,
ზოგსა ჰკლავდა მხოლოდ შიში,
და რომ ვთვლიდი ჭირისუფლებს,
აღარ იყო ანგარიში!..
„მამტყუნებენ ამაშიაც,
მაგრამ, ღმერთო, ხომ ჭორია?
და სიკვდილის თანაშემწე
ბევრჯელ თვითონ დოქტორია!
„ვერ დაუდგა კარგი ალო
ზოგიერთ დიდ მოადგილეს:
მათი საქმე, მათი ღვაწლი
როცა კარგად განიხილეს,
„მოახსენეს: ბრძანებულხართ
სწორედ კარგი მოღვაწეო,
მაგრამ ცოტა დაღალულხართ
და მიბრძანდით, აწ „აცეო“!
„გადამდგრები მე გამიწყრენ:
წელიწადის ბრალიაო!
ნათქვამია: „მუსტაფას რა,
რომ ყაჩაღობს ალიაო?!“
„ზოგ-ზოგ მდიდარ მემკვიდრეებს
გამოუხტა უცბად მტერი,
რომ წაართვას მამა-პაპის
სამკვიდროდან ყოლიფერი!..
„მემკვიდრები დროს ჰყვედრიან:
«შამფურსა სწვავს, არა მწვადსო,
ფუი, ამისთანა წეს-რიგს,
ამისთანა წელიწადსო!!»
„წელიწადმა აბა რა ჰქნას,
სადაც ყველა მშიშარია?!
ვინც მოკვდება - პლუშჩევსკისთვის
ზეტცერი და რიშარია!..
„მემკვიდრობა იმას რჩება,
მემკვიდრეებს - მარტო დავა!..
ნათქვამია: „სადაც გავა,
ყველაფერი გავად გავა“.
მხოლოდ ახლა შეუშალეს
ნახტომი და ჭკუა-გრძნობა,
როცა თვითონ მოინდომა
დიდი მუხრან-ბატონობა!
ისიც თურმე მე მიწყრება,
მე მემდურის, მე მდებს ბრალსო!
არც იცოდა რომ „ყოველთვის
ვერ მოიტანს კოკა წყალსო“.
„ყველა კარგად დროს ატარებს,
საუცხოვოდ გართულია,
მხოლოდ მაშინ დაამთქნარებს,
თუ კი რამე ქართულია!..
ოპერებს და ხახლურ დრამებს
იძახიან - ვუყუროთო!
რას დავსდევთ ჩვენს აქტიორებს,
დეე, დარჩენ უპუროდო!
„გული მოსდისთ ჩვენს არტისტებს:
„ეს რა სამართალიაო?
მაგრამ რა ვქნათ? ყოლიფერი
წელიწადის ბრალიაო!“
„აღარ ახსოვთ კი ანდაზა -
თითქო რაღაც ჭორიაო:
„შინაური მრუდე არის,
გარეული სწორიაო“.
„პატარძალი მეოჯახე
ქორს წიწილას არ გაატანს,
ველიჩკომაც „ჰაუ, ჰაუ!“
მიაძახა ჰაიასტანს.
„მიაძახა, მაგრამ რაღაც
იქით-აქეთ ილაციცა
და ორივე მოიმდურა:
ქორიცა და წიწილიცა!
„ბრალს მე მადებს, მაგრამ ხალხში
ნათქვამია და მეც ვიცი:
„უსათუოდ მგელი შესჭამს,
დედის - წინ რომ წავა კვიცი!“
„ივერიას“, „ცნობის-ფურცელს“,
დასის „კვალს“ და „მოამბესა“
გარეშემ და შინაურმა
ყველამ თოკი მოაბესა!..
„გასწიეს და გამოსწიეს
ზოგმა აღმა, ზოგმა დაღმა!..
ამისთანა მწერლობას-კი
მიაყეფოს შავმა ძაღლმა!
„და რომ ჰკითხოთ რედაქტორებს:
„ვერ ვთქვით, რაცა გვწადიაო!
ჩვენ არა ვართ დამნაშავე, -
ცუდი წელიწადიაო!“
„წელიწადმა აბა რა ჰქნას,
რომ ცბიერობს ეს ქვეყანა
და სუყველა მწერალია,
ვინც-კი იცის ანა-ბანა?!
„აკაკიც-კი გამობძანდა,
საგულეზე ჰქონდა გული,
რომ სეფისკვრად გამოეცხო
ყოველ თვეში მას „კრებული“.
„გამოვიდა და მერე რა? -
გარეთ დახვდა უგულობა
და შინ კიდევ უარესი
ცხვირში ეცა უფულობა!..
„გაიცინა, თქვა: «ეს ჭირი
არ-ახალი - ძველიაო!..
„დეე, ფურმა სულ იწველოს,
სანამ მოსაწველიაო“.
მადლობა ღმერთს! იმან მხოლოდ
არაფერი დამაბრალა,
რადგან ისიც ბებერია,
ჩემისთანა მაჩანჩალა!..“
[1897 წ.]
საახალწლო ანდაზები (I, 549). დაიბეჭდა 1898 წელს (ცენზურის ვიზა 1897 წ. 20 დეკემბერს).
- აკაკის კრებული 1897 წ. იანვარი №5. -
![]() |
3.37 1898 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.37.1 სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
ყველამ ვიცით სიყვარული,
ყველასა გვაქვს გამოცდილი,
მას შემდეგ, რაც ევამ ადამს
შეაპარა უცხო ხილი…
იმავ დღიდან აქამომდე
უკუღმართად გვიცემს გული:
რაც ჩვენია, მოგვწყენია,
გვენატრება აღკრძალული!..
და მიტომაც კაცს ყოველთვის,
მზეთუნახავ ცოლის პატრონს,
გინდ მახინჯი რამეც იყოს,
სხვისი ცოლი უფრო მოსწონს!
და ქალებმაც, მაშ, რაღა ჰქნან,
რომ ქმარს თავი შეაყვარონ,
თუ იმათაც წრფელი გულით
სხვის ცოლობა არ ინატრონ?!
[1898 წ.]
სიყვარული (I, 556). დაიბეჭდა 1898 წელს.
- აკაკის კრებული 1898 წ. თებერვალი №6. -
![]() |
3.37.2 ცხოვრება |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ცხოვრება ისე ვიცი,
როგორც ჩემი ხუთი თითი:
ბევრი ვნახე საგულისხმო
სიავ-კარგის მაგალითი.
სისხლხორცობაც, მეგობრობაც,
სიყვარულიც ტყუილია,
თუ შეძლება მას სარჩულად
და არშიად არ ავლია!
რისი თავი?! რისი გული?!
რისი ჭკუა?! რისი გრძნობა?!
ეს სულ სიტყვის მასალაა,
მითქმა-მოთქმა და უბნობა!
კუჭი ჰგრძნობს და კუჭი ჰფიქრობს,
ჭახრაკია ქვეყნიური!
კუჭზე არის გამობმული
ქვეყნის თვალი, ქვეყნის ყური!..
ჯიბე არის მეკავშირე
ერთობის და მეგობრობის,
იგივეა გზა და ხიდი
სიყვარულის და ცოლ-ქმრობის!..
ხალხი მიდის ძაღლის კვალზე:
თუ ასვი და თუ აჭამე,
კუდის ქნევით გიწუწკუნებს
და შენთვის ჰყეფს დღე და ღამე!..
თუ ვერა და - მის სამსხვერპლოდ
გინდა დადნე, ვით სანთელი,
ყურადღებას არ მოგაქცევს,
თანაგრძნობას ნუ მოელი!..
თვით იესო მაცხოვარმა
ქვეყნად რა არ ჩაიდინა?
კიდით-კიდე სასწაული
მიაფინა, მოაფინა:
ხალხს ჰკურნავდა, მკვდარს აღდგენდა,
ზღვა და ხმელი დაიმონა,
მაგრამ ბრმა და ყრუ ქვეყანა
ვერაფრით ვერ შეაგონა!..
ვერც ძალით, ვერც სასწაულით
ვერაფერი ვერ გააწყო,
სანამ ერთხელ უდაბნოში
მშიერები არ გააძღო!..
მაშინ-კი სთქვეს: „მესიაა!“
ახრიალდენ ყველა ერთად;
დაიჯერეს სასწაული
და იწამეს ღმერთი ღმერთად!
[1898 წ.]
ცხოვრება (I, 557). დაიბეჭდა 1898 წელს.
- აკაკის კრებული 1898 წ. თებერვალი №6. || ივერია 1904 წ. 27 ივნისი №149 (ჩართულია პროზაში: „რაცხა“). -
![]() |
3.37.3 სიზმარი |
▲ზევით დაბრუნება |
ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში,
ქართველ ქალთა ვნახე კრება!
გეფიცებით, მისი ნახვა
ახლაც ისევ მენატრება!
ტახტზე იჯდა თამარ მეფე,
მომხიბლავი, ეშხიანი!..
მარცხნით უდგა თინათინი,
მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი.
გარს ეხვიენ სხვა ქალებიც,
როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება,
ცალ-ცალკე და ყველა ერთად
სიცოცხლე და ნეტარება!..
შემოვიდა რუსთაველი,
ის სულმნათი და მგოსანი,
ხელში ეპყრა მოწიწებით
მისი „ვეფხის-ტყაოსანი“.
თაყვანი-სცა სწორუპოვარს,
მის-წინ მუხლი მოიყარა...
გაიღიმა ტახტზე მჯდომმა
და ცრემლები გადმოჰღვარა!..
მზის ჭიატის დარი იყო
უცნაური ის ღიმილი,
და თვით გრძნობის ორჭოფობაც
ცრემლში იყო ჩალესილი:
მასაც მგოსნის თანაგრძნობა
გულში ედვა, როგორც ქალსა,
მაგრამ უნდა დაეჭირა
თავი, როგორც დედოფალსა!
ბრძანა: „გმადლობ, ვერ გადვიხდი,
როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, -
უკვდავების მოსახვეჭად
მიგაპირებ მომავალსა!..“
მიუბრუნდა მერე იქ მდგომ
ნესტანსა და თინათინსა:
„თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ
სიყვარულს და შვება-ლხინსა!
„გიანდერძებთ საქმროდ ყველას
ტარიელს და ავთანდილსა,
რომ ქართველი ქართველ გმირად
გამოზრდიდეს შვილიშვილსა!“
ეს რომ ბრძანა, ნათლის სვეტად
გადმოეშვა ცისარტყელა...
აიტაცა შუქმა შუქი
და მას გაჰყვა თანვე ყველა!..
მე-კი დავრჩი... შემეშინდა!..
მიმოვავლე გარს თვალები,
და რა ვნახე იმათ ნაცვლად?!
სხვა ხალხი და სხვა ქალები!
არც თამარი, არც თინათინ,
აღარც ნესტან-დარეჯანი!..
აღარც ერთს არ ეტყობოდა
ქართველობის რამ ნიშანი!..
გული დამწყდა!.. გამეღვიძა,
ნაღვლიანად გამეცინა!..
ვთქვი: „ნეტავი არ მენახა,
საუკუნოდ დამეძინა!“
[1898 წ.]
სიზმარი (I, 559) დაიბეჭდა 1898 წელს.
- აკაკის კრებული 1898 წ. თებერვალი №6. || სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || რჩეული ლექსები I, 1908 წ. -
![]() |
3.37.4 სიკვდილი |
▲ზევით დაბრუნება |
ღამის წყვდიადში მოზარდულ
კოკობ ვარდს ტკბილად ეძინა;
ნიავი აკვანს ურწევდა,
ბულბულმა უთხრა „ნანინა“.
სხივებით გამოაღვიძა
რიჟრაჟმა ყოველდღიურმა,
და თანვე პირი დაბანა
ცვარ-მარგალიტმა ციურმა!
გული გაიხსნა კუკურმა,
ვეღარ გაუძლო ვნებასა!..
ცასაც და დედამიწასაც,
უკმევდა სუნნელებასა!
ნაცვლად ელოდა ქვეყნიურს
მომხიბლავს ლხენა-შვებასა,
და სასიცოცხლოდ სრულქმნილი
ჰფიქრობდა უკვდავებასა.
დილას მოვიდა ყმაწვილი,
თვითონაც ვარდი ცხოველი,
მოგლიჯა ტკბილი ღიმილით
და გაუქარწყლა ყოველი.
დაჰყნოსა კოკობს სიამით,
აყვავებულმა ვარდისფრად,
მაგრამ იმავ დროს იკივლა,
შეშინებულმა უეცრად.
იქ გველის სახედ სიკვდილი
ბუჩქებში მიმალულიყო;
გარს შემოერტყა, დაგესლა
ის, ვინც სიცოცხლით სრულ იყო!
საღამოს მწუხრის ვარსკვლავმა
რომ გადმოხედა მაღლითა,
ვეღარ დაუხვდა ქვეყანა
აღვსილი სიტკბო-მადლითა:
მშობლების თვალ-წინ ყმაწვილი
იტანჯებოდა... კვდებოდა,
და, რომ მოსწყვიტა, ის ვარდიც
იმასთან ერთად ჭკნებოდა.
[1898 წ.]
სიკვდილი (I, 561). დაიბეჭდა 1898 წელს.
- ჯეჯილი 1898 წ. №2 (ცენზურის ვიზა 12 თებერვალს). -
![]() |
3.37.5 ირაკლის საფლავზე |
▲ზევით დაბრუნება |
(მესტვირული)
ტვირის გუდა მაქვს ბლიაძის,
ქამანჩა ქებაძისაო,1
დაბლა ქვეყნის ვარ მმღერალი,
შემამკობელი ცისაო;
თან დამაქვს გული გავსილი
და ცარიელი ქისაო.
ჩემი როცა მაქვს, არ ვზოგავ,
არა მინდა-რა სხვისაო!
სიმდიდრედ მყოფნის სიტურფეც
ხმელეთისა და ზღვისაო.
ამ ქვეყნის ჭრელა-ჭრულები
გულმა ვერ შეითვისაო!
არც ბატონი მყავს, არც ყმა ვარ,
მონა ვარ მეუფისაო!
მის ნება-სურვილს ვასრულებ,
მორჩილი გულისთქმისაო.
გული სარკედ მაქვს ქცეული,
ენა საყვირად ზეცისა,
უნდა, რაც ჩამესახება,
გავიმეორო მეც ისა.
მოკანანახე ცხოვრების,
ფერადად მრავალკეცისა,
ვერ ვაქებ მუნჯის მჭევრობას,
შორმჭვრეტელობას ბეცისა.
შეუპოვარი სიმართლე
ნაბრძანები მაქვს მე ცისა,
თვარა ჩემ-თავად მე რა ვარ,
მსგავსი მატლის და მხეცისა,
ადვილად დასაფშვნელი რამ,
როგორც ჭურჭელი კეცისა!..
უკვდავი მხოლოდ ღმერთია
და ძალაც მისი სრულია,
სხვა ყოვლიფერი ნაარსი
მისგანვე გახსნილ-კრულია;
რასაც-კი დასაბამი აქვს,
თანვე სდევს დასასრულია;
ხორცშესხმულ კაცის შეგნება
მოკლე და უმეცრულია!..
რაც გარეგნობით თვალსა ჭრის,
ის შიგნით გამოხრულია;
ნაგვიანები ცხოვრება
ზოგისთვის ნაადრულია,
და ვაი სოფლის მიმყოლსა!
მისი მოყვრობაც მტრულია.
მაშინ შევიგნე ეს ყველა,
ღონე რომ გამომელია...
ავის და კარგის გამრჩევი
გამოცდილება ძნელია!
მართალი უთქვამს მგოსანსა:
„რაც ელავს - ყველა ბნელია!“
თურმე შავია ქვეყანა
შიგნით, გარეთ რომ ჭრელია;
გულგრილად ბრუნავს თავისთვის,
სხვაგვარად გამზრახველია;
ავიც და კარგიც იმისი, -
ორივე საეჭველია...
და რაც ახალი გვგონია,
ის თურმე ძველის-ძველია!
ერთხანად მეც ეს სოფელი
ვარდისფრად მეჩვენებოდა:
ოცნების ზღვაში მცურავი
სული ნეტარი ტკბებოდა,
თან ხორციც, გაბრიყვებული,
ტკბილ ჟრუანტელით დნებოდა;
იქ, სადაც სხვები ტიროდენ,
მე მარტოს მეცინებოდა,
სიტკბოში მღვიძარს, ღამ-ღამით
გულმშვიდად მეძინებოდა;
არას ვნაღვლობდი საჩემოს,
არც სხვისი მენანებოდა,
და თვით ოცნება-სიზმარიც
ნებაზე ამეხსნებოდა!..
ის დრო წავიდა! ირაოდ
გადაფრენილი ბუდითა,
დამიგდო გამოცდილება
მისი კარგით და ცუდითა;
სულ ჩამაშხამა, რაც მომცა
სწორი გზით, ანუ მრუდითა,
წიხლი მკრა, გამაბურთავა,
ქვა მასროლინა კუდითა
და მშრალზე დამსვა მარტოკა
ჩემი ქამანჩა-გუდითა!..
მეც მიტომ ვწუნობ ქვეყანას
იერემიას ქუდითა!..
ვინც იყო იერემია,
ან ჰგლოვდა რომელ ერსაო,
ამას ბიბლია მოგვითხრობს
და ძველი აღთქმა სწერსაო.
გოლგოთის აღმართს შეუდგა,
დადგა მთის მაღალ წვერსაო:
დასცქერდა იერუსალიმს,
ატყობდა ყოვლისფერსაო,
იგლოვდა იმის მომავალს,
იგლეჯდა თმა და წვერსაო:
„იუდიანთა დიდებავ!
ჩაუვარდები მტერსაო,
ბევრს რასმე მოგანატრებენ,
დაგავიწყებენ ბევრსაო,
მუსრს გაავლებენ ერთგვარად
ქალს, კაცს, მოყმეს და ბერსაო...
ახალი ძველსა შელახავს,
შეუცვლის ხორცს და ფერსაო!..
შენც, სოლომონის ტაძარო,
ზურგზე აგადენს მტვერსაო,
მაგრამ ჯერ ბრმა ხარ, ისრაილ,
ვერ ხედავ ვერაფერსაო
და მტერი აღარ გგონია,
ვინც დღეს მოყვრულად მღერსაო!..“
მე რა მრჯის იმის მიბაძვას?
სად წმინდა კვერთხი, სად ჩხირი?
სად ჩემი სტვირი, სად მისი
იერიქონის საყვირი?!
ის მაღალ ჰანგზე ჰგოდებდა,
მე ბლიაძურად გავყვირი,
თუმც-კი ორივეს საგლოვის
ერთია სარჩულ-საპირი:
ის ჰგლოვდა საფლავს იუდის,
მე - ირაკლისას დავსტირი:
„პატარა კახო, გმირთ-გმირო,
ქვეყნად მეუფის სახეო,
სულით მაღალო, მაღალთა
მეფეთა მეინახეო!
დიდხანს ვერავინ გაგიძლო,
ვისაც-კი ხელი ახეო!..
ბოლოს გიმუხთლა სოფელმა,
ქვეშ-ქვეშ დაგიგო მახეო...
მთლად საქართველოს აღმდგენი,
მცხეთაში დაიმარხეო,
თან ჩაიტანეს საფლავში,
რაც გულში გაიზრახეო,
და ახლაც შენი კურთხევა
მაღლიდან გადმოგვძახეო!..“
[1898 წ.]
____________
1. ბლიაძე და ქებაძე განთქმული მესტვირეები იყვნენ ძველ დროში. (ავტორის შენიშვნა).
ირაკლის საფლავზე (I, 563). დაწერილია 1898 წელს (ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან ასი წლისთავზე). დაიბეჭდა 1898 წელსვე.
- აკაკის კრებული 1898 წ. მარტი №7 (ცენზურის ვიზა 25 თებერვალს). -
![]() |
3.37.6 *** (რაც არ იწვის, არ ანათებს...) |
▲ზევით დაბრუნება |
რაც არ იწვის, არ ანათებს, -
უჩინარად ლპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო,
მიაშუქე, სადაც ბნელა!
ერთი წამიც-კი სიცოცხლის,
თუ სხივების მომფენია,
უსინათლო და უგრძნობელს
საუკუნეს მირჩევნია.
მართალია, მთას რომ დასთოვს,
თან სიგრილეც ბარში დაჰკრავს!
თავზე თეთრი, თმა ჭაღარა
გულს აგრილებს, გრძნობას სჩაგრავს;
მაგრამ ადგილს, ცეცხლის მფშვენელს,
სადაც სდაგავს გეენია,
ეს კანონი საზოგადო
თავიდანვე ასცდენია.
პოეტის გულს, გახურვებულს,
სადაც ელავს, ღელავს გრძნობა,
რას მოუშლის თმა ჭაღარა?
რას დააკლებს ხნოვანობა?
მრწამს სიწმინდე სიყვარულის
ისევ ისე, როგორც ძველად,
და გულს ვუგებ საკურთხევლად,
ზედ სიცოცხლის დასაწველად!
თუმც ეს მსხვერპლი საიდუმლო
საიდუმლოდ იწვის, ჰქრება,
მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც
არის დიდი ნეტარება...
[1898 წ.]
*** „რაც არ იწვის, არ ანათებს“ (I, 567). დაიბეჭდა 1898 წელს.
- აკაკის კრებული 1898 წ. აპრილი №8 (ცენზურის ვიზა 25 მარტს). -
![]() |
3.37.7 ტუჩმარჯანა |
▲ზევით დაბრუნება |
თვალციმციმა, კბილებ-ბროლა,
პაწაწკუნა ტუჩმარჯანა -
ზოგჯერ წმინდა ცეცილია,
ხან ეშმაკი, ვით სატანა,
დალაციცობს, ყველას ხიბლავს,
ხელოვნურად უხლართავს გზებს:
მარჯვნივ ელავს, მარცხნივ ქსელავს
და შიგ აბამს, როგორც ბუზებს.
ფრთხილად! ფრთხილად! არ შეგრჩება...
გადაგხდება, ტუჩმარჯანა!
თვისვე ქსელში რომ გაება,
ბევრი ვნახეთ შენისთანა!
შენც დაგიჭერს ერთი ვინმე,
რომ არ ჰფიქრობ - იმისთანა,
და მაშინ-კი აგეხსნება
სიყვარულის გამოცანა.
სილამაზე, სიჭაბუკე,
მომხიბლავი კაცის გულის,
ედემს ქმნილი, ცაში თლილი,
აკვანია სიყვარულის.
და გვირგვინი-კი მისივე
დედობაა და ცოლობა,
გინდა დასჭკნეს, გაცამტვერდეს
მშვენება და ყმაწვილობა.
მაგრამ გვირგვინს ვერ იტვირთებს,
ჩემო კარგო ტუჩმარჯანა,
ვინც უარჰყო მისი ქვეყნის
ბიბლიური ანაბანა!
[1898 წ.]
ტუჩ-მარჯანა (I, 568). დაიბეჭდა 1898 წელს.
- აკაკის კრებული 1898 წ. მაისი №9. || ავტოგრაფი L - 3/116. -
![]() |
3.37.8 ჩემს მეგობარს |
▲ზევით დაბრუნება |
მტერსა, მოყვრულად მოსულსა,
ვერიდოთ, ვარდის მფენარსა!..
მყეფავი ძაღლი სჯობია
მიმპარავს, ჩუმად მკბენარსა.
ფარისეველი სხვის მცნებას
და თვისსა აღსარებასა
სარჩულად უდებს იდუმალ
იუდას ამბორებასა.
ვაი მას, ვისაც მაცდური
წმინდა მფარველი ჰგონია
და „საბზელ-ქარის“ ანდაზა
აროდეს გაუგონია!..
შორიდგან ამონაბერი
საბზელს მიადგა ქარიო,
შეჰზუზუნებდა მოყვრულად:
„ჩქარა გამიღე კარიო!
„სხვაგან და სხვაგან ნახვეტი
ბზე მინდა შემოვყაროო,
რომ მეგობრული კავშირი
ჩვენ შორის დავამყაროო!“
საბზელმა უთხრა: „მომშორდი,
არა მინდა-რა შენიო!..
ვიცი, რაც შვილი ბრძანდები
და ან რად მოგაქვს ძღვენიო:
„სხვა გზა არა გაქვს, მოხვიდე
და დამიბერო სხვა მხრითო!
მუჭა ბზეს მიტომ შემოჰყრი,
რომ გაიტანო გოდრითო!“
[1898 წ.]
ჩემს მეგობარს (I, 569). დაიბეჭდა 1898 წელს.
- აკაკის კრებული 1898 წ. ივლისი №11. -
![]() |
3.37.9 პოეტის პროგრამა |
▲ზევით დაბრუნება |
რაც-კი არ არგებს ქვეყანას,
ის ყველა ფუჭი ბარგია...
სულ ბულბულობაც არ ვარგა,
ზოგჯერ ყორნობაც კარგია.
გადავიქცევი ბულბულად,
თუ გაშლილს ვხედავ ყვავილსა,
მაგრამ თუ ვნახე მძორ-ლეში,
ყორანს მივბაძავ ჩხავილსა.
ჭირში „ზარს“ ვიტყვი საცრემლოს
და ლხინში „მრავალ-ჟამიერს“:
გარჩევა უნდა ავ-კარგსა
და დრო - გულისთქმას წამიერს.
მაქებარი ვარ ერთგულის
და მგმობი ქვეყნის მტერისა,
მათი პასუხის მიმცემი
საკადრის-შესაფერისა.
მოყვრისთვის თავდადებული
ბულბულად ტკბილად მსტვენარი,
მტრის თვალში მუდამ გველი ვარ
და ძაღლი მყეფარ-მკბენარი.
მოყვრებს ვუყვარვარ, მტრებს ვძულვარ,
ეს კანონია ცხოვრების,
მაგრამ მე გაურჩეველად
კარგის მდომი ვარ თვით მტრების...
[1898 წ.]
პოეტის პროგრამა (I, 570). დაიბეჭდა 1898 წელს.
- აკაკის კრებული 1898 წ. ივლისი №11. || ივერია 1901 წ. 6 დეკემბერი №265 (დაბეჭდილია 365 და 366 ლექსებთან ერთად, საერთო სათაურით: „სამი აღსარება“). -
![]() |
3.37.10 ნატვრის თვალი |
▲ზევით დაბრუნება |
დილას რიჟრაჟზე გავედი
საძებნად ნატვრის თვალისა:
ჩემ ბედს მივენდე, იმედიც
მქონდა სულ-ხორცის ძალისა.
ხან იქ მივაწყდი და ხან აქ,
დაქანცულს სული მხდებოდა...
სადაც ვგონებდი ძვირფას თვალს,
იქ მხოლოდ სიპი მხვდებოდა.
საღამოს შინვე დავბრუნდი
იმედმიხდილი, ძალმკვდარი!..
დღის აღარ მწამდა ოცნება
და ბნელი ღამის სიზმარი!..
კერას მივუჯექ, დავკვესე,
ცეცხლი ავანთე პრიალა
და ბედმაც მამა-პაპის გზით
წაღმავე მომატრიალა:
მე რომ საუნჯეს ვეძებდი,
გარეთ გაჭრილი, ტანჯული,
თურმე ის შინვე ყოფილა,
კერას ძირშივე ჩაფლული.
ჩვენს ძველებს შეუხვევიათ,
შეუკრავთ მზე და მთვარითა;
ისტორიული სარქველიც
დაუბეჭდიათ ჯვარითა.
ამ ქვეყნის მსხვერპლად დაუდევთ
და საიმქვეყნო წინდადა...
ის არის ჩვენი სიმდიდრე!..
დიდება! წმინდა-წმინდათა!
და მხოლოდ იმის მახლობლად
(ვიტყვი მე აღსარებასა)
ქართველის გული შვებას გრძნობს
და სული ნეტარებასა!
[1898 წ.]
ნატვრის თვალი (I, 571). დაიბეჭდა 1898 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. აგვისტო №12 (ცენზურის ვიზა 20 სექტემბერს). -
![]() |
3.38 1899 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.38.1 საგულისხმოდ |
▲ზევით დაბრუნება |
(არჩევნების გამო)
ამბობენ: მეცხვარის ძაღლებს
როცა მოუვათ ჩხუბიო,
ვერ გააზავებთ ვერაფრით,
გინდა აძგეროთ შუბიო!
ღრენენ და ჰყეფენ!.. ხორხოზში
აღარ აქვთ ყურთა სმენაო!..
ვეღარც არჩევენ ერთმანეთს,
კბენა!.. კბენა და კბენაო!..
მაგრამ მეცხვარე რომ ხედავს,
არ არის სხვა საშველიო,
განგებ იძახის: „ჰკა მაგას!
სსსი! სსსი! მოვიდა მგელიო!“
ეს ხმა აფხიზლებს მოჩხუბრებს,
თავდება ყოვლიფერიო!
და ერთად ჰყეფენ, გარეშე
რომ მოიგერონ მტერიო.
ეს რომ უამბეს მგოსანსაც,
სიხარბე შემოეპარა,
და ქართველთ სავედრებელად
ლოცვა დასწერა პატარა:
„რადგანაც ქართველობაზე
ჩვენში დღეს ყველა სტყუაო,
ღმერთო, მიეცი ქართველ კაცს
ძაღლის გრძნობა და ჭკუაო“.
[1899 წ.]
საგულისხმოდ (I, 573). დაიბეჭდა 1899 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. იანვარი №1. -
![]() |
3.38.2 ნინოობას |
▲ზევით დაბრუნება |
(სცენიდან ნათქვამი)
ცაში ვარსკვლავი ვარსკვლავზე
ღვთისაგან დანათესია,
მაგრამ იმათში ყველაზე
შუქურა უკეთესია!..
ბევრია ჩვენში დღეს ნინო,
პირთა-მზე, მზეთუნახავი,
მაგრამ იმ ნინოს მსგავსის-კი
არავისი ვართ მნახავი.
ის სულ სხვა იყო!.. სულითაც
იგივე შვენიერება!..
მკურნალი ივერიისა, -
საერო ბედნიერება.
მას არ ჰქონია საუნჯე
დაუდებელი ფასისა,
სიმდიდრედ ხელში ეჭირა
უბრალო ჯვარი ვაზისა,
მისის ცრემლებით ნაბანი,
შეკრული იმისივე თმით;
სურვილით გამაგრებული,
განმტკიცებული გულისთქმით.
და ის მოგვიძღვნა ქართველებს
საშვილისშვილო სიმდიდრედ,
ჩვენც სჯული და ეროვნება
ორივე მაზედ ვამკვიდრეთ.
მაგრამ დღეს ჩვენთან ისინი
ორივე განსაცდელშია:
წმიდა საფლავიც და ჯვარიც
დავჰკარგეთ!.. სხვების ხელშია!
[1899 წ.]
ნინოობას (I, 574). სცენიდან ნათქვამი. დაიბეჭდა 1899 წელს. (ლექსი ატარებს მეორე სათაურსაც: „ნინო“).
- აკაკის კრებული 1899 წ. თებერვალი №2. || ივერია 1902 წ. 31 იანვარი. || ავტოგრაფი XXIII,4. -
დედნები განსხვავებას შეიცავს. არის სტროფების მეტ-ნაკლებობა. ივერიაში და კრებულში არ არის უკანასკნელი სტროფი (მხოლოდ ავტოგრაფშია):
მაგრამ დღეს ჩვენთან ისინი
ორივე განსაცდელშია:
წმიდა საფლავიც და ჯვარიც
დავჰკარგეთ!.. სხვების ხელშია!
![]() |
3.38.3 მოღვაწე |
▲ზევით დაბრუნება |
ცოცხალი რომ ვარ, მდევნიან,
მასმევენ ძმარს და ნაღველსა...
თუ ავად გავხდი, - ვინ დასთვლის
მომკითხველსა და მნახველსა?
სუყველას უნდა შეიტყოს,
როგორ მოკვდება, როდისო?
რომ გვირგვინებთან მომზადდეს
სიტყვებიც ახალ-მოდისო,
რომ ავასრულოთ. ბოლოს დროს
სათვალსეირო ვალიო...
„მოყვარეს ახლოს და მტერს შორს
დავთხაროთ მითი თვალიო“...
გიცნობ, ასის წლის სნეულო,
შენ თითონ ცოცხალ-მკვდარაო,
მეტი რა მოგეთხოვება?
შენგან ესეცა კმარაო!
[1899 წ.]
345. მოღვაწე (I, 575). დაწერილია არა უგვიანეს 1899 წლისა.1 დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 7 თებერვალი №31. || ავტოგრაფი XXIII,5. -
_______________
1. ლექსები „ნინოობას“ (344) და „მოღვაწე“ (345) სჩანს ერთდროულად არის დაწერილი: ავტოგრაფების კოლექციაში XXIII ამ ორი ლექსის შავი ერთად არის ჩაწერილი, ერთ ფურცელზე. ამის მიხედვით ირკვევა, რომ ლექსი „მოღვაწე“, რომელიც 1902 წელს დაიბეჭდა, დაწერილია არა უგვიანეს 1899 წლისა (პირველი ლექსი „ნინოობას“ უკვე 1899 წელს დაიბეჭდა).
![]() |
3.38.4 სცენიდან ნათქვამი |
▲ზევით დაბრუნება |
პოეტების ბედის-ვარსკვლავს
ქვეყნად ვერრა შეედრება:
მათს სიკეთე-დღეგრძელობას
სუყველა ღმერთს ევედრება.
არავის ჰყავს ქვეყანაზე
მათოდენი მეგობარი!
ყველას უნდა მათი ნახვა -
უყვართ მათი საუბარი.
ჭირში, ლხინში, სუყოველგან
მზად არიან მისცენ მხარი!
„ვაშა-ვაშას“ შესძახიან
და ბანს აძლევს მთა და ბარი.
ქვეყნის მათზე გულუხვობა
დიდია და საოცარი:
ცოცხალს ტაში! მკვდარს - გვირგვინი,
აი, მათი საჩუქარი!..
პოეტების ბედის-ვარსკვლავს
ვერაფერი შეედრება!..
და მიკვირს, რომ პოეტობა
სუყველას არ ენატრება?!..
[1899 წ.]
სცენიდან ნათქვამი (I, 576). დაიბეჭდა 1899 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. თებერვალი №2. -
![]() |
3.38.5 ახირებული სტუმრობა |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი ისტორიკოსს ეზოვს)
სასწორ-საზომით მოარულს,
უმადურს, გაუტანელსა,
რა უნდა უთხრას ქართველმა
შემოხიზნულსა ვანელსა?!
ერთ დროს რომ კარზე მოადგა,
მშიერ-მწყურვალი, შიშველი,
და საწყლად, ქრისტეს სახელით
გამოუშვირა მას ხელი,
ევედრებოდა: „დავჰკარგე
სამშობლო, სახლი... კარიო!..
გზა აღარა მაქვს შენს იქით...
აღარც თავშესაფარიო.
„ამხანაგობას ვერ გკადრებ...
ვერც გაგიბედავ ძმობასო!..
შენ მიპატრონე! მეც ნაცვლად
გაგიწევ ნამდვილ ყმობასო!“
პასუხად ესმის: „ეჰ, ძმაო,
გულს მიკლავს შენი კვნესაო!
ყმობა-მონობა ქრისტეს სძულს!
მან ძმობა დაგვიწესაო!
„ვინც სტუმრად მოდის, არ არის
თვით ქრისტეს მოციქულიო?
და ქრისტეს ტახტი-ტაძარი -
მასპინძლის წმინდა გულიო?!
„ჰა, ძმაო, სახლი და კარი,
შემოდი მზაზე წევრადო!..
შენი სტუმრობა და ძმობა
არ დამიჯდება ბევრადო“.
შედის სტუმარი მადლობით,
მასპინძელს ჩაესახლკარა,
მაგრამ რომ სული მოიდგა,
სტუმრობა აღარ იკმარა;
ჩაჰკიდა ხელი ყოვლიფერს...
ეს ჩემი იყო ყველაო!
მათხოვრად როდის მოვსულვარ?
ან როდის გთხოვე შველაო?
ადრეც ვყოფილვარ!.. ახლაც ვარ!
შენ ვერც-კი გიცნობ: ვინ ხარო!
არც წარსული გაქვს, არც აწმყო,
რომ მომავალით იხარო!
ამისი მოწმეც ბევრი მყავს
შენივე ქვეყნის შვილიო!..
ჩემს ოქრო-ვერცხლში ჩამჯდარი...
ჩემგანვე გაჭედილიო!!
ოქრო და ვერცხლი ბევრი მაქვს,
აქცია... ასიგნაციო!
შენ ღარიბი ხარ!.. მომშორდი!
არ გესმის? „ასი გნაციო!“
[1899 წ.]
ახირებული სტუმრობა (I, 577). დაიბეჭდა 1899 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. მარტი №3. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. -
![]() |
3.38.6 ქრისტე აღსდგა |
▲ზევით დაბრუნება |
(ჩემს სათაყვანოს)
ჩემო სულის-დგმავ! ტკბილო გულის-თქმავ!!
ყველგან ყოველთვის მნათობო სულის!
შენ ერთად-ერთო შემკვრელ-გამხსნელო
ჩემის ტანჯვისა და სიხარულის.
ცით მოვლენილო, ქვეყნად შობილო,
ცისა და ქვეყნის შუა კავშირო!
ჩამგონებელო, ზე-აღმგზნებელო,
ქნარ-საზევსურო, უკიდ-უძირო!
ვითვალისწინებ ოდეს გოლგოთას,
მაზედ ამართულს ჯვარს ცხოველმყოფელს,
და ზედაც განრთხმულს მსხვერპლს უგნურების
ღმერთ-კაცს, სიკვდილით სიკვდილის მთრგუნველს,
შენც იქვე ახლოს, მორწმუნეთ რიცხვში,
გხედავ სიწმინდით მოსხივცისკარეს!
ქრისტეს სამსჭვალით თვით გამსჭვალული,
მსხვერპლად ცოდვილთა, ცრემლებს ჰღვრი მწარეს.
ყოველი წვეთი შენი ცრემლების
ციურ მანანად გულს მეწვეთება,
და სასოებით სარწმუნოება
მეც მიდიდდება... მიორკეცდება.
მენელსაცხებლე დედათა შორის
შენვე გიყურებ მახარობელად,
და „ქრისტე აღსდგა“ შენი პირველი
გრგვინვით გაისმის მთადა და ველად.
მეც „ჭეშმარიტად“ ვამბობ და მრწმენა
მკვდრეთით აღდგომა ჭეშმარიტების!
წყარო ცხოვრების და სიმართლისა
თუმცა იმღვრევის, მაგრამ არ შრტების!..
მრწამს! და შენც მწამხარ წინამორბედად
იმ აღდგომისაც, რომ ველი მეცა!..
როდესაც ქვეყნად ტანჯულ სიმართლეს
მკვდრეთით აღადგენს კურთხევით ზეცა.
ყველგან, ყოველთვის, ჭირში და ლხინში
რადგან შენა ხარ ჩემი გულისთქმა,
წმინდა ამბორმა შეგვისისხლხორცოს
ახალი რჯული და ძველი აღთქმა!
[1899 წ.]
ქრისტე აღსდგა (I, 579). დაიბეჭდა 1899 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. აპრილი №4. -
![]() |
3.38.7 მგოსანი |
▲ზევით დაბრუნება |
(ზოგიერთების საპასუხოდ)
შეჰვედრა უფალს მგოსანმა-მეფემ:
„ღმერთო ძლიერო, შემიწყალეო!
ჩემთანა გული წმინდა დაჰბადე
და სული წრფელი განმიახლეო!..“
უსმინა ზეცით საყოველთაოდ
და აუმაღლა მგოსანთა გული...
საერო განძად, საშვილიშვილოდ
ჩასდვა სიმართლე და სიყვარული...
მოსეს მახვილად, არონის კვერთხად,
ხელთ მისცა რჩეულთ უმანკო ქნარი,
და უსუპის წილ სიმებთ ასხურა
შეზავებული თაფლ-ნაღველ-ძმარი.
ხმა უცნაური, ხმა საამური
გაისმა ქვეყნად მარად და მარად,
ზოგისთვის ის ხმა თაფლ-მალამოა,
ზოგს გულზედ ხვდება ის ნაღველ-ძმარად.
ერთიც მღელვარებს და მეორეცა,
ორივე სწორად მოხიბლულია,
და თვით მგოსანიც, ერთის საქები,
ათასისათვის წყეულ-კრულია.
მაგრამ მგოსანი ჰფიქრობს: „ამ ქვეყნად
ყოველი ზრახვა არის ამაო,
სულს შემუსრვილს და გულს დამდაბლებულს
ნუ შეურაცხჰყოფ შენ-კი, მამაო!“
ამბობს და ჩანგის სულის ჩამდგმელი
ცა და ქვეყანას ესალბუნება!.
ზევსური მისი უტყუარია
და მრავალფერი, ვით თვით ბუნება!..
[1899 წ.]
მგოსანი (I, 581). დაიბეჭდა 1899 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. ივნისი №6. -
![]() |
3.38.8 მ. ამირეჯიბის ალბომში |
▲ზევით დაბრუნება |
ვნახე ცოლ-ქმარი მე მეგობარი,
ერთმანეთისა შეთანამტკბარი,
და გულგატეხილს უჩვეულობით
მეგონა მხოლოდ ფუჭი სიზმარი.
ხმატკბილ-ნარნარი ხელთ ეპყრათ ქნარი,
მხიბლავდა მღერა გასაოცარი,
მაგრამ მე მაინც, ზეაღტაცებულს,
მეგონა მხოლოდ ტკბილი სიზმარი.
მას შემდეგ არი, რომ მეც დამტკბარი
მათ თანავუგრძნობ, ვით მეგობარი,
მაგრამ ერთხელვე კი გულგატეხილს
ესეც მგონია მარტო სიზმარი.
[1899 წ.]
მ. ამირეჯიბის ალბომში (I, 582). დაიბეჭდა 1899 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. ივლისი №7. -
![]() |
3.38.9 ცოცხალი სურათები |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი დ. ა. ბაგრატიონ-დავითისშვილს)
„თუცა ქალია, ხელმწიფედ
მართ ღმრთისგან დანაბადია!..
ლეკვი ლომისა სწორია,
ძუ იყოს, თუნდა ხვადია!“
ასე შეჰკადრა დიდ მეფეს
ჭიაბერ ბრძენმა სოგრატმა,
და მით გამოსთქვა უტყუვრად
მთლად საქართველოს გულისთქმა.1
მაგრამ რაცა სთქვა, ცოტა სთქვა:
ვერ გამოხატა სავსებით
ის, ვინც მეტია ამ ქვეყნად
ყოველთა არსთა არსებით.
ვინც მამაკაცი გონებით
და გრძნობით დედათ სქესია!..
სითბო-სინათლის შენათხზვა
დღიურ მნათობის წესია.
გიორგის ნაკვთი, ნამსგავსი,
გმირთ-გმირი, ლომთა-ლომია!
ჰფიქრობს ქვეყანა განკურნოს...
ქვეყანაც მისი მდომია!
ვის არ ჰსურს, ტრფობის ბადეში
რომ მისის ეშხით დაებას?
ვინ არის, თაყვანს რომ არ სცემს,
ვით უკვდავებას... ღვთაებას?!
ყოველი კუთხით მოდიან
მეფე და უფლისწულები;
სიცოცხლე მოაქვთ საკმევლად
და ფიანდაზად გულები.
მაგრამ თამარი - „თინათინ“
არავის ათბობს მნახველსა;
გაურჩეველად, თანასწორ
აფენს-კი ყველას ნათელსა.
ვერ შეარყევენ წყარონი
უფსკრულსა დიდი ზღვისასა!
ვერავინ შესძრავს ვერც ერთ ძაფს
თამარის გულისთქმისასა!..
ზენაა მისი სურვილი
ქვეყნიურ აღმაფრენითა!
არც კალმით დაიხატება,
არც გამოითქმის ენითა!
ამას ყველას გრძნობს მხარგრძელი,
სხივ-ისრით გამსჭვალულია;
სურვილს უსიტყვოდ გულში ჰკლავს,
გრძნობა მით დაფარულია.
ჰფიქრობს: ამ გრძნობა-საუნჯეს
სამარეს ჩავაბარებო;
თამარს შევსწირავ სიცოცხლეს,
მით ვიშვებ.. გავიხარებო!
თამარიც სხივს ჰფენს სპასალარს,
ხანდახან შეთინათინებს:
არცა აღვიძებს თვის გრძნობას
და აღარც მისას აძინებს!
დაკარგულია იმათთვის
ნაშთი ედემურ ქონების!
ვინ იცის: ვისი მეტია
ის მსხვერპლი გრძნობა-გონების?!
ეს იცის მხოლოდ სამარემ,
მესაიდუმლემ იმათმა:
ხარბად ჩაჰყლაპა ორივე,
დაჰფარა მათი გულისთქმა.
წაღმა მბრუნავი ქვეყანა
ზოგჯერ უკუღმაც ტრიალებს:
ერთს რომ ქვესკნელში ჩააძვრენს,
სხვას აღმა ააფრიალებს.
მზე ჩაგვესვენა... დაბნელდა,
ძლივს ბჟუტავს ჩვენი ლამპარი;
ჩვენი წარსული ჩვენთვისვე
გამხდარა სიზმარ-ზღაპარი...
თამარს „თათიად“ მორთულსა
ფერ-ცხადად გვიდგმენ სცენაზე,
და ჩვენც მივდივართ სამზერლად,
თითქო დიდ გამოფენაზე.
აჰა, ახადეს კრეტსაბმელს...
ოცნებამ შეითამაშა!
მაყურებლები აჟრჟოლდენ,
დასძახეს „ვაშა!“ და „ვაშა!“
მათ რიცხვში მხოლოდ ორს ვხედავ:
ყურს არ უგდებენ სცენასა,
არც აღტაცებით ტაშს უკრვენ
და არცა სძრავენ ენასა.
სხვაგან ჰქრის მათი გონება
საკუთარ მზე და მთვარისა.
ერთია ნაშთი მხარგრძელის,
მეორე თვით თამარისა.
თუ იგონებენ წინაპრებს
და მათსა შეთანხმებასა?
გრძნობას უკმევენ სამსხვერპლოდ
და სწირვენ ქებათ-ქებასა?
რად არ შეუკრავთ ამათაც
წინაპრებსავით ოცნება,
და სხვადასხვა მხრით ორივე
ცალ-ცალკე გაიტყორცნება?!
ეჰ, ვინ გამოსცნობს!? ქვეყანა
ორპირი, ცვალებადია!..
დღეს ჭირისაგან დამხსნელი,
ხვალ დამჭირავი ბადეა!..
[1899 წ.]
____________
1. ჩვენის აზრით რუსთველმა „ვეფხის-ტყაოსანში“ როსტევან მეფედ მეფე გიორგი გამოსახა, თამარის მამა, თინათინად - თამარი, სოგრატ ბრძენად - ჭიაბერი და ავთანდილად - მხარგრძელი ზაქარია. თამარიც მამის-ერთა იყო და ტახტზე აყვანა მისი და გამეფება ჭიაბერმა ურჩია მეფეს. [ავტორის შენიშვნა].
ცოცხალი სურათები (I, 583). დაიბეჭდა 1899 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. ივლისი №7. -
![]() |
3.38.10 გამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
ატესტანტებს დავარიგებ,
არ ვახსენებ სახელს და გვარს..
ხახვ-ნიორი ვინცა სჭამა,
პირიც მხოლოდ იმას უყარს!
სამგლე, წუპაკი მურია
შეჰხუის, შეჰყეფს მთვარესა,
რამდენი ძაღლი ჰყოლია
საბრალო ჩვენსა მხარესა?!.
1
ერთგული ძაღლი მტრებს უყეფს,
ორგული - შინაურებსა;
საითაც უწრუპუნებენ,
იქითკენ აცქვეტს ყურებსა.
2
კუდქიცინა, ფეხთამლოკი,
ბობოლების ფინიაო,
ვსთქვათ, რომ კაცის არ გრცხვენია!
ღვთისაც არ გეშინიაო?
3
როცა ძაღლები აყეფდენ,
შენ რაღასა ჰყეფ მელაო?
- მეც საქათმეში მივძვრები
და მსურს მოსტყუვდეს ყველაო!..
4
საშოვარის დროს ქორია,
საწუწკარის დროს ღორია,
გინდ იყოს საკურთხეველსა,
მისი სიწმინდე ჭორია!..
5
თავი დევგმირი გგონია,
ჭკუა-საწყალო ბექია,
რწყილების მონადირე ხარ,
საბრალოვ, ნაცარქექია!
6
ცა რომ გრგვინვით ჰქუხს და ელავს,
მიწას ეკვრი მაშინ... წივი,
ღობემძვრალა რას მიხვდება:
სად ჰფრენს იმ დროს ცის არწივი?
7
პატარა თავის და გულის
პაწაწინა გრძნობა-ჭკუა -
უგზო-უკვლოდ რას ჭუჭყუნებს?
და საიდან გამოჭყუა?..
8
საიდუმლო შენი მცნება:
კუჭი, მუჭი, ფუჭი გული!
შენისთანა სხვაც გვინახავს
ანტექრისტეს მოციქული.
9
რომ არ გქონდა, უარჰყოფდი
სხვის შეძლება-ქონებასა!..
რომ იშოვნე, შეურიგდი
ბატონ-ყმობა-მონებასა!!
10
ჭკუა-გრძნობის ასაწონად
გამოსულხარ, მეგობარო!..
შავი-ქვა ხომ არ გგონია,
რომ ფუთობით მოიპარო?
11
ნახირ-ნახირ გამოსულხარ,
კუდი გაგიბზეკიაო;
რასაც სთესავ და რასაც მკი,
სულ ჩალა და ბზე კიაო!
12
ურიასთან შაფათაა,
ქრისტიანთან კვირიაო!
საქმით დაბლა მოქვეშქვეშე,
სიტყვით მაღლა ყვირიაო!
13
თქვენო მაღალ-ღირსებაო!
თქვენო პატიოსნებაო!
ამ თქვენ ტიტულს აგვირგვინებს
სიზმარი და ოცნებაო!..
14
მაძღარი სხვისი პურითა,
დამტკბარი მტრობა-შურითა,
ჰხედავს და ისმენს ყოვლიფერს
სხვისი თვალით და ყურითა!
15
თამარიც გიყვარს და ნინოც,
გახსოვს დიდება ძველიო!
მაგრამ ორივეს ივიწყებ,
როდესაც ანნას ელიო!..
16
თამარ და ნინო ენაზე
გაკრავს, ვით სიტყვის მასალა!..
ანნას-კი გულზე მიიკრავ-
სულ სხვა ეშხი აქვს!.. სხვა ძალა.
17
ნინო ნინად გადაგვექცა
და თამარი თათიადა!..
ზოგიერთ ქალს რაღა ეთქმის
თუ არ: „მახლას!“ „აფსუს!“ „ხათა?!“
18
ცოლად და დედად არ ვარგა,
არც ვარგებულა ქალადა!
წიგნების ნაცვლად ის უჯობს,
ხელში აიღოს კალათა!!
19
ქმარი ცოლად გაგიხდია,
გახდომიხარ თვითონ ქმარად?
იცოდე, არ გამოდგება
ძმარი ღვინოდ, ღვინო ძმარად!
20
ბულბული რომ ვარდს დასტვენდა,
ძაღლი დაღრენდა ძვალსაო,
ვირიც ბანს დაჰყროყინებდა,
ჰანგებს ატანდა ძალსაო!
21
მტრებისთვის ბუმბულ-ბამბა ხარ
და მოყვრისთვის ქვა და გუნდა!
ან გიჟი ხარ, ან სულელი!
ორში ერთი!.. რა თქმა უნდა!
22
ხის ფარ-ხმალი აგიღია!
ჯოხიც ვითომ თოფურია!!
ტვინზე ვინ გყავს მიწვეული,
ნაზარა თუ თოფურია?
23
ვარდს შეუთვალა: „მომშორდი,
მძულხარო!“ მყრალმა ჭიამა.
ვარდმა სთქვა: „ღმერთი ხომ ხედავს,
რომ ეს მტერობა მიამა!“
24
შიგნით ჭრელი ხარ გველივით,
გარეთ-კი ბამბის ქულაო!
იმის ჭირიმე, ვინც ჩემი
შენ თავი შეგაძულაო!
25
ვინ ნახა კატა დამფრთხალი
პატარა თაგვის შიშითა?
რამდენსაც მეტყვით: „ჰკა მაგას!“
მეც გიპასუხებთ „ჩიშითა“.
[1899 წ.]
გამოცანები (I, 586). დაიბეჭდა 1899 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. აგვისტო №8. -
![]() |
3.38.11 განდეგილი |
▲ზევით დაბრუნება |
(აპოკრიფული ამბავი)
უდაბნოში განდეგილი
სულის საქმეს შესდგომოდა.
საამქვეყნო, საპირადო
„ვარხალალო“ არ ესმოდა.
მისი ქვეყნის ავსა და კარგს
იგონებდა... გულში ჰკრებდა,
და შემოქმედს მუხლმოდრეკით
წრფელის გულით ავედრებდა:
„ეს ქვეყანა ცოცხალ-მკვდარი,
დღეს რომ ქედი მოუხრია,
უბიწო და უგინებელ
თვით ქალწულის წილხვედრია!
„მართალია, დღეს ჯოჯოხეთს
თავისაკენ მიუმხრია,
მაგრამ ადრე, ვით მოწამეს,
შენთვის სისხლი დაუღვრია.
„ნუ ამხილებ გულის-წყრომით!
მოიბრუნე მადლით გული!
შეუნდე მას შეცოდება!..
მიანიჭე სინანული!
„და თუ მსხვერპლი საჭიროა,
ვითა წვლილი ქვრივის მცირე,
ნუ განმაგდებ!.. სხვებზედ უმალ
მიმიღე და შემიწირე!..“
ამ სიტყვებით გამოსთქვამდა
ტკბილ სურვილს და მწარ გულისთქმას...
და ცრემლებსაც ასხურებდა
ზედ ვით წმიდა აიაზმას!
ესმა უფალს ხმა ცოდვილის;
შეიწირა სამსახური!..
განდეგილის აღსარებას
ქვეყანამაც მოჰკრა ყური.
სთქვა: „ეს კაცი ცოდვილთათვის
ეგებ წინამორბედია?!
და მაგის შორსმჭვრეტელობა
მაღლით ქვემო, ორ-ბედია!!“
ჩაგულისხმდა, გამოერკვა,
მოაგონდა წინაპარი,
რომ თავს სდებდა ქვეყნისათვის
და იწვოდა ვით ლამპარი.
განიზრახა კრინი მოძღვრის,
მიბაძვა და მიმდევრობა;
შეაჩვენა ძალი ქვენა!
აღიარა ზესთ-მთავრობა!!
ამ ამბავმა ჯოჯოხეთი
ააშფოთა!.. შავად ჰღელავს!
თვით სატანა, ცეცხლის-მფრქვევი,
შესაზარად ჰქუხს და ელავს!..
მის-წინ დგანან მოწიწებით
წვრილფეხობა ეშმაკები;
ჰკანკალებენ, უთრთის ყველას
კუდ-ბრჭყალები, ნისკარტ-რქები!
„ვერა ჰხედავთ - სთქვა - განდეგილს,
ქვეყნად წინ რომ მეღობება!?
ლამის ლოცვით შეარყიოს
ჩემი ძალა-მეუფება!..
„რაღას უცდით? ადრე თუ სხვაც
დაგიღუპავთ მაგისთანა,
ჩემი რჩევა და ბრძანება
გეჭირვებათ კიდევ განა?
შეიცვალეთ სულ სხვადასხვად:
ჭიად, მატლად, ბაყაყ-გველად,
ბუზად, პეპლად, ჭია-მყრალად,
ბაღლინჯოდ და მორიელად!..
„მიესიეთ ყველა ერთად!
ნუ მისცემთ მას მოსვენებას!!..
გაჭირვება დაავიწყებს
ქვეყნის ვალს და ზეცის მცნებას!“
აასრულა წვრილფეხობამ
ბნელ მთავარის სურვილ-ნება,
და მისცვივდენ საწყალ მლოცველს,
რომ არ მისცენ მოსვენება.
ჭირში მყოფმა ღმერთს შეჰვედრა:
„თუ ეს შენი არის ნება,
შენვე მომეც მეც, უფალო,
იობისა მოთმინება!“
ჰკბენენ, სჩხვლეტენ, გესლს ანთხევენ,
ჰაერს ბილწავს ჭია-მყრალა,
მაგრამ ვერ სჭრის ძველებურად
უკუღმართი მათი ძალა:
იქვე ახლოს, უჩინარად,
სხივმოსილი იდგა ქალი,
განდეგილის მფარველ-მცველი,
აღმგზნებელი იდეალი!..
მოახსენეს უფროსს ბატონს:
„დიდებულო სატანაო!
ვერას გავხდით!.. მან შეიძლო
გაჭირვების ატანაო!“
ეუცხოვა ეს ამბავი
ჯოჯოხეთის ბობოლასა;
ვერ იტანდა ძველი ძალის
ის ხელიდან გამოცლასა.
კვალად ბრძანა: „უარს ვერ ვჰყოფ
მე მაინც ჩემს საწადელსო.
და თქვენც, გირჩევთ, ნუ დააგდებთ,
თქვენს საქმეს და საცადელსო!
„თუ პირადად მას ვერ ავნებთ,
სხვებს ხომ მაინც მოსჭრით თვალსო?!
შეაშინებთ, რომ ვერ მიჰყვენ
განდეგილის გზა და კვალსო!“
ეს ბრძანება, სულ ახალი,
ხელთ უპყრიათ ეშმაკებსო,
და ვაი მას, ვინც სატანას
არ ადიდებს!.. არ აქებსო!..
[1899 წ.]
353. განდეგილი (I, 590). დაიბეჭდა 1899 წელს.
- აკაკის კრებული 1899 წ. სექტემბერი №9. -
![]() |
3.39 1900 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.39.1 *** (ჩონგურს სიმები გავუბი...) |
▲ზევით დაბრუნება |
ჩონგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო;
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
„ოდელა - დელა - დელაო!“
თავის ჰანგებზე, თავის ხმით
წკრიალობს ერთად ყველაო,
ერთი-მეორის თანხმობით:
„ოდელა - დელა - დელაო!“
ერთი მათგანიც რომ გაწყდეს,
მაშინვე უნდა შველაო,
რომ არ გაფუჭდეს ჩონგური.
„ოდელა - დელა - დელაო!“
ჩონგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვადასხვა კუთხის მცხოვრები:
„ოდელა - დელა - დელაო!“
ჩვენც ხომ სიმების სისუსტემ
სინათლე დაგვიბნელაო!..
ბნელში რა სასიმღეროა:
„ოდელა - დელა - დელაო!“
შორიდან შემოგვეპარა
მტერი, ვით ტურა-მელაო,
და სულ სხვა ხმებზე გვამღერებს,
არ მოსწონს „დელა - დელაო!“
მწერიც -კი ცხოვრობს თანხმობით,
ფუტკარი... ჭიანჭველაო!..
და ჩვენ რად ვმღერით ცალ-ცალკე:
„ოდელა - დელა - დელაო?!“
ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისთვის საღრჩობელაო!..
მტრებს „ვაი დედა“ ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ: „დელა - დელაო“.
კმარა! ამდენმა ცრემლებმა
სიმები დამისველაო!..
ვერც ვუკრავ... ვეღარცა ვმღერი:
„ოდელა - დელა - დელაო!“
[1900 წ.]
*** „ჩონგურს სიმები გავუბი“ (I, 594). დაიბეჭდა 1897 წელს.
- ჩართულია პოემაში „ნათელა“ (პირველად დაიბეჭდა 1897 წელს, მ. ლაღიძის გამოცემა; შემდეგ დაიბეჭდა აკაკის კრებულში 1900 წ. იანვარი №1). - ცალკე ლექსის სახით, სათაურით „ნათელას სიმღერა“, დაიბეჭდა შემდეგს გამოცემებში: ა) სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. ბ) სიმღერა აკაკისა 1903 წ. გ) რჩეული ლექსები I, 1908 წ. დ) რჩეული ლექსები II, 1908 წ. ე) რჩეული ლექსები III, 1912 წ.
![]() |
3.39.2 გამოთხოვება |
▲ზევით დაბრუნება |
(ჩემს ქვეყანას)
მე რომ მიყვარდი, ის სიყვარული
მომაკვდავთ ენით არ გამოითქმის!..
შენ იყავ ჩემი სიტყვა და საქმე
და თვით მიზეზიც წრფელი გულისთქმის!..
სიყმაწვილიდან მწარ-სიბერემდე
ოქროქსოვილად გეფინებოდი,
და ვით ხატის-წინ წმინდა სანთელი
შუქ-მოპარპალე, უხმოდ ვდნებოდი.
შენის მოხიბლვით გამოწვეული,
წინ მიმიძღოდა მეც ის ნათელი...
და ჩემი ნატვრაც მხოლოდ ეს იყო!
სამაგიერო და სასყიდელი.
ვფიქრობდი შენ-წინ წვითა და დაგვით
წმინდად დადნობას, ტკბილად გაქრობას,
მაგრამ სიწმინდის წაბილწვაც თურმე
არაფრად უჩანს შურსა და მტრობას!..
აწ რაღა მეთქმის? კურთხეულ იყოს
მიუწვდომელი მაღლით განგება!..
ჩემი ნათელი ბნელად გეჩვენა
და წყევლა-კრულვად - ქებათა-ქება!..
უნდა მოგშორდე იძულებული!..
მშვიდობით, მაგრამ ვაი მშვიდობას!!
თუ უნებურად შეგცოდე რამე,
სულგრძელი იყავ! ვითხოვ შენდობას.
7 მარტი, [1900 წ.]
გამოთხოვება (I, 596). დაწერის თარიღი: 7 მარტი [1900 წ.?]1. დაიბეჭდა 1900 წელს.
- აკაკის კრებული 1900 წ. თებერვალი №2. || ავტოგრაფი VII,57. -
______________
1. დაწერის თარიღი - 7 მარტი (წელიწადის აღუნიშნავად), ნაჩვენებია კრებულში 1900 წ. №2. (კრებულის ამ ნომერს აქვს ცენზურის ვიზა 16 თებერვალი 1900 წ., ე.ი. უფრო ადრინდელი რიცხვი, ვიდრე ლექსის თარიღი. ამის მიხედვით ლექსი ან არ ეკუთვნის 1900 წელს, ან და ლექსი წარდგენილი ყოფილა ცენზურაში ცალკე, ჟურნალის ვიზის მიღების შემდეგ).
![]() |
3.39.3 ჩემს მწყალობელს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო! თქვენი წყალობა
სულ სხვა ყოფილა, განაო?
პილატემ თავი იმართლა
და ხელიც დაიბანაო!..
რაც მინდა, იმას ნუ ვიტყვი?
რაც გინდა, ის ვსთქვა, განაო?..
აჰ, არა! „ფონს ვერ გამიყვანს“
უფლება მაგისთანაო!..
გიჩუქებია მახვილი,
მაგრამ პირობით, განაო?
რომ ჩემი ხელით გავლესო
ჩემივ დამკვლელი დანაო?
აბა, რას ბრძანებ, ბატონო?
გიჟი გგონივარ, განაო,
რომ ვერ გამოვსცნო ეგ თქვენი
კრიმანჭულ-გამოცანაო?
ვინც გულსაფხანი სიტყვების
შენ ენა მოგიტანაო,
პატიოსნებით შემკულად
ის მიგაჩნია, განაო?
ჩემს „ამოსაღებს“ რომ სწუნობს
ეგ შენი „ანა-ბანაო“,
სასწორ-საზომის სიმრუდე
სამართალია, განაო?..
მაგრამ ერთხელვე თქმულია:
„ძალა აღმართს ჰხნავს“ - განაო?
ვინც წაღმა სიტყვა შეგკადრა,
უკუღმა გაექანაო!..
ჩემნაირ მოპირდაპირეს
არაფრად აგდებ, განაო?
ხმელეთი საბურთაოდ გაქვს
და ზღვაა შენი სანავო!..
მაგრამ ერთი დრო ყოველთვის
ვის შერჩენია, განაო?..
მძლავრებსაც წაუჩოქნიათ
სუსტის-წინ ხანდისხანაო!..
[1900 წ.]
ჩემს მწყალობელს (I, 597). დაიბეჭდა 1900 წელს.
- აკაკის კრებული 1900 წ. მარტი-აპრილი №3-4. -
![]() |
3.39.4 *** (კიტა აქეთ!.. კიტა იქით!!.) |
▲ზევით დაბრუნება |
კიტა აქეთ!.. კიტა იქით!!
კიტავ, ასკი-კუკუო!
სხვის ბუდიდან გუგულივით
ნუ იძახი „კუკუო“.
არ შეჰშვენის შევარდნობა
ძერას, ჩიტ-კირკიტასო!..
არ შეჰფერის სიბრძნის კვერთხი
„ივანუშკა“ კიტასო.
ჩიტ-მგალობლად არ ვარგიხარ
კაჭკაჭ-თუთიყუშოო;
გირჩევნია, ოც-ოც რიცხვებს
ხელი არ შეუშოო!..
კიტა მარცხნივ!.. კიტა მარჯვნივ!..
კიტავ, ასკი-კუკუო!..
შენისთანა შორსმჭვრეტელსა
თვალში ასი „კუკუო“!..
[1900 წ.]
*** „კიტა აქეთ!.. კიტა იქით!!“ (I, 599). დაიბეჭდა 1900 წ.
- აკაკის კრებული 1900 წ. მარტი-აპრილი №3-4 (ჩართულია პროზაში: „ორ-კიტაობა“). -
![]() |
3.40 1901 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.40.1 შედარება |
▲ზევით დაბრუნება |
ფუტკარმა სთქვა: „ჩემი თაფლი
და სანთელიც ყველას უყვარს!
მაგრამ მე-კი მტრულის თვალით
მიყურებენ!.. მიკეტენ კარს.
„იძახიან: „მაგის ისარს
ვეკრძალოდეთ უნდა მარად!“
თუმც იციან, რომ ჩემ მახვილს
მე არ ვხმარობ, თუ არ ფარად.
„უისრო და უწმინდურ ბუზს
კი არავინ ერიდება!..
როგორც უნდა, ისე დაფრენს,
სადაც უნდა, იქ დაჯდება!..“
შენც, პოეტო, კაცთა შორის
ფუტკრადა ხარ გაჩენილი:
ენა-ისარ-ნაღვლიანსა
ნაყოფი გაქვს ნათელ-ტკბილი.
თუ შორსა ხარ, ფუტკარსავით
შენც გიშვერენ თაფლისთვის ხელს,
მაგრამ როცა ახლოს გხედვენ -
გიმწარებენ წუთისოფელს.
[1901 წ.]
შედარება (I, 600). დაიბეჭდა 1901 წელს.
- ჯეჯილი 1901 წ. №3 (ცენზურის ვიზა 6 მარტს). -
![]() |
3.40.2 საფრიალო |
▲ზევით დაბრუნება |
(გაზეთ „ცნობის-ფურცელ“-ზე)
ქარს მიაქვს ფრიალ-ფრიალით
საბავშვო „ცოდვის-ფურცელი“.
კიჟინას სცემენ სიცილით,
ბავშვებს ასქდებათ მუცელი.
აეროსტატის ამბავი,
სხვაგან რომ გაუგონიათ,
თავს იწონებენ, რადგანაც
მართლა-და ისა ჰგონიათ.
ჰყვირიან: „მაღლა ავიდა,
ასცილდა იალბუზსაო...
აქ მტერი ხელს ვერ მიაწვდენს,
ვერვინ აუფრენს ბუზსაო.
„და ხომ ჩვენ გამოვიგონეთ?!
ჩვენვე მოვაბით კუდიო?!
„ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი!“
„თავზეც გვახურავს ქუდიო“.
„ამიერიდგან ქვეყანამ
შეიგნოს ჩვენი ძალაო!
საქვეყნოდ სიბრძნის შეძენა
არ არის ჰალა-ჰალაო.
„გენიოსობა ჩვენ ყველამ
ერთმანეთს დავუმოწმეთო,
და სხვას ვეღარვის ვიწამებთ
ჩვენ ტოლ-ამხანაგ-მოძმედო!..
„ახლებში საკმარისი ვართ!
ანდერძს ავუგებთ ძველებსო.
ზოგს გოდორ-ყურეს დავუწნავთ,
ზოგს ავუმართავთ ძელებსო.
„ბურთ-მოედანი დაგვრჩება,
აქ გავჰკრავთ რიკ-ტაფელასო;
დავიმორჩილებთ ქვეყანას,
დავიმონავებთ ყველასო!“
ეს რომ სთქვეს, გამხიარულდენ,
შეუდგნენ ასკი-კუკუსა,
მათ ყურს უგდებდა გუგული
და იძახოდა „კუკუსა“!
[1901 წ.]
საფრიალო (I, 601). დაიბეჭდა 1901 წელს.
- ივერია 1901 წ. 28 მარტი №70 (ჩართულია პროზაში: „პატარა ვანიჩქა“). -
![]() |
3.40.3 მეგობარს |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი გ. სუნდუკიანცს)
გაურჩევლად გვარ-ტომობის,
ყველასათვის კეთილი მსურს,
ვინც-კი კაცად-კაცადია
და სიმართლით გული უხურს.
ერთობას და მასთან ძმობას
არაფერი მირჩევნია!..
ამ კავშირის ორ-ძალობა
იმ თავითვე შემიგნია.
მაგრამ რა ვქნა, თუ მოყვასი
მტრულად კარზე მომდგომია...
ამბობს: „ჩემი ხომ ჩემია?!
რაც შენია, სულ ჩემია?!.“
რადა, ძმაო, აღარა გრწამს
არც ქვეყანა, აღარც ზეცა?..
შენც იცოცხლე! მეც ვიცოცხლო!
შენ შენთვის და ჩემთვის მეცა.
ჩემ საფლავზე გსურს აიგო
ციხე-დარბაზ-სარაია?
მე ეკალი მაგლეჯინო,
შენ-კი ჰკრიფო ვარდი, ია?
დაბრიყვება ჰქვია ამას! -
უსამართლოდ ფეხ-ქვეშ თელვა!..
და მიკვირს, რომ გავიწყდება:
მაღლა ელვა, დაბლა ღელვა!..
ხან დარია, ხან ავდარი...
დღეს ერთია... მეორე ხვალ,
და მსოფლიო კანონ-წესრიგს
ვერ ასცდები... ვერ წაუხვალ.
მეც წამახდენ... შენც წახდები!
გავაცინებთ მხოლოდ მტერსა!
ჩვენ ვიყვირებთ: „ვაი დედას“,
ის-კი „მრავალ-ჟამიერსა“.
[1901 წ.]
მეგობარს (I, 603). დაიბეჭდა 1901 წელს.
- ივერია 1901 წ. 10 ივნისი №124. -
![]() |
3.40.4 კ. უმანეცის ალბომში |
▲ზევით დაბრუნება |
მოხუცი და ახალგაზრდა
როცა ერთად დავრჩით მარტო,
მითხრა: „ვიცი, აკაკი ხარ!
მე კატია მქვიან... კატო.
„ამ ალბომში მინდა რამე
ჩამიწერო, ან დახატო!..
კატია არ ჩამიწერო,
მირჩევნია იყოს „კატო!“
გამეცინა, ვსთქვი: ალბომში
რაღა უნდა ჩავუმატო?
ყოველის მხრით მრავალ-გვერდად
შეუმკიათ ცელქი კატო!
შევეკითხე: „მართლა გინდა
ჩვენებური გახდე კატო?
მაშინ უნდა ჩემი რჩევა
გულ-ფიცარზე დაიხატო:
„გაურჩევლად გვარ-ტომობის,
გრძნობა უნდა ანდამატო!
კაცი ყველგან კაცი არის!
ეს იცოდე, ჩემო კატო!
„სხვა მონები უნდა იყვნენ,
ჩვენ ბატონად დავრჩეთ მარტო, -
ეს უგნური განზრახვაა
და ნუ გჯერა ეს შენც, კატო!
დედობა და ცოლობაა
პოლიტიკა ქალის მარტო!..
ეს გახსოვდეს, და შენც ყველა
თანაგიგრძნობს, კარგო კატო“.
[1901 წ.]
კ. უმანეცის ალბომში (I, 605). დაიბეჭდა 1901 წელს.
- ივერია 1901 წ. 17 ივნისი №130. || ავტოგრაფი I,₃₉. -
ავტოგრაფში მეოთხე სტროფი არ არის.
![]() |
3.40.5 მგოსანი |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყანამ გული გამიხსნა, -
საიდუმლოთა სადარო, -
შიგ ჩამახედა, გამაცნო
ავის და კარგის სამთავრო.
ბულბულმა სტვენა მასწავლა,
ყორანმა მწარე ჩხავილი;
ეკალი ჩხვლეტას მასწავლის
და დაყვავებას ყვავილი.
ავი და კარგი, ორივე
მეძმენ და მეყმენ თანსწორად,
და ჩემი სუსტი ბუნება
იმათვე გაჰყვეს თან ორად.
ნიავი მეჩურჩულება:
„რაცა ხარ, ნუ დამალავო!
ეკალი იყავ წყლულისთვის
ზოგჯერ... და ზოგჯერ მალამო!“
ვარსკვლავიც სხივებ-პარპალით
მაღლიდან მედასტურება!..
და ეს ციური სიმართლე
მხოლოდ კაცს არ ეყურება!..
[1901 წ.]
მგოსანი (I, 606). დაიბეჭდა 1901 წელს.
- ივერია 1901 წ. 17 აგვისტო №176. -
![]() |
3.40.6 *** (ერთად-ერთად, ქვეყნის ღმერთად...) |
▲ზევით დაბრუნება |
ერთად-ერთად, ქვეყნის ღმერთად
გაჩენილო... უებარო!
წყლულის გულის, კრულის სულის
მალამოვ და მეგობარო!
დასაბამო, დასასრულო
ჩემის გრძნობა-გონებისო!
ერთად-ერთო შემაერთო
უფლების და მონებისო.
შენგან დაბმულს, შენით სულდგმულს,
შენს გარეშე არ მაქვს ძალი!..
ჩემი წარსულთან მსურს გამსხვერპლო
აწმყოცა და მომავალი.
ნუ გამწირავ, ნუ გამთირავ,
შემიწირე წვლილი მცირე!..
გრძნობა თბილი, სიტყვა ტკბილი
აიაზმად მომასხურე.
მაშინ მეცა მაღლით ზეცა
ვარდის ფერად გამიღიმებს,
და შენ საქებ-სადიდებლად
ავაჟღერებ გულის სიმებს:
ერთად-ერთო, ქვეყნის ღმერთო,
სწორუპოვარ, უებარო,
მიმქრალ სულის, დამჭკნარ გულის
გამნედლებელ მეგობარო!
[1901 წ.]
*** „ერთად-ერთად, ქვეყნის ღმერთად“ (I, 607). დაიბეჭდა 1901 წ.
- ივერია 1901 წ. 19 აგვისტო №178, -
![]() |
3.40.7 ბულბული |
▲ზევით დაბრუნება |
ბულბულს უთხრეს: „რად არ ჰყივი,
როგორც ჩვენი მამალიო?
თუ გსურს ხმა რომ გაგიბოხდეს,
აი ჩვენი წამალიო:
„დედლებს სდიე, რომ დაღამდეს,
საქათმეში შეჰყევ თანო;
ქანდარაზე გადმომჯდარმა
დაიყვირე ხანდახანო!
„მაშინ შენს ხმას ქვეყნის თვალში
მეტი ფასი ექნებაო;
თვარა, ვხედავთ, შენი მღერით
აღარავინ ეგზნებაო“.
ბულბულმა სთქვა: „ჩემ ხელობას
არც დავთმობ და ვერც დავთმეო, -
სულ სხვადასხვას მოითხოვენ
მებაღე და მექათმეო.
„მე-კი არც ერთს, არც მეორეს
ყურს არ ვუგდებ, ჩემთვის ვსტვენო;
სანამ ვარდი არ დასჭკნება,
ჩემებურად მოვილხენო...“
[1901 წ.]
ბულბული (I, 608). დაიბეჭდა 1901 წელს.
- ივერია 1901 წ. 26 აგვისტო №184. -
![]() |
3.40.8 არტისტის აღსარება |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს რომ მეფე ვარ, ხვალ მწყემსი,
ხან გლახაკი ვარ, ხან გმირი...
რომ მეტირება, ვიცინი,
და მეცინება, რომ ვტირი.
როგორც ცხოვრება, ხელობაც
ეს ჩემი ცვალებადია:
რაცა ვარ, ნამდვილად არ ვარ,
და რაც მაქვს, არ მაბადია.
სულ სხვა ვარ სცენას გარეშე...
მაგრამ ეს თქვენთვის ერთია.
ყველგან რომ თანსწორად ჰხედავს,
ის მხოლოდ ერთი ღმერთია.
როცა სცენაზე მორთული
გითვალისწინებთ მდიდარსა,
ვარდგენ მის მედიდურობას,
გიხატავთ სახლსა და კარსა, -
თქვენ რას მიხვდებით, რომ იმ დროს,
როცა დიდებით სრული ვარ,
ნამდვილად ჩემს ოჯახში-კი
ლუკმასაც მონატრული ვარ?!.
თქვენ რომ ტაშს მიკრავთ, მამხნევებთ,
იძახით: „ვაშა, ვაშაო!“
მე ვფიქრობ: ვაი თუ ცოლმა
ლობიო არ მოხარშაო?
და თქვენ-წინ ლაღი, უკადრი,
მდიდარი, მეფე ძლიერი, -
შინ რომ მივდივარ, ჭილობზე
უნდა მივეგდო მშიერი.
და ძილში მაინც თუ ჩამყვა
ის, რაც ატყუებს სხვის თვალსა,
ნუგეშად ისიც კარგია...
მადლობას ვსწირავ უფალსა.
მთელ წელიწადში ჩვენ ერთს დღეს
შევხარით, როგორც აღდგომას,
რომ მაშინ მაინც ვეღირსოთ
ცოლ-შვილის ჯერზე გაძღომას.
ეს სანატრელი, ტკბილი დღე
სახელად „ბენეფისია“...
მაგრამ ვაი რომ ხანდახან
სახრავი მაინც სხვისია!..
[1901 წ.]
არტისტის აღსარება (I, 609). დაიბეჭდა 1901 წელს.
- ივერია 1901 წ. 6 დეკემბერი №265 (დაიბეჭდა 341 და 366 ლექსებთან ერთად, საერთო სათაურით: „სამი აღსარება“). -
![]() |
3.40.9 ჩანგი |
▲ზევით დაბრუნება |
ლოცვა და ჩანგის ჟღერა
ორივ ტყუპის ცალია;
მათი შემქნელ-მშობელი
მხოლოდ ძალთა-ძალია.
და მათი აკვან-ტახტიც
გრძნობაა და გონება.
ორივეს წინა-უძღვის
ზეგარდმო-შთაგონება.
არც ბრძანებას, არც თხოვნას
არ ემორჩილებიან...
ნათლის მფენნი წყვდიადში,
მნათობთ ეცილებიან.
მათი ხელის შეხება
უადგილოდ - ცოდვაა;
ლოცვა ყველგან, უდროოდ,
ფარისევლის ბოდვაა.
აგრევე ჩანგის ჟღერაც
არ ვარგა წარამარა.
მგოსანს თუ ეს არ ესმის,
მესტვირეა მასხარა...
[1901 წ.]
ჩანგი (I, 611). დაიბეჭდა 1901 წელს.
- ივერია 1901 წ. 6 დეკემბერი №265 (დაიბეჭდა 341 და 365 ლექსებთან ერთად საერთო სათაურით: „სამი აღსარება“). || ავტოგრაფი XV,10. || ავტოგრაფი XXIII,21. -
![]() |
3.40.10 პატარა ამბავი |
▲ზევით დაბრუნება |
(ი. მაჩაბლის სახსოვრად)
გვითხარ, ძიავ: მამა-ჩვენი
სად წავიდა და ან როდის,
რომ არსად სჩანს ამოდენს ხანს?
დაგვივიწყა და არ მოდის!..
„დედა ამბობს: „მაშინ გეტყვით,
თუ არ გასტეხთ მის ანდერძსო
და ქვეყნის ვალს აასრულებთ,
თქვენ წილხვედრს და თქვენ-თქვენ კერძსო“.
„რა ვალია ქვეყნის ვალი
და ანდერძი ჩვენი მამის?
ამ-თავითვე გვსურს შეტყობა
შენგან, ძიავ, მხოლოდ ამის.“
ასე სთხოვდენ ერთხელ სტუმარს
ორი და-ძმა პაწაწინა,
და მათ გამგონ მოხუცებულს
თვალთ ცრემლები მოედინა.
ოხვრით უთხრა: „ეჰ, რა გითხრათ!
ჯერ ადრეა ხომ თქვენთვის ეს,
მისი ქცევა, მისი ღვაწლი
დიდებმაც რომ ვერ გაიგეს?!
მაგრამ გეტყვით: მუშა იყო,
ქვეყნის მუშა, სამსხვერპლოდ მზა,
და სიწმინდით გაიარა
ამ ცხოვრების მან მოკლე გზა.
„მართლის მთქმელი, მართლის მქნელი,
გულკეთილი, ენამწარე!..
საპირადოდ არ ჰყოლია
არც მტერი და არც მოყვარე!..
„საზოგადოს მიმდევარი,
ივიწყებდა კერძოს ხშირად;
ქვეყნის ლხინი ლხინად უჩნდა,
ქვეყნის ჭირი სჭირდა ჭირად.
„ერთხელ მითხრა: „ცოლსა და შვილს
მოვეკიდე იმ განზრახვით,
რომ გავმაგრდე გასაჭირში
ალერსით და მათი ნახვით.
„და, ხომ ხედავ, მადლობა ღმერთს,
ამისრულდა ეს სურვილი,
რაღას მიზამს გარეთ მწარე,
თუ შინ მელის რამე ტკბილი?“
„ასე გრძნობდა, ვით მოღვაწე
უძლეველად თავის მგონი,
მაგრამ, ვაი რომ სულ სხვაა
ქვეყნის წესი და კანონი.
„უსამართლო, უკუღმართი,
რაც არ სურს, არ გაიგონებს!..
ან სულ გასრესს მის მეურჩეს,
და ან ბოლოს დაიმონებს.
„მამა-თქვენსაც ეს ხვდა წილად
იმ უსწორო ბრძოლა-ომში,
და ნიშანში ამოიღეს
უსამართლოდ თვისვე ტომში.
„არ-ყოფნა სჯობს მაშინ ყოფნას,
როცა მეფობს მრუდე ძალა!“
ასე სთქვა და ცხოვრებას სულ
მოეშორა, მოეცალა.
„მაგრამ როგორ, ჯერ არ ვიცით!
მეტი რომ ვსთქვათ, არ გვაქვს ნება!
ჯერ ეს იყოს, რაც გითხარით,
და მერე-კი სხვაც იქნება“.
[1901 წ.]
367. პატარა ამბავი (I, 612). დაიბეჭდა 1902 წელს (ცენზურის ვიზა 1901 წ. 20 დეკემბერს).
- ჯეჯილი 1902 წ. №1. -
![]() |
3.40.11 სიბერე |
▲ზევით დაბრუნება |
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა;
შინ ცოლ-შვილს მოვძულებივარ,
ბატონს ვუნდებვარ აღარა!“
ესა სთქვა სიბრძნემ ხალხისამ,
დრომაც ბეჭედი დაასო,
და ამ სიმართლემ მოხუცის
გული-კი ნაღვლით აავსო.
როგორც ზამთარი უცეცხლოდ,
სიბერეც უსიყვარულოდ -
რა არის, თუ არ ღვთის რისხვა,
სიცოცხლე უსიხარულოდ?
რას არგებს მოხუცს, რაც ძველად
ჩაუწერია დავთრებში,
რომ არც აქ არის, აღარც იქ,-
არც ცოცხლებშია, არც მკვდრებში?
მოელის სულთამხუთავის
საზარელ მოციქულობას,
მაგრამ ძნელია მიჩვევა:
გული არ იშლის გულობას.
და როცა ზოგჯერ ჩუმ-ჩუმად
დაიწყებს ხოლმე ძგერასა,
მოხუციც ცდილობს, შეჩოჩდეს,
მოუჯდეს თბილსა კერასა.
მაგრამ ვინ მისცემს იქ ბინას?
ცეცხლი სხვებისთვის ანთია,
და მოხუცისთვის კი მხოლოდ
გულის დამწველი შანთია!
გამობრუნდება მოხუცი
სასომიხდილი, გულმკვდარი;
თან ელანდება წარსული,
ვით უნაყოფო სიზმარი;
და უსინათლო ოცნებით
იმშვიდებს გულის-ძგერასა,
როცა გულსაკლავ ღიმილით
მოჰყვება ხოლმე მღერასა:
„დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა;
შინ ცოლ-შვილს მოვძულებივარ,
ბატონს ვუნდებვარ აღარა“.
[1901 წ.]
368. სიბერე (I, 614). დაიბეჭდა 1901 წელს.
- ივერია 1901 წ. 21 დეკემბერი №277. -
![]() |
3.40.12 საპნის ბუშტები |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი გოგონა
(გაზეთ „ცნობის-ფურცელ“-ზე)
ლალი! ლალი!
თარი თურა ლალი!“
„ცოდვის-ფურცელს“ არევია
ცოდვით გზა და კვალი:
აშკარაზე გამოსულა,
როგორც ბოშა-ქალი,
გუნიასი ადრინდელი
ნაცოლ-ნაქვრივალი;
ცემა-ტყეპით გაყიდული,
სხვებზედ განაცვალი,
თავმოხდილი, ულეჩაქო,
სისხლჭარბობით მთვრალი.
ბავშვებს ხელში ჩავარდნია,
ვაი მისი ბრალი!
„ლალი! ლალი!
თარი თურა ლალი!“
მთავარსარდლად თავმომწონედ
იყოჩება „ლალი“,
ამფსონებიც შეუყრია,
სულ ტოლი და ცალი!
ხელში კეტით, თავში რეტით,
ზრდილობაზე მწყრალი!
გულმანკიერ, მუცელმშიერ,
სურვილ-დაუმცხრალი!
„ლალი! ლალი!
თარი თურა ლალი!“
ქეიფს სწევენ, ხელს უმართავთ
სხვების ნასუფრალი,
„დანივრული ხახვის მწვადი
და ღანძილი მყრალი“.
ლანძღვისა და ჭორის გუდა
არის მათი ხმალი.
ლალი! ლალი!
თარი თურა ლალი!“
ტოლუმბაშიც მისთანა ჰყავთ,
გამძვრალ-გამომძვრალი;
ღვინის ფერად შეუღებავს
ორთაჭალის წყალი,
რომ სულელებს თვალთმაქცობით
მოსჭრას ხოლმე თვალი.
თვითონ კარგად სვამსა და სჭამს,
ვაი სხვების ბრალი,
დღიურს ლუკმას დაეძებენ,
მუცელ-ხახა მშრალი!
„ლალი! ლალი!
თარი თურა ლალი!“
„ცოდვის-ფურცელს“ მათის ცოდვით
ეკარგება ძალი,
დატანტალობს აქეთ-იქით,
ძალზე ფერმიმხდალი,
მადლი არის, შეიბრალეთ
გზაშემცდარი ქალი!
„ლალი! ლალი!
თარი თურა ლალი!“
[1901 წ.]
საპნის ბუშტები (I, 616). დაიბეჭდა 1901 წელს.
- ივერია 1901 წ. 30 დეკემბერი №283.
![]() |
3.40.13 გაოცება |
▲ზევით დაბრუნება |
მე რომ ვნახე, იმისთანა
არ ნახულა სანახავი:
ადვოკატი ძეხვსა სჭამდა,
ვერ გააძრო მარჯვედ ტყავი!
არა გჯერათ? გეფიცებით;
ღმერთი!.. რჯული! ჯვარი! ხატი!..
სწორედ ჩემის თვალით ვნახე
ამისთანა ადვოკატი!
[1901 წ.]
1901 წ.
გაოცება (I. 618). დაწერილია 1901 წელს.1 არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი VII,52. || ავტოგრაფი II,1. -
____________
1. ლექსები „გაოცება“ და „ახირებული დასტური“ ჩაწერილია აკაკის უბის-წიგნაკში 1901 წლისა (ავტოგრაფი II).
![]() |
3.40.14 ახირებული დასტური |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჟი. ქალო, ნეტავ ჩვენი იყოს
..........შენი შავი თვალებიო!..
ქალი. ბატონი ხართ, დამითმია
..........თქვენთვის ჩემით ვალებიო.
ვაჟი. როდის მოგვცემ ნებას, რომ ჩვენ
..........ვაკოცოთ მაგ ფართო ხალსა?
ქალი. როცა თვითონ მოგაწოდებთ
..........ჩემის ხელით ფორთოხალსა.
ვაჟი. ხელზე კოცნა რომ მოგვინდეს,
..........რაღას ბრძანებთ მაშინაო?
ქალი. ხელს მოგიშვერთ კარებისკენ! -
..........აღარ წახვალთ მა შინაო?!.
[1901 წ.]
371. ახირებული დასტური (I, 619). დაწერილია 1901 წ.1 არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი VII,53. || ავტოგრაფი II,2. || ავტოგრაფი XIII,5. -
______________
1. ლექსები „გაოცება“ და „ახირებული დასტური“ ჩაწერილია აკაკის უბის-წიგნაკში 1901 წლისა (ავტოგრაფი II).
![]() |
3.41 1902 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.41.1 ილია და ეღია |
▲ზევით დაბრუნება |
ილიამ უთხრა ეღიას:
„ძმები ვართ, ტყუპის ცალიო.
წარსულიც ერთი გვქონია,
ერთი გვაქვს მომავალიო.
„ნუ დაუჯერებ წვერგრძელებს,
რომ სხვადასხვა გვაქვს რჯულიო:
ორივეს ერთი ღმერთი გვწამს
და ქრისტე-მოციქულიო.
შვილი ვართ ერთის მიწა-წყლის,
ერთი გზით მიმავალიო;
შენ ჩემი გმართებს, მე შენი
საისტორიო ვალიო!“
ეღიამ უთხრა: „ეგ მხოლოდ
სიტყვები არის კარგიო,
თორემ ერთი გზით ვერ ივლის
აწ ჩვენი საგზალ-ბარგიო:
შენა ხარ გულის ამყოლი,
მე - კუჭის მიმდევარიო;
არ ვიპატიჟებ მტრებს სახლში,
შენ-კი ღია გაქვს კარიო“.
ილიამ უთხრა: „არ სტყუი,
ჩემო ძმობილო, მაგასო:
ყველგან შფოთია საქვეყნოდ,
მშვიდობა მხოლოდ ჰაგასო.1
„მაგრამ ჩვენ მაინც ის გვიჯობს,
ერთად მოვიდეთ გონსაო,
თორემ შურით და მტერობით
ვერსად ვერ გავალთ ფონსაო.
„არ ვარგა გული უკუჭოდ,
და არც უგულოდ კუჭიო!
უერთმანეთოდ ორივე
დაღუპულია, ფუჭიო!“
[1902 წ.]
_________________
1.ჰააგა.
ილია და ეღია (I, 620). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 1 იანვარი №1.
![]() |
3.41.2 ცოლ-ქმრობა |
▲ზევით დაბრუნება |
შეყვარებულმა ლამაზმა
შესჩივლა შუქურ-ვარსკვლავსა:
„აღარ ვუნდებვარ ჩემს ქმარსა,
სასთუმლად უდებს სხვებს მკლავსა“.
მნათობმა უთხრა: „ნუ გჯერა,
რომ შენ გაგცვალოს სხვაზედა!
ობოლი მარგალიტი ხარ
მისთვის მთელ ხმელეთ-ზღვაზედა.
„მაგრამ ადამის ნაშობი
თვალხარბი, უმაძღარია;
რომ მობეზრდება, ხანდახან
მის პირში თაფლიც მწარია.
„მე გეტყვი თვითონ ჩემს თავზედ,
არ ვარ ჩვეული კვეხნისა,
აქ, ცაში, სწორუპოვარი
სათაყვანო ვარ ქვეყნისა.
„ჩემი კაშკაში, ციმციმი
ყველასთვის სანატრელია,
მაგრამ რომ სულ მე მიცქიროს,
მიწის-შვილისთვის ძნელია.
„და თვალს მარიდებს შვენებას,
ცისა და ქვეყნის საქებსა,
რომ გული გადააყოლოს
მხრჩოლავ ჩირაღდან-ჭრაქებსა.
[1902 წ.]
ცოლ-ქმრობა (I, 622). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 3 იანვარი №2. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. -
![]() |
3.41.3 იუდა გამცემლიძე |
▲ზევით დაბრუნება |
(ხალხური)
იუდა გამცემლიძესა
უქებენ მოსახლ-კარობას!..
არც მოედანზე გამოდის,
არც წავა სადმე ჯვარობას...
დღისით არავის ნახულობს...
არავის მიეკარება;
საღაცა დადის ღამ-ღამით...
მელიად მიიპარება.
ამბობენ: „დიდი ხანია
ხელი აიღო რჯულზეო!..
ალ-ქაჯებს დაუმეგობრდა,
სული გაჰყიდა ფულზეო.
„ქაჯებმა ფრთები შეასხეს,
უთხრეს უკუღმა ფრენაო;
ქვეყანა გააწირვიეს,
დააგმობიეს ზენაო.
„გულში ჩაუსხეს ნაღველი,
შხამი სცხეს ენის წვერზეო!“
ლაფი დაესხას იუდას
ულვაშებზე და წვერზეო.
[1902 წ.]
იუდა გამცემლიძე (I, 623). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 11 იანვარი №9. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || ავტოგრაფი H - 16. -
ამ ლექსის ვარიანტია „ხალხური“ („თედორე გამცემლიძესა..“), რომელიც გვანიშნებს, თუ ვის იგულისხმებდა პოეტი „გამცემლიძის“ სახელით. ამ ვარიანტს ცალკე ვბეჭდავთ (იხ. ტ. II, გვ. 604).
![]() |
3.41.4 დედა-შვილი |
▲ზევით დაბრუნება |
შვილი შესთხოვდა მშობელსა:
„დედილო, გენაცვალეო,
ვერ გამიგია ბევრი რამ,
ამიხსენ... დამავალეო!
„ჩიტი რომ ბუდეს იკეთებს,
მაშინ ჭიკჭიკობს, გალობსო!
კაცი-კი მაშინ იმღერის,
როცა ღვინოს სვამს... მთვრალობსო“.
- „ეგ, შვილო, გულის ბრალია:
ფრთებს ასხამს ადამიანსო,
და უგზო-უკვლოდ მიაფრენს
გრძნობადაკარგულ ჭკვიანსო“.
„პირუტყვი, როცა საზრდო აქვს,
დასცხრება... უწყინარიო,
კაცი-კი, რამდენს მეტ შოობს,
მეტს ეძებს, უმაძღარიო!“
- „ეგ, შვილო, გულის ბრალია:
თავზე ადგია კუჭსაო,
პირს რომ გაუღებს უდროოდ,
მადასაც მოჰგვრის ფუჭსაო“.
„ყოველი სული, სულდგმული,
სჯერდება თვითოს რამესო;
კაცი-კი შურით შეჰყურებს
სხვების ბედს და სიამესო“.
- „ეგ, შვილო, თვალის ბრალია:
გულს უჩხიკინებს ხარბიო,
შვილდ-ისრად მომართული აქვს
სხვებისთვის წამწამ-წარბიო“.
„თუ მაგრე აცდენს სუყველა
კაცს, არ ჰქონია ჭკუაო?“
- „ზოგ-ზოგს აქვს ქვეყნად სამყოფი,
ზეცასთან ყველა სტყუაო!..“
„მაშ, საბოლოოდ ბუნებამ
კაცს... მეტყველს რაღა მისცაო?“
- „გლახაკს და მეფეს თანსწორად
სულ ერთი ადლი მიწაო!..“
[1902 წ.]
დედა-შვილი (I, 624). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 22 თებერვალი №44.-
![]() |
3.41.5 ფუტკარი |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი ს. ამირეჯიბისას)
სხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს,
ადიდონ ლომი ძლიერი;
თვალ-მარგალიტით შეამკონ
შვენიერება ცბიერი.
სხვა არის ჩემი გალობის
და ჩემი ჩანგის საგანი:
პატარა ბუზი... ფუტკარი,
იობის ჭიათაგანი.
ფუტკარო, ჩემო ფუტკარო,
ბზუილავ, მოუსვენარო,
უსამართლობით დევნილო,
სამართლიანად მკბენარო!..
სიტკბოს რომ ეძებ სათაფლოს,
მიტომ ხარ მოუსვენარი...
და ვინც ხელს გიშლის შრომის დროს, -
მხოლოდ იმისი მკბენარი.
მაგრამ ქვეყანა უძღები
განა დაეძებს სიმართლეს?
ბნელს შენის სანთლით ინათებს
და ბნელს ჰფენს შენსა სინათლეს.
შენ არ გიკარებს, თაფლს-კი სჭამს,
მშრომელის უმადურია...
ოღონდ-კი დასტკბეს, რას დასდევს,
თუ სიტკბო სადაურია?!
და შენ-კი, ჩემო ფუტკარო,
არ უსმენ ქვეყნის ჭორებსა,
ერთი უგნური რომ შეთხზავს
და ასი იმეორებსა;
მაინც დაბზუი, დაფრინავ,
არც იშლი დროზე კბენასა,
ქვეყანას თაფლუჭს უმზადებ
და სანთელს უნთებ ზენასა...
სარკე და სახე მგოსნობის,
ემბლემაცა ხარ შრომისა, -
შენათხზი სიყვარულისა
და წმინდა გულისწყრომისა.
ფუტკარო, ჩემო ფუტკარო,
იობის მატლო მცირეო!
ჩანგი გთხოვს, მგოსნის სიტყვები
მსხვერპლივით შეიწირეო!..
[1902 წ.]
ფუტკარი (I, 626). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 30 მარტი, №70. || სიმღერა აკაკისა 1903 წ. -
![]() |
3.41.6 ჩემს კალამს |
▲ზევით დაბრუნება |
კალამო, სანაღველ-თაფლო,
ჩემო მახვილო და ფარო!
სასაიდუმლო გულისა
ხან სთქვი! - ხან უნდა დაფარო
ის, რაც ჩემ გრძნობა-გონებას
შეუთხზავს, შეუწონია,
და რაც ხანდახან გარეშეს
ოცობოდია ჰგონია!
კალამო, სხვისგან მოძღვნილო,
და-ძმობის საწინდარი ხარ!
ბევრს ეუბნები ამ ჩემს გულს,
თუმც-კი უსულო... მკვდარი ხარ.
ოქროს წყალში ხარ ნაბანი,
შიგ გულად ჩასმულ თვლებითა...
თილისმურ ძალით გონების
და გრძნობის ამაღლებითა.
ორ-გულო, მაგრამ ერთგულო,
კალამო მახვილ-კვერთხოო!
თან უნდა ჩამყვე საფლავში,
სოფელს რომ გამოვეთხოვო!
[1902 წ.]
ჩემს კალამს (I, 628). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 21 აპრილი №84. -
![]() |
3.41.7 აღდგომა სოფელში |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ხანია ჩვენს „მაცხოვარზე“
აღარ დაბმულა ძველი ფერხული
და „ქრისტე აღსდგა“-„გიხაროდენი“-თ
არ გამაძღარა ჩვეულებრ გული.
ვითვალისწინებ ჩემს სიყმაწვილეს,
ამ საყდრის გვერდით აფრთოვანებულს,
და რომ ვადარებ იმ დროს და ამ დროს,
გადარჯულებულს და გახუნებულს,
გული მიკვდება და მაგონდება,
როგორც მხიბლავი ტკბილი სიზმარი,
ის წეს-რიგობა და ყოფაქცევა,
რითაც ცხოვრება იყო დამტკბარი:
ყოველ საუფლო დღეებზე ეს დღე
უტკბესი იყო!... უნეტარესი!
მადლი უფლისა სუფევდა ქვეყნად,
თვით ქრისტეს მიერ ჩამონაკვესი.
განთიადისას, მიმალვის წინათ,
ცისკრის-ვარსკვლავი რომ იწყებს ბდღიალს,
და ძოწ-ლაჟვარდით შეფერადებულს
ციურ კამარას თვალში უყრის თვალს,
სწორედ იმავ დროს ყველგან საყდრებზე
სამახარობლო იკვროდა ზარი,
რომ აღსდგა მკვდრეთით მაცხოვარიო,
და ახალ აღთქმას ეღება კარი!..
ამის გამგონეს, ერს თავმომწონეს,
ეკლესიაზე მიეჩქარება,
თან მიაქვს რწმენა და სასოება
და იქ მოელის მას ნეტარება.
ლიტანიობენ, მხიარულობენ:
„ქრისტე აღსდგა“-ო, და „ჭეშმარიტად!“
ის, ვინც ძველს აღთქმას და ახალსა სჯულს
ციური სისხლი დაუდვა დვრიტად.
ყრმა და მოხუცი, ქალი და კაცი,
თვისი და სხვისი, მტერი, მოყვარე,
ყველა თანსწორად გამსჭვალულია
ზენა გრძნობებით და მომღიმარე;
არც უფროსობა, არც უმცროსობა!
აქ არც მონაა და არც უფალი;
გაურჩეველად მაცხოვრის მიერ
შეაკავშირებს მათ ძალთა-ძალი.
ხელი-ხელ მკლავზე გადახვეული
ქალი და კაცი, კაცი და ქალი
ფერხულს უვლიან საყდრის გარშემო,
ხმაშეწყობილად ტკბილად მმღერალი.
ლოცვაა! - ლოცვა! ეს როკვა-მღერაც,
ანდერძი წმინდა მამა-პაპების!
წინდი მომავლის და ქვაკუთხედი
თვითარსებობის და უკვდავების.
დღეს ვეღარ ვხედავთ ამ სანახავებს,
თან წაუღია ჩაილულის წყალს,
და ქართველობის ნიშან-წყალიც-კი
აღარ ეტყობა არც კაცს და არც ქალს:
ძველი ზრდილობის, დარბაისლობის
გადასცდენია ხალხი გზა და კვალს,
ნაცვლად სიბრიყვე და თავხედობა
ეჩხირებიან ეკლად ყურს და თვალს.
ტკბილ ქართულის წილ „პრაშტი-პრუშტობენ“,
ერთი-მეორის არა ესმით-რა!..
არც „ქრისტე აღსდგა“, არც „ჭეშმარიტად“,
სულ სხვაგვარია მათი სიმღერა!..
ჰხედავ და გიკვირს, ეს რა ხალხია?
სიდან მოსულა? და სად მიდისო?
თუ არის ბოშა ხალხი მასხარა,
ან რას თხოულობს? ან რას ჰყიდისო?
აჰ, აღარ ეთქმის აქ „ქრისტე აღსდგა“
გადარჯულებულ გრძნობა-გულისთქმას,
და მეც გავურბი ნაძალადევ დროს
გულდაწყვეტილი!.. აღარ ვიღებ ხმას!
[1902 წ.]
აღდგომა სოფელში (I, 629). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 1 მაისი №91.
![]() |
3.41.8 ქისა |
▲ზევით დაბრუნება |
ფული აჩუქეს ყმაწვილებს:
საერთოდ მოიხმარეთო!
დახარჯეთ ნება-სურვილზედ,
გინდ წყალში გადაჰყარეთო!
მადლობას სწირვენ უფროსებს
ბავშვები წრფელის გულითა;
ხტუნავენ, არ აკარებენ
ფეხს მიწას სიხარულითა.
ამდენი ფული საკუთრად
ჯერ არ გვქონია ხელშიო,
ახლა-კი ბევრ ნაკლს შევივსებთ -
გავიმართებით წელშიო.
შეკრბენ, შეუდგნენ არჩევანს:
„როგორ დავხარჯოთ ფულიო,
რომ არ ეწყინოს უფროსებს,
და ჩვენც ვიჯეროთ გულიო?
„რადგან გვაკლია ბევრი რამ
და ვერ ვახერხებთ შველასო,
ამოვირჩიოთ მისთანა
ერთი, რომ სჯობდეს ყველასო.
„ის შევიძინოთ ახლავე
საერთოდ, საზიაროდო,
და დავსდვათ ამიერითგან
საშვილიშვილო წყაროდო!“
დასთანხმდენ, ასასრულებლად
პირობის ყველა მზად იყო,
მაგრამ საგანი სურვილის
კი მრავალგვარად გაიყო:
ერთმა სთქვა: ბუშტი გავბეროთ,
ჰაერში ვაფრიალოთო;
მეორემ: ბურთი ვიყიდოთ,
ვაგოროთ, ვატრიალოთო!
მესამემ: კაკლის ხეჭუჭი
სრიალა ვასრიალოთო!
მეოთხემ: წიგნი სჯობია -
ანბანი შევისწავლოთო!
ამან ესა სთქვა, იმან ის,
ზოგს ეს უნდოდა, ზოგს ისა,
და რომ ჰხედავდა, სიცილით
იფხრიწებოდა-კი ქისა.
[1902 წ.]
ქისა (I, 632). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 20 სექტემბერი №200. ქვესათაურად მოწერილი აქვს: „(არაკი არა კრილოვისა)“. -
![]() |
3.41.9 გულის პასუხი |
▲ზევით დაბრუნება |
მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება,
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!
ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში,
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,
და ვით ხატის-წინ წმინდა სანთელი,
უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.
უხმო-უსიტყვო გრძნობათა ლოცვა,
საანგელოზოდ რომ ენთებოდა,
ციურ მანანად, ნუგეშის ცრემლად,
უჩინრად გულსვე ეწვეთებოდა.
მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს
არ ასვენებდა ციური ძალა,
და უკვდავების წმინდა წყაროში
ჩააწვეთწვეთეს შხამი... სამსალა!
შენც შეგარყიეს... უსამართლობამ
უღმრთოდ გააქრო ტრფობის ლამპარი,
და მაშინ ბნელში დავრჩი მე ობლად,
უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი.
მაგრამ მიყვარხარ! მაინც მიყვარხარ,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება,
თუმც მაგ თვალებში აწ სხვისთვის ბრწყინავს
სასუფეველი და უკვდავება.
[1902 წ.]
გულის პასუხი (I, 634). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 6 ოქტომბერი №212. || ავტოგრაფი L - 3/90 (სათაურით: „სიმღერა“). || ავტოგრაფი L - 3/97. - უკანასკნელი სტროფი ლექსისა არ არის ივერიაში და ავტოგრაფში L - 3/97.
![]() |
3.41.10 გარეწრობა |
▲ზევით დაბრუნება |
ნახევარი ღალატია
მტრების გამოქომაგება,
და კერპობა-უსჯულობა -
კარგის გმობა, ავის ქება.
ეს არა აქვსთ შეგნებული
„კაჭკაჭელა“ ზოგიერთებს!..
რა ძნელია, როცა ვინმე
გულსა და კუჭს გაიერთებს?!
დღემდის გვარად გამეგონა
მეგრელებში დასელია,
დღეს-კი, სადაც გავიხედე,
სუყოველგან დასელია.
სიბერის დროს მათს მოძღვრებას
უნებურად მოვჰკარ ყური.
ეტყობათ, რომ აღარ მოსწონთ
სოფლის პრასა-ნიახური!..
„ქალაქ-ქალაქ“ იძახიან;
მარქსის ბუდე ქალაქია!
სოფლის მუშას ასს ერთი სჯობს
მზარეული, დალაქია.
აღარც ხვნა და აღარც თესვა,
აღარც მკა და არც ყანები!
ვითომც ჩვენში ინგლისია:
ქარხანები!.. ქარხანები!..
მომეწონა მათი აზრი.
კარგი არის მათი მცნება!..
მაგრამ ჩვენთვის ჯერჯერობით
უნდა იყოს-კი ოცნება!..
თავთავისი დრო აქვს ყველას,
ბუნებრივი, შესაფერი.
და ვინ არევს ერთმანეთში,
თუ არ ვინმე თავის მტერი?
შემოდგომას ხვნა და თესვა,
ზაფხულში-კი მკა ქებულა,
და თუ მუშას არ სცოდნია
ეს, მასხარად აგდებულა!
„დედა-მიწა“ მიტომ ჰქვია
ხმელეთს, რომ ჰშობს ქვეყნის ძალას!
ვინც გაურბის, ეძახიან:
ბოგანოს და მაწანწალას.
და მეც მიტომ თანავუგრძნობ
იმ შინაკაცს, გურულ-სოფლელს,
პასუხი რომ მოჭრით უთხრა
გადამარქსულ ვითომ დასელს.
გურულმა სთქვა: „სხვა ქვეყნები
მოვიარე, მომეწონა,
მაგრამ მაინც ჩვენი ქვეყნის
მოშორებამ დამაღონა!“
გაეცინა დასელს და სთქვა:
„ეგ სიტყვაა უთავბოლო!..
კაცი სადაც კუჭს გაიძღებს,
იქ ექნება მას სამშობლო“.
სოფლელმა რომ ყური მოჰკრა,
თავის ქნევით უპასუხა:
„აგრე ფიქრობს თურმე ღორიც,
და სამშობლოდ სწამს მას მუხა.
„ველურ ჯიშის ღორი მყავდა,
ერთხელ ტყეში გამეპარა;
მუხა ნახა, რკო იგემა
და შინ აღარ მომეკარა.
„დამიწუნა, მაგრამ ბედმა
გარე-ლუკმა ჩააშხამა:
მართალია, მსუქნად იყო,
მაგრამ მგელმა-კი შესჭამა!
„ჩემ სახლში რომ ყოფილიყო,
რა უჭირდა სასიკვდილო?
და ამას მე მიტომ ვამბობ,
რომ სხვა მაინც გავაფრთხილო!“
მოდი ახლა და ნუ იტყვი,
რომ ჭკუაა მასპინძელი,
და სწავლა-კი სტუმარია,
შინ სამოყვროდ ცოტა ძნელი.
თუ რომ სტუმარს მასპინძელმა
ვერ გაუღო სახლის კარი,
გაბრუნდება, სხვისას მივა,
როგორც ძმა და მეგობარი!
[1902 წ.]
გარეწრობა (I, 635) დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 10 ოქტომბერი №215. -
![]() |
3.41.11 *** (ფეხს სადაც ძლივს იკიდებდენ...) |
▲ზევით დაბრუნება |
ფეხს სადაც ძლივს იკიდებდენ
დათვი, მგელი, მელა, ტურა,
იმისთანა ადგილს ერქვა
მღვიმევი და ჭიათურა.
წრიაპებით დადიოდენ
საცალფეხო გზებზე თურმე,
რადგან არსად არ ყოფილა
გზატკეცილი და საურმე.
კლდეებ-ოღრო-ჩოღროებში
ქვემძრომები სისინებდენ,
და წყლის პირად, ჭაობებშიც
ბაყაყებიც ყიყინებდენ.
ვის ეგონა, რომ ეს კუთხე
ფერს იცვლიდა სხვანაირად,
მსხვილ ვაჭრების სანუგეშოდ
და წვრილების ეკალ-ჭირად.
მაგრამ, დახეთ ქვეყნის ბრუნვას,
წარამარა რომ ტრიალებს!
დღეს რომ ერთგან ბულბულს ასტვენს,
ხვალ იქ ვირებს აღრიალებს!
ეს სოფელი ცვალებადი,
ხან ასეა, ხან ისეა!
ავი იყოს, გინდა კარგი,
დღეს ჩვენია, ხვალ სხვისია!
და ხელაღებ გასაწირად
ბედმა რომ არ მოიმდურა,
გაათეთრა შავქვიანიც
მღვიმევი და ჭიათურა.
იქ, სადაც რომ საცალფეხო
გზაც-კი ძნელად ეტყობოდა,
და თამამად, შეუპოვრად
კურდღელიც-კი ვერ გარბოდა,
დღეს რკინის-გზა ეშმაკური
იკლაკნება გველივითა,
და შავი-ქვით ვაგონები
ზედ მიხტიან შველივითა.
ბაყაყების საყიყინო
ჭაობები ამომშრალა,
გასაყიდად ქვისა და ხის
დაუწყვიათ ზედ მასალა.
საქორ-ბუდო კლდის წვერებზე
წამოჭიმეს კანტორები;
შიგ ილხენენ სხვისი ხარჯით
დიდი ექსპორტიორები.
სადაური სად მოსულან,
სად ეძებენ უკეთესსო?
აჰა, ღმერთო, როგორ მკიან
სხვის ყანებს და სხვის ნათესსო!..
ლხინი იმათ და ჭირი ჩვენ?..
ვაი ჩვენი ქვეყნის ბრალი!..
კუდაბზიკა უმეცრებას
როგორ აუხვიეს თვალი!
როგორ!! განა ჩვენში ყველა
ან ყრუა და ან ბეცია?
ჭიათურას ნუთუ არ ჰყავს
მარჯვე ინტელიგენცია?
როგორ არა!.. ნამეტანიც!!.
მაგრამ ცოტა ნაადრია,
და ხრიკებმა ჭიათურის
ისინიც-კი ჩაითრია.
შემოღებულ სასწორ-საზომს
არც ისინი ჰყოფენ უარს,
მხოლოდ საქმით... და სიტყვით-კი
ევლებიან სიმართლეს გარს.
ჰზრუნავენ ჩვენს სასარგებლოდ,
და მართალიც უნდა ითქვას,
რომ მომავალს უმზადებენ
უსასყიდლოდ მხოლოდ შავ ქვას.
[1902 წ.]
*** „ფეხს სადაც ძლივს იკიდებდენ“ (I, 638). დაიბეჭდა 1902 წ.
- ივერია 1902 წ. 27 ოქტომბერი №229 (ჩართულია პროზაში: „ცხელ-ცხელი ამბები“). -
![]() |
3.41.12 ოცნება |
▲ზევით დაბრუნება |
(ზოგიერთ ქალების მაგიერ)
ბულბული რომ კოკობ ვარდზე
დაჭიკჭიკობს და ფრთქიალებს,
და წამიერ ტრფიალებას
მთელ სიცოცხლეს ანაცვალებს,
დამინახავს აგზნებული!
მეც მომიკრავს შორით ყური...
და იმ ვარდის, უნებურად,
შემპარვია გულში შური.
მაშინ თურმე ჩემი გულიც
დაეძებდა სიყვარულსა...
სიყმაწვილის გაზაფხული
მოელოდა სხვა ბულბულსა.
გაჰქრა ის დრო!.. გადავიდა
სიყმაწვილე!.. მიმეფარა,
მაგრამ შური ვარდ-ბულბულის
დღეს ისევ გულს შეეპარა.
ვარდს შევჰყურებ, ბულბულს ვისმენ
გულნაკლული, ვით ობოლი.
ბულბულია ბონაჩიჩი,
და ვარდი-კი მისი ცოლი.
[1902 წ.]
ოცნება (I, 641). დაიბეჭდა 1902 წ.
- ივერია 1902 წ. 29 ოქტომბერი №230. || ავტოგრაფი VII,46. -
![]() |
3.41.13 შეყვარებული დემონი |
▲ზევით დაბრუნება |
თუ არ მაცდუნებს ოცნების სიტკბო
და, რაც მგონია, ის მართალია,
ვინ არ იწამოს, რომ სიყვარული
სააღმაფრენო ძალთა-ძალია!
მე ურჩი ზეცის და ანგელოზთა
მეტოქი ძალი, შეუპოვარი,
ვითვალისწინებ მიწის-შვილს უფლად,
როგორც მსახური და მათხოვარი.
მისთვის უძღვნია ცა და ქვეყანას,
რაც საგვირგვინო რამ-კი ჰქონია
და რაც მომაკვდავს სხვას აქამომდე
მხოლოდ სახელით გაუგონია.
მთიებთა შუქი, ენა ბულბულის,
ვარდის ელფერი და სუნნელება -
შეუთხზავს ერთად და მოუქარგავს
ზედ სიყვარული და განახლება.
ვხედავ და, როგორც ერთხელ პირველქმნილს,
ისევ მეღება სამოთხის კარი!..
და უცნაური ვინ არს ეს ძალი?
სიყვარულია წმინდა!.. თამარი!
[1902 წ.]
შეყვარებული დემონი (I, 642). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 30 ოქტომბერი №231. || ავტოგრაფი XXIII.20. -
![]() |
3.41.14 მტირალი ანგელოზი |
▲ზევით დაბრუნება |
ნათლის სვეტზე, სხივის კიბით,
ციურ მადლით მომღიმარე,
გადმოეშვა ანგელოზი
შუქმომფენი, ფრთებ-ელვარე.
დაინახა ქვეყნის ტანჯვა,
მწარე კვნესა მოისმინა;
თანაგრძნობის სიბრალულმა
აიტანა... მოიწყინა.
სთქვა: „უფალო! ეს ქვეყანა
თვით უბიწოს წილხვედრია;
შენს მმოსავს და მავედრებელს
ცრემლიც ბევრი დაუღვრია.
„სასოებად და ნუგეშად
გულში ედვათ წმინდა მცნება;
დღეს-კი ხელში შერჩენია
მხოლოდ ლანდი და ოცნება.
„მეუფეო, მე ცრემლებს ვღვრი
და ხარხარებს ბელზებელი;
მასთან ერთად მხიარულობს
თვით იუდა გამცემელი,
„ვინც შენივე სახელითა
აბნელებს და ჰბილწავს ნათელს,
სასოებას უკარგავს ერს,
ტკბილში ურევს შხამს და ნაღველს.
„ორთა ერთა მოღალატე
გაიძვერობს ზეცის მტერი!
ოჰ, უფალო, განსაცდლისგან,
ვით ჭირისგან, იხსენ ერი!..“
[1902 წ.]
მტირალი ანგელოზი (I, 643). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 30 ოქტომბერი №231. || ავტოგრაფი XXIII,19. -
![]() |
3.41.15 საქართველოს დღევანდელი სახე |
▲ზევით დაბრუნება |
ვის იგლოვ, იერემია?
თავზე რად იყრი ნაცარსა?
რად სტირი იერუსალიმს
და სოლომონის ტაძარსა?
ვინ იგულისხმებს გოდებას,
როცა შენ ერთი სტიროდე,
თუ იმავე დროს ილხენდეს
ათი-ათასი იროდე?
„ძალა აღმართს ჰხნავს!“ ღვთის რისხვას
ხელი არ შეეფარება!..
ძნელია, როცა მოყვრულად
მტერი კაცს შეეპარება.
უქმია მაშინ ტირილი
და უნაყოფო - გოდება!..
იხრწნება ფარისევლობით
თანასწორ ყველა წოდება:
თავადი აღარ თავადობს,
არც სადმე აზნაურია!
აღარც მღვდელია, არც ერი...
ყველა ღვთის უმადურია!
იუდიანი იროდე
ორწილად რომაელია:
მგელია მისის ქვეყნისთვის...
სამშობლოს გამომხვრელია!
თუმც კაიაფა და ანნა
ებრაელთ მღვდელმთავარია,
მაგრამ-კი რომაელობა
მათშიაც ნახევარია.
ხალხიც შეჰყურებს თავადებს
და მათი მიმდევარია.
რომი ხელს უწყობს ცალ-ცალკე,
აბრიყვებს და უხარია!
მოტყუებული ქვეყანა
ივიწყებს ძველსა დიდებას;
წამოაყენებს იუდას
და ჰყიდის ჭეშმარიტებას.
პონტოელი-კი პილატე
ჰფიქრობს: „დაუდგათ თვალიო!“
განზე გამდგარი, ხელს იბანს,
ამბობს: „მე არ მაქვს ბრალიო!“
ეს ყველა ერთაშორისი
ძალმომრეობის წესია:
იქ ვარდს და იას ვინ მოჰკრეფს,
სადაც ეკალი სთესია?!
აი, რას ჰხედავს და სტირის
წინასწარ იერემია!..
ცრემლი მკვდარს თუმც ვერ აღადგენს,
მაგრამ ნუგეშის-მცემია!..
იერემიას გოდებით
რომ ვინუგეშო, მეც მინდა,
თუ სევდა გადამეყარა
და თვალზე ცრემლი მეწმინდა.
მაგრამ მე რა მრჯის მიბაძვას?
სად წმინდა კვერთხი, სად ჩხირი?
სად ჩემი სტვირი, სად მისი
იერიქონის საყვირი?
ის მაღალ ჰანგზე ჰგოდებდა,
მე ბლიაძურად გავყვირი,
თუმც-კი ორივეს საგლოვის
ერთია სარჩულ-საპირი.
შემკრა-შემბოჭა შავ-ბედმა,
ტანჯვები გამიზვიადა,
და მწუხარება შავ-კუპრი
გულზე დამაწვა ტყვიადა.
მეზარევ, ზარი აუშვი
ამირან გმირის კვნესითა!
ხმა გრძნობას შეუთანახმე
ძველ ჩვეულება-წესითა.
და ნაღველ-ქაფად გამილღვე
ეს მძიმე ტვირთი გულისა,
რომ ნიშნად გადმოვანთხიო
მომავალ სიხარულისა!
„ვაი“ და „უი“ წარსულსა,
„უი“ და „ვაი“ აწმყოსა,
თუ მომავალმა იმედი
მალამოდ გულს არ აცხოსა!
რომ ეს მალამო არ მქონდეს,
რა გაუძლებდა ჩემ წყლულსა?
და ჯოჯოხეთის სახნისით
გადაბრუნებულ გლახ-გულსა?
მაგრამ დიდება შემოქმედს!
სძლევს ქვეყნის სავალალოსა:
თანასწორ ამოაცენებს
საწამლავ-სამკურნალოსა.
მეც ცისარტყელად მესახვის
იმედი მომავალისა,
წყნარი, შვიდფერი, შვიდძალი,
ტკბილად ამხელი თვალისა.
იქ ვხედავ მეთაურებსა
კანგამოცვლილად სუყველას,
როგორც ყოფილსა მყრალ ჭიად
აბრეშუმისა პეპელას.
აღარ არიან მათ შორის
კიკოლიკ-ტეტიკელები,
რომ მოძმეთ გასაცარცვავად
ააფათურონ ხელები.
მათ ნაცვლად სხვები ჩაბმულან
მეთაურ-მოწინავედა,
გზადაბნეული ხალხისთვის
მოსედ და ისუ-ნავედა.
შრომობენ მოციქულებრივ,
თავი არ მოაქვსთ დიდადა,
და კერძოს საზოგადოსთვის
აგებენ გზად და ხიდადა!..
ეს არის მსხვერპლი საერო!
ეს არის აღთქმა და შველა!..
და ერიც „აღთქმულ ქვეყანას“
უახლოვდება ნელ-ნელა.
მეყო მეც აწმყოს ყვედრება
იერემიას ენითა!..
ოცნებავ, ისევ წარსულში
გადამიყვანე ფრენითა,
რომ ძველი საგალობელი
საერო, მამა-პაპური,
გავიმეორო კიდევ დღეს
და ყველამ დაუგდოს ყური;
და დღემდე რაც მე უჩინრად
გულის-ფიცარზე მეწერა,
აწ მაინც აღარ დავფარო!..
აი, ეს ჩემი სიმღერა:
„კავკასიის ქედზე იყო
„ამირანი მიჯაჭვული,
„ყვავ-ყორანი ეხვეოდა,
„დაფლეთილი ჰქონდა გული.
„ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
„გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა,
„და რაღაცა მანქანებით
„გული ისევ მთელდებოდა.
„ჰქონდა ჭირში მოთმინება,
„არც კვნესოდა, არც ოხვრიდა,
„უსამართლო ძლიერებას
„მონურად თავს არ უხრიდა!..
ბოლოს მაინც გამარჯვება
„დარჩა, ყველა გააოცა,
„და ის ღვაწლიც მაგალითად
შვილიშვილთა მან გადმოსცა.
„კავკასიის მაღალ ქედზე
„მიჯაჭვული ამირანი
„არის მთელი საქართველო,
„და მტრები-კი ყვავ-ყორანი.
„მოვა დრო და თავს აიშვებს,
„იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
„სიხარულად შეეცვლება
„ამდენი ხნის გასაჭირი!..“
ეს კი, მაგრამ ვინ გმირია,
რომ აუშვებს მიჯაჭვულსა?
ან მალამოს ვინ უმზადებს?
გაუკურნებს ვინღა წყლულსა?
თუ რომ დავით, ღვთის რჩეული,
მას ვეღარას მოეხმარა,
და თამარის მალამომაც
წყლული ვეღარ დაუწყნარა, -
ამ ორ ძალზე უფრო დიდი
არის კიდევ სადმე ძალი,
რომ წარსულმა ვერ დაბადა
და წარმოშობს მომავალი?
არის!.. ის, რაც შესაფერად
თვით ბუნებამ განამტკიცა:
ძლიერება-ეროვნებად
შენახორცი ცა და მიწა!..
ეროვნებავ! ღვთის ნიჭი ხარ,
არც საპოვნი, ვერც სასყიდი,
და მხოლოდ თვითარსებობა
არის შენი გზა და ხიდი!
და თუ ეს გზა და ეს ხიდი
უშიშრად არ გაუვლია,
დახმარება ამირანის
თვით გმირსაც არ შეუძლია!
მაგრამ ვხედავ, მომავალში
გამოსულა მუშად ერი,
ერთმანეთთან შეთანხმებით
ძლიერი და ბედნიერი.
გზა გაჰყავს და ხიდსაც აგებს,
სისხლითა და ოფლით რწყულსა,
და, მომავლის მოიმედე,
აღარ იმჩნევს წყლულად წყლულსა.
გამარჯობა ნამდვილ მუშებს!
ვაშა, ვაშა მომავალსა!!..
ის ასწორებს დღევანდლების
გამრუდებულ გზა და კვალსა.
გაასწორებს და გზას მისცემს
ტარიელს და ავთანდილსა,
ამირანის სისხლ-ცრემლებით
ქართველებად გამოზრდილსა.
ნეტავ იმ დროს და მის დამსწრეს!
ზეზეულ ჰგრძნობს ცხონებასა:
არც ისურვებს ბატონობას
და არც ვისმე მონებასა.
აღიარებს მხოლოდ ძმობას,
თანსწორობას, სიყვარულსა,
და საზღვარი არ ექნება
მის უმანკო სიხარულსა!
შორით ვხედავ იმ ნეტარ დროს,
ამ ცუდ დროში დანაბადი,
და ანდერძად მხოლოდ რჩება
ჩემი გუდა და ნაბადი!
დიახ!.. მხოლოდ ანდერძად-ღა!
მაგრამ მაინც იმედია:
მომავალი სიხარულიც
ნეტარება და ბედია!..
რა ვუყოთ, რომ ვერ მოვესწარ!
სიკვდილის-წინ ხომ მაინც ვგრძნობ
მომავალ ბედს? და ამ გრძნობას
სულთამბრძოლი თან ჩავიდნობ:
არ მომკვდარა საქართველო!
აყვავდება ერთხელ კიდე!
და გაისმის ძველებურად
იმისი ხმა კიდით-კიდე!
[1902 წ.]
საქართველოს დღევანდელი სახე (I, 644). დაიბეჭდა 1902 წელს.
- ივერია 1902 წ. 3 ნოემბერი №235 (ჩართულია პროზაში „ცხელ-ცხელი სიმართლე“). || ცალკე გამოცემა 1908 წ. || ჩემი ნაწერები, II, 1913 | ავტოგრაფი L - 3/13.
აკაკის ამ მეტად მნიშვნელოვანი ნაწარმოების პირველი ვარიანტი (რომელიც, საცენზურო პირობების გამო, დაზიანებულად დაიბეჭდა ივერიაში), მოყვანილი გვაქვს, აღდგენილის სახით, ვარიანტებში (იხ. ტ. II, 598-602).
![]() |
3.42 1903 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.42.1 ნუ მეტრფი |
▲ზევით დაბრუნება |
ნუ მეტრფი ქალწულს, ჭაბუკო,
ნუ ამბობ „შემიყვარეო“.
ჯერ შენ მიჩვენე გმირობა,
ქვეყანა ანეტარეო.
დაჩაგრულ მოძმეთ მიჰხედე,
სიცოცხლე გაიმწარეო,
და მერე ჩემი მშვენება
მალამოდ მოიხმარეო.
[1903 წ.]
ნუ მეტრფი (I, 650). დაიბეჭდა 1903 წელს.
- სიმღერა აკაკისა 1903 წ. (ცენზურის ვიზა 22 იანვარს). || რჩეული ლექსები I, II, III,—1908 და 1912 წწ. -
![]() |
3.42.2 პატრიოტი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემისთანა პატრიოტი
განა არის სადმე კიდე?
გარწმუნებთ, რომ ვერ შეხვდებით,
გინდ მოლახოთ კიდით-კიდე...
ღვინოს ბევრს ვსვამ, მიყვარს მწვადი,
არტალა და ჩახოხბილი...
ფლავსაც ხომ სულ ხელითა ვჭამ,
რომ არ მოხვდეს ჩანგალს კბილი!
რაც შეჰფერის მამულიშვილს,
ვასრულებ მეც ყველაფერსა,
უკუღმართის ხმით ვიმღერი
ქართულ „მრავალ-ჟამიერსა“.
მე არაფერს არ ვმუშაობ,
მაგრამ სხვებსაც არ ვაძალებ...
რაც რომ მერგო მამა-პაპის,
ნელა-ნელა „ვაპრადალებ“;
და ფულს ვხარჯავ კნიაზურად,
ისე, როგორც ჩალა-ბზესა!..
მამის სული გამიშვია,
ვფიცავ მამინაცვლის მზესა...
ერთი სიტყვით, ქართველობა
გამჯდარი მაქვს სრულად ტანში!..
რომ მოგწონვართ, თქვენც-კი გატყობთ,
აბა, დამიკარით ტაში!..
[1903 წ.]
პატრიოტი (I, 651). დაიბეჭდა 1899 წელს.
- სულიკო და სხვა ლექსები 1899 წ. (ცენზურის ვიზა 25 მაისს). || სიმღერა აკაკისა 1903 წ. || ავტოგრაფი XXIII,39. -
![]() |
3.42.3 მდიდარს ღარიბისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
გინდ მშიოდეს, გინდ მწყუროდეს,
დავდიოდე ტიტლიკანა,
არ ვინატრებ შენს ქონებას,
არ მსურს ვიყო შენისთანა!
ქვეყანამაც რომ გამწიროს,
დამიკეტონ ყველგან კარი,
მაინც არ მსურს, შენ რომა გყავს,
იმისთანა მეგობარი!
შემიძულოს დედათ სქესმა!
გავხდე მათი საზარელი!
არად მინდა, რომ მეც მყავდეს
შენისთანა საყვარელი!..
კარგად ვხედავ, შელახულო
გრძნობითა და გონებითა,
რომ ჰყიდულობ თაღლით-გრძნობას
ძალითა და ქონებითა!
შენთვის არ სცემს არავისი
ჭეშმარიტად გული წმინდა!..
არა, არა! მაგ შენს ცრუ-ბედს
არ შევნატრი! არად მინდა!
მისთვის მომცა ღმერთმა ენა,
სიმართლისთვის გავიწირო,
ჩაგრულ მოძმეს მოვეხმარო,
თუნდა ქვითაც დავიკირო;
ბევრჯელ ვნახო დღენი ტკბილი
და ბევრჯელაც გავიწბილო,
მცირეს ვჯერდე ოფლით ნაშოვნს,
მრავლისათვის არ ვიტირო;
მოძმის ვიყო შემწე ჭირში,
ვიხარო და გავახარო;
რაც-კი ვნახო მასში ცუდი,
გამოვსთქვა და არ დავფარო.
დეე, მტანჯონ მართლისათვის,
მე იგი არ გავიკვირო!
მხოლოდ მინდა, რომ რითიმე
ბოროტები დავიჭირო,
ვინც რომ მშრომელს და ტვირთმძიმეს
ხელმოსაწყობ ნივთად სთვლიან,
იმათ ნაშრომს, ოფლით ნაშოვნს,
გასთლიან და გამოსთლიან.
[1903 წ.]
მდიდარს ღარიბისაგან (I, 652). დაიბეჭდა 1903 წელს.
- სიმღერა აკაკისა 1903 წ. -
![]() |
3.42.4 ჩაისა და ღვინის ბაასი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩაი და ღვინო გაჯიბრდენ,
ზმებით დაიწყეს კამათი:
საქვეყნოდ გამოდიოდა
სიტყვა-პასუხი ამათი.
ულვაშაპრეხილ ნუნუას
დოინჯი შემოეყარა;
ყურთმაჯებ-გადაგდებული,
თავს იწონებდა მკვეხარა.
მას გვერდში ამოსდგომოდა
მდუღარე ჩაი, წყალ-წყალა,
იბერებოდა ტიკივით,
არც ღონე ჰქონდა, არც ძალა.
თავი-კი მაინც მოჰქონდა:
„უწყინარი ვარ, ტკბილიო;
თან განათლებას მოვჰყევი,
უცხო ქვეყნის ვარ შვილიო“.
ერთმანეთს უკიჟინებდენ:
ჩამოდექ!.. გზა და განიო!..
ჩვენში ვინც სჯობდეს, მას დარჩეს
ბურთი და მოედანიო!“
გადიხარხარა ნუნუამ:
რაები მესმის ესაო?!
მისი ოჯახი დაიქცეს, -
ვინც ჩვენში ჩამოგთესაო!
„მოსულხარ ბრიყვი ქვეყნიდან,
სიბრიყვეც თანვე გდევსაო;
ვინ ნახა, ნაცარქექია
რომ შეეჭიდა დევსაო?
„ვინ შენ და ვინ მე? სად ღვინო
და სად ნადუღი წყალიო?!
დიდს და პატარას, თანსწორად
ჩემზედ უჭირავს თვალიო.
„არც ლხინი ვარგა უჩემოდ,
არც ჭირი ითქმის ჭირადო;
შენ ვინ გახსენებს, არც ერთგან
არ ღირხარ დამპალ ჩირადო!
„ნოესგან გამოგონებულს,
ზედაშეს მეძახიანო;
სუფრაზე ფეხს რომ შემოვდგამ,
შენ გაგირბიან... ფრთხიანო!
„ვარ ჭირვეულის ნუგეში,
დამშუშებელი წყლულისო,
და მკვდრების შესანდობარი,
მოსახსენებლად სულისო.
„შენ-კი არც ღვთის ხარ, არც კაცის,
უბრალო ჩვეულებაო,
და შენი თავიც უშაქროდ
არავის ეტკბილებაო.
„ფეხს ნუ წამოჰყოფ კუსავით,
ჩემთან ნუ მოგაქვს თავიო! -
საწუწკარი ხარ ბავშვების,
სნეულის საწრუპავიო!“
პასუხი მისცა ჩაიმაც:
„გულფიცხო, მეტიჩარაო!
გაჩუმდი, მეტს ნუ ტრაბახობ!
რაც გითქვამს, ისიც კმარაო.
„კარგი რაცა გჭირს, რომ ამბობ,
სიცუდეს რაღად ჰმალავო?
ხანდახან საწამლავიც ხარ,
განა ყოველთვის მალამო?
„ის აღარა ხარ, რაც იყავ,
სად გაქვს სიწმინდე ძველიო?
ეშმაკმა ქვეყნის სავნებლად
მაგრად ჩაგკიდა ხელიო.
„არ იცი მოყვრის გატანა:
- ვაი შენს გადამკიდესო! -
ვინც მოგენდობა, გასწირავ,
მიგყავს უფსკრულის კიდესო.
„შეეპარები ნელ-ტკბილად
ყმაწვილებს თავმომწონესო;
ბრძენს ჭკუას დააკარგვინებ
და ვაჟკაცს მიჰხდი ღონესო.
„მჭევრმეტყველს ენას დაუბამ,
დააწყებინებ ბოდვასო;
უწყინარსა და ღვთისნიერს
ჩაადენიებ ცოდვასო.
„თავაღერილი დადიხარ,
ავ-კარგის გაურჩევლადო;
თან დაგდევს ჭინჭყლი და ჩხუბი,
სისხლის და ცრემლის მთხევლადო.
„მე რაც ვარ, ჰხედავს ქვეყანა...
ჩუმი და უწყინარიო;
ჭირში თუ ლხინში, ყოველგან
ყველასთვის მოსახმარიო.
„თუმც შენოდენი სახელი
არა მაქვს შენდა სწორადო,
მაგრამ მე მომკითხავები
მეტი მყავს ერთი-ორადო.
„ვერ ატყობ? მრჩება თანდათან
ბურთი და მოედანიო! -
დროს შესაფერი აღარ ხარ, -
დამითმე გზა და განიო!“
ამოიოხრა ნუნუამ:
„მტერს-კი დაუდგეს თვალიო!
გაბრუდდა სასწორ-საზომი!
სადღაა სამართალიო!
„მართლა რომ „დრონი მეფობენ“,
თორემ სად იყავ ძველადო?
ვინ გახსენებდა, წყალ-წყალავ,
სარეცხად, ან სასმელადო!
„დროს შევესწარით უკუღმართს,
გვებნევა გზა და კვალიო,
რაც რომ კარგია, ვეღარ სჭრის,
ცუდსა აქვს გასავალიო.
შებღალეს ყურძნის სიწმინდე
და ჩვეულებაც ძველიო,
გოგირდით, შაბიამანით
იწამლვის, როგორც გველიო.
„ნაწამლი ღვინო კეთილად
აბა ვის შეერგებაო?
მაგრამ ჭკუასაც ახლანდელს
ბევრი არ გაეგებაო.
„მოუწამლავი არ დარჩათ
არც გრძნობა, აღარც ჭკუაო.
„ბუზიც-კი ბზუის - ამბობენ, -
მაგრამ ფუტკართან სტყუაო!“
„ვიცით და არა ვიცით-რა...
ვართ და... სულ არაფერიო,
მოყვარე მტერი გვგონია,
მოყვრად მივიღეთ მტერიო.
„ფერი ფერსა და მადლი ღმერთს“,
ხარ შენც დროს შესაფერიო!
მაგრამ, მრწამს, ქარი წაგიღებს,
ხარ ქარის მონაბერიო“.
ცხენი მზად ჰყავდა კაზმული
გაბედვით სიმართლის მთქმელსა,
სთქვა და გაშორდა გულცივად
გაბატონებულ სასმელსა.
[1903 წ.]
ჩაისა და ღვინის ბაასი (I, 654). დაიბეჭდა 1903 წელს.
- ივერია 1903 წ. 4 სექტემბერი №188. -
![]() |
3.42.5 შვილის დამკარგავ ორსულ დედას |
▲ზევით დაბრუნება |
(ნიცას)
შეგნიშნე, ცრემლი ობოლი
წამწამზე გეკიდებოდა;
გამოქცეოდა სახმილსა,
გულში რომ გეკიდებოდა
აშვიდფერებდა მარგალიტს,
ვით ცისარტყელას მხიბლავსა;
შიგ იხატავდა აკვანსა
ახალს... და ძველსა საფლავსა.
მოსწყდა კურცხალი მთრთოლვარე,
ვერ სძლია გრძნობის გრიგალსა;
სპეტაკ გულ-მკერდზე დაეცა,
შეაშრა ბროლის ფიქალსა.
თანაც ღიმილის ჭიატმა
შენს სახეს უსხივ-ცისკარა,
და მაზედ გრძნობა ორჭოფი
შუქურად აამღელვარა.
მაშინ-კი მიხვდა მგოსანიც,
თუ რას ნიშნავდა ღიმილი;
რა იყო ცრემლი ობოლი
და ან რად გწვავდა სახმილი?
იგლოვდი სისხლ-ხორც დაკარგულს,
შესტრფოდი თანვე მომავალს
და, სავსე სარწმუნოებით,
იხდიდი სოფლის სესხს და ვალს.
ამბობდი: ყოვლად ძლიერო,
წმინდა არს ნება შენიო!
სიკვდილით ჰბადებ სიცოცხლეს,
თვით ბნელზე ნათლის მფენიო.
[1903 წ.]
შვილის დამკარგავს ორსულ დედას (I, 658). დაიბეჭდა 1903 წელს.
- ივერია 1903 წ. 17 სექტემბერი №198. || ავტოგრაფი I₁₁. || ხელნაწერი პირი L - 3/18.
![]() |
3.42.6 ღამის თევა |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი პატარა თამარ-თინას)
მამა-პაპის ჩვეულება:
„ღამის-თევა“ და „მზე-შინა“
მოგვაგონდა, და გულს დაგულს
ია-ვარდად მოგვეფინა.
მზის სხივების ანარეკლო,
შუქმღელვარე თინა-თინა,
უსახელო, სასახელო,
ათინავ და თამარ-თინა!
სად ყოფილხარ? სად მოსულხარ?
საუკუნო სად გაქვს ბინა,
თითის სიგრძე მოგზაურო,
გამოცანავ პაწაწინა?
მაგრამ ეს რომ გამოვიცნოთ,
ან შენ ვინა? ან ჩვენ ვინა?
მხოლოდ გვრწამს და აღვიარებთ,
ვინც საჩვენოდ მოგავლინა.
„იყავნ ნება მისი ყველგან,
ქვეყნადაც და ცათა შინა!“
მას დიდება ძალთა შორის!
ჩვენ - „მზე-შინა“, შენ „ნანინა“.
ნუგეშო და სიხარულო
დედ-მამისავ, პაწაწინა,
გაიზარდე, მომავალო
ათინავ და თამარ-თინა!
[1903 წ.]
ღამის თევა (I, 659). დაიბეჭდა 1903 წელს.
- ჯეჯილი 1903 წ. №7-8 (ცენზურის ვიზა 1 აგვისტოს). || ავტოგრაფი. -
![]() |
3.42.7 ამაოება |
▲ზევით დაბრუნება |
შედარებით თუ არა,
კაცი ყველა ერთია,
არც დიდი, არც პატარა...
დიდი მხოლოდ ღმერთია.
შენ მე მჯობნი, მე იმას,
და მე კიდევ სხვა ვინმე.
ის მაღლაა, ეს დაბლა,
ხან უკან ვარ, ხან წინ მე.
ბრუნავს ჩარხი ცხოვრების
ხან უკუღმა, ხან წაღმა;
დღეს სხვა ვართ და ხვალ სულ სხვა,
ხან ბატონი და ხან ყმა.
ხან ისე ვართ, ხან ასე,
ხან კარგად, ხან ავადა;
ვერც ვტირით, ვერც ვიცინით
ჩვენით, ჩვენდა თავადა!
მაშ, რაღა გვადიდგულებს,
თუ არრა გვაბადია?
გარდა შემომქმედისა,
ყველა ცვალებადია!
ვსთქვათ, სამსონ ძლიერი ვართ,
დღეს სიცოცხლით აღვსილი,
გვიკბენს პატარა მწერი, -
გავქრებით ვით აჩრდილი!
ან სოლომონ ბრძენი ვართ,
ქვეყნად სწორუპოვარი, -
ერთის სულის შებერვით
ჰქრება ჩვენი ლამპარი.
დღეს რომ მშვენიერებით
იოსებს ვედარებით,
ხვალ, ეგებ, სანახავად
მტერსაც შევეზარებით.
უცვლელი, საუკუნო,
ქვეყნად არაფერია!
ბედის წიგნში განგებას
ასე ჩაუწერია.
[1903 წ.]
ამაოება (I, 660). დაიბეჭდა 1903 წელს.
- ივერია 1903 წ. 20 სექტემბერი №201 || ავტოგრაფი VII,4 (შავი). -
![]() |
3.42.8 გამოთხოვება |
▲ზევით დაბრუნება |
ის გიყვარდეს, ვინც რომ გიყვარს!..
შეგაბეროს ღმერთმა იმას!..
კმარა, დღემდის რაც დასცინე
ჩემს სიყვარულს და გულისთქმას!
პოეტურმა აღმაფრენამ
საოცნებოდ გამოგხატა!..
რა ვიცოდი, რომ მე - თაგვი
და შენ იყავ, თურმე, კატა!
ჩემთვის კატა, და მისთვის-კი
საიდუმლო გვრიტ-ბულბული;
მისთვის - თაფლი და მალამო,
ჩემთვის - ნაღველ-გადასხმული.
არ გამტყუნებ: სად მე? სად ის?
ის ღირსია, და მე - არა!..
მაგრამ მაინც დაცინებამ
გულში ცეცხლად დამიარა.
და ცოცხალ-მკვდარს ცხოვრებისთვის
ეს ნატვრაღა დამრჩენია:
თქვენ - სამოთხე ქვეყნიური!..
მე? - ცეცხლი და გეენია!
[1903 წ.]
გამოთხოვება (I, 662). დაიბეჭდა 1903 წელს.
- ივერია 1903 წ. 23 ნოემბერი №250. || ავტოგრაფი XV,15. -
![]() |
3.42.9 ეკატერინე სარაჯიშვილისას |
▲ზევით დაბრუნება |
თვალხილული ვერ გხედავდი,
რომ დავბრმავდი, ახლა გხედავ,
და გულში რაც ჩამსახვია -
იმის თქმასაც უფრო ვბედავ.
შემიყვარდი, როგორც შვილი,
როგორც და და მეგობარი!
ვაშა იმას, ვინც პოეტი
აამღერა ცოცხალ-მკვდარი.
[1903 წ.]
ეკატერინე სარაჯიშვილისას (I 663). წარწერა სურათზე. დაწერის თარიღი: 1904 წ. 1 იანვარი ¹. დაიბეჭდა 1911 წ.
- თემი 1911 წ. 17 ოქტომბერი №41. -
______________
1. იხ. რედაქციის შენიშვნა, გაზ. თემი 1911 წ. №41.
![]() |
3.42.10 ექსპრომტები |
▲ზევით დაბრუნება |
I
დევთა შორის ჯუჯა დადის,
ხმას არ იღებს, არ წივისა...
თქვენ მომკალით, თუ რომ მაგან
კვერცხი დადვას არწივისა!
II
ერთს გაზეთში კაჩა
კრიტიკოსად დარჩა,
ჯორი რაც უნდა კრიჭოთ,
არ გახდება ბაჩა!
[1903 წ.]
ექსპრომტები (I, 664). დაიბეჭდა 1903 წელს.
- „ჭოლოკი“ თ. მაგმაძისა (ტფ. 1903 წ. ცენზურის ვიზა 13 დეკემბერს). -
![]() |
3.43 1904 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.43.1 ალბომში |
▲ზევით დაბრუნება |
მ. თ. დ-ს
აქ შემთხვევით გადმოფრენილს,
უცხო ქვეყნის მიწის შვილსა,
ვერას გეტყვი საამურსა,
ვერც მწარეს და ვერცა ტკბილსა.
სულ სხვა სისხლი, სხვა ბუნება,
სხვა ზნე და სხვა ჩვეულება!
და რომ სხვისი სხვას მიუდგეს
სავსებით, არ შეიძლება.
არის მხოლოდ ერთა შორის
ერთი ძალი საკავშირო,
ვით ღვთაება მადლმოსილი,
უსაზღვარო და უძირო.
ეს ძალაა - სიყვარული,
სხივოსანი, მოელვარე:
ყველასათვის ერთად-ერთი,
როგორც ერთი მზე და მთვარე.
და მეცა მსურს, იმ კავშირით
რომ დაებას თქვენი გული! -
ჩვენთან ერთად გაგრძნობინოსთ
ჩვენი ქვეყნის სიყვარული!
[1904 წ.]
ალბომში (I, 665). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 10 იანვარი №7.-
![]() |
3.43.2 წარწერა წიგნზედ |
▲ზევით დაბრუნება |
(ელ. თარხნიშვილის ქალს)
ცხოვრებაში ყოველთვის
ყველგან ნამეტანი ვარ.
არც მტერს და არც მოყვარეს
მე არ გავუტანივარ!
ბოლოს შეგხვდი ერთად-ერთს,
მაგრამ რაღა დროსია?!
სასიკვდილო სუდარა
კიდეც შემიმოსია.
1904 წ., 24 იანვარი.
წარწერა წიგნზედ (I, 666). დაწერის თარიღი: 1904 წ. 24 იანვარი.1 პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XXVIII,15. (ლექსი პოეტს წარუწერია „ჩემი თავგადასავალი“-ს ნაბეჭდ ეგზემპლარზე, რომელიც მიუძღვნია ელისაბედ თარხნიშვილი-სათვის, წარწერით: „ჩემს ძვირფას და საყვარელ მეგობარს ელისაბედ თარხნიშვილის ქალს სახსოვრად. აკაკი“).
_____________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ავტოგრაფში.
![]() |
3.43.3 მოხუცის აღსარება |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ რომ გვინდა, ის თაობა
ჯერ ისევე კუკურშია!
მისი სახე თვალ-წინ გვიდგას!
მე მისი სიტყვა სულ ყურშია!
დღევანდელი ისე ჰგავს მას,
ვით აჩრდილი მის ნამდვილსა!
ის რომ მოვა, შევეტკბობით,
როგორც მამა სატრფო შვილსა.
გულწრფელი და სულით წმინდა,
თავს შესწირავს მშობელ მხარეს:
ხან ოფლს დაღვრის მუშაკისას,
ხან მეომრის სისხლს მდუღარეს.
ჩვენი ქვეყნის მიწის შვილებს,
ვინც ღირსია შვილობისა,
თანასწორად შეიყვარებს,
მგრძნობი სიამ-ტკბილობისა.
ეს დიდია, ის პატარა,
ეს ჩვენია და ის სხვაო!
არ იფიქრებს... წვეთ-წვეთობით
რომ ივსება - იცის - ზღვაო.
მამა-პაპის წმინდა ანდერძს
არ გასტეხს და არ უარჰყოფს.
ჭირისუფლად დაუჯდება
ქართველობას, დღეს ავადმყოფს.
თვითონ გაზომს და გადასჭრის,
არ აჰყვება ფეხის ხმასა,
და სამშობლოს, სასარგებლოდ,
დაუმონებს გულისთქმასა!
უხეირო თავადს ურჩევს:
გადადექი გზიდანაო!
ჯვარიცა და ბარიც - ვიცი -
გამოდის ერთ ხიდანაო.
ეტყვის გლეხსაც უვარგისსა:
არ ვარგიხარ არაფრადო!
შენც იმ მავნე თავადივით
ჩაითვლები ქვეყნის მტრადო.
ვინც იყოს და სადაც იყოს,
გლახა ყველა ერთიაო!
კარგი ყველა თანსწორია,
და მათთანაც ღმერთიაო!
მოდით ყველა!.. შევკავშირდეთ
თანსწორობა-ძმობითაო!..
მტერს ვახარებთ ერთმანეთის
მტრობითა და გმობითაო!
მოდის... მოდის სხვა თაობა,
ჩვენ რომ გვინდა იმისთანა!
ვუგალობოთ მას „მზე-შინა“
და ძველებს-კი ვუთხრათ „ნანა“.
[1904 წ.]
მოხუცის აღსარება (I. 667). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 6 მაისი №107. || ავტოგრაფი XXII,21. -
![]() |
3.43.4 ქუთაისი |
▲ზევით დაბრუნება |
მშვენიერი ქუთაისი
თვით სამოთხის სადარია,
მაგრამ მისმა ხასიათმა
ჩვენში ყველა გადარია!
ხან ზამთარი გაზაფხულს ჰგავს,
ხან ზაფხულში ზამთარია.
არც რიგი აქვს, არც კანონი,
კეკლუც ქალის სადარია!
მისი დარიც და ავდარიც
ბედია და ლატარია:
ვერ შეუტყობ, რა დროს რაა?
სწორედ ქალის სადარია!
უმიზეზოდ მოიღრუბლებს,
როცა მზეა და დარია!
გაგაოცებს ულოდნელად:
კეკლუც ქალის სადარია!
მყუდროების დროსაც, როცა
არც სიოა, არც ქარია,
მტვერს უეცრად შემოგაყრის!
ანჩხლი ქალის სადარია!
ეს თვალთმაქცი ქუთაისი
ხან ტკბილია, ხან მწარია,
მაგრამ თავის-ნება კია,
რადგან ქალის სადარია!
ვინც მიენდო, ჩაითრია!
ყველას ხელი მან დარია,
მეც შორიდან მიტომ მიყვარს,
რომ ქალების სადარია!
[1904 წ.]
ქუთაისი (I, 669). დაიბეჭდა 1904 წ.
- ივერია 1904 წ. №105. || ავტოგრაფი XXII,20. || ავტოგრაფი L - 3/84. -
![]() |
3.43.5 *** (თინია თითისტარაო...) |
▲ზევით დაბრუნება |
თინია თითისტარაო
ტრიალებს, როგორც ჯარაო!
სხვებისთვის ნამეტანია, -
თავისთვის არა კმარაო!
ტრიალებს მეტიჩარაო,
იძახის: ჩქარა! ჩქარაო!
წელში გამწყვიტა საქნარმა,
თუ არვინ მომეხმარაო.
თინია თითისტარაო
რა ცოდვამ გაამწარაო,
რომ ოჯახს აღარ არგია
და არც თუ სხვაგან კმარაო!..
[1904 წ.]
*** „თინია თითისტარაო“ (I, 670). დაიბეჭდა 1904 წ.
- ივერია 1904 წ. 16 მაისი №115 (ჩართულია პროზაში: „სხვადასხვა ამბები“). -
![]() |
3.43.6 *** (უკუღმართო ბედისწერავ!..) |
▲ზევით დაბრუნება |
უკუღმართო ბედისწერავ!
რა სიბერეს გადამკიდე?!
რაც ღიმილით მითესია,
აწ ცრემლებით უნდა ვმკიდე?
სულის ჩამდგმელ-ჩამტკბობელი
რად გამიქრა მე ოცნება,
სასოება, სიყვარული,
ბრმა რწმენა და წმინდა მცნება?
მას შემდეგ, რაც უნებურად
ამეხილა მე ბრმას თვალი,
დავინახე ვარდში გველი...
გამიქარწყლდა იდეალი!..
და აღარ მრწამს სათვალთმაქცო
ყალბი გრძნობა, ფუჭი ჭკუა,
ცრუ ოცნება, ცრუ სიწმინდე
და არც სხვა რამ!.. ყველა სტყუა!..
არის მხოლოდ ცხოვრებაში
კაცთა შორის იერიში:
საზოგადო თვალთმაქცობა,
საპირადო ანგარიში!..
ეჰ, წყეულო ბედისწერავ!
რა სიბერეს გადამკიდე?!
ია-ვარდის მთესველ-მკრეფი
ახლა უნდა ეკალს ვმკიდე?
[1904 წ.]
*** „უკუღმართო ბედისწერავ“ (I, 671). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 16 მაისი №115 (ჩართულია იმავე პროზაში: „სხვადასხვა ამბები“). -
![]() |
3.43.7 *** (ის მიმაჩნია კარგ ქვეყნად...) |
▲ზევით დაბრუნება |
ის მიმაჩნია კარგ ქვეყნად,
სადაც მთაც არის, ბარიცა!
და ქვეყნის მუშად - ვისაც-კი
ცულიც უჭირავს, ბარიცა!
ჩვენ-კი არც ერთი აღარ ვართ!
აღარც ესა გვაქვს, არც ისა!
მაღლა ვერ ვსწვდებით, არც ძირს ვართ!
არც მიწისა ვართ, არც ცისა!..
ენად ვართ გადაქცეული,
ჩვენისვე თავის მტერადა,
და ჩვენი ავლა-დიდება
გვინდა ვაქციოთ მტვერადა.
ქალი აღარ ჰგავს დედასა
და ვაჟიშვილი - მამასა!
ვეღარ იცლიან საქმისთვის,
მოუნდენ მარტო ჭამასა.
სხვაგან ძღებიან, სხვა კარზე,
გარეშე მოწყალებითა,
თავისიანის გაწირვით,
სამკვიდროს ანაკლებითა!..
ვეღარც მთა გვშველის, ვერც ბარი,
აღარსად ვეძებთ ჭკუასა!
მტერს ცულის-ტარად ვეყრებით
და თავში ვიცემთ ყუასა.
[1904 წ.]
*** ის მიმაჩნია კარგ ქვეყნად (I, 672). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 30 მაისი, №125 (ჩართულია პროზაში: „შურდული“). -
![]() |
3.43.8 პეტრე უმიკაშვილის საფლავზე |
▲ზევით დაბრუნება |
იმ თავიდან ამ ბოლომდე
სულ სწორი გზით მიმავალი
გაჰქრა, ვისაც საამქვეყნო
მოხდილი აქვს წმინდა ვალი.
თაყვანსა-ვსცემ და ვადიდებ!..
იმას ვეტყვი „მამულიშვილს“
საეროვნო ტრაპეზზე ვინც
უბიწოდ სდებს მცირესაც წვლილს.
რაც-კი შესძლო, სულით, გულით,
მოგვაწოდა მოძმეთ საზრდო,
და სამშობლოს სიყვარული
საანდერძოდ ჩვენ-წინ დასდო.
ჩვეულებრივ მაღალ სიტყვით
არ ვადარებთ მზე და მთვარეს!..
ვერც შევამკობთ ოქრო-ვერცხლით
მაგის კუბოს და სამარეს!..
სულ ფუჭია!.. სათვალთმაქცო
გვირგვინები და დიდება.
ვინც ღირსია, თავის-თავად
ღვაწლი შუქად დაადგება!
და შენც, ჩვენო საყვარელო,
სახსოვარო, ძმაო პეტრე!
აქ ყველასთან ვალმოხდილმა
იქ წინაპართ შეგვავედრე,
რომ ჩაგვბერონ მაღლით ძალი,
ჩვენ აქ, დღეს გულგატეხილებს,
და გვასწავლონ სამშობლოსთვის
თავდადება შვილის-შვილებს.
1904 წ.
პეტრე უმიკაშვილის საფლავზე (I, 673). დაიწერა და დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 30 მაისი №12 . -
![]() |
3.43.9 გვაზავური |
▲ზევით დაბრუნება |
გაჰქრა ის დრო პოეტების,
საოცნებო, არკადული,
ამ ქვეყნად რომ ჩუხჩუხებდა
ნეტარების ნაკადული.
მაშინ იყო, ვით სამება,
ერთმანეთთან შერითმული
საამქვეყნო სამი ძალა:
სული, გული, სიყვარული!
დღეს, როდესაც ცოდვამ სძლია
მადლს და გაჰქრა ძველი ძალა,
დრო ნეტარი არკადული
არ-კადრულად შეიცვალა:
გული სულსა, სული გულსა,
ორივ ერთად სიყვარულსა, -
ვეღარ მისდევს, და ცალ-ცალკე
ყველა დარჩა რითმად ფულსა;
სული - ფული! გული - ფული!
სიხარული - ფული! ფული!
თავში ფული, ბოლოს ფული
და შუაში სიყვარული.
ეჰ, წავიდა დრო და ჟამი,
პოეტების სანეტარო,
და, პოეტო, შენ აწ ფული
უნდა რითმად აღიარო!
უფულოდ-კი, შოთაც იყო,
ვინ გიყიდის ან შაურად?
და ფულით-კი ძვირფასი ხარ,
გინდა სწერო გვაზავურად.
[1904 წ.]
გვაზავური (I, 674). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 22 ივნისი №144. -
![]() |
3.43.10 უიდეალო |
▲ზევით დაბრუნება |
ოჰ იდეალო!.. ციურო ძალო!
რად გამიფრინდი, სად მიმეფარე,
რომ სიჭაბუკის ტკბილ-ნეტარება
მოხუცობის დროს მინაღველ-მწარე!..
ძნელი ყოფილა გულის გატეხა
და უარყოფა მომხიბლავ მცნების,
როცა გაიგებ, რომ ყოვლიფერი
ნაყოფი იყო თურმე ოცნების!..
მე შენ მიყვარდი უცნაურ გრძნობით,
მასაც სხვა გრძნობა ვერ ედარება!..
იქ იყო ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე
და საორქვეყნო ტკბილ-ნეტარება.
ყველგან, ყოველთვის, შორს მყოფს თუ ახლოს,
თვალ-წინ ოცნებით მეხატებოდი,
და აღმაფრენის გრძნობა-გუნებით
სამსონის ძალად მემატებოდი!
შენი ტკბილი ხმა და მოძრაობა,
შენი ღიმილი და შემოხედვა,
გასპეტაკებულს საკურთხევლად გულს
ცისა და ქვეყნის საკმევლად მედვა.
ვიყავ ბედნიერ და შევყურებდი
ჩემთვის გაღებულ სამოთხის კარებს!..
მაგრამ სოფელი დაუნდობელი
სამარადისოდ არვის ახარებს:
მიმუხთლა მეცა!.. მეხად დამეცა!
გულზე დამეცა მე ნაღველ-შხამი
და მომეწამლა, არ თუ მყობადი,
თვით წარსულისაც ყოველი წამი.
და აწ რაღაა უიდეალოდ
ჩემი სიცოცხლე, თუ არ ვაება?
ვაი მას, ვინც რომ ჩემებრ უმართლოდ
ცხოვრების ქსელში ობლად გაება.
[1904 წ.]
უიდეალო (I, 675). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 26 ივნისი №148. || ავტოგრაფი XXII,13. (ავტოგრაფი სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს). -
![]() |
3.43.11 *** (სანამ ცოცხალ ვარ, როგორც ვარ...) |
▲ზევით დაბრუნება |
სანამ ცოცხალ ვარ, როგორც ვარ,
ვიცხოვრებ ჩემებურადა!
მოვკვდები, გავდიდკაცდები
საფლავში მე მეფურადა!
მომიმზადებენ გვირგვინებს,
თავით დამიდგმენ ლამპარსა,
და მტრებიც მოყვრულად მოვლენ,
რომ თაყვანი-სცენ მით მკვდარსა!
რაც დაუკლიათ სიცოცხლით,
მომცემენ ერთი-ორადა,
და ჩემად ნათქვამ-ნაქნარად
მეტსაც იტყვიან ჭორადა.
მაგრამ რაღა დროს? რას მარგებს
მათი თანგრძნობა, გოდება?
ეს ყველა თვალთმაქცობაა
და ურცხვი მიდებ-მოდება!..
ესეც გაკიცხვა კიდევ მკვდრის,
სიცოცხლით გაწირულისა! -
ცოცხლებისათვის ბოდიში,
დასამშვიდებლად გულისა!
ვიცი და მაინც ვერ დავშლი
ცხოვრებას ჩემებურადა:
ქვეყნის მტრებს, ქვეყნის ორგულებს
შევუყეფ... თუმც-კი ძმურადა.
[1904 წ.]
*** „სანამ ცოცხალ ვარ“ (I, 677). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 27 ივნისი №149 (ჩართულია პროზაში: „რაცხა“). -
![]() |
3.43.12 ს. თოფურიას დასაფლავებაზე |
▲ზევით დაბრუნება |
მშვიდობით, ძმაო და მეგობარო!
ჩვენთვის მანამდე დაუვიწყარო,
სანამ სრულიად არ დაშრეტილა
ჩვენი ცხოვრების ნაკადულ-წყარო!
შენებრ რჩეულებს ათასში ერთხელ
ზეცა უგზავნის მიწას იმედად,
ვით უდაბნოში გზადაბნეულებს -
გზის მაჩვენებლად და ნათლის სვეტად,
რომ გულგატეხილს და დამონებულს
ჩამოაშოროს ეგვიპტით მტერი,
და მიიყვანოს აღთქმულ ქვეყანას
ახალ ცხოვრებას მოსურნე ერი.
კურთხეულ იყოს საშვილიშვილოდ,
შენი სახელიც დაუვიწყარი!
ვინც მოიხადა ამ სოფლად ვალი,
ის მკვდარიც ცოცხლობს, არ არის მკვდარი!
შენც ხორციელად თუმცა გვშორდები,
მაგრამ აქ რჩება ჩვენთანვე სული,
ჭირში და ლხინში გამამხნევებლად,
ვით უკვდავება და სიყვარული.
მშვიდობით, ძმაო და მეგობარო,
ჩვენთვის მანამდე დაუვიწყარო,
სანამ სრულიად არ დაშრეტილა
ჩვენი ცხოვრების ნაკადულ-წყარო.
1904 წ.
ს. თოფურიას დასაფლავებაზე (I, 678). დაიწერა და დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 7 ივლისი №156. || მწყემსი 1904 წ. 15 ივლისი №13.
![]() |
3.43.13 სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ვარსკვლავად, გზის მაჩვენებლად
ამომიბრწყინდი, ლამაზო!
შენმა კაშკაშმა ნათლისა
სხივები გულზე დამასო!
გამისპეტაკა გრძნობა და
გამიასკეცა გონება:
ციურ უფლებად შესცვალა
ამქვეყნიური მონება!
ვით ანგელოზის საყვირი,
მაღვიძებს შენი ტკბილი ხმა,
და აიაზმად ცრემლებმა
ასხურეს ჩემი გულისთქმა.
მადლი შენს გამჩენს, ლამაზო!
დიდება მაღლით უფალსა!
შენ მომანიჭე ცხოვრება
და შენით აღვბეჭდ ზედ კვალსა!..
[1904 წ.]
სიმღერა (I, 679). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 20 ივლისი №167. -
![]() |
3.43.14 რჩევა |
▲ზევით დაბრუნება |
საიდუმლო ტრფიალება
ლოცვაა და აღსარება,
ბოროტ სულს სურს მხოლოდ მისი
ჩაშხამება, ჩამწარება.
და, მაშ, სატრფოვ, იმის რჩევას
ნუ აყოლებ გულისთქმასა;
დაუჯერე მხოლოდ ზეცას:
გაუგონე ციურ ხმასა...
სიყვარული კავშირია
ამ ქვეყნის და იმ ქვეყნისა;
იგივეა მაცხოვარი...
„მადლი“ კაცთა გამოხსნისა.
სიფრთხილით და მოკრძალებით
სატრფიალოს სდგამდე ბიჯსა...
ნუ ჩააგდებ ქვეყნის ყბაში
იმ ზეციურ მაღალ ნიჭსა...
ის, ვით წმიდა საიდუმლო,
ეკუთვნის მართ სულს და გულსა;
როგორც ნათელს, ვერც დაიჭერ
ხორციელად სიყვარულსა.
მხოლოდ გული მიიშუქებს
სხივებს გულის ანარეკლსა,
და საგმირო საქმეების
ის დაუდგამს უკვდავ ძეგლსა!..
[1904 წ.]
რჩევა (I, 680). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 22 ივლისი №169. -
![]() |
3.43.15 *** (ვის მივუტირო აწ ძველებურად...) |
▲ზევით დაბრუნება |
ვის მივუტირო აწ ძველებურად,
რომ ჩემი ცეცხლი გავუზიარო?
და ერთად მასთან უბე-კალთაში
სამგლოვიარო ცრემლები ვღვარო?
თუ არ შენს აჩრდილს და შენსა სახეს,
კალამ-ძლიერო და მადლიანო,
ქართველად ზრდილო, მირონცხებულო,
სულმნათო, ვახტანგ ორბელიანო?!
ძველი დიდების საჩინო ნაშთი,
შენი გელათი, დიდი ტაძარი,
სადაცა ბრწყინავს სული დავითის
და თამარისა, ვითა ლამპარი,
ვის სიწმინდესაც, ბარბაროსთა დროს,
მტერი ურწმუნოც ვერ შეჰხებია, -
ის საეროვნო წმიდა-წმიდათა
დღეს თვით ქართველსვე დაჰვიწყებია.
და შეუხია, როგორც იუდას
ამბორის ყოფით, გამცემი ხელი:
გაუტაცია საისტორიო
საშვილიშვილო ნაშთები ძველი!
ის წმიდა ქოში, რომელსაც თამარ
ლოცვა-ვედრების დროს გაიხდიდა
და, ფეხშიშველა, სამშობლოს მსხვერპლად,
წმინდა ტაძარში წმინდა ცრემლს ჰღვრიდა,
და ის საცერე დიდი ბეჭედი,
აღმაშენებელს რომ თითზე ეცვა,
და კურთხეულმა მისმა მარჯვენამ
საქრისტიანო რითაც დაიცვა,
სხვა სიმდიდრესთან, ბოროტგანმზრახველს
გაუტაცია ისინიც ერთად...
აღარ უცვნია გადარჯულებულს
ტაძარი ტაძრად და ღმერთი ღმერთად...
ვეღარა ვხედავ იმას, მგოსანო,
რაც რომ გელათზე შენ დაგვიწერე!..
და ნეტავი შენ, რომ შენც ჩვენსავით
ამ წამხდარ დროის აღარ ხარ დამსწრე!!
[1904 წ.]
*** „ვის მივუტირო აწ ძველებურად“ (I, 681). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 8 აგვისტო №182 (ჩართულია პროზაში: „სამძიმარი“). -
![]() |
3.43.16 ყიზილბაშური |
▲ზევით დაბრუნება |
თვალი დაუდგეს ქართველ კაცს,
ველიჩკოს მოტრფიალესა!
ვერ ჰხედავს, მის დასაკლავად
რომ მან მახვილი გალესა?
სომხებს რომ უყეფს, იმავ დროს
კუდს უქიცინებს ქართველსა,
მაგრამ ორივეს თანსწორად
ანთხევს საწამლავ-ნაღველსა.
ცბიერს - სომეხიც, ქართველიც
სკვითურ ფეხებზე ჰკიდია!
იმისი მუცლის ტკივილი
სხვაგვარი „გზა და ხიდია.“
ჰფიქრობს: დრო არის მკვიდრებმა
აქედან გაიმინდვრონო,
და იმათ ნამოსახლარზე
მოსულნი დაემკვიდრონო!
ტკბილად იმღერის, როდესაც
გვიჭედავს ბორკილ-რკინებსა,
და ქვეშ-ქვეშურად მხარს აძლევს
იანოვსკ-ბუტირკინებსა.
მაგრამ გულწრფელი ქართველი
განა მიხვდება ამასა?
როცა არ ჰტორავს, დათვსაც-კი
ეძახის „კეთილ-მამასა!“
[1904 წ.]
ყიზილბაშური (I, 683). დაწერილია 1897-1899 წელს შორის.1 დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 31 აგვისტო №201. || თემი 1911 წ. 6 ივნისი №22 (სათაურით: „ჭეშმარიტება“). || ავტოგრაფი XXII,25.
ლექსი მიმართულია ცნობილი შავრაზმელი პოეტის ვ. ველიჩკოს წინააღმდეგ, რომელიც ერთხანად კავკასიის მთავარმართებლის ოფიციოზური ორგანო „კავკაზი“-ს რედაქტორი და ხელმძღვანელი თანამშრომელი იყო. ველიჩკო აწარმოებდა ყიზილბაშურ პოლიტიკას, აღვივებდა სიძულვილს კავკასიის ხალხთა შორის, ილაშქრებდა სომხების წინააღმდეგ, და ამავე დროს ვითომც ექომაგებოდა ქართველებს. ამან ზოგი ქართველი მოღვაწე შეცდომაში შეიყვანა, და გამოჩნდენ ისეთებიც, რომელთაც ველიჩკო ქართველი ხალხის მეგობრად გამოაცხადეს.
ველიჩკო სცდილობდა დაახლოვებოდა ქართველ მწერლებს, კერძოდ აკაკის. (ველიჩკო ადრიდანვე იცნობდა აკაკის, მან სთარგმნა რუსულად აკაკის დრამატიული პოემა „თამარ ცბიერი“ და რამდენიმე წვრილი ლექსი).
მაგრამ აკაკიმ სწორად განსჭვრიტა, თუ რა მიზანს ისახავდა ველიჩკო თავისი ყიზილბაშური პოლიტიკით, კავკასიის ხალხთა გადაკიდებით. აკაკიმ დასწერა ლექსი, მიმართული ველიჩკოს ამ პოლიტიკის წინააღმდეგ, მაგრამ ცენზურას ლექსი არ გაუშვია.
მას შემდეგ აკაკის მიუმართავს გონებამახვილი ხერხისათვის, რამაც ცენზურა შეცდომაში შეიყვანა; აკაკიმ თავის ლექსს სათაურად მისცა „ყიზილბაშური“ და ქვევით მოაწერა, ვითომც ლექსი წარმოადგენს თარგმანს ველიჩკოდან! ცენზურა მოსტყუვდა და ლექსი ამ სახით დაიბეჭდა ივერიაში.
მოგვყავს აქ აკაკის ლექსის ორივე ტექსტები, პირვანდელი დედანი, და ივერიაში დაბეჭდილი ტექსტი.
აკაკის ლექსის პირვანდელი დედანი:
ჭეშმარიტება
თვალი დაუდგეს ქართველ კაცს,
ველიჩკოს მოტრფიალესა!
ვერ ჰხედავს, მის დასაკლავად
რომ მან მახვილი გალესა?
სომხებს რომ უყეფს, იმავ დროს
კუდს უქიცინებს ქართველსა,
მაგრამ ორივეს თანსწორად
ანთხევს საწამლავ-ნაღველსა.
ცბიერს - სომეხიც, ქართველიც
სკვითურ ფეხებზე ჰკიდია!
იმისი მუცლის ტკივილი
სხვაგვარი „გზა და ხიდია“.
ჰფიქრობს: დრო არის მკვიდრებმა
აქედან გაიმინდვრონო,
და იმათ ნამოსახლარზე
მოსულნი დაემკვიდრონო!
ტკბილად იმღერის, როდესაც
გვიჭედავს ბორკილ-რკინებსა,
და ქვეშ-ქვეშურად მხარს აძლევს
იანოვსკ-ბუტირკინებსა.
მაგრამ გულწრფელი ქართველი
განა მიხვდება ამასა?
როცა არ სტორავს, დათვსაც კი
ეძახის „კეთილ მამასა!“
ივერიაში დაბეჭდილი ტექსტი:
ყიზილბაშური
(ველიჩკოდგან)
თვალი დაუდგეს ქართველ კაცს
სპარსეთის მოტრფიალესა!
ვერ ჰხედავს, მის დასაკლავად
რომ მან მახვილი გალესა?
სომხებს რომ უყეფს, იმავ დროს
კუდს უქიცინებს ქართველსა,
მაგრამ ორივეს თანსწორად
ანთხევს საწამლავ-ნაღველსა.
ცბიერს - სომეხიც, ქართველიც
ორივე ფეხზე ჰკიდია!
იმისი მუცლის ტკივილი
სხვაგვარი „გზა და ხიდია“.
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - -
ტკბილად იმღერის, როდესაც
გვიჭედავს ბორკილ-რკინებსა,
და ქვეშ-ქვეშურად მხარს აძლევს
ბატი-ბუტ-ბუტი...ოკინებსა.
მაგრამ გულწრფელი ქართველი
განა მიხვდება ამასა?
როცა არ სტორავს, დათვსაც კი
ეძახის „კეთილ მამასა!“
ლექსის ამ სახით გამოქვეყნება ორმაგს დაცინვას შეიცავდა, - ჯერ ერთი აქ მიზანში ამოღებული იყო ველიჩკოს „ყიზილბაშური“ პოლიტიკა, და ამავე დროს იგი წარწერილი იყო თვით ველიჩკოს სახელით!
ცენზურას თუმცა ლექსი გაუშვია, მაგრამ, როგორც ხედავს მკითხველი, ცენზურას მაინც დაუმახინჯებია ლექსის ცალკეული ადგილები. ივერიაში დაბეჭდილი ტექსტიდან ამოღებულია მეოთხე სტროფი, რომელიც პირდაპირ ამხელდა კოლონიზატორულ პოლიტიკას. შეცვლილია აგრეთვე მე-3 სტროფის სტრიქონები:
ცბიერს—სომეხიც, ქართველიც
სკვითურ ფეხებზე ჰკიდია!
ამას გარდა საჭიროა აგრეთვე განმარტება, თუ რას ნიშნავს ივერიაში დაბეჭდილ ტექსტში შემდეგი ფრაზა, რომელიც პირველის შეხედვით უაზრობას წარმოადგენს: „ბატი-ბუტ-ბუტი... რკინებსა“. აქ ჩვენ გვაქვს, როგორც ხედავს მკითხველი, ასეთი პარალელური ტექსტები:
აკაკის პირვანდელ დედანში:
ტკბილად იმღერის, როდესაც
გვიჭედავს ბორკილ-რკინებსა,
და ქვეშ-ქვეშურად მხარს აძლევს
იანოვსკ-ბუტირკინებსა.
ივერიაში დაბეჭდილია:
ტკბილად იმღერის, როდესაც
გვიჭედავს ბორკილ-რკინებსა,
და ქვეშ-ქვეშურად მხარს აძლევს
ბატი-ბუტ-ბუტი...რკინებსა.
აკაკის ლექსის პირვანდელ დედანში მოხსენებულნი - იანოვსკი (კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი) და მასთან ერთად ბუტირკინი - გამარუსებელი პოლიტიკის დიდი მესვეურნი და გამტარებელნი იყვნენ კავკასიაში. ცენზურას, რასაკვირველია, ამოუშლია ლექსიდან იანოვსკ-ბუტირკინის გვარები. მაგრამ აკაკი მაინც სცდილა მიეხვედრებინა მკითხველისათვის თავისი აზრი, და შემდეგი ხერხისათვის მიუმართავს: ნაცვლად ამოგდებული სტრიქონისა „იანოვსკ-ბუტირკინებსა“, აკაკის, ვითომცდა დარღვეული ლექსთწყობის შესავსებად, ჩაუმატებია უაზრო მაგრამ პოლიტიკურად უვნებელი ფრაზა: „ბატი-ბუტ-ბუტი... რკინებსა“. ცენზურას, რაკი ამაში ვერაფერი დაუნახავს მთავრობის საწინააღმდეგო და მიუჩნევია რა ეს მხოლოდღა დარღვეული ლექსთწყობის შემავსებელ სტრიქონად, გაუშვია ტექსტი და ამ სახით დაიბეჭდა ეს ტაეპი ივერიაში. ნამდვილად კი ამ ვითომდა უაზრო ფრაზაში ზმის სახით ჩაქსოვილია ბუტირკინის გვარი: „ბატი-ბუტ-ბუტი... რკინებსა (= „ბუტირკინებსა“), ე.ი. აქ გადარჩენილია მეორე ნაწილი სტრიქონისა: „იანოვსკ-ბუტირკინებსა“. მკითხველისათვის, ცხადია, გასაგები ხდებოდა, თუ ვის იგულისხმებდა აკაკი ამ ვითომდა უაზრო, მაგრამ ზმის სახით აწყობილ ფრაზაში.
ასეთია ამ ლექსის ტექსტისა და მისი დაბეჭდვის თავისებური ისტორია.
_______________
1. თემში დაბეჭდილს ლექსის ტექსტს დართული აქვს შენიშვნა: „ეს ლექსი ველიჩკოს რედაქტორობის დროს არის დაწერილი“. ველიჩკო „კავკაზი“-ს რედაქტორად იყო 1897-1899 წლებში.
![]() |
3.43.17 უცნაური შემთხვევა |
▲ზევით დაბრუნება |
(9 თიბათვეს)
სუფრა არ მდგმია წინ, სანოვაგით
აჭრელებული და მხიარული,
სადაც, ამყოლი მაცდური კუჭის,
სამხიარულოდ იშლება გული.
წინ მედვა მხოლოდ წმინდა ქაღალდი,
იქვე მახლობლად საწერ-კალამი,
და ანდერძს ვწერდი, რომ ცხოვრებისთვის
უკანასკნელი მეძღვნა სალამი.
ვფიქრობდი: რაა ჩვენი ცხოვრება,
თუ არ მარადი ტანჯვა-ვაება?
თურმე სიცოცხლე სიკვდილი არის,
და თვით სიკვდილი-კი - უკვდავება!
რა ვარ ამ სოფლად? მწირი, ობოლი...
ჩემთვის, თუ სხვისთვის, ცოცხლადვე მკვდარი!
ჩემთვის არც ცოლი, არც შვილი და არც
თანამგრძნობელი და მეგობარი!..
იმათ სანაცვლოდ მხოლოდ ოცნება
მე მიხატავდა ციურ იდეალს,
და თურმე მეც იმ მოტყუებაში
ვიკრებდი მხოლოდ სასიცოცხლო ძალს.
ისიც გამიქრა და მით ამეგზნა
გულში სახმილი და გეენია,
და სამკურნალოდ სამარადისოდ
მხოლოდ სიკვდილი მე დამრჩენია.
ვსთქვი და ავიღე მე საწამლავი,
რომ დამელია გულგრილად ჭიქით,
მაგრამ იმავ დროს ჩამესმა ყურში
მოულოდნელი რაღაც ჭიკჭიკით.
თურმე ბულბული მოფრენილიყო,
თავს მევლებოდა, დამჭიკჭიკებდა;
თითქოს განზრახვა ჩემი შეეტყო
და სულმოკლობას ჩემსასა ჰგმობდა.
მეუბნებოდა ტკბილად: „მგოსანო,
შენის ბედის ვარ, ჰხედავ, მეცაო:
სასიხარულოდ, საბედნიეროდ
არც ერთს არ გვგზავნის ქვეყნად ზეცაო.
„ჩვენ ვუგალობებთ გულწრფელად ქვეყნის
მომხიბლავ ძალს და მშვენიერებას,
და ვით სასყიდელს, ჩვენსვე ჭიკჭიკში
ვპოვებთ სიხარულს და ნეტარებას.
„და მიწის შვილთან რა გვაქვს საერთო,
ერთობის ძაფი რომ გამწყდარია,
ჩვენს სიტკბოებას ვითღა იგრძნობენ!..
იმათი სიტკბო, - ჩვენთვის მწარია!
„ვარდს რომ ვუგალობ, განა არ ვიცი,
რომ ჩემი იმას არ ეყურება,
და მოწყვეტილი უგულოს ხელით -
სხვის ნდომა-სურვილს ემსახურება?
„მაგრამ მე მაინც ჩემსას არ ვიშლი,
ვემსახურები ძალს შემომქმედსა!..
არცა ვის ვსწყევლი, არც თავს ვიწყევლი
და არც ვემდური უაზრო ბედსა!“
სთქვა და გაფრინდა ჩემი ჩიტუნა,
თვალისამხელი, ჩემი დამხსნელი!
და მეც მას შემდეგ თავს აღარ ვიკლავ
და არც ქვეყნისგან რასმე მოველი.
[1904 წ.]
უცნაური შემთხვევა (I, 684). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 4 სექტემბერი №205. || ავტოგრაფი I,35. || ავტოგრაფი L - 3/17.
![]() |
3.43.18 პატარა ცემი |
▲ზევით დაბრუნება |
თუ სენი ვისმე შემოჰპარვია
და გულს ნაღველი ისრად სცემია,
მისთვის სამოთხე-სააგარაკოდ
და სამკურნალოდ მხოლოდ ცემია!
ჰაერი წმინდა, გრილი და რბილი,
სუნნელ-კეთილად შეზავებული;
ირგვლივ ნაძვნარი - ქარბუქის ფარი,
შუა - მინდორი აყვავებული.
მდინარე წყალი, ჩუხჩუხ-მმღერალი,
ვით უკვდავების წყარო კამკამი,
და აიაზმად გადმონასხური
დილა-საღამოს ციური ნამი...
მიველ გაყრის დროს დღე და ღამისა,
როცა ნათელი ბნელს ეჯიბრება,
მაგრამ ძლეული ბუნების რიგით,
რომ შეისვენოს, დროებით ჰქრება.
იქვე მახლობლად მაღალ წვერვალზე
თავი ამოჰყო, გადმოდგა მთვარე,
ბურთი ციური სასუფევლისა,
გულსევდიანი... სხივმოისარე.
სტყორცნა ნათელი, გამოაფხიზლა
ჩაფიქრებული იმ დროს მიდამო,
და თითქოს ტკბილად უმახარობლა:
მადლი მოგიძღვნა მაღლით ზეცამო.
შეირხენ შტონი ფოთოლთ შრიალით;
ყვავილოვანი ბიბინებს ველი;
მიმოჰქრის სიო, ჰგალობს ბულბული,
ქვეყნად გადმოდის სასუფეველი.
გამმსჭვალა მეც ამ სანახაობამ,
ბრძმედში გამავლო და გადამცვალა,
სული ამაღლდა რა საზენაოდ,
ხორცს საამქვეყნოდ ემატა ძალა!
და ვსთქვი: ბუნებავ, ძლევამოსილო,
თვით ჯანიოსი შენ ხარ მკურნალი,
და ხელის შემწყობ მხოლოდ მასალად
ექიმები და რეცეპტ-წამალი.
[1904 წ.]
პატარა ცემი (I, 686). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 10 სექტემბერი №209. -
![]() |
3.43.19 ხუმრობა |
▲ზევით დაბრუნება |
(ალბომში)
თვალსა სჭრის და გულს იტაცებს
შენი ჰაეროვანება
და, მოხიბლულს მაგ ეშხით, მეც
მავიწყდება ხნოვანება.
ვგრძნობ ხელახლად სიჭაბუკეს
სულით, გულით, სისხლ-ხორცითა...
თითქოს მკვდრეთით ხელმეორედ
მოვლენილი ვიყო ცითა.
რაც ბუნებამ საამქვეყნოდ
მაკისრა და დამავალა,
ხელთ მიპყრია ისევ ისე,
არც დამჭკნარა, არც გამქრალა:
სიხარული, სიყვარული,
საოცნებო აღმაფრენა;
ხან საჩხვლეტი შხამ-ისარი,
ხან ბულბულის ტკბილი ენა!
მაგრამ შენ-კი მაინც ხოხბებს
უსაკუთრებ სულსა და გულს!
გადამტანო გულის თვალში,
სწუნობ ბულბულს გაახლებულს!
ფრთხილად!.. ვაი თუ ხოხობი
უმი შეგხვდეს და გაწყინოს...
ენით შენი მეგობრები
გულში შენზე გააცინოს!
მაშინ ენა ჩავარდება
შენის ჯავრით საწყალ ბულბულს,
და ჩაიტანს სამარეში
შორიდანაც შენს სიყვარულს.
[1904 წ.]
ხუმრობა (I, 688). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 18 სექტემბერი №215. -
![]() |
3.43.20 ჩვენებური ლხინი |
▲ზევით დაბრუნება |
ცხოვრების სახელმძღვანელოდ
ჩვენში მტრობა და შურია,
და სადღეგრძელოს-კი მაინც
ყველა სვამს, როცა სწყურია.
ღვინოში მტერი, მოყვარე,
შენი თუ სხვისი, ერთია!
ენა სხვას ამბობს, გული სხვას,
გამრჩევი მხოლოდ ღმერთია!
საპირფერაოდ ნაქარგი,
აზრები კრიმანჭულია
და მომხიბლავი სიტყვებიც
უგულოდ დახარჯულია.
ეჯიბრებიან ერთმანეთს
სიკეთის სურვილ-ნდომითა;
კოცნა-ალერსით იწყება
ლხინი, თავდება ომითა.
მეც დავსწრებივარ ამნაირს
ლხინსა და წვეულებასა,
მაგრამ ვერ ვაქებ ვერაფრით
დასაგმობ ჩვეულებასა.
ნეტავ, ამდენი სტუმარი
სად იყო, ან ვინ შეჰყარა?
სულ დომხალივით ირევა
ერთად დიდი და პატარა.
სუფრა გაშლილი მზად არის
ნუგეშ-სცემს მშიერ კუჭებსა.
დღეს გამოჩნდება, მასპინძელს
ვინც ლხინს არ გაუფუჭებსა.
ვინც უფრო მეტს სვამს და მეტს სჭამს,
არ დაივიწყებს ზრდილობას,
და გამოიჩენს საქვეყნოდ
მამულის ერთგულ შვილობას!
მოუსხდენ სუფრას რიგ-რიგად,
თავ-თავის შესაფერადა.
რას ნახავს თვალი უკეთესს?
მეც გადავიქეც მზერადა!
თავში ზის დიდი სტუმარი,
მის გვერდით მასპინძელია,
მახლობლად პატივსაცემნი
და შორს - ვინც საეჭველია!
შეიქნა ხრიალ-კიჟინი
თამადის ასარჩევადა,
ის არის ლხინის შვენება,
ვით ოქრო-ვერცხლის სევადა!
ვიღაც ერთ ახმახს ირჩევენ,
მართლა რომ ტიკის მსგავსია!..
გაბერილს თანვე ეტყობა,
თავმოყვარებით სავსეა.
ჯერ უარზე დგას!.. ყოყმანობს,
ვითომ არ უნდა გულითა,
მაგრამ რომ საქრთამოც იყოს,
ხელში იგდებდა ფულითა.
სახუმრო არის სახელი
განთქმული ტოლუმბაშისა,
სუფრაზე გადაბრინჯულის,
ლხინის ღენერალ-ფაშისა?
ულოცვენ ახალ ღირსებას,
ვით ძლევამოსილობასა.
ცხადია, გვირგვინს დაადგამს
თამადა მასპინძლობასა!..
ბრძანებს: „მოვითხოვ, რომ იყოს
სმენა და გაგონებაო!
აავსეთ ყველამ სტაქნები!
ასრულდეს ჩემი ნებაო.
„ეს ამის სადღეგრძელოა,
ის იმის სადღეგრძელოო,
გამხიარულდით, სტუმრებო!
მოლხენით - მასპინძელოო!..“
გადადის ხელში ხელიდან
პირწმინდად სავსე სტაქნები.
სიტყვებს ამბობენ, დაჰყაჭეს
სულ საზენაო საგნები:
იხსენიებენ სამშობლოს,
საქებ მამულიშვილებსა,
და იმავე დროს სამტროდ-კი
აკრაჭუნებენ კბილებსა.
აი შეხედეთ ორატორს,
რომ გვიტკბობს გულსა და ყურსა!
იქითაც არის, აქეთაც,
„არც მწვადს სწვავს და არც შამფურსა“.
აქ ჩვენთან აქებ-ადიდებს
საქებს და სათაყვანოსა,
იქ-კი გასწირავს და გასცემს,
გაუშანშალებს დანოსსა!
აგერ პატარა კაცუნა
ადიდებს ხარისხოვანსა,
მოხუცი აქებს ყმაწვილებს,
ყმაწვილი მოხუც-მხცოვანსა.
ქალები კაცებს შესტრფიან,
კაცები ტურფა ქალებსა,
მაგრამ აქეთაც, იქითაც
უპარპალებენ თვალებსა.
სულ ტყუილია ეს ყველა,
გამონაწვევი ღვინისა!..
სასმელად ტკბილი ბანგია,
დასაძინებლად ტვინისა!..
ჯერი მეც მერგო! გამბერეს
ქება-დიდების შესხმითა!..
მღერიან მრავალ-ჟამიერს
საოცარ კილო და ხმითა!..
ტაშს უკვრენ „ვაშა“-ს ძახილით
ვითომ ჩემს გრძნობა-გონებას!..
ზოგი ათასს წელს მინატრის,
ზოგიც - უზომო ქონებას.
რა ეხარჯებათ, თქმის მეტი,
გლახ-გულის მოსაგებადა.
მოტყუება და მოხიბვლა
მათ მიაჩნიათ ქებადა.
ვიცი: ვინც ათასს წელიწადს
სიტყვით ნატრობდა ჩემთვისა,
სიტყვა თუ საქმედ მივარდა,
განმზრახველია სულ სხვისა:
არ გაიმეტებს არც ერთ დღეს,
თვითონ წაიღებს ყველასა,
და წყალში რომ ვიხრჩობოდე,
არ მოინდომებს შველასა.
და ის, ვინც უხვსა სიმდიდრეს
მიქადდა წრფელის გულითა,
მილიონებიც რომ ჰქონდეს,
არ შემეწევა ფულითა.
და პოეტობით შემკობა
სიტყვაა მხოლოდ ლიტონი!..
არ წაუკითხავთ ჩემი რამ
არც ერთს არც ერთი სტრიქონი!..
ხმის აყოლაა უბრალო,
ვითომ „მეც ნახირ-ნახირო“,
და სიტყვით ვითომ პატივს-ვსცემ,
რომ საქმით გავაჯახირო...
დიახ, ესენი სუყველა
შეგნებული მაქვს კარგადა, -
ამ სოფლის სიმტყუნ-სიმართლე
საფლავში მიმაქვს ბარგადა!
მაგრამ რას იზამ? ვის ეტყვი,
რაც გულში დამარხულია?
და მიტომ ლხინი ამგვარი
ჩემთვის წყლული და კრულია!
[1904 წ.]
ჩვენებური ლხინი (I, 689). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 3 ოქტომბერი №227. -
![]() |
3.43.21 ერისთავის ასულს საპასუხოდ |
▲ზევით დაბრუნება |
მეც მახსოვს ცემი!.. არ მავიწყდება
საღამო მე იქ გატარებული!..
რომ მაგონდება, ახლაც სიამით
და სიტკბოებით მიღელავს გული.
შორს, შორს მაღლობზედ დაცემულ მინდორს
გარს შემორტყმია ხშირი ნაძვნარი,
რომ გაუგრილოს ცხელი ზაფხული
და დაუამოს ცივი ზამთარი.
წმინდა მდინარე, ცელქად მჩქეფარე,
გარს შემოუვლის იმ არემარეს,
და თელხს უგზავნის, რომ შეარხიოს,
სულმოკიდებულ ყვავილს, მცენარეს.
სუყველა ერთად იმ ღრმა წყვდიადში
უცდის... მოელის სულგანაბული:
მნათობი როდის აღმობრწყინდება?
და როდის დასტვენს ტკბილად ბულბული?
და, აჰა, მართლაც მაღალ მთის წვერზე
გადმოჯდა მთვარე სხივმომფინარე;
მიეალერსა ცას და ქვეყანას,
ვით მეგობარი ტკბილ-მომღიმარე.
გამოიღვიძა ცამ და ქვეყანამ,
ვერ აშორებენ ერთმანეთს თვალსა,
და თანასწორად თანხმობით გრძნობენ
შემოქმედების დიადსა ძალსა!
მაღალ ხის ძირში ბროლის ქანდაკად
იდგა უძრავად ტურფა ასული,
და მთვარის შუქზე მოძრავ სახეში
გამოხატვოდა გული და სული.
და მიბნედილი მისი თვალებიც
ბრწყინავდა, როგორც წმინდა ლამპარი!
მაგრამ რას გრძნობდა? და რას ჰფიქრობდა?
ის იყო ჩემთვის გაუგებარი!
ვფიქრობდი გულში: ნეტავ ეს ქალი
რაზედა ჰფიქრობს და რა აღონებს?
ნუთუ ჩვენს წარსულს, აწ დავიწყებულს,
გულდაწყვეტილი ოხვრით იგონებს?
ითვალისწინებს იმ ჩვენ ძველ დედებს,
ისე პირნათლად რომ იხდიდენ ვალს:
ქმრებს გასაჭირში უღელს უწევდენ
და უმზადებდენ გმირებს მომავალს?
ჰფიქრობს და აღთქმას სდებს გამსჭვალული,
რომ მათ მიჰბაძოს, მათ მიემსგავსოს,
და მით თავის მხრით, თავისდა წილად,
დღევანდელ ქალთა ნაკლი შეავსოს?
ნეტავ თუ მართლა? მაშინ ხომ მეცა
მის წრფელ განზრახვებს მივსცემდი ბანსა,
და როგორც სულის, ისე ხორცისაც
მშვენიერებას ვსცემდი თაყვანსა.
მაგრამ ვაი თუ სხვა რამ აღელვებს
და სხვაზედ იყოს დაფიქრებული,
და დღეს, როგორც სხვებს, ისე ამასაც
მხოლოდ სასკვითოდ უცემდეს გული?!
მაშინ შორს ჩემგან! შორს!.. შორს, ოცნებავ!
ვერ დამიმონებს მხიბლავი ძალი!..
იქ, სადაც ქართველ ქალს ვერა ვხედავ,
არ მწამს მშვენება და იდეალი!
[1904 წ.]
ერისთავის ასულს საპასუხოდ (I, 693). დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 31 ოქტომბერი №249. || მწყემსი 1904 წ. 15 ნოემბერი №21. || ავტოგრაფი XXXII,21. -
![]() |
3.43.22 უკანასკნელი |
▲ზევით დაბრუნება |
თურმე მყოლია მეც მეგობრები,
მე-კი ვფიქრობდი შეცდომით სულ სხვას!
სიკვდილის წინათ მათმა მოქცევამ
ფრთები შეჰკვეცა წინა-განზრახვას.
ეს დეპეშები, ეს წერილები,
გუნდი მნახველთა აღელვებული, -
ყველა მიმტკიცებს, რომ სასიკვდილოდ
არ ვარ ჯერ კიდევ გამეტებული...
მაგრამ რაღა დროს?! ძველი ანდაზა
შეჰფერის მხოლოდ ჩემსა საფლავსა:
მოლა შიმშილით მოჰკლეს, და შემდეგ
პირში აყრიდენ მუჭ-მუჭა ფლავსა!
რაღა ვარ ეხლა? მის მეასედი,
რაც რომ ვიყავი... მეტი აღარა,
და ძველებურად რომ გამოვბრუნდე -
მაზედ-კი უარს ამბობს ჭაღარა!
ცალთვალი! ცალიც გაფუჭებული,
რაც არ შეჰშვენის უზიანო თვალს!..
მაგრამ უთვალოც კარგადა ვხედავ,
როგორც ჩვენს წარსულს, ისე მომავალს...
დიაღ, მომავალს, სულ სხვანაირად
თავისუფლებით აყვავებულსა,
რაც რომ აწმყოში მენატრებოდა
და ეკლად ესვა ჩემს დამწვარ გულსა...
მე-კი... მშვიდობით... ჩვენ წინაპრებთან
მივდივარ მეცა განსასვენებლად,
და ხინჯად გულში მიმყვება მხოლოდ,
რომ ვერ გავმხდარვარ სამშობლოს მსხვერპლად...
1904 წ., 7 დეკემბერი,
ტფილისი.
418. უკანასკნელი (I, 695). დაწერის თარიღი: 1904 წ., 7 დეკემბერი, ტფილისი.1 დაიბეჭდა 1904 წელს.
- ივერია 1904 წ. 12 დეკემბერი №284. -
_____________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ივერიაში.
![]() |
3.43.23 გლადიატორის სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
აქ არ შობილა არწივი,
ნაზარდი მყინვარ მთებისა;
თავისუფალი, თამამად
ცაში გამშლელი ფრთებისა.
სიცოცხლით სავსე, ძლიერი,
შემმართი, შეუპოვარი,
ვით ლომი არაბეთისა,
სიმარდით სწორუპოვარი.
ტყვედ ჩაუვარდა უეცრად
მტრებს, შეუყარეს ბორკილი.
მოშორდა ტკბილსა სამშობლოს,
ოხრად დაჰყარა ცოლ-შვილი.
და აჰა უცხო მხარესა
თავსა სდებს სასიკვდილოდა,
მოსისხარ მტრების გულისთვის
გასართობ-სასაცილოდა!
არ ჰკვდება ბრძოლის ველზედა
ვაჟკაცი მამაცურადა,
შეურაცხყოფილ სახელსა
დააგდებს არ-კაცურადა.
[1905 წლამდე]
გლადიატორის სიმღერა (I, 696). დაწერილია 1905 წლამდე1. ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XV,2. -
აკაკის ეს ლექსი „გლადიატორის სიმღერა“ შეიცავს შორეულს გამოძახილს ბაირონის ჩაილდ-ჰაროლდის ცნობილი ადგილისას კოლიზეის შესახებ (იხ. ჩაილდ-ჰაროლდი, IV, სტროფები CXL-CXLI).
_______________
1. ამ გამოუქვეყნებელი ლექსის თარიღის განსაზღვრა მხოლოდ მიახლოვებით ხერხდება. ლექსი, როგორც სჩანს, დაწერილია არა უგვიანეს 1905 წლისა. (ლექსი შეტანილია XV ავტოგრაფში; ხოლო ლექსები, ოომლებიც ამ ავტოგრაფშია მოთავსებული, და რომელთა თარიღის დადგენა ხერხდება, არ ეკუთვნიან 1905 წელზე გვიან დროს).
![]() |
3.44 1905 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.44.1 ნათლიას |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ხანია ქართველი ანგრევს,
არ თუ აკეთებს და აგებს რამეს!..
გამოურკვევლად, პირდაღებული,
ხარბად შეჰყურებს სხვების სიამეს.
გულსა და თვალს სჭრის მისი მეზობლის
კეთილდღეობა და წარმატება,
და მისი ქნარიც სხვებისათვის ჟღერს:
გაისმის სხვების „ქებათა-ქება“.
თითქოს ამითი სურს, რომ თავის ერს
მოთხოვნილება გააგებინოს,
და მაგალითიც მეზობლისაგან,
დაბეჩავებულს, ააღებინოს.
მაგრამ ამაოდ! მარტო ეს არის
განა დღეს ჩვენი გულის-ტკივილი?
ვინც რომ ყველაზე ნამეტანს ჰყვირის,
ის არის ჩვენში „მამულისშვილი“.
და ამნაირად გადავიქეცით
ჩვენ მხოლოდ სიტყვად და მხოლოდ ენად!
ვყვირით იქ, სადაც გადის ყვირილი,
ჩვენივე თავის გამოსაჩენად!..
რა გამოვიდა ცარიელ სიტყვით,
თუ არ აჯობა საქმემ, არ სძლია?
მაგრამ საქმის კაცს ჩვენში ვერ ვხედავთ!
იშვიათია, ჩემო ნათლია!..
და იმათ რიცხვში შენც ურევიხარ,
ჩუმი მომქმედი და უსიტყველი.
ბუნებას შენში გამოუხატავს
დარბაისელი ძველი ქართველი!
დღეს ჩვენში ყველა ანგრევს და ჰყიდის,
რაც დაგვრჩენია ანდერძად ძველით!
და სასყიდელსაც სამაგიეროს
აღარას ვეძებთ... აღარას ველით!.
შენ-კი, ნათლიავ, ართუ არ ჰკარგავ,
ხარ ძველებურად მხოლოდ შემძენი!
და სოფლის ბრუნვას შეჰყურებ ისე,
ვით გამოცდილი მოხუცი, ბრძენი...
და აი დღესაც ამას გვიმტკიცებს
ამ მშვენიერი სახლის აგება...
ეს არის ჩვენი მომავალში ხსნა
და მას ეკუთვნის ქებათა-ქება.
რომ ამ მაგალითს სხვებმაც მიჰბაძონ,
ჩაჰკიდონ ხელი თავის მიწა-წყალს!..
მაშინ-კი მხოლოდ, და მხოლოდ მაშინ
მოიმზადებენ კეთილ მომავალს!
შენი მეუღლეც უღლის გამწევი,
თანამშრომელი არის, ნათლია,
და იმიტომაც, რასაც აკეთებს,
ყველგან სიმტკიცე, ყველგან მადლია.
იცოცხლეთ დიდხანს, იმხიარულეთ,
საბედნიეროდ, ჩემო ნათლია!
ის მოგცესთ ღმერთმა და მით შეგივსოსთ,
თუ დღეს თქვენს ოჯახს რამე აკლია!
1905 წ., 27 მარტი.
ნათლიას (I, 697). დაწერის თარიღი: 1905 წ. 27 მარტი.1 დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 17 ოქტომბერი №41. || საქართველოს სურათებიანი დამატება 1916 წ. №34. || ავტოგრაფი XIV,9. || ავტოგრაფი L - 3/104. || L-2127/4. -
ეს ლექსი დაწერილია აკაკის მიერ ვანო მაჩაბლის შვილის პატარა ნიკოსათვის. ნიკოს ეს ლექსი წარმოუთქვამს დავით სარაჯიშვილის სახლის (- ამ-ჟამად მწერალთა სასახლე) კურთხევის დროს 1905 წელს. (დავით სარაჯიშვილი იყო ნათლია ნიკო მაჩაბლისა, ამიტომაც ლექსს ეწოდება: „ნათლიას“).
გარდა ამ ლექსისა, რომელიც პატარა ნიკოს სახელით არის დაწერილი, თვით აკაკის, უკვე თავისი სახელით, მიუძღვნია დავით სარაჯიშვილისათვის მეორე ლექსი ამავე შემთხვევისა გამო (იხ. ლექსი: დავით ზაქარიას-ძე სარაჯიშვილს).
ორივე ლექსი, ცალკედ დაბეჭდილები. დაცულია საქ. ლიტერატურულ მუზეუმში (L - 2127/4).
______________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია L - 2127/4 და საქართველოს დამატებაში.
![]() |
3.44.2 დავით ზაქარიას-ძე სარაჯიშვილს |
▲ზევით დაბრუნება |
სიმართლეს ვამბობ, როგორც მგოსანი,
და თუ ტყუილი ვისმე ჰგონია,
სჩანს, რომ პირადად მე ის ვერ მიცნობს
და სხვისგან რამე გაუგონია.
მდიდარ-ღარიბი, ხარისხოვანი
და უხარისხოც ჩემთვის ერთია!
სადიდებელი და სათაყვანო,
რომ განვასხვავო, მხოლოდ ღმერთია!
შენ მე ვერ მიცნობ, მაგრამ მე გიცნობ!..
დიდი ხანია, რაც გიკვირდები!..
შენ იმას აძლევ ამ ჩვენ ქვეყანას,
რასაც არ ამბობ და არ ჰპირდები.
საქმე კეთილი რომ გამომჟღავნდეს,
შენ ერიდები... ეკრძალვი ქებას,
და ვით მორწმუნე მტკიცედ ასრულებ
საქრისტიანოს მით სახარებას:
რასაც რომ გასცემს შენი მარჯვენა,
არ ატყობინებს იმას მარცხენას!
ნებას არ აძლევ, რომ წაიცდინოს,
შეკავებულსა სიმდაბლით ენას.
მაგრამ უნდა ვსთქვათ, არ არის ძნელი,
რომ შეასრულო შენც შენი ვალი:
რადგანაც შენთვის ბედს მოუცია
თანამოაზრედ ქართველი ქალი.
ზოგჯერ ის შენაც არ გატყობინებს,
ისე გამოდის ქველის-მომქმედად,
გაჭირვებულის მომხმარებელად,
ქვრივების დად და ობლების დედად.
დიდი ხანია ერთად ეწევით
სიამტკბილობას და შეუღლებას!
მართლა რომ ესეც საკვირველია! -
დღეს ვინღა დასდევს ცოლ-ქმრის უფლებას? .
ცუდი დრო დადგა, ცხოვრება წახდა!
ათასში ერთი თუ ინეტარებს!
მაგრამ გულწრფელად ისე, როგორც შენ,
ის მეათასეც ვერ გაიხარებს.
განგებამ მოგცა სუყოვლიფერი!
ნუ სწუხართ იმას, რომ ხართ უშვილო;
ნუთუ არ კმარა შვილად და ძირად
თქვენთვის სამშობლო და საქართველო!
იცოცხლეთ დიდხანს! იმხიარულეთ!
ბედნიერი ხართ ორთავ ცოლ-ქმარი!..
ამას გულწრფელად ვამბობ მგოსანი
და ამასვე ჟღერს ეს ჩემი ქნარი.
1905 წ., 3 აპრილი.
დავით ზაქარიას-ძე სარაჯიშვილს (I, 699). დაწერის თარიღი: 1905 წ. 3 აპრილი.1 დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 17 ოქტომბერი №41. || L - 2127/4. -
_____________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია L - 2127/4-ში.
![]() |
3.44.3 სონა ციციშვილის ქალის სახსოვრად |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა სიკვდილის შვილი ვართ,
შავი დღე გველის ყველასა!..
რას ავყოლივართ ამ სოფელს
და მისსა „ელა-მელასა?“
დღესა ვართ, ხვალ არ ვიქნებით,
ეს ხომ მსოფლიო წესია?
სხვა მომკის და სხვა წაიღებს,
რაც ჩვენთვის დაგვითესია!..
მაგრამ სიცოცხლე ტკბილია,
ხარბი და გაუმაძღარი;
უკუღმართ ნდომა-სურვილის
არ გააჩნია საზღვარი.
დღეს ამას მოსდევს, ხვალ იმას
და თავს ატყუებს ამითა.
ის აღარ ახსოვს, რომ წლობით
შეძენილს ჰკარგავს წამითა!..
კაცს იმას ვეტყვი, თავისას
ვინც არ იწუნებს კერასა,
და ხარბი თვალით არ ჰყვედრის
უკუღმართ ბედისწერასა,
შეჰყურებს შემოქმედებას
სახითა მხიარულითა,
და სიყვარულსა მოძმეთა
ატარებს სავსე გულითა.
ვიცნობდი ჩვენშიც დობილად
ამგვარსა ადამიანსა:
სათნოსა, ქვეყნის მოყვარულს,
წინდახედულსა, ჭკვიანსა!..
სამშობლოს სამსხვერპლოზედა
ტკბილად დამდები წვლილისა,
ის იყო დაუვიწყარი
სოფიო ციციშვილისა!
1905 წ.
422. სონა ციციშვილის ქალის სახსოვრად (I, 701). დაიწერა და დაიბეჭდა 1905 წელს.
- ჯეჯილი 1905 წ. №9 (ცენზურის ვიზა 7 ოქტომბერს). -
![]() |
3.44.4 სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი ელენე თარხნიშვილის ქალს)
ნეტავი მას,
ვინც შენს ტკბილ ხმას
ერთხელ კიდევ გაიგონებს!
...............გულის ვნებას
...............და გონებას
ათაყვანებს!.. დაუმონებს!!
...............მაგ სიტყვაში,
...............გამოთქმაში
მომხიბლავი ისმის ძალა,
...............სასურველი,
...............საწყურველი,
უკვდავების ვით ფიალა.
...............ვხედავ!.. მჯერა!..
...............მაგრამ მე რა?
დაუნიშნავს სხვისთვის გულსა!..
...............იმას უთბობს,
...............იმას უტკბობს
ოცნებას და სიყვარულსა.
...............მაგრამ მაინც,
...............მიყვარს მე ვინც,
მსხვერპლად ვსწირავ სულს და გულსა!..
...............ვით ბულბული,
...............გულმოკლული,
ვიგონებ ჩემ გაზაფხულსა.
...............ნეტავი მას,
...............ვინც შენს ტკბილ ხმას
ისაკუთრებს გაუყოფლად!..
...............და ვაი მას,
...............ვინც გულისთქმას
ჩემებრ იკლავს გულში ობლად!!..
[1905 წ.]
სიმღერა (I. 703). დაწერილია 1905 წელს.1 დაიბეჭდა 1912 წელს.
- თემი 1912 წ. 9 იანვარი №53. || ავტოგრაფი L - 3/86. || ავტოგრაფი XXII,5. || ავტოგრაფი XV,13 (სათაური: „ლამაზ ქალს“). -
_____________
1. ლექსის დაწერის დროის შესახებ იხ. სარედაქციო შენიშვნა გაზ. თემში 1912 წ. №53.
![]() |
3.44.5 ჩვენი აწმყო |
▲ზევით დაბრუნება |
ნეტავ რაა ჩვენი აწმყო?
ბავშვობა და თამაშობა!
მაგრამ კარგი ბავშვობაა:
ხარებაა და თან შობა.
ვხედავ ვარსკვლავს შორს, ცის კიდით...
ის არს ჩვენი მომავალი!
მივეგებოთ მას მუშებად!
მოვუმზადოთ გზა და კვალი.
რომ წარსული ჩვენც გვქონია,
თავმდებია თვით რუსთველი,
რომ მომავალს გაბრწყინვებულს
ვინ წამართმევს?.. მეც მოველი.
რაც უნდა სთქვან, რაც უნდა ჰქმნან,
სულ ჩაივლის უქმად ყველა.
სამართალი ბოლოს გასტანს,
რა თქმა უნდა, ნელა-ნელა.
მართალია, რომ მათის ცდით
გასკვითდება ზედაპირი,
მაგრამ ამით გადაივლის
მთელი ერის გასაჭირი!..
იმის ნაცვლად ხალხის ძირი
ამოიყრის, გაიხარებს,
და მოძღვრადაც მხოლოდ რუსთველს,
და სხვას არვის აღიარებს.
ჯერ-კი, თუმცა ჩვენი აწმყო
ბავშვობაა!.. თამაშობა!..
მაგრამ მაინც გულს ნუ ვიტეხთ,
რადგანც ახლოს არის შობა!..
1905 წ., 1 იანვარი,
ტფილისი.
![]() |
3.44.6 გაზაფხული |
▲ზევით დაბრუნება |
გამხიარულდი, ბუხარო,
გულჩახვეული ნუ ხარო!
ზაფხული მოდის, ზამთარი
მიდის და რაღას სწუხარო?!
მეც აბუზული ვიყავი,
ვერიდებოდი ქარ-ბუქსა,
მაგრამ მოვესწარ გაზაფხულს...
სხვა ხმაზე უკვრენ სხვა ბუკსა.
მთელი სოფელი შეჰყურებს,
მოელის მზისა სხივებსა... -
ვინ იარაღს სწმენდს, ვინ ლესავს
და ვინ ამზადებს ტივებსა.
ერთმანეთს ეუბნებიან:
შევერთდეთ ძმურად ყველაო,
„ნანინა“ ვუთხრათ ზამთარსა,
გაზაფხულს „დელა-დელაო“.
სოფლის მუშურის ჭირიმე,
სოფლელთა ჩახმატკბილების!
მეც მათი სიყვარული მაქვს,
როგორც რომ მამას შვილების.
მეც იმათ მღერას ყურს ვუგდებ,
ბანს ვაძლევ შორით მკვდრულადა!..
მადლობა უფალს, რომ მესმის
„ოდილა“ კრიმანჭულადა.
გამხიარულდი, ბუხარო,
გულჩახვეული ნუ ხარო!
ზაფხული მოდის, ზამთარი
მიდის და რაღას სწუხარო?
1905 წ. ტფილისი.
გაზაფხული (I 705). დაწერის თარიღი: 1905 წ. ტფილისი.1 დაიბეჭდა 1905 წ.
- ივერია 1905 წ. 17 თებერვალი №1. || ავტოგრაფი L - 3/105. -
______________
1. ლექსის დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ივერიაში.
![]() |
3.44.7 სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
რომ დავიღალე, - მეძინა
და შენ-კი მკვდარი გეგონე;
მაშ თუ არ ძილით, სხვით რითი
უნდა მეკრიბა ძალ-ღონე?
შენ არ მიტანდი მონდობილს,
მთითხნიდი ტალახ-მურითა!
მე თვალით რაღას ვნახავდი?
ან რას ვისმენდი ყურითა?
აწ კმარა ასი წლის ძილი,
ყურს აღარ ვუგდებ ნანასა!
არ მინდა, რომ მეც ჩამოვრჩე
სხვა ხალხსა და ქვეყანასა!
ვიტყვი ძველებურ „მზე-შინა“-ს,
შვილებო, მოდით ბანითა,
გინდ აგვიჭედონ სარკმელი,
სინათლე მოდის ბანითა.
გამოიფშვნიტეთ თვალები,
არ გშვენით ძილი ამიერ:
იმღერეთ ძველი „მზე-შინა“
და თანაც „მრავალ-ჟამიერ“.
1905 წ. 18 თებერვალი,
ტფილისი.
სიმღერა (I, 706). დაწერის თარიღი: 1905 წ., 18 თებერვალი, ტფილისი.1 დაიბეჭდა 1905 წელს.
- ივერია 1905 წ. 19 თებერვალი, №3. -
__________________
1. ლექსის დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ივერიაში.
![]() |
3.44.8 პასუხად სომხებს |
▲ზევით დაბრუნება |
არავის გულით არ სურვებია
ძმობა, ერთობა და სიყვარული,
როგორც ჩვენ თქვენი!.. ჩვენ იმ თავითვე
ამ აზრით ვიყავთ ხომ გამსჭვალული.
როცა დაემხო თქვენი სამეფო...
მტერმა დაიპყრო რა თქვენი მხარე,
ვინ იყო თქვენი თანამგრძნობელი,
თუ არ ჩვენ? ვღვარეთ ცრემლები მწარე.
რაც-კი შევსძელით, არ დაგვიკლია,
გეხმარებოდით ჭირში ძმურადა,
და მეეფებიც ქართველი ჯარით
თავს სდებდენ ანში ვაჟკაცურადა.
ბოლოს მიგიღეთ სამშობლოშიაც,
გამოგიწოდეთ ძმებს ძმურად ხელი.
ტაძრები მოგცათ თვით ეკლესიამ...
ისე მიგიღეთ, ვით საყვარელი.
ჩვენ სისხლს ვანთხევდით თქვენი გულისთვის,
თქვენ იმ დროს მხოლოდ თქვენთვის ვაჭრობდით.
ჩვენ რომ, როგორც ძმებს, თავს გევლებოდით,
თქვენ თურმე მაშინ სულ სხვას ნატრობდით.
აბა, თუ რამე მიგიძღვით ღვაწლი
საქართველოს წინ, წამოაყენეთ!
და თუ ჩვენც შრომა ვერ დაგიფასოთ,
უარი გვყავით და შეგვაჩვენეთ!
თითქმის მეტია ათას წელზედაც,
საქართველოში მოსახლედ რომ ხართ!
აბა, თუ ჩვენგან რამე გაკლიათ?
ღმერთმაც ხომ იცის, ეხლაც გვიყვარხართ.
მაგრამ თქვენგან-კი არა გვახსოვს-რა,
გარდა მტრობისა და სიძულვილის.
ჩვენზე ისე ხართ შემოჩენილი,
როგორც წურბელა და მატლი კბილის.
როგორ არ გითხრათ, რომ მამა-პაპით
ჩვენში გაზრდილხართ... ჩვენში შობილხართ,
და სასომხეთი, როგორც ქვეყანა,
არც-კი გინახავთ, არც-კი ყოფილხართ.
დედა-ენადაც ქართული ენა
ჰქონიათ თქვენთა მამა-პაპათა.
ეხლა-კი ძმადაც აღარ გვკადრულობთ,
აგვითვალწუნეთ, აგვიღეთ ყბადა.
და აღარც ამხელთ ქართულს... გრცხვენიათ!
თითქოს ის სომხურს უშლიდეს ხელსა...
და თქვენთან ერთად რომ მოსაქმობდეს,
გაურბით მტრულად დღეს თქვენ ქართველსა.
ამას ვჩიოდით! ამას ვსტიროდით!
ეს იყო ჩვენი მოთქმა და ზარი!
გვსურდა, რომ ჩვენსა და სომხებს შუა
არ დახშულიყო საერთო კარი.
ნუთუ ამდენ ხანს ვერ მიხვდით განა,
რომ მტრობა-შურით ვერას გავხდებით!
მხოლოდ ერთმანეთს კი გავაფუჭებთ,
დავგლახაკდებით ორივ... წავხდებით!
და რაც საჯაროდ დღეს წარმოგითქვამთ,
თუ მართალია, ვერ გეტყვით „ვაშას“,
ის არ შეჰფერის ძმობა-ერთობას,
კეთილ მოღვაწეს და ნამდვილ მუშას.
სომეხი, ფრანგი, თათარი, ოსი,
ყველა ძმა არის, ვინც-კი მოგვცემს ხელს,
და საზიარო ჭირსა და ლხინში
იწამებს მოძმედ მოკეთე ქართველს!..
აი რას ჰფიქრობს ყველა ქართველი,
სომხისთვისაც რომ კარგი სწყურია,
და იმიტომაც გულს ისრად ხვდება
თქვენი სიმღერა: „ხაჩატურია“.
1905 წ., 2 მარტი.
პასუხად სომხებს (I, 707). დაწერის თარიღი: 1905 წ. 2 მარტი, ტფილისი1 დაიბეჭდა 1910 წელს.
- ერი 1910 წ. 6 ივნისი №18. || ავტოგრაფი XIV,6. || ავტოგრაფი XXIII,45. -
XIV ავტოგრაფში ლექსის დაბოლოება სხვანაირად არის წარმოდგენილი. მოგვყავს ამ ავტოგრაფის მიხედვით ეს მეორე ვარიანტი ლექსის დაბოლოებისა:
„ახლა თქვენ თვითონ მიმხვდარხართ განა,
რომ მტრობა-შურით ვერას გავხდებით?!
მხოლოდ ერთმანეთს კი გავაფუჭებთ!
დავგლახაკდებით ორივ... წავხდებით!..
თქვენი წერილი დღეს სულ სხვას ამბობს…
თუ მართალია, ჩვენ გეტყვით „ვაშა“-ს!
და გაუმარჯოს ძმობას, ერთობას,
ყოველ მოღვაწეს და ყოველ მუშას!
სომეხი, ფრანგი, თათარი, ოსი,
ყველა ძმა არის, ვინც-კი მოგვცემს ხელს,
და საზიარო ჭირსა და ლხინში
იწამებს მოძმედ მოკეთე ქართველს“.
(XXIII=ავტოგრაფშიაც ლექსის ბოლო თავდაპირველად ამნაირადვე ყოფილა წარმოდგენილი, მაგრამ შემდეგ აკაკის გადაუკეთებია იმ სახით, როგორადაც ეს დაბეჭდილი გვაქვს ჩვენს გამოცემაში).
_______________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია XXIII-ავტოგრაფში.
![]() |
3.44.9 მოთქმა |
▲ზევით დაბრუნება |
ნუ ეხუმრებით ქართულ მიწა-წყალს,
და ნუ ადგამთ ბიჯს ზედ წარამარად!
ის არის ჩვენი „წმინდა-წმინდათა“,
უნდა გახსოვდეთ მარად და მარად.
აბა, ერთ გოჯას თუ სადმე ნახავთ,
რომ ის არ იყოს სისხლით მორწყული!
იმის სიღრმეში ჩამარხულია
ჩვენი წინაპრის სული და გული!..
დიახ!.. თავს სდებდენ სამშობლოს მსხვერპლად,
ვერ აშინებდათ ვერც ცეცხლის ალი,
ოღონდ-კი ჩვენთვის მით გადმოეცათ
ეროვნებასთან მიწა და წყალი.
გადმოგვცეს კიდეც! კურთხეულ იყოს
სამარადისოდ მათი ხსენება,
და ვინც უმტყუნებს მათ წმინდა ანდერძს
იმათ-კი წყევლა და შეჩვენება!
რა უფლება აქვს ვისმე გაჰყიდოს
სისხლი და ძვალი მამა-პაპური,
და მით პირადად რომ მოიპოვოს
უძღებ შვილივით დღიური პური?
მაგრამ უფლებას დღეს ვინ დაეძებს?
განა „კაცობა” ეთქმის დღეს ქართველს,
ნახევრად მძინარს, ყოვლად უგულოს
და ცხოვრებისთვის გამოურკვეველს?
ვაი, რომ არა! დიდი ხანია,
რაც გაირისხეს იმათ უფალი,
და გაატანეს მტერსა და ორგულს
მამა-პაპური მიწა და წყალი!..
ზოგი გაყიდვით, ზოგი წართმევით,
ზოგიც უფლების ჩამორთმევითა,
და ყველამ კლიტე დაადვა ენას
საუკუღმართო აღმა-კმევითა!
ამას მოვსთქვამდი! ამას ვსტიროდი!..
ცრემლებმა სახე დამწვა-დაჰღარა,
და დღესაც მასვე ვსტირი და მოვსთქვამ...
ცრემლით სველდება ჩემი ჭაღარა.
[1905 წ., მარტი]
მოთქმა (I, 709). დაწერის თარიღი: 1905 წელი, მარტი.1 დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 28 მარტი №12. || ავტოგრაფი XIV,7. || ავტოგრაფი L - 99. || ავტოგრაფი I,7. || ავტოგრაფი XXXII,1. -
ისტორია ამ ლექსისა შემდეგია.
აკაკის ლექსი დაუწერია 1905 წელს, მაგრამ მისი დაბეჭდვა შეუძლებელი გამხდარა ცენზურის მიზეზით. შემდეგ, 1911 წელს, აკაკის ისევ უცდია ამ ლექსის დაბეჭდვა, მაგრამ ცენზურას მეორეჯერაც არ გაუშვია და აკაკის დაუბეჭდავს მხოლოდ ნაწილი ლექსისა, სათაურით: „ნაწყვეტი“ (დაბეჭდილია ლექსის მხოლოდ მეორე ნახევარი, პირველი ოთხი სტროფი დაბეჭდილი არაა).
ავტოგრაფები I და XXIII შეიცავენ იმავე შემოკლებულ ტექსტს, რაც თემში დაიბეჭდა (იმავე სათაურითვე: „ნაწყვეტი“).
სრული ტექსტი ლექსისა შენახულა აკაკის ხელნაწერში - L-ავტოგრაფში, რომელსაც ძირითადში ემყარება ჩვენი გამოცემა.
რაც შეეხება XIV - ავტოგრაფის ტექსტს, იგი განსხვავებულ ვარიანტს შეიცავს. აქ არის ლექსის პირველი ოთხი სტროფი, რომელსაც დართული აქვს შემდეგი სტროფი, რომელიც ბოლო რედაქციაში (L-ავტოგრაფის სრულ ტექსტში) შეტანილი არაა:
„ბოროტმოქმედი და უზნეური
კიდევ არ არის იმდენად ავი,
როგორც გამცემი თავის მიწა-წყლის,
აწ დამკარგავი და გამყიდავი!“
_____________
1. ლექსის დაწერის თარიღი ირკვევა აკაკის ავტოგრაფული ხელნაწერის მიხედვით. ავტოგრაფი XIV, რომელშიაც ჩაწერილია ამ ლექსის ვარიანტი (შავი), შეიცავს აკაკის ლექსების შავებს, რომლებიც პოეტს დაუწერია 1905 წლის მარტში, 1 მარტიდან - 27 მარტამდე.
![]() |
3.44.10 თქვენი ჭირიმე |
▲ზევით დაბრუნება |
ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!..
ვიცინი, აღარ ვსტირი მე!
ახალგაზრდებო, აწ-კი თქვენ
გამოდით, თქვენი ჭირიმე!..
ბევრი რამ მითქვამს... რომ მეთქვა,
დავიმახინჯე პირი მე!..
ახლა არ გვგლეჯენ ენასა, -
სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!
„ასჯერ გაზომეთ და ერთჯერ
გამოსჭერთ“, ახლაც ვყვირი მე.
ნუ აჩქარდებით! ნურც შიშობთ,
გამტკიცდით, თქვენი ჭირიმე!
ბევრი ვეცადე, ძირმწარეს
ვერ გავუთხარე ძირი მე.
ახლა-კი თქვენი ჯერია,
დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!
კუბოს კარამდე მისული
რაღა ვარ, განაწირი მე?
მაგრამ თან თქვენი იმედი
მიმყვება, თქვენი ჭირიმე!
ნუ გამიმტყუნებთ იმედსა,
ხომ ხედავთ, აღარ ვსტირი მე!
დრო მოდის - ერთად ვიცინოთ!
ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე!
1905 წ., 6 მარტი,
ტფილისი.
თქვენი ჭირიმე (I, 711). დაწერის თარიღი: 1905 წ. 6 მარტი, ტფილისი1. დაიბეჭდა 1905 წელს.
- ივერია 1905 წ. 13 მარტი №25. || ავტოგრაფი XIV,3 (სათაური: „შენი ჭირიმე“). -
_____________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ივერიაში.
![]() |
3.44.11 გაზაფხული |
▲ზევით დაბრუნება |
მესმის! მესმის ჟღივილის ხმა,
შეფრთქიალდენ ჩიტუნები,
და გაისმის ყოველის მხრით
გაზაფხულის ტკბილი ხმები.
გაიღვიძეთ! ნუღა გძინავთ!..
გაახილეთ ყველამ თვალი!..
ვერა ჰხედავთ, რა ჭიკჭიკით
გვეგებება ჩვენ მერცხალი?
მაღლით მთიდან ხმა გაისმის,
გულს ხვდება და ატკბობს ყურსა!..
აგზნებულა შაშვი!.. ჰხარობს
და გაჰკივის სალამურსა.
დაბლა ბარში ათასს ჰანგზე
ვარდის ჩიტი, ბულბული სტვენს;
ღირსს და უღირსს გაურჩევლად
ყველას ატკბობს! სიამეს ჰფენს.
ეს ხომ ყველა ნიშანია,
რომ ახლოა გაზაფხული?!
პირუტყვიც-კი იშმუშნება,
ზამთრისაგან დაჩაგრული.
მაშ გაზაფხულს ჩვენც ველოდეთ!
წმინდად მივსცეთ ხელი-ხელსა
და გავჰკაფოთ ახალი გზა!..
ავუქციოთ მხარი ძველსა.
გვახსოვდეს, რომ პატიოსანს
ოფლს მოითხოვს სამართალი,
და ტანს გასწმენდს ჩირქიანსა
მხოლოდ მარტო წმინდა წყალი!..
არც სისხლით და არც ცრემლებით
არ იქნება ტანის ბანა!..
შრომაშია მხოლოდ შვება
და ცხოვრების გამოცანა.
1905 წ., 24 მარტი,
ტფილისი.
გაზაფხული (I, 712). დაწერის თარიღი: 1905 წ., 24 მარტი, ტფილისი.1 დაიბეჭდა 1905 წელს. - ლექსი ატარებს აგრეთვე მეორე სათაურსაც: „სიმღერა“.
- ივერია 1905 წ. 27 მარტი, №38. || თემი 1911 წ. 11 აპრილი №14. || ავტოგრაფი XIV,4. || ავტოგრაფი L - 3/98. -
დედნები ვარიანტებს შეიცავს.
_____________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ივერიაში.
![]() |
3.44.12 გურული ნანინა |
▲ზევით დაბრუნება |
ჯერ აკვანში ჩაკრული ხარ,
გასალტული... და იწვალე!
გაიზრდები, სხვა იქნები, -
ოი, ამას ვენაცვალე!..
მე, მონობის დროს ნაშობი,
მონობაში დავიღალე;
შენ-კი სულ სხვა ბედისა ხარ,
ოი, ამას ვენაცვალე!..
ის, რაც იყო, აღარ არის,
შეიცვლება დღეს თუ ხვალე;
გზატკეცილი დაგიხვდება, -
ოი, ამას ვენაცვალე!..
„ნანას“ გეტყვი სხვანაირსა,
მარცვლა-მარცვლა დაისწავლე;
მხსნელს დახსნილი მიეგებე!..
ოი, ამას ვენაცვალე!..
რაც მე მტანჯეს, ნუღარ მკითხავ,
ის ოდესმე შენ დასთვალე,
და პასუხიც აგებინე!..
ოი, ამას ვენაცვალე!..
მაგრამ ჯერ-კი აკვანში ხარ, -
გაიზარდე მალე, მალე!
რომ შენს შვილებს შენც მოუთხრა:
ოი, ამას ვენაცვალე!..
გურული ნანინა (I, 714). დაიწერა და დაიბეჭდა 1905 წ.
- ივერია 1905 წ. 24 აპრილი №59. || ავტოგრაფი L - 3/91. -
[1905 წ.]
![]() |
3.44.13 ყანა |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი იაკობ გოგებაშვილს)
ჯერ ამ ჩემ თვალს არ უნახავს
მოსავალი ამისთანა,
ოქროს ფერად რომ ბიბინებს
დალოცვილი პურის ყანა!
ცა და მიწა შეთანხმებით
შეჰხარის და მას დაჰყურებს,
მზე სხივებს ჰფენს მის-მის დროზე
და ღრუბელი მოასხურებს!
აგერ მუშა მხიარული
ნამგალს ლესავს გუგუნითა,
დაბლა მწყერი განაბულა,
მტრედი დამზერს ღუღუნითა;
თაგვ-წრუწუნა მრუდე ხვრელში
იმალება... იხრუკება.
ყველას ალღო აუღია:
ყანა მალე მოიმკება.
რას ელიან ამ მკისაგან?
ან ერთს მათგანს რა ერგება?
- ის მხოლოდ, რაც იმ მომკის დროს
დაბლა მარცვლად დავარდება.
მეტი წილი ვის ერგება?
- ვის და მხოლოდ ადამიანს,
ვინც რომ შრომობს და ვინცა მკის,
უფრო მხნეს და უფრო ჭკვიანს!..
მაგრამ იცით, რომ ამ ყანას
აქვს თავისი ისტორია?
წინეთ სხვებსაც ამ ადგილზე
ბევრი ოფლი დაუღვრია.
იქ, სადაც დღეს წმინდა პური
ამაყობს და თავს იწონებს,
ტყე ყოფილა... უტეხი ტყე!..
მაგრამ ვიღა მოიგონებს?
მამას თურმე, მარტოხელსა,
გაეტეხა ბევრის ცდითა,
საახოედ რომ აეღო
დიდის წვითა და დაგვითა.
მოეხნა და დაეთესა,
გადმოეცა შვილისთვისა
ეს იმისი ნაოფლარი
დიდი ხნის და ბევრის თვისა!
დღეს ის თესლი ამოსულა,
დამწიფებულს ვხედავთ პურსა;
ნამგალს ითხოვს, სხვას არაფერს,
და სხვანაირ სამსახურსა.
მუშა შედის სიხარულით
წმინდა ნამგლის ტრიალითა;
სხვები-კი სმენ სადღეგრძელოს
მისას სავსე ფიალითა:
„ვაშა!.. ვაშა!.. კეთილ მუშას!..
მის მარჯვენას და მის ხელსა!..
ვაშა!.. თუ არ დაივიწყებს
მამა-მისის ის სახელსა!“
[1905 წ.]
ყანა (I, 715). დაიწერა და დაიბეჭდა 1905 წ.
- ივერია 1905 წ. 11 ოქტომბერი, №185. -
![]() |
3.44.14 ნატვრა |
▲ზევით დაბრუნება |
ასრულდა თითქმის, რასაც ვნატრობდით
ჩვენ ამ ნახევარ საუკუნეში
და, როგორც სვიმონ მოხუცებულსა,
მეც მომეფინა, მოხუცს, ნუგეში.
გამოიღვიძა ხალხმა მძინარმა,
რომ მოიპოვოს თავისუფლება
სიტყვის, მწერლობის, კრება-ერთობის
და აასრულოს საერთო ნება!..
გუშინ არ იყო, რომ აკრძალული
ძალმომრეობით გვქონდა ეს ყველა?
ბიუროკრატი, როგორც რომ ჩრჩილი,
კაცურ ღირსებას ღრღნიდა ნელ-ნელა!
მადლობა უფალს! მოვიდა წარღვნა,
რომ წაილეკოს უსამართლობა
და დაემკვიდროს ამიერიდან
შვება, თანხმობა, ძმობა, ერთობა!..
შრომა ხალხისა შეერთებული
ძალთა-ძალია სტიქიონური;
ვერ შეაჩერებს მას ვერაფერი,
გინდა ბრძანებაც იყოს მეფური!..
ახლა-კი სწორედ შემიძლია ვთქვა:
თუმცა გავლიე ცხოვრების გზანი,
მაგრამ ნუგეშად მიმყვება მე თან
დიდი იმედი, კარგი ნიშანი!...
ეს არის მხოლოდ პირველი ბიჯი,
და თან მოჰყვება მას სიარული!..
შვილების პირველ ფეხის ადგმაზე
მისი მშობელი არს მხიარული.
ესეც პირველი ნაბიჯი არის,
ჩვენის ხალხისგან დღეს გადადგმული, -
ჯერ იბარბაცოს!.. რომ გამაგრდება,
მაშინ წინ წავა გამხნევებული.
ადრეც მეჯერა და ახლაცა მრწამს:
სიტყვა თესლია, საქმე - ნაყოფი!
თუ არ ხანგრძლივის მოვლა-წამლობით,
არ იკურნება ხომ ავადმყოფი?!
ბედმა გვარგუნა ჩვენ ხვნა და თესვა,
რაც-კი მოითხოვს ხანდახან გასვრას!
თქვენ მომკლები ხართ! ხელს თუ გაიჭრით,
ნუ ერიდებით ცოტა სისხლის ღვრას!
თუმცა მოვხუცდი, არ შემიძლია
დავატრიალო თქვენებრ ნამგალი, -
მაგრამ საქმით-კი გადაბმული ვარ
და თქვენ შეგყურებსთ სიამით თვალი!
აბა, „ჰოპუნა“ დააგუგუნეთ
პურის სამკალად, ეკლის საჭრელად,
და მეც შორიდან ბანს გეტყვით ყველას
სიამოვნებით, უკანასკნელად!
[1905 წ.]
ნატვრა (I, 717). დაიწერა და დაიბეჭდა 1905 წ.
- ივერია 1905 წ. 10 ნოემბერი №202. || ავტოგრაფი I,22 (სათაური: „მოძრაობის დროს. ნატვრა“). -
![]() |
3.44.15 ხანჯალს |
▲ზევით დაბრუნება |
შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რკინაო ხვარასნისაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!
გლესავ და გლესავ, ხანჯალო,
ამოგიფერავ გულსაო!
შენ უნდა ეძმო და ეყმო
უმართლოდ დაჩაგრულსაო!
ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,
ორივე გვერდით მჭრელიო;
გპატრონობს გული ფოლადი
და გიპყრობს რკინის ხელიო.
მისი გამჩენის ჭირიმე,
ვინც რომ შენ გამოგჭედაო!..
ჭირიმე, შენი ჭირიმე,
მტერს აუტირე დედაო!
ბევრი ნაღველი შეასვეს
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო,
შენ მიმკურნალე, მახვილო,
უმართლოდ დაჩაგრულსაო!
მიმოციქულე მტრის გულთან,
მიმიძღვენ ჩემი სალამი:
ეს ვითომ საწერელია,
ჩაერჭვე, როგორც კალამი!
მისი წითელი მელნითა
შემაღებინე ჭაღარა,
იმისი კვნესა იქნება
ჩემთვის დაფი და ნაღარა!
გლესავ და გლესავ, მახვილო,
ფოლადო, ჩემო რკინაო!
დროა, ამოდი ქარქაშით,
აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო.
[1905 წ.]
ხანჯალს (I. 719). დაწერის თარიღი: 1882 წელი. დაიბეჭდა 1905 წელს.
─ ივერია 1905 წ. 17 ნოემბერი №208. || ორი ქართველი და სხვა ლექსები 1911 წ. || ავტოგრაფი XXII.19 || ხელნაწერი ჟურნალი „სალამური“ 1886 წ.1 -
აკაკის ამ განთქმული რევოლიუციური ლექსის შესახებ გავრცელებულია შეხედულება, თითქო იგი დაწერილია იოსებ ლაღიაშვილის ტერორისტული აქტის გამო. მაგრამ ეს შეხედულება, როგორც ირკვევა, არ არის მართალი. ლაღიაშვილმა მოჰკლა ჩუდეცკი 1886 წელს, მაისში. ხოლო აკაკის ლექსი „ხანჯალს“ ამაზე ადრე ყოფილა ცნობილი.
აკაკის „ხანჯალი“ არ არის დაკავშირებული რაიმე ცალკეულ შემთხვევასთან, არამედ მიმართულია ცარიზმის წინააღმდეგ. ხოლო თუ რომელიმე ცალკეულ შემთხვევას იგულისხმებს ეს ლექსი, იგი პირველ რიგში ეხმაურება არა ჩუდეცკის მკვლელობას, არამედ რუსეთის იმპერატორის, რუსეთის იმპერიის „ხალხთა საპყრობილის“ თვით მთავარი ჯალათის ─ ალექსანდრე II-ის მკვლელობის ამბავს. რომ ეს ასეა, ეს ცხადი გახდება შემდეგი მიმოხილვიდან.
აკაკის ეს ლექსი, რომელსაც სამართლიანად ჰქონდა შერქმეული სახელი „ქართული მარსელიეზა“, როგორც ირკვევა, პროკლამაციის სახით არა-ლეგალურად ვრცელდებოდა საქართველოში ჯერ კიდევ წარსული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან.
ქართული გაზეთის „დროების“ თანამშრომელი დ. მესხი მოგვითხრობს ერთი მეტად თავისებური შემთხვევის შესახებ. 1885 წელს მთავრობამ აკრძალა გაზეთი „დროება“. გაზეთის დახურვაში მნიშვნელოვანი „ღვაწლი“ მიუძღოდა ცენზორს ლუკა ისარლოვს, ცარიზმის გაიძვერა მსახურს, რომელიც ვითომდა ქართველ ლიტერატორობას ჩემობდა (- უნიჭო ლექსების ავტორია), მაგრამ რომელსაც ქართველმა პროგრესი-ულმა წრეებმა უწოდეს მართლაც შესაფერისი სახელი «гадина» და „ლუკა-მელა“. ლუკა ისარლოვის ცენზორობის დროს ქართული მწერლობა და ქართული პრესა დიდ შევიწროებას განიცდიდა.
როდესაც „დროება“ დახურეს, „დროების“ თანამშრომლებმა ( „დროების“ თანამშრომელი იყო თვით აკაკიც) - თავისებურად იძიეს შური ლუკა ისარლოვზე. „დროების“ თანამშრომელი დ. მესხი მოგვითხრობს: „იმ ღამითვე აკაკის აკრძალული ლექსი „ხანჯალი“ დავსტამბეთ და კარგა ბლომა ფარატინები მთელს ქალაქში მოვფინეთ. ლექსს მივუწერეთ: ლუკა ისარლოვი. დაფაცურდა პოლიცია და ჟანდარმები. კვალს ვერ მიაგნეს, მაგრამ მთავრობის ისეთ ერთგულ ქოფაკს რა დიდი ფიცი და მტკიცება დასჭირდებოდა, რომ ასეთი ლექსი იმის კალამს არ ეკუთვნოდა“.2
დ. მესხის ეს ცნობა კერძოდ იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ აკაკის ლექსი „ხანჯალს“, როგორც ირკვევა, უკვე ცნობილი ყოფილა 1885 წელს („დროება“ 1885 წელს დახურეს), და მაშასადამე ის შეხედულება, თითქო აკაკიმ ეს ლექსი ლაღიაშვილის ტერორისტული აქტის გამო დასწერა (1886 წელს), სინამდვილეს არ შეეფერება.
ხოლო როდის არის სახელდობრ ეს ლექსი დაწერილი? აკაკის ამ ლექსს პირველად ეღირსა დაბეჭდვა მხოლოდ რევოლიუციის ხანაში, 1905 წელს (დაიბეჭდა „ივერია“-ში). 1905 წლის ამ გამოცემაში ლექსის დაწერის თარიღი აღნიშნული არაა. მაგრამ უფრო გვიან, 1911 წელს, გამოვიდა აკაკის ლექსების კრებული („ორი ქართველი და სხვა ლექსები აკაკისა“), სადაც დაბეჭდილია აკაკის ეს ლექსიც „ხანჯალს“, და ამ გამოცემაში აღნიშნულია ამ ლექსის დაწერის თარიღი: 1882 წელი.
ეს თარიღი, 1882 წელი, როგორც ვხედავთ, სავსებით უდგება იმ ცნობას, რომელსაც გადმოგვცემს დ. მესხი, და რომლის მიხედვითაც აკაკის ლექსი უკვე ცნობილი ყოფილა 80-იან წლებში და უკვე ამ დროსვე არა-ლეგალურად ვრცელდებოდა.
თუ რამდენად ფართე გავრცელება ჰქონია არა-ლეგალურად აკაკის ამ ლექსს „ხანჯალს“, ეს დასტურდება აგრეთვე იმ ცნობიდანაც, რომელსაც გადმოგვცემს თავის მოგონებებში ქართველი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი, რომელიც აკაკის ამ ლექსის დაწერის დროს, 80-იან წლებში, გორში მოღვაწეობდა და ხალხოსნურ მოძრაობაში ახლო მონაწილეობას იღებდა. სოფრომ მგალობლიშვილი გადმოგვცემს, რომ გორელი ხალხოსნები აკაკის „ხანჯალს“ ფართედ ავრცელებდენ მოწაფეებშიო.
მოგვყავს აქ მეტად საყურადღებო ცნობა სოფრომ მგალობლიშვილისა, რომელიც აკაკის ლექსებს ეხება; სოფრომ მგალობლიშვილი სწერს:
„იმ ხანებში (80-იან წლებში) რუსეთში მოძრაობამ იმატა, ტერორისტულმა მოძრაობამ უმაღლეს წერტილამდე მიაღწია; მოჰკლეს მეფე ალექსანდრე მეორე. ამ ამბავს ჩვენი აკაკიც გამოეხმაურა ლექსით:
„დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
„გაზაფხული! გაზაფხული!“
გულს იმედი დამესახა“.
„გამეფდა საშინელი რეაქცია... ჩვენ ავმოძრავდით. ყიფიანთან (მ. ყიფიანი, რომელიც გორის ხალხოსნურ-რევოლუციური წრის ხელმძღვანელი იყო) იზრდებოდა პატარა შიო ქუჩუკაშვილი, დღეს ჩვენი „ძია შიო“ მღვიმელი (პოეტი); ის იყო გამოვიდა (ხელნაწერად) აკაკის ქართული მარსელიეზა „ხანჯალი“, პატარა შიოს ვავრცელებინებდით ამ ლექსს მოწაფეებში. ჩვენც ხალხს ვუხსნიდით და ვუმარტავდით მეფის სიკვდილის მნიშვნელობას, ვაცნობდით ახალი მეფის ჯალათობას.3
ამრიგად, სოფრომ მგალობლიშვილის ეს მეტად საყურადღებო ცნობა ადასტურებს, რომ აკაკის „ხანჯალი“ ეს იყო პირველ რიგში გამოძახილი რუსეთის იმპერატორის მკვლელობისა და შეიცავდა მოწოდებას გმირული ბრძოლის განგრძობისაკენ.
თუ რამდენად ფართე გავრცელება ჰქონია არა-ლეგალურად აკაკის ამ ლექსს, ეს დასტურდება როგორც სოფრომ მგალობლიშვილის ცნობიდან, ისე სხვა ცნობებიდანაც, ამის მაჩვენებელია კერძოდ თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელნაწერ ჟურნალში, რომელიც გამოუშვიათ ქუთაისის ქართველ შეგირდებს 1886 წელს (ზემო-დასახელებული ხელნაწერი ჟურნალი „სალამური“), შეტანილია აკაკის ეს „ქართული მარსელიეზა“-ლექსი „ხანჯალს“.4
_____________
1. ხელნაწერი ჟურნალი „სალამური“ გამოშვებულია 1886 წელს ქუთაისის შეგირდების მიერ. (ეს საყურადღებო ლიტერატურული დოკუმენტი მოგვაწოდა თამარ მაჭავარიანმა).
2. იხ. ჟურნალი „მნათობი“, 1935 წ. №1.
3. იხ. სოფრომ მგალობლიშვილის მოგონებანი, 1938 წ., გვ. 92-93.
4. დასასრულ დაგვრჩენია აღვნიშნოთ, რომ ჩვენს გამოცემაში ლექსი „ხანჯალს“ დაბეჭდილი გვაქვს 1905 წლის ლექსების ჯგუფში. როდესაც პირველი ტომი იბეჭდებოდა, ჯერ კიდევ არ გვქონდა ზუსტად დადგენილი ამ ლექსის დაწერის თარიღი (1911 წლის გამოცემა, რომლის მიხედვითაც შესაძლო გახდა დაწერის თარიღის ეჭვმიუტანელად დადგენა, I ტომის გამოსვლის შემდეგ მივიღეთ); და რაკი ჩვენ იმ-თავითვე გვეეჭვებოდა გადმოცემა, თითქოს ეს ლექსი ჩუდეცკის მკვლელობასთან იყვეს დაკავშირებული, და რაკი ლექსის დაწერის ზუსტი თარიღი უცნობი იყო, ჩვენ იგი მოვათავსეთ 1905 წლის ლექსთან ერთად - დაბეჭდვის დროის მიხედვით: ლექსი „ხანჯალს“, როგორც აღვნიშნეთ, პირველად 1905 წელს დაიბეჭდა. ხოლო რაკი ეხლა დანამდვილებით ირკვევა ამ ლექსის თვით დაწერის თარიღი - 1882 წელი, მომავალ გამოცემაში ლექსი გადატანილ უნდა იქმნეს სათანადო წლის, 1882 წლის ლექსების ჯგუფში.
![]() |
3.44.16 რჩევა |
▲ზევით დაბრუნება |
(სომეხ-თათართა შეტაკების გამო)
ღვთის მადლსა, რა დროს ეს არის:
ძმა ძმაზედ ლესავს ხანჯალსა?!
იღუპებიან ორივე,
არც ღონეს ჰზოგვენ, არც ძალსა.
ორივეს მტერი ერთია,
შორეულ-გადამთიელი;
ერთ ტაფაშია ორივე,
ერთი ადგიათ უღელი.
ძაღლმაც-კი იცის პირუტყვმა:
შინ ბრძოლა მაშინ ძნელია,
როცა იმაზე მიმსვლელად
გარეშე მტერი, მგელია.
და კაცს-კი, მაღალ ქმნილებას,
ძაღლისაც არ აქვს შეგნება;
დაბრმავებულა ვნებითა!..
შური ცეცხლივით ეგზნება!!
გააგდეთ ხმალი... ხანჯალი,
ხელი მიეცით ძმურადა!..
ნუ შესცქერიხართ ერთმანეთს
მტრულად და ბატონ-ყმურადა.
ბედნიერება ამ ქვეყნად -
შეერთებული შრომაა.
რა დროს მტრობაა ძმებისა
და რა დროს განზე დგომაა?
შეერთდით, ძმებო! შერიგდით!
ხელი ხელს მიეცთ ძმურადა
და მტერს დაუხვდით გარეშეს
თამამად... ვაჟკაცურადა.
[1905 წ.]
რჩევა (I, 721). დაიწერა და დაიბეჭდა 1905 წელს.
- ივერია 1905 წ. 29 ნოემბერი №214. || ავტოგრაფი I,4 (სათაური: „რჩევა მოძრაობის დროს“).
![]() |
3.44.17 ძირს |
▲ზევით დაბრუნება |
ძირს, მთავრობავ უსამართლო!
„ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო“, -
ყოველი მხრივ გეძახიან:
ძირს, მთავრობავ!.. აწ-კი ძირსო!“
კმარა ისიც, რაც ვითმინეთ,
გვიმატებდი ჭირზე ჭირსო!
ის აღარ ვართ, რაც ვიყავით,
გავიღვიძეთ და აწ - „ძირსო!“
ჩვენის სისხლით, ჩვენის ოფლით
უხვად რწყავდი ქვეყნის პირსო, -
დღეს ეს აღარ მოხერხდება,
გეუბნებით მიტომ - „ძირსო!“
ბნელს ნათელმა მოაშუქა,
და ერთ რამედ ესეც ღირსო!..
ძველი წესი-წყობილება
ბნელს გაჰყვება და შენ - „ძირსო!“
შენგან, ძალაუნებურად,
არ მოველით დანაპირსო;
ჩვენ მოვუვლით ისევ ჩვენს თავს,
არ გვინდიხარ - „ძირს და ძირსო!“
ძალას ჰკარგავ, ის გაწუხებს,
აღარ გიხსნის დანა პირსო,
მაგრამ რა ვქნათ? ქვეყნის ტანჯვას,
სჯობს იტანჯო ერთმა - „ძირსო!“
ხალხი იბრძვის!.. ხალხი ჰღელავს!
ვეღარ ასდებ აწ აღვირსო!..
ყოველის მხრივ გეძახიან:
„ძირს, მთავრობავ, ძირს და ძირსო! “
[1905 წ.]
ძირს (I, 722). დაიწერა და დაიბეჭდა 1905 წელს.
- ივერია 1905 წ. 4 დეკემბერი №219. || ავტოგრაფი XXIII,14. (სათაურით: „ძირს მთავრობა“). || ავტოგრაფი I,28. (სათაურით: „ძირს ბატონო! (სიმღერა)“. || ავტოგრაფი XXXII,10. -
დედნები ვარიანტებს შეიცავს.
![]() |
3.44.18 კოჭაობა |
▲ზევით დაბრუნება |
თვალის სისწორე, ხელის სიმარჯვე!
აი რა უნდა კოჭის თამაშსა!..
და შენც, დედილო, რომ გავიმარჯვებ
მე ჩემ ტოლებში, არ დაჰკრავ ტაშსა?
„ვიცი, რომ გიყვარს შენი ბიჭუნა
და ამოგიდის იმაზე მთვარე!..
მე შემინიშნავს, ჩემი დანახვით
რომ გაგბრწყინვია სახე მწუხარე.
„მეც-კი მიყვარხარ, მაგრამ პატარას
რით შემიძლია რომ დაგიმტკიცო?
უნდა სურვილი შენი ასრულდეს
და დარიგება შენი დავიცო!
„იმას ნუ ჰფიქრობ, რომ კოჭს გადავჰყვე,
ან თამაშობამ წამიტყუილოს,
და დამავიწყოს მე გაკვეთილი
და მით ჩემ საგანს მე მომაცილოს!
„არა, დედილო, მხოლოდ იმ დროს-კი,
როცა გვექნება ჩვენ შესვენება,
ამხანაგებთან რომ ვითამაშო
ხანდახან ხოლმე, მომეცი ნება.
„გუშინ ჩემ ტოლებს რომ ვეთამაშე,
ყველას მოვუგე... ყველას ვაჯობე!
აი, ხომ ხედავ? გამობერილი
კოჭებითა მაქვს ორივე ჯიბე!...“
ამგვარად ტკბილად ეუბნებოდა
შვილი დედასა გახარებული,
და დედა-მისსაც, ყურს რომ უგდებდა,
სიამოვნებით აევსო გული.
უთხრა: „მამულის ტკბილო იმედო!
შენგან კარგის მეტს არრას მოველი...
ისე მოიქეც, როგორც რომ გინდა,
და ღმერთი იყოს შენი მფარველი!“
წავიდა ბავშვი გახარებული,
ზურგზე მოიდვა პატარა ჩანთა,
და დედა-მისიც ლოცვა-კურთხევას
გულში ამბობდა... მას თან ატანდა.
თბილი დღე იყო, შემოდგომის მზემ
სხივები ქვეყნად მიმოაფინა;
ისე ატკბობდა მოსეირნე ხალხს,
როგორც ციური, ტკბილი „ნანინა“.
ამ დროს, ჩამჯდარმა თოფ-იარაღში
სკვითების ჯარმა ჩამოიარა
და დაერია მოულოდნელად!..
შეუბრალებლად სისხლი დაჰღვარა.
გავარდა თოფი და მხიარული,
მარად ოხუნჯი მოჰკლეს მეხილე,
დამფრთხალი ხალხი გარბი-გამორბის,
მაგრამ ვერ შველისთ ვეღარც სიფრთხილე.
გამხეცებული და სისხლ-მწყურვალი,
მათ დაერია მრისხანე ჯარი!..
აღარ ჰზოგავდენ ვისაც-კი მისწვდენ,
და იმათ რიცხვში მოჰყვა ცოლ-ქმარი!
გამხნევდა ჯარი, თითქოს ებრძოდა
მთელ ევროპიას, ანუ აზიას,
და ნამდვილად-კი შემოეხვიენ
უმანკო ბავშვებს და გიმნაზიას!
იმ დროს ბავშვები დასასვენებლად
ეზოში იყვნენ თავმოყრილები,
და ყაზახები რომ დაინახეს,
მათზე მიმსვლელი, როგორც რომ მგლები,
შეჰქნეს ყვირილი!.. დასამალავად
ოთახებისკენ მათ მიაშურეს,
მაგრამ იმითაც ვეღარას გახდენ,
უმანკო სისხლი მიმოასხურეს.
ერთი პატარა ბავშვი რვა წლისა
კოჭს თამაშობდა ამხანაგთანა;
რომ დაინახა არეულობა,
ის შიშის ზარმა თან აიტანა.
დასამალავად ჩაძვრა სარდაფში,
ხელის კანკალით მოჰხურა კარი,
მაგრამ როგორც რომ მოსისხლე მტერსა,
კარის ჩამმტვრევი თან შეჰყვა ჯარი.
შეკრთა ყმაწვილი, რომ დაინახა
თოფის ტუჩები ზედ მიშვერილი.
„ვაი-დედაო!“ ამოიკვნესა,
გულშესაზარად მორთო ტირილი:
„რას მერჩით, აბა? მე არ ვიცოდი,
თუ კოჭაობა აკრძალულია!
და უფროსებიც მიტომ მიწყრება!..
გარისხებული, გულმოსულია!
„აჰა, წაიღეთ ყველა კოჭები!
ნუ დამიტოვებთ მე სულ ნურც ერთსა,
და რომ დღეიდან არ ვითამაშებ,
ამის თავმდებად გაძლევთ თვით ღმერთსა.
„დღეს დილას დედა მეუბნებოდა:
ითამაშეო, რომ მოიცალო...”
აქ მეტი სიტყვა აღარ დასცალდა,
და გააგორეს იქვე საბრალო.
ხელში ეჭირა წითელი კოჭი,
სისხლიც წითელი მოთქრიალებდა!..
თავს დაჰყურებდა მას ჯარისკაცი! -
ძლევამოსილი დაჰხარხარებდა!
[1905 წ.]
კოჭაობა (I, 723). დაიწერა 1905 წელს. პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი I,1. -
ამ ლექსს საფუძვლად შემდეგი ამბავი დასდებია.
1905 წელს, 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, შავრაზმულმა ეგრეთწოდებულმა „ჭეშმარიტ რუსთა“ ორგანიზაციამ მოაწყო ტფილისში 21 და 22 ოქტომბერს მანიფესტაცია. მანიფესტაციას მოჰყვა „პოგრომი“ და სისხლის-ღვრა, მოსახლეობის დარბევა შავრაზმელთა და ყაზახების მიერ. კერძოდ ამ დროს აიკლეს ვაჟთა პირველი გიმნაზია.
ერთ-ერთი მსხვერპლი ამ პოგრომისა იყო 8 წლის მოწაფე გიმნაზიელი, რომელიც მოჰკლა შავრაზმელმა, როდესაც ბავშვი, დასვენების დროს, კოჭაობას თამაშობდა. ბავშვი იპოვეს მკვდარი, გასისხლიანებული, ხელში სათამაშო კოჭით. ამ ბავშვის ხსოვნას უძღვნის აკაკი თავის ლექსს „კოჭაობა“.
![]() |
3.44.19 ჩემი რწმენა |
▲ზევით დაბრუნება |
რომ მოდიდდება წყალი-მდინარე
და კალაპოტში ვეღარ ეტევა,
აღელვებული, აქაფებული
კიდეებზედაც გადაენთხევა;
წალეკავს ნაპირს და თან წაიღებს
მოპირდაპირედ რაც დაუხვდება,
სტიქიონურის ძალმოსილობით
კლდეებს ეხლება და ქვებზე ჰხტება;
დაქანებული სიმწრით თავდაღმა
უსწორ-მასწორად იმღვრევა ხშირად,
და გველ-ბაყაყიც, თევზებთან ერთად,
გამოჰყავს ხოლმე ძალით ნაპირად; -
ხალხიც ასეა: რომ აღელდება
და თავის ქერქში ვეღარ ეტევა,
ვერ შეაჩერებს, როგორც სტიქიონს,
ვეღარც ვედრება და ვეღარც წყევა!..
წალეკავს ყველას, რაც ცხოვრებისთვის
არ გამოდგება... უქმი ბარგია,
და გადარეცხავს სისხლით მხოლოდ მას,
რაც წარსულიდან აღარ არგია!..
და როდესაც ის კალაპოტშივე
ჩადგება ბოლოს დამშვიდებული, -
დაიწმინდება და იწყებს დენას
სხვა ცხოვრებისთვის განახლებული.
ასე ვფიქრობდი და ამ განზრახვას
მოვესწარ კიდეც... განხორციელდა:
აქამდე მონა ბიუროკრატის,
დღეს გამოფხიზლდა ხალხი, აღელდა,
და აღარ უნდა კიდევ იკისროს
ძალმომრეობის ძველი უღელი!..
განთიადს ელის ალღო-აღებით,
ნათელს მოელის... მოსწყინდა ბნელი!..
მოელის, მაგრამ ჯერ კი არა აქვს
მას ის ნათელი გამორკვეული,
და მრუდსა და სწორს თანსწორად ებრძვის,
გაურჩეველად, გზადაბნეული!
აი ეს არის ის დიდი ძალა,
რომელსაც ჰქვია რაღაც სტიქია,
და რასაც ხშირად ძველი ტალახი
თან წაუღია... წაულექია!
სიყმაწვილიდან მოხუცებამდე
ეს მაწვა გულზე, როგორც რომ ლოდი,
და ხალხის ჩვენში გამოღვიძებას
ერთხელ, ოდესმე, მეც მოველოდი.
მადლობა უფალს, რომ მოვესწარი
ჩემი სურვილის ასრულებასა
და, ვით ბულბული დაბერებული,
მეც დროს ვუგალობ „ქებათ-ქებასა“.
მართალი არის, სისხლი იღვრება,
მაგრამ მოითხოვს ამას ბუნება!
წყალი ხორცსა ჰბანს და სისხლი სულსა,
ამას გვიმოწმებს თვით ქრისტეს ვნება.
თვითო-ოროლა კარგიც იჭრება,
რომ იმარგლება სიმინდის ყანა,
მაგრამ ამიტომ მის გათოხნაზე
ხელს იღებს ხოლმე ქვეყანა განა?
მყრალ ბალახებთან ზოგჯერ უეცრად
იჭრება ხოლმე ვარდი და ია!..
საქმე არ არის ერთში და ორში!
საქმეა მხოლოდ თვით იდეია!..
ხალხი მღელვარებს, ვაშა მის ღელვას!..
ერთხელ ის მღვრიაც დაიწმინდება,
როცა ცხოვრება გამარჯვებული
კალაპოტშივე წმინდად ჩადგება.
ასე გრძნობს გული, აღელვებული,
ხალხის მიბაძვით მოუსვენარი!..
ვერ შეაჩერებს ძალით ზამთარი,
როცა გაზაფხულს ეღება კარი...
[1905 წ.]
ჩემი რწმენა (I, 726). დაიწერა 1905 წელს. პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- თეატრი და ცხოვრება 1915 წ. 1 თებერვალი №5. || ავტოგრაფი L - 112. -
![]() |
3.44.20 ინტერნაციონალი |
▲ზევით დაბრუნება |
აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე, პროლეტარო!
ჩვენვე უნდა მოვუპოოთ
ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო!
უნდა მტერი დავამარცხოთ,
ძალმომრევი, უსამართლო!
რა გვაქვს მასთან ჩვენ საერთო,
საპირადო, ან სამადლო?
ეს იქნება საბოლოო
შეტაკება, მწარე ომი!..
და, თუ ვსძლიეთ, ჩვენთან ერთად
გაიხარებს ყველა ტომი.
ესღა მხოლოდ დაგვრჩენია,
ამით ვფიქრობთ თავის დახსნას!
გაუმარჯოს მშიერ მუშას,
მის მკლავსა და მის მარჯვენას!
სხვა სუყველა ტყუილია:
ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..
ძალა არის შეერთება,
ერთი ლხინი, ერთი ჭირი!
მსხვერპლი უნდა დიად საქმეს,
კავშირი და შეერთება!
საბერველს რომ დაუბერვენ,
რკინა მაშინ ფოლადდება.
ჩვენც დავბეროთ, თავს ნუ ვზოგავთ!
საბოლოო მწარე ომი!..
მხოლოდ ჩვენის გამარჯვებით
გაიხარებს ყველა ტომი.
მოცლილ ხალხის მუქთახორას,
ამ ქვეყნად რომ დაწანწალებს,
ნამუშევარს სტაცებს ღარიბს
და უკიდებს გულში ალებს,
უნდა დავსცეთ თავზე მეხი,
გაურჯელად ვინც ნეტარებს!..
გაუმარჯოს მხოლოდ შრომას,
მუშებსა და პროლეტარებს!..
ყოველის მხრის მუშა-ხალხი,
დროა შევკრბეთ, ნუ გვაქვს შიში!
უნდა მედგრად მივიტანოთ
იმ ჩვენს მტრებზე იერიში!
ეს იქნება საბოლოო
მშრომელ ხალხის მწარე ომი!
ეს დაგვიხსნის მხოლოდ და მით
გაიხარებს ყველა ტომი!
[1905 წ.]
ინტერნაციონალი (I, 729). დაიწერა 1905 წელს. დაიბეჭდა 1906 წელს.
- პატარა გაზეთი 1906 წ. №1. || ავტოგრაფი L - 82. -
ლექსი წარმოადგენს თავისუფალ თარგმანს პროლეტარული ჰიმნისას „ინტერნაციონალი“.
„პატარა გაზეთ“-ში დაბეჭდილ ტექსტში ლექსს მიწერილი აქვს ქვე-სათაური: „მარსელიოზის ხმაზე“. აკაკის ავტოგრაფულ ხელნაწერში ეს ქვე-სათაური არ არის.
„პატარა გაზეთი“, რომელმაც დაბეჭდა აკაკის მიერ გადმოქართულებული „ინტერნაციონალი“, მთავრობამ დახურა გამოსვლისთანავე, და აკაკი, და მასთან ერთად გაზეთის რედაქტორი კოტე მესხი, სამართალში იქმნენ მიცემულნი.
![]() |
3.44.21 *** (სანამ ვიყავ ახალგაზდა...) |
▲ზევით დაბრუნება |
სანამ ვიყავ ახალგაზდა
და სიამით სძგერდა გული,
სუყოველგან ყველაფერი
მეხატვოდა მე ქართული.
რომ დავბერდი, დავუძლურდი,
გამითეთრდა თმა და წვერი,
სულ სხვაგვარად მეჩვენება
ფერშეცვლილი ჩვენი ერი:
აღარც ქცევა, არც ზრდილობა,
აღარც სიტყვა და პასუხი...
თვალ-ტანადის მაგიერად
მახინჯი და რაღაც ჯმუხი!
სევდა მკლავდა. სასეირნოდ
გავიარე ტროტუარზე,
სადაც ადრე ქართველები
თითქოს მღერდენ ტკბილად თარზე.
აღარც თარი, არც ქართველი,
აღარც მათი ნიშან-წყალი!..
სად ჯანაბას მიმალულა
ჩვენი ხალხი, ის საწყალი?
მის ადგილზე სხვა დამდგარა,
დამცველია, ვითომ, წესის...
ქართველი-კი მოკუნტულა,
პირუტყვივით გმინავს, კვნესის.
აგერ მოდის უცხო ვინმე,
გვერდში უდგას ტურფა ქალი,
ზელთ უჭირავთ ძლიერება,
თუმც-კი არ აქვთ სამართალი.
სხვა ენაზე მოუბრობენ,
იძახიან: „კეცე! კეცე!“
და, ქართველო, გზა დაუთმე!..
აიბარგე, აიკეცე!..
ქუჩა-ქუჩა მოაქროლებს
ეკიპაჟს, თავმომწონია;
ეტყობა, რომ ის ამ ქვეყნის
ბატონი და პატრონია!..
ბრძანებს: „მუხა ვაშლებს ისხამს
და მემოწმეთ თქვენცო, რაღა!“
რაღა გზა გვაქვს! ვემოწმებით
და ჩვენც ვამბობთ: „ბალი აღა!“
მარჯვნივაც სხვა, მარცხნივაც სხვა,
ვერსად ვხედავ ამ ქვეყნის შვილს,
და თუ ვხედავ, ვაი ნახვას...
ვინ გაუძლოს გულის ტკივილს!
უცნაურმა სანახავმა
გამაყვითლა, როგორც ქარვა,
სიონისკენ გავექანე,
რომ იქ სევდა მომექარვა.
იქ მინდოდა ჩვენებურად
წირვა-ლოცვა მომესმინა,
მაგრამ იქაც სასოებამ
მიღრინა და გულს მიკბინა.
აღარც წირვა, აღარც ლოცვა,
არც ქართული ლაპარაკი.
ტკბილ-ქართულის მაგიერად
გაისმოდა „პაკი-პაკი!“
დავღონდი და გამოვბრუნდი,
ცრემლით ვუთხარ მე ჩემს მუზას:
„სჩანს სამშობლო შესდგომია
უცხო კვალსა და სულ სხვა გზას!..“
შევებრალე, მანუგეშა:
ნუ გაიტეხ - მითხრა - გულსო!
თქმულა: „ღმერთი არ გასწირავს
კაცს, ბედისგან გაწირულსო!“
[1906 წ.]
„სანამ ვიყავ ახალგაზრდა“ (I, 731). დაიბეჭდა 1906 წელს.
- ივერია 1906 წ. 19 მარტი №3. || ავტოგრაფი XXIII,22. -
ივერიაში დაბეჭდილ ტექსტს სათაურად აწერია „მიბაძვა“. აქ გვაქვს ჩვეულებრივი, ჩვენთვის უკვე ნაცნობი ხერხი აკაკისა ცენზურის თვალის ასახვევად. საკმაოა გადაკითხვა ამ ლექსის პოლიტიკური სიმახვილით აღბეჭდილი სტრიქონებისა, რათა ცხადი გახდეს, რომ „მიბაძვა“ აქ არაფერ შუაშია. თუ ვისმე ჰბაძავს აქ აკაკი, ეს მხოლოდ თავის-თავს.
![]() |
3.44.22 კალმახელიძის საჩივარი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემისთანა უბედური
ვის სმენია, ვის უნახავს?
მე რომ საქმე მომივიდა,
იმისთანა თქვენს მტერს და ავს!..
ვვაჭრობდი და ოთხმოც წლამდი
ვიყავ ჩემთვის ბედნიერი,
და ჩემი ყოფა-ცხოვრებასაც
შენატრიდა მთელი ერი...
სადაც მდიდრებს ახსენებდენ,
მეც ვიყავი მათში... რაღა!..
ქუდს მიხდიდენ, თავს მიკრავდენ,
დავდიოდი როგორც აღა.
გამოვიწყვე სახლი, კარი...
ავიშენე სარაია;
საეზოვედ მივეც ბაღჩა,
შიგ ჰყვავოდა ვარდი, ია.
მაგრამ ერთხელ უმიზეზოდ
კარს მომადგა ვიღაც მტერი,
ნაცარტუტა ამადინა,
გადამიწვა ყოვლიფერი!
აღარც სახლი, აღარც კარი,
აღარც რამე სხვა ქონება!..
მაგრამ ამათ რაღას დავსდევ?
გამეფანტა მით გონება,
რომ შვილიც-კი ერთად-ერთი
დამიხვრიტეს თვალის-წინა!..
დავრჩი ოხრად, ასე მარტო,
აღარსად მაქვს მოხუცს ბინა!..
მთას შევსტირი, კლდეს შევბღავი,
დამიბნელდა ეს ქვეყანა.
ღმერთო, ჰკითხე, ამ ყოფამდი
ვინც მოხუცი მიმიყვანა!!
[1906 წ.]
კალმახელიძის საჩივარი (I, 734). დაწერილია 1906 წელს. დაიბეჭდა 1906 წელს.
- ივერია 1906 წ. 26 მარტი №4 (სათაურით: „კალმახელიძე“). || ავტოგრაფი I,15. - ივერიაში დაბეჭდილი ტექსტი სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს.
![]() |
3.44.23 გლეხის საჩივარი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდება შენდა, უფალო!
რასა გვთხოვს, რა მოუცია,
რომ ჩამოგვიდგა ჭირივით
სოფელში ეკზეკუცია?
სადღაც ვიღაცას რაღაცა
ვითომდა ჩაუდენია,
ახლა ჩვენ გვახდევინებენ!..
მოგვდვეს ცეცხლი და გენია!..
კომლზე სამ-სამი თუმანი
ადვილად გაუწერია!..
თითქოს ეს გადასახადი
გლეხისთვის არაფერია!..
სად შეგვიძლია ამდენი
რომ მოვაგროვოთ ხელადა?
უნდა შორს სადმე წავიდეთ
ფულების საძებნელადა.
რომ დავბრუნდებით, დაგვხვდება
სოფელი აოხრებული;
ცოლ-შვილი ნამუსახდილი,
ოჯახი ატირებული.
რომელ ერთს უნდა გავუძლოთ:
სირცხვილს, თუ აოხრებასა?
რად არ მოხედავ, უფალო!
გლეხკაცის გაჭირვებასა?
[1906 წ.]
442. გლეხის საჩივარი (I, 736). დაწერილია 1906 წელს.
- ავტოგრაფი IX,2. -
![]() |
3.44.24 *** (ვისი მადლობა... რისი მადლობა?!.) |
▲ზევით დაბრუნება |
ვისი მადლობა... რისი მადლობა?!.
ნეტავ რა არის სამადლობელი,
როცა უმწეო, უმწყესურ ცხვრებში
დათარეშობდეს მსუნაგი მგელი!!
და ან ვინ არის მადლობის მთქმელი?
ვიღაცა ორი თუ სამი კაცი,
ჩინ-ორდენების მეძიებელი,
ბიუროკრატი, ვითომ მამაცი...
ხალხი იტანჯვის, სტირის, ქვითინებს;
გადაბუგვია სახლი და კარი!..
რა დროს მღერაა, რა დროს მადლობა?
უნდა საქვეყნოდ ისმოდეს ზარი!..
ნამუსს რომ ხდიან ქალებს, შეჰყურებს
მამა-შვილს, ძმა - დას, თავის ცოლს ქმარი;
თუ ხმა გაიღეს, მათაც მოჰკლავენ,
და მშველელი-კი არავინ არი!..
ამისთანა დროს, ვინც განზე სდგება
და მით მართალი თავი ჰგონია,
სჩანს, ბუნებითად ეგოისტია!
გული აროდის არა ჰქონია!..
და ფუი!.. იმას, ვინც არად აგდებს
საერო ვნებას... ამდენ სატანჯველს...
სარგებლობს მოძმის უბედურობით,
და ის რომ იწვის, მაშინ ითბობს ხელს...
რა დროს მადლია და რისი მადლი?!
რა არის მაშინ სამადლობელი,
როცა უმწეო, უმწყესურ ცხვარში
გაბატონდება მოსისხლე მგელი?!
[1906 წ.]
*** „ვისი მადლობა... რისი მადლობა!?“ (I, 737). დაწერილია 1906 წელს. დაიბეჭდა 1906 წელს.
- ივერია 1906 წ. 2 აპრილი №5 (მეთაურის ბოლოში: „აღდგომა“). || ავტოგრაფი XXIII,37 (სტილისტურ ვარიანტებს შეიცავს).
![]() |
3.44.25 „ქრისტე აღსდგა“-ს დამწერს |
▲ზევით დაბრუნება |
„თანსწორობა, სიყვარული
და ცოდვათა მიტევება,“ -
აი სახარების სიტყვა!
მაცხოვარმა ეს ინება.
მაგრამ კაცის უგნურებამ
და ბრბომ, წამის მიმდევარმა,
დაივიწყა ის მოძღვრება,
რაც დასტოვა მაცხოვარმა.
თანსწორობა, სიყვარული
და ცოდვათა მიტევება
დარჩა ისევ, როგორც ძველად,
მხოლოდ სიტყვად!.. ფუჭი მცნება...
როცა ვნატრობთ ყველა ამას
გარეგნობით ქრისტიანი,
მაშინ მხოლოდ ვფარისევლობთ,
გულში გვიძევს სხვა საგანი!..
და ვიძახით კაჭკაჭივით:
„ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად!
და ახალი აღთქმა მცნებას
მან დაუდვა მარტო დვრიტად!..“
ამისთანა ხალხს ვერ ვეტყვი
„ქრისტე აღსდგა“-ს წრფელის გულით,
და აღდგომას ვერ ვულოცავ
თანგრძნობით და სიყვარულით!..
მე ვულოცავ იმ დიად დღეს
მწუხარეს და გაჭირვებულს,
დაჩაგრულს და ბევრის ამტანს,
სიმართლისთვის თავდადებულს!..
ყოველივე მართალია,
რაც რომ ქრისტემ იქადაგა:
დაემხობა ძველი წესი!..
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!
[1906 წ.]
„ქრისტე აღსდგა“-ს დამწერს (I, 738). დაწერილია 1906 წელს. დაიბეჭდა 1906 წელს.
- ივერია 1906 წ. 2 აპრილი 1 5 (სათაურით „ქრისტე აღსდგა“). || ავტორაფი I,42. -
![]() |
3.44.26 თომა მოციქული |
▲ზევით დაბრუნება |
უარჰყო თომამ მკვდრეთით აღდგომა,
ვეღარ მოეგო მოწაფე ცნობას
და როგორც სხვებმა მოციქულებმა,
ვერ დაუმონა გონება გრძნობას:
„არ მრწამს, რაც ყურით არა მსმენია
და არ უნახავს ამ ჩემს ორ თვალსა!
მაშინ ვიწამებ ქრისტეს აღდგომას,
რომ ხელს შევახებ მე მის სამსჭვალსა!“
ეს რომ წარმოსთქვა, ასტყდა მიწის-ძვრა,
თან დაკეტილიც გაიღო კარი,
და შიშით დამფრთხალ მოციქულების
წინაშე წარსდგა თვით მაცხოვარი,
„ურწმუნო თომავ! - სთქვა გულდაწყვეტით -
ნუთუ უარჰყოფ შენც ძალთა-ძალსა?
ხომ მხედავ ჯვარცმულს? მოიტა ხელი!
აბა, შეახე ამ ჩემ სამსჭვალსა!“
ზარდაცემული, შეძრწუნებული,
ბრძანებისამებრ მივიდა თომა,
შეახო ხელი და მხოლოდ მაშინ
იწამა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომა.
არიან ჩვენშიც თომასთანები,
რომ არ სწამთ ქვეყნის მათ მომავალი;
დღევანდელ ჯვარცმით გულგატეხილებს
საშორსმხედველოდ არ უჭრისთ თვალი.
მაგრამ როდესაც თვით მომავალი
მათ წარუდგება, ვით ქრისტე თომას,
დაიჯერებენ, რაც დღეს არა სწამთ,
და დაიტკბობენ მწარე გულისთქმას.
მანამდე-კი ჩვენ ვიტყვით და ვამბობთ,
(თუმც დასაჯერი ჯერ-კი ძნელია),
რომ სდგება ქრისტე! ის, ვინც სიკვდილით
სიკვდილისავე დამთრგუნველია!
[1906 წ.]
თომა მოციქული (I, 740). დაიბეჭდა 1906 წელს.
- ივერია 1906 წ. 16 აპრილი №7. || თემი 1911 წ. 7 მარტი №9. || ავტოგრაფი XXXII,16. -
დედნები სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს.
![]() |
3.44.27 სოციალ-დემოკრატიას |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგი არ მომწონს რამ შენში,
მაგრამ საერთოდ კარგი ხარ!..
ერთ დროს მეც გამომადგები,
თუმც ჯერ-კი სხვისი ბარგი ხარ!!
ახლა იღვიძებ, ჯერ კიდევ
თვალი ვერ მოგიფშვნეტია,
და შენს სიცოცხლე-ფართხალში
ბევრი უდროო... მეტია!..
მაგრამ ეს არის კანონი
ბუნების უტყუარისა!..
ცხადია, როგორც სინათლე
დღისით მზის, ღამით მთვარისა.
პირველად ფეხის-ამდგმელი
ცოტა ხნით მობარბაცეა!..
ვინც არ ინძრევა და სულ წევს,
აბა, ის რაღა კაცია!..
შენი შეცდომა სჯობია
მძინარის შეუცდენასა,
გიწუნებ, მაგრამ შენს ძვირს-კი
ვერ ვათქმევინებ ენასა!
სადაც გულწრფელი შრომაა,
იქ ნუღარაფრის გრცხვენია!
შეცდომა წარმავალია,
ქერწლივით გასაცვენია!..
მოვა დრო, შენც გასწორდები,
დასდგები შენს დონაზედა
და ბაიათებს დასძახებ
სხვა კილო და სხვა ხმაზედა...
მეც იმ დროს ველი, მანამდე,
შორიდან გიგდებ-რა ყურსა,
შენ საქებ-სადიდებელად
ვერ ავაჟღერებ ჩანგურსა!
[1906 წ.]
სოციალ-დემოკრატიას (I, 742). დაწერილია 1906 წელს.1 დაიბეჭდა 1906 წელსვე.
- ივერია 1906 წ. 25 ივნისი №17. || თემი 1911 წ. 14 მარტი №10, სათაურით: „ზოგი რამ (ვუძღვნი ს-დ-ს)“. || ორი ქართველი და სხვა ლექსები 1911 წ. (იმავე სათაურით). || ავტოგრაფი XXXII,13 (იმავე სათაურით). -
____________
1. კრებულში „ორი ქართველი და სხვა ლექსები“ ლექსის დაწერის თარიღად აღნიშნულია 1909 წელი, რაც, რასაკვირველია, კორექტურის შეცდომაა (- ლექსი 1906 წელს დაიბეჭდა).
![]() |
3.44.28 ეიფელის კოშკზე |
▲ზევით დაბრუნება |
მაღალ კოშკზე ცის მახლობლად
ეიფელის მწვერვალზედა,
როცა ყველა დამავიწყდა:
ცოლი, შვილი, მამა, დედა,
ატანილი შიშისაგან,
მხოლოდ პარიზს დავჰყურებდი,
მაგრამ იმ დროს მე იქიდან
ვეღარაფერს კი ვერ ვკრებდი.
სახლები ჩნდენ სოკოებად,
არშიებად ქუჩა ყველა,
და ზედ ხალხი დადიოდა
ისე, როგორც ჭიანჭველა!
რაღაც ლანდად წარმომიდგა
ქალაქი და ტურფა მხარე,
ვეღარავინ გავარჩიე, -
ვერც მტერი და ვერც მოყვარე!
და მაშინ ვსთქვი: ნუთუ ისიც,
ვინც ხანდახან ხალხს შორდება
და სულ მაღლა, მაღლა მიდის,
ორთა შუა გახირდება?
რა თქმა უნდა, რომ დაჰკარგავს
ხალხზე ის სწორ-მხედველობას
და სიმართლით ვერ გაარჩევს
სიკარგეს და საძაგლობას!..
[1906 წ.]
447. ეიფელის კოშკზე (I, 744). დაიბეჭდა 1906 წელს.1
- ივერია 1906 წ. 21 მაისი №12. || ავტოგრაფი XXIII,38. -
____________
1. ლექსი დაწერილია პარიზში მგზავრობის შთაბეჭდილების ქვეშ. (პოეტმა პირველად იმოგზაურა ევროპაში და ინახულა პარიზი 1905 წელს. ამის მიხედვით საფიქრებელია, რომ ლექსი 1905 წელს არის დაწერილი. მაგრამ რასაკვირველია არაა ისიც გამორიცხული, რომ პოეტმა თავისი შთაბეჭდილებანი უფრო გვიან განასახიერა ლექსში. ლექსი, როგორც აღვნიშნეთ, 1906 წელს დაიბეჭდა).
![]() |
3.44.29 მოხუცის აღსარება |
▲ზევით დაბრუნება |
დღეიდან ჩემი სტუმარი
სულთამხუთავი იქნება.
უნდა ვუკმიო საკმელი,
სანთელიც მისთვის იქნება.
მომიახლოვდა სიბერე...
ვაი, რა მძიმე სენია...
სიბნელით მინაზღაურებს,
აქ რაც ნათელი მფენია.
მივალ, სად მივალ, არ ვიცი!..
საიდან მოვალ, - არც ისა!..
მიწისაცა ვარ, ცისაცა;
არც მიწისა ვარ, არც ცისა!..
ამიყოლია, ავყევი
ამ სოფლის „ელა-მელასა“,
თავი ამირან მეგონა
უღონო ჭიანჭველასა!
დღეს მივხვდი, - მაგრამ რაღა დროს?-
სოფელი მატყუარია!..
იმისმა ფერადოვნებამ
ჩემი გონება არია.
ყველა ტყუილი ყოფილა,
რაც-კი კაცს მოუგონია.
ამ სოფელს მხოლოდ უტყუვრად
თვისი კანონი ჰქონია:
ჯერ აღმა-აღმა ამსვლელი,
უნდა დაუყვე დაღმართსა,
და უკუღმართი სიბერე
სცვლის სიჭაბუკეს წაღმართსა!..
რომ სიყმაწვილემ იცოდეს,
სიბერე თუ რა ძნელია,
არ გაუშვებდა, რასაც-კი
მიუწვდებოდა ხელია!
ახლა მეც მივხვდი, მაგრამ რა?!
ვინ დამიბრუნებს წარსულსა?
დამაუძლურა სიბერემ,
არც ხორცს ვარგივარ, არც სულსა!..
და ვუცდი სულთამხუთავსა
შიშით და გულისძგერითა,
და ჩემგან გაუგებარსა
სოფელს ვათავებ მღერითა!
[1906 წ.]
მოხუცის აღსარება (I, 745). დაიბეჭდა 1906 წელს.
- ივერია 1906 წ. 14 მაისი №11. || ავტოგრაფი I,45 (სათაურით: „მახლას“).
ავტოგრაფი განსხვავებულ რედაქციას შეიცავს. ავტოგრაფში არ არის უკანასკნელი ორი სტროფი; ამას გარდა პირველი ოთხი სტროფი გადატანილია ლექსის ბოლოში.
![]() |
3.44.30 ანგელოზის ნანინა |
▲ზევით დაბრუნება |
უცხო სტუმარი, მოულოდნელი,
დედის ნუგეში, ცუცუნ პატარა,
ტიტინებს პირზე რაც მოადგება;
ტრიალობს მთელს დღეს, როგორც რომ ჯარა!
ვითა პეპელა, ცელქობს ნელ-ნელა,
მომართული აქვს გული, ვით ქნარი.
თავისნებაა, ისრულებს სურვილს
თვალცრემლიანი, ხან მომღიმარი.
მისი ტირილი, მისი სიცილი,
ორივე ერთად სჭრის თანასწორად;
მტყუანი იყოს, გინდა მართალი,
გააქვს თავისი მით ერთი-ორად.
ადრე დილიდან დაღამებამდე,
მოუსვენარი ამ ყოფაშია!..
სხვები ჰფიქრობენ იმაზე და მას
არცა სწყურია და არცა ჰშია!!
რომ დაღამდება, აჭუჭყუნდება,
თვალი ეხუჭვის, ძილი ერევა,
და მაშინ მასზე, ვით ანგელოზზე,
გადმოდის მაღლით ლოცვა-კურთხევა.
დაეძინება და სიზმარს ნახავს,
რომ ანგელოზი ჩამოფრინდება
ელვარე ფრთებით, და სიყვარულით
პატარა მძინარს გვერდს მოუჯდება.
ალერსით ეტყვის: „დიდ არს უფალი!..
დიდ არს!.. ოსანა მაღალთა შინა!..
შეგერგოს მაღლით ლოცვა-კურთხევა,
როგორც დედის რძე! როგორც ნანინა!!
„მე ვარ დაიკო... პატარა ლიტა,
ანგელოზთ გუნდში მოსხივცისკარე.
მე რომ მიმიხმეს, ჩემ მაგიერად
შენ ამობრწყინდი, როგორც რომ მთვარე!
„ჩემმა სიკვდილმა მწუხარე დედას
ბნელი უკუნი გულს მიაფინა.
ის ბნელი უნდა შენ გაუქარვო!-
მაგრამ იძინე ჯერ-კი, ნანინა!
„რადგან მე შენში გავხორციელდი
და შენ ხარ ჩემი აწ მოადგილე!..
იყავ დედ-მამის მანუგეშებლად
და ცხოვრების გზა გაუადვილე!..
„შენ აქ იხარე, მე იქ ვილოცავ,
ვით ანგელოზი მაღალთა შინა!
ეს არის, დაო, ჩემი სურვილი
და ესვე იყოს შენი ნანინა.“
გამოიღვიძებს დილას პატარა
კარგ გუნებაზე, პირმომღიმარი,
თუმც არ ახსოვს-კი იმ წინა-ღამის
არც ანგელოზი და არც სიზმარი!
შესცინებს დედას, და იმ ტკბილ სიცილს
დედისთვის სხვა რამ არ შეედრება!..
გულში ჩაიკრავს პატარა გოგოს
და მწარე სევდაც გადაეყრება!
[1906 წ.]
ანგელოზის ნანინა (I, 747). დაიბეჭდა 1906 წელს.
- ნაკადული მოზრდილთათვის 1906 წ. ნოემბერი №11. || ავტოგრაფი XXIII,26. -
![]() |
3.45 1907 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.45.1 აღდგომის განთიადი |
▲ზევით დაბრუნება |
ერთობა და თანსწორობა,
გულით ძმობა, სიყვარული,
ყველა ერთად ჯერჯერობით
ციხეშია დამწყვდეული.
მშიერს, მწყურვალს, შიშველს, ტიტველს
ინახავენ როგორც მხეცსა;
განსაცდელსა და სატანჯველს
უმზადებენ მრავალკეცსა.
სხვათა შორის გალიაში
ჰყავთ მოხუცი დამწყვდეული:
ის არ ზრუნავს თავისთავზე...
სხვებისათვის უძგერს გული!
ჰფიქრობს: ღმერთო, რა შეგცოდეს,
რომ აწვალებ ამდენ სულსა?
და რად აძლევ გამარჯვებას
მას, ვინც სდევნის სიყვარულსა?
ყური მოჰკრა, საპასუხოდ
რომ ჩამოჰკრეს სადღაც ზარებს,
და ის რეკა დაჩაგრულებს
გამარჯვებას მიახარებს:
„ქრისტე აღსდგა!“ აღსდგა მკვდრეთით
ის ნაგვემი!.. არ-ჯვარცმული!..
და ამიერ ქვეყანაზედ
გამტკიცდება სიყვარული!
„ჭეშმარიტად!“ - სთქვა მოხუცმა, -
ნუგეშს გვაძლევს მაცხოვარი,
და დღევანდელ ჩვენ ტანჯვასაც
გაეღება შვების კარი!
[1907 წ.]
აღდგომის განთიადი (I, 749). დაიბეჭდა 1907 წელს.
- ნაკადული მოზრდილთათვის 1907 წ. აპრილი №4.
![]() |
3.45.2 ტყვეს |
▲ზევით დაბრუნება |
შენ ბორკილში ხარ, ჩემო ძმობილო,
მე თავისუფლად დავიარები!..
მაგრამ ორივეს თანსწორად გვტანჯავს
ნაბორკილევი და იარები!
შენ საკანში ხარ და მე მაგ საკანს
გულით ვატარებ დიდი ხანია,
და ვინ დაითვლის, რაც იმისაგან
ტანჯვა-წვალება ამიტანია?
შენ თუ გგონია, რომ საპყრობილე
მარტო მაგ ციხის კარ-დახშულშია?
საპყრობილე ის უფრო მწვავია,
რაც ჩაკირული სულს და გულშია!
რასაც შენ ეძებ, მეც მას ვეძებდი,
მისკენ მეჭირა ყური და თვალი,
და დაქანცულმა ამაო ძებნით
ვერსად ვიპოვე მე იდეალი...
ყველგან სიცრუე და თვალთმაქცობა,
ყველგან გაცემა და მოტყუება!..
უსამართლობა სჩაგრავს სიმართლეს...
ბოროტი კეთილს არ ეპუება!..
მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება?
ერთხელაც არის გასჭრის სიმართლე,
წარხოცს დღევანდელ უსამართლობას,
შემოაშუქებს ბნელში სინათლე.
და იმ სინათლის ვინც რომ არ არის
თავგანწირულად მაძიებარი,
რა სიცოცხლეა მისი სიცოცხლე?
ის აქავეა ხომ ცოცხალ-მკვდარი?
და ცოცხალ-მკვდრობას განა არა სჯობს
ცოტა იცოცხლო, მაგრამ კაცურად?
და უსამართლო განსჯა-გაკითხვას
დაუხვდე ხოლმე ვაჟი-კაცურად?
არა, ნუ გასცვლი მაგ შენ განსაცდელს
საუკუღმართო ნეტარებაში!..
და ნუ წაიცდენ ბედის სამდურავს
ნურც შენ მოძღვართან აღსარებაში!
ნეტავი იმას, ვინც წრფელ განზრახვებს
თან ჩაიყოლებს სამარეშია!..
გრძნობა სიწმინდის, გრძნობა სიმართლის
მომაკვდავისთვის ტკბილ-ნუგეშია!
გაუძელ, ძმაო, მაშ შენც შავ საკანს!..
კიდევ ეგა სჯობს სარაიასა,
თუმც მანდ ამოდის მხოლოდ ეკალი,
და იქ-კი ჰკრეფენ ვარდს და იასა.
ჯერ ყმაწვილი ხარ, ეგებ მოესწრო
იმ იდეალის აღყვავებასა,
რომ გამოხსნილი შენგან ქვეყანა
შენ გიგალობდეს „ქებათ-ქებასა“.
მე-კი, მოხუცი, ვერ მოვესწრები!..
მაგრამ მით მაინც არ ვიტეხ გულსა,
და შიგ კუბოში ჩავდებ იმედად:
„ძმობას“, „ერთობას“ და „სიყვარულსა“.
[1906-7 წ.]
ტყვეს (I, 751). დაწერილია 1906-1907 წ. წ.1
- ავტოგრაფი IX,8. -
_______________
1. თარიღი მიახლოვებითია. ლექსი სჩანს დაწერილია 1906-1907 წლების რეაქციის ხანაში.
![]() |
3.45.3 ილიას მოკვლის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
I
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას
და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!..
ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა
საქართველოს ბედისწერა?
არა, არა!.. მითქმა-მოთქმა
ეს, მშიშარა, ტყუილია...
ის მშობელი არ მოჰკვდება,
წარმოშობა ვინც ილია!!.
გრძნობა კვდება, გონება-კი
ეკუთვნის წინ, მომავალსა...
გაჰყავს ხიდი ცხოვრებისთვის
და უკაფავს გზა და კვალსა.
და მიტომაც, ვინც მოჰკვდება,
განა ყველა ითქმება მკვდრად?
ზოგი ჩადის ბნელ საფლავში,
ზოგი აქვე რჩება ლამპრად.
და ილიაც არ მომკვდარა...
მამულისთვის რჩება ლამპრად,
მაშინ როცა მისი გვამი
გადიქცევა მიწად და მტვრად.
რაც-კი ჰქონდა მაღლით ნიჭი,
ბუნებისგან მოცემული,
მთლად მიუძღვნა მისს სამშობლოს,
ფიანდაზად დასდვა გული!..
თავი დასდვა ქვეყნისათვის,
მიჰბაძა ძმებს თავდადებულს:
მეფესა და ყიფიანსა...
იმ ორ ქართველს, განდიდებულს!
მაგრამ ამათ სიკვდილშიაც
განსხვავება არის დიდი:
უფრო მწარე და მწვავია,
როცა შინ გჰკლავს შენივ ფლიდი!..
მეფე მოჰკლეს მონღოლებმა,
დიმიტრიც მტრის მოკლულია!..
მაგრამ ნუთუ შინ ჩვენმავე
გამოგვტაცა ჩვენ ილია?!
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას!.
ის ქართველად არა მჯერა,
ვინც გაჰბედა და ილიას
დაუმოკლა ბედისწერა!..
თვით იესო მაცხოვარმა,
ვის ხელთ ეპყრა ქვეყნის გული,
თანაშემწედ აირჩია
ათორმეტი მოციქული,
და მათშიაც გაერია
გამცემელი, ის იუდა,
შურმა, მტრობამ, ბოროტებამ
ვისაც გულში დაიბუდა!..
მაგრამ რჯული რჯულად დარჩა
და იუდა მხოლოდ კრულად.
ამას საღმრთო ისტორია
საუკუნოდ ამბობს სრულად!..
და მთელ ქართლში რომ გამოჩნდეს
მოღალატე ერთი-ორი,
მსგავსი ისკარიოტელის
და იუდას თანასწორი,
ამით ჩირქი მთელ ქვეყანას
გაურჩევლად არ ედება!
მხოლოდ ხალხს-კი, ჭირისუფალს,
გულში ცეცხლი ეკიდება!..
II
ახლა შენთან მაქვს საქმე, იუდავ,
წინ წამოდექი! ნუ იმალები!!.
და ვერაგობით ძლევამოსილი
გამოაჩინე შენი თვალები!
ღრმა მოხუცებულს და ნაამაგარს
რომ ჰკლავდი, მაშინ არ გითხრა გულმა,
გარეშე მტრების სასიხარულოდ
ისევ მათგანვე მოტყუებულმა, -
რომ მაგ სიკვდილით იმასთან ერთად
შენ გულს უკლავდი თვით ქართველობას,
და, შემბღალავი წმინდა-წმინდათა,
იორკეცებდი თვით საძაგლობას?
მაგრამ შენ ვინ ხარ? ვინ მოგცა გრძნობა?
ვით ჰეროსტრატემ დასწვი ტაძარი
და გეგონა, რომ ორივე მხარეს
საშვილიშვილო დაეც თავზარი.
რა შემცდარი ხარ!.. თვით ილიასთვის
მაგგვარ სიკვდილში არის სიცოცხლე,
და საქართველოს კი ძველი აღთქმა
ისტორიული მით გაუახლე,
დროებით დაღლილს და მიძინებულს:
ის გამოახელს მაგითი თვალებს,
და შეაჩვენებს საშვილიშვილოდ
შენებრ მეთაურს და ნაძირალებს!!
1907 წ., 7 სექტემბერი.
ილია ჭავჭავაძის მოკვლის გამო (I, 753). დაწერის თარიღი: 1907 წ. 7 სექტემბერი, ტფილისი.1 დაიბეჭდა 1907 წ.
- ავტოგრაფი L - 3/95. || ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება, ტფ. 1907 წ.
ამ შთაგონებული ლექსით, რომელიც უდიდესი სულიერი მღელვარებით არის აღბეჭდილი, გამოეთხოვა აკაკი თავის დიდს თანამებრძოლს ილია ჭავჭავაძეს.
თანამედროვენი აგვიწერენ ამაღელვებელ სურათს აკაკის ილიასთან გამოთხოვებისას. ილიას მოკვლის დროს ავადმყოფი აკაკი ლოგინად იყო ჩავარდნილი. როდესაც პროცესია. ილია ჭავჭავაძის ცხედარით მიუახლოვდა სასახლის ქუჩაზე სახლს, სადაც იწვა ავადმყოფი აკაკი, აკაკიმ ითხოვა ცხედარი დამანახვეთო; ავადმყოფი მგოსანი ხელით ჩამოიყვანეს, და მოხუცი პოეტი, თავშიშველი და თმაგაწეწილი, გამოეთხოვა ილიას. ზღვა ხალხი შესდგა, სმენად იქცა. აკაკიმ თავზე ხელები შემოიკრა და ცხედარს შესჩივლა. აკაკიმ შემდეგი სიტყვით მიმართა თავის დიდს ამხანაგს, რომელსაც უკანასკნელად ხედავდა:
„ახალ მოძრაობის წინამორბედი, მაგრამ საწაღმართოსი და არა საუკუღმართოსი, დღეს უკუღმართად მოკლული, ძევს კუბოში ჩვენ წინ და თითქოს გვეკითხება: „რა დაგიშავეთ, რომ ეს დღე დამაყენეთო?“ გვეკითხება და ჩვენ, ქართველებს, თავის გასამართლებელი საპასუხოდ ვერა მოგვიხერხებია რა!.. და მეც, როგორც ქართველს, მწუხარებას გარდა, სირცხვილიც ენას მიბამს, ვეღარას ვამბობ და გადავდივარ საპირადოზე, მშვიდობით, ძმაო! - გარემოებამ გადაგვაბა ჩვენ ერთმანეთზე. ნახევარ საუკუნის მანძილზე ერთ უღელს ვეწეოდით, ერთი გზით დავდიოდით. ეხლა ჩემი მარტო დარჩენა, დაობლება საძნელოა...
„შენ კი ქვეყნიური ვალი შეასრულე და განისვენე სამარადისოდ. ამიერიდან ეკუთვნი ისტორიას, შენი საქმეები და ღვაწლი თავისთავად იღაღადებენ. იმას ჩვეულებრივი მითქმა-მოთქმა ვეღარც არას დააკლებს და ვეღარც რაიმეს მიუმატებს! თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები… როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი შენი გახდა მიზეზად ხალხის ამოძრავებისა და აჰა, საქართველოს ყოველ კუთხიდან თავმოყრილნი გეხვევიან გარს... და ვინ იცის ეგებ სიკვდილით მაინც განამტკიცო ის, რასაც შენი სიცოცხლე შესწირე: ერთობას, თანას-წორობას, ძმობას და სიყვარულს! მშვიდობით ძმაო!..“
________________
1. ავტოგრაფში თარიღი აღნიშნულია: 1907 წ. 7 სექტემბერი. დაბეჭდილში: 1907 წ. 8 სექტემბერი, ქ. თბილისი.
![]() |
3.45.4 დამარხვა |
▲ზევით დაბრუნება |
სიცოცხლეში რა ვიცით?
მტრობა, გმობა, ყვედრება!
მაგრამ დამარხვაში-კი
ვერავინ შეგვედრება:
გავიგონებთ თუ არა,
მოკვდა „ესე და ესო“,
ცოცხლებში ვეღარ ვხედავთ
იმაზე უკეთესსო!
ვეპოტინებით ზეცას,
ვაბნელებთ მზეს და მთვარეს
და შავ სუდარში ვახვევთ
მთელ საქართველოს მხარეს!
დეპეშა დეპეშებზე
მოდის გახურებული!
ხორა-ხორა ეგება
გვირგვინების კრებული!!
გადაქცეული სიტყვად,
ვასაქსაქებთ ენასა,
და მით ვსცდილობთ ჩვენივე
თავის გამოჩენასა!
მაგრამ რომ გავათავებთ,
დავმარხავთ მიცვალებულს,
მივსდგებით ისევ ცოცხლებს
და მით ვიოხებთ ჩვენ გულს.
არ ვზოგავთ მოღვაწეებს,
აბუჩად აგდებულსა,
და თუ მოკვდენ, გავმართავთ
დამარხვას დიდებულსა!
დიაღ! ქართველ მოღვაწეს
ყველას თვალში ვამცირებთ:
სიცოცხლეში ვატირებთ!
რომ მოკვდება - ვიტირებთ!
1907 წ., 21 სექტემბერი,
ქუთაისი.
დამარხვა (I, 756). დაწერის თარიღი 1907 წ. 21 სექტემბერი, ქუთაისი.1 პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- თემი 1915 წ. 8 მარტი №209 (არის ფაქსიმილე). -
__________________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია თემში.
![]() |
3.45.5 ნადირობა |
▲ზევით დაბრუნება |
გლეხი შეუყვა წყლის პირსა,
თევზების დასაჭერადა;
ბადე რამდენიც ესროლა,
ერთიც არ მოხვდა ღერადა!
იფიქრა: სწორედ თვალი მკრეს!
ვინ შემხვდა? ვინ გამღალაო,
რომ დრო ამდენი დავკარგე,
დავსველდი ალა-ალაო...
დღეს აღარ მომდის „დუ-შაში“,
იყავნ მაცხოვრის ნებაო -
და მიჯობს, ტყვილა მოცდენას,
უკანვე დაბრუნებაო.
სხვა მონადირე წინ შეხვდა,
შინისკენ დაბრუნებული;
მთელი ხირხალი მოჰქონდა
ასხმული, აკიდებული.
უთხრა: „მომცდარხარ, ძმობილო,
მე გაგისწარი ფეხადო;
რაც დავიჭირე მეყოფა
საქებრად... დასაკვეხადო.
„და ახალ ნანადირევზე
შენ რაღას დაიჭერდიო,
რაც ტყვილად არ იტყაპუნე
და დაისველე გვერდიო.
„მაგრე ნუ სწუხარ მაგაზე
და ნურც ჩაიგდებ ნურადო.
ნანადირევი ღვთისაა,
მოდი, გავიყოთ ძმურადო!“
დაჯდენ აქავე წყლის პირად,
ცეცხლი დაანთეს კვესითა;
შამფურზე თევზებს აგებდენ
რიგ-რიგადა და წესითა.
თან წამოეღოთ საგზალი;
გახსნეს მათ გუდა ხელადა, -
ამოალაგეს პურები
და ღვინით სავსე ხელადა.
თავზე წაადგათ თავადი,
უთხრა: - „რას შვრებით მაგასო?
ხვალვე გიჩივლებთ ორივეს,
გიჩვენებთ ვირის ბაგასო!
„ეგ საკალმახე ჩემია
და მე მეკუთვნის ერთსაო...
რომ შემოსულხართ ქურდულად,
აღარ უყურებთ ღმერთსაო?
ნუთუ ახალმა-თაობამ
ეგეც-კი დაგიწესათო,
რომ, სადაც ნახოთ, იქ მომკოთ
სხვისი... სხვის დასაკვნესადო?“
გლეხებმა უთხრეს სიცილით:
„რას ამბობ საეჭველადო?
ის დრო წავიდა! - ვერ ნახავ
მას, რაც გინახავს ძველადო.
„მიწა და წყალი ღვთისაა,
უფლისგან გაჩენილიო;
რად ისაკუთრებს მათ მარტო
ვინმე ადამის შვილიო?
„რაც თევზი წყალში ყოფილა,
დღემდი შენ დაგიჭერია;
დღეს-კი ჩვენც ვისვრით ბადესა,
ახლა-კი ჩვენი ჯერია.
„იკურთხოს მუშის მარჯვენა! -
ქვეყნად არსებობს შრომაო!
პურს ვეღარ აჭმევს ვერავის
უსაქმოდ სახლში ჯდომაო.
„გვერდში მოგვიჯექ, ღვთის მადლსა,
სჯობს, ერთად ვსჭამოთ პურიო!
აწ ერთმანეთში შეგვშვენის
ჩვენ სამსახური ძმურიო“.
ჩაფიქრდა გულში ბატონი,
სთქვა: - რას მოვესწარ ამასო?
საუკადრისოდ აღარ ვსთვლი
გლეხებთან პურის ჭამასო!
გვერდში მოუჯდა ნაყმევებს.
პირი რომ ჩაიტკბანურა,
ხელი გადისვა ულვაშზე,
წვერები გააცმაცურა
და დაიძახა: - აღარ მრწამს
აღარც მე ბატონ-ყმობაო!..
მას თურმე კი სჯობნებია
თანასწორობა-ძმობაო!
დასძახეს „მრავალ-ჟამიერ“
გლეხებმა მაშინ გულითა,
და სადღეგრძელოს თავადის
არაკრაკებდენ კულითა.
აღარც ბატონი!.. აღარც ყმა!
თავადს ეს ეცინებოდა,
და გლეხურ „მრავალ-ჟამიერს“
ტკბილად ბანს ეუბნებოდა.
[1907 წ.]
ნადირობა (I, 758). დაიბეჭდა 1907 წელს.
- ნაკადული მოზრდილთათვის 1907 წ. ნოემბერი №11. -
![]() |
3.45.6 სიბერე და სიყმაწვილე |
▲ზევით დაბრუნება |
გულგატეხილო სიბერევ!
სხვაა ყმაწვილის ბუნება:
იმას ადვილი ჰგონია
ხმელეთის გადაბრუნება.
სხვების საგმირო ამბავი,
თუ სადმე გაუგონია,
ჩალადაც არ მიაჩნია!..
თავი გმირი-კი ჰგონია!!.
რა ქნას? ძვალ-რბილში გამჯდარსა,
ვერ გადუდგება რწმენასა.
ნუ ჰფიქრობ გადააჯერო!..
ტყვილა დაჰღალავ ენასა!..
მხოლოდ ზამთარი გააქრობს,
დაზრავს ზაფხულის მწვანილსა!
მხოლოდ ისევ დრო შეზღუდავს
ოცნებას, დროს მოტანილსა!..
დრო სიზმარივით გაირბენს,
შემოეპარვის ჭაღარა,
და რაც მას წინეთ ეგონა,
ის არ იქნება! აღარა!
ტვირთს დასჯერდება ნაკლებსა.
დიდს აღარ შეეცილება,
რადგან გვირგვინად დაედგმის
მას თავზე გამოცდილება.
და ბევრნახულო. სიბერევ,
რად სძრახავ სიყმაწვილესა?
დღეს იმას ხმარობ შენც მკაში,
რაც სიყმაწვილემ გილესა!
[1907-8 წ.]
სიბერე და სიყმაწვილე (I. 761). დაწერილია არა უგვიანეს 1907-8 წ.1 დაიბეჭდა 1911 წელს.
- განათლება 1911 წ. მაისი №5. || ავტოგრაფი XVIII,13. -
___________
1. შენიშვნა 455-462, 640, 642, 646-653, 696 697, 873 და 874 ლექსების თარიღის შესახებ.
ოცდაორი ლექსი, რომლებიც აქ მოყვანილ სიაში აღნიშნული გვაქვს ნომრებით: 455, 456, 457, 458, 459, 460, 461, 462, 640, 642, 646, 647, 648, 649, 650, 651, 652, 653, 696, 697, 873 და 874, - მოთავსებულია აკაკის მიერ გადაწერილ რვეულში - XVIII ავტოგრაფში. ეს რვეული. პოეტს სჩანს გადაუწერია 1907-8 წლებში. რვეული პოეტს გადაუცია ჟურნალ ნაკადულის განკარგულებაში 1908 წლის პირველ ნახევარში (- ამ რვეულიდან იბეჭდებოდა ლექსები ჟურნალ ნაკადულში 1908 წლის ივლისიდან - 1909 წლის თებერვლამდე). ხოლო შემდეგ, როდესაც საბავშვო ლექსების ციკლი დაიბეჭდა ჟურნალ ნაკადულში, ამავე რვეულის მიხედვით იბეჭდებოდა ლექსები ჟურნალ განათლებაში (1910 წლის იანვრიდან - 1911 წლის მაისამდე). ამრიგად დასახელებული ლექსები, რომლებიც გამოქვეყნდა 1908 წლიდან 1911 წლამდე, სჩანს დაწერილია დაახლოვებით 1907-1908 წლებში, ანუ უფრო ზუსტად არა უგვიანეს 1907-1908 წლებისა (ყოველ შემთხვევაში არა უგვიანეს 1908 წლის ივლისისა).
![]() |
3.45.7 საუნჯე |
▲ზევით დაბრუნება |
ერთი „მაქვს“ სჯობს ათასს „მქონდას“,
ჭკუას უთქვამს, გულს უგრძვნია, მ
აგრამ ეს თქმა მოხუცებას
სანუგეშოდ ვერ უცვნია:
ჩხირკედელობს, თავს იტყუებს,
ჰზრუნავს, შფოთავს, ჰკვნესის, ოხრავს.
მაგრამ ამით რას გაიტანს?
ის უკბილო რაღას მოჰხრავს?
რაც სახორცო სიყმაწვილით
შეძენილი მას ჰქონია,
საიქაოს ვერ წაიღებს
და თავისი ნუ ჰგონია!
მხოლოდ რაც-კი შრომა-ცოდნას
შეაქვს ჭკუის სალაროში,
თან ეხლება განუყრელად,
ვერ დაჰკარგავს ვერას დროში!
ის წარსულიც აწმყოშია
და ნუგეშს-სცემს მოხუცებულს,
მოიმედეს მომავლისას,
როგორც თაფლი დაუტკბობს გულს.
მაგრამ მაინც ერთი „მაქვს“ სჯობს
ათასს „მქონდას“ გადასულსა;
რაც გამქრალა, ვეღარ არგებს
ვეღარც ხორცს და ვეღარც სულსა!
[1907-8 წ.]
საუნჯე (I, 762). დაწერილია არა უგვიანეს 1907-8 წ. დაიბეჭდა 1910 წელს.
- განათლება 1910 წ. ივნისი № 6. || ავტოგრაფი XVIII,15. || ავტოგრაფი XVIII,20. (მნიშვნელოვანს სტილისტიურ განსხვავებებს შეიცავს). -
![]() |
3.45.8 გადარჯულებული |
▲ზევით დაბრუნება |
ნეტავ ეს ქალი ვინ არის,
და რომელ ეროვნებისა,
სამშობლოს დამწუნებელი,
მორწმუნე სხვების მცნებისა?
ამბობენ: ქართველი იყო
მაგისი დედაც, მამაცა,
მაგრამ არ მჯერა! - ღვთის მადლსა,
ნუ მეუბნები! დამაცა!..
სად გამოზრდილა, რომ ჰფიქრობს
ია და ვარდის ფენასა
მით, რომ უარჰყოფს სამშობლოს,
ივიწყებს დედა-ენასა?
სკვითია და სკვითს გაჰყვება,
რაღა თქმა უნდა მაგასა?!
და ბედაურის სანაცვლოდ
ჯორს დასვამს ვირის ბაგასა!..
აი, რა ვუთხრა მე მაგისს
უკუღმართ შემქმნელ-მშობელსა,
ჩვენი სამშობლოს გამომხვრელს
და სკვითის მახარობელსა!..
[1907-8 წ.]
გადარჯულებული (I, 763). დაწერილი არა უგვიანეს 1907-1908 წ. პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XVIII,16. -
![]() |
3.45.9 მოხუცი და ახალგაზრდა |
▲ზევით დაბრუნება |
მოხუცო, რად ჰქექ ნაცარსა?
ცივი და დაფერფლილია!
მაგრამ, გეტყობა, წარსულსაც,
რომ მოიგონებ, ტკბილია?!
მაგ უნაყოფოს უსაქმოდ
რად მოჯდომიხარ კერასა?
ლამის გადაჰყვე ოცნებით
გატეხილ გულის ძგერასა.
გვიჯობს, წავიდეთ სხვის სახლში,
მივუჯდეთ სხვების კერასა!..
იქ შევუერთებთ ჩვენსასაც
იმათ ტკბილ ბედისწერასა!..
- შვილო, მაგგვარად ვინცა სჯის,
გამოუცდელი... ხამია!
არ მოსცხებია ტალახი,
ჯერ მწარე არ უჭამია.
სხვაგან რომ მიხვალ, სად მიხვალ
უგნურის სიხარულითა?
ვინ ნახა დედინაცვალი
მშობლიურ სიყვარულითა?
თავ-თავისი ჰყავს სუყველას;
შენთვის-კი შენიანია.
ამას გვიმტკიცებს ცხოვრება...
გვიმტკიცებს დიდი ხანია.
რას გარგებს, სხვისას გადაჰყვე
შორეულ ბედისწერასა?
სჯობს დაუბრუნდე ისევე
შენს მირულებულ კერასა!
ძველ ნაცეცხლურზე მივიდეთ,
ერთად გავქექოთ ნაცარი,
მე საიმედოდ მომავლის
აქ მეგულება, რაც არი.
მერწმუნე, გული ამ ნაცრის
ჯერ თბილად შენახულია,
და ნაკვერჩხალი ობოლი
აქ კიდევ დამალულია.
ის გამოვიღოთ, დავბეროთ,
ცეცხლი დავანთოთ ახალი,
რომ ნაკვერჩხლები გვათბობდენ
და გვინათებდეს ჩვენ ალი!..
[1907-8 წ.]
მოხუცი და ახალგაზრდა (I, 764). დაწერილია არა უგვიანეს 1907-1908 წ. დაიბეჭდა 1910 წელს.
- განათლება 1910 წ. მაისი №5. || ავტოგრაფი XVIII,7. -
![]() |
3.45.10 ბაასი |
▲ზევით დაბრუნება |
გული და კუჭი შეიბნენ,
შეექმნათ დიდი ბაასი;
გულმა რომ უთხრა ასისა,
კუჭმა მიუგო ათასი.
გულმა სთქვა: „წმინდა ბროლი ვარ,
ბუდე ვარ სიყვარულისა;
კაცის ამყვანი ზეცამდი
და მნათე მისის სულისა!
„წარმომშობი ვარ სიცილის,
ტირილიც ჩემი მონაა;
ჩვენი ცხოვრების მწარ-ტკბილი
ჩემი ზომა და წონაა.
„რუსთველმა მაქო და მისი
ნათქვამი ყველა დიდია:
„უგულო კაცი ვერ კაცობს,
კაცთაგან განაკიდია!“
კუჭმა მიუგო სიცილით:
„რაც სთქვი, სულ მართალიაო,
მაგრამ უჩემოდ კი ყველა,
გარწმუნებ, ტყუილიაო.
„ჩვენი ცხოვრების ჭახრაკი
არის პირველად პურიო,
და მიუპყრია ქვეყანას
მისკენ თვალი და ყურიო!“
[1907-8 წ.]
ბაასი (I, 766) დაწერილია არა უგვიანეს 1907-1908 წ. პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XVIII,19. -
![]() |
3.45.11 დედ-მამა |
▲ზევით დაბრუნება |
ღარიბ დედ-მამამ სკოლაში
შვილი რომ მიაბარესა,
ცას მისწვდენ სიხარულითა,
მოევლენ მზე და მთვარესა.
ჭამა-სმას უკლეს საწყლებმა,
ტანზე იცვამდენ ძველასა
და იშოვნიდენ რასაც-კი,
შვილს ახმარებდენ ყველასა.
ჰფიქრობდენ: გამოიზრდება,
გაიკვლევს გზას და კვალსაო;
ჩვენს სიბერესაც მოჰხედავს,
არ დაივიწყებს ვალსაო.
მაგრამ დაჰბერა გრიგალმა,
გზა დაუბნია ყველასა!..
თავისთვის არვინ ჰფიქრობდა,
სხვებს უპირებდა შველასა!
შვილიც გავიდა სკოლიდან,
წავიდა სოფლით-სოფლადა;
თვალცრემლიანი დედ-მამა
მარტო დააგდო ობლადა.
მაგრამ დედ-მამა მაინც-კი
ევედრებოდა უფალსა;
„შენ შეეწიე, უფალო!
ნუ გაამტყუნებ მართალსა!“
[1907-8 წ.]
დედ-მამა (I, 767). დაწერილია არა უგვიანეს 1907-1908 წ. დაიბეჭდა 1910 წელს.
- განათლება 1910 წ. სექტემბერი №7. || ავტოგრაფი I.34 (სათაურით: „მოძრაობის დროს“). || ავტოგრაფი XVIII,22. -
![]() |
3.45.12 რამ გამოიწვია „ვეფხის-ტყაოსანი“ |
▲ზევით დაბრუნება |
(ლეგენდა)
შუქურ-ვარსკვლავის ჭირიმე,
რა მოკიაფე რამ არი?!
თურმე მის შუქზე რუსთაველს
წერილებს სწერდა თამარი.
ერთხელ მისწერა: „მგოსანო,
შენ იცი გულში ნადები.
ერთხელ ვშობილვარ, მეორედ
აწ ვეღარ დავიბადები.
შემყვარებიხარ ერთხელ და,
ხომ სიყვარულიც ერთია?
და სადაც სიყვარულია,
იქ სიწმინდეა!.. ღმერთია!..
ნუ ჰფიქრობ დავმონებოდე
ქვეყნიურ ქვენა ვნებასა!
რაც არ შემფერის გავსტეხო,
მე თავს არ მივსცემ ნებასა.
მიყვარხარ, გრძნობით მაღალო,
მიყვარხარ აღმაფრენითა,
მიყვარხარ იმ სიყვარულით,
რომ აღარ ითქმის ენითა.
მინდა გიჭვრეტდე, გისმენდე,
ვგრძნობდე: ხარ ჩემთან მახლობლად.
სულით და გულით მსხვერპლი ვარ,
სხვა რაღა მრჩება ამ სოფლად?
მეფე ვარ. ვინ არა ჰფიქრობს
ჩემსა მონება-ხლებასა?
და ჩემი გულის მოგებით
პირადად ამაღლებასა?
ერთად-ერთი ხარ მხოლოდ შენ,
არ მისდევ სოფლის ზრახვასა
განზრახ გაურბის სასახლეს
და მიგვიანებ ნახვასა.
მგოსანო, თუმცა მეფე ვარ,
გრძნობა-კი პოეტურია,
და მეც შენსავით ქვეყნისთვის
მხოლოდ სიკეთე მწყურია!
მარტო ვზი, ვეღარ გავუძელ
უწყალო გულის ძგერასა;
წარმოგიდგინე ოცნებით
და ხელი მივჰყავ წერასა.
მინდა რომ გაგიზიარო
საქვეყნო ჩემი ზრახვები,
და ის აჯობებს საქმისთვის,
რაც ხშირად დამენახვები!
არ მინდა ისე გიბრძანო,
როგორც მსახურს და მონასა!..
როცა გიყურებ და გისმენ,
თითქოს ვკრეფ ვარდის კონასა!
თუმც შენი სიტყვა-პასუხი
ფარ-გვარად დაფარულია,
მაგრამ იქ, გატყობ, მგოსანო,
სამშობლოს სიყვარულია!..
და სადაც სიყვარულია,
იქ, უეჭველად, ღმერთია..
და, როგორც ღმერთი, სამშობლოც
ერთია... ერთად-ერთია.
მაშ მოდი, ჩემო მგოსანო,
ხელი ხელს მივსცეთ, გულს გული;
ვარდი დავთესოთ ქვეყნისთვის
და ზედ ვამღეროთ ბულბული!“
რუსთველმა გაოცებულმა
გულში ჩაიკრა წერილი
და გადაჰკოცნა ხელი მან,
ოცნებით გამოშვერილი.
მერე მიუჯდა მაგიდას,
ხელჰყო პასუხის წერასა,
და უთანხმებდა სიტყვებსაც
გულის უმანკო ძგერასა:
„ვარსკვლავსა მოსხივცისკარეს
სხივები მოუფენია!..
თუ არ თაყვანი ღვთიური,
მაშ მე სხვა რაღა მრჩენია?
მეფეო, მიწვევ სათქმელად,
რაც დღემდი გულში მდებია
და საიდუმლოდ შორს ბნედით
ცეცხლივით წამკიდებია!
როგორც მზე, მაღლით ბრწყინვალე,
შუქს აძლევს ღამით მთვარესა
და ასულდგმულებს, ათბობს-რა,
ცოცხალ-მკვდარ არემარესა,
ისე შენც მაღლით უნათებ
ჩემ საწყალ გრძნობა-გონებას
და მგოსანს, აღფრთოვანებულს,
ავიწყებიებ მონებას.
და საპასუხოდ სამეფოდ
რა შეუძლია სხვა მგოსანს?
ალეგორულად, გადაკვრით
დაგიწერს „ვეფხის-ტყაოსანს“.
გაშორებული სასახლის,
ველად გაჭრილი ხელადა
დაგსახავს ნესტან-დარეჯნად
და შენს ღირსს - ტარიელადა“.
სთქვა და დასწერა კიდევაც.
თამარ შეამკო ხელადა.
თავი უმიროსს ამსგავსა
და საქართველოს - ელლადა.
[1907-8 წ.]
რამ გამოიწვია ვეფხის-ტყაოსანი (I, 768). დაწერილია არა უგვიანეს 1907-1908 წ. დაიბეჭდა 1911 წელს
- განათლება 1911 წ. იანვარი №1. || ავტოგრაფი XVIII,23. || ავტოგრაფი XXXII,20. -
XXXII-ავტოგრაფში უკანასკნელი სტროფის წინ დამატებულია სტროფი:
„მე მაშინ კარის-კაცები
დამსახვენ ეშმაკ-ვნებულად,
მაგრამ რა მგამა, თუკი შენ
მიწოდებ ზეაგზნებულად!“
![]() |
3.45.13 ურიული მოთქმითი ტირილი საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ახა, ნარინჯო, ნარინჯო,
შე ბროწეულო, იაო,
პირი ზურგისკენ გიქნია,
კისერი მოგგრეხიაო!..1
აღარა ჰყვავი ვარდივით,
რა ფერი დაგდებიაო?
დაგიკრეფია ხელები,
თვალები დაგხუჭვიაო;
მოგელის ბნელი სამარე,
საფლავის კარი ღიაო.
საიდან მოხველ? სად მიხვალ?
ჯერეც ვერ გაგვიგიაო!
ახა, ნარინჯო, ნარინჯო,
შე ბროწეულო, იაო!
მიდიხარ, თუ არ დაგიხვდეს
სამოთხის კარი ღიაო,
დაქრთამე, ფული მიეცი,
თანვე რომ წაგიღიაო,
ღა თუ არ გასჭრას, მაშინ-კი
ეს ცულიც აგიღიაო.
ორივე ერთად კუბოში
შენთვის რომ ჩაგვიწყვიაო:
ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს,
ცულს ყველა შეუძლიაო!
ახა, ნარინჯო, ნარინჯო,
შე ბროწეულო, იაო!
იქ ნახავ იერემიას,
გადაეც გულში ნადები:
ჯერ არ სრულდება არც ერთი
იმისი დანაქადები,
ველით და ველით მესიას,
გვიგვიანდება ვადები,
ორივე ხელით ჯერ ტკბილად
არ გვიჭამია ქადები!..
ნურას დაჰფარავ! მეორედ
ხომ აღარ დაიბადები?
იქაურებსაც გადაეც,
რაც რომ აქ გაგიგიაო!
ახა, ნარინჯო, ნარინჯო,
შე ბროწეულო, იაო!
შეხვდები მოსეს, აარონს,
ილიას, ელისესაო -
უთხარი: არ ვსტეხთ „ძველ აღთქმას“,
რაც რჯულმა დაგვიწესაო;
ვერ ვხედავთ ახალ რჯულებში
იმ ძველზე უკეთესსაო!
გადაგვამტერა ქვეყანა
იმან და დაგვაკვნესაო.
რაც ურიებმა დასთესეს,
ქრისტიანებმა მკესაო
და დაგვრჩენია ნუგეშად
მხოლოდ ქურდული ქესაო.
უთხარი, ნურას დაჰფარავ,
რაც ტანჯვა მიგვიღიაო.
ახა, ნარინჯო, ნარინჯო,
შე ბროწეულო, იაო!
გაბნეული ვართ ყოველგან
სხვადასხვა უცხო მხარესა,
ვერ ვხედავთ იერუსალიმს,
იმის მზეს, მისსა მთვარესა,
ვეღარც ვსჭვრეტთ სოლომონისა
დიდ ტაძარს მოელვარესა,
რჯული გვედება მალამოდ
გულდამწვარ, სისხლმდუღარესა;
უცხო ვართ ყველა ხალხებთან,
ცრემლს ვაქცევთ მუდამ მწარესა!
შეჰვედრე: ტანჯვა გვაკმარონ,
მეტი არ შეგვიძლიაო,
ახა, ნარინჯო, ნარინჯო,
შე ბროწეულო, იაო!
დაგიკრეფია ხელები,
თვალები დაგხუჭვიაო,
აქ დაგრჩენია, რაც გქონდა,
თან ვეღარ წაგიღიაო,
ნაცვლად დაგხვდება იმ ქვეყნად
სამოთხის კარი ღიაო,
და ათასკეცად ის კარგი,
რაც აქ ვერ მიგიღიაო.
ჩვენ-კი მაგ შენმა დაკარგვამ
გულები დაგვისიაო!
მშვიდობით, ახა, ნარინჯო,
შე ბროწეულო, იაო!
[1907-8 წ.]
_______________
1. ებრაელები მკვდარს კისერს უგრეხენ ზურგისაკენ და ნაჯახსა და ფულს თან ჩაატანებენ. [ავტორის შენიშვნა].
ურიული მოთქმითი ტირილი საქართველოში (I, 771). დაწერილია არა უგვიანეს 1907-1908 წ. დაიბეჭდა 1910 წელს.
- განათლება 1910 წ. დეკემბერი №10. || ავტოგრაფი XVIII,24. || ავტოგრაფი XXIII,24 (ზოგიერთ სტილისტიურ ვარიანტს შეიცავს. სათაურია: „ურიული მოთქმითი ტირილი“).
![]() |
3.45.14 ჩაფიქრება |
▲ზევით დაბრუნება |
მეც მივდივარ, შენც მიდიხარ;
გეთხოვები, საქართველო! -
მეც ვსჭკნები და შენცა სჭკნები,
როგორც ზამთრის პირად მდელო.
თვით ბუნების კანონია,
მე რომ დავსჭკნე ვით ფოთოლი,
სამერმისოდ სხვა გამოვა
ჩემი სწორი, ჩემი ტოლი!
მაგრამ შენ, ხევ ცხოვრებისა
და აკვანო მთელი ერის,
მომავალი შავ-ბედითი
სიკვდილის ზარს რად გიმღერის?!
რაც-კი გქონდა სისხლად, ხორცად,
შენაძენი ათას წლობით, -
მთლად მოგიკლა ასმა წელმა
თვალთმაქცურის საძაგლობით.
მოგიხიბლა თვალი, გული;
გიქარგავდა ზედაპირსა,
მაგრამ მითი იმავე დროს,
როგორც ჩრჩილი, ხრწნიდა ძირსა!
და აღარ ხარ, რაც იყავი:
ჰხმები, სჭკნები ნელა-ნელა.
ათასის წლის ჭირნახული
ასმა წელმა მოგინელა.
რაც რომ მტრობამ ვერ დაგაკლო,
ის მოყვრობამ აგისრულა:
სულ ხელის-სმით და „ნანინით“
შენი ძირი გამოხრულა.
შენს წაქცევას და დამხობას
„ასი წელი“ შემოჰყურებს.
შენ წახვალ და სხვა შემოვა,
შენს ნადგომზე ისადგურებს.
მე ის მტანჯავს, ის მაწუხებს
და ის მიხეთქს ასე გულსა,
რომ აღარვინ არ გიყურებს,
მოსარჩენსა ვით სნეულსა!
და, პირიქით, ხელს უწყობენ
მაგ შენს მალე წამოქცევას,
ჰგმობენ წარსულს და ერთპირად
უგზავნიან კრულვა-წყევას.
ამნაირად ჩაიდენენ
მხოლოდ მტრების ხელსაყრელსა,
თავი მოაქვსთ მშრომელ მუშად,
სამშობლოს რომ სჭრიან ყელსა!
რაღა გვეთქმის? რომ კიდეც ვსთქვათ,
სადღა არის, ვინ, გამგონე?
ბრძოლა! ბრძოლა! მაგრამ ვაი!
მიხდილი მაქვს დამჭკნარს ღონე.
და მიტომაც გეთხოვები,
შავ-ბედითო საქართველო!
მაგრამ შენი მაინც სინჯე,
ეგებ მითი თავს უშველო!
გაახილე თვალი! ნუ გრწამს
გარეშემო ვარდი... ია!
სანამ გულში უჩინარად
ჩაგჯდომია ჩრჩილი... ჭია!!
[1907-8 წ.]
ჩაფიქრება (I, 774), დაწერილია 1907-1908 წ. წ.1 პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი I,31. || ავტოგრაფი XXIII,25. (სათაური: „ანდერძი“. ბოლო აკლია). -
_______________
1. ავტოგრაფების კოლექციაში XXIII, კერძოდ ორი ლექსი: „ურიული მოთქმითი ტირილი საქართველოში“ და „ჩაფიქრება“ ერთად არის გადაწერილი. (პირველი ლექსი გადაწერილია თეთრად, შესწორებულია მხოლოდ ერთი სიტყვა; ხოლო მეორე ლექსი წარმოადგენს ნასწორებს შავს). რაკი ლექსი „ურიული მოთქმითი ტირილი საქართველოში“ დაწერილია არა უგვიანეს 1907-8 წლებისა, ლექსი „ჩაფიქრება“ დაახლოვებით ამავე დროსვე უნდა მიეკუთვნოს.
![]() |
3.46 1908 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.46.1 ამოუსვი ნიშადური |
▲ზევით დაბრუნება |
(ჟურნალ „ნიშადური“-სათვის)
ლესე! ლესე ნიშადური!..
ვხედავ, გობი აგივსია.
მოსცხე ყველას გაბედულად,
ამოუსვი, ვინც ღირსია!..
საქართველოს მიწა-წყალი
ჩვენი სისხლით მორწყულია,
და ზედ ჩვენი წინაპრები
მტრისგან მსხვერპლად დაკლულია.
დღეს-კი უნდა ვიღაც მოსულს,
რომ ჩაიგდოს მუქთად ხელში!
სისხლსა გვწოვს და სასიკვდილოდ
დანას გვაჭერს ცხადად ყელში.
ამას უნდა ნიშადური,
რომ აეწვას კუდის-რიკი,
შვილად რას გამოადგება
ჩვენ ქვეყანას ბუში-ტ...?
ჩვენშიც გაჩნდენ აქა-იქა
თვისი ქვეყნის უმადური;
იძახიან: -„სულ ერთია
გარეშე და შინაური!“
გზადაბნეულთ ღმერთადა სწამთ
მხოლოდ კუჭი, მხოლოდ პური!
და, აბა, მათ მოუხდებათ
ამ-თავითვე ნიშადური.
ადრე მტრების მომგერებლად
ჩვენი დედა ზრდიდა შვილებს,
დღეს-კი ყველა მტერს შეჰხარის,
უცინის და უღრეჭს კბილებს.
აბა, იმათ ამოუსვი...
მოუხდებათ ნიშადური.
რომ მით მაინც იგრძნონ რამე
და აეწვასთ... ვითომ ყური!
გასაწყლდა და გაღარიბდა
ჩვენი ხალხი უბედური;
სანუგეშოდ დარჩენია
ერთი მხოლოდ ნიშადური.
და შენც, ჩვენო რედაქტორო,
გაუწიე სამსახური:
ლესე! ლესე გულმოდგინედ!..
მოსცხე ყველას ნიშადური!..
1908 წ., იანვარი,
პეტერბურგი.
ამოუსვი ნიშადური (I, 776). დაწერის თარიღი: 1908 წ., იანვარი, პეტერბურგი.1
- ნიშადური 1908 წ. 20 იანვარი №23. || ავტოგრაფი L - 3/10. -
______________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ნიშადურში.
![]() |
3.46.2 ვინ ვარ? |
▲ზევით დაბრუნება |
გუშინ ყმაწვილი ვიყავ,
და დღეს-კი ბებერი ვარ,
ბევრი არც მაშინ ვიყავ...
დღესაც არაფერი ვარ.
მაგრამ, წარმოიდგინეთ,
რომ მოღვაწედ ვწერივარ!
ზოგს ზეკაციც ვგონივარ,
მაგრამ მე-კი მწერი ვარ!
ვებრძვი ყველას, ქვეყანას,
ცოტასაც არ ვჯერივარ,
მაგრამ რა გამოვიდა,
თურმე თავის მტერი ვარ!..
სიტყვით, აბა, რა არ ვარ?
თითქმის ყველაფერი ვარ!
მაგრამ საქმით-კი ყველგან
ვიღაცა, ოხერი ვარ!..
სადღეგრძელოს ჩემსას სმენ,
და მე-კი მშიერი ვარ!
ყველას გულში ვუზივარ!..
სატრფოს ფეხთა მტვერი ვარ!!
ამისთანა ყოფაში
გინდ ვიყო და გინდ არა!..
ნურც არავინ რამეს მთხოვს
და არც სხვისი მინდა-რა!
1908 წ. იანვარი,
პეტერბურგი.
ვინ ვარ (1, 778). დაწერის თარიღი: 1908 წ. იანვარი, პეტერბურგი1. დაიბეჭდა 1908 წელს.
- ნიშადური 1908 წ. 27 იანვარი №24. || ავტოგრაფი L - 3/19. -
______________
1. დაწერის თარიღი და ადგილი აღნიშნულია ნიშადურში.
![]() |
3.46.3 გლეხის ჩივილი |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვა
ვინა სთქვა საქართველოზე:
ღვთისმშობლის წილხვედრიაო?
ნუ შეშინდები, ქართველო,
თავი ნუ დაგიხრიაო?!
მისი რომ ვიყოთ, მაშინ ჩვენ
ასე რად მოგვიძულებდა?
რად გაგვაძრობდა ხორცზე ტყავს
და სულს რად დაგვიწყლულებდა?
ცოცხლადვე ჯოჯოხეთში ვართ,
ვემორჩილებით ყველასა;
მარჯვნივ მივდივართ თუ მარცხნივ,
ვერსად ვპოულობთ შველასა!
გვითხრეს: მოვიდა, ეს არის,
„ახალი მოძრაობაო“,
უნდა დამტკიცდეს „ერთობა“,
„თანასწორობა“, „ძმობაო“.
რასაც იშრომებთ, თქვენია...
რას ჰქვიან მიწის ღალაო?!
ვინც არ იწამებს ამ მცნებას,
იხმარეთ მაზე ძალაო!
რაც გვითხრეს მქადაგებლებმა,
სუყველა დავიჯერეთო;
გვეგონა მათი ნათქვამი
და გულზე დავიწერეთო.
შინ დავერიეთ ერთმანეთს,
წოდება წოდებასაო;
გვეგონა გადავრჩებოდით
მითი ძველ გოდებასაო.
გავწირეთ თავი... გავბედეთ...
ცოდვაც-კი ჩავიდინეთო;
ზოგან და ზოგან უსჯელად
სისხლიც-კი დავადინეთო.
აღარ ვზოგავდით ერთმანეთს,
ვიკლებდით შინაურებსა -
და თურმე ვახარებდით მტრებს!
ჩვენზე აცქვეტდენ ყურებსა!
მოგვაწყდა მტერი ხმალ-ცეცხლით,
როცა ეს ყველა ნახაო,
და მიიმალნენ ისინიც,
ვინც-კი ჩვენ გაგვაძრახაო.
ზოგს გვაგზავნიდენ, ზოგს სწვავდენ
ზოგს შინვე სჭრიდენ ყელსაო,
და ჩვენი ცოდვა საერთოდ
მოედვა მთა და ველსაო.
ვინა სთქვა საქართველოზე:
ღვთისმშობლის წილხვედრიაო?
მისი რომ ვიყოთ, მაშ მტერმა
როგორღა ჩაგვითრიაო?
პასუხი
ვინ შიში და ვინ ქართველი,
რომ შეუკრთეს ერთსა ჭირსა?
„ჭირსა შინა გამაგრება
ისე უნდა, ვით ქვიტკირსა!“
რომ წარსული შეგესწავლოს
და იცოდე ისტორია,
გაიგებდი, ჩვენს წინაპრებს
თუ რა სისხლი დაუღვრია.
ეროვნება-რჯულისათვის
იგერებდენ ქვეყნის პირსა.
„ჭირსა შინა გამაგრება
ისე უნდა, ვით ქვიტკირსა!“
მათ სატანჯველს, მათ განსაცდელს
ვერ გამოსთქვამს კაცის ენა,
მაგრამ მაინც არ იტეხდენ
გულს!.. ახსოვდათ ღმერთი ზენა.
შედარებით მაშინდელთან
დღევანდელი არად ღირსა.
„ჭირსა შინა გამაგრება
ისე უნდა, ვით ქვიტკირსა!“
მართალია, მოგატყუეს,
აგიბნიეს გზა და კვალი,
მაგრამ მაინც თქვენი არის
სანუგეშო მომავალი,
თუ რომ გულში არ ჩაიდებთ
ერთმანეთის მტრობა-ძვირსა.
„ჭირსა შინა გამაგრება
ისე უნდა, ვით ქვიტკირსა!“
ვინც ამბობს, რომ სულ ერთია
გარეშე და შინაური,
ის მტერია, ან შეშლილი!..
რად მივუგდოთ იმას ყური?..
რა ფასი აქვს იმათ სიტყვას,
ანუ იმათ დანაპირსა?
„ჭირსა შინა გამაგრება
ისე უნდა, ვით ქვიტკირსა!“
ერთად-ერთი სწავლა არის
საშველი და შენი მხსნელი,
სანუგეშოს მომავალში
მისგან, მხოლოდ მისგან ველი!..
ის ასწორებს და აერთებს
გვარიშვილსა და უგვაროს;
დავეწაფოთ ყველა იმას,
ვით ზაფხულში ცივსა წყაროს.
ტყვილა ვსცდებით და ძმა ძმასვე
უსაფუძვლოდ უთხრის ძირსა.
„ჭირსა შინა გამაგრება
ისე უნდა, ვით ქვიტკირსა!“
რკინას ცეცხლი აფოლადებს,
ადამიანს განსაცდელი.
ერთი წავა და სხვა მოვა,
ასე გვიწერს ეს სოფელი.
და მაშ ჭირი დღევანდელი
ნუ გაშინებს, ნურც გიკვირსა...
„ჭირსა შინა გამაგრება
ისე უნდა, ვით ქვიტკირსა!“
[1908 წ.]
გლეხის ჩივილი (I, 779). დაიბეჭდა 1908 წ.
- ნიშადური 1908 წ. 9 მარტი №30. -
![]() |
3.46.4 გაუყრელი მეგობარი |
▲ზევით დაბრუნება |
ახალგაზდა ბიჭი ვიყავ,
რომ მეწვია სიღარიბე;
მოვეწონე მეც მასპინძლად
და მიმაჭრა უცბად ჯიბე.
მითხრა: „კუჭზე არ იფიქრო!..
სიმდიდრეა მხოლოდ გული...
ფულის ნაცვლად შიგ ჩაიდევ
შენი ქვეყნის სიყვარული.
„და იფიქრე მხოლოდ სხვებზე...
იფიქრებენ შენზე სხვები!..
ვინ არის, რომ არ უნდოდეს
გადიხადოს ნასესხები!“
მომეწონა მისი სიტყვა,
რაც მირჩია, გავუგონე:
დავანებე ჩემსას თავი,
შევალიე სხვისას ღონე.
მაგრამ ახლა, რომ დავბერდი,
აღარ ველი დანაპირსა;
შიმშილისგან კბილებ-შეკრულს,
ვეღარ მიხსნის დანა პირსა!
სიღარიბე მაინც კიდევ
სანუგეშოდ მეუბნება:
„თან ჩაგყვები სამარეში!..
იქ მოგველის განსვენება!“
აბა, ამისთანა უნდა
გაუყრელი მეგობარი!
სხვა, ჩემს მეტი, ვერვინ ნახავს,
გინდ გადავლოს მთა და ბარი!
[1908 წ.]
გაუყრელი მეგობარი (I, 783). დაიბეჭდა 1908 წ.
- ნიშადური 1908 წ. 13 მარტი №31. -
![]() |
3.46.5 ჩემს მეგობარს |
▲ზევით დაბრუნება |
დამატკბო შენმა წერილმა,
როგორც ფუტკარმა თაფლითა!
გულში რაც სევდა მებადა,
სულ გამიქარწყლა... დაფლითა.
მეც საპასუხოდ ავიძერ,
მელნად ვიხმარე მალამო!
გულმა, დადგმულმა საწერლად,
მირჩია: ნურას მალამო.
და სულიც მიტომ გიმღერის:
„დღისით მზევ, ღამით მთვარეო,
მოსხივცისკარე მნათობო,
მოციმციმ-მოელვარეო,
მნათეო ჩემის სიბნელის...
სხივები მომაყარეო!..
შენ გამაცოცხლე, შენ მომკალ,
მეაკვან-მესამარეო!..“
მუზა მაყვედრის: „საჩემო
აგებნა გზა და კვალიო!..
მე აღარა ვარ, ის არის
აწ შენი იდეალიო!“
მართალი არის!.. შენა ხარ
ჩემ სიცოცხლეში ყოველი;
შენით ვიგრძენი სიცოცხლე!
სიკვდილსაც შენგან მოველი!
მაგრამ რომ მოვკვდე, გახსოვდეს,
ფეხი დამადგით გულზედა
და ის მეყოფა მე ძეგლად,
დადგმული სიყვარულზედა.
[1908 წ.]
ჩემს მეგობარს (I 784). დაიბეჭდა 1908 წელს.
- ნიშადური 1908 წ. 20 მარტი №33. -
![]() |
3.46.6 მოლექსე |
▲ზევით დაბრუნება |
ვინ არა სწერს ჩვენში ლექსებს?
ვის არ უნდა მოლექსობა?!
მაგრამ ლექსი რა ლექსია,
თუ რომ გულს არ დაესობა?
ლექსს აქვს თავის კანონები
და თავისი საიდუმლო,
იმას კაცი ვერ მისწვდება,
ღორმუცელა და უგულო!
მაგრამ ჩვენში ეს არ ესმისთ,
მიაჩნიათ საადვილოდ.
ქართულს ღეჭვენ... ნაცოხრობენ
უენოდა და უკბილოდ.
გადაჰკვეცენ თავს და ბოლოს,
აამღვრევენ წმინდა-ქართულს.
„აბდა-უბდა, გადასკუპდა“,
ყვავი ჰბაძავს ვითომ ბულბულს...
ახლანდელი მოძრაობა
ვერ ირჯება პატიოსნად,
ეშმაკი და კუდიანი
რომ გამოჰყავს ვითომ მგოსნად.
თუ არ რამე საეშმაკოს,
სხვას ეშმაკი რაღას აქებს?
სადაც ნახავს უწმინდურსა,
გაისწორებს კუდსა და რქებს,
მოსატყუარ-სათვალთმაქცოდ
ხელს მოავლებს წმინდა ჩანგსა,
მაგრამ მისი ნამღერალი
გულზე მოსდებს ყველას ჟანგსა.
ვინ მგოსანი? შენ ეშმაკი?
სად ვერცხლი და ან სად ტყვია?
მაგრამ ჯერ ეს უბრალოც-კი
ჩვენში ზოგს არ შეუტყვია!..
[1908 წ.], მარტი,
პეტერბურგი.
მოლექსე (I, 785). დაწერის თარიღი: [1908 წ.], მარტი, პეტერბურგი.1 დაიბეჭდა 1908 წელს.
- ნიშადური 1908 წ. 3 აპრილი №36. || ავტოგრაფი I,34 ა (სათაურით: „ახალგაზრდა მოლექსეებს“). -
_____________
1. დაწერის თარიღი (მარტი, წელიწადის აღუნიშნავად) და ადგილი აღნიშნულია ნიშადურში.
![]() |
3.46.7 ალთა-ბალთა |
▲ზევით დაბრუნება |
ნუ აიღებ სხვაზე მახვილს,
ნურც უარჰყოფ შენსა ფარსა.
„ნუ დააგდებ ძველსა გზასა,
ნურცა ძველსა მეგობარსა“.
ეს ანდაზა საგულისხმოდ
დაუგდია ჩვენს წინაპრებს,
მაგრამ ცოცხლის რომ არ სჯერათ,
დაუჯერებს ვინღა აწ მკვდრებს?
რას შვრებიან? რას სჩადიან?
რას ეძებენ... ნეტავ რასა?
დარევიან ერთმანეთსა,
უპირებენ გამოხვრასა!..
გლეხს თავადი, თავადს გლეხი,
ერს მღვდელი და მღვდელსაც ერი,
სულ ერთმანეთს გადაჰკიდეს
მოსისხარად, როგორც მტერი.
გამსჭვალული გულწრფელობით,
სასიკვდილოდ თავსა სდებენ,
მაგრამ რისთვის? ან თავისთვის,
ან ქვეყნისთვის რას ეძებენ?
„ზოგი ალთას, ზოგი ბალთას!“
არევიათ გზა და კვალი!..
ავიწყდებათ ახალი გზა,
ძველი გზისკენ მიმავალი!
მართალია, შინ ბევრი გვაქვს
დასაქოლი და წამხდარი,
მაგრამ მათზე ჯერ ადრეა
წუწუნი და საუბარი!..
სანამ მტერი ჩვენ გარეშე
სასიკვდილოდ გვემუქრება,
შინაური ბრძოლა არის
უსუსური უგნურება.
ძაღლი რაა?-პირუტყვია!..
ოთხფეხი რამ მოკლე ჭკუის,
მაგრამ ისიც არა სცდება
ცხოვრებაში, არა სტყუის:
როცა ძაღლებს ერთმანეთში
ჩხუბი მოსდით ყეფა-ღრენით,
კბენენ, ჰგლეჯენ ერთმანეთსა
სიმწარით და სისხლთა დენით,
იმ დროს თუკი თვალი მოჰკრეს
მიმავალსა მათკენ მგელსა,
იმავე წამს ყველა ერთად
აიღებენ ჩხუბზე ხელსა
და მისდევენ ერთად ყველა
იმ გარეშე, საერთო მტერს!..
ყველას ერთი მისწრაფებით
შეთანხმებით გული უძგერს.
და დღევანდელ ქართველებს-კი
აღარა აქვსთ ეს შეგნება,
და სასკვითოდ გადაქმნიათ
მათი გრძნობა და გონება.
[1908 წ.]
ალთა-ბალთა (I, 787). დაიბეჭდა 1908 წელს.
- ნიშადური 1908 წ. 20 აპრილი №40. || ავტოგრაფი L - 3/14 . -
![]() |
3.46.8 ჩემი ჭმუნვა |
▲ზევით დაბრუნება |
ის არ მაშინებს და არც მატირებს,
რომ ირგვლივ მტერი შემოგვხვევია!...
გარეშე მტერთან დავა და ბრძოლა
იმავ თავითვე ქართველს სჩვევია,
და „ჭირსა შინა გამაგრებული -
როგორც ქვიტკირი“ ისე ყოფილა;
აუტანია მას განსაცდელი,
მაგრამ დამხობით არ დამხობილა!
მე ის მაღონებს, დღევანდელ ქართველს
ძველი ანდერძი რომ ავიწყდება,
და ეროვნების მაგარი ციხე
შეუგნებლობით შიგნიდან სტყდება.
მტერი იძახის: „ვინ გაიგონა
ახლანდელ დროში ეროვნებაო?
მხოლოდ ერთია „მუშათ საკითხი“,
გულს დაიბეჭდეთ „მარქსის მცნებაო“!
ამას ჩვენ გვირჩევს და თავისათვის
სულ სხვანაირად გაიყურება:
სცდილობს კისერი მოგვატეხიოს!..
და მით თავისს ერს ემსახურება.
ჩვენს ქართველებს-კი „მეცნიერების
უკანასკნელი სიტყვა“ ჰგონიათ
და მიაჩნიათ ჭეშმარიტებად,
რაც კაჭკაჭივით გაუგონიათ.
მტერსაც ის უნდა: მოტყუებულ ერს
უფრო ადვილად ჩაიგდებს ხელში,
და ღონემიხდილს შინაურ ბრძოლით,
ადვილად, მაგრად წაუჭერს ყელში.
სულს მოიბრუნებს ჩვენს ნაოხარზე...
ჩვენი დაჩაგვრა მისთვის ლხინია!
ყველა მათგანი, სიტყვით ბულბული,
საქმით იგივე ტიმოშკინია!
სიტყვა სხვა არის, საქმე სულ სხვაა,
სხვა უძევსთ გულში მათ დაფარული!
ხრიკია მხოლოდ პოლიტიკური
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“.
მაგრამ არ სჯერათ ეს უბრალო რამ
დღეს მეთაურად გამოსულებსა.
წარსულსა ჰგმობენ და მოელიან
მომავლისაგან სასწაულებსა,
და არ ჰფიქრობენ: ერს თუ წარსულში
ვერ აღუნიშნავს ცხოვრების კვალი
და მისი აწმყოც უვარგისია, -
რაზედ ააგოს მან მომავალი?
მწარე ოცნებით გატაცებულსა
და ჩქარ სურვილით გაკერპებულებს, -
ცარიელ სიტყვით, გინდ ჭეშმარიტით,
ვინ დააჯერებს? ვინ მოარჯულებს?
ბავშვი თუ ჰხედავს მახლობლად თაფლსა,
შეჭმის სურვილით სულწასულია
და არაფრისთვის არ დაგიჯერებს,
რომ ის მტრებისგან მოწამლულია!
და ვაჟკაცი-კი წმინდა თაფლს ეძებს
წინდახედულად, წონით და ზომით,
და, ერთხელც არის, ხელში ჩაიგდებს
შინაურულად, ან ცხარე ომით!
ისვე თაფლია ცხოვრებისათვის
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“,
და ღირს დალიოს იმის ძებნაში
ადამიანმა სული და გული.
დალიოს, მაგრამ წინდახედულად,
აუჩქარებლად, ღირსად და ფრთხილად,
რომ მისი შრომა და მისი ღვაწლი
მის მოძმეებსაც შეერგოს ტკბილად.
იმას არ ეთქმის „ადამიანი“,
ვინც აღიარებს მარტო თავისს ერს,
და სხვა ტომებს-კი ისე შეჰყურებს
ჩასაყლაპავად, როგორც მტერი მტერს.
დეე სუყველამ იბედნიეროს
თვის სამშობლოში... თავის მხარეში,
რომ მოძმე იყონ ერთი-მეორის
და არა მონა, ყმა და ფარეში!
ვისაც არ ესმის ეს წმინდა მცნება
და სხვის დაჩაგვრა გულში აქვს მარად,
უნდა ავიღოთ მაზე მახვილი
და მოვიხმაროთ... მაგრამ-კი ფარად!
ვაი!.. ეს რჩევა დღევანდელ ქართველს
ვერ შეუგნია... არ ეყურება.
ჰგონია თავს დებს სამშობლოსათვის,
და მისვე მტერს-კი ემსახურება.
აი ეს არის მე რომ მაღონებს!
ძველი ანდერძი რად გვავიწყდება?
და ეროვნული ქართული ციხე
შეუგნებლობით შიგნიდან სტყდება.
[1908 წ.]
ჩემი ჭმუნვა (I, 789) დაიბეჭდა 1908 წელს.
- ნიშადური 1908 წ. 4 მაისი №42. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. || ავტოგრაფი L - 3/11. -
![]() |
3.46.9 გამოტეხილი სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ყველაზე პირველ მე ქართველი ვარ,
მერე, თუ გინდა, სხვა გვარი ისტი.
სხვისი თვალითაც არ ვიყურები,
არ გადამკვრია ჩემსაზე ბისტი.
ვხედავ და ვიცი, რაც გვეჭირვება
წყლულზე მალამოდ, მოსაშუშებლად.
არ მრწამს შელოცვა მე შორეული...
რომ ჩემიანი გავსწირო მსხვერპლად.
მთელ საუკუნის ბატონ-მონებამ
დაგვიბორკილა ხელი და ფეხი,
და რჯულთან ერთად ეროვნებასაც
საშვილიშვილოდ თავს დასცა მეხი.
აიმღვრა ჩვენი ცხოვრების წყარო
და აირია მით მონასტერი!..
ვსწყევლი და ვჟუჟავ ავსულსა ბატონს
და იმავე დროს მიწასაც ვსტირი.
გზადაბნეული, როგორც რომ ცხვრები,
მივდივართ, მივხტით, არა გვყავს მწყემსი;
დიდგულას თოფი ზარბაზნად მიგვაჩნს
და დიდ მახვილად პატარა ნემსი.
აღარ დავეძებთ შინაურობას,
სხვებისგან ველით საიმედოს, შორს…
ერთმანეთს ვხოცავთ, ერთმანეთს ვიკლებთ,
დავემსგავსენით „ოთოთაანთ ქორს“.
მტერსაც ეს უნდა! ეს არის მხოლოდ
ბანზე ხელმარჯვედ ბურთის აგდება.
ჩვენ რომ ერთმანეთს ყველა შევაწყდეთ,
ამითი იმას რა დააკლდება?!
არა, ჩვენ უნდა ჩვენი ბორკილი
შეერთებულად ჯერ ავიყაროთ,
და მერე უნდა „ძმობა-ერთობით“
და თანსწორობით ჩვენც გავიხაროთ.
ამას მოითხოვს ჩვენი ცხოვრების
შეუცდომელი გრძნობა-გონება,
და ჯერჯერობით ამას სჯერდება,
ვისაც რწმენა აქვს და გაგონება.
[1908 წ.]
გამოტეხილი სიტყვა (I, 792). დაწერილია 1908 წლის ახლო ხანებში.1 ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი I,2. -
____________
1. ლექსი თავისი შინაარსით ეხმაურება ამდროინდელ ლექსებს.
![]() |
3.46.10 „ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“ |
▲ზევით დაბრუნება |
მსურს რომ ქვეყანა გულში მივიკრა
და გახსნილი მაქვს ყველასთვის გული!..
დაბადებიდან თან ჩამესახა:
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“.
მაგრამ მერე რა? ვიღას-ღა უნდა
„ძმობა“, ერთობა“ და „სიყვარული“?
დღეს სუყველგანა და ყველასათვის
კუჭია მხოლოდ გამეფებული.
ძალმომრეობა და მტაცებლობა
კანონი არის და სამართალი.
ვინც დამარცხდება - ის მტყუანია,
ვინც გაიმარჯვებს - ის-კი მართალი!
აი, ხომ ხედავთ, ჩემზე რომ მოდის?
სახლიკაცია და მეზობელი...
უნდა ჩემ სახლ-კარს დაეპატრონოს
და ზედ დამაკლას ჩემი მშობელი.
ნუთუ სკვითი-კი არ მეყოფოდა,
ახლა რომ მოდის კიდევ სხვა მეხი?
ჩემს მიწა-წყალზე ჰსურს დაესახლოს
და მოიმაგროს სამკვიდროდ ფეხი!
ვხედავ, ვუყურებ, მაგრამ მე მარტოს
არ მაქვს საბრძოლი ძალი და ღონე...
ვიწვევ მოძმეებს დაუფარავად,
და არვინ არის მათში გამგონე.
მაშ რას მიშველის გულგახსნილობა,
დამშვიდებული რომ არ მაქვს სული,
და რად ვატარო? ვისთვის და რისთვის,
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“?
[1908 წ.]
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“ (I, 794). დაიბეჭდა 1908 წელს.
- ნიშადური 1908 წ. 11 მაისი №43. || სამშობლო 1915 წ. 8 ივნისი № 9. -
![]() |
3.46.11 ჩემი სახე |
▲ზევით დაბრუნება |
ვარდზე დავმღერდი, მძორზე ვჩხაოდი;
ხან ყვავი ვიყავ და ხან ბულბული.
ხან ნაღვლით მქონდა გამოჟღენთილი
და ხან-კი თაფლით მე სავსე გული.
სულ გაზაფხული სად გაგონილა?
განა იშლება ყოველთვის ვარდი?
ცხოვრებაშიაც ერთს ჩვენ სიხარულს
თან მოსდევს ხოლმე ათასი დარდი.
და მეც იმიტომ უფრო ვჩხაოდი!..
ათასში ერთხელ თუ მისტვენია!!
მაგრამ იმ დროს-კი მსმენელებისთვის
ია და ვარდი დამიფენია!..
გამიქრა ის დრო და მას თან გაჰყვა
გაზაფხულიცა ჩემი ნარნარი.
სიბერემ თავში ჩამიკაკუნა,
დამიდგა ბედკრულს ცივი ზამთარი:
არც გაზაფხული! აღარც ბულბული!..
ჩემ თავზე ვჩხავი!.. მცივა და მშია!
მხოლოდ წარსული კი დამრჩენია,
მაგრამ აწმყოში რა ნუგეშია?
[1908 წ.]
ჩემი სახე (I, 795). დაიბეჭდა 1908 წელს.
- ნიშადური 1908 წ. 18 მაისი №44. || ავტოგრაფი L - 3/9. -
![]() |
3.46.12 პეტერბურგი |
▲ზევით დაბრუნება |
ზაფხულში სულ დღე, ზამთარში - ღამე,
გარეთ სიცივე, სახლში უგარი!..
ვეღარც შინ რჩები, ვერც სად მიდიხარ!..
ქუჩებში თოვლი, ბუქი და ქარი!..
ღვინო არ მოდის, წყალს სვამ ნადუღარს,
ხორცი და პური გაყინულია,
მაგრამ ესეც რომ მამასისხლად ღირს?..
სიცოცხლე სწორედ მოწამლულია!
სხვა უკეთესი მხარე ვერ ნახეს,
ამდენი ხალხი რომ აქ შეყრილა?
რას დაეძებენ? რას აკეთებენ?
სჩანს, „გასცვეთია სუყველას ლილა“.
როგორც ჭინჭვლები დაფუსფუსებენ;
სუყველა ტკბილად მოუბარია,
მაგრამ მართალი ერთიც არ არის,
ერთი-მეორის მატყუარია!
მიხვალ ბირჟაზე, ზრიალი გააქვსთ:
ა ეს აქცია! ა ის აქცია!..
თუ გაგაბრიყვეს და გაყიდვიეს,
მაშინ იქნება, აბა, „აქცია“.
თუ რამ საქმე გაქვს სამსჯავროებში
და კანონიერ სამართალს ელი;
ტყვილად მოსცდები! ვერრას გახდები,
თუ თან არ მიგყვა პორტმონე სქელი.
და მინისტრებიც, ეს ხალხის მტრებიც,
წვრილ ჩინოვნიკებს ემყარებიან! -
ჰსურსთ გარეგნობით გაგაყეყეჩონ,
ინდაურივით იბერებიან!..
წახვალ „დუმაში“, მაგრამ რას ჰხედავ!
მართლა რომ დუმა - საკურკლეთია!..
უსამართლობას აქაც სიმართლე
დაუგლეჯია... დაუფლეთია!
ერთი სხვას ამბობს, მეორე სულ სხვას;
აქ ბაბილონის გოდოლს აგებენ!..
ძირს!.. - ძირს, ჭკვიანო!.. ტყულა ნუ სცდები,
პურიშკევიჩებს მხოლოდ აქებენ!
გულდაწყვეტილი, გულგახეთქილი
გამობრუნდები, არ იცი რა ქმნა?
და მიაშურებ საითმე თეატრს,
ჰფიქრობ, იქ არის ერთად-ერთი ხსნა,
დროს გაატარებ, აქ დაგიხვდება
გეტე, შილერი ანუ შექსპირი,
მაგრამ გამოდის ვიღაც ახმახი...
ისე ღრიალებს, როგორც რომ ვირი.
როგორც ეტყობათ, აქ ხელოვნებაც
სხვაგვარად ესმისთ... თავისებურად!..
რა ენაღვლებათ, ფულებს იღებენ
და მოთამაშე სცხოვრობს მეფურად.
რომ აღარ იცი, სადღა წახვიდე!..
გინდა თუ არა, ჩადგები ვალში,
და ფაცა-ფუცით, ფეხის აყოლით,
შენც მიაშურებ სადითმე ბალში.
დაგხვდება ბალი გაჩაღებული,
ხალხი მრავალი... უთვალავადა,
კაცი ქალისთვის, ქალი კაცისთვის
სახუნტრუცოდ და სანახავადა.
კაცებს ფრაკიანს, ქალებს ხრაკიანს
ჰხედავ, არ მოგწონს მათში არც ერთი;
თითქოს მიდიან აბანოშიო,
მოუტვლეპიათ ქალებს გულ-მკერდი.
დეკოლტე მათი იქ გათავდება,
სადაც იწყება მეორე ზურგი.
ოხრად აყრიათ ბრილიანტები,
მაგრამ რად გინდათ? სუყველა ურგი!..
ცხვირით ცას ყნოსვენ, თვალები ჩიჩხი,
თმა ნასესხები, უწარბ-წამწამო!..
რომ რამე უთხრათ, არ დაგაცლიან,
მოგაძახებენ: „წამო და წამო!“
აი, დასწყევლოს ჩემმა გამჩენმა
მათი ალერსი რაღაც ქაჯური
და მათთან ერთად სუყოვლიფერი,
რაც-კი მინახავს მე აქაური.
ბუნებით მდიდარს, ცხოვრებით ღარიბს,
სხვა მხარე ვერ სჯობს ჩვენს საქართველოს,
და მიტომაც ვსვამ მე წრფელის გულით
საშვილიშვილო მის სადღეგრძელოს.
იცი, რასაც სვამ, იცი, რასაც სჭამ,
ბუნებრივია იქ ყოვლიფერი,
ცოტას სჯერდები, კმაყოფილი ხარ
და არაოდეს არ ხარ მშიერი.
წყალი წყაროსი, ნუნუა ტკბილი,
კარგი ლობიო და ცხელი მჭადი;
ბეჭი საწებლით, ჩახოხბილები,
ზუთხი, კალმახი და სუკის მწვადი.
იქ თვითეული ამათთაგანი
კუჭისთვის მარგი, გემრიელია.
იყოს წყეული!.. რად გინდა ფული?
თუ ეს ყველა არ შემოგელია!
ნახავ ქართველ ქალს, ვერ აშორებ თვალს,
ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ლამაზია!..
იმის ერთ კოცნას შესწირავ სრულად,
შენი რომ იყოს მთელი აზია!
არც დეკოლტები, არც ბრილიანტი
და არც მაცდური რამ ხელოვნება,
ყოველთვის, ყველგან, ყოველ ადგილზე
მარტივობაა მხოლოდ ბუნება.
იქ ქალი ქალს ჰგავს და კაცი - კაცსა,
აქ-კი ორივე არეულია,
და საზომადაც გრძნობა-გონების
მხოლოდ ფულია!.. ყველგან ფულია!
და რაღა ვაქო ამ ცივ ქვეყანას,
რომ ვერ ვნახე-რა მე აქ საქები?
ვირი ყოველთვის ვირად დარჩება,
გინდ გაუკეთო მას ირმის რქები.
[1908 წ.]
პეტერბურგი (I, 796). დაიბეჭდა 1908 წელს.
- ნიშადური 1908 წ. 1 ივნისი №46. || ავტოგრაფი L - 3/9. -
![]() |
3.46.13 ბედნიერი მოხუცი |
▲ზევით დაბრუნება |
„გულის სიმდიდრე, სულის სიმაღლე,
სულ ტყუილია... სიტყვის მასალა!“
ნურავინ ამბობს! ვერ დამაჯერებს,
რომ კუჭსა ჰქონდეს ერთად-ერთს ძალა.
ვნახე მოხუცი, მადლშემოსილი,
რომ გლახაკივით დაჰჩანჩალობდა;
მშიერ-მწყურვალი, შიშველ-ტიტველი,
გამორეული სხვებში, წვალობდა.
მაგრამ მის სახეს, ნათელმოსილსა,
ტკბილი ღიმილი არ შორდებოდა!
იმისი სიტყვა, მისი პასუხი
ყველას, როგორღაც, გულში ჰხვდებოდა.
ვერავინ ვნახე მისი უცნობი,
ახდილი ჰქონდა ყველასთან ფარდა;
პირში აქებდენ, ზურგს უკან ჰგმობდენ,
სუყველას სძულდა და თან უყვარდა.
გავკვირდი. ცნობის-მოყვარეობამ
გამომაფხიზლა და ამიტანა:
თუ სძულთ, რად უყვართ? თუ უყვართ, რად სძულთ?
მსურდა შემეტყო ეს გამოცანა.
ვკითხე: „მოხუცო, ვინ ხარ, მითხარი!
მე გზა და კვალი შენი ვერ ვსცანი“.
მან შემომხედა, ღიმილით მითხრა:
„ვინ უნდა ვიყო? მე ვარ მგოსანი.
„არაფრად მიჩანს ქვეყნის დიდება,
კუჭს არ ვაღმერთებ! თაყვანს-ვსცემ გულსა,
და ვუგალობებ მე „თანსწორობას“,
„ძმობას“, „ერთობას“ და „სიყვარულსა“.
„თუმც ჯერ-ჯერობით ამ ჩემ გალობას
არ ეთანხმება უმეტესობა
და ზოგს იმათგანს, კუჭის მიმდევარს,
სიტყვები გულზე ეკლად ესობა, -
მაგრამ მოვა დრო, ის სანეტარო,
როცა გაიგებს სუყველა მართალს,
და მაშინ მხოლოდ ლოცვა-კურთხევით
მოიგონებენ ჩემს გზასა და კვალს“.
- კი, მაგრამ როდის? რომ არ იქნება
შენი არც ძვალი და აღარც რბილი?
- „მე აწმყოში ვგრძნობ იმ მომავალსა,
და მით მექმნება სიკვდილი ტკბილი!“
ეს მიპასუხა აქვე დამტკბარმა
წმინდა, უბიწო მისის ოცნებით,
და მაშინ მეც ვსთქვი: ნეტავი იმას,
ვინც სცხოვრობს ქვეყნად პატიოსნებით.
[1908 წ.]
ბედნიერი მოხუცი (I, 800). დაიბეჭდა 1908 წელს.
- განათლება 1908 წ. № 5-6. || ავტოგრაფი I,30. -
![]() |
3.46.14 ვ. პეტრიაშვილის გარდაცვალებაზე |
▲ზევით დაბრუნება |
(წარწერა სურათზე)
ჩუმი მოღვაწე
ნამდვილ-ქართველი!..
სიკვდილით ქართველთ
გულის მომწყვლელი.
1908 წ.
ვ. პეტრიაშვილის გარდაცვალებაზე (I, 801). დაიწერა და დაიბეჭდა 1908 წელს.
- ნიშადური 1908 წ. 3 აგვისტო №55. -
![]() |
3.46.15 ბორჯომი |
▲ზევით დაბრუნება |
ქალაქიდან მეც ბორჯომში
ჩამოვედი საზაფხულოდ.
წარამარა ვეხეტები
უსულოდა და უგულოდ.
ჩემი გასართობი მხოლოდ
არის შავი ბორჯომელა,
მის ჩუხჩუხზე ნაპირ-ნაპირ
რომ ავჰყვები ნელა-ნელა.
მივალ, სადაც მასს შეერთვის
ჩახრუხა და ჩახრიალა.
თითქოს ციდან გადმონაქანს
თან მოჰქონდესთ შნო და ძალა.
საგულისხმო შვენებაა
და დიადი აქ ბუნება!..
მაგრამ ჩემს გულს დაწყლულებულს
სულ სხვა რამეს ეუბნება:
ძირს რომ შავი ქვა აგდია
და მაღლიდან სცემს ჩანჩქერი,
სწორედ ისე თავს ესხმოდა
საქართველოს გარე-მტერი,
მაგრამ იდგა შეუცვლელად,
შეურყევლად, ვითა სალი,
მრავალტანჯულს ეხატვოდა
თვალ-წინ წმინდა მომავალი.
და ამბობდა: „სჯობს გავუძლოთ
ამ უსხლეტელ გასაჭირსა!..
„ჭირსა შინა გამაგრება
ისე უნდა, ვით ქვიტკირსა!“
ათასის წლის თავზე დასხმამ
ბევრი რამე ვერ დააკლო,
სანამ შინვე მოყვარემან
მწარე მუსრი არ გაავლო!
უალერსა, ანუგეშა,
საოცნებო სთქვა „ნანინა“
და ტკბილ ხმაზე, მატყუარზე,
საუკუნოდ დააძინა!..
აი იმ ქვას, განიდან რომ
მოდგომია ბორჯომელა,
ვითომ ჰკოცნის, ფეხს ულოკავს!..
ძირს-კი უთხრის ნელა-ნელა!..
როგორც იმ ქვას საფეხურად
სალი კლდე აქვს დადებული,
ისე ჩვენს ერს დედაბოძად
რჯული ჰქონდა აგებული!..
მაშინ ჰქუხდა ქართვლის თოფი,
ჰფეთქდა კვესი და ფალია,
და კურთხევით ბანს აძლევდა
წმინდა ავტოკეფალია...
დღეს-კი, ყველას მოკლებული,
საცოდავად ჰკვნესის, ჰგმინავს,
და მით უფრო საბრალოა,
რომ ჩვეულებრ აღარ სძინავს!..
გაიღვიძა და ვერ ჰხედავს,
ახალ-გამოღვიძებული,
თუ რა უნდა გზას დაადგეს...
თვისიანზე მოსდის გული!..
ახლა უნდა მიშველება,
ეჭირვება ხსნა და შველა!..
აი რას მღერს მოჩუხჩუხე
შავი-წყალი, ბორჯომელა!
[1908 წ.]
ბორჯომი (I, 802). დაიბეჭდა 1908 წელს.
- ნიშადური 1908 წ. 24 აგვისტო №58. -
![]() |
3.46.16 ოცნება |
▲ზევით დაბრუნება |
გული გამიტყდა ამ სიბერის დროს,
რომ ვერ მოვესწარ, რასაც ველოდი,
სოფლიურ ზრახვებს და ჩემ გულისთქმას
მალე დაჰფარავს საფლავის ლოდი.
ოხ, სიყმაწვილევ, იმედით სავსევ!
რისთვის გამიქერ თვალს და ხელს შუა,
რომ ხელმეორედ მანუგეშებლად
ვეღარ გაბრუნებს გრძნობა და ჭკუა?
სად არის ის დრო, უწვერ-ულვაშო
როცა სახლის-წინ ვიჯექ მდუმარე?
მთის მწვერვალს თითქოს ცეცხლი მოედო
და ამობრწყინდა გავსილი მთვარე!
იწყო ქათქათი, გაჰფანტა ბნელი,
სხივები ისრად ქვეყანას სტყორცა
და ნეტარება ცისა და ქვეყნის
შეათანსწორა... შეასისხლხორცა!..
მეც გავიმსჭვალე მაშინ, უეცრად
რაღაც ციური ვიგრძენი ძალი,
და ჩემ გაუყრელ თანამავალად
გამოვისახე თვით იდეალი.
მაშინ ავიღე კალამი ხელში,
გაისმა ჟღერა და მწარე ჰანგი
და, გაჟინთული ცრემლით და ნაღვლით,
ავაქვითინე მკვნესარი ჩანგი.
თან გადავჰყევი მე მის სამსახურს,
არ ვაფასებდი ჩემს თავს არც ფარად,
და რაც ვიყავი მე იმ თავიდან,
ის ვიქნებოდი, ვფიქრობდი, მარად.
მაგრამ ამაოდ!.. ახლა სიბერე
სულ სხვანაირად მეჩურჩულება,
და რომ ეს გული კვლავ გამიმთელოს,
ქვეყნად არავინ არ მეგულება!
ასე ვფიქრობდი გუშინ საღამოს,
ჩემს აივანზე მე გადამდგარი,
ორთა-შუა რამ გამომწყვდეული,
აღარც ცოცხალი და აღარც მკვდარი.
ჩვეულ ადგილზე, მაღალ მწვერვალზე,
ჩვეულებრივად გამოჩნდა მთვარე,
და მიყრუებულ-მიბნელებული
გამოაღვიძა მან არემარე.
მეც გამოვფხიზლდი და შემოვავლე,
გრძნობა-შეცვლილმა, გარშემო თვალი;
ჩემს გვერდით იდგა გაქვავებული,
რომ ვიხატავდი, ის იდეალი:
იმას შეესხა ადამის ხორცი,
ჩამოსულიყო ქვეყნიურ ქალად;
მიუწვდომელი... მიუდგომელი,
ჩემ სათაყვანოს წაჰგავდა თვალად!..
მითხრა ხმატკბილად, ციურ ღიმილით:
„რამ გაგიტეხა მაგრე. გულიო?
ამიერიდან უკუნისამდე
არ ჰკვდება მხოლოდ სიყვარულიო.
„და თუ მოკვდება, ის მარტოოდენ
ჩაიქარგება სულს და გულშიო!..
გაერთხორცდება, გაერთსულდება
სხვის სიყვარულში სიყვარულიო!
„აქ თუ სურვილი არ აგისრულდა,
თანვე წაიღე საიქაოსო,
რომ ის ოცნება შენს სამარეზე
ია და ვარდად აეყვავოსო!..“
მე ამ სიტყვებმა გამომაბრუნეს,
დამატკბეს კიდევ უკანასკნელად,
და სამარისკენ თან მიმყვებიან
ჩემ შესანდობარ საკმელ-სანთელად.
[1908 წ.]
ოცნება (I, 804). დაიბეჭდა 1908 წ.
- ნიშადური 1908 წ. 14 სექტემბერი № 61. || ავტოგრაფი L−3/12. - ნიშადურში დაბეჭდილ ტექსტში არ არის მე-14 სტროფი.
![]() |
3.46.17 ძმური სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
მიუწვდომელსა და უხილავსა,
ყოვლის შემომქმედ ბუნების ძალას,
ჩვენ, ქრისტიანნი, ვუწოდებთ ღმერთად!..
მაჰმადიანნი უხმობენ ალლაჰს!..
თუმც წარმოდგენა იდეალური
ორივესათვის იგივ ერთია,
მაგრამ ჰგონია უგნურებას-კი,
რომ სულ სხვადასხვა ორი ღმერთია -
ერთი-მეორის მოშურნე მტერი,
მათ-მათ მმოსავის მტრად გადამკიდე!
და იმ თავითვე მოძმების სისხლით
მორწყული იყო კიდითი-კიდე...
თათარი-ქართველს, ქართველი-თათარს,
ერთმანეთს ვეღარ ურიგდებოდენ,
გამოურკვეველ რჯულის შეცდომით
ერთი-მეორეს ემტერებოდენ.
მაგრამ ახლა-კი ახალი მცნებით
გამოეცვალათ ორივეს გული,
და ზედ დასწერეს ერთაშორისი:
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“.
რა მცნება არის ნეტავ ეს მცნება,
რომ ძველ სიბნელეს გაუღო კარი
და მთელ აზიას გამოუბრწყინა,
წინამორბედად მზისა, ცისკარი?
ეს მცნება არის „კონსტიტუცია“,
მაღლით ხალხისთვის მინიჭებული,
და ყველას გულზე მან დააბეჭდა:
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“.
მოულოდნელად, მტრის საგულისხმოდ
თვით ფადიშაჰმა ასე ინება!..
აწ აღარც რჯულის სხვადასხვაობა
და არც სხვადასხვა გვარ-ეროვნება!
სუყველა ერთად, ერთ დიდ სამეფოდ
შეკავშირებულ, შემტკიცებული!
და ყველას გულზე ზე წარწერილა:
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“
ამ სამმა ძალმა, შეერთებულმა,
უნდა მოგვხოცოს ჩვენ ძველი ჟანგი.
და ამ დღეიდან თავისუფლებას
უგალობს, უჟღერს ეს ჩემი ჩანგი:
ვაშა, თურქებო! ვაშა, სტამბულო!
კანგამოცვლილო, გახარებულო,
დროს საკადრისად ამიერიდან
აზიის მხსნელად მოვლინებულო!
[1908 წ.]
ძმური სიტყვა (I, 807). დაწერის თარიღი: 1908 წ. 20 ოქტომბერი. დაიბეჭდა 1908 წელს.
- საქართველო 1908 წ. 26 ოქტომბერი № 6. ხელნაწერი პირი K - 29. -
_______________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია ხელნაწერში K - 29.
![]() |
3.46.18 იუბილე |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ჩემ თავზე რა მოსულა? სადა ვარ?
სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი?
ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე,
ვინ ამინთო ამ ბოლოს დროს ლამპარი?
ყეენივით შემასკუპეს მაღლობზე,
ჩემ-წინ დადგა თითქმის მთელი ქვეყანა;
მილოცავენ და მადლს მხდიან... და რისთვის?
რა მიმიძღვის სამსახური მისთანა?
ქალი, კაცი, ერი, ბერი, ბავშვები,
გაურჩევლად ტომისა და წოდების,
აქ არიან, რომ გამიქრონ მიზეზი
ჩემი ტანჯვის და ჩემი ცეცხლმოდების!..
მაგრამ მე-კი, რომ ვგონივართ, ის არ ვარ!..
სხვა იქნება მომავალი ის გმირი!..
მე უბრალო მიზეზი ვარ დღეის-დღის,
იმ მომავლის აჩრდილი რამ და პირი!
ჩემ სუსტ შრომას ეს აჭარბებს ყოველი!..
საამისო, აბა, რა მომიცია?
ეს ეკუთვნის ყველაფერი მომავალს
და იმისი არის რეპეტიცია!
მაშ ამნაირ ხალხის აღფრთოვანებას
შევუერთებ დღეს ჩემ სურვილს, გულისთქმას:
„ვაშა! ვაშა, სათაყვანო მომავალს!“
ამ-თავითვე წარვუგზავნი ჩემ სუსტ ხმას!..
1908 წ.
იუბილე (I, 808). დაიწერა 1908 წელს. დაიბეჭდა 1909 წელს. -
- ავტოგრაფი IX,14. || საქართველოს მოამბე 1909 წ. №9 (სათაურით: „ახალგაზრდობას“). -
ჩვენი გამოცემის ძირითად ტექსტში დავბეჭდეთ ამ ლექსის პირველადი დედანი, დაცული აკაკის ავტოგრაფულ ხელნაწერში.
ესვე ლექსი, განახლებულის სახით, წარმოთქმული იყო პოეტის მიერ პარიზში 1909 წელს 2 დეკემბერს ახალგაზრდობის მიერ აკაკის პატივსაცემად გამართულ საიუბილეო საღამოზე. ჩვენ დავბეჭდეთ ამ ლექსის ეს მეორე ვარიანტიც (რომელიც ატარებს სათაურს: „ახალგაზრდობას“), რადგან ლექსის ფინალი ახალს მომენტს შეიცავს. (იხ. ვარიანტები, ტ. II, გვ. 595).
![]() |
3.46.19 ელისაბედ ორბელიანისას |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანციზულად გიყვარს წერა,
რუსულს თარგმნი, ქართულს ვერა,
მაგრამ მაინც ქართველობა,
გეფიცები, შენი მჯერა!!
[1909 წ.]
ელისაბედ ორბელიანისას (I, 809). წარწერა სურათზე. დაიბეჭდა 1909 წელს.
- ფასკუნჯი 1909 წ. 11 იანვარი №2. ხელნაწერი პირი (საქ. მუზეუმისა H-1507).
![]() |
3.46.20 სურათზე ბატონიშვილს ოლგას |
▲ზევით დაბრუნება |
უცხო ენით მოსაუბრემ
აღარ იცი შენ ქართული,
მაგრამ მაინც შეგრჩენია
ჩვენებური სული... გული!
შენს ნაწერში ორივე სჩანს
ჩაქსოვილი, ჩაქარგული...
მადლობა ღმერთს, რომ შენ მაინც
არ ხარ ჩვენთვის დაკარგული!
[1909 წ.]
სურათზე ბატონიშვილს ოლგას (I, 809). დაიბეჭდა 1909 წელს.
- ფასკუნჯი 1909 წ. 11 იანვარი №2.-
![]() |
3.46.21 უცნაური ამბავი |
▲ზევით დაბრუნება |
ერთხელ ანგელოზთა გუნდმა
ბოიკოტი გააკეთა:
სასუფევლის ნეტარება
გაუმწარდა... არ ეკეთა.
გამოფრინდა სამოთხიდან,
მწუხარებით თავსა ჰხრიდა.
დამკარგავი წარსულისა,
მომავალზე ცრემლსა ღვრიდა.
ეს რომ ღმერთმა დაინახა,
ბრძანა, რა ამბავიაო?!
ალბათ წმინდა იმ სადგურში
რაღაც ცუდი... ავიაო!
და მაშინვე დაიბარა
მიქელ მთავარ-ანგელოზი,
ანგელოზთა წინამძღვარი,
მეთაური და უფროსი!
ჰკითხა: „წვრილ-წვრილ ანგელოზებს
რად არ მოსწონთ სამოთხეო,
რომელიც მე მათ სადგურად
დავაშვენე, ვაკურთხეო?“
მოახსენა: „ძალთა-ძალო!
აბა რა მაქვს საეჭველად!
ყოვლიფერი თვითონ იცი,
რაღა მრჩება მე სათქმელად!
„პოლიციის პასპორტითა
იქ შემოძვრა ერთი სული
და ისეთი დააყენა
უჩვეულო, მყრალი სული,
„რომ ის ვეღარ ავიტანეთ
და გავედით სასუფევლით.
დაბრუნებას მისას მხოლოდ,
მოწყალეო, შენგან ველით.
„ვერ გავიგეთ, ის მოსული
მოყვარეა, თუ მტერია?!
პასპორტში რომ ჩავუხედე,
ვოსტორგოვი უწერია“.
ბრძანა ღმერთმა: „ეგ ის არის,
ქვეყანა რომ აამყრალა,
რადგანც ჰქონდა მიცემული
ეშმაკისგან დიდი ძალა!
„რა თქმა უნდა, რომ ის აქაც
ააყროლებს ამა სოფელს!
სტაცეთ ხელი და წაგვარეთ
სატანასა და სამოელს.
„ჯოჯოხეთში უნდა დარჩეს
საუკუნოდ მათთან ერთად.
ვინც მის მცნების მიმყოლია,
იმას არ სწამს ღმერთი ღმერთად!..“
[1909 წ.]
უცნაური ამბავი (I, 810). დაიბეჭდა 1909 წელს.
- ფასკუნჯი 1909 წ. 29 მარტი №13.-
![]() |
3.46.22 ანდერძი ჩემ შვილს |
▲ზევით დაბრუნება |
გულს ნუ გაიტეხ, იყავ მხნე,
რაც უნდა ჭირში ჩავარდე!
ცხოვრების დახლართული გზა
უშიშრად გაინავარდე!
ყველა გიყვარდეს და ცოდვაც
შეუნდე წრფელის გულითა!
მით ამაღლდები მდაბალი,
სხვებისგანც სიყვარულითა.
მარტო შენს თავზე ნუ ზრუნავ,
სხვებიც გახსოვდეს მარადა!
შრომა აიღე მახვილად
და მოთმინება ფარადა!
აი, ეს არის ამ ქვეყნად
შვება და ბედნიერება,
და უკვდავების მარადი
უჭკნობი მშვენიერება!
1909 წ., 1 ივნისი.
ანდერძი ჩემ შვილს (I, 812). დაწერის თარიღი: 1909 წ. 1 ივნისი.1 დაიბეჭდა 1913 წელს.
- თემი 1913 წელი, 2 სექტემბერი №139. || სამშობლოს სურათებიანი დამატება 1915 წ. №19. || ავტოგრაფი IX,18. || ხელნაწერი პირი H - 1507 (საქ. მუზეუმისა). -
____________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია H-1507-ში.
![]() |
3.46.23 ვაშა დეპუტატს! |
▲ზევით დაბრუნება |
ნეტავ, დარჩა ჩვენში კიდევ
იმისთანა ერთი-ორი,
როგორც არის, დალოცვილი,
დეპუტატი გეგეჭკორი?
ნამდვილ რუსის შოვინისტი,
მტკიცე ისე, ვით მარკოვი;
არა-რუსთა მოძულარი,
სხვა ხალხების სისხლის მწოვი!
ტრაბახობს მით, ვითომც იყოს
ის სოციალ-დემოკრატი
და კუჭზე-კი გასაძღომად
მას ჰკიდია რუსის ხატი!
ისე, როგორც სირაქლემი,
თავს მალავს და იჩენს ბოლოს!
რომ აამოს პურიშკევიჩს,
დაეტაკა რისხვით „კოლო“-ს.
ეუბნება: „რაღად ეძებთ
უფლებაებს დაკარგულსო?
მონას რასაც მოგაწვდენენ,
არ აჯერებთ მასზე გულსო?
„მე და ჩემი ამხანაგი
ვართ ორივე ქართველიო,
მაგრამ მისთვის არას ვითხოვთ
და არც არას მოველიო! -
„რას მიქვიან ეროვნობა?
სჯობს მოისპოს ნაციაო
და დამყარდეს ქვეყნად მხოლოდ
პროლეტარიზაციაო!..“
მემარჯვნეებს გაეხარდათ,
ეს სიტყვა რომ გაიგონეს...
რომ სოციალ-დემოკრატი
უმატებდა იმათ ღონეს!..
და გულში სთქვეს: ჩვენც ის გვინდა,
ხმა გაჰკმიდოს ყველამაო,
რომ ჩვენ მოვწყსოთ სხვა ერები,
ვით საქათმო მელამაო...
ქართველი-კი ამბიონზე
შემდგარიყო, ვითომც გმირი,
და სხვებისგან ჩანაბერსა
გაჰკიოდა, როგორც სტვირი!
პურიშკევიჩ და მარკოვის
მოაზრე და თანასწორი,
ხომ ხედავთ, თუ რა კაცია
დეპუტატი გეგეჭკორი?
[1909 წ.]
ვაშა დეპუტატს (I, 813). დაწერილია 1909 წელს.
- ავტოგრაფი XXIII,2. || ხელნაწერი პირი H-1507 (საქ. მუზეუმისა). -
ამ ლექსის გამო იხ. აკაკის წერილი გაზ. თემში (1912 წ. 26 ნოემბერი. იხ. ავტოგრაფი XXXV,20).
![]() |
3.47 1910 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.47.1 მამა და შვილები |
▲ზევით დაბრუნება |
თვალი დაუდგეს ამ ყოფას!..
ძნელი ყოფილა ჭაღარა!..
კისერში ჩამიკაკუნა
სიბერემ, წელში გამხარა.
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
მოვძულებივარ შვილებსა:
შინაური და გარეშე
ჩემზედ ილესენ კბილებსა.
შვილები გოდორს მიწნიან,
ჰფიქრობენ დაგორებასა.
ნუთუ ამაში ჰპოებენ
ისინი ნეტარებასა?
რა დროსი არის? მე ისეც
თავდაღმა მიმავალი ვარ!..
მხოლოდ შევჰყურებ ახალ დროს
და მისის ეშხით მთვრალი ვარ!
ნუ სწნავთ გოდორსა საჩემოს!
თავს ნუ იწუხებთ ზარითა!..
სჯობს მიეგებოთ გაზაფხულს
ჭიანურით და თარითა.
სხვა სუნი უდის, ხომ თქვენც გრძნობთ?
მოაჯირითებს ჰუნესა;
ყველა თან მოაქვს, რასაც ჩვენ
ვფიქრობდით საუკუნესა.
სულ ჩვენთან მოაქვს და - ვაშა ! -
რა კარგი... დიდი ძღვენია!
ვერ ჩამოვართვათ, ვაი თუ,
ცოტა ამისი მრცხვენია.
რა დროს შუღლია, ღვთის მადლსა.
და შინაური ატეხა?
მტერი ჯერ კარზედ გვადგია
და უნდა ჩვენი გატეხა!
არა, ნუ ვიზამთ საქმესა -
გარეშეთ სასაცინოსა!
დეე, ძველსაც და ახალსაც
ნათელი მოეფინოსა!
[1910 წ.]
მამა და შვილები (I, 815). დაიბეჭდა 1910 წელს.
- ალმანახი „მოამბე“ 1910 წ. 31 იანვარი. || თემი 1915 წ. 4 მაისი №215 || ავტოგრაფი I,43 (ქვე-სათაურით: „მოძრაობის დროს“). || ავტოგრაფი XXIII,15. -
![]() |
3.47.2 თანამედროვე ქალი |
▲ზევით დაბრუნება |
მდიდრულად მორთულ ოთახში
ზის ახალ-მოდის კნეინა.
დიდება შენდა, უფალო!..
რამ გააჩერა დღეს შინა?
მისი ტოლ-ამხანაგები
ერთად წასულან სუყველა:
ნინა, თამრიკა, ქეთუშა,
ანუშკა, ლიზა, კეკელა!
იქ ჯირითია ცხენების,
აქ კრება ლაუნტენისა!..
ამას-კი პირი შეუკრავს!..
ნეტავი, რას იტენისა?
ეგების ფული დააკლდა
და ის უცვლიდეს დღეს ფერსა?
- არა! ამისი სიმდიდრე
გააძღებს ათასს მშიერსა!
ან საყვარელი მოუკვდა
და იმას იგლოვს გულითა?
- მაგას რას დასდევს, ცოცხლებში
ცოტას იშოვნის ფულითა?
აბა, სამშობლოს, დაცემულს,
თუ იგლოვს, როგორც ვალია?
- არც ის! სამშობლო ვინ მისცა?
თანამედროვე ქალია!..
მაშ ეგრე მაგის მოწყენა
მხოლოდ უბრალო ჟინია?
- რა ბრძანებაა? ავად ჰყავს
მისი პატარა ფინია!!!
დღეს ექიმები შეჰყარა. -
კონსილიუმი ჰქონია.
ერთპირად უთქვამს სუყველას:
„არ მორჩებაო, მგონია!“
მაშ კი ჰქონია მიზეზი...
მართლა რომ შესაბრალია!
რა ქნას, რომ უყვარს ძაღლები?
თანამედროვე ქალია!..
[1910 წ.]
თანამედროვე ქალი (I, 817). დაიბეჭდა 1910 წელს.
- თეატრი და ცხოვრება 1910 წ. 16 მაისი №19 . -
![]() |
3.47.3 ლამაზ ქალის ალბომში |
▲ზევით დაბრუნება |
თვალად, ტანად, მიხვრა-მოხვრით
გაჩენილხარ შემკობილად,
და ცხოვრებაც შეგიგნია:
სცხოვრობ შენთვის თბილად... ტკბილად!
ყვავილიდან ყვავილებზე
გადადიხარ, ვით პეპელა,
და სათაფლო სიტკბოებას
სწუწნი ხოლმე ნელა-ნელა.
ქმარს უყვარხარ, ყველა გეტრფის,
არ შეგყურებს მტრული თვალი,
და საამო აწმყოს გიმკობს
საიმედო მომავალი!
არც ქართველი!.. არც სომეხი,
არც რუსი ხარ და არც ფრანგი,
მაგრამ ხარ-კი ყველას ერთად
შემაერთი ტკბილი ჰანგი!
დიახ! ჰანგი მომხიბლავი,
სანამდი ხარ ჯერ ყმაწვილი…
მაგრამ როცა დაბერდები,
შეგეცვლება მწარედ ტკბილი,
მაშინ, ქალო, რაღას იზამ?
რით დაიტკბო მომავალი,
თუ ახლავე კარგი რამე
არ აღნიშნე წმინდა კვალი?
1910 წ., 17 მაისი.
ლამაზ ქალის ალბომში (I, 819). დაიბეჭდა 1911 წელს.1
- თემი 1911 წ. 7 მარტი №9. || ავტოგრაფი XXXII,17. || ავტოგრაფი (წარწერილია აკაკის პორტრეტზე, სათაურით: „ლიზეტას“. - პორტრეტი დაცულია საქ. სალიტერატურო მუზეუმში). -
___________
1. გამოცემაში შეცდომით არის აღნიშნული დაწერის თარიღი: 1910 წელი 17 მაისი.
![]() |
3.47.4 ქართველ ქალს |
▲ზევით დაბრუნება |
(ვუძღვნი ელენე მაჩაბელს)
თქმულა: „ელენეს მშვენებამ
ტროადი დაარღვიაო,
ისე, რომ ნამოსახლარის
ნიშანი არ ატყვიაო“.
ამას ჰუმიროს მოგვითხრობს,
გადასულ ამბებს ზღაპრულად,
და ჩვენც ბერძნების ცხოვრებას
ვითვალისწინებთ მით სრულად.
აქილეს, ჰექტორ, აიაქს,
აგამემნონი, ულისა
და სხვა გმირები ამ ამბის
ჩამდგმელნი იყვნენ სულისა.
ისე აგვიწერს მგოსანი,
თითქოს ვხედავდეთ თვალითა
და მათთან ერთად დამტკბარი
ვხარობდეთ მომავალითა.
ის, რაც ყოფილა, წასულა!
მეორედ აღარ იქნება!
და ამ ჩვენ დროსთვის დარჩება,
როგორც ზღაპარი... ოცნება.
მაგრამ სხვაგვარი გმირობა.
ჩვენ დროს რომ შეეფერება,
ააფრთოვანებს მგოსანსა
და კიდევ დაიმღერება!
ელენე გქვია შენც, ქალო,
ბერძნების ქალის სახელი,
მაგრამ შობილხარ სხვა დროში
და სულ სხვების ხარ მზრახველი.
სამშობლო შენი ქართლია,
დღეს თითქმის მიძინებული,
და იმის სასიყვარულოდ
თუ კიდევ გიძგერს შენ გული, -
გამოაღვიძე სამშობლო,
მიჰყევი „ელენობასა“!
თუ სილამაზემ არ გასჭრას,
მიენდვე ჭკუა-გრძნობასა.
და მოძრაობის მიზეზად
შენც აირჩიე „პარისი“!
მაგრამ ის იყოს უნდა-კი
სულის ჩამდგმელი პარიზი.
იქ მოიკრიბე ძალ-ღონე,
იქვე ამაღლდი სწავლითა,
რომ ინუგეშო აწმყოში
უკეთეს მომავალითა.
ნუ აჰყოლიხარ, ნუ მისდევ
იმ ჩვენ დღევანდელ ქალებსა,
რომ დაეძებენ სულ სხვაგან
საქვეყნო იდეალებსა!
სჯობს დაემსგავსო გადასულ
ძველებურ ქართველ დედებსა,
შვილებს რომ ზრდიდენ არწივად,
თვითონ ჰბაძავდენ მტრედებსა.
მაგრამ სხვა იყო. ძველი დრო,
მტკიცე სისხლით და ომითა.
დღეის-დღე გაიწონება -
მხოლოდ ოფლით და შრომითა,
და შენც ეცადე: შვილები
გახდენ გმირულად მშრომელი,
მოჭირნახულე თავისის
და სხვების არას მდომელი!
მაშინ „ტროადად“ გაჰქრება
ყოველი სისხლის მთხეველი,
და ამაღლდება სანაცვლოდ
მსოფლიო საკურთხეველი.
[1910 წ.]
ქართველ ქალს (I, 820). დაიბეჭდა 1910 წელს.
- ერი 1910 წ. 23 მაისი №16. || ავტოგრაფი IX,22. || ავტოგრაფი XIII,14. -
![]() |
3.47.5 გ. ს. სუნდუკიანცს |
▲ზევით დაბრუნება |
შენ სომეხი ხარ და მე ქართველი,
მაგრამ ძმები ვართ ერთმანეთისა;
ორივე შვილი ერთი მიწა-წყლის,
ერთ მიდამოსი და ერთი მთისა!
კავკაზმა დიდმა და ქედმაღალმა
გაადიადა შენი ბუნება,
და ამ მიდამომ, ყვავილოვანმა,
აგიფერადა საამოდ ვნება.
ფერად-ფერადი ვნებათა ღელვა
შენს თხზულებაში უხვად ჩაჰქსოვე,
და უკვდავება საშვილიშვილო
შეისისხლხორცე და მოიპოვე!
ამ ურიცხვ ხალხის გრძნობას და სურვილს
მე შევუერთებ ამ ჩემ გულისთქმას,
და თაყვანსა-გცემ, დიდო მოღვაწევ,
როგორც უმცროსი თავისს უფროსს ძმას.
[1910 წ.]
გ. სუნდუკიანცს (I. 822). დაწერილია 1910 წელს.
- ავტოგრაფი IX,16. -
![]() |
3.47.6 სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
პოეტები ერთნაირად
აგვიწერენ სიყვარულსა:
მისს სადგურად და ადგილად
გვიხატავენ მხოლოდ გულსა,
მაშინ როცა სიყვარული
სამია და სამგვარია,
და მათ შუა მეტად დიდი
განსხვავება... საზღვარია!
პირველია გულის ფხანვა:
ცეცხლმოდებით უყვარს სულსა,
მაგრამ ხშირად გამოაჩენს
საიდუმლოდ დაფარულსა!
ამნაირი სიყვარული
იფეთქებს და მალე ჰქრება,
რომ დაიწვის - თან გაჰყვება
მომხიბლავი ნეტარება!
მეორეა, როცა მხოლოდ
გულს არ უყვარს, უყვარს თავსა!..
არ დაეძებს გარეგნობას
და მშვენიერ სანახავსა!
შორით უყვარს... წარმოდგენით,
და თუ იცნო ხორციელად,
მაშინ თავიც დაივიწყებს...
სიყვარული ჰქრება ხელად.
მესამე-კი სულ სხვა არის!
მხოლოდ იგრძნობს მას რჩეული,
თანასწორად როცა შესტრფის,
როგორც თავი, ისე გული.
და ამგვარად შენ მიყვარხარ
თავითაც და გულითაცა!
ყველა შენთვის შემიწირავს:
დაბლა მიწა და მაღლა ცა!
მაგრამ შენ-კი არ უჯერი
არც ამ თავს და არც ამ გულსა!
და ჩავიტან სამარეში
მეც შორეულ სიყვარულსა.
[1910 წ.]
სიყვარული (I, 823). დაიბეჭდა 1910 წელს.
- თეატრი და ცხოვრება 1910 წ. 8 აგვისტო №31. || თემი 1911 წ. 4 აპრილი №13. || ავტოგრაფი L - 3/8. || ავტოგრაფი I,8. || ავტოგრაფი XXXII.2.
ტექსტი L - ავტოგრაფისა, რომელიც ლექსის პირველ რედაქციას წარმოადგენს, მნიშვნელოვანს განსხვავებებს შეიცავს. მე-7 სტროფის შემდეგ არის ზედმეტი სამი სტროფი. ამას გარდა ცალკეული ადგილები სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს.
![]() |
3.47.7 ორი ძაღლი |
▲ზევით დაბრუნება |
იმერელი აზნაური,
ულვაშ-გაპიწკინებული,
ჯიბეში რომ თაგვი უხტის
და აქვს მილიონის გული,
ერთხელ ჩემსა გამობრძანდა...
გაანათლა ჩემი სახლი!..
და ტრაბახით ძღვნად მომგვარა,
(ვითომ ლეკვი) ორი ძაღლი.
გამაყრუა ბაქი-ბუქით! -
ქებით ცამდი აიყვანა.
მარწმუნებდა: „ეზოს ძაღლი
არ ნახულა ამათთანა!..
„მტერსაცა და მოყვარესაც
გაარჩევენ სუნითაო!
ცოტა… ახლა, - შეილახენ,
ვითომ... რაღაც მუნითაო.
„ქართლიდან მყავს მოყვანილი ...
არა ვსტყუი ამასაო.
მხოლოდ თქვენთვის მემეტება,
არ მივსცემდი მამასაო!
იმერეთში ვერ იშოვნი
ამისთანა ეზოს-ძაღლსო.
ორგულისა და მტრისაგან
შეგინახავს კარგად სახლსო“.
ვიცოდი, რომ მატყუებდა,
მაგრამ მაინც გავუგონე.
და ან-კი რა უნდა მექნა,
რომ არ მქონდა მეტი ღონე?
დავუმადლე საჩუქარი,
თუმც არ ღირდა, რომ ვსთქვათ, მადლად!
მაგრამ მალე მე ის „მადლი“
გადამექცა სხვაგვარ მატლად:
მითხრა: „ცხენი აღარა მყავს,
დავეთრევი ასე მეო!..
ეგებ, ერთი ჯოგის კვიცი
მითავაზო როგორმეო?!“
რას ვეტყოდი? გადავეცი...
გამომტყუა ბედაური.
და გაუდგა თავისთვის გზას,
როგორც დიდი ნამსახური.
სად ის ცხენი? სად ეს ძღვენი,
ეს ძაღლები, საცოდავი?
უჭმელობით შიმშილისგან
გადაკვროდათ ძვალზე ტყავი.
წუწკუნობდენ, კუდს ჰლოკავდენ,
ფამფალობდენ ცოცხალ-მკვდარი.
საქმე იყო მისწრებაზე,
და მეც იქვე ბიჭს ვუთხარი:
„თუ ღმერთი გწამს, საწყალ ძაღლებს
ერთი მალე მიეშველე...
შიმშილისგან სული ხდებათ,
ყელი რითმე ჩაუსველე!“
მოიტანა, რაც ეშოვნა:
ნახარში და თანაც ძვალი,
და მისცვივდენ ზედ ძაღლებიც,
საწუწკარს რომ მოჰკრეს თვალი.
გამოძღენ და გასისინდენ,
აიწიეს მაღლა თავი,
და, ერთმანეთს რომ შეხედეს,
არ იამათ სანახავი:
„ჰხედავთ? ისიც გამაძღარა...
უშოვნია საჭმელიო.
მაგას მჭადიც ეყოფოდა
ობიანი და ხმელიო!“
ეს რომ ვნახე, მივხვდი: ქართლით
რომ არ იყვნენ მოყვანილი!..
ჩვენებური ძაღლებია,
იმერეთში გამოზრდილი.
[1910 წ.]
ორი ძაღლი (I 825). დაიბეჭდა 1910 წელს.
- განათლება 1910 წელი ოქტომბერი №8. ავტოგრაფი I,9. -
![]() |
3.48 1911 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.48.1 ახალგაზრდებს |
▲ზევით დაბრუნება |
ნუ გეწყინებათ მოხუცისაგან
ნურცა ვედრება და ნურც ყვედრება,
ვისიც ხანმოკლე წუთისოფელი
თვალ და ხელს შუა თანდათან ჰქრება.
ენა რომ გყვედრისთ, გული სხვასა გრძნობს,
მამობრივი რამ დაფარულია!
და ვინ გამოსცნოს, თუ აქ თქვენდამი
რა უსაზომო სიყვარულია?!
პირმოთნეობა და მლიქვნელობა,
სასმენლად ტკბილი, თქმად ადვილია,
მაგრამ ვინც გიყვარს, მასთან ტყუილი
რა საკადრისი და რა შვილია?!
გული მიდნება!.. მომეცით ნება
გამხილოთ ყველას თქვენ თქვენი ნაკლი,
და მერე გინდა კიდეც დამქოლოთ,
აღარ დავეძებ... არას ვინაღვლი!
რა ხარ, ქართველო შენ დღევანდელო,
რომ ძლივს დაღოღავ, ვით ცოცხალ-მკვდარი?
სამოწყალოზე გაგიშვერია
ხელი და დახვალ სხვის მათხოვარი!..
ის მიწა-წყალი და ის სიმდიდრე,
რომ გიანდერძეს შენ წინაპრებმა
და ის, რომელიც ძალმომრეობით
ვერ ჩამოართვეს გარეშე მტრებმა,
დღეს სადღა არის? ასე ადვილად
რისთვის ჩაუგდეთ უცხოელს ხელში,
უბოდიშოდ და შეუბრალებლად
რომ ხელს გიჭერენ უშიშრად ყელში?..
აღარც ნუგეში! აღარც იმედი!..
სულის და ხორცის გამქრალა ძალა,
და რაღა არის ეხლა ქართველი?
- მონა საბრალო და მაწანწალა!..
გაწვრთნილი სხვების ნება-სურვილზე,
როგორც პირუტყვი რამე ოთხფეხი,
დამვიწყებელი თვისი წარსულის,
მხოლოდ მონობით თავისა მკვეხი!
აბა სადღაა დღეს ის ქართველი,
სამშობლოსათვის რომ თავსა სდებდა,
და სულთამბრძოლი, უკანასკნელად
საშვილიშვილოს ღმერთს ავედრებდა?
ან ის დედები, სულით მტრედები,
შვილებს რომ ზრდიდენ მსხვერპლად, ზვარაკად,
და დღეს მხოლოდ-კი მათი სახელი
ჩვენ დაგვრჩენია ზღაპრად!.. არაკად!..
სჩანს, სიზარმაცე და გულგრილობა
შავ-ბედს ქართველზე დაუკვესია!
და აღარ დგება იმისთვის ქრისტე!
არ მოვლენილა მისთვის მესია!..
კმარა ამდენი პირმოთნეობა!..
თავისი-თავის მხოლოდ ფრთხილება!..
და მაშ ნუღა გწყინსთ მოხუცისაგან
დაუფარავად ნაკლის მხილება.
[1911 წ.]
ახალგაზრდებს (I. 828). დაწერის თარიღი 1910 წ.¹ დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 21 თებერვალი № 7. || ორი ქართველი და სხვა ლექსები 1911 წ. || ავტოგრაფი XXXII,11. -
______________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია გამოცემაში: „ორი ქართველი და სხვა ლექსები“.
![]() |
3.48.2 რჩევა |
▲ზევით დაბრუნება |
სიყმაწვილემ რომ იცოდეს
და სიბერეს რომ შეეძლოს,
მაშინ კაცი სულ სხვაგვარად
გაივლიდა ქვეყნის ლელოს.
სანამდი ვართ ახალგაზდა,
ღონეც გვაქვს და შეძლებაცა,
ვზარმაცობთ და გავიძახით:
„მოვესწრები! მაცა! მაცა!“
მაგრამ თვალსა და ხელს შუა
მოგვადგება რა სიბერე,
არ მართლდება ადრინდელი
წინეთ თქმული: „მერე! მერე!“
ეს სუყველა, სამწუხაროდ,
მე ჩემ თავზე გამოვსცადე,
სიბერემ რომ მომახვია
დასუსტებულს „ჭირთა-ბადე“.
და მიტომაც, ყმაწვილებო,
შემთხვევას თქვენ ნუ დაჰკარგავთ.
საიქიოს ის წაგყვებათ,
რასაც მხოლოდ აქ მოჰქარგავთ.
სადღეისოს სახვალიოდ
ნუ გადასდებთ, დამიჯერეთ,
თავის დრო აქვს სუყველაფერს
და მის-მისად შეიფერეთ!
[1911 წ.]
რჩევა (I. 830). დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 28 თებერვალი № 8. || ავტოგრაფი XXXII,8. -
![]() |
3.48.3 *** (სატრფოვ, ნუ გეშინია!..) |
▲ზევით დაბრუნება |
სატრფოვ, ნუ გეშინია!
თუმც გაქვს გრძნობა მიხდილი,
მაგრამ მაინც შორს არის
კიდევ შენგან სიკვდილი.
მართალია, შვილებმა
გიღალატეს... გაგწირეს,
პირად ანგარიშებით
სხვის თვალში დაგამცირეს,
მაგრამ გულს ნუ გაიტეხ!
(კრიჭოს მტერმა კბილები)
მკურნალად გეზრდებიან
შენივ შვილიშვილები.
მათ მამების ნაღველ-შხამს
წამლად გადააქცევენ,
და გულის წმინდით ნაშრომს
ცრემლსა და ოფლს აქცევენ.
სიკვდილს გადაგარჩენენ!..
მრწამს ეს და აღვიარებ.
და თუ აქ ვერ მოვესწარ,
საფლავში გავიხარებ.
სატრფოვ, გულს ნუ გაიტეხ!..
არა ხარ სასიკვდილო,
და მოგელის ისევე
ბედი საშვილიშვილო!
[1911 წ.]
*** „სატრფოვ, ნუ გეშინია“ (I, 831). დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 21 თებერვალი №7. || ორი ქართველი და სხვა ლექსები 1911 წ. -
![]() |
3.48.4 ხალხური |
▲ზევით დაბრუნება |
ქრიშობისთვე ქურქს იკერავს,
ზედ გამოჭრილს ლარზედაო.
იანვარი ეცილება:
მეც მომასხი მხარზედაო!
თებერვალი თანახმაა,
მარტი დგება შარზედაო,
აპრილია გულ-მოსული:
მოგადგებით კარზედაო!
გაამზევეთ თქვენი ქურქი,
გადაჰკიდეთ სარზედაო.
მაისი თვალ-შვენიერი
კაბას იცვამს ფერად-ფერსო,
თიბათვე გულს მოუქარგავს,
მკათათვე ღილს დააჭერსო,
მარიობისთვე დასიცხავს,
გაუხუნებს ყვითლად ფერსო,
ენკენისთვე გააგრილებს,
დაუბრუნებს ყოვლიფერსო,
ღვინობისთვე დააცივებს,
რთველში კათხას დაიჭერსო.
გიორგობისთვე ქორწილში
ეტყვის „მრავალ-ჟამიერსო!“
[1911 წ.]
ხალხური (I, 832). დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 14 მარტი №10. || ავტოგრაფი XXXII,12. -
![]() |
3.48.5 ბულბულის აღსარება |
▲ზევით დაბრუნება |
ბულბულმა სთქვა: როცა ტბაში
ყიყინობენ ბაყაყები,
მაშინ ენა მიქვავდება!..
მათ სიმღერას ვერ ავჰყვები!!
მაგრამ როცა მიწყნარდება
მინაბული არემარე,
ვარსკვლავები ჰკიაფობენ
და ჰქათქათებს მაღლით მთვარე,
იღვიძებს და იშმუშნება
გრძნებით სავსე ტყე და ველი,
და სიოსაც სუნნელება
მოაქვს ვითა საკმეველი,
და ან ვარდი, გულის დარდი,
ჩემ-წინ ტურფად გაიშლება, -
მაშინ ჭმუნვა უცნაური
მომაწვება... ამეშლება.
ვიტანჯები... იმ ტანჯვაში
არის რაღაც ნეტარება!..
მაშინ ჩემი ჭიკჭიკ-კვნესა
მე თვით აღარ მეყურება.
მაგრამ იმ დროს ცა და მიწა
ჩემს აგზნებას უგდებს ყურსა,
და აფასებს იმ ჩემ ტანჯვას,
ვით მსოფლიო სამსახურსა!..
და შემდეგ-კი ბაყაყები
ჩვეულებრივ ყიყინობენ
და, თავისს ხმით თავმომწონე,
საბულბულოს ვერას გრძნობენ.
[1911 წ.]
ბულბულის აღსარება (I, 833). დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 18 აპრილი №15. || ავტოგრაფი IX,23. || ავტოგრაფი XXXII,9. -
![]() |
3.48.6 „დიდება მაღალთა შინა“ |
▲ზევით დაბრუნება |
არც მყვარებია, არც მიყვარს,
არც მდომებია, არც მინდა,
არც მწამებია, არცა მრწამს
შენს გარდა კიდევ სხვა წმინდა!
რომ გკოცნი, დედა მგონიხარ...
გეხვევი - შვილი უმანკო,
„დიდება მაღალთა შინა“...
დიდება, ვინც შენ შეგამკო!!
მე შენი მსგავსის ამ ქვეყნად,
დავბერდი, არ ვარ მნახველი!..
გამიძირტკბილე ძიმწარე...
თაფლად მიქციე ნაღველი!!
შენი ღიმილის ჭირიმე
და შენი ამოოხვრისა,
მაღლიდან ჩამოტანილის
ციური მიხვრა-მოხვრისა!
დედა ხარ!.. დედა ობოლი,
ქართველად მზდელი შვილისა.
სამშობლოსათვის სამსხვერპლოდ,
შემომწირველი წვლილისა!
ამან გამსჭვალა მგოსნისაც
უბიწო გრძნობა-გონება.
და მარად გულში ჩაუდგა,
თაყვანის-ცემით, მონება.
მადლი შენს გამჩენს, ლამაზო!
„დიდება მაღალთა შინა“,
ვინც შენსა გრძნობა-გონებას
ქვეყნად ნათელი მოჰფინა...
[1911 წ.]
დიდება მაღალთა შინა (I, 834). დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 2 მაისი №17, 1915 წ. 8 მარტი №209. || ორი ქართველი და სხვა ლექსები 1911 წ. || ავტოგრაფი XXIII,30. -
![]() |
3.48.7 ჩემი გრძნობა |
▲ზევით დაბრუნება |
მიყვარს საერთოდ ბავშვები,
ანგელოზთ დანადარები,
მათთვის ყოველთვის, ყოველგან
ღია მაქვს გულის კარები.
მათი ტიკტიკის ჭირიმე,
მათი უმანკო ზრახვისა!..
არ მოჰყირჭდება ყურს სმენა
და თვალს სურვილი ნახვისა.
მაგრამ მაშინ-კი, როდესაც
დაიზრდებიან ბალღები,
და ცხოვრებაში მოხვდებათ
საუკუღმართო ტალღები,
მაშინ აღარ მრწამს მე მათი
არც სიტყვა, აღარც სიცილი!..
საჯოჯოხეთოდ გასულა
სამოთხით მეტი ნაწილი!..
შეჰრიგებია გულგრილად
ცხოვრების საძაგლობასა,
და მიტომ კვნესით ვიგონებ
მეც იმათ ყმაწვილობასა!
და ვამბობ: რად იზრდებიან,
სწორი გზით ვინც ვერ მიდიან,
და თავის წილხვედრ შვენებას
უშვერებაზე ჰყიდიან?
ნუთუ არა სჯობს კაცისთვის,
სანამდი გაფუჭდებოდეს,
რომ ისევ ბავშვობაშივე
მას სული ამოხდებოდეს?
[1911 წ.]
ჩემი გრძნობა (I, 835). დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 6 ივნისი №22. -
![]() |
3.48.8 ძმობა, ერთობა და სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“.
საერთშორისო მტკიცე კავშირი,
ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,
საყოველთაო, სამარადისო, -
და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.
ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით
და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,
მას შეერგება ციურ მანანად
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“.
ვინც გაიძახის ცარიელ სიტყვებს
და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,
ამაო არის მისი ნათქვამი:
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“.
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვინც მხოლოდ სიტყვით გაიძახოდეს:
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“.
[1911 წ.]
ძმობა, ერთობა და სიყვარული (I, 836). დაიბეჭდა 1911 წელს.
- თემი 1911 წ. 24 ოქტომბერი №42. || ავტოგრაფი XXXII,4. || ავტოგრაფი XXIII,9 (სათაურით: „წყევლა“. სტილისტიურ ვარიანტებს შეიცავს).
![]() |
3.48.9 ტ…ს |
▲ზევით დაბრუნება |
უცხოეთს მყოფსა, შენ-გამო
გულში რომ ცეცხლი მეკიდა,
დრო გადასული, კურცხალად
წამწამზე გადმომეკიდა.
გამოგისახე თვალის-წინ
ვით უკვდავება - ღვთაება,
და გული დამონებული
უფრო ძლიერად დაება.
მაშინ ვსთქვი: აწ აღარ არის
ჩემი საშველი არსადა!..
რა მკვდარი!.. რაღა მოხუცი?!
ვინღა ჩამაგდებს არსადა?
ჩამომწყდა ცრემლი ობოლი
და გაიყოლა თან გული,
აწ მხოლოდ ნაცარ-მიყრილი,
ერთხელ დამწვარი... დაგული.
[1911 წ.]
ტ .... ს (I, 837) დაწერილია 1909-1910 წლებში.1 დაიბეჭდა 1911 წელს. (ლექსი ატარებს აგრეთვე სათაურებს: „ჩემს იდეალს“, „მასვე“).
- თემი 1911 წ. 9 მაისი №18. || ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. || ავტოგრაფი IX,24. || ავტოგრაფი XXXII,6. -
______________
1. ლექსი ეკუთვნის პოეტის უცხოეთში ყოფნის დროს (პოეტი უცხოეთში იმყოფებოდა 1909 წლის ივლისიდან - 1910 წლის თებერვლამდე. პოეტი ამ მეორე მოგზაურობის დროს იყო პარიზში და გერმანიაზე გამოვლით დაბრუნდა სამშობლოში).
![]() |
3.48.10 მომაკვდავის ფიქრები |
▲ზევით დაბრუნება |
თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს
ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!..
მოდი, ჯალათო, შენი მახვილი
შეუბრალებლად ზედ გულზე დამჰკარ!
ყოველი წვეთი ჩემის სისხლისა
თუკი გამოზდის მამულიშვილსა,
ცოდვა არ არის, რომ მოვერიდო
მაშინ მე ტანჯვას და თვით სიკვდილსა?
არა! სიკვდილი ვერ შემაშინებს,
მომზადებულსა მამულის მსხვერპლსა!
მზად ვარ შევსწირო სული და ხორცი
და სამშობლოზე ვჰყრიდე თვით ფერფლსა!
თუმცა პირადი ჩემი ცხოვრება
ყოველთვის იყო ტანჯვა-ვაება,
მაგრამ სიკვდილში ვჰპოებ სიცოცხლეს
და ის იქნება თვით უკვდაება,
თუკი იმედი მე საიქიოს
გამყვა უკეთეს მომავალისა,
რომ ჩემ შემდეგი შთამომავლობა
იქნება შემგნე თვისის ვალისა!
დიახ! თუ მოძმეთ გამოადგება
ჩემი სიკვდილი, მზადა ვარ მეცა...
გამოღვიძებულს სურვილს ქვეყნისას
ხელს მოუმართავს, მრწამს მე, თვით ზეცა!..
[1911-12 წ.].
მომაკვდავის ფიქრები (I, 838). დაწერილია 1911 წლის ახლო.1 დაიბეჭდა 1913 წელს.
- თემი. 1913 წ. 4 მარტი №113. || ავტოგრაფი III.1. || ავტოგრაფი VII, ₃₉. -
_______________
1. ლექსი გადაწერილია III—ავტოგრაფში 1911 წელს, პოემა „ვორონცოვ“-თან ერთად (იხ. III - ავტოგრაფის მინაწერი). ლექსი აწყობილი და დაბეჭდილი ყოფილა „ჩემი ნაწერები“-ს მეორე ტომში (კორექტურა გასწორებულია 7 ნოემბერს 1912 წელს). შემდეგ, როდესაც ცენზურამ, წიგნის გამოსვლამდე, ამოსჭრა „ჩემი ნაწერები“-ს მეორე ტომიდან პოემა „ვორონცოვი“, მასთან ერთად ამოუჭრიათ ეს ლექსიც.
![]() |
3.49 1912 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.49.1 გაბრიელ სუნდუკიანცის დამარხვის დღეს |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს მარხავენ ადამიანს
გრძნობიერს და გონიერსა,
ვინც რომ ჰფენდა ციურ ნათელს
განურჩევლად ყოველ ერსა.
გულში ჰქონდა ჩასახული
სიდიადე და შვენება;
სწამდა კაცი ყოველ ერში...
ამაღლებდა ქრისტეს მცნება!!
ოღონდ კაცი ყოფილიყო,
მისთვის იყო ყველა ერთი!
სიმართლე და თანსწორობა
იყო მისი რწმენა ღმერთი!
სიყვარულით მან მოიმკო
საზოგადო სიყვარული
და უბიწოდ მოიმზადა
საუკუნო ტკბილი რული.
[1912 წ.]
გაბრიელ სუნდუკიანცის დამარხვის დღეს (I, 839). დაიწერა და დაიბეჭდა 1912 წელს.
- თემი 1912 წ. 26 მარტი №64.
აკაკისა და სომეხთა ცნობილი მწერლის გაბრიელ სუნდუკიანცის მეგობრობა, აღბეჭდილი აკაკის პოეტურ შემოქმედებაში, წარმოგვიდგენს ღირს-სახსოვარ ფურცელს ქართველთა და სომეხთა მოძმე ერების კულტურული ურთიერთობის ისტორიიდან. აკაკის პოეტურ მემკვიდრეობაში ჩვენ გვაქვს სამი ლექსი, მიძღვნილი გ. სუნდუკიანცისადმი: „მეგობარს“ (1901 წ.), „გ. ს. სუნდუკიანცს“ (1910 წ.) და „გაბრიელ სუნდუკიანცის დამარხვის დღეს“ (1912 წ.). იხ. აგრეთვე მოგონება აკაკისა გ. სუნდუკიანცის შესახებ (გაზ. თემი, 1912 წ. 1 64).
![]() |
3.49.2 ბაქო |
▲ზევით დაბრუნება |
გურგენის ზღვის სიახლოვეს
ქალაქია დიდი, ბაქო.
ვნახე, მაგრამ ვერ ვახერხებ
რომ შევამკო და შევაქო.
ჯერ ქალაქი იმისთანა
არ მინახავს ჩვენში მე სხვა:
ნაცრის ფერი, უწყლო მხარე,
თუმც-კი იქვე ახლოს აქვს ზღვა.
ქარი უქრის დღე და ღამე,
ახმაურებს ყველგან ქუჩებს;
გამვლელს აყრის მტვერს თვალებში,
ქვიშას ურევს, უწვავს ტუჩებს.
ჰაერი ჰყაროს, არემარეს
ირგვლივ უდის ნავთის სული,
სასმელი ჰყაროს, საჭმელი ჰყარს!
არ ჰყარს მხოლოდ მარტო ფული.
მაგრამ მასაც სათავეში
ვინ უდგას და ვის ხელშია?
ვიღაც ერთი-ორიოდე,
მაშინ როცა ათასს ჰშია.
თაგიევი, ნაგიევი,
მუხთარი და მუსა-ალი.
ვინ არიან ეს გმირები? -
სულ უბრალო რამ „ამბალი“!
ზოგი თურმე ქვას ჰკოდავდა,
ზოგი იყო მიწის მუშა.
ბედმა შრომა ეს დღიური
ყველას ერთად ჩაუფუშა.
და სანაცვლოდ მიანიჭა
მილიონი... ნავთის წყარო...
და იმითი ააშენა...
აამაღლა, ვით სამყარო.
ვინც რომ თავსაც არ უკრავდა,
დღეს თაყვანს-სცემს მოწიწებით
და შეჰყურებს, როგორც ბრძენსა,
სიხარბით და გაოცებით.
აგერ, ხედავთ, მოაქანებს
ავტომობილს ვიღაც ქალი,
ახალგაზდა, თვალ-ტანადი,
მაყურებელს მოსჭრა თვალი.
ნასწავლსა და განათლებულს
არავინ ჰყავს, ჰფიქრობს, ტოლი,
და ვინ არის? ვინ იქნება,
თუ არ ამბალთაგნის ცოლი.
მილიონრის ცოლობაზე
ვინ გაბედავს, - რომ სთქვას, - უარს,
და ლამაზი სხვისი ჩიტი -
გალიაშიც ქმარსაც უყვარს.
ამ მეოცე საუკუნის
ძალა არის მხოლოდ ერთი
მილიონი!.. მილიონი!..
მილიონი, ქვეყნის ღმერთი!..
მაგრამ მაინც, ჩემო ბაქო,
ვერ ვახერხებ, რომ შენ გაქო,
მით უფრო, რომ ზნეობითი
არაფერი არა გაქო.
[1912 წ.]
ბაქო (I, 840) დაიბეჭდა 1912 წელს.
- თემის დამატება 1912 წ. 9 აპრილი №2 (66). -
![]() |
3.49.3 მარჯორი უორდროპის სახსოვრად |
▲ზევით დაბრუნება |
სახელგანთქმულ ინგლისიდან
შემოფრინდა ჩვენში ობლად,
ვით მერცხალი მოჭიკჭიკე,
გაზაფხულის მახარობლად!
აჭიკჭიკდა და აგვიხსნა
წინაპრების გზა და კვალი!..
შეუწონა აწმყო წარსულს
და გვიქადა მომავალი...
გვითხრა: „ტყვილა გულს ნუ იტეხთ!..
თქვენგან მე ბევრს გამოველი:
არ მოკვდება ის ერი, ვინც
წარმოშობა რუსთაველი!..“
ეს გვითხრა და სხვაც რამ კიდევ
ბევრი დარჩა მას სათქმელი,
ვისაც ასე ჯერ უდროოდ
საუკუნოდ ჰფარავს ბნელი.
მაგრამ მაინც იმ ბნელიდან
მზის ციაგად მოგვფენს ნათელს,
და მიტომაც საქართველო
არ ივიწყებს იმის სახელს!..
1912 წ.
მარჯორი უორდროპის სახსოვრად (I, 842).
- ჩემი ნაწერები, I, 1912 წ. || ავტოგრაფი XIII,12. -
მარჯორი უორდროპი (1869-1909 წ.) - ინგლისელი მწერალი ქალი, რომელმაც სთარგმნა ინგლისურად რუსთველის „ვეფხის-ტყაოსანი“ და ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“.
აკაკის ლექსი დაწერილია 1909-1912 წწ. დაიბეჭდა 1912 წელს (ამ ლექსით იხსნება აკაკის „ჩემი ნაწერები“-ს პირველი წიგნი, რომელიც 1912 წელს გამოვიდა).
![]() |
3.49.4 ალბომში |
▲ზევით დაბრუნება |
თვალად, ტანად, სულით, გულით
თანასწორად შემკობილო!
ზოგჯერ ცხარევ, ზოგჯერ მწარევ,
მაგრამ სუყოველთვის ტკბილო!..
ერთად-ერთი, როგორც ღმერთი,
იყავ ქვეყნად იდეალი!..
შენ დაატკბე ჩემი აწმყო,
წარსული და მომავალი.
თავს ვგონებდი პირველ კაცად,
სამოთხედ მჩნდა ეს ქვეყანა,
მაგრამ ჩემმა ნეტარებამ
დიდი ხანი ვერ გასტანა:
მომაშორე იმ სამოთხეს,
გამომაგდე, ვით ადამი,
და მით გულსა, დაჩაგრულსა,
სასიკვდილო მოსცხე შხამი.
მაგრამ მაინც, მიყვარს მე ვინც,
შენ იქნები ერთად-ერთი:
სწორუპოვარ, მიუწვდომელ,
სათაყვანო, როგორც ღმერთი!..
[1912 წ.]
ალბომში (I, 843) დაიბეჭდა 1912 წელს.
- ჩემი ნაწერები I, 1912 წ. || ავტოგრაფი XXVIII,9. -
![]() |
3.49.5 *** (კუხ! კუხ! კუხ! შორს არ წახვიდეთ!..) |
▲ზევით დაბრუნება |
„კუხ! კუხ! კუხ! შორს არ წახვიდეთ!“ -
კრუხი უძახის წიწილებს.
იქვე წევს ძაღლი მურია
და მტრებზე ილესავს კბილებს!
მაღლიდან ქორი დასცქერის,
ხის ტოტზე გადმომჯდარია,
დროს ეძებს - წიწილს დაეცეს,
წაიღოს - ის უხარია.
უცბად დაეშვა კრუხისკენ
აჩქარებულის ფრენითა,
მაგრამ მას ძაღლი მივარდა
გამწარებული ღრენითა:
სტაცა ქორს ბასრი კბილები,
დაგლიჯა, სისხლი ადინა,
და კრუხი წიწილებითა
მით ხიფათს გადაარჩინა.
ზე დაჰყურებდა ამ სურათს
მგოსანი დაფიქრებული,
და უცნაურის ნატვრითა
მაშინ აევსო მას გული:
თუ ჩემ სამშობლოს მოუხტეს
ქორი და შექმნას ავობა,
ღმერთო, ძაღლებად აქციე
ერთთავად ახალ-თაობა!
[1912 წ.]
*** „კუხ! კუხ! კუხ!“ (I, 844). დაწერილია 1912 წელს. ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XIII,15. -
____________
1. შავი ამ ლექსისა დაწერილია იმავე ფურცელზე, რომელზედაც მოთავსებულია შენიშვნა შესახებ ლექსისა „რჩევა ახალგაზრდა მწერლებს“ (იხ. ავტოგრაფების კოლექცია XIII). ხოლო რაკი ეს შენიშვნა დაიწერა „ჩემი ნაწერები“-ს პირველი ტომისათვის, რომელიც 1912 წელს გამოქვეყნდა, ამის მიხედვით ირკვევა ამ ლექსის დაწერის თარიღიც.
![]() |
3.49.6 *** (მშვიდობით, შრომავ და ღვაწლო...) |
▲ზევით დაბრუნება |
მშვიდობით, შრომავ და ღვაწლო
ნახევარ საუკუნისა,
იუბილეის სანაცვლოდ
მომნიჭებელო წუნისა.
მშვიდობით, ინტელიგენტო!
თავი აღარ მაქვს ბრძოლისა,
თქვენ რომ გაწვრთნილხართ, არა ვარ
მიმყოლი მე იმ შკოლისა.
ვერ გამოვდგები მე სადაც,
თურმე, სუყველა ფუჭია!..
ცხოვრების სახელმძღვანელოც
ყოველგან მარტო კუჭია!..
სადაც ზეკაცად ითვლება
მხოლოდ თვალთმაქცი, გრძნეული,
და სადაც გრძნობა-გონება
ენად არს გადაქცეული!
რა გაარიგოს მგოსანმა
მისის გულ-უბრყვილობითა,
გინდა დაედვას მსხვერპლადაც
ორმოცდაათი წლობითა?
სჯობს, რომ მოშორდეს, წავიდეს!
მშვიდობით, ჩემო სამშობლო!
მე საპირადოდ ის მიჯობს,
რომ სხვაგან სადმე ვიობლო.
მშვიდობით, შრომავ და ღვაწლო
ნახევარ საუკუნისა,
იუბილეის სანაცვლოდ
მომნიჭებელო წუნისა!
[1912 წ.]
*** „მშვიდობით, შრომავ და ღვაწლო“ (I, 845). დაწერილი უნდა იყვეს 1912 წელს.1 ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- თემი 1915 წ. 11 მაისი №218. || ავტოგრაფი I,33. -
______________
1. ეს ლექსი სჩანს იმ დროს ეკუთვნის, როდესაც აკაკიმ წამოაყენა თავისი კანდიდატურა სახელმწიფო სათათბიროში.
![]() |
3.50 1913-1914 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.50.1 საკვირველებას |
▲ზევით დაბრუნება |
ჯერ ყმაწვილმა, ახალგაზდამ
საოცარი ვინმე ვნახე!
ცით მოვლენილ ანგელოზად,
მიწიერმა, დავისახე.
ავეგზენი, ავფრთოვანდი,
სადიდებლად მოვრთე ქნარი,
მაგრამ მალე მომეფარა,
ვით ოცნება და სიზმარი.
ნახევარი საუკუნე
ის ვეღარსად ვეღარ ვნახე,
მაგრამ გულში მისი სახე
სიკვდილამდე დავისახე.
რომ დავბერდი, დავუძლურდი,
ისევ ვნახე უცაბედად;
ხსოვნა კვნესად გადამექცა
და ეს გული კი აბედად!
ისევ ისე ახალგაზდა...
მშვენიერი, როგორც დილა!
და, სჩანს, თურმე არ ბერდება,
ვინც ღმერთ-ქალად გაჩენილა!!
1913 წ. იანვარი.
საკვირველებას (I, 846). დაწერის თარიღი: 1913 წ. 12 იანვარი.1 დაიბეჭდა 1913 წელს.
- თემი 1913 წ. 11 თებერვალი №110. -
___________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია თემში.
![]() |
3.50.2 თანამედროვე გმირი |
▲ზევით დაბრუნება |
დედას, სნეულს და ავადმყოფს,
ერიდები, აშორებ თვალს!
მოწიწებით თაყვანსა-სცემ
გადამთიელ დედინაცვალს!..
თვალ-ტანადად ქართველი ხარ,
მაგრამ გულით კი სხვა სჯულის;
ღმერთად არ გრწამს არავინ სხვა,
გარდა კუჭის, გარდა ფულის!..
თეთრი კბილი, შავი გული,
აი შენი პოლიტიკა!
საქმით მგელო, შხამით გველო,
კუდა-მელის კუდის-რიკა!
მოდის ის დრო, რომ დაჰგმობენ
შენისთანა ფარისევლებს!..
შეგეცვლება ლხინი ჭირად
და მოიმკი კვნესით ცრემლებს.
ჯერ-ჯერობით კმაყოფილი.
რაღას ეტყვი მაშინ შვილებს,
გულდასმით რომ გაგისინჯვენ
შავს ენას და მაგ თეთრ კბილებს?
ვეღარც კუჭი, ვერც ფულები
მაშინ ვეღარ გიშველიან!
წახვალ იქით, სადაც წყევლით
და ბარ-ნიჩბით მიგელიან!
[1913 წ.]
თანამედროვე გმირი (I, 847). დაიბეჭდა 1913 წელს.
- თემი 1913 წ. 4 თებერვალი №109. || ავტოგრაფი I,19. || პირი H - 1507 საქ. მუზეუმისა (სათაური: „თანამედროვე“). -
![]() |
3.50.3 ვაჟა-ფშაველას |
▲ზევით დაბრუნება |
ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც-კი გვითესავ მარგალიტს!..
მკითხველიც იმას მკისაო!!
ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,
მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;
შენ დამიხატე ის მხარე
ფშაურის ჭკუა-გრძნობითა.
და რაც არ გადმოგიცია
მისს შვენებაზე ენითა,
მე თვითონ მივხვდი ყოვლიფერს,
შენთანვე აღმაფრენითა.
ვიცი, რომ ფშავლის სოფელი
წმინდაა, მაღალ მთისაო,
ენა - მეტყველი სიმართლის,
გულ-მკერდი - ფოლადისაო.
წინეთ რომ ხმალი უჭრიდათ,
სადღეისოდ სჭრის კალამი...
გადაეც ბარის მგოსნისგან
მთიულებს ძმური სალამი.
[1913 წ.]
ვაჟა-ფშაველას (I, 848). დაიბეჭდა 1913 წელს.
- თემი 1913 წ. 4 თებერვალი №109. || ავტოგრაფი I,19. || პირი H - 1507 საქ. მუზეუმისა.
![]() |
3.50.4 ფული |
▲ზევით დაბრუნება |
ფულო, ეშმაკის ნაჭედო,
მადანო ჯოჯოხეთისო!
განვედი ჩემგან!.. კრულ იყავ!
არ მსურს გემონო... გეთვისო.
ქვეყნიერება თაყვანს-გცემს
და შენი მაძებარია;
უშენოდ ჩვენი ცხოვრება,
მართლა რომ ნაღველ-ძმარია.
მაგრამ მე მაინც არ ვეძებ
შენს თანა-მეგობრობასა!
ღარიბი ღარიბს ვადიდებ...
არ მოვშლი შენთან მტრობასა!..
ვიცი ვინც ხარ და რა ძალაც,
ცხოვრებად გადაქცეული,
სწორი გზის ამრევ-დამრევი,
ეშმაკის მახე, წყეული.
ჯიბიდან შეეპარები
წმინდა გულს გასახრწნელადა,
სწორ მხედველობას წაართმევ,
ნათელს უჩვენებ ბნელადა.
მაგრამ სანამდი? და რისთვის?
განა ეს არის ცხოვრება?
რაღად ღირს მაშინ სინათლე,
თუ ისევ მალე გაქრება?
სამარადისო არც შენ ხარ,
გაქრები, როგორც სიზმარი;
მოვა, შენს ადგილს დაიჭერს
მოთხოვნილება სხვაგვარი:
შრომა და პატიოსანი
ოფლის-ღვრა სწორის-სწორისო
თავის-უფლება, ერთობა
და ძმობა ერთა შორისო.
[1913 წ.]
ფული (I, 849). დაიბეჭდა 1913 წელს.
- თემი 1913 წელი 18 მარტი №115. || ჩემი ნაწერები II, 1913 წ. || ავტოგრაფი Xlll.22. -
![]() |
3.50.5 ეპიტაფია |
▲ზევით დაბრუნება |
იობა ისაკაძისა
პატარა კაცი ვიყავი,
უბრალო პურისმცხობელი;
ყოველგვარ კარგის მოყვარე
უკუღმართობის მგმობელი.
მიყვარდა ღმერთი მოწყალე,
მრწამდა მოძღვრება ქრისტესი!
ამ ქვეყნად არა-რა მქონდა
იმაზე უფრო უტკბესი.
მის თანასწორად მიყვარდა
ჩვენი სამშობლო ქვეყანა,
სადაც უწყალო სიკვდილმა
ცხოვრება აღარ მახანა.
მშვიდობით, წუთისოფელო!
მშვიდობით, ძმებო და დებო!
მშვიდობით, ცოლო და შვილო,
მარადის გულში ნადებო!
წავდგები წინაპართ გუნდში,
სადაც-კი განისვენებენ,
თუ იმათ რიცხვში, მეც მცირეს,
ამ ქვეყნად მომიხსენებენ!..
შემავედრებენ „მამასა,
სულსა წმინდასა და ძესა“,
შრომის შვილს, უბრალო მუშას
მე იობ ისაკაძესა...
1913 წ.
ეპიტაფია იობ ისაკაძისა (I, 851). დაიწერა და დაიბეჭდა 1913 წელს.
- თემი 1913 წელი 10 ივნისი №127. -
![]() |
3.50.6 *** (ობობამ ქსელი გააბა...) |
▲ზევით დაბრუნება |
ობობამ ქსელი გააბა
ბუზების დასაჭერადა;
რომ მოატყუოს ფრინვლები,
მელია შედგა ბერადა.
ბოროტმა კაცმა ორივეს
ნასაქმსა ახედ-დახედა,
იმათი ნამოქმედარი
გამოიყენა მახედა.
და მოძმეს უგებს, საკუჭო
თუ ცოტა შემოელია,
ობობასავით ქსელს აბამს,
ფარისევლობით მელია.
[1913 წ.]
ობობამ ქსელი გააბა (I, 852). დაიბეჭდა 1914 წელს.
- ნაკადული მოზრდილთათვის 1914 წ. იანვარი №1. -
![]() |
3.50.7 სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
შორის ოხვრით, შორის ბნედით
მიყვარს! მიყვარს სულით! გულით!
სამარეში თანჩამყოლის,
აღმამფრენელ სიყვარულით!
არ მგონია, რომ იმაზე
იყოს ვინმე უკეთესი!
ტკბილად მდაგავს სიყვარული,
მისგან გულზე დანაკვესი!
როცა სოფლად მე, დამაშვრალს,
დამებმება ტანჯვით ენა,
საკმაოა ჩემთვის მხოლოდ
ერთი მისი წარმოდგენა, -
სევდა, გულში ჩაკირული,
გზას დაუთმობს სიხარულსა
და ვადიდებ მაშინ, ვით ღმერთს,
ამ უცნაურ სიყვარულსა!
1913 წ., 15 ივნისი.
სიყვარული (I, 853). დაწერის თარიღი: 1913 წ. 15 ივნისი.1 პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.
- ავტოგრაფი XIII,23. || ავტოგრაფი L - 24 (სათაურით „მოხუცის სიყვარული“). -
______________
1. დაწერის თარიღი აღნიშნულია L - ავტოგრაფში.
![]() |
3.50.8 გედი |
▲ზევით დაბრუნება |
სიკვდილის წინეთ, ამბობენ,
აჭიკჭიკდება გედიო,
და ტკბილ ჰანგებში იმარხვის
მისი არსების ბედიო.
უცნაურია გალობა
პირველ და უკანასკნელი!..
აქ იხატება ცის სივრცე,
აქვე ისახვის ქვესკნელი.
ორ-აზროვანი, ორ-კილო,
ერთის ხმით გამომეტყველი,
შემოქმედების ქებაა,
ცისა და ქვეყნის შემკვრელი.
საამაქვეყნო ზარია,
საიმქვეყანო ზევსური.
გედო! შევნატრი შენს ჭიკჭიკს,
შენგვარ სიკვდილსაც მეც ვსური!..
გედი (I, 854). უკანასკნელი ლექსია, პოეტის მიერ გადაცემული დასაბეჭდად „თემი“-ს რედაქციისათვის. დაიბეჭდა პოეტის გარდაცვალების შემდეგ, 1915 წ. 2 თებერვალს.
- თემი №205, 1915 წ. -
![]() |
4 ავტორის შენიშვნები1 |
▲ზევით დაბრუნება |
ფარშავანგი. - ხარაბუზა ღენერალს. - „პატრიოტის აღსარება - კოღო-ბუზების პასუხი“
1870 წელს ჩამობრძანდა ხელმწიფე საქართველოში; ხალხს უნდა მიერთმია ადრესი და გაეცხადებია, სათხოვარიც თუ რამ ექნებოდა. აირჩიეს კომისია ადრესის შესადგენად რვა კაცი; ოთხი ახალ-თაობიდან: ილია ჭავჭავაძე, თარხნიშვილი (მერე აკადემიკოსი), ბესარიონ ღოღობერიძე და ნ. ნიკოლაძე; ოთხიც ძველიდან: გ. ორბელიანი, მ. ბირთველიჩი თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე და რევაზ ანდრონიკაშვილი (მარშალი). ახალ-თაობა ქვეყნის სურვილისამებრ ითხოვდა უნივერსიტეტს, ან სხვა რამ მაღალ სასწავლებელს, მაგრამ რადგანაც ამის წინააღმდეგი იყო ბარონ ნიკოლაი, ძველები შეჩერდენ კადეტის კორპუსზე, რომელიც მაინც უნდა გახსნილიყო. ახალ-თაობისა და ქვეყნის სურვილმა ხმის უმეტესობით გაიმარჯვა და ადრესში იყო ნათხოვი უმაღლესი სასწავლებელი. მაგრამ თავმჯდომარემ და ძველებმა, რადგანც იმათ ბესარიონ ღოღობერიძეც მიუდგა, გადაასხვაფერეს ადრესი, სასწავლებლის მაგიერ სრულიად უმნიშვნელო საგანი ითხოვეს და ისე მიართვეს ხელმწიფეს. ამან გამოიწვია უსიამობა ძველის და ახალ-თაობის შუა. ილია ჭავჭავაძემ დასწერა ლექსი, სადაც მოიხსენია ძველები. დასტალუღად ამბობდა: „ქვეყანა და ქვეყნის საქმე ამას ფეხებზე ჰკიდია!“ ამ ლექსს უპასუხა გრიგოლ ორბელიანმა „კოღო-ბუზებო! ლიბერალებოო!“ და სხვანი. იქ მეტად გალანძღული და შერისხული იყო ახალ-თაობა. სხვათა შორის (თუმცა მე არაფერ შუაში ვყოფილვარ), მეც ვიყავი მოხსენებული: „აკაკიები, ბაკაკიები“ და სხვანი. და მეც ახალ-თაობის სახელით დავსწერე „ღენერალი ხარაბუზა“, და გაიმართა უცენზურო მწერლობა. უცენზურო მიტომ, რომ დიდ-კაცებს ეხებოდა. აი ეს ალეგორიებიც: „პატრიოტის აღსარება“ (ვითომ ძველების მხრით), „კოღო-ბუზების პასუხი“ და დათვი ორ-ბელიანი მაშინ დაიწერა.
_________________
აქ მოთავსებული შენიშვნები, რომლებიც ეხება აკაკის ზოგიერთს ლექსს, პოეტმა დასწერა 1912-1913 წლებში. შენიშვნები დართული აქვს აკაკის ნაწერების გამოცემას, რომელიც ამ დროს გამოქვეყნდა („ჩემი ნაწერები“ წ. I, 1912 წ., წ. II, 1913 წ.).