The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სკვითური ელეგია

სკვითური ელეგია

II

განა თუ მართლა გადმოვიკარგე,

მე ჩემი ნებით გადმოვიკარგე.

ვნახე სკვითების ველური მხარე,

ვიცი ეს მიწა მე აღარ მარგებს...

მე მართლა მიყვარს ჩემი ქვეყანა,

მაგრამ ეს გრძნობა ვის დავაჯერო,

იქ მოსატეხი რომ გახდა ყანა,

მე აქ დავეძებ გვიმრების ჩეროს.

და სტირის ჩემში პუშკინის ლექსი,

დგება სკვითია და ქიმერია.

მე ვის მოვთხოვო ეხლა ალერსი,

როცა ცრემლები გულს მოერია.

ჩამოიტირებს ბრმა მეფანდურე

და აატირებს ქრისტეს ბაზარზე,

ამბობს ცრემლებით ქვეყნის სამდურავს

ძუით მიბმული ძაღლი ბაწარზე.

მე მეტირება, არ ვიცი რაზე,

მეც მაგონდება ჩემი ბავშვობა.

ათასჯერ გული რომ გადავრაზე

მაღირსეთ ერთი ცრემლის გაშრობა.

სტირის მოხუცი ქვეყნის აღსასრულს,

და აკვანიდან ამის მოლოდინს,

მეც ქარიშხლიანს ვიგონებ წარსულს,

მელანდებიან ზღვაზე სკვითები

და სინანულის ცრემლი ჩამომდის.

3 სექტემბერი, 1926 წ.

ანაპა.