The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბიოგრაფია

იაკობ ცურტაველი

მეხუთე საუკუნის პირველ მეოთხედში ქართლში ცნობილი ყოფილა ვიღაც ჯაღი ან ჯაღა, სომხური და ბერძნული ენებიდან მთარგმნელი. სამწუხაროდ, მისი არც ვინაობა და არც ლიტერატურული შრომები ჩვენ არ ვიცით. ასე რომ, უძველეს მწერლად, რომლის ნაწარმოები ჩვენამდე შემონახულა, უნდა მივიჩნიოთ იაკობ ცურტაველი. მას დაუწერია აგიოგრაფიული თხზულება ”წამებაჲ წმინდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ”.

თხზულებაში ნაჩვენებია მეხუთე საუკუნეში ჩვენი ცხოვრების ის მომენტი, როდესაც ირანის შაჰები, თავისი აგრესიული პოლიტიკური ზრახვების განსახორციელებლად, ქართლში, აქაურ ფეოდალთა შორის ეძებენ საჭირო აგენტებს, რომლებიც შეძლებენ ძირი გამოუთხარონ მშობლიური ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამგვარი ტენდენციების ფონზე თხზულებაში ოსტატურად გადაშლილია მწავავე დრამა, რომელსაც ადგილი ჰქონია ქვემო ქართლის ერთ-ერთი პიტიახშის ოჯახში. ყოველივე ეს აუწერია არამც თუ უბრალო თანამედროვესა და თანადახვდომილს, არამედ სასახლესთან მეტად დაახლოებულ და ამასთან შედარებით მომზადებულ პირს, იაკობს, რომელიც ყოფილა კარის მღვდელი და შუშანიკის მოძღვარი. თხზულება რომ იაკობის მიერ არის დაწერილი, ეს თვით შრომიდან ჩანს, სადაც ავტორი პირველი პირით ლაპარაკობს თავისი თავის შესახებ: ”და მეცა, ხუცესი დედოფლის შუშანიკისი, თანა ვჰყვანდი ეპისკოპოსსა მას”; ”შუშანიკ მრქუა მე... და მე ვარქუ მას”; ”მოვიდა ყმაჲ ერთი და თქუა: იაკობ მანდა არსა? და მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ გინებს? და მან მრქუა: უწესს პიტიახში და მე დამიკჳრდი თუ რაჲსა მე მიწესს ამას ჟამსა, და მივისწრაფე და მივედ და მან მრქუა მე: უწყია ხუცესს”.

ბიოგრაფიული ცნობები იაკობის შესახებ არ მოგვეპოვება; ისიც ირკვევა, რომ ის დადგენილ იქნა ცურტავის ეპისკოპოსად. 506 წლის კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა რიცხვში აღნიშნულია ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი, როგორც მეხუთე მღვდელმთავარი ამ კათედრისა აფოცის შემდეგ, ადამიანი, რომელიც მეხუთე საუკუნის ოთხმოციან წლებში უკვე შესძლებდა ეპისკოპოსის ხარისხის მიღებას.

ავტორის მიზანია ქრისტიანობის, სამშობლოსადმი ერთგულებისა და სიყვარულის გრძნობის განმტკიცება. თავისთავად ცხადია, რომ თხზულება დაწერილია შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ და ვარსქენის სიკვდილამდე. ამრიგად, იაკობ ცურტაველის მიერ შუშანიკის მარტვილობა დაწერილი უნდა იყოს 476 - 483 წლებში. ამდენად, ის მართლაც ქართული ორიგინალური მწერლობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ძეგლმა ზოგიერთი ცვლილება განიცადა. ეჭვი არაა, ენობრივადაც იცვალა სახე, ყოველ შემთხვევაში, მასში აღარ ჩანს ”ხანმეტობის” კვალი, რომელიც მეხუთე საუკუნის თხზულებისათვის დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო.