მამუკა ბარათაშვილი
ბარათაშვილი მამუკა ავთანდილის ძე, XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი. 1728 წელს მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაში. 1730-იან წლებში იყო მოსკოვში, სადაც 1731 წელს დაწერა პოეტიკური ტრაქტატი ”ლექსის სწავლის წიგნი” (”ჭაშნაკი”). ამ ლექსში პოეტი განიხილავს მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობას, ლექსის საზომებსა და აგებულებას, ეხება აგრეთვე დიდაქტიკურ ფუნქციასაც. 1732 წელს მ. ბარათაშვილმა, ვახტანგ VI ბრძანებით, გალექსა საგმირო-სათავგადასავლო თხზულების “რუსუდანიანის” (XVII ს.) II თავი, რომელსაც “ჯიმშედიანი” ეწოდა. მის კალამს ეკუთვნის ვახტანგ VI მიძღვნილი სახოტბო ლექსი ”იამბიკო”. მ. ბარათაშვილი ქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება გამსჭვალულია ღრმა სევდით, რაც სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობითაა გამოწვეული. აქვს სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებიც.
თხზ.: თხზულებათა სრული კრებული, თბ., 1969.