დავით გურამიშვილი
გურამიშვილი დავით გიორგის ძე (1705. სოფ. გორის უბანი, საგურამოს თემი - 21.VII (1. VIII) - 1872. ქართველი პოეტი. სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. იგი 1727 - 1728 წწ. საქართველოში ლეკთა თარეშის მსხვერპლი გახდა. მალე ტყვეობიდან თავი დაიხსნა და დაიწყო მისი შემოქმედება. მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სიცოცხლის ბოლო წლები მან უკრაინაში გაატარა. დ. გურამიშვილს ყოველთვის აწუხებდა საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა. ”მართლის თქმა” მისი შემოქმედებითი მეთოდია, რადგან ”ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!”. იგი ღრმად ჩასწვდა იმ მიზეზებს, რომლებმაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა. ამას თან დაერთო ფეოდალური შინააშლილობა, ძმათა სისხლისმღვრელი ომები, რომლის ჭეშმარიტი გამოხატულებაა პოემა ”ქართლის ჭირი” და, რაც მთავარია, მასში გზადაგზა ჩართულია თვით პოეტის ტრაგიკული ბიოგრაფია. პოემას უძღვის შესავალი თავები, რომლებიც პოეტის დიადქტიკურ-განმანათლებლურ იდეებს გადმოგვცემს. ”სწავლა მოსწავლეთა” ავითარებს იმ აზრს, რომ ქვეყნის ხსნის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება სწავლა-განათლების აღორძინებაა, ხოლო მთელი ”დავითიანი” ამ უწმინდესი თემის დრამატული განცდის შედეგს წარმოადგენს; შინაარსისა და ფორმის პრინციპული სიახლის მხრივ ”დავითიანი” ქართულ პოეზიაში ე. წ. ”ევროპეიზმის” დამკვიდრების სათავეებთან დგას. ამ თვალსაზრისით დ. გურამიშვილი XIX საუკუნის ახალი ქართული პოეზიის ერთ-ერთ წინამორბედად გვევლინება.
გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული.