![]() |
ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე (აკაკი წერეთელი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ილია ჭავჭავაძე / აკაკი ბაქრაძე ; [რედ.: ლაშა ბაქრაძე ; წიგნზე მუშაობდნენ: მალხაზ ინჯგია და სხვ.]. – [თბ.] : პეგასი : ლაშა ბაქრაძე, 2006 („საქართველოს მაცნეს“ სტ.). – 228გვ. : ფოტ. ; 19სმ.. – (ილუსტრირებული ბიოგრაფიები ; 1). – შენიშვნები: გვ. 219. – პირთა საძიებელი: გვ. 225-228. – ბიბლიოგრ.: გვ. 220-221. – ISBN 99940-67-27-3 : [ფ.ა.][MFN: 29986] UDC: 821.353.1(092ჭავჭავაძე, ი.) |
![]() |
1 იგავი პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
მეფემ შვილი აღსაზრდელად ბრძენს მიაბარა. ყმაწვილი უგუნური აღმოჩნდა. სწავლულის შრომა-გარჯამ ამაოდ ჩაიარა. ის დღეც მოვიდა, როცა უფლისწული სასახლეში უნდა დაბრუნებულიყო. უკანასკნელად ექვსი დარიგება მისცა მზრდელმა მეფის ძეს:
დაუჯერებელს ნუ დაიჯერებ;
სადაც ვერ მიწვდები, იქით ხელს ნუ გაიშვერ;
წარსულ საქმეს ნუ ინანებ;
გზაზე რომ მიდიოდე, განზე ყურებას ნუ დაიწყებ, წინ დაიხედე;
ბრიყვისაგან ნურა გეწყინება რა;
ავზე ნუ აჩქარდები და კარგზე ნუ დაიგვიანებ.
არც ამან უშველა. ბატონიშვილმა ვერც ერთი დარიგება ვერ აითვისა და გამოიყენა. შვილი რომ გაუწვრთნელი ნახა, ხელმწიფე განრისხდა. ბრძენი დაადანაშაულა. მაშინ ეს უთხრა მზრდელმა მეფეს:
- ერთი კაცი მომგვარეს სტუმრად სახლში. მე ვერ მივიღე, რომ უნდოდა, ისე, რადგანაც ბინა არა მქონდა. მწყრალადაც დავუხვდი, სტუმარიც გაჯავრდა და წავიდა. აღარ დადგა ჩემს სახლში... და მიმყვანს ბრალი რამ აქვს თუ არა?
მეფემ ბრძანა:
- მიმყვანს რა ექნა, ეგ მასპინძლის ბრალია, რომ კარგად ვერ მიუღია და ბინა არ ჰქონია.
- მაშ, მე რაღად მიწყრებით, დიდებულო მეფეო! - მიუგო ბრძენმა. - სწავლა და მეცნიერება სტუმარია, ჭკუა კი მასპინძელი და თუ თავში ჭკუა მწყრალად არის, აღარც ისინი მოიცდიან. მე ისინი მივგვარე ამ თქვენს შვილს, მაგრამ მაგას რომ ბინა არ ჰქონდეს მათთვის და ვერ მიიღოს, ჩემი რა ბრალია?..
![]() |
1.1 წარმომავლობა |
▲ზევით დაბრუნება |
დედის მხრით, აკაკი წერეთელი დასავლელ ქართველთა მეფის სოლომონ პირველის პირდაპირი შთამომავალი იყო.
დარეჯან ბატონიშვილი, სოლომონ პირველის ასული, ცოლად ესვა ქაიხოსრო აბაშიძეს.
დასავლეთ საქართველოს სამეფო ტახტს, ერთგულებასთან ერთად, აბაშიძეთა სახლისაგან ბევრი ღალატიც ახსოვს. გასახსენებლად ისიც კმარა, რაც ლევან აბაშიძემ ჩაიდინა ხრესილის ბრძოლაში, 1757 წლის ზამთარში. ლევან აბაშიძე სოლომონ პირველის ბიძა იყო, დედის ძმა. მაგრამ ხრესილში იგი დისწულის მხარეს არ იბრძოდა. თურქებს ედგა გვერდით. ვაჟკაცობა არ დაუზოგავს ოსმალთა ლაშქრის გასამარჯვებლად. ამაოდ გაისარჯა. იმ დღეს განგება ქართველთა მხარეს იყო. თურქები დამარცხდნენ. ლევან აბაშიძე ბრძოლაში მოკლეს. ქართველი გლეხის გეგელა თევდორაძის ტყვიამ განგმირა იგი. როცა განრისხებულმა მეფემ დაუყვირა გეგელას - „როგორ გაბედე შენ ბიძაჩემის მოკვლაო?“ - გლეხმა მართლად და მოხდენილად უპასუხა - „მეფევ, მე ბიძათქვენი კი არა, ქვეყნის მტერი და ორგული მოვკალიო“. ომში გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხისათვის გეგელა თევდორაძეს აზნაურობა ებოძა. გვარიც შეუცვალეს და გეგელაშვილი დაარქვეს.
ამას თავად აკაკი წერეთელი გვიამბობს ნარკვევში „სოლომონ პირველი დიდი იმერეთის მეფე“.
ამგვარ აბაშიძეთა რიცხვს არ ეკუთვნოდა ქაიხოსრო აბაშიძე. იგი ქვეყნისა და მეფის ერთგული და თავდადებული კაცი იყო. როცა ტახტდაკარგული სოლომონ მეორე სამეფოს დასაბრუნებლად, 1810 წელს, ისევ შეება რუსეთის არმიას, ქაიხოსრო აბაშიძე, შვილებთან ერთად, მეფის მხარდამხარ იბრძოდა. ამ საგრობაში დაიღუპა ქაიხოსრო აბაშიძე, მამასთან ერთად დაეცა მისი სამი ვაჟიც - როსტომი, გიორგი და სვიმონი. ამჯერად განგებამ ქართველობას ზურგი შეაქცია. დამარცხებული სოლომონ მეორე თურქეთში გადაიხვეწა. სულიც უცხოობაში დალია.
დარეჯანსა და ქაიხოსროს კიდევ ჰყავდათ ვაჟიშვილი - ივანე. იგი მამის კვალს გაჰყვა. სანამ პირში სული ედგა, საქართველოში რუსთა ბატონობის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძოდა.
1819-20 წლებში, საიმერეთო რომ აჯანყდა, ამბოხებას სათავეში სწორედ ივანე აბაშიძე ედგა. ეროვნულმა, რელიგიურმა, პოლიტიკურმა, სოციალურმა დამცირებამ ხალხს მოთმინების ძაფი გაუწყვიტა. ხელში თოფი ააღებინა. საქართველოს სხვა კუთხეებმა მაშინ იმერეთს მხარი არ დაუჭირეს. მარტოკა ებრძოდა პაწია იმერეთი რუსთა თვალუწვდენელ იმპერიას. ალბათ, ჯანყის ყველა მონაწილემ ზედმიწევნით ზუსტად იცოდა, რითაც დამთავრდებოდა ეს უთანასწორო ომი, მაგრამ მაინც თავგანწირული იბრძოდნენ. მონობას სიკვდილი ერჩიათ და კვდებოდნენ კიდეც. ვინ იცის, იქნებ ამ ამბოხებისა და ბაბუამისის გახსენებამ დააწერინა მერე აკაკის:
მონას რად უნდა კრული სიცოცხლე?
რისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი!
(„პატარა კახი“)
შვიდი თვე უმკლავდებოდნენ აჯანყებულები იმპერატორ ალექსანდრე პირველის არმიას. მეტი ვეღარ შეძლეს. დამარცხდნენ. დამარცხებულებს სასტიკად გაუსწორდნენ. ათი კაცი ჩამოახრჩვეს. უმრავლესობას ოჯახები აუწიოკეს: ქალიცა და კაციც ხიშტებზე ააგეს. ბევრიც ციმბირში გადაასახლეს. ივანე აბაშიძემ თავი ახალციხეს შეაფარა. იმჟამად ახალციხის საფაშო კიდევ არსებობდა. იგი თურქებს ეპყრათ და რუსთაგან დევნილი ქართველების თავშესაფრად იყო გადაქცეული. ახალციხემ ვერ დაიცვა ივანე აბაშიძე. ჯაშუშები მიუგზავნეს და მოკლეს.
იმ ივანე აბაშიძის, ანუ, როგორც იმერეთში ამბობდნენ - „ახალციხეში მოკლულ ივანე აბაშიძის“, ქალი იყო აკაკი წერეთლის დედა ეკატერინე აბაშიძე (1808-1885 წწ.).
ასე რომ, სოლომონ პირველი აკაკის პაპის პაპა იყო: სოლომონი-დარეჯანი-ივანე-ეკატერინე-აკაკი.
აბაშიძეების ოჯახი რომ დაარბიეს, აჰყარეს და გადასახლებაში გაგზავნეს, ამან დიდად გაამწარა ივანე აბაშიძის ცოლისძმა, გურიის მთავარი მამია გურიელი. მაშინ გურიის სამთავრო ოფიციალურად ჯერ კიდევ არ შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. „დამოუკიდებლობის“ გარეგნული ნიშნები შენარჩუნებული ჰქონდა. საქართველოს ანექსია ერთბაშად არ მომხდარა. თანდათანობით განხორციელდა. ჯერ ქართლ-კახეთის სამეფო დაიკავეს, მერე - იმერეთის. ამას მოჰყვა თანამიმდევრულად გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროების გაუქმება. საქართველოს დაპყრობა დიდხანს გრძელდებოდა. 1801 წელს დაწყებული 1878 წელს დამთავრდა, როცა რუსეთმა თურქეთი დაამარცხა და მუსლიმანური საქართველოც შემოიერთა.
რაკი მამია გურიელს ჯერ კიდევ ერქვა მთავარი, ეტყობა, გავლენაც მთლად დაკარგული არ ჰქონდა. მისმა გამოსარჩლებამ გასჭრა. ივანე აბაშიძის სახლობა იმერეთში დააბრუნეს, თუმცა იმ დაბრუნებას დაბრუნება არ ეთქმოდა. აბაშიძეებს ყმა და მამული ჩამორთმეული დახვდათ, სახლ-კარი დარბეული და განადგურებული. დიდი ოჯახი ღია ცის ქვეშ, ღვთის ანაბარად იყო დარჩენილი. ნათესავებმა შეიფარეს ისინი. თორმეტი წლის ეკატერინე აბაშიძე ბიძამ წაიყვანა ოზურგეთში.
მამია გურიელის ოჯახში ეკატერინე აბაშიძეს ევროპელი კათოლიკე მისიონერები ზრდიდნენ. იმ დროს კათოლიკე ბერები მრავლად იყვნენ დასავლეთ საქართველოში. ისინი, სარწმუნოებრივ პროპაგანდასთან ერთად, დიდ სამეურნეო და კულტურულ საქმიანობას ეწეოდნენ. თავად აკაკი გვიამბობს:
„ამ ევროპიულად განათლებულმა და გონება განვითარებულმა მეცნიერებმა დედაჩემზედაც დიდი გავლენა იქონიეს: მათი მეოხებით შესწავლილი ჰქონდა, სხვათა შორის, ექიმობა და მეურნეობა. რაცკი იმ დროში ქართველი ქალის ხელიდან გამოვიდოდა, ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა. იყო კარგი მწიგნობარი, მეოჯახე, მოხელსაქნარე და მასთანაც კარგი აღმზრდელი. ცნობისმოყვარეობასთან შრომისმოყვარეობაც შეთვისებული ჰქონდა. დილას მამლის ყივილზე რომ წამოდგებოდა, დაღამებამდე ფეხზე იდგა და უსაქმოდ კაცი ვერ ნახავდა“ („ჩემი თავგადასავალი“).
დიდხანს არ გაგრძელებულა ეკატერინე აბაშიძის კეთილდღეობა. 1826 წელს მამია გურიელი გარდაიცვალა. გურიის სამთავროს საქმეები აირ-დაირია. მამია გურიელის ცოლ-შვილი იძულებული გახდა, თურქეთში გაქცეულიყო. დაიწყო ეკატერინე აბაშიძის ნათესავებში კარდაკარ ხეტიალი. უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა იგი. წელზე ფეხს იდგამდა, ლუკმაპური რომ ეშოვა. სოლომონ პირველის ბადიშის შვილს, გლეხის გოგოსავით, ხელდაკაპიწებული შრომით უნდა ერჩინა თავი. ამ სიდუხჭირესა და სიღატაკეში ჩამოყალიბდა მისი ხასიათი. გაჭირვებამ ასწავლა მოყვასის სიყვარული, შრომის ფასი და პატივისცემა, მუქთახორობისა და მცონარეობის სიძულვილი.
„სიზარმაცე და უსაქმურობა დედა არის ყოველგვარი ბოროტებისაო“, - იტყოდა ხოლმე, - „და კეთილი საქმე-კი იგივე ლოცვა, ვედრებააო“. მოსამსახურეებს ყოველთვის თვალყურს ადევნებდა, რომ ცუდი არა ჩაედინათ რა. უსაქმოდ არავის გააჩერებდა. ყოველგვარ ხელობას ასწავლიდა მათ და ზოგს წიგნსაც აკითხებდა. მაშინ, ბატონყმობის დროს, ამგვარი ქცევა საარაკო იყო და დედაჩემის მოქმედებაც ბევრს თვალში ეჩხირებოდა. მკაცრობისა და მრისხანების სახელი ჰქონდა დავარდნილი, რადგანაც თავი მძიმედ ეჭირა. „თუ თავი გაუყადრე ბრბოს, პირს შეგაჩვევს, აღარად ჩაგაგდებს და, რაც უნდა ურჩიო, აღარ დაგიჯერებსო“, - ამბობდა. სასახლეში მისი ყველას ეშინოდა და დიდი ხათრიცა ჰქონდათ. მაშინ მეც ისე მეგონა, როგორც სხვებს, რომ დედაჩემი ცივგული და მრისხანე იყო. მაგრამ გონებაში რომ ჩავხვდი, მაშინ-კი გამოვიკვლიე სიმართლე: ის იყო ნამეტანი ჩვილი გულის მქონი და მოყვარული, მაგრამ დიდ ოჯახში ნამყოფი, დარეჯან ბატონიშვილის გაზრდილი და პატრების ნამოწაფარი, განგებ პირბადეს იფარებდა, მხოლოდ კეთილის განზრახვით. უნდა გენახათ მაშინ, როდესაც სასახლეში ავად ვინმე გახდებოდა, გინდ უკანასკნელთაგანიცა!.. დღე და ღამ მოსვენება აღარ ჰქონდა და თავის ხელით უვლიდა, როგორც შვილს. გაჭირვებულის დახმარება რჯულად ჰქონდა დადგენილი. სულ სხვებზე ჰფიქრობდა და სხვებისათვის, თითქოს თავის საკუთარ პირადობაზე ხელაღებული ყოფილიყოს. მუდამ მწუხარებაში იყო და ყოველ ფერიცვალება დღეს მტირალი იჯდა ხოლმე. ამბობდნენ: ამ დღეს რაღაც ძველებური ამბავი აგონდებაო“.
(„ჩემი თავგადასავალი“).
1828 წელს ოცი წლის ეკატერინე აბაშიძის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა. იგი თავად როსტომ წერეთელს (1802-1876 წწ.) მიათხოვეს.
არც როსტომ წერეთელს ჰქონია დალხინებული ბავშვობა. იგი დედისერთა იყო. მამა ადრე გარდაეცვალა. ამას ისიც დაემატა, რომ როსტომის ბიძები, მამის ძმები, სოლომონ მეორეს გაჰყვნენ თურქეთში. ოჯახი უკაცოდ დარჩა. ამით, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა სარგებლობდა. ავიწროებდნენ წერეთელთა ოჯახს. არც რუსეთის ხელისუფლება უყურებდა მათ კეთილი თვალით. გადახვეწილი მეფის ერთგულები არიან და მათი ნდობა არ შეიძლებაო - ფიქრობდნენ რუსული მმართველობის წარმომადგენლები.
ვაი-ვაგლახით ინახავდა ოჯახს როსტომის დედა ანა აბაშიძე-წერეთელი. მარტოხელა ქალს ეშინოდა, ეს ერთადერთი შვილიც არ დამეღუპოსო, და როსტომს კალთიდან არ იშორებდა. არც განათლება მიუღია როსტომ წერეთელს. ცოტა ხანს მონასტერში სწავლობდა გრამატიკას, არითმეტიკას, ისტორიას, გეოგრაფიას... მაგრამ დიდხანს იქაც ვერ დარჩენილა. ამის გამო ხანდაზმულობაში ბევრს ნანობდა და წუხდა, მაგრამ დაკარგულის ანაზღაურება შეუძლებელი იყო. რომ დავაჟკაცდა, ქართველ თავადიშვილებთან ერთად მასაც მიაღებინეს მონაწილეობა დაღესტნის ომში. ბრძოლაში თავი გამოუჩენია და წმინდა გიორგის ჯვრით დაუჯილდოებიათ. აკაკის სიტყვით, როსტომი ამ ჯილდოთი დიდად ამაყობდა.
როსტომ წერეთელი გულკეთილი, მაგრამ ახირებული ხასიათის კაცი ყოფილა.
„მუდამ დედის კალთაში თავის დებას ისეთი ზედგავლენა ჰქონია მამაჩემზე, - გვიყვება აკაკი, - რომ იმას მთელ მის სიცოცხლეში თვითნებობა და ახირებულობა ზნედ ჰქონდა გადაქცეული. სძულდა ნადირობა, რაც იმ დროში მებატონეების ჩვეულება იყო. ეჯავრებოდა აქეთ-იქით სიარული და სულ სახლში იჯდა, შინაც არას აკეთებდა; ამბობდა, კაცი სიმშვიდისა და მოსვენებისათვის არის გაჩენილიო. არც თვითონ შრომობდა, არც სხვას აწუხებდა. უყვარდა ძილი, აგრეთვე არ სწყინდა, როცა ხედავდა, რომ უსაქმური მოსამსახურეები მთელი დღე მხართეძოზე წამოწოლილი კოტრიალობდნენ სახლში. პირის გემო იცოდა, უყვარდა კარგად ჭამა და სულ იმას იძახდა: „არიქა, მშიერი არავინ დარჩეს სახლში, დიდსა და პატარას, ყველას სამყოფად აჭამეთო“. ბუნებითად ნამეტანი გულკეთილი იყო, შური და ბოროტება არ ესმოდა, რა იყო“.
როგორც დედის, ისე მამის მხრით აკაკის წინაპრები დასავლეთ საქართველოს სამეფო კარის დიდი მოხელეები იყვნენ. მათთვის არაფერი ყოფილა უცხო: არც ვაჟკაცობა და თავდადება, არც პირმოთნეობა და ორგულობა, არც შურისმგებლობა და დაუნდობლობა, არც თავგანწირვა და მამულის სიყვარული.
დავით წერეთელი თავზეხელაღებული ვაჟკაცი ყოფილა. ომში იგი საარაკო სიმამაცეს იჩენდა და მტერს თავზარს სცემდა. თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ გაჰქცევია ბრძოლას. ეს მაშინ, ქართლისა და იმერეთის მეფეები რომ შეერკინენ ერთმანეთს. გაოცებულ მეფეს უკითხავს, რა დაგემართა, რატომ გაიქეციო? დავით წერეთელსაც საჯაროდ გულახდილად უპასუხებია:
„შიშმა გამაქცია, საოცარი რამ ჩვენება ვნახეო: დედაჩემს ჩემი ძმა მარჯვენა ძუძუს ჭრიდა და მეც მიწვევდა, რომ მარცხენა მომეჭრაო!“
ამის გამგონე იმერეთის მეფეს სირცხვილმა ლოყები აუწვა. მაშინვე გაუგზავნია მოციქულები ქართლის მეფესთან, შევრიგდეთო.
სოლომონ პირველმა რაჭის ერისთავი რომ დაამხო, როსტომის ოჯახის დაქცევა პაპუნა წერეთელმა ითავა.
პაპუნას კაცებმა როსტომ რაჭის-ერისთავის ფეხმძიმე ცოლი ბარაკონის ციხის ეზოში ფეხით ათრიეს. მუცელი მოუშალეს და ასე ამოხადეს სული.
პატარა ანტონისთვისაც, როსტომის უმცროსი ძისთვისაც, თვალების დათხრა უნდოდა პაპუნა წერეთელს. სოლომონ პირველის ასულმა ელენემ შეიბრალა ბიჭი. არ მისცა უფლება, პაწია ანტონი ასე უმოწყალოდ დაესაჯათ. მაინც არ მოისვენა პაპუნამ. ანტონს ჯალათები მიუგზავნა. იმათ მზაკვრობას მიმართეს: ანტონს გახურებულ თონეში ბურთი ჩაუგდეს. ბავშვი გავარვარებულ თონეს გადაეყუდა და ბურთს დაუწყო ძებნა. ცეცხლმა ანტონს თვალები დაუშრიტა და დააბრმავა.
სოლომონ პირველმა ქაჯაიას ქვრივის შერთვა რომ მოიწადინა, სამეფო კარის დიდებულებს ეს არ მოეწონათ. გონჯია, უსახური და მახინჯიო, უჩიჩინებდნენ მეფეს აქედან-იქიდან. გიორგი აბაშიძე გააგზავნა სოლომონმა შესამოწმებლად, შენი თვალით ნახე და მითხარი, როგორი ქალიაო. ქაჯაიას ქვრივი მზეთუნახავი ქალი იყო, მაგრამ გიორგი აბაშიძემ იფიქრა: თუ მეფეს სიმართლე ვუთხარი, მაშინ დიდებულები უნდა მოვიმდურო და გადავიკიდო. ისევ სჯობს, სიცრუე ვუთხრა, მეფე აღარ მოისურვებს მის შერთვას. არც ჩემი ტყუილი გამჟღავნდებაო.
რაც იფიქრა, ის გააკეთა გიორგი აბაშიძემ. სადედოფლოდ არ გამოდგებაო ქაჯაიას ქვრივი, მოახსენა მეფეს.
ზეცაში გადაწყვეტილს მიწაზე კაცი ვერ ჩაშლის. შემთხვევამ თავად შეახვედრა ქაჯაიას ქვრივს. სოლომონი დარწმუნდა, რომ ატყუებდნენ. ქალი ცოლად შეირთო, დედოფლად დასვა და დიდებულებს მოუხმო. - ეს ქალი მახინჯიაო? - დაუნდობლად ჰკითხა მათ მეფემ. დიდებულები შეშინდნენ, დაიბნენ, ძლივს ამოილუღლუღეს - შეგვინდე, მეფევ, მითქმა-მოთქმას, ჭორებს ავყევით, თავად არ გვენახა და შევცდითო.
- შენ, შენ ხომ შენი თვალით ნახე, - მიუბრუნდა მეფე გიორგი აბაშიძეს, - ტყუილი რატომ იკადრეო.
გაიძვერა კარისკაცმა თავი დახარა და მეფეს ბოდიშით მოახსენა:
- მამათქვენი ალექსანდრე რომ მიიცვალა და სამეფო ხელში ჩაგივარდათ, მაშინ იმერეთი კოჭლიც გახლდათ, ყრუც, ბრმაც და კბილებჩაცვენილიც, მაგრამ დღეს კი ყველაფერი კარგად ესმის, შორს ხედავს, ფეხზეც მაგრად დგას და კბილებიც ამოუვიდა, რომ მტრებს უკბინოსო... და თუ მთელი სამეფო ასე გამობრუნდა და გამოკეთდა, რაღა გასაკვირველია ერთი უბრალო აზნაურის ნაქვრივალის თქვენს ხელში გადასხვაფერებაო?
პირმოთნეობამ გასჭრა. მეფეს პასუხი მოეწონა. ფარისეველ გიორგი აბაშიძეს კი სოფელი ჯოყოეთი ებოძა.
ასე ცხოვრობდნენ ისინი, აბაშიძეებისა და წერეთელთა ზვიადი და გოროზი გვარის წარმომადგენლები.
მაგრამ მიდიოდა დრო. იცვლებოდა ვითარება. დაიშალა ქართული სამეფო. დამკვიდრდა რუსი იმპერატორების მმართველობა. კნინდებოდნენ ისინი, ვინც ქართველი მეფის ერთგული რჩებოდა. აღზევება ელოდა იმათ, ვინც პეტერბურგს დაუხრიდა თავს. ირღვეოდა ძველი ზნე-ჩვეულებანი. ფეხს იკიდებდა ახალი, ხალხისათვის უცხო და მიუღებელი. წერეთლებსა და აბაშიძეებს არა მარტო უფლება შეუმცირდათ, არამედ შეეცვალათ თვისება და ხასიათიც.
სიკო წერეთელს გლეხი გადაუშენდა. უპატრონოდ დარჩა ერთი ათი წლის გოგო, სიკომ ეს ქალი სასახლეში წაიყვანა მოახლედ. სოფელმა იუკადრისა ეს. ხელკეტებით შეიარაღებულნი სიკო წერეთელს მიუვარდნენ. ობოლი ქალი წაართვეს. საწერეთლომ ეს გვარის დამცირებად ჩათვალა. თავი მოიყარეს. გლეხებს უკან გამოუდგნენ. დაეწივნენ, სისხლიანი შეტაკება გარდაუვალი იყო. მაშინ წინ წამოდგნენ ხანდაზმული გლეხები და წერეთლებს მოახსენეს:
„ბატონებო, ნუ იზამთ უსამართლობას, თორემ თავებს დავიხოცავთ! ნუ დაგვაქცევინებთ უსამართლოდ სისხლს! იმას ნუ ჩადიხართ, რაც არ გაგონილა ძველად: ობოლი სოფლისაა. სოფელი გამოზრდის და გაათხოვებს. ბატონს ნება არა აქვს, რომ მოჯალაბის შვილივით, მოახლედ სასახლეში გადაიყვანოსო“.
ამ მიმართვამ დააფიქრა წერეთლები. კონფლიქტი მშვიდობიანად დამთავრდა.
ქართული ბატონყმობის დროს ყოველ გლეხს თავის მოვალეობა ეკისრა. რაც მისი მოვალეობა არ იყო, იმის შესრულებას ვერც ბატონი დააძალებდა და არც თვითონ გლეხი გააკეთებდა.
დიმიტრი წერეთელმა ნახა, რომ ძროხები საჩეხეში არ შეერეკათ.
იკითხა: - რა მოხდა, საქონელი გარეთ რატომ არისო დარჩენილი?
მოსამსახურეებმა უპასუხეს: - მწყემსი ავად გახდა და პირუტყვს ვინ დააბინავებდაო.
დიმიტრი წერეთელი ნადეკაბრისტალი კაცი გახლდათ. პეტერბურგში აღზრდილი, მერე იქიდან გამოძევებული ხელმწიფე-იმპერატორის ორგულობისათვის. ქართული ბატონყმური წეს-ჩვეულება გადავიწყებული ჰქონდა. მსახურთა პასუხმა გააბრაზა:
- თქვენ ხომ მთელი დღე უქმად ეყარეთ... რას უცდიდით, შეგედენათ საქონელი ქალტაში...
ახლა ყმები გაოცდნენ: - ჩვენ ხომ ნახირის მოვლა-პატრონობა არ გვევალებაო.
სულ მთლად გაგიჟდა დიმიტრი: - რას ჰქვია, არ გევალებათო!.. როცა უსაქმურად ხართ, ყველამ ყველაფერი უნდა აკეთოსო. მე თქვენი შრომის განაწილება არ ვიცი... ზოგს წყალ-ტაშტი მოაქვს, ზოგს - პირსახოცი, ზოგს - სავარცხელი... ეს მმართებს, ის არ მმართებს... დღეის ამას იქით, ეს აღარ გავიგონო!.. ყველამ საქმეს მოჰკიდოსო ხელი...
მეორე დღეს დიმიტრი წერეთელი მოკლული ნახეს.
ხალხის ლიანგი ძველ წეს-ჩვეულებას ძნელად ეთხოვებოდა. რაც ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი, იმის დავიწყება არ უნდოდა. არისტოკრატია კი შედარებით იოლად თმობდა ძველს. ახლის ათვისებას ცდილობდა. თანდათანობით შორდებოდნენ ერთმანეთს. გაუცხოება სახიფათო ხდებოდა. ერთი და იმავე ერის ორ ნაწილს ერთმანეთის სულ უფრო და უფრო ნაკლებად ესმოდა. დაშორების პროცესი მძიმედ, მტკივნეულად მიმდინარეობდა. თუ ქართული არისტოკრატიის ერთი ჯგუფი უცხოვდებოდა, მეორე ჯგუფი კნინდებოდა. შთამომავლობა იმ რკინისმკვნეტელა წინაპრებისა, რომელიც არც თავს იზოგავდა და არც სხვას, მდორე, ერთფეროვანი ცხოვრების ჭაობში ეფლობოდა.
ყველა ეს ომით, ბრძოლით, შურისგებით გაუმაძღარი ლევან აბაშიძეები ან პაპუნა წერეთლები როგორ წარმოიდგენდნენ იმას, რომ მათი შორეული მემკვიდრეები თავმოსაჭრელ, სასაცილო ყოფაში ჩავარდებოდნენ.
ფარეშები „მოიტანდნენ, დადგამდნენ გრძელ ოთხფეხიან ხის სუფრას, - უკაცრავად, ოთხფეხიანს კი არა, სამფეხიანს, რადგანაც ცალი ფეხი ამ სუფრას ყოველთვის დაკარგული ექნებოდა. სუფრა ყანყალებდა და რადგანაც საჭირო იყო მეოთხე ფეხიც, გულმოსული ბატონები თითო-თითოს უთავაზებდნენ ფარეშებს. მოარბენინებდნენ მეოთხე ფეხს, შეიქნებოდა ერთი ფეხის კვეტება, კაკა-კუკი; ბოლოს როგორც იქნებოდა, დამშვიდდებოდნენ ბატონები, მაგრამ უბედურება ამით არ თავდებოდა მაინც. ხშირათ, მიჰყოფდნენ ხელს ჭამას თუ არა, უეცრათ სუფრა დაიძრებოდა და ჭურჭლები იწყებდნენ გრიალს! მაშინ კი მიხვდებოდნენ ხოლმე, რომ ეს შეჩვენებული ძაღლები შემძვრალან სუფრის ქვეშ და ხორცის სუნნაცემები დაიწყებდნენ ხვარხვალს. ხანდახან ულუფასაც მოიტაცებდნენ ხოლმე. სიცოცხლე-გამწარებული ბატონი დაიღრიალებდა ხოლმე: „არიქა, თქვე ოხრის შვილებო, გვიშველეთ, გამოაგდეთ ძაღლები!“ ფარეშები მოცვინდებოდნენ ჯოხებით და დაუწყებდნენ ჩხიკინს ძაღლებს, მაგრამ ძაღლები ჰფიქრობდნენ: „რაღა შიმშილს მოუკლავართ და რაღა ჯოხებს!“ ადვილათ არ ანებებდნენ თავის პოზიციას. შეიქნებოდა ერთი მხრით ძაღლების ღრენა-ყეფა და მეორის მხრით ბიჭების ერთპირი: „ა გამოდი!“ და მესამის მხრით ბატონის ქაქანი: „ჰკა მაგას!“ დიდის ტანჯვის შემდეგ აჭყავლებულ და თეძოათრეულ ძაღლებს დაიფრენდნენ წინ და შფოთს გადარჩენილი და გამხიარულებული საყლაპავათ მომზადებული ბატონი სიამოვნებით მიაქაქანებდა დამარცხებულ და განდევნილ ძაღლებს და თან მიაყოლებდა: „ეპპპუ, დაგესხათ თავს-ლაფი, თქვე წუწკებო, თქვენ!“ და ამას რომ გაათავებდა, სიამოვნებით სუფრას გადაავლებდა თვალს. მაგრამ დახედე აქაც მაგათ უბედურებას: იმ დროს, როცა ბატონ-ყმობის ყურადღება სუფრის ქვეშ ძაღლებზე იყო ხოლმე მიქცეული, კატები სარგებლობდნენ მარჯვე დროით და იტაცებდნენ სუფრიდამ ხორცს. ახლა ამათ გამოუდგებოდნენ: შეიქნებოდა ერთი ვაი-უშველებელი ყვირილი: „აცხა, აცხა! არ გაუშვათ, არ გაუშვათ!“ გარბიან და გამორბიან ფარეშები ერთი ოთახიდამ მეორე ოთახში, ერთი მეორეს ეჯახებიან, რადგანაც კატები ზოგი იქით გარბიან და ზოგი აქეთ; ეცემიან; ცხვირ-პირს იმტვრევენ, და აქ მოთმინებიდამ გამოსული ბატონი ხან ერთს უშიშვლებს ჯოხს და ხან მეორეს. ბოლოს, როგორც იქნება, ჰსძლევენ კატებსაც და ამ გვარად აღუდგნენ ბატონის სადილს და ყველანი ერთად დამშვიდდებოდნენ“.
ყოფის ამგვარ სურათებს, დახატულს მსუყე ფერებით, ხშირად შეხვდებით აკაკის თხზულებებში, წინაპრების, ნათესავების, ახლობლების პორტრეტებიც ხშირია. ისინი გადმოგვცემენ ამ ადამიანთა არა მარტო გარეგნულ სურათს, არამედ სულიერ თვისება-ბუნებას, ხასიათს. ეს ჩვენთვის ორმხრივ არის საყურადღებო: ჯერ ერთი, ცხადად ვხედავთ აკაკი წერეთლის, როგორც პროზაიკოსის, ნიჭიერებასა და ოსტატობას და, მეორეც, აადვილებს პოეტის ცხოვრების აღწერას. არსებითად, ხელთ გვაქვს მზამზარეული მასალა. აკაკიზე უკეთ ვის ძალუძს აღწეროს ის გარემო, რომელშიც დაიბადა, აღიზარდა და ცხოვრობდა იგი!..
როცა აკაკის უახლოეს თუ შორეულ წინაპართა ცხოვრებას ეცნობი, წამოიჭრება ერთი პრობლემა, რომლის პასუხი, თუ შეუძლებელი არა, ძნელად მოსაძებნია. აქვს თუ არა აკაკის პიროვნებას რაიმე საერთო იმ ბუნება-თვისებასთან, რაც მის წინაპრებს გამოუვლენიათ? ვფიქრობ, რომ არა. იმის ახსნა კი არ შემიძლია, როგორ და რატომ ხდება ეს. იქნებ აკაკი განგებამ მოავლინა, როგორც ჯილდო იმ კეთილისათვის, რაც წერეთელთა და აბაშიძეთა გვარს გაუკეთებია საქართველოს ისტორიაში და როგორც გამოსყიდვა იმ დანაშაულისა, რაც მათ, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩაუდენიათ? არ ვიცი. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ როსტომ წერეთლისა და ეკატერინე აბაშიძის ოჯახში იშვა იგი 1840 წლის 9 ივნისს, სოფელ სხვიტორში.
პაწია მდინარე ჩიხურას პირად, მაღლობზე დგას ის სახლი, რომელშიც დაიბადა აკაკი. მდინარესაც და სახლსაც ნაზი სიყვარულით და თბილი ღიმილით აღწერს აკაკი „ჩემს თავგადასავალში“.
„...წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში - კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე“.
„ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე - დარბაზისა და სისქე - ციხისა, მაგრამ არც ერთ მათგანს კი არა ჰგავს...“
არტურ ლაისტმა სწორად შენიშნა, რომ „ამ სახლში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ნელ-ნელა კვდებოდა ფეოდალიზმი და მისი რომანტიულობაც...“ მაგრამ ის კი აღარ იყო მართალი, რომ „ცერემონიალური და ტრადიციული ლხინის წყალობით, რაც თავადობას მოსდგამდა, შეუძლებელი იყო ახალი დროის სულის დაფუძნება“. სწორედ ამ სახლში აღმოცენდა არა მარტო ახალი დროის სული, არამედ ახალი საქართველოს იდეაც.
სურნელებითა დაბრუებულნი
თითქმის ფოთოლნიც არ შრიალებენ,
და ანგელოზნი ცით მოვლენილნი
საჩხერეს თავზედ დასტრიალებდენ.
მარცხნით ჯრუჭულა, ყვირილა მარჯვნით,
ჩიხურა, კორდის შუა მდინარე,
ნანას იმღერდენ დაბალისა ხმით
და ბანს აძლევდა მათ არემარე.
![]() |
1.2 აღზრდა - სკოლა |
▲ზევით დაბრუნება |
როცა აკაკი დაიბადა, ჯერ კიდევ არ იყო მოშლილი ბავშვის გაძიძების ძველი ჩვეულება. როსტომ წერეთლის ვაჟიშვილიც სხვიტორის მახლობლად, სოფელ სავანეში, ფარსადან ყანჩაველისა და მანო სადუნიშვილის ოჯახში გააგზავნეს აღსაზრდელად. აკაკი ღრმა პატივისცემით იხსენებს ძიძობის ინსტიტუტს.
„ნუ გგონიათ, რომ მაშინდელი მშობლები უგულო ყოფილიყონ და შვილები დღევანდელ დედებზე ნაკლებ ჰყვარებოდათ!.. აქ სულ სხვა მიზეზი და საფუძველი იყო: ეს გაზრდილ-გამზრდელობა აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა წოდებას. გარდა ნათელ-მირონობისა, თითქმის სისხლხორცობა არ მიაჩნდათ ისე მტკიცე კავშირად, როგორც გამზრდელ-გაზრდილობა, არა თუ ძიძის შვილები და მათი ახლო მონათესავენი, მათი შორეული მოყვრებიც კი მზად იყვნენ ყოველ შემთხვევაში თავი დაედვათ გაზრდილის გულისათვის, და გაზრდილიც მარად ექომაგებოდა ამ ხალხს, და მისი ბრალია, რომ ამ უკანასკნელ საუკუნემდე ჩვენს ქვეყანაში უფრო კაცური და კეთილი განწყობილება იყო მაღალ და დაბალ წოდებას შუა, ვიდრე სხვა ქვეყნებში“ („ჩემი თავგადასავალი“).
აკაკი ძიძიშვილებთან - გაიანესა და ამბაკოსთან - ერთად იზრდებოდა. მათ შორის არავინ ხედავდა განსხვავებას. არც ბავშვებს და არც მოწიფულ ადამიანებს არ ახსოვდათ, ვინ იყო მათ შორის თავადი და ვინ - გლეხი. ისინი თანასწორი და თანაბარუფლებიანი იყვნენ ცისა და მიწის წინაშე. სოფლის გოგო-ბიჭებთან ერთად დარბოდნენ აღმა-დაღმა. ჭიდაობდნენ, ცურაობდნენ, თევზაობდნენ, ერთობოდნენ. ჩვენ არც კი ვიცით დღეს, რას ნიშნავს ან როგორი იყო ის თამაშობანი, რომელთაც იხსენებს აკაკი, ხიჭინობელა, კიჭობია, ტკეჩობია, მუჭობია, ხელმწიფობია და სხვანი. მაგრამ ესენი აწრთობდა მათ სხეულს, აკეთილშობილებდა სულს.
ძელებით აგებულ, ისლით გადახურულ პატარა სახლში ისინი ერთად უგდებდნენ ყურს, როგორ შხაპუნობდა წვიმა, ჩურჩულებდა ქარი, დუმილით ეფინებოდა თოვლი. ზამთრობით, აგიზგიზებული კერიის გარშემო შემომსხდარნი, სულგანაბული უსმენდნენ ცოლ-ქმარი ყანჩაველების ტკბილ სიმღერას:
ქათმისა მიყვარს ენაო,
მაღლიდამ გადმოფრენაო,
მხარ-კურტუმ-ბარკალ-კისერი,
მცირე რამ საწინწკელაო,
და თუ კუჭ-ღვიძლსაც დამითმობთ,
სხვა თქვენ დაგრჩებათ ყველაო!..
თან სიცილით იგუდებოდნენ: რა გაუმაძღარი და ცრუპენტელა უნდა ყოფილიყო ლექსის მთქმელი - მთელ ქათამს სანსლავდა და თან სხვებს ჰპირდებოდა - ყველაფერი თქვენ დაგრჩებათო!
ერთად უმზერდნენ იმ ჯადოსნურ სურათებს, რომელსაც ღამით ქარგავს მთვარე აბიბინებულ ყანებში, ვენახებსა და ხეხილის ბაღებში.
იზვარაში თუ ყვირილაში ერთად ჩასცქეროდნენ საკუთარ გამოსახულებას და სიხარულით უთრთოდათ გული, როცა ალივლივებულ წყალში მათი სახეები ნაირ-ნაირ ფორმებს იღებდა ან სულაც ქრებოდა.
ერთად წვებოდნენ ლოგინში და ღამის საიდუმლოთი შეცბუნებულები, ძილის წინ, ერთად ჩურჩულებდნენ: „ჯვარი მწყალობს ჯვარცმული, ვერას მავნებს მაცდური!“
დილით ერთად იღვიძებდნენ და ამომავალ მზეს ერთად ეგებებოდნენ, რომ ჩიტს არ დაესწრო და არ ეჯობნა. ხალხური რწმენით, თუ ჩიტი გაჯობებდა, ეს სახიფათოც იყო და სასირცხოც. ამიტომ დილაუთენია ლოგინიდან წამომხტარი ყმაწვილი გახარებული შესძახებდა ფრინველს - გაჯობე, გაჯობეო!..
გაზაფხულის წვიმას ერთად უშვერდნენ თავს, რომ ოქროსფერი ხუჭუჭა თმები ამოსვლოდათ.
ერთად იღებდნენ შრომისა და ჯაფის გაკვეთილს, ზამთარ-ზაფხულ, დილიდან საღამომდე მუშაობს გლეხი. ყველაფერი მისი საპატრონოა - ტყე, მინდორი, ჭალა, საძოვარი, სათიბი, სახნავი და სათესი, ბაღჩა, ბაღი, ყანა, პირუტყვი და ფრინველი. მან უნდა გამოკვებოს თავისი თავიც და სხვაც. გლეხობაა არსებობის ფუძე და თუ იგი მოიშალა, მთელი ქვეყანა უფსკრულში ჩაინთქმება. ამას ეზიარებოდა და ითვისებდა აკაკი შეუმჩნევლად, თავისთავად და ბუნებრივად, როცა მანო სადუნიშვილისა და ფარსადან ყანჩაველის გაკვეთილით იზრდებოდა.
„ყმაწვილი, რომელიც-კი სოფელში არ გაზრდილა, ბუნებაზე სრულიად მოსხლეტილია. ის არის მოკლებული უპირველესს ბედნიერებას. ქალაქში გაზრდილ ბავშვს, გენიოსიც რომ იყოს, მისი მასწავლებელი სიტყვით და ნახატებით ისე ვერ გააცნობს ბუნებას, როგორც სოფლელი იცნობს თავის საკუთარი ნახულობით. სოფლელს თვალწინ უდგას ყოველთვის ბუნება, მისის სხვადასხვაფერობით. გაცნობილი ჰყავთ ყოველგვარი ოთხფეხი, ფრინველი, ქვემძრომი, მწერი, მცენარე და იცის მათი ზნე და ჩვეულება; ყველა მის თვალწინ იბადება, იზრდება, იშლება, იფურჩქნება, აყვავდება, მოაქვს ნაყოფი და კვდება, - ყველა მათგანი ჭირისა და ლხინის თანამოაზრეა და ამიტომაც ეთვისიანება მათ“ („ჩემი თავგადასავალი“).
ამდენად, ის დასკვნაც ბუნებრივი იყო, რომელიც აკაკიმ გააკეთა, როცა მისი სოფლად გატარებული ბავშვობა გაიხსენა: „თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“.
ყველაფერს აქვს დასასრული და სოფელ სავანეში გატარებული ბავშვობაც დამთავრდა. აკაკი შინ, მამის სახლში, უნდა დაბრუნებულიყო. დააბრუნეს, რაკი მისი სკოლაში მიბარების დროც ახლოვდებოდა. მძიმე და მტკივნეული იყო ეს პატარა ბიჭისათვის. იგი წყდებოდა იმ გარემოს, რასაც გულითა და ფესვით შეეზარდა, მაგრამ ვერც აუცილებლობას გაექცეოდა. დრო და ჟამი ცვლის ადამიანის ცხოვრებას ტკივილითა და ცრემლით. ახალ სამყაროს რომ ზიარებოდა, ეს ცრემლი პატარა აკაკისაც უნდა დაეღვარა, მის დედამძუძესაც, მამამძუძესაც და ძიძიშვილებსაც. ცრემლი ასუფთავებს, წმენდს ადამიანის გულს და ცხოვრების ახალი საფეხური იწყება.
შინდაბრუნებული აკაკი სწავლისათვის მზადებას შეუდგა. მართალია, ჯერ არ იცის, რაა სკოლა, მაგრამ იმას კი გრძნობს, რომ მის სულში რაღაც იცვლება. ძველებურად თამაში-გართობა აღარ სურს. კითხვა იტაცებს. „ვეფხისტყაოსანი“ წაუკითხავს ნაადრევად. მართალია, ბევრს ვერ მიმხვდარა, მაგრამ ის კი უგრძვნია, უცნაურ და მომხიბლავ სამყაროს რომ ეზიარა. იცის, სკოლა იმის საშუალებას მისცემს, რომ ყველა საიდუმლოში შეიხედოს და ზოგჯერ ამოიცნოს კიდეც. როსტომ წერეთელსაც მზად აქვს თხოვნა.
„მსურს რა საფუძვლიანი აღზრდა მივცე ჩემს შვილს, აკაკის, რომელიც 8 წლის არის, პატივი მაქვს უმორჩილესად ვთხოვო თქვენს მაღალკეთილშობილებას მისი მიღება თქვენდამი რწმუნებულ გიმნაზიაში, რისთვისაც ამასთან ერთად, ვარდგენ ვერცხლის სამმანეთიანს...
დაბადების კანონიერებისა და ნათლობის მოწმობას, თხოვნასთან ერთად, ვურდგენ თქვენს მაღალკეთილშობილებას“.
აკაკი წერეთელი ქუთაისის გიმნაზიის მოწაფე გახდა.
ჩემი ფიქრით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, როგორ ნიშნებს იღებს მოსწავლე სკოლაში, სხვისი დაწერილის გაზუთხვა-გაზეპირება ყველას შეუძლია, თუ ყმაწვილი წყალწაღებული ზარმაცი არ არის. მასწავლებელიც ამ გაზეპირებულში წერს ნიშანს. მთავარი სხვა რამ არის. კერძოდ ის, შეუძლია თუ არა ყმაწვილს აზროვნება, მუშაობს თუ არა მისი გონება დამოუკიდებლად. ამას კი გაზეპირებულის მიხედვით ვერ გაიგებ. ამას მხოლოდ ის მასწავლებელი შეიტყობს, ვისაც თავად ძალუძს აზროვნება და ეძებს მოაზროვნეს. ამიტომ აკაკის ნიშნები, სკოლაში მიღებული, ჩვენ ვერაფერს გვეტყვის. ისე კი, ვისაც ძალიან აინტერესებს, როგორ აფასებდნენ პედაგოგები აკაკის სწავლას სკოლაში, შეუძლია, სრული ცნობები მიიღოს ნოდარ გურგენიძისა და ილია გორგაძის წიგნში - „აკაკი წერეთელი. ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“. ის კი ბევრ რასმეს მეტყველებს, რომ მან, გიმნაზიის მოწაფემ, დაწერა: „გაბრწყინდი, ჩემო კანდელო, მინათლე ბნელი ღამისა“.
როგორც ყველა სკოლაში, ქუთაისის გიმნაზიაშიც იყვნენ კარგი მასწავლებლებიც - ცოტა და ცუდი მასწავლებლებიც - მრავლად. მაგრამ გიმნაზიის ის ყოფა და სწავლა, რასაც აკაკი აღწერს „ჩემს თავგადასავალში“, შემზარავი და თავზარდამცემია.
აკაკის ერთი თანაკლასელი, გვარად გაბაშვილი, მუდამდღე დაჩოქილი ჰყავდათ კლასში. ბავშვი ისე შეეჩვია ამგვარ დამცირებას, რომ ფეხზე წამომდგარი აზრს ვეღარ ალაგებდა. ერთხელ აკაკის უკითხავს გაბაშვილისათვის - გაკვეთილი იცი თუ არაო. იმასაც სხაპასხუპით უპასუხებია გაკვეთილი. აკაკიმ მასწავლებელს მოახსენა - გაბაშვილმა გაკვეთილი იცის და გამოჰკითხეთო. დაჩოქილი გაბაშვილი წამოაყენეს, გამოჰკითხეს და იმან ვერაფერი უპასუხა. გაცოფდა მასწავლებელი, მომატყუესო, აკაკიც დასაჯეს.
„- შე შეჩვენებულო, რა ჰქენი ეგა, აკი იცოდი? - დავეკითხე ჩუმად, კუთხეში რომ გავედით.
- ახლაც ვიცი, - მიპასუხა ტირილით.
- მაშ რატომ არ მოახსენე!
- ფეხზე რომ ვიდექი, ვერ მოვახერხე...
მასწავლებელმა მოგვატანა თვალი და მოგვაყურა, რას ჩურჩულებთო? მე გავედი და მოვახსენე ყოველიფერი. გამოიყვანა გაბაშვილი, დააჩოქა და ისე ჰკითხა. კარგად მიუგო. რამდენჯერმე გაიმეორა ეს ამბავი და ისე გაუკვირდა, რომ წამოდგა ზეზე, კლასს თავი დაანება და გასწია კანცელარიისაკენ. იქ რა ჩაიდინა, ვინ იცის? მაგრამ იმ დღიდან კი გაბაშვილი დაჩოქილი არ გვინახავს“.
ყოვლისმნახველი და ყველაფერს შეჩვეული მასწავლებელიც კი გააოგნა ასეთმა დაჩაგვრამ. „ვინ იცისო, - დასძენს აკაკი, - რამდენი დასნეულებულა, რამდენი დამახინჯებულა, და რამდენს კიდევ ხასიათი გაფუჭებია საუკუნოდ!..“
იმის გამო, რომ იმჟამად სკოლაში ხელისგულზე სახაზავით ცემა იყო გავრცელებული, აკაკის კალიგრაფია არ უვარგოდა. მისთვისაც ხშირად აუჭრელებიათ ხელისგული. მთელი ცხოვრება არ დავიწყებია ეს პოეტს. ხანდაზმულსაც კი მისი გახსენება გულს უმღვრევდა. „ვინც ჩემს ნაწერებს დახედავს, გაუკვირდება, რომ ზოგან კარგი ხელია და ადგილ-ადგილ კი ნაჯღაბნი და გაუგებარი. ეს მაშინ მემართება, როცა ინსტინქტურად მაგონდება ხოლმე მაშინდელი ჩემი ტანჯვა“.
მხიარული ამბებიც ხშირად ხდებოდა. მასწავლებელი წამდაუწუმ გაიძახოდა: Русские в пух и прах разбили врага. მოწაფეებმა იცოდნენ, რას ნიშნავს враг, разбить, მაგრამ ეს пух и прах რაღა იყო, წარმოდგენა არ ჰქონდათ. მათთვის არავის აუხსნია, რომ ეს რუსული იდიომი ქართულად „გაცამტვერებად“ ითარგმნება. დიდი ფიქრის მერე აკაკის დაუსკვნია: პუხი და პრახი, ალბათ, რუსი სარდლების სახელებიაო. ერთ გაკვეთილზე ასეც მოახსენა მასწავლებელს: Русские войска разбили шведов под предводительством Пуха и Праха.
მასწავლებელი შეცბა. ეგონა, მაპამპულებენო, მერე კი თავშეკავებული სიცილი აუტყდა. გაოგნებული ბავშვები ვერ მიმხვდარიყვნენ, რით გაამხიარულეს ასე მასწავლებელი.
გიმნაზიას შეიძლებოდა აკაკის ნათელი გონებაც დაებნელებინა, რომ შინ დედის სიბრძნე არ დახმარებოდა და სკოლაში თითო-ოროლა მასწავლებლის კეთილსინდისიერება და ცოდნა.
შინ დედა ასწავლიდა:
„სხვები რომ კარგები იყონ, შენი რა სირცხვილია? სირცხვილი ის არის, როცა შენ შენდა თავად არ ვარგხარ და არ ცდილობ სწავლას. შენ სხვებს კი არ უნდა ეჯიბრებოდე! შენ სრულად შენთვის უნდა ცდილობდე ყოველგვარ სიკარგეზე და, თუ სხვებიც შენისთანები იქნებიან და კიდევ უკეთესიც, შენ იმითი რას დაჰკარგავ? შენ კიდეც უნდა გიხაროდეს მათი სიკეთე“.
„სხვისი შური და სიხარბე გულში არ უნდა შეუშვა, ესენი ორივე ეშმაკის კიბის საფეხური არიან“ („ჩემი თავგადასავალი“).
გარეთ მასწავლებლები - ფრანგი ტურესი და პოლონელი როდზიევიჩი - განუმარტავდნენ, კაცი როგორ უნდა ემსახუროს სამშობლოს.
სწორედ ტურესისა და როდზიევიჩის საუბრის შემთხვევით მოსმენამ გადააწყვეტინა აკაკის პეტერბურგში გამგზავრება და სამხედრო განათლების მიღება. აზრი მამას გაუზიარა. როსტომი დაეთანხმა შვილს.
„მის მაღალ კეთილშობილებას ქუთაისის და ერევნის გუბერნიების სასწავლებლის დირექტორს სტატსკი სოვეტნიკსა და კავალერს ივანე ლეონტის ძე პესოჩინსკის
თავად როსტომ წერეთლის თხოვნა.
მინდა რა, რომ ჩემი შვილი, აკაკი წერეთელი, დათხოვნილ იქმნეს გიმნაზიიდან, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო კეთილშობილებავ, უბოძოთ მას შესაფერისი მოწმობა სწავლისა და ყოფაქცევის შესახებ და მიბოძოთ ის დოკუმენტები, რომლებიც წარმოვადგინე ჩემი შვილის სკოლაში განწესების დროს“.
აკაკიმ თავი დაანება გიმნაზიაში სწავლას. როდზიევიჩს აღარ მოსცილებია. ოთხი თვე დარჩა მასთან. „მაგრამ ეს ოთხი თვე უფრო ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვიდრე რვა წელიწადი გიმნაზიაში მყოფობის დროს“, - ასკვნის პოეტი.
![]() |
1.3 პეტერბურგში |
▲ზევით დაბრუნება |
იმხანად, პეტერბურგში, კონვოიში (ჰოლანდიური კონვოოი), ანუ მეფის დაცვაში მსახურობდა აკაკის უფროსი ძმა იასონი (შინაურობაში ილიკოს რომ ეძახდნენ). მამასაც გაუხარდა აკაკის გადაწყვეტილება. თუკი მხედრობა გინდა, კონვოიში სამსახურს არა სჯობს რაო - ერთხმად უჩიჩინებდნენ ძმის ნაცნობ-მეგობრები. „მართლაც, - გვიყვება აკაკი, - საზოგადოდ კანვოების და განსაკუთრებით ქართველების მდგომარეობა უსაქმური კაცისთვის სანატრებელი იყო. კარგად სვამდნენ, კარგად სჭამდნენ, კარგად ეცვათ. დღეში რამდენიმე საათს ცხენებს აჭენებდნენ, ათამაშებდნენ და დანარჩენ დროს აქეთ-იქით საქეიფოდ ინახავდნენ“. ძმამ აკაკი გენერალ პეტრე ბაგრატიონს (1812 წლის ომის გმირში არ აგერიოთ. ეს სხვაა) შეახვედრა. კარგა ხანს ისაუბრეს. გენერალი ენაწყლიანი კაცი გამოდგა. თბილისში გატარებული სიყმაწვილე გაიხსენა. თანაკლასელი ნიკოლოზ ბარათაშვილიც მოიგონა. აკაკისაც დახმარებას დაჰპირდა.
აკაკი თვალყურს ადევნებდა ძმისა და მისი მეგობრების ცხოვრებას პეტერბურგში, ცარსკოე სელოში, პავლოვსკში. სამხედრო კარიერაზე თანდათანობით გული უტყდებოდა. კონვოიელთა საქმიანობა აღარ მოსწონდა, მეტისმეტად ფუქსავატურად და ქარაფშუტულად მიაჩნდა იგი. პეტერბურგელი ქართველი სტუდენტებიც (რომელთა შორის ბევრი იყო ქუთათურიც) უნივერსიტეტში შესვლას ურჩევდნენ. აღარც აკაკი გაჯიუტებულა: სამხედრო აღზრდას საუნივერსიტეტო განათლება ამჯობინა.
1859 წლის სექტემბერში აკაკი წერეთელი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
იმდროინდელი სტუდენტობა მეტისმეტად იყო გატაცებული პოლიტიკით. ბობოქრობდნენ, ვერ ისვენებდნენ, ნაირ-ნაირ მანიფესტაციებს აწყობდნენ. სხვებს არც ქართველები ჩამორჩებოდნენ. ისინიც საერთო სტუდენტური ტალღის ნაწილი იყვნენ. აკაკი სხვაგვარად ფიქრობს. იგი ეთიშება სტუდენტურ ამბოხს. მყარი, ღრმა განათლებისთვის ემზადება. დედას სწერს:
„მანდედგან რომ აქ წამოვიდეს კაცი და ვერა ისწავლოს რა, ცოდვა არ არის? სწავლა იმას არა ჰქვიან, ორიოდე ტყიპინი ისწავლოს კაცმა, არა, სწავლა სულ სხვა არის. დიდად ვწუხვარ, ღმერთმან იცის, ამდენს ხარჯსა, მაგრამ ესეც მანუგეშებს, რომ ვხედავ, ისეთი დრო მოდის, რომ საჭირო არ არის, კაცს დარჩეს მამისაგან სიმდიდრე და ამისთანები, და არც ჩინი შეადგენს ბედნიერებას და თუ შეადგენდა აქამდის, ის დრო მალე წაბრძანდება. მხოლოდ საჭირო ყოფილა კაცისათვის ერთი - მხოლოდ სწავლა, სწავლა ნამდვილი, რომელიც კაცს დაუახლოვებს ღმერთს, აყენებს კეთილს ხასიათზედ და აცნობებს, თუ რა დანიშნულებით არის კაცი შექმნილი. მაშ ამას რაღა სიმდიდრე და ხარისხი აჯობებს, თქვენ იფიქრეთ?“
საერთოდ სხვაგვარია მისი მრწამსი:
„იმ ხანებში მოხდა არეულობა უნივერსიტეტში. ჩვენებმა მიიღეს მონაწილეობა და კიდეც იგემეს ციხე. მე მათში არ ვრეულვარ... არა მიტომ, რომ ციხის შემშინებოდეს!.. მაშინაც ის რწმუნება მქონდა, რასაც დღესაც ვადგევარ და ვერ ვუღალატე: მოსწავლემ ჯერ უნდა ისწავლოს, დაასრულოს სწავლა და მერე კი აღარ დაერიდოს არავითარ მსხვერპლს“ („ჩემი თავგადასავალი“).
ამ შეხედულების გამო თუ იმის გამოისობით, რომ აკაკის გამქირდავი ენა ჰქონდა, მასა და ზოგიერთ ქართველ სტუდენტს შორის მაინცდამაინც თბილი ურთიერთდამოკიდებულება არ ყოფილა.
ეს ბუნებრივია. სტუდენტთა შემადგენლობა ჭრელი იყო. სწავლასმოწადინებულ და ნიჭიერთა გარდა, ბევრი იყო ტუტუცი და ბრიყვიც. ნიკო ნიკოლაძე გვიამბობს: იყო ერთი სტუდენტი, ჭოლოკივით გრძელი და მაღალი. ერთხელ გამოსულა იგი ეზოში. ფეხის თითებზე შემდგარა და მაღლა ხტუნვა დაუწყია. თან პირს აღებდა და ჰაერს ყლაპავდა. აკაკი მისულა და უკითხავს, რას შვრებიო? იმ სტუდენტს „ბრძნულად“ უპასუხია: - განა არ იცი? სუფთა ჰაერს ვყლაპავ... იმ დღეს აკი პროფესორმა გვითხრა, რომ რაც უფრო მაღლა აიწევა კაცი ატმოსფეროში, მით უფრო სუფთა ჰაერს ნახავსო! მას აქეთ ასე ვცდილობ ვისუნთქო.
აბა, აკაკის ენის პატრონი როგორ შეიკავებდა თავს, ეს სტუდენტი კოხტად არ გაემასხარავებინა?
აკაკის თხზულებებიდანაც გამოსჭვივის იმდროინდელი სტუდენტური ურთიერთობის დაძაბულობა.
დაუმთავრებელ რომანში - „იმერლები“ - სტუდენტური ყოფის სურათიც აქვს აღწერილი და ორი პერსონაჟიც ჰყავს დახატული. ერთიცა და მეორეც ირონიული თიკუნით არიან გამოყვანილი. ერთი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის - პალმერსტონის სახელით იწოდება და მეორე - გერმანელი ფილოსოფოსის - ჰეგელის. ეს ორი სტუდენტი მეგობარი იყო, მაგრამ ხასიათით ძირეულად განსხვავებულნი.
„პალმერსტონი გულწრფელი და პირშიმთქმელი კაცი იყო, ჰეგელი გულჩახვეული და ენადაცული. პალმერსტონი ნიჭიერი და ჰეგელი კი ძალიან შემოსაზღვრულის ნიჭისა. ერთი კარგი საამხანაგო და მეორე კი გაუტანელი. მაგრამ ჰეგელმა ხერხითა და ფარისევლობით ისე გამოიჩინა თავი, რომ პალმერსტონი დაჩრდილა.
ახლადჩამოსულ სტუდენტებზედ ყოველთვის დიდი გავლენა აქვსთ ხოლმე ძველ სტუდენტებს. და პალმერსტონს თუ ჩაუვარდებოდნენ ხელში ახალმოსულები, ადვილად შესაძლებელი იყო, რომ ყოველთვის რიგიან გზას დასდგომოდნენ; მაგრამ ჰეგელი იმათ უცნაურად მიიბირავდა ხოლმე და თავის ზეგავლენით აჩვევდა მათ ფარისევლობას, გარეგანად ღირსებების გამოჩენას და გაიძვერობას. ეს ბოროტი თესლი, თუმცა იმ ახალგაზრდებს იქვე, სტუდენტობაშივე, არ ეტყობოდათ, მაგრამ ბოლოს კი ნაყოფი მოიტანა და გვიან საწამლავივით ბოლოს გასჭრა“.
არ ვიცით, ვის გულისხმობდა აკაკი პალმერსტონში და ჰეგელში, მაგრამ ერთი რამ კი ცხადად ჩანს: პეტერბურგელ ქართველ სტუდენტთა ცხოვრების ხასიათი.
1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „ქართველ სტუდენტების სიმღერა“. ამ ლექსს აკაკიმ პაროდიით უპასუხა. ორივე ლექსს სრულად მოვიყვან და თავად მკითხველი განსჯის დამოკიდებულებათა სხვადასხვაობას.
ილიას ლექსი:
დედამ რომ შვილი გაზარდოს, -
ემაგრე ჩვენისთანაო;
ძმურად გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო.
ლხინში მოლხინეს მოვულხენთ,
ჭირში მომჭირნეს ვუშველით;
ფიქრის, საქმის, შრომის დროსა
ბრძენსაც არ დავუვარდებით.
დიდს არ გავექელვინებით
და მხარს მივსცემთ პატარასა;
ძალას გულდაგულ დავხვდებით
და თაყვანს ვსცემთ სამართალსა.
წინ წასვლაში არ დავიხევთ,
არ გავწირავთ უკან რჩომილს:
ჩვენ ვიცით, რომ შველა უნდა
უღონოსა და დავრდომილს.
უანგაროდ მივალთ წინა,
მარტო ის გვაქვს გულში ფიქრად,
რომ წინანი უკანასთვის
უნდა იქმნენ გზად და ხიდად.
მამულის შვილნი ჩვენცა ვართ
და მიტომ ვზრდით ჭაბუკს სულსა,
რომ ოდესმე გამოვადგეთ
დაობლებულს ჩვენს მამულსა.
მაგრამ ეხლაც საქმით, სიმხნით
სხვას არც ჩვენ დავუვარდებით;
ბრძოლად რომ მამულმა გვიხმოს,
ეხლაც კი გამოვდგებით.
ეგრე გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო:
თუ დედამ შვილი გაზარდოს, -
ემაგრე ჩვენისთანაო.
აკაკის პაროდია:
დედამ რომ შვილი გაზარდოს
და მერე თქვენისთანაო?!
ნაცარქექია რამე ხართ
ყველგან და ყველასთანაო!
არც ლხინში ვარგხართ, არც ჭირში,
ზარმაცი, ენატარტალა;
და კუჭით გიყვართ სამშობლო,
როგორც ფლავი და არტალა.
სიტყვით სულ სხვა ხართ, საქმით სხვა,
ორჭოფობს თქვენი გონება;
თანასწორობას ჰქადაგებთ
და გსურთ-კი გაბატონება.
თუ რამეს ელით, წინ მიხვალთ
გაბედვით... იერიშითა,
და თუ არა და იხევით
სულ უკან-უკან შიშითა!
მუდამ სხვას ეძებთ, სხვა გინდათ
საქმის დროს გზა და ხიდადა!
მზა საქმეს ეპატრონებით
და თავი მოგაქვსთ დიდადა.
თქვენა ხართ მამულიშვილი?
აბა რა დასაჯერია!..
თუ არ თქვენთვისვე, მაგ თქვენს გულს
ერთხელაც არ უძგერია.
საბრალო ჩვენი სამშობლო
ყურს გიგდებსთ გულის ძგერითა
და თქვენ-კი იმას ატყუებთ
მომხიბლავ სიტყვა-წერითა.
დედამ რომ შვილი გაზარდოს
და მერე თქვენისთანაო!
ნაცარქექიად დარჩებით
ყველგან და ყველასთანაო.
რად უნდა იმას მტკიცება, რომ ყოყოჩა და პატივმოყვარე ქართველი სტუდენტობა ამ პაროდიას აკაკის არ აპატიებდა. მრავალნაირ ცილს დასწამებდა და ცხოვრებას მოუშხამავდა. სტუდენტების ერთმა ჯგუფმა ხმა გაავრცელა, აკაკი წერეთელი ჯაშუშიაო. მართალია, მალე ყველაფერი გაირკვა. ბოდიშიც მოუხადეს, მაგრამ თავად აკაკი ამბობს, ამან „მომიწამლაო სტუდენტობა“. სტუდენტების მეორე ნაწილი სისხლს უშრობდა - ლექსების წერას თავი დაანებე, ნუ გვარცხვენო. ამ ვითარებამ და, რა თქმა უნდა, ნივთიერმა ხელმოკლეობამ აიძულა აკაკი, უნივერსიტეტის ნაჩქარევ და სრულებაზე ეფიქრა. მას, როგორც თავისუფალ მსმენელს, ამის უფლებაც ჰქონდა. მთელი 1861 წელი თავგადადებული მეცადინეობდა, რომ ყველა გამოცდა ჩაებარებინა და საკანდიდატო თხზულებაც წარედგინა. მისი შრომა წარმატებით დაგვირგვინდა. 1862 წლის მარტში მან უკანასკნელი გამოცდა ჩააბარა. მისი საკანდიდატო ნაშრომიც მოიწონა კომისიამ, მაგრამ დიპლომი არ მიუღია. წესის თანახმად, დიპლომის მისაღებად აუცილებელი იყო გიმნაზიის დამთავრების მოწმობის წარდგენა. გეხსომებათ, რაკი აკაკიმ სამხედრო სასწავლებელში შესვლა გადაწყვიტა, გიმნაზიიდან ისე გამოვიდა, რომ სრული კურსი არ დაუსრულებია. ამიტომაც არც მისი დამთავრების მოწმობა ჰქონდა.
![]() |
1.4 დაქორწინება |
▲ზევით დაბრუნება |
აკაკი წერეთელი დაოჯახებას საერთოდ არ აპირებდა. ფიქრობდა, ცოლ-შვილი საზოგადოებრივ საქმიანობაში ხელს შემიშლისო. მაგრამ „ნურავინ ნუ დაიჩემებს: მომავალში ამას ვიზამ თუ იმასო!“ - თავად ჩივის გულდაწყვეტილი.
1864 წელს აკაკის მოსკოვში ყოფნა მოუწია. აქ აბსურდულ ვითარებაში, მოულოდნელად და დაუფიქრებლად, აკაკიმ ცოლი შეირთო - ნატალია ბაზილევსკაია. ყოვლად უიღბლო იყო ეს ქორწინება. ეს ქალი ვერც აკაკის მშობლებს შეეთვისა და ვერც საქართველო შეიყვარა. იშვიათად ჩამოდიოდა ჩვენში. მთელი ცხოვრება რუსეთსა და უცხოეთში გაატარა. თან აკაკის იკლებდა წერილებით - ფული მომაშველეო. ქონებრივად შევიწროებული პოეტი ფულს სესხულობდა და ცოლს უგზავნიდა მოსკოვსა თუ პეტერბურგში, ხარკოვსა თუ კიევში, პარიზსა თუ ბერლინში. მერე წელზე ფეხს იდგამდა და ამ ვალებს იხდიდა.
ნატალია ბაზილევსკაიას ხელში აკაკის ერთი ვაჟი ჰყავდა - ალექსი. იგი დედის კვალს გაჰყვა. არც ქართული უსწავლია და არც მამის შემოქმედება დაუფასებია. რომ დავაჟკაცდა, საბალეტო თეატრის ანტრეპრენიორი გახდა. რუსულ ბალეტს დაატარებდა რუსეთსა და ევროპაში. ამბობენ, ამ საქმეში უნიჭო არ ყოფილა და საქმეს თავიანად უძღვებოდაო. სადაც წავიდოდა, დედაც თან მიჰყავდა. დედა-შვილი შეხმატკბილებული იყვნენ და სიკვდილამდე ერთმანეთს არ მოსცილებიან. აკაკი კი უცოლშვილოდ მარტოობაში დაბერდა. ზუსტად თქვა მიხეილ ქვლივიძემ -
ასეთი ბედი ღმერთმა გაშოროს!
აბა, გასძელი, თუ ხარ ყოჩაღი,
როცა ოჯახში არ გაქვს სამშობლო
და სამშობლოში არ გაქვს ოჯახი!
![]() |
2 იგავი მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
ერთ კაცს ხელმწიფესთან უჩიოდნენ. მომჩივარნი სულ ქალები იყვნენ. ხელმწიფემ ბრძანა: ის კაციც მომიყვანეთ, ვისაც უჩივიან და ის ქალებიც, რომელნიც ჩივიანო. ყველანი მიჰგვარეს. მოისმინა მეფემ საჩივარი. რა არ თქვეს, რა ბრალი არ დასდეს კაცს, ქვეყნის ამომგდებად და დამქცევად გამოიყვანეს. ხელმწიფემ იფიქრა: ეს ისეთი ბოროტი კაცი ყოფილა, თუ სიკვდილით არ დაისაჯა, სამეფო დამეღუპებაო. შეატყო კაცმა, ცუდად მიდის მისი საქმე. სასჯელს ვეღარ გადაურჩება. შეევედრა მეფეს: ჩვენს სოფელში კიდევ დარჩნენ ქალები, იმათაც ჰკითხე - როგორი კაცი ვარო. გასცა ხელმწიფემ განკარგულება: ისინიც მომიყვანეთო. მოუყვანეს. ამ ქალებმა კაცი აქეს და ადიდეს. სულ ცაზე მოავლებინეს ხელი.
განცვიფრდა ხელმწიფე: რას ნიშნავს ეს? ამდენი მაძაგებელი გყოლია და ამდენი მაქებარიო!..
მოახსენა კაცმა: მეფევ, კარგად დააკვირდით... ნახეთ, მაძაგებელთა შორის ლამაზი თუ ურევია და მაქებართა შორის - მახინჯიო.
მართლაც, მაძაგებელთა შორის ლამაზი არ ერია, ხოლო მაქებართა შორის - მახინჯი. კიდევ უფრო განცვიფრდა მეფე და კაცს ახსნა-განმარტება მოსთხოვა.
განუმარტა კაცმა: ხელმწიფევ, მე არც მაძაგებელთათვის დამიშავებია რამე და არც მაქებართათვის დამიდგამსო სრა-სასახლე. ერთი უბრალო ხელობის კაცი ვარ - მესარკე. ჩემს გაკეთებულ სარკეში გონჯი რომ ჩაიხედავს, თავის სიგონჯეს მე მაბრალებს და ამიტომ დაუძინებელი მტერი ხდება, ხოლო ლამაზი რომ სარკეში თავისთავს უყურებს, ისიც თავის მშვენებას ჩემს წყალობად მიიჩნევს და ამიტომ უზომოდ მაქებსო.
მიხვდა ხელმწიფე საქმის არსს და ბრძანა: დღეის ამას იქით აღარავინ გაბედოს ჩივილი აღარც მესარკეზე და აღარც მწერალზე, რადგან ისინი ხელობით ერთმანეთს ჰგვანანო.
![]() |
2.1 სულის ნეტარება |
▲ზევით დაბრუნება |
აკაკი უბრალოდ ან შეცდა, ან მორცხვობამ ათქმევინა: „მე ჩემი თავი ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია პატარა დღიურ მუშათ“...
უამრავი ნიმუშის მოხმობა შეიძლება იმის საბუთად, რომ პოეტი მეტად თავმდაბლურად აფასებდა საკუთარ ნიჭსა და ღვაწლს. ზოგჯერ ირონიული ღიმილითაც კი.
„ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მე ლექსებს ვწერ, სხვა ხელობა არა მაქვს რა და ერთხელაც არ მახსოვს, რომ ღმერთი დამლაპარაკებოდეს!..“
„ერთადერთი ჩემ თხზულებათაგანი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს და გასაოხრებლად მენანება, არის „ჩემი თავგადასავალი“. ნათქვამია: „ყვავს თავის ბახალა მოსწონსო“. შეიძლება დიდი არა იყოს რა, მაგრამ მე კი წმინდა გული და წრფელი სული მაქვს შიგ ჩადებული“.
მხოლოდ ერთხელ წამოსცდა კმაყოფილების სიტყვა. ისიც სიკვდილის წინ. ანეტა იურკევიჩი იხსენებს: მძიმე ავადმყოფ აკაკის „გამზრდელი“ წავუკითხეო. პოემის დასასრულს რომ ისმენდა, პოეტმა ქვითინი დაიწყო. შევწუხდი, შევჩერდი და გადავწყვიტე, კითხვისთვის თავი დამენებებინა. აკაკის აღელვებით უთქვამს - „არა, არა, მე არ ვტირი, მაგრამ ეს მართლა კარგად დამიწერიაო“.
ამ ციტატებში უფრო აკაკის პიროვნების ბუნება-თვისება მოჩანს, ვიდრე მისი შემოქმედებითი მრწამსი. ეს კრედო გაცილებით ღრმა და რთულია. აკაკის პოეზიის სილაღით, სიმსუბუქით, გამჭვირვალეობით არ უნდა მოვტყუვდეთ. როგორც მოწმენდილი, კამკამა, უღრუბლო ზეცა მალავს კოსმოსის უღრმეს საიდუმლოებას, ასევეა დაფარული აკაკის პოეზიაში შემოქმედებითი მუღამი.
საერთოდ, უზენაესი შემოქმედის სიდიადეს აკაკი სიწყნარესა და სიმშვიდეში უფრო ჭვრეტდა, ვიდრე ხმაურსა და გრიალში. თუ ადამიანს ხმაური უფრო განაცვიფრებდა, ვიდრე სიწყნარე, ეს კაცის ბუნების სისუსტისა და არასრულყოფილების ბრალი იყო.
„როდესაც ფოთოლი გამოდის და ყვავილები იშლებიან, ეს დიდებული შემოქმედებითი პროცესი ადამიანს არაფრათ არ მიაჩნია უმეცრების გამო, მაგრამ იგივე ადამიანი ელვა-ჭექა-ქუხილის დროს კი პირჯვრის წერით იძახის: „დიდება შენს ძლიერებას, ყოვლის შემოქმედოო...“
ლიტერატურულ ხმაურ-გრიალსაც შეეძლო უფრო მეტად მიეპყრო ადამიანთა ყურადღება, ვიდრე მშვიდ და წყნარ მწერლურ საქმიანობას. ამას ითვალისწინებდა აკაკი, მაგრამ ფეხის ხმას არასოდეს აჰყოლია.
მაშინ, აკაკის სტუდენტობის ჟამს, რუსულ ლიტერატურაში ცხარედ ებრძოდა ერთმანეთს ორი პრინციპი, ორი მიმართულება - ხელოვნება ხელოვნებისათვის და ხელოვნება ცხოვრებისათვის. აკაკი თავად აღნიშნავს, რომ არც ერთს არ ემხრობოდა.
„ჩემ ხანგრძლივ ცხოვრებაში საპირადო კერძოსა და წვრილმანებში უხასიათობა გამოვიჩინე, მაგრამ დიდისა და საზოგადოსათვის კი ჩემს დღეში არ მიღალატებია. მწერლობაშიც შემეძლო, რომ, სხვების აყოლით, დიდი სახელი მომეპოებია, მაგრამ ჩემს რწმუნებას ვერ ვუღალატე... ორთა შუა მყოფს მე ჩემი გზა მქონდა არჩეული და მივდიოდი წყნარად“.
ეს გზა იყო ორივე პრინციპის შერწყმა და ერთმთლიანობად წარმოდგენა. ცალ-ცალკე არც ერთი - არც ხელოვნება ხელოვნებისათვის და არც ხელოვნება ცხოვრებისათვის, როგორც ცის, ისე მიწის მსახურება მიაჩნდა აკაკის პოეტის დანიშნულებად. ამ მსახურებასაც უყურებდა როგორც ერთ მთლიანობას. პოეტშიც, როგორც ადამიანში, ორ საწყისს ხედავდა - დედაკაცურს და მამაკაცურს.
„იმათ (პოეტებს - ა. ბ.) გული ქალისა აქვსთ და თავი კი კაცისა. ეს ორი თანასწორი ძალა, შეცდომით, ერთს გვამში მოთავსებულა.
კაცი თავის ცხოვრებაში მოქმედობს თავით, გულს ადვილად ერევა, რადგანაც უსუსტესი აქვს თავზედ, და ამის გამო მის მოქმედებაში იხედება ერთგვარობა და დადგრომილობა! ქალის გული, როგორც უძლიერესი, მუდამ იმორჩილებს თავს და მის მოქმედებაშიაც ერთგვარობა, ერთხასიათობა იხატება.
მაგრამ რა უნდა ჰქნან საბრალო პოეტებმა, რომელთაც თავიცა და გულიც ერთის ძალისანი აქვსთ? მათ ბუნებაში ეს ორი ძალა მუდამ იბრძვის: ხან ერთი იმორჩილებს და ხან მეორე, გული გაიმარჯვებს, - პოეტი გრძნობას მისდევს; და თავი გაიმარჯვებს - გონიერებას...
აი, რა მიზეზია, რომ მათს შემოქმედებაში ორგვარობა იხატება. აი, რათ გვეჩვენებიან ჩვენ პოეტები დაუდგრომლებათ და უხასიათოებათ!..
აქვსთ პოეტებსაც დრო ხანდახან, როდესაც მათი თავი და გული ერთმანეთს უთანხმდებიან, მაშინ ისინი ემსგავსებიან მაღალს ზეგარდმო ჩაგონებულ ქმნილებებს და მაშინ კი, დიახ, უტყუარად მიგვაჩნია მათი სიმღერა“.
გულისა და გონების ერთიანობა ქმნის ამაღლებულსა და მშვენიერს. მაგრამ გარემოებათა ცვალებადობის მიხედვით, პოეტი შეიძლება იყოს ხან მიწისა და ხან ცის, ხან არც ერთისა და არც მეორის, ხან კი შუაკაცისა და გარემოების საყვირის როლი შეასრულოს („პოეტი“). ეს არ არის დაბნეულობა. ეს არის შედეგი ცხოვრების წესისა. ცხოვრების მრავალფეროვნება ბევრი საჭირბოროტო პრობლემის პასუხს ითხოვს. მწერალს კი გვერდის ავლის უფლება არა აქვს. იგი ყველაფერს უნდა გამოეხმაუროს. როგორც თავად ხუმრობდა, ხან ბატისფრთის კალამი უნდა ეჭიროს ხელში, რომ ჩიტივით იჭიკჭიკოს, მკითხველს აღმაფრენა მოჰგვაროს, ხან კი ძაღლისძვლისტარიანი კალმით ყეფა-ღრენა ეხერხებოდეს ბოროტის დასათრგუნად:
პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი
მრისხანე გულის ღელვასა!..
ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი
და სიბნელის დროს ელვასა!
(„ზღვაო, აღელდი, აღელდი!..“)
ეს მაშინ, როცა ადამიანი მიწიერი არსებობის ორომტრიალში ბრუნავს. მაგრამ ადამიანი, როგორც კერძო პირი, და ერიც, როგორც ადამიანთა საზოგადოებრივი ერთობლიობა, ნაწილია მთელი სამყაროსი. განკერძოებულად არაფერი ხდება. ერთმანეთის ბედში ყველაფერი მონაწილეობს. როცა საფარ-ბეგის ბნელი გულისთქმა უნდა აღსრულდეს და ნაზიბროლა გააბახოს, მთელი ბუნება ირყევა, ძრწის, წარღვნით ემუქრება სულიერსა და უსულოს.
ბნელა ისე, რომ აღარ ჩანს
თითი, თვალთან მიტანილი!..
ცა მრისხანებს, ელვა-ჭექამ
ნადირსაც კი უფრთხო ძილი!..
ქარი ზუის გულსაკლავად,
წვიმა უშვებს კოკის პირად;
ხან აქ, ხან იქ მთა-ღრეებში
გავარდება მეხი ხშირად.
თითქო მართლა თვით ჯოჯოხეთს
აუშვია ქვეყნად ზარი!
აიტანა შიშის ქარმა
თანასწორად მთა და ბარი!
(„გამზრდელი“)
კოსმოსის და ადამიანის უხილავ კავშირს კაცი ხშირად ვერ ხედავს. მას უბედურებაც და ბედნიერებაც კონკრეტული, კერძო მოვლენა ჰგონია. არ სურს დაიჯეროს, რომ ყოველი სულიერი უკავშირდება უკიდეგანო სამყაროს. ეს სამყარო განიცდის ყოველი ადამიანის ბედნიერებას თუ უბედურებას. ამ მთლიანობის გრძნობაშია ადამიანის თუ მთელი ერის ძალა. ეს არის ის ჰარმონია, რაც აძლევს სიცოცხლეს აზრსა და მიზანს.
გათენდა დილა საამო,
ქვეყანამ გამოიღვიძა:
ცა დედამიწას დაჰხარის
და ცას შეჰნატრის ძირს მიწა.
კაცი, პირუტყვი, მცენარე
მზეს მოელიან საამურს,
ბულბული ჩანგურს უმზადებს
და შაშვი უკრავს სალამურს.
ტოროლა მაღლა ჰაერში
ზარს აწკარუნებს რიკ-რიკით,
ჩაუქროლ-ჩამოუქროლებს
მერცხალი ტკბილი ჭიკჭიკით!
ქვეყანა აღტაცებული
უგალობს ქებათ-ქებასა
და ყვავილები სამსხვერპლოდ
უკმევენ სურნელებასა!..
(„ნათელა“)
ამ კოსმოსური ჰარმონიის დარღვევა აკაკის პოეზიაში არასოდეს ხდება ვიწროდ, შემოფარგლულად. მას ყოველთვის თან ახლავს გლობალური, საყოველთაო რყევა.
საქართველოში მონღოლთა ბატონობის დამკვიდრებას წინ უსწრებს კოსმოსური მოვლენა - მზისა და მთვარის ბრძოლა.
ერთხელ თურმე მზეს და მთვარეს
მოუვიდათ ჩხუბი დიდი:
გაშორდნენ და შემაერთი
ჩაინგრიეს გზა და ხიდი.
შუა ჩადგა გველეშაპი,
დრო იხელთა, ჩაეპარა...
აღარც მზე სჩანს, აღარც მთვარე...
ორივ ერთად მიეფარა.
დადგა ბნელი, საზარელი
დრო, მხეცების სანავარდი!..
მზის სხივების ვეღარ მჭვრეტი,
გახმა ია, დასჭკნა ვარდი!..
(„ნათელა“)
ასე ხდება მაშინაც, როცა თემურ-ლენგი დააქცევს საქართველოს.
ცა მოწმენდილი, ლაჟვარდოვანი
დაიფარა და დაბნელდა არე.
ვით გველეშაპმა მზეთუნახავი,
ისე ჩაყლაპა ღრუბელმა მთვარე.
(„ბაგრატ დიდი“)
ყველა უბედურება მაშინ იწყება, როცა სამყაროს ჰარმონია ირღვევა. როგორც წესი, მიწიერ უბედურებას თუ ბედნიერებას ეხმაურება სამყარო. იგი არ არის გულგრილი. უყურადღებოდ არაფერს ტოვებს. თუ კოსმოსური ერთმთლიანობა არსებობს, ადამიანს არაფრის უნდა ეშინოდეს, არც კაცი და არც ერი უპატრონოდ არ დარჩება. როცა მონღოლი ნოინი ეკითხება ცოტნე დადიანს - რის იმედით იბრძვით, ვინ გყავთ მშველელი და დამხმარეო, - ქართველი მთავარი უპასუხებს:
- ამქვეყნად ზღვა და ხმელეთი,
მაღლა ცა, მზე და მთვარეო!
(„ნათელა“)
ეს ერთიანი, მთლიანი, განუყოფელი სამყარო მაშინ აისახება პოეტის სულის სარკეში, როცა იგი თავად ხდება კოსმოსის ნაწილი. ამჯერად უკვე აღარ შეიძლება პოეტი მხოლოდ ან მიწის იყოს, ან ცის, ან ოდენ გარემოების საყვირად მოგვევლინოს.
შეიძლება სამყაროს ერთმთლიანობას შეხედო სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს ხედვა ცალმხრივი იქნება. აკაკი წინააღმდეგი იყო ცალმხრივობის. იგი ხედვის მთლიანობას უჭერდა მხარს. მაგალითიც მოჰყავდა. ვთქვათ, კვარცხლბეკზე მდგარ ადამიანს „ზოგი ერთი მხრიდან უყურებს და ზოგი მეორე მხრით; ზოგი მარტო ზურგსა ჰხედავს, ზოგი თავს, ზოგი ფეხს, ზოგი რას და ზოგი რას, - ერთის სიტყვით, იმ მხარეს, საიდამაც უყურებს. და რომ მაშინ თვითოეულმა მათგანმა დაიჟინოს, რომ იმ კაცს მის მეტი, რაც მე მინახავს, არა აქვს რაო: ზოგმა სთქვას, მარტო ფეხები აქვსო, ზოგმა - მარტო თავი, ზოგმა - მარტო ზურგიო და სხვანი და სხვანი, იმ მაღლა ასულის კაცის რა ბრალი იქნება?! ვისაც უნდა, რომ მართალი და შეუმცდარი ჰაზრი იქონიოს, უნდა ავიდეს იქვე, სადაც ის დგას, აათვალიერ-ჩაათვალიეროს ის კაცი, ასწონოს, გაზომოს და მერე დააფასოს“. ადამიანის გარდა, ასევე საჭიროა სამყაროს ხედვა მთლიანობაში. ამას ვერც იმ პრინციპით მოახერხებ, „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ რომ ჰქვია და ვერც იმ მეთოდით, „ხელოვნება ცხოვრებისათვის“ რომ ეძახიან. მათი შეერთებაა საჭირო, მათი ერთმთლიანობაა აუცილებელი. პრინციპის, მეთოდის, მსოფლმხედველობის ერთმთლიანობა მისცემს მწერალს, ხელოვანს საშუალებას, მეტნაკლები სიზუსტით განჭვრიტოს კოსმოსი. ამისათვის შემოქმედი უნდა ამაღლდეს და შეუერთდეს სამყაროს დიად ერთმთლიანობას.
ამაღლდი, გრძნობავ, გონებავ!..
ასცილდით მზე და მთვარესა!..
შეუკავშირდით ვარსკვლავებს,
მოციმციმ-მოელვარესა!
შეიტყვეთ საიდუმლობა
ზეციურ ტკბილი ხმებისა
და შეისწავლეთ კანონი
იმათი შეთანხმებისა!
მე მაშინ მხოლოდ გავბედავ,
ხელი შევახო ჩანგურსა
და მწარე ზარი ამ ქვეყნის
შევრთო იმ ქვეყნის ზევსურსა.
(„ნათელა“)
აკაკი წერეთელი იყო ამ ზეციური საიდუმლოს პოეტი და არა ყოველდღიურობის მუშა. ეს, გარდა უკვე თქმულისა, მის თხზულებებში გაფანტული სხვადასხვა ალეგორიითაც დასტურდება.
მგოსანი ერთ ქართულ ლეგენდას გვიყვება: როგორ გაჩნდა ყაჭი, ანუ აბრეშუმის ჭია.
ლეგენდა ლექსად ყოფილა შეთხზული. აკაკის ზოგიერთი სტროფი ზეპირად სცოდნია. ზოგიერთი დავიწყებია. შინაარსი კი ბოლომდე ნათლად ხსომებია.
ბიბლიური იობის თავგადასავალს გვიამბობდა ის ლეგენდა. ოღონდ უსახელო ქართველ ავტორს ამბის დასასრული დაემატებინა და თავისებურად გაეაზრებინა.
გახსოვთ, ალბათ, ეს: სვებედნიერად ცხოვრობდა იობი. მრავლად ჰყავდა საყოლელი და უხვად ჰქონდა საქონელი. ესვა ცოლი, შვიდი ძე და სამი ასული.
ერთხელ ჰკითხა უფალმა სატანას - როგორ არისო ჩემი მორჩილი იობი, ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში, უბოროტო კაცი? დაცინვით მიუგო სატანამ: რატომ არ იქნება ღვთისმოყვარული? განა შენ არ იცავ მის ოჯახს, სარჩო-საბადებელს, სახლ-კარს!.. აბა, წაართვი ყველაფერი ეს და ნახავ, როგორ დაგიწყებს გმობას.
მისცა უფალმა ნებართვა სატანას, დაეჩაგრა იობი. არაფერი შერჩა მას - არც შვილები, არც ქონება, არც ბედნიერება. მაინც არ ჰგმო ღმერთი. „უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს მისი სახელი!“
მეორედ ჰკითხა უფალმა სატანას: ახლა როგორღა არისო ჩემი მორჩილი იობი? ისევ ქირქილით მიუგო სატანამ - ეს უბედურება აიტანა, მაგრამ, აბა, პირადად შეეხე მას, მის ხორცს, ძვალს, სიცოცხლეს, მაშინ ნახავ, რა უშვერი სიტყვებით დაგიწყებს გინებას. ისევ აღიჭურვა სატანა უფლებით - მიეყენებინა იობისთვის უსაშველო ვნებანი.
ენით უთქმელი და კალმით აუწერელი სენი შეჰყარა სატანამ იობს. უსაზღვრო იყო მისი ტანჯვა. მაინც არ ამუნათებდა ღმერთს. „სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა“.
სამი მეგობარი ეწვია სანახავად სნეულ იობს. ვერ უთხრეს ნუგეშის სიტყვა. მეტისმეტად დიდი იყო წამება. მაშინ დასწყევლა იობმა თავის გაჩენის დღე, პასუხად მეგობრებიც ალაპარაკდნენ. დიდხანს ისაუბრეს, იკამათეს, იდავეს, გულწრფელად თქვა იობმა თავისი სამდურავი. მოეწონა უფალს იობის გულახდილობა. შეიბრალა იგი. „უკურთხა უფალმა იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად“. დაუბრუნა საქონელიც, საყოლელიც, სახლ-კარიც და შვილებიც.
უზრუნველად დალია იობმა სიცოცხლის დღენი.
ამის მერე ცვლის ქართული ლეგენდა ფინალს და უმატებს: ღმერთის ანგელოზმა იობს მოსარჩენად ერთი ჯამი წყალი გადაასხა. ციდან ღრუბელი ჩამოვიდა და დაღვრილი წყალი შეიწოვა. ცა ამ წყალს წვიმაში ურევს, რომ დედამიწა გაანაყოფიეროს, რომ პურეულმა, ხეხილმა, ბოსტნეულმა, ადამიანის სარჩენად, ნაყოფი გამოიღოს. ჭიაღუა, რომელიც იობს ესეოდა, ფუტკრად, წურბელად, ყაჭად გადაიქცა. იმ დღიდან ფუტკარი თაფლს აწვდის ადამიანს, წურბელა მკურნალობს, აბრეშუმის ჭია სხეულიდან ძაფს იღებს, რომ კაცი შემოსოს...
ადამიანისა და მთელი სამყაროს ერთიანობა-მთლიანობა იმ ჩვეულებაშიც ნათლად მოჩანს, რომელიც საქართველოში ყოფილა ძველად გავრცელებული. მართალია, მე-19 საუკუნეში იგი უკვე დავიწყებიათ, მაგრამ ქართველი საზოგადოებისათვის ალექსანდრე ორბელიანს შეუხსენებია.
„ქართველი რომ სათესავად გავიდოდა, ჯერ რამდენიმე მუჭა ხორბალს ისე აბნევდა ხნულში ამ სიტყვებით: ეს ღმერთს! ეს მგზავრს, ეს მტერს, ეს მოყვარეს, ეს ქვრივ-ობოლს, ეს მკვდარს, ეს თაგვს, ეს ფრინველს, ეს ამას და იმასო!.. ჩამოყვებოდა, არავის ივიწყებდა, მერე იტყოდა: ეს მე და ჩემიანებსო!.. და იწყებდა ერთპირად თესვასო“.
ეს არა მარტო გულუხვობის გამომჟღავნება იყო, არამედ იმ კავშირის ქვეცნობიერი გამოვლენაც, რომელიც სულიერსა და უსულოს, ხილულსა და უხილავს, პირუტყვსა და მეტყველს, ცასა და მიწას შორის არსებობს.
თუ სარჩენად ფუტკარი თაფლს უმზადებს ადამიანს, ყაჭი - ძაფს სამოსელისათვის, წურბელა მკურნალობს, ადამიანიც არ რჩება ვალში. იგიც გულუხვად არიგებს თავის ნაშრომ-ნაღვაწს. ღმერთსაც უგზავნის, მტერ-მოყვარესაც, ფრინველსაც, ცხოველსაც... ამ ერთმთლიანობის ჯაჭვში ყველას თავისი ფუნქცია აქვს, თავისი ამოცანა და თავისი მოვალეობა.
ამ ერთიანობის გამოც შეიძლება იყოს ფუტკარი პოეტის სიმბოლო.
სხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს,
ადიდონ ლომი ძლიერი;
თვალ-მარგალიტით შეამკონ
შვენიერება ცბიერი.
სხვა არის ჩემი გალობის
და ჩემი ჩანგის საგანი;
პატარა ბუზი... ფუტკარი,
იობის ჭიათაგანი.
...........................
სიტკბოს რომ ეძებ სათაფლოს,
მიტომ ხარ მოუსვენარი...
და ვინც ხელს გიშლის შრომის დროს,
მხოლოდ იმისი მკბენარი.
მაგრამ ქვეყანა უძღები
განა დაეძებს სიმართლეს?
ბნელს შენის სანთლით ინათებს
და ბნელს ჰფენს შენსა სინათლეს.
...........................
მაინც დაბზუი, დაფრინავ,
არც იშლი დროზე კბენასა,
ქვეყანას თაფლუჭს უმზადებ
და სანთელს უნთებ ზენასა...
სარკე და სახე მგოსნობის,
ემბლემაცა ხარ შრომისა, -
შენათხზი სიყვარულისა
და წმინდა გულისწყრომისა.
(„ფუტკარი“)
აკაკის განსაკუთრებით მოსწონს ფუტკრის თვისებანი: ადამიანისათვის (მიწისათვის) თაფლის კეთება და ღმერთისათვის (ზეცისათვის) - სანთლისა.
თაფლს ცოცხლებისთვის ვამზადებ,
მკვდრებისთვის წმინდა სანთელსო,
და ვაკავშირებ ორ სოფელს:
სიტკბოებას და ნათელსო!
(„ბოდვა“)
ხატის ბუზი, ზეცის მუშა
პაწაწინა ფუტკარია!
შორს მიფრინავს სამუშაოდ,
მიიმღერის, უხარია!
...........................
დაბრუნდება დატვირთული,
მიაშურებს ისევ სადგურს;
სულს სწირავს და გულსა უძღვნის
ღვთის და კაცის ტკბილ სამსახურს!..
(„ფუტკარი“)
...........................
ზეცის მუშას მეძახიან,
არ ვარ მარტო სამიწეო!
(„ხარაბუზა და ფუტკარი“)
პოეტიც იმით ჰგავს ფუტკარს, რომ იგიც ღმერთსა და კაცს ემსახურება.
შენც, პოეტო, კაცთა შორის
ფუტკრადა ხარ გაჩენილი,
ენა-ისარ-ნაღვლიანსა
ნაყოფი გაქვს ნათელ-ტკბილი.
(„შედარება“)
თუ ფუტკარი პოეტის სიმბოლოა, იობი საქართველოს სიმბოლოა.
როგორც იობი უძლებს უსაშინელეს ტანჯვას, მაგრამ არ კარგავს ღმერთის იმედსა და სიყვარულს, ასევე უმკლავდება, აკაკის აზრით, საქართველო თავზე დატეხილ ყოველნაირ უბედურებას, სჯერა უზენაესისა და ნათელი მომავლისა. როგორც იობის ტანჯვა-ვაება შეცვალა უფალმა ბედნიერება-კეთილდღეობით, ასევე გადმოხედავს იგი მოწყალე თვალით საქართველოსაც. აკაკი იზიარებს იობის თავგადასავლის დედააზრს: ტანჯვის გზით იბადება ბოროტებიდან კეთილი. ეს კანონზომიერება თანაბრად ვრცელდება პიროვნებაზეც და ერზეც.
ვგონებ, მაგალითს გვაძლევს ბუნება:
ჯერ უნდა ვნახოთ ჩვენ განსაცდელი,
რომ მით, გვირგვინი გამოცდილების,
ბოლოს ვიხილოთ ბნელით ნათელი!..
(„ორი სურათი“)
...........................
ასე არის ეროვნებაც:
ვისაც ბევრი გადახდია,
ის ერი სხვა ერთა შორის
გამომწვარი ფოლადია.
(„ომი“)
უბრალო სიმბოლო არ არის ფუტკარი აკაკის პოეზიაში. იგი მრავალმნიშვნელოვანია. ფუტკარი ამზადებს სანთელს. სანთელი კი, თავის მხრით, უკავშირდება სიწმინდესა და ნათელს. „უწმინდურ ოჯახში ფუტკარიც არ დგება“, - ამბობს მოხუცი საჩინო მოთხრობაში „ყვითელი სანთელი“. „ოჯახში თუ რაიმე ნაუკუღმართევი შევიდა და ან როგორმე გაუწმინდურდა, იმ ოჯახში იმ დღიდან ფუტკარი აღარ იხარებს. ან დაივსება, ან გაიპარება სადმე უდაბნოში“,- დასძენს ბერიკაცი. ქართული გადმოცემით, როცა ფუტკარი შრომობს და ბზუის, მაშინ ამბობს თურმე: სანთელი სულს, თაფლი ხორცსო, სანთელი სულს, თაფლი ხორცსო... სულისა და ხორცის დამაკავშირებელიც ყოფილა იგი. ანთებული სანთელი არა მარტო ბნელს ფანტავს, არამედ ადამიანის დანიშნულებაზეც მიუთითებს. ადამიანიც უნდა იწვოდეს და ჭკუა-გონებით ანათებდეს წყვდიადს, რომელსაც უგუნურება და უმეცრება ამკვიდრებს.
მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი,
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ჰფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს
თვალუწვდენელი წყვდიადი.
რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა,
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.
სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი ჭკუა-გონება
იმათგან გამონაშუქი.
(„ხატის წინ“)
აქაც ერთმთლიანობაა: ფუტკარი-სანთელი-ნათელი-სული-ხორცი-ადამიანი-წვა, როგორც სიცოცხლის შინაარსი. „რაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა“.
აკაკის პოეზიაში დროც ერთმთლიანობაა. წარსული, აწმყო და მომავალი პირობითად არის დაყოფილი. სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები პიროვნებები შეიძლება ერთდროულად გამოეცხადონ ადამიანს. „ღვთისმშობლობა დღეს, ერთი სიზმარი ენახა: ქვეყნად ჩამოსულიყვნენ ნინო, ქეთევან და თვით თამარი“ („თორნიკე ერისთავი“). მართალია, ეს ხილვაში ხდება, მაგრამ იმავე პოემაში გამარჯვებული ქართული სპა იმ სიმღერას მღერის, რაც, თამაზ ჭილაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „უფრო დამარცხებულს შეეფერება, ვიდრე ძლევამოსილსა და გამარჯვებით გალაღებულ ლაშქარს“.
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
იმდენი ხნის გასაჭირი!
ხილვა, ზმანება, სიზმარი რეალობის ნაწილია. სიზმრად ნანახი თამარი, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები - ნესტანი და თინათინი - უფრო მეტად არის სინამდვილე, ვიდრე ის დრო, რომელშიც არც ნესტანია, არც თინათინი და არც თამარი. დროს ერთმთლიანობა აძლევდა უფლებას, ეფიქრა:
მაგას რათ ბრძანებთ, აბა, ბატონო?
განა თამარნი ქვეყნად კვდებიან?
საუკუნიდან საუკუნეში
ისე, ვით მთვარე, გაახლდებიან.
(„თამარ ცბიერი“)
რადგან დრო ერთმთლიანობაა, წარსულის უარყოფა აწმყოს უარყოფასაც ნიშნავს და მომავლისასაც, ამიტომ ედავებოდა თავგამეტებული ქართველ სოციალ-დემოკრატებს, რომელთაც წარსული გველივით ეზიზღებოდათ და აწმყო ჭირივით ეჯავრებოდათ. მათ ახალი მომავლის აშენება უწარსულოდ და უაწმყოოდ უნდოდათ.
„ვინც წარსულს ივიწყებს, ის მომავალზედაც ხელს იღებს... ჩვენ კი გვინდა მისთანა მომავალი თაობა, რომელიც უარის მყოფელი კი არ არის წარსულისა, მკვლევარია და მამა-პაპის ანდერძს დღესაც კიდევ გამოსადეგ საფუძვლად უდებს მომავალს, რომ კავშირ-გაუწყვეტლად (ხაზი ჩემია - ა. ბ.) განაგრძონ ისტორიული ცხოვრება“. ამავე აზრს იმეორებს სხვა წერილშიც. ისეთი თაობა გვინდა, რომელიც მომავალს აწმყოსა და წარსულზე დაამყარებსო. ამით ერთმთლიანობა არ დაირღვეოდა.
აკაკისათვის წარსული და აწმყო თანაბრად ცოცხალი იყო. წარსულის ადამიანები ისევე ცოცხლობდნენ მის გვერდით, როგორც თანამედროვენი.
ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს,
მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს,
ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს,
მოელის ტურფა გამომხსნელს!
(„ჭაღარა“)
ამას ისე ამბობს, თითქოს გამოგონებულ პერსონაჟებს ან წარსულის ადამიანებს კი არ მიმართავს, არამედ გვერდით მდგომ თანამედროვეებს.
ამ ერთმთლიან დროში ცხოვრობს ერთმთლიანი სამყარო.
ერთმთლიან სამყაროს ერთ-ერთი გამოვლენა-გამოსხივებაა კაცობრიობა.
კაცობრიობაც ერთმთლიანობაა და სხვადასხვა ერი ამ ერთმთლიანობის ცალკეული გამოვლენა-გამოსხივებაა.
ქართველი ერიც ერთმთლიანობაა და სხვადასხვა ქართული კუთხე-ტომი ამ ერთმთლიანობის გამოსხივება-გამოვლენაა.
ერთის მრავალსახეობა, ერთის მრავალფეროვნებაა არსებობის მშვენიერების საფუძველი.
ამის გაუთვალისწინებლად შეიძლება მოვტყუვდეთ, შეცდა გრიგოლ რობაქიძე, როცა იფიქრა: „მარტოდმარტო „მამულის“ სიყვარულით უნივერსალურ პოეზიას ვერ შექმნი“.
როცა აკაკი სამშობლოს თავისუფლებაზე ლაპარაკობდა, კაცობრიობის თავისუფლებასაც გულისხმობდა. მრავალი ვერ იქნება თავისუფალი, თუ ერთი არ არის თავისუფალი. ერთი ვერ იქნება თავისუფალი, თუ მრავალი არ არის თავისუფალი. აკაკის რწმენაა:
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა.
(„ხატის წინ“)
კარგად ცნობილია და ყველამ იცის, რომ აკაკი მთელი ცხოვრება ებრძოდა შოვინიზმს, ერთა უთანასწორობას, ჩაგვრასა და დამცირებას. პოეტი წამდაუწუმ იმეორებდა:
იმას არ ეთქმის „ადამიანი“,
ვინც აღიარებს მარტო თავის ერს,
და სხვა ტომებს-კი ისე შეჰყურებს
ჩასაყლაპავად, როგორც მტერი მტერს.
(„ჩემი ჭმუნვა“)
...........................
განურჩევლად გვარ-ტომობის,
ყველასათვის კეთილი მსურს,
ვინც-კი კაცად-კაცადია
და სიმართლით გული უხურს.
(„მეგობარს“)
არის მხოლოდ ერთა შორის
ერთი ძალა საკავშირო,
ვით ღვთაება მადლმოსილი
უსაზღვარო და უძირო.
ეს ძალაა სიყვარული,
სხივოსანი, მოელვარე:
ყველასათვის ერთად-ერთი,
როგორც ერთი მზე და მთვარე.
(„ალბომში“)
არა მარტო სხვადასხვა ერს, არამედ სხვადასხვა რელიგიის ადამიანებსაც აკავშირებთ და აერთებთ სიყვარული, ძმობა, ერთობა. ამ იდეალისაკენ უნდა მიისწრაფოდეს კაცობრიობა, ყოველი ერი.
მიუწვდომელსა და უხილავსა,
ყოვლის შემოქმედ ბუნების ძალას,
ჩვენ, ქრისტიანნი, ვუწოდებთ ღმერთად!..
მაჰმადიანნი უხმობენ ალლაჰს!..
თუმც წარმოდგენა იდეალური
ორივესათვის იგივ ერთია,
მაგრამ ჰგონია უგნურებას-კი,
რომ სულ სხვადასხვა ორი ღმერთია -
ერთი-მეორის მოშურნე მტერი,
მათ-მათ ძმისათვის მტრად გადამკიდე!
და იმ თავითვე მოძმების სისხლით
მორწყული იყო კიდითი-კიდე...
...........................
აწ აღარც რჯულის სხვადასხვაობა
და არც სხვადასხვა გვარ-ეროვნება!
სუყველა ერთად, ერთ დიდ სამეფოდ
შეკავშირებულ, შემტკიცებული!
და ყველას გულზე ზე წარწერილა:
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“,
(„ძმური სიტყვა“)
ერთობა რჯულის, ერთობა გულის
უფარისევლო და პირდაპირი,
აი, რა არის სხვადასხვა ტომის
შემხორცებელი წმინდა კავშირი!
(„თერთმეტი ენკენისთვე“)
ამ ერთიან ძმურ კაცობრიობაში თავისი ადგილი უნდა დაეჭირა ქართველ ხალხსაც. ეს იყო აკაკის ოცნება. ამ ოცნების განსახორციელებლად საჭირო იყო ქართველი ხალხის ერთმთლიანობა და ბრძოლა. აკაკის პოეზიაში ჩნდება ერთიანობის სიმბოლო - ჩონგური. იგი ხშირად ფიგურირებს აკაკის თხზულებებში. არა მარტო „ნათელას სიმღერაში“ - „ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო“, არამედ პუბლიცისტიკაშიც. „ავიღოთ მაგალითად საქართველო. ეს არის ჩანგური, რომლის სიმებსაც შეადგენენ: ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, სვანეთი, აჭარა, ლაზისტანი და სხვ...“
ფუტკარივით ჩონგურიც მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა. რაკი იგი მუსიკალური ინსტრუმენტია, პოეზიის სიმბოლოდაც არის გამოყენებული.
მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს...
...........................
გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვისმე მივეფერო,
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!..
(„ჩანგური“)
ჩანგურო, ჩემო დიდებავ,
და ძლიერებავ, კალამო,
ზოგჯერ ფინთიხო გულისა,
ზოგჯერ წყლულისა მალამო!
(„გამოფხიზლება“)
თუ, ერთი მხრივ, ჩონგური „ციური ტკბილი ძალაა“ („ავადმყოფი მგოსანი“), მეორე მხრივ, „ეროვნება ღვთის ნიჭია“ („საქართველოს დღევანდელი სახე“). აქაც ხდება მათი სიმბოლური გაერთიანება. თუ პოეზია, უზენაესი შთაგონებით, ადამიანის შემოქმედების ნაყოფია, ერი თავად ღმერთის შემოქმედების შედეგია. ამდენად, შესაძლებელია, ჩონგური პოეზიის სიმბოლოც იყოს და ერის მთლიანობისაც.
აკაკი ქართველი ხალხის ერთიანობა-მთლიანობისათვის იბრძოდა. მაგრამ არც იმ მრავალფეროვნებისა და თავისებურების წაშლა-მოსპობა უნდოდა, რაც საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და სხვადასხვა ქართულ ტომს ახასიათებდა. აქაც ძალა და მშვენიერება ერთის მრავალსახეობა იყო. აკაკი სწავლობდა და ბევრს წერდა ქართველ ტომთა ხასიათის ნიშან-თვისებებზე. კარგსაც ხედავდა და ავსაც. მანკიერებასაც აღნიშნავდა და უზადოსაც. რაკი ერის, მისი ტომების ხასიათის, თვისებების, ბუნების ზუსტად ამოცნობა შეუძლებელია, აკაკიც ცდებოდა ზოგჯერ. მაგრამ მის კვლევა-ძიებას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პოეტი ამხელდა იმ მავნე ზნეს, რაც დრომ, საუკუნეებმა დააგროვა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. გამოყოფდა იმ კარგს, რაც არამც და არამც არ უნდა დაეკარგა ერს. ამ კუთხით მიაქცია ყურადღება „ვეფხისტყაოსანსაც“. მისი პერსონაჟების ხასიათში ქართველი ტომების ნიშან-თვისებებს დაუწყო ძებნა. კონკრეტულად აღწერა თითოეული პერსონაჟი და დაასკვნა: ტარიელი თავისი ბუნება-თვისებით ქართლელს ჰგავდა, ავთანდილი - იმერელს, ფრიდონი - შავიზღვისპირელ ქართველს. ამ პრობლემით გატაცებული საჯაროდ გამოდიოდა, ლექციებს კითხულობდა ქართულად და რუსულად. მაშინდელი საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.
„იმის ლექციები „ვეფხისტყაოსანზე“ დიდძალ ხალხს იზიდავდა, სხვათა შორის, გორშიაც წაიკითხა...
ლექციას დიდძალი ხალხი დაესწრო, შემდეგ დიდებული ნადიმი გაუმართეს“, - გვაუწყებს სოფრომ მგალობლიშვილი „მოგონებანში“.
პუბლიკუმის დასწრებით და ინტერესით თავადაც კმაყოფილი იყო. ელისაბედ ჭავჭავაძე-მარჯანიშვილს სწერდა: „უკანასკნელმა ჩემმა ლექციამ დიდი აღტაცება მოახდინა მსმენელებში“.
საერთო საზოგადოებრივი მოწონების შემდეგ აკაკისთვის მოულოდნელი იყო ილია ჭავჭავაძის კრიტიკული დამოკიდებულება. ილიას ეუცხოვა „ვეფხისტყაოსნის“ ზოგადსაკაცობრიო იდეების მხოლოდ ქართულ ჩარჩოში ჩაკეტვა. ვერ გაიზიარა რუსთაველის პოემის პერსონაჟების ზოგადადამიანური თვისება-ხასიათების შემოფარგვლა ქართლით, იმერეთით, საქართველოს შავიზღვისპირეთით. არც ილიას და არც აკაკის მეგობრობა ხელს არ უშლიდა, რაც არ მოსწონდათ ერთმანეთის, იმაზე მოურიდებლად, მკაცრად ემსჯელათ. ამჯერადაც ასე მოხდა. მათი აზრი რადიკალურად გაიყო.
დღევანდელმა მკითხველმა იცის, რომ ამ დავა-პაექრობაში ილია იყო მართალი. მაგრამ იმის დავიწყება კი არ შეიძლება, რა მნიშვნელობა-აზრი ჰქონდა მაშინდელი ქართველებისთვის აკაკის ლექციებს. ეს გაზეთმა „დროებამ“ შეუცდომლად ამოიცნო და აუწყა კიდეც ხალხს:
„სწორედ მოსწრებულ დონეზედ იყო წაკითხული ეს ჩინებული საკითხავნი; სწორედ დროზედ გაისმა მილიონჯერ განშორებული მოწოდება მამულის შვილთა ძმობისა და ერთობისადმი; მოწოდება რათა დავივიწყოთ პიროვნული ინტერესები საზოგადო სარგებლობისათვის, ვსდევნოთ ყველამ თითოსი და თითომ ყველასი სენი...“
თავად აკაკიც ასე განმარტავდა თავისი ლექციების მიზან-ამოცანას:
...„ვეფხის-ტყაოსანში“ გამოხატული ტიპები, როგორც კაცები, ისე ქალები ნამდვილი ქართველები არიან, სხვადასხვა კუთხეებიდან აღებული. მაგრამ მარტო ეს მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის რუსთაველის „ვეფხის-ტყაოსანს“. აქ ჩვენ ვხედავთ დიდ წინასწარმეტყველებას ჩვენი სამშობლოს შესახებ: ნესტან-დარეჯანი არის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. აქ, რასაკვირველია, თქვენც მიხვდით, რომ მე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და ზნეობით მდგომარეობაზე მოგახსენებთ. იმის გაუმჯობესება, გამოხსნა მარტო ტარიელს, რაგინდ რომ უცნაური ძალისაც იყოს, არ შეუძლია მისი პირდაპირობით, თუ იმას ავთანდილიც არ მიეხმარა თავის წინდახედული მიხვევ-მოხვეულობით და თუ ფრიდონმაც მასალები და ხელ-საწყოები არ მოუმზადა და არ მოეხმარა“.
არა მარტო ქაჯეთში დატყვევებული ნესტან-დარეჯანი იყო დაპყრობილი საქართველოს სიმბოლო, არამედ ტარიელ-ავთანდილ-ფრიდონის მეგობრობაც სახავდა იმ გზას, რასაც ერთიანი ქართველი ხალხი უნდა დასდგომოდა თავდასახსნელად. ერთიანობის თვინიერ აკაკი შეუძლებლად თვლიდა საქართველოს განთავისუფლებას. ამიტომ აშინებდა ქართველი ერის ერთმთლიანობის დაშლის ყოველი მინიშნება. ეს შიში გამომჟღავნდა იმ ლექსშიც, ვაჟას რომ მიუძღვნა: „ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო...“
რამ გამოიწვია ეს კრიტიკული შენიშვნა? განა მანამდე არ იცოდა აკაკიმ - როგორ წერდა ვაჟა? მხოლოდ 1913 წელს გაახსენდა ეს? ამ დროისათვის ხომ უკვე დაწერილია ვაჟას ყველა მნიშვნელოვანი თხზულება? ჩანს, რაღაც ღრმა საფუძველი ჰქონდა ამ საყვედურს. შენიშვნა მით უფრო დამაფიქრებელია, რომ აკაკი უდიდესი პატივისმცემელი იყო ვაჟას ნიჭისა და შემოქმედების, ეს ხსენებულ ლექსშიც კარგად ჩანს. ვაჟა წოდებულია „მარგალიტების მთესველად“. ეს ადრეც უთქვამს: „როგორც საკუთრად ვაჟასი, ისე მისი ძმის ბაჩანასი და თედოსი, საზოგადოთ სამარგალიტო შაირები არიან... პროზა ხომ კიდევ უკეთესი“. აქვე დასძენდა:
„...ვაჟა-ფშაველას პოემა „გოგოთურ და აფშინა“ ერთი უკეთესთაგანია მთლად ჩვენს მწერლობაში“.
აკაკის ღრმად სწამდა, რომ ყოველი ერის ერთმთლიანობა გამოხატულია ერთმთლიანი ლიტერატურული ენით. ამიტომ იბრძოდნენ იგიც, ილია ჭავჭავაძეც, იაკობ გოგებაშვილიც, ნიკო ნიკოლაძეც, გიორგი წერეთელიც ერთიანი სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებისათვის. ჩამოაყალიბეს კიდეც.
მტერმაც იცოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ერის თავისთავადობისათვის ენას. არა მარტო სკოლიდან და ეკლესიიდან უნდოდათ ქართული ენის გაძევება, არამედ მისი დაშლაც. ამის გამო მუშაობდა დუშმანი აფხაზური, მეგრული, სვანური ანბანის შესაქმნელად. ეს ბრძოლა მთელი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მანძილზე აქტიურად მიმდინარეობდა. ქართველი მოღვაწეები მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. მაგრამ აფხაზეთში ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა: შეიქმნა აფხაზური ანბანი. გამოიცა აფხაზურად დაწერილი წიგნები. განსაკუთრებით ენერგიულად ეს პროცესი სწორედ 1912-13 წლებში წარიმართა. დაიწყო საქართველოდან აფხაზეთის სულიერი მოწყვეტა. თუ ქართული საზოგადოება არ გასალკლდევდებოდა, საფრთხე სხვა კუთხეებსაც ემუქრებოდა. ამ ვითარებაში ყოველი გადახვევა მაგისტრალური ეროვნული პოლიტიკიდან სახიფათო იყო. რისი უფლებაც ვაჟას ჰქონდა, იმის უფლება არ ჰქონდათ კიკნა-ფშაველებს, რომელნიც ქართულ მწერლობაში იმხანად მრავლად იყვნენ.
გულნატკენი ვაჟა აკაკის პასუხს აძლევდა: „მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ, თუა ქართველის გვარისა“. არც აკაკი წუნობდა. პირიქით, იგი მოითხოვდა საქართველოს ყველა კუთხის ღრმა ცოდნას, ყველა დიალექტის შესწავლას.
„...რა ეჭირვება მწერალს? ის, რომ იმან არ წარმოადგინოს საერთო ქართულ ენად ის ენა, რომელიც მის სოფელში გაუგონია. უნდა მოვლილი ჰქონდეს ყველა კუთხეები საქართველოში, ყური დაუგდოს ყოველი მხარის საუბარს, დაუკვირდეს, ამოკრიფოს ის ქართული სიტყვების მარგალიტები, რომელიც დღეს აქა-იქ გაბნეული არიან. აგრეთვე გამოჰყოს ის უცხო სიტყვები, რომელნიც ნაძალადევად შემოღებულან, არ მოუდგებიან ქართულს და ისე სწეროს“.
„ზოგიერთთა მისი (ქართული ენის - ა. ბ.) ცოდნის მჩემებლებს - ზოგს ქალაქური, კინტოური, სხვა-და-სხვა ენებისაგან შემდგარი ენა ჰგონია ნამდვილი ქართული, ზოგს სიტყვებდაკარგული ამერული და ზოგს სხარტულობით გაცეტებული იმერული, მაგრამ ყველანი კი სტყუიან და სანამ ყოველ კუთხეს არ მოივლიან, ყველგან არ გამოსძებნიან და არ შეასწორებენ ძველთან, ცუდად მოყვრობენ სამშობლო ენას“.
„...მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვების. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად სომხურ-სპარსულ-თათრული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდათ ეჩხირება და გულსა სწყინს... და მეგრულ ენაში კი შენახულან ობოლ მარგალიტებად ის ძველი სიტყვები... ჩვენ ვურჩევთ ჩვენ მწერლებ-მწიგნობრებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრებილ სიტყვებით შეავსონ დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი“.
აკაკის პოზიცია მტკიცეა და ნათელი: ერთიანი სალიტერატურო ენა, როგორც ერის ერთიანობის საფუძველი. არ არსებობს ერის სულიერი ერთობა თვინიერ ერთიანი ლიტერატურული ენისა.
ქართველი ერის სულიერი ერთობა კი მაშინ ქართველი ხალხის ყოფნა-არყოფნას სწყვეტდა. მართალია, რუსეთმა საქართველო ტერიტორიულად გააერთიანა, მაგრამ, სანაცვლოდ, სულიერად დააქუცმაცა. არა მარტო იმით, რომ საქართველო, როგორც ეროვნულ-პოლიტიკური ცნება, აღარ არსებობდა და იყო მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, ბათუმის, ზაქათალის და სოხუმის სამხედრო ოლქები, არამედ იმითაც, რომ ქართულ ენას წაართვეს სახელმწიფო და საეკლესიო ფუნქცია. ამ ვითარებაში ერთადერთი ძალა, რომელსაც ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის შენარჩუნება შეეძლო, იყო ქართული მწერლობა. შეინარჩუნა კიდეც.
ვფიქრობ, ამ სიტუაციით იყო გამოწვეული აკაკის საყვედური ვაჟას მიმართ.
„ჩემი აზრით, ჯერ საჭიროა თვით ერი შეერთდეს, ცალკე, ერთ მთლათ და მერე შეიძლება სხვა ერებთან გაერთიანებაზე ფიქრი თავიანთი ეროვნების დაცვით“.
ერთი უპირველესი შემაკავშირებელი დუღაბი კი სწორედ ენა იყო და არის. ასე იქნება მუდამ.
„ფერადოვანი კაცობრიობა სხვა-და-სხვა ნაციის, ეროვნებისაგან არის შემდგარი და თვითეულმა მათგანმა თავისი საკუთარი ელფერი და საკუთარი „რამეობა“ უნდა შეიტანოს, რომ აივსოს საკაცობრიო ზღვა“.
ერის რაობას, ხალხის მე-ს უპირველესად ენა გამოხატავს. მისი ხელყოფა დაუშვებელია. მით უმეტეს მაშინ, როცა ერი დატყვევებულია და ენაც განიცდის მეორე დიდი კულტურული ენის მძლავრ ზეგავლენას. აკაკისა და ვაჟას პოეტური პაექრობის ჟამს კი დაძაბული კოლონიური ურთიერთობა ბატონობდა. აკაკი ამას ითვალისწინებდა და სხვებსაც მოუწოდებდა, ყურადღება არ მოედუნებინათ.
ისიც უთუოდ აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის ქართული სალიტერატურო ენის განვითარება სწორედ იმ გზით წავიდა, რასაც აკაკი სახავდა. დედა-ქართულის ლექსიკა მე-20 საუკუნის მწერლობამ გაამდიდრა მეგრულიდან, სვანურიდან, სხვადასხვა დიალექტებიდან ამოკრეფილი სიტყვებით. მომავალში ეს პროცესი კიდვ უფრო უნდა გაღრმავდეს.
აკაკის შემოქმედების მასშტაბი ალექსანდრე ხახანაშვილმა უტყუარად დაინახა, ოღონდ მისი ხასიათის განსაზღვრა შეეშალა. „ქართველი მგოსანი წარმომადგენელია იმ სალიტერატურო მიმართულებისა, რომელსაც ეწოდება „მსოფლიო გოდების პოეზია“. აკაკი, ჩემი ფიქრით, „მსოფლიო გოდების პოეზიის“ წარმომადგენელი კი არ არის, არამედ მსოფლიო სიხარულის პოეზიისა.
რა არის, თუ არ ღვთის რისხვა,
სიცოცხლე უსიხარულოდ?
(„სიბერე“)
მართალია, აკაკის ლირიკაში ხშირად გაიგონებთ სოფლის სამდურავს, მაგრამ იგი მაინც, ძირითადად და არსებითად, სიხარულის მომღერალია.
ცხოვრებაშიც ბევრი ჭირ-ვარამი, უმადურება, უსიამოვნება შეხვედრია, ბევრი უნამუსო შეურაცხყოფა მოუთმენია, ბევრი ბილწი ცილისწამება აუტანია, მაგრამ ცხოვრების ხალისი და წყურვილი არ განელებია. მართალია, ქართულმა სინამდვილემ ათქმევინა - „ჰეი სამშობლოვ, სხვებისთვის დედავ, ჩემთვის კი ავო დედინაცვალო“ („სასოწარკვეთილება“) - მაგრამ მისი გონებამახვილობა და კვიმატი ენა ყოველთვის უმკლავდებოდა ცხოვრების ბნელი ძალის შემოტევას.
ერთ დაბოღმილ მკითხველს წერილი მიუწერია: უნიჭო ლექსების წერას თავი დაანებე. თუ კალამი არ გასვენებს, თავი ეპიტაფიების წერით შეიქციეო. აკაკიმ გაიზიარა რჩევა და უპასუხა: მზად ვარ, პირველად თქვენ მოგემსახუროთო.
საქართველოში ბანკები და აქციონერები რომ მომრავლდნენ, მაინცდამაინც არ გახარებია. მათში ქართველის გაკოტრების საფრთხე დაინახა. საზოგადოებას მაშინვე განუმარტა - რას ნიშნავს სიტყვა „აქციონერი“. „ეს ლექსი არის ორის ქართულის ლექსისაგან შემდგარი: „აქციონ“ და „ერები“, ე. ი. სადაც ის ბანკი გაიმართება, რა ხალხშიც, რა ერშიც, ის ხალხი, ის ერი უთუოდ დაიღუპება, დაიქცევა და ამისათვის იმ ბანკის შემდგენლებს აქციონერები ჰქვიან“.
ხალისიანი ბუნება ჰქონდა. ხშირად იმასაც არ ინდობდა, ვინც ან რაც უყვარდა. ქუთაისს „სავარდოსა და სამაისოს“ უწოდებდა. იქ ყოფნა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. იქაურებში თავს ბედნიერად გრძნობდა. გაჭირვების გაძლებისაკენ მოუწოდებდა: „მოთმინება!.. მოთმინება!.. სევდით გული არ აივსო!..“ მაგრამ მაინც აფრთხილებდა ყველას: ვისაც ქუთაისში ცხოვრება გსურთ, სამი რამ შეიძინეთო - აქლემი, თოფრა და თურმანიძე. აქლემი იმისათვის, რომ ავდარში, ქუთაისში ქუჩების ტალახში არ დაიხრჩოთ. თოფრა იმისათვის, რომ დარში პირი აიკრათ, თორემ მტვერი გაგგუდავთ. თურმანიძე კი იმისათვის, რომ დამტვრეულ წვივებს უმკურნალოთო.
არაფრის მიმართ არ ჰქონია ფანატიკური დამოკიდებულება. სიბნელე და გონების სიდუხჭირე ჭირის დღესავით სძულდა. ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს მის ლირიკას, იცის - როგორ იყო შემართული, ბრძოლისა და თავგანწირვისათვის მზად:
რაც ძალადობით წაიღეს,
ვინ დააბრუნებს ნებითა?
ვინ ნახა თავისუფლება
ტანჯვით და მოთმინებითა?!
(„ზარი“)
თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს
ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!..
მოდი, ჯალათო, შენი მახვილი
შეუბრალებლად ზედ გულზე დამკარ!
(„მომაკვდავის ფიქრები“)
მაგრამ ჩიტირეკიებისა და შარახვეტიების „პატრიოტიზმს“ ვერ ურიგდებოდა და აპამპულებდა.
ზამთარი რო წავიდა,
მოვიდა გაზაფხული,
სახლში ჭყივის მერცხალი,
ბაღში კივის ბულბული.
აყვავებულა ვარდი,
ნესვიც დამწიფებულა,
ღობეში-კი მსუნაგი
ღორი გაკვეხებულა!
მებაღე დიდი ჯოხით
ღორზე ამხედრებულა...
გაუმარჯოს სამშობლოს,
მტერიც დამარცხებულა!
(„სახუმარო გასართობი“)
პოეტის ირონიული გონება არყოფნასაც კი ხუმრობით ეგებებოდა: სიკვდილის წინ, მძიმედ სნეულს მეგობარი ბეითალი ეწვია სანახავად. რომ დაინახა, გახარებულმა მიიპატიჟა: მოდი, მოდი, მთელი ცხოვრება ვირივით ვმუშაობდი, ვინმე თუ მომარჩენს, ისევ საქონლის ექიმიო.
აკაკის სიხარულის მომნიჭებელი თვისება ბუნებრივად გადავიდა მის პოეზიაში, განსაკუთრებით შრომისა და სიყვარულისადმი მიძღვნილ ლექსებში.
იგი შრომას თაყვანს სცემდა. მიაჩნდა, რომ საქმესა და შრომაში ჰპოვებდა ადამიანი არსებობის გამართლებას. საქმე და შრომა ანიჭებდა მას სიხარულს და აღავსებდა იმედით.
საქმეა, მხოლოდ საქმე საჭირო,
გულიცა წმინდად დაბადებული
და ქვეყნიურის კეთილ ზრახვებით
სული სიწრფელით გაახლებული!..
(„თორნიკე ერისთავი“)
არ მწამს სიტყვა ცარიელი,
სათვალთმაქცო მძულს მე წერა.
საქმე... საქმე, მხოლოდ საქმე!
როცა ვხედავ, ეს-კი მჯერა.
...........................
ეს მამხნევებს მანუგეშებს!..
ეს მიმთელებს გატეხილ გულს
და აფერად-აფრთოვანებს
ჩემს სიხარულს და სიყვარულს!
სიყვარული სიხარულს შობს,
სიხარული - შვება-ლხენას
და ორივე კი ფრთებს ასხამს
საოცნებო აღმაფრენას.
(„ბოდვა“)
არც სისხლითა და არც ცრემლით
არ იქნება ტანის ბანა!
შრომაშია მხოლოდ შვება
და ცხოვრების გამოცანა.
(„გაზაფხული“)
თხზულებებში, სადაც შრომის სურათებია დახატული, თავად ლექსის რიტმი, დინამიკა მხიარულია, მოძრავი, მჩქეფარე, განწყობილება - ჯანსაღი, ღონიერი, ენერგიული. ასეა მაშინაც კი, როცა ბატონყმობის უსამართლობაზეა ჩივილი.
სულ მათ მიაქვთ, რაც რომა გვაქვს:
ქათამი, თხა, ძროხა, ცხვარი.
ჩვენც ყოველდღე ტანჯვას ველით!..
გლეხებს რა გვაქვს გასახარი?
...........................
შინდის წკნელებზე სწერია
ჩვენი სახელი და გვარი,
განვაგრძოთ, ძმებო, მუშური,
ჩვენი სევდის განმაქარი!
(„მუშური“)
თურმე არც იმ დროს ყოფილა გამორიცხული, კონიუნქტურული ძალდატანებით, ლექსში „მამხილებელი პათოსის“ გაჩენა. მაშინ ამას იწვევდა ორი მიმართულების ბრძოლა - ხელოვნება ხელოვნებისათვის და ხელოვნება ცხოვრებისათვის. თავად აკაკი აღიარებს:
„გარემოება აიძულებს ხოლმე მწერალს, რომ თავისი ნაწარმოები თვითონვე დაამახინჯოს, თუ უნდა, რომ გასავალი ექნეს. ამ ოცდათხუთმეტი წლის წინათ მე ერთი ლექსი დავწერე: „სიმღერა მკის დროს“. იმ შესაფრად არ იყო ურიგოთ დაწერილი, მაგრამ კიჟინი დამცეს: ეს უნაყოფო ბულბულობაა და სხვა არაფერიო!.. ხელოვნება ხელოვნებისათვისო... აქ სასარგებლო არა არისო. მეც ავდექი და ბოლოში მივაწეპე:
უხვად მოვიდა დღეს პური,
მაგრამ ბედს მაინც ვემდური,
რომ მას ბატონი წამართმევს
და მე კი ოფლსა ტყვილათ ვღვრი.
ეს რომ ნახეს მომატებული, მაშინვე მოიწონეს და დამიბეჭდეს. მე კი ვხედავდი, რომ ეს ხელოვნების შეურაცხყოფა იყო, ჩემს სიმღერას ვირის კუდი გამოვაბი, მაგრამ რას ვიზამდი, რომ უმისობა აღარ მოხერხდებოდა!“
სხვათა შორის, აკაკის ეს ლექსი ნათელი ილუსტრაციია იმისა, რომ სიტყვაკაზმულ მწერლობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - როგორი განწყობილებაა შექმნილი მხატვრულ თხზულებაში. ხშირია შემთხვევა, როცა განწყობილება ეწინააღმდეგება სიტყვით გამოთქმულს. მხატვრულ თხზულებაში განწყობილებისა და დეკლარირებულის დაპირისპირება მაშინ ჩნდება, როცა მწერალი ცენზურას თვალს უხვევს, როცა განწყობილება მწერლის გულისნადებს გამოხატავს, ხოლო დეკლარირებული - ოფიციალურ ტენდენციას. ამიტომ განწყობილებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ნამდვილ აზრს და შინაარსს იგი გვეუბნება. ლექსში - „სიმღერა მკის დროს“ - მართალია, მუშები სწუხან, რომ პურს ბატონი წაართმევს, მაგრამ მასში შრომის ისეთი აზარტიანი, ხალისიანი, მხიარული სურათია დახატული, რომ აშკარად ჩანს, ბატონის თვითნებობა არც აწუხებთ და არც აშინებთ.
„ჰოოპუნა! ავხე! ავხე!
ბიჭო, ჩემი მკაცა ნახე
და, თუ შენ მკაში ჩამოგრჩე,
ქალაჩუნა დამიძახე.
ჰოოპ! ჰოოპ! ჰერი! ჰერი!
ჩუ, გამოხტა აგერ მწყერი,
ნამგლებით გარს შემოვერტყათ,
დავიჭიროთ პურის მტერი.
მეთაურო, ბარაქალა!
ხომ ნახე აწ ჩვენი ძალა?
საღამომდე სულ მოვრჩებით,
ნამგალმაც თუ დაგვაცალა!
ნელა, ბიჭო! აწ კი კმარა,
ჰხედავ? მზემაც გადიხარა;
ჯერ რიგიანად ვისამხროთ,
მერე მოვმკით უფრო ჩქარა!
აკაკის თვალსაზრისით, შრომა ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღის წყაროა.
მეფე ვახტანგ გორგასალი შავსევდიანობამ შეიპყრო. დასნეულდა. გარს შემოეხვივნენ მკურნალები, მკითხავები. შრომა და ცოდნა არ დაუკლიათ. არაფერი გამოვიდა. მეფე დღითი დღე უარესად და უარესად ხდებოდა. გამოკეთების პირი აღარ უჩანდა. მეფის განკურნების იმედი რომ გადაიწურეს, სასახლეში ერთი გლეხი გამოცხადდა. მე განვკურნავო მეფეს, - ანუგეშა ნაზირ-ვეზირები, - ოღონდ შინ უნდა გამატანოთ და მანაც უნდა დაივიწყოს ცოტა ხნით, რომ მეფეაო, - დაამატა ნათქვამს. მეტი რა ჩარა იყო. უნდა დათანხმებოდნენ გლეხს.
გლეხმა თავის ქოხში დაასახლა მეფე. რასაც გლეხი ჭამდა, მეფესაც იმით კვებავდა. ღვინის მაგიერ ცივ წყალს ასმევდა. ირმის მწვადის ნაცვლად ხმელა ჭადით აპურებდა. დილიდან საღამომდე ერთად ხნავდნენ, ერთად თესავდნენ, ერთად მკიდნენ. ერთად უვლიდნენ ვენახს და მწყემსავდნენ ნახირს. წელიწადმა ისე გაირბინა, ფრჩხილიც არ წამოსტკენია ვახტანგს. გაკაჟებულ-გაჯანსაღებული დაბრუნდა სასახლეში. იმ დღიდან უკვე სხვაგვარად მეფობდა ვახტანგ - შრომითა და ოფლის ღვრით.
თურმე, ტყუილი ყოფილა ყველა
ჭრელაჭრულები ამ ქვეყნიერად
და, ადამიანს თუ გსურს იცხოვრო
აქ მოსვენებით და ბედნიერად,
უნდა იშრომო და შრომის ოფლით
გაჰბანო შენი დაღალულობა,
რომ არ დაეტყოს შენს ნაშრომ-ნაღვაწს
ძალდატანება და უგულობა.
(პოემა „გორგასლანი“)
მშრომელი ადამიანი არასოდეს ფიქრობს წაგლეჯაზე, მითვისებაზე, დაჩაგვრაზე, საერთოდ ბოროტებაზე. მისი სინდის-ნამუსი სპეტაკია. მისი სული მშვიდია და მადლიერი. არ არის დამძიმებული შავი განზრახვით. მისი სურვილი, ნატვრა ყოველთვის კეთილშობილია.
ქორი ვარ, სხვას რომ მოვსტაცო?
რად გავიშავო პირი მე?
გარს შემოვევლი ჩემს გუთანს!
ჩემი სახნისის ჭირიმე!
რად დავიბნელო სიხარბით
სამიწე წუთის თვალები?
ხერხსა, ხელეჩოს, სატეხსა,
ნაჯახ-ცულს ვენაცვალები!..
რაც ჩემი ურმის არ არის,
სახლში არ შემიტანია!
ღმერთმა მაშოროს, რაც ჩემის
ოფლით არ გამიბანია!
(„მუშის ნატვრა“)
შრომა საქმით ლოცვაა და არა სიტყვით. იგი ადამიანს ღმერთთან აკავშირებს. საქმით მლოცველი გაცილებით ახლოა ღმერთთან, ვიდრე სიტყვით. სიტყვა შეიძლება იყოს ცრუ, საქმე კი - არა. ამას ასწავლის სწორედ კათოლიკოსი თორნიკე ერისთავს, როცა ბერადაღკვეცილმა სარდალმა უარი თქვა ეთავკაცა ბიზანტიის დასახმარებლად მიმავალი ქართული ლაშქრისათვის.
თვითონ არ დაჰგმო ფარისევლების
გზაჯვარედინზე ლოცვა საქვეყნო
და ნაცვლად მოგვცა მოკლედ სათქმელი
საყოველთაო „მამაო ჩვენო“?
ასე არ ბრძანა: „თვინიერ საქმის,
სიტყვითი ლოცვა, უწყით, მკვდარ არსო?
და მრავალისა მეტყველებითა
ვერ ვინ გაიღებს სამოთხის კარსო?“
(„თორნიკე ერისთავი“)
კათოლიკოსთან საუბრით თორნიკესათვის ცხადი გახდა უმთავრესი სიბრძნე: „მეც კარგად მესმის, რომ ქვეყნიურის შრომით ეძლევა სულს ნეტარება“. ამის მერე საეჭვო აღარ არის, რომ უფლის თვალი დაჰყურებს მშრომელს, თან ახლავს და მადლით მოსავს.
ცისკრის ვარსკვლავიც კაშკაშებს -
ის ხომ თვით უფლის თვალია!
დაჰხარის მუშას, როცა ის
საქმეზე მიმავალია.
(„მუშები“)
მაგრამ შრომა, ლოცვასავით,
თავისთავად ცამდი ადის,
როგორც სანთელ-საკმეველი
ქვეყნის შვება-სიდიადის.
(„ბოდვა“)
შრომით მოპოვებული სულის ნეტარება ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარულით ვლინდება. ამ სიხარულის განცდა არასოდეს ტოვებს აკაკის ლირიკას.
ასევეა სიყვარულიც.
სიყვარულის არც ერთი სახეობის (შრომის, სამშობლოს, მოყვასის, ქალის...) მიმართ არ დარჩენილა გულგრილი აკაკის კალამი. სერგი დანელიას განმარტებით, „სიყვარულია აკაკისათვის ის ნაზი და ცოცხალი ნივთიერება, რომლისგან და რომლის ძალითაც მოქსოვილია ყველაფერი, ვარდის ბუჩქიდან დაწყებული ცის ვარსკვლავებით გათავებული. აკაკის შეხედულებით ან უკეთ მისი განცდით, სიყვარული თვითონ ქსოვს თავის არსიდან მთელს მრავალფეროვან ბუნებას“.
სიყვარული არის სჯული,
ტრფიალება - წმინდა ლოცვა!..
ხამს გულსა და გონებაში
საიდუმლოდ მათი დაცვა.
...........................
ტაძრად გულს და საკურთხევლად
მისთვის გიდგამ გონებასა,
რომ არ სთვლიდე ქვეყნიურად
ამ ზეციურ მონებასა!
(„პოეტს“)
ქართულ კრიტიკასა და ლიტერატურისმცოდნეობაში ხშირად აღნიშნულა, რომ ძნელი გასამიჯნავია, სატრფოში როდის გულისხმობს პოეტი სამშობლოს და როდის ქალს. რა თქმა უნდა, ეს გადაჭარბებულია. ამის გამიჯვნა ძნელი არ არის. სატრფო-სამშობლოს აღეს, ანუ სახეს, იმდენად მკაფიო კონკრეტული ნიშნები აქვს, რომ შეუძლებელია, რამე შეგეშალოთ.
სატრფო-სამშობლო „ცხრაკლიტულშია მჯდომარე“, რომელსაც „შეთვისებას უპირებს გაიძვერა მოყვარე“ („სატრფოს“).
სატრფო-სამშობლო „ძველი ტურფაა, დღეს მკვდარივით მძინარი, ფეხშიშველა, თავზე ლეჩაქახდილი...“ („მუხამბაზი“).
სატრფო-სამშობლო ნესტან-დარეჯანია, რომელიც ქაჯებს ჰყავს ტყვედ და გამოხსნას ელის („ჭაღარა“).
ტარიელი დაგეძებს
გავარდნილი დღეს ველად,
ავთანდილი ფრიდონით
მიდის გამოსახსნელად.
(„სატრფოს“)
სატრფო-ქალსაც მკაფიო კონკრეტული ნიშნები აქვს. ეს ქალი შეიძლება იყოს ხორციელად უმშვენიერესი არსება, მაგრამ იგი ვერ აანთებს ცეცხლს პოეტის გულში, თუ მამულის ტრფობა არ სწვავს, თუ არ გაუზრდის სამშობლოს გმირ შვილს („გამოსალმება“).
ქალმა ვაჟს ბრძოლისაკენ უნდა მოუწოდოს, დაჩაგრულ მოძმეთა თავისუფლების მოპოვებისაკენ, თავდადებისა და სიმამაცისაკენ.
ნუ მეტრფი ქალწულს, ჭაბუკო,
ნუ ამბობ: „შემიყვარეო“,
ჯერ შენ მიჩვენე გმირობა,
ქვეყანა ანეტარეო.
დაჩაგრულ მოძმეთ მიხედე,
სიცოცხლე გაიმწარეო,
და მერე ჩემი შვენება
მალამოდ მოიხმარეო.
(„ნუ მეტრფი“)
ქალის იდეალი აკაკის ლირიკაში დახატულია ნინოს, თამარის და ქეთევანის სახით. თავად პოეტი ამ სამ მანდილოსანს „ზეციურ ტრიუმვირატს“ უწოდებდა. მიაჩნდა ქალობის, ანუ, როგორც მე-19 საუკუნეში იტყოდნენ, დედაკაცობის ნიმუშად. მათთვის უნდა მიებაძა ყოველ ქართველ ქალს. მაშინ აასრულებდნენ ისინი სატრფოს ღვთაებრივ მოვალეობას.
თამარს, ქეთევანს და ნინოს
თაყვანს-ვსცემ, როგორც იდეალს,
საკვერთხედ ვუდგამ წმინდა გულს
და ვუკმევ ტრფიალების ალს!
(„ჩემი ლოცვა“)
ვაფასებ შენს სრულ არსებას,
ვადიდებ სულ-ანთებულად,
თაყვანს-ვსცემ შენში თამარსა
და ნინოს შეერთებულად!..
(„მომავალ ქართველ ქალს“)
მე მას ვუგალობ, ვისაც განგებამ,
მშვენიერება უსხივცისკარა!..
ვინც ვარდს ელფერი, იას სინაზე
და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა!
...........................
როცა ჭაბუკი გამოუცდელი
მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,
ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,
იმაში შენათხზ-შეერთებულად...
(„ქებათა ქება“)
სიყვარული ყოველთვის არ არის ნეტარება. ზოგჯერ იგი მწარე ტკივილია, მაგრამ ყოველთვის სრული ნიჭია („სიყვარული“). მარადიული გრძნობაა, განახლებული და აღორძინებული თაობიდან თაობაში. ადამიანის მოდგმის უწყვეტი კავშირია, რადგან სიყვარულია ის ძალა, რომელიც „სიკვდილით ჰბადებს სიცოცხლეს, თვით ბნელზე ნათლის მფენიო...“ („შვილის დამკარგავ ორსულ დედას“). ეს აძლევს აკაკის უფლებას უარყოს სიყვარულის დასასრული („ძველ მეგობარს“).
ამიერიდან უკუნისამდე
არ კვდება მხოლოდ სიყვარულიო.
და თუ მოკვდება, ის მარტოოდენ
ჩაიქარგება სულს და გულშიო!..
გაერთხორცდება, გაერთსულდება
სხვის სიყვარულში სიყვარულიო!
(„ოცნება“)
სატრფო-სამშობლოს, სატრფო-ქალის, მოყვარის თუ ღმერთის სიყვარული ვნების თანაბარი ძალით არის გადმოცემული აკაკის პოეზიაში. სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა. სიყვარულით ხორციელდება ადამიანისა და ღმერთის კავშირი. ამ კავშირის ჯაჭვის ერთიანობა-მთლიანობა დაირღვევა, თუ რომელიმე რგოლი ამოვარდება. ამიტომ მოყვასი უნდა გიყვარდეს, მიუხედავად იმისა, გმტრობს თუ გემეგობრება იგი.
ვინც რომ მიყვარს, ის ხომ მიყვარს;
ისიც მიყვარს, ვინც რომ კი მძულს!
(„გამოცანა“)
ეს არ არის იოლი განსახორციელებელი, მაგრამ აუცილებელია. ადამიანის ამოცანა სწორედ ამგვარი სიყვარულის აღზრდაა თავის თავში. ამიტომ უტოვებდა შვილს ანდერძად:
ყველა გიყვარდეს და ცოდვაც
შეუნდე წრფელის გულითა!
მით ამაღლდება მდაბალი,
სხვებისგან სიყვარულითა.
(„ანდერძი ჩემს შვილს“)
ქალის სიყვარულით, მოყვასის სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით, კაცობრიობის სიყვარულით მიემართება გზა ღმერთის სიყვარულისაკენ. უერთდება მას.
შემყვარებიხარ ერთხელ და,
ხომ სიყვარულიც ერთია?
და სადაც სიყვარულია,
იქ სიწმინდეა!.. ღმერთია!..
(„რამ გამოიწვია „ვეფხის-ტყაოსანი“)
ჩვენ ის ურთიერთდამოკიდებულება, რაც შრომას, სიყვარულსა და ლოცვას შორის არსებობს, გრაფიკულადაც შეიძლება წარმოვიდგინოთ.
შრომა და სიყვარული საძირკველია, რასაც ადამიანის მიწიერი არსებობა ეყრდნობა. ლოცვა კი ის მწვერვალია, რომლის საშუალებითაც ადამიანს უზენაესთან მიახლოება სურს. ამ სამკუთხა სივრცეში ტრიალებს ადამიანის ამაღლებული და მოლხენილი სული. შრომით, სიყვარულით, ლოცვით იბადება სიხარული, რაც უმსუბუქებს ადამიანს ამქვეყნიური ცხოვრების მძიმე ტვირთს.
არც მყვარებია, არც მიყვარს,
არც მდომებია, არც მინდა,
არც მწამებია, არცა მრწამს
შენს გარდა კიდევ სხვა წმინდა!
(„დიდება მაღალთა შინა“)
![]() |
2.2 „სულიკო“ |
▲ზევით დაბრუნება |
„მაგრამ რადგანაც პოეტი ხარ, უნდა იყო გამოცანა“, - ამბობდა აკაკი, მართალია, ირონიანარევი კილოთი. საერთოდ კი, მას მკაფიოდ საუბარი უყვარდა. აკაკის პოეზიაშიც და პროზაშიც თითქოს ყველასათვის ყველაფერი გასაგებია, იოლი და მისაწვდომია. მაგრამ ხშირად მისი ლექსი იმდენად ღრმაა, რომ მოსილია იდუმალებით. ასეთია, მაგალითად, „სულიკო“, თუმცა, როგორც ზუსტად წერს ტარიელ ჭანტურია, „რომელ ქართველსაც უნდა უთხრა, „სულიკო“ ბოლომდე არ გესმისო, ირონიული ღიმილით მოგაჩერდება“. მოგაჩერდება, მაგრამ უკვე რამდენი წელიწადია პასუხი ვერ მივეცით კითხვებს, რომელიც ტ. ჭანტურიამ დასვა.
„ვინ იყო ის - საყვარელი? რა მოხდა, სად დაიღუპა, რისთვის? რატომ დაიკარგა საფლავი?“
იმას ვერ ვიტყვით, პასუხი არ უძებნიათო. უძებნიათ, მაგრამ ძიების შედეგი არ გვაკმაყოფილებს.
ვასილ ბარნოვი ფიქრობდა, რომ „სულიკოში“ გამოხატულია სატრფო-სამშობლოს ძებნის ტკივილი.
„მიჰმართავს იგი სამშობლოს ველზედ ობლად ამოსულს ვარდს გადაფურჩქვნილს და იგი კოკობი უსმენს მას, უპასუხებს, შეირხევის ნიშნად თანხმობისა, დაჰხრის თავს და ციურ თვალ-მარგალიტს ცრემლად აფრქვევს მის წინ. ევედრება ოცნებისშვილი ფოთლებში მიმალულ ბულბულს: შენ ხომ არა ხარ, სულიკო? და იგიც ხმატკბილად უგალობებს მას, დიახ, დიახო! შეჰღაღადებს შუქურ ვარსკვლავებს, წყვდიადის გასაშუქებლად რომ დაჰქათქათებენ მის სამშობლო მხარეს, და მაღალნიც თანაუგრძნობენ მას, პასუხს აძლევენ, სხივთ აფრქვევენ ნიშნად დასტურისა. სამშობლოს ნიავიც ჩასჩურჩულებს მას სანატრელ სათქმელს და კვლავ უჩვენებს მას სახეს იმ სატრფოსას“.
გრიგოლ რობაქიძე ვარაუდობდა, რომ „სულიკო“ სატრფო-მშვენიერების ძიებაა.
„პოეტი დაეძებს საყვარლის საფლავს და სჩივის გულამოსკვნილი: „სადა ხარ, ჩემო სულიკო!..“ იგი ხვდება ვარდს ეკალნარში ამოსულს, - და შეკითხვის წამს ვარდი შეირხევა თანხმობის ნიშნად და დაჰყრის ცრემლად ცვარსა ციურსა... იგი ნახულობს სულგანაბულ ბულბულს, ფოთლებში მიმალულს, - და პოეტის გულის კითხვას კვნესა-სტვენით „დიახ-დიახ“-ს შეჰყეფს. იგი მზერს მაღლა ვარსკვლავს, ლურჯი ცის ფსკერზე მოციალეს, - და ვარსკვლავიც დასტურს აძლევს ალერსიანი ციმციმით... და ნიავი კი, ცელქი და კეკლუცი, ჩურჩულით ახარებს მას: „ეგ არის რასაც ეძებდიო“... ყველგან, საცა კი მშვენიერებაა მიმალული, საფლავია საყვარლის... პოეტი თხრის ამ საფლავსა და აღადგენს მთვარეულს ლანდს მშვენიერებისას“...
ჩემი აზრით კი, „სულიკო“ დაკარგული ღმერთის ძებნაა.
საქართველოში ღმერთის დაკარგვის გამო წუხილი ერთ-ერთი ძირითადი თემაა აკაკის შემოქმედებისა:
დაუზოგავად გაძარცვეს
ყველგან მონასტრის ტაძრები
და იმ ნაძარცვით აავსეს
საუკუღმართო ბაზრები.
ხალხმა სთქვა: „ეს რა ყოფილა?
ხატს არ ჰქონია ძალაო,
თორემ თავისი გაგლეჯა
სხვას როგორ დააცალაო?
...........................
დღეს-ხვალეობით ცოტ-ცოტად
გადაუბრუნდა ხალხს გული:
აღარც ხატი სწამს, არც ჯვარი,
დაკარგული აქვს მას რჯული!
(„რაჭა-ლეჩხუმი“)
ღმერთი განრისხებულია იმის გამო, რომ მთელმა ქვეყანამ დაკარგა სარწმუნოება. სასჯელად ხოლერას აგზავნის („ხოლერა“). გადაგვარებულია ყველა - თავადაზნაურობა, გლეხობა, ვაჭრები, ქალი, ვაჟი... ამის მხილველი წმიდა გიორგი შეძრწუნებულია. მაგრამ ღმერთს მაინც სთხოვს:
დავიწყებია ქართველებს
შენი სესხი და ვალია,
გადაცდენია ძველ გზასა
და დაბნევია კვალია;
მაგრამ იმისი გაქრობა,
ჯერ მაინც ცოდვა... ბრალია.
შეისმენს უფალი წმიდა გიორგის ვედრებას. ნებას დართავს, იხსნას საქართველო ხოლერისაგან. ხოლერისაგან შეიძლება ქვეყნის გადარჩენა, მაგრამ რა ვუშველოთ იმას, რომ საქართველოში აღარ ისმის „აღარც წირვა, აღარც ლოცვა, არც ქართული ლაპარაკი?“ („სანამ ვიყავ ახალგაზრდა“). სანთელსაც კი აღარ უნთებენ ხატს ძველებური წესის შესაბამისად. მამაპაპური ყვითელი სანთელი გადაუგდიათ და ხელოვნურ თეთრ სანთელს იყენებენ. ისიც კი აღარ ახსოვთ - რა მნიშვნელობა აქვს ყვითელ სანთელს („ყვითელი სანთელი“). მღვდელს უხარია, უვიცი ექიმები ადამიანებს ბუზებივით რომ ხოცავენ. წყევლის მაგიერ, ასეთ ექიმებს ლოცავს ეკლესიის მსახური: „ღმერთმა აკურთხოს იმათი მოხელეობაო. ისინიც რომ არ გვშველოდნენ, რაღას გვარგებდა მღვდლობაო“ („მღვდელი და ექიმი“). არც ერმა და არც ბერმა აღარ იცის - როდის რა საეკლესიო დღესასწაულია. „წრეულ კახეთში ერთ სოფელში, ახმეტაში, აღდგომა, კვირის მაგივრად, სამშაბათს გაუთენებიათ! მხოლოდ სამშაბათს შემოუვლიათ ლიტანია, „ქრისტე აღსდგაც“ მაშინ უთქვამთ და მაშინ გაუხსნილებიათ“. სარწმუნოების დაკარგვის გამო, ერთ დროს თავაზიანობით ცნობილი და ქებული ერი პირველყოფილ ადამიანებს დამსგავსებია. „...ველური ხალხის უზრდელობას აღარ ჩამოუვარდება მათი უზრდელობა და სიტყვა-პასუხი“.
წმინდა საფლავიც და ჯვარიც
დავკარგეთ!.. სხვების ხელშია!
(„ნინოობას“)
საბუთად ასეთი სტრიქონების მოხმობა მრავლად შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ესეც კმარა. სურათი ნათელია.
ამ მდგომარეობის შეგუება აკაკის მეტისმეტად უჭირს. ზოგჯერ იგი გაქცევას ფიქრობს.
დავაგდე მხარე ფარისევლების,
ის მზაკვარების უნივერსტეტი,
სადაც სატანა წვრილ-წვრილ ეშმაკებს
ჰგზავნის, რომ ხერხი ისწავლოს მეტი...
(„გამოსალმება“)
მაგრამ ეს წამიერი განწყობილებაა. უიმედობა არ შეჰფერის და არ შვენის ღმერთის შექმნილ არსებას, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს მისი დანიშნულება.
მე მგონია, მისთვის ვართ
ქვეყნად მოვლინებული,
მაცხოვარი რისთვისაც
იქნა ჯვარზე ვნებული!
(„პასუხი მეგობარს“)
ამ დანიშნულების შესრულებას მტკიცე რწმენა სჭირდება. ღმერთის დაკარგვა შეუძლებელია. უფალი ყველგან არის, მართალია, ადამიანი მას ვერ ხედავს, მაგრამ იგი მარადიულად სუფევს ხილულ და უხილავ სამყაროში, სულიერ და უსულო საგნებში... ყველაფერში, რაც ადამიანს გარს არტყია და ახვევია. მონოთეისტური რელიგიისათვის ღმერთის ყველგან განფენილობის იდეა უდავოა, ჭეშმარიტებაა.
და აკაკიც იწყებს ღმერთის, ანუ საყვარლის ძიებას. საყვარელი რომ ღმერთის სახელია, ამას პირდაპირ გვეუბნება ვახტანგ მეექვსე „ვეფხისტყაოსნის“ მისეულ კომენტარებში. სასულიერო მწერლობაც ადასტურებს ამას. რაც ამჯერად ჩვენთვის მთავარია, აკაკიც იზიარებს ამ აზრს.
სიყვარული კავშირია
ამ ქვეყნის და იმ ქვეყნისა;
იგივეა მაცხოვარი...
„მადლი“ კაცთა გამოხსნისა.
(„რჩევა“)
პოეტი ერთნაირად მიმართავს ქრისტესა და სიყვარულს, ერთნაირად უწოდებს ორივეს - ქვეყნისა და ცის შუამავალსა და კავშირს.
ცით მოვლენილო, ქვეყნად შობილო,
ცისა და ქვეყნის შუა კავშირო!
(„ქრისტე აღდგა“)
შენ, სიყვარულო! ცისა და ქვეყნის
კავშირო და თან შუამავალო!
(„ქებათა ქება“)
საყვარლის, ანუ ღმერთის ძებნას უშედეგოდ არ ჩაუვლია. პოეტმა იგი იპოვა ვარდში, ბულბულში, ვარსკვლავში. სულ უბრალო კითხვა დავსვათ: რა შეიძლება იყოს, გარდა ღმერთისა, დამარხული, შენახული ვარდში, ბულბულში და ვარსკვლავში? ცხადია, არაფერი. ერთადერთი, რისი საფლავიც (ანუ შემნახავი) შეიძლება გახდეს სამივე, არის უზენაესი, რაკი იგი ყველგან სუფევს. არსებითია ისიც, რომ ძიება მიმდინარეობს ვერტიკალურად - ქვევიდან ზევით, მიწიდან ცისკენ. ამაღლების პროცესია ნაჩვენები. საერთოდ, აკაკის პოეზიაში მოძრაობა ყოველთვის ქვევიდან ზევით არის მიმართული. ესეც განაპირობებს იმას, რომ აკაკის ლექსების დიდ ნაწილს საგალობელის ხასიათი აქვს.
ცხადია, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს „სულიკოში“ ნათქვამი: „სამად დაშლილა ის ერთი: ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდათო“. ქრისტიანული კონცეფციით ღმერთი სამპიროვანი ერთარსებაა. ლექსში კი ამის პირდაპირი მინიშნებაა. ამჯერად ამ კონკრეტულ სტრიქონში მოძრაობა ზევიდან ქვევით, ციდან მიწისაკენ მიმდინარეობს: ვარსკვლავი-ბულბული-ვარდი. ეს კი უფლის მოვლინების სურათია.
საყვარლის პოვნა პოეტს უდიდეს სიხარულს გვრის: „და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა“. თუ ადრე პოეტს უიმედობა და სასოწარკვეთილება ფლობდა, ახლა უკვე „ისევ გამეხსნა სიცოცხლე, დღემდე რომ მწარედ კრულ იყო...“
რამ შეიძლება მიანიჭოს ადამიანს ესოდენ უზომო სიხარული? პასუხი, ჩემი აზრით, ერთი შეიძლება იყოს: დაკარგული ღმერთის პოვნამ. ამ სიხარულის ლექსია „სულიკო“.
![]() |
2.3 ბეთლემის ვარსკვლავი |
▲ზევით დაბრუნება |
ორი ორბელიანი საუბრობს, ძმები ალექსანდრე და ვახტანგი. ალექსანდრე ბრძანებს - „მე ქართველი ურწმუნო ვერ წარმომიდგენია“. ვახტანგი ამტკიცებს - „უღმერთოდ არ გადაწყდება ჩვენი სამშობლოს ბედი“ (პოემა „ვორონცოვი“).
ეს თავად აკაკის წუხილია. მისი აზრია. იგი თავიდან ბოლომდე გასდევს მის შემოქმედებას. ერთი წუთითაც არ ავიწყდება.
და ეს შენ ხარ, მგოსანო,
ციური მოციქული,
რომ გულგატეხილ ქართველს
გამოუბრუნო გული.
(„ვორონცოვი“)
მძიმე ვითარება საქართველოში, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, ორმა გარემოებამ შექმნა - შიგნიდან ეკლესიის გახრწნამ და გარედან ათეიზმის გავრცელებამ.
ეკლესიიდან ქართული ენის გაძევებამ და რუსული წირვა-ლოცვის გავრცელებამ გამოიწვია რწმენის დაქვეითება ხალხში. რუსული ენის უცოდინარ ქართველს აღარ ესმოდა, რას უქადაგებდნენ მას, რითი მოძღვრავდნენ. თანდათანობით მოსწყინდა მას გაუგებარის მოსმენა. ქართველი გულგრილი გახდა ეკლესიის მიმართ და ზურგი შეაქცია მას.
ჯერ ეკლესიას ეძგერენ,
სთქვეს: „აქ მარხია ძაღლიო!“
ჯერ ძირი გამოუთხარე,
თუ გსურს დაიქცეს სახლიო.
...........................
ღვთის სავედრებლად რას ვარგა
რაღაცა... ძაღლის ენაო?
(„რაჭა-ლეჩხუმი“)
ამას დაერთო ეკლესიის მსახურთა გადაგვარება. მათ დაივიწყეს ღვთის სამსახური. ანგარება გაიხადეს კერპად. მღვდლებმა წმიდა სიტყვა ქარს გაატანეს. სიძულვილის თავყვანისმცემელნი გახდნენ. ფესვი გაიდგა შურმა, ქიშპმა, მტრობამ.
სულო ბოროტო! შენდა მოვილტვი,
ბედნიერებას არ გთხოვ, ნუ მომცემ!
შენგან წყალობად იმას მივითვლი,
თუ ჩემს მოძმეებს როგორმე დასცემ!
...........................
მომეცი მხოლოდ იმდენი სწავლა,
ხერხი, გონების განვითარება,
რომ მე შემეძლოს ხალხის დაჩაგვრა
და მით გულს მივსცე მე ნეტარება!
(„ზოგიერთების ლოცვა“)
ეკლესიის ავტორიტეტის შერყევას ეშმაკურად იყენებდნენ ათეისტები. ისინი ურწმუნოების მძლავრ პროპაგანდას ეწეოდნენ. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან ჯერ ხალხოსნური (ნაროდნიკული) და მერე სოციალ-დემოკრატიული სოციალიზმის წარმომადგენლები ფართოდ ნერგავდნენ ხალხში ათეიზმს. ლიანგს უჩიჩინებდნენ: იმ სასუფეველს, რომელიც ქრისტიანობამ საიქიოში შეგპირდათ, სოციალიზმი ამქვეყნად დაამყარებსო.
სასუფევლის დამყარება
ქვეყნად ქრისტემ ვერ გაბედა,
საიქიოს გადიტანა,
იქ რაღაცა დაგვიყბედა.
ჩვენ აქავე მოვიპოვებთ
იმ სასურველ ნეტარებას
და თვით ხალხსაც არ ვუფარავთ
საიდუმლო აღსარებას!
(„მამლის ყივილზე“)
ათეიზმი თანდათანობით მტკიცედ იკიდებდა ფეხს. აკაკი პოეზიის საშუალებით ებრძოდა ამ პროცესს. ქართველობას ლექსად უამბობდა საქართველოს გაქრისტიანების ისტორიას. ლექსითვე ყვებოდა ქრისტეს ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებს. ამით მას დაკარგული რწმენის დაბრუნება უნდოდა. მისი აღორძინება სურდა.
ქართველი ხალხის ქრისტიანად მოქცევის ისტორიას აკაკიმ ორი პოემა მიუძღვნა - „ანდრია პირველწოდებული“ და „წმინდა ნინო, ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“.
ქართული მატიანე გვაუწყებს, რომ საქართველოში ქრისტიანობის პირველმქადაგებელი მოციქული ანდრია იყო. ცხადია, იმ ეპოქაში ჯერ კიდევ არ ყოფილა შემზადებული ნიადაგი ქრისტიანობის საბოლოოდ დასამკვიდრებლად. ამას გარკვეული დრო სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, წმინდა ანდრიას ქადაგება მაინც ღრმა კვალს დატოვებდა ქართველი ხალხის ცნობიერებაში. შეიქმნებოდა ქრისტიანული მოძღვრების აღმსარებელ ქართველთა ცალკეული ჯგუფები. დაიწყებოდა ხალხში ქრისტიანული რწმენის გავრცელება. არც ის არის გამორიცხული, რომ იქნებოდა ცხარე შეტაკება-ბრძოლა ქართული წარმართული რელიგიის ქურუმებთან.
მართალია, აკაკის პოემის - „ანდრია პირველწოდებულის“- ფაბულა მარტივია, მაგრამ იმდროინდელი საერთო ვითარება მაინც მოჩანს.
ქართველებს საკუთარი წარმართული ბოჩო-კერპი ჰყავთ. იგი შვიდთავა და შვიდხელაა, მაგრამ ხალხში ბოჩოს რწმენა უკვე შერყეულია. არც სპარსეთიდან შემოსული არმაზის კერპის სწამს ერს. ერთსაც და მეორესაც უნდო თვალით უყურებენ. ქურუმები ეძებენ გზებს წარმართული რწმენის გასამტკიცებლად. მათ რწმენის ბედი იმდენად არ აწუხებთ, რამდენადაც საკუთარი კეთილდღეობა. „სანამ ქვეყანა ბრმაა, ეს სოფელიც ჩვენია“.
ანაზდეულად გარდაიცვალა სამცხის დედოფლის დედისერთა ვაჟი მზეჭაბუკი. მწუხარებით ზარდაცემულ დედას ახლობლები ურჩევენ: სამცხეში ერთი უცხოელი მქადაგებელი გამოჩნდა. მისი მოძღვარი თურმე მკვდრეთით აღადგენდა მიცვალებულებს. მოვუხმოთ მას, იქნებ მასაც ძალუძს სასწაულის მოხდენა. დედოფალი რჩევას ყურად იღებს. უცხოელ მქადაგებელს სასახლეში მოიყვანენ. დიდად უკმაყოფილონი არიან ქურუმები დედოფლის საქციელით. იმუქრებიან - თუ უცხოელი სასწაულს არ მოახდენს, მას შესაჭმელად ბუაგველს მივუგდებთო.
წმიდა ანდრია სასახლეში თავშეყრილ ხალხს წარუდგება.
ღარიბ სამოსლით მგზავრად ჩაცმული,
არ ბრწყინავს ძვირფას სამკაულებით,
ხელში უჭირავს ხატი ღვთისმშობლის
თავ-ქუდ მოხდილსა, ფეხზედ ქალმებით.
მშვენიერისა სახის სიმშვიდე,
ციურის ალის გამომეტყველი
და მის თვალების სიბრძნისა სიღრმე
სარწმუნებელი და უეჭველი.
უცხოელი მქადაგებელი მარტო რჩება მიცვალებულთან. დაჩოქილი იგი დიდხანს ევედრება იესოს, მოავლინოს სასწაული, დაუბრუნოს სიცოცხლე მზეჭაბუკს. ვედრება შესმენილ იქნა. სამცხის დედოფლის ვაჟი მკვდრეთით აღსდგა. აღტაცებული ხალხი, ქურუმებიც კი, მოციქული ანდრიას წინაშე მიწაზე დაემხობა.
უარჰყო მან (ხალხმა - ა. ბ.) ის, რაც წინათ სწამდა,
უშიშრად, მედგრად შელეწა კარი
და სადაც ძველი კერპები იდგნენ,
იქვე აღმართა მან წმინდა ჯვარი.
დიდი ჟამი რომ გავა, ანდრიაპირველწოდებულის დაწყებულ საქმეს წმიდა ნინო გააგრძელებს.
პოემა - „წმინდა ნინო, ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“ - კვალდაკვალ მიჰყვება „წმიდა ნინოს ცხოვრების“ ტექსტს. პოეტი არაფერს ცვლის, ოღონდ ზოგჯერ პასუხს აძლევს ზოგიერთ ცრუ შეხედულებას, იმ დროს საქართველოში გავრცელებულს. მაგალითად, მაშინ ზოგიერთი სწავლული ფიქრობდა, რომ წმიდა ნინო წარმომავლობით სომეხი იყო. პოემაში აკაკი მსჯელობს ამ საკითხზე. რაკი პოემა დაწერილია პაპისა და ბადიშის საუბრის ფორმით, ბაბუა განუმარტავს შვილიშვილს.
სულ ძველად კაბადოკიაში ქართველთა მოდგმა ცხოვრობდა. მერე რომაელებმა კაბადოკია დაიპყრეს. იქაური მოსახლეობა გაარომაელ-გააბერძნეს. ნინოც კაბადოკიაში დაიბადა. იგი იმ ძველი ქართული მოდგმის შთამომავალი იყო. ნინოს წინაპრებმა ქრისტიანობა ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, როცა კაბადოკიაში იესოს მოძღვრებას ანდრია პირველწოდებული ავრცელებდა.
ყმაწვილი ნინო იერუსალიმში მიემგზავრება. იქ იგი კიდევ უფრო ღრმად ეცნობა ახალ აღთქმას. ხშირად ფიქრობს იმ ქვეყანაზე, სადაც ელიოზმა ქრისტეს კვართი წაიღო. ერთხელ, ღამით, მას სიზმარში ღვთისმშობელი გამოეცხადა. ვაზის ჯვარი გადასცა და უბრძანა:
„მე წილად მხვდა
ივერია... კერპთა მხარე,
შენ გიბრძანებ, ჩემ მაგიერ
იქ მიხვიდე... მოიარე!
წმიდა ნინო საქართველში გამოემგზავრება. იგი ესწრება არმაზის დღესასწაულს. კერპთაყვანისმცემლობით აღშფოთებული ღვთის რისხვას დაატეხს თავს კერპებს - არმაზს, გაცსა და გაიმს.
წმიდა ნინო მცხეთაში, მაყვლოვანში, დაბინავდება. იგი სნეულებს მკურნალობს. ქრისტიანობას ქადაგებს. მძიმე სენით დაავადებულ დედოფალ ნანასაც წმიდა ნინო წამოაყენებს ფეხზე. დედოფალი ფარულად ნინოს მიმდევარი ქრისტიანი ხდება. ქრისტიანობის აღმსარებელთა რიცხვი მცხეთაში თანდათანობით იზრდება. მეფე მირიანი მძვინვარებს. მას არა სურს მამაპაპური სალოცავების დავიწყება, უარყოფა. იმდენად არის გაბრაზებული, რომ თხოთის მთაზე სანადიროდ მიმავალი კარისკაცებს ეუბნება:
რომ დავბრუნდეთ მცხეთას, ისევ
მთლად სამეფო იქ შევყაროთ
და ეს ჩვენი განზრახული
საქვეყნოდაც აღვიაროთ.
დავგმოთ ნინო ვით გრძნეული!..
დაუდგება ეშმაკს თვალი
და თუ ნანაც არ დაგვთანხმდეს,
გავწიროთ თვით დედოფალი...
ეს უკეთური სიტყვები მეფეს დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ცამ იქუხა და ირგვლივ ჩამობნელდა. ევედრა მირიანი თავის კერპებს, მაგრამ წყვდიადი არ გაიფანტა. არავინ მიეშველა მეფეს. მაშინ იგი ნინოს ღმერთს შეემუდარა. ბნელეთი ნელ-ნელა განათდა. დედაქალაქში დაბრუნებულმა მეფემ ქრისტიანობა იწამა. მთელი ერი მოინათლა.
როცა წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა, მეფე მირიანს მოციქულთასწორის ცხედრის მცხეთაში წამოსვენება და იქ დაკრძალვა უნდოდა, მაგრამ:
ვეღარ დასძრეს ადგილიდამ
წმინდა კუბო... მძიმედ ნახეს
და დამარხვა ნეტარისა
ადგილობრივ განიზრახეს...
ქართველთა განმანათლებელი ბოდბეში მიაბარეს მიწას. ეკლესიაც იქვე ააგეს.
პოემა მთავრდება წუხილით ქართველთა ნაძალადევი გადარჯულების გამო.
მაგრამ დღეს კი აღარ მიდის
ქართველი, რომ სცეს თაყვანი,
რადგანც მისთვის დაკეტილი
არის წმინდა გალავანი.
თითქმის თოთხმეტ იანვარსაც
არ მიდიან!.. თავს არ ხრიან,
რადგანაც იქ ქართულის წილ
„პაკი-პაკის“ იძახიან.
ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ეჭირა აკაკის შემოქმედებაში ქრისტიანულ რელიგიას ესოდენ დიდი ადგილი. ეს თავად პოეტს აქვს მკაფიოდ ახსნილ-განმარტებული. პოემაში - „მომაკვდავის ჩვენება“ - მგოსანს სიკვდილის წინ ანგელოსი და ბელზებელი ეწვევიან. ორივე ცდილობს მომაკვდავის გადაბირებას. ბელზებელი სიცოცხლის დაბრუნებასაც ჰპირდება, თუ მგოსანი სულს მიჰყიდის. ერთი პირობით მოგყიდიო სულს, - ეუბნება პოეტი ბელზებელს, -
რომ საქართველომ ქვესკნელი დაჰგმოს,
მოიახლოვოს ზეცა და ღმერთი...
რომ ქართველობამ მტკიცედ დაიპყრას
ქრისტეს მოძღვრება და წმინდა რჯული...
რა თქმა უნდა, ამ პირობის შესრულება ბელზებელს არ შეუძლია. იგი უსიტყვოდ გაიპარება. პოეტს სიცოცხლე უბრუნდება.
სარწმუნოებისა და ზნეობისგანმტკიცება მიაჩნდა აკაკის საქართველოს აღორძინების საწინდრად.
როგორც პიროვნებას, ისე მთელ ერს შინაგანად შლის და არღვევს ყოველნაირი ორჭოფობა, მერყეობა, ეჭვიანობა.
გრძნობა-გონების სასწორის რყევას
ამაგრებს მხოლოდ სარწმუნოება:
ის სიყვარულის პირმშო ნათელი,
თვით სასოება და სათნოება.
(„ნ. ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო“)
აკაკის სულიც განიცდიდა მერყეობას. დაბადებას იგი „არარსიდან არსად მოსვლას“ უწოდებდა, ხოლო სიკვდილს - „არსობიდან არარსად გარდაცვლას“. თუ ადამიანის სიცოცხლე არარსიდან არარსში მოგზაურობაა, რაღა რჩება მისი მიწიერი არსებობიდან? მაგრამ ქრისტიანული მოძღვრება სხვაგვარად გვასწავლის. ადამიანი ზეციერი მამის შვილია, მისი უკვდავი სულის მატარებელი. იესომ სიკვდილი დაამარცხა. აღსდგა. ამით მინიშნებულია, რომ მაცხოვარში გაერთებული ადამიანიც დათრგუნავს არყოფნას. ადამიანი, მეორე დაბადების გზით, პირველ სახეს უბრუნდება. მასში მარადისობაა ასახულ-არეკლილი.
თუ აღდგომის რწმენა, ერთი მხრივ, ინდივიდუუმის განახლების იმედს ნერგავდა, მეორე მხრივ, ერის ხელმეორე აღორძინების გინცსაც იძლეოდა.
არიან ჩვენშიც თომასთანები,
რომ არ სწამთ ქვეყნის მათ მომავალი;
დღევანდელ ჯვარცმით გულგატეხილებს
საშორსმხედველად არ უჭრისთ თვალი.
მაგრამ როდესაც თვით მომავალი
მათ წარუდგება, ვით ქრისტე თომას,
დაიჯერებენ, რაც დღეს არა სწამთ
და დაიტკბობენ მწარე გულისთქმას.
მანამდე-კი ჩვენ ვიტყვით და ვამბობთ
(თუმც დასაჯერი ჯერ-კი ძნელია),
რომ სდგება ქრისტე! ის, ვინც სიკვდილით
სიკვდილისავე დამთრგუნველია!
(„თომა მოციქული“)
აკაკის პოეზიაში შესაძლებელია თვალი გავადევნოთ რწმენისა და მოქმედების ერთ მთლიან ხაზს. ვინც აკაკის შემოქმედებას მეტ-ნაკლებად იცნობს, შემჩნეული ექნება, რომ პოეტი ხშირად ახსენებს ძველი აღთქმის ორ პროტაგონისტს - იერემია წინასწარმეტყველს და მსაჯულ სამსონს.
აკაკი თავის თავს იერემია წინასწარმეტყველს ადარებდა, მაგრამ ირონიულად იქვე დასძენდა - „სად წმინდა კვერთხი, სად ჩხირი? სად ჩემი სტვირი, სად მისი იერიქონის საყვირი?“ („ირაკლის საფლავზე“). როგორც იერემია წინასწარმეტყველი იგლოვდა ებრაელთა სვე-ბედს, ასევე დასტიროდა აკაკიც ქართველთა ბედ-იღბალს.
ვინც იყო იერემია,
ან ჰგლოვდა რომელ ერსაო,
ამას ბიბლია მოგვითხრობს
და ძველი აღთქმა სწერსაო.
გოლგოთის აღმართს შეუდგა,
დადგა მთის მაღალ წვერსაო:
დასცქერდა იერუსალიმს,
ატყობდა ყოვლისფერსაო,
იგლოვდა იმის მომავალს,
იგლეჯდა თმა და წვერსაო:
„იუდიანთა დიდებავ!
ჩაუვარდები მტერსაო,
ბევრს რასმე მოგანატრებენ,
დაგავიწყებენ ბევრსაო,
მუსრს გაავლებენ ერთგვარად
ქალს, კაცს, მოყმეს და ბერსაო...
ახალი ძველსა შელახავს,
შეუცვლის ხორცს და ფერსაო!..
შენც, სოლომონის ტაძარო,
ზურგზე აგადენს მტვერსაო...
მაგრამ ჯერ ბრმა ხარ, ისრაილ,
ვერ ხედავ ვერაფერსაო
და მტერი აღარ გგონია,
ვინც დღეს მოყვრულად მღერსაო!..“
(„ირაკლის საფლავზე“)
მაგრამ აკაკი მარტო იმისათვის არ ახსენებს ხშირად იერემია წინასწარმეტყველს, რომ მათ საგლოვს ერთნაირი სარჩულ-საპირე ჰქონდა. პოეტი უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებდა იერემია წინასწარმეტყველის შეგონებას: „ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს“.
ბაბილონი და მისი მეფე ნაბუქოდონოსორი ღმერთმა ებრაელებს სასჯელად მოუვლინა. მათ დაივიწყეს უფალი. ბოროტების გზას დაადგნენ. იერუსალიმი და იუდეანნი მაშინ აიცდენდნენ სასჯელს, თუ ზნესა და საქციელს შეიცვლიდნენ. აღარ შეავიწროებდნენ ხიზანს, ობოლს, ქვრივს, არ დაღვრიდნენ უბრალო სისხლს. არ ეთაყვანებოდნენ უცხო ღმერთებს. არ შეისმინეს ებრაელებმა არც ღმერთის, არც წინასწარმეტყველის. მოვიდა ბაბილონი და ყველაფერი პირისაგან მიწისა აღგავა. დააქცია და იავარჰყო.
„როგორ მარტო დარჩა ქალაქი, ოდესღაც ხალხმრავალი, ზის ქვრივი ქალივით; ხალხთა ქალბატონი და მხარეთა დედოფალი მოხარკე შეიქმნა.
ტირის ღამ-ღამობით, ღაწვებზე ცრემლი სდის, არავინა ჰყავს ნუგეშისმცემელი, ყველამ უღალატა, მტრად გადაეკიდნენ მეგობრები.
გადაიხვეწა იუდა, დაბეჩავებული და დამონებული; დასახლდა უცხოთა შორის, ვერ უპოვნია მოსვენება; ვიწროებში დაეწივნენ მისი მდევრები.
მოთქვამენ სიონის გზები; დღესასწაულზე არავინ დადის, დაცარიელდა მისი ჭიშკრები; ოხრავენ მღვდლები, დანაღვლიანდნენ მისი ქალწულები, თავადაც გამწარებულია სიონი“.
გოდებდა თავზარდაცემული იერემია (I, 1-4).
ასეთსავე დღეშია საქართველოც.
თავისუფლებისა და ხსნის ჟამი ებრაელებს მაშინ დაუდგებათ, როცა ისინი ისევ დაუბრუნდებიან უფლისა და საკუთარი ძალ-ღონის რწმენას. მაშინ ღმერთი ისევ მოიხედავს მათკენ. ისევ დარეკავს იერუსალიმის აღორძინების საათი.
ასეთივეა საქართველოს ბედიც. აკაკის აზრითაც:
...ჩვენი ნუგეში
ყოვლისშემძლე ღმერთია,
იმას უნდა მივენდოთ
მხოლოდ ერთადერთია!
(„ვორონცოვი“)
საყურადღებოა ისიც, რომ ამ სიტყვებს პოემაში აკაკი ალექსანდრე ორბელიანს ათქმევინებს. ალექსანდრეც მაშინ ამბობს ამას, როცა იუდეანთა ბედს და იერემია წინასწარმეტყველს გაიხსენებს.
ხოლო „ვორონცოვის“ დაწერამდე ბევრად ადრე შთააგონებდა - „სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა“ („არაბი-ფაშა“).
ერიც ისევე უნდა აავსოს ძალ-ღონით უფლის სულმა, როგორადაც სამსონს ავსებდა.
სამსონიც ხშირად იხსენიება აკაკის პოეზიაში.
ერთი-გვარი რამ ღიმილი
სამსონისას მაძლევს ღონეს,
და მაშინ გინდ ჯოჯოხეთიც
შემეჭიდოს თავმომწონეს.
(„ღიმილი“)
სოლომონის სიბრძნეს მომცემს,
სამსონისა ძლიერებას,
და გინდ შავი დღეც დამადგეს,
არ მომაკლებს ნეტარებას.
(„ვინც მიყვარს“)
ყველგან, ყოველთვის, შორს მყოფს თუ ახლოს,
თვალწინ ოცნებით მეხატებოდი,
და აღმაფრენის გრძნობა-გუნებით
სამსონის ძალად მემატებოდი!
(„უიდეალო“)
სამსონის წინა ეპოქაშიც უკუღმართად მოიქცნენ ებრაელები. მაშინ ღვთის რისხვად უფალმა ფილისტიმელები მოუვლინა მათ. ორმოცი წელიწადი ამყოფა ისრაელი ფილისტიმელთა ხელში. ისრაელთა შველად და ფილისტიმელთა სასჯელად გაჩნდა სამსონი.
მანოახს და მის ცოლს შვილი არ ჰყავდათ. ქალი ბერწი იყო. გამოეცხადა ერთ დღეს ქალს უფლის ანგელოსი და ახარა - დაორსულდებიო შენ, ვაჟი შეგეძინებაო. ოღონდ სამართებელი არ უნდა მიეკაროსო მის თავს, რადგან ბიჭი ღვთის მოწმინდარი იქნებაო დედის წიაღიდანვე.
ღვთის ანგელოსის სიტყვა რომ ასრულდა და მანოახის ცოლს ვაჟი შეეძინა, ბიჭს სამსონი დაარქვეს. როცა იგი გაიზარდა, უფლის სული გაუგონარი ძალით ავსებდა მას. სამსონმა თიკანივით გახლიჩა ლომი შუაზე. თვალის დახამხამებაში დახოცა ოცდაათი ფილისტიმელი. ქალაქის კარი და ორი ბჭე ურდულიანად მოგლიჯა და მთაზე აიტანა. შავ დღეში ჩაცვივდნენ ფილისტიმელები. სამსონის მოსაცილებლად მზაკვრობას მიმართეს. სამსონს ერთი ქალი უყვარდა - დალილა. შეუჩნდნენ ფილისტიმელები დალილას - ათას ვერცხლს მოგცემთ, გამოსტყუე სამსონს, რა ანიჭებსო უსაშველო ძალას. სამჯერ ეცადა დალილა საიდუმლოს შეტყობას, მაგრამ სამჯერვე ცრუ პასუხი მისცა სამსონმა. მერე ქალი გაიბუტა: არ გყვარებივარ, თორემ სამჯერ არ გამაპამპულებდიო. შეეცოდა სამსონს დალილა და საიდუმლო გაანდო: სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს. თმა რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნებიო. გაიქცა დალილა ფილისტიმელთა მთავრებთან. შეატყობინა, როგორ შეიძლებოდა სამსონის დამარცხება.
დალილას მუხლებზე ედო თავი სამსონს. ქალის კალთაში ეძინა. შემოიპარნენ ფილისტიმელები. მოპარსეს თმა. დაუძლურებელი სამსონი შეიპყრეს, ღაზაში ჩაიყვანეს, თვალები დათხარეს და საპყრობილეში შეაგდეს.
თანდათან ეზრდებოდა სამსონს თმა. ძალ-ღონე უბრუნდებოდა. ფილისტიმელებმა მისი გასამართლება გადაწყვიტეს. სასამართლოში წაიყვანეს. უამრავ ხალხს მოეყარა თავი. სასამართლო სავსე იყო ფილისტიმელებითა და მათი მთავრებით. სვეტებთან მიმიყვანე, რომ დავისვენო, - შეეხვეწა ბრმა სამსონი ყმაწვილს, რომელიც დაატარებდა ებრაელ გმირს. მიიყვანა. სამსონმა ორივე სვეტს ხელი მოხვია. ღმერთს შეევედრა: ერთხელ კიდევ ამავსე შენი ძალით, რომ ფილისტიმელებს ჩემი თვალების სამაგიერო მივუზღოო. მოგლიჯა სამსონმა ორივე სვეტი. დაიქცა სასამართლოს შენობა. ნანგრევების ქვეშ გაიჭყლიტა თავად სამსონიც, იქ თავშეყრილი ფილისტიმელებიც და მათი მთავრებიც („მსაჯულნი“, XIII-XVI).
აკაკი სწორედ იმ ლექსებში ახსენებს სამსონს, სადაც სიყვარულზეა ლაპარაკი. სიყვარული მავსებსო სამსონის ძალით, - ამბობს პოეტი. თუ ადამიანს სიყვარული უღალატებს, დაძაბუნდება და მტერი იოლად მოერევა. ამიტომ ანიჭებს პოეტი განსაკუთრებულ ადგილს ქალს როგორც პიროვნების, ისე მთელი ერის ცხოვრებაში. ეთაყვანებოდა კიდეც უზენაეს ქალურობას, რასაც, აკაკის აზრით, რელიგიაში განასახიერებდნენ ღვთისმშობელი და წმიდა ნინო, ისტორიაში - თამარი და ქეთევანი, სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში - ნესტან-დარეჯანი და თინათინი. პოეტის ოცნება იყო ასეთი ქალები საქართველოს რეალურ ცხოვრებაშიც გაჩენილიყვნენ. მაგრამ უბედურება ის გახლდათ, რომ დალილები იყვნენ ერთობ მომრავლებული.
რა მძიმე ასატანიც და დასაძლევიც უნდა ყოფილიყო ღმერთის რწმენის დაკარგვაც, სამშობლოს დამონებაც, ქალის ღალატიც, აკაკის სულში (აქედან მის პოეზიაში) მაინც არსებობდა ნუგეში და იმედი - იესო ქრისტე.
აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი ბეთლემისაო,
ნიშანი ახალ აღთქმისა,
წინამორბედი ღვთისაო.
(„ხალხური“)
პოეტის გონება, ფიქრი, გრძნობა გამუდმებით ტრიალებდა ქრისტეს შობის საიდუმლოს გარშემო: „დიდება ქვეყნად მაცხოვრის ხორციელ მოვლინებასა“ („შობა“). მთელი არსებით ცდილობდა ნათლისღების მისტერიის ამოცნობას: „მე ნათელს-ვცემ მხოლოდ წყლითა, ის ნათელს-სცემს სულიწმინდით“ („ნათლისღება“). მაგრამ განსაკუთრებით იტაცებდა აღდგომის თემა. ბევრი ლექსი მიუძღვნა მას - „აღდგომა“, „აღდგომა სოფელში“, „აღდგომის განთიადი“, „ქრისტე აღსდგა“ (ამ სათაურით ორი ლექსი აქვს დაწერილი), „ქრისტე აღსდგას“ დამწერს“...
მრწამს! და შენც მწამხარ წინამორბედად
იმ აღდგომასაც, რომ ველი მეცა!..
როდესაც ქვეყნად ტანჯულ სიმართლეს
მკვდრეთით აღადგენს კურთხევით ზეცა.
(„ქრისტე აღსდგა“)
როგორც ყოველ ადამიანს, ისე აკაკის აოცებდა თავად აღე იესო ქრისტესი: ძე ღმრთისა, ხორციელად ამ სოფლად შობილი, ადამიანთა ცოდვის გამოსასყიდად ამქვეყნად მოვლინებული, ჯვარცმული, მკვდრეთით აღმდგარი და ამაღლებული.
საკაცობრიო აზროვნება არ იცნობდა სხვა ამგვარ სახეს. ღვთაებრივ საიდუმლოს შეიცავდა არა მარტო ის, რასაც ამბობდა მაცხოვარი, არამედ თავად მისი ხატიც და თავგადასავალიც. რაღაც შორეულ ნათესაურ ნიშანს ხედავდა პრომეთესა და ამირანის მითში. ამიტომ ამირანი საქართველოს სიმბოლოდ წარმოიდგინა: კლდეს მიჯაჭვული, მრავალტანჯული, მაგრამ მაინც ცოცხალი და განთავისუფლების მომლოდინე. გათავისუფლება და აღდგომა რომ მომხდარიყო, ამისათვის ადამიანს თავისი დანაშაულიც უნდა გამოესყიდა და სხვისიც. ამით შთაგონებულმა შექმნა უბადლო მხატვრული სახე ჰაჯი-უსუბისა, რომელმაც საკუთარი სისხლით გაასპეტაკა სხვისი დანაშაული.
![]() |
2.4 „გამზრდელი“ |
▲ზევით დაბრუნება |
დანაშაული მოხდა.
პატიოსნებას გულისთქმამ სძლია და საფარ-ბეგმა („გამზრდელი“) ძიძიშვილის ცოლი გააუპატიურა.
სიყვარულის თავდავიწყებამ წაიღო და ონისემ („ხევისბერი გოჩა“) გუშაგის მოვალეობა დაივიწყა. მტერი შემოეპარა.
უცხო ტომის ქალი შეუყვარდა და ანდრი („ტარას ბულბა“) დუშმანის მხარეს გადავიდა. ესეც არ იკმარა: თავისიანებს მედგარი ბრძოლა გაუმართა.
ბავშვურ სულწასულობას ვერ მოერია და ფორტუნატომ („მატეო ფალკონე“) ბანდიტი ჯანეტო სანპიერო გასცა.
არც ხევისბერმა გოჩამ, არც ტარას ბულბამ, არც მატეო ფალკონემ შვილებს დანაშაული არ შეუნდეს და სიკვდილით დასაჯეს. მხოლოდ ჰაჯი-უსუბი („გამზრდელი“) მოიქცა სხვანაირად: საფარ-ბეგის დანაშაული თავად ზღო - თავი მოიკლა.
თითოეულმა მათგანმა - საფარ-ბეგმა, ონისემ, ანდრიმ, ფორტუნატომ - მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მკითხველი მაინც არ არის მათ მიმართ უარყოფითად განწყობილი, ებრალება ისინი და მათდამი თანაგრძნობის ნაპერწკალიც უღვივის გულში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი ბუნებით პატიოსანი, კეთილი, გულწრფელი ადამიანები არიან. ისინი მზად არიან, სიცოცხლის დათმობით გამოისყიდონ დანაშაული. მხოლოდ პატარა ფორტუნატო შედრკება სიკვდილის წინ. მამას შეევედრება, ნუ მომკლავო, მაგრამ ეს სრულიად გასაგებია - ფორტუნატო ათი წლის ბიჭი იყო.
საფარ-ბეგი, როგორც კი გონს მოეგო, მაშინვე მიხვდა დანაშაულის მთელ სისაძაგლეს. როცა დილით მძინარე საფარ-ბეგი ბათუმ გააღვიძა, პირველი, რამაც ბოროტმოქმედს გაულვა თავში, იყო:
არ უთქვამს ქალს, რაც შევცოდე,
ჩანს, ნამუსი შეუნახავს,
ჩემს საქციელს სამარცხვინოს,
ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?
ნაადრევი გამოდგა საფარ-ბეგის ცოდვილი სიხარული. ბათუმ ყველაფერი იცოდა. თუმცა ძუძუმტე სასიკვდილოდ არ გაიმეტა:
- არა! შენ ვერ შეგეხება
სასიკვდილოდ ჩემი ტყვია,
დედიჩემის გაზრდილი ხარ,
მისი ძუძუ გიწოვია...
ერთი შეხედვით, უმაღლესი ზნეობით აღჭურვილმა ბათუმ დაჯაბნა საფარ-ბეგი, მორალურად გაანადგურა იგი. მაგრამ აკაკი წერეთელი გვიამბობს არა სინდისიანისა და უნამუსოს ბრძოლაზე, არამედ ადამიანში აღორძინებული პატიოსნების ტრაგედიას. საფარ-ბეგი ტოლს არ უდებს ბათუს:
...მართალი ხარ!
აღარა მაქვს მე სათქმელი!..
შემაცდინა თვით ეშმაკმა
და დამრია ცოდვის ხელი!..
შენი ტყვე ვარ!.. ჰა, ხომ ხედავ,
იარაღი დამიყრია...
სასიკვდილოდ ჩემი ნებით
შენ წინ თავი დამიხრია...
ჩემ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს,
მომკალ... ტანჯულს რამ მიშველე,
მაზღვევინე, რაც შეგცოდე,
სინიდისი გამიმთელე!
აქ ერთმანეთის პირისპირ ორი თანაბარი მშვინვიერი ღირსების კაცი დგას, თუმცა ერთს დანაშაული აქვს ჩადენილი და მეორეს - არა. საფარ-ბეგმა გააცნობიერა თავისი დანაშაული და თავადვე გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი: მან არა მარტო ბათუს წინაშე დახარა თავი მორჩილად, არამედ - გამზრდელისაც. საფარმა ჰაჯი-უსუბს ალალად უამბო ყველაფერი, დაუმალავად და შეულამაზებლად.
მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს
საფარ, მისი გამოზრდილი...
ასევე თავად აღიარა ონისემაც დანაშაული თემის სასამართლოს წინაშე. თუ ონისე გაჩუმდებოდა, სიმართლეს არ იტყოდა, დაისჯებოდა უდანაშაულო გუგუა. ამით კიდევ უფრო ცოდვილი გახდებოდა ონისეს სინდისი. იგი გამოუტყდა როგორც მამას, ისე საზოგადოებას.
„- შესდეგ, ხევისბერო, გუგუა მართალია! - დაიძახა ონისემ...
...........................
- სთქვი, რას ამბობდი?
- გუგუა მართალია-მეთქი, ტყუილად ნუ დასჯით... გუგუას და მე მიზეზი გვაქვს ერთმანეთის მოსისხლენი შევქმნილიყავით... ეგ მთიდგან რომ მოდიოდა, ბილიკებზედ იმად დაეშვა, რომ მე მოვეკალ... მაგრამ გზაში მტერს შეხვდა და მოღალატობას ტყუილად სწამობთ... მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა...“
ონისემ იცის, რაც ელის დანაშაულისათვის, მაგრამ მისთვის ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე.
არსებითად განსხვავდება ანდრი ბულბას საქციელი საფარ-ბეგისა და ონისეს ქმედებისაგან.
ანდრი ბულბა ბრძოლის დროს შეიპყრო მამამ. ანდრი პოლონელ ჰუსართა პოლკში იყო და კაზაკებს ებრძოდა. როცა ტარასმა შეამჩნია იგი, თავისიანებს სთხოვა, ტყეში შემოიტყუეთო. კაზაკმა გოლოკოპიტენკომ შეასრულა ტარასის დავალება. ის-ის იყო ანდრი გოლოკოპიტენკოს უნდა დასწეოდა, რომ ცხენის აღვირში უტაცა მამამ შვილს ხელი და გააჩერა. მამის დანახვაზე ანდრი გაფითრდა და აცახცახდა. ტარასმა ცხენიდან ჩამოსვლა უბრძანა. როგორც ბავშვი, მორჩილად ჩამოხტა იგი ცხენიდან და მკვდარ-ცოცხალი გაჩერდა ტარასის წინ. „იდექ, არ გაინძრე. მე გშობე, მევე უნდა მოგკლა!“ - თქვა ტარასმა, გადადგა ერთი ნაბიჯი უკან და მხრიდან თოფი გადმოიღო. ანდრის ნაცრისფერი დასდებოდა, ეტყობოდა, ჩუმად ტუჩებს ამოძრავებდა, ვიღაცის სახელს ახსენებდა, მაგრამ არ იყო იგი არც სამშობლოს, არც დედის, არც ძმების სახელი - არამედ ტურფა პოლონელი ქალისა. დასცალა თოფი ტარასმა“ (ა. და ი. ახალშენიშვილების თარგმანი).
ანდრიმ უდრტვინველად მიიღო სასჯელი, მაგრამ არ განუცდია ღალატის გამო სინდისის ქენჯნა. დანაშაულის გაცნობიერება არ მომხდარა. ისევე როგორც ანდრის პოლონელი ქალი, ონისესაც თავდავიწყებით უყვარდა ძიძია, მაგრამ ხევისბერის შვილმა მაინც მოახერხა სიყვარულის ბანგისაგან განთავისუფლება. ანდრიმ ეს ვერ შეძლო. სიკვდილის წინ იგი მაინც მიჯნურობის მონა იყო.
სამივე პროტაგონისტი - საფარ-ბეგი, ონისე, ანდრი - პატიოსანი ადამიანია, მაგრამ ეს პატიოსნება სხვადასხვაგვარია.
საფარ-ბეგისა და ონისეს პატიოსნებას, მართალია, დანაშაულის თავიდან აცილება არ შეუძლია, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალუძს დანაშაულის გაცნობიერება, მონანიება და სასჯელის მიღებაც, თუნდაც იგი სიკვდილიც იყოს.
ანდრი ბულბას პატიოსნება სხვაგვარად ფიქრობს: სიყვარულის ერთგულება უფრო მაღალ მოვალეობად მიაჩნია, ვიდრე - თანამოძმეებისა და თანამემამულეებისა. ანდრი არ ინანიებს თავის დანაშაულს. არც სასჯელს იღებს ნებაყოფლობით. ანდრი ბულბასათვის მამის სასჯელი გარდაუვალი აუცილებლობაა, რომლისგან თავის დაღწევა გამორიცხულია.
როცა აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, გოგოლისა და პროსპერ მერიმეს პერსონაჟებს ვაკვირდებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დანაშაული არ უნდა მომხდარიყო, რამეთუ არც ერთს არ აკლია არც პატიოსნება, არც ნებისყოფა, არც ვაჟკაცობა. მაგრამ ეს პირველი შთაბეჭდილებაა. მათი ხასიათის ღრმა შეცნობის დროს თანდათან გამოიკვეთება და გამომჟღავნდება მათი სულიერი სამყაროს ხარვეზი. ეს გახლავთ მორჩილება ვნებისადმი. საფარ-ბეგიც, ონისეც, ანდრიც ვნების მორჩილნი არიან, ფორტუნატო კი ბავშვური სიხარბის, უფრო სწორად, სულწასულობის მსხვერპლია.
აკაკი წერეთელი მაშინვე მიუთითებს და აღნიშნავს საფარ-ბეგის ხასიათის სუსტ მხარეს. საფარ-ბეგი მოსვლისთანავე ატყობინებს ბათუს, რა მიზნით ეწვია ძიძიშვილს სტუმრად და რატომ გადაწყვიტა მოიპაროს ალმასხიტ ინალიფას ცხენი. საფარ-ბეგს მზეთუნახავი ზია-ხანუმი შეჰყვარებია. მართალია, საფარი იცნობს ამ ქალის მზაკვრულ ბუნებას, მაგრამ მის სილამაზეს ვერსად გაქცევია. საფარ-ბეგი ნანობს კიდეც ზია-ხანუმთან ურთიერთობას, მაგრამ სინანულს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვაჟი მთლიანად ემორჩილება ქალის ნება-სურვილს.
მეც მომხიბლა ჯადოსანმა,
დამამარცხა, დამიმონა!..
და, თუ ქალი მაჯობებდა,
არ ვფიქრობდი, არ მეგონა...
ამ შემთხვევაში საფარი მთლიანად მართალს არ ამბობს. შეიძლება ეს გამოწვეულია იმით, რომ მან ზუსტად და მტკიცედ არ იცის, მართლა უყვარს თუ არა ზია-ხანუმი. საფარ-ბეგი საერთოდ ვერ არის გულგრილი ქალის მშვენიერებისადმი, ამიტომ ვნება და სიყვარული ვერ განუსხვავებია ერთმანეთისაგან. სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, მარტო დარჩენილიყო ნაზიბროლასთან, რომ დავიწყებოდა სიყვარულიცა და მორდუობის ადათიც. ვნებით დაბრმავებულმა და ცნობაწართმეულმა არ დაინდო ძიძიშვილის ცოლი და ნამუსი ახადა მას.
საფარ-ბეგის საქციელს წარმართავს დაუოკებელი ვნება და არა სიყვარული.
ონისესა და ანდრის საქციელს კი აპირობებს სიყვარული, თუმცა ტრფობისადმი მათი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია.
ონისემ კარგად იცის, რომ არა აქვს ძიძიას სიყვარულის უფლება. ჯერ ერთი, ძიძია სხვისი ცოლია და, მეორეც, ონისე გუგუას ხელისმომკიდეა. ონისე ებრძვის გულში დაბუდებულ ტრფობას, ცდილობს გაექცეს, დაემალოს მას, მაგრამ ამაოდ. იგი ვერ ამართლებს მამის დარიგებასაც - „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი... ვინძლო ქვეყანა არ გააცინო...“
ძიძიას სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა და ონისემ დანაშაული ჩაიდინა.
ასეთივე ყოვლისმომცველი და ძლიერია ანდრის სიყვარულიც, მასაც თავდავიწყებით უყვარს პოლონელი ვოევოდას ასული. როცა ანდრი ალყაშემორტყმულ დუბნოში შეიპარა და საყვარელი ქალის ოჯახს საზრდელი მიუტანა, უარი თქვა, უკან, კაზაკთა ბანაკში დაბრუნებულიყო. „სამშობლო ის არის, რასაც სული დაეძებს, რაც ყველაზე მეტად შეგყვარებია. ჩემი სამშობლო შენ ხარ“ - უთხრა ანდრიმ ნანდაურს. საერთოდ, რომანის კონცეფციით, სიყვარული უძლეველ ძალად არის მიჩნეული. ერთ-ერთი პერსონაჟი, ებრაელი იანკელი, ტარას ბულბას ეუბნება - როცა კაცს ქალი შეუყვარდება, იგი დაემსგავსება წყალში დამბალ ლანჩას, როგორც გინდა, ისე მოღუნავ. ანდრის დანაშაულიც ამით არის გამოწვეული.
თუ ამ სამ პროტაგონისტს ერთმანეთს შევადარებთ, მკაფიოდ დავინახავთ, რომ მათ შორის ყველაზე ტრაგიკულია ონისე.
იგი საფარ-ბეგზე უფრო ღრმა პიროვნებაა იმით, რომ მას გულწრფელად და ალალად უყვარს ძიძია. ონისეს სიყვარული ნამდვილია. ამიტომაც ვერ დააღწია თავი ამ ტრფობას.
საფარ-ბეგს კი ბრმა ვნება წარმართავდა მაშინ, როცა ნაზიბროლა გააუპატიურა.
ონისე ანდრი ბულბაზე ღრმა პიროვნებაა იმით, რომ მოვალეობას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე პირად გრძნობას. თანამემამულეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს მძაფრად განიცდის და მზად არის ყოველგვარი სასჯელის მისაღებად. ანდრი ბულბა კი პირად გრძნობას ამჯობინებს სამშობლოს. სრულიად არ განიცდის თანამემამულეთა წინაშე ჩადენილ დანაშაულს. თუ, ბოლოს და ბოლოს, ონისეში მოყვასის სიყვარული იმარჯვებს, ანდრი სიკვდილამდე სიყვარულით გამოწვეული ეგოიზმის ერთგული რჩება.
რა თქმა უნდა, პატარა ფორტუნატო ვნებათა ამ სიმძაფრემდე ვერ მიდის. იგი ბავშვური სულწასულობის მსხვერპლი ხდება. როცა მას სერჟანტი გამბა საათის ჩუქებას შეჰპირდა - თუ იგი იტყოდა, სად იმალებოდა ჯანეტო - ბიჭმა ცდუნებას ვერ გაუძლო და თივის ბულულში დამალული ბანდიტი გაყიდა. ამ დანაშაულის საფუძველი სიხარბეა. ფორტუნატოს სიხარბე გაუცნობიერებელია და, ამდენად, მისი დანაშაულიც უნებლიეა. სამაგიეროდ ასე არ არის „გამზრდელში“. ზია-ხანუმის სიხარბე გაცნობიერებულია. იგი გადამდებია და შეიძლება სხვასაც უბიძგოს ბოროტებისაკენ. ასე დაემართა საფარ-ბეგს. ალმასხიტ ინალიფას ცხენის მოპარვა ნაკარნახევია ზია-ხანუმის სიხარბით. ქალის სიხარბეს საფარმა ვერაფერი დაუპირისპირა. პირიქით, მან ზია-ხანუმის გულის მოგება სცადა არა ქალის სიხარბის უარყოფით, არამედ მისი დაკმაყოფილებით. გაჩნდა დანაშაული. ჯერ შედარებით უბრალო - ცხენის მოპარვა და შემდეგ უკვე უპატიებელი - ძუძუმტის ცოლის გაბახება.
სიხარბეა „ხევისბერ გოჩაშიც“ ბოროტმოქმედების საფუძველი. ამჯერად ფეოდალის გაუმაძღრობით ვლინდება იგი. ნუგზარ ერისთავს არ ჰყოფნის უკიდეგანო მამული და თავისუფალი ხევის დაპყრობაც სურს, მზად არის, ძმა ძმას გადაჰკიდოს და მეზობელს მეზობლის სისხლი აღვრევინოს, რათა სიხარბე დაიკმაყოფილოს, მტერ-მოყვარე დააშინოს და ყველა დაიმორჩილოს. მართალია, ნუგზარ ერისთავის მასშტაბისა არ არის, მაგრამ ზია-ხანუმსაც ძალაუფლებისმოყვარეობა აწამებს. ამ ქალს იმიტომ არ მოსწონს ალმასხიტ ინალიფა, რომ იცის, „სხვებსავით ის იმას ვერ იმსახურებს“. რაკი ალმასხიტი არ გახდება ზია-ხანუმის სიხარბის მსახური, ამიტომ ქალი სხვებს აქეზებს მის წინააღმდეგ. ცხადად ჩანს, რომ ზია-ხანუმის სიხარბე ადამიანთა ურთიერთობის იმ სახეობას ცნობს, რომელსაც მორჩილება ეწოდება. ასევეა ნუგზარ ერისთავიც. ოღონდ მისი სიხარბე გაცილებით დიდია და ვრცელი. მას ვერ დააკმაყოფილებს ცალკეულ პირთა მორჩილება. ნუგზარის მადა მთელი ხალხის მორჩილებას ითხოვს.
ნუგზარის უსაზღვრო სიხარბემ გამოიწვია ძმათამკვლელი ომი. ომმა კი გაამჟღავნა ყველა დამალული ტკივილი.
„ტარას ბულბაშიც“ სიხარბე ამოქმედებს კაზაკთა სპასაც. „აქ მუდამ ჰპოვებდნენ საქმეს ომის, ოქროს თასების, ძვირფასი ფარჩების, ბაჯაღლო ოქროებისა და სხვა დიდების მოყვარულნი, - ყველა, გარდა ქალის თაყვანისმცემლებისა, რადგანაც ქალი სეჩის გარეუბანშიც კი ვერ გაბედავდა გამოჩენას“, - წერს გოგოლი. მართალია, ნათქვამია ისიც, რომ მართლმადიდებლობას იცავდნენ, ურჯულოებს - თურქებსა და თათრებს - ებრძოდნენო, მაგრამ ეს რომანში რიტორიკული განცხადებაა. საქმით კი ომის დამწყები კაზაკები არიან, ტარას ბულბას თავკაცობით.
მშვიდობიანობაა, კაზაკებს არავინ ემუქრება. ასე არ მოსწონდა ტარასს. „ამიტომაც მუდამ იმის ფიქრში იყო, როგორმე სეჩი სალაშქროდ აღეძრა, სადაც ყველას შეეძლებოდა თავისი რაინდობა დაემტკიცებინა, საომარი ნიჭი გამოეჩინა. ბოლოს, ერთ დღეს, მივიდა ტარასი კოშევოისთან და უთხრა პირდაპირ:
- რაო, კოშევოი, განა დრო არ არის, გაინავარდონ საითმე ზაპოროჟიელებმა?
- საით მერე? - მიუგო კოშევოიმ, პირიდან პატარა ჩიბუხი გამოიღო და გვერდზე გააფურთხა.
- როგორ თუ საით? შეიძლება თურქებზე ან თათრებზე გავილაშქროთ.
- არ შეიძლება არც თურქებზე, არც თათრებზე, - უპასუხა კოშევოიმ და ისევ გულგრილად ჩაიდო პირში ჩიბუხი.
- როგორ თუ არ შეიძლება?
- ისე, სულთანს მშვიდობიანობის პირობა მივეცით.
- მერე ის ხომ ბუსურმანია: ღმერთიც და საღმრთო წერილიც გვიბრძანებს მათ ამოწყვეტას.
- უფლება არა გვაქვს. სარწმუნოებაზე რომ არ შეგვეფიცნა, იქნებ კიდევ მოხერხდებოდა, მაგრამ ახლა არ შეიძლება.
- როგორ თუ არ შეიძლება? როგორ ამბობ, უფლება არა გვაქვსო? აი, მე ორი შვილი მყავს, ორივე ახალგაზრდა, არც ერთი ჯერ ომში არ ყოფილა. შენ კი ამბობ: ვერსად წავალთ ზაპოროჟიელებიო.
- ჰოდა, ასე, არ შეიძლება.
- მაშ, აგრე უქმად უნდა იყოს კაზაკის ძალ-ღონე მინებებული, რომ ძაღლივით გადიღრძოს კაცი და ერთი კეთილი საქმე არ გააკეთოს, სამშობლოსა და საქრისტიანოს არაფერი სარგებლობა არ მოუტანოს? (რბევა-აწიოკება ჰგონია ტარას ბულბას სამშობლოსა და ქრისტიანობის სამსახური - ა. ბ.) მაშ, თუ აგრეა, მითხარი, რაღადა ვცოცხლობთ, სიცოცხლეს რა ეშმაკად ვაქნევთ?“
ამ კითხვას კოშევოიმ არ უპასუხა, მაგრამ ომის გაჩაღებაზე კი მტკიცე უარი მოახსენა. გაბოროტებულმა ტარასმა კაზაკები წააქეზა - ძველი კოშევოი გადავაყენოთ და ახალი დავსვათო. ასეც გააკეთეს.
„მეორე დღეს ტარას ბულბა უკვე მოელაპარაკა ახლადამორჩეულ კოშევოის, ზაპოროჟიელნი როგორ უნდა ამხედრებულიყვნენ და ვის წინააღმდეგ. კოშევოი ჭკვიანი და ეშმაკი კაზაკი იყო, მასთან ზაპოროჟიელთა ზნე-ხასიათის მეტად კარგად მცოდნე: „არა, ფიცის დარღვევა არ შეიძლებაო“, უპასუხა პირველად ბულბას, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დასძინა: „არა უშავს რა, ვინძლო ფიცს არ დავარღვევთ, ისე რასმე მოვიმიზეზებთ; ოღონდ ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ ჩემი ბრძანებით კი არა, თავისით, - ეს თქვენ უკეთ იცით, როგორ მოახერხოთ, - მაშინ ჩვენც სტარშინებთან ერთად უცბათ იქ გავჩნდებით მოედანზე, ვითომ არა ვიცით რა“.
კაზაკობა მოედანზე შეიკრიბა. დაიწყო სჯა-ბაასი. მზაკვრულად ხლართავდა საქმის ვითარებას კოშევოი. თან ხალხს მშვიდობისაკენ მოუწოდებდა, თან ომისაკენ აქეზებდა. ამ დროს ტანსაცმელშემოფლეთილ კაზაკთა ერთი ჯგუფი გამოჩნდა. ამბავი მოიტანეს - შავ დღეში ჩაცვივდნენო გეტმანშჩინაში კაზაკები.
თურმე ურიებს იჯარით აუღიათ საყდრები და თუ წინასწარ ქრისტიანი ფულს არ გადაიხდის, წირვა-ლოცვას ვერ ჩაატარებს.
თურმე, თუ ურია პასქას ნიშანს არ დაასვამს, მისი კურთხევა არ შეიძლება.
თურმე ქსენძები ტარატაიკებით დადიან უკრაინაში და, ცხენების მაგიერ, შიგ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აბამენ.
თურმე ურიის ქალები ქვედა კაბებს მღვდლის ფილონებისაგან იკერავენ.
თურმე გეტმანი სპილენძის ქვაბში მოუხრაკავთ და პოლკოვნიკებს მისი ხელ-ფეხი ბაზრობაზე დააქვთ.
ეს მტკნარი სიცრუეა ბრბოს ასაღელვებლად გამოგონილი. მაგრამ რაც ეშმაკურად მოიფიქრეს, ეშმაკურადვე განახორციელეს. კაზაკთა სპა ქალაქ დუბნოს შეესია.
როგორც ვხედავთ, თუ „ხევისბერ გოჩაში“ მოხევეები თავს იცავენ მოძალადისაგან, „ტარას ბულბაში“ კაზაკები თავად პირველნი ესხმიან თავს მშვიდობიან ქალაქს.
თუ ნუგზარ ერისთავის სიხარბე სამფლობელოს გაფართოების სურვილით ვლინდება, ტარას ბულბასა და მისი ამხანაგების სიხარბე დავლის, ალაფის შოვნით გამოიხატება, რაც გარეგნულად ვაჟკაცობის სახელით არის შენიღბული.
როგორც ცნობილია, სიხარბე მხოლოდ ადამიანის თვისებაა. ბუნება ამ გრძნობას არ იცნობს, მან იცის მხოლოდ აუცილებელი. ადამიანი კი ყოველთვის ცდილობს აუცილებელს მიუმატოს სიხარბე და სწორედ აქ ჩნდება დანაშაული.
ყოველი ადამიანის მშვინვიერ სამყაროში არსებობს კონფლიქტი აუცილებელსა და სიხარბეს შორის. თუ ადამიანმა მოახერხა და სძლია სიხარბეს, დაკმაყოფილდა აუცილებლით, მაშინ იგი იძენს სულიერ წონასწორობას, ერწყმის ბუნების ჰარმონიას და მონოლითურად მთლიანია. მან ამ გზით უკვე მოკვეთა ბოროტი და, ბუნებრივია, გაემიჯნა დანაშაულს. თუ აუცილებლისა და სიხარბის კონფლიქტის დროს ადამიანმა დაუთმო სიხარბეს, ვერ დაჯაბნა იგი, მაშინ ბოროტი იმარჯვებს და დანაშაულიც გარდაუვალია.
აკაკის „გამზრდელის“ პერსონაჟს - ბათუს იმიტომ აქვს შენდობის დიდი უნარი, რომ თავისუფალია სიხარბისა და ამაოების გრძნობისაგან. აკაკი წერეთელი ასე ახასიათებს მას:
ერთი ვინმე ახალგაზრდა
აფხაზია, ამ მთის შვილი,
რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი.
კარგი თოფი, კარგი ხმალი,
კარგი ცხენი და ნაბადი!..
რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,
კაცი მისებრ დანაბადი?
როცა შინმობრუნებულმა ბათუმ შერცხვენილი და გაბახებული ცოლი ნახა, თავზარი დაეცა, მაგრამ ეყო სულის სიმტკიცე, ნუგეში ეცა გაუბედურებული ქალისათვის:
ყოველგვარი მოსავალი
კაცის თავზე უნებური,
ღვთის რისხვაა და ტყვილად ბედს
რას უჩივი, რათ ემდური?
გადააგდე გულიდან ეგ
ცრუ ზღაპარი და სიზმარი!..
მე და შენი სიყვარული
წმინდა არის, ვით ლამპარი.
შეიძლება, ვინმემ გაიფიქროს (ყოველგვარი ზნეობის კაცი არსებობს ამქვეყნად), რომ ბათუ წინდაუხედავად მოიქცა, როცა მარტო დატოვა ნაზიბროლა და საფარ-ბეგი. ეს ფიქრი უსამართლო შეურაცხყოფა იქნება ბათუსი. ბათუმ ადამიანის უკეთილშობილესი თვისება გამოამჟღავნა - ნდობა. აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ თქმულება, რომელიც სწორედ იმ კუთხეშია შექმნილი, საიდანაც ნაზიბროლა იყო.
ერთ ჭაბუკს ბედაური ჰყოლია. მეორეს შესშურებია ეს და დაუკვეხნია - ცხენი ჩემი იქნებაო. რანაირად - გაოცებულან ტრაბახის გამგონენი - იმ ბედაურს ვერც იყიდი და ვერც მოპარვას მოახერხებო. მაშინ შურიანს ხრიკი მოუგონია. შემოუხევია ტანზე, დაუხოკავს სახე, ნაცემ-ნაგვემის გამომეტყველება მიუღია და იმ გზაზე გაწოლილა, სადაც ცხენის პატრონს უნდა გაევლო. მართლაც, გამოუვლია ჭაბუკს, დაუნახავს უბედურ დღეში ჩავარდნილი კაცი და მისაშველებლად გადმომხტარა ცხენიდან. შურიანს მოუსაწყლებია თავი: ვიგინდარები დამესხნენ, გამძარცვეს, მცემეს, ძლივს გადავრჩი. ვაგდივარ ასე უპატრონოდ, მშიერ-მწყურვალი, იქნებ მიშველო და მახლობელ სოფელში მიმიყვანოო. აუყვანია ყმაწვილს, მატყუარა ცხენზე შეუსვამს და თავად ფეხით გაძღოლია წინ. სწორედ ეს უნდოდა ცრუსაც. ჰკრა თურმე ცხენს დეზი და გაქუსლა. თან ნიშნის მოგებით შემოჰყივლა თურმე ჭაბუკს - ხომ წაგართვიო ცხენი. გაოგნებული ყმაწვილი ერთხანს ჩუმად მდგარა და მერე მატყუარასთვის უთხოვია - გემუდარები, არავის უამბო, როგორ მომტაცე ცხენი, თორემ ადამიანი ნდობას დაკარგავს. ყველა ყველას ეჭვის თვალით შეხედავს და უნდობლობა ქვეყანას დააქცევსო.
ადამიანთა ურთიერთობა ნდობის თვინიერ წარმოუდგენელია. თუ ადამიანი ძუძუმტესაც არ ენდო, როგორღა იცხოვროს მან? ან საზოგადოება როგორღა იარსებებს უნდობლად? ნდობის თვინიერ ადამიანთა საზოგადოება ბაკში შერეკილ ჯოგს დაემსგავსება და თუ არ იფანტება, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალტა მაღალი მესრით არის შემორაგული.
ლამპარივით წმინდა სიყვარულმა და სიხარბისაგან თავისუფლებამ დაბადა ბათუს დიდბუნებოვანი საქციელი, მისი სულდიდობა. ალ. ყაზბეგის ელგუჯასაც ლამპარივით წმინდა სიყვარული შველის შეუნდოს მზაღოს „დანაშაული“. მზაღომ ვერაფრით დაიხსნა თავი „ნაჩალნიკისაგან“. უფროსმა სძლია უღონო ქალს და ნამუსი ახადა. როცა განკურნებული ელგუჯა ისევ შეხვდა მზაღოს, ქალის პირველი სიტყვები იყო:
„- დამნაშავე ვარ... თავი უნდა მომეკლა, მაგრამ შენი ნახვის სურვილმა შემიშალა ხელი...
ამ სიტყვებზე ელგუჯა ხანჯალს მისწვდა, მაგრამ თავი შეიკავა, ისევ დაიკრიფა გულ-ხელი და ისე შეჭმუხვნილი უყურებდა.
- მითხარ, რაი ამბავია?
მზაღო მოუყვა თავის გაწბილების ამბავს, რომელზედაც ლაპარაკი მთელ სიცოცხლედ უღირდა.
- ეხლაც არ დარწმუნდები, რომ შენი ღირსი აღარა ვარ?
- ბარემ, ბარემ მინდოდა, აგრე მეთქვა, მაგრამ რაი ვქნა, რომ მიყვარხარ, ჩემ თავზედ მეტად... მიყვარხარ...
- ელგუჯამ ძალზედ მიიკრა გულზედ მზაღო და დაუწყო გაშმაგებით კოცნა“.
ბათუსა და ელგუჯას საქციელი თანაბრად დიდსულოვანია. მაგრამ ყოველთვის არ ძალუძს მამაკაცს ამგვარი დამოკიდებულების გამოჩენა. უფრო ხშირად მას ეჭვი აწამებს და ამჟღავნებს მშვინვიერ სიღატაკეს. ამგვარი სულიერი სიდუხჭირის გამოვლენა აქვს აღწერილი ალექსანდრე კუპრინს მოთხრობაში „ზღვის ავადმყოფობა“.
არც ელენე ტრავინა ყოფილა დამნაშავე. ისიც მოტყუებითა და ძალდატანებით დაამცირეს.
ელენე ტრავინა ოდესიდან იალტაში მიდიოდა გემით. ქალი ზღვის სენმა შეაწუხა. მგზავრებით გაჭედილ გემში მყუდრო ადგილისა და საწოლის შოვნა ვერაფრით მოახერხა. იძულებული გახდა გემბანზე, სკამზე ჩამომჯდარს გაეტარებინა რამდენიმე საათი. როცა ეს შეამჩნია კაპიტნის თანაშემწემ, სულგრძელად შესთავაზა თავისი კაიუტა. კაპიტნის თანაშემწე იმ ღამეს მორიგე იყო და კაიუტა არ სჭირდებოდა. ელენეს არ უნდოდა იქ შესვლა, მაგრამ იმდენად უჭირდა ზღვის ავადმყოფობასთან ბრძოლა, რომ დასთანხმდა. კაპიტნის თანაშემწეს მზაკვრული განზრახვა ედო თურმე გულში: როგორც კი ზღვის ავადმყოფობითა და მგზავრობით დაღლილ-დაქანცული ქალი კაიუტაში დაიგულა, შეუვარდა და გააუპატიურა.
უსაშველოდ აწამებდა ქალს მომხდარი ამბავი. შინდაბრუნებულმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ეთქვა თუ არა ქმრისთვის ყველაფერი. ბოლოს მაინც თქმა ამჯობინა და სერგეის უამბო, რაც შეემთხვა.
ქმარმა მშვიდად მოისმინა ნაამბობი. ცოლს მოუალერსა, ტკბილი სიტყვით ანუგეშა და გაუქარწყლა შიში და ტკივილი. მაგრამ სერგეის სიმშვიდე ცრუ და მოჩვენებითი აღმოჩნდა. იგი იტანჯებოდა. მთელი ღამე არ უძინია. უცბად ლოგინიდან წამოხტა და წამოიძახა: ბავშვი, ბავშვი რომ გაჩნდეს, ელენე? იქნებ ის მეზღვაური სნეულია? ალკოჰოლიზმი, სიფილისი? და კაცმა მოსვენება დაკარგა. იგი ეხვეწებოდა ცოლს, ეთქვა, რომ ყველაფერი ტყუილია, მოგონილია, მსგავსი არაფერი მომხდარა, რომ ამ ნაამბობით ქმრის გამოცდა ეწადა. ელენე მიხვდა, რომ სერგეის არ ეყოფოდა მხნეობა, სამშვინველის სიმტკიცე, სულდიდობა, მიეტევებინა ცოლისათვის უბედურება, რომელიც თავს დაატყდა.
დილით ელენე ტრავინა სახლიდან გაიპარა. სერგეის დაუტოვა წერილი, რომლითაც ატყობინებდა ქმარს: ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა შენ ერთადერთი მამაკაცი ხარ, რომელიც მიყვარდა. ნუ დამიწყებ ძებნას, ნუ შეეცდები შერიგებას. შენ იცი, რომ მე გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ხოლო წუხელ რაც გიამბე, ის სიცრუეა, მე გამოვიგონე.
ლევ ტოლსტოის უთქვამს: „ადამიანი იტანს მიწისძვრებს, ეპიდემიებს, ავადმყოფობათა საშინელებებს და ყოველგვარ სულიერ წამებათ, მაგრამ ყოველ ხანაში მისთვის ყველაზე უმწვავესი ტრაგედია იყო, არის და იქნება - საწოლი ოთახის ტრაგედია“. ვისაც ძალუძს ამ ტრაგედიას შეგნებულად შეხედოს, ემოციას არ აჰყვეს და რუასით განსაჯოს, მას აქვს პატიების ღვთაებრივი უნარი. ეს უნარი გამოავლინა ბათუმ ნაზიბროლას მიმართ, ელგუჯამ - მზაღოსადმი. სერგეის კი იგი არ აღმოაჩნდა.
ნაზიბროლა მსხვერპლი იყო და ამდენად, თითქოს ბათუს შედარებით იოლად შეეძლო მისი გაგებაც და პატიებაც. მაგრამ ეს რომ ადვილი არ არის, მკაფიოდ ჩანს ელენე ტრავინასა და სერგეის მაგალითით. ელენეც მსხვერპლი იყო, მაგრამ მის ქმარს ამის მიხვედრის ნიჭი არ გააჩნდა. ამიტომ ბათუს ადამიანური ბუნების სიღრმე განსაკუთრებით დასაფასებელია. ეს სიღრმე მოჩვენებითი და ცრუ კი არ არის, არამედ ნამდვილი, რადგან ბათუმ საფარ-ბეგის დანაშაულიც ასევე ბოლომდე შეიცნო. ბათუმ გამოძებნა სულიერი ძალა და არც საფარ-ბეგი დასაჯა, რაკი დაინახა, რომ დამნაშავე ალალად ნანობს დანაშაულს და ესმის მისი საქციელის არსი. საყურადღებოა ის, რომ ბათუ დანაშაულს არ ურიგდება. მას შეუძლია დააფასოს დამნაშავის მონანიება. შეუძლია შეუნდოს, რაკი იგი თავად მიხვდა, რაც გააკეთა. დანაშაულთან შეურიგებლობამ გამოიწვია ის, რომ ბათუმ საფარ-ბეგი გამზრდელთან გაგზავნა.
დანაშაული შეგნებულია. შენდობის აქტიც აღსრულებულია, მაგრამ საფარ-ბეგის ბედი მაინც არ არის გადაწყვეტილი. იგი მოვალეა, ეახლოს გამზრდელს და შეულამაზებლად უამბოს ყველაფერი. ასეც მოიქცა საფარ-ბეგი.
როცა ჰაჯი-უსუბმა ნაამბობი მოისმინა, მან ნათლად დაინახა, რომ დაირღვა მოყვასის მოყვასისადმი სიყვარულის ჰარმონია. იგი ისევ რომ აღდგეს, აუცილებელია სასჯელი, რაც დაუვიწყარ გაკვეთილად დარჩება არა მარტო საფარ-ბეგს, არამედ ყოველ ადამიანს. ამიტომ სასჯელი სამაგიეროს მიზღვა კი არ უნდა იყოს, არამედ ზნეობრიობის დემონსტრაცია. ცხადია, ჰაჯი-უსუბს შეეძლო დაესაჯა საფარი, მოეკლა იგი, მაგრამ ეს იქნებოდა მხოლოდ სამაგიეროს გადახდა, ერთი დანაშაულის შეცვლა მეორეთი, ბოროტების მოკვეთა ბოროტებით. სასჯელი მაშინ გახდებოდა ზნეობრივი აქტი, როცა იგი გამოიხატებოდა არა ახალი დანაშაულით, არა ძალდატანებით, არა ბოროტებით, არამედ იმის მაგალითის ჩვენებით, როგორი უნდა იყოს პატიოსანი ადამიანის დამოკიდებულება დანაშაულისადმი. ჭეშმარიტად პატიოსანია მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ თავადაც აგებს პასუხს სხვისგან ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო.
ჩვეულებრივ, როცა ერთი ადამიანი სჩადის სიკეთეს, მას სხვებიც ეტმასნებიან და ყოველგვარად ცდილობენ ამა თუ იმ დოზით იყვნენ მისი თანაზიარი. კეთილის თანაზიარობაზე არავინ ამბობს უარს, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი კეთილის ქმედებას წარმოიდგენს კოლექტიურად, ერთიან საზოგადოებრივ აქტად. ბოროტის, დანაშაულის მიმართ ეს გრძნობა არ არსებობს. ბოროტი და დანაშაული ყოველთვის გვინდა წარმოვიდგინოთ, როგორც ინდივიდუალური ქმედება, გავემიჯნოთ მას. ჩავთვალოთ, რომ დანაშაულს სჩადის ერთი, ინდივიდი, სხვა ყველა კი უმწიკვლო ვართ, მთლად ასე არ არის. როგორც კეთილს ვერ მოიმოქმედებს ადამიანი მარტოდმარტო და მას მოყვასის თანადგომა სჭირდება, ასევეა ბოროტიც. ვერც მას ჩაიდენს ინდივიდი მარტოდმარტო. მასაც სხვათა მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ ბოროტების ქმედების თანაზიარი ყოველთვის არის საზოგადოება. მართალია, იურიდიულად სამართლის წინაშე ბოროტმოქმედი მარტო დგას, მაგრამ ზნეობრივი გასამართლების დროს, ინდივიდის გვერდით, საზოგადოებაც იგულისხმება. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პიროვნების პასუხისმგებლობას ამცირებს და შეღავათს აძლევს. მართალია კონსტანტინე გამსახურდია, როცა ამბობს - „არის რაღაც საშინელი მოირა იმ გარემოებაში, რომ ათასების ტკივილი ერთმა უნდა გადაიტანოს, ათასების მაგივრად ერთია მლოცველი და ჯვარზე გამსვლელი, ათასების ვარამი ერთმა უნდა იგრძნოს, ასეთი იყო მოსე, ასეთი იყო ბუდა, ასეთი იყო ქრისტე“. რა თქმა უნდა, ყოველ პიროვნებას არ ძალუძს მოსეს, ბუდას ან ქრისტეს ძალა შეიძინოს, მაგრამ მათი ცეცხლის პაწია ნაპერწკალი მაინც უნდა უღვივოდეს სულში. სხვაგვარად პიროვნება ვერ იქნება. ვერ ზიდავს ზნეობრივი პასუხისმგებლობის ტვირთს. ამის შეგნება კი ყოველ ინდივიდს უნდა ჰქონდეს.
საფარ-ბეგის მონანიების დროს ჰაჯი-უსუბმა თავისი თავი გაზრდილის დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნია და, ერთი შეხედვით, უცნაური და მოულოდნელი განაჩენი გამოიტანა:
შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!
და ჰაჯი-უსუბმა თავი მოიკლა. როგორც კი გავითვალისწინებთ, რომ ჰაჯი-უსუბს გამოჰქონდა არა იურიდიული, არამედ ზნეობრივი განაჩენი, გასაგები გახდება მისი საქციელის სიმართლე და სისწორე. როგორც ვნახეთ, საფარ-ბეგის დანაშაულის საფუძველი ჰაჯი-უსუბმა თავის თავში მოძებნა. ეს განაპირობა არა მარტო იმან, რომ ჰაჯი-უსუბი საფარის გამზრდელი იყო, არამედ უფრო მეტად იმის შეგნებამ, რომ ადამიანები მისტიკური ერთიანობით არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი. ერთის კეთილი მეორის კეთილიც არის და ერთის ბოროტი მეორის ბოროტიც არის.
ამრიგად, ჰაჯი-უსუბის პატიოსნება არის პატიოსნება, რომელსაც უნარი აქვს სხვისი დანაშაულის საფუძველი თავის თავში იპოვოს და თავად აგოს პასუხი.
არც ხევისბერ გოჩას, არც ტარას ბულბას, არც მატეო ფალკონეს ეს უნარი არ გააჩნია.
ხევისბერმა დააყვედრა კიდეც შვილს - „მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასაგან მოძულებული, დედმამის საფლავიდან ამომგდებო!..“ ვერც თემის თხოვნამ - „შენს შვილს ხევი არ გაუყიდია. მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებაში ჩაუგდია...“ - შეანელა გოჩას მძვინვარება. მამამ შვილი სატევრით განგმირა.
სრულიად გულგრილად, ისე, რომ ხელიც არ აკანკალებია, მოკლა შვილი ტარას ბულბამ. იგი დაჰყურებს მკვდარ ანდრის და ამბობს: „რით არ იქნებოდა კაზაკი?.. ტანი მაღალი, შავი წარბები, სახე ნაზი, კეთილშობილი, მკლავი მაგარი ბრძოლაში - და დაიღუპა! ძაღლივით უსახელოდ დაიღუპა!..“ ასე შვილზე კი არა, მტერზეც ვერ ილაპარაკებ. როცა ოსტაპმა ანდრის დამარხვა სთხოვა მამას, ტარასმა უპასუხა: „უჩვენოდაც დამარხავენ. ჭირისუფლები და ნუგეშისმცემელნი გამოუჩნდებიან!..“ მართალია, მერე ორიოდე წუთით კი დაფიქრდა - დაემარხა თუ არა შვილი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ვეღარ მოასწრო, რადგან მტერი უტევდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო.
როცა ანდრის ვადანაშაულებთ, ერთი რამ უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ: იგი შეაძრწუნა და შესძრა კაზაკების მიერ ალყაშემორტყმულ დუბნოში ნახულმა სურათმა.
ანდრის სუსტი კვნესა შემოესმა თითქოს. მიმოავლო თვალი და შეამჩნია, რომ მოედნის მეორე მხარეს ორი თუ სამი ადამიანი იწვა მიწაზე, თითქმის სრულებით უძრავად. უფრო მიაშტერა თვალი ანდრიმ და ყურადღებით დაუწყო ცქერა, რათა გაერჩია, ეძინათ თუ მკვდრები იყვნენ, რომ ამ დროს რაღაც რბილს ფეხი წამოჰკრა. ეს იყო ალბათ ურიის ქალის გვამი. ეტყობოდა, ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, თუმცა დაუძლურებულ და განაწამებ სახეზე ეს აღარ ემჩნეოდა. თავზე წითელი აბრეშუმის თავშალი ჰქონდა მოხვეული, ყურსაფარზე ორ რიგად უბრალო მძივი თუ მარგალიტი ჰქონდა შემოვლებული. ორი-სამი გრძელი ჩაწნული კულული გამხმარ, ძარღვებდაჭიმულ ყელზე გადმოშლოდა. გვერდით ეწვა ბავშვი, რომელსაც გამშრალ და გამხმარ ძუძუსათვის წაევლო ხელი და უნებური ბრაზით მთლად მოეგრიხა თითებით, რახან რძე ვერ ეპოვა. ბავშვი ახლა აღარ ტიროდა, აღარც ყვიროდა, მხოლოდ ოდნავ მფეთქავ მუცელზეღა შეატყობდა ადამიანი, რომ ჯერ კიდევ არ მომკვდარიყო. სულსა ლევდა. ქუჩებში რომ შეუხვიეს, აქ უცებ ვიღაც შეშლილი დახვდათ, რომელმაც დაინახა თუ არა ძვირფასი ტვირთი, სტაცა გაშმაგებულმა ხელი და შეჰყვირა „პურიო“, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. ჰკრა ხელი ანდრიმ და შეშლილი მიწაზე გაიშხლართა. შეებრალა ანდრის გიჟი და ერთი პური გადაუგდო, რომელსაც იგი მაშინვე ცოფიანი ძაღლივით ეცა. დაღრღნა, დაკბინა პური გიჟმა და დაკრუნჩხულმა საშინელი ტანჯვით იქვე ქუჩაში დალია სული, რადგანაც საჭმელს უკვე გადაჩვეული იყო. თითქმის ყოველ ნაბიჯზე შიმშილის უბედურ მსხვერპლთ ხვდებოდნენ. თითქოს ტანჯვა სახლში ვეღარ აუტანიათო, ბევრი ქუჩაში გამოსულიყო: იქნება მასაზრდოებელი რამ ჰაერმა მაინც მოგვივლინოსო. ერთი სახლის კართან ბებერი დედაკაცი მიმჯდარიყო, მაგრამ ვერავინ შეატყობდა - ეძინა, მომკვდარიყო თუ თავდავიწყებას მისცემოდა; სმენით სრულიად აღარა ესმოდა რა და ვეღარას ხედავდა. ჩაეკიდა თავი და იჯდა უძრავად. მეორე სახლის ჩარდახიდან თოკი იყო ჩამოშვებული და ზედ ჩამომხრჩვალი კაცის ჩამომჭკნარი გვამი ეკიდა: საბრალოს შიმშილით ტანჯვა ვეღარ აეტანა და თვითმკვლელობა ემჯობინებინა. შიმშილობის ასეთი საზარლობა რომ ნახა, ვეღარ მოითმინა ანდრიმ და დაეკითხა თათრის ქალს:
„- ნუთუ ვეღარაფრით მოახერხეთ თავის გატანა? კაცს რომ მეტისმეტად გაუჭირდება, ყველაფერი უნდა ჭამოს, რასაც წინათ იზიზღებდა, - შეუძლია სჯულით აკრძალული ცხოველებიც კი ჭამოს; ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოიყენოს საზრდოდ.
- ყველაფერი შევჭამეთ, - უპასუხა თათრის ქალმა, - ვერაფერ ცხოველს, ვერც ცხენს, ვერც ძაღლს, ვერც თაგვს აქ ვეღარ იპოვით“.
ასეთსავე საზარელ მდგომარეობაშია ანდრის სატრფოს ოჯახიც.
ერთი მხრივ, ამ მძიმე მდგომარეობამ და მეორე მხრივ, პოლონელი ქალის სიყვარულმა ანდრი დააბნია.
თავგზადაკარგულმა ჭაბუკმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა: თავისიანების წინააღმდეგ აღმართა მახვილი.
ტარას ბულბას კი არაფრის მხედველობაში მიღება არ სურს - არც იმის, რომ კაზაკები თავად იყვნენ თავდამსხმელნი, არც იმის, რომ ქალაქი საშიმშილოდ გაწირეს და იქ ჯოჯოხეთური პირობები შექმნეს, არც იმისა, რომ ანდრიმ დამშეული ადამიანები იხსნა.
ანდრი თავისი საქციელით უფრო კეთილშობილია, ვიდრე ტარასი. ტარასისთვის სრულიად უცნობია ადამიანის სამშვინველის რთული მოძრაობა. იგი კაზაკობის ბრმა ერთგულია და სხვისგანაც ამას მოითხოვს. ტარასს სჯერა, რომ ვინც ამ ერთგულებას უღალატებს, იგი სიკვდილის ღირსია. შვილსაც ამიტომ კლავს.
არც მატეო ფალკონე უწევს ანგარიშს გარემოებას. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ფორტუნატო ბავშვია, რომ ბალღი იოლად გააბრიყვა გამოცდილმა და გაქნილმა ჟანდარმმა. არც შვილის ვედრებამ იმოქმედა მატეო ფალკონეზე. მან სრულიად მშვიდად მოკლა ფორტუნატო და ასევე აუღელვებლად უთხრა ცოლს - „...ახლავე დავასაფლავებ, მოკვდა, როგორც ქრისტიანი, მღვდელს ვაწირვინებ. ჩვენს სიძეს ტეოდორო ბინკის უნდა შევუთვალოთ, ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლად“ (გ. ქიქოძის თარგმანი).
შვილის მოკვლა მამის მიერ, რა პირობებშიც უნდა მოხდეს ეს, ანტიბუნებრივი მოვლენაა. ამგვარი პათოლოგიური შემთხვევა აღწერეს გოგოლმა, პროსპერ მერიმემ, ალ. ყაზბეგმა. თუმცა ყაზბეგი უფრო დამაჯერებლად ხატავს მამის მიერ შვილის მკვლელობის სურათს. ჯერ ერთი, ხევისბერი აფექტის დროს კლავს ონისეს, ე. ი. გოჩას საქციელი არაცნობიერია. ტარას ბულბასა და მატეო ფალკონეს ქმედება კი ცნობიერია. ისინი ამას წინასწარმოფიქრებულად აკეთებენ. მეორეც, როგორც კი ხევისბერმა გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, იგი გაგიჟდა. ბუნებრივია, ჩადენილი აქტის სიველურე თავზარდამცემია და ვერც ერთი ნორმალური გონება ვერ გაუძლებს მას.
თუ ზნეობრიობის თვალსაზრისით შევხედავთ ალ. ყაზბეგის, გოგოლის, პროსპერ მერიმეს აღწერილ შემთხვევებს, უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს უფრო დიდი უზნეობა, ვიდრე მამის მიერ შვილის მოკვლაა (ან შვილის მიერ მამის მოკვლა). მაგრამ ხევისბერმა გოჩამ ზღო ეს დანაშაული, გამოწვეული ელდის დაცემით. მან გონება დაკარგა, თავადვე შეიქმნა თავისივე საქციელის მსხვერპლი. ტარას ბულბასა და მატეო ფალკონეს სულიერ სამყაროში შვილებისადმი თანაგრძნობის მისხალიც კი არ აღმოჩნდა.
ძველი აღთქმის დაბადების წიგნში (თავი 22) ნაამბობია: აბრაამს გამოეცხადა ღმერთი და უთხრა - წაიყვანე შვილი შენი ისააკი მაღალ ქვეყანას და შესწირე მსხვერპლად უფალს. ადგა ერთ დილით აბრაამი, დააპო შეშა, შეკაზმა სახედარი, იახლა ორი მონა და, ისააკთან ერთად, გაემართა ღმერთის მითითებულ ადგილისაკენ. მესამე დღეს დაინახა აბრაამმა ადგილი, რომელიც უჩვენეს. იქვე დატოვა მონები და ვირი. დაუბარა მათ: წავალთ მე და ისააკი, თაყვანს ვცემთ და დავბრუნდებით. წაიღეს შეშა, ცეცხლი და დანა. ბიჭმა იკითხა - გვაქვს შეშა და ცეცხლი, მაგრამ სად არის სამსხვერპლო ცხვარი? მამამ უპასუხა: ღმერთმა თავად უწყის რომელია ტარიგი. მივიდნენ მინიშნებულ ადგილას. აბრაამმა გააკეთა საკურთხეველი, დააწყო ზედ შეშა, შეკრა ისააკი და დააწვინა სამსხვერპლოდ. აღმართა დანა შვილის დასაკლავად, მაგრამ უფლის ანგელოსმა მოუწოდა აბრაამს - ნუ მოკლავ ჭაბუკს. ვხედავ, როგორ გშინებია ღმერთის, რაკი არ შეიბრალე ერთადერთი ძეც. აღაპყრო თვალნი აბრაამმა და უკან დაინახა ვერძი, ჯაგნარში რქებით გაბმული. დაიჭირა იგი, შესწირა ღმერთს შვილის მაგიერ და უწოდა იმ ადგილს იეჰოვა-ირე, რაც ნიშნავს „უფალმა იხილა“.
ანდა ბერძნულ მითს დავაკვირდეთ.
ამბავი მაშინ მოხდა, როცა ბერძნები ტროაში მიდიოდნენ საომრად. ელინთა სარდალმა აგამემნონმა შველს ისარი ესროლა. შველი თურმე ქალღმერთ არტემიდეს ეკუთვნოდა. ატრევსის ძის თავხედობამ განარისხა ქალღმერთი. მან პირქარი მოუვლინა ბერძენთა ხომალდებსა და ტროასკენ წასვლის საშუალება მოუსპო. აგამემნონი იძულებული გახდა, შევედრებოდა არტემიდეს და საშინელი ფიცი მიეცა. თუ ზურგქარს მოგვივლენ და ომშიაც დაგვეხმარები, ღვიძლ ქალიშვილს, იფიგენიას შემოგწირავო ზვარაკად. მამამ ავლიდში ჩამოიტყუა შვილი დაპირებით - აქილევსს უნდა გაგაყოლოო ცოლად. გათხოვების მაგიერ, აგამემნონმა არტემიდეს ბაგინზე გაგზავნა შვილი მსხვერპლად, მაგრამ ქალღმერთს შეებრალა უმანკო ასული და საკურთხეველზე შველით შეცვალა იგი. მერე იფიგენია ტავრიდში წაიყვანა ქალღმერთმა და ქურუმი გახადა.
სხვათა შორის, პომპეიში არსებობდა ანტიკური ფრესკა (ამჟამად ნეაპოლის ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი), რომელზეც ასახულია იფიგენიას ზვარაკად მიყვანა. იფიგენია ორ მონას უჭირავს ხელში და ბაგინისაკენ მიჰყავთ. მოშორებით, შვილისაკენ ზურგშექცეული დგას აგამემნონი. მას ხელი აქვს თვალზე აფარებული და სახე არ უჩანს. სპეციალისტები ამბობენ, რომ აგამემნონის ამგვარი გამოსახვა მხატვრის დიდ ნიჭიერებას მეტყველებსო. არავის ძალუძს გვიჩვენოს დამაჯერებლად მამის ტანჯვა, როცა იგი შვილის სიკვდილს უყურებს (მით უმეტეს, მკვლელობას). ამიტომ, როგორც უნდა დაეხატა მხატვარს აგამემნონის სახე, მაინც უკმარობის გრძნობას დაუტოვებდაო მაყურებელს, ახლა კი, როცა მის სახესა და თვალებს მნახველი ვერ ხედავს, თავად შეძლებისამებრ შეუძლია წარმოიდგინოს მამის ტანჯვა.
ალბათ, ამიტომ არის, რომ ყაზბეგმაც, გოგოლმაც, მერიმემაც მამების საქციელი აღწერეს, მაგრამ არ გადმოუციათ მათი სულის მოძრაობა შვილების მკვლელობის დროს. არც ერთი მათგანი არ შეეჭიდა შეუძლებელს.
დღესავით ნათელია ორივე მითის აზრი: მამის მიერ შვილის მოკვლა ღმერთისათვის არასასურველი საქციელია. არაფერს ცვლის ის გარემოება, რომ ისააკი და იფიგენია უდანაშაულონი იყვნენ. მართალია, ეს თითქოს აძლიერებს მამების ულმობელობას, მაგრამ ახლა ხომ იმის გამო არ ვმსჯელობთ - რომელი მამა უფრო შეუბრალებელია, ის, ვინც უდანაშაულო შვილს იმეტებს მსხვერპლად, თუ ის, ვინც დამნაშავე შვილს ჰკლავს. უმთავრესად ის მიმაჩნია, რომ შვილის მოკვლით მამა არსებითად თვითმკვლელობას სჩადის, რამეთუ ანადგურებს საკუთარ მომავალს. ეს ნათლად იხატება ალ. ყაზბეგის მოთხრობაში, როცა ონისეს მოკვლის შემდეგ გოჩა გიჟდება. მართალია, „ტარას ბულბასა“ და „მატეო ფალკონეში“ მომავლის განადგურების მოტივი უშუალოდ არ ვლინდება, მაგრამ თავისთავად იგულისხმება. ტარას ბულბა მტრებს რომ არ დაეწვათ, სულერთია მაინც ძირამოგდებული, უმომავლო კაცია. იგი ქვეცნობიერად გრძნობს ამას, როცა ყველა ღონეს ხმარობს იხსნას მეორე შვილი. ასევეა დაქცეული მატეო ფალკონეს მომავალი. იგი იძულებულია სხვას მოუხმოს, ოჯახი რომ ჩააბაროს.
ამრიგად, მამამ, რომელმაც შვილი მოკლა, არსებითად ჩაიდინა თვითმკვლელობა (ე. ი. გაიმეორა ჰაჯი-უსუბის საქციელი), მოისპო მომავალი, დაარღვია ბუნების კანონი (მამა უნდა მოკვდეს, შვილი დარჩეს) და გაწყვიტა დროთა კავშირი.
ლიტერატურაში ამ პრობლემას ეწოდება ანტიდაბადება ან არსებობის მარადისობის დარღვევა.
აკაკი წერეთლის გამზრდელი სჯის დანაშაულს, მაგრამ არ არღვევს არსებობის მარადისობის კანონს. წარსულის სახელით არ ჰკლავს მომავალს.
თუ შვილების მიმართ ასე დაუნდობელნი არიან ტარას ბულბა და მატეო ფალკონე, როგორიღა იქნება მათი დამოკიდებულება საერთოდ მოყვასისადმი?
მათ ქმედებას შეუბრალებლობა და დაუნდობლობა წარმართავს და არა სიყვარული. ორივე სრული უარყოფაა ზნეობრივი პრინციპისა - „უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმა მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“. უცოდველი კაცი კი ამქვეყნად არ არსებობს. გაიხსენეთ სახარების იგავი. ხალხს ერთი დედაკაცი შეეპყრო. ამ ქალს მრუშება ედებოდა ბრალად. იგი იესოს მიჰგვარეს და უთხრეს: მოძღვარო, ეს ქალი მეძავია. მოსეს სჯულის თანახმად იგი ქვით უნდა ჩაიქოლოს. რას იტყვით? იესომ თავი ჩაქინდრა. იგი თითით მიწაზე რაღაცას წერდა და დუმდა. მერე თავი ასწია და ხალხს უთხრა: თქვენ შორის ვინც უცოდველია, პირველად მან ესროლოს ამ დედაკაცს ქვა. და ისევ ჩაღუნა თავი. არავინ აღმოჩნდა უცოდველი. ყველა ჩუმად გაიპარა. დარჩნენ მარტონი ქრისტე და ქალი იგი. როცა იესომ ისევ ასწია თავი, მიმოიხედა და ვერავინ იხილა, ჰკითხა მან მეძავს: სად არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ? დედაკაცმა მიუგო: არავინ, უფალო. მაშინ იესომ ეს თქვა: არც მე განგიკითხავ შენ. წარვედ და ამიერიდან ნუღარა სცოდავ (იოანე, VIII, 3-11).
თუ უფალიც კი ცდილობს არ განიკითხოს ცოდვილი, კაცს ვინ მისცა ამის უფლება? მაგრამ უსაზღვროა ადამიანის ამპარტავნება და მუდამ ცდილობს სხვათა მსაჯულის როლი იკისროს. ეს კი ხშირად ხდება დანაშაულის საფუძველი.
როგორც ონისეს მოკვლა არის ხევისბერის დასჯაც, ასევე იქნებოდა ჰაჯი-უსუბის დასჯაც საფარ-ბეგის მოკვლა. ამიტომაც ამჯობინა გამზრდელმა თვითმკვლელობა. აკაკი წერეთელი აქ ქრისტიანული მითის მოდელს იმეორებს. ადამიანთა ცოდვის გამოსყიდვის მიზნით ძე ღმერთმა თავი გაწირა - ჯვარს ეცვა. საკუთარი სისხლითა და ხორცით ზღო სხვათა დანაშაული. ასევე საკუთარი სიცოცხლით გამოისყიდა ჰაჯი-უსუბმა საფარ-ბეგის დანაშაული. შეცდომა იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ ჰაჯი-უსუბის თვითმკვლელობა აორკეცებს საფარ-ბეგის დანაშაულს. ეს თვითმკვლელობა საფარ-ბეგის სამშვინველის განწმენდას იწვევს. კაცი, რომელსაც დანაშაულის გაცნობიერება შეუძლია, ვერ დარჩება გულგრილი ჰაჯი-უსუბის საქციელისადმი. საფარ-ბეგს კი დანაშაულის გაცნობიერება ძალუძს. ამას მოწმობს ისიც, რომ იგი სასიკვდილოდ გამზადებული, თავდახრილი დგას ბათუს წინაშე და ისიც, რომ გამოცხადდა გამზრდელთან და თავად უამბო ყველაფერი. ასეთი ადამიანი ჰაჯი-უსუბის სიკვდილის მერე სხვანაირად და სხვა ზნეობით იცხოვრებს. ჰაჯი-უსუბი მარტო სიცოცხლეში კი არ იყო საფარ-ბეგის მოძღვარი, არამედ - სიკვდილშიაც. მან სიკვდილით გაცილებით მეტი ასწავლა საფარ-ბეგს, ვიდრე ალბათ ცხოვრებით. წარსულმა (ჰაჯი-უსუბმა) მომავალს (საფარ-ბეგს) პატიოსანი არსებობის უკვდავი გაკვეთილი მისცა.
ამ მოდელს დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ ვლინდება, რა პრინციპით ცხოვრობს ადამიანი - დანაშაულის გამოსყიდვისა თუ შურისგების? ცალკეული პიროვნება იქნება თუ მთელი საზოგადოება, არ შეიძლება ცხოვრობდეს შურისგების პრინციპით. ასეთი პიროვნება და საზოგადოება უმომავლოა. დანაშაულის შენდობა-პატიებისა და გამოსყიდვის პრინციპი კი მეტყველებს მოყვასის სიყვარულზე. სიყვარულით შედუღაბებული საზოგადოება კი მტკიცეა და მომავლიანი.
„გამზრდელის“ პერსონაჟებისათვის პრინციპია შენდობა და დანაშაულის გამოსყიდვა, აკაკის აზრით, დანაშაულის ზნეობრივი გამოსყიდვა ადამიანს შეუძლია მონანიებითაც (საფარ-ბეგი), პატიებითაც (ბათუ) და თვითდასჯითაც (ჰაჯი-უსუბი). შურისძიებით კი დანაშაული არ გამოისყიდება, როგორც ზემოთ ითქვა, მხოლოდ დანაშაულის ერთი სახეობა შეიცვლება მეორეთი. ამიტომ ჰაჯი-უსუბის ზნეობრივი პრინციპი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ხევისბერისა, ტარას ბულბასა და მატეო ფალკონესი.
![]() |
3 იგავი მესამე |
▲ზევით დაბრუნება |
კაცი დაუხვნელ-დაუთესავ მინდორში დარბოდა. თოფს ისროდა და ყვიროდა. გამვლელ-გამომვლელს კაცის საქციელი უკვირდა. ჰკითხეს - რას სჩადიხარო? უპასუხა - ჩიტებს ვერეკები, თავთავი არ გამიფუჭონო.
- კი, მაგრამ ჯერ რომ არც დაგიხნავს და არც დაგითესია?! მომცდარ ყანაში შენი მეველეობა ვის სჭირდება?
![]() |
3.1 არც ბატონად, არც მონად... |
▲ზევით დაბრუნება |
პეტერბურგის უნივერსიტეტში განათლება რომ მიიღო და საქართველოში დაბრუნდა, აკაკი წერეთელს სამსახური არ უძებნია. მტკიცედ გადაწყვიტა არსად ემუშავა. ლუკმაპურიც კალმით ეშოვა და საქვეყნო საქმეც კალმით ეკეთებინა. ყოველნაირ სამსახურში ჩადგომა თავისუფლების დაკარგვაა. სულერთია, რა საქმიანობას ეწევა კაცი. როცა მსახურობ, ან სხვას ემორჩილები, ან სხვა გემორჩილება, ან ჩაგრული ხარ, ან - მჩაგვრელი. აკაკის კი სრული თავისუფლება სწყუროდა. არც ბატონად ყოფნა სურდა, არც - მონად.
ვხედავთ, რომ ქვეყნის აყოლით
გვჭირს სოფლისავე მონება;
სხვისი თვალი და ყურია
ჩვენი გრძნობა და გონება!..
ორივე ღმერთმა მაშოროს:
სხვისი თვალიც და ყურიცა!
მაშოროს სხვაზე უფლებაც
და სხვისი სამსახურიცა!
(„ბოდვა“)
თავისუფლად დავდივარ:
არც ბატონად, არც მონად!
ცა ქუდად არა მყოფნის,
დედამიწა ქალამნად.
უფროსი, არც უმცროსი
ნებით არვინ მყოლია!
ვინცა მცნობს და ვისაც ვსცნობ,
ყველა ჩემი ტოლია!
...........................
მე რომ მაქვს, ის სიმდიდრე
ღვთისგან მოცემულია:
სულია ის საუნჯე
და სიმდიდრე გულია!
(„ყარიბი“)
აკაკი არჩეული გზის ერთგული დარჩა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აკაკი საზოგადოებრივ მსახურებას თავს არიდებდა. პირიქით: ამ საქმიანობას იგი მორწმუნის სიმტკიცით ასრულებდა. მისი თაობის საერთო უღელში შებმული თავდადებული შრომობდა.
როცა ილია, აკაკი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვანი საზოგადო ასპარეზზე გამოვიდნენ, შეხედულებათა მკვეთრი გამიჯვნა მოხდა.
ახალ თაობას მოქმედება-საქმიანობის მკაფიო პროგრამა ჰქონდა.
„ჩვენ გვაქვს ერთხელვე არჩეული გზა, რომელსაც მივყავართ ერთ გადაჭრილ მიზნისაკენ: ეს მიზანი არის ქვეყნის ერთგულება, საზოგადო საქმეებზედ თავდადება, კეთილის დახმარება და ბოროტის დევნა-წინააღმდეგობა შეუპოვრად, გაბედვით, უშიშრად და თავგანწირულად, პირადობის მიუხედავათ“.
ამ დაპირისპირებაში არ ყოფილა არაფერი მოულოდნელი. ეს საზოგადოების განვითარების ჩვეულებრივი კანონზომიერება იყო. ასე ხდებოდა ყოველ ეპოქაში. ასე მოხდა მე-19 საუკუნეშიც. ასე მოხდება მომავალშიც, არც ერთი საუკუნის პირველი ნახევარი არ ჰგავს მეორე ნახევარს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარი პირველისაგან გამომდინარეობს, მათ შორის მაინც ძირეული განსხვავებაა. დროის სვლა იწვევს ამ განსხვავებას და მისი (დროის მდინარების) მარტივი კანონია. ოღონდ ყოველ ახალ თაობას უნდა ეყოს ჭკუა და იცოდეს - არაფერი ხდება განსაკუთრებული.
როგორც ყოველი ადამიანი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება, ასევე ემართება ყოველ ახალ იდეას (მოძღვრებას). ისიც იბადება, ვითარდება, ბერდება და კვდება.
როგორც ყოველ ყმაწვილს უყურებენ აღტაცებით და ყოველ ბებერს ათვალწუნებით, ასევე ეგებებიან ყოველ ახალ იდეას (მოძღვრებას) აღფრთოვანებით და დასცინიან, როცა იგი მოძველდება. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც სოციალიზმისადმი დამოკიდებულება ამ საუკუნის დასაწყისში და დღეს.
როგორც მე-19 საუკუნის 60-იანი წლების თაობამ გამოამჟღავნა კრიტიკული დამოკიდებულება იმავე ასწლეულის პირველი ნახევრის თაობის შეხედულებებისადმი, ასევე გამოავლინა 1900-იანი წლების ახალგაზრდობამ უარყოფითი დამოკიდებულება 60-იანი წლების თაობის იდეალებისადმი.
მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის იდეალები კი უარყო ამ ასწლეულის დასასრულის თაობამ. ასე გაგრძელდება 21-ე საუკუნეშიც. მისი დასაწყისის თაობა ნეგატიურად შეხვდება და დაგმობს იმ მისწრაფებებს, რაც დღევანდელ თაობას ამოძრავებს.
როგორც დაბადება-სიკვდილია კაცობრიობის მარადიულობის საფუძველი, ასევეა მტკიცება-უარყოფა აზროვნების უსასრულობის საწინდარი.
ეტყობა, აკაკის ნათლად ჰქონდა გათვალისწინებული ეს კანონზომიერება. იგი მკაცრად (შეიძლება სხვებზე დაუნდობლადაც) აკრიტიკებდა წინამორბედ თაობას, მაგრამ არასოდეს დაუკარგავს მათდამი პატივისცემის გრძნობა და მათი ღვაწლის დაფასების უნარი.
აკაკიმ ძველ თაობას ბრალად დასდო:
ძველმა თაობამ მამული ვერ დაიცვა. ვერაფერი მიუმატა. ვერაფრით გაამდიდრა. პირიქით: რაც ჰქონდა, შეჭამა და შთამომავლობას გაღატაკებული მემკვიდრეობა დაუტოვა.
ძველმა თაობამ განათლება ვერ გაავრცელა ხალხში. დაწინაურებული ერების გამოცდილება ვერ გადმონერგა ჩვენში. ვერ შეებრძოლა უმეცრებას, ცრუმორწმუნეობას, სიზარმაცეს, უზრუნველობას, ბედოვლათობას.
ძველმა თაობამ მწერლობა-ხელოვნება ვერ გახადა ხალხის მეთაურად, წინამძღოლად, ერის სულიერი ერთიანობის დუღაბად.
ძველი თაობა აგრძელებდა წერას, ხალხის ფართო ლიანგისათვის გაუგებარი ხელოვნური ენით. არ უცდია ამეტყველებულიყო იმ სასაუბრო, ლაღი და ბუნებრივი ქართულით, რითაც ხალხი ლაპარაკობდა.
სწორედ ამ ვითარების შესაცვლელად დაიწყო საქმიანობა და მოღვაწეობა ახალმა თაობამ. მისი წადილი იყო დახმარებოდა „სიტყვით და საქმით ჩვენი ხალხის უმეცრებისა, სიღარიბისა და გონებითი მონებისაგან გამოსვლას და განთავისუფლებას, მის ცხოვრების გაუმჯობესებას და კეთილდღეობისადმი მიღწევას“.
დაიწყო სჯა-ბაასი. პაექრობა იყო პრინციპული, უკომპრომისო. ბევრი მწარე სიტყვა ითქვა. საკმარისია, გავიხსენოთ აკაკის „ხარაბუზა ღენერალს“.
სამასხარო მოედანზე
გამოსულხარ, დგახარ განზე,
სქდები კანზე, მღერ საგანზე -
შენგან უცნობ „ანა-ბანზე“.
...........................
ვაჟკაცობა არც შენ გიყვარს,
ვერც აიღებ, ვგონებ, შენ ყარსს,
სიტყვით სამსონს, საქმით საპყარს,
ამ ბოლო დროს სიტყვაც გიყარს.
...........................
რადგან ერთ დროს იყავ კაცი
გულმტკიცი და გულმამაცი,
აკაკია არას გკადრებს,
ბაკაკიამ გითხრას: „აცი!“
ეს გრიგოლ ორბელიანს ამკობდა ასე აკაკი. მაგრამ ეს იყო პოლემიკის სიფიცხე. თორემ აკაკი ყოველთვის პატივს სცემდა მას, აფასებდა და უყვარდა. ამას მუდამ ამჟღავნებდა, სანამ გრიგოლ ორბელიანი ცოცხალი იყო. როცა იგი მიიცვალა, აკაკიმ მადლობით სავსე სიტყვა უთხრა:
„დიდხანს იცოცხლა განსვენებულმა მამულისშვილმა, მამაცად განვლო ეს ბოროტების საფრთხით სავსე ქვეყანა, არც ერთხელ ფეხი არ წამოუკრავს და თუ წამოუკრავს, ისე როგორც მამულისშვილს. ამისთანა კაცს დღეს ჩვენ ვაბარებთ ცივ-მიწას, ვანდობთ ბნელ სამარეს. მაგრამ მაგისი ნამდვილი სამარე კი მარტო ეგ არ არის, სადაც კი ქართველი კაცის ნათელი და მხურვალე გულია - ყველა მაგის სამარეა...“
გრიგოლ ორბელიანი გამონაკლისი არ ყოფილა. ასევე გულწრფელად უყვარდა ძველი თაობის ყველა ღვაწლმოსილი წარმომადგენელი - ბარბარე ჯორჯაძე, დიმიტრი ყიფიანი, ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები, ივანე კერესელიძე, ლავრენტი არდაზიანი, კონსტანტინე მამაცაშვილი და სხვანი. არ ყოფილა შემთხვევა, ძველი თაობისადმი პატივისცემა არ გამოეხატოს ლექსით, სიტყვით, სტატიით. თუმცა თავს არასოდეს იკავებდა, როცა ვისიმე რაიმე საქმე ან სიტყვა არ მოსწონდა. მაშინვე შეეპასუხებოდა, დაუნდობლად და მოურიდებლად. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ თაობას ეკუთვნოდა ესა თუ ის მოღვაწე. თუ სიმართლის დასადგენად და ობიექტურობისათვის საჭირო იყო, აკაკის კვიმატი ენა თანაბრად უმასპინძლდებოდა ყველას. ავს ავის სახელს არქმევდა და კარგს - კარგისას.
ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძის ხსოვნას თბილი ლექსით გამოეხმაურა:
სამაგალითო ცოდნასთან შრომა
და სიყვარულით ავსილი გული,
აი ვის ჰქონდა ჩვენში უტყუვრად
შეთვისებულ და მინიჭებული.
მაგრამ საზოგადოებისთვის არ დაუმალავს, რომ დიმიტრი ბაქრაძე, როგორც ცენზორი, მხდალი იყო. ბევრი „რამ გადაგვხდია და ბევრი სიმწარეც გამოგვივლია ცენზორის ხელში. მაგრამ ყველაზე უფრო საშიში დ. ბაქრაძე იყო, ჩვენი ისტორიკოსი. იმან ქართული კარგად იცოდა. ვერას გამოაპარებდა კაცი. საოცარი ფრთხილი იყო, ხშირად რომ წაიკითხავდა ხოლმე ჩემ ნაწერს და ვერას ნახავდა საშიშს, მევე დამეკითხებოდა ხოლმე: თუ ძმა ხარ, მითხარი, დაფარული და საორჭოფო ხომ არა არის რა აქო?“
სკოლებში მუნჯური მეთოდით სწავლა რომ შემოიღეს, მაშინ იაკობ გოგებაშვილი და თედო ჟორდანია ერთმანეთს წაეკიდნენ. იაკობი წინააღმდეგი იყო მუნჯური მეთოდისა, თედო - მომხრე.
მუნჯური მეთოდით სწავლებისას, რუსი მასწავლებელი ქართველ ბავშვს стол-ს რომ ეტყოდა, მისი ქართული შესატყვისი არ უნდა ეთქვა. როგორმე უსიტყვოდ უნდა მიეხვედრებინა მოწაფე - რა საგანზე იყო ლაპარაკი. გაწამებული პედაგოგები იგრიხებოდნენ და იმანჭებოდნენ, რომ ბავშვს ამოეცნო - რა ნივთს აღნიშნავდა стул ან шкаф.
თითქოს მუნჯური მეთოდი განსჯის საგანი არ უნდა გამხდარიყო, იმდენად ნათელი იყო მისი უვარგისობა, მაგრამ კამათი მაინც ატყდა. მაშინ გაბრაზებულმა აკაკიმ თედო ჟორდანიას თედორე გამცემლიძე უწოდა. ხანი რომ გამოხდა და თედო ჟორდანიამ ქართული ისტორიული საბუთების შეგროვება-გამოცემა-განმარტებას დიდი ღვაწლი დასდო, აკაკიმ საჯაროდ აღიარა:
„იყო დრო, როცა მე შენ თედორე გამცემლიძე დაგიძახე და ახლა კი ამ შენმა სტატიამ (1913 წლის „განთიადის“ პირველ წიგნში დაბეჭდილი „ბიჭვინტის სიგელ-გუჯრები“ - ა. ბ.) დამარწმუნა, რომ მე შემცდარი ვყოფილვარ და შემცდარიც რომ არ ვყოფილიყო და მართალი გამომდგარიყოს ჩემი რწმენა, მე მაინც დღეს ისეთის სიყვარულითა და თანამოზიარობით წარმოგიდგენდი, როგორითაც ჰყავდათ წარმოდგენილი პირველ ქრისტიანებს პავლე მოციქული, ოდესმე სავლედ ყოფილი“.
მეგობრებს შორის იაკობ გოგებაშვილი გამორჩევით უყვარდა: „აწმყოს მამას და მყობადის გადიას“ ეძახდა. მაგრამ არც ის დაუზოგავს. პოლემიკა ქართული ენის გრამატიკული ფორმების ირგვლივ მიმდინარეობდა. იაკობი იმ ფორმებს ანიჭებდა უპირატესობას, რომელიც ქართლურ დიალექტში იხმარებოდა. აკაკი კი ფიქრობდა: არც ერთ დიალექტს არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა. ყველა დიალექტში არსებული ფორმა უნდა გაისინჯოს. შედარდეს ძველქართულთან და მერე უნდა დავადგინოთ, რომელი დარჩესო სალიტერატურო ქართულში. როცა იაკობი გაჯიუტდებოდა და თავისას არ იშლიდა, აკაკი მასაც პილპილიანი კალმით გაკენწლავდა.
„ეტყობა, ბ-ნი იაკობი სულ სხვა აზრისაა, თვარა ის რომ მნიშვნელობას აძლევდეს საქართველოს სხვა კუთხეებსაც, გარდა ქართლის ერთი კუნჭულისა და ძველ წიგნებსაც უჯერებდეს, მაშინ სხვების ნამდვილ ქართულს წუნს აღარ დასდებდა და თავის საკუთარ ჩიქორთულზედაც ხელს აიღებდა“.
გიორგი მუხრანბატონის გახმაურებული წიგნი რომ გამოვიდა, აკაკი ლექსითაც შეესიტყვა და ბარბარე ჯორჯაძესა და გაენათმეცნიერებულ სენატორს შორის გამართული საუბრის ჩანაწერიც დაგვიტოვა. კარგად მოგეხსენებათ, გრძელსათაურიან, რუსულად დაწერილ წიგნში - „ეროვნული ინდივიდუალობათა არსისა და დიდი სახალხო ერთეულების საგანმანათლებლო მნიშვნელობის შესახებ“ - გიორგი მუხრანბატონი მცირე ენების სიკვდილს „წინასწარმეტყველებდა“. იგი რჩევას იძლეოდა - მრავალრიცხოვანი ერების ენები შეისწავლეთო. არ დაუჯერა მაშინ ქართველმა საზოგადოებამ ამ რჩევას. ძველ და ახალ თაობათა წარმომადგენლებმა წიგნისადმი ერთნაირი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს. თუ აკაკი საყვედურობდა გ. მუხრანბატონს - „ძმის გაწირვა, მტრის მიდგომა არ გეთვლებათ სამსახურად“ („ენების გასამართლება“), ბარბარე ჯორჯაძე აშკარად (უხეშადაც) დასცინოდა წიგნის ავტორს.
ბ. ჯორჯაძე: თქვენ, ბატონო, პატარა ტანის ბრძანდებით. კახელი მოჭიდავე ოდრუგელა კი ზორბა ტანისა. ერთი-ორად, ერთი-სამად თქვენზედ მეტია და არ გნებავთ, რომ გაოდრუგელდეთ?
გ. მუხრანბატონი: მე კერძო პირზედ, თითო-ოროლაზედ კი არ მოგახსენებთ, საერთოდ, საზოგადოდ ვამბობ...
ბ. ჯორჯაძე: არც ეგ არის სიმართლე. აქლემები უფრო დიდები არიან კაცებზედ. მაშ ჩვენ გააქლემება უნდა ვისურვოთ?
გ. მუხრანბატონი: მე მოგახსენებთ პოეტებზედ და მწერლებზედ. პატარა ხალხებს რომ დიდი პოეტი ჰყვანდეს და დიდი მწერალი შეუძლებელია. დიდს ხალხებში ნიჭიც დიდია.
ბ. ჯორჯაძე: მაგისი რა მოგახსენოთ. ეგ თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ, მეცნიერი და ნასწავლი კაცი ბრძანდებით. მაგრამ ეგ კი შემინიშნავს, რომ პატარა ბულბული მშვენივრად გალობს და დიდი მამალი ყიყლიყოს მეტს ვერას ახერხებს.
ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომელ თაობას ეკუთვნის ადამიანი - უფროსს თუ უმცროსს, ხანდაზმულია თუ ახალგაზრდა, არამედ ის - თავად როგორი პიროვნებაა, უნიჭოა თუ ნიჭიერი, გონიერია თუ უგუნური, პატიოსანია თუ უნამუსო, საქმიანია თუ უქნარა.
„წლოვანებით არ ვარჩევთ; ბევრი მოხუცი გვყავს ახალთაობის რიცხვში და ბევრი ახალგაზრდა კი არა“.
...
„ამ რამდენიმე წლის წინეთ ჩვენ დავბეჭდეთ „დროებაში“ ერთი სტატია - ახალთაობის შესახებ. იქ ჩვენ ჩვენი ახალდგმა, ახალგაზრდობა სამ გუნდათ გავყავით: 1. „გაიძვერები“, რომელთაც საზოგადო საქმე და ახალთაობაში თავის ჩაწერა საპირადო ხიდათ და მახეთ გადაუქცევიათ; 2. „ნაცარქექიები“, ე. ი. მისთანები, რომელთაც არ იციან, რას შვრებიან და არც მოეთხოვებათ!.. ღმერთმა შეუნდოსთ!.. და მუშა-ახალგაზრდები“.
აკაკი კარგად ხედავდა, რომ მისი თაობის ბევრი წარმომადგენელი ფუჭ ოცნებას და ფუჭ საქმიანობას იყო აყოლილი. ეს მას ძალიან აშინებდა. მიაჩნდა, რომ ფუჭი ოცნება, ფუჭი საქმიანობა, საერთოდ, თვისება იყო ქართველი კაცის. ეს თვისება კი ბევრ კეთილ საქმეს უნაყოფობით ემუქრებოდა. მის წახდენას უწყობდა ხელს. ამიტომ იყო, რომ ძალიან მოსწონდა გიორგი წერეთლის პერსონაჟი კუდაბზიკა. უნივერსალურ მხატვრულ ტიპად მიაჩნდა. ქართველი კაცის სულიერი სამყაროდან კუდაბზიკობის გამოდევნა ეოცნებებოდა.
„გ. წერეთელმა „კუდაბზიკაში“ მთელი დღევანდელი დავრდომილი ქართველობა დაგვისახა! მართლა ვინ არის „კუდაბზიკა“- ყოვლად უძლური ვინმე, გამხმარ-გაფხეკილი, არაფრის მქონი და არაფრის შემძლე. უფროსთან ფრთხილი და თავდახრილი, უმცროსთან ყოყოჩა, თავაწეული და ტოლების მატყუარა!.. „კუდაბზიკა“ ყველას ლანძღავს; რაც მისი არ არის, ყოლიფერს წუნსა სდებს. სხვისი ბედაური არ ეჭაშნიკება და თავისს გამხმარ-მუნიან ბახს კი თავს უქაჩავს, რომ სხვებს რაშად მოაჩვენოს! ასეთივე არ არიან დღევანდელი ქართველებიც?“
აკაკი თავადაც დასცინოდა უნაყოფო ფაფხურით გატაცებულ ადამიანებს. ამ პრობლემას სატირული ვოდევილი უძღვნა - „ჩვენი ნაცარქექიები, ანუ ორი ვირის თავი“. ნაცარქექიებში კონკრეტულად ვინ არიან გამოყვანილი, ძნელი დასადგენია. ორი ვირის თავი კი ვის გულისხმობდა, ეს არავისთვის ყოფილა საეჭვო. რედაქტორი მუზაძე ივანე კერესელიძე იყო, ხოლო გოგულა - ექვთიმე ხელაძე, მესტამბე და გამომცემელი. რედაქციაში მუშაობით მხოლოდ მუზაძე და გოგულა იკლავდნენ თავს, თორემ ნაცარქექიები, ფუჭ ოცნებას მიცემულნი, ნაირ-ნაირი ოცობედა მსჯელობით ერთობოდნენ.
მესამე ნაცარქექია, მაგალითად, შავი და კასპიის ზღვების შეერთებაზე ოცნებობს. დარწმუნებულია, რომ მათი შეერთება გაუგონარ სარგებელს მოუტანს მთელ ამიერკავკასიას. პროექტიც შედგენილი აქვს და სამუშაოს ყველა წვრილმანიც დაზუსტებული, ოღონდ ერთი რამ ვერ გადაუწყვეტია და დაუდგენია: - შავი ზღვა შეუერთოს კასპიისას თუ კასპია - შავ ზღვას. ეს აბრკოლებს საქმეს, თორემ ხელისშემშლელი სხვა აღარაფერია.
მეოთხე ნაცარქექია დარწმუნებულია, რომ ექვსი წლის განმავლობაში, ღორების მომრავლების გზით, საქართველოს ყოველი მოსახლე მილიონერი იქნება. ახლა აღარ იკითხავთ, როგორ მოხდება ეს? „ყოველმა გლეხმა საქართველოში აიყვანოს თითო დამსმელი ღორი და აშენოს; პირველ წელიწადს ღორი იბედებს ორჯელ, თითო მოგებაზედ საშუალო რიცხვით მოიგებს ხუთ გოჭს, მაშასადამე, ორ გზობისათ, ესე იგი, ერთ წელიწადს, ათს, აქიდგან ჩანს, რომ ღორი იგებს წელიწადში ათ გოჭს; მეორე წელიწადს ის გოჭებიც დასმენ ათ-ათს, ეს შეიქნება ასი გოჭი. მერე ის ასი გოჭიც თითო ათ-ათს იზამს - შეიქნება ათასი. ამგვარად ჩაყვეს, ნუ დაკლავს გოჭებს, აშენოს და ექვსი წლის განმავლობაში ეყოლება ერთი მილიონი ღორი. მაშინ ადგეს და ის გოჭები გაყიდოს; თითო მანეთის მეტიც რომ არ მისცენ ღორში, მაინც თითო მილიონს შეიძენენ; ამგვარათ, ექვსის წლის განმავლობაში ჩემს სამშობლოში ყოველი კაცი მილიონერი შეიქნება“.
მართალია, ყოველი ქართველი კი გახადა მილიონერი მეოთხე ნაცარქექიამ, მაგრამ რა გინდა, რომ ჰქნა? ვერაფრით მოაგვარა ღორების გასაღების საკითხი. არ იცის, სად გაყიდოს ისინი - სტამბოლში თუ იერუსალიმში?
პირველი ნაცარქექია ფილოსოფოსია და ძალიან აინტერესებს გაარკვიოს - აზროვნებს თუ არა პურის ფინჩხა. დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ასკვნის, რომ პურის ფინჩხაც აზროვნებს. პირველ ნაცარქექიას არ ეეჭვება, რომ ადამიანი აზროვნებს. ეს მისთვის უდავოა. ადამიანი კი ჭამს პურს. მაშასადამე, ფინჩხები ადამიანის ორგანიზმში შედიან, კვებავენ სისხლსა და ტვინს. ეს კი იმის საბუთია, რომ პურის ფინჩხაც აზროვნებს. ასე გადაწყვიტა პირველმა ნაცარქექიამ ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი პრობლემა - პურის ფინჩხის აზროვნების საკითხი.
ვოდევილმა - „ჩვენი ნაცარქექიები, ანუ ორი ვირის თავი“ - დიდად გააგულისა მაშინდელი საზოგადოება. აკაკი წერეთელი ახალთაობის ქართველ სწავლულებს, განათლებულ პირებს ამასხარავებს და სასაცილოდ ხდისო. ნაირ-ნაირი ჭორები გაავრცელეს: შურიანი კაცია, სხვისი კეთილი არ უხარია, გესლიანი ენით მოყვასის დამცირებით ერთობაო, პირადულ ანგარიშებს ასწორებსო. მითქმა-მოთქმამ იმდენად ფართო ხასიათი მიიღო, რომ პოეტმა გრიგოლ აბაშიძემ (1866-1909 წწ.) „საახალწლო ექსპრომტშიც“ აღნიშნა ეს.
მაგრამ გეტყვი,
- ზოგი ამბობს:
კუდსა იქნევს ჩუმად ისო,
ეჯავრება მეტი ქება
სხვა ქართველის მოღვაწისო!
ზოგჯერ პირად ანგარიშებს
არჩევს ჩანგზე სამღერადო.
კალამს იღებს მარცხენათი
თავუკუღმა საწერადო...
არც მჯეროდა და არც მჯერა,
ღმერთმა ნურც აწ დამაჯეროს,
შენსა ჩანგსა საპირადო
რომ ოდესმე დაემღეროს.
აკაკის რომ მწარე ენა ჰქონდა, ეს არავისთვის იყო უცნობი. ფიცხიც იყო და მოულოდნელი აფეთქებაც იცოდა. მაგრამ ყოველთვის ცდილობდა უსაბუთოდ და შეუმოწმებლად არაფერი ეთქვა, არაფერი დაეწერა.
ერთხელ ხმები გავრცელდა: გაბრიელ ეპისკოპოსი შენდობის წიგნს ჰკითხულობს, ინდულგენციას ყიდის და ფულს იღებსო. აკაკი ჯერ დაეჭვებულა. მერე შეუმოწმებია და დარწმუნებულა, რომ მართლაც ასე ხდებოდა. გაბრაზებულმა სტატია დაწერა გაბრიელ ეპისკოპოსის წინააღმდეგ. მაგრამ სანამ წერილს „დროების“ რედაქციას გაუგზავნიდა, მანამ მღვდელმთავრებს ეახლა და გააცნო ის, რაც დაწერა. გაბრიელმა ღიმილით წაიკითხა სტატია. მოუწონა აღელვებაც, ზნეობისა და საქვეყნო საქმისათვის ზრუნვაც. არც აჩქარებულობისა და თავშეუკავებლობისათვის გაუკიცხავს. პირიქით, დაამშვიდა და განუმარტა - რატომ იქცეოდა ასე.
„...ჩვენ ხალხს ადრიდგანვე ჩვეულებად ჰქონდა, მღვდელმთავრებისაგან შენდობის გამოთხოვა რჯულის კანონად ჰქონია გადაქცეული!.. როცა შენდობას ითხოვს, ცხადია, რომ ის თავის გულში იხედება. სინანულში ვარდება და ეს კარგია... ამ გვარი რამ ადამიანს გულიდან არ უნდა ამოურეცხო! და რაც შეეხება სასყიდლის აღებას, ეს ისე აუცილებელ და საჭირო ძღვნად მიაჩნია ჩვენ ხალხს, როგორც ხატის წინ სანთლის ანთება! ამის აკრძალვას ისე მიიღებს, როგორც სანთლების ანთების დაშლას. ახლა პრაქტიკულადაც გავსინჯოთ ეგ საქმე. ის თვითო-ოროლა წვლილი, რომელსაც იძლევიან თავის სურვილით, ამით არად დააკლდებათ, ბევრი მათგანი სულ ცუდად დახარჯავს წარა-მარა სადმე დუქანში ლოთობის დროს და მე-კი ვაგროვებ და საზოგადო დანიშნულებას ვაძლევ. ამგვარად მათი წვლილის შეგროვება და ხარჯვა შემწირველებისათვისაც მადლია და ქვეყნისათვისაც სასარგებლო“.
- ამიტომ ვაკეთებ იმას, რაც შენ არ მოგწონებია და განურისხებიხარ, - დასძინა თურმე მოძღვარმა,
- აწი შენ იცი, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. გინდ გაგზავნე ეგ სტატია დასაბეჭდად და გინდა - არა, შენი ნებააო.
რა თქმა უნდა, აკაკიმ წერილი დახია, მღვდელმთავარს მადლი შესწირა და მოწიწებით გამოეთხოვა.
ისიც ცილისწამება იყო, სხვისი სიკეთე არ უხაროდაო. უხაროდა და მერე როგორ... სოფრომ მგალობლიშვილს უზიარებდა გულისტკივილსა და დარდს:
„როცა კარგს რასმე ვხედავ ჩვენში ან გაკეთებულს ან დაწერილს, გინდ ჩემის მოსისხარი მტრისაგანაც იყოს, აღტაცებაში ვარდები!.. მავიწყდება ყოველიფერი საპირადო და მზადა ვარ მტერი გულში ჩავისვენო და წინ ფიანდაზად დავეფინო!.. აგრეთვე უნიჭოდ დაწერილი და უხიაგად ჩანადენი რამ გულს მიკლავს და მაბრაზებს... ჩემთვის თავდადებული მეგობარიც რომ იყოს, ხელს ვერ დავაფარებ და პირისპირ წუნს დავდებ. დღევანდელ ცხოვრებისათვის ეს ახირებულობა საწამლავია: მოყვარეს არა ჰზოგავს? - გაუტანელია! მტერზე კარგს ამბობს? - უხასიათოა! - ჰფიქრობს უმეტესობა. ეს ყოველიფერი, მართალია, კარგად მესმის, მაგრამ განა გულს შეუძლიან მისი ღალატი, რაც ადამიანს შესისხლხორცებია და რჯულად გადაქცევია? მე არ მინდა და რომ კიდეც მოვინდომო, ვერ მოვახერხებ, გულგრილად გვერდი ავუარო ჩვენის ქვეყნის ავსა და კარგს, გინც მცირედიც იყოს ის. თუ საქმით ვერა, სიტყვით მაინც ჩავერევი და კიდეც ეს არის ჩემის ცხოვრების ნარი-ეკალა!..“
მართალს ამბობდა. აკაკის ადამიანური ბუნება ვერ იტანდა სიყალბეს, მოჩვენებითობას, ყალთაბანდობას. დაუზოგავად ამათრახებდა მათ პოეზიაშიც, დრამატურგიაშიც, პუბლიცისტიკაშიც. იმ დროს მომრავლებული იყვნენ ადამიანები, რომელთაც მან გა-сукинсын-ებული პირები უწოდა. ისინი პოზიორობდნენ. თავი ქვეყნის ბედით შეწუხებულ კაცებად მოჰქონდათ. უმეცრებას და უუნარობას იმით მალავდნენ, რომ ზრუნვითა და ფიქრით დამძიმებულ ადამიანებად ასაღებდნენ თავს. ნამდვილად კი გუდაფშუტა, გამოფიტული არარაობანი იყვნენ.
„ერთ ამ ქარაფშუტაგანს, რომ ჰკითხოთ, მაგალითად: - ღორს შეუძლიან გაფრენა თუ არა-თქო, ნუ გგონიათ, რომ მალე გიპასუხოსთ რამ! არა, ჯერ სახეს მოღრუბლამს, მოემზადება თითქოს საიდუმლოს მისაღებათ და ბოლოს მოჰყვება: ჰმ... ღორის აგებულობის ასხმა გვიმტკიცებს, რომ იმას არ უნდა შეეძლოს გაფრენა. მართალია, ამ საგანზედ თუმცა არას იხსენებს ისტორიკოსი ბოკლი და თვით დარვინიც არას ამბობს, მაგრამ ჩემის ჰაზრით კი სწორედ ასე უნდა იყოს, რომ ღორი ვერ უნდა გაფრინდეს!..“
თუ უკვე თქმულს გავიხსენებდით, შეიძლებოდა აკაკის სატირული შემოქმედების ერთ-ერთი პერსონაჟი ასე დაგვეხასიათებინა: მას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ცოდნაც შეუძენია. რუსეთ-პეტერბურგიც მოუვლია. თავის თავზე დიდი წარმოდგენის გამო მამაპაპურ საქმიანობას უკადრისობს. თავსაც ვერავის უყადრებს. იბერება, მაგრამ რეალურად არაფრის გამკეთებელია. ყოვლად უუნაროა. მისი არსება ფუჭად იხარჯება უმოქმედობაში, ტვინის ჭყლეტასა და წყლის ნაყვაში. აკაკისავე სიტყვებით თუ ვიტყოდით, მისი გონებრივი ავლადიდება ეწირება სამი საკითხის გარკვევას:
„ა) რატომ არ ლბება წყალში ქვა?
ბ) რა მიზეზია, რომ შავ ძროხასაც თეთრი რძე აქვს და
გ) რატომ ამტკიცებენ ზოგიერთები, რომ კაცის მიმართულება ცხოვრებაში თავის საქმეაო მაშინ, როდესაც კაცი ფეხებით დაიარება და მიმართულებაც ფეხებში უნდა იყოს?..“
ასეთი პერსონაჟი აკაკის პოეზიაშიც არსებობს, დრამატურგიაშიც და პუბლიცისტიკაშიც. მისთვის საერთო-ზოგად სახელად შეიძლებოდა გვეწოდებინა ტუტუცა (პუბლიცისტიკაში ჰყავს აკაკის ასეთი პერსონაჟი), უუნარობა-უქნარობასთან ერთად, აკაკის სატირული პერსონაჟი ცუღლუტიც არის, თაღლითიცა და გაიძვერაც. ამიტომ სისრულისათვის ტუტუცას უთუოდ უნდა დავუმატოთ პლუტუცას თვისებაც (ასეთი პერსონაჟიც არსებობს აკაკის პუბლიცისტიკაში. სახელი წარმოქმნილია რუსული სიტყვისაგან - плут).
ტუტუცაების მომრავლებამ საქართველოს მატლი გაუჩინა. იგი შიგნიდან ღრღნიდა ჩვენი ქვეყნის სხეულს.
„რა მატლია ეს მატლი? - უმეცრული კუდაბზიკობა, ბავშვური თავმოყვარეობა და მონურ-მოახლური ლაქლაქ-შილაობა, რომელიც ძვალსა და რბილში გამჯდარი აქვს დღევანდელ ქართველს“.
ამ მატლისაგან, აკაკის აზრით, საქართველოს თაობებად და დასებად დაყოფა კი არ იხსნიდა, არამედ ყოველი თაობის ღირსეული ქართველის ერთიანობა, შეთანხმებული მოქმედება, შრომა-საქმიანობა. მაგრამ ეს მხოლოდ სურვილი და ოცნება იყო. როგორც ყოველი საზოგადოება, ქართულიც დაყოფილი იყო დასებად, ჯგუფებად, გუნდებად. მათ შორის ცხარე კამათი მიმდინარეობდა, ხშირად მტრობად გადაქცეულიც კი. აკაკის არ სჯეროდა ამ დასებისა თუ გუნდებისა. მათ ხელოვნურად შეკოწიწებულად თვლიდა. ფიქრობდა, რომ მათ გაერთიანებას მტკიცე იდეური საფუძველი არ ედო. ამიტომ მათგან არც სიკეთეს ელოდა. ამ ვითარებაში აკაკის ისღა შეეძლო, რომ არც ერთ დასს არ მიკედლებოდა. რამდენადაც შესაძლებელი იყო შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეესრულებინა. არც საკუთარი მრწამსისთვის ეღალატა.
„მე ჩემ დღეში არა თუ მეთაური, უბრალო წევრიც არ ვყოფილვარ რომელისამე დასისა, მით უფრო, რომ ეს დასები არსად მინახავს. შემინიშნავს, მხოლოდ ამ ორმოცი წლის განმავლობაში ჩვენ ახალგაზრდებში, თითო-ოროლა მოღვაწე ამა თუ იმ საზოგადო რომელსამე საქმეს რომ ხელს ჰკიდებდა და მასთან ერთად სხვებიც იჯგუფებოდენ ხოლმე მისსივე ფეხის აყოლით. მაგრამ ყოველივე ეს ხომ შემთხვევითი მოვლენა იყო, გარეშე მიმბაძაობით აღძრული, ხან-მოკლე და უნიადაგო და თავის თავად-კი ფეხ-მოუკიდებელი. ამათთან მე საერთო, გარდა შორეული თანაგრძნობის და მეგანგაშეობისა, არა მქონია რა: მათი კარგი ყოველივე მიხაროდა, მომწონდა და ვაქებდი... ცუდი მწყინდა და წუნსა ვდებდი. იმ თავითვე ისე, როგორც დღესაც, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ, ჩვენდა საუბედუროთ, ჯერ-ჯერობით შეერთებული შრომა ჩვენში მოუხერხებელია!.. ერთს შეუძლია გააკეთოს რამ, მაგრამ თუ იმავე საქმეში სხვებიც ამოიყენა გვერდით და საზიაროდ გახადა საქმე, მაშინ კი სახეირო აღარ გამოვა რა და შეიძლება კიდეც, რომ იმ სასარგებლო საქმემ სავნებელიც გამოიწვიოს. ამისი მაგალითები წინ ბევრი გვიძევს. აი, სწორეთ ამ მოსაზრებით მეც განზე ვიდექ და სხვების ფერხულში არ ვერეოდი. თუ კი რასმე შევძლებდი და მოვახერხებდი ჩემდა თავად - ვშრომობდი. მივდიოდი თავისუფლად ერთხელვე არჩეული გზით, არცა რა ვისი ბატონობა მსურდა არც ყმობა...“
ამ რწმენის ბრალი იყო, რომ აკაკის უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა საადგილმამულო ბანკებისადმი. მართალია, ხაზგასმით ამბობდა ქუთაისის ბანკს ვაკრიტიკებო და არა თბილისისას, მაგრამ ესეც უტყუარია: იმ გაუთავებელ ცხარე დავა-კამათში, რაც საადგილმამულო ბანკების გარშემო მიმდინარეობდა, მათზე ერთი თბილი და ტკბილი სიტყვა არ დასცდენია აკაკის.
რა ბრალს არ დებდა ბანკებს!
არავითარი სარგებელი ბანკს ქართველობისათვის არ მოუტანიაო, ისედაც ღატაკი ხალხი სულ მთლად გააძვალტყავაო. ჩვენი მამულები ხელში უცხოს ჩაუვარდა და პირში ჩალაგამოვლებული დავრჩითო.
„აბა მიჩვენეთ ერთი ვინმე, რომ ბანკიდან ფული გამოეტანოს და მამულზედვე მოეხმაროს?“
„...ბანკის წყალობით იღუპება ჩვენი მამა-პაპის სისხლითა და ძვლებით დაპოხიერებული ადგილ-მამული. ის წმინდა მამულისშვილთა სამარე, შემოსული ხალხის ხელში მუქთად გადადის“.
ბანკმა ქართველი ხალხის მთლიანობა დაშალაო. კუთხეები და ტომები ერთმანეთს გადაჰკიდა, სამტროდ განაწყო და დააპირისპირაო.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის წესდება მუშავდებოდა, დამაარსებლები ორად გაიყვნენ. პოლკოვნიკ ნიკოლოზ პრინცის შედგენილი წესდება აკაკიმ ჩააგდო. მერე ბესარიონ ღოღობერიძემ, სერგეი მესხმა, ნიკო ნიკოლაძემ და გიორგი წერეთელმა დაიწყეს წესდების შედგენა. მაგრამ მალე ერთმანეთს წაეჩხუბნენ და ორი ბანაკი გაჩნდა: ბესარიონ ღოღობერიძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ეს დაპირისპირებულობა მთელ ხალხს გადაედო. რაჭის მაზრა, ლეჩხუმი და ზემო იმერეთის ნაწილი ბესარიონის წინააღმდეგი იყო, გურია, სამეგრელო და ქვემო იმერეთი - მომხრე.
„ვნებათა ღელვამ ისე გაიტაცა ყველა, რომ საქმე პირადობაზე მივიდა და თავმოყვარეობამ კინაღამ სისხლი დაჰღვარა. მაშინ იყო, რომ ზოგს ფრაკი დაახიეს, ზოგი შეურაცხჰყვეს და ზოგს მოკვლაც მოუნდომეს“.
ბანკის ხელმძღვანელობის არჩევნებისას ყოველგვარ ხერხსა და საშუალებას მიმართავდნენ, მათ შორის, ტომობრივ თავმოყვარეობასაც.
„...სხვა რომ არა მიუძღვისთ რა, ხრიკებს მიმართავენ ხოლმე და ბრბოს აბრიყვებენ: მეგრელებო! მე მეგრელი ვარ და ჩემი დამარცხება თქვენი შეურაცხყოფა იქნებაო!.. გურულებო! მეგრელებმა რომ გვაჯობონ და მე გურული გავშავდე, თქვენი შერცხვენა იქნებაო!.. იმერლებო! გაიძახის იმერელი მეტოქე - მოგვადგენ მეგრელ-გურულები და აღარ გვზოგავენ... ბუზათაც აღარ გვაგდებენ და ჰკა მაგათ!.. დავანახოთ, რომ ჩვენც კაცები ვართ, ქუდი გვხურავსო... შავი მაგათო! და სხვანი. ამ გვარის ტყუილებითა და უკადრისობით ლამის სხვა-და-სხვა კუთხის ქართველობა ერთმანეთს გადაჰკიდონ და საშვილიშვილო მტრობა ჩამოაგდონ!..“
ბანკის გარშემო ამტყდარ აურზაურისა და დავიდარაბის მიმართ არც ქალები დარჩენილან გულგრილი. ისინიც აქტიურად მონაწილეობდნენ დავაში. მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ. აკაკის ეს არ მოსწონდა. მისი აზრით, ბანკობიაში ჩაბმული ქალები კდემამოსილებას კარგავდნენ, ზნეობრივად იბღალებოდნენ. ვნებათაღელვას კიდევ უფრო ამძაფრებდნენ, ვიდრე ამშვიდებდნენ. ქალებიც ბანაკებად იყვნენ გაყოფილნი. თავიანთი რჩეულისათვის თავს არ იზოგავდნენ. თუმც არ იცოდნენ და ვერც ერკვეოდნენ რის გამო, რა საკითხის გარშემო მძვინვარებდა შუღლი.
„...ერთმანეთს მიტომ სწეწენ და ჰგლეჯენ, ორ სხვა-და-სხვა ბანაკად გასულნი, რომ ერთი პეტრეს მომხრეა და მეორე პავლესი! პეტრე ბანკში, პავლე - ოპპოზიციაში. ისინი ერთმანეთის წინააღმდეგნი არიან და მათ-მათი მომხრე ქალებიც ერთი მეორეზედ იწევენ. გაურჩევიათ - კი, თუ რა არის ან ერთის და ან მეორის სიმტყუან-სიმართლე? როგორ არა! შავი, მაყვალა-თვალები და კოპწია ულვაშებიო! - ამბობენ პეტრესიანები. არა! სიმართლე ეგ-კი არ არის, სიმართლეცა და სიმტყუვნეც და საერთო და საქვეყნო საქმეც პავლეს გულ-მკერდია და მისი მხარ-ბეჭიო! გაიძახიან პავლესიანები!.. და მაშ არ დაიძახონ „ვაშა-ვაშა“?! „გაუმარჯოს საქართველოსო?“ რასაკვირველია, უნდა იძახონ და კიდევაც მიტომ გაჰკივიან!..“
ამ გარემოებით გაიძვერულად სარგებლობდნენ მოქიშპე მამაკაცები. როცა მეტოქის დასამარცხებლად ვერ გაჭრიდა ვერანაირი ხერხი, მაშინ გამარჯვების ბედი ქალებს უნდა გადაეწყვიტათ.
ქრთამიც ბევრი გაიცემა,
აიღებენ ვალებს...
სადაც ფული ვეღარ გასჭრის,
იქ იმხრობენ ქალებს.
გააფთრებული ქალების თავდასხმა აკაკისაც განუცდია. ერთხელ საბანკო კრებაზე მოეჩვენათ, რომ აკაკი მხარს უჭერდა კალისტრატე ჩიკვაიძის კანდიდატურას. არადა, არც ერთი კანდიდატის მომხრე არ ყოფილა. უბრალოდ ორივეს მიმართ თავისი ადამიანური დამოკიდებულება გამოხატა: „ბატონ ჩიკვაიძის სიცოცხლით სავსე მოძრაობას რომ ვხედავ, გული მწყდება და აგრეთვე ბატონ თავდგირიძის გულწრფელი მღელვარება მეხარბება“. ამ ფრაზით ხანდაზმული კაცის სიხარული გამოხატა, ახალგაზრდების ენერგიული ქმედებით გამოწვეული. ასე არ გაიგეს, მოეჩვენათ, რომ კალისტრატე ჩიკვაიძის გაყვანა უნდოდაო. გაცოფდნენ, მაგრამ რა გაცოფდნენ! კინაღამ ცოცხლად შეჭამეს, განსაკუთრებით ქალებმა. დაბნეული და გაოცებული თავადვე კითხულობდა: „ეს ჩვენი ქალები მაინც რამ ააღელვა ასე, რომ სააშკარაოზე გამოსულან და თავს აღარ იზოგავენ?“
ასე გაიმეტეს ქალებმა ის აკაკი წერეთელი, რომლის მსგავსი „რაინდი ქართველ ქალს ქართულ ლიტერატურაში არ ღირსებია. აკაკიმ გააპატიოსნა ქართველი ქალი, მან აამაღლა იგი, აიყვანა წმინდანთა სიმაღლეზე“, - როგორც წერს სრულიად სამართლიანად დემნა შენგელაია.
ბანკმა გადაკიდა ერთმანეთს ჯერ ბესარიონ ღოღობერიძე და ნიკო ნიკოლაძე და მერე ივანე მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძე. აკაკი ამას დიდად განიცდიდა. არც ერთ მხარეს არ მიმხრობია, მაგრამ ვერც მათი შერიგება შეძლო. სიტყვა უკვე აღარ სჭრიდა. აღარც კეთილგონიერებას უგდებდა ვინმე ყურს. სიტყვა და კეთილგონიერება როგორ მოახდენდა ზეგავლენას, როცა ბანკობიას მონაწილე ლიანგს მხოლოდ ქვენა გრძნობები წარმართავდა? „ერთმა ვიღაც სოფლელმა ქართველური გულუბრყვილობით დაიძახა: „ბატონებო, აქამდი თქვენმა ამორჩეულებმა სჭამეს და ახლა ჩვენ დაგვითმეთ!.. ჩვენმა ამორჩეულებმაც სჭამონო!“
ბანკის დამაარსებლებს ერთი მიზანი ამოქმედებდათ - კეთილშობილური და ქვეყნისათვის სასარგებლო. ლიანგს სხვა სურვილი ამოძრავებდა - ანგარება და პირადი გამორჩენა.
მიზანთა ამ განსხვავებულობის შედეგი იყო ის, რომ ბანკის გარშემო ატეხილმა მრავალწლიანმა პოლიტიკამ მჭევრმეტყველების მაგიერ ბლოყინსიტყვაობა დაამკვიდრა ჩვენს საზოგადოებაში, განმსჯელი და გონიერი მოღვაწის ნაცვლად - ენაქავილა და ტვინკატარა მესაქმენი აღზარდა, დაკვირვებული ამომრჩეველი შეცვალა ხმის მიმცემმიმჯღაოსანით.
მტყუანი იყო თუ მართალი, ასე ფიქრობდა აკაკი წერეთელი. სიტყვებიც - ბლოყინსიტყვაობა, ენაქავილა, ხმისმიმცემმიმჯღაოსანი - აკაკისია.
ბანკმა აკაკის დიდი პირადი წყენაც მიაყენა.
1889 წლის მაისში ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორობა შესთავაზეს. აკაკიმ უარი თქვა. განმარტა კიდეც, რატომ უარობდა.
„მე რომ დირექტორობა ვიკისრო, საკუთრად მაგ მოხელეობას უნდა დაუდვა გული და ეგ იქნება ჩემთვის ბორკილი... თუმცა ოქროს ბორკილი ჩემთვის პირადად სარგებელია, მაგრამ მაინც ბორკილია და იმ საქმეში ხელის შემშლელი, რომელსაც მე ამდენი ხანია ვემსახურები“.
მაგალითიც მოჰყავდა: ფუტკარი რომ დაამწყვდიო და ფრენის საშუალება არ მისცე, თაფლს ვეღარ გააკეთებს. ფუნქციას დაკარგავს, მეც ასე დამემართებაო.
„დარწმუნებული ვარ და ნება არა მაქვს, რომ ჩემს რწმუნებას ვუღალატო. სწორეთ დღეიდგანაც იმ უსასყიდლო გზით უნდა ვიარო, რა გზითაც აქამდე მივლია, რომ უფრო მეტი სამსახური გავუწიო საზოგადოებას“...
დირექტორობის კანდიდატებს გაუხარდათ: ერთი მეტოქე იოლად ჩამოვიცილეთო. ბანკის გუნებაგახალისებულმა კრებამ გულუხვობა გამოიჩინა და დაადგინა: ის ხელფასი, რაც აკაკის ბანკის დირექტორობაში ერგებოდა, პენსიად დაენიშნოსო. ამ გადაწყვეტილებას კრების მონაწილენი დიდი აღტაცებით შეხვდნენ. იყო ზარ-ზეიმი, ტაშის ტკაცუნი, შეძახილები - „ბრავო“. კირილე ლორთქიფანიძეს ისიც უთქვამს: „ჩვენ ის-კი ნუ გვეგონება, რომ ეს ჯილდო იყოს შესადარი იმ დამსახურებისა, რომელიც აკაკი წერეთელს მიუძღვის თავის სამშობლოსადმი. ეს არის მხოლოდ ნიშანი სიყვარულისა და თანაგრძნობისა, რომელსაც საზოგადოება თავის საყვარელ პოეტს უცხადებს“.
გახარებულმა იხუმრა კიდეც:
მე-კი გადავრჩი იმ ძველ სენს:
დანიშნული მაქვს პენცია,
მაგრამ სანამდე მომცემდენ,
გამგუდავს „უფულენცია“.
(„ბოდვა“)
მაგრამ... სიტყვა სიტყვად დარჩა, დაპირება - დაპირებად, დადგენილება - დადგენილებად. მთელი ცხოვრება ამ პენსიის გამო დავა ჰქონდა ქუთაისის ბანკთან.
გაშმაგებულობა ადამიანებს უბრალო თავაზიანობას აკარგვინებდა. ეშინოდათ, კენჭისყრის დროს ამომრჩევლებს რაიმე სიყალბე არ ჩაედინათ. ამიტომ ღია კენჭისყრას ითხოვდნენ. ერთხელ მოხუც აკაკისაც მიაყვირეს - „ახდილში! ახდილში ჩააგდე, დაგვანახვეო“. ამის გამო გულდაწყვეტილი წერდა: „აგერ ნახევარი საუკუნეა, რაც მე აშკარაზე ვდგევარ და თუ აქამდე ჯერ კიდევ არ შეუტყვიათ საითკენ წავა ჩემი „შავი“ და „თეთრი“, ნუთუ იმ ერთ წუთს, ერთი კენჭის ჩაგდებით გაიგებენ ჩემს ავ-კარგიანობას?“
ქართულ საზოგადოებას, ცხადია, არ მოსწონდა აკაკის უარყოფითი დამოკიდებულება საადგილმამულო ბანკებისადმი. ედავებოდნენ და ეპაექრებოდნენ. აკაკიც სამი მიმართულებით იბრძოდა - ბანკი, ჭიათურის შავი ქვა და მწერლობა. აკაკის ამ საკითხებში განსაკუთრებით ცხარედ კიტა აბაშიძე ეკამათებოდა. მართალია, კიტა ყოველთვის ცდილობდა აკაკის მიმართ მოკრძალებული ტონი შეენარჩუნებინა და ზედმეტი სიტყვა არ წამოსცდენოდა, მაგრამ პოეტი მაინც უკმაყოფილო იყო. მიაჩნდა, რომ კიტა აბაშიძის სახით დაუძინებელი მტერი ჰყავდა, რომელიც სიცოცხლის დღეებს უმოკლებდა. აკაკიც მკვახედ ეპასუხებოდა, სატირული ლექსითაც კი.
კიტა აქეთ, კიტა იქით!
კიტავ, ასკი-კუკუო!
სხვის ბუდიდან გუგულივით
ნუ იძახი „კუკუო“.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში არც ერთ საზოგადოებრივ მოვლენას არ გაუყვია ორად ქართული საზოგადოება და ისე მძაფრად არ დაუპირისპირებია ერთმანეთისათვის, როგორც ეს გააკეთა ბანკმა. ამ არასასურველ მოვლენას ყველა ხედავდა. თითქოს თავის დაღწევასაც ცდილობდნენ, მაინც არაფერი გამოდიოდა. დამშვიდება არ ხერხდებოდა. აკაკიც ეძებდა ამის ახსნას. ერთად მუშაობა არ ვიცითო, ჩიოდა. თქვა კიდეც ეს 1884 წლის 10 ივნისს ქუთაისის ბანკის კრებაზე: „სათითაოდ ყველა კარგი ვართ, მაგრამ ერთად რომ შევიკრიბებით არ ვარგივართ. ეს იმის ბრალია, რომ ერთად მოქმედების წესი და ჩვეულება არ ვიცით. ჯერ ეს უნდა ვისწავლოთ და საქმეს მერე შევუდგეთ“.
ასე იყო თუ ისე, ფაქტი ის გახლდათ, რომ საზოგადოება არ ცხრებოდა - მთელი გულისყურით ბანკს მისჩერებოდა. მხოლოდ ის ახსოვდა. მასზე ფიქრში ათენ-აღამებდა. „ნუთუ მართლა დღეს ქართველებს სხვა აღარა გვაქვს-რა საზრუნველი და უნდა მარტო ბანკს გადავყვეთ?“ - კითხვას უსვამდა მთელ ერს. მაგრამ აკაკის ანტიბანკურ წერილებს არავინ უგდებდა ყურს. ბანკობია გრძელდებოდა. მოკამათეთა ფარ-შუბები უმოწყალოდ ილეწებოდა. ამ სურათს რომ უყურებდა, ხანდახან ეჭვი ეპარებოდა - იქნებ მართალი არ ვარო.
„შეიძლება, რომ მე შემცდარიც ვიყო. არ მესმოდეს კარგად ბანკების ავი და კარგი, მაგრამ გულ-წრფელად ვაღიარებ ყოველივეს და ვინც წინააღმდეგს დამიმტკიცებს, გულითად მადლობას შევწირავ!“
კითხვის დამაჯერებელ პასუხს არავინ იძლეოდა.
დღეს კი ვიცით, რომ საადგილმამულო ბანკებს ბევრი გამოჩენილი ქართველის შრომა-ღვაწლი და ნიჭი შეეწირა, მაგრამ ისიც უდავოა, რომ მათ თვინიერ საქართველოს მიწა-წყლის გადარჩენა-შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა.
„უსამართლობა წინ მიდის
კანონიერის გზებითა“...
ზღაპრად თქმულა, რომ დიდ ლომს
კოღო არ შეუშინდა
და კიდეც დაამარცხა,
ცხვირში რომ შეუფრინდა!
ეს საგანგებო შემთხვევა იყო აკაკის ცხოვრებაში. სასამართლოში ადვოკატობა მოუწია.
1875 წელს უბატონო სვანეთი აჯანყდა. აუტანელი იყო დამპყრობლის თვითნებობა. ირღვეოდა ზნე-ჩვეულება, ცხოვრების წესი, მამაპაპური ადათი. შეურაცხყოფილი და დამცირებული იყო ხალხი. ღირსების შენარჩუნება და ნამუსის მოწმენდა მხოლოდ სისხლით შეიძლებოდა. შურისგების ტყვიაც გავარდა.
მეამბოხეთა დასასჯელად ხელისუფლებამ ჯარი გაგზავნა. სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ სვანეთს. სოფელი ხალდე პირწმინდად მოსპეს. ამბოხების თავკაცები (ვინც გადარჩა) დააპატიმრეს და სამართალში მისცეს.
ტუსაღების დაცვა სასამართლოში ქართველმა ინტელიგენციამ იკისრა - ლუარსაბ ლოლუამ, დავით ლორთქიფანიძემ, ნიკო ნიკოლაძემ, აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ. აკაკის გარდა, განათლებით ყველა იურისტი იყო, სამართლის საქმეში ჩახედული და გაწაფული. ტოლი არ დაუგდო ადვოკატებს აკაკიმ. ლოგიკისა და სიმართლის თვალსაზრისით, უტყუარად დაამტკიცა, რომ დამნაშავე აჯანყებულები კი არ იყვნენ, არამედ - ხელისუფლება. მაგრამ სასამართლოში რა ფასი და მნიშვნელობა აქვს ლოგიკასა და სიმართლეს? ფასი და მნიშვნელობა იმას აქვს, რა დავალებაც უნდა შეასრულონ მოსამართლემ და მსაჯულებმა. მათ თავიანთი როლი კი ისე ითამაშეს, როგორც ხელისუფლებას სურდა: უბატონო სვანეთის ჯანყის მონაწილენი დასაჯეს ციმბირის საკატორღო მაღაროებში მუშაობით.
მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა
მაინც მოვა გაზაფხული.
(„სიმღერა“)
![]() |
3.2 „ყველამ ხელი შემიშალა...“ |
▲ზევით დაბრუნება |
გიმნაზიელი ბიჭი იყო, პირველად რომ გაიგონა: წირქვალისა და რგანის ხორბალი არ ვარგა. ქვაგუნდა ურევია და პურს აშავებსო. მაშინ ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია. მეხსიერებაში კი ჩარჩა. მოგვიანებით, პეტერბურგში სტუდენტად რომ ცხოვრობდა, ძველი „სამთო ჟურნალი“ წაიკითხა. იქ აკადემიკოსი აბიხი წერდა: შორაპნის მაზრაში, სოფლებში წირქვალსა და რგანში მარგანეცის დიდძალი მარაგიაო. ბავშვობაში განაგონიც გაახსენდა. სტუდენტობა რომ მოათავა და სამშობლოში დაბრუნდა, ბევრი იხეტიალა ჭიათურის მიდამოებში. ქვაგუნდა-შავიქვა-მარგანეცის ნიმუში ნახა. ცხადად ჩანდა, დიდი აღმოჩენის წინ იდგა. აღარ დაუყოვნებია. გეოლოგი სვიმონოვიჩი მიიპატიჟა საჩხერეში. მეცნიერმა დაუდასტურა - ჭიათურის მარგანეცს დიდი სამრეწველო მნიშვნელობა ექნებაო. უბედურება სწორედ აქედან დაიწყო. ქართველი თავადაზნაურობა, რომელსაც ჭიათურა და მისი შემოგარენი ეკუთვნოდა, მეცნიერება-მრეწველობაში ჩახედული და გაწაფული არ იყო. ისინი სიცილით იჭაჭებოდნენ: როსტომ წერეთლის ვაჟი შერყეულა, კლდე-ღრეში დაეხეტება და ქვებს აგროვებსო. როსტომ წერეთელს ნათესავმა კონსტანტინე აბაშიძემ წერილი მისწერა:
„ძმაო... ამ ხუთის წლის წინად სიხარულით გილოცავდით შენიანები შენი შვილის უცხო ქვეყნიდგან დაბრუნებას!.. გვეგონა თუ ის მაშინ, ოჯახის სასიკეთოდ, ან ადვოკატობას დაიწყებდა და ან სამსახურში შევიდოდა. მაგრამ იმან-კი მიუხედავად ჩამომავლობისა მესტვირეობა დაიწყო და „პიიპუ-პიიპუს“ გაიძახოდა. ეს რომ აღარ გაკმარა, ახლა კიდევ აუჩემებია რაღაც შავი ქვა და ჩხირ-კედელაობს, ქვეყანა საცინლად იგდებს. არა, შენ და შენი ღმერთი, ჩვენი ქვეყანა მარმარილოებით გამოტენილია, იქიდგან არა გამოდის-რა და მაგან გათითხნილ შავი-ქვიდგან რა უნდა გააკეთოს!.. მაგრამ პირველი ხომ არ არის მაგის ახირებულობა?! სირცხვილია, შენიანებს თავი ვეღარ გამოგვიყვია ქვეყანაში... ერთი უთხარი რამე, რომ თუ თავის თავს არ სცემს პატივს, ჩვენი ხათრი მაინც მოიდვას...“
როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ საჩხერელ და სხვიტორელ წერეთლებს მეცნიერებისადმი, კარგად ჩანს როსტომ წერეთლის ერთი ნაამბობიდან. ერთხელ ქუთაისის გუბერნატორს ერთი გერმანელი სტუმარი გაუგზავნია როსტომისათვის. უთხოვნია: მეცნიერია, ბუნების გამომძიებელი და შენებურად უმასპინძლეო. ხელგაშლილი მიუღია აკაკის მამას გერმანელი, მაგრამ... ახლა თავად როსტომ წერეთელს დავუგდოთ ყური. აკაკის სიტყვით, როსტომი ჩინებული მთხრობელი ყოფილა.
„...ამხელა კაცი დავბერდი და ჯერ იმისთანა ახირებული სტუმარი არა თუ არ მინახავს, ამბათაც არ გამიგია. მისგან არც გამარჯობა და არც გაგიმარჯოს! იყო თავისათვის გაბერილ-გაბუტული, თითქო ბუზადაც არავინ მიაჩნიაო. მაგრამ ნამდვილ ბუზებს კი ძალიან დასდევდა. დილიდან საღამომდე სულ ტყე და ველში იყო: ყვავილებსა ჰკრეფდა და ჭიებს იჭერდა. არც იცინოდა, არც ხმას იღებდა, თუმცა თარჯიმანი ერთის მაგიერ ორი ახლდა. ხანდახან წამოიძახებდა ხოლმე: „ია! იაო!“ - თითქო პატარა ყმაწვილს აბოდებსო, და ან „ნეინ-ნეინო!“, თითქოს ღორებს უძახისო. ამის მეტი მისი პირიდგან არა ამოდიოდა რა! ექვსი დღე დარჩა ჩემსას, მაგრამ ისე კი მომაბეზრა თავი, რომ ექვსი საუკუნე მეგონა... წასვლის დროს პატივი ვეცი და მოვიწვიე დიდძალი ხალხი. სუფრა გარეთ გავშალეთ. კარგი დღე იყო. ის, როგორც საპატიო სტუმარი, თავში დავსვით და გაიმართა ლხინი. ის მაინც სულ იბღვირებოდა. ბოლოს, როცა იმის სადღეგრძელოსა ვსვამდით, აიღო თავი მაღლა, წამოვარდა უცებ ზეზე, გავარდა მინდვრად, ხან იქით გარბოდა, ხან აქეთ!.. ღმერთმა ისე თქვენი მტერი შეაწუხოს, მე მაშინ შევწუხდი და მოწვეულებსაც დამწარდათ ლხინი. ვიფიქრე: „ვეჰ, გამიწყრა ღმერთი და სტუმარი გადამერია-თქო“... გამოუყენე მსახურები, რომ არსად გადაჩეხილიყო, და რა გამოდგა: თურმე ის, ხატის პეპელა რომ არის, ჭრელი, იმას გამოსდგომოდა დასაჭერად... ამ შემთხვევამ დიდი უსიამოვნება გამოიწვია. ისეც არ იყო ალერსიანი სტუმარი და მაშინ ხომ სულ კოლოტივით გაიბერა. აღარც ბოდიში, აღარც ალერსი, არაფერი აღარ გაგვივიდა იმ დალოცვილთან. ჯავრობდა: „ხელი რად შემიშალეთ და იმისთანა პეპელა გამაშვებინეთო!“ ვეუბნები: „ბატონო, ფილოსოფოსს გეძახიან, როგორ გეკადრებათ პეპლების დევნა, ეგ ხომ ბავშვების საქმეა!“ მაგრამ აჰ, არ ჰქნა, არ მოიბრუნა გული. და აღარც კი გამოგვეთხოვა, ისე წავიდა გამწყრალი. ქუთაისში რომ ჩავედი, ერთი წლის შემდეგ, გუბერნატორმა მკითხა სიცილით, იმ კაცს, მე რომ გასტუმრეთ, რა უყავით მისთანა, რომ ასე გაჯავრებით გიხსენიებთ ამ წიგნშიო. გადაშალა რაღაც წიგნი და წამიკითხა: იქ, თავის მოგზაურობის აღწერაში, იმ ახირებულ კაცს ცუდად მოვეხსენიე და, სხვათა შორის, იმას იხსენებდა, რომ პეპელა გამაშვებინესო. აბა, მე, თუ გინდა, გამლანძღა პატივისცემის სამაგიეროდ, რა გაეწყობა, კაცია და გუნებაო, ნათქვამია, მაგრამ პეპელას დაჭერა რაღა დასატრაბახებელი იყო? ჩვენში ყურებით დათვს იჭერენ და ისიც არაფრად მიაჩნიათ!“
აბა, ამ ადამიანებს ჭიათურის შავი ქვით როგორ მოხიბლავდი?
თავდაპირველად არავინ მისცა მხარი აკაკის. მარტოდმარტო წვალობდა, მერე თანდათანობით დაინტერესდნენ. უცხოელებიც ჩაერიენ საქმეში. დაიწყო ჭიათურის მარგანეცის სამრეწველო დამუშავება. იგი საქართველოს გამდიდრების წყარო გახდა, მაგრამ აკაკის არავითარი სარგებლობა არ უნახავს. იგი მომგებიანი საქმისგან გამოთიშული აღმოჩნდა. სახელი აკაკის დარჩა (ზოგჯერ ამაშიაც ედავებოდნენ), სახრავი კი - სხვას.
ერთადერთხელ მიიღო მადლიერების წერილი:
„უძვირფასესო აკაკი! გუშინ ჩამოვიდა მარგანეცში პირველად აღებული ორმოცდაათი მანეთი. რადგან მარგანეცის საქმე ჩვენში თავდაპირველად შენგან არის აღძრული და დამთავრებული, ამიტომ დამიდევს შენს საკურთხეველზე ნათაური შემოსავლისა, როგორც ძველად იეჰღოვას სწირავდნენ ყოველს პირველს ნაშობს, პირველ სამკალს და პირველ ნაკრეფს. აკურთხე და შეინდე მცირე ძღვენი, პირველი შენაწირი, წრფელის გულითა და სიყვარულით. შენის ერთგულის დავით ბაქრაძისაგან“.
![]() |
4 იგავი მეოთხე |
▲ზევით დაბრუნება |
ქორს წიწილა მიჰქონდა. ახალმოყვანილი რძალი დერეფანში იჯდა ფეხმოკეცილი. ადგომა შეეზარა. მჯდომარემ მიაძახა ქორს - ჰაუ! ჰაუ! ჰაუ! ქორი შეშინდა. მსხვერპლი კლანჭებიდან გაუვარდა.
დედამთილი გაბრაზდა, ანჩხლად უთხრა რძალს: - რატომ ზეზე არ წამოვარდი, გარეთ არ გავარდი და ქორს ისე არ შეუძახე?!
რძალმა დაცინვით უპასუხა: - ფრენა მე არ ვიცი და წიწილი აქედანაც კარგად გავაგდებინე.
* * *
„ყოველ დარგს ხელოვნებისას აქვს სამშობლო, მაგრამ განსაკუთრებითი... განკერძოებული მამული კი - არა. ის ღვიძლი შვილია იმ კუთხისა და იმ ენისა, სადაც პირველად თავი უჩენია და იმავე დროს შვილად შეტკბობილი გერია მთელის კაცობრიობისაც“.
ხელოვნებას არა აქვს
საკუთრება... საზღვარი!
ის ყოველ ხალხს ეკუთვნის
ვით ყველას მაცხოვარი.
(„გოგოლის ხსოვნას“)
![]() |
4.1 სცენა, ჩანგი და ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
1873 წელს ქუთაისში ადგილობრივ სომხებს „შუშანიკის წამება“ დაუდგამთ. პუბლიკუმს პირზე ზეთი ჩამოსდიოდა და ისე უყურებდა წარმოდგენას. უსაშველო მოწყენილობა სუფევდა თურმე დარბაზში. ვარსქენსა და შუშანიკს შორის ურთიერთობა რომ საბედისწეროდ დაიძაბა, მაყურებლებს გუნება გამოუსწორდათ. ხოლო, როცა ცურტავის დედოფალმა ქმარს განუცხადა - სული ჩემი ეკუთვნის სარწმუნოებას, გვამი ჩემი გერგება შენ და როგორც გნებავს, ისე მოიხმარეო,
- სპექტაკლის დამსწრე საზოგადოებას სიცილ-კისკისი აუტეხია.
რატომ იცინოდნენ?
„- ორი მანეთი გადამიხდია და ორი შაურის მაინც არ უნდა გავიცინოთო“, - გიპასუხებთ, ამ ხალხის პირით, აკაკი წერეთელი.
ასეა. ლიანგი თეატრში გასართობად დადის. ცხოვრების ყოველდღიური ჭუჭყისგან გაქცევა უნდა. ილუზიის სამყაროში ყოფნა სურს. თუნდაც წამით, არსებობის მძიმე ჭაპანის დავიწყებას ეძებს. უდარდელობას, სილაღეს, მხიარულებას ეტრფიალება. ადამიანად ყოფნის განცდა ენატრება.
თავის მხრივ ლიანგი მართალია.
აკაკი წერეთელიც მართალია.
„თეატრი ხელოვნების ტაძარია, სამოძღვრო ამბიონი და არა უბრალო გასართობი, საფუნდრუკო რამ. სცენა არის ეროვნული სარკე, რომელიც უშიშრად და უტყუარად უნდა გვისახავდეს ჩვენი ცხოვრების ავ-კარგს, რომ სანახაობით მოხიბლული, მშვენიერებისაკენ სიყვარულით მივისწრაფოდეთ და უშვერებას ზიზღით გავურბოდეთ“.
ორივესიმართლე თუ შეერთდა, თეატრი სიბრძნის დღესასწაული ხდება.
აკაკის უყვარდა თეატრი, უანგაროდ და გულით ემსახურებოდა მას. იგი იყო დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი, კრიტიკოსი... ადმინისტრატორიც.
ქართული მე-19 საუკუნე თეატრს დიდ მოვალეობას აკისრებდა. როცა არ არსებობდა ქართული სახელმწიფო, ქართული უმაღლესი სასწავლებელი, სკოლიდან და ეკლესიიდან განდევნილი იყო ქართული ენა, ერთადერთ დაწესებულებად თეატრი რჩებოდა, სადაც შეიძლებოდა დაგვენახა ქართული სამყაროს სული, სახე, ბუნება-თვისება. ოცნებით წარმოგვედგინა ის, საითაც ქართველობა მიისწრაფოდა. გვემზირა იმ ილუზიური სინამდვილისათვის, რაც ოდესმე რეალობად გადაიქცეოდა. როცა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი „პატარა კახს“ უყურებდა, იმას კი არ ხედავდა, რაც წარსულში მოხდა, არამედ იმას, რაც მომავალში მოხდებოდა. დამუხლისთავებული საქართველო როგორ წამოდგებოდა ფეხზე.
„ჩვენ რომ ისტორიას მივმართავთ ხოლმე გადასულ გმირების გამოსაჩხრეკად, ამას განა მიტომ ჩავდივართ, რომ ის ძველი დრო გვენატრებოდეს, გვინდოდეს მისი დაბრუნება და მომავლისათვის ქვა-კუთხედად დადება. სრულიად არა. ჩვენ იმ გმირებს სამაგალითოდ ვაძლევთ დღევანდელ მაჩანჩალებს, რომ ამათაც იმ ძველებისაგან ისწავლონ, თუ როგორ უნდა სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება, რომ დღევანდელ დროსა და ცხოვრების მოთხოვნილებას ისევე შესაფერი პასუხი გასცენ, როგორც ჩვენი წინაპრები აძლევდნენ იმ ძველ დროს“.
დაკისრებული მისიის შესასრულებლად არავითარი პირობები არ არსებობდა.
არ ჰქონდათ შენობა. ქალაქის ხელისუფლების განკარგულებით, თბილისის სახელმწიფო სათეატრო სახლში ოდენ რუსული დრამა, ოპერა და ბალეტი უჩვენებდა წარმოდგენებს. ამ შენობაში კვირაში ერთი დღე ეთმობოდა მხოლოდ სომხურ დასს, ქართველებს - არც ერთი. იძულებული იყვნენ არწრუნის თეატრი ექირავათ. მაგრამ შენობა რომ იქირავო, ფულია საჭირო. უფულოდ ვინ რას მოგცემს? არ ჰქონდათ ფული. ქართველი მოსახლეობის შეგნებული ნაწილის შემოწირულებით აკოწიწებდნენ იმ თანხას, რაც ვაი-ვაგლახით არსებობის გარანტიას იძლეოდა. არც მაყურებელი იწუხებდა მაინცდამაინც თავს, რომ ყოველ წარმოდგენაზე დარბაზი გაჭედილი ყოფილიყო. მაყურებლის მოსვლა ოდნავ მაინც გააუმჯობესებდა შემოსავლის საქმეს, მაგრამ ვაი, რომ ესეც სავედრებელი და სახვეწარი იყო. თუმცა, გულახდილი თუ ვიქნებით, არც გაემტყუნებოდათ: ქართულ თეატრს არ ჰქონდა მრავალფეროვანი და მრავალნაირი რეპერტუარი.
ქართველი მწერლები თავს არ იზოგავდნენ პიესების წერით, მაგრამ მუდმივი დასის ყოველდღიური სპექტაკლებისათვის ეს არ კმაროდა. აკაკი წერეთელს ერთ ღამეში მოუწია „კინტოს“ დაწერა.
მაკო საფაროვა ავად გახდა. ნატო გაბუნიას ბენეფისი იშლებოდა. აკაკის არც ნატოს გულდაწყვეტა უნდოდა და არც მაყურებლის გაწბილება. ბენეფისიც გადარჩა და პუბლიკუმიც კმაყოფილი დარჩა.
სხვადასხვა მიზეზით, ამგვარი გადარჩენის აუცილებლობა ხშირად არსებობდა. ითხზვებოდა ნაჩქარევად და ნაუცბათევად პიესები. არ იყო დრო და საშუალება მათი დახვეწა-გაშალაშინებისათვის. პიესის სიგონჯე მაყურებელსაც აღიზიანებდა და მსახიობსაც. ავტორსა და აქტიორებს შორის ხშირად ხდებოდა უსიამოვნო შეხლა-შემოხლა. ამით მაშინვე სარგებლობდა პრესა და ნაირ-ნაირ ხმებს ავრცელებდა.
რეპერტუარი რომ შეევსოთ, იძულებული იყვნენ პიესების გადმოკეთებისათვის მიემართათ. ეს დრამატურგიის საქმეს უფრო აფუჭებდა, ვიდრე აუმჯობესებდა. ამ საქმიანობას აკაკი დაუნდობლად ებრძოდა.
„აიღებენ რომელსამე თხზულებას, უცხო ენაზე დაწერილს, მოქმედ პირებს სახელს გამოუცვლიან: სუსანინს დავით აღმაშენებელს დაარქმევენ, აკულინას - თამარ დედოფალს; გადმოთარგმნიან ბაზრულის ენით მთელ შინაარსს, შიგა-და-შიგ ჩაურთავენ „გაუმარჯოს საქართველოს!“ და ისტორიულს დრამას არქმევენ. არც ისტორია, არც ხასიათი და არც რამე ქართული ნიშანწყალი!..“
მსახიობობაც სარისკო საქმე იყო. ერცხვინებოდათ მსახიობი შვილი, და, ძმა, ცოლი, ქმარი, სიძე, რძალი. აქტიორობა ათვალწუნებულ ხელობად ითვლებოდა. აკაკის ერთმოქმედებიან ხუმრობაში - „რეპეტიცია“ - ქმარი წარმოდგენის მზადებას ესწრება. როცა მსახიობ ქალს პარტნიორი აკოცებს, ქმარი სცენაზე აიჭრება: რა უფლება აქვს უცხო მამაკაცს მის ცოლს აკოცოს?! იგი კატეგორიულად მოითხოვს - ვაჟის როლი მან ითამაშოს. არ კითხულობს - აქვს თუ არა ამისი ნიჭი. რეჟისორი დათანხმდება. ქმარი იწყებს ვაჟის როლის თამაშს. პიესის სიუჟეტის მიხედვით, ქალმა უნდა სილა გააწნას ვაჟს. ახლა ამის გამო შეიშლება ვაჟი: რაღა ვაჟკაცი ვარ, თუ ცოლი გამლახავსო. იწყება ახსნა-განმარტება: ეს პიესის კონფლიქტია და თქვენი ცოლქმრობა არაფერ შუაშიაო. არგუმენტმა ვერ გაჭრა. რეპეტიცია ჩაიშლება.
„რეპეტიცია“ თითქოს უბრალო ხუმრობაა, მაგრამ დამაფიქრებლად წარმოაჩენს იმდროინდელი საზოგადოებრივი ზნეობის გახლეჩას. თეატრალური ხელოვნების წეს-მორალი ვერ ეთვისება საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ ზნეობას. მათ შორის დიდი ზღვარია.
მართალია, ქალის თეატრში მსახიობად გაშვება არ უხარიათ, მაგრამ თუ ამით რომელსამე начальник-ს ასიამოვნებენ, მაშინ თანახმა არიან. იმას აღარ დაგიდევენ, რომ ამით კიდევ უფრო სამარცხვინოდ ირღვევა კეთილზნეობა.
„რა შემთხვევაში მიიღებს წარმოდგენაში მონაწილეობას აქაური ქალი? მაშინ, როდესაც რომელიმე კერძო უფროსი პირის სიამოვნება უნდა და კერძოთ თავის გამოჩენა, თორემ უამისოთ გინდ ქვა ქვაზედაც ნუღარ ყოფილა!.. საზოგადო კეთილი საქმე რა მისი ხელობაა?“
ზნეობრივი დამცირება და ქონებრივი სიდუხჭირე ელოდა იმას, ვინც მსახიობობის გზას დაადგებოდა. ოდენ ნიჭიერები და შეუპოვარნი ბედავდნენ თეატრში სამსახურს. საზოგადოება რომ გაემხნევებინათ, ცრურწმენა რომ გაეფანტათ, მსახიობობას არ თაკილობდნენ დიმიტრი ყიფიანი, ილია, აკაკი, ალექსანდრე ყაბზეგი, სხვანი. უმარტავდნენ ერს - რა არის თეატრი, რას ნიშნავს მსახიობობა.
„აქტიორი იგივე მოძღვარია ხალხისა... მწერლის სურათებს ის ახორციელებს და ერთად თავმოყრილ ხალხს ცოცხლად და ნათლად გადასცემს. ერთსა და იმავე დროს აქტიორსა და აქტრისას შეუძლიან ამოდენა ხალხს აგრძნობინოს ისე, როგორც თვითონა გრძნობს; თვალი აუხილოს და დაანახვოს: რა არის ცუდი და რა არის კარგი; რა არის საგულისხმო, ან რა არის საქები და სასიამოვნო. ერთის სიტყვით, დააფიქროს, აგრძნობინოს და აამოქმედოს...“
ნივთიერი ხელმოკლეობა ხომ განუყრელ თანამგზავრად ახლდა მსახიობს. აქტიორს თუ მამაპაპეული ოჯახი არ შეეხიდებოდა, სანახევროდ მშიერ-მწყურვალი არსებობა ელოდა.
მიუხედავად ყოველივე თქმულისა, ქართული თეატრი მაინც არსებობდა. უფრო მეტიც, ვითარდებოდა, ძლიერდებოდა. ჰგიებდა იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ყოველივე დიადი, რაც ამქვეყნად არსებობს, არსებობს „მიუხედავად“... მიუხედავად მწუხარებისა, წვალებისა, სიღატაკისა, მარტოობისა, სნეულებისა, მანკიერებისა, ვნებისა, უთვალავი დაბრკოლებისა (თომას მანი - „სიკვდილი ვენეციაში“) და, მეორეც, - „მხოლოდ ერთათ-ერთი ასპარეზი დაგვრჩენია, საიდამაც შეგვიძლიან გავიგონოთ ჩვენი დედა-ენა... ჩვენ ამ თეატრის წყალობით, შეგვიძლიან გავიხსენოთ ჩვენი წარსული, დავინახოთ აწმყო და წარმოვიდგინოთ მომავალი!“
დასახული მიზნის მსახურება რომ შესძლებოდა, თეატრს გარეგანი დაბრკოლებაც უნდა გადაელახა და შინაგანიც. განსაკუთრებით ძნელი შინაგანი დაბრკოლების დაძლევა იყო. იგი პროფესიულ ოსტატობას უკავშირდებოდა და იმიტომ. მაშინ კი საქართველოში პროფესიული თეატრალური სკოლა არ არსებობდა. რაკი აკაკი პროფესიულ ოსტატობას უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებდა, თავად აყალიბებდა იმ ძირითად მოთხოვნებს, რაც ყველა მსახიობს უნდა გაეთვალისწინებინა და აეთვისებინა.
პირველი: მსახიობისათვის აუცილებელი იყო ქართული ენის ღრმა ცოდნა. მაშინ ეს ურთულესი პრობლემა იყო. რაკი ქართველი განათლებას რუსულ სკოლაში იღებდა, მას რიგიანი ქართული მეტყველება უჭირდა. ან იმ კუთხის კილოთი საუბრობდა, სადაც ბავშვობა გაეტარებინა, ან საერთოდ ვერ ლაპარაკობდა ქართულად. ამიტომ აკაკი მოითხოვდა გამტკიცულ-გასპეტაკებულ ქართულს და ებრძოდა ბაზაზხანურ ენას.
მეორე: ყოველი ხელოვანი, მათ შორის აქტიორიც, ზედმიწევნით უნდა იცნობდეს ღვიძლი ხალხის ბუნებას, თვისებას, ხასიათს, ზნე-ჩვეულებას, ცხოვრების წესს.
„თვითოეულ ერს თავისი საკუთარი, ერთი მეორისაგან განსხვავებული სახე აქვს და მათ ლიტერატურასაც, როგორც სარკეს ამა თუ იმ ერისას, განსაკუთრებითი ელფერი უნდა ედვას. ჩვენი მწერლობაც უტყუარი სარკე უნდა იყოს ქართველობისა; შიგ უნდა ისახებოდეს საქართველოს მრავალ-ფეროვანი ბუნება მისის მიწა-წყლით, მთა-ბარით, ტყე-ველით და სხვანი. ქართველის გრძნობა-გონება ხორცშესხმულად უნდა მოძრაობდეს შიგ უმეტნაკლოდ, ზომიერად...“
რაკი თეატრი ლიტერატურულ თხზულებას (პიესას) აცოცხლებს, მსახიობი ერის ცოდნაში მწერალს არ უნდა ჩამორჩებოდეს. შეიძლება, ბევრად უკეთესადაც უნდა იცნობდეს. იგი მარტო სიტყვით არ ახორციელებს პერსონაჟს, არამედ ქმედებითაც. მსახიობის მოძრაობა, ჟესტიკულაცია, მიმიკა, მეტყველების კილო, მოვლენათა მიმართ რეაქცია ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ქართველისას. მართალია, ადამიანი ადამიანია, მაგრამ, რაკი უზენაესმა სხვადასხვა ერი გააჩინა, მათ უთვალავი თავისებურება-განსხვავება დაანათლა. მსახიობის თვალი და ყური ამას ზუსტად უნდა იჭერდეს. არც ერთი ნიუანსი არ უნდა გამორჩეს.
მესამე: აქტიორს ხშირად უხდება უცხო ერის წარმომადგენლის თამაში. ადვილი არ არისო, - ამბობდა აკაკი, - გერმანელის, ფრანგის, სომხის და სხვათა როლის შესრულება. თუ მათ თვისება-ბუნებას, ხასიათს ღრმად არ იცნობს, შეიძლება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდესო მსახიობი. ვასო აბაშიძის მაგალითიც მოჰყავდა. იგი ჩინებულად ასახიერებდა სომეხს. სხვა აქტიორები ამას ვერ ახერხებდნენ. არ ჰყოფნიდათ ის ცოდნა, რაც ვ. აბაშიძეს ჰქონდა. უმეცარი მსახიობი იმ უმთავრეს კანონს არღვევს, რომელსაც მწერლობა-ხელოვნებაში ზომიერება ეწოდება. „ნამდვილი ხელოვნება ისეთი რამ არის, რომ, თუ ან მეტი, ან ნაკლები რამ შიგ, გამოურიე, მორჩა, გათავდა, მისი მთლიანობაც და ერთიანობაც ირღვევა“.
მეოთხე: აკაკის აღიზიანებდა მსახიობის თვითნებობა. საკუთარი ჭკუის ქეიფისდა მიხედვით მოქმედება. ითხოვდა პიესის არსში წვდომას და დრამატურგის მრწამსის ერთგულებას. თუ მსახიობი ან რეჟისორი ამ წესს არღვევდა, აკაკის დაუზოგველ კრიტიკას იმსახურებდა.
„არტისტის ვალია, რომ ისე წარმოადგინოს ის პირი, რომელსაც ახორციელებს, როგორც პიესის ავტორს ჰყავს გამოხატული და არა სხვებს...“
ჩანს, მსახიობთა თვითნებობა და თავაშვებულობა იშვიათი არ ყოფილა, რაკი აკაკი აღელვებული ჩიოდა:
„რა ნება აქვთ მოთამაშეებს, რომ ზოგს ჰკვეცავენ, ზოგს თავისას უმატებენ, ამახინჯებენ პიესებს და თავის საკუთარს გემოზე ადგენენ? და არა თუ სხვების, შექსპირის პიესებიც ვეღარ გვიცნია: პეტრუჩიოს მაგიერად ვიღაც კუდაბზიკა იმერელს გვიხატავენ და შტოკმანის ნაცვლად ჩვენებურ ბანკობიას მოთამაშეს, ენატარტალა ზუთხის მაძიებელ მოკენჭეს!“
აკაკი ეწინააღმდეგებოდა თეატრში გავრცელებულ იმ სენსაც, რომელსაც მსახიობის წუნიაობა ჰქვია. აქტიორი ყოველთვის უკმაყოფილოა როლით, ხან მცირედ მიაჩნია იგი, ხან - დიდად, ხან - მნიშვნელოვნად, ხან - უმნიშვნელოდ, ხან - მისი ნიჭის შესაფერისად, ხან - შეუფერებლად. აკაკი ცდილობდა ამ უკმაყოფილების მოშლას. საქმე ისე უნდა წარვმართოთო, ურჩევდა თეატრის მოღვაწეებს, რომ „აღარავინ სთქვას: ეს დიდი როლია, ეს პატარა, ეს შემშვენის, ეს არაო, ამას ვითამაშებ და ამას არაო და ამგვარები. ხელოვნება მშვენიერებაა და მშვენიერებამ-კი თავისთავად დიდი და პატარა არ იცის“.
რასაც ამბობდა, მართალს ამბობდა, მაგრამ იმედი იმისა, რომ მსახიობი წუნიაობას გადაეჩვევა, მიამიტი იმედია. ისე კი, კაცმა რომ თქვას, მსახიობი, რომელიც როლით კმაყოფილია, მსახიობი აღარ არის. მას უკეთესისა და ურთულესისაკენ ლტოლვა გაჰქრობია, რაც მასში შემოქმედის ცეცხლის ჩაქრობის მაუწყებელია.
მეხუთე: თეატრში მსახიობსა და მაყურებელს შორის მუდმივი ბრძოლაა. ვინ დაიმორჩილებს ვის - მსახიობი მაყურებელს თუ მაყურებელი მსახიობს. თუ მსახიობი უნიჭოა, გამოუცდელი და უნებისყოფო, მაშინ იგი მაყურებლის დუდუკს აყოლილი ხტის. ამით იგი წარმოდგენის ღირებულებასაც აუფასურებს და საკუთარ პროფესიასაც აკნინებს. თუ მსახიობი ნიჭიერია, ოსტატი და ნებისყოფიანი, იგი მაყურებელს იქვემდებარებს. იმ აზრის შესაბამისად წარმართავს, რასაც სპექტაკლი და მისი როლი ატარებს. ეს ბრძოლა პრინციპულია. მასზე დიდად არის დამოკიდებული თეატრალური ხელოვნების ზემოქმედების ძალა.
ამას დიდ ყურადღებას აქცევდა აკაკი და რჩევას იძლეოდა: „იმას (მსახიობს - ა. ბ.) არ უნდა ჰქონდეს იმ დროს მხედველობაში პუბლიკა და მისი მოწონება ან დაწუნება. თავისის აზრისა და გრძნობისაგან ერთი ფიორიც არ უნდა დაუთმოს მაყურებელს, მისთვის რომ - ვაი თუ ეს არ იამოს და ის კიო...“
მეექვსე: უდავოა, ყველაფრის თამაში თანაბრად არ შეიძლება. როგორც ყველა ხელოვნებაში, ისე თეატრში ზოგჯერ კარგად გამოვა საქმე და ზოგჯერ - ცუდად. ეს ბუნებრივია, მაგრამ თეატრში არსებობს ერთი თავისებურება: კაცი სცენაზე დგას და ყველას დასანახად მოქმედებს. ეს აიძულებს მას მეტი პასუხისმგებლობითა და გულისყურით მოეკიდოს თავის საქმიანობას. არც თავის თავს უღალატოს და არც იმას, ვინც მისი ოსტატობის სანახავად მოსულა.
მსახიობის ნამუშევრის მხრივ აკაკის არც ერთი წვრილმანი არ გამოეპარებოდა. სანიმუშოდ გაგახსენებთ, როგორ განიხილავდა პოეტი კოტე ყიფიანის მიერ შესრულებულ ზამბახოვის როლს გაბრიელ სუნდუკიანის პიესაში „ხათაბალა“.
„როდესაც ზამბახოვი მიხვდა, თუ ვინ ყოფილა ის ქალი, რომელიც მისისიანცს უნახავს, კ. ყიფიანი აკეთებს შემდეგ მიმიკას: ჯერ ცხვირზედ მიიდებს თითს, მერე შუბლზედ და შემდეგ გაიქნევს ხელს, რომლითაც ის ხატავს, რომ მივხვდი რაც ამბავიაო. ცხვირზედ თითის მიდება რაღას ნიშნავსო? ეგება იკითხოს ვინმემ და აი რას: ჩვენში საზოგადოთ არის მიღებული „სუნით ეძებს საქმეს, სუნით მიაგნოვო“ და სხვ... მართლაც, ზამბახოვისთანა კაცები ისეთ ცუდსა და მყრალ საქმეებსა ჰკიდებენ ხელს, რომ სუნით უნდა ეძებდენ... იმ შემთხვევაშიდაც ჯერ სუნი ეცა ზამბახოვს: საიდამ მოდის ეს საქმეო; მერე ასწონა და შემდეგ გადასწყვიტა. მაშასადამე, კ. ყიფიანის მიმიკა: ჯერ ცხვირზედ თითის მიდება, მერე შუბლზედ და შემდეგ ხელის შეტკაცუნება ნამდვილი გულისთქმის გამომხატველი ყოფილა“.
საქმის გულით კეთება უპირველესი მოთხოვნილებაა პროფესიული პატიოსნებისა. აკაკი პროფესიული პატიოსნების მაგალითებად ასახელებდა მაკო საფაროვას, ვასო აბაშიძეს, ვალერიან გუნიას. თუმცა კბილი ვალერიან გუნიასაც გაჰკრა, როცა მან თეატრში აქტიორობისა და გამგეობის შეთანხმება მოინდომა. იმ ხანებში ვ. გუნიამ ოთარ-ბეგის როლი „ღალატში“ სუსტად ითამაშა. აკაკიმ ეს მაშინვე აღნიშნა. მართალია, ვ. გუნია ნიჭითაც და გარეგნობითაც ოთარ-ბეგის როლისათვის ზედგამოჭრილია, მაგრამ ამჯერად წაიფორხილა და ის არ გამოვიდა, რასაც ველოდითო. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ვ. გუნია მსახიობობას არ კმარობს, გამგეობაც უნდაო. მათი შეთავსება კი შეუძლებელია, რადგან „პირველის ვეზირი გულია და მეორესი - კუჭი“. როცა მათი ქიშპი დაიწყება, სამწუხაროდ, ყოველთვის კუჭი იმარჯვებსო. აკაკის კი არამც და არამც არ უნდოდა მსახიობ ვ. გუნიასათვის გამგე ვ. გუნიას ეჯობნა.
მეშვიდე: აკაკი თეატრში მკაცრ დისციპლინას ითხოვდა. ამასაც არ სჯერდებოდა: შეუზღუდავი ერთმმართველობის მომხრე იყო. „სადაც ბევრი მეთაურია, იქ საქმე ყოველთვის უთაურიაო“.
აკაკი ჩინებულად იცნობდა მსახიობის ბუნებას, მის წინააღმდეგობით მოქსოვილ ხასიათს, რასაც სხვას უმტყუნებს მსახიობი, იმას თავად სიამოვნებით აკეთებს. სცენა თავდავიწყებით უყვარს, მაგრამ როლის ზეპირად სწავლა ეზარება. თუ როლი ვერ მიიღო, ლამის გაგიჟდეს. მაგრამ, როცა სამუშაო აქვს, რეპეტიციაზე დაგვიანება ან გაცდენა არაფრად უღირს. სცენაზე საკუთარი ოინბაზობა კარგ გუნებაზე აყენებს, მაგრამ პარტნიორისა - სწყინს და აღიზიანებს. მაყურებლის ტაში სიცოცხლეს ურჩევნია, მაგრამ არც მაყურებლის აბუჩად აგდება ერცხვინება. ერთდროულად შეუძლია თავდადებულიც იყოს და მუხანათიც, პატიოსანიც და გლისპიც, მუყაითიც და მცონარეც, გულუხვიცა და ძუნწიც, მიამიტიც და მზაკვარიც.
რა თქმა უნდა, ასე მსახიობთა ლიანგი შეიძლება დახასიათდეს, თორემ მათ შორის არიან ცალკეული პირები სულიერი არისტოკრატიზმის, კეთილშობილების, მამაკაცური ვაჟკაცობისა და ქალური კდემამოსილების განსახიერება.
დღეს რომ მეფე ვარ, ხვალ მწყემსი,
ხან გლახაკი ვარ, ხან გმირი...
რომ მეტირება, ვიცინი,
და მეცინება, რომ ვტირი.
როგორც ცხოვრებაც, ხელობაც
ეს ჩემი ცვალებადია:
რაც ვარ, ნამდვილად არა ვარ,
და რაც მაქვს, არ მაბადია.
სულ სხვა ვარ სცენის გარეშე...
მაგრამ ეს თქვენთვის ერთია.
ყველგან რომ თანსწორად ჰხედავს,
ის მხოლოდ ერთი ღმერთია.
მსახიობის ბუნების დამწყვდევა დისციპლინის ჩარჩოში შეუძლებელია. ეს მან თავად უნდა ისურვოს, მოვალეობის შეგნებითა და გათვალისწინებით.
„...როცა სიამტკბილობით და რჩევა-ვედრებით არა გამოდის რა, რადგანაც თავისი მოვალეობა არა აქვთ შეგნებული, ძალით რაღას გააწყობს კაცი. ან რანაირად უნდა დასაჯოს? მუშტიკრივს ხომ ვერ გამართავს და ყვირილით, რამდენიც იყვიროს, ვინ მიაქცევს ყურადღებას? ისინი უფრო ტრაგიკულად და კომიკურად არ დაიღრიალებენ?!. ჯარიმა მხოლოდ უბრალო სიტყვაა... საქმეს ვერ შველის“.
ასე ამბობდა, მაგრამ მაინც სჯეროდა, რომ თეატრში დიქტატორული დისციპლინა აუცილებელი იყო.
თუ შვიდივე პუნქტი ხორცს შეისხამდა და სინამდვილედ იქცეოდა. მაშინ გარკვეული თეატრალური სკოლაც ჩამოყალიბდებოდა და საქმეც საათივით აეწყობოდა. ამას მარტო სურვილი არ ეყოფოდა. მას ნივთიერი შესაძლებლობა, ანუ ფული სჭირდებოდა, რაც არც ქართულ თეატრს ჰქონდა და არც ქართველ საზოგადოებას. უფულობის ბრალი იყო ისიც, რომ რასაც ქართველი მოღვაწეები რთავდნენ, იმას გაჭირვება ცარავდა. მაგრამ მუშაობა მაინც უკანდაუხევლად გრძელდებოდა.
აკაკი დაუყოვნებლივ ეხმაურებოდა იმ ჭრელ პრობლემებს, რომელსაც მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრება წარმოშობდა. მართალია, იგი თვლიდა, რომ მწერლობის საგანია „ცისა და ქვეყნის ამბავი, ერთად შეთხზულ, შეზავებული“, მაგრამ არც წვრილ-წვრილ საკითხებს ტოვებდა უყურადღებოდ. ასე სწამდა: „მწერალს ნება არა აქვს, რომ ყოველდღიურ საერო მოვლენებს, რაგინდ წვრილმანიც იყოს, თვალი აარიდოს. რაც უფრო ნიჭიერია პოეტი, უფრო ძლიერად ექვემდებარება ამ ზემო მოყვანილ პირობებს“. ამიტომ, აკაკის დრამატურგიაში ხშირად ნახავთ იმ თემებს, რასაც პუბლიცისტიკაში ამუშავებდა.
მე-19 საუკუნის საქართველოში (განსაკუთრებით დასავლეთში) ერთი მავნე ზნე იყო გავრცელებული - ბავშვების მოპარვა. ნაირ-ნაირი ჯურის ავაზაკებს, ან მოტყუებით, ან უბრალოდ მოტაცებით, თბილისში ჩამოჰყავდათ პატარა გოგო-ბიჭები და მდიდარ ოჯახებში მოჯამაგირეებად ჰყიდდნენ. თუ კეთილშობილ ოჯახში მოხვდებოდნენ, კიდევ არა უშავდათ რა. ავად თუ კარგად თავის შენახვას ახერხებდნენ და ფეხზე დგებოდნენ. უფრო ხშირად კი ისეთ ოჯახებში აღმოჩნდებოდნენ, სადაც გაძლება შეუძლებელი იყო. უზომო შრომა-ჩაგვრა მათ აავადებდა და ნაადრევად იხოცებოდნენ. უფრო გაბედულები მჩაგვრელ-მყვლეფელებს გაპარვით აღწევდნენ თავს, მაგრამ ქუჩას უვარდებოდნენ ხელში. ქალაქის როსკიპებისა და ქურდ-ბაცაცების რიგებს ამრავლებდნენ.
აკაკი პუბლიცისტიკითაც ებრძოდა ბავშვებით ვაჭრობას და დრამატურგიითაც. ხუთმოქმედებიან კომედიაში - „გაიძვერები“- გამოყვანილი ჰყავს ასეთი მოპარული ბიჭი - სოსიკა იმერელი. მართალია, ბავშვების ქურდი იახშიოლოვი დაპატიმრებულია, მაგრამ სახიფათო ის არის, რომ მას ფესვები ღრმად აქვს გადგმული. იახშიოლოვთან საიდუმლოდ არიან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლები.
გაზეთის რედაქტორი ტუროვი, გამომძიებელი ხაზაროვი, ბოქაული სვისტკოვი და კარაპეტა არავითარ სისაძაგლეს არ თაკილობენ. ისინი, ოღონდ ცხოვრების ზედაპირზე იტივტივონ და, ეშმაკსაც კი მიჰყიდიან სულს. მათ უპირისპირდებიან თავადი ამირინდო, სოსიკა იმერელი, გოგია გურული და სოფიო. ესენი მიამიტი, პატიოსანი ადამიანები არიან.
ამ დაპირისპირებას ქვეტექსტი აქვს. თუ თავადი ამირინდო, სოსიკა იმერელი, გოგია გურული და სოფიო ქართულად არიან აღზრდილი, ტუროვს, ხაზაროვს, სვისტკოვს, კარაპეტას უცხო, ანუ რუსული აღზრდა აქვთ ათვისებული (აქ აღზრდაში ზნეობრივი წეს-ჩვეულება იგულისხმება). როცა უცხო ზნეობრივი წეს-ჩვეულება ებრძვის ეროვნულს, ზნეობრიობის რღვევა იწყება. ხდება პიროვნებისა და საზოგადოების დაცემა-დაკნინება. ეს ძირითადი პრობლემაა არა მარტო „გაიძვერებისა“, არამედ სხვა პიესებისაც - „ახალი გმირი“, „კუდურ-ხანუმი“, „განთიადი“.
„განთიადში“ ორი ძმაა დაპირისპირებული - მიხა და ლექსო. მიხა ბედისწერამ რუსეთში მოახვედრა. იქ ვაჭრობა ისწავლა და გამდიდრდა. ლექსო შინ, სოფლად, დარჩა. მართალია, ღარიბია, მაგრამ პატიოსანი გლეხური შრომით ირჩენს თავს. აკაკის თანაგრძნობა შეუნიღბავად მთლიანად ლექსოს მხარეს არის. ლექსო პიესაში გრძელ მონოლოგს წარმოთქვამს, რომელშიც ვაჭრის გმობაა და გლეხის აპოლოგია.
„გლეხი ვარ და გლეხად უნდა მოვკვდე, მიწის მუშად... სწორედ მაგ ნამგალ-თოხს ვერ გავცვლი ლიტრა-არშინზედ...
...გლეხი ღვთის მუშაა და ვაჭარი - ეშმაკისა. ღმერთმა რომ კაცი მიწიდან გააჩინა, მიწა მისცა სარჩოდ, რომ მერე ისიც მიწამ შესჭამოს და რომ სიცოცხლეცა და სიკვდილიც გაუადვილდეს ადამიანს, ოფლით უნდა რწყოს და არბილოს მიწა.
...ვაჭარი კი ეშმაკისკენ იწევს. სულ იმას ჰფიქრობს, თუ ყალბი და დამპალი საქონელი მოტყუებით როგორ გავასაღოო, წონაში დავაკლოო, ზომაში მოვიპაროო და ვინ მოსთვლის კიდევ რაები რამ...
...გლეხის ლუკმა კი სულ უკვდავი და გამოულეველია, ცოტაა, მაგრამ რაც არის, გემრიელია. მიწის მუშა ზეცის მუშაა და მისი შრომა ღვთის სამსახური...“
მე-19 საუკუნის ქართული დრამატურგია ავი თვალით უყურებდა ვაჭარს, არც აკაკი ყოფილა გამონაკლისი. მას არა მარტო ბავშვებით ვაჭრობა აღაშფოთებდა, არამედ საერთოდ - ჩარჩ-ვაჭარი.
ვაჭარო, მაგ შენს აბაზში
სისხლი და ოფლი ჩვენია,
როგორ არა გაქვს ღვთის შიში,
ან კაცის რად არ გრცხვენია.
(„ვაჭარს“)
„ღმერთმა ნუ ქნას, რომ ქართველ ხალხს ნიჭი გამოეჩინოს იმ გვარ კომერციაში, როგორიც არის: ყალბი სასწორ-საზომი, კოტრობის გამოგონება და ცეცხლით ფულის მოგება! უმჯობესია, სულ მოისპოს საქართველოს ხალხი, ვიდრე მონავრობა და ქვეყნის გლეჯა ხელოვნებათ გაიხადოს...“
გამოიკვეთა, როგორი ვაჭრობის მოძულე იყო აკაკი. იგი ყველაფერში ზნეობრიობას ეძებდა, კანონ-სამართლის დაცვას, პატიოსან ურთიერთდამოკიდებულებას. მას სძაგდა შრომისადმი ფუქსავატური დამოკიდებულებაც და თაღლითურიც. „განთიადში“ თანაბრად არის გაპამპულებულ-გამასხრებული სხვის ხარჯზე მოქეიფე უქნარა თავადები ნიკო, მიშო, გრიშა და ყალთაბანდი ჩარჩ-ვაჭარი არუთინა.
აკაკისათვის ჩარჩ-ვაჭრობა იმითაც იყო მიუღებელი, რომ იგი აღზრდა-წეს-ჩვეულების ქართულ სისტემას არღვევდა და უცხოს ამკვიდრებდა. ქართულ საზოგადოებაში ეს რღვევა უფრო და უფრო მტკიცედ იკიდებდა ფეხს. სიყვარულშიაც კი ვაჭრული დამოკიდებულება ბატონდებოდა. ხოსრო გირკანელს (დრამა „ახალი გმირი“) მამაკაცური თავმოყვარეობის აღარაფერი შერჩენია. იგი მთლიანად დაიმონა ფულისა და გამდიდრების წყურვილმა. მას ჰგონია, რომ ქეთო ჩიტაძეს დიდი მემკვიდრეობა დარჩა. ელაქუცება ქალს, თავს დასტრიალებს, სიყვარულს ეფიცება. ქალიც მოტყუვდება. დაიჯერებს ხოსროს უანგარობას. მოულოდნელად გირკანელი შეიტყობს, რომ ქეთოს არა აბადია რა. ქალის ძმას გაუფლანგავს საკუთარიცა და ქეთოს ქონებაც. ხოსრო გირკანელი გულცივად მიატოვებს სატრფოს, საჩქაროდ შეირთავს მდიდარ მარო რაზმაძეს.
მარტო პიროვნული უნამუსობა არ განაპირობებს ხოსროს საქციელს. იგი ახალი გმირია, ანუ ახალი აღზრდა-წეს-ჩვეულების შედეგია. მისი მოქმედება ბუნებრივია, თუ ზნეობრივ კრიტერიუმად ახალ აღზრდა-წეს-ჩვეულებას მივიღებთ და ძველს უარვყოფთ, ეროვნულს გადავაგდებთ და უცხოს დავამკვიდრებთ. ხოსრო გირკანელი კერძო მოვლენა კი არ არის, არამედ - საზოგადოებრივი. მას არავითარი შინაგანი სულიერი კავშირი არა აქვს ნიკო ჩოხელთან, არჩილ კახიძესთან, დათიკო სირაძესთან. ესენი ქართული აღზრდა-წეს-ჩვეულების სამყაროა, ხოსრო გირკანელი - უცხო. მათი კონფლიქტი ამ ორი სამყაროს კონფლიქტია. ერთი სამყარო ადამიანის გადარჩენა-შველას ესწრაფვის, მეორე - ადამიანის დამღუპველია. მარტო ქეთო ჩიტიძე კი არ იღუპება, არამედ - ხოსროც (ქეთო - ხორციელად, ხოსრო - სულიერად).
როცა ელენე ჭიაბრიშვილმა იუკადრისა ჭიაბრიშვილობა და ჩიაბეროვა გახდა (პიესა „სიყვარული“), იგი უცხო აღზრდა-წეს-ჩვეულებაში ჩასახლდა. მიატოვა კიდეც ოჯახი და ქმარი. ქმრის ყოფილ მეგობარს ვახტანგს გამოეკიდა. ვახტანგს მალე მოსწყინდა ქალი. ელენემ აღარ იცის, რა ჰქნას, რა წყალში ჩავარდეს. ვის მიმართოს საშველად. ქმრის, ლევანის წინაშე პირშავად არის. ვახტანგს კი ელენეს სვე-ბედი აღარ აინტერესებს. ქალს ისევ ყოფილი ქმარი, ლევანი იხსნის. იგი აპატიებს ელენეს დანაშაულს და შეურიგდება. მოხუცი ესტატე ჭიაბრიშვილი უწონებს შვილს ამ საქციელს და ორივეს - რძალსაც და შვილსაც - ეუბნება - „დაივიწყეთ ყველაფერი და დაუბრუნდით ოჯახს ჭიაბრიშვილებად...“
დააკვირდით, დაბრუნდითო ჭიაბრიშვილებად, ანუ დაუბრუნდითო აღზრდა-წეს-ჩვეულების ქართულ სისტემას.
აღზრდა-წეს-ჩვეულების ორი სისტემის ბრძოლა აკაკისათვის პრინციპული პრობლემა იყო. მისი აზრით, ქართული საზოგადოების ზნეობრივ დაშლას ეს ასულდგმულებდა. ყველანაირი მანკიერებაც ამ ნიადაგს ეფუძნებოდა. იგი პატიოსნებას უთხრიდა ძირს. ხოლო, სადაც პატიოსნება არ სუფევს, იქ ბატონად ბოროტმოქმედება ზის.
პატიოსნებას რომ ბოროტების ჩადენა არ შეუძლია, ეს ნათლად დავინახეთ „გამზრდელში“. მაგრამ მშვენიერებას კი ძალუძს იყოს ბოროტმოქმედი? ეს კითხვაც აწუხებს აკაკის. მას ორი დრამა მიუძღვნა - „თამარ ცბიერი“ და „მედია“.
გერონტი ქიქოძე ფიქრობდა, რომ თამარ ცბიერი და მისი ეპოქის ადამიანები აკაკის უფრო რომანტიკულად ჰყავდა დახატული, ვიდრე ისინი სინამდვილეში იყვნენ, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ აკაკის არ აინტერესებდა არც თამარ ცბიერისა და არც რომელიმე მისი თანამედროვის რეალისტური სურათი. მის ყურადღებას სხვა პრობლემა იპყრობდა. როგორც პატიოსნება, ისე მშვენიერება უზენაესი შემოქმედის წყალობაა. როგორ ხდება, რომ უზენაესის ნაწყალობევი მშვენიერება ბოროტებას სჩადის? არადა იმას, რასაც თამარ ცბიერი, ნებსით თუ უნებლიეთ, აკეთებს, სხვა სახელს ვერ დაარქმევ.
ტრფობის სურვილით გარშემობურვილს,
თაყვანისცემით მმონებს მთავარი!..
მსოფლიო კრების დაკანონებულს
აღთქმას ჩემთვის სტეხს თვით მღვდელმთავარი!..
მხიბლავი ჩემი ორკეცი ძალა
ხილულთ აბრმავებს, ბრმას უხელს თვალებს;
წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა
თითისტარივით შეატრიალებს.
შორს გამჭვრეტელსა ბრძენსა გენათელს
ჩემზე ზრახვებმა აუბეს თვალი...
დააგმობინეს წმინდა წარსული
და დაავიწყეს ტკბილმომავალი.
მჭევრმეტყველებით სახელგანთქმულსა
ლევან დადიანს ტკბილმოუბარსა,
ენა ებმოდა, რომ შემომჭვრეტდა
ვით საოცნებო რამ ზენაარსსა.
თვით ბაგრატ მეფე, ის უსინათლო,
ისე ხედავდა ჩემსა შვენებას,
ვით თვალხილული ძილში ჰხედავდეს
დილის რიჟრაჟსა და გათენებას.
ეს გურიელიც, მოუსვენარი,
სახელგანთქმული, ვეფხვი, ლომგული,
დღეს მოკამათედ ჩემის სურვილის,
ლეჩაქის ყურზე მყავს გამობმული...
თამარის მშვენიერებას ადამიანთათვის წაურთმევია სიმშვიდე. დაურღვევია მათ სულში მყუდროება, მშფოთვარება ჩაუნერგავს. ისინი ყურმოჭრილ ყმებად გაუხდია.
ის გასაგებია, როცა რომელიმე ბოროტგანმზრახველი სხვის მშვენიერებას იყენებს თავის მზაკვრობის განსახორციელებლად.
დრამაში - „კუდურ-ხანუმი“ - გამაჰმადიანებული ქართველი თავადის ნახირ-ფაშას ცოლი კუდურ-ხანუმი ცდილობს, დისწული ელენე ხასად დაუსვას მაჰმუდ-ფაშას. მაჰმუდი თურქია. იგი სულთნის კარზე მიღებული კაცია. თუ ელენე მისი საყვარელი გახდება, მაშინ კუდურ-ხანუმი ყველა სურვილს აისრულებს. მისი ჭკუით, „შეყვარებული კაცი და ბარგის ვირი ერთია“. მაჰმუდის მხარდაჭერით, ნახირ-ფაშა და მისი თანამეცხედრე მთელი ოლქის სრული ბატონ-პატრონი გახდებიან. როგორც უნდათ, ისე იპარპაშებენ. რა ხერხსა და ეშმაკობას არ მიმართა კუდურ-ხანუმმა, მაგრამ ელენე ვერ დაიყაბულა მაჰმუდ-ფაშას ხასობაზე. ელენემ ნამუსი კი დაიცვა, მაგრამ დაავადდა და დაიღუპა.
„კუდურ-ხანუმში“ პრობლემა მარტივად არის წარმოდგენილი: ბოროტება ანადგურებს მშვენიერებას. ეს ჩვეულებრივი კონფლიქტია. არც არაფერია მოულოდნელი. ბოროტებას სძულს მშვენიერება ისევე, როგორც ნიჭიერება, პატიოსნება, კეთილშობილება... იბრძვის მათ მოსასპობად. მაგრამ რთულად არის საქმე და ახსნაც ძნელია, როცა თავად მშვენიერება სჩადის ბოროტებას. განა ღმერთი ადამიანს მშვენიერებით იმიტომ აჯილდოებს, რომ მან იგი ბოროტად გამოიყენოს?
მაგრამ აკაკი თამარ ცბიერს მკიცხავი თვალით არ უყურებდა.
მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში, ჩვენში, ერთი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჩვეულება არსებობდა: ისტორიულ პირთა და მხატვრულ პერსონაჟთა გასამართლება. მონაწილეობდნენ ბრალმდებლები, დამცველები, მოსამართლენი. ერთნი ბრალს დებდნენ, მეორენი იცავდნენ, მესამეთ განაჩენი გამოჰქონდათ. ყველაფერი ისე იყო, როგორც ნამდვილ სასამართლოში. ამას სანახაობრივი, საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა. დამსწრე საზოგადოება სხვადასხვა აზრს ისმენდა, მოვლენას სხვადასხვა კუთხით უყურებდა, სხვადასხვა ზნეობრივ კრიტერიუმს ეცნობოდა.
აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერის“ გასამართლებაც მოაწყვეს. ბრალმდებელი იყო მწერალი ია ეკალაძე, თამარს იცავდა ადვოკატი და მთარგმნელი ივანე მაჭავარიანი. მოსამართლეობდა იურისტი გიორგი გვაზავა. რა თქმა უნდა, დედოფალი გაამტყუნეს.
![]() |
4.2 პოეტმა დაიცვა თამარი. |
▲ზევით დაბრუნება |
ქალისათვის სილამაზე ყველაფერიაო, ამბობდა იგი. ვაჟს რომ ასარჩევად მისცე სიმდიდრე და სილამაზე, იგი უთუოდ სიმდიდრეს აირჩევს. ქალი კი პირიქით მოიქცევა: უეჭველად სილამაზეს ამჯობინებს. სილამაზეს სიყვარულისაკენ მივყავართ, სიყვარული კი ქალის უზენაესი დანიშნულებაა. ლამაზი ქალი თავისი სიყვარულის უარყოფას არავის აპატიებს. „ქალი ვერ იტანს კაცისაგან უარს, მით უფრო, როცა თავმომწონეა“ („თამარ ცბიერი“).
ეს ქალის ადამიანური ღირსების შეურაცხყოფაც და დამცირებაც არის. გოჩა-მგოსანმა არ გაიზიარა თამარ ცბიერის სიყვარული, განრისხებულმა დედოფალმა მგოსანი დააპატიმრებინა ისე, როგორც ფარაონის ქონდაქართუხუცესის ფოტიფარის ცოლმა ჩააგდებინა დილეგში იოსებ მშვენიერი, როცა ძმებისაგან გაყიდულმა ჭაბუკმა არ ისურვა თავისი ბატონის სარეცელში ნებივრობა (დაბადება, XXXIX, 7-20).
თამარი სჯობნის ეგვიპტელ ქალს. იგი აღიარებს მგოსნის სიმართლეს და იკლავს თავს ცოდვამონანიებული. მონანიებული თამარი ისეთივე მართალია, როგორი მართალიც არის მარიამ მაგდალინელი.
„და ახლა, თქვენ მსაჯულებო! თუ არ შეუნდობთ შენანებულ თამარს წარსულს, შეურაცხჰყოფთ თვით შემოქმედებასაც, რომელმაც თამარში ჩასახა საოცნებო მშვენიერება, რაშიაც თვით თამარი უდანაშაულოა და არ ეთანხმებით ეკლესიას, რომელმაც წმინდა ჰყო მაგდალინელი“.
ამრიგად, „თამარ ცბიერში“ დედოფლის ხაზის სიუჟეტურ-აზრობრივი შინაარსია ქალის ამაღლება ფოტიფარის ცოლიდან მარიამ მაგდალინელამდე, ანუ შურისგებიდან მონანიებამდე.
ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე ცხოვრების გზას უშეცდომოდ და უდანაშაულოდ ვერ გაივლის. უეჭველია, ამა თუ იმ ადამიანის შეცდომა თუ დანაშაული სხვადასხვა ზომისა და მასშტაბის არის, მთავარია ის, რომ მათი გამოსყიდვა-მონანიების უნარი და გამბედაობა გვქონდეს.
თუ დანაშაული ჩაიდინა, მშვენიერებასაც ერთადერთი გზა დარჩენია - მოინანიოს. მისი დანაშაული უნებურია, რადგან მშვენიერების არსში არ არსებობს ბოროტი, როგორც კეთილში.
სავარაუდებელია, რომ „მედიაშიც“ იგივე პრობლემა დგას, რაც „თამარ ცბიერში“. თუმცა დღეს რისიმე დაბეჯითებით თქმა შეუძლებელია, რამეთუ „მედია“ დაუმთავრებელი დარჩა. ეს დრამა ტრილოგიად ჰქონდა პოეტს ჩაფიქრებული - „მედია“, „მედია ელადაში“ და „მედია სამშობლოში დაბრუნებული“. ამ ორი უკანასკნელის დაწერა აკაკიმ ვეღარ მოასწრო.
პოეტი თავად განმარტავდა, რატომ უწოდა პიესას „მედია“ და არა „მედეა“.
„სიტყვა „ქალი“ მხოლოდ მერვე საუკუნიდან შემოსულა ჩვენში. არაბულათ „ქალიმ“ ნიშნავს დედაკაცს. მანამდი ქართულად დედაკაცს „დია“ ერქვა. აქიდან წარმოსდგება სიტყვა „დიასახლისი“ და კნინობითი „დიაცი“. ჯერ კიდევ დღესაც ბევრს შეხვდებით ჩვენში, რომ „კაცია“ ანუ „მევარკაცი“, „ქალია“ ანუ „მევარქალი“ ერქვას. და თუ-კი „მევარქალი“ შეიძლება სახელად, რატომ „მედია“ კი არ შეიძლებოდა, რომელიც ერთსა და იმავეს ნიშნავს. ჩვენი „მედია“ „მედეად“ გადაკეთებულა ბერძნულად...“
აკაკი პერსონაჟის სახელში ხაზს უსვამს ქალურობას.
როგორც თამარ ცბიერი, ისე მედია ზენაარსული სილამაზის ქალები არიან. მედიაშიც არის ცბიერება. ამ ქალის ფლიდობა რომ არა, საბერძნეთით მოსული იაზონი ვერ მოახერხებს მზაკვრული გეგმების განხორციელებას.
როგორც თამარი, ისე მედია გულისთქმის მონაა. თამარს უყვარს გოჩა მგოსანი და სხვა აღარაფერი ახსოვს, არც დედოფლის მოვალეობა, არც ცოლის ერთგულება. მედიას უცხოელი იაზონი შეუყვარდება და ივიწყებს შვილისა და დის ვალს, იმ პირობას, მამამისმა იათამ მცხეთის მამასახლისის ძეს რომ მისცა: მედიას მოგათხოვებო.
ვინც მიყვარს, უნდა მას ვუღალატო?
უარვყო გრძნობა... გავტეხო ფიცი...
და ვიღაც მცხეთის მამასახლისის
შვილი შევირთო, რომ არც კი ვიცი?!
მაშინ, როდესაც ახლა შევიტყვე
ცხოვრების სიტკბო... სიცოცხლის ფასი!..
და სიყვარულმა, მოუყირჭებელ
სამოთხის წყარომ, ამივსო თასი?!
კაპასობს მედია.
კაპასობას ვინ ჩივის. მედიას დახმარებით, ბერძენი იაზონი ოქროსმატყლოვან ვერძს მოიტაცებს, რაიც კოლხეთის დაცემის მომასწავებელია.
გააცნობიერებდა მედია დანაშაულს? მოინანიებდა? შემობრუნდებოდა კეთილისაკენ, როგორც თამარ ცბიერი? დაბეჯითებით, ცხადია, ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ვარაუდის გამოთქმა კი შეიძლება. აკაკის შემოქმედების საერთო კონცეფციას თუ გავითვალისწინებთ, მედიაც მონანიებით დაამთავრებდა ცხოვრებას.
აკაკის შემოქმედებაში ბევრი ხილვაა.
ტახტზე ზის თამარ მეფე. მარცხნივ თინათინი უდგას, მარჯვნივ - ნესტან-დარეჯანი. ირგვლივ ქართველ ქალთა გუნდი ეხვევა. რუსთაველი „ვეფხისტყაოსანს“ მიართმევს. ეს ჩვენება ნათლის სვეტად ჩამოშვებულ ცისარტყელას მიჰყვება და ქრება. ხილვა იმდენად მშვენიერია, რომ პოეტი ნანობს კიდეც გაღვიძებას („სიზმარი“).
მთავარეპისკოპოს ანტონ ქუთათელს ეზმანება: გელათის ეზო მზით არის გაჩახჩახებული. ეზოში „დგას დიდებული კუბო და იმ კუბოდან უეცრად ერთი რაღაც უცხო ფრინველი, მტრედის სიმშვიდის მექონი, გველის სიბრძნისა და შევარდნის ჭანგებისა, - ერთს შეინავარდებს ჰაერში და მერე კავკასიის ქედისაკენ, სადაც მიჯაჭვულ ამირანს ყვავ-ყორანი ასევია... გაუქროლ-გამოუქროლებს იმ გუნდს, სრულიად გაფანტავს და ისევ გამობრუნდება. კუბო გაქრება; მის ნაცვლად დგას ოქროს ტახტი და ზედ მზეთუნახავად გადაქცეული ფრინველი დაჯდება...“ („ქუთათელის სიზმარი“). ეს ძილისშორისი თამარის გამეფების მაუწყებელია.
მოძღვარი კირილეც სიზმარს ნახავს. ალავერდის ტაძარს სამკეცად გველეშაპი შემოხვევია. აღარც წირვაა, აღარც ლოცვა და აღარც ხალხი დადის ეკლესიაში. უხსენებლის ყოველი გამოღვიძება ქვეყნისათვის მუსრის გავლებაა. შავ დღეშია ხალხი. უცბად სამი მხედარი გამოჩნდება, ერთიმეორეზე ულამაზესი და უვაჟკაცესი. ხალხს გაამხნევებენ. ბრძოლისაკენ მოუწოდებენ. ვინ ცულით, ვინ წალდით, ვინ ნამგლით, ვინ ცელით, ვინ კეტით გველეშაპს შეუტევენ. საარაკო ბრძოლა მიმდინარეობს. არავინ უწყის, როგორ გადაწყდება ომის ბედი. ანაზდეულად თეთრცხენიანი და შუბიანი მხედარი გამოჩნდება. იგი ლახვრით განგმირავს გველეშაპს („ბაში-აჩუკი“).
ეს სიზმარი ქართველთა გამარჯვებას, კახეთის განთავისუფლების და სპარსელთა განადგურების წინასწარ მაცნეა.
ქართველი ჩაფარი, 1905 წლის რევოლუციის დროს, დამსჯელ რაზმში მსახურობს. უამრავი უკანონობის, უსამართლობის, ველურობის მონაწილე გახდება. დამსჯელ რაზმში დარჩენა და ყოფნა აუტანელია. მაგრამ ვერც გაქცეულა. ხალხი არ მიიღებს. თავისიანების სიძულვილი და ზიზღი დაიმსახურა. როცა კაზაკები მის შეყვარებულსაც გასაუპატიურებლად ეცემიან, ვეღარ მოითმენს და მოძალადეებს შეერკინება, მრავალთან ერთი რას გახდებოდა. კაზაკები მხეცურად სცემენ. დაასახიჩრებენ და დააგონჯებენ. დახეტიალობს მას მერე უსახლკაროდ, უნათესავოდ, უმეგობროდ, უამხანაგოდ. ერთხელ ეჩვენა: ჩაფრების უფროსი კუზმენკო მიდიოდა მისკენ. თეთრ ცხენზე იჯდა. რომ მიუახლოვდა, სახე შეეცვალა. უთხრა: კუზმენკო არ გეგონო. თეთრი წმიდა გიორგი ვარ. მოდი ჩემთან. შეგიფარებ. გიპატრონებ („ნამდვილი ამბავი“).
ნაჩაფრალი გლახაკი კახეთში, თეთრი წმიდა გიორგის საყდარში მიდის.
„თორნიკე ერისთავში“ ქვეყნად ჩამოსულ ნინოს, თამარს და ქეთევანს იხილავენ. ისინი ღვთისმშობელს საქართველოს ავედრებენ.
აკაკისთან ხილვა ყოველთვის კეთილის მოვლინების წინასწარმაუწყებელია.
რაკი სინამდვილით უკმაყოფილო იყო, ოცნებაში ეძებდა იმას, რასაც რეალობაში ვერ პოულობდა.
აკაკი სინამდვილის ორ მხარეს - რეალურსა და ირრეალურს - საკმაოდ ხშირად აღწერს. რეალურში ის არის ნაჩვენები, რაც აწმყოში არსებობს, ირრეალურში კი ის, რაც ან წარსულში იყო ან მომავალში იქნება.
არაფერს არაჩვეულებრივს, განსაკუთრებულს, ფანტასტიკურს პოეტი ირრეალურში არ ხატავს. იქაც ყველაფერი ისეა, როგორც რეალურში, ოღონდ ადამიანები არიან იდეალური, ზნეობრივად სუფთა და სპეტაკი.
ხილვებში, ჩვენებებში, სიზმრებში მოქმედებენ წმ. მარიამი, წმ. ნინო, წმ. გიორგი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი სააკაძე, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები... ისინი არსებობენ აკაკის შემოქმედებაში, როგორც იმედი, მხნეობა, გამძლეობა. მათი სახით ეუბნება პოეტი ქართველობას:
„ცისა და ქვეყნის შუამავალი, დედა მარიამ იჯდა სამოთხის კარსა და ლოცვილობდა, მოვიდა წმინდა გიორგი, თაყვანი სცა და მოახსენა: „დედაო ღვთისაო! მოვიარე ფეხდაფეხ შენი წილხვედრი, ვნახე დაცემული, დავარდნილი, სადაც აღარცა ძველი ძველობს და არც რამ ახალია“. ატირდა დედა მარიამ და ცრემლი მისი მარგალიტებად ეყრებოდა ქვეყანასა ზედა. მივიდა იესო და შეეკითხა: „დედაო, რას სტირი, ვის იგლოვ? ცასა და ქვეყანასა?“ - „ვსტირ ჩემ საწილოსა! ვგლოვ ჩემ სადედოფლოსა, დღეს დაცემულსა. დავრდომილსა და შენგან დავიწყებულს, ხელაღებულსა!“ - „არა, დედაო ჩემო, მე როგორ დავივიწყებ შენს სადედოფლოსა? ხელს ვით ავიღებ შენს წილ-ხვედრზედა?.. მხოლოდ გამოვსცდი იობის განსაცდელითა, რომ უმეტესად გავჰკურნო და ავამაღლო! წყეულიმცა იყოს ეშმაკი მისადმი შეჩენილი და ფუ! მის ავის თვალით შემყურესა!.. გაიხარა მარიამ, შეწყვიტა ცრემლები და ღიმილი ტკბილი ქვეყნად ნათლად მოჰფინა“ („კუდაბზიკეთი“).
იმედი ადამიანის შინაგან განწმენდას იწვევს. შინაგანი განწმენდა კი აუცილებელია განახლება-აღორძინებისათვის. თუ არ მოხდება ადამიანის სულიერი განწმენდა, განახლება, აღორძინება, არავითარი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური გარდატეხა-რეფორმა ნაყოფს არ გამოიღებს. სულიერი შემობრუნების პროცესში ადამიანს მაგალითი სჭირდება, რადგან „ყოველი ფერი მიბაძვით იწყება... მხოლოთ ერთი ცა და ქვეყანა გაჩენილა მიუბაძავათ...“ მიბაძვისათვის კი უკეთესი ნიმუშები არ არსებობს, ვიდრე გარდასული წინაპრებია, რომელთა საქმე სამუდამოდ დარჩენილა ერის მეხსიერებაში.
აკაკისათვის წარსული აწმყოს მასწავლებელია. იგი იმ გაკვეთილს იძლევა, რაც დღევანდელობას გამოადგება. იგი პიესის ამბად მედიას თავგადასავალს არ გამოიყენებდა, კოლხეთის დედოფლის მონანიება და კეთილისაკენ შემოტრიალება რომ არ ჰქონოდა მხატვრულ მიზნად დასახული. ეს ვარაუდია და შეიძლება მკითხველმა არც გაიზიაროს. მაგრამ ის კი უეჭველი და უდავოა, რომ მონანიება აკაკის ადამიანის სულიერი განწმენდა-განახლების გზად მიაჩნდა. ეს გზა მედიასაც უნდა გაევლო. თამარ ცბიერის გარდა, მონანიების გზას გადიან როსტომ რაჭის-ერისთავიც და ჯაფარა ჯაფარიძეც. დაუძინებელი მტრები, ორივე თვალდათხრით დასჯილი თავიანთი დაუოკებელი ვნებების გამო, ტაძარში ხვდებიან ერთმანეთს. თვალის ჩინს მოკლებულნი, მაგრამ გონების თვალით მზირალნი, მონანიებით განწმენდილნი ერთად მღერიან „ქრისტე აღსდგას“, „რომლის მსგავსიც მანამდი საწერეთლოს არა გაუგონია-რა“ („რაჭის ერისთავი როსტომ“).
ყოველი ძე შეცთომილი მონანიების აუცილებლობამდე, ეკლესიასთან ერთად, მწერლობა-ხელოვნებასაც უნდა მიეყვანა. მწერლობა მაშინ მოახდენდა პიროვნებაზე გავლენას, თუ ადამიანს სულიერი განწმენდის სურვილს აღუძრავდა ლოცვითაც და საქმითაც. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც, როგორც აკაკი ოხუნჯობდა, წინამძღოლებს წინა-მძღომელები ერჩიათ და ქველმოქმედება გველ-მოქმედებად გადაექციათ.
მწერლობას ამის გაკეთება კეთილის ხოტბითაც შეეძლო და ბოროტების გმობითაც. აკაკი ერთსაც მიმართავდა და მეორესაც. თუ ბიძინა ჩოლოყაშვილს დიდებით მოსავდა („ბაში-აჩუკი“), ახმედ-ფაშა კახაბერს მიწასთან ასწორებდა („ახმედ-ფაშა კახაბერი“). მას თხრობის მრავალფეროვანი კილო აქვს, ყველგან - პოეზიაშიც, პროზაშიც, დრამატურგიაშიც. მისი ენისათვის უცხო არ იყო არც გამანადგურებელი სატირა („აპელაციის მცოდნე“, „ეჰ, ქართველო...“, „პატარა მურია“, „თანამედროვე გმირი“ და სხვანი), არც რომანტიკული გზნება-აღმაფრენა („განთიადი“), არც მშვიდი, ალერსიანი მუსაიფი („ჩემი თავგადასავალი“). თუ ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლას „ბაში-აჩუკში“ იგი გვიამბობდა გმირული, ამაღლებული ინტონაციით, ნარკვევში - „სოლომონ პირველი დიდი, იმერეთის მეფე“ - საქართველოს ყოფიერების დაუნდობლობასა და სისასტიკეს გვიყვება დინჯად, აუღელვებლად, ნატურალისტური სიცხადით. როცა გამოუცდელმა ჯალათმა როსტომს თვალები ვერ დათხარა, რაჭის ერისთავმა თავად ურჩია - „თვალის კილოები ჩამჭერით და მერე თავისით გადმოცვივდებიან თვალის კაკლებიო“. ერისთავი ისე გულგრილად ამბობს ამ სიტყვებს, თითქოს ცხენის შეკაზმვას ასწავლისო ვისმეს. ამ ერთ ფრაზაში არა მარტო როსტომის ვაჟკაცობა ჩანს, არამედ ისიც - რაოდენ ჩვეულებრივი საქმიანობა იყო რაჭის გოროზი ერისთავისათვის თვალების დავსება, როგორი ოსტატობით ფლობდა იგი ამ ხელობას.
აკაკი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა იმას, რომ მწერლის ძალა, ნიჭი და ხელოვნება არჩეული საგნის დიადობაში კი არ არის, არამედ გამოხატვის სრულყოფილებაში. იგი წინააღმდეგი იყო მწერლობა-ხელოვნებაში ფოტოგრაფიულობის.
„ზოგიერთები საზოგადოთ იმ აზრისანი არიან... რომ რეალიზმი მოითხოვს მწერლობაში პროტოკოლურ აწერილობას უმეტ-ნაკლებოთ, ისე როგორც ხედავს და ესმის მწერალს... სოფლის ცხოვრება გინდა აწერო? მიდი გლეხისას, რაც ნახო, ან რაც გაიგონო - უტყუვრათ ჩაწერე და ეს იქნება ნამდვილი ხელოვნებაო. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ფოტოგრაფიულ სურათებს უპირატესობა ექნებოდათ ხელოვნებით მხატვრობაზე... მაგრამ ეს არ არის. მართალია, ფოტოგრაფია სწორად აღწერს, ერთ ფიორსაც არ დააკლებს, მაგრამ მაგიერათ განმაცხოველებელ სულს ვერ ჩაუდგამს იმას, რასაც მიბაძვით უახლოვდება და ხელოვანი მხატვარი კი იმისთანა რამ დამახასიათებელ ნიშანს აიღებს, შეურჩევს მისთანა წამს გრძნობა-გონების გამომეტყველებისას, რომ სულს ჩაუდგამს და განახორციელებს ნახატს. ამაშია მისი შემოქმედების ძალა...“
ყველაზე უფრო მეტად აკაკის კი ის უნდოდა, რომ პოეტური შემოქმედება ლოცვასავით ყოფილიყო.
ლოცვა და ჩანგის ჟღერა
ორივ ტყუპის ცალია;
მათი შემქმნელ-მშობელი
მხოლოდ ძალთა-ძალია.
...........................
მათი ხელის შეხება
უადგილოდ - ცოდვაა;
ლოცვა ყველგან, უდროოდ,
ფარისევლის ბოდვაა.
აგრეთვე ჩანგის ჟღერაც
არ ვარგა წარამარა.
მგოსანს თუ ეს არ ესმის,
მესტვირეა, მასხარა.
(„ჩანგი“)
მაგრამ, როცა ავაზაკები ეკლესიის კარს ამტვრევენ, იქ თავმოყრილ ხალხს მშვიდი და გულისყურიანი ლოცვის დრო და საშუალება არა აქვს. ლოცვას მყუდროება და განმარტოება სჭირდება. მეცხრამეტე საუკუნის საქართველო კარებშელეწილ ტაძარს ჰგავდა, განმარტოებული ლოცვის საშუალებას არ იძლეოდა. აკაკიც მისი ეპოქის კაცი იყო. ამიტომ ისმის მის შემოქმედებაში ლოცვაც და ეკლესიის კარების მტვრევის ხმაც, უზენაესისადმი მშვიდი ღაღადისიც და გააფთრებული წყევლა-კრულვაც, იმედიანი ყიჟინაც და დაცემულის ქვითინიც.
![]() |
5 იგავი მეხუთე |
▲ზევით დაბრუნება |
ძველ დროში ერთ მცხეთელ ხახამს ქართველი რჯულისმცოდნენი კამათში გამოუწვევია და ყველანი დაუმარცხებია. შეწუხებულა მეფე. იმ კაცის ძებნა დაუწყიათ, ვინც პაექრობაში გაჰყვებოდა ხახამს. ერთი შიშველ-ტიტველი მწყემსი მოსულა. უთქვამს - მე დავამარცხებო ებრაელ რჯულისმეცნიერს.
ხახამს გაუღიმია და უკითხავს: რომელ ენაზე უნდა ვიბაასოთო?
- რაკი მე ენები არ ვიცი, მუნჯურად ვილაპარაკოთო, - უპასუხებია მწყემსს.
შეთანხმდნენ. პაექრობა დაიწყეს.
ებრაელმა ერთი თითი უჩვენა მწყემსს. პასუხად მწყემსმა სამი თითი შეატყუპა და ეს დაანახა.
ხახამმა ხელის გული გაშალა და ქართველს მიუშვირა. ქრისტიანმა მუშტი მომუჭა და მოუღერა ებრაელს.
ხახამი შეკრთა. შერცხვა. თავი ჩაღუნა. დამარცხების ნიშნად თითი მოკაკვა.
განცვიფრებული ხალხი ორივეს მიაშტერდა. ვერა გაეგო რა. მეფემ მოუხმო ხახამს და ჰკითხა: ისეთი რა გითხრა მწყემსმა, რომ თავი დამარცხებულად სცანით? - ებრაელმა ბრძენმა მიუგო:
- მე რომ ერთი თითი უჩვენე, ამით ის ვუთხარი, რომ ღმერთი ერთია-მეთქი. მან სამი თითი დამანახა და მიპასუხა: ერთია, მაგრამ სამებით არისო. მაშინ მე ხელისგული გავუშალე. ამით მივანიშნე: იგი უმადურმა ხალხმა გააცამტვერა და ჯვარს აცვა. მწყემსმა პასუხად მუშტი შეკრა, რითაც მითხრა: მართალია, ჯვარს აცვეს, მაგრამ ხალხი მაინც შეკრა და ხელში უჭირავსო.
ახლა მწყემსი დაიბარა მეფემ და მას ჰკითხა: ხახამის დამარცხება როგორ მოახერხეო.
მწყემსმა განუმარტა:
- ებრაელმა ერთი თითი დამანახა და მითხრა: ამ თითივით გალოკილი და შიშველ-ტიტველი ხარო. მე სამი თითი ვუჩვენე პირჯვარის გამოსახატავად და იმის სათქმელად - არა უშავს, ღმერთი მოწყალეა. ებრაელს ეწყინა ჩემი პასუხი. გაშლილი ხელისგული მაჩვენა, რითაც დამემუქრა, სილას გაგაწნიო. მეც გავბრაზდი. მუშტი მოვუღერე: თუ ცემაზე მიდგება საქმე, ზურგზე ბოლს აგადენ-მეთქი. ხახამი შეშინდა. თავი დამარცხებულად აღიარა.
ეს რომ მოისმინა მეფემ, გაიცინა და ლოცვით თქვა: დიდი ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი. მწყემსს გოლიათს მოაკვლევინებ და მუნჯს მეტყველზე ძლევამოსილს ჰყოფო!..
![]() |
5.1 უგუნურების წარღვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილია, რომ თავდაპირველად აკაკი წერეთელი 1905 წლის რევოლუციას აღტაცებული შეხვდა.
ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!..
ვიცინი, აღარ ვსტირი მე!
ახალგაზრდებო, აწ-კი თქვენ
გამოდით, თქვენი ჭირიმე!..
(„თქვენი ჭირიმე“)
...........................
ასრულდა თითქმის, რასაც ვნატრობდით
ჩვენ ამ ნახევარ საუკუნეში
და როგორც სვიმონ მოხუცებულსა,
მეც მომეფინა, მოხუცს ნუგეში.
(„ნატვრა“)
სვიმონ მოხუცებული სახარებიდან (ლუკა, 11, 25-32) მოხმობილი სახეა.
როცა იესოს წინადაცვეთის რვა დღე გასრულდა, იგი იერუსალიმში წაიყვანეს. მოსეს რჯულის თანახმად, უფლის წინაშე უნდა წარედგინათ. ამ დროს იერუსალიმში ერთი მართალი და ღვთისმოსავი კაცი ცხოვრობდა - სვიმონი. მას სულიწმიდის მიერ ნაუწყები ჰქონდა: არ მოკვდებოდა, ვიდრე ქრისტეს არ იხილავდა. როცა იესო ტაძარში მოიყვანეს, სვიმონმა იგი ხელში აიყვანა, აკურთხა ღმერთი და წარმოთქვა: „აწ განუტევებ მონასა შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით. რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის - ისრაელის სადიდებლად“.
სვიმონ მოხუცებულის სიხარული მესიის ხილვით მოგვრილ სიხარულს ნიშნავს.
სხვათა შორის, სვიმონ მოხუცებულის სახეს კიდევ ორჯერ მიმართა აკაკიმ. ერთხელ „პატარა კახში“. როცა ბატონიშვილის აღმზრდელი გივი ჩოლოყაშვილი ბრძოლად გამზადებულ ყმაწვილ ერეკლეს დაინახავს, წამოიძახებს - „ახლა კი დროა სვიმონივით ვთქვა: „აწ განმიტევე მე, მონა შენი!“ მეორედ მაშინ, როდესაც მესამე დასის შექმნის ისტორიას იხსენებდა. „როგორც ებრაელები მოელოდნენ მესიას, ასე ზოგიერთი მესამოცე წლების მოღვაწენიც მოელოდნენ ახალდგმას. მათ რიცხვში გიორგი წერეთელიც, რომელმაც მეტის სულწასულობით კარლ მარქსის მოძღვრების ფეხის ამყოლები მიიღო „მომავლად“. უწოდა „მესამე დასი“ და სიმონ მოხუცისაებრ სთქვა: „აწ განმიტევეო. მაგრამ ვერ გაუვიდა ნამდვილი მიმრქმელობა“.
რა შეცდომასაც აკაკი გიორგი წერეთელს უყიჟინებდა, მასაც იგივე მოუვიდა 1905 წელს. აკაკიმაც სულწასულობა გამოიჩინა, როცა პროლეტარიატის ამბოხება მხსნელად მიიჩნია. თუმცა შეცდომას მალე მიხვდა.
აკაკის შეცდომას თავისი საფუძველი ჰქონდა. იგი ოცდაოთხი წლის იყო, როცა „ვედრება“ დაწერა. ამ ლექსში იგი ორგვარ დაცემულს ხატავდა. ერთს სურდა აღდგომა-ხსნა, ებრძოდა დამცემს. მეორე კი მკვდარივით ეგდო. ვერ გრძნობდა დაცემის საშინელებას. მტერს უხმოდ მორჩილებდა. აკაკიმ საქართველო იმ მეორე დაცემულს შეადარა, ვისაც წამოდგომა არ სურდა. ამიტომ წამოიძახა მწარედ - „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო!“
დახატა კიდეც აკაკიმ მძინარე საქართველოს სახე.
ეს რომ უთხრეს, კიდეც ჩადვეს
თავი რუსის კალთაშია
და სიზმრისგან წაღებულ ხალხს
არც სწყურია და არც შია.
(„ომი“)
ქართველიც ძილმა წაიღო
ეს ასი წელიწადია...
(„მოხუცის გრძნობა“)
მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოს ჩვეულებრივი ანექსია არ მომხდარა, როცა ერთი ძლიერი სახელმწიფო დაიპყრობს მეორეს, უფრო სუსტს. ასეთ შემთხვევაში ერი გარკვეულია და იცის, რაც დაატყდა თავს. იგი თავის საათს დაუცდის და შეეცდება თავდახსნას. ერის პატიოსან და მოაზროვნე ნაწილსაც სრულად ნათელი პოზიცია უჭირავს. მისთვის სადავო არაფერია. დავა-კამათს შეიძლება იწვევდეს ის - რა ტაქტიკურ გზას დაადგეს ერი ოკუპაციის პირობებში და არა საბოლოო სტრატეგიული მიზანი. ამ ვითარებაში სტრატეგიული მიზანი ყველასათვის ერთია - სრული ეროვნული თავისუფლება (ცხადია, აქ არ იგულისხმებიან სხვადასხვა ჯურის ავაზაკები, რომელთაც ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა უყვართ). მაგრამ მე-19 საუკუნეში საქართველოს ვითარება მკაფიოდ და ცალსახად არ იყო წარმოდგენილი.
მაჰმადიანური სამყაროსაგან შევიწროებული საქართველო რამდენიმე საუკუნე ეძებდა მფარველს. ქართველი პოლიტიკოსები ევროპაშიაც სინჯავდნენ ნიადაგს, მაგრამ ჯიუტი მზერა მაინც რუსეთისაკენ იყო მიპყრობილი. საქართველოსადმი ევროპის გულგრილი დამოკიდებულების გვერდით, ქართველი მეფე-მთავრებისათვის უფრო საიმედოდ რუსეთი მოჩანდა. რუსეთის იმედი დიდხანს კვებავდა ქართველ ხალხს. პირველი დიდი ეჭვი რუსეთის კეთილსინდისიერების მიმართ მაშინ გაჩნდა, როცა პეტერბურგის ხელისუფლებამ 1801 წელს საქართველოს სამეფო გააუქმა და იგი უბრალოდ გუბერნიად გამოაცხადა. არამზადებმა, რა თქმა უნდა, მაშინვე იპოვეს საერთო ენა რუსულ ხელისუფლებასთან. ერის პატიოსან და ერთგულ შვილებს შორის კი დაიწყო კამათი: რა მოხდა? ქართული სამეფო კარი მოტყუვდა თუ ღალატი ჩაიდინა? რუსეთის დამკვიდრება საქართველოში კეთილს მოიტანს თუ საბედისწერო გახდება?
ეს დავა მთელი მე-19 საუკუნე მიმდინარეობდა, ღიად თუ ფარულად.
რელიეფურად აისახა იგი აკაკის შემოქმედებაშიც.
მე-19 საუკუნეში არავინ დაეჭვებულა დიმიტრი ყიფიანის პატიოსნებასა და პატრიოტიზმში. მით უმეტეს, აკაკი, ვინც დ. ყიფიანის უღრმესი პატივისმცემელი და მოყვარული იყო. მაგრამ დიალოგის ფორმით დაწერილ პოემაში - „ვორონცოვი“ - აკაკიმ დიმიტრის ათქმევინა:
რომ ეროვნული შეგვრჩეს ელფერი
და რუსი ვიყოთ პოლიტიკურად,
აი, რა გვინდა... სხვა არაფერი!..
ასეთი პოზიცია მართლაც არსებობდა. მას ერთგულად იცავდა არა ერთი და ორი, არამედ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნაწილი ქართული საზოგადოებისა. მიუხედავად იმისა, რომ მოაზროვნე საზოგადოების ეს ნაწილიც კარგად ხედავდა, საქართველოს რუსეთმა -
ის, რაც პირობა დაუდვა,
არ აუსრულა არც ერთი:
გატეხა ფიცი და მტკიცი,
აღარ იწამა მან ღმერთი.
ხელში ჩაიგდო და ძველი
წესწყობილება მოშალა,
შემოიტანა თავისი
და მოაყოლა თან ძალა.
(„რაჭა-ლეჩხუმი“)
ყოველი საღად მოაზროვნე ქართველისათვის ცხადი იყო: რუსეთმა მოატყუა საქართველო. ეშმაკურად და თვალთმაქცურად ისარგებლა ერთმორწმუნეობის დოგმით და დაიმორჩილა ქართველი ხალხი. მფარველის დროშით მოსული თავად აღმოჩნდა დამპყრობელი.
როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ ისევე მედგრად და შეუპოვრად, როგორითაც სპარსეთ-თურქეთს ეომებოდნენ, თუ რუსეთის შეცვლა-განახლების იმედით მაინც ერთად გაეწიათ უღელი?
და ქართული ცნობიერება გაიხლიჩა.
შეუპოვარი და მედგარი ბრძოლა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. მეტისმეტად არათანაბარია ძალები: ერთი მხრივ - უთვალსაწიერო, გიგანტური იმპერია, მეორე მხრივ - პაწია ქვეყანა. მათ შორის ომის შედეგი წინასწარ ზუსტად არის განსაზღვრული. გამოცდილებაც არსებობს: მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აჯანყება აჯანყებას მოსდევდა, ამბოხს - ამბოხი, ბუნტს - ბუნტი. მაინც არაფერი შეიცვალა. რუსეთის ბატონობას ძვრა ვერ უყვეს.
თუ რუსეთის შეცვლა-განახლებას უცადე, უმოძრაობითა და მორჩილებით ერი დაცემა-დაქვეითების გზას ადგება. ეს სურათი თვალნათლივ ჩანს და ყველა ხედავს. ზნე-ჩვეულებით, ცხოვრების წესით, მორალით, თვისებით ქართველი აღარ არის ის, რაც ოდესღაც ყოფილა. აღარც საქართველოა ძველი საქართველო. პიროვნებაც და ხალხიც დაკნინებულ-დაცემულია.
„ძალა აღმართს ჰხნავს!“
ღვთის რისხვას
ხელი არ შეეფარება!..
ძნელია, როცა მოყვრულად
მტერი კაცს შეეპარება.
უქმია მაშინ ტირილი
და უნაყოფო - გოდება!..
იხრწნება ფარისევლობით
თანასწორ ყველა წოდება:
თავადი აღარ თავადობს,
არც სადმე აზნაურია!
აღარც მღვდელია, არც ერი...
ყველა ღვთის უმადურია!
...........................
მოტყუებული ქვეყანა
ივიწყებს ძველსა დიდებას;
წამოაყენებს იუდას
და ჰყიდის ჭეშმარიტებას.
(„საქართველოს დღევანდელი სახე“)
ეჰ, ქართველო, აბა მითხარ, ვინა ხარ?
მოწინავეს ჩამორჩი, უკანაზე წინა ხარ,
უცხო კაცად არ ვარგიხარ, აღარც არა შინა ხარ,
ორთა შუა აგდიხარ, სანაგველას ფინა ხარ!
...........................
პირში-მთქმელი არ გიყვარს, მართლისთვის ილანძღები,
თუ გშია, პატრიოტობ, შენ მოძმესაც უწყრები;
მაგრამ მაშინ-კი სხვა ხარ, როდესაც გამოძღები:
თავი ქონით გაქვს სავსე და ტვინით-კი - ფეხები.
ჩიხური ვითარება შეიქმნა: თუ ბრძოლას მიმართე, ხორციელი გაქრობა გელის, თუ მორჩილება აირჩიე - სულიერი გადაგვარება. მაგრამ განუწყვეტელ დავა-კამათში თანდათან ყალიბდება საერთო დასკვნა:
ისტორია ერთ ადგილას არ დგას. იგი მუდამ წინ მიდის. ცვლილება-განახლება უთუოდ იქნება. აუცილებელია ეპოქის პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა და ყოველი ცვლილება-განახლების დაუყოვნებლივ გამოყენება. მით უფრო, რომ მოაზროვნე საქართველოს ჯერ რწმენა არ გაქრობია.
არ მომკვდარა!.. მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს!..
ვინც შენატრის იმის სიკვდილს,
უმალ მასვე დაამიწებს.
(„ავადმყოფი“)
ამიტომ ვითარების შეცვლა-განახლების მაუწყებელი ყველა მოვლენა აღტაცების მომგვრელი იყო.
ბატონყმობა გაუქმდება, სასიხარულოა: „გაიზრდები, გენაცვალე, თავისუფალიო; ბატონი ვერ შეგაწუხებს, ვერც გაგტეხს ვალიო“ („იმერული ნანინა“).
მოკლავენ ალექსანდრე მეორეს, სასიხარულოა: „დღეს მერცხალი შემოფრინდა, ჭიკჭიკითა გადმომძახა: „გაზაფხული! გაზაფხული !“ გულს იმედი დამესახა“ („გაზაფხული“).
რუსეთ-იაპონიის ომში დამარცხდება რუსეთი, სასიხარულოა: „ის რაც იყო, აღარ არის, შეიცვლება დღეს თუ ხვალე... მხსნელს დახსნილი მიეგებე!.. ოი, ამას ვენაცვალე!“ („გურული ნანინა“).
მაშინ მთელმა საქართველომ იცოდა, რომ ყოველი სტროფის ბოლოს გამეორებული სიტყვა „ოიამა“ იაპონელი გენერლის გვარი იყო.
ამ განახლება-ცვლილების აღტაცებით შეხვდა აკაკი 1905 წლის რევოლუციასაც. ანდა, როგორ არ შეხვედროდა? ის საქართველო, რომელსაც ეძინა, ახლა ფეხზე იდგა, გრგვინავდა და ყმობა-მონობას წარღვნა-წალეკვით ემუქრებოდა. ის ქართველი, რომელსაც „თავი ქონით ჰქონდა სავსე და ტვინით კი ფეხები“, თოფს ატრიალებდა, თავისუფლებას ეტრფოდა. ბრძოლის ველისაკენ დაუოკებლად მიიწევდა. „გამოიღვიძა ხალხმა მძინარმა, რომ მოიპოვოს თავისუფლება“ („ნატვრა“).
შენი ჭირიმე, ხანჯალო.
რკინაო ხვარასნისაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!
მიმოციქულე მტრის გულთან,
მიუძღვენ ჩემი სალამი:
ის ვითომ საწერელია,
ჩაერჭვე, როგორც კალამი!
მისი წითელი მელნითა
შემაღებინე ჭაღარა,
იმისი კვნესა იქნება
ჩემი დაფი და ნაღარა!
გლესავ და გლესავ, მახვილო,
ფოლადო, ჩემო რკინაო!
დროა, ამოდი ქარქაშით,
აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო.
(„ხანჯალს“)
პირველ ხანებში აკაკის ეგონა, რომ 1905 წლის რევოლუცია მაღალი საკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის იღვწოდა. დროებით ირწმუნა, რომ მუშათა კლასის ბრძოლით, ბოლოსა და ბოლოს, მოხდებოდა პიროვნების, ერის, შრომის განთავისუფლება, რელიგიური თანამეგობრობისა და შემწყნარებლობის დამკვიდრება, ხალხთა შორის შუღლისა და მტრობის მოსპობა.
იმედით გამსჭვალული იგი ხოტბას ასხამდა მუშებს.
გამარჯობა ნამდვილ მუშებს!
ვაშა, ვაშა მომავალსა!
ის ასწორებს დღევანდლობის
გამრუდებულ გზა და კვალსა.
გაასწორებს და გზას მისცემს
ტარიელს და ავთანდილსა,
ამირანის სისხლ-ცრემლებით
ქართველებად გამოზრდილსა.
ნეტავ იმ დროს და მის დამსწრეს!
ზეზეულ ჰგრძნობს ცხონებასა:
არ ისურვებს ბატონობას
არც ვისიმე მონებასა.
აღიარებს მხოლოდ ძმობას,
თანსწორობას, სიყვარულსა,
და საზღვარი არ ექნება,
მის უმანკო სიხარულსა.
(„საქართველოს დღევანდელი სახე“)
მერყეობა დაეტყო სოციალ-დემოკრატიისადმი დამოკიდებულებაშიაც. თან ამბობდა - „შენ საქებ-სადიდებელად ვერ ავაჟღერებ ჩანგურსა“, თან ამხნევებდა - „შენი შეცდომა სჯობია მძინარის შეუცდენასა, გიწუნებ, მაგრამ შენს ძვირს-კი ვერ ვათქმევინებ ენასა!“ („სოციალ-დემოკრატიას“).
მესამედასელებთან, ანუ ქართველ სოციალ-დემოკრატებთან, ადრე მყარად გამომუშავებული დამოკიდებულება ჰქონდა. როცა ისინი მუშათა უფლებას იცავდნენ, ეს მოსწონდა და მხარს უჭერდა.
„ჩვენ ბევრი რამ მოგვწონს „კვალელებისა“, არა ყველასი, ზოგიერთებისა. მაგალითად, მათი გულწრფელობა, პირდაპირობა, მუშათა თანაგრძნობა...“
(ქართველ სოციალ-დემოკრატებს, რაკი ისინი გაზეთ „კვალის“ გარშემო იყვნენ თავმოყრილი, „კვალელსაც“ უწოდებდა, „მესამედასელის“ პარალელურად).
მაგრამ პრინციპულად ედავებოდა და არ ეთანხმებოდა, როცა მესამედასელები უარყოფდნენ წარსულს, ხალხს კლასობრივი ბრძოლისაკენ მოუწოდებდნენ და მატერიალზმს ქადაგებდნენ.
„რა სათქმელია: „წარსული გველივით გვეზიზღება და აწმყო ჭირივით გვეჯავრებაო?“ მაშ, რაღა გიყვარს, მამა-პაპათა საფლავის მგმობელო? და ვიღაზედ ზრუნავ, თუ თანამედროვეობა გეჯავრება? საიდან გინდა გამოახტუნო მომავალი? გაგიგონია, ალია მომკვდარაო და რომელი ალია და სად კი, არ იცი“.
როგორც ყველა თერგდალეულს, აკაკისაც ყოვლად დაუშვებლად მიაჩნდა ერის კლასობრივად დაშლა-დაპირისპირება. აკაკი ხშირად ადარებდა ხესა და ერს ერთმანეთს. როგორც ხე შედგება სამი ნაწილისაგან, ფესვები-ზრო-კენწერო, ასევეა ერიც - სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენების მთლიანობა-ერთიანობა. ხე გახმება, თუ რომელიმე მისი ნაწილი დაზიანდება, სულერთია, ფესვები იქნება, ზრო თუ კენწერო. თუ რომელიმე საზოგადოებრივი ფენა განადგურდება, მაშინ მთელი ერიც დაიღუპება. აკაკის მტკიცედ სჯეროდა, რომ ძველად, საქართველოს რუსეთის მიერ დაპყრობამდე, ჩვენში ხალხი ორად იყოფოდა - მეომრად და მეურნედ. ისინი ერთმანეთს არ უპირისპირდებოდნენ. მათ შორის მჩაგვრელისა და ჩაგრულის დამოკიდებულება არ ყოფილა, არც მყვლეფელისა და გაყვლეფილის, არც ბატონისა და ყმის. მათ შორის, უბრალოდ, ფუნქცია იყო განაწილებული. მეომარი ქვეყანას იცავდა. მეურნე ქვეყანას აშენებდა. თუ მეურნე ქვეყანას კვებავდა, სამაგიეროდ, მეომარი მას უცხო დამპყრობელისაგან იფარავდა. მეომარი მეურნის ნაჭირნახულევს გუშაგად ედგა. მეომარს აზნაური, ანუ თავადი ერქვა, მეურნეს - გლეხი. აკაკის სიტყვით, საქართველოში „ბატონყმობა იყო პირობითი და არა ძალმომრეობითი. მონობითი ბატონყმობა მე-19 საუკუნეში მოიტანა რუსეთმა“.
თავადისა და გლეხის ჰარმონიული ურთიერთობის სურათს გვიჩვენებს პოეტი პიესაში „რეაქცია“.
ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი გლეხს, იოსებ ლაბაძეს, სახლ-კარს გადაუწვავს. იოსები თავად ვახუშტი ცხვარაძესთან მიდის თხოვნით: შენს ტყეში წკნელი მომაჭრევინე ფაცხის ასაშენებლადო. ვახუშტი მოჭრის უფლებასაც მისცემს და, - ვალის გადახდასაც დაგაცლიო, - ეუბნება. „რატომ არ დაგაცლი? დიახაც დაგაცლი!.. თუ მეზობლობა არ გვექნა - არ ივარგებს! ჩვენ უთქვენოთ ვერ ვიცხოვრებთ და თქვენ უჩვენოთ!..“
თავადი გლეხს დასახმარებლად ფულსაც უგზავნის შვილის ხელით.
„ალექსანდრე - ბარემ ისე გებოძებინათ (წკნელი - ა. ბ.), უფულოდ.
ვახუშტი - არა, შვილო!.. ის რომ არ გაბრიყვდეს, სხვები გაბრიყვდებიან... ეგ ფული სულ შენობით გადაეცი“...
როგორც ხედავთ, ნივთიერადაც ეხმარება და ზნეობრივ გაკვეთილსაც იძლევა.
ეს იწერება მაშინ, როცა კლასობრივი ბრძოლა აზანზარებდა რუსეთის სახელმწიფოს.
აკაკისა და სხვა თერგდალეულთა აზრით, კლასობრივი ბრძოლა, ჯერ ერთი, გარედან მოტანილი და ქართველებისათვის ნაძალადევად თავსმოხვეული თეორია იყო და, მეორეც, იგი ერს ანაკუწებდა, ამით ასუსტებდა და ხელს უშლიდა ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
როცა ებრძვით თქვენ ერთმანეთს,
ხომ სუსტდებით ერთად ყველა?
თქვენი მტერიც მაგას უცდის;
ხელს ჩაგკიდებსთ ნელა-ნელა!
(„მამლის ყივილზე“)
მატერიალიზმიც უცხო იყო აკაკისათვის. „ამათი (მესამედასელების - ა. ბ.) შეცდომა ის არის, რომ ცხოვრების ყოველგვარ საჭიროებას და მოვლინებას: სარწმუნოებას, ხელოვნებას, მეცნიერებას და სხვათ, მარტო მხოლოდ მატერიალისტურ სარჩულს უდებენ და ავიწყდებათ დიდი მოძღვრის სიტყვა: „არა პურითა მხოლოდ სცხონდეს კაციო“.
ქართულ სოციალ-დემოკრატიას უწოდებდა ანარეკლის ანარეკლს. თუ რუსული სოციალ-დემოკრატია გერმანული სოციალ-დემოკრატიის ანარეკლი იყო, ქართული რუსულისა გახლდათ. „დედანს სიახლოვესაც არ მიჰკარებია და რუსული აზრის ლარი გადაუღიათ და ისე გასცნობიან მარქსის თეორიას“.
1905 წლის რევოლუციაში, მეტ-ნაკლებად, ყველა მაშინდელი პარტია მონაწილეობდა, ოღონდ სოციალ-დემოკრატები პირველობას იჩემებდნენ. მთლად არ ტყუოდნენ: ლიანგი, სხვებზე მეტად, მათ უგდებდა ყურს. თუ ამბოხებულ ხალხს იმედით უყურებ, მაშინ უნდოდ ვერც მის მეთაურს მოეკიდები. აკაკიც შეყოყმანდა: იქნებ ვცდები, სოციალ-დემოკრატიის რომ არ მწამსო. და მის ხმაში მესამედასელთადმი სითბო გაერია.
აკაკის დამოკიდებულებას პარტიებისადმი აპირობებდა და განსაზღვრავდა მათი ეროვნული პროგრამები. როგორი იყო ეროვნული პროგრამა, დამოკიდებულებაც იმგვარივე იყო. დაკმაყოფილებით კი აკაკის არც ერთი ეს პროგრამა არ აკმაყოფილებდა. ცხრაასხუთში ფედერალიზმზე მეტი არავის მოუთხოვია. თუ რუსეთის სახელმწიფო ფედერალური პრინციპით მოეწყობოდა, ჩანდა, ეროვნული საკითხი მოგვარებულად ჩაითვლებოდა, გარკვეული დროით მაინც, თუ საბოლოოდ არა. ფედერალიზმი კი, აკაკის აზრით, არა მარტო უკმარისი იყო, არამედ სახიფათოც. ფედერალიზმი არაქართველს ქართულ მიწა-წყლის ფლობის იმდენსავე უფლებას ანიჭებდა, რამდენსაც ქართველს.
„ფასია - არა, ფედერალისტების პროგრამას მაინც კარგი სარჩული უძევს, „ძმობა“, „თანასწორობა“, „ერთობა და სიყვარული“! ამას რა სჯობია?
ალექსანდრე - ის, რაც სახარებაშია? კეთილი, მაგრამ იმასაც თავის სახე უნდა. ვთქვათ, რომ შენს სახლში უცხოელებს უნდათ შემოსვლა, მოგადგნენ კარზე და დაგირეკეს: „ძმობის“, „ერთობის“ და „თანაგრძნობის“ სახელით შემოგვიშვი სახლშიო!
ფასია - კარი უნდა გაუღო, მეტი რა გზაა!
ალექსანდრე - კეთილი! შემოვიდნენ ერთობის სახელით და მერე გეუბნებიან: რადგანაც ყველა ვერ ვეტევით, ჩვენ გადაგვიწყვეტია ხმის უმეტესობით, რომ შენ გაბრძანდე და ჩვენ დაგვიტოვე შენი სახლ-კარიო.
ფასია - იმე! მაგას როგორ მეტყვიან?
ალექსანდრე - გეტყვიან იმიტომ, რომ ეს ხერხი წინდაწინვე ედვათ გულში და მხოლოდ შენ გაბრიყვებდნენ და თუ შენ არ დაეთანხმები, შენ „შოვინისტს“ დაგიძახებენ და გაშინებენ ამით.
ფასია - იჰ, რაც უნდათ, ის დამიძახონ! როგორ დავეთანხმები მაგაზე? „შოვინისტი“ რაა? მე კი არ მივდივარ მის სახლში, ის მოდის ჩემს სახლში და როგორც სტუმარი ჩემს ნებაზე უნდა იყოს.
ალექსანდრე - გვიანღა იქნება მაგისი თქმა! ძალა მათ ხელში იქნება... ეხლა შენი სახლის ნაცვლად ავიღოთ ეს საბრალო საქართველო. ფედერალისტების სახელით შემოდიან სხვადასხვა ერები და შენც იძახი ძმობისა და ერთობის სახელით: მობრძანდით, თქვენთვისაც არის ადგილი და სხვანი. იმათაც ისარგებლეს და შემოვიდნენ, დასახლდნენ და მერე გითხრეს: ჩვენ მეტი ვართ და ხმის უმეტესობას დაემორჩილეთ და ან წაბრძანდით აქედანო.
ფასია - ეგ რა სათქმელია?
ალექსანდრე - სათქმელია თუ არა, ასე კი მოხდება!..“ („რეაქცია“).
პიესის პერსონაჟის ალექსანდრეს პირით, აკაკი საკუთარ შიშს გამოთქვამს.
საშიში და სახიფათო ბევრი რამ იყო, მაგრამ აბობოქრებულ-ალანქრებული ხალხი მზირალს აჯადოებდა. რევოლუციას ნარკოტიკის თვისება აქვს: ადამიანი მას ან უფრთხის და ახლოს არ ეკარება, ან მისით მთვრალი და გაბრუებული თავდავიწყებით ეტრფიალება. ამ ჯადო-ნარკოტიკს წუთიერად აკაკიმაც ვერ გაუძლო. ისიც დათვრა. „ინტერნაციონალმა“ და აფრიალებულმა წითელმა დროშებმა თვალ-გონი დაუბინდა. თავისუფლების მოლოდინით დაღლილს მოეჩვენა, რომ 1905 წლის რევოლუცია მისი ოცნების ასრულების დასაწყისი იყო.
სიყმაწვილიდან მოხუცებამდე
ეს მაწვა გულზე, როგორც რომ ლოდი,
და ხალხის ჩვენში გამოღვიძებას
ერთხელ, ოდესმე, მეც მოველოდი.
მადლობა უფალს, რომ მოვესწარი
ჩემი სურვილის ასრულებასა
და, ვით ბულბული დაბერებული,
მეც დროს ვუგალობ „ქებათ-ქებასა“.
(„ჩემი რწმენა“)
რევოლუციის მიერ სისხლის ღვრაც კი გაამართლა.
მართალი არის, სისხლი იღვრება,
მაგრამ მოითხოვს ამას ბუნება!
წყალი ხორცსა ჰბანს და სისხლი სულსა,
ამას გვიმოწმებს თვით ქრისტეს ვნება.
(„ჩემი რწმენა“)
ზემოთ, ერთხელ უკვე ნახსენები ალექსანდრე, პროტაგონისტი პიესისა „რეაქცია“, თავსაც ინუგეშებდა და სხვებსაც აწყნარებდა:
„ყოველ ამგვარ მოვლინებას (რევოლუციით გამოწვეულ ხოცვა-ჟლეტას, ძარცვა-გლეჯას, შეურაცხყოფა-დამცირებას - ა. ბ.) მოთმენით უნდა ატანა. აი, კარზე რომ პატარა მდინარე ჩამოგვდის, ხომ დასალევადაც კარგია, საბანაოდაც და თევზიც კარგი იცის? მოჩუხჩუხებს ნელ-ნელა, თითქო ატეხილ ჭალებს უმღერისო, თვალსაც ესიამოვნება და ყურსაც. როცა მოვარდება ხოლმე, მაშინ კი შენს მტერს!.. გადმოტეხავს ნაპირებს, ატალახიანდება, აღარც სასმელად ვარგა და აღარც საბანებლად... დაწყდება და თავისივე კალაპოტში ჩადგება, მაშინ ხომ ერთი-ორად უკეთესია? ხალხიც ასეა, როცა ღელავს, უნდა მოერიდო ცოტა და დააცადო...“
გამართლება-გამტყუნების ეს მცდელობაც აკაკის პირადი ფიქრია.
პოეტი რევოლუციას ბუნების სტიქიას ადარებდა. მართლაც ჰგვანან ისინი ერთმანეთს.
დავაკვირდეთ.
ბუნებაში თანდათანობით გროვდება რაღაც ენერგია (დავარქვათ მას, თუ გნებავთ, დამანგრეველი). ეს დამანგრეველი ენერგია ერთ დღეს გამოვლინდება სტიქიურ უბედურებათა სახით - მიწისძვრა, ვულკანთა ამოფრქვევა, წყალდიდობა... ადამიანი აკვირდება მათ, სწავლობს, შეიცნობს კიდეც რაღაცას. მაგრამ არ იცის უმთავრესი - რატომ, რა მიზნით გროვდება ეს ენერგია, როდის, რა ძალით გამოვლინდება იგი. არც ის იცის - რა კანონზომიერებით უკავშირდება ერთმანეთს ენერგიის სხვადასხვა სახე - მაშენებელი და დამანგრეველი.
ასევე ხდება საზოგადოების ცხოვრებაშიც. შეუმჩნევლად გროვდება დამანგრეველი ენერგია, რომელიც მოულოდნელად გამოვლინდება ერთ დღეს ომის, რევოლუციის, ტერორიზმის სახით. ამასაც სწავლობს ადამიანი. ცდილობს ამოიცნოს ომის, რევოლუციის, ტერორიზმის წარმომქმნელი ძალა. მაგრამ აქაც არ იცის - როდის, რატომ და რა საჭიროებისათვის იფეთქებენ ისინი. „უგანგებოდ ცაცა და მიწაც, ორივე მუნჯია“ („ბაში-აჩუკი“).
როგორც სტიქიას ვერ შექმნის ადამიანი ხელოვნურად, ასევე ვერ მოამზადებს იგი საგანგებოდ ომს, რევოლუციას, ტერორიზმს. ესენიც საკუთარ შინაგან კანონზომიერებას ემორჩილებიან, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს.
როგორც სტიქიურ უბედურებებს ვერ შეაჩერებს ადამიანი, ასევე ვერ დაამშვიდებს იგი ომს, რევოლუციას, ტერორიზმს.
როგორც სტიქიურ უბედურებას გაუდის ყავლი და თავისთავად მშვიდდება, ასევე ჩერდება-წყდება თავისით ომიც, რევოლუციაც, ტერორიზმიც.
რა თქმა უნდა, ადამიანი მონაწილეობს ერთგანაც და მეორეგანაც, მაგრამ მონაწილეობს, როგორც ლიკვიდატორი. ადამიანი ახდენს სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციასაც და ომის, რევოლუციის თუ ტერორიზმის დანატოვარისაც.
ერთგანაც და მეორეგანაც ადამიანს მოაქვს მაშენებელი, შემოქმედი ენერგია. მან უნდა აღადგინოს ის, რაც დაქცეულია.
არსებობს არსებითი განსხვავებაც: თუ სტიქიურ მოვლენებში ადამიანი მონაწილეობს, როგორც მხოლოდ მსხვერპლი, ომში, რევოლუციასა და ტერორიზმში იგი მსხვერპლიც არის და მოქმედიც. ის გარემოება, რომ ამ მოვლენებში ადამიანი მოქმედია, მას აბრიყვებს და თვითდაჯერებულს ხდის. აფიქრებინებს, ადამიანს შეუძლია მათი მომზადებაც და შეჩერებაც.
ასე ეგონათ ცხრაასხუთშიც. ერთნი იკვეხნიდნენ, რომ ისინი წარმართავდნენ რევოლუციას, ხოლო მეორენი ცდილობდნენ მის შეჩერება-შეწყვეტას. არც ერთ მხარეს აზრად არ მოსდიოდა, რომ ორივენი უგუნურების წარღვნის მსხვერპლნი იყვნენ.
რევოლუციისადმი თანაგრძნობას ხელისუფლების სისასტიკეც აძლიერებდა. უდანაშაულოსა და დამნაშავეს თანაბრად და ერთნაირად უსწორდებოდნენ. დაწვა-დაბუგვა, დახვრეტა-დაპატიმრება, წამება-გაუპატიურება ხელისუფლების მხრიდან შურისძიების ჩვეულებრივი გამოვლინება იყო. ამ სისასტიკეს აკაკი ამხელდა პოეზიითაც, პროზითაც და დრამატურგიითაც.
ნამუსს რომ ხდიან ქალებს, შეჰყურებს
მამა - შვილს, ძმა - დას, თავის ცოლს - ქმარი;
თუ ხმა გაიღეს, მათაც მოჰკლავენ,
და მშველელი კი არავინ არი!..
გიმნაზიის ეზოში ბავშვებია თავმოყრილი. კაზაკების რაზმი გამოივლის. მოწაფეებს ტყვიებს დაუშენენ. სკოლის ეზოს სისხლით მორწყავენ. ერთი პატარა ბიჭი, თავი რომ გადაირჩინოს, სარდაფში დაიმალება, იქაც მოძებნიან სალდათები და მოჰკლავენ (ლექსი „კოჭაობა“).
სოფლის განაპირას, წყაროსთან, ყმაწვილი ქალი კოკას ავსებდა. ცხრა-ათი წლის გოგონაც ახლდა. ჯარისკაცებმა გამოიარეს. შეშინებულმა ბავშვმა იკივლა - „დედა, რუსები!“ ქალი გაიქცა. კაზაკებმა გოგო დაიჭირეს. თავზარდაცემული დედა უკან მოვარდა. - მე, რაც გინდათ, მიყავით, ოღონდ ბავშვი გაუშვითო, - შეევედრა. ქალსაც სტაცეს ხელი. დედა-შვილი, ორივე გააუპატიურეს (მოთხრობა „ნამდვილი ამბავი“).
წვერაძის ქვრივს სახლი დაუწვეს. თავად მას კი, საჯაროდ, ხალხის თვალწინ, ნამუსი ახადეს. ქალი შეიშალა (პიესა „რეაქცია“).
განუკითხაობა და ველურობა დეტალებითაც დასტურდება. ვახუშტისას კაზაკ-რუსებმა ოცდაათკოკიან ქვევრს მოხადეს თავი. სმა დაიწყეს. ორშიმო მიაწოდეს, მაგრამ გვერდზე მოისროლეს. მაღალყელიანი ჩექმები გაიხადეს, იმით იღებდნენ ღვინოს და ხვრეპდნენ („რეაქცია“).
ძირს, მთავრობავ უსამართლო!
„ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო“, -
ყოველი მხრივ გეძახიან:
„ძირს, მთავრობავ! აწ-კი ძირსო!“
(„ძირს“)
აკაკის იმ კაცივით დაემართა, ხიდზე რომ იდგა, აქაფებულ მდინარეს დასცქეროდა და თვალი აუსიორდა. მაგრამ საკმარისია, თვალასიორებულმა გვერდზე გაიხედოს ან თვალი დახუჭოს, რომ საღი მხედველობა დაუბრუნდება. აკაკიც მალე მიხვდა 1905 წლის რევოლუციის ნამდვილ არსს. „ჩემი რწმენა“ „ჩემი ჭმუნვით“ შეიცვალა. რევოლუციამ ყველა ჭკუათმყოფელს ნათლად დაანახვა კლასობრივი ბრძოლის დაუნდობლობა, სისასტიკე და უაზრობა, მოხდა ეროვნული პრობლემის უგულებელყოფა და, ათეიზმის სახელით, არა მარტო რელიგიის უარყოფა, არამედ, საერთოდ, ზნეობისაც. ეს კი ცალკეულ პიროვნებასაც და მთელ საზოგადოებასაც კატასტროფით ემუქრებოდა. აკაკიმ გაისიგრძეგანა მომავალი საფრთხე. „თავი მოაქვთ მშრომელ მუშად, სამშობლოს რომ სჭრიან ყელსა“ („ჩაფიქრება“).
ქართველ მარქსისტებს ერის ბედ-იღბალი ჩალად რომ არ უღირდათ, ეს ძნელი შესამჩნევი არ იყო. ისინი ამას არ მალავდნენ. ვისაც ყური ება სმენად, ესმოდა კიდეც ეს და ვისაც - თვალი ხედვად, ხედავდა კიდეც ამას. რთული ამოსაცნობი სხვა რამ გახლდათ: რუსი სოციალ-დემოკრატების ნამდვილი ზრახვა. ნუთუ მათ მართლა უნდოდათ რუსეთის სახელმწიფოს დარღვევა და დაპყრობილი ხალხების განთავისუფლება?
1905 წლის მომდევნო ეპოქამ, 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამ და 1922 წელს სსრკ-ის შექმნამ დაასაბუთა, რომ ჯერ რუსულ სოციალ-დემოკრატიას და მერე რუსეთის კომუნისტურ პარტიას (ბ) იმთავითვე მიზნად ჰქონდა, სოციალისტური რევოლუციის საშუალებით, რუსეთის იმპერიული მთლიანობის გადარჩენა. იგი, რკპ (ბ), უფრო შორეული და საბოლოო გეგმითაც მოქმედებდა: რუსეთის სახელმწიფო მოსახლე ერების ერთმანეთში ათქვეფის გზით ჩამოეყალიბებინათ ერთიანი, მთლიანი რუსი ხალხი. ეს უნდა მომხდარიყო ისე, როგორც აშშ-ში მიმდინარეობდა, თანდათანობით, სხვადასხვა ერისაგან ერთიანი, მთლიანი ამერიკელი ხალხის შექმნა. ამ მიზნით საქმიანობას ორი მიმართულება მისცეს - თეორიული და პრაქტიკული.
თეორიული კუთხით, „მეცნიერულად ამტკიცებდნენ“, რომ ხალხების შერწყმის მეშვეობით, მოხდება ერთი ენისა და ერთი ერის ჩამოყალიბება. ამ თეორიას ფართო პროპაგანდას უწევდნენ.
პრაქტიკული კუთხით, ხდებოდა მთელი ერების საკუთარი ისტორიული მიწა-წყლიდან აყრა და სსრკ-ის სხვადასხვა ოლქში გადასახლება. საკუთარ ტერიტორიაზე ამა თუ იმ ხალხის (მით უმეტეს, კულტურის) სრული ასიმილირება შეუძლებელია. ამიტომ ისინი უნდა ამოიძირკვონ საკუთარი ტერიტორია-ნიადაგიდან და სხვაგან, უცხო მიწაზე, გადასახლდნენ. აშშ-ში ასიმილიცია შედარებით იოლად იმიტომ ხდებოდა, რომ იქ ხალხები საკუთარ ნიადაგს მოწყვეტილი არიან. სხვისი მიწა მათ ათქვეფას ხელს უწყობს (თუმცა კანადაში ეს პროცესი მაინც სხვაგვარად წარიმართა. არ მოხდა ინგლისურენოვანი და ფრანგულენოვანი მოსახლეობის შერწყმა. ისინი თავიანთ ინგლისელობას და ფრანგობას ინარჩუნებენ).
ამ გეგმის განსახორციელებლად კლასთა ბრძოლის თეორია ჩინებული იარაღი იყო. კლასთა ბრძოლის დროს, როგორც წესი, ყოველთვის ერის საუკეთესო ნაწილი იღუპება. კეთილშობილ და ზნეობრივ ადამიანს არ ძალუძს, მახვილი აღმართოს მოყვასის წინააღმდეგ. სულერთია, ეს მოყვასი ღატაკია თუ მდიდარი. მოყვასის დასაღუპავად გამეტება მხოლოდ ნაძირალას შეუძლია. ამიტომ რჩებიან ყოველთვის ნაძირალები გამარჯვებული კლასობრივ ომში. ნაძირალების ამარად დარჩენილი ერი კი უპატრონოა. მას, რა ყოფაშიც გინდა, იმ ყოფაში ჩააგდებ.
კლასობრივი ომი მცირერიცხოვანი ერებისათვის არის განსაკუთრებით საშიში. მრავალრიცხოვანება თავად არის ძალა. მას ხელეწიფება ხალხის დაცვა. მცირერიცხოვანება უძლურებაა. უძლურებას კი, მოგეხსენებათ, არავის დაცვა არ შეუძლია.
რაც ითქვა, ამის დანახვა-ამოცნობა დღეს, შედეგის მიხედვით, ძალიან ადვილია. აკაკის დროს კი ურთულესი და უძნელესი იყო. მაგრამ პოეტი, მწერლური გუმანით თუ ანალიტიკოსის ჭკუით, მაინც მიხვდა რუსული სოციალ-დემოკრატიის ღრმა ჩანაფიქრს.
მე ის მაღონებს, დღევანდელ ქართველს
ძველი ანდერძი რომ ავიწყდება,
და ეროვნების მაგარი ციხე
შეუგნებლობით შიგნიდან სტყდება.
მტერი იძახის: „ვინ გაიგონა
ახლანდელ დროში ეროვნებაო?
მხოლოდ ერთია „მუშათ საკითხი“
გულს დაიბეჭდეთ „მარქსის მცნებაო!“
ამას ჩვენ გვირჩევს და თავისათვის
სულ სხვანაირად გაიყურება:
სცდილობს, კისერი მოგვატეხინოს!..
და მით თავის ერს ემსახურება.
ჩვენს ქართველებს-კი „მეცნიერების
უკანასკნელი სიტყვა“ ჰგონიათ
და მიაჩნიათ ჭეშმარიტებად,
რაც კაჭკაჭივით გაუგონიათ.
მტერსაც ის უნდა: მოტყუებულ ერს
უფრო ადვილად ჩაიგდებს ხელში,
და ღონემიხდილს შინაურ ბრძოლით,
ადვილად, მაგრად წაუჭერს ყელში.
...........................
სიტყვა სხვა არის, საქმე სულ სხვაა,
სხვა უძევთ გულში მათ დაფარული!
ხრიკია მხოლოდ პოლიტიკური
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“.
(„ჩემი ჭმუნვა“)
რუსეთს სხვისი ისტორიული გამოცდილების გამოყენება სურდა.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, დაპყრობის გზით, შექმნა ესპანეთმა თვალუწვდენელი ესპანური სამყარო - ლათინური ამერიკა. პატარა პორტუგალიამაც დაპყრობის გზით შექმნა უზარმაზარი პორტუგალიური სამყარო - ბრაზილია. ინგლისმაც ასე მოახერხა გიგანტური ინგლისური სამყაროს შექმნა - აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია... უფრო ადრე, ოკუპაციის გზით, ეს გააკეთეს არაბებმა, როცა ჩრდილოეთ აფრიკაში უშველებელი არაბული სამყარო შექმნეს.
რუსეთსაც თვალუწვდენელი ტერიტორია ეჭირა. ესეც დაპყრობის გზით იყო ათვისებული. მასაც დიდი რუსული სამყაროს შექმნა უნდოდა.
არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მექსიკა, არგენტინა, თუ ლათინური ამერიკის რომელიმე სხვა სახელმწიფო იქნებოდა თუ არა ესპანეთის კოლონია პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით. ლათინური ამერიკის დამოუკიდებელი სახელმწიფოები მაინც ესპანურ სამყაროს ეკუთვნიან ენით, რელიგიით, კულტურით. მათი სულიერი ერთიანობა შეურყეველია.
ასევე პორტუგალიაც. თავისუფალი და დამოუკიდებელი ბრაზილია მაინც პორტუგალიური სამყაროს ნაწილია სულიერად. აქაც ენა, რელიგია, კულტურაა შემაკავშირებელი.
აშშ-ი პოლიტიკურად და ეკონომიკურად ბევრად უფრო ღონიერი და ძლიერია, ვიდრე ინგლისი, მაგრამ აშშ-იც ინგლისური სამყაროს ნაწილია. მათთვის შექსპირი თუ ბაირონი ისევე მშობლიურია, როგორც ინგლისელისათვის.
დეკოლონიზაციამ ვერ დაარღვია ესპანური, პორტუგალიური თუ ინგლისური სამყაროების სულიერი ერთიანობა-მთლიანობა.
სხვა ბედი ელოდა და ელის რუსეთს. მან დაპყრობილ ტერიტორიაზე ვერ შექმნა ერთიანი და მთლიანი რუსული სამყარო. რუსეთის იმპერია ჭრელი იყო ეთნიკურად, ენობრივად, რელიგიურად, კულტურულად. მათი გაერთიანება-გამთლიანება შეუძლებელი იყო. რას უნდა გაემთლიანებინა და გაეერთიანებინა სამი დიდი რელიგია, რომელიც რუსეთის იმპერიაში მოქმედებდა - ქრისტიანობა, ისლამი და ბუდიზმი? როგორ უნდა მომხდარიყო ისეთი ძირეულად განსხვავებული ენების გაერთიანება, როგორიც ქართულია, სომხურია, სლავური და ციმბირის ხალხების ენებია? როგორ შეირწყმებოდა ერთ კულტურად კავკასიური, შუააზიური, ბალტიისპირული, სლავური კულტურები? ისინი ხომ არსებითად განსხვავებული თვისების არიან?
რუსეთის სოციალ-დემოკრატიამ იფიქრა, რომ ამის გაკეთება შეეძლო სოციალიზმს.
სოციალიზმის თეორია უარყოფს რელიგიას და ათეიზმს უწევს პროპაგანდას. ეს გაანადგურებდა ქრისტიანობასაც, ისლამსაც, ბუდიზმსაც. ამით მოიშლებოდა რელიგიური სხვადასხვაობა. სოციალისტური რუსეთის სახელმწიფო იქნებოდა ათეისტური, რომელშიც რელიგიის ფუნქცია დაეკისრებოდა მარქსიზმს. რუსეთის იმპერიის ერთიანობა-მთლიანობას საფუძვლად ედებოდა ათეიზმი და მარქსიზმი.
სოციალიზმი აუქმებს კერძო საკუთრებას და ამკვიდრებს საერთო-სახელმწიფო საკუთრებას. კერძო საკუთრების მოსპობით ინგრეოდა ყველა ხალხის საუკუნეების მანძილზე შექმნილი ტრადიციული კულტურა. ხოლო საერთო-სახელმწიფო საკუთრების საშუალებით ჩამოყალიბდებოდა ახალი, ყველასათვის საერთო კულტურა.
სოციალიზმის თეორიაში შედის ერთი ერისა და ერთი ენის იდეაც. როგორ მოხდება ენების შერწყმა-შეერთება, ეს არავინ უწყის, მაგრამ ამ თეორიას მძლავრად ქადაგებდნენ. ენათმეცნიერებიც კი ყოველნაირი ღონით ცდილობდნენ მის „მეცნიერულ“ დასაბუთებას. ამის შთაგონებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან რუსეთის იმპერიის ხალხები ნელ-ნელა ეგუებოდნენ მშობლიური ენის სიკვდილის აუცილებლობას.
ამრიგად, რელიგიის მოსპობით და ათეიზმის დამკვიდრებით, ეროვნული კულტურის განადგურებით და საერთო სოციალისტური კულტურის შექმნით, ენების შერწყმა-შეერთების საშუალებით სოციალიზმი ემსახურებოდა რუსეთის სახელმწიფოებრივი ერთიანობის საბოლოო ურღვეველობას.
რუსული სოციალ-დემოკრატიის საიდუმლო ჩანაფიქრი ცხადყო დღევანდელობამ. მაგრამ შეიძლებოდა მისი ამოცნობა 1905 წელს? ჩემი ფიქრით, აკაკი წერეთელი მიხვდა ამას, თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც. მან აშკარად იგრძნო ქართველი სოციალ-დემოკრატების რუსულ სოციალ-დემოკრატიაში თანამშრომლობის სავალალო შედეგის საშიშროება. ამიტომ წერდა მეტად შეწუხებული:
რას შვრებიან! რას სჩადიან?
რას ეძებენ... ნეტავ რასა?
დარევიან ერთმანეთსა,
უპირებენ, გამოხვრასა!..
გლეხს თავადი, თავადს გლეხი,
ერს მღვდელი და მღვდელსა ერი,
სულ ერთმანეთს გადაჰკიდეს
მოსისხარად როგორც მტერი.
(„ალთა-ბალთა“)
თორემ აკაკი ყოველთვის დიდი მომღერალი და მეტრფე იყო ძმობის, ერთობის, სიყვარულის, ხალხთა ინტერნაციონალური თანამშრომლობის, რელიგიური შემწყნარებლობისა.
მსურს, რომ ქვეყანა გულში მივიკრა
და გახსნილი მაქვს ყველასთვის გული!..
დაბადებიდან თან ჩამესახა:
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“.
(პირველი ლექსი „ძმობა, ერთობა და სიყვარული“)
იმას არ ეთქმის „ადამიანი“,
ვინც აღიარებს მარტო თავისს ერს,
და სხვა ტომებს-კი ისე შეჰყურებს
ჩასაყლაპავად როგორც მტერი მტერს.
(„ჩემი ჭმუნვა“)
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“.
(მეორე ლექსი „ძმობა, ერთობა და სიყვარული“)
რასაც აკაკი მიწვდა პოეტური ალღოთი, ხვდებოდნენ იმას თუ ვერა ქართველი სოციალ-დემოკრატები? იცოდნენ რუსული სოციალ-დემოკრატიის საიდუმლო ჩანაფიქრი, თუ არა? ვგონებ, რომ არა. ქართველი სოციალ-დემოკრატები, გატაცებული სოციალიზმის უტოპიური დაპირებებით, ბრმად მოქმედებდნენ. მათ სოციალიზმის სიკეთის მიამიტი რწმენა ამოძრავებდათ.
რა თქმა უნდა, იმის განჭვრეტა - როგორ შემობრუნდებოდა ბუმერანგივით სოციალიზმი და თავად რუს ხალხს და რუსულ ეროვნულ სახელმწიფოს დაემუქრებოდა დაქვეითება-დაცემით - არავის შეეძლო, არც აკაკის, არც ქართულ და არც რუსულ სოციალ-დემოკრატიას. ეს მხოლოდ ისტორიის წარმმართველმა ღვთაებრივმა, ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელმა ძალამ იცოდა. ამ ძალის გაგება არავის ხელეწიფება, მაგრამ მისი სამართლიანობის რწმენა კი აუცილებელია. აკაკისაც სწამდა, შემთხვევით ხომ არ უყვარდა იერემია წინასწარმეტყველი. ეს იერემია წინასწარმეტყველმა თქვა:
„ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფისა, რომლისაც გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ მისი, ამბობს უფალი, რადგან თქვენთან ვარ, რათა დაგიფაროთ და დაგიხსნათ მისი ხელიდან“ (42, 11).
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი.
(„ამირანი“)
![]() |
6 იგავი მეექვსე |
▲ზევით დაბრუნება |
თოვლმა დაფარა არემარე. მძვინვარე ყინვები დაიჭირა. გარეთ კაციშვილი ვერ ბედავდა გამოსვლას. ყველა სახლში დამალულიყო. ძილისათვის მიეცათ თავი. ელოდნენ: ოდესმე გაზაფხული მოვა და გადავრჩებითო.
ხალხის გადასარჩენად შრომა სამმა ძმამ დაიწყო.
პირველი დადიოდა და ყველას უამბობდა - რა კეკლუცი და ლამაზი იყო წარსული გაზაფხული. მომავალი კიდევ უფრო მშვენიერი იქნებაო.
მეორე ხალხს ეჩიჩინებოდა - პირველად არ არის ჩვენში ასეთი ზამთარი. სხვა დროსაც ყოფილა. არ უნდა შეგვეშინდეს. გულხელი არ უნდა დავიკრიფოთ. უნდა ვიშრომოთო.
მესამე კარდაკარ დადიოდა. ყველას აღვიძებდა. ძილის უფლებას არ აძლევდა.
მესამემ თავი ყველას ისე მოაბეზრა, რომ გაბრაზებულმა ხალხმა სამივე შეიპყრო და მსაჯულს მიჰგვარა.
- რა დაუშავებიათ ძმებს? - იკითხა მსაჯულმა.
- პირველს არას ვერჩით, - მიუგო ხალხმა, - ეგ ტკბილად გვართობდა თავისი ნაამბობით. ოცნების ბურანში ვყავდით. დიდი მადლიერი ვართო მაგისი. არც მეორე ძმისგან გვახსოვს წყენა: თუმცა მაგის ნამოქმედარისა ვერა გავიგეთო რა. აი, მესამე კი ღვთის პირიდან გადავარდნილი ავაზაკია. მოსვენება არ მოგვცა, ძილი დაგვიფრთხო, კარდაკარ დაწანწალებდა. ეგ სასტიკად უნდა დაისაჯოს. იქნებ აწი მაინც ისწავლოს ჭკუა. სხვების შეწუხებას თავი დაანებოს.
- რად მოიმდურე ეს ხალხი, რა გინდოდაო? - ჰკითხა მსაჯულმა მესამეს.
- რომ ეძინათ, ნაირ-ნაირი მპარავი მაგათ სახლ-კარს ძარცვავდა. მინდოდა, გამეღვიძებინა. იქნებ თვალხილულებს თავისთავისათვის ეშველათო. - უპასუხა მესამე ძმამ.
- მაგისათვის რა ჯილდოს ელოდიო? - გაიკვირვა მსაჯულმა.
- იმას, რის მოცემასაც დღეს მიპირებთო. - მშვიდად თქვა მესამე ძმამ.
- იცოდი, რაც გელოდა და მაინც შენსას არ იშლიდიო?! - კიდევ უფრო გაოცდა მსაჯული.
- ვიცოდი. არაფერი მოულოდნელი არ ყოფილაო. - დაუდასტურა მესამე ძმამ.
- მაშინ ეგებ ამიხსნა, რა იმედით მოქმედებდიო. - დაინტერესდა მსაჯული.
- ეს ხალხი მე რომ შემჭამს, გამოიღვიძებს, გამოფხიზლდება და მტერთან ბრძოლას ისწავლისო. ზამთარი ვერ შეაშინებს და აღარც ძილში გაქრებაო. - დაამთავრა სათქმელი მესამე ძმამ („მეორე საღამო“).
![]() |
6.1 არარსში დაბრუნება |
▲ზევით დაბრუნება |
გარეგნობით აკაკი წერეთელი ულამაზესი ვაჟკაცი იყო. ამას ყველა ადასტურებს, ვინც მას იცნობდა ან უბრალოდ ქუჩაში გავლილი უნახავს.
მრავალთაგან ორ მოწმეს მოვუხმობ.
ილია ზურაბიშვილი: „მეტისმეტად იმპოზანტური ფიგურა ჰქონდა, ნამდვილი სასკულპტურო... იშვიათი ჰარმონიულობა სუფევდა მის ტანსა და თავს შორის: აკაკი ხორცსავსე იყო, ტანსრული, მხარბეჭიანი. საკვირველი მოყვანილობის თავი ჰქონდა: მრგვალი, თარაზოში გამოსული, არსად შეზნექილი ოდნავადაც, არსად ზედმეტად გამოწეული... ხშირი, მეტისმეტად გრუზა თმა. ეს ბუნებრივი თმა შარავანდედივით ადგა მის საკვირველ - არა მარტო მაღალ, განიერ - არამედ სწორედ დიად შუბლს... სახე, მახვილნაკვთიანი, დიდრონთვალება, მკვეთრად მოხაზული ბაგე...“
ივანე ელიაშვილი: „აკაკი მაღალი და დიდი ტანის კაცი იყო. ლამაზი, ციური ღიმილით გაშუქებული სახე ჰქონდა. კბილები თეთრად ჩამწკრივებული (სამარეშიაც მთლიანად ჩაიტანა). შეხედულება და მიხრა-მოხრა - დიდებული, სიარული - დინჯი და აუჩქარებელი“.
„აკაკი ჭამდა ლომივით“ - ამასაც აღნიშნავს გრიგოლ რობაქიძე.
როცა ამ ცნობებს კითხულობთ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს აკაკის რკინის ჯანმრთელობა ჰქონდა. ნამდვილად კი ასე არ იყო. ხშირად ავადმყოფობდა, ზოგჯერ სახიფათოდაც კი.
1894 წლის ნოემბერში, სხვიტორში, სნეულ აკაკის ანასტასია თუმანიშვილი და გიორგი წერეთელი წერილით ანუგეშებდნენ: შენმა ავადმყოფობამ თავზარი დაგვცა... შენთან მალე ექიმები ივანე ელიაშვილი და სამსონ თოფურია ჩამოვლენო... ივანე მაჩაბელიც გესტუმრებაო.
1898 წლის პირველ აპრილს ექიმი სამსონ თოფურია ნიკო ნიკოლაძეს ატყობინებდა დეპეშით ფოთში: Акакий в опасности... Поспешите.
1902 წლის 14 ივლისს „ივერია“ იუწყებოდა: საჩხერიდან ქუთაისს ჩამოიყვანეს სნეული აკაკი წერეთელი. იმყოფება ეკატერინე ნიკოლაძის ბინაში.
1904 წლის 27 ოქტომბერს იგივე „ივერია“ ქართულ საზოგადოებას აცნობებდა: აკაკის მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოს და მარჯვენა ლოყას დამბლა მოუვიდაო.
აკაკის ხშირი ავადმყოფობით შეწუხებული იაკობ გოგებაშვილი მოითხოვდა ნაციონალური საჩუქრის შემოღებას, ანუ იმ ფულის შეგროვებას, რაც პოეტს სამკურნალოდ დასჭირდებოდა. თავად ამ საქმისათვის ათ თუმანს დებდა.
საზოგადოება უყურადღებოდ არ ტოვებდა. თავად კი გახარებული ლექსით წერდა:
ეს დეპეშები, ეს წერილები,
გუნდი მნახველთა აღელვებული,
ყველა მიმტკიცებს, რომ სასიკვდილოდ
არ ვარ ჯერ კიდევ გამეტებული...
...........................
ცალთვალი! ცალიც გაფუჭებული,
რაც არ შეჰშვენის უზიანო თვალს!..
მაგრამ უთვალოც კარგადა ვხედავ,
როგორც ჩვენს წარსულს, ისე მომავალს...
დიაღ, მომავალს, სულ სხვანაირად
თავისუფლებით აყვავებულსა,
რაც რომ აწმყოში მენატრებოდა
და ეკლად ესვა ჩემს დამწვარ გულსა...
(„უკანასკნელი“)
და მაინც უჭირდა. ხელმოკლეობა არ აძლევდა საშუალებას, საფუძვლიანად ემკურნალა. 1909 წელს იძულებული გახდა თხოვნა დაეწერა:
„ჩემი ავადმყოფობის გამო საჭიროა წავიდე სამკურნალოდ საზღვარგარეთ და რადგანაც ამ ჟამად ავადმყოფობასთან ერთად ფრიად გაჭირვებული ვარ ქონებრივად, ამისათვის იძულებული ვარ, გავყიდო იუბილეის დროს ჩემდამი მოძღვნილი ნივთები, რომელიც ამ ჟამად ინახება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში; თუ წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობა შეიძენს ამ ნივთებს ქართული ეროვნული მუზეუმისათვის, ჩემთვის დიდად სასიამოვნო იქნებოდა და თუ რომელიმე მიზეზის გამო ქართული მუზეუმი ვერ შეიძენს, მაშინ იძულებული ვიქნები, სხვას მივყიდო“.
წავიდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მაგრამ მერე რა! საქართველოდან წაღებული ფული არ ეყო. პარიზში ცოლ-შვილი არ დაეხმარა.
„მასუკან აქა ვარ, პარიზში, მაგრამ ჯერ ოთახიდან არ გამოვსულვარ. ვერა ვარ კარგად და ექიმის საშუალებაც არა მაქვს. უშარი (დოქტორია) მარტო გასასინჯავს იღებს სამას ფრანკს და მერე კიდევ საკურორტო სხვა იქნებაო. მე სულ სამასი მანეთით წამოვედი მადედან და იქიდანა ნახევარი გზის ქირად დამეხარჯა. დამრჩა სულ თხუთმეტი თუმანი და ისიც მალე შემომეხარჯა ღვთით. ასე რომ, ვიექიმო, საშუალება არ არის, და, ღმერთთან სწორი სჯობს, არცა ვღირვარ!“
წერდა გულისტკივილით იაკობ გოგებაშვილს.
ჩვენი საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, კრიტიკოსმა ბესარიონ ჟღენტმა პარიზიდან ჩამოიტანა აკაკი წერეთლის წერილების დასტა, მიწერილი ცოლ-შვილისადმი. ამ წერილებს რომ კითხულობთ, გაგაოგნებთ ის გულგრილობა, რასაც ნატალია ბაზილევსკაია და ალექსი წერეთელი იჩენენ აკაკის მიმართ. ნატალია ბაზილევსკაიას დამოკიდებულებაში აკაკისადმი არის სიყვარულისა და გულგრილობის ამოუხსნელი ნაერთი. ჩემი აზრით, თუ არ ვცდები, ნატალია ბაზილევსკაიას უყვარდა აკაკი, როგორც პიროვნება და სძულდა, როგორც ქართველი. ეს ქალი სწორედ ქართულ სამყაროს ვერ შეეგუა და ყოველთვის გაურბოდა მას. არადა, თითქოს ბედმა დასწყევლაო, საქართველოსთან განუყრელად იყო დაკავშირებული. მისი უმცროსი დაც - ამატა - ქართველს ესვა ცოლად - ელიზბარ ერისთავს (ელიზბარი ღვიძლი ძმა იყო პროზაიკოსის ანასტასია ერისთავ-ხოშტარიასი). ელიზბარ ერისთავსაც ედო წილი იმ მილიონების დაკარგვაში, რაც ნატალია ბაზილევსკაიას მზითევად ერგებოდა. როგორც ჩანს, ამ ქალმა ვერ აპატია ქმარს ის მიამიტობა, რაც აკაკიმ სასამართლოში გამოიჩინა, როცა ბაზილევსკაიას მემკვიდრეობის საკითხი წყდებოდა, ხოლო ელიზბარს - ფხიანობა, რის გამოც უმცროსი დაი უფრო მოგებული დარჩა. ასე იყო თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ აკაკის ცოლს უჭირდა ქართული სამყაროს ატანა. შვილიც ისე გაზარდა, რომ ალექსიმ საყველპურო ქართულიც ვერ ისწავლა. მამამისის ლექსების წაკითხვა ქართულად არ შეეძლო. აკაკი ძალიან წუხდა ამის გამო. ალბათ, იფიქრა, მამას ვასიამოვნებო, და უკვე მოწიფულმა კაცმა მამიდამისს, ანა წერეთელს, „ქართულად“ მისწერა: მე ქართული ისცავლე, სხვიტორში რომ ჩამოხვალ, ხაჩაპური ჩამე“. ქართულის უცოდინარობის გამო, ერთხელ, ქუთაისში ლაზათიანად მიბეგვეს.
დუქანში შევიდა. ნოქარს კედელზე ქართველი მწერლების სურათები ჰქონდა ჩამოკიდებული. ალექსიმ აკაკი წერეთლის სურათი ვერ შეამჩნია და რუსულად იკითხა:
- მამაჩემის სურათი რატომ არ გაქვთო?
დუქანში მყოფთ ალმაცერად შეხედეს და ეჭვიანად შეუბრუნეს კითხვა:
- მამაშენი ვინ არისო?
- აკაკი წერეთელიო, - ამაყად მიუგო ალექსიმ.
- ვის ატყუებ, შე ყურუმსაღო!.. - იფეთქეს ქუთათურებმა, - აკაკის შვილი და ქართული არ იცისო?!
და უთაქეს და უთაქეს თურმე შენი მოწონებული.
ალექსი წერეთელი პარიზში გარდაიცვალა 1943 წელს სამოცდათოთხმეტი წლისა. შთამომავლობა არ დარჩენია.
ოჯახური მდგომარეობა უაღრესად აწუხებდა აკაკის. მაინც ითმენდა ყველაფერს. ჩემს ჯვარს სამარემდე მივიტანო, - წერდა ცოლს. დასძენდა: ტანჯვაში სიამაყის პრომეთესებური მიზანიაო. ლექსშიც იმეორებდა: „მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაში არის დიდი ნეტარება“.
მართლაც, პრომეთესავით უმკლავდებოდა მარტოობას. ხუმრობით იმსუბუქებდა ხანდახან სევდას.
გრავიორ გრიგოლ ტატიშვილს პატარა აბრა უჩუქებია წარწერით: „თავადი აკაკი როსტომის ძე წერეთელი“. აკაკის გაუცინია და უთქვამს - კარი მე არ მაქვს და სახლი და, თუ კაცი ხარ, მასწავლე, სად ჩამოვკიდო ეს აბრაო.
იონა მეუნარგიასათვის შეუჩივლია - საკვირველი კაცი ვარ: ცოლი მყავს, არა მყავს; შვილი მყავს, არა მყავს; პენსია მაქვს, არა მაქვს.
ყოლა-არყოლის, ქონა-არქონის შეურიგებელი წინააღმდეგობა მთელი ცხოვრება სდევნიდა აკაკის. სულსა და გულს უღრღნიდა.
რა ვარ ამ სოფლად? მწირი, ობოლი...
ჩემთვის, თუ სხვისთვის ცოცხლადვე მკვდარი!
ჩემთვის არც ცოლი, არც შვილი და არც
თანამგრძნობელი და მეგობარი!..
(„უცნაური შემთხვევა“)
ქესატობა ბედად ექცა. სულ ფული უჭირდა. თუ იშოვიდა, არავისთვის ენანებოდა. ერთხელ შემთხვევით მარიამ დემურიას და გიორგი ლასხიშვილის საუბარს შესწრებია. გიორგი შესჩიოდა მარიამს: არჩილ ჯორჯაძეა ჭლექით ავად. მისი აგარაკზე გაგზავნა აუცილებელია. ფული არ გვაქვს და რა ვიღონოთ, არ ვიცითო. მაშინვე უკითხავს აკაკის - რა თანხაა საჭიროო. გიორგის უპასუხებია - ასე, თხუთმეტი-ოცი თუმანიო. - წადით წერა-კითხვის საზოგადოებაში. აიღეთ ოცი თუმანი ჩემი ფონდიდან და თქვენი შეხედულებისამებრ მოიხმარეთო. თუ ოდესმე დამიბრუნებთ, ხომ კარგი, თუ არადა, თქვენი ჭირი წაუღიაო. - უთქვამს აკაკის.
მას ძალიან აღონებდა საზოგადოების გულცივი დამოკიდებულება ადამიანებისადმი.
დრამატურგი ზურაბ ანტონოვი ორმოში ჩააგდეს. როცა შველას ითხოვდა და ხალხს ევედრებოდა - ნუ გამწირავთო - ცილი დასწამეს - ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა და თვითონაც გაცოფდაო. მოკვდა ორმოში უპატრონოდ.
მთელი საქართველო ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობებს რომ კითხულობდა, მაშინ თვითონ სულით ავადმყოფთა ლაზარეთში ეგდო. პაპიროსი რაა, პაპიროსი ენატრებოდა. აკაკი და გენერალი კონსტანტინე მამაცაშვილი წასულან სნეულის სანახავად. გზაში მათ ზაქარია ჭიჭინაძე შეხვედრია. აცრემლებულს შეუტყობინებია: ეს-ეს არის სანდრო ყაზბეგი გარდაიცვალაო. ამ დროს მიხეილის ქუჩა ხალხით ყოფილა გაჭედილი. ეკიპაჟი ეკიპაჟს მისდევდა, ქვეითი - ქვეითს. ყველა მუშტაიდის ბაღში მიეშურებოდა. არ იკითხავთ - რატომ? მუშტაიდში ჰაეროსტატით ვირი უნდა გაეფრინათ. ამ ხალხის უმრავლესობამ იცოდა ალექსანდრე ყაზბეგის სიკვდილი, მაგრამ ვირის გაფრენა უფრო ეძვირფასებოდა.
დასაფლავებით კი დიდებულად დაასაფლავეს სტეფანწმინდაში.
მოჰკლავს და შემდეგ სიკვდილს
იგლოვს მას თვალთმაქცურადა;
დევნილს დამარხავს პატივით
და ღარიბს - დიდკაცურადა.
(„ჩემი ბარათი“)
ყველაფერი ეგონა, მაგრამ საქართველოში თუ ილიას გაიმეტებდა ვინმე სასიკვდილოდ, ეს ვერ წარმოედგინა.
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას
და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!
ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა
საქართველოს ბედისწერა?
(„ილიას მოკვლის გამო“)
მათ განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდათ. ილიამაც იცოდა აკაკის ფასი („სხვები სხვანი არიან და შენ ერთადერთი აკაკი ხარ“) და აკაკიმაც - ილიასი („ახალმოძრაობის წინამორბედი, მაგრამ საწაღმართოსი და არა საუკუღმართოსი“). მაგრამ არც ილიას გაუხდია აკაკი კერპად და არც აკაკის - ილია. ანტონ ფურცელაძეს რომ ეკამათებოდა, მაშინ აღნიშნა კიდეც ეს აკაკიმ. ილია ახალგაზრდობაშიაც „მომწონდა, ვაფასებდი, სასარგებლო და ნიჭიერ კაცად მიმაჩნდა და მსურდა, რომ იმისთანა სხვებიც გამოსულიყვნენ ჩვენში“ და ახლაც, დრო რომ გავიდა, „თუ უფრო არა, ნაკლებათ მაინც აღარ მიმაჩნია. ნიჭი არ მოჰკლებია, სწავლა და გამოცდილება უფრო მეტი აქვს და ნამსახურიც მეტი მიუძღვის“. მაგრამ კერპ-სალოცავად არ გამიხდიაო.
„კაცია-ადამიანი?!“ და „გლახის ნაამბობი“ ქართული მწერლობის ობოლ მარგალიტებად მიაჩნდა. ისიც მართალია, რომ ილიას პოეზია ისე არ მოსწონდა, როგორც პროზა. ყველა კალმოსანს უჩიჩინებდა, ილია ჭავჭავაძეს მიბაძეთო: ჯერ წაკითხული გაიგეთ და მერე წერეთო.
ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა ხელს არ უშლიდა, როცა გარემოება და პრობლემა ითხოვდა, ცხარედ ეკამათათ, ვთქვათ, „ვეფხისტყაოსნისა“ ან ბანკის გამო.
ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი რომ წაეკიდნენ ერთმანეთს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ორივე უყვარდა და მხარს ვერც ერთს ვერ დაუჭერდა („ამ რამოდენიმე წლის წინეთ, ტფილისში ეგრეთ წოდებული ჭავჭავაძისა და მაჩაბლის პარტიობა იყო, მე სრულიად გარეთ ვიყავი ამ შეხლა-შემოხლისა“). არც მათი შერიგება ხერხდებოდა. უძლურების დუმილით გაჩუმდა. ბედისწერას ვერავინ გაექცევა. ვერც ილია და ივანე წაუვიდნენ.
1894 წელს ქარაგმული მოთხრობა - „სიკვდილი“ - დაწერა. აკაკი გარდაიცვალა. მისი სული რედაქციებში დადის და ყურს უგდებს - ვინ რას ამბობს მასზე. რედაქტორის (ალბათ, ილია იგულისხმება) ოთახშიც შედის. „რედაქტორი მოწყენილი მარტოდმარტო თავის თავს ესაუბრებოდა: რამდენი ხანი ვიცნობდი და ჩემს დღეში მისგან პირადი წყენა არ მახსოვს. საზოგადოდაც, მართალია, ერთი მიზანი გვქონდა, მაგრამ ის სულ სხვა გზით მიდიოდა და მე სხვით“. რედაქტორთან თანამშრომელი შემოვიდა. სტატია შემოუტანა, მიცვალებულზე დავწერეო.
- ქებაა, თუ გინება? - დაეკითხა რედაქტორი.
- რასაკვირველია, ქება!
- მაშ, არ შეიძლება დაბეჭდვა, წაიღეთ უკანვე. თქვენისთანა კაცების ქება-დიდება იმას სიცოცხლეშიაც შეურაცხყოფად მიაჩნდა და ახლა ხომ სულ საფლავიდან ამოღება იქნებაო?!“
საფლავიდან ამოღება არა, მაგრამ ცოცხლად სამარეში ჩადება კი დაუპირეს. ივანე მაჩაბელი რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა, შემზარავი ჭორი გაუვრცელეს. რა საბუთი ჰქონდათ? არაფერი! ენას ძვალი არა აქვს და საბუთი რად სჭირდება. „მხოლოდ ის ჰკურნებს ქართველისა ჭირს, თუ თავის მოძმეს გულში ჰკრა ტყვია“ („აღარ გვაქვს გრძნობა“). ბოროტების ძველთაძველი წესია: ზოგს ტყვიით კლავს, ზოგს - სიტყვით. ჩინებულად იცის, რომ ხშირად სიტყვით მოკლული ტყვიით მოკლულზე უფრო მოკლულია.
ჯერ ცილი დასწამეს და ჭორი გაუვრცელეს, მერე ემუქრებოდნენ - მაჩაბელზე უარეს დღეს დაგაყრით, მის კვალზე დაგაყენებთო. „თუ არჩევანზე მიდგა საქმე, - პასუხს აძლევდა მტრებს, - „ჩვენ გვირჩევნია, რომ მაჩაბლის კვალს გავყვეთ, ვიდრე ამათთან დავრჩეთ და ამათ ფერხულში ჩავებათ, გინდ ოქრო და ვერცხლიც გვაყარონ თავზე...“
ჭორი და ცილისწამება არ უკვირდა, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო, ყოველგვარ საზღვარს გადაცილებული. მაშინ გამომშვიდობების ლექსით მიმართა საქართველოს:
მე რომ მიყვარდი, ის სიყვარული
მომაკვდავთ ენით არ გამოითქმის!..
შენ იყავ ჩემი სიტყვა და საქმე
და თვით მიზეზიც წრფელი გულისთქმის!..
სიყმაწვილიდან მწირ-სიბერემდე
ოქროქსოვილად გეფინებოდი
და ვით ხატის-წინ წმინდა სანთელი
შუქ-მოპარპალე უხმოდ ვდნებოდი.
...........................
ვფიქრობდი შენ წინ წვითა და დაგვით
წმინდად დადნობას, ტკბილად გაქრობას,
მაგრამ სიწმინდის წაბილწვაც თურმე
არაფრად უჩანს შურსა და მტრობას!..
აწ რაღა მეთქმის? კურთხეულ იყოს
მიუწვდომელი მაღლით განგება!
ჩემი ნათელი ბნელად გეჩვენა
და წყევლა-კრულვად - ქებათა-ქება!..
უნდა მოგშორდე იძულებული!..
მშვიდობით, მაგრამ ვაი მშვიდობას!
თუ უნებურად შეგცოდე რამე,
სულგრძელი იყავ! ვითხოვ შენდობას.
(„გამოთხოვება“)
უმადურობისა და დაუფასებლობის იმდენი მაგალითი იცოდა, რომ გულმოკლულობა არ უნდა შეემჩნია. თვითონვე არ წერდა, - სოლომონ ლიონიძეს დაცინვით „ტარაკუჭა-მოუსვენარა“ დაარქვესო? მერე რისთვის? რუს-ხელმწიფემ რომ საქართველოს სამეფო კარი მოატყუა, ტახტი ჩამოართვა, სამეფო გააუქმა, სოლომონ არ შეეგუა ამას, არ დამორჩილდა. ვის არ ეხვეწებოდა, ვის არ ევედრებოდა - იარაღს მოვკიდოთ ხელი, ქვეყანა არ დავთმოთ, თავი არ შევირცხვინოთო. ამისათვის მიაწებეს დამამცირებელი თიკუნი.
სხვისი გახსენება რად უნდოდა, საკუთარიც ეყოფოდა. ჟურნალ „კრებულს“ რომ სცემდა, მისწერეს:
„ბატონო რედაქტორო! გადავიკითხე თქვენ მიერ გამოცემული თვიური ჟურნალი „კრებულის“ IV ნომერი და ახლა უფრო ნათლათ დავრწმუნდი, რომ თქვენს ბუნებრივ ნიჭს ვირულ მხატვრობაში, ტლინკვა-ყროყინში მობადლე არა ჰყავს. ღმერთმა მეტი შნო მოგცეთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენს ხელის მომწერთ შორის იქნება არიან ისეთნიც, რომელიც „კრებულის“ გამოწერით მოელიან რამეს და არა ისეთს ვირის გაკვეთილებს, როგორც თქვენ აწვდით თქვენს ხელისმომწერლებს. თქვენი ხნისა და ჭაღარისა მაინც გრცხვენოდეთ! სვინდისიც კაი საქონელიაო, თუმცა თქვენ ამ ბოლო ხანში იმას ისე უფრთხით, როგორც ჭირს!“
ბრბოს ძაღლის თვისება აქვსო, - წერდა აკაკი, - მაღლა ასული კაცი თუ დაინახა, უყეფსო. ბუნებრივი იყო, მასაც რომ უღრენდნენ. ისიც მაღლობზე იდგა.
1905 წელს ჟურნალი „მოგზაური“ დაესხა თავს. ის ჟურნალი „მოგზაური“, ილიას რომ უნამუსოდ სდევნიდა და ლაფს ასხამდა. ბრალად დასდო: აკაკი წერეთელმა გლეხის გუგუნა კაპანძის სანადელო მიწა სოფელ კორბოულში 12 თუმნად მიჰყიდაო კიკო გოგიტიშვილს. თან ფარისევლურად დასძენდა: „ნადელის გაყიდვა ქართველ მემამულეებისგან რომ იშვიათი მოვლენა არ არის, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით, მაგრამ თუ ამას საქართველოს დიდებული მგოსანი ჩაიდენდა, ეს ჩვენ არ გვეგონა“, ასე იცოდა, საერთოდ „მოგზაურმა“. ჯერ მოწამლავდა ადამიანს, მერე თავს მოიკატუნებდა და კუდის ქიცინს დაიწყებდა - შხამი სიყვარულით დავალევინეო.
სინამდვილე და სიმართლე კი სხვას ამბობდნენ.
ბატონყმობა რომ გადავარდა, გლეხს სანადელოდ ოთხი ქცევა მიწა მიეცა. რაც ზედმეტი იქნებოდა, უნდა ჩამოეჭრათ და ბატონს რჩებოდა საკუთრებად. როსტომ წერეთელმა, აკაკის რჩევით, ჩამონაჭრებიც გლეხებს დაუტოვა. ამის გამო ზოგიერთ გლეხს, ოთხის მაგიერ - ოცი-ოცდაათი ქცევა მიწა მოუწია. როსტომის სიკვდილის მერე, დარჩენილი მიწა-მამული ორად გაიყო. ერთი ნაწილი აკაკის ერგო, მეორე - მის ძმას, დავითს. აკაკიმ თავის წილხვედრი დედას გადასცა. ეკატერინემ კი შვილიშვილს ალექსის უანდერძა.
კორბოულში აკაკის არ ჰქონდა არც ერთი მტკაველი მიწა და არ ჰყოლია არც ერთი გლეხი, როგორ უნდა გაეყიდა ის, რაც არ გააჩნდა?
სული და გული, ბუნების ნიჭი,
სიჭაბუკე და წამი ყოველი
შენ შემოგწირე და რა მივიღე
სამაგიერო მე სასყიდელი?
უსამართლობა, მტრობა და დევნა!
ცილისწამება გულის-საკლავი!
და საუკუნოდ განსასვენებლად
მოსწრაფებული შავი საფლავი!
(„სასოწარკვეთილება“)
განსაკუთრებულ ყურადღებას, დაფასებას, პატივისცემას არ ითხოვდა, მაგრამ აბრალებდნენ კი.
განა მაკლია სახელი?
დიდებამ წელში დამხარა,
მაინც მწყურიან ყოველ დღე
ქება, ბუკი და ნაღარა.
ასე ულოცავდა კალანდობას 1902 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი“, რომელსაც აკაკი „ცოდვის ფურცელს“ ეძახდა. რაც მართალია, მართალია - არ ჰქონდათ ტკბილი ურთიერთობა.
ავი ენები არ ისვენებდნენ, თორემ აკაკი მცირედითაც კმაყოფილი იყო. დაუვიწყარ მოგონებად დარჩა მისდამი ყურადღების გამოჩენის ოთხი შემთხვევა. ეს თავად აღნიშნა მადლიერებით.
ავადმყოფობის დროს, გლეხმა სპირიდონ ნორაკიძემ ხუთი მანეთი შეუდო სასთუმალქვეშ.
ხაბაზმა - იობა ისაკაძემ ათი თონის ლავაში აჩუქა (ამ კაცის ზრუნვა არასოდეს დავიწყებია, იობა რომ გარდაიცვალა, ეპიტაფიაც დაუწერა).
პაწია ბალღმა ქუჩაში იცნო და წამოიძახა - აი, აკაკი!
12-13 წლის გოგონამ, წვიმაში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) პროსპექტზე ქოლგა ათხოვა.
რა საშინელი მარტოობის მსხვერპლი უნდა ყოფილიყო ადამიანი, ვისაც სამუდამოდ ჩარჩა მეხსიერებაში უბრალო ყურადღების ეს გამოვლინებანი!
„საზოგადო მოღვაწისათვის არც ტაში და არც მრავალჟამიერია საჭირო და არც მილიონი, - ირწმუნებოდა იგი. - მათთვის საკმაოა მხოლოდ სამართლიანი თანაგრძნობა და დღიური ლუკმა, მაგრამ ჩვენ კი ორივეს ხელიდან ვაცლით!..“
გარეგნულად აკაკის ჩივილის უფლება არ ჰქონდა. მტრებთან ერთად, მოყვარეც ბევრი ჰყავდა. სადაც მივიდოდა, ყველგან სასურველ სტუმრად მიაჩნდათ. ხელგაშლილად და გულღიად ეგებებოდნენ. მოგზაურობა უყვარდა. საქართველოს ხან ერთ კუთხეს ეწვეოდა, ხან მეორეს, ხალხმრავალ და სუფრაუხვ ნადიმებს უმართავდნენ. ფიანდაზად ეფინებოდნენ. სადღეგრძელოებში ქება-დიდებას არ აკლებდნენ. სიტყვაწარღვნიან თამადებს რომ უსმენდა, გულისსკნელში ეჭვი არ ასვენებდა! „არ წაუკითხავთ ჩემი რამ არც ერთს, არც ერთი სტრიქონი!..“ („ჩვენებური ლხინი“).
ზეპური ბუნების თავაზიანი კაცი იყო. ცხადია, დიდად აფასებდა მისთვის მოწყობილ დილღვამიან პურობა-დარბაზობას, მაგრამ ერჩია და უყვარდა მცირე, ინტიმურ სუფრასთან ჯდომა და მასლაათი.
ოზურგეთში, გრიგოლ გურიელთან სტუმრობდა ერთხელ. მაგიდას აკაკი, გრიგოლი და ერთი მოხუცი ნაკაშიძე უსხდნენ. საუბარში აკაკიმ სხვათა შორის თქვა: არაფერი სჯობს იმას, როცა მასპინძელი როგორც შინაურს, ახლობელს ისე მიგიღებსო. ნაკაშიძეს ხმა არ ამოუღია. ჩუმად იჯდა, გატრუნული უგდებდა ყურს აკაკისა და გრიგოლის მუსაიფს. წასვლის დრო რომ მოვიდა, მოხუცმა ნაკაშიძემ ორივე მოწიწებით დაპატიჟა: თუ დამაფასებთ და ხვალ მეც მეწვევით, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებაო.
ნაკაშიძეს სურვილი აუსრულეს, ესტუმრნენ. მასპინძელმა სადილად მსუბუქი სამარხვო საზრდელი მოიტანა. სუფრაზე არ ყოფილა არც თამადა, არც სადღეგრძელოები, არც „მრავალჟამიერი“. ძალდაუტანებლად შეექცეოდნენ ღვინოს. ლაპარაკობდნენ ცისას და ბარისას. საღამოს შინ რომ ბრუნდებოდნენ, მოხუცი ნაკაშიძე მოუბრუნდა გრიგოლ გურიელს და უთხრა: - „კაცი დავბერდი და აქამდი არ ვიცოდი ლხინის მნიშვნელობა. მე მეგონა, რომ ღვინის დაძალება და სმა ახალისებდა კაცს. ახლა გამოდის, რომ მხიარულება და სიამოვნება ასმევს თურმე კაცს ღვინოს. იცოცხლე, დღეს მე კი დაგიხვდებოდით, როგორც ჩვეულება მქონდა. ძროხასაც თავს გავაგდებინებდი და საკლავებსაც ბევრს მივაყოლებდი, მაგრამ თურმე სულ ტყუილი ხარჯი იქნებოდა. თქვენ ლობიო გრჩევნებიათ. სხვა რომ ვინმე დამეპატიჟნა, ასი მანეთით ვერ გადავრჩებოდი და თქვენზე კი არა დამხარჯვია რა. მაგრამ, რავარც ვხედავ, არც თქვენ, სტუმრები, დამრჩით ნაკლებ ნასიამოვნები და მეც კმაყოფილი ვარ... ახლა, ჩემო ბატონიშვილო, ეს შესაწირი თქვენ რომ უფასო სკოლა გახსენით, მისი იყოს, იმას ცოტას წაეხმარება და მეც მოგებაში ვარ...“
და ოცდახუთმანეთიანი გადასცა გრიგოლ გურიელს.
ასეთი მოლხენა უყვარდა, თორემ, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, ფართოდ გაშლილი სუფრა, რომელზედაც, როგორც თავად იტყოდა, იყო საწებელში ცივი ზუთხის და ცხელი ღომის ტვლიპინ-ტვლიპინი და კახურ-იმერული ღვინის ყლურწუნ-ყლურწუნი, ჭირის დღესავის სძაგდა.
სძულდა თუ უყვარდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა? მამაპაპური ზნე-ჩვეულება იყო და ქართულ ლხინს ვერსად გაექცეოდა. ო, ო, ო, ნადიმები მაშინ უნდა გენახათ, 1908 წელს იუბილე რომ გადაუხადეს. დიდი ზეიმი იყო, გულწრფელი დღესასწაული. რა არ ითქვა, რა არ დაიწერა, რა წიგნები არ გამოიცა. თუ ოდესმე ყველაფერს თავი მოუყარეს და ერთად დასტამბეს, უზარმაზარი ტომები გამოვა. დღესასწაულობდნენ ყველგან, სადაც კი ქართველი ცხოვრობდა - კიევში, მოსკოვში, ბაქოში, პეტერბურგში, ბერლინში, ლაიფციგში, პარიზში, რომში... რამდენი უნდა ჩამოითვალოს. საქართველოში ხომ კუთხე-კუნჭული არ დარჩენილა, არ ეზეიმოთ.
თეთრცხენებშებმული ლანდოთი პოეტი მოჰყავდათ თბილისის ქუჩებში. გვერდით გიორგი ყაზბეგი ეჯდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე. უკან ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა კორტეჟი მოჰყვებოდა. თეთრ სამოსელში გამოწყობილი ქალები ყვავილებს უფენდნენ გზაზე.
გუგუნებდნენ სიონის ზარები. იხდიდნენ საიუბილეო პარაკლისს. ზღვა ხალხი აღავლენდა ლოცვას საქართველოს ხსნისათვის.
დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია
ეს საქართველო დიდჭირნახული,
შეუნდევ ცოდვა!.. ნუ ააღებ ხელს,
ლმობიერებით იბრუნე გული!..
მოეც კურთხევა ზეცით, მაღალო,
და გადმოსახე ძლიერად ჯვარი,
რომ აღადგინო ქართველთა ერი
დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი!
მისსა მხნეობას, მისსა ზნეობას
განუმტკიცებდე აღმაფრენასა.
და შენს საქებრად, სადიდებელად
ნუ დაავიწყებ იმ ტკბილ ენასა,
რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა,
ქეთევან მარად შენ გადიდებდა
და ნინო ძისა შენისა მცნებას
შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!
სახაზინო თეატრის დარბაზში იღვრება იმ დღისათვის საგანგებოდ დაწერილი „მრავალჟამიერი“ ზაქარია ფალიაშვილისა. იაკობ გოგებაშვილი ხსნის საიუბილეო ზეიმს. ქუხს ვაჟა-ფშაველას ხმა:
მშობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა:
იმავ ჭირით ვარ სნეული,
რაც შენ გატყვია წყლულადა...
...........................
მადლობელი ვარ გულითა,
შოთაის სულის ლხენამა,
სამშობლოს სამსახურისთვის
ჩანგი გიკურთხოს ზენამა...
ქუთაისში ყმაწვილები ცხენებს გამოხსნიან ეტლიდან. თავად შეებმებიან და ასე ატარებენ პოეტს ქუჩაში.
ხარობს საქართველო. აკაკის იუბილეს არ ესწრება მხოლოდ მისი ცოლ-შვილი.
„დაიწყო ჩემი იუბილე!.. ხდება რაღაც არაჩვეულებრივი, რის აღწერაც მე არ შემიძლია... ღვთის გულისათვის თქვენც მომეშველეთ. 300 მანეთი უკვე გამოგიგზავნეთ. 200 მანეთს ამ დღეებში მოგაწვდით...“
წერს აკაკი ნატალია ბაზილევსკაიას და ალექსი წერეთელს საფრანგეთში, ნიცაში. დეკემბერში თურმე თბილი დღეები იცის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
იუბილემ ჩაიარა. ცხოვრება ისევ მშვიდ კალაპოტში ჩადგა. მისი ღვაწლი, რომ არ მოელოდა, ისე დაფასდა. მართალია, ზოგიერთი აქა-იქ ისევ გაჰკრავდა კბილს (1911 წლის 17 მარტს „სახალხო გაზეთმა“ ენა დაუწუნა), მაგრამ ეს ანგარიშში ჩასათვლელი არ იყო. 1912 წლის ათმა დღემ დიდი სიხარული მიანიჭა. ივლისის ბოლოს რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა (მერე პოემაც დაწერა - „რაჭა-ლეჩხუმი“) ულამაზესი ადგილები დაათვალიერა, ინახულა ხარისთვალასა და ძროხისთვალას თვალწარმტაცი ტბები. ხალხიც მეტად გულთბილად შეხვდა. ფილმიც გადაიღო ვასილ ამაშუკელმა. ალბათ, მაშინ არავის უფიქრია, ქართულ კინოხელოვნებას რომ ჩაეყარა მკვიდრი საფუძველი. ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ კაცი იფიქრებდა - სიცოცხლეს დიდებითმოსილი დაამთავრებსო. ცხოვრებამ მაინც დაუდო კვანტი.
1912 წლის სექტემბერში საჩხერეში ავიდა. პოლიტიკური საქმიანობით გატაცებულ ადამიანთა ერთი ნაწილი შემოეხვია და არჩევნებში მონაწილეობა სთხოვა. მაშინ რწმუნებულებს ირჩევდნენ თავის მხრივ, რწმუნებულებს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების არჩევა ევალებოდათ. არ უნდოდა აკაკის არჩევნებში მონაწილეობა, ჩააცივდნენ: ეგ, შენი მხრით, დიდი უმადურობა იქნება და ნუ იზამო. ჰპირდებოდნენ: საერთოდ კენჭისუყრელად აგირჩევთო. ამ დროს მეორე მხარის წარმომადგენლებიც ეწვივნენ. დაემუქრნენ: კენჭი არ იყარო, თორემ გაგაშავებთო. ჩვენ კიტა აბაშიძის არჩევას ვაპირებთ და ხელი არ შეგვიშალოო.
მუქარამ თავმოყვარეობა შეულახა. გადაწყვეტილება შეცვალა და არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა.
დათანხმდაო... და მეტოქეებმა შეუტიეს.
„საარჩევნო კამპანია თანდათან ძლიერდება. პრესაში თუ ხალხში დიდი აგიტაციაა ამა თუ იმ კანდიდატის ან მიმართულების სასარგებლოთ. აქ, ჩვეულებისამებრ, იწყება ლანძღვა-გინება კანდიდატების მოპირდაპირეთა მიერ, ყოველგვარი ცილისწამების შეთხზვა და გავრცელება, პიროვნების ტალახში ამოსვრა“.
აკაკის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდამ გასჭრა. იგი გააშავეს.
მშვიდობით, შრომავ და ღვაწლო
ნახევარ საუკუნისა...
...........................
რა გაარიგოს მგოსანმა
მისის გულ-უბრყვილობითა,
გინდა დაედვას მსხვერპლადაც
ორმოცდაათი წლობითა?!
ვერ გამოვდგები მე სადაც,
თურმე სუყველა ფუჭია!
ცხოვრების სახელმძღვანელოც
ყოველგან მარტო კუჭია!
სადაც ზეკაცად ითვლება
მხოლოდ თვალთმაქცი, გრძნეული,
და სადაც გრძნობა-გონება
ენად არს გადაქცეული!
* * *
რწმუნებულთა არჩევნებში აკაკის გაშავებამ მთელი ქართველი საზოგადოება ორად გაჰყო.
სილოვან ხუნდაძემ ქართველობას განუმარტა - რატომ არ აირჩიეს აკაკი.
პირველი იმიტომ, რომ „თუ ვინმე ტკბილ სიტყვებს გვეუბნება და საქმით კი შხამიანი და ბოროტია, მის სიტყვებს ფასი ეკარგება და ამისთანა „მოსიტყვე“ თანამედროვეთაგან ნდობისა და პატივისცემის ღირსი არ არის“.
მეორეც იმიტომ, რომ „აკაკი თეთრ კენჭს არ მისცემდა იმ „ჯგუფის“ კანდიდატს, რომელიც დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის უანგაროთ იბრძვის. აკაკიზე ამგვარი ჩემი აზრი დიდი ხნის გამოცდილებაზეა დამყარებული: ჩემს მახსოვრობაში აკაკი თავისი კენჭით ყოველთვის იმისთანებს „ათეთრებდა“, რომელნიც ჩვენი ღრმა რწმენით ჩვენს საზოგადო საქმეებს და მთელ ჩვენს ქვეყანას მარადის ძირს უთხრიდნენ და დღესაც ნივთიერედაც და ზნეობრივათაც საცოდავ ჩვენს ხალხს ასამარებენ და აქვესკნელებენ“.
მესამეც იმიტომ, რომ „ვაი იმისთანა წინამძღოლობას, როგორსაც აკაკი გვიწევდა, რომ პრაქტიკული ცხოვრების ასპარეზზე მას გავყოლოდით: უსაცილოთ ხრამსა და ტლაპოში გადაგვყრიდა!“
მეოთხეც იმიტომ, რომ „თუ რომელიმე მოღვაწე ერთი ხელით აშენებს და მეორით კი ანგრევს, ამისთანა მოღვაწე საღმერთებელი და სათაყვანო კი არა, სწორედ „გასაშავებელია“.
მეხუთეც იმიტომ, რომ „აკაკისთანა მოღვაწეების გაშავება ამისთანა შემთხვევაში ჩვენ კი არ გვაშფოთებს, პირიქით - გვახარებს, რადგან ამაში ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის გონებრივს კრიტიკულ მუშაობას ვხედავთ, მოღვაწეთა გონიერი დაფასების უნარს, რაიცა თავდებია ხალხის პროგრესული წინსვლისა და ცხოვრების გაუმჯობესებისა“.
თუ ერთნი ასე ფიქრობდნენ, მეორენი გაოცებულნი იყვნენ აკაკისადმი მოკენჭეთა დამოკიდებულებით, თუმცა არც იმას მალავდნენ, რომ აკაკის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. იგი მთელ საქართველოს ეკუთვნისო და არა ამა თუ იმ პარტიას.
მესამენი ცდილობდნენ, მომხდარი ფაქტი ვითომდა ობიექტური თვალსაზრისით აეხსნათ.
„გვაქვს უფლება თუ არა ჩვენ, უბრალო მომაკვდავებს, შავი კენჭი მივცეთ განთქმულ და დიდებულ მგოსანს, როდესაც ამ მგოსნის აზრი და შემოქმედება ჩვენს სინდისს და რწმენას არ ეგუება? აი, გადასაწყვეტი საგანი!“ - წერდა გაზეთი „იმერეთი“ 1912 წლის 26 ოქტომბერს. გვაქვსო, აკეთებდა დასკვნას გაზეთი. ეს არ უნდა ჩაითვალოსო პოეტის უპატივცემულობად.
თავად აკაკის კი, დამარცხების ამბავი რომ შეუტყვია, მისებურად უხუმრია: მთელი ცხოვრება იმას ვნატრობდი, რომ ყველა ქართველი ჩემზე უკეთესი ყოფილიყო. სიბერეში ამას მოვესწარი. მთელი საწერეთლო ჩემზე ღირსეული აღმოჩნდა და როგორ არ გავიხაროო...
არჩევნების შედეგების გამო პაექრობას დამთავრების პირი არ უჩანდა, როცა 1912 წლის ნოემბერში აკაკიმ ანდერძი დაწერა. იგი ნოტარიუსს დაამოწმებინა.
მთელ უძრავ მამულს და მოძრავ ქონებას უტოვებდა ცოლსა და შვილს. მათ ანიჭებდა უფლებას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ესარგებლათ დატოვებული მემკვიდრეობით.
სოფელ სხვიტორში სამოსახლო ადგილს, კარის ეკლესიით, საკუთრებად აძლევდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ამ საზოგადოებას აქ უნდა გაეხსნა ქალთა სკოლა აკაკის სახელობისა.
ვენახსა და დანარჩენ მამულს გადასცემდა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შესაკრებად და გამოსაცემად.
ითხოვდა: დაესაფლავებინათ სოფელ სხვიტორში, უბრალოდ და უგვირგვინოდ, კარის ეკლესიის გვერდით.
ანდერძის ამსრულებლად დანიშნა გრიგოლ დიასამიძე, სერგო ბახტაძე, კონსტანტინე აბდუშელიშვილი და ივანე ელიაშვილი.
ერთხელ უკვე ჰქონდა ანდერძი დაწერილი ლექსად. მაშინ სიკვდილი ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო.
ოთხი ფიცარი კუბოსთვის,
უბრალო, შეუმკველადა,
და ოთხი მუშაც წამღები,
რომ გამასვენონ ხელადა.
არც გვირგვინები, არც სიტყვა,
არცა-რა ცერემონია,
არ მინდა!.. მოლას ანდაზა
მეც ბევრჯერ გამიგონია.
მინდა, რომ ბაღში დამმარხონ,
სადაც არ იყოს სხვა მკვდარი!..
ზაფხულმა მწვანით შემმოსოს
და თოვლს მაყრიდეს ზამთარი!..
...........................
ის მირჩევნია ძვირფას ძეგლს,
ყოველგვარ სანახაობას,
რომ იქ უქმე-დღე ვხედავდე,
მოზარდულ ქართველ თაობას!..
იქ თამაშობდეს, ცელქობდეს,
ეხორცებოდეს ქართველ ერს!..
თავისებურად დამღერდეს
ძველებურ „მრავალ-ჟამიერს“!
(„ანდერძი“)
ანდერძის დაწერის მერე მშვიდი და წყნარი ცხოვრების დაწყებას აპირებდა, მოულოდნელად მაინც აღმოჩნდა ჩათრეული პოლიტიკურ ალიატუტობაში.
მაშინ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ორი მიმართულება ებრძოდა ერთმანეთს - ეროვნულ-დემოკრატიული და კოსმოპოლიტურ-დემოკრატიული. ეროვნულ-დემოკრატიულ მიმართულებას სოციალ-ფედერალისტური პარტია წარმოადგენდა, კოსმოპოლიტურ-დემოკრატიულს - სოციალ-დემოკრატიული პარტია. არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია აღმოჩნდა გამარჯვებული. მათ ორი დეპუტატი გაიყვანეს - კარლო ჩხეიძე და აკაკი ჩხენკელი, სოციალისტ-ფედერალისტურმა პარტიამ ერთი - ვარლამ გელოვანი.
ამით გახარებული ს-დ პარტია დასცინოდა და ქოქოლას აყრიდა ს-ფ პარტიას. ამუნათებდა კიდეც, აკაკი წერეთელი რწმუნებულთა არჩევნებში თქვენ გააშავეთო. აკაკის ს-დ პარტია თავის მოკავშირედ თვლიდა. ამას თავისი მალული მიზანდასახულება ჰქონდა. 1912 წლის ს-დ პარტია ცდილობდა აკაკის არჩევნებში დამარცხება თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. უნდოდა, ქართველი ხალხისათვის ეთქვა: თუ სოციალ-დემოკრატიული პარტია ილიას ებრძოდა, სამაგიეროდ სოციალ-ფედერალისტური პარტია აკაკის არ ინდობსო. იგი ისეთ უბრალო არჩევნებში გააშავა, როგორიც რწმუნებულთა არჩევნებია, რითაც დიდი სულიერი ტრავმა მიაყენაო. ამდენად, ს-ფ პარტია არაფრით არისო უკეთესი ს-დ პარტიაზე.
სოციალ-ფედერალისტურმა პარტიამ იცოდა აკაკის ნამდვილი დამოკიდებულება სოციალ-დემოკრატიული პარტიისადმი. ამის საბუთიც ჩაუვარდათ ხელში - აკაკის ლექსი „ვაშა დეპუტატს!“ ეს იყო მწარე სატირა, რომელიც ტყავს აძრობდა სოციალ-დემოკრატს ევგენი გეგეჭკორს.
ნეტავ, დარჩა ჩვენში კიდევ
ამისთანა ერთი-ორი,
როგორც არის, დალოცვილი,
დეპუტატი გეგეჭკორი?
ნამდვილ რუსის შოვინისტი,
მტკიცე ისე ვით მარკოვი;
არარუსთა მოძულარი,
სხვა ხალხების სისხლის მწოვი!
...........................
რას მიქვიან ეროვნება?
სჯობს, მოისპოს ნაციაო
და დამყარდეს ქვეყნად მხოლოდ
პროლეტარიზაციაო!
...........................
პურიშკევიჩ და მარკოვის
მოაზრე და თანასწორი,
ხომ ხედავთ, თუ რა კაცია
დეპუტატი გეგეჭკორი?
1909 წელს აკაკიმ კი დაწერა ეს ლექსი, მაგრამ აპირებდა თუ არა ოდესმე მის დაბეჭდვას, არავინ უწყის, ყოველ შემთხვევაში, არსად გაუგზავნია დასასტამბავად. ეს ლექსი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა გაზეთ „იმერეთის“ რედაქციაში. „იმერეთმაც“ არც აცია და არც აცხელა და იგი გამოაქვეყნა 1912 წლის 26 ოქტომბერს. თან შენიშვნაც დაურთო: „მეორე კვირაა, რაც ეს ლექსი მოგვივიდა ჩვენ: გვითხრეს აკაკისააო, ხელი კი არ უწერია ზედ მგოსანს, მაგრამ კილო და სილამაზე ლექსისა კი გვიმტკიცებს, რომ მის კალამს უნდა ეკუთვნოდეს, და თუ ეს ასეა, დღეს მარჯვე შემთხვევა გვეძლევა გამოვაქვეყნოთ ეს ლექსი, რომ ამით დავადასტუროთ, თუ რამდენად იზიარებს იმათ (ს-დ პარტიის - ა. ბ.) მსოფლმხედველობას“.
მართალია, ს-ფ პარტიამ მწვავედ დაარტყა ს-დ პარტიას, მაგრამ აკაკი ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში, აღმოჩნდა, რომ „იმერეთის“ რედაქციას ლექსი გადასცა სერგო ბახტაძემ, იმ სერგო ბახტაძემ, ვინც თავისი ანდერძის ერთ-ერთ ამსრულებლად დანიშნა აკაკიმ. ცხადია, პოეტი მეტად გულნატკენი დარჩა ამ საქციელით. „სხვის გულში ხელის ფათურზე იმათაც კი აიღეს ხელი, ვინც ვალდებულნი იყვნენ, რომ ჩაედინათ ხოლმე ეს სამარცხვინო საქმე“, - ბოდიშს იხდიდა ის გაზეთ „თემში“ 1912 წლის 26 ნოემბერს. მით უფრო, რომ პირადად შეხვედრის დროს ევგენი გეგეჭკორს აკაკიზე კარგი შთაბეჭდილება დაუტოვებია. აკაკის დახევაც უნდოდა თურმე ამ ლექსის, მაგრამ ქაღალდებში ვეღარ უპოვია.
სხვათა თვითნებობით ისედაც გულდაწყვეტილ პოეტს პატარა წკიპურტი გაზეთმა „მერცხალმაც“ ჰკრა, როცა 1913 წლის პირველი იანვარი მიულოცა.
სათუო შაირს რომ დასწერ,
დაუმალე კარგათ სერგოს,
ისეთი კლიტე დაადე,
გასაღები რომ არ ერგოს!..
ცხოვრება მიდიოდა წვრილ-წვრილ უსიამოვნებებში, შეხლა-შემოხლაში, სიბერე ნელ-ნელა ერეოდა. ხშირ-ხშირად ავადმყოფობდა. ძველებურად ვეღარ მოგზაურობდა. სხვიტორში, კაკლებქვეშ იჯდა და იმერეთის აბიბინებულ ველ-მინდვრებს გადაჰყურებდა. ჩიხურას ჩუხჩუხს უსმენდა. მისგან მონაბერი თელხი საამოდ ეალერსებოდა. გარდასული დრო-ჟამი აგონდებოდა. „ღმერთო ჩემო! რა არ გადამიტანია ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში?! რამდენი უსამართლო მტრობა, ცილისწამება, შეურაცხყოფა და განსაცდელი დამდგომია, მაგრამ, ღვთის მადლითვე, ამიტანია...“
თანამოასაკენი და თანამებრძოლები აღარ შემორჩნენ. სადღაც დაეხეტებოდა ივანე მაჩაბლის დაკარგული სული. საფლავში იყვნენ გიორგი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი. ქუთაისში, უმადურობით და უნდობლობით დამცირებული 75 წლის კირილე ლორთქიფანიძე ციხესა და გადასახლებას ელოდა, ჯერ კიდევ ბობოქრობდა მარტოდმარტო დარჩენილი ნიკო ნიკოლაძე, ვერ ისვენებდა. მოდიოდა ახალი დრო და ახალი თაობა, სოციალიზმით რომ ჰპირდებოდა კაცობრიობას გაბედნიერებას.
აღარც ნუგეში! აღარც იმედი!..
სულის და ხორცის გამქრალა ძალა,
და რაღა არის ეხლა ქართველი?
- მონა საბრალო და მაწანწალა!..
გაწვრთნილი სხვების ნება-სურვილზე,
როგორც პირუტყვი რამე ოთხფეხი,
დამვიწყებელი თავის წარსულის,
მხოლოდ მონობით თავისა მკვეხი!
(„ახალგაზრდებს“)
პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ერთხელ კიდევ აივსო იმედით: რუსეთი ოსმალეთს დაამარცხებს და ლაზეთი საქართველოს დაუბრუნდებაო. პოემა „ომის“ წერა დაიწყო. ძალიან ჩქარობდა; როგორმე უნდა მოვასწროო. თანდათანობით სუსტდებოდა. ქუთაისში, სასტუმროში მისი დატოვება აღარ შეიძლებოდა. დეკემბერში მოურავმა კოტე აბდუშელიშვილმა სხვიტორში წაიყვანა. „ომის“ წერა რომ დაამთავრა, ლოგინად ჩავარდა. ექიმებს გამომჯობინების იმედი წაერთვათ. მოსალოდნელი გახდა ტვინში სისხლის ჩაქცევა. გადაწყვიტეს: აკაკისთან მნახველები აღარ დაეშვათ, მაინც მოდიოდნენ და მოდიოდნენ. იაკობ ფანცხავას, სილოვან ხუნდაძისა და გრიგოლ გველესიანის შემადგენლობით კომიტეტი ჩამოაყალიბეს: პოეტის სამკურნალოდ ფული უნდა ეშოვნათ. დაფაცურდნენ, მაგრამ უკვე საჭირო აღარ იყო. 25 იანვარს აკაკის ტვინში სისხლი ჩაექცა განმეორებით.
1915 წლის 26 იანვარს, ღამით, პირველს ხუთი წუთი რომ აკლდა, აკაკი წერეთელი გარდაიცვალა.
მთელმა საქართველომ იგლოვა იგი. უთვალავი ადამიანი ესწრებოდა მის დაკრძალვას. მთაწმინდისაკენ, პროცესიის წინ ერთადერთი გვირგვინი მიჰქონდათ: „აკაკის - საქართველო“.
დიაღ! ქართველ მოღვაწეს
ყველას თვალში ვამცირებთ:
სიცოცხლეში ვატირებთ!
რომ მოკვდება ვიტირებთ!
(„დამარხვა“)
1991 წ.
![]() |
7 გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
1. საუკუნუნის მეორე ნახევრის და საუკუნის ასწლეულის დასაწყისის ქართული პრესა.
2. აკ. წერეთელი - თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, 1950-1963 წწ.
3. ლ. ასათიანი - ცხოვრება აკაკი წერეთლისა, 1953 წ.
4. კრებული „მოგონებები აკაკიზე“, 1990 წ.
5. კრებული „აკაკის სამრეკლო“, 1990 წ.
6. ნ. გურგენიძე, ი. გორგაძე - აკაკი წერეთელი. ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, 1989 წ.
7. ს. დანელია - ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი, 1927 წ.
8. ტ. ჭანტურია - დინოზავრიდან დიზაინამდე, 1989 წ.
9. „საისტორიო მოამბე“, ტ. 7., 1953 წ.
10. ლასხიშვილი, „მემუარები“, 1934 წ.