The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ილია ჭავჭავაძე


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ილია ჭავჭავაძე / აკაკი ბაქრაძე ; [რედ.: ლაშა ბაქრაძე ; წიგნზე მუშაობდნენ: მალხაზ ინჯგია და სხვ.]. - [თბ.] : პეგასი : ლაშა ბაქრაძე, 2006 („საქართველოს მაცნეს“ სტ.). - 228გვ. : ფოტ. ; 19სმ.. - (ილუსტრირებული ბიოგრაფიები ; 1). - შენიშვნები: გვ. 219. - პირთა საძიებელი: გვ. 225-228. - ბიბლიოგრ.: გვ. 220-221. - ISBN 99940-67-27-3 : [ფ.ა.][MFN: 29986] UDC: 821.353.1(092ჭავჭავაძე, ი.)



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ილია ჭავჭავაძე სინტეზია ეპოქისა. მისი ნაწერების შესწავლა, შესწავლაა დიდის ეპოქისა. ვამბობ დიდის ეპოქისა, რადგან მე-19 საუკუნე იყო ის ხანა, როდესაც ქართველთათვის მეორედ შობა მოხდა და საქართველო სცნო და იპოვნა თავისი დაკარგული სახე. ილია ჭავჭავაძე ამ შობიერების ბებიაც იყო, ამ დაკარგული სახის მაძიებელ-აღმდგენელიც. ილიას ზრახვათა შეგნება შეგნებაა ზრახვათა მეორედ შობილ და ახლად აღორძინებულ ქართველის ერისა. ამ ზრახვებში სიდუხჭირეც არის, სიხარულიც წარსულის გადმოცემული, შეცდომანი და შეცოდებანი აწმყოთი მოვლინებული, ამ ზრახვებში ნათელი იმედიცაა მომავლისა...

არჩილ ჯორჯაძე

2 პროლოგი

▲ზევით დაბრუნება


ირემი

თუ გადაშლით 1935 წელს გამოცემულლიტერატურული მემკვიდრეობისპირველ წიგნს, 565- გვერდზე წაიკითხავთ:

ილიას საზოგადოდ ნადირობა არ უყვარდა. მახსოვს, ერთხელ ალაზანზედ წავედით რამდენიმე კაცი სანადიროდ. დავდექით ნომრებზე. ჩემს გვერდით, ცოტა მოშორებით იდგა ილია. ხშირი და დიდი ტყე იყო. ძაღლებმა უკვე დაჰყეფეს. როგორც ეტყობოდა კვალს მიაგნეს. გაფაციცებით ველი ნადირს და არ გავიდა ბევრი ხანი, რომ გამოჩნდა დიდი ირემი, მაგრამ ხეებს ისე იყო მოფარებული, რომ ვერ ვესროდი, ილიასთვის კი ირემი მეტად მარჯვედ იდგა. ველი გულის ფანცქალით, რომ აი, ან ეხლა გავარდება ილიას თოფი, ან ეხლა-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ. კარგა ხანი გავიდა, იდგა, იდგა ირემი, მერე ერთი დაიფრუტუნა და გადახტა და გაჰქრა ტყეში. გავქანდით ილიასკენ, დავუწყე ჯავრობა: „კაცო, რა ჰქენი, რატომ არ ესროლე?“ -„უხ, ისეთი ლამაზი, ისეთი მოხდენილი რამ იყო, რომ მაგას როგორ ვესროდი, როგორ გავიმეტებდი!“

ამ მოგონების ავტორია ილიას ყრმობის მეგობარი და ნათესავი კოხტა აბხაზი.

მშვენიერი იყო და ვერ გავწირეო, თავი უმართლებია ილიას. თუ იყო სხვაც, უფრო ღრმა მიზეზი, რის გამოც ილიამ არ ესროლა ირემს? ვინ უწყის. ერთი კია: ვინც მითოლოგიას კარგად იცნობს, მას ამ ამბის წაკითხვისას უთუოდ გაახსენდება პარციალური სულის რწმენა. მის თანახმად, ადამიანის სული კაცის სხეულის გარეთაც ცხოვრობს - ხეში, ბალახში, ფრინველში, ცხოველში და ასე შემდეგ. ხომ არ ცხოვრობდა ილიას პარციალური სული ირემში? იქნებ, ცხადია, გაუცნობიერებლად, საკუთარ სულს არ ესროლა ილიამ? არავინ იცის ეს. არც არავის ძალუძს პასუხის მოცემა. ფაქტი კი ის არის მხოლოდ, რომ ილიას სიკვდილის მერე ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ირემს.

3 1837, ოქტომბერი

▲ზევით დაბრუნება


ხელმწიფევ ჩვენო,
ძლიერო, ბრძენო,
ნიკოლოზ, დიდო სულგრძელობითა!..

თამარის დღენი,
დიდების დღენი,
შენ მოუვლინე შენსა ივერსა!..“

გრიგოლ ორბელიანი

დიდი ფაციფუცია თბილისში. მთელი ქალაქი ფეხზე დგას. იმპერატორი ნიკოლოზ პირველი სტუმრობს. უნდა უჩვენონ ქართული სტუმართმოყვარეობა, მასპინძლობა, ერთგულება. ჯერ ხუთი წელიც არ გასულა, რაც 1832 წლის უდღეური შეთქმულება ჩაიშალა, და ახლა იმ შეთქმულთა დედები და მამები, დები და ძმები, ცოლები და ნანდაურები, ნათესავ-მეგობრები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელმწიფე-იმპერატორის სიყვარულში, ერთგულ ქვეშევრდომობაში. ვაჭარ ზუბალაშვილის სახლში იმართება ნიკოლოზ პირველის პატივსაცემად ნადიმი. ჩიტის რძე არ აკლია სუფრას. ჭერს ხდის იმპერატორის სადიდებელი მრავალჟამიერი. იატაკს ცვეთენ ძველებური ქართული თუ ახლადშემოსული ევროპული ცეკვანი. ლხინის ქარბუქში ფრიალებენ მანდილოსანთა კაბები, წკრიალებენ ქუდოსანთა დეზები. ორმოცდაერთი წლის ჯან-ღონით სავსე, ბრგე და ტანადი იმპერატორიც არ ზოგავს თავს და აჯადოებს გულის შეღონებამდე აღტაცებულ კნეინებს. თვალით უნახავი და ყურით გაუგონარი დღესასწაულია. მერე შინ, პეტერბურგში, დაბრუნებული იმპერატორი კმაყოფილი იტყვის - ასე მხოლოდ ჩემს საყვარელ მოსკოვში მხვდებიანო.

(ისე კი გესლიანი ხუმრობა იცის ისტორიამ. სწორედ იმ შენობაში, სადაც ნიკოლოზ პირველს ესოდენ თვალწარმტაცი შეხვედრა მოუწყო ქართველმა არისტოკრატიამ, იქნება თბილისის სასულიერო სემინარია, რომელიც გამოზრდის რომანოვების დინასტიისა და იმპერიის ყველაზე მტკიცე და შეუპოვარ მტრებს).

მაგრამ ეს მოხდება შედარებით გვიან. ახლა ნადიმი გიზგიზებს და ნაირ-ნაირი ღვინოებისა და ნუგბარი კერძების ალმურში ადნობს სტუმარსაც და მასპინძლებსაც.

აქ არის სრულიად საქართველოს ზეპური საზოგადოება. არსად ჩანს მხოლოდ ერთი - გრიგოლ ჭავჭავაძე. მართალია, ისიც ჭავჭავაძეა, მაგრამ ღარიბი და ამ წრეში ტრიალისათვის არც სახსარი გააჩნია და არც ხალისი. მეორეც, ცოლი ჰყავს მელოგინე და ვერ მიატოვებს. მარიამ ბებურიშვილი1 დღედღეზე ძეს ელის.

4 „ბუნებისა თქვენის ვარ შვილი...“

▲ზევით დაბრუნება


„20 იანვარს პორუჩიკ თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეს და მის რჯულიერ თანამეცხედრეს მაგდალინა ქრისტეფორეს ასულს დაებადათ ვაჟი - ილია. დალოცა და მონათლა იგი ამავე თვის 26- მღვდელმა დანიელ ზურიაშვილმა. მიმრქმელი იყო ცოლი განსვენებული თავადის გიორგი ერისთავისა, ნინო მალხაზის ასული“.

ყვარელი. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.
მეტრიკული წიგნი. 1837 წლის ჩანაწერი №2.

თვითონ ილია კი წერდა: „დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს სოფელ ყვარელში“.

ორ განსხვავებულ თარიღს - 20 იანვარსა და 27 ოქტომბერს, - თავის დროზე, პატარა პაექრობაც გამოუწვევია. მაგრამ ბოლოს მოკამათენი შეთანხმებულან და ილიას დაბადების დღედ 27 ოქტომბერი მიუჩნევიათ.

ილიას შთამომავლობისათვის არ დაუტოვებიაჩემი თავგადასავალი“. მცირე-მცირე ჩანაწერებია შემორჩენილი, რომელთაც შეუძლიათ გაგვახსენონ მისი ბავშვობა. არსებობენ სხვათა მოგონებანიც. ისინიც მოკლე და არასრულია. ხშირად სრულიად უმნიშვნელო. ზოგჯერ ძნელად სანდონიც.

ყოველი მოგონება თუ გახსენება უფრო ავტორის სურათს წარმოგვიდგენს, ვიდრე იმისას, ვის გამოც მემუარული წერილი იქმნება. ბუნებრივია ეს: ყველა გამხსენებელი თუ მომგონებელი მოსაგონებელი პიროვნების პორტრეტს საკუთარი ჭკუის ზომით ხატავს. თუ მომგონებელი ჭკუაშეზღუდულია, პორტრეტიც ღატაკი და მჭლე გამოდის. თუ გონიერია და მაღლადმხედი, პორტრეტიც მომეტებულად მსუყე და ფერადოვანი იქნება. ასეა, მაგრამ მემუარული ლიტერატურის თვინიერ მაინც ვერ ვიარსებებთ და ვერც მემუარისტს ავუვლით გვერდს. აბა, წინასწარ ვინ უწყის - ვინ რა კაცი დადგება, როცა გაიზრდება... რატომ უნდა აღინუსხოს მისი ყოველი ნაბიჯი, ბავშვობაში გადადგმული? ზოგჯერ გგონია - სიკეთისა და სათნოების განსახიერება გამოვაო და ბოლოს ავაზაკი შეგრჩება ხელთ. ხან კი პირიქით მოხდება: ბავშვობაში დაწუნებული და ათვალწუნებული, როცა დავაჟკაცდება, ქვეყნის სამსახურში დალევს სიცოცხლეს. ეს მარადიული კანონზომიერებაა და გადის ყოველი კაცის ბავშვობა ლაღად, უდარდელად, სხვათაგან შეუმჩნევლად.

წარვლიან ბალღობის დღეები სანატრიონი და მერე ის ბიჭი, არაფრით ყურადღებას რომ არ იმსახურებდა, ქვეყნის თვალისჩინი გახდება და ერი მოწიწებით დაუხრის თავს. მაშინ თავს იჩენს ადამიანთა მიამიტი ჩვეულება - ესა თუ ის გამოჩენილი პიროვნება გვინდა ნინველობაშიც განსაკუთრებული იყოს - და ვთხზავთ ნაირ-ნაირ ამბებს მისი არაჩვეულებრივობის დასამტკიცებლად. გულუბრყვილოა ეს ჩვეულება, მაგრამ კეთილშობილი. ამით სიყვარულს ვავლენთ იმ სახელოვანი პიროვნების მიმართ.

ამ სიყვარულით არის სავსე ის მცირე მოგონებანიც, რომელნიც ილიას ბავშვობაზე გვიამბობენ.

მახსოვს ასეთი შემთხვევა. ილია იქნებოდა ესე 11 წლისა. ჩვენს სოფელში კარდანახში ვიყავით (ორივენი გიმნაზიელები). კვირა დღე იყო და ერთი ოცი თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით. მთელი დღე ვუცქეროდით გახურებულ მამითადს. საღამოთი შინისაკენ დავბრუნდით და კარდანახამდინ რო ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა, კოკისპირული წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო, შევბრუნდით ახლო მდებარე სოფელში ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ. მაგრამ მთელი ღამე არ მოგვითვლემია. ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი (რწყილები) დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვარდით გარეთ ლოგინებითურთ და ერთს დიდ კაკლის ქვეშ გავშალეთ და ცოტა მაინც გამოვიძინეთ. აი, სწორედ აქ დაწერა ილიამ თავისი პირველი ლექსირწყილები“.

გვიყვება კოხტა აბხაზი.

უბრალო და უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ იგი მაინც გვატყობინებს ილიას ხასიათის ერთ თვისებას: იგი ხალისიანი ბავშვია და არა - ბოღმიანი.

კოხტა აბხაზის წყალობით ვიცით ისიც, რომ კაკო ყაჩაღის პროტოტიპს, ვინმე გაუხარაშვილს, ილია პატარაობისას შეხვედრია.

ეს გაუხარაშვილი რომელიღაც ვაჩნაძის ყმა ყოფილა. ერთხელ გაბოროტებულს ბატონისათვის თოფი უსვრია. იმას კი აღარ გვეუბნება კოხტა აბხაზი, მოკლა თუ არა გაუხარაშვილმა ვაჩნაძე. მაგრამ სულერთია: რაკიღა გლეხმა თავადი სასიკვდილოდ გაიმეტა, სოფელში მაინც აღარ დაედგომებოდა. გაუხარაშვილსაც ტყისათვის შეუფარებია თავი. იდგა სოფლის შარაზე და გამვლელ-გამომვლელს ძარცვავდა. ამით ირჩენდა თავს. ერთხელ ილიასაც გადაყრია გზაზე. ვინაობა გამოუკითხავს და, როცა შეუტყვია, ყვარლელი ჭავჭავაძის ბიჭიაო, სუფრაზე მიუწვევია. გვარიანად მოულხენიათ ილიასა და ყაჩაღს. როცა კარდანახში, აბხაზიანთ ოჯახში მისულა ილია, ისე ყოფილა მთვრალი, რომ ბარბაცებდა და ენის ბორძიკით ძლივს ლაპარაკობდა თურმე. მხოლოდ მეორე დღეს მოუყოლია ახლობლებისათვის, რაც შეემთხვა.

ილიას მოთხრობებშიც არის აქა-იქ გაფანტული მისი უსუარობისა და ნინველობის სურათები და შთაბეჭდილებანი.

მე მახსოვს ეს წინა-ღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, სადაც ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდით, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა. შინ ოთახებში დავფუსფუსებდით: იქ იყო, რაც იყო. აქ ალვახაზსა ჰზელდნენ, იქ ნუშსა და ნიგოზს არჩევდნენ გოზინაყისათვის, აქეთ უცეცხლო თაფლი თითს გვიქნევდა, მოდით, პირი ჩაიტკბარუნეთო, იქით დედა-ჩვენი ბუხარში თაფლს ადნობდა და თაფლი თითქო გვეუბნებოდა: დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთვის ვდნებიო. ჩვენ თვალებ-დაჭყეტილები ამაებ-შორის დავძვრებოდით და ბედნიერები ვიყავით, თუ როგორმე მოვასწრებდით და თითს ამოვავლებდით თაფლს, სიცილს, ხარხარს და დედის უგულოდ, ტყუილად ჯავრობას ბოლო არ ჰქონდა. ჩვენც ვიცინოდით, რომ არც დედა, არც მამა გულით არ გვიჯავრდებოდნენ და ხელებს ვაფაცურებდით, აცა რამ მოვიცხოთო სალოკავად“.

ეს ამონაწერინიკოლოზ გოსტაშაბიშვილიდანარის ამოღებული, მაგრამ აშკარად ჭავჭავაძიანთ ოჯახის ყოფის სურათია აღწერილი.

ილიას მართლაც ორი დაი - ნინო (+1883 .) და ელისაბედი (+ 1923 .) და ორი ძმა - კონსტანტინე (+1854 . ) და თეიმურაზი (+1860 .) ჰყავდა (გრიგოლ ჭავჭავაძის მეექვსე შვილი - სიმონი - ჩვილი გარდაიცვალა).

სწავლა ილიას რვა წლის ასაკში დაუწყია. წერა-კითხვა მისთვის სოფლის მთავარდიაკონს უსწავლებია. ილიასთან ერთად, მთავარდიაკონი გლეხების შვილებსაც ასწავლიდა. სულ ხუთნი თუ ექვსნი ყოფილან. დილაადრიან მთავარდიაკონთან გარბოდნენ და შუადღემდე მეცადინეობდნენ. წერა-კითხვას დაახლოებით ერთ საათს ანდომებდნენ. მერე კი თამაში იწყებოდა. თვითონ მთავარდიაკონი ზედამხედველობდა და ხელმძღვანელობდა ამ თამაშს. უმეტესი დრო კი ამ უცნაური მასწავლებლის ნაამბობს მიჰქონდა. ამ საქმის დიდოსტატი ყოფილა მთავარდიაკონი. „უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, რომ მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიამბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით და უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია: ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცავად“, -იგონებს გულთბილად ილია.

ბავშვობაში მთავარდიაკონისაგან მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს, მოწიფულობაშიც, გაჰყოლია ილიას და გამოხატულებაგლახის ნაამბობშიუპოვია. ამ მოთხრობის მღვდელი შთაგონებულია ყვარლელი მთავარდიაკონით. მოთხრობის ატმოსფეროსაც და აზრსაც ატყვია მისი კვალი.

შევაღე დაბალი ქუჩის კარი. დერეფანში ერთი უბრალო ტახტი დამხვდა, ზედ ისხდნენ შვიდიოდე პატარა ბიჭები. შუაში თავმოხდილი იჯდა ჩვენი მღვდელი. ზოგს აწერინებდა, ზოგს აკითხინებდა“.

ვისაც უნდა, რომ ღმერთი ასახელოს და ადიდოს, იმან ორი სახელი უნდა იქონიოს: ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაღები“.

სიცოცხლე ჩვენი არც დედისაა და არც მამისა, ქვეყნისა არის. ჯერ ქვეყანა, მერე დედა და მამა...“

ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს - ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება, ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, - იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვაკითხავს...“

აფსუსია, რომ არ ვიცით სახელიც კი იმ უბრალო ყვარლელი მთავარდიაკონისა, რომელმაც, დედის შემდეგ, ერთმა პირველთაგანმა გაუხსნა ილიას გონების კარი და, მეტი რომ არაფერი, ისეთი სახე შთააგონა, როგორიცგლახის ნაამბობისმღვდელია. ღმერთო, „თუ შენი სული ჩაჰსახებია ვისმე ქვეყანაზედ, ის იმაში პირველიაო“, - ამბობს გაბრიელი ამ კაცზე.

უპირველესი, ვინც ილიას წიგნსა და ცოდნას შეაყვარებს, დედაა. ეს ყმაწვილი ქალი (მარიამი, როცა ილია შეეძინა, ცხრამეტი წლის იყო) ჩინებული მცოდნეა ქართული მწერლობისა. უყვარს იგი და შვილებსაც აყვარებს.

დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლილი თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი, ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხამდა ბავშვებს და გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს, წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარსს და მეორე დღის საღამოზედ გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით“, - გაიხსნებს მადლიერი შვილი ავტობიოგრაფიაში.

მაგრამ დედის მზრუნველობამ დიდხანს არ გასტანა. ილია თერთმეტი წლისაც არ იყო, როცა 1848 წლის მაისში, მარიამ ბებურიშვილი-ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

უქალოდ დარჩენილ ოჯახს გრიგოლის დაი წამოეშველა - მაკრინე, ივანე არაგვის ერისთავის ქვრივი.

მოუსვენარი დრო იყო მაშინ. დაღესტნის მთებში დიდი ომი მიმდინარეობდა. ყვარელი არსებითად ფრონტისპირა სოფელი იყო. ზოგჯერ დაღესტნელები მასაც ესხმოდნენ თავს. ერთი ასეთი შემოჭრა 1850 წლის ივლისშიაც მომხდარა.

ლეკთა რაზმი, ასე ხუთას კაცამდე, 14 ივლისს, დილით 5 საათზე ყვარელში შემოვარდნილა. მოულოდნელობით გაოგნებული სოფელი ჯერ შეშინებულა და დაბნეულა, მაგრამ მერე, შტაბსკაპიტნის გრიგოლ ჭავჭავაძისა და პროპორშჩიკ დავით ჭავჭავაძის მეთაურობით, ყვარლელები გონს მოსულან. მამაცების მცირე ჯგუფით მტერს გამკლავებიან. ისინი სოფლიდან გაურეკავთ. ნადავლიც წაურთმევიათ. ყვარელი აოხრებისაგან გადაურჩენიათ.

ორივე ჭავჭავაძის გმირობის შესახებ აღტაცებული მოახსენებდა კავკასიაში მეფისნაცვალს გრაფ ვორონცოვს თავადი ბებუთოვი, ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსი. თან აღშფოთებული დასძენდა: უგვანოდ მოიქცაო ყვარლის გამაგრებული ციხის უფროსი პოდპოლკოვნიკი სტაროვი. მას არც ლეკთა რაზმის სოფელში შესვლა შეუმჩნევიაო და არც ყვარლელებს მიშველებიაო. არც მილიციის ასეულის უფროსს პრაპორშჩიკ ლუარსაბ ვაჩნაძეს მისცა უფლება, ყვარელს დახმარებოდაო. იდგა ყვარლის ციხეში გულხელდაკრეფილი ჯარი და მილიცია, მშვიდად უყურებდა, როგორ ებრძოდა რამდენიმე კაცი თავდამსხმელთ.

ბებუთოვი უმორჩილესად სთხოვდა მეფისნაცვალს, დაესაჩუქრებინათ ისინი, ვინც განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა.

გრიგოლ ჭავჭავაძე წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.

მისი უკანასკნელი გმირობა იყო ეს. ცოლის ნაადრევმა სიკვდილმა, სიღარიბემ, მევალეებთან ჩხუბმა და დავამ მოტეხა იგი, პირქუში და გულჩათხრობილი გახადა. ახლობლები ამჩნევენ, ლხინშიაც და ჭირშიაც დუმილს ამჯობინებს. მარტოდმარტო ებრძვის მწუხარებას, დარდს, სევდას. რამდენ ხანს შეიძლება გაუძლოს კაცმა ამ მარტოობას?

1852 წლის დეკემბრის 10- გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძე, 40 წლისა გარდაიცვალა.

თითქოს საგანგებოდ უდარაჯებსო, სიკვდილი არ ეშვება ჭავჭავაძეების ოჯახს. ორი წელიწადიც არ იქნება გასული მამის მიცვალებიდან, რომ თავდამსხმელ ლეკებთან ბრძოლაში, 1854 წლის ივლისში, დაიღუპება ილიას უფროსი ძმა კოტე.

მოურჩენელი ტკივილით არის სავსე ილიას ყმაწვილკაცობა, ობლების ერთადერთი ნუგეში მამიდა მაკრინეა. ისიც თავს დასტრიალებს ბავშვებს. ყველა ღონეს ხმარობს, რომ უდედმამობა და სიდუხჭირე არ იგრძნონ. არაფერი მოაკლდეთ: არც სწავლას ჩამორჩნენ, არც უქონლობით დაიჩაგრონ, არც ზეპურ საზოგადოებას გამოაკლდნენ. „მამის ჩემის სიკვდილის შემდეგ ყოველივე ოჯახის მზრუნველობა, გამგებლობა გადავიდა მამიდა მაკრინეზედ... მამიდამ იმ დღიდამ 87 წლამდის, ჩვენს ზრუნვაში გაატარა თავისს სიცოცხლის დღენი“, - სიყვარულითა და სინაზით იხსენებდა სიბერეში ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილი.

დავაჟკაცებული ილია კი ასე გამოხატავდა თავის მადლიერებას მამიდისადმი:

მაგრამ ისე, როგორც ეხლა თქვენი ნახვა მე მინდა, ჩემს დღეში არ მომდომებია. არ ვიცი, ეს რისგან არის? იმისგან თუ, რომ ეხლა ბედმა ცოტად მაინც გამიღიმა, ცოლიც კარგი მყავს, ლუკმა პურსაც ჩემი ცოდვილობით ვშოვობ და მაქვს. იქნება ამისაგან მინდა, რომ ამ ყოფაში თქვენა მნახოთ მხიარული, ბედნიერი და თქვენც ჩვენის ამ ყოფით ისიამოვნოთ. მე თქვენთან ყოფნა რომ მინდა, იმისათვის, მამიდაჯან, რომ ბოლოს, ვინც თქვენ პატარაობაში დიდის მზრუნველობით გამოზარდეთ, ახლა იმან თქვენთვის ათასნაირი შრომისათვის ხელის გულზედ ერბო-კვერცხი იწვას და ისე გაცხოვროთ. სიკეთე, მამიდაჯან, დაუვიწყარია და, რაც თქვენ ჩვენთვის სიკეთე გიქნიათ, ეგ უფრო განსაკუთრებით უკვდავი არის ჩემთვის. მე რომ მინდა მაინდ გადმოსვლა, იმიტომ უფრო, მამიდაჯან, რომ თქვენ თან გახლდე და ჩემი დღენი თქვენს პატივისცემაში, სიამოვნებაში დავლიო...“

სასახელო კაცია მაკრინეს ძმისწული და აღზრდილი. მთელი ქვეყანა სცემს პატივს. უფრო მეტად რა უნდა ახარებდეს ადრე დაქვრივებულ, უშვილო ქალს, ვინც ძმისწულების გზაზე დაყენებას შესწირა ყველაფერი, რაც ებადა?

5 „...ტფილისშია, აბა, რა ჰპოვე?..“

▲ზევით დაბრუნება


მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა და მიმცა რაევსკისა და ჰაკკეს პანსიონში. ეს პანსიონი ტფილისის მაშინდელ ყველა კერძო სასწავლებელზედ უკეთესი იყო.“

ილია ჭავჭავაძე

„...თბილისი მეტად ცივილიზებული ქალაქია, იგი ძალიან ჰგავს პეტერბურგს და ეს მას კარგადაც გამოუდის. საზოგადოება რჩეული და საკმაოდ მრავალრიცხოვანია. არსებობს რუსული თეატრი და იტალიური ოპერა“.

ლევ ტოლსტოი

როცა ილია თბილისში პირველად ჩამოიყვანეს, ქალაქი უკვე კარგავდა აზიურ იერს და ევროპულ სახეს იძენდა.

უკვე დაერქმიათ თბილისის ქუჩებისა და მოედნებისათვის სახელი. იმ პროსპექტის მშენებლობაც დაწყებული იყო, ახლა რუსთაველის სახელი რომ ეწოდება, და მაშინ Головинский- ეძახდნენ. ქალაქი ნელ-ნელა ტოვებდა ძველ უბნებს და ახალში იკიდებდა ფეხს.

რუსულად ლაპარაკი უკვე ბონ ტონ-ად ითვლებოდა და ზეპირი თუ წერითი მეტყველება აჭრელებულია რუსული სიტყვებით. მაიკოს ნაცვლად, მარია ივანოვნა ისმის, ან გიგოს მაგიერ - გრიგორიი დავიდოვიჩ. ბაგრატიონი გრუზინსკად არის გადაქცეული, მუხრან-ბატონი - მუხრანსკად, ამილახვარი - ამილახვაროვია, დადიანი - მინგრელსკი, ბარათაშვილი - ბარათოვი...

დიმიტრი ყიფიანისა და ზაქარია ფალავანდიშვილის თაოსნობით უკვე დაარსებულიასაბიბლიოთეკო ამხანაგობა“. ახალგაზრდობა მონაწილეობდა ამ საქმეში. მათ შორის იყვნენ პორუჩიკი ვახტანგ ორბელიანი, პორუჩიკი ლევან მელიქიშვილი, პოდპოლკოვნიკი გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი... სულ 29 კაცი.

ცოდნას მოწყურებული ყმაწვილკაცობა, განურჩევლად ეროვნებისა, ფართოდ სარგებლობს ბიბლიოთეკით.

უკვე მუშაობს ძმათა არზანოვების სტამბა. პლატონ იოსელიანის აზრით, მარი ბროსესა და დავით ჩუბინაშვილის საქმიანობით გაუმჯობესებულია ქართული შრიფტი. მცირე რაოდენობით, მაგრამ გამოცემულია ალ. სულხანიშვილისმეტოდური ლექსიკონი ქართულ-ფრანციცულ-რუსული“, . ჩუბინაშვილისქართულ-რუსულ-ფრანციცული ლექსიკონი“, „ვეფხისტყაოსანიდა ვახუშტისღეოღრაფიული აღწერა საქართველოისა“.

განელებულია გულისტკივილიც, გამოწვეული ალექსანდრე ჭავჭავაძის დაღუპვით.

ფართო მწიგნობრულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა პლატონ იოსელიანი.

გახსნილია წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი.

უნდათ ქართული ჟურნალისსინათლისგამოცემა, რასაც საზოგადოებასაც აუწყებენ. პროგრამასაც აცნობენ. „ევროპამან შეიმოსა შვენიერი მეწამული უმაღლესისა განვითარებისა და მიუჩრდილებელნი სხივნი განუტევნა ყოველთა კიდეთა სოფლისათა“. დადგა დრო ქართველიც ეზიაროს განათლებას, ცოდნას, კულტურას, რამეთუველურნი ერნიც წარემატნენ სწავლათა შინა“.

სინათლისგამოცემა ვერ განხორციელდება. მაგრამ იგი ნიადაგს უმზადებსცისკარს“, რომელიც მოგვიანებით გამოვა.

საზოგადოება იკრიბება ნაირ-ნაირ სალონებში. კითხულობენ სენტიმენტალურ ლექსებს, ტრაგედიებსა და რომანებს. ჩუმ-ჩუმად იცრემლებიან ქალები. მამაკაცები ძლივს იკავებენ თავს. მოთმინებით ელიან, რომე ჟამი გულთ მაამი კვლავაც იქნების.

თერთმეტი წლის ილია ჭავჭავაძე კი ჰაკეს პანსიონში მეცადინეობს.

კავკასიის ცალკე კორპუსის სარდალსა და ამიერკავკასიის მთავარმმართველს ალექსანდრე ივანეს ძე ნეიდგარდტს ჩამოუყვანია ჰაკე თბილისში შვილების აღსაზრდელად. რუსეთის მეფის სამსახურშია ნეიდგარდტი, ცოლიც რუსი ჰყავს - ანა ბორისის ასული ჩერკასკაია, - მაგრამ შვილების გერმანულად აღზრდას არჩევს. ეს უფრო ახლოა მის სულთან. როცა ნეიდგარდტი საქართველოდან წავიდა, ჰაკე თბილისში დარჩა და, რაევსკისთან3 ერთად, პანსიონი დააარსა. დიდებული პედაგოგი ყოფილა ჰაკე. „ჰაკე სასტიკი კაცი იყო. მაგრამ თან იმოდენად მამობრივს მზრუნველობას იჩენდა თავის შეგირდების მიმართ, იმოდენას სცდილობდა და ყურს უგდებდა მათს ზნეობრივსა და გონებრივ განვითარებას, რომ თითქმის მთელს თავისუფალ დროს, კლასში მეცადინეობის შემდეგ, იმათ ანდომებდა, ხან ემუსაიფებოდა, ხან ართობდა მუსიკით და მართავდა ხელდახელ კონცერტს როიალზედ, რომლის დაკვრაც საუცხოოდ იცოდა“.

სამი წელიწადი უსწავლია ილიას ჰაკეს პანსიონში. 1852 წლის იანვრიდან კი (მაშინ სწავლა, თურმე, პირველი იანვრიდან იწყებოდა) გიმნაზიაში შედის.

მაინცადამაინც თავგამეტებულად ილიას გიმნაზიაში არ უსწავლია. მართალია, ბევრს კითხულობდა, მაგრამ არა სახელმძღვანელოებს. ეს დამახასიათებელია ყოველი ნიჭიერი ყმაწვილისათვის. მათი მაძიებელი და ცნობისმოყვარე გონება ვერ ეთვისება სქოლასტიკურ აზროვნებას. ისინი ეძიებენ ახალს, უჩვეულოს, უცხოს. მათ სულს არავითარ საკვებს არ აძლევს სასკოლო სახელმძღვანელოები, სადაც მრავალგზის გადაღეჭილი და ტრაფარეტული დებულებებია ჩაწიკწიკებული. ილიას გიმნაზიისადმი გულგრილობას მოწმობს ნიშნების რვეულიც, სადაცსამიანშეფასებას უფრო ხშირად შეხვდებით, ვიდრე სხვა ნიშანს. როგორც ჩანს, არც მასწავლებლებით ბრწყინავდა თბილისის გიმნაზია. არც ერთი მათგანი არ გაუხსენებია არასოდეს ილიას, გაკვრითაც კი. ჰაკეს კი როგორი სითბოთი იგონებს!

გიმნაზიის დამთავრებისას არც გამოცდები ჩაუბარებია ილიას. მხოლოდ სრული კურსი მოისმინა. ამის გამო იყო იძულებული, რომ უნივერსიტეტში შესვლისას ეგზამენები დაეჭირა.

სანამ ილია თბილისში სწავლობს, ქართველთა კულტურულ ყოფაში დიდი ძვრები ხდება.

აიგო და გაიხსნა საოპერო თეატრი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობა ყოფილა რუსეთის იმპერიაში. მაგრამ შემდეგ დაიწვა და დღეს მისი კვალიც აღარ არის დარჩენილი. იტალიური დასია დასადგურებული ამ თეატრში და წარმოდგენებს მართავს. იტალიური მუსიკით მოხიბლული თბილელები სულითა და გულით მისცემიან ტკბობას. ერთი იმდროინდელი ენაკვიმატი ჟურნალისტი წერს: „...მეგონა, რომ ვიყავ არა გორგასალის ქალაქში, არამედ მილანში ანუ ვენეტიკში. შემხვდა ერთი ჩადრიანი ყმაწვილი ქალი, რომელიც მიდიოდა და იძახდა: თქვენის ბელინის მზეს, ჩადრზე ფეხი არ დამადგათო.

... ახლოს ქუჩიდან ჩამორბოდა ერთი იმერლის მუშა და დასძახოდა:

ფიგარო აქა,
ფიგარო იქა,
ფიგარო ზევით,
ფიგარო ქვევით...

ასე სულ გადარეულან, ყველას მოსდებია ოპერის რაღაც სნეულება. პატარა ბიჭების კივილმალა დონნა მობილესხმაზე ხომ ილაჯი წაიღო...“

იტალიელი მომღერალი ქალი ფერარი ქართულ სიმღერებსაც ასრულებს. პროგრამა იუწყება: ქართული სიმღერა, ხმა საგნავა, ლექსები თავადის გიორგი ერისთავისა, იმღერებს ქალი Фერრარისა, ქართულის ტანისამოსითა“.

იხსნება ქართული თეატრიც. აფიშა იტყობინება:

0x01 graphic

გამოსვლას იწყებს ქართული ჟურნალიცისკარი“, მაგრამ მასალა არ ყოფნით. ჯერ ვერ ხერხდება საჭირბოროტო საკითხებზე გულდამჯდარი სჯა-ბაასის გამართვა. სამაგიეროდ, ვრცლად ლაპარაკობენ, როგორ უნდა დამზადდეს მუჟუჟი ან ჩურჩით ბატი...

თითქოს საზოგადოება გამოცოცხლდა, გააქტიურდა, ამოქმედდა. მაგრამ ილია, 1883 წელს, მაინც უარყოფითად შეაფასებს ამ პერიოდს.

„...დრო მე-40 და 50 წელთა, დრო მიძინებისა და ჩვენის გონებრივისა და ეროვნულის მიძინებისა, მოქანცულობისა. მწერლობაც ამგვარის მიმძინარებულის ხასიათისა გახლდათ მაშინ. იგი ზედმიწევნილის სინამდვილით გვიხატავს მაშინდებურს ჩვენს არარაობას, ჩვენს სიღატაკეს აზრისას თუ ცხოვრებისას... მაშინ რომ ქართველისათვის გეკითხათ, რას ფიქრობთ, რა გსურთ, სიცოცხლეზედ ვფიქრობთ, სიცოცხლე გვინდაო, გვიპასუხებდნენ, - მაგის გარდა კიდევაო? - კიდევ სიცოცხლე გვინდაო, გეტყოდნენ. - რას ეძახით სიცოცხლეს, როგორ თუ სიცოცხლეო? - ისეო, გეტყოდნენ, რომ გავლა-გამოვლა შეგვეძლოს, სუნთქვაო, ცით და მთვარით დატკბობა, მზის ცქერაო და ჩვენის ჭიის გახარებაო...

ერთის სიტყვით, ხალხს და ერს მხოლოდ ხორციელის ცხოვრების ნატვრა ჰქონდა, მხოლოდ იმაზე ჰფიქრობდა, რომ უნდა გავფრთხილდე, თორემ, სულს ხომ აღარა ვჩივი, ხორცითაც არ დავიღუპოვო...“

ეს დრო და ეს ხალხი ვერაფერს მისცემს ილიას. სულ სხვაა მისი მოთხოვნილება. სულ სხვა მიზანს ისახავს იგი. სულ სხვა ამოცანა უნდა გადაწყვიტოს.

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს.

6 „სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა...“

▲ზევით დაბრუნება


მოწმობა

წარმომდგენი ამისა თავადი ილია ჭავჭავაძე, 1857 წლის 21 ივლისს, ჩაირიცხა რა სტუდენტად .- პეტერბურგის საიმპ. უნ-ში, ძალიან კარგი ყოფაქცევით, მოისმინა მეცნიერებანი იურიდიულ ფაკულტეტზე. კამერალურ მეცნიერებათა განხრით; 1861 წლის 12 ოქტომბერს კი, მისი თხოვნის შესაბამისად, დათხოვნილია უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდან; ამის გამო არ შეუძლია ისარგებლოს უფლებებით, რომელიც მინიჭებული აქვთ სტუდენტებს, რომელთაც მეცნიერებათა სრული კურსი დაამთავრეს; სამოქალაქო სამსახურში შესვლის შემთხვევაში უფლება აქვს, ჩაითვალოს მეორე თანრიგის ჩინოვნიკად.

1863 წლის ნოემბრის მე-4 დღე.
რექტორი . ლენცი.

1857 წელს ილია პეტერბურგში ჩავიდა.

იქირავა ბინა ამაღლების გამზირის მეორე კვარტალში, საადმირალოს პირველ ნაწილში, ვაჭარი ქალის კოლჩინას სახლში. სახლის ნომერი ყოფილა 122.

განცხადებით მიმართა პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ემილ ქრისტიანის ძე ლენცს:

სურვილი მაქვს, ვისწავლო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კამერალურ მეცნიერებათა განხრით.

ილია უნივერსიტეტში ჩაირიცხა, როგორც საკუთარ ხარჯზე მყოფი სტუდენტი. დოკუმენტში წერია - cвоекоштный студент.

კამერალურ მეცნიერებათა სწავლება პეტერბურგის უნივერსიტეტში შედარებით ახალი საქმე იყო. იგი 1843-4 წლებში შემოიღეს, გერმანული უნივერსიტეტების მიბაძვით, სადაც კამერალური მეცნიერებანი უკვე 1720-იანი წლებიდან ისწავლებოდა.

კამერალურ მეცნიერებათა კურსის თანახმად სტუდენტს უნდა ესწავლა:

) ევროპული ქვეყნების სახელმწიფო სამართალი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დაწესებულებანი, კეთილმოწყობისა და კეთილდღეობის კანონები; ) პოლიტიკური ეკონომია და სტატისტიკა; )ბუნების ისტორია, ტექნოლოგია, აგრონომია და არქიტექტურა; ) რუსული სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონები, მსოფლიო და სამამულო ისტორია, ერთ-ერთი უახლესი ენა.

კამერალურ მეცნიერებათა სწავლების მიზანი და ამოცანა იყო იმ სპეციალისტთა მომზადება, ვისაც შეეძლებოდა სამეურნეო და ადმინისტრაციული სამსახურის შესრულება.

კამერალურ მეცნიერებათა შესწავლით ილიამ საფუძვლიანი და მრავალმხრივი განათლება მიიღო. გამოიყენა კიდეც პრაქტიკულ საქმიანობაში.

მასწავლებლებიც ჩინებული ჰყავდათ. სტუდენტებსაც დიდად აინტერესებდათ მათი ლექციები. „მათ მოსასმენად იმდენი სტუდენტობა გროვდებოდა, რომ უდიდესი აუდიტორია, მეთერთმეტეც-კი ვერ იტევდა ყველას; ნახევარი საათის შემდეგ სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. ზოგჯერ პროფესორი იძულებული იყო სააქტო დარბაზში გასულიყო, სადაც სტუდენტთა უმრავლესობა ფეხზე ისმენდა ლექციას“, - გვიამბობს ნიკო ნიკოლაძე.

ილიას პეტერბურგის ჰავა სწყენდა. ეტყობა, ძველი შთაბეჭდილების გახსენებით (რაც ახლითაც იყო გაძლიერებული) გამოწვეული გრძნობის გამო წერდა ილია ოლღას 1873 წლის 29 ნოემბერს: „ცუდი ქვეყანაა ეს პეტერბურგი, ეს სამი თვეა თითქმის მზე არ დამინახავს. ნეტა მითხრა, აქ როგორ ცხოვრობენ. მილიონი რომ მომცენ, აქ ცხოვრებას არ ვინდომებდი“.

წმინდა პეტრეს ქალაქში იგი დასნეულებულა. ექიმს, კოლეგიის ასესორსა და იმპერატორის კონვოის მკურნალს, ნიკოლოზ არენდს ცნობაც გაუცია: 1859 წლის მაისიდან ილიას ჰქონდა სისხლისღებინება. სამედიცინო ჩარევის შემდეგ, მართალია, ავადმყოფობას უკან დაუხევია, მაგრამ არენდს მაინც აუცილებლად მიაჩნდა სამხრეთული თბილი და მარგებელი კლიმატით მკურნალობა.

თითქოს ავადმყოფობა არ კმაროდაო, ილიას სხვა უბედურებაც დაატყდა თავს: 1860 წლის მაისში, პეტერბურგში გარდაეცვალა ძმა - თემური. მამიდისადმი გაგზავნილ წერილში ილია იგლოვსვაიმე, საწყალო თემურ! აღარ გაიხარებენ შენ ბედნიერებაზედ არც ძმა შენი უბედური, ვეღარც მამიდა და ვეღარც დები შენი, სად წახვედი, ჩემო საყვარელო ძმავ!“

ილია პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტობის თავკაცად ითვლებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საერთო სტუდენტურ შფოთსა და ჯანყში ნაკლებად მონაწილეობდა. ამას, ერთი მხრივ, ემილ ლენცის მიერ გაცემულ მოწმობაში აღნიშნულიც - «при поведении очень хорошем» - მოწმობს და, მეორე მხრივ, ისიც, რომ მას არ განუცდია რეპრესია, რაც მომდევნო თაობის ქართველმა სტუდენტებმა იწვნიეს. ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვანი დაპატიმრებულებიც კი იყვნენ.

ილიას მრწამსით უნდა აიხსნას მისი პოლიტიკურად მშვიდობიანი სტუდენტობა. ეს კრედო მან გვიან გამოთქვა, 1897 წელს, ქართველი სტუდენტებისადმი პასუხში.

1897 წელს კუნძულ კრეტაზე ბერძნები თურქებს აუჯანყდნენ. ამ ამბოხს ფართოდ გამოეხმაურა იმდროინდელი მსოფლიო პრესა და, ცხადია, ქართულიც. მაშინ პეტერბურგის ქართველმა სტუდენტობამ წერილით მიმართა ილია ჭავჭავაძესა და გიორგი წერეთელს.

სტუდენტები იწერებოდნენ:

„...დღეს მთელი ევროპის თანაგრძნობა მიმართულია საბერძნეთისაკენ, რომელიც ეროვნულს პრინციპს, შევიწროებულ ერთა თავისუფლებას, საქვეყნოდ აღიარებს და მაგალითს გვიჩვენებს, თუ თავგანწირვა და სიკვდილი როგორ უნდა ამ საქვეყნო მადლის სადიდებლად.

. . .

ამ დიდებულს ხმას ერთა თავისუფლებისას ბანს აძლევენ ყველა ისინი, ვინც კრიტოსელთაებრ სხვის უღლისა ქვეშ ქედს იხრიან. მაგრამ მოვა დრო და ევროპა სულ სხვა სამართლის გზას დაადგება და აღიარებს ერთა თავისუფლებას.

ამის გამო პეტერბურგის ქართველმა სტუდენტებმა გადავწყვიტეთ: გაუგზავნოთ ბერძნებს (ათინელს სტუდენტობას) თანაგრძნობის წერილი ან დეპეშა და ამით ნათელ ვჰყოთ, რომ ჩვენთვისაც ისე ძვირფასია თავისუფლება, როგორც კრიტოსელებისათვის. მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაგვიგზავნია, რადგან გვსურდა დაგკითხებოდით, თუ თქვენ რა აზრის ბრძანდებით ამ საგნის შესახებ, და მეორეც, უკეთესი იქნებოდა მთლად ყველა ქართველი სტუდენტებისაგან გაგზავნილიყო ასეთი თანაგრძნობის წერილი. ჩვენ სტუდენტებისგან პასუხს მალე შევიტყობთ; გთხოვთ თქვენც ნუ დააგვიანებთ პასუხს. ამასთანავე გვაცნობეთ, რა მოსაზრებით იხელმძღვანელებთ საგნის გადაწყვეტის დროს. ეს ჩვენთვის აუცილებელი საჭიროა“.

რა თქმა უნდა, სტუდენტებს ილიამაც უპასუხა და გიორგი წერეთელმაც.

ილია წერდა:

თქვენმა წერილმა ორ ცეცხლ შუა დამაყენა. ერთის მხრით ყოვლად პატიოსანი გულთა-ძგერა თქვენი დამიდგა თვალ წინ, გულთა-ძგერა საქვეყნო, გულთა-ძგერა ბრწყინვალე და დიდებული, რომლის ღაღადის წინაშე აღტაცებით და სასოებით მუხლი უნდა მოიდრიკოს ყოველმა რიგიანმა კაცმა.

... ძნელია კაცმა ამ მხურვალე და ბრწყინვალე გრძნობას ადამიანისას, ასეთის პატიოსან გულთა-ძგერისაგან მოვლინებულს, ცივი ანგარიში დაუყენოს წინ, მაგრამ რაკი პატივი დამდევით და ჩემი აზრი მოითხოვეთ, არ შემიძლია ამ ცივს ანგარიშს არ მივცე თავი და ჩემი გულთა ნადები არ მოგახსენოთ გულახდილად.

ჩვენი მშობელი ქვეყანა ყველა სხვა ქვეყანაზედ ჩვენთვის უფრო საფიქრებელი და საზრუნველია. აქ არავისის ძრახვას და საყვედურს არ ვერიდები. ჩემი მრწამსი ეს არის. ადამიანი ასეა გაჩენილი: თავისიანს უფრო ჰრჩეობს, ვიდრე სხვას. თქვენ ჩემზედ უკეთ მოგეხსენებათ, - რა ხართ თქვენ, უმაღლესის სწავლისთვის გადახვეწილნი ქართველნი, ჩვენი შავბედიანის ქვეყნისათვის; მთელი სასოება ჩვენი ქვეყნისა თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენი ხვალე, ჩვენი მერმისი თქვენა ხართ. თქვენ რომ თქვენი პირდაპირი საქმე არ შეგასრულებინონ და ამის გამო შესაფერისის სწავლა-ცოდნით და განათლებით არ მოუხვიდეთ თქვენს ქვეყანას, ვისისღა იმედზე დარჩეს? აშკარაა, იგი, რაც თქვენს პატიოსანს გულს მოუწადინებია, არ მოეწონება ვისაც ჯერ არს და ვაი თუ გეზიანოთ რამე. თქვენი ზიანი, თქვენი შეფერხება, ჩვენი ქვეყნის ზიანი და შეფერხებაა.

გარდა ამისა, დღეს გაფიცხებული დავიდარაბა აგვიტყდა - და ამ დროს რამე მიზეზი რომ მივცეთ, მთავრობა ჩვენზედ ავის თვალით მოახედონ, ჩვენი საქმე დიდ ხიფათში ჩაგვივარდება, თუ მთლად არ დაგვეღუპა. თქვენ მიერ განზრახული თუ ასრულდა, საიდუმლოდ არ დარჩება. დიდი შიშია, რომ ჩვენმა მტრებმა ჩვენდა თავში საცემლად არ გამოიყენონ, - აი, სად და საით უფრინავთ ქართველებს გონებაო.

... ბერძნებს თქვენი თანაგრძნობა, რა თქმა უნდა, იამებათ, მაგრამ ბევრს არას არგებს. მაგ თანაგრძნობას ხელში დასაჭერი და გამოსაყენებელი სიკეთე არა მოსდევს რა, გარდა გულთა-ძვრის გარეთ გამოფენისა...

მე მესმის მთელი პატიოსნება და კეთილშობილება თქვენ მიერ მოწადინებულისა, არც თავის დღეში ეჭვი არა მქონია, რომ ჩვენს ყმაწვილკაცობას გული არ ებრძოდეს, არ ერჩოდეს ყოველი პატიოსნური საქმისათვის. მაგრამ რა ვქნათ? ბედმა ამისთანა დღეში ჩაგვაგდო, რომ ჩვენის სიკეთისაგან სხვისთვის ვერ გავწირავთ ვერას, ყოველივე ჩვენი კეთილი ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთ და ამისათვის ყველა სხვა წყურვილი უნდა მოვიკლათ.

... ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით რომ მცოდნე, გონება-გახსნილი, გულ-განათლებული კაცები არა ჰყავს, აი, თქვენი თავი რად გვიღირს ასე ძვირად, და სიძუნწეში ნურავინ ჩამოგვართმევს, რომ სხვისთვის არც ერთს თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ ვიმეტებთ: თქვენ თქვენის ქვეყნისათვის ხართ საჭირონი.

იქნება დამძრახოთ და მაინც კი ვიტყვი, რომ იქ, საცა ერთი მხრით სამშობლო და მეორე მხრით სხვაა, სხვას მარტო ნამეტანობისაგან უნდა მიეცეს. ნამეტანობაზე, ჩვენდა საუბედუროდ, ჯერ შორსა ვართ, და რაც ჩვენთვის საკმარო არ არის და თვით ჩვენ გვჭირია, იგი მარტო ჩვენს სამშობლოს უნდა გამოვუზოგოთ და შევწიროთ. აქ დიდად მოსარიდებელია მცირეოდენი განსაცდელიც კი...

უთქვენობა რომ ძვირად არ უჯდებოდეს ქვეყანას, არ ამოგიფრთხობდით გულიდგან მაგ პატიოსან გულთა-თქმას. შიში განსაცდელისა აქ საბუთია და სამართლიანი. გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერი

ილიას ბარათში სრულიად მკაფიოდ ჩანს, რა მიზანსა და ამოცანას უსახავდა იგი ქართველ სტუდენტს (მართალია თუ არა ასეთი კრედო, ეს ყველამ თავისი ჭკუით გაზომოს).

ცხადია, მაშინ, სტუდენტობის ჟამს, ალბათ, ყმაწვილ კაცს ასე ნათლად ჩამოყალიბებული მრწამსი არ გააჩნდა, მაგრამ უმთავრესი პრინციპი უთუოდ განსაზღვრული ექნებოდა. ხანდაზმულობის დროს დაწერილ ბარათში გამოთქმული მრწამსი ახალგაზრდობაშიც აიძულებდა, მთელი დრო და ენერგია სწავლისათვის მოენდომებინა და ნაკლებად აჰყოლოდა სტუდენტურ შფოთს.

მიუხედავად ამისა, ილია ისე დაბრუნდა საქართველოში, რომ სწავლის სრული კურსი ვერ დაამთავრა.

7 „ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ...“

▲ზევით დაბრუნება


გავაღე განჯინა, უჰ! რა საზარელი ნოტიო სუნი მეცა! მაგრამ შევძელ როგორც იყო და ამოვალაგე დაობებული ცისკრები. მრავალი მათგანი იყო შეჭმული თაგუჱბისაგან და აჲ საკჳირველება! შემდეგ სამის დღისა, რომელიც მოუნდა ცისკრების გაშრობას, ვნახე, რომ არც თუ ერთი ლექსი უფ. ილია ჭავჭავაძისა არ იყო თაგუჱბისაგან კბილ ნახლები...“

. გიორგი ბარათოვი

ჩვენი ლიტერატურისაგან სურთ მოაწყონ საბალო დარბაზი და უკვე უხმობენ მანდილოსნებს; ჩვენი ლიტერატორები სურთ გადააქციონ ზეპურ ადამიანებად მოდურ ფრაკებსა და ხელთათმანებში; ენერგია უნდათ შეცვალონ თავაზიანობით, გრძნობა - ზრდილობით, აზრი- მოდური ფრაზით, მოხდენილობა - კოხტაპრუწობით, კრიტიკა - კომპლიმენტით“.

ბესარიონ ბელინსკი

. ჭავჭავაძე ბელინსკის ჰბაძავს და ბელინსკობა ჩუნში არ გამოდგება. თუმცა ბელინსკი საფუძვლიანი და უპირველესი კრიტიკი იყო რუსეთში. მაგრამ, როგორათაც სნეული და ზაფრიანი კაცი, ყოველთვის ილანძღებოდა და ამ მიზეზით იმისა ბაძუა არ არის მოსაწონი, და თვით რუსეთში ეხლა ვინა ჰბაძავს იმასა?“

ილიასპასუხისგამოცისკრისრედაქციის შენიშვნა.

ივერიის“ 1881 წლის მაისის შინაურ მიმოხილვაში ჩამოყალიბებულია თერგდალეულთა თაობის მოღვაწეობის აზრი და მიზანი.

პირველი:

ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზედ დაყენება და დაცვა ყოვლის მოსალოდნელის ფათერაკისაგან“.

მეორე:

ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი და ერთად ძმურად იმოქმედოს. ყოველივე საქმე, ყოველივე საგანი, რაც ჩვენი ცხოვრების მომავლობაში თავისით თუ სხვისით აღმოჩნდება, სულ ყოვლისფერი ჩვენს ვინაობის საქმეს უნდა შევურჩიოთ, ქვეშ დავუყენოთ. სკოლაა, ბანკია თუ თეატრი, ყველაფერს სულ მაგისაკენ უნდა მივუბრუნოთ თავი. ვაყენებთ სადმე კაცს მარშლად, თუ ბანკის გამგებლად, თუ მასწავლებლად, თუ რადმე სხვად - მაგ მიმართულების სასწორზედ უნდა ავწონოთ“.

მესამე:

ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის საქმეს. უამისოდ იმ მოედანზედ, რომელიც ჩვენ ზემოთ ვიგულისხმეთ, კაცი ერთ ბიჯსაც რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წარდგამს, და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ვერაფერს საბოლოოდ ვერ დაამჩნევს. ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილ-კაცობას“.

ამ პროგრამით ხელძღვანელობდა ილია მაშინაც, როცა 1861 წელს, 24 წლის კაცმა, „ცისკარშიგამოაქვეყნა კრიტიკული წერილი - ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვიდგანშეშლილისთარგმანზედა“.

ვინ არის ისეთი, ვინც არ იცის, რომ ამ სტატიამ მთელი იმდროინდელი საქართველო ააფორიაქა. არავინ დარჩენილა გულგრილი მის მიმართ. ერთნი აღტაცებულნი იყვნენ, მეორენი - აღშფოთებულნი. ვისაც წერა ემარჯვებოდა, თითქმის ყველა გამოეპასუხა ამ წერილს.

მაშინ ყველა ისე თარგმნიდა, როგორც რევაზ ერისთავი. იგი სხვაზე არც უარესი ყოფილა და არც უკეთესი. ილიასაც ნაკლებ აინტერესებდა ამ თარგმანის კონკრეტული ხარვეზები. თუმცა ამასაც მიაქცია ყურადღება და სათითაოდაც აღნიშნა. უთუოდ და უთუმცაოდ დაასაბუთა თარგმანის უვარგისობა. მაგრამ მისთვის მთავარი და არსებითი იყო საკითხი: რა მიზნით ეწევა ესა თუ ის კაცი ლიტერატურულ საქმიანობას.

ილიას მოქმედებას განსაზღვრავდა აზრი, რომელიც მან ასე გამოთქვა:

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრება, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“.

აქედან გამომდინარე, „შეშლილისთარგმანის კონკრეტული მაგალითის მოშველიებით, ილიამ წერილში სამი ძირითადი და არსებითი დებულება ჩამოაყალიბა.

თუ თარგმნას ვაპირებთ, უპირველესად პირველხარისხოვანი მწერლები და საუკეთესო თხზულებანი უნდა ითარგმნოს და არა შემთხვევით არჩეული, არაფრისმომცემი, წყალ-წყალა ნაწარმოებები. „თუ კაცს რუსულიდგან თარგმნა უნდა რისიმე, პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი როგორ უნდა დაავიწყდეს და მივარდეს წირპლიანს კაზლოვსა...“

სხვათა შეცდომა კაცმა არ უნდა გაიმეოროს. წარსული და ისტორია იმისათვის არსებობს რომ ძველი გაკვეთილი, ცუდიც და კარგიც ავითვისოთ, რაც საჭიროა, მივიღოთ, რაც არა - უკუვაგდოთ. კაცობრიობის ისტორია მარადიული წინსვლაა. უკან თუ მივიხედავთ, მხოლოდ იმისათვის, რომ მომავლის გზა დავინახოთ. „იქნება ფიქრობენ, რომ ჩვენი ლიტერატურა არ აღზდგება, თუ არ განიმეორა თავის განვითარებაში წარსულ დროთა სიცრუე და ცდომილება?! თუ ამას ფიქრობენ, მაშ ისტორიას აღარა აქვს თავისი დიდი მნიშვნელობა. ისტორია იმითია დიდი, რომ გვიჩვენებს ჩვენ წინაპართა ცდომილებას, მასთანვე გვასწავლის ჭკვასა, როგორ უნდა მოვიქცეთ... მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ. რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, - ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის. თუ მაგას მივყევით, ჩვენ ჩინებსავით შევზდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავდგამთ“.

თუ წინსვლა და გამარჯვება გვინდა, ნაკლსა და ხარვეზის მხილებას არ უნდა მოვერიდოთ, პირუთვნელად უნდა ვამხილოთ ყოველივე დასაგმობი და უვარგისი. „როგორ უნდა გავსწორდეთ თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება? ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს!.. აბა, ის იქნება ნამდვილი საქებარი მამულის მოყვარე და არა ის, ვინც მეტისმეტად დამჟავებულ სიყვარულისა გამო, ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების ღვიარება ნახევარი გასწორებაა“.

კამათის დროს, ილიას ოპონენტებმა სწორედ ეს ძირითადი დებულებანი ვერ გაიგეს და სხვადასხვა წვრილმანის გამო ასტეხეს აურზაური. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ახალგაზრდა კაცს უფროსი თაობის უპატივცემულობას დააბრალებენ. ზრდილობას დაუწუნებენ, სხვათა ღვაწლს გაახსენებენ და დამრიგებლის კილოთი ეტყვიან - ჯერ შენი საქმე გვაჩვენე და ჩვენი ნამუშაკევი მერე დაგმეო. ილიაც ვერ აცდა ამ საყვედურს. გაკრიტიკებულმა რევაზ ერისთავმა ამოიოხრა: „მამული, სარწმუნოება და ენაო- მეოთხეს კი ივიწყებს: ჩუჱნთ წინაპართაგან ნაანდერძევს - ზრდილობას, - ვაი, დარბაისელთ ამოწყვეტას!“ თუმცა, პაექრობის ჟამს, დარბაისელ და ზრდილ უფროს თაობას ეთიკის ნიმუშები არ უჩვენებია და, რამდენადაც ძალა შესწევდა, თავშეუკავებლად ანთხევდა ღვარძლს.

გიორგი ბარათაშვილი: „... ილია ჭავჭავაძე (sic - ..) კრიტიკისა ერისთავის თარგმანზე აქამომდე ისე მიბჟუის ყურები თითქოს ეს არის ეხლა გამოველ მეთქი ბაზაზხანიდამ“.

ბარბარე ჯორჯაძე: „... თუ ენას სახავს საღმრთოდ, როგორ შემოურევს ამ უშვერს, მორყვნილსა და ბიჭბუჭების სიტყუჱბს: წირპლიანი, მორახუნები, აგანგალა განგალა და სხუა... მე მრცხუნიან ამ საძაგელის ლექსების განმეორება“.

სარდიონ ალექსი-მესხიშვილიამ ორთა საგანთაგან (გრამატიკისა და რიტორიკისა - ..) არ-ცა თუ ერთისა ცოდნა ჰსჩანს თქუჱნს თხზულებაში, და ამასობაში აღჭურვილი სარკაზმებითა გულადად გამობრძანებულ ხართ ქართულის სიტყვიერების სარბიელზე და მორკინალისა თავ მოკატუნებულის თავისმოწონების კილოვნებით დასძახით ხალხს: „ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, განმხილავიც შეხვდა- (ერისთავს)“. განმხილავს განმხილავი არ დააკლდება. მე კი ჩემის მხრივ უკაცროვოდ თუ არ გახლდები, ამას მოგახსენებ, რომ უმჯობესი იქნებოდა მაგისთანა სუსტით ფარხმლით არ გამობრძანებულიყავით“.

ვიღაც, „ბირთვისელისფსევდონიმს ამოფარებული, „ცისკრისრედაქტორს მიმართავდა: „დრო არის მოსპოთ . ჭავჭავაძეზე სიტყვა და შეუდგეთ სხვა უფრო სასარგებლო საქმეს, რომლითაც მდიდარია ჩუენი ქვეყანა და რომელიცა უფრო სარგებლობას მისცემს ჩუენს საზოგადოებასა“.

ეფთვიმე წერეთელი კი აფრთხილებდა რედაქტორს: ჟურნალს გამოვიწერ, „თუ არ ჩაერთვს ჭავჭავაძის ენის სიტყვერება“.

არც კრიტიკის მიერ ხშირად გამოყენებულ ფანდს მორიდებიან, მოუძებნეს ილიას ცალკეული შეცდომები, ზოგი მართალი და ზოგიც ცრუ, და ნიშნის მოგებით უთხრეს- ამის დამწერი, ჩვენ როგორღა გვასწავლიო ჭკუას.

ილიას უწერია - ან შენ გიჟმა რა იცოდა“, ბარბარე ჯორჯაძე ასწორებს - შენმა გიჟმა და არა შენ გიჟმა“...

ილიას უწერია - როსღა გვექნება ჩუენ გაღვიძება“, გიორგი ბარათაშვილი ასწორებს - უნდა იყოს: როს გვეღირსება ჩვენ გაღვიძება“.

ილია წერილს იწყებს - როცა გაგვახსენდება... „სარდიონ ალექსი-მესხიშვილი, მაღალი სტილის შესაბამისად, ასწორებს - ოდეს გაგვახსენდება...“

იყო ასე ატეხილი დავის კორიანტელი, მაგრამ არავინ შეხებია იმ ძირითად ამოცანას, რის გამოც ილიას სტატია დაიწერა და დაიბეჭდა. ეს არც იყო მოსალოდნელი, რამეთუ იმ ადამიანების წვდომისა და გაგების უნარს, ვინც ილიას ეკამათებოდა, ნათლად გვიჩვენებს ერთი მაგალითი.

ილიას სტრიქონებს - მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?“ - ცისკრისზოგიერთი თანამშრომლის გულიანი ხითხითი გამოუწვევია: „ნეტავი დაანახვა ეხლა საქართუელო როგორ მწვანე ხავერდივით ბიბინებს!!!“

ამგვარ მწერლებს ძნელად თუ მიახვედრებდი და გააგებინებდი, რა აწუხებდა და აწვალებდა ილიას. მაგრამ მან მაინც უპასუხა მოპაექრეებს. კამათში ჩაებნენ ილიას თანამზრახველებიც - კირილე ლორთქიფანიძე, გიორგი წერეთელი, სამსონ აბაშიძე, აკაკი წერეთელი...

ცხადი გახდა: მოვიდა ახალი თაობა, ახალი მიზნით, ახალი ამოცანით, ახალი შესაძლებლობით. მასცისკარისაასპარეზოდ არ გამოადგება. ივანე კერესელიძე კეთილი კაცია. სულითა და გულით უნდა გვერდით ამოუდგეს ახალგაზრდებს, მაგრამ როგორ გააკეთოს ეს, არ იცის. არც მათი ესმის. ერთხელ ახალგაზრდებმა პეტერბურგიდან მოსწერეს - ჟურნალს მიმართულება გამოუცვალეო და ივანემაც შესცვალა. კვეხნით ამბობდა: გამოვუცვალე მიმართულება. წინათ ხმელეთით ვაგზავნიდი, ახლა ზღვით ვგზავნიო, ოდესის გავლით. მართალია, მეტი მეხარჯება, მაგრამ არ დავეძებო.

თანცისკარიმხდალიც არის. თუმცა მისი ბრალი არ არის ეს. თუ ხელმომწერებს რაიმე არ მოეწონათ, ჟურნალის გამოწერას თავს დაანებებენ. ისედაც ხელმოკლეცისკარიმთლად უსახსროდ დარჩება. როგორც კი ილიას მეორე წერილი -„პასუხი - დაიბეჭდა, ჟურნალმა თავისი შენიშვნებიც იქვე მიაყოლა. მკითხველები დაამშვიდა: მართალია, სტატია დავსტამბეთ, მაგრამ მის დებულებებს არ ვიზიარებთო. ამ შენიშვნებში მთელი უნარი და ნიჭიცისკარმაილიას სტატიის გაბათილებას მოანდომა. თან პირფერულად თავსაც იმართლებდა:„თქუენ საზოგადოს აზრს არას დასდევთ, თქუენ, როგორათაც ანბობენ, ყველაზედ დაცინებით ანბობთ, რამდენსამე ადგილს აი რა გავიგონეთ: „საყვედურს გვეუბნებით, რატომ ცისკარსარ ვიწერთო, რათ დავიბაროთ და როგორ ვიკითხოთო, როდესაც ლანძღვის მეტს ვერასა ვპოვებთო, როგორათაც აი ჭავჭავაძის კრიტიკაშიო“. ერთმა შესანიშნავმა პირმა, რომელიც ქართულს სიტყვიერებას მისდევს, აი რა გვითხრა: „თუ ღმერთი გწამსთ, ამისთანა უშურს სტატიებს ნუ ბეჭდავთო“.

ამგვარად დამფრთხალ ჟურნალში თერგდალეულების თანამშრომლობა გამორიცხულია. გადაუდებლად საჭიროა ახალი ჟურნალი, ილიაც მთელ ძალ-ღონეს მის გამოსაცემად ხარჯავს. ამაოდ არ ჩაუვლია მის შრომასა და ბრძოლას. 1863 წლის თებერვლის პირველ ნახევარშისაქართველოს მოამბისპირველი ნომერი გამოვიდა.

საქართველოს მოამბისთავფურცელს ამშვენებდა მარკოზის სახარების სიტყვები:

ხოლო ლეღუისაგან ისწავეთ იგავი ესე: რა ჟამს იგი რტონი მისნი დაჩჩუიან და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული“ (XIII,28).

ეს იმედი ჭაბუკი ილიას უტეხ რწმენას გამოხატავდა, თორემ ზაფხული, რომელსაც იგი მოელოდა, ძალიან შორს იყო.

8 „ბაზალეთისა ტბის ძირასოქროს აკვანი არისო...“

▲ზევით დაბრუნება


მე დანიშნულ ვიქმენ მომრიგებელ შუაკაცად დუშეთს. მომრიგებელ შუაკაცად დავყავ იქ 1868 წლამდე; ხოლო ამ წელს შემოიღეს სასამართლოს რეფორმა კავკასიაში და მე მომანდეს ასრულება მომრიგებელ მოსამართლის თანამდებობისა დუშეთსავე. მომრიგებელ მოსამართლედ ვიყავ 1874 წლამდე“.

ილია ჭავჭავაძე

1863 წლის აპრილში ილიამ ცოლი შეირთო: საგურამოელი თავადის თადეოზ გურამიშვილის ასული ოლღა. ჯვრისწერა მოხდა თბილისში, სამების ეკლესიაში. ილიას ხელისმომკიდენი იყვნენ დავით ყიფიანი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ოლღასი - ილია ჩოლოყაშვილი და სულხან თუმანიშვილი. მათ ჯვარი დასწერა მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა.

მდიდარი ქალი მოიყვანა ილიამ, მაგრამსაქართველოს მოამბესმაინც ვერ უშველა. 1863 წლის ბოლოს ჟურნალმა არსებობა შეწყვიტა. თადეოზ გურამიშვილი ცოტა ცხვირაბზეკილი უყურებდა სიძეს. არ ეჭაშნიკებოდა მისი სიღარიბე. არც აპირებდა დახმარებოდა ილიას დასაქართველოს მოამბეგადაერჩინა. თადეოზ გურამიშვილს მწერლობა არ უყვარდაო, ვერ ვიტყვით. ახალგაზრდობაში ლექსი და პუბლიცისტური წერილი გამოუქვეყნებია. „ცისკარიცჰქონდა გამოწერილი და მისთვის ფულადი დახმარებაც გაუწევია. მაგრამ თადეოზს მწერლობა მაშინ უყვარდა, თუ სიმდიდრეც ახლდა. თუ მწერლობას სიღარიბე მოსდევდა, საგურამოელ თავადს ერთიც სძულდა და მეორეც. ჯერჯერობით ილიას კალამს სიმდიდრის შეძენის პირი არ უჩანდა. მომავალში რა იქნებოდა, ამის განჭვრეტისათვის ილიას სიმამრი თავს დიდად არ იწუხებდა. არც შვილის ბედი ადარდებდა. ოლღას მზითევად იმდენი კი ერგო, სიკვდილამდე ტკბილი პური ეჭამა. თუ მეტი უნდოდათ, მაშინ კეთილი ენებათ (სიძეს მაინც) და სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარიყვნენ. სხვა გამოსავალი აღარ ჩანდა. ილია სამუშაოდ დუშეთში უნდა წასულიყო.

ილიას მოხელედ მუშაობის პატარა გამოცდილება ჰქონდა. იგი მეორე თანრიგის ჩინოვნიკის უფლებით იყო აღჭურვილი. ერთხანს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოშიც მუშაობდა. მერე, როცა გლეხთა განთავისუფლება უნდა მომხდარიყო, 1864 წელს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ განაწესეს. უნდა გამოერკვია, რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეებსა და გლეხებს შორის. ეს საქმე მან სათანადოდ შეასრულა.

ეს გამოცდილება მის მომავალ მდგომარეობას ცოტად მაინც ამსუბუქებდა. ისე კი ხუმრობა არ იყო: ახალგაზრდა, ენერგიით, ოცნებით, მოღვაწეობის სურვილით სავსე კაცი ეთხოვება გუბერნიის ცენტრს და მიყრუებულ სოფელში მიემგზავრება. ჯერ მაშინდელი თბილისის კულტურული და გონებრივი ცხოვრება რა იყო და დუშეთისა რაღა იქნებოდა? საქართველოს ევროპეიზაციაზე მეოცნებე კაცი დუშეთის ორღობეში უნდა ჩაკეტილიყო და, ღმერთმა უწყის, რა ხნით. უნდა გამომშვიდობებოდა (დროებით მაინც) იმ საზოგადოებრივ საქმიანობას, რომელიც მან თავად და მისმა მეგობრებმა წამოიწყეს.

მაინც წავიდა. არსებობის სხვა წყარო არ იყო და იმიტომ.

რა საქმით იყო ილია დუშეთში დაკავებული?

სახაზინო გლეხს ნომაშვილს ოჯახში მიუვარდება აზნაური ალექსანდრე ჩრდილელი. გამოუყრის სახლიდან სკამებს და ეზოში წვიმისგან დამდგარ ტბორში ჩაუყრის. მერე გლეხის ჯალაბის გამორეკვასაც დაიწყებს. გლეხი იჩივლებს, უკანონოდ და უსამართლოდ მჩაგრავენო. ილია ჭავჭავაძემ უნდა გაარკვიოს, რამდენად მართალია მომხდარი ამბავი და დამნაშავეს სასჯელი გამოუტანოს.

ილია ყველაფერს გამოიძიებს და გამოიტანს განაჩენს.

„...მე, დუშეთის განყოფილების მომრიგებელმა მოსამართლემ, მივიღე რა მხედველობაში ის, რომ მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა ბრალდება და ვხელმძღვანელობდი რა სისხლის სამართალწარმოების წესდების 119- სტატიით, აზნაური ალექსანდრ ჩრდილოვი, ძე ჩრდილელისა, დამნაშავედ ვცან თვითნებობაში ძალადობის გამოუყენებლად და ცემის, სახიჩრობისა და ჭრილობის მიუყენებლად და მომრიგებელ მოსამართლეთა მიერ დადებულ სასჯელთა წესდების 142- სტატიით მივუსაჯე მას, ჩრდილელს, ორი კვირის პატიმრობა კერძო ბინაში, დუშეთში“.

იჩივლებს აზნაური იოსებ კლიმიაშვილი, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გლეხმა გიო წულიაშვილმა და ითხოვს მის დასჯას. ილიამ უნდა გაარკვიოს - მართლა შეურაცხყვეს თუ არა აზნაური კლიმიაშვილი. ილია გამოიძიებს და დაადგენს, რომ წულიაშვილს მართლაც გაულანძღავს კლიმიაშვილი, ოღონდ ჯერ კლიმიაშვილს დაურტყამს წულიაშვილისათვის თავში გიდელი და მერე უგინებია გლეხს აზნაური.

ილია გამოიტანს განაჩენს:

„...სასჯელთა წესდების 138- სტატიის და სისხლის სამართლის წესდების 194- სტატიის საფუძველზე მივუსაჯე - განთავისუფლდეს გიო წულიაშვილი ყოველგვარი სასჯელისაგან ზემოაღნიშნულ ბრალდებისა გამო; სასამართლო ხარჯები გადახდეს მომჩივანს, როგორც არაკეთილსინდისიერ ბრალმდებელს“.

იჩივლებს დროებითვალდებული გლეხი გიგოლა ეკალაძე: აზნაურებმა ზურაბ და ეღიაზარ ალექსიშვილებმა უნებართვოდ, თვითნებურად წამართვესო მინდვრიდან ორმოცი ძნა. ილიამ უნდა გამოიძიოს: შეეფერება თუ არა სიმართლეს საჩივარი. გამოიკლევს და გამოიტანს განაჩენს:

დაპატიმრებულ იქნენ ზემორე მოხსენიებული ალექსიშვილები დუშეთის ციხეში ექვსი დღით. გადახდეთ მათ მომჩივანის ეკალაძის სასარგებლოდ 12 მანეთი, ღირებულება მათგან, ალექსიშვილებისგან, წაღებული ორმოცი ძნისა. ეს განაჩენი, როგორც დაუსწრებელი, სისხლის სამართლის წესდების 138- სტატიის ძალით გაეგზავნოს ბრალდებულთ, უწყებასთან ერთად. სასამართლო ხარჯები დაეკისროთ ბრალდებულთ“.

ზოგჯერ საქმე კურიოზამდე მიდის.

ერთმა მუხრანელმა კაცმა დუშელ გლეხს ნასყიდა პაპაშვილს თამასუქით ფული ასესხა თურმე. მერე პაპაშვილს, ნატბევის მუხასთან, ვალი დაუბრუნებია მუხრანელისათვის, მაგრამ ვექსილი აღარ გამოურთმევია. მევალეს ამით უსარგებლია და პაპაშვილისათვის უჩივლია: ჩემი ვალი მართებს და არ მიხდისო. დაბნეულ და შეწუხებულ ნასყიდას ფიცი დაუწერია: ვალი რახანია გადავუხადეო. ილია დარწმუნებულა, პაპაშვილი მართალს რომ ამბობდა, მაგრამ რა ექნა: მევალეს ხელთ თამასუქი ეჭირა და თავისას ითხოვდა. მაშინ ილიას პაპაშვილისათვის უკითხავს - როცა ვალს უხდიდი, იქ მოწმე არავინ ყოფილაო? სასოწარკვეთილ ნასყიდას დაუკვნესია - მოწმე ვინ იქნებოდა, ნატბევის მუხის ქვეშ ვიდექითო. რაკი მუხის ქვეშ მდგარხართ, ადექი, პაპაშვილო, გაიქეც და იმ ხის ერთი ფოთოლი მომიტანეო, - დაუვალებია ილიას ნასყიდასათვის. ეს რომ გაუგონია მუხრანელ მევალეს, ბრიყვულად მიუმართავს მოსამართლისათვის - შე დალოცვილო, ვინემ ეგ ნატბევზე გადავა, იმ მუხის ფოთოლს მოიტანს, მანამდე დაღამდება კიდეცაო. მაშინ ილიას სიცილი დაუწყია და მუხრანელისათვის უთქვამს: მაშ, პაპაშვილს შენთვის ვალი გადაუხდია. ეგ თამასუქი ახლავე დახიე, აქედან დაიკარგე და მეორედ ჩემმა თვალებმა არ გნახოსო.

სირცხვილნაჭამი მუხრანელი უხმოდ გაეცალა თურმე იქაურობას (. მეუნარგია, . ჭავჭავაძე, გვ. 246, 1937 .).

ასეთი საქმეების ძიება-გარჩევაში მიიზლაზნებიან დღეები. როცა გულზე სევდა შემოაწვება და მოთმინების ფიალა აევსება, ოლღას სწერს: „მე არსად არ დავდივარ, ისე მომძულდა ეს ღვთისგან დალოცვილი უბედური დუშეთი და მისი უკაცურნი კაცნი“. ხანაც სერგეი მესხს შეეხმიანება: „ეს ოხერი, ვერ დავაღწიე თავი ამ უგემურს სამსახურსა... ბიჭო, ერთი მეწვივენით დუშეთს“. ზოგჯერ სასიხარულო ამბავიც მოსდის: კირილე ლორთქიფანიძე აპირებსკაცია-ადამიანის?!“ დაბეჭდვას. ნებართვას ითხოვს. გახარებული მაშინვე უპასუხებს - მაგას რაღა თხოვნა უნდოდა: მომიცია სრული ნება დაბეჭდვისა და თუ ძალიან გსურთ, ჩემი სახელიც ჩაურთეთ ჯიმშერიძის მაგიერად“.

დუშელი ჩინოვნიკი არც ხელისუფლებას ავიწყდება. ჯერ, 1866 წლის ნოემბერში, საგლეხო რეფორმის ჩატარებაში აქტიური მონაწილეობისათვის ორი ათასი ვერცხლის მანეთით აჯილდოებენ. მერე კი, კოლეგიის რეგისტრატორის ჩინს ანიჭებენ.

დღევანდელმა მკითხველმა შეიძლება არც იცოდეს, რა ბედენაა კოლეგიის რეგისტრატორი. რუსეთის იმპერიაში ეს იყო ჩინოვნიკური ბიუროკრატიის ყველაზე დაბალი საფეხური.

რანგთა ტაბელი რუსეთში პეტრე პირველმა შემოიღო 1722 წლის იანვარში. ამბობენ, გერმანელმა ფილოსოფოსმა ლაიბნიცმა შთააგონაო პეტრეს მისი შემოღება. რანგთა ტაბელის მიხედვით, რუსეთის სამოხელეო სისტემაში თოთხმეტი ჩინი არსებობდა. მათ შორის ყველაზე მაღალი, პირველი ჩინი კანცლერი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი, მეთოთხმეტე ჩინი კი, როგორც უკვე ითქვა, - კოლეგიის რეგისტრატორი.

კოლეგიის რეგისტრატორობა იქნება პირველი და უკანასკნელი ჩინი, რომელსაც ილია მიიღებს. დიდი ხნის მერე, 1906 წელს, როცა ილია სახელმწიფო საბჭოს წევრად იქნა არჩეული, იგი ისევე კოლეგიის რეგისტრატორი იყო. დუშეთის შემდეგ ილია სახელმწიფო სამსახურში აღარ მდგარა და იმიტომ. იგი მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა.

თანდათან ახლოვდება დრო, როცა მეგობრები მოუხმობენ, იკისროს აუცილებელი და საჭირო საქვეყნო საქმის მეთაურობა. საადგილმამულო ბანკის დაარსებისათვის იბრძვიან. უკვე რამდენიმე წელიწადია თბილისში ამ საკითხს დასტრიალებენ თავს, მაგრამ ჯერ დასასრული არ ჩანს. იმედი აქვთ, ილიას ენერგია უშველისო საქმეს. ილიაც თანხმდება. ჯერ ერთი, კარგად აქვს გაცნობიერებული საადგილმამულო ბანკის მნიშვნელობა ქართველთათვის და მეორეც, საშუალება ეძლევა, ჩინოვნიკური იწილობიწილოს მაგიერ, საზოგადოებრივი უღელი გასწიოს.

გამოთხოვების ჟამიც დადგა. როცა დაფიქრდა, გული შეეკუმშა. დუშეთი დამდურების ღირსი არ იყო. აქ დაწერა „1871 წელი 23 მაისი“ (კომუნის დაცემის დღე“), „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით, ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“, „ბედნიერი ერი“, „გამოცანები“, „პასუხის პასუხი...“ მართალია, გვიან დაიწერა, მაგრამ დუშეთით არის შთაგონებულიბაზალეთის ტბაც.“

იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?

დუშელი საზოგადოებაც გულთბილად და სიყვარულით გამოემშვიდობა. გამოსათხოვარ ნადიმზე პლატონ იოსელიანმა მაღალფარდოვანი სიტყვაც უთხრა. პლატონს რუსულად უყვარდა წერა და ლაპარაკი. ეს სიტყვაც რუსულად თქვა. იგი ასე მთავრდებოდა

Прощаясь с вами, с Вашею музой, мы желаем (да желание это будет желанием Вашего сердца), чтоб след Ваш, след Музы Вашей, оставляемые на горизонте и почве душетской, были указателями будущему поколению, светлыми, плодовитыми в деле общения, - дыхания отрады в жизни. Желаем также, чтоб они были образцовыми и для преемников Ваших.

ილია თბილისში დაბრუნდა.

9 „თავად-აზნაურობამ გადაწყვიტა დაარსება საადგილმამულო ბანკისა...“

▲ზევით დაბრუნება


„1874 წლის 5 სექტემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრების საერთო კრებაზე არჩეულ იქნა ამავე ბანკის მმართველად, რომელ თანამდებობაზეც იმყოფებოდა 1905 წლის 23 ივნისადმე“.

ამონაწერი ნამსახურობის ნუსხიდან:

რატომ არცერთ ადგილობრივ გაზეთში არ ითქვა არც ერთი სიტყვა მოწონებისა და მადლიერებისა იმ კაცისადმი, რომლის სახელი ცნობილი იყო ჩვენი ქვეყნის თითოეული შეგნებული შვილისათვის და რომელმაც მოთმინებით და გონიერი შრომით შესძლო ახალი საფუძველი ჩაეყარა ერთ-ერთი ასეთი დიდად სასარგებლო და აუცილებელი დაწესებულებისათვის, როგორიც კი ოდესმე დაარსებულა ჩვენს ქვეყანაში? რატომაა, რომ ჭავჭავაძე ახლაც ისევე მარტოა, ისევ დაუფასებელია, ისევ მოკლებულია მხარდაჭერას, როგორც იმ სამწუხარო ჟამს, როცა მან დააარსა და მხოლოდ საკუთარი მხრებით ატარებდა უდროოდ დაღუპულ, მაგრამ დაუვიწყარსაქართველოს მოამბეს“...? ზემოდ ნათქვამის საფუძველზე მე სულ მგონია, რომ ბანკის საქმე, ისევე როგორც ადრესაქართველოს მოამბისსაქმე, მთელი თავისი სიმძიმით ილია ჭავჭავაძის მხრებსდააწვება“.

ნიკო ნიკოლაძე

საადგილმამულო ბანკის დაარსება დიმიტრი ყიფიანს მოუვიდა აზრად.

უცნაური კაცი იყო დიმიტრი ყიფიანი.

მართალია შალვა ჩხეტია, როცა ამბობს - იგი ახერხებდაო თავის თავში შეეთავსებინა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის მტერი და ტახტის ერთგული მოხელე, გლეხობის მოსარჩლე და ბატონყმობის მომხრე, სამშობლოს ღირსებისათვის მებრძოლი და რუსული მონარქიზმის მოიმედე, ქართველი პატრიოტი და რუსი თვითმპყრობელი მეფის თაყვანისმცემელი.

მუდამ ნაირ-ნაირი იდეები უტრიალებდა თავში. აკაკი წერეთლის სიტყვით, „არც ერთი ქართული დაწესებულება არ არის ჩვენში, რომ მეთაურობა ყიფიანს არ ეკუთვნოდეს: ბანკი, . . . . გამავრცელებელი საზოგადოება, თეატრი და სხვანი, სულ მისი ინიციატორობით არის დაწყებული“.

ბატონყმობა რომ გაუქმდა, . ყიფიანი ქართველი თავადაზნაურობის კეთილდღეობის გადარჩენის გზებს ეძებდა. იგი ხატოვნად წერდა: დიდხანს ცხოვრობდაო სასახლეში პატიოსანი კაცის ოჯახი. მართალია, ღარიბად, მაგრამ - მშვიდად. სჯეროდა, უკეთესი დროც დადგებაო, უცბათ, ერთ უბედურ დღეს, ხუროთმოძღვარმა გამოაცხადა - ეს სასახლე ინგრევა, ახლავე თავს უშველეთ, თორემ ნანგრევებში გაიჭყლიტებითო. მეტი რა გზა იყო. იმ სასახლიდან გარეთ გამოცვივდნენ. მართლაც მალე იჭექა, იქუხა, კედლებს ბზარი გაუჩნდა და სულ ცოტა ხანში დაირღვა კიდეც. ღმერთის ანაბარა დარჩენილნი უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდნენ, უფალი და ხელმწიფე-იმპერატორი არ გაგვწირავსო.

დანგრეული სასახლე ბატონყმობა იყო. უსახლკაროდ დარჩენილი პატიოსანი კაცის ოჯახი - ქართველი თავადაზნაურობა, იმედი და მშველელი - იმპერატორი ალექსანდრე მეორე. თუ იგი მოწყალებას არ დაიშურებდა, თავადაზნაურობა ქვეყნის სამასხარაო არ გახდებოდა. არც დაიშურა: მამრობითი სქესის თითოეული განთავისუფლებული გლეხის ფასად ბატონს 25 მანეთი ეძლეოდა. ვისაც 21 ყმაზე ნაკლები ჰყავდა, ეს გასამრჯელო უორმაგდებოდა. ამ გზით თავადაზნაურობას საკმაო თანხა უგროვდებოდა. ვინც ჭკუით მოიქცეოდა, ქონებრივი გასაჭირი არ ელოდა.

ამ პირობებში დიმიტრი ყიფიანს თავადაზნაურობის წოდებრივი და ქონებრივი უპირატესობის შენარჩუნების ერთადერთ ბურჯად საადგილმამულო ბანკი მიაჩნდა. ყმების განთავისუფლებისათვის ხელისუფლებამ ამიერსაქართველოს თავადაზნაურობას ორი მილიონი მანეთი მისცა. აქედან მილიონ რვაას ორმოცი ათასი მანეთი - ყმებში, ხოლო ას სამოცი ათასი მანეთი - ბანკის დასაარსებლად. ბანკის საქმე რომ აწყობილიყო, საჭირო იყო სახელმწიფოს ბოძებულ თანხას ცოტა კიდევ დამატებოდა. კერძოდ, თავადაზნაურობას თითოეულ სულ გლეხზე მიღებული ოცდახუთი მანეთიდან ხუთი ბანკისათვის უნდა შეეწირა. მაშინ ბანკს თავნად, ძირის ფულად, საკმაო თანხა უგროვდებოდა. მერე უკვე ხელმძღვანელობის ოსტატურ საქმიანობაზე იყო დამოკიდებული - რას მოიგებდა, ან რას წააგებდა ბანკი.

თავდაპირველად დიმიტრი ყიფიანს ისეთი ბანკის შექმნა უნდოდაო, - წერს იოველ ასათიანი, - რომლიდანაც თავადაზნაურობა სესხს გამოიტანდა დაბალი სარგებლით, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამგირავებელს მამულს არავითარ შემთხვევაში არ გაუყიდდა, იგი დროებით უნდა გადასულიყო ბანკის გამგებლობაში და ვალის დაფარვის შემდეგ მის პატრონს დაუბრუნდებოდა“.

როცა . ყიფიანის პროექტს გაეცნო . ზუბალაშვილი, კომერციაში გაწაფული კაცი, მაშინვე მიხვდა კეთილშობილი მეოცნების შეცდომას. ოდნავ შესამჩნევი ირონიით აცნობებდა . ზუბალაშვილი . ყიფიანს: მამულის გაუსყიდაობის იდეა დიდ ჰუმანიზმად მიმაჩნია, მაგრამ განუხორციელებელიაო. თუ ბანკი არც ვალს გადაახდევინებს და არც მამულს გაუყიდის დამგირავებლებს, მაშინვე გაკოტრდებაო. პროექტის ავტორს განუმარტავდა: გამდიდრების, ანუ კომერციული, წესი ყველა ბანკისათვის ერთი და იგივეაო. კომერციულ ბანკსა და საზოგადოებრივ ბანკს შორის განსხვავება მხოლოდ მოგების განაწილებაშია, ე.ი. მიზანში და არა საშუალებაშიო.

ბანკის წესდების ხუთი პროექტი შეადგინა . ყიფიანმა. წლების მანძილზე იწვალა და იდავიდარაბა, მაგრამ, როცა 1870 წლის მაისში იგი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის პოსტიდან გადადგა, ბანკი დაარსებული მაინც არ იყო.

იმთავითვე არ უნდოდა ზოგიერთს . ყიფიანის მარშლად არჩევა. იგი აზნაური იყო და მუხრან-ბატონებს, ორბელიანებს, ზოგიერთ სხვასაც ერცხვინებოდათ მისი წინამძღოლად დასმა. ანტონ ფურცელაძე გვიამბობს, რა ამბავი დატრიალებულა იმ კრებაზე, რომელმაც . ყიფიანი თავადაზნაურობის წინამძღოლად აირჩია.

პირველი დიმიტრის წინააღმდეგ გრიგოლ ორბელიანი გამოსულა. ჯერ უთქვამს, სირცხვილიაო უბრალო აზნაურის წინამძღოლად არჩევა. როცა ამ არგუმენტს არ გაუჭრია, დაუმატებია, . ყიფიანი, როგორც არასაიმედო კაცი, დათხოვნილიაო სამსახურიდან. ეს განცხადება საზოგადოებას არ მოსწონებია და პროტესტის ნიშნად ყვირილი აუტეხია. როგორ თუ პროტესტს აცხადებთო, გადარეულა ივანე მუხრან-ბატონი, სკამიდან წამოვარდნილა და ხაფი ხმით დაუყვირია: რას ბედავთ, რა არის ეს? ჯანყი? ვის უბედავთ ამხედრებას? бунтовщик- გინდათ აირჩიოთ თავადაზნაურობის წინამღოლად? ახლავე მოუხმეთ პროკურორს!

ჯანყის, бунтовщик-ის პროკურორის ხსენებას საშინლად დაუფრთხია შეკრებილი საზოგადოება. შიშით ყველას ხმა გაუკმედია. ის-ის იყო . ყიფიანის არჩევის საქმე უნდა ჩაშლილიყო, რომ ფეხზე წამომხტარა ახალგაზრდა ოფიცერი ალექსანდრე არღუთაშვილი და შეუტევია: ვინ უწოდებს თავადაზნაურთა კრებას ჯანყს? ვინ უხმობს ჩვენს კრებაზე პროკურორს? ვინ გვნათლავს бунтовщик-ებად იმიტომ, რომ დიდ უმრავლესობას არ სურს გაიზიაროს ერთი მუჭა უმცირესობის აზრი? бунтовщик-ები უმცირესობაა, რომელნიც არ ეთანხმებიან უმრავლესობას. ვისაც არ სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლია კრება დატოვოსო.

ამგვარ შემოტევას ივანე მუხრან-ბატონი არ მოელოდა გაოგნებულს ენა ჩავარდნია მუცელში. კრება კი გათამამებულა და დარბაზში ისმოდა შეძახილები: გარეთ გააგდეთ მუხრან-ბატონი! გარეთ გააგდეთ!

მაშინ დაბოღმილ გრიგოლ ორბელიანს უთქვამს: „საქართველო მაშინ დაიღუპა, როცა მე და წვიმიტიძე ერთმანეთს შეგვასწორესო!..“

. ყიფიანი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად აირჩიეს. საზოგადოება არ მოტყუებულა. სასახელოდ იმარშლა . ყიფიანმა. მაგრამ 1870 წელს, როცა ხელახალი არჩევნები უნდა მომხდარიყო, მდგომარეობა შეიცვალა. იმ ხანებში საქართველოში სტუმრად ელოდნენ იმპერატორ ალექსანდრე მეორეს. ისევ აწუწუნებულან . ყიფიანის მტრები: სტუმრად ხელმწიფე მობრძანდება და იქნებ რაიმე მოწყალებაც გაიღოს. თავისმოჭრა იქნებაო უბრალო აზნაური დავახვედროთ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად. ასეთი მითქმა-მოთქმა . ყიფიანს ესმოდა. მან უარი თქვა მარშლობაზე. მართალია, ბევრი ემუდარებოდა, დარჩენილიყო წინამძღოლად, მაგრამ გადაწყვეტილება აღარ შეცვალა. თავს იმართლებდა: ყველა დარწმუნებულია, სტუმრად ჩამოსული იმპერატორი რასმეს გვიბოძებსო. ეს იმედი რომ არ გამართლდეს, მე დამაბრალებენ და საზოგადოების წინაშე დამნაშავე გამოვალო.

თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად გენერალ-ადიუტანტი რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი აირჩიეს. 1864 წლის თებერვალშიც მისი არჩევა უნდოდათ, კავკასიაში მეფისნაცვალიც მისი კანდიდატურის თანახმა იყო, მაგრამ მაშინ რევაზ ანდრონიკაშვილმა უარი თქვა. ახლა მას მარშლობაც ერგო და ბანკის პროექტის შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარეობაც.

1871 წელს იმპერატორი საქართველოში ჩამობრძანდა. მის უდიდებულესობას არავითარი მოწყალება არ გაუღია. ქართველი არისტოკრატია პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. ვერც რევაზ ანდრონიკაშვილის მარშლობამ უშველა და ვერც პურ-მარილმა.

ახალი წინამძღოლის ხელშიც ბანკის დაარსების საქმე ჭიანურდებოდა. მაშინ თერგდალეულებმა გადაწყვიტეს, ეს საქმე ილია ჭავჭავაძისათვის მიენდოთ.

ძველი მოღვაწეების ნაშრომის შესწავლამ ნება მომცა, მკვდრეთით აღმედგინა ბობოლებისაგან დამარცხებული და დამარხული საქმეები და მოქმედი პირები. მაგალითად, ყველგან ერთნაირად დავიწყებული საადგილმამულო ბანკები. . გიორგი ყაზბეგს ჰკითხეთ (დამფუძნებელთაგან ახლა მეტი აღარავინ მეგულება ცოცხლებში), რამდენჯერ დაგვჭირდა დუშეთს ასვლა 1871-1873 .. რამდენ ყმაწვილს, რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისათვის სახელმწიფო სამსახურზე ხელი აგვეღებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი განახლების ბანკად გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის მოთავედ ჩაგვეყენებინა“, - იხსენებდა გვიან ნიკო ნიკოლაძე.

საადგილმამულო ბანკის არსის გამოსახატავად . ნიკოლაძე მეტად ტევად ცნებას ხმარობს - განახლების ბანკი. თუ ადრე იგი თავადაზნაურობის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად იყო ჩაფიქრებული, თერგდალეულთა ხელში ეროვნული ცხოვრების განახლების იარაღად გადაიქცა. ქართველთა სულიერი თუ მატერიალური საქმიანობის ფუძე გახდა.

1872 წლის 25 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრება ჩატარდა. ამ კრებაზე ილიას სიტყვა წარმოუთქვამს. მას საზოგადოების დიდი მოწონება დაუმსახურებია. ილიას ისე მწარედ გაუკრიტიკებია ძველი კომისიის მუშაობა, რომ ანტონ ფურცელაძის გადმოცემით, მისი წევრები ერთმანეთის მიყოლებით კრებიდან გაპარულან.

ილიას თავკაცობით საადგილმამულო ბანკის ახალი წესდება შემუშავდა. მაგრამ, თუ ეს საქმე შედარებით იოლი გასაკეთებელი აღმოჩნდა, ძალიან გართულდა და დიდი ოფლის ღვრა მოითხოვა პროექტის დამტკიცებამ. 1872 წლის 5 დეკემბრიდან 1874 წლის 28 მაისამდე დრო მოსკოვსა და პეტერბურგში მისვლა-მოსვლას, იქ ტრიალს და ბიუროკრატიულ კიბეზე აღმა-დაღმა სიარულს დასჭირდა. ამან ილიას ისე გაუშრო სისხლი, რომ ზოგჯერ სასოწარკვეთილი საქმის მიტოვებას და შინ გამოქცევას ფიქრობდა. აკი ვერ გაუძლეს წვალებას დიმიტრი ყაზბეგმა და დავით ყიფიანმა. ისინი, როგორც ბანკის დირექტორები, რუსეთში ახლდნენ ილიას წესდების დასამტკიცებლად. „ყიფიანი და ყაზბეგი ხომ ჯერ, მკათათვეში ერთი, და მეორე აგვისტოში გაიქცნენ აქედამა და დამაგდეს მე მარტო“, - წერდა 1873 წლის 10 ოქტომბერს გულდაწყვეტილი ილია ცოლს.

ილიას იმჟამინდელ განწყობილებას ზუსტად გადმოგვცემს მისი ბარათები ოლღა გურამიშვილისადმი.

1873 წელი, 28 ივლისი. ილია ოლღას:

თუმცა ეს მოსკოვი დიდი ქალაქია, მაგრამ მე თითქმის სრულიად მოწყენილი ვარ, პირველი იმიტომ, რომ მე ყველა დიდი ქალაქი საზოგადოდ და მოსკოვი განსაკუთრებით ფრიად მეჯავრება, მეორე იმიტომ, რომ არაფერი აქაური სიამოვნება არ მიზიდავს.

. . .

პეტერბურგში ვერავინ ვერა ვნახე, რადგანაც სულ შვიდი დღე ვიყავ და აქა-იქ ჩვენი ბანკის თაობაზედ დავრბოდი“.

1873 წელი, 3 აგვისტო. ილია ოლღას:

მე ოცდაექვსს პეტერბურგიდამ მოვედი. ყოველ ცისმარე დღე ჩვენის ბანკის საქმეზედ დავრბივარ და ვერა გავხდი რა . არც ერთს ბანკში არ გვიშვებენ, რომ შევისწავლოთ რამე. მე ამისთანა გულშეუტკივარი ხალხი არ მინახავს, ამის გამო ბევრი დრო გვეკარგება და იქნება დიდი ხნით დავბრკოლდე აქა. თუ არ შევისწავლეთ რა და ისე ხელცარიელები მოვედით ქალაქს, ხომ იცი რამდენს ცილს დაგვწამებენ; აი, ბატონოო, იტყვიან, ჩაიჯიბეს ოთხმოცი თუმანი, გაისეირნესო, და ხელცარიელები მოვიდნენო. მე არ მინდა, რომ ჩემზედ ესენი ჰსთქვან: რაც უნდა მოხდეს, თუნდა ერთი წელიწადი დარჩომა მომინდეს, დავრჩები აქა, რომ შევისწავლო რამე და როგორმე ბანკების კარი გავაღო“.

1873 წელი, 31 აგვისტო. ილია ოლღას:

მე ეხლა ძლივს შევდგი ფეხი ბანკში, და რაც საჭიროა ვსწავლობ. დილიდამ, ათ საათიდამ ოთხ საათამდე. ბანკში ვარ ხოლმე. ორი ნაწილის საქმის დაწყობა შევისწავლე, ორი კიდევ დამრჩა. იმ კვირას სულ ღვთით გავათავებ“.

1873 წელი, 26 სექტემბერი. ილია ოლღას:

გუშინწინ მითხრეს, ჩვენი უსტავი ექვს კვირის შემდეგ წარედგინებაოგოსუდარსტვენნი სოვეტში“, ახლა ერთი ორი თვეგოსუდარსტვენნი სოვეტშიმოიგვიანებს და გამოვიდა სამს თვენახევარი ჩემის აქ დარჩომის პაემანი.“

1873 წელი, 5 ოქტომბერი. ილია ოლღას:

„... მე აქა ვგდივარ და ჩემს აქ ყოფნას ბოლო არ უჩანს: ეს მამაძაღლები საქმეს მიგვიანებენ და სწორედაც არ მეუბნებიან, როდის გათავდება.

... მთელი დღე შინა ვგდივარ და ხალათს არ ვიხდი; თუ წავალ სადმე ხოლმე, ისევ ფინანსის სამინისტროში საქმის შესატყობად. სულ გამოვყრუვდი.

1873 წელი, 23 ოქტომბერი. ილია ოლღას:

ჩვენი ბანკის საქმე ხათაბალა გახდა. ეს უფალი, რომლის ხელშიაც არის ეგ საქმე, საძაგელი, უგულო და უადამიანო კაცია. თუმცა არ შეუძლიან იმდენი, რომ საქმე საბოლოოდ გააფუჭოს, მაგრამ აგვიანებს კი და პირდაპირ ყველაფრით გვიჩვენებს, რომ მაგისთანა საქმეო უქრთამოდ ვერ გარიგდებაო. აბა ქრთამის მიცემა როგორ შეუძლიან ჩვენს კუტრს ბანკსა! ორშაბათს ვაპირობ იმასთან წასვლას და ჩხუბსა. აქამდის ვეფერებოდი, ვეხვეწებოდი, ხელში ვუკვდებოდი. მეგონა, რომ ამით იქნებ დავიყოლიო-მეთქი. მაგრამ ამან ყოველმან ვერ გასჭრა. ეხლა ვაპირობ ჩხუბსა და დიდ ჩხუბსაც. ვნახოთ, რა გამოვა.

ამას წინათ ვიფიქრე, მოდი წავიდე შინ-მეთქი, რისთვის ვიტანჯები და ვწვალობ-მეთქი? მაგრამ შენმა წიგნებმა კიდევ გული მომცეს და ვჰსთქვი: ეს ხომ ჩემგან სილაჩრე იქნება, რომ გაუთავებელი საქმე დამრჩეს; ეს ბრძოლის ველიდამ გაქცევა იქნება და სირცხვილი-მეთქი. ვინ რას მეტყვის? ხომ მიწასთან გამასწორებენ-მეთქი... რაზედ უნდა დავფრთხე და საქმეს გავექცე მოღალატესავით. ეგრე, ჩემო კარგო, დავიტრიალე შერყეული გული და კვლავ გავიმაგრე.“

1874 წელი, 15 იანვარი. ილია ოლღას:

არ ვიცი, ღმერთმა იცის, რა ვქნა. რაც ღონისძიება ხელთა მაქვს ყოვლის ფერსა ვხმარობ, მაგრამ რას უზამ იმისთანა ხალხს, რომლებისათვისაც ღმერთს არც მოტვლეპილს კეფაში ტვინი ჩაუდვია და არც მყრალს გულში გრძნობა. მატყუებენ, მატყუებენ და მაგ მოტყუებას ბოლო არა აქვს. ღმერთმა დაიხსნას ყოველი ქრისტიანი ამათ ბრჭყალებიან ხელში ჩავარდნისაგან. ვერ წარმოიდგენ, რა ხალხია, ღმეჭია, ფლიდი და მურტალი, ერთმანეთს ასხედან და რუსეთის იმპერიის საქმეს აწარმოებენ...“

1874 წელი, 4 თებერვალი. ილია ოლღას:

გასჭრა ჩემმა ბედმა და ორ დღეს უკან მინისტრის ქაღალდი მომივიდა და იწერება, რომ თქვენი საქმე დირეკტორს გადავეცი და ძალიან მალე შესრულდებაო. ოთხს თებერვალს დირეკტორთან ვიყავი, ძალიან შეუფუცხუნებია, როგორც ჩანს, მინისტრს. შემეხვეწა, ზოგიერთი რამ თქვენს უსტავში არ მესმისო და ამიხსენო. მოგეცა წყალობა, მე, ამისათვის თავი არ დავიშურე. მთელი საათი ვიბაასეთ და ბოლოს ის მითხრა, რომ ამ კვირია, თუ არაო, იქით კვირაში უთუოდ წარდგენილი იქნებაოგოსუდარსტვენნი სოვეტში“. როგორც ბავშვი ისე მხიარული წამოვედი“.

ასე უსაშველოდ გაჯანჯლდა საადგილმამულო ბანკის წესდების დამტკიცება, მაგრამ ილია არაფრით არ მოეშვა საქმეს. მაინც თავისი გაიტანა და ბოლოს, როგორც იქნა 1874 წლის 28 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის წესდება დამტკიცდა.

Нет худа без добра-, ინუგეშებენ თავს რუსები და ილიას პეტერბურგში ყოფნისას კიდევ ერთი კარგი ამბავი მოხდა. ილიამ გაიცნო სტუდენტი ივანე მაჩაბელი.

ჩვიდმეტი წლით იყო ილიაზე უმცროსი მაჩაბელი. თითქოს ძნელად შეიძლებოდა მათ შორის მეგობრობის დამყარება. მაგრამ ერთი სულისკვეთებით განმსჭვალულ ორ ადამიანს სამეგობროდ ხელს არ უშლის ასაკობრივი სხვაობა. მათ მაშინვე იპოვეს საერთო ენა და დიდ კულტურულ საქმესაც ჩაუყარეს საფუძველი. ისინი ერთად შეუდგნენ შექსპირისმეფე ლირისთარგმნას. ავად თუ კარგად, შექსპირის ქართულად ამეტყველების ცდა მანამდეც ყოფილა. მაგრამ ის, რასაც ილია და ივანე მაჩაბელი იწყებენ, სრულიად სხვაა თვისებრივადაც, აზრობრივადაც და ღირებულებითაც.

1873 წელი, 20 ნოემბერი. ილია ოლღას:

„... მე უსაქმობის გამო ინგლისურის ენის შესწავლას შევუდექი და შექსპირის ტრაგედიის კოროლ ლირს ვჰსთარგმნი სხვასთან ერთად. აქიდამ რომ მოვალ, ინგლისური მეცოდინება იმდენად, რომ სუბუქს თხზულების წაკითხვა შემეძლოს“.

1873 წელი, 19 დეკემბერი. ილია ოლღას:

იმ დღეს გიორგი შარვაშიძესთან ვიყავ, აი მთავრის შვილი რომ არის. ამას წინად თითონ მოვიდა და მთხოვა შექსპირის ტრაგედია (მეფე) ლირი, რომელიც ქართულად ანგლიურიდამ გადავთარგმნეთ, წაგვიკითხეო. წავედი წასაკითხად, კარგა ბლომა ხალხი იყო და ძალიან მოიწონეს. ასე იფიქრე, ქალებმა იტირეს და კაცები კი სულ აფერუმს იძახოდნენ. მართლა და თარგმანი მშვენიერი რამ გამოვიდა, ასეთი კარგი, წამკითხველნი მთარგმნელებს დაგვლოცვენ. ქალაქში რომ ჩამოვალ, გვინდა წარმოვადგინოთ. სცენაზედ მშვენიერი რამ იქნება. ვერ წარმოიდგენ, რარიგად კარგად გამოვიდა ქართულს ენაზედ. არც ერთი რუსული თარგმანი ქართულს არ შეედრება“...

მეფე ლირისქართულ თარგმანს საერთო მოწონება დაუმსახურებია.

თბილისში დაბრუნებულ ილიასმეფე ლირისსაჯარო კითხვა მოუწყვია. საზოგადოების კმაყოფილებადროებამგამოხატა: „არც ჩვენ, არც სხვებს არ გვეგონა, თუ ეს შესანიშნავი თხზულება ასე მშვენივრად გამოვიდოდა ქართულ ენაზედ“.

მომრიგებელი მოსამართლე დავით ყიფიანის დაი ისე მოხიბლულალირით“, რომ კორდელიას როლი მთლიანად გადაუწერია, ზეპირად დაუსწავლია და თამაშობდა თურმე კიდეც. მე ჯერ არ მინახავს, წერდა ილია მეგობარს ვასილ მაჩაბელს, ვანოს უფროს ძმას, 1875 წლის 15 მარტს, - მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველას ანცვიფრებსო.

1874 წლის 19 ივლისს კონსტანტინე ბებუთოვი ატყობინებდა ნიკო ნიკოლაძეს პარიზში: ჩვენთან წაიკითხაო ილიამლირი“. 30 კაცი ესწრებოდა. თვლიან, რომ მშვენიერი თარგმანია.

საერთო მოწონებას აკაკი გამიჯვნია. „ყველას მოსწონს აკაკი წერეთლის გარდაო“, - წერდა ილია 1874 წლის 15 ივნისს ვასილ მაჩაბელს.

ერთი სიტყვით, ზეიმით შეხვედრია საზოგადოება ილიასა და ივანე მაჩაბლის ერთობლივ ნაშრომს. ვანოს პიროვნებით ილია მოხიბლული დარჩენილა.

მიჰსეწრე შენად და ჩემად, მოგვეშველოს როგორმე. ჭკვიანი ბიჭია და ამასთანაც კარგის კალმის პატრონი - ჩვენთვის ვანო დიდი ნუგეში იქნება. ჰსთხოვე, და არამცთუ ჰსთხოვე, შეეხვეწე ჩემ მაგიერ, რომ სტატიები რამ გამოგვიგზავნოს“, - ბარათით ავალებს ილია ვასილ მაჩაბელს 1875 წლის 10 მარტს.

თითქმის წელიწადნახევარი წვალობდა ილია ბანკის გამო, მაგრამ ამ ხნის მანძილზე სამი ქართული საქმე გაკეთდა: დამტკიცდა თბილისის საადგილმამულო ბანკის წესდება, მტკიცე საფუძველი ჩაეყარა შექსპირის ქართულად თარგმნას, სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა ივანე მაჩაბელი.

1874 წლის სექტემბერში თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საერთო კრებას ეცნობა წესდების დამტკიცება. გააცნეს ბანკის მმართველობისა და მუშაობის სისტემა. აირჩიეს ბანკის მმართველი და დირექტორები. ამ კრებამ მმართველად ილია აირჩია. კენჭისყრის შედეგად ილიას მომხრე იყო138 კაცი, წინააღმდეგი - 12.

1875 წლის იანვარ-თებერვალში კი თბილისის საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელი კრება ჩატარდა. ბანკმა არსებობა დაიწყო.

10 „მეცხრამეტე საუკუნემ უანდერძა აწ მომავალს...“

▲ზევით დაბრუნება


რა არ გადაგვხედია თავს, რა მტრები არ გვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი, ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც გადავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ- თურქებს, სპარსელებს, რჯულიანს და ურჯულოს და დროშა ქართველობისა შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ეხლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას!.. დრო-ჟამი ამას გვიქადის...“

ილია ჭავჭავაძე

იმთავითვე ქართველი ხალხის ეროვნული ენერგიისადმი ორგვარი დამოკიდებულება არსებობდა - უიმედო და იმედიანი, ანუ ნიჰილისტური და ოპტიმისტური. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქასრე სასანიანი თავს დაესხა საქართველოს და ასფაგურ მეფე იმიერკავკასიაში წავიდა დამხმარეთა საშოვნელად, მაეჟან სპასპეტი არწმუნებდა ქართველებს - დარჩომილ ვართ ჩუენ ობლად, ვითარცა ცხოვარნი უმწყემსონი. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა მივაგოთ წინა მეფესა სპარსთასა მორჩილება და ვითხოვოთ მისგან წყალობა და ვითხოვოთ მისგან ძე მისი მეფედ ჩვენდა...“ მას აქეთ ასე მოდის: ნიჰილისტები მუდამ სხვის მორჩილებას ასწავლიდნენ ქართველებს. თან არწმუნებდნენ, ამაზე დიდი ბედნიერების წარმოდგენა შეუძლებელიაო. ოპტიმისტები კი საკუთარი თავის რწმენას უნერგავდნენ. თავისუფლებისათვის ბრძოლას უქადაგებდნენ და ჩასჩიჩინებდნენ. რაკი ქართველი ხალხი, მისი გრძელი ისტორიის მანძილზე, უფრო ხშირად სხვათა ქვეშევრდომი ყოფილა, ჩანს ნიჰილისტები სჭარბობდნენ ჩვენში ოპტიმისტებს. მაგრამ რაკიღა ქართველი ხალხი დღესაც ცოცხალია, ქმნის, იღვწის, შრომობს და მომავალს აშენებს, ეტყობა, ოპტიმისტები უფრო ღონიერი და ძლიერი იყვნენ. თუ ნიჰილისტები რაოდენობით ჭარბობდნენ, ოპტიმისტები ძალითა და ჭკუით სჯობდნენ.

ამ ორი ნაკადის ბრძოლამ მე-19 საუკუნეშიც იჩინა თავი. ჯერ 1872 წელს გიორგი მუხრან-ბატონის ნარკვევი გამოიცა, მერე, მოგვიანებით, 1889 წელს - ივანე ჯაბადარისა. . მუხრან-ბატონის ნაშრომს გრძელი სათაური ჰქონდა - «О существе национальной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц», ივანე ჯაბადარისას კი - მოკლე და სხარტი - «Письма о Грузии». ერთმა, მუხრან-ბატონმა, თბილისში, გაზეთ «Кавказ»-ის დამატებად გამოაქვეყნა თავისი ნარკვევი, მეორემ, ჯაბადარმა, - პეტერბურგში, ჟურნალ «Северный Вестник»-ში (1889 წლის თებერვლისა და მარტის ნომრებში). „წერილები საქართველოზეხელმოწერილია ინიციალებით Н. Д.

ძნელად წარმოსადგენია უფრო განსხვავებული პიროვნებანი, ვიდრე გიორგი მუხრან-ბატონი და ივანე ჯაბადარი იყვნენ.

. მუხრან-ბატონი მონარქისტი იყო. უხელმწიფოდ არსებობა ვერც კი წარმოედგინა.

ივ. ჯაბადარი კი - ხალხოსანი, „ნაროდნაია ვოლიასწევრი. სძულდა მონარქია და მის დამხობაზე ოცნებობდა.

. მუხრან-ბატონი გალაღებული, დალხინებული და კმაყოფილი ცხოვრობდა.

ივ. ჯაბადარი კი ნაწამები, ნაკატორღალი და ნაციხარი კაცი იყო.

ერთს, მუხრან-ბატონს, კონსერვატორის სული ჰქონდა, მეორეს, ჯაბადარს, - რევოლუციონერის. პირველი ხელისუფლებას კალთაში ესვა და ალერსით ახრჩობდა, მეორეს კი მოსასპობად დასდევდა.

და აი, ამ ორმა, ესოდენ განსხვავებულმა ადამიანმა, როცა ქართველი ხალხის ბედ-იღბალზე იფიქრეს და იმსჯელეს, ერთნაირი დასკვნა გააკეთეს - ნიჰილისტური.

ამ ნიჰილისტური დასკვნის ზოგადი აზრი ასეთია: საქართველოს როგორც წარსული, ისე აწმყო გვიჩვენებს, რომ ქართველი ხალხის ეროვნული ენერგია უკმარია თავისუფალი, დამოუკიდებელი არსებობისათვის. ამიტომ ღირებულებაც არ გააჩნია და, რაც მალე გაითქვიფება დიდ ერში და გადაშენდება, მით უკეთესია მისთვის.

ამგვარი დასკვნა რომ მტრობით და სიძულვილით ყოფილიყო გამოწვეული, ნაკლებსაშიში იქნებოდა. მტრობასა და სიძულვილს ყველაფრის თქმა შეუძლია. მაგრამ არც მუხრან-ბატონი და არც ივ. ჯაბადარი ქართველი ხალხის მტრები არ ყოფილან. მათ თავისებურად უყვარდათ კიდეც საქართველო. ისინი, ეროვნული მსოფლმხედველობის თვალსაზრისით, სასოწარკვეთილი ადამიანები იყვნენ. ამ სასოწარკვეთამ შვა მათი ნიჰილიზმი. მათ მარადიულ ეროვნულ ტანჯვას, მარადიულ ქვეშევრდომობას, ნაციონალური სიკვდილი ამჯობინეს.

საშინელი და შემზარავი იყო სიკვდილით მოპოვებული ხსნა. . მუხრან-ბატონისა და ივ. ჯაბადარის აზრის გასაბათილებლად არ კმაროდა ცალკეული შეცდომების მხილება, არაზუსტი თუ მცდარი დებულებების უარყოფა. მთავარი იყო ზოგადი ნიჰილისტური კონცეფციის მოსპობა-განადგურება. „საჭირო იყო, - როგორც არჩილ ჯორჯაძე ამბობს, - ჩვენს თავზედ მოგროვილ ღრუბლების გაფანტვა, ჩვენი არე-მარის მზის სხივებით მოფენა და განათება“. აუცილებელი იყო სასოწარკვეთილების ნაცვლად იმედის და რწმენის აღორძინება. ეს საქმეც ილია ჭავჭავაძემ იკისრა. მან სატირული ლექსით, ცალკეულ შეცდომათა მხილებით თუ მთელი კონცეფციის უარყოფით, ნათლად უჩვენა ყველას, რომ უსაფუძვლოა ქართველი ხალხის ეროვნული ენერგიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება (ივ. ჯაბადარის «Письма о Грузии»- უარყოფას მთელი წიგნიც კი უძღვნა -„აი, ისტორია“). თუმცა ნიჰილიზმს საბოლოოდ ვერ მოუღო ბოლო. დროდადრო იგი მაინც წამოჰყოფს თავს.

ეროვნული ნიჰილიზმის სრული მოსპობა სხვა თაობის ამოცანაა.

11 „შესდგა საზოგადოება წერა-კითხვის გამავრცელებელი...“

▲ზევით დაბრუნება


მართალია, ქართული თეატრი, ქართული შკოლა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და სხვა ამგვარი ისეთი დიდი რამ არ არის, რომ ჩვენი ფარ-ხმალი ძირს დავსდოთ, მარტო მაგათ შევაჩერდეთ და მაგაზედ მეტი არა ვინდომოთ-რა. სურვილი ჩვენი ზღვაა და მაგგვარის კოვზით ეგ ზღვა არ დაილევა. მაგრამ ამაში ჩვენთვის ძვირფასი ის არის, რომ ერთიც, მეორეც, მესამეც ჩვენის საკუთარის თაოსნობით და ღვაწლით არის მოყვანილი და ერთმანეთისათვის საერთო გულის-ტკივილით შემზადებული“.

ილია ჭავჭავაძე

დიდხანს ოცნებობდნენ ამაზე. სად არ იკრიბებოდნენ, ვისთან არ იყრიდნენ თავს და მსჯელობდნენ; როგორ მოეწყოთ, როგორ მოეგვარებინათ საერთო-სახალხო განათლების საქმე. კეთილი ბოლო არ ჩანდა და არ ჩანდა. მაგრამ სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო და მაინც მიაღწიეს თავისას: 1879 წლის 31 მარტს მთავრობამ საზოგადოების წესდება დაამტკიცა. მაისში კი დამფუძნებელი კრება ჩატარდა. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებასაქმიანობას შეუდგა.

ეს სახელი გრიგოლ ორბელიანის წინადადებით დაარქვეს. საზოგადოების პირველი თავმჯდომარეობაც გრიგოლს შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა: არც ჯანის სიმრთელე მაძლევს ნებას და არც თვითონ საქმის გამოცდილება მაქვსო საკმარისი. ამ მიზეზით გთხოვთ, მე გამათავისუფლოთ და თავმჯდომარეობა ისევ იმასა ვთხოვოთ, ვინც თავიდანვე ამ საქმეს ადგაო. ახლა იგი დიმიტრი ყიფიანის წინააღმდეგ აღარ წასულა, როგორც მაშინ, თავადაზნაურთა მარშლად არჩევის დროს. პირიქით, თვითონ მიუთითა დიმიტრიზე: თუ ვინმე თავმჯდომარეობის ღირსია, ეგ არისო. მართალიც იყო. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სულისჩამდგმელი მართლაც . ყიფიანი გახლდათ.

1879 წლის 15 მაისს დიმიტრი ყიფიანი ერთხმად აირჩიეს საზოგადოების თავმჯდომარედ, მოადგილედ კი - ილია ჭავჭავაძე.

წესდების თანახმად, თავმჯდომარეს სამი წლის ვადით ირჩევდნენ.

1882 წლის 6 ივნისს უკვე ახალი თავმჯდომარე ჰყავდა საზოგადოებას - ივანე კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონი (ეს ის ივანე მუხრან-ბატონია, . ყიფიანის თავადაზნაურობის მარშლად დასმა რომ არ უნდოდა). მოადგილედ ისევ ილია დატოვეს. თავმჯდომარედ ილია 1885 წლის მაისში გახდა და სიკვდილამდე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავკაცი.

ასეთი ბედი ჰქონდა ამ კაცს: იქ, სადაც სხვები ერთი ან ორი ვადით ძლებდნენ, იგი სამუდამოდ რჩებოდა. მის შემცვლელს ვეღარ პოულობდნენ. ზოგჯერ თავს ესხმოდნენ, მუშაობას უწუნებდნენ, გადაყენებას უპირებდნენ, მაგრამ, როგორც კი საქმე საქმეზე მიდგებოდა, ისევ მას ირჩევდნენ. თუ თავად იტყოდა უარს, ყელგაწვდილი ემუდარებოდნენ, არ წახვიდეო. და მიუხედავად უმადურობით გამოწვეული გულისტკივილსა, მაინც არ ტოვებდა პოსტს. წასვლა საქმის ღალატად მიაჩნდა და იმიტომ.

ილიას სიკვდილის შემდეგ, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, რომელიც 1908 წლის 9 მარტს აირჩიეს, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი იყო.

უთვალავი საქმე ჰქონდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას (ყველას ვერც კი ჩამოთვლი) სკოლის შეშით მომარაგებით დაწყებული, დამთავრებული სასწავლებელთა რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლით. არ არსებობდა ბრალიანი და უბრალო საქმე. წიგნების შეგროვებაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორიც ქართული ენის დაცვა.

ერთი უძვირფასესი საჩუქართაგანი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამინგრელსკებულმა ნიკო დადიანმა მიართვა. იგი პეტერბურგში ვასილ მაჩაბელს შეხვედრია და უთქვამს - ჩემი წიგნთსაცავი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა ვუანდერძოო. 1885 წლის 28 თებერვალს კი ოფიციალურად აუწყა საზოგადოების ხელმძღვანელობას: „თუ ამ ჩემის ბიბლიოთეკის შეწირვით .-. საზოგადოება მოუტანს რაიმე სარგებლობას ჩვენს სამშობლო ქვეყანას, მით შევრაცხ ჩემს თავს ბედნიერად“.

ნიკო დადიანის წიგნების ბიბლიოგრაფია აკაკი წერეთელმა შეადგინა, ხოლო მათ გორდიდან თბილისში ჩამოტანას ილია მეთაურობდა.

გორდში ილია ვასილ მაჩაბლის, იონა მეუნარგიას და გრიგოლ ყიფშიძის თანხლებით წასულა. . დადიანის რწმუნებულს კონსტანტინე ნიჟარაძეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელთათვის ას სამოცდა ცხრა ხელნაწერი და ათი ნაბეჭდი წიგნი ჩაუბარებია. ეს აქტი 1885 წლის 3 აპრილით არის დათარიღებული.

ამით საფუძველი ჩაეყარა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნად ფონდს, რომელიც ერთ-ურთი უმდიდრესი იყო საქართველოში.

ეს მშვიდობიანი და ხალისიანი საქმიანობა იყო, მაგრამ წერა-კითხვის გამავრცელებელს საზოგადოებას ამგვარი წყნარი ცხოვრება არ ეწერა.

მართალია, ხელმწიფე-იმპერატორის 1864 წლის რესკრიპტი ამბობდა, არავის აქვსო უფლება превращать рассадники науки для достижения политических целей, მაგრამ ყველა სკოლა და სასწავლებელი სწორედ პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა.

მართალია, იგივე რესკრიპტი ბრძანებდა - В школах общих, особенно нищих,преподавание должно быть производимо на природном языке большинства населения, მაგრამ სინამდვილეში ყოველ ღონეს ხმარობდნენ, ქართული არ გაეჭაჭანებინათ სკოლაში.

ამის შემყურე ილია ირონიულად კითხულობდა: „გვიკვირს ჩვენ, ზოგიერთებმა როგორ შეძლეს უმაღლესი ნების შეცვლა ეგრე დაუსჯელად?“

რა თქმა უნდა, ილიამ იცოდა, არავის შეუცვლია უმაღლესი ნება. ერთი იყო ოფიციალური რესკრიპტი, საზოგადოების თვალის ასახვევად დაწერილი, და მეორე - საიდუმლო ინსტრუქცია იმპერიის მიზნის განსახორციელებლად გამოგზავნილი. რესკრიპტი ქაღალდზე რჩებოდა. ინსტრუქციით მოქმედებდნენ. მართალია კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველნი იცვლებოდნენ, ერთნი მიდიოდნენ და მეორენი მოდიოდნენ, მაგრამ ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკა ურყევი რჩებოდა. ამიტომ 80-იან წლებშიც იგივე მდგომარეობა იყო, რაც 60-იანში, როცა შეშფოთებული გიორგი წერეთელი კირილე ლორთქიფანიძეს სწერდა - „...იმათ გლეხის ყმაწვილებს უნდა ასწავლონ რუსული წერა-კითხვა და ლაპარაკი, ქართული კი არასგზით არ უნდა ასწავლონ. ასე ამრიგათ მთელი ხალხობა უნდა გაარუსონ. თვით ჩვენი საზოგადოებაც ისე მიძინებული და შეშინებულია, რომ ან არას გრძნობს და ან თუ გრძნობს, შიშისაგან ხმა ვერ ამოუღია. ამგვარ მდგომარეობაში მითხარი რა უნდა ვქნათ? ნუთუ ყოველი ჩვენი ახალგაზრდათაგანი მანდაურ ჰაერს უნდა შეაჩერდეს და სამშობლოსათვის არ უნდა იფიქროს? ვერიდოთ, ძმაო, რომ მყობადში დედ-მამის მკვლელი არ დაგვიძახონ“.

ეს მდგომარეობა გათვალისწინებული ჰქონდათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესვეურებს. ისინი შეუპოვრად და მტკიცედ ცდილობდნენ ქართულად სწავლება დაემკვიდრებინათ დაწყებით კლასებში მაინც. ხშირად ეს ბრძოლა უშედეგო იყო.

1883 წელს თონეთში სკოლა უნდა გაეხსნათ. თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს ვინმე დარსკის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შუამდგომლობა გაუგზავნა და სკოლის გახსნის ნებართვა ითხოვა. ამ შუამდგომლობაში ნათქვამი იყო:

საგნების სწავლება იწარმოებს ბავშვთა მშობლიურ ქართულ ენაზე, თანახმად საზოგადოების წესდების §3 მოთხოვნისა.

თუმცა გამგეობა დარწმუნებულია, რომ რუსული ენის შესწავლის დაწყება უფრო პედაგოგიური და მიზანშეწონილია სწავლების მესამე წლიდან, მაგრამ უთმობს რა ადგილობრივ სასწავლო უწყების დაჟინებით მოთხოვნას, რუსული ენის სწავლებას ის დაიწყებს სწავლების პირველი წლის მეორე ნახევრიდან 6-6 კვირეული საათის მიცემით“.

წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ უკან დაიხია, სასწავლო უწყების მოთხოვნას ანგარიში გაუწია. მაგრამ სახალხო სკოლათა დირექტორი არც ამით დაკმაყოფილდა და ბრძანა: წარმოადგინეთო სასწავლო გეგმა без лишних рассуждений.

ამ შუამდგომლობას ხელს ილია აწერდა. ეს ილია ჭავჭავაძეს უბრძანებს დერჟიმორდა - без лишних рассуждений.

Без лишних рассуждений კი გულისხმობდა ახალ სასწავლო გეგმას, რომელიც 1881 წლის 13 იანვარს იყო დამტკიცებული მეფისნაცვლის მიერ. ამ გეგმის მიხედვით, რუსული ენის სწავლება პირველი წლის მეორე ნახევრიდან უნდა დაწყებულიყო და მერე საგანთა სწავლება თანდათან რუსულად გაგრძელდებოდა. თუ ამას არ განახორციელებდნენ, სკოლებს დახურვა ემუქრებოდა. ამიტომ არ მოეწონა დარსკის შუამდგომლობაში ნათქვამი - თონეთის სკოლაში სწავლება ქართულად მოხდებაო.

ასეთი დავიდარაბით, წვალებითა და წამებით იხსნებოდა ყველა სკოლა.

არ ერიდებოდნენ პროვოკაციებსაც და ინსინუაციებსაც. თუ მასწავლებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების თანახმად, ქართულ ენას იცავდა, მას მახეს უგებდნენ და ცდილობდნენ სკოლიდან გაეგდოთ. ასე გაუკეთეს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგეს სამსონ ყიფიანს. მას ცილი დასწამეს - შეაცდინა შაფათავას ქალი და დააორსულაო. ასეთი მასწავლებლის სკოლაში გაჩერება შეუძლებელიაო. ილიამ გაარკვია მდგომარეობა. ძველი სენაკის მღვდელმა, ორმა იქაურმა მომრიგებელმა შუამავალმა, თავადაზნაურობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს - სამსონ ყიფიანი უდანაშაულოაო. ყველაფერი, რაც მასზე ითქვა, ჭორი გამოდგა. სასამართლოზე თვითონ შაფათავას ქალმა აღიარა, განგებ წამაქეზესო ყიფიანის წინააღმდეგ, არავითარი კავშირი მასთან არ მქონიაო. ამას მერე კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველთან, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით, იშუამდგომლა ილიამ - დაეტოვებინათ სამსონ ყიფიანი ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.

სამწუხაროდ, აღარ ვიცი, გასჭრა თუ არა ილიას შუამდგომლობამ და რა ბედი ეწია . ყიფიანს. თუმცა უფრო ის არის სავარაუდებელი, რომ . ყიფიანი მაინც დაითხოვეს. ილია კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველს იანოვსკის მიმართავდა თხოვნით. ეს იანოვსკი კი პირწავარდნილი რუსიფიკატორი იყო, რომელიც ადრე ილიას მწარედ გაწკეპლილი ჰყავდა.

როცა 1878 წელს კავკასიაში კირილე პეტრეს ძე იანოვსკი გამოგზავნეს, ქართველი საზოგადოება მას იმედითა და ნდობით შეხვდა. პეტერბურგში იანოვსკის განათლებული, მიუდგომელი და კეთილგონიერი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ეს ქართველებმა ჭეშმარიტებად მიიღეს და თბილისში მის ჩამოსვლა საქმის გამოსწორების საწინდრად მიიჩნიეს. გაზეთიდროებაიანვოსკის ესალმებოდა:

აქ კი დღემდინ მუდამ და ყველგან ირღვეოდა პედაგოგიის უპირველესი ჭეშმარიტება, რომ ყმაწვილმა თავის სამშობლო ენაზე, გასაგებ ენაზე უნდა მიიღოს პირველ-დაწყებითი სწავლაო. სხვა, გარეშე მიზეზებმა, სრულებით არა-პედაგოგიურ მიზეზებმა და გარემოებამ დაავიწყებინა, გაათელვინა ფეხქვეშ ჩვენს პედაგოგებს ეს პედაგოგიური ჭეშმარიტება.

თქვენგან მოველით ახლა ამ ჭეშმარიტების აღდგენას, თქვენგან მოველით იმის მკვიდრ საფუძველზე დამყარებას.

თქვენგან მოელის ეს ქვეყანა ყველა გარეშე მიზეზთა და გარემოებათა მიტოვებას და ნამდვილს პედაგოგიურს გზაზე დაყენებას ჩვენი ხალხის განათლებისას.

თქვენგან მოელის ეს მდიდარი, ეს ჩინებული ქვეყანა ხელმძღვანელობას იმ საქმეში, რომელიც ყოველი ხალხისათვის წარმატების გზაზე დამყენებელი საქმეა, რომლისათვისაც თვითონ ეს ხალხი არაფერს არ ზოგავს“.

მწარედ მოტყუვდნენ. სწორედ იანოვსკი იბრძოდა გააფთრებული ქართული ენის სკოლიდან გაძევებისათვის. ჩამოსვლისთანავე დააწესა რუსული ენის პირველი წლიდანვე სწავლება. იგი ეძებდა სკოლებში სულმდაბალ ადამიანებს და ჩუმად ავალებდა - მასწავლებელთა კრებამ მოითხოვოს, ქართულად სწავლა არ გვინდაო (ასეთი დავალება მისცა მან, მაგალითად, გორის საოსტატო სემინარიის დირექტორს სემიონოვს).

როცა იანოვსკის მზაკვრობა გამჟღავნდა, სერგეი მესხმა დაუყოვნებლივ საჯაროდ დაგმო მისი საქციელი.

და თქვენ გნებავთ ახლა, რომ სოფლის შკოლების საშუალებით უეცრად მოსპოთ ხალხის ენა და უცხო ენაზე აგვალაპარაკოთ? და თქვენ გნებავსთ, რომ ერთის თვალის დახამხამებაში ხალხმა დაივიწყოს ის, რაც ორი ათასი წლის განმავლობაში სისხლის ღვრითა და ტანჯვა-წვალებით შეუძენია და ძვირფას საუნჯეთ გარდმოუცია თავის შთამომავლობისათვის? და თქვენ გნებავსთ, რომ ამგვარ ხალხმა ერთის სიტყვით მიატოვოს თავის გვარტომობა?“

. მესხს . ყიფიანიც წამოეშველა. იანოვსკი უპირველესად რუსეთის წინაშეა დამნაშავეო, - წერდა . ყიფიანი. იმპერიისერთი უერთგულესი ხალხის გაორგულება განუზრახავსო“. მაგრამ იანოვსკი დიმიტრი ყიფიანივით მიამიტი არ იყო და ძალიან კარგადაც იცოდა, რას აკეთებდა და რატომ. თუმცა მისი ფარული საქმიანობა რომ გამოაშკარავდა, ამან დააფრთხო და ხაფანგში გაბმული თაგვივით აწრიალდა. სასწრაფოდ გაზეთკავკაზში“ (1880 . №348) პასუხი გამოაქვეყნა. ამტკიცებდა, რაცდროებამბრალად დამდო, არ გამიკეთებიაო.

არც ქუთაისის გუბერნიის სასოფლო დირექტორისათვის მიმიციაო საიდუმლო დავალება;

არც გორის საოსტატო სემინარიის დირექტორისათვის მიმიციაო საიდუმლო დავალება;

არც ახალი სენაკის სკოლის მასწავლებელი დამიტუქსავს, ბავშვებს ქართულად რატომ ასწავლი, რუსული უნდა ამეცადინოო.

მართლაც, ახალი სენაკის სკოლის მასწავლებელმა ლომინაძემდროებასპასუხი გაუგზავნა. მან იანოვსკი გაამართლა და უარყოდროებაშინათქვამი.

დროებისბრალდებას კი ჰკრა აშა იანოვსკიმ, მაგრამ მისთვის სანუკვარი აზრი მაინც გააპარა წერილში: მასწავლებელმა სწავლის დაწყებისთანავე უნდა შეაჩვიოს ბავშვი რუსულს, რომ მესამე წელს ყველაფერი იმისი სწავლა, რასაც დედაენით ასწავლიან, რუსულადაც შეეძლოსო. ეს კი ფაქტიურად მშობლიური ენის აუცილებლობის უარყოფა იყო.

ქართველ საზოგადოებას იანოვსკის ეშმაკობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. „დროებამიაკობ გოგებაშვილს სთხოვა - იანოვსკის წერილის პასუხი დაგვიწერეო. „მე მივუგე: საჭიროა უფრო გამოჩენილმა და გავლენიანმა ქართველმა გასცეს პასუხი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძემ. ყველა საჭირო მასალას ილიას მე თვითონ მივუტან, სამაგიეროდ, როცა ამ დღეებში იანოვსკის პლანი გამოვა, იმის გარჩევას მე ვკისრულობ-მეთქი. და ესეც მოხდა. ასეთი განაწილება შრომისა ილიასა და ჩემს შორის პირველი არ იყო“. - გვიამბობს იაკობი.

რამდენიმე დღის შემდეგდროებამილიას სტატია - - იანოვსკის წერილისა გამო - გამოაქვეყნა.

ილიამ თანამიმდევრულად, ლოგიკურად, საბუთიანად დაამტკიცა იანოვსკის მისწრაფების, სურვილისა და განზრახვის უნიადაგობა, ანტიმეცნიერულობა და ანტიეროვნულობა.

უამრავ საბუთს შორის, ილიამ ერთი ფრიად საყურადღებო ფაქტიც მოიტანა.

„4- იანვარს ყოფილმა საერო სკოლების ოსტატების კრებამ პეტერბურგში საქვეყნოდ აღიარა, რომ რუსეთში, საცა ჩვენებრ სამის წლის კურსია და ასწავლიან მარტო ერთს დედა-ენას - რუსულს, ბევრი ყმაწვილები სკოლის შემდეგ წერა-კითხვას ივიწყებენო. მაშ რაღა ითქმის რუსულის ენის შესახებ ჩვენს სკოლებში, საცა იგივე სამის წლის კურსია და საცა ეგ ენა სრულიად სხვაა მოსწავლე ბავშვებისათვის. ნუთუ ჰგონიათ, ჩვენში საერო სკოლა სამისავე წლის კურსით იმ სასწაულს მოახდენს, რომ დედა-ენაც შეასწავლოს ბავშვს და რუსულიცა იმდენად ცნობიერად და გაგებით, რომ მერე არ გადაავიწყდეთ?“

გამოდის, რომ იანოვსკების საგანმანათლებლო პოლიტიკა არა მარტო ანტიპედაგოგიური და ანტიეროვნული ყოფილა, არამედ - ანტიბუნებრივიც. ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ილიამ, დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკოლოგიური წონასწორობის რღვევა დაინახა. მართალია, მაშინ ამ ცნებებს არ ხმარობდნენ და არც ეს მოვლენა აშინებდათ, მაგრამ ეს მაინც სათქმელია, რამეთუ ეკოლოგიური წონასწორობის რღვევა დანაშაულია მთელი კაცობრიობის წინაშე.

ერთი მოგვიანებით მომხდარი ამბავიც უნდა გაგახსენოთ. როცა კირილე იანოვსკი გარდაიცვალა, პეტერბურგში, პედაგოგიური საზოგადოების სხდომაზე ითქვა: განსვენებულის განსაკუთრებული დამსახურება ის გახლავთ, რომ მან გრუზინიზმი და პანგრუზინიზმი დაამარცხა და დათრგუნაო. პანგრუზინიზმი კი ქართველებს თურმე იმით გამოუხატავთ, რომ ქართული ენის შემოღება და გავრცელება მოუნდომებიათ გურიასა და სამეგრელოში („კვალი“, 1902 ., №47).

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები მესაზღვრე ჯარისკაცებს ჰგავდნენ, იმ სალდათებს, ყოველ წუთს მტრის თავდასხმას რომ მოელიან. წამით თვალის მოხუჭვის უფლება არ ჰქონდათ. მუდამ ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ. კაციშვილმა არ იცოდა, სად რა მზაკვრობა წამოჰყოფდა თავს, როდის რა ცნობიერება დაგვხვდებოდა წინ, მოყვარედ მოსული სად როდის გიმტრობდა. სიფრთხილე და წინდახედულობაც არ უნდა დაეკარგათ. შეიძლებოდა მოთმინების ფიალა ავსებულიყო და მაშინ ვინ რას იზამდა, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავდა. მოხდა კიდეც ასე 1886 წლის 24 მაისს. ეროვნული დამცირებითა და შეურაცხყოფით გამწარებულმა სემინარისტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი.

ერთ ბოროტებას მეორე მოჰყვა: ეგზარქოსმა პავლემ დასწყევლა და შეაჩვენა იოსებ ლაღიაშვილიც და მისი მშობელი ერიც. მღვდელმთავრის ამგვარმა მკრეხელობამ შეაძრწუნა ქართველი საზოგადოება.

1886 წლის 8 ივნისს ეგზარქოსმა დიმიტრი ყიფიანის წერილი მიიღო. ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი სწერდა მთავარეპისკოპოს პავლეს:

თქვენო მაღალსამღვდელოებავ! მოიღეთ მწყემსმთავრული მოწყალება და შემინდეთ ჩემი დიდი შეცოდება, თუ მე, აყოლილი დაუჯერებელ ხმებს, ვცოდავ თქვენს წინაშე. მაგრამ ეს ხმები მოგაწერენ თქვენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც მოწოდებული ხართ სამწყსოდ და რომელიც ამის გამო მოელოდა თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენელისაგან, მარტოოდენ სიყვარულსა და სათნოებას.

იგივე ხმები არ კმაყოფილდებიან თქვენი ტახტის შეურაცხყოფით და მოგაწერენ აგრეთვე განზრახვას: მოიხადოთ ბოდიში სამწყსოს წინაშე თქვენგან წარმოთქმული სიტყვების უზომო ცოდვიანობის გამო.

თუ ეს ყველაფერი მართალია, მეუფეო, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან. კეთილი გულით და გულწრფელი სურვილით - თავიდან აიცდინოს ახალი უზომო შეცოდება, - ამას თქვენ გეუბნებათ ერთ-ერთი წევრი თქვენი სამწყსოსი.

თუ ეს ყოველივე ტყუილია, შემინდეთ და მაკურთხეთ თქვენი მწყემსმთავრული მარჯვენით.

თქვენი მაღალსამღვდელოების უმორჩილესი მონა დიმიტრი ყიფიანი“.

ეგზარქოსმა პავლემ 9 ივნისს დაუყოვნებლივ უპასუხა . ყიფიანს:

მოწყალეო ბატონო, დიმიტრი ივანეს ძევ! 8 ივნისის, ჩემთვის გაუგებარი თქვენი აღმატებულების წერილზე მოვალეობად მიმაჩნია გიპასუხოთ: ჩემი სიტყვა, წარმოთქმული დეკანოზ ჩუდეცკის კუბოს წინაშე, დაბეჭდილიაკავკაზში“ №139. რაც შეეხება უგუნურ ხმებს, რომელთა მოხსენიება თქვენ ინებეთ თქვენს წერილში, ჩემი ღირსების დამცირებად მიმაჩნია, გავაკეთო რაიმე შენიშვნა მათზე.

თქვენი აღმატებულების უმორჩილესი მონა პავლე, არქიეპისკოპოსი, ეგზარქოსი საქართველოსი“.

რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის წყევლაკავკაზშიდასტამბული არ იყო. ამქვეყნად ყველა ხელისუფლებას ჰყოფნის ჭკუა, ამგვარი ტექსტი არ დაბეჭდოს.

არ ეამა მთავრობას თავადაზნაურობის მარშლისათვის შეუფერებელი საქციელი. ყურმოჭრილი ყმა უნდოდათ ჰყოლოდათ და პროტესტანტი კი შერჩათ ხელში. ხელისუფლება დასანახად ვეღარ იტანდა ყიფიანს. თბილისიდან პეტერბურგში მუდარა მუდარაზე იგზავნებოდა - . ყიფიანის დასჯის ნება მოგვეცითო. ბოლოს თანხმობის ნიშნად პეტერბურგმა ოდნავ დახარა თავი. დიმიტრი ყიფიანი ჯერ თანამდებობიდან გადააყენეს, მერე კი სტავროპოლში გადაასახლეს.

1887 წლის 24 ოქტომბერს სტავროპოლში . ყიფიანი ქურდულად მოკლეს. „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაათხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“ (ილია ჭავჭავაძე).

მისი დასაფლავებაც ქურდულად უნდოდა ხელისუფლებას. ჩუმად, არავის რომ არ გაეგო. არ გამოუვიდათ. მცხეთიდან თბილისამდე, მთაწმინდამდე, მთელი საქართველო მოაცილებდა . ყიფიანის ცხედარს. სამგლოვიარო პროცესიას, რომელიც ეროვნულ მანიფესტაციად გადაქცეულიყო, წინ მიუძღოდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ივანე მაჩაბელი, ანტონ ფურცელაძე, გიორგი შარვაშიძე, ვალერიან გუნია...

თითოეულ მათგანს ყოველ კუთხეში ჩასაფრებული . ყიფიანის ბედი უდარაჯებდა. მხოლოდ შემთხვევითობას შეეძლო მათი ხსნა. ზოგი იხსნა, ზოგიც - ვერა.

12 „ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?“

▲ზევით დაბრუნება


ილია ხელოვნებასა და რელიგიას შორის დიდ მანძილს არ ხედავდა. ასე უყურებდა ყოველი დიდი მწერალი ლიტერატურას. მართლაც, ტომები შეიძლება დაიწეროს ლიტერატურის ინფერნალსა და ცუდ გავლენაზე, თუ მას გამოვაკლებთ იმათ ნაწერებს, რომელთაც ხელოვნება მუდამ რელიგიის მომიჯნედ ეგულებოდათ.

თუ რელიგიური პროცესი თაყვანისცემისა ისევე ძლიერი არ არის მწერალში, როგორც სკეპტიკური ცხოვრების უარყოფისა, ამგვარ მწერალს ღირსეულნი არასოდეს თაყვანს არ სცემენ“.

კონსტანტინე გამსახურდია

მე-19 საუკუნის 80-იანი წლები მიიწურა: ილიაც თანდათანობით ანებებს თავს პოეზიასა და პროზას. ძირითადად პუბლიცისტიკასა და საზოგადოებრივ საქმეს ემსახურება. მისი ენერგია ძველებურად ამოუწყავია. ადრინდულად იბრძვის და იღვწის. ერისა და ქვეყნის ამგვარი სამსახური ამჟამად უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია. არსებითი, რაც წყობილსიტყვაობით თუ სადაგსიტყვაობით უნდა ეთქვა, უკვე თქვა. გლახა ჭრიაშვილივით გაუთავებელი ლაპარაკი და ერთისა და იმავეს გამეორება არ უყვარს.

ჩვენ კი ცოტა ხნით დროის დინებას გამოვეთიშოთ და ილიას უზარმაზარ მხატვრულ შემოქმედებას შეძლებისდაგვარად თვალი გადავავლოთ.

12.1 I სიყვარულს უშენებია

▲ზევით დაბრუნება


როცა ილია ჭავჭავაძის ლირიკას თავიდან ბოლომდე გადაავლებ თვალს, პირველი შეხედვით მოულოდნელი სურათი დაიხატება. მისი ჭაბუკობის პერიოდის ლექსები სავსეა უიმედო, სასოწარკვეთილი, სევდიანი განწყობილებებით. მერე ეს იცვლება სატირული, მამხილებელი, მოურიდებელი დამოკიდებულებით და ბოლოს მთავრდება დინჯი, დაჯერებული, მტკიცე რწმენით.

ჩვეულებრივ, ადამიანი აღტაცებული და იმედით სავსე იწყებს შემოქმედებით ცხოვრებას. მერე თანდათან იფერფლება ანთებული ცეცხლი. სიცივე და სუსხი მატულობს. მოახლოებული სიბერე და სიკვდილი კი საბოლოოდ ნერგავს უსასოობის გრძნობას და ყველაფერს არარსებობის დამთრგუნველი აჩრდილი ეუფლება. ილიასთან კი პირიქით არის. ასაკმა და დრომ მხნეობა და იმედი უფრო განუმტკიცა, ვიდრე შიში და უიმედობა.

ალბათ, ახალგაზრდობის ასაკში შექმნილი ლექსები უფრო საერთო განწყობილების გავლენა-კარნახით არის დაწერილი, ვიდრე უშუალო, საკუთარი ანალიზისა და დაკვირვების შედეგად. ადამიანებს, საერთოდ, სჩვევიათ სოფლის სამდურავი. ჩივილი, ვიშვიშით პრანჭიაობა და გონებრივი სიღრმის მოჩვენებითი დემონსტრაცია. ამ ტრაფარეტულ სულიერ მდგომარეობას ადამიანი ყმაწვილკაცობაში ადვილად ემორჩილება. ბუნებრივია, ეს მორჩილება არც ილიას ასცდენია.

18-20 წლის ასაკშია ქვემორე ციტირებული სტრიქონები შეთხზული:

ეგრეთაც კაცი ძლიერი ჰქრება
რა ეწვევა მას სიკვდილი - მტერი,
მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩება
ერთი მუჭაღა გამხმარი მტვერი.

(„სანთელი“)

გამიქრა ბედის ჩემის ვარსკვლავი,
კვლავ დამიობლდა ობოლი თავი,
წამერთო ყველა და ნუგეშად დღეს
მარტოღა ცრემლი მე დამშთენიეს.

(„ვაი მას - ვისაც...“)

განძრცვილვარ გრძნობით, უდროოდა მეკვეთნენ ფრთენი,
გაზაფხულია, მე კი ვდგევარ, ვით უფოთლო ხე.

(„ოჰ, სად არიან...“)

ესე უწყალოდ განწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა,
ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიები ცისა!

(„მწუხარება“)

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში!

(„დაბნელდა სული“)

ამ ლექსებში ყველაფერია - უნუგეშობა, მარტოობა, სევდა, უიმედობა, განწირულება, - მაგრამ არ არის ილიას სულის ნამდვილი თვისება და ბუნება, რაც მალე ასე მკაფიოდ გამოვლინდება მის შემოქმედებაში. თუმცა ერთი რამ კი უნდა ითქვას: მიუხედავად ნაცნობი და გავრცელებული მოტივებისა, ამ ლექსებში აშკარად ჩანს შინაგანი ენერგიით სავსე კაცი. საერთო განწყობილებაში იკითხება ბრძენის სკეფსისი, რომელსაც, ცხადია, არაფერი აქვს საერთო წუწუნთან. ბრძენისათვის პიროვნების არსებობის წარმავლობა ღვთაებრივი კანონზომიერებაა, მართალია, სევდისა და დარდის აღმძვრელი, მაგრამ ნუგეშის მიმნიჭებელიც, რამეთუ ადამიანს ელის მარადიულთან შერწყმა. მარადიულთან შერწყმის მოლოდინი კი თავად არის სულიერი მხნეობის და სიმშვიდის წყარო.

ოდეს დემონი ურწმუნოების
უკუთქმისა და მაცთურეობის
საწამლავით თვის სავსეს თასს მაცდურს
წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, -
ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა ტრიალს, -
ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს;
და უკეთუ არს შესაძლებელი,
მე განმარიდენ იგი სასმელი.
მაგრამ თუ, ღმერთო, შენ ღვთაებას სურს,
რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს,
განჰქრნენ შენს ხმასთან სურვილნი ჩემნი
და იყავნ ნება, უფალო შენი!

(„ლოცვა“)

ილიას სევდა ბუნების შეცნობილი კანონზომიერების და ღვთაების ნების აღიარებაა.

სინამდვილისადმი დამოკიდებულებას თანაბრად განაპირობებს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორი, როგორც ობიექტურ მოვლენას შეუძლია წარმოშვას ადამიანის სულში სასოწარკვეთის განწყობილება, ასევე დაბადებითაც შეიძლება იყოს ადამიანი უნუგეშო და უსასოო თვისების მქონე. ასეთ ადამიანებს, როგორ პირობებშიც უნდა იცხოვრონ მათ, არასოდეს უჩნდებათ სინამდვილისადმი აქტიური დამოკიდებულების გრძნობა-სურვილი. მთელი მათი არსებობა ერთი გაუთავებელი გლოვა და წუწუნია. აქტიური ბუნების ადამიანები შეიძლება წამიერად, დროებით შეიპყროს სკეფსისმა, მაგრამ ისინი მალე სძლევენ ამ განწყობილებას და არსებულის შესაცვლელად, გარდასაქმნელად უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძვიან.

ილია ბუნებით აქტიური ადამიანი იყო, მისი ზღვა ენერგიის სასოწარკვეთის ჩარჩოში მოქცევა არავითარ ძალას არ შეეძლო, თუმცა სინამდვილე, რომელშიც აღიზარდა და მოღვაწეობა დაიწყო, უპერსპექტივობის გარდა, სხვა გრძნობას ვერ გაუჩენდა.

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

(„ელეგია)

განა საღათას ძილით შეპყრობილი ქვეყნის ხილვა რაიმე ნუგეშს ან იმედს მოჰგვრიდა?

მრავალწლიან მონობას ქართველი ხალხის სიმტკიცე გაეტეხა. იგი კმაყოფილი იყო, ფიზიკურად რომ არსებობდა. თავდახსნის ყველა ცდა მარცხით იყო დამთავრებული: 1804 წლის მთიულეთის ამბოხი, 1812 წლის კახეთის აჯანყება, 1821 წლის იმერეთის ინსურექცია, 1832 წლის შეთქმულება, 1841 წლის ჯანყი გურიაში. სისხლით დაცლილი, გულგატეხილი საქართველო დუმდა. ყველა საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილიყო.

მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში, კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!

(„მას აქეთ, რაკი“...)

განა მარტოობის, სრული უკონტაქტობის ატმოსფერო რაიმე ნუგეშს ან იმედს მოჰგვრიდა?

ასეთ სიტუაციაში ბუნებრივად უნდა გაჩენილიყო უსასრულო სევდის განწყობილება, მაგრამ პირიქით მოხდა. ამის საფუძველი ილიას სულიერ სამყაროში იდო. ზუსტად შენიშნა ვახტანგ კოტეტიშვილმა: „არც ერთ ქართველ პოეტს არ ჰქონდა სიკვდილის ისეთი დიდი შიში, როგორც ილია ჭავჭავაძეს“. გასაგებია, რომ . კოტეტიშვილი ლაპარაკობს არა ხორციელი სიკვდილის შიშზე, არამედ სულიერი სიკვდილისა, როცა ადამიანი ცოცხალია, მაგრამ მისი არსებობა უმაქნისია. სწორედ უმაქნისი არსებობის, სულიერი სიკვდილის შიშმა აღძრა სამოქმედოდ ილიას ენერგია.

ყველას გავუძლებ, როგორც კლდე ქვისა,
ბედთანა ბრძოლა ვით მეშინება?!
ხოლო ჩემ თავის არაფრთობისა
არ ძალმიძს, ძმანო, ვერ რით გაძლება!

(„ბევრი ვიტანჯე, ვიცი რომ მელის“...)

ერთ ლექსში („მარტო მივცურავ ცხოვრების ზღვაში“...) ილია თავის თავს ზღვის თვალუწვდენ სივრცეში მარტოდმარტო დარჩენილ ადამიანს ადარებს. „და ზღვის ღელვაში, გრიგალთ ქროლაში არარა აქვს რა ჩემს გულს იმედად“. ასეთი განწირულების მიუხედავად, პოეტი მაინც ყველაფრის გაძლებას ეტრფიალება და დამარცხებას ვერ ეგუება.

და ურგებს ჩემს კვალს იგი სიჩქარით
სქლადა დაჰფარავს ზვირთთა კამარით...
თუ ეგრე წარვხდე, ნუ ატირდები,
მე იმ ცრემლებად არ ვეღირები!..

თანდათანობით მკაფიოდ და ცხადად იკვეთება, რომ ილია ძლიერი პიროვნების მეტრფეა. მაგრამ რა ზნეობრივი იდეალი უნდა იყოს ძლიერი პიროვნების საზრდო? ადამიანს ორი გზა აქვს - ღვთიური და ეშმაური. ორივე გზას ძლიერი პიროვნება ადგას, სუსტი არც ღვთიურის მიმდევარია და არც ეშმაურის. იგი არაფრობაა, რომელიც ესოდენ ძლიერ სძულს ილიას. თუ ძლიერი პიროვნება ღვთიურ გზას დაადგება, ქვეყანას ააშენებს, თუ ეშმაურს - ქვეყანას დააქცევს. ამიტომ აქვს ზნეობრივ იდეალს განმსაზღვრელი მნიშვნელობა.

ნუთუ არ იცი, რას გვამცნობდა ღმერთი ჯვარცმული,
როს ბრძანა: „ვით მამა ზეცის, იყვნ შენც სრული

(„როდემდის“)

თურმე ზნეობრივი ამოცანა უზენაესის ბადალი სრულყოფისაკენ ლტოლვაა, რომ ზნესრული ადამიანი ჩამოყალიბდეს.

ადამიანთა დიდი უმრავლესობა არაფრობის წიაღში შესანიშნავად გრძნობს თავს და განცხრომით ცხოვრობს, მცირე ნაწილი ეშმაურს ეტრფიალება. მხოლოდ რჩეულნი კაცნი მიისწრაფვიან ზნესრულობისაკენ. ოღონდ მარტო მისწრაფება არ კმარა, იცოდე უნდა კიდეც, რა გზით იარო.

უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია,
იგი მიწის ყოფილა -
რასაც ბოლო ჰქონია!
ცხოვრებას აცისკროვნებს
სული, საქმით მეტყველი,
და ის უბოლო არის,
ვით სულის შთამბერველი.

(„უსულდგმულო ცხოვრება“)

ზნესრული ადამიანისაკენ მიმავალი გზა საქმით მეტყველი სული ყოფილა. უკვდავებაც საქმით მეტყველი სულის წილხვედრია, იგი უსასრულოც არის, როგორც ღმერთი („სულის შთამბერველიამ ლექსში ღმერთის ეპითეტია).

საქმით მეტყველ სულს შინაგანი მამოძრავებელი ძალა სჭირდება. ეს ძალა სიყვარულია. ცალ-ცალკე საქმით მეტყველი სული და სიყვარული არ არსებობს. ისინი ერთი მთლიანობაა.

კაცო, გიყვარდეს!
ცით შთამომძახეს,
როს მათ დამბადეს.
ყველგან ეს სიტყვა
ლამპრად წინ მიმყვა
და ქვეყნად ჩემ სვლას
სცემდა წმინდ ნათელს.
მისთვის გეტყვი ძმას:
შენცა გიყვარდეს!

(„გიყვარდეს“)

გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო!..
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.

(„დამაკვირდი“)

მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი, ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შევურაც-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან“.

(„ლოცვა“)

ხალხური სიბრძნისათვის დამახასიათებელი უბრალოებით და სიცხადით გამოთქვამს ილია არსებობის მარადიულ წესს.

წუთის-სოფელი ესეა:
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია,
სიყვარულს უშენებია.

(„დამაკვირდი“)

ასეა, კეთილის, ანუ ღვთაებრივის საფუძველი სიყვარულია. ბოროტის, ანუ ეშმაურის - სიძულვილი. არსებობა კი ამ ორი საწყისის მარადიული ბრძოლაა. არსებობისათვის ბრძოლაში საქმით მეტყველი სული ირჩევს კეთილს, სიყვარულს. არაფრობა და ეშმაური - ბოროტს, სიძულვილს. ამ ბრძოლაში არაფრობა და ეშმაური ერთმანეთის მოკავშირეა საქმით მეტყველი სულის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ილიას ცხოვრების დასასრული მკაფიო სურათია ამისა. წიწამურის ველზე არაფრობასთან შეკავშირებული ეშმაური კლავს საქმით მეტყველ სულს.

საქმით მეტყველი სულის, ანუ ზნესრული ადამიანის მრწამსი ილიასთან ასეთია:

ხოლო გვწამს ღმერთი -
უქმთა წამწყმედი,
ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი,
ღმერთი ტანჯულთა,
ღმერთი ჩაგრულთა,
ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი,
ყოველთა ძმობის,
თანასწორობის
მოძღვრობისათვის ქვეყნად ჯვარცმული,
ძლიერთ დამბმელი,
უძლურთ ამხსნელი,
თქვენგვარ კაცთაგან გმობილ-დევნული;
ორგულობისა,
ორპირობისა
ძირსა დამცემი და დამთრგუნველი,
ფარისეველთა,
სადუკეველთა
გამაკიცხველი და გამდევნელი.

(„პასუხის პასუხი“)

უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ილიას ლირიკის გმირია ზნესრული ადამიანი, ანუ საქმით მეტყველი სული, რომელსაც სიყვარული უნათებს გზას ღვთაებრივის სამსახურში და რომელიც კატეგორიულად უარყოფს არაფრობას, როგორც ეშმაურის მოკავშირეს და საფუძველს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პოეზიაში დასმული თითქმის ყველა პრობლემა ილიას გადააქვს პროზაში და სახისმეტყველებით წარმოადგენს. პიროვნების არაფრობა განსახიერებულია ლუარსაბ თათქარიძეში („კაცია-ადამიანი?!“), საქმით მეტყველი სული - ოთარაანთ ქვრივში („ოთარაანთ ქვრივი“), პატიების და სიკეთით ანაზღაურების საკითხი - პეტრეს, ბეჟანის და მისი ძმის ურთიერთობაში („სარჩობელაზედ“).

ყოველ აზრს მაშინ აქვს ფასი და ჭეშმარიტი ღირებულება, როცა მისი ავტორი თავად ცდილობს აზრის საქმედ ქცევას. თავად ცხოვრობს და საქმიანობს შემუშავებული აზრის თანახმად. საერთოდ, თუ ღმერთმა აზროვნების უნარი მოგანიჭა, შედარებით იოლი საქმეა ნაირ-ნაირი აზრის გამოთქმა-ჩამოყალიბება. უძნელესია (უმრავლესჯერ შეუძლებელი) აზრის საქმედ გადაქცევა-განხორციელება. სწორედ აქ მარცხდება ხშირად თავისთავად მომხიბლავი და ლამაზი აზრი. აქ გამოჩნდება, რომ მოაზროვნე შიშველია, საქმესა და აზრსშუა უდევს დიდი მზღვარი“.

აზრისა და საქმის ერთიანობის პრობლემა ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ილიას შემოქმედებისა. ამიტომ არ მიაჩნდა მას მიზანშეწონილად მწერლისა და მოქალაქის გაყოფა. ისინი ერთიანი და მთლიანი იყვნენ მისთვის.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

(„პოეტი“)

ამ ლექსში ორი საკითხია დასმული: პირველი - არ არსებობს პოეზია თვინიერ ორი საწყისისა - ზეციერისა და მიწიერის, ე.ი. ღვთაებრივისა და ადამიანურის თვინიერ, მეორე - ზნესრული ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა ერის სამსახური. კაცობრიობას ემსახურება მხოლოდ ის, ვინც ემსახურება ღვიძლ ერს. ვინც თავის ერს არ ემსახურება, ის არაფრობის ყმაა. მშობელი ერისაგან განდგომაზოგადკაცობრიული საქმიანობისსახელით მტკნარი სიცრუეა და ურცხვი დემაგოგია.

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...

(„პოეტი“)

ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან შინ, საქართველოში ბრუნდება. იგი მამულის სამსახურად ემზადება და გულალალად ეკითხება თავის თავს - როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე? რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?.. - შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გაუადვილო?“

საქართველოს სამხედრო გზით მომავალს მოხევე ლელთ ღუნია შეხვედრია. უბირ გლეხს ეს უთქვამს ილიასთვის - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, ღელთ ღუნიას სინანულსა და წუხილს შეუძრავს მწერალი. „გავიგონე თუ არა ეს, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეს ტკივილი გულში, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც პასუხი“ („მგზავრის წერილები“).

საქართველოს ეროვნულ თავისუფლებაზე ლაპარაკობს ილია და სვამს კითხვას - როდემდის? ღმერთს მიმსგავსებულ ზნესრულ ადამიანზე ოცნებობს და ლექსს სახელად არქმევს - როდემდის?“ ამ კითხვით ილია მტკიცედ უკავშირებს ერთმანეთს ერის თავისუფლებისა და ზნესრული ადამიანის პრობლემას. არ იქნება ერი თავისუფალი, თუ მას არ ეყოლება ზნესრული, პირველხატს მიმსგავსებული ადამიანები. არ იქნებიან ზნესრული ადამიანები, თუ ერი არ იქნება თავისუფალი. ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ.

თუ პიროვნების ყმობაა ანტიბუნებრივი მოვლენა, მით უმეტეს, ანტიბუნებრივია მთელი ერის მონობა. ბუნების კანონზომიერება და ჰარმონია ქმნის, აჩენს სხვადასხვა ერს - ზოგს მრავალრიცხოვანს, ზოგს მცირერიცხოვანს, მაგრამ ყველას მისთვის განკუთვნილი შეუცვლელი და განუმეორებელი ფუნქციით. ერის ცხოვრების ამოცანა ამ შეუცვლელი და განუმეორებელი ფუნქციის განვითარება-აღორძინებაა. ამით იჭერს იგი თავის მუდმივ ადგილს კაცობრიობის თანავარსკვლავედში. თუ ერი დამონებულია, მაშინ იგი მოკლებულია თავისთავადობის განვითარების საშუალებას. ყოველი დამპყრობლის უპირველესი მოთხოვნაამემსგავსე მე!“ წამიერი გამარჯვებით გონდაბნელებულს თავი სრულყოფილ არსად წარმოუდგენია და ჰგონია, დამარცხებული გაბედნიერდება, თუ გამარჯვებულის ჩრდილად გადაიქცევა. ერის თავისთავადობის ნებით თუ ნაძალადევად დათრგუნვა-მოსპობა დანაშაულია არა მარტო დამონებული ერის, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე. ეს აქტი კაცობრიობის ძარცვა და მისი მრავალფეროვნების მოსპობაა. მრავალფეროვნება კი ბუნების ერთ-ერთი ძირითადი კანონია. თუ პიროვნების სიკვდილით ღარიბდება კაცობრიობა, მთელი ერის სიკვდილით მთლად ღატაკდება იგი. უფრო მეტიც, ირღვევა ბუნების არსებობისათვის აუცილებელი წონასწორობა. ყოველი ერი ბუნების ნაწილია და ამიტომ ერის წინააღმდეგ მიმართული რაიმე აქცია, ამასთანავე არის ბუნების წინააღმდეგ მიმართულიც.

დამონებული ერის განთავისუფლება ბუნების დარღვეული ჰარმონიის აღდგენაა. ეს კანონზომიერად იწვევს აღტაცებას თავისუფლების ყოველი ქომაგის გულში. ამიტომაც ზეიმობდა ილია ჯუზეპე გარიბალდის მეთაურობით იტალიელი ხალხის გამარჯვებას და ეროვნული მთლიანობის აღდგენას.

მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს,
დასათრგუნვლად მონობისა.
აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში...
ღმერთო, ღმერთო! ის ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!

(„მესმის, მესმის“)

ამ ხმის გასაგონად, ცხადია, მარტო სურვილი არ კმარა. ეს მთელი ერის აუცილებელ მოთხოვნილებად უნდა იქცეს. მაშინ მივიღებთ სასურველ შედეგს. ამისათვის კი საქართველო მზად არ იყო. არავის აუხსნია ობიექტურად და გულწრფელად, რამ მიიყვანა საქართველო ეროვნულ კატასტროფამდე. ცრუ თავისმართლების მიზნით ყველაფერი ბრალდებოდა გარეშე მტერს. არავის ჩაუხედავს თავად ერის სულში და იქ არ მოუძებნია თავისუფლების დაკარგვის მიზეზები. ილიამ პირველმა გამონახა ისინი ყველაზე მტკივნეულ და სათუთ ადგილას - ნაციის სულიერ წყობაში. ამ უფსკრულში ჩახედვამ, შესწავლამ, ანალიზმა ილია უმძიმეს დასკვნამდე მიიყვანა. იგი მან მკაცრად და დაუნდობლად გამოთქვა სატირულ ლექსში -„რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით, ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტის საუკუნისა“. მართალია კიტა აბაშიძე, როცა ამბობს, ამ ლექსის სტრიქონები ყოველ ისტორიულ მონოგრაფიაზე უმაღლესი და უძლიერესიაო. უძლიერესია არა მარტო ემოციური ზემოქმედებით, არამედ ანალიზის სიზუსტითაც.

მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, -
რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?
-
ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
თვითო თვითოდ ვღალატობდით.
მერე როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
-
ჭკვიანურად იმ ცეცხლის წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.

და ასე გრძელდება დაუნდობელი მხილება. იგი აუცილებელი იყო. ერი პიროვნებას ჰგავს. როგორც პიროვნებას აქვს კარგი და ცუდი თვისებები, ასევე აქვს ერსაც, კეთილი სულის გვერდით, ყოველ ერში არის თავშეფარებული ბოროტი სულიც. როცა ერი თავისუფალია, იგი ებრძვის, თრგუნავს ბოროტ სულს, არ აძლევს მას გამოვლენის საშუალებას, რათა, რაც შეიძლება მეტი ასპარეზი მისცეს კეთილ სულს, როცა ერი დამონებულია, მაშინ კი პირიქით ხდება - იჩაგრება კეთილი და ვლინდება ბოროტი სული. ამას ხელს უწყობს და ეხმარება დამპყრობელი, რადგან, როცა ერს ბოროტი სული დაეუფლება, მისი დამორჩილება ადვილია. დამპყრობლის მთავარი ამოცანაც ეს არის. ამიტომ, იგი ეხმარება იმ ძალას, რაც მის ბატონობას განამტკიცებს. ერს კი წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია, რამეთუ იგი აღარ არის თავის უფალი, თავისი თავის პატრონი, თავისი თავის ბატონი (თავად სიტყვა თავისუფალ - მკაფიოდ გამოხატავს ქართველი კაცის წარმოდგენას თავისუფლებაზე. უფალი ღმერთის სინონიმია. მაშასადამე, თავისუფალია ის, ვინც თავად არის თავისი თავის ღმერთი, ვისაც თავის თავზე დიდი ბატონი არ ჰყავს). ასეთ სიტუაციაში აშვებული ბოროტი სული ააღორძინებს მანკიერებას, დააქვეითებს ზნეობას. ამიტომ კოლონიალიზმი მხოლოდ მატერიალურ-ეკონომიკურად კი არ არის საშიში, არამედ - ზნეობრივადაც. 1882 წელსივერიაწერდა: „... ქონებით ჩვენი გლეხობა უკან არ ჩამორჩება რუსეთის გლეხობას. მაგრამ აბა შეადარეთ, ჩვენი ენის, ლიტერატურის, ჩვენი მეცნიერების და სხვა ეროვნულ ძალთა უფლებანი რუსეთისას და თქვენ მათ შორის დაინახავთ განუზომელ მანძილს“. სწორედ ეს სულიერი დაცემა-დაკნინებაა უსაშინელესი დანაშაული, რაც ყოველთვის ერის დამონების შედეგია. „ადამიანი, - ამბობდა ილია, - თუ მთელი ერი იმისათვის კი არ არის, რომ პური სჭამოს, პურსა სჭამს იმიტომ, რომ კაცურ-კაცად აცხოვროს თავის შთამომავალი“. ამიტომ, როგორც პიროვნება უნდა იბრძოდეს თავისი თავის სრულყოფისათვის, ასევე ერიც. იგი მოვალეა განიწმინდოს მანკიერებისაგან. ეს რომ მოხდეს, ერმა ყველაფერი უნდა იცოდეს თავისი თავის შესახებ, ხოლო იგი, ვინც ერის სამსახურში ჩამდგარა და მოწოდებად ქვეყნისათვის ღვაწლი მიუჩნევია, პირუთვნელად უნდა ამბობდეს სიმართლეს, რარიგ მძიმეც უნდა იყოს ამ ტვირთის ტარება. ილიას ცხოვრების და საქმიანობის აზრი და მიზანი კი საქართველოს ბედის ძებნა იყო.

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

(„ჩემო კალამო, ჩემო კარგო...“)

საქართველოს ბედის მძებნელის დიდი მისია რომ შეესრულებინა, ილიას ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა ჩვენი ხალხის წარსული და აწმყო, ხასიათი და თვისება, ზნე და ჩვეულება, სულიერი წყობა და გონებრივი ავლადიდება

ფანატიკოსის სიყვარულით და დაუნდობლობით უნდა გაესინჯა, გაეჩხრიკა, აეწონ-დაეწონა ყოველივე. ასე მოიქცა. ანატომის გულგრილობით დადო საოპერაციო სარეცელზე საქართველოს ეროვნული სხეული. არ დაუტოვებია კუნჭულიც კი შეუმოწმებელი. შეისწავლა და დასვა თავზარდამცემი დიაგნოზი:

ჩვენისთანა ბედნიერი
გან არის სადმე ერი?!

მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით

მორთული და მშვენიერი.

უწყინარი,
უჩინარი,

ქედდრეკილი, მადლიერი;

უშფოთველი,
ქვემძრომელი,

რიგიანი, წესიერი;

ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,

ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!

ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,

გულჩვილი და ლმობიერი;

თვალაბმული,
თავაკრული,

პირს ლაგამი ზომიერი;

ყველა ყრუი,

ყველა ცრუი,

ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;

მცირე, დიდი,

ყველა ფლიდი,

ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!

მტვერწაყრილი,
თავდახრილი,

ყოვლად უქმი, უდიერი;

უზღუდონი,
გზამრუდონი,

არ გამტანი და ცბიერი;

მტრის არ-მცნობი,
მოყვრის მგმობი,

გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;

არ-რის მქონე,
არ-რის მცოდნე,

უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?!

(„ბედნიერი ერი“)

როცა ამ ლექსს წერდა, ილია 34 წლის იყო. კარგა ხანი იყო გასული იმ დღიდან, რაც მან კითხვა დასვა - როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას? რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას? ილიამ ყველაფერი ალალად და გულწრფელად უთხრა. სხვანაირად არც შეიძლებოდა. ყოველგვარი პირმოთნეობა, გუნდრუკის კმევა, ცრუ ხოტბა-დიდება ღალატს უდრიდა. ამასთანავე ზნესრული ადამიანისათვის ყოვლად მიუღებელი და შეუფერებელი იყო სუტპატრიოტობა.

არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა
კაცთა მუსვრას და ომსაო!..
ვაჟკაც იგია, ვინც მართალს
ეტყვის ქვეყანას მცდომსაო;
ვინც არ შეუდრკა მრავალსა,
ხშირად მართლისთვის მწყრომსაო,
ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის
და პირში უდგა ლომსაო.

(„დამაკვირდი“)

საქართველო მცდომი ქვეყანა იყო და მართალი სიტყვა ჰაერივით სჭირდებოდა.

ბედნირ ერსიოლად დასანახი ორი პლანი აქვს - მამხილებელი და თანამგრძნობი. უკვე კითხვა - ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? - რომელიც რამდენჯერმე მეორდება, ერთდროულად შეიცავს მწარე ირონიას და ჭირისუფლის უკურნებელ სევდას.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს -
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

(„ჩემო კალამო, ჩემო კარგო...“)

ათასხუთასწლიან ქართულ ლიტერატურაშიბედნიერი ერის“ ბადალი სატირული ლექსი არ არსებობს. არ არსებობს არც გაბედულებისა და გულახდილობის, არც სულიერი ტკივილისა და ტანჯვის თვალსაზრისით. თითოეული სტრიქონი დაწერილია სისხლით. თითოეულ ფრაზას დავით აღმაშენებლის მოქნეული ხმლის ძალა აქვს.

ერის მანკიერი თვისებების წინააღმდეგ ბრძოლა ძირითადი ამოცანის - ერის განთავისუფლების - ნაწილი იყო. ზნესრულობას მუდმივი და უწყვეტელი კავშირი აქვს თავისუფლებასთან. თუ ეს კავშირი დაირღვა, იქმნება ტრაგიკული მდგომარეობა. ილიას აღწერილი სურათიც ამ კავშირის დარღვევის ნაყოფია. ილიას ერთ ლექსში („კითხვა-პასუხი“) საქართველო - ქვეყანა ეუბნება საქართველო - ერს:

- მე სამოთხე ვარ, და თქვენ კი, თქვენ კი!..
ვაი, ძე ჩემი, ბედკრულ, უძლური!..
იქ თვით სამოთხე ჯოჯოხეთია,
სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური.
საყვარელი ვარ... ჩემს მზიან ჩრდილში
სიყვარულს უნდა თვის ტახტი ედგას, -
და ვაი, იმის სანაცვლოდ თქვენ კი
ერთმანეთს აყრით კრულვას და წყევლას!..
მადლით სავსე ვარ და ვაი, ჩემს შვილს
ეგ მადლი ჩემი ვერ უშვნევია;
და ან იქ რა ჰქმნას თვით წმიდათ-წმიდამ,
სად ცოდვას მადლი დაუძლევია?
მე მდიდარი ვარ და თქვენ კი, თქვენ კი...
ლუკმა-ნატრულნი ერთმანეთსა სჭამთ,
მე ტკბილ ცხოვრების წყაროსა გაწვდით,
და ვაი, თქვენ კი ძმა ძმის სისხლსა სვამთ!..
იქ თვით სამოთხის წალკოტი, მდელო,
უდაბნო-ღაა ურგებ-ურწყული;
სადაც არ აბნევს თვის წმინდა ნამსა
სული მართალი და წრფელი გული.

მართალი სული და წრფელი გულიც ზნესრულობის ატრიბუტებია, მაგრამ მათ ფუნქცია დაუკარგავთ. გათიშულა ქვეყანა და ერი. გამქრალა ჰარმონია. ამის აღდგენაა უპირველესი ამოცანა და მოვალეობა. ეს ამოცანა, ეს მოვალეობა თანაბრად უნდა ესმოდეს კონკრეტულ პიროვნებას და მთელ ერს. ილიაქართვლის დედასეპიგრაფად უმძღვარებს ლაიბნიცის სიტყვებს - აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“. თუ აწმყო არ გარდაიქმნება, ფუჭი ოცნებაა კეთილი მომავლის მოლოდინი.

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

გამოჩნდა ახალი პრობლემა - მომავლის შექმნა. ვინ უნდა განახორციელოს ეს? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ილიას ლირიკის ღრმად დამალული სქემა უნდა გავაშიშვლოთ.

სქემა ასეთია: ქართველთა ერს მანკიერება დაეუფლა (გარდა ზემოთ ციტირებული ლექსებისა, ესაჩრდილშიაცმძაფრად არის აღწერილი). ილია ამხელს მანკიერებას. ითხოვს მის უარყოფას, დათრგუნვას. დაეძებს მხსნელს, რამეთუ მან უნდა შექმნას მომავალი.

აქ ბაზალეთის ტბის სახით მითოლოგიურ-ალეგორიული პლანი შემოდის ილიას პოეზიაში. ბაზალეთის ტბაში ჩადგმულ ოქროს აკვანში წევს ყრმა.

ამას კი აღარ ამბობენ
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...

მითოლოგიის თანახმად, წყალი განახლება-აღორძინებას ნიშნავს, წყალში მწოლიარე ყრმა, ცხადია, განმაახლებელია. ამასთანავე ვაშინერსი ადევს და ხსენება არ შეიძლება მხსნელის, მესიის. ესეც მითოლოგიური ტრადიციაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ილიას ლირიკის სქემა ჰგავს ბიბლიის ავტორების სქემას: ებრაელთა ერს დაეუფლა მანკიერება. ამის გამო გოდებენ წინასწარმეტყველნი. იუწყებიან მესიის, მხსნელის მოსვლას. იგი მოდის. „შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი იესო, რამეთუ მან იხსნეს ერი თვისი ცოდვათა მათგან“. ამიტომ მიმართავს ილია ქართვლის დედას:

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას...

აწმყოს გარდაქმნას, მომავლის მომზადებას, მხსნელის მოლოდინს შეეწირა ილიას სიცოცხლე, მაგრამ, როცა იგი წიწამურის ველზე განგმირული დაეცა, მას მისი ცხოვრების ძირითადი კითხვის -„მამულო, საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?“- პასუხი მიღებული არ ჰქონდა.

12.2 II არაფრობის უარყოფა

▲ზევით დაბრუნება


ლუარსაბ თათქარიძის სახით ილია რომ საერთო - ქართულ მოვლენას გულისხმობდა, ეს თავად აღნიშნა მრავალგზისკაცია-ადამიანში?!“

ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ“, იმთავითვე აცხადებს მწერალი მკაფიოდ და ნათლად. მერე, გზადაგზა, ყველა აუცილებელ შემთხვევაში, ახსენებს მკითხველს მოვლენის საერთო-ქართულ ხასიათს.

დავაკვირდეთ.

ილია ლუარსაბ თათქარიძის უბადრუკ სახლ-კარს აღწერს და დასძენს: „იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეულიყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა, ეტყობა, რომ ქართველია!..“

სიღარიბეს და გაჭირვებას არ დაუქცევია თათქარიძის კარ-მიდამო, ლუარსაბი კარგა მდიდარი კაცია. „მაშინ რაღად სდგას ეგრე ცუდად? - მკითხავს გაკვირვებული მკითხველი, იმიტომ, რომ ქართველია, - მოგიგებთ სრულიად დარწმუნებული, რომ კაი საბუთი გითხარით“.

სახლ-კარი კი დაქცეოდა ლუარსაბს, მაგრამ სამაგიეროდფერი კარგი ჰქონდა, ხორცი უკეთესი, სმა-ჭამა და ძილი ხომ რაღა. მეტი რა უნდა ქართველ კაცს, რომელიც ბედსა და უბედობას ბალნით არჩევს“.

მოტყუებული ლუარსაბი ბედს უდრტვინველად ემორჩილება. მაგრამ არც ეს მორჩილებაა პირადი თვისება. ესეც საერთო-ქართული ყოფილა. „კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე“.

დარეჯანმა არ იცის, ვინ არის ბიბლიური იაკობი, მაგრამ არცოდნის აღიარებას თაკილობს. „ისევ რაღაცა მოჭორება ირჩივაარ ვიცისთქმასა, როგორც ამგვარ შემთხვევაში ყველა ქართველმა იცის ხოლმე“.

ილია არ კმაყოფილდება ამ მითითებებით და მოთხრობის დასასრულს მკითხველს ასე მიმართავს: „ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს. ვიცი ეს და მაინც პირში - როგორც მოყვარე - გეტყვი, რომ ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან, გინდა მიწყინე, გინდა არა, თუ იმათ დასცინებ, მითამ შენის თავისთვის დაგიცინია, თუ დასტირებ - ეგ კაი ნიშანია: სჩანს, სწუხარ, რომ ამისთანანი ვართ, სჩანს შენის თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბა. ღმერთმან ქმნას, რომ ეგ ეგრე იყოს“.

ამრიგად, ცხადია, რომ თათქარიძეობა საერთო-ქართული მოვლენა ყოფილა. ასევე გაიგოკაცია-ადამიანი?!“ მე-19 საუკუნის ქართულმა ლიტერატურულმა კრიტიკამ. კიტა აბაშიძე წერდა: „ილია ჭავჭავაძე თათქარიძეთა სახით მთელი ჩვენი ერის ცუდ-თვისებათ და ნაკლოვანებას გვიხატავს“.

მაინც რა არის ეს ცუდი თვისება და ნაკლი? რა კონკრეტული კომპონენტებისაგან შედგება თათქარიძეობა?

თვისება პირველი: სიზარმაცე.

ლუარსაბზე ამბობდნენ, სტუმარი ეჯავრებოდაო, მაგრამ ეს თურმე სიძუნწით არ მოსდიოდა. ილია ირონიულად შენიშნავს, სიძუნწე და ქართველი ისე ვერ მოთავსდება ერთად, როგორც ცეცხლი და ყინულიო. მაშინ რატომღა ესიკვდილებოდა ლუარსაბს სტუმრის მოსვლა? „სტუმარი იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა. ადგომა კიდევ არაფერი. ეს ისე არ ეზარებოდა ლუარსაბს: ტანთ ჩაცმა იყო ამის სიკვდილი“.

სიზარმაცე არ არის ერთფეროვანი მოვლენა. იგი მრავალსახიანია. სიზარმაცის ნაირსახეობა ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობაა. ამაში ლუარსაბის თანამეცხედრეს დარეჯანს ტოლი არ ჰყავს. ეს ქალი ხშირად ტყუილუბრალოდ გამოვარდებოდა, მოსამსახურეებს დააწიოკებდა. აქაოდა საქმეს ვაკეთებ, დღე და ღამე ჯარასავით ვტრიალებ, უქმად კაციშვილი ვერ მნახავსო.

საკვირველიც იყო და სასაცილოც ამ ჩვენის კნეინის ტყუილუბრალოდ ფაცი-ფუცი. ეს ამოდენა დედაკაცი ჩაგოდრებული, ჩასორსლებული, ხშირად დილიდამ შუადღემდინ ფეხზე იდგა და გორგალსავით დაგორავდა. უსაქმო არ იყო, როგორც ჩანს: იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა საკერავზედ მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ პატარა მურიან ბიჭსა, რომელიც მთქნარებით და ზარმაცად სწმენდდა საღამოსათვის ჯერ კიდევ წუხანდელ გაქონილს შანდალსა, აქ იმას გაუწყრებოდა - რაზედ? თითონ კნეინამაც არ იცოდა - რაზედ; აქ ამას გამოგილანძღავდა - რისთვის? არც ეს იცოდა კნეინამა; დასწყევლიდა, დაჰქოლავდა, დატუქსავდა. - ერთის სიტყვით - მთელის ღამის ნაგუბარსა წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედ, - და მერე დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა: თუ გოგო დაჰხვდებოდა, ვერ მაითმენდა, რომ ერთი მუჯლუგუნი კიდევ არ ეთავაზებინა, „მეხი კი დაგეცასაცზედ დაატანდა, თუ ქეიფზედ იყო, - და ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა ოთახში“...

ეს უაზრო ბზრიალ-ტრიალი და ფაცი-ფუცი ლუარსაბს საქმე ეგონა და კმაყოფილი ბუტბუტებდა: „კაი ოჯახის ბურჯია, კაი მადლიანი დედაკაცია! გმადლობ, ჩემო გამჩენო, რო ამისთანა შემახვედრე“.

სიზარმაცის, ცრუაქტიურობისა და ცრუსაქმიანობის შედეგი ნათელია. ამის უტყუარი ილუსტრაციაა ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარი. დახატულია სრული გაპარტახების, ნგრევისა და იავარქმნის სურათი. ლუარსაბ თათქარიძის უბადრუკი სახლ-კარის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ სურვილს უნდა იწვევდეს: ხელები დაიკაპიწოს, ნებისყოფა მაქსიმალურად დაძაბოს, მდგომარეობა გონივრულად განჭვრიტოს და არსებობის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იშრომოს. ამ ლოგიკური დასკვნის მაგიერ ლუარსაბ თათქარიძე თვითკმაყოფილია და კვეხნის დაუოკებელი სურვილით სავსე. ეს თათქარიძეობის პარადოქსია, მაგრამ მაინც შინაგანი ლოგიკით გაპირობებული, კვეხნის აუცილებლობა მაშინ იბადება, როცა სიზარმაცის დაძლევა აღარ შეიძლება, ჭეშმარიტი საქმე და ცრუსაქმიანობა ერთმანეთისაგან ვერ გაგირჩევია და აღარც უნარი შეგწევს მდგომარეობა უკეთესისაკენ შეცვალო. არადა არც იხტიბარის გატეხვა გინდა. პოზის შესანარჩუნებლად იწყება კვეხნა.

ასე ვლინდება თათქარიძეობის მეორე თვისება - თვითკმაყოფილება და კვეხნა.

ძლივს არ გავისტუმრე ურმები (ტყუილიც უყვარდა ჩვენს ლუარსაბსა), ძლივს! დალახვროს ღმერთმა გლეხკაცი. ვეჟო, მინამ თავს არ დაადგები და კარგად არ დასჭყივლებ, ხელს კი არ გასძრავს და. გაგონილა! მე რომ არ ვყოფილიყავ, ყანა მინდორში დაგვილპებოდა“.

- ეჰ, რას ამბობ, ჩემო რძალო! წელს ოთხი თქვენოდენა ნახნავები მქონდა, - მიუგო ლუარსაბმა. ამგვარებში ლუარსაბმა საშინელი კვეხნა იცოდა. - რას ბრძანებთ!.. ჩემოდენა მოსავალი კახეთში ორს არ მოუვა, ქართლშიაც ბევრს არ მოუვა“...

ცოლ-ქმარი მკითხავმა მოატყუა, გაამასხრა და გააცუცურაკა. ლუარსაბიცა და დარეჯანიც მოგვიანებით მიხვდნენ ამას. მოტყუება იუკადრისეს, მაგრამ იხტიბარი არც ერთმა გაიტეხა და არც მეორემ. ვითომ მკითხავს ოინებს მაშინვე მიუხვდნენ, ოღონდ თავაზიანობის გამო არა აკადრეს რა ცრუსა და მატყუარას.

- მე კი გამოვიცან, აი, - დაიკვეხნა ლუარსაბმა. დარეჯანს თუმცა ლუარსაბი უყვარდა, მაგრამ მაინც კიდევ თითონ უნდოდა, რომ გამოცნობის სახელი ამისა იყოს და არა ლუარსაბისა: კაცი სულელი თუ ბრძენი, ყოველთვის თავმოყვარეა. - განა, რომ მდომებოდა, მე კი ვერ გამოვიცნობდი, - მიუგო დარეჯანმა, - არ მინდოდა, თორემ გუშინვე გამოცნობილი მქონდა“.

თათქარიძისებური კვეხნის საინტერესო მხარე ის არის, რომ ამ ტრაბახის არავის სჯერა, გარდა თავად ლუარსაბისა და დარეჯანისა. მაშასადამე, ეს კვეხნა მხოლოდ თვითმოტყუებაა.

- პურის მოსავალი როგორი გაქვთ წელსა? - ჰკითხა დარეჯანმა.

- თქვენმა მზემ, შარშანდელზედ ცოტა. თქვენს მაზლს ოცდა-ათის ურმის იმედი აქვს, - დაიტრაბახა ელისაბედმა.

- ეგ, ბატონო, კაი მოსავალია. ოცდა-ათი ურემი ხუმრობა არ არის; ჩვენც მოგვივა მაგდენი, მაგრამ ჩვენ ერთი ორად მეტი ნახნავი გვქონდა თქვენზედა, - იტყუვა თავის რიგზედ დარეჯანმაც“.

თათქარიძეებს რაიმე აუცილებლობა ან შემთხვევითობა არ აიძულებს იცრუონ. ტყუილი მათი არსებობის პრინციპია. დარეჯანმაც იცის, რომ ტყუის და ელისაბედმაც, მაგრამ ორივენი მაინც ცრუობენ, ასევე შეგნებულად ტყუიან მათი გოგო-ბიჭებიც.

ცბიერი და გაიძვერა მკითხავი შვილსდანატრებულ ლუარსაბსა და დარეჯანს ატყუებს: შთამომავლობა იმიტომ არ გყავთ, რომ თქვენს სახლში ჯადო ყოფილაო. სანამ ამ ჯადოს არ მოიცილებთ, არაფერი გეშველებათო. მერე, ვითომ ეს ჯადო სახლის უკან ორმოში იპოვეს. ნამდვილად კი არც ორმო ყოფილა და არც ჯადო. ეს ლურსაბმაც იცის და ბიჭებმაც. მაგრამ ლუარსაბი თავს იტყუებს, ბიჭები კი ლუარსაბს აბითურებენ.

- არა, თქვენის ორი თვალითა ნახეთ?

- ორის თვალითა, აი ასე, როგორც შენა გხედავთ, ბატონო!“

ამ სიცრუეს ბიჭები იმით ამართლებენ, რომ ტყუილი ბატონს ესიამოვნება: „- შენ რა გენაღვლება, ძმაო, - წასჩურჩულა ერთმა ხნიერმა გამოცდილმა გლეხკაცმა, - ხომ ხედავ - ბატონს უხარიან, რომ იქ ორმოა. დაე, ეგონოს, რომ ორმოა, შენ რა?“

არც ისე გულუბრყვილო და უმტკივნეულოა ეს - შენ რა“. აქ პირადი სარგებლობისა და გამორჩენის პრინციპია შენიღბული. პრინციპი - შენ რა - ყოველგვარ ვერაგობას უხსნის გზას. ვერაგული მოტყუებით შეირთო ლუარსაბმა დარეჯანი. ძმა რომ ძმაა, ძმამაც კი გაყიდა მაშინ ლუარსაბი. ჯერ სუტ-კნეინამ დაახვია თავბრუ: მოსე გრძელაძის ქალი დარეჯანი მზეთუნახავიაო. მერე ლუარსაბის ძმას სხვა ქალი აჩვენეს და მოხიბლეს. მართალია, ჯვრისწერის წინ დავითი მიხვდა, რომ თვალი აუბეს, მაგრამ ამოქმედდა პრინციპი - შენ რა? შენ ხომ არ ირთავ დარეჯანს ცოლად? აიღე ათი თუმანი, ჯიბეში ჩაიდე და გაჩუმდიო. დავითმაც არხეინად გაყიდა ძმა ათ თუმნად.

თუ ლუარსაბი სუტ-კნეინამ მოატყუა, მოსე გრძელაძემ სუტ-კნეინა დატოვა მშრალზე. ჯერ გასამრჯელოს შეჰპირდა, მერე როცა საქმე გაანაღდა, სუტ-კნეინას ის ფეხის ქირაც წაართვა და ხულაშიც დაამწყვდია.

ამრიგად, ყველა ცრუ და მატყუარაა, მაშასადამე, თათქარიძეობა ტყუილზე აგებული არსებობაა.

თითქოსდა ტყუილი აღშფოთებასა და პროტესტს უნდა იწვევდეს, მაგარმ თათქარიძეობის პარადოქსი ის არის, რომ ამა თუ იმ პროცესს ლოგიკური შედეგი არ მოსდევს. პირიქით, ალოგიკური რეზულტატია მისთვის ბუნებრივი. ამჯერად ასე მოხდა: პროტესტის მაგიერ სრული კმაყოფილება დაიბადა.

ჩვენმა ლუარსაბმა ესე დაიწერა ჯვარი. თუმცა ძალადობით მოხდა ეს, თუმცა მზითევშიც მოატყუეს და მზეთუნახავის მაგიერ მახინჯი დარეჯანი შერთეს, მაგრამ - შუბლზე ეგ მეწერაო - იფიქრა და დაემორჩილა ბედისწერას. ბოლოს ხომ, - შენც იცი, მკითხველო, - რომ ამათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ამათ კი ისე ეგონათ, რომ უყვართ ერთმანეთი და სხვისა კი არ ვიცი. „ფერი ფერსაო, მადლი ღმერთსაო“, - ნათქვამია, ფერი ფერს შეხვდა და ერთმანეთი შეიფერეს. ეს შეფერება ჩვენში ცოტასა აქვს მიღებული სიყვარულად? კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისათვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლასა, - და არის ისე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოფილებად ადიდებენ; კმაყოფილება კიდევ - ვიღაცამა სთქვა - ბედნიერება არისო. ბევრჯერ უთქვამთ დარბაისელთ მოხუცებულთ ჩემთვის, რომ ახალ თაობას იმითი მაინც ვჯობივართო, რომ ჩვენ ცოტას კმაყოფილებიცა ვართო. მე კი დავჩუმებულვარ და გამიფიქრია: „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია. ბედნიერია ახალი თაობა, თუ მართლა ის კმაყოფილება არა აქვს. იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს: უმადლონი სჯერდებიან მას, რაც არის, ამიტომაც იმათში უფრო ბევრია ბედნიერი, მადლიანნი კი ძნელად: ამათ ყოველთვის უკეთესი უნდათ იმიტომ, რომ კარგს უფრო კარგი მოსდევს თანა, „მჯობს მჯობი არ დაელევაო - ნათქვამია.

ჩვენი ცოლ-ქმარნი კი ამისთანანი არ იყვნენ: ამათ თავიანთ ცხოვრებაზედმჯობიცხოვრება არ ეგონათ ქვეყანაზედა. ესენი კმაყოფილნი იყვნენ: ვალი ამათ არ ემართათ და ვახში, დავა არავისთანა ჰქონდათ და დარაბა“...

ეს სრული კმაყოფილება ბუნებრივად იწვევს პირფერობასა და ფარისევლობას. ისინი ერთმანეთს განაპირობებენ და ერთმანეთით არსებობენ.

ლუარსაბმა მოურავ დათოს მოუხმო. უნდოდა შეეტყო, სანოვაგე მოიტანა თუ არა ბაზრიდან. დათომ არ დააყოვნა და ბატონს ნაირ-ნაირები ჩამოუთვალა. კმაყოფილმა ლუარსაბმა მოურავი შეაქო:

- ეგრე, ჩემო დათო! ბატონის ოჯახის პატივი და სახელი ერთგულმა ყმამ ქვეყანას უნდა მოსდოს. ბარაქალა! თუნდ ნაკლული იყოს, უნდა სთქვა, რომ სავსეაო (ხედავთ, აქაც ტყუილისაკენ მოწოდებაა - . .). შენ გამოცდილი კაცი ხარ, - ეს ყველაფერი იცი.

- ამოდენა კაცი შენს ხელში ვარ და როგორ არ მეცოდინება, შენი ჭირიმე“, - მოუქონა თავი ლუარსაბს დათომაც.

გლეხის ქალი ბაბალე მივიდა და დარეჯანს სთხოვა: ჩვენი კამეჩი მეველეებს დაუჭერიათ, უბრძანეთ, გაუშვანო. დარეჯანმა ეს ლუარსაბს აცნობა. ლუარსაბმა მოურავს დაუცაცხანა და ბრძანა - კამეჩი დაუყოვნებლივ გაუშვითო.

- ჰხედავ, - უთხრა დარეჯანმა, როცა ლუარსაბი წავიდა, - ჰხედავ, რა რისხვა შეუთვალა, იქაურობას სულ ააწიოკებს.

- დიდება აქვს, შენ გენაცვალე, და იმიტომ.

- ეგეც ხომ, მაგრამ ხმაც დიდი აქვს სოფელში გავარდნილი. აი, დავითი, ჩემი მაზლი: იმას კაცად არავინ აგდებს.

- აბა, შენი კვნესამე, იმათ ფეხი სად მოუწვდებათ თქვენამდინ; ელისაბედიც მითამ თავადისშვილის ცოლია და თქვენცა?“

ქალბატონს რძალ-მაზლის ლანძღვა-გინება ესიამოვნებაო და გაიძვერა ბაბალემაც გუდას თავი მოხსნა, დავითი და ელისაბედი მიწასთან გაასწორა. მერე მოულოდნელად ჭორაობა შეწყვიტა. ცნობისწადილმორეული დარეჯანი ჩააცივდა, კიდევ რას მეტყვიო, მაგრამ ბაბალემ პირში წყალი დაიგუბა და აღარაფერი თქვა. დადუმებულ ბაბალეს დარეჯანმა შეაპარა, იმათი ხომ არ გეშინიაო? ქლესა ბაბალემ სასწრაფოდ მიაგება პასუხი ქალბატონს: „- თქვენისთანა მწყალობელი რომ კაცს სადმე ეგულებოდეს, იქ ვიღასი უნდა ეშინოდესო“.

თვალთმაქცობასა და პირფერობას საზღვარი არ აქვს. დარეჯანიცა და ლუარსაბიც უზომოდ ტკბებიან დავითისა და ელისაბედის აუგით. მაგრამ საკმარისია რძლები ერთმანეთს შეხვდნენ, რომ ურთიერთი პირზე კოცნით მოიკითხონ და უკვე სხვები ლანძღონ და ათრიონ. ვინმე თავად ნიკოლოზს მოახლესთან არშიყობა დაუწყია. დარეჯანსა და ელისაბედს უკეთესი საბაბი არც უნდათ და ნიკოლოზი სასწრაფოდ ლაფში ამოსვარეს. ვითომ მისი საქციელი დაგმეს და დაიწუნეს, მაგრამ გმობა პირფერული ყოფილა, აღშფოთება - ცრუ.

- რომ არ გაგონილა ყურით და ენით არა თქმულა ქალისაგან ვაჟკაცის გალახვა და ქმრისაგან ეგრე აშკარად მაგისთანა ამბები! სირცხვილი აღარ არის ეხლანდელ დროში. პირში წყალი გაგვშრობია.

- არა, ისე ჩუმად მოეხდინა მაინც იმ სულის მტერსა, კიდევ არაფერი იქნებოდა, - სთქვა დარეჯანმა.

- ჩუმად რომ მოეხდინა, ვინ რას იტყოდა? - გააწყვეტინა სიტყვა ლუარსაბმა, - განა უწინ კი არ იყო მაგისთანა ამბები, ხორციელები არ იყვნენ თუ? მაგრამ უწინ სულ დაფარული იყო, ისე დაიჭერდნენ საქმეს - რომ ხორციელ ადამიანს არ გააგებინებდნენ, - ბევრი მაგისთანაები მომხდარა უწინაც, მაგრამ აბა ერთი შეგიტყვიათ რამე? სულ ისე ჩუმად და გონიერად იცოდნენ უწინ ყველაფერი, ამიტომ რომ პირში წყალი ჰქონდათ“.

როგორც ხედავთ, ლუარსაბსა და დარეჯანს მოვლენა ან ფაქტი კი არ აწუხებთ, არამედ მისი გამჟღავნება. თუ არ გამჟღავნდება, დააქციე ქვეყანა. ამის გამო თათქარიძეები თავს არ შეიწუხებენ. ოღონდ პირფერობისა და თვალთმაქცობის ნიღაბი გულმოდგინედ უნდა გქონდეს აფარებული.

ამ ნიღაბს არ ღალატობს არც ბატონი, არც ყმა. ხმა გავარდა, ბატონყმობა უნდა გადავარდესო. ლუარსაბმა, ცხადია, არ დაიჯერა ეს და დათოს მოუხმო:

- ... ყმები ჩამოგვერთმევაო, რომ ამბობენ, ტყუილია. გესმის თუ არა? ყველას უთხარი, რომ ტყუილია. ხელმწიფეს მოუწერია, რომ დავარჩობ, ვინც იტყვის, რომ ეგ მართალიაო, ვინც გუნებაში მაგას გაიტარებსო, გაიგე?

- გავიგე, შენი ჭირიმე! - უპასუხა დათომა, - განა მაგას ვინა ჰფიქრობს? აი, რაღაც გოგო-ბიჭები მიჰქარავენ, შენი ჭირიმე, იმათ ვინ დაუჯერებს, წვრილფეხობის სიტყვა რა დასაჯერია? იყბედებენ და დაჩუმდებიან.

- ეგრე სთქვი ხოლმე სხვაგანაც, ჩემო დათო. ან რა კარგი იქნება თქვენთვის, რომ ჩვენ არა გყვანდეთ.

- შენი მტერი ყოფილა, ჩვენ ვიქნებოდით, შენი ჭირიმე!

- რაც უნდა იყო, მამასავით გპატრონობთ.

- დიაღ, შენი ჭირიმე! სწორედ მამა ბრძანდებით და ჩვენ შვილები ვართ. თუ ხანდახან გაგვიწყრებით, აგვიკლებთ, წაგვართმევთ, - ეგ რა? სულ ჩვენი სიკეთისათვის არის ხოლმე, განა მამა-შვილს არ გაუწყრება?“

ასე გრძელდება ბატონსა და ყმას შორის ფარისევლური საუბარი. ერთმანეთი სძულთ, ეზიზღებათ, მაგრამ მაინც ლიქნასა და ლაქუცს ამჯობინებენ. სხვაც მოატყუე და თავიც მოიტყუე. თუ არაფერს შეიძენ, არც არაფერს დაკარგავ. თან მშვიდად იცხოვრებ და ამქვეყნიური ჭირ-ვარამიც ნაკლებად შეგაწუხებს.

უნებლიეთ იბადება კითხვა - სიზარმაცის, ცრუსაქმიანობის, ტყუილის, თვითკმაყოფილების, კვეხნისა და პირფერობის ატმოსფეროში რა უნდა აკეთოს ადამიანმა? ჭამოს. სხვა აღარაფერი დარჩენია მას, და ლუარსაბიცა და დარეჯანიც ჭამენ. „ხვალ რა ვჭამოთ“, - იტყოდნენ საღამოზედ. ეს იყო მათი აზრის აღებ-მიცემა“.

ლუარსაბისა და დარეჯანის ცხარე დისკუსიები თართისა და ორაგულის, ჩიხირთმისა და ბოზბაშის შესახებ ყოველი წიგნიერი ქართველისათვის კარგად არის ცნობილი და ამიტომ ციტატებით მკითხველს თავს აღარ მოვაბეზრებ.

თათქარიძეების ცხოვრების სურათი ნათელია. მაგრამ ასეთ ცხოვრებას რა უნდა მოჰყვეს, როგორ უნდა გაგრძელდეს იგი? ილია მკაფიო პასუხს იძლევა - სრული უნაყოფობაა ასეთი ცხოვრების დასასრული. რამდენი არ იწვალეს ლუარსაბმა და დარეჯანმა, რამდენი არ ილოცეს, როგორ არ შეაწუხეს ღმერთი, მკითხავსაც კი დაუჯერეს და თელეთის ხატიც მოილოცეს, მაგრამ არ იქნა და არა: არ შეეძინა ლუარსაბს შვილი. ილიას მოთხრობაში ლუარსაბისა და დარეჯანის შვილიერების ხაზს ალეგორიული შინაარსი აქვს. ეს უნაყოფობა ყოველგვარ უნაყოფობას გულისხმობს. ამიტომაც არ გააჩნია ცოლ-ქმარს არავითარი ნიჭი. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ჭამა და ძილია. არც აკეთებენ სხვას არაფერს.

უშვილობით დადარდიანებულმა დარეჯანმა სოფლის აქიმს მიმართა. ორი კვირა ასმევდა ექიმბაში რაღაც წამალს დარეჯანს. ბოლოს, მესამე კვირას იმ წამალმა დარეჯანი წუთისოფელს გამოასალმა. ცოლის სიკვდილმა ლუარსაბი წაახდინა. გაახმო და დააჭკნო ეს ქონითა და ხორცით სავსე კაცი. მერე ფერიცვალობის დღეს ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მიართვა ლუარსაბს. ზაფრაშეყრილმა ლუარსაბმა ცდუნებას ვერ გაუძლო. იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა. კუჭის ანთება მოუვიდა და სული განუტევა.

მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენთაგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავისი სიკვდილით აკლებენ“.

თავიდან ბოლომდე გავადევნეთ ჩვენ თვალი ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრებას. თათქარიძეობის დამახასიათებელი თვისებებიც გამოვყავით და უკვე შეგვიძლია დავასკვნათ:

თათქარიძეობა არის ზარმაცობა, ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობა, თვითკმაყოფილება, ბაქიაობა, მატყუარობა, პირფერობა, თვალთმაქცობა, ღორმუცელობა და უნაყოფობა.

ამგვარად, თათქარიძეები არაფრობის განსახიერებაა. სად არის მათი ხსნა?

ილიას აზრით, ყოველი პიროვნების ხსნა მტკიცედ უკავშირდება ღმერთმიმსგავსებულობის პრობლემას. ამას ილია აშკარად და მკაფიოდ ამბობსკაცია-ადამიანში?!“ თათქარიძეების დახასიათებისას, იგი შენიშნავს - რა იცოდნენ ამათ, რომ თავისის ქცევით, თავისის ცხოვრებით არისხებდნენ ღმერთსა, რომელსაც თავისი სული ამათთვის შთაუბერია“. რატომ უნდა გაერისხებინათ უწყინარ ლუარსაბსა და დარეჯანს ღმერთი? დანაშაული არ ჩაუდენიათ და ბოროტი არ უქნიათ. ეს თურმე არ კმარა: „წირვა-ლოცვას არ ვაკლდებით, რა გამოვიდა? იქ ყოველთვის გსმენია ჩვენთვის ჯვარცმულის ქრისტეს სიტყვა: „ვითა მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო“. აბა, ან ერთს წამს შენს სიცოცხლეში მაგისთვის სცდილხარ? არა, შენ მაგისთვის არა სცხოვრობ“. ე.ი. ადამიანის უპირველესი ამოცანა უზეანესის ბადალი სრულყოფისაკენ ლტოლვა ყოფილა, რადგან იცხოვრო, ნიშნავს, ეცადო, აღასრულო მცნება - იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს“ (მათე, V, 46 ). ასეთია ილიას დასკვნაკაცია-ადამიანში?!“.

სხვათა შორის, იგივე აზრია გატარებული მოთხრობის სათაურშიც. სიტყვაადამიანიუთუოდადამიდანარის წარმოებული: ადამიანი - ადამის ძე. ამდენად, ადამიანში იგულისხმება დაცემამდელი პირველხატი და მისდაგვარი სრულყოფილება. ილიას აზრით, კაცი არ არის ადამიანი, თუ იგი თავისი ცხოვრებით არ ეცდება იყოს პირველხატივით სრულქმნილი.

12.3 III საქმით მეტყველი სული

▲ზევით დაბრუნება


ალბათ ყველას ახსოვსოთარაანთ ქვრივისდასასრული.

სოფლის საგოდებელზე მეცხვარეებმა შვილის საფლავზე გადამხობილი, მკვდარი ოთარაანთ ქვრივი იპოვეს. სოფელი ფეხზე დადგა. შეიქმნა ერთი ვაი-უშველებელი. ეცოდებოდათ აგრე საცოდავად გათავებული ქვრივი, მაგრამ დამტირებელი მაინც არავინ ჰყავდა. შვილის სიკვდილის შემდეგ ოთარაანთ ქვრივი მარტოდმარტო და უპატრონო დარჩა. ერთადერთი კაცი, ვისთვისაც ქვრივის სიკვდილით ცა ჩამოიქცა, სოსია მეწისქვილი იყო.

სოსია მეწისქვილეს ეხლა ორივე მუხლი მოეყარა უსულო ოთარაანთ ქვრივის წინ, იმისი მკვდარი ხელი ხელთ ეჭირა და ქვითინებდა ჩუმად.

- ადე, რას ჰღმუი უპატრონო ძაღლსავით! - დასცინა მოხუცს ახალგაზრდა გლეხმა ბიჭმა ამხანაგების სამასხროდ. - შენც მითამ მარაქაში ერევი... შენი რაო?

- ნუ ამბობ მაგას, ჩემო მამავ და შვილო! - უპასუხა თავისებურად ტკბილად ტირილის ხმით. - სხვა სხვის ომში ბრძენიაო...

იქნება კიდევ ეთქვა რამე სოსიას, მაგრამ ამ დროს ხელდახელ გაკეთებული საკაცე მოიტანეს და რომ მივიდნენ მკვდრის ასაწევად და საკაცეზედ დასადებად, ვიღაცამ წაიბორძიკა მეწისქვილის ფეხზედ და ითაკილა.

- ეს ვიღა ოხერია, ფეხებში გვედებაო! - სთქვა წაბორძიკებულმა და ღონივრად წაჰკრა ფეხი ბერიკაცსა, დაატანა: - წადი, იქით გაეთრიეო.

დაბრიყვებული ბერიკაცი გადიქცა თოვლზედ, როგორც იყო წამოდგა, და როცა ტყავის კალთებს თოვლისაგან იბერტყავდა, უთხრა ხელის მკვრელს:

- ცოცხალზე არ გამახარა წუთის-სოფელმა და მკვდარზედაც აღარ მატირებთო! ცოდო ვარ, შვილო, ცოდო!..“

მართლა რომ ცოდოა!..

მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო?

ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევლა-კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთის-სოფელში“.

ამ სურათს მთელი გულისყურით უნდა დავაკვირდეთ. გამოვყოთ მისი დეტალები, საერთო განწყობილება, დასკვნა, რამეთუ აქ ყველაფერია ნათქვამი.

დეტალი: მკვდარი ქვრივის ხელი სოსიას უჭირავს და ქვითინებს. ამით მინიშნებულია: იგია ერთადერთი ნამდვილი ჭირისუფალი ოთარაანთ ქვრივისა.

განწყობილება საქმიანია. ფუსფუსებენ, მოქმედებენ, ვიშვიშებენ, ამ მდგომარეობაში გამოიკვეთება მოტივი: მიცვალებულს პატრონობენ, მაგრამ არავის აინტერესებს ცოცხალი ადამიანი - სოსია.

ხალხის დამოკიდებულება სოსიასადმი უხეში, უსულგულო და დამცინავია. ცოცხალი სოსია მეწისქვილე ისევე მარტოა და უპატრონო, როგორც მკვდარი ოთარაანთ ქვრივი.

დასკვნა: ეს წუთისოფელი უთავბოლო და უსწორმასწოროა. ამქვეყნად ყოველი კაცი ცოდოა. ვინც მოკვდა, თავის თავს მოუკვდა.

და ყოველივე ეს შედეგია იმისა, რომ ადამიანსა და ადამიანს შორის, ადამიანსა და საზოგადოებას შორის არ არის კონტაქტი, ჩატეხილია ხიდი. ასე და ამრიგად დაისმისოთარაანთ ქვრივში“, დღევანდელი ტერმინებით რომ ვთქვათ, უკონტაქტობისა და გაუცხოების პრობლემა.

გაუცხოება ყოვლისმომცველია: ხიდი ჩატეხილია, როგორც სხვადასხვა წოდების, ისე ერთი და იმავე კლასის წარმომადგენელთა შორის. უფრო მეტიც: დედასა და შვილს შორის.

როცა ოთარაანთ ქვრივის გიორგი დაიღუპა, არჩილმა დას უსაყვედურა, გიორგის უანგარო სიყვარული ვერ დაინახეო. კესომ იუკადრისა ეს და თავი იმართლა: გიორგის იმიტომ ვერ შევირთავდი, რომ არ მიყვარდაო. სიყვარული კი ბრძანებით არ მოდისო. ამაზე ძმამ გულისტკივილით მიუგო: - განა მზე კი უბრძანებს ხოლმე ვარდს, გაიშალეო!.. აქ თავისთავად უნდა მოსულიყო, რომ, უკაცრავად, ბრმა გული არ დახვედროდა, გვარიშვილობის ცხრა კლიტით დაკეტილი“...

არჩილი მართალია კესოს მიმართ. წოდებრივმა სხვაობამ გააჩინა უფსკრული კესოსა და გიორგის შორის, მაგრამ არჩილის სიმართლე სრული სიმართლე მაინც არ არის. იგი მცირე ნაწილია იმ სრული სიმართლისა, რომელსაც კაცობრიობამ უნდა მიაგნოს, თუ სურს გაუცხოების პრობლემა მოაგვაროს.

განა ოთარაანთ ქვრივისა და სოსიას ურთიერთობა ისეთივე ტრაგიკული არ არის, როგორიც გიორგისა და კესოსი? ქვრივმაც ხომ ისევე ვერ დაინახა სოსიას სიყვარული, როგორც კესომ გიორგისა. მართალია, ილიას ვრცლად არ აღუწერია ოთარაანთ ქვრივისა და სოსიას ურთიერთობა, მაგრამ, რაც ნათქვამია მოთხრობაში, სრულიად საკმარისია მეწისქვილის ბედის გასაგებად. „თითქმის ოცდაათი წელიწადია მაგ დედაკაცზედ გული შევარდნილი ჰქონია. ჯერ გასათხოვარი ყოფილა, უთხოვნია და დაუწუნიათ. ის დღე და ის დღე, სხვა არავინ უნდომნია, გული აღარავისზედ მისვლია. როცა ოთარაანთ ქვრივი დაქვრივდა, მაშინ ერთხელ კიდევ გაუარა გუნებაში იმისმა შერთვამ, მაგრამ თავის გულში სთქვა - მაგას ისეთი ქმარი მოუკვდა, რომ მე ფეხის ჩლიქადაც არ ვეკადრებოდი... ვეღარ შევბედავ, ვეღარა!.. ოთარაანთ ქვრივისათვის რომ ვინმეს ეკითხა, სოსია მეწისქვილეს მისთხოვდებოდიო, ისიც კესოსავით უპასუხებდა ალბათ - არაო, არ მიყვარდა და იმიტომაო.

თუ კესოსა და გიორგის წოდებრივი განსხვავება თიშავს, ქვრივსა და სოსოიას აცალცალკავებს ადამიანური ღირსება. თავის დროზე ან ოთარაანთ ქვრივს არ უცვნია სოსოია ქმრობის ღირსად, ან ქვრივის მშობლებს - სიძობისა. თავად სოსოიასაც მიაჩნია ქვრივი მასზე აღმატებული ღირსების ადამიანად, ერთხელ დაწუნებული ვეღარც კი უბედავს დალაპარაკებას.

სიყვარული კი არა, ოთარაანთ ქვრივმა სოსიას თანაგრძნობაც არ მიიღო.

ოთახში მკვდარ შვილთან მარტოდმარტო დარჩენილი ოთარაანთ ქვრივი გოდებს. ამ დროს მოულოდნელად ტირილი მოესმა. ქვრივი ოთახში უცხოს არ მოელოდა და წყრომით იკითხა:

- ვინ ხარ?

- სოსია.

- ვინ სოსია?

- თუ გაგონდება, კარგია, თუ არადა მაინც ღმერთმა გილხინოს, თუ შვილის მერმედ კიდევ რამ სალხენი დაგრჩენია ამ წუთისოფელში.

- რატომ არ დამრჩენია? სიკვდილის მოლოდინი ლხენა თუ არ გგონია!

...

- წადი, აქ შენ ადგილი არა გაქვს, - უთხრა ოთარაანთ ქვრივმა: - მარტო მინდა ვიყო...

- შენი ნებაა, წავალ და კარებს უკან ძაღლსავით მივეგდები. თუ რამ დაგჭირდეს, დამიძახე.

- კარგი, მომშორდი!..“

როგორც ხედავთ, ოთარაანთ ქვრივმა ვერც გაიხსენა, ვინ იყო სოსია.

ვინ შეიძლება იყოს დედა-შვილზე უფრო ახლობელი ერთმანეთისათვის? მაგრამ დგება დრო, როცა ირღვევა ეს ახლობლობა და გაუცხოება ისადგურებს მათ შორის.

ოთარაანთ ქვრივმა შვილს უგუნებობა შეამჩნია. ემცხეთა დედას ეს. არადა, შვილი არ უმხელს დარდის მიზეზს. ბოლოს მაინც გამოუტყდა, თუმცა სათქმელი ბოლომდე არ უთხრა. დედის გულმა ზუსტად იგრძნო, რატომ უნდოდა გიორგის არჩილს მოჯამაგირედ დასდგომოდა. მიხვდა, აქ ვერას გახდებოდა და შვილი არჩილიანთ გაისტუმრა.

წავიდა გიორგი.

- უკან აღარ მოიხედა!.. - დაიკვნესა დედამ, - ჩემგან მიდის, თითქოს ძაფიც არ იჭერს, სხვაგან მიდის, თითქოს თოკით ეწევიანო...

- ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს... განა აქ არა დაჰრჩა-რა !.. სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს... განა ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!..

...დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რად არის? - ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავის თავსა. - დედა-შვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არ ჰქონოდა... თუ აქვს, რად უჭრის ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? - რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, - რა საკითხავია დედა-შვილობაში?.. ვაი, რომ საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა“.

აქ დედა-შვილის გამთიშავ ძალად ფსიქობიოლოგიური ფაქტორი მოგვევლინა.

გაუცხოებას თურმე მრავალი მიზეზი უდევს საფუძვლად. ზოგჯერ ეს საფუძველი კლასობრივი სხვაობაა, ზოგჯერ - ადამიანური ღირსება, ზოგჯერ - სიყვარული და ზოგჯერ კიდევ ვინ იცის რა. გამოდის, რომ გაუცხოება ადამიანის არსებობის თვისება ყოფილა. თუ ასეა, მაშინ არც ხსნა ყოფილა და რატომღა გაუხარდა არჩილს კესოს ტირილი?

- არჩილ, წინ რაღაა წინ? - შეჰბღავლა უეცრად კესომ და ორისავ ხელის თითები ერთმანეთში ჩაიწნა და ფშვნეტა და მტვრევა დაუწყო.

- ეგ ცრემლიანი ცოდნა უკანა სწვავს და ჰბუგავს, წინა ჰნამავს და ამწვანებს. ეგ ნამი რომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდი გაამრთელოს და ეგრე ორსავ ნაპირს გააერთებს. ეგ ცრემლიანი ცოდნა, თუ ცოდნიანი ცრემლი უკანისა, - შუქია წინასი და შუქი ხომ...

- დასაწყისია განთიადისა, განა, ჩემო კარგო?!

- სწორედ“.

ამ ტირილის და სიხარულის აზრის ამოსაცნობად აუცილებელია კარგად გავარკვიოთ, როგორი ადამიანებიაოთარაანთ ქვრივშიდახატული.

თავად ქვრივი ერთგული ცოლი და დედაა. თევდორეს სიკვდილის მერე ბევრ მამაკაცს რჩებოდა მასზე თვალი, მაგრამ ქვრივმა ქმრის ხსოვნას არ უღალატა. ოჯახს უმამაკაცობა არ დაამჩნია. საკუთარი ხელით ბარავდა, თოხნიდა, მარგლიდა, თესავდა, კრეფდა. მართალია, სოფელში ამბობდნენ - ვის გაუგონიაო დედაკაცის თოხი და ბარი, მაგრამ ქვრივი ამას აინუნშიაც არ აგდებდა: თუ არ გაუგონიათ, ახლა გაიგონონო, ეზო-კარი შიგნით თუ გარეთ მოვლილ-დაკრიალებული ჰქონდა. „ოთარაანთ ქვრივის კარ-მიდამოში მზის და წვიმის მეტს არავის შეეძლო გავლა ქვრივის უნებურად“. მოკითხვაც იცოდა და განკითხვაც. არც მწარე სიტყვას ერიდებოდა. ქარ-ცეცხლში გაატარებდა ყველას, ვინც უნიათობით და ბედოვლათობით იმსახურებდა ამას, მაგრამ დამცირებით, სხვის თვალში ადამიანს არ დაამცირებდა. მათხოვარს საქალამნე ტყავი მისცა, მაგრამ მედუქნეს უთხრა, ვალი მემართა და იმიტომ მივეციო.

სამართლიანობის მისაღწევად მზად არის რკინის ქალამნები ჩაიცვას და გუბერნატორამდე იაროს. ხარჯს არას დაგიდევთ, ოღონდ სამართლიანობამ იზეიმოს. ქვრივი უაღრესად აქტიური ბუნების ადამიანია. წამით ვერ წარმოუდგენია უქნარობა და სიცონილი. „თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“. ქვრივისათვის ძუნწობა უცხოა, მაგრამ ყაირათიანობა აუცილებელ თვისებად მიაჩნია. მისი ხუთი ქისა ამის უტყუარი დასტურია. ზედმიწევნით ზუსტად აქვს გაანგარიშებული, რა დახარჯოს, როგორ და რატომ.

ამ თვისებების შედეგი და ნაყოფია ოთარაანთ ქვრივის ოჯახი. ეს ოჯახი ილიას მოთხრობაში არსებობს, როგორც ქვრივის სულიერი ღირსების მატერიალური საბუთი.

მაგრამ უმთავრესი მაინც ის არის, რომ ოთარაანთ ქვრივს დათრგუნვილი აქვს მარტოობისა და სიკვდილის შიში.

- ახლა შენ რომ მარტო დარჩები? - იკითხა კესომ.

- მარტო რად დავრჩები? ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე, რამდენი ბღარტები მიზის. ჭირადაც მყოფნიან და ლხინადაც.

- აკი ნათლიდედამ მიხვევ-მოხვევა არ იცისო? მე აქ არა მესმის რა, - სთქვა არჩილმა და შეხედა დას, თითქოს იმას ეკითხებაო.

- მიხვეულ-მოხვეული რა ვთქვი? ადამიანს მინამ ხელ-ფეხი ერჩის, მარტო არ იქნება, საქმეა ტოლ-ამხანაგი მარტოხელისა. წუთის-სოფელი ვის აცლის მარტოობისათვის? მარტო თქვენისთანას... მარტონი თქვენა ხართ“.

შრომით თრგუნავს ოთარაანთ ქვრივი მარტოობის გრძნობას და იგივე შრომა ანიჭებს სიმშვიდეს სიკვდილის წინაშე. „...სიკვდილის მოლოდინი ლხენა თუ არ გგონია!“ - ეუბნება იგი სოსია მეწისქვილეს.

ასეთივეა გიორგიც. „მართალს შეჩვეულს თვითონაც მართალი უყვარდა, ღალატი და არმობა ისე გააწიწმატებდა ხოლმე, რომ თუ საჭირო იყო, ხელსაც გამოიღებდა, ჩხუბს ასტეხდა, თავს გამოიდებდა“. მაგრამ გიორგის კიდევ ერთი თვისება აქვს; მან არ იცის ჩემის და სხვისის გარჩევა. ორივეს თანაბარი ყურადღებით ექცევა. არჩილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „აქვს ის დიდი ნამუსი, რომელიც სხვისასაც ისე ერჩის, როგორც თავისას“.

ტყეში ჭიგოს საჭრელად წასულმა გიორგიმ ომარაანთ მოჯამაგირე ნახა. იგი ჩრდილში წამოწოლილი არხეინად ხვრინავდა. კამეჩები კი წნელით გამოება ურემზე. საცოდავი პირუტყვები იქვე ეყარნენ და უილაჯობით გაწამებულნი ზარმაცად იცოხნებოდნენ. გიორგიმ ვერ გაუძლო ამ უსინდისობას („პატრონს ატყუებ და ატყუებ, პირუტყვი მაინც არ გენანება!“) და ომარაანთ მოჯამაგირე ლაზათიანად მიბეგვა.

ბეჟანიშვილის მოჯამაგირეს ურმით საფქვავი მიჰქონდა. ტვირთი თავმსუბუქად დაედო. კამეჩებს აპეურები ყელში უჭერდა და პირუტყვები საწყალობლად ხრიალებდნენ. გიორგი ურემზე აიჭრა, ტვირთი გაასწორა და მოჯამაგირესაც თავში წაუთაქა. („ვერა ჰხედავდი, კამეჩები იხრჩობოდნენ, რა პირით მიდიოდი პატრონთან“).

არჩილის ცხენი მეჯინიბემ ოფლიანი დააბა. გიორგი ამას შეესწრო. უსაყვედურა - ცოდოა პირუტყვი, წახდება ცხენი, ან ზურგის ჰავას აართმევს, ან ფეხებში დაიხუთებაო. მეჯინიბემ გაატრიზავა გიორგი, - არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო. შეატყო გიორგიმ, მეჯინიბე თავს არ შეიწუხებდა. თავად გადაწყვიტა, გაეტარებინა ცხენი. ამით გაგულისებულმა მეჯინიბემ დედა შეაგინა, დედის გინება ეგრე არ უნდაო და გიორგიმ მეჯინიბეს ძვალი და რბილი გაუსწორა.

როცა ცუდად გაშენებული ვენახი დაინახა, გიორგი არ მოერიდა არჩილსაც. თავმომწონე თავადიშვილი გონივრულად დაარიგა და ასწავლა, რა უნდა გაეკეთებინა და როგორ.

ნათლად ჩანს, რომ გიორგი სხვისას ისევე უფრთხილდება, როგორც თავისას. მას არ ამოძრავებს ვიწროკლასობრივი ინტერესი, მისი გონება არ არის შეზღუდული წოდებრივი ჩარჩოთი. არ აბრმავებს წოდებრივი სიძულვილი. იგი თავისუფალია როგორც პიროვნული, ისე კლასობრივი ეგოიზმისაგან.

გიორგის საქმისადმი ზნესრული ადამიანის დამოკიდებულება აქვს. სხვის საქციელს ზნეობის თვალსაზრისით ზომავს. მაგრამ სინდისის გასაღვივებლად მხოლოდ შთაგონებას არ მიმართავს. როცა საჭიროა, სასჯელსაც იყენებს. როცა შთაგონება უძლურია, სასჯელი სამართლიანობის გამოვლენაა. შთაგონება გარკვეულ გონებრივ დონეს მოითხოვს. თუ ეს დონე არ არსებობს, მაშინ სიტყვიერი ზემოქმედება ნაყოფს არ გამოიღებს. „ნუ მისცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხთითა მათითა და მოიქცენ და განხეთქნენ თქუენ“. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სასჯელი, რასაც მიმართავს გიორგი. მაგრამ მისი სასჯელი არც ერთხელ არ არის ერთი პიროვნების მიერ მეორეზე ძალდატანება. გიორგის ხელით ღვთაებრივი სამართლიანობის კანონი ხორციელდება.

აქვს გიორგის კიდევ ერთი თვისება, რაც სრულქმნილების ელფერს აძლევს მის პიროვნებას. იგი სიტყვაგაუტეხელი კაცია. რასაც ამბობს, იმას აკეთებს.

სიტყვისა და საქმის შეთავსება-შეუთავსებლობა ურთულესი და მარადიული პრობლემაა. მეტად იშვიათად მოიძებნება კაცი, რომელიც იმას აკეთებდეს, რასაც ამბობს. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ადამიანები თვალთმაქცობენ (რა თქმა უნდა, ასეთიც უამრავია, მათ რა გამოლევს), არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ მათი გაერთიანება. ერთიანობას ბევრი რამ უშლის ხელს - სუბიექტურიც და ობიექტურიც. ჯერ ერთი, თქმა ადვილია, ქმნა კი - უძნელესი. მეორეც, თქმა ყოველთვის პიროვნებაზეა დამოკიდებული, ქმნა კი - პიროვნებაზეც და საზოგადოებაზეც. ქმნისათვის აუცილებელია საზოგადოების მიმხრობა. ამისათვის კი საზოგადოება ყოველთვის მზად არ არის. საზოგადოების მომზადება და მიმხრობა თვით არის ურთულესი პრობლემა. ასეთ გარემოებაში სიტყვისა და საქმის ერთიანობისათვის მებრძოლი, უხშირეს შემთხვევაში, მსხვერპლია. ამიტომ, ვისაც სურს სიტყვა და საქმე ერთიანი ჰქონდეს, უნდა შეეძლოს თავისი თავის ზვარაკად გაღება. ეს აუცილებელი პირობაა. უამისოდ სიტყვა და საქმე ყოველთვის გათიშულია. თუ ასეა, გიორგის პიროვნება უკვე მსხვერპლია. ასე იქნება თუ ისე, იგი მაინც დაიღუპება.

თავის თავში მსხვერპლის ტარება ღვთაებრივი თვისებაა. ამიტომ არის, რომ დედა-შვილის საქციელი თანასოფლელებისათვის უჩვეულო და გაუგებარია. მათი მოქმედების მიმართ ყოველთვის გაორებული დამოკიდებულება აქვთ. როცა გიორგიმ ომარაშვილისა და ბეჟანაშვილის მოჯამაგირენი ცუდკაცობისათვის გალახა, ხალხი ამბობდა, „ეს კაცი ან გიჟია, ან ღვთისაგან მოგზავნილი“. როცა გაოგნებულ და-ძმას ოთარაანთ ქვრივმა უთხრა - მარტო რად ვიქნები, მარტონი თქვენა ხართო, ორივემ გაოცებით იკითხა - რა არის ეს, „წინდახედული მხილება თუ წინდაუხედავი კადნიერება?“ მათთვის მიუწვდომელია დედა-შვილის ჩვეულებრივობის სამანს გადაცილებული თვისებები. თუმცა უნდა ითქვას, რომ არჩილი გრძნობს გიორგის არაჩვეულებრივობას. როცა გიორგიმ არჩილს მოჯამაგირეობა სთხოვა, თავადიშვილმა იკითხა - ჯამაგირი? გიორგიმ უპასუხა - რაცა ვღირდე, ის მომეციო. ამ პასუხმა არჩილი დააფიქრა და ათქმევინა -„ჩემი ნამუსი რომ შენს კაი-კაცობას არ გასწვდეს?“ (აკი არც გასწვდა). აქ რომ მარტო მატერიალურ ღირებულებაზე იყოს ლაპარაკი, არჩილს არ გაუჭირდებოდა გიორგისთანა მოჯამაგირეების ხელფასის გადახდა. არჩილს არ ძალუძს გიორგის ადამიანური არსის შეფასება. ამას თავადაც აღიარებს - დღესაც ვერ გამირკვევია - რა მოგვეჩვენა გიორგის სახით? ჩვენ ხედვად და სმენადაც უღონონი ვართ“.

თითქოს სხვათა შორის, მაგრამ ზუსტად მიგვანიშნებს ილია დედა-შვილის თვისებების ზეციურ წარმომავლობაზე. საქმე ის გახლავთ, რომ გიორგი შობის ღამეს დაიბადა, („... შობის ღამეს ხელახლად მოვიდა დიდი თოვლი... დღევანდელ დღეს დაიბადა, დღევანდელ დღეს“). ოთარაანთ ქვრივიც შობა ღამით გარდაიცვალა. ეს შემთხვევით მინიშნება არ არის. იგი მიგვითითებს გიორგის თვისებების ღვთაებრივ თვისებებთან წილნაყარობაზე. კიდევ ერთხელ გვახსენებს გიორგის მსხვერპლობას, რამეთუ ისიც, ვისი დღესასწაულიც შობაა, ტარიგი იყო კაცობრიობის ხსნად მოვლინებული.

ახლა დედა-შვილის თვისებებს დასკვნის სახით თუ ჩამოვაყალიბებდით, შეიძლებოდა გვეთქვა - მათთვის დამახასიათებელია შრომისმოყვარეობა, საკუთარი გარჯით ცხოვრება, უშურველობა (ეგოიზმისაგან თავისუფლება), სხვისისა და საკუთრის მიმართ თანაბარი ყურადღება, სიტყვისა და საქმის ერთიანობა, რწმენისათვის თავისი თავის ზვარაკად მიტანა, მარტოობის შრომით დაძლევა, სიკვდილის შიშის დათრგუნვა.

ამ თვისებებიდან თითქმის არც ერთი არ ახასიათებს არჩილსა და კესოს. თუმცა სიტყვიერად კი მიილტვიან აქეთკენ.

არჩილი და კესო განსაკუთრებით უძლურნი არიან მაშინ, როცა სიტყვისა და საქმის ერთიანობაა საჭირო. ეს არჩილმა თვითონაც კარგად შეამჩნია და ამას იგლოვს კიდეც... -სჩანს, ჩვენთვის წიგნი სხვა ყოფილა და საქმე სხვა“... „თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებსო“, ნათქვამია და რამდენჯერ გვითქვამს მე და შენ, - რა კარგად და მართლად არის ნათქვამიო. წიგნში ეს დანახული გვაქვს, ენაზედაც ხომ გვაკერია და გვაკერია. ცხოვრებამ კი რომ ამისი ცოცხალი ხატი წინ დაგვიყენა, ვერ ვიცანით: თვალით ნახული ვერ დავინახეთ“.

გიორგის სიკვდილმა და-ძმას დაანახვა, რომ მათ ზნესრული ადამიანისათვის აუცილებელი სულიერი სიმტკიცე არა აქვთ. ჩვენ დონდლონი ვართ, დუნენი, დაბლანდულნი, - ასეთია არჩილის თვითმხილება.

დედა-შვილი და-ძმას უპირისპირდება როგორც სრულქმნილი და არასრულქმნილი არსნი, თორემ ოთარაანთ ქვრივსა და გიორგის მეტი საერთო აქვთ არჩილსა და კესოსთან, ვიდრე ომარაანთ მოჯამაგირესა, არჩილის მეჯინიბესა და ბეჟანიშვილის მოჯამაგირესთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნიც წოდებრივად გლეხები არიან.

გვარიშვილობა, წოდება და სხვა ამგვარები გაუცხოების ისეთი მიზეზია, რომელიც ხელისგულზე დევს. მათი შემჩნევა შეუძლია ყველას, ცოტად თუ ბევრად გონების თვალით მზირალს. ძნელი დასანახია უფრო ღრმა ფესვები, რომელნიც ადამიანის სულში იმალება. ის მიზეზი, რომელმაც ილიას ერთ-ერთ პერსონაჟს ათქმევინა -„მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო, ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი. მე ერთი აქეთ პირს დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით“ („სარჩობელაზედ“) . გიორგის სიკვდილმა ეს დამალული მიზეზი დაანახა და-ძმას. მათ მომხდარი ფაქტი გააცნობიერეს. ამიტომ გაუხარდა არჩილს კესოს ტირილი. დის ტირილში გამოჩნდა ის შუქი, რომელიც ადამიანის დაბინდულ გონებას ანათებს. მართალია, მიხვედრა საქმის მოგვარებას არ ნიშნავს, მაგრამ იგი მაინც დიდი იმედია. ამ გინცის გამო უწოდა ილიამ კესოს ტირილს განთიადის დასაწყისი.

ეს წყევლა-კრულვიანი პრობლემა რომ მოგვარდეს, აუცილებელია, ყოველი კაცის შეგნებამ მიაღწიოს დონეს, როცა იგი იწამებს: ყოველი ადამიანის სული აბსოლუტური ღირებულებაა და ტოლფასოვანია უზეანესის წინაშე. ამ შეგნებას მღვდელიგლახის ნაამბობშიასე აყალიბებს:

როცა, ჩემო ძმაო, ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: - განკითხვის დღეს გეტყვითო: მწყურვალე ვიყავ, არ მასვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო; როცა მეტყვიანო: უფალო, სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო? მე ვეტყვიო: - ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არგანკითხული, მე ვიყავიო. ესეა, ძმაო!.. სხვა შენთვის და შენ სხვისათვის, აი, გზა ცხოვრებისა, აი, ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!“

იქნება კი ოდესმე ასეთი კაცობრიობა? თუ მისი არსებობის მარადიული საფუძველი სრულქმნილის და არასრულქმნილის ბრძოლაა, რომელშიც სრულქმნილს მსხვერპლის როლი აქვს დაკისრებული? თუ მაინც უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ შეუმჩნევლად, ტაატით კაცობრიობა წინ მიდის და იდეალს უახლოვდება? ესეც წყევლა-კრულვიანი საკითხია, რომლის პასუხი ჯერჯერობით არავინ უწყის.

12.4 IV გზა ხსნისა

▲ზევით დაბრუნება


ილიას არც ერთი თხზულებას თანამედროვენი ისე უარყოფითად არ შეხვედრიან, როგორცგანდეგილს“. თითქმის ერთსულოვნად პოემა სუსტ ნაწარმოებად მიიჩნიეს.

ესტატე ბოსლეველი წერდა:

ამ პოემიდაგან სჩანს, რომ ჩვენმა ერთმა უკეთესმა პოეტთაგანმა თითქოს მიანება თავი ცხოვრებითის კითხვების გამოხატვას პოეზიაში, თითქოს თვითონ ცხოვრებასაც შესწყრა და მის ავსა და კარგს გვერდი აუქცია!...

ბატონ ჭავჭავაძის პესიმისტურს შეხედულებასსააქაოზესამზღვარი არა აქვს. ამ შეხედულებასთან ღმერთმა შეარცხვინოს თვითონ ბაირონის აზრიც, რომელსაც ბუნება იმდენად მშვენივრად და სრულად მიაჩნდა, რამდენადაც ადამიანი მდაბლად და ბოროტად, ამ გვარს ფაქტს ლიტერატურაში და ცხოვრებაშიც კი აქვს, რასაკვირველია, თავის გამამართლებელი საბუთი, მაგრამ ამას მაინც ვერ დავარქმევთ ჩვენის მწერლობის ფეხის წინ წადგმას. პირიქით, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენმა ნიჭიერმა პოეტებმა რეალურ ცხოვრებას როგორც ერთს რაიმე ჭირიანს, თვალი აარიდეს და განსვენებას ეძიებსგანდეგილისთანაპოემებში“.

დავით კეზელი ჩიოდა:

პოემაგანდეგილიჩემის აზრით, ყველაზე უსუსტესია, რაც კი ილ. ჭავჭავაძის კალმიდან გამოსულა. უსუსტესია-მეთქი, ვიმეორებ, როგორც შინაარსით, ისე გარეგანი ფორმით... ჩვენ დროს არ შეეფერება, რომ პოეტმა, მერე იმისთანამ, როგორიც ილია ჭავჭავაძეა, თავისი ქნარი რომელიმე განდეგილი ბერის უსაგნოდ და უმიზნოდ ცხოვრების დასამღერად მიმართოს... ჩვენი ხალხის იდეალს სრულებით არ ეთანხმება ამ სოფლიდან სამუდამოდ გაცლა და მარტო ლოცვაში სიცოცხლის გატარება“.

კიტა აბაშიძე გვიამბობს, რომ ქუთაისის საზოგადოებაც ძალიან აღაშფოთაოგანდეგილმა“: „ილიას კალამმა უმტყუნა, უაზრო თხზულება დაგვიწერაო, ამბობდა ერთი; აბა რა შვილიაო, გაიძახოდა მეორე, ილია გვიქადაგებს, ბერად შევდგეთ, საწუთრო ესე საზიზღარია და სულის მშვიდობას მხოლოდ რომელსამე უდაბნოს სენაკში მოიპოვებთო. საშინლადაც სწყინდათ, ავტორმაკაცია-ადამიანისადაკაკო ყაჩაღისამასეთი რამ რა დაგვიწერაო“.

უკვე შემუშავებულ უარყოფით აზრს . აბაშიძე დაუპირისპირდა. იგიგანდეგილსმნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად თვლიდა.

განდეგილი“, უკანასკნელი პოემა ილ. ჭავჭავაძისა, დამამთავრებელი და დამაგვირგვინებელია რეალური მიმართულების განვითარებისა. როგორც დედააზრი პოემისა (ყოველი კაცი, რომელიც ცხოვრებას გაურბის და ზურგს აქცევს მას, განდეგილივით დაისჯება და მის დამსჯელად ამ შემთხვევაში თვით ცხოვრება გამოვა), ისე მთელი მორალური ფილოსოფია ავტორისა, რომელიც ამ პოემაში იხატება, და ბოლოს თვით ფორმაც პოემისა, არის სრული დამაკმაყოფილებელი რეალიზმის მოძღვრებისა“.

ამის მერეგანდეგილზებევრი დაიწერა, მაგრამ კიტა აბაშიძის ძირითადი დებულება თითქმის ყველამ გაიზიარა. ვახტანგ კოტეტიშვილი წერდა: „სხვაგვარადგანდეგილისგაგება ჩვენი აზრით შეუძლებელიც არის. აქ სრულიად მარტივად არის დაპირისპირებული საზოგადოებრიობა და ასკეტიზმი, და ასევე მარტივად არის ნაჩვენები უკანასკნელის დამარცხება“.

თუ მართლა ასეა, მაშინ ერთი რამ რჩება გაუგებარი - რატომ აქცია ილიამ ასკეტიზმის გმობა პრობლემად? უბრალო ლოგიკის თანახმად, დასაგმობი შეიძლება გახდეს ის უარყოფითი მოვლენა, რასაც, ამა თუ იმ მიზეზით, საზოგადოებაში აქვს ფეხი მოკიდებული. ასკეტიზმი კი მაშინ არც ფეხმოკიდებული ყოფილა და არც ფესვგადგმული . ამას, სხვა საბუთების მოუშველიებლად, ზემოთ ციტირებული სტრიქონებიც კი კარგად ადასტურებს. როგორც ვნახეთ, მაშინდელი საზოგადოება გაბრაზებულა კიდეც, ილიამ განდეგილობის ქადაგება რად დაიწყოო. მაშასადამე, განდეგილობის გმობა ფუჭი გასროლა ყოფილა და არარსებული პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთი შეცდომა ილიას ყოვლად შეუძლებელია მოსვლოდა. როგორც ჩანს, ეს აშკარა უხერხულობა . კოტეტიშვილს აწუხებდა. მართალია, იგი . აბაშიძის აზრს ეთანხმებოდა, მაგრამ აფართოებდა კიდეც: ილიამოუსვენარი სიცოცხლის აპოლოგეტად დარჩა დასასრულამდე. ყველაფერი, თუნდაც მთელი ჯოჯოხეთი, ოღონდ კი მოძრაობა იყვეს, ილია ჭავჭავაძისათვის მისაღებია, რადგან მისი სტიქიონი აქ იშლება. ეს მთავარი მოტივი გასდევს მთელს მის შემოქმედებას და ყველგან დაპირისპირებულია უძრაობისა და მოძრაობის სიავკარგე. მაგრამ თითქოს ილია ჭავჭავაძე არ დააკმაყოფილა ამ დიდი პრობლემის უბრალო გადაწყვეტამ და სცადა ერთგვარი ფილოსოფიური ნიადაგის მოძებნა. მან აქაც („განდეგილში - . .) კონტრასტების წესით დაუპირისპირავაი-ვაგლახიანიცხოვრება, მოძრავი, დაუდეგარი არსებობამყუდრო ნეტარებას“, დაყუდებულ ცხოვრებას, ცივს და მიუკარებელ ყველაფრის დავიწყებას“.

ასე დაკავშირდა, პრობლემატიკის თვალსაზრისით, „მგზავრის წერილებიდაგანდეგილი“. ერთიც და მეორეც აქტიური მოქმედების აპოლოგიად იქნა მიჩნეული, ოღონდ ესმგზავრის წერილებშილოზუნგის სახით გამოთქვა, „განდეგილშიკი პოემის აზრობრივ შინაარსად იქცა.

მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ასკეტიმი, მონაზნობა სრულიად არ გულისხმობს პასიურ ცხოვრებას. მართალია, ასკეტიზმი ღმერთის უსაზღვრო რწმენაა, გარნა, იაკობ მოციქულის სიტყვების თანახმად, „საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო“, უფრო მეტიც: „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, აგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკობი, 2, 24-26).

რწმენა და საქმე ერთიანი და განუყოფელი ყოფილა. ასკეტობა არ ყოფილამარტო ლოცვაში სიცოცხლის გატარება“, როგორც დავით კეზერელმა განგვიმარტა ეს.

უცნაური ის არის, რომ არცგანდეგილისმოწინააღმდეგეებს და არც მომხრეებს არ უცდიათ განდეგილობის არსის ახსნა და მერე ილიას პოემის აზრობრივი შინაარსის ამოცნობა. ჩემი აზრით კი, უამისოდ ძნელი იქნება (თუ შეუძლებელი არა) „განდეგილისანალიზი. ამიტომ მკითხველის ყურადღებას მივაპყრობ დღევანდელი საზოგადოების მიერ დავიწყებულ ზოგიერთ საკითხს.

ქრისტიანული რელიგიის კანონების მიხედვით, ბერობა, კერძოდ, განდეგილობა, ნებაყოფლობითი აქტია. „დიდი რჯულის კანონიამბობს, რომ მონასტერში შესვლა შეუძლია ყოველ ადამიანს, ვისაც ათი წელი შეუსრულდა, მაგრამ აღთქმის მიცემის უფლება აქვს მხოლოდ მოწიფულ კაცს ან ქალს, ვინც იცის, რას აკეთებს და რატომ. მონაზნობის უფრო მკაცრი ფორმა განდეგილობა კი დამატებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც საჭიროებს. დაყუდების მოსურნემ სამი წელი მკაცრ მორჩილებაში უნდა გაატაროს. ამით იგი ადასტურებს, რომ გულწრფელად და ნებით აირჩია განდეგილობა. ამის მერე ადგილობრივი ეპისკოპოსი უფლებამოსილია კიდევ გამოსცადოს იგი. ბერმა ერთი წელი უნდა გაატაროს მონასტრის გარეთ, რომ საკუთარი გადაწყვეტილებაც შეამოწმოს და კიდევ ერთხელ დაადასტუროს მისწრაფების აუცილებლობა და ურყევობა. გამოცდის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ბერს შეუძლია იცხოვროს მის მიერ არჩეულ განმარტოებულ ადგილას, ე.ი. გახდეს განდეგილი.

ეს წესი საყოველთაო და სავალდებულოა. ცხდია, ილიას განდეგილმაც ეს გზა გაიარა, თუმცა პოემაში ამაზე არაფერია ნათქვამი. ეს თავისთავად იგულისხმება.

კი მაგრამ, რატომ ირჩევს ადამიანი ნებაყოფლობით არსებობის ასეთ ფორმას? რატომ ებრძვის ხორცს და სულს ეტრფიალება? აქ უნდა გავიხსენოთ, რას გულისხმობს ცნებები ხორცი და სული.

პავლე მოციქულის მკაფიო განმარტებით, ხორცის საქმეა სიძვა, მრუშობა, მტრობა, შური, წვალება, შფოთი, კაცისკვლა, მთვრალობა, ლირწება და ამდაგვარნი. მაშასადამე, ხორცი ბოროტებაა.

სულის ნაყოფია სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, რწმენა, მყუდროება, მოთმინება და ამდაგვარნი. მაშასადამე, სული სიკეთეა (გალატელთა მიმართ ეპისტოლე, 5, 19-20-21-22)

ადამიანის მიწიერი არსებობის მიზანია გათავისუფლდეს ბოროტებისაგან (ცოდვებისაგან) და განწმენდილი მიემსგავსოს პირველსახეს, რაკი ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად თვისად. პირველი ხატად თვისად შექმნილი კაცი ადამია და ვიდრე იგი ცოდვით დაეცემოდა, იყო ღმრთის სახლი, ტაძარი ღმრთისა. მასში იყო სიტყვა (.. ღმერთი) და სიტყვა იფარავდა ადამს. ამდენად, ადამი თავისუფალი იყო ცოდვისაგან, ბოროტებისაგან, მაგრამ ადამის არსში შეიპარა ცოდვა და შეაჩერა ადამიანის ლტოლვა ღმერთმიმსგავსებულობისაკენ.

ცოდვისაგან კაცობრიობის სახსნელად ამქვეყნად ღმერთმა გამოგზავნა მისი მხოლოდშობილი ძე: „რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რაითა დასაჯოს სოფელი, არამედ რაითა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“ (იოანე, 3, 171) . ქრისტემ იტვირთა კაცობრიობის ცოდვა, გოლგოთის გზა გაიარა და ჯვარს ეცვა. ჯვარცმის პროცესის შინაარსია ხორცის (=ბოროტების) დასჯა და სულის (=სიკეთის) გათავისუფლება: „ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით“ (ეპისტოლე გალატელთა მიმართ, 5,24).

ამიტომ მოსკოვის სასულიერო აკადემიის დოცენტის, არქიმანდრიტ ტიხონის სიტყვით, ქრისტიანობა უპირველესად არის ადამიანის შინაგანი მუშაობა, შინაგანი ბრძოლა თავისი თავის გარდასაქმნელად, ქრისტეს მისამსგავსებლად.

ქრისტეს მიმსგავსება კი უფლის წიაღში დაბრუნებას ნიშნავს, რამეთუ იესო იყო უხილავი ღმრთის ხატი, მოსული ქვეყნად.

თავისუფალი ნებით ადამიანი იმიტომ ირჩევდა განდეგილობას, რომ ტანჯვის გზის (სიმბოლურად ქრისტეს გზის) განმეორებით დაეგმო ხორცი (=ბოროტება) და სულით (=სიკეთით) ამაღლებული მიმსგავსებოდა უზეანესს. ეს არის განდეგილობის არსი.

ეს გზა გაიარა ილიას განდეგილმაც.

დღე-და-ღამ ლოცვით, გოდებით, გვემით
ხორცი სულისთვის უწამებია,
და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი -
ცრემლით ურეცხავს, უსველებია.

ასეთი ცხოვრებით განდეგილმა მიაღწია კიდეც გარკვეულ შედეგს.

ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურ-ქმნილი
ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,
მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა
ძლევით-მოსილსა და განდიდებულს.

IV საუკუნის საეკლესიო მოღვაწე მაკარი მეგვიპტელი განმარტავს, რომ ქრისტიანული მოძღვრებით, ადამიანის ბუნება არის ბუნება შესაძლებლობებისა და მისწრაფებებისა, მაგრამ არა უკვე დასრულებული იდეალებისა. ადამიანის ბუნებამ რომ იდეალური სახე მიიღოს, აუცილებელია ღმერთის დახმარება. დამოუკიდებლად ამის გაკეთება ადამიანს არ შეუძლია. ამიტომ ადამიანი პირველხატს რომ მიემსგავსოს, ორი ფაქტორია საჭირო - თავისუფალი ნება და ღვთაების დახმარება. ამ დახმარებას ღმერთი სათნოებით ავლენს. ღმერთის სათნოება არ აიძულებს ადამიანს იფიქროს ხსნაზე. სათნეობა მხოლოდ ხსნის სურვილს უღვიძებს ადამიანს. სათნოება თანდათანობით იპყრობს სულს, რომ არ დათრგუნოს ადამიანის თავისუფლება და არ გააოროს მისი თვითშეგნება. ილიას განდეგილიც თავისუფალი ნებით და ღვთაების დახმარებით მიისწრაფოდა უმაღლესი იდეალისაკენ.

ღვთაების დახმარება პოემაში მზის სხივის ალეგორიით იხატება.

წამება მისი ღმერთს შეუწირავს,
ვედრება მისი ღმერთს უსმენია,
და სასწაული ნიშნად მადლისა
მღაღადებელზედ მოუვლენია.
ქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი,
და ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა,
ჰმუნით თურმე გადმოდენილა
შუქი მზისა და მთვარის ნათელი.
ოდეს უდაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ
მზე სხივგაფენით ამოვიდოდა,
იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში
სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა
როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე
თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,
და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი
უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა.

თითქოსდა განდეგილმა მიზანს მიაღწია. უზენაესს და ადამიანს შორის კავშირი დამყარებულია. მაგრამ ტრაგედია მაინც მოხდა. რატომ? ადამიანის ღმერთისაკენ ლტოლვა ორი სახით ხორციელდება, როგორც გრძნობის სურვილი და როგორც გონების ნება. პირველ ეტაპზეო, ამბობს მაკარი მეგვიპტელი, ადამიანის მისწრაფება ჯერ კიდევ გაორებულია: ერთი მხრივ იზიდავს ზეციერი სულის იდეალური ხატი და მეორე მხრივ თავისკენ ეწევა მიწიერი ცხოვრების სახე. ამ დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს გონებას. გონებით უნდა შეერწყას ღვთაების არსს ადამიანი. მაშინ მყარდება უწყვეტი კავშირი უზეანესსა და ადამიანს შორის.

განდეგილისა და მწყემსი ქალის შეხვედრა მოხდა ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის პირველ საფეხურზე, როცა კავშირი მათ შორის ხორციელდებოდა გრძნობის სურვილით და არა გონების ნებით. როცა განდეგილი ჯერ კიდევ გაორებული იყო. ამიტომ მწყემსი ქალი სხვა არა არის რა, თუ არა განდეგილის მიერ უარყოფილი მიწიერი სინამდვილე, რომელიც ჯერ კიდევ ეძახდა ბერს, ამდენად არ უნდა იყოს მართალი სიმონ ჩიქოვანის აზრი, რომ მწყემსი ქალითერგის მონათესავეა, თერგის განტოტებაა თუ თვითონ თერგია“. იმ აქტიურობის განსასახიერებლად, რომლის სიმბოლოდ ილია თერგს მიიჩნევს, მწყემსი ქალი არ გამოდგება. ასეთ საპროგრამო აქტივობასგანდეგილშიმწყემსი ქალი არ იჩენს. მართალია, მან გაახსენა მეუდაბნოეს მიწიერი ცხოვრების მშვენიერებანი, მაგრამ არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მწირისათვის უცნობი იყო. არც ცნობილი მშვენიერების დასაცავად გამოუმჟღავნებია ქალს განსაკუთრებული ენერგია.

ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!
მერე იცი კი რა-რიგ ტკბილია!
აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე,
აქ ჭირია და იქ კი ლხინია.
ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი
ყველა გულიდამ ამოგიღია?
ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრი
თან არავისი წამოგიღია,
არ გაგონდება არც მამა, დედა
ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?
ნუთუ მის-დღეში არა გყოლია
მოკეთე, გულის შემატკივარი?!
როგორ მოშორდი?...

თუ საქმეს ზერელედ შევხედავთ, - როგორ მოშორდი?- კითხვის პასუხი განდეგილს იოლად უნდა ეპოვა - ჯერ ერთი იმიტომ, რომ მწყემსი ქალის მიერ დახატული ტკბილი წუთისოფელი განდეგილისათვის ნაცნობი და განცდილია, მერე კი - ნებაყოფლობით უარყოფილი. მეორეც, განდეგილმა უარყო არა სიცოცხლე, არა თვისტომი და მოყვასი, არამედ - ქვეყანა.

სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს
განსაცდელსა მას ეშმაკისასა;
სად ცოდვა კაცსა სდევნის დღე-და-ღამ,
ვითა მპარავი და მტაცებელი;
სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,
მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი;
სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარბობს სისხლსა ძმისასა,
სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.

განდეგილს უარუყვია ცოდვა და არა - მადლი. თორემ სიკეთისა და მადლის სამსახური ქრისტიანობის უპირველესი მცნებაა. ამას დასტურად არ სჭირდება საბუთების მოშველიება. ეს პოემაში მკაფიოდ ჩანს. როცა ქარიშხალი ამძვინვარდა, ცამ პირი მოიხსნა და ქვეყანას წარღვნით დაემუქრა, განდეგილი:

ცრემლით ალტობდა ღვთის-მშობლის ხატსა
და ხელაპყრობით ევედრებოდა
წაწყმენდისაგან ქვეყნისა ხსნასა.

როცა გზადაკარგული ადამიანის შვილის ხმა მისწვდა განდეგილის სმენას, მეუდაბნოე გაეპასუხა:

მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის,
ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს...

და მერე:

- გამომყევ, ვინც ხარ ! ბინას მოგცემ შენ,
გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა...
სახლი ღვთისაა... შენც შეგივრდომებს,
შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა.

მიუხედავად ამისა, - როგორ მოშორდი? - კითხვის პასუხის მიგება განდეგილს მეტისმეტად უჭირს. ეს კითხვა ძველი ალტერნატივაა და იგი ყოველთვის აწუხებდა განდეგილს: მაშინაც, როცა ბერად შედგა, როცა განდეგილად ცხოვრობდა და მაშინაც, როცა მწყემს ქალს შეხვდა. ასე რომ, მწყემსი ქალი არ ყოფილა იგი, ვინც განდეგილის რწმენა შეარყია. დაუძლეველი ეჭვი მის სულში ყოველთვის არსებობდა. ოღონდ ეჭვის გამოვლენისათვის აუცილებელი იყო რაღაც ბიძგი. ამ ბიძგის როლი შეასრულა მწყემსმა ქალმა.

რა აპირობებდა და ასულდგმულებდა განდეგილის სულში ეჭვის არსებობას?

ერთხელ განდეგილი ბუნების მშვენიერებას დააკვირდა:

მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად
მთისა გადაღმა არ დასულიყო
და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,
ირგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.
ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,
წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა,
და განმსჭვალული მისით ღრუბელი
შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.
ამა უბიწო დიადის ხილვით
წარტყვევნილ იქნა განყენებული
და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას
შესცქერდა მზესა განცვიფრებული.

განდეგილისაგან დამოუკიდებლად ბუნების ასეთივე სურათი იხილა მწყემსმა ქალმაც.

ლამაზი იყო ამ დღის საღამო,
რა-რიგ ჰშვენოდა მზე დამავალი.
შეხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,
გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი.
ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული
თმის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა
და საკვირველი ის სანახავი
თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.

აქ საყურადღებოა ის, რომ სულის მსახური განდეგილიც და ხორცის მხევალი მწყემსი ქალიც აღტაცებულან და გაოგნებულან ბუნების დიადი სურათის ხილვით. ორივესათვის ამ სურათში ღვთაების სახ ვლინდება.

განდეგილივით ცხოველს ხატს დიდებისას, შესცქერდა მზესა განცვიფრებული“.

ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდაო“, ამბობს მწყემსი ქალი.

მაშასადამე, მზის სახით ღვთაება თანაბრად ეცხადება როგორც სულს (ამ შემთხვევაში განდეგილს), ისე ხორცს (ამ შემთხვევაში მწყემს ქალს).

ეს თანაბარი დამოკიდებულება პრობლემაა, რომელიც უნდა ამოხსნას განდეგილმა. მეორე საკითხიც აქვს გადასაწყვეტი განდეგილს - სულისა და ხორცის თანაბარი მშვენიერება.

მწყემსი ქალი უმშვენიერესი არსებაა.
გასაოცარი რაღაც შვენება
განდეგილს თვალწინ წარმოედგინა
ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,
სავსე შვენების ჯადოთი, გრძნობით,
ნაზად, ამაყად ცეცხლის პირს იჯდა,
ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.
ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებს,
თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,
მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,
ვითა ძლეული, უკუ-ჰკრთებოდა.
თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს
ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,
უკეთესს სახეს ვერ ინატრებდა
თავის სიცხოვლის გამომსახველად.
მაშინაც ვინ სთქვას, - ვინ ვის აშვენებს,
მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..
თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა
ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.
მის თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,
გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..
დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას
თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს.

მწყემსი ქალის გარეგნული სილამაზის აღწერა საგანგებოდ ამოვწერე თავიდან ბოლომდე. როგორც ხედავთ, ილია არსად არც ერთ სიტყვას არ ამბობს მწყემსი ქალის სულიერ მშვენიერებაზე, მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. ეს ნიშნეულია. სამაგიეროდ, განდეგილის გარეგნობას გულგრილად ეპყრობა მწერალი. მეუდაბნოეს სულიერ სილამაზეს კი, პირიქით, დაწვრილებით და გულმოდგინედ აღწერს.

არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს
სულის სიმაღლე ზედ დასჩენოდა,
ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი
სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.
სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი
სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,
და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,
შარავანდედი გადაჰფენოდა.
მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება
ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,
თითქო მათ-შიგან ჩასახებულა
თვით სათნოება, კდემით მოსილი;
თითქო ნელისა სიხარულითა
სამოთხის ღია კარს შეჰხარიან
და სულთან ერთად უფლისა მიმართ
სასოებითა მიისწრაფიან.

ორი მშვენიერებაა. ერთი ხორცისა და მეორე სულისა. სრულიად ბუნებრივია, რომ ორივე მშვენიერება თანაბრად ძლიერია. ამის გამოა ძნელი ხორციელი ცდუნებისაგან თავის დაღწევა, ცდუნების სიტკბოზე უარის თქმა, აქ ილია ტრადიციულ გზას მიჰყვება. ცდუნების პირველ ამბავშიაც ევა მშვენიერია. ასეა სიტყვაკაზმული მწერლობის სხვა ნიმუშებშიც, სადაც ცოდვით დაცემის სიუჟეტია გამოყენებული. ჩემი ცოდნით, ერთადერთი შემთხვევა, სადაც მშვენიერება კი არ აცდუნებს ასკეტს, არამედ სიბრალული, . ტოლსტოისმამა სერგია“.

განდეგილი წინააღმდეგობების რკალში მოექცა. იცის, რომ ხსნა ღმერთის დაუხმარებლად არ განხორციელდება.

- მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას,
ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი...
ღვთით არ-განწირულს ყველგან წინ უძღვის
მისი მარჯვენა შემწყნარებელი.

მაგრამ რატომ ვლინდება ღმერთი ერთნაირად ხორცშიაც და სულშიაც? აქ გაორდა განდეგილის რწმენა და იფიქრა:

ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე ... უბედურსა“...

ეს იყო საბედისწერო შეცდომა. რამ გამოიწვია იგი?

ხორცსა და სულში ღმერთის თანაბარ გამოვლენას, ხორცისა და სულის თანაბარ მშვენიერებას განდეგილი გრძნობის თვალით უყურებდა და არა გონების, ამიტომ მათ შორის განსხვავების აღმოჩენა გაუჭირდა, ანუ იაკობ ბოემეს სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუჭირდა დაპირისპირება. დაპირისპირებით ხდება ყველაფერი ნათელი: რომ გამოვლინდეს, სინათლეს სჭირდება სიბნელე, სიკეთეს - ბოროტება და . . ამის მისახვედრად გონების ნება იყო აუცილებელი. ე.ი. განდეგილი ღმერთთან ურთიერთობის მეორე საფეხურზე იდგა, როცა კავშირი ხორციელდება გრძნობის სურვილით და ადამიანი ჯერ კიდევ გაორებულია.

გაორების დასაძლევად კიდევ ერთი გამოცდის გადატანა იყო აუცილებელი: ხორცის მშვენიერების კვლავ ხილვა და მისი დაძლევა.

ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა
განსაცდელი რამ მას მოუვლინა?

. . .

მაგრამ იქნება ბედმა ეგე ჰქმნა
მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..
და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა,
სასოებით და გულდამშვენებით.

მიღებით მიიღო განდეგილმა განსაცდელი, მაგრამ ვეღარ გაუძლო. იგი დაეცა.

მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..
დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,
გაშრა, გაშეშდა ზარდაცეული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქვე სხივ-ქვეშ უტევა სული.

ამრიგადგანდეგილშიილიას გამოყენებული აქვს ცოდვით დაცემის კლასიკური სიუჟეტი. მაგრამ ამჯერად დაცემა გამოწვეულია რწმენის ღალატით. ამდენადგანდეგილირწმენის ტრაგედიაა. რწმენის ღალტი კი შედეგია ადამიანის გაორებისა და ნებისყოფის სისუსტისა.

ახლა კი პასუხი უნდა მოვუძებნოთ კითხვას - რატომ დაწერა ილიამგანდეგილი“, ანუ რწმენის ტრაგედია?

განდეგილისალეგორიული ხასიათი პირველად მარჯორი უორდროპმა შეამჩნია და აღნიშნა, პოემა საქართველოს ცხოვრების სიმბოლური ასახვააო. ეს მართლაც ასეა.

ოცდახუთი წლის ილია ჭავჭავაძემ მკაფიოდ ჩამოაყალიბა მისი მოღვაწეობის პროგრამა: „ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა; მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია“ („საქართველოს მოამბეზედ“), ამ პროგრამის განსახორციელებლად ილიას პირუთვნელად უნდა აეხსნა, რანი ვიყავით და რანი ვართ. მერე ეჩვენებინა, საით უნდა წავიდეთ და რანი გავხდეთ. მაგრამ სახლი რომ ააშენო, ჯერ სამშენებლო მოედანი უნდა გაწმინდო, გაასუფთაო, შემდეგ კი მშენებლობა დაიწყო. ილიაც ასე მოიქცა, მან მოურიდებლად და ობიექტურად ამხილა მე-19 საუკუნის ქართული სინამდვილე. „აჩრდილისმიხედვით, იგი ასეთია:

აქ არვის - დიდსა, თუ პატარასა, -
ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,
დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა
ღვთად მოუცია მარტო მამული.

ტყუილი, სიცრუე და უნდობლობა დასადგურებულა.

აგერ, უფალი და მისი მონა!
თრთოლვით, სასწორზე ხარჯს უწონს ძნელსა
და, რა დასწორდა სასწორზედ წონა,
უფალი პინას ზედ ადგამს ფეხსა
და მით მის ხარჯსა ერთსა - ორად ჰხდის...

შური და მტრობა სუფევს მათ შორისაც კი, ვისაც ერთი საერთო საქმის გაძღოლა უკისრიათ.

აგერ ორ-სამ კაცს რაღაც უგრძვნიათ,
ქვეყნისა სახსრად ერთად მოდიან,
ერთის საქმისთვის გაუღვიძიათ
და ერთმანეთს კი არ ენდობიან.
ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ,
თუმც ერთისათვის თითქო იღვწიან:
თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ,
თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან.

უსამართლობასა და თვალთმაქცობას უზეიმია.

შენში კაცისას გრძნობას არ ხედვენ,
დედას ძუძუდგან შვილსა აჰგლეჯენ,
ვინ იცის, სიდამ სად გაჰყიდიან...
უწმინდურისა ხელითა სთხრიან
დედისა გულში უკეთესს გრძნობას...

. . .

ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ,
ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედებენ,
ჰხედავ ფაცა-ფუცს და ყველგან ჟღივილს,
უბედურ ცრემლთან ბედნიერ ღიმილს, -
მაგრამ მათ ცრემლსა, ღიმილს თუ გრძნობას,
ჭმუნვას, სიხარულს თუ მოქმედობას
ფრჩხილის ოდენაც არა აქვს აზრი
და ყველა იგი თვალთმაქცი არი.
ფუჭია იგი მისი ცხოვრება,
უფერულია და ცალიერი...

ყველაფერი წამხდარა, დაცემულა და შეგინებულა, მცხეთაში

აწ აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი,
ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარა
და იგი დედა-ქალაქის ვრცელი
აწ სამიკიტნო დაბად გამხდარა.
ნგრეულან მისნი დიდნი პალატნი,
დიდი ცხოვრება მის დაცემულა,
დღეს იმ ცხოვრების წმინდა ალაგნი
პირუტყვთ ქელვითა შეგინებულა.

არც თბილისშია უკეთესი მდგომარეობა.

აგერ ტფილისიც... ყრმასაც და ბერსაც,
ქალსა - მახინჯსაც და მშვენიერსაც.
დიდსა, პატარას, თავადსა, გლეხსა,
მე უხილავი ყურსა ვუგდებდი,
მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა,
მათ აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი.

. . .

რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ -
დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა.
გრძნობას - ოქროსა ფასად ჰყიდიან.
მთავრის ღიმილზე - პატიოსნებას,
და დაჟანგებულ ბორკილზე სცვლიან
თავის მამულის თავისუფლებას.

ტოტალურად გაბატონებულა მტრობა, შური, თვალთმაქცობა, გულგრილობა, უდარდელობა, უზრუნველობა, ორპირობა, სიცრუე, მუხთლობა, ღალატი... ე.ი. ყველა ის ცოდვა, რასაც ხორცის საქმედ მიიჩნევს პავლე მოციქული. ხორცის გაბატონების შედეგად უმაღლესი ჭეშმარიტებაც დაკარგულია.

სად არის იგი, მღაღადებელი
ქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება?
სად არის იგი, ბიწის მდევნელი
ჯვარცმული ღმერთის მაღალი მცნება?

(„აჩრდილი“)

ზუსტად ამ სინამდვილის უარყოფის მიზნით მიაშურა განდეგილმა ბეთლემს. დატოვა ქვეყანა დაცემული, იავარქმნილი და უბედური.

მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა,
შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,
მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,
შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.
შენცა გფენია ქვეყნის მადლი - თავისუფლება,
ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი...
და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.

იქნება ეს განდგომა თავისი თავის გადარჩენას გულისხმობს და არა ქვეყნის ხსნას? ასე არ არის. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ განდეგილი მყინვარის ბეთლემში ცხოვრობს. ამას ყურადღება მიაქცია სიმონ ჩიქოვანმა და იკითხა -„რისთვის დააბინავა განდეგილი ავტორმა მყინვარწვერის წიაღში?“ სამწუხაროდ , ჩიქოვანმა ამ კითხვას ბოლომდე არ უპასუხა. საქმე ის გახლავთ, რომ ბეთლემი არისსახლი ცხოვრებისა, გინა სიწმინდისა“ (საბა). მყინვარწვერი იმ უზენაესის საცხოვრისია, რომლის თვალი დარაჯობს საქართველოს.

და მომევლინა მე კაცი დიდი,
მყინვარზედ მდგომი მოხუცებული;
ვითა ქვეყანა - ის იყო მშვიდი,
უძრავი, უხმო, დაფიქრებული

(„აჩრდილი“)

ეს დიდი კაცი მიმართავს საქართველოს - მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა... მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული“. განდეგდილმა მიაშურა საქართველოს უკვდავ სულს და მის წიაღში ეძებს როგორც საკუთარ, ისე ქვეყნის ხსნას. ილიას აზრით კი, საქართველოს ეს უკვდავი სული ქრისტიანული მოძღვრებაა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა („დედავ ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია“...) და მეორეც, საქართველო თავად ეწამა მაცხოვრისათვის („ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო“...)

გარდა ამისა, კაცობრიობის საუკეთესო იდეალების განხორციელებას ილია აკავშირებდა ქრისტიანულ ზნეობასთან, საყოველთაოდ ცნობილია, როგორი აღტაცებით შეხვდა ილია პარიზის კომუნას და როგორ განიცადა მისი დამარცხება.

კვლავ ქვეყნისთვის დაიღვარა
წმინდა სისხლი წამებულის,
კვლავ დამარცხდა დიდი საქმე,
ყოვლად მხსნელის სიყვარული
კვლავ ძირს დასცეს იგი მცნება,
ქვეყნის ხსნად მოვლინებული,
რომლისთვისაც თითონ ღმერთი
იყო ტანჯულ და ჯვარცმული.

(„1871 წელი 23 მაისი“)

აქ პარიზის კომუნის იდეალები და ქრისტეს მცნება გაიგივებულია. ეს არა მგონია, სადავო იყოს.

შრომისა და მუშაკაცის განთავისუფლებაც ნაქადაგევი და ნავარაუდევია ქრისტიანულ მოძღვრებაში.

შრომისა შვილო, მძიმე უღელი
ქვეყნის ცოდვისა შენ გაწევს კისრად,
თუმცა ტვირთმძიმეთ შემწყნარებელი
შენის დახსნისთვის ჯვარს ეცვა ქვეყნად;
თუმცა ქვეყანას იმის მოძღვრება
დღეს მარტო სიტყვით უქმით ჰრწმენია,
მაგრამ ცხადად ჰხმობს მის წმინდა მცნება
რომ მყოობადი მარტო შენია.

(„აჩრდილი“)

ილია მთელ ერს მოუწოდებდა:

ვემსხვერპლოთ ქრისტესა მცნებას,
ვაშოროთ ქართვლი მონებას,
ქართვლის უბრალო მადლობა
გვერჩივნოს ყოველ დიდებას.

(„ჩემი თარიარალი“)

ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში“ („რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“).

დამოწმებული ნიმუშების გამრავლება შეიძლებოდა, მაგრამ ამ მცირედითაც სრულიად ნათელია, რომ ილიას შემოქმედებაში ქრისტიანული ზნეობა მიჩნეულია პიროვნებისა და ერის მხსნელ მოძღვრებად.

ზოგიერთ უმეცარს ჰგონია, რომ რელიგიურობა მხოლოდ ბრმადმორწმუნეობას გულისხმობს. უპირველეს ყოვლისა, რელიგიურობა მაღალ ზნეობრიობას ნიშნავს, ურომლისოდაც მწერლობა არ არსებობს. ნიშნავს იმ ეთიკური მრწამსის გაცნობიერებულ აღიარებას, რომელიც მოსეიზმმა და ქრისტიანობამ ათი მცნებით გამოხატა - არა კაც კლა, არა იპარო, არა ცილისწამო, არა იმრუშო, არა ქმნა თავისა შენისა კერპი, პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენსა და . . ამ ზნეობრივ პრინციპებს კაცობრიობამ ჯერჯერობით ვერაფერი მიუმატა, ვერც რომელიმე საზოგადოება, მათ შორის სოციალისტურიც, უარყოფს მას. ამ მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით არსებობს ქრისტიანობა ილიას შემოქმედებაში.

ქვეყნის ხსნა ვერ განხორციელდება, თვინიერ პიროვნების ხსნისა. აქაც ორი საფეხური ყოფილა: ჯერ პიროვნება, მერე ერი.

როცა პიროვნების სრულყოფის პროცესი დამთავრდება, მერე იწყება ერის ხსნა. ყოველმა კაცმა ხორცი უნდა მისცეს სულისათვის, მაშინ გახდება შესაძლებელი ერის გათავისუფლება. განდეგილსაც ეს გზა უნდა გაევლო. ჯერ საკუთარი სულის ხსნისათვის უნდა ებრძოლა და შემდეგ მიეცემოდა საშუალება მამულზეც ეზრუნა. მაგრამ პიროვნების სულის ხსნა არ არის იოლი საქმე. ამისათვის ჯვარცმულის რწმენა, ნებისყოფა და ენერგია უნდა ჰქონდეს კაცს. მისი სულის სიმტკიცისა და ძალის პატრონი უნდა იყოს. სხვანაირად არაფერი გამოვა. რაკი განდეგილს ეს თვისებანი არ აღმოაჩნდა, დაიღუპა კიდეც. ეს სიკვდილი სულის სიმტკიცის, ძალის, ენერგიის, ნებისყოფის აღზრდისაკენ მოუწოდებს მკითხველს.

13 „სად არს ის ღმერთი, იგი გრძნობა, ის სიყვარული?“

▲ზევით დაბრუნება


ბანკის იმ ყრილობებზე იხარჯებოდა ბევრი დრო, ბევრი ფული, ფუჭდებოდა ბევრი გასაკეთებელი საქმე და იყო ერთი აურზაური ისეთს თითქო ჩვეულებრივ, უბრალო რამეზე, როგორც ბანკის კრებებია, მაგრამ რამდენი უარყოფითი მხარეც არ უნდა ჰქონოდა ამ ყრილობებს, ეს მაინც უნდა ითქვას, რომ იყო შიგ დადებითი მხარეც.

იმ დროს, როდესაც ჩვენი ენა ისე იყო დევნილი სასწავლებლებიდან თუ სხვა დაწესებულებებიდან, როდესაც ჩვენი ინტელიგენცია რუსულ ენაში ვარჯიშობდა, ყველგან და საჯაროდ სიტყვის წარმოთქმა ქართულად სულ არ ეხერხებოდა, ბანკის ყრილობები დიდი ასპარეზი გამოდგა სამშობლო ენაზე ლაპარაკისათვის. გარდა ამისა, რომ ზოგიერთს მათგანს საერთოდ ლაპარაკიც შეასწავლა.

ჯერ დაიწყო ასე: გამოვიდოდა რომელიმე ორატორი სალაპარაკოდ და დაიწყებდა რუსულად.

- ქართულად, ქართულად! - იგრიალებდა კრება.

- რა ვქნა, ბატონო, რომ არ მეხერხება ქართულად, - დარცხვენილის კილოთი ბოდიშობდა ორატორი.

- არ შეიძლება რუსულად, არ შეიძლება, რამდენს არ გვესმის რუსული, როგორც გეხერხებათ, ისე ილაპარაკეთ ქართულად; - მიაძახებდნენ კრებიდან. ისიც უნებურად ალაპარაკდებოდა ქართულად და რამდენჯერმე წარმოთქმული სიტყვის შემდეგ ისე გამოსწორდებოდა, რომ სასიამოვნო ხდებოდა მისი ყურის დაგდება. იყვნენ ერთ-ორი მათში, რომელთაც სულ ვერ მოახერხეს და ლაპარაკობდნენ რუსულად. ყველას სამაგიეროდ კი ატკბობდა სმენას და მოჰყავდა აღტაცებაში ილიას და ვანოს, ერთის მდორედ მღელვარე და მეორის მჩქეფარე, იშვიათი მჭევრმეტყველებით სავსე ლაპარაკი და ესეც ხომ ღირდა რამედ.

მარტო იმის განცდა, რომ ერთი მოდგმის ხალხი თავს ვიყრიდით ერთად, ჩვენს ენაზე ვლაპარაკობდით, ჩვენს საკუთარ საქმეებზე, სადაც სხვა ვინმე ვერაფერში წამოგვედავებოდა, თავის ნებაზე ვერ გაგვატარებდა. აი, ეს იყო იმ დროს სახარბიელო და სასურველი“.

ნინო ყიფიანი

წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა. უდიდესი ნიაზით კითხულობდნენ. ერთნი გაოგნებულნი იყვნენ, ილიას როგორ აკადრესო; მეორენი - კმაყოფილი, როგორც იქნა სიმართლე პირში მიახალესო. განსაკუთრებით წიგნის ერთ ადგილს ჩასჩიჩინებდნენ, ერთმანეთს უჩვენებდნენ. ერთხელ წაკითხულს ხელმეორედ უბრუნდებოდნენ, ისინიც, ვისაც გული ეწვოდა და ისინიც, ვინც სიამოვნებით იფშვნეტდნენ ხელებს.

რა გააკეთა . ჭავჭავაძემ რომელსამე საზოგადო ასპარეზზედ?

რა გააკეთა დრამატიულ საზოგადოებაში?

სხვათაგან ჩინებულად დაწყებული საქმის უფროსობა ჩაიბარა, ამ უფროსობაში მოვლა-გაზრდის მაგივრად სიკვდილამდე მიიყვანა და მიმკვდარებული, სულთ-მობრძავი სხვათა მიუგდო საპატრონებლად, - ეხლა თქვენ მოუარეთო.

რა გააკეთაწერა-კითხვის საზოგადოებაში“?

არაფერი იმის მეტი, რომ ყოველსავე სასარგებლო აზრს და დაწყებულებას მუხლს უხუთავდა თავის მოუნდომლობით და გულცივობით.

რა გააკეთა სათავად-აზნაურო სკოლის დამფუძნებელ საზოგადოებაში?

არაფერი, არაფერი, სრულიად არაფერი.

რად გარდაჰქმნა ქართული ყოველდღიური გაზეთი?

უმნიშვნელო, უსიცოცხლო, უსულო ქაღალდის თაბახად, რომელიც მხოლოდ . ჭავჭავაძის პირად, დიაღ, ვიმეორებთ, პირადს ინტერესსა და წადილს ყურ-მოჭრილ მონასავით ემორჩილება.

დასასრულ, რა მიმართულება, რა გზა აჩვენა, რა გააკეთა ყოველ დასახელებულ საქმის მასაზრდოებელ ბანკში, რომლის მოთავედაც ის ითვლება დასაწყისიდამ დღემდე?

მთელის ჩვიდმეტის წლის განმავლობაში ვერ გაიცნო, ვერ შეითვისა ანბანიც კი ბანკის საქმისა, რომელზედაც ასე თამამად ჰქადაგებდა ბანკის კათედრიდამაც დათავისგაზეთის ფურცლებზედაც“.

წიგნი ექვთიმე ხელაძის სტამბაში იყო დაბეჭდილი და სახელად ერქვა -„თავადი ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“. იგი ანონიმურად იყო გამოცემული. ავტორის გვარი და სახელი არ ეწერა. თუმცა ანონიმურობას აზრი არ ჰქონდა. ყველამ იცოდა, ვინც იყო ავტორი - ივანე მაჩაბელი.

ცუდ დროს, 1892 წელს, გამოვიდა წიგნი. არეული სიტუაციაა. ილია და ივანე შეუპოვრად ებრძვიან ერთმანეთს. საზოგადოება ორად არის გაყოფილი - ჭავჭავაძისტებად და მაჩაბლისტებად.

უარესიც: კუთხურობამაც იჩინა თავი. კახელები ილიას ემხრობიან, ქართლელები - ივანეს. ყველაზე მეტად ეს ზარავს ილიას. ძლივსძლივობით გააღვიძეს ერთიანი ეროვნული შეგნება. ახლა კი ორი კაცის უგუნურმა შუღლმა შეიძლება სულიერად ისევ დაშალოს საქართველოს ერთიანი სხეული. ამის გამო მოიმდურა მერე ნიკოლოზ ორბელიანიც.

ერთხელ ბანკის კრებაზე გაბრაზებულმა ორბელიანმა ვლადიმერ მიქელაძეს წამოსძახა თურმე: შენ მოსული ხარ, უცხო, ჩვენთან კავშირი არა გაქვსო. ამ გამოხდომამ ილია გააცეცხლა: ვახტანგ ორბელიანის შვილმა ეს როგორ იკადრაო. „მე ვებრძვი აზრს და ამ აზრის გამოსარკვევად მარტო საჭიროა ვიცოდეთ ის კი არა, ვინა სთქვა, არამედ ის, ვის უთხრეს. ეს უთხრეს იმიერ ქართველს. როგორ? იმერი ქართველი აქ, ჩვენს კრებაში, ამ ჩვენს საქართველოში - მოსულია, უცხოა და არა სახლიკაცი, არა სისხლ-ხორცი იმ დიდი ოჯახისა, რომელსაც საქართველო ჰქვიან! არა, - ბატონებო!.. ყოველს ქართველს საქართველოს ნაწილისას, - გურული იქნება, მეგრელი, იმერელი, კახელი თუ ქართლელი, - ჩვენის ერთიანის ოჯახის კარი ღია აქვს, რომ ჩვენს საერთო ჭირსა და ლხინში ძმური მონაწილეობა მიიღოს. ეს არამცთუ უფლებაა თვითეულის ჩვენგანისა, უუწმინდესი მოვალეობაა“. ისიც დასძინა ილიამ - ექვსი საუკუნის მანძილზე ამ ერთიანობისათვის იბრძოდა ყველა უკეთესი ქართველი და ვახტანგ ორბელიანმაც ერთიანობა, ერთიანი ეროვნული შეგნების მოვლა-პატრონობა დაგვიტოვაო ანდერძად.

ნიკოლოზ ორბელიანი ისედაც მაჩაბლის ბანაკში იყო. ისედაც ოპოზიციაში ედგა ილიას და ახლა მთლად დაკარგა წონასწორობა. იგი არ მოელოდა, რომ კერძო პირის მიმართ ნათქვამს ზოგადეროვნული კუთხით შეხედავდნენ. თავი იმართლა, ეს კონკრეტულად მიქელაძეს ვუთხარი, თორემ იმიერსაქართველო აქ არაფერ შუაშიაო. გაბრაზებულმა ილიას მიახალა - მამაჩემს ჩემთვის არ უსწავლებია პირველობის შესაძენად და დასამყარებლად სამშობლო საშუალებად გამოიყენეო. . ორბელიანი კი არა, . ჭავჭავაძე თავის პირადის ანგარიშით ივიწყებს სამშობლოს, შეაქვს შფოთი ოჯახში, საზოგადოებაში, თვით სამშობლოში“.

გაწყვეტამდეა დაჭიმული ნერვები. ყველა წვრილმანი ზვიადდება. ერთმანეთს არაფერს აპატიებენ. გონებას ბინდი გადაეკრა და მხოლოდ გული და ემოცია წარმართავს ადამიანთა საქციელს. დაუფიქრებლად, განუსჯელად შეიძლება მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა.

ილიამ ბანკის კრებას მოუწოდა, საზოგადოებრივ თავყრილობას ნუ გადავაქცევთო ინტრიგისა და პირადი ანგარიშსწორების ასპარეზად. რატომღაც ალ. კობიაშვილს მოეჩვენა, რომ ეს მისი მისამართით ითქვა. წამოხტა და დაიყვირა -„თვით . ჭავჭავაძეა დამნაშავე ამაში, თვით ეგ არის ბუდე ინტრიგებისა და პირადის ანგარიშებისა“.

კრების დასასრულს გიორგი ანდრონიკაშვილმა სხდომის თავმჯდომარეს მიმართა: „წეღან პატივცემულს . . ჭავჭავაძეს დიდი შეურაცხება მიაყენა . კობიაშვილმა... იმ პირს მიაყენა შეურაცხება, რომელიც 18 წელიწადია ბანკს განაგებს და ყოველ ჩვენ საზოგადო საქმეს სათავეში უდგას, მე ვთხოვ . კობიაშვილს გულწრფელად წარმოსთქვას, ჰქონდა რამ საბუთი ამისთანა სიტყვებისათვის, თუ ისე უნებურად წამოსცდა?“

კობიაშვილი უკვე დამშვიდებული იყო. წეღან გაცხარებამ ათქმევინა უკადრისი და ახლა მორცხვად უპასუხა ანდრონიკაშვილს - უნდა მოვახსენო კრებას, რომ არა მქონდა საკმაო საფუძველი მაგ სიტყვების თქმისათვის და ამიტომ კრების წინაშე ბოდიშს ვხდილობ . . ჭავჭავაძესთან“.

ასე ხდება წამდაუწუმ. ილია თავს იკავებს. არ აქცევს ყურადღებას სხვების თავაშვებულობას. მაგრამ საკმარისია მაჩაბელზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ სადღაც ქრება მისი სიდინჯე და სიდარბაისლე. მისი სიტყვები დაცინვით და სარკაზმით ივსება.

ილია ნიჭიერებას მორიდებულად და ფაქიზად ექცევა. ერთხელ ვაჟა-ფშაველამორლეანელი ქალწულითარგმნა. ილიას თარგმანი არ მოეწონა, მაგრამ აზრი კატეგორიულად არ გამოთქვა. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა: „თარგმანიორლეანელი ქალისამე არ მომეწონა. უმორჩილესად ვთხოვ გამგეობას, მარტო ჩემს აზრს არ დასჯერდეს და სხვასაც ვისმე გაასინჯოს თარგმანი. ვაჟა-ფშაველა ჩემს თვალში იმდენად პატივსაცემი მწერალია, რომ მისის ნაწარმოების დასაფასებლად საკმაო არ არის მარტო ერთის კაცის აზრი და შთაბეჭდილება“.

ასე ექცეოდა იგი ადრე ივანე მაჩაბელსაც. უყვარდა, აფასებდა, იმედით უყურებდა. თუ უჭირდა, ესარჩლებოდა. „დროებაშიმაჩაბელმა ერთი მოთხრობა დაბეჭდა. იქ კონკრეტულად არავისზე ყოფილა ლაპარაკი, მაგრამ ვიღაც მოხელემ მასში თავისი თავი იცნო და მაჩაბელს სასამართლოში უჩივლა. ილია მაშინვე გამოექომაგა ივანეს. დაიცვა. რედაქტორი გულთმისანი ხომ არ არისო, რომ გამოიცნოს - ცხრა მთას იქით ესა და ეს კაცია, რომელიც ყოველს მოთხრობილს თავისთავზე მიიღებს; ითაკილებს და კანონს მიმართავს შემწეობისათვის...“ თუ ამგვარ დაეჭვებულ პირებს ყური ვუგდეთ, საერთოდ ლიტერატურული შემოქმედება შეუძლებელი გახდებაო.

მაგრამ ეს იყო ადრე. ახლა მაჩაბლის აღარ სჯერა და მის სასარგებლოდ სიტყვას აღარ ხარჯავს. ასევე იქცევა მაჩაბელიც. ვინ იცნობს მასზე კარგად ილიას - ერთად თარგმნიდნენ, გაზეთის გამოცემის ტვირთს ერთად ეწეოდნენ, რვა წელიწადია ერთად არიან შებმული ბანკის უღელში, მაგრამ მაინც ჯიუტად ამტკიცებს - . ჭავჭავაძის ხელში ბანკმა არა ერთხელ და ორჯერ ისეთი დღეც გამოიარა, რომ კინაღამ სული განუტევაო“.

ყოველი მოღვაწე საქართველოს ოქროდ უღირს. როცა გულნატკენმა ნიკო ნიკოლაძემ საზოგადოებრივ სარბიელს თავი დაანება და პუბლიცისტობა მიატოვა, ილიამ დაუბრუნა იგი ქართულ მწერლობას.

ძმაო ნიკო! წავიკითხე შენი გამოსალმება, - წავიკითხე, მაგრამ წაკითხული აქამდისაც არ მჯერა... ნუთუ მართლა შეუშინდი ჭიაჭუებს და იმათს ბზუილზე გაფრთხი?.. განა წინადვე არ იცოდი, რომ მაგ გზაზედ, რომელსაც შენ დაადეგ, ათასი ვაივაგლახი, ბეზღი, ცილი, ლანძღვა და თრევა დაგხვდებოდა ჯილდოდ შენის შრომისა და მოღვაწეობისა? ეგ ამბავი არ ახალია, ძველია. ვითომ რად გიკვირს, რომ მოსალოდნელი მოვიდა და რად არ გიხარიან, რომ იმდენა ძალა გქონია, რომ მკვდრებიც კი ააყაყანე... ექცევი რასა და ვისა? შენს ქვეყანას, შენს შრომას, შენს მეგობრებს და თანამოაზრეთა, რას შვრები, რასა?..

თუ მართლა გიყვარს ის, რისთვისაც ეგრე თამამად და უშიშრად იღვწოდი, დარჩი მაგ უბედურს ქვეყანაში. დარჩი და იშრომე, - და მხოლოდ ის გქონდეს ხსოვნაში, რომ მარტო უბედურთ უნდათ შველა და არავის სხვასა; კვლავ მოჰკიდე ხელი შენს პატიოსანს საქმეს...“ - მიმართავდა ილია ნიკოს.

ნიკო ნიკოლაძემ ყურად იღო ილიას ძახილი.

ის ილია ჭავჭავაძე, რომელიც ასე ზრუნავდა ყოველ მოღვაწეზე, ახლა ბანკიდან მაჩაბლის გაძევების მოსურნეა.

ის ივანე მაჩაბელი, რომელიც მგზნებარედ უარყოფდა შურსა და ქიშპს, რომელიცჩვენის ქვეყნის დასაბამითვე ბოროტს სულსავით უკანა გვდევს და ყოველს კეთილს საქმეში ხელს გვიშლის“, ახლა თავგამეტებული ებრძვის ილიას და მის დამარცხებას ცდილობს.

დაჭიმულია და დაძაბული ვითარება. იმის მაგიერ, რომ ძველი მეგობრები, ახლა წაკიდებულნი, შეარიგონ, ხელს უწყობენ შუღლის გაძლიერებას. კიდევ უფრო მეტად ამღვრევენ, ისედაც ამღვრეულ წყალს. კიდევ უფრო მეტად ასხამენ ცეცხლზე ნავთს. ამ დროს, 1895 წლის მარტში, თბილისში პეტერბურგიდან რევიზია ჩამოვიდა, უნდა შემოწმდეს საადგილმამულო ბანკის მუშაობა და ისიც, რა ვერ გაიყვეს ჭავჭავაძემ და მაჩაბელმა.

რევიზია ჩამოვიდაო, და ორივე ბანაკი მთლად გაგიჟდა. ზოგიერთმა ჭკუამოკლემ რევიზიის ჩამოსვლა მაჩაბელს დააბრალა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, მთავარი რევიზორი დობეცკი, ევსტათი ევსტათის ძე, ჭკვიანი, გულისხმიერი, საქმისმცოდნე და შორსმჭვრეტელი ადამიანი აღმოჩნდა. შეამოწმა თუ არა ბანკის საქმიანობა, მაშინვე მიხვდა, საათივით არის აწყობილი საქმე. ორივე - ჭავჭავაძეც და მაჩაბელიც - დიდებული ფინანსისტია. მათი მტრობა შეუძლებელია. ეს მხოლოდ საქმეს წაახდენს და გააფუჭებს. არაფერი აქვთ მათ გასაყოფი. არსებითად ორივე ერთნაირად ფიქრობს. წვრილმანი, უმნიშვნელო გაუგებრობანი გაბერეს ჭორიკანა და სულმდაბალმა ადამიანებმა. ბუზს სპილო აშობინეს და ეს ორი - ჭკვიანი, ნიჭიერი და საქმიანი ადამიანი ერთმანეთს გადაჰკიდეს. უმთავრესი დასკვნა, რომელიც დობეცკის რევიზიამ გააკეთა, ეს იყო: ჭავჭავაძე და მაჩაბელი უნდა შეარიგოთ. თუ გინდათ, საქვეყნო საქმე არ დაიღუპოს, თუ გინდათ საზოგადოების კეთილდღეობა ინტრიგას და უჭკუობას არ უმსხვერპლოთ, შეარიგეთ ისინი. ივანესაც პირადად უთხრა ეს დობეცკიმ, როცა მაჩაბლისას სტუმრობდა. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია გადმოგვცემს: როცა დობეცკი ვანოს სადღეგრძელოს სვამდა, ურჩიაო, „ნაკლებად აჰყოლოდა გაბოროტებას და შეთანხმებულიყო უბადლო საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძესთან, რომლის წყალობითაც ბანკის მართვა-წარმოება ღირსეულადაა დაყენებული. ზარალი არც მომავალში მოელის თუ, რასაკვირველია, ასეთი ნიჭიერი პირები, როგორიც არიან ილია და ვანო, ერთად იმუშავებენ“.

დობეცკიმ და მისმა რევიზიამ საქმე დაამთავრეს, პეტერბურგს წავიდნენ. ილია და ვანო მაინც არ შერიგდნენ.

არც ნიკო ლომოურის თხოვნამ და მუდარამ გამოიღო ნაყოფი. ისინი ისევ გათიშული დარჩნენ.

მაინც რამ განაპირობა ეს საბედისწერო დავა და შუღლი? რა თქმა უნდა, დღეს წარსულის მაყურებლის როლში ყოფნა იოლია. ადვილი სათქმელია - ის ასე უნდა მოქცეულიყო, ეს - ისე. მაგრამ ერთი, ჩემი ფიქრით, ცხადად ჩანს - მათ ურთიერთდამოკიდებულებაში გადამწყვეტი როლი ხასიათის სხვადასხვაობამ შეასრულა.

ილია მტკიცე და მკაცრი ბუნების კაცი იყო. ერთი მისი მოწინააღმდეგეთაგანი 1914 წელს იხსენებდა

ილია ჭავჭავაძე ერთი მთლიანი ქვისაგან გამოჭრილი კაცი იყო, ქედ-მოუხრელი, შეუდრეკელი. ის ტიპიური ნამუსის კაცი იყო. იმისათვის სიტყვა და საქმე ერთი იყო. ის პირიანთ ასრულებდა თავის ერთხელ ნაკისრ მოვალეობას, მაგრამ თავის უფლების დარღვევასაც იგი არავის შეარჩენდა“.

ივანე მაჩაბელს უფრო რბილი, დამყოლი, ნერვიული ბუნება ჰქონდა. მძიმე, ძნელი და რთული საქმიანობაა ბანკირობა. ფულსა და ლმობიერებას ერთმანეთი არ უყვართ. თუ გინდა, ფული შეინარჩუნო და მოიგო კიდეც (ფული ფულს მიუმატო), მაშინ ქვის გული უნდა ჩაიდგა. თორემ ლმობიერების გზას თუ დაადექი, ფული მყისვე გაიპარება და ხახამშრალს დაგტოვებს.

საადგილმამულო ბანკში დაგირავებულია მამული. სესხი აღებულია. გარკვეული ვადის გასვლის მერე დამგირავებელმა ვალის ნაწილი უნდა გადაიხადოს. თუ ვერ გადაიხდის, შესაბამისი ღირებულების მამული გაიყიდება. ქართველი თავადაზნაურობის უმრავლესობა უზრუნველი ხალხია. მამულს დააგირავებენ, ფულს აიღებენ, ვალის გადახდას აღარ ფიქრობენ. ილია არავის აძლევს შეღავათს. არ გადაიხადეს ვალი, მაშასადამე, მამული უნდა გაიყიდოს. გარბიან ვანოსთან, ემუდარებიან - ცოტა კიდევ გვადროვეთ. უახლოეს ხანში უსიკვდილოდ გადავიხდითო. იცის ივანე მაჩაბელმა, რომ ეს დაპირება ტყუილია, მაგრამ გული სიბრალულით ევსება და ვალის გადახდის ვადა გადააქვს.

იწყება ჩურჩული, მითქმა-მოთქმა - რა დიდებული კაცია ივანე მაჩაბელი, გულისხმიერი, გამგები, ხელშემწყობი, მზრუნველი. კი არ გახრჩობს, გეხმარება, თანაგიგრძნობს, გიმსუბუქებს მდგომარეობას. აბა, ილია ჭავჭავაძეა კაცი? ურჯუკი, დაუნდობელი, სულის მოთქმას არ გაცლის. სულთამხუთავივით გადგას თავზე, რომ ან ფული წაგგლიჯოს, ან მამული გაგიყიდოს. თუ ილიას გავაგდებთ და ვანოს დავტოვებთ, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

იწყება ჯგუფების შედგენა, ოპოზიციის შეკოწიწება. იმას არავინ ფიქრობს, თუ ვალი არ გადაიხადე ან მამული თუ არ გაიყიდა, ბანკი თვალის დახამხამებაში გაკოტრდება და დაიქცევა. ბანკთან ერთად დაიღუპება ის, რაც ბანკით არსებობს. დაიღუპება ყველა ქართული საქმე.

ამიტომ ილია ვალდებულია, შეუბრალებელი იყოს. გულის ხმას ყური არ უგდოს და მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოს.

კარგი საქმეა კონვერსია. ვალის პროცენტი შემცირდება, გადახდის ვადა გახანგრძლივდება და ასე შემდეგ. ეს ბანკს მეტ კლიენტს გაუჩენს. მეტი კლიენტი მოქმედების არეს გააფართოებს. შეიძლება თბილისის საადგილმამულო ბანკმა მოქმედება მთელ კავკასიაზე გაავრცელოს. უფრო შორსაც გაიწიოს. ეს ძალაა და სიმდიდრე. ივანე მაჩაბელი კონვერსიის მომხრეა. ილიაც ეთანხმება. თითქოს ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ ილიამ უცბათ გადაწყვეტილება შეცვალა. რატომ? სპეციალისტებმა ურჩიეს, მათ შორის, იმპერიის ფინანსთა მინისტრმაც: არახელსაყრელია ახლა კონვერსიის ჩატარებაო. იმპერიის შიდა რაიონებში შიმშილობაა. ბევრს უჭირს, როცა შეიტყობენ, რომ თბილისის საადგილმამულო ბანკი დაბალი პროცენტით იძლევა სესხს, ვალის გადახდის ვადა გახანგრძლივებულია, უამრავი ხალხი მოგაწყდებათ. ყველას თუ მიეცით სესხი, შეიძლება ბანკმა ვერ გაუძლოს და გაკოტრდესო. დღევანდელ პირობებში გიჯობთ კონვერსიისაგან თავი შეიკავოთო.ეს რჩევა ილიას ჭკუაში დაუჯდა და ადრინდელი თანხმობა უარით შეცვალა. მაჩაბელს ეს ეწყინა: უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდოო.

ისევ ატყდა ჩურჩული, მითქმა-მოთქმა. მაჩაბელს არაფრად აგდებს. თვითონ ჭრის და კერავს, სხვისი აზრი ჩალად უღირს. უცდომელი და უცოდველი ჰგონია თავი. შებოჭა და შეკრა მაჩაბლის ნიჭი და უნარი...

იმას არავინ ფიქრობს, რომ არის ჟამი შეკრებად ქვისა და არის ჟამი განყრად ქვისა. თუ ერთ პირობებში კონვერსია მომგებიანია, მეორე პირობებში შესაძლებელია წამგებიანი იყოს. შეიძლება დამღუპველიც. აქაც ფხიზელი და ანგარიშიანი ჭკუაა საჭირო. უნდა იცოდე, როდის რა ნაბიჯი გადადგა. ილია აქაც ცივი გონებით სჯის. არ ითვალისწინებს ვანოს ემოციურ ბუნებას.

ასე გროვდება და გროვდება წვრილ-წვრილი წყენანი, უსიამოვნებანი, გაუგებრობანი. სხვები სარგებლობენ ამით და მათ ურთიერთობას ამწვავებენ. რარიგ გონიერიც უნდა იყოს კაცი, რარიგ თავდაჭერილი, რარიგ წინდახედულიც, რარიგ გამჭრიახიც, მაინც ადამიანია და, ერთ უბედურ დღეს, მოთმინების ძაფი უწყდება, გონება უბნელდება, თვალისჩინი ეკარგება, ავისა და კარგის გარჩევა უძნელდება. მოქმედებს მასზე ჭორი, ენის მიტან-მოტანა, მითქმა-მოთქმა. ილიაც და ივანეც ადამიანები იყვნენ და მათაც ვერ დააღწიეს თავი მათ გარშემო ატეხილ აურზაურსა და აყალმაყალს.

ყოველ ადამიანს უდგება საბედისწერო წუთი, როცა შეცდომა გარდაუვალია.

ამ საბედისწერო წუთს დაწერა მაჩაბელმათავადი ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“.

ამ საბედისწერო წუთს დაკარგა ილიამ თავშეკავება და მაჩაბელი გახდა მისი მწარე დაცინვის საგანი.

ამ საბედისწერო წუთს სძლია ქიშპმა კეთილგონიერებას.

ამ დროს საზოგადოებამ უნდა ივარგოს. მან უნდა უპატრონოს წამიერად დაბნეულ შვილებს. ხელი გაუწოდოს და უშველოს, მან უნდა გაარჩიოს ერთმანეთისაგან საქმიანი დავა-კამათი და უმიზნო შუღლი. მაშინ არც ეს მოხდა. პირიქით, ილიასა და მაჩაბლის დავას აჰყვა საზოგადოება. შედეგიც სავალალო იყო: ივანე მაჩაბელი ბანკიდან წავიდა.

ჩიტირეკიები და შარახვეტიები ილიას გამარჯვებას ულოცავდნენ, მხოლოდ მან იცოდა, რომ იმ დღეს მწარედ დამარცხდა თვითონაც, მაჩაბელიც, ქართული საქმეც. ორივე გამოფხიზლდა, მაგრამ რაღა დროს. წინ უფსკრული იყო, რომლის გადალახვა არც ერთს უკვე აღარ შეეძლო.

ერთს 1898 წლის ივნისის თბილისური დილა ელოდა, მეორეს - 1907 წლის აგვისტოს წიწამურის შუადღე.

ახალი თავი: ილიას წინააღმდეგ: . წერეთელი, დუელი ნიკოლაძესთან

მწყემსი“, ილია ხონელი, დავით კრეხელი (სოსლანი)

. ხონელისჩემი ცხოვრება“ („ივერია“, 1886 . 28) ილიას ფელეტონური პორტრეტი.

14 „აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მეარც სიძულვილში, არც სიყვარულში“

▲ზევით დაბრუნება


ქვეყნის აშენებას გვიქადის -ნი ნოე ჟორდანია და მისნიაირები. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს, თითონ მამალსავით ხეზე შემომჯდარა და იძახის: მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ძირს იყეფეთ და სოფელი აშენდებაო. იმ იმედით ბრძანდებოდეს -ნი ნოე ჟორდანია და მისი კამპანია, და როცა ამ გზით იმან ქვეყანა ააშენოს, მე წილს ნუღარ დამიდებენ, არ დავემდურები“.

ილია ჭავჭავაძე

სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტებიც ცვივა“.

ნოე ჟორდანია

თუ ილია ნაფოტია, რაღა უნდა იყოს ნოე ჟორდანია? მით უმეტეს, ფილიპე მახარაძე?..

კიტა აბაშიძე

1893 წლის 3 იანვარს დაიწყო სამეცნიერო და სალიტერატურო ნახატებიანი გაზეთისკვალისგამოცემა. მისი პირველი ნომრის გამოსვლას ქართველი საზოგადოება გულთბილად მიესალმა. ეს ფაქტი აღნიშნა ჟურნალმამწყემსმაც“. ეს ჩვეულებრივი მილოცვა დღეს გახსენებადაც არ ეღირებოდა, რომმწყემსსწინასწარმეტყველური სიტყვები არ წამოსცდენოდა:

ყველა ჭეშმარიტი ქართველი, დარწმუნებული ვართ, სიხარულით მიეგებება ამ ახალი ჟურნალის დაბადებას, გარდაივერიისა“, რომელსაც მაჰმადებურად მტკიცედ სწამს და აღიარებს, რომ არ არის გაზეთი თვინიერივერიისადა წინასწარმეტყველი მისი არის თავადი ილია ჭავჭავაძე“.

ეს ეწერა 1893 წლისმწყემსისპირველ ნომერში (გვ. 13), ხოლო მესამე წიგნში (გვ. 8) დასკვნა იყო გაკეთებული:

სრული იმედია, რომკვალიმაინც კარგად გამოაღვიძებს ამ გაზეთს“.

დღეს, ცხადია, ძნელია დაადგინომწყემსისრედაქტორმა, დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ, გუმანით იგრძნოივერიასადაკვალსშორის მომავალი ცხარე და გაუთავებელი პოლემიკის მოახლოება თუ უბრალოდ იმდროინდელი საზოგადოების ერთი ნაწილის განწყობილება გამოხატა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომკვალმამთელი თავისი ენერგიაივერიასადა ილიასთან კამათს მოანდომა.

მართალია, „კვალიგიორგი წერეთელმა და ანასტასია თუმანიშვილმა გამოსცეს და გაზეთის უცვლელი რედაქტორიც ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი იყო, მაგრამ არსებითადკვალისმთელ საქმიანობას ნოე ჟორდანია წარმართავდა.

თუ ვინმე . ჟორდანდიას ეკამათებოდა, მის წერილს გაზეთში მხოლოდ . ჟორდანიას შენიშვნის დართვით ბეჭდავდნენ. შეგიძლიათ იხილოთ 1898 წლისკვალში“ (№28) . ფარიანის სტატია - კიდევ ორიოდე სიტყვა ინტელიგენციაზე“.

კვალმა“ (1898 ., №16) „მოამბისგამო ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა დასტამბა და . ჟორდანიამ შენიშვნა დაურთო: „მკითხველი რაც უფრო მალე დაივიწყებს ასეთ ჟურნალს, მით უკეთესია და ამიტომ ამიერიდან ვსპობთ მის შესახებკვალშირეცენზიების ბეჭდვას“.

გიორგი წერეთელიც ცოცხალია, „კვალისგამომცემელ-რედაქტორიც ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელია, მაგრამ რა უნდა გამოქვეყნდეს გაზეთში და რა - არა, ამას მხოლოდ . ჟორდანია წყვეტს.

1896 წელს, ზაფხულშიკვალისპასუხისმგებელ მდივნად მუშაობა დაიწყო ფილიპე მახარაძემ. გაზეთს მთლიანად ის თაობა დაეპატრონა, რომელსაც გიორგი წერეთელმამესამე დასიუწოდა.

ახალი თაობა, ბუნებრივია, ახალი მოძღვრებით მოვიდა. მას ძველი აღარაფერი მოსწონს და მის დასანგრევად იბრძვის.

1895 წლიდანკვალშიზედიზედ იბეჭდება ვრცელი წერილები, რომელნიც, ძირითადად და არსებითად, ილიასა დაივერიისწინააღმდეგ არიან მიმართული.

გაზ. „ივერიადაეროვნება“ (1895 ., №11, 12).

მოამბე“, „ივერიადაეროვნება“ (1895 ., №28, 35).

ადგილობრივი პრესსა წარსულ წელს“ (1899 ., №3).

ივანე მაჩაბელი“ (1899 ., №26).

პრესა“ (1900 ., №5-26).

გზა და გზა“ (1900 ., №13-18).

პალ. ყიფიანის საქმე“ (1900 ., №19).

ახლა ამ სტატიების დაწვრილებით განხილვა არც აუცილებელია და არც დროა ამისი. მაგრამ წერილებში გატარებული საერთო აზრი და დასკვნა კი მკითხველს უთუოდ უნდა გავაცნო.

კვალისსიტყვით,

გაზეთებიშრომადაიმედიილიას ავკაცობის გამო დაიხურა,

გაზეთიდროებაიმიტომ გაფუჭდა, რომ მის საქმეში ილია ჩაერია,

ივერიაცუვარგისი იყო, რაკი ილია რედაქტორობდა,

ივანე მაჩაბელიც ილიას გამოისობით დაიკარგა.

და, საერთოდ, საზოგადოებრივ ასპარეზზე არავინ გამოუყვანია. ვინც ილიასთან მუშაობდა, როგორც მწერალი, იღუპებოდა.

ილიას თურმე არც დროის მოთხოვნა ესმოდა. საქართველოს ეროვნულ ბედზე ფიქრობდა და ზრუნავდა მაშინ, როცაარც ერთ ხალხს ისე ნაკლებად არ აინტერესებს ნაციონალური კითხვა, როგორათაც ქართველ ხალხს“. ამიტომამდენი ხნის მუშაობამ მუქთათ ჩაიარა. მისი ნაციონალური დროშა ხალხმა ერთი დაკვრით უარყო და მის ალაგას ააფრიალა ინტერნაციონალური დროშა“.

ილია მედგრად იცავს თავს. იგიახალმოსულისფსევდონიმით აქვეყნებს წერილებს - უმეცრობის ფართი-ფურთი“, „ახალი უმეცრებანი - ნოე ჟორდანიასი“, „ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა უმეცარისა“, „ისევ და ისევ - ნოე ჟორდანის უმეცრებანი და მისი წაჯეგ-უკუჯეგობანი“.

სიტყვისგებაში რომ ვერას გახდნენ, „კვალისზოგიერთმა თანამშრომელმა სცადა, პროვოკაცია მოეწყო ილიასათვის. „კვალისრამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა სხვადასხვა პირთა მიერ ხელმოწერილი წერილები, რომელთა ავტორნი კატეგორიულად ითხოვდნენ - ახალმოსულმადაუყოვნებლივ შესწყვიტოს . ჟორდანიასთან პაექრობა. საერთოდ, რა უფლებით ბედავს იგი ეკამათოს ისეთ სასახელო მოღვაწეს, როგორიც არისო . ჟორდანია. „. . ჟორდანია შრომობს მისდა სასახელოთ და ჩვენდა სანუგეშებლათ... . ახალმოსულს ჰსურს თავისი უსაქმურობა დიდ ღირსებათ ჩაგვათვლევინოს!“ („კვალი“, 1900 . №18). ამგვარმა მოთხოვნამ ქართველი საზოგადოება გააკვირვა. საქმის გამოძიება მოითხოვეს და სამარცხვინო რამ აღმოჩნდა: თურმეკვალისთანამშრომლების ერთი ნაწილი მოტყუებითა და ძალლდატანებით აწერინებდა ხალხს ხელს ამ წერილებზე.

მოგვიანებით,1914 წელს, პეტრე გელეიშვილი წიგნში - ილია ჭავჭავაძე, როგორც პოეტი და პუბლიცისტი - გულახდილად იტყვის, რატომ ებრძოდნენ მესამედასელები ილიას გააფთრებით.

რომ მართლაც ამხდარიყო ილიას ჩუმი ნატვრა და გამოჩენილიყო გმირი, რომელსაც შეეძლებოდა ბაზალეთის ტბიდან ამოეყვანა ისყრმა“, ვისიც არ ითქმის სახელი“, ვისაც, თუ პოეტს დავუჯერებთ, დღე და ღამ ნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი, - რას იქმდა მაშინ ქართული მწერლობა? რას დაარქმევდა სახელათ ამ ნატვრის-თვალ ჭაბუკს? რა სამოსელით შემოსავდა მას?

ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვერ ვხედავთ XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, მას არ უფიქრია ამაზე, მას არ შეუმუშავებია, თუ ვერ შეუმუშავებია მომავალი საქართველოს სოციალური კონცეფცია.

ამიტომ, თამამათ ვიმეორებთ, რომ ჩვენი სოციალური და პოლიტიკური აზროვნების ისტორია მეცხრამეტე საუკუნეში ნამდვილ თვალ-გაუწვდენელ უდაბნოს წარმოადგენს, ის თვალ-უწვდენელი უდაბნოა!..

და ამ უდაბნოში ერთათ-ერთი პატარა ოაზისი ილია ჭავჭავაძეა.

. . .

მაინც რა უნდა ყოფილიყო ქართული სოციალური აზროვნების შინაარსი მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში?

ეს უნდა ყოფილიყო სურვილი საქართველოს პოლიტიკური არსებობის აღდგენისა, ეს უნდა ყოფილიყო ის, რაც ილიამ 1861 წელს ასეთ მარტივ ფორმულაში ჩამოაყალიბა:

ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“.

მაგრამ ილიამ არა თუ ერთ ფორმულაში გამოხატა თავისი და თავის წოდების პოლიტიკური იდეალი, მან პირველმა უჩვენა ის საფუძველი, რომელზედაც უნდა აგებულიყო დარღვეული საქართველოს ტაძარი. ილიამ უჩვენა ამ ტაძრის ასაგები მასალაც და ამ იდეალის განსახორციელებელი გზაც. მან პირველმა სცადა ამ იდეალების განსახორციელებლათ მეცნიერული და ფილოსოფიური საფუძვლის მოძებნა.

როგორი იყო ის საფუძველი, რომელზედაც უნდა აშენებულიყო ილიას მომავალი საქართველო?

ეს საფუძველი იყო მთელი საქართველოს ძალთა ერთათ შეერთება, ყველა ქართველის, განურჩევლათ წოდებისა, ერთათ შეკავშირება, ერთი იდეალით გატაცება.

. . .

როცა ზღვა ღელავს მისი გააფთრებული ტალღები ყველაზე უფრო ძლიერათ ეჯახებიან იმ კლდეს, რომელიც ყველაზე უფრო შორს შეჭრილა ზღვის სივრცეში... როცა გრიგალი ამოვარდება, ის ყველაზე უფრო ძლიერათ, ამაყათ და შეუპოვრათ მდგარ მუხას დაეტაკება ხოლმე. სუსტ წალამ-კალამსა და ბალახებს გრიგალი ვერას დააკლებს, რადგანაც ისინი მყისვე გაეკვრებიან დედამიწას, თითქოს სტიქიონს შებრალებას სთხოვენო...

სწორეთ ასეთი სტიქიური ბრძოლის მოწმენი ვიყავით ჩვენ წარსული მე-XIX საუკუნის მიწურულში... ის მედგარი გრიგალი, რომელმაც ამ რამდენიმე წლის წინათ ასე საშინელის ძალით დაჰქროლა ძველ ქვეყანას, წარსული საუკუნის 90-იან წლებში დაიბადა ჩვენში. ის პირველათ ნელ-ნელა ასისინდა; ბოლოს თანდათან გაიზარდა, დიდ გრიგალათ გადაიქცა და ძველ საქართველოზე იერიში მიიტანა.

ბალახები და ლერწამ-კალამი ჩვენი ცხოვრებისა, ჩვეულებრივათ, მიწას გაეკრნენ. მხოლოდ ილიამ, რომელიც ასწლოვან მუხასავით მედგრად იდგა ჩვენს ცხოვრებაში, გაბედა ამ სტიქიონის გამკლავება...

ეს ბრძოლა ყველა ჩვენ თვალწინ მოხდა, მისი შედეგი ჩვენ ყველამ დავინახეთ. მაშასადამე მეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ილია დამარცხდა...

. . .

„ილია დარჩა მარტოთ-მარტო, უმწეო, უამხანაგო, უჯარისკაცო და მარტოთ-მარტო დაიღუპა!“ (გვ. 13-14; 91,92,93).

სიტყვა - დაიღუპა - ცოტა ნაადრევად ვახსენეთ, მაგრამ, ცხადია, რომ მე-19 საუკუნე ილიასათვის უმძიმეს ვითარებაში მთავრდება.

1897-8 წლებში ჩაიშალა ილიას 60 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილეს გადახდის განზრახვა.

ილიასათვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის უმადურობა.

ის პირები, რომელთაც კითხვა აღძრეს . . . -ის 41 (შემოქმედებითი მოღვაწეობისა - . .) იუბილეის დღესასწაულობაზე, ნეტავ რას ფიქრობენ სხვა პირების იუბილეის დღესასწაულობის შესახებ? ნუთუ სხვებს არ შესრულებია 41 წელიწადი მათი მოღვაწეობის დაწყებიდან? ზოგიერთები ლამის ხელიდან გვეცლებიან და არავინ არ ფიქრობს მათ იუბილეის დღესასწაულობაზე!.. დიაღ, პურ-ღვინოს და სადილებს ბევრი შეუძლია!.. მრავალს აბრმავებს და მრავალს თვალს უხელს“. - წერდა ჟურნალიმწყემსი“.

მოგეხსენებათ, რომ ამ ერთი წლის წინეთ ჩვენ ჟურნალ-გაზეთებში ერთი დაუსრულებელი სჯა-ბაასი ატყდა იმის გამო, თუ როგორ უნდა ედღესასწაულათ -დი ილ. ჭავჭავაძის ორმოცი წლის მოღვაწეობის შესრულება. რადიდი ზეიმით და ამბითემზადებოდნენ ამ დღესასწაულისათვისინტელიგენტები“... რამდენადაც ჩვენ ვიცით, ეს წრე ორ ნაწილათ იყოფა: ერთს უფრო მცირე ნაწილს, შეადგენენ ჭავჭავაძისებრ მხცოვანნიმოღვაწენი“., თითოეულ იმათგანი თავის მეგობარის ბურჯობაზე იმდენათ წუხს, რამდენათ მე და შენ, მკითხველო, ჩინეთის სახელმწიფოზე. ცხადია, რომ არც ერთი იმათგანი ილ. ჭავჭავაძეზე ბროშურის შედგენას არ მოჰკიდებდა ხელს. მეორე ნაწილი, ანუ წვრილ-ფეხა, მჩხავანაინტელიგენცია“, შედგება ამ მოღვაწეთა ბრმა თაყვანის მცემლებისგან, რომლებიც იმათ სახელზე ლოცულობენ და იმათ ნათქვამს იმეორებენ. უნდა უყუროთ ამათ მაშინ, როცა ვინმე რომელიმებურჯისმოქმედებას ეჭვის თვალით შეხედავს“, - კვერს უკრავდა გაზეთიკვალი“.

1898 წლის ივნისში უგზო-უკვლოდ დაიკარგა ივანე მაჩაბელი.

ილიასა და ივანეს ხანგრძლივ მეგობრობასა და თანამშრომლობას ბოლო დროს ძირმწარა გაერია, მაგრამოთარაანთ ქვრივისავტორზე უკეთ არავინ უწყის, ვინ დაეღუპა საქართველოს. არავის შეუძლია გაზომოს ამ დანაკლისის სიგრძე-განი. განცდას კიდევ უფრო ამწარებს ის, რომ უკანასკნელ ხანს მათ ერთმანეთისათვის ტკბილი სიტყვა აღარ უთქვამთ. ტკივილი არ შეუმსუბუქებიათ. მოურჩენელ ჭრილობად დარჩება ილიას გულში მაჩაბლის მოულოდნელი და საოცარი გაუჩინარება.

1899 წლის ივნისში საადგილმამულო ბანკის გამგეობის დირექტორმა და ამავე ბანკის ბაქოს სააგენტოს მმართველმა პავლე (პალიკო) ყიფიანმა გაიტაცა ბანკის ფული 26.856 მანეთი და საზღვარგარეთ მიიმალა.

არავინ მოელოდა ამას. ყიფიანი არ ყოფილა შემთხვევითი კაცი ბანკში. იგი სანდო ადამიანად და კარგ მუშაკად ითვლებოდა, მაგრამ მოულოდნელად საადგილმამულო ბანკის საქმიანობაში გაუგონარი და უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინა. ბანკის არსებობის 25 წლის მანძილზე მსგავსი არაფერი მომხდარა. „კვალმაბევრი არ დააყოვნა და განაცხადა: ყიფიანის საქციელი ილია ჭავჭავაძის გულგრილობის შედეგიაო. „ის ბანკში წინათაც მსახურობდა, მაგრამ არაფერი მოუპარავს“. „კვალიამას იმის საფუძველზე ამბობდა, რომ 1899 წლის 14-16 იანვარს ილიას ბაქოს სააგენტოს მუშაობა შეუმოწმებია, მაგრამ ხარვეზები ვერ უპოვნია. მოხსენებაშიც აღუნიშნავს, აღმოჩნდა მხოლოდ ორი უმნიშვნელო შეცდომა, სხვა ყველაფერი რიგზეაო. მაგრამ მოგვიანებით ბაქოს სააგენტო . ანდრონიკაშვილის რევიზიას გაუსინჯავს და სერიოზული დარღვევანი მიუგნია. . ანდრონიკაშვილის რევიზიამ 1899 წლის 23 ივნისს წარუდგინა დასკვნა ბანკის ხელმძღვანელობას: ამ დასკვნის მიხედვით, ამბობდაკვალი“ -„ორში ერთი მას (. ჭავჭავაძეს - . .) ან არ მოუხდენია რევიზია და მაშასადამე ვერც რამეს აღმოაჩენდა, ან მოახდინა, მარა იმდენათ ზერელეთ, რომ აშკარა ფაქტები ვერ შეამჩნია

ცხადია, ეს ამბავი ილიას დიდ ტკივილსა და წყენას მიაყენებდა, მაგრამ შემდეგ მომხდარ ზოგიერთ მოვლენას თუ გავითვალისწინებთ, პალ. ყიფიანის მიერ ფულის გატაცება სიხარბით გამოწვეული ქურდობა არ უნდა იყოს. მას სხვა მიზანი და დანიშნულება უნდა ჰქონოდა.

მოვუსმინოთ, რას გვიამბბობს მარკოზ ტუღუში მონოგრაფიაში - გიორგი დეკანოზიშვილი“.

1905 წლის12 ივლისს სოციალ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი დეკანოზიშვილმა შვეიცარიის სამხედრო დეპარტამენტისაგან იარაღის შესყიდვა დაასრულა. შეიძინა 7. 000 თოფი და 1.100 000 ვაზნა. გადაიხადა 60. 000 ფრანკი. იმავე წლის 6 სექტემბერს ამსტერდამში იყიდა გემისირიუსიდა დაიქირავა ცხრამეტკაციანი ეკიპაჟი, რაც 3. 725 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

იარაღით დატვირთულისირიუსი“ 13 ოქტომბერს საქართველოსაკენ გამოემართა. მაგრამ იგი საფრანგეთში, ქალაქ სეტში შეჩერდა, ქართველებს გემის ეკიპაჟის ხელფასისათვის თანხა აღარ ეყოთ. ან ფული უნდა ეშოვნათ სასწრაფოდ ან მთელი ექსპედიცია სამარცხვინოდ ჩაიშლებოდა. მაშინ . დეკანოზიშვილმა ბრიუსელიდან პარიზში გამოიძახა ორი მეგობარი და თანამებრძოლი პავლე (პალიკო) ყიფიანი და გიორგი სიხარულიძე. ისინი მყის პარიზში ჩავიდნენ. დეკანოზიშვილმა მათ შექმნილი მდგომარეობა გააცნო. ფულის შოვნა ერთადერთი გზით შეიძლებოდა. უნდა მიემართათ იმჟამად პარიზში მყოფი ახალგაზრდა ქართველი მილიონერის იაკობ ზუბალაშვილისათვის. მართალია, ეეჭვებოდათ, გაიღებდა თუ არა რევოლუციისათვის მილიონერი ფულს, მაგრამ სხვა საშველი არ იყო. . ზუბალაშვილთან . ყიფიანი წავიდა. შეხვდნენ ერთმანეთს. ილაპარაკეს. აღმოჩნდა, რომ . ზუბალაშვილი რეგულარულად ეხმარებოდა სოციალ-ფედერალისტურ პარტიას. არც ახლა დაუხევია უკან. იაკობ ზუბალაშვილმა გიორგი დეკანოზიშვილს 25. 000 მანეთი მისცა.

სხვათა შორის, „მოგონებებშიამ ფაქტს ექვთიმე თაყაიშვილიც იხსენებს გაკვრით, ოღონდ არაზუსტად: „იმ დროს (1905 წელს - . .) პარიზში გამოდიოდა ერთი ქართული გაზეთი („საქართველო- . .), რომელიც საქართველოს განთავისუფლების იდეას ემსახურებოდა. ბელგიაში კი ცხოვრობდა აქედან გაქცეული ერთი პიროვნება... რომელსაც ჩვენში აღარ დაედგომებოდა... ჰოდა, ერთ დღეს მისულა ის რედაქტორი და ზემოხსენებული ავანტიურისტი პარიზში სტეფანე (სიც - . .) ზუბალაშვილთან, დასდგომიან თავზე რევოლვერით და უთქვამთ, 20 000 (? - . .) ფრანკი მოგვეცით, თორემ მოგკლავთო“...

ეს მოგონებები ღრმად მოხუცი ექ. თაყაიშვილის კარნახით იწერებოდა და, ბუნებრივია, ზოგიერთი რამ არასწორად და არაზუსტად გაეხსენებინა. მაგალითად, . თაყაიშვილს ეშლება მაშინ პარიზში მყოფი ზუბალაშვილის სახელი. ვისაც ფულისათვის მიაკითხეს, ერქვა იაკობი. სტეფანე მეორე ძმის სახელია. იმისი, ვინც კათოლიკური ტაძარი ააშენა ბათუმში.

. ყიფიანს . ლასხიშვილიც იხსენიებსმემუარებშიერთი ფრაზით -„ბრიუსელში ვინახულე ქართველი ემიგრანტი პალიკო ყიფიანი“. მერე . ლასხიშვილი გვიამბობს, როგორ იყიდა გიორგი დეკანოზიშვილმა გემისირიუსი“, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რატომღაც . ყიფიანს აღარ ახსენებს.

ახლა ისევ ზემოთ დაწყებული ამბავი განვაგრძოთ.

იაკობ ზუბალაშვილისაგან მიღებული თანხიდან 10. 000 ფრანკი სტამბოლში გაიგზავნა, 5. 000 - საქართველოში, სოციალ-ფედერალისტური პარტიისათვის, 4. 000 - გემზე, ეკიპაჟის ხელფასისათვის.

. ყიფიანი და . ბობღიაშვილი სტამბოლში წამოვიდნენ, რათა უზრუნველეყოთ სრუტეებში გემის უხიფათო გავლა. პავლე ყიფიანმა, იასონ ბობღიაშვილმა და ზიაბეგ აბაშიძემ მოახერხეს გემი მშვიდობიანად გაეტარებინათ თურქეთის წყლებში და 1905 წლის 24 ნოემბერსსირიუსიფოთში ჩასულიყო.

როცასირიუსითურქეთის საზღვარს გამოსცდა, . ყიფიანი პარიზში გაბრუნდა.

სირიუსიფოთში ვიღაცამ გასცა და იარაღის ნაწილი პოლიციას ჩაუვარდა ხელთ, მაგრამ, რაც გადარჩა, აჯანყებულ ხალხს დაურიგდა.

რასაკვირველია, მკითხველი მიხვდა, რომ საადგილმამულო ბანკის დირექტორი, ამ ბანკის ბაქოს სააგენტოს მმართველი პავლე ყიფიანი და . დეკანოზიშვილის თანამოსაგრე პავლე ყიფიანი ერთი და იგივე კაცია.

. ყიფიანი 1931 წელს გარდაიცვალა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთმა კაცმა საადგილმამულო ბანკიდან ფული პირადი სარგებლობისათვის და გასაფლანგავად წაიღო. ამიტომ იბადება კითხვა - ხომ არ ერია საადგილმამულო ბანკიდან წაღებული ფული იმ თანხაში, რომლითაც გემი და იარაღი იყიდეს?

ხომ არ გაგზავნა თვითონ ილიამ კონსპირაციულად . ყიფიანი საზღვარგარეთ იარაღის შესაძენად მომავალი ბრძოლისათვის?

ამ კითხვებს დამაჯერებელი პასუხი მაშინ გაეცემა, როცა საფუძვლიანად იქნება შესწავლილი ქართული ემიგრაციის არქივი. ჯერჯერობით იგი ხელუხლებელია. ამიტომ ამჟამად მხოლოდ საკითხის დასმით დავკმაყოფილდეთ.

ასე წაეწყო ერთმანეთს ილიასათვის უსიამოვნო ამბები მე-19 საუკუნის ბოლოს. ერთადერთი, რასაც მაშინ შეეძლო მისთვის გული გაეთბო, ის იყო, რომ ზოგიერთებმა მაინც დაუფასეს 25 წლის მანძილზე ბანკში უმწიკვლო მუშაობა. ხელფასიც გაუზარდეს. მანამდე წელიწადში ილია ჯამაგირად 3. 000 მანეთს იღებდა. ახლა დაუმატეს 2. 400 მანეთი. ფული ყოველ ადამიანს სჭირდება და, მით უმეტეს ისეთ კაცს, ვინც თავის ქონებას საზოგადოების საქმეს ახმარს.

ილიას დამსახურების გამო ბანკის საქმეშიმოამბე“ (1899 ., №5 გვ. 59-60) წერდა:

როცა 25 წლის წინად საზოგადოებამ ამოირჩია იგი ბანკის გამგედ, იმას უკვე დამსახურებული ჰქონდა სახელი არა მარტო ნიჭიერი პოეტისა, არამედ ჭკუიანისა და მხნე მოღვაწისა, რომელიც წინამძღვრობდა ყოველ საქმეში და ყოველ საჭიროების დროს. დააარსეს თუ არა ბანკი, მთელმა საზოგადოებამ ხელი . ჭავჭავაძისაკენ გაიშვირა და სთქვა, რომ ეს არის ბანკის გამგის თანამდებობაზე ზედგამოჭრილიო. მშვიდობით და წყნარად აირჩიეს კიდეც მაშინვე ამ თანამდებობაზე. ამისათვის მას არც მეკენჭეების შოვნა დასჭირებია და არც სადილ-ვახშმების გამართვა. მისმა საქმეებმა, ცოდნამ და ნიჭმა განუმზადა მას ეს ადგილი. მას აქეთ გავლილმა 25 წელიწადმა ცხადად დაამტკიცა, რომ საზოგადოება არ შემცდარა მის ამორჩევაში და რომ ეს ჩვენი ნიჭიერი პოეტი მართლა დაუფასებელი საზოგადო მოღვაწეა. ამიტომაც ორკეცად უნდა ვცემდეთ მას პატივსა.

ხე ნაყოფით იცნობა და კაცი ნაღვაწით. . ჭავჭავაძის ნაღვაწი ბანკის საქმეებში ეხლა ყველას თვალ წინ აქვს. ტფილისის ბანკს ძირის ფულად ჰქონდა 25 წლის წინად 240. 000 მანეთი. დღეს კი ბანკს შემოაქვს ყოველ წლობით წმინდა შემოსავალი 200. 000 მანეთზე მეტი. მაგალითად, წელს ჰქონდა წმინდა შემოსავალი 232. 000 მანეთი. აქედან მიეცა 62.682 მანეთი ტფილისის სათავადაზნაურო სკოლას, რომელიც ეხლა არის სრული რვა-კლასიანი გიმნაზია,10. 228 მანეთი ამ სკოლისათვის საკუთარის შენობის ასაგებად, რომელიც, იმედია, დასრულდება ამავე ბანკის შემწეობით. ბევრიც სხვა საზოგადო საჭიროება კმაყოფილდება ტფილისის ბანკის წმინდა შემოსავლიდან. ამავე ბანკის შემწეობით შეიძინა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობამ არწრუნისეული ქარვასლა ტფილისში და სათავად-აზნაურო სკოლის საზოგადოებამ - შენობები შუაგულ ქალაქში და სასოფლო მამული სკრაში. სულ ეს უძრავი ქონება თავად-აზნაურობისა და სკოლის საზოგადოებისა ეღირება ერთ მილიონ ნახევრამდი“.

დღეს ხშირად გაიგონებთ წუწუნს, რომ ნიჭიერმა მწერალმა საბანკო საქმიანობას შესწირა მისი დაუშრეტელი ენერგიის დიდი ნაწილი. ამის გამო ვალალებენ და ვიშვიშებენ. ავიწყდებათ კი უმთავრესი. თუ არ იქნებოდა თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკები, შესაძლებელია აღარ ყოფილიყვნენ ისინიც, ვისაც ქართულად დაწერილი ლექსები თუ მოთხრობები სჭირდება. ქართულ მიწა-წყალს ისეთი ენერგიით უტევდა უცხო კაპიტალი და ისეთი ხელგაშლილობით იყიდებოდა ყველაფერი, რომ ძნელად წარმოსადგენია, რა გადარჩებოდა. ფულის დამარცხება არც ხმლით შეიძლება და არც პოეზიით. ფულის დამარცხება მხოლოდ ფულით შეიძლება. არსებობს ცხოვრების ერთი ურყევი კანონი: ჭკუას ჭკუით უნდა ებრძოლო, ენერგიას - ენერგიით, ფულს - ფულით, ხმალსა და თოფს - ხმლითა და თოფით, ცოდნას - ცოდნით, პოლიტიკას - პოლიტიკით, არმიას - არმიით. სხვანაირად მტერს ვერ მოერევი. ვინც ეს არ იცის, იგი მუდამ დამარცხებულია. სწორედ ეს გაითვალისწინეს ილიამ და მისმა თანამოსაგრეებმა და უცხო კაპიტალს ქართული საადგილმამულო ბანკი დაუპირისპირეს. გაიმარჯვეს კიდეც. ამიტომ ილიას საბანკო თუ ფინანსური მოღვაწეობა ისეთივე დიდია, როგორიც მისიოთარაანთ ქვრივითუგანდეგილი“. გაყოფილი არ არის ილია ჭავჭავაძე-მწერალი და ილია ჭავჭავაძე-ფინანსისტი. ეს ერთი მტკიცე მთლიანობაა. ეგ არის სწორედ ილიას სიდიადე (სხვათა შორის, ივანე მაჩაბლისაც. არც აქ არის გაყოფილი - მაჩაბელი-შექსპირის მთარგმნელი და მაჩაბელი-ფინანსისტი. ესეც ერთი მთლიანობაა).

ილია ერთნაირი ოსტატობით ხმარობდა კალამს და ბანკირის საანგარიშოს. ეს ბედნიერი შერწყმა ანიჭებს მას განსაკუთრებულ ადგილს საქართველოს ისტორიაში.

15 „იმათთან ერთად ბრძოლაში დავიხოცოთ“

▲ზევით დაბრუნება


„...1905 წლის დასაწყისიდანვე, სხვა ამხანაგებთან ერთად (საშა წულუკიძე და სხვ.) ხელი მოვკიდე ყოველკვირეული მარქსისტული ჟურნალისმოგზაურისგამოცემას“.

ფილიპე მახარაძე

თავის თავის პატივისმცემელი ლიტერატურა მოვალეა ჰპატრონობდეს ადამიანის ნამუსს და ღირსებას და კაცი არავის გაალახვინოს ცილითა და ტყუილითა, რადგანაც ერთიცა და მეორეც ყურმოჭრილნი ყმანი და მოსამსახურენი არიან მარტო პირადის ანგარიშებისა. ლიტერატურა კი - როგორც მოღვაწეობა უკეთესთა კაცთა ერთად-ერთი ფარ-ხმალი უნდა იყოს ადამიანისა, როცა მის ღირსებას უაღრესად, უკიდურესად ხელს შეახებენ ხოლმე და მისს ზნეობურს კუთვნილებას სტაცებენ. ლიტერატურის მრავალგვარ და რთულ მოვალეობათა შორის ეს მოვალეობა ერთი უდიდესთაგანია, იმიტომ, რომ ნამუსის შებღალვა, ნამუსის ახდა, კაცის სახელის გატეხა ისეთი დიდი უბედურებაა, რომ თუ არ ზედმიწევნით გამორკვეულ, უტყუარ საბუთით, ლიტერატურამ სხვა გზით ამაებში არავის არ უნდა დაუთმოს ერთის იოტის ოდენაცა. ამ მხრივ ლიტერატურა ყოვლის კაცის პატრონი უნდა იყოს და მფარველი, ნამეტნავად იქ, საცა ეგ პატრონობა და მფარველობა სხვა გზით არ არსებობს“.

ილია ჭავჭავაძე

სამსონ ფირცხალავა გვიამბობს:

1901 წელს საქართველოში სპარსეთიდან ორი ფერეიდნელი ქართველი -ონიკაშვილი და ხუციშვილი - ჩამოვიდა. მათ მთელი საქართველო შემოიარეს. „ერთი ასეთი მოგზაურობის დროს მცხეთის სადგურზე მოულოდნელად შევეჩეხეთ ილიას. ის, ალბათ, საგურამოდან თბილისში მიდიოდა. ილია ბუფეტიდან გამოდიოდა, ჩვენ ბუფეტში შევდიოდით. მივესალმე ილიას. იგი ყურადღებით ჩააცქერდა ჩემს თანამგზავრებს, მიხვდა, ვინც იყვნენ. შევატყვე უნდოდა მათთან გამოლაპარაკება, მაგრამ მე რატომღაც უხერხულად მივიჩნიე გაჩერება და მაშინვე ბუფეტში შევედი ჩემ თანამგზავრებით“.

მართალია, როცა ამ მოგონებას წერდა . ფირცხალავა, მწარედ ნანობდა თავის საქციელს, მაგრამ რაღა დროს.

ილიასადმი უნდო დამოკიდებულების კიდევ ერთი საბუთი. 1936 წლის 21 ივნისს ნინო ნაკაშიძე სწერდა საქართველოს კპ ცკ პასუხისმგებელ მუშაკს კოტე გორდელაძეს:

ნასაკირალზე თავდასხმის შემდეგ, როდესაც დაბრუნებულმა პლასტუნებმა გადაწვეს ნასაკირალიდან ოზურგეთამდის გზისპირად მდებარე სოფლები, თქვენ უთუოდ გეცოდინებათ, დაარსდა გადამწვარ გურული გლეხობის დამხმარე კომიტეტი. ამ კომიტეტში ვმუშაობდი მე. არჩეული ვიყავი ხაზინადარად. საზოგადოდ დამხმარე კომიტეტის წევრები ყველანი არჩეულები იყვნენ. ერთ-ერთ ამ კომიტეტის კრებაზე დეკემბერში როგორც მახსოვს შუა რიცხვებში, გაირკვა, რომ ჭავჭავაძისაგან შემოვიდა შემოწირულობა დამწვართა სასარგებლოდ 25 მან. კრებაზე იყო 30-40 კაცი. დამხმარე კომიტეტის წევრებს გარდა სხვებიც იყვნენ. ერთმა სოც. დემოკ. წევრმა განაცხადა, რომ -ძის შემოწირულობა პროტესტის ნიშნად არ უნდა იქნას დამწვრებისაგან მიღებული და რომ ამის შესახებ გაზეთში უნდა გამოაცხადონ თავმჯდომარემ და ხაზინადარმა. ჩვენ, ე.ი. თავმჯდომარემ და მე არ დავეთანხმეთ და გაზეთში გამოცხადებაზე უარი ვთქვით. .. წევრმა მოიყვანა თავისი საბუთები, ჩვენ ჩვენი. ხალხი ცოტა არ იყოს რყევაში შევიდა. ამ დროს თედორე კიკვაძემ თქვა, რომ ჭავჭავაძე მართალია, ფეოდალი, მესაკუთრე და გლეხობის მჩაგვრელი იყო, მართალია, ხალხის წინაშე ბევრი ცოდვები მიუძღვის, მაგრამ ამჟამად ისეთი ღვაწლი დასდო მან გურულებს, რომ ჩვენგან ამნაირი საქციელი ლამაზი არ იქნება და არც ჭავჭავაძეს ეკადრება ამნაირი შეურაცხყოფაო და თქვა შემდეგი: - ნასაკირალზე თავდასხმის შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა გენ. ალიხანოვის დამსჯელი რაზმის გამოგზავნა და გურიის ძირბუდიანად ამოგდება. ამ დროს ჭავჭავაძემ შეკრიბა განურჩევლად პარტიულობისა თბილისის ინტელიგენცია და გავლენიანი ხალხი და საოცარი სიტყვა თქვა, რომ საქართველოს ერთი საუკეთესო ნაწილის გურიის განადგურება გადაუწყვეტიათ. არ შეგვიძლია ამას დავემორჩილოთ და გულგრილობა გამოვიჩინოთ. წავიდეთ ახლავე ვორონცოვთან, ვთხოვოთ, უკან დააბრუნოს დამსჯელი რაზმი. თუ არ დააბრუნებს და მაინც გაგზავნიან, მაშინ წავიდეთ ჩვენ ყველანი გურიაში და იმათთან ერთად ბრძოლაში დავიხოცოთო“.

ამის მერე დათანხმებულან დამხმარე კომიტეტის წევრები, მიეღოთ ილიასაგან შემოწირულობა.

ასე ყოფილა საზოგადოების ერთი ნაწილი დაბრმავებული ილიას წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდით. მისგან შემოწირულობის მიღებაც არ უნდათ. ილიას ვინმე თედორე კიკვაძის დაცვა სჭირდება და თან როგორი შეღავათით.

ალბათ, შექმნილი მძიმე მდგომარეობა აიძულებს ილიას, 1902 წელს უარი თქვასივერიისრედაქტორობაზე და იგი ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცეს. ოცდათერთმეტი წლის ბანკში სამსახურის მერე,1905 წლის 23 ივნისს მასაც გამოეთხოვოს და პენსიით დაკმაყოფილდეს, ხოლო 1905 წლის 5 ივლისს ანდერძიც დაწერა. თითქოს არაფერია მოულოდნელი და საკვირველი, რომ 68 წლის მოხუცმა ანდერძი დაწეროს, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა აქვს გარემოებას. ილია უტყუარი ალღოთი გრძნობს მოახლოებულ უბედურებას. სიტუაცია კარნახობს თადარიგი დაიჭიროს. სიკვდილის ჩასაფრებული აჩრდილიც კი ვერ აიძულებს, უღალატოს ცხოვრების ერთხელ არჩეულ წესს: ყველაფერი მოგვარებული ჰქონდეს.

დაწერა ანდერძი და დაამოწმებინა ძველსა და ნაცად მეგობარს, ნოტარიუსს ილია წინამძღვრიშვილს. ილია წერს - ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ჩემი უძრავი და მოძრავი ქონება რჩება ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძეს, ხოლო, ოლღას გარდაცვალების შემდეგ, მთელი ქონება გადაეცემაო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

ამ უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში ჟურნალმამოგზაურმა“ (1905 ., №13) ინფორმაცია გამოაქვეყნა - საგურამოსა და ჭოპორტის საზოგადოება“. იგი ხელმოწერილი იყო ინიციალებით - .. უწყინარი სათაურის უკან საგანგებოდ შეთხზული ცილისწამება იმალებოდა. რას სდებდნენ ბრალად ილიას?

პირველი:

ერთ-ერთ ახალსოფლელ გლეხს უთქვამს (ინფორმაციის ავტორი ამ გლეხის გვარს არ ასახელებს): „გასულ ზაფხულში, როცა სანადელო ყანა მოვმკე, ვეახელ ბატონს და მოვახსენე, რომ მოურავი გამოეგზავნა და ძნა გაგვეყო. ველოდე ერთი დღე, მაგრამ არ გამოჩნდა; მეორე დღეს ნაშუადღევს ჩამოვიდა მოურავი, კაცი გულქვა და შეუბრალებელი, გავიყავით ყანა, დაუდე ჩემს ურემზე და ამასობაში კიდეც დაღამდა. „ახლავე წამოიღე ურემიო“, მომაძახა მოურავმა და თითონ კი ცხენით გაქუსლა. რადგან ღამე ბნელი იყო და გზა ცუდი ილია ჭავჭავაძის კალომდე, შემეშინდა ურმის გადაბრუნება და იმ ღამის მაგიერ მეორე დილას წავიღე ურემი. ვიდრე მოურავი და ილია ჭავჭავაძე გამოიღვიძებდნენ, მე ურემი კალოზე მივიტანე, მაგრამ მაინც ვერ გადავურჩი მოურავის რისხვას და ლანძღვას. არ მიიღო ძნა, ბატონი აბრძანდება და ის მიიღებსო. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ აბრძანდა ბატონი ილია ჭავჭავაძეც, გამობრძანდა ბალკონზე, დამჭყივლა და დამჭყივლა. მერე დამიწყო უშვერის სიტყვებით ლანძღვა. „ახლავე ეგ ძნა დააბრუნე და იქვე ჩაიტანე, სადაც დაუდე, როცა მოურავს დრო ექნება, ჩამოვა, ახლათ გამოითვლის და გაყოფსო“. ბევრი ვემუდარე, ვეხვეწე, ეხლა დავთვალოთ, თუ ერთი თავთავი აკლდეს, თავი მომჭერი მეთქი, თუ ადამიანს არ იბრალებ, ეს უენო საქონელი მაინც შეიბრალე მეთქი, მაგრამ ამაოთ. ძნა ისევ იქ ჩავიტანე, დავცალე ურემი და ველოდე ერთი დღე, მეორე, მესამე, მაგრამ არ არის მოურავი, იქ ველოდე მინამ, ძნა საქონელმა არ დაშალა და გააოხრა“.

განგებ ამოვწერე ეს ცილისწამება თავიდან ბოლომდე, რომ მკითხველმა ნათლად დაინახოს, რაოდენ უაზროა იგი. თავი დავანებოთ პროპაგანდისტულ ლიტერატურაში ჩამოყალიბებული მოდელის გამოყენებას - ბატონი გვიან იღვიძებს, ბალკონზე გამობრძანდება და გლეხს უჭყივლებს და უშვერი სიტყვებით გალანძღავს. დავაკვირდეთ ნაამბობს.

გლეხი ამბობს, რომ მოურავის თანდასწრებით გაყო ძნა და ილიას წილი ურემზე დადო. ოღონდ რაკი დაღამდა, ღამით არ წაიღო და დილით მიუტანა. თუ ასე იყო, ილია რატომღა მოითხოვდა - ძნა უკან წაიღე, რომ მოურავმა ისევ დაითვალოსო? მოურავი ხომ იქვე იდგა და ეტყოდაგულქვაილიას - უკვე დათვლილი მაქვსო და ხელახალი გაანგარიშება საჭირო არ არისო? თუ მოურავს ეხალისებოდა ერთისა და იმავე საქმის ხელმეორედ გაკეთება? გამოდის, რომ მოურავი თავის თავს სჯიდა.

ძნა, რომელიც გლეხმა მოიტანა, ილიას წილი იყო. ილიამ ეს ძნა უკან გააბრუნა, რომ მერე იგი საქონელს გაენადგურებინა. რა აწუხებს გლეხს? იმდენად უჭკუო ყოფილა ილია ჭავჭავაძე, რომ საკუთარი ქონება გაუნიავებია. გლეხის წილს არაფერი დაკლებია. თუ მშრომელ გლეხს გული დასწვა იმან, რომ ნაშრომ-ნაამაგარი ასე უზრუნველად გაიფანტა? თუ ასე იყო, რატომ დაანება პირუტყვს ძნების გაოხრება? იქვე არ იყო თვითონ, საქონლის გარეკვას რა უნდოდა?

ილიას მტრები ჯერ ამტკიცებდნენ - იმდენად ძუნწია, კაპიკს ვერ გააგდებინებო ხელიდან, ახლა კი იმდენად უგუნური აღმოჩნდა, რომ საკუთარი მთელი ურემი ძნა საქონელს გააოხრებინა. ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.

მაგრამ უმთავრესი ის გახლავთ, რომ ილიას არავითარი მამული ახალსოფელში არ ჰქონია და იქაურ გლეხს არაფერი ემართა მისი. ამიტომ, ცხადია არც არაფერს მიუტანდა ილიას. „ახალ-სოფელში კი არც ერთი მტკაველი მიწა არ გაგვაჩნია. იგი სოფელი მთლიანად ეკუთვნის - ზაალ გურამიშვილს, რომლის მამულ-დედულს აპეკა განაგებს, რადგანაც პატრონი სნეულია, და იქ ერთი ნაყმევიც არამცთუ ჩვენ, თვით მამულის პატრონსაც არა ჰყავს“, - წერდა თვითონ ილიამოგზაურსპასუხად.

ამის შემოწმება მაშინაც კარგად შეიძლებოდა და დღესაც. რომელ მემამულეს სად რა მამული ჰქონდა, ეს ზედმიწევნით არის აღნუსხული. რასაც ილია ამბობდა, სრული სიმართლე იყო.

მეორე:

გურამიანთკარელ გლეხს მოუყოლია: „ამ ზამთარსა დიდი ყინვებისაგან წყალი, რომლითაც მთელი ოთხი თუ ხუთი სოფელი ვსარგებლობდით, გაიყინა. გაიყინა ისე, რომ მთლათ უწყლოთ დავრჩით. სოფლის ზევით სამ ვერსზედ ტყეში და მიუვალ ღელეში ჭავჭავაძის მამულში, გამოდის პატარა წყარო, რომელიც ზამთრობით არ იყინება. დავიწყეთ ამ წყაროთი სარგებლობა; დაგვასია თავადმა მოურავები, ბიჭები, და აგვიკრძალა წყლით სარგებლობა. თანაც გვითხრეს, ვისაც წყალი უნდა, იმან სულ თითო საქონელზე ათი შაური უნდა გვაძლიოს თვეშიო, და სასმელ წყალს მუქთათ დაუთმობთო. იძულებული ვიყავით, დავთანხმებოდით; მთელი ზამთარი ვაძლიეთ ასე უცნაური ხარკი. ჩვენ სოფელში იყო ერთი ძალზე ღატაკი კაცი, ისე რომ ჩვენ - ღარიბებს გვყავდა ზურგზედ აკიდებული თავისი ცოლ-შვილით. ერთ დღეს ამ კაცს აემსო ორი კოკა, გადაეკიდა მხარზე და მიჰქონდა სახლში. გზად გამოვლილი დაინახა . ჭავჭავაძის მოურავმა, გავარდა, სწვდა ყელში, დაუწყო ლანძღვა, რატომ თვეში ათ შაურს არ იხდიო. გლეხმა მიუგო: „თქვენ ათი შაური საქონელზე დაადგინეთ და მე კი კატაც არა მყავსო; ან ათი შაური ვინ მომცა, ეს ორი კვირაა, რაც ავღანტალდი ლოგინიდან, ხომ იცი სულ ავათა ვარ, ნათქვამიაწყალი მდევსა და გველეშაპს არ დაუჭერიაოდა თქვენ ხომ ქრისტიანები ხართო. შენთან ბევრი ლაპარაკი არ ღირსო, ამ სიტყვებით მივარდა მოურავი საცოდავს და ორივ სავსე კოკა ზედ გადაამტვრია ნახევრად შიშველ გლეხს. ამ ამბავს ილია ჭავჭავაძე ბალკონიდან უყურებდა 400 მანეთიან ქურქში გახვეული, გულიანათ იცინოდა და თანაც აქებდა ერთგულ მოურავს: „ყოჩაღ, მემარნიშვილო, ყოჩაღ, ეგრე სუსხი უნდა მისცე, რომ თავზე არ წაგვასხდნენო“. უბედური გლეხი ვიდრე სახლში მივიდოდა დასველებული, გზაში მთლად გაყინულიყო. მივიდა სახლში, მარა იქაც კერა გაცივებული დახვდა უშეშობის გამო. გახდა ხელ ახლათ ავად და ერთ კვირაზედ გაათავა მრავალ ტანჯული და წამებული სიცოცხლე“.

აქაც თავი დავანებოთ გაცვეთილი მოდელის გამოყენებას - მხეცი მოურავი, ღატაკი გლეხი, რომელსაც შეშაც არ აქვს სახლში და 400-მანეთიან ქურქში გამოწყობილი თავადი ბალკონზე - და ყური მივაპყროთ ილიას. იგი წერდა:

გურამიანთკარში ჩამოდის მდინარე თეზამი. ამას გარდა, სოფელში არის წყარო, რომელიც გამოიყვანეს სტაროსელსკებმა, როგორც თავისთვის, ისე სოფლისთვის. მართალია, თეზამი, როგორც ხევის წყალი, ხანდახან იყინება, მაგრამ წყარო თავისდღეში არ გაყინულა. რაც გინდ ძლიერი ზამთარი იყოს, წყაროს წყალი არ გაიყინება და ამდენად სოფელი უწყლოდ ვერ დარჩებოდა.

გურამიანთკარს აგრეთვე ჩამოუდის არაგვი, „რომელიც, როგორც დიდი და ჩქარი წყალი, ჩვენში არა-დროს არ იყინება მთელ სიგანეზე ისე, რომ საქონლისათვის წყლის სასმელი არა რჩებოდეს ან მთლად გაუყინავი, ან ისე თხლად გაყინული, რომ ყინული ადვილად ჩასამტვრევი არ იყოს“.

არაგვსა და სოფელ გურამიანთკარს შუა დიდი ფშა მოედინება, იგი წისქვილს აბრუნებს და აგრეთვე არასოდეს იყინება.

როცა სოფელში ამდენი წყალია, რატომ დაიწყებდა გლეხობა ტყეში სამ ვერსზე სიარულს? მით უმეტეს, რომ ასეთი წყარო საერთოდ არ არსებობს და ილია სხვისი მამულიდან მილებით თავის ეზოში გამოყვანილ წყალს ხმარობდა?

ილია სთხოვდა ინფორმაციის ავტორს: „მიბრძანდეს, ჩემს ბალკონზე დადგეს, ორმოცთუმნიანი კი არა, თუნდა ასთუმნიანი ქურქი წამოისხას, იქიდან გაიხედ-გამოიხედოს და თუ ჩემის ბალკონიდან ტყიდან გზად მიმავალს კაცს კი არა, სპილოს დაინახავს, ჩემი კისერი და მისი ხმალი“.

ვინ დაიჯერებს იმას, რომ ნაავადმყოფარი კაცი, რომელიც ლოგინიდან ძლივს წამოდგა, შიშველ-ტიტველი, სამ ვერსზე ტყეში წავიდა ორი კოკა წყლის მოსატანად. მეზობელი მაინც არ ჰყავდა, რომ ცოცხალ-მკვდარი კაცისათვის წყალი მიეწოდებინა? თუ მეზობელი გლეხებიც გულქვანი იყვნენ? ტყეში რა მიარბენინებდა, როცა კარწინ, შუა სოფელში, მოჩუხჩუხებდა წყარო?

და, რაც მთავარია, იმ ზამთარს გურამიანთკარში არ გარდაცვლილა არც ერთი მამაკაცი გლეხი.

მესამე:

არც დიდებული ილია ჭავჭავაძე და არც სტაროსელსკი გლეხებს ნებას არ აძლევენ ზეზე სადგომის აგებას“ (სიც - . .)

საგურამოში გლეხთა საბინადრო ადგილების არც ერთი მტკაველი არ ეკუთვნოდა არც ილია ჭავჭავაძეს და არც ოლღა გურამიშვილს. ეს ადგილები მთლიანად სამეურვეოს კუთვნილება იყო. სხვის მამულში ილია გლეხებს როგორ აუკრძალავდა ან ნებას მისცემდა სახლების დადგმისას? მაგრამ ენას ძვალი არა აქვს, და, თუ ნამუსი არ აკონტროლებს, რასაც უნდა იმას იტყვის. სამეურვეო მამულში კი გლეხები თავისუფლად იშენებდნენ სახლებს. ილია ეპატიჟებოდამოგზაურს - მობრძანდით და ნახეთო. თქვენი თვალით დარწმუნდებითო, რომ არავის უშლისო გლეხს სამეურვეო მამულში სადგომების აგებას.

მეოთხე:

„... გივი სტაროსელსკი და . ჭავჭავაძე მაშინვე დაფაცურდნენ, სთხოვეს მთავრობას ჯარიბუნტის ჩასაქრობად“.

ესეც მტკნარი სიცრუე იყო. ილია დაბეჯითებით აფრთხილებდა მოურავ მოსე მემარნიშვილს -„თუ ვინიცობაა, მანდ, საგურამოში ჯარი მოვიდა, შენ თვითონ ჩადი და ვინც უფროსია, ჩემმაგიერ სთხოვე, ხალხი არ დააწიოკონ, ჩვენ თვითონ მოვრიგდებით-თქო. თუ მაინცა და მაინც თავისი არ დაიშალონ, მაშინვე ფაეტონი გამომიგზავნე, მე თვითონ ამოვალ და მე თვითონ ვთხოვ უფროსს, მანდ არა იმოქმედონ-რა და ხალხი ტყუილ უბრალოდ არ გააფუჭონ“.

ილია გრძნობდა, დამსჯელი რაზმის სოფელში მისვლას არეულობა და უბედურება უფრო მოყვებოდა, ვიდრე სიმშვიდე და წესრიგი. ამიტომ ყოველნაირად ცდილობდა, თავიდან აეცდინა საგურამოში ჯარის ჩაყენება. იგი მოსე მემარნიშვილს მოთმინებასა და თავდაჭერას ურჩევდა: „გლეხებს ძალიან ნუ აუხირდები, ნურაფერს ნუ გააფუჭებინებ-კი და უბრალოზე კი ნუ გამოეკიდები. დრო მოვა და ყველაფერი დაწყნარდება და ყველაფერი გასწორდება. ეს ისეთი დრო დადგა, რომ ბევრი რამ უნდა ვითმინოთ, ბევრს რასმეს ისე უნდა აუაროთ გვერდი, თითქოს არა ვხედავთ“.

ასე რომ, საგურამოში ილიას ჯარი არ მიუწვევია.

ისე . .- ინფორმაციას თუ დაუჯერებს კაცი, ილიას ჰქონდა უფლება ჯარის მიწვევისა. „მოგზაურისკორესპონდენტი წერს: „ჭავჭავაძეს ყავდა ახალსოფლიდან ერთი დედაბერი მექათმეთ; ამის შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, რატომ დედაშენი არ ანებებს თავს ბატონებთან სამსახურსო და კაცი იძულებული გახდა ძალით გამოეთრია გაჯიუტებული დედაბერი“. ამის დამწერი ან იმდენად ბრიყვია, რომ არ იცის, რას წერს, ანდა განგებ გვაუწყებს საგურამოში შექმნილი ქაოსის შესახებ. თუ გლეხები ერთმანეთს სახლებს უწვავდნენ, დედაშენი ილია ჭავჭავაძესთან რატომ მსახურობსო, წარმოგიდგენიათ, რა საშინელი ტერორისტული ატმოსფერო ყოფილა გამეფებული! ამ ტერორისაგან თავისი თავიც და სხვაც ხომ უნდა დაეცვა? მაგრამ გლეხებს არავის სახლი არ დაუწვავთ საგურამოში. ეს ტყუილიც . .- მოიგონა.

საინტერესოა, მაინც ვინ იყო ეს . ., რომელსაც ასე ფართოდ გაუღო კარი ჟურნალმამოგზაურმა“? მოისმინეთ, რას გვიამბობს ისტორიკოსი იასე ცინცაძე.

1925 წელს საქართველოს ცენტრალურ არქივში დავიწყეო მუშაობა, - გვიყვება იასე ცინცაძე. ჭრელი ხალხი მუშაობდა თურმე მაშინ არქივში - კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის ყოფილი დირექტორი, სახაზინო პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი გენერლები და ოფიცრები... ამ ყოფილთა შორის ყოფილა ვინმე ვასილ დავითის ძე ნაცვლიშვილიც.

1927 თუ 28 წელს ცენტრარქივის კოლეგიის წევრად დაუნიშნავთ რაჟდენ კალაძე. მაშინ იგი მესამე დასის ისტორიის დაწერას აპირებდა. ერთხელ . კალაძის კაბინეტში ნაცვლიშვილი შესულა. არ გასულა დიდი ხანი და კაბინეტიდან, თურმე, საშინელი ყვირილი მოისმა: „დაიკარგე აქედან! „გაეთრიე გარეთ!“ მერე კედელს რაჟდენის გამოსროლილი პრესპაპიეც მოხვედრია. დამფრთხალი ნაცვლიშვილი გარეთ გამოვარდნილა და დერეფანში მიმალულა. იასე ცინცაძე მყისვე რაჟდენთან შესულა. იგი უზომოდ აღელვებული დახვედრია. „კაცო, ნახე, გაიგე, ეს ნაცვლიშვილი ვინ ყოფილა?“ - მიუხლია იასესათვის რაჟდენ კალაძეს. - მამაძაღლი, პროვოკატორი, ილია ჭავჭავაძის დამღუპველი. შემოვიდა და მითხრა, შენ რევოლუციური მოღვაწეობის ისტორიას ადგენ და მე არ უნდა გამომტოვოო“. როცა გაკვირვებულ რაჟდენს უკითხავს - რა დამსახურებისათვის უნდა მოგიხსენიოო, ნაცვლიშვილს ურცხვად უპასუხებია - მოგზაურშიდაბეჭდილი კორესპონდენციის ავტორი მე ვარ. ილია ჭავჭავაძეს მე ვესროლე ქვაო. ამიტომ გამოუგდია გარეთ . კალაძეს ნაცვლიშვილი.

მერე თვითონ ნაცვლიშვილისათვის უკითხავს იასეს - მართლა შენ ხარო იმ კორესპონდენციის ავტორი? ნაცვლიშვილს თავმომწონედ დაუდასტურებია - მე ვარო. მაშინ იასე ცინცაძე საცემრად მივარდნია ნაცვლიშვილს, მაგრამ ოთახში გრიგოლ ნათაძე შემოჭრილა და ისინი გაუშველებია.

ერთხანს კიდევ უმუშავია ნაცვლიშვილს არქივში. 1931 წელს არქივის მუშაკთა წმენდა მომხდარა. ამ წმენდის დროს გამოურკვევიათ, რომ ნაცვლიშვილს ავჭალის მოედანზე სამიკიტნო ჰქონია, ბოქაულ ზუბრიცკისთან ჯაშუშად მსახურობდა და დროდადრო სათანადო ცნობებს აწვდიდა. დადგინდა ისიც, რომ ნაცვლიშვილი საერთოდ არასოდეს საგურამოში არ ყოფილა.

ვასილ ნაცვლიშვილი ცენტრარქივიდან გაუძევებიათ.

იასე ცინცაძის მოგონებაში სხვა მეტად საინტერესო ცნობებიც არის, მაგრამ თხრობის გეზს ნუღარ გადავუხვევთ და ისევ 1905 წლის ამბები გავაგრძელოთ.

მოგზაურიისე იყო ილიას სიძულვილით შეპყრობილი, რომ ერთხელ ერთ ნომერში (1905 ., №18) ერთდროულად სამი წერილიც კი დაბეჭდაგანდეგილისავტორის წინააღმდეგ: „თავის გამართლებაც ასეთი უნდა“, „პასუხად ილია ჭავჭავაძესდამცირე შენიშვნა“.

მოგზაურიამითაც არ კმაყოფილდებოდა და ნაირ-ნაირ პამფლეტებს აქვეყნებდა ილიას სახელის გასატეხად. ერთი პამფლეტისტი ილიას ლექსის პაროდიას ბეჭდავს („მოგზაური“, 1905 ., №15).

ჩვენს მგოსანს

გესმის, გესმის, „საზარელიხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა,

სიმართლის ხმა მართლა გრგვინავს დასათრგუნად მონობისა.

დღესგაღონებსთურმე ეს ხმა; გიორკეცებს დარდებს გულში

და ღმერთსა სთხოვ, ეგმწარეხმა არ გაისმასთქვენსმამულში.

საშუალებაც მოგინახავს, რომ აღმოფხვრა ეგ ხმამწარე“,

საგურამოელი გლეხი გასტანჯე და გაამწარე.

მეორე პამფლეტისტი პათეტიკურად მოუწოდებდა („მოგზაური“ 1905 ., №9):

სირცხვილი შენ, სირცხვილი! ვისი დაწერილია მშვენიერი წიგნი, რომელსაცგლახის ნაამბობიქვია? ვისი-მეთქი, გეკითხები. რატომ აწერე ისე ხელოვნურათბატონებისსიმხეცე და ყმების გაჭირვება, თუ რამდენიმე ხნის შემდეგ შენს ნაწერებს შენვე უარყოფდი? ვინ გალექსა ისე ლამაზათ ყაჩაღი კაკოს ნაამბობი? ვინ-მეთქი, გეკითხები? რა იყო მიზეზი კაკოს გაყაჩაღებისა?

ნუთუ ყველა ეს დაგავიწყდა? ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომკაკოს“, „გაბროს“, „თამროსდავიწყებოდეს ის, რაც შენ განზრახ დაგივიწყებია, სირცხვილი შენ, სირცხვილი!“ . მახარაძის ცილისწამება.

ასე ამუნათებდნენ ილიას. ის კი იდგა და გულმხურვალედ მოუწოდებდა ერს, ხალხს, საზოგადოებას, განურჩევლად პარტიულობისა - ყველანი გურიაში წავიდეთ და აჯანყებულებთან ერთად დავიხოცოთო.

ყველაზე უფრო გულსატკენი ის იყო, რომ ილიას არავინ გამოქომაგებია. არავის ამოუღია ხმა მის დასაცავად, არავინ გამოსარჩლებია.

დაცვა-გამოსარჩლებას ვინღა ჩივის. „ივერიამ“, ილიასივერიამ“, რომლის რედაქტორობას სულ რაღაც სამიოდე წლის წინ დაანება თავი, „მოგზაურისცილისწამება გადაბეჭდა და მის გავრცელება-პოპულარიზაციას ხელი შეუწყო. თან ფარისევლური შენიშვნა დაურთო.

ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუგლახის ნაამბობისავტორს ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ და გვირჩევნია ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თვითონ . ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის შინაარსის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებს“.

მაგარმ, როცა ილიამ პასუხი დაწერა და ინსინუაცია გააბათილა, „ივერიამარ დაბეჭდა ეს წერილი. ილია იძულებული გახდანუთუ?“ თავის ხარჯით დაესტამბა და როგორცივერიის დამატება“ გაევრცელებინა.

მართალია, მოგვიანებით,1913 წელს, „ივერიისადა სხვა გაზეთების რედაქტორები მიხვდნენ, რაც ჩაიდინეს, როცა ილიას პასუხი არ დაუბეჭდეს და თავში ხელს იცემდნენ, მაგრამ გვიანღა იყო თითზე კბენანი.

თითქოს ილია უკვე განწირულია, თითქოს იგი უკვე გარიყულია, მაგრამ მოულოდნელად ბედის ჩარხი კიდევ ერთხელ შემოტრიალდება.

1906 წლის 9 მარტს კოლეგიის რეგისტრატორი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე და კოლეგიის ასესორი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი სახელმწიფო საბჭოს წევრებად აირჩიეს.

16 „ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს“

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი ხალხი ნაციონალიზმს დღესაც ისე უარყოფს როგორც წინეთ და, რა მშვენიერი ხონჩითაც უნდა მიაწოდო - ის მას, ხონჩიანა შორს აგდებს. საქართველოს ავტონომიაში ხალხმა დაინახა იგივე ანტირუსული და ანტისომხური მიმდინარეობა, რომელიც წინეთ იყო ჩვენში და რაც მან კაი ხანია დაგმო.“

ნოე ჟორდანია

„...1905 წელს ბოლშევიკური ქართული მუშათა პრესა ერთხმად აღიარებდა: 1) რომ ვიდრე რუსეთის მეფის თვითმპყრობელობა და წყობილება რუსეთის შემადგენელი ერების მუშათა კლასის შეერთებული ძალით არ დაემხობა, მანამ არც სასარგებლო და არც საჭირო არაა საქართველოს არა თუ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, არამედ უბრალო დემოკრატიული ავტონომიაც კი; 2) ხოლო თუ პირობები შეიცვლება, თუ თვითმპყრობელობა და ბურჟუაზია დაეცემა, მაშინ რუსეთის შემადგენელ ერების პროლეტარულ ნაწილსაც უფლებაც და ძალაც ექნება თავთავიანთ ერის ფარგლებშინაციონალური კითხვაწამოაყენოს და ეროვნული საკითხი საბოლოვოთ გადაჭრას, ვინაიდან ქართველი ერი ისევ არსებობს, როგორც რუსი ერი და ყველა სხვა ერი“.

რაჟდენ კალაძე

1904 წლის 30 ივლისს რომანოვების ოჯახში სასიხარულო ამბავი მოხდა: დაიბადა ნიკოლოზ მეორის ვაჟიშვილი ალექსი, ტახტის მემკვიდრე. 1905 წლის 2 აპრილს კი გაზეთიცნობის ფურცელიიუწყებოდა: პირველ აპრილს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება ჩატარდაო. ამ კრებამ რუსეთის იმპერატორს წერილი გაუგზავნა და ნიკოლოზ მეორეს ვაჟის შეძენა მიულოცა. ქართველი თავადაზნაურობა საუკუნო ერთგულებას ეფიცებოდა იმპერატორს და გულმხურვალედ სთხოვდა - თავად-აზნაურობა ზრუნავს რა სახელმწიფოს საზოგადო სარგებლობის და საჭიროებისათვის, მტკიცედ დარწმუნებულია, რომ მშვიდობიანი და კულტურული განვითარება ქართველი ხალხისა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს, რუსეთის სახელმწიფოს ამ განუყოფელ ნაწილს და ნებაყოფლობით იმასთან შეკავშირებულს, მიენიჭება უფლება საკუთარი კანონებით მართვა-გამგეობისა (ხაზი ჩემი -. .). ეს კანონები უნდა დადგენილ იქნას ადგილობრივ წარმომადგენლობით კრების მიერ, არჩეულის მთელის საქართველოს მცხოვრებთა საყოველთაო, პირდაპირ, საიდუმლო და თანასწორი ხმის უფლებით“.

თავადაზნაურთა კრებაზე ამ წერილს მხარი დაუჭირა 44 კაცმა, წინააღმდეგი იყო - 4. ზუსტად ასეთივე წერილი გაუგზავნა იმპერატორს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებამაც.

საქართველოს ავტონომიას რუსეთის მეფის ოფიციალურ სამსახურში მყოფი პირებიც მიემხრენ. მაგალითად, . სოხუმის მერი ნიკო თავდგირიძე, რომელმაც ოფიციალური მოხსენება წარუდგინა კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიას. ავტონომია მოითხოვა აგრეთვე ქუთაისის საქალაქო საბჭოს ოფიციალურმა კრებამაც.

ქართველი თავადაზნაურობის თხოვნა არსებითად ის იყო, რასაც საქართველოს ეროვნული ავტონომიის იდეა ითვალისწინებდა. 900-იან წლებში კი ავტონომიის იდეა საკმაოდ პოპულარული ხდება.

არჩილ ჯორჯაძე წერდა:

ქართულ პრესაში ავტონომიის შესახებ პირველადსაქართველომდაიწყო ლაპარაკი. ეს ორგანო გამოდიოდა პარიზში 1903-1904 წლებში. ამ ორგანოს პირველსავე ნომერში დაიბეჭდა რედაქციისღია წერილი რუსეთის ლიბერალთა და სოციალისტთა მიმართ“., ამ წერილში, სხვათა შორის, ვკითხულობთ: „ჩვენი სურვილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა არ არის. ნათლად და აშკარად ვამბობთ: ჩვენ პოლიტიკური სეპარატიზმის მომხრენი არა ვართ. ჩვენი წადილი და მისწრაფება - განსაკუთრებულ, საქართველოს პირობებთან შესაფერი, კონსტიტუციის მოპოვებაა. ჩვენ გვსურს დავრჩეთ რუსეთის პოლიტიკური ორგანიზმის ჩარჩოებში, მხოლოდ ამასთან შინაურ საქმეებში გვინდა ვიყოთ სრულიად დამოუკიდებელნი. ერთი სიტყვით, ჩვენ გვსურს ეროვნული ავტონომია მოვიპოვოთ“.

მართალია, ეროვნულ ავტონომიაზე აქტიური ლაპარაკისაქართველომდაიწყო, მაგრამ ავტონომიის იდეა ილიას ეკუთვნის და უკვე მე-19 საუკუნის ოთხმოციან წლებში არსებობდა.

1884 წელსნაროდნაია ვოლიასხელმძღვანელები და წევრები გასცა პროვოკატორმა სერგეი დეგაევმა. დეგაევთან დაკავშირებულ დოკუმენტებში აღნიშნულია - დეგაევის ჩვენების თანახმად, ილია ჭავჭავაძე და ჟურნალებისივერიისადაიმედისკომპანია შეადგენენ ლიბერალთა ჯგუფს, რომელთაც სურთ საქართველოს ავტონომია იმპერიის ფარგლებში და ოცნებობენ ქართულ პარლამენტზე“. მართალია, დეგაევი ილიას პირადად არ იცნობდა, მაგრამ შეუძლებელია იგი ცდებოდეს. დეგაევი დიდად გამოცდილი და გაქნილი ჯაშუში იყო, მან ზედმიწევნით იცოდა, რა ხდებოდა როგორცნაროდნაია ვოლიაში“, ისე საიდუმლო პოლიციაში, რადგან ერთდროულადნაროდნაია ვოლიასწევრიც იყო და პოლიციის აგენტიც.

დეგაევის ჩვენების სისწორეზე მეტყველებენ მიხა ჩოდრიშვილის მოგონებანიც. 1878 წელსნაროდნაია ვოლიასქართველ წევრებს პროკლამაცია დაუწერიათ. „ეს ფურცელი, მე წავიკითხე - ჰყვება . ჩოდრიშვილი - და ზოგიერთი ალაგი ამ ფურცლის შინაარსისა კარგადაც დამამახსოვრდა. იქ სხვათა შორის ეწერა, ჩვენ ქართველები ვთხოულობთ, რომ რუსეთისა და საქართველოს მეფეების ხელშეკრულების ძალით, საქართველოს უნდა დაუბრუნდეს თავისი ისტორიული საზღვრებიო და სხვა მისი ტერიტორიალურ ფარგლებით, რომელსაც უნდა განაგებდეს ქართველი ერი თავისი ნების ყოფით და დამოუკიდებლათო“. ეს ფურცელი ვასო რცხილაძეს, . ჩოდრიშვილის ხელით, ილიასთვის გაუგზავნია. ილიას წაუკითხავს და ვასო რცხილაძისათვის პატარა ბარათით უცნობებია, ეგ ფურცლები ახლავე დაწვით, თორემ, თუ მთავრობას ჩაუვარდა ხელში, „მაშინ საქართველოს ხომ მთლად თავის სამშობლოდან გადაასახლებენ შუა რუსეთში და აქ კი ნაცვლად რუსებს ჩამოასახლებენო“. ვასოს ილიას ბარათი წაუკითხავს, გაფრთხილება ყურად უღია და . ჩოდრიშვილისათვის უთქვამს - ეგ ფურცლები ან დაწვი, ან საგულდაგულოდ გადამალეო.

საქართველოს ავტონომიის იდეა რომ ილიას ეკუთვნოდა, ამას კიტა აბაშიძეც მოწმობს: „ილიამ პირველმა წამოაყენასაქართველოს ავტონომია“, როგორც პოლიტიკური მოთხოვნილება“. გიორგი ლასხიშვილი კი დასძენს, 1905 წელს სხვადასხვა პოლიტიკური საკითხის განსახილველად ხშირად ტარდებოდა კრებები. ერთ-ერთ ასეთ კრებაზეგიგო რცხილაძე აღნიშნავდა მომენტის სიდიადეს, რუსეთის საზოგადოებრივ მოძრაობას და ბოლოს საინტერესო ამბავი მოხდა. მოულოდნელად ილიამ განაცხადა:

- თუ ასეა, თუ საჭიროა ქართველმა თავად-აზნაურობამაც ხმა ამოიღოს, მაშინ უმჯობესია და უფრო შეეფერება საქართველოს ავტონომიის საკითხი წამოვაყენოთო“.

როგორც ჰგავს, ადრე ილიას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ყველაფრის სააშკარაოდ გამოტანა და უფრო ხელსაყრელ დროს ელოდა. 1905 წლის 6 მარტს კი, თავადაზნაურობის კერძო თათბირზე, ილიამ საჯაროდ მოითხოვა: „ჩვენის ქვეყნისათვის კანონები აქვე უნდა იწერებოდეს ჩვენი ქვეყნის მიერ არჩეულ წარმომადგენელთა კრებულისაგან“.

ამას ემთხვევა სხვა მეტად საგულისხმო ამბებიც.

1906 წელს, დამსჯელი ჯარის მიერ იმიერსაქართველოს აწიოკების შემდეგ, ქართველმა ქალებმა პროტესტი გამოაცხადეს და ინგლისურ გაზეთებში მოწოდება დაბეჭდეს, აღიკვეთოსო ძალადობა საქართველოში. ამ მოწოდებას გამოეხმაურა რუსეთისა და მთელი ევროპის პრესა. ყველა ალაპარაკდა, ხოლო ინგლისშისაქართველოს დაცვის საზოგადოება დაარსდა“. 1907 წელს ამ საზოგადოებას ქართველებმა პეტიცია გაუგზავნეს. პეტიციას 1. 200 კაცი აწერდა ხელს. იგი ითხოვდა - საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკურ ავტონომიას. საზოგადოებამ ეს პეტიცია ჰააგის მუდმივი ტრიბუნალის წევრს, პროფესორ ერნესტ ნისს გაუგზავნა გასასინჯად. განხილვის შემდეგ პეტიცია დაურიგდა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციის წევრებს. სამწუხაროდ, კონფერენციამ ეს საკითხი განსახილველად დღის წესრიგში არ შეიტანა, რადგან ეს რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად ჩათვალა. მაგრამ მთელი ეს მასალა მაშინ, 1907 წლის 29 ივნისს, ბელგიურ გაზეთ L'ინდეპენდანცე-ში დაიბეჭდა.

ევროპელი მოღვაწეები ეხმაურებიან საქართველოს ავტონომიის იდეას და მხარს უჭერენ მას.

მიუხედავად საქართველოს ეროვნული ავტონომიის იდეის პოპულარობისა, ქართველი საზოგადოება ერთსულოვნად მაინც არ უჭერდა მას მხარს. ქართველი სოციალ-დემოკრატები მაშინ ავტონომიის წინააღმდეგნი იყვნენ.

რატომ?

სოციალ-დემოკრატია იცავს ორ ძირითად დებულებას:

პირველი: თუ რუსეთის იმპერიას გამოეყოფა ფინეთი, პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, ეს დაშლის, დაანაწევრებს მთელი პროლეტარიატის ერთიან ბრძოლას, რასაც შეიძლება რევოლუციის დამარცხებაც მოჰყვეს. თვითმპყრობელობა უფრო იოლად გაუმკლავდება დაქუცმაცებულ პროლეტარიატს. ამიტომ ავტონომია სასურველი არ არის.

მეორე: თუ პროლეტარული რევოლუცია გაიმარჯვებს, მას კანონზომიერად მოჰყვება ეროვნული თვითგამორკვევაც. ეროვნულ თავისუფლებას კი სოციალური თავისუფლება არ მოსდევს. ამიტომ უმჯობესია პროლეტარული რევოლუციისათვის ბრძოლა. ავტონომია კი ამას ხელს უშლის.

ამ თვალსაზრისის გამო ქართველი სოციალ-დემოკრატები ებრძოდნენ საქართველს ეროვნულ ავტონომიას. მართალია მათ შორის იყვნენ ავტონომიის მომხრენი (. დარჩიაშვილი, ივ. გომართელი, . საყვარელიძე), მაგრამ უმრავლესობა წინააღმდეგია.

ეს პრინციპული დავაა და შეთანხმება გამორიცხულია. თუმცა მეოცნებენი და გულუბრყვილონი იმედს არ კარგავენ, რომ შეთანხმება მოხდება. ეს ილუზია იყო, მაგრამ მაინც ებღაუჭებოდნენ.

ამ ილუზიას პართენ გოთუა ასე გადმოგვცემს:

- მხოლოდ ილიას შეუძლია შეგვაერთოს ყველა პარტია, მხოლოდ ის გამოხატავს ჩვენი ხალხის სულიერ სიძლიერეს.

- აი, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტობის ღირსი, თუ გვეღირსა თავისუფლება. მხოლოდ ილიას ძალუძს ჩაუდგეს სათავეში განთავისუფლებულ საქართველოს“.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.

17 „მოზიდულია მშვილდი, კენტო, უფრთხილდი ისარს!“

▲ზევით დაბრუნება


ილია ჭავჭავაძე ისეთი ლამაზი და მარილიანია, კაცი თვალს ვერ მოაშორებ. მშვენიერი ფართო შუბლი, თმა ხშირი, შავი, როგორც გიშერი, შუაზედ გაყოფილი და გრძლად დაშვებული კისრამდე... ტანით თურმე პატარა კახს მიაგავს, მაგრამ, როცა ზის, ჰგონია ადამიანს, ხიზაბავრელის მხარბეჭი აქვსო“.

სოფრომ მგალობლიშვილი

ილიაც მოვიდა და თან მოიტანა თავისიგლახის ნაამბობი“, წაგვიკითხა. ასეთი ტკბილი, ძლიერი, მკაფიო ქართული კითხვა ან სიტყვა ჯერ არ მსმენოდა. ვატყობდი ყველა აღტაცებული იყო და მე ხომ სულ დამონებული ვიყავი ძლიერის შთაბეჭდილებით“.

კოტე მესხი

რისხვა დიდი იცოდა. არა ყვირილი, არა ძახილი ხმითა დიდითა, არა ვაი-უშველებელი, არამედ ოდნავი ხმის აწევა და ფოლადური სიმტკიცე. თითოეულ სიტყვაში, თანაც ცეცხლით ანთებული თვალები და დოღში გამოსული ბედაურივით ამოძრავებული ცხვირის ნესტოები. ამ დროს მთელი მისი არსება უდრეკი ენერგიის განხორციელება იყო“.

ილია ზურაბიშვილი

1907 წლის ზაფხულია.

თურმე ილია-მწერალი ზამთარსა და ზაფხულში უფრო ნაყოფიერად მუშაობდა, ვიდრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ იგი ივლის-აგვისტოში ან დეკემბერში საშუალოდ ათ-თორმეტ თხზულებას წერდა, აპრილ-მაისში ან სექტემბერ-ოქტომბერში მხოლოდ - ერთს ან ორს.

ეს უანგარიშიათ, დაუდგენიათ და დაურთავთ ილიას ნაწერების მიხეილ გედევანიშვილისეული გამოცემისათვის.

ახლა ილია უკვე აღარ წერს, სულ ცოტა ხანში სამოცდაათი წლის გახდება. დაიღალა. ჟამიდან ჟამზე ბავშვობა და ჭაბუკობა გაახსენდება, როცა საქვეყნო უღელი არ ედგა და გუნება-განწყობილებისამებრ ცხოვრობდა. იშვიათად, მეტად იშვიათად ჰქონია ცხოვრებაში წამი, ოდენ საკუთარ თავს რომ ეკუთვნოდა, სხვისი ჩასაფრებული და გამქირდავი თვალი არ უდარაჯებდა.

ბანქოს თამაში უყვარდა. ამ დროს ისვენებდა და შვებას ეძლეოდა. მეგობრების - გიორგი შარვაშიძის, კონსტანტინე რეიტერის, ნიკოლოზ ერისთავის, დავით ავალიშვილის - წრეში უდარდელად ერთობოდა. ერთხელ სასაცილო ამბავიც შეემთხვა. ათასხუთასი მანეთი წააგო. შინ გვიან დაბრუნდა, ეტლით. ქისა მოჩხრიკა. ხურდა ფული არ აღმოაჩნდა. მეეტლეს უკანასკნელი თუმანი მისცა. გახარებულმა მეეტლემ გაიფიქრა - ალბათ, წუხელ ბევრი მოიგო, თორემ ამდენს არ გადამიხდიდაო და სულითა და გულით დალოცა: თავადო, ღმერთმა სულ ასე მოგებული გატაროთო!

ამის უფლებასაც არ აძლევდნენ. ტუჩებს აბზუებდნენ და ყვედრებით ჩურჩულებდნენ - ილია ჭავჭავაძეა და არ ეკადრებაო. თითქოს ადამიანი არ იყო და კაცებრივი სისუსტენი არ უნდა ჰქონოდა.

სურვილშებორკილს, გრძნობაშებორკილს უნდა ეცხოვრა. ყოველი ნაბიჯი უნდა მოეზომა.

ქალებსაც ერიდებოდა. ეკატერინე გაბაშვილი იგონებს: „ილიამდროებისტალანში პალტოს ჩაცმა დაიწყო. მე ხელი შევაშველე ჩაცმაში, ჯოხიც მივაწოდე, მაგრამ ზედაც არ შემომხედა და თავჩაღუნულმა ჩაიარა კიბეზე. დამბლა დაცემულივით ვიდექ კიბის თავზედ და ვწყევლიდი ჩემ ქალად გაჩენის დღეს, თუ მართლა ქალების დანახვა უკრავდა კრიჭას იმ დიდებულ მეტყველებას, რომელიც ქალებს ზედმეტად ესაჭიროებოდათ. მოსასმენად, შესასუნთქად, იქნებ ასაყვავებლადაც...“

არც ღვინო ყოფილა ილიას გატაცების საგანი. მართალია, „ივერიისრედაქტორის სამუშაო ოთახს, იონა მეუნარგიას სიტყვით, რვა, ერთიმეორეზე უდიდესი ყანწი ამშვენებდა, მაგრამ ეს უფრო ძველი ზნე-ჩვეულების პატივისცემა იყო, ვიდრე ღვინის სიყვარული. ილიაობაც ხშირად იმართებოდა. საქართველოში ჩამოსული ყველა უცხოელიც ილიასთან სტუმრობდა. ამ ლხინსა და ნადიმებს ცა და ქვეყანა ესწრებოდა. ღვინოც ჩაფებით ისმოდა. მაგრამ გულბაათ ჭავჭავაძის სახლიკაცს არასოდეს დაუკვეხნია - ჩემოდენას საქართველოში ორიც არ დალევს, დიდი მსმელი ვარ“. ეს ტრაბახი ლუარსაბ თათქარიძისა და მისი ამყოლ-დამყოლის საქმე იყო. მას ებგურივით ფხიზლად უნდა ეცხოვრა.

ყველაფერი კარგი უსაზღვრო აღტაცებას ჰგვრიდა. როცა პირველად ნიკოლოზ ბარათაშვილისბედი ქართლისადამერანიწაიკითხა, სიხარულით ცას ეწია. „ზაფხულობით ჩვენი ქართველი სტუდენტობა პავლოვსკში ატარებდა დროს, - გვიყვება კოხტა აბხაზი, - და ჩვენც, მე და ილია, ზაფხულობით იქ ვიმყოფებოდით ხოლმე. მახსოვს, ერთხელ პავლოვსკიდან ცარსკოე სელოში წავედით და იქ ვეწვიეთ ქალბ. დადიანისას, სამეგრელოს მთავრის ასულს. . დადიანისამ გამოიტანა და მოგვცა წასაკითხად ბარათაშვილის ლექსები, რამდენადაც მახსოვს, ბარათაშვილის საკუთარი ხელნაწერი. ეს ლექსები იყო: „ქართლის ბედიდამერანი“. ვერ წარმოიდდგენთ, რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ. თითქმის მთელი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით“.

მაშინ, მეცხრამეტე საუკუნეში, გრიგოლ ორბელიანის შემოქმედება არავის შეუფასებია ისე ღრმად, ზუსტად და სამართლიანად, როგორც ილიამ გააკეთა ეს. „საქმით წმინდა, გულმხურვალე, სიტყვატკბილი და ჭკვამაღალიუწოდა პოეტსა და გენერალს. მაგრამ ილიამვე აღნიშნა მოურიდებლად გრიგოლ ორბელიანის ერთი თვისება - გაუბედაობა. ომებში მამაცი და შეუდრეკელი ვაჟკაცი, რატომღაც სამოქალაქო საქმეში მფრთხალი იყო. მოულოდნელად უკან დახევა იცოდა. ამიტომ აკადრა მწარე სიტყვები -„მაგრამ ამ კარგსაც ქვეყანა ზოგჯერ ფეხზე ჰკიდია“. არც გრიგოლი დარჩენილა ვალში. „ბურთივით მრგვალი ლიბერალისსახელით მონათლა თერგდალეული. მაგრამ დაწერდა თუ არა რაიმეს, მაშინვე ილიას უგზავნიდა და მოწაფესავით ელოდა მის აზრს.

დავბერდი და შევუდეგ სულის გზასა, - სწერდა გრიგოლ ორბელიანი ილიას, - ვკითხულობ დავითნსა და აი რა დადნა ამ კითხვისაგან. მაგრამ გთხოვ კი, რომ თქვენვე წაუკითხოთ ჩემს ულმობელს კრიტიკოსს ოლღასა, თუ მოეწონოს ხომ კარგი, და თუ არა, აიღეთ კარანდაში, წაუსვით და წამოუსვით, ასე რომ მაგ ლექსის სახსენებელიც აღარსად იყოს ჩემს შესარცხვენელად“.

ილიამ დაუყოვნებლივ დაბეჭდა გრიგოლის ეს ლექსი, სახელადფსალმუნი“.

უშეღავათოდ, პრინციპულად დავობდნენ საერთო-საზოგადოებრივ პრობლემების გამო, მაგრამ ეს არ ბზარავდა, არ ბღალავდა მათ პირად ურთიერთობას. ერთხელ გრიგოლ ორბელიანი ავად იყო. ნატო გაბუნიას სიმღერის მოსმენა ინატრა. შინ მიაკითხეს მსახიობს ილიამ, ივანე მაჩაბელმა, იონა მეუნარგიამ და გრიგოლთან წაიყვანეს. ნატომ იმღერა, ლექსები წაიკითხა. ამან ისე გაახარა სნეული, რომ თავი მართლაც უკეთ იგრძნო. მათი პირადი სიყვარული საქვეყნო საქმეში პირმოთნეობას არ ითხოვდა. პირიქით, პირუთვნელობას ეყრდნობოდა.

ყველაფერი ცუდი სულის ძირამდე აღშფოთებდა ილიას. სულერთი იყო, აზრი იქნებოდა უკეთური თუ - საქმე. აზრს ჯერ განუხორციელებელ საქმედ თვლიდა, ხოლო საქმე უკვე განხორციელებულ აზრად მიაჩნდა. ამიტომ თანაბრად ებრძოდა ერის საზიანო აზრსა და საქმეს.

სრულიად მართებულად მიიჩნია კონსტანტინე გამსახურდიამ ილიას პიროვნება ქართული ხასიათის ახლებურ გამოვლენად. „განახლებულ საქართველოს ახალ ისტორიაში ილია ჭავჭავაძით იწყება ახალი აქტივი ხასიათისა. ახალი დინამიური ძალის შემოჭრას ნიშნავდა ილია ჭავჭავაძის გამოსვლა ჩვენი უახლოესი წარსულის ასპარეზზე“.

როგორც კი ხასიათისა და უხასიათობის კონფლიქტს, აქტიურობისა და პასიურობის ბრძოლას გავითვალისწინებთ, მაშინვე გასაგები გახდება, რატომ უხდებოდა ილიას ცხარე პაექრობა ხშირად ახლობელ და საყვარელ ადამიანებთანაც. იგი ვერ იტანდა პასიურობისა და უხასიათობის გამომჟღავნებას.

როცა მოსე წინასწარმეტყველმა ებრაელობა ეგვიპტის ტყვეობიდან გამოიყვანა, მან აღთქმული ქვეყნისაკენ ისრაელის ხალხი შორი და უმძიმესი გზით ატარა. გამოსულთა უმრავლესობამ მგზავრობის ჭირ-ვარამს ვერ გაუძლო და გზაში დაიხოცა. აღთქმულ ქვეყნამდე მხოლოდ იმათ მიაღწიეს, ვინც ეგვიპტიდან გამოქცევის შემდეგ დაიბადა. მოსეს ჰკითხეს - ეს რატომ ჩაიდინეო, მაშინ წინასწარმეტყველმა უპასუხა: ვინც მონობაში გაჩნდა, იგი თავისუფლების ფასს ვერასოდეს გაიგებს. თავისუფლების ღირებულება იმას ესმის, ვინც თავისუფალ კაცად იშვაო.

ილია ჭავჭავაძის სიმკაცრე და დაუნდობლობა მოსე წინასწარმეტყველის სიმკაცრე და დაუნდობლობაა. ქართველი ხალხი ახალ საქართველოში რომ მიეყვანა, უპირველესად თავისუფლების იმედითა და რწმენით უნდა აევსო. ამას ჯერ ხასიათის გარდაქმნა სჭირდებოდა. ამის აუცილებლობა უფრო გვიან არჩილ ჯორჯაძემაც დაინახა, როცა მე-19 საუკუნის რუსი და ქართველი ინტელიგენცია შეადარა ერთმანეთს.

ჩვენი ინტელიგენცია რომ შევადაროთ რუს ინტელიგენციას, მათ შორის დიდ განსხვავებას ვპოვებთ, მიუხედავად იმისა, რომ აზროვნების მხრით საერთო ბევრი რამა აქვთ. თავდაპირველად მოსჩანს რუს ინტელიგენციის კულტურული უპირატესობა (ამგვარი უპირატესობა რუსის ხალხს ჩვენ ხალხთან შედარებით არა აქვს). იქ მეტი სიღრმეა, მეტი თავდადება, ენტუზიაზმი, რწმენა და თავგანწირულება. აქ ზერელობა, თავდაჭერა; გატაცება და ენტუზიაზმი ხანმოკლე და თავის თავის დაზოგვაა.

. . .

არც უარყოფაში, არც რისიმე აღიარებაში ქართველი ინტელიგენცია არ მიდიოდა ლოღიკურ უკანასკნელ დასკვნამდე. იგი მიდიოდა საშუალო გზით. ეს იყო არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ინტელიგენცია უფრო დაბლა იდგა კულტურულად და სულიერ დამოკიდებულობაში იმყოფებოდა რუსის ინტელიგენციასთან. ეს იყო იმიტომ, რომ ქართველს აქვს თავისი საკუთარი ტემპერამენტი და ხასიათი. მას მეტად უყვარს საკუთარი თავი. პირადობა მისი ბატონია, საზოგადო საქმე ძალდატანებაა. იგი მალე ინთება, ხოლო უმალვე ქრება. მისი ენტუზიაზმი უფრო ფიზიოლოგიურია, ვიდრე ფსიხიური. იგი შრომობს, ხშირად ბევრსაც შრომობს, ხოლო მის შრომას გაუტანლობის ნიშნები ატყვია. არ უყვარს საერთო მუშაობა. იგი ინდივიდუალისტია. ჯგუფობრიობა სულს უხუთავს. იგი განზე იწევა. არ უთმობს სხვას იმას, რაც საჭიროა საერთო საქმის გაკეთებისათვის. და საერთო საქმე მას არ ეხერხება. ვიმეორებ, შესაძლებელია, რომ ყოველივე ეს უკულტურობის ნიშანი იყოს, მაგრამ უკულტურობის გარდა აუცილებლივ საჭიროა ეროვნული თვისებების მხედველობაში მიღება. ქართველი ინტელიგენტი არსებითად საამქვეყნიო კაცია. მისი სიცოცხლის ფესვები აი ამ მიწაშია ჩაფლული, რომელზედაც დგას. მას უყვარს მზე, ლაყბობა, ოხუნჯობა. იგი გულუბრყვილოა, მაგრამ თავს არ ივიწყებს. მას მეტად უყვარს თავისი ხორცი, თავისი კეთილდღეობა. ამიტომ არის ხშირად ფარისეველი, როდესაც სასწორზეპირადიდასაზოგადოიწონება. მას არ უნდა გახსნას და გააქარწყლოს თავისი პირადობაკრებულობით დასაწყისში - ღმერთია იგი თუ საზოგადო, სახალხო საქმე“.

ილია იყო არჩილ ჯორჯაძის მიერ აღწერილი ხასიათის სრულიად საპირისპირო მოვლენა.

მძიმედ მიმდინარეობდა ხასიათის გარდაქმნისათვის ბრძოლა, მტკივნეულად მისთვისაც და სხვისთვისაც, ზოგჯერ ტრაგიკულადაც. მაგრამ გუთანი ბოლომდე უნდა გაეტანა და ილიაც ლომა ხარივით ეწეოდა უღელს. ეწეოდა უღელს და ელოდა, როდის დაიყივლებდა გათენების მაუწყებელი მამალი და გაქრებოდა ის სულთამხუთავი, რომელიც მის სამშობლოს მაჯლაჯუნასავით აწვა. მაგრამ, როგორც თავად ამბობდა, „ეხლა კი საათი ქვეყნისა მოშლილია და არ ვიცი, ამჟამად მამლის ყივილამდე ბევრი დრო დარჩა კიდევ თუ არა. ვზივარ და შევყურებ სულთამხუთავს, ვზივარ ლოდინით დაღალული და ვნატრობ მამლის ყივილსა. როდემდის უნდა ვილოდინო, როდემდის! შე დალოცვილო მამალო, რაღას უყურებ და არ დაიყივლებ!..“

მამალი ჯერ არ ყიოდა, მაგრამ საბაშვილის დუქანში უკვე უმოწყალოდ სცემდნენ ზაქარია ჭიჭინაძეს.

იმდროინდელ თბილისში, ალბათ, ძნელად დაიჯერებდნენ, რომ გეთქვათ, ზაქარია ჭიჭინაძე გალახესო. ვინ არ იცნობდა ამ კაცს - თავადი თუ აზნაური, მუშა თუ გლეხი, ყარაჩოხელი თუ კინტო, მდიდარი თუ ღარიბი, ქალი თუ ვაჟი, მოხუცი თუ ახალგაზრდა? ვინ არ დადიოდა მასთან წიგნის ქულბაქში და სად და ვისთან არ ნახავდით მას იღლიაში ჟურნალ-გაზეთებამოჩრილს? თითქოს ყველა პატივს სცემდა და ყველას უყვარდა იგი. და მაინც, შეუბრალებლად გვემეს.

საბაშვილის ღვინის სარდაფში ჩავიდა ზაქარია. ხელადა ღვინო, პური და ყველი მოითხოვა. დაჯდა და საზრდელს შეექცა. მოშორებით, კუთხეში, მაგიდას ყმაწვილები უსხდნენ. ზაქარია იცნობდა მათ. ისინი რაღაცაზე ჩუმად მასლაათობდნენ. მათი ლაპარაკი არ ისმოდა. შეზარხოშებულმა მწიგნობარმა მათი სადღეგრძელო შესვა. იმათაც უპასუხეს. სმის იშტაზე მოსული ზაქარია არ ცხრებოდა. ჰყვებოდა ცისას და ბარისას. ბოლოს ილიას სადღეგრძელო დალია და იმ ახალგაზრდებსაც შესთავაზა. იმათ ეს უკვე აღარ ესიამოვნათ, აიმრიზნენ, გაბრაზდნენ... - შავრაზმელ ილია ჭავჭავაძის ტოსტს ჩვენ არ შევსვამთო. ამ დღეებში მის მოკვლას ვაპირებთ და, თუ ძალიან გინდა, შესანდობარს გეახლებითო, - დასცინეს ზაქარიას. ამის გამგონე მწიგნობარს თავზარი დაეცა. ყმაწვილებს უყვირა, რა სისულელეს როშავთო. მაშინ კი წაავლეს ხელი ზაქარიას და ფეხქვეშ გაიგდეს, წიხლები დაუშინეს.

გულგახეთქილი საბაშვილი წინ და უკან დარბოდა. გამწარებული ეხვეწებოდა: - არ მოჰკლათ, პოლიცია დუქანს დამიხურავსო!.. მაგრამ ვის ესმოდა მისი მუდარა. დაუზოგავად ურტყამდნენ ზაქარიას. მერე ცოცხალ-მკვდარი სარდაფიდან გაათრიეს და ქუჩაში დააგდეს.

ისევ საბაშვილი მიეშველა ზაქარიას. წამოაყენა, ძლივს, ვაი-ვაგლახით შინ მიიყვანა.

ეს ამბავი არ იცის ილიამ და ვერც ვერასოდეს შეიტყობს.

18 წიწამური

▲ზევით დაბრუნება


ნუ მიწამლავთ მოხუც გრძნობას
და ნუ ამბობთ რაც არ მჯერა!..
ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა
საქართველოს ბედისწერა?

აკაკი წერეთელი

1907 წლის 30 აგვისტო (ძველი სტილით) გათენდა. ადრე დილით ილია და ოლღა საგურამოში წასასვლელად გაემზადდნენ. მსახური იაკობ ბითარაშვილიც მიჰყვებოდა. ავისმომასწავებელი წინათგრძნობა აწუხებდა თურმე ახლობლებს. ურჩიეს კიდეც, ნუ წახვალთო დღეს სოფელში. მშვიდი ღიმილით დაუწყნარებია ილიას შინაურები. კარგად უწყოდა: „არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა“. ეტლში ჩამსხდარან და გზას დასდგომიან.

გატრუნული იჯდა კოფოზე მეეტლე თედო ლაბაური. იგი შეთქმულების მონაწილეა და ზედმიწევნით იცის, რაც მოხდება რამდენიმე საათის მერე. ზანტად მიერეკება ცხენებს. არც უნდა დააგვიანდეს და არც ნაადრევად მივიდეს დათქმულ ადგილს.

შუადღის თორმეტი საათი ხდებოდა. მგზავრები სოფელ წიწამურის ბოლოს გავიდნენ და ის იყო საგურამოს ვაკეზე უნდა დაშვებულიყვნენ, რომ მოულოდნელად ეტლი გაჩერდა. ილია წამოდგა, გაოცებულმა თოფმომარჯვებული ბანდიტი დაინახა.

- რას ჩადიხართ, ილია ვარ!..

. . .

ხუთჯერ იქუხა არაგვის ხეობამ. პასუხად მხოლოდ ერთი გასროლა გაისმა. მეტი ვერ მოასწრო იაკობ ბითარაშვილმა. ისიც გულგანგმირული დაეცა წიწამურის ჯაგებში.

წიწამურის ხრიოკზე, თაკარა მზის ქვეშ დარჩა ორი მამაკაცის გვამი და ერთი გონდაკარგული, სულთმობრძავი, ხანდაზმული ქალის სხეული.

მალე ყველაფერი დაცხრა, დაწყნარდა და ხმა გაკმიდა. მხოლოდ არაგვის შხუილი არღვევდა მყუდროებას.

მკვლელები გვამებს ძარცვავდნენ.

. . .

ილია მოკლეს:

თედო ლაბაურმა, - ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

გიორგი (იგივე ლომა) ხიზანაშვილმა - ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ივანე ინაშვილმა, - ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

პავლე ფშავლიშვილმა (იგივე აფციაურმა), - მოკლეს 1908 წლის 17 დეკემბერს სოფელ მამკოდასთან, როცა პოლიციამ ყაჩაღების გუნდი ამოწყვიტა.

გიგლა ბერბიჭაშვილმა, - გაასამართლეს 1941 წელს და მიუსაჯეს სიკვდილი.

ვიღაც იმერელმა (კთკრღ-ირ მსეპეიმნ) - წერია სასამართლო დოკუმენ¬ტებში) , რომლის ვინაობა დღესაც დაუდგენელია და არავინ უწყის, მოხერხდება თუ არა მისი დადგენა ოდესმე.

19 ეპილოგი

▲ზევით დაბრუნება


თეთრი ხარირემი

გლდანს იქით, ცხვარიჭამიას გზაზე პაწია სოფელია (ახლა უკვე ნასოფლარი) მამკოდა.

1907 წლის 24 დეკემბერს სამი მამკოდელი ძმაკაცი - ნიკოლა ბერიძე, ზაქარია აფციაური და ალექსა შერემეტოვი - სანადიროდ წასულა საგურამოსა და ზედაზენის შემოგარენში. საღამო ჟამი მდგარა. ზედაზნის მონასტრისაკენ მიმავალ მონადირეებს თეთრი ხარირემი შემოფეთებიათ. ნიკოლა ბერიძე დიდად გამოცდილი მონადირე ყოფილა და თვალის დახამხამების უმალ ესროლა თურმე ირემს. ორი ტყვიით დაუჭრია ირემი - წინ მხარში და უკან, ბარკალში. დაჭრილი ირემი ტყეში გაუჩინარებულა. ბნელოდა, ციოდა და მონადირეებს ირემი აღარ უძებნიათ. მონასტრისაკენ გაუწევიათ. იქ შეუფარებიათ თავი.

ლაზათიანად უვახშმიათ, მაგრამ ბერიძეს გუნება გაფუჭებია, სევდა და ნაღველი შემოსწოლია. რათა ხარ, კაცო მოწყენილიო, ჩასცივებია ბერიძეს ზედაზნელი ბერი იოანე, მაგრამ მონადირემ თავად არ უწყოდა დარდის მიზეზი.

ღამით სიზმარი უნახავს ნიკოლა ბერიძეს: ორი ანგელოსი მოსულა და უკითხავს მონადირისათვის, ირემი დავკარგეთ და ხომ არ გინახავსო. შიშით თავზარდაცემულს გაუღვიძია ბერიძეს. ყველაფერი უამბნია ბერ იოანესათვის და შეხვეწნია, იოანე ზედაზნელს შემავედრე და ჩემთვის პატიება გამოსთხოვეო. ბერს აუსრულებია მონადირის სურვილი. ბერიძეს ხატისათვის სანთელი და ერთი მანეთი მიურთმევია. დილით კი, ამხანაგებთან ერთად, დაჭრილი ირმის კვალს გაჰყოლია.

წიწამურის გზაზე, იქ, სადაც ილია ჭავჭავაძე მოკლეს, მაშინ ქვის ჯვარი იდგა. დაჭრილი ირმის კვალს იმ ჯვართან მიუყვანია მონადირენი. სისხლიანი კვალი იქიდან ისევ უკან, მონასტრისაკენ ბრუნდებოდა. მონადირენიც უკან გაჰყოლიან კვალს. ნახევარი გზაც არ ჰქონიათ გავლილი, რომ დაჭრილი თეთრი ხარირემი დაუნახავთ. სამჯერ ასულა ასე ირემი მონასტერში და უკან ჯვართან დაბრუნებულა. გაშმაგებული პირუტყვი რქებით ლეწავდა და ანგრევდა ყველაფერს, რაც წინ ეღობებოდა და გზას ისე მიიკვლევდა. ბოლოს სისხლით დაცლილი და დაქანცული ჯვრის წინ დამხობილა, რქები მიწაში ჩაურჭვია და ისე დაულევია სული.

ეს ამბავი დაბეჭდილია 1909 წლის 2 თებერვლის მე-5 ნომერივერიაში“.

წერილს ხელს აწერს მონადირე ნიკოლა ივანეს ძე ბერიძე, რომელიც ამავე დროს საგურამოს და გლდანის სახელმწიფო ტყის მცველიც ყოფილა...

მონადირის ნაამბობის სიმართლეს ბეჭდით ადასტურებს სოფელ მამკოდის ნაცვალი.

1972-82 ..

20 გამოყენებული ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. ქართული პრესა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 ასწლეულის დასაწყისისა.

2. „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წიგნი 1, 1935 .

3. „ლიტერატურის მატიანე „, .1-2 1940 .

4. „რევოლუციის მატიანე“, 1923 ., №4 №5

5. „საისტორიო მოამბე“, . 3, 1947 .

6. ასათიანი იოვ. - თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსება, 1979 .

7. ასათიანი . - რჩეული ნაწერები, . 1, 1958 ., მისივე არქივი.

8. გელეიშვილი . - ილია ჭავჭავაძე, როგორც პოეტი და პუბლიცისტი, 1914 .

9. ერთი პილატეთაგანი - ჯვარს აცვ, ჯვარს აცვ, ეგე „ 1913 ., ქუთაისი.

10. თაყაიშვილი ექ. - რჩეული ნაშრომები, . 1, 1968 .

11. ინგოროყვა . - თხზულებანი, . 1, 1963 .

12. . მეუნარგია - ილია ჭავჭავაძე, 1937 .

13. ჟორდანია . - ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი, 1908 ., ქუთაისი

14. ხუნდაძე . - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 1960 .

15. შარაძე . - სულის მზიანობა (გაზ. „თბილისი“, 1983 ., 2-15 მარტი).

16. ყიფშიძე გრ. - ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია (ილ. ჭავჭავაძე, თხზულებანი, . 1, 1914 ., . გედევანიშვილის გამოცემა).

17. ჩერქეზიშვილი . - საქართველოს პეტიცია (ჟურნ. „პრომეთე“, 1918 ., №3).

18. ხუციშვილი . - მანათობელი, 1980 .

19. ჯორჯაძე არ. - თხზულებანი, . 1, 1911 .

20. რაჭველიშვილი . - ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“ (პაატა გუგუშვილის წინასიტყვაობით), 1938 .