The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ნიკო ნიკოლაძე : [ეძღვნ. დაბადებიდან 160 წლის იუბილეს / რედ.: ნათელა ჯოლოხავა]. - მე-2 გამოც.. - თბ. : ნეკერი, 2005. - 228გვ. : ფოტ. ; 21სმ.. - ISBN 99940-823-1-0 : [ფ.ა.][MFN: 25133]UDC: 821.353.1(092ნიკოლაძე, ნ.) + 316(479.22)(092ნიკოლაძე, ნ.)



1 მეამბოხე

▲back to top


მოსე მწყემსად იდგა. უცბათ, მოშორებით, დაინახა: მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. იფიქრა: წავალ, ვნახავ, რა სასწაული ხდება. მიუახლოვდა. მოულოდნელად გაიგონა - მოსე, მოსე! გაიხადე ხამლი ფეხთაგან. ადგილი, სადაც დგახარ, წმიდაა. მწყემსმა სახეზე ხელები აიფარა. შეეშინდა უფლის ხილვისა. მაშინ მიმართა უფალმა მოსეს: ვნახე მე ეგვიპტეში ჩემი ერის ტანჯვა-წამება. აწ მოველ, რათა ვიხსნა იგი. შენ გამოიყვან ეგვიპტით ის რაელის შვილებს და წაიყვან აღთქმულ ქვეყანაში.

- კი, მაგრამ, ვინ ვარ მე, უფალო? - იკითხა გაოგნებულმა და განცვიფრებულმა მოსემ. პასუხად მიიღო: - ნუ გეშინია. მე ვიქნები შენთან. ეს მე, უფალი, ღმერთი შენი გავალებ უშველო ჩემს ხალხს. ეგვიპტის ტყვეობიდან იხსნა.

ეკიდა ცეცხლი მაყვლის ბუჩქს და სმენადქცეული მწყემსი ცდილობდა გაეგო, რა უმძიმეს საქმეს აკისრებდა უფალი.

. . .

ბიჭი კაზემატის ლაჭანზე1 იწვა გატრუნული. მთელი ნასხმანი სტკიოდა. თავი უბრუოდა. რაც გინდა იფიქრე და იდარდე, დამთავრდა სტუდენტობა. პეტერბურგში ჩამოსვლისთანავე ნეტავი მაინც არ გაეფრთხილებინათ ჭკუადამჯდარ სტუდენტებს.

„...შენც ისე არ წახდე, როგორც ილია ჭავჭავაძე წახდა. ისიც აქ შილერის, ბაირონისა და ვალტერ სკოტის კითხვის მეტს არას შვრებოდა და დაესხა თავსლაფი. ისე წავიდა, რომ კურსი ვერ შეასრულა. უდიპლომოდ წაბრძანდა... აბა, ეხლა რა ადგილი უნდა მიიღოს იმან?..

ილიას რა უშავს. ოთხი წელი მაინც სწავლობდა. მან კი ერთი თვეც ვერ ატარა სტუდენტური მწვანე ქუდი. 15 სექტემბერს ჩარიცხეს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტად, ადმინისტრაციული დარგით, და 13 ოქტომბერს დააპატიმრეს. არადა, რა ამაყად მიართვა განცხადება რექტორს, პლეტნოვს პეტრე ალექსანდრეს ძეს. იმ პლეტნოვს, პუშკინმა „ევგენი ონეგინი“ რომ უძღვნა: Хотел бы я тебе представить залог достойнее тебя...

„უმაღლესი განათლების გასასრულებლად მსურს მოვისმინო სამართლის მეცნიერებათა სრული კურსი ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უმორჩილესად ვთხოვ თქვენს აღმატებულებას ჩამრიცხოს სტუდენტად, უნივერსიტეტში შესასვლელად დაწესებული გამოცდების ჩაბარების შემდეგ.

განცხადებას ერთვის შემდეგი საბუთები: მეტრიკული მოწმობა და გიმნაზიაში მეცნიერებათა კურსის დამთავრების ატესტატი.

ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე.

1861 წელი, ივლისის 21“.

ვის აქვს ცხრა თავი და ვინ ეტყვის ახლა ქუთაისში იაკობ ნიკოლაძეს: შენი შვილი უნივერსიტეტში სწავლის მაგიერ ციხეში აგდიაო. და მერე რისთვის? ხელმწიფე-იმპერატორის ურჩობისათვის! მისი შვილი ვიღაც შარახვეტიებს აჰყოლია და რუს ხელმწიფეს კანონებს უწუნებს. ღმერთო კი მომკალი და რა სჭირს ამხელა იმპერიის ბატონ-პატრონს, უგანათლებულეს ადამიანს იაკობ ნიკოლაძის ცხვირმოუხოცელი ღლაპის დასაწუნი? მართალია, ალექსანდრე მეორე გულში არც იაკობს მოსწონდა, ოჯახშიაც ხშირად უთქვამს - „მეფური მას არაფერი ცხიაო“, - მაგრამ, რასაც კაცი შინ იტყვი, ის საჯაროდ და სახალხოდ კი არ უნდა წამოტორტლო. ჯოხი რომ დააყუდონ და მეფე დაარქვან, პატივი უნდა სცეო, - ამბობს ჩვენი ხალხი. ვინ მისცა უფლება ქუთათელი ვაჭრის შვილს ამ ტრადიციის დარღვევის? როდის აქეთ მოიშალა ქვეშევრდომის მორჩილების ზნე-ჩვეულება? მერედა, ვისი ქვეშევრდომობის, დედამიწის ზურგზე უძლიერესი რუსეთის იმპერიის ხელმწიფისა. ნიკოს არც ნიკოლოზ პირველის ხსოვნის პატივისცემა და მორიდება უნდა დაეკარგა. კადნიერება არ უნდა ჩაედინა. ნამეტნავად უყვარდა იაკობ ნიკოლაძეს ნიკოლოზ პირველი. იცოდა ეს ნიკომ და მამის გრძნობას ფრთხილად უნდა მოპყრობოდა.

იმ დღეს, ნიკოლოზ პირველი რომ გარდაიცვალა, გიმნაზიაში მიმავალ ნიკოს მამამისი ბულვარში შეხვდა. იაკობი ტიროდა.

„დაბრუნდი, შვილო, - უთხრა მან დაღონებულის ხმით, - დღეს სწავლა არ გექნებათ. დედაშენს უთხარი: მოგვიკვდა ჩვენი ხელმწიფე, დავრჩით ობლად, უპატრონოდ. აწი ვეღარავინ მოუვლის და უშველის უბედურ რუსეთს. ნიკოლოზ პირველს ის მერმეც დიდხანს თაყვანსცემდა, როგორც ბევრი სხვა, მასზე უფრო ნასწავლიც. მას ნიკოლოზი ბევრჯერ ენახა ჩვენში და რუსეთში და ნამეტნავად მოსწონდა“.

რას იზამ, მოსახდენი უკვე მოხდა. როგორ არ უნდოდა იაკობს შვილის პეტერბურგში გაგზავნა სასწავლებლად. თავად მას დიდი სწავლა-განათლება არ მიუღია, მაგრამ ამას ხელი არაფერში შეუშლია. ნიჟნი-ნოვგოროდშიაც არხეინად დადიოდა სავაჭროდ და ლაიპციგშიაც. არც ანგარიში შეშლია და არც ვისმეს ოდესმე მოუტყუებია იგი. ჩინებულად უძღვებოდა თავის საქმეს. ოჯახიც გადადილღვამებული ჰქონდა. იმიერსაქართველოში თუ ვინმეს მოკრძალებით ეპყრობოდნენ და მორიდებით თავს უკრავდნენ, ერთი მათგანი იაკობ ნიკოლაძეც იყო. მეტი რაღა უნდოდა სკანდელი გლეხის შთამომავალს? დაამთავრებდა ქუთაისის გიმნაზიას ნიკო, ჩაიბარებდა მამის საქმეს და მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას ნიკოლაძეების სავაჭრო სახლი. მაგრამ არა და არა, არ მოეშვა შვილი: გინდა თუ არა, სასწავლებლად გამიშვიო. რა უნდა ექნა იაკობს? გამორჩევით უყვარდა მას ნიკო. უნდა დათანხმებოდა შვილის სურვილს. იაკობ ნიკოლაძის ჯიუტობა იმანაც გატეხა, რომ საქმეში ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე და გენერალი გრიგოლ ერისთავი ჩაერივნენ. დ. ბაქრაძეს მოსწონდა ნიკოს წერილები, „ცისკარს“ რომ უგზავნიდა. ერთხელ გრიგოლ ერისთავთან საუბარში უქია ნიკო ისტორიკოსს, ნიჭიერი ყმაწვილი უწოდებია. გ. ერისთავი იმხანად ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად მსახურობდა. ყურადღებიანი კაცი იყო და იაკობისათვის ურჩევია: ბიჭს სწავლა-განათლება არ მოაკლო, ხელი ყოველგვარად შეუწყვეო. რაღა უნდა ექნა იკობს? ორივეს - დ. ბაქრაძესაც და გ. ერისთავსაც - დიდ პატივს სცემდა: ერთს, როგორც მეცნიერს, მეორეს, როგორც საქმის კაცს. მათ ხათრი ვეღარ გაუტეხა და დათანხმდა შვილს პეტერბურგში სასწავლებლად გამგზავრებას.

ამ ნაგვიანევმა თანხმობამ ნიკო დიდ გასაჭირში ჩააგდო. იმ დროს ერთი წესი არსებობდა: ვისაც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სურდა, მას გიმნაზიაში ლათინური ენა უნდა ესწავლა. თუ სწავლის გაგრძელებას არ აპირებდა, მაშინ ლათინური სავალდებულო არ იყო. შეეძლო sum, es, est, sumus, estis sunt (ვარ, ხარ, არის, ვართ, ხართ, არიან) ზუთხვით ტვინი არ გაეწყალებინა. რაკი პეტერბურგში გამგზავრების იმედი არ ჭაჭანებდა, არც ნიკოს შეუწუხებია ლათინურის სწავლით თავი. ახლა ვითარება შეიცვალა. იმდენი ლათინური მაინც უნდა აეთვისებინა, რამდენიც გამოცდების ჩასაბარებლად იყო საკმაო. მთელი პეტერბურგული ზაფხული ამას მოანდომა. თუმცა ჩვიდმეტი წლის ყმაწვილს ხშირად სახლში გული არ უძლებდა. იპარებოდა. პეტერბურგის სანახებში დახეტიალობდა. ნევაზე ნავით სეირნობდა. თვალწარმტაც ბაღებსა და პარკებში ჩალისფერთმიან გოგოებს ეარშიყებოდა. შინ დაღლილ-დაქანცული ბრუნდებოდა. ასაკით უფროსი მეგობრების საყვედურსა და გაკიცხვას იმსახურებდა. განსაკუთრებით კირილე ლორთქიფანიძის ერიდებოდა. კირილე სულ ოთხი წლით უფროსი იყო ნიკოზე, მაგრამ სიდინჯით, მუყაითობით და საქმიანობით გამოირჩეოდა. ნიკოს ლათინურის სწავლაშიც ეხმარებოდა. ყველაზე მეტად ნიკოს კირილეს გაწბილება აწუხებდა. დარცხვენილი ისევ ლათინურს ჩაუჯდებოდა. ორი-სამი დღე თუ გაუძლებდა მეცადინეობას.

„უნდა გამოვტყდე, ჩემისთანა ზარმაცი არა გაუჩენია რა ღმერთს სწავლისათვის. „უროკის“ დამზადება და სწავლა ყოველთვის ჟამათ მიმაჩნდა. არც გაწყრომას, არც შეგონებას, არც დარიგებას, არც ხვეწნას, არც დატკბობას არასოდეს გავლენა არ ჰქონია ჩემზე“.

მერე ისევ ზაფხული და სიცოცხლე უხმობდა გარეთ. ისიც გარბოდა. ჯერ პირტიტველა ყმაწვილს, ვისაც ბავშვობა ქუთაისსა და ფოთში ჰქონდა გატარებული, აჯადოებდა პეტერბურგი, მის ცხოვრებაში ნანახი პირველი ნამდვილი ქალაქი.

„...ეს პეტერბურგი ის ქალაქია, სადაც მე პირველი ახალგაზრდული აღტაცება და ყმაწვილური ოცნების ეშხი გამიცვნია, სადაც პირველათ ნათელი და მძლავრი შთაბეჭდილება ღირსებია ჩემს ტვინსა და გულს“...

ნიკოს გულს უხეთქავდა ფიქრი: ვაითუ ლათინური ვერ ჩავაბარო და უნივერსიტეტში არ მიმიღონო. იყო ერთ გაწამაწიაში; აქეთ ლათინური, იქით პეტერბურგის ჯადო. ბოლოს გამოცდების დღეც მოვიდა. ნიკოს ლათინურით უნივერსიტეტში შესვლა მეტად საეჭვო იყო. მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო და ნიკო ნიკოლაძე საგამოცდო კომისიის წინაშე წარსდგა.

„ნუ დაივიწყებთ, რომ ციდანახევარი ტანი მქონდა, რომ პირტიტველა ვიყავ, როგორც ბაღანა, რომ რუსულ ენას ძლივს ვამტვრევდი. ნუ დაივიწყებთ იმას და წარმოიდგინეთ, რომ პეტერბურგის უნივერსიტეტის ზალაში, ეგზამენატორების წინ წამომდგარა ამ სახის ბაღანა, ოთხასიოდე წვერ-ულვაშიან ვაჟკაცების შუა... ბევრს ეგონა, ვისმე სტუდენტს პაწია ძმა მოჰყოლია სეირის საცქერლათო...“

ყისმათმა გაუღიმა: რუსული ლიტერატურის ცოდნით მოხიბლა ეგზამენატორები. თავი თამამად იგრძნო, მაგრამ საბედისწერო კითხვაც გაიგონა: სხვა საგნებიც ასე ჩინებულად იცითო? რა უნდა ექნა? ტყუილი ვერ უშველიდა. ისევ სიმართლის თქმა ამჯობინა - ლათინურში ბევრი არაფერი ვიციო, „იუგურთას ომების“ ათიოდე თავის გარდა.

ეგზამენატორმა ლათინური ენის სახელმძღვანელო გადაშალა და თითი იმ ადგილს დაადო, სადაც ეწერა Bellum scripturus sum2 და წაიკითხეთო, უბრძანა ნიკოს. სიხარულით ცას ეწია ბიჭი. ეს თავი ზეპირად იცოდა და სხაპასხუპით ჩააბულბულა.

- ოჰო, შესანიშნავად გცოდნიათ, - თქვა გამომცდელმა და ნიკოს მის ხმაში დაცინვა მოესმა. - კიდევ რა იცით?

- კიდევ? ცხრა პარაგრაფი. მეტის სწავლა ვეღარ მოვასწარი. - გულის ტკივილით უპასუხა ნიკომ და განაბული მიაჩერდა ეგზამენატორს.

ყველაფერს მოელოდა ნიკო, მაგრამ იმას კი არა, რაც გამომცდელმა თქვა: - საკმარისია ესეც. რა დაგისვათ, სამი თუ ოთხი?

შეცბუნებულმა ბიჭმა ძლივს ამოღერღა: - რაც თქვენი ნება იქნეს, ის დამისვითო.

- რაკი რუსული ლიტერატურა კარგად გცოდნიათ, ოთხიანს გისვამთ, - და ლათინურის მასწავლებელმა ნიკოს ოთხიანი დაუწერა.

გადარჩა.

მერე ფიზიკაც კარგად ჩააბარა, საღმრთო წერილიც. ფრანგულში ისევ წაიფორხილა, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ლათინურში მოპოვებული ნიშნის შემდეგ, არსებითად, ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე სანქტპეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. უკვე შეეძლო თავდაყირა გადაშვებულიყო პეტერბურგის სტუდენტურ ცხოვრებაში.

ჯერ კიდევ ქუთაისში იცოდა, რა ამბები ტრიალებდა პეტერბურგში.

თავდაპირველად ყველაფერი მშვიდობიანად მიმდინარეობდა. ოდენ ჟურნალ-გაზეთებში იყო კამათი გაჩაღებული. თითქმის ყველას აუცილებლად მიაჩნდა უმაღლესი განათლების სისტემის განახლება. რა თქმა უნდა, აზრი სხვადასხვაობდა. ერთნი მცირე ცვლილებებითაც კმაყოფილდებოდნენ. მეორენი კი ძირეულ შეცვლას ითხოვდნენ. რა აღწერს და გადმოსცემს იმას, რაც მაშინ ითქვა და დაიწერა. ზღვა მასალაა ეს, დასტამბული იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. არ დარჩენილა ბეჭდვითი ორგანო, აზრი არ გამოეთქვა, პაექრობაში მონაწილეობა არ მიეღო. ვინ არ წერდა - მწერალი, პედაგოგი, მეცნიერი, პუბლიცისტი, სახელმწიფო მოხელე და... მეფის ოჯახის წევრებიც კი. მთელი ამ ხანგრძლივი აზრთა გაცვლა-გამოცვლის, პაექრობა-დისკუსიის აზრი მოკლედ ასე შეიძლება გამოითქვას:

საჭიროა უნივერსიტეტის ავტონომია, აუცილებელია სტუდენტებისა და პროფესორების განთავისუფლება პოლიციის მეურვეობისგან, რუსეთის უნივერსიტეტის პროგრამა უნდა დაუახლოვდეს ევროპის უნივერსიტეტების პროგრამას. მეცნიერებას თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცეს...

გაცხარებული დავის დროს პროფესორ ანდრია ბეკეტოვს ესეც კი წამოსცდა: „საუნივერსიტეტო განათლების უმთავრესი პირობა ის არის, რომ ცოდნა შეძენილი იქნეს ნებაყოფლობით. ადამიანი, რომელიც იძულებით მუშაობს, შეუძლებელია კარგად მუშაობდეს. ეს იგივე ბატონყმური შრომაა“.

ვითარება თანდათანობით იძაბებოდა. აშკარად ჩანდა, რომ საუნივერსიტეტო განათლების 1835 წელს მიღებული წესდება ირღვეოდა. თავის დროზე იგი სახალხო განათლების მინისტრმა გრაფმა სერგეი სიმონის ძე უვაროვმა შეიმუშავა (იმ უვაროვმა, რომელსაც ეკუთვნოდა ფორმულა: თვითმპყრობელობა, მართლმადიდებლობა, ხალხურობა). წესდება აუცილებლად თვლიდა ყველა ფაკულტეტზე ესწავლათ ღმრთისმეტყველება, ეკლესიის ისტორია, მოქმედი სამართალი. უნივერსიტეტი მთლიანად ემორჩილებოდა მთავრობის მიერ დანიშნულ მზრუნველს. პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტობა, როგორც უნივერსიტეტში, ისე მის გარეთ, იმყოფებოდა პოლიციის მეურვეობაში.

ამ წესდების გაუქმების წინააღმდეგი არავინ იყო, მაგრამ გააჩნდა - როგორ განხორციელდებოდა რეფორმა.

სანამ ხელისუფლება რეფორმის გასატარებლად მშვიდობიან გზას ეძებდა, მანამ სტუდენტთა მღელვარებამ დაასწრო და პეტერბურგის სასწავლებლებში პროკლამაცია გავრცელდა.

იგიიწყებოდალექსით:

Наш век железный, век царей,
Штыков, законов бестолковых
Плодит без счету не людей -
Людишек, дряненьких, дешевых.3

სტუდენტობა ხარბად კითხულობდა მიხელ მიხაილოვისა და ნიკოლოზ შელგუნოვის და წერილ პროკლამაციებს:

„მთავრობამ ხელთათმანი გვესროლა. ახლა ვნახოთ, რამდენი რაინდი მოიყრის თავს მის ასაღებად“.

. . .

დიდი ხანია რუსი ხალხი გამოირჩევა ხანგრძლივი მოთმინებით. გვირტყამდნენ თათრები და ჩვენ ვდუმდით. გვცემდნენ მეფეები და ჩვენ ვდუმდით, მოკრძალებით ვუხრიდით თავს. ახლა გვიბაგუნებენ გერმანელები და ჩვენ ვდუმვართ, პატივს ვცემთ მათ! პროგრესი!.. მართლაც, რა ჩვენი საქმეა იგი? ჩვენ ხელგაშლილი ბუნება გვაქვს. გალეშილნი მზად ვართ ჭუჭყიანი პოლიციური სკანდალებისათვის. მხოლოდ იქ, სადღაც დასავლეთში, არიან დარაფეთები, რომელნიც მოყვასს საგმიროდ მოუწოდებენ რაღაც ცარიელი სიტყვებისათვის - la gloire4.

. . .

ჩვენ გვიკრძალავენ ყველაფერს. ნებას გვაძლევენ მხოლოდ განაბული ვისხდეთ სკამებზე. შიშით ვისმინოთ ცენზურაგავლილი ლექციები. წესიერად მოვიქცეთ, როგორც კლასებშია ეს საჭირო. ჩამორთმეული გვაქვს უფლება განსჯისა. ითხოვენ - არ იმსჯელოთო. გესმით - არ იმსჯელოთო!

მაგრამ ამ თხოვნის მიუხედავად, აზრად თუ მოგვივა, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, რომ ჩვენც გვაბია თავი, რომ ვაზროვნებთ, რომ ენა იმისთვის კი არ გვაქვს, რომ დავაბეზღოთ, არამედ იმისთვის, რომ ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ - მაშინ?

. . .

ჩვენ ლეგიონი ვართ! ჩვენთან არის საღი აზრი; საზოგადოებრივი შეხედულება, ლიტერატურა, პროფესურა, უამრავი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, დასავლეთი ევროპა... ყველაფერი საუკეთესო და მოწინავე ჩვენთან არის. ჩვენ ბევრნი ვართ, ვიდრე ჯაშუშები. ვინ არის ჩვენი წინააღმდეგი? ხუთი-ექვსი ოლიგარქი, ტირანი, ფლიდი და უნამუსო მპარავი, მონა, ბატონად ყოფნის მსურველი... ისინი ცდილობენ შეგვაშინონ. მაგრამ მათი არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენს წინააღმდეგ არის რამდენიმე ათასი ხიშტიც, მაგრამ ისინი ვერ გაბედავენ ჩვენს წინააღმდეგ მათ მომართვას. რა არის აქ საშიში? მაშ, ვისაც არ ეშინია, შეკავშირდნენ. დე, მოხდეს, რაც მოსახდენია. უარესი შეუძლებელია.

. . .

ერთი რამ გწამდეთ: ვერ გაბედავენ გვესროლონ.

. . .

ენერგია, ენერგია, ენერგია!.. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ახალგაზრდები ვართ. ამ დროს ადამიანები არიან კეთილშობილი, თავგანწირული. ნუ გეშინიათ ნურაფრის.

. . .

პეტერბურგის ქუჩებსა და მოედნებს ამბოხებული სტუდენტობა მოეფინა. პროკლამაციის ავტორები არარუს სტუდენტებს ვალად არ სდებდნენ ბუნტში მონაწილეობას. ისინი მხოლოდ პოლონელ სტუდენტებს მიმართავდნენ დასახმარებლად.

„ჩვენ ჩვენების იმედი უფრო ნაკლებადა გვაქვს, ვიდრე პოლონელებისა. მათში მეტია კეთილშობილი თავგანწირვა. მათ მამაცურად რამდენჯერმე სცადეს თავისუფლების მოპოვება. შეუძლიათ უშიშრად წასვლა საწამებლად მაღაროებში. შეუძლიათ ტანჯვა-წამება იდეისათვის. ამიტომ ჩვენი ძმური მოწოდებაა მათდამი - ერთობ ქმედითი მონაწილეობა მიიღონ საერთო საქმეში. გაგვიზიარონ თავიანთი ენერგია“.

ქართველებს ჯერ გარკვეული არა აქვთ - როგორ მოიქცნენ.

„მე ვერ წარმომედგინა, რომ მთავრობა, რომელიც კავკასიური გაგებით, სიბრძნის წყაროდ მეჩვენებოდა, დაუშვებდა დემონსტრაციის მოხდენას ქუჩებში“.

24 სექტემბერს, სემიონოვის ქალის ოჯახში, სადაც ქართველი სტუდენტები თვეში 7 მანეთად და 25 კაპიკად სადილობდნენ, პატარა დავა გაიმართა.

ნიკოლოზ და ბესარიონ ღოღობერიძეები: „ხვალ მთელი სტუდენტობა დემონსტრაციაზე გამოდის და ჩვენც გამოუკლებლივ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“.

დავით აბდუშელიშვილი: „ჩვენ იმისთვის ვართ აქ ჩამოსული, რომ უნდა ვისწავლოთ და არა მთავრობას ვასწავლოთ. მთავრობა ჩვენ, რასაკვირველია, არ გაგვიგონებს და უკან სახლში გაგვაბრუნებს, რაც ჩვენთვის გაცილებით უარესია, ვიდრე ციმბირში წასვლა. ჩვენი მშობლები დაგვამწარებს ყოველ ლუკმას ტყვილა ხარჯების გაწევისათვის“.

ნიკოლოზ და ბესარიონ ღოღობერიძეები: „შეუძლებელია ქართველები ჩამორჩნენ, როდესაც ყველა სათვისტომო დემონსტრაციაში მონაწილეობას იღებს“.

კირილე ლორთქიფანიძე: „ქართველები სხვებს ვერ მიბაძავენ. რუსეთში, პოლონეთში, მალორასიაში ბევრია ნასწავლი ხალხი. ეს ქვეყნები უინტელიგენციოდ არ დარჩება, მათი ახლანდელი სტუდენტობა სულაც რომ აღიგავოს პირისაგან დედამიწისა. ჩვენში კი საქმე სხვანაირია. ჩვენ ქართველი სტუდენტების პირველი თაობა ვართ. ჩვენ რომ ახლა დავბრკოლდებით, ქართველ მამებს შემდეგ ვერც კი გააგონებ - შვილები უნივერსიტეტში გაგზავნონ. ძველებურად საკადეტო კორპუსებში მიაბარებენ, მით უმეტეს, რომ ეს უფრო ადვილი საქმეა და არც ფულის დახარჯვაა საჭირო“.

დიდხანს იკამათეს. გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. გაბრაზებული ნიკოლოზ ღოღობერიძე გარეთ გავარდა. ამხანაგებს დაცინვით მიაძახა - „ვინც მშიშარა ხართ, სახლში დარჩითო“ - და უნივერსიტეტში გაიქცა.

მშიშარა ხართო!.. ქართველმა სტუდენტებმა იხუვლეს, ქუჩაში გაცვივდნენ და ამბოხებული სტუდენტების ზღვას შეერივნენ.

რამდენიმე დღეა პეტერბურგი სტუდენტების ხელშია. მიტინგები იმართება ქუჩებში, მოედნებზე, უნივერსიტეტის აუდიტორიებში, ეზოში. ვინ არ გამოდის სიტყვით, რას არ ამბობენ, რას არ აპირებენ, რა გეგმებს არ ადგენენ, რა მოწოდებებს ისვრიან, რა საოცნებო სურათებს ხატავენ, ხელს არავინ უშლის. უნივერსიტეტის მზრუნველი თუ პროფესორი, პოლიციის უფროსი თუ რიგითი მოქალაქე, ხელოსანი თუ ვაჭარი, ქალი თუ ვაჟი - ყველანი ტკბილად, ალერსით, დაყვავებით ესაუბრებიან სტუდენტებს, იზიარებენ მათ შეხედულებებს, უწონებენ განზრახვებს. რაშია საქმე? რატომ გახდა ხელისუფლება ასეთი სათნო? ნუთუ მთელი რუსეთი იზიარებს სტუდენტების აზრს?

იმპერატორი არ არის პეტერბურგში. უიმისოდ ვერავინ ბედავს რაიმე გადაწყვეტილების მიღებას.

* * *

„ხელმწიფე ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა, ფოთსა და ქუთაისში. აქ იგი ნადირობდა თავადების ბაღებში შინაურ ჯეირნებზე. საქართველოში ჯერ კიდევ მზადდებოდა გლეხების განთავისუფლების პროექტები. ამიტომ საჭირო იყო ქართველი თავადაზნაურობის გულის მოგება და დატკბობა“.

. . .

იმპერატორს უყვარდა კავკასიაში სტუმრობა. 1837 წელსაც ახლდა მამას ცხრამეტი წლის ტახტის მემკვიდრე. მაშინაც შემოდგომაზე მოუწია ჩამოსვლა. ახლაც შემოდგომაა. მაშინაც ოქტომბერი იდგა. ახლაც ოქტომბერია. კარგი დროა ოქტომბერი. ყველაფერი ოქროსფრად იმოსება, ყოველი ფოთლიდან მზის თვალი იყურება. არემარე ისე იცქირება, როგორც თვეში ჩამდგარი ქალი - სიყვარულით, შიშით, უცნაურის მოლოდინით აფორიაქებული.

კმაყოფილია ხელმწიფე ძველის გახსენებითაც და ახლანდელი მასპინძლობითაც. კავკასიის დიდი ომი დამთავრებულია. ორ წელიწადზე ცოტა მეტია გასული, რაც 1859 წლის 23 აგვისტოს ღუნიბი იერიშით აიღო და დაატყვევა დაღესტნისა და საჩეჩნოს დიდი იმამი მისმა დღევანდელმა მასპინძელმა და სეხნამ კავკასიის მთავარმმართველმა ბარიატინსკიმ. ლექსიც კი გამოქვეყნდა მაშინ „კავკაზში“ (1859 წ., №80).

Великий подвиг свершился!
Кавказ торжественно смирился
Перед наместником царя
И пал к ногам богатыря!5

დამცინავმა ღიმილმა შესძრა იმპერატორის ტუჩები: ვასილი ჟუკოვსკის აღზრდილისათვის დიდი ვერაფერი შვილი იყო ეს ლექსი.

შინასაქმეებიც კარგად მიდის. 19 თებერვალს გლეხთა განთავისუფლების მანიფესტი გამოაქვეყნა. „გამათავისუფლებლის“ თიკუნი დაიმსახურა. საერთოდ იღბლიანი კაცია. ვინც მამამისს სისხლს უშრობდა, ყველა მისი თაყვანისმცემელია.

ენამოწამლული ფრანგი მარკიზი დე კიუსტინი, ვისმა დამცინავმა წიგნმაც ბევრი გააცოფა რუსეთში, მორიდებით წერდა:

„მისი თვალების გამომეტყველება კეთილია. იგი ხელმწიფეა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გარეგნობით მოკრძალებულია, მაგრამ არა გაუბედავი. უპირველესი შთაბეჭდილება კი ის გახლავთ, რომ იგი ჩინებულად აღზრდილი კაცია. მეფის უმშვენიერესი ნიმუშია ყველა მათ შორის, ვინც მე ოდესმე მინახავს“.

გერცენი, ნიკოლოზ პირველს უცხოეთში რომ გაექცა და იქიდან მოსვენებას არ აძლევდა, მას ხოტბას ასხამდა:

„ალექსანდრე მეორემ ბევრი გააკეთა, ძალიან ბევრი. ახლა მისი სახელი უკვე დგას ყველა მისი წინამორბედის სახელზე მაღლა. ადამიანის უფლებათა სახელით, თანალმობის სახელით იგი ებრძოდა დამყაყებული არამზადების მტაცებლურ ბრბოს და მოდრიკა ისინი. ამას მას არ დაუვიწყებს არც რუსი ხალხი და არც მსოფლიო ისტორია. შორეული გადასახლებიდან ჩვენ მივესალმებით მას სახელით, რომელიც ესოდენ იშვიათად გვხვდება თვითმპყრობელთა შორის ისე, რომ არ იწვევდეს მწარე ღიმილს, მივესალმებით სახელით - გამათავისუფლებელი!..“

ბუნტისთავი ჩერნიშევსკიც კი ადიდებდა:

„ახალი ცხოვრება იწყება ახლა ჩვენთვის. იგი იქნება იმდენად მშვენიერი, კეთილმოწყობილი, ბრწყინვალე და ბედნიერი ადრინდელზე, რამდენადაც უკანასკნელი ასორმოცდაათი წელიწადი იყო რუსეთში მაღალი მე-17 საუკუნეზე. უწყინართა და მშვიდობისმყოფელთათვის დაპირებულმა ლოცვაკურთხევამ ალექსანდრე მეორე დააგვირგვინა ბედნიერებით, რომელიც არ ღირსებია არავის ევროპელ ხელმწიფეთა შორის, ბედნიერებით მარტოს დაეწყო და დაემთავრებინა თავის ქვეშევრდომთა გათავისუფლება“.

(ასე ახლაა, თორემ სულ მალე ნიკოლოზ ჩერნიშევსკის დააპატიმრებენ და გადაასახლებენ. ხოლო ალექსანდრე გერცენი ინატრებს „რატომ არ მოკვდა ეს კაცი იმ დღეს, რა დღესაც მან რუს ხალხს თავისუფლების მანიფესტი გამოუცხადა!...“).

ისვენებს, ერთობა იმპერატორი. ქუთაისიდან გამოვიდნენ და ნადირ-ნადირობით დაჰყვნენ რიონს ფოთისაკენ (იმ დროს ამ სანახებში უღრანი ტყე იყო. შიგ უთვალავი ნადირი ბინადრობდა და ფრინველი ბუდობდა. საგანგებოდაც აშენებდნენ და ამრავლებდნენ). ცოტა კი მოქანცა ნადირობამ. მართლაც კარგი ჰქნეს, წყლისპირას ცეცხლი რომ ააგიზგიზეს. ჰაერში ავარდნილი კადინა გამშვიდებს და მომთენთავ სითბოს გიღვრის სხეულში. ოცნების გუნებაზე გაყენებს. ვერც შეამჩნია, ისე მიუახლოვდა მას აღელვებული ბარიატინსკი. უკან ადიუტანტი მოჰყვებოდა, ივანე ორბელიანი, მანანას ვაჟი.

- თქვენო უდიდებულესობავ!.. - ჩურჩულით თქვა მთავარმმართველმა. მეფემ მოიხედა და დიდი, ნაღვლიანი თვალებით შეხედა ბარიატინსკის.

- თქვენო უდიდებულესობავ!.. - გაიმეორა ფელდმარშალმა, - პეტერბურგში სტუდენტთა შფოთია!..

ისე ჩუმად თქვა, თითქოს ტყესაც არ უნდა გაეგო. მოულოდნელად ბარიატინსკიმ დაინახა: იმპერატორს არაყანმა გადაჰკრა და თვალებში შიში ჩაუდგა.

ალექსანდრე ბარიატინსკი მეგობრობდა იმპერატორს. თაინად უწყოდა, იგი არ იყო მხდალი მამაკაცი. პირიქით, ვაჟკაცური ბუნება ჰქონდა.

1850 წელს, მამის დავალებით, დაღესტანში ფრონტის ხაზს ათვალიერებდა. ტყიდან სროლა მოესმა. ანაზდეულად მოახტა მერანს და თავდამსხმელებს დაედევნა. თავადი ვორონცოვი იძულებული გახდა თვითონაც გადმომხტარიყო ეტლიდან. ავადმყოფობაც დაევიწყებინა და სიბერეც. ცხენით დასდევნებოდა ბრძოლის ჟინით ატაცებულ ცესარევიჩს. როყიო ტყვიას რომ გაეხვრიტა შუბლი ტახტის მემკვიდრისათვის, რა უნდა ექნა მეფისნაცვალს, რით ემართლებინა თავი?

მაშინ წმ. გიორგის ჯვრით დააჯილდოვა მამამ შვილი.

ეს ნადირობისას შეემთხვა. დათვს ესროლა. დაჭრა, მაგრამ ვერ მოკლა. გააფთრებული ნადირი მისკენ გამოქანდა. თანმხლები მეტყევე შეშინებული, - მეფეს არაფერი ევნოსო, - მერულით ეკვეთა მხეცს. გამძვინვარებულმა ტყიურმა იგი ძირს დასცა და ტორებში მოიგდო. ელვის სისწრაფით ეძგერა ალექსანდრე დათვს. ბღანჯებიდან მეტყევე გამოგლიჯა და ხელდახელ შეება ნადირს. რამდენიმე წუთიც და დათვი აღარ სუნთქავდა.

არა, მშიშარა არ იყო. მაგრამ საკმარისი იყო ბუნტის, ჯანყის, ამბოხის ხსენება, რომ ენითაუწერელ შიშს შეეპყრო. ვერაფრით ვერ ხვდებოდა ბარიატინსკი, რა ემართებოდა იმპერატორს ამ დროს. ეს მხოლოდ მეფემ იცოდა თავად.

კარგად ახსოვს 1825 წლის დეკემბრის ცივი, სუსხიანი დილა. მაშინ საშა შვიდი წლის იყო. ოთახში ნიკოლოზ რომანოვ-გოტორპი შემოვიდა და ბიჭს უხეშად უთხრა: ან დღეს მე იმპერატორი ვიქნები და შენ - ცესარევიჩი, ან ორივეს ერთად ჩამოგვაკონწიალებენო ხეზე. მერე ბრძანა, - საშას ჰუსარის მუნდირი ჩააცვითო, - და ბიჭი აივანზე გაიყვანა. ოთახში დარჩა სარეცელზე დამხობილი, აქვითინებული დედა, პრუსიელი პრინცესა შარლოტე, მომავალი დედოფალი ალექსანდრა ფიოდოროვნა. საკუთარი ყურით გაიგონა მაშინ საშამ ზარბაზნების ქუხილი სენატის მოედანზე. საკუთარი თვალით დიანახა ზათქით შემოჭრილი მამამისის ერთგული მხედრები. მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია და აილუფხა. გაყინულ ჰაერს აყრუებდა ყვირილი, კივილი, კვნესა, ტირილი, გინება, ვედრება, გმობა, ცხენების ჭიხვინი, თქარათქური, ხმლების სისინი... შემდეგ დაპატიმრებანი, დაკითხვანი, გასამართლებანი, ჩამოხრჩობანი... მურავიოვ-აპოსტოლს, ბესტუჟევ-რიუმინს, რილეევს სახრჩობელას თოკი გაუწყდათ. როცა ისინი მეორედ აჰყავდათ დასახრჩობად, სერგეი მურავიოვ-აპოსტოლმა ჩამტვრეული ხორხით ამოიხრიალა: „წყეული ქვეყანა, ჩამოხრჩობაც არ იციან“. დღესაც ყურში უწივის ეს სიტყვები. არც ცნობიერებიდან ამოშლია მაშინდელი სურათები. ვინც იმპერატორს პირადად იცნობდა, ადასტურებს: ალექსანდრე მეორეს ყოველთვის აწუხებდა გაუგებარი მომავლის და მოახლოებული კატასტროფის წინათგრძნობა.

უხერხულად, შეცბუნებული მისჩერებოდნენ ხელმწიფეს კავკასიის მთავარმმართველი და მისი ადიუტანტი. ვერც ერთი ვერ ბედავდა ეკითხა - რას ინებებდა იმპერატორი, სასწრაფოდ გაემგზავრებოდა პეტერბურგს, თუ სტუმრობას გააგრძელებდა? ქვეშევრდომისა და მასპინძლის რიდი ბოჭავდა ორივეს. ალექსანდრე მეორემ თითქოს გაიგონაო მათი უთქმელი კითხვა, მოკლედ მოსჭრა - დაუყოვნებლივ!

. . .

ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ ასწავლის ადამიანს იმას, რასაც ახლა ნიკო სწავლობს პეტერბურგის ქუჩებში. ადამიანთა თვალუწვდენელი ზღვა ტორტმანებს, მაგრამ არსაით მიდის. პოლიცია კონდახებითა და მათრახებით ცდილობს გზა გაიკაფოს პეტრე-პავლეს სიმაგრისაკენ. დაპატიმრებული სტუდენტები მიჰყავთ, მაგრამ ვერც მიჰყავთ. ნაბიჯის გადადგმა ჭირს. ქუჩა გაჭედილია ხალხით, პოლიცია დაბნეულია. სროლა შეუძლებელია. ყველა გარეთაა: კაცი და ქალი, დიდი და პატარა, აზნაური და უაზნო, მოხელე და ხელოსანი, ვაჭარი და კალმოსანი, როსკიპი და მათხოვარი. ღმერთმა უწყის, ვის მოხვდება გასროლილი ტყვია - მეამბოხეს თუ ერთგულ ქვეშევრდომს. მერე ადექი და აგე პასუხი.

უნდა გაუძლოს პოლიციამ. არ დაკარგოს მოთმინება, თავშეკავება.

ყველაფერი ერთბაშად შეიცვალა. უცბად დამთავრდა ლაღი დღეები. პოლიციის ყურამდე მიაღწია მითქმა-მოთქმამ: სტუდენტთა ერთი ჯგუფი აპირებს თავს დაესხას ცარსკოე სელოს, მძევლად მოიტაცოს ტახტის მემკვიდრე და ალექსანდრე მეორეს წარუდგინოს კონსტიტუციის მოთხოვნა. ეს არ იყო ჭორი. სტუდენტთა ერთი ნაწილი მართლაც ემზადებოდა ამისათვის.

რეფორმა რეფორმად, მაგრამ ცესარევიჩის მოტაცების განზრახვა უკვე აღარ ჰგავდა განათლებაზე ზრუნვას. ამას ჯანყის სუნი ასდიოდა. შეიძლება რევოლუციისაც. იმპერატორი სტუდენტთა დატუსაღებას დათანხმდა.

ყველას დაავიწყდა თავისი თავი. ნიკოსაც. ერთი აზრით არიან შეპყრობილნი: სულიერად აჯობონ მთავრობას, ხელისუფლებას. უცბად სტუდენტთა ბობოქარი ტალღა მოასკდა პოლიციელთა და ჯარისკაცთა კორდონს. გაწყვიტა, გაარღვია იგი. როგორ მოიქცეს პოლიცია? სტუდენტები არ აპირებენ დაჭერილი ამხანაგების გათავისუფლებას. არა. ისინი პატიმართა რიგებში დგებიან. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ეს ჯერ არ უნახავთ. არავის აღარ ეშინია დაჭერის, ციხის, კატორღის. ნიკო უკვე კარგად ხედავს - რატომ არის ადამიანი დიადი. აღარავინ მიძვრება ვირთხასავით სოროში დასამალად. ყველა მიხვდა თავისუფლების აზრს.

ნემსი არ ჩავარდება. მოძრაობა შეჩერდა. ვერც წინ წადგამ ფეხს, ვერც უკან. პოლიციამ თუ რაღაც არ იღონა, ასე ვერასოდეს მიაღწევ პეტრე-პავლეს სიმაგრეს. სხვა გზა აღარ არის. იარაღს უნდა მიმართონ. ვინღა დაეძებს ერთგულ ქვეშევრდომსა და მეამბოხეს. დუნდგოდან როგორმე უნდა გააღწიონ და უცბად (არავის გაუგონია, ვინ გასცა განკარგულება) პოლიციისა და ჟანდარმერიის ცხენოსანი რაზმი ხალხის ზღვაში შევარდა. აშხუილდნენ მათრახები, ასისინდნენ ხმლები, აჭექდნენ დამბაჩები. განუკითხავად ჩეხავდნენ, ლეწავდნენ, თელავდნენ. უგზო-უკვლოდ გარბოდა ხალხი, ჰკიოდა, ტიროდა, ბღაოდა.

ნიკომ დაინახა: თვალის დახამხამებაში მოზეიმე ხალხი როგორ გადაიქცა უგუნურ და უძლურ ბრბოდ.

რამდენიმე წუთში დაცარიელდა არემარე. ქუჩებში ეყარნენ თავპირდაჩეხილი ადამიანები. სისხლს შეეღება სულიერი და უსულო.

პოლიციამ დატუსაღებული სტუდენტები წინ გაიგდო და პეტრე-პავლეს სიმაგრის ეზოში შერეკა.

დიდხანს იდგნენ სტუდენტები ეზოში. ელოდნენ: მათთვის საკნებს ათავისუფლებდნენ.

„ჩვენ მოგვათავსეს რვა დაბალ, ბნელ და ნოტიო თაღებიან კაზემატში, რომლებიც ისე დაბლა იყო მოთავსებული, რომ თითქმის მდინარის გასწვრივ მდებარეობდა. კაზემატები შეერთებული იყო ერთი-მეორესთან, ასე რომ ეს რვა კაზემატი ერთ დიდ ოთახს წარმოადგენდა; განათებული იყო ოდნავ მბჟუტავი, თაღებში დაკიდებული ფარნებით. არავითარი ავეჯი, არც საწოლი, არც ნაალი და საბანი. ცოტახნის დაჯდომის შემდეგ, ჩვენ დაღლილობისაგან ჯერ ჩავსხედით და შემდეგ კი დავწექით ცარიელს, მაგრამ საკმარისად სუფთა იატაკზე, ვინც სად იდგა, უჭმელ-უსმელები. მეტად გაუჭირდათ ეს და მე მათ, ვინც კი იმ დილას ჩემსავით უჭმელი გამოვიდა, მარტო პიჯაკით. მაინც მგონია, რომ იმ ღამეს, მიუხედავად საშინელი დაღლილობისა, თითქმის არავის ეძინა“.

ერთი კვირა გაატარა ნიკომ პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში.

ვერ ისვენებდნენ სტუდენტები. მსჯელობდნენ, კამათობდნენ. ბევრი მათგანი ჩინებული მცოდნეა გერმანული ფილოსოფიის, ფრანგული ლიტერატურის, ინგლისური პოლიტიკის. ფლობენ უცხო ენებს. უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას. ეს საუბრები ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე უნივერსიტეტის ამანათგადასული პროფესორების ლექციები.

„ისინი მაძლევდნენ პასუხს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მაშინ მაინტერესებდა. თუმცა მათი ახსნა სხვადასხვანაირი იყო და ზოგჯერ ერთი მეორის საწინააღმდეგოც. მაგრამ ესეც მომწონდა, რადგან მაიძულებდა ფხიზლად ვყოფილიყავი და მეც გამენძრია ტვინი“.

აზრად დაებადათ, მიემართათ ლექსით მიხაილოვისთვის. პოეტი უკვე დაპატიმრებული იყო. როცა სტუდენტები ციხესიმაგრის ეზოში შემორეკეს, მათ მოჰკრეს კიდეც თვალი საკნის კვებოში6 მიხაილოვს. პოეტი მაშინ ხელის აწევით მიესალმა სტუდენტებს. მალე დაიწერა ლექსი - „ტყვეს (მიხეილ ლარიონის ძე მიხაილოვს)“. განწყობილებით, ხასიათით იგი პუშკინის - „ციმბირში, დეკაბრისტებს“ - ჰგავდა. სტუდენტები ალალად, გულწრფელად ესალმებოდნენ პოეტს, უწოდებდნენ მასწავლებელს.

Проклятым гнетом самовластья
Нам не надо тебя обнять
И дань любви и дань участья
Тебе, учитель наш воздать!7

ყმაწვილებს თბილისიტყვით სურდათ შეემსუბუქებინათ პოეტისათვის მძიმე ხვედრი. იმედი მიეცათ, რომ დადგებოდა თავისუფლების დღეც. კეთილი თესლი ნაყოფს გამოიღებდა და დრო ასგზის მიუზღვავდა სამაგიეროს მტერს.

И разорвет позора цепи,
Сорвет с чела ярмо раба,
И призовет из снежной степи
Сынов народа и тебя.8

აღტაცებულმა პოეტმა უპასუხა სტუდენტებს: მოგეხვეოდით, გულში ჩაგიკრავდით, თქვენთან ერთად გავიზიარებდი იმედსაც და წყევლა-კრულვასაც, მაგრამ ბოღმა და მტრობა მდევნის, მაღაროების წყვდიადსა და სიცივეში მიმერეკება. ლტოლვილობის უსიხარულო წკვარამშიც მტკიცედ დავუცდი სინათლეს.

Но и там на зло гоненью
Веру лучшую мою
В молодое поколение
В сердце свято сохраню.9

„ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ლექსი ჩვენზე: ჩვენ გავიზარდეთ ჩვენსავე თვალში და კიდევ უფრო გავმტკიცდით ჩვენს გადაწყვეტილებაში გვებრძოლნა სრულ გამარჯვებამდე“.

მსგეფსი მიიწურა. შემოდგომის ცივი, სუსხიანი დღე დგას. თოვლჭყაპია. ჩრდილოეთის ქარი ძვალსა და რბილში ატანს. აზვირთებული ნევა ურტყამს ტალღებს პეტრე-პავლეს სიმაგრის კედლებს, ძველისძველი, დანჯღრეული გემი უახლოვდება ციხეს. დადგა. ტუსაღი სტუდენტები გამოიყვანეს და გემზე აასხეს. ნიკოს აძაგძაგებდა. კბილებს წკრიალი გაჰქონდა. თხელი პიჯაკი ვერ იკავებდა პეტერბურგის სიცივეს. გემი ნელა დაიძრა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. თითქმის ოთხი საათი იცურეს. ვაი-ვაგლახით მიაღწიეს კრონშტადტს. სტუდენტები გემიდან გადმოსხეს და კრონშტადტის ციხესიმაგრის ეზოში შეიყვანეს. თითქოს ზაფხულის მზემ გამოანათაო, გაყინულ, გათოშილ, გალურჯებულ ბიჭებს უსაშველო სითბო ჩაეღვარათ სხეულში. კრონშტადტის სიმაგრის ეზოში, ალაყაფის კარებიდან კაზემატებამდე, ორივე მხარეს იდგა ქალების გრძელი მწკრივი. ისინი საგანგებოდ იყვნენ მორთულ-მოკაზმული. ხელში ყვავილები ეჭირათ. იდგნენ ჩუმად, ხმისამოუღებლად და სტუდენტებს ყვავილებს ესროდნენ. ყვავილები თოვდა... როგორ, სად იშოვნეს ამდენი ყვავილი? მათი გზა იფარებოდა ყვავილებით. მიდიოდნენ ნელა, ტაატით კაზემატებისაკენ. ყვავილების თოვა კი არ თავდებოდა.

ნიკო კაზემატში შევიდა. კარები დაიხურა. დაღლილ-დაქანცული ბიჭი ლაჭანზე დაეცა.

საკნის კვებოში მოჩანდა ბალტიის ნაცრისფერი ცის ნაგლეჯი.

. . .

გამოძიება დაიწყო. ორგანოებში 1861 წლის 14 ოქტომბერს ბრალდების საგანგებო კითხვარი შეადგინეს. სხვებთან ერთად, იგი ნიკოსაც მისცეს. ყოველი კითხვისათვის პასუხი ზუსტად უნდა გაეცა. რამდენჯერმე წაიკითხა დაკვირვებით. პასუხისას პაწია შეცდომაც შეიძლებოდა ძვირად დაჯდომოდა. იცოდა, 16 ოქტომბერს სრედნემეშჩანსკაიაზე პოლიციამ რიხტერის ქვრივის სახლი გაჩხრიკა (ნიკოს გაეღიმა: უცნაურია. კაცი ციხეში თითქოს მოწყვეტილია მთელ ქვეყანას. არავისთან აქვს კავშირი. მაინც ყველაფერი იციან. თითქოს ქარს მოაქვს ამბავი). ამ სახლში ბინადრობენ ნიკო და კირილე ლორთქიფანიძე. ბევრი ეძებს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი იპოვეს. მეორე ნაწილის მესამე კვარტლის ზედამხედველი ბეკსალოვი ხელცარიელი დაბრუნდა უკან. ახლა ნიკოს გამჭრიახობაზეა დამოკიდებული მისი ბედი. თუ კითხვებს დამაჯერებელი პასუხი მისცა, შეიძლება წყლიდან მშრალი ამოვიდეს.

თავის გადარჩენის ერთადერთი გზა ყველაფრის უარყოფა იყო.

ნიკო ახსნა-განმარტების წერას შეუდგა.

12 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, შინიდან გამოვედი და პირადი საქმის გამო ჩემს ამხანაგ ვასილ სავანელთან გავწიე. იგი ვასილის კუნძულზე ცხოვრობს, შუა პროსპექტისა და ნევის სანაპიროს კუთხეში. როცა უნივერსიტეტის შენობას ჩავუარე, დავინახე - რამდენიმე სტუდენტი პოლიციის მოხელეს ელაპარაკებოდა.

მათთან რომ მივედი, გავიგონე, რაც იმ მოხელემ სტუდენტებს უთხრა: აქ ნუ იკრიბებით, დაიშალეთ და, თუ გინდათ, სადმე, ქალაქგარეთ, შეიყარეთო თავი. რამდენიმე ხანს ისაუბრა და წავიდა. ხუთი წუთის მერე მობრუნდა და გვითხრა: ამჟამად პეტერბურგის ობერპოლიცმაისტერს თქვენთან მოსასვლელად არ სცალიაო. მოხელე ისევ უკან გაბრუნდა.

ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი. მალე პატარ-პატარა ჯგუფები შეგროვდნენ. ჩვენ ვლაპარაკობდით სტუდენტურ საქმეებზე, მშვიდად და უხმაუროდ. ათი წუთიც არ გასულა მას მერე, რაც მოხელემ გვითხრა, - ობერპოლიცმაისტერს მოსვლა არ შეუძლიაო, - რომ ეს უკანასკნელი მოვიდა. მისი სახელით გვიბრძანეს - დაიშალეთო! დავემორჩილეთ ბრძანებას. ბევრი ჩვენგანი დიდი ნევის სანაპიროსაკენ წავიდა. დანარჩენ სტუდენტებს, რომლებიც ნელ-ნელა იშლებოდნენ, მყისვე ალყა შემოარტყეს გოროდოვოიებმა. მათ ეხმარებოდა ქვეითებისა და ჟანდარმერიის ჯარი.

ბატონმა ობერპოლიცმაისტერმა ბრძანა: დაუყოვნებლივ შემორტყმოდნენ ალყად იმ სტუდენტებს, რომელნიც დიდი ნევის სანაპიროთი მიდიოდნენ. ცხენოსანი ჟანდარმები დაგვეწიენ, შეგვიპყრეს და სტუდენტების პირველ ჯგუფთან შეგვაერთეს. დააპატიმრეს გამვლელ-გამომვლელნიც.

გოროდოვოიებმა და სალდათებმა მუჯლუგუნების ცემით უნივერსიტეტის ეზოში შეგვრეკეს. იქ დაიწყეს დაჭერილი სტუდენტებისა და კერძო პირების გვარების ჩაწერა.

საათნახევარს გრძელდებოდა ჩაწერა. ამ ხნის განმავლობაში არ გვიშვებდნენ ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაც. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ჟანდარმთა ოფიცრის ან გოროდოვოის თანხმობით, ზოგიერთს აძლევდნენ ნებას წასულიყო „მოსასაქმებლად“. თან გვაყვედრიდნენ: „თქვენი წყალობით არის, რომ აქ დაღამებამდე უნდა ვიდგეთ. ჩვენთვის შესვენებაც არ არისო“. მალე სრულებით აგვიკრძალეს უნივერსიტეტის ეზოდან გასვლა. „მეტი აღარსად გაუშვათო ეგ პირუტყვები“, - ბრძანა პოლიციის მოხელემ.

ჩაწერა რომ დამთავრდა, ისევ მუჯლუგუნების ცემითა და ძალდატანებით ქუჩაში გამოგვიყვანეს. ჩვენ დავინახეთ, ტროტუარზე იდგნენ ჩვენი ამხანაგები, ნაცნობები, ხალხი. ისინი ჩვენს გასაცილებლად იყვნენ მოსული. პოლიციას კი ეგონა - ჩვენს გათავისუფლებას აპირებდნენ. შეეშინდათ და ცემა-ტყეპით, სირბილით, გაგვრეკეს. პეტრე-პავლეს ციხე-სიმაგრისაკენ მიმავალთ სალდათები და ჟანდარმები შეურაცხგვყოფდნენ ფიზიკურად და სიტყვიერად. მთელი გზის მანძილზე დაუცველი მსხვერპლი ვიყავით გაბოროტებული და გაღიზიანებული სალდათების თავშეუკავებელი სიშმაგისა.

გიპასუხებთ დამატებით კითხვებზე, რომელნიც საგამომძიებლო კომისიამ დასვა:

1. არც მინახავს და არც გამიგონია, რომ ვინმეს სურდა მატრიკულანტებისათვის მატრიკულების წართმევა.

2. რაც შეეხება პოლიციის მოხელის რჩევას - დაიშალეთ და ქალაქგარეთ შეიკრიბეთო, - ამაზე უკვე ვუპასუხე.

3. რაც უნივერსიტეტის ეზოსთან მოვედი და შევჩერდი, არც მე და არც სხვა ვინმეს უნივერსიტეტის ეზოში შესვლა ძალით არ უცდია. არ მინახავს და არ გამიგონია, რომელიმე სტუდენტს ადრე ამგვარი რამ გაეკეთებინოს.

4. არც მე და არც სხვა სტუდენტები ჟანდარმებსა და სალდათებს არ მივარდნიან. ამ დროს მეცა და ჩემი ამხანაგებიც იმით ვიყავით დაკავებული, რომ როგორმე თავი დაგვეცვა სალდათებისა და ჟანდარმების თოფების კონდახებისაგან.

5. არ გამიგონია ყვირილი სტუდენტების მხრიდან - „ხალხი ჩვენთან არის ვაშაა“. არ დამინახავს, რომ ვისმეს ხელის ქნევით ან ქუდების სროლით ხალხში თანაგრძნობა გამოეწვია. ამისათვის ჩვენ მაშინ არ გვეცალა.

6. ჯოხი არასოდეს მქონია ხელში და არც არავის, ვინც ჩემს ახლომახლო იდგა, იგი არ ჰქონია.

7. არავის უსროლია მოწოდება: „ეცით სალდათებს და ჟანდარმებს! გარეკეთ ისინი!“ არც მე და არც სხვა სტუდენტებს რაიმე შეურაცხმყოფელი ან უწმაწური სიტყვა სალდათების ან ჟანდარმების მიმართ არ უთქვამთ.

8. არ გამიგონია, რომ რომელიმე სტუდენტს ეთქვას: ჩვენი გვარები დაიბეჭდება საზღვარგარეთ „კოლოკოლში“. პოლიციელები და მთავრობა პასუხს აგებენ შთამომავლობის წინაშე სტუდენტების დასჯისათვის...

ნიკომ გადაიკითხა წერილი და ხელი მოაწერა. კმაყოფილი იყო - პეტრე ჩარექიშვილს არც ისე ცუდად უსწავლებია მისთვის რუსული.

„... მიმაბარეს ტფილისის გიმნაზიიდან დათხოვნილ უფროსი კლასების შეგირდს პეტრე ჩარექოვს, რომელთან ნასადილეობით დავიარებოდი ყოველ დღე, ორიოდ სამ საათის ვადით. მას უნდა აეხსნა ჩემთვის, რასაც სასწავლებელში დილაობით გვასწავლიდნენ. ის საშინელი პრანჭია იყო. ტანისამოსს იცვამდა ისეთს, როგორიც ქუთაისს არავის ენახა, გახამებულ პერანგებს ატარებდა და მბზინავ წაღებს. პირს ყოველ ცისმარე დღეს იპარსავდა და ულვაშებს სადგისებივით იწკიპინებდა. ჩვენთან თავი ამპარტავნათ ეკავა. სულ რუსულად, ბრძანების კილოზე გველაპარაკებოდა. ქართულს სანამ ძლიერ არ გაუჭირდებოდა, სულაც არ ხმარობდა“.

გამოძიების პასუხს დიდხანს არ დაგვიანებია. განაჩენი მალე გახდა ცნობილი. მეამბოხე სტუდენტები ოთხ კატეგორიად დაჰყვეს და სხვადასხვა სასჯელი არგუნეს. ნიკო მეოთხე კატეგორიაში მოხვდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი თავისუფლდებოდა მშობლების თავდებობით. პოლიციისათვის უნდა წარედგინა მშობლების ხელწერილი დაპირებით: არასოდეს მიიღებდა მონაწილეობას რაიმე არეულობაში. მაგრამ ნიკოს არამც და არამც არ უნდოდა ქუთაისში დაბრუნება. კარგად წარმოედგინა, რაც მოხდებოდა იაკობ ნიკოლაძისა და ელისაბედ ლორთქიფანიძის ოჯახში. მთელ დუნიაზე მოეჭრებოდათ თავი. ნათესავ-ახლობლებში, მეზობელ-მოკეთეებში, მტერ-მოყვარეში აღარ გამოესვლებოდათ. მათი სანაქებო ბიჭი, პეტერბურგში სასწავლებლად გაგზავნილი, უნივერსიტეტიდან გამოგდებული, უსწავლელ-უცოდინარი მიადგებოდა კარს. ვერა, ასე ნიკო შინ ვერ დაბრუნდებოდა. მეორე მიზეზიც იყო, რაც აიძულებდა პეტერბურგში დარჩენას. იმპერიის დედაქალაქში თავიდან იწყებოდა მღელვარება.

„... როგორ წავსულიყავ, როცა უჩემოდ შესაძლოა რევოლუცია მომხდარიყო?! გადავწყვიტე რისკი გამეწია, ამოვწერილიყავი წიგნებიდან, როგორც სამშობლოში გაბრუნებული. ნამდვილად კი გადავსულიყავ ქალაქის ისეთ რაიონში, სადაც პოლიცია არც ისე იწუხებდა თავს, იქ მცხოვრები ჩინოვნიკებისა და სამხედრო ელემენტების დიდი რიცხვის გამო“.

გადაწყვიტა, აკაკი წერეთლის ბინაში გადასულიყო და იქ დამალულიყო. გარეთ იშვიათად გამოდიოდა. ეშინოდა, მეეზოვეს არ შეენიშნა და არ დაებეზღებინა. როგორც წესი, პეტერბურგელი მეეზოვეები პოლიციის ჯაშუშებად მსახურობდნენ. შინ იჯდა და „სოვრემენნიკის“ ძველ ნომრებს ჩაჰკირკიტებდა. განდეგილი მარტოობიდან ერთმა შემთხვევამ გამოიყვანა.

„შობის დღესასწაულების წინ ჩემთან მოვიდა ორი ახალგაზრდა და მომხიბვლელი მანდილოსანი. ერთმა მათგანმა, უფროსმა მითხრა, რომ ის არის ჩერნიშევსკის მეუღლე და მთხოვა მეთხოვებინა მისთვის სამასკარადო ჩემი ჩერქეზული კოსტუმი.

თავისთავად იგულისხმება, რომ მე მაშინვე შევასრულე მისი თხოვნა... როდესაც მიდიოდა, ბრძანების კილოთი დამავალა - ხვალვე მივსულიყავი მასთან კოსტუმისათვის და ჩაიზე. „მე თქვენ გაგაცნობთ ჩერნიშევსკის“. მე არ მჯეროდა ჩემი ბედნიერების. სიხარულისაგან კინაღამ გონება დავკარგე“.

ასე გაეცნო ნიკო ნიკოლაძე ნიკოლოზ ჩერნიშევსკის.

______________

1. ლაჭანი - койка.

2. ვიწყებ ომების აღწერას.

3. ჩვენი რკინის საუკუნე, მეფეების, ხიშტების უაზრო კანონების საუკუნე უანგარიშოდ ამრავლებს არა ადამიანებს, არამედ საძაგელ, მდაბალ კაცუნებს.

4. დიდება, სიამაყე.

5. დიდი გმირობა აღსრულდა. მეფისნაცვალის წინაშე საზეიმოდ მოიდრიკა ქედი კავკასიამ და ბუმბერაზის ფეხებთან დაემხო.

6. კვებო - форточка.

7. თვითმპყრობელობის წყეული ჩაგვრა არ გვაძლევს (საშუალებას) მოგეხვიოთ და სიყვარულის და თანაგრძნობის ხარკი გადაგიხადოთ შენ, ჩვენს მასწავლებელს.

8. გაწყვეტს შერცხვენის ბორკილებს, შუბლიდან მონის უღელს მოიგლეჯს, თოვლიან ტრამალიდან მოუხმობს ხალხის შვილებს და შენ.

9. და იქაც, დევნის ჯიბრზე, ახალგაზრდა თაობისადმი ჩემს საუკეთესო რწმენას გულში წმინდად შევინახავ.

2 ხეტიალი

▲back to top


პატიმრობიდან გათავისუფლდა, მაგრამ სანამდე ეცხოვრა მალულად? ადრე თუ გვიან პოლიცია მაინც დაიჭერდა და პეტერბურგიდან გააძევებდა. ერთადერთი საქმე, რაც რუსეთის არეულ-დარეულ იმპერიაში შვეიცარიული საათივით იყო აწყობილი, პოლიციის მეთვალყურეობა გახლდათ. მართალია, რასაც ახლა გიამბობთ, უშუალოდ ნიკო ნიკოლაძეს არ ეხება, მაგრამ ამას კი ნათლად ხატავს - რა პირობებში ცხოვრობდნენ ეჭვმიტანილნი.

ჩვენი საუკუნის 20-იან წლებში, პეტროგრადში საფრანგეთიდან სტუმრად ქალაქ ბულონის მერი მორიზე ჩავიდა. ქალაქში სეირნობისას დეკაბრისტების მოედანზე მოხვდა. სენატის ყოფილ შენობაში „ოხრანკის“ არქივი დაათვალიერა. იმან, რაც იქ ნახა, მიამიტი ფრანგი კინაღამ შეშალა. შინ, საფრანგეთში რომ დაბრუნდა, წიგნი გამოსცა (ამ წიგნის რუსული თარგმანიც არსებობს. А. Моризэ - Поездка в Россию, 1920 г., М-П). ბულონის მერი აღტაცებული წერს:

„რა ჩინებული წესრიგია, რა ბრწყინვალე სისტემა! მე ვხედავ აქ რუსული რევოლუციური მოძრაობის დევნის მთელ ისტორიას, „ოხრანკა“ მოწიწებით არეგისტრირებდა მას ყოველდღე. ყოველ საქმეს ახლავს საკუთარი თვალსაჩინო სქემა: ყოველი დევნილის სააღრიცხვო ბარათში არის ყველა მონაცემი მისი ცხოვრების, ყველა მისი სიტყვის, ყოველი მისი მოძრაობის შესახებ... აი, ყოველკვირეული ჟურნალი, აი, იმ ანგარიშების პირები, „ოხრანკა“ მეფეს რომ უგზავნიდა... ყველაფერი ჩამწკრივებულ-ჩაწიკწიკებულია რიგებად უმშვენიერეს ყდებში. ალალბედზე აღებულ ყოველ ტომში ნახავთ მეფის ხელით გაკეთებულ შენიშვნებს. თუ მინდვრებზე არ არის ამგვარი შენიშვნა, მაშინ უთუოდ შეამჩნევთ ხაზს, გასმულს წითელი ფანქრით. ეს ტრადიციული ნიშანია, მაჩვენებელი იმისა, რამდენ ყურადღებას აქცევდა უავგუსტესი შეფი პოლიციის მოხსენებების შესწავლას“.

სად უნდა გაქცეოდა ამ სისტემას თვრამეტი წლის ბიჭი? მასაც ხომ კუდში დასდევდნენ ჯაშუშები. მართალია, ეს გვიან მოხდა, ათი წლის მერე, მაგრამ ნიკო ნიკოლაძის მდგომარეობას ცხადად დაგანახვებთ. 1872 წლის 31 მარტს პეტერბურგში ობერპოლიცმაისტერი შეშფოთებული აუწყებდა მესამე განყოფილების სამმართველოს: წელს, 9 მარტს, საზღვარგარეთ წასვლის მიზნით, ქუთაისიდან პეტერბურგს წამოვიდა ნ. ნიკოლაძე, მაგრამ სატახტოში ჯერ არ ჩამოსულაო. როგორც ჩანს, სადღაც გზაში ნიკო ნიკოლაძე დარილს გაუსხლტა. ამან პოლიცია დააბნია და შეაშინა. მაგრამ, რვა დღის შემდეგ, უკვე დამშვიდებულ-დაწყნარებული პოლიცმაისტერი მესამე განყოფილებას ატყობინებდა: 8 აპრილს ნ. ნიკოლაძე ჩამოვიდა პეტერბურგში. დაბინავდა ბოლშაია კონიუშნაიას ქუჩაზე, 29-ე სახლში. იმყოფება პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ გენერალ მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის თხოვნით, 1869 წლის 16 თებერვლიდან, იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკო ნიკოლაძეს პოლიციის ზედამხედველობა თითქოს მოუხსნა.

. . .

დროებით თხრობა უნდა შევწყვიტო და მოგახსენოთ, რომ ქართული არისტოკრატიის ისტორიაში არსებობს ერთი ჯგუფი, რომელსაც შეიძლება ქართულ-სომხური თავადაზნაურობა ვუწოდოთ. ესენია არღუთაშვილები, ბებუთაშვილები, ლორის-მელიქიშვილები და სხვანი. ისინი ძველი დროიდანვე საქართველოში ცხოვრობდნენ და ქართულ სამეფო კარს ემსახურებოდნენ. ენით, ზნე-ჩვეულებებით, ზოგჯერ სარწმუნოებითაც გაქართველებული იყვნენ. თუმცა არც მშობლიურ სომხეთს ივიწყებდნენ. ამიერკავკასიაში რუსული მმართველობის დამკვიდრების მერე ქართული არისტოკრატიის ეს ნაწილიც რუსეთის მეფის სამსახურში ჩადგა და გვარებიც რუსულ ყაიდაზე გადაიკეთა. არღუთაშვილი არგუტინსკი გახდა, ბებუთაშვილი - ბებუტოვ, ლორის-მელიქიშვილი - ლორის-მელიკოვ...

მელიქი არაბული წარმომავლობის სიტყვაა. ქართულში მმართველის, მოურავის მნიშვნელობით იხმარებოდა. არსებობდა გორის მელიქი, ანუ გორის მმართველი, ლორის მელიქი, ანუ ლორის მმართველი, ლორე, ქალაქიც და ოლქიც, საქართველოს სამეფოს ეკუთვნოდა. ჩვენში რომ მეფობა გაუქმდა და რუსებმა მმართველობის ახალი სისტემა შემოიღეს, აღმოსავლეთ საქართველო ხუთ მაზრად დაჰყვეს - ქართლში იყო გორის, ლორის და დუშეთის, ხოლო კახეთში - თელავისა და სიღნაღის მაზრები. ისტორიული ლორის ოლქი დაახლოებით ამჟამინდელ სტეფანავანის (ქ. ლორეს ნანგრევებიც მის ახლოს არის) და კალინინოს რაიონებს უდრის.

ლორის ოლქის მმართველთა ძველი წრიდან იყო გამოსული გრაფი მიხეილ ტარიელის ძეც. იგი თბილისში დაიბადა (1825 წ.) და ნიცაში (საფრანგეთი) გარდაიცვალა (1888 წ.), მაგრამ დაკრძალულია თბილისში, წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში. მას რუსეთის იმპერიაში დიდი თანამდებობები ეჭირა (პრემიერ-მინისტრიც იყო), მაგრამ არც ქართული საქმეები დაუვიწყებია. კერძოდ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო.

. . .

უნივერსიტეტიდან გარიცხულთა და გასამართლებულ სტუდენტთა მდგომარეობა იმან შეამსუბუქა, რომ პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა თავადი სუვოროვი, ალექსანდრე არკადის ძე. მან არეული ვითარება დაამშვიდა. ქალაქში წესრიგი დაამყარა. სასწავლებლებმაც მეცადინეობა განაახლეს.

„მისი კეთილი გულის ამბის გამგონემ, გავბედე და მივართვი თხოვნა, ნება დაერთო პეტერბურგში დავრჩენილიყავი. როცა თხოვნაზე ჩემი გვარი წაიკითხა, მან ქართულად მკითხა: „ქართული იცი?“ ჩემ პასუხად, რომ რასაკვირველია, ვიცი მეთქი, მან ქართულადვე მითხრა - „კარგია“, და ადიუტანტს უბრძანა განკარგულება მოეხდინა, რათა მოეცათ ჩემთვის სათანადო მოწმობა“.

. . .

თავადი ალექსანდრე არკადის ძე სუვოროვი, გენერალისიმუს ალექსანდრე სუვოროვის შვილიშვილი იყო. მას განათლებული და ლმობიერი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. მან უარი თქვა ხელი მოეწერა მისასალმებელ ადრესზე, რომელიც ეგზავნებოდა ჩრდილო-დასავლეთის მხარის გენერალ-გუბერნატორს მურავიოვს. მურავიოვმა პოლონეთში სისხლის ზღვა დააყენა. ამისთვის თიკუნად Вешатель (ჩამომხრჩობელი) დაიმსახურა. სუვოროვის საქციელმა მაშინ ბევრი გააკვირვა, ბევრიც გაანაწყენა. ტიუტჩევმა ირონიანარევი ლექსი მიუძღვნა.

Гуманный внук воинственного деда,
Простите нас, наш симпатичный княз,
Что русского честим мы людоеда,
Мы, русские, Европы не спросясь!..
Так будь и нам позорной уликой
Письмо к нему от нас, его друзеи!
Но нам сдается, княз, ваш дед великий
Его скрепил бы подписью своей.1

თუ იმჯერად ირონია იკმარა, მერე ტიუტჩევის მძვინვარებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა 1866 წლის 4 აპრილს კარაკოზოვი თავს დაესხა ალექსანდრე მეორეს. მაშინ მან გენერალი სუვოროვი პამფლეტით „შეამკო“. ხელმწიფეზე თავდასხმის დანაშაული სუვოროვის ლიბერალიზმსა და რბილ პოლიტიკას დააბრალა.

Два разнородные стремленья
В себе соединяешь ты:
Юродство без душеспасенья
И шутовство без остроты.2

1826-28 წლებში ალ. სუვოროვი კავკასიაში მსახურობდა. აქაურ ლაშქრობებში მონაწილეობდა. მაშინ თუ ისწავლა ქართული.

. . .

1862 წლის თებერვალში ნიკო ნიკოლაძემ თავდებით პეტერბურგში დარჩენის უფლება მიიღო. ეს საშუალებას აძლევდა ქალაქში თავისუფლად ევლო, ბიბლიოთეკებში ემეცადინა, სხვადასხვა სჯა-ბაასს დასწრებოდა. დიდად გაახარა საჯარო კითხვათა კურსების გახსნამ. ამის ნებართვა სტუდენტებმა გენერალ-გუბერნატორ სუვოროვისაგან გამოითხოვეს. ქალაქის თვითმმართველობის შენობაში იკრიბებოდნენ ლექტორებიცა და მსმენელებიც.

„თითქოს ყველა ჩვენმა დათხოვნილმა პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა ამ საჯარო კითხვებში, ე.ი. განაახლეს თავისი უნივერსიტეტის კურსები. მსმენელებს უნდა გადაეხადათ არა ყველა ლექციის ფასი, არამედ მხოლოდ იმისა, რომელზედაც ჩაეწერებოდნენ. ამ „თავისუფალმა უნივერსიტეტმა“ თავის გახსნისთანავე დიდი გავლენა მოიპოვა სტუდენტთა შორის და ამასთანავე მთელ განათლებულ საზოგადოებაში, მეტადრე მაღალ საზოგადოების მანდილოსანთა შორის, ყოველი ჩვენგანი უსმენდა დღეში ორ-სამ ლექციას მაინც, სწორედ ისე, როგორც უნივერსიტეტში, ე.ი. სცდილობდა შეეგნო და ჩაეწერა მათი შინაარსი“.

თავისუფალ დროს ნიკო ჩერნიშევსკების ოჯახშიც დადიოდა სტუმრად. იქ თავშეყრილი საზოგადოების საუბარსაც გატაცებით ისმენდა. ნაწილობრივ ამითაც იკმაყოფილებდა ცოდნის წყურვილს.

ერთხელ ოლგა სოკრატეს ასულმა, ჩერნიშევსკის თანამეცხედრემ, ძალიან შეაცბუნა და ყურებამდე გააწითლა.

ჩერნიშევსკის ოჯახში ქართველი სტუდენტები მაგიდას უსხდნენ და ჩაის სვამდნენ. ოთახში ნიკოლოზ გაბრიელის ძე შემოვიდა. სტუმრებს მიესალმა. ოლგამ ქმარს სტუმრები გააცნო. როცა ნიკო წარუდგინა, უთხრა: ამ ყმაწვილის ძალიან მადლიერი უნდა იყოთ და განსაკუთრებით გიყვარდეთო. ნიკომ თვალები დააჭყიტა, ხოლო ჩერნიშევსკი ღიმილით მისჩერებოდა ცოლს. ოლგა სოკრატეს ასულმა გააგრძელა: - იმიტომ, რომ ეს ერთადერთი კავკასიელია, რომელიც მე არ მეარშიყებაო. ნიკოს ლამის მიწა გაუსკდა და შიგ ჩავარდა. ჩერნიშევსკი გულიანად იცინოდა. სხვებიც ხარხარებდნენ. შინ რომ ბრუნდებოდნენ, ამხანაგები გაჯორა, მაგრამ რა: ვის შეუძლია გადააჩვიოს ქართველი რუსი ქალის სიყვარულს?

„ჩერნიშევსკი იყო შუატანისა, ბლონდინი, ბეცი, ოქროს სათვალებით. დადიოდა ყოველთვის ძალიან სწრაფად, აჩქარებით. დილიდან შუაღამემდე სულ მუშაობაში იყო გართული. ახლობლების სიტყვით, მან არავითარი გართობა არ იცოდა: არ დადიოდა არც თეატრში, არც კონცერტებზე, არც კლუბში და არც ნაცნობებში. კარტი, რომელიც იმ ხანად მაინც მეტად გავრცელებული საყოველთაო გასართობი იყო, არც კი იცოდა - როგორ დაეჭირა ხელში. რაღა მოსახსენებელია, რომ იგი არა თუ არ სვამდა, არამედ თამბაქოსაც არ ეწეოდა. ცოლი და შვილები - საშა და მიშა - გაგიჟებით უყვარდა, პირდაპირ აღმერთებდა. თვით ოლგა სოკრატეს ასული ზრუნავდა ჩერნიშევსკიზე ისე, როგორც მხოლოდ დედას შეუძლია იზრუნოს ძუძუთა ბავშვზე...

ჩემთან დამოკიდებულებაში ჩერნიშევსკის ისე ეჭირა თავი, როგორც ბავშვთან. მე ეს არც მწყინდა. მე სრულებით ბუნებრივად მიმაჩნდა, რომ ასეთი მცოდნე ადამიანი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ტოლი, რომელმაც ჯერ არაფერი ვიცოდი. მე არც კი მომწონდა, როცა სტუმრები არ იყვნენ, რაკი მარტოს მხედავდა, დამიწყებდა ხოლმე საუბარს. მიყვარდა მისი ლაპარაკის ყურის გდება, როცა ის სხვებს ემუსაიფებოდა. საუბედუროთ, მის საუბარს მეტ წილად ირონიული ხასიათი ჰქონდა. იგი ყოველთვის ხუმრობით ან ალეგორიებით ლაპარაკობდა ან ისეთს პასუხს იძლეოდა, რომ მათი გაგება ასეც შეიძლებოდა და ისეც. და ზოგჯერ კი სრულებით ვერას მიხვდებოდი“.

ჩერნიშევსკის ოჯახთან ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1862 წლის 12 ივნისს (ძველი სტილით) ჩერნიშევსკი დააპატიმრეს. ქართველ სტუდენტებზე დამთრგუნავი შთაბეჭდილება მოახდინა ჩერნიშევსკის დაპატიმრებამ. 1863 წლის ნოემბრის 26-ს სიმონ ღოღობერიძე სწერდა მოსკოვიდან ძმას დავით ღოღობერიძეს პეტერბურგში:

„... მართლა კინაღამ დამავიწყდა, რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა - ნუ დაივიწყებ და ორიოდე სიტყვა მოგვწერე ჩერნიშევსკიზედ. აქ ამბობენ, რომ ჭკუაზე შეირყა წვალებისაგანო“.

ჩერნიშევსკი არ შეშლილა, მაგრამ ის ყველასათვის ცხადი იყო, რომ მას დიდხანს აღარ გაათავისუფლებდნენ. მისმა ოჯახმა პეტერბურგი დატოვა და საცხოვრებლად სარატოვში გაემგზავრა.

. . .

ამის მეტად ნიკო ნიკოლაძე ჩერნიშევსკის ოჯახს აღარ შეხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის შემდეგ, 80-იანი წლების დასაწყისში, სწორედ ქართველი პუბლიცისტი შეასრულებს გადამწყვეტ და არსებით როლს ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში. ჩვენ არ ვიცით, რამდენად მადლიერი იყო ჩერნიშევსკი ნიკოლაძისა ამ ზრუნვისათვის. ჯერჯერობით საბუთები არ ჩანს. ისე კი ქართველი მკვლევარები ამტკიცებენ - უთუოდ დიდი მადლობელი იქნებოდაო. შემორჩენილია მხოლოდ ერთი პაწია ბარათი 1884 წლისა. ამ წერილით ჩერნიშევსკი სთხოვს ნიკოლაძეს - ჩემი ვაჟი მიხეილი პალაშკოვსკისთან ან სხვასთან, ვისთანაც თქვენი რეკომენდაცია გასჭრის, სამუშაოდ მოაწყვეთო. ნიკო ნიკოლაძეს, როგორც მკვლევარები გვარწმუნებენ, ეს თხოვნა დაუკმაყოფილებია. მერეც ეხმარებოდა იგი თურმე ჩერნიშევსკის შვილებს. მამის თხზულებათა გამოცემაში, კერძოდ, 1895 და 1907 წლებში.

უფრო გვიან კი, 1923 წელს, როცა ლონდონში ნ. ნიკოლაძე წერდა „მოგონებებს სამოციან წლებზე“, გაიხსენა ჩერნიშევსკის ცოლისდაც ანა სოკრატეს ასული ვასილიევა. მაგრამ რატომღაც, ანას მაგიერ ამ ქალს მინადორას ეძახის (ალბათ დრომ წაშალა მეხსიერებაში ჩერნიშევსკის ცოლისდის ნამდვილი სახელი). როცა რუსი პოეტის კუროჩკინის საყვარელი ვნახე, ვფიქრობდიო - იგონებს ნიკო - „როგორ შეუძლიათ ისეთი მაღალი ნიჭის პატრონებს, როგორიც კუროჩკინია, ცხოვრება ამისთანა ჰარპიებთან, როცა ქვეყანაზე იმდენია მათი ღირსი ანგელოზები, აი თუნდ, მაგალითად, მინადორა სოკრატოვნა, რომელიც იძულებულია იცხოვროს მიყრუებულ ალაგას, სადაც არც კი ვის ესმის, რა უძირო სიყვარულის ზღვა არის მისი წმინდა გული“.

ანა სოკრატეს ასული დობროლუბოვს უნდა შეერთო ცოლად. ეს ქორწინება ოლგა ჩერნიშევსკაიამ ჩაშალა. ნიკო ნიკოლაძისაგან განსხვავებით, იგი არ ყოფილა მაღალი წარმოდგენის დის სულიერ თვისებებზე. - ეს ქარაფშუტა გოგო დობროლუბოვს ცოლად არ გამოადგებაო, - დაიჩემა და ანას უფლება არ მისცა დობროლუბოვს მისთხოვებოდა. ყოველი კაცი საკუთარი თვალით უყურებს მეორე ადამიანს და ძნელი მისახვედრია - რომელია მართალი და რომელი მტყუანი. ის კი ფაქტია, რომ ანა ვასილიევნა სარატოვში ვიღაც ვიგინდარამ შეირთო და სიცოცხლის ბოლომდე უბედური იყო.

. . .

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში სტუდენტად აღდგენის ყველა იმედი გადაწურული იყო. საჯარო კითხვათა კურსებიც დახურეს. ჩერნიშევსკების ოჯახის კარიც გამოიკეტა. ნიკო გრძნობდა, რომ პეტერბურგში დარჩენა, წინ და უკან ხეტიალი უაზრო ხდებოდა. ერთადერთი, რაც დარჩენოდა, გართობა იყო. თუმცა არც გართობა ჩანდა ახლა პეტერბურგში უხიფათო. 1862 წლის ზაფხულში, იმპერიის სატახტოში, გაგანია სიცხე იდგა. ხანძრები გახშირდა. ხან ერთ უბანში აგიზგიზდებოდა ცეცხლი და ხან მეორეში. მთელ ქალაქში სეირის მაყურებელი ბრბოები დაძრწოდნენ და პირდაბჩენილი მისჩერებოდნენ გამძვინვარებულ სახმილს. ერთხელ იმპერატორიც მობრძანებულა.

„... ცეცხლს გუზგუზი გაჰქონდა და ზღვასავით ფართოვდებოდა ყოველმხრივ „ტოლკუჩი რინოკის“ უზარმაზარ მიდამოზე, როცა გაისმა ხმა, „მეფე მობრძანდაო“. ღამის პირველი ან ორი საათი იქნებოდა, ყველაფერი განათებული იყო ბრწყინვალე, თვალის მომჭრელი სინათლით: ჩვენ ყველანი, და ჩვენთან ერთად სიმწრით გაგიჟებული ვაჭრებიც, მივცვივდით სახელმწიფო ბანკის ჭიშკარს სადოვაიაზე, რომლის წინ იდგა მეფე თავის ამალით. გეჩვენებოდათ, რომ ისინი უფრო აღტაცებული არიან ამ გრანდიოზული სანახაობის მშვენიერებით, ვიდრე ფიქრობენ იმაზედ, რომ განკარგულება გასცენ ცეცხლის საწინააღმდეგოთ ბრძოლისათვის...“

ბრბომ ხანძრების გაჩენა მეამბოხე სტუდენტებს დააბრალა. თუ სადმე სტუდენტს მოჰკრავდნენ თვალს, იჭერდნენ და ცეცხლში ჩაგდებას უპირებდნენ. პოლიციამ აღარ იცოდა რა ექნა - ბრბო გაერეკა თუ უდანაშაულო სტუდენტებს გამოსარჩლებოდა. ტკბილი სიტყვა რომ არ გასჭრიდა, მათრახებს ააზუზუნებდნენ. იყო ერთი ცემა-ტყეპა. თავპირდასისხლიანებული დოყლაპიები კედელ-ყურეს აწყდებოდნენ. ნიკოს შეეცოდა ისინი და ქომაგობა დაუწყო. არამკითხე მოამბეს პოლიციამ ხელი სტაცა და დაიჭირა. როცა ნიკოს პოლიციელები მიათრევდნენ, ბრბოს ეგონა, ცეცხლის გამჩაღებელი დაიჭირესო და პოლიციას მიესია. ნიკო ხელიდან გამოგლიჯა, აიტაცა და ხანძრისაკენ გააქანა. ცეცხლში ჩაგდება არ ასცდებოდა, ვიღაც ღვთისნიერი ხელოსანი რომ არ გამოჩენილიყო. იგი ბრბოს წინ გადაუდგა, როგორღაც მოახერხა და დუნდგო დაარწმუნა - ეს ყმაწვილი უდანაშაულოაო. ეგ თქვენ გიცავდათ და პოლიციამ იმიტომ დაიჭირაო.

ნიკო გადარჩა. იმ წუთს მას ღმერთმა გადმოხედა მოწყალე თვალით.

უაზროდ ხეტიალი კარგს არაფერს უქადდა. გაურკვეველმა ვითარებამ აფიქრებინა: მოთხრობა დაეწერა და პეტერბურგელი სტუდენტობის ყოფაცხოვრება დაეხატა. მართლაც, სულ მოკლე ხანში კარგა მოზრდილი მოთხრობა შეთხზა, სახელწოდებით „პეტერბურგის მხარეში“. იმდროინდელი მოდის თანახმად, ყურადღება სტუდენტის სოციალურ მდგომარეობას მიაქცია.

მოთხრობა, ანუ როგორც თავად უწოდა „სტუდენტური ცხოვრების ნარკვევი“, მხატვრულად სუსტი იყო. არსებითად ეს პირველი ვრცელი თხზულება იყო, კალმოსნობაში ჯერ გამოუცდელი ყმაწვილი კაცისა. არც პეტერბურგის სტუდენტობის ყოფას იცნობდა იგი იმდენად კარგად, რომ ყველა კუთხე-კუნჭულში მთელი სიღრმით, სიგრძე-სიგანით, ყველა საიდუმლო ამოეცნო და სამზეოზე გამოეტანა. ბოლოს და ბოლოს, მას პეტერბურგში ცხოვრების ერთი წლის გამოცდილება ჰქონდა. არც ის არის დასავიწყებელი, რომ მოთხრობას რუსულად წერდა. მიუხედავად ყველაფერ ამისა, „პეტერბურგის მხარეში“ მაინც საყურადღებო ინფორმაციაა.

მოთხრობის პროტაგონისტი სიმონ პეტრეს ძე ოგლობინსკი ღარიბი სტუდენტია. თავი რომ ირჩინოს, ან რაიმე თხზულება უნდა იშოვნოს გადასაწერად, ან რომელიმე მესტამბემ კორექტურა მისცეს გასასწორებლად. მაგრამ ამ სამუშაოს შოვნა იოლი საქმე არ არის. ბევრია მსურველი. ოგლობინსკი ხშირად ულუკმაპუროდ რჩება. შიმშილი, სიცივე, სიღატაკე, მუდმივი წანწალი მას დაასნეულებს. იგი სამადლო საავადმყოფოში მოხვდება. ოგლობინსკის სიყვარულისაც კი ეშინია. იცის, ვერც თავს შეინახავს და ვერც სატრფოს. სიყვარულზე ფიქრი თავქარიანობად და სისულელედ მიაჩნია. მართალია, იგი ავადმყოფობას თავს დააღწევს, მაგრამ რა? ისევ ძველებურად, ვაი-ვაგლახით უნდა იარსებობს.

სულ სხვანაირად ცხოვრობენ სტუდენტები, რომელნიც მდიდარი, არისტოკრატიული ოჯახის შვილები არიან. მათ ფულიც თავზე საყრელი აქვთ და დროსაც ქეიფსა და როსკიპი ქალების ალერსში ატარებენ.

მოთხრობაში ყველა იმდროინდელი შტამპი იყო გამოყენებული. გუშინდელი მეამბოხე სხვანაირ მოთხრობას ვერც დაწერდა. პროტესტი ხომ უნდა გამოეცხადებინა! მე შენ გეტყვი და, რედაქტორებს პროტესტანტობის შეეშინდებოდათ და სოროში დაიმალებოდნენ? უბედურება ის იყო, პროტესტანტი თუ არ იყავი.

დაწერა და დასაბეჭდად ჟურნალ „ისკრას“ წაუღო. მაშინ ბეჭდვა მაინცადამაინც ძნელი არ იყო. რედაქტორები ახალბედებს ნდობით უყურებდნენ და ხელს უწყობდნენ. ნიკოსაც ასე შეხვდნენ.

„ისკრამ“ ნიკო ნიკოლაძის „პეტერბურგის მხარეში“ 1862 წელსვე გამოაქვეყნა.

ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო, მაგრამ პეტერბურგში დარჩენა მაინც არ შეეძლო, 1862 წლის აგვისტოში სამშობლოში დაბრუნდა.

თურმე ტყუილად ეშინოდა მშობლების მრისხანებისა. ბიჭი დაგვეჩაგრაო და ყველა თავს ევლებოდა. ნიკოლაძეების ოჯახის უმთავრესი საზრუნავი ნიკოს სწავლა გახდა. საქმე რთულად იყო. არც კიევის უნივერსიტეტში შესვლა მოხერხდა და არც ყაზანის. ნიკო ისეთი მოწმობით იყო გარიცხული, რომ კიევისა და ყაზანის უნივერსიტეტებმა მისი მიღება არ ისურვეს. ისევ პეტერბურგში უნდა დაბრუნებულიყო და ბედი თავიდან ეცადა. თან პეტერბურგში მისი კეთილისმყოფელი ალექსანდრე სუვოროვი ეგულებოდა.

1863 წლის მაისში ნიკო ისევ პეტერბურგში ჩავიდა. სხვა გზა რაკი არ ჰქონდა, ისევ გენერალ სუვოროვს მიაკითხა. თავადი ალექსანდრე ძველებურად მეგობრულად შეხვდა და შუამდგომლობა ითავა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მისწერა:

ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე პეტერბურგს დაბრუნდა. იგი ითხოვს, აზნაურ პავლე ქვარიანის თავდებობით, დედაქალაქში ცხოვრების უფლება მიეცეს. რაკი მას ასეთი უფლება უკვე ჰქონდა 1862 წელს, ახლაც შესაძლებლად მიაჩნია უფლების განახლება. მას იმედი აქვს კერძო გაკვეთილების აღებით, ან რაიმე სხვა გზით იშოვოს ცხოვრების სახსარი და პეტერბურგში იცხოვროს. თუ მას ექნება პეტერბურგში დარჩენის საშუალება, იგი უნივერსიტეტში ლექციებს მოისმენს და შესაძლებლობა მიეცემა დაასრულოს განათლება.

პასუხის მოლოდინში უქმად რომ არ ყოფილიყო, ნიკომ გადაწყვიტა, ისევ ლიტერატურული საქმიანობისათვის მოეკიდა ხელი, ვრცელი მოთხრობა „პროვინციული სურათები“ დაეწერა. დეიდაშვილს, ოლღა ბესარიონის ასულ ხელთუფლიშვილს მიუძღვნა. მოთხრობა ჟურნალმა „სოვრემენნიკმა“ გამოაქვეყნა 1864 წლის აგვისტოში. „პროვინციული სურათები“ მაშინდელ საზოგადოებაში ქალის მდგომარეობას ეხებოდა. ქალთა ემანსიპაციის პრობლემა ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტიკის ერთი ძირითადი თემა იყო. პირველად სწორედ ამ პუბლიცისტურ მოთხრობაში შეეხო მას ნ. ნიკოლაძე.

ელენე სამსონის ასული ლეკიმოვა მდიდარი ოჯახის შვილი იყო. განათლებაც კეთილშობილ ქალთა პანსიონში მიიღო. მისი ცხოვრებაც ისევე მიმდინარეობდა, როგორც მისი წრის ყველა ქალისა - ფუქსავატურად, ბულვარული რომანების კითხვაში და უაზრო მასლაათში. მამა-შვილი დიუმას და პოლ დე კოკის რომანების კითხვით გაღიზიანებული ელენე სიყვარულზე ოცნებობს. რომანტიკულ და ვნებიან მამაკაცს დაეძებს. უფრო ანგარიშიანი გეგმები აქვთ მის მშობლებს. მდიდარი ოჯახის შვილს ფედია ისაევს უყვარს ელენე და მისი ცოლად შერთვა უნდა. მართალია, ელოჩკას ბელოვზოროვი უფრო მოსწონს, მისი ცოლობა ენატრება, მაგრამ ყურს ვინ ათხოვებს ფრანგული რომანებით გონდარეტიანებულ გოგოს. ელენე ისაევს მიათხოვეს. ისაევი ცივი, უვნებო, უენერგიო კაცი აღმოჩნდა, თავისი საქმითა და ფულებით დაკავებული. ვინ გააჩერებს ლამაზ ქალს მშვიდობიანად, თუ ქმარს მისთვის არ სცალია? ჯერ ბელოვზეროვმა გაანახლა ელენეს ტრფობა. მერე ლოველასი ფომიჩევიც ჩაერია საქმეში. ელენეს არც პირველისათვის უთქვამს უარი და არც მეორისათვის. ქმარმა ყველაფერი შეიტყო. ჯერ აპატია ღალატი, თუკი ელენე ფომიჩევთან ურთიერთობას გაწყვეტდა, ისაევი ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს დაივიწყებდა. ქალმა ფიცი მისცა, მაგრამ მალე უსაქმობას და მოწყენილობას ისევ საყვარლის ხვევნა-კოცნა ამჯობინა. ეს კი ვეღარ მოთმინა ისაევმა და ცოლი სახლიდან გააძევა. ელენეს მშობლებთან დაბრუნებამ ქალაქში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მალე ქალს ვაჟი შეეძინა. ისაევი დაჟინებული იმეორებდა - ჩემი მემკვიდრე კი არა, ფომიჩევის მემკვიდრე გააჩინაო. საქმეში ელენეს ნათლია თავადი ხრამსკი ჩაერია. ხრამსკი არ აპირებდა შეურაცხყოფის პატიებას. ერთ დღეს ისაევი და დედამისი პოლიციამ ყელგამოჭრილი იპოვა. ყველა მიხვდა, ვინც ჩაიდინა ეს (ხრამსკი დიდი ოსტატი იყო ბნელი საქმეებისა, მაგრამ პოლიციამ სამხილს ვერ მიაგნო და ნამდვილი დამნაშავენი არ დასჯილან).

ორი სიმდიდრის მემკვიდრე ელენე ლეკიმოვა ცხოვრებას ტკბილად ატარებდა.

ასეთია ნ. ნიკოლაძის „პროვინციული სურათების“ შინაარსი. ახალგაზრდა პუბლიცისტი ნიშნის მოგებით ეკითხებოდა მკითხველებს: აღშფოთებული ხართო ელენე სამსონის ასულის საქციელით? შეურაცხყოფილიაო თქვენი ზნეობა, პატიოსნება? პასუხს თავადვე იძლეოდა.

„რა უფლება გაქვთ მოითხოვოთ მისგან ზნეობრივი ცხოვრება, როცა თქვენ თვითონ, ბატონო მკითხველებო, ელენე სამსონის ასულს აყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მას არ შეუძლია იქიდან თავი დააღწიოს? განა მისი გაჩენის წუთიდან თქვენ არ მიეჩვიეთ ისე უცქიროთ მას, როგორც თქვენს მომავალ მონა ქალს, როგორც მანქანას, რომელიც დანიშნულია თქვენი „ვნებისა და სურვილების“ დასაკმაყოფილებლად... იმისათვის, რომ იგი თქვენი მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდეს, თქვენ გამოსწუწნეთ მისი თავიდან ტვინი და გამოუტენეთ იგი რაღაც ნაგვით, წაართვით მას ყოველგვარი საშუალება აზროვნებისა... ამისთანა მდგომარეობას ხომ შეეძლო გამოეწვია პროტესტი, აჯანყება? თქვენ ეცადეთ გაგებერათ იგი გარეგანი ბრჭყვიალებით: ამ მიზნით მას უწოდეთ თქვენი გულების დედოფალი და ა.შ. თოჯინასავით მორთეთ, ხელში სათამაშოები მიეცით და თანდათანობით იგი აქციეთ მოლაპარაკე და მოძრავ ტიკინად...“

„პროვინციული სურათებიც“, როგორც „პეტერბურგის მხარეში“, უფრო პუბლიცისტიკა იყო, ვიდრე პროზა, მაგრამ იგი მგზნებარე პროტესტს წარმოადგენდა, მიმართულს მაშინდელი საზოგადოების წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ნ. ნიკოლაძე ბრალს სდებდა საზოგადოებას, როცა ამბობდა ქალის გარყვნის მთელი სისტემა არსებობსო.

„თუ ამგვარ საზოგადოებაში მოხვდება ქალიშვილი, გამრყვნელი აღზრდით ხელშეუხებელი, რომლის გონება არ ჩამჭკნარა კომპლიმენტების საზიზღარი გუნდრუკით, ის ან წყალში უნდა გადავარდეს, ანდა იქცეს იმად, როგორადაც საზოგადოებას სურს უცქერდეს მას. ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო ჩნდებიან ასეთი ქალიშვილები, მაგრამ ისინი ჭლექით იხოცებიან, იხრჩობიან ან წყალში ან ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ჭაობში. მე ჯერ კიდევ არ შემხვედრია ქალი, რომელიც საზოგადოებრივ წყობას გაუძლებდა, თუმცა მინახავს ბევრი ქალიშვილი, პატიოსანი ცხოვრებისათვის რომ ემზადებოდა: ყველა, ყველა ასეთია და მე არ მგონია, რომ მათ შეეძლოთ იცხოვრონ საზოგადოებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ახლანდელ წყობაში...

... ქალთა გონებრივ შესაძლებლობას არ გააჩნია სრულიად არავითარი გამოსავალი, გარდა ოცნებისა...“

უფრო ადრე, 1864 წლის მარტში, ნ. ნიკოლაძეს ერთი პატარა წერილი - „ბოკლი და ქალთა საკითხი“ - ჰქონდა გამოქვეყნებული „ნაროდნოე ბოგატსტვოში“. ეს სტატია ინგლისელი ისტორიკოს ბოკლის ბროშურის - „ქალთა გავლენა ცოდნის წარმატებაზე“ - გამოძახილი იყო. ნ. ნიკოლაძეს მოსწონდა ბოკლის წიგნაკი. საერთოდ ეთანხმებოდა ინგლისელი ავტორის დასკვნას: ქალები ფლობენ აზროვნების დედუქციურ უნარს, ხოლო მამაკაცები - ინდუქციურსო. ოღონდ დასძენდა, რომ:

„ჩვენ სრულებით არ ვიცით, რა მიმართულებით წავიდოდნენ ქალები ადამიანის ცოდნის სხვადასხვა დამუშავებისას, თუკი აღზრდა, განათლება და გარემო სავსებით შესაფერისი იქნებოდა მათი გონებრივი ძალების სწორი განვითარებისათვის“.

უკვე ოცდაერთი წლისას ღრმად სჯეროდა, რომ ქალს მამაკაცის თანაბარი გონებრივი ძალა ჰქონდა. გონებრივი თვალსაზრისით, ნ. ნიკოლაძისათვის კაცობრიობა დედაკაცებად და მამაკაცებად კი არ იყოფოდა, არამედ ჭკვიანებად და ბრიყვებად. ჭკვიანებს შორის ქალიც ბევრი იყო და ვაჟიც. ასევე ბრიყვებშიც. სამწუხაროდ, ბრიყვთა არმია არც მამაკაცების ნაკლებობას განიცდიდა და არც დედაკაცებისას.

უნივერსიტეტის ძებნაში და ქალაქიდან ქალაქში მგზავრობისას აქტიურად წერდა. როგორი ენერგიითა და თავდადებით მუშაობდა ნ. ნიკოლაძე იმხანად, კარგად ჩანს იმ წერილებიდან, 1914 წელს რომ გაუგზავნა ჟურნალისტ ვლადიმერ ბაქრაძეს.

„ვიყავი რა, მონაცვლეობით, გაზეთის თანამშრომელიც, კორექტორიც, ასოთამწყობიც, ექსპედიტორიც, თანდათანობით, თვითონ არ ვიცი როგორ, გავხდი ფაქტიური რედაქტორი. ალბათ მისი გამომცემლის მოუცლელობისა და უფულობის გამო. და ბოლოს, მე ვიყავი გაზეთის მთარგმნელიც, კრიტიკოსიც, ფელეტონისტიც, რაც გამომცემელს აღტაცებას ჰგვრიდა. რა თქმა უნდა, აღტაცებას იმდენად ჩემი სტატიების შინაარსი არ იწვევდა, რამდენადაც ის, რომ ისინი იაფი და მუქთი იყო“.

ახალგაზრდული გამბედაობით ყველაფერზე წერდა: რუსული ჟურნალისტიკის პრობლემებზე, საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციაზე, ინგლისურ ლიტერატურაზე.

ამ პირველ წერილებში ნ. ნიკოლაძე ლიტერატურას სარკეს ადარებდა. როგორც სარკეში ჩანს ადამიანის გამოსახულება, ასევე უნდა ჩანდესო ლიტერატურაშიც საზოგადოების ცხოვრებაც. მაგრამ თუ სარკე უვარგისია, მოკლებულია სათანადო სისქის შუშას, ამალგამა გაფუჭებულია და სხვა ამგვარი ხარვეზები აქვს, ბუნებრივია, რომ ადამიანიც გონჯად გამოჩნდება მასში. ასევეა ლიტერატურაც. არც მას შეუძლია ყოველთვის საზოგადოების ცხოვრების სრულად ასახვა. მარტო მწერლის ნიჭიერებას არ გულისხმობდა. უპირველესად სათანადო პირობები მიაჩნდა საჭიროდ. ეს პირობები კი - რუსულ მწერლობასა და ჟურნალისტიკას არ გააჩნდა („რუსული ჟურნალისტიკის მიმოხილვა“).

საერთოდ პირობებს დიდ ყურადღებას აქცევდა. რა ანათესავებდა რეფორმაციასა და საფრანგეთის ბურჟუაზიულ რესპუბლიკას, - სვამდა კითხვას („რამდენიმე სიტყვა ერთი მეტად ძველი საკითხის გამო“). უპასუხებდა: პირობებიო. რეფორმაცია გამოიწვია იმან, რომ კათოლიკური ეკლესია ვეღარ აკმაყოფილებდა იმ სულიერ მოთხოვნილებებს, რომლებიც ლუთერის ეპოქაში გაუჩნდა ადამიანებს. სულიერ შიმშილს ახალი საზრდო სჭირდებოდა. ეს ლუთერმა მოიტანა. ხოლო საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინ ადამიანთა მატერიალურ მოთხოვნილებებს სჭირდებოდა დაკმაყოფილება, რაც ფეოდალიზმს აღარ შეეძლო. ამის გაკეთება ბურჟუაზიული რევოლუციის საქმე და ამოცანა იყო. შიმშილის პირობებმა გამოიწვია როგორც ერთი, ისე მეორე.

1864 წელს გამოქვეყნებულ სტატიებში მკაფიოდ გამოჩნდა ორი პრობლემა, რომელიც ყოველთვის ნ. ნიკოლაძის პუბლიცისტიკის ზრუნვის საგანი იქნება: დედაკაცისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის პრობლემა და სოციალ-პოლიტიკური პირობების შეცვლის აუცილებლობის საკითხი, რათა ადამიანს ნიჭის გამოვლენა სრულიად თავისუფლად შესძლებოდა.

ლიტერატურული საქმიანობა თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ უმთავრესი პრობლემა მაინც გადაუწყვეტელი იყო: უმაღლეს სასწავლებელში შესვლა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხის მიუღებლობა აშკარად იმას ადასტურებდა, რომ ნიკო ნიკოლაძისათვის რუსული უმაღლესი სასწავლებლების კარები სამუდამოდ დაკეტილი იყო. მაშინ მან გადაწყვიტა, უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა ეთხოვა. ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს. პეტერბურგის სამხედრო გუბერნატორი ეკითხებოდა მინისტრს: ნიკოლაძე 1861 წლის სტუდენტთა მღელვარების მონაწილეა. არსებობს 1861 წლის 15 დეკემბრის უზენაესი განკარგულება, რომლის თანახმად მღელვარებაში მონაწილე პირებს არ ეკრძალებათ უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა. გთხოვთ, გვიპასუხოთ - მიგაჩნიათ თუ არა ნიკოლაძის უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა დასაშვებად.

როგორც იქნა პასუხი მიიღეს: მისი უდიდებულესობის საკუთარი კანცელარია ვერ ხედავს რაიმე საშიშროებას და შესაძლებლად მიაჩნია ნიკოლაძის საზღვარგარეთ წასვლა. მართალია, ნიკოლაძე მონაწილეობდა სტუდენტთა ბუნტში, მაგრამ იგი ეკუთვნის დამნაშავეთა იმ კატეგორიას, ვისაც წინასწარგანზრახვით არ მიუღია მონაწილეობა არეულობაში.

უმაღლესი სასწავლებლების კარები ხომ დაკეტილი და დაკეტილი იყო, მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი საფრთხე, რომლის გამოც ნიკოს პეტერბურგში დარჩენა მაინცადამაინც სასურველი არ იყო. ეს საფრთხე ლოთობა გახლდათ. ნიკო ხედავდა, როგორ იღუპებოდნენ ნიჭიერი ადამიანები უსაშველო ლოთობის გამო. განსაკუთრებულ ნათელ ნიმუშს პოეტი კუროჩკინი წარმოადგენდა, ვასილი სტეფანეს ძე კუროჩკინი ნიკოს ეხმარებოდა, ხელბქს უწყობდა, მაგრამ იგი ავადმყოფი კაცი იყო, ალკოჰოლიკი.

„როცა ის ფხიზელი იყო, დიდებულ შთაბეჭდილებას ახდენდა, რადგან ნიჭიერი და განვითარებული ადამიანი იყო. სამწუხაროდ, მე იშვიათად მინახავს იგი ფხიზელი, რედაქციის კრებების დროსაც კი. ის მიხსნიდა მე, რომ მეც, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ცვარ ღვინოს არა ვსვამ, ვერ გავძლებ დიდხანს და მეც დავიწყებ ლოთობას. უამისოთ პატიოსანი ადამიანი ვერ იცოცხლებს რუსეთში, გაგიჟდებაო...“

ნიკოს არც ლოთად გახდომა უნდოდა და არც გაგიჟება. იგი სწავლაზე ოცნებობდა.

1864 წლის ივლისში მან უცხოეთში წასვლის ნებართვა მიიღო. ხოლო იმავე წლის ოქტომბერში ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე, პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

ნიკოს ისე დაემართა, როგორც ანდაზა ამბობს: ხარმა ხარს ურქინა და საბალახოზე მიაგდოო.

___________

1. მეომარი პაპის ჰუმანურო ბადიშო, გვაპატიე ჩვენ, ჩვენო სიმპათიურო თავადო, რომ რუს კაციჭამიას, ჩვენ, რყსები, პატივს მივაგებთ ევროპის უკითხავად. ჩვენი სამარცხვინო სამხილიც იყოს წერილი მისდამი ჩვენგან, მისი მეგობრებისაგან! მაგრამ მგონია, თავადო, რომ თქვენი დიდი პაპა წერილს თავის ხელმოწერით დაამოწმებდა (გაამაგრებდა).

2. ორ სხვადასხვაგვარ მისწრაფებას აერთიანებ შენ: სალოსობას სულის ცხონების თვინიერ და მასხარაობას სიმახვილის (გამჭრიახობის) გარეშე.

3 სტუდენტი

▲back to top


მაშინ სტუდენტობა სხვანაირი იყო, სწავლობდნენ კიდეც და აქტიურადაც თანამშრომლობდნენ პრესაში. წერდნენ სტატიებს, წიგნებს, ეკამათებოდნენ მასწავლებლებს. ცინცხალი და ცოცხალი აზრი შეჰქონდათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.. ჟურნალ-გაზეთების კარი ღია ჰქონდათ. რედაქტორები ხელგაშლილი და გულღია ეგებებოდნენ ახალგაზრდებს. სწავლაში, პაექრობაში, შემოქმედებაში იღებდნენ ცოდნას და უყალიბდებოდათ მსოფლმხედველობა.

ნიკო ნიკოლაძეც მაშინვე გადაეშვა თავით პარიზელი სტუდენტების ცხოვრების ორომტრიალში.

იმ წელიწადს, 1865 წლის იანვარში, პარიზში პრუდონი გარდაიცვალა. იმათ შორის, ვინც ფრანგი მოაზროვნე უკანასკნელ გზაზე გააცილა, ნიკოც ერია. ყმაწვილ კაცს არ გაჰკვირვებია, რომ პრუდონის ოჯახს მიცვალებულის დასამარხი ფული არ აღმოაჩნდა. როცა პრუდონისადმი მიძღვნილი სტატია დაწერა, ასე დაამთავრა: „განა გასაკვირველია, რომ კაცმა, რომელმაც ორმოცი წელი დღე და ღამე ოფლის ღვრაში გაატარა, ვერ მოაგროვა თავისი დასამარხი რაღაც ასი მანეთი? ეს ყველგან და ხშირად ხდება და პრუდონი, რასაკვირველია, პირველი არ იყო და არც უკანასკნელი იქნება ამ მხრივ (ეს ფხიზელი დაკვირვება ოცდაერთის წლის ყმაწვილის აზროვნების მოწიფულობის ნიშანი იყო).

ნიკო ნიკოლაძე იმათ რიცხვს არ ეკუთვნოდა, ვინც პრუდონის შეხედულებებს იზიარებდა, მაგრამ მოსწონდა კაცი, რომელიც გულწრფელად იღვწოდა იმისათვის, რომ ადამიანთა საზოგადოება უკეთესი გამხდარიყო. ნიკოს სიტყვით, პრუდონი იმითაც იყო გამორჩეული პიროვნება, რომ მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ უყვარდა. საგნებს თავის სახელს გულახდილად და უტყუარად არქმევდა. ამის გამო სძულდათ კიდეც და ეშინოდათ კიდეც.

პრუდონს, თურმე მტერნიცა და მოყვარენიც უსაყვედურებდნენ - ანგრევს და არ აშენებსო. ნიკო სხვა აზრისა იყო. მას არც პრუდონის დამანგრეველი პათოსი უკვირდა და არც იმას ეთანხმებოდა - თითქოს ფრანგი მოაზროვნის მოძღვრებას პოზიტიური პროგრამა არ გააჩნდა.

პრუდონის წარმომავლობის, აღზრდის, მდგომარეობის ადამიანს არსებული წყობილება არ უნდა ჰყვარებოდა. პროლეტარის შვილს, ვინც ათი წლიდან მძიმე შრომას ეწეოდა და ლუკმაპურს დაეძებდა, რა უნდა დანანებოდა? რა იქნებოდა ისეთი, რასაც დასანგრევად ვერ გაიმეტებდა? და მაინც, პრუდონის უარყოფა არ ყოფილა უარყოფა უარყოფისათვის. „თუ იგი უარყოფს თანამედროვე ეკონომიურ უწესრიგობას, იმიტომ, რომ მოსურნეა ეკონომიურ ურთიერთობათა უკეთესი გონივრული ჩამოყალიბებისა“, - ასკვნიდა ნიკო ნიკოლაძე. პრუდონს ერთი მიზანი ამოძრავებდა. მას უნდოდა „საფრანგეთის მთელი კაპიტალი შრომის იარაღად გადაექცია და აეძულებინა ყველა მიწათმფლობელი მონაწილეობა მიეღო მიწის დამუშავებაში“. პრუდონის აზრით, თუკი ეკონომიკა ისე მოეწყობოდა, როგორც თავად ფიქრობდა, ამქვეყნად მუქთახორა აღარ იქნებოდა და ყოველი კაცი ალალი შრომით მოპოვებული ლუკმაპურით დაკმაყოფილდებოდა. ეს კაცი, რომელიც თავისი შეუპოვრობით მქონებელთა საზოგადოებას თავზარს სცემდა, ერთი მიამიტი, მეოცნებე ვინმე იყო. მისი ნააზრევი საკითხავად იყო სასიამოვნო, თორემ პრაქტიკულ ცხოვრებასთან არაფერი აკავშირებდა. მერე, უკვე ხანდაზმული ნიკო ნიკოლაძე კარგად დაინახავს - ეს მიამიტი, მეოცნებე, კეთილშობილი აზრით შეპყრობილი ადამიანები რაოდენ საშიში და შემზარავი არიან, როცა ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, როცა მათი ოცნების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება და ცხოვრება მათ გულუბრყვილო სურვილებს უკუაგდებს. ისინი ბოროტდებიან. თავის თავს კი არ ადანაშაულებენ პრიმიტიულობასა და მიამიტობაში, არამედ სხვებს აბრალებენ - ხელს მიშლიანო. სისხლის ზღვებს აყენებენ და ხოცვა-ჟლეტით ფიქრობენ განუხორციელებლის განხორციელებას. მადლობა ღმერთს, პრუდონს ძალაუფლება არ ღირსებია. ოდენ ქაღალდზე დარჩა საზოგადოების იდეალურად მოწყობის მისეული ოცობედა თეორიები. საფლავში ისე ჩავიდა, რომ კაცობრიობის გაბედნიერებაზე მეოცნებე, ადამიანთა სისხლში არ ყოფილა ამოთხვრილი.

პრუდონზე ნარკვევს რომ წერდა, ნიკოს ერთი სტუმარი ეწვია. ამ კაცს, ახლა ნიკოს ოთახში რომ იდგა და სხვენზე მოწყობილ სტუდენტურ საცხოვრებელს დაკვირვებით ათვალიერებდა, მთელი ევროპა იცნობდა. ნიკოსაც ყველაფერი ჰქონდა მისი წაკითხული, მაგრამ პირადად არასოდეს უნახავს. უცნობმა გაიღიმა და იკითხა - ნუთუ ყველაფერი ეს უნდა წაიკითხოთ? ნიკოს ყველაფერი, რაც კი პრუდონს დაეწერა, შეეგროვებინა და ოთახში ეწყო. იმისთვისაც თავი მოეყარა, რაც კი პრუდონზე დაეწერათ, ესენიც იატაკზე, სკამებზე, ტახტზე მიმოეფანტა. პაწია ოთახი წიგნებით იყო გაჭედილი.

- აბა, როგორ?! - გაიკვირვა ახალბედა ჟურნალისტმა, - მოძღვრების არსი ზუსტად და უტყუარად როგორ გადმოვცე, თუ ყველაფერი არ შევისწავლეო.

- განა ამისათვის საკმარისი არ არის ორი-სამი ძირითადი თხზულების წაკითხვა? ყოველი მოაზროვნე თავისი მოძღვრების არსს რომელსამე თხზულებაში აღწერს. მერე კი ერთსა და იმავეს იმეორებს, ოღონდ ნაირ-ნაირი ვარიაციით. იქნებ არ ღირდეს გონების გადაღლა ყველაფრის კითხვით?..

ნიკო დაიბნა. რასაც ეს კაცი ამბობდა, საღ აზრს მოკლებული არ იყო. ოღონდ ასეთი სითამამე და სხვისი შემოქმედებისადმი თავისუფალი დამოკიდებულება დიდ გამოცდილებას და უტყუარ ალღოს ითხოვდა პუბლიცისტისგან. აბა, ნიკოს ეს გამოცდილება ჯერ როგორ ექნებოდა! მუშაობა ისევ ძველი, მისთვის ხელმისაწვდომი მეთოდით სჯობდა. ადვილი იყო თუ ძნელი, წიგნების ეს ზღვა მაინც უნდა წაეკითხა.

ეს სტუმარი ალექსანდრე გერცენი გახლდათ, მან ნიკოს „კოლოკოლში“ თანამშრომლობა შესთავაზა და წერილიც დაუკვეთა. გერცენს აინტერესებდა: როგორ მიმდინარეობდა კავკასიაში საგლეხო რეფორმები. ნიკო შეცბა და ჯერ უარი თქვა: ამ საკითხზე არაფერი ვიცი, მომზადებული არა ვარ და როგორ დავწეროო. გერცენმა ხმამაღლა გაიცინა და ისევ ახირებული რამ უთხრა ნიკოს: - «Да, кто же из журналистов к чему-нибудь подготовлен. В том-то и их назначение, чтобы писать о новостях, никому, начиная с них, неведомых».1

ნიკოს უარმა არ გაჭრა. წერილი უნდა დაეწერა და „კოლოკოლში“ გაეგზავნა.

გერცენის სტუმრობას ნიკოსათვის უნაყოფოდ არც სხვა მხრივ ჩაუვლია. სახლის პატრონმა ფრანგმა იფიქრა: რაკი მთელ ევროპაში სახელგანთქმული და პატივცემული რუსი საკუთარი ფეხით ეახლა მიყრუებული კავკასიიდან ჩამოსულ ბიჭს, ჩანს, იგი მთლად უბრალო ვინმე არ არისო და ნიკოს დიდი მოწიწებით დაუწყო ლაპარაკი. დილაობით ჩაისაც უმზადებდა და მიართმევდა კიდეც. აღარც ბინის ქირას ახსენებდა ხშირ-ხშირად.

ჟურნალისტიკაშიც ქუდბედიანი აღმოჩნდა ნიკო. სტატია - „პიერ ჟოზეფ პრუდონი“ მაშინვე დაუბეჭდეს „სანკტ-პეტერბურგსკოე ვედემოსტი“-ში (1865 წლის 21 იანვარი). მართალია, ნარკვევი გერცენს არ მოეწონა და ცხარე შეხლა-შემოხლაც მოუვიდათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ფილოსოფოსი პეტრე ლავროვი დარჩა აღტაცებული. მაშინვე გადაბეჭდა მცირე შემოკლებით ემიგრანტულ „ზაგრანიჩნი ვესტნიკ“-ში; ეს არ იყო უბრალო გამარჯვება. პრუდონის შემოქმედების ჩინებული მცოდნე პეტრე ლავროვი ყასიდად სიტყვას არ დახარჯავდა.

„საქართველოში გლეხთა განთავისუფლებაც“ დაუყოვნებლივ დაბეჭდეს, როგორც კი მიიღეს „კოლოკოლის“ რედაქციაში.

გლეხთა განთავისუფლების მანიფესტი ნიკო ნიკოლაძეს არ მოსწონდა. იგი წერდა: „სტამბის მელანმა აიტანა და არ გაწითლდა, როცა დღის სინათლეზე გამოჰქონდა მძარცველობისა და ყაჩაღობის, სიყალბისა და დანაშაულობის დაკანონება!“ რით იყო გამოწვეული ასეთი უკიდურესი უარყოფითი დამოკიდებულება? ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი ისიც იყო, რომ რუსეთის მთავრობამ, ნიკო ნიკოლაძის აზრით, ვერ გაიგო - რა მნიშვნელობა და დანიშნულება ჰქონდა საქართველოში აზნაურს. რუსულად იგი дворянин-ად ითარგმნა და მას გარკვეული პრივილეგია დაუკავშირდა. ძველ საქართველოში აზნაურობას სამხედრო ფუნქცია ჰქონდაო, წერდა ნიკო ნიკოლაძე. მას ქვეყნის დაცვა ევალებოდა. ხალხი აზნაურობას მაშინ არჩენდა, როცა ომი იყო. სხვა დროს აზნაური ისევე ეწეოდა ხვნა-თესვას, ამუშავებდა მიწას, როგორც გლეხი. ქართველი აზნაური არ ყოფილა მუქთახორა. ტვირთად გლეხს კისერზე არ აწვა. როცა მე-19 საუკუნეში იგი რუსული дворянин-ის ბადალად აღიქვეს, მას პრივილეგია მიანიჭეს და ახალ წოდებად ჩამოაყალიბეს. ამით გლეხს სარჩენად გაუხდა მრავალრიცხოვანი წოდება. ეს არსებითად შეუძლებელი იყო. საქართველოში აზნაურული პროლეტარიატი ჩამოყალიბდა. ღატაკი მუქთახორა, რომელიც სიღარიბის მიუხედავად, შრომას გაურბოდა და სხვის ხარჯზე ცხოვრებას ებღაუჭებოდა.

მართალია, აზნაურის წოდება არავითარ მატერიალურ კეთილდღეობას არ იძლეოდა, მაგრამ ადამიანის ცრუ პატივმოყვარეობას აკმაყოფილებდა. ამიტომ ყველა აზნაურობას დაეძებდა. რაგინდარა საშუალებით სურვილს იკმაყოფილებდა. ამის მაგალითისათვის ნიკოს შორს წასვლა არ სჭირდებოდა. შინ ჰყავდა. იაკობ ნიკოლაძეს აზნაურობა ქონებრივად არაფერს მატებდა, მაგრამ გლეხობა მაინც არ უნდოდა. სკანდელი გლეხის შთამომავალმა მანამ იწვალა, იჯახირა, სანამ ნიგოითელი აზნაურების ნიკოლაიშვილების შთამომავლად არ გაასაღა თავი.

„მიეცა ესე ჩუენ ქუემორე ამისა ხელის მომწერელთა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის უეზდის თავადთა და აზნაურთაგან ქუთაისის მცხოვრებთ აზნაურთ იაკობ და ივანე მამუკას ძეთ და დავით გრიგოლის ძეს ნიკოლაიშვილებთ მისთვის რომელ ესენი წარმოდგებიან (აქ სიტყვა ვერ გავარჩიე - ა. ბ.) მათ აზნაურთ ნიკოლაიშვილებისგან რომელნიცა ცნობილ არიან უმაღლესად დაწესებულების ქუთაისსა შინა ყოვლის კომისიისგან სოფელსა ნიგოითის მცხოვრებნი აზნაურნი ნიკოლაიშვილებთაგან... (ნურაფერს დამაბრალებთ. ასეთი ქართულით არის დაწერილი - ა. ბ.).

მამუკა დავითის ძე ნიკოლაძე დაკარგულია მცირეწლოვანი და მერე გორს დასახლებულა, მერე ქუთაისს“.

ამ დოკუმენტს ხელს აწერს ორი თავადი აბაშიძე და ხუთი აზნაური კიკნაძე.

მოგვიანებით, ხელმწიფე-იმპერატორის განკარგულებით, იაკობ ნიკოლაძეს იუნკერის წოდებაც მიუღია. არც იუნკრობა იყო დიდი ბედენა. პუშკინი იმის დარდმა მოინელა - იუნკრობას თავი ვერ დავაღწიე და კამერჰერი ვერ გავხდიო. იაკობ ნიკოლაძე სხვაგვარად სჯიდა - ყვავს კაკალი გააგდებინეო - და იუნკრობას არ უკადრისობდა.

რამდენი ასეთი კაცი იყო საქართველოში მაშინ, ვინ მოთვლის. ყველა ისინი აზნაურთა რაზმს ემატებოდა. ქვეყანას უსაქმურობა წალეკვით ემუქრებოდა. აზნაურთა ასეთი მდგომარეობა რუსეთის მთავრობამ არ გაითვალისწინა, საქართველო თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.

ყველა ხედავდა, რომ საქართველო საგლეხო რეფორმისათვის მზად არ იყო. თითქოს ეს იმპერატორმაც გაიგო. დაჰპირდა კიდეც ქართველ თავადაზნაურობას, საქართველოში რეფორმის გატარებას ჯერ არ ვაპირებო, როცა ჩვენში იყო სტუმრად 1861 წელს. მაგრამ დაპირება არ შეასრულა. მაშინ ენაკვიმატ ქუთათურებს სიმღერაც გამოუგონიათ - „მეგონა, მეგონა, ასე როის მეგონა, თუ ხელმწიფე ტყუილს იტყოდა, ასე როის მეგონა“.

არც მოხდენილი სიმღერა და არც გულიანი სიცილი საქმეს არ შველოდა. სარეფორმოდ მოუმზადებელ ქვეყანას მძიმე გასაჭირი ადგა.

„ქართველ ხალხს, როგორც ყოველ სხვა ხალხსაც, მთლად არა აქვს გარკვეული უკუღმართობის ყოველი წვრილმანი და ზედმიწევნით არ იცნობს მის წინააღმდეგ გამოსაყენებელ იარაღს. მაგრამ ხალხს ერთი რამ კარგად აქვს შეგნებული: ვაი-ვაგლახით ცხოვრება, როგორც აქამდე ცხოვრობდა ხალხი, პირდაპირ აუტანელია. ასეთი ცხოვრების სიდუხჭირე მოთმინების ყოველგვარ საზღვარს სცილდება და სჯობს დაიღუპოს იგი, ვიდრე ეფლობოდეს იმ ჭაობში, რომელიც მას ნელ-ნელა სისხლსა სწოვს და ძალ-ღონეს აცლის“.

სოციალური და ეროვნული ჩაგვრით გაღიზიანებული ქართველი ხალხი, როგორც ამბობდა ნიკო ნიკოლაძე, „დღითი დღე და უფრო და უფრო მეტად იმსჭვალებოდა თავისი ეროვნული დამოუკიდებლობის იდეით. მცირეოდენადაც არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რუსეთის მთავრობას საქართველოში ამჟამად მეგობრები და კეთილის მსურველი არა ჰყავს, გარდა დიდი მთავრის კარის ერთი მუჭა კლევრეტებისა და ბობოლა მოხელეებისა“.

რომელი დამპყრობელი გაპატიებდა ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას, რუსეთის მთავრობას რომ ეპატიებინა? ნიკოს ეს ძალიან აშინებდა. შეშფოთებული წერდა კიდეც: „ეროვნულ მისწრაფებათა გადაჭარბებას შეუძლია მიიყვანოს საქართველო იმ სასაკლაოზე, სადაც ამასწინათ ტყავი გააძრეს პოლონეთს და სადაც მთლად სისხლი გამოსწოვეს ჩერქეზებს“.

ეს შიში უსაფუძვლო არ ყოფილა. სულ ცოტა ხნის წინ პროვოკატორებმა და მაბეზღრებმა „ახალგაზრდა საქართველოს და სომხეთის“ პრობლემა გამოიგონეს. თითქოს კავკასიაში ორი საიდუმლო ორგანიზაცია შეიქმნა. ამ ორგანიზაციებს მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოსა და სომხეთში რუსეთის ბატონობის დამხობა. როგორც მკვლევარები ფიქრობენ, ეს ამბავი ნიკოს კირილე ლორთქიფანიძემ შეატყობინა. ნიკომ კი იგი „კოლოკოლის“ რედაქციას მიაწოდა. 1865 წლის 14 მაისს ნიკო ნიკოლაძე ნიკოლოზ ოგარიოვს წერდა: „ხომ არ შეიძლება „კოლოკოლის“ შემდეგ ნომერში ჩართოთ ერთი საინტერესო ამბავი: მიხეილ ნიკოლოზის ძემ, ჩვენმა სალოსმა ფელდფებელმა, რუსეთი იხსნა: მან აღმოაჩინა რაღაც საოცარი შეთქმულება, ანუ ფარული საზოგადოება - „ახალგაზრდა საქართველო და სომხეთი“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ორი-სამი გიმნაზიელი, ორი ნასტუდენტარი - თავისუფლად მოსაუბრენი გლეხობის განთავისუფლებასა და დამოუკიდებელ საქართველოზე. მათ, ალბათ, დახვრეტენ. ეს ნუ დაგაეჭვებთ. თუ იქამდე არ ჩამოახრჩვეს“.

ამის საფუძველზე დაიწერა გერცენის პაწია, დამცინავი შენიშვნა „მიხეილები და მიხეილ ნიკოლოზის ძენი“. „კოლოკოლი“ ყურს უწევდა გრაფ „მიხეილ მურავიოვს, პოლონეთის ჯალათს“, რომელიც იმჟამად ჩრდილო-დასავლეთის მხარის გენერალ-გუბერნატორის პოსტიდან გადააყენეს, ჟურნალისტ მიხეილ კატკოვს, ვისაც ყოველ ღამე საქართველოში შეთქმულება ესიზმრებოდა და კავკასიაში მეფისნაცვალს, დიდ მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს.

ერთი სიტყვით, ახალგაზრდა ნიკო ნიკოლაძეს საგლეხო რეფორმა მთავრობის მორიგ თვალთმაქცობად მიაჩნდა. ამით იყო გამოწვეული მისი მრისხანებაც.

ერთდროულად სწავლა და ჟურნალისტური საქმიანობა ძნელი იყო. მაგრამ ნიკო თავს ვერც პირველს დაანებებდა და ვერც მეორეს. „კოლოკოლში“ თანამშრომლობა არა მარტო საპატიო იყო, არამედ მატერიალურადაც სასარგებლო. „თქვენგან ასი ფრანკის მიღებამ მით უფრო გამახარა, რომ ეს ფული საერთო ფონდიდან გამოგიგზავნიათ. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია“, - მადლობას უთვლიდა იგი ოგარიოვს. ჰონორარი, რომელსაც ჟურნალი იძლეოდა, ნიკოს ცხოვრების პირობებს ბევრად ამსუბუქებდა. მართალია, იაკობ ნიკოლაძე შვილს ეხმარებოდა და საკმაო თანხასაც უგზავნიდა, მაგრამ ქუთათელ ვაჭარს ცვალებადი გუნება ჰქონდა, ხან მოსწონდა სწავლული შვილი რომ ეყოლებოდა, ხან კი ეჭვი ეპარებოდა - საქმისათვის იყო კი საჭირო ნაირ-ნაირი წიგნების კითხვა და ყოვლად უნაყოფო აზრებით თავის გამოტენა?

„მე ვჩქარობ წერილის ეს ნაწილი დავამთავრო, რომ ჩემ საარსებო საკითხზე გადავიდე. საქმე ის გახლავთ, რომ იცოდეთ, რომ ყოველმხრივ შევიწროვებული ვარ და გამიძნელდება აქ ცხოვრება. მამაჩემმა დახმარების პირობად დამიდო ხელი მომეკიდა მექანიკისა და ტექნოლოგიისათვის ისე, რომ მე გამოსადეგი ვყოფილიყავ რაღაც ფაბრიკისათვის, რომლის გამართვასაც იგი აპირებს ქუთაისში. მე, რასაკვირველია, დავთანხმდი და ამაზე მივწერე კიდეც, მაგრამ ვიდრე ჩემი პასუხი ქუთაისამდე მივა და ვიდრე ჩემი პასუხის პასუხად მე ფულს მივიღებ, - სულ ცოტა სამი თვე მაინც გაივლის. ეს კი მთელი საუკუნეა. ამ მდგომარეობაში სრულიად საპატიებელია ხავსის წაპოტინება და რადგან მე მხოლოდ ერთადერთი საშუალება მრჩება უბედურებისაგან თავის დასაღწევად, გადავწყვიტე ასეთი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ჩემთვის იგი განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ამას შეიძლება თქვენი ჩემდამი კეთილგანწყობილების დაკარგვა მოჰყვეს. მაგრამ მე არჩევანი არა მაქვს. მით უმეტეს, რომ ვიცი - თქვენ ამ წერილს ცუდად არ გაიგებთ. მოკლედ, იძულებული ვარ ვითხოვო - თქვენ ან ბატონმა გერცენმა მასესხოთ ხუთასიოდე ფრანკი. ამ თანხით მე გავისტუმრებდი ვალებს და თავს გავიტანდი აგვისტომდე. მაშინ კი მამაჩემისაგან ფულსაც მივიღებ და ჟენევაშიც ჩამოვალ სამიოდე წლით“.

ამასაც ოგარიოვს სწერდა.

აკაკი წერეთელი გვიყვება ხუმრობით: ერთხელ ნიკომ მამას უცხოეთიდან წერილი გამოუგზავნაო. „ძვირფასო მამა!“ - იწყებოდა თურმე ბარათი. იაკობს არ დაუხანებია პასუხი გაეგზავნა შვილისათვის: „შვილო, ძვირფასი მე კი არა, შენა ხარო. ამდენი წელიწადია გყიდულობ და ვერ მიყიდიხარო“.

იაკობ ნიკოლაძე ყოველთვის ხელგაშლილი რომ არ ანებივრებდა შვილს, ეს კარგად ჩანს ერთი მოგვიანო კერძო წერილიდანაც, რომელიც ნიკო ნიკოლაძეს გაუგზავნია კირილე ლორთქიფანიძისათვის.

„მამაჩემმა მაინცდამაინც მოინდომა, რომ მე სამუდამოდ ქუთაისში დავრჩენილიყავი; ეს კიდევ არაფერია; მაგრამ „მაგარი ის არის“, რომ მისი აზრით, ადვოკატის ხელობისთანა ხელობა ღმერთს ქვეყანაზე არ გაუჩენია: „არც სერმია და თანხა უნდა ამ ხელობას, არც სხვა დავიდარაბა, შემოსავალი და მოგება კი - მილიონიან საქმესაც არ ექნება მაგდენი, ერთი სიტყვით - კაცური საქმეა, რადგანაც სასახელოც არის და სასარგებლოც“. ეს აზრი იქნება საფუძვლიანი იყოს. მაგრამ, რა ვქნა, მე ვერაფრისნაირად ვერ გავეწყე ამას. რაღა ბევრი გითხრა, მე მაგ საქმისათვის არ ვრაცხდი ჩემს თავს გამოსადეგათ და ამის გამო ჩვენში კარგი განწყობილება დაიკარგა და თანდათან უკმაყოფილება „დაიფუძნა“.

... როცა მე მამაჩემს გამოვეთხოვე, რასაკვირველია, რომ იმას ფულს ვეღარ ვთხოვდი ქუთაისიდან წასასვლელად. და თუგინდაც მეთხოვა, ის მე ფულს მაინც არ მომცემდა. მივედი ერთთან (ლ. ლოლუასთან) და ვთხოვე 50 მანეთი, მაგრამ წინდაწინ კი უთხარი, რომ საქმე ასე და ასე არის მეთქი და არ ვიცი, როდის შემეძლება გადახდა. ლოლუამ, რომელსაც კაი ძალი ფული შინაც აქვს და გასესხებულიც... მაშინვე უარი მითხრა, ფული არ მაქვსო, და იქნება ამ დღეებში გიშოვნოო. ასე მატარა იმან ორი კვირა. მივადექი პავლე თუმანოვს, იმასაც ჩემი გარემოება ვუთხარი, მან მითხრა, მართალია, ფული მაქვსო, მაგრამ ამ დღეებში ჯვარს ვიწერო. ვის არ ვთხოვე, ყველამ უარი, უარი და უარი. მამაჩემი ამჟამად ფოთს წავიდა და იქიდან წიგნი მომწერა, რომ შენი ამხანაგები თუ კაი კაცები იყვნენო, როცა ფული გიჭირდა და ღრიტინებდი, მაშინ ხელს გაგიმართავდნენო. დაანებე მაგათ თავიო და საქმეს ხელი მოკიდეო. სხვებისათვის თავის მოკვლა და საქმის გაჭირვება სისულელეზე უარესიც არისო“.

ეს მაშინ მოხდა, როცა ნიკო ნიკოლაძე, უცხოეთში სწავლადასრულებული, შინ ახალდაბრუნებული იყო. ადრე იაკობ ნიკოლაძე სხვა გუნება-განწყობილებაზე იყო. შვილს სხვა რასმეს ჰპირდებოდა. მაშინ ნიკო პეტერბურგის უნივერსიტეტიდან იყო გამოგდებული. შეიძლება მამა ამხნევებდა, გული რომ არ გასტეხოდა. „მამა ჩემმა ეხლაც მეხვეწა: კარგ წიგნის მაღაზიას და ბიბლიოთეკას გაგიხსნიო, ტიპოგრაფიის ფულებს მოგცემო, თუ აქ დარჩებიო, თუ არა და, მერმე რომ მოხვალო, რასაც გინდა, იმას მოკიდე ხელიო, გარდა სამსახურისაო“. ესეც კირილე ლორთქიფანიძისადმი მიწერილი ბარათიდან შევიტყვეთ.

იაკობ ნიკოლაძემ ფულის ყადრი იცოდა. იმის მიხედვით იქცეოდა, რა მოგებასაც ამა თუ იმ საქმეში ხედავდა. ისიც აფიქრებდა, ნიკო დაუდეგარი ბუნების ადამიანი რომ იყო. ვითომ რას უწუნებდა პარიზსა და სორბონას, 1865 წლის შემდგომაზე რომ მიატოვა და ჟენევაში გადავიდა? ჟენევაში „თავისუფალი რუსული ტიპოგრაფია“ არსებობდა. ნიკოს რაც უნდოდა, იმას დაბეჭდავდა. ხელ-ფეხი გახსნილი ექნებოდა და მის აზრს, სურვილს, ვერავინ შებოჭავდა. თუმცა ამ მხრივ ნიკოს საწუწუნო არაფერი სჭირდა. მისთვის კარლ მარქსსაც შეუთავაზებია თანამშრომლობა - ამიერკავკასიაში „პირველი ინტერნაციონალის“ წარმომადგენლის როლი იკისრეო (ჟურნალი „დროშა“, 1934 წ. №14-15, გვ. 7). ნიკოს უარი უთქვამს.

შვეიცარია ნიკო ნიკოლაძეს იმითაც ხიბლავდა, რომ შეეძლო ბევრი საჭირბოროტო კითხვისთვის პასუხი გაეცა. შვეიცარიაც პატარა ქვეყანა იყო და საქართველოც. იქაც მრავალნაირი ხალხი ცხოვრობდა და აქაც. ისიც მთაგორიანი იყო და ესეც. მაგრამ როგორ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან! თუ საქართველო ჩამორჩენილი, ღარიბ-ღატაკი და უძლური იყო, შვეიცარია სამოთხეს ჰგავდა - მდიდარი, ევროპული ყოფა-ცხოვროების ერთ-ერთი მეთაური, ძლიერი, დიდი ქვეყნებიც რომ მოწიწებით ეპყრობოდნენ. რა იყო ამ განსხვავების საფუძველი? ნუთუ მხოლოდ ის, რომ შვეიცარია თავისუფალი იყო, საქართველო კი - დამონებული? თუ არსებობდა სხვა მიზეზიც? შვეიცარიაში ცხოვრება ნიკოს ამ კითხვის პასუხის მოძებნაში დაეხმარებოდა.

ასე იყო თუ ისე, ფაქტი ის გახლდათ, რომ ნიკო ნიკოლაძე უცბად ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტად იქცა. აქაც თან სწავლობდა და თან ჟურნალისტობდა.

თავდაპირველად ნიკო ნიკოლაძისა და „კოლოკოლის“ ურთიერთობა გულთბილად მიმდინარეობდა. ნიკოც ბეჯითად თანამშრომლობდა და ჟურნალიც ყველაფერს უბეჭდავდა. მოულოდნელად ვითარება შეიცვალა. მათ შორის განხეთქილება მოხდა. რა იყო მიზეზი მათი წაკიდებისა? ამის ზედმიწევნით ზუსტად დადგენა დღეს არ ხერხდება.

ისე, თვითონ ნიკო ნიკოლაძეს აქვს ნათქვამი: „კოლოკოლში“ თანამშრომლობაზე მეტად ჟენეველი რადიკალების ორგანოში - „La Nation Suisse“ - მუშაობა მიტაცებდაო. აქ ნიკო მიღებულ კაცად და სწავლულ ჟურნალისტად ითვლებოდა, მაგრამ ერთხელ პატარა იაღლიში მოუვიდა. ფრანგ რესპუბლიკელს პასკალ დიუპრს 1848 წლის შეცდომები გაუხსენა და კრიტიკული კბილი გაჰკრა. თურმე პასკალ დიუპრი რადიკალების პარტიის მეთაურის ჯემს ფიზის მეგობარი იყო. ფიზმა მოითხოვა ნიკო ნიკოლაძეს ბოდიში მოეხადა დიუპრისათვის. ნიკომ ეს მოთხოვნა იუკადრისა და გაზეთში თანამშრომლობა შეწყვიტა.

„კოლოკოლში“ რაღაც უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი მოხდა. რუსი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელიაო განხეთქილება გამოიწვია გერცენის ბარათმა, რომელიც მან ალექსანდრე მეორეს მისწერა.

1865 წლის 12 აპრილს, ნიცაში, ოცდაორი წლისა, მენინგიტით გარდაიცვალა რუსეთის ტახტის მემკვიდრე, ალექსანდრე მეორის უფროსი შვილი, ცესარევიჩი ნიკოლოზი. გერცენმა გადაწყვიტა შვილის კუბოსთან დაემოძღვრა მეფე და 2 მაისს, ჟენევიდან, იმპერატორს წერილი გაუგზავნა.

„ხელმწიფევ, ბედისწერა ულმობლად და საშინლად შეგეხოთ. მრისხანედ გაგახსენათ, რომ, მიუხედავად მირონცხებისა, არც თქვენ, არც თქვენი ოჯახი არ არის თავისუფალი საერთო კანონისაგან. თქვენ ემორჩილებით მას.

... ურიცხვ პოლონურ ოჯახს, ღრმა მწუხარებით მოცულს, შვილებდაკარგულს, მიემატა კიდევ ერთი ძაძითმოსილი ოჯახი. ეს თქვენი ოჯახია, ხელმწიფევ. მაგრამ თქვენ მათზე ბედნიერი ხართ. თქვენი ოჯახის მწუხარება არ იქნება შეურაცხყოფილი. ჩვენს შორის, თქვენი ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა შორის, არ მოიძებნება არცერთი უსულგულო არამზადა, რომელიც გააცილებდა თქვენი შვილის კუბოს დაცინვით, ვინც მოინდომებდა ჩამოეგლიჯა ძაძა დედისა ან დებისათვის, წაერთმია ცხედარი მშობლებისათვის, ცრემლებისათვის - საფლავი... გაეკეთებინა ყველაფერი ის, რასაც აკეთებენ თქვენი მურავიოვები პოლონეთში.

ადამიანთა ცხოვრებაში არის მრისხანე საზეიმო წუთები. ამ წუთებში ადამიანი იღვიძებს ყოველდღიური ამაოებისაგან. მთელი სიმაღლით დგება, იბერტყავს მტვერს - და განახლდება. მორწმუნე - ლოცვით, ურწმუნო - აზრით. ასეთი წუთები იშვიათია და დაუბრუნებელი. ვაი მას, ვინც ამ წუთებს დაკარგავს უკვალოდ, დაბნეულად. თქვენ ასეთი წუთი დაგიდგათ, ხელმწიფევ. დაიჭირეთ იგი. დარტყმის მთელი სიმძიმის ქვეშ შეჩერდით, თქვენი ცოცხალი ჭრილობით მკერდში, და დაფიქრდით, ოღონდ უსენატოდ და უსინოდოდ, უმინისტრებოდ და უშტაბოდ, - დაფიქრდით განვლილზე - იმაზე, სად ხართ თქვენ და საით მიდიხართ.

. . .

გაბედეთ, ნუ მოუცდით მეორე დარტყმას, - შეიძლება მაშინ გვიან იყოს, შეიძლება დარტყმაც მეტისმეტად ძლიერი გამოდგეს.

თქვენ მკაფიოდ ხედავთ და დამალვაც ძლივს შეგიძლიათ, რომ ძველი მანქანა, დაჟანგული და აჭრიჭინებული, მოწყობილი პეტრეს მიერ გერმანულ ყაიდაზე და გერმანელთაგან მორგებული რუსეთზე, უკვე აღარ ვარგა. თქვენ ხედავთ, რომ შეუძლებელია, როგორც დივიზია, მართოთ სამოცდაათმილიონიანი ხალხი.

. . .

ბედისწერამ, რომელიც სიკვდილის ცივი ხელებით შეეხო თქვენს ოჯახს, შეგაჩერათ. ისარგებლეთ ამით. თქვენ ემზადებოდით წასულიყავით უფრო შორს იმ საშინელი გზით, რომლითაც მიდიხართ 1862 წლის მეორე ნახევრიდან. დაბრუნდით თქვენი შვილის დასაფლავებიდან ადრინდელ გზაზე, არსად არის მონანიება უფრო იოლი და განწმენდა უფრო სრული, ვიდრე ჩვენთვის ახლობელ კუბოსთან. ეს აუცილებელია ჩვენთვის იმისათვის, რომ მოვემზადოთ დიდი საერო საქმისათვის.

... მაგრამ უპირველესად შეაჩერეთ ჯალათის ხელი. დააბრუნეთ გადასახლებულნი და გარეკეთ უკანონო მოსამართლენი, რომელთაც თავდებად ედგა მეფის შურისძიება და უსამართლო დევნა.

ყოვლისპატიება საჭიროა არა თქვენი უდანაშაულო მსხვერპლთათვის, არა ტანჯულ-წამებულთათვის. იგი საჭიროა თქვენთვის, მათგან ამნისტიის თვინიერ თქვენ ვეღარ ივლით წინ.

ხელმწიფევ, დაიმსახურეთ იგი!“

ამ წერილმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია რუს ახალგაზრდა ემიგრანტთა შორის. ყველა ფიქრობდა, რომ გერცენი მეფესთან შერიგებას ცდილობდა. ნიკო ნიკოლაძესაც მიუწერია მუნათის წერილი გერცენისათვის. სამწუხაროდ, ეს წერილი არ შენახულა. არ ვიცით, კონკრეტულად რას საყვედურობდა იგი გერცენს. ოგარიოვმა სცადა მეგობრისა და თანამებრძოლის დაცვა. „კოლოკოლში“ გამოაქვეყნა პასუხი - „მეფისადმი ისკანდერის წერილის გამო ბარათი NN-ს“. იგი განმარტავდა, რით იყო გამოწვეული გერცენის მიმართვა ალექსანდრე მეორისადმი. არ მიაჩნდა ეს ძველი იდეალების უარყოფად და ხელმწიფესთან შერიგების ცდად. ნიკო ნიკოლაძეს არც ეს გამოქომაგება მოსწონებია და ოგარიოვისათვის მიუწერია:

„თქვენ მთავრობა გამოგყავთ ძალად. ეს „იმისთვისაც კი ცნობილია, ვისაც ეს ჭეშმარიტება კაზემატებში არ შეუთვისებია“. მაგრამ ამ თქვენი წერილის განვითარებას გარდაუვალად მივყავართ დასკვნისაკენ: რაკი მთავრობა ძალაა, ex professo2 ერთგული ცრუ მოღვაწეობისა და რადგან შეუძლებელია მის გვერდით იაროთ, მაშასადამე, აუცილებელია წახვიდეთ საწინააღმდეგოდ. ამ გზაზე მთავრობის ცრუ მოღვაწეობა ყოველ ნაბიჯზე სულ ახალ და ახალ ძალას შესძენს მოძრაობას, მიმართულს მის წინააღმდეგ.

მე ვფიქრობდი, რომ მემკვიდრის სიკვდილი გამოიწვევდა მცირე, წმინდა ფიქტიურ შერბილებას იმ რკინის წესრიგისას, რომელიც 1861 წლიდან რუსეთს ტვირთად აწევს. მე ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ საჭიროა პაწია ბიძგი, რათა მთავრობამ გვერდზე გადასდოს ეშაფოტი. ხელი მოჰკიდოს ფრანგული სისტემის გაუმჯობესებულ ფორმებს. ერთი სიტყვით, გაცვეთილ გამოთქმას თუ ვიხმართ, - იგი ცივილიზირებული გახდეს... მე არც მიფიქრია დასჯის აუცილებლობა დამეცვა. ამაზე ლაპარაკი სასაცილოა. მე მსურდა, დასჯის შეჩერებას და დასჯის ცივილიზირებული სისტემის წვეთ-წვეთად მოქმედებაში შეყვანას არ მოეტყუებია ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდობა. მე ვიმედოვნებდი, რომ „კოლოკოლი“ იტყოდა - „ბოლოსდაბოლოს, მთავრობა, რომელიც აღმაშფოთებელი უსამართლობისა და ველური სისხლისმსმელობის ჰერკულესის სვეტებამდე მივიდა, შეჩერდა. იმიტომ, რომ წასასვლელი მას არსაით ჰქონდა, სხვა გზა აღარ იყო“.

განა ეს ჭეშმარიტებას არ შეესაბამებოდა?

თორემ მე რა მესაქმება, სჯერა თუ არა ისკანდერს ხელმწიფის ადამიანური ბუნებისა? ამაში მთავარია საზოგადოების დარწმუნება, რომ უკეთესისაკენ მობრუნების შემთხვევაში ის არ არის დავალებული ხელმწიფის კეთილი ნებისაგან, რომ ცვლილება სრულიად არ ხდება კეთილი ხელმწიფის წყალობით და, რომ, ბოლოსდაბოლოს, შემდგომ ცვლილებებს უნდა ველოდოთ საზოგადოებრივი თვითმოქმედებისაგან და არა ზემოდან. მე ვფიქრობ, რომ თუ ყველაფერს დროის მდინარებას მივანდობთ, მაშინ, რასაკვირველია ყველაფერი დასრულდება საყოველთაო კეთილდღეობით... ასე, ათასი თუ ორიათასი წლის შემდეგ. მე, რასაკვირველია სრულიად თანახმა ვარ, რომ ისტორიული პროცესის სვლა და განვითარება გარდაუვალია, რომ ისინი წაგვიყვანენ თქვენგან ნავარაუდევი მიზნისაკენ, მაგრამ ეს სრულებით არ გაძლევთ ნებას თქვენ და ყველა ნიჭიერ ადამიანს უარი თქვათ საზოგადოებრივ განვითარებაში მონაწილეობაზე, მით უფრო, რომ ამ უზარმაზარ სამუშაოში არ იკარგება ყველაზე უმნიშვნელო მოღვაწეობის სრულიად უბრალო გაკვეთილებიც კი. ხოლო თქვენი წერილის იმ ნაწილით, სადაც ლაპარაკობთ, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა არ იცის, რა აკეთოს, მეორე კი სრულებით უუნაროა, თქვენ, მგონია, ადასტურებთ ახლახან შემჩნეულ უცნაურობას. მაშინ რაღა საჭიროა „კოლოკოლის“ გამოცემა ან ლაპარაკი? რაღა საჭიროა საერთოდ - ყოველგვარი მოღვაწეობა? ყველაფერი ხომ მაინც პროგრესის გზით წავა, გამომდინარე წარსული ცხოვრებიდან, ხოლო ადამიანებს ვერ გამოასწორებთ“.

ეტყობა ნიკო ნიკოლაძისა და გერცენ-ოგარიოვის პოლემიკამ ისეთი ხასიათი მიიღო, რომ მათი თბილი ურთიერთობა თანდათან გაცივდა და, ბოლოს, ისინი გაითიშნენ. 1865 წლის სექტემბრიდან ნიკო ნიკოლაძე აღარაფერს ბეჭდავს „კოლოკოლში“, უფრო გვიან კი მემუარებში - „ნამყო და ფიქრები“ - გერცენი ნიკოლაძეს ირონიულად გაიხსენებს მემუარების იმ თავში, რომელსაც ეწოდება „Lapinski - colonel. Polles -aide de camp“ („ლაპინსკი - პოლკოვნიკი, პოლეს - ადიუტანტი“) და დაწერილია 1867 წლის 3 მაისს, სქოლიოში მოხსენიებულია молодой грузин ასეთ კონტექსტში:

„- თქვენთან რჩევის სათხოვნად მოვედი - მითხრა მე ერთმა ყმაწვილმა ქართველმა, რომელიც ახალგაზრდა ვეფხვს ჰგავდა... გარეგნობით.

- მე მინდა სკარიატინი მივბეგვო... თქვენ, ალბათ, იცით, რომ კარლოს V ... - ვიცი, ვიცი!.. თუ ღმერთი გწამთ, ნუ მომიყვებით!.. და ვეფხვი, რომელსაც ძარღვებში რძე უდუღდა, წავიდა“.

ძალიან გვიან, 1908 წელს, როცა გაზეთ „ზაკავკაზიეში“ (9 თებერვალი, №33) ნიკო ნიკოლაძე ეკამათებოდა ივანე ჯაბადარს, გაიხსენა - რისთვის უწოდა გერცენმა მას тигр с молоком в жилах.

ნიკო ნიკოლაძეს ყოველთვის აკვირვებდა ერთი უცნაური თვისება რუსული „ხალხოსნური სოციალიზმის“ წარმომადგენლებისა. თუ სახრჩობელას გადაურჩებოდნენ, მათი ფანატიკური სიძულვილი მონარქისადმი ხშირად შებრუნდებოდა და გადაიქცეოდა ხელმწიფე-იმპერატორის ასეთსავე თავდავიწყებულ სიყვარულად და ერთგულებად. ისინი ემიგრაციაში ღაპაღუპით აფრქვევდნენ ცრემლებს და იმ დღეზე ოცნებობდნენ, როცა ხელისუფლებას შეურიგდებოდნენ.

„გულახდილად თუ ვიტყვი, ჩვენ ემიგრანტებს ძალიან ნაკლებად აქვთ გარკვეული იმ უკმაყოფილების მიზეზები, რომლებითაც ისინი არიან გამსჭვალული მთავრობის წინააღმდეგ. მეტიც: ჩვენ გვგონია, ეს მიზეზები სულ არ არსებობენ, რომ უკმაყოფილება მხოლოდ მოგონებაა... ეს უკმაყოფილება სრულებითაც არ უშლის ხელს მათი ცხოვრების ჩვეულებრივ მიმდინარეობას, რომელთაც საერთო არაფერი აქვს მთავრობასთან ან მისდამი სიძულვილთან. მართლაც და როგორ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ, რომ რაიმე სერიოზული სიძულვილით იყოს გამსჭვალული ის ხალხი, რომელიც უკვე გულხელდაკრეფილი ზის და თავის უკმაყოფილებას და გრძნობებს გამოხატავს წვრილმანი ჭორებით მთავრობის პირებზე, აგრეთვე მაღალი ფრაზებით დესპოტიზმის ძალმომრეობაზე და მეფის საზიზღრობაზე“.

მეფესთან შერიგებაზე მეოცნებე ერთ ასეთ რევოლუციონერს ვასილ კელსიევს ნიკო ნიკოლაძემ ტყავი გააძრო.

ემიგრაციიდან ვასილ კელსიევი 1867 წელს დაბრუნდა. თავის ნებით პოლიციას დანებდა. მუხლმოდრეკილმა პატიება ითხოვა. წიგნაკიც გამოაქვეყნა - «Из пережитого и передуманного». სწორედ ამ წიგნის გამო დაიწერა ნიკო ნიკოლაძის ორი სტატია - „რუსეთის ემიგრაცია“ და „ორი თაობა“. ქართველმა ჟურნალისტმა გამოკვეთა ფანტაზიორის სახე, რომელმაც წარმოიდგინა, რომ ხელის ერთი მოსმით გააბედნიერებდა კაცობრიობას. ერთი ნახტომით ჩამოიღებდა მთვარეს ციდან. მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ არაფერი შეუძლია, უცბად დაფრთხა, ტირილი დაიწყო და პოლიციაში გაიქცა აღსარების სათქმელად.

ნიკო ნიკოლაძის იმ ორმა წერილმა, რომელნიც „სოვრემენნოსტში“ გამოქვეყნდა, რუსი ემიგრანტი პუბლიცისტები აღაშფოთა. საკმაოდ ცნობილმა რევოლუციონერმა ალექსანდრე სერნო-სოლოვიოვიჩმა წიგნაკი გამოსცა - „მიკოლკა-პუბლიცისტი“. უკვე სათაური მოწმობს, როგორი დამოკიდებულება იქნებოდა გამომჟღავნებული ნიკო ნიკოლაძისადმი.

გერცენი კი ოგარიოვს უზიარებდა აზრს: „მე არ მჯერა, არც ნიკოლაძის გამოსწორებისა (რაზეც შენ მწერდი), არც სერნო-სოლოვიოვიჩის დეზინფექციისა, არც უტინის „ისტორიულ“ ფენისა და არც მისი რომანისა. „კოლოკოლში“ მათ „სოვრემენნოსტს“ მივესალმე ირონიულად, ვიმედოვნებდი რა მის დაცემას. შენ კი მიამიტურად დარდობ“.

რამდენიმე თვის მერე იმავე ოგარიოვისადმი ბარათში გერცენი უმატებდა: „გულდასაწყვეტია, რომ ჩერნეცკიმ ხელი შეუშალა სომეხს (დედანშია армяшка. კომენტატორები ამბობენ, ნ. ნიკოლაძე იგულისხმებაო - ა. ბ.) აზრი გამოეთქვა. მოუთმენლად ველი, მაგრამ ახლა ისინი შეარბილებენ მის უკმეხობას. ინიციატივის ნაწილი იმათ ერგებათ. მოხარული ვარ და ყოველთვის მზად ვიმყოფები გულმოწყალედ ამოვგლიჯო ერთი კბილის სანაცვლოდ ორი. სანამ ეს გამონაყარი და ეს ქოთაო რუსეთს არ მოსცილდება, არაფერი გამოვა. ახლა ჩემი „ბაზაროვი“ გასაღდება. რა საწყენია, რომ იმათ ხელი შეუშალეს“.

ამ კონფლიქტის მერე გაჩნდაო, - გვიამბობს ნიკო ნიკოლაძე, - გერცენის მემუარებში - „ვეფხვი, რომელსაც რძე უდუღდა ძარღვებში“.

არც რუსეთში და არც ემიგრაციაში რუს რევოლუციონერებს მოქმედების ერთიანი პროგრამა არ ჰქონიათ. ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებდა. ვინ კალმით დაობდა და ვინ ბომბებით დასდევდა მეფის მოხელეებს. უბრალო პირებს აღარ სჯერდებოდნენ და ხელმწიფის მოსაკლავ გზებს დაეძებდნენ. 1866 წლის 4 აპრილს განახორციელეს კიდეც თავდასხმა ალექსანდრე მეორეზე. ამჯერად უშედეგოდ. ტერორისტი დიმიტრი კარაკოზოვი დასაჯეს. ამ მოვლენამ ნიკო ნიკოლაძეს ვრცელი ნარკვევი დააწერინა - „მთავრობა და ახალი თაობა“. ეს ნაშრომი ჟენევაში დაისტამბა რუსულად, გამოქვეყნდა ფსევდონიმით - „ნიკიფორე გ“. ეპიგრაფად წამძღვარებული სტრიქონები უკვე მოწმობდა წიგნის ძირითად იდეას, „... ჭეშმარიტად დიდი და სასარგებლო მიზნები ყოველთვის მიიღწევა მხოლოდ პირდაპირი და ღია მოქმედების მეშვეობით და არა საიდუმლო საზოგადოებების ირიბი გზებით, რომელნიც ყოველთვის უძლურნი იქნებიან და უნდა იყონ კიდეც“. ეს სტრიქონები ამოღებული იყო ნ. ჩერნიშევსკის ნარკვევიდან - „ლესინგი“. დღევანდელი მკვლევარები ნ. ნიკოლაძეს უსაყვედურებენ, რომ ციტირებული სტრიქონები არ გამოხატავსო ნ. ჩერნიშევსკის შეხედულებას. იგი რევოლუციონერი იყო და ბრძოლის რევოლუციური გზის მომხრე. ნ. ნიკოლაძის მოხმობილ ციტატში გადმოცემულიაო სხვისი აზრი. ამ მუნათს იმიტომ გამოთქვამენ, რომ ნ. ნიკოლაძე წიგნში ამბობდა: „მათს (ჩერნიშევსკისა და მისი მეგობრების - ა. ბ.) მოქმედებაში შხამიანი რომ არა ყოფილა რა და იგი რომ დღის სინათლეზე და არა ბნელეთში წარმოებდა, - ეს საუკეთესოდ სჩანს ჩერნიშევსკის იმ რამდენიმე სტრიქონიდან, ამ სტატიის გარეკანზე რომ არის დაბეჭდილი“. მაგრამ „მთავრობასა და ახალ თაობაში“ საყურადღებოა არა ნ. ჩერნიშევსკის აზრი, არამედ ნიკო ნიკოლაძის შეხედულება. იგი კი აშკარად პირდაპირი და ღია მოქმედების მომხრეა. ეს მთელ ნარკვევშიც მკაფიოდ ჩანს.

„ჩვენ გულწრფელად და მწვავედ გვძულს თანამედროვე წყობილება, მაგრამ ჩვენ ვერ ვბედავთ და არც შეგვიძლია გავბედოთ ვთქვათ, რომ ამ სიძულვილს იზიარებდეს თანამედროვე ახალთაობის თუნდაც უმეტესობა“.

არა მარტო ახალთაობას არ ჰქონდა შესწავლილი და გარკვეული შექმნილი ვითარება, არამედ მთელ საზოგადოებას.

„საზოგადოების აზრები იმდენად აბნეულია, რომ მას ვერ შეუთვისებია სულ უბრალო და მარტივი აზრი: თუ მთავრობა თანამედროვე წყობილების განხორციელებაა, ეს წყობილება კი აშკარად ეწინააღმდეგება ღარიბი ხალხის მასათა ინტერესებს, ცხადია, იგი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება იმავე დროს ამ მასის წარმომადგენელი. მართალი რომ ითქვას, ამ საზოგადოებას არცა აქვს განსჯის უნარი. მისი გონებრივი განვითარება უკიდურესად სუსტია. იგი მხოლოდ იმას გრძნობს, რომ მას ცხოვრება საშინლად უჭირს. მისი გონება და აზრი ამაზე შორს ვეღარ მიდის“.

ამგვარ სიტუაციაში ახალგაზრდა ნიკო ნიკოლაძეს აუცილებლად მიაჩნია ლეგალური, ღია მუშაობა ხალხის აღსაზრდელად და გასათვითცნობიერებლად. ყოველნაირი ფარული შეთქმულებანი, ტერორიზმი და ხოცვა-ჟლეტა უნაყოფო იყო, რაკი ხალხს რევოლუციონერთა მოქმედების აზრი არ ესმოდა და არც იზიარებდა. ნ. ნიკოლაძეს მოსაწონად და მისაღებად მიაჩნია 50-იანი წლების თაობის მოღვაწეობა, რომელიც მას თავისებურად ესმოდა.

„იმ ეპოქის სალიტერატურო მოღვაწეთა აზრით დასახული მიზნის მიღწევის უმთავრესი საშუალება იყო - საზოგადოების ზნეობრივი განვითარება. ყველა საკითხს, რომელიც წმინდა პოლიტიკურ მხარეს ეხებოდა, განსაკუთრებით მმართველობის ფორმათა საკითხებს, ახალი თაობა განზრახ გვერდს უვლიდა, ვინაიდან უსარგებლოდ მიაჩნდა მათზე ლაპარაკი იმ დროს, როდესაც საზოგადოება მომზადებული არ იყო საზოგადოებრივი მეცნიერების უმარტივესი ცნებების გაგებისთვისაც კი. ამნაირად, ახალი ლიტერატურის მთელი ყურადღება მიქცეული იყო მკითხველი წრეების ზნეობრივ განვითარებაზე, რათა ამით, თავის მხრით, განევითარებინათ ის მასები, რომელთაც საშუალება არ ჰქონდათ წაკითხვისა და წანაკითხის ჩაფიქრება-შეფასებისა“.

ნიკო ნიკოლაძის ღრმა რწმენით, ეს მართალი გზა იყო და მუშაობა ამ მიმართულებით და ამ წესით უნდა გაგრძელებულიყო.

როცა ნიკო ნიკოლაძის სტუდენტობის დროინდელ ნაშრომებს ეცნობით, არ შეიძლება თვალში არ გეცეთ ერთდროულად ყმაწვილი კაცის შრომისმოყვარეობა და განათლების დიაპაზონი. შრომასაც და ცოდნის შეძენასაც თითქოს ერთ ადგილას ჯდომა და მუყაითობა სჭირდება. ნიკოს კი მოუსვენარი ხასიათი აქვს. ერთ ადგილას ვერ ჩერდება. პარიზიდან ჟენევაში წავიდა. ბოლომდე ვერც იქ გაჩერდა. ჟენევაც დატოვა და ციურიხს გაემგზავრა. იქაურ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. ჟენევიდან ციურიხში წასვლა არ იყო უბრალო გადასვლა ერთი ქალაქიდან მეორეში. იგი ტოვებდა ფრანგულენოვან ჟენევას და მკვიდრდებოდა გერმანულენოვან ციურიხში. ეს დამატებით სირთულეს უქმნიდა მას, მაგრამ ამას არ უშინდებოდა. ძველ მეგობარს კირილე ლორთქიფანიძეს ატყობინებდა: „მე ნემენცურ ენას ვსწავლობ და წიგნებს ვკითხულობ“. ისე მშვიდად წერს, თითქოს ცხარე პაექრობა არა ჰქონდეს გამართული დიდთან თუ პატარასთან, ნაირ-ნაირ სტატიებსა და წიგნებს არ წერდეს. ჟურნალებს არ სცემდეს და დღედაღამეს სტამბაში არ ატარებდეს.

თავაუღებელ შრომასა და სწავლაში უნივერსიტეტის დასრულების დროც მოვიდა. ციურიხის უნივერსიტეტს, ჩვენებურად რომ ვთქვათ, სადიპლომო შრომა წარუდგინა ფრანგულად - „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები“ (რაკი ამ ნაშრომს Dისსერტატიონ დე დოცტორატ აწერია, გვეშლება და ჩვენებურ სადოქტორო დისერტაციად მივიჩნევთ. მაგრამ ასე არ არის. „დოქტორი“ ლათინურად „მასწავლებელს“ ნიშნავს. იმათებურად კი „სადოქტორო დისერტაცია“ ის ნაშრომია, რომელიც უფლებას განიჭებს სწავლულად, ანუ უმაღლესდამთავრებულად, იწოდებოდე. თუმცა ეს კია, ნ. ნიკოლაძის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები“ მართლაც უდრის დღევანდელ სადოქტორო დისერტაციას).

როგორც ჩანს, განიარაღების საკითხი სადიპლომო შრომის თემად იმიტომ აირჩია, რომ მაშინ, გასული საუკუნის 60-იან წლებში, მთელ ევროპაში „საერთო განიარაღება დიდ სიკეთედ“ (თავად ნ. ნიკოლაძის სიტყვებია) მიაჩნდათ.

ნ. ნიკოლაძემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია განიარაღების პრობლემის როგორც ეკონომიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მხარეს.

იარაღის ქარხნების პროდუქცია არა მარტო მწარმოებელი ქვეყნის არმიის აღჭურვას ხმარდება, არამედ ვაჭრობის საგანიც არის. ბევრ ქვეყანას უზარმაზარი შემოსავალი აქვს იარაღით ვაჭრობის შედეგად. ამ შემოსავალს ხშირად არსებითი ადგილი უჭირავს ქვეყნის ეკონომიკაში. თუ იარაღის მწარმოებელ ქვეყანას არ ეცოდინება, რით აინაზღაურებს იმ დანაკლისს, რასაც მოიტანს იარაღის წარმოების შეწყვეტა, არასოდეს დათანხმდება განიარაღებას. ამასთანავე იარაღის წარმოება მჭიდროდ უკავშირდება სხვა პროდუქციის დამზადებასაც. იარაღის წარმოების შეწყვეტა კი იმ სხვა პროდუქციის დამზადებასაც შეუშლის ხელს (თუ სულ არ გააუქმებს). აქაც სერიოზული ეკონომიკური სირთულე იჩენს თავს. ესეც წინასწარ უნდა იქნეს მოგვარებული.

არმიაში და იარაღის ქარხნებში უამრავი ადამიანია დაკავებული. არმიის დაშლა და იარაღის ქარხნების გაუქმება გამოიწვევს უმუშევართა რიცხვის უსაშველოდ ზრდას. რით, რა საქმიანობით უნდა დავაკავოთ არმიიდან დათხოვნილი ჯარისკაცები, გაუქმებული იარაღის ქარხნების მუშები? თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, უთვალავი ადამიანი საშიმშილოდ გაიწირება, კეთილის მაგიერ ბოროტს მივიღებთ. საშიმშილოდ განწირული ადამიანები თავად სტაცებენ იარაღს ხელს და ვინ იცის - რა მოხდება.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ აგრესიულობა ადამიანის ბუნებაშია. თუ თავს მოვიტყუებთ ოცნებით, რომ ადამიანი ფრთაშესხმული ანგელოსია და დათრგუნვის საშუალებანი საჭირო არ არის, მაშინ შესაძლებელია საბედისწერო შეცდომა მოგვივიდეს. საზოგადოება იმათ ჩაუვარდეს ხელში, ვისაც აგრესიული ბუნება აქვს და სრულებით არ აპირებს იარაღზე უარის თქმას. გათავისუფლების მაგიერ დამონების მსხვერპლი გავხდეთ.

დიდი და არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ კერძო ადამიანის თუ მთელი საზოგადოების ცნობიერებაში არმია განასახიერებს დამცველს, მშველელს, ერის ღირსებისა და პატიოსნების დარაჯს, სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გუშაგს. როცა არმია არ იქნება, რა ან ვინ შეცვლის მას? ხომ არ დაეუფლება ადამიანსა და საზოგადოებას საყოველთაო შიში? ხომ არ დაარღვევს ეს საზოგადოებრივ წესრიგს და ყველაფერს მოიცავს ანარქია? ამ პრობლემის გადაწყვეტის მოძებნაც იყო საჭირო.

ასე და ამრიგად მსჯელობდა ნ. ნიკოლაძე და ეძებდა რეალურ, უტყუარ საფუძველს იმ კეთილშობილი განზრახვის გასახორციელებლად, რასაც განიარაღება ეწოდება, მაგრამ იმხანად იგი ვერ ხედავდა ამის შესაძლებლობას და არც კაცობრიობა მიაჩნდა მზად ამისათვის.

„ის აზრი, რომელიც ყოველსავე ზემონათქვამისაგან გამომდინარეობს, შეიძლება ასე მოვსჭრათ მოკლედ: შეუძლებელია სერიოზულად ხელი ვახლოთ სამხედრო ორგანიზაციას, თორემ მაშინათვე შევარყევთ და გადმოვაპირქვავებთ საძირკველს, რომელზედაც დამყარებულია ჩვენი საზოგადოებრივი შენობა. საზოგადოების კეთილდღეობისათვის სახიფათოა ისე შევუდგეთ განიარაღების საქმეს, თუ წინ და წინვე ნიადაგი არ მოვამზადეთ სოციალურ ურთიერთობათა რადიკალურ და სრულ რეორგანიზაციისათვის. მაშასადამე, ყველამ, ვისაც არაფრის გულისათვის უნდა ხელი ახლოს ჩვენი სოციალური ორგანიზაციის საფუძველს და ვინც თავის თავს მომზადებულად არა ჰგრძნობს ასეთის საქმისათვის, სჯობია თავი დაანებოს განირაღების საკითხს“.

სწავლა-განათლების მიღება დამთავრდა. უკვე სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და საქმეს შეუდგეს. ოჯახსაც გაახარებს და იაკობ ნიკოლაძეც დამშვიდდება. როგორც იქნა, ძვირადღირებული შვილი შინ ბრუნდება, განათლებული და განსწავლული. იმდროინდელ საქართველოში ბარე ორი კაციც ვერ დაიკვეხნის იმ ცოდნით, რაც ნიკომ შეიძინა, მგონი ამ ცოდნა-განათლებაზე უფრო ძვირფასი ის არის, რაც ნიკო ნიკოლაძემ ევროპაში საკუთარი თვალით ნახა, რასაც დააკვირდა, გაზომა, ასწონ-დასწონა და დასკვნა გააკეთა.

ევროპამ ცხადად, უთუოდ და უთუმცაოდ უჩვენა, რომ რუსეთის იმპერია უსაზღვროდ ჩამორჩენილი სახელმწიფოა. მართალია, რუსეთში არიან ადამიანები, რომელთაც სურთ თავი დააღწიონ ჩამორჩენილობას, მაგრამ ისიც ნათელი იყო, რომ ევროპა სხვაგვარად აპირებს ცხოვრებას, წინსვლას, მომავლის შენებას და რუსეთი - სხვაგვარად. მართალია, ევროპაშიც უხვად არიან ნაირ-ნაირი სოციალურ-პოლიტიკურ მოძღვრებათა მქადაგებელნი, მაგრამ საქმიანი ევროპა მათ ყურს ნაკლებად უგდებს. საქმიანი ევროპა შრომობს, ნამდვილ ფასეულობებს ქმნის და ნაკლებად დაბორიალებს აბსტრაქტული იდეების ქაოსში. რუსეთში კი გაუთავებლად ლაპარაკობენ, მზად არიან თავგანწირვისათვის (წირავენ კიდეც), მაგრამ არსად ჩანს საქმის კაცი. ყველაფერი სიტყვის კორიანტელში იხრჩობა. რუსეთში ყოველი ახალი აზრი, ახალი იდეა ციმბირის კატორღაში იგზავნება და იქაურ მაღაროებში კვდება. ევროპაში კი ახალი იდეა და აზრი, თუკი პრაქტიკული ღირებულება აქვს, მაშინვე ახალი საქმის საფუძველია.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარია. მეცნიერება და ტექნიკა უკვე გაბატონებულია. თვინიერ მეცნიერებისა და ტექნიკისა რაიმეს კეთება, რაიმე წინსვლა, რაიმე განახლება შეუძლებელია. ევროპა მომავლის ოცნებას მეცნიერებისა და ტექნიკის ძალას უკავშირებს. მართალია, სოციალიზმის თეორია ევროპაში შეიქმნა, მაგრამ ნიკო იმასაც თვალნათლივ ხედავდა, რომ საქმიანი ევროპა სრულიად არ აპირებდა სოციალიზმის გზას გაჰყოლოდა. ევროპაში იგი თეორიის ფარგლებში რჩებოდა და პირი არ უჩანდა, რომ ოდესმე მის პრაქტიკულ განხორციელებას მოინდომებდნენ, თუმცა ამის მოსურნენიც იყვნენ, განსაკუთრებით საფრანგეთში. რუსეთში კი გამათავისუფლებელი მოძრაობის ყველა მიმართულება სოციალიზმის ამა თუ იმ სახეობას სცემდა თაყვანს. ზოგს თემური სოციალიზმი მოსწონდა, ზოგს - ანარქიული, ზოგს - სინდიკალისტური, ზოგს - ხალხოსნური, ზოგს - კიდევ ვინ იცის რა. მაგრამ არც ერთი მათგანი მკაფიოდ და ნათლად არ ითვალისწინებდა მეცნიერებისა და ტექნიკის მნიშვნელობას. ამის გაუთვალისწინებლობა კატასტროფული შეცდომით იმუქრებოდა. ხალხი, რომელსაც აღორძინება და წინსვლა სურდა, აუცილებლად უნდა დაუფლებოდა ტექნიკასა და მეცნიერებას. ეს ნიკო ნიკოლაძისთვის დღესავით ნათელი და უეჭველი იყო.

ევროპამ ნიკო ნიკოლაძე იმაშიც ღრმად დაარწმუნა, რომ კერძო საკუთრების არსებობის პირობებში, როცა ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვა გამორიცხულია, კოლონია (რა თქმა უნდა, თუ ამ კოლონიაში ჭკვიანი და საქმიანი ადამიანები ცხოვრობენ) შეიძლება იყოს მეტროპოლიაზე მდიდარიც, კულტურულიც და, თუ გნებავთ, თავისუფალიც კი. ამის მკაფიო მაგალითი აშშ ისტორია იყო. რუსეთის იმპერიაშიც იყო ნიმუში - ფინეთი და პოლონეთი. ერთიცა და მეორეც ბევრად განვითარებული და წინწასული ქვეყანა იყო, ვიდრე თავად რუსეთი. ფინეთიცა და პოლონეთიც იმპერიის საზღვარში მხოლოდ რუსეთის უზარმაზარ სამხედრო ძალას ეჭირა.

ევროპაში ყოფნისას ნიკო ნიკოლაძე შრომისადმი დამოკიდებულებამაც დააფიქრა. ქართველ გლეხს მუშაობა არ ეზარებოდა, მიწასაც თავს აკლავდა, მაგრამ მაინც ღარიბი იყო და უპოვარი. ევროპაში კი მუშაკაცი წელში გამართული, კარგად მოწყობილი და მოლხენილი გახლდათ. შვეიცარიის ვერც ერთ კანტორაში ვერ წააწყდებოდით იმ სიღატაკეს, რასაც საქართველოში ხშირად შეხვდებოდით, თუნდაც ისეთს, გიორგი წერეთელმა რომ აღწერა „კიკოლიკსა, ჩიკოლიკსა და კუდაბზიკაში“. რამ გამოიწვია ეს? რით შეიძლებოდა ამის ახსნა? პასუხი, ალბათ, ერთი იყო - საერთო შრომის კულტურის უქონლობით. ჩვენში არ იცოდნენ ნაშრომის გამოყენება. იმ სიმდიდრის მოხმარა, რაც ქვეყანას ჰქონდა. ზომაზე ბევრად მეტი იყო მუქთახორა, ვისაც ხელის განძრევა, საქმის კეთება ეთაკილებოდა და სხვის ხარჯზე ცხოვრება ერჩია. თუ შრომა საერთო ეროვნულ წესად გადაიქცეოდა, საქართველო სიდუხჭირეს თავს დააღწევდა.

როცა განსწავლული ნიკო ნიკოლაძე ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა, მისი მრწამსი ძირითადად ჩამოყალიბებული იყო. მერე განვლილ დრო-ჟამს მის კრედოში არსებითად ბევრი არაფერი შეუცვლია.

_____________

1. „ჟურნალისტთაგან ვინ არის რაიმესათვის მომზადებული? ეს არის სწორედ მათი დანიშნულება, რომ წერონ ახალ ამბებზე, რომელნიც არც მათ და არც სხვებმა არ იციან“.

2. პროფესიით.

4 მრწამსი

▲back to top


სადაც იყო და როგორც იყო, ნიკო ნიკოლაძე ფიცივით წარმოთქვამდა:

„მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არ მქონია, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია... მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავათ თუ კარგათ როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა. მე შენ მიყვარდი, როგორც ჩვენი ქვეყნის კაცი, ჩემი თანამემამულე და ძმა, როგორც ისეთი პირი, რომლის ბედი და უბედობა, რომლის ავი და კარგი, ჩემი პირადი ბედი და უბედობა, ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა. მე დამივლია მთელი ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა. არც საფრანგეთის ამღელვებელ და აღმტაცებელ ცხოვრებას, არც პეტერბურღის განსაცდელით მიმზიდველ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას, არასოდეს, არც ერთი წამის განმავლობაში, არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შეუცდენივარ და არ მიუზიდივარ, თუმცა ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და დიდი გავლენის იმედს... იმის მაგიერ, რომ იქაურს ცხოვრებას მივებირე და სხვებისავით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა, ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც კი ყოფილიყო შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა... სხვაგან და ჩვენში მწერალი და გაჩუმებული ნიადაგ შენი ერთგული და შენი მსახური ვიყავი“.

პრაქტიკული საქმიანობა იქნებოდა თუ თეორიული მოძღვრება, მისაღებად იმ შემთხვევაში მიაჩნდა, საქართველოს თუ გამოადგებოდა. იყო თუ არა მზად, ჩვენი ქვეყანა და ხალხი ამ მოძღვრების ასათვისებლად, საქმის განსახორციელებლად. ამგვარ პოზიციას ბევრჯერ იძულებული გაუხდია კრიტიკულად შეეფასებინა ბევრი რამ, რაც პირადად მოსწონდა. ამის გამო თანამედროვეთა რისხვაც გამოუწვევია და შთამომავლობის საყვედურიც დაუმსახურებია: ხშირად მერყეობდაო. ვისაც გამოწვლილვით შეუსწავლია ნ. ნიკოლაძის პუბლიცისტიკა, იცის, რომ ეს მუნათი ყოვლად უსაბუთოა. ის კი შეიძლება, რომ საერთოდ არ დაეთანხმოთ მის პოზიციას, მაგრამ მერყეობაში ბრალის დადების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.

საყვედურები გულს სტკენდა და ზოგჯერ ბავშვივით იმართლებდა თავს.

„მე იგივე ვარ დღეს, რაც თექვსმეტი წლისა ვყოფილვარ და იგივე ჩავალ საფლავში“.

„ყოველთვის იგივე ვყოფილვარ, რაც დღეს ვარ: ერთგული, ანგარიშიანი მწყემსი ქართველობის სიკეთისა, შეურიგებელი მტერი ყოველი მიმართულებისა, რომელიც საქართველოს ქონებას სხვის, უცხოეთის მიზანს, თუ საქმეს სწირავს“.

ან ნ. ნიკოლაძეს რად სჭირდება თავის მართლება, ან ჩვენი ეჭვიანობა რამ გამოიწვია? ასე მგონია იმან, რომ ჩვენ გაგვიჭირდა თანხმობის მოძებნა ნ. ნიკოლაძის ცხოვრების ფაქტებსა, განათლებასა და ნაწერებს შორის.

რაკი პეტერბურგში სწავლის დროს სტუდენტთა შფოთში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მერე რევოლუციის სამსახურის გზას არ დასდგომია, ეს პოზიციის შეცვლად ჩავუთვალეთ.

რაკი „კოლოკოლში“ თანამშრომლობდა და ალექსანდრე გერცენს პირადად იცნობდა, მერე მასთან განხეთქილებაც და თანამშრომლობის შეწყვეტაც ადრინდელი შეხედულებისაგან განდგომად მივიჩნიეთ.

რაკი ნიკოლოზ ჩერნიშევსკის უსაზღვროდ დიდ პატივს სცემდა, შემდგომ კი მის გზას არ გაჰყოლია, ამასაც დიდი თემშარიდან გადახვევა დავარქვით.

რაკი მე-19 საუკუნის ევროპის ყველა სოციალ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოძღვრებას იცნობდა, მათ შორის მარქსსა და მის თეორიას, მაგრამ კონკრეტულად არც ერთი არ უქადაგია საქართველოში, ეს ჩვენ ნ. ნიკოლაძის მსოფლმხედველობრივ მერყეობად აღვიქვით.

იმის გათვალისწინება კი დაგვავიწყდა: ერთია, რა იცოდა და რა არა ნიკო ნიკოლაძემ და მეორე - რა სჭირდებოდა და რა არა საქართველოს, რისთვის იყო იგი მზად და რისთვის - არა. ნ. ნიკოლაძისათვის ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. მას ბევრჯერ გვერდზე გადაუდვია პირადი სიმპათია-ანტიპათია, ცოდნა-არცოდნა, მომხრეობა-მოწინააღმდეგეობა და ის გაუხდია ერთგული სამსახურის საგნად, რაც საქართველოსათვის აუცილებლად მიუჩნევია. ქართველ ხალხს კი მაშინ, ნ. ნიკოლაძის აზრით, არ შეეძლო მოუმზადებლად, უცბად, მყისვე დასდგომოდა იმ გზას, რასაც ევროპა ადგა, გაჰყოლოდა იმ მიმართულებას, რომლის გაყოლასაც ევროპაში აპირებდნენ. იმ მოძღვრებათა მიმდევრობა აერჩია, რომელნიც ევროპაში ბატონობდნენ. ეს თანდათანობით უნდა მომხდარიყო.

„ყოველგვარი ყბედობისა თუ ლათაიების გარეშე უნდა ვაღიაროთ და დაბეჯითებითაც უნდა დავიცვა ის ფაქტი, რომ ჩემი შეხედულებანი, რომელიც ოდითგანვე გამომითქვამს თუ წერილობით, თუ ზეპირად, იოტის ოდენადაც არ შემიცვლია ამ ბოლო ორმოცი წლის მანძილზე. ამასთან, არასოდეს და არავის წინაშე არ დამიმალავს ჩემი მრწამსი. ჩვენი ახალგაზრდობის თვალში კი - საუბარი ხომ სწორედ მას შეეხება, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, - მე ყოველთვის ვიყავი და დღემდეც ვრჩები, უბრალო „მეთანთანობითედ“, ძველი ყაიდის ლიბერალად, ინგლისური დინასტიკური გაგებით, ე.ი. ისეთ ადამიანად, რომელიც რეფორმებს მხოლოდ ზემოდან მოელის ხოლმე, პრინციპული მოწინააღმდეგეა რევოლუციებისა, თუ რომ აღარაფერს ვიტყვით ბოლოჟამინდელ უმსგავსოებაზე. ახალგაზრდობა სავსებით მართალი იყო ამ თავის შეგნებაში და ამიტომ ვერც ჩემს თავს ვაკადრებდი და არც ამ ახალგაზრდობისათვის მიკად¬რებია, რომ თავი სხვაგვარ შუქზე მეჩვენებინა (ხაზი ჩემია - ა. ბ.).

ამ სტრიქნებში თანხმობაც არის და გულნატკენობაც. ამიტომ ნ. ნიკოლაძის შეხედულებას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავეცნოთ. მაშინ დავინახავთ ნათლად მის მრწამსს და გავარჩევთ მტყუანსა და მართალს. მაგრამ მანამდე უთუოდ უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთ გარემოებას. მას არ უყვარდა სპეცკულატივური, ანუ, როგორც თავად იტყოდა, მეტაფიზიკური აზროვნება. იგი პრაქტიკულად მოქმედი პიროვნება იყო. აზრსაც იმდენად აფასებდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო მისი რეალურად განხორციელება.

თავად ნ. ნიკოლაძე მეტაფიზიკურ აზროვნებას ასე განმარტავდა:

„მეტაფიზიკური აზროვნება ისაა, რომელიც დამყარებულია არა ცხოვრების შესწავლაზე, არა ცდაზე, არამედ აზროვნებაზე, სილოგიზმებზე, ვარაუდებზე, არა იმაზე, რაც ამ ქვეყნად ნამდვილად არსებობს და კეთდება, არამედ იმაზე, რაც ჩვენ კარგი, სამართლიანი ან გონივრული გვეჩვენება“.

სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრთა შეხედულების ნაკლადაც ის მიაჩნდა, რომ „მათი პოლიტიკური მოაზრება მეტაფიზიკაზეა აშენებული. აიხირებენ რაღაც სურვილს, საკუთარ გემოვნებაზე არჩეულს და რომელსაც მოიწონებენ - „პრინციპს“ არქმევენ, ხატად აქცევენ, თაყვანს სცემენ. დარწმუნებული არიან, ეს თილისმა ყოველთვის, ყველგან, ყოველ შემთხვევაში ერთნაირად სასწაულს მოახდენსო. რეალურ პოლიტიკას კი არც ერთი ამგვარი ავგაროზი არ სწამს და ეს ძველთა ძველი რწმენა დიდი ხანია არხივებში დაუმარხავს, როგორც გამოუცდელ გონების ბავშვური შეცდომა“.

მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებათა ქადაგებას, ნ. ნიკოლაძის ფიქრით, არასოდეს მოჰყოლია ხალხის ყოფა-ცხოვრების რეალური გაუმჯობესება და ზნეობრივი ამაღლება. როცა „კრებულში“ თანამშრომლობდა და „მნათობს“ ედავებოდა, მაშინ წერდა: „...მშვენიერი ჭეშმარიტებები, რომელთაც გაბრიელ ეპისკოპოსი ქადაგებს დღეს ჩვენში, ათი ათასჯერ გამოუთქვამთ პირველ მამამთავრებს და ზნეობის მასწავლებლებს. მაშ რა მიზეზია, რომ ეხლა კიდევ საჭირო გამხდარა მათი ხელმეორედ გამოთქმა?.. ჟურნალს უნდა სცოდნოდა, რომ ხალხის ზნისა და ჩვეულების შეცვლაში ან გაუმჯობესებაში უმთავრესი გავლენა ამ ხალხის მდგომარეობას და წყობილებას აქვს. იმას არ უნდა დავიწყებოდა, რომ ხალხის ზნეობის აღზრდისათვის, ქადაგებების გარდა, სხვა რამეცაა საჭირო, და ეს „სხვა რამე“ იმაში მდგომარეობს, რომ ზნეობის კანონი დამყარებული იყოს ადამიანის ბუნების თვისებებზე, რომ მას მიზნად ამ ბუნების დაკმაყოფილება ჰქონდეს“.

უკვე გამოიკვეთა ნ. ნიკოლაძის მრწამსის ორი საყრდენი: პირველი - რა გამოადგება და რა არა საქართველოს და მეორე - საჭიროა არამეტაფიზიკური აზროვნება. ვარგისია აზროვნება, რომელიც სინამდვილის მოთხოვნებს უპასუხებს და დააკმაყოფილებს.

რაკი ეს ორი საყრდენი გამოვყავით, შეგვიძლია კონკრეტული კითხვებიც დავსვათ და პასუხიც მოვძებნოთ.

რევოლუციის მომხრე იყო თუ ევოლუციის? ერთისაც და მეორისაც, ოღონდ გააჩნდა ქვეყანას, ხალხს და ვითარებას. ამ კითხვის პასუხად ასეთი მაგალითი მოჰყავდა: „გონიერ ექიმს ჰკითხეთ - აბა, ქინაქინას უარყოფთ თუ თაყვანსცემთ-თქო? შებრალებით შემოგხედავსთ და იმ კილოთი, რომლითაც თოთო ბავშვს რასმეს უხსნიან, გიპასუხებთ: ზოგიერთ ავადმყოფს უხდება ხოლმე, ზოგს სხვას სწყენს, ზოგისთვის საწამლავიც არისო! მიდით ინჟინერს ჰკითხეთ - უროზე რა შეხედულების ბრძანდებით-თქო? მოგიგებთ: მარჯვე ოსტატის ხელში კაი მოგეცესო, კარგი იარაღია, მაგრამ ბალღს თუ საცელქოდ გაუხდია, თავსაც გაურეჯგვსო“.

შემდეგ მსჯელობას აგრძელებდა და საფრანგეთია და თურქეთის კონკრეტული ნიმუში მოჰქონდა.

დიდებული, მშვენიერი, აღმტაცი მოვლენა იყოო 1870 წლის 4 სექტემბრის რევოლუცია საფრანგეთში. ამბოხებულმა ხალხმა ქვეყნის დამღუპველი მმართველობა ექვს საათში ნაგავივით მოხვეტა და მოუსავლეთში გადაუძახა. ხალხმა ახალი ხელისუფლება დაამყარა. მას მთელი ერი გაჰყვა, განურჩევლად წოდებისა, რჯულისა, პარტიებისა. ეს რევოლუცია ნ. ნიკოლაძეს მისაღებად მიაჩნდა, რაკი ხალხი მომზადებული და მომწიფებული იყო ამგვარი ცვლილებებისათვის. მაგრამ რევოლუცია ოსმალეთში ასეთი არ აღმოჩნდა. ჩვენი თაობა სხვა რევოლუციასაც მოესწრო, - აგრძელებდა იგი საუბარს, - ჩვენს მეზობლად ოსმალეთში. საუბედუროდ, არაფერი კეთილი იმას არ მოჰყოლია. ჯერ ერთი, უამრავი ხალხი იმსხვერპლა. მეორეც, ოსმალეთმა თითქმის ყველაფერი დაჰკარგა, რაც მოეძევებოდა: ტრიპოლი, ხმელთაშუა ზღვაში უპირატესობა. წააგო ომი იტალიასთან. ჩამოშორდნენ არა მარტო ქრისტიანები, მაჰმადიანებიც - არაბული ქვეყნები, ალბანეთი.

„აქედან სჩანს, - ასკვნიდა ნ. ნიკოლაძე, - რომ რევოლუციაც, ქინაქინის არ იყოს, ზოგან რგებს, ზოგან ვნებს, საფრანგეთში გამოდგა, ოსმალეთში არა. არ გამოდგა იმიტომ, რომ ხალხი დაუმზადებელი ყოფილა ცვლილებისათვის, მორიგ საქმეებზე ერთი აზრი, ერთი რწმენა მას არ ჰქონია“.

და, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში რევოლუციამ ივარგა, იქაც არ მიაჩნდა ნ. ნიკოლაძეს იგი აუცილებლად.

„საფრანგეთის რევოლუცია დიდია არა სისხლის რიცხვით, რომელიც ცოტათ თუ ბევრად უსაფუძვლოდ იქნა დაღვრილი მის მიერ, არა ომებით და გამარჯვებებით, არა ბრბოს გაშმაგებით, არამედ, იმ „კოდექსებით“, რომლებშიც არსებითად შესცვალეს საფრანგეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და მორალური ყოფა. და ამ კოდექსებში - რომელნიც ეხლა მიღებულია მთელი ევროპის მიერ - არ არის არც ერთი პწკარი, არც ერთი სტატია, რომელიც რევოლუციამდე ნახევარი საუკუნით ადრე არ ყოფილიყოს მოფიქრებული და დამტკიცებული მეცნიერების ან ლიტერატურის მიერ.

. . . . . . . . . . . . .

საფრანგეთში ის (ახალი წეს-წყობილება - ა. ბ.) მოხდა ძალდატანებითი წესით, მაგრამ შესაძლო იყო მომხდარიყო, თუმცა უფრო გვიან, სრულიად მშვიდობიანი გზით. რაკი მოგონებულია ახალი წყობილება, ძველმა ყოველ მიზეზს გარეშე, ადრე თუ გვიან, უნდა დაუთმოს მას ადგილი. ძალდატანებით თუ მშვიდობიანი გზით, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ასე თუ ისე, ადრე თუ გვიან, ეს შეცვლა აუცილებელია, როგორც სიკვდილი“.

იმის ნიმუშად, რომ ქვეყანას შეუძლია რევოლუციის თვინიერ აღორძინდეს ეკონომიკურ-სოციალურ-პოლიტიკურად, ნ. ნიკოლაძე ასახელებდა იაპონიას. მან 1894 წელს ჟურნალ „მოამბის“ მეცხრე წიგნში გამოაქვეყნა წერილი - „იაპონიის ბრძოლა ჩინეთთან“. ქართველ მკითხველს უამბო - როგორ აღორძინდა იაპონია განათლებით, ცოდნით, შრომით, დისციპლინით და დაასკვნა: „ძალა და ძლევა რიცხვს და სივრცეს კი არა, ცოდნას და ორგანიზაციას ეკუთვნის, იარაღს, წესს, დისციპლინას“.

ის კი, რაც სტატიის დასასრულს აქვს ნათქვამი, შეიძლება დღეს წინასწარმეტყველებად აღვიქვათ.

„იაპონიას ჩინურად ჯი-პენ ჰქვია, ესე იგი: „ამომავალი მზის სამეფო“. უწინ რა იყო, ვინ იცის და ეხლა კი მართლა ამომავალ მზესავით ჰფენს იაპონია ცოდნის და წესის სინათლეს, როგორც განდეგილის სენაკში, ისე გარშემოც, მეზობლებში“.

თუ ეს შეიძლებოდა ეთქვათ მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, რაღას ვიტყვით დღეს? იაპონიაში არ მომხდარა არავითარი სოციალური რევოლუცია. უბედურებაც დიდი დაატყდა თავს: დამარცხდა მეორე მსოფლიო ომში და ეპოქის ყველაზე გამანადგურებელი იარაღიც ამ ქვეყანაში გამოიყენეს. მაგრამ მაინც იაპონია თანამედროვე ცივილიზაციის, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეტალონი გახდა. ეს შედეგია იაპონელი ხალხის თვისებებისა: ნიჭის, ცოდნის, შრომისმოყვარეობის, დისციპლინის, ეროვნული ღირსების და თავმოყარეობის შეგნების.

იაპონია უტყუარი საბუთია იმისა, რომ ნ. ნიკოლაძე მართალი იყო, როცა დაბეჯითებით ითხოვდა ერის აღზრდა-განათლებას, მომზადებას, თვისებების გარდაქმნას, თანდათანობით ათვისებას იმისას, რასაც კაცობრიობამ უკვე მიაღწია.

„საზოგადოების კეთილდღეობა შეიძლება მიღწეული იქნას მხოლოდ ერთდროული და მრავალმხრივი განვითარებით: ყველა იმ ელემენტებისა, რომელთაგანაც შედგება ხალხის ცხოვრება“.

სანამ ერთდროული და მრავალმხრივი განვითარების გზას დაადგებოდა ქართველი ხალხი, მანამ ორი კითხვა იყო პასუხგასაცემი. პირველი - როგორი ტიპის მოღვაწე უნდა გაძღოლოდა ერს წინ და მეორე - რანაირად უნდა აღეზარდათ ხალხი.

როცა ნ. ნიკოლაძემ 1894 წლის ჟურნალ „მოამბის“ მეოთხე ნომერში დასტამბა წერილი - „კოშუთი და დეაკი“ - ცხადი გახდა ხალხის თავკაცის ის იდეალი, რომელზეც ქართველი პუბლიცისტი ოცნებობდა.

იგი წერდა: „...სასარგებლო იქნება მის (კოშუთის - ა. ბ.) დრამას დავაკვირდეთ მარტო გულის-მოსაფხანად და ასაღელვებლად კი არა, გონების გასახსნელად, სწავლისა და გამოცდილების შესაძენად, ისტორიის კანონების გასაგებად, იქნება ამ სწავლით და გამოცდილებით ვიხელმძღვანელოთ სხვადასხვა ისტორიული და საზოგადოებრივი მოვლენების ახსნისა და დაფასების დროს“.

რატომ უნდა გამხდარიყო კოშუთის ცხოვრება ქართველი ხალხისათვის ჭკუის მასწავლებელი? საქმე ის გახლავთ, რომ ლაიოშ კოშუთი უნგრეთი ხალხის გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე იყო. მან მთელი ცხოვრება უნგრელთა თავისუფლებას შესწირა. მას ამ თავისუფლების მიღწევა იარაღით, ბრძოლით, სისხლის ღვრით უნდოდა. იბრძოდა კიდეც. მაგრამ დამარცხდა. უამრავმა მსხვერპლმა არავითარი დადებითი შედეგი არ მოიტანა. ამბოხებულმა უნგრეთმა ვერ სძლია ავსტრიას და ჰაბსბურგთა ბატონობას თავი ვერ დააღწია. თავად კოშუთი კი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და თავი უცხოეთში შეეფარებინა.

კოშუთს უნგრეთში მეორე გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ფერენც დეაკი უპირისპირდებოდა. იგი სრულიად საწინააღმდეგო გზას ადგა და პრინციპულად არ იზიარებდა კოშუთის შეხედულებას. ნ. ნიკოლაძე ასე გადმოგვცემს დეაკის გეზსა და მისწრაფებას:

„...დეაკი და მისი პარტია მტკიცედ იცავდა უნგრეთის ერთობას ჰაბსბურგებთან და ჰქადაგებდა - მუდამ ერთგულნი უნდა ვიქნეთ ჩვენი ძველი კავშირისაო. ადრე თუ გვიან ჩვენი სიმართლე გასჭრის, ჰაბსბურგები ჭკუაში ჩავარდებიან და ჩვენ ჩვენსას მოგვანიჭებენო. ჩვენი სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ენაზე სამართალი და მმართველობა წარმოებდეს, ჩვენ საკუთარი ჯარი და ფინანსები გვქონდეს, ჩვენი არჩეული კანონმდებლობა, პარლამენტი და სამინისტრო. ჩვენი მეფე ჩვენს სატახტო ქალაქში, პეშტში უნდა გვირგვინდებოდეს წმინდა სტეფანეს გვირგვინითაო. ამას ყველაფერს, ადრე თუ გვიან, უთუოდ ვეღირსებით, თუკი ჩვენს სიმართლეს არ გადავუდგებით და კანონიერი გზით, მარტო კანონების საშუალებით ვეძიებთ ჩვენის უფლებების აღდგენასო.

მართლაც, დეაკის მშვიდობიანმა, მომთმენმა და გონივრულმა პოლიტიკამ მიაღწია მიზანს. 1867 წელს უნგრეთმა მიიღო ყველაფერი ის, რასაც დეაკი და მისი პარტია ითხოვდა და რაც კოშუთმა ბრძოლითა და სისხლით ვერ შეძლო.

ნ. ნიკოლაძეს მოსწონდა დეაკის მოღვაწეობა და, როცა დასჭირდებოდა მაგალითი იმისა, როგორ უნდა გაამარჯვებინო ერს უომრად და უსისხლოდ, იგი ამ სახელმოხვეჭილ უნგრელზე უთითებდა.

დეაკის საქმიანობის მოწონება თავისთავად გულისხმობდა იმასაც, რომ ნ. ნიკოლაძე არც კლასობრივი ბრძოლის მომხრე იყო. ევროპელი ისტორიკოსების და ფილოსოფოსთა ნააზრევის ჩინებულად მცოდნე, ცხადია, კარგად იცნობდა კლასობრივი ბრძოლის თეორიასაც და პრაქტიკასაც, მაგრამ მაინც მიუღებლად მიაჩნდა იგი ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველო იყო.

„იქნება ზოგმა ამის თაობაზე იფიქროს - როგორც მწერლები კიდეც ჰქადაგებენ რუსეთში - რომ აზნაურობაზე ზრუნვა, მისი დახმარება, ხელის გაწყობა, ჩვენი დროის საქმე როდიაო: მთელ ხალხს, მთელ ერს რა მოუხდება - ამაზე უნდა იყოს მიქცეული მწერლობისა და ქვეყნის ყურადღება და მეცადინეობაო. ერთი განკერძოებული წოდების საქმე განა მთელი ერის საქმეაო? ეს ცხადი ჭეშმარიტებაა რუსეთისათვის და რუსეთში, საცა აზნაურობა ერის ერთ-ფიორა ნაწილს შეადგენს. იქ ათას, ზოგან ათი-ათას ადამიანზე მარტო ერთი აზნაური ითვლება. ჩვენს ქვეყანაში კი აზნაურობის რიცხვი, დანარჩენ ხალხის რაოდენობასთან შედარებით, ერთობ დიდია: მთელს საქართველოში ათ ადამიანზე, ზოგან რვა ადამიანზე, ერთი აზნაური ითვლება. საცა აზნაურობის რიცხვი ამოდენად გამრავლებულა, იქ მას პირდაპირი გავლენა აქვს ხალხის ცხოვრებაზე და ერისა თუ ქვეყნის ბედზე...“

ნიკო ნიკოლძეს „საქართველოს პროლეტარიატისა და მშრომელი გლეხობის გრანდიოზული ბრძოლა“ კი არ აფრთხობდა, როგორც ამას ბრალად სდებდნენ, არამედ საქართველოს ეროვნული ყოფა-ცხოვრების თავისებურების გათვალისწინებას ითხოვდა. ეშინოდა თუთიყუშივით გაზეპირებულ დოგმებს ქვეყნისა და ხალხისათვის გამოუსწორებელი უბედურება არ მოეტანა. ის, რაც, ასე თუ ისე, გამართლებული და სწორი იქნებოდა სხვა ქვეყანაში, საქართველოში შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო. „როცა აზნაურობა მეათედ ნაწილს შეადგენდა მთელი ერისას, მაშინ მთავრობამ და მწერლობამ ყოველი ღონისძიება უნდა იხმაროს ამ ვეება წოდებას მისცეს პატიოსანი შრომით თავის რჩენის საშუალება“. მით უმეტეს, რომ ქართველი თავადაზნაურობის დიდი უმრავლესობა, გარდა ცარიელი ტიტულისა, ქონებრივად არაფრით განსხვავდებოდა გლეხისაგან. ხშირად გლეხზე ბევრად ღატაკიც იყო. „ჩვენი აზნაურობის უმეტესი ნაწილი რაოდენობითაც, შეძლებითაც და თვით სწავლითა და გამოცდილებითაც სწორედ იმნაირივე „ხალხია“, როგორც დანარჩენი ნაწილი ჩვენი ერისა. ბევრგან შეძლებით, ცხოვრებით, მიწაწყლის უკანასკნელი ნაკვეთი შემოეყიდება თუ ხელიდან გამოეცლება აზნაურობის უმეტეს ნაწილს, ჩვენშიც, პოლონიასავით, „უმიწაწყლო“, „ბოგანო“ წოდება (пролетарий), უმიწაწყლო აზნაურობა (дворянский пролетариат) გაჩნდება და გამრავლდება“.

ნ. ნიკოლაძის აზრით, თავადაზნაურობის გამრავლება შემთხვევით არ მომხდარა. იგი საქართველოს ისტორიული ცხოვრების კანონზომიერი შედეგი იყო.

„ჩვენს მეფეებს არც დანარჩენი ჯილდოები ჰქონიათ: დიდ-ძალი ფული, ან თავისუფალი მამული, ან მონები, ან ორდენები. დასჯის საშუალება ბევრი, უთვალავი იყო მათ განკარგულებაში: თავის მოკვეთა, თვალის დათხრა, მკლავის მოჭრა, ცოცხალის მიწაში ჩაფლვა და ჩაკირვა, ტყვედ გაყიდვა, ყმად გაცემა და სხვ. და სხვ. დაჯილდოვებაში კი მარტო თავადიშვილობის ან აზნაურიშვილობის ღირსება ჰქონდათ მინიჭებული. ამის ნამსახურსაც აჯილდოვებდნენ და თან სამხედრო წოდების რიცხვსაც უმატებდნენ, ჯარისკაცთ ამრავლებდნენ. ამას ისიც უნდა დავურთოთ, რომ შინაური უწესობის და გარეშე მტრის გამო, ჩვენში ერთობ ხშირად იცვლებოდნენ მეფეები და მთავრები. ავიდოდა თუ არა რომელიმე მათგანი მიტაცებულ ტახტზე, მაშინვე ყველა თავის დამხმარეს აჯილდოვებდა, რასაკვირველია, თავადის ან აზნაურობის ღირსებით. უწინდელ მეფეებისაგან გათავადებულ ან გააზნაურებულ გვარებს კი ახალი მეფე ღირსების ჩამორთმევას ვერ უბედავდა: მტრად რაზე მოვიკიდოო“.

ნ. ნიკოლაძეს არ მოსწონდა თავადაზნაურობის უქნარობა. „მისი (თავადაზნაურობის - ა. ბ.) ვნება იმაში მდგომარეობს, რომ უშრომოდ, უწარმოებლად, ქვეყნის ქონების მოუმატებლად, სხვის ხარჯზე ცხოვრობს, ბევრად უკეთესად, ვინემ მშრომელი ან შემძენი“. მაგრამ, იმასაც ითვალისწინებდა, რომ „ეს წოდება, უმრავლეს შემთხვევაში მაინც, ნარჩენი ნაშთია ქართველობის უმჯობესის წარმომადგენლობისა. მრავალი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრების ბრუნვას გულმოდგინედ უუღლებია, თითქო განგებ, მოდგმის გასაუმჯობესებლად“... ამიტომ თავადაზნაურობის განადგურების მაგიერ, იმაზე უნდა გვეფიქრა და გვეოცნება - როგორ ჩაგვება იგი საერთო ეროვნულ საქმიანობაში. თორემ სასაცილო ვითარება იქმნებოდა: ქართული მუშათა კლასი ჯერ არ არსებობდა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრი გვიბურღავდა ტვინს. ქართული თავადაზნაურობა არსებობდა და მისი განადგურება-მოსპობას ვისახავდით მიზნად. ისე არ გამოგვივიდესო, - აფრთხილებდა ქართველ საზოგადოებას ნ. ნიკოლაძე, - როგორც ანდაზა ამბობს: წამკიდებელო წაჰკიდე, ორივეს თავი წასწყვიტეო.

ნ. ნიკოლაძის აზროვნება ერთი თვისებით გამოირჩეოდა. მას არ სჩვეოდა რაიმე მოძღვრების ან დებულების პირწმინდად უარყოფა ან ხელაღებით აბსოლუტურ ჭეშმარიტებად გამოცხადება. მისთვის ყოველ ძალას, ყოველ საგანს და ადამიანის ყოველგვარ ნააზრევსაც შეფარდებითი მნიშვნელობა და შინაარსი ჰქონდა. „ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ მხოლოდ სასარგებლო იყოს, ან მარტო მავნებელი. ყოველი ძალა, როგორც ყოველი საგანი, ზოგჯერ სასარგებლოა კაცისთვის და ზოგჯერ მავნებელი. მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია. მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი მკურნალობს და უტვინო ბავშვი რძის საჭამანდშიაც კი დაიხრჩობა“. ამისათვის იგი ბევრს სკეპტიკოსადაც ჰყავდა მონათლული. ფხიზელი გონებიდან მომდინარეობდა და არა სკეპტიციზმიდან. მრავალფეროვან სამყაროში, სადაც ნაირ-ნაირი რასები, ხალხები, სოციალ-პოლიტიკური, ეკონომიკური სისტემები, ურთიერთდამოკიდებულებანი, ინტერესები, ცხოვრების წესი, ზნე-ჩვეულებანი, წარსული ტრადიციები, გეოგრაფიული გარემო, ტემპერამენტი, თვისება, ბუნება არსებობს, ყოვლად შეუძლებლად მიაჩნია რაიმე ერთი მოძღვრება, რაგინდ კეთილშობილი და ჭკვიანურიც ყოფილიყო იგი, ყველას თანაბრად გამოსდგომოდა, ყველასათვის ლხენა და შვება მოეტანა. როგორც ჭკვიანი ადამიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი, ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას სჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისათვის ჭკუა-გონება არ ყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება. თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება გახდეს მასხარა კაცობრიობის თვალში, თუ იგი რევოლუციისა და კლასობრივი ბრძოლის მოდას გამოდევნებული, სხვას წაბაძავს, სხვის დუდუკზე იცეკვებს.

„ჩვენში, განსაკუთრებით განათლებულ საზოგადოებაში, ის შემცდარი აზრი მეფობს, ვითომ აზნაურობაზე სჯა და ცდა „მოდნა“ როდიაო. ეხლა „მოდნა“ თურმე ქარხნების მუშებზე ზრუნვა ყოფილა. წარმოიდგინეთ ჩვენი უბედურება: ქარხნების მუშებზე უნდა ვიზრუნოთ, არც ქარხნები გვაბადია, არც ქარხნის მუშები! ეს უბედურება სწორედ იმას უდრის, როგორც ბოქაულების ცოლებს ემართებათ ხოლმე, სოფელში. ამოიკითხავენ საბრალოები „ნივის“ მოდების აღწერილობაში: «платье из гофрированного крепона цвета далии» და სხვ. არც ის იციან, ეს კრეპონი რაა, არც ის, სად იშოვნონ ან რით გაარჩიონ гофрированный негофрированный-საგან, ან ეს უცნაური ფერი цветы далии, - რა ფერია, მოუხდება ის მათ შავგვრემან ან თეთრგვრემან სახეს თუ არა და სხვ. ესეები არაფერი გაეგებათ, მაგრამ მაინც, დღე-და-ღამ, ღვიძავთ თუ სძინავთ, სულ гофрированный крепон цвета далии ელანდებათ თვალწინ. სანამ, ამგვარად, ჩვენც ამ უარსებო ქარხნის მუშებზე ვანთხევთ ცრემლს და სხვა უმოდნო რამეზე ზრუნვას ვთაკილობთ, ჩვენ საკუთარ მშრომელს, მიწის მუშას, ან მეაგურეს, ან მეკრამიტეს, ან ხუროს, ან მჭედელს ან დურგალს - ესენიც ხომ гофрированный крепон, უკაცრავად, სხვა-და-სხვა ქარხნების მუშები არიან - ლუკმა პური ვერ ჩაუდვიათ პირში ისე, რომ ვინმემ ძალადობით არ გამოსტაცოს. ვიდრე ჩვენ „მოდნა“ საგნებს ვეძებთ უცხოეთში, შინ „უმოდნო“ სარჩობელა აგვმართია, როგორც ერთად-ერთი ღონისძიება ჩვენებური საზოგადოებრივი კითხვების გარჩევისა, ჩვენი „უმოდნო“ წყლულის გარჩევისა...“

ნიკო ნიკოლაძე არა მარტო ბევრს წერდა, ბევრსაც აკეთებდა. კალმის კაცთან ერთად, საქმის კაციც იყო. ნ. ნიკოლაძის პრაქტიკული საქმიანობა, ბუნებრივია, გავლენას ახდენდა მის თეორიულ შეხედულებებზე. თუ საჭიროება, საქმე და აუცილებლობა მოითხოვდა, შეეძლო თეორიული შეხედულება გვერდზე გადაედო და ის ეკეთებინა, რასაც კონკრეტული ვითარება აყენებდა. მისთვის უპირველესი იყო საქმე. ამის გამო ვერ იტანდა ე. წ. პერმანენტულ რევოლუციაზე მოლაყბეებს.

„ამბოხება, რევოლუცია ქვეყნიერების არსებობაში ისეთივე იშვიათი „ერთ-წუთი“ მოვლენაა, როგორიც ელვა, მეხი. შესაძლოა განა, ადამიანი სულ იმას ნატრობდეს, რომ ჭექა-ქუხილი და მეხის ტეხა განუწყვეტელი იყოსო, რომ სხვა ძალა ქვეყანაზე არ მოქმედებსო და მუდამ მეხის მზადებაში ლევდეს თავის ღონეს? განა მეხი, ფურთვნა, მიწისძვრა კაცის ხელით მზადდება? უეჭველია, ღვინო ვერ დადგება, თუ შფოთიანი დუღილი არ გამოიარა. ტკბილი რომ დუღს, მისი სიბინძურეც ზედაპირზე ქაფად ფარფაშებს, დადუღების შემდეგ კი თხლედ შეიქმნება და ღვინოს ძირში მოექცევა. იქაც როდი დაიტოვება, თორემ ღვინოს აამყრალებს და დასჭანგავს. დუღილი, შფოთიანი დუღილი, ამნაირად საჭიროც არის, კეთილმყოფელიც. ნუთუ აქედან ის აზრი გამოდის, რომ ღვინო ნიადაგ უნდა დუღდეს? კაი შვილიც დადგება!

. . . . . . . .

ბრძოლას არ უარვყოფ, ვამბობ ბრძოლას შესაფერისი მზადება უნდა-მეთქი...“

რევოლუოციისა და კლასობრივი ბრძოლისადმი ნ. ნიკოლაძის დამოკიდებულებას კიდევ ორი საკითხი უკავშირდება. პირველი: როგორია ნ. ნიკოლაძის შეხედულებათა და რუსული რევოლუციური დემოკრატიული აზრის ურთიერთმიმართება და, მეორე: ნ. ნიკოლაძის დამოკიდებულება საერთოდ ომისდამი.

შევეხოთ ერთსაც და მეორესაც.

კი ბატონო, ნიკო ნიკოლაძე იყო „სოვრემენნიკის“ ერთგული და გატაცებული მკითხველი, ნ. ჩერნიშევსკისა და ნ. დობროლუბოვის პატივისმცემელი. დაუწერია კიდეც ეს და ვერც ვერავინ უარყოფს ამას. არც არავინ აპირებს. ოღონდ ყველაფერი ეს იძლევა განა იმის უფლებას, რომ ვთქვათ „ნ. ნიკოლაძე თავის თავს თვლიდა ჩერნიშევსკის ორთოდოქსალურ მიმდევრად“ და „ნ. ნიკოლაძეს გულწრფელად სჯეროდა, რომ ის ამ იდეების (ჩერნიშევსკისა და დობროლუბოვის - ა. ბ.) პოზიციაზე იდგა და მათი ერთგული დამცველი იყო?“ ვფიქრობ, რომ არა. ამის უფლებას მაძლევს თავად ნ. ნიკოლაძის გულღიად და გულწრფელად ნათქვამი.

როცა გაზეთ „იმერეთს“ ეპაექრებოდა, ქართველი რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის ნაკლად მათი მეტაფიზიკური აზროვნება მიაჩნდა. „ამ მოვლენის მიზეზი ის არისო - ამბობდა ნ. ნიკოლაძე, - რომ სოციალურ და პოლიტიკურ საგნების მასწავლებლად ახალგაზრდობას რუსეთში კანტისა და ჰეგელის მეტაფიზიკით გაჟღენთილი მწერლები ბელინსკი, გერცენი, ჩერნიშევსკი, ლავროვი, სტრუვე და სხვა ჰყავდა. ამ სკოლის გავლენისაგან თავის დახსნა და თანამედროვე მეცნიერული ეკონომიკის თუ პოლიტიკის შეთვისება მეტად ძნელია, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ გადაუთარგმნელია რუსულად თითქმის ყველა ის თხზულებანი, რომელთ მეოხებით ეს ორი დისციპლინაც ამ უკანასკნელ ხუთმეტი, ოცი წლის განმავლობაში მეცნიერულ მეთოდზე აშენდა. აი რა მიზეზით ბევრ ჩვენს მემარცხენეს თავი მეტად დაწინაურებულად მიაჩნია და ის კი ვერ შეუმჩნევია, რომ მისი აზრები მარტო მაძძინის დროს, ამ სამოცი წლის წინათ, ეპატიებოდა იმ დროის მოწინავეს. ეხლა კი მცოდნე კაცის თვალში უვიცობად ითვლება“.

როგორც ხედავთ, ნ. ნიკოლაძე სრულიად მოურიდებლად ამბობს, რომ ბელინსკი, გერცენი, ჩერნიშევსკი და სხვანი მეტაფიზიკურ მოაზროვნეებად მიაჩნია და თანაც სხვათა მეტაფიზიკის მიმდევრებად. ხოლო მეტაფიზიკური აზროვნება რომ ყოვლად მიუღებლად მიაჩნდა, ეს უკვე ვნახეთ. ამასთანავე საკითხავია ისიც - როგორ უნდა ყოფილიყო იმათი მიმდევარი, რომელთა მოწაფეობასაც სხვას უწუნებს? კიდევ ერთი დასკვნა გამოდის ციტირებული სტრიქონებიდან: ყოველი ადამიანი ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს ეპოქის აზროვნებას, თორემ უვიცობის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს.

ისევ მივუბრუნდეთ ზემოთ მოხმობილი სტრიქონების გაგრძელებას და ყური დავუგდოთ ნიკო ნიკოლაძეს: „... რა შედარებით ვხსნიდი იმ ბრძოლის უნაყოფობას, რომელიც მოწინავე რუსის პარტიამ ამ ოცდაათი წლის წინად მოახდინა და წააგო, ვადარებდი რუსეთის და საზღვარგარეთულ წრეებს (აქ ნ. ნიკოლაძე აციტირებს 1936 წელს «Былое»-ში დასტამბულ თავისივე მოგონებას. №9. გვ. 254):

„აქ (რუსეთში) ისეთი პირები მეთაურობდნენ, რომელთაც სრულიად არაფერი გაეგებოდათ არც ფინანსების, არც ტექნიკის, არც ვაჭრობის, არც თავიანთი ქვეყნის ეთნოგრაფიის სამხედრო ან საზღვაო საქმეზე ხომ რაღა ლაპარაკი უნდა. სწავლა თითქმის ყველას ჰქონდა - რაცა ებადა - მარტო ლიტერატურული, ფილოსოფიური ან იურიდიული, ისიც ვიწრო სამსაჯულო მხრის. საზღვარს გარედ კი ყველა პოლიტიკური პარტიის კადრი და შტაბი სხვა და სხვა სპეციალისტების საჩინო მოღვაწეებისაგან არიან შემდგარნი. პარტიებს იქ მეტად რთული სასიცოცხლო საქმეები მორიგად უდგათ წინ, რომლის მართვა ერთობ მარჯვე ღონისა და ცოდნის მოხმარებას თხოულობს. ამიტომაც მეთაურებს გავლენის შერჩენა როდიღა შეუძლიათ მარტო ფრაზების რახა-რუხით ან მიუწვდომელი სიმაღლისაკენ ფრთების ფართხალით. რუსეთში კი თვალსაჩინო საზოგადო, თვით მწერლური მეთაურობა - თითქმის „ფიქრთ მეუფება“ - ერთობ ღარიბი ცოდნის პატრონებს ებარათ. ესენი თავიანთ თავს და საზოგადოებას მუდამ მარტო იმ საკითხებს გარდაუშლიდნენ, რომელიც ჟან-ჟაკ რუსოს, ან კიდევ მასზე უფრო ძველებსაც გადაღეჭილი ჰქონდა“ („ჩემს პოლიტიკაზე“).

თუ ნ. ნიკოლაძის ნათქვამს გულმოდგინედ დავაკვირდებით, სულ ცოტა სამ დასკვნას მაინც გამოვიტანთ.

პირველი: ნ. ნიკოლაძის სიტყვით, რუსული რევოლუციური დემოკრატიული აზრი პრაქტიკულად უნაყოფო აღმოჩნდა. ცხადია, თუ აზრი უნაყოფოდ მიგაჩნია, მისი მიმდევარი ვერ იქნები.

მეორე: ნ. ნიკოლაძე დიდ უპირატესობად მიიჩნევს იმას, რომ ევროპულ პარტიებში სხვადასხვა ტექნიკურ-მეცნიერული სპეციალობის ადამიანები თავკაცობენ და არა მარტო ჰუმანიტარები, როგორც ეს რუსულ პარტიებში იყო. მაშასადამე, ქართველი პუბლიცისტი მხარს უჭერს ტექნოკრატიულ მმართველობას. აქაც წინასწარმეტყველის როლში გამოვიდა იგი. ესეც იმას მეტყველებს, რომ ნ. ნიკოლაძე ვერ იქნებოდა რუსული რევოლუციური დემოკრატიული აზრის მიმდევარი.

მესამე: ჟან-ჟაკ რუსოს მოხსენიება ირონიულ კონტექსტში უკვე მოწმობს იმას, რომ ნ. ნიკოლაძისავის რუსული რევოლუციური დემოკრატიული აზრი საკმაოდ მოძველებულად გამოიყურებოდა.

როგორც კარგად ცნობილია, რუსულ რევოლუციურ დემოკრატიას სოციალიზმის საუკეთესო საფუძვლად მიაჩნდა რუსეთში შემორჩენილი თემი და თემური მიწათმფლობელობა.

რუსული თემური სოციალიზმი შეუძლებელია ყოფილიყო ნ. ნიკოლაძისათვის იდეალი. საქართველოში, რუსული გაგებით, არც თემი არსებობდა და არც თემური მიწათმფლობელობა. სოციალიზმის თემური საფუძვლები უცხო იყო ჩვენთვის. თემური სოციალიზმი ან მიბაძვით, ან ძალდატანებით შეიძლებოდა დაწესებულიყო საქართველოში. ნ. ნიკოლაძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო როგორც მიბაძვის, ისე ძალდატანებისა. ყოველ ხალხს საკუთარი ძალით, საკუთარ ნიადაგზე, საკუთარი შეხედულებით უნდა მოეწყო მომავალი წეს-წყობილება და ცხოვრება. „ყველა ხალხს თავისი განსაკუთრებული ხასიათი და ზნე აქვს, რომ რუსს ვერავინ გაანემეცებს, ქართველს ვერაკაცი გაარუსებს, შესაძლებელია ქართველს ჩოხის მაგიერ ზიპუნი ჩააცვა, ბოხოხის მაგიერ შაპკა დაახურო, ქალამნის მაგიერ - წაღა მისცე, მაგრამ ხასიათი და ზნე, სისხლი და ბუნება კი მაინც ქართველის დარჩება... და როცა ამ ბუნებას ძალას დაატან, როცა მოინდომებ, რომ რუსმა ფრანცუზსავით იხტუნაოს, ან ნემეცსავით იშრომოს... მაშინ ხიფათს შეეყრები, საქმეს წაახდენ, ქვეყანას ავნებ...“

თუ რუსული რევოლუციურ-დემოკრატიული აზრის ერთ-ერთი ძირითადი იდეალი (თემური სოციალიზმი) ნ. ნიკოლაძისათვის მიუღებელი იყო, რაღა მიმდევრობაზე შეიძლება ლაპარაკი?

ნ. ნიკოლაძე ყოველი ხალხის თანდათანობით განვითარების მომხრე იყო. დასაშვებია, ზოგიერთმა ხალხმა განვითარების გზა სწრაფი ნაბიჯით გაიაროს, ზოგიერთმა - ტაატით, მაგრამ განვითარების თანდათანობითობა არ უნდა დაირღვეს. „ნაბიჯ-ნაბიჯად იდგამს ფეხს კაცობრიობა და წინ მიდის... მართალია, ზოგი ხალხი ადვილად ან უცფათ გაირბენს ამ ნაბიჯებს, ზოგი კი ლოკოკინასავით ფორთხვით გადაჩოჩდება ამ გზაზე. ზოგი ამ ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმას ოცს, ოცდაათს წელიწადს მოასწრებს, ზოგი კი ორ-სამ საუკუნეებსაც მიიალევს ამ გავლას... მაგრამ ეს კია ყოველთვის, რომ აღნიშნული გზა და ნაბიჯები აუცილებლად გასავლელი აქვს ყოველ ხალხს (ხაზი ჩემია - ა. ბ.), რომელიც გონებითს ცხოვრებას ეჩვევა ან საზოგადოებრივ ჩვეულებას ითვისებს...“

რუსულ რევოლუციურ-დემოკრატიულ აზრს ეს თანდათანობითობა აუცილებლად არ მიაჩნდა სოციალიზმის დასამყარებლად. რაკი რუსეთში თემი არსებობდა და თემური მიწათმფლობელობა, რევოლუციონერ-დემოკრატები ფიქრობდნენ, რომ თემისა და თემური მიწათმფლობელობის წყალობით რუსეთს შეეძლო ნახტომის გაკეთება და სრულიად არ თვლიდა აუცილებლად სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების იმ გზის გავლას, რაც ევროპამ გაიარა.

„მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიაროს ევროპული განვითარების ყველა ფაზა“.

„ბუნებრივად ისმის კითხვა: მოვალეა თუ არა რუსეთი გაიაროს ევროპული განვითარების ყველა ფაზა თუ მას ელის სრულიად სხვა რევოლუციური განვითარება? მე მტკიცედ უარვყოფ ამგვარ გამეორებების აუცილებლობას“, - ამბობდა გერცენი.

ვფიქრობ, ძნელი დასანახი არ არის, რომ ნ. ნიკოლაძისა და რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების შეხედულებანი ამ საკითხშიც ძირეულად განსხვავდება.

მით უმეტეს, უცხო იყო ნ. ნიკოლაძისათვის ხალხოსნური სოციალიზმის იდეა. იგი ტერორისა და ცალკეული გმირების საშუალებით იმედოვნებდა მონარქიის დამხობას და სამართლიანი წეს-წყობილების დამყარებას. როცა „ხალხოსნური სოციალიზმის“ წარმომადგენლებმა ნ. ნიკოლაძეს თანამშრომლობა შესთავაზეს, მან პირდაპირი და აშკარა უარით უპასუხა: „მას (ხალხოსნურ სოციალიზმმა - ა. ბ.) სჭირდება ლირიკოსი, რომელსაც სწამს გმირობის შემოქმედებითი ძლიერება, ტერორისა და ბრძანების სასწაულებრივი ძალა. მე კი ასეთი არა ვარ; ჩემი აზრით, პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ ხალხის ძალასა და შეგნების თანამიმდევრულ აღმავლობაზე. როგორც ერობის წარმომადგენელი, მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის სოციალ-რევოლუციური პარტია ამაოდ ხარჯავს ქვეყნის საუკეთესო ძალებს იმ გმირული ბრძოლისათვის, რომელიც არამც თუ აახლოვებს, არამედ სულ იქით და იქით სწევს ხალხის თვითმმართველობასა და კეთილდღეობის ერას“.

ამასთან ერთად, როგორც უკვე ითქვა, ნ. ნიკოლაძეს აცვიფრებდა „ხალხოსნური სოციალიზმის“ წარმომადგენელთა უცნაური თვისება - მონარქისადმი სიძულვილის მოულოდნელი და ანაზდეული გადასვლა ხელმწიფისადმი სიყვარულში.

რუსეთის იმპერიის გარდაქმნის მოსურნეთა ხელმწიფე-იმპერატორისადმი ერთგულების შემაძრწუნებელ სურათს აღწერს ნ. ნიკოლაძე:

„არასოდეს დამავიწყდება ის სასოწარკვეთილება, რომელიც ჩემზე მოახდინა გლებ უსპენსკისთან წასვლამ 1882 წ. გაზაფხულზე, ქ. ჩუდოვოს მახლობელ სოფელში. ჩვენ მასთან წავედით, რათა შევთანხმებოდით ადრესის თაობაზე, რომელიც ყველა ლიტერატორის ხელმოწერით უნდა მიერთმიათ ალექსანდრე მესამისათვის ბეჭდვითი სიტყვისა და პოლიტიკური პატიმრების სასარგებლოდ. აქ იყვნენ მ. ა. ანტონოვიჩი, ს. ნ. კრივენკო, ნ. კ. მიხაილოვსკი, ნ. ვ. შელგუნოვი და ზოგი კიდევ სხვაც. არც ერთ ჩვენგანს მიზნად არ ქონია, როგორც ამას ევროპელები სჩადიან საერთოდ, შეედგინა მოქმედების გეგმა, რომლის მეშვეობითაც არსებული ძალებით და საშუალებებით შეიძლებოდა მიგვეღწია მეტი სარგებლობისათვის შემდგომი განვითარებისა და პროგრესის საქმეში. ყველა ერთიმეორის მიყოლებით სდევდა ქიმერას - მე უფრო მეტი და უფრო უკეთესი შემიძლია ვისურვოო! გლებ ივანეს ძე თავისი გაოცებული და მუდამ განცვიფრებული თვალებით მისჩერებოდა მოლაპარაკეს. - არაფერი ამის მსგავსი არაა საჭირო, - ეუბნებოდა ის ყველას, - ჩავიცვათ ფრაკები და ჯგროდ გავეშუროთ იმპერატორისაკენ, როგორც გლეხები მიდიან ხოლმე. გლეხებივით ჩავუვარდეთ მუხლებში და ვუთხრათ: „თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენ არაფერი გვინდა! მხოლოდ ციხეები გააღეთ და გაათავისუფლეთ ყველა. მაქსიმე ალექსის ძევ, ხომ წამოხვალთ? თქვენც ხომ წამოხვალთ, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძევ? - ისევე, როგორც სხვა, არც მე ჩამოვრჩები მათ! - პასუხობდა მ. ა. ანტონოვიჩი.

- წავალთ, უთუოდ წავალთ! - განაგრძობდა გლებ ივანეს ძე - გლეხები ხომ დადიან, ჩვენც მათსავით უნდა ვიმოქმედოთ.

- თქვენც ხომ წამოხვალთ, ნიკოლოზ იაკობის ძევ? - სარკასტულად გამომაჯავრა მ. ა. ანტონოვიჩმა. მე კი ცრემლები მახრჩობდნენ: არა, მათ არ შეუძლიათ ქვეყნის გარდაქმნა“.

სიყვარულსა და ერთგულებაში გარდამავალი სიძულვილი ნ. ნიკოლაძეს თავზარს სცემდა. ორი მხრივ იყო იგი საშიში. ერთი მხრივ, გასარკვევი იყო, მონარქიის დამხობის შემთხვევაში რუსული რევოლუციური აზრი შეცვლიდა თუ არა დესპოტიას? თუ ინდივიდუალური დესპოტია შეიცვლებოდა კოლექტიურით? მეორე მხრივ, რუსეთის მონარქიას საფუძვლად ედო კულტურისა და პროგრესის შეურიგებელი მტრობა. თუ მმართველობის დესპოტიური არსი არ შეიცვლებოდა, მაშინ არც კულტურისა და პროგრესის მტრობა მოიშლებოდა.

ნ. ნიკოლაძე არსებითად განასხვავებდა მმართველობის ორ ფორმას - ბიზანტიურ-რუსულსა და ევროპულს. მმართველობის ამ ორ ფორმას საპირისპირო ხასიათი და თვისება ჰქონდა. თუ ბიზანტიურ-რუსულ მმართველობაში „მთელი სახელმწიფოს ცხოვრება და ტრიალი მარტო მეფის ან დესპოტის სურვილზე, ნებაზე და შეხედულებაზე იყო დამყარებული, ევროპაში არსებობდა სხვადასხვანაირი სიმართლე, კანონი, ტრადიცია, სისტემა და ბოლოს მეცნიერებაც...“ თუ ბიზანტიურ-რუსულ მმართველობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მეფის პიროვნებას, ევროპულ მმართველობაში ხელმწიფის პიროვნება არსებით როლს არ ასრულებდა. მაგალითად მოჰყავდა ლუი XIII, რომელსაც ნ. ნიკოლაძე უნიათოს, ჯაგლაგს, უხეიროს, უსუსურს უწოდებდა. მაგრამ თან დასძენდა - საფრანგეთში მას არაფერი დაუქცევიაო. რაკი ქვეყანას კანონ-სამართალი განაგებდა, მმართველი წრეც ამ კანონ-სამართლის საფუძველზე მოქმედებდა. ბიზანტიურ-რუსულ მმართველობაში კი საქმე ბრმა ბედს მიჰყავსო. თუ მეფე ჭკვიანი და გონიერია, მაშინ კიდევ არა უშავს რა: ქვეყანას შეიძლება უბედურება არ ეწიოს. მაგრამ თუ ხელმწიფე უტვინო და უგუნურია, ყველაფრის დაღუპვა შეუძლია, რაკი კანონსამართალი კი არ მართავს, არამედ მეფის პიროვნული ნებასურვილი. რუსეთის და საქართველოს ევროპისაგან ჩამორჩენა სწორედ მმართველობის წესმა განაპირობაო, - ასკვნიდა ნ. ნიკოლაძე.

ახლა ვრცელი ამონაწერი უნდა გაგაცნოთ, რომ მკაფიოდ დავინახოთ - რა განსხვავებაა, ნ. ნიკოლაძის აზრით, ბიზანტიურ-რუსულ (ანუ რაც იგივეა, აზიურ) მმართველობასა და ევროპულ მმართველობას შორის.

„ბიზანტიაში, და საზოგადოდ აზიაში, სადაც ყველას დედააზრი ის არის, რომ „მე ვარ და სხვა არავინო“, ყოველი ახალი თაობა, ყოვლად უაზრო, გაუზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს. აქ ნიადაგ შინაგანი ბრძოლაა ერთი თაობისა მეორის, უწინდელის წინააღმდეგ, ბრძოლა მარტო პირად მადაზე დამყარებული. ყველაფერი მარტო ერთ კაცზე ტრიალებს და დაწესებულებაზე. ის კაციც ნელ-ნელა იმ შეხედულებას იღებს, რომ მე ვარ, სხვა არავინო, ყველა მე უნდა მემსახუროს და არა ქვეყანასო. ქვეყნის, ერის, იდეალის ხსენება თანდათან ქრება დიდში და პატარაში. დესპოტის სამსახური და ქვეყნის ან იდეალის სამსახური დიდად განსხვავდებიან ერთი-ერთმანეთისაგან. ქვეყანას ყველა სახელისთვისაც აკლავს თავს, დესპოტი კი უნდა ყიდულობდეს ერთგულ, თავგამეტებულ მსახურებს. ევროპელი მთავარი, ევროპული წეს-წყობილება ენერგიას და ენტუზიაზმს მით აღვიძებს მსახურებში, რომ მამულის, იდეალის სარგებლობას ახსენებს. აზიის დესპოტს კი მარტო ოქროთი და ვერცხლით, მარტო თვალ-მარგალიტით შეეძლო წაეხალისებინა მისი მსახურები. აქედან წარმოებს უაღრესი თვისება აზიური დესპოტიზმისა: სიმდიდრის გამოფენა, ნიადაგ აბრწყინება თვალ-მარგალიტისა, ოქროთი შემოსვა პორფირისა... ერთი სიტყვით, აზიური, ბიზანტიური ხასიათი ცდილობს, დაბადოს და გაავრცელოს ხალხში თაყვანისცემა ბრჭყვიალა თვალ-მარგალიტისა, რომ ამ თვალ-მარგალიტის დაპირებით ან ჩუქებით შეიძინოს ერთგული მსახურები პირადი მფლობელობისა. რაღა თქმა უნდა, რომ ეს განზრახვა ყოვლად აუსრულებელია, რაკი კაცს, თაობას, ერს უაღრესს წმინდაწმინდათად ოქრო და თვალ-მარგალიტი ეძლევა, მსახურები მისი იქნებიან, ვინც უმეტესს დაჰპირდება, ესე იგი, დღეს ჩემი, ხვალ სხვისი, ზეგ გარაყანიძისა და ბოლოს - გარეშე მტრის. აი ორი უაღრესი, უძველესი მიზეზი ბიზანტიური ხასიათის მავნებლობისა და ორივე ცარიელ პირადობაზეა დამყარებული: პირადი მოქმედება, პირადი მიზანი, პირადი სიხარბე. რაღა ფიქრი და ლარი უნდა, რომ ამ წესით მორთული ქვეყანა ვერასოდეს ვერ მიეწეოდა იმ ქვეყნებს, სადაც წინააღმდეგი წესი სუფევდა: საერთო, საზოგადო, საერო დაწესებულება ქვეყნის სამსახურის გასაწევად, ქვეყნის სიმართლის და სიკეთის დასაცველად...“

ნ. ნიკოლაძე, მთელი სიცოცხლის მანძილზე, თავგადადებული და თავგამეტებული დამცველია თავისუფალი აზრის, ცოდნა-განათლების, მეცნიერება-ტექნიკის, მათ საფუძველზე ქვეყნის აღორძინებისა და ხალხის ყოფა-ცხოვრების ამაღლებისა. რაც ბოჭავს, ხელს უშლის, აბრკოლებს თავისუფალი აზრის არსებობას, ცოდნა-განათლების შეძენას, მეცნიერება-ტექნიკის განვითარებას, მას ნ. ნიკოლაძე კატეგორიულად უარყოფს. ბიზანტიურ-რუსული მმართველობა ბოჭავს, ხუნდებს ადებს, გასაქანს არ აძლევს თავისუფალ აზრს, ცოდნა-განათლებას, მეცნიერება-ტექნიკას, მაშასადამე, იგი (ბიზანტიურ-რუსული მმართველობის სისტემა) დასაგმობია, მოსასპობია. მაგრამ სოციალ-რევოლუციონერები, რომელნიც ნ. ნიკოლაძეს თანამშრომლობას სთავაზობენ, სხვაგვარად ფიქრობდნენ. მათ შესაძლებლად მიაჩნდათ თვითმპყრობელობასთან შერიგება. თავად ნ. ნიკოლაძე ასე ამბობს: „არ არსებობს არავითარი პრინციპული დაბრკოლება ამ სოციალური მოძღვრების (ხალხოსნური სოციალიზმის - ა. ბ.) სრული და გულწრფელი შერწყმისათვის თვითმპყრობელობასთან“. რაკი ასეა, ნ. ნიკოლაძე ვერც ბიზანტიურ-რუსული მმართველობის სისტემას მიიღებს. იგი მომხრეა ევროპული მმართველობის სისტემის.

ყველა ხედავს გარეგნულ მხარეს: ნ. ნიკოლაძე რუსი რევოლუციონერი დემოკრატების, სოციალ-რევოლუციონერების ნაცნობი და მეგობარია. ზოგჯერ თანამშრომლობს კიდეც მათთან. მაგრამ ძალიან ცოტანი თუ ამჩნევენ იმას, რომ შინაგანად და არსებითად ნ. ნიკოლაძე მათ აზრს არ იზიარებს, არ ეთანხმება. სრულიად სხვაგვარი შეხედულება აქვს. გარეგნულისა და შინაგანის შეუთანხმებლობის დაუნახაობამ გამოიწვია გაუგებრობა ნ. ნიკოლაძის სიცოცხლეშივე და მერეც, მისი მემკვიდრეობის შესწავლისას. რისი დანახვაც ბევრს გაუჭირდა, იოლად შეამჩნია და ამოიცნო ჟურნალმა „კლდემ“ (1913 წ. №33, გვ. 10). რაკი იმას მთლიანად ვიზიარებ, რაც „კლდემ“ თქვა, ჩემი მსჯელობით თავს აღარ შეგაწყენთ და სრულად გაგაცნობთ ჟურნალის აზრს:

„ბევრჯერ დავფიქრებულვარ და დღემდე არ მქონდა კარგად შეგნებული, თუ რათ აითვალწუნა ჩვენმა ინტელიგენციამ საუკეთესო შვილი ნიკო ნიკოლაძე, ახლა კი მესმის. ნიკოლაძე და რუსეთში ნასწავლი ინტელიგენცია ორი ანტიპოდია, სულ სხვა და სხვა ტიპები. ნიკოლაძე სულითა და გულით ევროპელია, ევროპაში ნასწავლი, ევროპის იდეებით გამსჭვალული, ევროპის ტეხნიკა-ინდუსტრიის მცოდნე, ინიციატივის კაცი, პრაქტიკი და საქმიანი, ჩვენი ინტელიგენცია კი უმთავრესად აღზრდილია რუსეთის სკოლაში, ამ სკოლის მონური სულით, ჩინოვნიკური რუტინით და სხოლასტიკით გაჟღენთილი. ამიტომ ჩვენი ინტელიგენტები უმთავრესად არიან თეორეტიკოსები, მეოცნებე, აკადემიური მსჯელობის ხალხი. ამათი სფეროა თბილი კაბინეტი, რბილი სავარძელი, უნიადაგო თეორიული მსჯელობა, მეტა-ფიზიკური მორალი და სხვა და სხვა პარტიულ-პოლიტიკური ოცნება-ფანტაზიები. ნიკოლაძე კი უწინარეს ყოვლისა მუშაკია დაკაპიწებული ხელებით, ცხოვრების ტეხნიკი და ლაბორანტი. იგი რეალისტია, რეალურ პოლიტიკის მაწარმოებელი, ცხოვრების მცოდნე, მის ქარტეხილში ჩავარდნილი. ძალა უნებურად იქცევა ისე, როგორც უკარნახებს მას ცხოვრების სასტიკი სინამდვილე. ეს არ ესმის ჩვენს ინტელიგენციას და არც სურს შეიგნოს. ნ. ნიკოლაძის ასეთ მოქმედება-პოლიტიკას ჩვენ ცხოვრებაში უსუსური ინტელიგენტები ნათლავენ ოპორტუნიზმად, ქვეყნის ღალატად და თვით ნიკოლაძეს კი ეძახიან რენეგატს, რუტინიორს და რეაქციონერს“.

პოლემიკის საგანი იყო ნ. ნიკოლაძის ომისადმი დამოკიდებულებაც. რაკი ილუზიებით ცხოვრებას ვერ ეთვისებოდა, არც ამ საკითხში აურჩევია მეოცნების როლი.

ომი ნ. ნიკოლაძისათვის საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი იყო და არ უყურებდა მას, როგორც მხოლოდ და მხოლოდ უბედურებას. ომი კაცობრიობის პროგრესის სტიმულიც ყოფილა.

„... კაცობრიობას ომი რომ არ გამოეგონა და აქომამდი არ გამოეზოგა, კაცობრიობის ცხოვრება დაიბადებოდა და კაცის ტვინს ხავსი მოეკიდებოდა.

მართალია, ზოგნი ამბობენ (და, გამოვტყდები, მეც ხანდახან ამ აზრისა ვარ), ვითომ ხალხებს შუა სწავლის და ხელოვნების ასპარეზზე უნდა იყოს გამართული ომიო, ვითომც ეს ახალნაირი ომიც მოძრაობაში მოიყვანს კაცობრიობის ტვინს და მის ცხოვრებას გააუმჯობესებსო, მაგრამ...

მაგრამ, ჩემო მკითხველო, ეს როდის იქნება, ღმერთმა იცის, ეხლა კი, ჯერ-ჯერობით, ამისთანა უცხო და უსისხლო ომის მაგიერობას ჩვენს ცხოვრებაში სისხლის მღვრელი ომი შვრება...“

ბუნებასა და საზოგადოებაში მარტო გონიერება არ არსებობს. არსებობს უგუნურებაც, სიხარბეც, ძალადობაც. უგუნურს, ხარბს, მოძალადეს სხვისი სამშობლოს, სხვისი სიმდიდრის, სხვისი მიწა-წყლის მითვისება უნდა. ადამიანმაც, ხალხმაც, ქვეყანამაც ამგვარი მოძალადისაგან თავი უნდა დაიცვას. თავდაცვითი ომი სამართლიანი და წმიდაა. როცა გერმანია-საფრანგეთის ომი დაიწყო, საფრანგეთს ნაპოლეონ III იმპერატორობდა. ნ. ნიკოლაძეს არც ნაპოლეონ III და არც მისი მმართველობა არ მოსწონდა. მაგრამ ომში მაინც საფრანგეთის მხარე ეჭირა. ფრანგები მაშინ სამშობლოს იცავდნენ და იმიტომ. „... მაგრამ, ვინც უნდა იყოს ეხლა საფრანგეთის მმართველათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმისთანა წმინდა და მშვენიერ საქმეში, როგორც მამულის დაცვაა უცხო ქვეყნელების უღლიდან...“

ისტორიამ თვალნათლივ აჩვენა, რომ თუ ბრძოლა და თავდაცვა არ შეუძლია ერს, სხვისი მსხვერპლი გახდება. მართალია, ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა თავისუფლებაზე, სხვადასხვა ხალხთა თანასწორობაზე, მაგრამ „საუბედუროდ, ჯერჯერობით ერთობ ცოტაა, განათლებულ ქვეყნებში იმათი რიცხვი, ვისაც ეს სწავლა მართლა სისხლსა და ხორცში გასჯდომოდეს და მოქმედების კანონად გახდომოდეს“. უმრავლესობა ძველებური კანონითა და ზნე-ჩვეულებით ცხოვრობს. სრულიად არ ერცხვინება სუსტი ხალხების ძარცვა-გლეჯა. „იმავე მიზეზის ძალით, რომლითაც მე და შენ, ჩემო კარგო მკითხველო, ვერ ვგრძნობთ ჩვენს საკუთარს უსამართლობას, დანაშაულობას და სისაძაგლეს, როცა უმანკო კრავს ან ხბოს ვკლავთ, ან ვაკვლევინებთ, ჩვენის კუჭის გასაძღომად. ევროპელი ხალხი - ჩვენთვის ერთობ საჭიროა გავიგოთ, გონებაში ჩავიჭედოთ და ნიადაგ გვახსოვდეს ეს გარემოება - ევროპელი ხალხი-მეთქი სწორედ იმ თვალით უყურებს ყოველს სხვა უკან-ჩამორჩენილს, უძლურს და უმეცარს ხალხს, როგორითაც ჩვენ თვითონ ცხვრის ფარას დავცქერით“.

გასაკრეჭი და დასაკლავი ცხვრის ხვედრი რომ აიცილო, ერთადერთი გზა არსებობს: გაძლიერება, ეკონომიკურიც, პოლიტიკურიც, კულტურულიც. პატარა ქვეყანაა შვეიცარია, მაგრამ მის ხელყოფას ვერავინ ბედავს. და არა იმიტომ, რომ უძლეველი არმია ჰყავს, არამედ იმად, რომ უძლეველი სული აქვს. გაძლიერებული, გამაგრებული და ჩაქვითკირებული ცოდნით, შრომით, სიმდიდრით, კულტურით. სხვა კი არა ჰყავს მაგალითად დასახული, თავად არის სხვისი მაგალითი და ნიმუში. ამიტომ ძლიერი და ხარბი სახელმწიფოებიც კი მორიდებით შესცქერიან, ვერაფერს უბედავენ. შვეიცარია და მისებრ პატარა ევროპული ქვეყნები ხმამაღლა გვეუბნება: „თავისუფლება, თვითარსებობა მარტო მაშინ არის და მარტო მანამდინ არის ამ წმინდა სახელების ღირსი, სანამ ხალხი ტოლსა და სწორს არ გამოაკლდება და უკან არ ჩამორჩება, სანამ მისი ცხოვრება საძრახი და სამარცხვინო არ გამხდარა სხვა ხალხების თვალში. სანამ ის კეთილშობილური გრძნობებით სავსეა: უმჯობესებს უდრიდეს სწავლით, ზნეობით, ღირსებით, სანამ არავინ თაკილობს მასთან საქმის დაკავებას, დაახლოვებას“.

ნ. ნიკოლაძის ნააზრევში ომისადმი დამოკიდებულებაც შეფარდებითია. ეს შეფარდებითობა გამოწვეულია იმით, რომ საერთოდ არსებობა ბრძოლაა, იქნება ეს პიროვნების, ერის თუ მთელი კაცობრიობის არსებობა. არსებობისათვის ბრძოლაში, მართალია, სხვის დაჩაგვრა-დამონებას არ უნდა ცდილობდე, მაგრამ არც ისეთი უსუსური, უძლური და უღონო უნდა იყო, რომ სხვა მოგერიოს და ქედზე უღელი დაგადგას. ეს რომ შეძლო, მისთვის ძალაც არის საჭირო, ცოდნაც და თავისი თავის იმედიც.

„მთელი ბუნება, ამაზე ტრიალებს და ბევრიც რომ ვიგოდოთ ან ვიქადაგდოთ, ამ არსებითს კანონს ადამიანის ძალა და გონება ვერ შეცვლის, ვისაც თავისთვის, თავის ერის და ქვეყნის ამაღლება და ბედნიერება ჰსურს, ის არც თვითონ იქნება სხვისი იმედით, არც თავისიანებს შეაჩვევს სხვის თვალებში შეჩერებას. ის თავის მარცხს სხვას კი არ მიაწერს, თავისთავს დააბრალებს, რომ მერმისისათვის მაინც გასწორდეს და გაძლიერდეს. კერძო პირსაც, საზოგადოებასაც, ერსაც თავის ცხოვრება, ბედი და იმედი მარტო საკუთარ შრომაზე და ღონეზე უნდა ჰქონდეს დაფუძნებული. მარტო ეს საძირკველია შეურყეველი, მარტო მასზე შენდება მტკიცედ საკუთარი შენაძენიც და სხვისი დანახმარიც“.

ადამიანი თავისი თავის იმედით, საკუთარი ძალითა და შრომით იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ ზედმიწევნით ზუსტად ექნება შესწავლილი ბუნების კანონები, რაკი ყველაფერი ამქვეყნად ამ კანონებს ექვემდებარება და ემორჩილება. „ბუნებაში ყველაფერი ბუნების კანონს ემონება და მისგან იღებს თავის ძალას და სიცოცხლეს“.

ჰოლანდიელები დაჭაობებული ზღვის ნაპირის მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. შრომაც ძნელი იყო იქ და არსებობაც. მაგრამ მათ მოახერხეს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა. არა იმით, რომ ბუნების კანონი შეცვალეს, არამედ იმით, რომ ის კანონები შეისწავლეს, გარემო-პირობების საიდუმლო ამოხსნეს და მერე ცოდნით შეიარაღებულნი ისე მოიქცნენ, როგორც ამას ბუნების კანონზომიერება ითხოვდა. იმას მიაღწიეს, რაც დღეს აქვთო, - წერდა ნ. ნიკოლაძე.

რუსეთის ბუნება მდორეა, უმოძრაო, ერთფეროვანი, მოწყენილი და მიძინებული. ეს ძნელი ასატანია. მაგრამ იმის მაგიერ, რომ რუსული ბუნების თავისებურებას ჩასწვდეს, რუსი „ხშირად სტოვებს თავის კუნჭულს, უფრო და უფრო ხშირად ცდილობს იმგზავროს, სხვებს ეწვიოს, სხვებისას ხანგრძლივათ დარჩეს...“

ერთი ცდილობს ბუნება შეისწავლოს და მერე ამ ცოდნის შესაბამისად მოაწყოს ცხოვრება. მეორე გარბის, რათა სხვაგან იპოვოს თავშესაფარი. „თვითონ კაცია თავის ბედის გამწყობი: თუ იმან გაიგო ბუნების თვისება და ამ თვისების შესაბამისათ გამართა ცხოვრება, ის ბედნიერი იქნება. სანამ ამას არ მოახერხებს, საბრალო და გაჭირვებულ მდგომარეობას ვერ ასცილდება“. თუ ადამიანმა ვერ გაიგო, რომ „ბუნება არც მტერია კაცისა და არც მეგობარი, არც სიკეთე უნდა მისთვის და არც სიავე“, სინამდვილის შეცვლა-გაუმჯობესებას ვერ მოახერხებს. ბუნება მას დაჩაგრავს. ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ბუნება მისი არსებობის წყაროა. მაშინ ბუნება მას ყოველივე აუცილებელს მიაწვდის, ადამიანის მარჩენალი იქნება. რაც მთავარია, განმაახლებელ ძალად მოევლინება, წინსვლის და გაუმჯობესების გზას გაუკაფავს. ეს იმიტომ მოხდება, რომ მარადიული განახლება, გაცხოველება, სულ წინსვლა ბუნების თვისებაა. „რადგანაც ყველაფერი ქვეყანაზე იზრდება, ხუნდება და კვდება, ბუნება დიდიხანია დალპებოდა და გაქრებოდა, გამაცხოველებელი და განმაახლებელი ძალა რომ არ ჰქონდეს, რომელიც გაფუჭებული და დაძველებული ნაწილების მაგივრათ ახალს, უკეთესს უმზადებს და აძლევს“.

ადამიანიც და მთელი საზოგადოებაც განახლებასა და გაცხოველებაში ბუნებას უნდა ჰგავდეს. მაგრამ ამას რომ მიაღწიო, ცოდნაა საჭირო. ამ ცოდნას კი ევროპული განათლება იძლევა. ამიტომ - ეუბნებოდა ნ. ნიკოლაძე ქართველ ხალხს, - „ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდესო“.

ადამიანი და საზოგადოება ბუნებას მუდმივი ცვალებადობით, მუდმივი მოძრაობითაც უნდა ჰგავდეს. მხოლოდ ცვალებადობა, მოძრაობაა მარადიული განახლება-გაუმჯობესების საფუძველი. „ყოველიფერს ნიადაგ გაუმჯობესება ეჭიროებოდა, უჭირს და ყოველთვის ეჭირება, ყოველიფერი ნიადაგ უნდა იცვლებოდეს, ახლდებოდეს, და უმჯობესდებოდეს. ამას თხოულობს ბუნების მოთხოვნილება. კაცი ვერასოდეს ვერ ეწინააღმდეგება, ან თუნდ წინააღმდეგობა შეეძლოს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს“.

რაც კი რამ არსებობს სამყაროში, არსებობს იმ საშუალებით, იმ იარაღით, რაც მას თავად ბუნებამ მიანიჭა. ადამიანისათვის ასეთი ბუნებისაგან ბოძებული საარსებო იარაღი გონებაა. გონება კი თავის მხრივ აკეთებს, იგონებს იმ საშუალებებს, რომლითაც ადამიანი იადვილებს, იიოლებს არსებობას. გარდაქმნის, ცვლის. განაახლებს ყოფიერებას და მიდის სულ წინ და წინ. არსებობა მხოლოდ წინსვლაა. მან უკან დახევა, განვლილისაკენ შებრუნება არ იცის. ბუნებაც ადამიანს გეგმაზომიერად და კანონზომიერად იმის გამოგონებისა და გაკეთების საშუალებას აძლევს, რაც მოცემულ ვითარებაში აუცილებელია. ურომლისოდაც არსებობა შეუძლებელი იქნებოდა, რაც მომავლის მომზადებას და არსებულის შეცვლას სჭირდება. ამ განვითარებას თანდათანობითი ხასიათი აქვს. სოციალური სინამდვილეც ასევე თანდათანობით უნდა განვითარდეს. ჭეშმარიტი სიახლე, ცვლილება, წინსვლა მხოლოდ მეცნიერების და ტექნიკის მიერ მოტანილ განვითარებას მოაქვს.

„ახალმა მეცნიერებამ, თავისი ორიოდე მოგონების ჩვენებით, მოჰკლა ძველი მიმართულება, ძველი სული და თაობა და, იმედია, სამუდამოდაც მოჰკლავს ძველ ცხოვრებას, თუ ახალმა თაობამ ახალ მეცნიერებას ხელი გაუწოდა და მისი მასალები ხეირიანათ გამოიყენა“.

ნაირ-ნაირი რელიგიური მიმართულებანი შექმნა კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე, ნაირ-ნაირი ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკური მოძღვრებანი, მაგრამ მატერიალური ყოფა-ცხოვრება ვერ გაიუმჯობესა, ვერც ზნეობრივად დახვეწა მოახერხა. მეცნიერებისა და ტექნიკის აღორძინება კი აშკარად გვპირდება განხორციელებას იმ ოცნებისას, რაც ყოველთვის გულში ჰქონდა კაცობრიობას და უეჭველად მოახერხებს კიდეც ამას. ის, რაც რელიგიურმა და სოციალურმა რევოლუციებმა ვერ შეძლეს, ხელეწიფება მეცნიერებასა და ტექნიკას ისე, რომ არც სისხლს დაღვრის და არც ნგრევა-რბევას მოაწყობს. დადგება ახალი დრო, ახალი ყოფა, ახალი ურთიერთობა, დაფუძნებული გონების ძალაზე.

1886 წელს, პარიზში, ნ. ნიკოლაძე დასწრებია ინჟინერ მარსელ დეპრეს მიერ ელექტროდენის გადაცემას მანძილზე. წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენია ამ ფაქტს ქართველ პუბლიცისტზე. „კრეილის ჩანჩქერმა, რომელიც 47 ვერსტით დაშორებულია პარიზზე, ამ უკანასკნელ ქალაქში, ტელეგრაფის სადა მავთულით, აუარებელი ძალის და სიდიდის მანქანები ააბრუნა“. შინდაბრუნებულმა „ნოვოე ობოზრენიაში“ (1887 წ. 25 ოქტომბერი) წერილი გამოაქვეყნა (ეს სტატია - „თეთრი ნახშირის მნათი იმედი“ - 1924 წელს გაზეთმა „ქართულმა სიტყვამ“ გაიხსენა და 11 მაისს ხელმეორედ დაბეჭდა). იგი გატაცებული წერდა:

„ვოცნებობ იმის თაობაზე, თუ რა ბედი მოელის ჩვენს მთიან ქვეყანას ახლო მომავალში, როცა რევოლუცია მოხდება... ნუ გეშინიათ, სახეში მაქვს მშვიდი, აუცილებელი რევოლუცია ეკონომიურ წესწყობაში, რევოლუცია ფინანსებში, მრეწველობაში, რომელიც უკვე იწყება ჩვენს თვალწინ. ამ რევოლუციას არც აფეთქება, არც სისხლისღვრა, არც ტახტების და არც საკურთხევლის ლეწვა მოსდევს, მაინც მისი შედეგი ბევრად გადააჭარბებს საფრანგეთის 1789 წლის „დიდ“ რევოლუციის ნაყოფს.

. . . . .

ყველა შეიძლებს შეიყვანოს თავის სადგომში ტელეგრაფის მავთული, იყიდოს პაწია მანქანა, როგორც ყველა იძენს ახლა საკერ, საწერ ან საქსოვ მანქანას. ეს გახდის მას სრულუფლებიან, თანასწორ მეტოქეთ ყველა სხვა მწარმოებლებისა. ელექტრული ძალა, თითოეულ ოჯახში მოძრავათ შეყვანილი, ყველას დაუჯდება თანასწორ იაფად ან ძვირათ, როგორც დღეს ყველას ერთფასად უზის წყალი ან აირი, მცხოვრების სადგურში შეყვანილი. საკუთარი ღირებულება თითოეული ცალკე წყვილ წინდის, თითო ადლი ჩითის ან მაუდის ერთეულის გახდება სრულებით ერთი და იგივე - თუ წარმოების ყველა სხვა პირობა მსგავსია - მარტო ერთ დაზგას ამუშავებს ადამიანი თუ ოცს ან ასს. ამ არსებით განსხვავებაში ელექტრულ და ორთქლის ძალებს შუა ბუდობს უაღრესი მსოფლიო რევოლუციის თესლი, რომელიც კი მოსწრებია აქამდი ქვეყანას. ეს განსხვავება სამუდამოდ ათავისუფლებს მუშათა მილიონებს, ამჟამად მკვდარ მანქანების მსახურთ, ხორცშესხმულ მანქანებად ნაქცევთ“.

ნ. ნიკოლაძემ დაინახა მომავალი, რომელიც უკავშირდება მეცნიერულ-ტექნიკურ რევოლუციას. ამ რევოლუციის წყალობით ადამიანი თავისუფლდებოდა ქონებრივი სიდუხჭირისაგან. ეს კი ადამიანის ზნეობრივ ამაღლებასაც ხელს შეუწყობდა. ქონებრივი კეთილდღეობა და ზნეობრივი დახვეწა ეხებოდა არა მარტო ცალკეულ პირებს, არამედ მთელ ერს, მთელ კაცობრიობას. სიკეთე და მადლი, რომელსაც მოიტანდა მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია, თანაბრად ერგებოდა ყველას, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, კლასისა. ამ შეხედულებითაც განსხვავდება ნ. ნიკოლაძე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის რუსი და ქართველი მოაზროვნეებისაგან. რა თქმა უნდა, ცოდნა-განათლების მომხრე, ქომაგი და პროპაგანდისტი ყველა იყო, მაგრამ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის სიკეთე მისებრ ბეჯითად არავის უწამებია.

„ნიკო ნიკოლაძე უდოგმატო კაცი იყოო“, - ამბობს გერონტი ქიქოძე. ეს მართალია, მაგრამ ერთი კერპი მასაც ჰყავდა: მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი. თუ ყველაფერ იმას გავითვალისწინებთ, რაც უკვე გააკეთა მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა და მომავალშიც მოიმოქმედებს, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ნ. ნიკოლაძე მართალიც აღმოჩნდა და წინასწარგამჭვრეტის ნიჭის მქონეც.

5 რედაქტორ-გამომცემელი

▲back to top


ნიკო ნიკოლაძეს იმთავითვე უზომოდ იზიდავდა საგამომცემლო საქმე და ჟურნალისტობა. ოცი წლის ყმაწვილი, 1863 წლის 13 მაისს სწერდა კირილე ლორთქიფანიძეს:

„ეხლა აგიხსნი, თუ რა აზრი მაქვს ჩვენი აქ შეკრების შემდგომ... თუ ბედმა მოგვიყვანა ქუთაისს, ჩვენ, ესე იგი შენ, ზოგიერთი ჩვენი სტუდენტები: ბაქრაძე, აბდუშელი, მე, მინდა აქ გავხსნათ ერთი ტიპოგრაფია და დავბეჭდოთ შით ხალხისთვის აზბუკები, არითმეტიკები, სახალხო წიგნები, ერთის სიტყვით, და პატარა პოლიტიკური, ლიტერატურული და სატირიკული გაზეთი, ფულები მე მაქვს...“

დიდი ხნის მერე, უკვე სამოცდათერთმეტი წლის მოხუცი, ისევ ოცნებით შეპყრობილი, 1914 წლის 20 აპრილს, სოფრომ მგალობლიშვილს შესჩიოდა:

„ღმერთო, როდის მეღირსება ჩემი აზრის განხორციელება, რომელზედაც ვნატრობ 1880-დამ, - გამოცემა ქართული «Нива»-სი? მაშინ ვთხოვე ლევან მელიქიშვილს, რომელიც ნამესტნიკობდა დროებით, მოეცა ჩემთვის ნება „კანდელის“ გამოცემისა: წყეულმა უარი მტკვლიცა!.. ჯერ კიდევ არ გამოვთხოვებივარ ამ ოცნებას და იქნება ეხლა მეტი იმედი მქონდეს მისი განხორციელებისა, ვინემ უწინ“.

ზოგჯერ დიდი ვაი-ვაგლახით ახერხებდა ოცნების განხორციელებას. უფრო ხშირად კი ხელმოცარული რჩებოდა. ბევრი რამ უშლიდა ხელს - დრო, მთავრობის პოლიტიკური ფანდები, საზოგადოების მოუმზადებლობა, უსახსრობა. როგორც კი ხელსაყრელი პირობები გაჩნდებოდა, მაშინვე შეუდგებოდა საქმეს. ჯერ სწავლაც არ ჰქონდა მოთავებული, რომ მიხეილ კონსტანტინეს ძე ელპიდინთან ერთად ნ. ჩერნიშევსკის თხზულებათა გამოცემას შეუდგა.

1866 წლის 10 მარტს ნ. ნიკოლაძე კირილე ლორთქიფანიძეს სთხოვდა შვეიცარიიდან პეტერბურგში:

„ეხლა შენთან ერთი თხოვნა მაქვს: როგორც უნდა იყოს, გაიცანი ვინმე პიპინის (პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ჩერნიშევსკის ნათესავი - ა. ბ.) ნაცნობი და მიშოვე სრული, ძალიან სრული სია „რა ვქნათ“ -ის ავტორის თხზულებებისა: ამ სიის გარდა, მიშოვნე გამოშვებული ალაგების, - ეს ძალიან, ძალიან საშინლათ საჭირო და სასარგებლოა. მე ვიცი, რომ ადვილია გითხრა „მიშოვნე“ და შოვნა კი ძნელია, მაგრამ... თუ ნაცნობი ვერ გაიცნო, აიღერე თავი და წადი პირდაპირ, უთხარი, ასე და ასე, ერთი ჩ-კის თაყვანისმცემელს სურს შეაგროვოს მისი თხზულებები-თქო, და იმედი მაქვს, რომ არ დამიკავებს თქვენი სიის და გამოშვებული ალაგების თქვენი თვალების წინ გარდაწერას-თქო. ღმერთმანი, ამნაირი პირდაპირი თხოვნა ნიშანს მიაღწევს. შინჯე მაინც.

მე კარგად ვიცი, ძმაო კირილე, რომ შენთვის ეს ძნელია, - შენ ხასიათს სძულს ამნაირი მოქმედება - მაგრამ ეს ისე საჭიროა, რომ შენი წყენა არ მეშინია. ეს იცოდე, კარგათ, უბრალო საქმე რომ იყოს, არ გთხოვდი. და რადგანაც გთხოვ - ძალიან საჭიროა. ამას გარდა, არ დაგავიწყდეს, რომ ეს საქმე მოუთმენელია, ესე იგი საჩქაროდ უნდა აღასრულო. თუ მაინცადამაინც არ გინდა ამ თხოვნის ასრულება, ხამაშურიძეს (ბეჟან ხამაშურიძე, ნ. ნიკოლაძისა და კ. ლორთქიფანიძის სტუდენტობის მეგობარი, ჭლექით გარდაიცვალა 1869 წ. ნ. ნიკოლაძემ მას ნეკროლოგი მიუძღვნა, - ა. ბ.) მაინც გადაეცი და თხოვე, რომ მალე გამომიგზავნოს, რასაც კი იშოვის“.

(კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა გამოსცა ელისო აბრამიშვილმა - „მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან“).

თავდაპირველად თორმეტი ტომის გამოცემა ჰქონიათ განზრახული, მაგრამ მხოლოდ ერთი ტომი გამოვიდა. მართალია, გამომცემლები იკვეხნიდნენ - „ამ გამოცემას შევუდექი ტკიცე გადაწყვეტილებით, რომ რაც უნდა იყოს, ბოლომდე მივიყვანოთ იგი“, - მაგრამ პირველი წიგნის მეტი აღარ გამოსულა. მარტო უფულობა-უსახსრობის ბრალი არ უნდა იყოს ნ. ჩერნიშევსკის თხზულებათა გამოცემის ჩაშლა.

ნ. ნიკოლაძესა და მ. ელპიდინს შორის მაინცდამაინც ტკბილი ურთიერთობა, როგორც ჩანს, არ სუფევდა. ხანი რომ გამოხდა, 1873 წელს, სხვათა და სხვათა შემთხვევის გამო, ნ. ნიკოლაძემ ის ძველი ამბავი გაიხსენა.

„ერთხელ მე, ექვსიოდე ამხანაგის დახმარებით, ვბეჭდავდი ერთი მეტისმეტად გამოჩენილი მწერლის თხზულებას. ერთმა ჩემმა თანამშრომელმა დაიჯინა, რომ ამ ჩინებულ თხზულებაში ერთი თავი უნდა გადავაკეთოთო, ჩვენ თვითონ ხელახლათ დავწეროთო, რადგან, ჩემი აზრითო, ამ თხზულებაში გამოყვანილი ქალი სტირის, როცა ქმრის სიკვდილს ტყობილობს და ხეირიან და გულმაგარს ქალს როდი უნდა ეტირაო. წარმოიდგინე, მკითხველო, რა უნდა მეთქვა მე ამ ხეპრულ აზრზე? რასაკვირველია, მე ჯერ კერძოობით მთელი ერთი კვირის განმავლობაში უმტკიცებდი ამ ახირებულ კაცს, რომ იმ ქალის ხასიათი ჩინებულათ გაუგია და მშვენივრად გამოუხატავს ავტორს, რომ ჩვენ მისი გასწორება და გადასხვაფერება არ შეგვიძლია. სხვა რომ არაფერი იყოს, მკითხველი საზოგადოება მასხრათ აგვიგდებს და სხვ. და სხვ. როცა ამითაც არა გამეწყო რა, უთხარი კარგი, სხვა ჩვენ თანამშრომლებს ვკითხოთ, თუ დათანხმდებიან, იყოს ნება მათი-მეთქი. მოვგროვდით, იმან თავისი თქვა, მე - ჩემი. რასაკვირველია, რომ თითქმის ყველამ, ორის გარდა, ხარხარით უპასუხეს: - „რას მიედ-მოედებიო, ეს თხზულება ისე უნდა დაიბეჭდოს, როგორც ავტორს დაუწერიაო!“ მაგრამ ის ორი პირი ამ უმრავლესობის გადაწყვეტილებას როდი დაეთანხმა. ჩვენ იმათ, მეტი რაღა ღონე გვქონდა, გზა დაულოცეთ, რადგან იმათ გამოაცხადეს, რომ თუ არ გადაგვაკეთებიეთ ის თხზულება, თქვენთან ერთად შრომა არ გვინდაო. მაგრამ წარმოიდგინე ეხლა, მკითხველო, რომ იმ ორმა პირმა მაშინ ჩემზე ხმა დაარხიეს, რომ იმ თხზულებების ბეჭდვა იმან იგდო ხელშიო, თუმცა თვითონ ძლიერ კარგათ იცოდენ, რომ ხარჯის და გაჭირვების, წოწიალის და თვალის სინათლის დაკარგვის მეტს არც ხეირს, არც სარგებლობას, არც სახელს მე ის ბეჭდვა არაფერს მაძლევდა“.

ნიკო ნიკოლაძეს ელპიდინი გულზე რომ არ ეხატა, ჩანს იმ დოკუმენტიდანაც, რომელიც 1877 წლის 23 ივნისს კავკასიაში მეფისნაცვლის თანაშემწეს გაუგზავნა. ამ საბუთში ნ. ნიკოლაძე გაზეთის გამოცემის უფლებას ითხოვს და უარყოფს იმ ბრალდებებს, რასაც მესამე განყოფილების აგენტები უყენებდნენ:

ცხოვრებაში არასოდეს შევხვედრივარ ბაკუნინს. არ ვიზიარებდი მის შეხედულებებს, ყოველთვის ვიბრძოდი მათ წინააღმდეგ.

ასევე არასოდეს საერთო მიზნით არ ვყოფილვარ დაახლოებული ელპიდინთან, უბრალოდ მისი პიროვნებისადმი ზიზღისა და მისი უმეცრების გამო.

ვიცნობდი გერცენს, რომლის ლიტერატურულ ნიჭიერებას, მთელ რუსეთთან ერთად, პატივს ვცემდი, მაგრამ მის შეხედულებათა წინააღმდეგ არაერთხელ გამომითქვამს ჩემი აზრი პირად საუბარშიც და დაბეჭდილ სიტყვითაც.

ნ. ჩერნიშევსკის თხზულებათა გამოცემის ჩაშლას ნ. ნიკოლაძისათვის გული არ გაუტეხია. მომდევნო 1868 წელს, იგი, ლევ ილიას ძე მეჩნიკოვთან ერთად, პატარა ჟურნალის „სოვრემენნოსტის“ ბეჭდვას შეუდგა.

ლევ მეჩნიკოვს უაღრესად საინტერესო ცხოვრება ჰქონდა გავლილი. გარიბალდიელი იყო და იტალიის განთავისუფლებაში მონაწილეობდა. წერდა ლეონ ბრანდის ფსევდონიმით.

ნ. ნიკოლაძისა და ლ. მეჩნიკოვის „სოვრემენნოსტი“, როგორც თავად ნიკო ამბობს, გამოდიოდა шаблонное романтическое революционерство-ს1 წინააღმდეგ და პირველმა იქადაგა теория «безпроигрышной борьбы» на арене земства и самоуправления.2

არც ამ ჟურნალს უცხოვრია დიდხანს. სიმონ ხუნდაძეს სულ შვიდი ნომერი უნახავს ამ ჟურნალის. თუმცა დასძენს: „შეიძლება მეტი ნომრებიც იყო, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ ხელთ არავითარი ცნობა არ არის ამ ჟამად“. გერცენს მაინცდამაინც არ გახარებია „სოვრემენნოსტის“ გამოსვლა და დაცინვით შეხვედრია მას. როცა 1931 წელს ს. ხუნდაძემ ნიკო ნიკოლაძის რჩეულ თხზულებათა პირველი ტომი გამოსცა, შენიშვნებში დასტამბა კიდეც გერცენის გამონათქვამები: «Современность»-ის გასაკილავად.

ევროპაში სწავლამიღებული, სამშობლოში რომ დაბრუნდა, პირველი, რაც დააპირა, გაზეთის ან ჟურნალის გამოცემა იყო, მაგრამ ვერ მოახერხა. რამდენჯერაც ითხოვა, იმდენჯერ უარი უთხრეს, არ ენდობოდნენ.

ბარონი ნიკოლაი, ალექსანდრე პავლეს ძე, ალექსანდრე ჭავჭავაძის სიძე, უმცროსი ქალის სოფიოს ქმარი, კავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი, ნიკო ნიკოლაძეს სანდო კაცად არ მიიჩნევდა.

ალექსანდრ პავლოვიჩი 1870 წლის 22 დეკემბერს საგანგებოდ აღნიშნავდა:

... მთავარ სამმართველოში მიღებულია ცნობები, საიდანაც ჩანს, რომ ნიკოლაძე ჯერ კიდევ 1861 წელს, როცა იგი ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მონაწილეობდა სტუდენტთა შფოთში, მაგრამ, ბევრ სხვასთან ერთად, ისიც უმოწყალესად შებრალებულ იქნა. 1864 წელს მას ნებართვა მიეცა წასულიყო საზღვაგარეთ და მინერალური წყლებით ესარგებლა, მაგრამ ნიკოლაძე ჟენევაში აღმოჩნდა, სადაც ბევრ რუს ემიგრანტს დაუახლოვდა, განსაკუთრებით ელპიდინს. მასთან ერთად ეწეოდა ჯერ ნაირნაირი ჭუჭყიანი ბროშურუკაების გამოცემას, მერე კი რევოლუციური მიმართულების ფურცლებისას. და ბოლოს 1866 წელს ნიკოლაძემ, ნიკიფორე გ**-ს ფსევდონიმით, დაბეჭდა ხელისუფლების საწინააღმდეგო ბროშურა, სათაურით „მთავრობა და ახალი თაობა“, რომელიც 1866 წლის 4 აპრილის გასროლას ეხება.

ეს ცოდვები საკმარისი იყო იმისათვის, რომ რუსეთის იმპერატორის სამსახურში ჩამდგარ დანიელ ბარონს ყველა მკაცრად გაეფრთხილებინა: ფხიზლად ადევნეთ თვალი ქუთათელი მოქალაქის ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძის ლიტერატურულ მოღვაწეობას. მან გავლენა არ უნდა მოახდინოს კავკასიაში არსებულ ჟურნალ-გაზეთებზე.

დარილი3 დაწესდა.

ნიკო ნიკოლაძე გაზეთის გამოცემის იმედს მაინც არ კარგავდა, მაგრამ მოულოდნელად საქმე კიდევ უფრო გაურთულდა. 1873 წლის მაისში იგი უცხოეთიდან შინ ბრუნდება. ქალაქ ვოლოჩისკში, საბაჟოში, ნიკო ნიკოლაძე გაჩხრიკეს. საბაჟოს ოქმში ჩაწერილია, რომ სამართლის დოქტორს ნიკოლაძეს უპოვნეს ლითოგრაფიული დაზგა, ორი ფუთი წიგნი (უმეტესად ფილოსოფიური და სოციალური ხასიათისა) და, რაც ყველაზე საშიში იყო, ორგანიზაცია „უღლის“ სხდომის ოქმი.

ამის მერე ადამიანს საკუთარი გაზეთის გამოცემის ყოველგვარი გინცი4 უნდა დაეკარგა. მაგრამ ნიკო ნიკოლაძე მაინც არაფერს შეეპუა. დაუღალავად უტალახებდა იგი კარს კავკასიის მეფის ნაცვალს, გაზეთის გამოცემის ნებართვა მომეციო. არც მთავრობა იხევდა უკან. უარს თანხმობით არ ცვლიდა. ცხადია, უარს მარტო ნიკო ნიკოლაძის პიროვნება არ განაპირობებდა. საერთოდ არ მიაჩნდათ მიზანშეწონილად კავკასიაში ნაირ-ნაირი გაზეთისა თუ ჟურნალის არსებობა.

1876 წლის 9 აპრილს კავკასიის საცენზურო კომიტეტი მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსს მოახსენებდა:

უკანასკნელ ხანს კავკასიის მხარეში საგრძნობლად გაიზარდა რუსულ და ადგილობრივ ენაზე პერიოდულ გამოცემათა რიცხვი. მათ მკითხველები რუსულ, ქართულ, სომხურ და, თქვენ წარმოიდგინეთ, თათრულ მოსახლეობაშიც ჰყავთ. ისინი კი გონებრივი და ზნეობრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე დგანან.

... პრესის სასურველ თავისუფლებასთან ერთად, არ შეიძლება არ ვითხოვდეთ, რომ ბეჭდვითი სიტყვის ხასიათი და მიმართულება გაპირობებული იქნეს იმ მოსახლეობის განვითარების დონით და სასიცოცხლო მოთხოვნებით, რომელსაც ეს პრესა ემსახურება. ამ დროს კი ადგილობრივი კერძო გამოცემები არიან იმ ადამიანთა ხელში, რომელთა უმრავლესობას ან არა აქვს სერიოზული სამეცნიერო მომზადება, ან გატაცებული არიან, უპირატესად, თანამედროვე ცრუ მოძღვრებითა და იდეალებით. აი, ამიტომ არის, რომ პრესის ადგილობრივ ორგანოებში საცენზურო კომიტეტს საქმე აქვს სტატიებთან (სულერთია, იქნება იგი საზღვაგარეთიდან გამოგზავნილი კორესპონდენცია თუ პრესის სხვადასხვა ორგანოდან ამოღებული ან დამოუკიდებელი შენიშვნა), სადაც აშკარად თუ ქარაგმულად გატარებულია ჩვენი სახელმწიფოს ახლანდელი წესწყობილების საწინააღმდეგო აზრი, ხოლო ის მამხილებელი წერილები, რომელნიც მიმართული არიან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ პირთა და დაწესებულებათა მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებათა წინააღმდეგ, ხშირად მიზნად ისახავენ არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ სისტემატიურად ცდილობენ ჭკუა-გონების აღგზნებას და უნდობლობის დანერგვას. იმ აღწერებში კი, რომელნიც ეხებიან ადგილობრივი ცხოვრების რაიმე მდგომარეობა-ვითარებას, თხრობის ტონითა და ფორმით დაშვებულია პიროვნების ღირსების შეურაცხმყოფელი, უხეში და უადგილო გამოხდომები. ადგილობრივი პრესის ასეთი მიმართულება შეუძლებელია მავნე გავლენას არ ახდენდეს მკითხველთა უმრავლესობაზე. ამასთან ერთად, ადგილობრივი კერძო გამოცემების რედაქტორები სარგებლობენ საცენზურო წესდების ზოგიერთი მუხლის არამკაფიოობით, ცოტას ან სრულებით არ ცდილობენ ჩასწვდნენ კანონის საერთო აზრს, რის გამოც გამუდმებით ედავებიან საცენზურო კომიტეტს.

(მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ცენზურისა და პრესის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტების ერთი ნაწილი ა. იოვაძემ გამოაქვეყნა 1945 წელს „საისტორიო მოამბეში“, №1).

ასეთ ვითარებაში კავკასიელები - ქართველები იქნებოდნენ ისინი თუ სომხები ან აზერბაიჯანელები - იმის კმაყოფილნიც უნდა ყოფილიყვნენ, რაც არსებობდა. ახალი აღარ უნდა ეძებნათ. ნიკო ნიკოლაძეც მაშინ დროებით დამორჩილდა ბედს და გაზეთ „დროებაში“ დაიწყო თანამშრომლობა. მართალია, სერგეი მესხისა და ნიკო ნიკოლაძის შეხედულებანი არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისინი შეთანხმდნენ - გაზეთის ერთ ნომერს შეადგენდა ს. მესხი, ხოლო მეორეს - ნ. ნიკოლაძე. ასეც გამოდიოდა გაზეთი 1870 წლის ზაფხულში. მაგრამ ამნაირი თანამშრომლობა დიდხანს ვერ გაგრძელდა. 1870 წლის ბოლოს ახალი ჟურნალი „კრებული“ დაარსდა. ამ ჟურნალის სულისჩამდგმელი ნიკო ნიკოლაძე იყო. „...თუ „საქართველოს მოამბის“ ანალოგიით (რომელსაც ილია ჭავჭავაძის ჟურნალს ეძახიან) ამ ჟურნალსაც („კრებულს“ - ა. ბ.) ვისიმე სახელს შევარქმევთ, მაშინ მას, უდავოდ, ნიკო ნიკოლაძის ჟურნალი უნდა ვუწოდოთ, ან, თუ ეს აუცილებელია, ნ. ნიკოლაძისა და გ. წერეთლის ჟურნალი“ - სამართლიანად წერს ალექსანდრე კალანდაძე.

„კრებულის“ მესამე წიგნში ნ. ნიკოლაძემ მკითხველ საზოგადოებას ჟურნალის მიზან-დანიშნულება გააცნო.

„კრებულს ისევე მიზანი აქვს, როგორც უნდა ჰქონდეს თავის სიცოცხლეში ყოველ პატიოსან და ხეირიან კაცს, ესე იგი თავისი საზოგადოების ბედნიერება...“

შემდეგ ნ. ნიკოლაძეს აუცილებლად მიაჩნდა განათლების პროპაგანდა. ჩვენი ქვეყანა, მძიმე ისტორიული ცხოვრების გამო, ჩამორჩაო, - წუხდა იგი, როცა ჩვენ იძულებული ვიყავით თავის გადარჩენისათვის სისხლი გვეღვარა, მაშინ ქვეყნები ევროპაში დაწინაურდა, ცხოვრება მოიწყო. ახლა ჩვენ მათ პირისპირ ღატაკად და ველურად გამოვიყურებითო. ჩვენ უთუოდ უნდა გავუთანასწორდეთ მათ. ამას რომ მივაღწიოთ, აუცილებელია განათლება, ბუნებისა და საზოგადოების კანონების ზედმიწევნით ცოდნა. ბუნებისა და საზოგადოების არსებობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ორივე სრულიად მკაფიო კანონზომიერებას ემორჩილება. „ბუნებაში ყოველიფერი ბუნების კანონს ემონება და მისგან იღებს თავის ძალასა და სიცხოველეს, ისე საზოგადო ცხოვრება, თავის უნებურათ და უცოდნელათ, ასრულებს საზოგადოების მეცნიერების კანონებს და უსაყვედუროთ, უცილობლად მისდევს მას... ბუნება ერთია, ყოველი მისი მოვლინება ერთ და იმავე უმთავრეს ბუნების კანონს ემონება; კაცის ცხოვრებაც ერთი ამ ნაირი მოვლენათაგანი არის, რომელიც ყველაფერში ბუნების კანონს მისდევს... ამ ნაირათ, ბუნების მეცნიერება გულ-ხელ დაკრეფილ კაცს თავის ფილოსოფიით ამხნევებს და თავისი წვრილმანი დაკვირვებებით და ცოდნით ხელში ათასნაირ იარაღს აძლევს ცხოვრების გასაუმჯობესებლად...“

ცოდნა რომ გამოიყენო, აუცილებელია შრომა. გაჭირვების, სიღატაკის, დაჩაგრულობის საფუძველი უშრომლობაა, - წერდა ნ. ნიკოლაძე. ყველა ეს უბედურება, - აგრძელებდა იგი, - „ჰქრება თვითონ კაცის შრომის და მოხერხების წინ, ემორჩილება კაცის ტვინსა და ხასიათს...“

ცოდნა და შრომა უნდა შეერთდეს მაღალ ზნეობრიობასთან. „ქვეყანაში ჯერ არც ერთი სიკეთე, არც ერთი სასარგებლო საქმე არ გარიგებულა უხეირო და სუსტი კაცის ხელით, არც ერთი ამამაღლებელი აზრი არ დაბადებულა მის თავში. რაც კაცობრიობას სახეირო და სასარგებლო რამ ღირსებია თავის სიცოცხლეში, ეს ყველაფერი გაუკეთებია მისთვის მაღალი და პატიოსანი ხასიათის პირებს, რომელნიც თავიანთი აზრით, მოქმედებით და ხასიათით ამშვენიერებენ, აუკეთესებენ და ასახელებენ კაცობრიობას. უწმინდური ხელით წმინდა რამ თავის დღეში არ გაკეთებულა...“

და ბოლოს ნ. ნიკოლაძე ასკვნიდა:

„რაკი კაცის ბედნიერება ქვეყანაზე შესაძლებელია, რაკი კაცს ბუნებაზე იმოდენა ძალა და გავლენა აქვს, რომ შეუძლია ამ ბედნიერების გზის შემხუთველი დაბრკოლებები მოიცილოს, რაკი ამ საქმისათვის აუცილებლად საჭიროა ხეირიანი ცოდნა, შრომა და პატიოსანი ხასიათი, - უეჭველია, რომ ყოველ პატიოსან კაცს ჩვენი ქვეყნისათვის ეს სიკეთეები უნდა სურდეს და ყოველი პატიოსანი ჟურნალი მთელ თავის ცდას და გონებას იმას უნდა ალევდეს, თუ რა გზით და რანაირად შეუძლია საზოგადოებას ამ ხეირიანი ცოდნის, შრომის და პატიოსანი ხასიათის შეძენა და სასარგებლო მოხმარება. უეჭველია, რომ ყოველი პატიოსანი ჟურნალი ნიადაგ იმ მიზანს უნდა მისდევდეს, რომ გააცნოს მკითხველი საზოგადოება დაწვრილებით ხეირიან გზას, შეაყვაროს იმას შრომა და ცოდნა, ჩაუდგას და აღზარდოს მასში პატიოსანი ხასიათი და შეაძულოს, შეაზაროს ის განხეთქილება, ერთმანეთის გლეჯა, ერთიმეორის შეუბრალებლობა, შეაზიზღოს ის შესაზიზღებელი მოქმედებები, რომელნიც ბოლოს უღებენ საზოგადო ბედნიერებას და აბრკოლებენ მის წარმატებას“.

სანამ „კრებული“ არსებობდა, დასახულ მიზან-დანიშნულებას უღალატოდ ემსახურა. არც ნ. ნიკოლაძეს დაუზოგავს ნიჭი და შრომა. „კრებულის“ სულ თვრამეტი წიგნი გამოვიდა. აქედან ცხრა წიგნში ნ. ნიკოლაძეს თითო-თითო წერილი აქვს დაბეჭდილი, ხოლო ხუთში - ორ-ორი. „კრებულის“ მხოლოდ 4 წიგნია, სადაც ნიკოს არაფერი დაუსტამბავს. ეს, ალბათ, იმან გამოიწვია, რომ 1872 წელს (გაზაფხულ-ზაფხულში) ნიკო პარიზში იმყოფებოდა. მართლაც, 1872 წლის მარტისა და ივლისის ნომრებში არ არის ნ. ნიკოლაძის წერილები და მერე კიდევ იმ ორ წიგნში, რომელიც 1873 წლის ოქტომბერში და 1874 წლის იანვარში გამოვიდა. ამჯერადაც საზღვარგარეთ წასვლამ შეუშალა ხელი. 1873 წლის შემოდგომაზე ნ. ნიკოლაძე მამის დავალებით უცხოეთში წავიდა, ტყიბულის ქვანახშირის წარმოების ფინანსირება რომ მოეგვარებინა.

წერის გარდა, არედაქტირებდა რედაქციაში შემოსულ სტატიებს, ასწორებდა კორექტურას, ზოგჯერ ასოთამწყობობდა კიდეც. „ჟურნალს“ უწევდა ფულად დახმარებას. „მე თვით ვარ ამის მნახველი, რომ მან 1.000 მანეთის ოქრო გადასცა მესტამბეს „კრებულის“ ბეჭდვის ანგარიშში. მაშინდელი „კრებულის“ ხელის მომწერთა ფული მარტო რედაქტორს და ქაღალდის ფულს არ ჰყოფნიდა. ამას გარდა, სხვა ხარჯიც მრავალი ჰქონდა რედაქციას“ - წერდა ზაქარია ჭიჭინაძე 1897 წელს გამოცემულ წიგნში „ნიკო ნიკოლაძე“.

სადაც უნდა ყოფილიყო ნ. ნიკოლაძე, უგაზეთოდ ვერ ისვენებდა. 1873 წლის გაზაფხულზე პარიზში ჰექტოგრაფიული გაზეთი „დროშა“ გამოუცია. სიმონ ხუნდაძემ ამ გაზეთს საგანგებო წერილი მიუძღვნა - „სამოცდაათიანი წლების არალეგალური გაზეთი“ (ეს წერილი შეგიძლიათ იხილოთ ს. ხუნდაძის წიგნში - „სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში“, ტ. II).

20-იან წლებში ნ. ნიკოლაძე გაზეთის დაარსების ამბავს ასე აუწყებდა ს. ხუნდაძეს:

„პატივცემულო ამხანაგო სიმონ!

თქვენ მეკითხებით, თუ რა ვითარებაში ვბეჭდავდით ჩვენ, პარიზში, 1873-ის გაზაფხულზე ქართულ სოციალურ გაზეთს „დროშას“, რომლის პირველი სამი ფურცელი სრულიად უცაბედათ აღმოვაჩინე წარსულ დეკემბერში ბრიტიშ მუზეუმის საწყობში. სიამოვნებით გაცნობებთ, რომ იმ გაზაფხულზე მოვხვდით პარიზს დათა მიქელაძე, ქართულ მწერლობაში უფრო ცნობილი „მეველეს“ სახელით, პავლე იზმაილოვი, შემდეგ მყოფი ტფილისის ქალაქის თავათ, და მე. იმ დროს მე ვმუშაობდი ქართული შრიფტის გამარტივებაზე და ქართული სტამბის მოწყობაზე. ამ ძიების დროს გავეცანი ახალ აღმოჩენას, რომელიც ერთობ აადვილებდა ლიტოგრაფიების მოწყობას და ხმარებას, რაც კავკასიის ხალხების არეულ და მოუწყობ ანბანებს საშუალებას მისცემდა მოეწყოთ გაადვილებული პროპაგანდა ახალი ევროპული აზრების ადგილობრივ ენებზე. ამ მიზნით განვიზრახეთ და კიდეც ავასრულეთ ათი სამაგალითო ფურცელი დაგვებეჭდა „დროშასი“. გაზეთს ვბეჭდავდით ას-ას ცალს და მუქთად უგზავნიდით ქართველებს და კავკასიელებს, ვინც გვეგულებოდა ციურიხს, ჟენევაში, ვენაში და სხვაგან. გაგება არა მაქვს, ვის ჩარჩენია და შეუწირავს ბრიტიშ მუზეუმისათვის ის სამი პირველი ფურცელი „დროშისა“, რომლის ასლი თქვენ ხელში გაქვთ.

„ვრჩები სრული პატივისცემით ნ. ნიკოლაძე“.

„დროშა“ გამომცემლებს „ქართულ სოციალურ გაზეთად“ მიუჩნევიათ და ასეც წაუწერიათ სახელწოდების ქვეშ. დევიზად კი აუღიათ ილია ჭავჭავაძის სიტყვები, ოდნავ შეცვლილი: „თუმცა აწმყო არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია“.

პირველი ნომერი 1873 წლის 1 (13) აპრილს გამოსულა. ამ ნომერს რედაქციის უწყებაც ახლავს:

„დროშა“, ქართული სოციალური გაზეთი, გამოიცემა პარიჟში ათი დღის განმავლობაში, ყოველ დღე, საღამოობით. ამ გაზეთზე არც ხელის მოწერა მიიღება, არც ცალ-ცალკე ფურცლების გამოწერა. ის მარტო რედაქციისათვის იბეჭდება. ათი დღის შემდეგ, ესე იგი 11 (23) აპრილს 1873 წ. „დროშის“ ბეჭდვა მოისპობა“.

გამომცემელთა ეს განცხადება აშკარად მოწმობს, რომ „დროშა“ ძირითადად ბეჭდვის ჰექტოგრაფიული წესის ასათვისებლად იცემოდა. სხვა უფრო ღრმა და მნიშვნელოვან მიზანს იგი, ეტყობა, არ ისახავდა, თორემ მისი მესვეურნი ათი ნომრის გამოცემით არ დაკმაყოფილდებოდნენ. არც მარტო რედაქციაში გაავრცელებდნენ. თუმცა ს. ხუნდაძე ამ გაზეთს შორეულ არალეგალურ სოციალისტურ გაზეთად მიიჩნევდა. ასევე გადაჭარბებულად ფასდება იმავე ხანებში, შვეიცარიაში შექმნილი საზოგადოება „უღელი“. ეს საზოგადოება ევროპაში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს აერთიანებდა. „უღლის“ შექმნის მოთავეთა ხელშემწყობნი და დამხმარენი ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი არიან. მერე მათ მხარში სერგეი მესხიც ამოუდგა: თავდაპირველად „უღელი“ ციურიხში ჩამოყალიბდა. ცოტა ხანში ორად გაიყო: ციურიხისა და ჟენევის საზოგადოებებად. მისი ძირითადი ამოცანა იყო - ქართველი სტუდენტები ერთმანეთს დახმარებოდნენ ცოდნის შეძენაში და რაც შეიძლება ფართო ევროპული განათლების მიღებაში. რა თქმა უნდა, ცოდნის შეძენაში სოციალიზმის თეორიის შესწავლაც იგულისხმება. მით უმეტეს, რომ მაშინ, ევროპაში, ნაირ-ნაირი სოციალიზმის მქადაგებელნი ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებოდათ. მართალია, ეკატერინე მელიქიშვილი წერდა სერგეი მესხს „სოციალისტკა გავხდიო“, მაგრამ არც თვითონ და არც რომელიმე წევრი „უღლისა“ თავგადამკვდარ სოციალისტად არ გადაქცეულა. თავიანთი ნიჭი და განათლება მათ სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში დახარჯეს. ამიტომ უმჯობესია იმას დავუჯეროთ, რასაც საზოგადოების წევრთა პირველი სხდომის ოქმი გვაუწყებს და მერე ნიკო ნიკოლაძის სტატია.

„9 მარტს, 1873 წ. ციურიხში მცხოვრები ქართველი მოსწავლეები შეიკრიბენ იმ კითხვის გამოსაკვლევათ, თუ რა და რანაირად შეიძლება იმათგან ერთი ისეთი წრის და საზოგადოების შედგენა, რომელშიაც, როგორც ახლანდელ მოსწავლეებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ეგრეთვე ახლად მოსულებსაც და საზოგადოთ ყველა ქართველ მოსწავლეებს, რომელნიც სწავლის მისაღებათ საზღვარგარეთ არიან წასულნი... იმათ ურთიერთშორის საკმაო მსვლელობა და დაახლოება არა აქვთ, ერთმანეთზე საკმაო გავლენა ვერ მოუპოვებიათ, რომ ერთმა მეორეს სწავლის მიღება და გონების გახსნა გაუადვილოს რჩევით, წყაროების ჩვენებით, ერთმანეთის დახმარებით და სხვ. - რადგანაც ერთად სწავლა თითოეულს წევრს მის საქმეს უადვილებს, ხანგრძლივ შთაბეჭდილებას იძლევა და უფრო სასარგებლოა. ეს ახალგაზრდები ჰფიქრობენ, რომ სასურველი იქნება იმათ შუა ისეთი საზოგადოების დაარსება, რომელშიაც თითოეულ წევრს ერთი რომელიმე სწავლის ან განყოფილების მითვისება შეეძლოს და დანარჩენი წევრებისათვის არჩეულ საგანზე თავისი ცოდნის და შეძენილი ცნობების გადაცემა - რაკი ეს დანარჩენი წევრები მის ნაწარმოებს განიხილავენ და თავის მხრით შეავსებენ და შეასწორებენ - ეს ნაწარმოები თფილისში გაიგზავნება - ქართული გამოცემის რედაქციაში, ანდა ცალკე წიგნებათ დასაბეჭდავათ. ამნაირათ შეერთებული შრომა იმ მხრივ გამოსადეგი იქნება, რომ თითოეულ ახალგაზრდას შეეძლება, როგორც თავის საკუთარი საგნის შესწავლა, ეგრეთვე დანარჩენი წევრების საგნების და სწავლის სდევნა, მათი შრომის ნაყოფის მიღება, ერთი სიტყვით, თითქმის მთელი ეხლანდელი ცხოვრების და მეცნიერების გადათვალიერება და გაცნობა“.

ამასვე ატყობინებდა ქართველ საზოგადოებას, „კრებულის“ საშუალებით, ნიკო ნიკოლაძეც:

„ციურიხში ამჟამად ათიოდე ჩვენებური ახალგაზრდა სწავლულობს, ზოგი უნივერსიტეტში და ზოგი პოლიტეხნიკაში: არ ვიცი ბედათ უნდა ჩაეთვალოს იმათ ეს, თუ უბედობათ, მაგრამ რადგანაც მათ ციურიხელ დიპლომს ჩვენში ადგილის შოვნის ძალა არ ექნება, ეს ყმაწვილები ნამდვილ სწავლას, ნამდვილ ცოდნის მიღებას უნდა ცდილობდნენ, თორემ მათი ღვაწლი და მგზავრობა ფუჭათ ჩაივლის. ამ მიზეზითაა, თუ სხვით, - ესე იგი შვეიცარიელ ცხოვრების წახედვით, იმათ განუზრახავთ, ისეთ ნაირათ წაიყვანონ თავიანთი სწავლა და ისეთრიგათ გამოიყენონ ურთიერთის ძალა და ცოდნა, რომ ყველას მათგანს შრომა გაუადვილდეს და ნაყოფათ ხეირიანი დამზადება და გონების გახსნა დარჩეს. ამ მიზნის მისაღწევათ ამ ყმაწვილებს გადაუწყვეტიათ უფრაზებოთ, უშფოთოთ და უაყალ-მაყალოთ, ისეთი ძმური ამხანაგობის ან საზოგადოების შედგენა, რომელშიაც თითოეულ წევრს მოვალეობა ექნება ერთი რომელიმე საგანი შეისწავლოს და დანარჩენ წევრებს თავისი ცოდნა ამ საგანზე გაუზიაროს. რადგანაც მარტო ცალ-ცალკე საგნის შესწავლის გარდა, კაცს თანამედროვე საზოგადოების და ცხოვრების ცოდნაც სჭირია, იმათ ერთმანეთში გაუნაწილებიათ ახალი ისტორიის შესწავლა სხვა და სხვა ევროპელი ხალხებისა, გაზეთებისა და ჟურნალების კითხვა სხვა და სხვა ენებზე, ზოგიერთი ჩვენ ცხოვრებაში გამოსადეგი საგნების გაცნობა და სხვ. და სხვ.“

ერთი სიტყვით, „უღელს“ მხოლოდ საგანმანათლებლო მიზანდასახულობა ჰქონდა. სხვა ამოცანის შესრულება მას არ განუზრახავს.

(ვინც „უღლით“ დაინტერესდება, იგი ვრცელ მასალას ნახავს იმ შენიშვნებში, რომელიც ს. ხუნდაძემ დაურთო 1932 წელს გამოცემულ ნ. ნიკოლაძის „რჩეულ ნაწერებს“, აგრეთვე გიორგი აბზიანიძის წიგნში „ნარკვევები XIX საუკუნის ქართული აზროვნების ისტორიიდან“, 1959 წელს რომ გამოიცა).

1875 წელს, უცხოეთში ყოფნისას, ნ. ნიკოლაძის პირად ცხოვრებაში ცვლილება მოხდა. მან ცოლი შეირთო. ნიკოს უკვე ჰყავდა შვილი. 1872 წელს, პეტერბურგში, მაკაროვას ქალთან უხსნიერი ასული - ნინო შეეძინა. საერთოდ, ნიკო ნიკოლაძე ქალების მოტრფიალე კაცი იყო. არც ქალები იყვნენ მის მიმართ გულგრილნი. „კორსეტი, კეკლუცი ქალის ტანზე, სწორედ სასიამოვნო რამ არის, ის ტანზე ხელის შემოხვევას უადვილებს კაცს და მისი ზონრების ხანგრძლივი ხსნისთანა სიამოვნება ცოტა რამ გაუჩენია ღმერთს საბრალო კაცობრიობისათვის, რადგან ჯერ ქვეყანაზე ისეთი კორსეტი არ გამოუგონიათ, რომ მისი შეხსნა შეუძლებელი იყოს“, - წერდა იგი გულახდილად და ხუმრობით. მაკაროვა (მისი სახელი ვერ დავადგინე) ადრე გარდაიცვალა. ნინო ნიკოლაძეების ოჯახში იზრდებოდა. იგი 1895 წელს ცოლად გაჰყვა ცნობილ იურისტსა და საზოგადო მოღვაწეს ივანე ზურაბაშვილს.

ბოგუმილა (შინაურობაში: ბოტია) ჰელიოდორის ასული ზემიანსკაია, ვისზეც ნიკომ ჯვარი დაიწერა, იმ პოლონელთა შთამომავალი იყო, რომელნიც მე-19 საუკუნის 30-იან წლებში გადმოასახლეს პოლონეთიდან საქართველოში. მათ „საშინელი“ ბრალი ედებოდათ - რუსეთის იმპერიის წმიდათაწმიდა მთლიანობის ხელყოფა და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლა. რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აიტანდა, ოღონდ ეროვნული თავისუფლებისათვის ხელი არავის გაენძრია. რუსეთის წინააღმდეგ ამბოხება გაბედესო და სულ გაცოფდა ნიკოლოზ პირველი. სახრჩობელებით მოფინა პოლონეთი. ციმბირსა და კავკასიაში უმოწყალოდ მოერეკებოდნენ დატყვევებულებს. ჩვენში ჩამოსახლებული პოლონელები არა მარტო ქართველდებოდნენ, არამედ საქართველოს გულმხურვალე პატრიოტებიც ხდებოდნენ - პოლტორაცკები, ზდანოვიჩები, ვოლსკები, პოლიკევიჩები და სხვანი. ბოგუმილა ზემიანსკაიაც ამ წრეს ეკუთვნოდა. იგი იმ პირველ ქართველ ქალთა ჯგუფში შედიოდა, რომელიც ევროპაში გაემგზავრა სასწავლებლად. ბოტია საზოგადოება „უღლის“ წევრიც იყო.

რატომღაც სამეცნიერო ლიტერატურაში ნიკო ნიკოლაძის ქორწინების თარიღი და ადგილი აღნიშნულია შეცდომით.

ნ. ნიკოლაძის თხზულებათა პირველი ტომის (1962 წ. გამოცემული) წინასიტყვაობაში დავით გამეზარდაშვილი წერს - „...სიტყვამ მოიტანა და ვიტყვით: ნ. ნიკოლაძე პირველად 1873 წლის მაისში დაქორწინებულა. ცოლად შეურთავს ბოგუმილა (ბოტია) ჰელიოდორის ასული ზემიანსკაია (1854-1931). ჯვრისწერა ქ. ვენაში მომხდარა“ (გვ. 59. ავტორმა ეს შეცდომა მაშინაც გაიმეორა, როცა აღნიშნული წინასიტყვაობა ცალკე წიგნად გამოსცა, 1983 წ. გვ. 89).

ნიკო ნიკოლაძემ და ბოგუმილა ზემიანსკაიამ იქორწინეს 1875 წლის 6 ივლისს, პარიზში, წმინდა სამების ალექსანდრე ნეველის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

Свидетельство

Дано сие потийскому гражданину Николаю Николадзе в том, что он, как видно из представленной надписи на заграничном его паспорте, выданным г.Кутаисским Губернатором 20 февраля 1874 года за №23 вступил в первый законный брак с дочерью Надворного Советника, девицею Богумилою Земянскою сего тысяча восемьсот семьдесят пятого года июля шестого дня и обвенчан протоиереем Дмитрием Васильевым в Свято-Троицкой Александро-Невской церкве в Париже. В чем подписью и приложением казенной печати удостоверяю. Ноябрь 25 дня 1875 года, город Тифлис.

საქართველოში დაბრუნებული, ახლადდაოჯახებული ნიკო ნიკოლაძე მაშინვე შეუდგა ზრუნვას ახალი გაზეთის დასაარსებლად. რაკი მოქმედება-საქმიანობის სრულიად ნათლად გამოკვეთილი საკუთარი პროგრამა ჰქონდა, სხვას ძნელად ეთვისებოდა და ეგუებოდა. აშკარად გრძნობდა, თუ საკუთარი გაზეთი ან ჟურნალი არ ექნებოდა, სათქმელს სრულიად და ბოლომდე ვერ იტყოდა. საკუთარი გაზეთის გამოცემის აუცილებლობაში კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა „ტიფლისსკიი ვესტნიკ“-ის რედაქციასთან მომხდარმა უთანხმოებამ, იგი „ტიფლისსკიი ვესტნიკ“-ში ბევრს წერდა. თავდაპირველად გაზეთის რედაქტორთან, კონსტანტინე ბებუთოვთან, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ ურთიერთობა გამწვავდა და განხეთქილებით დამთავრდა. რატომ და როგორ მოხდა კონფლიქტი, ამას თავად გვიამბობს იმ წერილშიც, რომელიც იონა მეუნარგიას გაუგზავნა.

1910 წელს დავით ერისთავის თხზულებანი უნდა გამოეცათ. იონას დავითის ცხოვრება-შემოქმედების აღწერა დაევალა. ამისათვის მეუნარგია მასალებს აგროვებდა. ნიკო ნიკოლაძესაც სთხოვა მოგონებების დაწერა. პასუხი ნიკომ პირადი ბარათით შეატყობინა.

„1873-ში ჩვენ (ნ. ნიკოლაძემ, კ. ბებუთოვმა, დ. ერისთავმა და სხვებმა - ა. ბ.) პირობა დავდევით ერთად გვეშრომა საერთო კავკასიელი დროშის ქვეშ და არამცდაარამც საერთო უღელი არ გაგვეწია ერთ მხრივ, ან ქართველების, ან რუსების, ან სომხების მხრივ. ომი რომ დადგა, 1877, და მის ასაწერად ყარსისკენ გავემგზავრე, ბებუთოვმა ამ პირობას გადაუხვია. დაიწყო ბეჭდვა უცნაური სტატიისა «Участие армян в завоеваниях русских на Кавказе»5, რომელშიაც თვალთმაქცურად ამტკიცებდნენ, ვითომ სომხების მეოხებით და მარტო სომხებისა, მომხდარა კავკასიაში ამ მეცხრამეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში ყოველიფერი რაც მომხდარა და თვინიერ მათთა არარა მომხდარა. ეს სტატია ბევრად უფრო შემუშავებული და დაკვარაჭინებული დაიბეჭდა მერმე, მგონია 1897-ში, ეზოვის სახელით თავდაპირველად კი დააწერინესის, მგონია, ერიწოვს, гробокопатель-ს. როცა ეს მეტად ოსტატური და სომხებისათვის დიდად სასარგებლო, ხოლო ჩვენთვის დამმარხველი სტატია წავიკითხე, დათიკოსაც და ბებუთოვსაც მივწერე ყარსისწინიდან. ბიჭო, სად ეს სტატია და სად ჩვენიპირობა-თქო? ბებუთოვმა მომწერა, რას აყოლიხარ აკაკის და სხვასო (ქართველებს). „მართალია, ძალიან სასარგებლო ხარ გაზეთისათვისო, მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ გაზეთიც ძალიან სასარგებლოა შენთვისო“. ამ სომხურ ქრთამს, რასაკვირველია, მაშინვე ვუპასუხე ოტსტავკის შეტანით. დათიკო დარჩა გაზეთში!“

რაკი დაინახა, რომ ბრძოლით არაფერი გამოდიოდა, ნ. ნიკოლაძემ თავი მოიკატუნა. 1877 წლის 23 ივნისს, კავკასიაში მეფისნაცვლის თანაშემწეს თხოვნა მიართვა. იგი ხელისუფლებას უმტკიცებდა:

კავკასიაში ჩემი ათწლიანი ლიტერატურული საქმიანობა თვალნათლივი დადასტურებაა ჩემი ზომიერებისა და უვნებლობის.

საცენზურო კომიტეტს სრული რწმენით შეუძლია თქვას, რომ ჩემს წერილებში არასოდეს მომიწოდებია ტომობრივ ვნებათა გაღვივებისაკენ. არ მქონია სისტემატური მტრული დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთი მოვლენისადმი. უმეტესწილად მშვიდად განვიხილავდი ეკონომიკურ და ლიტერატურულ საკითხებს, რომლებიც ჩვენში დაისმებოდა.

და ბოლოს ასკვნიდა:

ჩემი საკუთარი მიმართულების საფუძველი იყო და არის იმედი: მივაღწიო ჩემი შეხედულებების გამარჯვებას ერთადერთი გზით - დაჯერება-დარწმუნების და საზოგადოებაში განათლების დონის ამაღლების გზით.

თუ გაზეთის გამოცემის ნებას მაინც არ მომცემთო, - დასძენდა ნ. ნიკოლაძე, - მაშინ პეტერბურგში ან უცხოეთში ცხოვრების უფლება მაინც მიბოძეთ, რომ ლიტერატურული შრომით თავის რჩენა შემეძლოსო.

ამ თხოვნამ ხელისუფლებას გული მოულბო. მეფისნაცვლის მთავარმა სამმართველომ კავკასიის საცენზურო კომიტეტს დახასიათება მოსთხოვა: რას წარმოადგენსო ნ. ნიკოლაძის პიროვნება და როგორია მისი სალიტერატურო მოღვაწეობა. საცენზურო კომიტეტის უფროსმა ცენზორმა სულეიმან ხან მელიქ-მეღრაბოვმა ნიკო ნიკოლაძეს ხოტბა შეასხა.

მართალია, წარსულში ნიკოლაძეს ახასიათებდა არასაიმედო გამოხდომები, მაგრამ წელთა სვლამ და ცხოვრებამ მის ნიჭს სოლიდურობა შესძინა, ბუნებრივი ნიჭით, ლიტერატურული მომზადებით, მხარის ცოდნით, საზოგადოებრივი და წმინდა ლიტერატურული საკითხების განზოგადების უნარით, გასაგები ენით გადმოცემის ტალანტით ნიკოლაძეს ადგილობრივ პუბლიცისტიკაში ბადალი არ ჰყავს.

ორივე მხარის - მთავრობის და მოსახლეობის - სასარგებლოდ რუსეთის იმპერიაში არსად სხვაგან არ არსებობს ეკონომიკური და სხვა საჭირბოროტო საკითხების ყოველმხრივი განხილვის ისეთი მწვავე აუცილებლობა, როგორიც კავკასიაშია. მხარის არც ერთ ლიტერატურულ მოღვაწეს არ ძალუძს ამ აუცილებლობის ისე კარგად დაკმაყოფილება, როგორც ნიკოლაძეს.

(როცა ამას წერდა, მელიქ-მეღრაბოვმა არ იცოდა, რა მწარედ სანანებელი და თითზე საკბენად გაუხდებოდა ნ. ნიკოლაძის მხარდაჭერა).

ნ. ნიკოლაძის თხოვნამ და სულეიმან ხან მელიქ-მეღრაბოვის დახასიათებამ გასჭრა. 1878 წლის პირველ იანვარს „ობზორის“ პირველი ნომერი გამოვიდა.

(„ობზორს“ ვრცელი გამოკვლევა უძღვნა თამარ მაჭავარიანმა და 1952 წელს დაბეჭდა „საისტორიო მოამბის“ მეექვსე გამოშვებაში).

გამოსვლით კი გამოვიდა „ობზორი“, მაგრამ დაიწყო გაუთავებელი დავა ცენზურასთან. საერთოდ, ნ. ნიკოლაძე ცენზურას ვერ იტანდა და როგორც კი საშუალება მიეცემოდა, დაუყოვნებლივ კბილს გაჰკრავდა.

„ხუმრობა გაშვებით, შეუძლებელია წარმოიდგინოს კაცმა ჩვენებური ფელეტონისტის და საზოგადო ჟურნალისტის მდგომარეობა. ყოველმა, თითქმის, მისმა სტრიქონმა, ყოველმა აზრმა ათასნაირ ჩიხლიხში და ჭახრაკში უნდა გაიაროს, სანამ მკითხველი მიუახლოვდება, და მხოლოდ მაღალმა ღმერთმა იცის, რა ფასად უჯდება იმას ეს გავლა... და როცა გაკნაჭილი და გარუჯული აზრი მკითხველს მიუვა, ყოველი მხრიდან კიდევ აყალმაყალი და სამდურავი სტყდება!

წარმოვიდგინოთ უბრალო და სრულიად უმნიშვნელო აზრი: „ქალმა ქუჩაში გაიარა“. რაა ამ აზრზე უფრო უძლური და უვნებელი? ხომ არაფერი. აბა, მიბრძანდით და დაბეჭდეთ. ჯერ ხომ რედაქტორი ხელ-ფეხ კანკალით გკითხავს, თუ ძმა ხარ, მითხარი, მაგ აზრში საშიში ხომ არა არის რაო. მერე ამწყობი, სანამ ააწყობდეს, ორჯერ სამჯერ მაინც გეტყვის, ვაი თუ წასაშლელი გამიხდესო. ბოლოს... ბოლოს როგორც იქნა დაიბეჭდა. დარწმუნებული იყავით, რომ დაბეჭდილ ეგზემპლიარში ასე ეწერება: „ერთ უცხო ქვეყანაში, ერთ სულიერს თურმე ქუჩაში გაუვლია; ზოგიერთები ამბობენ, ვითომ ეს სულიერი ქალი იყოო. მაგრამ ეს საგანი ჯერ კარგათ გამოკვლეული არ არის“.

ეს არ იყო ირონია, ხუმრობა. მართლაც ასე ხდებოდა. სანიმუშოდ ერთ სტატიას მოვუხმოთ - „5 მარტის პროცესი, პალატის სხდომის ფიზიონომია“.

სტატიაში ეწერა: д-р Альбанус... человек отменно-хорошо знакомый с состоянием больницы. ცენზორი დიმიტრი ფურცელაძე ითხოვდა წაეშალათ სიტყვა отменно.

სტატიაში ეწერა: д-р Альбанус слегка краснеет приосанивается и... ფურცელაძე ითხოვდა ამ ფრაზის ამოღებას.

სტატიაში ეწერა: д-р Альбанус в окладистой бороде. ფურცელაძე ითხოვდა ამ სიტყვების ამოღებას.

თან ეს სტატია მელიქ-მეღრიბოვს გაუშვია: дозволено цензурой с исключениями. ხოლო ფურცელაძეს უკან გამოუთხოვია წერილი და აუკრძალავს: запрещено цензурой.

ცენზურა ხშირად არღვევდა კანონებს. თვითნებობდა.

სანიმუშოდ მოხმობილ წერილთან დაკავშირებით ნ. ნიკოლაძე ჩიოდა: არ არისო ამ სტატიაში ცენზურის წესდებაში გათვალისწინებული მუხლები დარღვეული. ჩამოთვლიდა:

არაფერია ისეთი, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრების შერყევას ისახავდეს მიზნად.

არაფერია ისეთი, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრების შერყევას ისახავდეს მიზნად.

არაფერია ისეთი, რაც შეურაცხყოფს უზენაეს ხელისუფლებას ანდა იმპერატორის ოჯახის ღირსებას.

არ არის რა ძირეული სახელმწიფო დადგენილებების საწინააღმდეგო, კეთილი ზნე-ჩვეულებებისა და წესიერების დამამცირებელი, პიროვნების ღირსების შეურაცხმყოფელი უწმაწური გამოთქმებით.

არ არის ცილისწამება, რომელიც ეხებოდეს პიროვნების ზნეობრიობას, ან ოჯახურ ცხოვრებას.

ახსნა-განმარტებებით არაფერი გამოდიოდა. ცენზურა მაინც თავისას განაგრძობდა. მოთმინების ფიალა აივსო და, ერთ დღეს, შუაღამით, ნიკო ნიკოლაძე სახლში მიუვარდა მელიქ-მეღრაბოვს. 1878 წლის 24 ივნისს ცენზორი მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს მოახსენებდა: ნიკოლაძემ ღამის ოთხ საათზე ოჯახი ამიფორიაქა, ისედაც სნეულ ჩემ შვილს კიდევ უფრო აუშალა ძარღვები, მეზობლები შემიწუხა და საჯაროდ გამლანძღაო. მაიძულა სტატიის დაბეჭდვის ნება მიმეცა მცირე შესწორებებით.

სკანდალი ამით არ დამთავრებულა. მელიქ-მეღრაბოვმა ისევ გააჩერა „საკვირაო საუბრების“ მორიგი სტატია. წერილი აკრიტიკებდა გენერალ შულმანს ქრთამის აღებისათვის. ნიკო არ დაემორჩილა ცენზორს. წაშალა მისი განკარგულება და სტატია უცვლელად დაბეჭდა. რედაქტორ-გამომცემლის ეს თვითნებობა ვეღარ აიტანეს და კავკასიის საცენზურო კომიტეტმა ითხოვა - ნიკო ნიკოლაძე სამართალში მიეცითო.

ამ გაწამაწიაში, შეუმჩნევლად, თურმე უფრო საბედისწერო კონფლიქტი მწიფდებოდა.

* * *

ნიკოლოზ სიმბორსკიმ იცოდა, რაც ხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, იგი სეკუნდანტი იყო და საქმის ვითარებას ზედმიწევნით იცნობდა. მაგრამ მაინც ამ უაზრობის აზრს ვერაფრით მიმხვდარიყო. რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი? მერედა, ვისა და ვის - ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს?!

მართალია, ის, რაც „დროებამ“ დასტამბა, საწყენია, გულსატკენია, მაგრამ ორივემ ხომ ჩინებულად იცის - არ გამოირჩევა კავკასიური პრესა (სულერთია, ქართული იქნება, სომხური თუ რუსული) თავშეკავებით, თავაზიანობით, მორიდებით. არ ზოგავენ, არ უფრთხილდებიან ერთმანეთის თავმოყვარეობას, ღირსებას.

განა ის, რაც „დროებამ“ იკისრა 1880 წლის 29 თებერვალს, სხვა დროს არ მომხდარა?

„...ბატ. ნიკოლაძის გაზეთის სიტყვას სწორედ იმდენი ძალა და მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თვალში, რამდენიც ფინია ძაღლის დაუდგრომელ და უვნებელ ყეფას და ქაქანს.

* * *

რა ძალა და გავლენა უნდა ჰქონდეს იმისთანა გაზეთს, რომელიც ყველასა და ყველაფერს თავის კუდაბზიკურ თავმოყვარეობით უყურებს და შესჩერებია; რომელიც არავის და არაფერს არ ზოგავს, ოღონდ კი თავისი სულელური აზრი დაიცვას და სულელთაგან სახელი დაიმსახუროს.

ყველაზე გასაკვირველი და სასაცილო ამაში კიდევ ის არის, რომ ამისთანა გაზეთი სხვას აძლევს დარიგებას, სხვებს ასწავლის ლიტერატურულ წესებს და ზრდილობას: ასე უნდა მოიქცეთ, ლიტერატურული პატიოსნება ამას მოითხოვსო. ნიკოლაძე, „ობზორი“ და ლიტერატურული პატიოსნება - მოდი და ნუ გაგეცინება! ერთად დასდევით ცეცხლი და წყალი... აფსუსი არ არის, რომ იმისთანა კარგი სიტყვა, როგორიც „ლიტერატურული პატიოსნებაა“ ნიკოლაძის კალმის წვერიდამ გამოდიოდეს და ჭუჭყიანი „ობზორის“ თაბახზე იბეჭდებოდეს!“

ნიკო ნიკოლაძემ იცის, რომ ეს ილიას დაწერილი არ არის, მაგრამ გაზეთს, როგორც რედაქტორი, სერგეი მესხთან ერთად, ჭავჭავაძეც აწერს ხელს. ეს ეწყინა სწორედ ნიკოს: ხომ იცოდა, რაც ეწერა და რატომ დაბეჭდაო.

არც „ობზორი“ დარჩა ვალში. მეორე დღესვე, პირველ მარტს, აახლა პასუხი „დროებას“.

„სხვა საქმეა ბატ. ჭავჭავაძე, ავტორი „კაცია-ადამიანისა“, ყოფილი რედაქტორი „საქართველოს მოამბესი“. ამ ლიტერატორმა უნდა იცოდეს, რა იბეჭდება მის გაზეთში. ჩვენ სიამოვნებით ვიყენებთ შემთხვევას სწორედ მას დავაკისროთ პასუხისმგებლობა ჩვენი ლიტერატურის მომავალი ისტორიის წინაშე გაზეთ „დროებაში“ ფეხმოდგმული ყველა საცოდავი ილეთის სისაძაგლის გამო. იგი ჩვენ გაგვიგებს. ოდესღაც მან იცოდა, რომ ნამდვილი მწერლები, აიღებენ რა ხელში კალამს, მოვალენი არიან მიაღწიონ არა წამიერ გამარჯვებას, სიცრუისა და ჩაწყობის გზით, არამედ პრესაში ისეთი უაპელაციო განაჩენის დამკვიდრებას, რომლის უთუო სამართლიანობა მომავალში რატიფიცირებული იქნება ლიტერატურის მიუდგომელი ისტორიის მიერ. ჩვენ გვსიამოვნებს დავამტკიცოთ, რომ პრაქტიკული ცხოვრების ვითარებამ აიძულა ბატ. ჭავჭავაძე დავიწყოდა ეს. ჩამოექვეითებინა იგი იმ ადამიანების დონემდე, რომელნიც ტყუიან, თუმცა შეგნებული აქვთ, რომ მათი სიცრუე ხვალვე იქნება მხილებული. სურთ ერთი ტყუილისაგან თავი იხსნან მეორე ტყუილით, კიდევ უფრო საცოდავი სიცრუით...“

ამ წერილში „ობზორმა“ სერგეი მესხს, ივანე მაჩაბელს, გიორგი თუმანიშვილს „სოლისებრთავიანი ადამიანები“ («клиноголовые люди») უწოდა და თან დასძინა - „მათი ჭკუა თვითონ ღმერთის მიერ ისეა მოწყობილი, რომ არ შეუძლიათ ორი აზრი, თუ ისინი არ არიან გამოხატული ერთი და იმავე გამონათქვამით, ერთმარნეთს შეუპირისპირონ ისე, რომ მათში არ დაინახონ წინააღმდეგობა. მათთვის მიუწვდომელია აზრთა კავშირის საიდუმლოება“. „ობზორი“ ამასაც არ დასჯერდა და დაამატა - ნუთუ ბატონი ჭავჭავაძე გონებრივად ეგზომ დაბლა დაეცაო?

დუელი გარდაუვალი გახდა.

ახლა ისინი ერთმანეთის პირისპირ დგანან. რამდენიმე წუთიც და ერთ-ერთი მათგანი აღარ იქნება. გადარჩენილი კი შეძლებს ამის მერე არსებობას?

არა, სიმბორსკის არაფერი ესმის - რა ხდება და რატომ.

ნიკო ნიკოლაძე არ იყო, ყველას რომ უმტკიცებდა - არცერთი ქართული საქმე წარმატებით არ დაგვირგვინდება, თუ ილია არ მეთაურობსო. რამდენჯერ ავიდა დუშეთში, რამდენი ეხვეწა ილიას, - საადგილმამულო ბანკის თავკაცობა იკისრეო. როგორ უხაროდა, როცა ილია დაითანხმა.

ახლა სასიკვდილოდ იმეტებს და ხელი არ უკანკალებს. არ ენანება.

ილია ჭავჭავაძე არ იყო, კინაღამ რომ გადაირია, როცა შეიტყო - ნიკო ნიკოლაძე მკითხველებს გამოეთხოვა და ჟურნალისტობას თავს ანებებსო. საყვედურით აავსო მაშინ ილიამ ნიკო და მანამ ვერ მოისვენა, სანამ იგი ისევ არ დაუბრუნდა მწერლობას.

ახლა სასიკვდილოდ იმეტებს და ხელი არ უკანკალებს. არ ენანება.

(დრო რომ გაივლის, ნიკო ნიკოლაძე რომანოზ ხომლელს კერძო ბარათით შეატყობინებს: „საზღვაგარეთიდან რომ დავბრუნდი და ქართული ჟურნალისტიკის გაცხოველება განვიზრახე, ილია ჭავჭავაძე დუშეთს ცხოვრობდა, საცა მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობას ასრულებდა. ჩემი პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ ყველა მაშინდელი ახალთაობის მომხრენი შევაგროვე და დავაჯერე, დუშეთში ავიდეთ, ილია ჭავჭავაძე მოვიყვანოთ და ისევ ქართულ მწერლობას დავუბრუნოთ, ქართული საქმეების სათავეში ჩავაყენოთ-მეთქი. ამ აზრით და მიზნით 1871-1873 წლებში ხუთჯერ მაინც ავსულვართ დუშეთს „გროვით“ ქართული მწერლობის აღორძინების მოტრფიალენი (ლუარსაბ ანუ შაქრო მაღალაშვილი, სანდრო ერისთავი „ამერიკელი“, გიორგი ყაზბეგი, ნიკო მესხიშვილი, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი, აკაკი, ნიკო ღოღობერიძე და თქვენი უმდაბლესი მოსამსახურე), ბევრჯერ დაგვიპატიჟნია: მოდით, მეთაურად გაგვიხდით, გვიწინამძღვრეთ, გვემსახურეთ-მეთქი“.

ამ სიყვარულითა და ერთიანობით აღტაცებული ილია წერდა:

„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინოს შენ დიდების დღენია“.

ნიკოლოზ სიმბორსკი წარმოშობით პოლონელია და კარგად ესმის - რაც უღირს საქართველოს როგორც ერთი, ისე მეორე. რა იღონოს? ორივე უსაშველოდ ჯიუტია. ორივენი, თუ გაბრაზდნენ, მაშინვე იარაღს სტაცებენ ხელს.

(გვიან, როცა ილია აღარ იქნება ცოცხალი, გრიგოლ ყიფშიძე გაიხსენებს: „ილიას რვა-ცხრა დუელი ჰქონდა, ხან მწერლობის ნიადაგზედ გამოწვეული და ხან საბანკო მოღვაწეობის გამო გაჩენილი. შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ დუელში გასული კაცი მუდამ მშვიდობით გადარჩენის იმედით იყოს. მაშასადამე, ილიას მუდამ თავი ჰქონდა განწირული იმ საქმისათვის, რომელიც მართალი ეგონა და საკეთილო ქვეყნისათვის“. ეგევე ითქმის ნ. ნიკოლაძეზეც).

დღეს არც ისე უბრალოდ არის საქმე, ზერელედ მაყურებელ კაცს რომ მოეჩვენება. მათ შორის უთანხმოება კარგა ხანია დაიწყო. პირველად თერგდალეულთა ერთიანობა 70-იანი წლების დასაწყისში გაითიშა.

1871 წელს კავკასიაში ალექსანდრე მეორის ჩამოსვლას ელოდნენ. დავა ატყდა: რა შევევედროთ ხელმწიფეს, რა წყალობა გამოვითხოვოთო. პაექრობამ ქართველი საზოგადოება ორად გაჰყო.

ერთი ნაწილი ფიქრობდა, ყველაზე მეტად უმაღლესი სასწავლებელი იყო საჭირო და სწორედ მისი გახსნა უნდა ეთხოვოსო. ეს აზრი პირველად გიორგი წერეთელმა გამოთქვა. ილიამაც მას დაუჭირა მხარი.

მეორე წყება სამხედრო სასწავლებლის დაარსებას ამჯობინებდა. ქართველი საზოგადოების უმრავლესობა (არისტოკრატიული წარმომავლობისაც კი) ღარიბ-ღატაკი იყო. უნივერსიტეტში სწავლის ქირის გადახდა უჭირდა. სამხედრო სასწავლებელში, ანუ კადეტთა კორპუსში კი სწავლა ხელისუფლების ხარჯზე შეიძლებოდა. ამიტომ უნივერსიტეტს კადეტთა კორპუსი ერჩია ბევრს.

ნიკო ნიკოლაძე არც პირველ ნაწილს მიემხრო და არც მეორეს. მან მესამე, სრულიად განსხვავებული აზრი გამოთქვა: ყველაზე უპრიანი და გონივრული ის იქნება, ხელმწიფე-იმპერატორს საქართველოში ერობის შემოღება შევევედროთო. დაისტამბა კიდეც წერილი 1871 წელს „კრებულში“ - „ერობა, მისი დანიშნულება და წესდება“.

მეფის ხელისუფლებამ ერობა 1864 წელს შემოიღო, მაგრამ მხოლოდ საკუთრივ რუსეთში. იმპერიის დანარჩენი ნაწილი ერობის წესდების შესაბამისად არ იმართებოდა. თუმცა, ალექსანდრე მეორის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა შეეკრიბა ცნობები პოლონეთში, ფინეთში, ციმბირსა და კავკასიაში და გამოეტანა დასკვნა - შეიძლებოდა თუ არა ამ რეგიონებშიც ერობის დაწესება.

ნიკო ნიკოლაძე უყვებოდა ქართველ საზოგადოებას:

„რუსეთში, მაგალითად, ერობის ხელშია უთვალავი სახალხო შკოლები... ეს შკოლები იმ რიგათ არიან განწყობილნი, როგორც მოუნდომებია თვითონ ერობას და მათში ასწავლიან ერობისაგან მოძებნილი და დაქირავებულნი მასწავლებლები. შკოლების გარდა, ერობას ზედამხედველობაში აქვს სახალხო პურის ნაკლულოვანების დროს ხელი გაუწყოს გაჭირვებულ ხალხს და ასესხოს იმას დასათესი მარცვალი ან საჭმელი პური. შიმშილის დროს ერობას სხვა უფლებაც აქვს: შეუძლია მიიღოს შინაგანი საქმეების სამინისტროდან ნაღდი ფული იმ ფონდიდან, რომელიც დანიშნულია დამშეულების დასახმარებლად. ნება აქვს იყიდოს, სადაც მოუხდება ამ ფულით პური და გადასცეს ის სესხათ თავის მაზრის მცხოვრებლებზე...

ერობას ეკუთვნის, გზის გარდა, სახალხო სიმართლეზე ზრუნვა, რუსეთში ერობა იმით ასრულებს ამ მოვალეობას, რომ იაფფასიან აფთიაქებს აწესებს დიდრონ სოფლებში და იქიდან იაფათ აძლევს წამლებს შეძლებულ მცხოვრებლებს, ღარიბებს კი სულ მუქთად და უფასოდ ურიგებს. ამავე სოფლებში ერობას დაყენებული ჰყავს თავისი ხარჯით ექიმები და ფერშლები, რომელნიც მოვალენი არიან უექიმონ უფასოთ ყველას, ვისაც კი ამათ მაზრაში და წრეში ექიმობა სჭირდება...

რუსეთის ერობა სხვა და სხვა გუბერნიებში ჩინებულ ბანკებს აწესებს (საერობო ბანკებს), რომლის შემწეობით მაღლდება და ვრცელდება ადგილობრივი მეურნეობა და აღებ-მიცემობა...

რაკი ერობა ხედავდა, რომ არც რკინის და არც უბრალო გზები ზეციდან დამზადებული არ ცვინდებოდნენ მაზრაში, იმან იკისრა ერობის ხარჯით გზების გავლება, როგორც უბრალოების, აგრეთვე რკინისა...

ერთი სიტყვით, რუსეთში ერობამ თავი გამოიჩინა, უმეტეს ნაწილათ, როგორც ხეირიანმა და გონიერმა მეპატრონემ...“

ნიკო ნიკოლაძეს ხიბლავდა და აჯადოებდა ერობის ასეთი აქტიური საქმიანობა. მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ღირებულებას ანიჭებდა იგი ერობას თვითმმართველობის უფლების გამო.

„ერობის ყველაზე უფრო უძვირფასესი ღირებულება ის არის, რომ ჩვენ საკუთარ საქმეს ჩვენვე გვავლევინებს, ჩვენ პატრონათ ჩვენვე გვხდის და ეს გარემოება, მარტო ეს, - ეს ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, - გვამაღლებს კაცების ხარისხზე, ადამიანის ღირსებას გვაძლევს და გვაჩვევს უმჯობეს, კაცურ ცხოვრებას“.

იგი ფიქრობდა, რომ თუ საქართველოშიც შემოიღებდნენ ერთობას, ქვეყნის წინსვლა-აღორძინება ერთბაშად მოხდებოდა. ნიკო ნიკოლაძე რწმენითა და იმედით ამთავრებდა სტატიას:

„მაშ, იმედი ვიქონიოთ, რომ, როცა ჩვენ ქვეყანასაც ეღირსება ერობის დაწესება და, როცა საქმეების მმართვა თვითონ ჩვენ ხელში გადმოგვეცემა, ჩვენი საზოგადოებაც იმნაირვე სარგებლობას გამოიტანს ამ დაწესებისაგან და იმნაირივე გონიერებით მოიხმარს იმას, როგორც რუსეთის საზოგადოება. ერობის დაწესებამდი, რუსული საზოგადოება ეხლანდელ ჩვენს საზოგადოებაზე უფრო წინ არ იდგა, ის მაშინ ყველას იმნაირივე მოუხერხებელ და გაუნათლებელ საზოგადოებათ მიაჩნდათ, როგორითაც ეხლა სთვლიან ჩვენ საზოგადოებას“.

მაშინ ნიკო ნიკოლაძე მარტოდმარტო დარჩა. მის წინადადებასა და აზრს მხარი არავინ დაუჭირა, გარდა ერთი კაცისა, სომეხი მოღვაწის ნაპოლეონ ამატუნისა.

(და მაინც ერობის შემოღების აუცილებლობის აზრი ნ. ნიკოლაძეს არასოდეს შეუცვლია. 1914 წლის 7 იანვარს იგი ჟურნალისტ ვლადიმერ ბაქრაძეს სწერდა: ერობა „ქვეყნის განვითარების გარდაუვალი პირველი ნაბიჯია, პირველი საფეხურია, რადგან მანამდე და უიმისოდ შეუძლებელია მიაღწიო ხალხის ყოფის რაიმე მყარ გაუმჯობესებას. არ შეიძლება ხალხი გაიზარდოს უგზებოდ, უსკოლებოდ, უექიმებოდ, უკრედიტოდ, ორგანიზაციის თვინიერ. ყველაფერ ამას კი ერობა იძლევა. ამასთან ერთად, ხალხს ასწავლის დისციპლინას, თანდათან აჩვევს თვითმმართველობას, დამოუკიდებლობას“).

პაექრობა - უნივერსიტეტი, კადეტთა კორპუსი თუ ერობა - დაშოშმინებული არ იყო, რომ ახალმა დავამ იფეთქა. 1872 წელს, გაზეთ „კავკაზის“ დამატებად, რუსულად გამოვიდა წიგნი «О сушестве национальной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц».

ავტორი წიგნს ხელს არ აწერდა, მაგრამ საზოგადოებისათვის უცნობი არ ყოფილა მისი ვინაობა - გიორგი კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი, სენატორი, საიდუმლო მრჩეველი.

განურჩევლად ეროვნებისა, წერა-კითხვის მცოდნე რომელ კავკასიელს არ ჰქონდა მაშინ ეს წიგნი წაკითხული? ნიკოლოზ სიმბორსკიმაც იცოდა, რასაც წერდა Георгий Багратион-Мухранский.

ადამიანის ბუნებრივი და თანდაყოლილი თვისებაა ლტოლვა, მისწრაფება სულიერი და მატერიალური სრულყოფისაკენ. იარაღი, რითაც სულიერი და მატერიალური სრულყოფა მიიღწევა, არის ცოდნა-განათლება. მისი მიღების საშუალება კი ენაა. მაგრამ მცირერიცხოვანი ხალხების ენებს არააქვთ უნარი, ძალა, ღონე აითვისონ თანამედროვე ცოდნა. ისინი არ გამოდგებიან განათლების მიღების საშუალებად. თანამედროვე ცოდნას სრული სახით და მთლიანად ფლობს მხოლოდ მრავალრიცხოვანი ხალხების ენები, მხოლოდ იმ ენების საშუალებით შეუძლია ადამიანს ჭეშმარიტი განათლების მიღება, ცოდნის შეძენა (ევროპაში ასეთ ენებად გ. მუხრანბატონს მიაჩნდა ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური, გერმანული, რუსული). რაკი ასეა, მცირერიცხოვანი ხალხების ენებს სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდამრავალრიცხოვანიხალხებისენებთანშერწყმისადაგაქრობისა. მართალია, ეს მტკივნეულია, მაგრამ აუცილებლობაა. გვინდა თუ არა, უნდა შევეგუოთ მას. თუ მცირერიცხოვანი ხალხები თავიანთ მშობლიურ ენებს ჩაებღაუჭებიან, არ დათმობენ, მაშინ მათ მარადიული ჩამორჩენა ელით, რადგან ცოდნა-განათლებით ვერ გაუთანაბრდებიან მრავალრიცხოვან ხალხებს. მარადიული ჩამორჩენილობა, სულიერი და მატერიალური სიდუხჭირე გაცილებით უფრო დიდი და ხანგრძლივი ტანჯვაა, ვიდრე იმ ენის დაკარგვა, რომელიც არაფერში გარგიათო.

ამ წიგნმა ქართული საზოგადოება საშინლად აღაშფოთა (თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, 1877 წელს, გიორგი მუხრან-ბატონი დიდი პატივით დაეკრძალათ სვეტიცხოვლის ტაძარში). ამათუიმ სახით ბევრმა უპასუხა ავტორს. ნიკო ნიკოლაძემ რატომღაც დუმილი არჩია. მოგვიანებით, 1876 წელს, მხოლოდ ეს თქვა: „ამ საგანზე მე სრულიად სხვანაირი აზრები მაქვს, რომელიც არც იმ ბროშურის დამწერს ეთანხმებიან, არც „დროების“ აზრს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საზიანოდ დავინახე ჩვენი ახალგაზრდობისათვის ჩემი მხრით ამ ბრძოლაში გარევა. ამ აზრის ნათლად გამოხატვა მე არ მსურს“. რატომ? გაუგებარი დარჩა.

მაშინ, 1872 წელს, ნიკო ნიკოლაძის დუმილისათვის არავის მიუქცევია ყურადღება. 1876 წელს კი გაუხსენეს და 8 სექტემბერს „დროებაში“ სიჩუმისათვის მწარედ გაჰკრეს კბილი. „რამდენიმე წლის წინათ ერთი უსახელო ავტორი უბედურს მომავალს უმზადებდა საქართველოს. მართალია, იმას ქართულს ენაზე არ დაუწერია, მაგრამ მისი ჰაზრები ქართულ საზოგადოებისაგან უცნობად არ დარჩენილან... სად იყო მაშინ „კრებულ-დროების“ ძვირფასი პუბლიცისტი? რატომ არაფერი ჰსთქვა?“ იქნებ არც 1876 წელს გახსენებოდათ ნ. ნიკოლაძის დუმილი, რომ იმ ხანებში პრინციპულად არ დასმულიყო კითხვა - სად უნდა ემუშავა ქართველ მოღვაწეს და რომელი ენით უნდა ეწერა.

1875 წლის 29 ოქტომბერს „დროებაში“ სერგეი მესხმა პაწია წერილი გამოაქვეყნა - „ჩვენი მეცნიერები“. იგი მკითხველს ატყობინებდა ვასილ პეტრიაშვილის ოდესის უნივერსიტეტის დოცენტად არჩევას. ახსენებდა აგრეთვე, რომ პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში ივანე თარხნიშვილი მუშაობსო, ხოლო უნივერსიტეტში ქართულ ენას ალექსანდრე ცაგარელი ასწავლისო.

ამ უბრალო უწყების მერე ს. მესხი პრინციპულ კითხვას სვამდა და კატეგორიულ პასუხსაც აძლევდა.

„რასაკვირველია, ყოველ კაცს შეუძლია იმ საქმეს მოჰკიდოს ხელი და ისეთი მიზანი აირჩიოს თავის ცხოვრებისათვის, რომელიც იმის ხასიათს უფრო შეეფერება, რომელიც იმისათვის უფრო სასიამოვნოა და ან ჰგონია, რომ მომეტებულ სარგებლობას მოიტანს.

მაგრამ ამ მოსაზრების წინააღმდეგ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ მამულის ყოველ ნამდვილ შვილს ყველაზე პირველად თავის სასიამოვნო და სასარგებლო შრომათ მხოლოდ ის უნდა მიაჩნდეს, რაც ამ მამულისათვის სასარგებლო და გამოსადეგია. კერძოობითი მიდრეკილება, საკუთარი, პიროვნული სიამოვნება ხშირათ უნდა დაივიწყოს, თუ ეს საზოგადო სამშობლოს სარგებლობასთან არ თავსდება.

... ყოველი ადამიანი და განსაკუთრებით გონება-გახსნილი, განათლებული კაცი თავის საკუთარ სამშობლოში, თავის ხალხში უნდა მუშაობდეს, უნდა მოქმედებდეს.

თუ ყველა, ვინც კი ცოტათი წრიდამ გამოვა, ვინც თავის თავს, ვსთქვათ, პეტერბურგში ან პარიზში გამოსადეგ კაცად იცნობს, თუ ყველა ამისთანა განზე გადგა და უიმითოთაც ნამდვილ კაცებით მდიდარ ქალაქებში გადაიხვეწა, - ვინღა უნდა დარჩეს, მაშ, ჩვენს ქვეყანას, რომელსაც კაცური, თავიანი და საზოგადო საქმეების თანამგრძნობი კაცები ასე ეჭირვება?

ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველი კაცი იქ უნდა ცხოვრობდეს, იქ უნდა მოქმედებდეს და მუშაობდეს, სადაც იმის მუშაობა უფრო სასარგებლო, უფრო ნაყოფიერი იქნება, და რადგანაც ყოველი კაცის მუშაობა იქ უფრო ნაყოფიერი და სასარგებლოა, სადაც ის დაბადებულა, სადაც ის ყველა გარემოებას იცნობს, ამის გამო ყველა თავის სამშობლოში უნდა მუშაობდეს“.

ასე მარტო სერგეი მესხი არ ფიქრობდა. ეს თერგდალეულთა უმრავლესობის აზრი იყო. მათ შორის ილიასი და აკაკისაც. ზოგადად ამ აზრს არც ნიკო ნიკოლაძე ემიჯნებოდა, მაგრამ მისი შეხედულება მაინც განსხვავებული იყო.

„სად უნდა შრომობდეს ჩვენებური ახალგაზრდა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უყვარს?

ჩემი აზრით, მთელი ჩვენი ახალგაზრდობა და მთელი ჩვენი ქართველობა ორ ნაწილად გაიყოფა. უმრავლესობას მარტო ერთი მიზანი და მიდრეკილება აქვს: თავისი კერძო სარგებლობის დაცვა და ძიება. „ჯერ თავო და თავოო, მერე ცოლო და შვილოო“. ეს არის უმრავლესობის სახარება. მეორე ნაწილი, ერთი იოტის ტოლა, იმისთანა პირებისაგან შედგება, რომელთაც საკუთარ სარგებლობაზე უმალ საზოგადო სიკეთე და მამულის სიყვარული მიუძღვისთ. ჩემი აზრით, სადაც უნდა ცხოვრობდეს უმრავლესობის წევრი - სულერთია: ქვეყანასა და საზოგადოებას იმათგან არავითარი ხეირი არ მოელის, გინდ შორაპანში იცხოვრონ, გინდ პარიჟში. ყველგან და ყოველთვის ესენი მუქთა მჭამელები და უხეირო წევრები იქნებიან თავთავიანთი ქვეყნისათვის, სწორეთ ამნაირათვე, სადაც უნდა იცხოვროს ან იმოქმედოს მამულის მოყვარე პირმა, ჩემი აზრით, ყველგან სასარგებლო იქნება თავის ქვეყნისათვის, თუკი, სურვილის გარდა, იმისათვის ბუნებას ნიჭი, ცოდნა და ძალა მიუნიჭებია. რითიმე, როგორმე ყოველგან მოუტანს ის ხეირს თავის ქვეყანას, აქ იყოს გინდ სტამბოლს, გინდ მადრიდს. სიბრიყვეა, ერთი რომელიმე ურიგო და უნიჭო კაცი თფილისის მოედანზე უსარგებლოთ დაეთრეოდეს და თან ვინმე მშრომელს და ხეირიან პირს, რომელიც პარიჟის ბიბლიოთეკაში შრომობს, მამულის უსიყვარულობას აბრალებდეს მარტო იმისათვის, რომ საქართველოში ჩემსავით უსარგებლოთ რატომ არ დაღოღიალობსო. სადაც გინდათ იშრომეთ, სადაც გსურდეთ ისწავლეთ, რაც გინდათ ჰქენით, ოღონდ კი თქვენი მამული გიყვარდეთ, ოღონდ კი მის სასარგებლოთ იშრომეთ, ოღონდ კი მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მისი სახელის გადიდებაზე, მისი კეთილდღეობის მოახლოვებაზე იმეცადინეთ. ეცადეთ გონიერი, სწავლული, ძლიერნი და პატიოსანნი გამოხვიდეთ. მარტო ამითაც შეგიძლიათ საქართველოსათვის ხეირის მოტანა. მარტო იმით, რომ მასში კაცები ცხოვრობენ და არა ველური მხეცები, როგორც ეხლა მთელს ევროპას ჰგონია. მართალია, ჩვენი ქვეყნისათვის ის უფრო ემჯობინება, რომ მისი ჩინებულათ ნასწავლი და დახელოვნებული შვილები მაშინვე შრომობდნენ, დანარჩენ მის შვილებს პირდაპირ ეხმარებოდნენ, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, მე ოცდაათს შინაურს უმეცარს ერთი „გასული“ ნასწავლი მირჩევნია. სხვა რომ არა იყოს რა, ჩვენებური კაცი, რუსეთში პროფესორად გამხდარი, ერთს ჩვენებურს სტუდენტს ხელს მაინც გაუწყობს, ერთს ჩვენს ყმაწვილს მაინც დაიფარავს და შემწეობას მისცემს თავის გავლენით“.

(შვეიცარიაში სასწავლებლად წასულ ოლღა ალექსანდრეს ასულ გურამიშვილს, 1875 წელს, ოდესიდან, ვასილ პეტრიაშვილი სწერდა: მაპატიეთ, 200 ფრანკზე მეტს რომ ვერ გიგზავნით. ნუ შეწუხდებით, მე რომ პაპიროსის წევას მივატოვებ და თეატრშიც აღარ ვივლი, დაზოგილ ფულს თქვენ გამოგიგზავნით. სექტემბრიდან „მდიდარი“ გავხდები, 80 მანეთს გიმნაზიაში მივიღებ, 70 მანეთს - უნივერსიტეტში. მე თვეში 40 მანეთზე მეტი არ მჭირდება. ასე, რომ მომწერეთ რამდენი გჭირდებათ და იმდენს გამოგიგზავნით).

ასევე განსხვავებულია ნიკო ნიკოლაძის აზრი საკითხზე - რომელი ენით უნდა წეროს ქართველმა მოღვაწემ.

„ჩვენი ქვეყნის ბედი რუსეთთან არის შეერთებული. გარემოებამ ასე მოიტანა... ჩვენი ხალხი ცხოვრობს რუსეთის კანონის ქვეშ, რუსეთის მმართველობის განკარგულების ქვეშ. მგონია, ეს უეჭველია. მე როდი ვსჯი, იმას ვამბობ, რაც არის... ვინ სწერს და სცემს კანონებს, რომლითაც უნდა იმართებოდეს ჩვენი ქვეყანა? ვინ ირჩევს იმ პირებს, რომელნიც ამ კანონებს უნდა ასრულებდნენ და ჩვენს ქვეყანას უნდა მმართავდნენ? რუსეთის მთავრობა, ესე იგი, რუსეთი. ნუთუ სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ რუსეთმა არ იცოდეს ჩვენი მდგომარეობა? ნუთუ საჭირო არ არის, რომ ღირსეული აზრი ჩვენზე შეადგინოს არა თუ მარტო რუსეთმა, არამედ მთელმა ევროპამაც? მაშასადამე, ნუთუ საჭირო არ არის, რომ ქართველები სწერდნენ რუსულ და ევროპულ ენებზე, აგებინებდნენ რუსეთს და ევროპას ჩვენს ხასიათს, ჩვენს მდგომარეობას, მიმართულებას, სურვილს, ლხინსა და დარდს?

კაცმა რომ თქვას, მარტო რუსულ ან მარტო ევროპულ ენებზე უნდა ვწეროთო, ქართული კი სრულიად მივატოვოთო, - ეს, რასაკვირველია, სიბრიყვე იქნება. ჩვენი მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის მოყვარეთაგან ორგვარ შრომას მოითხოვს. ერთის მხრით ჩვენ უნდა ვშრომობდეთ თვითონ ჩვენი ხალხის გასანათებლად, მისი გონების გასახსნელად, მისი ხასიათის გასამაგრებლათ. უეჭველია, რომ ამგვარი შრომა მარტო ქართულს ენაზე შეიძლება. მაგრამ ამასთანავე ჩვენვე უნდა ვშრომობდეთ რუსულსა და სხვა ენებზედაც, იმ აზრით, რომ სხვებს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი საჭიროება და სურვილი გავაცნოთ. ეს უკანასკნელი შრომა ყოველთვის, ვისაც კი ცოტაოდენი ესმის პოლიტიკური ცხოვრების მოთხოვნილებები, თითქმის იმდენითვე აუცილებელი და საჭიროა, როგორც პირველი“.

(ამ აზრს ნ. ნიკოლაძე 1913 წელსაც გაიმეორებს. მაშინ იგი მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ფოთში რუსული გაზეთის დაარსება განუზრახავს და როგორ ბედავსო - საყვედურობდნენ მოწინააღმდეგენი. იმ დროს, შავიზღვისპირა მოსახლეობას, სოჭისა და ნოვოროსიისკის გაზეთებთან ერთად, ბათუმისა და სოხუმის რუსული გაზეთებიც ემსახურებოდნენ. ასეთ ვითარებაში, - თავს იცავდა ნიკო ნიკოლაძე, - „ავნებს თუ არგებს ქართულ საქმეს, ამ ხალხისათვის დანიშნული გაზეთი ჩემის თაოსნობით რომ გამოდიოდეს და არა ბ. პალმის ან ბ. გერმანის მეთაურობით? ეს კითხვაც რომ სადაოთ სცნოთ, სიცრუის გამჭედს რით ვერ გაუგია, რომ ჩვენი სწავლა, მართველობა, მსაჯულობა, გზები, ნაოსნობა, მისვლა-მოსვლა, აღებ-მიცემობა, ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრება, ისეთი პირების ხელშია, ვისაც ქართული არ ესმის. მაშასადამე, თუ ქართველობის საბოლოო დამხობა არ გვინდა, რუსულადაც უნდა ვწეროთ ამ ცხოვრების ბრუნვა, დარდი, წამალი, სახსარი“).

ნიკო ნიკოლაძის არც ამ აზრს იზიარებდნენ. იზიარებდნენ კი არადა, მწარედ ამუნათებდნენ. ასე მკაფიოდ ნიკოს თავის შეხედულება შეიძლება არც კი გამოეთქვა, ალექსანდრე ჭყონია რომ არ დასხმოდა თავს. 1876 წლის 8 სექტემბერს „დროებაში“ ალექსანდრე ჭყონიამ (მაჭახელიძის ფსევდონიმით) გააბიაბრუა ნიკო ნიკოლაძის ფრანგულად დაწერილი წიგნი „La presse de la dècadence“ („დაცემულობის პრესა“).

„ევროპას“ „ჭიების“ სპეციალისტები ისე სჭირია, როგორც პუბლიცისტები. მაგრამ განა ქართველები ეჭირვებათ მასწავლებლებათ? ვგონებ, არა. რომელი ევროპელი არ ეტყვის იმ ქართველს, რომელიც ევროპაში, მოსწავლეობას კი არა, მასწავლებლობას მოინდომებს, რომელი ევროპელი არ ეტყვის ამისთანა ქართველს: „ძმაო, შენს სახლში დაეტიე, ის სჯობს. თუ რისიმე გაკეთება გსურს და შეგიძლია, შენს ქვეყანაში ბევრი გაქვს გასაკეთებელი, თორემ აქ მხოლოდ გაკეთებულის გამკეთებლად ვარგიხარ. ამისთანა კაცი კი ჩვენ არ გვჭირიან“.

„ჭიების სპეციალისტებში“ ალექსანდრე ჭყონია გულისხმობდა ქიმიკოს ვასილ პეტრიაშვილს და ფიზიოლოგ ივანე თარხნიშვილს, რაკი მაჭახელიძეს არც მათი საქმიანობა მოსწონდა საქართველოს გარეთ.

ნიკო ნიკოლაძეს ფრანგების ჭკუის სწავლება არ უფიქრია. წიგნის დაწერა უბრალო შემთხვევამ გამოიწვია.

1874-75 წლებში ნიკოს საფრანგეთში ცხოვრება მოუწია. იგი ტყიბულის ქვანახშირის ფინანსირების გზებს ეძებდა. პარიზში იგი ხშირად ხვდებოდა ძველ ნაცნობს მარიუს მარტენს. ეს კაცი მამამისის, იაკობ ნიკოლაძის, მეგობარი იყო. მარტენს თბილისსა და ქუთაისში სასტუმროები ჰქონდა. კარგა ძალი ფულიც დააგროვა. უკან, სამშობლოში, გამდიდრებული დაბრუნდა, მაგრამ, მალე, საქართველოში მოხვეჭილი ფული გაფლანგა და გაკოტრდა. მარიუს მარტენის ოჯახში გაეცნო ნიკო ნიკოლაძე საფრანგეთის ეროვნული კრების ორ მარსელელ დეპუტატს დელპეშსა და რუვიეს (სულ მცირე ხანში რუვიე ჯერ ფინანსთა მინისტრი გახდა და მერე მთავრობის თავმჯდომარეც). ამ საზოგადოებაში ერთხელ, საუბრისას ნიკო ნიკოლაძეს წამოსცდა: ფრანგული პრესა ცუდად იცნობს იმას, რაც საფრანგეთს გარეთ ხდება. რუსეთს გაცილებით მეტი ინტერესი აკავშირებს გერმანიასთან, ვიდრე საფრანგეთთან, ამიტომ, ფრანგულ პრესას ტყუილად აქვსო დიდი იმედი რუსეთ-საფრანგეთის კავშირისა. ამ აზრმა ფრანგები შეაცბუნა. მაშინვე სთხოვეს - რაც თქვით, წერილობით ჩამოაყალიბეთო. ნიკომაც დაწერა. წიგნიც დაუყოვნებლივ გამოსცეს და ძირითადი აზრიც სასწრაფოდ გადაბეჭდა ემილ დე ჟირარდენმა, მაშინდელი ფრანგული პრესის თავკაცმა, გაზეთში „La France“.

ნიკო ნიკოლაძის წიგნს სხვებიც გამოეხმაურნენ.

ლუი ბლანი აქებდა:

„არ ვიცი, იქნებ ფრანგულმა პრესამ თქვენი მსჯელობა მიიჩნიოს რამდენადმე მკაცრ შეფასებად, მაგრამ თქვენი წიგნი უთუოდ უნდა მივაკუთვნოთ ისეთ ნაშრომთა რიცხვს, რომლებიც ფრანგმა ჟურანლისტმა უნდა წაიკითხოს და გაიზიაროს“.

ივ გიო უხერხულად თავს იმართლებდა:

„ძვირფასო ბატონო თანამოძმევ! ძალიან მადლობელი ვარ თქვენი უაღრესად საინტერესო ბროშურის „დეკადენტური პრესის“ გამოგზავნისათვის, არას გზით არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იგი არის დაწერილი უცხოელი ჟურნალისტის მიერ. ძალიან ცოტა ფრანგი ჟურნალისტი შესძლებდა ამის დაწერას ასეთი ენით, ასეთი სიძლიერით და სისწორით. თქვენი საყვედურების უმეტესობა ფრანგული პრესის მიმართ მართებულია. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ამაში ჩვენ ბრალი არ გვიძევს. თქვენ გინდათ, რომ პრესა იყოს იარაღი ცოდნის გავრცელების. თქვენ მართალი ხართ. მაგრამ დაუფიქრდით საფრანგეთში ხელისუფლებრივსა და ადმინისტრაციულ დაბრკოლებებს, რომლებიც ჩვენ გვეღობება. ყოველი დეპეშა გაივლის უპირველეს ყოვლისა შინაგან საქმეთა მინისტრის ხელში, რომელიც მას აფერხებს, თუკი მოესურვება. ჰავასის სააგენტო მთავრობის მონოპოლიით არის აღჭურვილი“.

(ეს წერილები პირველად ნატალია ორლოვსკაიამ და გიორგი აბზიანიძემ გამოაქვეყნეს).

უცნაური თვისება აქვს ამ ხალხს: თან ეამაყებათ, როცა რომელიმე ქართველს უცხოელები აქებენ, თან შური ახრჩობთ. „დროება“ მაინც არ უნდა დაპირისპირებოდა. არ უნდა დავიწყებოდა - მის დაარსება-არსებობაში რა ღვაწლი მიუძღოდა ნიკო ნიკოლაძეს.

(აკაკი წერეთელი: „ნიკო ნიკოლაძემ, გამოიყვანა გუბერნატორის კანცელარიიდან ს. მესხი და დააყენა „დროების“ რედაქტორად“).

რას იზამ. ასე იციან, ღვაწლიც იოლად ავიწყდებათ და წყენაც, გუშინდელი ძმები დღეს შეიძლება ისე გადაეკიდონ ერთმანეთს, გეგონება, საუკუნოვანი შუღლი თიშავთო. სიმბორსკიმ ქართული არ იცის, მაგრამ ეს ლექსი კი დაიმახსოვრა. გაჭირვებითა და სასაცილოდ წამოიძახებს ხშირად: „ასე სჭირთ საქართველოსთა დიდებულთ, გინა მცირეთა: აზვავდებიან, იტყვიან - უჩემოთ ვით იმღერითა“. მაშინაც ასე მოხდა, ქართველ ქალთა პირველი მცირე რაზმი რომ მიდიოდა უცხოეთში სწავლის მისაღებად. ილია, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი აღტაცებული იყვნენ ამ ამბით. აკაკი გამოეთიშათ. დაიჩემა - ქალს სწავლა რად უნდა და ისიც უცხოეთშიო. ყველას გაებუტა. მისებურად ენაკვიმატობდა და აქილიკებდა წამსვლელთაც და წასვლის მოტრფიალეთაც. 1873 წელს მაინც გაემგზავრნენ - ეკატერინე და ოლიმპიადა ნიკოლაძეები, ეკატერინე მელიქიშვილი, მარიამ წერეთელი, ოლღა გურამიშვილი (მანამდე უცხოეთში მხოლოდ ერთი ქართველი ქალი სწავლობდა - პელო ნაცვლიშვილი). ეს დიდი საქმე იყო. როცა დაბრუნდნენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაებნენ, აკაკისაც გაუხარდა. აღარც კი გახსენებია - როგორი წინააღმდეგი იყო მათი წასვლისა.

ქალთა განათლების მეთაური და სულის ჩამდგმელი ნიკო ნიკოლაძე იყო. ახსოვთ? არც მაინცდამაინც.

საერთოდ ყველაფრის გამო დავობენ. რამდენი დრო დაიხარჯა იმის განსამარტავად - რა არის ბანკი და როგორ უნდა მუშაობდეს იგი. რაკი ბევრნაირი ბანკი არსებობს, როგორი გამოადგება საქართველოს? თუმცა არც არის გასაკვირი, რომ ყველაფერი სადავოა. საუკუნეებით ჩამორჩენილი ქვეყანა, აქტიურ ევროპულ ცხოვრებას მოწყვეტილი, ახლა იწყებს გამოფხიზლებას, ახლა აპირებს ფეხზე წამოდგომას, ახლა ისადგურებს ახალი ყოფა. ყველას თავისებურად ესმის ახალი ცხოვრების დამკვიდრება და ცხარედ ეკამათებიან ერთმანეთს. უკვე რამდენიმე წელიწადია გაუთავებელი პაექრობაა ნიკო ნიკოლაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს შორის, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამო. ნიკოს არც ბანკის წესდება მოსწონს და არც მისი საქმიანობა. ყველაფერი სხვანაირად წარმოუდგენია. ბესარიონ ღოღობერიძე კი ქუთაისის ბანკის მმართველია და თავისას იცავს.

(„ჩემს თავგადასავალში“ აკაკი წერეთელი იტყვის: „... დიდი შრომა გასწია!.. განსაკუთრებით ბანკების შემოღებას ჩვენში იმ პროგრამით, რითაც დღეს არიან, დიდხანს ებრძოლა, ასე რომ სასიკვდილოდაც გადადვა თავი“).

ამ გაუთავებელ დავაში ილიაც ჩაერია. ჩაერია და ბესარიონ ღოღობერიძის მხარი დაიჭირა. კიდევ უფრო გამწვავდა კამათი. ცალკეული ცნებებიც კი უთანხმოების საგანია.

ილია ჭავჭავაძე: „კრედიტი, რომელიც მიწისმოქმედებისათვის არის საჭირო და მასზედ უნდა იყოს მიქცეული, არის ის კრედიტი, რომელსაც მეცნიერებაში ეძახიან მიწისსამოქმედო (земельный) კრედიტსა“.

ნიკო ნიკოლაძე: „... земельный კრედიტი სულ სხვანაირათ არის ახსნილი მეცნიერებაში. მიწის-სამოქმედო კრედიტს იმ კრედიტს ეძახიან, რომელნიც ნაშოვნია მიწის გირაოთ მიცემით და არა იმას, რომელიც უნდა მოხმარდეს მიწაზე“.

უვნებელი ტერმინოლოგიური დავა ზოგადდება და ფართო შინაარსს იძენს. ზოგჯერ შეურაცხმყოფელსაც.

ილია ჭავჭავაძე: „მე რომ უფ. ნიკოლაძის ადგილს ვყოფილიყავ, ხელს მოვიჭრიდი და იმისთანა სტატიას კი არ დავწერდი, რომელიც უმეცრებასა და უვიცობას საღერღელს უხსნის და ფრთას ასხამს“.

ნიკო ნიკოლაძე: „დიდათ მაკვირვებს უფ. ჭავჭავაძე, რომ ის ამგვარს შეცდომას იჩენს ისეთს უბრალო ცნობებში, რომელნიც ყველას საანბანოთ მიაჩნია. ნუთუ ბანკის მმართველს და წესდების „შემდგენელს“ ამგვარი შეცდომები შეეფერება? წვრილმანებში თუ იმას ამისთანა მეცნიერება ჰქონია, სხვილ-სხვილოებში რას უნდა ველოდეთ“.

(ერისა და ქვეყნის გადასარჩენად უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს ბრძოლა. ყოველი წვრილმანი მოსალოდნელია საბედისწერო გახდეს. ყოველი მოღვაწე შეწკიპულ თოფს ჰგავს. პაწია ბიძგიც საკმარისია, რომ გავარდეს. 1914 წელს ნიკო ნიკოლაძე გულისტკივილით დაიჩივლებს: „დიდი, ყოველდღიური გაზეთის გამგებლობა, თითქმის უთანამშრომლებოდ, განსაკუთრებით უკორექტოროდ, მაიძულებდა მთელი ღამეები უძილოდ გამეტარებინა სტამბაში, დაძაბული დღიური მუშაობის შემდეგ. მძიმედ დავსნეულდი. დავიწყე ნერვიულობა, დავკარგე თავშეკავებულობა და გავხდი უკმეხი. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ არც ვისმეს მივეყიდე და არც ვისმეს ვუწევ ანგარიშს“).

ასე დაგროვდნენ უსიამოვნებანი, წვრილმანი თუ მსხვილმანი. ახლა ტყვიითა და სისხლით აპირებენ აზვირთებული თავმოყვარეობის დამშვიდებას. მათ გონებას ბურუსი გადაეფარა და სიტყვა უკვე აღარ ჭრის. რა უნდა ჰქნა, როგორ უნდა მოიქცე? მოულოდნელად სიმბორსკი მუხლებზე დაეცა და ისტერიული ქვითინი აუტყდა - თუ სიკვდილი აუცილებელია, მე მომკალით... თუ სიკვდილი აუცილებელია, მე მომკალით... საცოდავად სლუკუნებდა იგი. ყველა სიმბორსკის მიაშტერდა. მისმა საქციელმა ილიაც გამოაფხიზლა და ნიკოც. ორივე სიმბორსკის მივარდა და ფეხზე წამოაყენეს. სიმბორსკი პატარა ბიჭივით მჯიღებით იწმენდდა ცრემლებს და - მაპატიეთ... მაპატიეთო - დაბნეული ლუღლუღებდა.

შერიგების ოქმი იმ დღესვე დაიწერა.

„1880 წლის მარტის მეოთხე დღეს, ტფილისში, ქვემორეხელისმომწერნი ამით ვადასტურებთ, რომ თავად ი. გ. ჭავჭავაძისა და ნ. ი. ნიკოლაძის წარმომადგენლები, დანიშნული დუელის ადგილას, ახსნა-განმარტებათა გაცვლა-გამოცვლამ მიიყვანა ორივე მხარის მიერ ერთდროულად გამოთქმულ შემდეგ დასკვნამდე:

1. ნ. ი. ნიკოლაძე აცხადებს, რომ მას უკან მიაქვს ყველაფერი ის, რაც ეხებოდა პირადად თავად ი. გ. ჭავჭავაძეს 1880 წლის პირველი მარტის, 435-ე ნომერ „ობზორის“ მოწინავე სტატიაში.

თავადი ი. გ. ჭავჭავაძე აცხადებს, რომ იგი არ იწონებს გაზეთ „დროების“ (29 თებერვლის ნომრის) იმ მოწინავე წერილს, რომელმაც გამოიწვია ზემორემოხსენიებული მოწინავე სტატია „ობზორისა“.

2. მომავალში პოლემიკა, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს ზემორემოხსენიებული გაზეთების ორივე წარმომადგენელს შორის, უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ საერთო საკითხის ნიადაგზე და არ უნდა ჰქონდეს პირადი სარჩელი იმ სტატიებზე, რომელნიც ავტორის ხელმოუწერლად გამოქვეყნდებიან, პასუხისმგებელი პირია წერილის დამბეჭდავი გაზეთის რედაქტორი“.

ოქმს ხელს აწერენ, ილია ჭავჭავაძის მხრით - ნიკოლოზ ერისთავი და იოსებ შალიკაშვილი, ნიკო ნიკოლაძის მხრით - ნიკოლოზ სიმბორსკი და დავით გურამიშვილი.

(რუსულად დაწერილი ეს ოქმი ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ი. ჭავჭავაძის ფონდი №4).

* * *

ნიკო ნიკოლაძის სიცოცხლეს ხშირად დამუქრებია საფრთხე.

გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, ერთი მხრივ, „კრებულს“ და „დროებას“ და, მეორე მხრივ, „მნათობს“ შორის ცხარე პაექრობა იყო გამართული. განსაკუთრებით მწვავედ ნიკო ნიკოლაძე წერდა და ასევე ფიცხად ეპასუხებოდა ანტონ ფურცელაძე. როცა 1872 წელს „მნათობმა“ არსებობა დაასრულა, ნიკო ნიკოლაძე მას დამცინავი სიტყვებით გამოეთხოვა.

„როგორც შეეფერება დაფსებულ სანათს „მნათობმა“, სიკვდილის დროს შეჰკრიბა რაც ღონე ჰქონდა, გავლა, აპრიალდა და ისევ დაჰქრა. მაგრამ ამ გაჭირვებულ აპრიალებას და აუცილებელ გაქრობას ისეთი კვამლისა და ხრაკის სული ამოჰყვა, რომ ხანგრძლივი იქნება მისი მოგონება და ზიზღი. ესეც შეუნდოს ამ სულამომავალს ყოვლის დამვიწყებელმა შემოქმედმა.

შესანდობია - რადგანაც ადვილად გაიგება - იმ ბებრუხის წყევლა, კრულვა, შარი, ცილისწამება და ქადილი, რომელიც ჰკვდება და სიკვდილის უკანასკნელ წამში ჰხედავს სიცოცხლით და ძალით სავსე ახალგაზრდობას, მომავლიან ყმაწვილებს, ცხოვრების იმედით და სულით ავსებულს. ერთიღა იარაღი დარჩენია იმას თავისი გულის დასამშვიდებლათ - მათი ლანძღვა, შარის მოგება, ძაგება, წყევლა და ამ საბრალო მომაკვდავს საშინელი სამსჯავროც ავიწყდება, განკითხვაც და სასჯელიც, ოღონდ კი უშვერი ლანძღვით გული ამოიყაროს „მე რათ ვკვდები და სხვები რათ სცხოვრობენო“. გასაგებია ეს, მაშ მიუტევოს ეს სულის ამოხდენის ბრაზიც სულგრძელმა მსაჯულმა“.

ეს უკვე ვეღარ მოითმინა „მნათობის“ ქომაგმა და ერთგულმა თანამშრომელმა ანტონ ფურცელაძემ, სტეფანე მელიქიშვილის სტამბაში მიუვარდა ნიკო ნიკოლაძეს და რევოლვერი ესროლა. თავად ნიკო ასე აღწერს ამ შემთხვევას:

„ერთხელ, დილით, ჩვენი მოწინააღმდეგე სტამბაში გამოცხადდა, სადაც ჩვენ „დროების“ კორექტურას ვკითხულობდით. ჩვენ შორის არავითარი შეხლა-შემოხლა არ მომხდარა. მშვიდი საუბრის დროს, უცბად მოწინააღმდეგე ბატ. ნიკოლაძესთან მივიდა, გულზე რევოლვერის ლულა მიაბჯინა და ჩახმახს ფეხი გამოუშალა. ბატ. ნიკოლაძემ ხელის სწრაფი მოძრაობით ლულა განზე გასწია და ტყვიამ მხოლოდ ხელი გაუკაწრა, როცა ბატ. ნიკოლაძემ სიცილით ჰკითხა მოწინააღმდეგეს „ხომ არ გაგიჟებულხარო“, „ჭკვიანმა ლიტერატორმა“ ჩახმახი ისევ ფეხზე შეაყენა. მაშინ ბატ. ნიკოლაძე მივარდა მოწინააღმდეგეს და ცხარე ბრძოლის შემდეგ, რომელიც თხუთმეტ წუთს გრძელდებოდა და რომელსაც მეორე გასროლაც მოჰყვა, რევოლვერი აართვა. ბატ. თულაევმა (ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ თულაშვილი - ა. ბ.), რომელიც ჩვენს ბრძოლას თავიდან ესწრებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ მოიხმო სტამბიდან ასოთამწყობები. ასოთამწყობები კანტორაში შემოცვივდნენ და მოწინააღმდეგე გარეთ გაიყვანეს. ამ სცენის დროს ჩვენ არც ყვირილი აგვიტეხია და არც მოწინააღმდეგის დასჯა მოგვითხოვია“.

1873 წლის 21 დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეს, 21 წლის იონა მეუნარგიას დღიურში ჩაუწერია: „ფურცელაძემ თავისი სიბეცე გუშინწინ დაამტკიცა, ნიკოს რომ რევოლვერი ესროლა და ნიკომ თავისი კარგი კაცობა, რომ არ უჩივლა“.

* * *

1878 წლის აგვისტოში „ობზორის“ რედაქტორმა ნიკო ნიკოლაძემ და ცენზორმა დიმიტრი ფურცელაძემ იჩხუბეს. ნიკომ ცენზორი მაშინვე დუელში გამოიწვია. სეკუნდანტებად ნიკოლოზ სიმბორსკი და ერევნის პოლკის პოდპორუჩიკი ლალიაშვილი მიუგზავნა. დ. ფურცელაძე დაფრთხა. პოლიციაში გაიქცა. ნიკოლაძე სიკვდილით მემუქრებაო, იჩივლა. ხელისუფლება დუელს სასტიკად კრძალავდა, ნიკოს კარგა ოთხი წლით ელოდა ციხეში ჩასმა.

საქმე თბილისის მეორე განყოფილების მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა. სიმბორსკიმ იყოჩაღა. მიამიტი და ქარიფანტია კაცი გაითამაშა სასამართლოზე. მთვრალი ვიყავ და ფურცელაძესთან ნიკოლაძის დანაბარების გადასაცემად მივედიო. შეურაცხყოფილი ნიკოლაძე ითხოვდა: ცენზორმა ფურცელაძემ ბოდიში მომიხადოს და შეჩერებული სტატიის დაბეჭდვის ნება დამრთოსო. ეს იყო და ეს, მეტი ერთი სიტყვაც არ მითქვამს, ხოლო დუელზე არავითარი ლაპარაკი არ ყოფილაო.

რაც შეეხება ერევნის პოლკის პოდპორუჩიკ ლალიაშვილს, იგი უდანაშაულოა. გზაში შემხვდა და, როგორც მეგოაბრი, ფურცელაძესთან გამომყვაო. წარმოდგენაც არ ჰქონია, რატომ და რისთვის მივდიოდი ცენზორთან.

ფურცელაძემ ვერ დაამტკიცა, რომ ნიკოლაძე მას მართლა იწვევდა დუელში. ამიტომ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი:

ნიკოლაძე გაამართლეს.

სიმბორსკის მიესაჯა შვიდი დღის პატიმრობა, რაკი ისეთ საქმეში ჩაჰყო ცხვირი, მას რომ არავინ ეკითხებოდა, თან ლალიაშვილიც ჩაითრია.

ლალიაშვილი დაიტუქსოს, რადგან ქარაფშუტობა გამოიჩინა. ამხანაგს ისე გაჰყვა, რომ არც იკითხა - სად მიდიოდა და რატომ.

* * *

1894 წლის 10 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების წლისთავი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად დიდძალი ხალხი შეიკრიბა. ცხადია, პანაშვიდს ესწრებოდა ნ. ნიკოლაძეც. ამ ზღვა ხალხში, ნიკოს საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა ბებურ ბებურიშვილმა (ჟურნალისტობდა და ოზურგეთის ქალაქის მერად მუშაობდა). ნ. ნიკოლაძემ ბებურიშვილი დუელში გამოიწვია.

საზოგადოება დიდად ააღელვა ამ ამბავმა. ნ. ნიკოლაძემ თანადგომის წერილები მიიღო.

„წარსულ კვირას, ალექსანდრე ყაზბეგის წლის წირვის დროს, როდესაც თითქმის მთელი საქართველოს ინტელიგენცია, ქალი და კაცი, შეიკრიბა ჩვენის სასიქადულო ბელეტრისტის პატივის საცემად. თქვენ უღირსმა და უპატიოსნო პირმა შეურაცხყოფა მოგაყენათ. შეძრწუნებული ამ ამბით ვისწრაფით გამოვთქვათ თქვენდამი ჩვენი ღრმა გულწრფელი პატივისცემა და თან საქვეყნოდ აღშფოთებულის გულით გამოუცხადოთ ზიზღი და გულისწყრომა იმ ქვემძრომ არსებას, რომელმაც არ მიიღო მხედველობაში არც სიწმინდე ადგილისა, არც სახსენებელი საყვარელის წამებულის პოეტისა და არც თქვენი ერთგული და დაუღალავი შრომა სამშობლოს სასარგებლოდ და ისე უპატიოსნოდ, ბილწურად შეგახოთ თავისი მურტალი ხელი, ხელი მხოლოდ უკეთურობას და სიბილწეს მიჩვეული. ჩვენ გვჯერა და გვწამს და იმედიცა გვაქვს დაგვეთანხმებით, რომ უპატიოსნო ხელით გამოსროლილი ტალახი თქვენამდინ ვერ მოაღწევს და ვერ შელახავს თქვენს სპეტაკ შუბლს. ცოფიანსა და გონებადაბნეულ არსებას არ ძალუძს არამც თუ თქვენ, არამედ თქვენზე ნაკლებ მოღვაწესაც მიაყენოს რაიმე შეურაცხყოფა. ამისათვის გთხოვთ სულითა და გულით: ნურაფრად მიიჩნევთ კვირის ამბავს და კვლავინდებურად განაგრძოთ თქვენი ნაყოფიერი და სასარგებლო შრომა და მოღვაწეობა თქვენი საყვარელი პატარა სამშობლოს სასახელოდ“.

... მერე ითხოვენ, დუელში ნუ გახვალთო.

„... თქვენც, პატივცემულო ნიკო და თქვენი კალამიც ეკუთვნით სამშობლოს, რომელსაც დიდად ესაჭიროება თქვენისთანა მხნე და დაუღალავი მოღვაწეები და მცირე რამესათვის ასეთის ჩვენთვის მოჭირნახულეს დაკლება ერთი ათიათასად დაჰკოდავს ჩვენს დაობლებულ გულს. ამისათვის სიყვარულით და წრფელის გულით გთხოვთ და გემუდარებით უარი განაცხადოთ თქვენს განზრახვაზედ და დამშვიდებულის გულით შეუდგეთ თქვენს ჩვეულებრივს ნაყოფიერს შრომას სამშობლოს საკეთილდღეოდ“.

ამ წერილს ხელს აწერს 92 კაცი, მათ შორის ივანე ელიაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, შიო მღვიმელი, ილია ბახტაძე, იაკობ ფანცხავა, ეკატერინე გაბაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჯაბადარი, ვალერიან გუნია, ექვთიმე თაყაიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვანი.

ცალკეული პირებიც უგზავნიდნენ თანადგომის წერილებს, ზოგიერთი იმასაც სთავაზობდა - თქვენს მაგიერ მე გავალო დუელში. საზოგადოებრივმა აღშფოთებამ ორთაბრძოლა ჩაშალა.

ბ. ბებურიშვილი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა.

* * *

ახლა ისევ „ობზორს“ მივუბრუნდეთ.

პირველად „ობზორი“ და მისი გამომცემელ-რედაქტორი 1879 წლის მაისში გაასამართლეს. რაც ამ სასამართლოზე მოხდა, აღწერილია ბროშურაში - „ობზორის“ პირველი პროცესი. თბილისის საოლქო სასამართლოსა და თბილისის სასამართლო პალატის სხდომათა სრული ანგარიში“, - რომელიც იმავე წელს გამოვიდა რუსულად. სასამართლოზე ნ. ნიკოლაძემ ცენზურას ტყავი გააძრო. საჯაროდ და საქვეყნოდ დაანახა ყველას ცენზურის მავნებლობა. ნიკოს სიტყვიდან პატარა-პატარა ნაწყვეტებს გაგაცნობთ და ნათლად დაინახავთ, რა დღეშიც ჩავარდნილა ცენზურა.

„ბატ. მელიქ-მეღრიბოვი ითვლება ადგილობრივ და აღმოსავლურ ენებზე გამომავალ გამოცემათა ცენზორად. ხოლო თქვენ, ბატ. მოსამართლენო, ხედავთ, რომ თქვენს წინაშე მდებარე გაზეთ „ობზორის“ ნომრები რუსულ ენაზეა დაბეჭდილი და რუსულია. ამიტომ, მე სრული უფლება მაქვს, არ ვცნო ბატ. მელიქ-მეღრაბოვი „ობზორის“ ცენზორად“.

* * *

„ჩვენი პრესის შესახებ არსებული კანონები იმდენად არასრული, უთავბოლო, ურთიერთსაწინააღმდეგო და ცალმხრივია, რომ არა მარტო ჩვენ ჟურანალისტებს, არამედ თვით ცენზურასაც უხდება მათი დარღვევა“.

* * *

„პირველყოფილ მთავრობებს სურდათ ამ კანონებით „ზღვარი დაედოთ აზრისათვის“, რომელსაც როგორც მოგეხსენებათ, თითქმის არა აქვს საზღვარი... როგორი კედლებითაც და ზღუდეებითაც არ უნდა შევზღუდოთ იგი, მაინც პოულობდა და ყოველთვის იპოვის, არა მხოლოდ მათი შემოვლის, არამედ მათზე მაღლა დადგომის საშუალებასაც, რადგან ადამიანის აზრი ფრთებგამოსხმულია და ყოველთვის „წესებზე“ მაღლა ფრენს... ვერავითარი ცენზურა, ვერავითარი ჩაგვრა ვერ დააბრკოლებს მწერალს - გამოთქვას ამა თუ იმ ფორმით ის, რისი თქმაც უნდა“.

* * *

„პრესაც ხომ სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებრივი ცხოვრების ჩრდილი ან ანარეკლი. ხოლო პრესის დათრგუნვა სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ აღმოფხვრილია ცხოვრებიდან ჩვენთვის უსიამო მოვლენები“.

* * *

„იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა უდიდესი წარმატებით ვითარდებოდეს, ლეგალურობა ყველაზე სასურველ პირობას წარმოადგენს და, რაც უფრო ფართო ასპარეზი აქვს მინიჭებული ლეგალურ ბრძოლას, მით უფრო მშვიდობიანი და მტკიცეა საზოგადოების მიერ მიღწეული პროგრესი... იმისათვის, რომ ლეგალურობა დამკვიდრდეს რომელიმე ქვეყანაში, უდაოდ აუცილებელია, რომ კანონი იდგეს უაღრესად მაღლა ორივე მებრძოლ მხარეზე, ოპოზიციაზეც და ადმინისტრაციაზეც, ოდნავადაც არ იყოს დამოკიდებული არც ერთის, არც მეორისგან“.

* * *

„როცა სამომავლო გზების, ფოსტისა თუ ტელეგრაფის განვითარებამ უაღრესად გააადვილა იმავე აზრის გაცვლა-გამოცვლა, პრესის არავითარი შეზღუდვა არ გვიშველის ქიმერული მიზნის მიღწევაში. სახელდობრ, იმაში, რომ ვაიძულოთ საზოგადოება ძველებურად დუმდეს და ბრმად გვენდობოდეს“.

ამ სასამართლოს ნიკოც გადაურჩა და „ობზორიც“. მაგრამ საფრთხე თავიდან აცილებული არ იყო. არც ნიკო ნიკოლაძე აპირებდა დამშვიდებას და არც ცენზურა რაიმეზე თვალის დახუჭვას. 1880 წლის მაისში კი „ობზორის“ რედაქტორის „თავხედობა“ ყოველგვარ ზღვარს გადასცილდა. 22 მაისს გარდაიცვალა ალექსანდრე მეორის თანამეცხედრე დედოფალი მარიამი, იმ დღეს „ობზორი“ სამგლოვიარო შავი არშიით არ გამოსულა. გაოგნებულმა ხელისუფლებამ ნიკოლაძეს სასწრაფოდ ახსნა-განმარტება მოსთხოვა. იმპერატრიცას გარდაცვალების დეპეშა გვიან მივიღეთო, - იმართლა თავი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელმა. ცხადია, ხელისუფლებას ეს არ დაუჯერებია.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებდნენ მაბეზღრებიც.

Донос-ი ხან ერთი კუთხიდან მოფრინდებოდა, ხან მეორიდან, ხან მესამიდან და ხან მეოთხიდან. „ობზორმა“ ცილი დაგვწამა, ტყუილი მოჩმახა, შეურაცხყოფა მოგვაყენა, ლაფში ამოგვსვარა, ღირსება შეგვილახა, საუკეთესო მოღვაწეებს სისხლი გაუშრო, ხელისუფლებას აძაგებსო და ასე დაუსრულებლად. რაკი გაზეთი რუსულად გამოდიოდა, ქართველ მაბეზღრებს სხვა ერის ენატანიებიც ერთგულად ედგნენ გვერდით.

1880 წლის ზაფხულში ნიკო ნიკოლაძე ისევ მისცეს სამართალში.

ამჯერად იგი დასაჯეს.

კავკასიაში მეფისნაცვალმა, გენერალ-ფელდმარშალმა მიხეილმა 1880 წლის 25 ივლისს განკარგულება გასცა:

თბილისში მცხოვრებმა ქუთათელმა მოქალაქემ ნიკოლოზ ნიკოლაძემ, თბილისის საქალაქო სათათბიროს სხდომაზე, გუბერნიის ადმინისტრაციის ერთ-ერთი განკარგულების განხილვისას, თავს უფლება მისცა მძაფრი და უხამსი სიტყვებით გამოეხატა დამოკიდებულება საერთოდ ადმინისტრაციისა და თბილისის პოლიცმაისტერის საქმიანობისადმი. უკუღმართად განმარტა მათი მოქმედებანი და მიაწერა ადმინისტრაციას არარსებული განზრახვა - ჩამოერთმიათ ქალაქისათვის საზოგადოებრივი მმართველობის მინიჭებული უფლებანი.

აშკარად მიკერძოებულ, უსაბუთო და უმართებულო გამოხმაურებას შეუძლია ყოვლად უსაფუძვლოდ გამოიწვიოს მოსახლეობაში მავნე და არასასურველი უნდობლობა მთავრობის აგენტებისადმი, საერთოდ მთავრობის განზრახვებისადმი. მხედველობაში მაქვს ისიც, რომ ამგვარი მისწრაფება ადმინისტრაციის მოღვაწეობის გაკიცხვისაკენ, უკანასკნელ ხანებში, შეიმჩნევა ნიკოლაძის ჟურნალისტურ საქმიანობაშიც.

ჩემთვის უზენაესად მონიჭებული უფლებით, საჭიროდ მიმაჩნია - ქუთაისის მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძე გადავასახლო დროებით საცხოვრებლად ქ. სტავროპოლში, მასზე პოლიციური მეთვალყურეობის დაწესებით.

„ობზორი“ დაიხურა. ნიკო ნიკოლაძე სტავროპოლში გაგზავნეს.

* * *

1887 წლამდე ნ. ნიკოლაძეს საკუთარი გაზეთი ან ჟურნალი აღარ ჰქონია. ამ წელიწადს კი მან ა. სტეპანოვისაგან „ნოვოე ობოზრენიე“ შეიძინა. სტეპანოვი ნაფიცი მსაჯული იყო, თბილისის საოლქო სასამართლოს და თბილისის სასამართლო პალატის წევრი. ერთა თანასწორობის მქადაგებელმა, მაგრამ წლების მანძილზე თბილისში მცხოვრებმა კაცმა არ იცოდა, რომ ქართველი და იმერელი სხვადასხვა ერი არ არის. იგი გულწრფელად მოუწოდებდა: „ყოველ რუსს აქვს უფლება იყოს რუსი, ყოველ სომეხს, ქართველს, იმერელს აქვთ უფლება იყვნენ სომეხი, ქართველი, იმერელი, მაგრამ ყველა ისინი, იმავე დროს და უპირველეს ყოვლისა, მოვალენი არიან იყვნენ ადამიანები“. რომელიმე ქართველს რომ ეს სწყენოდა, უეჭველად გაუკვირდებოდა, გულსატკენი რა ვთქვიო. აი, ამ კაცმა დააარსა 1884 წლის იანვარში „ნოვოე ობოზრენიე“. შეძლებისდაგვარად გაზეთი კავკასიის მოსახლეობას ემსახურებოდა. 1887 წელს სტეპანოვს ჯანმრთელობამ უღალატა. გაზეთის მოვლა-პატრონობა აღარ შეეძლო და ნ. ნიკოლაძეს დაუთმო. მალე სტეპანოვი გარდაიცვალა კიდეც. „ნოვოე ობოზრენიეს“ პასუხისმგებელ რედაქტორად მ. უსპენსკი დანიშნეს. სტეპანოვის ხელში იგი რედაქციის მდივანი იყო.

ნ. ნიკოლაძე ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას. გაზეთში აქტიურად თანამშრომლობდნენ დავით კეზელი, ილია ბახტაძე (ხონელი), გიორგი ლასხიშვილი, ძმები თუმანიშვილები... იბეჭდებოდა ქართველ მწერალთა რუსული თარგმანები. „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა ნ. ნიკოლაძის წერილების სერია, რომელიც აკრიტიკებდა ივანე ჯაბადარის ყბადაღებულ „წერილებს საქართველოს შესახებ“. მაგრამ 1891 წელს ნ. ნიკოლაძე იძულებული გახდა გაზეთი დაეტოვებინა და „ნოვოე ობოზრენიე“ ძმებ თუმანიშვილებისათვის მიეყიდა.

ამან ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილი ძალიან გააღიზიანა, განსაკუთრებით ისინი, ვინც გაზეთში თანამშრომლობდნენ. მოგვიანებით, 1901 წელს, თბილისში ცალკე წიგნაკად რუსულად დაისტამბა დავით კეზელის ნარკვევი «Памяти друга и товарища по перу».6 წიგნი ეძღვნებოდა ილია ბახტაძის ხსოვნას.

ამ ნარკვევში დავით კეზელი ერთობ აღშფოთებულია ნ. ნიკოლაძის საქციელით. გაზეთის გაყიდვამ, - ჩივის იგი, - ილია ბახტაძე და მე უმუშევარი დაგვტოვა და ჟურნალისტური საქმიანობის საშუალება წაგვართვაო.

„ბევრი ეპატიებოდა და კიდევ ეპატიება მრავალნაცად ნიკოლაძეს, მაგრამ საეჭვოა, რომ ოდესმე ეპატიოს ის ოინი, რაც „ნოვოე ობოზრენიეს“ უყო. უდავოდ კარგი ჟურნალისტი, იგი ლიტერატურას ყოველთვის თვლიდა საეტაპო პუნქტად, იმ ტარანად, რომლითაც არღვევდა სხვადასხვა საბირჟო-სასპეკულაციო ციხე-სიმაგრის კედლებს, fin de siécle-ს7 საქმოსნებისა და „პანამისტების“ სულისკვეთებით...“

„ნოვოე ობოზრენიე“ ნ. ნიკოლაძემ მუქთად მიიღო, - დ. წერდა კეზელი, - ა. ვ. სტეპანოვისაგან. ძმებ თუმანიშვილებს კი 16 ათას მანეთად მიჰყიდა. ფული ჯიბეში ჩაიდო და ფოთში წავიდა პორტის ასაშენებლადო. ეს ფული ხომ ჩვენც გვერგებოდაო.

„... როგორ ვმუშაობდით მაშინ მე და ი. ხონელი, დე ეს კავკასიური ჟურნალისტიკის მომავალი ისტორიკოსის სინდისმა გადაწყვიტოს. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, განსვენებული (ი. ბახტაძე - ა. ბ.) შრომობდა, მაგრამ დიდება და კაპიტალი ნიკოლაძეს რჩებოდა. საწყენია და გულდასაწყვეტი, როცა ამბობენ - ნიკოლაძის პერიოდის „ნოვოე ობოზრენიე“, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად რედაქტორად ითვლებოდა კორექტორი უსპენსკი, ხოლო ნიკოლაძე იყო მხოლოდ უბრალო თანამშრომელი, ჩვენგან გამორჩეული იმით, რომ დრო და დრო სოფელ ჯიხაიშიდან დაგვესხმებოდა თავს, გაზეთის სალაროს გასასუფთავებლად. მაგრამ ეს ოპერაცია მას მალე მოსწყინდა. მასში მაგრად ჩამჯდარმა საქმოსან-მებირჟემ მალე სძლია ჟურნალისტს. მან დაივიწყა ქრისტეს ანდერძი (საერთოდ, რაც შეეხება ქრისტეს ანდერძს, ამ მხრივ „ცნობილ კავკასიელ პუბლიცისტს“ ძალიან ცუდი მეხსიერება აქვს): „მუქთად მიიღეთ, მუქთად გაეცით“. მუქთად მიღებული გაზეთი გაყიდა „ოცდაათ ვერცხლად“. ყველა დროისა და ხალხის საბირჟო საქმეების ყოველთვის კურსში მყოფმა ბ-მა ნიკოლაძემ გამოთვალა, რომ იუდა ისკარიოტელის დროინდელ ოცდაათი ვერცხლი ახლანდელ საფონდო ბაზრის კურსით უდრის 16.000 მანეთს, რომელი თანხაც მან მიიღო გაზეთისათვის ძმებ თუმანიშვილებისაგან...“

უსამართლო ბრალდება იყო ეს. თუ ნ. ნიკოლაძემ „ნოვოე ობოზრენიე“ მიატოვა, უპირველესად ბრალი სწორედ დავით კეზელსა და ილია ბახტაძეს მიუძღოდათ. რა მოხდა?

ასამართლებდნენ პოლიციის ბოქაულ ერისთავს. დ. კეზელი შეჰპირდა ერისთავს - სასამართლოშიც დაგიცავო და პრესაშიც. ამ სამსახურისათვის ერისთავმა კეზელს სამასი მანეთი გადაუხადა. ხელწერილი, დამადასტურებელი რომ კეზელმა ფული აიღო, ერისთავის ნათესავმა ნ. ნიკოლაძეს აჩვენა. ნიკომ ამგვარი საქციელი ჟურნალისტისათვის ყოვლად შეუფერებელ საქმედ მიიჩნია და კეზელი გააფრთხილა. დავით კეზელმა დაიჩემა - თუკი ადვოკატი სასამართლოში ბრალდებულს იცავს და ამაში გასამრჯელო ერგება, ჟურნალისტს რატომ უნდა ეკრძალებოდეს ან დაცვა, ან ფულის აღებაო. ნიკო ნიკოლაძე და დავით კეზელი ამ საკითხში ვერ შეთანხმდნენ. დ. კეზელმა არ დაიჯერა, რომ ჟურნალისტის უფლება-მოვალეობანი და ეთიკა სხვაა და ვექილისა - სხვა.

იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ეკლესიიდან გააძევა ილია ხონელის მამა ლუკა ბახტაძე. თურმე მღვდელი ლუკა მოძღვრისათვის უკადრის რასმეს ჩადიოდა - ქრთამს იღებდა. ილია ბახტაძე მამას გამოექომაგა. გაბრიელ ეპისკოპოსის წინააღმდეგ ფელეტონებს ბეჭდავდა. გაბრიელ ქიქოძეს მთელი ქართველი ერი უღრმეს პატივს სცემდა. ილია ბახტაძის თავხედობამ ხალხი აღაშფოთა. ნიკო ნიკოლაძე საყვედურებით აავსეს: გაზეთი როგორ კადრულობს გაბრიელ ეპისკოპოსს ჩირქი მოსცხოსო. ნიკომ უსპენსკის დაავალა, აღარ დაებეჭდათ ილია ბახტაძის ფელეტონები. არაფერი გამოვიდა. ბახტაძე და უსპენსკი მაინც სტამბავდნენ. მაშინ ნიკო ნიკოლაძემ გადაწყვიტა, თავად ეთქვა უარი გაზეთზე. თქვა კიდეც.

ასე რომ არ მომხდარიყო, გაზეთიდამ რატომ წავიდოდიო, - წერდა ნ. ნიკოლაძე 1914 წელს ვ. ბაქრაძეს, - სხვა რომ არა ყოფილიყო რა, ოთხი ათას მანეთს სუფთა მოგებას მაძლევდაო.

ამის მერე ნ. ნიკოლაძეს საგამომცემლო საქმისათვის დიდხანს აღარ მოუკიდია ხელი. მხოლოდ 1925 წელს, უკანასკნელად, ოთხმოცდაორი წლის მოხუცმა, ერთხელ კიდევ იკისრა სათავეში ჩასდგომოდა საგამომცემლო საქმიანობას.

იმ ხანებში შეიქმნა ბეჭდვითი საქმის კოოპერაციული საზოგადოება „ქართული წიგნი“. საორგანიზაციო ბიუროს თავმჯდომარე ნიკო ნიკოლაძე იყო, მდივანი - პავლე ინგოროყვა, წევრები - ალექსანდრე აბაშელი, ი. ანდრონიკაშვილი, პართენ გოთუა, სეით დევდარიანი, რაჟდენ დუმბაძე, ისიდორე ვარაზაშვილი, იასონ ლორთქიფანიძე, იასონ მენაბდე, გერონტი ქიქოძე, ალექსანდრე ჯაყელი.

საორგანიზაციო ბიურომ მოქალაქეებისადმი მიმართვა გამოაქვეყნა. მიმართვაში ეწერა:

„ქ. ტფილისში დაარსდა ბეჭდვითი საქმის საპაიო ამხანაგობა „ქართული წიგნი“, რომლის წესდება უკვე დაამტკიცა მთავრობამ (დადგენილება საქ. სახალხო კომისარიატთა საბჭოს ა/წ 14 იანვრისა და საქ. ცენტრალ. აღმ. კომიტეტის ა/წ 29 იანვრისა).

საპაიო ამხანაგობა „ქართული წიგნი“ ისახავს მიზნად ემსახუროს ქართული მწერლობის აღორძინების საქმეს. მთავარი მისი საზრუნავი იქნება:

ა) გამოსცეს ქართული სიტყვაკაზმული მწერლობა, მიაწოდოს ქართველ მკითხველს რჩეული ქართველი კლასიკოსების ნაწერები, როგორც ძველი, ისე ახალი დროისა;

ბ) გამოსცეს სამეცნიერო ხასიათის წიგნები მეცნიერებათა ყველა დარგიდან (პირველ რიგში ისეთი ნაშრომები, რომლებიც უახლესად დაკავშირებულია ქართული ცხოვრების საჭიროებასთან);

გ) ხელი შეუწყოს ევროპული კულტურის გაცნობას და ამ მიზნით დაამზადოს თარგმანები და გამოსცეს ქართულ ენაზე რჩეული ნაწარმოებნი, როგორც სიტყვაკაზმული მწერლობის, ისე მეცნიერების დარგებიდან.

გარდა ამ მთავარ დანიშნულებათა, საპაიო ამხანაგობას „ქართული წიგნი“, წესდების თანახმად, მინიჭებული აქვს ბეჭდვითი საქმის ყველა დანარჩენი ფუნქცია: სახელმძღვანე-ლოების გამოცემა (განათლების სახ. კომ. ნებართვით), სკოლისათვის საჭირო ნივთების დამზადება, გახსნა წიგნის მაღაზიებისა, მოწყობა სტამბისა და ლითოგრაფიისა, მოწყობა წიგნთ-საკინძავი, ანბანთ-სასხამი და სახაზავი სახელოსნოებისა, გახსნა განყოფილებისა ყველა დაბა-ქალაქში, სადაც ეს საჭირო აღმოჩნდება და სხვ.

გადასახადების მხრით საპაიო ამხანაგობას „ქართული წიგნი“ მინიჭებული აქვს დიდი უპირატესობანი: წესდების თანახმად, ამხანაგობა ყოველგვარი გადასახადის მხრით გათანასწორებულია კოოპერატიულ ორგანიზაციებთან.

ძირითადი თანხა ამხანაგობისა განსაზღვრულია 50.000 მანეთით, თითო პაი ღირს 10 მანეთი, ხოლო ორი პაი იძლევა ერთი ხმის უფლებას.

ამხანაგობის საორგანიზაციო ბიურო, დარწმუნებულია რა, რომ თქვენ ახლო მონაწილეობას მიიღებთ ამ დიდ კულტურულ საქმეში, მოგმართავთ შეიძინოთ ამხანაგობის პაები და ამით ხელი შეუწყოთ ქართული კულტურის აღორძინების საქმეს“.

„ქართული წიგნის“ წესდების შედგენაში ოცდათვრამეტი კაცი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ნიკო ნიკოლაძე, ალექსანდრე აბაშელი, კონსტანტინე გამსახურდია, პართენ გოთუა, სეით დევდარიანი, ილია ზურაბიშვილი, სოლომონ თავაძე, ვიქტორ თევზაია, პავლე ინგოროყვა, ვახტანგ კოტეტიშვილი, კოტე მაყაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, იასონ ლორთქიფანიძე, პეტრე ქავთარაძე, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე...

1925 წლის 11 მაისს კი გაზეთმა „კომუნისტმა“ ქართველ ხალხს აუწყა, რომ მთავრობამ ნება დართო საორგანიზაციო კომიტეტს მოეწვია დამფუძნებელი კრება და დაეწყო საქმიანობა.

საგამომცემლო ამხანაგობამ - „ქართული წიგნი“ - დიდი საქმე გააკეთა (ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ამ „ამხანაგობაზე“ მართლა არაფერი წერია, თუ მე ვერ მივაგენი?), თუმცა მუშაობა უმძიმეს პირობებში უხდებოდა.

ჩემი თხრობით თავს არ შეგაწყენთ. ნ. ნიკოლაძის ორ წერილს გაგაცნობთ და თავადაც კარგად დაინახავთ - რა ვითარებაში საქმიანობდა „ქართული წიგნი“.

1925 წლის 6 დეკემბერს ნიკო ნიკოლაძე იასონ ლორთქიფანიძეს სწერს:

„ბატონო იასონ,

თქვენი წერილის პასუხად მოგახსენებთ, რომ „ქართული წიგნის“ ამხანაგობამ გადაწყვიტა მიართვას ილიკო ჭავჭავაძის ქვრივს ას-ასი მანეთი თითო ტომზე ილიკოს ნაწერებისა, მაგრამ მათი გამოცემის შემდეგ, რასაკვირველია, და არა მანამდე, საუბედუროთ თვით ამ ტომების გამოცემა „ქართულ წიგნს“ მეტათ ეძნელება: სტამბაში აწყობილი გვაქვს კაი ხანია ორი ტომის მასალა, მაგრამ უსახსრობის გამო გვიჭირს ქაღალდის დახსნა და მიწოდება მათი დასაბეჭდათ. ბევრ ხელის მომწერთ პაიებზე ფული არ შემოაქვთ. თვით ხელის მოწერა შეჩერდა პაიების მესამედ წილზე და ვართ ასე შუა გზაზე გარიყული. ვისაც შეუძლია ჩვენი დახმარება, გულხელდაკრეფილი გვიმზერს. აბა, მარტო ორიოდ კაცმა რა უნდა მოვახერხოთ?

არ ვეჭვობ თქვენს მხურვალე მონაწილეობაში ამ საქმეზე და მიტომ გევედრები დახმარება გაგვიწიოთ პაიების გავრცელებაში, არა თუ მარტო პირადათ, სხვა ბანკების გამგეთ მოწვევითაც. მათ მხრით ვიმედოვნებდით, რომ კრედიტით დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ ამ ჟამათ ეს საშუალება დაიხშო. ეხლა პაიების გასაღება დაგვრჩა ერთადერთ ღონისძიებათ ჩვენი გამოცემების გაგრძელებისა. ვიმედოვნებთ, რომ ხელს გაგვიწყობთ ამ გასაჭირში“.

1926 წლის 6 აგვისტოს კი პავლე ინგოროყვას შესჩიოდა:

„ბატონო პავლე,

ამდენი ხანი სულ გიცდიდით, მეგონა ჩამოხვიდოდით, მოიკითხავდით „ქართული წიგნის“ ამბავს. რაკი შევცდი, ვალდებულათ ვთვლი ჩემს თავს მანდ გაგაგებინოთ ჩვენი უმწეო მდგომარეობა. ცეცხლაძემ სულ დაგვივიწყა: აღარც კი გვეკარება. მისი განკარგულებითაა, თუ თავის-თავად, არც ერთი მისი აგენტი არც ერთ გროშს აღარ გვიხდის. კასაში არაფერი შემოდის. ნინა პლატონოვნა დარწმუნდა, რომ გადელიასთან მუშაობა შესაძლებელი არ არისო და გაგვექცა ერთიანად, მიხეილ კლიმიაშვილი მოსკოვს გადაიყვანეს სამსახურში და წავიდა კიდეც. ვარლამ ბურჯანაძე სოფლად გაემგზავრა საზაფხულოდ აგრეთვე, როგორც მირიან ბასილაია. ისიდორე ვარაზიშვილი არც კი მოგვკარებია არც ერთხელ. საშა დარახველიძესთან ოთხჯერ ვიყავი სავედრებლათ, რადგან ისიც რომ მოგვშორდეს, ვერსად გროშს ვერ ვიშოვნით, მაგრამ (აქ სიტყვა ვერ ამოვიკითხე - ა. ბ.) მეტს ვერას გავხდი. ასე გასინჯეთ აბაშელიც კი ვერ მინახავს, არ დაიარება ამბის შესატყობლადაც. ვარ მარტოდმარტო. კომისიებს ვკრებ, მაგრამ უკვორუმოთ. ამასობაში დრო გარბის, მოსამსახურეები ჯამაგირს თხოულობენ. სადგურს ქირა უნდა, ხარჯი მიდის, პროცენტებს ვიხდით და შემოსავალი კი არსად ჩანს. კოლეგიური დაწესებულება იმ ქვეყანაში ვარგა, საცა საზოგადო ვალი ხალხს ძვალ-რბილში გამჯდარი აქვს. რა ქნას ამ მდგომარეობაში თავმჯდომარემ, რომელსაც წესდებისამებრ, უკოლეგიოთ ფეხის გადადგმა არ შეუძლია? გუშინ ჩვენი ბუხგალტერი აგვიბღავლდა, ავათ ვარო, უნდა საექიმოთ წავიდე, ფული მოგვეცითო. სხვებიც იმუქრებიან. მე წასავალი ვარ დღე-დღეზე. უნდა ჩამოხვიდეთ და რამე ღონისძიება მოვიფიქროთ, თორემ მე ჩემს წასვლას მეტათ ვეღარ გადავდობ და საქმე დაირღვევა სულ უპატრონოთ. ვის ჩავაბარო რაც გვაქვს? გადელია მიდის. ის სულ უიმედოა, მასზე ვერას დაამყარებს კაცი. ერთი სიტყვით, საქმე მიწურულშია. ერთადერთი მისი წამალია - თქვენი მორიგება დარახველიძესთან, ან თუ არა და - თქვენი ასე თუ ისე გაყრა. უნდა იშოვოთ მის მაგიერი, ისე რომ შემდეგ უბრძოლოდ შრომა შეეძლოს „ქართულ წიგნს“.

გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩამობრძანდეთ. თუ არა და მე ამ თვის ათს ვაცხადებ საზოგადო კრების მოწვევას ჩვენი ამხანაგობის ლიკვიდაციისათვის. ჩემს მაგიერ ვტოვებ ვექილს და მივდივარ. თუ გსურდათ, რომ მარტო მეწარმოებინა ეს საქმე, შესაფერი უფლებები უნდა მიგეცათ თავმჯდომარისათვის და არა საფრანგეთის რესპუბლიკის თავმჯდომარის მანეკენობა. ერთი სიტყვით, გელით“.

ახალგაზრდასაც და ხანდაზმულსაც ყოველთვის ურთულეს პირობებში უხდებოდა საქმის კეთება. აღარც უკვირდა ეს, გამოცდილების იმოდენა გზა ჰქონდა გავლილი. ოღონდ გული სტკიოდა, რომ საქმის სიყვარული ქართველს ვერც დრომ ასწავლა და ვერც რევოლუციამ.

________________

1. შაბლონური რომანტიკული რევოლუციონერობის.

2. „წაუგებელი ბრძოლის“ თეორია ერობისა და თვითმმართველობის არენაზე.

3. დარილი - თვალთვალი.

4. გინცი - იმედი.

5. „კავკასიაში რუსთა დაპყრობებში სომეხთა მონაწილეობა“.

6. „თანამოკალმისა და ამხანაგის ხსოვნას“

7. საუკუნის დასასრულის

6 შუამავალი

▲back to top


საინჟინრო ციხე-დარბაზში გუშაგების ჩვეულებრივი საკვირაო შეცვლა დამთავრდა. იმპერატორი დიდი კნეინა ეკატერინე მიხეილის ასულის სასახლეში წაბრძანდა. იქ, დილით, იგი ჩვეულებისამებრ ყავას მიირთმევდა. საუზმეს რომ მორჩნენ, ხელმწიფე ეტლში ჩაჯდა და ზამთრის სასახლეში გაემგზავრა. ეტლი ინჟინერთა ქუჩით მიდიოდა. მიხეილის თეატრთან მოუხვია და ეკატერინეს არხის მარჯვენა ნაპირს გაჰყვა. იმპერატორს ექვსი მცველი ახლდა. ეტლს უკან მარხილით მიჰყვებოდა პოლიცმაისტერი, პოლკოვნიკი დვორჟიცკი. გზა ვიწრო ქუჩას მისდევდა. ერთი მხრივ მას დიდი კნეინას ბაღის ქვის ღობე ზღუდავდა და მეორე მხრივ - ეკატერინეს არხის მესერი. იმპერატორის ეტლი თეატრალურ ხიდთან მისული არ იყო, რომ გასაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა. დვორჟიცკი იმპერატორის ეტლს მივარდა. ხელმწიფე უვნებელი იყო, ეტლის უკანა მხარე - დალეწილი. ალექსანდრე მეორე ეტლიდან ჩამოვიდა. მან დაინახა: ორ მეზღვაურს შეპყრობილი ტერორისტი ეჭირა. იმპერატორი მას თან მივიდა და ჰკითხა: ვინ ხარ შენ? - რისაკოვი ნიკოლოზ, ძე ივანესი, - მიიღო პასუხად. ალექსანდრე მეორე შეტრიალდა და აფეთქების ადგილისაკენ გასწია. ის იყო რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომ ჩასაფრებული მეორე ტერორისტი გამოვარდა და ფეხებში ყუმ ბარა დაახალა. აფეთქებამ ალექსანდრე მეორეს ფეხები დაუმტვრია და მუცელი დაუფლითა. მთლად დაგლეჯილი ტერორისტიც იქვე დაეცა (მერე გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იყო ნაროდნოვოლელი ეგნატე გრინევიცკი).

ხელმწიფე მარხილზე დაასვენეს და ზამთრის სასახლეში გააქანეს. იგი ზამთრის სასახლეში, თავის სამუშაო კაბინეტში ესვენა. როცა ოჯახის წევრები მოვიდნენ, იმპერატორი კიდევ სუნთქავდა, მაგრამ გადარჩენა უკვე აღარ შეიძლებოდა. ცესარევიჩი, უკვე იმპერატორი ალექსანდრე მესამე, მამას თავთან უდგა. ალექსანდრე მეორემ შვილს შეხედა და გაუღიმა. მაგრამ არაფერი უთქვამს. ლაპარაკი უკვე აღარ შეეძლო. დღის სამ საათსა და ოცდათხუთმეტ წუთზე იმპერატორი ალექსანდრე მეორე გარდაიცვალა.

თავდასხმა მოხდა 1881 წლის პირველ მარტს, დღის პირველ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე.

დიდი ხნის მერე, მკვლელობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ვერა ფიგნერი დაწერს: 1881 წლის მარტმა „შეწყვიტა 26-წლიანი მეფობა იმპერატორისა, რომელმაც რუსეთში დაიწყო ახალი ერა, დააყენა იგი საერთოსაკაცობრიო განვითარების გზაზე, საუკუნოვანი დამყაყებულობის შემდეგ მისცა რუსეთს წინსვლის მძლავრი ბიძგი საგლეხო, საერობო და სასამართლო რეფორმებით“.

იმ დღეს კიდევ დაიღუპა ერთი ადამიანი: თოთხმეტი წლის კო ლია მაქსიმოვი. იგი შემთხვევით აღმოჩნდა აფეთქების ახლოს. რა ვუყოთ, ისტორიას არ უყვარს „უმნიშვნელო“ სახელების გახსენება.

* * *

თბილისის გაზეთებმა სამ მარტს აუწყეს საზოგადოებას იმპერატორის მკვლელობა. „დროება“ შავარშიაშემოვლებული გამოვიდა. პირველ გვერდზე დაბეჭდილი დეპეშა იტყობინებოდა: „განგებამ მიიბარა ხელმწიფის ალექსანდრე ნიკოლოზის ძის სული“. იმავე გვერდზე, კუთხეში, აკაკის ლექსიც იყო დასტამბული - „გაზაფხული“.

დღეს მერცხალი შემოფრინდა,
- ჭიკჭიკითა გადმომძახა:
„გაზაფხული! გაზაფხული!“
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა! -
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ „გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.
დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად: „ტია, ტიას!“

ლექსის დაწერის თარიღად დასმული იყო - პირველი მარტი.

* * *

მოხდა ისე, რომ ნიკო ნიკოლაძე სტავროპოლიდან თბილისს სწორედ მეფის მკვლელობის დღეს დაბრუნდა. „1881 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა, საზოგადოების შუამავლობის საფუძველზე, გამოითხოვა ჩემი განთავისუფლება და მე პირველ მარტს, გვიან ღამით, დავბრუნდი თბილისში თამამი იმედებისა და ჩანაფიქრების დიდძალი მარაგით“, - გვიამბობს თავად ნ. ნიკოლაძე.

* * *

მთელი იმპერია სულგანაბული ელოდა, რა მოჰყვებოდა ხელმწიფის მკვლელობას. „ნაროდნაია ვოლიას“ წევრები დარწმუნებულნი იყვნენ: გაიგებს თუ არა რუსი ხალხი ალექსანდრე მეორის მოკვლას, მაშინვე ყველა იარაღს დაავლებს ხელს და აჯანყდება, დაამხობს მონარქიას და სანუკვარ წეს-წყობილებას დაამყარებსო.

ამ რწმენით შეპყრობილმა „ნაროდნაია ვოლიას“ აღმასრულებელმა კომიტეტმა 1881 წლის 10 მარტს ალექსანდრე მესამეს წერილი გაუგზავნა.

„თქვენო უდიდებულესობავ!

სრულად გვესმის ის მძიმე განწყობილება, რომელსაც თქვენ ამ წუთებში განიცდით, მაგრამ აღმასრულებელი კომიტეტი არ თვლის თავს უფლებამოსილად დამორჩილდეს ბუნებრივი თავაზიანობის გრძნობას, რომელიც შეიძლება ქვემორემოყვანილი ახსნა-განმარტებისათვის ითხოვდეს გარკვეული დროით მოცდას. არის რაღაც უმაღლესი, ვიდრე ყველაზე უფრო კანონიერი გრძნობანი ადამიანისა, - ეს გახლავთ მოვალეობა მშობლიური ქვეყნის წინაშე, რასაც მოქალაქე იძულებულია შესწიროს თავისთავიც, თავის გრძნობებიც და სხვა ადამიანთა გრძნობებიც კი. ვემორჩილებით რა ამ ყოვლადძლიერ მოვალეობას, ჩვენ გადავწყვიტეთ დაუყოვნებლივ მოგმართოთ თქვენ, არაფერს დაველოდოთ, რადგან არ იცდის ის ისტორიული პროცესი, რომელიც მომავალში გვემუქრება სისხლის მდინარეებით და ყველაზე მძიმე შერყევებით“.

ნაროდნოვოლელები არწმუნებდნენ ალექსანდრე მესამეს, რომ ამაო იყო მამამისის ბრძოლა რევოლუციონერთა წინააღმდეგ. რევოლუციონერებისა და ალექსანდრე მეორის ურთიერთობა კანონზომიერად დასრულდა იმპერატორის მკვლელობით. ამიტომაც არც ალექსანდრე მესამის გაჯიუტება მოიტანდა რაიმე შედეგს, გარდა ახალი უაზრო მსხვერპლისა. ნაროდნოვოლელები ურჩევდნენ იმპერატორს მიეღო ის მოთხოვნები, რასაც „ნაროდნაია ვოლიას“ აღმასრულებელი კომიტეტი აყენებდა.

„ჩვენი აზრით, ეს პირობა ორია:

1. წარსული დროის ყველა პოლიტიკური დანაშაულის საერთო ამინისტია, რადგან ისინი იყვნენ არა დანაშაულებანი, არამედ მოქალაქეობრივ მოვალეობის ასრულებანი.

2. ერთიანი რუსი ხალხის წარმომადგენელთა მოწვევა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების არსებული ფორმების გადასასინჯად და მათ გადასაკეთებლად ხალხის სურვილის შესაბამისად.

ამასთანავე აუცილებლად ვთვლით შეგახსენოთ, რომ ხალხის წარმომადგენლებით უმაღლესი ხელისუფლების ლეგალიზაციას შესაძლებელია მივაღწიოთ მხოლოდ მაშინ, თუ არჩევნები ჩატარდება სრულიად თავისუფლად. ამიტომ არჩევნები უნდა ჩატარდეს შემდეგ ვითარებაში:

1. დეპუტატები იგზავნება ყველა კლასისა და წოდებისაგან განურჩევლად და მცხოვრებთა რიცხვის პროპორციულად.

2. არავითარი შეზღუდვა არც ამომრჩეველთათვის და არც დეპუტატებისათვის არ უნდა იყოს.

3. საარჩევნო აგიტაცია და თავად არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულიად თავისუფლად, რისთვისაც, როგორც დროებითი ღონისძიება, ამიერიდან სახალხო კრების გადაწყვეტილებამდე, მთავრობამ უნდა დაუშვას: ა) პრესის სრული თავისუფლება, ბ) სიტყვის სრული თავისუფლება, გ) შეკრებათა სრული თავისუფლება, დ) საარჩევნო პროგრამათა სრული თავისუფლება.

აი, ერთადერთი საშუალება რუსეთის დასაბრუნებლად სწორი და მშვიდობიანი განვითარების გზაზე. საზეიმოდ ვაცხადებთ მშობლიური ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ ჩვენი პარტია, თავის მხრივ, აუცილებლად დაემორჩილება ზემორემოხსენიებულ პირობებით არჩეული სახალხო კრების გადაწყვეტილებას და ამიერიდან არ ჩავიდენთ ძალადობის რაიმე ქმედებას სახალხო კრების მიერ სანქციონირებული მთავრობის წინააღმდეგ.

მაშ ასე, თქვენო უდიდებულესობავ, გადაწყვიტეთ“.

(ამ წერილს საფუძვლად ედო ლევ ტიხომიროვის ტექსტი. იგი ოდნავ შეასწორა ნიკოლოზ მიხაილოვსკიმ. წერილი განიხილეს და მიიღეს ვერა ფიგნერის ბინაში. ცამეტი ათასი ეგზემპლარი დაბეჭდეს და გაავრცელეს. იმპერატორის სახელზე გაგზავნილი ბარათი კი ჩაუშვეს საფოსტო ყუთში, ნევის პროსპექტზე, საქალაქო სათათბიროს შენობის ახლოს).

ამაო გამოდგა იმედი. მეფის მკვლელობამ ხალხს თავზარი დასცა. გააოგნა და გააქვავა. არავინ აპირებდა იარაღის აღებას, ამბოხებას, მონარქიის დამხობას. ყველაფერი პირიქით მოხდა: ხალხი მეფის ოჯახის მიმართ თანაგრძნობით განიმსჭვალა. ამის დანახვამ ნაროდნოვოლელები სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ვინც მოასწრო, საზღვარგარეთ გაიქცა, ვინც ვერა - პოლიციამ დააპატიმრა. შეიპყრეს თავდასხმის მონაწილენიც. გამოძიების დროს რისაკოვი ერთგულქვეშევრდომულმა გრძნობამ შეიპყრო. ინანა - ხელმწიფე სასიკვდილოდ როგორ გავიმეტეო - და, რაც იცოდა, ყველაფერი დაფქვა. თავდასხმის მონაწილენი სათითაოდ გასცა. უცნაურია, მაგრამ ასეთი რამ ტერორისტებს ხშირად ემართებოდათ. ფსიქოლოგიურად ფრიად საყურადღებო ამბავს გვიყვება ოლგა ლჲუბატოვიჩი (ოლგა ლჲუბატოვიჩი „ნაროდნაია ვოლიას“ წევრი იყო. თავგამეტებული რევოლუციონერი, ნაწამები და ნაკატორღალი. იგი ცოლი გახლდათ იმ ივანე ჯაბადარისა, ყბადაღებული «Письма о Грузии» რომ დაწერა):

„ვინ იფიქრებდა, რომ მოინახებოდა ისეთი კაცი, როგორიც ხალტურინი იყო, ვისაც თვეზე მეტი ეძინა იმ ბალიშზე, რომ ლის ქვეშ დამალული ჰქონდა დინამიტი, ვინ იფიქრებდა, რომ ეს კაცი, რომელმაც ამდენხანს აიტანა ეს წამება, რომელიც დაასნეულა მახრჩობელა გაზებმა, რასაც იგი სხვების შეუმჩნევლად, ისუნთქავდა ყოველ ღამე; ვინ იფიქრებდა, რომ ეგევე კაცი, შეხვდა რა ერთხელ პირისპირ ალექსანდრე მეორეს თავისავე კაბინეტში, სადაც ხალტურინს რაღაცეების შეკეთება მოუწია, ვერ გაბედავდა მოეკლა იმპერატორი უბრალოდ უკნიდან, ხელში რომ ეჭირა, იმ ჩაქუჩის ჩარტყმით, როგორც ამას გააკეთებდა ყოველი ჩვეულებრივი მკვლელი. თან არ არსებობდა არავითარი საშიშროება მისი შეპყრობისა. ღრმაა და სავსე წინააღმდეგობებით ადამიანის სული. თვლიდა რა ალექსანდრე მეორეს უდიდეს დამნაშავედ ხალხის წინაშე, იმავე დროს ხალტურინი უნებლიეთ გრძნობდა მუშებისადმი მეფის კეთილი და თავაზიანი დამოკიდებულების ხიბლს. ერთხელ, როგორღაც მარტოდდარჩენილმა მეფის კაბინეტში, იმპერატორის მაგიდიდან სა მახსოვროდ აიღო რაღაც უბრალო ნივთი, რომელსაც უჩვენებდა კიდეც ზოგიერთ ამხანაგს. მერე იმათი დაბეჯითებული თხოვნით, ეს ნივთი უკან წაიღო და კაბინეტში თავის ადგილას დადო“.

პიროვნულად როგორი გრძნობითა და განცდით იყვნენ ადამიანები შეპყრობილი, მნიშვნელობა არ ჰქონდა. სახელმწიფოს უშიშროები სათვის ტერორისტებს მაინც ჩამოხრჩობა ელოდათ.

წლები რომ გავიდა, ალექსანდრე ბლოკი წერდა:

„როცა 1881 წელს პობედონოსცევმა დაარწმუნა ხელისუფლება მეფისმკვლელთა ხუთეული ჩამოვაღრჩოთო, ლევ ტოლსტოიმ შეწყალების არზა გაუგზავნა პობედონოსცევს და სთხოვა მეფისათვის გადაეცა იგი. პობედონოსცევის უარის მიუხედავად, წერილმა მაინც მიაღწია მეფემდე (გენერალ ჩერევნის მეშვეობით). მაშინ სახელმწიფო საბჭოს სახელგანთქმულ სხდომაზე 8 მარტს, პობედონოსცევმა წარმოსთქვა ისტორიული სიტყვა. დაჟინებით მოითხოვა დამნაშავეთა ჩამოღრჩობა, მიიტაცა სახელმწიფო ხომალდის საჭე, ხელიდან არ გაუშვა მეოთხედი საუკუნე და შემზარავი პრაქტიკული მოღვაწეობითა და თავისი თეორიების ურყევი, სამარისებური სიცივით ბებერი „ვამპირის“ სახელი დაიმკვიდრა“.

სხვა რამეს სთხოვდა ლევ ტოლსტოი ახალ იმპერატორს.

„მე, უმნიშვნელო, მოუწოდებელი, სუსტი და ცუდი ადამიანი ვწერ რუსეთის იმპერატორს და ვურჩევ მას, რა მოიმოქმედოს ყველაზე რთულ და მძიმე ვითარებაში, როგორიც კი ოდესმე შექმნილა.

ვგრძნობ, თუ რა უცნაურია ეს, შეუფერებელია, კადნიერი, და მაინც გწერთ.

......

მე იმ ტონით არ გწერთ, როგორითაც ჩვეულებრივ ხელმწიფეს წერენ - ყვავილებით შემკული პირფერი და ყალბი მჭევრმეტყველებით, რაც მხოლოდ აბნელებს გრძნობასაც და აზრსაც. მე უბრალოდ მოგწერთ, ვითარცა ადამიანი ადამიანს.

......

თქვენი მამა, მეფე რუსეთისა, ბევრი სიკეთე რომ გააკეთა და ხალხისათვის ყოველთვის სიკეთე რომ სურდა, მოხუცი, კეთილი კაცი, არაადამიანურად დაასახიჩრეს და მოკლეს არა მისმა პირადმა

მტრებმა, არამედ არსებული წესწყობილების მტრებმა: მოკლეს კაცობრიობის რაღაც სიკეთისათვის.

......

ისინი თქვენი მტრები არიან იმიტომ, რომ თქვენ დაიკავეთ მამის ადგილი და იმ მოჩვენებითი საერთო სიკეთისათვის, რომელსაც ისინი ეძიებენ, მათ უნდა სურდეთ თქვენი სიკვდილიც.

ამ ხალხის მიმართ თქვენს სულში უნდა იყოს შურისგების გრძნობა, ვითარცა მამათქვენის მკვლელთა მიმართ, და გრძნობა შეძრწუნებისა იმ მოვალეობის წინაშე, რაც თავს უნდა გედვათ.

უფრო საშინელი ვითარება ძნელი წარმოსადგენია, უფრო საშინელი იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ბოროტებით აღძრული ამაზე უფრო ძლიერი ცდუნება: „მამულის მტრები, ხალხის მტრები, საზიზღარი ლაწირაკები, უღვთო პირუტყვები. ჩემდამი მონდობილ მილიონთა სიმშვიდისა და ცხოვრების დამრღვევნი, და მამაჩემის მკვლელნი. სხვანაირად როგორ უნდა მოვექცე მათ, თუ არ გავწმინდო რუსეთის მიწა-წყალი იმ სიბილწისაგან, თუ არ გავჭლიტო ისინი, ვითარცა საზიზღარი ქვეწარმავალნი? ამას ითხოვს არა ჩემი პირადი გრძნობა და არც შურისგება მამის მკვლელობის გამო, ამას მოითხოვს ჩემგან მოვალეობა, ამას ელის ჩემგან მთელი რუსეთი“.

სწორედ ამ ცდუნებაშია თქვენი მდგომარეობის მთელი საშინელება.

ვინც უნდა ვიყოთ ჩვენ, მეფეები თუ მწყემსები, ადამიანები ვართ, ქრისტეს მოძღვრებით განათლებულნი.

მე არ ვამობ თქვენს მეფურ მოვალეობაზე.

მეფის მოვალეობაზე წინ დგას ადამიანის მოვალეობანი. ეს მოვალეობანი უნდა იყოს მეფის მოვალეობათა საფუძველი, უნდა ერწყმოდეს მათ.

ღმერთი არ გკითხავთ თქვენ, როგორ ასრულებთ მეფის მოვალეობას. იგი მოგკითხავთ ადამიანის მოვალეობის შესრულებას.

თქვენი მდგომარეობა საშინელია, მაგრამ სწორედ იმისათვისაა საჭირო ქრისტეს მოძღვრება, რომ გვიხელმძღვანელოს იმ ცდუნებათა წუთებში, რაც ბედმა გვარგუნა.

......

ვუწყი მე, რომ სუსტი და უვარგისი ვარ ათასჯერ უფრო ადვილი ცდუნებების დროს, ვიდრე თქვენ დაგეცათ თავს; მივეცემი ხოლმე არა ჭეშმარიტებასა და სიკეთეს, არამედ სწორედ ცდუნებას და რომ თავხედობა და სიგიჟეა ჩემგან, ბოროტებით აღსავსე ადამიანისაგან, მოგთხოვოთ თქვენ ის ძალა სულისა, რომელსაც არა აქვს მაგალითი, მოგთხოვოთ, რომ თქვენ, რუსმა მეფემ, გარემომცველთა ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, მოსიყვარულე შვილმა მამის მოკვლის შემდეგ აპატიოთ მკვლელებს და ბოროტების ნაცვლად სიკეთე მიაგოთ.

მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ეს, არ ძალმიძს არ დავინახო, რომ ყველა თქვენი ნაბიჯი პატიებისაკენ, არის ნაბიჯი სიკეთისაკენ. ყველა ნაბიჯი დასჯისაკენ არის ნაბიჯი ბოროტებისაკენ. ამის არ დანახვა არ შემიძლია.

......

დახოცვით, განადგურებით ვერ მოერევით მათ. რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას, მთავარია მათი აზრები. იმისათვის, რომ მათ წარმატებით ებრძოლოთ, უნდა ებრძოლოთ სულიერად.

მათი იდეალია საზოგადო კეთილდღეობა, თანასწორობა, თავი სუფლება; მათ რომ წარმატებით ებრძოლოთ, ისეთი იდეალი უნდა დაუპირისპიროთ, რომელიც მათ იდეალზე უფრო მაღალი იქნება, მოიცავს მათ იდეალს.

არსებობს მხოლოდ ერთი იდეალი, მათ რომ დაუპირისპირდება, რომელიც მოიცავს მათ იდეალსაც. ესაა იდეალი სიყვარულისა, შენდობისა და ბოროტების სანაცვლოდ სიკეთის მიგებისა.

მხოლოდ ერთი სიტყვა პატიებისა და ქრისტიანული სიყვარულისა, თქმული და შესრულებული ტახტის სიმაღლიდან, და ქრისტიანული მეფობის გზა, რომელსაც თქვენ უნდა დაადგეთ, მოსპობს

ბოროტებას, რუსეთს რომ ხრავს“.

წერილმა არ გასჭრა. იმპერატორმა ლ. ტოლსტოის არ უპასუხა. ოღონდ სოფიო ანდრიას ასულ ტოლსტაიას, მწერლის თანამეცხედრეს, აღუნიშნავს: ალექსანდრე მესამემ თქვაო - თავდასხმა რომ ჩემზე მოეწყოთ, შევძლებდი მათ შეწყალებას. მაგრამ უფლება არა მაქვს, მამაჩემის მკვლელებს ვაპატიოო.

ჩამოხრჩობა მიუსაჯეს ტერორისტებს - სოფიო პეროვსკაიას, ანდრია ჟელიაბოვს, ნიკოლოზ კიბალჩიჩს, ტიმოთე მიხაილოვს, ნიკოლოზ რისაკოვს. გესია გელფმანს, რაკი იგი ფეხმძიმედ იყო, ჩამოხჩრობა შეუცვალეს კატორღით. ერთი წლის შემდეგ იგი ციხეში გარდაიცვალა.

. . .

ნიკო ნიკოლაძე თბილისში კი დაბრუნდა, მაგრამ მისი მდგომარეობა საზოგადოებრივადაც და ოჯახურადაც მძიმე იყო. მას საქართველოში დარჩენა არ შეეძლო. სადღაც უნდა წასულიყო მანამ, სანამ მისი სასჯელი გაუქმდებოდა, მაგრამ წასვლაც იოლი არ იყო. ნიკო ნიკოლაძისა და ბოგუმილა ზემიანსკაიას ცოლ-ქმრული ურთიერთობა დაიძაბა. ნიკოს გულს ოლღა გურამიშვილი დაეუფლა.

ოლღა თავად ალექსანდრე გურამიშვილის ასული იყო. შორეული ნათესავი და ნათლული მეორე ოლღა გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის თანამეცხედრისა. ალექსანდრე გურამიშვილს მამული ავჭალაში ჰქონდა. თავად ალექსანდრეს შინ ჯდომა უყვარდა. ადვილად გარეთ ვერ გამოიყვანდით. თბილისი რაა, თბილისში ჩამოსვლაც იმდენად ეზარებოდა, რომ ერთხელ დიდძალი ფული დაკარგა. თბილისი-ფოთის რკინიგზა რომ გაჰყავდათ, მაგისტრალმა ალექსანდრე გურამიშვილის მამული შუაზე გაჰყო. ამის კომპენსაციად ფული მისცეს, მაგრამ მის ასაღებად თბილისში ვერ ჩამოიყვანეს. ხან რას იმიზეზებდა და ხან რას, ამ მოკლე მანძილზე მგზავრობა რომ არ მოსწევოდა. ოჯახში გაუთავებელი ბუზღუნის მიუხედავად, მაინც არ ჩავიდა თბილისში. ფულიც დაკარგა. ასეთი კაცი, აბა, როგორ დათანხმდებოდა შვილის, ისიც ქალის, უცხოეთში სასწავლებლად წასვლას? მაშინ ნიკო დაეხმარა ოლღას. ოლღა გურამიშვილი ნიკო ნიკოლაძის უმცროსი დის, ეფროსინე ნიკოლაძის, პასპორტით წაიყვანეს შვეიცარიაში. მას მერე ნიკოსა და ოლღას მიმოწერა თითქმის სიცოცხლის ბოლომდე არ შეწყვეტილა. „ჩვენი მშობლების მიერ მრავალი ათეული წლის მანძილზე (1873-1927) წარმოებულ მიმოწერას ხუთი ამერიკული ყუთი უჭირავს. შვიდი ათასზე მეტი წერილია დაცული“, - გვაუწყებს ნ. ნიკოლაძის ასული რუსუდანი. ამ ბარათების ძალიან მცირე ნაწილი გააცნო მკითხველებს ჟურნალისტმა ია მესხმა წიგნში - «Пишу тебе». უდიდესი და უმრავლესი რაოდენობა კი ისევ ელის მკვლევარსა და გამომცემელს.

შვეიცარიაში სასწავლებლად წასულ ყმაწვილ ქალებს ნიკომ გზად თურქეთი, საბერძნეთი, იტალია დაათვალიერებინა. ქალებიც მოხიბლა და თავადაც მოიხიბლა მათით. განსაკუთრებით ორმა მიიზიდა იგი - ბოგუმილა ზემიანსკაიამ და ოლღა გურამიშვილმა. მგზავრობიდან ერთი წლის გასვლის მერე, ნიკო მისწერს ოლღას - შენ და ბოტიამ უდიდესი სიკეთე მიყავით. ორივემ გამიათკეცეთ ძალა და იმედი, შთამბერეთ განახლების, ძალისა და ენერგიის არაჩვეულებრივი ნაკადი, გამაახალგაზრდავეთ, გამაუკეთესეთ. ამასთანავე მხდალი, მგრძნობიარე და ფრთხილიც გამხადეთ. ერთი სიტყვით, დამიმორჩილეთ და მაიძულეთ, ჩემი მიზნის გარდა, თქვენც შეგიყვაროთ. რა საშინელება იქნება, თუ თქვენ, ორივე, მხარში არ ამომიდგებით ერთგულად!..

თუ წერილებით მიღებულ შთაბეჭდილებას დავუჯერებთ, თავდა პირველად, ნიკოს გულმა ოლღასკენ გაუწია. გამოუტყდა კიდეც თურმე ქალს სიყვარულში ჟენევის ტბის პირად, შილიონის ტურფა ციხე-დარბაზის ჩრდილში. მაშინ ოლღას უარი უთქვამს გათხოვებაზე: სასწავლებლად წამოველი და არა ქმრის საშოვნელადო. იმ უარს ნიკოსა და ოლღას მეგობრობა არ გაუბზარავს. ისინი გამუდმებით სწერდნენ ერთმანეთს ბარათებს. ჭირსა და ლხინს უზიარებდნენ ურთიერთს. ამ წერილებს რომ დააკვირდებით, აშკარად დაინახავთ, რომ ოლღას უარი ყმაწვილქალური კეკლუცობა იყო. მას უყვარდა ნიკო, ოღონდ ეშინოდა, თავის თავს გამოსტყდომოდა ამაში. ქალის გულის ისეთ მცოდნეს, როგორიც ნიკო ნიკოლაძე იყო, კი უნდა შეემჩნია ეს. - ყოველთვის, როცა მარტო ვარ, ზოოლოგიას ან ფიზიკას ვიზუთხავ, ასოების მაგიერ, ეშმაკმა უწყის, რა არ გაიელვებს ჩემ თვალწინ... რამდენი რამ არის გაუგებარი და აუხსნელი. ამას უთუოდ ნიკოს ვკითხავ-მეთქი, ვფიქრობ, - სწერდა ოლიკო ნიკოს. ამ წერილში ჩუმად ერთად ყოფნის ნატვრა იყო გაპარული. ზოგჯერ ეჭვიანობაც იჩენდა თავს. პარიზში ნიკო ერთ ესპანელ ქალს დაახლოვებია. ამქვეყნად არაფერი იმალება და ეს ამბავიც შეუტყვიათ ციურიხში მოსწავლე ქართველ ქალებს. - ყოჩაღ! შენი ესპანელი როგორ გყავს?.. უთუოდ მომიკითხე, - ეჭვიანი ირონიით სწერდა ოლღა ნიკოს. ერთხელ ნიკომ ოლღას ბარათში ქალის გულის ფართქალი იგრძნო და შემპარავად ჰკითხა - დიდხანს გაგრძელდება შენი ზნეობრივი ლოკოკინობა? როდის მოიკრებ ძალას და იტყვი: ეშმაკმა დალახვროს, მინდოდა მეთქვა, რომ... დამიჯერე, ამისათვის არც არავინ დაგსჯის და არც არავინ დაგცინებს... ამის პასუხად მიიღო: ხა... ხა... ხა!..

აშკარაა ეს ხა... ხა... ხა... სიყვარულის ქალური დასტური იყო, მაგრამ მაშინ ამას ნიკომ ყურადღება არ მიაქცია. იგი იმ დროს ბოგუმილათი იყო გატაცებული და სხვას ვეღარ ხედავდა. ასე რომ არ ყოფილიყო, როგორ შეეშლებოდა და მისწერდა ოლღას - ბოტიას გარდა, ამქვეყნად არ არის ქალი, რომელსაც შენებრ ვაფასებდე და მიყვარდეს... მიყვარხარ როგორც ახლო მეგობარი, არც კი ვიცი როგორ. შეიძლება არა ისე ნაზად, როგორც ბოტია, მაგრამ, ღმერთმანი, არც კი შემიძლია გამოვხატო - როგორ ძლიერ მიყვარხარ.

აბა, მითხარით, თუ დაბნეული კაცი არა, ვინ სთავაზობს შეყვარებულ ქალს სიყვარულის მაგიერ მეგობრობას?

არც ოლღა იყო თავის გრძნობებში მთლად გარკვეული. მას ბოტიაც ეცოდებოდა. მაშინ ბოგუმილას ნიკო თავდავიწყებით უყვარდა. აღარც სწავლა ახსოვდა, აღარც საზოგადოება „უღელი“ და აღარც ის, რისთვის იყო წამოსული უცხოეთში. ოლღამ არ იცოდა, როგორ ენუგეშებინა მეგობარი. მიამიტად სწერდა ნიკოს - რა ვუყო ბოტიას? სულ მოწყენილია. ვცდილობ გავართო. ხან თოჯინას ვუყიდი, ხან ფუნთუშას. მაინც არაფერი შველის. ძალა წამერთო. მალე ჩამოდი, იქნებ ერთად მოვახერხოთ რამე.

ხანი რომ გამოხდა, ბოგუმილა ნიკოსთან წავიდა პარიზში. ისინი დაქორწინდნენ. თითქოს ყველაფერი დამთავრდა. საქართველოშიც დაბრუნდნენ. ნიკოსა და ბოტიას შვილებიც შეეძინათ (ჯერ ვაჟი, შემდეგ ქალი, მაგრამ ორივე ჩვილობაში გარდაიცვალა, მესამე - თელიკო - მერე ფრანგს ლუი დე კოკეს გაჰყვა ცოლად). მაგრამ ოლღა ცხადად გრძნობდა, მიუხედავად ყოველივე მომხდარისა, მისი სიყვარული არ ნელდებოდა. პირიქით, კიდევ უფრო ძლიერდებოდა. იმ ძალას აღწევდა, როცა თავდახსნა აღარ შეიძლება. როცა ყოველ ნაირ ნაბიჯს გადაგადგმევინებს და იმას ჩაგადენინებს, რაზეც ადრე არც გიფიქრია, ვერც კი წარმოგიდგენია. ნიკო რომ სტავროპოლში გადაასახლეს, ოლღამ დაჰკრა ფეხი და თბილისიდან გაძევებულს უკან გაჰყვა. ეს წინდაუხედავი საქციელი მაშინვე შეიტყო მთელმა თბილისმა. უზომოდ აღელვებული ბოგუმილა მულს, ეკატერინე ნიკოლაძეს, სწერდა:

«Нечего от тебя скрывать, что Олико в Ставрополе, у Нико. Ты знаешь, дорогая моя, мое терпение, мое адское терпение. Что я переносила за этот год одному богу известно, ты сама знаешь, что никогда ни одно слово жалобы не вырывалось у меня. Но всякому терпению есть предел. Эта последняя история лишняя капля в переполненной чаше. Я хотела бежать за границу. Написала об этом Нико. Он мне прислал сумасшедшее письмо (я тебе его после покажу), говорит, что любит меня бесконечно и просит потерпеть еще немного...»

ბოგუმილა განსაკუთრებით გულდაწყვეტილი იყო იმითი, რომ ყველა შარახვეტიას შეეძლო დაემუნათებინა - «Я подлая женщина, если соглашусь жить с мужем при таких обстоятельствах».

ბოგუმილა ხედავდა, რომ ქმარს ვეღარ შეინარჩუნებდა, მაგრამ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, და ნიკოს მაინც ევედრებოდა:

«Дорогой мой!

Три дня читаю и перечитываю твое письмо при всяком удобном случае... Ценю тебя бесконечно. Помни меня и жалей. Пиши. когда едешь в Кутаис? Ободрись. Не забывай, что люблю тебя бесконечно и что все хотят нашей погибели. Не поддавайся.»

არაფერმა უშველა. ნიკოსა და ბოგუმილას ოჯახი მაინც დაიშალა.

იმ ხანებში ნიკოს სხვა საქმეც ჰქონდა მოსაგვარებელი. როგორმე „ობზორის“ საქმის გამო დადებული სასჯელისათვის თავი უნდა დაეღწია. თუ ამას ვერ მოახერხებდა, საქართველოში არ გააჩერებდნენ და ისევ გაძევება მოუწევდა. გრაფ მიხეილ ლორის-მელიქოვის დახმარებით ნიკო ნიკოლაძეს სტავროპოლში გადასახლება შეუცვალეს და პეტერბურგში ცხოვრების უფლება მისცეს. იგი პეტერბურგში გაემგზავრა. ოლღა გურამიშვილიც თანწაიყვანა. ოლღას იმპერიის სატახტოში მთელი ოჯახი გაჰყვა - დედა ქეთევან თუმანიშვილი, დები - მარიამი და ნინო, ძმა - დავითი. მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ნიკო. ჯვარდაწერილი ცოლი თბილისში დატოვა. ჯვარდაუწერელი პეტერბურგში ახლდა. ნიკომ უწმინდეს სინოდს განცხადება მიართვა, გაყრის უფლება მომეცითო. კარგახნის გაჯანჯლების მერე ნიკოს გაყრის ნებართვა მისცეს. 1883 წლის ზაფხულში ნიკო და ბოგუმილა გაიყარნენ.

1883 წლის 29 ივლისს ნიკო ნიკოლაძემ მეორედ იქორწინა, თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში. ნიკოს და ოლღას ჯვარი დაწერა მღვდელმა დავით ჭრელაშვილმა. მეჯვარეები იყვნენ, ნიკოს მხრით - კაპიტანი გიორგი გედევანიშვილი და აზნაური ვასილ გაბაშვილი, ოლღას მხრით - აზნაური გიორგი წერეთელი და ტიტულიანი მრჩეველი რაჟდენ მაღალაშვილი.

ოლღასა და ნიკოს სამი შვილი ჰყავდათ - გიორგი, თამარი და რუსუდანი. მათი ღვაწლი და დამსახურება ქართველი საზოგადოებისათვის ზედმიწევნით ცნობილია.

* * *

სტავროპოლიდან დაბრუნებული ნიკო ნიკოლაძე ჯერ კიდევ თბილისში იყო, როცა უცხოს ტუმარი ეწვია. უცნობმა თავი კობოზევად გააცნო (ცოტა ხნის შემდეგ ნიკო შეიტყობს, რომ ყველის ვაჭრის კობოზევის სახელით ცხოვრობდა და საქმიანობდა ცნობილი ტერორისტი იური ბოგდანოვიჩი). მანდატიც წარუდგინა დასტურად იმისა, რომ მოქმედებდა „ნაროდნაია ვოლიას“ აღმასრულებელი კომიტეტის რწმუნებით. კობოზევი საქმიანი კაცი ჩანდა, ენამრავლობის მოძულე. ნიკოს მაშინვე მოახსენა, რისთვისაც იყო მოსული.

„ნაროდნაია ვოლიას“ აღმასრულებელ კომიტეტს გადაწყვეტილი აქვსო, დააარსოს საზღვარგარეთ პარტიის მუდმივი ორგანო. საერთო სურვილია, ამ ორგანოს რედაქტორი იყოთო თქვენ. გამომცემლობა და რედაქცია იქნება ჩინებულად მოწყობილი, შეუზღუდავი სახსრებით.

მუდამჟამ გაზეთსა და ჟურნალზე მეოცნებე კაცისათვის უფრო მაცდუნებელი წინადადება რა უნდა ყოფილიყო? მაგრამ ნიკომ მაინც უარი თქვა შემოთავაზებულ თანამდებობაზე. უარი თქვა რწმენის გამო.

„მას („ნაროდნაია ვოლიას“ - ა. ბ.) სჭირდება ლირიკოსი, რომელსაც სწამს გმირობის შემოქმედებითი ძლიერება, ტერორისა და ბრძანებების სასწაულებრივი ძალა. მე კი ასეთი არა ვარ. ჩემი აზრით, პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ ხალხის ძალისა და შეგნების თანამიმდევრულ აღმავლობაზე“.

ნიკომ და კობოზევმა კარგა ხანს იდავეს. ორივე თავისაზე იდგა და ფეხს არ იცვლიდა. ბოლოს ნიკომ ესეც დასძინა:

„რუსეთის მთავრობა, ისევე როგორც ბონაპარტის მონარქია, რომლის თარგზეც გამოჭრა იგი სპერანსკიმ, შინაგანად უძლეველია. მისი დამხობა მხოლოდ ისეთი გარეშე მტრის დარტყმებითაა შესაძლებელი და აუცილებელი, რომლის წინაშეც იგი უძლურია, მისსავე საფუძველში მდებარე შეურიგებელი კონფლიქტის გამო კულტურასა და პროგრესთან“.

რა თქმა უნდა, კობოზევი ნიკოს არ დაეთანხმა.

სტუმარი თბილისში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩა. ნიკოსთანაც რამდენიმეჯერ შეიარა. ცხარედ პაექრობდნენ, მაგრამ ძველ საკითხს აღარ შეხებიან. კობოზევმა ნიკოს დახმარებაც სთხოვა. ქართველმა ნაროდნოვოლელმა თავადმა ალექსანდრე ციციშვილმა ანდერძით პარტიას ქონება დაუტოვა. კობოზევს თამასუქით უნდა აეღო ნაანდერძევი ქონების ფულადი ღირებულება. ნიკო დაეხმარა ამ საქმეში მას.

რუსულ სოციალ-რევოლუციურ მოძრაობაში ბევრი ქართველი და პოლონელი მოღვაწეობდა და ძალიან აქტიურადაც. მაგრამ მათ შორის ძირეული განსხვავება იყო: თუ პოლონელები რუსეთის სოციალ-პოლიტიკურ გარდაქმნასთან პოლონეთის ეროვნულ აღორძინებას აკავშირებდნენ, ქართველი ზემლევოლელები და ნაროდნოვოლელები საქართველოს ეროვნულ მისწრაფებებს ათვალწუნებით უყურებდნენ. სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. მათ შორის იყო ალექსანდრე ციციშვილიც.

კობოზევი გულთბილად გამოეთხოვა ნიკოს და თბილისიდან გაემგზავრა.

მალე ნიკო ნიკოლაძეც წავიდა თბილისიდან პეტერბურგს. იქ რკინიგზაში დაიწყო სამსახური. მართალია, ეს საქმე გულზე არ ეხატა, მაგრამ ლუკმა-პურის საშოვნელად სახსარი ხომ უნდოდა? ოცნებაც ჰქონდა ერთი: თბილისში დახურული „ობზორის“ გამოცემა იქნებ პეტერბურგში განვაახლოო. არაფერი გამოვიდა. უარი უთხრეს.

ერთ დღეს ნიკოსთან კირილე ბოროზდინმა შეიარა. კირილე ბოროზდინს ნიკო ნიკოლაძეც და საერთოდ ქართველობა კარგად იცნობდა. იგი საქართველოში დიდხანს ნამსახური კაცი იყო. წიგნებიცა და ნარკვევებიც ჰქონდა დაბეჭდილი, ქართული ყოფისა და ცხოვრების ამსახველი. იაკობ ნიკოლაძის პურმარილიც ხშირად უგემია. ამიტომ ნიკოს მისი სტუმრობა არ გაჰკვირვებია. გააოცა იმან, რაც ბოროზდინმა სხვათა შორის თქვა საუბარში: „ობზორის“ გამოცემის განახლებაში დაგეხმარებიო. ამან ნიკო დააფიქრა. ბოროზდინი ისეთი კაცი გახლდათ, ვინც უანგარიშოდ და უანგაროდ არაფერს იტყოდა. რისთვის სჭირდებოდა მას „ობზორის“ განახლება? ნიკომ ჯერ იფიქრა: შეიძლება ბერიკაცს უჭირს. გაზეთში თანამშრომლობით ორიოდე გროშს იშოვნის და თავს შეინახავს. მით უფრო, რომ ბოროზდინს კალამი უჭრიდა. ეს აზრი ნიკოს იმანაც განუმტკიცა, რომ გამოთხოვებისას ბოროზდინი მასპინძელს ფულს ესესხა. შემოივლიდა ასე დროდადრო, ჩამოაგდებდა გაზეთზე საუბარს, ისესხებდა ფულს და წავიდოდა. ბევრს სესხულობდა, ცოტას აბრუნებდა. ცოტაც და ნიკოს მოთმინების ძაფი გაუწყდებოდა. შეიძლებოდა ბერიკაცი კინწისკვრით გაეგდო. თავი მაინც შეიკავა, ოღონდ დამშვიდობებისას ეს უთხრა: თქვენთან ურთიერთობა აღარ მსურსო.

მაგრამ ბოროზდინის მოცილება ასე ადვილი არ იყო. ნიკომ მისგან მობოდიშების წერილი მიიღო. იწერებოდა: თქვენთან სხვა უფრო დიდი საქმე მაქვს, ვიდრე ის, რაზეც გელაპარაკებოდითო. ნიკომ ბარათს არ უპასუხა, მაგრამ ბოროზდინი მაინც ეწვია. პირდაპირ სახლში შეუვარდა. აშკარა იყო, ამ კაცს სხვა უფრო დიდი საქმე აწუხებდა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა - როგორ ეთქვა. ბოროზდინი ატყობდა, მიკიბულ-მოკიბული მასლაათით არაფერი გამოდიოდა. სათქმელი პირდაპირ და გულახდილად უნდა თქმულიყო.

„თქვენ შეგეძლოთ წინ წაგეწიათ ორივე მხარე; მთავრობა - დათმობისა და რეფორმებისაკენ, ხოლო ახალგაზრდობა - ტერორისტული მოქმედების უარყოფისაკენ, თუ გახდებოდით შუამავალი მთავრობასა და რევოლუციურ პარტიას შორის“.

აი, თურმე რა!.. ბოროზდინი მოგზავნილი ყოფილა. მაგრამ ვისგან? ვინ იდგა მის უკან? თავად იმპერატორი ხომ არა?

ნიკომ არ იცოდა, თორემ ხელისუფლებაცა და რევოლუციონერებიც თანახმანი იყვნენ მოლაპარაკებაზე გარკვეული პირობებით. ადრე სხვებსაც შესთავაზეს შუამავლობა. კერძოდ, ოლგა ლჲუბატოვიჩს. ციხეში, დაკითხვისას, პალატის პროკურორის ამხანაგმა დობრჟინსკიმ ოლგა ლჲუბატოვიჩს ასეთი დიალოგი გაუმართა.

დობრჟინსკი: მითხარით, რა პირობებით შეგვირიგდება რევოლუციური პარტია და უარს იტყვის ტერორზე? არ შეიძლება ჩვენს შორის მშვიდობის ჩამოგდება თუნდაც მეფის კურთხევამდე?

ოლგა: იმ პირობით, თუ ხალხს ექნება სიტყვისა და კრების თავისუფლება; იმ პირობით, თუ გამოცხადდება ყველა მსჯავრდადებულის ამნისტია. გაფრთხილებთ, ამას ვამბობ ჩემი სახელით და არა მთელი პარტიისა.

დობრჟინსკი: მისწერეთ წერილი ხელმწიფეს და თქვით ყველაფერი ის, რასაც ახლა ამბობთ.

ოლგა: არა, ხელმწიფეს წერილს არ მივწერ... მე არა ვარ თავისუფალი. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ შეუძლია წერილი მისწეროს მეფეს. იგი არ მიცნობს მე. შეიძლება მან ჩემი წერილი არასწორად გაიგოს. ეს არავითარ შედეგს არ მოგვცემს.

დობრჟინსკი: ცდებით, თქვენი სახელი ცნობილია ხელმწიფისათვის... იგი ყურადღებით მოეპყრობა თქვენს წერილს.

რამდენიმე დღის მერე იმავე წინადადებით მიმართა ოლგას სახელმწიფო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ფონ პლევემ.

ფონ პლევე: მე მინდა შემოგთავაზოთ იგივე, რაც გირჩიათ დობრჟინსკიმ. მისწერეთ ხელმწიფეს გულწრფელი წერილი, გამოთქვით თქვენი აზრი და გრძნობანი. ხელმწიფეს უყვარს ხალხი. გამსჭვალულია სურვილით - გააკეთოს ყოველივე შესაძლებელი მის საკეთილდღეოდ.

ოლგა: არა, ჩემს მდგომარეობაში მყოფი, მე ხელმწიფეს წერილს არ მივწერ.

პლევეს ლაპარაკი აღარ გაუგრძელებია. საუბარი სხვა საგანზე გადაიტანა. მოლაპარაკების ცდა იმხანად ჩაიშალა.

ბოროზდინს აღარ დაუმალავს, ვისი სახელით ლაპარაკობდა. იგი გრაფ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის, მაშინ კარის მინისტრის, მოგზავნილი აღმოჩნდა (რამდენიმე წლის მერე ვორონცოვ-დაშკოვს თბილისში გამოგზავნიან და კავკასიის მმართველობას დაავალებენ).

ნიკო შეშფოთდა. მზაკვრული დავალების შესრულებას სთხოვდნენ. ბოროზდინი ამხნევებდა: თქვენ შეხვდებით გრაფს. მოილაპარაკებთ. მერე უთუოდ ხელმწიფესთანაც მოგიწევთ საუბარი. სახელის გატეხის ნუ გეშინიათ. რევოლუციონერები გენდობიან. მართალია, კობოზევს უარი უთხარით თანამშრომლობაზე, მაგრამ ეს მათ არ სწყენიათ. ისინი თქვენდამი ისევ პატივისცემის გრძნობით არიან გამსჭვალული...

აქ ნიკომ ყური სცქვიტა. საიდან იცის ბოროზდინმა - თბილისში რაზე ილაპარაკეს? არაფერი იყო საეჭვო: კირილე ბოროზდინი საიდუმლო პოლიციაში მსახურობდა. ეს ნიკო ნიკოლაძეს კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს და თავდაჭერილობას ავალდებულებდა. ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდა, აუცილებელი იყო სანდო პირების აზრი გაეგო.

ნიკოლოზ მიხაილოვსკი, ცნობილი პუბლიცისტი და ჟურნალ „ოტეჩესტვენიე ზაპისკის“ ერთ-ერთი ლიდერი, გულმხურვალედ უმტკიცებდა ნიკოს - აუცილებელია ვორონცოვ-დაშკოვთან შეხვედრა. შუამავლობას დათანხმდი. რევოლუციური პარტია ამჟამად დასუსტებულია. იგი ვეღარაფრის გაკეთებას შეძლებს. ახლა მთავარია შესვენება. ახალი ძალის მოკრება. მეფესთან მოლაპარაკება ხსნაა საბოლოო განადგურებისაგან.

ნიკო მაინც ყოყმანობდა. ეშინოდა, პოლიციის ინტრიგებში არ გაბმულიყო. არადა, ისიც ნათლად ჩანდა, რომ ორივე მხარეს გულით სურდა მოლაპარაკება. ბოლოს, ნიკო მაინც გატყდა და დათანხმდა, ეკისრა შუამავლობა, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობით - ციხიდან გაეთავისუფლებიათ ნ. ჩერნიშევსკი. სხვა გასამრჯელოს შუამავლობისათვის ნიკო არ ითხოვდა. ამ დროისათვის ნ. ჩერნიშევსკის უკვე გადატანილი ჰქონდა ორი წლის ციხე, ცხრამეტი წლის კატორღა და გადასახლება. ამ პირობის დასტურს ნიკოს ვერავინ მისცემდა, გარდა ვორონცოვ-დაშკოვისა. ისიც მოთმინებით ელოდა კარის მინისტრთან აუდიენციას.

ეს დღეც დადგა. ნიკო ნიკოლაძე და გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი ერთმანეთს შეხვდნენ. თითქმის ორი საათი ილაპარაკა ნიკომ. გრაფი ილარიონი დაქანცული სახით, მაგრამ გულისყურით უგდებდა ყურს, უხმოდ და გაუნძრევლად.

ლაპარაკობდა ნიკო:

„მეფე, რომელსაც გულწრფელად სურს თავისი ხალხის ბედნიერება და თავისი უზენაესი მდგომარეობის გამო არ შეუძლია, ჰქონდეს რაიმე სხვა პირადი ან წვრილმანი ინტერესი, ამჟამად იძულებულია, სახელმწიფოს მთავარი ძალა რუსეთის იმ ინტელიგენციის წინააღმდეგ მიმართოს, სხვა არავითარი ინტერესი რომ არ გააჩნია, გარდა იმავე ხალხის ბედნიერებისა. ეს ტრაგიკული გაუგებრობაა...

მთავრობის შემაშფოთებელი მოძრაობა არც ხელოვნურადაა გამოწვეული და არც ბოროტი განზრახვითაა ჩაფიქრებული. იგი დროის პროდუქტია, იმ ჭარბი ძალის დაგროვების შედეგია, რომელსაც არასწორად იყენებენ ახალგაზრდები, რომელნიც თავგანწირვით მიისწრაფვიან ყოველგვარი მსხვერპლისა და ნამდვილი სიკვდილისაკენ ისე, რომ სრულიადაც არ ფიქრობენ საკუთარ დიდებაზე და შთამომავლობისათვის ხსოვნის დატოვებაზეც კი (ხომ ცნობილია, რომ ზოგი მათგანი მოკვდა და თავისი ვინაობაც კი არ გაამხილა), სულაც არ არიან ბოროტმოქმედნი თავიანთი ბუნებით. გონიერ მეფეს ასეთი ელემენტებისაგან შეიძლებოდა შეექმნა გმირთა ისეთი ლეგიონები, დიდებით რომ აავსებდნენ სახელმწიფოს. ცოდვაა, ფუჭად რომ დაიღუპონ ასეთი ძალები და ხასიათები. ისინი უნდა შევისწავლოთ, მოვიზიდოთ და მივმართოთ არა ბოროტები საკენ, არამედ სამშობლოს კეთილდღეობისაკენ.

......

განა არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც თითქმის მთელი ინტელიგენციის გონებაზე ზემოქმედებენ და ბატონობენ მეტისმეტად გონებაშეზღუდული და ნაკლებგანვითარებული ადამიანები, როგორიც არიან ბაკუნინი და ნეჩაევი? ასეთი ადამიანები, ცხადია, ყველა ქვეყანაში იბადებიან, მაგრამ მუდამ ერთეულებად რჩებიან და მხოლოდ რამდენიმე ათეულ მახლობელ ყეყეჩზე ახდენენ გავლენას. ახალგაზრდობის ლიანგზე კი ასეთი ხალხი ზეგავლენას მოახდენს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელიც სრულიად გასრესილია პოლიტიკური ცხოვრებისაგან, სადაც საერთოდ წარმოუდგენელიც კია გონებათა ურთიერთზემოქმედება, დათრგუნვილი და უგულებელყოფილია აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ბატონობს თავაშვებული დევნა, რომლის დროსაც თავი შეიძლება გამოიჩინო არა გონიერებით, არამედ ყვირილით, არა ცოდნით, არამედ შფოთით, არა თანამიმდევრობით, არამედ უსაქციელობით, ბაქიბუქით, აყალმაყალით.

......

ახლანდელი რუსეთი უკვე აღარაა ის, რაც იყო ეკატერინე მეორისა და ნიკოლოზ პირველის დროს. შეხედეთ, როგორი გარდაქმნები შეიტანეს მის ცხოვრებასა და მდგომარეობაში მრეწველობამ, რკინიგზამ, ბეჭდვამ და თვითმმართველობამ. მოიგონეთ, რაოდენ გართულდა არა მარტო ხალხის ცხოვრება, არამედ თვით სახელმწიფოებრივი საქმიანობის ფუნქცია. ბატონყმური პერიოდის ერთფეროვანი, ნაკლებად რთული ცხოვრების წყობა, რომლისთვისაც გამოსადეგი და საკმარისიც კი იყო მმართველობის ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური სისტემა, შეიცვალა. იგი მრავალმხრივ არაჩვეულებრივად მომთხოვნი სამრეწველო ეპოქის მრავალფეროვან ინტერესებსა და დახლართულ ურთიერთობებს ბადებს. ჩვენ, ჩვენს კანცელარიასა და ადმინისტრაციას, რომელიც ყაზარმებსა და დეპარტამენტებში აღიზარდა, მისი მართვისათვის ღონე აღარ შეგვწევს. თუ ბატონყმური რუსეთის ნაწარმის გადატანისათვის საკმარისი იყო ხარ-კამეჩი, თანამედროვე რუსეთის ნაწარმის გატანას ხომალდები და რკინიგზები სჭირდება, ურომლისოდაც ის ვერ შეძლებდა არსებობისათვის ბრძოლას. ჩვენი უბედურება ისაა, რომ მთავრობის შინაგანი, გონებრივი და შემოქმედებითი ძალა, რომელიც ვალდებული იყო ემართა რუსეთი, იზრდებოდა და ვითარდებოდა ჩვენი საზოგადოების გონებრივი ძალების არაპროპორციულად: ამ უკანასკნელმა გადაასწრო თავის მთავრობას, ავიდა მის დონეზე მაღლა და იმაზე მეტი იცის, რაც საშუალოდ ჩვენმა ადმინისტრატორმა, რომელიც კანცელარიის მამაპაპეული მიმართვებისა და ცნობების ფორმულარებს მიეყინა. აი, რა აიძულებს მთავრობას, დაყაროს იარაღი სახალხო ორგანიზმის ბუნებრივი ზრდის წინაშე. აი, რა დააკანონებს ჩვენში კონსტიტუციას სულ ახლო მომავალში, ჩვენი რევოლუციონერების გავლენის გარეშეც კი და მაშინაც კი, სულ რომ არ არსებობდნენ ისინი. ამ მომენტისაგან შორს დგომა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის აზროვნების დონის ამაღლებით, მისი გონებრივი და ზნეობრივი გაძლიერებით, რომლის ერთადერთი საშუალება გახლავთ, ცხადია, რუსეთის საუკეთესო ძალთა მოზიდვა მთავრობაში. მთავრობის სფეროში საუკეთესო საზოგადოებრივ მოღვაწეთა, მეცნიერთა და მრეწველთა შეყვანა, რომელთაც სახელი და ნდობა დაიმსახურეს რუსეთის საზოგადოებაში.

......

მთავრობას, რომელსაც არ ეშინია - ვაითუ ვინმეს დამთმობად მოვეჩვენოო, - შეუძლია მიიღოს ზომები იმ მწვავე ჭრილობების განსაკურნავად, რომლებიც ადრინდელი გაუგებრობის შედეგია და შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჯერ კიდევ არსებულ სიძნელეებზე. მას შეუძლია ისარგებლოს მომავალი კორონაციით და წმინდა პატიების ყოველმხრივი, თითქმის განუსაზღვრელი გამოყენებით გააქარვოს ათასობით რუსის ოჯახის ტანჯვა. თუ იგი საზოგადოებას თავისი რწმენის გამოთქმის საშუალებას, კრებებისა და ბეჭდვის თავისუფლებას მიანიჭებდა, კანონიერი საზღვრების ფარგლებში, მაშინ ძირფესვიანად ამოიფხვრებოდა ტერორისტული გამოსვლების მიზეზები“.

სულგანაბული უსმენდა ვორონცოვ-დაშკოვი ნიკოს ორსაათიან სიტყვას. მხოლოდ ერთხელ შეიშმუშნა და რეპლიკა ისროლა. როცა ნიკომ თქვა - „არ არსებობს არავითარი პრინციპული დაბრკოლება ამ სოციალური მოძღვრების სრული და გულწრფელი შერწყმისათვის თვითმპყრობელობასთან“, - მაშინ გრაფმა ილარიონმა წამოიძახა - „დიახ, ბისმარკმაც გამოთქვა ის აზრი, რომ თუ რუსეთის მთავრობა შეძლებს სოციალისტთა შემწეობის მიზიდვას და სოციალიზმის გზას დაადგება, მისი მმართველობა უძლეველზე უძლეველი შეიქმნება ევროპის ყველა მმართველობათა შორის“.

(თუ ბისმარკმა ეს მართლა თქვა, მაშინ მას წინასწარმეტყველის ნიჭი ჰქონია. რუსეთის ისტორიამ დაადასტურა ბისმარკის სიმართლე. სტალინმა მტკიცედ შეაერთა მონარქია და სოციალიზმი, რითაც უძლეველი ხელისუფლება შექმნა).

როცა ნიკო ლაპარაკობდა, შეამჩნია, რომ მეზობელ ოთახში გამავალ კარში ფარდა უცნაურად ირხეოდა. მერე ბოროზდინმა უთხრა: იმ ოთახში თავად იმპერატორი იმყოფებოდა და თქვენს საუბარს უსმენდაო. კაცმა არ იცის, მართალს ამბობდა ბოროზდინი თუ ცრუობდა.

ვორონცოვ-დაშკოვი ნიკო ნიკოლაძეს ჩერნიშევსკის განთავისუფლებასაც შეჰპირდა.

საქმე რომ კეთილად დაესრულებინათ, აუცილებელი იყო ნ. ნიკოლაძის საზღვარგარეთ წასვლა და „ნაროდნაია ვოლიას“ ხელმძღვანელებთან შეხვედრა. ნ. მიხაილოვსკიმ ნიკოს სარეკომენდაციო წერილები გაატანა და ისიც უცხოეთში გაემგზავრა. ნიკო ჯერ ჟენევაში და მერე პარიზში შეხვდა ლევ ტიხომიროვს. ტიხომიროვი ნიკოს მოტეხილი და დაძაბუნებული ეჩვენა. ნიკოს შთაბეჭდილება ცრუ არ გამოდგა. მოგვიანებით ტიხომიროვმა რუსეთის ხელისუფლებას შერიგება სთხოვა და ოჯახითურთ სამშობლოში დაბრუნდა. მან მშვიდობიან ცხოვრებას მიჰყო ხელი. ოლგა ლჲუბატოვიჩმა გადასახლებაში შეიტყო ტიხომიროვის დაბრუნება და ამოიგმინა - «Я знала, что он давно молчаливо носил нравственную смерть в своей душе». ყოფილი მეგობარი და მეთაური კი ასე გამოიტირა: „უფრო მწარე ხვედრი, ვიდრე ტიხომიროვის ხვედრია, ძნელი მოსაგონებელია“.

მაგრამ ჟენევასა და პარიზში ჯერ კიდევ თავკაცობდა ტიხომიროვი. მან რუსეთის სოციალ-რევოლუციური პარტიის კონგრესის სახელით ნიკოს ის მოთხოვნილებანი გადასცა, რაც ალექსანდრე მესამის მთავრობას უნდა დაეკმაყოფილებინა.

„თუ მთავრობა ნებას დართავს რუსეთის საზოგადოებაში სოციალურ შეხედულებათა პროპაგანდას, თუნდაც ისეთი მცირე დოზითა და ვიწრო ჩარჩოებით, როგორც ეს დღევანდელ გერმანიაშია ნებადართული, თუ, გარდა ამისა, ამნისტიას და ერთგვარ თავისუფლებას მიანიჭებს ინტელიგენციის საზოგადოებრივ მოქმედებას (ბეჭდვას, ერობას და ა.შ.), მაშინ რევოლუციური პარტია ვალდებული იქნება შეწყვიტოს ტერორისტული მოქმედება და გაუქმდეს კიდეც, როგორც მთავრობის საწინააღმდეგო პარტია. კიდევ უფრო მეტიც, თუ მთავრობა მოისურვებს ხელი მოჰკიდოს სოციალური რეფორმების გატარებასა და განხორციელებას, ხალხის აგრარული და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დასახელებული პარტია მთელი სულითა და გულით გაჰყვება მას, მთელი თავისი სახსრებით, თავისი წევრების მთელი ენერგიით შეეცდება დაეხმაროს მთავრობას ასეთი მიზნების საუკეთესოდ განხორციელებაში“.

ნიკომ ეს წინადადებანი პეტერბურგში ჩამოიტანა, მაგრამ რუსეთში ყველაფერი შეცვლილი დახვდა.

ნიკოლოზ მიხაილოვსკი და ნიკოლოზ შჩელგუნოვი ვიბორგში გადაესახლებინათ.

გრაფი ვორონცოვ-დაშკოვის საქმე სამეფო კარზე ცუდად წასულიყო. იგი გრაფ დიმიტრი ტოლსტოის დაემარცხებია და მისი ადგილიც დაეჭირა.

თავად ნიკო ბოროზდინს პოლიციაში დაესმინა და მისი ბედი ბეწვზე ეკიდა. ბოროზდინის დაბეზღების მიხედვით, ნიკო ნიკოლაძე საზღვარგარეთიდან ახალი რევოლუციური დავალებით ბრუნდებოდა. იგი უნდა დაკავშირებოდა რუსეთში მყოფ ტერორისტებს და ბრძოლა თავიდან გაეჩაღებინათ. ნიკო შუვალოვთან საუბარში თავს იცავდა. ცდილობდა დაერწმუნებინა გრაფი, რაც ბოროზდინის донос-ში ეწერა, ტყუილი იყო.

შუვალოვს ნიკო შედარებით იოლად გადაურჩა. უფრო ძნელი გამოდგა პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ვიაჩესლავ ფონ პლევესთან საუბარი (ამ თანამდებობაზე ფონ პლევე ნიკოს კეთილისმყოფელმა მიხეილ ლორის-მელიქოვმა დანიშნა). პლევეს არც ბოროზდინის დასმენის სჯეროდა ბოლომდე და არც ნიკოსი. დააყვედრა კიდეც ნიკოს - ბოროზდინის რომ მჯეროდეს, ახლა ციხეში იქნებოდიო. ისიც დააყოლა - თავს მამა აბრამის ბატკნად ნუ მომაჩვენებ, კარგად ვიცი - რა ვაჟბატონიც ბრძანდებიო.

ნიკო დაჭერას გადარჩა, მაგრამ ფონ პლევემ მას პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობა დაუნიშნა. ათი წლის მერე, 1894 წელს, როცა ნ. ნიკოლაძეს ფოთის ქალაქის თავად ირჩევდნენ, ამ მეთვალყურეობამ კინაღამ თანამდებობა დააკარგვინა. მაშინ დარილის მოსახსნელად აუცილებელი გახდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურობისა და კავკასიის ჯარების მთავარსარდლის შერემეტიევის გამოსარჩლება.

1883 წელს იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ მანიფესტით თვითმპყრობელობის ურყეობა გამოაცხადა. რევოლუციური მოძრაობა დროებით მიყუჩდა. მაგრამ ნიკო ნიკოლაძეს დაპირება მაინც შეუსრულეს: ჩერნიშევსკი გაათავისუფლეს. გახარებულმა ნ. ნიკოლაძემ ამ ფაქტს საგანგებო წერილი უძღვნა - „ნ. გ. ჩერნიშევსკის განთავისუფლება“. იმჟამად ეს სტატია არ დაბეჭდილა. ცენზურამ აკრძალა. პირველად 1945 წელს გამოქვეყნდა „საისტორიო მოამბის“ პირველ ტომში.

„ჩერნიშევსკი გაქრა და, მიუხედავად ამისა, მოძრაობა მაინც გრძელდებოდა. თანაც არანაკლები სიძლიერით, ვიდრე მის დროს. აქედან მორალი: ცალკეული პიროვნებების ზემოქმედებას, რაოდენ უპირველეს როლსაც უნდა ასრულებდნენ ისინი თავიანთი ეპოქის გონებრივ ცხოვრებაში, მცირეოდენი მნიშვნელობაც კი არა აქვს საზოგადოებრივი აზრის განვითარების მსვლელობაში. მომიტევეთ, გეთაყვა, რომ ამდენი ქაღალდი ავაჭრელე, რათა ასეთი ანბანური ჭეშმარიტების მორალამდე მივსულიყავი, რომელიც დიდი ხანია ნათელია მოაზროვნე ადამიანისათვის. მაგრამ, გარდა მოაზროვნე ადამიანებისა, არიან კიდევ საქმიანი ადამიანებიც, რომელთაც აზროვნებისათვის არ სცალიათ“.

7 ლიტერატურული კრიტიკოსი

▲back to top


აკაკი წერეთელი პაწია მოგონებაში, ნიკო ნიკოლაძეს რომ უძღვნა, ამბობს, „იმას ყველაფერში პირველობა უნდოდა. რასაკვირველია, პოეზიაშიც, რადგანაც კრიტიკოსობას ჩემულობდა, პირველობა უნდოდა“.

ასე იყო: მე-19 საუკუნეში - კრიტიკა სიტყვაკაზმული მწერლობის მეთაურად ითვლებოდა. ამიტომ უჩიოდნენ კრიტიკის უქონლობას და კრიტიკოსს ნატრულობდნენ.

„ჩვენი ეხლანდელი ლიტერატურა არაფერში არა გრძნობს ისეთს ნაკლოვანებას, როგორც კრიტიკაში. რა გვარი მწერალიც გნებავთ, მონახავთ ჩვენში: მოთხრობისა და რომანების მწერლები, მელექსეები და პოეტები, დრამატურგები და უბრალო სცენების მწერლები და სხვა ყოველგვარი მწერლები არიან, მაგრამ კრიტიკოსი კი, რიგიანი კრიტიკოსი ჯერჯერობით არც ერთი არ მოიპოვება, არავინ არ გამოჩენილა. ეს მოვლენა ძლიერ სამწუხარო მოვლენაა მით უფრო, რომ ჩვენს ლიტერატურას ეხლა, მგონი ისე არაფერი და არავინ არ ეჭირვება, როგორც ხეირიანი კრიტიკოსი. როგორც მეფე რიჩარდი ჰყვირის გაჭირვების დროს: „ცხენი! ცხენი! ნახევარ სამეფოს მივცემ, ვინც ერთ ცხენს მიშოვნისო!“ ისე სრულის საფუძვლით ჩვენც შეგვიძლია დავიყვიროთ: „კრიტიკოსი! კრიტიკოსი! ნახევარ მწერლობას მივცემთ, ვინც ერთს კარგს კრიტიკოსს გვიპოვის!“ - გამოთქვამდა საერთო წუხილს სერგეი მესხი („თხზულებანი“, ტ. 1, 1962 წ., გვ. 332).

მაგრამ ასე მწერლობა ფიქრობდა და არა პუბლიკუმი.

კრიტიკოსის კალამი მეტად მძიმე იყო ყველა დროში და ყველა ქვეყანაში. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ხალხი კრიტიკულ აზროვნებას შეჩვეული არ ყოფილა. ზოგჯერ ნ. ნიკოლაძე საზოგადოებას ირონიულად აფრთხილებდა: „ნუ გეშინია, მკითხველო, ამ სტატიას, თუმცა კრიტიკა ჰქვია, მაგრამ შიგ არც ლანძღვა-გინება იქნება, არც მუშტი-კრივი, არც ვისმე ნაკლოვანების გამოჩხრეკა“. ამგვარი გაფრთხილება უსაფუძვლო არ ყოფილა. არათუ მაშინ, დღესაც კრიტიკული მწერლობა ვისიმე განადგურება-დასამარების იარაღი ჰგონიათ და არა განსჯა, სჯა-ბაასი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია, ცოტად თუ ბევრად ჭეშმარიტებას მივუახლოვდეთ.

ნიკო ნიკოლაძე ახალგაზრდა იყო, 27 წლისა, „დიკკენსი და ტეკკერე“ რომ გამოაქვეყნა. წერილს საგანმანათლებლო დანიშნულება ჰქონდა. ნ. ნიკოლაძე ქართველ მკითხველს უყვებოდა, - ორივე მწერალი ინგლისის ყოფა-ცხოვრების მანკიერებას ამხელს, დასცინის, მკითხველსაც გულიანად აცინებს და ამ ხერხით უღვიძებსო საზოგადოებას უბედურის, ღარიბის, გაჭირვებულის, დაცემულის შეწყნარების, თანალმობის, დახმარების მაღალ გრძნობას.

იგი სტატიას ასრულებდა სიტყვებით:

„როგორ გაუკვირდება ჩვენს მკითხველს, როცა შეიტყობს, რომ ინგლისის მაღალ საზოგადოების გამაუპატიურებელი, მასხრათ ამგდები, ტალახში გამსვრელი მწერალი ტეკკერე ინგლისის ხალხმა, საზოგადოებამ და დედოფალმა იმავე ვესტმისტრის ტაძარში დამარხა, სადაც უაღრესი პატივისცემის ნიშნათ დამარხული არიან ინგლისის უპირველესი გმირებიც. ეხლა ტეკკერე და დიკკენსი ერთათა წვანან, ინგლისის დამამშვენებელ და გამძლიერებელ მეთაურთ გვერდით. აქედან ჩვენი მკითხველი უნდა მიხვდეს, რომ განათლებულ ქვეყნებში, გონიერი ხალხი თავის დამრიგებელ და ზნის გამსწორებელს კი არ სდევნის და შეურაცხყოფს, - თავის უპირველეს გმირების ტოლათ მაინც აფასებს, მეტათ თუ არა“.

ნიკო ნიკოლაძეს უნდოდა, რომ საქართველოში კრიტიკული აზროვნებისადმი ისეთივე დამოკიდებულება ყოფილიყო, როგორც ევროპაში არსებობდა. მაგრამ ამას ხანგრძლივი ისტორიული ტრადიცია სჭირდებოდა, რაც საქართველოს არ გააჩნდა. ეს კი ქართველი ხალხის მძიმე და ტრაგიკული წარსულის შედეგი იყო.

„ჩვენი ხალხიც ღირსია, რომ გონება განუვითაროთ, აზრის მუშაობას შევაჩვიოთ, საკუთარის ხელით შევაწმენდინოთ მისი წყლულები, საკუთარი შრომით გავამართვინოთ სამართლიანი განწყობილება, საკუთარი მუხლით სიარული დავაწყებინოთ და ყველა ამას, ხომ, მარტო პირდაპირი, ყველასათვის აშკარა თვალსაჩინო შრომა მოიტანს... მაშ ტირილსა და გოდებას თავი დავანებოთ. დავივიწყოთ უხეირო ოინები, ნუღარ ვიკადრებთ იმ გლახურ ცრემლის ჩვენებას, რომელსაც ამოდენა ხანია მისცემია ჩვენი მწერლობა!“

ორივე ცნება - მწერლობაც და კრიტიკაც - ნ. ნიკოლაძეს ძალიან ფართო მნიშვნელობით ესმოდა. მას მწერლად მიაჩნდა ყველა, ვინც კალმით ემსახურებოდა ხალხსა და ქვეყანას. ასევე ყველა კრიტიკოსი იყო, ვინც კი ყოფიერების მანკიერებას ებრძოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ცნებები მის შემოქმედებაში არსებობს ვიწრო მნიშვნელობითაც, როგორც სიტყვიერი ხელოვნების დარგების გამომხატველი.

„ერთი ნაწილი ბელეტრისტიკა (მოთხრობები, კომედიები, რომანები და სხვ.) ხატავს ხალხის მდგომარეობას. მეორე - ეკონომიური და პოლიტიკური მწერლობა იკვლევს მის მოთხოვნილებას, მესამე - ფილოსოფია არჩევს მისი აზრის მოძრაობას და სხვ. ამ ნაწილებს შუა ადგილი უპოვია ერთ განსაკუთრებულ ვრცელ ნაწილს - კრიტიკას, რომელიც თვალს ადევნებს დანარჩენი ნაწილების მოქმედებას და მოძრაობას, ნიშნავს მათ ხასიათს, ჰკრებს მათი ნაშრომის ყვავილებს, აფასებს მათ მნიშვნელობას და არდგენს საბოლოო სჯას, გადაწყვეტილებას ამ საზოგადო შრომაზე და მოქმედებაზე.“

მისი რწმენით, მწერლობის თვალი უნდა მისწვდომოდა ხორციელი თუ სულიერი ყოფიერების ყველა კუთხე-კუნჭულს, ჩაეხედა შიგ, ამოეცნო ყველა საიდუმლო, აღეწერა და მკითხველის სამსჯავროზე გამოეტანა. ამის თქმაა ადვილი, თორემ გაკეთება მეტად ძნელია.

„საზოგადოების და ხალხის ცხოვრების გამოხატვა ხუმრობა საქმე არ არის. ეს ცხოვრება ისე ვრცელია, იმას იმოდენა შეუნიშნავი მხარე და ღრმა საფუძველი აქვს, რომ მისი დაკვირვება, ერთბაშათ დანახვა და აწერა ძლიერ იშვიათი გონებისთვისაა შესაძლებელი. ამ საქმეს გენიოსების ტვინი და შრომა სჭირია, ისეთების, როგორც დანტე, სერვანტესი, სვიფტი, მოლიერი, გოტე და გოგოლი. საზოგადოთ კი მწერლები სხვა და სხვა კერძო მხარეს იღებენ ცხოვრებისას და ცალ-ცალკე ხატავენ ამ კერძო მხარეს, თავისი საკუთარი მხედველობით. ზოგი ხატავს კაცის გულს და გრძნობას სიყვარულში, ზოგი ამავე გულს და გრძნობას შეძენაში, ზოგი შურის ძალას კაცის ხასიათში, ზოგი სიღარიბის გავლენას კაცის ცხოვრებაზე, ზოგი იღებს რომელიმე საზოგადოებას ან საზოგადოების ნაწილს და სწერს იმის ცხოვრებას და ზნეს, ზოგი რას და ზოგი რას“.

რაკი უთვალავფერიანი სინამდვილის მთლიანად აღქმა-ასახვა შეუძლებელია, ბუნებრივად დგება არჩევის პრობლემა. იმის ნათელ საყოფად, თუ რას გულისხმობდა არჩევანში, მაგალითი მოჰყავდა.

ყმაწვილკაცს მასწავლებელმა სიცოცხლე გაუმწარა. უმიზეზოდ და უსაბუთოდ დევნის, სჯის, აწამებს. ყმაწვილს მობეზრდა სწავლა.

შესძულდა იგი. ხედავს, რომ მისი მეცადინეობით არაფერი გამოვა. სიამოვნებითა და სიხარულით დაანებებს სკოლას თავს, მაგრამ ამ აზრისა ეშინია. მაშინ როგორღა იცხოვროს მომავალში, რით ირჩინოს თავი, რით შეინახოს ოჯახი? მდგომარეობა გამოუვლად მოეჩვენა. გზა ხსნისა რომ ვერ დაინახა, სასოწარკვეთილმა თავი ჩამოიხრჩო.

ეს ერთი შემთხვევა. მეორეც.

ყმაწვილი მთელი დღე თამაშობდა. დაიღალა. დაიქანცა. სიცხემაც შეაწუხა. შინ შევარდა. წყალი უნდა დალიოს. მაგიდაზე შაქარიც დაინახა. ჭიქაში ჩააგდო და წყურვილი მოიკლა. თურმე შაქარი თაგვისა ყოფილა. ბიჭი მოიწამლა. გულ-ღვიძლი დაეწვა და მოკვდა.

ორივე ტრაგიკული შემთხვევაა, მაგრამ პირველი სოციალური უკუღმართობის მსხვერპლს გვიხატავს, მეორე - შემთხვევითობის, მოულოდნელობის. მწერალს ორივეს აღწერა შეუძლია. მაგრამ რომელია უფრო მნიშვნელოვანი, არსებითი? ნიკო ნიკოლაძის სიტყვით, პირველი, რაკი მასში საზოგადოებრივი მოვლენის - სკოლის - მანკიერება იხატება.

„ყოველი საგანი მით უფრო შესანიშნავი და ყურადღების ღირსია, რაც უფრო მეტი საზოგადო მნიშვნელობა აქვს იმას ცხოვრებაში. მაგიერათ, რაც უფრო ნაკლები საზოგადო მნიშვნელობა აქვს

რომელსამე საგანს, მით ნაკლები ყურადღების ღირსია ის. მაშასადამე, სალიტერატურო შრომაში ყოველ საგანს იმოდენა ყურადღება უნდა ჰქონდეს მიქცეული და სწორეთ ის ადგილი უნდა ეკავოს, როგორიც ეღირსება საგანს თავის საზოგადო ან კერძო ხასიათით“.

„მწერლის ძალა და სიმაღლე მარტო მხატვრობის სინამდვილეში კი არა, საგნის არჩევანში გამოჩნდება“.

ამრიგად, მასალის არჩევის პრობლემას ნ. ნიკოლაძის ესთეტიკაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.

უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს მკითხველის განათლებულობის დონეც. განათლებულობის შესაბამისად ადამიანს მოვლენათა და საგანთა მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. ამის დასადასტურებლად ისევ მაგალითს მიმართავდა.

გაუნათლებელ კაცს, რომელსაც არასოდეს უნახავს წუმწუმა (ასანთი), აჩვენეთ იგი. შეამჩნევს და დააკვირდება მხოლოდ გარეგნულ მხარეს. პაწია, წითელი კოლოფია. ზედ დაკრული აქვს ყვითელი ქაღალდი. ამ კოლოფის თავი და ბოლო შავია. შიგ კი პაწაწინა ჩხირები აწყვია. მათ თავები ნაირფერად აქვთ შეღებილი: ზოგს - წითლად, ზოგს - მწვანედ, ზოგს - მიხაკისფრად. ეს გარეგნული მხარე იქნებ გაუნათლებელ კაცს ძალიანაც მოეწონოს, მაგრამ წუმწუმის უმთავრეს დანიშნულებას - ცეცხლის ანთება შეუძლია, - ვერ მიხვდება. განათლებული, მცოდნე ადამიანი კი ასანთს სწორედ იმიტომ აფასებს, რომ მისი მეოხებით, ცეცხლის დანთებაა შესაძლებელი.

ასევე შეიძლება მოუვიდეს გაუნათლებელ, უმეცარ ადამიანს მხატვრული ნაწარმოების კითხვისას. ვერ შეამჩნიოს, ვერ დაინახოს ის, რისთვისაც ეს თხზულება დაიწერა.

მწერლისა და მკითხველის ურთიერთობაში ნ. ნიკოლაძისათვის განათლებულობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი იყო. საზოგადოების შესაბამისი ესთეტიკური აღზრდა-განათლებაც აუცილებლად მიაჩნდა. სხვაგვარად მხატვრული ნაწარმოები ზემოქმედების ძალას კარგავდა. უმეცარი მკითხველისათვის ფუჭად იკარგებოდა. ნ. ნიკოლაძის სიტყვით, ასე დაემართა გრიგოლ ორბელიანს.

გრიგოლ ორბელიანის პოეტურ ნიჭსა და მწერლურ საქმიანობას იგი დიდად აფასებდა, მაგრამ თავადვე სვამდა კითხვას - რატომ ვერ მოახდინა გავლენა მისმა პოეზიამ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე? ამის პასუხად ამბობდა:

„...მისი გრძნობის ძალა, მისი გულის სიმხურვალე, რომელიც სხვა განწყობილებაში რომ ყოფილიყო, სხვა საზოგადოებაში რომ გამოსულიყო, უფრო მაღალ და პატიოსან საგანს ამოირჩევდა, უფრო სასარგებლო და გონიერ მიზანს გამოადგებოდა, - ილევა ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად პაწია საგნების და პაწია სურვილების დაკმაყოფილებაში“.

განათლებულობა მარტო მკითხველისთვის არ იყო აუცილებელი. იგი მწერალს არანაკლებ სჭირდებოდა, შრომისმოყვარეობასა და ნებისყოფასთან ერთად.

მას აკაკი წერეთელი ბევრად უფრო ნიჭიერ მწერლად მიაჩნდა, ვიდრე ილია ჭავჭავაძე.

„აკაკი წერეთელი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ნამდვილი და ჭეშმარიტი პოეტია. ეს ცოტაა: ის ერთათ-ერთი მგოსანია უკანასკნელი საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მოლექსეთა შორის. ამას იმ მნიშვნელობით ვამბობ, რომ მათ შორის მხოლოდ აკაკი წერეთელს აქვს ბუნებიდან მომადლებული ის სპეციალური ნიჭი, რომელიც პოეტებს ქმნის“.

. . .

„როგორც პოეტს, თავად ილია ჭავჭავაძეს თავად აკაკი წერეთლის ნიჭის ნამცეციც კი არ მოეპოვება. მისი ლექსები ნახელოვნებია, მძიმე, არამხატვრული და ბევრი ოფლითა და რიტორიკით გაჟღენთილი. ისინი არა თუ თავისით, ბუნებრივათ არ ებეჭდებიან მკითხველის ხსოვნას და შეუწყვეტლათ არ გაისმიან ყურში, გინდა თუ არ გინდა მათი დამახსოვრება მაინც, არამედ მაშინაც კი არ რჩებიან ხსოვნაში, როცა მოწაფესავით საგანგებოთ იზეპირებ მათ“.

ნიკო ნიკოლაძის აზრით, ნიჭიერებისდა მიხედვით, ქართულ მწერლობაში აკაკი წერეთელს უნდა შეესრულებინა ის როლი, რაც რუსულ ლიტერატურაში პუშკინმა ითამაშა. მაგრამ ასე არ მოხდა. ქართული მწერლობის განახლების საქმე ილიამ ითავა და გააკეთა კიდეც ეს. რით შეიძლებოდა აგვეხსნა ეს?

„ერთი, - შედარებით ნაკლებად დაჯილდოებული ბუნებისაგან, ყოველთვის შეუსვენებლათ ავარჯიშებდა მთელ თავის ძალ-ღონეს, რომ თავისი ნიჭისათვის მიეცა მთელი ის განვითარება და ძლიერება, რომელიც მისაწვდომი იქნებოდა მისთვის. ნების, შეურყეველი ხასიათისა და ცხოვრების მიზნების მპყრობელი, - ის არ შეუშინდა შრომას, ამ უკანასკნელის მთელ სიმძიმესა და უფერულობას. ის სწავლობდა, კითხულობდა სხვა მწერლებს, იკვლევდა ცხოვრების საკითხებს - და თავისი გონებრივი განვითარებით მის თანამედროვე განათლებულ პირებს გაუთანასწორდა...

...მიაღწია იმიტომ, რომ თავის თანამემამულეთა შორის ის იყო თითქმის ერთადერთი მოღვაწე ნებით, შეურყეველი ხასიათით და შრომის მოყვარეობით დაჯილდოებული.

მეორემ კი, ჭეშმარიტ და გამორჩეულ პოეტათ დაბადებულმა, სრულიათ არ დაატანა თავს ძალა, თავისი შეუდარებელი პოეტური ნიჭი არ აღჭურვა მისი განმავლობის ყველა აუცილებელი ელემენტით და ამიტომაც, იგი ვეღარ გასცილდა თავისი შიშველი ბუნების პირველ ყოფილ სიწმინდესა და უბრალოებას...

...ზარმაცმა მონამ, მან მიწაში დაფლა ღვთის მიერ ბოძებული მძლე იარაღი - და მისი ხალხის ლიტერატურამ ვერ ისარგებლა მისი მოღვაწეობიდან ყველაფერი იმით, რის მოცემაც შეეძლო ამ ბუმბერაზ ტალანტს, „თვისი თავის თვითონვე შემმუსვრელს და მტერს“, ტალანტს, რომელსაც საკმარისი იყო მხოლოდ ხელი გაენძრია, ეშრომა, რომ გენიოსობამდი გაზრდილიყო“.

ნიჭიერება, განათლებულობა, შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა, ისეთი თვისებებია, ურომლისოდაც ღირებული, მნიშვნელოვანი, მხატვრული ნაწარმოები არ შეიქმნება. ურომლისოდაც მწერალი თანამედროვეებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ვერც შთამომავლობას დაუტოვებს იმას, რაც სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს ერის სულიერ ცხოვრებაში. ოთხივე თვისებას ადამიანი ერთად უნდა ფლობდეს, თორემ ცალ-ცალკე, თითოეული მათგანი, უკმარისია. ამ თვისებებით აღჭურვილი შემოქმედისათვის საქართველო მოუმკალი ყანა იყო, სადაც მწერალს უხვი მოსავალი ელოდა.

„ჩვენი ქვეყანა სავსეა ათასნაირი მრავალფეროვან და მაღალ ღირს საგნებით, სურათებით, ხასიათებით, ტიპებით. ვისთვისაც ღმერთს დაკვირვების და გამოსახვის ნიჭი უწყალობებია, იმას წინ ფართოდ გაშლილი აქვს დიდების ბედნიერი გზა: ხატოს იმან პირუთვნელად და სწორედ, რაც უცნობი და შესამჩნევი შეხვდეს წინ. ვინც სწორედ მოახერხებს ამ ახალ და უცნობ ხასიათების გადმოღებას ბუნებიდან მწერლობაში, ვინც „შექმნის“ ამ ხასიათებიდან ლიტერატურულ ტიპებს, ის ადვილად დაიმსახურებს ხეირიან სახელს არათუ მარტო ჩვენში, თვით მსოფლიო მწერლობაშიც“.

ტიპის შექმნას ნ. ნიკოლაძე განსაკუთრებულ ღირებულებას და მნიშვნელობას ანიჭებდა. ტიპი არა მარტო ხასიათი იყო, არა მარტო სახე, არამედ სრულიად გარკვეული მოვლენა და გარკვეული იდეაც. მწერალსაც, რომელსაც ხასიათისა და სახიდან არ შეეძლო ტიპის, ანუ განზოგადებული მოვლენა-იდეის შექმნა, მას ნიჭიერ მწერლად არ მიაჩნდა. იგი გამოკვეთილ ტიპად მიიჩნევდა ლუარსაბ თათქარიძეს და ამიტომ განსაკუთრებულად მოსწონდა „კაცია-ადამიანი?!“ ამ მოთხრობას ხშირად ახსენებდა როგორც ბელეტრისტიკის ნიმუშს, ეტალონს. „გლახის ნაამბობს“ კი იწუნებდა სწორედ იმიტომ, რომ მასში ტიპი არ იყო შექმნილ-დახატული. როგორც ტიპი, ნიკო ნიკოლაძის აღტაცებას იწვევდა აგრეთვე გიორგი წერეთლის კუდაბზიკა.

„იმან (პროზაიკოსმა - ა. ბ.) დაახლოვებით უნდა გაიცნოს ის ხალხი, ის მხარე, ის წრე, რომლის გამოსახვასაც აპირებს, უნდა აიხსნას მათი ხასიათი, ღრმად შეიგნოს მათი ცხოვრება და მერე დასახატად ისეთი პირი უნდა აირჩიოს, რომელშიც ყველაზე უფრო ცხადად მოსჩანს ეს ხასიათი, ცხოვრება და სურვილი. ამგვარი პირი კიდეც რომ ვერ ნახოს ცხოვრებაში მწერალმა, მას შეუძლია, მისი სურათი შეთხზოს (ხაზგასმულია ნ. ნიკოლაძის მიერ - ა. ბ.), ბევრი სხვადასხვა კაცის თვისებათა გამოკრებით და ერთად შეხამებით. ამას ჰქვია ტიპი. ჩვენი ქვეყნის და ერის ცხოვრება ჯერ თითქმის სრულიად უცნობია ჩვენთვის, ამიტომ რომ, რაც ჩვენს ხალხში სხვადასხვანიარი ხასიათის კაცი ტრიალებს და მოქმედებს, ვინ მოსთვლის და ჩვენს მწერლობაში კი ამ ხასიათებიდან ათიოდეც არ იქნება ჯერ გამოხატული“.

მართალია, საქართველოს ერთი ციცქნა ტერიტორია უჭირავს, მაგრამ ხასიათების, ზნე-ჩვეულებების, მიდრეკილებათა მრავალ ფეროვნებით, მას ძნელად თუ შეედრება რომელიმე სხვა ქვეყანა. ამას ნ. ნიკოლაძე ჩვენი წარსულით ხსნიდა, ჩვენი ბუნებრივი მდებარეობით განმარტავდა.

„ჩვენში თვითოეული ხეობა თავისი განცალკევებული, მიტოვებული ცხოვრებით ატარებდა თავის სიცოცხლეს, მთელი საუკუნეების განმავლობაში. ამის გამო ზემომხრელის ხასიათი ვაკელისას არ ჩამოგავს და ზღვისპირელისა - მთიულისას. ზოგი ამ ბუნების წყალობით, ზოგი სხვა ისტორიული მიზეზებით, ჩვენში არასოდეს ხანგრძლივად არ დამყარებულა ნამდვილი და ძლიერი საერთო მთავრობა, რომელსაც შესძლებოდა გაეწვრთნა, შეეერთებინა, შეეფერებინა და საზოგადო მიზნისაკენ წარემართა ამოდენა დაცალ-ცალკევებული ხალხი. ამის გამო თვითეული ქართველი უწინ უფრო თავის იმედით იყო, ვინემ მთავრობისა; როგორც ადამიანი, ისე თვითეული სოფელი ან ხეობა, ან სამთავრო, ცალ-ცალკე ცდილობდა თავისი ქონება და ვითარება რამენაირად დაეცვა. აი, ამ გარემოებამ დაბადა ჩვენში მეტის მეტი მრავალფეროვანება ხასიათებისა, ზნისა, მიდრეკილებებისა, ჩვეულებებისა და თვით ენისაც, ასრე გასინჯეთ. ყველაფერი ეს უნდა შეისწავლოს მწერლობამ, თუ გვინდა, რომ ჩვენში მკვიდრი და სახეირო ძმობა და ერთობა დაარსდეს, ამ მრავალფრობის გონიერი და რიგიანი შეთანხმებით ან შეხამებით...“

რუსეთის ხელისუფლების დამკვიდრებამ საქართველოში, მართალია, ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულად გააერთიანა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია უმთავრესი - ჩვენი ეროვნული ცნობიერების გამთლიანება. ჩვენი ეროვნული ცნობიერება ისევე დარჩა დაშლილი, როგორც ადრე იყო. შეიძლება უფრო მეტადაც, რადგან რუსეთის მთავრობა ყოველნაირად უშლიდა ხელს მის გამთლიანებას. ყველა დამპყრობელი ქვეყნისათვის ეროვნულცნობიერებადაშლილი ქვეყანა უფრო სასურველია, ვიდრე ერთიანი ეროვნული ცნობიერების მქონე. დაშლილობის ვითარებაში დამპყრობელი გაცილებით იოლად და მარტივად ატარებს კოლონიურ პოლიტიკას. გარდა ამისა, იმ ქვეყანას, იმ ხალხს, ვისაც დაშლილი აქვს ეროვნული ცნობიერება, აღარ გააჩნია არც ეროვნული სიამაყე და არც თავმოყვარეობა.

ნ. ნიკოლაძე წუხდა:

„დაცემულ და დავარდნილ საზოგადოებაში სულით დავარდნილი კაცის გული და ხასიათი არათუ მამულისათვის სიკვდილს, მახლობელისათვის რისიმე შეწირვასაც ივიწყებს. იმას გონება, შეხედულება და გრძნობა უმცირდება. მთელი მამულის დიდების მაგიერათ, იმას ჯერ თავისი კერძო მაზრის და ბოლოს საკუთარი სახლის დიდება კი არა, სარგებლობა შეექმნება ღმერთად. ის იმ მძიმე და შესანიშნავ კავშირს ივიწყებს, რომელიც მისსა და მის თანამემამულეებსა და მახლობლებს შუა არსებობს. ის მათი მოძმე კი არა, მათი მოწინააღმდეგე და მეშურნე მტერი ხდება. სადაა მაშინ ის თავისდადება მამულისა და მახლობლებისათვის, ის მსხვერპლობის სიადვილე, ის თავგამეტება და დახმარება, რომელიც ცხოველი და იმედით სავსე ხალხის ხასიათს შეადგენს?..“

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: მე-19 საუკუნის ქართულ პროზაში ტერიტორიულად ერთიანი საქართველო არ არსებობს. ძირითადად ყველა მწერალი თავის პერსონაჟს იქ ამოქმედებს, საიდანაც თავად იყო დაბადებით: ლ. არდაზიანი - თბილისში, ილია - კახეთში, დ. კლდიაშვილი - იმერეთში, ეგ. ნინოშვილი - გურიაში, ალ. ყაზბეგი - ხევსა და მის ახლომახლო (გამონაკლისი ისტორიული პროზაა - ვ. ბარნოვის რომანები, აკაკის „ბაში-აჩუკი“ და გიორგი წერეთელი, რომლის მოთხრობა-რომანებში მოქმედების არეალი უფრო ვრცელია - ქუთაისი, ფოთი, თბილისი და იმიერსაქართველოს სოფლები).

ერთი შეხედვით, ეს ბუნებრივია. მწერალი წერს იმაზე, რასაც უკეთ იცნობს, რაც მისი ნაწილია, რადგან იქ არის დაბადებული და გაზრდილი. მაგრამ თუ უფრო ღრმად შევხედავთ ამ საკითხს,

არ შეიძლება არ დავინახოთ სხვაც, კერძოდ, დაშლილი ერთიანი ეროვნული ცნობიერების, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოვლენა. ეს რომ ცნობიერი გამოვლენა იყოს, არ იქნებოდა იმდენად საშიში. საშიშია განსაკუთრებით იმიტომ, რომ არაცნობიერია. სადღაც გულისა და გონების უღრმეს კუნჭულში შემორჩენილი და კონტროლს ვეღარც ვუწევთ.

ეს პრობლემა მე-19 საუკუნის ქართველ მოაზროვნეთა უმრავლესობას ძალიან აწუხებდა. ცხადია, ამაზე ფიქრობდა ნ. ნიკოლაძეც. ამიტომ მისი აზრით, ჩვენი კუთხეების, იქაური ადამიანების სხვადასხვა ხასიათი, ზნე-ჩვეულება, მიდრეკილება, თვისება, უნდა დაიხატოს ჩვენს მწერლობაში, მაგრამ ერთიანი ეროვნული ცნობიერების პოზიციიდან. უნდა ვაჩვენოთ, გადმოვცეთ ის, რაც აერთიანებს, ამთლიანებს ქართველ ხალხს. უნდა ავხსნათ, რატომ არის იგი ერთიანი, განუყოფელი ეროვნული ორგანიზმი.

არა მარტო რუსიფიკაციის, არამედ დაშლილი ეროვნული ცნობიერების შედეგი იყო ის, რაც ივანე ჯაბადარმა გააკეთა, როცა 1889 წელს „სევერნი ვესტნიკში“ (თებერვალ-მარტის ნომრებში), ფსევდონიმით „ნარ-დონით“ (Н. Д.) გამოაქვეყნა «Письма о Грузии».

ამ ნარკვევმა ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. ეს კარგად ცნობილია. თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, ივანე ჯაბადარს მომხრეები არ ჰყოლიაო. ჩვენი საუკუნის 10-იან წლებში ფილიპე მახარაძე აღიარებდა: ილია ჭავჭავაძესა და ივანე ჯაბადარს შორის «Письма о Грузии»-ს გარშემო გამართულ კამათში „მთელი ჩვენი სიმპატია ივანე ჯაბადარისკენ იყოო“ (ფ. მახარაძის წერილი „ივანე ჯაბადარის ხსოვნას“ შეგიძლიათ წაიკითხოთ 1926 წელს გამოცემულ „თხზულებათა კრებულის“ მესამე ტომში). ალბათ ქართველი ხალხოსნის მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობდა იაკობ მანსვეტაშვილიც, როცა 1936 წელს გამოქვეყნებულ „მოგონებებში“ პირს წმენდდა ივანე ჯაბადარს: „სევერნი ვესტნიკში“ დაბეჭდილი წერილი მთლიანად მისი არ იყოო. „ამას მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსის გადმოცემა ეკუთვნოდა. დაწერა, გაშუქება და კრიტიკული განხილვა იმის ცოლის ყოფილიყო“ (გვ. 94).

რა თქმა უნდა, ფრიად საეჭვოა ის, რომ ივ. ჯაბადარის ნარკვევებში ოლგა ლჲუბატოვიჩის ხელი ერია. ეს ქალი სრულიად არ იცნობდა ქართულ კულტურას. მიუხედავად მისი ტერორისტული ცხოვრებისა, არც ისე უტიფარი იყო, იმაზე ელაპარაკა, რაზეც ზერელე წარმოდგენაც არ ჰქონდა. თუმცა დღეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რა მონაწილეობა მიიღო ოლგამ «Письма о Грузии»-ს დაწერაში. არსებითია და გასახსენებლად ღირს ამ ნარკვევის მკაფიოდ გამოხატული ეროვნული ნიჰილიზმი.

ივანე ჯაბადარი ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობისა და ბიზანტიის ზემოქმედება საქართველოზე ზერელე იყო. მას არსებითი კვალი არ დაუტოვებია. ამიტომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის სპარსული კულტურით იყო გაჟღენთილი. ქართული კულტურა სპარსული კულტურის პროვინციულ ჩრდილს წარმოადგენდაო.

ამის პასუხად, კამათში ჩაბმული ნიკო ნიკოლაძე წერდა: „თუ მართალია, რომ საქართველოს ძველად არაფერი ჰქონდა თავისი, თუ მისი კავშირი ქრისტიანობასთან მხოლოდ ფორმალური იყო, რომ იგი ცხოვრობდა მხოლოდ სპარსულ კულტურის აზრებით, მაშინ ქართველთა თაობების მთელი რიგი, განუწყვეტლივ, ათასი წლის მანძილზე, რისთვის ეწეოდა შეურიგებელ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იმ კულტურის მატარებელ ხალხთან, რომლითაც თითქოს გაჟღენთილი იყო საქართველო? საკუთარი „მე“-ს თვინიერ შეუძლებელია ასე მტკიცედ და დიდხანს თავდაცვა...“

......

თუ ქრონოგრაფებმა და ისტორიკოსებმა აქამდე ვერ შეძლეს აღმოეჩინათ ამ ცხოვრებაში რაიმე დამახასიათებელი და თვითმყოფადი, რაც ატარებს ქართული ორიგინალური გენიის ბეჭედს, ეს სრულიად არ იძლევა იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ სინამდვილეში არ არსებობდა განმასხვავებელი ნიშნები ამგვარი ბეჭდისა. უიმათოდ წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოს ეროვნული ცხოვრება ესოდენ გრძელი საუკუნეების მანძილზე. თავად ფაქტი ქართველთა არსებობისა, ყოველი მოაზროვნისა და ისტორიკოსის თვალში მოწმობს იმას, რომ ამ ხალხში არის რაღაც ჯერ გაუგებარი, შეუმჩნეველი, დაუხასიათებელი, მაგრამ უეჭველად ღირსი ახსნისა და შესწავლისა“.

თუ გჯერათო, - აგრძელებდა საუბარს ნიკო ნიკოლაძე, - სპარსული კულტურის სრული გავლენა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ, რომ საქართველოში შეიცვალა ოჯახის ორგანიზაცია, სამართალი, პოლიტიკური სისტემა, დამოკიდებულება საკუთრებისადმი, რელიგიური ზნე-ჩვეულება. თუ არაფერი ეს არ მომხდარა, ასობითა და ათასობით ნიზამსა და ფირდოუსს რომ მოუხმოთ საშველად, ვერავითარ გავლენას ვერ დაამტკიცებთ.

არაფერი ეს რომ არ მომხდარა, ამას თავად ივანე ჯაბადარიც აღიარებდა. მაგალითად, მას მიაჩნია, რომ ქართული ოჯახი ბოლო დრომდე ატარებდა გვაროვნულ ხასიათს. მას ქართული ოჯახი ახსენებდა არა მოწყობილ-მოწესრიგებულ სახლ-კარს, არამედ ღამისგასათევ ფუნდუკს, სადაც ერთმანეთში ირევიან და ფუსფუსებენ ნაირ-ნაირი ნათესავ-მოყვრები. ივანე ჯაბადარის სიტყვით, სამეურნეო იარაღებიც კი მკაფიოდ მეტყველებენ მოუწესრიგებლობას, შინაგანი ჰარმონიის უქონლობას, ურომლისოდაც შეუძლებელია ყველაზე ელემენტური ესთეტიკური მოთხოვნილების განვითარება.

ამრიგად, კულტურულ სპარსულ ოჯახს ვერ მოუხდენია გავლენა ქართულზე, მაინც პრიმიტიული, განუვითარებელი დარჩენილა. არც ჰარემის ინსტიტუტი გაჩენილა საქართველოში.

ქართული ოჯახის პრიმიტიულობა ივ. ჯაბადარს იმდენად აინტერესებდა, რამდენადაც უნდოდა დაემტკიცებინა, ქართველ ხალხს ესთეტიკური მოთხოვნილება არ გააჩნიაო. თუ ერს ესთეტიკური მოთხოვნილება არა აქვს, ცხადია, ისიც, რომ მის წიაღში ვერ შეიქმნება კულტურის თვალსაზრისით რაიმე ღირებული. ამგვარ ვითარებას ივ. ჯაბადარი პირდაპირ მიჰყავდა დასკვნამდე: „ვეფხისტყაოსანი“ არ შეიცავს მხატვრულად და აზრობრივად რაიმე მნიშვნელოვანს. იგი სპარსული ლიტერატურული ნიმუშების გადამღერება-გამეორებააო.

ნ. ნიკოლაძე იძლეოდა პასუხს:

„აქ სერიოზული მხოლოდ ერთი საკითხია: ექვსი საუკუნის მანძილზე იყო თუ არა „ვეფხისტყაოსანი“ სამაგიდო წიგნი ქართველთა სამეფოს ყველა ოლქში? რაკი მას ზეპირად სწავლობდნენ, რაკი მისი გამონათქვამები ანდაზებად გადაიქცა, რაკი მისი სენტენციები გახდა ქართული ზნეობის საფუძველი, ეს წიგნი ხდება დოკუმენტი მსჯელობისათვის იმ ხალხზე, რომელსაც ეკუთვნის და რომელიც გაჟღენთილია მისით, ხოლო ყველაფერი სხვა დანარჩენი გადადის უკანა პლანზე და ქრება ყველა სერიოზულ მოაზროვნისა და კრიტიკოსისათვის“.

ივ. ჯაბადარი აგრძელებდა კამათს:

სწორედ ის, რომ ჩვენმა ხალხმა „ვეფხისტყაოსანი“ გაიხადა თავის ეროვნულ მე-ს გამომხატველ წიგნად, მოწმობს ქართველი ხალხის ჩამორჩენილობას (косность грузинского народа).

ნ. ნიკოლაძე, ცხადია, სრულიად არ ფიქრობდა, რომ 1889 წელს „ნოვოე ობოზრენიეში“ გამართული სიტყვისგებით ივ. ჯაბადარს შეხედულებას შეაცვლევინებდა. სხვა ამოცანას ისახავდა იგი: თუ, ერთი მხრივ, ნ. ნიკოლაძის მიზანი იყო ივანე ჯაბადარის შეხედულებათა გაბათილება, მეორე მხრივ, იგი იმ პრობლემებსაც სვამდა, რაც ქართულ კრიტიკულ მწერლობას უნდა გადაეწყვიტა.

რაკი საქართველოს წარსული მეცნიერულად ჯეროვნად არ იყო შესწავლილი, მას ნაადრევად მიაჩნდა მასზე კატეგორიული მსჯელობა.

„მართლაც საქართველოს ძველი ისტორიის შესახებ სერიოზული დასკვნების გამოსამუშავებლად მეცნიერება საკმაო რაოდენობით ჯერ არ ფლობს კრიტიკულად შემოწმებულ, ანდა უბრალოდ დაუმუშავებული სახით აღმოჩენილ მონაცემებს. დილეტანტური „შეხედულებებისათვის“ კი არ ღირს დახარჯვა იმ დენთისა, რომელიც შეიძლება გამოდგეს უფრო პრაქტიკული თვისების სამუშაოსათვის“. მიუხედავად ისტორიული მასალის ნაკლებობისა, იმის ახსნა კი აუცილებელი იყო, რატომ ჩამორჩა საქართველო. უამისოდ, არსებითად შეუძლებელი იქნებოდა ჩამორჩენილობის ლიკვიდაცია. სხვებთან ერთად, ამაზე ბევრს ფიქრობდა ნ. ნიკოლაძეც.

1894 წელს ჟურნალ „მოამბის“ მეექვსე წიგნში მან ვრცელი ნარკვევი გამოაქვეყნა „ბოლგარია“. ამ ნარკვევში ზუსტად დაახასიათა დესპოტიის, ავტოკრატიის ბუნება და თვისება.

არც ქართველებს, არც სომხებს, არც სლავებს, - ამბობდა იგი, - ქრისტიანობის რწმენა და ერთგულება არ აკლიათ, მაგრამ ევროპელ ხალხებს ვერ დაეწიენ და გაუთანასწორდნენ. კიდევ უფრო მეტად არიან დაკნინებული მაჰმადიანი ხალხები. მაგრამ ამ დაქვეითება-ჩამორჩენის საფუძველი სარწმუნოება კი არ არის, არამედ მმართველობის სისტემა. როგორც ბიზანტიაში, ისე საქართველო-სომხეთში და სლავურ ქვეყნებში (მით უფრო მაჰმადიანურ სახელმწიფოებში) მმართველობის სისტემა ავტოკრატიული, დესპოტური იყო, სადაც ყველაფერი დესპოტის (სულერთია, რა ერქვა მას - იმპერატორი, მეფე თუ მთავარი) ნება-სურვილს ემორჩილებოდა. არ არსებობდა დემოკრატიული მმართველობის არც ერთი ინსტიტუტი - სენატი, პარლამენტი, სახალხო კრება თუ სხვა ამგვარი რამ. რაკი ეს დაწესებულებანი არ ფუნქციონირებდნენ, ცხადია, არც აზრთა ურთიერთგაცვლა-გამოცვლა იქნებოდა. ავტოკრატიული ხელმწიფის მორჩილებამ ხალხი გადააჩვია აზროვნებას, შეაძულა პაექრობა, დაავიწყა სხვისი განსხვავებული აზრის პატივისცემა. დესპოტია ვერ იტანს აზროვნების თავისუფლებას.

ევროპული დემოკრატიული მმართველობა კი სწორედ აზროვნების თავისუფლებას, აზრთა სხვადასხვაობას ეფუძნება. იქ ყველას უგდებენ ყურს და იმ გზას დაადგებიან, რომელსაც უმრავლესობა მოიწონებს. ევროპაში ყველაზე კარგ მმართველად ის ითვლება, ვისაც სხვათა ყურისგდება შეუძლია და მერე საერთო, უმრავლესობისათვის მისაღები დასკვნის გამოტანა.

ნ. ნიკოლაძე აღნიშნავდა იმასაც, რომ დესპოტიას სძულს წარსული, წინაპართა ნაღვაწი და ნაშრომი. ყველა დიქტატორი ისტორიას თავიდან იწყებს. მიაჩნია, რომ ყველაფერი მისგან იღებს სათავეს. რაც მანამდე იყო, უარსაყოფი და დასაგმობია. ევროპაში ასე არ არის, - აგრძელებდა ავტორი. იქ ყოველი ახალი თაობა განძად თვლის წინაპართა დანატოვარს. უვლის, პატრონობს მას. ძველზე აფუძნებს ახალს და ასე აგრძელებს წინსვლას.

ევროპული თავისუფალი აზროვნების წესი რომ დამკვიდრებულიყო საქართველოში, უპირველესად დესპოტური მმართველობისაგან თავის დაღწევა იყო საჭირო. მაგრამ უბედურება სწორედ ის გახლდათ, რომ საქართველოში რუსთა დამკვიდრების შემდეგაც, მმართველობის თვისება-ბუნება და ხასიათი არ შეცვლილა. რუსული მმართველობაც დესპოტური იყო. რუსეთშიც თვითმპყრობელობა ისევე ებრძოდა აზროვნების თავისუფლებას, როგორც ძველ ბიზანტიაში. რუსეთში თავისუფალი აზროვნებისათვის ყოველ მოქალაქეს ციხე და კატორღა ელოდა. ამდენად, სარწმუნოებრივი ერთიანობა და ერთნაირობა არაფრის გარანტიას არ იძლეოდა. სარწმუნოებრივ ერთიანობა-ერთნაირობას ფორმალური მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ქართველთა ინტელექტუალურ ცხოვრებაში არაფერს ცვლიდა. არადა, აზროვნების თავისუფლების თვინიერ მწერლობის განვითარება, კრიტიკულ შეხედულებათა დამკვიდრება, სხვათა აზრისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება ურთულესი და უძნელესი საქმე იყო. უამისოდ კი ხალხის ინტელექტუალური თავისუფლება ზღაპარს უფრო ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეს. ხოლო ის ხალხი, ვისი აზროვნებაც თავისუფალი არ იყო, უნდა გამოთხოვებოდა ყოველგვარ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ პროგრესს.

რა დასამალია და, საქართველოს წარსულში ბევრი კარგიც ყოფილა და ბევრი ავიც, რისი გახსენებისას ტანში ჟრუანტელი გვივლის. სხვაგვარად ანკი როგორ შეიძლებოდა. იმ ხანგრძლივ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენი ხალხი ეწეოდა, იმ მრავალსაუკუნოვან მონობაში, რაც თავს გადაგვხდენია, ვისი ან რისი კვალი არ დარჩენილა ჩვენს ყოფასა და აზროვნებაში.

„ზოგმა ქუდი დაგვიტოვა, ზოგმა შარვალი. ზოგმა სიზანტე, ზოგმა ორპირობა... ხეირიანი და მაგარი ბუნება რომ არ გვქონოდა, ჩვენ სისხლში რომ ის დაუნდობელი და დაუშრეტელი ძალა არ მდგარიყო, რომელიც ზოგიერთ რჩეულ ხალხს უკვდავებას აძლევს, დიდი ხანია რაც დედამიწის პირიდან ქართველებისა და საქართველოს ხსენებაც კი გაქრებოდა. ყველასგან იმოდენა ჩირქი გვრგებია, ყველას ჩვენთვის იმდენი ტალახი და მტვერი მოუცხია, რომ სხვა, უფრო სუსტი ხალხი, კიდეც დაიმარხებოდა აქამდი ამ სისქე ტლაპოს ქვეშ... ვინ, რომელი ბრძენი, ისტორიკოსი, ან ეთნოგრაფი გვეტყვის დღეს, როგორი იყო ნამდვილი და პირველდროინდელი ქართველების ბუნება, ზნე, ხასიათი, თვისება? რა შეგვრჩა ჩვენ საკუთარი ან რა გამოგვყვა და მოგვედო სხვისი?..“

შეიძლება ბევრს არც მიაჩნდეს საჭიროდ ამგვარი საკითხების კვლევა, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთო, - დასძენდა ნ. ნიკოლაძე.

- ძველი დრო გათავდა. ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ისტორიულ პერიოდს. ეს პერიოდი უნდა იყოს ჩვენი თავისთავადობისა და დამოუკიდებლობისაკენ დაბრუნება. ამიტომ ზედმიწევნით უნდა ვიცოდეთო - „ჩვენი თვისტომობა ნამდვილად რაში მდგომარეობს ან რომელ თვისტომობას უნდა დავუბრუნდეთ, დავუხლოვდეთ?.. რა ზნე და წესი უნდა გვიყვარდეს, რა წყობილებისაკენ უნდა მივესწრაფოდეთ, რაში უნდა ვხედავდეთ ჩვენს იდეალს, რას უნდა ვსთვლიდეთ კარგად და ავად?..“

წარსულს ვსწავლობთ თუ აწმყოს, უპირველესად იდეალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმ მიზანს, რომლისკენაც ვაპირებთ სვლას. მხატვრული ნაწარმოებიც სინამდვილეა. მისდამი დამოკიდებულება ისეთივე უნდა იყოს, როგორიც რეალური ცხოვრებისადმი. აქაც მთავარი და არსებითი ის არის, რა იდეალს ემსახურება მწერალი.

„ცხოვრება, მისი მოვლენები, მისი ძალები უნდა შეისწავლო იმისათვის, რომ ჩასწვდე მის კანონებს. როცა ამ უკანასკნელს შევიცნობთ, მხოლოდ მაშინ გვეძლევა საშუალება ზემოქმედება მოვახდინოთ მასზე ანდა ვისარგებლოთ მისი ძალებით. უარვყოთ რეალური ცხოვრება, დავხუჭოთ მასზე თვალები, გავექცეთ მას მხოლოდ იმისათვის, რომ იგი შეესაბამება ჩვენს გემოვნებასა და გაგებას, ეს იმას ნიშნავს, რომ გავწიროთ თავი უნაყოფობისათვის, სიცარიელისათვის. ლიტერატურული მოვლენების მიმართ ამ წესს ის გამოყენება აქვს, რომ ჩვენ შევცდებით, თუ მათ მივუდგე ბით რაიმე „მოთხოვნილებებით“. ლიტერატურული მოვლენები ორ რიგად იყოფა: ისინი, რომელთაც აქვთ ზემოქმედება თანამედროვეთა და შთამომავლობის გონსა და ნებაზე და ისინი, რომელთაც არავითარი ზემოქმედება არ გააჩნიათ. სერიოზულმა კრიტიკამ უნდა გაარკვიოს საკითხი - რით, რა სახით, რა ზომით არის მიღწეული ეს ზემოქმედება, რამ შექმნა მოცემული ქმნილების ძალა და მნიშვნელობა, რამ მისცა მას ცხოვრებისეული მნიშვნელობა...

ლაპარაკი იმაზე, რომ ავტორს ამა და ამ ადგილს დაავიწყდა მძიმის დასმა, ანდა სხვა ადგილას დაუშვა ორთოგრაფიული ან გრამატიკული ან სხვა ამ რიგის შეცდომა, - ნება თქვენია, მაგრამ ეს არასერიოზულია. მეტიც, სასაცილოა“.

ადამიანმა წარსულს პატივი უნდა სცეს. ხსოვნა შეინახოს, დააფასოს. როგორც გონიერი შვილისათვის არის დიდი გაკვეთილი მშობლების ცხოვრების გამოცდილება, ასევეა მთელი ერისათვის ისტორიული წარსული. როგორც უგუნურ შვილს არ ასწავლის ჭკუას მშობლების ცხოვრება, ასევეა ერიც. მხოლოდ უგუნური ერისათვის არა აქვს ისტორიას ფასი. ისტორია არის დიდი გაკვეთილი, მაგრამ ეს იმას სრულიად არ ნიშნავს, რომ ხალხმა წარსულით იცხოვროს. ეს შეუძლებელია და დამღუპველი. რაც მთავარია, ანტიბუნებრივი. ცხოვრება მხოლოდ მომავალზე ფიქრითა და ოცნებით შეიძლება. მომავლისათვის შრომით შეიძლება. მომავლისათვის კი ის მუშაობს, ვინც აწმყოს, თანამედროვეობის შეცვლაზე, გაუმჯობესებაზე, გაუკეთესებაზე ზრუნავს.

„ჩვენი აზრით, თანამედროვეობა, - როგორიც უნდა იყოს იგი, - არის რეალური მოვლენა, არა ჩვენი ნებით შექმნილი, არა ჩვენი ბრძანების მორჩილი. იგი არსებული ფაქტია. მოგვწონს ეს ფაქტი თუ არა, სულერთია, მისი გაუქმება ჩვენ არ შეგვიძლია. მას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ. არ შეგვიძლია მასზე თვალი დავხუჭოთ, შევწყვიტოთ მისი შეგრძნება, მაშინაც კი, სირაქლემას რომ მივბაძოთ და თავი დავმალოთ საარქივო დოკუმენტებში. ეს ცხოვრებაა, ეს სამყაროა, ეს ყველაფერია. რაც გინდათ თქვით და, თანამედროვეობა, მისი ბუნების მთელი არსებით, გვიჭერს ჩვენ თავის თათებში, გვიკრავს გულში. ნუთუ, მხოლოდ იმისათვის, რომ იგი არ მოგვწონს, არ შეესატყვისება ჩვენს გაგებასა და იდეალებს, ჩვენ შეგვიძლია მოვშორდეთ მას? არ უნდა გავექცეთ? პირადად მე ვერ ვხედავ აქ სხვა ხსნას, გარდა სამარისა, მაგრამ ამას არ ვთვლი ადამიანის ღირსების შესაფერის გამოსავლად. რამდენადაც მეტად ეს თანამედროვეობა არ გვეხატება გულზე, მით უფრო ძალიან გვსურს მისი გაუმჯობესება, მით უფრო ახლოს უნდა შევისწავლოთ იგი, მისი გამოვლინებანი, კანონები, ძალები, ცოტად თუ ბევრად მის სვლაზე ზემოქმედებისათვის...

თანამედროვეობა მკაცრია და ჭუჭყიანი, მყრალი და მძვინვარე, მაგრამ არავის აქვს უფლება, ამის საფუძველზე, თავი გაითავისუფლოს მისი გაწმენდისაგან, მისი ასენიზაციისაგან. თორემ, გასაგებია, ფრაკებში და თეთრ ხელთათმანებში ყველას ესიამოვნება ცხოვრების სასახლის გაპრიალებულ პარკეტზე სიარული...

......

ცოცხალი ადამიანები არქეოლოგიასაც მომავალი განვითარების ინტერესებისათვის იყენებენ და არა წარსულის კერპთაყვანისმცემლობისათვის“.

როცა ნ. ნიკოლაძე ამგვარად მსჯელობდა, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ იგი, როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი, არა მარტო შემფასებელი იყო, არამედ გეზის მიმცემიც. თუმცა გეზის მიმცემის მოვალეობა კრიტიკის უფლებას არ აძლევდა მწერლობის სხვა დარგთა წარმომადგენელთათვის ჭკუა ესწავლებინა. დაერიგებინა, როგორ ეწერა და რა მხატვრული ხერხებისათვის მიემართა. ამის შეუძლებლობას იგი საგანგებოდ აღნიშნავდა.

„კრიტიკის დანიშნულება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მწერლებისა და პოეტებისათვის წერის იარაღი ამზადოს ან მათ სურათების ხატვა ასწავლოს. კრიტიკა მწერალს ეუბნება - იხმარე ის საშუალება, რომელიც ნიჭს შენთვის მოუცია, დაადექი იმ გზას, რომელიც შენ გონებასა და ხასიათს მოუხდება. სთქვი როგორც გინდა და რაც გინდა, ოღონდ შენი ნათქვამი ნათლათ გასაგები და დასამახსოვრებელი იყოს, და შენი გრძნობა და აზრი შემცდარი და ხალხისათვის სავნებელი არ იქნეს. დანარჩენი თითოეული მწერლის საქმეა, მისი ნიჭისა და მიმხდურობის, და კრიტიკაზე იმ მხრით მარტო ის მოვალეობა ძევს, რომ გასინჯოს, ვის როგორი ნიჭი უხმარია და როგორი მიმხდურობა გამოუჩენია თავისი გრძნობების გამოთქმის დროს“.

ხშირად გაიგონებთ მოთხოვნას - კრიტიკა ობიექტური უნდა იყოსო. თითქოს ნ. ნიკოლაძეც ამასვე ამბობს. მაგრამ ის, რაც ემოციას უკავშირდება, შეუძლებელია ობიექტური იყოს. მწერლობა კი, საერთოდ და კერძოდ კრიტიკა, ემოციის თვინიერ წარმოუდგენელია, თუნდაც იმიტომ, რომ ხელოვნება - მწერლობა ემოციითაც აზროვნებს. ემოციას კი ობიექტურობა არ შეუძლია. მწერალში, ხელოვანში, ორი გრძნობა ბობოქრობს - სიყვარულისა და სიძულვილისა. მას ან თავდავიწყებით უყვარს რაღაც, ან თავდავიწყებით სძულს. შემოქმედებით პროცესში ამ თავდავიწყებას არსებითი და ძირითადი მნიშვნელობა აქვს. შემოქმედის ემოცია პუბლიკუმს მაშინ გადაედება, როცა მხატვრული ნაწარმოები თავდავიწყებულობის ნაყოფია. აქ ნეიტრალური გრძნობა ყველაფერს აცივებს და კლავს. ამიტომ, თუ მწერლობა (ცხადია, კრიტიკაც) დაიჩემებს - ობიექტური ვარო, უთუოდ იცრუებს. ხელოვნება-მწერლობაში ობიექტურობა შეცვლილია პირუთვნელობითა და გულწრფელობით.

არც ნიკო ნიკოლაძე არ ყოფილა ობიექტური (ვერც იქნებოდა). მაგრამ გულწრფელი და პირუთვნელი ყოველთვის იყო. იგი შეიძლება შემცდარიყო, უმართლო აზრი გამოეთქვა, მაგრამ პირმოთნეობას ვერავინ დასწამებს. „მწერლობას ყოველგან და ყოველთვის პირდაპირი, პირმოუფერებელი, გულწრფელი ენა ჩვევია არა თუ საზოგადო საქმეების წაყვანაში და განხილვაში, უბრალო პოლემიკაში და სიტყვიერებაშიც“. გიორგი წერეთელი მისი არა მარტო დიდი ხნის ახლო მეგობარი იყო, არამედ - სიძეც (ნ. ნიკოლაძის დაჲ - ოლიამპიადა გ. წერეთლის პირველი ცოლი იყო). ნიკო ლაძეებისა და წერეთლების ოჯახები განუყრელად ცხოვრობდნენ. ამ სიახლოვესა და სიყვარულს არ შეუშლია ხელი მისთვის გ. წერეთლის მოთხრობაზე „კიკოლიკი, ჩიკოლიკა, და კუდაბზიკა“ - გულღია აზრი გამოეთქვა. რაც მოეწონა, მომწონსო, ეთქვა და რაც არა, - დაეწუნებინა. თან მკაცრად: „ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი შენიშვნები, რადგანაც ამ თხზულებაზე გვინდა დამწყებ მწერალს, ისიც ვაჩვენოთ - თუ როგორ არ უნდა სწერდეს (ხაზი ნ. ნიკოლაძეს ეკუთვნის - ა. ბ.) ქართველი ბელეტრისტი“. ანკი სხვაგვარად როგორ მოიქცეოდა, როცა მას სძულდა მატყუარა მწერალი, ვინც კალმით ანგარებასა და პირად კეთილდღეობას ემსახურებოდა.

„...ის მწერალი, რომელიც თავის კალამს იმისათვის იღებს ხელში, რომ საზოგადოებას თვალი აუხვიოს და კაი შემოსავლიანი ადგილი იშოვოს, ჩაქოლვის ღირსია. ის მწერალი, რომელიც კალამს ხელში იღებს, თავის საკუთარ სინდისს პირობას არ აძლევს, რომ არასოდეს, არავისგან არც ერთს ჯამაგირიანს ადგილს არ მიიღებს, ღალატობს თავის მკითხველ საზოგადოებას და თავის თავს ჰყიდის ფულათ, ჯამაგირათ“.

მწერლური საქმიანობისადმი ამგვარი დამოკიდებულებაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, ნ. ნიკოლაძე სხვადასხვაგვარ პრაქტიკულ მოღვაწეობას რომ ეწეოდა. იგი ფულს არსებობის უზრუნველსაყოფად შოულობდა როგორც მეურნე, მრეწველი, ქალაქისთავი, კალამი კი არასოდეს გაუქირავებია. მას მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანურ საქმიანობათა შორის არაფერი ისე საზიზღარი არ არის, როგორც დაქირავებული მწერლობა.

გარდა იმისა, რომ დაქირავებული მწერლობა საზოგადოებრივი ზნედაცემულობის გამოხატულება იყო, მას ორი სხვა უბედურებაც სჭირდა.

ჯერ ერთი, დაქირავებულს საკუთარი აზრი არ გააჩნია და ოდენ სხვისი შეკვეთით ლაპარაკობს. ამის გამო, მას უჭირს პატიოსან მწერლობასთან სჯა-ბაასი. იძულებულია მას ცილი დასწამოს და ლაფი დაასხას.

„ყოველთვის, როცა მწერალს არაფერი აქვს სათქმელი, როცა ვერაფრით უარყოფს მოწინააღმდეგის მოსაზრებებს, როცა არ სურს სცნოს საკუთარი სისუსტე, იგი მისდაუნებურად ეტანება ინსინუაციებს, ძირს უთხრის მოწინააღმდეგის ზნეობრივ სიწმინდეს, მიმართავს ცილისწამებას და ლანძღვა-გინებას“.

მეორეც, დაქირავებული მწერლობა ყოველთვის რეზონიორულია. მას მენტორის პოზა უჭირავს და ჭკუის მასწავლებლის პოზიცია უკავია. რეზონიორობა კი ის ჭიაა, რომელიც შინაგანად ხრავს მწერლობას და დაღუპვით ემუქრება.

„ბელეტრისტი სურათებით უნდა სჯიდეს ცხოვრებას და არა სიტყვებით, ის მხატვარი უნდა იყოს და არა რეზონიორი“ (სურათს რუსული образ-ის შესატყვისად ხმარობდა ნ. ნიკოლაძე).

„ბელეტრისტი, პოეტი, მარტო სურათებით უნდა ზემოქმედებდეს მკითხველზე. მისი გრძნობა დარიგებასავით, პირდაპირ კი არ უნდა გამოითქმოდეს, თავისთავად უნდა იბადებოდეს მკითხველის გულში მისგან დახატული სურათის წარმოდგენის დროს“.

ამით ნ. ნიკოლაძე არსებითად იმასვე ამბობდა, რასაც ძველი ქართველი ესთეტიკოსები სიტყვით - სახისმეტყველება.

იგი მწერლობაში ლაკონიზმის მოტრფე იყო. მას არ უყვარდა მრავალსიტყვაობა და ბუნდოვანება. ნათელი და მკაფიო აზროვნების პატივისმცემელი ყოველთვის ილაშქრებდა ბნელმეტყველების და ხელოვნურობის წინააღმდეგ.

„პოეტის სიტყვა და სურათი ისეთი გამოჩარხული და ბასრი უნდა იყოს, რომ არც ერთი ნამეტანი სიტყვა, არც ერთი უსარგებლო სტრიქონი და ხაზი არ ერიოს“.

ვერ იტანდა და ებრძოდა წინასწარაკვიატებულ მოდელებს, თარგებს, ტრაფარეტებს. განსაკუთრებით ხშირად მაშინ თავმომაბეზრებელ, ერთფეროვან მოდელებს დრამატურგიაში იყენებდნენ. ამას კრიტიკაც კარგად ხედავდა და პუბლიკუმიც, მაგრამ მასზე მსჯელობა-ლაპარაკით მაინცდამაინც თავს არ იწუხებდნენ. ეს ნ. ნიკოლაძეს აღიზიანებდა და გაბრაზებული კილოთი წერდა:

„ჩვენ ლიტერატურაში ბევრი კომედიები მოიძებნება და არც სცენები, არც დრამა, არც ტრაგედია დაკლებია ჩვენს მწერლობას. მაგრამ ჩვენ კრიტიკას - კრიტიკა რომ გაგვაჩნდეს - არ შეეძლო, არ შეენიშნა, რომ თითქმის ყველა ეს კომედიები და დრამები ერთ კალაპოტზე იყვნენ ჩამოსხმულნი. მერე უგვარო კალაპოტზე, ისეთზე, რომელიც ნიადაგ ყოველ თხზულებას ახდენდა, თითქმის ნიჭი ერსაც. ჩვენ კომედიებში, მაგალითად: ყველაში ერთი და იგივე აზრი, ერთი და იგივე ინტრიგა, ერთი და იგივე მოქმედება და მოქმედი პირები გამოჰყავდათ მწერლებს, ვისაც ერთი კომედია ენახა, ნანახი ჰქონდა ყველა დანარჩენები. ყოველ კომედიაში უნდა ყოფილიყო გასუქებული სომეხი, მოლაპარაკე დამტვრეული ქართული ენით, ისეთი ენით, რომელსაც არა თუ ჩვენი სომხები, გუშინდელი მოსული „ყიზილბაშიც“ არ ხმარობს. ყოველ კომედიაში მეორე კომიკურ პირად უნდა ყოფილიყო „იმერელი“, დაგრეხილი, დამახინჯებული ლაპარაკით, რომლითაც სრულიად არც ერთი ხალხი და არც ერთი კაცი არ ლაპარაკობს კავკასიაში. უნდა ყოფილიყო „რუსეთუმე“ აფიცერი ან ჩინოვნიკი, ახალგაზრდა ქალი - მისი მოარშიყე, გოგო, დედა და მამა. ახალგაზრდა კაცს ქალი უნდა ყვარებოდა, იმერელს - გოგო და ორი ან სამი მოქმედების ბოლოს მცქერალს ორი ქორწილი ერთად მიერთმეოდა“.

მოდელირება თუ, ერთი მხრივ, სიტყვაკაზმულ მწერლობას ამახინჯებდა, მეორე მხრივ, მწერალს აიძულებდა, ტყუილი ელაპარაკა. უთვალავფერიანი ცხოვრება მხოლოდ ორი ფერით - თეთრითა და შავით - წარმოედგინა. ეს კი აზრსაც აღატაკებდა და ფორმასაც. ამგვარი კნინი ლიტერატურა იმ საერთო ეროვნულ მიზანს ვერ მოემსახურებოდა, რაც ნ. ნიკოლაძეს და მის თაობას ჰქონდა დასახული.

„თუ ნამდვილად გიყვარს ჩვენი მამული, ჩვენ ის უნდა გავაძლიეროთ, როგორც მატერიალურის მხრით - სამართლიანი ეკონომიურის განწყობილების დაფუძნებით, ისე ზნეობით - მისი გონებისა და ცოდნის გაუმჯობესებით, ის იმედი უნდა ჩავუნერგოთ მას, რომელიც ჩვენ თვითონ გვაქვს, იმ მომავლისკენ უნდა მოუბრუნოთ პირი, რომელიც ჩვენ გვწამს, იმ გზაზე უნდა დავაყენოთ, რომელმაც ყველა სხვა ხალხი გააძლიერა და გააბედნიერა. მარტო ის ხალხიაო ღირსი ბედნიერების, სთქვა ვიქტორ ჰიუგომ სომხებზე, რომელიც მომავალს შეჩერებია; და ვინც მარტო წარსულს შეცქერის, ის სამარეს ითხრისო...

მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებასა და განათლებაზე ვიშრომოთ (ხაზი ნ. ნიკოლაძეს ეკუთვნის - ა. ბ.) - მაშინ მეგობარიც ბევრი გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც“.

ქართველ ხალხში ამ იმედის ჩანერგვა მხოლოდ დიდსა და მაღალ მწერლობას შეეძლო.

ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურულ-კრიტიკულ საქმიანობაზე ბევრი დაწერილა. საგანგებო ნარკვევიც კი მიეძღვნა (მერი საჯაია - „ნიკო ნიკოლაძე - ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი და კრიტიკოსი“). მაგრამ ჩემი ფიქრით, ყველაზე ზუსტად მისი როლი ქართულ მხატვრულ მწერლობაში ვახტანგ კოტეტიშვილმა განსაზღვრა.

„ნიკო ნიკოლაძე შორეული სვლის გემად იქცა და ქართული ლიტერატურის ნაპირი დიდი ხნით დასტოვა. ეს დიდი დანაკლისი იყო. მაგრამ ის, რაც გააკეთა ქართული ლიტერატურისათვის, მაინც

მას უფლებას აძლევს, რომ ჩვენს პირველხარისხოვან მწერლებს უდგეს გვერდში და მათთან ერთად ატაროს ქართული ლიტერატურის რეფორმატორის სახელი“.

8 „ულმობელი საქმის კაცი“

▲back to top


ასე არჩილ ჯორჯაძემ უწოდა ნიკო ნიკოლაძეს. მართლაც მთელი ცხოვრება პრაქტიკულ საქმიანობაში გაატარა. ბანკი იყო, საბანკო საქმეს ემსახურებოდა (მისი და ბესარიონ ღოღობერიძის დავა ისევე ცხარე, შეუპოვარი და დამაფიქრებელია, როგორც ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის პაექრობა), სტამბა-გამომცემლობა იყო, სასტამბო-საგამომცემლო საქმეში შრომობდა („კრებული“, „დროება“, „ობზორი“, „ნოვოე ობოზრენიე“, „ქართული წიგნი“), ტყიბულის ქვანახშირი იყო, სამთამადნო საქმეს დაადგა თავი (ქვანახშირს თვითონაც აწარმოებდა და მწარმოებელთა ამხანაგობებიც ჩამოაყალიბა), რკინიგზა იყო, სარკინიგზო საქმეს უძღვებოდა (პლატფორმაც კი არსებობდა „ნიკო ნიკოლაძე“), ჭიათურის შავი-ქვა იყო, მარგანეცის საქმეს უთავკაცა (გადაზიდვის საქმეც მოაგვარა და ჭიათურა-შორაპნის სარკინიგზო ტოტიც გაიყვანა), ქალაქისთავობა იყო და ფოთი მან წამოაყენა ფეხზე.

შეიძლება არც დაიჯერონ, რომ ერთ კაცს ამდენი შეეძლო. ტრანსციმბირის რკინიგზის მშენებლობაშიც კი მონაწილეობდა. გუსტავ როტშილდი მან ჩამოიყვანა ამიერკავკასიაში. იონა მეუნარგია იხსენებდა: „...როტშილდებს, როგორც უცხო ქვეყნის კაპიტალისტებს - ებრაელებს არ ჰქონდათ ნება თავის სახელით ეწარმოებინათ საქმე რუსეთში. იმათ შეადგინეს საზოგადოება, დაამტკიცებინეს წესდება და, როდესაც გამგეობის წევრების დანიშვნაზე მიდგა საქმე, ნიკოლაძემ წარუდგინა მათ კანდიდატებად დავით ერისთავი და კოლა ორბელიანი. როტშილდებმა პატივი სცეს ნიკოლაძის რეკომენდაციას და დავითი, ორბელიანთან ერთად, დანიშნული იქნა ახალი საზოგადოების გამგეობის წევრად. არ ვიცი, რა სიტყვებით ელაპარაკება ნიკოლაძე როტშილდებს, მაგრამ თითქო იქ ვიყავით, ისე მესმის ყურში ნიკოლაძის საუბარში: „l'ancien redactueur du journal officiel.. l'ancien procureur...“1 (მაშინ მათი მეგობრობა უკვე გაბზარული იყო და ცოტა გაკენწლა კიდეც ნიკო - თავის ქება უყვარდაო).

რომელი ერთი უნდა აღწერო კაცმა! ისევ სჯობს მრავლისგან მცირედი ავარჩიოთ და ისე ვისაუბროთ, წვეთშიც ხომ ჩანს მთელი წყლის თვისება.

ყოველთვის ასეა, როცა კაცი ახალ საქმეს იწყებს, მას ძნელად უჯერებენ. ბევრჯერ გიჟიც ჰგონიათ. გონიერ-უგუნური მასხრად იგდებს, დასცინის და აპამპულებს. მერე იმ შეშლილის მიგნებულითა და აღმოჩენილით სწორედ ისინი სარგებლობენ, ვინც თავდაპირველად კბილების კრეჭის მეტს არაფერს აკეთებდა. რას იზამ, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ეს ბუნების კანონზომიერებაა და ვერსად გაექცევი.

ასე დაემართა ქუთათელ თერძს სიმონ საყვარელიძესაც. მან რომ ტყიბულის ქვანახშირის საბადო იპოვა, მთელი ქუთაისი სიცილით კვდებოდა - ამ დამთხვეულს ის ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და კლდე-ღრეში ტყუილ-უბრალოდ ნუ დახეტიალობსო, - გაიძახოდა დიდი და პატარა. სამთო საქმის სიყვარულის გამო სარფიანი ხელობის კაცი შიმშილით მოკვდა. არც საზოგადოებამ და არც ხელისუფლებამ სიმონ საყვარელიძის აღმოჩენას სერიოზული ყურადღება არ მიაქცია - უბრალოდ მედალი მაინც მომეცით იმის აღსანიშნავად, ესოდენ სასარგებლო საქმე რომ გავაკეთეო, - იხვეწებოდა თურმე სიცოცხლის ბოლოს. გაგიგონიათ, ვინ აღირსა ჯილდო ან ფული...

გასაოცარი კია, თითქოს სიმონ საყვარელიძის აღმოჩენას ასე გულცივად არ უნდა შეხვედროდნენ, ხელისუფლება მაინც. კავკასიის მეფისნაცვლის სპეციალისტებმა ტყიბულის ქვანახშირის არსებობა იცოდნენ. სამთო მოხელე კულიშინი, სამთო ინჟინერი კრიჟანოვსკი, მაიორი კომაროვი და სხვანი თბილისშიაც აგზავნიდნენ ცნობებს და პეტერბურგშიც - კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ტყიბულის შემოგარენში ქვანახშირის დიდი რაოდენობით მოპოვება შეიძლებაო. სიმონ საყვარელიძის ამბავი ნიკო ნიკოლაძემაც იცოდა. წერდა კიდეც 1871 წლის ბოლოს „დროებაში“ - „საიდან ჰქონდა ამ კაცს შეძენილი მადნეულობის ცოდნა, არ ვიცი და ვერც გავიგე; ნამდვილი კი ისაა, რომ ეს კაცი ნიადაგ დადიოდა მთებში ერთი უბრალო ჩაქუჩით და აგროვებდა სხვა და სხვა მადნეულებს“. სინანულით დასძენდა: „მის სახლში სხვა და სხვა გვარი მადნეულობის მეტი არაფერი დარჩენილა და ისიც მეზობლებმა დაფანტეს, ბავშვების სათამაშოთ. ვინ იცის, რამდენი ძვირფასი და სასარგებლო საიდუმლო ჩაიტანა ამ კაცმა თავის საფლავში და რამდენი ხნის და კაცის შრომა დასჭირდება ეხლა ჩვენ ქვეყანას იმ საიდუმლოების ხელ-ახლავ აღმოსაჩენათ, რომელიც ამ კაცს ნაპოვნი ჰქონდა და რომელსაც ის ისე იაფად აფასებდა!“

საერთოდ, ტყიბულის მიდამოები მადნეულით მდიდარი ყოფილა.

„მე ჩემი თვალით ვნახე ტყიბულის არა თუ მარტო რკინეული წყალი, არამედ თვითონ რკინაც, ესე იგი ის ქვის მსგავსი ზოდი, რომლისგანაც იდნობა რკინა და ვნახე ეს ძვირფასი მადნეული ძლიერ უხვათ... არის იქ, მაგალითად, მშვენიერი მიწა, რომლისგანაც ჩინებული ფარფორი გაკეთდება, არის ისეთი მიწა, რომელიც ამტკიცებს, რომ მის ქვეშ, შორიახლო, უსათუოთ მარილი უნდა იპოვებოდეს, არის იქა-აქ სლიუდა და სხვ.“.

ამასაც ნიკო ნიკოლაძე წერდა.

სიმდიდრე რომ არ დაიკარგება და ბოლოს პატრონი მაინც გამოუჩნდება, ამას მტკიცება არ სჭირდება. ოღონდ გასარკვევი ის არის, პატრონი ვინ აღმოჩნდება - შინაური თუ გარეული. ვინ მოიხმარს, ის, ვისაც უფალმა უბოძა თუ უცხო, ცხრა მთას იქიდან მოსული?

იმ ადგილს, სადაც ქვანახშირი მოიპოვებოდა, ტყიბულელები ურგების გორას უწოდებდნენ (ნ. ნიკოლაძის სიძის, ივანე ზურაბაშვილის სიტყვით, თვითონ ნიკო ხუმრობდა თურმე - „რკინიგზა რომ გაიყვანეს, აქაურ სადგურს პირველში „ურგები“ ერქვაო, ხოლო ქვანახშირის გაზიდვა რომ დაიწყეს, „სარგებით“ გადაკეთდაო). იგი თავად აგიაშვილებს, აზნაურ კანდელაკებს და გლეხ ქასრაშვილებს ეკუთვნოდა. როცა ქვანახშირის მნიშვნელობა შეიტყვეს, მისით სარგებლის ნახვა ყველამ მოინდომა. ნაბატონარები და ნაყმევნი ერთმანეთს წაეჩხუბნენ: ეს მიწა-წყალი ჩემია და არა შენიო. ჩხუბი არც ერთ მხარეს კეთილს არ უქადდა და ისევ მორიგება ამჯობინეს. აგიაშვილ-კანდელაკებმა და ქასრაშვილებმა ყველაფერი სანახევროდ გაიყვეს. რაკი სამთო საქმის ინჩიბინჩი არც ერთ მხარეს არ ეყურებოდა, ის მოგება ვერ ნახეს, რასაც მოელოდნენ და ქვანახშირზე გული აიცრუეს. ამ დროს ასპარეზზე რუსი მრეწველი ნიკოლოზ ნოვოსელსკი გამოჩნდა. ნოვოსელსკი გონიერი კაცი იყო, ბევრი ქონებისა და საწარმოს პატრონი. საქმეში ჩახედული და გამჭრიახი. მან მაშინვე შესთავაზა აგიაშვილებსა და კანდელაკებს, ქვანახშირიანი ტერიტორიის ფასად მიიღეთ 80.000 მანეთი სუფთა ფული, დამიმტკიცეთ ნასყიდობის ქაღალდი და საქმეს მოვრჩეთო. ოთხმოცი ათას მანეთს გვაძლევენო, შეიშალნენ სიხარულით აგიაშვილები და კანდელაკები. არც ერთ მათგანს არ უფიქრია, რასაც ოთხმოცი ათასად ყიდიდნენ, ათი იმდენი რომ ღირდა.

„ამ ნაირი სულწასული სჯა ჩინებულათ გვიხატავს ჩვენებურ ხასიათს. ოღონდ კი ფული ჩაიგდოს ჩვენებურმა კაცმა ხელში და ცოტა იქნება თუ ბევრი, წამწარდება ის როდისმე თუ არა, ამას ის როდი დაეძებს. საკვირველი ამ საქმეში ის არის, რომ ჩვენი უმჯობესი სიმდიდრე, ისეთი, რომ ბევრი ტურა იკივლებს ტყეში სანამ იმის მსგავსი რამე გამოჩნდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელიდგან გადის და კაცი იმას არ კითხულობს, სახეიროთ გადის ის ჩვენი ხელიდგან თუ სავნებლათ, გაგვაკეთებს ჩვენ ეს გაყიდვა, თუ გაგვაფუჭებს როცა ამ საქმეზე სჯას ყურს ვუგდებ, ხშირად მახსენდება იმ ველური ხალხის სიხარული, რომელთაც ევროპელები ორფარიან ტატილოებს და სარკეებს აძლევენ და სამაგიეროთ წმიდა ოქროს და ძვირფას სპილოს ქილებს ართმევენ, ხანდისხან კიდევ შვილებსაც, ტყვეთ გასასყიდველათ...“

ჩიოდა ტყიბულის ამბებით შეწუხებული ნ. ნიკოლაძე.

ვაჭრობა-მრეწველობის წარმართვა უჭირდათ, თორემ მევახშეობის აზრი კარგად ესმოდათ. გაასესხებ თუმანს, მევალემ გადახდისას თუმანიც უნდა მოგიტანოს და მანეთიც უნდა დაამატოს. ყოველ თუმანზე მანეთის მოგება უბრალო რამ არ იყო. ამიტომაც გაუხარდათ, ნოვოსელსკიმ რომ ფული შესთავაზა. იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ იმჟამად ქუთაისში ალექსანდრე მეორის სტუმრობას ელოდნენ, მაშინ ყველაფერი დღესავით ნათელი გახდება. ამ ფულით გამოიპრანჭებოდნენ, მოიკაზმებოდნენ, ხელმწიფე-იმპერატორს შეხვდებოდნენ და პურ-მარილითაც გააოცებდნენ.

როგორ ემზადებოდნენ მეფის შესახვედრად, ამას თავად ნ. ნიკოლაძე გვიამბობს:

„მით უფრო შესანიშნავი და აღმატაცებელია ის ერთგული და ერთსული მზადება, რომელიც ატყვია ეხლა ქუთაისს ხელმწიფის მისაღებათ. ყველა ერთნაირად ემზადება ღირსეულათ და საკადრისათ მიიღონ ხელმწიფის სახლობა და არავინ არ ზოგავს ხარჯს და შრომას ამ მოსაწონ საქმისათვის. ამ მზადებაშიც სჩანს ჩვენი იმერული ხასიათი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რაც უკეთ მორთული და მოკაზმული იქნება, რაც უფრო ალერსიანი და დიდკაცურად აჩვენებს თავს, მით უფრო აამებს უავგუსტოესს სტუმრებს... ამზადებენ სადილს ან ვახშამს, ბალს, ცოცხალ სურათებს ქართული ტიპებით, მარგალიტით ნაქარგ ლეჩაქებს, ოქროთი ნაქსოვ კაბებს, ერთი სიტყვით, მზადებაა მეტის-მეტათ შესანიშნავი და მოსაწონარი... თუ გნებავთ, რომ ერთი სიტყვით, ერთი სურათით გამოგიხატოთ საზოგადო აღტაცება და თავდადებულობა ამ სასიხარულო შემთხვევისათვის, მოგახსენებთ, რომ თავად-აზნაურობამ გადაწყვიტა ბანკისათვის დანიშნული ფულების დახარჯვა ხელმწიფის შესაგებებლათ. ამ ფულისაგან, ზოგი ამბობენ, ოცდა ხუთი ათასი მანეთი აიღესო, და ზოგი კი - ორმოცი ათას მანეთს ახსენებენ. ნამდვილ რიცხვს კი მე ვერ გეტყვით, ამიტომ რომ ნამდვილი რიცხვი ბოლომდის არ გამოჩნდება...

ერთი სიტყვით, აღტაცება და თავდადებულობა საზოგადოა. არავინ არ ზოგავს თავის უკანასკნელ ფარას და უკანასკნელ ქცევა მიწას ღირსეული და მოსაწონარი შეგებების გამართვისათვის“.

სულსწრაფობამ დიდ გასაჭირში ჩაყარა აგიაშვილები და კანდელაკები. ვერც ფული იშოვნეს და ვერც იმპერატორის შესახვედრად მოემზადნენ. ისინი მოტყუების გზას დაადგნენ. ნოვოსელსკის ისე გაურიგდნენ, თითქოს ქასრაშვილებს ქვანახშირიან მამულში წილი არ ედოთ. ეს რომ შეიტყვეს, ქასრაშვილებმა ერთი აურზაური ატეხეს: მენახევრეები გვატყუებენ, გვძარცვავენ, ჩვენი ქონებით აპირებენ გამდიდრებასო. სასამართლოში იჩივლეს. აგიაშვილებს და კანდელაკებს თავზარი დაეცათ. ხუმრობა ხომ არ იყო: თუ სასამართლოში საქმეს წააგებდნენ, ნოვოსელსკისათვის ის 12000 მანეთიც უნდა დაებრუნებინათ, რომელიც ბედ მიიღეს და პირის გატეხისათვის ჯარიმაც უნდა გადაეხადათ. ახლა არ იკითხავთ, რამდენი? 40.000 მანეთი. მერედა ვინ მიაშავა გუდამშიერ ტყიბულელ თავადებსა და აზნაურებს ამდენი ფული. როგორ, რანაირად უნდა ეშოვნათ იგი? აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა პლატონ სამანიშვილი ანდა ოტია ქამუშაძე, მისთვის ვინმეს 40.000 მანეთი ჯარიმა რომ დაეკისრებინა. აგიაშვილებსა და კანდელაკებს დანა არ უხსნიდა პირს. არადა, არც ქასრაშვილები იშლიდნენ თავისას. სუდმა გაგვასწოროსო, ყვიროდნენ.

ქასრაშვილებთან დავა სად იყო დამთავრებული, სრულიად მოულოდნელი ამბავი რომ გამოტყვრა. თურმე რომელიღაც ნიჟარაძის ქვრივს ქვანახშირიანი მამულის მეექვსედი ჰქონია ნამზითვები. მანაც თავისი წილი მოითხოვა. ისიც დავაში ჩაერია.

კარგა ხნით გამოაცოცხლა ამ აყალმაყალმა მიძინებული ქუთაისი. ქასრაშვილებმა დახმარება ნიკო ნიკოლაძეს სთხოვეს და სასამართლოში ვექილად იგი აიყვანეს.

„მე, რასაკვირველია, ვცდილობდი, რომ ნოვოსელსკის არ შეეძინა ეს მამული და მით ჩემი მარწმუნებლები სარგებლობას მოკლებული არ დარჩენილიყვნენ... მე წინადაუდე ტყიბულის მებატონეებს - მოეყიდნათ ჩემთვის საკუთრათ მათი უფლება ამ ტყიბულის სანახშირეზე, იმ პირობით, რომ მე თვითონ დამეკმაყოფილებინა ქასრაშვილები. რადგანაც ჩემი წინადადება მეპატრონეებს ეჩვენათ სასარგებლოთ, ისინი თანახმა გახდენ იმაზე, და კიდეც მომყიდეს მე თავიანთი უფლება იმ სანახშირეზე (ასი დესეტინის სივრცით), იმ პირობით, რომ ქასრაშვილებიც მე უნდა დავაკმაყოფილო და უფ. ნოვოსელსკიც, თუ ვინიცობაა სასამართლომ იცნო, რომ ნოვოსელსკის ერგება აგიაშვილებისაგან და კანდელაკებისაგან შტრაფი ან ბეს დაბრუნება“.

ეს პირობა არც აგიაშვილებისა და არც კანდელაკებისთვის იყო წამგებიანი და არც ქასრაშვილებისათვის, მაგრამ ყველაფერი მაინც იმაზე ეკიდა, სასამართლოში როგორ წარიმართებოდა საქმე.

პირველი სასამართლო, ქუთაისში, 1872 წლის იანვარში ჩატარდა. ამჯერად დავა სასამართლომ ნოვოსელსკის სასარგებლოდ გადაწყვიტა. აგიაშვილებსა და კანდელაკებს 12.000 მანეთი ბეს გადახდაც მიუსაჯეს და 40.000 მანეთი ჯარიმაც. ამ განაჩენს ქუთათურები უსაშველოდ გაუხარებია. ამით გაკვირვებული ნიკო ნიკოლაძე ირონიულად წერდა:

„ყველაზე შესანიშნავია ამ საქმეში ის აღტაცება, რომელიც აღძრა ჩვენ საზოგადოებაში ამ საქმის გადაწყვეტამ. საზოგადოთ თითქმის ყველა კმაყოფილი დარჩა განჩინებით, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდა იურისტები და სწავლულები, რომელნიც ისეთი მხურვალე მოყვარულნი არიან სამართლისა და ჭეშმარიტებისა, რომ ძლივსღა შეიკავეს თავი სიხარულისაგან სასამართლოში... მაგიერათ შემდეგში კი დააკმაყოფილეს თავისი აღტაცებული გრძნობა. მოდით და თქვით, ამის შემდეგ, რომ ჩვენ საზოგადოებაში წმინდა და უმანკო გრძნობა არ იპოვებაო. იმას ხომ მაინც ვერავინ იტყვის და იფიქრებს, რომ ამ აღტაცებულ მხიარულებას რაიმე სარგებლობის ანგარიში ჰქონდეს. მართალია, ან ნოვოსელსკის გამარჯვება რას შემატებდა იმათ, ან ნიკოლაძის დამარცხება რას არგებდათ? მაშ თაყვანი ვსცეთ იმათ წმინდა გრძნობასა და მიულოცოთ ყოველ ჩვენს კეთილისმყოფს იმისთანა პირების გამრავლება ჩვენს ქვეყანაში, რომელნიც უმანკო გრძნობით ივსებიან სამართლიან საქმისათვის და უანგარო დახმარებას აძლევენ ყოველ სასარგებლო და წმინდა საქმეს“.

ნიკო დამარცხებას არ შეუშინდა. მან ქუთაისის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა. საქმე ხელმეორედ განხილვისათვის თბილისის სასამართლო პალატაში გადაიტანა. ერთი წლის შემდეგ, 1873 წლის 18 იანვარს, თბილისში, სასამართლომ ახალი განაჩენი გამოიტანა. ამჯერად, ნ. ნიკოლაძის სასარგებლოდ. ტყიბულელებს მხოლოდ ბეს - 12.000 მანეთის - გადახდა დაევალათ, ხოლო ჯარიმა - 40.000 მანეთი - მოეხსნათ.

პირობის თანახმად, სასამართლოში გამარჯვებამ ნიკო ნიკოლაძე ტყიბულის ქვანახშირიანი მამულის ერთი ნაწილის მფლობელი გახადა.

მართალია, ტყიბულელებმა ნოვოსელსკის თავი დააღწიეს, მაგრამ მერე მან მაინც მოახერხა იქაური ქვანახშირის ერთი ნაწილის დასაკუთრება. როგორ გააკეთა ეს ნოვოსელსკიმ, არ ვიცით. თუმცა ერთი ვარაუდის დაშვება კი შეიძლება.

ტყიბულში რომ ქვანახშირის საბადო არსებობდა, იცოცხლე, ეს კარგი საქმე იყო, მაგრამ უგზოობის გამო, იგი გინდ ყოფილიყო და გინდ - არა. თუ ვერ გაიტანდი, ქვანახშირის წარმოებას რაღა აზრი ჰქონდა? ცხენითა და ურმით მისი გამოტანა არათუ მოგებას არ მოგცემდა, უბრალოდ სასაცილოდ გადაგაქცევდა. ვერც ქვანახშირის იმ დიდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეძლებდი, რაც მაშინ არსებობდა. სტამბოლი, ოდესა, ბათუმი, ტრაპიზონი და შავიზღვისპირეთის სხვა ნავსადგურები დიდი რაოდენობით ქვანახშირს საჭიროებდა. ძირითადად ამ მოთხოვნილებას დიდი ბრიტანეთიდან მოტანილი ქვანახშირი აკმაყოფილებდა. ტყიბულს წარმატებით შეეძლო კონკურენციის გაწევა. ნიკო ნიკოლაძეს ცხრილი შეუდგენია - რამდენი შემოჰქონდათ და რამდენის მოცემა შეეძლო ტყიბულს, მაგრამ გზის უქონლობა ყველა ოცნებას ფუჭად ხდიდა. აუცილებელი იყო რკინიგზა. რკინიგზის გაყვანაში ნოვოსელსკის ფულებს და ავტორიტეტს დიდი როლის შესრულება შეეძლო. ალბათ, ამ მიზნით დაუთმეს მას ტყიბულის ქვანახშირის გარკვეული ნაწილი.

ვარაუდი ვარაუდად დარჩეს და ახლა იმას გავადევნოთ თვალი, როგორ იღვწოდნენ ტყიბულის რკინიგზის გასაყვანად.

როცა თბილისი-ფოთის რკინიგზა გაჰყავდათ, ნ. ნიკოლაძეს გულით უნდოდა ამ ხაზს ქუთაისში გაევლო. ანტიკური ეპოქიდან დაწყებული მე-19 საუკუნით დამთავრებული, ქუთაისი ძველ სავაჭროგზაზე იდო, რაც არსებითად განსაზღვრავდა ქალაქის კეთილდღეობას. ნიკო ნიკოლაძეს ეშინოდა, თუ რკინიგზა ქუთაისს გვერდს აუვლიდა, იგი დაქვეითდებოდა, გაღარიბდებოდა, მნიშვნელობას და კარგავდა. ამას სხვებიც ხედავდნენ. მათ შორის, კავკასიის სამეფისნაცვლოს მმართველობაც. მაგრამ გზა მაინც ისე გაიყვანეს, რომ ქუთაისს გვერდი აუხვიეს. რკინიგზის გაყვანა თბილისსა და ფოთს შორის ნ. ნიკოლაძეს დიდ სასარგებლო საქმედ მიაჩნდა და მის დამთავრებას მიესალმა. თუმცა გაფრთხილების მიზნით ესეც თქვა: „რკინის გზა და მისი მოძრაობა მარტო მაშინ მოუტანს სიკეთეს ჩვენ ქვეყანას, მარტო მაშინ გამოადგება ხეირიანათ ჩვენ საზოგადოებას, როცა ჩვენი ხალხი თვითონაც მოძრაობაში მოვა, ისურვებს მითი სარგებლობას და საკმაო მოხერხებას იხმარს მისი ძალით სარგებლობაში. თუ არა და, ეს გზაც - როგორც ყველაფერი სხვა სიკეთეები ამ ქვეყანას - მარტო იმ პირებს გამოადგებათ, ვისაც საკმაო მოგონება და ძალა აქვს მათდა სასარგებლო და მათი ნაყოფის მოსაბოჭველათ“...

რკინიგზის მოშორებით ქუთაისი ჩიხში დარჩა. ის, რაც ნიკო ნიკოლაძეს აფიქრებდა და აწუხებდა, გამართლდა. ქალაქი თანდათან ქვეითდებოდა და ძველებურ ელფერს კარგავდა.

„ქუთაისმა თანდათან დაიწყო დაცარიელება, დაქვეითება და უმთავრესად სავაჭრო და სამრეწველო ქალაქი დაეშვა მესამეხარისხოვანი ადმინისტრაციული ცენტრის დონემდე: სახლები სანახევროდ დაცარიელდა, - ძველმა ფასებმა ორჯერ და სამჯერ დაიწია, მაღაზიები უიმედოდ ელოდებიან ნისიად მყიდველებს და მთელი ქალაქის ცხოვრება ტრიალებს სასამართლო და საპოლიციო სამმართველოების, ან მრავალრიცხოვანი აუქციონების ირგვლივ, რომლებზეც ნაყარ-ნუყარი და გამოუსწორებელი მოვალეების, - რომელთა რაოდენობაც აურიცხელია, - ქონება იყიდება“.

ჩიოდა ნ. ნიკოლაძე ქუთაისის მდგომარეობას.

ქუთაისი საგუბერნიო ცენტრი იყო და მისი გასაჭირი კავკასიაში მეფისნაცვალს, დიდ მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძესაც აწუხებდა. მან მიზანშეწონილად ჩათვალა ქუთაისის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალთან შეერთება. რაკი საზოგადოებრივი აზრი და ხელისუფლების სურვილი ერთმანეთს დაემთხვა, შვიდვერსნახევრიანი რკინიგზის ლიანდაგის დაგება ადვილად მოხერხდა.

რა ლაპარაკი უნდა იმას, რომ ქუთაისში შეყვანილი რკინიგზა ტყიბულს არ შველოდა. მას საკუთარი სჭირდებოდა. თითქოს ეს მეტად ცხადი იყო და დავა არ უნდა გამოეწვია, მაგრამ ხან ერთი მიზეზი წამოჰყოფდა თავს და ხან - მეორე.

ჯერ საბაგირო გზა გავიყვანოთო, თქვეს. იმ მანძილზე, რაც ქუთაისს და ტყიბულს აშორებდა, საბაგირო გზა არ გამოდგებოდა. ნ. ნიკოლაძემ გააკრიტიკა ეს აზრი. საბაგირო გზის მშენებლობას ტყუილად ფულის ხარჯვა დაარქვა. ტყიბულის ქვანახშირის წარმოება თანდათან გაიზრდებოდა. საბაგირო გზა ვერც ხალხის გადაყვან-გადმოყვანას აუვიდოდა და ვერც ქვანახშირის ზიდვას. საბაგირო გზის მშენებლობაზე ფიქრი და სჯა შეწყვიტეს.

მერე, ეჭვი შეეპარათ, გაუწევდა თუ ვერა ტყიბულის ქვანახშირი ბაქოს ნავთობს კონკურენციას. ზოგიერთი იმასაც კი ფიქრობდა, ბაქოს ნავთობის მერე საერთოდ აღარ იყო საჭირო ტყიბულის ქვანახშირი. ნ. ნიკოლაძე ამათაც შეება. ტყიბულის ქვანახშირის ბუდობის ნაკლებმწარმოებლურობა იმის ბრალი კი არ არის, რომ იგი უხარისხოა, არამედ - სამომხმარებლო ბაზრის უგზოობის და მისატანი საშუალებების უქონლობისა, - ამტკიცებდა ნ. ნიკოლაძე. მან საგანგებოდ ამოწერა საბაჟო დეპარტამენტის ანგარიშებიდან შავი ზღვის ნავსადგურებმა რა რაოდენობით მოიხმარეს ინგლისიდან მოტანილი ქვანახშირი. დაასაბუთა ტყიბულის ქვანახშირის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა მთელი ამიერკავკასიის მრეწველობისათვის და დაასკვნა: რკინიგზის აშენება ტყიბულამდე აუცილებელიაო. ნ. ნიკოლაძე წერდა იმასაც, რომ ტყიბულის რკინიგზის ოთხი პროექტი არსებობდაო. ორი პროექტი 1874 წელს შეუდგენიათ, ორიც - 1881 წელს, როცა ტყიბულის რკინიგზის გაყვანის აუცილებლობა ურწმუნებიათ, სადავო გამხდარა გაყვანის მიმართულება. ერთნი ფიქრობდნენ, უკეთესი იქნება, რკინიგზას თუ გავიყვანთ ტყიბულიდან სადგურ სიმონეთამდე დედაბრის ქედის გვირაბის გავლით, მეორენი უპირატესობას ანიჭებდნენ მიმართულებას: ქუთაისი-გელათი-ტყიბული. ყოფილა მესამეც: ლუხუტის მოედანი (აჯამეთთან ახლოს)-მდინარე ძევრულას აუზი-ტყიბული.

ერთი სიტყვით, სადავოსა და საკამათოს ყოველთვის შოულობდნენ. არც პაექრობა-კამათი ეზარებოდათ. რაკი 1881 წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ ტყიბულის რკინიგზის რწმუნებულად ნიკო ნიკოლაძე აირჩია, იგი მთელი სულითა და გულით ჩაება საქმეში. ისედაც არ ზოგავდა ძალ-ღონეს და ახლა მით უფრო. ოფიციალური რწმუნებით იყო აღჭურვილი და რაღა შებორკავდა. ბევრი წერის, კიდევ უფრო მეტი ლაპარაკის, ინსტანციებში აღმა-დაღმა დაუსრულებელი სიარულის მერე, როგორც იქნა, 1883 წელს ტყიბულის რკინიგზის მშენებლობის პროექტი დამტკიცდა. ოთხ წელიწადს გაგრძელდა მშენებლობა. 1887 წლის 20 მაისს შეამოწმეს და მიიღეს რკინიგზა. 15 დეკემბერს კი პირველმა მატარე ბელმა გაიარა.

რკინიგზის გაყვანამ ტყიბულის ქვანახშირს ფართო საწარმოო ასპარეზი გადაუშალა. მაგრამ კიდევ არსებობდა ერთი დაბრკოლება, რომელიც გზას უღობავდა წარმოების გაშლას. ტყიბულის ქვანახშირიანი მამული პაწია-პაწია ნაჭრებად იყო დანაწილებული სხვადასხვა პირთა ხელში. ამ პირებში ზოგიერთი ისეთიც იყო, რომელსაც წარმოების არა ესმოდა რა. ზოგიერთი კი შორეულ ჰორიზონტსაც ხედავდა. ტყიბულის ქვანახშირის საქმეში მილიონერი სოლომონ შაბურიშვილიც იყო ჩაბმული. იგი ნელ-ნელა ყიდულობდა მიწებს და თანდათან აფართოებდა წარმოებას. ასევე იქცეოდა მეორე მრეწველიც ნოვოსელსკიც. არც უცხოელებს გამოპარვიათ ტყიბულის მნიშვნელობა. ავსტრიელი ინჟინერი იოსებ ბოგაჩი სხვებზე ნაკლებ არ საქმიანობდა და იმედოვნებდა მოგება-წარმატებას.

გაცხარებული მუშაობა არ კმაროდა. შახტებს, შტოლნებს სათანადო მოწყობა-აღჭურვა სჭირდებოდა. მეტი უნდა ეზრუნათ მუშათა უხიფათობაზეც, თორემ ავარიები გახშირდა. გუშინდელი მევენახე, მებოსტნე და მებაღე გლეხებს სამთო საქმის ცოდნა არ ჰქონდათ. სრულიად უბრალო ვითარებაშიც კი უბედურება დაატყდებოდათ თავს. ბევრმა ვოლფის ლამპის ანთებაც არ იცოდა. ცუდად ინახავდნენ ფეთქებად ნივთიერებებსაც. სად იყო და სად არა, მოულოდნელი აფეთქება გააყრუებდა იქაურობას. საქმის ჩაშლას ვიღა ჩიოდა, იღუპებოდნენ ადამიანები. ცხადად ჩანდა, მუშაობის პირობები ძირეულად უნდა შეცვლილიყო.

ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში უნდოდა ნიკო ნიკოლაძეს სააქციონერო ამხანაგობის ჩამოყალიბება. ამ ამხანაგობას უნდა ეხელმძღვანელა ტყიბულის ქვანახშირის წარმოებისათვის. მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა ეს. ქართველთა შორის ვერ იპოვა ფულიანი კაცი, ვინც ტყიბულით დაინტერესდებოდა. ფული იმდენად არ ენანებოდათ, რამდენადაც ეშინოდათ არ მოტყუებულიყვნენ. პირდაპირ ასე უთხრა აკაკი წერეთელს სოლომონ შაბურიშვილმა, როცა პოეტმა კაპიტალისტს ჭიათურის მარგანეცის სამუშაოს დაფინანსება სთხოვა - „მაგისთანა საქმე ჯერ ჩვენში არავის უწარმოებია და მეც ფულებს ვერ გადავყრი, არა იმიტომ, რომ ფული მენანებოდეს. არა! მიტომ, რომ სასაცილოდ არ ამიგდონ!“ ვაითუ, ტყიბულის ქვანახშირს სამრეწველო მნიშვნელობა არ ჰქონდა და გაბითურებულიყვნენ. ხალხი დასცინებდა - ფულიანი კაცის ალღო არ ჰქონიაო და საზოგადოებაში თავს ვეღარ გამოჰყოფდნენ. სხვაგვარად იყო საქმე 80-იან წლებში. ტყიბულის ქვანახშირის საწარმოო მნიშვნელობა უკვე აღარავითარ ეჭვს აღარ იწვევდა. პირიქით, ახლა ტყიბულს ბუზებივით ეხვეოდნენ. მისგან დიდ სარგებელს მოელოდნენ. სააქციონერო საზოგადოების შექმნა ძველებურად ძნელი აღარ იყო. ტყიბულით დაინტერესებული ადამიანები ქართველთა შორისაც მრავლად იყვნენ და არაქართველთა შორისაც. რაც ათი-თხუთმეტი წლის წინათ სათაკილოდ მიაჩნდათ, ახლა საამაყო გამხდარიყო.

1889 წლის მაისში სააქციონერო საზოგადოება „ნახშირი“ შეიქმნა. 1890 წლის 11 მაისს რუსეთის იმპერატორმა ამ საზოგადოების წესდება დაამტკიცა. საზოგადოება „ნახშირის“ დამაარსებლები იყვნენ - ნიკო ნიკოლაძე, თბილელი მეორე გილდიის ვაჭარი იოსებ ალელოვი, ინჟინერი იოსებ ბოგაჩი, აზნაური ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი, ივანე წოვიანოვი და ვიქტორია შაბუროვა (სოლომონ შაბურიშვილის ქვრივი).

(რუსული ფორმით აქ წარმოდგენილ გვარებს შორის აშკარად ქართულია შაბურიშვილი და ალელიშვილი. ისინი გვხვდებიან ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში, მაგალითად, „ქართული სამართლის ძეგლები“, „დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან“. აკაკი წერეთელიც კი შეცდა, როცა სოლომონ შაბურიშვილს „სომეხი ვაჭარი“ უწოდა. რატომღაც თავში ჩავიჭედეთ, რომ მე-19 საუკუნეში თუ ვინმე ვაჭრობდა ან სამრეწველო საქმეს მისდევდა, სომეხი ან უცხოელი იყო. ზაქარია ჭიჭინაძე იგონებდა - როცა ზუბალაშვილების შესახებ წიგნი გამოვეციო, გახარებულმა კონსტანტინე ზუბალაშვილმა თვალცრემლიანმა მითხრაო, - იქნებ ახლა მაინც დამიჯერონ, ქართველი რომ ვარო. მე-19 საუკუნეში ქართველები სავაჭრო-სამრეწველო საქმეს არ გაურბოდნენ და მარტო ადგილ-მამულებს არ ჰყიდიდნენ. ვაჭრობდნენ კიდეც და მრეწველობდნენ კიდეც. ამას საზოგადოება „ნახშირიც“ გვიდასტურებს. საზოგადოების დამაარსებელი ექვსი კაციდან სამი ქართველია - ნიკოლაძე, ალელიშვილი, შაბურიშვილი, ერთი ავსტრიელი - ბოგაჩი, ერთი სომეხი - მელიქ-აზარიანცი და ერთიც ჯერ დაუდგენელი ეროვნული ვინაობის - წოვიანოვი, თუმცა, ალბათ, ესეც წოვიანიძეა. არის ასეთი ქართული გვარი, მაგრამ ისტორიულ დოკუმენტებში ჯერჯერობით არ შემხვედრია).

ერთხანს სააქციონერო საზოგადოება „ნახშირი“ საქმეს ჩინებულად უძღვებოდა. მაგრამ პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო და საერთაშორისო ვითარება აირ-დაირია, „ნახშირის“ მდგომარეობაც შეიცვალა. შემცირდა ქვანახშირის მოპოვება. დაეცა შრომის ნაყოფიერება, მოიშალა წესრიგი. დაიწყო კონფლიქტი საზოგადოება „ნახშირსა“ და ხელისუფლებას შორის. კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია 1917 წლის თებერვლის რევოლუციის მერე. ამიერკავკასიის კომისარიატის დროს „ნახშირის“ მაღაროები საგანგებო სამმართველოს გადასცეს. „ნახშირის“ გამგეობამ იჩივლა, მაგრამ საჩივარს ყურადღება არავინ მიაქცია. საზოგადოება არ ისვენებდა. კარები აუტალახა ხელისუფლებას და აიძულა იგი ამიერკავკასიის ეკონომიურ საბჭოს საგანგებო კომისიას განეხილა „ნახშირის“ საკითხი. განხილვით კი განიხილეს, მაგრამ რა - საზოგადოების თხოვნა მაინც არ დააკმაყოფილეს. მიზეზად ეს დაასახელეს: ბაქოდან ნავთობის მოწოდება შეწყვეტილია (ამ დროს ბაქოში 26 კომისრის ხელისუფლება არსებობდა. ნავთობის მიწოდების შეწყვეტით ისინი ამიერკავკასიაში ეკონომიკური კრიზისის გამოწვევას ცდილობდნენ და ამით ბურჟუაზიის დამარცხებას). კრიზისის პირობებში დაუშვებელია ტყიბულის ქვანახშირის არსებობა კერძო აქციონერული საზოგადოების ხელში. „ნახშირს“ შეუძლია ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით, მოიპოვოს მონოპოლია და სახელმწიფო კიდევ უარეს დღეში ჩააგდოსო. ამჯერად ტყიბულის მაღაროები მომარაგების კომიტეტს დაუქვემდებარეს.

საზოგადოება „ნახშირის“ მდგომარეობა არც მაშინ გაუმჯობესებულა, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა. 1919 წლის 27 ოქტომბერს საზოგადოება „ნახშირის“ აქციონერთა კრებამ გადაწყვიტა ტყიბულის ქვანახშირის წარმოება მიეყიდა საქართველოს მენშევიკური მთავრობისათვის. ფასად მაშინდელი 12 მილიონი მანეთი მოითხოვეს. მთავრობა დათანხმდა. უკვე სახელმწიფო წარმოებად გადაქცეული მაღაროების ხელმძღვანელობა, მოვლა-პატრონობა მთავრობამ ნიკო ნიკოლაძის დისწულს, ბესარიონ ჭიჭინაძეს დაავალა, ეფროსინე ნიკოლაძისა და ალექსი ჭიჭინაძის ვაჟს. მართალია, ბესარიონ ჭიჭინაძეს პირადად მიზანშეწონილად არ მიაჩნდა კერძო საწარმოო ორგანიზაციის სახელმწიფო წარმოებად გადაქცევა, მაგრამ მის აზრს ყური არ ათხოვეს. კომერციული საქმე ითხოვს ენერგიას, დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას, გაბედულებას, ვაჭრობის მოხერხება-ალღოს, რისკს და ფულის ყადრს. ამის ნიჭი კერძო პირს აქვს და არა - ბიუროკრატიულ აპარატს. ბიუროკრატიული აპარატი საქმის წახდენის მეტს არაფერს გააკეთებსო, - ამტკიცებდა ბ. ჭიჭინაძე. მაგრამ მენშევიკები სოციალისტები იყვნენ და კერძო საკუთრების დაუძინებელი მტრები. მათთვის ბ. ჭიჭინაძის გონივრულ აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

1920 წლის თებერვალში საზოგადოება „ნახშირმა“ არსებობა შეწყვიტა.

ვისაც ვრცლად და დაწვრილებით სურს ტყიბულის ქვანახშირის წარმოების ისტორიის გაცნობა, შეუძლია წაიკითხოს ვლადიმერ ჭანიშვილის წიგნი - „ტყიბულის ქვანახშირის წარმოების წარმოშობისა და განვითარების ძირითადი ეტაპები“.

მეც ამ წიგნით ვსარგებლობდი.

ნიკო ნიკოლაძე უყურადღებოდ ვერ დატოვებდა მეორე სამრეწველო ცენტრს საქართველოში - ჭიათურას. კარგად იცით, რომ ჭიათურის შავი ქვის აღმოჩენაც და მრეწველობაც ქართულ მწერლობას უკავშირდება, კერძოდ, აკაკი წერეთელს. აკაკიზე ადრე ჭიათურა გერმანელ აბიხსა და რუს სიმონოვიჩს მოხვედრია თვალში, ამას პოეტიც არ მალავდა:

„მე ჯერ კიდევ გიმნაზიაში ვიყავი: ვიქნებოდი ასე ათი-თერთმეტი წლის. ერთხელ წირქვალიდან ბეგარა პური გამოგვატანეს და მამაჩემმა უთხრა მოურავს: ეგ პური სხვაგან ჩაჰყარეთ, ცალკე ქათმებისათვის, რომ სხვა ხვადაბუნის პურებში არ გაერიოს, თვარამ დავიღუპებითო. მე გაოცებულმა მიზეზი გამოვკითხე და მითხრეს: წირქვალისა და რგანის პური არ ვარგაო! - ქვაგუნდა ურევია, კალოს რომ აიღებენ, ის პატარ-პატარა ქვაგუნდები აჰყვებიან ხოლმე და პურს ისე აშავებენ, რომ საჭმელად აღარ ვარგაო... ერთი კოდი წირქვალელი ან რგანის პური თუ გაურიე, ასსა და ათასს კოდს პურს შავად შეღებავს, გააფუჭებსო!.. როგორც ახალგაზრდას ეს ჩამრჩა გულში და დიდმა ხანმა რომ გაიარა და სტუდენტად შევედი პეტერბურგში, ერთხელ ძველ „სამთო ჟურნალს“ რომ ვათვალიერებდი, იქ შემხვდა გეოლოგი აკადემიკოსის აბიხის სტატია. სხვათა შორის, ამბობდა აკადემიკოსი, რომ შორაპნის მაზრაში, ს. წირქვალში და საზოგადოდ რგანში მარგანეცის დიდ-ძალი მარაგია, მდიდარი და ადვილი სამუშაო, მაშინ როდესაც სხვაგან არსად არისო და მოთხოვნილება კი დიდიაო... მე, როგორც არა გეოლოგმა, არ ვიცოდი თუ ქვაგუნდა მართლა მარგანეცი იყო და საჭირო იყო მხოლოდ ამისი შემოწმება ადგილობრივად. ჩავედი ტფილისში. იქ ცნობილ გეოლოგს სვიმონოვიჩს მოველაპარაკე ქვაგუნდის შეს ახებ. იმანაც, რადგან სამსახურში იყო, აიღო ერთი თვის ნებართვა, დაეთხოვა და კერძოდ წამომყვა მე საჩხერეს. ერთ თვეს დარჩა ჩემ სახლში და იქიდან დრო და დრო დავდიოდით წირქვალსა და ჭიათურის მიდამოებში. მადნის ყოველგვარმა სიმდიდრემ გააკვირვა მკვლევარი. და როდესაც გაათავა გამოკვლევა, მოხსენება წარუდგინა სამთო გამგეობას... გავითვალისწინე თუ რა სარგებლობას მოუტანდა ქვეყანას ამისი წარმოება-მრეწველობა და კიდევაც შეუდექი საქმეს: მაგრამ, რომ არ მეგონა, იმისთანა დაბრკოლებანი დამხვდნენ. არა თუ არავინ დამეხმარა და თანაგრძნობა არავინ გამომიცხადა, კიჟინა დამსცეს, გადარეულა და რაღაცაებს ბოდავსო, თორემ მარმარილოდან, რომ დიდი სახეირო არა გამოდის რა, რაღაც ეშმაკის შავი ქვიდან რა უნდა გამოვიდესო?..“

ნიკო ნიკოლაძეს მარგანეცის მნიშვნელობა კარგად ესმოდა, მაგრამ ის არ სჯეროდა, აკაკი წერეთელს შავიქვის აღმოჩენა-მრეწველობაში დიდი ღვაწლი რომ ედო. 1894 წელს „ნოვოე ობოზრენიემ“ (№3694) აკაკის კბილი გაჰკრა - „კოლუმბის გვირგვინი“ დაიდგაო თავზე. ეს კიდევ არაფერი... „ნოვოე ობოზრენიეს“ 3696-ე ნომერში ნიკომ აკაკის მრეწველის ნიჭიც დაუწუნა. ამის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. ნიკო და აკაკი ერთხანს ერთმანეთს წაეკიდნენ, მაგრამ მალე შერიგდნენ. იმდენი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ პიროვნულიცა და ოჯახურიც, რომ მათი დამდურება შეუძლებელი იყო. ან რა დროს ნიკოს და აკაკის დავა-პაექრობა იყო, როცა ჭიათურის მარგანეცს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა. დრო და ვითარება მათ ერთად ყოფნას ითხოვდა და არა დაპირისპირებას. მით უმეტეს, რომ ნიკო ნიკოლაძე თავგადადებული ზრუნავდა ქართული მარგანეცის კეთილად და სარგებლიანი გამოყენებისათვის. ვისაც ნ. ნიკოლაძის არქივი უნახავს, დამერწმუნება - რა დიდი დრო, ჯანი და ენერგია შეალია ნ. ნიკოლაძემ ჭიათურას. როცა ეს არქივი გამოიცემა, ჩვენი საზოგადოება დაინახავს ტიტანური შრომის იშვიათ ნიმუშს. იმ დროს ეს საქმიანობა მთელი ერის თვალწინ მიმდინარეობდა და ვინც ბრმა არ იყო, ყველა ხედავდა. ეს აკაკიმაც იცოდა. მართალია, ნიკოს მწარე სიტყვებმა გული ატკინა, მაგრამ მისთვის ისიც ცხადი იყო, რომ ეს არც შური ყოფილა და არც მტრობა. უბრალოდ ნ. ნიკოლაძეს შეეშალა. შეცდომისაგან ვინ არის დაზღვეული?

ვის არ ახსოვდა 80-იან წლებში ნიკო ნიკოლაძისა და კავკასიის სამთო სამმართველოს მმართველის მელერის ცხარე კამათი (ამ ამბავსაც და საერთოდ ჭიათურის მარგანეცის თავგადასავალს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ვლადიმერ ჭანიშვილის მეორე წიგნში - „მანგანუმის მადნის მრეწველობის განვითარება საქართველოში“).

ამ ხანებში ჭიათურის მარგანეცს გაუჭირდა. კრიზისული ვითარება შეიქმნა. საერთაშორისო ასპარეზზე ჩილეს მარგანეცი გამოჩნდა და ქართული შავიქვა შეავიწროვა. მაშინ ქართული მარგანეცი უცხოეთში იყიდებოდა, სადაც განვითარებული მეტალურგიული მრეწველობა იყო. რუსეთს ჩამორჩენილი მეტალურგია ჰქონდა. მარგანეცს ნაკლებად იყენებდა. მელერს საერთოდ არ მოსწონდა, ჭიათურის შავქვას უცხოეთში რომ ჰყიდიდნენ. იგი ასე სჯიდა: მარგანეცის უცხოეთში გატანით რუსეთი ძვირფას ნედლეულს ჰკარგავს. როცა შავიქვა რუსეთს დასჭირდება, შესაძლებელია, ჭიათურის მარაგი ამოწურული იყოს და პირშიჩალაგამოვლებული დავრჩეთო. იმასაც ამბობდა: ჭიათურის მარგანეცის წარმოება არამყარი წარმოებაა, რაკი მისი მომხმარებელი ევროპაა და არა - რუსეთი. როგორც კი ევროპაში გამოჩნდება რომელიმე ქვეყნის უფრო იაფი შავიქვა, იძულებული გავხდებით ჭიათურის საწარმოები დავხუროთ. ეს გაკოტრებით გვემუქრება. ამიტომ უმჯობესია არ განვავითაროთ ჭიათურის მარგანეცის წარმოება მანამ, სანამ რუსეთში ახალი ტიპის მეტალურგია არ აღორძინდება. ეტყობა, მელერის აზრს მთავრობაში მხარდამჭერნი ჰყავდა, რაკი ხელისუფლება არ ზრუნავდა ჭიათურის მაღაროების ტექნიკურ აღჭურვაზე, შრომის კულტურის განვითარებასა და გზების მოწყობაზე. ჭიათურიდან შორაპნამდე უგზოობის პირობებში ურმებით ეზიდებოდნენ მარგანეცს. ამგვარი მდგომარეობა აძვირებდა ჩვენებურ მარგანეცს. იგი ვეღარ უწევდა კონკურენციას ჩილეს იაფ შავქვას.

ნიკო ნიკოლაძე მელერს შეება. 1887-88 წლებში მან „ნოვოე ობოზრენიეში“ წერილების მთელი სერია გამოაქვეყნა. კრიზისის მიზეზად ნ. ნიკოლაძემ ჭიათურა-შორაპანს შორის რკინიგზის უქონლობა გამოაცხადა. უგზოობის გამო მადნის გადაზიდვას დიდი თანხები სჭირდებაო და ბუნებრივად აძვირებსო ჩვენს მარგანეცს. კატეგორიულად მოითხოვა რკინიგზის გაყვანა. ჭიათურა-შორაპნის რკინიგზა რომ არ არსებობს, ეს ამიერკავკასიის რკინიგზის საზოგადოების გამგეობის უხერხემლობისა და უსუსურობის ბრალიაო. გამგეობამ ვერ შეძლო დაერწმუნებინა ხელისუფლება, რომ კავკასიის სამთო სამმართველოს მმართველი ან მართლა ცდება, ან განგებ უშლის ხელს ჭიათურის შავიქვის მრეწველობის განვითარებას.

არც მელერი იხევდა უკან. ისიც ჯიუტად ამტკიცებდა, რკინიგზა არ არის საჭირო. ჭიათურის მარგანეცი ვერ აანაზღაურებს იმ ხარჯებს, რასაც რკინიგზის მშენებლობა ითხოვსო. ამიტომ კრიზისი უფრო გამწვავდება და ვერავინ გაითვალისწინებს - რა უნუგეშო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. თუ ასე გულით გინდათ გზა, ჯობს დიდი თემშარა, შოსე გავიყვანოთ. ეს ნაკლებ სარისკოა.

თემშარა საქმეს არ შველოდა. მაშინ საავტომობილო ტრანსპორტი ჩვენში არ არსებობდა. ამ გზაზე ისევ ურმებით უნდა ეზიდათ მარგანეცი. კარგი იქნებოდა შოსე თუ ცუდი, არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამით ურმების სისწრაფე არ შეიცვლებოდა. ისევ ძველებური ტაატით, ზლაზვნით ივლიდნენ და შავი ქვის გადაზიდვას შეღავათი არ მიეცემოდა. დროს ვერ მოიგებდნენ. იგი კი ოქროდ ფასობდა.

ამიტომ არ ცხრებოდა ნ. ნიკოლაძე. მაგრამ მელერიც კერკეტი კაკალი იყო და თავისას არ თმობდა.

ამ სიტყვით საგრობაში ნ. ნიკოლაძე მარტო არ ყოფილა. ქართველი საზოგადოება უმაგრებდა მხარს. განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძე და გიორგი წერეთელი. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ რკინიგზის გაყვანას. მაგრამ ერთი რთული პრობლემა იყო მოსაგვარებელი. მარტო კერძო მწარმოებლებს არ ეყოფოდათ არც ძალა და არც ფული ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის დასაგებად. ხელისუფლება კი ხარჯების გაღებას არ აპირებდა. აუცილებელი იყო მთავრობის დარწმუნება და გადმობირება. მაგრამ გასათვალისწინებელი გახლდათ ისიც, რომ მთავრობას ნიკო ნიკოლაძისა და გიორგი წერეთლის ძველი მარცხიც აფრთხობდა. 80-იანი წლების დასაწყისში ნ. ნიკოლაძემ და გ. წერეთელმა ქუთაისი-ხონის რკინიგზის მშენებლობა გადაწყვიტეს. არც ამ მშენებლობით იყო მთავრობა დაინტერესებული. მაშინ ორივემ ივალდებულა და პირობა დადო, რომ:

მოსახლეობა უფასოდ დათმობდა იმ ადგილებს, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გაივლიდა.

მომავალი რკინიგზის გასწვრივ დასახლებული გლეხები კომლზე ერთ კაცს გამოიყვანდნენ. კვირაში ექვს დღეს იმუშავებდა გზის გასაყვანად და მშენებელ კომპანიას უფასოდ დაეთმობოდა ის მასალები, რაც მოსახლეობის მიერ დათმობილ მიწა-წყალზე აღ მოჩნდებოდა.

ამ პირობამ საზოგადოების საოცარი აღშფოთება გამოიწვია.

„აბა რაღა თქმა უნდა, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა დიდის ინტერესით უნდა მოისმინოს და გამოიკვლიოს ის „ერთადერთი საშუალება“, რომელსაც თურმე შეუძლიან ჩვენი ქვეყნის აღორძინება. მაგრამ მაინც რა არის ეს საშუალება? ძალიან ადვილად გასაგები თვალსაჩინო საგანი, მკითხველო! ამიერ-კავკასიის რკინიგზის ხაზიდგან შტოების გაყვანა ჩვენი ქვეყნის სხვა-და-სხვა კუთხეებში. საკვირველი საქმე ის არის, რომ აქამდინ ვერ მიმხვდარვართ ამ უებარი და ამასთანავე მარტივ ქვეყნის გამკურნებელ წამალს. გადახაზეთ ჩვენი პაწაწინა სამშობლო რელსებით და ბედნიერებას ქვეყნისას იმ წუთშივე ხელში ჩაიგდებთ: არ მოგვინდება აღარც სწავლა-განათლება, აღარც სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე ბაასი, ბრძოლა.

კეთილდღეობისათვის ერთად-ერთიღა ნუგეში დაგვრჩენია: მივეგებოთ ინჟინრებს, გავუმართოთ მათ ხელი შტოების გასაკეთებლად, რისთვისაც 1) უფასოდ მიწები დავუთმოთ, საცა კი რკინისგზის ხაზი გაივლის; 2) კომლზე ექვსი დღე ვიმუშაოთ და 3) უფასოდ მასალები დავუთმოთ, რაც კი აღმოჩნდება მეპატრონეებისაგან დათმობილ მიწის ნაჭერზედ. მეორეს მხრით კომპანიას ჩვენ (ესე იგი ბ. წერეთელი და ბ. ნიკოლაძე) თითქმის თავდები გავუხდით, რომ ჩვენი ხალხი იკისრებს იმ პირობების ასრულებას, რომელსაც მოითხოვს მისგან რკინის-გზის კომპანია.

თქვენმა მზემ, ეს თავდებობა დიდი თავდებობაა... ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს დიდი მეტიჩრობაა, კარგი კიდევ, რომ ხსენებული თავდებობა ამ საქმეში ცარიელ-ტარიელი ფრაზაა, ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებული. ხალხს დიდის სიმართლით შეუძლიან უთხრას თავდებებს - ვინა გთხოვათ გვითავდებეთო, ხომ გაგიგონიათ „არამკითხე მეამბეობის“ ამბავიო.

......

გაიყვანენ თუ არა რკინიგზის შტოს, სრულებით მოიშლება ურმობა ამ საქმეში; ამით ბევრი მოაკლდება გლეხობის კეთილდღეობას. ამავე მდგომარეობაში ჩავარდება ქვემო იმერეთის ბევრი მუშა კაცი, რომელნიც ეხლა წყლით და ხმელეთით ეზიდებიან სიმინდს ფოთს და სამტრედიას. ეს მავნე მხარე ბ. წერეთლის წინადადებისა, რა სასარგებლო იქნება ერისათვის (და არა თვითეული პირისათვის), ამის ახსნას ეცდება, რასაკვირველია, თვითონ ბ. წერეთელი.

......

როგორ მოვითმინო, რომ ჩვენ ყოველ დღიურ შრომას აჯდეს დაღი კერძო ინტერესისა; ცხვირიც რომ დავაცემინოთ, ისიც კი უსათუოდ საზოგადო კეთილდღეობას უნდა მოასწავებდეს. სწორედ ამ გვარი ცხვირის დაცემინებაა ბ. ბ. წერეთლისა და ნიკოლაძის მოგონილება, რომლისთვისაც სულ ტყუილ უბრალოდ გამოუბამთ საერო სარგებლობის კუდი“.

ცხარობდა 1884 წლის 24 ოქტომბრის გაზეთი „დროება“.

ქუთაისი-ხონის რკინიგზის მშენებლობა ჩაიშალა. მთავრობას ეშინოდა, ახლაც არ გამეორებულიყო ცოტა ხნის წინანდელი ამბავი, მაგრამ თუ ქუთაისი-ხონის რკინიგზის თვინიერ საქართველო გაძლებდა, ყოვლად შეუძლებელი იყო ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის უქონლობა. ეს ქართული მარგანეცის მრეწველობას დაღუპვით ემუქრებოდა. მოულოდნელად ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა. კავკასიის მთავარმმართველმა ალექსანდრე დონდუკოვკორსაკოვმა მოიგუნება საჩხერეში, ელენე წერეთელთან, სტუმრად გამგზავრება. ეს ხელიდან არ უნდა გაეშვათ. ნიკომ მთავარმმართველის მოგზაურობაში მონაწილეობა გადაწყვიტა. საჩხერეში, სუფრაზე, თვალაჟუჟუნებული ქართველი კნეინების გვერდით დონდუკოვ-კორსაკოვის დაყოლიება უფრო იოლი იქნებოდა. ნიკოს ვარაუდმა გაუმართლა. მთავარმმართველს ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის გაყვანის იდეა მოეწონა. ორმოცდაერთგვერდიანი მოხსენება-შუამდგომლობა შეადგინა და პეტერბურგს გაგზავნა.

მოხსენება-შუამდგომლობა - «О марганцевом промысле в Шоропанском уезде Кутаисской губернии» - სახელმწიფო ქონების სამინისტროს გადაეგზავნა. მისი შესწავლა კი სამთო დეპარტამენტს დაევალა. იქ კარგა ხანს სწავლობდნენ ამ დოკუმენტს, იკვლევდნენ, ჩხრეკდნენ, ამოწმებდნენ. მელერის მასალებსაც გაეცნენ. დიდი ფიქრისა და აწონ-დაწონის შემდეგ, მაინც მელერს დაუჭირეს მხარი. უარი თქვეს ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის მშენებლობაზე.

ჩემი შუამდგომლობა უარყვესო, - ახტა და დახტა დონდუკოვ-კორსაკოვი. შუამდგომლობა-მოხსენება ისევ პეტერბურგში დააბრუნა, სამთო დეპარტამენტის დასკვნა უკან მიაყოლა და მოითხოვა - მინისტრთა კომიტეტმა განიხილოსო. არ განიხილა საქმე მინისტრთა კომიტეტმა. იგი გადასცეს სამთო კომიტეტს და სამთო სამეცნიერო საბჭოს, ორივემ თბილისში გრძელი, მრავალსიტყვიანი დასკვნა გამოგზავნა. მისი შინაარსის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ (ალბათ, სპეციალისტების გარდა, დღეს იგი არც არავის აინტერესებს). გეტყვით მხოლოდ, რომ ამჯერადაც არ ცნეს მიზანშეწონილად ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის მშენებლობა.

ნიკო ნიკოლაძე ის კაცი არ იყო, ვინც უკან დაიხევდა, წინააღმდეგობა ქედს მოადრეკინებდა. იგი ისევ შეუპოვრად ცდილობდა თავისი გაეტანა. მით უფრო, რომ ახლა მისი მოკავშირე კავკასიის მთავარმმართველიც იყო. დონდუკოვ-კორსაკოვი პირადად თვლიდა თავს შეურაცხყოფილად პეტერბურგის უარით. მან ამიერკავკასიის რკინიგზის საზოგადოების გამგეობას ჭიათურა-შორაპნის ხაზის პროექტის შედგენა დაავალა. პროექტი სასწრაფოდ შეადგინეს, მაგრამ, წესის თანახმად, იგი დასკვნისათვის უნდა გადაეცათ და იცით ვისთვის? ისევ მელერისათვის. რაღად უნდა იმას ჩემი თქმა, რასაც მელერი იზამდა.

ამ ამბავთა გამო 1925 წელს, თბილისში დასტამბულ წიგნაკში - «К истории Грузинской марганцевой промышленности, как построилась Чиатурская ветка». - ნ. ნიკოლაძე წერს: მელერის დასკვნა «утверждало, что марганец не имеет в металлургии прочного потребления и серьезного значения, что как только химия найдет иные способы выплавки стали, потребление марганца сведется к ничтожным размерам, а потому нельзя и безрассудно затрагивать государственные средства на столь случайный и незначительный вывоз. Все это было облечено в форму научных аксиом, не подлежавших никакому сомнению, и тем более убедительных для совершенно невежественных военных и гражданских генералов, в те времена еще наполнявших комитет министров царского режима».2

ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის მშენებლობის საქმემ ისევ სახელმწიფო ქონების სამინისტროში ამოყო თავი. სამინისტრომ კომისია გამოჰყო. ვერაფერი რომ ვერ მოახერხა, კომისიამ ეშმაკური აზრი გამოთქვა. სახელმწიფო ნუ გაიღებს ხარჯებს რკინიგზის მშენებლობისათვის. მაგრამ თუ აღმოჩნდებიან რკინიგზის გაყვანის კერძო მსურველები, მათ საკუთარი ფულით გააკეთონ ეს საქმე, ოღონდ ერთი პირობით: რკინიგზა გაიყვანონ არამარტო ჭიათურამდე, არამედ ყოველ მაღარომდე.

რა თქმა უნდა, ამოდენა თანხის გაღებას და ამხელა რისკის გაწევას ვერც ერთი კერძო პირი ვერ გაბედავდა.

ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის მშენებლობა ისევ ჩიხში მოემწყვდა.

ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რით დამთავრდებოდა ნიკოლაძისა და მელერის ბრძოლა, ერთი ამბავი რომ არ მომხდარიყო: მელერი სხვაგან წაიყვანეს სამუშაოდ. ამით ფრთაშესხმულმა ჭიათურის მესვეურებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს და, როგორც იქნა, თავისი გაიტანეს.

1891 წლის 15 ივნისს ჭიათურა-შორაპნის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობის ნებართვას იმპერატორმა ხელი მოაწერა.

1895 წლის 4 თებერვალს ჭიათურა-შორაპნის ვიწროლიანდაგიანმა რკინიგზამ რეგულარული მუშაობა დაიწყო. მაგრამ ეს იყო მხოლოდ საბარგო მატარებელი. ხალხის გადასაყვან-გადმოსაყვანად მოგვიანებით მიაბეს კიდევ ოთხი ვაგონი. პრობლემა, ასე თუ ისე, გადაწყდა. მერე თანდათანობით გამომჟღავნდა, რომ თურმე ვერც ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა აკმაყოფილებდა ჭიათურის მარგანეცის გაფართოებულ წარმოებას. უსაყვედურა კიდეც გიორგი ზდანევიჩმა-მაიაშვილმა ნიკო ნიკოლაძეს - თუ რკინიგზა გაგყავდა, ბარემ ფართოლიანდაგიანი გაგეყვანაო. ეს მადლიერების მაგიერი იყო, მაგრამ ამის გამო არ დაწყებულა მათ შორის ცხარე პოლემიკა. იგი სხვა ვითარებაში დაიბადა.

როცა პოლემიკა დაიწყო, ნიკო ნიკოლაძე ფოთის მერი იყო, ანუ, როგორც აკაკი წერეთელი უწოდებდა, - ქალაქმთავარი. ნიკო ფოთში ნავსადგურს აშენებდა. არც ამ ნავსადგურის მშენებლობა

უჯდებოდა მთავრობას მაინცდამაინც ჭკუაში. ამდენად არც ფული ემეტებოდა. თუ აშენდებოდა ნავსადგური, ისევ და ისევ ქალაქის თვითმმართველობის ნაშოვნი თანხით. ნიკოს გაუჭირდა. სახსრები არ ჰყოფნიდა. ნავსადგურის მშენებლობა შეფერხდა. მაშინ ნ. ნიკოლაძემ მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თხოვნით მიმართა: ფოთის ნავსადგურიდან გაგზავნილი ყველა სახეობის ტვირთის ყოველ ფუთზე დაეწესებინათ ნახევარკაპიკიანი გადასახადი. ცხადია, ეს წესი ეხებოდა ჭიათურის მარგანეცსაც.

თხოვნა მიართვეს ქუთაისის გუბერნატორსაც. მას კი კავკასიის მეფისნაცვლის წინაშე უნდა აღეძრა შუამდგომლობა.

ყველა ინსტანციამ ფოთის თვითმმართველობის თხოვნა დაკმაყოფილების ღირსად ცნო. მაგრამ კატეგორიული უარყოფით შეხვდა მას მანგანუმის მრეწველთა ყრილობის საბჭო და მისი თავმჯდომარე გიორგი ზდანევიჩი-მაიაშვილი. ფოთის თვითმმართველობის თხოვნას უწოდა - «покушение на интересы марганцевой промышленности, несправедливый и ничем не оправданный акт».3 და დაიწყო სიტყვებით ომი. ერთი ასაბუთებდა, ფოთის ნავსადგური სწორედ ჭიათურის მარგანეცს სჭირდება და ამიტომ ეს ნახევარი კაპიკი დიდ საქმეს მოხმარდებაო. მეორე ამტკიცებდა - ეს ფოთის თვითმმართველობის გაუმაძღრობა და სხვისი უნამუსო ყვლეფააო.

იდავეს, იდავიდარაბეს და ბოლოს შეხლა-შემოხლა იმით დამთავრდა, რომ ფოთის ქალაქის თვითმმართველობას ნახევარკაპიკიანი გადასახადის აკრეფის უფლება მიანიჭეს.

ჭიათურის შავიქვა ნ. ნიკოლაძეს უყურადღებოდ არასოდეს დაუტოვებია, მაგრამ საქმეში აქტიური ჩარევა კიდევ ერთხელ მოუწია.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჭიათურაში დაძაბული და რთული ვითარება შეიქმნა. ეს იმან გამოიწვია, რომ მარგანეცის დამუშავებაში გერმანული ფირმებიც მონაწილეობდნენ. ახლა რუსეთსა და გერმანიას ერთმანეთში ომი ჰქონდათ. ბუნებრივია, ხელისუფლება გერმანულ ფირმებს მუშაობის უფლებას არ მისცემდა. ისინი ჭიათურიდან უნდა წასულიყვნენ, მაგრამ რა უნდა ექნათ იმ ქონებისთვის, რომელიც გერმანელებს ჭიათურაში ჰქონდათ? კერძო საკუთრება მაშინ წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელი იყო. მთავრობა მის ჩამორთმევა-მითვისებას ვერ იკადრებდა. დარჩა ერთადერთი გზა: გერმანელებს ეს ქონება უნდა გაეყიდათ. მაგრამ ვინ შეიძენდა? ნ. ნიკოლაძე პრინციპულად ითხოვდა: ქართველებს ეს ქონება ხელიდან არ გაეშვათ და აუცილებლად ეყიდათ.

გერმანელები საუკეთესო სამთამადნო აღჭურვილობა-იარაღის პატრონები იყვნენ. მაღაროებიც შესაშურად ჰქონდათ მოწყობილი. თუ ყველაფერ ამას დაეუფლებოდნენ ქართული ფირმები, წარმოებას დიდად გააუმჯობესებდნენ და უხვ მოგებასაც ნახავდნენ. ეს ძალიან კარგი, მაგრამ უფულობის დაბრკოლება როგორ გადაელახათ? ომიანობის პირობებში მანგანუმის მრეწველთა საბჭოს ფინანსური მდგომარეობა დაქვეით-დაკნინდა. კეთილ სურვილს უსახსრობა სულს უხუთავდა. მაშინ ნ. ნიკოლაძემ ერთი წინადადება წამოაყენა: საფუთო გადასახადი გავზარდოთო. ამით გერმანელთა ქონების შეძენის შესაძლებლობა გაგვიჩნდებაო. ეს არ იკმარა. რომელიმე რუსულ ბანკში ფულის სესხებაც დააპირა. გერმანელთა ქონება როგორმე ქართულ კომპანიებს უნდა დაენარჩუნებინათ.

მაგრამ სანამ ქართველები სახსრებს დაეძებდნენ, რუსეთში რევოლუცია მოხდა. ვითარება გერმანელთა სასარგებლოდ შეიცვალა. ჯერ ამიერკავკასიის და შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობები სწორედ გერმანელთა დახმარებით აპირებდნენ ჭიათურაში მუშაობის გაცხოველებას. ჭიათურაში მართლაც არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. ომმა უაღრესად გაართულა შავიქვის ექსპორტი. როგორც იცით, ჭიათურის მარგანეცი ძირითადად საზღვარგარეთ იყიდებოდა. რუსეთში მას ფართო მომხმარებელი ჯერ კიდევ არ ჰყავდა. შემოსავალმა საგანგაშოდ დაიკლო. ამ დაძაბულ ვითარებაში, 1917 წელს, გარდაიცვალა მანგანუმის მრეწველთა ყრილობის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ზდანევიჩი-მაიაშვილი. მისი მოადგილე კიტა აბაშიძე მძიმე ავად იყო. საქმეს ვეღარ უძღვებოდა. ერთი სიტყვით, მტერს რომ გაუხარდებოდა, ისეთი სიტუაცია შეიქმნა. ამ მძიმე წუთებში წინამძღოლობა ისევ ნიკო ნიკოლაძემ იკისრა. ჯერ „ჭიათურის შავიქვის მრეწველთა სააქციონერო საზოგადოება“ ჩამოაყალიბა. ამ „საზოგადოებაში“ მას ოფიციალური თანამდებობა არ ეჭირა, მაგრამ მისი სულისჩამდგმელი და მრჩეველი იყო. მერე დიდი ბრიტანეთის ბანკიდან სესხის აღებაც მოახერხა. მართალია, ამ სესხმა მდგომარეობა ძირეულად ვერ შეცვალა, მაგრამ ხელი მაინც შეაშველა მარგანეცის წარმოებას.

ჭიათურის შავიქვის წარმოება თანდათანობით იმართებოდა წელში.

აქტიური პრაქტიკული საქმიანობისათვის ნ. ნიკოლაძეს ბევრჯერ მოუსმენია საყვედურიც და ავი მითქმა-მოთქმაც: მწერლობის სამსახურს თავი დაანება და ფულის შოვნას გადაჰყვაო. სხვებზე რაღა უნდა ვთქვათ, როცა აკაკიც ასე ფიქრობდა: „თუმცა თითით საჩვენებელი ქალაქმთავარია, მაგრამ მაინც აფსუს, რომ მისთანა კაცი წვრილმან საქმეებს გამოსდგომია და, რაც შეუძლია, ის კი დაუმარხავს“.

ეს საყვედური არ ეთქმოდა. მწერლობისათვის თავი არასოდეს დაუნებებია. როცა ვითარება და დრო ითხოვდა, კალამს ძველებურად ბასრად იყენებდა. მის აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობას საქართველოს გასაჭირი ითხოვდა. როგორც ილიას ბანკირობა იყო აუცილებელი, ასეთივე აუცილებლობა აიძულებდა ნ. ნიკოლაძეს მრეწველიც ყოფილიყო და ქალაქისთავიც. საქმიანი ხალხის ნაკლებობას განვიცდიდით. ერთ ადამიანს ბევრი რამ უნდა ეკეთებინა. უზომო ტვირთი უნდა ეზიდა. სხვაგვარად მამულის გადარჩენა არ მოხერხდებოდა. თვითონ აკაკიც ხომ ასე ცხოვრობდა და საქმიანობდა. განა მან ცოტა დრო, ენერგია, ჯანმრთელობა შეალია ჭიათურის შავიქვის წარმოებას? ვითარება იყო ასეთი. მას ვერავინ გაექცეოდა, ვისაც ქვეყნის სამსახური ეტვირთა.

ოცი წელიწადი მსახურობდა ნიკო ნიკოლაძე ფოთის მერად. მართალია, მას ფოთი უყვარდა, მაგრამ მარტო თავისი ნება-სურვილით არ გამხდარა ქალაქისთავად. უყვარდა იმიტომ, რომ ბავშვობის დიდი ნაწილი ფოთში ჰქონდა გატარებული. დოკუმენტებში იგი ფოთის მოქალაქედ იხსენიება. მამამისს, იაკობ ნიკოლაძეს, ფოთში დუქნები და ფაქტორიები ჰქონდა. შრომა რომ ჰყვარებოდათ, იაკობი ყოველთვის აყენებდა შვილებს საქმის კურსში. არც ნიკო იყო გამონაკლისი. მან ბავშვობიდანვე იცოდა, რაც ხდებოდა ნიკოლაძეების სავაჭრო სახლში.

ნიკო ნიკოლაძე ფოთს ზედმიწევნით იცნობდა. ბევრიც უწერია ფოთის მდგომარეობის გამო. ქალაქის ჭირი და ლხინი გულთან ახლოს მიჰქონდა.

„ფოთის ადგილ-მდებარეობის უცუდესი მხარე ის არის, რომ ის მეტად დაბალი და ჭაობიანია; დიდი წვიმებისა და რიონის წყალდიდობის დროს ქალაქი წყლით სავსეა... რასაკვირველია, ამისთანა დაცემულს და წყლიან ადგილს მეტად ნოტიოიანი ჰავა აქვს. პირველი შეხედვით, კაცი იტყვის, რომ ეს ხოლერის და ყველა გვარი ციებ-ცხელების ბუდე უნდა იყოსო და, მართლაც აქაური ჰავა კარგი არ არის, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ის იმდენათ ცუდი და მავნებელი არ ყოფილა, როგორც საფიქრებელია...

...ფოთის გასაშრობად საჭიროა რიონის ნაპირის დაგუბვა და ამაღლება, მთელი ქალაქის სივრცეზე დიდძალი ქვიშის მოყრა და რუების გაყვანა... ფოთს დიდი როლი და კარგი სვე მოელის მომავალში, რკინის გზა ჩქარა შეაერთებს მას თბილისთან, მერე კასპიის ზღვასთან, შემდგომ როდისმე შუა აზიასთან, სპარსეთთან და შესაძლებელია ინდოეთთანაც. მაშინ ამ გზით გაიმართება დიდი მოძრაობა, მისვლა-მოსვლა და აღებ-მიცემა ერთი მხრით ევროპასა და მეორე მხრით საქართველოს, შუა აზიას და სპარსეთს შორის, და ფოთს თავისი პორტით ექნება დიდი მნიშვნელობა; იგი შეიქმნება ერთი უდიდესი და უმდიდრესი სავაჭრო ქალაქთაგანი, იგი აჯობებს მაშინ ოდესასაც...“

ოცნებობდა ნიკო ნიკოლაძე 1871 წელს.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ფოთის მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ბევრს ფიქრობდნენ, ბევრს შრომობდნენ, საგრძნობი წინსვლა მაინც არ ჩანდა. მაშინ ფოთელმა ხმოსნებმა გადაწყვიტეს, ნ. ნიკოლაძისათვის მიემართათ თხოვნით და იგი ქალაქის მერად მიეწვიათ.

„ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი, ფოთის სათათბიროს ხმოსნები მოგმართავთ თქვენ თხოვნით, რომელიც, ვიმედოვნებთ, არ მოგეჩვენებათ თავხედობათ ჩვენი მხრიდან. ქალაქი ფოთი მძიმე ავადმყოფს გავს, რომლის განკურნებისათვის აუცილებელია გამოცდილი ექიმი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უარს არ იტყვით მის დახმარებაზე. ჩვენ 25 წელზე მეტი თვალს ვადევნებთ თქვენს საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ვხედავთ, რომ არ იშურებთ ცოდნასა და ენერგიას, არ ჩერდებით არავითარი დაბრკოლების წინაშე და სახელოვნად ატარებთ მოწინავე კავკასიელის დროშას, იბრძვით ქვეყნის წარმატებისათვის. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ფოთის სათათბიროს თქვენი დიდი სახელიც ამშვენებს.

ჩვენი ქალაქის მძიმე მდგომარეობის პირობებში საფუძველი გვაქვს მოგმართოთ თქვენ თხოვნით ჩაუდგეთ მას სათავეში... გთხოვთ, მოგვცეთ თანხმობა წამოვაყენოთ თქვენი კანდიდატურა ქალაქის თავის თანამდებობაზე. თქვენ იქნებით ერთად ერთი კანდიდატი. ვიმედოვნებთ, რომ დადებითად გვიპასუხებთ“.

(ფოთელი ხმოსნების ეს წერილი ალექსანდრე ბენდიანიშვილის წიგნშია გამოქვეყნებული - „საქალაქო თვითმმართველობა და ბრძოლა მისი დემოკრატიზაციისათვის საქართველოში).

თითქოს ნიკო ნიკოლაძის კანდიდატურა ერთსულოვნად მოსწონთ, მაგრამ აქა-იქ დაეჭვებული ხმები მაინც ისმის. 1894 წლის 25 აგვისტოს „ივერიაში“ წაიკითხავთ:

„...ფოთელები ქალაქის მოურავის არჩევნებისათვის ფაცურობენ. ასახელებენ ორ კანდიდატს: ბ-ნთ ნ. ნიკოლაძეს და ი. მეუნარგიას, ახლანდელ ქალაქის მოურავის თანამდებობის დროებით აღმასრულებელს. ბ-ნს ნიკოლაძეს, როგორც უცნობი დაბალ ამომრჩეველ მცხოვრებთათვის, რომელთა რიცხვი დიდია, ეჭირვება დახმარება მოწინავე საზოგადოებისაგან, რომ მათ ჩააგონონ სხვებს მისი ვინაობა, ხოლო რაც შეეხება მეუნარგიას, იმას ყველანი კარგად იცნობენ და პატივისცემაც აქვს მოპოვებული საზოგადოებაში... ეხლა ძნელი გამოსაცნობია ამ ორ კანდიდატში ვის მისცემენ უპირატესობას, ამორჩევის დროს, ეს კი აშკარაა, რომ ბ-ნ მეუნარგიას გარდა, ნიკოლაძეს დღეს ამ ალაგს ვერავინ შეეცილება, თუმცა, როგორც ხმა დადის, ზოგიერთს სხვებსაცა ჰსურთ კენჭი იყარონ“.

„ნოვოე ობოზრენიე“ ირონიულად უპასუხებდა დაეჭვებულთ (ეს პასუხი ქართულად „ივერიამაც“ გამოაქვეყნა 13 სექტემბერს).

„ბ-ნი ნიკოლაძე უფრო შეეფერება ფოთელების იდეას. იგი, გარდა იმისა, რომ საქმის კაცია, ნიჭიც შესწევს ახალი სასარგებლო საქმეც შეჰქმნას და მეორე, მან თავისი სიცოცხლე ტფილისის საბჭოსა და იმის ხმოსნებთან ბრძოლაში გაატარა და ამიტომ ზედმიწევნით აქვს შესწავლილი კავკასის დედა-ქალაქის ეკონომიური მდგომარეობა. მართალია, ნიკოლაძე, როგორც კაცი, უნაკლო არ არის, და იქნება ზოგიერთის მხრივ კიდეც ჩამოუვარდეს თავისს წინამოადგილეებს, მაგალითებრ, ის დინჯად ვერ მოისვენებს თავმჯდომარის სავარძელზედ, როგორც ვახრამოვი, იმას ისეთი დარბაისელი შეხედულება არა აქვს, როგორიც ჰქონდა თავდგირიძესა. ისე ხერხიანად ვერ ჩამოართმევს ხელსა, როგორც ბ-ნი მეუნარგია და, ამას გარდა, იმის სერთუკს ერთი ფოლაქი ყოველთვის აგლეჯილი ექნება, მაგრამ, სამაგიეროდ, თუ ნიკოლაძეს მოუხდება ბრძოლა ქალაქის მტრებთან, მაშინ იგი არ დაიშურებს და უხვად გამოიჩენს თავისს დიდსა და საფუძვლიანს ეკონომიურსა, სტრატეგიულსა და სხვა მეცნიერულ ცოდნას, და ამ შემთხვევაში კი ნიკოლაძეს მართლაც ცალი და ბადალი არ ჰყავს“.

(ივანე ვახრამოვი, ნესტორ თავდგირიძე და იონა მეუნარგია ნიკო ნიკოლაძის წინამორბედები იყვნენ ფოთის მერის თანამდებობაზე).

1894 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა ფოთის ქალაქისთავის არჩევნები. 210 კაცი მონაწილეობდა არჩევნებში. 193 კაცმა ნიკო ნიკოლაძეს დაუჭირა მხარი. 17 წინააღმდეგი იყო.

ნიკო ნიკოლაძე მოვალეობის ასრულებას შეუდგა.

ნიკო ნიკოლაძის ოცწლიანმა საქმიანობამ ძირეულად და არსებითად შეცვალა ფოთის მდგომარეობა. 1913 წელს ჟურნალ „კლდის“ (№33) კორესპონდენტი აღტაცებით წერდა:

„ამ ოცი წლის წინათ პირველად ვიხილე ფოთი. იმ დროს იგი უფრო მოზრდილ სოფელს ჰგავდა, ვინემ ქალაქს, წუმპე-ტალახიანი ბნელი ქუჩები, ხის პატარა სახლები, ჭუჭყიანი უშნო დუქნები, ციებ-ცხელებით შეპყრობილი, უძალღონო, უფერული ხალხი; ირგვლივ ჭაობები... აი, რა იყო იმ დროს ფოთი...

ამ დღეებში შემთხვევა მომეცა, კვლავ მენახა ეს ოდესღაც საცოდავი ფოთი. ღმერთო ჩემო! რა ნახა ჩემმა თვალებმა! ნუთუ ცხადია და არა სიზმარი! თილისმას გარდაუქმნია იგი ამ ოც წელიწადში მშვენიერ ქალაქად: დამშრალა ჭაობები... ვრცელი და სწორი მოკირწყლული ქუჩები, ხისა და ქვის ორსართულიანი ლამაზი სახლები, საქონლით სავსე მინით გადახურული ბაზარი და კოხტა დუქნები, პატარა წყალსადენი, ცხენის კონკა და ელექტრონით განათება - აი, რა ვნახე დღეს ფოთში...

ნეტა ვინ მოახდინა ეს სასწაული?! ვინ არის ის ჯადოსანი, რომელმაც გააცოცხლა მკვდარი ფოთი და გარდაქმნა იგი მშვენიერ ქალაქად?! ვინ ააყვავა დამპალ ჭაობებში საქართველოს ეს ქალაქი და აქცია იგი პირველხარისხოვან ბოღაზად, რომლის ნავსადგური სავსეა დღეს ოკეანის გემებით და რომლის საქონლის გატან-შემოტანა უდრის წლიურად 100 მილიონ ფუთს?! ვინ აღძრა და აამოძრავა ფოთის სიცოცხლის ძარღვი?! ეს გახლავთ ნ. ნიკოლაძე“.

1914 წელს გაზეთი „თემი“ (№161) აღნიშნავდა: თუ 1895 წელს ფოთის ბიუჯეტი 75.000 მანეთი იყო, 1914 წელს იგი 723.327 მანეთს უდრისო. აი, გაკეთებული საქმის კონკრეტული დადასტურებაო.

მამანტი პაჭკორიას წიგნში - „ფოთის წარსულიდან“- გამოქვეყნებულია დოკუმენტი. იგი დაწერილია 1914 წელს და მიმართვაა ფოთის ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველთადმი. მიმართვაში ჩამოთვლილია ისიც, რაც უკვე გააკეთა ნიკო ნიკოლაძემ და ისიც, გაკეთებასაც მომავალში აპირებდა.

რა გააკეთა:

„1. წყალდიდობისაგან აკლებულ ფოთს ულმობელ სტიქიისაგან შველა ესაჭიროებოდა, ამისათვის ქალაქს ირგვლივ ჯებირი შემოავლო და ახლა წყალი ისე თავისუფლად ვერ დასეირნობს ქუჩებში, როგორც წინათ.

2. შავს ვარსკვლავზე დაბადებული პორტი მკვდრეთით აღდგენას ლამობდა და გააცოცხლა ნავსადგურის განახლებით, ფოთსა და საქართველოს დიდი სარგებლობა მოუტანა. ევროპა დაგვიახლოვა, აღებ-მიცემობა გააძლიერა.

3. გადაჭიმა სამი ხიდი, რომელთაგან ორი ქალაქსა და დიდ კუნძულს პორტთან აერთებს და მესამე, ფოთელების მასაზრდოებელ გურიასთან.

4. ახალი ხიდების აგებით გააუქმა მდინარე მალთაყვაზე და რიონზე ნავებით გადასაყვან-გადმოსაყვანი უზომო გადასახადი გაჭირვებულ ხალხის შემავიწროებელი.

5. მოსპო ძველ რკინის ხიდზე დაწესებული ბაჟი.

6. ააშენა ელექტრონის სადგური, რომელიც პორტსა და ქალაქს ანათებს.

7. გააბა ტელეფონის ქსელი, რომლის ბოძები თავმორთულ კეკლუც პატარძალივით ქუჩებს ამშვენებს.

8. გააკეთა, ნაცვლად დახავსებულ სამოქალაქო და სახელოსნო სასწავლებლების ხის სახლებისა, ლამაზი აგურის ორსართულიანი შენობები, რომელსაც მხარს უმშვენებენ ახლად დაარსებული ქალების და ვაჟების გიმნაზიის ქვის შენობები და სხვა სკოლები.

9. უხერხულ ადგილას მოთავსებული სავაჭრო მოედანი გადაიტანა მოხერხებულ ბინაზე, სადაც გაშენებულია გადახურული ბაზარი და სასწორი. იქვე გაკეთებულია ოთხი ქვის დუქანი და სხვა.

10. მოაწყო სასაკლაო და ორი წყლის ამოსაღები გენებიკის სისტემისა, რომელიც მცხოვრებლებს სუფთა წყალს აწვდის.

11. განაახლა ქალაქის კოშკი და მის გვერდით ამართა უზარმაზარი ეკლესია ბიზანტიის სტილზე, რომელიც თავის აგებულობით იპყრობს მნახველთა ყურადღებას.

12. მოუპოვა სამკურნალოს და პოლიციას საკუთარი ბინა.

13. მოაწყო ცხენის რკინიგზის ლიანდაგი.

14. ნავსადგურში მიმავალი ქუჩების მოკირწყვლა და სხვა გზატკეცილების გაყვანა თუ ძნელად ოცნებაში არსებობდა, დღეს სინამდვილედ გახდა.

15. ქალაქის განაპირა ადგილების (ჩოჩხატის აგარაკის) შეძენა ბანკიდან.

16. საქონლის საწყობების გამართვა პორტში და ელევატორში.

17. ნახევარკაპიკიანი საფუთო გადასახადის დაარსებას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ფინანსებისათვის, რომ მისი წყალობით სულდგმულობს ადგილობრივი კულტურული დაწესებულებანი...“

ამის გაკეთებას არა მარტო მძიმე, თავგადადებული შრომა, უძილო ღამეები სჭირდებოდა, არამედ ჯან-ღონის და ნერვების ხარჯვაც. გაწამებული, დაღლილ-დაქანცული იონა მეუნარგიას შესჩიოდა: „რა ნერვები უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამისთანა სიცოცხლე აიტანოს, ნეტავი მაინც ოჯახობა არ მყავდეს აქ, არ ხედავდეს ჩემს გასაჭირს და ღელვას. რომ იცოდე, როცა შინ ვბრუნდები, რანაირად შემცქერიან თვალებში ჩემი შვილები და ცოლი - მწუხარეა თუ მხიარულიო, რამდენად ჩემზე უფრო მეტს განიცდიან ესენი, როცა საქმე ფერხობს თუ კოჭლობს. ხშირად, როცა შინ ვბრუნდები, უნდა მხიარული გამოხედულობა განგებ მივიღო, რომ ესენი არ დავაღონო. რამდენად უფრო ადვილი იყო ჩემი მდგომარეობა აქ, როცა არავინ მოწმეთ არ მესწრებოდა ტანჯვისა და გასაჭირისა“,

მაინც არ ისვენებდა. ახალ-ახალ გეგმებს აწყობდა. ახლა, ისიც ვნახოთ, რის გაკეთებასაც მომავალში აპირებდა.

„1. არხით შეერთება რიონისა პორტთან.

2. რკინიგზის საქონელზე ბაჟის დადება ქალაქის სასარგებლოდ.

3. საავადმყოფოს დაარსება.

4. ქალაქის საზოგადო ბანკის გახსნა.

5. სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსება.

6. სამასწავლებლო სემინარიის.

7. სამეურნეო და საოჯახო სკოლის.

8. გემების გამყვან-შემომყვან ბუქსირიანი ორთქლმავლის შეძენა.

9. პორტის შიდა აუზის შეერთება მდინარე კაპარჭინასთან, სუფსასთან და ხობის წყალთან არხების გაყვანით.

10. რიონის მომზადება შავი და აზოვის ზღვების გემების სადგომათ ზამთარში.

11. წყალვარდნილების ხმარება ელექტრონის საშოვრათ პორტის და ქალაქის სანათად და მანქანების საძრავათ.

12. მანქანების და მოტორიანი ნავების შეძენა მდინარეებზე და შენაკადებზე სახმარად.

13. გადასატან-გადმოსატანი რკინიგზების მოწყობა სილისა და მიწის საზიდავად ქალაქის დასაშრობათ.

14. ფოთის გარშემო ადგილების დაშრობა და ნაჭერ-ნაჭრათ გაყიდვა ფერმების გასამართავად.

15. კურორტის გამართვა ზღვასა და პალიასტომს შუა.

16. სახალხო სახლისა და თეატრის აშენება“.

თითქოს ყველაფერი დინჯად, ჩვეული კალაპოტით მიედინებოდა. არაფერი მოასწავებდა ავსა და უკეთურს. მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა. ოპოზიციური ძალები ირაზმებოდნენ და მომაკვდინებელი დარტყმისათვის ემზადებოდნენ.

1913 წლის 5 იანვარს გაზეთმა „იმერეთმა“ მოუწოდა ფოთელებს:

„... ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობამ თავის დრო მოჭამა და დღემ დი თუ ის ფოთისათვის საჭირო იყო, ამას იქით მავნებელი იქნება. და კიდევ ვიმეორებ, ფოთელებს ურჩევნიათ ნ. ნიკოლაძეს შესაფერი პენსია დაუნიშნონ, ოღონდ თავიდან მოიშორონ. რის გაკეთებაც შეეძლო გააკეთა, აწ კი იმ გზით აღარაფერი გაკეთდება; სხვა დროა და სხვა გზაა საჭირო. და პირიქით, ის გზა, რომელსაც ნ. ნიკოლაძე ადგა ფოთს დაღუპავს“.

ეს არ ყოფილა უმადურის კერძო გამოხდომა. იგი თურმე გარკვეული ნაწილის საერთო განწყობილებას გამოხატავდა. რა არ დასდეს ბრალად ნ. ნიკოლაძეს, სერიოზულიცა და აბსურდულიც. ნახევარკაპიკიანი გადასახადის შემოღებით, ფოთი ჭიათურის შავქვის მრეწველობას ძარცვავსო. ფოთის ქალაქის ხმოსნებს რატომღაც ჭიათურის ბედი უფრო „აწუხებდათ“, ვიდრე ფოთისა. ნახევარკაპიკიანი გადასახადი მარგანეცის მრეწველობას არც ეტყობოდა, არც ემჩნეოდა. ფოთს კი საგრძნობ შემოსავალს აძლევდა. ეს რატომღაც დაავიწყდათ თუ განგებ დაივიწყეს.

როცა გენერალმა ალიხანოვ-ავარსკიმ მთელი დასავლეთ საქართველო გადაბუგა-გადაწვა, მაშინ მხოლოდ ფოთი გადარჩა. ახლა გაუხსენეს და ამითაც დაამუნათეს - თუ კარგი კაცი იყავ და მთავრობას არ ემსახურებოდი, ფოთი დანგრევა-განადგურებას როგორ გადაურჩაო. ყველამ იცოდა, რაც მაშინ მოხდა. ნიკო ნიკოლაძე ფოთისკენ მიმავალ გამძვინვარებულ გენერალს გზაში შეეგება და შეაშინა: ფოთი უცხოეთშია დაზღვეული და, თუ დააქცევთ, მთელი ზარალის ანაზღაურება პირადად ხელმწიფე-იმპერატორს მოუწევსო. ალიხანოვ-ავარსკი დაფრთხა: მეფე არ დავაზარალო, საწყენი არ შევამთხვიო და ჯარი სხვა მიმართულებით შეაბრუნა. ის, რაც, ადრე დიდად კეთილ საქმედ და გონებამახვილობად ჩაუთვალეს, ახლა ნიკო ნიკოლაძის ავკაცობის დასამტკიცებლად გამოიყენეს.

არავის ყურს არ უგდებდა. მარტო თავისი გაჰქონდა. ჩვენ ყურ მოჭრილი ყმებივით ვემორჩილებოდითო. ვინც ამას ამბობდა, ისიც არ ესმოდა, რომ ამით თავის თავს უფრო აპამპულებდა, ვიდრე ნიკო ნიკოლაძეს აძაგებდა.

ნიკო ნიკოლაძეს აზრი გამოუთქვამს: ახლა მმართველობის საქმე ძალიან გართულდა. აუცილებელია მცოდნე სპეციალისტების - ინჟინრების, აგრონომების და სხვათა - ქალაქის სამმართველოში მოწვევაო. რატომღაც ამაში ხმოსანთა წინააღმდეგ მიმართული განზრახვა დაინახეს. აზრი არ გაიზიარეს. დაგმეს და უარყვეს.

დავა-ჩხუბი თანდათანობით გამწვავდა, დაიძაბა და დაიჭიმა. ნიკო ნიკოლაძე ქალაქის მერის თანამდებობიდან გადააყენეს და სამართალში მისცეს. ახლა არ იკითხავთ რატომ? ბრალდება წაუყენეს: როცა ფოთის ნავსადგურს აშენებდა, ბუნგე-პალაშკოვსკის ფირმისაგან ქრთამად 350.000 მანეთი აიღოო.

როცა ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქისთავად აირჩიეს, ნავსად გურის მშენებლობა დიდი ხნის დაწყებული იყო. ვისი პროექტით არ შენდებოდა - შავროვისო, ტიზენჰაუზენისო, ჟარინცოვისო, ფრილოვისო, ზეზემანისო, მაიერისო, - მაგრამ არაფერი გამოდიოდა. მშენებლობას საშველი არ ადგებოდა. ზღვა ფული იყრებოდა, მაგრამ ნავსადგური არა და არა, არ შენდებოდა. როგორც კი ნიკო ნიკოლაძე ქალაქის მერი გახდა, უპირველესად ნავსადგურის მშენებლობას მოჰკიდა ხელი. ახალი პროექტი მაშინდელ რუსეთში ცნობილმა ინჟინერმა ნიკოლოზ ვოზნესენსკიმ შეადგინა. მშენებლობა კი ბუნგე-პალაშკოვსკის ფირმას დაევალა. ის, რაც რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ვერ გაკეთდა, რამდენიმე წელიწადში აშენდა. ფოთს ახალი, კეთილმოწყობილი ნავსადგური გაუჩნდა. ადრე არავინ შეწუხებულა ნიკო ნიკოლაძისა და ბუნგე-პალაშკოვსკის ფირმის ურთიერთობით. რატომღაც ახლა, კრიზისულ ვითარებაში გაიხსენეს იგი. მოეჩვენათ: ნიკო ნიკოლაძემ ქრთამი აიღო, თორემ რაღა მაინცდამაინც ბუნგე-პალაშკოვსკის ფირმას მიეცაო ასაშენებლად ნავსადგური და არა რომელიმე სხვა ფირმას.

საქმის ძიება და წარმოება რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ამასობაში ფოთში უარესი და უარესი ამბები ხდებოდა.

1914 წლის 21 იანვარს ფოთის ქალაქის თვითმმართველობაში მომხდარმა ამბავმა მთელი იმდროინდელი პრესა ააყაყანა.

ქალაქის საბჭო ფოთში ელევატორის მშენებლობის საკითხს იხილავდა. იგი გერმანულ გეზელკირხენის ფირმას უნდა აეშენებინა. მშენებლობა ძვირი უჯდებოდათ. უმრავლესობა მოითხოვდა: გეზელკირხენის ფირმა ვაიძულოთ, ფასი დაგვიკლოსო. პასუხად ქალაქის ახალმა მერმა სოლომონ ჭოჭუამ თქვა - თუ ფოთი არ დაეთანხმება გეზელკირხენის ფირმას, მაშინ ნიკო ნიკოლაძე ელევატორს ბათუმში ააშენებინებს მათ და ჩვენ ცარიელ-ტარიელი დავრჩებითო. ამ განცხადებამ ხმოსნები გააოცა. ნიკო ნიკოლაძე მიხა ესაკიას ებრძვის და ჩვენ რა შუაში ვართო. მიხა ესაკია მოიჯარადრე იყო. იგი ადრე, როგორც მაქინატორი, ამხილეს. მაშინ ქალაქის სათათბირომ მას იჯარა ჩამოართვა. ამით გაბოროტებული მ. ესაკია აღარ ისვენებდა, ნიკო ნიკოლაძის წინააღმდეგ საჩივრებით აიკლო ყველა და ყველაფერი. მართალია, ახლა ნიკო ქალაქის მერი აღარ იყო, მაგრამ ხმოსნებმა ელევატორის მშენებლობის ბათუმში გადატანის საშიშროება რომ დაინახეს, ეს გადაყენებული ნიკო ნიკოლაძის შურისძიებად მიიჩნიეს. ქალაქის სათათბიროში შეიქნა ერთი ხმაური და აურზაური. ჭოჭუამ ხმოსნები ვერ დააშოშმინა. საქმე მთლად იმით წაახდინა, რომ განაცხადა - რასაც ვმოქმედებ, ან რასაც ვამბობ, სულ ნიკოლაძის ჩაგონებით არისო.

ამ ბრიყვულმა წამონაროშმა ხმოსნები სულ გადარია, წონასწორობა დააკარგვინა, ქალაქის რჩეულთ შეუფერებელი და უკადრისი რამ საქმე ჩაადენინა. ისინი ერთმანეთს მიესიენ და საშინელი ცემა-ტყეპა გაიმართა.

როცა ინციდენტი გახმაურდა და პრესა ალაპარაკდა, ხმოსნები სირცხვილში ჩაცვივდნენ. ყველაფერი ჭოჭუას უტაქტობას გადააბრალეს. ისიც გაიხსენეს, რომ ჭოჭუა ქალაქისთავად ნიკო ნიკოლაძის რეკომენდაციით აირჩიეს. ეჭვიც შეეპარათ. ნიკო ნიკოლაძემ ჭოჭუა იმიტომ ხომ არ აგვარჩევინა, რომ იონა მეუნარგია არ გამხდარიყოო ფოთის მერი. იმ პერიოდში ნიკო ნიკოლაძესა და იონა მეუნარგიას შორის დიდი შუღლი იყო ჩამოვარდნილი. ორმოცი წლის მეგობრები და ოცი წლის თანამშრომლები შეურიგებლად იყვნენ წაკიდებული. ეს შუღლი ისეთივე გულსატკენი, სამწუხარო და სავალალოა, როგორც ილიასა და ივანე მაჩაბლის დავა საბანკო საქმეთა გამო. აქაც სულმდაბალი, წვრილმანი, გულბოროტი ადამიანების წასისინებამ გადაჰკიდა ერთმანეთს ნიკო და იონა. მათ დავას იმჟამინდელ პრესაში ვრცელი ადგილი უჭირავს. ორივე გრძნობდა, რომ სხვათა ფეხის ხმას და წაქეზებას არ უნდა აჰყოლოდნენ, მაგრამ ადამიანი ადამიანია და ემოციების მართვას ყოველთვის ვერ ახერხებს.

„მოგეხსენებათ, პასუხისგებაში ვარ მიცემული. ამ გასაჭირში მშველელი არსად ჩანს, თორემ დამწიხვლელი, ბევრი მოგეცესთ, უთვალავია. ყოველ ჭინჭრაქას, ყოველ ლაწირაკს და ქვემძრომს შეუძლია მავნოს, თვალდახელშუა სიცრუის თქმითაც. შეშლილი უნდა იყოს ადამიანი, ასეთ მდგომარეობაში ამხანაგს მტრად რომ აქცევდეს?“ - წერდა ნიკო ნიკოლაძე გაზეთ „იმერეთში“ 1913 წლის პირველ თებერვალს.

ნიკო განსაკუთრებით იმით იყო გულნატკენი, რომ იონა მეუნარგიამ მას პრესაში ორპირი, თაღლითი და ბოროტი უწოდა.

უკვე აღარაფრის შეცვლა და გამოსწორება აღარ შეიძლებოდა. მხოლოდ სასამართლოს შეეძლო მტყუან-მართლის დადგენა. ნიკო ნიკოლაძის შებღალული სახელის ძველებური ღირსებით აღდგენა. მართალია, საზოგადოების უმთავრეს ნაწილს არ სჯეროდა ბრალდება, წაყენებული ნიკო ნიკოლაძის მიმართ, მაგრამ არც ისინი იყვნენ მცირე რაოდენობით, ვინც სიამოვნებით ხელს იფშვნეტდა, ავად ხითხითებდა, ამღვრეულ წყალში თევზს იჭერდა. შუღლის ისედაც აგიზგიზებულ ცეცხლზე ნავთს ასხამდა. მთელი გულისყური იქით იყო მიპყრობილი - როგორ დამთავრდებოდა სასამართლო პროცესი. სასამართლო ქუთაისში გაიმართა 1916 წლის მაისის ბოლოს. მისი ანგარიში სრულად გამოაქვეყნა გაზეთმა „ჩვენმა მეგობარმა“. 70-ე ნომრით დაწყებული 75-ეთი დამთავრდა.

როცა ამ მასალას გადაიკითხავთ, ნათლად დაინახავთ, რომ სასამართლო საქმე საგანგებოდ იყო მოწყობილი. მაგრამ იმის ამოცნობა კი ძნელია, ვის მიერ. რა ძალა იდგა ამ მზაკვრობის უკან.

რა თქმა უნდა, ნიკო ნიკოლაძეს ძირითადი ბრალდება არ დაუმტკიცდა, მაგრამ სასამართლომ მაინც სცნო იგი დამნაშავედ ოთხი ათასის საჩუქრად აღებაში. ამის გამო გამოიტანეს განაჩენი: ან რვა ათასი მანეთი გადაიხადოს ნიკო ნიკოლაძემ, ან ერთი წლის პატიმრობა მოიხადოსო.

ნიკო ნიკოლაძეს ეს სრულებით არ გაჰკვირვებია. კარგად ახსოვდა, რაც რამდენიმე წლით ადრე მოხდა. ქუთაისის საადგილმამულო ბანკში ოცდაათი წლის უმწიკვლო სამსახურის შემდეგ, თავმჯდომარე და დირექტორი, დავით ბაქრაძე და კირილე ლორთქიფანიძე, ორი 80-80 წლის მოხუცი, სამართალში მისცეს. ის კირილე ლორთქიფანიძე, რომელიც ხელფასის მხოლოდ ნახევარს იღებდა, მეორე ნახევარს კი ბანკს უტოვებდა, დამნაშავის სკამზე დასვეს. ორივეს საჯაროდ გაუყიდეს ადგილ-მამული, არა მარტო პირადი, არამედ და-ძმებისაც. სიბერემ უშველათ, თორემ ორივეს კატორღაში ამოხდებოდა სული. ამის მერე საკვირველი რა უნდა ყოფილიყო?

73 წლის ნიკო ნიკოლაძე რუსეთში წავიდა სამუშაოდ და საცხოვრებლად.

______________

1. ოფიციალური გაზეთის ყოფილი რედაქტორი, ყოფილი პროკურორი…

2. „… ამტკიცებდა, რომ მარგანეცს, მეტალურგიაში არა აქვს მტკიცე მოხმარება და სერიოზული მნიშვნელობა რომ, როგორც კი ქიმია მოძებნის ფოლადის გამოდნობის სხვა ხერხებს, მარგანეცის გამოყენება დავა უმნიშვნელო ოდენობამდე და ამიტომ არ შეიძლება სახელმწიფო სახსრების უგუნური ხარჯვა ესოდენ შემთხვევითი და უმნიშვნელო გატანაზე. ყველაფერი ეს შემოსილი იყო სამეცნიერო აქსიომის ფორმაში, რომელიც არ ექვემდებარებოდა არავითარ ეჭვს და მით უფრო დამაჯერებელი იყო სრულიად უმეცარი სამხედრო და სამოქალაქო გენერლებისათვის, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ ავსებდნენ მეფის რეჟიმის მინისტრთა კომიტეტს“.

3. „შავი ქვის მრეწველობის ინტერესებზე თავდასხმა, უსამართლო და არაფრით გამართლებული აქტი“.

9 ოთხი პრინციპი

▲back to top


ყველაფერში ახლის მოტრფიალე, დამცველი და მოქადაგე, მხოლოდ ერთ რამეში იყო ტრადიციონალისტი და კონსერვატორი - ეროვნულ საკითხში. ნიკო ნიკოლაძეს ურყევად სჯეროდა, რომ საქართველო უნდა დარჩენილიყო რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებში. რუსეთისაგან გამოყოფას არათუ მიზანშეწონილად არ თვლიდა, საქართველოსათვის საბედისწეროდაც მიაჩნდა (თუმცა 1918 წლის 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში მან არსებითი როლი შეასრულა). თუ ოდესმე, შორეულ მომავალში, საქართველო რუსეთს გამოეყოფოდა, მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მომხდარიყო ეს და იმპერიის მთავრობის თანხმობით.

1877 წელს, სანამ თურქეთთან ომი დაიწყებოდა, ნიკო ნიკოლაძემ ქართველ ხალხს მოწოდებით მიმართა.

„ყოველს ქართველს მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ ომის დროს მთელი ევროპის ყურადღება ჩვენ ქვეყანაზე იქნება მოქცეული. როგორც რუსეთის, აგრეთვე ევროპის თვალში, ჩვენი ხალხი უნდა გამოჩნდეს მხნე, პატიოსან და რაინდულ ხალხად, იმისთანად, რომელიც პატივისცემის ღირსია სამხედრო მამაცობისათვის, ხეირიანი განწყობილების ღირსია მოქალაქეობრივი პატიოსნების და წესიერების დაცვისათვის.

ერთი სიტყვით, ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი, სიკეთე და მომავალი ჩვენს საკუთარ საქციელზეა დამოკიდებული. ნუ შევარცხვენთ დღემდე პატივცემულ სახელს, ნუ გაურევთ ბრძოლაში ნურც ავაზაკობას, ნურც სიმხდალეს, ნუ ვეძიებთ პირად სარგებლობას, ნუ დავივიწყებთ ურთიერთ დახმარების საჭიროებას, ნუ დავიმალვით სოროში, მაშინ, ჩვენი გონიერი, წესიერი და პატიოსანი საქციელი მაღლა ასწევს საქართველოს სახელს და მტერსა და მოყვარეს დაანახვებს, რომ ჩვენი ხალხი სიყვარულის, პატივის ცემის, მორიდების და კეთილდღეობის ღირსია...“

იგი ამ მოწოდებას სიტყვასიტყვით გაიმეორებს 1914 წელს, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.

ეს საქციელი გასაგებია. ამ ომებთან ქართველობას აკავშირებდა თურქთაგან მითვისებული ისტორიული ქართული მიწაწყლის დაბრუნების ოცნება: 1877-78 წლებში - აჭარის, 1914 წელს - ლაზეთის. ეს ომები მართლაც იძლეოდა ამის იმედს. თუმცა აჭარის დაბრუნება ბევრად უფრო ადრე მოხდებოდა, რუსეთის არმიის გენერალიტეტის უმეცრება რომ არა. ამ უმეცრებას თვითონ ნიკოც დასცინოდა თავის სტატიებში.

1829 წელს დამარცხებული თურქეთი დათანხმდა საზღვარი მდინარე ჭოროხს გაჰყოლოდა. მთელი აჭარა რუსეთის იმპერიის საზღვარში შემოდიოდა. მაგრამ რუსმა გენერალმა, ვინც საზავო ხელშეკრულებას ადასტურებდა, ჭოროხი და ჩოლოქი ერთმანეთისაგან ვერ გაარჩია. საზღვარს მდინარე ჩოლოქის გასწვრივ დაყაბულდა. გაოცებულმა თურქმა ხმა გაკმიდა და სული განაბა: ხუმრობა ხომ არ იყო, სისხლით მოპოვებულ მიწა-წყალს, რუსი მელნით უკან აძლევდა. ასე აჩუქეს აჭარა კიდევ 50 წლით თურქეთს.

ქართველობა დარწმუნებული იყო, რომ 1878 წელს ძველი შეცდომა აღარ განმეორდებოდა. ომში აღტაცებული მიდიოდა. ახლანდელმა სარდალმა მიხეილ ლორის-მელიქოვმა კარგად იცოდა: რა ეკუთვნოდათ ქართველებს და რა სომხებს. არც ჭოროხი და არც ჩოლოქი ერეოდა ერთმანეთში. ნიკოც წავიდა მაშინ ომში, საფრანგეთის ჰავასის სააგენტოს კორესპონდენტად. ფრანგულ და რუსულ პრესას უამრავ მასალას აწვდიდა ფრონტიდან. ამჯერად დაღვრილ სისხლს ამაოდ არ ჩაუვლია. ქართული და სომხური ტერიტორიის დიდი ნაწილი დაუბრუნდა კანონიერ პატრონებს.

1914 წელს ახალი იმედი გაჩნდა. ქართველობამ ლაზეთს მიაპყრო თვალი. მართალია, 1914 წელს სხვანაირი ომი დაიწყო, მაგრამ ხომ შეიძლება ღმერთი მოწყალედ გიყურებდეს და ესეც მოგაგებინოს. არც ის იყო უკადრისი: თუ მამა-პაპეულის დასაბრუნებლად საკუთარი ღონე არ გყოფნიდა, სხვისი ძალა მოგეშველებინა. მით უფრო, რომ პეტერბურგი დაპირებული იყო, მაშინ, 1783 წელს, მაჰმადიანთა მიერ წართმეული მიწა-წყლის დაბრუნებაში დაგეხმარებითო. არც 74 წლის აკაკი წერეთელს და არც 71 წლის ნიკო ნიკოლაძეს საომრად წასვლა აღარ შეეძლოთ, მაგრამ ლაშქრად მიმავალ ახალგაზრდობას გზას ულოცავდნენ. რუსეთის ერთგულებისაკენ მოუწოდებდნენ. ომი თურქეთთან მიმდინარეობდა და აკაკი წერეთელი აღარ წერდა - „მხსნელს დახსნილი მიეგებე!.. ოი, ამას ვენაცვალე...“ („გურული ნანა“ ათი წლის წინათ დაწერა აკაკიმ, შორეული აღმოსავლეთის სოპკებზე იაპონელმა გენერალმა ოიამამ რუსეთის ჯარს კუდით ქვა რომ ასროლინა).

რუსეთის ერთგულების პოზიციას არა მარტო ამ კონკრეტულ ვითარებაში იცავდა ნიკო ნიკოლაძე, არამედ საერთოდ. იგი მხარს უჭერდა XVII-XVIII საუკუნეების ქართველ მეფეთა პოლიტიკას, რაკი მასაც სჯეროდა, რომ სხვა გზა ხსნისა არ არსებობდა.

„ქვეყნის პოლიტიკას - როგორც მის ბუნების ნამდვილ ძალებს - ადამიანის, ხალხის სურვილი კი არა, ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა სჭედს. პოლიტიკა ახალი მოდური შლიაპკა კი არაა, რომლის ცვლა ჩვენს ქეიფზე ჰკიდია, ისეთივე ტრადიციული, უცვლელი, მამა-პაპური განძია, როგორც ენა, ეროვნება, სარწმუნოება. სანამ შავი ზღვიდან გასავალი სრუტე ოსმალოს ხელშია, სანამ სამხრეთით ოსმალეთი და სპარსეთი გვაკრავს, აღმოსავლეთით - ლეკი და თათარი, ჩრდილოეთით - რუსი, ბევრი რომ ვიწრიალოთ, იმ პოლიტიკას ვერ ავცდებით, რომელიც აურჩევიათ საქართველოს უაღრეს გმირებს, ბევრი ცდის, ძებნის და მსხვერპლის შემდეგ. უკეთესი რომ შესაძლო ყოფილიყო, განა მათ დაემალებოდა? ჩვენზე ცოტად სწყუროდათ, ვითომ, დამოუკიდებლობა, საკუთარი გვირგვინი ჩვენზე ნაკლებ უყვარდათ? საძებნი გზა ჩვენსავით დახშული როდი ჰქონდათ, უფლებაც სისრულით ხელთ ეპყრათ, ვისთანაც უნდოდათ საქმე დაეკავებინათ, კავშირი შეეკრათ, ბრძანებისამებრ მთელი ქვეყანა მიმოვლეს მათმა ელჩებმა, სამეფო არსად დარჩენიათ, რომელთანაც მოლაპარაკება არ გაემართათ, დაახლოვება საქართველოს სახსნელად არ ეცადათ. სანამ საბოლოო გზას დაადგებოდნენ, სანამ გვირგვინს ერის არსებობას შესწირავდნენ, ყოველი საშუალება სინჯეს, ყოველი ღონისძიება იხმარეს; თვით სარწმუნოების შეცვლასაც შეჰპირდნენ რომის პაპს და ფრიდრიხ დიდს. უცრემლოდ ვერ გადაიკითხავს კაცი ამ სამი საუკუნის მეცადინეობის აღწერას მატიანეში. რაც ამდენს, ამისთანა თაობას აუგია, აუცილებლად უცვნიათ, იმას ერთი ჯგუფი, გინდ ერთი თაობა ვერ შესცვლის. სანამ ოსმალოს, ან სპარსეთის ადგილს რომელიმე სხვა რასსა ან მეფობა არ დაიჭერს, საქართველოსთვის არავითარი სხვა პოლიტიკა არ იარსებებს, იმის გარდა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ, იძულებით, საქართველოს უგონიერესი პატრონები: ალექსანდრე კახელი, ალექსანდრე იმერელი, ვახტანგ კანონმდები, თეიმურაზ მეორე, სოლომონ დიდი, დიდი ერეკლე. რა ძალამ და აუცილებლობამ ეს მდევები გასტეხა, ის ახლაც უცვლელად არსებობს, მას ვერც ჩვენ მოვერევით. როგორც უნაყოფოდ, უკვალოდ, უსახელოდ დაიღუპა ყოველი სახსარი, მათ დროს სხვას რამე მიზნისაკენ მიმართული, ისრევე წყალ-წაღებულია ყველა სხვა მეცადინეობაზე ნახმარი საშუალება. ბუნების წინააღმდეგ ყოველი ცდა ამაოა და სასტიკად ისჯება“.

ედავებოდა იგი ახალ თაობას 1913 წელს ქუთაისში გამოცემულ პაწია ბროშურაში „ჩემ პოლიტიკაზე“.

ეროვნული თავისუფლების თვალსაზრისით, ეს სტრიქონები აშკარად გულგატეხილი კაცის დაწერილია. წამოსცდა კიდეც ერთხელ: „მე დიდი იმედი არა მაქვს ჩვენი მამულის მომავლისა...“

სხვათა შორის, საქართველოს მომავლის მიმართ ნიკო ნიკოლაძის სევდიანი განწყობილება დავით კლდიაშვილსაც შეუნიშნავს. როცა აკაკი წერეთლის ცხედარს თბილისში მოვასვენებდითო, - გვიამბობს „სამანიშვილის დედინაცვლის“ ავტორი, - ვაგონში თავი მოიყარეს მაშინდელი ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. სჯა-ბაასი ჯერ ომს შეეხო, მერე საქართველოს ბედს. რას მოუტან და ქართველ ხალხს პირველ მსოფლიო ომში რუსეთის გამარჯვება ან დამარცხება. „ნიკო ნიკოლაძე გამოთქვამდაო ამ აზრს, - აგრძელებს მოყოლას დავითი, - რომ ჩვენი მდგომარეობა უნუგეშოა. ეს გაიმარჯვებს თუ ის, ჩვენ მაინც უყურადღებოდ ვიქნებით დატოვებული, რადგან ჩვენ არ გვაქვს არაფერი ისეთი, რომ ჩვენით დავაინტერესოთ რომელიმე მხარე და ჩვენი ლამაზი თვალებისათვის თავს არავინ გამოიდებსო“ („ჩემი ცხოვრების გზაზე“, 1964 წ., გვ. 191). ეს გულგატეხილობა და ის აქტიურობა-ენერგიულობა, რასაც იგი თეორიულ თუ პრაქტიკულ მოღვაწეობაში ავლენდა, ზერელე შეხედვით, შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს თითქმის შეურიგებელ წინააღმდეგობად, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სულში არსებობდა. თუ ჩვენი ქვეყნის მომავლისა არ სჯეროდა, რისთვის იბრძოდა ასე თავგამეტებული მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე? ამ კითხვას ვერ ვუპასუხებთ, თუ მოკლედ მაინც თვალი არ გადავავლეთ საზოგადოებრივი აზრის მოძრაობას მე-19 საუკუნეში.

სამწუხაროდ, მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიას ჩვენი მეცნიერება, არსებითად იმ მოდელით სწავლობს, რითაც იმავე ეპოქის რუსული საზოგადოებრივი აზრის განვითარება შეისწავლება. ეს არა მარტო შეცდომაა, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში, განგებ დამახინჯებაც, მართალია, იმპერიის საზღვრებში რუსეთი და საქართველო ერთიანი სოციალ-პოლიტიკური და სული ერი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მათი ოცნება, ფიქრი და მისწრაფება ძირეულად განსხვავებული იყო. ანდა, ერთნაირი როგორ იქნებოდა: საქართველო დაჩაგრულ-დამონებული ქვეყანა იყო, ხოლო რუსეთი - მბრძანებელი, გამარჯვებული და გალაღებული!.. განა ბატონი და ყმა ერთნაირი ოცნებითა და იმედით ცხოვრობს? თუ სოციალურ პრობლემათა თვალსაზრისით, რუსი და ქართველი მოღვაწეების შეხედულება დასაშვებია ზოგჯერ ერთმანეთს დამთხვეოდა, ეროვნული კუთხით, ნაკლებმოსალოდნელია მათ რაიმე მსგავსი და საერთო ჰქონოდათ.

მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე, რუსეთის სოციალური და პოლიტიკური ფერისცვალების მომხრე და მოსურნე იყო ყველა რუსი მოაზროვნე, აშკარა მონარქისტებიც კი. ამის დასტურია ალექსანდრე მეორის რეფორმები. მაგრამ თითქმის არც ერთ მათგანს არ უფიქრია რუსეთის იმპერიის მთლიანობის დარღვევა (პირიქით, დეკაბრისტების «Русская правда, или заповедная государтсвенная грамота» იმპერიის ურღვევობას იცავდა და არარუსების დაუყოვნებლივ გარუსებას ითხოვდა). არ გამოუთქვამთ სურვილი არარუს ხალხთა განთავისუფლებისა და მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი არსებობის უფლების მინიჭებისა (თუ არ ვცდები, იშვიათი გამონაკლისია ანდრია ჟელიაბოვის დაპირება: «Народы, насильтсвенно присоединенные к русскому царству, вольны отделиться или остаться в Общерусском союзе». „რუსულ სამეფოს ძალით მიერთებულ ხალხებს უფლება აქვთ გამოეყონ ან დარჩნენ საერთორუსულ კავშირში“). ეროვნული თვალსაზრისით, რუსული საზოგადოებრივი აზრის ამგვარ შეზღუდულობას (საშიშროებას-მეთქი, რომ არ ვთქვა), შეუძლებელია, აშკარად ან მალულად, არ დაეფიქრებინა ქართველი მოაზროვნეები. არ გამოეწვია მათში შიში. ამ შიშით გამოწვეული მერყეობა და ორჭოფობა სულ იგრძნობოდა მე-19 საუკუნის ქართულ აზროვნებაში.

თუ ერთი მხრივ, ალექსანდრე ჭავჭავაძეს უხარია - „განიხსნა გზა და ეშვათ ივერიელთ სასოება, რომე მუნით შევიდეს მათ შორის განათლება“, მეორე მხრივ, ჩივის - „მე ამას ვჰსტირი განაწირი, ვაჰ თუ ვესწრა ვერ!.. თვარადა ჟამი, გულთ მაამი, კვლავცა იქნების...“ რა გულთ მაამ ჟამზე ოცნებობს პოეტი და გენერალი? მარტო პირად თავისუფლებას არ გულისხმობს ალ. ჭავჭავაძე. ქვეყნის, ერის თავისუფლებასაც ნატრობს. ასე რომ არ იყოს, არც ამას იტყოდა

- „მზაკვარს ხმლით გავუსწორდებით, ქართლს მივსცემთ შვება-ლხენასა!“

ნიკოლოზ პირველის ხოტბით დაწყებულ „სადღეგრძელოს“ გრიგოლ ორბელიანი ამთავრებს - „ან, ეს რაცა ვჰსთქვი, რადა ვჰსთქვი, თუ რაც მინდოდა ვერა ვჰსთქვი?“ რას დარდობს იგი, რა ვერ თქვა? ვერ თქვა სანუკვარი - საქართველოს თავისუფლება.

მძლავრად ებრძვის ერთმანეთს მოჩვენებითი კმაყოფილება და ალალი ოცნება-ფიქრი. ეს საოცარი სიცხადით გამოხატა ნიკოლოზ ბარათაშვილმა.

„თაყვანს ვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!
გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?
აჰა, აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი
და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი...“

თუ ამ სტრიქონებში ვერ დავინახეთ მწარე ირონია, გულდაწყვეტილობა, სევდა, გამოწვეული XVII-XVIII საუკუნეების ქართველი მეფეების პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგით, მაშინ ჩვენ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ პოეტსა და მოაზროვნეს თვითნებურად მივაწერთ უბოროტეს აზრს - საქართველოს თავისუფლების დაკარგვით გახარებას. ნ. ბარათაშვილის პოეზიაში არსებობს სრული, შეუზღუდავი, უნივერსალური თავისუფლება. ეს თავისუფლება, ბუნებრივია, ეროვნულსაც გულისხმობს. სხვაგვარად წარმოუდგენელია. ამიტომ ზემორე მოხმობილი სტრიქონები მხოლოდ ირონიაა. სხვანაირად მისი წაკითხვა შეცდომაც არის და ნ. ბარათაშვილის დამცირება- დაკნინებაც.

საერთოდ, ქართველ საზოგადოებას, და კერძოდ ალ. ჭავჭავაძეს, გრ. ორბელიანს, ნ. ბარათაშვილს, დაუჯერებელია არ ხსომებოდათ სოლომონ დოდაშვილის პროკლამაციის მდუღარე სტრიქონები!

„ქვეყნის დასაბამითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისი სჯულნი... თავისი ჩვეულება და... არა სოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არც მონა, ვითარცა აწ არს მამული ესე ჩვენი!..

ნუ უკვე ჩვენ არ ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთანი? ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა? ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესოდენი, რაოდენიცა ჩვენს მამათა?

მაშ რაისათვის ცოცხალვართ!“

მაგრამ პავლე ციციანოვის გაფრთხილება-რჩევაც არ ჰქონდათ დავიწყებული. ალექსანდრე ფრონელის სიტყვით, 1804 წლის მთიულეთის აჯანყების დროს, პ. ციციანოვს შეუკრებია ქართველი თავადაზნაურობა და ჭკუა დაურიგებია - ნუ ოცნებობთ ტყუილად, ვითომ რუსები საქართველოში დროებით არიან და მალე წავლენო. რუსები, რაკი რომელსამე ქვეყანას თავისს გუბერნიად დაჰსახავენ, ფეხს თავის დღეში აღარ მოიცვლიან იქიდანო (ალ. ფრონელი - „მთიულეთი“, 1804 წ., 1896 წ., გვ. 29). თქვენ მათი მომრევი არ ხართ. ამიტომ ამბოხებას თავი დაანებეთ, შინ მშვიდად ისხედით და ის ჩინ-მენდლები მოხვეჭეთ, რასაც გიბოძებენო.

შიში არც მომდევნო სამოციანელთა თაობას გაქრობია (თუმცა ეროვნული პოლიტიკა მით უფრო მკაფიოდ და ნათლად შეიმუშავეს).

ძველი მუშა-რევოლუციონერი მიხა ჩოდრიშვილი გვიყვება („ჩემი თავგადასავალი“, 1927 წ., გვ. 91-93):

ქართველ ხალხოსნებს პროკლამაცია დაუწერიათ. მისი შინაარსი მ. ჩოდრიშვილს ასე დამახსოვრებია: რუსეთისა და საქართველოს მეფეებს შორის დადებული ხელშეკრულების ძალით, საქართველოს უნდა მიეცეს მისი ისტორიული ტერიტორია, რომელსაც უნდა განაგებდეს ქართველი ერი დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ვასო რცხილაძეს მ. ჩოდრიშვილისათვის დაუვალებია - ეს პროკლამაციები ილია ჭავჭავაძეს მიუტანეო. თან ბარათიც გაუტანებია ილიასთან. პროკლამაციაც და ბარათიც მიხას ილიასთვის გადაუცია. წერილს რომ კითხულობდა, ილიას სახე შეჭმუხვნია და მრისხანე გახდომია. სასწრაფოდ საპასუხო ბარათი დაუწერია და რცხილაძისათვის გაუგზავნია. გზაში მიხას სულმა წასძლია... კონვერტი გახსნა და ის წერილი წაიკითხა. მ. ჩოდრიშვილის ნაამბობით, ბარათში თურმე ეწერა:

„ვასო, ეხლავე დაუყოვნებლივ შემოდი ჩემთან; ამასთანავე უნდა გითხრა, რომ მეტად ცუდ საქმეს ჩადიხართ, უნდა იცოდეთ - რას შვრებით და ვისთან გაქვთ საქმე. ამნაირ ფურცლებით საქართველოს მთლად დაღუპავთ, არამც და არამც არ გაავრცელოთ ეს ფურცლები. ან კი როგორ ანდობთ ვიღაც უბრალო მუშას ამისთანა დიდ და სერიოზულ საქმეს. გიმეორებთ, თქვენ ასე დაღუპავთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხსაც. არა, ერთი მითხარით, მაშინ რას ეტყოდით ქვეყანას, რომ ეგ ფურცლები მთავრობის კაცებს ჩაუვარდეთ ხელში, მაშინ საქართველოს ხომ მთლად თავის სამშობლოდან გადაასახლებენ რუსეთში და აქ კი ნაცვლად რუსებს ჩამოასახლებენ (ხაზი ჩემია - ა. ბ.). ამას თქვენ ანგარიშს არ უწევთ“.

ვ. რცხილაძეს და მის მეგობრებს ილიას შეშფოთება და საყვედური ყურად უღიათ. პროკლამაციები აღარ გაუვრცელებიათ.

ასეთსავე შიშსა და შეშფოთებას გამოთქვამდა გიორგი წერეთელიც 1894 წლის მარტში, ეგნატე ნინოშვილისადმი მიწერილ ბარათში.

„თუ ჩვენ ჩვენს პოლიტიკურად დაჩაგრულ გარემოებას არ მივაქციეთ ყურადღება და ვიყვირეთ საქართველოს და რუსეთს შუა საზღვარი არ უნდა იყოსო, ქართველი და რუსი ერთიაო, ამით ძალმომრეობაზე დამდგარი რუსეთი ისარგებლებს და გვეტყვიან, როგორც ახლა კიდეც გვეუბნებიან: თქვენ ადექით და ციმბირში გადასახლდით, იქ ბევრი ადგილებია და ფართოდ, გაშლილად იცხოვრებთო, რას აკვდებით მაგ საქართველოს, ხრიოკ ადგილებს, როცა თქვენ სამ დესეტინაზე მეტი არ მოგდითო. სოციალური პრინციპი მოითხოვს, რომ ყველას თანასწორი ადგილ-მამული მიეცეს. მაშასადამე, თქვენ მანდედან აიყარეთ და ციმბირში გაფართოვდით, თქვენ მაგიერათ გადმოვიყვანთ და დავასახლებთ მანდ ველიკორუსის ხალხს, გაფართოებულად და მაშინ ყველანი ბედნიერად იცხოვრებთ, რადგანაც ყველას თანაბარი საკმაო ადგილ-მამული გექნებათ განაწილებული; რას მიქვია ეროვნება, რა საჭიროა ქართველობა, თქვენ რუსები ხართ, ჩვენც რუსები, მხოლოდ თანასწორად გავინაწილოთ ადგილ-მამული. ასე რომ, იმ სოციალურ პრინციპს რომ გავყვეთ, როგორც თქვენ ბრძანებთ, რუსები ჩვენ ადგილ-მამულს დაგვატოვებინებენ და თვითონ მოკალათდებიან ზედ...“

(ეს წერილი 1926 წელს „მნათობშია“ გამოქვეყნებული, 8-9 ნომრის 252-ე გვერდზე).

ამ შიშს ნიკო ნიკოლაძეც არანაკლებ განიცდიდა. 1865 წელს, 22 წლის ჭაბუკი, წერდა „კოლოკოლში“: „...ეროვნულ მისწრაფებათა გადაჭარბებას შეუძლია მიიყვანოს საქართველო იმ სასაკლაოზე, სადაც ამას წინათ ტყავი გააძრეს პოლონეთს და სადაც მთლად სისხლი გამოსწოვეს ჩერქეზებს“. ეს სიფრთხილე 1913 წელსაც გამოამჟღავნა, როცა ყმაწვილკაცობაში „კოლოკოლში“ დასტამბული სტრიქონები გაიმეორა და თან დასძინა - „დიდი სამეფოების მჭედელი პაწია ერს განა უშველის?“

რა თქმა უნდა, რუსულ საზოგადოებრივ აზრს მწარე ეროვნული ფიქრი არ აწუხებდა. არც რუსი ხალხის ნაციონალურ არსებობას ემუქრებოდა ვინმე ან რაიმე. ის ცხარე კამათიც კარგა ხნის მიყუჩებული იყო, ზაპადნიკებსა და სლავიანოფილებს შორის რომ ბობოქრობდა. თუმცა ცოცხალიც რომ ყოფილიყო, რას აძლევდა ქართველს? არაფერს. ამ პაექრობაში რუს მოაზროვნეთა ერთი ნაწილი იმას დარდობდა, მეტისმეტად არ დავემსგავსო ევროპელს და ეროვნული სახე არ შემელახოსო. მეორე ნაწილს ესეც არ აშინებდა: რუსეთი რუსეთად დარჩება ყველა გარემოებაში, ოღონდ ევროპულ კულტურას აითვისებს და კიდევ უფრო დიადი გახდებაო. ქართველს წინ კი საერთოდ ყოფნა-არყოფნის პრობლემა ედგა. როგორმე თავი უნდა ეხსნა, ყველა გრძნობდა და ხედავდა, რომ საქართველოს ეს მარტო არ შეეძლო. თავდახსნა შეიძლებოდა მხოლოდ კავკასიის ხალხებთან ერთად. აუცილებელი იყო ერთიანობა, მაგრამ როგორ? ენით, სარწმუნოებით, ისტორიული ყოფა-ცხოვრებით განსხვავებული ხალხები რა გზით, რა ხერხით, რა საშუალებით, რა იდეით უნდა შეკავშირებულიყვნენ? მით უმეტეს, რომ მტერი მათ დაქსაქსულობას ოსტატურად იყენებდა, როგორც კი საჭიროებას დაინახავდა, ერთმანეთს მიუქსევდა. ერთიანობას, ერთი მიზნით შეკავშირებას ვერც ილიას პოეტური ოცნება შექმნიდა - „ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს, კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!“ - და ვერც გიორგი წერეთლის გულისტკივილი - „ქართველ-სომეხთა შორის ეროვნული ბრძოლის ატეხა მე მიმაჩნია ჩვენი ერის მავნებლათ, ნიშნათ განუვითარებლობისა, განუჭვრეტობისა...“ ვერც ნიკო ნიკოლაძესა და კონსტანტინე ბებუთოვს შორის დადებული პირობა - ერთად ეშრომათ საერთო-კავკასიური დროშის ქვეშ - შველოდა საქმეს. საერთო-კავკასიური მოქმედების პროგრამა ვერ გამომუშავდა. ერთიანი მოქმედება კი არა, ზოგჯერ ისეთ უბრალო და წვრილმან საკითხთა გამო ატყდებოდა დავიდარაბა, რომ ჭირისუფალს გული უკვდებოდა. მტერი კი ხარობდა. ისედაც გათიშულები, სულ მთლად ცალცალკევდებოდნენ. ყველა თავის სამრეკლოდან რეკავდა და მეორის ხმის გაგონება არ უნდოდა.

თავდაპირველად ნიკო ნიკოლაძეს ერთიანობის მეტი იმედი ჰქონდა. ქართველთა შორის მაინც.

„განა ამ სტრიქონების დამწერი ყველაფერში ეთანხმება, მაგალითად, გ. წერეთელს, ილ. ჭავჭავაძეს, აკ. წერეთელს ან ს. მესხს? ან, განა ესენი ყველაფერში ეთანხმებიან იმას? არა, ზოგიერთ საქმეში, ზოგიერთ კითხვებზე ჩვენ სხვა და სხვა აზრისა ვართ. მაგრამ ჩვენ საზოგადო მიზანი ყველას ერთი და იგივე გვაქვს და უნდა გვქონდეს. ამ საზოგადო მიზანს ჩვენ ყველანი, ჩვენი ძალისა და ცოდნის მიხედვით, ერთგულად ვემსახურებით, და თუ წვრილმან აზრებში, წვრილმან საგნებზე, ან შემთხვევებზე, ერთმანეთის პატივისცემის შეწყვეტის ნებას არ გვაძლევს და ერთმანეთში ბრძოლას როდი გვაწევინებს. ასეა ყოველგან, ყოველ შრომაში. უამისოდ შრომა და ერთად საქმის წაყვანა შეუძლებელია“.

ამას ახალგაზრდობაში წერდა, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში. მერეც ადასტურებდა, 1915 წელს, რომანოზ ხომლელისადმი მიწერილ ბარათში.

„რასაკვირველია, ჩინებულათ მესმოდა, რა დიდი განსხვავება არსებობდა ილიას, აკაკის, მესხის, გიორგი წერეთლის და ჩემს მიმართულებებს შუა; რო ბევრში მათი აზრი ჩემის წინააღმდეგი იყო; მარა ნათლად იმას ვგრძნობდი, რო ჩვენს სიცოცხლეში, ჩვენს მამულში ვერ მოვესწრებოდით ისეთი ხანის დადგომას, როცა ჩვენი აზრების წინააღმდეგობა ჩვენს შორის რეალური ბრძოლის ატეხვას გამოიხმობს. წინააღმდეგობა იყო მაშინ მარტო ნატვრის სხვა და სხვა ფერობაში. სადავო გვქონდა მარტო ის საკითხი: თუ რომელი ნატვრა სჯობია - ილიასი, აკაკის, გიორგი წერეთლის, სერგეი მესხის თუ ჩემი? სანატრელი ყველას სხვა და სხვა ნაირი გვქონდა. მარა, რაკი არც ერთის ჩვენგანის ნატვრა ჩვენს სიცოცხლეში არ განხორციელდებოდა, ვფიქრობდი - დაე, ყველამ, რაც უნდა, ის ინატროს. ნამდვილ ცხოვრებაში კი, საქმიანობაში, ისეთ საგნებში, რომლის განხორციელება ჩვენს სიცოცხლეში მოსალოდნელია, ყველა, რასაკვირველია, ერთი და იმავე აზრისა და გრძნობის ვიყავით“. მართალია, საერთო, საზოგადო მიზნებისათვის ბრძოლა არც ერთ მათგანს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია, მაგრამ მათ საქმიანობას ერთიანი, განუყოფელი, მტკიცე ორგანიზაციული ხასიათი და სახე არ მიუღია, არ ჩამოყალიბებულა პარტიად, ორგანიზაციად. ამას თვითონ ნიკო ნიკოლაძეც აღნიშნავდა.

„... ნელ-ნელა როცა თეორიულ მოსაზრებას წაეხახუნა ნამდვილი ინტერესების წინააღმდეგობა, ისე ადვილი როდიღა შეიქმნა ამ უკანასკნელების (კავკასიის ხალხთა - ა. ბ.) შეთანხმება, ჩემ დროშას (ერთობისა და თვითმმართველობის დროშას - ა. ბ.) ყველაზე უწინ 1877-ში ქართველები გაექცნენ. მათ მალე სომხობა გაჰყვა; ათიოდე წლის განმავლობაში ეს ორი განს გამდგარი ამხანაგი ერთმანეთში მაინც არ დაობდნენ. 1890-ში მათ შორისაც, როგორც მოგეხსენებათ, ატყდა მწვავე ბრძოლა. სამი თუ ოთხი წლის შემდეგ გაიმართა თვით ქართველობაშიც შინაური ომი ეგრედ წოდებული

„მესამე დასის“ თაოსნობით. მუშა წინააღუდგა პატრონს, გლეხი - აზნაურს, მრევლი - მღვდელს და სხვ. თუ ამ რიგად აირია მონასტერი კავკასიის მოწინავე ერებში, ქართველობაში და სომხობაში, რაღა საკითხავია - თათრები და ლეკები რა გზას დაადგებოდნენ“.

ორგანიზაციის ჩამოუყალიბებლობას იაკობ გოგებაშვილიც უჩიოდა. ეს სამოციანელების მოღვაწეობის სისუსტედ მიაჩნდა.

„...მართალია, ვერ შევქმენით მესამოცეებმა ორგანიზაცია და ეს იყო სუსტი მხარე ჩვენი მოქმედებისა, მაგრამ ვერც ჩვენმა ულმობელმა კრიტიკოსებმა ისახელეს ამ მხრივ თავი. მათაც არავითარი რეალური მოქმედი ორგანიზაცია არ შეუქმნიათ. მხოლოდ სოციალ-დემოკრატებმა დააარსეს და გაჩარხეს ძლიერი ორგანიზაცია და აკი კიდევაც გაჰყავდათ და გაჰყავთ თავისი...“ („რჩეული პედაგოგიური თხზულებანი“, 1977 წ., გვ. 130).

ასეა, თავისი რომ გაიყვანო, აუცილებელია ძლიერი, მტკიცედ შეკრულ-შეკავშირებული ორგანიზაცია, პარტია, რომელსაც შინაგანი წინააღმდეგობა არ ღრღნის და ასუსტებს. ძლიერი ორგანიზაცია ვერც თერგდალეულთა მომდევნო ხალხოსანთა თაობამ შექმნა. საერთოდ ხალხოსნობა, და კერძოდ ქართული, ნიკო ნიკოლაძეს უკავშირდება, მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რაც ჩვენს ისტორიულ მეცნიერებაშია გამოთქმული: „თუკი მაინცდამაინც გვინდა, რომ სამოციანელთა შორის ხალხოსნობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ფიგურა ვიპოვოთ, ცხადია, ასეთად პირველ რიგში ნ. ნიკოლაძე უნდა მივიჩნიოთ“. ნ. ნიკოლაძე ხალხოსნებთან ახლოს პირადი ნაცნობობით იდგა და არა შეხედულებებით. ამ კუთხით მათ შორის ძირეული სხვაობაა.

ცნობილია, რომ რუსული ხალხოსნობა თემური, ანუ გლეხური, სოციალიზმისათვის მებრძოლი რაზმი იყო. ქადაგებდა კი ოდესმე ნ. ნიკოლაძე თემურ სოციალიზმს, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს? რა თქმა უნდა, არა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრიქონები მისი დაწერილია: „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილების ერთადერთ ფორმას, რომელსაც შეუძლია ნამდვილი სარგებლობა მოუტანოს საქართველოს, წარმოადგენს მიწისა და ყოველგვარი სხვა საკუთრების სათემო განაწილება, აგრეთვე ხალხის შრომისა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობის სათემო ორგანიზაცია“. თავი დავანებოთ იმას, რომ ამას სრულიად ყმაწვილი კაცი წერდა, ვინც ჯერ ღრმად არ იყო ჩახედული არც სოციალიზმის თეორიაში და არც საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ცალკეული გამონათქვამებით მაინც არ შეიძლება მწყობრი წარმოდგენა ვიქონიოთ ამა თუ იმ მოაზროვნის შეხედულებაზე და მრწამსზე. საჭიროა არსის ამოცნობა. ამ მიზნით დავაკვირდეთ შემდეგს:

1947 წლის მარტში დაბეჭდილ კრებულში - „მერანი“- გამოქვეყნებულია ქართველი ესერის (სოციალ-რევოლუციონერის) იოსებ გობეჩიას მოგონებანი. იგი წერს: ხალხოსნური, ანუ სოციალ-რევოლუციური მოძრაობა, ფილოსოფიური თვალსაზრისით, ეყრდნობოდაო დებულებას - რეს ცუმ იდეამ (საგანი და იდეა ერთდროულად), - რაც მახისა და ავენარიუსის ემპირიოკრიტიციზმის ძირითადი არსია. არ იზიარებდაო არც იდეალისტურ რეს პოსტ იდეამ (საგანი იდეის შემდეგ) და არც მატერიალისტურ რეს ანტე იდეამ (საგანი იდეის წინ). რამდენჯერაც უნდა წაიკითხოთ ნ. ნიკოლაძის ნაწერები, ვერსად ნახავთ აზრს, რომელიც შეიძლება მივამსგავსოთ რეს ცუმ იდეამ-ს. ამგვარი დებულების განმეორებაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია და ზედმეტი.

როგორიც უნდა იყოს სოციალიზმი (და მოგეხსენებათ, იგი მრავალნაირია), ყველას ოთხი უარყოფა ახასიათებს.

... კერძო საკუთრების, რელიგიის, ოჯახის,

საზოგადოების წოდებრივ-კლასობრივად დაყოფის.

თეორიულად ყველა ჯურის სოციალიზმი ითხოვს ამას, მაგრამ პრაქტიკულად ზოგიერთის განხორციელება არ ხერხდება. მაგალითად, შეუძლებელი აღმოჩნდა ოჯახის უარყოფა. თუმცა ოჯახის უარყოფის აუცილებლობაზე ოქტომბრის რევოლუციის შემდეგაც ბევრი იწერებოდა. მრავალთაგან საბუთად მხოლოდ ორ წიგნს დავასახელებ: ალექსანდრა კოლონტაი - «Новая мораль и рабочий класс» - და კრებული «Семья и быт». როცა აშკარა და ცხადი გახდა, რომ ოჯახის უარყოფა ბიოლოგიურად დაუშვებელია და სრული უაზრობაა, შეწყდა ლაპარაკი. ასეა: თეორია სხვაა, პრაქტიკა - სხვა. ხშირად შუა უდევთ დიდი მზღვარი.

ვისაც ენიაზება, ადგეს და სტრიქონ-სტრიქონ გადაიკითხოს ნიკო ნიკოლაძის ნაწერები. იგი ვერსად მიაგნებს ვერც კერძო საკუთრების, ვერც რელიგიის, ვერც ოჯახის და საზოგადოების წოდებრივ-კლასობრივად დაყოფის უარყოფას. ჩემი ფიქრით, სოციალისტად ვერ ჩავთვლით იმ მოაზროვნეს, რომელიც ოთხი უარყოფიდან არ იზიარებს თუნდაც ერთს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ოთხ უარყოფას ვერ შეხვდებით ვერც ერთი ქართველი მესამოციანელის (სულერთია, ილია იქნება იგი თუ აკაკი, გიორგი წერეთელი თუ იაკობ გოგებაშვილი) თეორიულ ნააზრევში. როგორც იმ დროის უგანათლებულესი ადამიანები, ცხადია, სოციალიზმის თეორიას იცნობენ, მაგრამ მისი აღმსარებლები არ არიან. ნუთუ ამის საბუთად არ კმარა ის გააფთრებული დავა-პაექრობა, რასაც ილიას წინააღმდეგ ეწეოდნენ სოციალ-დემოკრატები ან ნიკო ნიკოლაძის წინააღმდეგ სოციალ-ფედერალისტები? სოციალ-დემოკრატებმაც და სოციალ-ფედერალისტებმაც ჩინებულად იცოდნენ - რატომ კამათობდნენ და რა მიზნით.

ეს ფაქტი ცნობილია, მაგრამ მაინც მოგაგონებთ. ჟურნალ „დროშაში“ (1934 წ., №14-15) გამოქვეყნებული წერილით სიმონ ხუნდაძე გვაუწყებს, რა უთქვამს მასთან საუბარში ნიკო ნიკოლაძეს.

„კაპიტალს“ იგი (ნიკო ნიკოლაძე - ა. ბ.) პირველად გასცნობია რუსული თარგმანის კორექტურაში 1869 წ. ჩემს შენიშვნაზე გან მეორებით და ხაზგასმით აღნიშნა - ბეჭდვა ბევრად ადრე დაიწყო და მხოლოდ მოგვიანებით 1872 წელს გამოვიდაო. პირველად გაგება გასჭირვებია, როდესაც ფრანგულ თარგმანში გაეცნო ხელმეორედ „კაპიტალს“, იგი დარწმუნებულა, რომ მარქსის აზრები საქართველოსათვის ვერ გამოდგებოდა (ხაზი ჩემია - ა. ბ.).

განა რაიმე საბუთი ან უფლება გვაქვს, არ ვენდოთ ს. ხუნდაძეს? ვფიქრობ, რომ არა. იმასაც თუ გავიხსენებთ, როდის ითქვა ეს და როდის დაიბეჭდა, მაშინ კიდევ უფრო მეტად უნდა ვერწმუნოთ ს. ხუნდაძის ნაამბობს. იმხანად ამგვარი სიტყვები, როგორც მთქმელისათვის, ისე გამგონისათვის, იოლად შეიძლებოდა საბედისწერო გამხდარიყო. მაგრამ არც ნიკო ნიკოლაძეს დაუმალავს თავისი აზრი და არც ს. ხუნდაძეს მიუჩქმალავს იგი.

უარყოფითად უყურებდა ნიკო ნიკოლაძე რუსი ხალხოსნების საქმიანობასაც.

რუსულ ხალხოსნურ მოძრაობას, როგორც კარგად იცით, ძირითადად სამი მიმართულება ჰქონდა - ბაკუნიზმი, ლავრიზმი, ტკაჩოვიზმი. თუ მართალს ვიტყვით, ნ. ნიკოლაძეს არ სჯეროდა, არ სწამდა არც ერთის - არც ბაკუნინის, არც ლავროვის, არც ტკაჩოვის (შედარებით სიმპათიურად იყო იგი განწყობილი ნ. მიხაილოვსკისადმი. მაგრამ ეს სიმპათია ეკუთვნოდა უფრო ნ. მიხაილოვსკ-ადამიანს, ვიდრე ნ. მიხაილოვსკ-მოაზროვნეს). თუ არ დაიზარებთ და შეამოწმებთ, პროკოფი რატიანის „რჩეული ნაწერების“ მესამე ტომში, 401-403-ე გვერდებზე ნახავთ ნიკო ნიკოლაძის ბარათს, მიწერილს ცოლისადმი 1875 წელს. ეს წერილი სწორედ იმით არის მეტად საყურადღებო, რომ იგი არავითარ ეჭვს აღარ ტოვებს და საბოლოოდ ნათელს ჰფენს ნ. ნიკოლაძის დამოკიდებულებას ხალხოსნური მოძრაობისადმი.

ახლა რამდენიმე წუთით მე-19 საუკუნის 70-იან წლებში გადავსახლდეთ და ნ. ნიკოლაძეს დავუგდოთ ყური:

„ლავროვი ისეთი კაცია, რომელიც მე გადაჭრით არ მომწონს. მან მთელი თავისი ცხოვრება გერმანულ ფილოსოფიაზე ფიქრით გაატარა. მისი ტვინი ჰეგელის სკოლის გავლენით არის ჩამოყალიბებული, მაგრამ იგი არასოდეს არ წასულა ამ სკოლის მარცხენა ფრთაზე. ის შეჩერდა ბრუნო ბაუერისა და კომპ. მოძღვრების საზღვართან, ისე რომ ფოიერბახამდეც კი არ მისულა. ამ ადგილზე იგი გაანადგურეს ჩერნიშევსკიმ და ანტონოვიჩმა.

და უეცრად ეს კაცი, რომელიც გონებრივად და რწმენით დიდი ხნის ჩამოყალიბებული იყო, ცხადდება საზღვარგარეთ და გადაეშვება ფრაზიორების წრეში; ამ ფრაზიორების ერთადერთი გონებრივი საზრდო იმ სკოლის ფრაზების უაზრო ღეჭვაა, რომელსაც ჩერნიშევსკი და კომპ. ეკუთვნოდნენ. ხვდება რა ამ წრეში, იგი ტოვებს თავის „კვლევის მეთოდებს“, თავის „აზროვნების საბოლოო მიზნებზე“, „შეცნობადსა და შეუცნობადობაზე“ და იწყებს ყბედობას თუთიყუშის ფრაზებით, მოჩვენებითი პათოსითა და ნასესხები ლირიზმით. ეს არც ლამაზია და უძლურებაცაა. იგი, როგორც ჩანს, ბაკუნინისაგან იღებს მაგალითს, თუმცა მის წინააღმდეგ იბრძვის; იგი სესხულობს ბაკუნინისაგან მის ხერხებს, მის მყვირალა ფრაზებს და ცარიელ ფორმულებს... ყველაფერი ეს არ შეშვენის ლავროვს და არ არის დროული რუსეთის ახლანდელი მდგომარეობისათვის. ლავროვი ლიბერალობს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი თვითონ უნდა გრძნობდეს თავის ლიბერალობის მთელ უბადრუკობას...

ამ საზიზღარ მდგომარეობაში ლავროვის მსგავსი ადამიანები ნამდვილ დანაშაულს სჩადიან. მათი მოვალეობა იყო, ადამიანები მანამდე მოემზადებინათ, ვიდრე მათ ბრძოლისაკენ მოუწოდებდნენ. ისინი მოვალენი იყვნენ, გაეცნოთ რუსი ახალგაზრდობისათვის გონიერი ორგანიზაციის პრაქტიკული წესები; მათ უნდა შთაეგონებინათ მისთვის დისციპლინის სულისკვეთება, იმ გზების შეგნება, რომლებითაც უნდა იარონ, მიზანი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიუახლოვდნენ; და როდესაც საკმარისი რაოდენობით მომზადდებოდა ასეთი მზადმყოფი, მცოდნე და ძლიერი ადამიანები, მხოლოდ მაშინ შეიძლება იფიქრო, როგორ და სად დაიწყო ბრძოლა და როგორ მოუწოდო ბრძოლისაკენ ყველას, ვისაც შეუძლია მასში მონაწილეობა მიიღოს.

არაფერს ამის მსგავსს არ აკეთებენ ადამიანები, რომლებიც ჩაყენებული არიან ყველა ამ ლავროვების, ბაკუნინების, ტკაჩოვების, ჟუკოვსკებისა და ა.შ. მდგომარეობაში. ისინი პირიქით, აქეზებენ ახალგაზრდობასაც, მთავრობასაც და მათი პროპაგანდის ერთადერთი შედეგი ისაა, რომ ახალგაზრდობის საუკეთესო ძალები უდროოდ იღუპებიან ფუჭსა და წვრილმან შეტაკებებში, რომლებიც ზოგჯერ იმდენად სულელურია, რომ მათი დაღუპვა მოწამებრივი სიკვდილის ან გმირული ბრძოლის მაგალითადაც კი არ გამოდგება.

ისმება კითხვა: აი, უკვე ათ წელზე მეტია, რაც ეს ვაჟბატონები საზღვარგარეთ სრულიად უსაქმოდ ცხოვრობენ. რა გააკეთეს მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში? ამ კითხვის პასუხი ძალიან ადვილია: ისინი ბზუოდნენ, ფართხალებდნენ და თავს ისე იჭერდნენ, ვითომ ძალას წარმოვადგენთო. ეს იყო და ეს. ასე როდი მოქმედებდნენ ნამდვილი აგიტატორები და პროპაგანდისტები, როგორც მაგალითად, მაძინი ან ვორცელი. ისინი ასწავლიდნენ, მოქმედების სისტემებს აყალიბებდნენ, ძალთა მიმართულების ერთიანობას ნერგავდნენ, დისციპლინას ამყარებდნენ, ცდილობდნენ, მოეხდინათ ახალგაზრდობის ძალთა კონცენტრაცია და ამ ძალებს სიფრთხილით, უნარიანად და თავის დროზე იყენებდნენ. ისინი იყვნენ ჭკუიანი და გულწრფელი ადამიანები და თავიანთი ახალგაზრდობის სულელური ყალბი მხარეებით თვალთმაქცურად არ იხიბლებოდნენ. ვერაფერს ამის მსგავსს მე ვერ ვხედავ იმ ადამიანებში, რომლებსაც წადილი აქვთ რუს ახალგაზრდობას უხელმძღვანელონ“.

ქართველი ხალხოსნებისაგან ნიკო ნიკოლაძეს ეროვნული საკითხიც თიშავდა.

ქართულ ხალხოსნობას ორი ფრთა ჰქონდა.

ერთ ფრთას წარმოადგენდნენ ისინი, ვინც აქტიურად საქმიანობდა რუსეთში - ალექსანდრე ელიოზიშვილი, ნიკოლოზ ჩიკოიძე, ალექსანდრე ციციშვილი, ივანე ჯაბადარი და სხვანი. ამათ ეროვნული პრობლემა არ აწუხებდათ. მთელი სულითა და გულით სოციალური საკითხების მოსაგვარებლად იღვწოდნენ. თუ რაიმე სიტყვა წამოსცდენიათ ეროვნულ მდგომარეობაზე, მხოლოდ ნიჰილიზმით გამსჭვალული. ამის უტყუარ არგუმენტად ივ. ჯაბადარის ნაწერები გამოდგება. არ ვგულისხმობ მარტო «Письма о Грузии»-ს, არამედ იმ წერილებსაც, რომელშიც იგი თავს იცავდა ოპონენტებისაგან და იმ მოგონებებსაც, რომელიც მან «Былое»-ში დასტამბა.

მეორე ფრთას ისინი შეადგენდნენ, რომელნიც საქართველოში მოღვაწეობდნენ - მიხეილ ასათიანი, ზაქარია გულისაშვილი, მიხეილ გურგენიძე, სტეფანე ჭრელაშვილი და სხვანი. თავდაპირველად ესენიც აბუჩად იგდებდნენ ეროვნულ საკითხს. ამათაც სოციალური უსამართლობა უწვავდა გულს.

„ის ჭია, რაიც თერგის ნაპირზედ
ილიას „მგზავრსა“ გულს უღირღნიდა,
ეხლა სრულიად მე არ მაწუხებს,
ის დრო ჩემთვისა მანდვე წავიდა.
მე ეს კითხვები კარგა ხანია
დამიძლევია, გამომიხსნია!..
ჩემ გულის ბოღმა, თქვენთან საკითხი,
სიტყვა სრულებით სხვანაირია...“

მელექსეობდა მიხეილ ასათიანი. ეროვნული ბედის უგულებელყოფისათვის გააძრო მათ ტყავი აკაკი წერეთელმა „ცხელ-ცხელ ამბებში“, „დროებამ“ რომ დაბეჭდა 1881 წელს, 44-ე ნომერში. ჟურნალ „იმედის“ ჯგუფი, საბედნიეროდ, მალე მიხვდა შეცდომას. იმათაც დაიწყეს ფიქრი და ზრუნვა ეროვნულ პრობლემებზე. მაშინ აკაკიც შეჰპირდა „იმედში“ თანამშრომლობას. მერე კი, როცა „იმედის“ ჯგუფი დაიშალა, ზოგიერთი მათგანი ილიას ამოუდგა გვერდით და „ივერიის“ რაზმელი გახდა. ქართველი ხალხოსნების „რუსული“ (პირობითად თუ სიტყვით) ფრთა კი ისე გაეცალა ასპარეზს (ერთმა თავი მოიკლა, მეორე ჭლექით გარდაიცვალა გადასახლებაში, მესამემ საერთოდ მიატოვა რევოლუციური სარბიელი), რომ მშობელი ხალხის ეროვნული ბედით დიდად არ დამწუხრებულა, ღრმა განცდის საგნად არ უქცევია.

ეროვნული პრობლემისადმი გულგრილი დამოკიდებულება ნ. ნიკოლაძისათვის ყოვლად მიუღებელი რამ იყო. თუნდაც იმიტომ, რომ ნაციონალიზმი თანდაყოლილი, ბუნებრივი გრძნობაა. 1912 წელს სერგი დანელიას დაუწერია სტატია «Наша (ქართული - ა. ბ.) социал-демократия и национализм» ეს ყოფილა პასუხი ნოე ჟორდანიას წერილისა - „ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი“. ს. დანელიას სტატია ნიკო ნიკოლაძისათვის გადაუციათ. ნიკოს იგი წაუკითხავს, მოსწონებია და აქა-იქ შენიშვნებიც გაუკეთებია, კერძოდ, ნაციონალიზმის გამო ნათქვამი აქვს:

„ნაციონალიზმი იგივეა, რაც თავდაცვის ინსტინქტი, ის დამახასიათებელია ყოველი ცოცხალი ორგანიზმისათვის, ისევე როგორც სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, შიმშილი, ძილი და სხვ.

ნაციონალიზმის აღმოფხვრა შეუძლებელია ისევე, როგორც შეუძლებელია წავშალოთ ფერი თმისა, თვალებისა, კანისა და ა.შ.

საუკეთესო ნაციონალისტებს არ შეუძლიათ ნამდვილი ბედნიერება არ შეუქმნან ყველა თანამემამულეს, მაშასადამე, პროლეტარიატსაც; გერმანიაშიც, ინგლისშიც, თვით მარქსის დროსაც კი, საუკეთესო ნაციონალისტები ცდილობდნენ თავიანთ სამშობლოში ცხოვრების სოციალური პირობების გაუმჯობესებას. განა 1793 წელს საფრანგეთში „პატრიოტებმა“ არ დაურიგეს გლეხებს მიწები?“

(წეღან, ზემოთ, პ. რატიანის წიგნი რომ ვახსენე, ამ მასალასაც იქ იპოვის მკითხველი).

ნიკო ნიკოლაძეს არაფერი უყვარდა, რაც არაბუნებრივი იყო. ცხადია ისიც, რომ ხალხოსნების ანტიეროვნულ განწყობილებას ვერ მიიღებდა, ვერ შეეთვისებოდა. ეს არ გამოჰპარვია ივანე ჯაბადარს და ამიტომ ცდილობდა იგი ნ. ნიკოლაძე იმათი რიცხვისათვის მიეთვალა, ვისაც სურდა «восстановление Грузии со всей ее мишурной средневековой помпой».1 ნ. ნიკოლაძეს რომ არავითარი ამგვარი ლიღარი2 არ ჰქონდა, ეს ივანე ჯაბადარმა კარგად იცოდა, მაგრამ თუ გინდა კაცი გაამწარო, ის უნდა დააბრალო, რაც არ უფიქრია.

მე-19 საუკუნისა და მე-20 ასწლეულის დასაწყისის ქართველი და რუსი სოციალისტების ერთ-ერთი ძირეულად განმასხვავებელი ესეც არის: თუ რუსი სოციალისტები რუსეთის ეროვნულ აღორძინებას სოციალიზმს უკავშირებდნენ, ქართველი სოციალისტები პირიქით - სოციალიზმით მხოლოდ სოციალური თავისუფლების მოპოვებას ცდილობდნენ და ქართველი ხალხის ეროვნულ ბედ-იღბალს ჩალის ფასს ანიჭებდნენ. ეს, ალბათ, იმისი ბრალი იყო, რომ რუსეთში სოციალისტური აზრი მაშინ გავრცელდა, როცა ეროვნული ნიჰილიზმი დაძლეული ჰქონდათ, საქართველოში კი იმ დროს შემოვიდა, როდესაც ძველთაგანვე ფესვგადგმული ნაციონალური გულგატეხილობა ჯერ კიდევ არ ამოეძირკვათ. ამ მხრით საყურადღებოა ორი ლიტერატურული ფაქტის შედარება. ერთი მეთვრამეტე საუკუნეს ეკუთვნის, მეორე - მეოცეს.

ამონაწერი დენის ფონვიზინის პიესიდან „ბრიგადირი“.

«Сын - Все несчастье мое состоит в том только, что ты русская.

Советница - Что, ангел мой, конечно, для меня ужасная погибель.

Сын - Это такой defaut (ნაკლი), которого ничем загладить уже нельзя... Признаюсь, что я хотел бы иметь и сам такую жену, с которой бы я говорить не мог иным языком кроме французского. Наша жизнь пошла бы гораздо счастливее...»1

ამონაწერიმიხეილჯავახიშვილისრომანიდან „ჯაყოსხიზნები“.

„ - ერთი რამე კიდევ უნდა გითხრა, ივანე, წეღან დამავიწყდა.

- რა უნდა გეთქვა, თეიმურ?

- ისა, რომ... ჩემი უდიდესი და უმთავრესი უბედურება ის არის, რომ საქ...ქქართველოში დავიბადე.

- რაო? რა სთქვი?

- ღმერთმა თავიდანვე სასტიკად დამსაჯა-მეთქი, როცა ქარ...რრთველად გამაჩინა“.

თუ რუსთა ერთ ნაწილს მე-18 საუკუნეში ერცხვინებოდა რუსობა, ქართველთა ასეთივე ნაწილს მე-20 საუკუნეშიც გადმოჰყვა ეს სენი. რუსეთმა ამ გრძნობის დაძლევას მე-19 ასწლეულის პირველი ნახევარი მოანდომა. მეორე ნახევარში სრულიად გათავისუფლდა და მეოცე საუკუნეს ახალი შეგნებით შეეგება - რუსეთის საკაცობრიო მისიის შეგნებით. ამ მისიას რუსეთი სწორედ სოციალიზმს უკავშირებდა.

ქართველს კი დაძლეული არ ჰქონდა ეროვნული ნიჰილიზმი. არც იყო ეს ადვილი საქმე. მას საფუძველს ის მეფეები უყრიდნენ, თავშესაფრისა და დახმარების სათხოვნელად რომ მიმორბოდნენ სპარსეთ-თურქეთსა და რუსეთში. ამის გამო ეროვნულ ნიჰილიზმს საუკუნეები უმაგრებდა ფესვებს. უნდოდათ თუ არ უნდოდათ მათ ეს, მაინც ეროვნულ ნიჰილიზმს უნერგავდნენ ისინი ქართველ ხალხს. საკუთარი ძალა-ენერგიისადმი რწმენას უკარგავდნენ. იმის მაგიერ, რომ ამ მეფეების პოლიტიკა დაეგმოთ, საკმაოდ ხშირად ჩვენი მწერლობაც მათ ღვაწლზე, პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობა-გამჭრიახობაზე და სიბრძნეზე ლაპარაკობდა. ეს დღესაც გრძელდება. კარგი იქნება, თუ სწორად გამიგებთ. არავინ ითხოვს, ვინმეს ღვაწლისა და დამსახურების მიფუჩეჩება-დავიწყებას. ოღონდ ის კი მინდა - ავ-კარგი გავარჩიოთ, მტყუანი და მართალი განვასხვაოთ, ბევრი რამ ჩვენს ისტორიაში უფრო ღრმად ავწონ-დავწონოთ და კეისარს კეისრისა მივუზღათ, ღმერთს კი - ღმრთისა.

როცა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თერგდალეულებმა ილიას თავკაცობით ეროვნული ენერგიისადმი რწმენის აღდგენა მოინდომეს, გამოვლინდა, რომ ეროვნული ნიჰილიზმის დამარცხებას მეტი დროც სჭირდებოდა და აზროვნების მეტი თავისუფლებაც. ამის უფლებას კი ცარიზმი აღარ იძლეოდა. ეროვნული ნიჰილიზმის არსებობა მისთვის სასურველი იყო. რუსიფიკაციის გამტკიცება-გაძლიერებას ხელს უწყობდა. ამიტომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად ნერგავდა ნიჰილიზმს. ამ მიზნით ყველა სულმოკლესა და მედროვეს იყენებდა.

თერგდალეულთა თაობას უფრო გამგები და ერთგული გამგრძელებელი რომ გამოსჩენოდა, იქნებ ჩვენც დაგვემარცხებინა ეროვნული ნიჰილიზმი საბოლოოდ. მე-20 საუკუნეს სხვა რწმენით შევხვედროდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერ ხალხოსნობამ გაბზარა სამოციანელთა ეროვნული ერთიანობისა და ნაციონალური ენერგიის რწმენის იდეა, მერე კი სოციალ-დემოკრატიამ გაუმართა მას დაუნდობელი ბრძოლა და ბზარი ნაპრალად გადააქცია.

ყველა ახალი თაობა წინამორბედთა ნაღვაწს და მონაპოვარს უარყოფდა. საქმეს თავიდან იწყებდა. ეს ართულებდა ერის გადარჩენის პრობლემას. ერის შველა „ხანგრძლივ, მრავალმხროვანს მეცნიერულ მზადებას თხოულობს“, - წერდა ნიკო ნიკოლაძე. მაგრამ „ერთი თაობა რომ ამას იგნებს მწარე გამოცდილებით, - ჩიოდა იგი, - მეორე, ახალი, ისევ ძველი გზით ძველ შეცდომებს იმეორებს, ირლანდიულ მელოდიებს მღერის, სანამ საკუთარი ცდით არ გაიცნობს ადვილათ ნასწავლი ფორმულების ამაოებას. ასე ჩვენი ინტელიგენციის სხვა-და-სხვა მოდგმა, ყველა ცალ-ცალკე, ტრიალა გალიაში ჩამწყვდეულ თრითინასავით, ნიადაგ ერთ და იმავე წერტილზე ფხაკურობს. საბრალოს კი გონია, ვითომ მიუწვდომელი სისწრაფით წინ მიხტის“.

ქართულ საზოგადოებრივ აზრს მე-19 საუკუნეში თანამიმდევრულობა და ერთმანეთისაგან გამომდინარეობა აკლდა. ამითაც განსხვავდებოდა იგი რუსული საზოგადოებრივი აზრისაგან. რუსეთშიაც ბევრს კამათობდნენ და ედავებოდნენ ერთმანეთს. მოურიდებლადაც და დაუნდობლადაც, მაგრამ გამჭოლი ძირითადი იდეა ყველასათვის ერთი იყო - რუსეთის სოციალ-პოლიტიკური განახლება სოციალიზმის გზით. მართალია, სხვადასხვა თაობა სხვადასხვანაირ სოციალიზმს ეტრფოდა, მაგრამ ეს, ჯერ ერთი, დროის მდინარების შესაბამისად ხდებოდა (თუ, მაგალითად, გერცენის თაობა თემურ სოციალიზმს ქადაგებდა, რუსული სოციალ-დემოკრატია პროლეტარული სოციალიზმის მომხრე იყო), მეორეც, იცვლებოდა არა სტრატეგიული მიზანი - სოციალიზმი, - არამედ მიმავალი ტაქტიკური გზები. ამის გამო, რუსული საზოგადოებრივი აზრი თანამიმდევრული და მთლიანი იყო.

ჩვენში სხვაგვარად მიედინებოდა საზოგადოებრივი აზრის განვითარება. თერგდალეულთათვის უმთავრესი და ძირითადი იყო ეროვნული თავისუფლება. ყველა სხვა დანარჩენი ამას ექვემდებარებოდა.

რა თქმა უნდა, უცნაური და უსაბუთოა ს. ხუნდაძის აზრი ნ. ნიკოლაძე „მოითხოვდა ქართველი ინტელიგენციისაგან ნაციონალური ბრძოლის გვერდზე გადადებას და სოციალური ბრძოლის შინაარსის პირველ რიგში წამოყენებას“. ასე წერდა იგი წიგნში - „სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში“ (გვ. 187), რომელიც 1927 წელს გამოიცა. წიგნის გამოცემის დროს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ ს. ხუნდაძის საქციელი გასაგები გახდება. იმხანად ნ. ნიკოლაძე ცოცხალი იყო, თუ დაიწყებოდა ლაპარაკი, რომ იგი უპირატესობას ეროვნულ ბრძოლას ანიჭებდაო, მოსალოდნელი იყო არა მარტო ნ. ნიკოლაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის სრული უგულებელყოფა, არამედ მისი იზოლაციაც. ამიტომ, თუ გინდოდა ნ. ნიკოლაძის არსებობა მე-19 საუკუნის ქართული აზროვნების ისტორიაში, უთუოდ უნდა გემტკიცებინა - იგი სოციალისტი იყო და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლას მაინცდამაინც ყურადღებას არ აქცევდაო. თორემ სხვა აზრით, როგორ იტყოდა ს. ხუნდაძე - „ეროვნული ბრძოლის გვერდზე გადადებას მოითხოვდაო“ - იმ კაცზე, ვისაც მთელი არსებით სწამდა, რომ „თანამედროვე ევროპული სახელმწიფოები, ბოლოს და ბოლოს, ეროვნების მიხედვით დალაგდებიან, რადგან ეს არის სახელმწიფოს ორგანიზაციის ყველაზე ანგარიშგაწასევი და თანამედროვე პრინციპი“ (ხაზი ჩემია - ა. ბ.).

ქართული აზროვნების ისტორია მხოლოდ მესამე დასით (ანუ მე-19 საუკუნის 90-იანი წლებით) რომ არ დაწყებულიყო და ჩვენი კულტურის ისტორიაში შეგვენარჩუნებინა რუსთაველი, სულხან-საბა, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე და სხვანი, ს. ხუნდაძისებურ ფანდს სხვებიც მიმართავდნენ. ეს გასათვალისწინებელია, როცა 20-იანი წლების მკვლევართა შრომებს ვკითხულობთ.

ხალხოსნებმა და სოციალ-დემოკრატებმა თერგდალეულთა სტრატეგიული მიზანი შეცვალეს სოციალური პრობლემებით, სოციალური თავისუფლებით. ყველაფერი სხვა მას დაუმორჩილეს.

ამით საზოგადოებრივი აზრის თანამიმდევრულობა გაწყდა, რასაც ინტელიგენციის დაბნეულობა მოჰყვა. როგორც ნიკო ნიკოლაძემ განსაზღვრა მაშინდელი ინტელიგენციის მდგომარეობა, იყვნენ, „საფანტივით დაბნეული სხვა და სხვა პარტიებით“.

საზოგადოებრივი აზრის თანამიმდევრული განვითარება, ნიკო ნიკოლაძის ფიქრით, აუცილებლობას წარმოადგენდა. უამისოდ თაობათა საქმიანობა უშედეგოდ რჩებოდა.

„საზოგადოებისა და ლიტერატურის ნორმალური ზრდის დროს ყოველი ახალი თაობა იმით არის უფრო ნაყოფიერი წინამორბედზე, რომ პირველი ნაბიჯისთანავე სარგებლობს წინაპრების შრომის

ნაყოფით. მომარაგებულია იმათი დაგროვილი ცოდნით. გამდიდრებულია იმათი მემკვიდრეობით და შემდგომ გზას იწყებს იმ პუნქტიდან, სანამდეც მამებმა მიაღწიეს. ასეა ცივილიზებულ ადამიანებში. წერა-კითხვის უცოდინარ ველურებში კი ყოველი ახალი თაობა ასპარეზზე ტიტველი, დედიშობილა გამოდის, სრულებით უცოდინარი წინაპართა საქმეების, ამოცანების და გამოცდილებისა. გამოდის მხოლოდ იმ ღატაკი მარაგით არეულ-დარეული ცნებებისა, რაც ზეპირგადმოცემით ერგოთ მამებთან საუბრებში თუ უფრო მეტად ბებიების ზღაპრებით. ამის შემდეგ მათ არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ მემკვიდრეობითი პროგრესი“.

ეს ერთი, მეორეც: თერგდალეულები ცდილობდნენ, ქართველი ხალხის ცხოვრება და თავისუფლება ნასესხები იდეებით კი არ მოეწყოთ, არამედ ჩვენი ერის ისტორია, ყოფა, ზნე-ჩვეულება, ხასიათი, თვისება ღრმად შეესწავლათ, გაეთვალისწინებინათ და მომავალი ამ ცოდნის გამოყენებით აეგოთ.

ხალხოსნები და სოციალ-დემოკრატები ნასესხები აზრებით იყვნენ შეიარაღებული. მართალია, სოციალიზმის იდეა რუსეთშიაც გარედან იყო შემოსული, ევროპაში გაგონილი და ათვისებული, მაგრამ რუსმა მოაზროვნეებმა მას ეროვნული საფუძველი უპოვეს - რუსული თემი. რუსულ თემში აღზრდილი ხალხისათვის სოციალიზმი იოლად მისაწვდომი და გასაგები იყო. ასეთი საფუძველი სოციალიზმს საქართველოში არ გააჩნდა. იგი მიბაძვით უნდა აეთვისებინათ. ამან გამოიწვია ნიკო ნიკოლაძის საყვედური: „ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, ცხრა მთას გადაღმიდამ მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისინიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებენ და არა ადამიანისას... უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს“. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ სოციალიზმი არა მარტო მრავალნაირია, არამედ დროთა ვითარებაში სხვადასხვაგვარი სააზროვნო სახით ვლინდება: ზოგჯერ მისტიკური წინასწარმეტყველების (ქრისტიანულ სოციალიზმში), ზოგჯერ ბედნიერი საზოგადოების მოწყობის გეგმის (უტოპიურ სოციალიზმში), ზოგჯერ მეცნიერული დოქტრინის (მეცნიერულ სოციალიზმში) ფორმებით. რუსული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში სამივე სახეობა არსებობდა.

რუსეთში მისტიკური აზროვნების ფორმით სოციალიზმის იდეა ვლინდებოდა იმათგან, ვისაც რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სტარცებს უწოდებდნენ (რატომღაც სტარცულ სოციალიზმს ჩვენს მეცნიერებაში სრულიად არ ექცევა ყურადღება). ხოლო სხვა ორი ფორმით - ბედნიერი საზოგადოების მოწყობის გეგმით და მეცნიერული დოქტრინით - აზროვნებდნენ შესაბამისად ხალხოსნები და სოციალ-დემოკრატები.

ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორია სოციალიზმის იდეის მისტიკური ფორმით გამოვლენას საერთოდ არ იცნობს. დანარჩენი ორი ფორმა კი ჩვენში ორიგინალური სახით არ გამომჟღავნებულა. ისინი რუსულის გამეორება იყო.

თუ თავს არ ვიტყუებ, ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ისიც გამოჩნდა, რატომ არ შეიძლება მე-19 საუკუნის საზოგადოებრივი აზრის ისტორიის შესწავლა იმ მოდელით, რითაც რუსული საზოგადოებრივი აზრი შეისწავლება და ისიც, რა განსხვავებაა მათ შორის.

ახლა, თუ ისევ ნიკო ნიკოლაძეს და მის თაობას მივუბრუნდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ნააზრევში სოციალიზმის იდეა არ გამოვლენილა არც მისტიკური, არც ბედნიერი საზოგადოების მოწყობის გეგმის და არც მეცნიერული დოქტრინის ფორმებით.

ვითარება როგორც სოციალ-პოლიტიკური, ისე აზროვნების თვალსაზრისით, მაშინ ძალიან რთული იყო. სიფრთხილესა და წინდახედულობას მოითხოვდა. ამან გამოიწვია ის, რომ ქართველი ხალხის სოციალ-პოლიტიკური ცხოვრების მოსაწყობად ილია ავტონომიის იდეით დაკმაყოფილდება, ნიკო ნიკოლაძე - თვითმმართველობისა. ავტონომია და თვითმმართველობა, არსებითად, ერთი და იგივე იყო. ამიტომ იყო ნიკო ნიკოლაძე, როდესაც სოციალ-ფედერალისტებმა ავტონომიის მტრობა დასდეს ბრალად, გაოცებული და გაკვირვებული კითხულობდა - „რად ვიქნებოდი ავტონომიის მტერი, როცა მთელი ჩემი მოღვაწეობა - როგორც წინად დავამტკიცე - თვითმმართველობას მოვანდომე? ავტონომიაზე ყოველთვის მარტო იმას ვამბობდი, რომ რასაც ჩვენში ამ სახელს არქმევენ, მეცნიერებაში „ფართო ადგილობრივი თვითმმართველობა“ ჰქვია, და ჩვენც ეს სახელი რომ ვიხმაროთ, უფრო ადვილად მივაღწევთ მიზანს-მეთქი“.

მაშინ სრული ეროვნული თავისუფლების მოთხოვნას შეიძლებო და მოჰყოლოდა ქართველთათვის საბედისწერო რეაქცია ხელისუფლების მხრიდან. მთავრობა, გაბოროტებული სოციალური რევოლუციის მოლოდინით, მთელ ბოღმას ქართველ ხალხზე ამოანთხევდა. სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ ქართველი ხალხის ერთიანი ეროვნული იდეით შედუღაბება დამთავრებული არ იყო. სოციალური თავისუფლებისათვის კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობის რწმენას არა მარტო მუშებსა და გლეხებში ჰქონდა ფეხი მოკიდებული, არამედ არისტოკრატიის წარმომადგენლებშიაც კი. ამით ქართველი ხალხისა და ქართული პარტიების ერთიანობა გახლეჩილი იყო.

„თითოეული ჩვენგანი ცალკე გარბის, თვითონაც კი არ იცის საითკენ და რისი იმედით. პარტიები, გასაჭირის დღესაც, უფრო იმაზე მეცადინეობენ, თუ შინაურ მოპირდაპირეს, როგორ მოსტეხონ კისერი, ვინემ გარეშე მტრის მოგერიებაზე. ერთობა მარტო ენაზე აკრავთ და არა ძარღვებში აქვთ გამჯდარი“.

წუხდა ნიკო ნიკოლაძე.

მისი ეროვნული პოლიტიკის არსი რომ მკაფიოდ დავისახოთ, უნდა განვიხილოთ ნიკო ნიკოლაძის ოთხი პრინციპი, რომელთაც იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.

ერთობა.

თვითმოქმედება.

თვითმმართველობა.

„რუსეთის მოწინავე ნაწილთან ერთად“.

ერთობა მარტო შინაგან ეროვნულ ერთიანობა-მთლიანობას არ გულისხმობდა, თუმცა ამას უმთავრესი ყურადღება ეთმობოდა. უამისოდ ეროვნული თავისუფლების მოპოვება წარმოუდგენელი იყო.

„აშკარაა, რომ არაფერი სიკეთე არ უნდა მოელოდეს იმ ერს, რომლის თვითეულ ნაწილებს არავითარი ეროვნული ძმობის და ერთობის გრძნობა არა აქვთ. ხალხის ხასიათის ამგვარ ნაკლულოვანებას იტალიის გულმტკივნეულმა პატრიოტებმა დიდი ყურადღება მიაქციეს ამ უკანასკნელ ხანში და გონიერი მეცადინეობა ბოლოს და ბოლოს უეჭველად ჩააგონებს იტალიის ყველა კუთხის ხალხს, რომ მათ ერთი და იგივე სისხლი უდგათ. მართლა-და, რა უბედურება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ ქართლელმა, კახელმა და იმერელმა ოდესმე ქართველობა ითაკილონ და თავთავიანთი თავი ქართლელობით, კახელობით და იმერლობით მოიწონონ. ხალხის ამგვარ ხასიათს მამულის ნამდვილი სიკვდილი და მიწასთან გასწორება მოსდევს.“

ქართველი ხალხის ასეთი ერთიანი ეროვნული შეგნებით აღზრდა ჯერ დამთავრებული არ იყო. ჩვენი ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებას ხანგრძლივი და გულმოდგინე მუშაობა სჭირდებოდა. ამას ძალიან უშლიდა ხელს ქართველ მოღვაწეთა გათიშულობა. იმ დროს, ეროვნულ საკითხში ორი ნაკადი - მიმართულება ებრძოდა ერთმანეთს. ერთი იყო - თერგდალეულთა ეროვნული ენერგიის რწმენა და მეორე - ნაციონალური ნიჰილიზმი, გამოვლენილი როგორც ქართული არისტოკრატიის ერთი ნაწილისაგან (გ. მუხრან-ბატონის წიგნი), ისე ქართველ ხალხოსანთა (ივ. ჯაბადარის წერილები) და სოციალ-დემოკრატთა გარკვეული ჯგუფის მიერ (ბრძოლა ილიას წინააღმდეგ).

ერთი მხრივ ამ წინააღმდეგობის მოგვარება იყო საჭირო, მეორე მხრივ კი შინაგანი ინერტულობისა და უმოქმედობის დაძლევა, რასაც ქართველი ხალხი შეეპყრო.

„ჩვენი ხასიათი, ჩვენი ზნე მეტის-მეტად მომტყდარი, უგულო და უსულო შეიქნა. დაბრკოლებასთან ბრძოლა კი არა, ჩვენ დაბრკოლების აზრიც გვაშინებს. ჩვენ გვსურს, რომ საზოგადო სიკეთე შემწვარი, გამომცხვარი, მარილწაყრილი ჩაგვიცვინდეს პირში. ჩვენ კბილის მოქნევაც გვეზარება ამ სიკეთით სარგებლობისათვის. დაბრკოლების მოშორებას, ბრძოლას და მიზნის მიღწევას ვინღა დაეძებს, ჩვენ იმისაც კი არ გვერიდება, რომ ნაცნობს, მეგობარს პირში ისეთი აზრი არ უთხრათ, რომელიც მისას არ ედარება, რომელიც მისი საწყენი და წინააღმდეგია. ამნაირ შემთხვევაში ჩვენ ათასფრად ვარბილებთ ჩვენ აზრს, მისს ბამბით და ვარაყით შეხვევას ვცდილობთ - იქნება მსმენელმა არ იწყინოს ვინიცობაა და ჩვენი სამდურავი გულში არ ჩაისახოსო... საზოგადო საქმე, საზოგადო მიზანი, სარგებლობა? ვინ არ ხარხარებს ჩვენში, როცა ამ სიტყვებს ყურს მოჰკრავს. ვის არ მიაჩნია ისინი ბავშვურ ოცნებათ, სიტუტუცეთ...

... უდარდელათ, უზრუნველათ უცქერით ჩვენ ყოველგვარ უხეირობას, სიცუდეს და ავკაცობას, თითქო ეს საქმე ჩვენ არ შეგვეხებოდეს, თითქო ჩვენი მახლობელი, ჩვენი სისხლი არ იყოს და მის ბედს და უბედობას ჩვენზე არაფერი გავლენა არ ჰქონდეს. ჩვენ შევურყევლად ვსტკბებით ჩვენ საკუთარს კერძო ცხოვრებაში, სანამ ჩვენ საკუთარ ტყავს არ შეეხება ის სენი და ის ვნება, რომელიც წინეთ ჩვენს მახლობელს მიადგა. მაშინ კი ჩვენ ხმამაღლა ღრიალს და გოდებას ვიწყებთ. მაგრამ ჩვენს უბედობას მახლობელი იმნაირივე გულგრილობით გულხელდაკრეფილი დასცქერის, როგორითაც ჩვენ მის უბედურებას დავყურებდით, თითო თითოს, ცალ-ცალკე, ნელ-ნელა, შეუნიშნავად გვჭამს ჩვენი ზნეობითი სენი და ჩვენ კი უხასიათობისა და უზრუნველყოფის გამო, არ ვსცდილობთ, რომ ერთად, ძმურათ თავიდან მოვიცილოთ ზემოხსენებული სენი, რომელიც ყველას ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც ყველას ერთნაირათ გვაწუხებს და გვამდაბლებს...“

ასეთ ვითარებაში კლასობრივი ბრძოლის იდეა და მისი პროპაგანდა ჩვენს ეროვნულ და საზოგადოებრივ მთლიანობას შლიდა და ანაკუწებდა. „ბოლოს და ბოლოს, - წერდა ნ. ნიკოლაძე, - დაქუცმაცება სრულ უაზრობამდე მიაღწევს. გონიერი საზოგადოებრივი ბრძოლის სერიოზული იდეური პლატფორმის გამომუშავების ნაცვლად, მოგვიხდება ავამხედროთ კვარტალი კვარტალის წინააღმდეგ ანდა გვარი გვარის წინააღმდეგ და მაშინ საქმე ჭუჭყიან ხელებამდე და ჭუჭყიან მიზნამდე მივა“.

ახალი თაობა, ცხადია, ნ. ნიკოლაძის შეხედულებას არ იზიარებდა და ცხარედ ეკამათებოდა. 1895 წელს, ბათუმში, „ქართველი მკითხველის“ ფსევდონიმით, დასტამბულ წიგნში - „საუცხოვო ნიმუში ბ-ნ ნიკოლაძის ლიტერატურულ ნაწარმოებისა“, - კარლო ჩხეიძე იმოძღვრებოდა: „წოდებათა შორის ბრძოლა, უძირითადესი კანონია მთელი ისტორიისა, იგი მამოძრავებელი ძალაა კაცობრიობის განვითარებისა, შინაარსი საზოგადოებრივი ცხოვრებისა“. ახალგაზრდა მესამედასელებს განსაკუთრებით ის აღიზიანებდათ, რომ ნ. ნიკოლაძის მოტყუება ძნელი იყო. იგი, განათლებული და ღრმადჩახედული ევროპულ და რუსულ სოციალ-პოლიტიკურ მოძღვრებებში, მაშინვე იჭერდა ჩვენს სოციალ-დემოკრატებსა და სოციალ-ფედერალისტებს - ვის საიდან რა ჰქონდა ამოწერილი და თუთიყუშივით გაზეპირებული.

„მოგეხსენებათ ჩვენი მწერლობის და საზოგადო მოძრაობის უმთავრესი თვისება: ყოველს ახალ თაობას შეუცვლელად შემოაქვს შიგ, რაც რუსეთში ან ევროპაში მის დროს უფრო მოწონებულ მიმართულებად ითვლება. ასე, ზესტაფონის ახალგაზრდა ქალები ნიადაგ უკანასკნელი პარიჟელი მოდის შლაპებით თავს იმშვენებენ. შეეფერება თუ არა ეს თავსახური ჩვენებურ მზეს, ქარს, ტანსაცმელს. ამას ვინ დასდევს? კარგად გახსოვთ, რა და რა „მიმართულება“ არ შემოღებულა ამ ნაირად ქართულ მწერლობაში, ნაციონალურიდამ დაწყებული სოციალურამდი“.

არც ახალგაზრდობა რჩებოდა ვალში. თავად ნ. ნიკოლაძეს ამუნათებდნენ, ეს შენ იყავ, ყველაფერი ევროპულის შემოტანა რომ გინდოდა და ჩვენში დანერგვაო. ბურჟუაზიის საქმიანობა მოგწონდა, მას უჭერდი მხარს და კაპიტალისტურად მოწყობილი საქართველო გენატრებოდაო. ახლა, პროლეტარული რევოლუციის ეპოქაში, ამგვარი შეხედულებანი უსაშველოდ მოძველებულია და „ნიკოლაძის უძლურების ილუსტრაციაა, მისი ნამდვილი გამასხარავებაა“. ასე ფიქრობდა თედო ღლონტი, როცა 1914 წლის 4 აპრილს „სახალხო გაზეთში“ ბეჭდავდა წერილს „ქართველთა მამული“.

ნიკო ნიკოლაძე მაინც არ იშლიდა თავისას და გულმხურვალედ მოუწოდებდა:

„საფლავშიაც რომ ვიდო ჩემი ღვაწლი და ნაწერი იქიდანაც ამოსძახებდა ყველას, ვისაც კი სმენა არ დახშვია: შეერთდით ყველა: რუსი, თათარი, ფრანგი, სომეხი, ქართველი, ურია, ლეკი, გლეხი, თავადი, აზნაური, ერი და მღვდელი, მდიდარი და ღარიბი, ნასწავლი და უმეცარი თვითმმართველობის დროშის ქვეშ! მარტო ამ დროშას, ამ ერთობას შეუძლია იმ წესის დამყარება, რომელიც მოსპობს ყველაფერს, რაც ურიგო, უსამართლო ან სავნოა ჩვენს ცხოვრებაში და ურთიერთობაში. თუკი ეს ერთობა ვიქონიეთ და დავიცავით, ვერავის ძალა ვერ წინააღუდგება ჩვენს წარმატებას, ჩვენში სრული თვითმმართველობის დაარსებას. ამას არც არეულობა სჭირია, არც მსხვერპლი, არც სისხლისღვრა“.

დღეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გააფთრებული კლასობრივი ბრძოლის ეპოქაში ამგვარი მოწოდება გულუბრყვილობა იყო. თითქოს დიდი გამოცდილებისა და გამჭრიახი ჭკუის პატრონს ამგვარი მიამიტობა არ შეეფერება, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი, სისხლის ღვრისა და ხოცვა-ჟლეტის თვინიერ მოეპოვებინა პიროვნებისა და ერის თავისუფლება, რომ ეს პრაქტიკული და საღი გონების ადამიანი უტოპიას ებღაუჭებოდა.

ზემორე ნათქვამიდან კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება:

არა ტომობრივი დაშლილობა, არა პარტიული განხეთქილება, არა კლასობრივი ბრძოლა, არა ეროვნული შუღლი სხვადასხვა ხალხთაშორის, არამედ ერთიანობა უმთავრესი მიზნის - პიროვნებისა და ერის თავისუფლების მისაღწევად. თუ არ იქნება ერთიანობა, არც გამარჯვება მოხერხდება.

ცნებაში - თვითმოქმედება - ნ. ნიკოლაძე იმას არ გულისხმობდა, რასაც დღეს ჩვენ. თვითმოქმედება მისთვის ნიშნავდა თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობას.

ამა თუ იმ ხალხმა ეროვნული თავისუფლება რომ მოიპოვოს, აუცილებელია ჯერ ეკონომიკურად აღორძინდეს. მაგალითად იტალიას ასახელებდა. იტალიამ მანამ ვერ მოიპოვა ეროვნული დამოუკიდებლობა, სანამ ეკონომიკურად არ წამოდგაო ფეხზე. ეკონომიკური განვითარების ეს გზა საქართველოსაც უნდა გაევლო. ამ მხრივ საქართველოს ჩამორჩენილობა მაშინ უდავო და აშკარა იყო.

„ყოველი ერის საფუძველი, ძალა, მომავალი უფრო მის მეურნეობაზეა დამყარებული, მის მწარმოებლობაზე. სხვა ყველაფერი თითქმის უმნიშვნელოა ამასთან შედარებით. ერი, რომლის წარმოება შეფერხდა და სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით ხეირიანად ვეღარ აჯილდოვებს მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული. იმან თუ სწრაფად ვერ მოახერხა თავისი წარმოების გაუმჯობესება, გაიაფება, გაადვილება და გახვავიანება, მისი საქმე წასული და დაღუპულია“.

სოფლის მეურნეობის აღორძინებას ქართველობას ჩვენი ქვეყნის ბერძნულ-ლათინური სახელწოდებაც - გეორგია („მიწათმოქმედთა ქვეყანა“) - ავალდებულებდა. 1893 წელს „ნოვოე ობოზრენიეში“ №3186) წერდა: წარსულში ჩვენ ძლიერი ვიყავით არა იმით, რომ ვმეომრობდით, რაც მარტო ქართველის თვისება არ არის, არამედ მიწისადმი ერთგულებით. თავად სახელი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისა, „მიწათმოქმედნი“, მიუთითებს იმას, რომ მეზობელ ხალხთა შორის ჩვენ მიწათმოქმედებით ვიყავით გამორჩეული. მერე, ნ. ნიკოლაძე ჰერკულესისა და ანთეოსის მითს იშველიებდა. ანთეოსი მიწის ქალღმერთის შვილი იყო. იგი მანამ ვერ დაამარცხა ჰერკულესმა, სანამ მიწას არ მოსწყვიტა და ჰაერში არ აიტაცა. ანთეოსი რამდენჯერაც მიწას შეეხებოდა, იმდენჯერ ემატებოდა ძალა. საქართველოც მუდამ ძლიერი იქნებოდა, თუ მის შვილებს მიწის სიყვარული არ დაავიწყდებოდათ. ველ-მინდორი, ყანა, ბაღ-ვენახი, ბოსტან-ბაღჩა არ შესძულდებოდათ.

ცალმხრივობა არაფერში ვარგა და არც ეროვნულ მეურნეობაში გამოდგებოდა. სოფლის მეურნეობის გვერდით მრეწველობის აღორძინებაზეც აუცილებელი იყო ზრუნვა. მრეწველობა ერის ღონე და ძალაა.

„მრეწველობის უქონლობა ცხადია, უდიდესი ნიშანია ქვეყნის ჩამოქვეითების და უკან ჩამორჩენისა. ამ ქვეყნის ბედში არავითარი ცვლილება არაა თვალსაჩენი, არც გონებრივი, არც საზოგადო, არც პოლიტიკური მხრივ, სანამ ის მრეწველობის საშუალებით, ეკონომიურ მონობისაგან არ დაიხსნის თავს უცხოეთის ხელიდან. აიღეთ რომელიც გსურდეთ იმ ერის ისტორია, ყველგან ცხადად დაინახავთ, რომ მისი აღორძინება, მისი გონებრივი სიფხიზლე, მისი განვითარება, აღებ-მიცემობის, მრეწველობის ზედდართული შედეგი და ნაყოფი ყოფილა“.

ყოველი ქვეყნის ეკონომიკური ძალ-ღონე სამ ბურჯს ეყრდნობა. ორი უკვე მოვიხსენიეთ - სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. მესამეა ვაჭრობა, აღებ-მიცემობა, ნ. ნიკოლაძემ ვაჭრობის ფასი კარგად იცოდა. არა მხოლოდ იმის გამო, რომ ვაჭრის შვილი იყო. უფრო იმიტომ, რომ ევროპაში ნამყოფ-ნავალს კარგი გამოცდილება ჰქონდა მიღებული. შეიძლებოდა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მთელი მოგება წყალში გადაყრილიყო, თუ იგი გონიერი, შორსმხედველი და დაკვირვებული კომერსანტის ხელში არ აღმოჩნდებოდა. მარტო ვაჭრობა ახერხებდა ეროვნული დოვლათის მონაგები ერის საკეთილდღეოდ დახარჯულიყო.

ერთი კარგი მაგალითი არსებობდა. შუა საუკუნეებში იტალიაც და გერმანიაც ისევე იყო სამეფო-სამთავროებად დაშლილი, როგორც საქართველო. მაგრამ იქაურ დაშლილობას ის საბედისწერო შედეგი არ მოჰყოლია, რაც საქართველოში მოხდა. საბედისწერო შედეგი კი არა, დაშლილ-დაქუცმაცებულმა იტალიამ რენესანსი შვა, ხოლო ასევე დაშლილ-დაქუცმაცებულმა გერმანიამ - რეფორმაცია. ეს ერთიანმა ევროპულმა სახელმწიფოებმაც კი ვერ მოახერხეს. რენესანსი და რეფორმაცია გახდა ახალი დროის საფუძველი. კაპიტალისტური ეპოქა რენესანსიდან და რეფორმაციიდან იწყება. როგორ მოახერხა ეს იტალიამ და გერმანიამ? სწორედ იმით, რომ ორივე ქვეყანაში ვაჭრობა იყო აღორძინებული. გენუისა და ვენეციის სავაჭრო რესპუბლიკები (სხვებიც) იტალიაში და ჰანზის სავაჭრო ქალაქები გერმანიაში ქმნიდნენ ორივე ქვეყნის ძალას, როგორც ეროვნული ერთიანობის, ისე ქონებრივი დოვლათის თვალსაზრისით. ვაჭრობა აგრეთვე წესრიგია, დისციპლინაა, ანგარიშიანობაა. ვაჭრობა აწყობილი საქმეა. სადაც არ არის წესრიგი, დისციპლინა, ანგარიშიანობა, სადაც საქმე არ არის აწყობილი, იქ არც ვაჭრობაა. მაშასადამე, ქვეყანა არა მარტო ღატაკია, არამედ მოშლილიც. ყოველი ქვეყნის ერთიანობა-მთლიანობას ორი საძირკველი უდევს - რელიგია და ვაჭრობა. საქართველოში, როგორც გამაერთიანებელი ძალა, რელიგია არსებობდა, მაგრამ არ იყო ვაჭრობა. საქართველოს ცალი ფრთა ჰქონდა, მეორე - არა. ამიტომ არც ფრენა შეეძლო. ქართველებს რომ ვაჭრობისათვის ყურადღება მიექციათ და ის ნიჭი დაეხარჯათ, რაც ომებში დალიეს, ვერც სპარსეთი და ვერც თურქეთი მის დამონება-დაბეჩავებას ვერ შეძლებდნენ. მაგრამ ჩვენში ყოველთვის ათვალწუნებული უყურებდნენ ვაჭრობას. ამგვარი შეხედულება ქართველი ხალხის წინააღმდეგობას ძალას აცლიდა. ასუსტებდა როგორც შინაგანი კულტურული საქმიანობის, ისე პოლიტიკის კუთხით. დისციპლინა, წესრიგი, აწყობილი საქმიანობა ძალდატანებით მყარდებოდა. ჯარის საშუალებით. სულერთია ვისი იყო ეს ჯარი - ქართველი მეფისა თუ დამპყრობლისა. დისციპლინის, წესრიგის, აწყობილი საქმიანობის შინაგანი მოთხოვნილება გამქრალი იყო, რაკიღა ესენი ვაჭრობის თანმხლები არიან. აქედან არის ჩარჩენილი ჩვენს ცნობიერებაში ცრუ შეხედულება - უწესრიგობა, უდისციპლინობა, უსაქმურობა, თავისუფლებისა და პროტესტის გამოვლენააო. შეუგნებლობა იმისა, რომ სწორედ დისციპლინა, წესრიგი, საქმიანობაა თავისუფლება.

პოლიტიკურად დაშლილ-დაქუცმაცებულ გერმანიასა და იტალიას კი ორივე ფრთა ჰქონდა და ფრენაც თავისუფლად შეეძლო. ამიტომ იყო, რომ მათ პოლიტიკურ, სამხედრო დამარცხებებს, თუნდაც უსასტიკესს, კატასტროფული შედეგი არ მოჰყოლია. პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვა იმ ქვეყანას ვერ დააბეჩავებს, სადაც ვაჭრობა, აღებ-მიცემობა მორღვეული არ არის. ძალა ეკონომიკაა და არა პოლიტიკა.

არც მე-19 საუკუნეში შეიცვალა საქართველოში ვაჭრობისადმი დამოკიდებულება. ისევ ათვალწუნებით უყურებდნენ ვაჭრობას და ვაჭარი ისევ აბუჩად ასაგდები პიროვნება იყო. ამას მე-19 საუკუნის ქართული მწერლობა ნათლად ადასტურებს. დაცინვისა და გამასხრების საგანი ისევ და ისევ ვაჭრობა და ვაჭარია.

ნიკო ნიკოლაძე ქართველ საზოგადოებას არწმუნებდა:

„ვიდრე ჩვენის საზოგადოების უმრავლესობას სისხლსა და ხორცში ის რწმენა არ გაუჯდება, რომ საზიზღარი, სამარცხვინო და სათაკილო ქვეყანაზე მარტო უსაქმობა და მუქთა პურის ჭამაა; მანამდე ნუ გწამთ, ვითომ განათლებისა ანუ წარმატების მირონი მოგვეცხოს. ვაჭრობა შრომაა და ისევე პატივსაცემია, როგორც ყოველნაირი შრომა“.

......

„მამა-პაპური შემცდარი შეხედულება ჯაფაზე, შრომაზე, აღებმიცემობაზე, ვაჭრობაზე, შეუცვლელად გადადის ერთის თაობიდან მეორეში; აგრეთვე შეუცვლელად გადადის ჩვეულ უსაქმოების და მუქთამჭამელობის ნატვრა და ქება. ამ დედა-ბოძზეა დამყარებული თაღი ჩვენის ერის ეკონომიურის უძლურებისა. სანამ ამ დედა-ბოძს არ შევმუსრავთ და მათს ადგილზე მკვიდრ საკურთხეველს არ ავაგებთ პატიოსანის შრომის თაყვანსაცემად, მანამდე ნამდვილი წარმატებისა და განათლების მადლი ჩვენ არ გვეღირსება და არც მოგვიხდება“.

ერის მარტო სიტყვით დარწმუნება ძნელია. სიტყვას საქმეც უნდა ახლდეს. ნიკო ნიკოლაძე თავად ეწეოდა პრაქტიკულ ენერგიულ მუშაობას სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ვაჭრობის გასავითარებლად. ბევრი ამას ანგარებად უთვლიდა. მაღალი იდეალების ღალატად.

„იგი ქუთაისს მოევლინა - პირველ ყოვლისა და ტრამვაის, წყალსადენის და განათების საქმის მოწყობით თავბრუს ასხამს ქუთაისის თვითმმართველობას. მეორე მხრით ყურადღებას აქცევს მევენახეობის საქმეს ჩვენში და მსხვილ ამხანაგობის დაარსებით გვირჩევს იმერეთის დაჩიავებულ მევენახეობის საქმის სრულს რეორგანიზაციას, მის აღდგენას და განვითარებას. ავი ენები ნიკოლაძეს ქართველ ვაჭარმრეწველთა თაოსნობით დაარსებულ კავკასიის ბანკის საქმეშიაც ურევენ წილს, ხოლო ბაქოს წვრილ ნავთის მრეწველთა მდგომარეობის გაუმჯობესებაში ნიკო ნიკოლაძეს ხომ მხურვალე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული...“

რამდენადაც შეეძლო ირონიულად წერდა თედო ღლონტი „სახალხო გაზეთში“ 1914 წლის 4 აპრილს.

„ისრის“ ფსევდონიმს ამოფარებული ჟურნალისტი 1913 წელს გაზეთ „კოლხიდის“ 42-ე ნომერში ამტკიცებდა: ნ. ნიკოლაძეს - პოლიტიკური მოღვაწის ნიჭი არა აქვს, იგი მარტო საქმის მკეთებელი კაციაო. თან თეორიულად „ასაბუთებდა“- რით განსხვავდებიან პოლიტიკური და პრაქტიკული მოღვაწეები.

„დიდი ზღვარი სუფევს პრაქტიკულსა და პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის.

პოლიტიკური მოღვაწე ემსახურება უმთავრესად სანატრელ იდეალს, რომლის განხორციელებასაც სჭირდება ხშირათ დიდი დრო.

პრაქტიკული მოღვაწე კი ძვირათ დაისახავს მიზნათ ასეთს შორეულ იდეალს.

პოლიტიკურ მოღვაწეს სჭირდება უფრო მტკიცე პოლიტიკური რწმენა, უდრეკი ხასიათი, უფრო სპეტაკი ზნეობა და მეტი მეცნიერული მომზადება.

პრაქტიკული მოღვაწეობისათვის კი საჭიროა ხშირათ ღვედივით მოქნილი შემპარავი ხასიათი, საამდღეო ჭირ-ვარამის ცოდნა და სხვა ამგვარი თვისება“, „ისრის“ აზრით, სწორედ პრაქტიკული მოღვაწის ეს თვისებები ახასიათებდა ნიკო ნიკოლაძეს.

ზოგჯერ იგი ცხარედ ებმებოდა კამათში. ზოგჯერ კი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. სად იყო დრო. დიდი და სამამულიშვილო საქმე ჰქონდა საკეთებელი. ამგვარ დაუმსახურებელ კრიტიკას მიჩვეული იყო. რაც მთავარია, მას სწამდა და სჯეროდა, რომ „სამყაროს განახლება საქმეა იმ სწავლული ქიმიკოსების, მექანიკოსების, ბიოლოგების, ინჟინრების, ფინანსისტებისა და სამართალმცოდნეთა, რომელთაც მისცეს განათლებულ ადამიანს დღემდე უცნობი ძალა ბუნებაზე ზემოქმედებისათვის, ასწავლეს მისი ძალების მართვა, შექმნეს სრულიად ახალი პირობები წარმოებისა და სიმდიდრის მოხმარებისა. გამოფხიზლებული კაცობრიობა თავის ნამდვილ გამათავისუფლებლად, ცხოვრების ახალი წყობილების შემოქმედად ჩათვლის კარნოს, ლავუაზიეს, პურტალესს, ფულტონს, სტეფენსონს, ლესეპსს, პასტერს და არა იმ თოჯინებს, რომელნიც კრიზისის დღეებში ხდებიან მომწიფებული ძალებისა და ინტერესების, ცოტად თუ ბევრად, შემთხვევით წარმომადგენლებად“.

საერთოდ კი უნდა გაკეთდეს დასკვნა: ხალხი, რომელიც ვერ შეძლებს ააღორძინოს, ააყვავოს თავისი ქვეყნის ეკონომიკა, მრავალმხრივი, ძლიერი და მტკიცე გახადოს იგი, ვერც ეროვნული თავისუფლების მოპოვებას მოახერხებს. თუ მოიპოვებს, შემთხვევით, დროებით და მალე დაკარგავს. „მოცემული ქვეყნის პოლიტიკური ზრდა მისი ეკონომიკური საქმიანობის შედეგია“, პოლიტიკურ ხელისუფლებად, რომელიც ადამიანს შეუზღუდავად აძლევს თავისუფალი ეკონომიკური მოღვაწეობის საშუალებას, თვითმმართველობა მიაჩნდა. დაწყებული სოფლის თვითმმართველობით და დამთავრებული მთელი იმპერიის თვითმმართველობით. ალექსანდრე მეორის მიერ რუსეთში შემოღებულმა ერობამ ყველას თვალნათლივ დაანახვა, რომ ხალხს ღირსეული დეპუტატების არჩევაც შეუძლია და გონივრული მართვაც. თვითმმართველობა, აგრეთვე, იარაღი, საშუალება იყო ხელისუფლების მეტისმეტი ცენტრალიზაციის წინააღმდეგ. ხელისუფლების ცენტრალიზაცია თუ, ერთი მხრივ, ძალიან აბრკოლებდა თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობას, ბოჭავდა და ხელ-ფეხს უკრავდა ქვეყნის განვითარებას, მეორე მხრივ, იაკობინიზმს, ანუ სისხლიან დიქტატურას აბატონებდა, ნ. ნიკოლაძე კი ყოველნაირ უკიდურესობას უარყოფდა და ზომიერებას მოითხოვდა. ზომიერება მიაჩნდა ჰარმონიული განვითარების საფუძვლად.

„უკიდურესობის მომხრე ვერსად ასცილდება სოციალ-დემოკრატიის გავლენას. ცხოვრება მხოლოდ ამ პარტიას აწოდებს თავდაუზოგავი ბრძოლის მასალად მუშას, უქონებო, უიმედო ხალხს, რომელსაც დასაკარგავი არა აქვს-რა და ყოველი ნაძალადევი მოგებას უქადის. ქართველობის მიზნები კი მარტო ზომიერების გზით მიიწევნება. ამის გარდა, ვინ არ უნდა იცოდეს, თუ არ არსებითი შეურიგებლობა სუფევს ქართულ საქმესა და შრომის ჯგუფის იაკობინიზმს შუა? იაკობინიზმის საძირკველი, იარაღი, მისი შინაარსის ცენტრალიზაცია არის, ე.ი. ეს იაკობინიზმია, რომ ცდილობს ადგილობრივი თვითმმართველობა, პროვინციალური სხვა და სხვა ფეროვნება, კერძო ერები და მხარეები ბრმად დაუმონოს ერთ მოთავე ძლიერებას. იაკობინიზმი არ იყო, ერთიანად რომ მოსპო საფრანგეთში ყოველი ნაშთი ეროვნული თვითცნობისა და ფედერაციის საქმე სისხლის მორევში ჩააღრჩო?..

ეს იმოდენად სწორი, უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ ყოველთვის, როცა ჩვენი რაიმე ნამდვილი კითხვა, რეალური საქმე გაჩნდება, იმ წამსვე მტკიცე „ბლოკი“ იკვრება ამ ორს ვითომ მტერს, სოციალ-დემოკრატებს და ფედერალისტებს შუა. მათი უკიდურესობა მათგან ერთ პარტიას ადგენს დანარჩენი საზოგადოების წინააღმდეგ. მათი ცრუ ბრძოლა ცარიელი თვალთმაქცობა, ხალხის მოტყუებაა. ორივე პარტია თავის მიზანს, სახსარს, პროგრამას, ხელმძღვანელობას ჩვენში და ჩვენს საჭიროებაში კი არა, სხვაგან ეძებს და შოულობს, ისეთ უცხო წრეებსა და მიმართულებებში, რომელთაც ქართველობასთან არც საერთო რამ აქვთ, არც არავითარი მსგავსება“. - წერდა ნიკო ნიკოლაძე ბროშურაში - „ჩემ პოლიტიკაზე“.

იგი არც ფედერალიზმის მომხრე იყო. თავად განმარტავდა - ფედერაცია არისო კავშირი თანაბარ, თანასწორ, თავისუფალ სახელმწიფოთა შორის. რომელი სახელმწიფო მოინდომებს საქართველოსთან ამგვარ კავშირს? მით უფრო რუსეთი. რა თვალსაზრისით, რა კუთხით შეიძლება მათი ფედერაციულ კავშირში ერთად არსებობა? რუსეთი ტერიტორიულად დიდი, მხედრობით ძლიერი, ქონებრივად მდიდარი, პოლიტიკურად დამოუკიდებელი, განა მოისურვებს გაუთანაბრდეს საქართველოს, ტერიტორიულად მცირეს, ულაშქროს, ქონებრივად ღარიბს და პოლიტიკურად დამონებულს? აზრის კიდევ უფრო ნათელსაყოფად შედარებაც მოჰყავდა. ჩემი ქონების პატრონი როტშილდთან, მორგანთან ან როკფელერთან რომ მივიდეს და უთხრას, - თქვენთან თანაბარი ამხანაგობა უნდა შევკრაო, - ხომ დაიხოცებიან სიცილით და პანღურის ცემით გამხეთქავენო!.. ასევე დაემართება საქართველოს, თუ იგი ფედერაციას მოინდომებსო. მისი აზრით, აქაც ზომიერება იყო საჭირო და თვითმმართველობა.

თვითმმართველობა თანდათანობით თანაბარი განვითარების საშუალებას იძლევა.

„დედამიწაზე არცერთი მხარე არ გაბედნიერებულა ერთ წუთში, ერთი თვალის დახამხამებით, ზრდა ყველაფრისა, რაც კი იზრდება, ნელი და შეუმჩნეველია. ასეთივეა მატერიალური, ზნეობრივი და პოლიტიკური ზრდა ყოველი ერისა“.

ერთხელ ნათქვამს მეორედაც იმეორებდა რუსულად.

«Где и когда видано, чтобы здравомыслящий народ поставил себя задачею одним скачком, да и то первым, без всяких переходов, перепрыгнуть из нетронутого феодального строя, в такой, какого еще нигде на земном шаре не установлено, даже и в виде опыта? Правда, немецкие метафизики сороковых годов и русские - семидесятых много чернил извели на утверждение возможности пропуска народами, при их восхождении по лестнице прогресса, нескольких промежуточных ступеней. Но несомненного примера подобного чуда никто из них не привел, кроме натяжек. Ступени не считаются лишь при обратном кувырканьи сверху вниз».4

ამითაც არ კმაყოფილდებოდა და, რაკი ხატოვანი აზროვნება უყვარდა, ბუნების კანონზომიერების მაგალითსაც იშველიებდა. სანამ გარკვეული დრო არ გავა, მანამ კვერცხიდან წიწილა არგამოიჩეკებაო. თუ ვინმე დაჩქარებას შეეცდება, შედეგი ის იქნება, რომ ხელთ მკვდარი ჩანასახი შერჩებაო.

ლაპარაკით კი ლაპარაკობდა, მაგრამ გამგონე სად იყო?

მესამე დასკვნის სახით კი ის შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობას, როგორც ხელისუფლების ფორმას, მხოლოდ თვითმმართველობა შეესაბამება.

რაკი თავისუფალ ეკონომიკურ განვითარებასა და თვითმმართველობის დამკვიდრებას დიდი დრო სჭირდებოდა, ნიკო ნიკოლაძეს მიზანშეწონილად მიაჩნდა საქართველოს რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებში დარჩენა. ამასთანავე დამოუკიდებლობისათვის მომზადება ხანგრძლივ დროს და თავაუღებელ მუშაობას ითხოვდა. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ თავად რუსეთი ეკონომიკურად უაღრესად ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენდა. იქაც რუსეთის ბედით დაინტერესებული ადამიანები ეკონომიკური განახლების გზებს ეძებდნენ. ნ. ნიკოლაძე „რუსეთის მოწინავე ნაწილში“ სწორედ ამ ადამიანებს გულისხმობდა. მათთან კავშირით ესახებოდა შესაძლებლად საერთო ეკონომიკური მიზნების განხორციელება.

როცა მსოფლიო ისტორიის მსვლელობას თვალყურს ადევნებდა, ნიკო ნიკოლაძე მეტად და მეტად რწმუნდებოდა, რომ მე-20 საუკუნე აშშ-ის და რუსეთის საუკუნე იქნებოდა.

1894 წელს „მოამბის“ მე-10 წიგნში ნარკვევი გამოაქვეყნა - „მოსალოდნელი ცვლილება“. დღეს მსოფლიოში სამი დიდი სახელმწიფო არსებობსო, - უყვებოდა მკითხველს, - დიდი ბრიტანეთი, აშშ და რუსეთი. მაგრამ ამ სამიდან დიდი ბრიტანეთიაო ყველაზე სუსტი. მისი კოლონიები დედამიწის სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული. მათი მართვა თანდათანობით ძნელდება და რთულდება. ამასთანავე ბევრი კოლონია თავად ბრიტანეთზე ბევრად დიდია - ტერიტორიით, მოსახლეობით, ბევრად მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. მალე დადგება დრო, როცა დიდი ბრიტანეთი მათ მართვას ვეღარ შეძლებს და ისინი ლონდონის ბატონობისაგან გათავისუფლდებიანო. დიდი ბრიტანეთი, ამის შედეგად, მსოფლიოს რიგითი სახელმწიფო გახდებაო.

რუსეთის უპირატესობა კი ის არის, რომ მისი კოლონიები ერთად არის თავმოყრილი. ყველა რუსეთს ესაზღვრება და გეოგრაფიულად ერთი სხეულია. ბრიტანეთისაგან განსხვავებით, რუსეთის კოლონიები რუსეთზე უფრო სუსტია და ღარიბია. რუსეთს მათი დამორჩილება და მართვა არ უჭირს. ყოველგვარი ბუნებრივი სიმდიდრეც საკუთარ მიწა-წყალზე მოეპოვება. არსად წასვლა არ სჭირდება. თუ რუსეთი ეკონომიკურ წარმატებაზე იზრუნებს, მაშინ იგი იცხოვრებს უმეტოქეოდ და უშიშრად.

აშშ-იც ბუნებრივად მდიდარი ქვეყანაა, ახალგაზრდა და თავისუფალი. მათი ლოზუნგია „ამერიკა ამერიკელებისათვის“. მალე ისინი ევროპის ქვეყნებს ამერიკის კონტინენტიდან გააძევებენ. ეს უნდა გააკეთონ, თორემ სხვანაირად მათი ლოზუნგი ცარიელ სიტყვად დარჩება და საქმედ არ იქცევა. როგორც კი ეს მოხდება, აშშ ფაქტიურად მთელი კონტინენტის მფლობელი გახდება. რომელი სახელმწიფო მოახერხებს აჯობოს მას?

ერთი სიტყვით, ისტორიის მსვლელობა იმას მეტყველებს, რომ მე-20 საუკუნეში აშშ და რუსეთი იქნებიან კაცობრიობის მბრძანებელი.

დღეს ნიკო ნიკოლაძის წერილები შეიძლება წინასწარმეტყველებად აღვიქვათ.

რუსეთის ასეთი მომავალიც აიძულებდა მას, მიზანშეწონილად მიეჩნია საქართველოს დარჩენა რუსეთის სახელმწიფოს საზღვრებში. მერე დრო-ჟამმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ცხოვრება სხვა მიმართულებით წავიდა. ნიკო ნიკოლაძის შეხედულება გაზიარებული არ აღმოჩნდა. თუმცა თავად დაჯერებული იყო, რომ ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც თავად ამბობდა.

„...დღეს ყველა მოღვაწეს, ძველს და ახალს, ყველა წოდებას, ყველა ეროვნებას ჩვენს ქვეყანაში ის დროშა უფრო იზიდავს, რომლის აფრიალება პირველად მე მეღირსა „დროებაში“, 1870-ში, და რომელზედაც მარტო ორი სიტყვა ეწერა: „ერთობა, თვითმმართველობა“. ეს დროშა მით იმარჯვებს, რომ გარეგან მიბაძვით კი არ არის შემოღებული, შინაური ნაკეთებია, ჩვენი ქვეყნის საჭიროებაზეა გამოჭრილი“.

თურმე ძალიან ფხიზელი და პრაქტიკული გონებაც კი შეიძლება აჰყვეს ოცნებას და, რაც ენატრება, ის რეალობად მიიჩნიოს.

ეს ნიკო ნიკოლაძის შეცდომაც იყო და ტრაგედიაც.

. . .

1917 წელს, თებერვლის რევოლუცია რომ მოხდა, ნიკო ნიკოლაძე, ოჯახით, პეტროგრადში ცხოვრობდა (რაკი ომი გერმანელებთან მიმდინარეობდა, 1914 წლის 31 აგვისტოს, ნიკოლოზ მეორის განკარგულებით, ქალაქს გერმანული სახელი - პეტერბურგი - გამოუცვალეს და რუსული დაარქვეს). იგი გაზეთ „რუსსკაია ვოლიაში“ თანამშრომლობდა. გაფაციცებული ადევნებდა თვალყურს აბობოქრებულ ხალხს, დაბნეულ ხელისუფლებას, სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებულ პარტიებს... ძნელი გამოსაცნობი იყო - როგორ და საით წარიმართებოდა რუსეთის ბედ-იღბალი.

იმხანად დას, ეკატერინე ნიკოლაძეს, ღია ბარათი გამოუგზავნა. მასზე აღბეჭდილი იყო ხალხით გადაჭედილი სასახლის მოედანი. იწერებოდა:

„გიგზავნი პეტროგრადის სახეს ამ დღეებში. ამ კვირას აქ ყოველდღე ეს სახე აქვს ჩვენს სატახტო ქალაქს. ხალხით სავსეა ქუჩები და მოედნები: დავობენ, ჩხუბობენ, შფოთავენ. მაინც ყველას იმედი გვაქვს, რომ იქნება ღმერთმა ქნას და მორიგდეს ეს აღშფოთებული ზღვა!..“5

ჯერ დიდი საშიშროება არსებობდა. ჩამოგდებულად გამოცხადებული იმპერატორი ფსკოვში იმყოფებოდა, სამხედრო სადგომში. არავინ უწყოდა, რას მოიმოქმედებდა იგი. იბრძოლებდა ტახტის შესანარჩუნებლად? დასძრავდა თავის არმიებს პეტროგრადში დარჩენილი ოჯახის გადასარჩენად თუ მშვიდად შეხვდებოდა მეფობის დაკარგვას?

აუტანელი მოლოდინი იდგა. მოყვარეცა და მტერიც ნიკოლოზ მეორის გადაწყვეტილებას ელოდა. 1917 წლის 2 მარტი იყო. იმპერატორს მაგიდაზე გადადგომის აქტი ედო. ხელმწიფე ოთახში დაფიქრებული მიმოდიოდა. ახლა მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული - გადაუძახებდა თუ არა იგი რუსეთს სამოქალაქო ომის უფსკრულში. ცოტა ხნის მერე ექიმი სერგეი ფეოდოროვი იხმო. ექიმი შემოვიდა და აღელვებული მიაჩერდა იმპერატორს. ნიკოლოზ მეორემ ჩუმი ხმით იკითხა:

- გულახდილად, გულწრფელად მითხარით, შეიძლება თუ არა ალექსის განკურნება?

ექიმი დუმდა. ძნელია მამას უთხრა, რომ მისი შვილი განწირულია სასიკვდილოდ. ისიც ასეთ წუთებში, როცა მთელი დინასტიის ყოფნა-არყოფნის დილემა დგას. ალექსი ჰემოფილიით არის ავად. ეს განუკურნებელი სენია. როგორი მძიმეც უნდა იყოს სიმართლე, იგი უნდა ითქვას და ექიმმა ფეოდოროვმა უპასუხა:

- ხელმწიფევ, მეცნიერება გვეუბნება, რომ სნეულება, რომლითაც ცესარევიჩია დაავადებული, არ იკურნება. მაგრამ ყოფილა ცალკეული შემთხვევა, როცა ჰემოფილიით სნეულებს ხანგრძლივად უცხოვრიათ. მაგრამ მაინც ალექსი ნიკოლოზის ძის ბედი შემთხვევითობის ხელშია.

იმპერატორმა თავი ჩაღუნა და ჩაიჩურჩულა: ამას მეუბნებოდა დედოფალიც...

ექიმი გაუშვა. მაგიდასთან მივიდა და ქაღალდი აიღო. იქ ეწერა, რომ იგი, იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მეფე დიდი, მცირე და თეთრი რუსეთისა, დიდი მთავარი პოლონეთისა, ლიტვისა, ფინეთისა და სხვათა და სხვათა... უარს ამბობს რუსეთის ტახტზე და უთმობს მას უმცროს ძმას მიხეილ ალექსანდრეს ძეს...

ხელმწიფემ ბოლომდე ჩაიკითხა აქტი. Да поможет Господь Бог России - მთავრდებოდა იგი. რამდენიმე წამიც და ხელმოწერაც გამოჩნდა: ნიკოლოზ მეორე, ქ. ფსკოვი, 2 მარტი 1917 წლისა, 15 საათი და სამი წუთი.6

მეორე დღეს, 3 მარტს, დიდმა მთავარმა მიხეილ ალექსანდრეს ძემ უარი თქვა რუსეთის იმპერიის ტახტზე.

სამასწლიანმა დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

დადგა ის სანატრელი დღე, დეკაბრისტებიდან მოყოლებული რომ ელოდა რუსეთი და მისი მოიმედე საქართველო.

მარაქაში ქართველებიც ერივნენ.

კარლო ჩხეიძე, ის კარლო ჩხეიძე, 90-იანი წლების ბოლოს ნიკო ნიკოლაძეს კლასობრივი ბრძოლის შინაარსს რომ ასწავლიდა, პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე გამხდარიყო. ეს მან გამოუცხადა რუსეთს მონარქიის დამხობა.

ნიკოს დისწული, ოლიმპიადა ნიკოლაძისა და გიორგი წერეთლის ვაჟი, ირაკლი (ჩვენში უფრო კაკის სახელით ცნობილი), დროებითი მთავრობის მინისტრის პოსტს დაუფლებოდა.

ქართველები სხვა უფრო წვრილ-წვრილ თანამდებობებზეც იყვნენ მოკალათებულნი.

დროებითი მთავრობის ქართველი მენაკიანების7 იმედი საქართველოს არ უნდა ჰქონოდა. ისინი რუსეთზე უფრო სწუხდნენ, ვიდრე ჩვენს ქვეყანაზე. საკუთარი კარიერაც სამშობლოს ბედზე მეტად აწუხებდათ, რატომღაც საქართველოს დაბა-სოფლებში, გაღატაკებული აზნაურებისა და გლეხების ოჯახებში დაბადებულ პოლიტიკოსებს ეგონათ, რომ მსოფლიო პროლეტარიატი მათ შესციცინებდა თვალებში და ევედრებოდა - თუ გვიხსნით თქვენ გვიხსნით, თორემ ჩვენი მშველელი არავინ არისო. ამოდენა მისიით დატვირთულნი თავიანთი უბედური მამულისათვის ვეღარ იცლიდნენ. რევოლუციამ თითქოს იმპერია დაანგრია, მაგრამ დროებითი მთავრობა სრულებით არ აპირებდა რუსეთის სახელმწიფოებრივი ერთიანობის დაშლას. არც ამიერკავკასიაში უფიქრია ვინმეს - რუსეთს გამოვეყოფითო. მართალია, პეტროგრადში ნაირ-ნაირი ეროვნული კომიტეტები იქმნებოდა, მათ შორის ქართულიც, მაგრამ ისინი არსებითად ჩაის სმითა და ნაციონალურ პრობლემებზე მასლაათით კმაყოფილდებოდნენ.

ამიერკავკასიის სამართავად დროებითმა მთავრობამ „ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი“ შექმნა (რუსული აბრევიატურით „ოზაკომი“). ამ კომიტეტს ბევრი არაფერი გაუკეთებია. როგორც დროებითი მთავრობა აღმოჩნდა უდღეური, „ოზაკომსაც“ თურმე ისეთივე დღემოკლე სიცოცხლე ეწერა.

თებერვლის რევოლუციის მიერ დასმულმა ხელისუფლებამ რვა თვე ძლივს იარსება. 25 ოქტომბერს იგი დაამხეს და ძალაუფლება ბოლშევიკებმა აიღეს. ამიერკავკასიელი პოლიტიკოსები ამ ფაქტმა ძლიერ აღაშფოთა. 25 ოქტომბრიდან 20 დღეც არ იყო გასული, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი შექმნეს. კომისარიატის თავკაცობა მენშევიკური განხრის სოციალ-დემოკრატს ევგენი გეგეჭკორს ერგო. თუმცა, ეროვნული შემადგენლობის კუთხით, ამიერკავკასიის კომისარიატი ჭრელი იყო: ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები... ერთი სიტყვით, ყველა, ვისაც ამიერკავკასიაში ქოხი ედგა. გაგულისებულმა კომისარიატმა უარი თქვა, ეთანამშრომლა პეტროგრადის ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან. კანონიერი მთავრობის ჩამოგდება და ძალაუფლების უზურპაცია დააბრალა.

პეტროგრადს თავი დიდად არ შეუწუხებია ამის გამო. ჯერ არ ეცალათ. უფრო დიდი და სახიფათო საქმე იყო მოსაგვარებელი. ზავი უნდა დაედოთ გერმანიასთან. როცა ეს უმთავრესი საკითხი მოწესრიგდებოდა, მერე ამიერკავკასიის დროც დადგებოდა.

პეტროგრადელი ქართველი მოღვაწენიც სამშობლოში დასაბრუნებლად განეწყვნენ. ასეთ დროს ყოველი პატიოსანი ადამიანი თავის მამულში უნდა იყოს და ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ფიქრობდეს.

დიდი ვაი-ვაგლახით იშოვეს მატარებელი, მემანქანეები და მომსახურე პერსონალი. ოჯახებით, დიდიან-პატარიანად ჩასხდნენ შიგ და მატარებელი №113 პეტროგრადიდან თბილისისაკენ დაიძრა. საშიში და ფათერაკიანი გზა ედოთ წინ. რუსეთის ველქოყანებზე8 შეიარაღებული ბრბოები დაძრწოდნენ. განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა და ძარცვა-გლეჯა მძვინვარებდა. ვინ ვის ებრძოდა, რატომ და რისთვის, ეშმაკიც ვერ მიხვდებოდა. შინამდე რომ მოეღწიათ, ჯოჯოხეთის ცეცხლი იყო გასავლელი.

როცა მატარებელი ჩავიდა ვლადიკავკაზში, ძველად ქართველები ძაუგს რომ ეძახდნენ, და ახლა ორჯონიკიძე ჰქვია, ბევრმა მატარებელი დატოვა, დარიალის გზით, ეტლებითა და ცხენებით გამოსწია საქართველოსაკენ. მატარებელმა კი გააგრძელა სვლა, დერბენტისა და ბაქოს გავლით, თბილისში რომ ჩამოსულიყო.

113-ე მატარებელი კი ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ ოდენ რკინის კარკასი, დამწვარ-დაბუგული და დამტვრეულ-დალეწილი.

ჩამოსულებს საქართველოში გარეგნულად სიმშვიდე დახვდათ. გოლოვინის პროსპექტზე ნაირფერად მორთულ-მოკაზმული ქალ-ვაჟნი დასეირნობდნენ. მოედნებს, ბაღებსა და ქუჩაბანდებს უდარდელი ადამიანების კისკის-ხორხოცი ავსებდა. გაჩირაღდნებულ რესტორნებში ძველებურად ქეიფობდნენ ფულიანი და უფულო. თბილისში დიდი რაოდენობით მოეყარა თავი რუსეთიდან გამოქცეულ მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, მსახიობებს. იმართებოდა კონცერტები, ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები. ცხოვრების ზედაპირზე მოფარფატე კაცი ვერაფრით მიხვდებოდა - რა ზესკნელ-ქვესკნელი ნთქავდა ადამიანებს კავკასიონის გადაღმა.

საზრუნავი და საწუხარი ხელისუფლებას ჰქონდა. კავკასიის ფრონტი მოიშალა. ომმოყირჭებული ჯარისკაცები შინ, რუსეთში ბრუნდებოდნენ. ამიერკავკასიას საკუთარი არ ჰყავდა. საზღვრები დაუცველი რჩებოდა. რა უნდა ექნათ? მართალია, 1917 წლის 5 დეკემბერს თითქოს თურქეთისა და რუსეთის არმიებს შორის შეთანხმება მოხდა, დროებითი ზავიც დაიდო, მაგრამ ეს არაფრის გარანტიას არ იძლეოდა. არც საშინაო მდგომარეობა იყო სახარბიელო. კაციშვილი ვერ იტყოდა დაბეჯითებით - რამდენ ხანს გაძლებდა ამიერკავკასიის ფედერალიზმი. მუშები და გლეხები რას იზამდნენ? ვინ ან რომელი პარტია დააშოშმინებდა მათ? თუ ისინი თოფს სტაცებდნენ ხელს და ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებას მოინდომებდნენ?

1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა ამიერკავკასიის სეიმი მოიწვია. გამოაცხადეს, რომ საბჭოთა რუსეთს ეყოფოდნენ. ეს საქმეს არ შველოდა. მარტში გერმანიამ და საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში ზავი დადეს, სეპარატიული და რუსეთისათვის წამგებიანი. სხვა გზა არ იყო. თუ უნდოდა გადარჩენა, რუსეთი გერმანელთა წინადადებას უნდა დათანხმებოდა. ბრესტ-ლიტოვსკის ზავით რუსეთი თმობდა ტერიტორიებს. მათ შორის, ამიერკავკასიაში ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქებს (იხილეთ «Документ внешней политики СССР», т. 1, 1957 г., стр. 121, 201). ეს საქართველოსა და სომხეთისათვის გამანადგურებელი დარტყმა იყო. საუკუნეებით ნაოცნებარი, რის ვაი-ვაგლახით, ძლივსძლივობით დაბრუნებული მიწა-წყალი ისევ მიჰქონდა თურქეთს.

თურქებთან მოსალაპარაკებლად, ბათუმში ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია ჩავიდა - მრავალრიცხოვანი და ეროვნულად ჭრელი. ქართული დელეგაციის მეთაურობა ევალებოდა აკაკი ჩხენკელს და ნიკო ნიკოლაძეს. თუმცა რა მოლაპარაკება უნდა მომხდარიყო! ერთ მხარეს იდგა თურქეთი - გამარჯვებული, კბილებამდე შეიარაღებული ჯარით და ბრესტ-ლიტოვსკის ზავის უფლებით აღჭურვილი, და მეორე მხარეს - ამიერკავკასია - უჯარო, უუფლებო და შინაგანი წინააღმდეგობით გათიშული. თუ საქართველოს და სომხეთს ეროვნული მიწა-წყლის დაკარგვა უნდა ეტირა, ეს სრულიად არ აწუხებდა აზერბაიჯანს. პირიქით, მას უხაროდა, თუკი ეთნიკურად და სარწმუნოებრივად მოძმე თურქეთი ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებს ისევ ჩაიგდებდა ხელში.

თურქები არ თვალთმაქცობდნენ და მოჩვენებითი მოლაპარაკების ჩატარებას არც აპირებდნენ. სრული უპირატესობით გათამამებულნი, კატეგორიულად სვამდნენ საკითხს - ამიერკავკასია ან ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებს და თმობს ტერიტორიას, რომელიც თურქეთს არგუნეს, ან ჯარისა და იარაღის საშუალებით დავიკავებთო ამ მიწა-წყალს. საქართველოსა და სომხეთს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია სამართლიანად ჩათვალოს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი და გაიზიაროს მისი პუნქტები. მაგრამ რით გაუწიოს წინააღმდეგობა თურქეთს? ჯარი არ ჰყავთ. ამიერკავკასიის გამოყოფას რუსეთისაგან არავინ ცნობს. არც ამიერკავკასიის დელეგაციაშია ერთსულოვნება.

როგორ უშველონ ქვეყანას? ქართული დელეგაციის მაშინდელ ფიქრსა და წუხილს ზურაბ ავალიშვილი ასე გადმოგვცემს წიგნში „საქართველოს დამოუკიდებლობა“ (გვ. 50), რომელიც გამოცემულია თბილისში 1929 წელს.

„ამ განსაკუთრებულ წუთში როგორ არ გვესმინა ისტორიული სტიქიების გუგუნი, როგორ არ ყურადგვეღო იმათი ხმა, ვინც დიდი ხანია - აღარ არის, როგორ არ გვეფიქრა იმაზე, ვინც კიდევ მოვა!

რამდენი მოდგმა ჰქმნიდა ქართველს ერს და ამაოთ ეძებდა მზის ქვეშ მისი თავისუფალი განვითარების პირობებს! აი დამოუკიდებლობამ კარებზე მოაკაკუნა და როგორ არ შევეგებოთ აღტაცებით! თუ ეს წუთი გავუშვით, რა პასუხი გავცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა! ნუთუ ეს ხალხი დაბადებულია მხოლოდ მონობისათვის, მორჩილებისათვის და იგი უნდა გადაიქცეს „ეთნოგრაფიულ მასალათ“, რომლიდანაც პირობების მიხედვით გამოდიან ხან სპარსელები, ხან ოსმალოები, ხან რუსები! არა, მას ახსოვს, მას სურს წამოდგეს და იქმნეს თავისთავადი“.

და ქართულმა დელეგაციამ გამონახა გადარჩენის გზა - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. დამოუკიდებელი საქართველოს დაკავშირება გერმანიასთან და გერმანიის დახმარება.

აქედან ბუნებრივად გამომდინარეობს შემდეგი: დამოუკიდებელი საქართველო არ ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებს. გერმანიის მოკავშირე საქართველოს ვერავითარ ულტიმატუმს ვერ წამოუყენებს გერმანიის მეორე მოკავშირე თურქეთი.

გერმანიასთან შეთანხმება უნდა მოხდეს, რაც შეიძლება, სწრაფად. თურქებს მოთმინება აღარ ჰყოფნით. ამიერკავკასიასა და თურქეთის მოლაპარაკებას ბათუმში, როგორც მეთვალყურე, ესწრებიან გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაცია საიდუმლოდ უთანხმდება გერმანელებს. ისინი მზად არიან იშუამდგომლონ იმპერატორ ვილჰელმ მეორესა და გერმანიის მთავრობასთან. მიმდინარეობს ცხარე საქმიანობა. ქართველების მიზანი ვერ უნდა შეიტყონ არა მარტო თურქებმა, არამედ ამიერკავკასიის დელეგაციის სხვა წევრებმაც - სომხებმა და აზერბაიჯანელებმა, თორემ შეიძლება საქმე ჩაიშალოს. მათ - სომხებსა და აზერბაიჯანელებს - ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ საქართველოს მიმართ. სომხებს თბილისისადმიც კი. ყველაფერი ეს გასათვალისწინებელია.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახლა ქართულ დელეგაციაში ნიკო ნიკოლაძის ყოფნას. მის გამოცდილებას, ცოდნას, სიდარბაისლეს. თავად ზურაბ ავალიშვილი ასე ამბობს - „...ნიკოლაძე მეტად ადვილათ ატარებდა თავის 75 წლის სიმძიმეს... ულევი მეხსიერება, ცოდნა ოსმალეთ-კავკასიის დამოკიდებულებისა, მუსაიფის მჩქეფარე ნიჭი. თვალებში ცეცხლის ნაპერწკლები, თეთრ წვერთან და წარმოსადეგ შეხედულებასთან, ყველაფერი ეს ძლიერ სასარგებლოთ ჰქმნიდა მის ყოფნას ბათუმში“... მარტო ის რად ღირს, რომ იგი, ერთადერთი დიდი სამოციანელებიდან, ესწრება მათი ოცნების ასრულებას. უფრო მეტიც: ისინი ავტონომიაზე შორს არ წასულან. ახლა დამოუკიდებლობა ცხადდება!.. დამოუკიდებლობის გამოცხადების აზრი მასაც ეკუთვნის.

დაძაბულობა ზენიტს აღწევს. როგორც იქნა, დეპეშაც მოვიდა თბილისიდან. ხელს აწერენ ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი...

„დღეს შუადღის ხუთ საათზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. მთავრობის თავმჯდომარედ არჩეულია რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად - ჩხენკელი. ამიერკავკასიის სეიმმა თავი გაუქმებულად გამოაცხადა და ამიერკავკასიის მთლიანობა დასრულდა“.

დღე იყო 26 მაისი, წელი - 1918.

დიპლომატიური ომი ქართველებმა მოიგეს. ბრესტ-ლიტოვსკის ზავით დათმობილი ტერიტორია იმჯერად შეინარჩუნეს. ამ მიწაწყლის ნაწილი მერე დაიკარგა, სხვა ისტორიულ ვითარებაში, მაგრამ მაშინ ნიკო ნიკოლაძე საქართველოში არ ყოფილა. იგი 1920 წელს ინგლისში გაემგზავრა, ჭიათურის შავიქვის პრობლემების და საერთოდ უცხოეთთან ვაჭრობის საკითხების მოსაგვარებლად. როცა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ქართული პრესა ილანძღებოდა: უცხოეთში ნიკო ნიკოლაძე, მენშევიკებთან ერთად, ებრძვის საბჭოთა ხელისუფლებას. ეწევა მტრულ აგიტაციას. საბჭოთა ეკონომიური ცხოვრების აღორძინებისა და განვითარების ნამდვილი კლასობრივ-სოციალური შინაარსის და მნიშვნელობის მას არაფერი გაეგება.

ეს მტკნარი სიცრუე იყო. იგი არც არავის უკვირდა და არც არავის სჯეროდა. დრო იყო ასეთი ტრელობისა და ცილისწამებისა.

1924 წელს ნიკო ნიკოლაძე ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა.

______________

1. „საქართველოს აღდგენა მთელი მისი შუასაუკუნებრივი ზიზილ-პიპილა ზარზეიმით“.

2. სურვილი

3. შვილი - მთელი ჩემი უბედურება მხოლოდ ის არის, რომ შენ რუსი ხარ.

მრჩევლის ქალი - ეს რა თქმა უნდა, ჩემო ანგელოსო, ჩემთვის საშინლად დამღუპველია.

შვილი - ეს ისეთი defaut (ნაკლია), რისი გამოსწორებაც უკვე არაფრით აღარ შეიძლება... გამოგიტყდები, თვითონ მინდოდა ისეთი ცოლი მყოლოდა, რომელთანაც, ფრანგულის გარდა, სხვა ენით ვერ ვისაუბრებდი. ჩვენი ცხოვრებაც ბევრად ბედნიერად წარიმართებოდა.

4. „სად და როდის გინახავთ, რომ საღად მოაზროვნე ხალხს მიზნად დაესახოს ერთი ნახტომით და ისიც პირველით, - ყოველგვარი გადასვლის თვინიერ, ხელუხლებელი ფეოდალური წყობიდან გადამხტარიყო ისეთში, რომელიც ჯერ დედამიწის ზურგზე არსად დამყარებულა ცდის სახითაც კი? მართალია, 40-იანი წლების გერმანელმა და 70-იანის რუსმა მეტაფიზიკოსებმა ბევრი მელანი ამოაშრეს იმის დასამტკიცებლად, რომ პროგრესის კიბეზე ასვლისას ხალხებს შეუძლიათ რამდენიმე საშუალედო საფეხურის გამოტოვებაო. მაგრამ ამგვარი სასწაულის უეჭველი მაგალითი არცერთ მათგანს არ მოუტანია, გარდა ნაძალადევისა. საფეხურები არ ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა ზევიდან ქვევით თავდაყირა გადმოვარდება“.

5. ეს წერილი ზ. აბზიანიძემ მომცა. დიდი მადლობა დახმარებისათვის.

6. ერთი წლისა და ხუთი თვის შემდეგ, 1918 წელს 17 ივლისი რომ თენდებოდა, ღამით, ქალაქ ეკატერინებურგში, ინჟინერ იპატიევის სახლის სარდაფში, ბოლშევიკებმა საიდუმლოდ ამოწყვიტეს მეფის ოჯახი - თავად ნიკოლოზ მეორე, დედოფალი ალექსანდრა ფეოდოროვნა (ქალიშვილობაში ალისა ჰესენ), ოთხი ასული მეფისა - ოლგა, ტატიანა, მარია, ანასტასია და სასიკვდილოდ სნეული ვაჟი 14 წლის ალექსი. იმპერატორის ოჯახთან ერთად დახოცეს ექიმი ბოტკინი, დედოფლის მოახლე ანა დემიდოვა, მზარეული ხარიტონოვი და ლაქია ტრუპი.

7. თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებით, მენაკი чин-ის შესატყვისია. მენაკიანი კი იქნება ჩინიანი, чиновник-ი

8. უკაცრიელი მინდორი.

10 ბოლოთქმა

▲back to top


ნიკო ნიკოლაძე 1928 წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა, 85-ე წელიწადში გადამდგარი. დაკრძალვის წინ მას ტვინი ამოაცალეს და იგი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის თავისტვინის მუზეუმში შეინახეს. მეც მინახავს ეს ტვინი. შუშის ქილაში, სპირტში დევს სათუთად მოვლილი ნაწილი ადამიანის სხეულისა. არ ვიცი, ვის რას ეუბნება იგი. ალბათ, სპეციალისტს, შეუძლია მიახლოებით ამოიცნოს - რა სნეულება სჭირდა მის პატრონს სიბერეში. სხვა რამის თქმა კი ამ მკვდარ მატერიას არ შეუძლია. რამდენიც გნებავთ ატრიალეთ ეს ქილა. უყურეთ საიდანაც გინდათ და რამდენ ხანსაც. ვერაფერს შეიტყობთ. სპირტში შენახულ ტვინში აღარ სუფევს ის, რაც ადამიანს ადამიანად ხდის - ღვთაებრივი სული. თუმცა ამ ტვინში გაიარა ყველაფერმა იმან, რაც მისმა პატრონმა განიცადა, იფიქრა, იაზრა თავის ცხოვრების 85 წლის მანძილზე.

განა მკვდარი მატერია გეტყვით, რომ ნიკო ნიკოლაძე რომ დაიბადა, საქართველოში ბატონყმობა არსებობდა, ხოლო, როცა გარდაიცვალა, საბჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული?

განა მკვდარი მატერია გეტყვით, რომ ნიკო ნიკოლაძე იცნობდა მისი დროის გამოჩენილ ქართველ, რუს, ევროპელ მოღვაწეებს და ურთიერთობა ჰქონდა მათთან?

განა მკვდარი მატერია გეტყვით, რომ ნიკო ნიკოლაძე მოესწრო ბატონყმობის გაუქმებას, სამ რევოლუციას (1905 წლისას, 1917 წლის თებერვლისას და ოქტომბრისას), რომ მის თვალწინ ჩაიარა რუსეთ-თურქეთის ორმა საგრობამ, რუსეთ-იაპონიისა და პირველმა მსოფლიო ომებმა?

განა მკვდარი მატერია გეტყვით, რომ ნიკო ნიკოლაძე წერდა ქართულად, რუსულად, ფრანგულად, თანამშრომლობდა ქართულ, რუსულ, ევროპულ პრესაში, ეხმაურებოდა ყველაფერს, რაც მის დროს ხდებოდა?

განა მკვდარი მატერია გეტყვით, რომ ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა არა მარტო კალმოსნის ნიჭი, არამედ მრეწველისა და სახელმწიფო კაცის ტალანტიც?

განა მკვდარი მატერია გეტყვით, რა უხაროდა და რა სტანჯავდა ნიკო ნიკოლაძეს, რა უყვარდა და რა სძულდა, რა სტკიოდა მის სულს?

ვერ გეტყვით, რადგან ის, რასაც სიცოცხლე ჰქვია, არ არის მატერია, სპირტიან ქილაში იქნება იგი დაცული თუ სხვაგან სადმე.