![]() |
კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი / [რედ.: როსტომ ჩხეიძე ; მხატვ.: მამუკა ცეცხლაძე] ; ალექსანდრე ორბელიანის საზ-ბა. - თბ. : ლომისი, 2003. - 256გვ. ; 18სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20839]UDC: 821.353.1(092 რობაქიძე, გრიგოლ) |
![]() |
1 დაბადების თარიღი |
▲back to top |
იმ ურიცხვ ანკეტაში, რომელიც გრიგოლ რობაქიძეს საკუთარი ხელით შეუვსია, თავის დაბადების თარიღად ჩაწერილი აქვს 1884 წლის პირველი ნოემბერი. და არა მარტო ანკეტებში, ავტობიოგრაფიაშიც. 1925 წელს curriculum vitae დაუწერია. აქაც დაბადების თარიღად მითითებული აქვს 1884 წლის პირველი ნოემბერი. მერე მწერლის ცხოვრებით დაინტერესებულმა მკვლევრებმა არქივში იპოვნეს მეტრიკული ჩანაწერი, სადაც გრიგოლ რობაქიძის დაბადების თარიღად დასახელებულია 1880 წელი.1 სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში მწერალი თავადაც აღარ მალავდა, რომ დაბადებული იყო სოფელ სვირში 1880 წლის 28 ოქტომბერს. თავის საქციელს კი ნანობდა. კერძოდ, 1955 წლის 25 სექტემბერს იგი ნიურნბერგიდან წერდა გერმანელ მწერალს ჰანს ჰასო ფონ ველტჰაიმს, რომელთანაც ახლო მეგობრობა აკავშირებდა.
„ჩემო ძვირფასო ჰანს ჰასო!“
მოკლე დროით მიუნხენში ჩამოვედი, ჩემი თანამემამულეების გარემოში ცოტათი რომ დამესვენა. ახლა ნიურნბერგში ვარ ორი დღით ჩემს მეგობარ რუდოლფ კარმანთან და ხვალ უკან ვბრუნდები მიუნხენში. სამწუხაროდ, არ შემიძლია გესტუმრო, რადგან ჩემი ფულადი სახსრები შეზღუდულია.
რამდენიმე თვეა მძიმე სულიერ დეპრესიაში ვიმყოფები. შენ იცი, რა მძიმე მდგომარეობაში ვცხოვრობ ჩემი ცოლის ავადმყოფობის შემდეგ. რამდენიმე თვის წინათ ძალებმა მიმტყუნეს. ნერვები მაწუხებენ. ყოველი გადაცდომა, რომელიც ოდესმე დამიშვია, მაშფოთებს. ორი შემთხვევა მოქმედებს ჩემზე განსაკუთრებით დამთრგუნველად.
პირველი შემთხვევა: ჩემი რომანი „მეგი“, საქართველოში, 1929-1930 წლებში შეიქმნა. მაშინ უკვე მქონდა საიდუმლო განზრახვა გერმანიაში გაპარვისა. მინდოდა გერმანული ტექსტი ხელთ მქონოდა. ჩემი მეგობარი რაინჰოლდ ჩაკერტი, რომელიც ამ წიგნის მთარგმნელად არის დასახელებული, ქართულს არ ფლობდა. ორმაგი სამუშაო რომ თავიდან ამეცდინა, ჯერ ქართულად დამეწერა რომანი და მერე რუსულად მისთვის, „მეგის“ ორიგინალური ტექსტი იმთავითვე რუსულად შეიქმნა. ჩემის აზრით, ამით რომანს არაფერი მოაკლდა, მით უფრო, რომ მასში ხაზს არ ვუსვამდი სიტყვიერ ხელოვნებას, არამედ სახეებს, ბედ-იღბალს, სურათებს, აგრეთვე იმას, რაც ყოველ ენაში ერთნაირად წარმოსადგენია. ამასთანავე ვფიქრობდი, ეს წიგნი მოგვიანებით ქართულად დამეწერა (რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა უბრალო თარგმანი, არამედ თავისთავადი ტექსტი), სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვახერხე ეს. სხვადასხვა გარემოებამ დამაბრკოლა. ახლა თავად საქმეზე. 1934 წელს „მეგის“ იტალიური თარგმანი გამოქვეყნდა. სატიტულო ფურცლის უკანა მხარეს გამომცემლის (შპერლინგ ე.კუპფერის გამომცემლობა, მილანო) შენიშვნა ზის: „ქართული ორიგინალი არასოდეს გამოცემულა“. ამ შენიშვნას, რომლის წარმოშობაში თავს პასუხისმგებლად ვთვლი, მაშინ საკმაოდ დაუფიქრებლად მოვეკიდე. მე ვამბობდი: ქართული ორიგინალი ფესვგადგმულია ჩემში. მჭირდება მხოლოდ მისი ქაღალდზე გადატანა. ვერ დავინახე მე ეს აღრევა ორ განსხვავებულ სიბრტყეში? არ შემიმჩნევია, რომ ეს აღრევა შეიცავს მორალურ გადაცდომას? მას შემდეგ 21 წელიწადი გავიდა. ამ დროის მანძილზე ამის გამო განსაკუთრებული სინდისის ქენჯნა არ მიგრძვნია. პირველად ამ თვეში, უცბად, ამოტივტივდა ჩემში სინდისის ქენჯნის მწვავე განცდა, რაც ჩემს დღევანდელ მდგომარეობაში ქანცს მაცლის. ისევ მწყობრში რომ ჩავდგე, ჯერ ღმერთის წინაშე უნდა მოვინანიო. ამას ჭეშმარიტად ვაკეთებ. შემდეგ უნდა, აგრეთვე, ეს თანამედროვეთა წინაშე როგორღაც ლიტერატურულად ვაღიარო.2
მეორე შემთხვევა უფრო დამთრგუნველად მოქმედებს ჩემზე. მე ყოველთვის გამოვიყურებოდი უფრო ახალგაზრდად, ვიდრე ჩემი წლები მაძლევდნენ ამას. 1927 და 1931 წლებში ჩემს საზღვარგარეთულ პასპორტში ოთხი წლით ახალგაზრდად ჩავაწერინე თავი (ფაქტობრივად მე დავიბადე 15 ოქტომბერს ძველი სტილით, ანუ 28 ოქტომბერს ახალი სტილით 1880 წლისა). ამის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოუთხოვიათ და, საერთოდ, ცარისტული რეჯიმის გაუქმების შემდეგ, დაბადების ცნობას არავინ მთხოვდა. მაშინ ჩინოვნიკებს არ აინტერესებდათ ჩემი ასაკი. ეს მონაცემები ავტომატურად შევიდა ჩემს ემიგრანტულ პასპორტშიც. ეს ყალბი დაბადების თარიღი არის შეტანილი აგრეთვე სხვადასხვა ლექსიკონში. გულახდილად ვაღიარებ, დღემდე ამ საქმეზე არ ვზრუნავდი. ვამბობდი: ჩემი შინაგანი „ჰო“ გაცილებით უფრო სრული რაღაც არის, ვიდრე კალენდარული. თუ კალენდარულის მიმართ თანამედროვეებს ინტერესი გაუჩნდებათ, შეეძლებათ გაიგონ ჩემი სიკვდილის შემდეგ. იყო თუ არა ეს თვითდამშვიდება?! ასე დაუფიქრებლად დავიკმაყოფილე ჩემი თვითმოტყუება. დღეს ვხედავ, პატივმოყვარეობის დემონს როგორ ადვილად გავეგე ფეხქვეშ. ეს იმდენად მღრღნის, რომ სიმშვიდეს ვერ ვპოულობ. რა გავაკეთო? შემთხვევა გავაობიექტიურო, რაც საჯაროდ აღიარებას ნიშნავს და ამით კომპლექსს თავი დავაღწიო. აბა, როგორ? რომელი სახით? ლექსიკონების ახალ გამოცემებში იოლია გასწორება. ამავდროულად ვფიქრობ შემთხვევა პოლიციას ვაცნობო, საპასპორტო განყოფილებაში. შეასწორებენ კი? როგორც შენიშვნას, ალბათ, მაინც მიიღებენ მხედველობაში.
შენ შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ დეპრესიაში ვიმყოფები ახლა მე.
ახლოვდება 15 ოქტომბერი, შენი დაბადების დღე. მე მინდა ახლავე მოგილოცო. მე ტანჯული გისურვებ შენ ტანჯულს - ღმერთის ლოცვა-კურთხევას და ჯანმრთელობას.
ძმური სიყვარულით გ. რობაქიძე“.3
ფაქტი ვიცით, მაგრამ ახსნა გვიჭირს - რა მიზნით შეცვალა გრიგოლ რობაქიძემ თავისი დაბადების თარიღი. ეს დამაფიქრებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ოქტომბრის თვეს იგი ყოველთვის სიყვარულით იხსენებდა. რომანის „მეგის“ წინასიტყვაობაში ავტორი წერდა: „მე ოქტომბერში დავიბადე. თითქმის ყველაფერი, რაც ჩემთვისა და ჩემი ცხოვრებისათვის მართლა მნიშვნელოვანი იყო, ამ თვეში მოხდა“. ანდერძადაც კი დატოვა: „როცა მე ამ სოფლად უკვე აღარ ვიქნები, მიდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს“.
მწიფობისთვე ოქტომბერია. და მაინც შეცვალა დაბადების თარიღი. ეს გრიგოლ რობაქიძის საიდუმლოა. ვეჭვობ ოდესმე ამოვიცნოთ იგი.
![]() |
2 პორტრეტი |
▲back to top |
გრიგოლ რობაქიძის პორტრეტი დახატული აქვს ალექსანდრე ქუთათელს „პირისპირ“ - რომანში. საერთოდ „პირისპირში“ ბევრი რეალურ-ისტორიული პირია გამოყვანილი, ზოგიერთნი საკუთარი გვარითა და სახელით და ზოგიერთნიც - შეცვლილით.4 გრიგოლ რობაქიძეც არის ამ რომანის პროტაგონისტი პლატონ მოგველაძის სახელით. მართალია, პროზაიკოსის მიერ გრიგოლ რობაქიძის სახე გაშარჟებულია, მაგრამ მაინც გავახსენებ მკითხველს როგორ არის იგი აღწერილ-დახატული „პირისპირში“.
„უცნაური კაცი იყო პლატონ მოგველაძე. იგი ყველას უნდობლად ეკიდებოდა. კაცისადმი უნდობელ დამოკიდებულებას თავისებურად ასაბუთებდა: „ისეთ ქვეყანაში, სადაც მოჰკლეს ილია, მე არავის არ ვენდობიო“. მოგველაძე უმეგობრო კაცი იყო. მარტოობა უყვარდა და ამასაც თავისებურად ასაბუთებდა: „ქართველი კაცის პათოსი ინდივიდუალურ ყოფაში ცნაურდება და არა კოლექტიურში“. იგი ძალზე ეჭვიანი, პატივმოყვარე, ეგოცენტრიზმით და განდიდების მანიით შეპყრობილი კაცი იყო. განათლება ევროპაში მიეღო. ფილოსოფიის და ხელოვნების დიდ მცოდნე კაცად მოჰქონდა თავი, მაგრამ ხშირად ელემენტარული საკითხების უცოდინარობას ამჟღავნებდა. იგი სოფლის დიაკვნის შვილი იყო, ინგლისელი ლორდის შვილობას მონატრებული. ინგლისელს რომ დამსგავსებოდა, ბაგეთა კუნთების დაძაბვისა და დაჭინთვის საშუალებით, ნიკაპი ხელოვნურად გაეფართოებინა. და არა მარტო ნიკაპი, მისი სახის ყოველი ნაკვთი, ყოველი მისი მოძრაობა, ქცევა, სიტყვა და მოსაზრება, მთელი მისი არსება, ხელოვნურად იყო გაბერილი, დაძაბული, დაჭინთული და შეკოწიწებული. იგი ხელოვნურად გაკეთებული კაცსა ჰგავდა. მსახიობური ნიღბის ტარებით ხშირად იღლებოდა და, როდესაც შინ მარტო დარჩენილი, სარკეში ნიღაბახდილ, ბუნებრივ თავის სახეს, გაქსუებულ ცხვირს და თხელ ნიკაპს დაინახავდა, - შეძრწუნდებოდა. თავისი სახით გულნატკენი „ზეკაცი“, მაშინვე თვალის უპეთა ქვეშ მდებარე კუნთებს ასწევდა, თვალებს ხელოვნურად აღანთებდა, ბაგეს გასჭიმავდა, სახეს დაძაბავდა და ქალაქში ისევ მსახიობის ყალბი ნიღბით გავიდოდა. თავზე დაკოსებული კატილოკით, ხელთათმანით, სტეკით, სახის მრისხანე გამომეტყველებით იგი გამზირზე ჩქარა გაივლიდა, იაქესავით მარტო, ბრაზმორეული, სამართებელივით ალესილი, თითქოს ქვეყანას ემდურის და ხმალში იწვევსო. საქართველოში იმჟამად ჩამოყალიბებულმა ლიტერატურულმა ჯგუფმა იგი თავის ხელმძღვანელად გამოაცხადა და მოულოდნელად, ორმოცი წლის კაცმა, პოეტობა დაიწყო“.
ეს სტრიქონები არ დაწერილა 30-იანი წლების განწყობილებით. აქ უფრო სხვა თაობის კაცისა (ალ. ქუთათელი 18 წლით უმცროსი იყო გ.რობაქიძეზე) და მწერლის დამოკიდებულებაა გამოვლენილი. მაგრამ როგორც ყოველ შარჟში აუცილებლად იცნობთ კარიკატურის ობიექტს, ასევე ალექსანდრე ქუთათელის აღწერილ პერსონაჟში, მიუხედავად უტრირებისა, დაინახავთ გრიგოლ რობაქიძეს.
გრიგოლ რობაქიძე მართლაც დიდად ზრუნავდა თავის გარეგნობასა და ჩაცმა-დახურვაზე. ამას დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევს მის ყველა შემორჩენილ ფოტოსურათზე. სხვაგანაც ამჟღავნებს იგი საკუთარი გარეგნობით დაინტერესებას. 1910-11 წლებში გრიგოლ რობაქიძეს ხშირი მიმოწერა ჰქონდა ქეთევან ამირეჯიბთან.5 ერთ ღია ბარათზე, რომელზეც ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონ პირველია გამოხატული, გრიგოლ რობაქიძეს მიუწერია: Говарят, что здесь я похож на Наполеона, правда-ли это?! (ამბობენ, მე აქ ნაპოლეონს ვგავარ, ნუთუ მართლა?!). ძალიან გვიან, უკვე 82 წლის გრიგოლ რობაქიძე არმინ ზიგრისტს საკუთარ ფოტოსურათს აჩუქებს. სურათის უკანა მხარეს კი მიაწერს - Könnte man disen Mann „alt“ nennen? (შეიძლება ამ კაცს „მოხუცი“ დაარქვა?!). სურათზე მწერალი ნამდვილად მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურება. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე ამქვეყნად აღარ იქნება.6
გრიგოლ რობაქიძის გარეგნობა რომ ყურადღებას იპყრობდა, ამას ანდრეი ბელიც ადასტურებს.
1907 წლის 5 მარტს დიმიტრი მერეჟკოვსკის ლექცია წაუკითხავს პარიზში. Salle d'Orient-ში (აღმოსავლეთის დარბაზი) ამ ლექციას ათას კაცამდე მსმენელი ესწრებოდა თურმე. ანდრეი ბელიც ყოფილა იქ. იგი იხსენებს:
„ერთხელ მერეჟკოვსკის ლექციას ვისმენდი რუსულ კოლონიაში. ვიღაც მტკიცე შესახედაობის მამაკაცი, გულზე ჯვარედინად ხელებდაკრეფილი, მხრებით კედელს მიყრდნობილი, აწეული პროფილით, როგორც ძველი მარმარილოს ქანდაკი, გაქვავებული იდგა.
- ვინ არის ის? - გიპიუს, - ვკითხე ზინაიდა ნიკოლაევნას.
უცხო მამაკაცი არ წავიდა შესაკამათებლად. მკაფიო ხმით ადგილიდან იქუხა, მისი პროფილივით მტკიცედ გამოძერწილი სიტყვებით. დადუმდა და ისევ დაიკრიფა ჯვარედინად ხელები გულზე, მიეყრდნო კედელს და არ იძროდა ადგილიდან.
- ქართველია, რობაქიძე, ფილოსოფოსი. - მითხრა მოგვიანებით გიპიუსმა.
ამ გამოჩენილ მწერალს, სიმბოლოზმის კლასიკოსს, ქართველი პოეტების ჯგუფის ხელმძღვანელს, რომლის სახელი მოგვიანებით გერმანიაში გახმაურდა, ოცდასამი წლის შემდეგ შევხვდი თბილისში“.7
60-იანი წლების დასაწყისში გრიგოლ რობაქიძეს კინორეჟისორი ივანე პერესტიანიც გაიხსენებს. 20-იანი წლების პირველ ნახევარში გრიგოლ რობაქიძე იყო სახალხო განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი სახელოვნო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კინოხელოვნებაც და კინომრეწველობაც ამ უწყებაში შედიოდა. ამის გამო ივანე პერესტიანი ხშირად ხვდებოდა გრიგოლ რობაქიძეს.
„არ ვიცი რა ჰქონდა რობაქიძეს თავში, მაგრამ თავზე, როგორც ჭეშმარიტ ფილოსოფოსს შეეფერება ეს, ერთი ბეწვიც არ ეზრდებოდა. იგი ატარებდა აკურატულ პარიკს, იდეალურად შუაგაყოფილს. ეს პარიკი მელოტს ეწებებოდა რაღაც სალბუნით. იგი ცუდად იჭერდა პარიკს. ასე, რომ სხდომის დროს თავმჯდომარის გამომეტყველება ხშირად ღიმილს იწვევდა. კიდევ უფრო მეტად მაშინ, როცა რობაქიძე, დისკუსიის დროს, პარიკქვეშ ფანქარს შეყოფდა, მელოტი რომ მოეფხანა“.8
მართალია, გრიგოლ რობაქიძე პარიკს ატარებდა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ იგი პარიკქვეშ ფანქრით მელოტს იფხანდა. ეს მის ბუნება-თვისებას არ ეგუება. ალბათ, ივანე პერესტიანის ხანდაზმულობის გამო ბევრი რამ დაავიწყდა. უნებლიეთ ის გაიმეორა, რაც ბევრჯერ უნახავს თეატრსა და კინოში, პარიკებსა და გრიმებში დაბერებულ კაცს. კინორეჟისორის სიტყვები იმასაც მოწმობს, რა ნაირგვარად ამახსოვრდება სხვადასხვა ადამიანს ერთი და იგივე პიროვნება. ძნელად სანდოა მემუარისტი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უიმათოდ ჭირს წარსულის აღდგენა.
გერმანელმა დიპლომატმა და მწერალმა ნიკოლაუს ზომბარტმა გულთბილი სტრიქონები მიუძღვნა გრიგოლ რობაქიძეს (იხ. მისი „Jugend in Berlin“). 30-იან წლებში ზომბარტების ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ გერმანელი და უცხოელი მწერლები, საერთოდ კულტურის მოღვაწენი. მათ შორის ყოფილა გრიგოლ რობაქიძეც.
გრიგოლ რობაქიძეც ზომბარტების ოჯახის ახლობელი კაცი იყო. როცა ნიკოლაუს ზომბარტის მამა ვერნერ ზომბარტი, მთელ ევროპაში სახელგანთქმული ეკონომისტი, გარდაიცვალა 1941 წლის 22 მაისს, გრიგოლ რობაქიძემ გერმანელ მწერალს ბრუნო გოეტცს მისწერა: „ვერნერ ზომბარტი ამ დღეებში სამუდამოდ გამოგვეთხოვა. ძალიან მტკივნეულია. მისი ცხოვრება საკმაოდ ხანგრძლივი იყო. მაგრამ იგი ისევ სავსე იყო სულიერი და ხორციელი ძლიერებით. ჩვენ დავკარგეთ არა მარტო დიდი სწავლული, არამედ საოცარი ადამიანიც, რომელიც მოყვასს გოეთესეული გამოსხივებით ასაჩუქრებდა“.
ნიკოლაუს ზომბარტის სიტყვით, გრიგოლ რობაქიძეს უძრავი, ფერმკრთალი სახე ჰქონია, მუქი შავი თვალებით. თვალების თეთრი გარსი არ უჩანდაო, რის გამოც ისინი ფრინველის თვალებს მოგაგონებდათო. პარიკი, რომელიც მელოტს მთლიანად ვერ უფარავდა, შავი აბრეშუმივით ბრწყინავდა. წლიდან წლამდე იგი ატარებდა კარგად გამოჭრილი შავი ტვიდის ქურთუკს და ღია რუხი ფერის შარვალს. სხვა ტანსაცმელში მე იგი არც მინახავსო, - დასძენს გერმანელი მწერალი. აღმოსავლური ჩვეულების თანახმად, ხელში ქარვის კრიალოსანი ეჭირა. მისი თლილი თითები დაუცხრომლად მარცვლავდნენ კრიალოსანს. ეს მკვირცხლი მოძრაობა ვერ უთავსდებოდა მის გაქვავებულ გამომეტყველებას. ანაზდად გულისშემძვრელად გადაიხარხარებდა. სიცილი ისევე უცბად წყდებოდა, როგორც მოულოდნელად წარმოიშვა. სიცილის დროს პირს ხახამდე აღებდა. მოჩანდა მისი ოქროს კბილების ბრწყინვა. პირს დამუწავდა თუ არა, იგი ისევ უძრავი, ფერმკრთალი ნიღაბი იყო, გაფაციცებული ფრინველის სახით.9
ცხადად ჩანს, რომ გრიგოლ რობაქიძე არა მარტო თავის მსოფლმხედველობასა და მსოფლხატს აყალიბებდა, არამედ თავის გარეგნობასაც. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, 22 წლისამ, საგანგებო სტატია დასტამბა „კვალში“ (1902წ., №20) - „რა არის მოდა?“ წერილს საფუძვლად ედო, როგორც ამას თავად აღნიშნავდა, გეორგ ზიმელის სოციოლოგიური ეტიუდი - „მოდის ფსიქოლოგია“.
„ჩვენი ზნეობა კმაყოფილდება ხან მაშინ, როცა ჩვენი „მე“ დაახლოვებული და დამზგავსებულია სხვებთან, ესე იგი, როცა ის გაერთიანებულია საზოგადო წრეში; ხან კი, პირიქით, ჩვენი ზნეობრივი გრძნობა მაშინ კმაყოფილდება, როცა ჩვენი პიროვნება განსხვავებულია სხვებისაგან, გამოცალკევებულია საზოგადოებისაგან“, - წერდა იგი.
გრიგოლ რობაქიძე, რა თქმა უნდა, ყოველთვის გრძნობდა თავს მთელი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, მაგრამ, ამავე დროს, მძაფრი სურვილი ჰქონდა გამორჩეული ყოფილიყო სხვებში და არა მარტო მსოფლმხედველობით, მსოფლხატით, აზროვნებისა და წერის სტილითა და მანერით, არამედ გარეგნობითაც, ჩაცმა-დახურვითაც.
გრიგოლ რობაქიძეს თავისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა არ შეუწყვეტია სიცოცხლის ბოლომდე. 1962 წლის 3 ნოემბერს თავის უკანასკნელ სიყვარულს გრაფინია გიტა ფონ შტრახვიტცს წერდა: „არ შემიძლია არ გავიმეორო ის, რასაც გოეთე ამბობს ეკერმანთან საუბარში: „მე ჩემი თავი ჯერ კიდევ არ შემიქმნია“.10
უკვე ხანდაზმული კაცი, როცა დაწერილი აქვს უმთავრესი თხზულებანი, ახალ ფსევდონიმს ეძებს. რამდენიმე წერილსაც აქვეყნებს - ავალონ კარდუელის - ფსევდონიმით, მაგალითად, შვეიცარიულ გაზეთში „დი ტატ“ (1952წ., 9 დეკემბერი) სტატიას „საჩვენებელი პროცესი“ (რამდენიმე დღის შემდეგ, 14 დეკემბერს, ამ გაზეთს პოეტ გიორგი გამყრელიძეს გაუგზავნის და მისწერს - „Avallon Kardwell მე ვარ. თუ რას ნიშნავს ჩემთვის ეს ფსევდონიმი - ამის შესახებ სხვა დროს...“), ხოლო „შვაიცერ რუნდშაუში“ (1953წ., ოქტომბერი, მეშვიდე რვეული) დასტამბავს ესეის „საბჭოთა ადამიანის ფსიქოლოგიისათვის“.
1952 წლის 15 დეკემბერს ორ მეგობარს - ნინო სალიასა და არნიმ ზიგრისტს - ერთდროულად ბარათებით ატყობინებს (ორი დღის შემდეგ, 17 დეკემბერს, ბერძენ მწერალს ნიკოს კაზანძაკისსაც11 იმასვე აცნობებს):
„ჩემთვის სახელი Avallon Cardwell ავირჩიე. მას აქვს ჩემთვის განსაკუთრებული აზრი. „ავალონ“ არის მითოსურად გააზრებული „თეთრი კუნძული“ ჩრდილო-ატლანტური ტრადიციისა, საიდანაც გამომდინარეობს ჩემი სულიერი არსება. ჩარდწელლ ისევე ჟღერს როგორც „ქართველი“, შემოკლებით „ქართველ“. ცნობილი ამერიკელი ავტორის სახელი Cardwell დაბრკოლება არ არის: განსხვავებაა იქ „r“, და აქ „l“.
ნინო სალიასაც ამას წერს: მე სოფელ სვირში ვარ დაბადებული. სვირი კი ძველქართულად „მცველს“ ნიშნავსო. თავად გრაალის მცველად მიაჩნდა თავი და ავალონიც ამიტომ იტაცებდა. ავალონი ხომ წმინდა გრაალის ლეგენდას უკავშირდება. ლექსიკონებში ვარაუდია: „ავალონ“ ან ირლანდიური abal-იდან ან ვალიური afal-იდან უნდა წარმოსდგებოდეს. abal-იც და afal-იც „ვაშლს“ ნიშნავს. კელტურ-ბრიტანულ მითოლოგიაში ავალონი შორეულ დასავლეთში მდებარეობს და „ნეტართა კუნძულია“. ამ კუნძულზე შუშის კოშკები და დარბაზებია. ხეები ჯადოქრულ ვაშლებს ისხამენ, რომელნიც ადამიანს უკვდავებას ანიჭებენ. ამ ვაშლებს ამ კუნძულზე მოსახლე უტურფესი ქალები არიგებენ. გადმოცემის თანახმად, კამლანთან ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი ბრიტების ლეგენდური მეფე არტური ამ კუნძულზე მოიყვანა ფერია მორგანამ. ის მეფე არტური, რომლის მრგვალი მაგიდის გარშემო თავს იყრიდნენ წმინდა გრაალის რაინდები.
გრიგოლ რობაქიძე რომანში „გრაალის მცველნი“ გრაალის ლეგენდის საკუთარ, ქართულ ვარიანტს ქმნის. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ აკმაყოფილებდა. მას თავად უნდოდა გრაალის რაინდი ყოფილიყო. ამას ისიც ადასტურებს, რომ „გრაალის მცველნის“ მთავარი პერსონაჟის ლევან ორბელის პროტოტიპი თავად ავტორია - გრიგოლ რობაქიძე. ზოგიერთ პირად ბარათს ხელს ასეც აწერდა - ავალონ=გრიგოლ რობაქიძე ანდა ავალონ ორბელი.
![]() |
3 სწავლა |
▲back to top |
გრიგოლ რობაქიძის მშობლები, როგორც ჩანს, ნივთიერად ხელმოკლე ადამიანები იყვნენ.
მამა - ტიტე გიორგის ძე რობაქიძე - ჯერ მნათე იყო და მერე მედავითნე თერჯოლის ღვთისმშობლისა და ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიებში. ზოგიერთი ამბობს - ტიტე რობაქიძე მღვდელი იყოო. მღდვლად არის იგი მოხსენიებული, მაგალითად, კრებულში „სიმართლე ჩემთვის ყველაფერია“ (გვ. 9).12 ეს არ არის მართალი. საქართველოს სახელმწიფო არქივში შენახულია ტიტე რობაქიძის ნამსახურეობის ნუსხა, რომელიც 1901 წელს არის შედგენილი და სადაც სრულიად მკაფიოდ წერია - „პონომარ“ და „პრიჩეტნიკ“.
დედა - ქეთევან მიხეილის ასული ბოჭორიშვილი - გლეხის ქალი იყო. მართალია, მასზეც ამბობენ - შეძლებული გლეხისო -, მაგრამ შეძლებულობა და სიმდიდრე საქართველოში პირობითი ცნებაა. აქაც ასე უნდა გავიგოთ. დასაშვებია, ბოჭორიშვილების ოჯახი ცოტათი უფრო წელმომდგარი იყო, ვიდრე რობაქიძეებისა, რაკი ქეთევანის მშობლებს ტიტეს ზედსიძედ შეყვანა მოუწადინებიათ. ტიტე რობაქიძემ ეს იუკადრისა თურმე. ქეთევან ბოჭორიშვილი სვირიდან მაინც თერჯოლაში წაიყვანა.
მედავითნისა და გლეხის ქალისათვის ადვილი არ იქნებოდა ოთხი შვილის - გრიგოლის, ნინოს, აგრაფინას და ლიდას - მოვლა-პატრონობა-აღზრდა.
სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, როგორ გაატარა გრიგოლ რობაქიძემ ბავშვობის წლები. ვიცით მხოლოდ ის, რომ 1895 წლის სექტემბერში შესულა იგი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში 15 წლისა, მაგრამ მანამდე? არაფრის თქმა შეგვიძლია. ამ სიცარიელეს ცოტათი ავსებს თავად გრიგოლ რობაქიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერი.
„ჩუმი, ჩაკეტილი, მარტოსული, თითქმის მელანქოლიური - ასეთი ვიყავი ბავშვობაში. შეუცნობელ არსში ჩაძირულს მეჩვენებოდა თითქოს რაღაცას ვიხსენებდი. ვინმე რომ შემოჭრილიყო მაშინ ჩემს ბავშვურ ცნობიერებაში, ნამდვილად ერთ შეკვრა ანამნეზიას იპოვნიდა. სავსე ვიყავი ნისლით მოცული ხილვებით. გვიან, მოწიფულ ასაკში ისინი როგორც ხელშესახები სურათები გამომეცხადნენ.
ხუთი წლისას, მუხის ძირას, ჩახუთულ შუადღეს, ბიძაჩემის გვერდით მეძინა. გაღვიძებულმა უცხო ლაციცი ვიგრძენი, რაღაც დაცოცავდა მკერდზე. პერანგი გავიხსენი და ორი პატარა ხვლიკი დავინახე. ძალიან ლამაზები იყვნენ. დედასთან გავიქეცი ხვლიკებით ხელში. გადაირია კინაღამ დედაჩემი. მას შემდეგ ჩემს ცნობიერებაში ხვლიკი, მუხა და მზე მითიურად მესახება. ბუნებასა და ცხოველებთან შინაგანი მეგობრობა მაკავშირებდა. გული მინდორველზე მიწევდა ცხენებისა და ხარებისაკენ. ზაფხულობით მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად.
ნათესავებიდან ყველაზე მეტად ბებია, მამის დედა, მიზიდავდა. არც კითხვა შეეძლო, არც წერა, მაგრამ სიბრძნის პატრონი იყო, დედამიწის სიბრძნის. მისი დაკვირვებანი ახლა საოცრად ღრმად მეჩვენება. 85 წელს მიაღწია.
გაბრაზებული არასოდეს უნახავს ვისმეს. არავის ახსოვდა მისი თანდასწრებით ვინმეს ეჩხუბოს. სიკეთესა და სიმშვიდეს ასხივებდა.
ექვსი წლის ქუთაისის სკოლაში მიმიყვანეს. იქ ტიფით მძიმედ დავსნეულდი. მამაჩემს ეშინოდა, ავადმყოფობას ვერ გადაიტანს, მოხელეები გვამის წაღების უფლებას არ დამრთავენო და მამამ და ბიძამ საავადმყოფოდან მომიტაცეს. მე ცხენის უნაგირზე გადამაწვინეს - ბიძაჩემს ვეჭირე მაგრად. ასე გავიქეცით. გონებამიხდილი ვიყავი. მაგრამ საოცრება - შვიდი კილომეტრიც არ გვქონდა ქალაქიდან გავლილი და გონს მოვეგე. მშობლიურ სახლს მივუახლოვდით - უკვე მიხაროდა. მშობლიური მიწის სუნთქვამ გამომაცოცხლა. მას შემდეგ მიწის გოროხი ჩემთვის სიჯანსაღის ნიშანია.
განსაკუთრებული მონდომების გარეშე ვსწავლობდი. სიზმრებისა და წინათგრძნობათა სამყაროში ჩაძირული დავრჩი სკოლაშიც. ამის ბრალი თუ იყო ყველასათვის თვალშისაცემი მუდმივი ყურადღებაგაფანტულობა. სწავლაში მხოლოდ ჩემი არაჩვეულებრივი მახსოვრობა მშველოდა. ვისმესათვის მოსმენაც კი არ შემეძლო“.13
ქუთაისის სასულიერო სემინარია გრიგოლ რობაქიძეს 1901 წლის ივნისში დაუმთავრებია. იმავე 1901 წელს გაზეთი „ივერია“ (№113) იუწყებოდა - ქუთაისის სასულიერო სემინარია 30 მოწაფემ დაასრულა. ამათგან ცამეტმა პირველი ხარისხის მოწმობით. იმ ცამეტში გრიგოლ რობაქიძეც არის მოხსენიებული.
დაამთავრა თუ არა სასულიერო სემინარია, გრიგოლ რობაქიძე იურიევში (ახლანდელი ტარტუ) გაემგზავრა, იქაურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. იურიევ-ტარტუში გრიგოლ რობაქიძეს სამართლის მეცნიერების შესწავლა უნდოდა. ამიტომ იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა 1901 წლის აგვისტოში. გრიგოლს სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული და საეკლესიო ასპარეზზე არ უმუშავია. პირდაპირ საერო განათლების მიღება გადაწყვიტა. ამიტომ მაშინდელი კანონის თანახმად, მას შვიდასი მანეთი გადაახდევინეს იმ ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც ქუთაისის სემინარიამ მის აღსაზრდელად დახარჯა.
გრიგოლ რობაქიძე დიდხანს არ დარჩენილა იურიევ-ტარტუს უნივერსიტეტში. სულ ოთხიოდე თვე ისწავლა, 1901 წლის 23 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე. 1901 წლის დეკემბერში მან იურიევ-ტარტუ დატოვა და გერმანიაში წავიდა. ისიც უთქვამთ - გრიგოლ რობაქიძე იურიევის საიმპერეტორო უნივერსიტეტიდან გარიცხესო. მაგრამ არც ეს შეესაბამება სინამდვილეს. იურიევ-ტარტუს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ საბუთებში გრიგოლ რობაქიძე მოიხსენიება, როგორც უაღრესად მოწესრიგებული და ბეჯითი სტუდენტი. უბრალოდ მისი მაძიებელი ბუნება ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. ახალ-ახალ შთაბეჭდილებას ეძებდა. იურიევ-ტარტუს უნივერსიტეტის დატოვების მიზეზი შეიძლება იმ ბარათშიაც ვიპოვნოთ, რომელიც 1902 წლის 16 აგვისტოს გაუგზავნია გრიგოლ რობაქიძეს ეკატერინე გაბაშვილისათვის. ეკატერინეს ვაჟი რევაზიც ემზადებოდა უცხოეთში წასასვლელად. მასაც იქ უნდოდა სწავლა-განათლების მიღება.
„როგორც შევიტყვე, რეზიკო საზღვარგარეთ აპირებს წასვლას. ეს ძლიერ სასიამოვნოა და ჩემი მხრითაც ვურჩევ, მარტო იქ წავიდეს (ბელგიაში). აქ, რუსეთში მომავალი წლიდან დიდი სისხლისღვრა იქნება. ეს ნამდვილი წყაროებიდან გავიგე. ესეც არ იყოს, იმისთანა ნიჭიერი ყმაწვილისათვის, როგორიც რეზიკოა, რუსეთი მხოლოდ ჯოჯოხეთი იქნება (ხაზი ჩემია - ა.ბ.). მე თუ მომიცდის, კარგი იქნება - ერთად წავალთ. დაბრკოლებით არ დაბრკოლდება, რადგან იქ (ყველგან) ნოემბერშია მიღება“.14
ეკატერინე გაბაშვილი დედური გულისხმიერებით ეპყრობოდა შვილის ამხანაგს. გრიგოლიც გულწრფელად უზიარებდა მას თავის ფიქრსა და ოცნებას. ეტყობა, იმხანად გრიგოლი დაბნეული იყო. ოცდაორი წლის ჭაბუკს არსებობის ავ-კარგი აწამებდა. 1902 წლის 20 იანვარს სოფლის სამდურავს შესჩივის იგი ეკატერინე გაბაშვილს.
„ცხოვრებისაგან აღელვებული ვერ ვჩერდები ერთსა და იმავე ალაგას; ხან აქ მინდა ყოფნა, ხან იქა, მაგრამ ამაოდ: ყველაფერი ეჭვის თვალით მეჩვენებოდა, ყველაფერს გარს უარდი თავის ასაცილებლად და აღშფოთებული სულის დასამშვიდებლად სადღაც განმარტოებულ მინდორ-ველს გავდიოდი... გავდიოდი, მაგრამ იქ უფრო მედებოდა შავ-ფიქრთა გროვა და სულით ობოლს ამ ფიქრთა შორის წამდაუწუმ თვალწინ მესახებოდა ერთი ძლიერი კითხვა: რა არის კაცის ცხოვრება? (ხაზი გ.რობაქიძეს ეკუთვნის - ა.ბ.). რამდენად ვაკვირდებოდი და ვითვალისწინებდი ამ კითხვას, იმდენად უფრო საზიზღ-საშიშრად მეხატებოდა ჩვენი ცხოვრება..“.
ალბათ, ამგვარმა სულიერმა განწყობილებამ უკარნახა მას დაეტოვებინა იურიევის უნივერსიტეტი და გერმანიაში წასულიყო სასწავლებლად.
სხვათა შორის, 1902 წლის 20 იანვარის ბარათში გრიგოლ რობაქიძის ლექსიც არის. იგი უფრო იმედიანი განწყობილებით არის დაწერილი, ვიდრე წერილი.
აი, ეს სენი15 გესლიანი და ულმობელი
მიღრღნის სიცოცხლეს და მის ძაფებს სასტიკად ღალავს;
სწუწნის ნელ-ნელა მჩქეფარე სისხლს სიყმაწვილისას,
მიკრეფს ძალღონეს, რომ უდროვოდ ჩავეშვე საფლავს!
მოვკვდები მალე წამებული, მაგრამ მერე რა?!
არ შეიძლება, რომ ის აზრი უცბად დავარდეს...
რომ ჩემი ლტოლვა იმ წარმტაცი მიზნებისაკენ
შეფერხდეს, შეწყდეს და თან ისიც თავზე დამაკვდეს!!
არა და არა... ის იძინებს მხოლოდ დროებით,
ვით მიმალული მყურდო ფერფლში ნაკვერცხალია,
და უსათუოდ გაიღვიძებს, იფეთქ-იღვენთებს
მოძმეთა გულში იმ მძლე ლტოლვილისა ნაბერწკლათ.
ნაბერწკალი კი თვით ალადაც გადაიქცევა
და შეუდგება მტარვალებთა განადგურებას...
ბნელსა გაჰკაფავს სიყვარულით და დაამკვიდრებს
ჭეშმარიტებას, სიმართლეს და თავისუფლებას!!
მართალია ამ ლექსში მომავალი გრიგოლ რობაქიძე არ ჩანს. უფრო იმდროინდელი ლიტერატურული მოდის შესაბამისი ყაიდით არის შეთხზული. მაგრამ, როგორც ფაქტი, მაინც აღნიშვნის ღირსია. მით უფრო, რომ დასაშვებია, იგი გრიგოლ რობაქიძის პირველი შაირი (როგორც თავად იტყოდა) აღმოჩნდეს.
გერმანიაში ჩასული გრიგოლ რობაქიძე ლაიპციგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სტუდენტად ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ოთხი წელიწადი (1902-1906წ.წ.) სწავლობდა იგი ლაიპციგში. მაგრამ უნივერსიტეტის დამამთავრებელი გამოცდები არ ჩაუბარებია. 1907 წელს პარიზში გაემგზავრა. მგზავრობის დროს, წიგნებთან ერთად, დაუკარგავს სადისერტაციო შრომისათვის - „Das Problem des Historischen bei Hegel“ („ისტორიულის პრობლემა ჰეგელთან“) - დამუშავებული დიდძალი მასალა. პარიზში გრიგოლ რობაქიძე სიტყვაკაზმული მწერლობის შესწავლამ გაიტაცა. თავად ამბობს: „ორი მწერლის გავლენის ქვეშ მოვექეცი - ბოდლერისა და რემბოსი. პროზაში ყველაზე მეტად ფლობერი და სტენდალი მატყვევებდნენ“. წელიწადნახევარი დაჰყო საფრანგეთში გრიგოლ რობაქიძემ და მერე სამშობლოში დაბრუნდა.
ჩანს, გრიგოლ რობაქიძეს გულში დარდად ჰქონდა ჩაყოლილი, იურიევტარტუს უნივერსიტეტში იურიდიული განათლება რომ ვერ მიიღო. უკვე ოცდაათი წლის კაცი, 1910 წლის ოთხ აგვისტოს თხოვნით მიმართავს იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის რექტორს - თქვენი ყოფილი სტუდენტი ისევ აღმადგინეთო იურიდიულ ფაკულტეტზე. მისი თხოვნა ყურად იღეს, დააკმაყოფილეს. ლაიპციგ-პარიზ მოვლილი კაცი ისევ სტუდენტის მერხს მიუჯდა. შვიდი სემესტრი მოისმინა მან იურიევ-ტარტუს უნივერსიტეტში. შვიდივე სემესტრის გამოცდები საუკეთესოდ ჩაუბარებია. 1913 წლის 23 დეკემბერს იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ გაცემულ მოწმობაში ყველა ძირითად საგანში გრიგოლ რობაქიძეს უზის ნიშანი - весьма удовлеворительно (ფრიად დამაკმაყოფილებელი). ხოლო იმ საგნებში, რომლებშიც ნიშანს არ უწერდნენ, აღნიშნულია, რომ სრული კურსი აქვს მოსმენილი.
ისევ შეუჩნდა გრიგოლ რობაქიძეს ძველი ჭია. გადაწყვიტა - იურიევის უნივერსიტეტისათვის კიდევ ერთხელ დაენებებინა თავი და მერვე სემესტრი ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ესწავლა. ამის გამო გრიგოლ რობაქიძე გიორგი მაიაშვილს წერდა:
„იურიევში მეტად ერთფეროვანია სიცოცხლე და თვალისმომჭრელი „ფერი“ არ ახალისებს სიცოცხლის ყვავილნარს: ყოველს საგანს აქ მოწყენის რუხი ფერი აქვს... აქ გამოცდას არ ვაბარებ, ამის მიზეზი შემდეგია: აქ არის სისხლის სამართლის პროფესორი პუსტოროსლევი, რომელიც გამოსაცდელად თავის სახელმძღვანელოს გავლას თხოულობს, საშინელს და ზოგჯერ პირდაპირ უაზროს; გიგზავნით მაგალითისათვის ორ მის ფორმულას, წაიკითხეთ და გადაწყვიტეთ, შესაძლოა თუ არა ამ ფორმულების დასწავლა? (ზეპირად თხოულობს); ასეთი ფორმულებით არის სავსე მისი სახელმძღვანელო (ორი ტომი, სულ 900გვ.); სხვისი რა მოგახსენოთ და მე არ შემიძლია მათი დაზეპირება. მე მგონია ტვინს გააფუჭებს, გაალაყებს... რადგან იურიევს უნივერსიტეტის პროგრამა, გარდა სისხლის სამართლისა, ძალიან უახლოვდება ყაზანის უნივერსიტეტის პროგრამას, ამისათვის გადავწყვიტე სახელმწიფო გამოცდა ყაზანში „მივსცე“...16
1913 წლის 16 დეკემბერს იურიევის უნივერსიტეტის რექტორს არზა მიართვა: ჩემი საბუთები ყაზანის უნივერსიტეტში გადაგზავნეთ და მიშუამდგომლეთ იქაურ რექტორთან ნება დამრთოს მერვე სემესტრი ყაზანში მოვისმინო. თხოვნა 1914 წლის 7 მარტსაც გაიმეორა. გამეორება გამოიწვია ერთმა გარემოებამ: ყაზანის უნივერსიტეტში მიღებული არ ჰქონდათ ცნობა, რომ გრიგოლ რობაქიძემ შეისწავლა სამოქალაქო სამართლის სრული კურსი. 1914 წლის 24 მარტს ყაზანის უნივერსიტეტმა ყველა აუცილებელი ცნობა მიიღო იურიევის უნივერსიტეტისაგან.
გრიგოლ რობაქიძე ამჯერად ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მაგრამ მერვე სემესტრის გასრულება ვერ მოასწრო. 1914 წლის აგვისტოში პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. იგი საქართველოში გამოემგზავრა.
![]() |
4 ოჯახი |
▲back to top |
უცნაური ამბავია: კაცი ჩვენი თანამედროვე იყო, მის ნათესავებსაც ბევრი ჩვენთაგანი პირადად იცნობდა და მაინც ჯერჯერობით ზუსტად ვერ დავადგინეთ, გრიგოლ რობაქიძეს ერთი შვილი ჰყავდა თუ ორი. ნათესავები ირწმუნებიან, ორი ჰყავდაო.17 მაგრამ რატომღაც გრიგოლ რობაქიძის პოეზიაში მხოლოდ ერთ შვილზე - ალლაზეა (ორი „ლ-ასით წერდა თავად შვილის სახელს) - ლაპარაკი. ლექსით - „გლოვა“ - დაიტირა მამამ შვილი (ქვესათაურად ამ ლექსს უზის - „ჩემი ბავშვის ხსოვნას“).
ბედის დატეხამ ბევრი გზები გადამატარა
მშვიდო მაცხოვარ, ერთხელც არის მაინც მომეშვი,
ვეღარ ვგულოვნობ ძველებურად, ჩემო პატარა,
არ დაივიწყო მამაშენი ამ ცუდ ღამეში.
მეგობრებიც ალლას სიკვდილის გამო უთანაგრძნობდნენ.
როდესაც ეძებ ახალ ლექსს
და შენს ბავშვს ალკას:
ჩვენის ტირილით განსვენებულს... (პაოლო იაშვილი).
„პატარა ფრთებით მოფრინდება გრიგოლის ალკა
და უიმედოთ გვეკითხება ის მამის ბინას“. (ვალერიან გაფრინდაშვილი).
კი მაგრამ მეორე ბავშვმა რაღა დააშავა, თუ ისიც ალლასთან ერთად გარდაიცვალა?
ალბათ, საკითხი მაშინ გაირკვევა და დაზუსტდება, როცა გრიგოლ რობაქიძის დაოჯახების ყველა დოკუმენტს მოვძებნით.
ალლას დედა, გრიგოლ რობაქიძის პირველი ცოლი, ნინო დომენსკაია ძალიან ლამაზი და ერთობ თავნება, ჯიუტი ქალი ყოფილა. თუ რაიმეს ამოიჩემებდა, აღარ გადათქვამდა. ასე ამოუჩემებია: ბაქოში უნდა წავიდე და მშობლები ვნახოო. ბავშვის წაყვანაც გადაუწყვეტია.
ცუდი დრო იყო. ომი მძვინვარებდა. მისვლა-მოსვლა ჭირდა. საზრდელსაკვები აკლდა ქვეყანას. ნაირნაირი სენი მუსრავდა ხალხს. შარაგზაზე შეიარაღებული ბანდები დაძრწოდნენ. უმოწყალოდ ძარცვავდნენ და ხოცავდნენ მგზავრებს. ბაქოშიც, მთელ ქალაქს ეპიდემია მოსდებოდა. არც საავადმყოფოები ყოფნიდათ, არც ექიმები. მიცვალებულთა დამარხვასაც კი ძლივს ახერხებდნენ.
- ნუ წახვალ და თუ წახვალ, ბავშვს მაინც ნუ წაიყვანო, - შეხვეწნია გრიგოლი ცოლს. ნინო დომენსკაიას თავისი არ დაუშლია: წასულა და ბავშვიც თან წაუყვანია. საბედისწერო აღმოჩნდა ეს მგზავრობა. ბაქოში ბავშვს უკურნებელი სენი შეეყარა. იმსხვერპლა კიდეც იგი ამ ავადმყოფობამ. ქმარმა ცოლს ეს უკვე ვეღარ აპატია. გრიგოლ რობაქიძე და ნინო დომენსკაია გაიყარნენ.
ალლას მეორე ლექსიც უძღვნა მამამ.
ნელი შრიალით შეფოთლილი თუ ვინმე მოჰქრის,
ჟღალი ბეღურა თავს ევლება ტანსარო ალვას.
ის ვერ იხილავს ჩემს ეზოში პატარა ალლას -
მე ვეღარ ვეტყვი უცხო სტუმარს „ნიკარტი ოქროს“.
თეთრი ღიმილი აგონდება გადახრილ ქორედს.
ობლობას იხდის დედოფალა ნაჭრიან ჩითით.
გულდათუთქული ცქერას მესვრის ცქრიალა ჩიტი
და სამუდამოთ გაფრინდება ნაღვლიან შორეთს.
ვაშურებ ოთახს. დასრიალობს სიკვდილის კვალი,
ნინოს ხატის წინ დავიჩოქებ სათუთი მწირი.
მოვიკუტები ჩუმი ლოცვით ნეკივით მცირე
და ვიშრობ ცრემლებს საცოდავი ვით ჭიქის თვალი.
35 წლის შემდეგ, 1955 წლის 8 მაისს გრიგოლ რობაქიძეს თავისივე ხელით გადაწერილი ეს ლექსი, სხვა ლექსებთან ერთად, გიორგი გამყრელიძისათვის გაუგზავნია. ლექსის ქვეშ პატარა მინაწერიც გაუკეთებია: „ყველაზე უფრო „ლირიული“ ჩემს შაირებში - ჩემი ფიქრით“.
უფრო იღბლიანი მეორე ქორწინება გამოდგა. ჯერ იმას გავეცნოთ, რასაც წერს ელენე ფიალკინა, გრიგოლ რობაქიძის მეორე ცოლი, ავტობიოგრაფიაში.
„1900 წელს დავიბადე ორიოლში (რუსეთი). 1917 წელს დავასრულე სკოლა და სიმწიფის ატესტატი მივიღე. 1917-20 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტში მედიცინას ვსწავლობდი. მაგრამ სწავლა ვერ დავამთავრე საქართველოში ჩემი გამგზავრების გამო. 1922 წელს ქართველ მწერალს გრიგოლ რობაქიძეს გავყევი ცოლად. 1931 წლამდე თბილისში (საქართველო) ვცხოვრობდი. 1931 წელს ჩვენ გერმანიაში წავედით. მწერლობა უფრო ადრე დავიწყე და გერმანიაშიც გავაგრძელე. ვწერდი გერმანულად გერმანულ ქალთა ჟურნალებისათვის და ფილმებისათვის, როგორც სცენარისტი. ამას გარდა, ბერლინში რუსულს ვასწავლიდი დოქტორ რაკოვის კომერციულ და უცხო ენების სასწავლებელში. როგორც ცალკე წიგნი გერმანიაში გამოვეცი ჩემი რომანი „ნინა“.
1943 წელს მოსალოდნელი დაბომბვის გამო ბერლინი დავტოვეთ და ბოდენზეეს იუბერლინგენში ვცხოვრობდით. 1945 წლის აპრილში შვეიცარიის საზღვარს მკაცრად აკონტროლებდნენ და ჩვენ, ექვსწლიანი ომით ქანცგაწყვეტილებმა და შიმშილით დაოსებულებმა, გადავლახეთ იგი.
ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკური საქმიანობისათვის არ მიმიმართავს. არც, როგორც მწერალს, დამიწერია რაიმე, რაც პოლიტიკას ეხებოდა. 1938 წლამდე შევინარჩუნე სსრკ-ის მოქალაქეობა. ამ წელს გერმანელებმა საბჭოთა მოქალაქეებს მოსთხოვეს - ან საბჭოთა პასპორტებში უკანდასაბრუნებელი ვიზა ჩაეკრათ, ან დარჩენილიყვნენ მოქალაქეობის თვინიერ. მე უკანასკნელი ვამჯობინე. მას აქეთ არცერთი ქვეყნის მოქალაქე არა ვარ“.
35 წლის მანძილზე ელენე ფიალკინა რობაქიძის ერთგული ცოლი, მეგობარი და თანამგზავრი იყო. მათ შვილი არ ჰყოლიათ. იშვილეს და გაზარდეს ელენე ფიალკინას ობოლი დისწული ელენე (ალია) პოგორელოვა.
გრიგოლ რობაქიძე დიდად აფასებდა ცოლის მხატვრულ შემოქმედებას. განსაკუთრებით მოსწონდა ელენეს მოთხრობა „ძიძა“. „მშვენიერი ნოველისტიაო“ - წერდა გრიგოლ რობაქიძე ბერძენ მწერალს ნიკოს კაზანძაკისს. თუმცა, გულახდილად თუ ვიტყვით, არც ეს მოთხრობა და არც რომანი „ნინა“ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
ცხოვრების უკანასკნელი შვიდი წელი ელენე ფიალკინამ საშინელ ტანჯვაში გაატარა. მას დამბლა დაეცა და მოძრაობისა და მეტყველების უნარი დაკარგა.
„1950 წლის თებერვალში მძიმე განსაცდელი დამატყდა თავს პირად ცხოვრებაში. ჩემს მეუღლეს, მაშინ 50 წლისა იყო, ძლიერი დამბლა დაეცა“ - ატყობინებდა გრიგოლ რობაქიძე ნიკოს კაზანძაკისს.
უმძიმესი ვითარება შეექმნა გრიგოლ რობაქიძეს ოჯახში. ყველაფერი თავად უნდა ეკეთებინა. არავინ ჰყავდა დამხმარე. ელენე პოგორელოვა იმხანად ფეხმძიმედ იყო. ვერ იცლიდა, ბიძას რომ შეშველებოდა. 1950 წლის სექტემბერში მას გოგო შეეძინა, თამარი დაარქვეს. ალიას ქმარი იტალიელი დიპლომატი იყო, გვარად კალლეა. ამის გამო ხშირი მოგზაურობაც უწევდა (ადრე, ნიურნბერგის პროცესზეც თარჯიმნობდა ალია. იგი პროფესიით მთარგმნელი იყო).
გრიგოლი და ელენე უპატრონოდ იყვნენ დარჩენილი.
1950 წლის 26 ივნისს ძველ მეგობრებს თამარ და აკაკი პაპავებს უზიარებდა თავის მძიმე ხვედრს.
„თქვენ იცით: ვამბობდი სიამაყით ყოველთვის: ადამის წყევა არ ვიცი მეთქი, ესე იგი: შრომა. ეხლა ეს წყევა თავს დამატყდა მთელი თავისი საშინელებით - სიამაყით ალბად ბედი „გავახელე“. უნდა სანოვაგე ვიყიდო, უნდა გავამზადო: საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი. ეს კიდევ არაფერი. ალაგება ბინისა, ხვეტა-გვა, რეცხვაც ნაწილობრივ - ყველაფერი ეს მე მაქვს დაკისრებული.
კიდევ მეტი. მიხდება ფუნქციების ასრულება: სათნოების დისა, მომვლელისა, დროდადრო მასაჟისტისაც. და აი ასე: დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე. ნასადილევს თუ მაქვს მოსვენება: ერთი საათით. ჩემო აკაკი, შენ იცი: მე ჰიპერბოლა პოეზიაშიც არ მიყვარს - რასაც აქა ვწერ, ყველა სიტყვა პირწმინდა სინამდვილეა. გამიმწარდა ყოფა. თუ დავუმატებთ თქმულს იმასაც, რომ ეხლა ნივთიერი შეიწროებაც კარს მადგია ცივი სისასტიკით - მივიღებთ დასრულებულ სურათს ჩემი ყოფის სიმწრისა“.18
იმჟამად მართლაც ძალიან უჭირდა გრიგოლს ნივთიერად. მისი წიგნები აღარ გამოდიოდა. არც ჟურნალ-გაზეთები ბეჭდავდნენ მის სტატიებს (ძალიან იშვიათ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით). აღარც ლექციებს აკითხებდნენ. ყველას ერთბაშად გაახსენდა, რომ ნარკვევები ჰქონდა დაწერილი ჰიტლერისა და მუსოლინის შესახებ. უმრავლესობამ ზურგი შეაქცია. ადამიანი ყველგან ადამიანია. სულერთია, სად ცხოვრობს იგი, შვეიცარიაში, გერმანიაში, საქართველოში თუ სხვაგან. აქაოდა „ჰიტლერისა“ და „მუსოლინის“ ავტორის თანაგრძნობა არ დამაბრალონო, ყველა სოროში შეძვრა და დაიმალა, ევროპელიც და ემიგრანტიც.
შვეიცარიაში ცოლ-ქმარი ელენე ფიალკინას შრომით ირჩენდა თავს. ქალს კარგი სამუშაო ჰქონდა. თვიურად ათას ფრანკამდე აძლევდნენ ხელფასს. მაგრამ ახლა რა უნდა ექნა - არც მოძრაობა შეეძლო და არც მეტყველება. გრიგოლიც უმუშევარი იყო. „ლტოლვილებისათვის გამოყოფილი დახმარებით თუ ვიცხოვრებთო“, შესჩიოდა ნიკოს კაზანძაკისს.
ვიღაც შეჰპირებია - შენს წიგნებს აშშ-ში გამოსცემენო. მაგრამ წიგნების ინგლისურად თარგმნა იყო საჭირო. გრიგოლს უანგარიშია - რა ჰონორარს მოსთხოვდა მთარგმნელი. ექვსასი დოლარი გამოსულა. იქვე ქაღალდზე საცოდავად მიუწერია: სად მაქვს მე ექვსასი დოლარი?! 1953 წლის ოთხ იანვარს მეგობარი რობერტ ბისვანგერი მიიპატიჟა სტუმრად. მაგრამ მორიდებით შეუთვალა: სამგზავრო ფული 33 ფრანკი რომ გამოგიგზავნო, არ შემიძლიაო.
ასე გრძელდებოდა შვიდ წელიწადს ცოლ-ქმრის უზომო ტანჯვა-წამება.
1962 წლის ნოემბრის სუსხიან დღეს, როცა გრიგოლ რობაქიძის ცხედარი შვეიცარიის მიწაში ჩაუშვეს, ნინო ქურციკაშვილმა-სალიამ დაატირა:
„ასაწერი მაქვს აგრეთვე, შენი პიროვნების დასახასიათებლად, შენ მიერ შვიდი წლის განმავლობაში განვლილი ჯოჯოხეთი, დამბლა დაცემულ, უენო მეუღლის გვერდით და მის მოვლაში. ახლაც საშინელების გრძნობა მიპყრობს, როცა მოგიგონებ და თვალ წინ წარმომიდგები იმ მძიმე ავადმყოფის გვერდით, რომლის წარმოუდგენელ და აუწერელ კაპრიზებს შენ უსიტყვოდ, ბავშვივით ასრულებდი. ხშირად მოწმე ვყოფილვარ ამ შემზარავი სურათისა. მიკვირს, როგორ იტანდი და უძლებდი..“.19
ელენე ვლადიმერის ასული ფიალკინა-რობაქიძე (ფსევდონიმი - ელენა ორიოლ) 1957 წელს გარდაიცვალა.
გრიგოლი სულ მარტოდმარტო დარჩა. შვილობილი და გაზრდილი, დიპლომატ ქმართან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში მსახურობდა. იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს. მეგობრებთან და თანამემამულეებთან ყოფნა ენატრებოდა. ჯერ კიდევ 1950 წლის 21 სექტემბერს წერდა აკაკი პაპავას: „შენ რომ აქ იყვე შენი სახლობით, ჩემი დღევანდელი ყოფა გამიმსუბუქდებოდა. აქ მხოლოდ ორიოდე ქართველია. ერთი-მეორეს ვერ ვნახულობთ. მიხეილ წერეთელი მაინც იყვეს აქ - მისთვისაც, ტანჯულისთვის, კარგია ჩემთან ახლოს ყოფნა - ასე მგონია“.
მაგრამ ეს მხოლოდ ნატვრა იყო, რომელსაც ასრულება არ ეწერა.
![]() |
5 მოდის გილიოტინა |
▲back to top |
ერთხელ გრიგოლ რობაქიძეს ირაკლი (კაკი) წერეთელისათვის მოუსმენია. გრიგოლს ყოველთვის იტაცებდა ორატორული ხელოვნება. ირაკლი წერეთელის ლექციაზეც ამისათვის მისულა. თავად აღიარებს: „უნდა გამოვტყდე. პირადათ მე მისი ორატორული ჯადოსნობა მაინტერესებდა და ყურადღებაც პირველადვე მას მივაქციე“.20 მაგრამ იმედგაცრუებული დარჩენილა. „ირაკლი წერეთელი საშუალო ორატორზე ნაკლები აღმოჩნდა. ზემოჩამოთვლილებს (ჟორესს, ბებელს, ლედებურს, მაკლაკოვს, ლენინს, ბუნაკოვს, ტროცკის - ა.ბ.) იგი სრულებით ვერ შეედრება“, - ასკვნის გრიგოლი. არადა, საქართველოში დღესაც ხმაა გავარდნილი - ირაკლი წერეთელი დიდებული ორატორი იყოო. შეიძლება ეს გრიგოლ რობაქიძის მეტად სუბიექტური შთაბეჭდილებაა და მთლად სამართლიანი დასკვნა არ იყოს, მაგრამ განსჯა შეუძლებელია, რაკი ირაკლი წერეთლის სიტყვა არასოდეს მოგვისმენია. მოუსმენლად იმსჯელო ორატორზე იგივეა, რაც ლაპარაკი იმ კერძის გემოზე, რომელიც არასოდეს მიგირთმევია.
ბევრი ლაპარაკი იყო გრიგოლ რობაქიძეზეც, როგორც ორატორზე. ამას ყველა აღნიშნავს, ვისაც კი მისი ლექციები მოუსმენია. მან აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა სწორედ ლექციების კითხვით დაიწყო. მის ლექციებს არა მარტო საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა, არამედ სახელოვნებოც, ორატორული კუთხით. გრიგოლ რობაქიძე, თურმე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ლექციის ფორმას. ძველ გაზეთებში საყვედურსაც საკმაოდ ხშირად წაიკითხავთ - ფორმას მეტ ყურადღებას უთმობსო, ვიდრე შინაარსს. საერთოდ, მისი ლექციები ცხარე სჯა-ბაასის საგანი ყოფილა. გაზეთმა „თემმა“ აღნიშნა კიდეც: გრიგოლ რობაქიძეს „ხვდა ბედნიერი წილი - ქართული აუდიტორიის შექმნა“.21 თუკი ლექტორმა აუდიტორია შექმნა, ეს იმას ნიშნავს, რომ დასახული ამოცანა პირნათლად შეუსრულებია. იმას კი ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვის მოსწონდა გრიგოლ რობაქიძის ლექციები და ვის - არა. ამქვეყნად არავითარი საქმე არ არსებობს, რომელსაც ერთდროულად მაქებარი და დამწუნებელი არ ჰყავდეს. ბუნებრივია, გრიგოლ რობაქიძის ლექციებისადმი დამოკიდებულებაც ასეთივე იყო. ერთნი იწონებდნენ. მეორენი იწუნებდნენ. ეს მკაფიოდ ჩანს იმდროინდელ პრესაში. ჯერ იყო და გაიძახოდნენ, - ირონიულად შენიშნავს გაზეთი „თემი“, - Робакидзе-Бог, ახლა კი ერთხმად გაჰყვირიანო - Робакидзе вышел из моды. თუმცა ამ სტატიის ავტორს სრულებით არ უკვირს დამოკიდებულება-განწყობილების ამგვარი ცვალებადობა. „ეს დამახასიათებელი თვისებაა საზოგადოებისა, რომელიც განსაზღვრულ კრიტერიუმს მოკლებულია და ყოველ ქარის დაბერვაზე მზათ არის მიმართულება და სიმპატიები გამოიცვალოს“, - დასძენს იგი. ამ სტატიას „გრიგოლ რობაქიძე და მისი ლექციები“ ეწოდება და ხელმოწერილია ფსევდონიმით „მან წილ“. ზუსტად არ ვიცი, ვისი ფსევდონიმია „მან წილი“, მაგრამ სავარაუდებელია იგი მიხეილ წერეთელი იყოს. ინიციალები - მ. და წ. „მან წილი“ გონიერი, საქმეში ჩახედული, ობიექტური კაცია. გრიგოლ რობაქიძესაც პირადად იცნობს და კარგადაც. გრიგოლის ყველა ლექციაც მოსმენილი აქვს საქართველოშიც და უცხოეთშიც.
„მახსოვს ლექციები (ლაპარაკია ლაიპციგში წაკითხულ ლექციებზე - ა.ბ.), რომელთაც პრინციპიალურად არას დროს არ ვეთანხმებოდი, მაგრამ რომელთა ლოღიკური დასკვნა, მთლიანობა, დამყარებული შესაფერ ერუდიციაზე და შესანიშნავ მეხსიერებაზე, კარგ შთაბეჭდილებას ახდენდნენ ჩემზე. და არა მარტო ჩემზე. ცოტათი თუ ბევრათ მიუდგომელი მსმენელი ყოველთვის დიდის ყურადღებით ისმენდა ხოლმე გრ.რობაქიძის ლექციებს, რისიც უტყუარი დამამტკიცებელი იყო მუდამ სავსე აუდიტორიები“, - გვიამბობს „მან წილი“. მაგრამ მას ნაკლებად მოსწონს ის, რომ გრიგოლ რობაქიძე „ცდილობს ყოველ ავტორს, რომელზედაც კითხულობს, სულში ჩაწვდეს. მისი „მე“ თავის „მედ“ გაიხადოს და ამიტომ მის კრიტიკას ობიექტურობა აკლია: როგორ შეიძლება მიუდგომლად თავისი თავის გარჩევა. მისი კრიტიკა არის სუბიექტური ხასიათისა... ეს არის ამა თუ იმ მწერლის, ან კიდევ ფილოსოფოსის სულის (ხაზი ავტორს ეკუთვნის - ა.ბ.) გადმოცემა, რამდენადაც ის მათ ნაწარმოებებში გამოიხატება. ამიტომ გრ. რობაქიძის ლექციებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ფსიხოლოგიური მხრით - თუ რამდენად წვდა „მე“ „მე“-ს, თუ რამდენად მთლიანია, სრული და მართალი გადმოცემა ამა თუ იმ მწერლისა. ამ მხრით გამორჩეული ლექციები გრ. რობაქიძისა მართლა დიდ-მნიშვნელოვანი არიან, როგორც შინაარსით, ისე ფორმითაც“.
უკვე „მან წილის“ რამდენიმე ციტატას მოვუხმე, მაგრამ კიდევ უფრო ვრცელი უნდა მოვიშველიო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პუბლიცისტის პიროვნება უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს და მეორეც იმიტომ, რომ ის პუბლიკუმი დავინახოთ ცხადად, რომელსაც გრიგოლ რობაქიძე ესაუბრებოდა.
„ულმობელია სინამდვილე: ის მომავალს გზას უკვლევს და უფსკრულში აგდებს წარმავალი ცხოვრების უვარგის მომენტებს. ამ ნიადაგზე ხდება საშინელი ბრძოლა ორ განვითარების პრინციპისა: მომავლის შემოქმედების და წარსულის უარყოფისა. აქ არის სიცოცხლე. აქ იჭედება კაცობრიობის ბედნიერება. აქ იბადება აზრი ადამიანისა. ბედნიერნი არიან ხალხნი, რომელთაც უკვე მიაღწიეს ამ საფეხურს კულტურული განვითარებისას, უბედურნი - ვისაც არ უგემნია სიტკბოება ადამიანობისათვის ბრძოლისა (ხაზი ყველგან „მან წილს“ ეკუთვნის - ა.ბ.). საკვირველი არ არის, რომ ნაციამ, რომელსაც ჯერ ვერ მიუღწევია ამ წერტილამდის, არ იცოდეს, თუ რა უნდა მას, - როგორია მისი იდეალი, ან აქვს თუ არა მას საზოგადოთ რაიმე იდეალი, სულწარმტაცი მისწრაფება. ასეთი ავადმყოფი საჭიროებს თავგანწირულ მოვლას თავის შვილების მხრით, მაგრამ „ტარიელები“ გადაშენდნენ და „მკლავაძეებათ“ იქცნენ... დიახ, ქართველი ხალხი ავათ არის, რადგან მას ნიადაგი, რომელსაც შეეძლო მისი გამოფხიზლება და კეთილ გზაზე დაყენება ჯერჯერობით არა აქვს... ინტელიგენცია წარმოშობილი ასეთი ხალხისაგან უგზო-უკვლოდ დაეხეტება, ხელთათმანებივით იცვლის მიმართულებას. სხვის გულში ფათურს ანდომებს ასეთ საჭირო დროს და უსაქმურობით დაქანცული გაზეთის გამოცემაში და შიგ ჭორიკანობაში ეძებს დამაკმაყოფილებელ საშუალებას (ხაზი ჩემია - ა.ბ.) ერთმანეთი გვძულს, გვეზიზღება, რადგან, ერთი პუბლიცისტის აზრის არ იყოს, „იმპრესიონისტები“ ვართ ცხოვრებისა. ჩვენ შორის საჭირო ადამიანს დიოგენის ფარნით ვეძებთ. ისინი არიან, მაგრამ მათი ნახვა არ გვინდა. უკეთ რომ ვთქვათ, არ შეგვიძლია, რადგან კრიტიკულ მიუდგომლობას მოკლებული ვართ“.
ნუ მისაყვედურებთ გრძელი ციტატისათვის. 1911 წელს დაბეჭდილი სტრიქონები ისე ჟღერს თითქოს დღეს დაიწერა. მისი მკითხველისათვის მიწოდება აუცილებლად მივიჩნიე. ესეც წყევლაკრულვიანი კითხვაა - რა გვჭირს ისეთი, რომ ჩვენს თვისებაში არაფერი შეიცვალა? რატომ დარჩა ჩვენი ცხოვრება ერთ ადგილას გაყინული? მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე კაცობრიობის ისტორიაში ძირეული ცვლილება მოხდა. რა არ გადაიტანა მსოფლიომ და რა დასკვნა არ გააკეთა, მაგრამ ყველაფერმა ამან ჩვენს გვერდით ისე გაიარა, რომ არც კი შეგვიმჩნევია, თორემ სწავალა-გაგებას ვინღა ჩივის.
უგზო-უკვლოდ მოხეტიალე საზოგადოებამ აიყვანა, როგორც „მან წილი“ ამბობს, მოდის გილიოტინაზე გრიგოლ რობაქიძე (ჯერ ხოტბა-დიდებით ეთაყვანებოდნენ და მერე ზურგი უჩვენეს). მოდის გილიოტინა ძალიან ტევადი და მოხდენილი ცნებაა. მისი მსხვერპლი არა ერთი და ორი მოღვაწე გამხდარა. გრიგოლ რობაქიძეს მომავალშიც ბევრჯერ მოუწევს გილიოტინაზე ასვლა როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში.
„მან წილის“ სიტყვით, მოუმზადებელი პუბლიკუმი ვერ მიხვდა იმას, რომ „საზღვარგარეთიდან გრ. რობაქიძემ ჩამოიტანა თავის სამშობლოში გერმანელის შრომისმოყვარეობა და პრაქტიციზმი, ფრანგის სიფხიზლე და გამჭრიახობა და, როგორც ეს საკვირველი არ უნდა იყოს, რუსი ინტელიგენტების მისტიციზმი“.
ეს აზრი არსებითი მნიშვნელობის მქონეა არა მარტო გრიგოლ რობაქიძის სალექციო მოღვაწეობის დასახასიათებლად, არამედ მთელი მისი შემოქმედებისათვის.
მაშინ „მან წილის“ გარდა, გრიგოლ რობაქიძის სალექციო მოღვაწეობას ბევრი გამოეხმაურა, მათ შორის არჩილ ჯორჯაძე, დიმიტრი უზნაძე და ლევან მეტრეველი. გრიგოლ რობაქიძის, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ, არჩილ ჯორჯაძის, დიმიტრი უზნაძის და ლევან მეტრეველის პოლემიკა-კამათი შესწავლილი აქვს ლალი ავალიანს. მასალებიც და ნარკვევებიც გამოქვეყნებული.22
ზუსტი და უტყუარია ლალი ავალიანის დასკვნა: „სანიმუშო და სამაგალითო აღმოჩნდა მოპაექრეთა ეთიკა - პირუთვნელობისა და ობიექტურობასთან შეზავებული, ზრდილი, თავშეკავებული ტონი, უღრმესი პატივისცემა და მადლიერების გამჟღავნება ერთურთის მიმართ“.
მართლაც, „მან წილის“, არჩილ ჯორჯაძის, დიმიტრი უზნაძის, ლევან მეტრეველის, გრიგოლ რობაქიძის პაექრობა დისკუსიის ეთიკის გაკვეთილია.
მიუხედავად ნაირნაირი მითქმა-მოთქმისა, ვისაც ჭკუა ჰქონდა, ყველამ დაინახა ის სიახლე, ის გარდატეხა, რაც გრიგოლ რობაქიძის ლექციებს მოჰქონდა. ამას ადასტურებს იმ მოვლენათა მომსწრე და მოწმე დავით კლდიაშვილიც.
„ამ ხანებში იყო ქუთაისში პირველი გამოსვლები საჯარო ლექციებით გრიგოლ რობაქიძის. გრიგოლი ამ ლექციებს კითხულობდა რუსულ ენაზედ. ხალხი უზომო ესწრებოდა. დიდათ ვწუხდით, რომ ლექტორი ერიდებოდა ქართულად გამოსვლას და ვნატრობდით მოვსწრებოდით ქართულ ენაზედ წარმოთქმულ ლექციას. ბევრი ამართლებდა გრიგოლს, ქართულათ არ შეიძლება იმის ლექციების გადმოცემაო. ისე ეუცხოვებოდათ ამ ახლო წარსულშიაც ქართულათ სიტყვის წარმოთქმა. საჯაროთ ქართულათ მოლაპარაკე ათასში ერთი თუ გაბედავდა გამოსვლას; ჩვეულებათ იყო ხოლმე ბოდიშის მოხდა - ქართული არ მეხერხებაო, ნება მიბოძეთ რუსულათ ვთქვა ჩემი სათქმელიო.
ამგვარი იყო მდგომარეობა, როცა გრიგოლ რობაქიძემ იწყო გამოსვლა საჯარო ლექციებით. როგორც ვთქვი, თავდაპირველში იგი ამ ლექციებს კითხულობდა რუსულ ენაზედ. ხალხი თბილისშიც და ქუთაისშიც აუარებელი ესწრებოდა. გული გვტკიოდა, რომ ამ ხალხს ქართველი ლექტორი ქართულ სიტყვას არ აგონებდა, ქართულ სიტყვას არიდებდა. გულდაწყვეტილებმა, ვარლამ ბურჯანაძის და გიორგი თუთბერიძის პირით (რომლებთან იდგა გრიგოლი) შეუთვალეთ - ლექციები ქართულათ ეკითხნა. მე მაშინ გრიგოლს არ ვიცნობდი პირადათ. გრიგოლმა შემოგვითვალა, რომ მალე ქართულათ ვიწყებ ლექციებსო, და მოკლე ხანში კიდეც აასრულა თავისი დანაპირები. მახსოვს პირველი მისი საჯარო ქართულათ წაკითხული ლექცია. ლექცია იყო ბარათაშვილზედ.
საზოგადოება განსხვავებულ აღტაცებაში მოიყვანა ამ ლექციამ. გაზეთებში დიდი ქებით იხსენებდნენ ლექციის შინაარსს, ლექტორის ცოდნას და განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ლექტორის საუცხოო ქართულს. ბარათაშვილზედ ლექციას მოყვა ლექცია ვაჟა-ფშაველას „გველის-მჭამელ“-ზედ, შემდეგ აკაკიზედ. საზოგადოების აღტაცება თან და თან მატულობდა, ლექტორის არაჩვეულებრივი ლამაზი ქართულის გამგონეთა მსურველთა რიცხვი შესამჩნევად იზრდებოდა. უსმენდნენ ლექტორს სულგანაბულნი და თავის ყურებს არ უჯერებდნენ, თუ ასეთი შნოიანი ქართულით შესაძლებელი იყო ლექციების კითხვა. ლექტორის საოცარი ლამაზი ქართული უსაზომოდ ხიბლავდა და იტაცებდა მსმენელს.
ქუთაისში ცხოვრობდა იმ დროს ცნობილი საზოგადო მოღვაწე პავლე თუმანიშვილი, კაცი დიდათ განვითარებული, ქართულის კარგი მცოდნე. მოხუცი უსაზღვრო აღტაცებით მელაპარაკებოდა და გადმომცემდა იმ შთაბეჭდილებას, რობაქიძის ლექციებმა მასზედ რომ მოახდინეს. მოხუცი კაცი პირდაპირ აფრენილი იყო სიხარულით:
- აი ჩვენი ლამაზი ქართული, რომელსაც ვივიწყებთ და ფასს არ ვსდებთ. გატაცებით ამბობდა მოხუცი.
ასეთ აღტაცებას განიცდიდა მთელი საზოგადოება.
- სად ისწავლა ამ ოჯახდაქცეულმა ასეთი ქართული - გაიძახოდა აღტაცებული კოტე ბაქრაძე, - ქუთაისში ცნობილი საზოგადო მოღვაწე. - გხიბლავს კაცს ამ შეჩვენებულის ენა. ვიძახით არ მეხერხება ქართული! - უხეირო რომ იქნები ვერაფერს ვერ მოახერხებ!.. ვაჟა-ფშაველაზედ კი, რაღაც მგონი გადააჭარბა!.. ნამეტანი მაღლა ასწია... თუმცა ესეცაა - არ ვიცნობთ არც ჩვენ ლიტერატურას, არც ენას, არც ჩვენ თავს! გადაგვარებაზედ ვართ მისული! ჩვენი თავის აღარაფერი გვჯერა! ამისთანა ახალგაზრდები თუ მომრავლდნენ, ეგებ გამოცოცხლდეს ხალხი!
თამამად ვამბობ, რომ გრიგოლ რობაქიძემ გამოაცოცხლა მაშინდელი ქართველობა თავის საჯარო ლექციებით. ნათლად დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ ქართული ენა შვენებით სავსეა, რომ მისით მშვენიერათ გამოითქმება ადამიანის ყველანაირი სულის კვეთება, გამოიხატება მისი აზროვნება. გრიგოლმა დაანახა ქართულ საზოგადოებას გადაგვარების გზაზედ შემდგარს ქართულის სიმშვენიერე, სიმძლავრე. დაანახვა და გაიტაცა. მან დიდათ დაავალა ქართველი საზოგადოება. მას ვერ დაუვიწყებს ქართველობა ამ დიდ ნამოღვაწარს“.23
მე-20 საუკუნის 10-იანი წლები ქართული მწერლობის განახლების წლებია. გრიგოლ რობაქიძე ამ განახლების აქტიური მონაწილეა.
ახალი ლიტერატურული ნაკადი ქუთაისიდან წამოვიდა. ქუთაისი კი, გრიგოლ რობაქიძის დახასიათებით, იყო „თავნება ქალაქი. იგი უთუოდ გენიალური გამოვლენაა მეტაფიზიკური „ობივატელშჩინისა“ და თან მეტად თავისებური. ის, რაც ნიცშემ თქვა საშუალო ელინზე, მთლიანად მიესადაგება ქუთაისელ ობივატელს: „გენიალურობის თვისება გენიალურობის თვინიერ არსებითად სამშვინველისა და ხასიათის ერთობ სახიფათო თვისებაა“. ქუთაისი „ეპიგონია“ თავისი არსით. იყო რაღაც ნამდვილად მშვენიერი და დიდი, ახლა კი მხოლოდ ლამობს იყოს ასეთი. და რაკი არ გამოდის, ბრაზდება და ნიჰილისტური გაუფასურების ქეციან ეშმაკს უვარდება ხელში. მთელში არ არის არც სიმაღლე და არც სიღრმე. არის მხოლოდ საშუალო და ბრტყელი. ამიტომ უმცირესი ქარაგმული გადაკვრაც კი „მანძილის პათოსზე“ იწვევს ყრუ გაღიზიანებას. აქედან ტრაგიკული გზნება: გაუთავებელი „მრავალჟამიერი“ - თავისებურად საშინელი გოდება რაღაცაზე და არა მზესხივოსანი სიმღერა. ჭეშმარიტად ტრაგიკულია ქუთაისი თავის „ობივატელშჩინაში“ (შეიძლება ეს არის საზარელი სიმბოლო მთელი თანამედროვე საქართველოსი) და საჭირო სოლოგუბის ნიჭი, როზანოვის გენიალური ყოვლისგრძნობით, რომ უმოწყალო სიმართლით გადმოიცეს ამ „ობივატელშჩინის“ მთელი კოშმარი“.24
„ცისფერი ყანწების“ პირველსავე ნომერში ტიციან ტაბიძემ გრიგოლ რობაქიძე ახალი ლიტერატურული ორდენის თავკაცად გამოაცხადა.
„სიმბოლიზმი ჩვენში შემოიტანა გრ.რობაქიძემ... საფიქრალი იყო, რადგან სხვაგან ასეთი აღელვება გამოიწვია სიმბოლიზმმა, ჩვენშიც მონახავდნენ ფიჩხებს ინკვიზიციის ცეცხლის დასანთებად, მაგრამ გრ.რობაქიძეს უთხრეს თავის დასტური არჩილ ჯორჯაძემ და კიტა აბაშიძემ. ამ ორი პიროვნებით იწურება ქართული ესტეტიკური კულტურა გრ.რობაქიძემდი... გრ.რობაქიძის ლექსები პირველი სიმბოლისტური ლექსებია“.25
გრიგოლ რობაქიძემ კიდეც მიიღო და თან არც მიიღო ეს თავკაცობა.
„ახალგაზრდა პოეტებმა თავიანთი სახელები შეუერთეს ჩემს შემოქმედებით სახელს. ჩემი ლიტერატურული გზა აღინიშნა, - პოეტური სიტყვისა თუ ესთეტიკური ცდების სფეროში, - ევროპაში გაფორმებული და რუსეთში გართულებული სიმბოლური მსოფლაღქმის შემოქმედებითი შემოტანით ქართველი ხალხის მხატვრულ ცნობიერებაში. მე ყოველთვის იმ მსოფლშეგრძნებას ვიზიარებდი, რომ აღმოსავლეთი ევროპულ დასავლეთზე უფრო სიმბოლურია. იმთავითვე ვფიქრობდი, რომ საქართველო, როგორც აღმოსავლეთის რაღაც ნატეხი, შესაძლებელია ბოლომდე განისაზღვროს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლიზმის ხაზებში. ამ აზრის საგრძნობ დადასტურებას ვპოულობდი რუსთაველის მხატვრულ ფენომენში, რომლის გენია ჭეშმარიტად არის ქართული მხატვრული სიტყვის ამოუწურავი პოტენცია. აქედან: წმინდად მხატვრული ხასიათის ამოცანა იყო, ევროპული სიმბოლიზმის ტექნიკით (თავისებური აზრით ვიღებ ამ სიტყვას) ქართული აღმოსავლეთის სიღრმეში წვდომის მხატვრული გაფორმება. თავისთავად იგულისხმება, რომ ვერც აქ განვსჯით და ვერც მე განვსჯი კითხვას - როგორ გადაწყდა დასმული ამოცანა. ფაქტი ოდენ ის არის, რომ ახალგაზრდა პოეტები მოვიდნენ ჩემთან, როგორც უფროს ძმასთან და მეც სიხარულით მივეცი მათ თავიანთი ჟურნალის პირველი ნომრისათვის ჩემი საყვარელი ლექსი „სირენას სიმღერა“.26
„ცისფერყანწელებთან“ ურთიერთობას გრიგოლ რობაქიძე ცოტა მოგვიანებითაც შეეხება. 1919 წლის 9 ივნისს იგი ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერს:
„თქვენ კარგად იცით ჩემი აზრი: პოეზია არარიტმული სიტყვაა და მსოფლიოს მეტაფიზიკური ამოწურვა. ეს დასკვნა ბევრს რამეს თხოულობს წინასწარ. მე მწამს, რომ მსოფლიო ღვთის ქმნადია და ხელოვანი მისი თანაშემოქმედი. ეს არ არის ფიგურალი თქმა. თუ ეს მიღებული იქნა, მთელი დემონოლოგია ტიციანის უარყოფილ უნდა იქნას...27
თქვენ იცით, რომ მე თქვენთან ვარ როგორც ძმა და შემოქმედი. ძალზე ვგრძნობ თქვენი (სამის) სიყვარულს. ხოლო, შესაძლოა, თქვენ (პაოლო და თქვენ) ისე ფიქრობთ, როგორც ტიციანი და მართლაც გადაწყვეტილი გქონდესთ ახალი „გამოსვლა“.
უნდა იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ვერ გამოგყვებით. სიყვარული ნამდვილი - სასტიკია. მე არ შემიძლია თავის თავის ღალატი. თქვენთვისაც უფრო კარგი იქნება: უფრო თავისუფლად იმოქმედებთ“.28
ასეა თუ ისე, არსებითი და მთავარი ის გახლავთ, რომ ახალმა თაობამ გრიგოლ რობაქიძე ცნო ლიტერატურულ რეფორმატორად.
მარტო მწერლობაში არ დგებოდა ახალი ხანა. რუსეთის მონარქიული იმპერია ინგრეოდა. გარედან პირველი მსოფლიო ომი აზანზარებდა, შიგნიდან - ამბოხებული ხალხი. იმპერიის მოსახლეობა სულმოუთქმელად მოელოდა ეროვნული და სოციალური თავისუფლების ეპოქის დადგომას. ეს დღეც დადგა. 1917 წლის თებერვალში რუსეთის მონარქია დაემხო. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. თვალუწვდენელ ქვეყანას ანარქია დაეუფლა. დაიწყო გაუგონარი განუკითხაობა, ურთიერთჟლეტა და ძარცვა-გლეჯა. რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. თავზარდაცემული მოქალაქენი კედელ-ყორეს აწყდებოდნენ. უმწეოდ ეძებდნენ გადარჩენის გზებს.
საქართველომაც ისარგებლა შექმნილი ვითარებით. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს თავდაცვის ერთადერთი გზა იყო, აბობოქრებული რევოლუციის მღვრიე ტალღას რომ არ წაელეკა ჩვენი ქვეყანა. რაც მთავარია, დგებოდა დრო საქართველოს საუკუნოვანი ოცნება აესრულებინა: დაემკვიდრებინა თავისი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა. „სახელმწიფოს გარეშე კი მხოლოდ ანგელოზებს და ცხოველებს შეეძლოთ ცხოვრება“ - ამბობდა გრიგოლ რობაქიძე. იმასაც დასძენდა: „ჩვენ ჩვენი საკუთარი გზა გვაქვს და ვეცადოთ ყველა ძალების შემოკრებას, რომ რევოლუციაში შობილი ეროვნული განთავისუფლების გზა ანარქიით არ მოვისპოთ“, რადგან „ვინც იმარჯვებს ანარქიით, იგი იმავე ანარქიით დაიღუპება“.29
იმ ხანებში არც საქართველოში იყო მშვიდობა (ომი თურქეთთან, სომხეთთან. ოსების აჯანყება შიდა ქართლში), მაგრამ, რუსეთთან შედარებით, მაინც უფრო წყნარად გამოიყურებოდა ცხოვრება. თბილისში ეძებდა თავშესაფარს რუსეთიდან ლტოლვილი ინტელიგენცია. აქ იყრიდნენ თავს მოსკოვ-პეტერბურგიდან გამოქცეული მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები. მოულოდნელად თბილისი გახდა რუსული ავანგარდიზმის ცენტრი. თბილისში გადმოინაცვლა პეტერბურგულმა «Бродячая собака»-მ. 1917 წლის 25 ნოემბერს პოეტ იური დეგენისა და მხატვრული საზოგადოების «Кольчуга»-ს, თაოსნობით თბილისში გაიხსნა ლიტერატურული კლუბი «Фантастический кобачок».
ვის არ ნახავდით „კობაჩოკში“: გრიგოლ რობაქიძეს და სერგეი გორდეცკის, ტიციან ტაბიძესა და ძმებს ზდანევიჩებს - ილიასა და კირილეს, პაოლო იაშვილსა და ალექსეი კრუჩონიხს, ლადო გუდიაშვილსა და ზიგმუნდ ვალიშევსკის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვსა და დიმიტრი გორდეევს, სოფია მელნიკოვას და ნატალია გონჩაროვას, ალექსანდრე ყანჩელსა და სერგეი სუდეიკინს, ოსიპ მანდელშტამსა და ვასილ კატანიანს... ერთი სიტყვით ყველას, ვინც მწერლობა-ხელოვნების კერპს ემსახურებოდა. საზოგადოებასაც ანდამატივით იზიდავდა იგი.
„თბილისი შეიქნა ფანტასტური. ფანტასტურ ქალაქს ფანტასტური კუთხეც ეჭირვებოდა - და ერთ დღეს იმავე პოეტებმა და მხატვრებმა რუსთაველის პროსპექტზე, №12, შიგნით ეზოში, გახსნეს «Фантастический кобачок», პატარა ოთახი, სადაც შეიძლება 10-15 კაცი დატეულიყო, მაგრამ რაღაც განგებით 50-მდე ეტეოდა. აქაც: მსმენელი ქალი იყო მეტი, ვიდრე ვაჟი. ოთახის კედლებიდან ფანტასმები იხედებოდნენ, ისე იყო ოთახი მოხატული (აქ მართლაც გამართლდა „41 გრადუსის“ ლოზუნგი). ეს „კაბაჩოკი“ თითქმის ყოველ-საღამო იყო ღია. კითხულობდნენ იგივე პოეტები და მხატვრები, ლექსებს თუ მოხსენებებს“.
აღწერს «Фантастический кобачок»-ს გრიგოლ რობაქიძე „ფალესტრა“ - რომანში.
ლიტერატურული ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. თანდათანობით მკაფიო ხდება, რომ აუცილებელი იყო საერთო სამწერლო ორგანიზაციის ჩამოყალიბება. ამ საქმის მეთაურები გახდნენ კოტე მაყაშვილი, შალვა დადიანი, დავით კოპალი (კოპალეიშვილი), ლევან (ლელი) ჯაფარიძე, გერონტი ქიქოძე, ტიციან ტაბიძე და გრიგოლ რობაქიძე. მათ შეადგინეს სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის წესდება. მოამზადეს და ჩაატარეს სრულიად საქართველოს მწერალთა ყრილობა. ყრილობამ სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირი შექმნილად გამოაცხადა. ამის განხორციელებას თითქმის ორი წელიწადი - 1919-20 - დასჭირდა.
შეგვიძლია დავასკვნათ: 10-იანი წლების მანძილზე გრიგოლ რობაქიძე ქართული კულტურის სამ დიდ პრაქტიკულ საქმეს ემსახურა.
ა) საგანმანათლებლო მიზნით და ახალი ფილოსოფიურ-ლიტერატურულ შეხედულებათა გაცნობა-გასავრცელებლად კითხულობდა საჯარო ლექციებს.
ბ) უწინამძღვრა ქართული ავანგარდიზმის შექმნას და ამით ხელი შეუწყო ქართული მწერლობის განახლებას.30
გ) კოლეგებთან ერთად, ჩამოაყალიბა სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირი.
და ამ საქმიანობის გვერდით, ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია წერა. იმდროინდელ პრესაში ქვეყნდებოდა მისი სტატია-წერილები ლიტერატურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ნაირნაირ საკითხებზე.
![]() |
6 ომი და რევოლუცია |
▲back to top |
პირველი მსოფლიო ომი და რუსეთის რევოლუცია - ეს ორი მოვლენა ჰქმნის მე-20 საუკუნის 10-იანი წლების სახეს. ორივეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობის ბედ-იღბლისათვის. ყოველი მოაზროვნე ადამიანის ყურადღება მიჯაჭვული იყო ამ მოვლენებზე. მსჯელობდნენ, აანალიზებდნენ, ნაირნაირი დასკვნები გამოჰქონდათ. ყველას აინტერესებდა: რამ წარმოშვა ეს ჯერ არნახული და არგაგონილი ხოცვა-ჟლეტა? რომელ მხარეს დარჩებოდა გამარჯვება? რას მოუტანდა კაცობრიობას ომის შედეგი? ასწავლიდა ეს გაკვეთილი ჭკუას ადამიანს თუ იგი ისევ ისეთივე დარჩებოდა, როგორიც იყო? იწერებოდა და იბეჭდებოდა წიგნები, ნარკვევები, სტატიები. კალმითა და სიტყვით ისეთივე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა, როგორიც თოფ-იარაღით. საქართველოც აქტიურად ერეოდა საქმეში. საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ბუნებრივია, ნაწილის მომავალი მთელის მომავალზე ეკიდა. ჩვენში გულგრილი ვერ დარჩებოდნენ ევროპა-რუსეთში მომხდარი ამბებისადმი.
ამ ხანებში გრიგოლ რობაქიძე ენერგიულ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა. მისი წერილები ძირითადად ორ გაზეთში იბეჭდება: „საქართველოში“ - ქართულად და „კავკაზში“ - რუსულად. ქართულად ხელს აწერს ფსევდონიმით - გივი გოლენდი, რუსულად კი - გ. რობაქიძე-კავკასიელი. 1915 წლის მაის-ივნისში იგი „კავკაზში“ წერილების ციკლს აქვეყნებს საერთო სახელწოდებით - „ომი და კულტურა“. ამ სტატიებში გრიგოლ რობაქიძე მიმოიხილავს გეორგ ზიმელის, მორის მეტერლინკის, გეორგ ბრანდესის, ნიკოლოზ ბერდიაევის, სიმონ ფრანკის და სხვათა შეხედულებებს კულტურისა და ომის, გერმანიისა და რუსეთის რაობის პრობლემებზე. საკუთარ აზრს შედარებით იშვიათად გამოთქვამს. უფრო იმას ცდილობს სხვათა ნააზრევი გააცნოს ქართველ და, საერთოდ, კავკასიელ მკითხველს.
„რას წარმოადგენს კულტურული ადამიანი?“ - სვამს კითხვას გრიგოლ რობაქიძე და აგრძელებს საუბარს: თუ ამ კითხვას მარტივად გვინდა ვუპასუხოთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათო: იგი ცხოვრობს ერთერთ დიდ ევროპულ ქალაქში. აქვს საუკეთესო ხუროთმოძღვრული სტილის კასრაკი (особняк). ბინა მორთულია ფასეული მხატვრული ქმნილებებით. აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა. იღებს ყველანაირ გამოცემებს. ატარებს მორგებულ-მოხდენილ ტანსაცმელს. დადის საუკეთესო თეატრებში. არ ტოვებს პრემიერებს. მგზავრობს მდიდრული ლანდოთი, ჩინებული ავტომობილით. ემსახურება თვითმფრინავი. წევრია რომელიმე კლუბის. ფლობს სალონურ მეტყველებას. სასურველი სტუმარია სალონების. მისი მანერები დახვეწილია, ზომიერია და მშვიდი. გაურბის ტრაგიკულს. ხანდახან ახსენდება ღმერთი და „წყეული საკითხები“.
ამგვარ წარმოდგენას კულტურაზე გრიგოლ რობაქიძე ობივატელურ წარმოდგენად თვლის. იგი იზიარებს კულტურის იმგვარ განმარტებას, რასაც გეორგ ზიმელი, პეტრე სტრუვე და სიმონ ფრანკი იძლევიან.
მათ შეხედულებას მოკლედ ასე გადმოგვცემს გრიგოლ რობაქიძე (ნუ გაგაკვირვებთ წინწკლების სიმრავლე. მათ ძალიან ხშირად ხმარობს მწერალი): კულტურა სამშვინველის ზეშთაგონებაა. მისი თავდაპირველი სახის ხორცშესხმაა. მაგრამ თუ სამშვინველი მხოლოდ „აღქმის კონაა“, თუ პიროვნება ბიოლოგიური გუნდაა, ბუნების თამაშის შერმთხვევითი მოვლენა, თუ სამყარო მოკლებულია კოსმოსურ აზრს, ასეთ შემთხვევაში, ცხადია, ზედმეტია ლაპარაკი პიროვნების შემოქმედებაზე, მის შემოქმედებით თვითგამოვლენაზე. სულის ხორცშესხმა, მისი იდეალური ყოფიერების ესკიზის გახსნა ბუნებრივად გულისხმობს მსოფლიო ლოგოსის არსებობას. ლოგოსის გარეთ, ლოგოსის თვინიერ არ არსებობს „პიროვნების“ შემოქმედება. მაშასადამე, არ არსებობს არც კულტურის მოვლენა. აქედან არის ღმერთკაცობრიობის იდეა, როგორც კულტურის ცენტრალური ცნება. სამყაროში ლოგოსის შემოქმედებითი გამოცხადება და მისი გამოცხადების აღქმა მსოფლიო სამშვინველის მიერ - აი, მსოფლიო ისტორიის ხორცშესხმის ორმხრივი პროცესი კულტურის მრავალფეროვან ფასეულობებში. ამგვარად, კულტურა წარმოადგენს ფასეულობათა შემოქმედებას, რომელიც სავსეა კოსმოსური აზრით. ამ თვალსაზრისით კულტურაა პართენონი და აკროპოლისი, შექსპირი და დანტე, კიოლნის ტაძარი და სიქსტეს მადონა, ვაგნერი და ბეთჰოვენი, პუშკინი და გოეთე. ეს არის ჭეშმარიტი კულტურა - სულიერი კულტურა, რადგან კულტურა სულის თვითშემოქმედებაა. ის, რასაც ნივთიერ კულტურას უწოდებენ (რკინიგზა, ტელეგრაფი და ტელეფონი, თვითმფრინავები, საერთოდ მთელი „ტექნიკა“, ეგრეთწოდებული „კეთილმოწყობა“) არის მხოლოდ პირობები სულიერი კულტურისათვის, ნივთიერი სფერო მსოფლიო ფასეულობათა განსახორციელებლად. აქედან დასკვნა: კულტურის ზრდა ემთხვევა „სულიერების ზრდას“ (ვუნდტის ტერმინია). რამდენადაც მაღალია კულტურა, იმდენად მნიშვნელოვანია „სულიერება“ კულტურულ გამოვლინებებში.
კულტურაში გვერდიგვერდ ცხოვრობს მკაფიო, სინათლისა და სიცოცხლის მფრქვეველი სხივებიც, წარმართული ვენუსიც, ქრისტიანული ღვთისმშობელიც. შიშველი სხეულის მშვენიერებაც და უსხეულო სიდიადეც ყოველგვარ ხორციელებაზე ამაღლებული სულისა. კულტურისათვის ერთნაირად ძვირფასია განმარტოებული აზრის პირქუში შრომაც და მოზეიმე ხორცის ვნებიანი სიმღერაც. კულტურას ეკუთვნის რელიგიური გზნება, რომელიც გრძნობს ღმერთს თავის გულის ფეთქვაში და ჭვრეტს მას ზეცაში. მაგრამ თანაბარი უფლებით შედისკულტურაში დაუმორჩილებელი, ყველაფერში დაეჭვებული, ყოვლის ძირგამომთხრელი ადამიანური აზრის უღმერთობაც. ყოველი აზრი, ოღონდ იგი იყოს ღრმა და თავისებური, ხელოვნების ყოველი ნაწარმოები, ოღონდ იგი იყოს მშვენიერი, ყოველი ზნეობრივი ძალისხმევა, ოღონდ იგი იყოს გულწრფელი და შემოქმედებითი, ჭეშმარიტების, სიმართლის, მშვენიერების ყოველი ძიება ქმნის კულტურას. კულტურაში, როგორც პანთეონში, ყველა ღმერთისათვის არის ადგილი. კულტურის ღმერთი კი არის ყველა ის, ვისზეც განისვენებს შემოქმედებითი ძალისა და მშვენების მადლი.
როცა კულტურაზე ვსაუბრობთ დაჟინებული მზერა უნდა მივაპყროთ კულტურის შემოქმედის და კულტურის ქმნილების ურთიერთდამოკიდებულებას. მოაზროვნეები ძველი დროიდანვე მიუთითებდნენ, რომ შემოქმედებითი აქტის შემდეგ ქმნილება ხდება სრულიად დამოუკიდებელი შემქმნელისაგან. იძენს თავის საკუთარ ლოგიკას და ვითარდება მისი კანონების შესაბამისად. ამ მოვლენის ყველაზე მკაფიო დადასტურებას ვპოულობთ მხატვრული შემოქმედების საიდუმლოში. ჭეშმარიტი მხატვრული ქმნილება თავისი ინდივიდუალობით ყოველთვის მეტია იმაზე, რასაც ვარაუდობდა შემქმნელი. ჰამლეტი, როგორც მხატვრული ინდივიდუალობა მეტია იმ იდეალზე, რაც მასში ჩადო შექსპირმა. ასეა კულტურაშიც. აქაც ქმნილება მეტია შემქმნელზე და ამით ხდება მისგან დამოუკიდებელი. სხვანაირად: სუბიექტი ქმნის ობიექტს, მაგრამ შემდგომ ამ ობიექტს იღებს და აღიქვამს სხვა სუბიექტი. ამდენად შექმნილი შორდება შემქმნელს. გადადის სხვაში. ხდება სუბიექტურის ობიექტივაცია.
კულტურის ასეთი განმარტება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ისტორიის სტიქიური მომენტის გასააზრებლად. კულტურა რომ თავისი საკუთარი გზით ვითარდება, ამისი უტყუარი დადასტურებაა დღევანდელი მსოფლიო ომი. ომამდე ვერავინ იფიქრებდა, რომ ევროპის კულტურაში დაიბადებოდა ეს შემზარავი ომი. მაგრამ ფაქტი თვალწინ გვაქვს. ჩანს, ევროპულ კულტურას თავისი ლოგიკა ჰქონდა.
კულტურის თვისება-ხასიათის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე კონკრეტულად მსჯელობს ცალკერძ რუსულ კულტურაზე, ცალკერძ - გერმანულზე.
რუსეთის კულტურაზე საუბრისას იგი ეყრდნობა ნიკოლოზ ბერდიაევის წიგნს „რუსეთის სამშვინველი“. გადმოსცემს ამ წიგნში გამოთქმულ შეხედულებებს.
ნიკოლოზ ბერდიაევი რუსეთის სამშვინველში არსებულ სამ წინააღმდეგობას გამოჰყოფს.
პირველი გახლავთ ის, რომ რუსეთი ერთდროულად არის არასახელმწიფოებრივი ქვეყანაც და ყველაზე უფრო სახელმწიფოებრივიც და ბიუროკრატიულიც.
რუსეთმა მისცა მსოფლიოს ისეთი მასშტაბის ანარქისტები, როგორიც იყვნენ მიხეილ ბაკუნინი, პეტრე კროპოტკინი, ლევ ტოლსტოი (მისი რელიგიური მოძღვრება ანარქიულია). „რუსის ხალხს თითქოს სახელმწიფოსაგან განთავისუფლება სურს, ვიდრე თავისუფალი სახელმწიფო“, ასკვნის ნ.ბერდიაევი. ამის პარალელურად და ამასთან ერთად რუსეთი მძლავრი სახელმწიფოებრივი და ბიუროკრატიული ქვეყანაა. ივანე კალიტადან (გარდაიცვალა 1340 წ.) მოყოლებული რუსეთი იპყრობდა სხვათა მიწა-წყალს და უსაშველოდ იზრდებოდა. მთელი ენერგია რუსეთმა ამ უზარმაზარი სახელმწიფოს შექმნას შეალია. ამ მიზანს დაუმორჩილა ყველაფერი.
მეორე გახლავთ ის, რომ რუსეთი ერთდროულად არის არანაციონალისტური ქვეყანაც და შოვინისტურიც.
თუ ევროპა ნაციონალისტურია, რუსეთი არ არის ასეთი. რუსი ხალხისათვის უცხოა აგრესიული ნაციონალიზმი. რუსეთის ინტელიგენცია ნაციონალიზმს უყურებს, როგორც უწმინდურობას. რუსი მწერლების ზერელე კოსმოპოლიტიზმში გამოსჭვივის საკაცობრიო სული. ლევ ტოლსტოი ცდილობდა რელიგიური თეორიით გადაელახა ნაციონალიზმის ჩარჩო. ასე იყვნენ სხვებიც. მაგრამ ამის გვერდით და ამასთან ერთად, რუსეთი ყველაზე შოვინისტური ქვეყანაა. რუსეთი უარყოფს ევროპას, როგორც სიდამპლესა და ჯოჯოხეთის ნაყოფს. მას მხოლოდ თავისთავი სწამს. მაშინაც კი, როცა რუსეთი ცოდვას სჩადის, თავისთავს „წმინდა რუსეთს“ უწოდებს. მას სძულს ებრაელები, პოლონელები და სხვები. სძულს კათოლიციზმი. რუსეთი გაჟღენთილია ეკლესიური ნაციონალიზმით. დედამიწა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია და ჭეშმარიტების მფლობელი მხოლოდ რუსული ეკლესიაა.
მესამე წინააღმდეგობა გახლავთ ის, რომ რუსეთი ერთდროულად არის სულის უსაზღვრო თავისუფლების ქვეყანაც და სერვილიზმის მორჩილი ქვეყანაც.
რუსი თავის ბუნებით ყარიბია, მოგზაური, მოხეტიალე (странник). „სტრანნიკი“ ყველაზე თავისუფალი არსებაა. იგი დახეტიალობს დედამიწაზე, მაგრამ არსად ფეხს არ იკიდებს. მან არ იცის, მიწის ახლობლობა, ჩაზრდა მასში. ყველა ეს რასკოლნიკოვები, მიშკინები, სტავროგინები, ვერსილოვები, ბეზუხოვები და სხვანი ყარიბები, „სტრანნიკები“ არიან. „სტრანნიკული“ სულია თავად ლერმონტოვში, დოსტოევსკიში, ტოლსტოიში. რუსეთი ქვეყანაა სულიერი თრობის, ხლისტების, დუხაბორების, თვითდამწველების. ქვეყანაა სელივანოვის, რასპუტინის, თვითმარქვიების და „პუგაჩოვშჩინის“. რუსულ სამშვინველში მარადიული ძიებაა კიტეჟ-ქალაქისა, ახალი სამეფოსი დედამიწაზე. ამიტომ არის, რომ რუსეთი შინაგანად თავისუფალია და „სტრანნიკულად“ განწყობილი.
მაგრამ ამის პარალელურად და ერთად რუსეთი საშინელი სერვილიზმისა და ყურმოჭრილი მორჩილების ქვეყანაა. ვაჭრები, ჩარჩები, ჩინოვნიკები, სასულიერო წოდება, გლეხები, ინტელიგენცია - ყველა შინაგანად მორჩილია, მონაა და ჩაფლულია ნივთიერ ყოფიერებაში. ამის გამო რუსეთი გახდა ინერტული, ზარმაცი, მოუქნელი. სულ იმას ელის, რომ თავის გასაკეთებელს ვიღაც სხვა გაუკეთებს. რუსული რადიკალური ინტელიგენცია შეპყრობილია მექანიკური თანასწორობის იდეით და არა შინაგანი თავისუფლებისა. რუსეთი უსახური კოლექტივის ქვეყანაა.
ასეა ყველაფერში: რუსეთი ანტინომურია. მისი ყოფიერება წინააღმდეგობრივია.
ბერდიაევი რუსეთის ამგვარ მდგომარეობას იმით ხსნის, რომ რუსეთის არსი ქალურია. მასში არ არის ვაჟური. რუსეთი მუდამ ეძებს საქმროს. ვარიაგების მოწვევიდან დაწყებული დამთავრებული გერმანელების გაბატონებით რუსეთის მმართველ აპარატში.
„ვაჟური რუსეთი - ეს ან გერმანულია, ან ფრანგული, ან ბერძნული (ძველად). რუსეთის ცხოვრებას ჰფლობს ხან მარქსი, ხან შტაინერი, ხან კანტი, ხან კიდევ რომელიმე სხვა უცხო ვაჟი. აპოლლო, ღმერთი ვაჟური გაფორმებისა, ჯერ არ შესულა დიონისურ რუსეთში. თვითონ დიონისიზმი რუსეთისა ბარბაროსულია და არა ჰელლინური. ასეთია საშინელება რუსეთისა. აქედან მხოლოდ ერთი გასავალია: რუსეთის წიაღში უთუოდ უნდა მოინახოს ვაჟური ელემენტი. მისი მონახვა თანამედროვე ომშია შესაძლო. რუსეთი ამ ომში გმირულად არის დაჭიმული და ეს ალბათ ვაჟკაცობას წარმოშობს“, - ასკვნის, ნიკოლოზ ბერდიაევთან ერთად, გრიგოლ რობაქიძე თავდაპირველად რუსულად გამოქვეყნებული წერილის ქართულ ვარიანტში («საქართველო“, 1917წ., №232-3).
თუ ნიკოლოზ ბერდიაევი რუსეთის რაობას ეძებდა, სიმონ ფრანკი გერმანიის რაობის ამოხსნას ცდილობს. გრიგოლ რობაქიძე დაწვრილებით გადმოსცემს ს.ფრანკის ნარკვევის - „გერმანიის სულიერი არსის შესახებ“ - შინაარსს.
გერმანელი ხალხის „ბოროტი ნების“ გამოვლენას სიმონ ფრანკი ორი ფორმულის შეერთებაში ხედავს: Not kennt kein Gebot (თეობალდ ბეთმან-ჰოლვეგი)31 და Gebot kennt kein Not (ემანუილ კანტი)32. საქმე გერმანელთა სიმკაცრე კი არ არის, არამედ, ამ სიმკაცრის გეგმაზომიერება და მოფიქრებულობა. გერმანელთა სახელმწიფო მანქანა სისტემატურად ადნობს ადამიანთა მასალას თავის ძლიერების რკინად და ცემენტად. ამ ძლიერებისათვის ადამიანი მიზანი კი არ არის, არამედ საშუალება. გერმანელი ხალხი ღრმად ერთგულია სახელმწიფოსი და ხელისუფლების. მაგრამ ეს ერთგულება მონობა კი არ არის, არამედ კერპთაყვანისმცემლობა. გერმანელებმა არ იციან მტრის დანდობა, მაგრამ არც თავისთავს ინდობენ. ისინი ამარცხებენ მტრებს დარაზმულობით, თავგანწირვით და კოლექტიური ენერგიით. ობიექტური მათი უზნეობა არ არის პირადი გარყვნილება (როგორც ეს გვხვდება უფრო დახვეწილ კულტურებში). პირიქით, იგი ერწყმის გარკვეულად ზნეობრივ სიჯანსაღეს. გერმანელი ხალხის სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში ცხოვრობს ზეპიროვნული ზნეობრივი ენერგია, რომელიც გამოიხატება ფორმულით: შენ ვალდებული ხარ, მაშასადამე შეგიძლია. ამრიგად, გერმანელის სულიერი აღე „ბარბაროსულია“, ამ სიტყვის როგორც უარყოფითი, ისე დადებითი გაგებით. მაგრამ როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს გერმანელთა „ბარბაროსობა“ და მათი მაღალი კულტურა? ასეთი შეთავსება ხომ უეჭველად არსებობს. მაგრამ შეთავსება ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. უნდა ვაჩვენოთ მათი თეორიული შეერთების შესაძლებლობა, რადგან „ბარბაროსობა“ აღნიშნავს არა კულტურის დონეს, არამედ კულტურის განვითარების ტიპს. გამოხატავს სულიერი ტიპის თვისობრიობას და არა კულტურის განვითარების ხარისხს. ამ თვალსაზრისით, „ბარბაროსობისა“ და კულტურის მორიგება შეიძლება.
უნდა ვაღიაროთ, რომ გერმანელის სახალხო ხასიათის განმსაზღვრელი მომენტი ქმედითობაა. ლაიბნიცმა შექმნა მოძღვრება მონადაზე, როგორც ქმედით ძალაზე. კანტმა პრაქტიკულ გონს უპირატესობა მიანიჭა თეორიულზე. ფიხტეს ფილოსოფია გმირული ნების მეტაფიზიკაა. ჰეგელის ფილოსოფია, მიუხედავად საზარელი ინტელექტუალიზმისა, გაჟღენთილია კოლექტიური შემოქმედების გრძნობით. გოეთემ, ფაუსტის პირით, იქადაგა - პირველად იყო საქმე. შილერის პოეზიას ახასიათებს გმირულ-ეპიკური ნება-განწყობილება, და საერთოდ, ლუთერით დაწყებული კანტ-ნიცშეთი დამთავრებული გერმანულ აზრში ისმის ერთი მოტივი - ზიგფრიდის მოტივი. გერმანელის ეროვნული თვისებაა ქმედითობა-საქმიანობა, სიფხიზლე, სიამაყე, ის ზნეობრივი კომპლექსი, რომელიც გამოიხატება უთარგმნელი გერმანული სიტყვით - Tüchtigkeit.
ასე უყურებს გერმანიის რაობას სიმონ ფრანკი და ასკვნის: „თანამედროვე გერმანია ახალი წარმართობაა. წარმართობის დამარცხება მხოლოდ „ქრისტეს აღმოსავლეთით“ (ვლადიმერ სოლოვიოვის ფორმულაა) შეიძლება. რომ გავიმარჯვოთ, „ქრისტეს აღმოსავლეთის“ ჭეშმარიტი შვილები უნდა გავხდეთ“.
ორ ძირითად საკითხში არ ეთანხმება გრიგოლ რობაქიძე სიმონ ფრანკს.
ჯერ ერთი, რამდენად სწორად ესმის სიმონ ფრანკს ვლადიმერ სოლოვიოვის ფორმულა - „ქრისტეს აღმოსავლეთი“. გრიგოლ რობაქიძე თვლის, რომ ვ.სოლოვიოვისათვის ქრისტიანობა არ არის ქრისტეს მოძღვრება. იგი არის მოძღვრება ქრისტეზე. ქრისტეს ღმერთკაცობრიობა არის ცენტრალური მომენტი ქრისტიანობისა. ღმერთი ჩამოდის მსოფლიოში და მსოფლიოს სამშვინველი ადის ღმერთთან. ორმხრივი პროცესი ხდება: ღვთაების შემოქმედებითი განხორციელება და მსოფლიოს შემოქმედებითი ფერისცვალება. ამ ორი პროცესის შეხვედრის პირადი მომენტი და მათი კონკრეტული ურთიერთშეღწევა არის ქრისტე (ლოგოსი). ასეთია ვ.სოლოვიოვის შეხედულება. იზიარებს ამას ს.ფრანკი, როცა იგი იყენებს ზემოხსენებულ ფორმულას? ძალიან საეჭვოა, რადგან არც განხილულ წერილში და არც სხვაგან იგი პირდაპირ პასუხს არ იძლევა. ს. ფრანკი უფრო კონკრეტული ჰუმანისტია. კონკრეტული ჰუმანიზმი კი დასკვნაა (არც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი) ქრიასტიანობიდან გამომდინარე და არა მისი (ქრისტიანობის) ამოსავალი წერტილი.
მეორეც, გრიგოლ რობაქიძე არ იზიარებს ს. ფრანკის აზრს, რომ კულტურის „ბარბაროსული“ ტიპი შეიძლება დაემთხვას კულტურული განვითარების მაღალ საფეხურს. ამ დებულებას გრიგოლ რობაქიძე ორი კუთხით იწუნებს. პირველია ის, რომ მსგავსი აზრი პირველად ნიკოლოზ მიხაილოვსკიმ გამოთქვა. ს.ფრანკი კი მას არ ასახელებს. ამასთანავე დებულება უკვე კარგახანია უარყოფილია. მეორეა ის, რომ ამ დებულების საბუთად არ გამოდგება გერმანული კულტურის ქმედითი ხასიათი. მერე რა, - კითხულობს გრიგოლ რობაქიძე, - რომ გოეთემ თქვა - პირველად იყო საქმე. ამისათვის იგი „ბარბაროსია“? მერე რა, რომ ლუთერი, კანტი, ჰეგელი თავიანთ მისწრაფებაში ენერგიული, ქმედითნი არიან. ამისათვის არიან „ბარბაროსები“? რა გამოდის - რამდენადაც ქმედითია კულტურა, იმდენად „ბარბაროსულია“? ქმედითობა საბუთად არ გამოდგება. თავად კულტურა ქმედითობაა, შემოქმედებითი ნების ტიტანური დაძაბულობა და ძალისხმევა. სხვაგვარად კულტურა არ იქმნება.
გერმანიის რაობის შესახებ კიდევ ორი ევროპელი მწერლის - დანიელი გეორგ ბრანდესის და ბელგიელი მორის მეტერლინკის - შეხედულებას გვაცნობს გრიგოლ რობაქიძე.
გერმანული კულტურის შინაგანი ხაზი მაინტერესებსო, - გვიზიარებს თავის ძიების მიმართულებას გრიგოლ რობაქიძე. მაგრამ ამ ხაზის მიგნება ჭირს იმ ნარკვევებში, რომელიც ომის დროს იწერება. ომის დროს ადამიანი ემოციურად აღგზნებულია. არ შეუძლია თავდაჭერილი, ობიექტური მსჯელობა. იგი მიკერძოებულია. ვერ ახერხებს მშვიდად გამოიტანოს დასკვნა. ამიტომ გეორგ ბრანდესის იმ ნარკვევებს მივმართეო, რომელიც ომის დაწყებამდე ბევრად ადრე დაიწერა. კერძოდ, „ემიგრანტთა ლიტერატურას“ და მის ერთ ნაწილს, რომელსაც „ქალბატონი სტალი“ ეწოდება. გეორგ ბრანდესს კითხვა დაუსვამს - ვისი ხალხური სულია უფრო მეტად გაჟღენთილი ელინიზმით ფრანგული თუ გერმანული? იგი ერთმანეთს ადარებს გოეთეს იფიგენიას და რასინის იფიგენიას. დანიელი მწერალი იმედოვნებს: მოვა დრო და აღიარებენ, რომ გერმანელი იფიგენია იმდენადვე გაჟღენთილია გერმანული სულით, რამდენადაც ფრანგი იფიგენია - ფრანგულით. მაშინ უნდა ვუპასუხოთ კითხვას - რომელი უფრო ჰგავს ძველ ბერძენს.
დღევანდელ მკითხველს ნუ გააკვირვებს საკითხის ამგვარი დასმა. მე-19 საუკუნეში და მე-20 ასწლეულის დასაწყისში ევროპაში დიდად იყვნენ გატაცებული ანტიკური ბერძნული კულტურით. ძველბერძენთა ფილოსოფია, ლიტერატურა, მხატვრობა-ქანდაკება, ხუროთმოძღვრება ხიბლავდა ევროპელ საზოგადოებას. ძველი ბერძენი სულიერი და ხორციელი მშვენიერების ჰარმონიული შერწყმის ნიმუშად ჰყავდათ წარმოდგენილი. ძველბერძნულ კულტურაში იყო მზე, სიჯანსაღე, სიხარული, ზეიმი, არაფერი ჰქონდა ავადმყოფური, პათოლოგიური, დაკნინებული და დამცირებული, დაბადებული უნიჭობითა და ტვინისჭყლეტით. ამდენად, ბუნებრივია გოეთეს იფიგენიასა და რასინის იფიგენიას შედარება ძველი ბერძენის ტიპთან. ამ შედარების შედეგად ბრანდესი მისულა დასკვნამდე, რომ ფრანგები უფრო ჰგვანან ძველ ბერძნებს, ვიდრე გერმანელები. ფრანგული სული, ძველი ბერძნულის მსგავსად, მსუბუქია, ნატიფია, ფერადოვანია და ლაღია, მართალია, დანიელი მწერალი აღიარებს, რომ გერმანელებმა უფრო კარგად და ღრმად შეისწავლეს ანტიკური საბერძნეთი, უფრო ჩასწვდნენ და ამოიცნეს ამ კულტურის საიდუმლო, უფრო გაიგეს და აითვისეს იგი. მაგრამ ეს იმას არ ადასტურებს, რომ გერმანელები უფრო მეტად ჰგვანან ძველ ბერძნებს, ვიდრე ფრანგები. არსებითი ის გახლავთო, - გვეუბნება გეორგ ბრანდესი -, რომ გერმანელებმა იციან ზომიერება პრაქტიკულ წამოწყებაში, მაგრამ აზრებსა და ფანტაზიებში მათ უყვართ უსაზღვროება და უზომობა. ამ მიზეზის გამო ისინი იმარჯვებენ იქ, სადაც ქრება პლასტიკური ფორმა - მეტაფიზიკაში, ლირიკულ პოეზიაში, მუსიკაში. მაგრამ მათი მეცნიერება სავსეა ვარაუდებით. მათი ხელოვნება კი გამოირჩევა უფორმობით. კოლორიტი სუსტი მხარეა გერმანელთა ფერწერისა.
პლასტიკურობა სუფთა ძველბერძნული თვისებაა. აქ ფრანგები ძალიან ახლოს არიან ძველ ბერძნებთან.
გრიგოლ რობაქიძე ეთანხმება ბრანდესის დასკნას და თავად დასძენს: „გერმანელთა შემოქმედება მართლაც მოკლებულია პლასტიკურ გენიას. გერმანიის ყველაზე უფრო პლასტიკური პოეტი გოეთე ფლობს უმაღლეს სინთეტიკურ ნიჭიერებას, მაგრამ პლასტიკური განხორციელების ძალაში ისიც უთმობს ადგილს ლათინურ რასას. ქანდაკების დარგში ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამ საქმეში ფრანგთა პლასტიკური გენია ბევრად უფრო ძლიერია და მზიური, ვიდრე გერმანული. განა სახელგანთქმული მაქს კლინგერი შეიძლება შევადაროთ როდენს? გერმანელთა აზრიც არ არის პლასტიკური. ამ კუთხით გასაოცარია კანტი, ნამდვილი პირმშო გერმანული აზრის. მას შეიძლება ვუწოდოთ ხვეულობის გენია (гения извилистости), მაშინ როდესაც მისი ანტიპოდი ელინი პლატონი არის პლასტიკური, გახსნილი აზრის გენიოსი“. ამიტომ, - განაგრძობს გრიგოლ რობაქიძე -, ანტიკური საბერძნეთის მოტრფიალე გერმანელები, მაგალითად, ჰჲოლდერლინი და ნიცშე, შინაგანად ამბოხებული იყვნენო გერმანული სულის წინააღმდეგ.
რაკი გრიგოლ რობაქიძე მზიური კულტურის აპოლოგეტი იყო, დასაშვებია ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდში მისი სიმპათია საფრანგეთისაკენ იხრებოდა. თუმცა მთლად მკაფიოდ ეს არ ჩანს.
მაგრამ კულტურის ხასიათისა და არსის ამოხსნით ვერ განსაზღვრავ ომის შედეგს. როგორც გრიგოლ რობაქიძე ამბობს, ომი ცოცხლობს არა ჰამლეტის ფიქრითა და განსჯით, არამედ ნაპოლეონის ნებით. ამ კუთხით ქართველი მწერლის ერთგვარ გაკვირვებას იწვევს ის, რაც მორის მეტერლინკს უთქვამს.
მორის მეტერლინკი მისტიკოსი იყო. იგი ამბობდა: არსებობს არა მხოლოდ ხილული და ხელშესახები სამყარო, არამედ სულიერი და უსხეულო სამყაროც, რომელიც უფრო ღრმაა და საიდუმლო, ვიდრე პირველი. ის, რაც ხდება ისტორიულ საზღვრებში, წინასწარ არის განსაზღვრული და განპირობებული საიდუმლო სამყაროს მისტიკურ გეგმებით. მისტიკური მოვლენები არც ისე იოლი ამოსაცნობია, რომ ადამიანური გონებით მისწვდე ყველაფერს და მთლიანად. მაგრამ რაღაცის აღქმა მის ჰიერატიულ მონახაზში მაინც მოხერხდება. რას ვხედავთ? ერთი შეხედვით იხატება ახლანდელი ომის სუფთა გარეგანი საფუძველი: გერმანელი ხალხის მისწრაფება მსოფლიო ჰეგემონიისაკენ, სიხარბე და შური, ვილჰელმ მეორის განდიდების მანია და მისთანანი. მაგრამ ყველაფერი ეს მსოფლიო მოვლენების მისტიკური არსის შემთხვევითი გარსია. თანამედროვე გერმანიის სახით ნისლშია გახვეული მისტიკური გადაწყვეტილებანი. ამ გადაწყვეტილებების თანახმად, გერმანიამ უნდა გაიმარჯვოს. ეს იმიტომ, რომ ყოველ ხალხს წინასწარ აქვს განსაზღვრული მსოფლიო ჰეგემონია ისტორიული განვითარების გარკვეულ საფეხურზე. ფრანგებს ეს ჰეგემონია ასი წლის წინათ მიეცათ და იგი უკვე გაიარეს. შემდეგ ინგლისელებმა შექმნეს უზარმაზარი იმპერია. მაგრამ ახლა ინგლისელთა მსოფლიო ბატონობა თანდათანობით სუსტდება. იგი ირყევა. რუსეთის დრო ჯერ არ მოსულა. იგი უფრო გვიან დადგება. რჩება გერმანია. სხვები გამოირიცხნენ. ამიტომ ახლანდელ ომში ბედისწერა გერმანიის მხარეზეა. ეს კი ნიშნავს, რომ ბრძოლა გერმანიის წინააღმდეგ არის ბრძოლა ბედისწერის წინააღმდეგ. საშინელი კითხვა ბურღავს ტვინს - შეიძლება დამარცხდეს ბედისწერის სასტიკი და ბრმა ძალა? მეტერლინკის პასუხი დადებითია - შეიძლება. თუ დამარცხდება გერმანია, მასთან ერთად დამარცხდება ბედისწერის ბნელი ძალაც. ამით კაცობრიობის ისტორიის ახალი გზა გაიხსნება. ნაცვლად ბედისწერის სტიქიონისა, კაცობრიობის მართვა შეეძლება ადამიანის გონიერებას. ამისათვის ანტანტამ ყველაფერი უნდა იღონოს.
მეტერლინკის მსჯელობასა და დასკვნას გრიგოლ რობაქიძე ძალიან გაუკვირვებია. თუ აქამდე ბელგიელი მწერალი თავის თხზულებებში ამტკიცებდაო, რომ ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი ბედისწერის მიერ, ახლა მოულოდნელად ამხედრებულა მის წინააღმდეგ. ეს ძალიან საყურადღებო და ნიშანდობლივიაო.
მე აღარ შევუდგებიო, - გვეუბნება გრიგოლ რობაქიძე, - ბედისწერის ფილოსოფიური აზრის ანალიზს. მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ინერტული წინ ეღობება შემოქმედებითს, სტიქიური - ცნობიერს, უპიროვნო - პიროვნულს და ყველაფერი ეს ბედისწერის ბეჭედს ატარებს, მაშინ ბედისწერის ცნება ემთხვევა ქაოსის ცნებას. ამდენად, ქაოსის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბრძოლა ბედისწერის წინააღმდეგაც.
საბედისწერო შინაგანად ახასიათებს სიცოცხლეს. ამიტომ ბედისწერა ნამდვილი ძალაა. მაგრამ შინაგანად სიცოცხლეს სხვაც ახასიათებს - ანტიბედისწერაც. ამიტომ სიცოცხლე გაუთავებელი ომია, გამოვლენილი უმოწყალო წინააღმდეგობებში. ამაშია ცხოვრების ტრაგედია. უბედისწეროდ არ არსებობს ტრაგიკული. აქ არის ცხოვრების შემოქმედება. საბედისწეროს თვინიერ არ არის შემოქმედება. საბედისწეროს დაძლევა ხდება ლოგოსის შემოქმედებითი ძალით. ამით წყდება ტრაგიკულის პრობლემა შემოქმედებაში, რომლის მიზანია სამყაროს ცნობიერების პიროვნული განმტკიცება.
თანამედროვე ომში იმდენია სტიქიური და ირაციონალური, რომ იგი ჰგავს პლანეტების ბრძოლას. ამიტომ საბედისწეროც არის. მაგრამ ისიც უეჭველია, რომ პლანეტების ბრძოლა გამოიწვევს ცხოვრების პლანეტურ ფერისცვალებასაც. თანამედროვე ადამიანის ფსიქიკა ომის ბრძმედში გაღრმავდება და გაფართოვდება. მაგრამ უნდა განვსაზღვროთ, რა მიმართულებით წავა ეს წინააღმდეგობა-დაპირისპირება. დიდი გადატრიალებისათვის დიდი შერყევაა საჭირო, უმაღლესი ფერისცვალებისათვის - უმაღლესი დაძაბულობა. თამანედროვე ომი უმაღლესი რყევაა და დაძაბულობა. ამიტომ შეუძლებელია მისმა შედეგმა არ მოიტანოს გადატრიალება ცხოვრებაში და ფერისცვალება სამშვინველში. ეს გადატრიალება და ფერისცვალება უთუოდ გამოიხატება იმით, რომ კაცობრიობის შემოქმედებითი ძალისხმევა წარიმართება ქაოსურის, ირაციონალურის, მაშასადამე, საბედისწეროს შესამცირებლად. უფრო მგრძნობიარე შემოქმედებითი ადამიანები ამას უკვე ხვდებიან. მაგალითი მორის მეტერლინკია. ჭეშმარიტად, ოცნებით გატაცებული ჭვრეტის ფერმკრთალი უძლურება ადგილს უთმობს შემოქმედებითი ძალის ნებისყოფიან მისწრაფებას, - ამთავრებს სტატიას გრიგოლ რობაქიძე.
კალმოსანი ადამიანების ეს სჯა-ლაპარაკი, ანალიზი და დასკვნები გონებას აფხიზლებდა, ტვინს ჩარხავდა, თორემ ომის დინებაზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენდა. დაწერილი და დაბეჭდილი მოაზროვნე ადამიანების ვიწრო წრეში ტრიალებდა. ვინც ომს წარმართავდა და იბრძოდა, მათ ამ დაწერილდაბეჭდილის წაკითხვის არც სურვილი ჰქონდათ და არც დრო. მით უფრო დაფიქრებისა და გადაწყვეტილების გამოტანის. საბედისწერო სტიქიური და ირაციონალური ძალა თავისას აკეთებდა. აინუნშიაც არ მოსდიოდა გამარჯვება ვის დარჩებოდა და რა ფასად, რა გადატრიალება და ფერისცვალება მოჰყვებოდა მას კაცობრიობის ცხოვრებაში.
არც ის უწყის ვინმემ, რას მოუტანს საქართველოს მსოფლიო ომში ამა თუ იმ მხარის გამარჯვება. რუსეთის დამარცხება მოასწავებს კი საქართველოს განთავისუფლებას თუ ის სხვა მტაცებელს ჩაუვარდება ხელში? რუსეთის გამარჯვება იქნება კი საქართველოს ყველა იმედის დასამარება? ერთხელ და სამუდამოდ გაიწირება გადაშენებისათვის? საქართველოში ზედმიწევნით ზუსტად იციან, რომ რუსეთში არავინ წუხს ჩვენი ქვეყნის მომავლით. ჯერ კიდევ 1911 წლის 11 იანვარს წერდა არჩილ ჯორჯაძეს გრიგოლ რობაქიძე: „საქართველოს ბედ-იღბალი მათ (რუს მწერლებს - ა.ბ.) ისე აინტერესებთ, როგორც მარსის მცხოვრებნი. სხვათა შორის, ახალგაზრდა ქართველის ტრაგედია ამაშიცაა“. მართალს ამბობდა. ტრაგედია იყო ის, რომ ისევ რუსის იმედად იყო ახალგაზრდა ქართველთა თაობა. ისევ რუსეთიდან მოელოდა შველას. ამას ისიც ადასტურებდა, რომ პოლიტიკით დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდობის დიდი უმრავლესობა ისევ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას ედგა გვერდით. მისი იდეალების განხორციელებაზე ოცნებობდა. ამასვე აკეთებდა ქართველი მწერლობის ახალი თაობის დიდი ნაწილიც. ისიც რუსეთს მისდევდა კუდში და ბევრჯერ დაუფიქრებლად იმეორებდა იმას, რასაც მოსკოვ-პეტერბურგში გაიგონებდა.
როცა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ რუსეთის მონარქია დაამხო, თითქოს ის ასრულდა, რაც საქართველოში ენატრებოდათ. მაგრამ სულ მალე ახალი ხიფათის კონტურები ძალიან ნათლად გამოიკვეთა. უსუსური, უღონო და უძლური აღმოჩნდა რუსეთის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია. ძალიან იოლად, არსებითად წკიპურტის გაკვრით სანაგვეში მოისროლა იგი ახალმა რევოლუციამ, ოქტომბრის ბოლშევიკურ-კომუნისტურმა რევოლუციამ. ამ ამბავმა ჩამოაღწია თუ არა საქართველოში, გრიგოლ რობაქიძემ მაშინვე ივარაუდა: „ადვილი შესაძლებელიაო ამ შეხლაში ბოლშევიზმი გამოვიდეს გამარჯვებული“ („საქართველო“, 1917წ., №237). ამის აღიარება მისთვის ადვილი არ უნდა ყოფილიყო. იგი ყოველთვის ეჭვის თვალით და უნდოდ უყურებდა მარქსიზმს. გერმანიაში რომ სწავლობდა, მაშინ ბევრჯერ გაუკრიტიკებია მარქსიზმის სოციოლოგიური სისტემა. სამშობლოში დაბრუნებულსაც არაერთგზის გამოუთქვამს თავისი აზრი მარქსიზმე. განსაკუთრებით არ მოსწონდა კლასობრივი ბრძოლის თეორია.
„მარქსიზმი ამართავს „ეკონომიკას“ ერთად ერთს პრინციპად სოციალურს ვითარებაში და სოციალურს ცხოვრებაში სცნობს მხოლოდ კლასიურ დაყოფას. ყველა სხვა დაყოფა - რასიული, ეროვნული, რელიგიური და სხვა - მარქსიზმისათვის ან სულ არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვანს, ან თუ წარმოადგენს მხოლოდ იმდენად, რამდენად ამგვარი დაყოფა, მარქსიზმის აზრით, მხოლოდ უბრალო ვარიაციაა კლასიური დაყოფისა“ („საქართველო“, 1918წ., №37).
მარქსიზმის მიმდევარი ქართველი სოციალიტები დაპირისპირებაში - კლასობრივი თუ ეროვნული - უპირატესობას კლასობრივს ანიჭებდნენ. ეს ყოვლად მიუღებელი იყო გრიგოლ რობაქიძისათვის. იგი მოითხოვდა, რომ ეროვნულს მისცემოდა უპირატესობა, „რადგან მხოლოდ თავისუფალს ეროვნულს სხეულში შეიძლება კლასთა ბრძოლის გაღრმავება და მისი მართებული სოციალური გადაწყვეტა“. ამ აზრის სიმართლის დასამტკიცებლად ორ ფაქტს იშველიებდა.
პირველი: მსოფლიო ომმა ცხადად აჩვენა, რომ საერთაშორისო პროლეტარიატი არ არსებობდა. სამშობლოს დასაცავად პროლეტარიატიც ისევე იბრძოდა, როგორც სხვა კლასები (არისტოკრატია, ბურჟუაზია). ლოზუნგი - „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით“ -, ომის დროს, შეიცვალა ახლით - „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, იბრძოლეთ სამშობლოსათვის“. ასეც მოიქცა პროლეტარიატი, როცა სამშობლოს მტერი დაემუქრა. „პროლეტარიატი ნამდვილ განსაცდელში აღმოჩნდა, რომ ეროვნული მომენტი მასში ბევრად უფრო ღრმა და რთული ყოფილა ვიდრე სოციალური მომენტი. სინამდვილეს ვერავინ უარყოფს: ერთი ქვეყნის პროლეტარიატი ებრძვის მეორე ქვეყნის პროლეტარიატს... ყველა ქვეყნის პროლეტარიატი იბრძვის შეგნებულად და ზოგის მათგანის ბრძოლას ერთგვარი აღფრთოვანების პათოსიც ახასიათებს“.
მეორე: თუ კლასობრივ ბრძოლას გავყვებით, მაშინ ეროვნული სახელმწიფო იღუპება. „პროლეტარიატის მიერ წამოყენებული კლასთა ბრძოლა იმარჯვებს იმდენად, რამდენადაც იგი ეროვნულს ხელმწიფებაში ყალიბდება. ავიღოთ ფინლანდია და უკრაინა: პირველშიაც და მეორეშიაც უცილოდ გაღრმავებულია კლასთა ბრძოლა, მაგრამ უკანასკნელი დაქვემდებარებულია ეროვნულს მომენტს. იქ, სადაც წინააღმდეგი ხდება, მაგალითად, ველიკორუსიაში, იქ კლასთა ბრძოლა ეროვნულ სახელმწიფოსაც ღუპავს და თვითონ რევოლუციასაც“ („საქართველო“, 1918წ., №37).
საერთოდ, გრიგოლ რობაქიძე თავდაპირველად სოციალიზმის მოწინააღმდეგე არ ყოფილა. ეს ცხადად ჩანს მის დამოკიდებულებაში არჩილ ჯორჯაძისადმი. არჩილ ჯორჯაძეც სოციალისტი იყო. მაგრამ მას სოციალიზმი ეროვნული პრობლემის მოსაგვარებლად და გადასაჭრელად უნდოდა. ასეც წარმოიდგენდა გრიგოლ რობაქიძე არჩილის მოღვაწეობას.
„არჩილ ჯორჯაძის მსოფლმხედველობის საგანი ეროვნებაა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, სამშობლო საქართველო, და ეს საგანი არ არის მისთვის განყენებული, თეორიული. პირიქით, იგი მისთვის საკუთარი ხორცსხმული სინამდვილეა. ეროვნების პრობლემა თვითონ მისი პიროვნების პრობლემაა. უზომო სიყვარული სამშობლოს ტანჯული სხეულისა და თეორიული ცდა მისი სხეულის გამოხსნისა - აი, მთავარი მომენტი ჩვენის ავტორის კალმისა“. მაგრამ ერი კლასობრივი ბრძოლით კი არ ვლინდებოდა, არამედ კულტურის შემოქმედებით. „მისი აზრით, თუმცა ეს მას ღიათ არ აქვს გამოთქმული, ერი მხოლოდ მაშინ არის ერი, ამ სიტყვის მსოფლიო (და არა ზოოლოგიური) მნიშვნელობით, როცა იგი სუბიეკტია კულტურისა. და იქცევა იგი კულტურის სუბიეკტად მაშინ, როცა იგი თავის მქნე-სულს ხელოვნებაში ჩამოასხამს, რელიგიაში აცდობს (Sic. ალბათ უნდა იყოს - აწრთობს - ა.ბ.) და ფილოსოფიურ აზროვნებაში განამტკიცებს“ („კოლხიდა“, 1911წ., №138).
არჩილ ჯორჯაძის სოციალიზმი გრიგოლ რობაქიძისათვის მისაღები და მხარდასაჭერი იყო, მაგრამ მარქსისტული სოციალიზმი, მისი კლასობრივი ბრძოლის თეორიით, მეტისმეტად საშიში და სახიფათო.
გრიგოლ რობაქიძე თავზარდაცემული აღმოჩნდა, როცა კლასობრივი ბრძოლის თეორიამ პრაქტიკული განხორციელება დაიწყო საქართველოში. კლასობრივი ბრძოლის თეორიით წაქეზებულმა ნაირნაირი ჯურის ავაზაკებმა 1918 წელს ქართლში ამოწყვიტეს ციციშვილები, მაღალაშვილები, ყარანგოზიშვილები, თურქესტანიშვილები. დაარბიეს და ააწიოკეს ამირეჯიბები, ბაგრატიონ-დავითაშვილები, ფალავანდიშვილები. გაძარცვეს და ააოხრეს თამარაშენი, წერონისი, კნოლევი და სხვა სოფლები. სასტიკად სცემეს კონსტანტინე ამირეჯიბს. გაოგნებულ-გაოცებული გრიგოლ რობაქიძე კითხულობდა - „როგორ წავა შეგნებული გლეხი კონსტანტინე ამირეჯიბის წინააღმდეგ, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე სოფელს შესწირა. შეიტანა შიგ ევროპული ცოდნა და გამოცდილება და რამოდენიმე წლის განმავლობაში ავლევი უმშვენიერეს კულტურულ სოფლად გადააქცია?!“ მნიშვნელობა არაფერს ჰქონდა, არც ღვაწლს, არც დამსახურებას, არც ცოდნა-განათლებას, არც ასაკს. მხოლოდ ბრმა ბოღმა და გესლი წარმართავდა გონებადუხჭირ ბრბოს. მიედინებოდა სისხლი ღვარქაფად.
„ყოველი ქართველი უნდა ცდილობდეს საქართველოს ფიზიკურად დაცვას. თუ სამოქალაქო ომში ჩვენ ერთი მეორეს დავუწყეთ ხოცვა, მაშინ რაღათ გვინდა ან ეროვნული თავისუფლება და ან რომელიმე სოციალური იდეალის განხორციელება? ერთი მეორის შინაგანს ბრძოლაში გაჟლეტილს ერს აღარც პირველი ესაჭიროება და აღარც მეორე. ამისათვის საჭიროა სოციალისტური ლოზუნგების მეტი სიფრთხილით ხალხში გადასროლა. ვინ იცის, რამდენ სიბოროტეს წარმოშობს ეხლა ასეთი სიტყვები: „გაყვლეფა“, „სისხლის მწოველები“, „გაბატონებულები“ და სხვა. განსაკუთრებით უადგილოა ამ ჟამად სოციალისტური რევოლუციის ქადაგება. ერი, რომლის ბედი „ბეწვზე ჰკიდია“, სოციალური საკითხების გადაჭრას ვერ მიუდგება. მან ჯერ თავის თავი უნდა დაამკვიდროს და განამტკიცოს და მხოლოდ შემდგომ ექნება მას შეძლება შემოქმედი ხელი მიჰყოს სოციალს რღვევასა და შენებას“ („საქართველო“, 1918., №29).
გაფრთხილებით კი აფრთხილებდა, მაგრამ ყურს არავინ უგდებდა.
ამ მძიმე ვითარებაში კიდევ ერთი საიდუმლოს ამოცნობა მოიწადინა გრიგოლ რობაქიძემ. რატომ იყვნენ უმთავრესად გურულები სოციალიზმის მომხრე და მქადაგებლები - მწერლები ეგნატე ნინოშვილი, პოლიო ირეთელი, ლალიონი, ჭოლა ლომთათიძე, პოლიტიკოსები - სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ჟორდანია, ფილიპე მახარაძე, რამიშვილები - ისიდორე და ნოე, ბენია ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი და სხვანი მრავალნი? თითქოს გურიის ბუნება და გურულის ხასიათი ეწინააღმდეგება სოციალიზმს, მის სიმტკიცეს და დაუნდობლობას.
„განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე, - წერს გრიგოლ რობაქიძე („საქართველო“, 1917წ., №299). იქ ვერ მონახავთ ვერც ერთს „მყვირალა“ ფერს.იქ ვერ იხილავთ ვერც ერთს უხეშ ხაზს. იქ ყოველი ნივთი რბილია, ნაზი, მჩატე, მსუბუქი, ნარნარი. თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით კი არ არის ამართული, არამედ ხავერდოვანის სირბილით“.
ბუნების სირბილეს შეესაბამება გურულის ხასიათიც. „გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავის თავის ღირსების. „არისტოკრატულობა“, „რჩეულობა“ გურულთა „რასის“ მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არსებობს..“. ასევე თანაბრობაა გურიაში ნიჭიერების მხრითაც. „გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია. აქ არ არის უფსკრული გათხრილი „პიროვნებასა“ და „მასას“ შორის“. მართალია, გურიაში სიღარიბე საყოველთაოდ გავრცელებულია, მაგრამ „ძვირად თუ ვინმე სხვა ქართველი ისე ლამაზად ჩაცმული გამოვა, როგორც გურული“.
გურულების ამგვარი დახასიათების შემდეგ, როგორ ავხსნათ სოციალიზმის ლიანგური სიყვარული და გავრცელება გურიაში? სოციალისტური მოძღვრება, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება არისტოკრატული წარჩინებულობის მიდრეკილებას, როგორ შეუთავსდა გურულის „არისტოკრატობას“, „წარჩინების პათოსს“ ამ კითხვას, რომლითაც დიდად დაინტერესებულა გრიგოლ რობაქიძე, ასეთ პასუხს აძლევს:
„ისინი გამოვიდნენ სოციალისტებად, რადგან სულით უაღრესად აზნაურები არიან და ყოფით ღარიბნი. მათ სხვაზე უფრო ესაჭიროებათ მდიდარი მატერიალური ყოფა, ისტორიულ თანდათანობას ისინი ვერ შეურიგდებიან. ამისათვის მათ აკლიათ უკულტუროს თმენა და გემოს არცოდნა. „როდემდის ვიცადოთ?“... თანვე ისიც დავუმატოთ, რომ მათ მიერ სოციალიზმის მიღებას ხელს უწყობდა უთუოდ ზემოაღნიშნული თვისება: ერთნაირად დაჯილდოება ნიჭით. ეს „ერთნაირობა“ ფსიხოლოგიური პირობაა სოციალიზმის მიღებისათვის. და მიუხედავად იმისა, რომ გურულები სოციალისტური სამოსელით გვეჩვენებიან, მათი ფსიქიკა მაინც აზნაურულია. ყველაფერი შეიძლება ამოშალოთ გურულში, მაგრამ „წარჩინებულობის“, „რჩეულობის“ გრძნობას მათში ვერავინ ამოშლის. გურულის სიამაყე - „პათოსია მანძილის“ (იგულისხმება: „ჩემსა“ და „სხვებს“ შორის)“.
არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, რამდენად სწორად და საბუთიანად ამოხსნა გრიგოლ რობაქიძემ გურულების გატაცება სოციალიზმით, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ, როცა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ხელისუფლების სათავეში ქართული სოციალ-დემოკრატია მოკალათდა, რომელიც ღვიძლი ძმა იყო რუსული სოციალ-დემოკრატიისა.
![]() |
7 გზაჯვარედინი |
▲back to top |
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორი წელი და ცხრა თვე იარსება. 1921 წლის თებერვალ-მარტში იგი დამარცხდა და არსებობა შეწყვიტა. ჯერჯერობით ძალიან ცოტა ვიცით, რას აკეთებდა და როგორ ცხოვრობდა გრიგოლ რობაქიძე ამ პერიოდში. როცა ძირფესვიანად იქნება შესწავლილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არქივი, ალბათ, ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. ჯერჯერობით ის ვიცით, რომ იმჟამინდელი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გრიგოლ რობაქიძეს სტილისტის პატარა თანამდებობა ეჭირა. „მაშინ მე მთავრობის საქმეთა სამართველოში ვმუშაობდი, როგორც ლიტერატურულად დამმუშავებელი მთავრობის დადგენილებათა“.33
1917-21 წლების თბილისში ბობოქარ ცხოვრებას ეწეოდა ლიტერატურაც და ხელოვნებაც. გრიგოლ რობაქიძეც მისი აქტიური მონაწილე იყო. ეს „ფალესტრა“ -რომანშიც ცხადად ჩანს. ისიც აღსანიშნავია, რომ გრიგოლ რობაქიძის მეგობრების ერთ ჯგუფს დამფუძნებელი კრების არჩევნებშიაც მოუწადინებიათ მონაწილეობის მიღება. 1919 წლის თებერვალში „მეოცნებე ნიამორები“ იუწყებოდნენ, რომ არჩევნებში მეთორმეტე ნომრით „პატრიოტების ესთეტიკური ლიგა“ გამოდისო. ამ ლიგაში შედიოდნენ პაოლო იაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, პავლე ინგოროყვა, ტიციან ტაბიძე, ლადო გუდიაშვილი, ალი არსენიშვილი.
გრიგოლ რობაქიძე პოლიტიკურ მოღვაწეობას მაინცდამაინც სახარბიელო საქმედ არ თვლიდა. თუმცა პოლიტიკოსებზე წერა კი უყვარდა. ნოე ჟორდანიასაც ხოტბა ერთ-ერთმა პირველმა შეასხა.
„ქართველი პოეტისათვის საამაყოა პირდაპირ რომ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მწერალია ნამდვილი. თუ სტილი არა ჟორდანიას წერის მანერა უთუოდ აქვს. მის ნაწერში არ არის არც კორძიანი ხაზი და არც დაგრაგნილი ხვეული. იქ ყოველი სიტყვა სადათ მოკვეთილია და ყოველი ფრაზა სხარტად გამოჭრილი. ჟორდანია უფრო ლაპიდარული ფორმულებით ლაპარაკობს, ვიდრე დისკურსიული პერიოდებით. მის ფორმულებში მონუმენტალური პრიმატივის ქვებია... მას არ უყვარს სიბნელე და სძულს განყენება. მის სიტყვაში ჭირვალი სინათლეა და სხეულიანი კონკრეტობა. ამ აზრით იგი ფრანგებს უახლოვდება. საკვირველი არ არის, რომ ჟორდანიას პირველს შემოეღო ფრანგული ჟურნალიზმი“.
ნოე ჟორდანიას გარეგნობაც ძალიან მოსწონდა გრიგოლ რობაქიძეს: „ჟორდანიას პროფილი ძველი ღერბია სურნელოვან პერგამენტზე. მისი სახე თეთრი მედალიონია მოხუცი ბიბლიის. მასში მოსჩანს კეთილშობილი რასსა: ქალდეას ველებში გამოხურვებული და კავკასიონის კალთებით განელებული. ქურუმები ძველად ღმერთებს ალბათ ასეთი სახით ელაპარაკებოდნენ. არის ჟორდანიას პროფილში უცნაური სირბილე არა მარტო გურიის ველების, არამედ მთელი იბერიის მიწის. ჟორდანია რასსიული ტიპია საქართველოსი. მე მიყვარს ჟორდანიას აცეცხლება: მაგრამ მის ანთებაში ტემპერამენტია სათნოებისა და არა ცეცხლი სიავის“.
გრიგოლ რობაქიძე, როგორც ემოციური ბუნების ადამიანი, იოლად ეგზნებოდა. ამ გზნების გამო ზოგჯერ ადვილად ტყუვდებოდა. ეს მერეც, მოგვიანებითაც გამოვლინდა. გადაჭარბებული აღტაცებაც ამ გზნების ბრალია. ტიციან ტაბიძეს აღწერილი აქვს გრიგოლ რობაქიძის ერთი გამოსვლა ფუტურისტთა პაექრობაზე კაფე „იმედში“. ვრცელი ამონაწერი უნდა მოვიტანო, რომ მკითხველმა ცხადად დაინახოს - როგორ ეგზნებოდა გრიგოლ რობაქიძე (სიტყვა „გზნებაც“ ამიტომ უყვარდა).
„როცა ფუტურისტების ფრონტი მოიხსნა და ა. კრუჩიონიხი ჩხაოდა, როგორც მოგდებული კატა, სიტყვა აიღო გრიგოლ რობაქიძემ. ეს იყო ქარიშხლის მოვარდნა (ალბათ ეს ღამე დაამახსოვრდა ა.კრუჩიონიხს, როცა გრიგოლ რობაქიძეს დაარქვა специалист по Апокалипсису и безумию). არ ვიცით იმ ღამეს ვისთვის ლაპარაკობდა გრიგოლ რობაქიძე: ამართლებდა ფუტურისტებს, თუ ამართლებდა თავის თავს, რომელიც ბედმა გასწირა ამ ღვაწლისათვის («подвиг») - ამოევსო ყველა ხრამები ქართული კულტურის და ხანდისხან ამისათვის მორიდებოდა პირდაპირ გზას...
ის ლაპარაკობდა გაცოფებული და ერთათ ერთი სიტყვა იყო, როცა ის თავის წინ არავის ხედავდა. მას უღალატა ორატორის ზომიერებამ. ის ყვიროდა, როგორც დაჭრილი ვეფხვი...
ლადო გუდიაშვილი ამ ღამის შემდეგ ჩაიკეტა თავის სახლში და დახატა გრიგოლ რობაქიძის პორტრეტი. ეს არის უდიდესი, რაც შეუქმნია ლადო გუდიაშვილს. გრიგოლ რობაქიძე არწივის თავით, რომელსაც გადმოსდის ტვინი ბალღამივით და შუბლი შედრეკია ისე, თითქოს მაცხოვარს ჩასცეს ლახვარი. ამ ღამის სიმფონიის გადმოცემა არ შეიძლება...
ამ აპოკალიპსის ორკესტრიდან რამდენიმე ფრაზა დავიმახსოვრე. აქ იყო ლაპარაკი ნიცშეს ინსტიქტების ანარქიაზე, ედგარ პოეს მიწის ქვესკნელის გაჟრჟოლებაზე, გეოლოგიურ კატასტროფებზე... დასკვნა ასეთი იყო: ფუტურისტები გამართლებული არიან ცხოვრებით. თქვენ ამტკიცებთ, რომ ისინი შეგნებულად ჯამბაზობენ. მაგრამ კარგი. თუ საუკეთესო ახალგაზრდობა საფრანგეთის, რუსეთის, საქართველოსი და შეიძლება მთელი ქვეყნისაც შეგნებულად ჯამბაზობს, მით უარესი თვითონ ქვეყნისათვისო.
ამ ღამეს გრიგოლ რობაქიძემ გახსნა თავის მასკა. ამ ღამეს ის არ იყო მთაწმინდელი, ღვაწლით შემოსილი. მასში დასძლია პოეტის უკიდურესობამ...
შეიძლებოდა ეს ღამე ყოფილიყო ქართული ფუტურიზმის დეკლარაცია, მაგრამ ეს იყო წმინდა ანტონის ცდუნება.
ეს ღამე მართლა იყო იერონიმუს ბოსხის ფანტასტიკიდან და ჩაბნელებული ესკურიალივით. ჩემთვის ის აქამდე დარჩა, როგორც ნიშანი. მხოლოდ უდიდესი სიყვარული, როგორც მეტრისადმი, მაბედიებს ვსთქვა, რომ იმ ღამეს გრიგოლ რობაქიძე დარჩენილიყო თავის თავის მიმდევარი, დადაიზმი უკვე ფაქტი იყო საქართველოში. ეს იყო დაგუბებული იარის გახსნა, ბალღამის დაწვეთება («მეოცნებე ნიამორები“, 1923წ., №10)“.
ტიციან ტაბიძის დახატულ სურათში მინდა მკითხველმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სამ ადგილს. ამიტომ გავიმეორებ მათ.
„ის ყვიროდა, როგორც დაჭრილი ვეფხვი“.
„თუ საუკეთესო ახალგაზრდობა საფრანგეთის, რუსეთის, საქართველოსი და შეიძლება მთელი ქვეყნისაც შეგნებულად ჯამბაზობს, მით უარესი თვითონ ქვეყნისათვის..“.
„ეს იყო დაგუბებული იარის გახსნა, ბალღამის დაწვეთება“.
გრიგოლ რობაქიძე ფუტურიზმს არ იცავს, როგორც ლიტერატურულ მიმდევრობას. იგი იცავს განახლების იდეას. განახლებაა აუცილებელი არა მარტო ლიტერატურული ცხოვრება-საქმიანობისათვის, არამედ მთელი ყოფიერებისათვისაც. ლიტერატურული ჯამბაზობა მაშინ იბადება, როცა მწერალი სასოწარკვეთილია. სინამდვილეში ფასეულს ვერაფერს ხედავს. როცა თავად ადამიანმა დაკარგა ღირებულება და მწერალი (საერთოდ ხელოვანი) აშიშვლებს მას. დასცინის. კარიკატურულად დაკნინებულს წარმოადგენს. თუ ფუტურიზმის მიმდევარი ახალგაზრდობა ამ თვალსაზრისით ჯამბაზობს, მაშინ, მართლაც უარესი კაცობრიობისათვის. მაგრამ იქნებ ასე არ არის? იქნებ ეს განახლების ძიებაა?
განახლების გზების ძიება გრიგოლ რობაქიძის უმთავრესი მიზანია, უმთავრესი ტკივილია. დაგუბებული იარა გახსნილია. თავადაც არ არის იგი დარწმუნებული, რომ განახლებისათვის, რომელსაც ეძებს, გამოდგება თუ არა ფუტურიზმი. უფრო მეტიც: გამოდგება თუ არა ის, რევოლუცია, რომელიც მის თვალწინ მოხდა და ჯერ არავინ უწყის - საით წავა და რას მოიმოქმედებს. ან საქართველო რას იზამს, მოხვედრილი ამ ორომტრიალში.
იმისათვის რომ განახლების ოცნება საქმედ აქციო, დაჭრილი ვეფხვის ენერგიაა საჭირო.
გრიგოლ რობაქიძის უმთავრესი თხზულებანი ჯერ დაწერილი არ არიან, მაგრამ ტიციან ტაბიძემ, პოეტის გუმანით, უკვე დაინახა მისი უფროსი მეგობრის შინასახე.
როცა გრიგოლ რობაქიძე კაფე „იმედში“ სიტყვას ამბობდა, ქართული მწერლობაც და მთელი საქართველოც გზაჯვარედინზე იდგა. ან დაიწყებოდა განახლება ან ახალ ჩიხში მოექცეოდა ქართული მწერლობაც და საქართველოც. მაგრამ განახლებას, საერთოდ ქვეყნის განახლება იქნება იგი თუ, კერძოდ, მწერლობისა, სჭირდება ენერგია როგორც მამაკაცური, ისე დედაკაცური. ვაჟი ვაჟს უნდა ჰგავდეს და ქალი - ქალს. განახლებას ვერ მოახერხებს გაქალაჩუნებული, გადედლებული, გათეიმურაზხევისთავებული საზოგადოება. ამიტომ გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების ლაიტმოტივი მამაკაცურობის და დედაკაცურობის ნოსტალგიაა, ვაჟისა და ქალის მონატრებაა. ეს თანდათანობით მკაფიოდ გამოჩნდება. ახლა მხოლოდ შეგახსენებთ: არჩიბალდ მეკეში, ანუ არჩილ მაყაშვილი, ვამეხ ლაშხი, ლევან ორბელი თუ სხვანი შუა საუკუნეების რაინდებს ჰგვანან (ირუბაქიძის გახსენება და მონატრება). მისი მეგი, კავალა, მზექალა თუ სხვანი - ამორძალებს (ამორძალების ხშირი ხსენებაც მის ნაწერებში). ამას გრიგოლ რობაქიძე საგანგებოდ აკეთებს. მაგრამ ახლა თხრობის გეზს გადავუხვიეთ და ისევ ძირითად გზას გავყვეთ.
განახლების პრობლემა გზაჯვარედინზე მდგომმა დემოკრატიულმა საქართველომ ვერ გადაწყვიტა. მან ძალიან ცოტა ხანს იარსება. თუ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ დიდი იმედი დაბადა, მისმა დამარცხებამ სასოწარკვეთილება შვა. სოციალ-დემოკრატიის ერთმა ფრთამ - მენშევიკურმა - ვერაფერი მოახერხა. ქვეყანას ვერ უპატრონა. რას იზამდა სოციალ-დემოკრატიის მეორე ფრთა - ბოლშევიკურ-კომუნისტური? პასუხს ყველა გულისკანკალით მოელოდა. თუმცა მოლოდინი სრულებით არ იყო საჭირო. 1921 წლის 16 მარტს გაზეთში „პრავდა გრუზიი“ სერგო ორჯონიკიძე იმუქრებოდა:
„მე მინდა გავაფრთხილო ქართველი ინტელიგენცია, რომ მან არ გაიმეოროს სამწუხარო გამოცდილება რუსეთის ინტელიგენციისა. მხოლოდ ხანგრძლივი საბოტაჟის შემდეგ, რომელსაც ახლდა მძიმე შედეგები ქვეყნისათვის, იგი დარწმუნდა, რომ საბჭოთა რუსეთის გარეთ არ არის ხსნა და მოვიდა საბჭოთა ხელისუფლებასთან სამუშაოდ. ქართველმა ინტელიგენციამ თავისთავს უნდა უთხრას: ძველი მენშევიკური საქართველო მოკვდა. გაუმარჯოს მუშურგლეხურ საქართველოს! ასეთი ინტელიგენციისათვის ყველა კარი ღიაა. თუ ინტელიგენცია წავა საბოტაჟის, საიდუმლო შეთქმულების და აჯანყების გზით, ჩვენ მისთვის არ გვექნება სხვა ენა, გარდა ტყვიისა“.
მკაფიოდ არის ნათქვამი - გარდა ტყვიისა. მაგრამ ხალხი მაინც დაბნეულია.
დაბნეულია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ერთი დღის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს იმავე გაზეთში მეორე ქართველი ბოლშევიკ-კომუნისტი ფილიპე მახარაძე სხვას ამბობს: „წითელი არმია თავისი ნათელი ამოცანის შესრულებისთანავე წავა საქართველოდან“. მაგრამ, ეტყობა, ფილიპე მახარაძემ არ იცოდა ის, რაც ჩინებულად უწყოდა გენერალმა პავლე ციციანოვმა. „ნუ ოცნებობთ ტყუილად, ვითომ რუსები საქართველოში დროებით არიან და მალე წავლენო. რუსები, რაკი რომელსამე ქვეყანას თავის გუბერნიად დაჰსახავენ, ფეხს თავის დღეში აღარ მოიცვლიან“, - აფრთხილებდა გარუსებული ქართველი გენერალი 1804 წლის მთიულეთის ამბოხების იმედად დარჩენილ ქართველ თავადაზნაურობას. დაბნეულია ხალხი, მეორეც, იმიტომ რომ თავდაპირველად ქართველმა ბოლშევიკ-კომუნუსტებმა თავი მოიკატუნეს. 26 მაისიც კი იდღესასწაულეს.
დიდი აღლუმი გამართეს რუსთაველის გამზირზე დიდების ტაძრის (ახლანდელი სამხატვრო გალერეა) წინ. 1921 წლის 24 მაისს გაზეთ „პრავდა გრუზიის“ ცნობით, ზეიმი ტარდებოდა ლოზუნგით - „გაუმარჯოს საქართველოს მუშებისა და გლეხების დამოუკიდებლობას!“ 26 მაისიც უღიარებიათ დამოუკიდებლობის დღედ. „ინტერნაციონალთან“ ერთად, ეროვნული ჰიმნი სამ-სამჯერ შესრულდა ტაშის გრიალში. ამ დღეს რუსთაველის ძეგლისთვისაც ჩაუყრიათ საფუძველი.
1921 წლის 26 მაისის ზეიმზე სიტყვებით გამოსულან ფილიპე მახარაძე, შალვა ელიავა, სერგეი კიროვი, გრიგოლ რობაქიძე.
28 მაისის „პრავდა გრუზიი“ გრიგოლ რობაქიძის სიტყვის შინაარსს ასე გადმოგვცემს:
„ამხანაგებო და მოქალაქენო! დღეს, 26 მაისს, საძირკველი ეყრება შოთა რუსთაველის ძეგლს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დიდი რუსთაველის ძეგლის საძირკველის ჩაყრა, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს.
საქართველო არ არის უბრალო „ეთნოგრაფიული“ ცნება და არც მხოლოდ „გეოგრაფიული მოხაზულობა“. საქართველო ავლენს მცირე აზიის მთელ სივრცეზე განფენილ მნიშვნელოვან კულტურას. ამ კულტურის გამოჩენილი გენიოსის შოთა რუსთაველის ძეგლის საძირკველის ჩაყრა იძენს უზარმაზარ აზრს. მუშათა და გლეხთა მასები განსაკუთრებული სიხარულითა და ნდობით შეეგებებიან ამ ძეგლის გახსნას. ხელოვნების განყოფილების სახელით ვაცხადებ, რომ საბჭოთა ხელისუფლების მხარდაჭერითა და მთელი ქართველი ხალხის ნებით, ეს ძეგლი აღიმართება საზეიმოდ და საზეიმოდვე გაიხსნება.
დე, ეს ძეგლი, სიმბოლო ქართული გენიის უნივერსალობისა, იყოს აღმოსავლეთის მთელი კულტურისა და მისი ხალხების დამოუკიდებლობის მონუმენტი. ეს ასე უნდა იყოს და ძეგლის გახსნის მომავალი დღესასწაული იქნება ზეიმი მცირე აზიის ყველა ხალხისათვის.
დიდება თავისუფალ საქართველოს! დიდება განთავისუფლების დღეს - 26 მაისს!
დიდება შოთა რუსთაველს“
გრიგოლ რობაქიძეს სიტყვა იმიტომ ათქმევინეს, რომ მას უკვე ეჭირა პატარა თანამდებობა განათლების სახალხო კომისარიატში. 1921 წლის აპრილში იგი დანიშნეს განათლების სახალხო კომისარიატთან არსებული მთავარი სახელოვნო კომიტეტის თავმჯდომარედ.
თავად გრიგოლ რობაქიძის სიტყვით, „ამ ორგანოს ჰქონდა ორი მიმართულება: იდეოლოგიური და ორგანიზაციული. პირველი მიმართება „განყოფილებას“ მიახლოვებით ამ სახით ჰქონდა წარმოდგენილი. ხელოვნება იცვლება იმნაირადვე, როგორც ყოველი დარგი შემოქმედებისა. ყოველ ეპოქას აქვს თავისი რიტმი და თავისი სტილი. დიდი სოციალური რევოლუცია, რომელმაც ძირეულად შეარყია და შეცვალა ადამიანის ყოფა, ცხადია, ხელოვნებაშიაც უნდა შეჭრილიყო. იქმნება ახალი ეპოქა, მაშასადამე, იშვება ახალი რიტმი და ახალი სტილი. მთავარ გრეხილად რევოლუციური თანადროულობისა უნდა ჩაითვალოს პსიხიკის კოლექტივიზაცია. შეცნობაში იზრდება და მაგრდება ყოვლადობა და ახლოობა კაცთა და ნივთთა. ვიწროპიროვნული ადგილს უთმობს ყოვლადკაცობრივს. ინტერნაციონალური მოტივები ხდებიან დომინანტად შემოქმედებაში. წმინდა ლირიკის ადგილზე ისახება სრულიად ახალი ეპოსი...
„განყოფილებას“ არ შეეძლო დავიწყებისათვის მიეცა ხელოვნების „წარსული“. მას ეს „წარსული“ ესახებოდა (და ესახება), როგორც ჰაბიტუსი საერთო კულტურისა. არის ბევრი რამ წარსულში, რაც ორგანულ რკალად გადადის მომავალში. თუ „წარსულის“ პირდაპირი დახმარება არა, მისი შენახვა და დაცვა აუცილებელ საქმეს შეადგენს. თავისთავად იგულისხმება: შენახვა და დაცვა იმდენად, რამდენადაც უწყებული „წარსული“ არ ეწინააღმდეგება პირდაპირ რევოლუციურ თანადროულობას“ („ხელოვნების დროშა“, 1924წ., №1).
მაგრამ, ჩანს, ხელისუფლება რაღაცით მაინც უკმაყოფილო დარჩენილა გრიგოლ რობაქიძის საქმიანობით. 1925 წლის აგვისტოში იგი დააქვეითეს.
მთავარი სახელოვანი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან თავმჯდომარის მოადგილედ გადაიყვანეს. კომიტეტის თავმჯდომარე კი გახდა თვითონ კომისარი სახალხო განათლებისა დავით კანდელაკი. დავით კანდელაკს გრიგოლ რობაქიძე მოგვიანებით ასე დაახასიათებს:
„კანდელაკი მოვიდა რუსეთითგან. ჯერ კიდევ ახალგაზრდა. სახით პირწავარდნილი მუსსოლინი იყო, მუსსოლინი ახალგაზრდობაში. ქართული არ ეხერხებოდა. მერე თანდათან მოიმარჯვა. არსებითად უფრო „მოკომმუნისტო“ იყო, „ესესერების“ ჯგუფიდან. დიდი ნიჭით იყო დაჯილდოვებული, ამასთანავე უშიშარი და, როგორც ასეთი, ყველაფრის თვითგადამწყვეტი. ქართულ საქმეს ექცეოდა, როგორც ნამდვილი მამულიშვილი. არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, უარეყოს მას რაიმე, ამ საქმისათვის სასარგებლო. პირიქით: გულით ეგებებოდა ყველაფერს სამამულიშვილოს. ახლა: დახმარება. მაშვინ „ავანსების“ ხანა იყო. რომელ ხელოვანს რომელიმე დარგისა არ მიუღია მისგან ავანსი? ავანსი ხშირად გაუნაღდებელი რჩებოდა - ამას იგი ყურადღებასაც არ აქცევდა. მახსოვს: საკონტროლო კომისიამ მას ერთხელ აღმოუჩინა 900000 მანეთი მეტდახარჯული. ეს თანხა უთუოდ „ავანსებისათვის“ იყო გაღებული. მოსალოდნელი იყო მოეხსნათ იგი როგორც კომისსარი. ვერ მოხსნეს. იყო საოცრად მოხერხებული. უყვარდა მწერალთაგან დოსტოევსკი. ეს მოწმობდა იმას, რომ იგი შინაგან ბოლშევიკი არ იყო. ბერლინში ყოფნის დროს - უკანასკნელ წლებში თავის სიცოცხლისა „სავაჭრო წარმომადგენლად“ იყო იქ - მითხრა: „ჩელოვეკა ზაბილი“. ამ თქმით წესი აუგო ბოლშევიზმს. შესაძლოა რაიმე ცუდი ჩაიდინა ბოლშევიკური ხაზით და სწორედ ბერლინში - არ ვიცი. მე ვამბობ მხოლოდ მას, რაც დანამდვილებით ვიცი“.35
ალბათ იმიტომაც აქვეითებენ, რომ ვითარება მეტისმეტად რთულია. ხალხი არ ენდობა ხელისუფლებას, ხელისუფლება - ხალხს. ხელისუფლებას უმჯობესად მიაჩნია სახელოვნო კომიტეტის თავმჯდომარე გამოცდილი რევოლუციონერი ჰყავდეს, ვიდრე უპარტიო მწერალი. ამით იგი თავს უფრო მშვიდად იგრძნობს. მით უფრო, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა არ წყდება. სერგო ორჯონიკიძის მუქარაც აქტიურად მოქმედებს. ვინც ურჩობას გაბედავს აპატიმრებენ, ასახლებენ, ხვრეტენ. აწიოკებენ, აოხრებენ ამა თუ იმ კუთხეს, სადაც ან უკვე მოხდა ამბოხება, ანდა მომავალშია მოსალოდნელი. ამ რთულსა და დაძაბულ ვითარებაში იფეთქა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ.
გრიგოლ რობაქიძე იმათ შორის იყო, ვინც ფიქრობდა, რომ ინსურგეცია მარცხით დამთავრდებოდა. მოყვებოდა ზღვა სისხლი და მსხვერპლი. შედეგი კი კიდევ უფრო მეტად ჩააგდებდა ქართველ საზოგადოებას სასოწარკვეთილებაში.
„გრაალის მცველნში“ ლევან ორბელს მფრინავი საღარა ატყობინებს, რომ მზადდება 1924 წლის აგვისტოს აჯანყება. მოახლოებული ამბოხებით აღტაცებული საღარა უყვება: ანტიბოლშევიკურ აჯანყებას საქართველოში მოჰყვება სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილო კავკასიის აჯანყებანიც. ევროპა დახმარებას გაგვიწევს. ერთ კვირაში მთელ კავკასიაში დაემხობა რუსეთის ბატონობა. უსმენს ლევანი ახალგაზრდა კაცის მღელვარე სიტყვებს. სასოწარკვეთილმა არ იცის რა ჰქნას. აჯანყებას ვერაფერი შეაჩერებს. მოხდება უზომო სისხლისღვრა. ქართველთა აჯანყებას არავითარი გამოძახილი არ მოჰყვება არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში, არც ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსი ბოლშევიკები თვალისდახამხამებაში მოაწყობენ ამბოხების ლოკალიზირებას. სისხლში ჩაახრჩობენ საქართველოს. ევროპა თითსაც არ გაანძრევს ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად.
შეშლილობად, გონებასისუსტედ მიაჩნია ლევან ორბელს დაგეგმილი აჯანყება. მით უფრო სავალალოა მდგომარეობა იმით, რომ ამბოხებას ხელმძღვანელობს პარიტეტული კომიტეტი. კომიტეტში შემავალმა პარტიებმა ხომ პარტიული კინკლაობის მეტი არაფერი იციან. როგორ უმეთაურებენ ისინი ბრძოლის ველზე ხალხს, - დაბნეული ეკითხება იგი საღარას. ყმაწვილ კაცს არ სჯერა ლევანის. იგი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. მაგრამ ლევანი მართალი აღმოჩნდა. აჯანყება გაანადგურეს. აჯანყების ზოგიერთმა მონაწილემ უცხოეთში მოასწრო გაქცევა. მოგვიანებით საფრანგეთში ჩავიდა თავადი გიორგის რძალი ნორინა. პარიზში იგი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ორ მონაწილეს ყანსავსა და ბასილას უყვება - ვის რა ბედი ეწია ამბოხების დამარცხების შემდგომ. მათ შორის, საღარასაც (თვითონ ავტორის განმარტებით, საღარას პროტოტიპი მფრინავი ამბაკო საღარაძეა).
თბილისთან ახლოს თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა. სამი დიდი ხელისუფალი დაიღუპა. ამ თვითმფრინავით სოხუმს უნდა გამგზავრებულიყო ს.ო.-ც (ამ ინიციალებით არის გამოყვანილი რომანში სერგო ორჯონიკიძე), მაგრამ იგი წინათრგძნობამ იხსნა. თხუთმეტი წუთით ადრე უარი თქვა გაფრენაზე. თვითმფრინავს საღარა პილოტობდა. ისიც დაიღუპა. კატასტროფის მიზეზების გამომკვლევმა კომისიამ ზუსტად დაადგინა, რომ თვითმფრინავი გამართული და მოწესრიგებული იყო. ხომ არ იძია შური საღარამ? - კითხვას სვამს ნორინა.
ეს კითხვა მართლაც დამაფიქრებელია.
ფაქტია: 1925 წლის 22 მარტს თბილისთან კატასტროფა განიცადა სოხუმს მიმავალმა „იუნკერსის“ ტიპის თვითმფრინავმა. კატასტროფის მსხვერპლნი გახდნენ მამალი ბოლშევიკები ათარბეგოვი, მიასნიკოვი და მოგილევსკი (ისინი დაკრძალულნი არიან რუსთაველის გამზირზე, სამხატვრო გალერიის წინ. ამჟამად მემორიალური დაფა მოხსნილია), მფრინავები - ქართველი ამბაკო საღარაძე და გერმანელი შპილი.
იმ კომისიის დასკვნაში, რომელმაც კატასტროფის მიზეზები გამოიკვლია წერია: „ჰაეროპლანს არ წაკიდებია ცეცხლი მოტორის და მისი ნაწილების მოუწყობლობის გამო. მუშაობის მთელი სისტემა აღმოჩნდა კარგ მდგომარეობაში. ამის მიხედვით შეიძლება დასკვნა, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარა ავარიის დროს მმართველი ნაწილის გაფუჭების გამო. არ არის შემჩნეული აგრეთვე არავითარი ნაკლი ბენზინის სადენებში და იმ ადგილებში, სადაც ისინი უერთდებიან ბლოკებს.
კომისიის დასკვნა:
1. ჰაეროპლანის ცეცხლის წაკიდება მოხდა არა მოტორისაგან და არც დაზიანებისაგან ანდა მმართველი ორგანოების ნაკლულევანებისაგან.
2. ვარაუდით ცეცხლი თვითმფრინავში გაჩნდა სამგზავრო კაბინის შიგნით, საიდანაც ცეცხლი შესაძლებელია მოხვედროდა 18-ლიტრიან რეზერვუარს, რომელიც აწვდის ბენზინს კარბურატორში“ (გაზ. „კომუნისტი“, 1925წ., 24 მარტი).
ნორინა მართალი უნდა იყოს. ეს დასკვნა მართლაც გვაფიქრებინებს, რომ თვითმფრინავი დაიღუპა ტერორისტული აქტის შედეგად. იმასაც თუ მივაქცევთ ყურადღებას, რაც ამბაკო საღარიძის ნეკროლოგშია ხაზგასმული, მაშინ მფრინავის თავგანწირვის აზრი გაგვიმტკიცდება. „უკანასკნელი გაფრენის დროს იგი განსაკუთრებული მხურვალე გრძნობით ემშვიდობებოდა თავის ნათესავებს“. მართალია, კომუნისტური პრესა იგლოვს მუშისა და მუშის შვილის ამბაკო საღარაძის დაღუპვას, მაგრამ როგორც ჩანს, მას სამშობლი მეტად უყვარდა, ვიდრე კომპარტია.
მიუხედავად ასაკით განსხვავებისა (როცა მფრინავი დაიღუპა, იგი 27 წლის იყო), გრიგოლ რობაქიძე და ამბაკო საღარაძე ახლობელი ადამიანები ყოფილან. რომანში ნათქვამია, საღარას ძალიან უყვარდაო ლევანი. (უკვე ვთქვი: ლევან ორბელის პროტოტიპი თვითონ გრიგოლ რობაქიძეა).
რომანის გამოქვეყნებამდე არავინ ფიქრობდა, რომ თვითმფრინავის დაღუპვა ტერორისტული აქტი იყო. ჩანს გრიგოლ რობაქიძემ ეს საიდუმლო იცოდა.
![]() |
8 ახალი გრაალი |
▲back to top |
1926 წლის სექტემბერ-ოქტომბრის „ქართულ მწერლობაში“ ნიკოლო მიწიშვილის „ფიქრები საქართველოზე“ გამოქვეყნდა. „ფიქრებმა“ მაშინაც და მერეც ჩვენს საზოგადოებაში დიდი ფოციაკალი გამოიწვია. ცხარე სჯა-ბაასი გაჩაღდა. ავტორს ქართული ეროვნული ენერგიისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას საყვედურობდნენ. „ფიქრებს“ მაშინაც და მერეც ჯეროვანი გულდასმით და გულისყურით არ მოვეკიდეთ. ნიკოლო მიწიშვილის „ფიქრებში“ სასოწარკვეთილების ისეთივე ტკივილი და ყვირილი იყო, როგორიც ილიას „ბედნიერ ერში“ და მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“ (თუმცა ოციან წლებში ვინ დაიჯერებდა, რომ მწარედ ახდებოდა მიხეილ ჯავახიშვილის წინასწარმეტყველება - საქართველო თეიმურაზ ხევისთავად გადაიქცეოდა). ოღონდ ილია ქართული სამყაროს უფსკრულს პოეზიის ენით ამხელს, მიხეილ ჯავახიშვილი - პროზისა და ნიკოლო მიწიშვილი - პუბლიცისტიკის. არც მარტო ყოფილა პოეტი. იმავე სევდით და გულისტკივილით იყვნენ მაშინ შეპყრობილი სერგი დანელიაც და კონსტანტინე კაპანელიც.
ქართველი საზოგადოება ნიკოლო მიწიშვილს აუმხედრდა. ასევე მიესიენ ილიასაც, როცა „კაცია-ადამიანი?!“ დაიბეჭდა. მოკვლასაც კი უპირებდნენ. მიხეილ ჯავახიშვილსაც ქვა და გუნდა დაუშინეს „ჯაყოს ხიზნებისათვის“. ამგვარი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა ნიკოლო მიწიშვილის „ფიქრებიც“. თორემ „ბედნიერი ერის“, „ჯაყოს ხიზნების“, „ფიქრების“ არსს რომ ჩავწვდომოდით, საქართველოსა და ქართველი ხალხის ხვედრი დღეს სრულიად სხვა იქნებოდა.
„ფიქრების“ გამო ატეხილ დავა-პაექრობაში გრიგოლ რობაქიძეც მონაწილეობდა. 1927 წლის „ქართული მწერლობის“ პირველ ნომერში მისი „საქართველოს ხერხემალი“ დაისტამბა. გრიგოლ რობაქიძემ უარყო გულგატეხილობა. ამტკიცებდა: ქართული ეროვნული ენერგია არაფრით ჩამოუვარდება სხვა ხალხებისას. პირიქით, ზოგჯერ სჯობნის კიდეც.
ნიკოლო მიწიშვილმა უპასუხა ოპონენტებს. როცა გრიგოლ რობაქიძეს ეპაექრებოდა, გაკვირვება გამოთქვა: ადრე ისიც ჩემებრ ფიქრობდა, ახლა აზრი შეუცვლიაო. გრიგოლ რობაქიძის ციტატაც მოიშველია.
„ჩვენ გვიყვარს „სემიტური გამოჩენა“. მაგრამ ჩვენ არიული „გამორჩევაც“ გვიყვარს. „ლაღაგადასმულობის“37 დასაწყისს ჩვენს ბუნებაში ეომება პრინციპი „აზნაურობის“. ჩვენ ხშირად გვძლევს ხოლმე წვრილმანობა. მაგრამ ხშირად გვაჯადოებს რაინდული „ხმალში გამოწვევა“; ჩვენ „მეწვრილმანებიცა“ ვართ და „რაინდებიც“. ქართველი კაცი „ლაქიაც“ არის და „მეფეც“, „ჟულიკიც“ და „არისტოკრატიც“. ქართული ყოფა ფუნქციონალურია. საქართველო არის და კიდევაც არ არის... მას არ სჯერა თავისი თავის და სურს სხვა იყოს. ქართველი გაურბის თავის-თავს (ცუდს), რომ ნახოს თავის-თავი (უკეთესი). ამიტომ ისმება საკითხი: ან თავის-თავის მონახვა, ან სრული დაღუპვა. გზა ხსნილი არ არის სხვა“ („ბარრიკადი“, №1).
ასე წერდა გრ. რობაქიძე 1920 წელში.
ძნელია ამ ფიქრების ოპტიმისტურად გამოჩენა. ყოველ შემთხვევაში ძნელია სწორედ იმ ისტორიული საქართველოს მიმართ, რომელსაც დღეს გრ. რობაქიძე ასეთის კმევით იხსენიებს.
საკვირველია, მხოლოდ, რომ 1920 წლის იჭვიანობა ჩვენი ისტორიისა და ქართული ბუნების მიმართ გრ. რობაქიძეს 1927 წელში გაქარწყლებია და მის ფიქრებს, ასეთივე უკუხვეულობით, 1927წ. ძველი საქართველოს აპოლოგიამდე მიუღწევია („ქართული მწერლობა“, 1927წ., №1 გვ.81).
ნიკოლო მიწიშვილი მართალი იყო. თავდაპირველად გრიგოლ რობაქიძესაც აწამებდა ეჭვი ქართული ეროვნული ენერგიის მიმართ. „და მეშინია არა ვთქვა მაინც, რომ საქართველო არის მიქარვა“ („ბარრიკადი“, 1920წ. №3 ლექსი - „საკუთარი ტოსტი“).
უფრო ადრე 1913 წელს სტატიაში - „ერის სული და შემოქმედება“ - იგი ამბობდა:
„საქართველო აღარ არის მთელი და, როგორც ცოცხალი არსი, იგი ქართველში არ არსებობს. სამაგიეროდ დარჩენილან ნაწილნი და ნაწილნი თვითონვე ცდილობენ მთელობას. საქართველო მე ვარ - აი ფსიხიური განცდა ქართველისა. ეს საბედისწერო მოვლენა ჰქმნის იმ საშინელ ტრაღიზმს, რომელიც შავი მოჩვენების სახით თანსდევს ყოველს ჩვენს გადადგმას: შური, მძულვარება, გაუტანლობა და ქუჩის, როგორც სიცოცხლის სიმბოლოს, გამეფება. დავკარგეთ მთელი ჩვენს არსებაში და მით თავზე ხელი ავიღეთ“...
საქართველოს, როგორც მთელის, შეუცნობლობას ხედავდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის შემოქმედებაშიაც.
„ყოველი მათგანი დიდი ნიჭის პატრონი იყო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი მსოფლიო გენიოსად ვერ იქცა. რისთვის? მისთვის, რომ არც ბარათაშვილი, არც ჭავჭავაძე, არც წერეთელი არ გრძნობდა შეუცნობელს სფეროში საქართველოს როგორც ერთ დიადს მთელს (ხაზი ჩემია - ა.ბ.). ისინი იტანჯებოდნენ მისი იდეალური სახისათვის და ხელოვნებით ცდილობდნენ შეექმნათ მისი სასურველი და შესაძლო სახე. ეს „ცდილობა“ გმირობათ ჩაეთვლებათ ჩვენს მგოსანთ-მამულიშვილთ, მაგრამ იგივე „ცდილობა“ ხელს უშლიდა მათი ფანტაზიის თავისუფალ ნავარდსა. ამით იხსნება ის გულისხმიერი მოვლენა, რომ მათს შემოქმედებაში ხანდახან ხორცშესხმული სიმბოლოს მაგიერ მხოლოდ უსხეულო ალეგორია იბადება“ («სახალხო გაზეთი“, 1913წ., №870).
როგორც ნიკოლო მიწიშვილს, ისე გრიგოლ რობაქიძესაც აფიქრებდა რუსთაველის განსაკუთრებულობა და გამორჩეულობა ქართულ სამყაროში. გრიგოლ რობაქიძე ივანე გომართელს ეკითხებოდა: „შოთა იმდენად ირჩევა ყოველი ქართველისაგან, რომ მის ქართველობაშიც ეჭვი გვეპარება, რით აიხსნება ასეთი საიდუმლოება?“38 მაგრამ 1927 წელს იგი უკვე აღარ ფიქრობდა ასე. რუსთაველი ქართული კულტურის ურღმესი ფესვებიდან ამოზრდილ მოვლენად მიაჩნდა. „საქართველოს ხერხემალში“ იგი იხსენებს „შუშანიკის წამებას“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“, ეფრემ მცირეს, დიდ მთაწმინდელებს და ასკვნის: „ამის შემდეგ, რასაკვირველია, რუსთაველი აღარ არის „გაუგებრობა“.
გრიგოლ რობაქიძის შეხედულებათა განვითარება იოლად არ მომხდარა. იგი თანდათანობით ხდებოდა. მაგრამ უკვე 1920 წელს დასვა საკითხი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მისი შემოქმედებისათვის: თავისთავის მონახვა. საქართველო მაშინ დაიღუპებოდა, თუ თავისთავს ვერ მონახავდა. თავისთავის მონახვა იყო უპირველესი და არსებითი.
გრიგოლ რობაქიძემ დიდი შრომა შეალია თავისთავის, ანუ ქართველთა მსოფლხატის მოძებნას. მისმა ძიებამ ორი მიმართულებით ჰპოვა გამოხატულება - წმინდა გრაალის ახალი ლეგენდის შექმნით და კარდუს კერპის ჩამოყალიბებით.
ჯერ ახალი გრაალის შესახებ.
გრაალის თემა ევროპულ ლიტერატურაში განსაკუთრებით პოპულარული ჯვაროსანთა ლაშქრობის ეპოქაში ხდება. 1099 წელს ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს. ოცი წლის შემდეგ კი, 1119 წელს ტაძრის რაინდთა, ანუ ტრამპლიერთა ორდენი შეიქმნა. ამ პერიოდს მოჰყვა ორი დიდი ევროპელი პოეტის გამოჩენა სალიტერატურო ასპარეზზე. ერთია ფრანგი კრეტიენ დე ტრუა (დაახლოებით 1150-1190წ.წ.) და მეორე - გერმანელი ვოლფრამ ფონ ეშენბახი (დაახლოებით 1170-1220წ.წ.) სწორედ მათი შემოქმედება უყრის მტკიცე საძირკველს გრაალის თემას. მას მერე ევროპულ ლიტერატურაში გრაალის თემისადმი ინტერესი აღარ განელებულა.
გრაალის თემა უშუალოდ უკავშირდება ბრიტების ლეგენდური მეფის ართურისა და მრგვალი მაგიდის რაინდების ცხოვრება-საქმიანობას. გრაალის რაინდები პარციფალი (სხვანაირად, პერსევალი), ლანსელოტი, გავეინი, გალაჰადი, ბორსი და სხვანი ართურის მრგვალი მაგიდის რაინდებიც არიან. მეფე ართურის გარშემო არსებულ ცნობებში ერთმანეთში აირია და აითქვიფა ისტორია, მითი და ფოლკლორი. იმდენი მასალა დაგროვდა, რომ მედიევისტიკაში საგანგებო დარგი შეიქმნა - ართუროლოგია. მე-12 საუკუნის ინგლისელი მემატიანე გალფრიდ მონმუტი „ბრიტების ისტორიაში“ უმთავრეს ადგილს მეფე ართურს უთმობს, ხოლო მეორე მემატიანე გირალდ კამბრეი (დაახლოებით 1146-1220წ.წ.) იმასაც კი გვიამბობს - თავად როგორ დაესწრო მეფე ართურის საფლავის გახსნას გლასტონბერის სააბატოში. როგორ იხილა მეფის ფარი და ჯვარი. მე-10 საუკუნის „კამბრიის ანალებში“ კი ისიც არის ნათქვამი, რომ ართური მოკლეს 537 წელს კამლანთან ბრძოლაში. და მაინც ზოგიერთი დღევანდელი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ართური არ არის ისტორიული პირი. იგი ლეგენდის პერსონაჟია.
ლეგენდა ამა თუ იმ ადამიანის ისტორიულად არსებობას ხელს არ უშლის. ლეგენდის პერსონაჟი შეიძლება ისტორიული პირიც გახდეს. ამის უტყუარი მაგალითია ჩვენი თამარ-მეფე. თამარის გარშემოც უამრავი თქმულება და გადმოცემა არსებობს. ჩვენს ფოლკლორში იგი გაზღაპრებულია, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ იგი რეალურად არსებული ისტორიული პიროვნება იყო. ალბათ, ასე დაემართა ბრიტების მეფე ართურსაც. ბრიტების ისტორიაში მისი განსაკუთრებული როლის გამო რეალური ხელმწიფე ლეგენდად იქცა.
ჩვენ კი ლეგენდისა და მითის ართური უფრო გვენიაზება, ვიდრე ისტორიისა. ლეგენდის ართურის სამეფოს არა აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. იგი თითქოს მარადიულად არსებობს. მას არც გეოგრაფიული საზღვრები აქვს. ეს არ არის ბრიტანეთის სამეფო. იგი ერთიანი ქრისტიანული სამყაროა, სადაც რაინდები იესო ნაზარეველის იდეალების გამარჯვებისათვის იბრძვიან. იგი უტოპიაა, რომელშიც უნდა განხორციელდეს კაცობრიობის უკეთესი ოცნება.
ფრიდრიხ შლეგელი (1772-1829წ.წ.) მეფე ართურის მრგვალ მაგიდას უკავშირებს იმ მაგიდას, საიდუმლო სერობის ღამეს ქრისტე და მისი მოწაფეები რომ უსხდნენ.
გერმანელი პოეტი და ფილოსოფოსი გვიამბობს: ერთხელ მერლინი მივიდაო მეფე უტერპენდრაგონთან და უთხრა (უტერპენდრაგონი მეფე ართურის მამაა, მერლინი კი ბრიტანული თქმულებების პროტაგონისტი, ჯადოქარი და გრძნეული) - როცა მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე, ჯვარს აცვეს, პალესტინაში ცხოვრობდა ღვთისმოსავი რაინდი იოსებ არიმათიელი. იგი პილატე პონტოელის სამსახურში იდგა, მაგრამ ფარულად ქრისტეს მიმდევარი იყო. იოსებ არიმათიელმა გამოისყიდა პილატესაგან ქრისტეს ცხედარი და დაკრძალა იგი. იესოს ერთგულებისა და სიყვარულისათვის ებრაელებს სძულდათ იოსები. სდევნიდნენ მას და უთვალავი ტკივილი მიაყენეს. ქრისტეს აღდგომის შემდგომ იოსებ არიმათიელი, მისი ოჯახის წევრების, მეზობლების, ნაცნობ-მეგობრების უმრავლესობა უდაბნოში წავიდა. ძალიან გაუჭირდათ იქ. ბევრი ტანჯვა-ვაება გადაიტანეს. ზოგიერთი შიმშილითაც კი მოკვდა. ხალხში დრტვინვა დაიწყო. იყვნენ ისეთებიც, იოსების მოკვლას რომ აპირებდნენ. რაინდი ხედავდა ხალხის ტანჯვას. დიდად წუხდა. ერთ დღეს იგი გულმხურვალედ ევედრა უფალს, ეხსნა ხალხი განსაცდელისაგან. მაშინ უფალმა უბრძანა იოსებ არიმათიელს: გააკეთე ზუსტად ისეთი მაგიდა, როგორიც იყო ის, რომელზეც საიდუმლო სერობის ღამეს მოციქულები ტრაპეზობდნენ. გადააფარე თეთრი სუფრა. გააწყვე ნუგბარი საზრდელით, დადგი მაგიდაზე ოქროს თასი. ამ თასს მე თვითონ გამოგიგზავნი. ამ ჭურჭელს თვალის ჩინივით გაუფრთხილდი და მოუარე.
აასრულა იოსებ არიმათიელმა უფლის განკარგულება. გააკეთა ყველაფერი ის, რაც დაავალეს.
ამ ამბის თხრობა რომ დაასრულა, მერლინმა უტერპენდრაგონს მიმართა: ხელმწიფევ, ახლა შენ მესამედ უნდა გააკეთო ასეთი მაგიდა და ღმრთის მადლი დაიმსახურო.
უტერპენდრაგონს მოეწონა მერლინის რჩევა, ოღონდ ჯადოქარს უბრძანა: ამას მარტო მე ვერ შევძლებ. ჩემი სახელითა და დახმარებით უმეთაურე ამ საქმეს. წმ. სამების დღესასწაულზე კი სტუმრებს საქმის კეთილად გასრულება ვახაროთ.
რაც გადაწყვიტეს, გააკეთეს კიდეც. წმ. სამების დღესასწაულისათვის მრგვალი მაგიდა მზად იყო. მეფემ სამეფოს რჩეული რაინდები და სეფექალები მოიწვია. დიდი ზეიმი და ობა გაიმართა.
ეს მაგიდა მემკვიდრეობით გადაეცა უტერპენდრაგონის ძეს მეფე ართურს. მის გარშემო იკრიბებიან მისი რაინდები.
სხვა თქმულებაც არსებობს, რომელსაც ბენედიქტელი ბერი უილიამ მალმსბერი (1090-1143 წ.წ.) გვატყობინებს.
იერუსალიმის პირველ ეპისკოპოს ფილიპეს უბრძანებია იოსებ არიმათიელისათვის ბრიტანეთში გამგზავრებულიყო. იოსები ბრიტანეთში ჩასულა. თავად პირადად ჩაუტანია მრგვალი მაგიდაც, თასიც ზიარებისათვის და ის შუბიც, რომელიც რომაელმა ლეგიონერმა ლონგინუსმა მაცხოვარს ფერდში ჰკრა. იოსებ არიმათიელს, ბრიტანეთში, იმ ადგილას, სადაც მერე გლასტონბერის მონასტერი იყო, პაწია ეკლესია აუშენებია. ქრისტიანობის გავრცელებისათვის საძირკველი ჩაუყრია.
სულ სხვას ამბობს ტომას მელორი (1408-1471 წ.წ.): „მრგვალი მაგიდა კი შექმნა მერლინმა ნიშნად იმისა, რომ მსოფლიოც მრგვალია. მრგვალი მაგიდის მნიშვნელობა ყველამ ასე უნდა გაიგოს, რადგან მთელი კაცობრიობა, საქრისტიანო თუ სამუსლიმანო, მრგვალ მაგიდას ესწრაფვის..“.
ასე, რომ მრგვალ მაგიდაზე ნაირნაირი თქმულება და შეხედულება არსებობს.
მეფე ართურის რაინდებიდან მხოლოდ უვაჟკაცესნი, უკეთილშობილესნი, უწმინდესნი და უსპეტაკესნი ეძებენ და იცავენ გრაალს. ზოგიერთი მწერალი მათ რაოდენობასაც მიუთითებს - ორმოცდაათნი იყვნენო. მაგრამ სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში ყველას ისე ხშირად არ ახსენებენ, როგორც, ვთქვათ, პარციფალს, ლანსელოტს, გალაჰადს და კიდევ ზოგიერთ სხვას. ჩანს, მათ შორისაც იყვნენ კიდევ მეტად გამორჩეულნი.
თავად სიტყვა გრაალის მნიშვნელობა დღემდე გაურკვეველია, თუმცა მისი ეტიმოლოგიური გაშიფვრის ბევრი ცდა ყოფილა. ეს სიტყვა იმთავითვე ბუნდოვანი იყო, - გვარწმუნებს ფილოლოგი ფრანც კამპერსი (1866-1929 წ.წ.). ერთი კია, გრაალს ორი სახე აქვს. ერთი კრეტიენ დე ტრუასაგან მომდინარეობს, მეორე - ვოლფრამ ფონ ეშენბახისაგან.
ფრანგი პოეტის მიხედვით, გრაალი ოქროს თასია, კეთილშობილი, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი. მასში იოსებ არიმათიელმა ქრისტეს სისხლი დააგროვა. კრეტიენ დე ტრუას ტრადიციის გამგრძელებლებს მაცხოვრის სისხლის დაგროვება ორგვარად აქვთ წარმოდგენილი. ერთნი ამბობენ, რომ იოსებმა იესოს სისხლიანი კვართი გაწურა და ეს სისხლია თასში დაგროვებული. მეორენი კი ვარაუდობენ, რომ თასში ის სისხლია ჩასხმული, რომელიც ფერდიდან გადმოუვიდა ქრისტეს, როცა რომაელმა ლეგიონერმა მას შუბი ჰკრა (უფრო მეტიც: არიან მწერლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გრაალი მარტო თასი კი არ არის, არამედ ყველაფერი ერთად - თასიც, შუბიც და საიდუმლო სერობის მრგვალი მაგიდაც).
მოგვიანებით ქრისტეს სისხლით სავსე თასი იმ თასთან დაკავშირდა, რომელიც საიდუმლო სერობის დროს ეჭირა მაცხოვარს ხელში. გრაალით დაინტერესებული მკვლევრები და მწერლები უფრო შორსაც წავიდნენ. პოეტი იოჰან იოზეფ გჲორესი (1776-1848 წ.წ.) თვლის, რომ გრაალში ჩაქსოვილია უძველესი იდეა ქურუმთა საიდუმლო სიბრძნისა. იგი პარალელს ავლებს ჰერკულესისა და ჰერმეს მეგვიპტელის თასებთან, იმ თასებთანაც, ბაკხუსის მისტერიების დროს რომ იყენებდნენ. არც სპარსეთის ლეგენდური მეფის ჯემშიდის თასი ავიწყდებათ. გჲორესი ინდოეთშიაც გადადის და იქაურ თქმულებებშიაც ბევრ მსგავსებას პოულობს. მსგავსების ძიება უსაფუძვლო არ არის. მკვლევრები მრავალგვარი დამთხვევის მოწმენი ხდებიან. მაგალითად, სპარსეთის ლეგენდური მეფის ჯემშიდის თასში ჩასხმულ სითხეს სიბრძნისა და უკვდავების მინიჭების ძალა აქვს. მარადიული ახალგაზრდობის შენარჩუნებაც შეუძლია. ეს თვისებები გრაალსაც აქვს. ჯემშიდი კი, გადმოცემის მიხედვით, 800 წლით ადრე ცხოვრობდა ქრისტეზე. პერსეპოლისიც ჯემშიდის აშენებულია. სპარსელებს მან ასწავლა მეცნიერება, ხელოვნება, მიწის დამუშავება, ზღვის წიაღში განძის ძიება. მანვე დაუწერა ხალხს კანონები.
ქართველი მკითხველის ყურადღებას, ალბათ, ისიც მიიპყრობს, რომ ჰერკულესს თასი მზის ღმერთმა ჰელიოსმა აჩუქა. ჰელიოსი კი კოლხეთის მითიური მეფის აიეტის მამა იყო.
ასე ეჯაჭვებიან ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა ხალხის თქმულებანი და ერთ მთლიან საკაცობრიო ოცნებას ქმნიან.
ვოლფრამ ფონ ეშენბახის გრაალი სხვანაირია. იგი თვლის, რომ გრაალი ძვირფასი ქვაა, კეთილშობილი თვალია, რომელიც იოსებ არიმათიელმა ქრისტეს იმ სისხლით გაჟღინთა, რომაელი ლეგიონერის შუბიდან რომ მოწვეთავდა (საერთოდ ამ შუბს შეუწყვეტლივ, მარადიულად სდის სისხლი). იგი სამოთხიდან წარმომავლობს. ყოველ წელს, ვნების პარასკევს, მოაქვს იგი ზეციურ თეთრ მტრედს. მტრედი ქვას ობლატში ახვევს. არავის აქვს მისი ხილვის ძალა, უნარი და უფლება. მის თვალისმომჭრელ შორეულ ნათებას შეიძლება თვალი მოჰკრას მხოლოდ უბიწო, უმანკო რაინდმა, ვისაც არავითარი ცოდვა არ ჩაუდენია. ვინც მხოლოდ კეთილის დამკვიდრებისათვის იბრძოდა და იღწვოდა.
სხვადასხვაგვარად უყურებენ ვოლფრამ ფონ ეშენბახის გრაალის ქვის წარმომავლობას თანამედროვე გერმანელი ჟურნალისტი ჰელმუტ ბერნდტი და მწერალი ტანკრედ დორსტი.
იერუსალიმში, უფლის საფლავზე აგებულ ტაძარში დიდი კირქვის კლდეა. ჰელმუტ ბერნდტის ვარაუდით, ვოლფრამ ფონ ეშენბახის გრაალის ქვა სწორედ ის ქვაა, უფლის საფლავზე აგებულ ტაძარში კირქვის კლდეს რომ მოამტვრიეს ჯვაროსანმა რაინდებმა და ევროპაში ჩამოიტანეს.
ტანკრედ დორსტს კი მიაჩნია: გრაალის ქვაა ის კეთილშობილი თვალი, ლუციფერის გვირგვინს რომ მოძვრა, როცა ამპარტავნების გამო დაცემული ანგელოსი, ზესკნელიდან ქვესკნელში გადაისროლეს და ძირს დაენარცხა.
ასე ნაირნაირია გრაალზე შეხედულებანი. თუმცა ერთ საკითხში ყველა ერთსულოვანია. გრაალი გამოხატავს კაცობრიობის განუხორციელებელ ოცნებას. მის მისწრაფებას განახლების, აღორძინების, მშვენიერების, მარადიული ახალგაზრდობისა და კეთილისაკენ.
ფრანგი დიპლომატი და მწერალი გობინო (1816-1882 წ.წ.) ამბობდა: გრაალი არის კეთილშობილი ადამიანების რწმენა. იგი არის მუზარადი და მახვილი. იგი არის ხიბლი, რომელიც ზეპურ გულებს დაუღლელად აცოცხლებს. იგი არის ყველა აუხდენელი სურვილის თავმოყრა. გრაალი ღირსებაც არის, სიყვარულიც და თავისუფლებაც.
მე ვეძებ ქრისტეს, რომ მასში სიკვდილი ვჰპოვოო, - ამბობს გერმანელი ფილოსოფოსისა და პოეტის ფრიდრიხ ლინჰარდის (1865-1929 წ.წ.) მიერ დახატული მწირი. ამაზე რაინდი პარსიფალი უპასუხებს მწირს - მეც ვეძებ ქრისტეს, რომ მასში გამარჯვება ვიხილოო და გრაალის საძებნელად მიეშურება.
გერჰარტ ჰაუპტმანის (1862-1946 წ.წ.) წარმოდგენით, გრაალის სამეფოში ისეთივე ჰარმონია სუფევს, როგორიც, „ვეფხისტყაოსანის“ სიტყვებით თუ ვიტყვით, ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის საბრძანებელში დამკვიდრდა.
„ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავთა მთქმელნი დააშინეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან ძოვდეს.“
მოკლედ ასეთია გრაალის ამბავი.
გრაალის სულ სხვა ვარიანტს ქმნის გრიგოლ რობაქიძე. ქართველი მწერლის გრაალი არც კრეტიენ დე ტრუას გრაალს ჰგავს და არც ვოლფრამ ფონ ეშენბახისას.
„გრაალის მცველნის“ პროტაგონისტი ლევან ორბელი კითხულობს ლექსს, რომელიც ახალ გრაალს გვიხატავს.
უფსკრულის პირას დგანან უკანასკნელი რაინდები. მტრის მორჩილებას ამჯობინებენ სიკვდილს. ისინი ატარებენ რელიქვიას - წმინდა ნინოს ჯვარს, ვაზისაგან გამოჭრილს და მისი თმებით შეკრულს. ის იყო საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს გადაშვებულიყვნენ წკვარამში, რომ პაწია, მტირალი გოგო შემთხვევით შეეხო ჯვარს. დაინახეს: გამხმარი ხე აყვავდა. ოქროსფერი მწიფე მტევნები მოისხა. აქამდე სასოწარკვეთილი რაინდები ზეადამიანური ძალით აღივსნენ. უძლეველნი გახდნენ.
რაინდებმა ჯადოსნური მტევნები დაწურეს. წვენი თასში დააგროვეს ისე, როგორც იოსებ არიმათიელმა დააგროვა გოლგოთაზე დაღვრილი სისხლი მაცხოვარისა. მათ თასი ფარულად შეინახეს. იცავდნენ, ვითარცა სიწმინდეს. თასის გარშემო, წმ. გრაალის მსგავსად, ჩამოყალიბდა საიდუმლო ორდენი. საუკუნეების მანძილზე თასი გადაეცემა მცველიდან მცველს. თასში დევს გული - საქართველოს მზე. გრაალის გუშაგები დარაჯობენ იდუმალ მიწას.
ვერც წმ. გრაალის რაინდებს შეხვდებით გრიგოლ რობაქიძის რომანში. არც ამფორტასი, არც ბორსი, არც ლოენგრინი, არც გავეინი, არც გალაჰადი, არც ლანსელოტი, არც პარციფალი და არც სხვა ვინმე კარგად ცნობილი რაინდებიდან არ ჩანან „გრაალის მცველნში“. აქ სულ სხვა პერსონაჟები მოქმედებენ - ლევან ორბელი, ოდილიანი, ავალა, მამია ოდიშელი, მზისავარი, დათა, კოსტა, ჰიდდირ, საღარა, მარჯანი, უშანგ, ხორავ, ვასსა, ვანო, ს.ო., შავდია, ლეგი... ვინ არიან ესენი? კალისტრატე სალია იძლევა განმარტებას რომელი პერსონაჟი რომელ რეალურ ისტორიულ პირს გულისხმობდა. „გრაალის მცველნის“ მოქმედი პირნი არიან ნამდვილნი და არა გამოგონილნი. გრიგოლს სურდა მათი ვინაობის გახსნა ერთერთ ნომერში ჩვენი ჟურნალისა სათანადო წერილის დართვით. მას ეს არ დასცალდა. ჩვენ ვასრულებთ მის სურვილს: (ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, 1964 წ. №47, გვ. 5).
ოდილიანი - პაოლო იაშვილია,
მამია ოდიშელი - შალვა დადიანი,
ავალა - ტიციან ტაბიძე,
მზისავარ - აპოლონ წულაძე,
დათა და კოსტა - ძმები ვლადიმერ და გრიგოლ ჯაფარიძეები,
ჰიდდირ - მამედ ბეგ აბაშიძე,
საღარა - მფრინავი საღარაძე,
მარჯანი - კოტე მარჯანიშვილი,
უშანგ - უშანგი ჩხეიძე,
ხორავ - აკაკი ხორავა,
ვასსა - აკაკი ვასაძე,
ვანო - იაკობ ნიკოლაძე,
ს.ო. - სერგო ორჯონიკიძე,
შავდია - ლავრენტი ბერია,
ლეგა - ლევან ღოღობერიძე.
თუ ლევან ორბელი თვით გ.რობაქიძეა, თავადი გიორგის პროტოტიპი ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება.
გრაალს იცავენ თავადი გიორგი (თასი მის ოჯახში ინახება), ლევან ორბელი, ოდილიანი, ავალა, მამია ოდიშელი, მზისავარ, ჰიდდირ, საღარა და სხვანი. თასის მტრები არიან ს.ო., შავდია, ლეგა და რუსი ჩეკისტი ველსკი (მისი პროტოტიპიც დაუდგენელია).
თუ ევროპულ ლიტერატურაში გრაალის გუშაგები რაინდები არიან, გრიგოლ რობაქიძის რომანში მას იცავენ მწერლობისა და ხელოვნების წარმომადგენლები. სულ თავდაპირველად გრაალს დარაჯობდნენო, - ამბობს პოეტი და მეცნიერი კარლ ზიმროკი (1802-1878 წ.წ.), - ის ანგელოსები, რომელნიც ნეიტრალური დარჩნენ ღმერთისა და ლუციფერის ბრძოლაში.
ანგელოსები - რაინდები - მწერლობისა და ხელოვნების წარმომადგენლები. ასეთი ცვლილება გ. რობაქიძესთან შემთხვევითი არ არის. იგი თვლის, რომ როგორც პიროვნების, ისე მთელი ერის გადარჩენისათვის აუცილებელია სულის მოვლა-პატრონობა. მისი შეუბღალავი შენახვა. თავადი გიორგი, ვის ოჯახშიც გრაალი ინახება, მხოლოდ სოციალურად კი არ არის არისტოკრატი, არამედ სულითაც. მისი ძალა ის არის, რომ იგი არასდროს ტყდება სულით. ჩეკისტი ველსკიც გაშმაგებული იმიტომ დაეძებს გრაალს, რომ მის განადგურებით ქართველი ხალხის სულიერი გატეხვა უნდა. სულიერი დაბეჩავება სურს.
ველსკი უბრალო ჩეკისტი არ გახლავთ, ვისაც ადამიანთა დატუსაღება და ციხეში ჩაყრა ემარჯვება. იგი გაქნილი გაიძვერაა, სხარტი გონების პატრონი, ნაკითხი და განათლებული. ზედმიწევნით ზუსტად იცის, რას აკეთებს და რატომ. თავის ქმედებას ყოველთვის ასაბუთებს მზაკვრულად მოფიქრებული არგუმენტებით.
რომანის ორი პერსონაჟი (ლევან ორბელი და ველსკი) რომანის ორი იდეის - გრაალის დაცვისა და გრაალის ნგრევის - პერსონიფიკაციაა. თუ ლევან ორბელის აზრით, გრაალით გამოხატული იდეის დაცვა პიროვნებისა და ერის გადარჩენას ნიშნავს, ველსკის რწმენით, გრაალის დანგრევა აუცილებელია პიროვნებისა და ერის დასამორჩილებლად. თუმცა ამ მორჩილება-დათრგუნვას იგი აბსოლუტური თავისუფლების სახელით ნათლავს. ველსკის შეხედულება ნათლად ვლინდება იმ საუბარში, რომელიც მიმდინარეობს მატარებლით მგზავრობის დროს. ველსკი გულახდილად გამოთქვამს მას ჯერ უცნობ თანამგზავრთან და შემდეგ ლევან ორბელთან მასლაათში.
ჩვენ (ე.ი. ბოლშევიკ-კომუნისტებს) გვინდა კაცობრიობას ტოტალური თავისუფლება მოვუტანოთო, - ეუბნება იგი ახალგაზრდა თანამგზავრს. ამისათვის აუცილებელია ადამიანის რწმენიდან ღმერთის გაძევება, რადგან სადაც ღმერთია, იქ თავისუფლებისათვის ადგილი არ არის. ღმერთის რწმენა უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს. უსიტყვო მორჩილება კი მონობაა. თუ მონა ხარ, რა მნიშვნელობა აქვს იმას, ვისი მონა იქნები - ღმერთისა თუ ადამიანისა? ამიტომ ადამიანი ღმერთისაგან უნდა განთავისუფლდეს. მართალია, თქმულების მიხედვით, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღმერთების წინააღმდეგ მებრძოლი პრომეთე მიაჯაჭვეს, მაგრამ ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე ძნელი საქართველოშია. აქ ყველაფერი საიდუმლოებით არის მოცული. საიდუმლოება კი ღმერთის თავშესაფარია. საჭიროა იდუმალების ფარდის ჩამოხსნა, გაშიშვლება. როცა ადამიანი დაინახავს, რომ საიდუმლოებაში არაფერი იმალება, რომ იქ სიცარიელეა, ადვილი იქნება მისი გულიდან ღმერთის ამოძირკვა. საიდუმლოება აუძლურებს ადამიანის ბრძოლას თავისუფლებისათვის.
შემდეგ ველსკი თანამოსაუბრეს უყვება:
როცა ნაპოლეონი იტალიაში ლაშქრობდაო, ფრანგებმა გენუა დაიკავეს. ისინი სან ლორენცოს ტაძარში შევიდნენ. ტაძრის ერთ სენაკში უბრალო ტყავის შალითა იპოვნეს. მასში იდო ოქროქსოვილში შეხვეული ლურჯი, მბრწყინავი, საფირონის შვიდკუთხიანი თასი. თქმულებისდა მიხედვით, იგი იყო ჩამოტანილი ანტიოქიიდან ჯვაროსანთა მიერ. თასი სან ლორენცოს ტაძარში ინახებოდა და წმ. გრაალად ითვლებოდა. წელიწადში ერთხელ მორწმუნეები მთელი იტალიიდან და მეზობელ ქვეყნებიდან სან ლორენცოს ტაძარში იკრიბებოდნენ წმ. გრაალის სანახავად.
ნაპოლეონმა თასი პარიზში გაგზავნა, რომ დაედგინათ მისი მიწიერი ღირებულება.
იმავდროულად, როცა ეს ამბავი გენუაში ხდებოდაო, - აგრძელებს თხრობას ველსკი, - ფრანგების ჯარი ესპანეთში, ბარსელონას ახლოს, მონტსერატის ციცაბო მთასთან დაბანაკდა. ამ მთაზე ციხე-დარბაზი იდგა. მასაც ის სახელი ერქვა, რაც მთას. თქმულება ციხე-დარბაზს ლოენგრინსა და სხვა რაინდებს უკავშირებს. როცა ფრანგების ჯარი მთაზე აიჭრა, პირწმინდად დაანგრია ბენედიქტელთა მონასტერი. მონასტერში იყო ქრისტეს სასწაულმოქმედი ხატი. გადმოცემის თანახმად, მოციქულმა ლუკამ პირადად გამოჭრა იგი ხისაგან. ეს ხატიც დაიღუპა. იმ წუთს, რა წუთშიაც ბენედიქტელთა მონასტერი ნაცარტუტად აქციეს, პარიზში გაიბზარა სან ლორენცოს ტაძრიდან ჩატანილი თასი. მე მაინტერესებსო, - დასძენს ველსკი, - დაინახა თუ არა ნაპოლეონმა კავშირი, რომელიც ამ ორ მოვლენას შორის არსებობდაო.
მაგრამ ეს არ არის მთავარი, ამ გრძელ ამბავს ველსკი სხვა დასკვნისათვის ყვება: იგი ვინც ვაშინერსს არღვევს და უშიშარი რჩება, უფრო მეტია, ვიდრე უბრალო მკრეხელი.
შეშფოთებული უსმენს ამ საუბარს ლევან ორბელი. მისთვის გასაგებია, რა მიზნით დაეძებს გრაალს ველსკი. რისთვის სურს მისი განადგურება. მას უნდა ქართველ ხალხს რწმენა წაართვას. თავად კი უფრო მეტი იყოს, ვიდრე უბრალო ათეისტი. ლევანი საუბარში ერევა. იგი ჯერ შეცდომებს უსწორებს ველსკის. თასი ანტიოქიიდან კი არ ჩამოიტანესო, არამედ კესარეადან, სადაც ჰეროდეს ძველ ტაძარში ინახებოდა. ტაძარი არაბებს მეჩეთად ჰქონდათ გადაკეთებული. თასი საფირონისა კი არა სმარაგდისა იყოო. არც შვიდკუთხა ყოფილა. ექვსკუთხედი გახლდათო. ციხე-დარბაზსაც მონტსალვაჩი ერქვაო და არა მონტსერატი. მაგრამ ყველაფერი ეს წვრილმანია. ასეთი შეცდომების გასწორებით ლევანი კამათში ვერ დაჩაგრავს ველსკის. ჩეკისტის შეხედულებას ლევანმა უფრო მძაფრი აზრი უნდა დაუპირისპიროს. ლევან ორბელის რწმენით - ნამდვილი და მართალი ძალა იმას აქვს, ვისაც სიწმინდის დაცვა შეუძლია. გრაალის მცველი ისეთივე ძლიერია, როგორც გრაალის დამანგრეველი. პარციფალი ბევრჯერ უფრო ღონიერია, ვიდრე რომელიმე მკრეხელი, თუნდაც იგი ნაპოლეონი იყოს.
შეხედულებათა ეს დაპირისპირება მარტო თეორიულ ხასიათს არ ატარებს. იგი სისხლიანი ომითაც გამოიხატება. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაც ამ კუთხით არის რომანში დანახული.
ლევან ორბელს ნათლად ესმის: ამბოხება წინასწარ განწირულია. მისი დამარცხება გარდაუვალია. უმთავრესია და არსებითი რწმენა-იმედის, ანუ გრაალის გადარჩენა.
ველსკიმაც ჩინებულად იცის - აჯანყებას იოლად მოუღებენ ბოლოს. მაგრამ ქართველთა ეს დამარცხება არაფერს ნიშნავს, თუ გადარჩა გრაალი.
გრაალისათვის ბრძოლაში ლევან ორბელი და მისი ამხანაგები იმარჯვებენ. ველსკი და მისი ბოლშევიკ-კომუნისტები მარცხდებიან. „გრაალის მცველნის“ ალეგორიული შინაარსის ამოკითხვა ძნელი არ არის. ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი ხალახმა უნდა შეინარჩუნოს რწმენა-იმედი, ანუ დაიცვას გრაალი. ამით გაუმკლავდება იგი მტერს, შინაური იქნება იგი თუ გარეშე.
![]() |
9 ახალი კერპი |
▲back to top |
გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაზე საუბარი ერთდროულად ადვილიც არის და ძნელიც. ადვილია იმდენად, რამდენადაც თავის თხზულებათა უმრავლესობას თავად აანალიზებს. ძნელია იმდენად, რამდენადაც ყოფიერების მეტაისტორიულ აზრს ეძებს. ამის მისაგნებად კი ადამიანმა მითოსის ჯურღმულებში უნდა იხეტიალოს. გრიგოლ რობაქიძეც ასე აკეთებს. ქართულ მითოსსა და ქართულ ენაში სურს იპოვნოს ქართველთა მსოფლხატის თაურარსი.
„ვამბობ - „მითიური“ ჩვენში „მითოსი“, „თეორია“ კი არაა, არამედ „დედიშობილა“, არა „ნატვრა“, არამედ „განცდა“. „მითიური რეალიზმი“ - აი ფორმულა, მხვედრი ჩემი შემოქმედებისა“ («გულნადები“). სხვაგანაც იმეორებს ამ აზრს. „სიმბოლო“, „მითოსი“, „მარადი მყოფადი“ - მარტო სახელოვნო ლაბორატორიაში კი არ მუშავდებიან ჩემსაში. ისინი „დედიშობილაა“ ჩემი. „ცეცხლია“, რომლითაც ვცოცხლობ“ («სათავენი ჩემი შემოქმედებისა“).
„პატარა ერი, რომელშიაც ცოცხლობს ტომურად, ერთსხეულად საერთო სული: აღმოსავლური საშო, სადაც მიწა „დედაა“ წმინდა, ისტორია უძველესი, რომელიც თავის ათასწლებიან სიგრძეზე აგროვებს ქმედით ცოცხალ ხსოვნას (ანამნეზისს). აქაა საქართველოს არსი. ეს ცხადდება: ქართულ ხასიათში, ქართულ სიტყვაში, ქართულ სილაღეში, ქართულ ერქვანში, ქართულ ხმალში, ქართულ სიმღერაში (რომელიც ღმერთკაცებისაა)... და აი ამ „დედის“, ამ „მიწის“ ტრაგიული ხილვა ძნელია... „ბარათი აკაკი პაპავას).
„მითიური რეალობა არის უთუოდ მეტი და უფრო აზროვანი, ვიდრე ისტორიული“ („კავკასიური ნოველების“ წინათქმა).
„ენა აზროვნობს: აზროვნობს ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე ცალკეული პიროვნება“ („მიმართვა ქართველ ხალხს“).
თაურარსის ძიების კვალსა და შედეგებს ყველგან ნახავთ მის რომანებშიც, ესეებშიც, კერძო ბარათებშიც კი. ისეთი შთაბეჭდილებაა თითქოს ეშინია - მკითხველს გაუჭირდება მისი შემოქმედების გაგება: „ვისაც „სიმბოლო“ და „მითოსი“ არ ესმის, იგი ჩემს შემოქმედებას ვერ გაიგებს“ („სათავენი ჩემი შემოქმედებისა“).
მართალია, მითოსის და ენის საშუალებით მიგნებული მისი დასკვნები გაბნეულია მის თხზულებებში, მაგრამ თავმოყრილი სახითაც არსებობს, უმეტეს წილად ნარკვევებში - „საქართველოს სათავენი“ (ამ ესეის გერმანულ ვარიანტს ეწოდება - „Vom Weltbild der Georgier“), „უცნობი საქართველო“, „სათავენი ჩემი შემოქმედებისა“ და „კავკასია - სილუეტები“ (წერილების ციკლია, რომელსაც იგი ბეჭდავდა „ბრჲუსსელერ ცაიტუნგში“ 1942 წლის 5 აგვისტოდან).
ქართული მსოფლხატის შუაგულში გრიგოლ რობაქიძე აყენებს კარდუს. ქართულ წარმართულ პანთეონში კერპს ამ სახელწოდებით ვერ შეხვდებით. იგი გრიგოლ რობაქიძის გამოგონილია. თავად გვიყვება, როგორ შექმნა ცნება და კერპი კარდუ. აუღია ქართველთა ეთნარქის სახელი ქართლოს. მოუცილებია ბერძნული დაბოლოება -ოს. მიუღია ქართუ. მაგრამ მისი ჟღერადობა მეტად რბილად მოსჩვენებია. მერე კარდჰუ გაუკეთებია. ეს კი ხერხემალმაგარი გამოსულა. ამიტომ, წერისა და საუბრის დროს, ხან ამ ხერხემალმაგარ კარდჰუს იყენებს და ხან უფრო ზომიერ კარდუს.
„ჰო, კარდუ არის ჩვენი მისტიკური თაურმდგენი (ასე თარგმნის თვითონ გერმანულ Urheber-ს - ა.ბ.) და დგას ის მზის ნიშანში. იგი არის პიროვნება (პერსონა) და ამასთანავე არ არის პიროვნება“ („გრაალის მცველნი“).
გრიგოლ რობაქიძისათვის კარდუს სასარგებლოდ მეტყველებდა იმჟამად საისტორიო მეცნიერებაში გავრცელებული აზრიც.
„ისტორიკოსები ამბობენ - უძველესი სამშობლო ქართველებისა იყო ქალდეა... სვანთა ტომობრივ შეგნებაში დღესაც ცოცხლობს უძველესი სიტყვა „ქალდე“. მდინარე ენგურის ხევის ერთს გვერდზე მდებარე ფერდობზეა კლდოვანი უბე, პატარა სოფელი, რომელიც ამ სახელს ატარებს“ („კავკასიური ნოველების“ წინათქმა).
მარტო სახელის დადგენა არ კმაროდა. კარდუს შინასახეც უნდა გამოეძერწა. ამაში გრიგოლ რობაქიძეს გოეთეს თაურფენომენის იდეა დაეხმარა (გერმანულ თავსართს ურ-ს გ.რობაქიძე თარგმნის „თაურ-“, „პირველ-“: die Urschau - თაურხილვა ან პირველხილვა; die urtat - თაურქმედება ან პირველქმედება). თავად ამბობდა - „გოეთეს მოძღვრება თაურფენომენის შესახებ ჩემთვისაც საგანთა შემეცნების საფუძვლად იქცა („ჩემი ცხოვრება“)“. თაურფენომენის არსი კი ასე ესმოდა:
„კონკრეტული წარმოდგენისათვის მოთოსისა მე ყოველთვის ვიგონებ ხოლმე გოეტჰეს სწავლას „ურფენომენ“ -ზე (თაურმოვლენაზე), რომელიც უგენიალესი ცნაურებაა დასავლეთის კულტურაში გონისა („გონი“: Geist, Esprit, Дух). ორი სიტყვით იგი, მცენარე, ცხადდება განამდვილებით რომელიმე ხტილში თავისი ვითარებისა: ან მორჩობისას ან ცენებისას ან ყლორტობისას თუ ფოთლობისას. ასე ვთქვათ „წილობით“ და არა „მთლად“. გოეთე იკვლევს მცენარეს ორმაგი ჭვრეტით: წინისკე - მორჩითგან ყლორტამდე თუ ფოთლამდე, უკანისკე - ყლორტითგან თუ ფოთლითგან მორჩამდე. ამჩნევს: ამ ვითარების ხაზზე მცენარის ყოველი ნაწილაკისაგან შესაძლოა წარმოიშვას მთელი მცენარე. აკვირდება ამ მოვლენას. თუ ეს ასეა, მაშასადამე, მცენარე მთელი ყოველ ხტილში მისი ვითარებისა ვირტუალურ იმყოფებოდეს. ჰგონებს ასე. და აი 1776 წელს ხედავს ვაიმარელი მესაიდუმლოე სიცილიაში წარმოსახვით „თაურმცენარეს“ მცენარეში. ესე იგი: ხილავს მყოფად მცენარეს ანუ შინა-სახეს მცენარისა. „თაურმცენარე“ იღებს სახელს „ურფენომენი“. „შინა-სახე“ იგივე „იდეაა“ პლატონისა არსებითად. სხვაობა ნაირული: პლატონის „სახე“ ყუდრობს ვითარ თესლი „მარადში“. გოეტჰეს „სახე“ ვლინდება „მოვლენაში“ ვითარ ცენება თესლისა. დასკვნა: „თაურმცენარე“ მცენარისათვის მითოსია - ვითარ არასოდეს ხილული მყოფალი, ხოლო ყოველთვის გულვებული“ („ვაჟას ენგადი“).
გრიგოლ რობაქიძე პირდაპირ კავშირს ხედავს გოეთეს იდეასა და ძველი რომაელი ისტორიკოსის გაიუს კრისპუს სალუსტიუსის ფორმულას შორის - „ეს არასოდეს ყოფილა, ოღონდ ყოველთვის არის. იგულისხმება: არ ყოფილა - ისტორიულად, არის - ზეისტორიულად“ („ვაჟას ენგადი“). ამასვე იმეორებს ნარკვევში - „Vom Weltbild der Georgier“. „ეს არ მომხდარა, მაგრამ იგი ყოველთვის არის. „ეს არ მომხდარა“ ნიშნავს: ეს არ არის ისტორიული მოვლენა. „ეს არის ყოველთვის“ გულისხმობს: ეს ყოველთვის ხდება მეტაისტორიულად“. ამავე აზრს კითხულობს გრიგოლ რობაქიძე ქართული ზღაპრების დასაწყისშიც: იყო და არა იყო რა...
სალუსტიუსის ფორმულა იმითაც იზიდავდა გრიგოლ რობაქიძეს, რომ „აქ წარსული და მომავალი ერთიდაიგივეა“ („სათავენი ჩემი შემოქმედებისა“). მითმა არ იცის წარსული და მომავალი. იგი აბსოლუტური აწმყოა. თუ ასეა, მაშინ, ბუნებრივია, ის, რომ, რაც მითიურში არსებობს, არსებობს დღესაც. რა არსებობდა მითიურად, რომელიც დღესაც შეიძლება არსებობდეს? ამის ამოსაცნობად ქართულ ენას მიმართავს. თუ ქართული ენა ქართველი ხალხის შინასახის ამოცნობაში დაეხმარება, მაშინ კარდუს შინასახეც გამოვლენილი იქნება, რამეთუ „ქართული ენის ავტორი კარდჰუ არის, ქართველთა მითიური „თაურმდგენი“ - არა ცალკეული, რომელიმე ქართველი“ („გულნადები“).
ქართულ სიტყვას, გრიგოლ რობაქიძის ფიქრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დავიწყოთ სიცოცხლით, ცეცხლით, ცხენით და ცოცხით. ამ სიტყვებს ერთი ფუძე აქვთ. ისინი ერთი დაფარული აზრის მატარებელნი არიან. ცეცხლი და ცხენი კარგად ცნობილი სიმბოლოებია. ორივე მზესთან არის დაკავშირებული. ცეცხლი გამოხატავს მზის ცხოველმყოფელ, გამანაყოფიერებელ, გამწმენდ ძალას. სიცოცხლის განახლებას, ენერგიას, ძლერებას, ცხენიც ამბივალენტური სიმბოლოა. მზის ძალასაც ავლენს და მთვარისასაც. თეთრ ან ოქროსფერ ცხენებშებმული საომარი ეტლით დაქრის მზის ღმერთი. შავი რაშით მოგზაურობს ოკეანის ღმერთი, ზღვისა და ქაოსის მბრძანებელი. ცხენი ისევეა სიცოცხლის სიმბოლო, როგორც სიკვდილის. სრულიად ბუნებრივია, რომ ქართულ ენაში სიცოცხლეს, ცეცხლს, ცხენს ერთიდაიგივე ფუძე აქვს. მაგრამ როგორ უკავშირდება მათ ცოცხი? აქ გრიგოლ რობაქიძე ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ცოცხით ჰგვიან, ხვეტენ, ანუ წმენდნენ. ცოცხიც გამწმენდი საშუალებაა. როგორც გამწმენდს მას უშუალო კავშირი აქვს ცეცხლთან. ცეცხლიც ხომ გაწმენდაა, გასუფთავებაა. სალხინებელს, განსაწმენდელს გერმანულად das Fegefeuer ეწოდება. თუ ამ სიტყვის ბოლო ნაწილი - Feuer - ცეცხლია, მისი პირველი ნაწილი ზმნა Fegen-იდან მომდინარეობს, რაც დახვეტას, გაწმენდას ნიშნავს. აქ გერმანული და ქართული ერთმანეთს ხვდება. ქართულისა და გერმანულის შეხვედრის სხვა შემთხვევასაც აღნიშნავს გრიგოლ რობაქიძე. „გრაალის მცველნში“ ლევან ორბელი შვედ ქალს ნორინას უხსნის - ქართული „ხე“ გერმანულად Baum-ს ნიშნავს, მაგრამ ზოგიერთი მცენარის გერმანულ სახელში ქართული „ხე“ ისმისო. მაგალითად, მუხის გერმანული სახელია Eiche (აი-ხე), წიფლისა - Buche (ბუ-ხე). ეს მას არ აკვირვებს, რადგან მუხა წმინდა ხეა, მზის სადგომი. მზის მცენარეული ჰიპოსტასია მუხა. რადგან ყველა ხალხის მითოლოგიურ წარმოდგენაში ასეა, ქართულისა და გერმანულის ამგვარი დამთხვევა მოულოდნელი არ ჩანსო.
რაც ითქვა, თავისთავად საინტერესოა, მაგრამ გრიგოლ რობაქიძისთვის არსებითი სხვა რამ არის: სიცოცხლის კავშირი სიწმინდესთან. სიწმინდეა სიცოცხლის უპირველესი ნიშანი. „სუფთა“ და „წმინდა“ იდენტურია. მოკლედ: „სიცოცხლე ცეცხლოვანია და ამასთანავე წმინდა“ („გრაალის მცველნი“). მაგრამ ქართველი ამით არ კმაყოფილდება. სიცოცხლე წმინდა უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს მტკიცეც. ამასაც ქართული ენა გვეუბნება. ქართველი დიასახლისი ამბობს, - წერს გრიგოლ რობაქიძე, - „შვილო, ფქვილი გამტკიცე“, ანუ ფქვილი გაწმინდე. სიმტკიცე და გაწმენდა ურთიერთკავშირში ყოფილა. „რაც განწმენდილია, „მაგარია“ და რაც მაგარია „განწმენდილი“ (კალე სალიას ინტერვიუ გრიგოლ რობაქიძესთან).
მითიური კუთხით, ცეცხლი, სიცოცხლე, სიწმინდე, სიმტკიცე უერთმანეთოდ არ არსებობს. ისინი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. რაკი ცეცხლი უთუოდ და უთუმცაოდ გულისხმობს წვას, მაშინ სიტყვა „მღვდელიც“ მის გვერდით უნდა განვიხილოთ. მიხეილ წერეთლის გამოკვლევით (რასაც გრიგოლ რობაქიძეც იზიარებს) ძველქართულად „წვას“ ერქვა „ღუდვა“. „მღვდელიც“ აქედან მომდინარეობს. მღვდელმსახურება წვის პროცესს ითვალისწინებს. გნებავთ წარმართული თვალსაზრისით შეხედეთ მას და გნებავთ - ქრისტიანულით.
„მღვდელი ანუ მწველი. იგულისხმება წვა არა მარტო გარეგანი წვა შესაწირავი ცხოველისა, არამედ შინაგანიც: მარჯს, გერმანული შესატყვისი „ჰაილ“ (Heil), რაიცა ხელდასმაში გადადიოდა სხვაზე“ („საკრალური წყობა“).
უფრო მეტიც: სულხან-საბას განმარტებით, „ღმერთი გადმოითარგმნების ხედვა და წვა“. ეს საშუალებას აძლევს გრიგოლ რობაქიძეს თქვას:
„დიდი ბრძენის პლოტინის მსოფლხილვაში გვხვდება „თვალი მზიური“. გოეტჰემ მზიურობა თვალისა ერთ თავის შაირში შესანიშნავ ხტილად გამოკვეთა: „თუ არ იყოს თვალი მზიური, ვით შეეძლოს მას ხილვა მზისა?“ მტევნის მწიფობის დროს ქართველი მევენახე ამბობს: „თვალი ჩასულა ვენახში“. თვალით აქ ნაგულისხმებია მზე, პლოტინი, გოეტჰე, ქართველი მევენახე, სამივე, დიდ საიდუმლოს აცნაურებენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით: პლოტინისათვის და გოეტჰესათვის თვალი „მზიურია“, ქართველი მევენახისათვის კი იგი მზეა თვითონ. ხატული „სახეობის“ მხრით ქართველი მევენახის თქმას თვითონ გოეტჰეც არგუნებდა პირველობას. თვალი მზეა, ფიქრობს ქართველი, რადგან იცის, რომ „მზე“ და „მზერა“ სადღაც ეთანხმებიან ერთიმეორეს. გავიხსენოთ საბა სულხან ორბელიანის განმარტება სიტყვისა „ღმერთი“: „წვა და ხედვა“. ეს განმარტება მზეზეა თითქო გამოჭრილი. მზე იწვის და არ იფერფლება, იწვის და „მზერს“, ანათებს. „თვალი ჩასულა მტევანში“ - ეს ნამდვილი პოემაა“... («მზის ხანა ქართველთა“).
ქართველისათვის მზე და ღმერთი რომ ერთი და იგივეა აშკარად ჩანს მაშინ, როცა იგი, იმის მაგიერ რომ თქვას, - შენმა ღმერთმა ან ჩემმა ღმერთმა - ამბობს - შენმა მზემ ან ჩემმა მზემ. რა თქმა უნდა, ეს თქმა წარმართობიდან მომდინარეობს, მაგრამ ქრისტიანულ ეპოქაშიც მტკიცედ ზის ქართველის ცნობიერებაში და ხილულ მზესა და უხილავ ღმერთს ათანაბრებს.
მტევანს თვალი, ანუ მზე ანუ ღმერთი ამწიფებს, ზრდასრულს ხდის. მაგრამ სიმწიფე მარტო ნაყოფს არ სჭირდება. სიმწიფე აუცილებელია ქვეყნისა და ხალხის მმართველისათვისაც. ამიტომ Kaiser-ს ქართულად ხელმწიფე შეესატყვისება. ხელმწიფე, მაშასადამე, სრულყოფილი, სხვაგვარად, იგი ქვეყნის პატრონად ვერ გამოდგება. გრიგოლ რობაქიძის აზრით, ხელმწიფე მდიდარი უნდა იყოს, ჩუქება რომ შეეძლოს, ძლიერი უნდა იყოს, დაცვა რომ შეეძლოს, ნიჭიერი უნდა იყოს, დალოცვა რომ შეეძლოს („გრაალის მცველნი“).
ქართველისათვის ხელისუფლება საკრალურია. ხელმწიფე არა მარტო სიმწიფეს უკავშირდება, არამედ უფალსაც, ღმერთსაც - ხელისუფალი, ხელისუფლება, ძალაუფლება. ამ სიტყვებში ყველგან უფალი ანუ ღმერთი ისმის. აქ ბატონი კი არ არის ნაგულისხმევი, არამედ სწორედ უზენაესი.
„უფლება“ ქართულში „ბატონისაგან“ კი არ მოდის, არამედ უფლისაგან“.
„რას ნიშნავს „მწიფე ხელი“, თუ არა სიძლიერესა და მარჯს? მიხეილ წერეთლის აზრით, „მწიფე“ ნიშნავს „მიწვდომასაც“. მაშასადამე, „მწიფე ხელით“ ნაგულისხმევია „მწვდომელიც“: ესე იგი, ის, ვინც წვდება მას, რაც სხვისთვის მიუწვდომელია“ („საკრალური წყობა“).
ხელმწიფე მმართავს, მმართველობს. მმართვა კი გრიგოლ რობაქიძეს ესმის, როგორც „დგინდება მართლისა“ („დავით აღმაშენებელი“). ხელმწიფე იგი შეიძლება იყოს, ვინც მართალია, ვისაც სიმართლის დადგენა ძალუძს.
მართალი, წმინდა, უფალი არა მარტო საკრალურ წარმოდგენას ქმნის ხელისუფლებაზე, არამედ უშუალოდ უკავშირდება მეფე-მღვდლის (Priester-König) კონცეფციას. ეს კონცეფცია გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ევროპაში. მეფე-მღვდელი ერთ კაცში განასახიერებდა ქვეყნის სასულიერო და საერო მმართველს. მის ნიმუშად კონკრეტულ პირსაც, ვინმე იოანე პრესვიტერსაც ასახელებდნენ. ზურაბ ავალიშვილი ვარაუდობდა, რომ იოანე პრესვიტერში ევროპელი მემატიანენი დავით აღმაშენებელს გულისხმობდნენ. გრიგოლ რობაქიძე ეთანხმებოდა ამას. „დასავლეთში (ინგლისის ერთს ქრონიკაში) ჩვენი უდიდესი ხელმწიფე მიიჩნიეს ლეგენდარულ იოანედ“ („უცნობი საქართველო“). რასაც ზურაბ ავალიშვილი წერდა, იმას უცვლელად იმეორებდა „გრაალის მცველნში“. ლევან ორბელი დაწვრილებით ყვება ევროპელი ბერის ანსელუსის თავგადასავალს და ქართველი მეფის ქვრივის მიერ ნაჩუქარი ჯვრის პარიზში ჩატანის ამბავს. ეს ჯვარი უწმინდესი რელიქვია იყო. იგი გააკეთეს იმ ხისაგან, რომელზეც ევნო მაცხოვარი. ჯვარი პატარა სამლოცველოში დაასვენეს. მოგვიანებით კი ამ სამლოცველოს ადგილას საყოველთაოდ ცნობილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ააგეს. ამ ტაძარში განისვენებდა ქართველი ქვრივი დედოფლის ნაჩუქარი ჯვარი მანამ, სანამ, საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, არ დაიკარგა. მერე კი იგი ვეღარსად იპოვნეს.
გრიგოლ რობაქიძეს სჯეროდა, რომ ხელისუფლება საკრალური მოვლენა იყო. ვიგინდარების ყოფნა ხელისუფლებაში დაუშვებლად მიაჩნდა. თუ ქართველი დაყაბულდებოდა ვიგინდარების ხელისუფლებაში არსებობას, იგი უპირველესად თავისთავს უღალატებდა.
გრიგოლ რობაქიძე არ იზიარებდა შეხედულებას, რომლის თანახმად ქართველი ყოფიერებას ზერელედ და ლაზღანდარულად უყურებს. ქართველისათვისო, ამტკიცებდა იგი, ყოფიერება ლხენაა, ზეიმია, ობაა.
„სიცოცხლე ხალისია, ხოლო წინააღმდეგობებით სავსე“ („ლამარა“. მოკლე ბიოგრაფია). საქართველო ვნებულ დიონისედ მიაჩნდა. ამის უფლებას ორი რამ აძლევდა.
პირველი ის, რომ ქართველი ცხოვრობს ფორმულით - „გაახარე-გაიხარე“.
„ერთი სიტყვით რომ მოვხაზოთ ქართველთა ყოფა, ეს იქნება: „გაახარეგაიხარე“... თვით „ზრდაც“, ქართული შეგნებით, სიხარულია. ვამბობთ ხომ ხშირად ქართველნი: „მცენარე ხარობს“ - მაგიერ მცენარე იზრდება“ („წერილი ირაკლი აბაშიძეს“).
„ქართველს სწორედ ეს ახარებს, რომ არის, არის საერთოდ. ეს სიხარული ჩვენში ისეა გამჯდარი, რომ ჩვენ ხშირად ყვავილზე თუ საერთოდ მცენარეზე მაგიერ იმისა: „იზრდება“, ვამბობთ: ხარობს..“ („ქართული გენია, როკვით განფენილი“).
მეორეც ის, რომ ქართველისათვის არსებობა ფერადოვანია, ლამაზია. ეს მკაფიოდ მოჩანს სიტყვებში: ყველაფერი (alles), არაფერი (nichts), რაფერ გააკეთე (Wie hast du es gemacht). ყველგან ფერია, სილამაზეა. ეს ფერადოვნება ანიჭებს ყოველ საგანს სახიერებას. სახიერება გამოკვეთილობას, გამორჩეულობას ნიშნავს. ღმერთსაც ასე მიმართავს ქართველი - ო, სახიერო. Unter dem Antlitz versteht der Georgier das Strahlbild des Wesens (სახეს ქართველი იგებს როგორც არსების სხივოსან სურათს).
თუ ყოფიერება ქართველისათვის მზიურია, სხივმოსილია, მაშინ რაა იმისი საფუძველი, რომ ქართველი ყოველთვის დამარცხებულია, გათელილია, დამცირებულია? ეს საფუძველი, გრიგოლ რობაქიძის სიტყვით, პრომეთეული თავნებობაა.
„ქართველის საფრთხე პრომეთეული თავნებობაა. ხაზს ვუსვამ ხელმეორედ: „საფრთხე“ და არა „თვისება“. „ქართველი ხდება „თავნება“, როცა იგი ვერ ჰპოულობს სხვაში გამოხმაურს: ასხივოსნებას. იგი ხდება ურჩი და უდრეკი“ („რა უნდა აგონდებოდეს ქართველს“).
„საქართველოს ისტორიის პირველყოფილ ცოდოს სწორედ ეს „ქედფიცხელობა“ და „გონება ურჩობა“ შეადგენს“ („თამარ“).
პრომეთე დასჯილია თავნებობისათვის. საქართველოც ისჯება თავნებობისათვის. ზევსმა დასასჯელად პრომეთეს არწივი მოუვლინა. იგი ღვიძლს უკორტნის ტიტანს. ღვიძლშიც საიდუმლო აზრია. ღვიძილი, ანუ სიფხიზლე ღვიძლისაგან წარმოსდგება. ყოველი თავნება არსი, მათ შორის, პრომეთეც, მუდამ მღვიძარე, ფხიზელი უნდა იყოს, რომ გაუმკლავდეს ტკივილს. არ დაივიწყოს თავნებობის დანაშაულებრივი თვისება. ქართველსაც სჭირდება სიფხიზლე, მუდმივი ღვიძილი, რომ თავნებობამ უფსკრულში არ გადაუძახოს. არ ემსხვერპლოს მას.
გრიგოლ რობაქიძე არ ხედავდა დაპირისპირებას ქართულ წარმართობასა და ქართულ ქრისტიანობას შორის. ჩვენში ქრისტიანობა წარმართობის უშუალო გაგრძელება-განვითარებად მიაჩნდა. ერთი მხრივ, ამას უდასტურებდა წმინდა ნინოს ჯვარი და, მეორე მხრივ, თეთრი გიორგის კულტი.
ვაზისაგან გამოჭრილ და ქალის თმით შეკრულ ჯვარს აღიქვამდა წარმართობისა და ქრისტიანობის კავშირად. თეთრი გიორგის დღესასწაული კი დიონისური ზეიმის ნაირსახეობად ესახებოდა.
თუ ყველაფერს ზემორე თქმულს თავს მოვუყრიდით, კარდუს შინასახეს დავინახავდით ისე, როგორც ეს გრიგოლ რობაქიძეს წარმოუდგენია.
ქართველისათვის არსებობა-ყოფიერება ლხენაა, ზეიმია, ხალისია. მისი დევიზია: გაახარე - გაიხარე. მისთვის მზე და ღმერთი ერთი და იგივეა. მზე კი სიცოცხლის, ბედნიერების, სიხარულის წყაროა. ყოფიერება გასხივოსნებულია და განათებული. მზეც და სიცოცხლეც მუდმივი წვაა, ოღონდ უფერფლო. ხალხის სულიერი მეთაურიც (მღვდელი) და საერო ხელმძღვანელიც (ხელმწიფე) მარად უნდა იწვოდეს, რომ თავადაც განიწმინდოს და ხალხიც გაწმინდოს. ხელმწიფობა სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს. სხვაგვარად ვერც მმართველი იქნება მართალი და ვერც ხალხი. მართალი, წმინდა, ხალისიანი ხალხი თავნებობას არ უნდა ემორჩილებოდეს, თუ არ სურს დასჯილი იყოს. ამისათვის კი აუცილებელია მარადიული სიფხიზლე, ღვიძილი. მუდმივი წვა და ქმედება. ყოველი ადამიანის ამოცანაა - Überwindung des Unmöglichens (შეუძლებელის დაძლევა).
გრიგოლ რობაქიძე, ბავშვივით, გულწრფელად იკვეხნიდა: „საუკუნეთა მანძილზე ერთადერთი ავტორი მე ვარ, რომელიც აცნაურებს ქართველთა „მსოფლხატს“ (წერილი გიორგი გამყრელიძეს). ეს კვეხნა თავმოწონებად არ მიაჩნდა. „ყალბი თავმდაბლობა სრულიად უცხოა ჩემთვის“ (წერილი ირაკლი აბაშიძეს).
მაგრამ ეს მსოფლხატი იყო მითიური საქართველოს თაურარსი და არა ისტორიულის. რაკი მიაჩნდა, რომ მითიური უფრო ნამდვილია, ვიდრე ისტორიული, მის მხატვრულ ცნობიერებაში არსებობდა გამოგონილი საქართველო, როგორც გამოგონილი კერპი კარდუ. გამომჟღავნდებოდა, გამოვლინდებოდა თუ არა მითიური საქართველო ისტორიულში? ეს არავინ უწყოდა, მაგრამ გრიგოლ რობაქიძეს ამის დიდი სურვილი და წყურვილი ჰქონდა.
![]() |
10 მარადიული დაბრუნება |
▲back to top |
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებმა“ ყოველი მოაზროვნე ქართველი მწარედ დააფიქრა. ბუნებრივია, გრიგოლ რობაქიძეც. მიხეილ ჯავახიშვილსა და გრიგოლ რობაქიძეს ახლო მეგობრობა აკავშირებდათ. ამას ნათლად მოწმობს მათი მიმოწერაც („ლიტერატურული საქართველო“, 1988წ. №34). უახლოეს ადამიანად თვლიდა. „ერთგული მეგობარი იყო ჩემი“. მიხეილ ჯავახიშვილის ნიჭიერებასაც დიდად აფასებდა. „არც ერთი მწერლის ნიჭს არ ჰქონია საქართველოში ისეთი გასავალი, როგორიც ჰქონდა ჯავახიშვილს. არც ერთი ქართველი მწერალი არ თარგმნილა იმდენ უცხო ენაზე, როგორც იგი“.
მიხეილ ჯავახიშვილი მონაწილე იყო გენერალ კოტე აფხაზის მოწყობილი შეთქმულებისაც და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სამზადისისაც. ასეთმა მებრძოლმა და შეუპოვარმა კაცმა დაწერა „ჯაყოს ხიზნები“, სადაც, თეიმურაზ ხევისთავის სახით, თავზარდამცემად ცნაურდება საქართველოს უძლურება.
სამართლიანად აღიქვეს ჯაყო ბოლშევიზმის სახედ როგორც, აქ, საქართველოში, ისე უცხოეთში, ქართველ ემიგრანტთა წრეში. ეს გულს უკლავდა გრიგოლ რობაქიძეს.
„დავუშვათ ერთი წუთით: ჯაყო ტიპიური განსხეულებაა ბოლშევიკისა. რა სურათი გადაგვეშლება წინ? გავიხსენოთ სამკუთხედი: თეიმურაზ, მარგო, ჯაყო. ეს სამკუთხედი, ასე ვთქვათ, „კონტექსტია“ სამივესათვის, გარეშე რომლისა არც ერთი მათგანი არ სუნთქავს რომანში. რას მივიღებთ? თუ ჯაყო ტიპიური განსხეულებაა ბოლშევიზმისა, მაშინ თეიმურაზ ამგვარივე განსხეულება ყოფილა ქართული მამულისა და მარგო ქართული დედულისა. სურათი შემზარავი! დანებდა ქართული დედული ბოლშევიზმს და სხეულის სიუხვით გადაეშალა მას? შეურიგდა ბედს ქართული მამული დაბეჩავებული? კითხვა თავისთავად იბადება თუ: თუ „იმ“ აზრს გავიზიარებთ“ («მიხეილ ჯავახიშვილი“).
გრიგოლ რობაქიძეს ამის დაჯერება არ უნდოდა. თუმცა ჯაყოს ცინიზმს მტკიცედ გაედგა ფესვი საქართველოში. ამის გამოძახილი „გრაალის მცველნშიც“ ისმის. ავალა, კოსტა, ლევან ორბელი გრაალზე საუბრობენ. ლევანი წამოიძახებს - სადა ხარ, თასო? იქვე ბიჭ-ბუჭები დგანან. სიცილ-ხითხით მიაძახებენ ლევანს - პიტნავას დუქანში. ის, რაც ჯერ კიდევ დავით გურამიშვილს ზარავდა - „დადედლებულნი შიშთაგან აღარ ვარგოდნენ მამლადა“ - რეალურ ხიფათად გადაქცეულიყო.
გადედლება, ვაჟურისა და ქალურის რღვევა მარტო ქართული პრობლემა აღარ იყო. სენი მთელ მსოფლიოს ედებოდა და ავადმყოფურის, პათოლოგიურის გამარჯვების ტენდეცია აშკარად ჩანდა. შეწუხებული გრიგოლ რობაქიძე, 1931 წლის 11 დეკემბერს გერმანიიდან, მიხეილ ჯავახიშვილს წერდა: „აქ დიდი კრიზისია: მდგომარეობა თანდათან უარესდება. განსაკუთრებით ლიტერატურულ ფრონტზე. ჯერ ერთი: ამერიკანიზმი სპობს ნამდვილ ლიტარატურას. პაუზა არ არის, რომ გულდასმით რაიმე იგზნო. გამეფდა მსუბუქი ლიტერატურა, დაძინების წინ წასაკითხი - ან და მოდუნებული სქესის გამაღიზიანებელი. კრიტიკა თანდათან ჰქრება, რჩება მხოლოდ რეკლამა... ნურავინ იფიქრებს, რომ ევროპის სარბიელზე გასვლა (ამჟამად) მწერლისათვის მაინცა და მაინც სახარბიელო იყოს. მშობელი მიწა და მისი თბილი წიაღი ყველაფერია. ჩვენში მიწას ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი. ჩვენში წიაღი უშრეტია“.
ნამდვილი ვაჟურის, ნამდვილი ქალურის მონატრება ყველგან მძაფრად იგრძნობოდა. ევროპაში ამ ნატვრის ნიადაგი ფრიდრიხ ნიცშეს მიერ დიდიხანია შემზადებული იყო. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაშიც ეს ნატვრა დაინახეს. ალბათ, ამან განაპირობა მისი თხზულებებით დაინტერესება და გატაცება. უკვე 1933 წელს, ჟურნალის - „ეხო დერ ცაიტ“ -, მეორე რვეულში გაკვირვებული წერდნენ - „ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი: პოეტი, რომელსაც გერმანელი მკითხველი მხოლოდ ორი თხზულებით იცნობს, მაშინვე გენიად გამოეცხადებინოთ“.
თუმცა ეს მოულოდნელად არ მიაჩნდათ, რადგან „რობაქიძე კავკასიიდან წარმომავლობს. მისი მამა-პაპანი კავკასიელი გველისმგეშავნი იყვნენ. მისი წიგნების საგნობრივი შინაარსი კავკასიური სამყაროდან, ძველი კოლხური სამყაროდან მომდინარეობს. ამ წიგნებში (ლაპარაკია „გველის პერანგზე“ და „მეგიზე“ - ა. ბ.) აწმყო და წარსული ერთნაირი პერსპექტივით არის აღწერილი. დიდი პოეტის პერსპექტივით, რომელიც პირვანდელურამდე უნდა ამაღლდეს, რათა არსებითი შეიცნოს. შეუძლებელია ამ წიგნების სულიერი ღირებულება სიტყვით შემოსო. ისინი უნდა წაიკითხო, ავტორით მოჯადოვდე, მაგიური აღმოსავლეთის ზღაპრული სამყარო რომ იხილო.
ბაბილონის დაბოლოებებში, იმ დროს, როცა ბიბლია იქმნებოდა, დაიბადა მითიური ეპოსი, რომელმაც ათასწლეულებში განსაზღვრა აღმოსავლეთის ხალხების სულიერი ჰაბიტუსი. გილგამეშის ლეგენდა. ძველი ბაბილონელების მაგიური ჯადოქრული ფორმულაა მისი წარმომშობი. რობაქიძე აგრძელებს ამ ეპოსს. თანამედროვე ტალავერში წარმოდგება ჩვენს წინ გილგამეშის აღე, აღე ძველი სამყაროს მგეშავისა. რობაქიძე ფლობს პოეზიის უღრმეს საიდუმლოს - სიტყვის მაგიას. სიტყვას, ინტონაციას მასთან აქვს დაგეშვის ძალა. იგი არის გველის მგეშავი, რომელიც მყისვე ლიტერატურულად იწერს თავის საიდუმლო ჯადოსნურ ფორმულას. მისი წიგნების შინაგანი მისანი მკითხველს ისე ხიბლავს, როგორც ძველი მაგის ჯადოქრული ფორმულა აქვავებდა გველს“.
თუ ფრიდრიხ ნიცშე ნამდვილად ქალურს, ნამდვილად ვაჟურს, მშვენიერსა და სრულყოფილს ანტიკურ ბერძნულ კულტურაში ხედავდა, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში ამას ქართული, კავკასიური, წინააზიური მითოლოგიური სამყაროც მიემატა.
ორივე რომანში - „გველის პერანგსა“ და „მეგიში“ - მათთვის კარგად ცნობილი მარადიული დაბრუნების (სხვანაირად - მარადიული განმეორების) იდეა დაინახეს. გრიგოლ რობაქიძე ყოველთვის იყო გატაცებული ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებით. ახალგაზრდობაში იგი, უცხოეთიდან დაბრუნებული, როცა საჯარო ლექციებს კითხულობდა, დიდ ყურადღებას უთმობდა ნიცშეს შემოქმედებას. მისი ლექციების გამო ცხარე კამათიც კი გამართულა. დავით კასრაძე, ისიც ახალგაზრდა, ისიც უცხოეთში განათლებამიღებული, ეპაექრება გრიგოლ რობაქიძეს. არ იზიარებს მის შეხედულებებს. გრიგოლიც პასუხს აძლევს და საკმაოდ მკვახედაც.39
შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია: ეს პაექრობა წვრილ-წვრილ საკითხებს ეხება. არსებითს ნიცშეს შემოქმედებაში გვერდს უვლის. უფრო ჩვეულებრივ ქართულ კინკლაობას წააგავს.
გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაზე ფრიდრიხ ნიცშეს გავლენა არსებით ხასიათს ატარებს. თავადაც არ მალავდა ამას. „დიონისურმა ფენომენმა დამატყვევა - და კიდევ უფრო მეტად, - მარადიული დაბრუნების იდეამ“ („ჩემი ცხოვრება“). მაგრამ კმაყოფილი არ ყოფილა იმით, როგორც ხსნიდნენ და განმარტავდნენ ამ იდეას. დიდხანს უძებნია მისი არსი. 1916 წელს ირანში ყოფნისას მიუგნია იგი და თავისებურად გაუაზრებია.
„... ირანისა და გილგამეშის გავლენა კიდევ უფრო შორს წავიდა. ჰამადანში, მიდიელთა ეკბატანაში, მთვარიან ღამეს ერთ ქვის ლომზე მეძინა. უეცრად აზრი დამეუფლა: ყველაფერი, რაც ხდება, გვეჩვენება, თითქოს უკვე ერთხელ მოხდა. ისევ მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა. ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავის თავისაკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავისთავისკენ. შემდეგში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ჰპოვა ჩემს რომან „გველის პერანგში“. ამ რომანში ვცდილობდი აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა. მერე დავწერე რომანი „მეგი“. აქ შევეცადე დრამატული ფორმა მიმეცა სიცოცხლის პირველძალებისათვის“ („ჩემი ცხოვრება“).
მარადიული დაბრუნების იდეა (die ewige Wiederkunft des Gleiches) ნიცშეს ერთი უმთავრესი იდეაა: იგი „ასე ამბობდა ზარატუსტრას“ მესამე ნაწილის იმ თავშია გამოთქმული, რომელსაც „გამოჯანსაღებული“ ეწოდება.
„ყოველი მიდის, ყოველი ბრუნდება; მარად ბრუნავს ბორბალი ყოფისა. ყოველი კვდება, ყოველი კვლავ ჰყვავის, მარად რბის წელი ყოფისა“.
„მარად უკუ მოიქცევა ის, ადამიანი, რომლით შენ მოიქანცე, პატარა ადამიანი“.
„ჰე, ადამიანი მარად უკუ მოიქცევა! პატარა ადამიანი კვლავ მარად უკუ მოიქცევა!“
„რამეთუ შენ ცხოველთ იციან, ჰე ზარატუსტრა, ვინ ხარ და უნდა იქმნა: შეხედე, შენ ხარ მოძღვარი მარად უკუქცევისა - ესეა ბედი შენი!“
„ყოველნი საგანნი მარად უკუ იქცევიან და ჩვენც მათთან“.
„მე თვით მარადი უკუბრუნვის მიზეზისა ვარ!“
„კვლავ მარად უკუ ვიქცევი ამა და ამავე ცხოვრებად, დიდით და მცირედით, რათა კვლავ ვასწავო ყველა საგანთა უკუქცევა“ (ერეკლე ტატიშვილის თარგმანი).
მართალია, ეს ნიცშეს ერთ-ერთი უმთავრესი იდეაა, მაგრამ რთული და ბუნდოვანი. ამიტომ მარადიულ დაბრუნების იდეის ნაირნაირი ინტერპრეტაცია არსებობს. ერეკლე ტატიშვილის თარგმნილ „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ ბოლოსიტყვაობაში თამაზ ბუაჩიძე ასეთ განმარტებას აძლევს მას:
„... ყველაფერი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, უკვე მოხდა! მოხდა მარადიულ, უსასრულო წარსულში. სწორედ იმიტომ, რომ იგი უსასრულოა, მოხდა ყველაფერი, რაც მოსახდენია. ეს კი ნიშნავს, რომ წარსული და მომავალი არ არიან დაპირისპირებული, როგორც ეს აქამდე ჩანდა. ყველაფერი უკვე მოხდა. ამიტომ მომავლისაკენ სვლა წარსულისაკენ სვლაა. დრო არის წრე. ყველაფერი მეორდება, ყველაფერი, რაც იყო, კვლავ ბრუნდება. წინსვლა უკანსვლაა. მომავალი ისაა, რაც იყო. წარსული ისაა, რაც იქნება. ის რაც ახლაა, მარად იყო და მარად განმეორდება“.
ვფიქრობ, გრიგოლ რობაქიძე მარადიული დაბრუნების იდეას სწორედ იმ თვალსაზრისით იყენებს, რა კუთხითაც იგი განმარტა თამაზ ბუაჩიძემ.
გრიგოლ რობაქიძის აზრით, მითიურმა არ იცის დროს დინება. არ იცნობს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მითიურში მარადიული აწმყოა. მაშასადამე, ის რაც მითიურში არსებობდა, არსებობს დღესაც.
მარადიული დაბრუნების კონცეფციით, ყველაფერი მეორდება. ყველაფერი, რაც იყო, კვლავ ბრუნდება. აქ მითიური და მარადიული დაბრუნება ერთმანეთს გადაეჯაჭვა. ერთიან აზრად ჩამოყალიბდა.
მარადიული დაბრუნების იდეა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში კონკრეტულ სახეს იღებს. არჩიბალდ მეკეში, ანუ არჩილ მაყაშვილი ის არის, რაც დიდი თავადი ირუბაქ ირუბაქიძეა. დიდი თავადი ირუბაქ ირუბაქიძე ის არის, რაც არჩიბალდ მეკეში, ანუ არჩილ მაყაშვილია. („გველის პერანგი“). მეგი ის არის, რაც მედეაა. მედეა ის, რაც მეგია („მეგი - ქართველი ქალი“). ამას თავად ამბობს ყოველგვარი შენიღბის თვინიერ. „ჩემი რომანი „მეგი“ ერთგვარი ცდაა რეალურ ქალწულში კოლხელი მითიური ქალის განცხოველებისა: მედეასი („ევგენი გეგეჭკორი“). ივლიტე ის არის, რაც დალია, დალი ის არის, რაც ივლიტეა („დალი“). კავალა ის არის, რაც ამორძალია. ამორძალი ის არის, რაც კავალაა („ფალესტრა“).
ბრუნდება არა მარტო „გეშტალტი“, არამედ ბუნება, ხასიათი, თვისება. არჩიბალდ მეკეშს, ვამეხ ლაშხს, მეგის, კავალას, ივლიტეს იგივე ბუნება, ხასიათი, თვისება აქვთ, რაც მათ მითიურ წინასახეებს.40
მარადიული დაბრუნების იდეას თუ გავიზიარებთ, მაშინ ისიც უნდა ვიწამოთ, რომ ერსაც დაუბრუნდება ის რაინდული თვისება, რაც მას ჰქონდა. 1916 წელს წერილში - „რაინდული საქართველო“ - გრიგოლ რობაქიძე წერდა:
„ქართული რასსა რაინდული სისხლით არის აცეცხლებული. ეს არ არი უბრალო სიტყვა და არც უბრალო თვისება. საქართველოს ისტორია რაინდობის პათოსით იმართებოდა ყოველთვის, რაინდობა ჩვენი ეროვნული პროფილის შნოიანი ხაზულია.
ჩვენ ვართ მზეთა შვილები და გვიყვარს მეტად მზეოსანი ლალებით მოთენთილობა. ჩვენი საშოს წყაროსთვალი მუქი ზურმუხტია და სიამით ვეფინებით მწვანილოვან მდელოს. მოტრფიალენი ვართ „უსაქმო“ სილამაზის და გამუდმებით ვიწვით მშვენიერებისათვის. ვაღმერთებთ სიცოცხლესა, როგორც ცეცხლის მოთაყვანე წარმართები და ყველაზე მეტად უდარდელობას ვაფასებთ. გვიყვარს ლაგამახსნილი ქეიფი და გვათრობს ალესილი ხმლის სისხლიანი სიმღერა.
ჩვენ სიფიცხეს გვწამებენ და უთმენელობას. დიახ: ჩვენ ფიცხელნი ვართ და უთმენელობა ჩვენი რკინეული ნების შურისძიებაა მხოლოდ“ („საქართველო“, 1916წ., №52).
იქვე ასეთ ამბავს ყვება:
„ქართველს მოუკლეს ერთად ერთი მისი ვაჟი. მამას შურისძიების გესლი ემთავრება. მაგრამ არ იცის, ვინ არის მკვლელი ან სად არის იგი. მკვლელი იმალება, ხოლო სინდისი ჰქენჯნის. ვერ გაუძლო უკანასკნელს. ადგა და მოკლულის მამას მიაშურა. ზაფხულია. უკანასკნელი ყანას მარგლის. მეტი თმენა აღარ შეუძლია. შენი შვილი მე მოვკალი და რაც გინდა ის მიყავ, - ეუბნება მოხუცს მოსული. მოხუცი პირგამეხებული შესძახებს: დაემხე მიწას. მკვლელი დაემხობა. მოხუცი ამართავს თოხს თავ-გასაპობად, მაგრამ უცბად თოხი ხელიდან გაუვარდება. დაემხობა თვითონ მიწაზე გართხმულს და ეტყვის ქვითინით: ადექი, შვილო! ამიერიდან შენა ხარ ჩემი ნამდვილი შვილი. როგორ? - ისმის გაოცებული ხმა. როცა თოხი დაგიმიზნე შენს სახეზედ ერთი ძარღვიც არ შერხეულა, - იყო ნელი პასუხი“.
რვა წლის შემდეგ, როცა გრიგოლ რობაქიძე 1924 წელს „ლამარას“ დაწერს ამ ამბავს სიტყვასიტყვით გაიმეორებს, ნიშნად რაინდულის დაბრუნებისა.
მინდიას ძმა თორღვა იჩოს შვილს მურთაზს მოკლავს. იჩო ანთებულია შურისძიების რისხვით. უნდა მოკლან თორღვა. ამას ითხოვს ადათი. მინდიას არ უნდა სისხლისღვრა და ხოცვა-ჟლეტა. ძმის მაგიერ იგი მიდის იჩოსთან და ეუბნება. - მე მოვკალიო მურთაზ. რისხვით აღგზნებული იჩო მინდიას მივარდება. ახლა გრიგოლ რობაქიძეს უსმინეთ: „ამართა ხმალი. ეს არის - უნდა მოუქნიოს. უეცრად მარჯვენა ცახცახს იწყებს. შემდეგ - მთელი ტანით მოსხლეტილი დაუვარდება თვითონ მინდიას. ქვითინებს. ბოლოს შუბლზე ჰკოცნის“. რამ შეაცვლევინა იჩოს გადაწყვეტილება? იჩოს პასუხი: „როს ხმალს ვუმიზნებდი - მის სახეზე ერთი კუნთიც არ შერხეულა“. დასკვნაც: „ამიერ შენა ხარ მურთაზ“.
მარადიული დაბრუნების იდეა გრიგოლ რობაქიძისათვის იმედის წყარო იყო. დაბრუნდებოდა რაინდული, ნამდვილი ვაჟური და ნამდვილი ქალური.
ვაჟურისა და ქალურის რღვევა როგორც ჩვენში, ისე სხვაგან, თეიმურაზ ხევისთავის ქალაჩუნობა და დედლობა, მარგოს დამცირება და გათელვა, ჯაყოს აღვირახსნილი პარპაში დროებითი მოვლენა იყო. ამ რწმენის დაკარგვა 20-იანი წლების ქართულ მწერლობას არ უნდოდა და უპირველესად კი მიხეილ ჯავახიშვილს. ტყუილად ხომ არ მიდიოდა ხევსურეთს „თეთრი საყელოს“ ელიზბარი „გასაწიკლაურებლად“, ანუ ვაჟურის, მამაკაცურის, ვაჟკაცურის დასაბრუნებლად. მიდიოდა იქ, სადაც ჯერ კიდევ „კილოში და სიტყვაში ისმის ფოლადის ჟღარუნი, სისხლის თქრიალი, ბრძოლის კიჟინი და იარაღის ჩახუნი“. სადაც, მიამიტობისა თუ გულალალობის გამო, ჯერ კიდევ სჯერათ, რომ „მკვდრეთით აღდგების თამარ ნეფეი!“
არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ ორივე მწერალი თანაბრად იყო დაინტერესებული სწორფრობის ჩვეულებით. ორივეს უნდოდა ამოეცნო, თუ რა იყო ეს უცნაური ჩვეულება, „სასტიკი, საამური მავნე სწორფრობა-წაწლობა - უზენაესი ძმური სიყვარულის მკაცრი ადათი, - დღესაც არ ვიცი, ველური თუ ზეკაცური, ღვთიური თუ სატანური“ („თეთრი საყელო“). რასაც „თეთრი საყელოს“ ელიზბარი განიცდის. ზუსტად იმასვე განიცდის გრიგოლ რობაქიძის „ენგადის“ გიორგი ვალუევი.
„მე ვეხვეოდი მას და ვკოცნიდი. იგი ტანს მეტმასნებოდა... მკერდი მკერდს ეხებოდა აგზნებული. ქალი იხევდა ტანით, თუმცა მხურვალე ტუჩებს არ მაცილებდა. სხეული მისი კლდე იყო თითქო, შეუცველი და ასევე შემცველი. კლდიდან წყარო ნაკადობდა: მისი ბაგე, რომლისგან კოცნას ვსვამდი მათრობელს. იგიც თვრებოდა ჩემი კოცნით. ხოლო ორივე თავს ვიკავებდით ამ მწველ სიტკბოში. საკრალურ გავლებული ზღვარი არ გადაგილახავს“ („ენგადი“).
ალბათ, ასე წვრთნიდნენ ქალსაც და ვაჟსაც ნაირნაირ ჭირთა თმენისათვის. მათ გაკაჟებულ ბუნება-ხასიათს ძნელად თუ გატეხდა ჭირ-ვარამი, რარიგ მძიმეც უნდა ყოფილიყო იგი.
მსჯელობა შეიძლებოდა იმედიანი განწყობილებით დამთავრებულიყო, ერთი რამ რომ არ მაფიქრებდეს. 1913 წელს გრიგოლ რობაქიძემ ლეგენდა გამოაქვეყნა, სათაურით „Maia“ („თემი“, №119). ამ ლეგენდის მოტივი მან გაიმეორა მისტერიაში „ლონდა“ (ოთარი უამბობს ხალხს) და რომანში „გველის პერანგი“ (ბაბუა სარიდანი ყვება „ქვის ვაჟის“ ამბავს).
მაია ვედურ მითოლოგიაში აღნიშნავს ღვთაებრივ არსებათა თვისებას - ფერისცვალებას, მეტამორფოზას, ილუზიას, მოჩვენებას. რატომ შემოჰყავს გრიგოლ რობაქიძეს მაიას მოტივი თავის თხზულებებში? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მას ბოლომდე ღრმად არ სჯეროდა მარადიული დაბრუნების იდეა? ხომ არ უნდოდა ილუზიით, მოჩვენებით თავის დამშვიდებაც და სხვების დაწყნარებაც? დამიჯერებთ თუ არა, მაინც უნდა ვთქვა - ჰო, ასე უნდოდა. მარადიული დაბრუნების იდეა და მაია, რწმენა და ეჭვი, ერთი და იმავე მედლის ორი სხვადასხვა მხარეა. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში ორივე არსებობს.
![]() |
11 მიეროხანი |
▲back to top |
ათი წელიწადი მოუწია გრიგოლ რობაქიძეს საქართველოში ცხოვრება ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმის დროს (1921-1931წ.წ.).
რთული და მძიმე წლებია. ყალიბდება იდეოკრატიული სახელმწიფო. ხორციელდება დევიზი: ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. შუაში ყოფნა შეუძლებელია: ან მტერი ხარ ან - მოყვარე. ვინც მოახერხებს, უცხოეთს აფარებს თავს. ვინც სამშობლოში რჩება, ან წითელი ტერორის მსხვერპლი ხდება ან კომუნისტურ ხელისუფლებას ეგება ფეხქვეშ. უქმდება პარტიები. ერთადერთი პარტია რჩება - ბოლშევიკურ-კომუნისტური. იწყება ლიანგური გაწევრიანება კომპარტიაში. თუმცა ესეც არ არის შველა. დღეს რომ მამალი ბოლშევიკკომუნისტია, ხვალ ხალხის მტრად ცხადდება და თავი წარკვეთილი აქვს. დღეს რომ ხალხის მტრად არის მიჩნეული, ხვალ კომპარტია გულში იხუტებს და თავზე ბრინჯს აყრის. კომუნისტური წისქვილის დოლაბი თანაბრად ფქვავს მტყუანსა და მართალს. ბეწვის ხიდზე უნდა იარო, საკუთარი მე რომ გადაარჩინო და არც ბოლშევიკ-კომუნისტები მოიმდურო.
მაგრამ როგორ გინდა მოახერხო ეს, როცა 77 წლის ეკატერინე გაბაშვილი თვალცრემლიანი შემოგჩივის - სახლ-კარი, მიწა-მამული, წამართვეს, ჩემი დიდი ოჯახი შვილებიან-შვილიშვილებიანად ქუჩაში გააგდეს, არსებობის სახსარი აღარ გვაქვს, დედაშვილობას გაფიცებთ - მიშველეთ. რით უნდა უშველო? თავად ღარიბ-ღატაკი ხარ. მართალია, სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე გქვია, მაგრამ ხელფასი ასორმოცდაათი მანეთი გაქვს. ამით ხმელა პურს თუ იყიდის კაცი. არადა, უყურადღებოდ ვერ დატოვებ. თავი რომ დაანებო იმას, რომ იგი შენი ხანდაზმული კოლეგაა, დედაა შენი უგულითადესი მეგობრისა. ადრე თვითონ გეხმარებოდა, ხელს გიწყობდა, ახლა უსაშველოდ უჭირს და გულგრილი როგორ დარჩები? თანამდებობითაც რომ გევალება დახმარება?
რა უნდა ჰქნა, როცა პოეტი დიმიტრი თომაშვილი (ოყრეშიძე) გემუდარება - 31 წელი სახალხო მასწავლებლობას შევალიე. ვმწერლობ, ვთარგმნი, ხელფასი 58 მანეთი და ჰონორარი ვერაფერს მშველოდა. ოჯახს მიწის დამუშავებით ვარჩენდი. სოფელში, ჭოლევში, 1200 კვ. საჟენი ეზო მაქვს. იგია ჩემი და ჩემი ხუთი შვილის არსებობის საფუძველი. ახლა ამ ეზოს კომუნისტები მართმევენ. მომეხმარეთ, არ წამართვან, თორემ ოჯახი შიმშილით ამომიწყდებაო.
პოეტ ვარლამ რუხაძეს ჩამოართვეს ყველაფერი თბილისშიაც და სოფელშიც. პროლეტარული რევოლუციის მომღერალი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დატოვეს. გაუბედურებულ კაცს სხვა არაფერი დარჩენია, თხოვნა-ვედრების გარდა: მიშველეთ, დამეხმარეთ - დამიბრუნონ, რაც წამართვესო.
კოტე მაყაშვილის ოჯახი დიდ სიდუხჭირეშია ჩავარდნილი. მდგომარეობა რომ შეუმსუბუქონ, მწერლები ხელისუფლებას ეხვეწებიან მისი ოჯახი ბინის ქირის გადახდისაგან გაანთავისუფლონ. იმასაც ემუდარებიან: კ.მაყაშვილის ასულს, რომელიც კონსერვატორიაში სწავლობს, სწავლის ქირას ნუ გადაახდევინებთო. 1929 წლის 16 დეკემბრის მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს ეს საკითხი. ორმოციოდე დღით ადრე, 6 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში დამშეულთა შველის გზებს ეძებდნენ მწერლები. როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე მთელ ერს უსაშველოდ უჭირს. მაგრამ მწერლობა სიტყვიერად თუ გამოხატავს თანაგრძობას, თორემ ნივთიერად არაფერი ძალუძს. სადა აქვს მწერლობას ის ფინანსური სიძლიერე, მთელ ხალხს რომ გაუწოდოს დახმარების ხელი.
ხვეწნა-მუდარის, თხოვნა-ვედრების ზღვა დგას. რომელ ერთს უნდა უშველო, შეეხიდო, გადაარჩინო? სხვა რა გზაა, ბოლშევიკურ-კომუნისტურ მთავრობას უნდა მიაკითხო და შემწეობა ევედრო. მაგრამ იგი მაშინვე ცბიერი ღიმილით შეგეგებება - შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო, ანუ ბოლშევიკურკომუნისტური ხელისუფლებისათვის და მისი საქმიანობისათვის ქება არ შეგისხამსო? მაშინ უნდა დაწერო „ბაქო და ჰაიასტანი“ (1931წ.). სხვა ჩარა არ არის. მართალია, უფრო ისტორიაზე, კულტურაზე, წარმართობაზე, ქრისტიანობაზე, ისლამზე, პეიზაჟზე ილაპარაკებ, ვიდრე კომუნისტურ თანამედროვეობაზე, მაგრამ ძუნწად, თავშეკავებულად მაინც იტყვი:
„რევოლუციამ ძირითადად მოსპო ძველი ურთიერთობა.
„დელეცის“ მაგიერ ბაქოში ეხლა მშრომელია. „შოვნის“ მაგიერ - შრომა. სიმდიდრის მოპოვება მუშის ხელშია. იგია მისი გამგე. აქ არის ძირეული სხვაობა. ურთიერთობა შეიცვალა.
გამართულია ქალთა კლუბი. ეს არის უჯრედი შემოქმედი, სადაც იკვეთება აზერბაიჯანელ ქალთა განთავისუფლება“ (გვ. 6-7).
არქიტექტორ თამანიანის გეგმა რომ განხორცელდება, ერევანი იქნება „ქალაქი-შედევრი: აი რას გრძნობ, როცა დასცქერი ამ გეგმას“ (გვ. 35).
„საბჭოთა ხელისუფლებას ხალხი გადაურჩენია ფიზიკურად. იგივე ხელისუფლება შეძლებას აძლევს ხალხს ფეხზე წამოდგეს და მუხლი მოიმაგროს.
ეს ფაქტი აღიარებული უნდა იქნეს პირწმინდათ“ (გვ. 31).
ნივთიერი გასაჭირი ყველას - მუშასა და გლეხს, სწავლულსა და ყურფიჩორა-მოხანდეს, ყოფილ არისტოკრატს თუ ბურჟუას - თავში უჩაჩქუნებს.
ფინანსურად წელგამართულმა რომ იცხოვრო არ კმარა არც სახელოვნო კომიტეტის თავმჯდომარეობა, ანდა მისი მოადგილეობა. არც მწერალთა ფედერაციის თავმჯდომარეობა კმარა. მართალია, მოვალეობას პირნათლად ასრულებ, პრეზიდიუმის ყველა სხდომას ესწრები, ყველა ოქმს აწერ ხელს, მაგრამ გულმოდგინეობა არაფერს ნიშნავს. ამისათვის ერთ გროშსაც არავინ მოგიმატებს. ცოტა რომ შეეშველონ, თბილისის უნივერსიტეტში მოუწადინებიათ გრიგოლ რობაქიძის მიწვევა. 1925 წლის 14 ოქტომბერს გიორგი ახვლედიანი უნივესტიტეტის პედაგოგიურ საბჭოს მიმართავს: უნივერსიტეტში ბერძნული და ლათინური ლიტერატურის ისტორიას ვასწავლით, მაგრამ დასავლეთ ევროპული ლიტერატურისას არა. აუცილებელია მისი სწავლებაც. ამ მიზნით გრიგოლ რობაქიძე მოვიწვიოთო. ალბათ, ამ მიწვევის პასუხად არის დაწერილი მისი ჩურრიცულუმ ვიტაე. ამ ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში აღნიშნული აქვს, რომ პედაგოგიურ საქმიანობას ადრეც ეწეოდა:
1915-18 წლებში ასწავლიდა თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე და ამიერკავკასიის უნივერსიტეტში.
1919-20 წლებში ბაქოს უნივერსიტეტში წაუკითხავს საგანგებო კურსი - გერმანული რომანტიზმი.
1920-21 წლებში კი თბილისის უნივერსიტეტში უსწავლებია ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია. ახალ მიწვევასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ჰპირდება - წავიკითხავო სპეციალურ კურსს „გერმანიის რომანტიზმი თანამედროვე ლიტერატურულ ძიებასთან შეფარდებით“.
პედაგოგიური საქმიანობა საპატიო საქმიანობაა, მაგრამ მწერალს იგი დიდ დროს ართმევს. ძალაუნებურად ხელს უშლის. თუმცა პროფესიული მწერლური მოღვაწეობით საქართველოში თავს ვერ ირჩენ. საქართველო არც ევროპაა და არც რუსეთი, სადაც ჰონორარით მწერალმა შეიძლება სიმდიდრეც კი მოიხვეჭოს. ჩვენში მწერალს ნივთიერად ყველა დროში უჭირდა. მით უმეტეს ახლა. წიგნის გამოცემა ჭირს. არ იშოვნება ქაღალდი, სასტამბო ხელსაწყოები. რაც იბეჭდება, არ იყიდება. ვის რა შავქვად უნდა წიგნი, როცა შიმშილი ყელში უჭერს. მწერალთა ფედერაციის წიგნის მაღაზია გაკოტრდა. ვალი დაედო. მაღაზიის გამგეს ალექსანდრე არაბიძეს საციხოდ აქვს საქმე. იგი შეშინებული და გაოცებული საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმს მიმართავს 1929 წლის 2 ოქტომბერს:
„ფედერაციის წევრებმა იციან, რომ მე არა ვარ ყაჩაღი. 31 წელიწადი მე ვაწარმოებდი კულტურულ-საგამომცემლო მუშაობას და, გარდა ამისა, შემიძლია თამამად ვთქვა, მთელი ჩემი ძალ-ღონე და ქონება შევწირე არა მარტო კულტურულ მუშაობას, არამედ საზოგადო და რევოლუციურსაც. პეტერბურგში ცხოვრების დროს, სწორედ მაშინ, როდესაც მძვინვარებდა რეაქცია, ჩემი ბინა არა თუ იყო რევოლუციონერების თავშესაფარი, იქ იყო საწყობი არალეგალური ლიტერატურისა, და იყო ბუდე იატაკქვეშ მომუშავეთათვის. ნუთუ ეხლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემ მიერ ხელმოკიდებულ საქმემ იზარალა მე უნდა შევიქნე საგანი არა თუ საზოგადო სირცხვილისა, არამედ სისხლის სამართლის მილიციაში თრევისა?..“
ვინ დაგიდევს იმას, წარსულში რა ღვაწლი მიგიძღვის. მთავარია დღეს რა დააშავე, მოქმედებს ულმობელი პრინციპი: წარსულისთვის მადლობა, დღევანდელზე პასუხი აგე. საცოდავი ალექსანდრე არაბიძე რომ გადაარჩინოს, პაოლო იაშვილი მიმართავს განცხადებით მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმს:
„მე ათი წელიწადი ვმუშაობდი მწერალთა კავშირის პრეზიდიუმში სრულებით უსასყიდლოთ. უკანასკნელ წლებში უმუშევრობის მიზეზით, იძულებული ვიყავი მიმემართა ხოლმე კავშირის მაღაზიის გამგე არაბიძესთან სესხისათვის. და სამი წლის განმავლობაში დამედო 2.750 მან. ვალი. როდესაც ამ ვალს ვიღებდი იმედი მქონდა, რომ ნაწილს ჩამითვლიდა კავშირი ჩემი მუშაობის ანგარიშში, ხოლო ნაწილს დავფარავდი იმ ჰონორარით, რომელიც მერგება სახელგამის მიერ მიღებულ ჩემი ლექსების კრებულში. ფედერაციის პრეზიდიუმმა იცის, რომ ამ ვალიდან მე დიდი ნაწილი მიმიცია ჩვენს მწერლებისათვის, რომელნიც ჩემზე უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში იყვნენ.
ჩემთვის ეხლა აშკარაა, რომ პრეზიდიუმი მე ამ ვალიდან არაფერს არ მომიხსნის, და ამიტომ ვიღებ რა მხედველობაში, რომ მაღაზიამ იზარალა, და მაღაზიის გამგეს თავზე დაატყდა ვალი, - მე ვცნობ 2.750 მანეთს ვალს და ვდებ პირობას იგი გავისტუმრო ნაწილობრივ, სახელდობრ, 150 მან. თვეში. გარდა ამისა, მე გადავცემ პრეზიდიუმს ჩემი ჰონორარის აღების უფლებას სახელგამიდან, რაც შეადგენს დაახლოებით 800 მან. თუ პრეზიდიუმი მოისურვებს შემიძლია აგრეთვე მის განკარგულებაში გადავცე სომეხ პოეტების ქართულად ნათარგმნი ანტოლოგია რომლის ჰონორარი, ჩემის ფიქრით, შეადგენს რამდენიმე ას მანეთს.
ვალის გასტუმრების საგარანტიოდ ვთხოვ პრეზიდიუმს აიღოს აღმასრულებელი ფურცელი ჩემის ბინის ავეჯზე, რომლის საფასური დაახლოებით დაჰფარავს 2.750 მანეთს“.
ყველა ასეთ დღეშია: ან ციხე ან სრული სიღატაკე.
წიგნების წერის მაგიერ, დრო ამგვარი საქმეების განხილვაში უნდა დაკარგო. განაჩენი გამოიტანო. ვიღაცას ბრალი დასდო, დანაშაული აჰკიდო. თან იცი: ადამიანები არაფერ შუაშია. ეპოქას, სისტემას, პოლიტიკურ-ეკონომიკურ წეს-წყობილებას მიუძღვის ბრალი. ძველი პირწმინდად მოიშალა. ახალი კი თავგზაარეული დაეძებს გამოსავალს. ამას ვერ იტყვი, ვერ ამხელ. იტყვი და შურისგებას სად გაექცევი. ქვესკნელში რომ ჩაძვრე, იქიდან ამოგიღებენ. ცაში რომ აფრინდე, იქიდან ჩამოგაგდებენ. ვერც თანამდებობას დატოვებ და გადადგები. კომპარტიასთან მუშაობა არ გინდა? - დაგისვამენ ვერაგულ კითხვას და შინ შევლასაც ვერ მოასწრებ, ისე გაემგზავრები კატორღაში. შეიძლება შეღავათიანი ვადით, შეიძლება სამუდამოდ. ერთადერთი შვება უცხოეთში წასვლაა ცოტა ხნით. 1927 წელს გრიგოლ რობაქიძეც მიდის სალიტერატურო საქმეების მოსაგვარებლად. „1925 წელს, უკვე მოწიფულ მწერალს, აღმეძრა სურვილი გამოვჩენილიყავი ევროპულ ლიტერატურულ ასპარეზზე, - წერდა იგი 1950 წელს რომენ როლანის ქვრივს მარი როლანს. მე ვვარაუდობდი: ჩემი, როგორც მწერლის, გამოჩენა ევროპაში სამსახურს გაუწევდა ჩემს მშობლიურ ქართულ ლიტერატურას. მისი თხუთმეტსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, ზოგიერთ ევროპულ ენაზე ნათარგმნი იყო ოდენ სხვადასხვა ავტორის რამდენიმე ლექსი, მე-12 საუკუნის პოეტის რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტი და კიდევ მე-10 საუკუნის ერთი თხზულება, რომელიც ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებას აღწერს (ეს უკანასკნელი ლათინურ ენაზე). მხოლოდ ეს. ვარაუდობდი აგრეთვე რომ ევროპისათვის არ იქნებოდა უინტერესო გასცნობოდნენ ჩემი ხალხის ლიტერატურას. ეს მით უფრო, რომ ჩემი ხალხის ენას თვლიან ერთერთ უძველეს ენად. ჟაკ დე მორგანს, მაგალითად, მიაჩნია, რომ ენები - ეტრუსკული, ხეთური, ბასკური, ქართული - პირველენებია, რომელნიც სრულად და მთლიანად გადმოგვცემენ წინარეისტორიული სამყაროს მითიურ სახეს.
მანამდე, სანამ მივმართავდი ევროპელ გამომცემლებს, გადავწყვიტე ჩემი შემოქმედების ნიმუშები მიმეწოდებინა ევროპის რომელიმე სახელოვანი მწერლისათვის გასასინჯად, რომ ამით გამეგო, რამდენად ესადაგება ისინი ევროპელი მკითხველის აღქმას. ჩემი არჩევანი რომენ როლანზე შეჩერდა“ (ფრანგულიდან თარგმნა ნათელა ბაქრაძემ).
რომენ როლანისათვის გრიგოლ რობაქიძეს ორი პიესა - „მალშტრემი“ და „ლონდა“ გაუგზავნია. ფრანგულად ისინი ელისაბედ ორბელიანს უთარგმნია. როლანისათვის კი პიესები გადაუცია გრიგოლის მეგობარს, ბიოლოგ გიორგი ელიავას, რომელიც იმჟამად პარიზში, პასტერის ინსტიტუტში ცოდნას იღრმავებდა. მალე გრიგოლ რობაქიძეს გიორგი ელიავასაგან რომენ როლანის პასუხი მიუღია. ფრანგი მწერლის ბარათებს გრიგოლ რობაქიძისადმი ჯერჯერობით არ ვიცნობთ. ისინი ბერლინში დაუტოვებია გრიგოლს, როცა 1945 წელს გერმანიიდან შვეიცარიაში გაიხიზნა. მაგრამ მადამ მარი როლანისადმი გაგზავნილ გრიგოლ რობაქიძის წერილში ჩანს, რომ „მალშტრემი“ და „ლონდა“ რომენ როლანს დიდად არ მოსწონებია. აშკარად ჩანდა, მიმოწერით საქმე კეთილად ვერ დაგვირგვინდებოდა. აუცილებელი იყო პირადი შეხვედრები. გრიგოლ რობაქიძეც გაემგზავრა საზღვარგარეთ. წასვლით კი წავიდა, მაგრამ ფინანსურად ძალიან ხელმოკლედ იყო. ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებულის გერმანე მგალობლიშვილისათვის 1927 წლის 21 აპრილს მწერალთა ფედერაციის მიერ მირთმეული თხოვნა ადასტურებს ამ მდგომარეობას. „გრიგოლ რობაქიძე გერმანიაში იმყოფება თავის ხარჯზე და საცხოვრებლად აქვს მხოლოდ ის მცირეოდენი ჰონორარი, რომელსაც აძლევს გაზეთი „ზარია ვოსტოკა“ ფელეტონებისათვის და ჟურნალი „მნათობი“ მხატვრული წერილებისათვის“. 26 მაისს მწერალთა ფედერაცია ახალ არძას აგზავნის ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატში: პიესა „ლამარა“ დასადგმელად მიღებულია რუსთაველის თეატრში. ამ ჰონორარის ხარჯზე მიეცეს გრიგოლ რობაქიძეს 300 მანეთი ვალუტით. იმასაც ემუდარებიან - ელენე ფიალკინას რომელიც გერმანიაში ქმართან მიდის, საზღვარგარეთის პასპორტის გადასახადს ნუ გამოართმევთო.
ასე მუხლმოდრეკილი იხვეწნება ქართული მწერლობა, რომ მის წარმომადგენელს შიმშილით სული არ ამოხდეს უცხოეთში.
გრიგოლ რობაქიძის მგზავრობას საზღვარგარეთ უკვალოდ არ ჩაუვლია.
„გველის პერანგის“ გერმანული თარგმანი გამოიცა. თარგმანს შტეფან ცვაიგის წინათქმა ახლდა. ავსტრიელი მწერალი წერდა:
„ჩვენი ცნობისმოყვარეობის სულიერ სფეროში სრულიად ახალი და საოცრად მიმზიდველი სამყარო წარმოსდგა, რამეთუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა, რომელიმე ერი მხოლოდ მაშინ არსებობს ნამდვილად, როდესაც თავის აღწერას და თავისი თავის შესახებ მოყოლას იწყებს...
ძველი და ახალი სამყარო, მაგიური და რეალური სფეროები, უჩვეულოდ ჩვენთვის არაბუნებრივად ირევიან ერთმანეთში. და მხოლოდ მათ ასეთ შერწყმას ძალუძს ამ ეპიკური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი, ხშირად არაბუნებრივი პოეტურობის გამართლება. მაგრამ რაოდენ მხურვალე ცეცხლი იფრქვევა ამ აღწერებიდან: ხანდახან გწადია რომელიმე გვერდი ამოჭრა და ლექსად დაწერო, თუმცა ისინი უკვე ლექსებია. ზოგიერთი თავი კი გინდა იმ მეზღაპრემ წაიკითხოს, უკვე ცივილიზებული აღმოსავლეთის ბაზარზე (თუმცა ახლა იშვიათად) მაინც კიდევ რომ გვხვდება.
მე ამ წიგნმა მსოფლმხედველობა გამიფართოვა. ბედნიერად გამინათა ჰორიზონტი ეგზოტიკისაკენ და შემაგრძნობინა კიდევ ერთი უცხო სახეობა ეპიკური პოეზიისა...
ეს არის წიგნი, რომელიც ძლევამოსილად ამტკიცებს, რომ ჩვენს მატერიალიზებულ, სულ უფრო და უფრო განსწავლულ და მეცნიერულ სამყაროში მითოსის შემოქმედებითი არსებობა ისევ და ისევ გრძელდება“ (ნათია მიქელაძის თარგმანი. „ლიტერატურული საქართველო“, 1987 წ., №49).
„გველის პერანგის“ გერმანული თარგმანის გამოსვლამ და შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობამ ერთი ვაი-უშველებელი გამოიწვია საქართველოში პროლეტარულ მწერალთა წრეში. მათ დარაზმულად შეუტიეს გრიგოლ რობაქიძეს.
„ის რომ სტ. ცვაიგი თარგმნის და აქებს რობაქიძეს... ყოველივე ამაში შერჩევის კანონი მოქმედებს. „სული სულს ცნობს“ და არაფერია საკვირველი იმაში, რომ გრიგოლ რობაქიძე ბურჟუაზიული ევროპისათვის წერს. გრიგოლ რობაქიძე ბურჟუაზიული ევროპის მწერალი უფროა, ვიდრე ჩვენი რევოლუციური ქვეყნისა, და საკვირველიც არ იქნება, რომ ევროპამ იგი „სცნოს“ (პლატონ ქიქოძე - „ლიტერატურული საქართველო“, წიგნი მეორე, 1934 წ., გვ.110-111).
„გრიგოლ რობაქიძე მთლიანი და ჩამოყალიბებული სახის ბურჟუაზიული მწერალია. „გველის პერანგის“ გამარჯვება ბურჟუაზიულ გერმანიაში შემთხვევითი მოვლენა არ არის. კლასიური კანონზომიერება მოქმედებს აქ უსათუოდ“ (შალვა რადიანი - „თანამედროვე ქართული ლიტერატურა“, 1931 წ., გვ. 56).
„მხედველობაში არ გვაქვს ცვაიგის აღტაცება ამ რომანით. უცხოელი მწერლის აღმოსავლური ეგზოტიკით „მოხიბლვა“ ვერაფერს მატებს „გველის პერანგის“ ღირებულებას და საბჭოთა საზოგადოებისათვის დამატებითი დამაჯერებელი საბუთი არ არის“ (ბენიტო ბუაჩიძე - „თანამედროვე ქართული მწერლობის გზები“, 1934 წ., გვ. 98).
რაკი ბურჟუაზიულ მწერლად ჩათვალეს, მის ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებენ. 1928 წელს ლევ ტოლსტოის იუბილეს რომ დაესწრო და შთაბეჭდილებანი გამოაქვეყნა,42 კარიკატურებით აავსეს ჟურნალ-გაზეთები: თავისთავზე და შტეფან ცვაიგზე უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე დიდ რუს მწერალზეო. არც „ფალესტრა“ მოეწონათ. ისიც პროლეტარიატისათვის მიუღებელ რომანად მიიჩნიეს. სულის შემხუთველი გარემოება შეუქმნეს. ერთადერთი რამაც დიდი სიხარული მოუტანა, „ლამარას“ გამარჯვებაა რუსთაველის თეატრში. ყველა, ვისაც ეს წარმოდგენა უნახავს, ერთხმად ადასტურებს, რომ ეს იყო ნამდვილი თეატრალური დღესასწაული. „ლამარას“ მოტანილი სიხარული სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა გრიგოლ რობაქიძეს. 1962 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მედიდურად იტყვის: „საქართველო ოდესმე იამაყებს მსოფლიოს წანაშე „ლამარათი“ (წერილი გიორგი გამყრელიძეს).
„ლამარა“ ემიგრაციაში წასასვლელადაც დაეხმარა გრიგოლ რობაქიძეს.
ეს არ იყო ჩვეულებრივი მოგზაურობა ევროპაში. იგი უცხოეთში სამუდამო დარჩენას აპირებდა. მოგვიანებით ნიკოს კაზანძაკისს გამოუტყდა: უკვე 1928 წელს „შინაგანად გადაწყვეტილი მქონდა დამეტოვებინა საბჭოთა კავშირი“. გერმანიაში წასასვლელად ნებართვა დიდი ჯახირით მიუღია. „ორ წელიწადზე მეტხანს ვცდილობდი, გამომეგლიჯა თანხმობა გასამგზავრებლად“. ამაში დიდად დახმარებია რუსთაველის თეატრის გასტროლები მოსკოვში 1930 წელს და მისი „ლამარას“ გამარჯვება. ბერძენ მწერალს უყვება: „ერთხელ თეატრს ეწვია თვითონ „ის“ - სტალინი. იგი მხოლოდ ბოლო მოქმედების დროს შემოვიდა. შეძრულმა წარმოდგენის ბოლოს გამოთქვა სურვილი, სპექტაკლი თავიდან განმეორებულიყო. დაცარიელებული თეატრის დარბაზში ხელახლა, უფრო დიდი ენთუზიაზმით, განმეორდა წარმოდგენა“. მაშინ საბჭოთა ხელისუფლებას მიზანშეწონილად მიუჩნევია რუსთაველის თეატრის ევროპა-ამერიკაში გაგზავნა (მერე ეს საქმე ჩაიშალა). გრიგოლ რობაქიძეს უცდია გამოეყენებინა ეს ვითარება. იმავე ნიკოს კაზანძაკისისადმი მიწერილი ბარათით შეგვიძლია შევიტყოთ:
„მე, რომელიც ამდენ ხანს საზღვარგარეთის პასპორტისათვის ვიბრძოდი, შევეცადე გამომეყენებინა ეს შემთხვევა. ამავე წლის (1930 - ა.ბ.) ნოემბერში მოსკოვს გავემგზავრე, სადაც ჯერ კიდევ არ მიმქრალიყო „ლამარას“ გამოძახილი. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მომიხერხდა კრემლში ენუქიძის ნახვა, რომელიც გავლენიანი პირი იყო კულტურული საქმიანობის დარგში. ის სტალინის ანტიპოდი გახლდათ. ბევრს დახმარებია გაჭირვებისას. 1937 წელს სიკვდილით დასაჯეს, როგორც „მოღალატე“. მე მას ავუხსენი, რომ როგორც „ლამარას“ ავტორს, შემეძლო უცხოეთში თეატრისათვის დახმარება გამეწია. მისი შემწეობით პასპორტი მივიღე“.
1931 წლის 6 მარტს, გრიგოლ რობაქიძეს, მის ცოლს ელენე ფიალკინას და ცოლის დისწულს ხუთი წლის ალია პოგორელოვას საზღვარი გადაულახავთ და შვიდ მარტს უკვე ბერლინში ჩასულან.
ერთხანს საქართველოში დუმილია. გრიგოლ რობაქიძის წასვლას არავინ ეხმაურება, არც ავად, არც კარგად. ბოლშევიკურ-კომუნისტურმა ხელისუფლებამ, ჯერ არ იცის - რას იზამს გრიგოლ რობაქიძე. 1931 წლის 9 მაისს საქართველოს მწერალთა ფედერაციის წმენდა ჩაატარეს. 27 კაცი გარიცხეს სხვადასხვა მიზეზით. მათ შორის კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ იმედაშვილი, პავლე ინგოროყვა, გერონტი ქიქოძე, შალვა შარაშიძე (თაგუნა). მათ ბრალად დასდეს რეაქციონერობა და საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრული დამოკიდებულება. დანარჩენი კი გაირიცხნენ ორი მიზეზით: პირველი - შემთხვევით მოხვდნენ მწერალთა ფედერაციაში და მწერლობასთან კავშირი არა აქვთო (ერეკლე ტატიშვილი, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, სიმონ ჯანაშია). მეორე - პასიური წევრები არიან, ზარმაცობენ და წლების მანძილზე არაფერს წერენო (ხარიტონ ვარდოშვილი, ნიკო კეცხოველი, მიხეილ მრევლიშვილი, ქრისტოფორე რაჭველიშვილი ლელი ჯაფარიძე და სხვანი). მაშინ გრიგოლ რობაქიძე გადარჩა. იგი არ გაურიცხავთ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კაპიტალისტურ ევროპაშია. თუმცა დაუსჯელი არ დარჩენილა. რამდენიმე თვით ადრე, 1930 წლის 15 ნოემბერს, სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის საბჭოს მეოთხე პლენუმის დადგენილებით გრიგოლ რობაქიძე მოხსნეს ფედერაციის თავმჯდომარეობიდან. (იოსებ გრიშაშვილი კი პრეზიდიუმის შემადგენლობიდან გაიყვანეს).
გადამწყვეტი ზომებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ხუმრობა ხომ არ არის „ლამარა“ სტალინს მოეწონა. ასეთ მწერალს ადვილად ვერ შებედავენ, სანამ უზენაესი ნებართვა არ იქნება. მაგრამ დუმილი დიდხანს არ გაგრძელდება. მალე ისეთი წვერთაგლეჯა ატყდება, რომ მტრისას. ხელისუფლებამ მზაკვრულ ხერხს მიმართა. არ იკმარა გრიგოლ მუშიშვილისა და კომუნისტური პარტიის სამსახურში ჩამდგარი სხვა ჟურნალისტების პამფლეტები. არ დაჯერდა იმას, რომ ბოლშევიკურ-კომუნისტურმა პრესამ გრიგოლ რობაქიძე უკვე მონათლა ფაშისტად, რასისტად, კაპიტალიზმის აპოლოგეტად.
„გველმა პერანგი გამოიცვალა. „გველმა თავისი თავი დატოვა: მოიხსნა და გადააგდო“. გველი იცვლის პერანგს, მაგრამ არა საკუთარ არსებას - გველი გველად რჩება მაინც, უფრო საშიშ, გაახალგაზრდავებულ გველად.
მიხაკისფერი ყანწით - ფაშისტური დაღით მკერდის შუაგულზე - სვამს გრიგოლ რობაქიძე გერმანული ფაშიზმის, მისი დამპალი კულტურის, რასიული იდეოლოგიის სადღეგრძელოს..“. (გ.მუშიშვილი - „გველის პერანგოსანი“, 1934 წ., გვ. 44).
კომუნისტური პარტია მარტო ლანძღვა-გინებით არ კმაყოფილდება. ადამიანთა შორის უნდა დათესოს სიძულვილი, მტრობა და შუღლი. გრიგოლ რობაქიძის გულითად მეგობრებს, ცისფერყანწელებს ვალერიან გაფრინდაშვილს, პაოლო იაშვილს, ნიკოლო მიწიშვილს, ტიციან ტაბიძეს აიძულებს ხელისუფლება გამოვიდნენ გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ. და აი, 1935 წლის „მნათობის“ მეოთხე წიგნში ქვეყნდება მათი მიმართვა სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმისადმი.
მიმართვაში ნათქვამია, რომ სსრკ-მა განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის ყველა დარგში. ეს აცოფებს კაპიტალისტური სამყაროს და კიდევ უფრო გაბოროტებით ებრძვის სოციალიზმს.
„ასეთ დროს ქართველი მწერლების რიგებს მოღალატურად სტოვებს და როზენბერგის ბანდებს ეკედლება ერთი ქართველი მწერალი, რომლის სახელი ამიერიდან ხდება სამარცხვინოდ ყოველ საბჭოთა მწერლისა და მოქალაქისათვის.
ეს მწერალი გრიგოლ რობაქიძეა.
ეს თვალთმაქცი ადამიანი, დღიდან საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებისა, ატყვილებდა რა ხელისუფლებას, მწერლობას და საბჭოთა საზოგადოებას, გულში ატარებდა მშრომელთა ქვეყნისა და საბჭოთა საქართველოს ღალატის მუხანათურ აზრებს.
და ეს ზრახვები დღეს გრიგოლ რობაქიძემ განახორციელა საბჭოთა საქართველოდან ქურდულად უცხოეთში წასვლით, ფაშიზმის ბანაკში აშკარად გადასვლით და იქ ჩვენი დიადი სოციალისტური სამშობლოს წინააღმდეგ მოღალატური, გამცემლური მუშაობით.
მისი ღალატის გამომჟღავნების შემდეგ ჩვენთვის აშკარაა, რომ ქართული საბჭოთა მწერლისათვის ამ უჩვეულო საქციელს სარჩული წარსულში ჰქონდა. და ვინც გაიხსენებს რობაქიძის მუშაობას რუსულ შოვინისტურ პრესაში, მის ბულვარულ რომანს „ფალესტრას“ და იდეალისტურ რასისტულ წიგნს „გველის პერანგს“ და მთელ მის მხატვრულ პროდუქციას, გამსჭვალულს გადაგვარებულ კლასთა იდეურ სიღატაკით და დაკნინებულს მხატვრული ფორმით, - რობაქიძეს ეს უმსგავსო და ბოროტი საქციელი გასაგები ხდება, როგორც ლოღიკური დასკვნა ამ განდიდების სენით შეპყრობილ, გადაგვარებულ პიროვნების მუშაობისა“.
ამ „მიმართვაში“ ცხადად და მკაფიოდ ჩანს ქართული მწერლობის უმძიმესი ტრაგიკული მდგომარეობა. უმწეობა, რომელიც ყოველი მწერლის საშინელ სულიერ ტანჯვას გამოხატავს. თავისუფალი ნებით ამ „მიმართვას“ არც ვალერიან გაფრინდაშვილი მოაწერდა ხელს, არც პაოლო იაშვილი, არც ნიკოლო მიწიშვილი და არც ტიციან ტაბიძე. იგი ველური ძალდატანების შედეგია.
რა მაძლევს ამის თქმის უფლებას?
ჯერ ერთი ის, რომ მათ უახლოესი და გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდა. არა ერთი და ორი საქებარი სტრიქონი მიუძღვნიათ ერთმანეთისათვის. ერთხმად აღიარებდნენ გრიგოლ რობაქიძეს მათი ორდენის შთამაგონებლად და გზის გამკაფავად.
„მომართვა ჩემი, კარდინალო ჩვენი ორდენის,
იქნება მძიმე.
შენი შუბლი, უფრო მძიმეა
ყველა ლექსებზე, რაც მე და შენ დაგვიწერია...
. . .
უწმინდეს გრიგოლს.
უნეტარესს გრიგოლს.
უსაყვარლეს გრიგოლს.
უსმენთ სინდისით, სიმკაცრით მდიდარს.“
(პაოლო იაშვილი - „გრიგოლ რობაქიძეს“).
1919 წლის „მეოცნებე ნიამორების“ თებერვლის წიგნი, რედაქტორს ვალერიან გაფრინდაშვილს უჩუქებია წარწერით - „პოეტს და ოქროპირს გრიგოლ რობაქიძეს..“.
„ნაპოლეონის მედიდური უცხო პროფილი.
შავი ცილინდრი. ყრუ ნაბიჯი. ხელთათმანები.
განდეგილის ხმა - ჩვენებათა ავი მზმანები...
. . .
თეთრ სიამაყეს აქანდაკებ შენი დიდებით
და სერაბიმი მარტოობის გდარაჯობს ხშირად,
რომ შენ, მზიური, დაიფერფლო ღამის ნახშირად.“
(ვალერიან გაფრინდაშვილი - „გრიგოლ რობაქიძე“)
ტიციან ტაბიძის სტრიქონები, წარმოთქმული გრიგოლ რობაქიძის ქებად, უკვე მოვიხმე ადრე, ახლა დავამატებ მხოლოდ: „გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და შემოქმედება არის ცხოვრება წმინდანის. ასეთ პიროვნებაზე იწერებოდა წინათ „ცხოვრება წმიდათა“ (ტიციან ტაბიძე - „ლონდა“).
არც გრიგოლ რობაქიძე აკლებს მათ ხოტბის სიტყვას. ამის დასტურია სონეტები „ვალერიან გაფრინდაშვილს“, „ტიციან ტაბიძეს“. „სონეტი ლოცვისა“ კი ასეთ ქვესათაურსაც ატარებს - „ახალ მხედართ: ვ. გაფრინდაშვილს, პ. იაშვილს, ტ. ტაბიძეს, გ. ტაბიძეს“.
ამგვარი ურთიერთობის შემდეგ, ძალდატანებისა და დაშინების თვინიერ, არავინ დაწერს ან იტყვის, რომ გრიგოლ რობაქიძე იყო განდიდების მანიით შეპყრობილი, მისი „ფალესტრა“ ბულვარული რომანია, „გველის პერანგი“ და, საერთოდ, მისი შემოქმედება, აზრობრივად და მხატვრულად, კნინია და ღატაკი.
მეორეც ის, რომ ოთხი ხელმომწერიდან ორი - ნიკოლო მიწიშვილი და ტიციან ტაბიძე - დააპატიმრეს და დახვრიტეს. ერთმა - პაოლო იაშვილმა - თავი მოიკლა. მხოლოდ ერთი - ვალერიან გაფრინდაშვილი - გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. მაგრამ მაინც საკითხავია: გარდაიცვალა კი ბუნებრივი სიკვდილით? თუ მას სხვაგვარი ხერხით შეუმოკლეს ცხოვრების დღენი? 1941 წელს, როცა 52 წლის ვალერიან გაფრინდაშვილი გარდაიცვალა, ეს სრულებით არ იყო გამორიცხული.
არც სულმოკლეობის გამო მოაწერდნენ ისინი ხელს „მიმართვას“. ყოველმა მათგანმა წინასწარ იცოდა, რაც მოელოდათ. ტიციან ტაბიძემ და ნიკოლო მიწიშვილმა იწინასწარმეტყველეს ეს კიდეც.
ლექსში - „სერგეი ესენინს“ - ტიციან ტაბიძე ამბობს:
განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი,
რომ გადარჩენა არ გხარებია?....
ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი,
სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?...
. . .
შევსვამთ საწამლავს… ჩვენ როგორც მირონს -
პირველად შენ სთქვი ეს ალავერდი.
. . .
ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში
ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს,
ყველამ იცოდეს - სხვა პოეტებში
ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!...
ნიკოლო მიწიშვილი 1922 წლის 11 დეკემბერს დღიურში წერს - „მე ოცდაექვსი წლის ვარ და ყველაფერი ისე ეწყობა, რომ ეხლა ვიწყებ თავიდან ცხოვრებას. ჩემის ანგარიშით მე კიდევ გავძლებ თხუთმეტ წელს და ღირს ამისათვის თავის ტეხა?“ („ეპოპეა“ 1929წ., გვ. 271-1). ზუსტად თხუთმეტი წლის შემდეგ, 1937 წელს, დააპატიმრებენ და მოკლავენ.
მესამეც ის, რომ გრიგოლ რობაქიძემ იცოდა „მნათობში“ დაბეჭდილი მიმართვის არსებობა. მაგრამ წყენა გულში არ ჩარჩენია. მან ჩინებულად უწყოდა როგორი ტექნოლოგიით იქმნებოდა ამგვარი „მიმართვები“, „მამხილებელი წერილები“, „დასმენები“. აღწერა კიდეც ეს ტექნოლოგია რომანში „ჩაკლული სული“. საშინელი გულის ტკივილით განიცდიდა მეგობრების საბედისწერო ხვედრს. პირად ბარათებში უცხოელ მეგობრებს ხშირად შესჩივის მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და სხვათა უბედურებას. 1937 წლის 13 ოქტომბერს, გაზეთ „ბერლინერ ბჲორსენცაიტუნგის“ დამატებაში - „ფოლკ უნდ კულტურ“- გრიგოლ რობაქიძე ნეკროლოგით გამოეხმაურა პაოლო იაშვილის თვითმკვლელობას.
„ახლა ეს კაცი - ნიჭიერი პოეტი, ღმერთების საყვარელი, მეფე და მათხოვარი, მარადი ჭაბუკი, შვილი მზისა - ცოცხალი აღარ არის. როგორც ვარშავიდან შეგვატყობინეს, მას მყისვე მოუკლავს თავი, როცა მის დასაპატიმრებლად ГПУ-ს აგენტები მისულან. შეიძლებოდა კი, რომ იგი აღმდგარიყო ბოლშევიზმის წინააღმდეგ? თვითონ არ ყოფილა ბოლშევიკი, მაგრამ საბჭოების მიერ შექმნილი სინამდვილის ჩარჩოებში პატიოსნად მუშაობდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში დაწერილ ლექსში ცდილობს კიდეც საბჭოურ მიზნებს შეეგუოს. ამ ლექსებს აკლიათ რაღაც, რაც ყველა მის ადრინდელ ლექსებშია. ძნელი მისახვედრი არ არის - რატომ. იქნებოდა იგი ახლა რაიმე შეთქმულების მონაწილე? ფიქრიც კი არ შეიძლება ამაზე, კლასობრივი ბრძოლა და მისი მსგავსი რამ ძალიან შორს იყო პ.იაშვილის ნატიფი არსებისაგან.
1924 წელს, საქართველოში დიდი აჯანყების დროს, დახვრიტეს მისი უმცროსი ძმა. დედას დაუმალეს ეს გამანადგურებელი ამბავი. იაშვილმა ითავა დაერწმუნებინა დედა: მას შვილი ცოცხალი ჰყავს. ირანშია გადახვეწილი და იქ ცხოვრობს. წლების მანძილზე, დახვრეტილი ძმის სახელით, პ.იაშვილი წერილებს უგზავნიდა დედას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ტანჯვა იმ კაცისა, რომელიც ცდილობს ძმის ხელწერას მიამსგავსოს თავისი, დედამ ტყუილში რომ არ დაიჭიროს.
თუ საწყალი მოხუცი ახლა ცოცხალია, გაიგებს, რომ მარტო ერთი შვილი არ დაუკარგავს.
ამ ადამიანის აღსასრული, რომელიც ეს-ეს იყო ორმოცს გადააბიჯა, შემაძრწუნებელია. სიტყვა ვერ მიპოვნია ტკივილის გამოსახატავად“.
ისიც გაიხსენეთ, რომ პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე გრაალის გუშაგებად გამოიყვანა გრიგოლ რობაქიძემ თავის, 1937 წელს გამოქვეყნებულ რომანში - „გრაალის მცველნი“. ყველაფერი ეს ნათლად ადასტურებს იმას, რომ, მიუხედავად სიშოროსა, მათი სულიერი ურთიერთკავშირი არ გაწყვეტილა. მათ მეგობრობას „მნათობში“ დაბეჭდილი „მიმართვა“ ვერ მოერია. რომელმა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა არ იცოდა - როგორ იყო შეთითხნილი იგი. როგორი „ოსტატობით“ დგამდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი სპექტაკლებს და ანაწილებდა როლებს, როგორც მთელ სსრკ-ში, ისე საქართველოში.
სპექტაკლი „მიმართვის“ გამოქვეყნებით არ დამთავრებულა. 1935 წლის 19 აპრილს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმის სხდომა მოეწყო. დიდხანს თათხავდნენ ამ სხდომაზე გრიგოლ რობაქიძეს. ბოლოს დადგენილება მიიღეს.
„სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმმა მოისმინა რა ფაშისტ გრიგოლ რობაქიძის გამცემლური მუშაობის შესახებ მწერალთა ერთი ჯგუფის - პ.იაშვილის, ტ.ტაბიძის, ვ.გაფრინდაშვილის, ნ.მიწიშვილის - განცხადება, რომელსაც ერთსულოვნად შეუერთდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის მთელი კოლექტივი, დაადგინა: ეთხოვოს საქართველოს სსრ ცაკის პრეზიდიუმს, რათა გრიგოლ რობაქიძე, როგორც აშკარა მტერი ჩვენი ქვეყნის მშრომელი ხალხის, გადასული კონტრრევოლუციურ ფაშისტურ ბანაკში, გამოცხადებულ იქნას სოციალისტური სამშობლოს მოღალატედ და ჩამოერთვას მას საბჭოთა მოქალაქეობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგების განხორციელებით“.
გრიგოლ რობაქიძის სახელს მრავალი წლით ვაშინერსი, ანუ ტაბუ დაედო.
![]() |
12 მზის ნარქენი |
▲back to top |
კრიტერიუმი, რომლითაც უნდა განვიხილოთ გრიგოლ რობაქიძის პოეზია, თვითონ დაგვიტოვა. 1953 წლის 3 მარტს გიორგი გამყრელიძეს ბარათით უზიარებდა აზრს:
„ჩემთვის პირადად ყველაზე უფრო დიდი ლირიკოსი არის ჰელლენთა საფო, ყოველი სიტყვა მისი გვხვდება გულში: გვხვდება ისე, რომ გიტოკავს: გიტოკავს ისე, რომ ამოვარდნას აპირებს; აპირებს ამოვარდნას, რომ სხვა გულს გადაეხსნას. აი ლირიკოსი. სხვა საზომი მაქვს პოეტისათვის: რამდენად ახალია მის მიერ ხილული სამყარო, რამდენად უნივერსალურია ეს სიახლე და რამდენადაა იგი ჩამოსხმული პლასტიურად. ვთქვი საფოზე: „ყველაზე დიდი ლირიკოსი“ - ეს არ ნიშნავს ყველაზე დიდი პოეტი“.
გრიგოლ რობაქიძე ხშირად იხსენებს ათ ლექსს. ისინი ქართული ლირიკის შედევრებად მიაჩნია. იმასაც დასძენს: ჩემი თვალსაზრისითო. ამ თვალსაზრისის გაზიარებას არავის აძალებს. ეს ათი ლექსია: ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, აკაკი წერეთლის „მუშური“, „სულიკო“, „ჭიდაობა“ (ქვესათაური: „კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა“), გალაკტიონ ტაბიძის „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, პაოლო იაშვილის „არგვეთის ღამეები“ და „წერილი დედას“, კონსტანტინე ჭიჭინაძის „ორბი“, ალექსანდრე აბაშელის „ტაძარში“ და ილო მოსაშვილის „დოღში სწორებთან“.
ეს ლექსები მის მეხსიერებაში ღრმად ჩარჩენილა. თუმცა ზოგჯერ არა თუ მთელი ლექსი, არამედ სათაურიც არ ახსოვს ზუსტად. მაგალითად, აკაკის „მუშური“ მოხსენიებული აქვს სახელით „ყანაო..“. ალექსანდრე აბაშელის „ტაძარში“ მინდია ლაშაურის წიგნში - „ქართული სული“ - წაუკითხავს. ჩანს არც მინდია ლაშაურს ახსოვდა ეს ლექსი ზუსტად. სათაურიც შეცვლილია და სტრიქონთა რაოდენობაც შემცირებული. „ნოემბრის ქარში“ არ ჰქვია ამ ლექსს. როგორც უკვე ვთქვი, მისი სახელია „ტაძარში“. უფრო მეტიც: ილო მოსაშვილის ლექსიდან მხოლოდ ერთი სტრიქონი ახსოვს - „უფსკრულებისკენ - გაფრენილი უზანგებიდან“. მაგრამ იგი იმდენად მოსწონს, რომ გვარწმუნებს: ეს სტრიქონი „მთელს შაირს უდრის“.
რაკი დღევანდელ მკითხველს ილო მოსაშვილის „დოღში სწორებთან“ უთუოდ არ ეხსომება, მოსაგონებლად მას მთლიანად მოვიტან:
ვარ კალმახივით გაჟანგული არაგვის ქვიშით,
დღეს ალაზანმა ცხელი მკერდი გადამილამა.
ბედი შემება და საქცევი ჩემი ილამა,
მაგრამ მთებისკენ მიმაქანებს ამაყი ჯიში.
შეუპოვარი მყავდა მამა, და, დედა, მწყემსი,
ეხლაც ბუხართან მეგონება ცოლი დევისა.
ბევრი მიზიდავს მეც ღრუბელი ლეკის მთებისა
და ღამე ნაბდის ნაგლეჯივით მგდებია მხრებზე.
ფშავსა და ქიზიყს ვაქორწინებ, როგორც ჯილაგებს,
როცა დოღიდან საქართველოს მოვუტან ბაღდადს,
ჩემი დროების სიხარული გულს გამილაღებს,
ამ გზას მივენდე, ვთქვი სიმღერა მზის ჰანგებიდან
და თუ მოვტყუვდი, ან გულისთქმა არ გამინაღდდა,
უფსკრულისაკენ - გაფრენილი უზანგებიდან.
უცნაურია, გაუგებარიც კი, გრიგოლ რობაქიძე რატომღაც ამ ათ ლექსში არ ასახელებს ვაჟა-ფშაველას ორ შაირს - „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“ და „დაუსრულებელი კვნესა“. ესენი ძალიან უყვარდა და მოსწონდა, განსაკუთრებით „დაუსრულებელი კვნესის“ ის ნაწილი, სადაც ალზეა ლაპარაკი: „როცა-კი შემობინდდება, კისკისი ისმის ალისა, ამ მომხიბლავის, ცბიერის, ტურფა, თმახშირი ქალისა“... სადაც კი შემთხვევა მიეცემოდა, ზეპირად ამბობდა. გერმანულენოვან საზოგადოებაშიც კი, სადაც ქართული არავის ესმოდა. „ფშაველი ჯარისკაცის წერილს“ და „დაუსრულებელ კვნესას“ მაშინაც ხშირად იშველიებდა, როცა პოეზიაზე ლაპარაკობდა საერთოდ. და მაინც, იმ ათ შედევრში არ დაასახელა. ამ მაგალითებიდან თვალნათლივ ჩანს, როგორი პოეზიისაკენ მიუწევდა გული გრიგოლ რობაქიძეს.
სიახლეს, უნივერსალურობას და პლასტიკურობას უნდა დავუმატოთ გზნება, ცეცხლი, რიტმი. ამათაც დიდ ყურადღებას აქცევდა გრიგოლ რობაქიძე. არის კიდევ ლექსის ერთი თვისება, რომელსაც ვერაფრით ვერ ავუვლით გვერდს - აღნაგობა. როცა იგი ქართულ რენესანსზე ლაპარაკობდა (გულისხმობდა არა ძველ აღორძინებას, არამედ ახალს, რომელიც საქართველოს კოლონიალიზმისაგან განთავისუფლებას უნდა მოჰყოლოდა), განსაკუთრებელი ინტერესით მოეკიდა ივანე ჯავახიშვილის ერთ მიგნებას.
„ივ. ჯავახიშვილი ერთს თავის ლექციაში საბუთიანად ამტკიცებდა, რომ ქართულს არქიტექტურაში „აღნაგობას“ (აგებულობას) ჰქონდა დაჭერილი უმთავრესი ადგილი, „სამკაულს“ კი არააუცილებელი. არქიტექტურა გადმოგვცემს მთელი ხალხის ნებისყოფას. ამ მხრით მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ძველი ქართული ხუროთმოძღვარი განსაკუთრებულს ყურადღებას „აღნაგობას“ აქცევდა და არა „სამკაულს“. თუ ჩვენს დღევანდელ კულტურულ შემოქმედებას ავიღებთ, დავინახავთ სრულიად საწინააღმდეგოს: თანამედროვე ქართველისათვის პირველ ყოვლისა „სამკაული“ არსებობს და შემდგომ „აღნაგობა“. ავიღოთ ეხლანდელი ქართული ლექსი, ეს საუკეთესო გამომხატველი ქართული კულტურისა, იქ მრავალია „სამკაული“ (რითმა, სახე, ფერი, სხივი), ხოლო სრულიად არ არის „აღნაგობა“ (ტანი ლექსის, სხეული, ფაქტურა). რომელია ჩვენი სულის საფარდო: პირველი თუ მეორე - ეს საკითხია. და სწორედ ქართველმა ხელოვანმა უნდა გამოხატოს საქართველოს ნამდვილი სტილი“ („საქართველო“, 1917 წ., №257).
ამრიგად, გრიგოლ რობაქიძისათვის პოეზიის (და არა მარტო მისი, საერთოდ მხატვრული შემოქმედების) საზომია სიახლე, უნივერსალურობა, პლასტიკურობა, გზნება, ცეცხლი, რიტმი, აღნაგობა. ამ კუთხიდან დაიწყო მან ზრუნვა ქართული პოეზიის განახლებაზე.
ქართული ლექსის განახლების აუცილებლობა საკუთარმა გამოცდილებამაც უკარნახა. როცა პირველი ლექსები გამოაქვეყნა, ისიც ტრადიციის გატკეპნილ გზას ადგა. ისიც ისე წერდა, როგორც ყველა მაშინ.
მივალთ, მივალთ უცხო ტყეში,
ეკალია ლურჯა ტევრში;
ნელა, ნელა,
ადონელა,
ფრთხილად, წვეტი არ შეგეხოს,
გაკაწრული არა გნახოს,
ადონელა,
თმა-შაველა... („ადონელას“)
. . .
შფოთავს ღამე,
შფოთავს შავი,
ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;
ვამე, ვამე,
შენი თავი
ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა... („ლანდი“)
ვერის ხიდზე, მძიმე ღამით თმაგაშლილი ქარი მღერის.
ლანდი დასტვენს ვერის ხიდზე: ლანდი თოვლის და ნამქერის,
ვერის ხიდზე ქარი ზუის მწვანე ზღაპარს ანიავებს,
ვერის ხიდზე ქარი გიჟი დავლურს უვლის: სტვენს და ჰკივის. („ვერის ხიდზე“)
. . .
ტანს მეხვევა ვაჟი ვიღაც, ლაღი, შმაგი, უხვი ვრ--ცელი
ტკბილი ვნებით იკეცება ჩვენი ქაფის სარე--ცელი
(„სირენას სიმღერა“)
. . .
ხედავ, ხედავ იმ მთის პირას
იწვის შქერი, იწვის შქერი, იწვის შქერი...
მთვარე მიხმობს მზესუმზირას
სქელფოთლოვან მუხის ძირას,
რომ ავტეხო ვნების ჩქერი, ჩემი ტანის თეთრი ჩქერი...
წამო, წამო, მზეო-ვაჟო!
იწვის შქერი, იწვის შქერი, იწვის შქერი...
არ გინდა რომ შე გიჟმაჟო
ჩემთან ერთად ირაჟრაჟო:
გადაგიშლი ვნების კოცონს - და ითვერი, და ითვერი, და ითვერი... („კოცონი“)
ამ ლექსებში ადვილად გაიგონებთ იოსებ გრიშაშვილის პოეზიის კილოინტონაციას. ამას „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემის“ ავტორი თვითონაც ადასტურებდა („სახალხო საქმე“, 1920 წ., №919).
გრიგოლ რობაქიძემ ოსკარ უაილდის „სალომე“ რომ თარგმნა („შვიდი მნათობი“, 1919 წ., №2), იოსებ გრიშაშვილს მთარგმნელის ქართული არ მოეწონა. პაწია შენიშვნა გააკეთა: „გრ. რობაქიძის თარგმანი „სალომე“ იმით არის აღსანიშნავი, რომ უთვალავი ნაცვალ-სახელებია, რაც სრულად არ ეგუება ქართულ ენას“ („ლეილა“, 1920 წ., №2). გრიგოლმა ეს შენიშვნა იუკადრისა. მათ შორის პოლემიკა გაიმართა. პაექრობაში ურთიერთთავაზიანობა დაირღვა. ხმას აუწიეს. „მე ვამტკიცებ, რომ რობაქიძემ ქართული ენა და ქართული ენის ბუნება სრულებით არ იცის“ - უფრო გაცხარდა იოსებ გრიშაშვილი („სახალხო საქმე“, 1920 წ., №919). გრიგოლ რობაქიძეს შეიძლება ყოველგვარი საყვედური აეტანა, მაგრამ „ქართული ენის ბუნება არ იცისო“, ამას ვერავის აპატიებდა. „რა გაეგება მას (ი. გრიშაშვილს - ა.ბ.) უაილდის სიტყვის ინსტრუმენტაციის, რომლითაც გამართულია „სალომე“. ან რა გაეგება მას ჩემი რიტმული ქართულის, რომლითაც გავშალე ეს ჯადოსანი ქმნილება!“ იმ გრიშაშვილს, „რომელმაც წარყვნა ქართული სიტყვა ვულგარული ყარაჩოღულით..“. („საქართველო“, 1920 წ., №98).
რა თქმა უნდა, იოსებ გრიშაშვილის უწყინარი შენიშვნა ამგვარ გაცხარებად არ ღირდა, მაგრამ ქართველის ბუნება პაწაწინა კრიტიკასაც ვერ უძლებს. მაშინვე ფეთქდება. ადრე მათ წრფელი მეგობრობა აკავშირებდათ. მათი მიმოწერიდან ისიც ჩანს, რომ ორივე ერთ ქალს ეტრფიალებოდა. იოსებ გრიშაშვილს მისთვის დამახასიათებელი აკურატულობით აქვს თავმოყრილი და ერთად შეკრული გრიგოლ რობაქიძესთან მიმოწერა. ერთ-ერთ ბარათს უკან აწერია: „სონა კვეზერელი-კოპაძე მომწონდა, რადგან სონა ჩიჯავაძეს ჰგავდა“. სოფიო კვეზერელი-კოპაძე არ ვიცი ვინ არის. სოფიო ჩიჯავაძე კი კარგად ცნობილია. იგი ერთი ულამაზესი ქართველი მანდილოსანი იყო. სპირიდონ კედიას ცოლი. ს. ჩიჯავაძემ დაგვიტოვა უმდიდრესი მოგონებანი, რომელიც სამწუხაროდ, ჯერჯერობით გამოცემული არ არის. ამ რაყიფობამაც ვერ დაარღვია მათი მეგობრობა, მაგრამ უბრალო შენიშვნამ ორივე გააბრაზა. მწარე სიტყვებით გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს.
პოლემიკამდე კი ერთმანეთისათვის ტკბილი სიტყვა არ ენანებოდათ. „გრიშაშვილი რომ ფრიად ნიჭიერია, ეს მგონი მისი მტრებისთვისაც არ უნდა იყოს უცნობი. ვინც რა უნდა თქვას, ერთი უცილობელია: გრიშაშვილს მუზა კეკლუცი ქალწულია, რომლის მზიური კისკისი ხალისიან რითმებად იფრქვევა...
გრიშაშვილის პოეზიის მოტივი ფრთოვანი ეროსია და მის ალმურში შობილი კოცნა. და ამ მოტივის აფერადებაშიაც ნამდვილი შვილია იგი აღმოსავლეთისა. მისი მრავალი ლექსი თავისი მომხიბლავი კოლორიტით „ქებათა ქების“ მშვენიერს ფურცლებს გვაგონებს“, - აქებდა მეგობარს გრიგოლ რობაქიძე („სახალხო გაზეთი“, 1913 წ., №1028).
მაშინაც გახარებული მიესალმა გრიგოლ რობაქიძე იოსებ გრიშაშვილს, როცა 1917 წელს ალმანახი „ლეილა“ გამოვიდა.
„აღმოსავლეთის სილამაზეა ამ სახელით მოკვეთილი. კარგი უქნია ჩვენს მოკისკასე გრიშაშვილს, ეს ჟურნალი, რომ ამ სახელით მოუნათლავს.
საოცარია აღმოსავლეთი: მარტოდ მარტო ინდოეთი და სპარსეთი რად ღირს! უშრეტი გონი ინდოეთის ნათელის ნირვანაში გაალებული; თვალის მჭრელი ხალიჩა სპარსეთის სიზმრების საიდუმლო ჰაშიშით ზმანებული... საქართველოც ხომ ნატეხია აღმოსავლეთის! და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი აკვანი. ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ. უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ..“.
არც იოსებ გრიშაშვილი რჩებოდა ვალში და ლექსით ეპასუხებოდა დოსტს.
„შენზე ამბობენ: კუშტიაო, ამპარტავანი
და გიწოდებენ - უკარებელს, თავკერძს და ტრაბახს;
მე კი მორცხვი ვარ! ვაქებ ტფილისს, სალაყბოს, ყაბახს
და მხიბლავს ნუში, აშპაშხანა, მკერდის მტევანი.
შენ თუ უალდთან ღრუბლებში გაქვს ვარდის სევანი
და მზის მისამართს აწერ ხოლმე სიოს მუშაბახს,
მე ვეტრფი კინტოს - ატმით სავსე დატვირთულ თაბახს;
შენ სრულობა გსურს? მე მსურს მქონდეს ნაკლულევანი
ჩვენ ვერ გაგვიგეს! ვერ დაგვღალა ამგვარ ჯირითმა.
მაგრამ ჩვენს შემდგომ, - როს ჩვენ ორი დავიხოცებით,
მოიგონებენ ჩვენ სახელსა მზივ-გაოცებით...“
„სალომეს“ თარგმნამდე ისინი სონეტის გამო კამათობდნენ. 1918 წელს გამოვიდა იოსებ გრიშაშვილის მონოგრაფია - „საიათნოვა“. ავტორი ასკვნიდა: სონეტი საქართველოში მე-19 საუკუნეშიც იწერებოდაო. ნიკო ავალიშვილმა, როცა „დონ-კიხოტი“ თარგმნა, მაშინ რომანში არსებული სონეტებიც თარგმნაო, ოღონდ არასწორად. „ზოგი დაწერილია თორმეტ სტრიქონად, ზოგი რვა კუპლეტად არის დაყოფილი და სხვა. მაშინ, როდესაც ნამდვილი სონეტი 14 სტრიქონს არ უნდა გასცდეს. რასაკვირველია, სონეტი ლექსის ფორმაა და არა „სონასათვის დაწერილი ლექსი“, როგორც ეს ეგონა ერთ გაზეთს (იხ. „ხალხი“, 1910 წ., №4). ჩვენში პირველად, 1909 წელს, სწორი სონეტი შემოიტანა პეტრარკას სონეტების ზეგავლენით პოეტმა კ.მაყაშვილმა“. შემდეგ იოსებ გრიშაშვილი ჩამოთვლის პოეტებს, რომელთაც დაწერეს სონეტები - სანდრო შანშიაშვილს, ტიციან ტაბიძეს, გალაკტიონ ტაბიძეს, ალექსანდრე აბაშელს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს. ამის მერე დასძენს: „უკანასკნელს დროს რუსის პოეტებში თავი იჩინა ეგრეთწოდებულმა სონეტის რითმის ბურთაობამ, ე.ი. მხოლოდ რითმის ცვლამ. თვით ლექსი კი 14 სტრიქონს არ გასცილებია და არც გასცდება. ეს „ცვლა“ კი იმაში გამოიხატება რომ სონეტის პირველი ნახევრის რვა სტრიქონი ოთხი სახის რითმით კი არ არის შერითმული - როგორც ეს ძველად იყო - არამედ ორი სახის რითმით. ასე, რომ დღესდღეობით (შემდეგ ვინ იცის, როგორი სონეტი შემოვა მოდაში) ნამდვილ სონეტად ითვლება ის ლექსი, რომლის პირველი 8 სტრიქონი ორი სახის რითმაა და ტერცინები კი - ისევ ძველი დარჩა - ექვსი სტრიქონი სამ-სამ პწკარად გაყოფილი“.
რასაც იოსებ გრიშაშვილი წერდა, იმას გრიგოლ რობაქიძე არ ეთანხმებოდა.
„ჩემთვის ყოველთვის ნათელი იყო, რომ გრიშაშვილმა არც ისტორია იცის სონეტისა და არც სონეტის ფორმა ემარჯვება პოეტური თქმისათვის... სონეტის ფორმის შესახებ მთელი გამოკვლევები არსებობს და, თუ უკანასკნელი გრიშაშვილისათვის რაიმე მიზეზის გამო მიუწვდომელია, ენციკლოპედიურ ლექსიკონის საშუალებით მაინც შეუძლია მას გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ ის ანბანური დებულება, რომ ძველად კლასიკური სონეტის რვა სტრიქონი იყო გარითმული ორფა რითმით და არა ოთხით, როგორც ეს ჩვენს მთხრობელს ჰგონია“ („საქართველო“, 1918 წ., №211).
საერთოდ, გრიგოლ რობაქიძე უარყოფდა ქართულ პოეზიაში სონეტის არსებობას მანამ, სანამ ცისფერყანწელები არ გამოვიდნენ სალიტერატურო ასპარეზზე.
„... ჩვენში მოდერნისტებამდე დაწერილი სონეტები არც გარე-მხრით და არც შინა-მხრით სონეტებს არ წარმოადგენენ“. არც ი.გრიშაშვილის ჩემდამი მოძღვნილი ლექსიაო სონეტი („საქართველო“, 1918 წ., №211).
ეს პრინციპული დავა იყო. გრიგოლ რობაქიძე თვლიდა, რომ ქართული პოეზია არ იყო ისე მდიდარი სალექსო ფორმებით, როგორც ევროპული. ბევრი სალექსო ფორმა აკლდა ქართულს. ეს ხარვეზი უნდა შევსებულიყო. ამას ითხოვდა განახლებაც ქართული პოეზიისა. გრიგოლ რობაქიძე წუხდა იმის გამო, რომ ჩვენში გავრცელებული იყო ლექსომანია. ყველა წერდა ლექსს, მაგრამ ნაკლებად ფიქრობდნენ იმაზე - რატომ, რისთვის, რა მიზნით, რა ფორმით.
„... ჩაღდება, არჩილ ჯორჯაძის სიტყვით, ნამდვილი სპორტი ლექსობის და იშლება საშინელი სურათი: სჩნდება მრავალი ვირტუოზი და არა ნამდვილი ხელოვანი, მრავლდება სხვა და სხვა აკრობატი და არა ნამდვილი მგოსანი.
ამას თან სდევს საშინელი სენი - „ლექსომანია“, რომლითაც თითქმის ყოველი ქართველია შეპყრობილი. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ამ უბედურებას თან სდევს სხვა უბედურებაც - „ბეჭდობამანია“, რომლითაც თითქმის ყოველი მოლექსეა დაავადებული. ჯერ სულშიაც არ ამწიფებს იგი მგოსნურ ხატს, არ განიცდის მხატვრულ „ორსულობას“, არც აცლის მას მომწიფებას და წარმოშობს რა სრულიად უტკივრად ამ დღენაკლულს, რომელიც სრულიად ჭირნახული „ნამყოფი“ არ არის, იმ წამსვე რედაქციაში მიაქვს იგი დასაბეჭდად. და ივსება გაზეთის ფურცლები დღენაკლულ ლექსებით. და ჭრელდება მწერლობა მოლექსე-აკრობატებით“ („თემი“, 1912 წ., №69).
უარყოფით მოვლენას, რომელსაც ქართულ პოეზიაში ჰქონდა ფეხი მოკიდებული, მარტო თეორიული სჯა-ბაასით ვერ მოერეოდი. აუცილებელი იყო პრაქტიკული შემოქმედებითი საქმიანობა. გრიგოლ რობაქიძე წერს კლასიკური ყაიდის სონეტებს - „ავტომედალიონი“, „ამორძალი ლონდა“, „აქლემი“, „დიდი შუადღე“, „ვასაკა“ და სხვანი. უკვე 1919 წელს წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი: „გრიგოლ რობაქიძემ შექმნა ახალი ფორმა სონეტისა, რომელშიდაც ყოველი სტრიქონი წერტილით თავდება. ყოველი სტრიქონი სრულ ქანდაკებას წარმოადგენს და არსად კავშირი „და“ სონეტში არ იხმარება. ამის გარდა, ქართული სონეტისათვის ის სავალდებულოდ ხდის თოთხმეტ მარცვლოვან ლექსს და ქალ-ვაჟური რითმების მორიგეობას“ („მეოცნებე ნიამორები“. 1919 წ., თებერვალი).
კლასიკური სონეტის დამკვიდრებას ქართულ პოეზიაში თავისთავად ჰქონდა სერიოზული მნიშვნელობა. მაგრამ მარტო ამით არ შემოფარგლულა გრიგოლ რობაქიძე. დაიწყო ქართული პოეზიის თემატიკური გამდიდრებაც, უკვე „ამორძალ ლონდაში“ იკვეთება გზნების, გახელების, დაურვების პრობლემები. ეს პრობლემები გრიგოლ რობაქიძის ფიქრის საგანია მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე. მათში იგი მზიური ენერგიის გამოვლენას ხედავს. ისინი მას დაძაბული რიტმის შექმნის საშუალებას აძლევენ.
ამორძალი ლონდა არღვევს ამორძალთა აღთქმას. მას შეუყვარდება ალექსანდრე მაკედონელი.
„მე მსურს შემირთოს ალექსანდრემ: თუ გინდ ერთი დღით:
მიხმოს თავად მან:
გესმით ქალებო: მინდა გავხდე მისგან ორსული.“
არა მარტო ლონდაა აღგზნებული და ცეცხლმოკიდებული დიდი მხედართმთავრითა და დამპყრობლით, არამედ ალექსანდრეც - ამორძალით.
„სამი დღე არის: ამორძალთან მაკედონელი -
ვაზის ფოთლებში ლხინობს მეტის ვეღარ მდომელი:
და ეტყვის ლამაზს: მრავალი ხალხი დავიმონე:
მტრები ავხოცე:
მოვშვილდე ბედი: გამოვკვეთე ძლევის კამარა, -
მაგრამ ღმერთობას მასმევს მხოლოდ შენი გიჟი ტანი ავხორცი:
რაც მე პირველმან მას მოვხსენი ოქროს ქამარი.“
ვნებაატეხილი ამორძალის დაურვება-დამორჩილება ალექსანდრესათვის უფრო მნიშვნელოვანია, არსებითია, ვიდრე თვალუწვდენელი მიწა-წყლის დაპყრობა, ვიდრე მისი სამხედრო გამარჯვებანი. ვერავითარი მტრის დამარცხება ვერ მოუტანს მაკედონელს „ღმერთობის შეგრძნებას“. მარტო ლონდას დამორჩილებას შეუძლია ეს. და ისიც მაშინ, როცა ქალის გული მამაკაცისათვის იშლება. „თუ ქალის გული არ გადაეხსნა ვაჟს, როგორც ყვავილის თასი მზის ტევრს, ისე ვაჟი ქალს ვერ მიწვდება“, - იტყვის მერე გრიგოლ რობაქიძე „გველის პერანგში“.
საერთოდ, თემატიკური გადაძახილი, თემატიკური უპუ44 ხშირად ისმის გრიგოლ რობაქიძის ლექსებში, მისტერიებში, რომანებში. ამორძალი ლონდა განახლდება მისტერიაში „ლონდა“. ვნებით თრობა და გზნება, რომელიც სონეტშია, თავისებურ გამოძახილს იპოვნის ლექსში „მზის ნარქენი“, რომელიც დრამის - „კარდუს“ - ნაწილად მიაჩნდა ავტორს.
„ყივჩაყეთს იყო.
ქალი მოვიტაცე.
ცხენზე შემოვიდე დედალი ავაზა.
ტანი დაყურსული გავშხვართე უნაგირზე.
თეთრი თეძოების ვიხილე გახელება.
ხტოდნენ ატეხილი ავხორცი მუხლები.
და თვითონ ნადირი გავხდი მე ნადირი.
კოცნა კბენა იყო.
ალერსი - დანა.
მუცელი გაზნექილი პირით გადავღადრე.
და მარჯვე ნაპრალიდან
ვესროლე მდინარეს.
ტუჩები სისხლიანი ფაფარზე ავიწმინდე.“
„მზის ნარქენში“ აღწერილი ეს სურათი თავისებურად იმეორებს იმას, რასაც ტაციტუსი გვიამბობს.
სომხეთის ტახტზე იბერიის მეფის ფარსმანის ვაჟი ზის - რადამისტი. იგი მკაცრი, სასტიკი, შეუბრალებელი ხელმწიფეა. სომხებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ. აჯანყდნენ. ამბოხებულები მეფის სასახლეს გარს შემოერტყნენ. წვავდნენ, ანადგურებდნენ, ანგრევდნენ ყველაფერს. სასახლის მცველები და მსახურ-ფარეშები გაწყვიტეს. თავის გადარჩენა მხოლოდ გაქცევით შეიძლება. რადამისტიც გარბის ცოლთან ერთად. ზენობია ფეხმძიმედ არის. უჭირს ცხენით მგზავრობა უგზოუკვლოდ, ტყე-ღრეში, ხრამებსა და ხევებში. ლტოლვილებს ფეხდაფეხ მისდევენ. თუ არ იჩქარეს, სადაც არის მდევარი წამოეწევათ. ცოლ-ქმარს სიკვდილი არ ასცდებათ. მაშინ ზენობია შეეხვეწება ქმარს: ტყვედ ჩავარდნას, დამცირებას, შეგინებულ აღსასრულს მიჯობს შენ მომკლა. თვითონ კი თავს უშველო. სასოწარკვეთილი რადამისტი ორსულ ქალს აკინაკს ჩასცემს. მომაკვდავს მდინარე არაქსში ჩააგდებს. თავად კი იბერიისაკენ მოქუსლავს. მაგრამ აღმოჩნდა: ზენობია არ ყოფილა სასიკვდილოდ დაჭრილი. მას მწემსები ამოიყვანენ. ზენობიას გარეგნობით, ჩაცმა-დახურვით მწყემსები მიხვდებიან, რომ იგი ზეპური წრის ქალია. მას ტირიდატს მიგვრიან. ტირიდატმა იცნო ზენობია. ისე მიიღო, როგორც დედოფალს შეეფერებოდა.
ტირიდატი პართიელთა მეფის ვოლოგეზის ძმა იყო. რადამისტის ჩამოგდების შემდეგ, რომის იმპერატორმა ნერონმა სწორედ ტირიდატს დართო ნება სომხეთის ტახტი დაეკავებინა.
ეს თავგადასავალი ძალიან ხიბლავდა გრიგოლ რობაქიძეს. ამას აშკარად ამბობს იგი იმ განმარტებაში, რომელიც „მალშტრემისათვის“ გააკეთა.
„ძვირად მოუხდენია ჩემზე სხვა რომელიმე ამბავს ასეთი დიდი შტაბეჭდილება. ქალში ვიხილე ნამდვილი „მიწა“ ატეხილი მკერდებით და თავისგამეტების ნებით. კაცში ვიხილე ნამდვილი ზეკაცური არსი, რომელიც ცოცხლობს ბედის სიყვარულით (Amor fati). აქ არის რენესანსის ხერხემალი და ფრიდრიხ ნიცშეს სხეული ფატუმისა. ხოლო სიუჟეტი აქ წამსვე ითხოვს გართულებას: წინ უნებურად გესახება მათი ხელმეორე შეხვედრა. ეს შეხვედრაც ტრაგიული იქნება, მაგრამ კათარზისის დანელებით“.
Amor fati-ც (ბედისწერის სიყვარული) ნიცშესაგან ნასესხები იდეაა. გრიგოლ რობაქიძე ბედსა და გაბედულებაში ერთსა და იმავე აზრს ჭვრეტდა. „ბედიც მისია, ვინც გამბედავია“ („იმამ შამილ“). რადამისტიცა და ზენობიაც გაბედულნი იყვნენ. ამდენად, საკუთარი ბედის მფლობელნიც.
გრიგოლ რობაქიძე უჭოჭმანოდ გაიმეორებს „მალშტრემში“ რადამისტისა და ზენობიას თავგადასავალს (სხვათა შორის, ევროპულ ლიტერატურაში პოპულარული პერსონაჟებია იბერიის მეფისწული და მისი ჩვილი).
განმეორებანი უყვარს გრიგოლ რობაქიძეს. მაგალითად, გრაალის ლეგენდის ვარიანტს, აღწერილს „გრაალის მცველნში“, უფრო ადრე „გველის პერანგში“ ნახავთ.
„გველის პერანგი“: მის (კარდუს - ა.ბ.) სამთავროში ესვენა ჯვარი ვაზის. მონღოლები მიადგნენ სამთავროს. კარდუ გაუმკლავდა. მონღოლების მეთაური კარდუს მხარეს გადავიდა. ამბობენ მოსწონებოდა ლალლა - წმ. ნინოსადმი შეწირული ქალწული. მონღოლები უფრო გამხეცდნენ. გახელდა მანგუ-ყაენ. დასჭრეს გადასული მეთაური. გიმმირ: კარდუს ვაჟი დაიკარგა. მოღალატემ გასცა საიდუმლო ტასის-კარის. კარდუ განრისხდა. აიხიზნა მთელი სამთავრო. მიდიან სადღაც. მოადგნენ უფსკრულს. კარდუ ჰკივის გახელებული. მის ცრემლს პატარა ბავშვი მოჰკრავს თვალს. გავარდება. მონახავს ვაზის ჯვარს. მოაქვს ლტოლვილებთან. გაოცება. ხედავენ: ჯვარს ლერწები აუყრია და ლერწებს მტევნები აუსხამთ. გადახვეწილნი ატორტმანდებიან ზექვეყნიური აღტაცებით“.
„გრაალის მცველნი“: „უფსკრულის პირას უკანასკნელი რაინდები დგანან, რაზმთან ერთად. მტრის მორჩილებას ისინი ამჯობინებენ სიკვდილს. როგორც რელიქვიას, ატარებენ წმ. ნინოს ჯვარს, ვაზისაგან გამოჭრილს და ქალის თმებით შეკრულს. ვაჟებს გადაწყვეტილი აქვთ წკვარამში გადაცვივდნენ. ამ უკანასკნელ წუთს ანაზდად ჯვარს შეეხება მტირალი პატარა გოგო. ხედავენ: ვაზის გამხმარი ლერწები აყვავდნენ. ოქროსფერი მტევნები მოისხეს. სასოწარკვეთილთ შეიპყრობს ზეაადამიანური ძალა, აღტაცება. ისინი უძლეველნი ხდებიან“.
ეს გადაძახილი ლექსებიდან მისტერიებში, მისტერიებიდან რომანებში და პირუკუ გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას წარმოადგენს როგორც ერთმთლიანს. მისი ცალკეული თხზულება აუცილებლად უნდა განვიხილოთ ამ ერთმთლიანობის კუთხით, თორემ შეიძლება შეცდომა მოგვივიდეს.
გრიგოლ რობაქიძის ერთმთლიანი შემოქმედების ცენტრში მდგარ კარდუს ორი ჰიპოსტასი აქვს - ქალური და ვაჟური. კარდუს ქალურ ჰიპოსტასს განასახიერებს წმინდა ნინო, ვაჟურს - ლაშარი, ანუ თეთრი გიორგი, ანუ წმინდა გიორგი. გრიგოლ რობაქიძისათვის ლაშარი-თეთრი გიორგი-წმინდა გიორგი არის წარმართულ-ქრისტიანული საქართველოს ერთიანობის ვაჟური სიმბოლო.
„შორიდან გიყურებს (წმ.ნინოს - ა.ბ.) აწ შენთვის ურვილი
მზე ვაჟი ლაშარი მაღალი საქმარო.
ის არის საქართველოს მცველი და მზვერავი
და ჯვარსა ვაზისას წაართმევს ვერავინ“ („წმინდა ნინო“)
გრიგოლ რობაქიძეს თანაბრად ხიბლავდა წარმართობის ხორციელება და ქრისტიანობის სულიერება. მისთვის სასურველი ხორციელების და სულიერების ის ერთიანობა იყო, რომელიც რენესანსის ეპოქამ გამოავლინა. მისი აზრით, ქართული კულტურის მომავალი აღორძინება სწორედ ამ ერთიანობას უნდა დაყრდნობოდა.
როცა გრიგოლ რობაქიძე წმ. ნინოს სადიდებელ ჰიმნს წერს, ხატავს ქართველთა გამანათლებელი ქალის არა მარტო სულიერ მშვენიერებას, არამედ ხორციელსაც.
„შენი ტანი ლხინის დამტევნელი
არც ერთი ქალწულის არ არის ნაცვალი.
ძუძუებავსილი ნეტა ვის ევნები.
გაივლი ზვარში და ჩაყურსულ მტევნების
მზის თესლით ივსება ყოველი მარცვალი.
ქალი უძლეველი. სასძლო სასურველი.“
გრიგოლ რობაქიძე ისევეა მოხიბლული ჟანა დ'არკის სახით, როგორც წმ. ნინოს აღეთი. 1943 წელს გერმანულად დაწერილ ლექსიდან „ჟანა დ'არკ“ - მკაფიოდ ჩანს, რომ გმირი ფრანგი ქალის პიროვნებაშიც გრიგოლ რობაქიძე ხედავდა სულიერი და ხორციელი მშვენიერების ერთიანობას.43
როგორც წმ. ნინოს გავლით ივსება მტევნები მზით, ასევე ჟანა დ'არკის სიახლოვე მზით ავსებს ოქროს ვაშლს წყნარ ტოტზე.
როგორც წმ. ნინოს ეალერსება ვაზნარის ფურცლები, წყარო და ირემი, ასევე ეკვრის ქურციკი სიყვარულით ჟანა დ'არკის თეძოებს. ქალი ეფერება ცხოველს. მისი დაა.
როგორც წმ. ნინოს მოესმის ზევიდან ღვთისმშობლის ხმა, ასევე ესმის ჟანას ზარების ხმა ზეციდან.
როცა ჟანა დ'არკისადმი მიძღვნილი ლექსი გიორგი გამყრელიძეს გაუგზავნა მიაწერა კიდეც ქვეშ: „ჟანნა ჩვენი ნინოს უმცროსი დაა. ჩემს სიტყვაში „ჯვარმა ვაზისა“ გამოისხა ეს მტევნები“. მართლაც, ლექსი ოთხ მტევნად არის დაყოფილი ისევე, როგორც ოთხ მონაკვეთად ლექსი „წმინდა ნინოს“.
წმ. ნინო და ჟანა დ'არკი მას არა მარტო სულიერ და ხორციელ მშვენიერებად ესახება, არამედ ნების სიმტკიცედ და სიძლიერედაც. ეს თვისებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა კლასიკურ ღირებულებათა რღვევის ეპოქაში. ამ პროცესს გრიგოლ რობაქიძე ცხადად ხედავდა, მაგრამ მის დინებას არ ემორჩილებოდა, არ მიჰყვებოდა.
ნაირნაირად შეიძლება დაინახო სამყარო.
ასეც: ჩამორჩობილი ვიოლინო ორღობის სარზე
(ეპილეპსია, გადარევა და ბედისწერა).
მავნე თვალების აქ ცივდება სასტიკი მზერა.
ბოლო ეღება ყოველ ნდომას აქ მარტო მწარზე.
(„ორღობის ეშაფოტი“)
ასეც: თავისიანებს თავიძულვით ჩამოწყვეტილი.
მუხისა წყლიან ფუღუროში გადაბუდრული.
ქოსა. თვალკუსა. ლორწიანი. ცხვირდასუდრული
სოფლის ავიზნით ცხარე ტვინში ხშირად წყვეტილი.
(„ვასაკა“)
ასეც: აყუდებული. აყროყვილი. ორკუზიანი.
ცხუნე სივრცეთა კოშმარების უგვანო ბუში.
. . .
მორცხვი. კეკელა. მოალერსე. მუსუსი. მრუში.
გახუნებული, მაგრამ მაინც მარად მზიანი. („აქლემი“)
შეიძლება იმიტომ, რომ უთვალავფერიანია სამყარო. ეს ნაირფეროვნება, ამ კუთხით შემოტანილი ქართულ პოეზიაში, ახალია. გრიგოლ რობაქიძემდე იგი არ არსებობდა. ახალი სურათი იშლება თვალწინ. უცნაურ, უცნობ, თითქოს საშიშ სამყაროში შეყავხარ პოეტს. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ამ სამყაროს ხილვით გრიგოლ რობაქიძე ტკბება. იგი ღვთის ხელს ეძებს იქ.
„ხის სენაკითგან მალვით ზემო ამოცოცდები
და შეუდგები ღვთის დიდებას კვახე ყაყანით.“ („ვასაკა“)
„თავიდათავი აქ ბოლოა“. მიაწერს „ვასაკას“, როცა ამ ლექსს გიორგი გამყრელიძეს გაუგზავნის. ეს ლექსის არსის ახსნაა. ღვთის დიდებაა სამყაროთი გაკვირვებაც და მისი ორივე სკნელის - ზესკნელისა და ქვესკნელის - წვდომის სურვილიც. სამყარო არც ზესკნელია მარტო და არც ქვესკნელი. იგი ორივეა ერთად, განუყოფელი და ერთიანი. ღვთის დიდებაა ისიც, როცა აქლემს მიმართავს - „და უშნო ცოხნით ოდეს ერთვი მელანქოლიას დორბლიან ტუჩზე გიობდება სამყაროს დარდი“ (ამ სტრიქონებსაც გრიგოლ რობაქიძის ხელით მიწერილი აქვს - „თავადათავი აქ ბოლოა“). სამყაროს დარდიც ღვთაებრივი მოვლენაა. მასშიც ისევე უნდა ჩაიხედოს ხელოვანმა, როგორც სამყაროს სიხარულში. გრიგოლ რობაქიძეს ერთიც სურდა და მეორეც. დიონისეთი დაინტერესებაც ამითაა გამოწვეული.
ეს მარად კვდომადი და აღდგომადი ღმერთი სიხარულის მომტანიც იყო და სევდისაც. როცა ჰადესში მოგზაურობდა, ქვეყანას ზამთრის სიცივე, მოწყენილობა და სუსხი ეუფლებოდა. როცა ბრუნდებოდა გაზაფხულის სიხარული, სითბო და სინათლე მოჰქონდა.
გრიგოლ რობაქიძე ქართულ ყოფაში დიონისურ ლხენას ხედავდა.
„ღმერთმა მიაყარა მადლი საქართველოს.
მკერდი არ უშრება მიწას უთვალოსა.
უხვი მზე გამოდის ხალისით სართველოს:
ბუღრაობს მწვანეზე და მართავს კალოსა.
მუხას გადაგრაგნილს და მაგარ წვივიანს
სურო ეგრიხება ლურჯი არტახებით.
გადათქვირებული რკოები ცვივიან
და ეშვებს ლესავენ ველური ტახები.
. . .
რკო მრუში. მტევანი. ტარო დაყურსული.
ალო ატეხილი და თესლი ხურვილი.
ვერვინ დაიურვოს ხარი გალურსული
მთელ წყაროს ამოცლის რომ არი წყურვილი.
. . .
ჩვენც დასიცხულები მათთან დავნელდებით:
სასვენად გველიან ძელური კედლები.
ვაჟები. ქალები. შვილები. მამები.
დედავ: ჩაგეხვევით უბეში კვართული.
და ძილში მალულად ფიქრი გვეამება:
რომ არ გაგვიმეტებს ჩვენ მიწა ქართული.“ („მიწის სჯული“)
ქართული მიწა კარდუს მიწაა. კარდუს კი გულზე მზის ნიშანი აქვს („გველის პერანგი“).
მიწა ქალური საწყისია, მზე - ვაჟური. ისინი ანაყოფიერებენ ერთმანეთს. ნაყოფში, ჭირნახულში მზის თვალი ტრიალებს.
„შავი საწნახელი ვეშაპათ როფილი.
მტევნების ტევრები მთელი და სრესილი.
სურვილის ტბორით დამთვრალი პროფილი.
წვივები მწურავის წითურ შეგლესილი.
. . .
ფერები გარბიან სარზე სარიდან.
ვაჟები მღერიან ოდელა დილანოს.
გვიახლოვდები რომელი მხარიდან:
ევოჲ დიანოს: ევოჲ დიანოს.“ („რთველი“)
შეძახილი ევოჲ, ევოჲ ისმის ლექსშიც „ჰიმნი ორფეოსს“. იგი გერმანულად არის დაწერილი 1949 წელს და ეძღვნება ავტორის მეგობრებს - ჰანს ჰასო ფონ ველტჰაიმს, ლეოპოლდ ციგლერს, ბრუნო გოეტცს. მართალია, ჰიმნი ორფეოსს ეკუთვნის, მაგრამ ამ შეძახილით დიონისეც გვახსენდება. ბერძნული „ევოჲ“ -ს გვერდით, ქართულ მისამღერსაც - „ჰარალე, ჰარი ჰარალეს“ და „ოდელია დელას“ - იყენებს გრიგოლ რობაქიძე. ცხადია, მისებურად ოდნავ შეცვლილს - „Arraluu iiaraal“, „Odillar idallaa“. ამით ერთმანეთს უკავშირებს ორ ძველ სამყაროს - ბერძნულს და ქართულს.
ორფეოსი მღერის. ყველაფერს ეფინება მისი სიმღერა. ყველა თვრება ამ სიმღერით. იგი სავსეა მზით. ყველაფერი მოძრაობს და ორფეოსთან ერთად გალობს. ლექსში ჩნდება გველი და არწივი (მარადიული დაბრუნების სიმბოლოები). არწივს მზისკენ მიაქვს ორფეოსის სიმღერა. უხსენებელი მისჩერებია მზეს. ტყე შრიალებს. წყარონი ჩუხჩუხებენ. სიმღერა ჩქეფს, ვით ცხელი სისხლი. სითბოთი ავსებს აჩრდილებს. ორფეოსი მღერის. ზეიმობს დაბადებას.
მაგრამ, ვაი! იგი კვდება. სიმღერა წყდება. ყველაფერი ქვავდება. სევდა ისადგურებს. ამ დუმილში არწივი იჭერს ორფეოსის სუნთქვას. ჩვენსკენ მოფრინავს უკან. გვატყობინებს მზის შემონათვალს: ორფეოსი მოდის. მოდის კიდევ ერთხელ.
დაბადება და სიკვდილი უწყვეტად ენაცვლებიან ერთმანეთს არსებობის მარადიულ წრებრუნვაში.
„უფალო, ოი, მშვიდო, ლაღო, მაღალო, წყნარო,
ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო,
იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. -
ვეწაფვი ფიცხი შენი სუნთქვის მათრობელ ალსა,
ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი,
გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალსა.“ („სონეტი ლოცვას“)
გრიგოლ რობაქიძის პოეზიაში არის სიცოცხლის სიხარულიც და სიკვდილის სევდაც. არის ტკივილიც, მოგვრილი ჭაობით, ხავსით, ბნელით, სპლინით, ჩამოხრჩობილი ვიოლინოს და ცხენის გამხმარი თავით, ლორწოთი, სიდამპლით, შმორით, ობობათი, უდაბნოს ხვატით, კოშმარებით. არის ლხენა-ზეიმიც, გამოწვეული სიყვარულით, ტრფობით, ჭირნახულით, რთველით, შრომით, ვაჟურობით, ქალურობით, მზით, სითბოთი, ლოცვით, ფიქრით, აზრით, სიმღერით, ცეკვით, ვაზით, ღვინით. სხვაგვარად მას არ შეეძლო, რადგან ორივე მხარის ერთიანობაში წარმოდგენა არის მისი შემოქმედების მიზანი. სჯეროდა, რომ „ხალიბის სხეულს ნალად აჩნევია, ყოველი კუნთი რომ არის მზენაკრავი“ („ირრუბაქიძე“).
![]() |
13 გარდატეხა |
▲back to top |
1914 წელს „სახალხო გაზეთის“ დამატებაში იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“ დაიბეჭდა. გრიგოლ რობაქიძეს მაშინვე გასჩენია სურვილი დაეწერა კრიტიკული წერილი „სინათლეზე“. უკითხავს კიდეც სამსონ ფირცხალავასათვის - დამიბეჭდავენ თუ არაო ასეთ სტატიას. სამსონი დაბეჭდვას შეჰპირებია. მაგრამ იმჟამად გრიგოლ რობაქიძე სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდა და წერილი ვეღარ დაუწერია. თუმცა განზრახვა არ დავიწყებია. მერე, როცა ქუთაისში ლექცია წაიკითხა - „გამარჯვება თუ დამარცხება“ -, „სინათლეზე“ კრიტიკულად ილაპარაკა. კრიტიკამ ავტორი იოსებ გედევანიშვილიც გააღიზიანა და სხვებიც. აღშფოთებული ია ეკალაძე მაშინვე გამოეხმაურა.
„დარბაზი ხალხით იყო სავსე და უმრავლესობა უკმაყოფილო დარჩა ბ-ნ რობაქიძის ლექციით...
მოკლე წერილში ძნელია ბ-ნ რობაქიძის ლექციის გარჩევა, მით უფრო რომ ძნელია უცბათ გათვალისწინება - მოგონება ყველა იმისი, რაც იმან ილაპარაკა ჭრელ და უცნაურ სიტყვებით. ამიტომ ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ამ ლექციას, ვინაიდან იგი დიდად საყურადღებოა არა როგორც ლექცია მარტო, არამედ, როგორც „განცდა“ იმ ახალ მოდის ქართველ ფილოსოფოსებისა, რომელთაც საქართველო ჭაობი ჰგონიათ, რომელი ჭაობიც სურთ ამოაშრონ მხოლოდ თავისის ფილოსოფიით. ამათ ჰგონიათ, რომ მხოლოდ მათ შეიგნეს, შეისმინეს, შეითვისეს და განიცადეს ხელოვნება და ესთეტიკა, დანარჩენი ქართველები კი ველურები არიან!...
ვურჩევთ ახალგაზრდა ლეკტორს მეტი პატივისცემით მოეპყრას ქართველ საზოგადოებასა და ქართველ მწერლებს და სიტყვების რახარუხის და პირად აღშფოთების გამოთქმის ნაცვლად მეცნიერულ კრიტიკით აღიჭურვოს ხოლმე. ამის ძალღონე შესწევს, თუმცა სცენაზე თავი ისე უჭირავს, როგორც არ შეეფერება კულტუროსან ახალგაზრდას“.
იოსებ გედევანიშვილსაც დაუცავს თავი. ამ საზოგადოებრივი გაღიზიანების პასუხად გრიგოლ რობაქიძემ „საპასუხო ბარათში“ თქვა: „ჩემის ფიქრით „სინათლე“, როგორც ხელოვნური ქმნილება, გარჩევადაც არა ღირს და, თუ მაინცა და მაინც მის წინააღმდეგ ავმხედრდი, ეს მხოლოდ მისთვის, რომ „სინათლით“ გატაცებაში ჩვენი ესთეტიური უკულტურობა დავინახე. ამ უკულტურობის გამომჟღავნება კი, ჩემის ფიქრით, საჭირო იყო და მეც ამ მიზნით, გავარჩიე „სინათლე“.
დრამატურგიულ-თეატრალური საქმიანობა სწორედ ქართული ესთეტიკური უკულტურობის დაძლევის სურვილმა შთააგონა. გრიგოლ რობაქიძეს მყარად ჰქონდა ჩამოყალიბებული როგორი თეატრის შექმნა ეწადა. 1922 წლის 25 სექტემბერს კონსერვატორიის დარბაზში მან ლექცია წაიკითხა - „თეატრი როგორც რიტმი“. მართალია, ამ ლექციის ტექსტს უშუალოდ არ ვიცნობთ, მაგრამ გაზეთმა „ბახტრიონმა“ (№14) ვრცლად გადმოგვცა მისი შინაარსი და დებულებანი.
„ბახტრიონის“ მიხედვით, გრიგოლ რობაქიძე მრავალი კუთხით შეხებია თეატრს. ჯერ პასუხი გაუცია კითხვისათვის - „არის თეატრი სრულიად დამოუკიდებელი ხელოვნება, თუ იგი წარმოებითი ხელოვნებაა მხოლოდ?“ თეატრი მას ყოველთვის დამოუკიდებელ ხელოვნებად მიაჩნდა. მას მაგიურ შემოქმედებას უწოდებდა. ხსენებულ ლექციაშიც ეს შეხედულება დაიცვა. უარყო ის აზრი, რომელიც თეატრს წარმოებით, ანუ შემოქმედების სხვადასხვა დარგის შემართებულ ხელოვნებად მიიჩნევდა. თეატრისათვის „სხვა ხელოვნებათა ყოველი ელემენტი მასალაა მხოლოდ ისევე, როგორც მხატვრობაში საღებავი არის მასალა“.
თეატრის თავისთავადობაზე სიკვდილის წინაც იტყვის: „რომელ დრამას შეუძლია წარმოქმნას აკაკი ვასაძის გასაოცარი მიმიკა? თეატრი თავისთავადაა ხელოვნება“ („წერილი ირაკლი აბაშიძეს“).
არც დრამის გავრცელებულ განმარტებას ეთანხმება გრიგოლ რობაქიძე. „ნიცშეს ფილოლოგიურმა გამოკვლევებმა უკანასკნელად ცხად ყვეს, რომ დრამა, ბერძნული სიტყვა (დორიული) ნიშნავს არა მოქმედებას, არამედ „ამბავს“. სიტყვის ასეთი განმარტებით ძირეულად იცვლება თეატრის შინაარსიც“. ყველა კრებითი ამბავი მას არ მიაჩნია თეატრალურ ხელოვნებად. თეატრალურ ხელოვნებად კრებითი ამბავი მაშინ ხდება, როცა იგი განცდილია ესთეტიკურად. ესთეტიკურ განცდად კი მიაჩნია ის განცდა, როცა სულითაც და ხორცითაც პოულობ შვებას, იწვი, განიცდი სიყვარულს საგნისადმი. თუ არ არის ეროსი, წვა, მაშინ არ არის შემოქმედება. არ არის მშვენიერების განცდა, ანუ არ ხდება თავისთავის დაცლა და არ იქმნება საკუთარი თავი სხვაში. ამიტომ იბადება თეატრი დიონისურ მისტერიებში. დიონისეს კულტი ნიშნავს გამოსვლას თავისთავიდან და სხვადქცევას. ბაკხანტები, სიბილები, მენადები და სხვანი იგივე დიონისეა, ოღონდ სხვა სახით მოვლინებული. დიონისემ გადალახა პიროვნული ზღუდე და სხვად იქცა. სხვაში ნახა თავისთავი. ეს სხვადქცევის პროცესი მისტერიულ დღესასწაულში მიმდინარეობს სხვებთან ერთად და სხვების თანდასწრებით. ასე ხდება თეატრალურ სანახაობაში, სცენაზე მსახიობი განახორციელებს სხვადქცევის პროცესს. სხვაში პოულობს თავისთავს.
როცა მსახიობზე ლაპარაკობდა, ჰინდურ მოძღვრებას „უპადჰისაც“ იშველიებდა. ამ მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანში იმთავითვე მოცემულია მეორე ადამიანის სახე. შეიძლება ეს მეორე ადამიანი საუკუნეების წინათაც კი ცხოვრობდა. იგი ნიღაბი კი არ არის, არამედ ნამდვილი აღეა. ამიტომ ყოველ ადამიანს შეუძლია სხვად იქცეს. ამ შეხედულებას ეხმაურება დიონისეს კულტიც. ხდება გამოსვლა პიროვნული ფარგლებიდან და გადასვლა სხვაში - უპიროვნოში ან ზეპიროვნულში. გრიგოლ რობაქიძის აზრით, მსახიობისათვის ეს არის მთავარი: თავისთავიდან გამოსვლა და ექსტატიური ხილვით, თრობით სხვა სახედ ქცევა. აქტიორს უნდა ჰქონდეს პლასტიკური სული. შეეძლოს სხვისი სახის მიღება. მასში თავისი მეს გაშლა. მაგრამ გრიგოლ რობაქიძეს საკმარისად არ მიაჩნია მარტო რომელიმე სახის (ჰამლეტი, ოტელო, ოფელია და სხვანი) მოცემა. მისთვის მთავარია დიონისური გატაცება, თრობა. ამით აუდიტორიუმის მოჯადოება. მაგიური შთაგონების პათოსის შექმნა.
ამ ქმედებაში მსახიობს უნდა დახმარებოდა სიტყვაც, მუსიკაც, მხატვრობაც. ამიტომ, მისი აზრით, აუცილებლად სცენური ნაწარმოები მუსიკალური პრინციპით უნდა აგებულიყო. სიმფონიას უნდა დამსგავსებოდა. ამას ყოველთვის ხაზს უსვამდა. ამაყობდა რომენ როლანის შენიშვნით. „ეს პრინციპი (სიმფონიურობა - ა.ბ.) იგზნო ისეთმა დიდმა მწერალმა და თეატრის და მუსიკის მცოდნემ და მკვლევარმა, როგორიც არის რომენ როლლან. იგი სწერს ერთ კერძო წერილში, რომ ჩემი დრამების „მუსიკალურმა არქიტექტონიკამ იგი გააოცა (поразил). „მუსიკალური“ - ამ შემთხვევაში „სიმფონიურია“. „ლონდას“ ხელოვნების შესახებ იგი პირდაპირ ამბობს „I'envoûtement magique“ (მაგიური ჯადოსნობა, магическое коледовство)“ - წერდა გრიგოლ რობაქიძე 1930 წლის 11 აგვისტოს შალვა სოსლანს .
სცენური ნაწარმოების, ანუ, როგორც თავად იტყოდა, ნაქმნის სიმფონიურობა ხელს უწყობდა როგორც ეროვნული, ისე ეპოქის რიტმის გამოვლენას. სიმფონიურობის გვერდით, მეორე აუცილებელი ელემენტი თეატრალური წარმოდგენისა რიტმი იყო. მისი მტკიცებით, ყოველ ერს თავის რიტმი ჰქონდა, ყოველი ეპოქასაც - თავისი. ჩეხოვის პიესები ვერასოდეს ვერ დაიდგმებოდა ქართულ სცენაზე კარგად. სრულიად სხვადასხვაა რუსული რიტმი და ქართული რიტმი. ქართული რიტმით ჩეხოვის პიესების თამაში არ შეიძლება. მთლიანად დაიშლება ჩეხოვის სამყარო. ქართველი კი რუსული რიტმით ვერ ითამაშებს ჩეხოვს. უბრალოდ არ შეუძლია და იმიტომ. რიტმი რასის თვისებაა. ვერც რასას შეიცვლის ვინმე და ვერც თვისებას. რუსებიც იმიტომ ვერ დგამენ შექსპირს, რომ სხვადასხვაა რიტმი შექსპირისა, ანუ ინგლისური და რიტმი რუსული.
ასეთია ეპოქაც. მასაც საკუთარი რიტმი აქვს. ბუნებრივია, ტექნიკური ცივილიზაციის რიტმი ისეთი ვერ იქნება, როგორიც იყო ანტიკური ან რენესანსის ეპოქის რიტმი. მწერალს აუცილებლად უნდა შეეძლოს ეპოქის რიტმის დაჭერა. თუ თეატრალური ნაქმნი ეპოქის რიტმიდან ამოვარდება, მას მაყურებელი არ მიიღებს. ვერ გაითავისებს. ამაში ხედავდა სპექტაკლების უმრავლესობის მარცხის მიზეზს.
ყველა ამ კომპონენტის თავმომყრელი და შემაკავშირებელი რეჟისორია. მისი ნების წყალობით უნდა გაერთიანდეს ყველა. ერთ სხეულად იქცეს. ამ ნების გამოსავლენად და განსახორცილებლად გრიგოლ რობაქიძე აუცილებლად მიიჩნევდა რეჟისორის მიერ ოკულტიზმის ცოდნას. ოკულტიზმი, მისი რწმენით, ანვითარებდა ადამიანში ნებას და მის საწყისს. ასეთი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებად მიიჩნევდა იგი კოტე მარჯანიშვილსაც და სანდრო ახმეტელსაც.
საერთოდ, ქართული კულტურის და კერძოდ თეატრის განახლების პრობლემა დიდი საზრუნავი იყო 20-იანი წლების დასაწყისში. ამ მიზნით ზოგიერთს მიზანშეწონილად მიაჩნდა საქართველოში დაებრუნებინათ რუსეთში მოღვაწე ქართველები. ზოგიერთი პირიქით: კატეგორიული წანააღნდეგი იყვნენ ამისა. 1922 წელს „ლომისის“ მეექვსე ნომერში გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას სტატია - „ჩვენი კულტურ-პოლიტიკა“. ავტორი უარყოფითად უყურებდა რუსეთში მოღვაწე ქართველების სამშობლოში დაბრუნებას. მათ გარუსებულად თვლიდა. ქართულ კულტურას ვერაფერს შესძენენ. ზიანი კი შეიძლება მოუტანონო. კ.გამსახურდიამ ცისფერყანწელებსაც გაჰკრა კბილი: მეტისმეტად ელაქუცებიანო რუსებს. არც გრიგოლ რობაქიძე დაინდო. დაუწუნა - ზოგჯერ რუსულად რომ წერდა და ლექციებს კითხულობდა.
გრიგოლ რობაქიძემ მაშინვე, 1922 წლის 9 ოქტომბერს, გაუგზავნა ბარათი კოტე მაყაშვილს, როგორც მწერალთა კავშირის თავკაცს. ამ წერილს მთლიანად გაგაცნობთ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იგი საზოგადოებისათვის უცნობია და მეორეც, იმიტომ, რომ თავად ავტორი მას „ისტორიულ დოკუმენტს“ უწოდებს.
„ძვირფასო კოტე!
„ლომისის“ მეექვსე ნომერში ჩემი სახელი ცუდათ არის ნახსენები. წერილის ავტორს მე არ ვუპასუხებ. მას არც ისეთი რამ დაუწერია ან უთქვამს საერთოდ, რაც „მეტად“ მისაღებია ქართული შემოქმედების დარგში; და არც ისეთი რამ უთქვამს ან დაუწერია, რაიც იწვევდეს სასტიკ გალაშქრებას. არსად ლიტერატურაში მე მისი სახელი არ მიხსენებია: არც ავად, არც კარგად. თვითონ კი 1917 წლიდან მოკიდებული სიტყვას ისე ვერ იტყვის, რომ ჩემი სახელი არ ახსენოს და თანვე ცუდათ. თქვენი თანდასწრებით და აბაშელის მას მოვახსენე მისი ხასიათის ორგანიული დეფექტი. სანამ ამ დეფექტს არ დასძლევს, მანამდე მისი აპპერცეპციის პრიზმა მრუდე იქნება. თვითონ მისტიკოსს უწოდებს თავისთავს, და თუ მისტიურად ჩახედავს თავის ბუნებას, ამას უთუოდ შეიცნობს. მე ძვირად შემხვედრია ქართველი, რომელსაც მის ხსენებაზე ოდნავ დამცინავი იერით არ გაეღიმოს. მე ვაფასებ არა-“ჩემიანსაც“ და თავდაჭერილად ვუცქერ ხოლმე მის ხსენებას. თვითონ კი პირადი რაღაც გრძნობა ლიტერატურაშიაც გადააქვს. როგორც ყოველთვის აქაც მისი პრიზმა გაბზარულია.
1. საკითხი სუმბათაშვილისა-მარჯანიშვილისა-მესხიშვილისა რთულია ძალზე. ამის შესახებ მე სხვა აზრისა ვარ ვიდრე ხსენებული ავტორი. საქართველოში სუმბათაშვილი პიროვნულად კოტე მესხიც ვერ იქნებოდა, მაგრამ საქართველო არც ისე უხვია ბიოლოგიურად, რომ სუმბათაშვილის სხვისთვის გამეტება შეეძლოს. ეს არის ერთი ტრაგიული კვანძთაგანი საქართველოს კულტურის. ვისაც ჰსურს ამის შესახებ რაიმეს თქმა, საკითხის ასეთს დაყენებას ვერ აუხვევს გვერდს. მაგრამ დავანებოთ ამას თავი. რა შუაშია რობაქიძე სუმბათაშვილთან? სუმბათაშვილი რუსეთის რეჟისორია და არტისტი და მწერალი. რობაქიძე კი ქართველი პოეტია და მოაზრე. გამოდის ხანდახან პარალელურად რუსულს ენაზე: წერით თუ თქმით. ესეც იმდენათ, რამდენადაც საჭიროა ეს მისი ქართული ხაზისათვის. შესაძლოა საქართველომ არ მიიღოს რობაქიძე, მაგრამ საქართველოს ისტორია უთუოდ აღნიშნავს, რომ იგი უღელტეხილი იყო (ლექსში, პროზაში, პრობლემების წამოყენებაში). ეს ფაქტია. ვსწერ ჩემს თავზე როგორც მესამე პირი. მე მეტყვიან: ქართული ხაზისათვის არ არის საჭირო პარალელურად გამოსვლა (ხანდახანაც). მივუგებ: ვარშავაში განზე გადგომა შესაძლოა, საქართველოში - არა: მით უმეტეს ტფილისში, საცა უცხო ელემენტები მრავალია. საჭიროა ამ უცხო ელემენტებს თავი დაანახვო, რომ არა ხარ „პროვინციალი“. ამას მნიშვნელობა აქვს. მე თუ ხანდახან „რუსულად“ გამოვდივარ, მხოლოდ ამ აზრით. მე შემიძლია ათჯერ „რუსულად“ გამოვიდე, მაგრამ თანვე ასჯერ „ქართულად“ გამოვალ. ბოლოს და ბოლოს ეს შეძლების საქმეა და მისი დახარჯვა ჩემს ნებაშია. ანტიპატრიოტიზმზე ლაპარაკი ჩემს შესახებ ისეთი გაუგებრობაა, რომ არ ვიცი რა სახელით მოვნათლო ჩემდამი ასეთი მოქცევა.
2. „სემინარიული რუსული“. ავტორს ყველაზე ნაკლებ შეუძლია რუსულზე ლაპარაკი. მე წიგნი მაქვს რუსული. გამოჩენილი რუსი მწერლები აღნიშნავენ ოდნავი გაკვირვებით, რომ არა-რუსი სწერს ასეთი სტილით. რაც შეეხება ჩემს რუსულად ლაპარაკს ესტრადაზე, ჰკითხეთ მერეჟკოვსკის, გიპპიუსს, ბერდიაევს, მინსკის და მრავალს სხვას და მოგიგებენ „სემინარიულია“ იგი თუ არა. მე მაქვს აქცენტი როგორც არა-რუსს. ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ როცა მე შთაგონებით ვმეტყველებ, მითხარით რუსი, რომელიც „ამჩნევდეს“ ამ აქცენტს. და თავი და თავი: ჩემს გვერდით გამოვიდეს კარგი რუსი მეტყველი და მაშინ დაინახავთ ჩემს ძალას. მე მრავალ ქართველს ვუსურვებ ქართულად ისე ლაპარაკს, როგორც მე რუსულად ვმეტყველებ. ეს წვრილმანია. მაგრამ საოცარი ის არის, რომ ია ეკალაძის (ბანალობის ცოცხალი ძეგლის) ფეხის ხმაურს აჰყვა ავტორი.
3. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მე სახელოვნო კომიტეტის სახელით დებატები თეატრზე არ გამიმართავს. მისი სახელით მხოლოდ მჭედლიშვილის მოხსენება გავმართე: ისიც ქართველ ხელოვანთა სასახლეში და მთელი თქმები (გარდა მომხსენებლისა) ორივე საღამოზე ქართულად მიმდინარობდენ. რად დასჭირდა ავტორს ასეთი ტყუილი?!
ვათავებ. მე მოგმართავთ თქვენ როგორც გავლენიან მწერალს და როგორც კავშირის თავმჯდომარეს. „ლომისი“ კავშირის ორგანოა და ყოველს სიტყვაზე პასუხს აგებს მთელი კავშირი. თქვენი მხრით საჭიროა, რომ რჩევა და დარიგება მისცეთ ავტორს. მერწმუნეთ: ბოლოს და ბოლოს ასეთი გამოსვლები მისთვის უარესია. ეს თქვენც იცით“.
დიდი შეხლა-შემოხლა ყოფილა. მაგრამ მას ვერ შეუშლია ხელი ვერც კოტე მარჯანიშვილის საქართველოში დაბრუნებისათვის და ვერც ქართული თეატრის განახლებისათვის. განახლებაში გრიგოლ რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა, ერთი მხრივ, როგორც დრამატურგი და, მეორე მხრივ, როგორც თეატრის თეორეტიკოსი.
როცა 1922 წელს „ცხვრის წყარო“ დაიდგა, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ გარდატეხა მოხდა. განახლება დაიწყო. ეს გრიგოლ რობაქიძემ მაშინვე აღნიშნა: „ძველი თეატრი მოკვდა. დაიბადა ახალი. ქართული ხელოვნების არც ერთ დარგში ასეთი გარდატეხა არ მომხდარა... ავტორი ამ საოცარი მოვლენის იყო რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი“ („ქართული დრამა“).
„ცხვრის წყარომ“ პასუხი გასცა იმათაც, ვინც ეწინააღმდეგებოდა კოტე მარჯანიშვილს, როგორც გარუსებული ქართველის, სამშობლოში დაბრუნებას. გრიგოლ რობაქიძე ამ საკითხსაც შეეხო.
„საქართველოში ძნელია მეტად ნოვატორობა... შესაძლო აქ ჩვენი სიპატარავე და სიცოტავე იყოს მიზეზი. პატარა ერში ძნელია დათრობა შთაგონებით. აქ კიდურის გადალახვა მაინცა და მაინც მიმზიდველი არ არის, რადგან კიდური ახლოა. აქ ყველა ერთიმეორესთან „ახლოა“. აქ არის სიფხიზლე ჭინკის. აქ მეორდება კორსიკანელ გლეხის ამბავი, რომელიც ბონაპარტის იმპერატორობას სიცილით ხვდებოდა. მოკვდა ისე, რომ არ დაუჯერებია... არა გვგონია, რომ ალ.სუმბათაშვილი საქართველოში ის იქნებოდა, რაიც იგი რუსეთის ფონზეა. ფაქტი არ არის იდეა: აქედან ის დასკვნა არ გამოდის, თითქო ყოველი პიროვნება ძლიერი უნდა გაიქცეს საქართველოდან. საჭიროა ქართველის ნებისყოფა, რომ საქართველოშივე გახდე ძლიერი და დიდი. საჭიროა ძლევა „ჭინკის სიფხიზლისა“. საჭიროა გადალახვა პროვინციელი „ობივატელის“ („ქართული დრამა“47).
ამ კუთხითაც კოტე მარჯანიშვილის პიროვნება მას მეტად საყურადღებო მოვლენად მიაჩნდა. გრიგოლ რობაქიძე ცდილობდა ჩაწვდომოდა კოტე მარჯანიშვილის პიროვნებას. მისი სულიერი პორტრეტი დაეხატა.
„კოტე მარჯანიშვილი დაუბრუნდა საქართველოს. დაუბრუნდა უკვე ავტორიტეტობით მოსილი. მას აღარ სჭირდება პროვინციული მეშჩანიზმის გადალახვა. ეს მოვლენა მას უადვილებს ნოვატორობას. რასაკვირველია, აღსანიშნავია მისი პერსონალობაც. კოტე მარჯანიშვილი ინტუიტივისტია: რეფლექსია არ არღვევს მის ფანტაზიას. მისი ტემპერამენტი საქართველოშიაც საკვირველია. თუმცა ძალზე იმპულსივია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს მხოლოდ არტისტული ნერვია და არტისტულ კაპრიზს არ სცილდება. საკვირველია ისიც, რომ ცეცხლმა იცის გამწეობა და გამძლეობა. მუშაობა მას დღეღამეში ოცი საათი შეუძლია. გასაოცარია იგი რეპეტიციების დროს. ვისაც სურს ახსნას მისი რეჟისურული ჯადოქრობა, მან იგი ამ მუშაობის დროს უნდა იხილოს. ალმოკიდებულია თავიდან ბოლომდე. იწვის, მაგრამ, როგორც სალამანდრა, არ იფერფლება. თანვე მრისხანეა და სასტიკი, როგორც ყოველი შემოქმედი“ („ქართული დრამა“).
გრიგოლ რობაქიძის სამივე პიესა - „ლონდა“, „მალშტრემი“, „ლამარა“ - კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის თეატრში. „ლამარა“48 სანდრო ახმეტელთან ერთად. ისიც უნდა ითქვას, რომ კოტე მარჯანიშვილსა და სანდრო ახმეტელს შორის კონფლიქტის პირველი მარცვალი „ლამარას“ გამო ჩავარდნილა. სპექტაკლის დადგმის დროს კოტე ავად გამხდარა ბრმა ნაწლავის ანთებით. ოპერაციას გართულება მოჰყოლია. დიდხანს წოლილა საავადმყოფოში. წარმოდგენის დადგმა სანდრო ახმეტელს დაუმთავრებია. მართალია, კოტე მარჯანიშვილის შემუშავებული გეგმის მიხედვით, მაგრამ როცა კოტეს სპექტაკლი უნახავს, რაღაცით უკმაყოფილო დარჩენილა. რით? არ ვიცით. „ლამარას“ მოკლე ბიოგრაფიაში გრიგოლ რობაქიძე რეჟისორის უკმაყოფილების მიზეზზე არაფერს ამბობს. გრიგოლ რობაქიძე, თვითონაც, გულდაწყვეტილი ჩანს რაღაცით. ეს მარტო ის არ არის, რომ რეჟისურამ (კ. მარჯანიშვილმა და ს.ახმეტელმა ერთად) მისტერიას მეოთხე აქტი მოაცილეს. წარმოდგენა უამაქტოდ თამაშდებოდა. უკმაყოფილების მიზეზი იყო რაღაც კიდევ სხვა. ამას იმიტომ ვვარაუდობ, რომ „გრაალის მცველნში“ კოტე მარჯანიშვილი, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე გამოყვანილი არიან გრაალის მცველებად, სანდრო ახმეტელი კი - არა. თუმცა სანდრო ახმეტელს გრიგოლ რობაქიძე ყოველთვის აქებს და „ნიჭით უხვად დაჯილდოებულს“ უწოდებს.
ვფიქრობ, რომ შეცდომა მოგვდის, როცა გრიგოლ რობაქიძის დრამატურგიულ ნაწერებს პიესას, დრამას ან სხვა ამგვარ სახელს ვუწოდებთ. ისინი მისტერებია. ტექსტებია მისტერიისათვის. მით უფრო, რომ მისტერიებად იხსენიებენ მათ თვითონაც და ცისფერყანწელებიც.
ტიციან ტაბიძე გვიყვება, როგორ მოხდა „ლონდას“ პირველი საჯარო გამოჩენა.
„მე მაშინ კახეთში ვიყავი, როცა წავიკითხე ქრონიკაში, რომ გიორგი მაჩაბლის სალონში ტფილისის საუკეთესო არტისტების და მწერლების წრეში წაკითხულ იქნა ეს პიესა.
მთელი ტფილისი მაშინ ლაპარაკობდა ლონდაზე. 1921 წელს, დეკემბრის 10-ს, გრიგოლ რობაქიძემ ეს პიესა წაიკითხა „ცისფერყანწელებთან“ „ბარრიკადის“ რედაქციის ბინაზე, სასტუმრო „კავკაზში“.
მე, როგორც დღეს, მახსოვს ეს შთაბეჭდილება, რომელიც მოახდინა ამ კითხვამ. პირველი დადგმა ამ მისტერიის მაშინ მოხდა „თეატრში - საკუთარი თავისთვის“. პირველი დედანიც ამ პიესის, რომელიც დაწერილია ფანქრით აქამდე ჩემთან ინახება და მე ვაფასებ ამ ხელთნაწერს და სერგეი სუდეიკინის ავტოპორტრეტს, რომელიც მე მან მაჩუქა, როგორც არც ერთ საგანს, რომელიც მე ოდესმე მქონია.
ამ პიესაზე მე ვიცი - რომ გრიგოლ რობაქიძისათვის ის სანაცვლოა თავის ბავშვის ალკასი“.49
გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედებისა და კერძოდ მისტერიების ერთ-ერთი ძირითადი თემაა და პრობლემა გახელება, წვა, ვნებით ალმოდებული ადამიანი. მას ყოველთვის იტაცებდა უნაპირო, უსაზღვრო, უსამანო გახელების ცეცხლი. აქედან მომდინარეობს მისი სიყვარული ამორძალებისადმი, რადამისტისა და ზენობიას თავგადასავლისადმი, მედეასადმი, დიონისესადმი და ასე შემდგომ.
გრიგოლ რობაქიძეს პაწია ესეი აქვს - „გახელება“. იგი გვიყვება ამორძალების ამბავს.
„თერმოდონტიდან ამორძალები ხომალდებით გაემართენ აქილლესის ტაძრის დასამხობად. მიადგენ კუნძულს. ჩაუშვეს ღუზა. უბრძანეს ჰელესპონტელ უცხოელებს მოეჭრათ ხეები, რომელთა რკალში ტაძარი იდგა. მაგრამ წალდები ხეებს სცდებოდნენ და მჭრელებს თავში ხვდებოდათ. დაეცნენ მიწაზე მოკლულები. მაშინ მოახტნენ ცხენებს ამორძალები. თვითონ დაესხნენ ტაძარს. აქილლესი ჯერ პირგამეხებით უცქერდა მათ მოვარდნას. შემდეგ გადმოხტა საშინელი და მრისხანემ ცხენებს სიგიჟე მიუსია. დასწყვიტეს ცხენებმა ლაგმები და გავარდენ გახელებით. გადმოაგდეს ამორძალები. გასრისეს ტორებით ავი ქალები. ყურებაცქვეტილი და ფაფარაყრილნი დაესიენ ქალებს: ამოსჭამეს მუცლები და მკერდები. დათვრენ სისხლით და იწყეს კუნძულზე გიჟური ნავარდი. შემდეგ უეცრად შეჩერდენ. გადახედეს გაშლილ ზღვას. გაიფიქრეს - ფართო ველიაო და მოწყვეტილნი შიგ გადაეშვნენ. ზღვა აილეწა და დაილეწა ხომალდები. მათთან ერთად ცხენებიც შთაინთქენ“.
ეს თქმულება ხიბლავდა გრიგოლ რობაქიძეს. სწორედ იმ გახელებას ხედავდა მასში, რაც მწერალს ესოდენ აჯადოებდა.
„აქ ყოველი ხაზი ცეცხლია თვითონ. ჯერ თვითონ ამორძალი: მასში არის სიავე. შემდეგ თავდასხმა აქილლესის ტაძარზე. აქილლესი ხომ ყოველი კუნთის გახელებაა. დაუმატეთ: ცხენებით გავარდნა. ცხენები სიგიჟეა თავისთავად. მათი გადარევა, მუცლების გამოფატვრა, ზღვაში გადავარდნა. ყოველი ხვეული ცეცხლმოკიდებული. თანვე: საშინელი დინამიურობა. ეს თქმულება გენიალ პოემას უდრის. რა ავი მასალაა (და რა მიმზიდველი) სიტყვის გაკენტავრებისათვის?“
ამგვარი გახელებაა მისტერიაში „ლონდა“.
გვალვა, ხვატი, ალმური წვავს კოლხეთის მიწა-წყალს. გაბერწდა მიწა. აღარ იძლევა ნაყოფს. დაღუპვა ემუქრება ქვეყანას, ხალხს, ცხოველს და მცენარეს.
„ამ სიცხეში ყველაფერი ირევა ბრუდახვეული. ქალები ატყდებიან ჟინით დაუცხრომელით და ვაჟები აედევნებიან მათ ნდომით ნადირისა. იქნება წარყვნა აურაცხელი“.
მთავარი თავზარდაცემულია. არ იცის - როგორ უშველოს ქვეყანას. ქურუმი რამდენიმე დღეა ჩაკეტილია. ლოცულობს. უფალს ევედრება. ელის ღმერთის პასუხს. სასოწარკვეთილი ხალხი უკანასკნელ იმედს ებღაუჭება. რას იტყვის ქურუმი. რა ამცნო მას ღმერთმა. როგორც იქნა, გამოვიდა ქურუმი სალოცავიდან. შემაზარავი ცნობა გამოიტანა: ადამიანს ითხოვს მსხვერპლად ღმერთი სადდასაი. ხალხი ბობოქრობს. ღელავს. მძვინვარებს. „- ადამიანის შეწირვა გადავარდა!... ადამიანი თვითონ არის ღმერთი!“ - ყვირის ოთარ მოშაირე. არავინ უგდებს ყურს. ყველა ცნობისმოყვარეობას შეუპყრია. ვინ არის იგი, ვინც მსხვერპლად უნდა გაიღონ. ვინ უნდა შეწირონ სადდასაის. მსხვერპლად ქალია დასახელებული. ულამაზესი და უმშვენიერესი. ლონდაა ეს ქალი. მისი ხილვით ვაჟები ხელდებიან. დედებს და ცოლებს სძულთ და ეშინიათ მისი. ცოტა რამ იციან მისი წარმოშობის შესახებ. მოშაირე ოთარი ყვება:
„ზაფხულის ვნებაგამდნარ საღამოს
ზღვის პირას უნახავთ იგი ქვიშაზე მწოლარე.
ჯერ კიდევ ყმაწვილი სრულად ლონთქოში.
ზღვამ თუ გამოისროლა ნაპირზე
უცხო სირენასავით.
ტანი ქვასავით მაგარი ჰქონია და კვრივი
და სურნელება ველური ყლორტების.
ერთს დიდს ოჯახში აუყვანიათ
და იქ გაუზრდიათ.“
ეს ქალი უნდა შესწირონ მსხვერპლად. თამაზ ბატონიშვილს უყვარს იგი. იმუქრება: არავის დაანებებს ლონდას მსხვერპლად მიტანას. მაგრამ ქალი თავად მზად არის იყოს შეწირული ქვეყნისა და ხალხის გადასარჩენად.
„იყოს ბედი სასტიკი და ლამაზი!
მე არ ვიცი ვინ არის სადდასაჲ.
არც ის ვიცი თუ რა არის მისი განგება.
ვიცი მხოლოდ ყვავილები და სიყვარული.
მახარებენ მზის თესლები
ლონთქოშა ყლორტებში
და მახალისებს ატეხილი აშავერი
მიწის ავხორცი ტანის
მიყვარს ყოველი: ვეტრფი სიცოცხლეს.
მაგრამ მზადა ვარ მაინც.
ავასრულო სიტყვა დიდი ქურუმის“, - მიმართავს ხალხს ლონდა. ამაოა თამაზის მუდარა. ლონდა არ შეცვლის გადაწყვეტილებას. იგი შეეწირება მსხვერპლად. „სიკვდილში გადასულს სიყვარულს ღმერთებიც ვერ შეცვლიან“, - არწმუნებს თამაზს ლონდა. მაშინ თამაზი გადაწყვეტს თავად აღასრულოს მსხერპლთშეწირვის აქტი. თავად მიჰყავს ლონდა უფსკრულთან, ზღვაში რომ გადაისროლოს. ხელში აჰყავს ქალი, ჰკოცნის და ერთად გადაეშვებიან წკვარამში.
„- რა იქნებოდა სოფელი
სიყვარული რომ არ ყოფილიყო?!
- უდაბნო და ნაცარი.
- სიყვარული ცდა არის საცნაური:
ვისთვის ამმაღლებელი და
ვისთვის გამანადგურებელი.“
„ლონდაშიც“ მარადიული დაბრუნების იდეაა. ღმერთი სადდასაი ითხოვს მსხვერპლად ლონდას. ვინ არის სადდასაი? თავად გრიგოლ რობაქიძე განმარტავს: დიონისეს კულტის თანახმად, „ადამიანი წარმოსდგება ორი ელემენტისაგან - დიონისურისა და ტიტანურისაგან. დიონისური ელემენტი ისწრაფვის შეუერთდეს ახალს დიონისოს სადდასაიაში (დიადს ყოვლადობაში); ტიტანური ელემენტი იკავებს ადამიანს ინდივიდუაციის (განპიროვნების) რკალში“ დიონისე კვდომადი და აღდგომადი ღმერთია. იგი კვდება, მაგრამ კვლავ აღორძინდება. ადამიანის დიონისური ელემენტი უერთდება დიონისეს დიად ყოვლადობაში (სადდასაიში). ეს პროცესი გახელების, აღგზნების გზით ხორციელდება. „ამ პროცესში ერთგვარი „მანია“ არის: აშლილობა, ლაგამახსნილობა, აღგზნება ისეთი, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანი „სხვად“ იქცევა. მიზანი ასეთი იყო: მხოლოდ ასეთი, აღგზნებით შეიძლებოდა საპირადოს გადალახვა და თვითარსის გადასხმა ღვთაების უპიროვნო ჭურჭელში“.
მაშასადამე, მსხვერპლთშეწირვის პროცესის გახელებით და გზნებით სადდასაიში (დიად ყოვლადობაში) დიონისესთან შეერთებული ლონდა და თამაზი, ანუ სიყვარული და მშვენიერება კვლავ დაბრუნდება.
„ლონდაში“ დიონისეს კულტით გატაცება სხვა მოტივითაც დასტურდება.
ქორო მღერის: „მზე გველი არის დიდი:
წითელი გველი რქანაყარი.
უნდა შეჰკრიბო წითელი გველების პერანგები:
უთვალავი გველების წითელი პერანგები -
და შემოახვიოთ პერანგები გარს სალოცავს.
მზე უთუოდ დაცხრება მაშინ.“
ამ დროს საშინელი კივილი ატყდება. ცხრამუხაში დიდმა გველმა გაისრიალა. მაგრამ მისი მოკვლა არ შეიძლება. იგი წმინდა გველია. თუ მოკალი, კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდება. რის ნიშანია ეს - ქვეყნის დაქცევის თუ გადარჩენის? ხალხი შეძრწუნებულია. პასუხი ვერ უპოვნია. ერთნი ერთს ამბობენ, მეორენი - მეორეს. მაგრამ გრიგოლ რობაქიძე ამ ქარაგმულ სურათს თავად აძლევს პასუხს. დიონისე მუხაში ცოცხლობს. გვირგვინები, რომელთაც დიონისიების დროს ატარებდნენ, დაწნული იყო მუხის, სუროს, დაფნის, ზეთისხილის რტოებისა და ფოთლებისაგან. გველი მზის სიმბოლოა. როცა გველი ცხრამუხას გადაევლო, ამით დიონისე გამოცხადდა. სიკვდილი დამთავრდა. ისევ სიცოცხლე დაბრუნდა. არსებობის წრებრუნვა გრძელდება. ამას მოწმობს მთავრის სიტყვებიც მიმართული თამაზისადმი.
„ჩვენ გადავალთ და სხვები მოვლენ.
მაგრამ გადასულნიც და მოსულნიც
არიან ერთნი.
მამა შვილში არის. შვილი მამას აგრძელებს.
მამად ვერვინ გახდება ქვევით
თუ არ ეშველა უკანასკნელად
მამას და მამებს ზევით.
მამული წიაღია შვილის ერთგულების.“
ყველა იმ მოტივს, რომელიც მსჭვალავს „ლონდას“, გრიგოლ რობაქიძე ვრცლად გაიმეორებს „გველის პერანგშიც“ და სხვა თხზულებებშიც შედარებით მოკლედ.
გრიგოლ რობაქიძის მისტერიები ხიბლავდა პუბლიკუმს თავისებურებით, მანამდე უცნობი, უცნაური მოტივებით, თემებით, სახეებით. ამასთანავე აღიზიანებდა. ძნელი იყო არსის წვდომა. როცა „მალშტრემი“ თეატრში დაიდგა, 20-იანი წლების ქართული პრესა აივსო კარიკატურებით, სატირული სტრიქონებით. ვისაც არ ეზარებოდა, „მალშტრემით“ ილესავდა ენას. ალბათ, ამან გამოიწვია ის, რომ გრიგოლ რობაქიძემ „მალშტრემის“ ვრცელი განმარტება დაწერა.44
მისტერიის სახელწოდება გერმანული სიტყვაა - „მალშტრომ“ (Der Mahlstrom), რაც ძლიერ ნიაღვარს ნიშნავს. მისი მორევი ითრევს ადამიანს. თუ ჩაგითრია, თავის დაღწევა შეუძლებელია.
მისტერიის დაწერის აზრი ისევ ტაციტუსის ნაამბობ რადამისტისა და ზენობიას თავგადასავალს შთაუგონებია.
მორელლა და უცნობი გარბიან. მისდევენ. თუ მდევრები დაეწევიან, სიკვდილი არ ასცდებათ. მორელლა და უცნობი თავს წისქვილში შეაფარებენ. დიდხანს დაყოვნება არ შეიძლება. სადაც არის, მდევრებიც დაეწევიან. მაგრამ მორელლას უჭირს. ფეხმძიმედ არის. გზას ვეღარ გააგრძელებს. ემუდარება უცნობს - მომკალიო. უცნობი თავზარდაცემულია. არ ძალუძს ქალის მოკვლა. მორელლას მდევართა ხელში ჩავარდნას, სიკვდილი ურჩევნია. უცნობს სხვა გზა აღარ დარჩენია. იგი ხანჯალს ჩასცემს მორელლას. ქალს მდინარეში გადააგდებს. თავად კი გარბის.
მეწისქვილის შვილიშვილი მდინარეში გადაეშვება. მორელლას ამოიყვანს. იგი ცოცხალია. ამასობაში მდევარნიც მოვლენ. მორელლა მიჰყავთ.
მკითხველი ხედავს, რომ განმეორებულია რადამისტისა და ზენობიას თავგადასავალი.
რას გაექცნენ უცნობი და მორელლა? ტექნიკურ ცივილიზაციას, ქალაქს, ფულს, სიმდიდრით გახრწნილ საზოგადოებას. ამ საზოგადოებას განასახიერებენ როკფელერ, ფინკელშტეინ, პენუტიე, გელფერიხ, აზეფულ. დააკვირდით: ამ გვარებში ყველაა - გერმანელიც, ფრანგიც, ებრაელიც, ამერიკელიც. წარმოდგენილია ფულიანთა, მდიდართა ინტერნაციონალიზმი. აზეფულ კი გვახსენებს ცნობილ პროვოკატორს, ესერული პარტიის წევრს ევნო აზეფს. ცრუ რევოლუცია და კაპიტალი ერთად არიან. მათი წინააღმდეგობა მოჩვენებითია. მდიდართა ინტერნაციონალიზმს ნამდვილად, რეალურად ებრძვიან უბრალო ადამიანები - უცნობი, მორელლა, ბოშები, კეთროვანები - ისინი, ვინც ცხოვრების ტალღამ გარიყა.
ამ დაპირისპირებაში რა როლს ასრულებს რადამისტისა და ზენობიას თავგადასავალი? გრიგოლ რობაქიძე, როგორც თავად ამბობს, ზენობიაში ხედავდა ნამდვილ „მიწას“ ატეხილი მკერდით და თავისგამეტების ნებას. რადამისტში კი - ნამდვილ ზეკაცურ არსს, რომელიც ცოცხლობს ბედის სიყვარულით. სხვადასხვაგვარად შეიძლება ამ ამბის განვითარება და გაშლა. გრიგოლ რობაქიძეს თავისი კუთხე მოუძებნია.
„აქ ისეთი სინოყივრეა „მიწის“, რომ იგი უთუოდ უნდა შეჭრილიყო უმიწო ქალაქში. აქ ისეთი გადალახვაა „ფატუმის“, რომ იგი უთუოდ უნდა შევარდნილიყო უბედო კულტურაში. „მიწა“ აქ არ არის „სოფელი“ და ბუკოლიკა. „მიწა“ აქ სულია სამყაროსი: ინსტინქტი, განუკვეთელობა, რასსიული ხსოვნა, ცოცხალი ანამნეზის. „ფატუმი“ არ არის აქ უბრალო „წერა“. იგი შინაგანი აუცილებლობაა ყოფის“ („მალშტრემის“ განმარტებისათვის“).
როკფელერების, ფინკელშტეინების, პენუტიების, გელფერიხების, აზეფულების სამყაროში მორელლას („მიწის“ სურნელების) და უცნობის (ბედის სიმტკიცის) შემოვარდნა არყევს, ანგრევს ყველაფერს, ეფემერულს ხდის. ასეც უწოდებს მისტერიის პირველ ნაწილს გრიგოლ რობაქიძე - ეფემერა.
რამდენადაც პირველი ნაწილი მისტერიისა ეფემერაა, იმდენად მეორე ნაწილი „სისხლია და ძვალი. სხეულება მიწის იშლება მის პირვანდელ ქალწულობაში. მეწისქვილე, ქალი, ვაჟი. მეთევზენი - ხაზებია ამ სიქალწულისა. თქმულება ალზე, თქმულება მუხაზე, თქმულება მთვარეზე - შტოებია მითოსისა“.
მე-20 საუკუნის დიდი კონფლიქტი შრომასა და კაპიტალს შორის, ტექნიკურ ცივილიზაციასა და ბუნების თაურსიწმინდეს შორის, გრიგოლ რობაქიძეს გადაჰყავს მითიურ სამყაროში.
ეს დაპირისპირება, წინააღმდეგობა, ბრძოლა ტრაგიკულ ელფერს ატარებს, მაგრამ ნამდვილად კი აბსურდად იქცევა. „უბიწო და უბედო კულტურაში ყველაფერი თავდება აბსურდით. ამ აბსურდის მასახიერებელნი დღევანდელ ევროპაში არიან დადაისტები. „რაციოს“ ყოველი ხვეული აქ იღებს აბსურდულ მიმართებას. ქვეყანას აბითურებენ, მაგრამ თვითონვე ბითურდებიან. ირონიაა ყველგან, მაგრამ ირონია მობრუნებით ურტყამს ყველას“.
„მალშტრემის“ უფრო ზუსტი განმარტება შეუძლებელია. თავად ავტორმა ხელისგულზე დაგვიდო მისტერიის აზრობრივი შინაარსი.
ბუნების თაურსიწმინდესა და ტექნიკურ ცივილიზაციას შორის კონფლიქტი აბსურდულია. შეუძლებელია ბუნების თაურსიწმინდის დაბრუნება, ხოლო სად მიგვიყვანს ტექნიკური ცივილიზაცია არავინ უწყის. ბორბალში დამწყვდეულ ციყვივით ტრიალებს კაცობრიობა.
აბსურდულია შრომისა და კაპიტალის კონფლიქტი და ბრძოლაც. შრომა თითქოს ებრძვის ფულსა და სიმდიდრეს, ზნეობრივ გახრწნას. მაგრამ ამავე დროს იმავე ფულს და სიმდიდრეს ებღაუჭება. შრომა ვერ იქნება თვითმიზანი. მაშინ აბსურდის ხასიათს შეიძენს (შრომა შრომისათვის?). შრომას მიზანი სჭირდება. ეს მიზანი კი სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ისევ ფული და სიმდიდრე. აბსურდია: შრომა ებრძვის ფულსა და სიმდიდრეს იმისათვის, რომ ისევ ფული და სიმდიდრე დააგროვოს. ამ დაგროვებას ზნეობრივი გახრწნაც თან ახლავს. ისევ ბორბალში დამწყვდეული ციყვივით ტრიალებს კაცობრიობა.
ამ აბსურდულ კრიზისულ ვითარებაში რადამისტისა და ზენობიას თავგადასავალი იწვევს აღტაცებას მისი ქალურობით, მისი ვაჟურობით, ადამიანური ნების სიმტკიცით და, თუ გნებავთ, დაუნდობლობითაც. მას იმეორებს უცნობი და მორელლა. ამ განმეორებაში იმედია. იმედია მარადიული დაბრუნების, თუგინდ იგი მითიურ სამყაროში არსებობდეს და არა რეალურში.
„მალშტრემივით“ „ლამარას“ განმარტებაც მოუწია გრიგოლ რობაქიძეს, თუმცა სხვა მიზნით. მაშინ, როცა გრიგოლ რობაქიძის სახელს ტაბუ ედო, „ლონდასა“ და „მალშტრემისაგან“ განსხვავებით, „ლამარას“ ხშირად ახსენებდნენ. იძულებული იყვნენ და იმიტომ. შეუძლებელი იყო რუსთაველის თეატრის შემოქმედებაზე ლაპარაკი „ლამარას“ მოუხსენიებლად. „ლამარას“ კი ახსენებდნენ, მაგრამ მის ავტორზე დუმდნენ. ვერავინ ბედავდა ვაშინერსის დარღვევას. ამ ვითარებით გამოწვეულ უხერხულობას ყველა გრძნობდა. მერე უფრო უარეს დღეში ჩაიგდეს თავი. „ლამარა“ ვაჟა-ფშაველას მიაწერეს. ერთნი ამბობდნენ - ვაჟას მოტივების მიხედვითო, მეორენი - პირდაპირ ვაჟას ასახელებდნენ ავტორად. ვინც ამას აკეთებდა, ყველამ ჩინებულად იცოდა, ვინც იყო ავტორი. მაგრამ მაინც ცრუობდნენ. თავს კი იმით იმართლებდნენ, რომ გრიგოლ რობაქიძის ხსენების უფლებას არავინ მოგვცემსო. ვერც „ლამარაზე“ ვილაპარაკებთ. ტყუილით კი „ლამარაზე“ საუბარს მაინც ვახერხებთო. ამრიგად, ნებით თუ უნებლიეთ, „ლამარა“ წაერთვა გრიგოლ რობაქიძეს და ვაჟა-ფშაველას გადაეცა. ქართული მწერლობისა და თეატრის ისტორიაში უფრო კურიოზული შემთხვევა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკურ-კომუნისტური პერიოდის მწერლობისა და თეატრის ცხოვრება სავსეა სატირალ-სასაცილო შემთხვევებით.
ბუნებრივია, ამ ამბავმა გრიგოლ რობაქიძის ყურამდეც მიაღწია. მას გულიც ეტკინა და გაბრაზდა კიდეც. 1962 წლის აპრილში მან ბარათით მიმართა ირაკლი აბაშიძეს, როგორც საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს. ამ წერილით პროტესტი გამოთქვა. დაგმო ზოგიერთთა ყოვლად უღირსი საქციელი. საკუთარი მწერლური ღირსება დაიცვა.
როგორც ავტორს, „ლამარა“ განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა. შეიძლება ეს გრძნობა იმანაც აღუძრა, რომ მისი წართმევა მოინდომეს. ასეა თუ ისე, ფაქტია ის, რომ „ლამარას“ გამო ამ მისტერიის მოკლე ბიოგრაფიაც დაწერა და „ვაჟას ენგადშიც“ დიდი ადგილი დაუთმო. ამ ნარკვევებიდან სამ ძირითად დასკვნას გამოვყოფ:
პირველი: „ლამარა“ დაიწერა როგორც 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების პასუხი.
„წამებულმა ქართველმა ისეთი სიმძაფრით გაიღვიძა ჩემში, რომ ქვეშეცნეულ მოვინდომე: „ლამარა“ უმალვე მიმეხალა მტარვალთა მიმართ ვითარ ტრაგიული მარჯი დამარცხებულთა“ („ლამარა“. მოკლე ბიოგრაფია).
გრიგოლ რობაქიძე „მარჯს“ ხშირად ხმარობს. ეს სიტყვა მან თავად გამოყო „გამარჯვებიდან“. ამოღებულია ამ სიტყვის შუაგული - „მარჯ“ ისევე, როგორც დამარცხებიდან ნაწარმოებია „მარცხი“. მარჯს გრიგოლ რობაქიძე იყენებდა გერმანული Heil-ის შესატყვისადაც.
ავტორის სიტყვით, რეჟისორი სანდრო ახმეტელი „ლამარას“ განსაზღვრავდა, როგორც რაინდულ რომანტიზმს. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაც იყო რაინდული რომანტიზმის გამოვლენა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამბოხების რომელიმე მონაწილეს მართლა სჯეროდა გამარჯვებისა. მეტისმეტი მიამიტობა იქნებოდა ეს. ძალთა შეფარდება უსაზღვროდ უთანასწორო იყო. მონაწილეობდნენ იმდენად, რამდენადაც ამას რაინდული ბუნება ითხოვდა.
მეორე: მართალია, ამბით, მოქმედებით, პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულებით, ხასიათებით, კონფლიქტით, ჟანრით „გველის მჭამელსა“ და „ლამარას“ არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ „თაური ორივესი ერთია“, როგორც თვითონ გრიგოლ რობაქიძე ამბობდა. „მინდია: არსი, რომელშიც მთლიან სახიერდება ორმაგი უნივერსალური იდეა. სიყვარული შეიქმნს შემეცნებას (მოციქული პავლე), შემეცნება შეიქმნს სიყვარულს (ლეონარდო და ვინჩი)“. ეს აზრი „გველის მჭამელთან“ დაკავშირებით ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვა, როცა 1911 წლის აგვისტოში „Русская ьысль“-ში სტატია დაიბეჭდა „უახლესი ქართული პოეზიიდან. პოეტი ვაჟა-ფშაველა“.
ვაჟა-ფშაველამ „შემოქმედებითი სინთეზით გააერთიანა ორი ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი: შეცნობა ჰბადებს სიყვარულს (და ვინჩი) და სიყვარული ჰბადებს შეცნობას (პავლე მოციქული), ან უფრო სწორად, ინტუიციურად აღმოაჩინა, რომ შეცნობა და სიყვარული არსებითად ერთი და იგივეა, რომ შეცნობა ერთგვარი სიყვარულია, ხოლო სიყვარული - ერთგვარი შეცნობა“ (თარგმანი დინარა კასრაძისა).
ეს აზრი მესამედაც გაიმეორა, როცა „ლამარას“ მოკლე ბიოგრაფია დაწერა. ჩანს, პავლე მოციქულისა და ლეონარდო და ვინჩის დებულებებს მისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. საერთოდ, ვაჟას წყალობით, მინდიას თქმულებამ დიდად მიიზიდა ქართული მწერლობა. „გველის მჭამელისა“ და „ლამარას“ შემდეგ მესამე თხზულებაც დაიწერა - კონსტანტინე გამსახურდიას „ხოგაის მინდია“.
მესამე: გრიგოლ რობაქიძეს თვითმკვლელობა ტრაგედიად არ მიაჩნდა. ტრაგედიად იგი თვითშეწირვას თვლიდა. უკვირდა: რატომ იკლავდა თავს მინდია ვაჟას პოემაში. ახლა თავად მას მოვუსმინოთ.
„მრწამდა და მრწამს უღრმესად, რომ ისეთი არსი, როგორიცაა მინდია თავს არ მოიკლავს. უკეთ: ვერ მოიკლავს. მეორე მხრივ, მრწამდა და მრწამს უღრმესად, რომ ისეთი არსი, როგორიცაა ხალხი, არ ცდება არცერთ მუხლში თავის ქმედითი ცხადებისა. როცა „ლამარას“ ვქმნიდი, ორ ცეცხლ შუა ვიყავი: „მინდია ვერ მოიკლავს თავს“, ვამბობდი. „მინდია თავს იკლავს“, მეუბნებოდა ხალხი. გავბედე ბოლოს და - პირველად ჩემს სიცოცხლეში - შევასწორე ხალხის ნააზრევი. დიდ ხანს მაწვა ეს გულს სიმძიმედ, დიდ ხანს, დიდ ხანს.
რამოდენიმე თვის წინ წავიკითხე (პირველად) ვაჟას კრიტიკული წერილები. მათ შორის „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“. ამ წერილში ვაჟა გვითხრობს, სხვათა შორის: თუ რაა ხალხური თქმულებითგან „გველის მჭამელში“ და რა მისი საკუთარი. რა აღმოჩნდა? თურმე მინდია თავს იკლავს არა ხალხური თქმულებით, არამედ ვაჟას პიროვნული მითხზვით. მომეშვა წამსვე სიმძიმე, დავინახე რა, რომ ხალხის „გნება“ არ შემილახავს“ („ვაჟას ენგადი“).
ეტყობა, ყოველთვის აინტერესებდა რა მიმართებაა ხალხურ თქმულებას, „გველის მჭამელსა“ და „ლამარას“ შორის. 1930 წლის 7 ივლისს გრიგოლ რობაქიძე წერდა შალვა სოსლანს:
„საჭიროა იცოდენ მოსკოვშიაც: „ლამარა“ არ არის „დრამატიული განსცენიურება ხალხური თქმულებისა“. უკანასკნელიდან (რომელიც ვაჟას „გველის მჭამელს“ დაედო ფუძედ) „ლამარაში“ დარჩა მხოლოდ მინდიას „მისნობა“ - და ისიც გადაკეთებული: „გველის მჭამელში“ მინდია იძენს მისნობას გველის შეჭმით, „ლამარაში“ კი გველი ყურში ჩაუთქვამს მინდიას უცხოურ გზნებას. აგრეთვე: „გველის მჭამელში“ მინდია ჰკარგავს ცოდნას სიყვარულის შემოზღუდვის შემდგომ ცოლ-შვილის გარშემო. „ლამარაში“ მინდია ჰკარგავს (არა მთლად) ამავე ცოდნას სიყვარულში გახელებით. კიდევ: მინდია თავს იკლავს „გველის მჭამელში“, „ლამარაში“ კი მინდიას თავის-თავი მსხვერპლად მიაქვს და მით იბრუნებს ნახევრად დაკარგულ მისნობას. ვიმეორებ: მისნობა დარჩა მხოლოდ „ლამარაში“. დანარჩენი კი სრულებით არ მოიპოვება ხალხურ თქმულებაში. ამას სინამდვილის აღდგენისათვის აღვნიშნავ, თორემ „ისე“ ჩემთვის საამაყოცაა, თუ ინდივიდუალქმნილს ხალხის ეპოსად ჰსახავენ (მაშასადამე ჩემ სიტყვას მიუღწევია „დიდი სტილისათვის“, საცა ვიწრო-პიროვნული აღარც კი სჩანს)... მეორე შენიშვნა: დადგმაში გამოტოვებულია (არ ვიცი რად) თითქმის მთელი აქტი, საცა ვითარებულია ხასიათები: ლამარასი, თორღვაისი, მინდიასი, რაიბულისა. პირადათ ჩემთვის ეს გამონატოვი ყველაზე უფრო გულისხმიერია „ლამარაში“...
შემდგომაც ამისი გამეორება უფრო ვრცლად არაერთგზის მოუწევს - „ვაჟას ენგადში“, „ლამარას“ მოკლე ბიოგრაფიაში, ირაკლი აბაშიძისადმი წერილში.
ვითარება დღეს გარკვეულია. ამის თქმაც თამამად შეიძლება: გრიგოლ რობაქიძე, რეჟისორების - კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის - და „დურუჯის“ პლეადის მსახიობების გვერდით, ქართული თეატრის განმაახლებელია. ის გარდატეხა, რაც 20-იანი წლების ქართულ თეატრში მოხდა, ისევე უკავშირდება გრიგოლ რობაქიძის სახელს, როგორც კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელისას.
![]() |
14 „ჰუნგერჰჲუგელ“ |
▲back to top |
როცა გრიგოლ რობაქიძის გერმანიაში ცხოვრებას ეცნობა კაცი, ორნაირი შთაბეჭდილება რჩება. ერთის მხრივ, თითქოს მას არც შემოქმედებითად და არც ნივთიერად არ უნდა გასჭირვებოდა. იბეჭდებოდა მისი რომანები და ესეები. კითხულობდა ლექციებს. გამოდიოდა რადიოთი. ცოლსაც, ელენე ფიალკინასაც გამოუცია მოთხრობები და რომანი „ნინა“. მეორეს მხრივ, ისიც ჩანს, რომ ძლიერ ფინანსურ ხელმოკლეობას განიცდიდა. 1935 წელს 11 ოქტომბერს, გერმანელ მწერალს, ახლო მეგობარს ბრუნო გოეტცს სწერს: „შენ, ალბათ იცი, რომ ამ დღეებში ციგლერის წიგნი „გადმოცემა“ გამოჩნდა. იგი ძალიან მნიშვნელოვანი თხზულება უნდა იყოს. სამწუხაროდ, ღირს 15 მარკა და მე არ მაქვს შესაძლებლობა შევიძინო. შენ უეჭველად მიიღებ ამ წიგნს საჩუქრად და, როცა წაიკითხავ, შეგეძლება წასაკითხად გამომიგზავნო“. ამ ხელმოკლეობის საფუძველი ის უნდა იყოს, რომ გრიგოლ რობაქიძე მაინცა და მაინც დიდ ჰონორარებს არ იღებდა. ეს ცხადად ჩანს ერთი დოკუმენტიდან. 1937 წლის იანვარში გრიგოლ რობაქიძეს, ტჲუბინგენში, რაინერ ვუნდერლიხის გამომცემლობასთან ხელშეკრულება დაუდვია, „მეგის“ დასასტამბავად. „მეგი“ უნდა დაებეჭდათ, როგორც იაფფასიანი გამოცემა, სულ 4000 ეგზემპლარი. თითოეულ ეგზემპლარში გრიგოლ რობაქიძეს ეძლეოდა 0,25 მარკა. ძალიან მცირე თანხა გამოდის. ისიც თუ გავითვალისწინეთ, როგორ გადაუხდიდნენ ამ ფულს, ვითარების სურათი მთლად მკაფიო იქნება. 4000 ეგზემპლარიდან 30 ავტორს უფასოდ ეძლეოდა. 270 ცალს გამომცემლობა იტოვებდა იმისათვის, რომ სხვადასხვა პირთათვის გაეგზავნათ გამოხმაურების მიზნით. 1000 ეგზემპლარის ღირებულებას ავტორს წიგნის გამოსვლისთანავე აძლევდნენ. დანარჩენ ჰონორარს კი კვარტალში ერთხელ გადაუხდიდნენ იმის შესაბამისად, რამდენი წიგნიც გაიყიდებოდა.
მართალს თუ ვიტყვით, კაბალური პირობებია.
გრიგოლ რობაქიძისა და ელენე ფიალკინასათვის გარკვეულ შეღავათად შეიძლებოდა ის ჩაგვეთვალა, რომ ორივე რაიხსშრიფტტუმკამმერის წევრი იყო.
ნაციზმის დროს, გერმანიაში, რაკი იგი იდეოკრატიული სახელმწიფო იყო, კულტურის ყველა დარგის საქმიანობას წარმართავდა რაიხსკულტურკამმერი (კულტურის საიმპერიო პალატა). მას თავად რაიხსმინისტრი იოზეფ გჲობელსი ხელმძღვანელობდა. იგი შვიდი განყოფილებისაგან (მუსიკის, მწერლობის, მხატვრობის, თეატრის და ა.შ.) შედგებოდა. მწერლობის განყოფილებას რაიხსშრიფტტუმკამმერი (მწერლობის საიმპერიო პალატა) ერქვა. ვინც გერმანიაში ცხოვრობდა მაშინ და ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა, ყველა რაიხსშრიფტტუმკამმერის წევრი უნდა ყოფილიყო. თუ წევრი არ იყო, ვერ დაბეჭდავდა და ვერ გამოსცემდა წიგნს. თავის მხრივ კი, რაიხსშრიფტტუმკამმერი ვალდებული გახლდათ ეზრუნა და ნივთიერი დახმარება გაეწია თავის წევრებისათვის.
მარტო რაიხსშრიფტტუმკამმერის წევრობა საქმეს არ შველოდა. იმის დამტკიცებაც აუცილებელი იყო, რომ რასობრივად ებრაელი არ იყავი. ამის საბუთს გრიგოლ რობაქიძესაც სთხოვენ.
1937 წლის 8 მაისს, ბერლინში ქართული კოლონიის (წინათ: ქართველ მოქალაქეთა საზოგადოება გერმანიაში) თავმჯდომარე ალექსანდრე აფხაზი გრიგოლ რობაქიძეს აძლევს მოწმობას.
„გერმანიაში მოღვაწე (როგორც მწერალი) ქართველი გრიგოლ რობაქიძე დაბადებულია 1884 წლის პირველ ნოემბერს, სვირში, ქუთაისის გუბერნიაში, საქართველოში.
მამამისი, სახელად ტიტე რობაქიძე, დაიბადა 1851, გარდაიცვალა 1901. დედამისი ქეთევანი, გათხოვებამდე ბოტიშვილი, დაბადებულია 1868. მამა გ.რობაქიძისა იყო მღვდელი.
პაპამისს გიორგი რობაქიძეს ცოლად ჰყავდა ზ. დაბადებით ნიბერიძე. ამის შესაბამისად, გრიგოლ რობაქიძე შეიძლება იყოს მხოლოდ არიული წარმომავლობისა“.
ამ საბუთში ბევრი შეცდომაა.
აღნიშნული დაბადების ცრუ თარიღი. როგორც უკვე ვიცით, გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წლის 28 ოქტომბერს.
გრიგოლ რობაქიძის დედა იყო ბოჭორიშვილის ქალი და არა ბოტიშვილისა.
მწერლის დიდედა იყო, ალბათ, ნებიერიძე და არა ნიბერიძე, როგორც ეს საბუთში წერია.
ამ შეცდომებს გერმანიაში გრიგოლ რობაქიძისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ არიულ წარმომავლობას უდასტურებდნენ.
ვიდრე გრიგოლ რობაქიძეზე გავაგრძელებდე საუბარს, მოკლედ უნდა მოგახსენოთ - ვინ იყო ალექსანდრე აფხაზი.
ალექსანდრე აფხაზი გახლდათ თავად გიორგი აფხაზის მესამე ვაჟიშვილი. თუ გიორგი აფხაზის სახელი დღევანდელ მკითხველს არაფერს ეუბნება, სამაგიეროდ, კარგად ცნობილია მისი ძმა გენერალი კოტე აფხაზი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული მებრძოლი, 1923 წელს ბოლშევიკ-კომუნისტების მიერ დახვრეტილი. ძმები გიორგი და კოტე აფხაზები იყვნენ დისწულნი ილია ჭავჭავაძისა. ალექსანდრე აფხაზი, მამის მხრით, ილია ჭავჭავაძის პირდაპირი ნათესავია.
ალექსანდრე აფხაზის დედა ალექსანდრა მურომცევა ბრანდერბურგელი ბენკერდორფების შთამომავალი ყოფილა. ბენკენდორფები მე-17 საუკუნეში ჩამოსახლებულან ბრანდერბურგიდან რიგაში. ისინი რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარან.
განათლებით და პროფესიით ალექსანდრე აფხაზი იყო იურისტი და არტილერისტი. დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტი და კონსტანტინოვოს (პეტერბურგის ახლოს) საარტილერიო სკოლა.
დემოკრატიულ საქართველოში (1918-21 წ.წ.) ალექსანდრე აფხაზი ოფიცრად მსახურობდა ქართულ არტილერიაში. როცა დემოკრატიული საქართველო დამარცხდა, სხვებთან ერთად, ისიც ემიგრაციაში წავიდა.
გერმანიაში ალექსანდრე აფხაზი კინოსტატისტიკამ გაიტაცა. 1925 წელს წიგნიც გამოსცა - „ფილმი ციფრებსა და რიცხვებში“. მას კინოხელოვნება უფრო როგორც მრეწველობა აინტერესებდა. სწორედ კინოს, როგორც მრეწველობას, ეძღვნება 1929-35 წლებში გამოქვეყნებული ოთხტომიანი ნაშრომი ალექსანდრე აფხაზისა - „კინომეურნეობის ცნობარი“.
1934 წლიდან ალექსანდრე აფხაზი რაიხსშრიფტტუმკამმერის წევრი იყო.
ახლა კი ისევ ძირითად გეზს დავუბრუნდეთ.
როგორც ჩანს, ალექსანდრე აფხაზისა და ქართული კოლონიის მოწმობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ოთხიოდე დღის შემდეგ, 1937 წლის 12 მაისს, დიდერიხსის გამომცემლობა რაიხსშრიფტტუმკამმერს წერილს უგზავნის, რითაც განმეორებით ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის არიულ წარმოშობას.
„უნდა შევნიშნოთ, რომ იგი წარმოსდგება უძველესი კავკასიური ტომის სვანებისაგან, რომელთა არიელობა უდაოა. მით უფრო, რომ იქ შერეული ქორწინებები არ ხდება.
. . .
ჩვენ დავიმოწმებთ იმასაც, რომ გრიგოლ რობაქიძე ცნობილი ავტორია ორი ღრმად ანტიბოლშევიკური წიგნისა - „ჩაკლული სული“ და „დემონი და მითოსი“. პირველი თხზულება მოითხოვა სახალხო განათლებისა და პროპაგანდის სამინისტრომ და ანტიბოლშევიკურ გამოფენაში ჩართო. ამ წიგნების გამო მწერალს ყოველგვარი ურთიერთობა რუსეთთან ჩაკეტილი აქვს“.
დიდერიხსის გამომცემლობა იმედოვნებდა, რომ ყოველივე თქმულს რაიხსშრიფტტუმკამმერი გაითვალისწინებდა.
მიუხედავად ამისა, გრიგოლ რობაქიძის წარმომავლობის შესახებ ეჭვები მაინც არ გაფანტულა. 1938 წლის 28 ივნისს ბერლინ-ვილმერსდორფის პოლიციის 156-ე უბანი რაიხსშრიფტტუმკამმერისაგან ითხოვს ახალ საბუთს, რომელიც გრიგოლ რობაქიძისა და ელენე ფიალკინას რასობრივ კუთვნილებას უეჭველს გახდის.
მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ გრიგოლ რობაქიძესა და ელენე ფიალკინას სსრკ-ის მოქალაქეობა ჩამორთმეული ჰქონდათ. მაგრამ ისინი არ გამხდარან გერმანიის მოქალაქენი. გერმანიაში მცხოვრები უცხოელის პასპორტი რომ მიეღოთ, ამისათვის ისევ სსრკ-ის საკონსულოს დასტური იყო საჭირო. ამის იმედი კი ორივეს გადაწურული ჰქონდა. დიდერიხსის გამომცემლობა კვლავ ცდილობს დაეხმაროს გრიგოლ რობაქიძეს. 1938 წლის 1 აგვისტოს ახალ თხოვნას უგზავნის რაიხსშრიფტტუმკამმერის პრეზიდენტს.
„დიდად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!
გრიგოლ რობაქიძე, ქართველი მწერალი, რომლის ანტიბოლშევიკური წიგნები გერმანიაში და მის საზღვრებს იქითაც ფართოდ ცნობილია, გვთხოვს შუამდგომლობას მისთვის ძალიან რთულ და ძნელ საქმეში. იგი გვწერს, რომ უცხოელის პასპორტის მისაღებად ნებართვის მიცემა ახლა ძალიან გაძნელებულია, სანამ საბჭოთა პასპორტს რუსეთის საკონსულო არ გააგრძელებს. როგორც ქართველს, მას და მის ცოლს საბჭოთა პასპორტი აქვთ. მოცემულ ვითარებაში მათ უკან დაბრუნება არ სურთ. განსაკუთრებით მას მერე, რაც 1933 წელს, გრიგოლ რობაქიძემ მისი მეტად ანტიბოლშევიკური თხზულება „ჩაკლული სული“ გამოაქვეყნა, სტალინზე დაწერილი სტატიითურთ. გრიგოლ რობაქიძის ნაწერები არ არის პოლემიკური ვიწრო აზრით. ისინი დიდი სულიერი პაექრობაა ბოლშევიზმის ტალღასთან, რაც მთელ მსოფლიოს მოედო. ბოლშევიზმში იგი ხედავს ხალხთა ცხოვრების საფუძვლებისა და მიწის სიწმინდის დემონურ გახრწნას. ამ გაგებით იგი ნაციონალ-სოციალისტური მსოფლმხედველობის ნიადაგზე იმყოფება. როგორც გერმანული, ისე უცხოური (ჰოლანდია, შვეიცარია და სხვა ქვეყნები) წარმომავლობის ბევრ დიდ თხზულებაში ამან თავისი გამოხატულება ჰპოვა. 1935 წლის აგვისტოს რვეულში „ნაციონალსოციალისტიშე მონატსჰეფტემ“ გრიგოლ რობაქიძეს დიდი სტატია უძღვნა. 1933 წლიდან იგი თვითონ რაიხსშრიფტტუმკამმერის წევრია. მისი წიგნი პროპაგანდის სამინისტრომ მოითხოვა ანტიბოლშევიკური წიგნების გამოფენისათვის. იგი ლექტორია გერმანული მწერლობის ხელშემწყობი ორგანიზაციისა. ბევრი ლექცია აქვს წაკითხული გერმანიაში. აგრეთვე ბერლინში ლესინგის სახელობის უმაღლეს სკოლაში და ჰარნაკის სახლში. მისი ცოლიც რაიხსშრიფტტუმკამმერის წევრია (№13961).
ჩვენ გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ ამ საქმეს და დაეხმაროთ გრიგოლ რობაქიძესა და მის ცოლს, რომელიც პროპილეა-გამომცემლობის მწერალია, მისი და მისი ოჯახის დამცველი უცხოელის პასპორტის მიღებაში. გრიგოლ რობაქიძის ჩვენს გამომცემლობაში გამოქვეყნებულ წიგნების პროსპექტი თან ახლავს წერილს. ჩვენ მზად ვართ გაახლოთ წიგნებიც, თუ ამის სურვილი გექნებათ“.
შუამდგომლობები იწერება, მაგრამ ხელისუფლება, ყველა დროში და ყველა ქვეყანაში, მათ ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ხელისუფლებას თავის მიზანი აქვს და იმის შესაბამისად იქცევა. მართალია, გრიგოლ რობაქიძე ანტიბოლშევიკურად განწყობილი კაცია, მაგრამ მაინც სსრკ-დან ჩასული ნაცისტურ გერმანიაში. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. უმჯობესია ეს უცხოელი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეთ. მისი საქმიანობიდან არაფერი გამოეპაროთ. ამიტომ დარილი მაინც დაუნიშნა გესტაპომ 1941 წლის ივლისიდან. გერმანიის დამარცხებისა და ნაცისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ კი დემოკრატებმა დაუწყეს თვალთვალი - „ადოლფ ჰიტლერი“ და „მუსოლინი“ რატომ დაწერაო. ხელისუფლება ხელისუფლებაა, გინდ დიქტატორული იყოს იგი და გინდ დემოკრატიული. სხვის სულში თუ არ ჩაიხედა, სხვის საწოლში თუ არ შეიჭვრიტა, ვერ მოისვენებს, თავს მშვიდად ვერ იგრძნობს. გამარჯვებული „დემოკრატია“ ისევე დასდევს ჩუმჩუმად თავის მოქალაქეებს და თვალს არ აცილებს, როგორც გამარჯვებული „დიქტატურა“.
შემოქმედებითი კუთხით მეტად ნაყოფიერი იყო გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება გერმანიაში. 1931-45 წლებში გამოაქვეყნა მან გერმანულად „მეგი“, „ჩაკლული სული“, „ქალღმერთის ძახილი“, „გრაალის მცველნი“, „დემონი და მითოსი“, „ადოლფ ჰიტლერი“, „მუსოლინი“, ბევრი საგაზეთო წერილი. დაწერა ლექსები - „ჟანა დ'არკ“, „ჰიმნი ორფეოსს“, „მწყემსთა ღმერთი“, „მომაკვდავი არწივი“, რომელთაც მწერლის შემოქმედებაში არსებითი ადგილი უჭირავთ. ლექციაც მრავლად წაუკითხავს და რადიოთიც ხშირად გამოსულა. გერმანულ ლიტერატურულ სალონებშიც საქმიანობდა, განსაკუთრებით „ჰუნგერჰჲუგელში“.
ლიტერატურული სალონი „ჰუნგერჰჲუგელი“ ბრუნო გოეტცის თაოსნობით შექმნილი მწერალთა წრე იყო. როგორც მემუარისტები წერენ ბრუნო გოეტცი იყო „ჰუნგერჰჲუგელის“ სული და გული, მოტორი და მენტორი. უამრავი ხალხი იყრიდა აქ თავს. იყო სჯა-ბაასი, პაექრობა, კამათი, ახალ თხზულებათა კითხვა. უსმენდნენ მუსიკას. ცეკვავდნენ. „ჰუნგერჰჲუგელში“ გატარებულ წლებს „ოქროს ოცი წელიწადი“ უწოდა ამ სალონის ერთერთმა წევრმა ლოტე შჲუნემან-კილიანმა. გრიგოლ რობაქიძეც ბევრჯერ ყოფილა ამ სალონში. თავის თხზულებანიც წაუკითხავს. სხვების მოუსმენია. დავა-კამათშიც ენერგიულად ჩაბმულა.
კეტე იუნგი იხსენებს:
ბრუნო და ლიზო ორ ოთახში ცხოვრობდნენ, პირველ სართულზე. ბრუნოს ოთახი გრძელზე გრძელი იყო, თუთუნის ბოლით გაჟღენთილი და ჩაბნელებული, მაგრამ საოცარი მყუდროებით სავსე. საღამოობით ვისხედით ამ ოთახში ფეხმორთმით იატაკზე, ბალიშებზე, ლეიბებზე. ბრუნოს კითხვას ვუსმენდით. მარტო საკუთარ თხზულებებს არ გვაცნობდა იგი. განსაკუთრებით ძვირფასი იყო ის, რომ სხვა სახელოვან მწერლებთან გვაახლოებდა. ჩვენ, მაშინ ახალგაზრდები, ან სულ არ ვიცნობდით მათ ან ზერელედ თუ გაგვეგონა რამე. რეგულარულად ეწყობოდა ლეოპოლდ ციგლერის საღამოები, გრიგოლ რობაქიძის პოეტური ლექციები. გვიან ღამემდე ვრჩებოდით, ვწრუპავდით ჩაის, ვეწეოდით სიგარეტს და ვკამათობდით დაუსრულებლად. ცოლ-ქმარი გოეტცები - ბრუნო და ლიზი - გვაძლევდა იმას, რაც დღესაც ცოცხალია ჩვენში.52
ლოტე შჲუნემან-კილიანი გვიყვება:
სალონის უძველეს და მუდმივ წევრებს ეკუთვნოდა ქართველი გრიგოლ რობაქიძეც. იგი გაექცა კომუნიზმს და გერმანიაში იპოვნა მეორე სამშობლო.
„ჩაკლულმა სულმა“ იგი ერთი დარტყმით გახადა სახელგანთქმული. მის რომანებში - „მეგი“, „გველის პერანგი“, „ქალღმერთის ძახილი“ - ცოცხლობს ჯადოსნური ქართული ლანდშაფტი და კულტურა. მას ხშირად ვხედავ მეგობრების ლეოპოლდ ციგლერის და ბრუნო გოეტცის წრეში. ვერ დაივიწყებთ მის ცეცხლოვან თვალებს. იგი მაგიურ ძალას ფლობდა. მისი სპილოსძვლისფერი სახე, კუპრივით შავი, ბრწყინავი პარიკი მალავდა მის ასაკს. მარჯვენა ხელში ეჭირა ქარვის კრიალოსანი და შეუჩერებლად მარცვლავდა. ჩვენ ხშირად ერთად ვბრუნდებოდით სალონიდან. ავდიოდით ლუციენგასეს კიბეებით და ობსერბრუნენთან ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. გამოთხოვებისას მეუბნებოდა - ნათლად იფიქრეთ ჩემზე („Denken Sie hell an mich“). მისი ნათქვამი hell (ნათელი) ჟღერდა, როგორც herll (დიდებული).
მანფრედ ბოში აჯამებდა:
თავისი ქართული სამშობლოს გასაბჭოებამ გრიგოლ რობაქიძე მგზნებარე ანტიბოლშევიკად აქცია. თავისი სიძულვილი წითელი მჩაგვრელების მიმართ მან უკვე 1931 წელს გამოხატა რომანში „ჩაკლული სული“.
„შენ, ალბათ, გაზეთებიდან შეიტყობდი, - წერდა გრიგოლ რობაქიძე აღშფოთებული 1938 წელს ბერლინიდან ბრუნო გოეტცს, - რომ საქართველოში უკეთესი შემოქმედი ადამიანები სიკვდილით დასაჯეს - პროფესორი ელიავა, პოეტი ტ. ტაბიძე (ავალა!), რომანისტი ჯავახიშვილი, რეჟისორი ა.ახმეტელი (ჩემი „ლამარას“ სცენაზე განმხორციელებელი) - ყველა ჩემი მეგობარი. მეც გამანადგურებდნენ. მოეღება ბოლო ამ სატანოკრატიას?“
სატანოკრატიის დამხობის იმედი გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მაშინ გაუჩნდათ, როცა გერმანია-სსრკ-ის ომი დაიწყო. ემიგრანტთა ერთი ჯგუფი სასტუმრო „ადლონში“ შეკრებილა. საქართველოს გადარჩენისათვის მზრუნველი კომიტეტი ჩამოუყალიბებიათ. კომიტეტის თავმჯდომარედ სპირიდონ კედია აურჩევიათ, მდივნად - რაფიელ ივანიცკი-ინგილო. მისი წევრები ყოფილან შალვა ამირეჯიბი, ზურაბ ავალიშვილი, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი, გენერალი გიორგი კვინიტაძე, ლადო ახმეტელი, მიხეილ წერეთელი, ლეო კერესელიძე, დავით ვაჩნაძე, კიტა ჩხენკელი, ალექსანდრე ასათიანი, გრიგოლ რობაქიძე, შალვა მაღლაკელიძე.
„ადლონის“ ჯგუფიც იზიარებდა იმხანად გავრცელებულ საერთო აზრს: გერმანია-სსრკ-ის ომის წლებში ქართველ ემიგრანტებს გულხელდაკრეფილი ჯდომის უფლება არ ჰქონდათ. ტყვედჩავარდნილი უამრავი ქართველი ზრუნვას ითხოვდა. ალალბედზე მათ ვერ მიატოვებდი. უფრო რთული ამოცანაც იდგა: თუ გერმანელები კავკასიას დაიკავებდნენ, ქართველებს რა როლი ეკისრებოდათ? ყველას სწამდა, რომ საქართველოს ბედის გადაწყვეტაში მათი მონაწილეობა აუცილებელი იყო. ამისათვის ემზადებოდნენ.
გრიგოლ რობაქიძეც დადიოდა თურმე ქართველ ტყვეებთან. ეხმარებოდა. ამხნევებდა. მომავლის იმედს უნერგავდა. 1943 წლის 22 თებერვალს ბრუნო გოეტცისადმი მიწერილი ბარათი გვაუწყებს:
„ჩემო ძვირფასო ბრუნო! OKW-ს (Oberkomando der Wehrmacht - ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა - ა.ბ.) მიერ მიპატიჟებული ვარ ვესტუმრო ჩემს თანამემამულეებს, სამხედრო ტყვეებს, რომელნიც ლეგიონერებად ითვლებიან. ჩემი ლექციებისათვის დამტკიცებულია შემდეგი ადგილები და საღამოები:
დჲურენი/რაინლანდი, შაბათი, 27 თებერვალი.
ფრაიბურგი/ბრაისგაუ, ოთხშაბათი, 3 მარტი.
ბადენი ვენასთან, შაბათი, 6 მარტი“.
დრო მიდიოდა. გერმანიის გამარჯვების იმედი თანდათან ქრებოდა.
ემიგრანტთა მდგომარეობაც უფრო დუხჭირი ხდებოდა. ომის დროს ყველას უჭირს. მით უმეტეს, ემიგრანტს. არც გრიგოლ რობაქიძე ყოფილა გამონაკლისი. ისეთი გასაჭირი დასდგომია, რომ იძულებული გამხდარა 1944 წლის 20 ოქტომბერს თხოვნით მიემართა, არც მეტი და არც ნაკლები, თვითონ ჰაინრიხ ჰიმლერისათვის.
„პატივცემულო რაიხსფიურერო და რაიხსმინისტრო!
არ ვიცი, ცნობილია თუ არა თქვენთვის ჩემი სახელი. ამიტომ ჩემს თხოვნას ცოტა რამ უნდა წავუმძღვარო, ჩემი პიროვნების შესახებ.
1931 წლის დასაწყისში ჩამოვედი, ჩემს ოჯახთან ერთად, საბჭოთა კავშირიდან გერმანიაში და უკან აღარ დავბრუნებულვარ. მას შემდგომ რაიხში ვცხოვრობ და ვაგრძელებ ჩემს მწერლურ და გონებრივ საქმიანობას. გერმანულ ენაზე ჩემი ცხრა წიგნი გამოიცა. ერთი მათგანი უკვე 1928 წელს. ახალი ხელნაწერი უკვე მზადაა. მე ვარ წევრი რაიხსშრიფტტუმკამმერისა და ასევე ევროპის მწერალთა გაერთიანებისა. ჩემი მწერლობის მამოძრავებელი ძალა, რომელსაც სხვადასხვა დროს შინდაბრუნება ფესვებისაკენ ეწოდა, გერმანულ არსთან ახლოა. ასე დავუნათესავდი სულიერად გერმანიას და მის მიწაზე მე დროებითი არა ვარ. ეს კავშირი შემდეგი ნაწერებით გამტკიცდა:
1. „ჩაკლული სული“ (გამოიცა 1933 წ.)
აქ ლიტერატურულად პირველად მოხდა ცდა ბოლშევიკური კლიმატის გამოაშკარავებისა, რომელმაც ღვთიური ადამიანში თითქმის მოლეკულურ დონეზე გახრწნა. შემზარავი საჩვენებელი პროცესები, ეს საბოლოო სიმახინჯე იმ დაშლისა, ვფიქრობ ჩემს წიგნში ვიწინასწარმეტყველე და ამოვხსენი. ზოგი რამ ბოლშევიკებისაგან დათრგუნულ მასების ქცევაში, ომის დროს, რაც ევროპელებს მოულოდნელი და გამოუცნობი ეჩვენებათ, ასე მგონია, იმ შემეცნებით აიხსნება, რომელიც წიგნს საფუძვლად უდევს. წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს.
2. „ადოლფ ჰიტლერი, უცხოელი პოეტის მიერ დანახული“. დაწერილი 1938 წელს, გამოცემული 1939 წელს.
არა ჩვეულებრივი ბიოგრაფიული პორტრეტი, უფრო მეტად არსის ხატი, ნორდულ-გერმანულ სივრცეში დანახული. ეს ნარკვევი ნაციონალურსოციალისტურ ბიბლიოგრაფიაში არის შეტანილი. რაიხსშრიფტტუმკამმერის პრეზიდენტმა ჰანს იოსტმა, თავის დროზე, პატივი მიაგო ჩემს ნარკვევს „ფოლკიშერბეობახტერში“ გამოქვეყნებული ჩემდამი მომართული წერილით, რომელსაც თან ვურთავ აქ პროსპექტის სახით. ეს ნარკვევი მოხსენიებულია ვერმახტის ჟურნალ „ზოლდატენბრიფეში“, რეკომენდირებულ წიგნთა შორის და თანაც როგორც ერთადერთი ნაშრომი ფიურერზე. ბოლო გამოცემამ მიაღწია 79-112 ათასს.
3. „მუსოლინი“. ეს წიგნი მსგავსი ხასიათისაა, როგორც წიგნი ფიურერზე, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ წარმოდგენილი პირი ატლანტურხმელთაშუაზღვისპირა სივრცეშია განხილული.
ეს ნაწერები კარგად გვიჩვენებენ, რომ მე, როგორც გონით შემოქმედი, რაიხის გიგანტური ბრძოლის შუაგულში ვდგავარ.
ამჟამად ვმუშაობ ქართული საკავშირო შტაბის დავალებით ქართული რაზმებისათვის. ესენი ჩემი თანამემამულეები არიან, ათასობით და ათიათასობით სამხედრო ტყვე, რომელნიც მოხალისეებად ჩაეწერნენ რაიხის მხარეზე, საბჭოებისა და დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლველად და რომელთაც სჭირდებათ ჩემი სიტყვა მათ ყოველკვირეულ გაზეთში საბრძოლო სულის გასამტკიცებლად მათთვის სრულიად უცხო ქვეყნებში.
ახლა კი ჩემი თხოვნა: გასულ შემოდგომაზე სათადარიგო საცხოვრებელ ადგილად ავირჩიე იუბერლინგენი, ბოდენზეეს პირად, რადგანაც, დრო და დრო, მე აქ სამუშაოდ ჩამოვდიოდი. აქაური ბიურგერმაისტერის დრ. შპრენგის დახმარებით შევძელი, ჩემ ოჯახთან ერთად, ფეხის მოკიდება. ასევე კარგად იყო ჩემდამი განწყობილი ლანდრატი დრ. მაიერი. მან მომცა ბინადრობის ნებართვა, რომელიც მე, როგორც საზღვარგარეთელს უცხოელის პასპორტით, ომის დროს, სასაზღვრო ზონაში მჭირდება, და რასაც ის, დრო და დრო, მიგრძელებდა. ბოლო ასეთი თანხმობა ნოემბრის ბოლოს თავდება. იმ რწმენით, რომ თქვენ, ძვირფასო რაიხსფიურერო და რაიხსმინისტრო, ჩემს შემთხვევას, როგორც გამონაკლისს მიუდგებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ მე და ჩემს ცოლს ელენას, დაბადებით ფიალკინას, რომელიც ასევე რაიხსშრიფტტუმკამმერის წევრია, ასევე ჩვენს შვილობილს ელენა პოგორელოვას, ჩემი ცოლის დისწულს, რომელიც, მართალია, ვენაში სწავლობს, მაგრამ, დრო და დრო, ჩვენთან იმყოფება, დაგვერთოს ნება და მოგვეცეს ბინადრობის უფლება. მე რომ სხვა სათადარიგო საცხოვრებელი ადგილი მეპოვნა, მაგალითად, ვენაში, როგორც მინდოდა ან სულ მცირედი იმედი მაინც რომ მქონდეს მსგავსის ნახვისა ისეთ ადგილას, სადაც სასაზღვრო წესები არ მოქმედებენ, ან ჩემი ბერლინური ბინა არ იყოს ამასობაში დაკავებული, მაშინ არ შეგაწუხებდით თქვენთვის ამ პატარა საქმით ამ ძნელბედობის ჟამს.
ამ თხოვნას საჭიროების შემთხვევაში მხარს დაუჭერენ - ოიგენ დიდერიხსის გამომცემლობა იენაში, - ჩემი ძირითადი გამომცემლობა, შემდეგ ობერრეგირუნგსრატი დრ. ერკმანი (სახალხო განათლებისა და პროპაგანდის სამინისტრო, მწერლობის განყოფილება), კარლ ჰაინრიხ ჰედერიხი - საგამოცდო კომისია ნაციონალურ-სოციალისტური მწერლობის დასაცავად; პროფ. ალექსანდერ ლანგსდორფი, ამჟამად ბრძოლის ველზეა; დრ. კარლ როთე, ევროპის მწერალთა გაერთიანების გენერალური მდივანი; - როგორც ბევრი სხვა გამოჩენილი პირი რაიხიდან.
ყველა საჭირო საბუთი დევს იუბერლინგენში ლანდრატთან, რომელსაც თქვენს მხრივ საჭირო თანხმობა ჩემი ბინადრობის ნებართვაზე უნდა გამოეგზავნოს.
გთხოვთ მიიღოთ წინასწარ ჩემი თხოვნის სწრაფი შესრულებისათვის ჩემი უღრმესი მადლობა“.
ალბათ, მარტო გრიგოლ რობაქიძის განაცხადება არ კმაროდა. სხვებსაც გაუწევიათ მისთვის შუამდგომლობა, კერძოდ ვილჰელმ შეფერს. იგი 1944 წლის 23 ოქტომბერს წერილს უგზავნის ჰანს იოსტს.
„ძვირფასო ჰანს იოსტ!
თქვენთვის, ვინც, თავის დროზე „ფოლკიშე ბეობახტერში“ მშვენიერი წერილი გამოაქვეყნეთ რობაქიძის ნარკვევზე ადოლფ ჰიტლერის შესახებ, არ არის საჭირო გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი შენაძენია გერმანიის სულიერი ცხოვრებისათვის ქართველი მწერალი. ერთი წელია, რაც იგი ცხოვრობს იუბერლინგენში და, აქედან გამომდინარე, ჩემი მეზობელია. გუშინ მომიტანა აქვე თანდართული პირი მისი თხოვნისა სს-ის რაიხსფიურერის ჰიმლერისადმი. როგორც ხედავთ, აქ საუბარია მისი ბინადრობის უფლების გახანგრძლივების შესახებ, რომლის გაგრძელებაც რობაქიძისადმი კარგად განწყობილ დოქტორ მაიერს მისთვის, როგორც სასაზღვრო ზონაში მცხოვრები უცხოელისათვის, საკუთარი პასუხისმგებლობით, მეტი აღარ შეუძლია. ინებებთ ამ თხოვნას, რომელსაც უახლოეს დღეებში, სს-ის რაიხსფიურერ ჰიმლერს ერთი სანდო პირი პირდაპირ გადასცემს, თქვენი წონიანი სიტყვით მხარი დაუჭიროთ! ამისათვის დიდად მადლობელი დაგრჩებოდით“.
ჯერჯერობით არ ვიცით, რა შედეგი მოჰყვა ამ თხოვნებს. ალბათ, მომავალში ამასაც შევიტყობთ. ახლა კი ქართველ მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ ვილჰელმ შეფერი (1868-1952 წ.წ.) იყო პროზაიკოსი და დრამატურგი. ფართოდ ცნობილია მისი 1930 წელს დაწერილი რომანი „კჲოპენიკელი კაპიტანი“. გერმანული ლიტერატურის ისტორიკოსები ამბობენ, რომ ნაციონალ-სოციალისტური ცხოვრების მოდელის შემუშავებაში გარკვეული წვლილი შეიტანა ვილჰელმ შეფერის ნაშრომმა - „გერმანული სულის ცამეტი წიგნი“ („Die drezehn Bücher der deutsche Seele“), რომელიც სავსეა გერმანული მესიანისტური იდეით. იგი გამოცემულია 1922 წელს.
კიდევ უფრო აქტიური მოღვაწე იყო, ნაციზმის პერიოდში, ჰანს იოსტი (1891-1978 წ.წ.). ახალგაზრდობაში, სანამ ექსპრესიონიზმის მიმდევარი იყო, ბრეხტს მეგობრობდა. მერე მიმართულება შეიცვალა. 1929 წელს იგი პრეზიდენტი გახდა ორგანიზაციისა - „საბრძოლო კავშირი გერმანული კულტურისათვის“ („Kampfbund für deutsche Kultur“). 1933 წელს გამოაქვეყნა ნაციონალსოციალისტური დრამა „შლაგეტერ“, რომელიც ჰიტლერს ეძღვნებოდა, „სიყვარულით აღსავსე პატივისცემით და უცვლელი ერთგულებით“. 1933 წელს გერმანული მწერლობის აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. 1935-45 წლებში კი იყო რაიხსშრიფტტუმკამმერის პრეზიდენტი. უამრავი პრემიითა და ორდენით იყო დაჯილდოებული. მწერლობაში იგი დაახლოებით იმავე როლს ასრულებდა, რასაც გჲობელსი საერთოდ იდეოლოგიაში.
გერმანია რომ დამარცხდა, ჰანს იოსტს ერთი კურიოზი შეემთხვა, რომელიც ძვირად დაუჯდა. მიუხედავად მისი ქმედებისა და თანამდებობისა, იგი არ ჩაუთვლიათ ნაცისტ დამნაშავედ. „მიტლოიფერად“ მონათლეს და 500 მარკით დააჯარიმეს („მიტლოიფერი“ იგია, ვინც უშუალოდ არ მონაწილეობდა ნაცისტურ საქმიანობაში, მაგრამ უთანაგრძნობდა, თანამგზავრობდა). ეს იოსტმა უსამართლობად ჩათვალა. სასამართლოში იჩივლა მტყუან-მართლის გასარჩევად. სასამართლომ განიხილა მისი საჩივარი და ... იოსტი მთავარ დამნაშავედ ცნო. სამნახევარი წლით შრომა-გასწორების ბანაკში გაგზავნეს. ნახევარი ქონება ჩამოართვეს. ათი წლით აუკრძალეს წიგნების ბეჭდვა-გამოცემა.
მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა არც იმას, დააკმაყოფილებდნენ თუ არა გრიგოლ რობაქიძის თხოვნას, არც ვილჰელმ შეფერისა და ჰანს იოსტის შუამდგომლობას. დიდი ომი ევროპაში დასასრულს უახლოვდება. მესამე რაიხის დედაქალაქი ალყაშია. დაუნდობელი, დაუზოგავი, გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. ბერლინი ცეცხლში იწვის. ქვა ქვაზე დუღს. ტყვია-ყუმბარა სეტყვასავით ცვივა. სისხლი ნაკადულებად მიედინება. იხოცებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. თავგამეტებული ბრძოლაა ყოველი ქუჩისათვის, ყოველი სახლისათვის, ყოველი ოთახისათვის, ყოველი კუთხე-კუნჭულისათვის. წინ გადადგმული ნაბიჯი უთვალავ მსხვერპლს ითხოვს. საბჭოთა არმია არ ზოგავს არც თავისთავს, არც მტერს. დასავლეთიდან მომავალ მოკავშირეთა არმიებს საბჭოთა ჯარმა უნდა მოასწროს ბერლინის აღება. ასეთია კრემლის ნება. და ტრიალებს მარსის მახვილი, შეუბრალებელი, უმოწყალო და შურისმგებელი.
გრიგოლ რობაქიძის გერმანიაში დარჩენა არაფრით არ შეიძლება. მას უეჭველი დაპატიმრება და დახვრეტა ელის. ვინ აპატიებს სსრკ-დან გაქცევას? ვინ შეარჩენს „ადოლფ ჰიტლერისა“ და „მუსოლინის“ დაწერას, სტალინისა და კომუნისტური პოლიტიკური სისტემის კრიტიკას „ჩაკლულ სულში“? მაგრამ თავისდაღწევა როგორ უნდა მოახერხო? ამ სიკვდილის დღესასწაულში, იუბერლინგენში, 1945 წლის 22 აპრილს, გრიგოლ რობაქიძის ოჯახში მივიდა ვიღაც ქართველი. ამ კაცმა ომის ჯოჯოხეთიდან გაიყვანა სამი ადამიანი - გრიგოლ რობაქიძე, ელენე ფიალკინა და ელენე პოგორელოვა.
ვინ იყო ეს კაცი? არ ვიცით. გრიგოლ რობაქიძე უამრავ წერილში ახსენებს ვიღაც ქართველს, რომელმაც იგი და მისი ოჯახი აშკარა სიკვდილს გადაარჩინა 1945 წლის აპრილში, მაგრამ არსად არ ამბობს მის სახელსა და გვარს. რატომ? არც ეს ვიცით. გრიგოლ რობაქიძე, რომელიც მისდამი გამოჩენილ ყოველ პაწია გულისხმიერებას უდიდესი მადლიერებით პასუხობდა, მალავს მისი გადამრჩენელის ვინაობას. ჩანს, ამ კაცის ვინაობის გამხელა ომის დამთავრების შემდეგაც სახიფათოა უფრო მეტად იმ უცნობისათვის, ვიდრე გრიგოლ რობაქიძისათვის.
ვის შეეძლო განეხორციელებინა ეს გაბედული გაქცევა? ცხადია, კაცს, რომელსაც ენდობოდა ნაცისტური ხელისუფლება, გესტაპო, ვერმახტი. ვინც დარწმუნებული იყო, რომ ვერავინ გადაეღობებოდა წინ, შეაჩერებდა და დააბრკოლებდა. ვისაც სჯეროდა, რომ მშვიდობიანად გაივლიდა სასაზღვრო ზოლს იმ დროს, როცა ძაღლი პატრონს ვერ სცნობს, არ არის მტერ-მოყვრის გარჩევა და ხიფათი ყველა კუნჭულშია ჩასაფრებული. ვინც პატივს სცემდა მთელ ქართულ მწერლობას და პირადად გრიგოლ რობაქიძეს.
1945 წლის 23 აპრილს, გრიგოლ რობაქიძემ, ელენე ფიალკინამ, ელენე პოგორელოვამ და უცნობმა ქართველმა, ლუსტენაუსთან, არალეგალურად შვეიცარიის საზღვარი გადალახეს და სამშვიდობოს გავიდნენ. სამი კვირა ბჲულერში საკარანტინო ბანაკში გაატარეს. შემდეგ ერთი თვე მონტროიში იმყოფებოდნენ შემკრებ პუნქტში. 11 ივნისს გრიგოლ რობაქიძე და ელენე ფიალკინა ბაზელში გააგზავნეს ლტოლვილთა ბანაკში. ალია მონტროიში დატოვეს. 31 ივლისს გრიგოლი და ელენე ჟენევაში გაამგზავრეს. ალია კი ლუცერნში წაიყვანეს. ჟენევაში გრიგოლი და ელენე შემოქმედ ლტოლვილთა სახლში - Geneve-Frontenez-ში ცხოვრობდნენ, ორი წელიწადი. კმაყოფილია ამ სახლში ყოფნით გრიგოლ რობაქიძე. არსად ისე ნაყოფიერად არ მიმუშავია, როგორც იქო, - წერს იგი. მაგრამ 1948 წლის დასაწყისში ეს სახლი გაეუქმებინათ. ეს უკვე აღარ აშინებდათ. ამასობაში ელენე ფიალკინა სამუშაოდ მიუღიათ გაეროს ჟენევის განყოფილებაში. 1000 ფრანკი მიუციათ ხელფასად, გადასახადების დაუქვითავად. ალია პოგორელოვა შვეიცარიაში ჩასვლისთანავე უფასო პანსიონში მიიღეს. მერე ჟენევის უნივერსიტეტშიც უფასოდ სწავლობდა. ცხოვრება თითქოს თანდათან ეწყობოდა და კალაპოტში დგებოდა. მოულოდნელად ახალი უბედურება დაატყდა თავს გრიგოლ რობაქიძეს. 1950 წლის 21 თებერვალს ელენე ფიალკინას დამბლა დაეცა.
დაიწყო 70 წლის გრიგოლ რობაქიძის მარტოხელა ცხოვრება.
![]() |
15 ცდუნება |
▲back to top |
იმის მერე, რაც მარქსმა და ენგელსმა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ გამოაქვეყნეს 1848 წელს, სოციალიზმი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სოციალ-პოლიტიკური მოძღვრება გახდა. თუ მანამდე იგი ერთერთი რიგითი მოძღვრება იყო, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მთელ მსოფლიოს მოედო. ვერცერთი რელიგია ვერ შეედრებოდა მას გავრცელებულობითა და პოპულარობით. ინდოეთსა თუ ჩინეთში, აფრიკასა თუ ამერიკაში სოციალიზმით ისევე იყვნენ დაინტერესებულნი, როგორც ევროპაში.
მე-20 ასწლეულის პირველ ნახევარში სოციალიზმის თეორიამ სამი ურჩხული დაბადა - რუსული ბოლშევიზმი, იტალიური ფაშიზმი და გერმანული ნაციზმი. მართალია, მათ შორის სერიოზული სხვაობაა, მაგრამ სამივე სოციალიზმის შვილებია. ხასიათით და თვისებით განსხვავებულნი, მაგრამ მაინც შვილები. მუსოლინი ისევე იყო იტალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, როგორც ლენინი და სტალინი იყვნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრები. სოციალ-დემოკრატი მუსოლინი ქართველ სოციალ-დემოკრატ ნოე ჟორდანიასაც კი დახმარებია ერთხელ. როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ნოე ჟორდანიას არ უნდოდა ჩარჩენილიყო საფრანგეთში. საქართველოში დაბრუნება გადაუწყვეტია. ეს ძნელი საქმე იყო. საზღვრები უკვე ჩაიკეტა. არც ტრანსპორტის შოვნა იყო იოლი. ნოეს გაუგია, რომ ვენეციიდან გემი გადის სტამბოლისაკენ. ისიც შეუტყვია: ყველა გემზე ორი თვის მანძილზე ყველა ადგილი დაკავებულიაო. მაინც წასულა ნოე ჟორდანია იტალიაში იმედით - იტალიელი სოციალისტები დამეხმარებიანო. როცა ვერავინ უნახავს, მილანოში იტალიელი სოციალ-დემოკრატების გაზეთის „ავანტის“ რედაქციაში მისულა. იქ გაზეთის რედაქტორი მუსოლინი დახვედრია. მეტად თავაზიანად მიუღია მუსოლინის ნოე ჟორდანია. მაშინ მუსოლინი დიდი ფრანკოფილი ყოფილა. იმედი ჰქონია: ანტანტა უთუოდ დაამარცხებსო გერმანიას. როდესაც ნოე ჟორდანიას ეჭვი გამოუთქვამს - ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებსო. მუსოლინის ეს მეტად გაჰკვირვებია: ასოცი მილიონი რუსი გერმანიას ვერ დაამარცხებს? ეს დაუჯერებელია, დაუჯერებელიო - იმეორებდა თურმე. ნოეს გახარებია ბენიტოს ფრანკოფილობა. თვითონაც დიდი ფრანკოფილი იყო. მუსოლინი მაშინვე დახმარებია ნოე ჟორდანიას. სარეკომენდაციო წერილი მიუცია. მეორე დღესვე ქართველი სოციალ-დემოკრატი ვენეციაში იყო, გემზე იჯდა და თურქეთისაკენ მიემგზავრებოდა (ნ. ჟორდანია - „ჩემი წარსული“, 1990წ., გვ.66-68).
თუ ლენინი და სტალინი ინტერნაციონალურ სოციალიზმს ქადაგებდნენ და მისი გავრცელება ეწადათ მთელ მსოფლიოში, ჰიტლერი ნაციონალური სოციალიზმის მომხრე იყო და მისი გამარჯვებისათვის იბრძოდა.
სოციალიზმი სამი ურჩხულიდან ყველაზე სასტიკი, დაუნდობელი და სისხლიანი რუსული ბოლშევიზმი იყო. მას ვერც გერმანული ნაციზმი შეედრება და ვერც იტალიური ფაშიზმი, რომელიც ამ სამიდან ყველაზე სუსტი იყო.
არც გერმანულ ნაციზმს, არც იტალიურ ფაშიზმს რელიგია არ გაუუქმებია, ეკლესია-ტაძრები არ დაუნგრევია, სამღვდელოება არ ამოუხოცავს. რუსულმა ბოლშევიზმმა კი პირწმინდად მოსპო რელიგია, დაანგრია ეკლესიატაძრები, ამოწყვიტა სამღვდელოება.
კლასობრივი ბრძოლის სახელით, არც ფაშიზმს იტალიაში, არც ნაციზმს გერმანიაში არ გაუნადგურებია საკუთარი არისტოკრატია და ბურჟუაზია. მშრომელი, გამრჯე გლეხები არ მოუნათლავს კულაკებად და არ ამოუძირკვავს ძირფესვიანად. ბოლშევიზმმა კი სსრკ-ში მოსპო არისტოკრატიაც, ბურჟუაზიაც და ე.წ. „კულაკური“ გლეხობაც.
მართალია, ნაციზმის დროს გერმანიაში ანტისემიტიზმი მძვინვარებდა, რასაც მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ ვინ დათვალა რამდენი ებრაელი გაწყდა ბოლშევიკურ-კომუნისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში? ანდა სხვა ნაციონალობის ადამიანები, როცა მთელი ერების აყრა-გადასახლება მიმდინარეობდა?53, მაგრამ ჩვენი აზროვნება ჯერ კიდევ კომუნისტური თარგების ტყვეა. ჯერ კიდევ ისე ვაზროვნებთ, როგორც კომუნისტებმა ჩაგვიჭედეს თავში. დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ ჩვენი გონება ბოლშევიზმისაგან განთავისუფლდეს და ლაღად ამოისუნთქოს. სოციალ-პოლიტიკურ-ეკონომიური სისტემის დანგრევა, გონების განთავისუფლებას არ ნიშნავს. სისტემა შეიძლება გაქრეს, მაგრამ გონება მაინც ძველებურად ინერციით მუშაობდეს. გონება რომ მართლა განთავისუფლდეს, ამისათვის თაობების შეცვლაა საჭირო. ამიტომ არის, რომ ფაშიზმის ხსენება დღესაც შიშის კანკალს გგვრის. ბოლშევიზმს კი ლმობიერად ვეპყრობით. უფრო მეტიც: მისტირიან და იმაზე ოცნებობენ, როდის დაბრუნდებაო. იმას კი ვერ მიმხვდარან, რომ სწორედ ბოლშევიზმმა შეაჩერა იმ ხალხების განვითარება, რომელნიც სსრკ-ში ცხოვრობდნენ. ახლა ეს ხალხები იძულებულნი არიან უკან დაუბრუნდნენ (რაც პირველად ხდება მსოფლიოს ისტორიაში) კაცობრიობის განვითარების ძირითად გზას. სწორედ ეს იძულებითი და აუცილებელი უკანდაბრუნებაა იმ სიდუხჭირე-სიღარიბის, ჩამორჩენილობისა და სიბეჩავის საფუძველი, რაც ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში სუფევს.
დროთა განმავლობაში ყველაფერი შეფასდება და გადაფასდება, მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში კაცობრიობის ისტორიას ბოლშევიზმი, ნაციზმი და ფაშიზმი წარმართავდა. რაგინდ დიდი უბედურებაც უნდა ყოფილიყო ეს მსოფლიოსათვის, სამწუხაროდ და სავალალოდ, ასე იყო. ამას ვერსად გავექცევით. ის ადამიანებიც, ვინც ბოლშევიზმს, ფაშიზმს, ნაციზმს სათავეში ედგნენ, კაცობრიობის დაჟინებული ყურადღების საგანნი იყვნენ. სძულდათ კიდეც ისინი და უყვარდათ კიდეც. თუ ერთნი (დიდი უმრავლესობა) ბრმა სიყვარულს შეეპყრო, მეორენი (დიდი უმცირესობა) მოვლენის ახსნას ცდილობდნენ. უნდოდათ ნათლად გარკვეულიყვნენ, რა მოხდა და რატომ.
ძიების პერიოდში ცდუნებაც იოლია და შეცდომაც. ისეთი გამჭრიახი და ირონიული გონების პატრონმა მწერლებმაც კი, როგორიც იყვნენ ბერნარდ შოუ და ანატოლ ფრანსი, ვერ დაინახეს ბოლშევიზმის საფრთხე. მისგან კაცობრიობის ცხოვრების განახლებას ელოდნენ. ანრი ბარბიუსი ხომ სულ მოჯადოებული იყო სტალინითა და ბოლშევიზმით. რომენ როლანიც და ანდრე ჟიდიც დაიბნენ. თუმცა სსრკ-ში მოგზაურობის შემდეგ ანდრე ჟიდს გონება გაუნათდა. შეცდომას მიხვდა. მათ არავინ ემუქრებოდა და არც ძალდატანებით დამართიათ გონებრივი აბერაცია. ისინი გულწრფელი შეცდომის მსხვერპლნი იყვნენ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. იგი ყველა დროში ხდება.
ასევე გულწრფელად მოსწონდა მუსოლინი ამერიკელ პოეტს ეზრა ფაუნდს. იგი იტალიელი დუჩესაგან არც რაიმე ჯილდოს მოელოდა და არც ეშინოდა მისი. უბრალოდ, საბუთიანად თუ უსაბუთოდ, აღტაცებული იყო ფაშისტების თავკაცით. არა ერთხელ და ორჯერ შეასხა ხოტბა. სტალინითაც იყო ეზრა ფაუნდი მოხიბლული. საგანგებოდ სწავლობდა ქართულს. უნდოდა იოსებ ჯუღაშვილს ქართულად დალაპარაკებოდა. ამით აპირებდა უფრო ღრმად ჩაეხედა მისი გულისსკნელში. ამერიკელებმა არ აპატიეს ეზრა ფაუნდს მუსოლინით გატაცება. შეშლილად გამოაცხადეს და დიდი ხნით ჰყავდათ საგიჟეთში დამწყვდეული.
კნუტ ჰამსუნსაც არ შეარჩინეს ნორვეგიელებმა ჰიტლერით აღფრთოვანება. მანაც დაიმსახურა თანამემამულეთა რისხვა. მაგრამ დრო გავიდა. ნორვეგიელებსაც და სხვებსაც დაავიწყდათ კნუტ ჰამსუნის „ცოდვა“. კნუტ ჰამსუნი ისევ კნუტ ჰამსუნია და ნორვეგიელები მისი ნიჭიერების შესაბამის პატივს მიაგებენ.
საერთოდ, ყველა დროში და ყველა ქვეყანაში არსებობდა სახოტბო ლიტერატურა. ასეა დღესაც. მეხოტბენი თავდაუზოგავად უმღერიან ძლიერთა ამა ქვეყნისათა: ზოგნი - გულწრფელი აღტაცებით, ზოგნი - ანგარებიანი გამორჩენის მიზნით.
მწერალი ემოციური არსებაა, მასზე ღრმად ზემოქმედებენ ძლიერი ადამიანები. როგორც სრულად უცნობი ლამაზი ქალი ააფორიაქებს მწერლის სულს და უმშვენიერეს ლექსებს დააწერინებს, ასევე იწვევს ძლიერი პიროვნება შემოქმედის აღგზნებას. უჩენს სურვილს ხოტბის შესხმის.
გრიგოლ რობაქიძეც აჰყვა ცდუნებას, როცა „ადოლფ ჰიტლერი“ და „მუსოლინი“ დაწერა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ღირსეული თუ უღირსი ადამიანებით წარსულშიაც ხშირად აღტაცებულა მწერლობა. დღესაც ხდება ეს და მომავალშიც მოხდება. დამაფიქრებელი სხვა რამ არის. გრიგოლ რობაქიძემ იშვიათი შორსმჭვრეტელობით დაინახა ბოლშევიზმის არსი („ჩაკლული სული“, „გრაალის მცველნი“). ამოხსნა მისი მოქმედების მექანიზმი. მაგრამ ვერ მოახერხა ასეთივე ძალით ჩასწვდომოდა ფაშიზმსა და ნაციზმს. ეს მისდამი კეთილად განწყობილ ადამიანებს აკვირვებდა. ახსნას უძებნიდნენ. მაგალითად, ნიკოლაუს ზომბარტი ფიქრობდა, რომ ჰიტლერში გრიგოლ რობაქიძე რუსი ბოლშევიკ-კომუნისტებისაგან დამონებული საქართველოს ჰიპოთეტურ გამანთავისუფლებელს ხედავდა და ამან გამოიწვიაო ავადსახსენებელი ესეის დაწერა („Jugend in Berlin“). დასაშვებია ეს აზრი სიმართლის გარკვეულ დოზას შეიცავდეს. მაგრამ არის კიდევ რაღაც სხვა „ადოლფ ჰიტლერისა“ და „მუსოლინის“ დაწერის საფუძველი, რომლის გასაღებს თავად იძლევა.
პარიზში არჩიბალდ მეკეში, 1908 წელს, ლენინის საჯარო გამოსვლას უსმენს. იგი გატაცებულია ლენინის სიტყვით. თუმცა, რას ამბობს, არ ესმის. არა მარტო იმის გამო, რომ რუსულზე მწყრალად არის, არამედ იმიტომ, რომ არჩიბალდ მეკეშს „იპყრობდა თვითონ პიროვნება. გარეშე იმისა: თუ რას ამბობდა ან თუ რას ფიქრობდა. პიროვნება უშუალოდ: მის შუაგულში აღებული“ („გველის პერანგი“).
ეს უნდა გავიმეოროთ გრიგოლ რობაქიძეზეც. ლენინშიც, სტალინშიც, ჰიტლერშიც, მუსოლინიშიც მას იპყრობდა პიროვნება უშუალოდ, მის შუაგულში აღებული. ამ კუთხით ისინი მართლაც მეტად საინტერესონი არიან. ამიტომ ოთხივეს მიმართ გამოხატა გრიგოლ რობაქიძემ თავისი დამოკიდებულება.
ლენინის პიროვნებას რამდენჯერმე შეეხო, მეტნაკლებად ვრცლად: 1924 წელს, როცა ლენინი გარდაიცვალა (ჟურნ. „კავკასიონი“, 1924 წ., №1-2), „გველის პერანგში“ და „ჩაკლულ სულში“. ჰიტლერსა და მუსოლინის საგანგებო ნარკვევები უძღვნა. სტალინზე კი „ჩაკლულ სულში“ ილაპარაკა (ეს რომანი ქართულად თარგმნა ალექსანდრე კარტოზიამ). მერე „ჩაკლული სულის“ ის თავი, რომელსაც „სტალინის ჰოროსკოპი“ ეწოდება, გრიგოლ რობაქიძემ შეიტანა კრებულში „დემონი და მითოსი“. ოღონდ სათაური შეუცვალა. დაარქვა „სტალინი, როგორც აჰრიმანული ძალა“. ტექსტი არსებითად უცვლელია. სათაურში კი მკვეთრად არის გამოხატული გრიგოლ რობაქიძის უარყოფითი დამოკიდებულება სტალინისადმი. აჰრიმანი ირანულ მითოლოგიაში ბოროტების ღმერთია. უპირისპირდება აჰურამაზდას - კეთილის ღვთაებას. მათ შორის მარადიული ბრძოლაა. „ნესუსის პერანგშიც“ საუბრობს თურმე მასზე. 1954 წლის 17 ივნისს გიორგი გამყრელიძეს წერს: „ ... გამოგიგზავნი სილუეტს სტალინისა (ჩემი ახალი წიგნითგან „Das Nessus - Hemd“) დაინახავ: თუ ვინაა (ვინ იყო) იგი“. მაგრამ ეს თხზულება ჩვენთვის ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია. იგი არ დაბეჭდილა. ხელნაწერის სახით არსებობს და იმ არქივშია, რომელიც საქართველოს განკარგულებაში არ არის.
გრიგოლ რობაქიძის დახასიათებით, არც ლენინს, არც ჰიტლერს, არც მუსოლინის არ ჰქონდათ ადამიანის დამანგრეველი ის ძალა, რომელსაც სტალინი ფლობდა. სტალინი ადამიანებს არარაობად აქცევდა. ეს მკაფიოდ აღწერა გრიგოლ რობაქიძემ ბერზინის სახეში («ჩაკლული სული“).
ბერზინი წარმომავლობით ლატვიელი იყო, ძველი რევოლუციონერი და ბოლშევიკი. მტკიცე და შეუპოვარი ადამიანი არაფრის წინაშე უკან არ იხევდა. მის უდრეკ ბუნებას ყველა იცნობდა. მორიდებით ეპყრობოდნენ. როცა ნატამ ბერზინი გაიცნო, ქალს შეეშინდა ამ კაცის. ქალური გუმანითა და ალღოთი მიხვდა: თუ ბერზინი მის დამორჩილებას მოისურვებდა, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. ბერზინს მართლაც უსაშველოდ მოსწონდა ნატა. სურდა ეს ქალი. როცა თამაზი დააპატიმრეს, ნატა დაიბნა. არ იცოდა, რით ეშველა მიჯნურისათვის, როგორ გადაერჩინა იგი. ისიც კი გადაწყვიტა: თუ ბერზინი თამაზს ციხიდან გამოუშვებდა, მზად იყო დანებებოდა მას. ბერზინმა ნატასთან სტუმრობას მოუხშირა. სასიხარულო ამბავიც მოუტანა - თამაზს მალე გაანთავისუფლებენო. მადლიერი ქალი ბერზინის მორჩილი გახდა. მაგრამ კაცი არ ჩქარობდა. ბერზინმა ვნებით ანთებული და გავარვარებული ნატა, უკანასკნელ წამს, ორჯერ მშვიდად მიატოვა. არც კი შეხებია. ქალს შეურაცხყოფისა და დამცირების ბოღმა ახრჩობდა. მაგრამ ბერზინს ეს ნატას დასამცირებლად და შეურაცხყოფისათვის არ გაუკეთებია. იგი თავისთავს წვრთნიდა. მას უზომოდ უნდოდა ნატა, მაგრამ, როცა ვნებით გაბრუებულ ქალს ტოვებდა, ამით თავის ნებისყოფას ამოწმებდა. დიდად კმაყოფილი რჩებოდა. თავის ვნების მართვა შეეძლო. ის ქალიც კი ვერ აცდუნებდა, რომელიც ეგზომ ძლიერ უყვარდა. თუ ნატა მის ნებას ვერ გატეხდა, ვერც სხვა რამ მოერეოდა.
ბერზინი ტროცკისტი იყო და სტალინი სძულდა. სულ იმის ფიქრში იყო ბოლშევიკ-რევოლუციონერთა შორის უნდა აღმოჩნდეს ვიღაც, ვინც სტალინს მოკლავს. კოლექტიური შეთქმულების მოწყობა შეუძლებელია. ჩეკისტები ყველაფერს მაშინვე შეიტყობენ. ყველას თვალისდახამხამებაში მოგუდავენ. მხოლოდ ინდივიდუალური თავგანწირვით თუ მოხერხდება სტალინის მოკვლა. მოუთმენლად ელოდა ასეთ თავგანწირულ რევოლუციონერს. ამ ფიქრებით შეპყრობილს ერთხელ ესიზმრა: კრემლში იყო, ბოლშევიკების თავყრილობაზე.
სტალინის გვერდით იჯდა. საუკეთესო ვითარება იყო გენერალური მდივნის მოსაკლავად. მოკალი, ჩასჩიჩინებდა ვიღაც, - იხსენი ტირანისაგან პარტია და ქვეყანა. მაგრამ შიშმა ბერზინი მთხლედ აქცია. ნებისყოფა წაართვა. ვერაფერი გაბედა. სტალინი ადგა. ბერზინს ენა გამოუყო და წავიდა.
ბერზინს გამოეღვიძა. შიშის ცივ ოფლში იყო გაწუწული. ადამიანად აღარ ვარგოდა. ცახცახებდა. თავზარდაცემული ლოგინიდან ძლივს წამოდგა.
მეორე დღეს, როცა ბერზინი ნატას ესტუმრა, ქალმა ვერც კი იცნო იგი. ნატას წინ ჩვარი იდო. ტაკიმასხარა იჯდა. უძლური, უნებისყოფო ფიტული, სასაცილო ჩიტირეკია მისჩერებოდა ქალს. ნატას თავში გაუელვა - ამ არარაობის როგორ მეშინოდაო. ბერზინი ერთხანს უხმოდ იჯდა. მერე წამოდგა და სახლში წალასლასდა.
ერთხელ სიზმარში სტალინის ხილვამ ეს რკინისმკვნეტელი რევოლუციონერი კარებში დაგდებულ, ფეხსაწმენდ პინტს დაამსგავსა.
ეტყობა, გრიგოლ რობაქიძემ სტალინის თვისება-უნარი ზუსტად ამოიცნო, შემდგომ სინამდვილეშიც ასე მოხდება. ძველი, მრავალ ჭირვარამგამოვლილი, მედგარი ბოლშევიკ-რევოლუციონერები ბერზინივით არარაობად იქცევიან. ან სტალინის ყურმოჭრილი ყმები გახდებიან, ან დასაკლავი ცხვარივით მორჩილად წავლენ სასიკვდილოდ, - სტალინს გაუმარჯოსო - ბღავილით.
გრიგოლ რობაქიძეს სტალინი არაქართული ბუნების ადამიანად მიაჩნდა. „ნიშნეულია, რომ ქართულ ლხინში, სადაც მუდამ დიონისეს ადიდებდნენ, როცა ყველა სხვა თვრებოდა, ის ერთადერთი, ფხიზელი რჩებოდა“. ქართველი თრობის, გზნების, გატაცების ადამიანია. გრიგოლ რობაქიძეც ასეთი იყო. სტალინისათვის კი თრობა, გზნება, გატაცება მიუღებელი ჩანდა.
„სტალინის თავდაჭერა იოგებისას ჰგავდა“.
„მან არ იცოდა გამარჯვების ბანგი“.
„პოეტურ ზარხოშს არასოდეს აუჩქროლებია სტალინის გული“.
„ის ცივსისხლიანი იყო“.
გრიგოლ რობაქიძე მას პრეისტორიულ ხვლიკს ადარებს.
გრიგოლ რობაქიძისათვის ქართველის ტიპი უფრო ბუდუ მდივანია, ვიდრე სტალინი (ბუდუ მდივანი ინიციალებით ბ.მ. გამოყვანილია „გველის პერანგში“).
„ამ კაცის თვალებია: იქ რომ ნაკვერჩხლებს აფრქვევენ? ამ კაცის ხმაა ის ხმა - მეორედ მოსვლის საყვირს რომ მიაგავს? ხელი კათედრას იქ უროსავით ერტყმევა. პირს იქ სიტყვები მოხსნიან: თითქოს განკითხვის დღის ცეცხლები. მთელი ფიგურა იქ, დამსხვრევას უქადის ქვეყანას (უყვარს სიტყვა: „გავსსრესსთ“)“.
ასეთი აღგზნებული სტალინი არავის არასოდეს უნახავს.
ტემპერამენტის მხრივ ჰიტლერი და მუსოლინი უფრო გასაგები იყო გრიგოლ რობაქიძისათვის, ვიდრე სტალინი. ორივე - ჰიტლერიცა და მუსოლინიც - თრობის, გზნების, გატაცების ადამიანები იყვნენ. ეს იმ უთვალავ დოკუმენტურ ფილმებშიც კარგად ჩანს, სადაც ისინი არიან გადაღებული.
საერთოდ, პოლიტიკოსები ლიანგის დასამორჩილებლად და ასაყოლიებლად ორ ხერხს, ილეთს მიმართავენ - ან ბრბოს გზნება-ექსტაზში ჩაგდებას ან პირიქით - დუნდგოს მოდუნებას, ძილ-ბურანში ყოფნას.
ჰიტლერიცა და მუსოლინიც თავადაც ეგზნებოდნენ და ლიანგსაც აღაგზნებდნენ, ექსტაზში აგდებდნენ. ბიოგრაფების ცნობით, ამისათვის ისინი საგანგებოდ ვარჯიშობდნენ, საათობით ამუშავებდნენ ხმის ინტონაციას, ჟესტიკულაციას, მიმიკას. მუსოლინის მიმიკა ყველაზე დიდ მსახიობსაც შეშურდებოდა. სტალინი პირიქით იქცეოდა. ლაპარაკობდა დუნედ, ერთფეროვნად, მონოტონურად. მსმენელს ყურადღება ეფანტებოდა. ეყვინთებოდა. მისი დუნე, ერთფეროვანი ლაპარაკი ხერხი იყო, ილეთი. ამით სტალინი ლიანგს ადუნებდა, ენერგიას ართმევდა, მთვლემარე-გაბურსალებულს იოლად იმორჩილებდა. მოწინააღმდეგე კი მოთმინებიდან გამოჰყავდა, წონასწორობას აკარგვინებდა. გრიგოლ რობაქიძეს თავად აქვს აღწერილი „ჩაკლულ სულში“, სტალინის შემპარავმა სიდინჯემ როგორ ააღელვა ტროცკი და სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო.
ორატორული ხელოვნების თვალსაზრისით, სტალინი ძირეულად განსხვავდებოდა ლენინისგანაც, ჰიტლერისგანაც და მუსოლინისგანაც.
ლენინიც გზნება იყო, როცა ლაპარაკობდა, თუმცა ფერადოვნებით მისი მეტყველება არ გამოირჩეოდა.
„ლაპარაკობს. ხმა ერთფეროვანი: არც პაუზა და არც ინტონაცია. ფრაზა: დაგრაგნილი და დახერგილი. არავითარი პლასტიურობა. არავითარი „მჭევრმეტყველება“. ფრაზა: უფრო „მოქმედება“. სიტყვა - უფრო „ნება“... არა: არ ლაპარაკობს: ნებას სჭედავს ქმედებისათვის. თითქო გიხმობს ხანძრის ასანთებად და ჩასაქრობათ“ („გველის პერანგი“).
აღგზნებული იყო ჰიტლერიც საჯარო გამოსვლის დროს. მისი გზნება გადაედებოდა მსმენელებს. აღტკინებულ დუნდგოს ნაკლებად ესმოდა, რას ამბობდა ფიურერი, მაგრამ მთლად ემორჩილებოდა ემოციას, საერთო განწყობილებას. იკარგებოდა პიროვნება. არსებობდა მხოლოდ უსახური ლიანგი.
„მისი გამოსვლა ყოველთვის განიცდება, როგორც განსაკუთრებული. ათასები ელიან მას უშუალოდ და მილიონები უცდიან მის გამოსვლას რადიოთი გადაცემულს. ტალღა ტალღაზე მოგორავს აცეცხლებული და აღტაცებით გათრობს. სულით კი გრძნობ: იგი მოდის, უკვე ახლოსაა. მომლოდინეთა ფესვების ყოველ ბგერას ეხება სინათლით შობილი. ტალღები უსაშველოდ ზვირთდება. აქ აღარავინ არის მარტო. „ყოველი მხარი ძმაა და ყოველი სახე - და“. ზვირთების მიერ ატაცებული მსმენელი ბედნიერი დაფრინავს: ნადავლი და მონადირე ერთდროულად. ფიურერი აქ არის. ხმათა ქარიშხალი იუწყება მის მოსვლას: „ჰაილ, ჰაილ, ჰაილ!“ ზღვა ფართოდ იღვრება, ხმაურით ყუჩდება და ტალღები თანდათანობით მშვიდდება. ჩქამიც აღარ არის. სიჩუმე მოიცავს ყველას. მხოლოდ გული ცემს მძლავრად, მხურვალედ და მოლოდინით. გაისმის გულშიჩამწვდომი ხმა, მკაცრი და ალერსიანი. სუნთქვაშეკრულს გესმის ნაცნობი სიტყვები: „გერმანელო ვაჟებო და ქალებო!“ კიდევ ორიოდე წინადადებაც და წმინდა გულაჩუყებულობით მთლიანად სავსე ორატორი გადადის საქმეზე.
მეც დაფიქრებული ვუგდებ ყურს ამ ხმას, როგორც მილიონობით სხვა. ხანდახან ზოგიერთ სიტყვას ვერ ვარჩევ. ვუსმენ მხოლოდ შინაგან ხმას. არ ძალმიძს მოვიშორო იშვიათი ხილვა. ორი მილიონი მკვდარი წევს დაქანცულ მიწაში. შვიდნახევარი მილიონი ჯერ კიდევ იცლება სისხლისაგან. დიდი გერმანული არმია იარაღს ჰყრის. მძიმე უმთვარო ღამეში მბრძანებლობს არამიწიერი სიწყნარე. ანაზდად შორიდან ისმის ხმა, სავსე მწუხარებითა და, ამასთანავე, შეუპოვარი სიცოცხლის ძალით. უცნაურ დუმილში ისმის ეს ხმა - ხომ არ არის იგი ხმა აღმდგარი, მითადქცეული უცნობი ჯარისკაცისა? გამაოგნებლად ჟღერს იგი დუმილში, ამავე დროს, სულის სიღრმეში, ყველა გრძნობს მას, როგორც საკუთარ ხმას.
ადოლფ ჰიტლერის სიტყვებში ყოველთვის მესმის ამ ხმის უპუ. იგი ლაპარაკობს გატაცებით. იკარგება გრძნობა, რომ მარტო ერთი კაცის ხმა მოქმედებს. ჭეშმარიტად სახიერად ავლენს იგი გერმანულ მე-ს“ („ადოლფ ჰიტლერი“).
მუსოლინიც ფლობდა სიტყვის ძალას. გრიგოლ რობაქიძის დახასიათებით, იგი მჭედლის შვილი იყო და სიტყვას ქვისა და რკინისაგან ჭედდა. მისი სიტყვა რიტმიანი იყო. ლექსის შთაბეჭდილებას ახდენდა.
„1915 წლის 24 მაისს იგი აცხადებდა: „დღეიდან ხალხი დგება თოფქვეშ. დღეიდან იგი არის უფრო მეტად იტალიელი. იქ, სადაც ფოლადი ეჯახება ფოლადს, ჩვენი გულებიდან ამოვარდება ერდადერთი შეძახილი - გაუმარჯოს იტალიას!“.
ანდა, 1936 წლის 9 მაისს წარმოთქმული სიტყვიდან: „ოფიცრებო, უნტეროფიცრებო, რიგითებო, სახელმწიფოს შეიარაღებულო ძალებო აფრიკასა და იტალიაში, რევოლუციის შავპერანგოსნებო, იტალიელო ვაჟებო და ქალებო სამშობლოსა და მსოფლიოში... ეთიოპიელთა ბედი გადაწყვეტილია დღეს, 9 მაისს, ფაშისტური ერას მეთოთხმეტე წელს... ლეგიონერებო, დროშები მაღლა! რკინებო და გულებო, რომის ბედის ბორცვიდან მივესალმოთ, ხუთმეტი საუკუნის შემდეგ, იმპერიის ხელახალ დაბადებას!..“.
ასე ისროდა იგი გულებში სიტყვებს პალაცო ვენეციას აივნიდან („მუსოლინი“).
გრიგოლ რობაქიძე ახასიათებს ოთხივე ისტორიული პირის მოძრაობასაც. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა არა მარტო მეტყველების ტემპსა და ტემპერამენტს, არამედ მოძრაობასაც. მართალია, პირადად, გარდა ლენინისა, მას არავისთვის მოუსმენია, უსაუბრია, უნახავს. ლენინი ჰყავდა მოსმენილი, როცა რუსეთის რევოლუციის თავკაცი, რუსი ემიგრანტების წრეში, პარიზში, საჯარო მოხსენებებს კითხულობდა. გრიგოლ რობაქიძე მაშინაც კი არ ყოფილა მოსკოვში, თეატრში, როცა „ლამარას“ სანახავად მოვიდა სტალინი, პოლიტბიუროს წევრებთან ერთად. არც ჰიტლერსა და მუსოლინის შეხვედრია ოდესმე პირადად. ასეთი „შეხვედრა“ საქართველოში გავრცელებულ ზღაპრების რიგს ეკუთვნის (საერთოდ, ქართველებს უყვართ ზღაპრები). არც მას პირადად და არც სხვას არსად აღუნიშნავთ გრიგოლ რობაქიძის შეხვედრის შესახებ არც გერმანელ ფიურერთან და არც იტალიელ დუჩესთან. არც რაიმე დოკუმენტი გვაქვს ხელთ ამის დამადასტურებელი. ეს არ მომხდარა იმის შემდეგაც, რაც გამოაქვეყნა ესეები - „ადოლფ ჰიტლერი“ და „მუსოლინი“. ასეთი ნარკვევები მაშინ უამრავი იწერებოდა. ცხადია, ყველას, თუნდაც გამონაკლისი სახით, ვერც ჰიტლერი შეხვდებოდა და ვერც მუსოლინი.
გრიგოლ რობაქიძეს ისინი მოუსმენია რადიოთი. უნახავს კინოქრონიკებში, დოკუმენტურ ფილმებში. როგორც დაკვირვებული კაცი, გამჭრიახი თვალის მქონე, მაინც ამჩნევს, და ხშირად კარგადაც, მათ თავისებურებებს. გრიგოლ რობაქიძე ოკულტური ცოდნით გატაცებული კაცი იყო. მისთვის ყველა წვრილმანს მნიშვნელობა ჰქონდა. ამ წვრილმანით შორეული ფესვების ამოცნობას ცდილობდა. ამიტომაც მიაპყრობს ჯიუტ მზერას თითოეული მათგანის მოძრაობას.
ლენინი:
„მარცხენა ხელის ცერით იჭერს ჟილეტის ჯიბეს (თუ „იგდებს“ მაყურებელს). ხანდახან მარცხენა ხელი შარვლის ჯიბეს წვდება (თუ დასცინის მოკამათეს). მარჯვენა გრაფიულ ხაზებს კვეთავს აზრის ლოგიურ დინებისას. დრო და დრო მარჯვენას მარცხენა ეხმარება“ („გველის პერანგი“).
სტალინი:
„სტალინი ნაბიჯებს კატასავით ნელა, რბილად ადგამდა, თითქოს სურდა რაღაცას დამალვოდა ან ვინმეს შეუმჩნევლად თავს დასხმოდა“ („ჩაკლული სული“).
ჰიტლერი:
„მისი მოძრაობა ყურადღებას იქცევს განსაკუთრებულობით. ხანდახან იგი კიბეზე ჩამოდის. კიბის ბოლოს მკვეთრად ჩერდება. თავს ზევით წევს.
შორს იმზირება საგნების წიაღ. თითქოს უცბად რაღაცას ხედავს. შემდეგ მკაცრად ხრის თავს. აგრძელებს გზას გაბედული, გრძელი, ძლიერი ნაბიჯებით. იქნევს ხელებს ფართოდ, ენერგიულად. ეს დახვეწილ, დაჯერებულ მსვლელობას ფრთებს ასხამს. აქ მისი ყოველი მოძრაობა პლასტიკურად სრულყოფილია“ („ადოლფ ჰიტლერი“).
მუსოლინი:
„მის სიარულს ფრთიანი სიმსუბუქე აქვს. არავითარი კვალი ნასხმანთა „მორღვეული სიმსუქნისა“. სიხარულითა და სიცოცხლით სავსე ყოფიერება მოაქვს. იცნობს ვინმეს. მიესალმება გაბრწყინებული სახით. ნახევრად ხუჭავს თვალებს. წამწამებს შორის იყურება. ფართოდ იცინის, გამარჯვებული. ხელის ჩამორთმევა დასაჩუქრებას ჰგავს. მოძრაობს ჩქარა, შეუბოჭავად, ნახტომებით. ნაპერწკლებს აფრქვევს“ („მუსოლინი“).
გრიგოლ რობაქიძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის გარეგნობით მიღებულ შთაბეჭდილებას. ცდილობდა გარეგნობის უკან დაენახა სულიერი თვისებები. იგი გარეგნობას ყოველთვის დაწვრილებით აღწერს, სულერთია რეალურ პიროვნებაზე ლაპარაკობს თუ გამოგონილ პერსონაჟზე. თუ უშუალოდ, პირადად ნანახი არ ჰყავდა ესა თუ ის ადამიანი, ფოტოსურათებს იყენებდა. მათ აკვირდებოდა. ფოტოების საშუალებით იქმნიდა წარმოდგენას მათზე. ბუნებრივია, ასე იქცევა მაშინაც, როცა ლენინსა და სტალინზე, ჰიტლერსა და მუსოლინიზე საუბრობს.
ლენინი:
„კათედრაზე დაბალი კაცი, ჩასკვნილი და დამორგვილი, მაგარი თავი. ტიტველი გრანიტი. მაღალი შუბლი და უტეხი კორძები შუბლის. თავის ქალა ოდნავ ჩაწეული ქოჩორთან (ნიშანი სიფიცხის?!). მაგარი კეფა მტკიცედ ამოკორძილი (ნიშანი თავშეკავების?!). თვალები მონგოლის: წვრილი. ერთი მოხუჭული ოდნავ: უნდობი და გამხვრეტი. მეორე - განზე მაცქერალი თითქო. თვალები თვალებში გეჭრებიან და თვალებს „იქით“ იხედებიან. მთელი ფიგურა - უგლიმი“ («გველის პერანგი“).
ეს პორტრეტი გრიგოლ რობაქიძეს აძლევს საშუალებას დაასკვნას: „ფიგურაში არის ძლევა და გამარჯვება... არავითარი იჭვი. არავითარი გაორება... არავითარი სისველე და არავითარი სილბილე“.
სტალინი:
„ვიწრო, სუსტად განვითარებული შუბლი - პირდაპირ მისწრება საქმის კაცისათვის, განსაკუთრებით თუკი ზურგის ტვინი აქვს ულევად, მაგრამ სტალინის ხერხემალი მოაზროვნესავით მაგარიც იყო. ამასთანავე - მას რეპტილიის მგრძნობელობაც ჰქონდა. ბავშვობაში ყვავილი მოეხადა და ამ სნეულების ძლივს შესამჩნევი კვალი კიდევ უფრო ამკვეთრებდა პრეისტორიულობას თავისას; ასევე ჭორფლი, რომელიც მისი სახის ფერს ციცარს ამსგავსებდა. ულვაშებში ირონია, დაცინვა ჩამალულიყო, თითქოს სურდა ეთქვა: მე ვხვდები, რისი დაფარვაც გინდა. ამ მდუმარე განცხადებას მაღლა აწეული მარცხენა წარბი აძლიერებდა. საოცარია: ლენინთან მარჯვენა წარბი იყო. მოწკურული პატარა, გაუმჭირვალი თვალები ჩასაფრებულის დაჟინებით იმზირებოდნენ“ („ჩაკლული სული“).
დასკვნა კი ასეთია: „მთელს მის არსებაში უბედურების მომტანის ცივი სისხლი იგრძნობოდა, რომელიც მზაკვრობით ყველას აჯობებს. მისი მზერის წინაშე ყოველი ნება უკან იხევდა“.
ჰიტლერი:
როგორც უკვე ითქვა, ჰიტლერს პირადად არასოდეს შეხვედრია. არც იმ უთვალავ მიტინგსა და კრებას დასწრებია, რომელზეც ფიურერი გამოდიოდა. გრიგოლ რობაქიძეს დასაკვირვებლად, ფოტოსურათების გარდა, არაფერი ჰქონდა. „ადოლფ ჰიტლერი“ ასეც იწყება: „მე ვუმზერ მას უამრავ სურათზე, მაგრამ თითქმის ყოველ სურათზე იგი სხვადასხვაგვარად იყურება“. სურათების ამარად დარჩენილი გრიგოლ რობაქიძე გვიზიარებს შთაბეჭდილებას.
ერთ სურათზე ერთად დგანან ჰიტლერი და ჰინდენბურგი. სახელგანთქმული მხედართმთავარი უკვე ოთხმოც წელს გადაცდა. მართალია, ისევ კლდესავით გამოიყურება, მაგრამ მასში უკვე აღარ არის საიდუმლო. იგი უბრალოდ არსებობს. ჰიტლერი კი სულ სხვაა. იგი თავისთავშია ჩაკეტილი, ძლივს შესამჩნევ აურა- გარსში. უსასრულო შორეთში იზრდება. მისი სახე შეუწყვეტლად აფრქვევს სასიცოცხლო ძალას. მისი დაჭერა ფოტოაპარატს არ შეუძლია. დამალულის დანახვა არ შეიძლება. იგი უნდა იგრძნო.
მეორე სურათზე ჰიტლერი მადლობას უხდის ფონ რიბენტროპს. მაშინ რიბენტროპი გერმანიის ელჩი იყო ლონდონში. იმხანად საზღვაო ხელშეკრულება დაიდო გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის. ჰიტლერი კმაყოფილი დარჩა ამ ხელშეკრულებით. გახარებული რიბენტროპს სახე უბრწყინავს. მაგრამ იგი ასხივებს, არა საკუთარ, არამედ ჰიტლერის შინაგან ნათელს. ასეა: ჰიტლერის სახე შეუმჩნეველია. საიდუმლოდ ირეკლება სხვაში, ვისთანაც საუბრობს.
როცა გენერალ-ფელდმარშალმა გჲორინგმა იქორწინა, დოკუმენტური ფილმი გადაუღიათ. ამ ქორწილს ჰიტლერიც ესწრებოდა. ფილმში ასე ჩანს: იგი თითქოს ყველასათვის ახლობელია, განსაკუთრებით სიძე-პატარძლისათვის, მაგრამ ამავდროულად შორეულიც. ისეთი განცდაა, რომ არ შეიძლება მიუახლოვდე. თითქოს ქორწილში უცხო მოვიდა. ყველას დაუახლოვდა, მაგრამ მაინც უცხოდ დარჩა. ამ „დაშორებულობას“ ყველა გრძნობს, მაგრამ ვერ გადაულახავთ.
ვერცერთი მხატვარი ვერ დაიჭერს მის შინაგან აღეს. შეიძლება ეს მოეხერხებინა მოქანდაკეს, რომელიც ხისგან გამოკვეთავდა მას, მაგრამ რას უზამს ჰიტლერის ნათელ და მუქცისფერ თვალებს? ისინი მალავენ თავისთავში ფიურერის არსს. ამ თვალების მკაცრი გამოხედვის წინაშე უნდა გაქრეს ყველაფერი ცრუ და ყალბი.
იმ სურათსაც მიუპყრია გრიგოლ რობაქიძის ყურადღება, რომელიც 1914 წელს, დიდი ომის დაწყების დღეს გადაუღიათ. მიტინგზე ზღვა ხალხს მოუყრია თავი. შეძრწუნებული ადამიანები გრძნობენ საშინელი გრიგალის მოახლოვებას. მათ შორის დგას ერთი კაცი. მის სახეზე გამოხატულია ძალა, ყველაფრის მძლეველი. იგი მთლიანად მზადყოფნაა. ამ წუთს გერმანიის ისტორიაში შემობრუნება ხდება. ამის განმახორციელებლად მას აირჩევს ბედი. მერე, გვიან, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სურათზე გამოხატული უცნობი ადოლფ ჰიტლერი იყო.
უდაოა: როცა გრიგოლ რობაქიძე აკვირდება ჰიტლერის ფოტოებს, ხედავს არა იმას, რაც სურათებზეა, არამედ იმას, რისი დანახვაც უნდა. იტალიელ დუჩეზე რომ ფიქრობდა, მაშინაც ასე დაემართა.
აქაც სურათების საშუალებით მსჯელობს. გრიგოლ რობაქიძე, ათვალიერებს მუსოლინის ფოტოებს. ისინი გადაუღიათ იმის შემდეგ, რაც მუსოლინიმ ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.
ამ სურათების მიხედვით, ახალი იტალიის შემქმნელი (der Gestalter) მეტეორული წარმომავლობის ადამიანად ესახებოდა. მუსოლინიზე საუბრისას ხშირად ახსენებს ელვას. ხალიც კი მუსოლინის სახეზე ელვის ნიშნად მიაჩნდა. ეგონა, მუსოლინის მაგარ ყბებს რკინის დაღეჭვაც კი შეეძლო. მის მზერას კი საგნების გაბურღვა. გაოცებული კითხვას სვამდა: ციდან ჩამოვარდნილი დემონია?
გრიგოლ რობაქიძისათვის ოთხივე - ლენინი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი - უფრო მითოლოგიური პერსონაჟები იყვნენ, ვიდრე მე-20 საუკუნის რეალური ადამიანები.
„ადოლფ ჰიტლერში“ მწერალი ერთი ახალგაზრდა გერმანელის ნათქვამს იშველიებს. ამ ყმაწვილისათვის უკითხავთ: როგორ გახდიო ნაციონალ-სოციალისტი. მას მოკლედ უპასუხებია: როცა პირველად ვნახე ფიურერი, ჩემში გაიღვიძა გრძნობამ, რომ იგი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი.
თვითონ გრიგოლ რობაქიძეს კი მიაჩნდა, რომ ჰიტლერი აყალიბებდა ხალხის ენერგიას და ეს კვებავდა მის პიროვნულ არსს.
ჰიტლერზე საუბრისას ქართულ მოთხრობას კონდრატე თათარაშვილი - უიარაღოს „მამელუკს“ იხსენებდა. გერმანულ მკითხველს მის დასასრულს უყვებოდა და ასკვნიდა: „ვისაც არ შეუძლია განიცადოს ეს ყვირილი, როგორც მისი სხეულის ნაწილი, იგი ვერასოდეს გაიგებს სიტყვას „სამშობლო“ ისე, როგორც მას წარმოთქვამს ფიურერი. ჭეშმარიტად: ადოლფ ჰიტლერმა დაუბრუნა ამ ჯადოსნურ სიტყვას მისი თაურმნიშვნელობა. სამშობლო - ეს არის მისი ცეცხლის სასმელი“.
სამშობლო მიწას უკავშირდებოდა. მიწის ცნება კი თავისთავში აერთიანებდა ისეთ საწყისებს, როგორიც გახლავთ რასა, გვარტომი, სისხლი, ნიადაგი. ამაზე „გრაალის მცველნშიც“ ლაპარაკობს და „ადოლფ ჰიტლერშიაც“. „რასას“ გრიგოლ რობაქიძე ხმარობდა „ჯიშის“ მნიშვნელობით. ჯიშს კი ქართველი სხვანაირი თვალით უყურებდა. „ჯიში ჩვენში „თეორია“ კი არაა, როგორც ევროპაში: იგი „სინამდვილეა“ თვითონ. აბა დააკვირდით! ვაგინებთ ჩვენ ვისმე, ვიტყვით: „უჯიშო!“ ვკრულავთ ჩვენ ვისმე, ვამბობთ: „მისი ჯიში ამოვარდა!“ ისიც ვიცით თანვე, რომ „ჯიშის“ დგენისათვის მარტო „სისხლი“ არ კმარა: ვიცით, რომ მისთვის საჭიროა წვართი სულისა და გულისა და ხასიათისა“ („მიხეილ წერეთელი“). ამ კუთხით, - ამბობს გრიგოლ რობაქიძე, - ჰიტლერმა რასის ანუ ჯიშის იდეას ახალი ძალა მიანიჭა, რაც ხალხადგახდომას, ხალხადჩამოყალიბებას (die Volkswerdung) უწყობდა ხელს. ამით გახდა ჰიტლერი მიწის ძალთა გამომღვიძებელი.
ამავე როლს ასრულებდა იტალიაში მუსოლინი. გრიგოლ რობაქიძე მას უწოდებს - Mann mit Dad (კაცი დად-ით). იულიუს ეოლას ვარაუდით, ამ სიტყვით (დად) ძველ გადმოცემებში აღნიშნულია ღვთაებრივი თვისება, რაც გულისხმობს სიმტკიცეს, ურყეობას, უცვლელობას. ამ საიდუმლო სიტყვას ხედავს გრიგოლ რობაქიძე ქართულ ფეოდალურ საგვარეულოში - დად-იანი. მუსოლინიც ფლობდა დადს.
დუჩეს ხელმწიფედაც მიიჩნევდა გრიგოლ რობაქიძე, იმ გაგებით, რა გაგებითაც მას ესმოდა ეს სიტყვა (ჩვენ ადრე უკვე ვისაუბრეთ ამაზე). „ბარაქასაც“ უკავშირებდა მუსოლინის. ამბობდა: რენე გენონი ებრაულ-არაბულ სიტყვას „ბარაქა“ თარგმნისო, როგორც „influence spirituelle“ - სულიერი გავლენა, ზემოქმედება. ქართულ თქმაშიც „ბარაქიანი ხელი“ ეს აზრი იგულისხმება. არა მარტო ნივთიერად უხვი, არამედ სულიერადაც უხვი, გავლენიანი, მძლავრი. მუსოლინი „ბარაქიანი ხელი“ იყო.
გრიგოლ რობაქიძის აზრით, ორივე - ჰიტლერიც და მუსოლინიც - დაჯილდოებული იყო თვისებით, რომელსაც „მსხვერპლურ შინაგან თვითშეწირვას“ უწოდებდა. ამ თვისებით ისინი თავთავიანთ ერებს ერწყმოდნენ. მათ გამოხატავდნენ. „ფოლკსვერდუნგის“ პროცესს წარმართავდნენ.
თუ არ ვცდები, სწორედ „ფოლკსვერდუნგშია“ ჰიტლერითა და მუსოლინით გრიგოლ რობაქიძის გატაცების საფუძველი. მართლაც, როგორც ერთმა ისე მეორემ თავთავიანთი ერების ენერგია და ძალა გააღვიძეს, ააღორძინეს. ეროვნული ღირსების გრძნობა ჩაუნერგეს. საყურადღებოა, რომ გრიგოლ რობაქიძის ნარკვევებში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი არც ნაციზმზე და არც ფაშიზმზე. ეს პოლიტიკური მოძღვრებანი ორივე ნარკვევში გვერდავლილია. საუბარია მხოლოდ ორი პიროვნების ძალასა და ენერგიაზე. რატომ იქცევა ასე გრიგოლ რობაქიძე? საფიქრებელია, მას ენატრებოდა საქართველოში იმ პიროვნებების ხილვა, რომელიც ქართველ ხალხს გააღვიძებდა, საკუთარი ძალის რწმენასა და იმედს ჩაუნერგავდა, როგორც ჰიტლერმა გააკეთა ეს გერმანიაში, მუსოლინიმ - იტალიაში. თავის დროზე, როცა ნოე ჟორდანია დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე გახდა, გრიგოლ რობაქიძემ მას აღტაცებული სტატია უძღვნა. მაგრამ, საუბედუროდ, ნოე ჟორდანიამ „ფოლკსვერდუნგი“ საქართველოში ვერ განახორციელა. ამის ძალა არ ეყო. ამის ძალა მეორე ქართველს ჰქონდა იოსებ ჯუღაშვილს. მაგრამ იგი სხვა გზით წავიდა. „ძველ დროში ტომის ბელადში მთელი ტომის ძალა იყრიდა თავს. სტალინში შეგროვდა პროლეტარული ენერგია“. („ჩაკლული სული“). აქ იყო განსხვავება. თუ ჰიტლერმა და მუსოლინიმ თავთავიანთი ერების ძალას მოუყარეს თავი და შეაგროვეს, სტალინმა პროლეტარიატის ძალა აკრიფა. პროლეტარიატი ინტერნაციონალური მოვლენა იყო. იგი ეროვნულობას უარყოფდა. ჰიტლერისა და მუსოლინისაგან განსხვავებით, სტალინი უნდა განდგომოდა თავის ხალხს. ეს ლენინსაც არ გაუკეთებია. ლენინი განსახიერება იყო რუსულ-მონღოლური ძალის („გველის პერანგი“) და არა მხოლოდ პროლეტარიატის. ამან გამოიწვია ის, რომ „როცა რევოლუცია ძლევამოსილებად იქცა. ის (სტალინი - ა.ბ.) უკვე აღარ იყო ადამიანი. ის იყო არსება, სასტიკი და საშინელი“ („ჩაკლული სული“).
ალბათ, რაკი სტალინი იყო არა ეროვნული, არამედ პროლეტარული ენერგიისა და ძალის შემკრები, ამან განაპირობა გრიგოლ რობაქიძის კრიტიკული დამოკიდებულება მისდამი. თორემ სხვა მხრივ, იგი სტალინს არ უყურებს გამკიცხავი თვალით.
„ის არ ყოფილა მკვლელი, არც ყაჩაღი, არც არანაირი დამნაშავე. პირიქით: საუკეთესო სურდა ადამიანებისათვის...
მიწიერი სიამოვნებანი - ქალი, ღვინო, აზარტული თამაში, ფული - არ არსებობდა მისთვის...
ის გულუხვი იყო, რამდენადაც კი შეეძლო ასეთი ყოფილიყო, და დახმარებისათვის მუდამ მზად იყო, ვითარცა სულიერი მოძღვარი“ („ჩაკლული სული“).
და მაინც იოსებ ჯუღაშვილი, ვინც ყმაწვილკაცობაში პატრიოტულ ლექსებს წერდა, აჰრიმანულ ძალად იქცა. ეს მოხდა იმიტომ, რომ „სტალინი ბოლშევიკად იყო დაბადებული“ და პროლეტარულ რევოლუციას განასახიერებდა. სანამ სტალინი იქნებოდა ცოცხალი ბოლშევიზმიცა და პროლეტარული რევოლუციაც ცოცხალი დარჩებოდა. მოკვდებოდა თუ არა, სტალინი ბოლშევიზმისა და პროლეტარული რევოლუციის კვდომაც დაიწყებოდა. მართლაც ასე მოხდა. ბოლშევიზმი და პროლეტარული რევოლუცია 80-იანი წლების ბოლოს კი არ მომკვდარა, არამედ იმ დღეს, რა დღესაც სტალინი გარდაიცვალა. მასში იყო შეკრებილი, თავმოყრილი ბოლშევიზმისა და პროლეტარული რევოლუციის ძალა. იმ ქვეყნად წავიდა და თან წაიღო. მისი სიკვდილის მერე ბოლშევიზმისა და პროლეტარული რევოლუციის ურემი ინერციით მიგორავდა. 80-იანი წლების ბოლოს ინერციის ძალა გამოილია. ბოლშევიზმმაც და პროლეტარულმა რევოლუციამაც სული დალია.
სტალინთან ერთად, ლენინის გვერდით, მეორე რევოლუციონერიც იდგა - ლევ ტროცკი. იგი ყველას ლენინის უეჭველ მემკვიდრედ მიაჩნდა. მაგრამ, გარდაიცვალა თუ არა ლენინი, სტალინმა პირწმინდად გაანადგურა ტროცკიც და სხვა მოწინააღმდეგენიც. ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. როგორც სსრკ-ში, ისე უცხოეთში უკვირდათ, როგორ მოახერხა ეს ღარიბ-ღატაკ, მშიერმწყურვალე ქართულ ოჯახში გაზრდილმა კაცმა? გრიგოლ რობაქიძის სიტყვით, სტალინში გაერთიანებული იყო რაციო და ინსტიქტი. უკეთესი ნაზავი კი წარმოუდგენელია რევოლუციონერისათვის. მეორე ფაქტორიც არსებობდა, რომელმაც სტალინის სასარგებლოდ გადაწყვიტა მოვლენათა მსვლელობა - ბედისა და ნახევარბედის ფაქტორი.
„თუ ლენინი ბედი იყო რევოლუციისა, ტროცკი რევოლუციას ნახევარბედად მოევლინა - ნახევარბედიც არსებობს... ცხოველური ინსტიქტით სტალინი მუდამ გრძნობდა, რომ ნახევარბედი ვერ გაუძღვებოდა რევოლუციას. ის მუდამ ალმაცერად უყურებდა ტროცკის: არ სჯეროდა მისი. ამ დროს შური კი არ ამოძრავებდა, არამედ ნაღდი რევოლუციონერის ყნოსვა“ («ჩაკლული სული“).
ნახევარბედი იმასაც ნიშნავდა, რომ ტროცკის საკუთარი ენერგია კი არ ჰქონდა, არამედ სხვისი. იგი ლენინის ენერგიით იკვებებოდა. ტროცკი მანამ იყო მტკიცე, სანამ „უკან ურყევ კლდესავით იდგა თვითონ ბედი - ლენინი. საკმარისი იყო, ლენინს სისხლი ჩაქცეოდა, რომ ტროცკის მყისვე დაეკარგა სიმამაცე“, საკუთარი თავის რწმენა. „მან არ იცოდა, რომ ქართულ ენაში „ბედს“, „გამბედაობას“, „ბედნიერებას“ ერთი ძირი აქვს. სტალინმა კი იცოდა... ორი დემონის ბრძოლაში, როგორც ყოველთვის, აჰრიმანმა - სიძულვილის ნაშიერმა - დაამარცხა ლუციფერი“ („ჩაკლული სული“).
„ამორ ფატის“ (ბედის სიყვარული) მოტივი შემოდის აქ. „ამორ ფატი“, გრიგოლ რობაქიძის აზრით, ოთხივე პოლიტიკოსის ცხოვრებაში არსებით როლს ასრულებდა. „ადოლფ ჰიტლერში“ გრიგოლ რობაქიძე ერთ ძველ თქმულებას გვიყვება:
არსებობდა ერთი ბებერი ხე. ვინც გაბედავდა მის დაწვას, იგი ცეცხლში დაინახავდა უკანასკნელ საიდუმლოს. მაგრამ ამ ხილვის ფასად ან მოკვდებოდა ან შეიშლებოდა. ერთმა კაცმა, რომელსაც ამ საიდუმლოს ხილვის სურვილი აწამებდა, გადაწყვიტა დაეწვა ხე. იგი ხშირად მიდიოდა ხესთან. მაგრამ ყოველთვის, როცა ხისთვის ცეცხლი უნდა წაეკიდებინა, რაღაც ძალა მის ხელებს აქვავებდა. ერთხელ დაქანცული ხის ქვეშ, ფოთლებზე წამოწვა. ჩიბუხს მოუკიდა. დაღლილს ჩაეძინა. ჩიბუხიდან ნაპერწკალი გადმოვარდა. ხმელ ფოთლებს ცეცხლი მოედო. წვის სუნმა გამოაღვიძა. საშინლად გაუხარდა: საიდუმლოს იხილავს. არც მოკვდება და არც ჭკუას დაკარგავს. ცეცხლი ხომ უნებლიეთ გაჩნდა. მას არ წაუკიდებია. მაგრამ მოულოდნელად უსაშველო შიშმა შეიპყრო. ცეცხლს მივარდა ჩასაქრობად. გამწარებული ებრძოდა მას. როგორც იქნა ჩააქრო იგი. შიშით გულგახეთქილმა იქიდან მოკურცხლა. გრიგოლ რობაქიძე ასკვნის: ვხედავთ, რომ მას არ ჰყოფნის გამბედაობა უკანასკნელი წამი გადაიტანოს, ანუ არ ჰყოფნის გამბედაობა არსებობისათვის. ამ გაბედულების თვინიერ კი ვერც იდუმალს იხილავ და ვერც ისტორიულ საქმეს გააკეთებ. დღევანდელი წინამძღოლებიც ამ ცეცხლის გენიით არიან გაჟღენთილები. ეს ეხება ლენინსაც, სტალინსაც, ჰიტლერსაც და მუსოლინისაც. „ამორ ფატი“ მთლიანად მოიცავს მათ.
კაიროსიც წყალობს მათ (ყოველ შემთხვევაში გარკვეულ პერიოდში მაინც). „კაიროსი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ხელსაყრელ წუთს, დროს, კარგ შემთხვევას. ხელსაყრელი დროისა და შემთხვევის ღმერთსაც ასე ერქვა - კაიროს. კაიროსის, ანუ ხელსაყრელი დროის ან შემთხვევის გამოყენების ნიჭს პოლიტიკოსის აუცილებელ ნიჭად თვლიდა გრიგოლ რობაქიძე. მისი აზრით, ჰიტლერი და მუსოლინი ოსტატურად ფლობდნენ კაიროსის გამოყენების ხერხს. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდაო, წერს გრიგოლ რობაქიძე, სუდეტის ოლქის გერმანიასთან შეერთებისას და აბისინიის ომის დროს.
ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა ხელსაყრელი წუთის გამოყენებით დაეუფლა ჰიტლერი სუდეტის ოლქს. ასევე ყველა ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენებით იმარჯვებს მუსოლინი ეთიოპიაში, ანუ აბისინიაში.
რამდენადაც გამარჯვებებით იყო სავსე ჰიტლერისა და მუსოლინის საქმიანობა მეორე მსოფლიო ომამდე, იმდენად მარცხიანი აღმოჩნდა მათთვის მეორე მსოფლიო ომი. ერთიც დამარცხდა და მეორეც. მათ დამარცხებასთან ერთად დამარცხდა გრიგოლ რობაქიძის ჭვრეტა-ხილვაც. მართალია, სიკვდილის შემდეგ, მაგრამ დამარცხდნენ ლენინიც და სტალინიც. ბოლშევიზმმა, როგორც პოლიტიკურმა მიმდინარეობამ, არსებობა შეწყვიტა. სსრკ, როგორც ლენინისა და სტალინის პოლიტიკური შემოქმედების ნაყოფი, დაიშალა და დაინგრა. ის ადამიანები, რომელნიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მსოფლიოს ბედ-იღბალს წარმართავდნენ, ამაოდ დაშვრნენ.
გრიგოლ რობაქიძეს „ადოლფ ჰიტლერისა“ და „მუსოლინის“ დაწერის გამო ბევრი წყენა შეხვდა. მისი საქციელი მით უფრო გაუგებარია, რომ იგი არ თვლიდა თავს პოლიტიკოსად. უფრო მეტიც: პოლიტიკა მწერლის საზიანო საქმედ მიაჩნდა.
„... პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ და არცა ვარ. არა ვარ, არა იმის გამო, ვითომ პოლიტიკის არა გამეგებოდეს რა. არა ვარ იმის გამო, რომ ღრმად და მკაფიოდ მაქვს შეგნებული: მწერალი, რომელიც პოლიტიკაში ერევა, პოლიტიკას ვერას არგებს, თავის თავს კი, როგორც ხელოვანს, ვნებასაც მიაყენებს“ („მიხეილ წერეთელი“).
იცოდა ეს, მაგრამ ვნება მაინც მიაყენა თავისთავს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ წიგნების გამო, ევროპაში მას ალმაცერად უყურებდნენ. არც ძველ თხზულებებს უბეჭდავდნენ და არც ახალს. ემიგრანტული ქართული პრესა თუ გამოაქვეყნებდა ხანდახან მის წერილებს, თორემ დიდი გამომცემლობები მისთვის დაკეტილი იყო.
გრიგოლ რობაქიძისადმი გულგრილი დამოკიდებულება ვერ შეცვალა ვრცელმა „განმარტებამაც“ კი. ეს „განმარტება“ ევროპულმა პრესამ არ დაბეჭდა. თუმცა ავტორმა იგი თითქმის ყველა დიდ გამომცემლობას გაუგზავნა.
გრიგოლ რობაქიძე შეეცადა „განმარტება“ არ ყოფილიყო თავისმართლება. მას უნდოდა უბრალოდ აეხსნა პუბლიკუმისათვის რა კუთხით, რა თვალსაზრისით წაეკითხათ მისი ყბადაღებული ნარკვევები. მწერალი „განმარტებაში“ (და სხვა კერძო ბარათებშიც) ირწმუნებოდა, რომ პოლიტიკურად არ იდგა არც ბოლშევიზმისა და არც ფაშიზმ-ნაციზმის მხარეს. იგი მესამე ნაპირზე იმყოფებოდა. ასეთი ნაპირიც არსებობსო, - აჯერებდა მკითხველს. არ დაუჯერეს. მაგრამ ვერც იმათ გაამტყუნებ, ვინც ფიქრობდა, რომ ნაციზმსაც და ფაშიზმსაც შეეძლო პროპაგანდისტული კუთხით გამოეყენებინათ როგორც „ადოლფ ჰიტლერი“, ისე „მუსოლინი“. გამოიყენეს კიდეც, როცა „ადოლფ ჰიტლერი“ რუსულად თარგმნეს და ფრონტზე გაავრცელეს საბჭოთა არმიის ჯარისკაცთა შორის.
ქართველი ემიგრანტების ერთი ნაწილი მხარში ამოუდგა გრიგოლ რობაქიძეს. ისინი ღვთისა და ერის წინაშე ფიცს დებდნენ, რომ გრიგოლ რობაქიძეს არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია არც ნაციზმისა და არც ფაშიზმის მესვეურებთან . ვერც ამ ფიცმა გასჭრა. შეცდომა, მაინც შეცდომად დარჩა. მაგრამ ისიც სიმართლეა, რასაც თვითონვე ამბობს: „ვინც არ ცდება, იგი შემოქმედი არაა“ („ყაზბეგის საკითხი“).
![]() |
16 სიმართლე |
▲back to top |
გრიგოლ რობაქიძეს და გიორგი გამყრელიძეს თბილი და გულითადი ურთიერთობა ჰქონდათ. ბარათებსაც ხშირად სწერდნენ ერთმანეთს. ერთი შემთხვევის გამო მათი ურთიერთდამოკიდებულება გაცივებულა.
ერთხელ გრიგოლს აკაკი ბელიაშვილის მოთხრობა - „ბლაყუჩიას დიალოგები“ - წაუკითხავს. იგი დიდად აღუშფოთებია ბლაყუჩიას სიტყვებს. მოთხრობაში ეს ბლაყუჩია ერთი უქნარა, მაწანწალა და ლაზღანდარა ვინმეა. მთელი დღე ბაღში გდია, პირში ენას არ აჩერებს და ენაკვიმატობს. ერთი ასეთი ენატარტალის დროს ძმაკაცებს კითხვა დაუსვა - ვინ არის ყველაზე პატიოსანი? თანამოსაუბრენი დაფიქრებულან. პასუხი გაუჭირდათ. მხოლოდ გაქართველებულმა ბერძენმა სოკრატე პოპანდოპულომ მიუგო - ღმერთიო. ამ პასუხით უკმაყოფილო ბლაყუჩიამ სოკრატეს მიახალა - „ვაი შენს პატრონს, უბედურს! ღმერთის პატიოსნება ვის გაუგონია. იმ უსვინდისომ, იოსებ დურგლის შვილი ჩემი გაკეთებულიაო, არც შერცხვა, ისე გაავრცელა ხმა. იმიტომ დაგილაგდათ ბერძნებს საქმე, რაც იმ ნაბიჭვარის ღმერთობა იწამეთ“.
გრიგოლ რობაქიძე ღმერთის აუგად ხსენებას ვერ იტანდა. ვერც აკაკი ბელიაშვილს აპატია ზემოთ მოხმობილი სტრიქონები. „ვაჟას ენგადში“ გამოხატა თავისი გულისწყრომა.
„სულ სხვა ყოფილა აკაკი ბელიაშვილი. „ბლაყუჩიას“ რომ ათქმევინა ისეთი საძაგელი რამ - ამის გამეორებაც არ შემიძლია აქ - რომლის მსგავსი საუკუნეთა მანძილზე „ძაღ?ლ?თაპირსაც“ არ წასცდენია. და ეს უნდა თქმულიყო ქართულ მიწაზე, რომლის ისტორიული სუნთქვა ძე ღვთისა იყო! მით უფრო სამწუხაროა ეს, რომ ა.ბ. ფრიად ნიჭიერი რომანისტია“ (გრიგოლ რობაქიძეს მოსწონდა აკაკი ბელიაშვილის რომანი „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა“ - ა.ბ.).
აკაკი ბელიაშვილის მიმართ გამოთქმული ეს საყვედური გიორგი გამყრელიძეს სწყენია. საქმე ის გახლავთ, რომ გიორგი გამყრელიძე აკაკი ბელიაშვილის ცოლისძმა იყო. როცა გრიგოლ რობაქიძის „ვაჟას ენგადი“ იწერებოდა, აკაკი ბელიაშვილი ამ სოფლად უკვე აღარ იყო. 1961 წლის 14 დეკემბერს მცხეთიდან თბილისს მომავალი ცოლ-ქმარი თინათინ გამყრელიძე და აკაკი ბელიაშვილი ავტოავარიაში დაიღუპნენ. ტრაგიკულად გარდაცვლილ ადამიანზე ასე არ უნდა დაეწერაო, - გული სტკენია გიორგი გამყრელიძეს.
თავდაპირველად გრიგოლ რობაქიძე ვერ მიმხვდარა რისთვის დაემდურა მეგობარი. მერე გაუგია. ბარათიც მისწერა 1962 წლის 30 ივლისს:
„გავიდა ხანი, არა დიდი, გავიგე მიზეზი შენი დუმილისა. საყვედურით მომმართაო - მაცნობა კალემ54 - „ვაჟას ენგადში“ დაღუპულის აკაკი ბელიაშვილის ასე ხსენებისათვის. ვაცნობეთ: წერილი მზად იყო, როცა ჩვენ ეს ამბავი გავიგეთო. მე კალეს მივწერე: კიდეც რომ მცოდნოდა, ნათქვამს წერილითგან არ ამოვიღებდი-მეთქი?! გწერ ამას და თან ვუმატებ: დაღუპული ძმა რომ ყოფილიყო ჩემი - მე ერთი სიტყვითაც არ შევარბილებდი იქ თქმულს. ნათესაობა ერთია და სიმართლე (სიტყვა ხაზგასმულია გ.რობაქიძის მიერ - ა.ბ.) კიდევ სხვა: განუზომელ უფრო მეტი!“
![]() |
17 სხვაჲ ჩემი |
▲back to top |
გრიგოლ რობაქიძემ სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიაქცია ყურადღება ქართული პროზის პრობლემას. როგორც ბევრ სხვას, ისე მასაც აწუხებდა, რომ ქართველის შემოქმედებითი ნიჭი პოეზიაში უფრო იჩენდა თავს, ვიდრე პროზაში. „საქართველოში ლექსის კულტურა უფროა გამახვილებული, ვიდრე კულტურა პროზის“ („ქართული პროზისათვის“). ეს ვითარება, მისი ფიქრით, გამოწვეული იყო საქართველოს მძიმე ისტორიული ცხოვრებით. თორემ ქართული მწერლობა დიდმა პროზაიკოსებმა დაიწყესო, - ამტკიცებდა. იაკობ ხუცესი და გიორგი მერჩულე პროზის დიდოსტატებად მიაჩნდა. სათანადოდაც ასაბუთებდა ამას.
იაკობ ხუცესის ოსტატობის დამადასტურებლად „შუშანიკის წამებიდან“ ნიმუშები მოჰყავდა, კერძოდ ის ადგილი, სადაც ცურტავია აღწერილი.
„ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მხურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლისა მკვიდრნიცა მის ადგილოსანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწერტილნი და დამჭნარნი57 და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხორებულნი..“.
ციტირების მერე ამბობდა: „გამოთქმის ფორმა ძალოვანი. ხოლო აქ არის მარჯვე არქიტექტონიკული ხაზიც: ჯერ ორი სიტყვა: განსივებულნი და განყვითლებულნი“. შემდეგ სამი: „დაწერტილნი და დამჭნარნი და დამღიერებულნი“. ბოლოს სიტყვის შემატებით ფრაზა უფრო გაძლიერებული: „ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხორებულნი“. აქ უკვე ხელოვანი სჩანს („ქართული პროზისათვის“).
ასევე აღფრთოვანებული წერდა გიორგი მერჩულეზეც.
„სიტყვა სადა და შემცველი. თქმა სუფთა და დამტევნელი. ხაზი თითქმის მათემატიური. ფრაზა მოქნეული და მოზომილი. პერიოდი მარჯვეთ მოზმული. სახეობა ზომიერი. კოლორიტი სურნელით. თავიდათავი - „აღნაგობა“, როგორც ქართულ არქიტექტურაში. „სამკაული“ მხოლოდ როგორც დეტალი. რასსიული დახვეწილობა და სიწმინდე ფორმების. შიგადაშიგ არიული სინათლე და მზერა. ბოლოს და ბოლოს მომაჯადოვებელი“ („ქართული პროზისათვის“).
მონღოლთა შემოსევამ არა მარტო ქართული სახელმწიფო დაანგრია, არამედ ქართული ცხოვრებაც დააკნინა, მწირი და ღატაკი გახადა. „სიტყვა დაავადდა. დაუძლურდა. სინტაქსი შეიცვალა ძირეულად: რასსიული სიწმინდის მაგიერ ათასნაირი „ნალეკი“. აქედან სიტყვაში და თქმაში: მეტხორცი, მეჭეჭი, ხორკლი, ხიწვი, დაბორკება, დამძიმება, დამბლა. სიტყვამ დაჰკარგა თავისთავადობა: გაირღვა. აქედან „დუალიზმი“ (დუალიზმი სიტყვის), ანუ სიტყვის გაბითურება“ („ქართული პროზისათვის“). ეს აზრი დღესაც უაღრესად მნიშვნელოვანია. დღესაც იგივე ხდება, რაც მონღოლთა შემოსევას მოჰყოლია - სიტყვის გაბითურება და ცნობიერების დაშლა.
ქართული ცნობიერებისა და სიტყვის გასაჯანსაღებლად ბრძოლა არ შეწყვეტილა. საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა იგი. სულხან-საბა ორბელიანმა შესძლო ქართული სიტყვის პირვანდელი ძალით აღდგენა. მისი თხრობის ლაკონიზმი, ლაპიდარულობა, სინათლე და სიმარტივე გრიგოლ რობაქიძეს მიაჩნდა ახალ ეტაპად ქართული სიტყვის განვითარებაში. ამის მერე ქართული პროზა ახალ ხიბლს იძენს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში.
„ილია ჭავჭავაძის სიტყვა მსუქანია და შედედებული. მას აქვს ჯიში, ჯილაგი, ჯავარი, ზავთი, ბარაქა, დოვლათი. ყველგან ხორცი, მაგრამ არა უძვლო. ხორცი მსუქანი, თითქმის ქონიანი. სტილი მისი არ არის პლასტიური. პლასტიკას მარილი უფრო უყვარს, ვიდრე „მიწა“. იგი ხორციელების ნაყოფია. როგორც ასეთი, იგი მიხვეულ-მოხვეულია, ხანდახან მიკიბულ-მოკიბული, ყოველთვის დაგრაგნილი, ოღრო-ჩოღროიანი, ჯანღიანი, მაგრამ მუდამ ფესვგრძელი, მუხლმაგარი, ტანბრგე, ტოტებაყრილი. და თავიდათავი: მწიფე, თესლიანი, ოჯახიანი. ხშირად მასში ხორცმეტიცაა, მაგრამ საერთო სურათში იგი მოსჩანს როგორც დიდი ბაღი და ან როგორც მაგარი კორძი“ („ქართული პროზისათვის“).
ქართული პროზის უმნიშვნელოვანეს ხარვეზად ის მიაჩნდა, რომ არ არსებობდა რომანი, ამ სიტყვის ევროპული გაგებით („ქართული რომანი“). ამას ბევრი ჩიოდა, მათ შორის არჩილ ჯორჯაძეც. გრიგოლ რობაქიძის სიტყვით, ამ ვითარებას თავისი საფუძველი ჰქონდა. კერძოდ ის, რომ „არ არსებობდა ქართული ტიპი: რასსიულ-ფსიხოლოგიურად სინტეტური“ („ქართული რომანი“). თავის მხრივ კი სინთეტური ქართული ტიპის არარსებობა გამოწვეული იყო საქართველოს მძიმე ისტორიული ხვედრით. საქართველო იყო კოლონია, სახელმწიფოს ნაცვლად პროვინცია. „მთელი“ გაქრა და „ნაწილები“ დარჩა. ამ ვითარებაში სინთეტური ტიპი ვერ ჩამოყალიბდებოდა. რომანისათვის კი ამგვარი ტიპის არსებობა აუცილებელი იყო.
„ეტნიური თესლები: იბერი, ქართი, მესხი, კოლხი - ერთს მთლიან ქართულ სხეულში ჯერ კიდევ არ გადადუღებულან უკანასკნელი ჩამოსხმით. ყოველი მათგანი არსებობს თითქო „თავისათვის“. ცალკეულად მთელის გარეშე. იმერი და ამერი: ეს ყოფის კატეგორიებია უფრო ვიდრე გეოგრაფიული დაყოფა. ფსიხოლოგიური სხვაობა აქ უმძაფრესია“ („ქართული რომანი“).
სინთეტური ქართული ტიპის ჩამოყალიბებაში თბილისს უნდა შეესრულებინა არსებითი და გადამწყვეტი როლი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
„თბილისი უნდა ყოფილიყო ესთეტიური მსაჯული: როგორც საქართველოს დედაქალაქი და როგორც ქართლის (მთავარი ეტნიური ჯგუფის) შუაგული. მაგრამ იგი ასეთ მსაჯულად ვერ იქცა. პირიქით: აქ ქართულ ტიპში საშინელი შერევა მოხდა. ჯერ სპარსული ხაზი და შემდეგ იგივე ხაზი სომხური კილოთი ამეტყველებული. შეიქმნა ტიპი „მოქალაქისა“ და „ყარაჩოღელის“. ტფილისის აშუღობა ამ ხაზზეა აგებული... ზედმეტია იმის შესახებაც ლაპარაკი, რომ ქალაქის (ამ შემთხვევაში ტფილისის) ცხოვრება, რომელიც უმთავრესად სარომანო მასალაა, ქართველ რომანისტს არ გამოადგებოდა“ („ქართული რომანი“).
გრიგოლ რობაქიძის ორი სტატიის - „ქართული პროზისათვის“ და „ქართული რომანი“ - მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა:
ქართული რომანის არარსებობა შედეგია ქართული სინთეტური ტიპის არარსებობისა.
ქართული სინთეტური ტიპი არ ჩამოყალიბდა იმიტომ, რომ საქართველო აღარ იყო სახელმწიფო. კოლონიასა და პროვინციაში სინთეტური ტიპის ჩამოყალიბება არ ხდება.
მაგრამ გრიგოლ რობაქიძეს იმედი აქვს, რომ, რაკი აღდგა ქართული სახელმწიფოებრიობა, საქართველო დამოუკიდებელია, ქართული სინთეტური ტიპიც ჩამოყალიბდება და ქართული რომანიც დაიწერება.
მართლაც, ქართული პროზის ძიება და ქმედება ამ მიმართულებით წარიმართა. გრიგოლ რობაქიძემ და საერთოდ, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართულმა პროზამ, გააფართოვა პერსონაჟთა მოქმედების სივრცე და არე (მთელი საქართველო, ევროპა, რუსეთი, ირანი). გაფართოვება ხდება არა მარტო ჰორიზონტალური სივრცის, არამედ - ვერტიკალურისაც: მითოლოგიური ფესვების კვლევა, ღმერთის ძიება, წარმართობის, ქრისტიანობის და ათეიზმის ურთიერთმიმართების რკვევა. განხორციელდა სინტეტური ქართული ტიპის დახატვის ცდა.
გრიგოლ რობაქიძე ამ პროცესის აქტიური მონაწილეც არის და წამომწყებიც. მართალია, მისი ძირითადი რომანები - „ჩაკლული სული“, „მეგი - ქართველი ქალი“ (ამ რომანს მეორე სახელიც აქვს - „მედეას ნაწნავები“), „ქალღმერთის ძახილი, ანუ დალი“, „გრაალის მცველნი“ - გერმანიაში გამოქვეყნდა გერმანულად, მაგრამ ისინი ქართული პროზის მკვიდრი, ორგანული და მოუცილებელი ნაწილები არიან. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას: გრიგოლ რობაქიძის გერმანულად დაწერილ რომანებში ქართული სამყაროს ტრაგედია უფრო ნათლად ჩანს, ვიდრე სხვა მწერალთა ქართულად დაწერილ და საქართველოში გამოქვეყნებულ თხზულებებში (არ ვგულისხმობ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებას, სადაც ნაწინასწარმეტყველებია ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდებოდა თავს). ეს ზუსტად შეამჩნია ფილოსოფოსმა ლეოპოლდ ციგლერმა. მან 1942 წლის 2 დეკემბერს ბარათი მისწერა გრიგოლ რობაქიძეს. ურჩია: „გველის პერანგი“, „ჩაკლული სული“, „გრაალის მცველნი“ ერთად გამოეცითო „ქართული ტრილოგიის“ სახელით. თქვენ ერდადერთმა მოახერხეთ რევოლუციის, ანუ ბოლშევიზმის სულიერი დამარცხება. ეს ტრილოგია ამის საბუთი იქნებაო.
ლეოპოლდ ციგლერი, საფიქრებელია, იმითაც დაინტერესდებოდა, რომ სსრკ-ში მომხდარ მოვლენებს გრიგოლ რობაქიძე განცალკევებულად არ განიხილავდა. მათ იგი აანალიზებდა ევროპულ-ამერიკულ სამყაროში მიმდინარე პროცესებთან ურთიერთკავშირში.
ივანოვი ეუბნება თამაზს („ჩაკლული სული“):
„ყველაფერი რაც საბჭოეთში ხდება, ხდება ყველგან. ნუ გიკვირთ. მიწისქვეშა დინებები აიღეთ, ისინი ყველგან ერთნაირია: ჩვენთან, ევროპაში, ამერიკაში. ჩვენთან ღმერთის წინააღმდეგ იბრძვიან, მისი მოკვლა სურთ. ამერიკასა და ევროპაში რაღა ხდება? იქ არ კლავენ ღმერთს, იქ იგი თავისით კვდება.
ღმერთი მუდმივი წვაა... როცა ჩვენთან ვინმეს კლავენ, ეს დანაშაულია, მაგრამ არა ცოდვა. მორალური კანონი ძირფესვიანად აღმოფხვრილია ევროპასა და ამერიკაში? იქ უკვე კარგა ხანია ამორალური სულისკვეთება სუფევს... ქალი ძველ დროში საიდუმლოს წარმოადგენდა. სქესის წინაშე რიდი მეფობდა. ამაში კოსმიური სუნთქვა ისმოდა. ახლა კი? ჩვენთან, ევროპასა და ამერიკაში ეს საიდუმლო ჩანასახშივე მოშთობილია. რიდი სრულიად გაქრა. იქაც და აქაც სიყვარული ფიზიოლოგიური ხდომილებაა, მეტი არაფერი...
თუ ერთი სიტყვით შევაჯამებთ ამ პროცესს, ეს იქნება ღმერთის განდევნა სამყაროდან. ეს მოქმედება რენესანსში იღებს სათავეს, დღეს მის ნაყოფს ვიმკით. ახალი ადამიანი იბადება უღმერთო. მისთვის არ არსებობს საიდუმლო. არავითარი რიდი, არავითარი მოწიწება, არავითარი მისტიკა. შიშველი ყოფიერება, ნივთიერი: არსად მეტაფიზიკური, ფესვებშიაც კი არა. ეს არის ჩვენი ახალი თაობა. შეადარეთ იგი ამერიკულს - მხოლოდ „მინუს“ ნიშანი დაუსვით წინ გარეგნული მხარის მოსაწესრიგებლად - და ვერავითარ განსხვავებას ვერ ჰპოვებთ მათ შორის. ორივენი ერთი წრიდან მოდიან. ღმერთის ამოძირკვა ყოფიერებიდან - ეს არის კულტურის ახალი მიჯნა“.
აქ მოჩანს არა მარტო არსებული ვითარება, არამედ ყოფიერების განვითარების მიმართულებაც. კაცობრიობა სრული კრიზისისაკენ მიდიოდა. თავის დროზე ამ კრიზისს ფრიდრიხ ნიცშემ მკაფიო სახელი დაარქვა - ღმერთის სიკვდილი. მერე ეს შეხედულება მოდური გახდა. ყველას პირზე ეკერა და წამდაუწუმ იმეორებდა. მაგალითად, ლევ შესტოვი წიგნში - «Умозрение и откровение» - ვასილი როზანოვის შეხედულებათა შესახებ წერდა:
„... როზანოვისათვის ქრისტიანობის იდეა უკავშირდებოდა უღმერთობის იდეას.
მისთვის რაღაცნაირად ქრისტიანობა დაკავშირებული იყო ღმერთის სიკვდილის იდეასთან.
როზანოვისათვის იყო ქრისტიანი ნიშნავს უარი თქვა ღმერთზე.
მას სჯეროდა, რომ ღმერთი მოკვდა „ბუნებრივი სიკვდილით“. უფრო მეტიც, ღმერთის ბუნებრივი მდგომარეობა სიკვდილია“.
თუ ერთი მხრივ, გრიგოლ რობაქიძე განიცდიდა ნიცშეს გავლენას, მეორე მხრივ, იგი აღტაცებული იყო როზანოვითაც და საერთოდ, რუსული „ღმერთმაძიებლობის“ ფილოსოფიით... მან საგანგებო ესეი უძღვნა რუს მწერალს.58
„ჩაკლული სულის“ პერსონაჟის ივანოვისათვის დიდი ხიფათის მომასწავებელია ის, რაც მისი აზრით სსრკ-ში უნდა დამკვიდრდეს - უღმერთო კულტურა. ივანოვის შიშს ადასტურებს „გრაალის მცველნის“ პერსონაჟი ბოლშევიკი და გპუ-ელი ველსკი. ადრე უკვე ითქვა იმაზე, მაგრამ ახლაც უნდა გავიმეორო.
ველსკი უმტკიცებს უცნობ თანამგზავრსა და ლევან ორბელს: მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობის მიხედვით, ღმერთის უარყოფა ადამიანის სრულ განთავისუფლებას ნიშნავდა. თუ ყმა ხარ, რა მნიშვნელობა აქვს იმას, ვისი ყმა ხარ - ადამიანისა თუ ღმერთის? თუ გეშინია, რა მნიშვნელობა აქვს იმას, ვისი გეშინია - ღმერთისა თუ ადამიანის? არსებობის ამოცანა და მიზანი ის არის, რომ ყმა არ იყო არც ღმერთისა და არც ადამიანის. არ გეშინოდეს არც ღმერთისა და არც ადამიანის. მაშინ იქნები თავისუფალი. ვერავითარ თავისუფლებას ვერ მოიპოვებ, თუ გეშინია და ყმა ხარ ღმერთისა. ამიტომ, ჩვენ, ბოლშევიკები, ღმერთის უარყოფით ადამიანებს სრულ თავისუფლებას ვანიჭებთო.
უღმერთო ადამიანი, უღმერთო საზოგადოება, უღმერთო კულტურა. ამის ჩამოყალიბება-შექმნა უნდათ ბოლშევიკებს. მაგრამ, თუ ამ მიმართულებით სსრკ-ში ხალხი მარქსისტულ-ლენინურ მსოფლმხედველობას მიჰყავს, ევროპაამერიკაში იმავეს აკეთებს ტექნიკური ცივილიზაცია. ტექნიკური ცივილიზაციაც უღმერთო ადამიანს, უღმერთო საზოგადოებას, უღმერთო კულტურას აყალიბებს.
ტექნიკური ცივილიზაცია და მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობა თითქოს ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად მოჩანდნენ, მაგრამ მიზნის თვალსაზრისით, მოკავშირენი აღმოჩნდნენ. მარქსიზმ-ლენინიზმი და ტექნიკური ცივილიზაცია ერთ ამოცანას ემსახურებიან. ამის გამო შედეგი სსრკ-შიც და ევროპა-ამერიკაშიც ერთნაირია: ადამიანის სულის გახრწნა და დაშლა, ზნეობრივი დაცემა-დაკნინება.
თავადი გიორგიც („გრაალის მცველნი“) რწმენის დაკარგვას უჩივის: „საუკუნეების მანძილზე მიწას ან პატივს არ ვცემდით, ან ვებრძოდით. უკეთეს შემთხვევაში ვითმენდით. ჩვენ უკანმოუხედავად, მკრეხელურად შევბილწეთ მაგნა მატერ (დიდი დედა) და უკვე ვიგემეთ მწარე ნაყოფი. ღმერთისძეობისათვის (die Gottessohnschft) ჩლუნგი და უუნარო გავხდით. მილიონობით ჩვენთაგანისათვის სეფისკვერი მხოლოდღა აბად გადაიქცა. სიტყვამ შეისხა ხორცი - ეს საიდუმლო ჩვენთვის ოდენ იგავია. ნიშნავს კი მიწა აქ ლოგოსის დედის წიაღს! მიწის წიაღზე ისე ვმსჯელობთ, როგორც მატერიაზე. ასე გაქრა ლოგოსის ძალა ადამიანში. სულმა დაკარგა დამბადებელი სიზრქე, იგი ასე ვთქვათ, გაშიშვლდა და რაციოდ გადაგვარდა. უძლური შეიქნა რწმენის დასაბადებლად“.
მართალია, შეცნობის უნარი კიდევ შერჩა ადამიანს, მაგრამ შეცნობა ვერ შეცვლის რწმენას. „რწმენა მეტია, ვიდრე შეცნობა - განუმარტავს თავადი გიორგი ნორინას. შევიცანი მე საგანი, მაგრამ იგი მაინც რჩება ჩემთვის ნივთად. ვიწამე მე რაღაც, იგი უკვე აღარ არის ჩემთვის უცხო, სხვა. მიჯნურისათვის ნანდაური არ არის მოწინააღმდეგე, სხვა არსება. იგი არის განუმეორებელი სახე, რომელშიც მიჯნური თავისთავს ისევ პოულობს. არავის, მთელ დუნაიზე, არა აქვს უნარი გამოხატოს ის სინამდვილე, რომელიც შეყვარებულთა შორის იქმნება. არადა იგი ქმედითად არსებობს. სხვისთვის იგი არ არის, მაგრამ შინაგანად დანახული იგი ყველაზე ნამდვილ რეალობად მოჩანს. გაივლის სიყვარული. შეყვარებულთა შორის დაისადგურებს სიცარიელე. შემაშინებლად გაუცხოებულნი დგანან ისინი ერთმანეთის პირისპირ. ზუსტად ასე ქმნის მორწმუნე სინამდვილეს თავისთვის.
- ალბათ, წარმოსახვის ძალით? - წამოიძახა გაოგნებულმა ნორინამ.
- დიახ, მაგრამ ღვთაებრივი წარმოსახვის აზრით. წარმოიდგენს ღმერთი რაღაცას, მაშინვე აღმოცენდება რაღაც. ქმნადობის ეს ძალაა რწმენის საიდუმლო. შეცნობა აქ უძლურია“.
რწმენა მაშინ არსებობს, როცა არსებობს ქმნადობის ძალა (Kraft des Bildens). თუ არ არის ქმნადობის ძალა, არ არის არც რწმენა.
ეკლესიაში სიარული, პირჯვრის დაწერა, ხატის წინ სანთლის ანთება, წირვა-ლოცვის მოსმენა, სახარების კითხვა არ შობს ადამიანში ქმნადობის ძალას. ამას წარმოქმნის დაძლევა შინაგანი გაორებულობისა, რაც უძველესი დროიდან დამახასიათებელია ადამიანის ბუნებისათვის. დაძლევისათვის თავად გიორგის ის მთლიანობა მიაჩნდა აუცილებლად, რაც ადამ-კადმონის თვისება იყო.
იუდაისტური მისტიკური ტრადიციის თანახმად, ადამ-კადმონი (ებრაულად - თავდაპირველი ადამიანი) არის სამყაროს სულიერი და ნივთიერი პირველაღე, ადამიანის არსის აბსოლუტური სულიერი გამოვლენა. ბიბლიური ტექსტების ზოგიერთი განმმარტებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს ადამიანს შექმნილს ღვთის ხატად და ადამიანს გამოძერწილს თიხისაგან. მათ ნარკვევებში ნათქვამია ისიც, რომ ადამიანი შექმნილია არა ხატად ღმრთისად, არამედ სახედ ადამ-კადმონისად. ადამ-კადმონი მიჩნეულია ზეციურ პირველაღედ. აქ ნასესხები უნდა იყოს, პლატონის კონცეფცია-იდეა, როგორც ზედროული წინასახე საგნისა. ეს საფუძველს იძლეოდა ადამ-კადმონში გაერთიანებული სახით წარმოედგინათ ქალური და ვაჟური საწყისი (მითოლოგიური, ტრადიციისათვის, საერთოდ უცხო არ არის ორსქესიანი ღვთაებები). ადამკადმონის იდეა პოპულარული იდეა იყო რუსულ „ღვთისმაძიებლურ“ ფილოსოფიასა და მწერლობაში. იოლი იყო იქიდან მისი გადმოსახლება გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში.
თავადი გიორგი იზიარებს აზრს, რომ კაცობრიობას ხიფათი ემუქრება. მისთვის სულერთია, რას დავარქმევთ ამ ხიფათს - ცოდვას, დანაშაულს, დაცემას. მთავარია ის, რომ იგი არსებობს. თავადი გიორგის ფიქრით, ხიფათის საფუძველია ადამიანის შინაგანი გაორება, შინაგანი ორჭოფობა, მთლიანობის უქონლობა. ადამიანის გაყოფა მაშინვე მოხდა, როცა იგი ცოდვით დაეცა. ამიტომ ცნობადის ხე ერთდროულად იყო გაყოფის, გახლეჩის ხეც. ყოფიერებაში კაცობრიობამ დაკარგა განუყოფელობა. დაცემამდე ადამისათვის გაუგებარი იყო კითხვა, რომელიც საუკუნეების მანძილზე აწვალებს მოაზროვნეებს - როგორ შემიძლია შევიცნო რაღაც, რაც მე თვითონ არ ვარ. ადამი სხვებს აღიქვამდა, როგორც სხვაჲ ჩემი. Das Sonderselbst-ს გრიგოლ რობაქიძე იყენებს „სხვაჲ ჩემის“ ბადალ ცნებად. ადამ-კადმონში განუყოფელად ერთად იყო, მთლიანობას წარმოადგენდა „მეც“ და „სხვაჲ ჩემიც“. ადამ-კადმონისებურ მთლიანობას და განუყოფელობას შეუძლია დასძლიოს საკაცობრიო ხიფათი, კრიზისი. უფრო მეტიც: „ალბათ, ადამ-კადმონი ერთდროულად იყო ადამიანი და ცხოველი, განუყოფელი ღმერთის წიაღში, - უმტკიცებს თავადი გიორგი ლევან ორბელს. - ახლა ადამიანი ნატრულობს თავის დაკარგულ ნახევარს, ნატრულობს ცხოველს. გასაგებია მითიური ადამიანი რატომ მიიჩნევდა ცხოველს წმინდანად, როგორც თაურმდგენს, როგორც ტოტემს. ბაბილონსა და შუმერში, უშუალო თაურცოდნის შემნახველში. კოსმოსური ზოდიაქოს ნიშნებად ტყუილად არ არის არჩეული ცხოველები - კურო, ვერძი, თხის რქა, ლომი, ღრიანკალი - ყველა ეს ცხოველი ხორცს ასხამს ადამ-კადმონის სხვადასხვა თვისებას, ერთდროულად რეალურსა და წარმოსახვითს“.
მართალია, ცხოველს არა აქვს „მე“ (უ-მე-ოა, ichlos), მაგრამ სამაგიეროდ მთლიანია, განუყოფელია. ეს განუყოფელობა ენატრება ადამიანს.
„უცნაურია, - ეპასუხება ლევან ორბელი თავად გიორგის, - როცა მე ვქმნი, საგანს ვუყურებ როგორც ცხოველი, ე.ი. არა საგნობრივად.
დიახ, - უდასტურებს თავადი, - ოცნებასა და ნათელხილვაში ჩვენ ცხოველებს ვემსგავსებით და ქმნა-შეთხზვა, ჩვენებურ ქართულ გამოთქმას თუ გამოვიყენებთ, არის თვალღია სიზმარი. ჰო, ჩვენ უხიფათოდ ვართ თვალღია სიზმარში მაშინ, როცა ცხოველები - ცხადში“.
გრიგოლ რობაქიძის ფიქრით, არა მარტო ადამიანია ადამიანის მიმართ სხვაჲ ჩემი, არამედ ცხოველიც.
ადამიანისა და ცხოველის უცნაურ და საიდუმლო ერთიანობის სურათს გრიგოლ რობაქიძის თითქმის ყველა რომანში შეხვდებით.
„მეგი - ქართველი ქალი“:
ნაუ ბარქაიას უყვარდა ცხენები. ამაში იგი ნამდვილი მეგრელი იყო. მეგრელები ცხენში ყოველნაირ განძს მოგცემენ. მაგრამ ნაუს ცხენისადმი გრძნობა შეიცავდა კიდევ რაღაც სხვას. იგი ცხენში ეთაყვანებოდა სიცოცხლის თავდაპირველ ღვთაებრივ ძალას. ტყუილად არ იყო ნაუ ძველი კოლხების შთამომავალი. ანტიკური მწერლების რწმენით, კოლხები ეგვიპტელებს ჰგავდნენ. ისინიც კოსმოსურ ძალას ცხოველებში ხორცშესხმულს ხედავდნენ.
ნაუც გარეგნობით ძველ ეგვიპტელ ქურუმს მოგაგონებდათ. გამხმარი, სუფთად თავგადაპარსული. გამოხედვა მხნე და გაქვავებული. იგი ასხივებდა თაურადამიანის სიცოცხლის ძალას. მის წინაშე შიში და ძრწოლა იპყრობდა კაცს.
ძველეგვიპტელებს ღვთაებრივი შიში ჰქონდათ ცხოველთა მიმართ. აქედან მოდის მათი ფანტასტიკური წარმოდგენები - სფინქსები, ფასკუნჯები (რომელთაც ტურის სხეული აქვთ, არწივის თავი, სვავის ფრთები), გველისთავიანი ვეფხვები და სხვა უცნაური გამოხატულებანი.
ასეთივე ღვთაებრივი თაყვანისცემა ეუფლებოდა ნაუ ბარქაიას, როცა იგი ცხენს უყურებდა. „ნაუ განიცდიდა ცხენს როგორც ტოტემს, როგორც ღვთაებრივის სიმბოლოს და იგავს“.
„ქალღმერთის ძახილი, ანუ დალი“:
ივლიტე დღენაკლული დაიბადა. ჩვილი გაფატრული უშობლის ცხელ ფაშვში გაახვიეს. იქ დაასრულა ზრდა და სიცოცხლის ძალა შეიძინა. ივლიტე, როცა დაქალდა, ჩინებული მოჯირითე გახდა. დააქროლებდა თავის „ლურჯას“ ჭალადიდის ველებში (მიაქციეთ ყურადღება: ნაუ ბარქაიაც ჭალადიდის ტყეებში ნადირობს). ქალი და ცხენი ერთარსებასავით არის.
უფრო შორსაც მიდის გრიგოლ რობაქიძე.
სიზმარში ივლიტეს ვაჟი ირმის სახით გამოეცხადა. ირემმა ქალთან თანაყოფა მოისურვა. დამფრთხალი ივლიტე ცაცხვად გადაიქცა. მაგრამ ირემი არ დამშვიდდა. იგი „აიმღვრა, ახელდა, აბორგდა. ეძგერა ხეს რქებით და იწყო მისი რქენა გაშმაგებით. რქენა ბრაზიც იყო და ალერსიც. ქალწულისათვის შიში აღარ იყო. ალერსის სიტკბო ეხლა ხეში იღვრებოდა. იღვრებოდა მის ფესვებში, მის ტანში, მის ტოტებში, მის ფოთლებში..“. როგორც ხედავთ, ვაჟისა და ქალის თანაყოფა სახიერდება ცხოველისა და ხის ურთიერთობაში.
„გველის პერანგი“:
დოგი „ალლანი“ არჩიბალ მეკეშის საყვარელი ცხოველია. ძაღლი ყველგან თან ახლავს პატრონს. ესმის არჩიბალდის სურვილი. ზოგჯერ წინასწარ გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს. ყოველთვის შემართულია და ეხმარება პატრონს. ერთხელ სიკვდილსაც გადაარჩინა. სპარსეთში არჩიბალდ მეკეში და მისი თანამგზავრები ბანდას გადააწყდნენ. გაჩაღდა ბრძოლა. არჩიბალდმა ერთი კოლტი დასცალა. მეორე უნდა აიღოს. უცბად „მოვარდნა უზარმაზარ ქურთის გაშიშვლებული ხმლით. ერთი წამი და არჩიბალდ მეკეში უნდა დაეცეს მოკვეთილი. მაგრამ „ალლანის“ შეტევა და ერთი ნახტომით ქურთის ხრამში გადაგდება“.
აქაც ადამიანი და ძაღლი თითქოს ერთარსებაა.
გრიგოლ რობაქიძის შეხედულებით, ადამიანი სხვა ადამიანთან, ცხოველთან, მცენარესთან და საერთოდ მთელ სამყაროსთან საიდუმლო მისტიკური ძაფებით არის დაკავშირებული. ისინი ერთიანი არიან. ყველაფერი, რაც ადამიანის გარშემოა, არის მისი სხვაჲ. გრიგოლ რობაქიძის „ჩემი სხვაჲ“ არსებითად იგივეა რაც „უპანიშადებში“ გატარებული აზრი ყველა არსებულის ერთიანობისა: ტატ ტვამ ასი - შენ ხარ ის.
როცა პირველად „გველის პერანგი“ დაიბეჭდა, პაწია კორექტურული შეცდომა გაიპარა. მერე ამ შეცდომას ყველა გამოცემა იმეორებს. ამ კორექტურამ ჰამადანში ქვაზე ამოჭრილი წარწერა ოდნავ ბუნდოვანი გახადა. ამჟამად დაბეჭდილია ასე: „ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდეს უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვაჲ ჩემი“. „ვითარ“ ერთად კი არ უნდა იყოს დასტამბული, არამედ ცალცალკე - ვით არ (როგორ არ). გრიგოლ რობაქიძე დაეჭვებული კაცის კითხვას კი არ სვამს - როგორ (ვითარ) მიყვარდესო ჩემი ძმა მზესა და ხმალზე უმეტესად, არამედ რწმენით სავსე ადამიანის აზრს გამოხატავს - როგორ არ (ვით არ) მიყვარდესო მზესა და ხმალზე უმეტესად. ამიტომ მომავალში ასე უნდა დაისტამბოს: „ჩემი ძმა არყოფილი, ვით არ მიყვარდეს უმეტეს მზისა და უმეტეს ხმლისა, რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი“. თუ ჰამადანში ხვლიკისფერ ქვაზე წარწერილს ასე გავიგებთ, მაშინ არამარტო „უპანიშადების“ დებულების ამოკითხვა შეიძლება იქ, არამედ იმისაც, რაც იესომ უთხრა მწიგნობარს - მეორე მცნება გახლავსო, „შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მარკოზ, X11, 31).60
გრიგოლ რობაქიძე მთლიან, განუყოფელ ადამიანზე ოცნებობდა. იმ ადამიანზე, რომელიც შინაგანი ეჭვიანობით, ორჭოფობით დარღვეული და დაშლილი არ იყო. ასეთად არის დახატული არჩიბალდ მეკეში, ვამეხ ლაშხი, ლევან ორბელი, თავადი გიორგი... ამათი საპირისპიროა თამაზ ენგური, რომელსაც მთლიანობა-განუყოფელობის ძალა არ ეყო. დაიშალა და, უნებლიეთ, მეგობრის გამცემი გახდა.
გრიგოლ რობაქიძეს ნაკლებად აინტერესებდა შიშით, ეჭვით, ორჭოფობით შეპყრობილი ადამიანები, რომელნიც მუდამ გზაჯვარედინზე დგანან და ვერ გადაუწყვეტიათ საით წავიდნენ, რა მიმართულება აირჩიონ. პირიქით, იგი ყოველთვის ცდილობდა დაეხატა მთლიანი, ძლიერი, შეუპოვარი და უდრეკი ადამიანები, ვისთვისაც მიზანი ყოველთვის ნათელია. ვინც მიზნისაკენ მიმავალ გზას არ გადაუხვევს. ჰიტლერითა და მუსოლინით იმიტომაც მოიხიბლა, რომ მათში ამგვარი მთლიანობა და სიმტკიცე დაინახა. ჰიტლერზე ხაზგასმით აქვს ნათქვამი: იგი არ დაიხევს შიშით უკან, საზარელიც რომ დაინახოს (er schrecke nicht zurück, sähe er das Unheimliche). ასევეა გამოგონილი პერსონაჟებიც არჩიბალდ მეკეში, ვამეხ ლაშხი, ლევან ორბელი, თავადი გიორგი, მეგი და სხვანი. თუ ადამიანში ცნობიერი „მე“ და ქვეცნობიერი „მე“ ერთმანეთს დაუპირისპირდა, მაშინ ადამიანი იშლება, კარგავს წინააღმდეგობის ძალას.
ეჭვით, ორჭოფობით, შიშით შეპყრობილი ადამიანი რწმენას, იმედს ვერ გადაარჩენს. ვერც ხალხს გაუძღვება წინ აღთქმული მიზნისაკენ. გრიგოლ რობაქიძეს კი სწორედ ასეთ მთლიან და მტკიცე ადამიანებს ეძებდა, თუ სინამდვილეში არა, მხატვრულ გამონაგონში მაინც.
თუ ადამიანის „მე“ გაბზარულია ცნობიერად და ქვეცნობიერად, მაშინ ის პროცესი იწყება, რასაც თვითონ გრიგოლ რობაქიძე „სულის დაშლას“ უწოდებდა. დაიშალა ბერზინის სული. თამაზ ენგურის სულიც დაიშალა („ჩაკლული სული“). მაგრამ არ დაიშალა არც თავადი გიორგის სული და არც ლევან ორბელის სული („გრაალის მცველნი“). ამა თუ იმ სახით, ოთხივეს ბოლშევიზმთან დაპირისპირება მოუწია. ორმა პიროვნებამ გაუძლო, ორმა - ვერა. თუ ამ მოვლენის ამოხსნას მოვიწადინებდით, შეიძლებოდა მარტივი პასუხის მოძებნა - ვისი „მეც“ გაბზარულია, ის ძალადობას ვერ უძლებს. ვისი „მეც“ მთლიანია, იგი უმკლავდება ყოველგვარ ძალმომრეობას. ეს მთლიანობა აპირობებს ადამიანის ბედს, რადგან „არსის ხვედრი არსშია თვითონ“ („გველის პერანგი“). გარეგანი პირობები და ფაქტორები ერთობ მცირე როლს ასრულებენ.
გრიგოლ რობაქიძეს უნდოდა აპოკალიპსურ შიშს წინ აღდგომოდა დიონისური ლხენით, სიხარულით, დღესასწაულით და მოყვასის ქრისტიანული სიყვარულით. დიონისურ დღესასწაულს იგი „გაიხარე-გამახარეს“ ფორმულით გამოხატავდა, ხოლო მოყვასის ქრისტიანულ სიყვარულს - „სხვაჲ ჩემით“. მათი შერწყმა-შეერთებით ადამიანი იმ ძალას შიეძენდა, რომელიც დაამარცხებდა აპოკალიპსურ შიშს. აქედან გამომდინარე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ გრიგოლ რობაქიძის მსოფლმხედველობის სახელია დიონისური ქრისტიანობა.
![]() |
18 იზოლაცია |
▲back to top |
შვეიცარიაში ჩვიდმეტ წელიწადს გაატარებს გრიგოლ რობაქიძე, 1945 წლის აპრილის ბოლოდან 1962 წლის 19 ნოემბრამდე. გარეგნულად მშვიდი და წყნარია ეს წლები. შინაგანად კი - მეტად დაძაბული და მტკივნეული. გრიგოლ რობაქიძე გარიყა ევროპულმა კულტურულმა ცხოვრებამ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგდროინდელი ევროპული სინამდვილისათვის უცხო და მიუღებელია ქართველი მწერლის შემოქმედება. მისი სახელი თანდათანობით დავიწყებას ეძლევა. გრიგოლ რობაქიძე ამას ვერ ეგუება და ეთვისება. ცდილობს როგორმე გაარღვიოს ჩიხი, რომელშიც მოექცა. მეგობრებიც ცდილობენ დაეხმარონ, მაგრამ არაფერი გამოდის. ერთი ამგვარი დახმარების მცდელობა მკაფიოდ გვისურათებს გრიგოლ რობაქიძის გარშემო შექმნილ ვითარებას.
1948 წელს, შვეიცარიელი რელიგიური ფილოსოფოსისა და მითოლოგოსის დეკერისათვის გრიგოლის ძველ მეგობარს არნიმ ზიგრისტს ურჩევია - მოეწყოთ შეხვედრა ქართველ მწერალთან. ეს შეხვედრა უნდა მომხდარიყო ტიჩინოს კანტონში, ლოკარნოს ახლოს, ლაგო მაჯორეს პირას, დაბა ასკონაში. ზიგრისტმა ადრე სთხოვა შეხვედრაზე თანხმობა გრიგოლ რობაქიძეს. გრიგოლს ეს ძალიან გაუხარდა. მაშინვე, 1948 წლის 7 მაისს, წერილობით დაუდასტურა შეხვედრის თანხმობა.
„ძვირფასო ბატონო ზიგრისტ!
ეს-ეს არის მივიღე თქვენი გულითადი წერილი. თანახმა ვარ. მიხარია. უგულითადესად და უმორჩილესად თქვენი გრიგოლ რობაქიძე“.
მაგრამ შვეიცარიელ შამფურა-მოქალაქე61 დეკერს სიფრთხილე გამოუჩენია. რჩევა უთხოვნია დოქტორ მოეშლინისა და პროფესორ პაეზისათვის - საშიში ხომ არ იქნება გრიგოლ რობაქიძის დაპატიჟებაო. „საშიშროებას“ დეკერისათვის ცხადია, ის ქმნიდა, რომ გრიგოლ რობაქიძეს ესეები ჰქონდა დაწერილი ჰიტლერსა და მუსოლინიზე.
„მე არ მოვითხოვ, რომ მომხსენებელი, თანაც ქართველი, მისი დემოკრატიული შეხედულების მიხედვით შემოწმდეს. ეგზოტისაგან გასაგებია, ნაცისტების ტყუილს რომ წამოეგო, მაგრამ სულის (გაისტის) აშკარა მოღალატის დაპატიჟებაც ხომ არ შეგვიძლია“, - თავს იმართლებს დამფრთხალი დეკერი.
შეხვედრა და მოხსენება ივლისში იყო დაგეგმილი. 14 ივლისს დეკერმა გრიგოლ რობაქიძეს აცნობა: გამოუგზავნიდნენ მესამე კლასის ბილეთს - ჟენევა-ასკონა და უკან. გრიგოლი მოხსენებას უჰონორაროდ წაიკითხავდა. სამაგიეროდ 10 დღე დარჩებოდა ასკონაში სტუმრად დეკერების ოჯახში. მაგრამ დეკერი შემპარავად ჰიტლერზე დაწერილ ესეისაც ითხოვს წასაკითხად. ეს იმიტომ უნდა, რომ „ჩვენ (ჩემმა ცოლმა და მე) შევძლოთ აზრი შევიქმნათ თქვენზე. თან კარგა ხანია ზაფხული დაიწყო. თქვენი მოხსენება სექტემბერში უნდა გადავიტანოთ. ივლისი და აგვისტო, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ არის გამოსადეგი. მანამდე კი შესაძლებელია მდგომარეობა კარგად გაირკვეს და, იმედია, სასიკეთოდ“.
დეკერის კუდის ქიცინმა გრიგოლ რობაქიძე გააღიზიანა. 1948 წლის 25 ივლისს მან დეკერს მისწერა:
„დიდად პატივცემულო დოქტორო დეკერ!
მხოლოდ დღეს ვახერხებ თქვენი 14 ივლისის ბარათზე პასუხს. აქამდე შინაგანად ძალიან დაკავებული ვიყავი. 1. მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი „ძლიერ სადაო“ ნაწერის გამო შვეიცარიის მხრიდან, „თავს დამესხნენ“. ის, რომ აქ თითო-ოროლა ადამიანმა ზურგი შემაქცია, ხომ არ შეიძლება თავდასხმად ჩაითვალოს. 2. ჩემი „ახსნა-განმარტება“ აქაური რამდენიმე კომპეტენტური უწყებისათვის ცნობილია. ვასახელებ მათ - ფედერალური პროკურატურა და კონფედერაციის თავშესაფრებისა და ბანკების ცენტრალური მმართველობა. 3. შვეიცარიამ დიდსულოვნად შემიკედლა და მიმდინარე წლის მარტში, ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენის უფლება მომანიჭა. 4. ჩემთვის ცხადია, რომ თანამედროვეობა, რომელსაც აგრერიგად აწამებს დროსმიტმასნილი „ფსიქოლოგიზმები“, ჩემს ახსნა-განმარტებაში გატარებულ აზრს ასე ადვილად ვერ დაეთანხმება. მე კი მტკიცედ მწამს, რომ ჩემი ახსნა-განმარტება, რომელიც ავადსახსენებელი ნაწარმოების შინაგანი „განზრახვის სკნელში“ ჩაახედებს ნებისმიერ მიუკერძოებელ პირს, იძლევა საშუალებას ჩემი შემთხვევა სულ ცოტა განსაკუთრებულ შემთხვევად მაინც განიხილონ. 5. ამიტომ კიდევ უფრო გამაოგნებლად იმოქმედა ჩემზე თქვენმა სტრიქონებმა - თითქოს ჩემი თავდამცველი წერილი „ჰაერში დარტყმის“ შთაბეჭდილებას ტოვებს მანამ, სანამ თავად ნაწარმოები არ იქნებაო წაკითხული. 6. სამწუხაროდ, მე არ მაქვს აქ არც ერთი ეგზემპლარი ამ ნაწარმოებისა, თორემ დიდი სიამოვნებით, თქვენი სურვილის შესაბამისად, გამოგიგზავნიდით. მაგრამ არა იმის იმედით, რომ საქმე გაირკვეს ისეთნაირად, როგორც თქვენ მიუთითებთ და თანაც „სასიკეთოდ“. ვინც ზემოთ მითითებულ ჩემს თავდამცველ წერილზე მსჯელობს, იგი, ჩემი გრძნობით, ნაწარმოებთან მისასვლელ სწორ გზას თავად იპოვნის. თქვენ ლაპარაკობთ პატიოსნად და ღიად. ასევე ვლაპარაკობ მეც პატიოსნად და ღიად. 7. სურთ დღეს ჩემი სიტყვის წაკითხვა ან მოსმენა - ძალიან კარგი. არ უნდათ - პირადად მე არაფერს ვკარგავ, რადგან საუკუნეებს ველაპარაკები. 8. უნდა დავამატო ისიც, რომ ჩემთვის დიდ „საზოგადოებაში“ მოხსენების წაკითხვა სასიამოვნო არ არის. უპირატესობას ვანიჭებ ვიწრო წრეში ინტიმურ საუბარს, პიროვნებისა პიროვნებასთან.
თქვენ და თქვენ ცოლს ყოველივე საუკეთესოსა და ნათელს ვუსურვებ.
ღრმა პატივისცემით გრიგოლ რობაქიძე“ (წერილში ზოგიერთი სიტყვა ხაზგასმულია თავად ავტორის მიერ - ა.ბ)“.62
არ ვიცით, ჩატარდა თუ არა ასკონაში გრიგოლ რობაქიძესთან შეხვედრა. უფრო ის უნდა ვიფიქროთ, რომ, ამ წერილის შემდეგ, იგი აღარ შედგებოდა.
აშკარაა: გრიგოლ რობაქიძის მიმართ დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალა. ისიც მთელი ძალღონით ცდილობს გაარღვიოს გულცივობის ალყა.
არაფერი გამოდის. შიში - ნაციზმის თანაგრძნობა არ დამბრალდესო - იმდენად დიდია და თავზარდამცემი, რომ ყველა პირს არიდებს გრიგოლ რობაქიძეს. თუ 30-იან წლებში ნაციზმი უსწორდებოდა მტრებს დაუნდობლად, 40-იან და 50-იან წლებში კომუნისტური დიქტატურა და ევროპულ-ამერიკული დემოკრატია ავლებს მუსრს ნაციზმისადმი თანაგრძნობით გამსჭვალულებს. „სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლული ორჯერვე სტკივიან“.
უშედეგო ბრძოლას მაინც აგრძელებს გრიგოლ რობაქიძე.
1950 წლის 17 ივლისს ბარათი გაუგზავნია ფრანგი მწერლის მარსელ ბრიონისათვის. ეს წერილი მრავალმხრივ არის საყურადღებო. ჯერ ერთი იმით, რომ გრიგოლ რობაქიძე ჩამოთვლის იმ თხზულებებს, რომელნიც უკანასკნელ ხანებში, შვეიცარიაში ცხოვრების დროს, დაუწერია. საერთოდ, იგი კმაყოფილია იმით, რომ მეტად ნაყოფიერად მუშაობდა შვეიცარიაში. მეორეც, ამავე ბარათში ისევ უბრუნდება საკითხს - რატომ დაწერა ესეები - „ადოლფ ჰიტლერი“ და „მუსოლინი“. ცდილობს ფრანგი მწერალი დაარწმუნოს, რომ არც „ადოლფ ჰიტლერია“ ნაცისტური თხზულება და არც „მუსოლინი“ - ფაშისტური.
ამ ბარათის მიხედვით, 1945-50 წლებში გრიგოლ რობაქიძეს დაუწერია წიგნები - „ისრაელი, როგორც საიდუმლო და ბედისწერა“ და „ფრიდრიხ ნიცშე“, ესეები - „იზისის წყაროსთან“, „ვინსენტ ვან გოგი“, „დაუბადებელი სიტყვა, როგორც პოეზიის პირველწყარო“, „ატომის გახლეჩა“, „ტექნე და მითოსი“, „თომას მანის დოქტორ ფაუსტუსი“. სამწუხაროდ, არცერთ ამ თხზულებას ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცნობთ. ისინი, ალბათ, მწერლის იმ არქივშია, რომლითაც ამჟამად სარგებლობა არ შეგვიძლია.
გრიგოლ რობაქიძე გახარებულია. 18 ივნისს მარსელ ბრიონს მისთვის მიუწერია: „მომლოდინე, ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუკი წავიკითხავ წიგნებს, რომლებშიც თქვენი ლამაზი ტალანტია გამოვლენილი და ვნახავ მათ ფრანგულად თარგმნილს. მალე გავარკვევ, რაც კი შესაძლებელი იქნება ამისათვის“. ამ სტრიქონების წაკითხვისას, სიხარულთან ერთად, პატარა შიშიც გასჩენია: როცა მარსელ ბრიონი შეიტყობს, რომ ჰიტლერსა და მუსოლინიზე წიგნები მაქვს დაწერილი, ვაითუ, აზრი შეიცვალოსო. ვიცით: ასე ბევრს მოუვიდა. მარსელ ბრიონსაც ასე რომ დამართოდა, 17 ივლისის ბარათშიაც იძულებულია განმარტოს - რას წარმოადგენს ეს ესეები.
კითხვებს თვითონვე სვამს და პასუხსაც თავად იძლევა. სანიმუშოდ ორიოდე ადგილს მოვიტან.
„კითხვა: რა იყო ჰიტლერიზმში წიდისაგან გასაწმენდი? ყველაფერი მხოლოდ წიდა არ იყო?
პასუხი: პრინციპები - ვგულისხმობ: რასა (ჯიში), სისხლი, მიწა, ხალხი - ჰიტლერიზმის მიერ თავისთავად სწორად იყო მიგნებული. ნუ შეგეშინდებათ. ოსკარ გოლდბერგის გენიალურ წიგნში - „ებრაელთა სინამდვილე“ - ეს პრინციპები ისე შემაძრწუნებლად ღრმად არის მოცემული და დადასტურებული, რომ, მასთან შედარებით, როზენბერგის მთელი „მე-20 საუკუნის მითი“ ბავშვის თამაშივით გამოიყურება. ხომ არ შეიძლება ავტორი, ებრაელი, ჰიტლერიზმში დავადანაშაულოთ? მაგრამ ისინი - რასა (ჯიში), სისხლი, მიწა, ხალხი - ჰიტლერულ მოძრაობაში უსუფთაოდ იყო წარმოჩენილი. უსუფთაოდ, რადგან არასწორად იყო გაგებული და ყოფიერებაში გადატანილი. არ იყო საჭირო ბავშვის გადაგდება აბაზანასთან ერთად“
გრიგოლ რობაქიძეს პრინციპები - რასა, სისხლი, მიწა, ხალხი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგდროინდელი სინამდვილისათვის გადამწყვეტ ფაქტორებად მიაჩნდა. მისი აზრით, ყოველი ნამდვილი კულტურა ინდივიდუალურიც იყო და უნივერსალურიც ერთდროულად. კულტურა „საერთოდ“ იყო კულტურა „ანონიმური“. ინდივიდუალურობას კი შემოქმედებასა და კულტურას ჯიშის, სისხლის, მიწის, ხალხის სწორად გაგება ანიჭებდა. ალბათ შეიძლებაო, უმტკიცებდა იგი მარსელ ბრიონს, „ღვთაებრივი კომედია“ ესპერანტოზე ითარგმნოს, მაგრამ ვერცერთი დანტე ვერ მოახერხებდა თავდაპირველად ეს პოემა ესპერანტოზე დაეწერა, რადგან მის შექმნაში, გარდა თავად პოეტ-შემოქმედისა, ენაც მონაწილეობდა, ამ შემთხვევაში იტალიური. აგრეთვე სულიც. ერთი რასა, ერთი ხალხი, ერთი ენა ქმნიდა. სწორედ აქ მუშაობდა და ვლინდებოდა ღვთაებრივი მრავალფეროვნება. მრავალფეროვნების, მრავალსახოვანების თვინიერ კულტურა უსახური ხდებოდა. უსახური კულტურა კი საერთოდ კულტურის სიკვდილს მოასწავებდა.
იმისაც ერიდებოდა: რასაც ბარათში ამბობდა, ვისმეს თავისმართლებად არ მოსჩვენებოდა. ამის გამო ასეთ კითხვასაც სვამდა - ვგრძნობ თავს სრულიად უდანაშაულოდ?
„პასუხი: „ჩემ განმარტებას“ ვამთავრებ შემდეგი სიტყვებით: ყოველი მცდელობა შედგება ან არ შედგება. თუ შედგა, მაშინ მოგებული ვართ. თუ არ შედგა, მაშინ წაგებას ვიმკით. მეორე შემთხვევაში მცდელობას „ცდუნების“ გემო დაჰკრავს. მაგრამ რაღაცას წაგებაშიც ვპოულობთ, სახელდობრ: გაგებას. ვფიქრობ და ვასკვნი: ჩემს მცდელობაში ჩემს ძალებს იმაზე მეტი დავაკისრე, რაც შეეძლოთ. ამაში ვხედავ ჩემს დანაშაულს, რაზეც სხვა ადგილას პასუხი უნდა ვაგო, რასაც ვაკეთებ“ (ბარათში anderswo ხაზგასმულია. ალბათ, ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობას გულისხმობს - ა.ბ.).
ზოგადად სულის ძალას გრიგოლ რობაქიძე, გადამწყვეტ და არსებით მნიშვნელობას ანიჭებდა. მიაჩნდა, რომ „სიბნელის ძალა სულის უღონობაში იდო“. სულის ძალა რომ არ დაეკარგა, განუწყვეტელ შემოქმედებით შრომას ეწეოდა. თუმცა მისი შემოქმედება აღარ აინტერესებდათ. გერმანულენოვან სამყაროში იგი თანდათანობით ავიწყდებოდა პუბლიკუმს. ამის მიზეზი მარტო ის არ ყოფილა, რომ გრიგოლ რობაქიძე ავტორი იყო „ადოლფ ჰიტლერისა“ და „მუსოლინის“. უფრო რთული და არსებითი მიზეზიც არსებობდა. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება ეკუთვნოდა სიტყვაკაზმული მწერლობის იმ სახეობას, რომელსაც გერმანელები უწოდებენ Blut-und Bodenliteratur-ს (მიწისა და სისხლის ლიტერატურა). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ სახეობის ლიტერატურა საერთოდ მიეცა დავიწყებას. მიწა, სისხლი, რასა, ჯიში მკითხველს ნაციზმსა და ფაშიზმს ახსენებდა. ყველას შიშით აცახცახებდა და მათი გაგონება აღარ უნდოდა. შეხედულებანი ნელნელა იცვლებოდნენ და კოსმოპოლიტურ ხასიათს იღებდნენ. როგორც ჩანს, გრიგოლ რობაქიძეს ეს პროცესი გამოეპარა. ამიტომ გაკვირვებული იყო იმ გულგრილობით, რასაც მის შემოქმედებისადმი იჩენდა ახალი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგდროინდელი, თაობა. ამ გულცივობას სხვაგვარად ხსნიდა მიხეილ წერეთელი:
„შენი წიგნები მკითხველთა „მასსისათვის“ არ არის დაწერილი, არც საშუალო „განათლებული“ მკითხველისათვის, - მათ უმეტეს ნაწილად კრიმინალური რომანები უფრო მოსწონთ, ან ტლანქი „რეალიზმი“, - არამედ „არისტოს“-ებისათვის სულითა და გულითა. ასე სჯობდა, ძვირფასო გრიგოლ: ამათ დავიწყება არ იციან იმისა, რაც კეთილია და კეთილშობილი, რადგან თვით არიან კეთილნი და კეთილშობილნი და მათ არც შენ წიგნებში აღსახული საქართველო და ქართველი დაავიწყდებათ. ხოლო „მასსამ“ მალე იცის დავიწყება: იგი „მოდის“ მიმდევარია...“ („ბედი ქართლისა“, 1964 წ., №47, გვ. 14).
საზოგადოებრივი იზოლაცია და ოჯახური მარტოობა (განსაკუთრებით ელენე ფიალკინას გარდაცვალების შემდგომ) აუტანელი ხდებოდა. ელენე პოგორელოვა ავსტრალიაში ცხოვრობდა, ქმარ-შვილთან ერთად. ბარათებით თუ შეეხმიანებოდა ზოგჯერ ბიძასა და გამზრდელს. სულ მარტოობას მოხუცთა თავშესაფარში ყოფნა სჯობსო, - წერდა იგი გრიგოლ რობაქიძეს და ურჩევდა იქ გადასვლას. მაგრამ გრიგოლი ასე არ ფიქრობდა. მიუხედავად ასაკისა, არც სულიერი ენერგია აკლდა და არც ხორციელი. ოღონდ უფრო ხშირად და ხშირად აწუხებდა სამშობლოზე ფიქრი. ენატრებოდა იგი.
„ვზივარ აივანზე და ვერთვი ნელნელ მდინარის ხმაურს, ჩაფიქრებული... „არვეს“ უხმობენ. ხანდახან მგონია: რიონი თუა იგი ანდა მტკვარი. ხოლო ვამჩნევ, რომ მას აკლია ძალაყრილი რიხი პირველის და ძლევამჯერი სიმდოვრე მეორესი: მზე უხვად ეფინება ჩემს ბინაში. მაგრამ იგი არაა „ცხრათვალა“, როგორც ჩვენში: მყუდრო თალარში აციალებული. ვიხილავ კვლავ შენს სამფლობელოს, დიდო კარდუ: საქართველოს ან „საკარდუელოს!“... გული კბენარა გზნებს და ტკივილი უხვად გადადის ფიქრებში... და ასე დღე-ყოველ: დედულსა და მამულს მოწყვეტილი, შევეჩვიე ბედს, „ბედზე მიგდებული“... „რამ შეგაურვა?“ - მესმის შენი ხმა: სულმალხენარი, დანელებული, ხოლო თანვე მტკიცე და მაგარი. „განრიგებასა ღვთისა არა შეემართების რა...“ („ბედი ქართლისა“, 1964 წ., №47. გვ. 34).
მიედინება ასე დრო. სადაც არის ოთხმოცი წელი მიუკაკუნებს გრიგოლს კარზე. არ იცის, რომ მისი სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი სხვანაირი იქნება. ახალგაზრდა ქალი მოვა მის ცხოვრებაში - გრაფინია გიტა ფონ შტრახვიტც. ორმოცდარვა წლით უფროსი იყო გრიგოლი გიტაზე (გიტა 1928 წელს დაიბადა). გრიგოლი იღებს ამ სიყვარულს, როგორც ღმერთის Wundergeschenk (სასწაულ საჩუქარს). როგორც უდაბნოში დაღლილ-დაქანცული ქარავანი შემთხვევით წააწყდება წყაროს და გამოცოცხლდება, ასე შემხვდი შენ, - წერს ქართველი მწერალი გერმანელ ქალს. ნაირნაირ საალერსო სახელს უწოდებს - ჩემო სამოთხისმიერო მეგობარო: ენგადი! ჩემო შეუდარებელო შეყვარებულო! ჩემო მისტიურო მეუღლევ: ჰათორ! (ჰათორი ძველეგვიპტურ მითოლოგიაში ცის ქალღმერთია. აგრეთვე სიყვარულის, მხიარულების, ცეკვა-სიმღერის უფალი. ძველი ბერძნები მას აფროდიტესთან აიგივებენ).
ქალი გრიგოლს დიონისეს უწოდებს. ამ სახელითაც გახარებულია კაცი. გიტა არწმუნებს: ჩემი მეორე სახელია ათანასია. ათანასია ბერძნულად უკვდავს ნიშნავს. შენც უკვდავი იქნებიო ჩემში.
მსოფლიო ლიტერატურაში არსად შემხვედრია ისეთი სიყვარული, როგორიც ჩვენია, - ეპასუხება გრიგოლი. ალბათ, იგი ჰგავს ჩემი ნორინასა და ლევანის სიყვარულს („გრაალის მცველნი“). როგორც ნორინა, ზუსტად ისე დგახარ შენ „მზის გზაზე“. მაგრამ იმათი სიყვარულისაგან განსხვავებით შენი დაბადებულიაო მისტიკური თაურწიაღიდან.
გრიგოლი წერილების ბოლოს თითქმის ყოველთვის ქართულად აწერს - გფარვიდეს ლაშარი! ქალმა იცის, ვინ არის ლაშარი. საერთოდ უყვარს მითოლოგია. გიტა მხატვარია. კარგად იცნობს ანტიკურ მითოლოგიურ სამყაროს. მითოლოგია გრიგოლისათვის, დედა-თემაა. ამ გზით უნდა შემოიყვანოს ქართულ სამყაროში გიტა.
როცა სასიხარულო ამბავს შეიტყობს, კვეხნას იწყებს. „გუშინ დიდი სიხარული განვიცადე, როგორც ქართველმა. კალათბურთში ევროპის თასზე თბილისის „დინამომ“ მადრიდის „რეალს“ მოუგო. ფანტასტიკურია! საქართველო ცოცხალია! გაუმარჯოს საქართველოს!“ - უზიარებს აღტაცებას გიტას.
ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი რომ ნახა და „ქართული გენია როკვით განფენილი“ დაწერა, სტატია გიტას გაუგზავნა: დავბეჭდოთ და საქართველოში როგორმე გავავრცელოთო. როცა ვენაში ექნებათ კონცერტი, ეს ანსამბლი აუცილებლად ნახეო. უყურე, სწორუპოვარ ქართველ გოგოებსა და ბიჭებს.
გრიგოლი ღელავს. ვერ ისვენებს. რაღაც აშინებს. ქალი ანუგეშებს: ნუ გეშინია. ჩვენს სიყვარულს ავი თვალი ვერ მოერევა. ჩვენი საიდუმლო „შენ-მე“ მიუწვდომელია ბოროტისათვის. Ich bin Dein - bin Eins mit Dir (მე შენი ვარ - ვარ ერთი შენთან) - წამდაუწუმ იმეორებს გიტა წერილებში. გიტა მითოლოგიური კუთხით უხსნის: ქალი ისეთივე უსაზღვროა, როგორც die See (ზღვა), მამაკაცი კი ისევე შეზღუდული, როგორც der See (ტბა)63, გრიგოლს მოსწონს ეს აზრი.
ისინი დაქორწინებასაც აპირებენ. გრიგოლს ცოტათი აფრთხობს, როგორ დამოკიდებულებას გამოიჩენს ამ ამბისადმი შვილობილი და გაზრდილი. თუმცა იმედოვნებს კიდეც. ალია გონიერი ქალია. ყველაფერს გაიგებს. მართლაც, როცა გიტასა და გრიგოლის გადაწყვეტილება შეიტყო, ბიძას მისწერა: „სავერიო (ალიას ქმრის სახელია - ა.ბ.) და მე გისურვებთ ყოველივე კარგს თქვენი გადაწყვეტილებისათვის. დიდი იმედი მაქვს, რომ იგი (ქორწინება) იმას მოგიტანთ, რასაც მისგან მოელით“.
გრიგოლი გიტას მამას გრაფ ფარალდ შტრახვიტცს ჰპირდება - ჩემთან გიტას თავი არ წამოსტკივდება, ბეწვი არ ჩამოუვარდებაო. ეს ჩემი რაინდული ფიციაო.
ორივე ჩქარობს. 1962 წლის 17 ნოემბერს გრიგოლი ბარათით გიტას უთვლის - მალე სულ ერთად ვიქნებითო. მაგრამ სიკვდილი კარებთან არის ჩასაფრებული. 19 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძე საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე იგი მხოლოდ რვა ადამიანმა გააცილა - ნინო დადიანმა, დიკა კედიამ, ნინო სალიამ, კალისტრატე სალიამ, სანდრო ფანჩულიძემ, ხარიტონ შავიშვილმა, კიტა ჩხენკელმა და ნიკოლოზ ჩხოტუა-მაყაშვილმა.
რამდენიმე თვის შემდეგ, 1963 წლის აპრილში არნიმ ზიგრისტს, გრიგოლის ძველ მეგობარს, გიტა ფონ შტრახვიტცი მისწერს: „რობაქიძე ფლობდა რაღაცას, რასაც დღეს იშვიათად იპოვნით - სიბრძნეს. სიბრძნე სიყვარულსა და წრფელ გულს გულისხმობს. ჩვენ, ალბათ, შეგვიძლია ვიპოვნოთ გრიგოლ რობაქიძის პიროვნებაში შეცდომები, მაგრამ მისი ჭეშმარიტი მე, მისი მშვინვიერი და სულიერი მე იყო სასწაულებრივი“.
![]() |
19 მინაწერი: |
▲back to top |
რუსთაველის თეატრში რომ ვმუშაობდი, ლიდა რობაქიძემ კალისტრატე სალიას ბარათის ქსეროპირი მომცა.
ძვირფასო ქალბატონო ლიდა!
გაცნობებთ, რომ გუშინ ნინომ და მე გადმოვასვენეთ გრიგოლი, თქვენი ძმა, და ორშაბათს დავასაფლავეთ ქართველების სასაფლაოში. დაგვჭირდა რაც დარჩენილი იყო დაგვეწვა კრემატორიუმში. თვითონაც არ იყო, ჩვენ ვიცით, ამის წინააღმდეგი. აგრეთვე გადმოვასვენეთ მიხეილ წერეთლის ურნა. იგიც დამარხვის დროს დავწვით, მისი ანდერძის თანახმად. ორივენი ერთმანეთის გვერდით იქნებიან ლევილის ქართველთა სასაფლაოში და აქ მოვლა არ დააკლდებათ. გრიგოლი მთლად მიტოვებული იყო და მისი საფლავი საშინელ მდგომარეობაში. მისი ცოლის დისშვილი ერთხელაც არ მისულა. იმედი გვაქვს ერთ დღეს ორივენი მიებარებიან სამშობლო მიწას. სხვა არაფერი ცვლილება არ მომხდარა მემკვიდრეობის საკითხში. ყველაფერი შვეიცარიელებს აქვთ.
დაგვიდასტურეთ ამ წერილის მიღება. აქ მთელმა ქართველობამ დიდი მადლობა გამოგვიცხადა ამ ორი დიდი პიროვნების გადმოსვენებისათვის. არ იყო ადვილი საქმე. ყველა ხარჯები ნინომ გაიღო. მას სურდა ამ ორი დიდი მეგობრის „დაბინავება“, სანამ იმ ქვეყნად წავალთ.
დიდი მოკითხვა ორივესაგან. მარად თქვენი პატივისმცემელი
კალე სალია
პარიზი, 23.X.76 წ.
![]() |
20 შენიშვნები |
▲back to top |
1. რ. ლომინაშვილი - „თარიღის დადგენისათვის“ („ლიტერატურული საქართველო“, 1988 წლის 18 მარტი).
2. რაკი ინანიებს, ჩანს, „მეგის“ სახით მას გამონაკლისი დაუშვია, თორემ 1937 წლის 2 აპრილს გ. რობაქიძე ჩეხ მეცნიერს, ქართველოლოგ იარომირ იედლიჩკას წერდა: „მე ვწერ ჯერ ქართულად და შემდეგ ვთარგმნი“ (გაზ. „თბილისი“, 1988 წელი, 3 ნოემბერი).
3. ეს და სხვა წერილები, რომელიც ამ წიგნშია მოხმობილი, ინახება ავთანდილ ჩხიკვიშვილის არქივში. თუ ბარათი რომელიმე სხვა არქივიდან არის, ეს საგანგებოდ არის მითითებული.
4. გიორგი ჯავახიშვილი - პროტოტიპების ლექსიკონი. 1997 წ., ბათუმი.
5. გ. რობაქიძის ბარათები ქ. ამერიჯიბისადმი ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში.
6. სურათი 1962 წლის ნოემბერში ნაჩუქარი. რიცხვი არ არის მითითებული. 1962 წლის 19 ნოემბერს კი გ. რობაქიძე გარდაიცვალა.
7. А. Белый - «Между двух революций», 1990 г., стр. 171.
8. И. Перестиани - «75 лет жизни в искусстве», 1962 г., стр. 310-311.
9. უფრო დაწვრილებით ნოდარ კაკაბაძის წერილში - „გრიგოლ რობაქიძის გერმანული პრტრეტი“ (ლიტერატურა და ხელოვნება“, 1992 წ., №5-6).
10. იხ. აგრეთვე „ლიტერატურული მატიანე“ 1998 წ. წერილები ქართულად თარგმნა ქეთევან შერვაშიძემ.
11. ნიკოს კაზანძაკისისადმი მიწერილი ბარათები გრიგოლ რობაქიძისა გამოქვეყნებულია თამარ მესხი წიგნში „დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი“.
12. ამ კრებულში სართოდ, საყურადღებო მასალაა თავმოყრილი, მაგრამ ისეთი უხეში კორექტული შეცდომებით არის სავსე, რომ წიგნს ფასი ეკარგება.
13. გ. რობაქიძე - „ჩემი ცხოვრება“ („ლიტერატურული საქართველო“, 1989 წ., 3 ნოემბერი. ქართულად თარგმნა ლაშა ბაქრაძემ.).
14 გ. რობაქიძის ბარათები ეკ. გაბაშვილისადმი ინახება ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივში.
15. თავად განმარტავს: „ამ სენით ვგულისხმობ თანამედროვე სოციალურ უთანხმოებას და განხეთქილებას“.
16. ჟურ. „განთიადი“, 1991 წ., №3; მიხ. ნიკოლეიშვილი - გრ. რობაქიძის წერილი გ. მაიაშვილისადმი.
17. „ჩემთვის სიმართლე ყველაფერია“, 1996 წ., №13
18. გ. რობაქიძის წერილები აკ. პაპავასადმი დაბეჭდილი ჟურნალ „კავკასიონის“ მეათე წიგნში.
19. „ბედი ქართლისა“, 1964, №47
20. გაზ. „საქართველო“ 1917 წ., №222
21. გაზ. „თემი“, 1911 წ., №28
22. „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1991 წ., №2 და 1977 წლის „მწიგნობარი“.
23. დავით კლდიაშვილი - მემუარები, 1939 წ., გვ. 320-322. „მემუარების“ შემდგომ გამოცემებში ბოლშევიკურ-კომუნისტურმა ცენზურამ ეს სტრიქონები ამოშალა
24. ARS, 1918 წ., 11-111, გვ. 46
25. „ცისფერი ყანწები“, 1916 წ., №1, გვ. 22-23
26. ARS, 1918 წ., 11-111, გვ. 47
27. იმჟამად, გრიგოლ რობაქიძისგან განსხვავებით, ტიციან ტაბიძე ფიქრობდა, რომ სამყაროსა და ადამიანის შექმნაში დემონის ხელიც ერია.
28. გაზ. „თბილისი“, 1988 წ., 13 სექტემბერი
29. გაზ. „საქართველო“, 1917 წ., №237. სტატია დაბეჭდილია „გივი გოლდენის ფსევდონიმით
30 მაია ჯალიაშვილი - „დაობიდან თაობამდე“, 1994 წ., თბილისი
31. გაჭირვება არ ცნობს წესს (კანონს)
32. წესი (კანონი) არ ცნობს გაჭირვებას
33. „ლიტერატურული საქართველო“, 1999 წ., №33
34. ალექსანდრე ფრონელი - „მთიულეთი“, 1804 წ., 1896 წ., გვ. 29.
35. კრებული „ჩემთვის სიმართლე ყველაფერია“,1996 წ., გვ. 287
36. ფოციაკალი - აჟიოტაჟი
37. ლაღა - სწორი ჯოხია, რომლითაც მარცვლელულით სავსე ჭურჭელს, პირზე გადასმით მარცვალს გადააცლიან, გაასწორებენ. ლაღგადასმულ საზოგადოებას ქმნიდნენ კომუნისტები სსრკ-ში.
38. „შერისხულნის“ (ტ.11) სერიით გამოქვეყნებული გრიგოლ რობაქიძის თხზულებანი, გვ. 272-3
39. ლუიჯი მაგაროტო - „ნიცშეს გავლენა გრიგოლ რობაქიძის ადრეულ შემოქმედებაზე“ („ლიტერატურული საქართველო“, 1997 წ., №33)
მამუკა შელეგია - „ნიცშეს აზროვნების დრამა. გ. რობაქიძისა და დ. კასრაძის ერთი პოლემიკის გახსენება“ („ლიტერატურული საქართველო“, 1997 წ., №33)
40. ამირან გომართელი: „როცა არჩიბალდ მეკეშს ტაბა ტაბაჲმ გველის პერანგი შემოახვია ყელზე, ეს იყო კონკრეტული მინიშნება, რომლითაც მწერალმა დროის წრიულ აღქმაზე მიგვითითა. ამ მეტაფორასაც ნიცშესთან მივყავართ. „ზარატუსტრას წინასიტყვის“ დასასრულს ფრინველთა მეფე არწივი ლაღად ხაზავს წრეებს ლაჟვარდ ცაში. გველი კი რკალად შემოხვევია კისერზე. არწივი და გველი აქ მარადიულ განმეორებაზე, დროის ბრუნვაზე მიგვანიშნებენ“ („ქართული სიმბოლისტური პროზა“)
მაკო ჯინჯიბუხაშვილი - მარადისობის მისტერია („ლიტერატურული საქართველო“, 1988 წ., №41)
41. ცვაიგს არ უთარგმნია „გველის პერანგი“. იგი თარგმნეს რაინჰოლდ ჩაკერტმა და რიჰარდ მეკელაინმა.
44. უპუ ექოს შესატყვისია(რაფიელ ერისთავი)
45. ჟურნალ „პოლილოგში“ (1994 წ., №3) დაბეჭდილი ბესიკ ადეიშვილის მიერ თარგმნილი გერმანულად დაწერილი ლექსები გრიგოლ რობაქიძისა . ახლავს მთარგმნელის წინასიტყვაობაც. ლექსებთან დაკავშირებით იხილეთ აგრეთვე ნოდარ კაკაბაძის წერილი ჟურნალ „განთიადში“, 1991 წ., №3
46. შ. სოსლანის ნამდვილი გვარია სოსელია. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს. ქართულიდან თარგმნიდა რუსულად. დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში.
47. „რუბიკონი“, 1923 წ., 28 ოქტომბერი.
„ქართული სიტყვა“, 1924 წ., 6 იანვარი.
48. გ. რობაქიძე - დრამები, 1926 წ.
49. „რუბიკონი“, 1923 წ., №5.
50. „დიონისოს კულტი და საქართველო“, „ლიტერატურული საქართველო“, 1988 წ., №52
51. „ქართული სიტყვა“, 1924 წ., №22
52. კეტე იუნგის და სხვათა მოგონებანი ამოღბულია მანფრედ ბოშის წიგნიდან - „Marmor und andere Klippen“ გამოცემულია 1996 წ.
53. 1997 წელს, პარიზში გამოიცა 848-გვერდიანი ნაშრომი „კომუნიზმის შავი წიგნი - დანაშაული, ტერორი, რეპრესია“ („Le livre noir du communisme - rimes, terreur, répression”), აქ ნათქვამია, რომ 1917 წლიდან 80 წლის მანძილზე სსრკ-ში, ჩინეთში, კამბოჯაში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამში კომუნისტებმა დახოცეს ასი მილიონი კაცი.
54. „ბედი ქართლისა“, 1964 წ., №47, გვ. 11.
55. აკაკი ბელიაშვილი, თხზულებანი, ტ. 11, 1964 წ., გვ. 327
56. კალისტრატე სალიაზეა ლაპარაკი
57. „დამჭნარის“ მაგიერ გ. რობაქიძის სტატიაში არის - „დამშრალნი“. ეტყობა ციტატა ზეპირად მოჰქონდა და ამიტომ შეეშალა.
58. გრ. რობაქიძე - «Портреты»,1919 წ., თბილისი
59. Государственное политическое управление. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ძველი სახელი.
60. სხვაჲ ჩემი იდეა მთლიანად გამორიცხავს ქართულ ლიტერატურისმცოდნეობაში გამოთქმულ აზრს - თითქოს „გველის პერანგში“ ოიდიპოსის მითის გამოძახილი ისმოდეს: მ. ხომერიკი - „ჯიერატიული „გველის პერანგსა“ და „ფალესტრაში“ („განთიადი“ 1992 წ., №22); ა. გომართელი - „ქართული სიმბოლისტური პროზა“; დ. კიზირია - გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ რუსულ-ევროპული სიმბოლიზმის კონტექსტში“ („ლიტერატურული საქართველო“, 1989 წ., №2; 1989 წ., №51; 1990 წ., №34).
61. ობივატელი, მეშჩანინი გერმანულად არის der Sperßbürger. სიტყვასიტყვით Sperßbürger ნიშნავს შამფურა-მოქალაქეს. der Spieß - შამფური. der Bürger - მოქალაქე.
62. „კავკასიონი“, 1994 წ., 24 აგვისტო; ლ. ბაქრაძე - „მე საუკუნეებს ველაპარაკები...“
63. ზღვა მდედრობითი სქესის სიტყვაა გერმანულში, ტბა - მამრობითის.