![]() |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - სტრატეგია.2007-2010 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი არასამთავრობო ორგანიზაციები |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: დამტკიცებულია საიას საერთო კრების მიერ 28 ოქტომბერი, 2007 www.gyla.ge თბილისი, 2008 |
![]() |
1 I. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მისიის განაცხადი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იურისტების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა.
ჩვენ - იურისტის პროფესიული ღირსების დაცვისა და მომავლის ერთიანი ხედვა გვაერთიანებს.
ჩვენ მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ ისეთი საქართველოს შენებას, სადაც საზოგადოება აქტიური და მაღალი სამართლებრივი კულტურის მქონეა; სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია; სადაც მოქმედებს კანონის უზენაესობა და სახელმწიფოს ძალაუფლება შეზღუდულია ადამიანის უფლებებით.
ჩვენ - მტკიცედ გვჯერა იმ ღირებულებების, რომლებზეც შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია და ვემსახურებით მათ დამკვიდრებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლიბერალურ ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და ყველა თაობა თავის საქმიანობაში სწორედ ამ ფასეულობებით ხელმძღვანელობს.
ჩვენ გვმართავს:
პროფესიონალიზმი;
პროფესიული ღირსება და ეთიკა;
თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა;
ღიაობა, თანამონაწილეობა და ანგარიშვალდებულება;
თანმიმდევრულობა.
ჩვენი დევიზი
კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის
საიას ძირითადი სტრატეგიული ამოცანები
1. საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება;
2. ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დისკრიმინაციის გარეშე;
3. ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა;
4. კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება.
საიას სამუშაო მიდგომა
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება კანონის წინაშე თანასწორობას და დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის ბრძოლას.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ კონსტრუქციული დიალოგის, თანამშრომლობისა და ჯანსაღი კრიტიკის პრინციპებით.
ჩვენი საქმიანობა სამ დონიან მოდელს ეფუძნება.
ვემსახურებით ყოველ კონკრეტულ ადამიანს და ვმოქმედებთ კერძო შემთხვევებზე (ინდივიდის დონე);
ვმუშაობთ სახელმწიფო დაარასახელმწიფო ინსტიტუტებსა და დაწესებულებებთან (ინსტიტუციური დონე); და
ვმონაწილეობთ პოლიტიკის ფორმირებაში ადვოკატირებისა და ლობირების გზით (საჯარო პოლიტიკის დონე).
ჩვენ ვმოქმედებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწრაფი და კვალიფიციური მოქმედება, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფისგან კვალიფიციური დახმარების მიღება.
ჩვენს საქმიანობაზე მზარდი მოთხოვნილების პირობებში, მუდმივად ვზრუნავთ ორგანიზაციულ განვითარებასა და მდგრადობის მიღწევაზე.
![]() |
2 II. საიას სტრატეგიული ამოცანები და ქვეამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
სტრატეგიული ამოცანა 1: საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება
ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს დაბალი სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების გამო. შესაბამისად, სამოქალაქო განათლება ჩვენთვის ტრადიციულ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.
ჩვენ მოვიპოვეთ კარგი რეპუტაცია და საზოგადოების ნდობა, რაც მნიშვნელოვანი საწყისია მსგავსი პროექტების წარმატებისათვის. ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების დაფარვის ზონა საკმაოდ დიდია, თუმცა, ასეთი კამპანიების ეფექტურობის ამაღლების მიზნით, მომავალში აქცენტი გაკეთდება იმგვარ მულტიპლიკატორებზე, რომლებიც გაზრდის საზოგადოებრივი ჯგუფების აზრის ფორმირებაზე გავლენის შესაძლებლობას. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინტეგრაციის დაბალი ხარისხის მქონე ჯგუფებს, მაგალითად, უმცირესობებს.
სტრატეგიული ქვეამოცანები:
1. კანონის წინაშე თანასწორობის, შემწყნარებლობის და კანონის უზენაესობის პოპულარიზაცია
2. საზოგადოების ინფორმირება სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებებსა და დაცვის მექანიზმებზე
შედეგები და ინდიკატორები
აქტიურობა მედია სივრცეში ლიბერალურიფასეულობების პროპაგანდის მიზნით;
ჩვენს პროფესიულ ხედვებსა და შეფასებებზე მოლოდინის ზრდა;
ადამიანის უფლებათა დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების (მაგ. კონსტიტუციის დღე) მასშტაბური აღნიშვნა;
ცხელი ხაზის პოპულარიზაცია და ყოველიკონკრეტული ადამიანისათვის გაწეულ დახმარებათა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა;
სამართლებრივი საგანმანათლებლო ბეჭდვითი პროდუქციის რაოდენობა, რომელიც მუდმივად ვრცელდება მოსახლეობასთან გასვლით შეხვედრებზე, იურიდიული დახმარების ცენტრში, სხვადასხვა კამპანიისა და აქციის დროს. წელიწადში 10-20 პუბლიკაცია - ტირაჟით 200-1500 - ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 15000-მდე ადამიანისათვის;
ადამიანის უფლებებზე მომზადებული სოციალური აუდიო და ვიდეო რგოლების, რადიო გადაცემების და საგაზეთო ჩანართების რაოდენობისა და გავრცელების არეალის ზრდა;
ჩვენს სხვადასხვა პროგრამაში ჩართული მოხალისე სტუდენტების რაოდენობის ზრდა;
ჩვენი ფილიალებისა და რეგიონული ოფისების მიერ ყოველწლიურად მოსახლეობასთან გასვლითი საინფორმაციო შეხვედრებისა და სპეციფიკური სამართლებრივი პრობლემების გამოსავლენი ავტო-ტურების რაოდენობის ზრდა. ყოველწლიურად 3000-მდე ადამიანის მონაწილეობა საიას შეხვედრებში ქვეყნის მასშტაბით.
3. ინტეგრაციის დაბალი ხარისხის მქონე ჯგუფების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლება
შედეგები და ინდიკატორები
სპეციფიკური ჯგუფებისათვის სამართლებრივ საკითხებზე განხორციელებული პროგრამების რაოდენობა (ამ სამიზნე ჯგუფებისთვის მომზადებული და გავრცელებული ბროშურები და პლაკატები, სოციალური აუდიო და ვიდეო რგოლები, რეკლამები საქალაქო ტრანსპორტის გამოყენებით);
არასახელმწიფო ენებზემომზადებული მასალის რაოდენობისა და გავრცელების არეალის ზრდა;
სპეციალური გადაცემების, საგაზეთო ჩანართების რაოდენობა (მაგ: კომპენსაციებზე, შეღავათებზე);
აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების რაოდენობა; უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში გამართული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების რაოდენობა;
4. საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მქონე ჯგუფებისთვის, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდება (მედია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები)
შედეგები და ინდიკატორები
ჩვენ მიერ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოწყობილი შეხვედრების, მრგვალი მაგიდების, ბრიფინგების, ტრენინგების რაოდენობა;
ჩვენი იურისტების მონაწილეობა პოპულარულ გადაცემებსა და პუბლიკაციებში;
ჩვენ მიერ მომზადებულ თემებზე მედიის გამოხმაურება და ამ თემების ასახვა პრესასა და ტელევიზიაში;
ჩვენი მონაწილეობა კონფერენციებში,შეხვედრებში, აქციებში;
სტრატეგიული ამოცანა 2: ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
I. ადამიანის უფლებების დაცვა
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა კვლავაც პრობლემურ საკითხად რჩება. სასამართლო სისტემის გაუმართაობა და სისუსტე, დარღვეული უფლებების აღდგენისათვის ბრძოლაში მოქალაქეთა ინერტულობა და ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესის მუდმივი იგნორირება ადასტურებს ამ მიმართულებით აქტიური მოქმედების აუცილებლობას.
ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ჩვენ ვმოქმედებთ როგორც პოლიტიკის ფორმირების დონეზე, ასევე, კერძო შემთხვევებზე, ქმედითი და სწრაფი რეაგირების სხვადასხვა საშუალებით. შესაბამისად, მთელ საქართველოში მუშაობს ჩვენი უფასო იურიდიული დახმარების სამსახური. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დაუყოვნებლივ მიიღოს კვალიფიციური იურიდიული ინფორმაცია სატელეფონო ან პირადი გასაუბრების მეშვეობით, ხოლო წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეულ მოქალაქეებს - იურიდიული კონსულტაცია და ადვოკატით მომსახურება სასამართლოსა და სახელმწიფო ორგანიზაციების წინაშე.
ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია იმ ადამიანების ან ჯგუფების ინტერესების დაცვა, რომელთა უფლებებიც დაირღვა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი იურიდიული მომსახურებით მოსარგებლენი არიან, აგრეთვე, ე.წ. მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად, არასრულწლოვნები, ოჯახში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, უმცირესობათა წარმომადგენლები, პატიმრები და ა.შ.
სტრატეგიული ქვეამოცანები:
I.1. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტულობის უზრუნველყოფა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში
შედეგები და ინდიკატორები
ჩვენი ძალისხმევით, ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრიორიტეტად აღიარება;
ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და ლობირება;
სხვადასხვა სახელმწიფო კომისიასა და ჯგუფში აქტიური მონაწილეობით და ექსპერტული დასკვნებისა თუ კომენტარების საშუალებით, საქართველოს კანონმდებლობაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მოთხოვნების პრიორიტეტულად აღიარება;
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება, საჯარო დებატების უზრუნველყოფა, ამასთანავე, გაეროს შესაბამის კომიტეტებში ალტერნატიული ანგარიშების წარდგენა.
I.2. სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ადამიანის უფლებათა დასაცავად, მათ შორის, საზოგადოებრივი კამპანიების ორგანიზება
შედეგები და ინდიკატორები
ჩვენ მიერ წარმოებული სტრატეგიულისაქმეებით მედიის დაინტერესება და ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
საიას მიერ ინიცირებულ თემებზე მედიის ინტერესის მდგრადობა და სისტემატურობა;
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აქტივისტთა კოალიციების კონსოლიდაცია და თანმიმდევრულად მუშაობა ადამიანის უფლებების დასაცავად.
I.3. განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეებზე სტრატეგიული სამართალწარმოება: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ისეთი საქმეების წარმოება, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონის მართებულად გამოყენების პრაქტიკის დამკვიდრებას
შედეგები და ინდიკატორები
სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში: წლის განმავლობაში კონსულტაციების რაოდენობის ზრდა; ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმართვის დინამიკის შენარჩუნება; გაგზავნილი საქმეების უმრავლესობის წარმატებით დასრულება;
სამართალწარმოება საკონსტიტუციოსასამართლოში: წლის განმავლობაში კონსულტაციების რაოდენობის ზრდა; სასამართლოში მიმართვის დინამიკის შენარჩუნება; წარდგენილი საქმეების უმრავლესობის წარმატებით დასრულება;
წლის განმავლობაში სტრატეგიული სამართალწარმოება საერთო სასამართლოებში,ასევე ადმინისტრაციულ/საგამოძიებო ორგანოებში.
I.4. იურიდიული დახმარება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე
შედეგები და ინდიკატორები
წლის განმავლობაში ჩვენი ყველა ოფისის მიერ 50 ათასამდე მოქალაქისთვის უფასო იურიდიული მომსახურების გაწევა;
წლის განმავლობაში 1000-მდე სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება;
წლის განმავლობაში საერთო სასამართლოებში/ადმინისტრაციული და გამოძიების ორგანოების წინაშე 200-მდე საქმის წარმოება; საქმეების 80%-ის წარმატებით დასრულება;
4 წლის მანძილზე მომსახურების ფორმების გაფართოება, დახვეწა და გავრცელება სხვა რეგიონულ ცენტრებზეც.
I.5. იურიდიული დახმარება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები, ლტოლვილები, დევნილები, პატიმრები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი)
შედეგები და ინდიკატორები
გაწეული იურიდიულიმომსახურების საერთო მოცულობაში ამ უკანასკნელის ხვედრითი წილის ერთ მესამედამდე გაზრდა.
II. დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ჩვენ წლების მანძილზე აქტიურად ვმუშაობდით სახელმწიფოს იურიდიული დახმარების სისტემის შექმნაზე და რეალურ წარმატებებსაც მივაღწიეთ. ამჯერად, მნიშვნელოვანია, განხორციელდეს დაწყებული რეფორმების კონსოლიდაცია. ხოლო ჩვენი როლი, დახმარების, კონსულტაციების, გამოცდილების გაზიარების პარალელურად, რეფორმის მონიტორინგშიც უნდა გამოიკვეთოს.
ამასთანავე, ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერა და გაძლიერება, რაც მთლიანად ამ სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.
II.1. ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება და მხარდაჭერა
შედეგები და ინდიკატორები
უფასო იურიდიული დახმარების სახაზინოსამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობა საიას მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში;
ჩვენი რეგიონული ოფისების მონაწილეობა უფასო იურიდიული დახმარების სახელმწიფო პროგრამაში;
ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობა ჩვენ მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში;
თანამშრომლობა სახალხო დამცველთან, სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით.
II.2. მონიტორინგის გზით, უფასო იურიდიული დახმარების სახელმწიფო სისტემის განვითარების ხელშეწყობა
შედეგები და ინდიკატორები
უფასო იურიდიული დახმარების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით 2 ანგარიშის მომზადება;
სისტემის დახვეწისა და წარმატებით ფუნქციონირებისათვის, 2 წელიწადში ერთხელ რეკომენდაციების მომზადება.
სტრატეგიული ამოცანა 3: ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი რეფორმა დაიწყო და გატარდა. შემცირდა კორუფციის მასშტაბები, თუმცა, შესამჩნევია კორუფციის სახეცვლილება. ხშირია უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც. პოლიტიკური პროცესი უფრო და უფრო დახურული ხდება და მცირდება საზოგადოების თანამონაწილეობის შესაძლებლობა.
პრობლემები იქმნება საჯარო მოხელეთა დაბალი კვალიფიკაციისა და ხშირი როტაციის გამოც.
იმისათვის, რომ არ შესუსტდეს და არ დაკნინდეს დემოკრატიული პროცესი, ხელისუფლებას სჭირდება ჯანსაღი საზოგადოებრივი ოპონირება და მონიტორინგი. ამ მიმართულებით დღეს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არ საქმიანობს. ქვეყანაში ანტიკორუფციული და გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში ლიდერთა შორის ვართ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ფუნქციაა, ბიძგი მივცეთ და წავახალისოთ ხელისუფლების საზოგადოებრივი მონიტორინგი.
ჩვენი პოლიტიკა, ამ მხრივ, ეფუძნება პროფესიონალიზმსა და ექსპერტულ მიდგომას, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის მობილიზება. შესაბამისად, საია ზრუნავს ასეთი კადრების მოძიებასა და განვითარებაზე.
ჩვენი ყურადღების მიღმა არც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესია და ვცდილობთ მუდმივი მონიტორინგითა და რეკომენდაციებით დავეხმაროთ სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულებების ეფექტურ შესრულებაში. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპზე მონიტორინგისა და მონაწილეობის კუთხით.
სტრატეგიული ქვეამოცანები:
1. ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა
შედეგები და ინდიკატორები
სტრატეგიული კონსტიტუციური სამართალწარმოების განხორციელება;
კონსტიტუციაში, სასამართლო ხელისუფლების მარეგულირებელ, სისხლის, ადმინისტრაციულ და საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების განხილვაში მონაწილეობა, მომზადებული დასკვნებისა და კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებების რაოდენობა; კონსტიტუციის პროექტზე მუშაობაში მონაწილეობა;
სასამართლო ხელისუფლების რეფორმის მიმდინარეობაზე მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
2008 წლის არჩევნებისათვის სადამკვირვებლო მისიის მომზადება და მონიტორინგის განხორციელება (როგორც კენჭისყრამდე, სუბიექტების, ადმინისტრაციების საქმიანობაზე, ისე კენჭისყრის დღეს), დარღვევების გამოვლენა და რეაგირება, ანგარიშის მომზადება;
2. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა
შედეგები და ინდიკატორები
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (სამართლებრივი რეფორმები) სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე მონიტორინგი, ასახული ჩვენს პერიოდულ ანგარიშებში;
ნატოს წინაშე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ასახული ჩვენს პერიოდულ ანგარიშებში;
საზოგადოებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ საიას გამოცემების, საერთაშორისო ექსპერტების ინფორმირებისა და მედიის ჩართვის გზით.
3. სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების პრიორიტეტულობისა და დაცვის უზრუნველყოფა
შედეგები და ინდიკატორები
ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში (4-6 ანგარიში);
საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებების მონიტორინგი და შესრულების ხელშეწყობა (3 ანგარიში სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებზე);
მონიტორინგის პროცესში საკანონმდებლოხარვეზებთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო წინადადებების წარდგენა და ლობირება. პრიორიტეტული თემები: ინფორმაციის თავისუფლება, სახელმწიფო შესყიდვების, საბიუჯეტო პროცესების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, პარტიების დაფინანსება, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობის უზრუნველყოფა და მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი სხვა სფეროები.
4. ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუციური გარანტიებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
შედეგები და ინდიკატორები
ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის დახვეწისათვის რეკომენდაციების მომზადება და საკანონმდებლო ინიციატივაში ასახვა. პრიორიტეტული თემები: პირადი საიდუმლოება, საგადასახადო საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება;
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და ყოველწლიური ანგარიშის გავრცელება;
ერთიანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, ყოველწლიურად მოსამართლეთა შეხვედრების ორგანიზება;
ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელიპირების მუდმივი გადამზადება ეფექტური მმართველობისა და სახელმწიფო საქმისწარმოების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად;
სტრატეგიული სამართალწარმოება - წელიწადში 20 საქმის წარმოება საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში;
ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს კონვენციის შემუშავებასა და მიღებაში მონაწილეობა;
5. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის და, გადაწყვეტილების მიღებისას, კანონით დადგენილი პრინციპებისა და ნორმების დაცვის ხელშეწყობა
შედეგები და ინდიკატორები
ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალურ დონეზე საჯარო წარმოების ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების მონიტორინგის ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები;
ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე, დაინტერესებული პირების, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, საჯარო წარმოებისა და მოსმენების ჩატარების უზრუნველყოფა;
საჯარო წარმოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
სამართალწარმოება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
6. საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლების ხელშეწყობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
შედეგები და ინდიკატორები
სახელმწიფოს მიერ ანტიკორუფციული სტრატეგიით აღებული ვალდებულებების ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებზე საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ლობირება;
საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში;
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი (კონტროლის პალატა, გენერალური ინსპექციები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ა.შ.);
სახელმწიფო ქონების გასხვისების მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიში;
მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ კორუფციულ დარღვევებზე რეაგირება და მოგებული საქმეების რაოდენობა;
სტრატეგიულ მილსადენებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა ფარგლებში მოქმედი გრანტების პროგრამის ყოველწლიური მონიტორინგი;
სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული მილსადენების პროექტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმატებული საქმეების რაოდენობა.
7. საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი განათლება
შედეგები და ინდიკატორები
პრაქტიკაში გამოვლენილ პრობლემურსაკითხებზე (საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის სისტემა, წლიური ანგარიშების შედგენა), მოხელეებისათვის ინფორმაციის გადაცემა;
მოხელეებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე ცოდნისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ტრენინგის ორგანიზება ჩვენი რეგიონული ოფისების მიერ, მაგალითად, ადმინისტრაციულ წარმოებაზე, თვითმმართველობის კანონმდებლობის მათთვის საინტერესო საკითხებზე და ა.შ;
ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებისა და პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.
სტრატეგიული ამოცანა 4: კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება
სამართლებრივ სფეროში არსებულ პრობლემებს ისიც განაპირობებს, რომ ქვეყანაში კვალიფიციური და მაღალპროფესიული ეთიკის მქონე კადრების დეფიციტია. საია იურისტთა კავშირია და ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვანწილად ეფუძნება პროფესიული კადრების მომზადებას.
სამწუხაროდ, არსებულ სასწავლებლებსა და სასწავლო გარემოში ვერ ხერხდება შესაბამისი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა, თუმცა, განათლების მიმდინარე რეფორმა უკეთესი პირობების შექმნის იმედს იძლევა.
ჩვენ სტრატეგიული მნიშვნელობის საქმედ მივიჩნევთ უმაღლესი იურიდიული და პროფესიული განათლების სტანდარტების განვითარებას და ამ მიმართულებით აქტიურ საქმიანობას გავაგრძელებთ.
საიაში მოქმედი იურიდიული განათლების ცენტრის საქმიანობა არაფორმალური განათლების კატეგორიას ეკუთვნის და ძირითადად მიმართულია სტუდენტებზე.
ფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსებისათვის ბევრი ფაქტორის დაძლევაა საჭირო, როგორიცაა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა, იურიდიული ბიბლიოთეკის შემდგომი გაუმჯობესება, საგამომცემლო საქმიანობის სისტემიზაცია (კატალოგების შექმნა), საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ პროფესიული რესურსის შენარჩუნება და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ემსახურებოდა ახალგაზრდა იურისტების უწყვეტ იურიდიულ განათლებას.
იურისტთა დაბალ პროფესიულ განვითარებას განაპირობებს არა მხოლოდ განათლების ხარისხი, არამედ პროფესიის ეთიკური ნორმების არაადეკვატური გააზრება. როგორც პროფესიული გაერთიანება, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ პროფესიული ეთიკის ნორმების სრულყოფის საქმეში.
იურიდიული განათლების სრულყოფისათვის გამოვლენილი სტრატეგიული ქვეამოცანები:
1. უმაღლესი იურიდიული განათლების თანამედროვე სტანდარტების შემუშავებისა და დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა
შედეგები და ინდიკატორები
იურიდიული განათლების კანონის შემუშავებაში მონაწილეობა;
უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა;
ეფექტური საკანონმდებლო ბაზისა და თანამედროვე სტანდარტების შემუშავების მიზნით, უმაღლესი განათლების, მათ შორის იურიდიული განათლების, შესახებ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის ანალიზის მომზადება.
სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის ანალიზის პუბლიკაცია.
2. იურიდიულ ლიტერატურასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
შედეგები და ინდიკატორები
ლიტერატურის ბაზის მუდმივი განახლება;
EBSCO, WESTLAW International, LexisNexis მონაცემთა ბაზებზე ხელმოწერის უზრუნველყოფა;
ბიბლიოთეკის ავტომატიზირება, მონაცემთა ბაზებსა და ელექტრონულ კატალოგებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
IRBIS-ის საბიბლიოთეკო პროგრამაში მუშაობა;
ბიბლიოთეკის დებულების მიღება.
3. სტუდენტ იურისტთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება და სტუდენტების სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფა
შედეგები და ინდიკატორები
ყოველწლიურად სტუდენტების მიღება 5 მიმართულების სასწავლო კურსებზე: საერთაშორისო, სამოქალაქო, სისხლის, კონსტიტუციური და შესავალი სამართალი; კურსებზე დაშვებული სტუდენტების რაოდენობა - 130-160 ფარგლებში;
საიას სასწავლო კურსებზე თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების სწავლების მეთოდიკის დანერგვა. სტუდენტების მიერ იურიდიული დოკუმენტების შექმნა, მოდალური სასამართლო პროცესების დადგმა, კვლევების განხორციელება და ა.შ;
იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვა სამართლის სხვადასხვა დარგში, მათ შორის, საიას სასწავლო კურსის ყველა სტუდენტისათვის;
საიას სასწავლო კურსებზე დებატების, როგორც დისციპლინის, სწავლება.
ყოველწლიურად დებატების ტურნირის ჩატარება, მათ შორის, საიას სასწავლო კურსის ყველა სტუდენტისათვის;
2007-2008 წლებში ჯგუფების მომზადება საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისათვის (ფილლიპ ჯესაპის, პიკტეს, ტელდერსის, ევროპის სამართლის);
2010 წლიდან საერთაშორისო შეჯიბრებებში ქართული გუნდების მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების დელეგირება საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისათვის;
საიას ელექტრონული ჟურნალის „ალმანახის“ ყოველკვარტალური გამოცემა და საიას ვებგვერდზე განთავსება.
4. უმაღლესი იურიდიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება
შედეგები და ინდიკატორები
2007-2008 წლებში ნიადაგის მომზადება სამართლის ფაკულტეტის გახსნისათვის (პროფესორმასწავლებლების, სახელმძღვანელოების შერჩევა; პროგრამების შედგენა; მიღების კრიტერიუმების დადგენა და ა.შ.);
2008 წელს კონკრეტული მიმართულების სამართლის ფაკულტეტის გახსნა;
2010 წლისათვის უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის მაგისტრატურის გახსნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში;
2009 წელს იურიდიული სასწავლებლის ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიის დაწყება;
2010 წელს ბიბლიოთეკისა და სწავლებასთან დაკავშირებული სხვა რესურსების გადაცემა სასწავლებლისათვის.
სტრატეგიული ქვეამოცანები პროფესიის განვითარებისათვის:
1. პროფესიული ეთიკის ნორმების სრულყოფა-დამკვიდრების ხელშეწყობა
შედეგები და ინდიკატორები
იურისტის პროფესიული ეთიკის ნორმებთან დაკავშირებით კვლევის მომზადება სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით;
შეხვედრების ორგანიზება ინტერესთაჯგუფებთან (პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები, ნოტარიუსები და ა.შ.) და პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაცნობა;
სამუშაო ჯგუფის შექმნა იურისტის ერთიანი ეთიკის ნორმების ჩამოყალიბებისა და აღსრულების მექანიზმების შემუშავებისათვის.
2. პროფესიული გაერთიანებების განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
შედეგები და ინდიკატორები
თანამშრომლობის განვითარება პროფესიულ გაერთიანებებთან (მოსამართლეთა ასოციაცია, ადვოკატთა ასოციაცია, სტუდენტ იურისტთა ასოციაცია);
ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება ფუნდამენტური იურიდიული განათლების სრულყოფის, ასევე, განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამების განვითარებისა და დამკვიდრების მიზნით.
![]() |
3 III. ორგანიზაციული განვითარების პრიორიტეტები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეინარჩუნებს მომსახურებაზე ორიენტირებულ პროგრამებს (მაგალითად, იურიდიული კონსულტაცია). კიდევ უფრო გაძლიერდება სასამართლო წარმომადგენლობა. გაძლიერდება მონიტორინგის პროგრამები.
ლიბერალური ღირებულებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის წარმატებული პოპულარიზაციის მიზნით, უფრო მეტად აქტუალური ხდება საზოგადოების კეთილგანწყობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაძლიერება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა, ასევე, სტრატეგიული პარტნიორების ძიება და კავშირების გაფართოება და გამყარება. მნიშვნელოვანია ქსელის განვითარება და გრძელვადიანი, კულტურულად თავსებადი პარტნიორების იდენტიფიცირება.
1. სტრატეგიული მენეჯმენტისა და ანგარიშგების დანერგვა
მიზანი: საიას შემუშავებული აქვს სტრატეგიული ანგარიშგების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს სტრატეგიის განხორციელებას, მის მონიტორინგს და შემდგომ განვითარებას.
საიამ შეიმუშავა 2007-2010 წლების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ასახავს ორგანიზაციის მისიას, სამუშაო მიდგომებს, მთავარ მიმართულებებს, სტრატეგიულ ამოცანებს მიმართულებათა მიხედვით, მოსალოდნელ შედეგებს, რაოდენობრივ თუ ხარისხობრივ ინდიკატორებს. ასევე, დოკუმენტი წარმოაჩენს ორგანიზაციული განვითარების პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმას.
პროექტები კვლავ რჩება ორგანიზაციული მიზნების განხორციელების და დაფინანსების მთავარ საშუალებად, თუმცა, სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცებით, ჩვენი სურვილია, უფრო მკვეთრად წარმოჩინდეს პრიორიტეტები, რომელთა მიღწევის შედეგად, გავზომავთ ორგანიზაციის მუშაობასა და ეფექტურობას.
ნაბიჯები
1. ადრესატების მიხედვით, ანგარიშის სახეების განსაზღვრა და ფორმატის დამტკიცება;
2. სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადების პერიოდულობის განსაზღვრა;
3. სტრატეგიული დოკუმენტის გადასინჯვის პროცედურისა და ვადების განსაზღვრა.
2. ოპერაციული სტრუქტურის შემდგომი განვითარება
მიზანი: საიას ოპერაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს სტრატეგიულ მენეჯმენტს, პროგრამების უწყვეტობას და ხარისხს, ასევე კადრების პროფესიულ განვითარებას და დეცენტრალიზაციას.
დღევანდელი სტრუქტურა უთანაბრდება პროექტულ სტრუქტურას. ეს გარემოება გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ორგანიზაციის მართვის განვითარების თვალსაზრისით. კერძოდ, რთულდება ორგანიზაციის სტრატეგიული მენეჯმენტი, შესაბამისად, ოპერაციული სტრუქტურა უფრო მეტად ცენტრალიზებულ სახეს ატარებს, რაც ართულებს ხარისხის კონტროლსა და კოორდინაციას.
ორგანიზაციის შემდგომი განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია ვნელოვანია საიას მოქმედი ოპერაციული სტრუქტურის ალტერნატივის შექმნა.
ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიმართულებები და, შესაბამისად, სტრატეგიული მენეჯმენტის სისტემის დანერგვის სურვილი.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ფუნქციური განყოფილებების შემდგომი განვითარებაც (საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, გამომცემლობა).
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოპერაციული სტრუქტურა შეიძლება იყოს უფრო მატრიცული ხასიათის. ასევე, არსებობს ე.წ. ქსელური სტრუქტურის მოდელი, სადაც ერთი „ქუდის“ ქვეშ ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია თანამშრომლობს. ქსელური სტრუქტურა შესაძლოა განიხილებოდეს რეგიონულ ორგანიზაციებთან და სასწავლო ცენტრთან/პროგრამასთან სტრუქტურული ურთიერთობების აწყობის პროცესში.
განახლებული სტრუქტურა უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. მეტი დეცენტრალიზაცია;
2. მენეჯმენტის შუა რგოლის განვითარება;
3. ხარისხის უზრუნველყოფა;
4. სწრაფი რეაგირების უნარი და ინოვაციების მიმართ ღიაობა.
2. რეგიონული ფოკუსი
მიზანი: ჩვენ გვაქვს რეგიონული განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ამ ხედვის განხორციელების სამოქმედო გეგმა.
ორგანიზაციის მიზანია, კვლავ გააფართოვოს გეოგრაფიული არეალი და, ამასთანავე, შეინარჩუნოს და განავითაროს დღევანდელი დანაყოფები. რეგიონული ოფისების ძირითად სამუშაო ფოკუსად რჩება: ადამიანის უფლებების დაცვა (კონსულტაცია და დახმარება), თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობა, სამოქალაქო და სამართლებრივი განათლება.
ნაბიჯები
1. რეგიონების თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათი ხედვების შეჯერება;
2. მენეჯმენტის ჯგუფის შეხვედრა და, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ალტერნატივების დამუშავება;
3. რეგიონების განვითარების გეგმის შედგენა და განხორციელება.
4. მონიტორინგის სისტემის განვითარება
მიზანი: საიაში ფუნქციონირებს მონიტორინგის სისტემა, რომელიც მოიცავს ყველა შესაბამისი მონაცემის შეგროვების, შენახვისა და ანალიზის ფაზებს და განსაზღვრავს ცალკეული მიმართულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ პირებს. იმავდროულად, საია ეფექტურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიის შესაძლებლობებს შიდა მონიტორინგისა და კომუნიკაციის სისტემის დახვეწაში.
ეს საკითხი მჭიდროდ უკავშირდება სტრუქტურის განვითარებას. მონიტორინგის სისტემა უნდა ასახავდეს, რომელი სტრუქტურული ერთეული რა საქმიანობის მონიტორინგზეა პასუხისმგებელი და, შესაბამისად, აღწერდეს, თუ რა საქმიანობას ეწევა ამ კუთხით. დაგეგმვის პროცესში გამოვლინდა მონაცემთა შეგროვების სისტემის დახვეწის და შიდა მონაცემთა ბაზის შექმნის საჭიროება. არ არსებობს ბენეფიციარებისგან შეფასების სისტემაც.
5. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის შემდგომი პროფესიონალიზაცია
მიზანი: უზრუნველყოფილია სწრაფი რეაგირების საკომუნიკაციო სისტემა.
საიას ორგანიზაციული განვითარება და სტრატეგიის ეფექტური განხორციელება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულების შემდგომი გაძლიერება. არსებობს ორი ალტერნატივა: მეტი „გარე სერვისი“ და მეორე, შიდა ძლიერი სტრუქტურის შექმნა.
კომუნიკაციის განყოფილება კომპლექსურად ახორციელებს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციური კამპანიების მენეჯმენტს. ერთ-ერთ პრიორიტეტად ვლინდება საიას კადრების გადამზადება მედიასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებში.
6. ხარისხის მენეჯმენტი და უზრუნველყოფა
მიზანი: კრიტიკული სამუშაო ინსტრუქციების განსაზღვრა და აღწერა,
კადრების გადამზადება შესაბამისი უნარ-ჩვევების კუთხით (მონიტორინგი, მედიასთან ურთიერთობა, პროექტის მენეჯმენტი, ორგანიზაციული პოლიტიკა და სხვა).
ხარისხის მართვის სისტემის შექმნა გულისხმობს ხარისხის განმაპირობებელი პროცესებისა და რესურსების განსაზღვრას და მათ სწორ მენეჯმენტს, მაგალითად, რესურსების განვითარების დაგეგმვა, სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება და ა.შ.
ამ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე, სტრატეგიულ პროდუქტად ვლინდება ანალიზი/მონიტორინგი. საია გეგმავს ანალიტიკური მონიტორინგის ანგარიშების დიდი მოცულობით მომზადებას. ამ საქმიანობას დასჭირდება შემდგომი სტანდარტიზაცია, რათა მოხდეს სამუშაოს როგორც დროული, ასევე ხარისხიანი შესრულება. საჭირო იქნება შესაბამისი კადრების იდენტიფიცირება და მათი გადამზადება.
7. ფონდების მოძიება, ფინანსები და ბიუჯეტი
მიზანი: საიას ფინანსური სისტემის შესაბამისობა ორგანიზაციულ სტრუქტურასა და სტრატეგიასთან, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციული ბიუჯეტის შემუშავების და შევსების პროცედურას, იმავდროულად - ცალკეული პროექტების ეფექტურ ფინანსურ მენეჯმენტს.
საიას ჩამოყალიბებული აქვს ფონდების მოძიების გრძელვადიანი სტრატეგია.
ფინანსების მოზიდვის ერთადერთ მექანიზმად კვლავაც დონორთა მხარდაჭერა რჩება. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ახლო და შუალედურ ვადებში სწორედ პროექტები იქნება ორგანიზაციული დაფინანსების წამყვანი და გადამწყვეტი საშუალება. ფონდების მოძიებისა და ფინანსების მართვის სტრატეგიის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია:
1. საიას რომელი სერვისები შეიძლება გახდეს ფასიანი და განფასების როგორი პოლიტიკა შეიძლება იქნეს შემოღებული;
2. ვინ არიან სტრატეგიული დონორები და პარტნიორობის რა გარანტიები არსებობს;
3. როგორი ფინანსური ურთიერთმიმართება უნდა არსებობდეს ცენტრსა და რეგიონს შორის;
4. რა მოცულობით და რამდენ ზედნადებ ხარჯს უნდა ფარავდეს ცალკეული პროექტი; როგორ მოხდება ორგანიზაციული და 5. პროექტული ბიუჯეტების კონტროლი და ადმინისტრირება.
ახალი ფინანსური სისტემა დიდწილად იქნება დამოკიდებული სტრუქტურულ გადაწყვეტილებებზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი უკუკავშირი.