The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

იცნობდეთ ქურციკი


იცნობდეთ ქურციკი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბადრიძე ი.
თემატური კატალოგი გარემოს დაცვა
წყარო: ბადრიძე ი.
    ქურციკი - თბ., 2003 : შპს "სი-ჯი-ეს" კალამუს გრაფიკის სტუდია - 19გვ. : ილ. ; 20სმ. - (იცნობდეთ). - ISBN 99940-716-2-9 : [ფ.ა.]   [MFN: 20985]
 
UDC:  599.735.52
K 244.086/3 - საერთო ფონდი
K 244.087/3 - საერთო ფონდი
K 244.088/3 - საერთო ფონდი
F 84.337/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (NACRES)
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2003. ქურციკი. სერიიდან იცნობდეთ. NACRES, თბილისი. 17 გვ. დიზაინი და ბეჭდვა - შპს „სი-ჯი-ეს“ კალამუს გრაფიკის სტუდია მოცემული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა REC Caucasus მიერ გაცემული გრანტის საშუალებით. სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (NACRES) „სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ (NACRES) წარმოადგენს არასამთავრობო, არაკომერციულ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციას, რომელიც შეიქმნა 1989 წელს. მისი ძირითადი მიზანია შეისწავლოს ცხოველთა ქცევა და ეკოლოგია, შეიმუშავოს იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების დაცვისა და აღდგენის მეთოდები და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლების ველური ბუნების კონსერვაციის საქმეში. 1994 წელს NACRES გახდა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წევრი. ორგანიზაციის მისამართი: საფოსტო ყუთი №20, 0179, თბილისი, საქართველო ფაქსი: (995 32) 53 71 24. ტელ., (99 532) 53 71 25 ელ. ფოსტა info@nacres.org, ვებ-გვერდი: www.nacres.org



1 * * *

▲back to top


წარმოგიდგენთ მეორე წიგნს სერიიდან იცნობდეთ“. იგი საქართველოში უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში გადაშენებულ ჯეირანს ანუ სპარსულ ქურციკს ეძღვნება. ქურციკის ეს სახე ამიერკავკასიაში დაახლოებით 800 000 წლის განმავლობაში (შუა პლეისტოცენიდან) ბინადრობს.

წიგნი მათთვისაა გათვალისწინებული, ვისაც, ასაკის მიუხედავად, ჯერ კიდევ სურს საკუთარი ქვეყნის ბუნების გადარჩენა.

* * *

წიგნზე მუშაობისას ავტორმა ლიტერატურული წყაროების მონაცემებთა ერთად საკუთარი დაკვირვებებით მოპოვებული მასალაც გამოიყენა.

საველე მუშაობისას მისთვის გაწეული დახმარებისთვის ავტორი დიდ მადლობას უხდის აზერბაიჯანის გარემოს დაცვის სამინისტროს, შირვანის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორს ბატონ ელდარ სარიევს, ნაკრძალის დაცვის უფროსს ფახრედინ ახუნდოვს და მათ თანამშრომლებს - ხახილოვს, ბალოგლან აღაევს და ნიზამი მამედოვს, რომლებმაც დახმარბისთვის არ დაიშურეს არც დრო და არც ენერგია

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩატარბულ გამოკვლევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის, ლევან გოშაძის წვლილი.

იცნობდეთ ქურციკი

0x01 graphic

2 რას წარმოადგენს და რა მოდგმისაა ქურციკი?

▲back to top


ნებისმიერი სახის ცხოველზე საუბრისას კარგად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი მისი ადგილი ცხოველთა სისტემაში. მაშ ასე, ვუპასუხოთ კითხვას - რას წარმოადგენს ქურციკი და რა მოდგმისაა ის?

  • რიგი: წყვილჩლიქოსნისნაირნი - Ordo: Artiodactila Owen,1848;

  • ოჯახი: ღრურქიანისებრი - Familia: Bovidae Gray, 1821

  • ვეოჯახი: ანტილოპისებრნი Subfamilia: Antilopinae Baird, 1857 = ქურციკისებრნი - Gazellinae Coues, 1889;

  • გვარი: ქურციკი1 ანუ გარეთხა - Genue: Gazella De Blainville, 1816;

  • სქართველოში ბინადრობდა სახე - ჯეირანი ანუ სპარსული ქურციკი - Gazella2 Subgutturosa3 Guldenstaedit, 1780.

ქურციკის საგვარეულო მრავალრიცხოვანია. ითვლება, რომ მსოფლიოში არსებობს 12 სახის ქურციკი. ესენია:

1. გრანტის ქურციკი - Gazella granti Brooke, 1872 (ბინადრობს სუდანის, ეთიოპიისა და სომალის სამხრეთ ნაწილში, უგანდაში, კენიასა და ტანზანიაში);

2. სომალის ქურციკი - Gazella soemmerringi Cretzschmar, 1826 (ბინადრობს სუდანში, ეთიოპიასა და სომალში);

3. ქურციკი-დამა - Gazella dama Pallas, 1766 (ბინადრობს სამხრეთ მაროკოდან სენეგალამდე და მის აღმოსავლეთით, თეთრ ნილოსამდე);

4. ჩვეულებრივი ქურციკი - Gazella dama Pallas, 1766 (ბინადრობს ჩრდილოეთ აფრიკაში, არაბეთის ნახზევარკუნძულზე, ირანში, პაკისტანში, დასავლეთ ინდოეთში);

5. ქურციკი დორკასი - Gazella dorcas Linnaeus, 1758 (ბინადრობს ჩრდილოეთ აფრიკაში ჩრდილოეთ განედის 130-მდე და არაბეთის ნახევარკუნძულზე);

6. წითელშუბლა ქურციკი - Gazella rufifrons Gray, 1846 (ბინადრობს საჰარასა და უდაბნოს სამხრეთ ზოლში, სენეგალიდან ჩრდილოეთ ეთიოპიამდე);

7. ტომსონის ქურციკი - Gazella thomsoni Gunther, 1884 (ბინადრობს კენიაში, ტანზანიასა და ცალკე - სამხრეთ სუდანში);

8. სუდანის ქურციკი - Gazella tslonura Heuglin, 1868 (ბინადრობს სუდანის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ეთიოპიის ჩრდილოეთში);

9. სპიკის ქურციკი - Gazella spekei Blyth, 1863 (ბინადრობს სომალში და ეთიოპიაში);

10. პელცელნის ქურციკი - Gazella pelzelini Kohl, 1886 (ბინადრობს სომალში);

11. ქვიშნარის ქურციკი - Gazella Leptoceceros F. Cuvier, 1843 (ბინადრობს ცენტრალურ საჰარაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე);

12. ჯეირანი ანუ სპარსული ქურციკი (შემდგომში ქურციკი) - 1780. მისი არეალია: არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი (გადაშენებულია), აზერბაიჯანი - ჩრდილოეთ-დასავლეთის სტეპები (მცირერიცხოვანი პოპულაცია), შირვანის ნაკრძალი (დაახლოებით 6 000 ინდივიდი) და მიმდინარე სტეპები; თურქმენეთი, ყაზახეთის სამხრეთ ნაწილი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, მონღოლეთის სამხრეთ ნაწილი, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთი.

0x01 graphic

გვარი ქურციკის არეალი (ნაცრისფერი და წითელი). წითლით აღნიშნულია სპარსული ქურციკის არეალი.

ქურციკი მომცრო ზომის ცხოველია, რომლის სიმაღლე ნიდაოში 60-80 სანტიმეტრს შორის მერყეობს, სიგრძე 90-115 სმ-ია, წონა 18-33 კილოგრამი. ამ ზომის ცხოველისათვის მას საკმარისად გრძელი (15-20სმ.) კუდი აქვს, რომელიც ჩამოშვებულ მდგომარეობაში ორად ყოფს ქათქათა თეთრ „სარკეს“. როგორც წესი, რქები მხოლოდ მამრებს ამშვენებს და მათი სგრძე 25-43 სანტიმეტრია, თუმცა ისინი ხანდახან მდედრებსაც აქვთ, მაგრამ გაცილებით მოკლე - მათი სიგრძე 5 სანტიმეტრს არ აღემატება. მდედრები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9, მამრები კი 18 თვის ასაკში. მაკეობის ხანგრძლივობა 5-6 თვეა. ქურციკი ბადებს 1-2, იშვიათად 3-4 ლიკლიკას, რომლებიც ძუძუს წოვენ 4-5 თვის განმავლობაში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-12 წელია. ისინი ზაფხულობით გაერთიანებული არიან ოჯახურ ჯგუფებად, რომლებშიც თავს იყრის 10-15 ინდივიდამდე; ზამთარში კი ქმნიან დიდ ფარებს, რომლებშიც რამდენიმე ასეული ინდივიდია გაერთიანებული.

________________________

1 ქურციკი - იხილეთ სულხან-საბას ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“. 1993. თბილისი, „მერანი“, II ტომი, გვერდი 241.

2. Ghazal (ლათინური) - ველური თხა

3. Sub (ლათინური) - დაბლა, ქვედა; guttur (ლათინური) - ყელი; osus (ლათინური) - სუფიქსი, რომელიც აღნიშნავს მკვეთრად გამოხატულს. Gazell subgutturosa - ქურციკი, რომელიც „არშიყის“ სეზონის განმავლობაში მკვეთრად აქვს გამოხატული ყელის ქვედა ნაწილის გადიდება.

3 ქურციკის ბედი საქართველოში

▲back to top


დღეს საქართველოში აღარავის ახსოვს ქურციკის არეალის ისტორიული ფარგლები. ამაში გარკვევა შესაძლებელია, სამწუხაროდ, მხოლოდ გასული საუკუნის დასაწყისში გამოცემული ლიტერატურული წყაროების დახმარებით. თითქმის 100 წლის წინათ, ცნობილი ზოოლოგი ნ. დინიკი წერდა, რომ ამიერკავკასიაში ქურციკი გავრცელებულია თბილისიდან ბაქომდე არსებულ სტეპებში. ესენია: თბილისიდან რუსთვამდე არსებული არიდული1 ველები, რუსეთის მიმდინარე სტეპები, გარეჯის „უდაბნო“, გარდაბნისა და დედოფლის წყაროს რაიონები (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე), შემდეგ კი - სტეპები ბაქოდან და მის სამხრეთით.

0x01 graphic

ქურციკის არეალი ამიერკავკასიაში. წითელი ფერით აღნიშნულია არეალი, სადაც ჯეირანი გადაშენებულია; ყვითლით - რამდენი ათეული ინდივიდი; მწვანით - შირვანის ნაკრძალი, 6 000-მდე ინდივიდი.

რატომ გვიხდება ჩვენს ქვეყანაში ქურციკზე ლაპარაკი წარსულ დროში? რა მოხდა საქართველოში, რომელიც წარსულში (კვლავ წარსულში!) ბუნებათსარგებლობის მაღალი კულტურითაც იყო ცნობილი?

ოდითგანვე საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთის ტერიტორია, პირველ რიგში - შირაქი და შემდეგ - ივრის ზეგანი, ცხვრის ზამთრის საძოვრებად გამოიყენება. ზამთრობით სწორედ ამ საძოვრებზე მრავალი საუკუნის განმავლობაში თანაარსებობდნენ ადამიანი (თავისი ცხვრითურთ) და ქურციკი. საძოვრის მდგრად გამოყენებას კი გამოცდილებით მიღებული ის ცოდნა სჭირდება, რომელიც ჩვენს წინაპრებს გააჩნდათ. გამოცდილება კი მათ შემდეგს კარნახობდა: საძოვარზე უნდა ყოფილიყო იმდენი ცხვარი, რომ მის მიერ მოძოვილ და გატკეპნილ ბალახს საძოვრის სვენების პერიოდში აღდგენა შეძლებოდა. ამისთვის კი საძოვრის 1 ჰექტარზე 4 ცხვარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, საძოვარს პერიოდულად ასვენებდნენ. ძოვების ამდაგვარი წესი უზრუნველყოფდა არა მარტო საძოვრების მდგრად გამოყენებას, არამედ ქმნიდა ისეთ პირობას, რომელიც მთლიანად გამორიცხავდა საკვების გამო ცხვარსა და ქურციკს შორის კონკურენციის აღმოცენებას. ასე იყო საუკუნეების მანძილზე, ვიდრე...

დაიწყო ურბანიზაციის ინტენსიური პროცესი. აშენდა რუსთავი, თბილისის „ზღვა“, მოიხნა ველების უზარმაზარი ფართობები. ყოველივე ამან შეამცირა ქურციკის საარსებო გარემო. საბჭოთა საქართველომ თავისი „სახალხო“ მეურნეობით (რომლის დევიზი იყო - „ბევრი, სწრაფად და იაფად“) ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ამჯერად მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა გავლენა მოახდინა საძოვრებზე მეურნეობის ასეთმა სისტემამ.

გარდა ამისა, ურბანიზაციის პროცესმა შეიწირა ბუნებრივი საძოვრების დიდი ნაწილი, გაათმაგდა ცხვრის რაოდენობა. მოისპო საძოვრის დასვენების წესიც. შედეგი? განადგურება იწყო ბალახოვანმა საფარმა და თავი იჩინა ეროზიულმა პროცესებმა, რაც დღესაც გრძელდება. ამ საძოვრების 50%25-მდე უკვე განადგურებულია. ბალახოვანი საფარის ეროზიული ანუ ზეჭარბი ძოვების მიერ გამოწვეულ პროცესს აღრმავებს ქარი, რომელსაც მთლიანად მიაქვს ნიადაგის ნოყიერი შრე. დღეს ხშირად ნახავთ, თუ როგორ შეაქვთ ზამთრის საძოვრებზე მწყემსებს თივა სატვირთო მანქანებით. აღსანიშნავია, რომ არსებულ ვითარებაში ჰექტარზე 2 ცხვარიც კი ბევრია.

0x01 graphic

() ზეჭარბი ძოვებით გამოწვეული ეროზია, რომელსაც აღრმავებს ქარი (). ქარის მიერ წაღებული 15 სანტიმეტრამდე მიწის ფენა.

0x01 graphic

ზამთრის საძოვრები იმდენად დეგრადირებულია, რომ მწყემსებს თივის შეტანა უხდბათ.

ქურციკის საკვები ბაზის შემცირებამ ამ ცხოველის რიცხოვნობის კლება გამოიწვია, რასაც შემდგომში ბრაკონიერობა დაემატა. ქურციკი გადაშენდა. იყო პერიოდი, როდესაც იგი აზერბაიჯანიდან შემოდიოდა, მაგრამ უკვე გაქცევას ვეღარ ასწრებდა ხოლმე. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქურციკის წითელ წიგნში შეტანა გაცილებით იაფია მის დაცვაზე, რაც წარმატებით, განხორცილედა კიდეც. სამწუხაროდ, ეს მარტო ქურციკს არ ეხება.

ინგლისელები ამბობენ: არც ისეთი მდიდარი ვარ, რომ იაფი რამ ვიყიდო. გასაგებია, არა? ჩვენ იაფი ავირჩიეთ. დღეს კი ქურციკის აღდგენა (თუ საერთოდ ვინმე დაინტერესდა ამ პრობლემით) დიდ სახსრებს, დროსა და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. თანაც ამ ძალისხმევას შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ე. წ. „მონადირეებს“ (ბრაკონიერები მყავს მხედველობაში) ქეიფის გარაშეც გაახსენდებათ საკუთარი ქვეყნის ბუნება. ჩვენში ტრადიციად იქცა საქართველოს ბუნების სადღეგრძელოს შესმა, ბუნებისა, რომლის გამოც სხვა ხალხებს შურდათ ჩვენი. დღეს, სამწუხაროდ, ამ სადღეგრძელოს წარმოთქმისას პატრიოტული სულისკვეთება პატარა ჭიქაშიც კი ლაყედაა. რატომ? იმიტომ, რომ დღეს ამ სადღეგრძელოს ტრადიციის მიმდევრების მოქმედება საკუთარი ბუნების მიმართ თემურ ლენგის ან არაბების შემოსევას შეიძლება შევადაროთ. შეიძლება, თუ მათ ეს ურჩევნიათ, ო. ჰაქსილის სიტყვებიც მოვიყვანოთ: ბუნებისადმი ჩვენი დამოკიდებულება დაემსგავსა „სოლიტერის ურთიერთობას მის მიერ დასნეულებულ ძაღლთან, ან კიდევ ვაშლის ნაცრისა - ვაშლთან, რომელზეც ის პარაზიტობს („მაიმუნი და არსი“)“. ზემოთქმული ყიამყრალი ნათქვამი არ არის; საუბედუროდ, ეს მწარე სინამდვილეა. ბრაკონიერებს ედუარდ ებბის სიტყვებით მინდა მივმართო: „თუ აქ არის ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ვერ მივაყენე შეურაცხყოფა, გთხოვთ მაპატიოთ“.

ერთ მომენტსაც მიაქციეთ ყურადღება! ველური ცხოველების შეფასებისას ძირითადად ორ კრიტერიუმს ვეყრდნობით: გასტრონომიულს და ე. წ. ესთეტურს. ლამაზი ან უშნო - რის საფუძველზე ვიძლევით შეფასებას? აღნაგობის, შეფერილობის თუ მისი მნიშვნელობით იქ, სადაც იგი ბუნებამ შექმნა. არ ვაპირებ „სასარგებლო“ და „მავნებელ“ ცხოველებად დაყოფაზე ლაპარაკს, რადგან ვსპობთ ორივეს - სასარგებლოს“ იმიტომ, რომ მისი შეჭმა შეიძლება, „მავნებელს“ კი ფაქტიურად იმის გამო, რომ ჭამს იმას, რისი შეჭმაც ჩვენ შეგვიძლია. ამ კატეგორიების მინიჭებისას აღარავის ახსოვს, რომ თავად ვართ ბუნების ნაწილი და ჩვენს კეთილდღეობას უმთავრესად, ეკოსისტემის მდგრადობა განსაზღვრავს. ეს უკანასკნელი კი მთლიანად მისი შემადგენელი ნაწილების მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული.

________________

1. არიდული - მშრალი, ნალექების მინიმალური რაოდენობის გამო.

2. უდაბნო - ამ შემთხვევაში მხოლოდ დაუსახლებელსა და უკაცრიელს ნიშნავს.

4 რა ვქნათ?

▲back to top


ცხადია, როდესაც ვაპირებდით გადაშენების პირას მისულ ან ბუნებაში გადაშენებულ1 მცენარეთა თუ ცხოველთა სახის აღდგენას, კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული ის მიზეზები, რომლებმაც მათი რიცხოვნობის კლება თუ ბუნებაში გადაშენება გამოიწვია. ამ მიზეზების აღმოფხვრა მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.

ამჟამად ჩვენ დანამდვილებით გვაქვს დადგენილი საქართველოში ქურციკის გადაშენების მიზეზები. მიუხედავად იმისა, რომ ურბანიზების პროცესმა ჩვენში მნიშვნელოვნად შეამცირა ქურციკისათვის გამოსადეგი ტერიტორიები, მაინც ჯერ კიდევ საკმარისია ფართობი, სადაც მას არსებობა შეუძლია (მაგალითად, ვაშლოვანის ნაკრძალში). ისტორიული არეალის სხვა ნაწილებში კი (შირაქსა და ივრის ზეგანზე) შესამცირებელია ზამთრის საძოვრებისათვის მიყენებული დატვირთვა და აღსადგენია ზეჭარბი ძოვების გამო ეროზირებული ფართობები. მაგრამ კაპიკი იქნება ამ შრომის ფასი, თუ ბრაკონიერობა არ აღმოიფხვრა. ვიყოთ ოპტიმისტები!

რა ხერხებით უნდა აღვადგინოთ საქართველოში ქურციკი? საზოგადოდ, ნებისმიერი სახის ცხოველის აღსადგენად რამდენიმე სხვადასხვა მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ: პირველი დაცვა ბუნებრივი სამიგრაციო გზისა, რომლითაც ცხოველს შეუძლია შემოვიდეს მეზობელი ტერიტორიიდან; მეორე - ტრანსლოცირება (ანუ ცხოველის დაჭერა იქ, სადაც ამ სახეობის კეთილდღეობას არაფერი ემუქრება და გადაყვანა იქ, სადაც იგი გადაშენდა ან გადაშენების საფრთხე ემუქრება); მესამე - რეინტროდუქცირება (ცხოველის გამრავლება ტყვეობაში და შემდეგ მის ისტორიულ ადგილსამყოფელში გაშვება).

რა მეთოდის არჩევა აჯობებს ჩვენს პირობებში? მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეთოდი ყველაზე ბუნებრივია, მისი გამოყენება არსებულ ვითარებაში შეუძლებელია. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანის ტარიტორიაზე ქურციკის უახლოესი, ძლიერი პოპულაცია (შირვანის ნაკრძალში) თითქმის 700 კილომეტრითაა დაცილებული საქართველოს საზღვარს. მით უმეტეს, რომ ქურციკი ამ სივრცეზეც აღსადგენია. ასე, რომ, დაგვრჩა ორი გზა. ორივეს დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეც გააჩნია. ასე, მაგალითად, ტრანსლოცირების მეთოდის გამოყენებისას ცხოველებს მშობლიურ ადგილებში დაბრუნების გადაულახავი სურვილი უჩნდებათ, რის გამოც ჩვენს მიერ შერჩეულ ადგილზე მათი დაკავება ძალიან ძნელი ხდება. მესამე გზაც (ცხოელების ტყვეობაში გამრავლება და ნამატის ისტორიულ ადგილსამყოფელში დაბრუნება) არაა უპრობლემო: ტყვეობაში გაზრდილმა ცხოველებმა ველურ პირობებთან შეგუება უნდა შეძლონ. ეს კი, პირველ რიგში, გულისხმობს მტაცებლის მიმართ სრულყოფილი ქცევითი რეპერტუარის არსებობას. ტყვეობაში გაზრდილი ცხოველები უცხო ადამიანებს არ განერიდებიან. ასეთი განრიდების ქცევის არსებობა კი, განსაკუთრებით ჩვენს პირობებში, გადამწყვეტია ცხოველის გადარჩენისათვის. უნდა ვიცოდეთ, გასაშვებად მომზადებულ ჯგუფში როგორი უნდა იყოს ინდივიდთა მინიმალური რიცხოვნობა და სქესთა შეფარდება. ამას გადამწყვეტი მნიშველობა ექნება ამ ჯგუფის შემდგომი სიცოცხლიუნარიანობისათვის. ზემოთ ნახსენები ყველა პრობლემა შეიძლება გადაოჭრას იმ შემთხვევაში, თუ ყოველივეს ველურ ცხოველებზე ჩატარებული დაკვირვებების მეშვეობით შევისწავლით.

_______________________

1. ბუნებაში გადაშენებული - ცხოველთა თუ მცენარეთა სახე, რომელიც დარჩენილია მხოლოდ ტყვეობის პირობებში და ხელოვნურ გარემოში.

5 ცხოვრების ნირი

▲back to top


ჯგუფი, როგორც პოპულაციის სოციალური სტრუქტურის ერთეული და მისი მოწყობა

როდესაც ვლაპარაკობთ ცხოველის რომელიმე სახის პოპულაციაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ მას აქვს გარკვეული, ამ სახისათვის დამახასიათებელი სოციალური სტრუქტურა. არც ქურციკის პოპულაციაა გამონაკლისი. იგი შედგება მსხვილი (ფარა) და შედარებით პატარა (ჯგუფი) სოციალური ერთეულებისაგან. აქედან გამომდინარე, უნდა გახსოვდეს, რომ ფარა არაა ინდივიდთა უბრალო გაერთიანება. იგი, სტრუქტურის თვალსაზრისით, ჩამოყალიბებულია მრავალი ერთეულისაგან - ჯგუფებისგან. ქურციკის ფარა დაახლოებით ისეთივე გაერთიანებაა, როგორიც მგლების ხროვა, რომელშიც დროებით რამდენიმე ოჯახია თავნოყრილი.

ჯგუფი (რომელშიც ზაფხულობიდან ორივე სქესის და ყველა ასაკის 45-მდე სულია) არის ინდივიდთა ხანგრძლივი გაერთიანება, რომელშიც, თავის მხრივ, პერიოდულად იყოფა უფრო მცირე ერთეულებად - ქვეჯგუფებად. ორივესთვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურაა დამახასიათებელი. როდესაც ვლაპარაკობთ სოციალურ სტრუქტურაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა დონისაა იგი, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სტრუქტურა მოწესრიგებულია. დიახ, მოწესრიგებულია და ეს წესრიგი ურთიერთობათა გარკვეულ ფორმას - იერარქიას ანუ თანასაზოგადოებაში ინდივიდთა სოციალურ რანგს (დომინანტი - ქვიშევრდომი) ემყარება. დომინანტს α ინდივიდს უწოდებენ, რანგით მეორე ადგილზე მყოფს - β-ს და ა.შ., ძველი ბერძნული ანბანის მიხედვით.

ჩლიქოსნების იერარქიის რამდენიმე ტიპი არსებობს. ესენია:

  • ხაზოვანი იერარქია (I). იერარქიის ეს ფორმა პირველად ქათმებში იყო აღმოჩენილი და დაარქვეს „კენკვის რიგი“-ს იერარქია. ეს მიშნავს, რომ, მაგალითად, α ინდივიდი კენკავს 10-ჯერ, β-9-ჯერ და ა.შ. ძუძუმწოვრებში, ჩლიქოსნების ჩათვლით, იერარქიის ეს ფორმა იმაში გამოიხატება, რომ ნებისმიერ ინდივიდს (ცხადია, α-ს გარდა) უთმობს გზას, დასაწოლ ადგილსა თუ ადგილს საძოვარზე მასზე მაღალი რანგის ინდივიდს. რეპროდუქციული ციკლის დროს აღინიშნება იერარქიის ამ ფორმის ორი დამოუკიდებელი ხაზის აღმოცენება - მამრებში და მდედრებში.

  • ხაზოვანი იერარქია (II). ყალიბდება ასაკობრივ და სქესობრივ კლასებს შორის. თითოეულ კლასში ინდივიდის რანგი დამოკიდებულია მის წონაზე, რქების ფორმასა და ზომაზე. ამასთანავე, კლასის ფარგლებში, ინდივიდის რანგი შეიძლება შეიცვალოს მისი ფიზიოლოგიური მგდომარეობის, აგრესიულობის, სიმაძღრის ხარისხის თუ სხვა მიზეზთა გამო.

  • სამკუთხედის პრინციპის იერარქიაა, როდესაც ინდივიდი A>B>C>A. ასეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას მაშინ, როდესაც ჯგუფს ახალი ინდივიდი უერთდება.

  • მარტივი იერარქიისას დომინანტი ერთია, ხოლო დანარჩენები თანაბარნი არიან, რადგან დათრგუნული აქვთ აგრესიული რეაქცია.

არსებობს იმ ფაქტორთა განზოგადებული ჩამონათვალი, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩლიქოსნის რანგზე. ესენია: ასაკი, წონა, საბრძოლო იარაღის განვითარების დონე (რქები, ეშვები. ეს უკანასკნელი, მუშკს1 აქვს კარგად გამოხატული. მისი ეშვები, რომლებიც მხოლოდ ზედა ყბაზე აქვს, 7 სმ-ს აღწევს და დახურული პირის შემთხვევაშიც კი ჩანს), აგრესიულობა, ტერიტორიის ცოდნის ხარისხი, ორთაბრძოლების გამოცდილება, ორთაბრძოლისას ნაცნობების ახლოს ყოფნა, კონკურენტის რანგი (ხომ გავს ადამიანს?) და სხვა. ამ ჩამონათვლის ავტორებს, კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი გამორჩათ - დომინირების „ჟინი“ ანუ მოთხოვნილება, რომელიც ხშირად შიშზე გაცილებით ძლიერია. ასეა თუ ისე, სოციალური სტრატუსი (რანგი) კონკურენტებს შორის აგრესიული ურთიერთმოქმედების - ორთაბრძოლის შედეგად მოიპოვება. ამ ორთაბრძოლის ილეთები კი, როგორც ადრე ვთქვით, თამაშისას გაცილებით ადრე ყალიბდება, ვიდრე ისინი რეალურ საქმეში იქნებიან გამოყენებულნი. სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად ბეჯითი სწავლაა საჭირო.

აღმოჩნდა, რომ ქურციკის სოციალური სისტემა, როგორც წესი, ეფუძნება ხაზოვანი იერარქიის პრინციპს. როდესაც ვხმარობთ გამოთქმას „როგორც წესი“, ვგულისხმობთ, რომ არსებობს რაღაც გამონაკლისი. მრავალი სახის ჩლიქოსნების ჯგუფებში, მათ შორის ქურციკის ჯგუფებშიც, ინდივიდები პერიოდულად იცვლებიან. ასეთ შემთხვევაში, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში, ხაზოვანი იერარქია იცვლება სამკუთხედის პრინციპის იერარქიით.

ურთიერთობის გარკვევა! ახლა უკვე დომინანტი მამრის ძირითადი მიზანია საუკეთესო მდედრის საკმარისი რაოდენობის „მოხიბვლა“, რაღა ძლიერი შთამომავლობა დაუტოვოს პოპულაციას.

დომინანტი მამრს, როგორც წესი, ექვსამდე მდედრი ყავს. მდედრების მოსახიბლავად საკმარისი არ არის მარტო კონკურენტი მამრების დამარცხება. მას უნდა ჰქონდეს ისეთი „გარეგნობა“, რომ მდედრი მოხიბლოს. სხვათა შორის, უმაღლესი ძუძუმწოვრების საზოგადოებაში „გემოვნებაზე არ კამათობენ“. არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ იერარქიული ურთიერთობანი მხოლოდ მამრებს შორის არსებობს. იერარქიული სისტემა მდედრებშიც ისევე მკვეთრადაა გამოხატული, როგორც მამრებში. ამასთანავე, იგივეა იმ ფაქტორთა ჩამონათვალი (ცხადია რქების გარდა), რომლებიც გავლენას ახდენენ ინდივიდის რანგზე.

ჯგუფში უირთიერთობათა გარკვევა ანუ რანჟირება სრულებითაც არ ნიშნავს რანგის სამუდამოდ მოსპობას. ეს პროცესი, სხვადასხვა მიზეზის გამო, პერიოდულად აღმოცენდება. მაგრამ არსებობს ერთი მიზეზი, რომლის გამოც ეს ტურნირები თანაბარი ინტერვალით - წელიწადში ერთხელ, შემოდგომის მიწურულს, „სიყვარულის“ სეზონის დროს განახლდება ხოლმე. სწირედ ამ პერიოდში იყოფა ჯგუფი უფრო მცირე ერთეულებად - ქვეჯგუფებად. მართალია, ჯგუფი ყოფა, მაგრამ ყველანი რჩებიან ჯგუფის საერთო ტრაიტორიაზე და, ქვეჯგუფების იერარქიული სტატუსის შესაბამისად, ამ ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში (საძოვრის ხარისხი გვაქვს მხედველობაში) ხვდებიან.

________________________

1. ბუნებაში გადაშენებული - ცხოველთა თუ მცენარეთა სახე, რომელიც დარჩენილია მხოლოდ ტყვეობის პირობებში და ხელოვნურ გარემოში

2. მუშაკი - Moschus Moschiferus Linnaeus, 1758. ირმისებრთა ოჯახი (Cervidae Gray, 1821), გვარი - მუშკი (Moschus Linnaeus, 1758)

6 სიყვარულის სეზონი

▲back to top


იწურება შემოდგომა. თუ ჯგუფში მანამდე შედარებით თავშეკავებული ურთიერთობები იყო, ახლა უკვე ხშირია ერთმანეთის მიმართ აგრესიული გამოხდომები, რომელთა სიხშირე და ინტენსივობა ნელ-ნელა მატულობს. საბოლოო ჯამში ჯგუფი რამდენიმე ნაწილად იყოფა და თითოეული მათგანი ტერიტორიის სხვადასხვა უბანს იკავებს. კონფლიქტი ამით არ მთავრდება. იგი გრძელდება განაყოფში ანუ ქვეჯგუფში მოხვედრილ მამრებს შორის და მთავრდება ერთის სრული გამარჯვებით, რომელიც რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრს ათავისუფლებს დამარცხებულებისგან, მის მიერ მოხიბლულ მდედრებთან სასიყვარულოდ. ახლა დამარცხებულების პრობლემაა ერთმანეთს შორის ურთიერთობების გარკვევა, თუ ამის მოთხოვნილება კიდევ დარჩათ.

მდედრები შემოერთაბეულია. ახლა არშოყის დრო დადგა. პერიოდულად ვაცი გამოსცემს „ვაჟკაცურ“ ბგერებს. საგანგებოდ გაწვრთნილი ცხენივით განსაკუთრებული ალურით დადის მდედრების წინ. გააფრთებული იცავს ტერიტორიას (იმ რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრს) პიტენციური კონკურენტებისაგან და ხშირად ამას აკეთებს მაშინაც, როდესაც კონკურენტები ათოფეზეც არ ჩანან. ყველაფერი ეს ხდება მხოლოდ მდედრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ახლა სანახავია, თუ რამდენადაა მოხიბლული მდედრი. ამისათვის ვაცმა გავაზე უნდა დაადოს თავი. თუ მდედრის კუდი ჩამოშვებული დარჩა, ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. იგივე მეორდება ყოველ მდედრთან. დიახ, თითოეულთან „მუცლის ცეკვა“ უნდა შეასრულოს.

0x01 graphic

მოიხიბლა! ახლა უკვე შთამომავლობის გასაგრძელებლად პრაქტიკული ღონისძიებებია ჩასატარებელი, თანაც ყველა მდედრთან, თანაც რამდენჯერმე (ვინცობაა, არავინ დარჩეს გაუნაყოფიერებელი). ამდენად შრომაში ჭამის დროც კი არ რჩება.

დამთავრდა! დადგა ჟამი, როდესაც სიქაგამოცლილი ვაცები ყველაზე რეალური საფრთხის წინაშე დგებიან. ისინი, მგლისთვუს ადვილი მოსანადირებელი ხედბიან და მათი ნაწილი იღუპება კიდეც. რა ხდება?! მტაცებელი საუკეთესოებს სპობს?1 საქმეში ჩახდული კაცი იტყოდა: ჰკა მაგას! მოსპეთ მგელი! სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა.

იქ, სადაც მტაცებელი არ არის ან მისი რიცხოვნობა ძალზე დაბალია, დომინანტი მამრები მრავალი წლის განმავლობაში ასრულებენ მწარმოებლის ფუნქციას, მაშინაც კი, როდესაც, ასაკის გამო, მათი შთამომავლობის „ხარისხი“ ეცემა. გახსოვთ, ალბათ, რანჟირების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორთაგანია ნაცნობის რანგი. აქედან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში დომინანტად რჩება ის, ვისაც დომინანტობა ადრე ჰქონდა მოპოვებული („სიბერისა“ და დაბალი ხარისხის შთამომავლობის მიუხედავად). ასეთი მწარმოებლები გამრავლებაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ უკეთესებს და საბოლოო ჯამში პოპულაციას დაკნინება ელოდება. ეს ენომენი ტიპიურია პრაქტიკულად ყველა ველური ჩლიქოსნის სახისთვის. ერთადერთი გამოსავალია მწარმოებლის დროული ცვლა. რადგან ამის მექანიზმი სახის ფარგლებში ევოლუციურად არ არის ჩამოყალიბებული, ეს ფუნქცია მტაცებელმა უნდა აიღოს თავის თავზე.

გაივლის მძიმე და ხიფათით სავსე ზამთარი. აპრილის ბოლოს - მაისის შუა რიცხვებისათვის იბადება ახალი თაობა, რომელსაც ისეთივე რთული გზა ექნება გასავლელი, როგორიც მის წინაპრებს.

ერთი შეხედვით უცნაურია, რომ მდედრები მშობიარობის წინ ტოვებენ კარგ საძოვრებს და გადადიან ისეთ ადგილებში, სადაც ბალახოვანი საფარი მწირია და „ლაქებად“ იზრდება. თითოეული „ლაქის“ ფართობი 0,5-2 მ2, მათ შორის მანძილი კი 1-2 მეტრია. ამ ინტერვალებში ბალახოვანი საფარის სიმჭიდროვე იმდენად დაბალია, რომ მიწაზე დაწოლილ ცხოველს არ უზღუდავს მხედველობის არეალს. თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

7 დაბადება

▲back to top


0x01 graphic

დაიბადა! ჩაისუნთქა და წევს განაბული. ტანზე გარღვეული „პერანგი“ აკვრია, გვერდით კი მომყოლი (პლაცენტიტურთ) გდია. დედა თავს ადგას ნაშიერს, გულდასმით ყნოსავს და იწყებს „პერანგისა“ და მომყოლის ჭამას. უცნაურია, ბალახის მჭამელი ცხოველი მტაცებელივით ცხოველური წარმოშობის საკვებს შეექცევა. რატომ? ამის შესახებ ამოდენიმე მოსაზრება არსებობდა: პირველი - ცხოველს მაკეობის პერიოდში დაკარგული ენერგიის აღდგენა სჭირდება; მეორე - მომყოლი (პლაცენტითურთ) სწრაფად იხრწნება და შეიძლება მიიზიდოს მტაცებელი, რომლიც აუცილებლად მოკლავს ახალშობილს, ის კი 4-6 საათის განმავლობაში რჩება დაბადების ადგილზე. თუ პირველ მოსაზრებაში არის რაციონალური მარცვალი, მეორე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად ჟღერს, რადგან მშობიარობისას დაღვრილ წყლებს საკმარისად ძლიერი სუნი აქვს და მიწაში გაჟონილს ვერაფერს ვერ უზამ. მაში, რატომ ჭამს ცხოველი მომყოლს1?

ცნობლია, რომ პლაცენტა დიდი რაოდენობით შეიცავს სასქესო ჰორმონება. საქართველოში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დედის მიერ პლაცენტის შეჭმის შემდეგ ეს ჰორმონები ხვდება მის სისხლში; სისხლიდან რძეში და ბოლოს - ახალშობილის ორგანიზმში. სწორედ ახალშობილის ორგანიზმში მოხვედრის ჩამოყალიბების მექანიზმს, რაც მომავალში ნაშიერის წარმატებული გამრავლების საფუძველს ქმნის. ამ გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ საინტრესო რამ გვიჩვენა - პლაცენტოგრაფია, როგორც ფენომენი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს პოპულაციის მიერ რიცხოვნობის თვითრებულირების მექანიზმში. კერძოდ, თუ პოპულაციის სიმჭიდროვემ მისთვის ოპტიმალურ ზღვარს გადააჭარბა, მდედრები მშობიარობის შემდეგ წყვეტენ პლაცენტის ჭამას. სასქესო ჰორმონები აღარ ხდება ახალშობილის ორგანიზმში, რის გამოც მათ უმეტესობას (70-80%25-ს) ვეღარ უყალიბდება სრულფასოვანი რეპროდუქციის სისტემა და გამრავლების უნარს მოკლებული რჩებიან. ეს სრულად ხსნის მრავალი ავტორის მიერ აღწერილ, მაგრამ აუხსნელ ფაქტს - როდესაც ჯეირნის პოპულაცია მაღალ სიმჭიდროვეს აღწევს, მნიშვნელოვნად მატულობს ბერწ ინდივიდთა რაოდენობა.

დავუბრუნდეთ ახალშობილს. სანამ პლაცენტიგრაფიის შესახებ ვსაუბრობდით ახალშობილი გაშრა და დაახლოებით 3 საათის შემდეგ ფეხზე წამოდგა. იგი ჯერ კიდევ ვერ დგას მყარად, მაგრამ უკვე შია. ძუძუს ძებნას დაიწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავზე, და მხოლოდ თავზე, დედის ჩრდილი დაეცა. და აი, როგორც იქნა ძუძუ იპოვა. პირველი ათი დღის განმავლობაში ყოველი კვებითი აქტის ანუ ძუძუს წოვის პროცესი საშუალოდ ათი წამის განმავლობაში გრძელდება, ხოლო კვების სიხშირე ერთი საათის განმავლობაში სამს შესადგენს. შემდგომში ასაკთან ერთად კვების საშუალო სიხშირე და ხანგრძლივობა მცირდება და 70 დღის ასაკისათვის შესაბამისად შეადგენს ერთს სამი საათის განმავლობაში, თითოეულის ხანგრძლივობა კი ხუთი წამია. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ნაშიერს დედა აჭმევს, ჩვენ არ ვგულისხმობთ გენეტიკურ დედას, რადგან ხშირად ნაშიერს სხვა მდედრებიც აჭმევენ. სხვათა შორის, სხვისი შვილების ჭმევისას დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიმართ პირად „სიმპათიას“, რის გამოც ზოგს ხშირად აჭმევენ, ზოგს კი იშვიათად.

ძიძობის ტრადიცია ბევრ სხვა ცხოველსაც აქვს. თუ ერთმანეთს შევადარეთ სხვადასხვა სახის ცხოველს, აღმოჩნდება, რომ როგორც წესი, ძიძობის ტრადიცია კარგადაა გამოხატული იმ სახეებში, რომლებშიც მდედრი დიდ დროს ანდომებს საკვების მოპოვებას (ზოგიერთი ძაღლისებრი) ან კვებას, რის გამოც ხანგრძლივი დროით ტოვებს ნაშიერს, ან კიდევ მისი დაღუპვის ალბათობა მაღალია. ასეთ პირობებში ძიძობის ტრადიციის არსებობა განუზომლად ზრდის ნაშიერის გადარჩენის ალბათობასაც და, საბოლოო ჯამში, ეს ტრადიცია ხელს უწყობს პოპულაციის მაღალი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

0x01 graphic

ქურციკის ახალშობილი ლიკლიკა

მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოება“ ზრუნავს ნაშიერის გადარჩენაზე, ამ უკანასკნელმაც უნდა „გაანზრიოს ხელი“, რომ მტაცებელს გადაურჩეს. შეუძლია კი რამე ახალშობილს? ის ჯერ ფეხზეც კი ვერ დგას მყარად. ერთადერთი, რაც დარჩენია - ჩაწვეს და გაინაბოს; იქნება მტაცებელმა ვერ დაინახოს. თუ ზრდასრულ ქურციკს ადამიანისა და მგლის მეტი მტერი არ ჰყავს (ავაზა შუა საუკუნეებში გადაშენდა საქართველოში, მისი არეალი ჩვენში დასავლეთ საქართველომდე ვრცელდებოდა, ახალშობილის მტრების რიცხვი გაცილებით მეტია. ესენია: მგელი, ტურა, მელა, ზოლებიანი აფთარი და ველის კატაც კი. ახალშობილზე მაჩვის თავდასხმაც კი არის აღწერილი.

0x01 graphic

ტურა

0x01 graphic

მგელი

0x01 graphic

მელა

0x01 graphic

ავაზა

ასე რომ, კეთილი ინებე და გაინაბე! იქნება ხიფათი აგცდეს... მხოლოდ „იქნება“ - ჯეირნის ნაშიერიც კი იმედით ცოცხლობს. ეს იმედი დაახლოებით 80%25-ს უმართლებს. სხვათა შორის, განაბვა იმ მცირერიცხოვან თანდაყოლილ ქცევათა სახეს მიეკუთვნება, რომლითაც ლიკლიკა (თიკანი) იბადება. გარდა ამისა, ერთი კვირის შემდეგ ლიკლიკები ჯგუფებს ქმნიან და შორიახლოს წვანან. ესეც მტაცებლისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. გახსოვთ, როგორ ადგილებში იბადებიან? სწორედ ასეთ ადგილებში წოლისას არის მხედველობის არე დიდი, რის გამოც მტერს შორიდანვე შეამჩნევს. საინტერესოა, რომ მისი გამოჩენისას ლიკლიკები მაშინვე არ წამოიშლებიან. ჯერ აცლიან, ეგებ ვერ დაინახოს. მხოლოდ მაშინ, როდესაც მანძილი 4 მეტრამდე შემცირდება, წამოიშლებიან ხოლმე და სხვადასხვა მხარეს გარბიან. ასეთ შემთხვევაში მტაცებელი იბნევა და ვეღარ ირჩევს კონკრეტულ მსხვერპლს, ეს კი განუზომლად ზრდს თითოეულის გადარჩენის ალბათობას. საოცარია, მაგრამ ამ ასაკში ლიკლიკის სისწრაფე საათში 70 კილომეტრია. დროთა განმავლობაში ეს ილეთებიც აღარ არის საკმარისი. შემდგომში საჭიროა სპრინტერული სისწრაფე.

0x01 graphic

ეს ლიკლიკა მხოლოდ 3-4 დღისაა
და უკვე მგელზე სწრაფად დარბის.

გამძლეობა კი კიდევ ერთი - სირბილისას მტერი მხედველობის არეში უნდა გყავდეს. სპარსული ქურციკისთვის, ისევე, როგორც ქურციკების უმეტესი სახისათვის, სირბილისას დამახასიათებელია მაღალი ნახტომები (ძალიან ლამაზი სანახავია), რომლის დროსაც ცხოველი აკონტროლებს მტაცებლის ადგილმდებარეობას და შესაბამისად ცვლის სირილის სისწრაფესა და მიმართულებას. ერთი რამ არის ხაზგასასმელი. მგელს არავითარი შანსი არა აქვს, დაეწიოს ქურციკს, რადგან მისი სისწრაფე საათში 65 კილომეტრს არ აღემატება, ზრდასრული ქურციკი კი 80 კილომეტრის სისწრაფეს ავითარებს. 3-4 დღის ასაკის ლიკლიკებიც კი, მგელზე სწრაფად დარბიან. მტაცებლის წარმატების ერთადერთი შანსი მოხერხებული მაწევარია, ქურციკისა კი - ამ მანევრის დროზე შემჩნევა. ამ უკანასკნელის შემჩნევა კი მხოლოდ მაღალი ნახტომის დროს არის შესაძლებელი. ასე რომ, თავდაცვა კარგი ფიზიკური მომზადება და გამოცდილება სჭირდება. როგორ აღწევს ამას? აღმოჩნდა, რომ მხოლოდ თამაშით.

თამაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენია ცხველებისა და ადამიანის ქცევაში. რატომ აღმოცენდება თამაში და რა მნიშვნელობა აქვს მას სრულფასოვანი ქცევის ჩამოყალიბებისათვის? ამის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. კერძოდ:

ჭარბი ენერგიის თეორია - ეს თეორია გულისხმობს, რომ ახალგაზრდა ორგანიზმში (ხანდახან ზრდასრულშიც) გროვდება ჭარბი ენერგია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიხარჯოს. ასეთ შემთხვევაში ცხოველი იწყებს სირბილს, ხტუნვას და ა.შ. გინახავთ, ალბათ, ე.წ. „ხბოს აღტკინება“, როდესაც ხბო სირბილსა და ხტუნვას იწყებს, თანაც „ტლინკებს“ აყრის ხოლმე.

  • ფუნქციონალური სიამოვნების თეორია - ცხოველს სიამოვნებას ანიჭებს რაღაც კანკრეტული მოქმედება და იწყებს მის განხორციელებას.

  • აგზნების თეორია - გარკვეულ სიტუაციაში იგზნება ნერვული სისტემა, რასაც მოჰყვება ძლიერი ფსიქიკური დაძაბულობა. ამ დაძაბულობის მოხსნის ერთ-ერთი უტყუარი საშუალება თამაშია. ამის საილუსტრაციოდ შემდეგი მაგალითის მოყვანა შეიძლება: კონფლიქტი აღმოცენდა ორ ცხოველს შორის. ორივენი დგანან ერთმანეთის პირისპირ და ვერცერთი ვე ბედავს თავდასხმას. ასეთ სიტუაციაში ვითარდება ძლიერი ნერვული დაძაბულობა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხსნას. უეცრად, დაპირისპირებულთაგან ერთ-ერთი იწყებს ერთი შეხედვით არაადეკვატურ მოქმედებას - თამაშს, რომელიც ხსნის ნერვულ დაძაბულობას. ამას „გადანაცვლებული“ აქტივობა ეწოდება და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. არსებობს სიტუაციები, როდესაც ნერვული დაძაბულობა ოპტიმალურზე დაბალია. ასეთ ვითარებაშიც ირთვება თამაში, რომელსაც დაბალი ნერვული დაძაბულობა ოპტიმალურამდე აჰყავს.

  • პრაქტიკის თეორია - ამ თეორიის ავტორი, კარლ გროსი, თვლის, რომ თამაშის არსია იმ ქცევითი ელემენტების გავარჯიშება, რომლებიც ზრდასრულ ცხოველებშია გამოსადეგი. ამ მოსაზრებას ავითარებს ცნობილი ზოოფსიქოლოგი ფაბრი, რომელიც თვლის, რომ ახალგაზრდა ინდივიდის თამაშისას იხვეწება ის ქცევითი ელემენტები, რომლებითაც ცხოველი შემდგომში უნდა წარდგეს გარდაუვალი ბუნებრივი გადარჩევის წინაშე. თამაშის რა ფორმები აღმოცენდება, რომელიც მომავალში ზრდიან არა მარტო ინდივიდის გადარჩენის, არამედ მაღალი სოციალური რანგის მოპოვებისა და გამრავლების შანსს? ესენია: სირბილი, ორთაბრძოლა და ე.წ. სექსუალური თამაშები.

მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზი იწვევს თამაშს, შედეგი ერთია - ცხოველი იწყებს თამაშს და, როგორც შედაგი, ვარჯიშდება კუნთები, შესაბამისად - სისწრაფე (ცხადია სუნთქვაც) და ვერტიკალური ნახტომის სიმაღლეც. კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი! ასეთი ნახტომებისას ქურციკი სწავლობს „მდევრის“ მოქმედების გაკონტროლებას, რასაც ხანგრძლივი სწავლა სჭირდება. გარდა აღწერილისა, თამაშის პროცესში იხვეწება ის ქცევითი ელემენტები, რომლებიც მას ზრდასრულ ცხოვრებაში გამოადგება. ასმასთანავე, თამაშია ის ერთადერთი საშუალება, რომელიც სიტუაციის მყისიერი შეფასებისა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარს ავარჯიშებს.

დასწავლის პროცესში თამაშის მნიშვნელობაზე ლაპარაკი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ დასწავლა მხოლოდ თამაშისას ხდება. არსებობს სწავლის კიდევ ერთი გზა - გაშუალებული დასწავლა, ანუ გამოცდილების მიღება დედის ან სხვა უკვე გამოცდილი ინდივიდის ქცევაზე დაკვირვების გზით. ასეთ მაგალითად, იცის კი ლიკლიკამ რა ან ვინ არის მტაცებელი? როგორც აღმოჩნდა, მას არავითარი წარმოდგენა არა აქვს (არც თანდაყოლილი), ვინ არის და როგორია მტაცებელი. მისი მომავალი ბედი მთლიანადაა დამოკიდებული იმაზე, მიბაძავს თუ არა ის დედის ან სხვა ზრდასრული ინდივიდის ქცევას. ასეთ შემთხვევაში ცხოველს უყალიბდება იმ სიტუაციისა და კონკრეტული ობიექტის ხატი, რომელშიც და ვის მიმართაც მისმა თანამოძმემ კონკრეტული სახის ქცევა განახორციელა. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

ცხადია, რომ სიტუაციის მყისიერი შეფასება და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება საფრთხის შემთხვევაშიც აუცილებელია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს საფრთხე (მტაცებელი) დროზე იყოს დანახული. თუ წარმოიდგენთ ფარას, რომელშიც მრავალი ათეული ინდივიდია, ცხადია პერიფერიაზე არსებული მოვლენები (ხიფათის) კონტროლი. მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ ფარის ცენტრში მყოფი ინდივიდები, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავენ მის გარეთ მიმდინარე მოვლენებს, რაღაც საშუალებით მყისვე იგებენ მტაცებლის გამოჩენას.ამისათვის ინფორმაციის გადაცემის სპეციალური „ექსპრეს“ სისტემა არსებობს.

ინფორმაციის გადაცემის „ექსპრეს-სისტემა“. ცხადია, ხიფათს, რომ გაექცე, ის უნდა დაინახო ან მიიღო შეტყობინება მისი გამოჩენის შესახებ. როგორ ხერხდება ეს? ვიდრე გავცემდეთ პასუხს დასმულ კითხვას, ვნახოთ, თუ როგორ არიან ფარის წევრები ორიენტირებული ერთმანეთის მიმართ და რას აკეთებენ ისინი (ძოვის გარდა). აღმოჩნდა, რომ ფარის პერიფერიაზე მყოფი ინდივიდები პერიოდულად წყვეტენ (რამდენიმე წამით) ძოვას და აქეთ-იქით იყურებიან. ეს კლასიკური საორიენტაციო რეაქციაა. დაახლოებით ასევე იქცევიან ფარის ცენტრში მყოფი ინდივიდები, იმ განსხვავებით, რომ აქეთ-იქით კი არ იყურებიან, არამედ უყურებენ მათ წინ მყოფის სარკეს. თუ გახსოვთ, ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ქურციკს ქათქათა თეთრი სარკე აქვს, რომელიც ჩვეულებრივ ჩამოშვებული, მუქი ფერის კუდით ორად არის გაყოფილი. საინტერესოა ისიც, რომ ფარის ცენტრისკენ მყოფი ინდივიდები ისე არიან ორიენტირებულები, რომ მათ წინ მყოფის სარკე მხედველობის არეში იყოს.

0x01 graphic

ჩამოშვებული (ა)

0x01 graphic

და აწეული კუდი (ბ)

გამოჩნდა ხიფათი! ფარის პერიფერიაზე მყოფი ინდივიდები მაშინვე გამოსცემენ სტვენის მსგავს ბგერას. ეს ხიფათის მომასწავლებელი ნიშანია. მაგრამ ეს ნიშანი სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება ვერ გაიგონოს ფარის წევრთა ნაწილმა. ასეთი შემთხვევისაგან დასაზღვევად არსებობს სპეციალური საშუალებ - ვინც სტვენა გაიგონა, კუდი უნდა აწიოს. სრულებით არაა აუცილებელი, რომ უკან მდგომმა აწეული კუდი დაინახოს. მთავარი ნიშანია მანამდე გაყოფილი სარკის გამთლიანება. ახლა უკვე ყველა მზადაა გასაქცევად და ელოდება მხოლოდ პერიფერიაზე მყოფი თანამოძმეების რეაქციას - გაქცევის მიმართულებას. ლოდინის პერიოდში კი ზოგიერთები გასაქცევად „წონას იმსუბუქებენ“ - შარდავენ ან ცურცლავენ. საქმეა, თუ რა ტაქტიკას გამოიყენებენ გაქცევისას - სხვადასხვა მხარეს გაიფანტებიან, თუ ერთად განაგრძობენ სირბილს. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება კი ვერტიკალური ნახოტომის მომენტში სიტუაციის შეფასების საფუძველზე ხდება.

0x01 graphic

ქურციკი გაქცევის წინ წონას იმსუბუქებს

იმისათვის, რომ ახალგაზრდა ქურციკი შეეცადოს მტაცებლისაგან გადარჩენას, უნდა იცოდეს, როგორია ის. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიქცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მანძილი მათ შორის რაღაც გარკვეულ ზღვრამდე შემცირდება. ასეთ მანძილს გაქცევის დისტანციას უწოდებენ. საინტერესოა, რომ ჩლიქოსნის გაქცევის დისტანცია დამოკიდებულია არა მარტო მტაცებლის კონკრეტულ სახეზე, ანუ მის ჩქაროსნულ თვისებებზე, არამედ იმაზეც, თუ რა ასაკის ნაშიერები არიან ჩლიქოსნების ჯგუფში. მრავალი საინტერესო მონაცემი არსებობს ამ ფენომენის შესახებ. მოვიტან მხოლოდ რამდენიმე მაგალითს. ქურციკების ლომისაგან გაქცევის დისტანცია გაცილებით მცირეა, ვიდრე აფთრისებრი ძაღლისგან, ხოლო ეს უკანასკნელი გაცილებით ნაკლებია ავაზისაგან გაქცევის დისტანციაზე. იმ რაიონებში, სადაც ჩლიქოსნებზე არ ნადირობენ, მათი ადამიანისგან გაქცევის დისტანცია შედარებით მცირეა, ვიდრე იქ, სადაც ნადირობა დაშვებულია ან ბრაკონიერობის მაღალი დონეა.

თავის დროზე ეგონათ, რომ რეაქცია მტაცებელზე (ოთხფეხაზე თუ ორფეხაზე) გაქცევის დისტანციის ჩათვლით, თანდაყოლილია. აღმოჩნდა, რომ ეს რეაქცია შეძენილია ანუ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება. გამოცდილების ემპირიული გზით შეძენა ეფუძნება ცდის და შეცდომის პრინციპს. არადა, მტაცებელთან ურთიერთობისას შეცდომა სიცოცხლის ფასია. მაშ, როგორ სწავლობენ ახალგაზრდები, თუ რა არის მტაცებელი, როგორი უნდა იყოს გაქცევის დისტანცია ამა თუ იმ სახის მტაცებლის შემთხვევაში? აღმოჩნდა, რომ მხოლოდ გაშუალებული დასწავლის, ანუ გამოცდილი ინდივიდების (პირველ რიგში მშობლების) ქცევაზე დაკვირვების ხარჯზე. გაშუალებული დასწავლისას ერთი შემთხვევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ცხოველს ჩამოუყალიბდეს იმ სიტუაციისა და კონკრეტული ობიექტის ხატი, რომელშიც და ვის მიმართაც მისმა თანამოძმემ კონკრეტული სახის ქცევა განახორციელა.

____________________

1. მომყოლს ჭამენ მხოლოდ ის ცხოველები, რომელსაც მორიგი რეპროდუქციული ციკლი ნაშიერის ძუძუთი კვების (ლაქტაციის) დამთავრების შემდეგ ეწყებათ. მომყოლს არ ჭამენ ცხენი, ზებრა და ზოგიერთი სხვა. ამ ცხოველებს რეპროდუქციული ციკლი ეწყებათ ლაქტაციის პერიოდში, რის გამოც მათ ორგანიზმში ბუნებრივად გამოყოფილი სასქესო ჰორმონები რძეში ხვდება, აქედან კი ნაშიერის ორგანიზმში.

8 როგორ უნდა აღვადგინოთ საქართველოში ქურციკი

▲back to top


იმისათვის რომ პასუხი გავცეთ დასმულ კითხვას, აუცილებელია გავიხსენოთ და გარკვეული თანმიმდევრობით დავაჯგუფოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

როგორც ვნახეთ, ჯგუფი ყველაზე მდიდარი, სიცოცხლისუნარიანობის მაღალი დონის სოციალური ერთეულია, რომელიც დაახლოებიღ 45 ინდივიდისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ის პერიოდულად იყოფა რამდენიმე ქვეჯგუფად (თითოეულში 15-მდე ინდივიდი - 5 მამრი და 10 მდედრი), ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათ შორის წყდება ტერიტორიული ან სოციალური კავშირი. საინტერესოა, რომ ქვეჯგუფებს შორის სოციალუი რანჟირება იმავე პრინციპის საფუძველზე ხორციელდება, როგორც ქვეჯგუფს შიგნით. სწორედ უწყვეტი კავშირები განაპირობებენ იმას, რომ ხიფათის დროს ქვეჯგუფები ერთიანდებიან. ერთად ყოფნისას კი იზრდება ხიფათის მაკონტროლებელთა რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში შეუდარებლად ზრდის მის მიმართ ჯგუფის რეზისტენტობას და აქედან გამომდინარე, ინდივიდთა გადარჩენის ალბათობას. თუ გავითვალისწინებთ იმას (შირვანის ნაკრძალის მაგალითზე), რომ მგლის კვებით რაციონში ქურციკის წილი 70-80%25-ია, გასაგები გახდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეჯგუფების გაერთიანებას ანუ მრავალი „ცხვირის, თვალისა და ყურის“ ერთად ყოფნას.

მაშ ასე გავიგე, რომ:

1. ქურციკის ჯგუფის სიცოცხლისუნარიანობის მაღალი დონე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც მასში 45 ინდივიდია გაერთიანებული, რომელიც, პერიოდულად 3-4 ნაწილად შეიძლება გაიყოს. ამასთანავე, მამრების საერთო წილი 1/3-ია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გამრავლებაში თხუთმეტივე მამრი მიიღებს მონაწილეობას. ყოველ ქვეჯგუფში მწარმოებელის ფუნქციას ერთი, α მამრი შეასრულებს, დანარჩენებს კი, ე.წ. „რეზერვისტების“ ფუნქცია დაეკისრებათ. აქედან გამომდინარე, საქართველოში გადმოსაყვანია მინიმუმ 1 ჯგუფი სქესთა ზემოაღნიშნული შეფარდებით.

2. გამრავლების მომენტისთვის ქურციკები ტოვებენ ყუათიან, მჭიდრო ბალახოვან საფარიან საძოვრებს და გადადიან ისეთ ადგილებზე, სადაც მწვანე საფარის სიმჭიდროვე დაბალია და მიწაზე დაწოლილ ლიკლიკას მხედველობის ფართო არე შეიძლება ჰქონდეს. ზემოთქმული მიუთითებს იმას, რომ ქურციკის ტრანსლოცირებისათვის შერჩეული ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოჩამოთვლილ პირობებს.

3. ტრანსლოცირებული ცხოველების იმიგრაციის თავიდან აცილების მიზნით, ქურციკების ჯგუფი 1-2 თვის განმავლობაში ტყვეობის პირობებშია შესანახი.

4. ყოველწლიურად, 15 მაისისთვის, ზამთრის საძოვრებიდან ცხვარს მირეკავენ ზაფხულის საძოვრებისკენ. ეს პერიოდი აღსანიშნავია იმით, რომ სინანთროპი მგლები მიგრირებენ ცხვართან ერთად. ადგილზე კი რჩებიან ისინი, ვინც მრავლდება ანუ, მხოლოდ 10%25-მდე. აქედან გამომდინარე, ქურციკების ჯგუფი დროებითი ტყვეობიდან უნდა გავუშვათ მაისის ბოლოს - ივნისის პირველ ნახევარში. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ მტაცებლის მინიმალური რაოდენობის ფონზე მგლების შემოდგომაზე დაბრუნებამდე, შეუდარებლად გაადვილდება ქურციკების შეგუება მათთვის უცნობ ტერიტორიასთან.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ქურციკის (და არა მარტო მისი) აღდგენა საქართველოში შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბრაკონიერი გადაშენებულ სახეთა სიაში მოხვდება.