The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

აივ ინფექცია/შიდსი და ადამიანის უფლებები (სახელმძღვანელო პაციენტებისთვის)

აივ ინფექცია/შიდსი და ადამიანის უფლებები (სახელმძღვანელო პაციენტებისთვის)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მახარაშვილი ნუცა, მაღლაკელიძე თამუნა, ჯიბუტი მამუკა
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: ©2011, თბილისი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ბროშურა მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადამიანის უფლებების განხორციელება პაციენტთა მზრუნველობის სფეროში“ - ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ ბროშურაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს დონორის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. აკრძალულია პუბლიკაციაში მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ასოციაციის წერილობითი ნებართვის გარეშე. რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი დიზაინი: შპს „ბიარტი“ გამოცემაზე პასუხისმგებელი: თამარ მეტრეველი, მარიამ ღავთაძე



1 აივ ინფექცია/შიდსი არ გამორიცხავს, რომ გქონდეს შენი უფლებები და მოვალეობები საზოგადოების წინაშე!

▲ზევით დაბრუნება


რა არის აივ ინფექცია/შიდსი? - ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღეს უკვე იცის, რომ არსებობს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და ამ ვირუსით გამოწვეული ინფექცია და დაავადება, მაგრამ ვერ ერკვევა აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში! პრობლემას ხშირად სწორედ ამ ნაწილში ვაწყდებით. საზოგადოების მხრიდან ადგილი აქვს აღნიშნული დაავადების მიმართ არასწორ და გაუმართლებელ შეფასებებს, აივ დადებით და შიდსით დაავადებულთა მიმართ არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას (იგივე სტიგმა), მათ წინააღმდეგ მიმართულ უსამართლო ქცევას/მოქმედებას და უფლებების დარღვევას (იგივე დისკრიმინაცია), რაც, თავის მხრივ, დიდ გავლენას ახდენს აივ ინფიცირებულთა ცხოვრებაზე.

სწორედ ამიტომ გაჩნდა წინამდებარე გზამკვლევის შემუშავების საჭიროება, რომელიც აივ ინფიცირებულებს მიაწოდებს საჭირო ინფორმაციას მათი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. გზამკვლევში განხილულია ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელთა შესახებ უნდა იცოდნენ როგორც აივ დადებითმა/შიდსით დაავადებულმა პირებმა, ასევე მათმა ახლობლებმა და გარშემომყოფებმა.

ბროშურაში მოცემული ინფორმაცია ემყარება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, რაც აივ ინფიცირებულებსა და მათ ახლობლებს მისცემს საკუთარი უფლებების უკეთ შეცნობის, გათავისების და ამ უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატებით გამოყენების საშუალებას!

2 აივ ინფექცია/შიდსი არ არის დასასრული. ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და სხვებზე მეტად ზრუნვისთვის!

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აივ ინფექცია/შიდსი, მრავალ სხვა დაავადებათა მსგავსად, მართვადი ქრონიკული დაავადებაა. ამასთან, აივ დადებით პირებს აქვთ იგივე უფლებები, როგორც ყველა ადამიანს!

3 აივ დადებითი ხარ? იცოდე! შენ გაქვს უფლება, დაიცვა და გაიუმჯობესო შენი ჯანმრთელობა!

▲ზევით დაბრუნება


ჯანმრთელობის დაცვის სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, შესაბამისი ხარისხის და მიღწევადი (ფიზიკურად და ეკონომიკურად) ყველასათვის, დისკრიმინაციის1 გარეშე!
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი

  • თუ ჩაგიტარდა ლაბორატორიული ტესტირება აივ ინფექციაზე, შენი უფლებაა, მიიღო ამომწურავი და სრული ინფორმაცია აივ სტატუსის შესახებ!

  • შენი უფლებაა, მიიღო აივ ინფექციაზე ტესტის წინა და შემდგომი კონსულტაცია!

  • სახელმწიფო უზრუნველყოფს შენი, როგორც აივ დადებითი/შიდსით ინფიცირებული პირის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ხელშეწყობას!

  • შენი უფლებაა, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისგან2 მიიღო სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად, როგორ და რა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი!

  • შენი უფლებაა, მიიღო ინფორმაცია საჭირო სამედიცინო მომსახურების საფასურის, სამედიცინო მომსახურების თანმხლები რისკების თუ შესაძლო ეფექტიანობის3 შესახებ!

  • შენი უფლებაა, მიმართო ნებისმიერ სტომატოლოგიურ, კოსმეტოლოგიურ, ქირურგიულ და სხვა სამედიცინო მომსახურებას! გახსოვდეს - ექიმს არ აქვს უფლება, უარი გითხრას სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, თუ არ არსებობს ამის რეალური საჭიროება და აღნიშნული სამედიცინო ქმედება არ გამოიწვევს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას!

  • შენი უფლებაა, მიიღო ინფორმაცია მკურნალი ექიმის/ექიმების ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ!

  • შენი უფლებაა, ნებისმიერ დროს შეცვალო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი!

  • შენი უფლებაა, ნებისმიერ დროს უარი თქვა მკურნალობაზე!

  • შენი უფლებაა, მიიღო ხარისხიანი მკურნალობა და მზრუნველობა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში!

  • შენი უფლებაა, მიიღო პროფილაქტიკური სერვისები, რათა არ მოხდეს აივ ინფექციის/შიდსის არასასურველი გართულებების განვითარება!

  • შენი უფლებაა, მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ და რა ხერხებით მოახდინო სხვა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა აღნიშნული ინფექციისგან!

_____________________

1. კონკრეტული ადამიანის მიმართ უსამართლო ქცევა/მოქმედება, შევიწროება და უფლებების დარღვევა.

2. ექიმი/ექთანი, რომელიც პაციენტს უწევს სამედიცინო მომსახურებას.

3. მკურნალობის დადებითი შედეგი.

4 შენ აივ დადებითი ხარ? - იცოდე! შენ გაქვს უფლება იყო წარმატებული!

▲ზევით დაბრუნება


ყველას აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 23(1)

  • შენ გაქვს უფლება, იყო დასაქმებული!

  • შენ გაქვს უფლება, ისარგებლო ყველა იმ საერთო უფლებით, რითაც სარგებლობენ შენი თანამშრომლები სამსახურში!

  • იმიტომ, რომ შენ აივ დადებითი ხარ, არავის აქვს უფლება, დაგითხოვოს სამსახურიდან, ან უარი განაცხადოს შენს დასაქმებაზე!

  • შენი სამუშაოდან დათხოვნა/მიღებაზე უარის თქმა დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მაღალია კონტაქტში მყოფი სხვა პირების დაინფიცირების რისკი!

  • შენ გაქვს უფლება, თუ გექნება სურვილი, აწარმოო ნებისმიერი სახის ბიზნეს საქმიანობა!

5 შენ აივ დადებითი ხარ? იცოდე! შენ გაქვს უფლება, ისწავლო - განათლება ეს შენი ინვესტიციაა!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხ. 26

არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, ზ1. მუხ. 2

  • არავის აქვს უფლება, აგიკრძალოს ან შეზღუდოს შენი განათლების მიღება იმის გამო, რომ შენ აივ ინფიცირებული ხარ!

  • სასწავლო დაწესებულებებში შენ სარგებლობ ისეთივე უფლებებით და მოვალეობებით, როგორც ყველა არაინფიცირებული!

  • შენ, როგორც მოსწავლეს/სტუდენტს, გაქვს უფლება, არ გაამჟღავნო ინფორმაცია საკუთარი ინფექციის შესახებ!

  • შენს მშობელსაც აქვს უფლება, რომ ინფორმაცია შენი ჯანმრთელობის შესახებ დატოვოს საიდუმლოდ!

  • ნებისმიერი სასწავლო დაწესებულება, იქნება ეს საბავშვო ბაღი, სკოლა, თუ უმაღლესი სასწავლებელი, ვალდებულია, დაიცვას და გაითვალისწინოს შენი უფლებები!

6 შენ აივ დადებითი ხარ? იცოდე! თუ გაქვს საჭირო ცოდნა, გაქვს უფლებაც, რომ გადასცე ეს ცოდნა სხვებს!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

  • აივ დადებითი სტატუსი არ გართმევს უფლებას, ასწავლო სხვებს და მიიღო მონაწილეობა სწავლების პროცესში!

  • დაუშვებელია მოხდეს შენი, როგორც მასწავლებლის გათავისუფლება სამუშაო ადგილიდან იმიტომ, რომ შენ აივ დადებითი ხარ!

  • შენი, როგორც მასწავლებლის უფლებაა, ასწავლო. შენ იმსახურებ პატივისცემას!

  • შენ, როგორც მასწავლებელს, გაქვს უფლება, არ გაამჟღავნო ინფორმაცია შენი ინფექციის შესახებ!

7 შენ აივ დადებითი ხარ? იცოდე, რომ, ისევე როგორც ყველა ადამიანს, შენც გაქვს პირადი ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის უფლება!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ყველა ადამიანს აქვს პირადი ინფორმაციის საიდუმლოების უფლება. მათ შორის, ინფორმაციის, რომელიც უკავშირდება მის ჯანმრთელობას, პოტენციურ დიაგნოზს ან ნებისმიერ სამედიცინო პროცედურას, აგრეთვე, დიაგნოსტიკურ შემოწმებებს, სპეციალისტთან ვიზიტს და ქირურგიულ მკურნალობას.
პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია, მუხ.6

  • არავის აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია შენი აივ ინფიცირების შესახებ. ამ ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში, ან შენი თანხმობით!

  • ეს ინფორმაცია საიდუმლოა, ხოლო ადამიანი, ვინც გაამჟღავნებს ამ ინფორმაციას, დაისჯება კანონით!

  • შენი უფლებაა, საიდუმლოდ დატოვო ინფორმაცია შენი აივ ინფიცირების შესახებ ისე, რომ ვერავინ ვერასდროს გაიგოს ამის შესახებ!

ჯანმრთელობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • მიღებულია შენი თანხმობა!

  • ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირს (მეუღლეს/სქესობრივ პარტნიორს)!

  • გახსოვდეს! თუ ვინმე გამოიყენებს შენ შესახებ ინფორმაციას სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ შეუძლებელი იყოს შენი ვინაობის და პიროვნების ამოცნობა.

  • გახსოვდეს! შენი ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, გაიგონ, თუ როგორია მათი აივ ინფიცირების რისკი!

  • გახსოვდეს! შენ გაქვს უფლება, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გაუმჟღავნო ნებისმიერ ადამიანს, თუ თავად მიიჩნევ საჭიროდ!

8 შენ აივ დადებითი ხარ? - იცოდე! იყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში, ეს შენი უფლებაა!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელს და მიმოწერას!
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხ.8(1)

  • შენი უფლებაა, გქონდეს პირადი ცხოვრება!

  • შენი უფლებაა, გქონდეს საცხოვრებელი ადგილი!

  • შენი უფლებაა, ისარგებლო სავაჭრო ცენტრებით!

  • შენი უფლებაა, ისარგებლო ნებისმიერი სახის ტრანსპორტით!

  • შენი უფლებაა, ისარგებლო ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილით, როგორიცაა კლუბები, რესტორნები, კაფეები და სხვა!

  • შენი უფლებაა, დაკავდე სპორტული აქტივობით!

  • შენი უფლებაა, როცა საჭიროდ მიიჩნევ, გამოხატო შენი აზრი და დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ. შენთვის ამ უფლების წართმევა არავის შეუძლია!

  • შენი უფლებაა, გყავდეს სქესობრივი პარტნიორი!

  • შენი უფლებაა, იქორწინო და გყავდეს ჯანმრთელი შთამომავლობა!

9 შენ ხარ აივ დადებითი ქალი? იცოდე! ეს არ გართმევს უფლებას, იყო ქალი!

▲ზევით დაბრუნება


საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, შესაბამისად ეროვნული კანონებისა, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების განხორციელებას!
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხ.12

შენი, როგორც აივ დადებითი ქალის უფლებაა :

  • შექმნა ოჯახი!

  • გყავდეს სქესობრივი პარტნიორი/მეუღლე, რომელმაც უნდა იცოდეს შენი აივ ინფიცირების შესახებ!

  • გააჩინო ბავშვი და გახდე დედა!

  • ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ ორსულს, შენ გაქვს უფლება, გქონდეს განსაკუთრებული დაცვა. თუ ხარ დედა და თან მუშაობ, უფლება გაქვს, გქონდეს ანაზღაურებადი შვებულება, ან მიიღო საკმარისი სოციალური დახმარება!

  • გახსოვდეს, რომ შენ შეგიძლია გყავდეს ჯანმრთელი შვილი! მთავარია, ჩაიტარო დროული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მოახდინო საკუთარი ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლი.

  • გახსოვდეს, რომ დედიდან ბავშვზე აივ ინფექციის გადაცემა შესაძლებელია, თუ არ იქნება დაცული ყველა საჭირო სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიება. ვირუსით ბავშვის დაინფიცირება შესაძლებელია მოხდეს ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს! შენი მომავალი შვილის ინფიცირებისგან დაცვა არის შენი როგორც უფლება, ასევე მოვალეობა!

  • გახსოვდეს! სამედიცინო დაწესებულებას აქვს უფლება, შენი, როგორც მშობლის, თანხმობის გარეშე ჩაუტაროს ახალშობილს აივ ინფექციაზე ტესტირება!

  • სურვილის შემთხვევაში, აიყვანო და იკისრო სხვა ბავშვის მეურვეობა!

  • ისარგებლო ნებისმიერი ტიპის სამედიცინო მომსახურებით, ასევე მომსახურებით, რომელიც ეხება შენი ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდს!

0x01 graphic

10 შენ აივ დადებითი ხარ? იცოდე! შენი უფლებაა, გქონდეს უდარდელი და ლაღი ბავშვობა!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ყველა ბავშვს, ყველგან, ზუსტად ერთნაირი უფლება აქვს!
(გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ)

შენი, როგორც აივ დადებითი ბავშვის უფლებაა:

გყავდეს მეგობრები!

იარო ბაღში/სკოლაში და მიიღო განათლება!

ჩაერთო სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებასა და ვარჯიშში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპორტული აქტივობა ისეთი ტიპისაა, რომ მოიცავს სხვა ბავშვების თუ გარშემომყოფი პირების დაინფიცირების რისკს (სადაც არსებობს კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა)!

ისარგებლო შენთვის აუცილებელი ნებისმიერი სამედიცინო მომსახურებით!

იყო დაცული ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისა და ექსპლუატაციისგან!1

__________________

1. კონკრეტული პიროვნების იძულებითი, არაკანონიერი და ბოროტად გამოყენება სხვადასხვა მიზნით.

11 შენ აივ დადებითი ხარ? იცოდე ! შენი უფლებაა, დაგიცვან! მოგიარონ! უყვარდე! პატივს გცემდნენ!

▲ზევით დაბრუნება


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თანაბრად ეფექტურად უნდა ისარგებლონ სიცოცხლის უფლებით.
ეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის კონვენცია, მუხ. 10

თუ აივ დადებით პირს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო, არ შესწევს უნარი, მოუაროს საკუთარ ჯანმრთელობას და დაიცვას სხვებიც ინფიცირებისგან, მაშინ მისი უფლებაა, მისივე ქმედებებზე პასუხისმგებლობა

აიღოს ისეთმა პირმა, რომელიც ამაზე თანახმა იქნება და რომელიც ყველა ზომას მიიღებს, რათა არ მოხდეს სხვების დაინფიცირება!

0x01 graphic

12 შენ აივ დადებითი ხარ? იცოდე! შენი უფლებაა, იმოგზაურო, ისწავლო საზღვარგარეთ და გაეცნო სხვა ქვეყნების კულტურას!

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფო ვალდებულია, ისევე მოეპყროს მოქალაქეობის არმქონე, მის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, როგორც საკუთარ მოქალაქეებს.
კონვენცია მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ, მუხ. 23

  • შენ თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად ან დროებით მყოფი პირი, უცხოელი/უცხოეთის მოქალაქე, შენი უფლებაა, სურვილის შემთხვევაში, ჩაიტარო გამოკვლევა აივ ინფექციაზე/შიდსზე, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს!

  • ამგვარი გამოკვლევები ნებაყოფლობითია და საჭიროა მხოლოდ შენი ინფორმირებული თანხმობა!

  • შენი უფლებაა, იცოდე, რომ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც აივ ინფექციაზე ტესტირება სავალდებულოა! კერძოდ, როდესაც შენ ახდენ:

  • სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონაციას;1

  • ორგანოებისა და ორგანოთა ნაწილების დონაციას;

  • ქსოვილების დონაციას;

  • კვერცხუჯრედისა და სპერმის დონაციას.

გახსოვდეს! ზემოთ აღნიშნული გამონაკლისები ეხება როგორც მიგრანტებს,2 ისე არამიგრანტებს!7

  • თუ დროებით ცხოვრობ საქართველოს ტერიტორიაზე, სარგებლობ იმავე უფლებებით, რითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები!

  • შენი, როგორც აივ დადებითი პირის, სხვა ქვეყანაში გადაადგილებისას, როგორც წესი, არ არსებობს რაიმე დამატებითი მოთხოვნები და შეზღუდვები, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ აწესებდეს გარკვეულ შეზღუდვებს, ამიტომაც აუცილებელია გადამოწმება!

0x01 graphic

______________________

1. ადამიანი/ადამიანები, რომლებიც იცვლიან საცხოვრებელ ადგილს დროებით ან მუდმივად.

2. ადამიანი/ადამიანები, რომლების არ იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და მუდმივად იმყოფებიან ერთ ტერიტორიაზე (სოფელში, ქალაქში, ქვეყანაში).

13 შენ აივ დადებითი ხარ? იცოდე! დროებითი თავისუფლების აღკვეთა არ გზღუდავს, დაიცვა შენი უფლებები!

▲ზევით დაბრუნება


ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს აქვს უფლება, რომ ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მას.
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხ.10

  • თუ იმყოფები თავისუფლების აღკვეთის ადგილას და ხარ აივ დადებითი, გაქვს ისეთივე უფლება-მოვალეობები, რაც აივ სტატუსის არმქონე პატიმრებს!

  • დამატებით, შენ უფლება გაქვს:

  • მიიღო საჭირო და დროული სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება!

  • მიიღო აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებით დროული და სრული ინფორმაცია!

  • მოითხოვო შენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა!

14 შენ აივ დადებითი ხარ? იცოდე! ისევე როგორც საზოგადოების ნებისმიერ სხვა წევრს, შენც გაქვს შენი მოვალეობები და პასუხისმგებლობა ამავე საზოგადოების წინაშე!

▲ზევით დაბრუნება


გამომდინარე იქიდან, რომ შენ, როგორც აივ დადებითი/შიდსით დაავადებული პიროვნება, საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრი ხარ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, გაკისრია გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ამავე საზოგადოების მიმართ!

შენი უმთავრესი მოვალეობაა, დაიცვა სხვა ადამიანები დაავადების გადაცემისგან და იზრუნო გარშემომყოფთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე!

აივ ინფექცია/შიდსი

  • არ გათავისუფლებს სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებისგან.

  • არ განიჭებს პრივილეგიას სამუშაო გარემოში.

  • არ გაძლევს უფლებას, შეასრულო სამუშაო უხარისხოდ.

  • არ გამორიცხავს სამსახურიდან შენს გათავისუფლებას საფუძვლიან მიზეზზე დაყრდნობით.

როგორც აივ დადებითი პირი:

  • ვალდებული ხარ, საქმის კურსში ჩააყენო მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი შენი აივ სტატუსის შესახებ!

  • თუ შენი სტატუსის დამალვა საფრთხეს უქმნის შენს სქესობრივ პარტნიორს ან მეუღლეს, ასეთ შემთხვევაში, ინფორმაციის გამჟღავნებაზე შენი თანხმობა აუცილებელი არ არის!

  • სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს შენს დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას, ხელშეწყობას, მოვლას, ვალდებულია, მეუღლეს/სქესობრივ პარტნიორს მიაწოდოს ინფორმაცია შენი ინფიცირების შესახებ, თუ ცნობილია მეუღლის/სქესობრივი პარტნიორის ვინაობა.

15 შენ აივ დადებითი ხარ? იცოდე! შენ შეგიძლია და ვალდებული ხარ, დაიცვა თავი სტიგმის1 და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან!

▲ზევით დაბრუნება


არსებობს ადამიანის, როგორც ინდივიდის, პატივისცემის და მისი ადამიანური ღირსების დაცვის აუცილებლობა!
ბიოლოგიასა და მედიცინაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროპული კონვენცია

სტიგმას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, თან ახლავს აივ ვირუსით ინფიცირებას, ვაწყდებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა თუ კულტურაში. აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით, როგორიც არის პაციენტისთვის საჭირო და ხარისხიანი მკურნალობის მიწოდებაზე უარის თქმა, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება და გარიყვა.

თანამედროვე მსოფლიოსთვის დღითიდღე აქტუალური ხდება აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშემშლელ ფაქტორს აივ პროფილაქტიკისა2 და შიდსთან ბრძოლის მიმართულებით. სტიგმასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული შიში, უმეტეს შემთხვევაში, ხელს უშლის პაციენტს, მიმართოს საჭირო და აუცილებელ მკურნალობას, რათა მოახდინოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორი მართვა.

საზოგადოება ქმნის სტიგმას და საპასუხოდ იღებს გაცილებით მძიმე შედეგს შიდსის ფარული შემთხვევების სახით, რომელიც ემსახურება ვირუსის არამართვად გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით.

აივ დადებითი ადამიანების დაცვა სტიგმისა და დისკრიმინაციისგან - ეს საზოგადოების მოვალეობა და პასუხისმგებლობაა!

აივ დადებითი სტატუსი, ხშირ შემთხვევაში, იწვევს პაციენტებში თვითსტიგმას3, მათ ხშირად უჩნდებათ სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა, ხდება საკუთარი შესაძლებლობების დაბალი შეფასება. შეხედულებების ცვლილება კი, ხშირად პაციენტებს უჩენს შეგრძნებას, რომ ისინი აღარ არიან საზოგადოების მხრიდან პატივისცემის ღირსი, რაც გაუმართლებელი და არასწორია!

ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტები, მათი დაბალი თვითშეფასებიდან გამომდინარე, თავად ამბობენ უარს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ანებებენ თავს სამსახურს, საყვარელ საქმიანობას თუ ნებისმიერ სხვა საზოგადოებრივ აქტივობას, რაც ასევე გაუმართლებელი და არასწორია!

ნებისმიერ ადამიანს, იქნება ის აივ დადებითი სტატუსის მქონე თუ არა, აქვს თავისი შეუცვლელი ადგილი და ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმიანობისა თუ მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის!

თვითსტიგმას, ხშირ შემთხვევაში, მიჰყავს პაციენტი ისეთ მძიმე შედეგამდე, როგორიც არის ფსიქო-ემოციური თუ ფიზიკური თვითდაზიანება/განადგურება, რაც ყოვლად დაუშვებელი, გაუმართლებელი და არასწორია!

___________________

1. შიდსით დაავადებულთა მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამოვლენა/უარყოფითი შინაარსის არასამართლიანი სტატუსის მინიჭება.

2. ღონისძიება, რომელიც მიმართულია დაავადების შემდგომი გავრცელების შეჩერებისკენ.

3. როდესაც პიროვნება ახდენს საკუთარი თავის დათრგუნვას და დადანაშულებას იმის გამო, რომ მას შიდსი აქვს.

16 ბროშურაში შესული ინფორმაცია ემყარება შემდეგ ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს:

▲ზევით დაბრუნება


ეროვნული

საერთაშორისო

  • საქართველოს კანონი „აივ ინფექციის/შიდსის შესახებ“

  • საქართველოს კანონი „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“

  • საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“

  • საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“

  • საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“

  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია

  • პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია

  • ევროპაში პაციენტის უფლებათა ხელშეწყობის დეკლარაცია

  • გაეროს ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია

  • ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი

  • შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია

  • ბიოლოგიასა და მედიცინაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროპული კონვენცია

  • გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია

  • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი

17 აივ ინფექციის/შიდსის ან მასზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ დაწესებულებებს:

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტო - პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს აივ ინფექციით/ შიდსით დაავადებულთათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობას.

- თბილისი - აკ. წერეთლის გამზირი 144; ცხელი ხაზი: +(995 32) 2510033

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი -

შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ეხება აივ ინფექციას/შიდსს. ასევე, შეგიძლიათ ჩაიტაროთ უფასო ტესტირება აივ ინფექციაზე და მკურნალობა.

-თბილისი - ყაზბეგის 16; ცხელი ხაზი: 239 80 18

-ბათუმი - ქათამაძის 11; ტელ: 8 21 52

-ზუგდიდი - სოფ. ჭითაწყარო; ტელ: 2 93 79

-ქუთაისი - ფოთის 40; ტელ: ( 8431) 247989

აივ ინფექციით/შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი - სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება

- თბილისი - მის: ი. მოსაშვილის 20, ბინა 2, ტელ: 2 22 00 06

- ბათუმი - ფარნავაზ მეფის 144, ტელ: (8 422) 22 19 96

- ზუგდიდი - ჯორჯიაშვილის 12, ტელ: ( 8415) 25 09 25

-ქუთაისი - მელიქიშვილის 4, ტელ: (8431) 29 25 38

საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“ - უფასო კონსულტაცია და აივ ინფექციაზე ტესტირება

- თბილისი - ქავთარაძის 16, სამკურნალო კომბინატი, VI I სართული; ცხელი ხაზი: +(99532)2188788

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ უფასო კონსულტაცია და აივ ინფექციაზე ტესტირება

-თბილისი - ქურდიანის 21; ტელ: +995 322 352132; ცხელი ხაზი: +995 322 251819

-ბათუმი - თავდადებულის 11; ტელ: +995 22 2 7 70 42; ცხელი ხაზი: +995 22 2 7 42 13

- ქუთაისი - იოსებ ოცხელის 2; ტელ: + 995 231 65026; ცხელი ხაზი: +995 2 31 65026

- ზუგდიდი - ზვიად გამსახურდიას გამზ. 206; ტელ: + 995 215 51203;

ცხელი ხაზი: +995 215 51203

ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „ახალი გზა“ -

ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ნარკოლოგიური, ინფექციური და იურიდიული კონსულტაცია

- თბილისი - ვაჟა-ფშაველას გამზ. 6, ტელ: 2 91 17 01

საქართველოს სახალხო დამცველი

თუ თქვენი უფლება დაირღვა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმ მართველობის ორგანოს, საჯარო დაწესებულების ან თანამდებობის პირის მხრიდან, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს

- თბილისი - ნინო რამიშვილის 6, ტელ: 2234499

- ბათუმი - მაზნიაშვილის 9, ტელ: 70544, 8577505231

- ზუგდიდი - კოსტავას 58, ტელ: (215) 50420, 8577505234

- ქუთაისი - რუსთაველის 18, ტელ: (231) 40103, 40715, 8577553381

- გორი - სამების 1, ტელ: (8270)270549

- ახალქალაქი - ჭავჭავაძის 4, ტელ: (262)23283, 8577122770, 8577122771