![]() |
კერძო არბიტრაჟი საქართველოში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|სამოქალაქო სამართალი |
საავტორო უფლებები: © ფონდი ALPE |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა; გზამკვლევი |
![]() |
1 თავი I. რისთვის გვინდა არბიტრაჟი? |
▲back to top |
1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი კერძო არბიტრაჟის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა არბიტრაჟის შექმნის და საარბიტრაჟო განხილვის ძირითადი დებულებანი. რას წარმოადგენს კერძო არბიტრაჟი და რა უპირატესობა გააჩნია მას საერთო სასამართლოებთან შედარებით? ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ პირობებში, როდესაც სასამართლოებში განსახილველ საქმეთა დიდ ოდენობაა და მხარეებს ხანგრძლივი დროის მანძილზე უწევთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების ლოდინი. ყოველივე ამის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები, თუ არსებობს მათ შორის საარბიტრაჟო შეთანხმება, მიმართავენ კერძო არბიტრაჟს, რომლის წევრებსაც თავად ირჩევენ. არბიტრაჟის წევრთა დანიშვნისას გამორიცხულია რომელიმე მხარის უპირატესი მდგომარეობა, ან მიკერძოება რომელიმე მათგანისადმი. არჩევითობის პრინციპი მინიმუმამდე ამცირებს კორუფციის ალბათობასაც. საგულისხმოა, არბიტრაჟის მხრიდან ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებაც. განსხვავებით დავის სასამართლო წესით განხილვისგან, სადაც პროცესი საჯაროა, კერძო არბიტრაჟში სხდომები დახურულია. მნიშვნელოვანია საქმის განხილვის მკაცრად განსაზღვრული ვადა. ამას გარდა, აქ არ არსებობს მეორე და მესამე ინსტანცია (აპელაცია და კასაცია). სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების არც ისე სახარბიელო მაჩვენებლის ფონზე, მხარეთა მიერ ნებაყოფლობით არჩეული არბიტრაჟის მეშვეობით მათ მიერვე დადგენილი წესით განხილულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ალბათობა გაცილებით იზრდება. არცთუ მეორეხარისხოვანია კომპეტენციის საკითხი. მოსამართლედ ინიშნება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი. იმ შემთხვევაში, თუ წამოიჭრა საკითხი, რომლისთვისაც საჭიროა სპეციალური ცოდნა (მაგალითად, დავა ეხება საბირჟო ოპერაციებს, კომერციულ საქმიანობას), მოსამართლ ე მიმართავს ექსპერტს. კერძო არბიტრაჟში მხარეები ითვალისწინებენ დავის სპეციფიკას და ნიშნავენ სწორედ ამ დარგის სპეციალისტებს. კერძო არბიტრაჟის ფუძემდებლური პრინციპია მხარეთა დისპოზიციურობა, შეჯიბრებითობა. მხარეები თავად განსაზღვრავენ, რა საშუალებით დაიცვან თავი, რა მტკიცებულებები წარმოადგინონ და რა მოთხოვნა დააყენონ. არბიტრაჟ ის პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ შემფასებლურია. აღსანიშნავია პროცესის ხარჯების სიმცირეც, რაც გამოიხატება მხოლოდ არბიტრაჟის წევრთათვის გასამრჯელოს გადახდაში. კერძო არბიტრაჟის ნაკლოვანებად შეიძლება მიჩნეულ იქნას ის გარემოება, რომ დავა გამოდის საერთო სასამართლოების კომპეტენციიდან და კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული გარემოებების არსებობისას.
![]() |
2 თავი II. როგორ შევქმნათ და როგორ ვისარგებლოთ საარბიტრაჟო სასამართლოთი? |
▲back to top |
ზოგადი წესები:
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირებს შორის (იგულისხმება როგორც იურიდიული, ისე, ფიზიკური პირები) სამოქალაქო დავა მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია განსახილველად გადაეცეს მუდმივმოქმედ, ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ კერძო არბიტრაჟს. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ კერძო არბიტრაჟი იხილავს მხოლოდ სამოქალაქო დავებს, ხოლო სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების (მაგ. ადმინისტრაციული დავების) განხილვის უფლება მას არა აქვს.
კანონი განასხვავებს ორი სახის არბიტრაჟს - მუდმივმოქმედ და დროებით კერძო არბიტრაჟს. მათ შორის განსხვავება გამოიხატება ასეთი სახის არბიტრაჟების შექმნის წესში. „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუდმივმოქმედ არბიტრაჟს უნდა ჰქონდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ასევე, სავალდებულოა, რომ მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა რეგისტრაცია გაიაროს სასამართლოში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთი სახის საწარმოების (არბიტრაჟების) საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავების განხილვა. ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია მიიღოს არბიტრაჟის დებულება, სადაც აისახება არბიტრაჟის დანიშვნისა და საარბიტრაჟო განხილვის წესები. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია, ამოქმედებამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოაქვეყნოს არბიტრაჟის დებულება.
რაც შეეხება დროებით არბიტრაჟს, მათი შექმნის წესი უფრო გამარტივებულია. დროებითი არბიტრაჟი იქმნება ყველა კონკრეტულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით და მისი რეგისტრაცია სასამართლოში არ არის სავალდებულო.
არბიტრაჟის შექმნა
კერძო არბიტრაჟს სამოქალაქო დავა განსახილველად გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდებიან ამის შესახებ. ასეთ შეთანხმებას ეწოდება საარბიტრაჟო შეთანხმება. კანონის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება იდება წერილობით. პრაქტიკაში დამკვიდრებული წესის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილს, თუმცა შესაძლებელია, რომ ასეთი შეთანხმება მხარეებმა ცალკეც დადონ. ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებულია ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებაც სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების დადებისას. საარბიტრაჟო შეთანხმებაში უნდა აღინიშნოს:
1) მხარეთა დასახელება და მათი საცხოვრებელი ადგილი. (თუ მხარე იურიდიული პირია, საცხოვრებელი ადგილის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს იურიდიული მისამართი);
2) დავის საგანი;
3) საარბიტრაჟო შეთანხმების დრო და ადგილი.
თუ მხარეთა მიერ დადებულია შეთანხმება დავის კერძო არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ, სასამართლოს აღარა აქვს უფლება, განიხილის სარჩელი იმ საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანს წარმოადგენდა, ანუ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, დავა არ შეიძლება განსახილველად გადაეცეს ჩვეულებრივ სასამართლოს. თუკი ასეთი რამ მაინც მოხდა, ეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი უნდა გახდეს.
ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოდავე მხარეები თვითონ ითხოვენ დავის სასამართლოში განხილვას, ან როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება თავად სასამართლოს მიერ გამოცხადდება ბათილად, ან ძალადაკარგულად.
კანონის თანახმად, არბიტრაჟის შექმნის წესი შესაძლებელია ორგვარად გადაწყდეს. პირველ შემთხვევაში, არბიტრების რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი განისაზღვრება მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით (იმ შემთხვევაში, როდესაც დავა განსახილველად აქვს გადაცემული დროებით არბიტრაჟს, ან როცა მხარეები თვითონ წყვეტენ არბიტრების რაოდენობასა და მათი დანიშვნის წესს). მეორე შემთხევავაში, არბიტრაჟის წევრების რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი განისაზღვება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებით. (პრაქტიკაში ეს უკანასკნელი უფრო მეტადაა გავრცელებული).
არბიტრაჟის შექმნის წესის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.
პირებს, რომლებიც წარმოადგენენ მოდავე მხარეებს, შეუძლიათ არბიტრაჟის წევრები დანიშნონ უშუალოდ, ან სხვა პირის მეშვეობით. პირის არბიტრაჟის წევრად დანიშვნისთვის საჭიროა მისი წერილობითი თანხმობა.
არბიტრაჟი შესაძლებელია შედგებოდეს როგორც ერთი, ისე, რამდენიმე წევრისაგან. არ დაიშვება ისეთი შეთანხმება, რომლის ძალითაც არბიტრაჟის წევრთა დანიშვნისას ერთ-ერთ მხარეს ენიჭება უპირატესი მდგომარეობა. ასეთი შეთანხმება, კანონის თანახმად, ბათილია. თუ არბიტრების რაოდენობა ერთზე მეტია, მაშინ არბიტრაჟის წევრები ერთ-ერთ მათგანს ნიშნავენ თავმჯდომარედ. არბიტრაჟის თავმჯდომარეს არბიტრები ნიშნავენ მისი შექმნიდან ხუთი დღის ვადაში, ან პირველსავე სხდომაზე. თავმჯდომარის დანიშვნის ვადის საკითხის გადაწყვეტისას შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ იქნას გათვალისწინებული.
დაუშვებელია, რომ არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა იყოს ლუწი. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით არბიტრების რაოდენობა განისაზღვრა ლუწი რიცხვით, მაშინ არბიტრაჟის წევრები მისი შექმნიდან 5 დღის ვადაში ნიშნავენ კიდევ ერთ წევრს.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეები თავიანთი შეთანხმებით არ განსაზღვრავენ არბიტრაჟის წევრთა რაოდენობას, მაშინ არბიტრაჟი შეიქმნება 3 წევრის შემადგენლობით. თუ მხარეები თავიანთი შეთანხმებით არ განსაზღვრავენ არბიტრაჟის წევრთა დანიშვნის წესს, ასეთ შემთხვევაში, ისინი დანიშნავენ არბიტრების თანაბარ რაოდენობას, ხოლო არბიტრაჟის დამატებით წევრს დანიშნავენ თავად არბიტრები.
მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმების დადებისას უნდა განსაზღვრონ არბიტრაჟის წევრთა დანიშვნის ვადა. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ვადა არ არის განსაზღვრული, მოქმედებს „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რომლის თანახმადაც, მხარე ვალდებულია მეორე მხარის მიერ არბიტრაჟის წევრების დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში დანიშნოს არბიტრები.
შესაძლებელია, მხარემ ან არბიტრაჟმა ხელშეკრულებით, ან კანონით დადგენილ ვადაში არ დანიშნოს არბიტრები. ასეთ შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს, არბიტრების დანიშვნა მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით. სასამართლო ასეთი მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს არბიტრაჟის წევრს და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. („კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ზუსტად გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებს და არბიტრაჟს შეუძლიათ მიმართონ იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს საარბიტრაჟო განხილვა.)
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არბიტრაჟის წევრი შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კერძოდ, როდესაც:
1) მხარე ითხოვს მის მიერ დანიშნული არბიტრაჟის წევრის შეცვლას
როგორც წესი მხარეს არა აქვს უფლება, შეცვალოს მის მიერ დანიშნული არბიტრაჟის წევრი. მსგავსი რამ დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დადგენილია მხარეთა შეთანხმებით.
2) მხარე ითხოვს არბიტრაჟის წევრის აცილებას
კანონის თანახმად მხარეს ენიჭება უფლება, მოითხოვოს არბიტრაჟის ნებისმიერი წევრის აცილება (ეს შეეხება როგორც არბიტრაჟის მის მიერ დანიშნულ წევრს, ისე მეორე მხარის და თავად არბიტრაჟის მიერ დანიშნულ არბიტრს). მხარეს უფლება არა აქვს, მოითხოვს მის მიერ დანიშნული არბიტრის აცილება, თუ გარემოება, რომლის საფუძველზეც იგი ითხოვს არბიტრის აცილებას, მისთვის ცნობილი იყო ამ პირის არბიტრაჟის წევრად დანიშვნამდეც. ის, თუ რა წესით შეიძლება მოხდეს არბიტრაჟის წევრის გადაყენება, განისაზღვრება მხარეთა შეთანხემბით, ან მუდმივი არბიტრაჟის დებულებით. თუ შესაბამისი შეთანხმება არ არსებობს, მოქმედებს „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლის თანახმადაც, მხარეს, რომელსაც განზრახული აქვს მოითხოვოს არბიტრაჟის წევრის აცილება, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარადგინოს 10 დღის ვადაში. ეს ვადა აითვლება არბიტრაჟის იმ წევრის დანიშვნის დღიდან, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, ან იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა გარემოება, რომელიც ასეთი საკითხის დაყენების საფუძვლად იქცა. საფუძველი არბიტრის აცილების საკითხის დაყენებისა. კანონის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ აცილების თაობაზე განცხადება იყოს დასაბუთებული, სადაც მითითებულ უნდა იქნას აცილების საფუძველი. ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია არბიტრაჟის წევრის აცილების საფუძვლები. არბიტრაჟის წევრი არ შეიძლება მონაწილეობას იღებდეს დავის განხილვაში შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, თუ იგი: ა) არის ქმედუუნარო, ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი; ბ) პოლიტიკური თანამდებობის პირი, ან სახელმწიფო მოსამსახურე; გ) არის მსჯავრდებული პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა განზრახი დანაშაულისათვის; დ) არის მხარის, ან მისი წარმომადგენლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და, ან ძმა; ე) არ ფლობს საარბიტრაჟო განხილვის ენას; ვ) ვერ აკმაყოფილებს იმ კვალიფიკაციის მოთხოვნებს, რომელიც მხარეთა მიერ დადებული შეთანხმებით იყო განსაზღვრული. აცილების საფუძველი შეიძლება, ასევე, გახდეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც ეჭვც იწვევენ არბიტრაჟის წევრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში (ის, თუ რა ჩაითვლება ასეთ გარემოებად, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ფაქტზე და წყდება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად).
მხარეთა მიერ აცილების საკითხის დაყენების შემთხვევავში, არბიტრაჟის წევრი აცილებულად ჩაითვლება, თუ: ა) არბიტრი თავად იტყვის უარს არბიტრაჟის წევრობაზე; ბ) მეორე მხარე თანახმაა არბიტრის აცილებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცილების საკითხს გადაწყვეტენ არბიტრაჟის წევრები.
3) არბიტრაჟის წევრის გადაყენების შემთხვევაში
კერძო არბიტრაჟში საქმის წარმოების წესი დასაშვებად მიიჩნევს კერძო არბიტრაჟის წევრის გადაყენების შესაძლებლობას. არბიტრის გადაყენება შესაძლებელია მისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში. კანონი ზუსტად არ განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება ამაში. ეს კონკრეტული ფაქტის საკითხია და შესაძლებელია გამოწვეული იყოს არბიტრაჟის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ოჯახური პრობლემებით და ა.შ. არბიტრაჟის წევრის გადაყენებაზე მოთხოვნის დაყენების უფლება აქვს მხარეს, ან თავად არბიტრს. არბიტრაჟის წევრი გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ მხარეები, ან თუ აღნიშნულზე გადაწყვეტილებას გამოიტანს არბიტრაჟი. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არბიტრის გადაყენების თაობაზე შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილება არბიტრაჟის წევრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საარბიტრაჟო განხილვა
საარბიტრაჟო დავის განხილვის დაწყების საფუძველი კანონის თანახმად არის მხარის საარბიტრაჟო პრეტენზია. კანონი ზუსტად არ განსაზღვრავს საარბიტრაჟო პრეტენზიის ფორმას, თუმცა ბუნებრივია, რომ მასში უნდა აისახოს მხარის მოთხოვნა და ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, ასევე, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. საარბიტრაჟო პრეტენზია ეგზავნება მეორე მხარეს და არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ხოლო თუ არბიტრაჟის თავმჯდომარე ჯერ არ არის არჩეული - არბიტრაჟის ყველა დანიშნულ წევრს. კანონის თანახმად, საარბიტრაჟო განხილვა იწყება პრეტენზიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. თუ საარბიტრაჟო პრეტენზია წარდგენილია, მაგრამ არბიტრაჟის ყველა წევრი ჯერ არ არის დანიშნული, საქმის განხილვის დაწყების ათდღიანი ვადა აითვლება არბიტრაჟის ყველა წევრის დანიშვნის მომენტიდან. მხარეებს უფლება აქვთ, გაითვალისწინონ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების განსხვავებული ვადა.
კანონის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, არბიტრაჟში საქმის განხილვისას თავისი ინტერესები დაიცვას, პირადად, ან დამცველის მეშვეობით.
არბიტრაჟში საქმის განხილვის წესებს განსაზღვრავენ მხარეები. თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, საქმის განხილვა არბიტრაჟში მიმდინარეობს არბიტრაჟის მიერ დადგენილი წესით. (როგორც წესი, მუდმივმოქმედ არბიტრაჟში დავა განიხილება არბიტრაჟის დებულების შესაბამისად, თუმცა მხარეებს და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შეუძლიათ სხვა რამეზეც შეთანხმდნენ.)
თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, არბიტრაჟი ვალდებულია 5 დღით ადრე წერილობით აცნობოს მხარეებს არბიტრაჟის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ. არბიტრაჟი ვალდებულია, რომ მხარეს 2 დღის ვადაში გაუგაზვნოს მეორე მხარისაგან მიღებული ყველა მასალის ასლი. მან მხარეთა ახსნა-განმარტებების გარეშე არ უნდა გადაწყვიტოს საქმე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე თავს არიდებს არბიტრაჟში გამოცხადებას. (მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა, თუ მეორე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის და არ ითხოვს არბიტრაჟის განხილვის გადადებას). არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საქმის განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ გაახმაუროს ისინი. როგორც აღვნიშნეთ, სამართალწარმოების წესს საარბიტრაჟო განხილვის დროს განსაზღვრავენ მხარეები. ამდენად, მათ ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ დაადგინონ არბიტრაჟის ზემოაღნიშნული ვალდებულებებისგან განსხვავებული წესები.
არბიტრაჟს შეუძლია ნებაყოფლობით დაკითხოს მოწმეები და გამოითხოვოს მტკიცებულებები, მხარეთა მოთხოვნით დანიშნოს ექპერტი, აგრეთვე საკუთარი ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა შეგროვების, ან უზრუნველყოფის თაობაზე.
მხარეებს უფლება აქვთ, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე საქმე დაამთავრონ მორიგებით. არბიტრაჟი ვალდებულია მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტოს საარბიტრაჟო განხილვა.
ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ კანონის მიერ საარბიტრაჟი სამართლაწარმოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულება მხარეთათვის არ არის სავალდებულო და მათ შეუძლიათ დაადგინონ კანონში მოცემული წესებისგან განსხვავებული წესები. კანონის დებულებები, ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა, შესაძლებელია, საარბიტრაჟო განხილვის დროს არ იქნას დაცული. მსგავს შემთხვევაში, თუ მხარე გააგრძელებს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვაში ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ არ წამოაყენებს წერილობით შესაგებელს, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე. შეპასუხებას რომ იურიდიული ძალა ჰქონდეს, მისი დაყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ან იმ ვადაში, რა ვადაც არის განსაზღვრული მხარეთა მიერ ასეთი შესაგებლის წარსადგენად.
საარბიტრაჟო განხილვის უმნიშვნელოვანეს სტადიას წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღება. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, კანონის თანახმად, მიიღება საქმის განხილვის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, თუმცა მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ გადაწყვეტილების მიღების სხვა ვადაც. იმ შემთხვევაში, თუ არბიტრაჟი დადგენილ ვადაში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, არბიტრაჟი უნდა გადადგეს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. არბიტრაჟის წევრების აღნიშნული საფუძვლით გადადგომის შემთხვევაში, მხარეებმა 10 დღის ვადაში უნდა დანიშნონ ახალი წევრები. თუ ახალი არბიტრაჟიც ვერ შეძლებს დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მიღებას, მხარეთა შორის დადებული საარბიტრჟო შეთანხმება ჩაითვლება გაუქმებულად.
არბიტრაჟი გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. არბიტრაჟის წევრებს ეკრძალებათ თავი შეიკაონ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
კანონის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით. გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს:
ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო, ადგილი და არბიტრაჟის შემადგენლობა;
ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც არბიტრაჟი მოქმედებდა;
გ) დავის ყველა მონაწილე;
დ) დავის საგანი;
ე) სამოტივაციო ნაწილი, სადაც გადმოცემული უნდა იყოს ის მოსაზრება, რომელთა საფუძველზეც გამოიტანა არბიტრაჟმა გადაწყვეტილება (მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო შეთანხმებით დაადგინონ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არ აისახოს სამოტივაციო ნაწილი);
ვ) არბიტრაჟის დადგენილება (არბიტრაჟის დადგენილებაში აისახება ის, თუ რა ვალდებულებები დაეკისრათ ამ გადაწყვეტილებით მხარეს, ან მხარეებს);
ზ) გადაწყვეტილების აღსრულების ვადა (ამ შემთხვევაში, აღსრულების ვადა ეხება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას. მხარეს, რომელსაც გადაწყვეტილებით დაეკისრა გარკვეული ვალდებულებანი, განესაზღვრება დრო, თუ რა ვადაში უნდა შეასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება). კანონის თანახმად, საარბიტრაჟი შეთანხმება სავალდებულოა მხოლოდ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე მხარეთათვის. ამდენად, გადაწყვეტილებით არ შეიძლება რაიმე ვალდებულება დაეკისროს მესამე პირს (ანუ პირს, რომელიც არ მონაწილეობდა საარბიტრაჟო განხილვაში.)
უმრავლეს შემთხვევაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში აისახება საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები. (მათ შორის, არბიტრების გასამრჯელო. ის, თუ რა თანხას მიიღებენ არბიტრაჟის წევრები, წყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით). ასეთი ხარჯები, როგორც წესი, ნაწილდება მხარეთა შორის, თუმცა მხარეები შეიძლება სხვა რამეზეც შეთანხმდნენ.
არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოეწეროს არბიტრაჟის ყველა წევრის მიერ და იგი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. გადაწყვეტილების თითო პირი გადაეცემა თითოეულ მხარეს და იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც შედგა არბიტრაჟი.
მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ საქმე გაარჩიოს სხვა არბიტრაჟმა. სხვა არბიტრაჟში გასაჩივრების ვადას კანონი განსაზღვრავს 30 დღით, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
![]() |
3 თავი III. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება და აღსრულება |
▲back to top |
სამოქალაქო დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ზოგიერთი ნაწილი, შესაძლებელია, გარკვეულწილად ბუნდოვანი, ან გაუგებარი აღმოჩნდეს მხარეებისათვის. საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული სამოქალაქო საქმეების პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ასეთ შემთხვევებს ხშირად აქვს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ არბიტრაჟში საქმის განხილვის დროს, თავად საარბიტრაჟო წარმოების სპეციფიურობიდან გამომდინარე (რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ), საერთო სასამართლოებთან შედარებით მსგავსი შემთხვევების უფრო დაბალი პროცენტია მოსალოდნელი, ბუნებრივია, რომ მაინც არ იქნებოდა გამართლებული კანონმდებელს ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით არ გაეთვალისწინებინა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობა. კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის არსებობს შესაბამისი შეთანხმება, თითოეულ მხარეს უფლება აქვს, მიმართოს არბიტრაჟს და მოითხოვოს არბიტრაჟის გადაწყვეტილების რომელიმე პუნქტის შინაარსის დაზუსტების მიზნით ამ პუნქტის განმარტება. არბიტრაჟი განმარტებას იძლევა მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში. ასეთი სახის განმარტებას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც წესი, შეეხება ქონებრივ ურთიერთობებს და, ბუნებრივია, რომ ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში აისახება გარკვეული მათემატიკური გაანგარიშებანი, სადაც თითქმის შეუძლებელია გამოირიცხოს შეცდომის დაშვება. ასევე, ვერ გამოვრიცხავთ გადაწყვეტილების ხელნაწერში, ან ნაბეჭდ ტექსტში მექანიკური შეცდომის არსებობის შესაძლებლობას. მხარეს შეუძლია მიმართოს არბიტრაჟს და მოითხოვოს მსგავსი შეცდომების გამოსწორება, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა აქვს იმ პირთათვის, ვისაც ამ გადაწყვეტილებით გაკვეული ვალდებულების შესრულება დაეკისრა. უმრავლეს შემთხვევაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას მხარეები ასრულებენ ნებაყოფლობით. იმ შემთხევვაში, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება ვერ ხერხდება, გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება იძულებით. იძულებითი აღსრულება ხორციელდება არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ გაცემული სააღსრულებლო წარწერის საფუძველზე. სააღსრულებლო წარწერა, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, არბიტრაჟის მიერ გაიცემა 5 დღის ვადაში, ან საკუთარი ინიციატივით. ამის შემდგომ, სააღსრულებლო ფურცელი აღსასრულებლად წარდეგინება სააღსრულებლო ბიუროს მოვალის, ან მისი ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით, ხოლო სააღსრულებლო წარმოება ხორციელედება ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. თუმცა, ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი უშვებს გამონაკლისებს, რომლის დროსაც შესაძლებელია სასამართლომ განიხილოს სარჩელი და შეცვალოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ასეთი რამ დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხევევბში:
ა) როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კანონმდებლობას.
ბ) როდესაც დარღვეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით, ან ამ კანონით დადგენილი წესები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხრეები არბიტრაჟში საქმის წარმოების წესებს თავად ადგენენ. ამასთან, ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც აუცილებელია არბიტრაჟში საქმის წარმოებისას. სწორედ ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას;
გ) თუ არბიტრაჟის წევრმა საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ზეგავლენას არ ახდენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე. როგორც აღვნიშნეთ, საარბიტრაჟო წარმოებას საქართველოში რეგულირდება „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 1997 წლის 17 აპრილს. იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით 189-ე მუხლი ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქრთამის აღებისათვის. 2000 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის ახალი კოდექსი, სადაც 189-ე მუხლით გათავალისწიენებულია პასუხისმგებლობა ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფისათვის. როგორც ჩანს, ამ შემთხევავში, უბრალოდ ადგილი აქვს შეცდომას და იგულისხმება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს სასამართლოს მიერ, თუ არბიტრაჟის წევრმა საქმესთან დაკავშირებით აიღო ქრთამი და თუ ეს ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, აგრეთვე, თუ არბიტრაჟის წევრის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას გავლენა უნდა მოეხდინა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებაზე. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კანონში შეცდომაა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ხარვეზი მალე გამოსწორდება.
მართალია, ზემოთ მოცემულ შემთხვევებში, კანონი შესაძლებლად მიიჩნევს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მაგრამ გასაჩივრების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება არ ჩერდება. სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მხარეს. თუ რა ჩაითვლება გამოუსწორებელ ზიანად (მაგალითად, გამოიწვიოს მხარის გაკოტრება), ეს კონკრეტული ფაქტის საკითხია და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს სასამართლო. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ზემდგომ ინსტანციაში.
![]() |
4 თავი IV. საერთაშორისო არბიტრაჟი |
▲back to top |
ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო
London Court of International Arbitration (LCIA)
ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სასამართლოა ამ ტიპის ინსტიტუტთაგან. ის თავის საქმიანობას ახორციელებს რეგლამენტის საფუძველზე. ქვემოთ დაწვრილებით იქნება განხილული რეგლამენტის ცალკეული დებულებები, რამეთუ მასში ჩადებული ძირითადი პრინციპები და პროცედურები დამახასიათებელია მრავალი საარბიტრაჟო სასამართლოსათვის. რეგლამენტი განასხვავებს ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (,,LCIA“) და ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (,,LCIA Court“). მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ „LCIA Court“ წარმოადგენს ერთგვარ საკურატორო ორგანოს, ადმინისტრაციას, რომლის უფლება-მოვალეობების შესახებ საუბარი ქვემოთ გვექნება. რეგლამენტი მხარეებს სთავაზობს საარბიტრაჟო დათქმის ფორმას, თუკი მათ სურთ, რომ მომავალში წარმოშობილი დავა განხილულ იქნას ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, სასურველია, კონტრაქტში იყოს შემდეგი დათქმა (ცარიელ ადგილას უნდა ჩაისვას სიტყვა ფრჩხილებში აღნიშნულ სიტყვასთან კონტექსტში):
წინამდებარე კონტრაქტის საფუძველზე, ან უშუალოდ მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა, მათ შორის, დავა მოცემული კონტრაქტის არსებობის, ნამდვილობის, ან შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, ექვემდებარება საარბიტრაჟო სასამართლოსათვის გადაცემას, რომელიც იხილავს დავას და გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება. ასევე, სასურველია, თუ კონტრაქტს დაემატება შემდეგი განმარტება:
„არბიტრების რაოდენობა _________________________ (ერთი/სამი)
საარბიტრაჟო განხილვის ჩატარების ადგილი _________________ (ქალაქი და/ან ქვეყანა)
საარბიტრაჟო განხილვის ენა _______________________
აღნიშნული კონტრაქტის მარეგულირებელ მატერიალურ სამართალს წარმოადგენს _____________________ (ქვეყანა) სამართალი.“
თუკი მხარეთა შორის წარმოიშვა დავა კონტრაქტთან დაკავშირებით და, ამავდროულად, მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმება დავის არბიტრაჟისთვის გადაცემაზე, ან თუ მათ სურთ შეცვალონ არსებული დათქმა და დავა განსახილველად გადაეცეს ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში, რეკომენდირებულია შემდეგი დათქმის გაკეთება (ცარიელ ადგილას უნდა ჩაისვას სიტყვა ფრჩხილებში აღნიშნულ სიტყვასთან კონტექსტში):
[ ] მიმართებაში მხარეებს შორის წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით, მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული დავა განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად.
„არბიტრების რაოდენობა ______________________ (ერთი/სამი)
საარბიტრაჟო განხილვის ჩატარების ადგილი ___________________ (ქალაქი და/ან ქვეყანა)
საარბიტრაჟო განხილვის ენა _____________________
აღნიშნული კონტრაქტის მარეგულირებელ მატერიალურ სამართალს წარმოადგენს ___________________________ (ქვეყანა) სამართალი.“
როგორ უნდა მივმართოთ ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს?
მხარე (მოსარჩელე), რომელსაც სურს აღძრას საარბიტრაჟო განხილვა, რეგლამენტის შესაბამისად, თავის წერილობით თხოვნას უგზავნის LCIA Court-ის რეგისტრატორს. თხოვნას თან უნდა ერთვოდეს, ან უნდა შეიცავდეს:
- მოცემული განხილვის ყველა მხარისა და მათ ოფიციალურ წარმომადგენელთა სახელებს, გვარებს, საფოსტო მისამართებს, ტელეფონის, ფაქსის და ტელექსის, ასევე, ელექტრონული ფოსტის (თუკი ცნობილია) ნომრებს;
- წერილობითი საარბიტრაჟო დათქმის, ან ცალკეული საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობით ასლს, რომელსაც ემყარება მოსარჩელე, ასევე კონტრაქტის ასლს, რომელშიც აღნიშნულია საარბიტრაჟო დათქმა, ან რომელთან მიმართებაშიც აღიძვრება მოცემული საარბიტრაჟო განხილვა;
- დავის ხასიათისა და გარემოებების მოკლე აღწერას და მოსარჩელის პრეტენზიას მოწინააღმდეგე მხარესთან (მოპასუხე) მოცემულ საარბიტრაჟო განხილვაში;
- საარბიტრაჟო განხილვის პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს (როგორიცაა, განხილვის ადგილი და ენა (ენები), არბიტრთა რაოდენობა, მათი არჩევანი და კვალიფიკაცია), რომლის თაობაზეც მხარეებმა უკვე მიაღწიეს წერილობით შეთანხმებას, ან რომელთან დაკავშირებითაც მოსარჩელე აპირებს წინადადების წამოყენებას;
- მოსარჩელის მიერ წამოყენებული კანდიდატურის სახელს, გვარს, საფოსტო მისამართს, ტელეფონის და ფაქსის ნომრებს, ასევე, ელექტრონული ფოსტის მისამართს, თუ ცნობილია (თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა მიერ არბიტრების კანდიდატურების წამოყენებას);
- ფულად ანაზღაურებას, გათვალისწინებულს იმ მუხლებში, რომლებიც ეხება საარბიტრაჟო მოსაკრებლებსა და ხარჯებს (ამის გარეშე, თხოვნა არ იქნება მიჩნეული მიღებულად რეგისტრატორის მიერ და არ დაიწყება მისი საარბიტრაჟო განხილვა);
- დამოწმებას რეგისტრატორის მიერ, რომ მას თხოვნის ასლი (ყველა სხვა დოკუმენტის ჩათვლით) გადაეცა, ან მოცემულ მომენტში გადაეცემა მინიმუმ ერთი ან მეტი კავშირგაბმულობის საშუალებით (ეს საშუალებები მითითებული უნდა იყოს ამ დამოწმებაში) საარბიტრაჟო განხილვის ყველა მხარეს.
რეგისტრატორის მიერ თხოვნის მიღების თარიღი ითვლება საარბიტრაჟო განხილვის დაწყების თარიღად. იმ შემთხვევაში, როდესაც ნავარაუდევია მხოლოდ ერთი არბიტრის დანიშვნა, თხოვნა (ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად) რეგისტრატორს ეგზავნება ორ ეგზემპლარად. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეს განზრახული აქვს, ან მხარეები შეთანხმდნენ, რომ დანიშნულ იქნება სამი არბიტრი, თხოვნა იგზავნება ოთხ ეგზემპლარად.
ნებისმიერი შეტყობინება,, ან ინფორმაცია, რომელიც მხარეებისგან იქნება მოთხოვნილი, იგზავნება წერილობითი ფორმით, შეკვეთილი წერილით, ან კურიერის მეშვეობით, ასევე ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, ან სხვა ტელეკომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით, რომელიც იძლევა მიღების დაფიქსირების საშუალებას.
საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე არბიტრები ვალდებულნი არიან განხილვის დასრულებამდე დარჩნენ მიუკერძოებელნი, და დამოუკიდებელნი და არ უნდა გამოვიდნენ რომელიმე მხარის ინტერესების დამცველად. LCIA Court-ის მიერ არბიტრების დანიშვნამდე ყოველი არბიტრი რეგისტრატორს წარუდგენს თავის ნამსახურების ფურცელს, რომელშიც აღნუსხული იქნება მის მიერ გაწეული ყველა საქმიანობა. ის, ასევე, ხელს აწერს შეთანხმებას ჰონორარის თაობაზე და დეკლარაციას, რომ მისთვის არ არის ცნობილი არცერთი გარემოება, რომელიც ეჭვს გამოიწვევს მის მიუკერძოებლობაში. თუკი ამგვარი გარემოება წარმოიშვა დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ საარბიტრაჟო განხილვის დასრულებამდე, არბიტრი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს LCIA Court-ს და საარბიტრაჟო სასამართლოს წევრებს. LCIA Court-ს გააჩნია არბიტრების დანიშვნის ექსკლუზიური უფლება. ისინი ინიშნებიან მხარეთა მიერ წერილობით დადგენილი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით. არბიტრის დანიშვნისას, იმავდროულად, ხდება გარიგების ხასიათის, დავის ხასიათისა და გარემოების, მოქალაქეობის, მხარეთა ადგილმდებარეობის, ენის და მხარეთა რიცხოვნობის გათვალისწინება. საარბიტრაჟო სასამართლოს სამწევრიანი შემადგენლობის არჩევისას LCIA Court ნიშნავს სასამართლოს თავმჯდომარეს (მაგრამ არა მხარეთა მიერ წამოყენებულ არბიტრთაგან). ინიშნება ერთი არბიტრი, თუ მხარეთა მიერ წერილობით სხვა რამ არ არის დადგენილი და თუ LCIA Court ყველა გარემოებების გათვალისწინებით არ ჩათვლის, რომ სამწევრიანი არბიტრაჟი უფრო მიზანშეწონილია. ერთპიროვნული არბიტრი, ან საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს იმავე ქვეყნის მოქალაქე, რომლის მოქალაქეებიც არიან მხარეები, მხოლოდ თუ მხარეები სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ.
საარბიტრაჟო სასამართლოს ფორმირებამდე ყველა კავშირი მხარეებსა და არბიტრებს შორის ხორცილედება რეგისტრატორის გავლით. თუ რეგისტრატორი რომელიმე მხარეს ამა თუ იმ წერილობით შეტყობინებას უგზავნის საარბიტრაჟო სასამართლოს სახელით, ის ვალდებულია ასლები გაუგზავნოს ყველა დანარჩენ მხარეს. როდესაც მხარე რეგისტრატორს უგზავნის რაიმე შეტყობინებას, მას თან უნდა დაერთოს ასლები სათითაოდ ყველა არბიტრისთვის. ასლები ასევე, უნდა დაეგზავნოს ყველა მხარეს და რეგისტრატორს წერილობით უნდა ეცნობოს ამის თაობაზე.
მხარეებს უფლება აქვთ, თავიანთი შეხედულებისამებრ შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის ჩატარების პროცედურაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ დაცული იქნება შემდეგი ზოგადი წესები:
- დაცულ უნდა იქნას ყველა მხარის მიმართ სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;
- ყველა მხარეს უნდა მიეცეს საკმარისი საშუალება თავისი პოზიციის გამოსახატავად და თავისი პრეტენზიის წამოსაყენებლად;
- პროცედურა დადგენილ უნდა იქნას განსახილველი დავის გარემოებათა შესაბამისად. თავიდან უნდა იქნას აცილებული გაუმართლებელი დაყოვნებები და ხარჯები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი და ეფექტური გზების მიღწევა დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად;
ამგვარი შეთანხმება მხარეებს შორის უნდა შედგეს წერილობით, ან დოკუმენტურად გაფორმდეს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, მხარეთა თხოვნით და ნებართვით.
ზემოაღნიშნული შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო სასამართლოს სრული თავისუფლება გააჩნია, თავისი შეხედულებისამებრ განახორციელოს უფლებამოსილება იმ კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლის გამოყენებასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.
თუ მხარეებს შორის არ არსებობს სხვაგვარი შეთანხმება, ან საარბიტრაჟო სასამართლოს არ დაუდგენია სხვა რამ, საარბიტრაჟო განხილვის წერილობითი სტადია წარიმართება შემდეგნაირად:
საარბიტრაჟო სასამართლოს ფორმირების თაობაზე რეგისტრატორისგან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოსარჩელე რეგისტრატორს უგზავნის სასარჩელო განცხადებას, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული ის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელსაც მოსარჩელე ეყრდნობა, ასევე, სასარჩელო მოთხოვნა - ჩამოყალიბებული უფრო დეტალურად, ვიდრე თხოვნაში. სასარჩელო განცხადების, ან წერილის მიღებიდან 30 დღის ვადაში მოაპსუხე რეგისტრატორს უგზავნის თავის შესაგებელს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს, თუ რომელ ფაქტობრივ, ან სამართლებრივ გარემოებებს აღიარებს ან უარყოფს იგი და რა საფუძვლით, ასევე, რას ეყრდნობა იგი. ნებისმიერი შესაგებელი იგზავნება სარჩელის მსგავსად. თუ მოპასუხე არ გზავნის შესაგებელს, ან მოსარჩელე არ პასუხობს შესაგებელს, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია ამის გარეშეც განაგრძოს განხილვა და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ და ხელი მოაწერონ შეთანხმებას მათი საარბიტრაჟო განხილვის ოფიციალური ადგილის თაობაზე. ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო განხილვის გასამართ ადგილად ითვლება ლონდონი, თუკი LCIA Court მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით არ ჩათვლის უფრო მიზანშეწონილად სხვა ადგილს. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მოსმენები, თათბირები და სხდომები ჩაატაროს თავისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ გეოგრაფიულად ხელსაყრელ ადგილას. ასეთ შემთხვევაში, მიღებულ გადაწყვეტილებას იგივე ძალა აქვს, რაც ოფიციალურ ადგილზე მიღებულს.
არბიტრაჟთან დაკავშირებით გამოიყენება ის კანონი, რომელიც მოქმედებს არბიტრაჟის გამართვის ოფიციალურ ადგილას, თუკი მხარეებს ხელი არ მოუწერიათ სპეციალურ შეთანხმებაზე არბიტრაჟის სხვა კანონების გამოყენების თაობაზე და ამგვარი შეთანხმება არ არის აკრძალული არბიტრაჟის ოფიციალური ადგილსამყოფელის კანონით.
საარბიტრაჟო სასამართლო ფორმირების შემდეგ, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას განხილვის ენის არჩევაზე. თუ მხარე წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც შედგენილი არ არის არა საარბიტრაჟო განხილვის ენაზე, საარბიტრაჟო სასამართლოს, ან LCIA Court-ს შეუძლია მოთხოვოს მისი გადათარგმნა.
ნებისმიერ მხარეს, აქვს უფლება არბიტრაჟის წინაშე წარდგეს პრაქტიკოსი იურისტით, ან სხვა წარმომადგენლით. სასარბიტრაჟო სასამართლოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოთხოვოს ნებისმიერ მხარეს მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყოველ მხარეს, უფლება აქვს, მოსმენილ იქნას საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, თუ მხარეები არ შეთანხმებულან, რომ განხილვა წარიმართება მხოლოდ წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე.
საარბიტრაჟო სასამართლო ნიშნავს ყოველი სხდომისა და მოსმენის თარიღს, დროსა და ადგილს, რის შესახებაც დროულად აცნობებს მხარეებს. ყველა სხდომა და მოსმენა იმართება დახურულ კარს მიღმა, თუ თავად მხარეები, ან საარბიტრაჟო სასამართლო სხვაგვარად არ შეთანხმებულან. საარბიტრაჟო სასამართლოზე შეიძლება მოსმენილ იქნას მოწმეთა ჩვენებები, ასევე, დაინიშნოს ექსპერტიზა. საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება მხარეთა მიერ შეტანილი ავანსიდან და შედის არბიტრაჟის ხარჯებში.
თუ მხარეებს შორის წერილობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი მხარის, ან საკუთარი ინიციატივით, მაგრამ აუცილებლად მხარის აზრის გათვალისწინებით განახორციელოს შემდეგი ქმედებანი:
- მისცეს უფლება მხარეს შეცვალოს სარჩელი, შესაგებელი;
- გაზარდოს, ან შეამციროს ნებისმიერი ვადა, რაც გათვალისწინებულია საარბიტრაჟო შეთანხმებით, რეგლამენტით, ან თავის მიერვე დადგენილი წესით არბიტრაჟის გამართვასთან დაკავშირებით;
- ჩაატაროს ნებისმიერი მოკვლევა, რასაც მიზანშეწონილად ჩათვლის ასევე, თავად გამოიჩინოს ინიციატივა სადაო საკითხების და ფაქტების გამოსავლენად;
- დაავალოს მხარეებს წარმოადგინონ ნებისმიერი ქონება, ან საგანი საარბიტრაჟო სასამართლოს, ან ექსპერტის მიერ დათვალიერების ჩასატარებლად;
- დაავალოს მხარეებს მათ გამგებლობაში არსებული ნებისმიერი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელსაც შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს საქმის გარემოებათა დასადგენად;
მხარის თხოვნით საარბიტრაჟო განილვაში მხარედ ჩააბას მესამე პირები იმ პირობით, თუ მესამე პირი და ის მხარე, რომელიც ამას ითხოვს, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღიარებენ, როგორც საბოლოოს.
როდესაც მხარეები თანხმდებიან რეგლამენტის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვაზე, ისინი თანხმობას გამოხატავენ არ მიმართონ არცერთ სხვა სასამართლოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, თუ მხარეთა მიერ წერილობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ კანონის, ან სამართლის ნორმების შესაბამისად, რომელსაც მხარეები აირჩევენ დავის გადასაწყვეტად. თუ საარბიტრაჟო სასამართლო დაადგენს, რომ მხარეებს ამგვარი არჩევანი არ გაუკეთებიათ, მაშინ ის იყენებს იმ კანონებს და სამართლის ნორმებს, რომლის გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის.
მოპასუხეს შეუძლია გააკეთოს განცხადება, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს შესაგებელის წარდგენამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ მოპასუხე უპირობოდ ამბობს უარს აღნიშნული განცხადების გაკეთებაზე. განცხადება იმის თაობაზე, რომ საარბიტრაჟო სასამართლო სცილდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლვივ, როგორც კი, რაც საარბიტრაჟო სასამართლო განიზრახავს გადაწყვეტილების გამოტანას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, მხარის აზრით სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ მხარე უარს ამბობს ამგვარი განცხადების გაკეთებაზე. მიუხედავად ამისა, საარბიტრაჟო სასამართლოს ორივე შემთხვევაში შეუძლია მიიღოს დაგვიანებული განცხადება, თუ დაგვიანებას გამართლებულად ჩათვლის კონკრეტული გარემოებების არსებობის გამო.
LCIA Court-ს შეუძლია მხარეებს საკუთარი შეხედულებით დააკისროს ერთი, ან რამდენიმე შუალედური, ან საბოლოო გადახდა საარბიტრაჟო ხარჯების დაფარვის მიზნით. ამგვარი ავანსი ირიცხება LCIA-ის ანგარიშზე, რომელიც ინახავს თანხას და შეუძლია გამოიყენოს არბიტრაჟის მიმდინარეობისას არბიტრების, ექსპერტების, ან თავად LCIA-ის მუშაობის ანაზღაურებისთვის. საარბიტრაჟო სასამართლო არ ჩაატარებს საარბიტრაჟო განხილვას, თუ არ მიიღებს დასტურს რეგისტრატორისგან, ან მისი მოადგილისგან, იმის თაობაზე, რომ LCIA-ს გააჩნია საკმარისი ფონდები.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარეს არ შეუტანია აუცილებელი ავანსი, ან უარს აცხადებს ამის გაკეთებაზე LCIA Court-ის მიერ მიღებული განკარგულების შესაბამისად, მაშინ LCIA Court-ს შეუძლია სხვა მხარეს დაავალოს გადახდა, რათა შესაძლებელი გახდეს საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება. ამგვარ ვითარებაში მხარეს, რომელმაც გადაიხადა სხვის ნაცვლად, დაუყოვნებლივ შეუძლია მოთხოვოს არგადამხდელი მხარისგან თანხის უკან დაბრუნება. მოსარჩელის, ან მოპასუხის მიერ მთლიანად და დაუყოვნებლივ მთელი ავანსის გადაუხდელობა LCIA Court-ის, ან საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, შეიძლება შესაბამისად შეფასდეს, როგორც უარი სარჩელზე, ან შესაგებელზე.
საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს წერილობითი ფორმით და თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან, მასში მიუთითებს იმ მოტივებს, რასაც ეფუძნება გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს თარიღი და არბიტრაჟის გამართვის ოფიციალური ადგილი. გადაწყვეტილება ხელმოწერილი უნდა იყოს საარბიტრაჟო სასამართლოს, ან იმ წევრების მიერ, რომლებიც მას ეთანხმებიან. თუ რომელიმე არბიტრი არ იცავს გამოყენებული კანონის დებულებებს, დანარჩენ არბიტრებს შეუძლიათ განაგრძონ საქმიანობა მის გარეშე და გადაწყვეტილებაში ასახონ ამის დამადასტურებელი გარემოებები. თუ სამი არბიტრის მონაწილეობის შემთხვევაში, არბიტრაჟი ვერ აღწევს შეთანხმებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით. თუ რომელიმე საკითხზე ვერ იქნა მიღებული ხმათა უმრავლესობა, მასზე გადაწყვეტილებას იღებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე. თუ რომელიმე არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, მაშინ საკმარისად ითვლება უმრავლესობის, ან ამის მიუღწევლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის ხელმოწერა. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიტანოს ცალკეული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამგვარ გადაწყვეტილებებს გააჩნიათ იგივე სტატუსი და იგივე ძალა, რაც ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწვეტილებას. მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების შემთხვევაში, საარბიტრაჟო სასამართლოს მხარეთა წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეუძლია გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სადაც დაფიქსირდება მორიგება ყველა მხარის თანხმობის ასახვით. ამგვარ გადაწყვეტილებაში არ არის სავალდებულო მოტივაციის ჩამოყალიბება. მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს ყველა მხარის მიერ წერილობით დამოწმებულ დასტურს, იმის შესახებ, რომ მორიგება მიღწეულია, საარბიტრაჟო სასამართლო იშლება და საარბიტრაჟო განხილვა სრულდება, მხოლოდ იმ პირობით, რომ მხარეთა მიერ დაიფარება ყველა ხარჯი. ნებისმიერი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა მხარეებისათვის. მხარეები თანხმდებიან რა საარბიტრაჟო განხილვაზე აღწერილი რეგლამენტის შესაბამისად, ისინი იღებენ ვალდებულებას, დაუყოვნებლივ აღასრულონ იგი და უარს აცხადებენ აპელაციის, გადასინჯვის, გასაჩივრების ნებისმიერ ფორმაზე სხვა რომელიმე, ნებისმიერ სახელმწიფო სასამართლოში, ან სასამართლო ორგანოში. საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს საარბიტრაჟო ხარჯების ჯამურ ოდენობას, რომელიც განსაზღვრა CIA Court-მა. თუ მხარეთა მიერ წერილობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მაშინ საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრავს ხარჯების მხარეებზე გადანაწილების წესს. LCIA Court-ის მიერ არბიტრაჟთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოო და სავალდებულოა როგორც მხარეებისთვის, ისე, საარბიტრაჟო სასამართლოსათვის. ამგვარი გადაწყვეტილებები თავიანთი ბუნებით ითვლება ადმინისტრაციულად და LCIA Court არ არის ვალდებული, წარმოადგინოს ამ გადაწყვეტილების მოტივები.
მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობის ზოგადი პრინციპი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებთან და საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მასალებთან მიმართებაში. საარბიტრაჟო სასამართლოს თათბირი კონფიდენციალურია. LCIA Court არ აქვეყნებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს, ან მათ ნაწილებს მხარეთა და საარბიტრაჟო სასამართლოს თანხმობის გარეშე. LCIA, CIA Court, რეგისტრატორი, მისი მოადგილეები, არბიტრები, ან საარბიტრაჟო სასამართლოს ექსპერტები არ აგებენ პასუხს მხარეთა წინაშე რაიმე ქმედების, ან ხარვეზისათვის, გარდა იმ შემთხვევების, როცა მხარეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ეს ქმედება, ან ხარვეზი წარმოადგენს განზრახ და დაგეგმილ სამართალდარღვევას. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ LCIA, LCIA Court, რეგისტრატორი, მისი მოადგილეები, არბიტრები, ან საარბიტრაჟო სასამართლოს ექსპერტები არ არიან ვალდებულნი გააკეთონ რაიმე განცხადება საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით. ამასთან, არცერთი მხარე არ უნდა შეედაოს ამ პირთა გამოყვანას მოწმედ იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას არბიტრაჟის შედეგად. თუ მხარე, რომლისთვისაც ცნობილია, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების ესა თუ ის დებულება, რეგლამენტის მოთხოვნების ჩათვლით, არ იქნა დაცული, ამის მიუხედავად მაინც აგრძელებს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვაში და დაუყოვნებლივ არ ააშკარავებს ამას, მიიჩნევა რომ ის უარს აცხადებს საბოლოოდ პროტესტზე. რეგლამენტით გაუთვალისწინებელ ყველა საკითხთან მიმართებაში, LCIA Court, სასამართლო და მხარეები მოქმედებენ ამ რეგლამენტის ბუნებიდან გამომდინარე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ჰქონდეს იურიდიულად გამოყენებადი ძალა და იგი აღსრულდეს.
სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტი
The Arbitration Institute of the Stockholm Chamber of Commerce
მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ საარბიტრაჟო ცენტრებს განეკუთვნება სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტი (SCC), რომელიც დაარსდა 1917 წელს. საწყის ეტაპზე, მისი საქმიანობა ძირითადად შემოიფარგლებოდა შიდასახლემწიფოებრივი დავების განხილვით. მოგვიანებით ისეთი საერთაშორისო დავების რაოდენობა, რომელშიც სამთავრობო და კერძო სტრუქტურები მონაწილეობდნენ, მნიშვნელოვნად გაიზრდა. ამ ინსტიტუტის პოპულარულობას განაპირობებს არბიტრების დიდი გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია. აგრეთვე, დიდ გავლენას ახდენს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა, რის გამოც შვეცია ტრადიციულად იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ეკონომიური ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების განხილვის ცენტრი.
შვეციაში საარბიტრაჟო სამართალწარმოება რეგულირდება კანონებით „არბიტრაჟის შესახებ“ და „უცხოური საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ“. მხარეებს უფლება აქვთ, დავის დროს გამოიყენონ როგორც მათ მიერ დადგენილი საქმის განხილვის წესები, ისე, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, ან სხვა საარბიტრაჟო დაწესებულების რეგლამენტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გათვალისწინებულ უნდა იქნას ერთი გარემოება, კერძოდ, შვედური სამართლის თანახმად, მხარეთა მიერ დავის მოწესრიგებისათვის შერჩეული საარბიტრაჟო წესები შეიძლება არ იქნას აღიარებული შვეციაში, თუ ისინი არღვევენ შვედური სამართლის იმპერატიულ დებულებებს.
არბიტრაჟის დაწყების საფუძველს წარმოადგენს წერილობითი „თხოვნა არბიტრაჟის ჩატარების თაობაზე“. იგი უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მოდავე მხარის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას სურს დავის საარბიტრაჟო განხილვა. თხოვნა უნდა შეიცავდეს ზუსტ ინფორმაციას იმ დავასთან დაკავშირებით, რომელზედაც უნდა იმსჯელოს საარბიტრაჟო სასამართლომ. აუცილებლია, აღნიშნული თხოვნის წარდგენის თაობაზე, ეცნობოს მეორე მხარეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე შესაძლებელია მოთხოვნის უზრუნველყოფის საკითხის განხილვა (მაგ. ყადაღის დადება).
პროცედურის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს არბიტრების არჩევა. როგორც წესი, არბიტრების რაოდენობა უნდა იყოს კენტი. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის რეგლამენტის თანახმად, თუ მხარეების შეთანხმდნენ, რომ დავას განიხილავს ერთი არბიტრი, ასეთ შემთხვევაში მას დანიშნავს თავად სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტი. იმ შემთხვევაში, როცა არბიტრთა რაოდენობა ერთზე მეტია, მხარეები ნიშნავენ არბიტრების თანაბარ რაოდენობას, ხოლო ერთ წევრს ნიშნავს თავად ინსიტუტი და სწორედ იგი იქნება არბიტრაჟის თავმჯდომარე. არბიტრების არჩევისას ყურადღება ექცევა მხარეთა პროფესიონალიზმს და მათ კომპეტენტურობას. დაუშვებელია, რომ არბიტრაჟის წევრად დაინიშნოს ისეთი პირი, რომელსაც გარკვეული ფინანსური კავშირი აქვს დავაში მონაწილე მხარესთან.
დავის საარბიტრაჟო განხილვა, ბუნებრივია, დაკავშირებული, ხარჯებთან. კერძოდ, უნდა ანაზღაურდეს როგორც საარბიტრაჟო განხილვის, ისე, არბიტრების მომსახურების ხარჯები. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის საარბიტრაჟო რეგლამენტის 30-ე პუნქტის თანახმად, არბიტრის ანაზღაურების განსაზღვრისათვის მნიშვნელობა ენიჭება საქმის წარმოებაზე დახარჯულ სამუშაო დროს, მის სირთულეს და დავის საერთო ღირებულებას.
რაც შეეხება საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს, მათ ასანაზღაურებლად სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტს დაწესებული აქვს ე.წ. ადმინიტრაციული მოსაკრებელი (იგულსხმება სტენოგრაფისტების, ექსპერტების და სხვა სახის მომსახურება). როგორც წესი, ასეთ ხარჯებს ანაზღაურებს წაგებული მხარე, თუმცა შესაძლებელია გათვალსწინებულ იქნას სხვა წესიც.
საარბიტრაჟო წარმოებაში მნიშვნელოვანია, აგრეთვე, საარბიტრაჟო განხილვის ენა. მსოფლიოს წამყვან საარბიტრაჟო სასამართლოებში წარმოების ენა ძირითადად ინგლისური და ფრანგულია. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის საარბიტრაჟო რეგლამენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, წარმოების ენას განსაზღვარვს არბიტრაჟი.
ზოგიერთ ქვეყანაში საარბიტრაჟო განხილვა ტრადიციულად მხარეთა მოსმენის გარეშე, მხოლოდ დოკუმენტების წარდგენის გზით ტარდება, სხვაგან კი დაშვებულია მხარეთა მოსმენა, მოწმეთა ზეპირი ჩვენებები, მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვა, უწყებათა გადაცემა, ადვოკატთა წერილობითი შეტყობინებები, არბიტრის მიერ პირადი მოკვლევის ჩატარება, სხდომის წერილობითი ოქმის წარმოება და სხვა.
სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის საარბიტრაჟო რეგლამენტის თანახმად, საარბიტრაჟო განხილვა უნდა წარიმართოს მხარეთა შეთანხმებაში მოცემული დებულებების და მათი სურვილის შესაბამისად, აქ, როგორც წესი, ტარდება ზეპირი მოსმენები. საარბიტრაჟო განხილვის ხანგრძლივობა, ჩატარების ადგილი, ორგანიზაციული ფორმა და სხვა პროცესუალური მოქმედებანი განისაზღვრება მხარეთა სურვილის თანახმად.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომა არსებობს. მაგალითად, უნდა დაერთოს თუ არა გადაწყვეტილებას მისი დასაბუთება, ანდა გადაწყვეტილება არბიტრთა მიერ ერთხმად უნდა იქნას მიღებული თუ არა, წყდება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი რამ არ არსებობს, არბიტრაჟის დებულებით. საზოგადოდ, უცხოეთის ქვეყნებში საარბიტრაჟო სამართლაწარმეობისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საარბიტრაჟო განხილვის პროცესში წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი საკითხები შეიძლება სასამართლოს მიერ იქნას გადასინჯული, სხვაგან კი სასამართლოს შეუძლია ნაწილობრივ, ან მთლიანად გადასინჯოს, როგორც არბიტრაჟის ჩატარების წესი, ისე თავად საქმე. აქედან გამომდინარე, მხარეებისათვის შეიძლება მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს შეთანხმება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერების სასამართლო გადასინჯვის გამორიცხვის თაობაზე.
მიზანშეწონილია ხელშეკრულებაში განისაზღვროს ისიც, ახდენს თუ არა გავლენას არბიტრაჟის შესახებ დებულების, ან მათი ნაწილის ბათილობა არბიტრაჟის შესახებ სხვა დებულებებისა თუ მთელი ხელშეკრულების დებულებების ნამდვილობაზე.
პარიზის საარბიტრაჟო პალატა
Chambre Arbitrale de Paris
პარიზის საარბიტრაჟო პალატის ამოცანებში შედის მის მიერ ორგანიზებული საარბიტრაჟო პროცედურით დავის გადაწყვეტის მიღწევა. პალატა სამედიატორო საქმიანობას ახორციელებს „საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ დებულების საფუძველზე. საარბიტრაჟო პალატის მიერ საარბიტრაჟო პროცედურის დადგენა ითვალისწინებს მხარეთათვის გასაჩივრების უფლების გამორიცხვას საერთო სასამართლოების მეშვეობით. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პარიზის საარბიტრაჟო პალატასთან მიმართებაში საინტერესოა ეგრეთ წოდებულ P.A. R.A.D.-პროცედურასთან დაკავშირებული ნორმები. ეს წარმოადგენს დავის გადაწყვეტის დაჩქარებულ პროცედურას საარბიტრაჟო სამართალწარმოებაში, რომელიც სრულყოფს პარიზის საარბიტრაჟო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს დებულებით გათვალისწინებულ პროცედურას. P.A. R.A.D.-პროცედურის წამოწყება მაშინ არის შესაძლებელი, თუ მოთხოვნა სახელშეკრულებო ბუნებისაა და 700000 ფრანკზე (106.714 ევრო) ნაკლებია, გარდა ზიანის ანაზღაურების და/ან კომპენსაციის მოთხოვნებისა. P.A. R.A.D.-პროცედურა არ გამოიყენება რამოდენიმე მოსარჩელის, ან მოპასუხის არსებობის შემთხვევაში. სპეციალურ ფორმულარზე დაწერილი საარბიტრაჟო სარჩელის ორი ეგზემპლარი ეგზავნება პარიზის საარბიტრაჟო პალატის სამდივნოს. ასლები, აგრეთვე, უნდა გაეგზავნოს მეორე მხარესაც. სარჩელი გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც სახელდება პალატის თავმჯდომარის მიერ. სარჩელი იხილება ერთპიროვნულად, ერთი მოსამართლის მიერ. P.A. R.A.D.-პროცედურის ხანგრძლივობის ვადაა ერთი თვე ზეპირი განხილვის დაწყებიდან, ხოლო საერთო წესებით განხილვის დროს - ერთი წელი ზეპირი განხილვის დაწყებიდან.
გადაწყვეტილებათა აღსრულება
საკითხს უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა საქართველოში ცნობისა და აღსრულების შესახებ არეგულირებს საერთაშორისო სამართალში მოქმედი 1958 წლის 31 დეკემბრის კონვენცია ,,უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“. ეს კონვენცია ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით.
კონვენციის თანახმად, საქართველო (ბუნებრივია, ამ კონვენციას შეერთებული სხვა სახელმწიფოებიც) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს სავალდებულოდ და აღასრულებს მათ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის მხარემ, რომელიც ითხოვს აღსრულების დაწყებას, უნდა წარმოადგინოს: ა) სათანადოდ დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (დედანი, ან დამოწმებული ასლი) და ბ) წერილობითი შეთანხმება დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე. კონვენციის თანახმად, ასეთი ,,წერილობითი შეთანხმება“ შესაძლებელია დაიდოს როგორც მხარეთა მიერ საარბიტრაჟო შეთანხმების ხელმოწერით, ისე მხარეთა მიერ წერილებისა და დეპეშების გაცვლით. თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტები შედგენილი არ არის იმ ქვეყნის ოფიციალურ ენაზე, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, მაშინ მათთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ოფიციალურ ენაზე სათანადო წესით დამოწმებული თარგმანიც.
მხარეს, რომლის წინააღმდეგაც არის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიმართული, შეუძლია მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს (ჩვენს შემთხვევაში - უზენაესი სასამართლო) და მოითხოვოს უარის თქმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე. ამ შემთხვევაში, მხარე ვალდებულია წარმოადგინოს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ:
1. წერილობითი შეთანხმება დავის კერძო არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ დადებულ იქნა ქმედუუნარო მხარის (ან მხარეების) მიერ, ანდა ამ მხარეთა წერილობითმა შეთანხმებამ ძალა დაკარგა ან იმ კანონით, რომელის საფუძველზეც მხარეებმა ეს შეთანხმება დადეს, ან იმ ქვეყნის კანონით, სადაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
2. მხარე, რომლის წინააღმდეგაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის, ან საარბიტრაჟო გარჩევის თაობაზე და ამ მიზეზით (შესაძლებელია, სხვა საპატიო მიზეზითაც) ვერ შეძლო თავისი ახსნა-განმარტების წარდგენა;
3. არბიტრაჟის შემადგენლობა, ან საარბიტრაჟო პროცესი არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, იმ ქვეყნის კანონს, სადაც არბიტრაჟი მოეწყო;
4. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის საბოლოო მხარეებისთვის. ამას გარდა, ეს გადაწყვეტილება ან გაუქმდა, ან კიდევ შეჩერდა მისი აღსრულება იმ ქვეყნის ხელისუფლების მიერ, სადაც იგი მიიღეს, ან იმ ქვეყნის ხელისუფლების მიერ, რომლის კანონიც ამ გადაწყვეტილებაში არის გამოყენებული;
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიღებულია ისეთი დავის გამო, რომელიც არ იყო გათვალისწინებული, არ ექვემდებარებოდა საარბიტრაჟო შეთანხმებას, ან სცილდებოდა საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრულ ფარგლებს. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაძლებელია არბიტრაჟის ისეთი დადგენილებების გამოყოფა, რომლებიც ექვემდებარებოდა საარბიტრაჟო შეთანხმებას, მაშინ აუცილებლად უნდა მოხდეს მათი ცნობა და აღსრულება.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა შესაძლებელია, თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება, სადაც უნდა მოხდეს აღსრულება, ჩათვლის, რომ ამ ქვეყნის კანონით დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან გადაწყვეტილების აღსრულება ეწინააღმდეგება საჯაროობის წესს.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების საკითხს წყვეტს საქართველოს უზენაესი სასამართლო. შუამდგომლობას სასამართლო იხილავს ზეპირი განხილვის გარეშე, თუკი ამას მხარე არ მოითხოვს. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაესი სასამართლო იღებს დადგენილების წესით.
გადაწყვეტილების აღსრულება მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარედგინება სააღსრულებო ბიუროს მოვალის, ან მისი ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით.