![]() |
ჩვენი კონსტიტუცია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|საკონსტიტუციო სამართალი |
საავტორო უფლებები: © ფონდი ALPE |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005 - 271გვ. ; 18სმ. - - გადაბრუნებული წიგნი. - : [ფ.ა.] [MFN: 31698] Our Constitution Constitution of Georgia for Youth წიგნი მომზადდა და გამოიცა ევრაზიის ფონდის დაფინანსებით (გრანტი N: G04-0101) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრების მეშვეობით. მასში გადმოცემული თვალსაზრისები შეიძლება არ ემთხვეოდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევრაზიის ფონდის შეხედულებებს. This publication is produced through the project # G04-0101supported by a grant from the Eurasia Foundation through funds from the United States Agency for International Development (USAID). The opinions expressed in this publication do not necessarily represent those of the Eurasia Foundation or USAID. სარედაქციო ჯგუფი: ლალი გზირიშვილი თამარ დემეტრაშვილი მერაბ ბასილაია ზურაბ გუნცაძე ზურაბ მაჩაბელი კორექტორი: მზია შომახია მარინა ჯანგირაშვილი დიზაინი: ბესიკ დანელია მომზადებულია ფონდი ALPE-ის მიერ Published by foundation ALPE მისამართი/address: თბილისი, ალ. ჭავჭავაძის ქ. 8/33 8/33 Al. Chavchavadze st., Tbilisi, Georgia ტელ./Tel: 996512, 922914 ფაქსი/Fax: 920596, ელ-ფოსტა/E-mail: office@alpe.ge, www.alpe.ge გამოცემა მოზარდებისათვის მაისი 2005 |
![]() |
1 ჩემო ძვირფასო მეგობრებო |
▲back to top |
ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მაქვს კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ, საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს, ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღეს.
თქვენი პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და განათლება ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი კანონის - მისი კონსტიტუციის დაცვის უპირველესი გარანტია და ჩვენი სახელმწიფოებრივი წარმატების საფუძველია.
თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა - ეს სამი პრინციპი განსაზღვრავს, თუ რამდენად ცივილიზებულია საზოგადოება და შესაბამისად, სახელმწიფო.
სწორედ ამ პრინციპების აღიარებისა და მათდამი ერთგულების დეკლარირებაა ქვეყნის კონსტიტუცია.
მჯერა და მწამს, რომ ჩვენ იმ წინაპრების ღირსეული მემკვიდრეები ვართ, რომელთა თავდადებამ დღემდე მოიტანა ჩვენი სამშობლო, და დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი სამხრეთ კავკასია, ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
![]() |
2 * * * |
▲back to top |
წინამდებარე ნაშრომი ერთ მიზანს ისახავს - იგი შეეცდება ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ საქართველოს კონსტიტუციაზე, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონია და ადგენს იმ ძირითად წესებსა და პრინციპებს, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა იმოქმედოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც ცხოვრობს, დროებით იმყოფება თუ სხვა ნებისმიერი ფორმით ურთიერთობს საქართველოსთან.
ტერმინი „კონსტიტუცია,, (CONSTITUTIO) ლათინური სიტყვაა და დაწესებას, დადგენას ნიშნავს. ეს ტერმინი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ რომის იმპერიის კანონმდებლობიდან იხმარებოდა. „კონსტიტუცია,, - მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში გამოხატავდა იმპერატორთა ბრძანებებსა და მათ მიერ დადგენილ სხვადასხვა წესებს, მაგრამ მას იმ დროისათვის სახელმწიფოს ძირითადი კანონის მნიშვნელობა არ ჰქონია. კონსტიტუციის აღმოცენება ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგია, რომელმაც შვა ახალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. პირველი კონსტიტუცია დაიწერა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1787 წელს და 200 წელზე მეტია მოქმედებს), შემდეგ კი საფრანგეთსა და პოლონეთში (1791 წელს). ამ პერიოდიდან მოყოლებული, მრავალი მეცნიერ-იურისტი ცდილობდა კონსტიტუციის არსის წვდომას; სწორედ ამგვარი მცდელობებისა და აზრთა შეჯერების შედეგად, დროთა განმავლობაში დაიხვეწა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონსტიტუციის ცნება. კონსტიტუციამ შეიძინა ქვეყნის ძირითადი კანონის ძალა, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, საზოგადოებრივი წესწყობილების საფუძვლები, მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობა და სხვა ისეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპები, რომლებზე დაყრდნობითაც სახელმწიფო განახორციელებდა თავის არსებობასა და ფუნქციონირებას.
საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარებას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის მიღებამდე, კონსტიტუცია, როგორც ერთიანი აქტი, საქართველოში არ არსებობდა, თუმცა, არსებობდა კონსტიტუციური ხასიათის აქტები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. მითითებული დოკუმენტით პირველად განისაზღვრა საქართველოს პოლიტიკური ფორმა, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ა.შ.
საქართველოში პირველად კონსტიტუციის პროექტის შემუშავება მიზნად დაისახა 1919 წლის 12 მარტს არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ, რომელმაც ამისათვის შექმნა კიდეც საკონსტიტუციო კომისია. კომისიამ შეიმუშავა შესაბამისი პროექტი, რომელიც 1921 წლის 26 იანვრის დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა, ხოლო, იმავე წლის 17 მარტს, დამფუძნებელი კრების უკანასკნელმა სხდომამ მიიღო დადგენილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედების დროებითი შეჩერების თაობაზე. ამ დროისათვის საქართველოში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა ხელისუფლება. ამრიგად, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, მართალია, ფაქტობრივად, ძალაშიც არ შესულა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო სახელმწიფოს ძირითადი კანონის სრულყოფილი და დახვეწილი ნიმუში, რომელიც მსოფლიო კონსტიტუციების გამოცდილებას ეფუძნებოდა და, იმავდროულად, ზუსტად ითვალისწინებდა საქართველოს სინამდვილისათვის დამახასიათებელ ისტორიულ, კულტურულ და სხვა სახის თავისებურებებს.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (რაც 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ სამხედრო ოკუპაციით განხორციელდა) საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ 1922 წლის 2 მარტს მიიღო თავისი პირველი კონსტიტუცია. ამის შემდეგ კიდევ სამი კონსტიტუცია იქნა მიღებული (1927 წლის 4 აპრილს, 1937 წლის 13 თებერვალსა და 1978 წლის 15 აპრილს).
მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასასრული და 90-იანი წლების დასაწყისი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებისა და მისი აღმასვლის ხანა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები. ახლადარჩეულმა უზენაესმა საბჭომ, პირველივე სესიაზე ცვლილებები შეიტანა 1978 წლის კონსტიტუციაში, რაც შეეხო კონსტიტუციის პრეამბულას, სახელმწიფო სიმბოლოებს - გერბს, დროშას, ჰიმნს; შეიცვალა სახელმწიფო წყობილებადა კონსტიტუციის რედაქციიდან ამოღებული იქნა სიტყვები ,,საბჭოთა სოციალისტური,,, დამკვიდრდა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს იყო უკანასკნელი კონსტიტუცია, რომელიც საბჭოთა პერიოდის კონსტიტუციათა ზოგად შტრიხებს შეიცავდა და, ფაქტობრივად, წარმოადგენდა სსრ კავშირის კონსტიტუციის გადმოქართულებულ ვარიანტს.
1991 წლის 9 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამავე წლის ბოლოს საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ გამწვავდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, გაუქმდა პრეზიდენტის ინსტიტუტი, შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომელმაც ქვეყნის დროებით მთავრობასთან ერთად იკისრა ქვეყნის ხელმძღვანელობა და მიიღო დეკლარაცია, რომლითაც აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია. აღნიშნული აქტი ქვეყნის განვითარების იმდროინდელ ეტაპზე სინამდვილესთან შეუსაბამო აღმოჩნდა და იგი რეალურად ვერ ამოქმედდა. 1992 წელს არჩეულ იქნა ახალი პარლამენტი, რომელმაც მიიღო „კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ” ე.წ. ,,მცირე კონსტიტუცია,,, რომელმაც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე უდავოდ დადებითი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციონალიზმის შემდგომი განვითარებისათვის.
1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული იქნა საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიღებას წინ უძღოდა სერიოზული, დაძაბული და ფართომასშტაბიანი მუშაობა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები,
პოლიტიკური და იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეები. საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია შედგება პრეამბულის, 9 თავისა და 109 მუხლისაგან.
![]() |
3 მუხლი 1 |
▲back to top |
1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ*-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.
2. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
3. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა ,,საქართველო,,.
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ჩატარდა რეფერენდუმი. რეფერენდუმი არის მოსახლეობის საყოველთაო-სახალხო გამოკითხვა და მის შედეგებს შესასრულებლად სავალდებულო ძალა აქვს. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და როგორც მისმა შედეგებმა ცხადყო მათ გამოხატეს თავიანთი ურყევი ნება და ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომლითაც საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
საქართველოს კონსტიტუციამ 1991 წლის 9 აპრილის აქტის საფუძველზე საქართველო გამოაცხადა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ, რომელსაც ეწოდა საქართველო და მისი პოლიტიკური წყობილების ფორმად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. დემოკრატიული რესპუბლიკა სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმაა, როდესაც სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი ირჩევს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, რომლებიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე კოლექტიურად მართავენ სახელმწიფოს.
ხელისუფლების დანაწილების პრინციპი გულისხმობს ხელისუფლების დაყოფას სამ დამოუკიდებელ შტოდ - საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს პარლამენტი, რომელიც იღებს კანონებს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია ამ კანონების შესრულებაზე, ხოლო სასამართლო ხელისუფლება ახორციელებს მართლმსაჯულებას, რათა დაცულ იქნეს კანონმდებლობის მოთხოვნები. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი საფუძვლად უდევს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობილებას და უზრუნველყოფს ერთი რომელიმე ორგანოს ან თანამდებობის პირის ხელში ძალაუფლების თავმოყრის თავიდან აცილებას.
__________________________
* ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
![]() |
4 მუხლი 2 |
▲back to top |
1. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
2. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრების შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.
3. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.
4. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ თვითმმართველობის მეშვეობით სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელთა თანამდებობა არჩევითია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა განისაზღვრება ორგანული კანონით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, საქართველო რეალურად მაინც წარმოადგენდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს. 1991 წლის 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა, მასში მიმდინარე შიდაპოლიტიკური მოვლენების შედეგად, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიას განსაზღვრავს იმ ტერიტორიული საზღვრებით, რომელიც მას გააჩნდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას. მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველო სწორედ ამ საზღვრებით იქნა აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
კონსტიტუცია ცალსახად და უპირობოდ კრძალავს საქართველოს ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემას. რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიული საზღვრების შეცვლას, აღნიშნულს შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი ორმხრივი შეთანხმება მეზობელ სახელმწიფოსთან.
უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა რიგი უმართავი პოლიტიკური პროცესები, სამოქალაქო ომი და კონფლიქტები, რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, მოცემულ ისტორიულ მონაკვეთში, ფაქტობრივად, თვითგამოცხადებული სახელმწიფოებია, რომელთა ტერიტორიაზეც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ანუ არ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა, არ ფუნქციონირებენ საქართველოს სახელმწიფო ორგანოები და ა.შ. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციამ ქვეყნის ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხის საბოლოო განსაზღვრა, ანუ ის, თუ რა უფლებები და ვალდებულებები მიენიჭებათ მმართველობის ცენტრალურ თუ ტერიტორიულ ორგანოებს და როგორ გაიმიჯნება მათი უფლებამოსილებები, შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ იმის შემდგომ, რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრულად იქნება აღდგენილი საქართველოს იურისდიქცია. ამასთან, აღნიშნული უნდა განხორციელდეს კონსტიტუციური კანონით, რომლითაც ხდება კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია და ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორიც თავად კონსტიტუციას.
სახელმწიფო თავის ფუნქციებს ახორციელებს მმართველობის ერთიანი, ცენტრალიზებული ორგანოებით, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც, თავისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჭიროებს გადაწყვეტილების მიღებას ადგილობრივ - ქალაქის, რაიონის, სოფლის, თემის ან დაბის დონეზე. ასეთი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კონსტიტუცია აწესებს ადგილობრივი თვითმმართველობის არსებობას, რათა მოქალაქეებს საშუალება ჰქონდეთ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ლოკალური საკითხები, თუმცა აღნიშნული იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ არ შეილახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი. თვითმმართველობის განსახორციელებლად კონსტიტუციით გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი) არსებობა, რომელთა ხელმძღვანელი თანამდებობები არჩევითია და ამ არჩევანს აკეთებს ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა. აღნიშნული საკითხები დეტალურად დარეგულირებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ,, საქართველოს ორგანულ კანონში, ,,ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში.
![]() |
5 მუხლი 6 |
▲back to top |
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
სახელმწიფოს გააჩნია სხვადასხვა კანონები, რომლებიც აწესრიგებს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ამ კანონებს შორის არსებობს გარკვეული იერარქია, რაც განპირობებულია მათი იურიდიული ძალით. აღნიშნულ იერარქიაში უმაღლესი ადგილი უკავია საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ ყველა სხვა კანონი, თუ კანონქვემდებარე აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. კონსტიტუცია ადგენს ძირითად ნორმებს, რომელთა საფუძველზეც სხვა საკანონმდებლო აქტები დეტალურად აწესრიგებს კონკრეტულ საზოგადოებრვ ურთიერთობებს. თუ რომელიმე მათგანი არ შეესაბამება კონსტიტუციას, აღნიშნული შეიძლება გახდეს მათი გაუქმების (ძალადაკარგულად გამოცხადების) საფუძველი შესაბამისი ორგანოების მიერ.
საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, აღიარებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. ამით საქართველო კისრულობს ვალდებულებას, როგორც სხვა სახელმწიფოებთან ხელშეკრულებების დადებისას, ასევე შიდა საკანონმდებლო ბაზის ფორმირებისას, იხელმძღვანელოს ამ პრინციპებით. თუმცა, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას (კონსტიტუციურ შეთანხმებას), როგორც საქართველოს უზენაეს კანონს. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან შედარებით. საქართველოს ნორმატიული აქტების იერარქიას, მათი მომზადებისა და გამოცემის წესებს ადგენს საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ,,.
![]() |
6 მუხლი 7 |
▲back to top |
სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, როგორც უზენაესი ადამიანური ღირებულებები, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ არის აღიარებული და განმტკიცებული სხვადასხვა საერთაშორისო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციაც სწორედ ამ უზენაეს ადამიანურ ღირებულებებზეა ორიენტირებული. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები საქართველოს კონსტიტუციის მიერ მიჩნეულია, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების განხორციელებისას, როგორც ხალხი, ასევე სახელმწიფო მოქმედებენ და იზღუდებიან ამ უფლებათა ფარგლებში. კერძოდ, ხალხის მიერ თავისი ნების გამოხატულება ან სახელმწიფოს მიერ ხელისუფლების განხორციელება არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ პირიქით - მაქსიმალურად უნდა იცავდეს და განამტკიცებდეს მათ. ხალხის ან ხელისუფლების მოქმედებებსა და ადამიანის უფლებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა სწორედ ამ უკანასკნელს ენიჭება. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან თავად სახელმწიფოს არსებობის უპირველესი მიზანი ხომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და მათი რეალიზების გარანტიების შექმნაში მდგომარეობს.
![]() |
7 მუხლი 8 |
▲back to top |
საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური.
სახელმწიფო თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო ენაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო მუშაობისას და საქმის წარმოებისას იყენებს სახელმწიფო ენას, სამართლებრივ აქტებსა თუ სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს გამოსცემს სახელმწიფო ენაზე, საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველებს ავალდებულებს სახელმწიფო ენის ცოდნას. ასეთი სახელმწიფო ენა საქართველოში არის ქართული. ქართული ენაა სახელმწიფო ენა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც, თუმცა იქ მასთან ერთად სახელმწიფო ენა არის აფხაზურიც. აღნიშნული ჩანაწერით საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები აფხაზებისთვის ენის, კულტურისა და ისტორიული ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს.
![]() |
8 მუხლი 9 |
▲back to top |
1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.
2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.
რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად, მხოლოდ შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვიტოს საკუთარი რელიგიური კუთვნილების საკითხი, ან საერთოდ უარყოს იგი. ფაქტობრივად, მითითებული უფლება ნიშნავს პიროვნების თავისუფლებას ნებისმიერი იდეოლოგიური ზეწოლისაგან, რის გარანტსაც თავად სახელმწიფო წარმოადგენს.
მართალია, სახელმწიფო ყველა რელიგიას თანაბარ პირობებში აყენებს, მაგრამ ამასთან, ქართული სახელმწიფოებრიობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული თვითმყოფადობისა და სულიერების განვითარებაში შეტანილი უდიდესი ღვაწლისათვის, აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და აცხადებს ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან, ანუ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში, რაც დაკავშირებულია ეკლესიის ორგანიზაციულ მოწყობასთან, ღვთისმსახურების აღსრულებასთან და ა.შ. ამასთან, კონსტიტუციის მიერ დეკლარირებული ეკლესიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ითვალისწინებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დადების შესაძლებლობას.* კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
________________________
* 2001 წლის 10 ნოემბერს გაფორმდა ,,კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს ავტოკეფალურ სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის”
![]() |
9 მუხლი 12 |
▲back to top |
1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით.
2. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
3. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
მოქალაქეობა არის პირის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეს, ერთმანეთის მიმართ აქვთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მაგალითად, სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობს მხოლოდ ამ სახელმწიფოს მოქალაქე, მხოლოდ მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს ან არჩეულ იქნას სახელმწიფო ორგანოში. თავის მხრივ სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქის უფლებებს როგორც სახელმწიფოს შიგნით, ასევე სხვა სახელმწიფოში. გარდა ამისა, მოქალაქეს სახელმწიფოს მიმართ გააჩნია ისეთი ვალდებულებები, რომლებიც არ გააჩნია სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს.
მოქალაქეობის მოპოვება დაბადებით ნიშნავს იმას, რომ პირს მოქალაქეობა ენიჭება მისი დაბადების მომენტიდან. გარდა დაბადებისა, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მოპოვებულ იქნას ნატურალიზაციით, რაც ნიშნავს უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მოქალაქეობის მინიჭებას, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ გარკვეულ მოთხოვნებს. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესები, ასევე მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით.
საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, თუმცა კონსტიტუცია უშვებს გამონაკლის შემთხვევებსაც. პირს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი კუთვნილებისა, დიდი ღვაწლი მიუძღვის და რაიმე განსაკუთრებული დამსახურება გააჩნია საქართველოს წინაშე, საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლებელია მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული შესაძლებელია ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენს.
![]() |
10 მუხლი 13 |
▲back to top |
1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
2. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.
3. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.
4. საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასა-მართლოში.
საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტს წარმოადგენს საქართველო, მიუხედავად იმისა, იგი იმყოფება საქართველოში თუ სხვა სახელმწიფოში. ამასთან, კონსტიტუცია დაუშვებლად აცხადებს მოქალაქეობის ჩამორთმევას და საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევებას. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ასრულებს ან არ ასრულებს მოქალაქე თავის ვალდებულებებს სახელმწიფოს წინაშე, კონსტიტუცია ასევე დაუშვებლად აცხადებს საქართველოს მოქალაქის გადაცემას უცხო სახელმწიფოსათვის. გამონაკლისის სახით, აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა კონსტიტუცია აქვე ანიჭებს მოქალაქეს უფლებას, სასამართლოში გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი უცხო ქვეყ ნისათვის გადაცემის თაობაზე.
![]() |
11 მუხლი 14 |
▲back to top |
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია. იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ადამიანი იძენს დაბადებისთანავე და ასევე, ადამიანის დაბადებისთანავე წარმოიშობა სახელმწიფოს მხრივ ვალდებულება - დაიცვას ეს უფლებები და თავისუფლებები. ამასთან, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება ადამიანს შეეზღუდოს კანონით დადგენილი უფლებები ან სხვა ადამიანთან მიმართებაში მიენიჭოს რაიმე უპირატესობა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რასობრივ, რელიგიურ, ეროვნულ, ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება იგი, რომელ პოლიტიკურ თუ რელიგიურ შეხედულებებს იზიარებს ან როგორი ქონებრივი მდგომარეობა გააჩნია.
![]() |
12 მუხლი 15 |
▲back to top |
1. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
2. სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - სიკვდილით დასჯა, მის სრულ გაუქმებამდე, შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ორგანული კანონით სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ამ სასჯელის შეფარდების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სიცოცხლის უფლება არის ადამიანის უზენაესი უფლება, იგი ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. არცერთ ადამიანს, როგორი მძიმე ქმედებებიც უნდა ჩაიდინოს მან, არ შეიძლება წაერთვას სიცოცხლე, თვით სახელმწიფოს მიერაც კი. საქართველოში 1997 წლის 11 ნოემბრამდე შესაძლებელი იყო სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის გამოყენება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული გასაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. მაგრამ მითითებული თარიღიდან საქართველოს პარლამენტმა გააუქმა სიკვდილით დასჯა და საბოლოოდ უარი თქვა ამ სახის სასჯელის დაკანონების შესაძლებლობაზე.
![]() |
13 მუხლი 16 |
▲back to top |
ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ნიშნავს მის შეუზღუდავ უფლებას პირადად გააკეთოს მისაღები არჩევანი, საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ადგილი, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე, განავითაროს თავისი ნიჭი და შესაძლებლობები და საკუთარი შეხედულებებით მიმართოს იგი საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში.
![]() |
14 მუხლი 17 |
▲back to top |
1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
ადამიანის ღირსებისა და პატივის ხელშეუვალობა პიროვნების თავისუფალი განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი ცხოვრების წესისა, აზრისა, შეხედულებებისა თუ მოქმედებებისა, გააჩნია პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება. დაუშვებელია ადამიანის მიმართ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, ანუ იმგვარი ქმედება, რომელიც ლახავს მის თავმოყვარეობას, სახელს უტეხს მას და ეჭვქვეშ აყენებს მის რეპუტაციას.
არავის არა აქვს უფლება, აწამოს პირი (რაც უნდა მძიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მას), მოეპყროს მას არაჰუმანურად და სასტიკად. მის წინააღმდეგ მიმართოს ისეთ ქმედებებს ან გამოიყენოს ისეთი სასჯელი, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებასა და პატივს. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანისათვის ფიზიკური და სულიერი ტკივილის მიყენება, არამედ იგი მიზნად ისახავს დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
![]() |
15 მუხლი 18 |
▲back to top |
1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.
2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფ ლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვა რად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.
5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
6. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა - 9 თვეს.*
7. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობა - უპირველესად ნიშნავს იმას, რომ არავის არ შეიძლება შეეზღუდოს ან აღეკვეთოს თავისუფლება (მაგ: იქნას დაკავებული ან დაპატიმრებული) თუ ამის შესახებ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილ უნდა იქნას მხოლოდ დანაშაულის გამოვლენის, მისი აღკვეთის ანდა დამნაშავის დასჯის მიზნით. სწორედ აღნიშნული უფლების უზრუნველსაყოფად, კონსტიტუცია მაქსიმალურად ზღუდავს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირის დაკავების (თავისუფლების შეზღუდვის) ვადას, რომელიც საერთო ჯამში განსაზღვრულია 72 საათით. აქედან 48-საათიანი ვადა დადგენილია იმისათვის, რათა დაკავებული პირი წარდგენილ იქნას სასამართლოში, ხოლო მომდევნო 24 საათში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი დაკავების კანონიერება და გადაწყვიტოს მისი გათავისუფლების ან შემდგომი დაპატიმრების საკითხი. თუ ამ ვადაში სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ბრალდებულის, ანუ იმ პირის, ვისაც უკვე წაყენებული აქვს ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამასთან, კონსტიტუცია იცავს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს რაიმე სახის ზეწოლისაგან, მასზე ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გამოყენებისაგან.
თავისუფლებაშეზღუდულ პირს კონსტიტუცია მისი დაკავების მომენტიდან ანიჭებს დაცვის უფლებას. დამცველის აყვანის მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. გარდა ამისა, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაუყოვნებლივ უნდა განემარტოს ის მიზეზები, რაც გახდა მისი დაკავების ან დაპატიმრების საფუძველი და აგრეთვე ის უფლებები, რომლებიც მას გააჩნია.
კონსტიტუციის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია სასჯელის გამოყენება დამრღვევის მიმართ, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ მოთხოვნების დაუცველად განხორციელებული მოქმედებები მიჩნეულ იქნება უკანონოდ. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, მოთხოვნის შემთხვევაში, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ან სხვაგვარად შეზღუდვის საფუძვლებსა და მისი გამოყენების წესებს ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
________________________
* საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”, რომლის თანახმად, 2006 წლის 1 იანვრიდან დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა - 4 თვეს.
![]() |
16 მუხლი 19 |
▲back to top |
1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
კონსტიტუციით განმტკიცებულია სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. ყველა ადამიანს აქვს უფლება იქონიოს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე და თავისუფლად გამოთქვას იგი. რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება ნიშნავს ადამიანის უფლებას, ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად აღიაროს ნებისმიერი რელიგია ან საერთოდ უარყოს იგი, თავისუფლად შეარჩიოს, მიიღოს ან გაავრცელოს ნებისმიერი რელიგიური შეხედულებები და სულიერი ფასეულობები, იქონიოს და თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი ამა თუ იმ საკითხზე. ამ სახით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად, მხოლოდ შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვიტოს საკუთარი რელიგიური კუთვნილების საკითხი და აირჩიოს მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს მდგომი რელიგიური ან ფილოსოფიური მიმდინარეობა, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ მიეკუთვნება ტრადიციულად მიჩნეულ მიმდინარეობებს.
სახელმწიფოს ფუნქციაა პიროვნების თავისუფალი ნების რეალიზაციისათვის სათანადო გარემოს შექმნა და მისი დაცვა ისეთი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ამ უფლებების დარღვევა გამოიწვიოს. თუმცა აღნიშნული უფლებების რეალიზაციამ არ უნდა ხელყოს სხვა პირთა კანონიერი უფლებები.
![]() |
17 მუხლი 20 |
▲back to top |
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
პირადი ცხოვრების ხელშეუვალობა მოქალაქის ერთ-ერთი ფუნდამენტური პირადი უფლებაა და მოიცავს უფლებათა და თავისუფლებათა მთელ კომპლექსს. იგი გულისხმობს პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საიდუმლოებების კანონის საფუძველზე დაცვას. აღნიშნულ უფლებებში შედის მიმოწერის, ყველა სახის საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებისა და სხვა კავშირების (სატელეფონო) საიდუმლოება. არავის აქვს უფლება გახსნას, გაეცნოს ან საჯაროდ გამოაქვეყნოს კორესპონდენციების შინაარსი. მიმოწერის საიდუმლოების შეზღუდვა შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებით ან იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია დანაშაულთან ბრძოლისათვის, საზოგადოებრივი წერიგისა და სახელმწიფო უშიშროების დაცვისათვის.
ბინის ხელშეუხებლობა ნიშნავს იმას, რომ არავის აქვს უფლება, შევიდეს სხვის საცხოვრებელ ბინაში მისი მფლობელის თანხმობის გარეშე. ბინის ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლები და მისი განხორციელების წესები ადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით.
![]() |
18 მუხლი 21 |
▲back to top |
1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
საკუთრების უფლება ნიშნავს მესაკუთრის უფლებას თავისი შეხედულებისამებრ ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის უძრავ და მოძრავ ქონებას. საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქის საკუთრებაში შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლები, ბინები, აგარაკები, საოჯახო მეურნეობისა და პირადი მოხმარების საგნები, ფულადი სახსრები, აქციები, სხვა ფასიანი ქაღალდები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, საწარმოები, შენობები, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები, მიწა და სხვა ქონება. მოქალაქეთა მიერ კანონის შესაბამისად შეძენილი ქონების ოდენობა და ღირებულება არ არის შეზღუდული. მემკვიდრეობის უფლება კი ნიშნავს, რომ პირმა საკუთრებაში მიიღოს სხვა მესაკუთრის ქონება მისი გარდაცვალების შემდეგ როგორც ნათესაური კავშირის, ასევე ანდერძის საფუძველზე.
საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, თუმცა კონსტიტუციით გათვალისწინებულია ასევე გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შესაძლებელი ხდება საკუთრების ჩამორთმევა. ,,საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უშიშროებას, ხოლო „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ,, საქართველოს კანონი ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევას ისეთ შემთხვევებში, როგორებიცაა გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რკინიგზის ხაზების გაყვანა, ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანა, ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანა, სატელეფონო ხაზების გაყვანა, სატელევიზიო კაბელების გაყვანა, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობა, ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება, თუმცა, ყველა შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევა უნდა მოხდეს მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
![]() |
19 მუხლი 22 |
▲back to top |
1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.
2. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.
3. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ყველა პირს, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია დაუბრკოლებლად იმოძრაოს, შეარჩიოს დროებითი ან მუდმივი ადგილსამყოფელი, იცხოვროს ქვეყნის ტერიტორიის ნებისმიერ ადგილას, ასევე თავისუფლად გავიდეს სახელმწიფოდან და დაბრუნდეს უკან, კანონის მოთხოვნების დაცვით. თუმცა დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით შესაძლებელია ამ უფლებათა შეზღუდვა კანონის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესებს ადგენს საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ,,.
![]() |
20 მუხლი 23 |
▲back to top |
1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.
ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება გულისხმობს შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას და ცენზურის დაუშვებლობას. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისა და შესაძლებლობების შესაბამისად შექმნას შემოქმედებითი ნაწარმოები, ხოლო სახელმწიფოს უფლება არა აქვს ჩაერიოს შემოქმედებით პროცესში, დააყადაღოს, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება ან ამგვარი ნაწარმოების შექმნისათვის დასაჯოს ადამიანი, თუმცა, ამავე დროს კონსტიტუცია შესაძლებლად მიიჩნევს შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღებას და გავრცელების აკრძალვას, თუ მისი გავრცელება ლახავს სხვა ადამიანების კანონიერ უფლებებს. კონსტიტუციით გათვალისწინებულია აგრეთვე ისეთი უფლებებიც, როგორიცაა ხელოვნების თავისუფლება, კულტურულ ცხოვრებაში თავისუფალი მონაწილეობისა და კულტურული ფასეულობებით სარგებლობის უფლება.
![]() |
21 მუხლი 24 |
▲back to top |
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლადმიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ინფორმაციის თავისუფლება მოიცავს სიტყვის, ბეჭდვის და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (პრესა, ტელევიზია, რადიო) თავისუფლებას, ინფორმაციის მიღების უფლებას, რომელსაც გააჩნია საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, ნებისმიერი კანონიერი საშუალებებით.
სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს მოქალაქის შესაძლებლობას - საჯაროდ (წერილობით, ზეპირად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით) გამოხატოს თავისი აზრი. ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება და მათზე ცენზურის აკრძალვა, ადამიანის დევნის დაუშვებლობა სიტყვის, აზრის თავისუფლად გამოთქმის გამო. კონსტიტუცია როგორც ცალკეულ პირებს, ასევე თვით სახელმწიფოსაც კი, ართმევს მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის, ანუ ერთი პირის ხელში თავმოყრის უფლებას. ამასთან, კონსტიტუცია ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას ისეთ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამ საკითხების დეტალური რეგლამენტაცია მოცემულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ,, საქართველოს კანონში.
![]() |
22 მუხლი 25 |
▲back to top |
1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
2.კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, უიარაღოდ შეიკრიბონ როგორც დახურულ შენობაში, ჭერქვეშ, ისე გარეთ - ღია ცის ქვეშ დემონსტრაციების, მსვლელობების, მიტინგების, პიკეტების ჩატარებისა და სხვა ნებისმიერი გამოსვლების განხორციელების მიზნით. ხელისუფლების წინასწარ გაფრთხილება აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან, თუ შეკრებებს და მანიფესტაციებს აქვს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მაგალითად, შეიარაღებული, არამშვიდობიანი ხასიათი, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია მათი შეწყვეტა.
ამ უფლებით სარგებლობა შეზღუდული აქვთ პირებს, რომლებიც იმყოფებიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურების შემადგენლობაში. ამ უფლების შეზღუდვა განპირობებულია ამ კატეგორიის პირთა სამსახურის სპეციფიკურობიდან. შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესებს ადგენს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ,, საქართველოს კანონი.
![]() |
23 მუხლი 26 |
▲back to top |
1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.
2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
3. დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
4. დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა.
5. პირი, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.
6. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
გაერთიანების უფლება გულისხმობს მოქალაქეებისათვის საერთო პოლიტიკური ან იდეური შეხედულებების საფუძველზე ან გარკვეული პროფესიული ნიშნით, კანონის ფარგლებში, ნებისმიერი საზოგადოებრივი გაერთიანების, პროფესიული კავშირისა და პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლებას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციით იკრძალება მოქალაქეთა ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. კონსტიტუცია ასევე კრძალავს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნას, რადგან შეიარაღებული ფორმირებების შექმნა მხოლოდ სახელმწიფოს უფლებას წარმოადგენს და იგი ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დამნაშავეობასთან ბრძოლის ინტერესებს.
გაერთიანების უფლება გულისხმობს ყველა გაერთიანების თანასწორობისა და თავისუფალი საქმიანობის პრინციპს. საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში. მართალია, გაერთიანების უფლება გააჩნია ყველა მოქალაქეს, მაგრამ კონსტიტუცია ითვალისწინებს ასევე შეზღუდვებს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიის მიმართ. კერძოდ, პოლიტიკური გაერთიანების წევრობა შეუწყდება პირს, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, ან თუ გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად.
საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის წესები განსაზღვრულია ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და აკრძალვის შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონით, ,,პროფესიული კავშირების შესახებ,, საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
![]() |
24 მუხლი 28 |
▲back to top |
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.
არჩევნები და რეფერენდუმი ის დემოკრატიული მექანიზმებია, რომელთა საშუალებითაც ხალხი ახორციელებს თავის ხელისუფლებას. არჩევნების გზით მოქალაქეები ირჩევენ სახელმწიფოს უმაღლეს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო რეფერენდუმის, ანუ საყოველთაო-სახალხო კენჭისყრის საშუალებით მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ ნებას ამ თუ იმ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით და ამგვარი ნების გამოხატულებას შესასრულებლად სავალდებულო ძალა გააჩნია.
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან მინიჭებული აქვს აქტიური საარჩევნო უფლება, რაც ნიშნავს მოქალაქეთა უფლებას - აირჩიონ წარმომადგენლები სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებში. ასევე უფლებას, მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო-სახალხო კენჭისყრაში, ანუ რეფერენდუმში. აქტიური საარჩევნო უფლება შეზღუდული აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ და მოქალაქეებს, რომლებიც სასამართლოს განაჩენით იმყოფებიან სასჯელის აღსრულების დაწესებულებებში.
სახელმწიფო უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლინებას, რაც გულისხმობს ამომრჩევლის ნების დაცვას დაშინების, მუქარის და სხვა ნებისმიერი სახის ზეწოლისაგან. სახელმწიფო წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ მოქალაქეებმა არჩევნებსა და რეფერენდუმში ხმა მისცენ მხოლოდ თავიანთი შეხედულებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით - ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით” და ,,რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით.
![]() |
25 მუხლი 29 |
▲back to top |
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეს ანიჭებს თანაბარ უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად კანონით დადგენილია გარკვეული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქე, რათა დაიკავოს მითითებული თანამდებობა და ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, გააჩნიათ თანაბარი უფლებამ ამ თანამდებობის დასაკავებლად. კანონით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს ამა თუ იმ თანამდებობის დასაკავებლად წარმოადგენს განსაზღვრული ასაკი, სახელმწიფო ენის ცოდნა, შესაბამისი განათლება, რაც დაკავშირებულია ამ თანამდებობის სპეციფიკასთან, გარკვეული სტაჟისა და გამოცდილების ფლობა და ა.შ. დაუშვებელია მოქალაქისათვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა რაიმე ისეთი საფუძვლით, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობის საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
![]() |
26 მუხლი 30 |
▲back to top |
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.
შრომის თავისუფლება გულისხმობს მოქალაქის მიერ საკუთარი შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, საქმიანობის სახისა და პროფესიის თავისუფლად შერჩევას, ასევე იძულებითი მუშაობის აკრძალვას. მხოლოდ მოქალაქეს გააჩნია უფლება თავად გადაწყვიტოს - ჩაებას თუ არა შრომით საქმიანობაში, რომელი პროფესია და საქმიანობის სფერო აირჩიოს. არავის არ აქვს უფლება აუკრძალოს ან სხვაგვარად შეუზღუდოს მოქალაქეს ეს უფლება ან იძულებით ჩააბას იგი შრომით საქმიანობაში. თვით მსჯავრდებულიც კი, რომელიც დანაშაულისათვის სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწე სებულებაში, სარგებლობს შრომის თავისუფლებით. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს - უზრუნველყოს მოქალაქეთათვის შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები, შრომის სამართლიანი ანაზღაურება. სახელმწიფო სათვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანისა და ქალის შრომა, რომელთათვისაც კანონი ადგენს შრომის განსაკუთრებულ პირობებს. სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, რომ მოქალაქის შრომითი უფლებები დაიცვას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, რაც ხორციელდება შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე. შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი.
კონსტიტუციამ შრომის თავისუფლებისა და საბაზრო ეკონომიკის განმტკიცების მიზნით აღიარა თავისუფალი მეწარმეობა, კონკურენციის განვითარება და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა. მეწარმეობის თავისუფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, თავისუფლად გამოიყენოსაკუთარი შესაძლებლობები და ქონება სამეწარმეო საქმიანობისათვის. ამასთან, იგი გულისხმობს საწარმოების შექმნის უფლებას, წარმოების საშუალებების ფლობისა და განკარგვის, მიღებული მოგების დამოუკიდებლად განკარგვის უფლებას. ამ უფლების განმტკიცებით თავად სახელმწიფოც არის დაინტერესებული, ვინაიდან სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ თავისუფალი მეწარმეობის განვითარებაზეა დამოკიდებული, ამიტომ სახელმწიფო ხელს უწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას და, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, კრძალავს ამა თუ იმ საქმიანობის მონოპოლიზაციას. მეწარმეობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ”, ,,მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ”, ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ,, საქართველოს კანონებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
![]() |
27 მუხლი 32 |
▲back to top |
სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით.
შრომის თავისუფლება პიროვნებას ანიჭებს შესაძ ლებლობას თავად გადაწყვიტოს საკუთარი შრომის საკითხი, მაგრამ, როგორც წესი, შრომა ადამიანის ცხოვრებისა და მისი არსებობის აუცილებელი ფაქტორია. შრომის საშუალებით იღებს ადამიანი გასამრჯელოს და იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს. ამიტომ სახელმწიფო არა მხოლოდ იცავს მოქალაქის შრომით უფლებებს, არამედ ასევე კისრულობს ვალდებულებას, რათა ხელი შეუწყოს და დაეხმაროს მას დასაქმებაში, ხოლო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს კი უზრუნველყოფს საარსებო მინიმუმით.
კონსტიტუციით განმტკიცებულია სახელმწიფოს მოვალეობა, იზრუნოს შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რათა ყველა მსურველი უზრუნველყოს სამუშაო ადგილით. ამ საკითხებს არეგულირებს ,,დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონი.
![]() |
28 მუხლი 33 |
▲back to top |
გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს.
გაფიცვის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა მოქალაქეთა შრომითი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა სახის უფლებების დასაცავად. იგი გულისხმობს მუშა-მოსამსახურეების მიერ სამუშაოს კოლექტიურ შეწყვეტას და სახელმწიფოსადმი ან მეწარმეებისადმი ეკონომიკური (ხანდახან პოლიტიკურიც) მოთხოვნების წაყენებას. თუმცა, კონსტიტუცია გარკვეულწილად ითვალისწინებს გაფიცვის უფლების შეზღუდვასაც. კერძოდ, გაფიცვის უფლება არ გააჩნიათ სამხედრო მოსამსახურეებს, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს. ამგვარი შეზღუდვა განპირობებულია სახელმწიფოს ინტერესებით, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო უშიშროების ან პოლიციის თანამშრომელთა გაფიცვამ შესაძლებელია გამოიწვიოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, დანაშაულებების გააქტიურება, სახელმწიფო უშიშროების ხელყოფა და სხვა უმართავი პროცესები.
გაფიცვა ითვლება კანონიერად, თუ იგი დაიწყო და ჩატარდა კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი სასამართლო წესით ცნობილ იქნება უკანონოდ და ასეთ გაფიცვაში მონაწილეობა გამოიწვევს დამნაშავე პირების პასუხისმგებლობას.
![]() |
29 მუხლი 35 |
▲back to top |
1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან.
3. სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს სახელმწიფო. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიიღონ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება.
4. სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
განათლების უფლება მოქალაქეთა ერთ-ერთი არსებითი სოციალური უფლებაა და იგი ქმნის როგორც მისი პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების განვითარების წინაპირობებს. განათლების უფლება მოიცავს უფასოდ სახელმწიფო სასწავლებლებში დაწყებითი, საშუალო, სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღების უფლებას, განათლების საყოველთაობას, მშობლებისმიერ თავიანთი ბავშვებისათვის სწავლების ფორმის (რელიგიური, საერო) შერჩევის შესაძლებლობას, კერძო სასწავლო დაწესებულებების ჩამოყალიბების უფლებას. ამასთან, დაშვებულია სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლებლებში როგორც უფასო, ისე ფასიანი სწავლების ფორმები. კონსტიტუცია განათლების უფლებას განამტკიცებს მშობელთა მოვალეობით, რათა მათ უზრუნველყონ შვილებისათვის დაწყებითი განათლების მიღება. იგი სავალდებულოდ აცხადებს დაწყებით და საბაზო განათლებას. რაც შეეხება საშუალო და უმაღლეს განათლებას, მისი მიღება პიროვნების სურვილსა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სახელმწიფო ქმნის სკოლამდელი აღზრდის პირობებს, რაც გულისხმობს ყველასათვის ხელმისაწვდომ ბავშვთა უფასო ბაგა-ბაღების ფუნქციონირებას. განათლებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ,,განათლების შესახებ”, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონებით.
![]() |
30 მუხლი 36 |
▲back to top |
1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახის შექმნას. კონსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას.
ქორწინების ნებაყოფლობა გულისხმობს ქორწინებას მხოლოდ ორივე მეუღლის ნების შესაბამისად. თუ ქორწინება შედგა იძულების, დაშინების ან მოტყუების შედეგად, ასეთი ქორწინება უკანონოა და იგი ბათილად გამოცხადდება.
მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეებს გააჩნიათ თანაბარი უფლებები და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები. დაქორწინებისას და საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება მეუღლეთა უფლებების შეზღუდვა, რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიხედვით.
კონსტიტუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დედათა და ბავშვთა უფლებებს და ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ მან კანონებში ასახოს და განამტკიცოს ეს უფლებები. საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებისას წარმოშობილ საკითხებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
![]() |
31 მუხლი 37 |
▲back to top |
1. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.
2. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას.
3. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.
4. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას.
5. ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.
ადამიანის ჯანმრთელობა ისეთივე ხელშეუვალი ღირებულებაა, როგორც სიცოცხლე. დაუშვებელია ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რაც უნდა მძიმე დანაშაული ჩაიდინოს მან. კონსტიტუცია განამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას და ამ უფლების რეალიზების ერთ-ერთ მექანიზმად მიიჩნევს ჯანმრთელობის დაზღვევას, როგორც მოქალაქისათვის ხელმისაწვდომ სამედიცინო დახმარების საშუალებას.
ჯანმრთელობის დაზღვევის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქე სოციალური დაზღვევის ორგანოებთან დებს ხელშეკრულებას სამედიცინო მომსახურების შესახებ და უხდის მას გაცილებით მცირე ოდენობის სადაზღვევო თანხას, ვიდრე რეალურად საჭიროა ამა თუ იმ სახის სამედიცინო მომსახურებისათვის. მაშინ, როდესაც მოქალაქეს დასჭირდება სამედიცინო მომსახურება, იგი სამედიცინო დაწესებულებას უხდის სამედიცინო მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილს ან საერთოდ არ იხდის, ხოლო ამ მომსახურების ღირებულების დანარჩენ ნაწილს ან სრულად იხდიან სოციალური დაზღვევის ორგანოები, თუმცა კონსტიტუციის იგივე მუხლი ითვალისწინებს, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრულ პირობებში უფასო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფასაც.
გარდა ამისა, სახელმწიფო იტოვებს უფლებას - აკონტროლოს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, სამკურნალო საშუალებები და ამ საშუალებებით ვაჭრობა, რაც ისევ და ისევ ადამიანის ჯანმრთელობის სრულფასოვნად დაცვისა და მაღალხარისხოვანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნებს ემსახურება, ვინაიდან არაკვალიფიციური და უხარისხო სამედიცინო მომსახურება შეიძლება გახდეს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებისა და სიცოცხლის საფრთხის შექმნის მიზეზიც კი. სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და სამკურნალო საშუალებების წარმოებისათვის ადგენს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო გასცემს სპეციალურ ნებართვას - ლიცენზიას და გარკვეული პერიოდულობით აკონტროლებს აღნიშნული პირობების შესრულებას.
ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს და შრომობს ადამიანი. ამიტომ სახელმწიფო, გარდა იმისა, რომ კისრულობს ვალდებულებას - აცხოვროს ადამიანი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში, ასევე ავალდებულებს ყველას, გაუფრთხილდნენ და დაიცვან ბუნებრივი გარემო. კონსტიტუცია მოქალაქეს უფლებას ანიჭებს, მიიღოს სრული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი, მაგრამ, ამავე დროს, ბუნებრივი გარემოს ხელყოფისა და მისი არარაციონალური გამოყენებისათვის აწესებს შესაბამის პასუხისმგებლობასაც.
ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, ,,სამედიცინო დაზღვევის შესახებ”, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ”, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” და ,,პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონებით.
![]() |
32 მუხლი 38 |
▲back to top |
1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
საქართველოში, გარდა ქართველებისა, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, ცხოვრობენ მრავალი ეროვნების წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთი კულტურა, ენა და რელიგია გააჩნიათ. საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ამ კატეგორიის მოქალაქეთა სრულ თანასწორობას კონსტიტუციისა და კანონის წინაშე. კონსტიტუცია მათ უფლებას ანიჭებს თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, შექმნან შემოქმედებითი ნაწარმოებები, გაერთიანდნენ სათვისტომოებში, ისარგებლონ დედაენით როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საჯაროდ, მიიღონ განათლება თავიანთ ენაზე. ამ სახის უფლებები და გარანტიები ემყარება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მაგრამ ამავე ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. მათ არა აქვთ უფლება მოითხოვონ ავტონომია, საქართველოს სახელმწიფოდან გამოყოფა და ა.შ. მათი უფლებების დაცვა და რეალიზება უნდა ხდებოდეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების ფარგლებში და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას.
![]() |
33 მუხლი 40 |
▲back to top |
1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საერთაშორისო სამართალში საყოველთაოდ აღიარებულია პრინციპი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის სახელით არის ცნობილი. ამ პრინციპს აღიარებს ყველა დემოკრატიული სახელმწიფო და მათ შორის საქართველოც, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი.
უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოქალაქეთა უფლებების კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ გარანტიას წარმოადგენს და მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არც ერთი მოქალაქე არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. მოქალაქის ბრალეულობა უნდა დაამტკიცოს ბრალდების ორგანომ.
როდესაც ჩადენილია დანაშაული და პირი ბრალდებულად არის ცნობილი ამ დანაშაულში, იგი მაინც უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ სასამართლო განაჩენით არ ცნობს მას დამნაშავედ და ეს განაჩენი არ შევა კანონიერ ძალაში, სასამართლოს განაჩენი კი ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ამოიწურება მისი გასაჩივრების ვადა.
სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანას წინ უძღვის ისეთი პროცესები, როგორებიცაა წინასწარი გამოძიება და საქმის სასამართლო განხილვა. ეს პროცესები დარეგულირებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა უნდა მოხდეს სწორედ ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაუცველობა კი შეიძლება გახდეს ზემდგომი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულება უტყუარად უნდა მიუთითებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას და ამ მხრივ არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. თუკი მტკიცებულება ასეთ ეჭვს იწვევს, მაშინ საკითხი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სწორედ აღნიშნულ კონსტიტუციურ ნორმებს ემყარება.
![]() |
34 მუხლი 42 |
▲back to top |
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
3. დაცვის უფლება გარანტირებულია.
4. არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
5. არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
6. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთივე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.
7. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
8. არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.
9. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.
ყველა ადამიანს კონსტიტუცია ანიჭებს გარკვეულ უფლებებსა და თავისუფლებებს და ამ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის გარანტს თავად სახელმწიფო წარმოადგენს. ბუნებრივია, ამ გარანტიების რეალიზება საჭიროებს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შექმნას, რათა არსებობდეს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ისეთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც დაადგენს - დაირღვა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის ესა თუ ის უფლება, ვინ დაარღვია და რა სახის სასჯელი თუ სხვა რაიმე ღონისძიება უნდა დაეკისროს დამრღვევს. ასეთ ორგანოს წარმოადგენს სასამართლო. შესაბამისად, კონსტიტუცია ყველა ადამიანს ანიჭებს უფლებას, მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული უფლებების დასაცავად.
სასამართლო წესით დაცვის უფლება, შეიძლება ითქვას, დაცვის უფლებაც არის და მისი უფლებების დაცვის გარანტიაც. ყველა ადამიანს შეუძლია მიმართოს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს, მაგრამ, თავის მხრივ, სასამართლომ უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ მოქალაქეთა საქმეები, რომლებიც ექვემდებარებიან მის იურისდიქციას. თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილია, რომ ამა თუ იმ კონკრეტული დანაშაულის საქმე უნდა განიხილოს რომელიმე კონკრეტულმა რაიონულმა სასამართლომ, მაშინ სხვა რაიონული სასამართლო ამ საქმეს ვერ განიხილავს, რადგან ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება უკანონო. გარდა ამისა, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ყველა ადამიანმა ისარგებლოს დამცველის - ადვოკატის მომსახურებით.
მნიშვნელოვან კონსტიტუციურ გარანტიას წარმოადგენს ის გარემოება, რომ თუ ადამიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ და გარკვეული სახის სასჯელი დაედო, დაუშვებელია მას იმავე დანაშაულისათვის ხელმეორედ დაედოს მსჯავრი.
კანონის უკუძალა ნიშნავს მისი მოთხოვნების გავრცელებას მის მიღებამდე არსებულ ურთიერთობებზე. როგორც წესი, კანონის მოთხოვნები ვრცელდება მისი მიღების შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებზე. მაგრამ შესაძლებელია, კანონს მიენიჭოს უკუძალა იმ შემთხვევაში, თუ იგი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას. ამასთან, არ შეიძლება ადამიანი დაისაჯოს ისეთი მოქმედებისათვის, რომელიც დანაშაულად არ ითვლებოდა მისი ჩადენის დროს და მხოლოდ მისი ჩადენის შემდგომ გამოაცხადა სახელმწიფომ ეს მოქმედება დანაშაულებრივად. გარდა ამისა, თუ ადამიანი სასჯელს იხდის რაიმე დანაშაულისათვის და სასჯელის მოხდის პერიოდში სახელმწიფომ გამოსცა კანონი, რომლითაც ეს მოქმედება აღარ ითვლება დანაშაულად, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან. ეს საკითხები განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
ბრალდებულს უფლება აქვს, თავისი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, წარმოადგინოს მოწმეები, რომელთა ჩვენებას არსებითი მნიშვნელობა ექნება მისი ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას. მოწმეები, რომელთა ჩვენებაც ბრალდებულის ინტერესთა დასაცავად არის მიმართული, იმავე პირობებში უნდა იქნენ გამოძახებულნი და დაკითხულნი, როგორც ბრალდების მოწმეები. დაუშვებელია მათთვის რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება ჩვენების მიცემისას, მტკიცებულების წარმოდგენისას და ა.შ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუციის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. ყოველი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მტკიცებულების მოპოვებას, უნდა განხორციელდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, ხოლო მტკიცებულება, რომელიც ამ მოთხოვნათა დაცვის გარეშეა მოპოვებული, მხედველობაში არ მიიღება, მიუხედავად იმისა, ამხელს პირს დანაშაულში თუ ამართლებს მას.
დანაშაულის გახსნისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოწმის ჩვენებას. ამიტომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მოწმე ვალდებულია მისცეს ჩვენება. ამასთან, ცრუ ჩვენების მიცემისათვის დადგენილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუმცა კონსტიტუცია ადამიანს ანიჭებს უფლებას არ მისცეს ჩვენება თავის ან თავისი იმ ახლობლების წინააღმდეგ, რომელთა წრეც განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
ადამიანის უფლებები შეიძლება დაარღვიოს არა მარტო სხვა ადამიანმა, არამედ თვითონ სახელმწიფომაც, ამიტომ კონსტიტუცია ყველა ადამიანს უქმნის იმის გარანტიას, რომ მას სახელმწიფო სახსრებიდან, სასამართლო წესით, სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალი.
![]() |
35 მუხლი 44 |
▲back to top |
1. საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.
უფლებებისა და თავისუფლებების გარდა, მოქალაქეებს ასევე გააჩნიათ გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. ისევე, როგორც სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, ასევე მოქალაქეც ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნები. ამასთან, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები. თუ მოქალაქე არ ასრულებს კონსტიტუციისა და კანონების მოთხოვნებს, ეს შეიძლება გახდეს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვის საფუძველი.
![]() |
36 მუხლი 48 |
▲back to top |
საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი, როგორც ერთიანი კოლეგიური ორგანო, კომპლექტდება ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისაგან და იგი გამოხატავს ხალხის ნებას. იგი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, ანუ მხოლოდ პარლამენტია უფლებამოსილი გამოსცეს კანონები, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფოში საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროს. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელთა განსაზღვრის უფლებამოსილება გააჩნია პარლამენტს, სწორედ ამ კანონებში აისახება. გარდა ამისა, პარლამენტი კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას, თუ რამდენად ახორციელებს მთავრობა პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
![]() |
37 მუხლი 49 |
▲back to top |
1. პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 100 და მაჯორიტარული სისტემით არჩეული 50 პარლამენტის წევრისაგან.
2. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.
3. პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.
4. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება, წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით, შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე.
პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 100 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 50 პარლამენტის წევრისაგან. არჩევნების საყოველთაობა გულისხმობს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობს ყველა საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, თანასწორობა კი ნიშნავს იმას, რომ ყველა ამომრჩევლის ხმას აქვს თანაბარი ძალა - უპირატესი ხმის უფლება არ გააჩნია არც ერთ ამომრჩეველს, მიუხედავად მისი ქონებრივი, თანამდებობრივი თუ სხვა რაიმე მდგომარეობისა, ხოლო არჩევნების პირდაპირობა ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი უშუალოდ აძლევს ხმას ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა თუ კანდიდატს. არჩევნები ტარდება ფარულად. სახელმწიფო ქმნის პირობებს, რათა ამომრჩევლის ნება არ გახდეს სხვათათვის ცნობილი და მასზე არ მოხდეს რაიმე სახის ზეწოლა.
პროპორციული საარჩევნო სისტემა არჩევნების ისეთი ფორმაა, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს და ისინი პარლამენტში ადგილებს მოიპოვებენ საარჩევნო სიის მიხედვით, მათ მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის პროპორციულად. მაჟორიტარული წესით, არჩევნების დროს ამომრჩევლები ქვეყნის ამა თუ იმ ნაწილში ხმას აძლევენ კონკრეტულ კანდიდატს და პარლამენტის წევრი ხდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების უმრავლესობას ამ ტერიტორიულ ერთეულში.
კონსტიტუცია ადგენს მინიმალურ ასაკს, რომლიდანაც შეიძლება საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი. მინიმალური ასაკი 25 წელია.
პარლამენტის ორგანიზაციული მოწყობა (ხელმძღვანელი ორგანოების, კომიტეტების, ფრაქციების შექმნისა და ფუნქციონირების წესი) და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
ყველა სახელმწიფო დაწესებულებას, თავისი ფუნქციების შესასრულებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, გამოეყოფა განსაზღვრული თანხა. ამ მხრივ, კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტს მყარ ფინანსურ გარანტიებს უქმნის, რაც იმაში გამოიხატება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის განკუთვნილი თანხის შემცირება, წინა წლის ოდენობასთან შედარებით, შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. ამასთან, პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილების თაობაზე.
![]() |
38 მუხლი 50 |
▲back to top |
1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის ინიციატივაც დადასტურებულია არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის, მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში - პირს, რომლის წარდგენის ინიციატივა დადასტურებულია 1000 ხელმოწერით მაინც, ან რომელიც ბოლო არჩევნებით იყო პარლამენტის წევრი.
2. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 7 პროცენტს მაინც.
3. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების გასვლამდე არაუგვიანეს 15 დღისა. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან არაუადრეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა.
31. პარლამენტი საქმიანობას წყვეტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან. პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე დათხოვნილი პარლამენტი იკრიბება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამტკიცების, ანდა საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად. თუ პარლამენტი არ შეიკრიბა 5 დღის განმავლობაში ან არ დაამტკიცა (გააგრძელა) საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება, მაშინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უქმდება. საომარი მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, თუ პარლამენტი შეკრებიდან 48 საათში არ დაამტკიცებს საომარი მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას. პარლამენტის შეკრება არ იწვევს პარლამენტის წევრების საპარლამენტო თანამდებობების და ხელფასების აღდგენას. პარლამენტი წყვეტს საქმიანობას ზემოაღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
4. პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე.
5. პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.
პარლამენტი, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, თავისი არსით, პოლიტიკური ორგანოა, ამიტომ ბუნებრივია, რომ მისი დაკომპლექტება ხდება პოლიტიკურ გაერთიანებათა წარმომადგენლებით. კონსტიტუცია ზედმიწევნით ადგენს იმ წესებს, რომელთა მიხედვითაც ხდება საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგენს მხარდამჭერ ამომრჩეველთა 50 000 ხელმოწერას ან ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი არის მოქმედი პარლამენტის წევრი. პოლიტიკური გაერთიანების არჩევა პარლამენტში ხდება პროპორციული საარჩევნო სისტემით.
რაც შეეხება მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, ამ შემთხვევაში ხმის მიცემა ხდება არა პოლიტიკური გაერთიანების, არამედ კონკრეტული კანდიდატისათვის. იმისათვის, რომ პირი დარეგისტრირდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, იგი უნდა იყოს ან მოქმედი პარლამენტის წევრი, ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა 1000 ხელმოწერა.
არჩევნების შედეგად, პარლამენტში სადეპუტატო ადგილებს მოიპოვებს ის პოლიტიკური გაერთიანება ან საარჩევნო ბლოკი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 7 პროცენტს მაინც. ამასთან, მის მიერ მიღებული სადეპუტატო ადგილების რაოდენობა განისაზღვრება არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ სისტემას პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაჟორიტარულ არჩევნებში კი პარლამენტის წევრი ხდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ამ ტერიტორიული ერთეულის ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობას.
კონსტიტუცია ასევე დაწვრილებით აყალიბებს არჩევნების ჩატარების ვადებს. იგი უნდა ჩატარდეს წინა პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 დღისა, მაგრამ თუ ეს პერიოდი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, მაშინ არჩევნები უნდა ჩატარდეს მათი გაუქმების შემდეგ, გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა. თავად არჩევნების დღის დანიშვნის უფლება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც არჩევნების თარიღს განსაზღვრავს არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. თუ პარლამენტი ვადამდე იქნა დათხოვნილი, მაშინ პრეზიდენტმა არჩევნები უნდა დანიშნოს დათხოვნიდან არაუადრეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა.
პარლამენტის უფლებამოსილება წყდება მას შემდეგ, რაც შეიკრიბება ახალარჩეული პარლამენტი და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურებით გახსნის სხდომას.
საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით - ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით”.
![]() |
39 მუხლი 69 |
▲back to top |
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
2. საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად.
3. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.
საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. იგი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ამ ფუნქციების შესასრულებლად პრეზიდენტს მინიჭებული აქვს ისეთი უფლებამოსილებები, როგორებიცაა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება, უცხოეთის სახელმწიფოებთან მოლაპარაკების წარმოება, პარლამენტის თანხმობით საქართველოს ელჩებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლების დანიშვნა და გათავისუფლება, კონსტიტუციური შეთანხმების დადება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, პრემიერ-მინისტრის დანიშვნა, პრემიერ-მინისტრისათვის მთავრობის წევრის - მინისტრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, მთავრობის გადაყენება, საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება, მსჯავრდებულის შეწყალება და სხვა. ამავე დროს, პრეზიდენტი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
![]() |
40 მუხლი 70 |
▲back to top |
1. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.
3. პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას ან საინიციატივო ჯგუფს. კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
4. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
5. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ორი კვირის თავზე იმართება არჩევნების მეორე ტური.
6. არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველტურში უკეთესი შედეგის მქონე ორ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
7. თუ არჩევნები ჩატარებულად არ გამოცხადდა, ან ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა, ან მეორე ტურში არ აირჩა პრეზიდენტი, ორი თვის ვადაში იმართება ხელახალი არჩევნები.
8. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება.
9. პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ეწყობა წინა არჩევნების ჩატარებიდან მეხუთე წლის აპრილის მეორე კვირა დღეს.
10. პრეზიდენტის არჩევნების წესი და პირობები, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.
საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალის თანამდებობა, არჩევითია და მას 5 წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევენ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, კონსტიტუცია მიუთითებს იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
იმისათვის, რომ ესა თუ ის პირი არჩეულ იქნას პრეზიდენტად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციით დადგენილ გარკვეულ მოთხოვნებს. კერძოდ, პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს აუცილებლად დაბადებით საქართველოს მოქალაქე, უნდა გააჩნდეს საარჩევნო უფლება, უნდა იყოს არანაკლებ 35 წლისა, უნდა იყოს საქართველოში ნაცხოვრები მინიმუმ 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღისათვის ცხოვრობდეს საქართველოში.
პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლებას კონსტიტუცია ანიჭებს როგორც მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, ასევე საინიციატივო ჯგუფს. საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს, რომელთაც სურვილი აქვთ წარადგინონ პრეზიდენტობის თავიანთი კანდიდატი, ამისათვის კი მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ ამ კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა მინიმუმ 50 000 ხელმოწერა.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად, პირველ რიგში საჭიროა, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს. ამისათვის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ნახევარზე მეტმა, ხოლო თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, გამარჯვებულად ცხადდება პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა.
ზოგჯერ არჩევნებში მონაწილეობს რამდენიმე კანდიდატი და ამომრჩეველთა ხმები ისე ნაწილდება, რომ ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს გამარჯვებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას. ასეთ შემთხვევაში, ორი კვირის თავზე უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმების რაოდენობის მქონე მხოლოდ ორი კანდიდატი, გამარჯვებულად კი ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების მეტ რაოდენობას მიიღებს.
კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. ეს ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც არჩევნები არ გამოცხადდა ჩატარებულად, ანუ მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებმა, ან ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა, ან მეორე ტურში არ აირჩა პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ორი თვის ვადაში.
კონსტიტუციით განსაზღვრულია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების კონკრეტული თარიღი - წინა არჩევნების ჩატარებიდან მეხუთე წლის აპრილის მეორე კვირა დღე, თუმცა კონსტიტუცია იქვე მიუთითებს, რომ არჩევნები არ ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.
ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით - ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით”.
![]() |
41 მუხლი 82 |
▲back to top |
1. სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულებისა და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით.
2. სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
3. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.
4. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.
5. საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების ერთ-ერთ დამოუკიდებელ შტოს წარმოადგენს და მისი უფლებამოსილებები მკაცრად არის გამიჯნული ხელისუფლების სხვა შტოებისაგან.
საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლს ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი კონსტიტუციას, რამდენად კონსტიტუციურად ჩატარდა არჩევნები და ა.შ.
მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებაა უფლებამოსილი განახორციელოს სახელმწიფოში მართლმსაჯულება. მართლმსაჯულება სახელმწიფოს საქმიანობის ისეთი სახეა, რომელიც მიმართულია სამართლის ნორმების რეალურ ან სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებული სხვადასხვა კონფლიქტის განხილვისა და გადაწყვეტისაკენ. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გამოხატავს სახელმწიფოს პოზიციას კონკრეტულ სადავო საკითხთან დაკავშირებით და მისი გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეუძლია ისევ და ისევ სასამართლოს.
იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა, რომ იგი არ იყოს საქმის შედეგებით დაინტერესებული. ამიტომ, კონსტიტუცია განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია სასამართლოს საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა, მათ შორის სახელმწიფოს სხვა ორგანოებისა თუ თანამდებობის პირთა მხრიდან. ამგვარი ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, მიჩნეულია დანაშაულებრივ ქმედებად და დადგენილია შესაბამისი სასჯელის ზომა.
სასამართლოების სისტემა და ორგანიზაცია, მისი დამოუკიდებლობის გარანტიები მოცემულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ” და ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონებით.
![]() |
42 მუხლი 98 |
▲back to top |
1. თავდაცვითი ომი საქართველოს სუვერენული უფლებაა.
2. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად, საქართველოს ჰყავს სამხედრო ძალები.
3. სამხედრო ძალების სახეობები და შემადგენლობა განისაზღვრება კანონით. სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, რაოდენობას კი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით - პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რაც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო აქტებით. ამიტომ, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებს, საქართველოსაც გააჩნია უფლება, თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჰყავდეს სამხედრო ძალები. საქართველოს თავდაცვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობაა, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის, ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვას შეიარაღებული თავდასხმისაგან. საქართველოს თავდაცვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.
თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს სამხედრო ძალები გააჩნია არა მხოლოდ თავდაცვის მიზნით, არამედ საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლადაც. ამგვარი ვალდებულების ერთ-ერთი სახე შეიძლება იყოს სამხედრო ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა, რასაც განსაზღვრავს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ” საქართველოს კანონი.
![]() |
43 მუხლი 102 |
▲back to top |
1. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ:
ა) პრეზიდენტს;
ბ) პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს;
გ) არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.
2. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი.
4. კონსტიტუციის 68-ე მუხლით გათვალისწინებული წესით კონსტიტუციის გადასინჯვის კა ნონს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.
სახელმწიფოში ყოველგვარი საზოგადოებრივი ურთიერთობა რეგულირდება ამა თუ იმ კანონით, რომელსაც საფუძვლად უდევს კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს უზენაესი კანონი, თუმცა დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი ურთიერთობები ვითარდება და ზოგ შემთხვევაში იცვლის სახესა და ფორმას. ამიტომ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს კანონმდებლობის, მათ შორის კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხი.
საქართველოს კონსტიტუცია თავად განსაზღვრავს, თუ როგორი წესით არის შესაძლებელი მისი გადასინჯვა და მასში ცვლილებების შეტანა. კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს. კონსტიტუციური კანონპროექტი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, რომელიც, სხვა სახის კანონპროექტებისაგან განსხვავებით, აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის, რათა მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ მას, გამოთქვან თავიანთი აზრი კანონპროექტთან დაკავშირებით. ამისათვის კონსტიტუცია ადგენს ერთთვიან ვადას, რომლის ამოწურვის შემდეგაც საქართველოს პარლამენტი იწყებს კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვას.
იმისათვის, რომ პარლამენტში მიღებულ იქნას კონსტიტუციური კანონპროექტი, საჭიროა, მას ხმა მისცეს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორმა მესამედმა. მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, იგი, ისევე როგორც სხვა კანონპროექტი, 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. კანონის ძალაში შესვლა ხდება მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ.
ამჯერად, ჩვენ შევეცადეთ მიმოგვეხილა საქართველოს ძირითადი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის ის უმნიშვნელოვანესი დებულებები, რომელთა გაცნობაც ნებისმიერ თქვენგანს მისცემს საშუალებას, უკეთ გააცნობიეროს ის უფლებები და ვალდებულებები, რომელსაც გვანიჭებს და გვაკისრებს საქართველოს კონსტიტუცია. აღნიშნული კი საბოლოო ჯამში უდავოდ დიდ და დადებით როლს შეასრულებს როგორც თითოეული თქვენგანის, ასევე იმ ქვეყნის შემდგომი განვითარების, წინსვლისა და სრულყოფის საქმეში, რომლის მომავალიც თქვენ უნდა აშენოთ.
ამასთანავე, გავითვალისწინეთ ისიც, რომ კონსტიტუცია შეიცავს ბევრ ისეთ ტერმინს, რომელიც შესაძლოა, თქვენთვის უცხოა და გთავაზობთ თქვენთვის საინტერესო მოკლე ლექსიკონსაც.
![]() |
44 საქართველოს კონსტიტუციაში გამოყენებული უცხო სიტყვების ლექსიკონი |
▲back to top |
ადგილობრივი თვითმმართველობა - საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში, აგრეთვე იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულების მიღება, მასში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მის შესრულებაზე; დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, შესრულება და კონტროლი; ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია; კომუნალური მეურნეობა და ა.შ.
ადმინისტრაცია (ლათ. Administracio მართვა-გამგებლობა) - 1. ფართო გაგებით, სახელმწიფოს მართვის მთელი საქმიანობა. ადმინისტრაციას შეადგენს სახელმწიფოს აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოები. 2. ქვეყნის ცალკეული ნაწილების მმართველობა.
ავტოკეფალიური ეკლესია (ბერძნ. autos თვით და kephale თავი) - დამოუკიდებელი ქრისტიანულ-მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც იერარქიულად ცალკე ერთეულია, ანუ ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან.
საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს სამოციქულო საყდარს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს. იგი V საუკუნიდან არის ავტოკეფალიური და მისი სასულიერო ადმინისტრაციული ცენტრი და კათედრაა მცხეთა, საპატრიარქო კათედრები, აგრეთვე, თბილისი და ბიჭვინთა.
ავტონომიური რესპუბლიკა - სახელმწიფოს შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე შექმნილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელსაც თუმცა დამოუკიდებლობა არ გააჩნია, მაგრამ აქვს თავისი ტერიტორია, კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, სასამართლო და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტიკა.
ამჟამად, საქართველოს შემადგენლობაშია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებულია სეპარატისტებისა და უცხო ძალების მიერ და მიმდინარეობს მშვიდობიანი ბრძოლა მისი დაბრუნებისა და იქ საქართველოს იურისდიქციის აღსადგენად.
აკრედიტაცია (ლათ. Accredo ვენდობი) - დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან სამთავრობათაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციასთან სახელმწიფოს წარმომადგენლობის დანიშვნის პროცესი, რაც ასეთი უფლებამოსილების შესახებ შესაბამისი აქტის ჩაბარებასაც მოიცავს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანდა საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა.
ამნისტია (ბერძ. amnestia დავიწყება /დანაშაულისა, წყენისა/, პატიება) - დამნაშავის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე, მსჯავრდადებულის გათავისუფლება სასჯელისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ, ან საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრულ პირთა მიმართ.
არჩევნები - 1. საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა კენჭისყრით; 2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასაჯარო დაწესებულების, ორგანიზაციის კოლეგიური ორგანოს ან თანამდებობის პირის არჩევა. არჩევნების მეშვეობით მოქალაქეები ახორციელებენ სახელმწიფოს ან დაწესებულების, ორგანიზაციის მართვა-გამგებლობაში მონაწილეობის უფლებას.
არჩევნები შეიძლება იყოს საყოველთაო და ნაწილობრივი, საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო, მორიგი, დამატებითი, განმეორებითი, პირდაპირი და არაპირდაპირი, პროპორციული და მაჟორიტარული და ა.შ.
ატესტაცია (ლათ. attestacio მოწმობა) - მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან.
აქტი - სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ოფიციალური დოკუმენტი (კანონი, ბრძანებულება, დეკრეტი, დადგენილება და ა.შ.)
აღმასრულებელი ხელისუფლება - ორგანოთა სისტემა, რომელიც აღმასრულებელ-განმკარგულებელი ხასიათისაა და ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას, კანონების შესრულების ორგანიზაციულ-ოპერატიული ფორმით.
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები შეიძლება დაიყოს:
ა. ტერიტორიული მოქმედების მიხედვით - საერთო-სახელმწიფოებრივი ორგანოები; რეგიონალური ორგანოები და ადგილობრივი ორგანოები;
ბ. უფლებამოსილების მიხედვით - საერთო და სპეციალური კომპეტენციის;
სპეციალური კომპეტენციის ორგანო შეიძლება დაიყოს დარგობრივ და ფუნქციონალურ ორგანოებად.
აღმსარებლობა - ესა თუ ის რელიგია, ამა თუ იმ რწმენის მიმდევრობა.
აცილება - განცხადება ვისიმე კანდიდატურის მოხსნის შესახებ, ვისიმე არდაშვების შესახებ რამეში მონაწილეობის მისაღებად.
სისხლის სამართლის პროცესსა და სამოქალაქო პროცესში პროცესის ზოგიერთი მონაწილის საქმის წარმოებისაგან ჩამოშორება სასამართლო განხილვისა და წინასწარი გამოძიების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მიზნით. მოსამართლე, მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი, სასამართლო სხდომის მდივანი, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი და დამსწრე მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქმის წარმოებაში, თუ არის კანონით გათვალისწინებული გარემოებები, რაც საეჭვოს ხდის მათ ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.
ბანკი (ფრანგ. banque) - განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც ახდენს ფიზიკური და იურიდიული პირების ფულადი სახსრების თავმოყრას, კრედიტების გაცემას, ფულად ანგარიშსწორებას, საბანკო ანგარიშების გახსნას და კანონით გათვალისწინებულ სხვა ფინანსურ ოპერაციებს.
ბიუჯეტი (ფრანგ. budget < ინგლ.) - სახელმწიფოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვა დროის გარკვეული მონაკვეთისათვის. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმა.
ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომლებიც ხმარდება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური, საგარეო-ეკონომიკური, ქვეყნის თავდაცვისა და სუვერენული ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს, აგრეთვე საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებას.
საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის ქვეყნის ბიუჯეტების ერთიანობა, რომელიც ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას, ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იურიდიულ ნორმებს.
ბრალდება - 1. სისხლის სამართლის პროცესში კანონით უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების საქმიანობა, მიმართული სისხლისსამართლებრივი ფუნქციის განსახორციელებლად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად. 2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში, საბრალდებო დასკვნაში, სამართალში მიცემის დადგენილებაში (განჩინებაში) და გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული საბრალდებო თეზისის შინაარსი.
ბრალდებული - სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც კანონით დადგენილი წესით გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
ბრალდებულს, რომელიც მიცემულია სამართალში, ეწოდება განსასჯელი, ხოლო რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი - მსჯავრდებული.
ბრალმდებელი - პირი, რომელიც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი.
ბრძანება - 1. სახელმწიფო მმართველობის ორგანოს თუ დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც გამოიცემა კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად; 2. სამხედრო მეთაურის წერილობითი ან სიტყვიერი განკარგულება ხელქვეითის მიმართ, რომელიც მისთვის შესასრულებლად სავალდებულოდ ითვლება.
ბრძანებულება - სახელმწიფოს მეთაურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი რაიმე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაწესრიგებლად თუ გადასაწყვეტად.
გადასახადი - არის საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ბიუჯეტებში სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საქართველოში მოქმედებს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება:
საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, სოციალური გადასახადი.
ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნება:
ქონების გადასახადი, სათამაშო ბიზნესის გადასახადი.
განაჩენი - პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი. განაჩენი შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან. განაჩენი იწერება სათათბირო ოთახში და დაუყოვნებლივ ცხადდება სასამართლო სხდომის დარბაზში.
განკარგულება - აღმასრულებელი ხელისუფლების კანონქვემდებარე აქტი, რომელიც აწესრიგებს ან წყვეტს რაიმე კონკრეტულ საკითხს.
გარანტია (ფრანგ. garantie) - პირობა, რომელიც უზრუნველყოფს რისამე წარმატებას; საწინდარი; თავდებობა; პასუხისმგებლობა; უზრუნველყოფა.
გაფიცვა - ორგანიზებული მასობრივი შეწყვეტა მუშაობისა, რათა აიძულონ საწარმოს მეპატრონეები (ან ხელისუფლება) დააკმაყოფილონ გაფიცულთა მოთხოვნები. გაფიცვა ან ეკონომიკურია, ან პოლიტიკური. ხშირად გაფიცვას თან ახლავს დემონსტრაციები.
გენერალური პროკურორი - საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თანამდებობაზე ნიშნავს პარლამენტი.
გენერალური პროკურორი: კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას; პირადად ან გენერალური პროკურატურის მეშვეობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, პროკურატურის კოლეგიის წევრებს, პროკურატურის მუშაკებს; აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში ჩამოთვლილი პირების, პარლამენტის წევრის, სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალების იმ ოფიცრების მიმართ, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულნი არიან საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიერ; ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და მთავრობის წევრების მიერ დანაშაულის ჩადენისას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სპეციალურ წოდებებს; წარმოადგენს საქართველოს პროკურატურას სახელმწიფო უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანოებთან და უცხო სახელმწიფოების სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობაში ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
დადგენილება - სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი, დოკუმენტი.
დაზღვევა - ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმულირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას.
დაკავება - თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება თუ არსებობს საკმაო საფუძველი, ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად.
დაკითხვა - საგამოძიებო და სასამართლო მოქმედება, რაც ნიშნავს პირის გამოკითხვას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ. მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის და სხვათა დაკითხვა ხდება კანონით დადგენილი წესების დაცვით. დაკითხვის დროს ზემოქმედების უკანონო მეთოდების გამოყენება დანაშაულია და ისჯება კანონით. დანაშაულია, აგრეთვე მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
დამცველი - პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას.
დანაშაული - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. დანაშაული არ არის ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.
დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები - კანონით გათვალისწინებული ობიექტური და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობა, რაც კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისათვისაა დამახასიათებელი და წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ საფუძველს.
დაპატიმრება - სისხლის სამართლის პროცესში აღკვეთის ღონისძიება. იგი გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, ხანდაზმულის, ორსული და ჩვილბავშვიანი ქალის მიმართ. პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას არ შეიძლება აღემატებოდეს სამ თვეს. უფლებამოსილი პროკურორის შუამდგომლობით, პატიმრობის ვადა, კანონით დადგენილი წესით, შეიძლება გააგრძელოს მოსამართლემ, მაგრამ არა უმეტეს 9 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
დაყადაღება - მესაკუთრის ან მფლობელისათვის ქონების განკარგვის ან ქონებით სარგებლობის უფლების აკრძალვა. სისხლის სამართლის პროცესში სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის, აგრეთვე საპროცესო კონფისკაციისა და სისხლის სამართლებრივი იძულებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად, სასამართლოს შეუძლია, ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე მათი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ანდა, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ქონება დაყადაღდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
დაცვის უფლება - კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის პირადი ხასიათის უფლება, დაიცვას საკუთარი უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
დედაქალაქი - სახელმწიფოს მთავარი ქალაქი, ქვეყნის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობა, მართვის განსაკუთრებული სისტემა და რეჟიმი. როგორც წესი, დედაქალაქი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია.
საქართველოს დედაქალაქი - თბილისი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ეროვნული ბანკის, უცხო ქვეყნების დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ადგილსამყოფელია.
თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს და თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესსა და საფინანსოეკონომიკურ საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ”.
დეკრეტი (ლათ. decretum ბრძანებულება, დადგენილება) - რაიმე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული დროებითი ნორმატიული აქტი, რომელსაც კანონის ძალა აქვს.
დემოკრატია (ბერძ. დემოკრატია ხალხის ხელისუფლება < დემოს ხალხი + კრატოს ძალაუფლება) - პოლიტიკური მმართველობის ფორმა, რომელიც დამყარებულია ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ხალხის მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. ასხვავებენ უშუალო დემოკრატიას (ხალხის მიერ ხელისუფლების ორგანოების უშუალოდ არჩევა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმის მეშვეობით და ა.შ.) და წარმომადგენლობით დემოკრატიას (გადაწყვეტილებების მიღება, თანამდებობის პირების დანიშვნა ხალხის მიერ არჩეული ორგანოების მიერ და ა.შ.).
დემოკრატიული საზოგადოება - საზოგადოება, რომლის თითოეული წევრი კანონის წინაშე თანაბარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობს. მისთვის დამახასიათებელია ხელისუფლების ფორმირებაში ხალხის რეალური მონაწილეობა, მოქალაქეთა ფართო სოციალურეკონომიკური და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების საკანონმდებლო რეგლამენტაცია, მათი განხორციელების რეალური კონსტიტუციური გარანტიების არსებობა; ასევე ფართო პოლიტიკური პლურალიზმი.
დენონსაცია (ფრანგ. denonciation < ლათ. denuntiatio შეტყობინება) - საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ამ ხელშეკრულების დებულების შესაბამისად და დადგენილ ვადებში.
დეპუტატი (ლათ. deputatus წარგზავნილი) - საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რომელიც არჩეულია ან დანიშნულია კანონით დადგენილი წესით. დეპუტატის სტატუსი განსაზღვრულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
დიპლომატიური რანგი - დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული საკლასო ჩინი.
დიპლომატიური სამსახური - საგარეო საქმეთ სამინისტრო და მისი ქვედანაყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ.
დიპლომატიური წარმომადგენელი - მოცემულ სახელმწიფოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელი.
დიპლომატიური წარმომადგენლობა - საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი სხვა სახელმწიფოში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას.
დისკრიმინაცია (ლათ. discriminatio განსხვავება) - სახელმწიფოს იურიდიული თუ ფიზიკური პირის უფლებების შეზღუდვა რაიმე მიზეზითა თუ ნიშნით. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
ეთნიკური (ბერძ. ethnikos ტომი, ხალხის) - ამა თუ იმ ტომთან, ხალხთან დაკავშირებული.
ელჩი - უმაღლესი დიპლომატიური რანგი.
ემიგრაცია (ლათ. emigrare გადასახლება) - სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტით -”სამოქალაქო და პოლიციური უფლებების შესახებ”, ყველა ადამიანს აქვს თავისი თუ სხვა ქვეყნის დატოვების უფლება, რომლის შეზღუდვაც შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოს უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის, სხვა პირთა უფლებებისა თუ თავისუფლებების აუცილებლობით.
საქართველოში ემიგრაციის სტატუსი, მისი უფლება-მოვალეობანი და ემიგრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს 1993 წლის 20 ივლისის კანონით ,,ემიგრაციის შესახებ”. ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის უფლება, დატოვოს თავისი ქვეყანა და თავისუფლად დაბრუნდეს უკან; განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად წასვლის (ემიგრაციის) წესი და პირობები, აგრეთვე, მოაწესრიგოს ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობანი.
ემისია (ლათ. emissio გამოშვება) - ფასიანი ქაღალდების, ქაღალდის ფულის გამოშვება.
ეროვნება - ერის, ხალხის გამაერთიანებელი სახელი. ეროვნული წარმომავლობა, წარმოშობა; რომელიმე ერისადმი განკუთვნება.
სამართლებრივი თვალსაზრისით, ეროვნება და მოქალაქეობა ყოველთვის არ არის იდენტური. ეროვნული კუთვნილება მოქალაქეობის არმქონე პირებსაც აქვთ. არის ქვეყნები, სადაც მოქალაქეობასა და ეროვნებას შორის, სამართლებრივი თვალსაზრისით, არავითარი განსხვავება არ არის.
ეროვნული ბანკი - საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ეროვნული ბანკის შესახებ”, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი მონეტარული და საზედამხედველო ფუნქციები. ეროვნული ბანკის ქონება საქართველოს სახელმწიფო კუთვნილებაა. ეროვნულ ბანკს აფუძნებს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - დირექტორ-განმკარგულებელი და პასუხისმგებელი ბანკის მიმდინარე საქმიანობისათვის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
ეროვნული უშიშროების საბჭო - პრეზიდენტის სათათბირო ორგანო სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი.
ეჭვმიტანილი - დანაშაულის ჩადენაში საეჭვოდ მიჩნეული პირი, რომელიც დაკავებულია კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ზავი - შეთანხმება, მაგალითად, მეომარ მხარეთა შორის საომარი მოქმედების შეწყვეტისა და მშვიდობიანობის დამყარების შესახებ.
თავისუფალი მანდატი - დეპუტატის დამოუკიდებლობა ამომრჩევლებისაგან, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლებს უფლება არა აქვთ, ვადამდე გაიწვიონ მათ მიერ არჩეული დეპუტატი. ასეთი პრინციპი მოქმედებს, ფაქტობრივად, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც.
საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.
თავისუფლების აღკვეთა - სასჯელის სახე, რაც ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, მოთავსდება არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.
თავისუფლების აღკვეთა არის ვადიანი და უვადო. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება 6 თვიდან ოც წლამდე ვადით. დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას - 30 წელს.
უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ეს სასჯელი არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია 18 წელი, ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა 60 წელი.
თავშესაფრის უფლება - უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უფლება, განუსაზღვრელი დროით იმყოფებოდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ თავის სამშობლოში დევნიან პოლიტიკური, რელიგიური, მეცნიერული და სხვა ამგვარი მრწამსისა და მოღვაწეობისათვის. თავშესაფრის უფლება არ ვრცელდება ომის დამნაშავეებსა და იმ პირებზე, რომელთაც ბრალი ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში.
დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება. არ შეიძლება თავშესაფრის მიცემა იმ უცხოელებისათვის, რომელთა შეხედულებები და საქმიანობა ეწინააღმდეგება გაეროს ამოცანებსა და პრინციპებს და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.
თარჯიმანი - სისხლის სამართლის პროცესისა და სამოქალაქო პროცესის მონაწილე, რომელიც თავისუფლად ფლობს სამართალწარმოების ენას და იმ ენას, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას. თარჯიმანი ვალდებულია, ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება თუ დოკუმენტი. შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის თარჯიმანი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით.
იმიგრაცია (ლათ. immigrare ვსახლდები) - იმიგრანტთა ქვეყანაში შესვლის პროცესი. იმიგრანტი უცხოელია, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება.
იმპიჩმენტი (ლათ. impechment) - მაღალი თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენების განსაკუთრებული წესი.
კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულისათვის საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი.
იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
ინტელექტუალური საკუთრება - ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების, აგრეთვე შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილი ზოგიერთი სხვა ღირებულების (მაგალითად, ტელეგადაცემა, რადიოდადგმა, სასაქონლო ნიმუში, საწარმოო ნიმუში და ა.შ.) საფუძველზე.
ინფორმაციის თავისუფლება - ადამიანის ერთ-ერთი პირადი ხასიათის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, იქ დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის გაცნობაზე უკანონოდ უარის თქმა ან მცდარი ინფორმაციის წარდგენა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
იურიდიული პირი - განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები ისე, რომ ისინი არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.
იურიდიული პირის ადგილსამყოფელად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი.
იურისდიქცია (ლათ. jurisdictio სასამართლო წარმოება) - შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კანონით დადგენილი უფლებამოსილება, განიხილონ და გადაწყვიტონ სამართლებრივი დავები, მისცენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სამართლებრივი შეფასება, გამოიყენონ სამართალდამრღვევთა მიმართ იძულებითი თუ აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებანი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით.
კანონი (ბერძნ. kanon წესი, განაწესი) - სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიული აქტი. ზოგ ქვეყანაში კანონს იღებენ საყოველთაო სახალხო კენჭისყრით, ანუ რეფერენდუმით. კანონი აწესრიგებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს მოქმედი სამართლის წყაროს.
კანონის მიღების პროცედურა შედგება რამდენიმე სტადიისაგან: კანონპროექტის მომზადება, საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის განხილვა, მიღება, კანონპროექტის გადაცემა პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად, კანონის გამოქვეყნება.
კანონის უკუძალა - კანონის მოქმედების გავრცელება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე არსებულ შემთხვევებზე. საერთო წესის თანახმად, კანონს არა აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონით. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედობის დანაშაულებრიობას, ამსუბუქებს სასჯელს ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას, აქვს უკუძალა, ხოლო კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამკაცრებს სასჯელს ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, უკუძალა არა აქვს. საერთოდ, არ შეიძლება, კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას
კანონმდებლობა - საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა. საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს საკანონმდებლო აქტები (საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი) და კანონქვემდებარე აქტები (საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტები და სხვ.). საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია.
კომპენსაცია (ლათ. compensatia ანაზღაურება) - საზღაური, თანხა, რასაც უხდიან რისამე ასანაზღაურებლად.
კომპეტენცია (ლათ. compententia) - ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილება, რომელიც განსაზღვრავს მის ადგილს სახელმწიფო ორგანოების სისტემაში. საკითხთა წყება, რომელთა ჯეროვანი ცოდნა მოეპოვება ვისმე.
კონკურენცია (ლათ. concurrentia შეჯახება) - მეწარმეთა შეჯიბრი გამოშვებული პროდუქციის ხარისხისა და ასორტიმენტის გაუმჯობესებით სასაქონლო ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად, აგრეთვე ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედი ეკონომიკური აგენტების მეტოქეობა, როცა თითოეული მათგანის ქმედება ზღუდავს მეტოქის შესაძლებლობას, უპირატესობა მოიპოვოს ბაზარზე და ხელს უწყობს მომსახურებისათვის საჭირო საქონლის წარმოშობას.
კონსტიტუცია (ლათ. constitutio დადგენა) - არის სამართლებრივი აქტი ან სამართლებრივი აქტების ერთობლიობა, რომელიც მიღებულია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ ან რეფერენდუმის გზით, გააჩნია უმაღლესი იურიდიული ძალა და არეგულირებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ორგანიზაციის საფუძვლებს, პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითად პრინციპებს.
კონტინენტური შელფი - ტერიტორიულ წყლებთან მიმდებარე გარკვეული სიგანის ზღვის ფსკერის რაიონი, რომელზეც მოსაზღვრე სახელმწიფო ახორციელებს გარკვეულ სუვერენულ უფლებებს.
საქართველოს კონტინენტური შელფი ვრცელდება სახმელეთო ტერიტორიის მთელ ბუნებრივ სიგრძეზე ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვრამდე 200 საზღვაო მილის მანძილზე ან ვრცელდება არა უმეტეს 200 საზღვაო მილის მანძილზე იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა თუ ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე.
ცალკეულ შემთხვევებში, კონტინენტური შელფის გარე საზღვარი დგინდება მოსაზღვრე ან მოპირდაპირე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით, ან შეთანხმებით.
კონტროლის პალატა - სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, შექმნილი სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე ზედამხედველობის მიზნით. იგი ემსახურება ეროვნული სიმდიდრისა და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას.
კონფიდენციალური (ლათ. confidentia ნდობა) - საიდუმლო, რისი გახმაურებაც არ შეიძლება.
კრედიტი (ლათ. creditum სესხი, ვალი) - 1. საქონლის ან ფულის გაცემა სესხად, რომელიც უკან სარგებელთან ერთად ბრუნდება. 2. (ფინანს.) გარკვეული ხარჯების გასაწევად გაცემული თანხა.
კულტურული მემკვიდრეობა - საქართველოს კანონმდებლობით, კულტურის ის ნაწილი, რომელმაც საზოგადოების განვითარების პროცესში დაიმკვიდრა, შეინარჩუნა ან აღიდგინა ფასეულობის მნიშვნელობა და თაობიდან თაობას გადაეცემა.
მანდატი (ლათ. mandatum დავალება) - ვისიმე რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მანიფესტაცია (ლათ. manifestatio გამოცხადება) - მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტებისა და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით.
მართლმსაჯულება - სამართლიანობა, კანონიერება, სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა, რაც ნიშნავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვა-გადაწყვეტას, ესე იგი, კანონით დაცული სიკეთის ხელყოფის ფაქტის სასამართლო წესით დადგენას და სამართალდამრღვევთა მიმართ სახელმწიფო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას. საქართველოში მართლმსაჯულებას მხოლოდ საერთო სასამართლოები ახორციელებენ.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იგულისხმება: გაზეთები, ჟურნალები, ტელე-რადიო პროგრამები, ვიდეო და კინოდოკუმენტალისტიკა, ბიულეტენები, 500-ზე მეტი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნები და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი გამოცემები, თუ ისინი განკუთვნილია ინფორმაციის საჯარო გავრცელებისათვის. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოდგენილია, აგრეთვე, გამომცემლობებით, პერიოდული პრესის, ტელე- და რადიომაუწყებლობის რედაქციებით, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ მასობრივ ინფორმაციას (საქართველოს კანონი ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ”).
მემკვიდრეობა - გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
მერი (ფრ. maire, ინგლ. mayor, ლათ. მაგორ დიდი, უფროსი) - ქალაქის მეთაური, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი.
მთავარსარდალი - ჯარების (ფლოტის, ავიაციის) სარდალი საომარი მოქმედების ერთ-ერთ რომელიმე უბანზე ან სტრატეგიულ მიმართულებაზე, აგრეთვე შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობებისა. სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების უფროსი.
მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი, მინისტრთა საბჭო) - სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი კოლეგიური ორგანო, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი (კანცლერი, მინისტრთა კაბინეტისა თუ საბჭოს თავმჯდომარე). მართვა-გამგეობის ფორმის შესაბამისად, მას ქმნის პარლამენტი, ან პრეზიდენტი, ან ორივე ერთად.
მთავრობა - საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან, მათ შორის სახელმწიფო მინისტრებისაგან. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი. მთავრობის ფორმირების, მისი უფლებამოსილების მოხსნის, მთავრობის წევრების მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”.
მინისტრი - მთავრობის წევრი, რომელიც მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს: სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება; ადგენს სამინისტროს სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს; ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს (საქართველოს კანონი ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”).
მომხმარებელი - პირადი საჭიროებისათვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი ან ასეთი განზრახვის მქონე პირი. საქართველოში მომხმარებლის დაცვის გარანტიები დადგენილია საქართველოს კანონით ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”.
მონოპოლია - რაიმე საგნის წარმოებისა და გაყიდვის იმ განსაკუთრებული უფლების დამყარება, რაც ერთ პირს, პირთა ჯგუფს ან სახელმწიფოს ეკუთვნის.
მონოპოლიური საქმიანობა - ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ორგანოს საქმიანობა, რომელიც საშუალებას აძლევს მას, არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია. ეკონომიკური აგენტი ჩაითვლება მონოპოლიური მდგომარეობის მქონედ, თუ მისი წილი კონკრეტულ სასაქონლო ბაზარზე პირდაპირ ან არაპირდაპირ აღემატება ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
მოსაკრებელი - აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისა თუ სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის. მოსაკრებლების ზოგადი პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს 1998 წლის 6 თებერვლის კანონით ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ”
მოსამართლე - საქართველოს კანონმდებლობით, საერთო სასამართლოს თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნულია მოსამართლედ და ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში ახორციელებს მართლმსაჯულებას. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. მოსამართლე ხელშეუხებელია. მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საპროცესო კანონმდებლობით.
მოქალაქე - კონსტიტუციური სამართლის მიხედვით, პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე მიეკუთვნება განსაზღვრულ სახელმწიფოს. მოქალაქეს გააჩნია უფლებები, თავისუფლებები და აკისრია მოვალეობები. თავისი სამართლებრივი მდგომარეობით კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქე განსხვავდება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირთაგან; კერძოდ, მხოლოდ მოქალაქეს აქვს პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები.
მოქალაქეობა - პირის მყარი პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი კონკრეტულ სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლებამოსილებათა ერთიანობით: სახელმწიფო აღიარებს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, იცავს და მფარველობს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; თავის მხრივ, მოქალაქე ვალდებულია, იცავდეს და ასრულებდეს ქვეყნის კანონებს. მოქალაქეობის მოპოვება ხდება დაბადებით, მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით), კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მოწმე - პირი, რომლისთვისაც ცნობილია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. ჩვენებაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით.
მსჯავრდებული - სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
მტკიცებულება - კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და კანონიერი წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზე მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს. მტკიცებულებათა მეშვეობით სისხლის სამართლის საქმეზე დგინდება, პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, ბრალი, დანაშაულის მოტივი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.
არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე მტკიცებულებებს აფასებენ თავისუფლად, თავიანთი შინაგანი რწმენით.
ნაფიცი მსაჯულები - ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. ისინი, როგორც წესი, ქმნიან დამოუკიდებელ კოლეგიას, რომელიც ვერდიქტის გამოტანით წყვეტს მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხს. ბრალეულად ცნობის შემთხვევაში განაჩენს ადგენენ და სასჯელს ნიშნავენ პროფესიონალი მოსამართლეები დამოუკიდებლად ან ნაფიც მსაჯულებთან ერთად.
ნორმატიული აქტი - უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ზოგად წესს და შესასრულებლად სავალდებულოა.
საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტი, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება.
ომი - სამხედრო მოქმედებები სახელმწიფოებს შორის, აგრეთვე სახელმწიფოებსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს შორის, რასაც თან სდევს მათ შორის არსებული ყველა სამშვიდობო ურთიერთობის სრული გაწყვეტა. სახელმწიფოებს შორის ომის შემთხვევაში წყდება დიპლომატიური, საკონსულო, სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა ურთიერთობები, ირღვევა შესაბამისი ხელშეკრულებები და შეთანხმებები, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.
პარლამენტი (ფრანგ. parlement) - სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანო.
საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კონსტიტუციური შეთანხმება, ორგანული კანონი, კანონი, პარლამენტის რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილებები.
პარლამენტის წევრი - სრულიად საქართველოს წარმომადგენელი პარლამენტში, არჩეული პროპორციული ან მაჟორიტარული საარჩევნო წესით.
პირადი უფლება - ადამიანის ბუნებრივი, თანდაყოლილი და ინდივიდუალური ხასიათის უფლება, თავისუფლება.
პოლიტიკური პარტია - საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი და რეგისტრირებული გაერთიანება. პარტია, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციური სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.
პოლიცია - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დამნაშავეობასთან ბრძოლის საგანგებო ორგანოთა სისტემა. პოლიცია აწარმოებს დანაშაულის მოკვლევას, ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, აწესრიგებს საგზაო მოძრაობას, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
პრეზიდენტი (ლათ. praesidens თავში მჯდომი) - რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნებში სახელმწიფოს ან სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.
პრემიერ-მინისტრი (ფრანგ. premier პირველი) - მთავრობის მეთაური.
პროკურატურა - სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონიერების დაცვის ფუნქციას.
პროკურორი - პროკურატურის ორგანოების თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს განსაზღვრულ უფლებამოსილებას. საქართველოს კანონმდებლობით, პროკურორი არის საქართველოს გენერალური პროკურორი, ყველა ქვემდგომი პროკურორი, პროკურორის მოადგილე, უფროსი თანაშემწე, სამმართველოს, განყოფილების, ნაწილის უფროსი ან მისი მოადგილე და სხვა. ყველა პროკურორი თანამდებობაზე ინიშნება გენერალური პროკურორის მიერ, გენერალურ პროკურორს კი ნიშნავს საქართველოს პარლამენტი. პროკურორად შეიძლება დაინიშნოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე იურიდიული განათლებით, რომელიც ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს სტაჟირება პროკურატურაში, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდები, დადებული აქვს ფიცი.
პროფესიული კავშირი - საქმიანობის მიხედვით საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია მისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.
პროცესი (ლათ. processus დაწინაურება) - სასამართლოში საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი, სამართალწარმოება. სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებას ეწოდება სისხლის სამართლის პროცესი, ხოლო სამოქალაქო საქმეზე - სამოქალაქო პროცესი, ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას - ადმინისტრაციული პროცესი და ა.შ.
რასა (ფრანგ. race < იტალიური razza) - საერთო წარმოშობის მქონე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობით გადაცემული ზოგი საერთო ნიშანთვისება: სხეულის აგებულება, კანის, თმის ფერი, თავის ფორმა, სიმაღლე და სხვა.
რატიფიკაცია (ფრანგ. ratification) - სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოს მიერ ამ სახელმწიფოს სახელით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა.
საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას ახდენს საქართველოს პარლამენტი.
რეგისტრაცია (ლათ. registrum სია) - რაიმე არსების, ფაქტისა თუ მოვლენის, აგრეთვე მათ შესახებ არსებული ინფორმაციის აღრიცხვა, დოკუმენტური ჩაწერა.
რეგლამენტი (ფრანგ. reglament) - წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის, კრების, სესიისა თუ ყრილობის ჩატარების წესი და ამ წესის დამდგენი დოკუმენტის სახელწოდება.
მაგალითად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი კანონის ძალის მქონე საკანონმდებლაქტია, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებათა განხორციელების წესს, პროცედურას, პარლამენტის შინაგან სტრუქტურას და სავალდებულოა პარლამენტის ყველა წევრისათვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში - პარლამენტის კონტროლს დაქვემდებარებული ყველა ორგანოსა და ორგანიზაციისათვის.
რელიგია (ლათ. religio წინ. re-დან და ligare დაკავშირება) - სარწმუნოება, რწმენა, ღმერთის თაყვანისცემა და აღიარება.
რეფერენდუმი (ლათ. referendum რაც უნდა აუწყონ) - 1. არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად. 2. რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით ,,რეფერენდუმის შესახებ”. 3. რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 4. იგი ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით. 5. მოქალაქეები მასში მონაწილეობენ უშუალოდ და პირადად. რეფერენდუმში მონაწილეს აქვს ერთი ხმა. 6. რეფერენდუმში მონაწილეობა თავისუფალია, მოქალაქეების ნებასურვილის გამოვლინებისადმი კონტროლი დაუშვებელია. 7. რეფერენდუმი მზადდება და იმართება ღიად და საჯაროდ. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.
საარსებო მინიმუმი - ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
საარჩევნო ბლოკი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ორი ან მეტი პარტიის გაერთიანება.
საარჩევნო სისტემა - საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების გზით საჯარო ხელისუფლების ორგანოების ფორმირებასთან.
მაჟორიტარული სისტემა - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების, გამგებლებისა და მერების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.
პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე. პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილ სიებს ეყრება კენჭი და თითოეული პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო კვოტის, ესე იგი, იმ ხმების რაოდენობის მიხედვით, რაც ერთი დეპუტატის ასარჩევადაა საჭირო.
საბაჟო ორგანოები - სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საბაჟო საქმიანობას. საქართველოში საბაჟო საქმიანობას ახორციელებს სამართალდამცავი ორგანოს სტატუსის მქონე საბაჟო დეპარტამენტი, რომელიც შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში.
საბრალდებო დასკვნა - ბრალდებულისადმი წაყენებული ბრალდების მოკლე წერილობითი აღწერა და ბრალდებულის სამართალში მიცემის საფუძველი.
საგადასახადო კოდექსი - კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელებისა და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საგადასახადო კოდექსი მიღებულია 2004 წლის 22 დეკემბერს.
საგანგებო მდგომარეობა - სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობის კანონით დადგენილი დროებითი საგანგებო რეჟიმი, რომლის დროსაც იზღუდება მოქალაქეთა გარკვეული უფლებები და ეკისრებათ მათ დამატებითი ვალდებულებანი.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფებისა და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.
საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არაუგვიანეს 48 საათისა შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.
საერთაშორისო ორგანიზაცია - საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო ან მთავრობათაშორისი ორგანიზაცია.
საერთაშორისო სამართალი - საერთაშორისო სახელშეკრულებო და ჩვეულებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოთა შეთანხმებულ ნებას და აწესრიგებს მათ შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე ომიანობის დროს.
საერთაშორისო ხელშეკრულება - სახელმწიფოთა ან საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტების შეთანხმება პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ურთიერთობებში მათი ურთიერთუფლებებისა და მოვალეობების დადგენის, შეცვლისა თუ შეწყვეტის შესახებ. საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის ძირითადი წყაროა.
საერთაშორისო ხელშეკრულება მოიცავს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას: ხელშეკრულებას, შეთანხმებას, პაქტს, ტრაქტატს, დეკლარაციას, კონვენციას, კომუნიკეს და ა.შ.
საერთო სასამართლო - საქართველოში საერთო კომპეტენციის სასამართლო, რომელიც ახორციელებს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვას. საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, საქართველოს უზენაესი სასამართლო. საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.
საკანონმდებლო ინიციატივა - საკანონმდებლო პროცესის სტადია, რაც ნიშნავს კომპეტენტური ორგანოებისა და სუბიექტების მიერ კანონპროექტების საკანონმდებლო ორგანოში წარდგენას.
საკონსტიტუციო სასამართლო - საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებასა და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა წევრისაგან. მათგან სამს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება 10 წელია.
საკუთრების უფლება - მესაკუთრის უფლება, კანონითა და სახელშეკრულებო ვალდებულებით დადგენილ ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამართალდარღვევა - მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ქცევის წესს, ზიანს აყენებს სამართლით დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. სამართალდარღვევას წარმოადგენს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქცევასამართალდარღვევა არ არის ქცევა, რომელიც არ არღვევს, არ ეწინააღმდეგება სამართლებრივი ნორმებით დადგენილ ნორმებს, თუმცა, ზნეობის თვალსაზრისით, შეიძლება გასაკიცხი და დასაგმობი იყოს.
სამართალი - სახელმწიფოს მიერ თავისი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად დადგენილი ნორმების ან სანქცირებული ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობა, რომლის დაცვა უზრუნველყოფილია დარწმუნებით ან სახელმწიფოებრივი იძულებით.
სამართლის ნორმები ან დადგენილია, ან სანქცირებული. სახელმწიფო ან ახალ, მანამდე უცნობ ნორმებს ადგენს, ან სანქციას აძლევს, ესე იგი, სავალდებულო ძალას ანიჭებს უკვე ცნობილ, ზნეობრივი თუ სხვა სოციალური ნორმების სახით მოქმედ ნორმებს. სამართლებრივი ნორმების დაცვა და შესრულება სავალდებულოა ყველასათვის, ვისაც ისინი ეხება. სამართლის მოთხოვნები თუ ნებაყოფლობითა და დარწმუნების მეთოდებით არ სრულდება, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ იძულებით შესრულებას, სამართალდარღვევის მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიებების გამოყენებას.
სამართალი აწესრიგებს სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა, ფორმითა და შინაარსით განსხვავებულ ურთიერთობას.
სამართლებრივი სახელმწიფო - დემოკრატიული სახელმწიფო, რომლისთვისაც დამახასიათებელი და ნიშანდობლივია: კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილება, ადამიანის უფლებების დაცვა.
სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონის ჩარჩოებში. კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა თანასწორია, კანონის მოთხოვნები თანაბრად სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე; დაუშვებელია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქციების აღრევა. უმაღლეს სოციალურ ღირებულებად მიჩნეულია ადამიანი, მისი ღირსება, უფლებები და თავისუფლებები.
სამინისტრო - კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სახელმწიფო ორგანო.
სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
სამხედრო ვალდებულება - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს დაცვა 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით.
სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს: სამხედრო აღრიცხვას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სამსახურს, რეზერვს. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება - ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას.
სამხედრო წოდებები - სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის თანამდებობრივი მდგომარეობისა და ნამსახურებისათვის დაწესებული წოდებები.
საომარი მდგომარეობა - შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესების გამოცხადება, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს.
საქართველოში საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონით ,,საომარი მდგომარეობის შესახებ” და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს ტერიტორიაზე საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში უნდა აღინიშნოს ასეთი გადაწყვეტილების მოტივი და ვადა.
საპარლამენტო კომისია - საქართველოს პარლამენტის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება პარლამენტის გადაწყვეტილებით პარლამენტის რეგლამენტით ცალკეული საკითხების შესასწავლად და გადაწყვეტილების პროექტის მოსამზადებლად.
საპარლამენტო ფრაქცია - პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც შექმნილია პარლამენტის წევრთა მიერ.
ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ 10 წევრს, რომელთა უფლებამოსილება დადასტურებულია პარლამენტის მიერ. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. დაუშვებელია ფრაქციის სახით პარლამენტის წევრთა ისეთი გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს პირადი, პროფესიული, ადგილობრივი ან რელიგიური ინტერესების დაცვას.
სარჩელი - სამოქალაქო ადმინისტრაციულ პროცესში დარღვეული თუ სადავო უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესის სასამართლო წესით დაცვის შესახებ მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის აღძვრის საფუძველს.
სასამართლო - სახელმწიფო ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სასამართლო ხელისუფლებას. საქართველოში ამ ფუნქციას ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები. მათი სისტემა და სამართალწარმოების წესი დადგენილია კანონით.
სასამართლო ხელისუფლება - ხელისუფლების დამოუკიდებელი სფერო, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ქმნის ერთიან სახელმწიფო საჯარო ხელისუფლებას.
სასჯელი - სასამართლოს განაჩენით დამნაშავისათვის დანიშნული სახელმწიფო იძულებითი ღონისძიება, რომლის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის სახეებია: ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ტუსაღობა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს მთავრობა - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.
საქართველოს პრეზიდენტი - არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. იგი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას; უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. პრეზიდენტი უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში. იგი არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
სახალხო დამცველი - საქართველოში პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს 1996 წლის 16 მაისის ორგანული კანონით „სახალხო დამცველის შესახებ,, და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის და იურიდიულ პირთა საქმიანობას, აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, აძლევს რეკომენდაციებსა და წინადადებებს.
სახელმწიფო - განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო ხელისუფლება, რომელიც ადგენს ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესებს და განსაკუთრებული აპარატის მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს კანონიერებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და მთლიანობას.
სახელმწიფო საზოგადოების პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციაა. ამ ხელისუფლებას საჯარო ეწოდება იმიტომ, რომ მოქმედებს ხალხის სახელით. იგი სახელმწიფო ხელისუფლებაა, რადგანაც ხორციელდება სახელმწიფოს განსა-კუთრებული ორგანოების მეშვეობით, საჭირო შემთხვევაში იძულებითი ღონისძიებების გამოყენებით. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში, ვრცელდება ამ სახელმწიფოს მოქალაქეებზე და მის ტერიტორიაზე მუდმივად თუ დროებით მყოფ ყველა სხვა ადამიანზე. სახელმწიფო ხელისუფლება იქმნება და ხორციელდება სამართლებრივი ნორმების საფუძველზე და ფარგლებში. მხოლოდ საჯარო ხელისუფლებაა უფლებამოსილი, განახორციელოს სამართალშემოქმედება, დაადგინოს ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესები, უზრუნველყოს მათი დაცვა და შესრულება, გამოიყენოს იძულებითი ხასიათის ღონისძიებები. სახელმწიფო ხელისუფლება სუვერენულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხორციელდება თავისუფლად, ყველა სხვა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად.
სახელმწიფო გერბი (გერმ. arbi, polon. herb მიწა, მიწის ფლობა, მიწის მემკვიდრეობითობა) - წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის კონცენტრირებულ გამოსახულებას. იგი ერთგვარი ხატოვანი მანიფესტია იმის შესახებ, თუ პოლიტიკური, ისტორიული, ტერიტორიული და სამართლებრივი თვალსაზრისით, რას წარმოადგენს ქვეყანა, რა ძირითადი იდეა განსაზღვრავს მის არსებობას. გერბის მიღება და დაკანონება ხდება არსებული უმაღლესი ხელისუფლების მიერ. გერბის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა მასში გამოხატული მემკვიდრეობითობა. გერბი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს ჰერალდიკური მეცნიერების მკაცრ კანონებს.
სახელმწიფო დროშა - სახელმწიფოს ერთ-ერთი ოფიციალური სიმბოლო, მისი სუვერენიტეტის გამოხატულება. აღიმართება პარლამენტის, მერიის, საელჩოს და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების შენობაზე.
სახელმწიფო ენა - ძირითადი ენა, რომელსაც იყენებენ სახელმწიფო დაწესებულებებში, საქმის წარმოებაში, სამართალწარმოებაში და სხვა ოფიციალურ სტრუქტურებსა და ურთიერთობებში. სახელმწიფო ენის სტატუსს, როგორც წესი, განსაზღვრავს ქვეყნის კონსტიტუცია. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური.
სახელმწიფო მინისტრი - ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ (პრეზიდენტთან შეთანხმებით) განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად.
სახელმწიფო საზღვარი - ფაქტობრივი თუ წარმოსახვითი ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიას (ხმელეთი, წყალი, წიაღი, საჰაერო სივრცე) გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრულია საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონით ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ,,.
სახელმწიფო ჯილდოები - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს იმ მოქალაქეთა დაჯილდოება ორდენებითა და მედლებით, რომელთაც გმირობა, მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში, განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების წესი განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების შესახებ,,.
სახელმწიფო ჰიმნი - პოეტურ-მუსიკალური ნაწარმოები, ადიდებს სამშობლოს, სახელმწიფოს, ისტორიულ მოვლენებსა და მის გმირებს. ჰიმნი სახელმწიფოს ერთ-ერთი ოფიციალური სიმბოლოა, რომელიც სრულდება ალიონზე და დღის დამთავრებისას, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ცერემონიალზე.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა დამტკიცებულია „სახელმწიფო ჰიმნის შესახებ,, საქართველოს 2004 წლის 21 მაისის ორგანული კანონით.
სახელმწიფოს თავდაცვა - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს, მისი მოსახლეობის, ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვას შეიარაღებული თავდასხმისაგან.
სახელმწიფოს მეთაური - სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს საშინაო თუ საგარეო ურთიერთობებში. იგი აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებით, აყალიბებს მთავრობას, არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, იწვევს პარლამენტის სესიებს, ახდენს მსჯავრდებულთა შეწყალებას, ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს, გამოსცემს დეკრეტებს.
სახელმწიფოს ტერიტორია - დედამიწის ნაწილი, რომელზეც ვრცელდება განსაზღვრული სახელმწიფოს სუვერენიტეტი. სახელმწიფო ტერიტორია მოიცავს ხმელეთს თავისი წიაღით და წყლებს, აგრეთვე მათ ზევით არსებულ საჰაერო სივრცეს. სახმელეთო და წყლის ტერიტორიის ქვეშ არსებული წიაღი მოცემული სახელმწიფოს კუთვნილებაა ტექნიკურად მისაწვდომ საზღვრამდე.
სახელმწიფოს ღალატი - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულები: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა; საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; ჯაშუშობა; შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად; საბოტაჟი; უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
საჰაერო სივრცე - საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის ვერტიკალურად მდებარე სივრცე (ატმოსფერო), რომელზედაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი.
სენატი - პარლამენტის ზედა პალატა, რომელიც საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შემთხვევაში შეიქმნება.
სესია (ლათ. sessio სხდომა) - წარმომადგენლობითი ორგანოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციების კონფერენციების მუშაობის პერიოდი.
წარმომადგენლობითი ორგანოს, ძირითადად, პარლამენტის სესია შეიძლება იყოს მორიგი, საგანგებო, რიგგარეშე და ექსტრაორდინარული.
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა - დამნაშავის მხილება და კანონის სწორი გამოყენებით მისი სამართლიანად დასჯის უზრუნველყოფა. დანაშაულის ჩადენის გამო დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს ჩადენილი ქმედებისათვის, ხოლო სახელმწიფოს უფლება ეძლევა, პასუხი აგებინოს დამნაშავეს, შეუფარდოს მას კანონით გათვალისწინებული სასჯელი. ამ უფლებამოსილებას სახელმწიფო ახორციელებს სპეციალური ორგანოების მეშვეობით, რომლებიც კანონით დადგენილი წესით აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს, ატარებენ წინასწარ გამოძიებას, პასუხისგებაში აძლევენ და სჯიან დამნაშავეს.
სიტყვის თავისუფლება - ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლება. სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლებები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, კონსტიტუციაშიც ერთ მუხლშია ჩამოთვლილი და გათანაბრებულია მათი დაცვის სამართლებრივი რეჟიმი. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
სტანდარტი (ინგლ. standard) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. იგი საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებსა და მახასიათებლებს საქონლის, მასთან დაკავშირებული პროცესებისა და წარმოების მეთოდებისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულო არ არის. სტანდარტი აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ.
სტატუსი (ლათ. status მდგომარეობა) - სამართლის სუბიექტის სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მდგომარეობა, მისი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა.
სუვერენიტეტი (გერმ. souveranitat) - ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა. სახელმწიფო სამართლის მეცნიერებაში ასხვავებენ სახელმწიფო, ეროვნულ და სახალხო სუვერენიტეტს.
სახელმწიფო სუვერენიტეტი ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეროვნულ სუვერენიტეტს უწოდებენ ერის სრულუფლებიანობას, მის პოლიტიკურ თავისუფლებასა და რეალურ შესაძლებლობებს, განსაზღვროს თავისი ცხოვრების ხასიათი პოლიტიკური თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ჩათვლით.
სახალხო სუვერენიტეტი არის ხალხის სრულძალაუფლებიანობა, მისი უფლებამოსილება, რეალურად მონაწილეობდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეების მართვაში.
ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა) - საზღვაო ზოლი, რომელიც აკრავს სახელმწიფოს ნაპირებს და რომელზედაც ვრცელდება ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტი. სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს თავისი ტერიტორიული წყლების სიგანეს საერთაშორისო სამართლის ჩვეულებით დამკვიდრებული ზოლის ფარგლებში (3-დან 12-მდე საზღვაო მილი), რომელიც აითვლება ზღვის უკიდურესი მიქცევის ხაზიდან.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მიეკუთვნება შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
ტრანზიტი (ლათ. transitus გავლა) - სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლით პროდუქციის გადაადგილება.
უდანაშაულობა - ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.
უზენაესი სასამართლო - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო.
უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს, განიხილავს საკასაციო საჩივრებს ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
უფლება - ფიზიკური და იურიდიული პირისათვის კანონითა თუ სხვა ნორმატიული აქტით მინიჭებული და გარანტირებული გარკვეული ქცევის შესაძლებლობა, უფლებამოსილება. უფლებას, როგორც წესი, შეესაბამება სხვა პირთა გარკვეული ქცევის მოვალეობა.
ფინანსები (ფრანგ. finance < ლათ. financia შემოსავალი) - ყველა ფულადი საშუალების ერთობლიობა, რომელსაც განკარგავს პირი, საწარმო, სახელმწიფო, აგრეთვე მისი ჩამოყალიბების, განაწილებისა და გამოყენების სისტემა.
ფისკალური (< ლათ. fiscalis სახაზინო) - რაც ფისკის, ანუ სახელმწიფო ხაზინის ინტერესებს ეხება. შესაბამისად, ფისკალური პოლიტიკა არის საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა და საგადასახადო სისტემასა და სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურის სათანადო მართვით ეკონომიკურ აქტივობაზე ზემოქმედების მექანიზმი.
ფიცი - რაიმე თანამდებობაზე არჩეული ან დანიშნული პირის (პრეზიდენტი, მოსამართლე, სახალხო დამცველი და ა.შ.), აგრეთვე რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის (მაგალითად, სამხედრო მოსამსახურე) საზეიმო დაპირება, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ფული - საყოველთაო ეკვივალენტი, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებში იხმარება ნივთისა თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ღირებულების გამოხატვის საშუალებად.
ქალაქი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ერთეული. საქართველოში ქალაქი შედის რაიონის შემადგენლობაში. არის ქალაქები, რომლებიც ასეთ შემადგენლობაში არ შედის. ესენია: თბილისი, ბათუმი, სოხუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი და ცხინვალი. ზოგი ქალაქი დაყოფილია რაიონებად.
ქმედუუნარო - ფიზიკური პირის უუნარობა, თავისი ნებითა და მოქმედებით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები.
ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნა აღიარებული. ქმედუუნაროა აგრეთვე 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი). ქმედუუნარო პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე).
ქონება - სამოქალაქო სამართალში ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომლის შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
ქორწინება - ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი და რეგისტრირებული კავშირი. დაქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
შეკრება - საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლება - წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ. ეს უფლება არ ვრცელდება სამხედრო ძალების, უშიშროების სამსახურის, პოლიციისა და ფინანსური პოლიციის შემადგენლობაში მყოფ პირებზე.
შეწყალება - მსჯვრდებულის გათავისუფლება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. საქართველოში შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ. შეწყალების აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც.
ჩვენება - სისხლის სამართლის პროცესსა და სამოქალაქო პროცესში ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დგინდება საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები. ჩვენებას იძლევიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული და მოწმე. ჩვენების მიღება ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით დანაშაულია და ისჯება კანონით. დანაშაულია აგრეთვე მოწმისა და დაზარალებულის მიერ წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემა ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
ჩხრეკა - სისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ტარდება იმ იარაღის, საგნის აღმოსაჩენად და ამოსაღებად, რასაც დანაშაულის კვალი ატყვია, აგრეთვე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის, ფასეულობის, სხვა საგნისა და დოკუმენტის აღმოსაჩენად, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად, აგრეთვე ძებნილი პირისა და გვამის აღმოსაჩენად. ჩხრეკა ტარდება მოსამართლის ბრძანებით, რომელიც გაიცემა მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ჩხრეკა ტარდება დამსწრეთა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის მონაწილეობით. ჩხრეკის შესახებ დგება ოქმი კანონით დადგენილი წესით.
ცენზურა (ლათ. censura) - ხელისუფლების მეთვალყურეობა ნაბეჭდ პროდუქციაზე, სასცენო დადგმებზე, რადიო- და ტელეგადაცემებზე, ხოლო ზოგჯერ კერძო მიმოწერის შემოწმება, რათა არ დაუშვან ან შეზღუდონ ხელისუფლებისათვის მიუღებელი მანკიერი და მავნე ინფორმაციის გავრცელება. დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობა აღიარებს ინფორმაციის თავისუფლებას და კრძალავს ცენზურას.
წოდება - კანონით ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი სახელწოდება, რომელიც ადასტურებს ცალკეული მოქალაქისა თუ კოლექტივის დამსახურებას, პროფესიულ-სამსახურებრივ, სამეცნიერო ან სხვაგვარი კვალიფიკაციის ოფიციალურ აღიარებას. წოდებები არსებობს სამხედრო, სამეცნიერო, საპატიო და ა.შ.