The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

რამდენად შეიცვალა მსოფლიო? გავლენა ქართულ პოლიტიკაზე

რამდენად შეიცვალა მსოფლიო? გავლენა ქართულ პოლიტიკაზე


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს უსაფრთხოების საკითხები
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პოლიტიკური ანგარიში აპრილი 2009 მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიუტი გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ინსტიტუტების ფონდის (OSI TTF) ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 72, თბილისი 0154, საქართველო სააბონენტო ყუთი 101, თბილისი 0108, საქართველო ტელ: (995 32) 35 51 54, ფაქსი (995 32) 35 57 54 ელ-ფოსტა: info@cipdd.org; www.cipdd.org



1 რეზიუმე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა და სხვა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა, როგორიცაა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი და ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილება, ზოგიერთი ანალიტიკოსი საერთაშორისო ურთიერთობების „პარადიგმის ცვლაზე“ და „ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის რღვევაზე“ აალაპარაკა. მართლაც, დღეს მსოფლიო წესრიგიც და საქართველოს უსაფრთხოების ვითარებაც წინა წელთან შედარებით არასტაბილური, გაურკვეველი და ნაკლებ პროგნოზირებადია. თუმცა დაკვირვებული ანალიზი გვიჩვენებს, რომ გლობალურ და რეგიონულ პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები ასე შორს მიმავალ განზოგადებებს ჯერჯერობით არ იმსახურებს.

საქართველოს უსაფრთხოების სისტემისთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია რუსეთისა და დასავლეთის (აშშ, ევროკავშირი, წამყვანი ევროპული ქვეყნები) ურთიერთობაში არსებული ტენდენციები, შიდაპოლიტიკური მოვლენები რუსეთსა და უკრაინაში, რომლებზეც უარყოფითად აისახა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ასევე თურქეთის მცდელობა, პოლიტიკური გავლენა გაზარდოს კავკასიაში. მომავალი, განსაკუთრებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა სიტუაციის უფრო მეტ დესტაბილიზაციას გვიქადდეს, მაგრამ ამ ეტაპზე საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური მახასიათებლები მაინც არ შეცვლილა.

შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია ძირფესვიან გადახედვას არ საჭიროებს, თუმცა დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორება დგას. მათ შორის:

  • პრიორიტეტი მიენიჭოს გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური მიზნების ჩამოყალიბებასა და ამ მიზნებისკენ მიმავალი კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრას, სანამ ვერ ხერხდება საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე მწვავე საკითხების სწრაფად მოგვარება.

  • მოიძებნოს დამაბალანსებელი ურთიერთობაა ნატო-სა და ევროკავშირთან, ასევე, აშშ-სთან და ევროპულ ქვეყნებთან.

  • პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭოს შიდა დემოკრატიულ რეფორმებს და მიღწეულ იქნეს შიდაპოლიტიკური კონკურენციისთვის სტაბილური გარემო.

  • მართალია, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას საქართველოს უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უნდა მოხდეს იმის აღიარება, რომ ეს მიზანი ვერ მიიღწევა, თუ უცვლელი დარჩა რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური პრიორიტეტები.

  • გამოყენებული უნდა იქნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და დიალოგის ყველა შესაძლებლობა. ამასთან, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ასეთი ქმედება მოკლევადიან პერსპექტივაში დიდ პოლიტიკურ დივიდენდებს არ მოიტანს.

2 რეალური ან აღქმული ცვლილების გამომწვევი მიზეზები

▲ზევით დაბრუნება


გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა ზოგიერთი ანალიტიკოსი საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი პარადიგმის ჩამოყალიბებაზე და/ან ცივი ომის შემდგომი წესრიგის რღვევაზე აალაპარაკა. შეგვიძლია გამოვყოთ სამი განსხვავებული მასშტაბისა და მნიშვნელობის მოვლენა, რომლებიც მსოფლიო წესრიგის ცვალებადობის აღქმას უწყობს ხელს:

(1) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი. ცივი ომის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ, როგორიც რუსეთია, სამხედრო ინტერვენცია განახორციელა მეზობელ ქვეყანაში ამ უკანასკნელის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის შეცვლის მიზნით. ამ ქმედებით რუსეთი ღიად და ხაზგასმით დაუპირისპირდა საერთაშორისო კონსენსუსს, თუმცა ის საკუთარი ქმედების გასამართლებლად კოსოვოსა და ერაყში დასავლეთის სამხედრო ინტერვენციის პრეცედენტებზე ახდენდა აპელირებას. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა რუსეთის ქმედება 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ინტერვენციას ან ნაცისტური გერმანიის მიერ 1939 წელს იმავე ქვეყნის ნაწილის ანექსიასაც კი შეადარა. გამოითქმებოდა შიში, რომ მსოფლიო შესაძლოა ახალი ცივი ომის ფაზაში შესულიყო, და, რომ ასეთი რეციდივი ყველა საშუალებით იყო თავიდან ასაცილებელი. რუსეთის ქმედებებმა რუსეთი-ნატო-სა და რუსეთი-ევროკავშირის თანამშრომლობის არსებული ფორმატების შეჩერება გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით დიალოგი ორივე ფორმატში განახლდა.

(2) გლობალური ეკონომიკური კრიზისი. კრიზისი ძალაში რჩება და, შესაბამისად, ჯერ ადრეა იმის ანალიზი, თუ რა გავლენას მოახდენს ის მსოფლიოზე. ექსპერტები თანხმდებიან, რომ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულია და ზოგიერთი ანალიტიკოსი მას 1930-იანი წლების დიდ დეპრესიასაც ადარებს. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა საგრძნობლად შეარყია რწმენა თავისუფალი ბაზრის თვით-რეგულირებადი ხასიათის უპირატესობაში და ეკონომიკურ საკითხებში მთავრობის ფართომასშტაბიან ჩარევამდე და რეგულაციებამდე მიგვიყვანა. ჯერ-ჯერობით რთულია იმის თქმა, ეს ზომები დროებითია და კრიზისის დაძლევასთან ერთად შეწყდება, თუ ეკონომიკურ პოლიტიკაში 1970-იანი წლებიდან გაბატონებული დერეგულაციის და პრივატიზაციის ტენდენციის შექცევას მოასწავებს.

(3) ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილება. ამერიკის პრეზიდენტად ბარაკ ობამას არჩევა შესაძლოა ამერიკაში ძალაუფლების რუტინული ცვლა იყო, მაგრამ ამ მოვლენამ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური ცვლილების მოლოდინი შექმნა. ნაწილობრივ, ეს შესაძლოა აიხსნას ობამას მონდომებით, ხაზი გაესვა განხვავებისთვის მის და მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ბუშის, პოლიტიკას შორის, რადგან ამ უკანასკნელის პოპულარობა პრეზიდენტობის ვადის ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მკვეთრად დაეცა. სავარაუდოდ, ამერიკის პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილების მოლოდინი გადაჭარბებულია (შეიძლება ითქვას, რომ ამის დამადასტურებელი ნიშნები უკვე არსებობს), მაგრამ მან გააძლიერა განცდა, რომ გლობალური პოლიტიკის ახალი პარადიგმა იქმნება.

ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი პარადიგმის ჩამოყალიბებას წინ უძღვის ძალთა ბალანსის დრამატული შეცვლა, რასაც ხშირად თან ახლავს ფართომასშტაბიანი ომები და/ან წამყვან აქტორებთან დაკავშირებული ფუნდამენტური ცვლილებები. ასეთი მასშტაბის ბოლო მოვლენა იყო კომუნისტური სისტემის ნგრევა და მისი ლიდერის, საბჭოთა კავშირის დაშლა. მანამდე მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა განსაზღვრა. მსგავსი მასშტაბის ძვრებს ახლა ადგილი არ აქვს და არც პირი არ უჩანს.

მაგრამ არც მიმდინარე პროცესების მნიშვნელობის უგულებელყოფა შეიძლება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბევრი დაშვება, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის დასაწყისში კეთდებოდა, მყარი აღარ არის. ყოველი კრიზისი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის და პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს უბიძგებს, ახლებური და თამამი ნაბიჯები გადადგან ან სულ მცირე ასეთი ნაბიჯების მიზანშეწონილება განიხილონ. რა შეიძლება მოხდეს მსოფლიო პოლიტიკაში - ამ შესაძლებლობათა რიცხვმა იმატა, შესაბამისად, გართულდა პროგნოზირებაც.

3 ათვლის წერტილი: ცივი ომის შემდგომი წესრიგი

▲ზევით დაბრუნება


რადგან ათვლის წერტილს, რასთან მიმართებაშიც მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობას ვაფასებთ, „ცივი ომის შემდგომ წესრიგს“ უწოდებენ, უპრიანია, მისი ძირითადი ნიშნები განვსაზღვროთ. თვალშისაცემია, რომ არ არსებობს კონსენსუსი მისი მთავარი პარამეტრების თაობაზე. ამ მხრივ, აშკარაა კონტრასტი ცივი ომის ხანასთან, რის ძირეულ ნიშნებზე მაინც ყველა თანხმდებოდა: (1) მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავდა ორი დაპირისპირებული ბანაკი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის მეთაურობით; (2) ეს ორი ბლოკი თვითიდენტიფიცირებას იდეოლოგიური ნიშნით ახდენდა: ერთ მხარეს იდგა ლიბერალური დემოკრატია და საბაზრო კაპიტალიზმი, მეორე მხარეს - კომუნისტური პოლიტიკური რეჟიმი და ცენტრალურად მართვადი ეკონომიკა; (3) მიუხედავად დაპირისპირებისა, ორ ბლოკს შორის უშუალო სამხედრო კონფრონტაციის საფრთხე ნაკლებად იდგა; (4) კონფლიქტის შედეგის განსაზღვრას შორეულ მომავალში ელოდნენ.

ცივი ომის შემდეგ ასე ცხადად აღარ ჩანს, ვინ არიან მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები და რა ძირითად წესებზე იგება მათი ურთიერთობები. შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე მიახლოებითი განზოგადებით შემოვიფარგლოთ:

(1) აქტორები. ცივი ომის შემდგომი პერიოდი ე.წ. ერთპოლუსიანობისკენ იხრება, სადაც გლობალურ წესრიგს დაპირისპირებულ ინტერესებს შორის ბალანსი კი არა, ერთი, სავარაუდოდ, კეთილგანწყობილი აქტორი განსაზღვრავს, თუმცა მისი ვინაობა ერთობ ბუნდოვანი რჩება. სხვადასხვა დროს ასეთად გვევლინებოდა გაერო-ს უშიშროების საბჭო, დასავლეთი (წარმოდგენილი ნატო-ს სახით), აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად (ე.წ. „მოსურნეთა კოალიცია“). რაკი დომინანტი აქტორის განსაზღვრა ჭირდა, მას ხშირად მოიხსენიებდნენ გაურკვეველი სახელით „საერთაშორისო თანამეგობრობა“, სადაც იგულისხმებოდა წამყვანი ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი.

(2) წესები. საერთაშორისო პოლიტიკა ცივი ომის შემდგომ პერიოდში ორი მთავარი პრინციპით რეგულირდებოდა, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტში მოდიოდა. პირველი მათგანი გულისხმობდა სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემას, მათ შორის არსებული საზღვრების ურღვეობას და თითოეული სახელმწიფოს მიერ (მიუხედავად მისი ზომისა) საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართულების თავისუფალ არჩევას (რაც ხელს უშლიდა წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან გავლენის ექსკლუზიური სფეროების გადანაწილებას). მეორე მხრივ, სახელმწიფო სუვერენიტეტი მნიშვნელობას კარგავდა და ბათილდებოდა მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის, მაგალითად, გენოციდის შემთხვევაში, რაც სხვა ძალებს ჰუმანიტარული ჩარევის საშუალებას აძლევდა. ეს ჩარევა შესაძლოა გენოციდის აღკვეთით, პოლიტიკური რეჟიმის ჩამოგდებით ან სახელმწიფოს საზღვრების შეცვლითაც კი დამთავრებულიყო (მაგალითად, კოსოვოს შემთხვევაში).

(3) ღირებულებები. თუმცა ლიბერალური დემოკრატია მთელ მსოფლიოში არ გავრცელებულა, ლიბერალური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა თითქმის საყოველთაოდ იქნა აღიარებული საუკეთესო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეჟიმებად. ამ შეხედულებას აშკარად ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილი უპირისპირდებოდა, ძირითადად, მუსლიმანური. ამას ემატებოდა ისიც, რომ დასავლეთი, ანუ დემოკრატიული ქვეყნების არაფორმალური კავშირი, სრული ლიდერი იყო პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და ნორმატიულ სფეროებში. ლიდერის როლი დასავლეთის ერთ, ყველაზე გავლენიან ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი შეეძლო ეტვირთა. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებამ ევროპაში ლიბერალური ღირებულებების საბოლოო გამარჯვებას გაუსვა ხაზი. ამ ფონზე პირველად ისტორიაში მიჩნეულ იქნა, რომ საერთაშორისო წესრიგი დაეფუძნებოდა არა მხოლოდ ძალთა ბალანსს, არამედ ღირებულებათა ერთობას, როგორიცაა დემოკრატიული მშვიდობა და ადამიანის უფლებები, თუმცა ეს ორი პრინციპი თავისი წონით ერთმანეთს ეცილებოდა.

ყოველი კრიზისი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის და პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს უბიძგებს, ახლებური და თამამი ნაბიჯები გადადგან ან, სულ მცირე, ასეთი ნაბიჯების მიზანშეწონილება განიხილონ. რა შეიძლება მოხდეს მსოფლიო პოლიტიკაში - ამ შესაძლებლობათა რიცხვმა იმატა, შესაბამისად, გართულდა პროგნოზირებაც.

საერთაშორისო წესრიგის ამ ბოლომდე განუსაზღვრელი არქიტექტურის სტაბილიზაციას ორი მთავარი გამოწვევა უშლიდა ხელს. პირველი ეხებოდა დომინანტი აქტორის, აგრეთვე საერთაშორისო ქცევის წესების დადგენა-დაცვის კონკრეტული მექანიზმების განსაზღვრასა და აღიარებას. მეორე - იმის გარკვევას, თუ ვინ ჩათვლილიყო ამ წესების დამრღვევად და როგორ უნდა მოქცეოდნენ მათ. პირველი გამოწვევა უფრო რთული დასაძლევი აღმოჩნდა. მსოფლიოში არსებულ მრავალრიცხოვან კრიზისთან გასამკლავებლად რესურსების გამონახვა, ცხადია, ჭირდა, მაგრამ უფრო მძიმე აღმოჩნდა კონსენსუსისა და ქმედების ლეგიტიმაციის პრობლემა: წამყვანი მოთამაშეები ვერ ახერხებდნენ იმაზე შეთანხმებას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილებების მიღება და იმპლემენტაცია კრიზისული სიტუაციების დასაძლევად.

ცივი ომის შემდგომი პერიოდის ზოგადი ტენდენცია სწორედ კონსენსუსისა და ლეგიტიმაციის დონის თანდათანობითი შეკვეცაა. სპარსეთის ყურის პირველი ომი, ცივი ომის შემდგომი პერიოდის პირველი სერიოზული გამოწვევა, თითქმის სამაგალითო გზით მოგვარდა და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ოპტიმისტური ხედვა გააჩინა: ამ ხედვის თანახმად, მსოფლიო უსაფრთხოების პრობლემების გადასაწყვეტად მისაღებ ზომებს გაერო-ს უშიშროების საბჭო მიანიჭებდა ლეგიტიმაციას. თუმცა, გაერო-ს უუნარობამ მოეგვარებინა ბალკანეთის კრიზისი, აიძულა ნატო თავის თავზე აეღო ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამან რუსეთის ხელახალი გაუცხოება გამოიწვია: ბალკანეთის კრიზისის შემდეგ ეს უკანასკნელი დაუბრუნდა ცივი ომის დროინდელ ხედვას, რომლის მიხედვითაც ნატო რუსეთის მეტოქეა და მის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ალ ქაედას თავდასხმამ ამერიკაზე 2001 წლის 11 სექტემბერს ცივილიზებული მსოფლიო ამერიკის გარშემო გააერთიანა, მაგრამ ამერიკის ერაყში შეჭრამ კიდევ უფრო სერიოზული დარტყმა მიაყენა საერთაშორისო კონსენსუსს და დამაფიქრებელი ტრანსატლანტიკური განხეთქილება გამოიწვია. მართალია, ბარაკ ობამას პირველმა ვიზიტმა ევროპაში 2009 წლის გაზაფხულზე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დათბობის იმედი ჩასახა, მაგრამ ხელშესახები წარმატება მას არ მოჰყოლია - მაგალითად, ავღანეთში ნატო-ს ოპერაციაში ევროპელების კონტრიბუცია თითქმის არ გაზრდილა.

4 რა გავლენა მოახდინა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მსოფლიო წესრიგზე?

▲ზევით დაბრუნება


რა შეცვალა (თუ საერთოდ შეცვალა რამე) დასაწყისში ჩამოთვლილმა მოვლენებმა, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით? ეკონომიკაში კეინსიანური მიდგომის გაძლიერება ნეოლიბერალურ მიდგომასთან შედარებით უკვე ვახსენეთ. მაგრამ ეს ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ამის კვალად გლობალური პოლიტიკური ურთიერთობებიც გარდაისახება. ხომ არ არის გადასახედი დაშვებები აქტორების, წესების და ღირებულებების მიმართ, რომლებიც ცივი ომის შემდგომ გლობალურ პოლიტიკას განსაზღვრავდნენ?

დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვეცდებით განვიხილოთ არსებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტები: ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის. შეგვიძლია გამოვყოთ ორი ინდიკატორი: საერთაშორისო საზოგადოების თავდაპირველი რეაქცია რუსეთის ინტერვენციაზე საქართველოში 2008 წლის აგვისტოში და მოგვიანებით, 2009 წლის გაზაფხულზე, ურთიერთობების „გადატვირთვის“ მცდელობა.

რუსეთ-საქართველოს ომზე დასავლეთის რეაქცია შეიძლება გავაკრიტიკოთ, როგორც სუსტი და არათანმიმდევრული, თუმცა, ის მაინც დროული და ქმედითი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ომის მსვლელობასა და შედეგ გადამწყვეტი გავლენაზე მოეხდინა. აშკარა არათანმიმდევრულობა გამოწვეული იყო საერთაშორისო საზოგადოების წამყვანი აქტორების განსხვავებული პოზიციებით, იმ ეტაპზე ამერიკის ადმინისტრაციის სისუსტითა და არაპოპულარობით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორი პოლიტიკური მიზნის შეთავსების საჭიროებით. ერთი მხრივ, თავიდან უნდა ყოფილიყო აცილებული რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვის და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ექსკლუზიური გავლენის სფეროდ გადაქცევის უაღრესად სახიფათო პრეცედენტი. ეს მკაცრ და აგრესიულ პასუხს მოითხოვდა. მეორე მხრივ, თუმცა რუსეთი თავისი ქმედებით ნატო-სა და დასავლეთის მიმართ აშკარად მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა, დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა გაურბოდა „რუსეთის იზოლაციას“ და „ცივი ომის პერიოდში მიბრუნებას“, ანუ რუსეთთან ღია დაპირისპირებაში შესვლას. ასეთი რამ არსებულ საერთაშორისო კონსენსუსს შეარყევდა და ევროპასა და მთელს მსოფლიოში უსაფრთხოების და ეკონომიკის პოლიტიკის ძირფესვიან გადასინჯვას მოითხოვდა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ენერგიულმა შუამავლობამ და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებამ, აშშ-ის სამხედრო ხომალდები გაეგზავნა შავ ზღვაში, სავარაუდოდ, ხელი შეუშალა რუსეთის გეგმას, საქართველოს მთელი ტერიტორია დაეკავებინა და საქართველოში არსებული პოლიტიკური რეჟიმი შეეცვალა. დასავლეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ „რუსეთთან ძველი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა“, და შეაჩერეს ნატო-რუსეთისა და ევროკავშირი-რუსეთის თანამშრომლობის არსებული ფორმატები: მათი აზრით, ეს იყო საკმარისად მკაფიო გზავნილი რუსეთისადმი, რომ დასავლეთი არ მოითმენდა რუსეთის ამგვარ ქმედებებს. რუსეთის მიერ სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულყოფილი შესრულება, რაც ომამდე არსებულ სტატუს-კვოსთან დაბრუნებას ითვალისწინებდა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობად დაისახა.

თუმცა მოგვიანებით ნატო-მ და ევროკავშირმა შეცვალეს პოზიცია: ნატო-რუსეთის და ევროკავშირი-რუსეთის თანამშრომლობა შესაბამის ფორმატებში განახლდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა სარკოზი-მედვედევის შეთანხმება. გლობალური ეკონომიკური კრიზისი ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზია: მან ყურადღება სასწრაფოდ მოსაგვარებელ ეკონომიკურ საკითხებზე გადაიტანა, ეს მოითხოვდა უფრო მეტ თანამშრომლობას და კოორდინაციას მთავარი ეკონომიკური აქტორების, მათ შორის, რუსეთის მხრიდან. გარდა ამისა, მსოფლიოს გადართვამ ეკონომიკურ პრობლემატიკაზე გააძლიერა „პრაგმატისტების“ და „რეალისტების“ პოზიცია და შეასუსტა მათი გავლენა, ვინც საერთაშორისო ურთიერთობებში გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნების, გარკვეული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებას უჭერს მხარს.

და მაინც უნდა ითქვას, რომ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს ისეთი გარდუვალი აუცილებლობაც არ შეუქმნია იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის ახალი პირობები კიდევ ერთხელ გადასინჯულიყო: უბრალოდ, კრიზისი საამისოდ კარგი საბაბი აღმოჩნდა. სულ უფრო ჭირდა იმ პოზიციის დაცვა, რომ ექვსპუნქტიანი გეგმით ნაკისრი ვალდებულებების სრული შესრულების გარეშე რუსეთთან ძველი ურთიერთობა ვერ აღდგებოდა. ნათელი ხდებოდა, რომ რუსეთი არ აპირებდა ამ ვალდებულებების შესრულებას. სახელდობრ, ის უკან არ დაიხევდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და განაგრძობდა (საკუთარი ან მარიონეტული ძალებით) ახალგორის რაიონის და ომამდე საქართველოს კონტროლქვეშ მყოფი სხვა ტერიტორიების ოკუპირებას. მაშასადამე, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ციკლი - ნატო-რუსეთისა და ევროკავშირი-რუსეთის თანამშრომლობის შეწყვეტა - განუსაზღვრელი ვადით უნდა გაგრძელებულიყო. მაგრამ ასეთი პოზიციის გარშემო დასავლეთის კონსენსუსის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:

(1) ეკონომიკური ინტერეს-ჯგუფების ზეწოლა (განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში), ვისაც რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაცია აზარა ლებდა.

(2) დასავლეთ ევროპაში გავრცელებული ანტიამერიკული შეხედულებები, რის თანახმადაც, ერთი მხრივ, ნატო-ს გაფართოება, მეორე მხრივ კი, საქართველოში სააკაშვილის მთავრობის მხარდაჭერა ამერიკის მიერ ევროპისათვის თავსმოხვეული პროექტებია. ასეთი ადამიანები რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაფუჭებაზე პასუხისმგებლობას პირველ რიგში ამერიკას აკისრებენ.

(3) ობამას ადმინისტრაციის (ისევე როგორც ამერიკელ მემარჯვენეთა შორის რეალისტური და იზოლაციონისტური სკოლების წარმომადგენელთა) სურვილი, თავი შორს დაეჭირათ პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკისგან, რომელიც, მათი აზრით, მიამიტურად და/ან ფარისევლურად ცდილობდა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში დემოკრატიის მხარდაჭერა დაეყენებინა. აშშ-რუსეთის ურთიერთობებში „გადატვირთვის“ ღილაკზე დაჭერა ახალი, ჯანსაღი პრაგმატიზმის მანიშნებელი უნდა ყოფილიყო.

შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის პასუხი რუსეთის ქმედებაზე აგვისტოს ომში არ იყო საკმარისად მკაცრი და რუსეთი არასაკმარისად დაზარალდა საიმისოდ, რომ მისმა ხელისუფლებამ სამეზობლოში სამხედრო ავანტიურებზე ფიქრი შეწყვიტოს. ეს, ბუნებრივია, აწუხებს საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობლებს, რომელთაც ყოფილი მეტროპოლიისგან საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად დასავლეთის მკაფიო მხარდაჭერა სჭირდებათ. ამავე დროს, დასავლეთის მხარდაჭერის არსებული დონეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსეთს ფრთები შეკვეცოდა, რასაც საქრთველოში აღიარებენ და აფასებენ.

ამ კონტექსტში უფრო ფართოდ უნდა დაისვას კითხვა: რუსეთ-საქართველოს ომმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა იმდენად ხომ არ შეცვალა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობა, რომ ცივი ომის შემდგომი პარადიგმის ცვლილებაზე საუბარი შეიძლებოდეს? საქართველოს პერსპექტივიდან სხვაგვარად შეიძლება დავსვათ კითხვა: დასავლეთის პოლიტიკა იმგვარად ხომ არ შეიცვალა, რომ დასავლეთმა საქართველო რუსეთს „შეატოვოს“?

რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული რთული და ამბივალენტურია. ის მოიცავდა როგორც თანამშრომლობის გზების ძიებას, ისე მტრულ განწყობამდე მისულ უნდობლობას. დღემდე ის ასეთად რჩება. არაა ახალი ამბავი, რომ აშშ-ს, დასავლეთ ევროპას და ნატო-ს ახალ წევრებს ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან რუსეთის მიმართ განსხვავებული პოზიციები აქვთ. ხშირად ამბობენ, რომ აგვისტოს ომმა უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა უფრო შორეული გახადა; შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობამ ეს პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე აქცია. ე.წ. „გაფართოებით გადაღლა“ (რომელიც, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მომავალ გაფართოებას ეხება), 2008 წლამდე დიდი ხნით ადრე გახდა აქტუალური. „რეალისტები“, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რომ ამერიკამ პატარა, დაუცველი ქვეყნების მხარდაჭერას ანაცვალოს „რეალური ინტერესების“ გარშემო თანამშრომლობა დიდ ქვეყნებთან, ამჟამად იდეოლოგიურად შემტევ პოზიციაში არიან. მაგრამ იმარჯვებენ კი ისინი ამ დებატებში?

რუსეთ-საქართველოს ომმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა იმდენად ხომ არ შეცვალა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობა, რომ ცივი ომის შემდგომი პარადიგმის ცვლილებაზე საუბარი შეიძლებოდეს? საქართველოს პერსპექტივიდან სხვაგვარად შეიძლება დავსვათ კითხვა: დასავლეთის პოლიტიკა იმგვარად ხომ არ შეიცვალა, რომ დასავლეთმა საქართველო რუსეთს შეატოვოს?

რუსეთსა და დასავლეთის ურთიერთობაში ძირეული ცვლილება ორი მიმართულებით შეიძლება მოხდეს. ერთი იქნებოდა ღია დაპირისპირებაზე გადასვლა, მეორე კი - დასავლეთის მიერ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც რუსეთი თავის კანონიერ ინტერესებად აცხადებს. პირველის მაჩვენებელი იქნებოდა, მაგალითად, რუსეთის გარიცხვა დიდი რვიანიდან, ნატო-რუსეთისა და რუსეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატების საბოლოოდ გაუქმება და სხვა მსგავსი ან კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმა. რაიმე ასეთს პირი არ უჩანს. საპირისპირო მიმართულებით ცვლილების შემთხვევაში, რუსეთს მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებდა მისი სამეზობლოს საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ ცნობა. ამ უკანასკნელის ინდიკატორი შესაძლოა ყოფილიყო ნატო-ს მიერ უკრაინისა და საქართველოს საკუთარ რიგებში მიღების დაპირებაზე უარის თქმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და იმაზე წაყრუება, რომ საქართველოში პოლიტიკური რეჟიმი რუსეთის მხარდაჭერით შეიცვალოს.

მოვლენები, რომლებიც აშშ-ისა და რუსეთის მხრიდან ურთიერთობის „გადატვირთვას“ (კლინტონ-ლავროვის და ობამა-მედვედევის შეხვედრების საშუალებით) მოჰყვა, ამგვარ ცვლილებაზე არ მიანიშნებს. ევროკავშირის გადაწყვეტილებამ, დახმარება აღმოეჩინა უკრაინისთვის გაზსადენის ინფრასტუქტურის აღდგენაში და ნატო-ს გადაწყვეტილებამ, არ გადაედო საქართველოში დაგეგმილი წვრთნები, რუსეთი უაღრესად გააღიზიანა. თავდაპირველი გარკვეული მინიშნებების მიუხედავად, ობამას საბოლოოდ უარი არ უთქვამს ბუშის პროექტზე აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგების თაობაზე. არც რუსეთს მიუღწევია დიდი წარმატებისთვის სამეზობლოში საკუთარი გავლენის გაფართოების თვალსაზრისით: „ახლო საზღვარგარეთის“ არც ერთმა ქვეყანამ არ ცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა; თავდაპირველი ყოყმანის მუხედავად, მოლდოვის მთავრობამ უარყო რუსეთის მიერ შემოთავაზებული დნესტრისპირეთის სამშვიდობო გეგმა, რომელიც რეგიონში რუსების სამხედრო ყოფნას დააკანონებდა. ყირგიზეთის ქალაქ მანასიდან ამერიკული ბაზის გაყვანა რუსეთის ერთადერთ სერიოზულ „მიღწევად“ რჩება.

2009 წლის აპრილში საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირების დროს ევროკავშირის ძალისმხევა საქართველოში დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში „მიტოვებას“ არ აპირებს. ევროკავშირის ჩართულობა აშკარად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ღიად გამოთქმულ იმედს, რომ აპრილის საპროტესტო აქციები საქართველოში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს.

5 სხვა ცვლილებები რეგიონში: რუსეთი, უკრაინა, თურქეთი

▲ზევით დაბრუნება


თუმცა რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა საკვანძო ფაქტორია, არსებობს რიგი სფეროებისა, სადაც შესაძლო ცვლილებებს პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და აქტივისტები ყურადღებით განიხილავენ, რადგან ამ ცვლილებებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეცვალონ რეგიონული უსაფრთხოების სისტემა.

(1) ეკონომიკური კრიზისი რუსეთში და რუსული
პოლიტიკური რეჟიმის სტაბილურობა

გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ყველა ქვეყანას გაუჩინა საფიქრალი, მაგრამ რუსეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ. უცხოური კაპიტალის გადინება აგვისტოს ომის დასრულებისთანავე, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე დაიწყო. მოგვიანებით, რუსეთისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა, რადგან რუსეთის ეკონომიკური ზრდა და ფინანსები დიდადაა დამოკიდებული ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე. რუსეთის მთავრობამ აღიარა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასის 70 დოლარზე ქვემოთ ჩამოსვლა რუსეთის ბიუჯეტს დეფიციტში გადაიყვანდა - ნავთობის ფასი კი უკვე თვეებია ამ ნიშნულს ბევრად ჩამორჩება.

ამან გარკვეულ წრეებში იმის მოლოდინი შექმნა, რომ ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი რუსეთს პოლიტიკურ არეულობამდე მიიყვანდა და მის ხელისუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა. არსებობს მოსაზრებები მედვედევ-პუტინის დიარქიაში არსებული დაძაბულობის თაობაზეც. რადგან კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, ამ მოლოდინების ცალსახად უარყოფა ნაადრევია. მაგრამ ამ ეტაპისთვის არაფერი მიგვანიშნებს, რომ რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმს სერიოზული პრობლემები ექმნება. უზარმაზარი ფინანსური რეზერვი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, გარკვეული დროის მანძილზე კრიზისის პირობებშიც თავი გაიტანოს.

ბიექტურად, ეკონომიკურმა კრიზისმა შეასუსტა რუსეთის პოზიციები გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა კრიზისს განიხილავს ხელსაყრელ შესაძლებლობად, მოკლევადიან პერსპექტივაში ხსენებული ფინანსური მარაგი საგარეო-პოლიტიკური გავლენის გასაფართოებლად გამოიყენოს. ამის მაგალითია შეთანხმება ყირგიზეთთან, როდესაც ამ ქვეყანამ გააძევა ამერიკის სამხედრო ბაზა რუსული ფინანსური დახმარების სანაცვლოდ. აქვე შეიძლება აღინიშნოს სურგუტ-ნეფტეგაზის მიერ ნავთობისა და გაზის წამყვან უნგრულ კომპანია მოლ-ში 21.1%-იანი წილის ყიდვა.

ეს გვიჩვენებს, რომ ანალიტიკოსები სიფრთხილით უნდა მოეკიდნენ იმის პროგნოზირებას, თუ როგორ წარიმართება რუსეთის შიდა პოლიტიკა ან რამდენად აგრესიული დარჩება რუსეთის საგარეო პოლიტიკა. რუსეთს რამდენიმე სტრუქტურული სისუსტე აქვს: მისი ეკონომიკის ზედმეტი დამოკიდებულება ნავთობისა და გაზიდან მიღებულ შემოსავლზე, ჩრდილოეთ კავკასიის სისტემური არასტაბილურობა და დაძაბული ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რუსეთმა თავისი გავლენის მწვერვალს აგვისტოს ომამდე მიაღწია და ამ ნიშნულს დიდხანს ვეღარ დაუბრუნდება. მაგრამ ბოლო თვეების მოვლენები აჩვენებს, რომ, ეკონომიკური კრიზისის მიერ მიყენებული მწარე დარტყმების მიუხედავად, რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს შიდა სტაბილურობა და საერთაშორისო გავლენის გაფართოების მცდელობები გააგრძელოს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი სერიოზული საფრთხეების წყაროდ რჩება საქართველოსთვის და უახლოეს მომავალში სიტუაციის შეცვლა მოსალოდნელი არ არის. ზოგიერთი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან საქართველოში განმეორებით სამხედრო ინტერვენციას. მაგრამ ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ განსაკუთრებით თავხედური გამოწვევა იქნებოდა და რუსეთის ინტერესებს ძირს გამოუთხრიდა. ამიტომ მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ირაციონალური ქმედების ბოლომდე გამორიცხვაც არ შეიძლება. რუსი ლიდერების თანმიმდევრული განცხადებები, რომ ისინი არ ისაუბრებენ პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომ მათთვის მისაღები იქნება ახალი მმართველობა, ნიშნავს ქვეყანაში შიდა არეულობის ღია წახალისებას ამ არეულობის მათთვის სასურველი შედეგით - რეჟიმის შეცვლით.

(2) უკრაინაში პოლიტიკური და ეკონომიკური
აფეთქების საფრთხე

თუ რუსეთი საქართველოსთვის მთავარი საფრთხეა, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინა საქართველოს საკვანძო მოკავშირედ იქცა. საქართველოს და უკრაინას ხშირად ერთ კონტექსტში განიხილავენ ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. უკრაინის პროგრესი ამ მიმართულებით საქართველოსაც გაუკაფავდა აქეთკენ მიმავალ გზას. მეორე მხრივ, როდესაც ანალიტიკოსები საუბრობენ რუსეთის მცდელობაზე, შეცვალოს მისი მეზობლების პოლიტიკური კურსი, როგორც წესი, უკრაინასა და საქართველოსაც გულისხმობენ.

უკრაინაც ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელსაც განსაკუთრებული სიმწვავით შეეხო ეკონომიკური კრიზისი. რუსეთთან შედარებით ბევრად დემოკრატიული უკრაინის შიდაპოლიტიკური სისტემა გაუთავებელმა პოლიტიკურმა ბრძოლებმა მოიცვა, რაც ხშირად მთავრობის პარალიზებას იწვევს და სერიოზულად ასუსტებს ქვეყნის უნარს, არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა „ქაოსის და დიქტატურის“ და/ან „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის“ საშიშროება შექმნა.

ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის შიდაპოლიტიკურ სტაბილურობას, არამედ დასავლურ ინსტიტუტებზე ქვეყნის ორიენტაციის სიმტკიცესაც. დღევანდელი უკრაინის სამ მთავარ ძალაუფლების ცენტრს (პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს და ოპოზიციის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩის ჯგუფები) შორის მხოლოდ ერთს, ვიქტორ იუშენკოს ჯგუფს აქვს მკაფიოდ პროდასავლური ორიენტაცია. იანუკოვიჩი პრორუსულად არის განწყობილი, ტიმოშენკო კი ოპორტუნისტულ პოზიციაზე დგას. უკრაინაში შიდა პოლიტიკური აფეთქების შემთხვევაში რუსეთს უფრო მეტი საშუალება ექნება, გავლენა მოახდინოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ვიდრე საქართველოში, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულ პოლიტიკას მრავალი მხარდამჭერი ჰყავს.

უკრაინის შიდაპოლიტიკური აფეთქება და/ან პრორუსულ ბანაკში გადანაცვლება შეარყევდა საქართველოს პოზიციას რეგიონში. ევროპაშიც კარგად ესმით, რომ ასეთი სცენარი არასასურველია. თუმცა მისი სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ ასეთი სცენარი არც გარდუვალია. უკრაინის პლურალისტური პოლიტიკური სისტემა ვერ აღმოჩნდა საკმარისად ეფექტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ან ეკონომიკური რეფორმების გატარებაში, მაგრამ ჯერჯერობით ის შედარებით წარმატებით უმკლავდება ხშირ პოლიტიკურ კრიზისებს და, ალბათ, ბოლო კრიზისის დაძლევასაც შეძლებს დიდი დანაკარგების გარეშე.

(3) იცვლება თუ არა თუ რქეთის პოლიტიკა?
ყველაზე დიდი უცნობი

რეგიონული უსაფრთხოების სისტემაში ყველაზე საფუძვლიანი, თუმცა ჯერ გაურკვეველი, სიახლის ნიშნები ბოლო თვეებში თურქეთის მხრიდან მოდის. საქართველოში რუსეთის ინტერვენციიდან რამდენიმე დღეში თურქეთის პრემიერ-მინისტრი რესეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში კავკასიური სტაბილურობის და თანამშრომლობის პაქტის ინიციატივით ჩავიდა. 6 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად მოულოდნელად ერევანს ეწვია. პრეზიდენტის ვიზიტმა სათავე დაუდო თურქულ-სომხური კონსულტაციების სერიას, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც შესაძლოა გახდეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთიერთობის აღდგენა და ჩაკეტილი საზღვრის გახსნა.

რუსეთი სერიოზული საფრთხეების წყაროდ რჩება საქართველოსთვის და უახლოეს მომავალში სიტუაციის შეცვლა მოსალოდნელი არ არის.

ამ ორმა სიახლემ დიდი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი იმაზე, გამოიღებენ თუ არა ისინი კონკრეტულ ნაყოფს. კავკასიური სტაბილურობისა და თანამშრომლობის პაქტი მკვდარშობილი ჩანს: აგვისტოს შემდეგ არაფერი გაკეთებულა, რომ ამ იდეას ხორცი შესხმოდა. ანალიტიკოსებს და პოლიტიკოსებს ისღა რჩებათ, იმარჩიელონ, რას გულისხმობდა თურქეთის ინიციატივა. სავარაუდოდ, ამით თურქეთის ხელმძღვანელობამ გამოხატა სურვილი, უფრო აქტიური როლი ეთამაშა კავკასიაში. შესაძლოა ეს ფარული შეთავაზებაც ყოფილიყო რუსეთისთვის: ერთად მოვაწესრიგოთ კავკასიაში არსებული პრობლემები ევროპელების და ამერიკელების გარეშე. ამ წინადადებით ერდოღანს შესაძლოა იმედი ჰქონდა მოეგვარებინა უთანხმოება რუსეთთურქეთის ურთიერთობებში, რაც გამოიწვია რუსი მებაჟეების მიერ თურქული სატვირთო მანქანების დაკავებამ რუსეთ-საქართველოს ომის დროს. რადგან რუსეთს იმ დღეებში დასავლეთთან განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თურქეთის ხელმძღვანელობას შეეძლო ევარაუდა, რომ რუსეთისთვის ასეთი წინადადება მიმზიდველი იქნებოდა.

პრეზიდენტ გულის ვიზიტი ერევანში და მომდევნო დიპლომატიური აქტივობა უფრო იმედის მომცემი ჩანს. 22 აპრილს თურქეთის, სომხეთის და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რითაც გამოხატეს ორივე ქვეყნის მზაობა, ერთობლივად იმუშაონ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საგზაო რუკის ფარგლებში შვეიცარიის შუამავლობით. ეს შეიძლება სერიოზულ გარღვევად ჩაითვალოს. მაგრამ ამავე დროს, თურქეთის ხელმძღვანელობამ საჯარო გამოსვლებში დაადასტურა მისი ადრინდელი პოზიცია, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას უნდა დაუკავშირდეს. ორი ქვეყნის დაახლოების პროცესს სერიოზული ოპოზიცია ჰყავს როგორც თურქეთში, ისე სომხეთში. ეს მოასწავებს, რომ მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ რთული შეიძლება აღმოჩნდეს და ანალიტიკოსთა უმრავლესობას უჭირს მათი შედეგების წინასწარმეტყველება.

ეს აჩვენებს, რომ თურქეთის მცდელობა, კავკასიაში უსაფრთხოების მდგომარეობა შეცვალოს, შეიძლება კარგად გათვლილ გეგმას არც ემყარებოდეს და უფრო თურქეთის საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში მიმდინარე ზოგადი პროცესის ნაწილი იყოს, რომელიც დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობის გადასინჯვასა და გადაფასებას ისახავს მიზნად. კავკასიაში გააქტიურებით თურქეთი შესაძლოა პოლიტიკის ახალ ვარიანტებს ცდიდეს და ცდილობდეს გაიმყაროს პოზიცია დასავლეთთან ურთიერთობაში. თურქეთის საგარეო პოლიტიკის „ორიენტალიზაციის“ მოლოდინი რომ გამართლდეს და თურქეთმა უარი თქვას დასავლეთთან მეკავშირეობის საუკუნოვან პოლიტიკაზე, ეს მართლაც უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე ცვლილება იქნება. როგორც თურქი, ისე უცხოელი ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები თურქეთ-ამერიკის და თურქეთ-ევროპის ურთიერთობებში გარკვეულ შესწორებებს შეიტანს, მაგრამ არსებით წყვეტს არ გამოიწვევს.

თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესება შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდეს სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის შესამცირებლად. ის აგრეთვე შეასუსტებდა სომხეთის დამოკიდებულებას რუსეთზე და დაეხმარებოდა სომხეთს, რეგიონში დასავლეთის ინტერესებთან მეტი საერთო ეპოვა. ყოველივე ეს საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამება.

სამხრეთ კავკასიისთვის და, კერძოდ, საქართველოსთვის, თურქეთ-სომხეთის დაახლოება ნამდვილი და ღრმა ცვლილება იქნებოდა. ზოგი ანალიტიკოსის აზრით, საქართველო აქედან წაგებული დარჩება. კერძოდ, ამ შემთხვევაში საქართველომ შეიძლება მართლაც დაკარგოს პრივილეგირებული როლი ზოგიერთ სატრანზიტო ეკონომიკურ პროექტში. მაგრამ, საბოლოოდ, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესება შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდეს სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის შესამცირებლად. ის აგრეთვე შეასუსტებდა სომხეთის დამოკიდებულებას რუსეთზე და დაეხმარებოდა სომხეთს, რეგიონში დასავლეთის ინტერესებთან მეტი საერთო ეპოვა. ყოველივე ეს საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამება.

6 საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა: მივყვეთ არჩეულ კურსს, მაგრამ მოვერგოთ ახალ რეალობას

▲ზევით დაბრუნება


ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შედეგად საქართველოს უსაფრთხოების გარემო წინა წელთან შედარებით უფრო არამდგრადი, გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი გახდა. თუმცა კონკრეტული ანალიზი გვიჩვენებს, რომ გლობალურ და რეგიონულ დონეებზე მომხდარი ცვლილებები ჯერჯერობით ვერ ამართლებს „პარადიგმის ცვლის“ ან „ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის რღვევის“ გადაჭარბებულ მოლოდინს.

შესაბამისად, არ არსებობს აუცილებლობა, ძირფესვიანად შეიცვალოს საქართველოს რეგიონული და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებსა და ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ნატო-სა და ევროკავშირთან ახლო თანამშრომლობას ემყარება. მაგრამ აუცილებელია პოლიტიკური კურსის შესწორება წარსული გამოცდილების და არსებული ტენდენციების გათვალისწინებით. გთავაზობთ ასეთი გადასინჯვის რამდენიმე ძირითად მიმართულებას:

(1) 2004 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა იმ დაშვებაზე დაყრდნობით, რომ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრა: სახელდობრ, სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარება და ნატო-ში გაწევრიანება. ეს მიზნები დღესაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში მათი მიღწევა ან თუნდაც სწრაფი პროგრესი ამ მიმართულებებით ნაკლებ რეალისტურია. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკა მეტად უნდა იყოს დამყარებული ხანგრძლივვადიან გეგმებზე და მიზანთან თანდათანობით მიახლოებაზე.

(2) საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად უნდა დარჩეს ნატო-სა და ევროკავშირთან ახლო თანამშრომლობა მათში ინტეგრაციის საბოლოო პერსპექტივით. ეს გზა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობებს შეიცავს. ამავე დროს, მეტი წონასწორობა უნდა დავიცვათ ნატო-სა და ევროკავშირს, ისევე როგორც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. 2004-2007 წლებში საქართველოს ნატო-ში სწრაფად გაწევრიანების პერსპექტივამ, რომელსაც აშკარად ჩამოუვარდებოდა ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ბუნებრივად უკანა პლანზე გადაწია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა. ნატო-ში გაწევრიანების იმედი დიდწილად დამოკიდებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხადაჭერაზე. ამასთან, ამერიკის გავლენა რეგიონზე გაცილებით აღემატებოდა ევროპული ქვეყნების გავლენას. მაგრამ ტრანსატლანტიკური მეტოქეობისა და ეჭვიანობის პირობებში, ამერიკისა და საქართველოს ახლო ურთიერთობამ კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი დასავლეთევროპული ქვეყნების წინააღმდეგობა.

დღევანდელ ვითარებაში, საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან და ევროკავშირთან თანმიმდევრული გაღრმავების და არა მოსალოდნელი გაწევრიანების რეჟიმში ვითარდება. შესაბამისად, თანამშრომლობის ეს ორი ხაზი უფრო მეტად უნდა იყოს დაბალანსებული. მეტიც, აგვისტოს ომმა და 2009 წლის აპრილის პოლიტიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ევროკავშირი რეგიონში სულ უფრო მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცევა. ჯერჯერობით არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ვაშინგტონში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ასევე რთულია ორმხრივი ურთიერთობის იმ დონის შენარჩუნება, რომელიც ემყარებოდა კავშირს ბუშის „თავისუფლების დღის წესრიგსა“ და „ვარდების რევოლუციას“ შორის. საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს ურთიერთობა ევროკავშირთან და წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამერიკასთან ურთიერთობის დაკნინებას.

(3) დღევანდელ სამყაროში შეუძლებელია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შიდა პოლიტიკისგან განცალკევება. დემოკრატიული რეფორმების გაღრმავება და ეროვნული კონსენსუსის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი, თუმცა აგრეთვე საკმაოდ რთული ამოცანაა. ოპოზიციის რადიკალურ მოთხოვნებს მთავრობამ უნდა დაუპირისპიროს კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად აუცილებელი ზომებისა და ადეკვატური მოქნილობის კომბინაცია. საზოგადოების ნაწილს, რომელიც მთავრობის პოლიტიკას ემიჯნება, პოლიტიკურ პროცესში წარმოდგენილობის და საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვის სრული საშუალება უნდა ჰქონდეს. უნდა მოვერიდოთ

რთული პრობლემებისერთხელ და სამუდამოდ
მოგვარების პათოსს.

არ არსებობს აუცილებლობა, ძირფესვიანად შეიცვალოს საქართველოს რეგიონული და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებსა და ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ნატო-სა და ევროკავშირთან, ახლო თანამშრომლობას ემყარება.

(4) საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. მაგრამ შექმნილი სიტუაციის შეფასება გვიჩვენებს, რომ რუსეთთან პარტნიორობაზე, თანამშრომლობაზე და ორმხრივ პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა უახლოეს მომავალში ვერ მიიღწევა, თუ რუსეთის მმართველ წრეებსა და მათ პოლიტიკაში ძირფესვიანი ცვლილებები არ მოხდა. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების შეცვლასაც მხოლოდ მაშინ შეიძლება მოჰყვეს რუსეთთან ურთიერთობის დათბობა, თუ ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია ფუნდამენტურად შეიცვლება. აქედან გამომდინარე, ახლო და შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მიზანი იქნება, მინიმუმზე დაიყვანოს ჩრდილოელი მეზობლისგან წამოსული უშუალო საფრთხეები.

ეტი წონასწორობა უნდა დავიცვათ ნატო-სა და ევროკავშირს, ისევე როგორც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.

(5) უკრაინა, აზერბაიჯანი და რუსეთის მეზობელი ყოფილი კომუნისტური ქვეყნები კვლავ საქართველოს ბუნებრივ მოკავშირეებად რჩებიან, რადგან მათ სხვაზე უკეთ ესმით და იზიარებენ საქართველოს უსაფრთხოების პრობლემებს. თურქეთის ბოლოდროინდელი არათანმიმდევრული პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს ამ ქვეყანასთან მრავალი საერთო ინტერესი აქვს. სომხეთის მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობებში ბალანსისა და კომპლემენტარობის პოლიტიკის გათვალისწინებით, ამ მნიშვნელოვან მეზობელთან კარგი სამუშაო ურთიერთობის გაგრძელებასაც საიმედო პერსპექტივა აქვს. ასე რომ, ბოლოდროინდელ ცვლილებებს არ შეურყევიათ საქართველოს პოზიცია რეგიონში და მან უნდა განაგრძოს აქტიური რეგიონული პოლიტიკის გატარება იმ ანგარიშით, რომ, რუსეთის გარდა, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, ნაყოფიერი თანამშრომლობა შენარჩუნდება.

დღევანდელ ვითარებაში, საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან და ევროკავშირთან თანმიმდევრული გაღრმავების და არა მოსალოდნელი გაწევრიანების რეჟიმში ვითარდება. შესაბამისად, თანამშრომლობის ეს ორი ხაზი უფრო მეტად უნდა იყოს დაბალანსებული.

დემოკრატიული რეფორმების გაღრმავება და ეროვნული კონსენსუსის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი, თუმცა აგრეთვე საკმაოდ რთული ამოცანაა.

(6) აგვისტოს ომის შედეგებმა, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებამ და მათი ტერიტორიების მილიტარიზაციამ, საგრძნობლად შეარყია ამ კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ვერც ერთი მთავრობა ვერ შეწყვეტს და არც უნდა შეწყვეტოს კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიება. შექმნილ მდგომარეობაში აუცილებელია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სხვადასხვა აქტორთან დიალოგის გზების ძიება, თუმცა აღიარებული უნდა იყოს, რომ ამ კონტაქტებს მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური სარგებელი არ მოჰყვება. ასეთი ძალისხმევა შესაძლოა დაბალი ინტენსივობის იყოს, მაგრამ აუცილებელია მისი თანმიმდევრულად და სისტემატურად განხორციელება.

7 * * *

▲ზევით დაბრუნება


მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, მედია, პოლიტიკური პარტიები, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები.

გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფონდის თვალსაზრისს.

გია ნოდია კავკასიური კვლევების საერთაშორისო სკოლა, დირექტორი (ISCS) მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, დამფუძნებელი (CIPDD)