![]() |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: კითხვა-პასუხი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭო |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: UDC: 341.231.14 + 341.645(4) [ევროპის სასამართლოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში ; გარეკანის გაფორმება ლუკა გოცირიძე]. - [თბ. : ევროპის საბჭო, 2009] (შპს "პეტიტი"). - 11გვ. ; 14სმ.[MFN: 138184] გარეკანის გაფორმება და კომპიუტერული უზრუნველყოფა - ლუკა გოცირიძე ბეჭდვა - შპს „პეტიტი“ ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში ი. ჭავჭავაძის გამზ., II ჩიხი, კორპ. 3ა, 0179 თბილისი ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73 ფაქსი: 91 38 74 ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int ინტერნეტ-გვერდი: www.coe.ge თბილისი, 2009 წლის აპრილი |
![]() |
1 სასამართლოს სამდივნო |
▲ზევით დაბრუნება |
მოცემული კითხვა-პასუხი სასამართლოს სამდივნოს მიერ არის მომზადებული. ის თავად სასამართლოს არ ავალდებულებს. მისი მიზანია, ზოგადი ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს სასამართლოს მუშაობის შესახებ. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, მკითხველს შეუძლია, სასამართლოს ინტერნეტ-გვერდზე გაეცნოს სამდივნოს მიერ მომზადებულ სხვა საბუთებს (www.echr.coe.int), პირველ რიგში კი - სასამართლოს რეგლამენტს.
![]() |
2 რას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო? |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელსაც სტრასბურგში უდევს ბინა. ის იმდენი მოსამართლისგან შედგება, რამდენიც არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია. სასამართლოში ამჟამად 47 მოსამართლეა1. მოსამართლეები საქმიანობას თავიანთი ინდივიდუალური უფლებამოსილებით ახორციელებენ და არ არიან არც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენლები. საჩივრების განხილვაში, სასამართლოს თანაშემწეობას უწევს სამდივნო, რომელიც, ძირითადად, ყველა წევრი სახელმწიფოდან შერჩეული იურისტებისაგან შედგება („იურისტი რეფერენტები“). იურისტი რეფერენტები სრულიად დამოუკიდებელნი არიან თავიანთი წარმოშობის ქვეყნებისაგან, ისინი არც მომჩივნებს წარმოადგენენ და არც - სახელმწიფოებს.
_____________________
1. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს არ აქვს კონვენციის ყველა ოქმი რატიფიცირებული. ამ ოქმებით კონვენციას ახალი უფლებები დაემატა. მოცემულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია სასამართლოს ინტერნეტ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.
![]() |
3 რა არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია? |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ხელმოსაწერად მხოლოდ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის არის ღია. კონვენცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპული სასამართლო და განისაზღვრა მისი მუშაობის წესები, ადგენს იმ უფლებებისა და თავისუფლებების ნუსხას, რომელთა დაცვის ვალდებულებაც იკისრეს ხელშემკვრელმა მხარეებმა. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს არ აქვს კონვენციის ყველა ოქმი რატიფიცირებული. ამ ოქმებით კონვენციას ახალი უფლებები დაემატა. მოცემულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია სასამართლოს ინტერნეტ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.
![]() |
4 რას აკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო? |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვას აკონტროლებს. მისი ამოცანაა, დაადგინოს, იცავენ თუ არა სახელმწიფოები კონვენციით უზრუნველყოფილ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამისათვის, მას საჩივრით მიმართავენ კერძო პირები ან, ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფოები. თუ სასამართლო დაადგენს, რომ რომელიმე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ დაარღვია კონვენციით გათვალისწინებული ერთი ან მეტი უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებას სავალდებულო ხასიათი აქვს: მოცემული ქვეყანა ვალდებულია, აღასრულოს ის.
![]() |
5 რა შემთხვევაში შემიძლია მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს? |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლოში საჩივრის შეტანა შეგიძლიათ, თუ მიგაჩნიათ, რომ უშუალოდ თქვენი, კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება დაირღვა და თუ ეს დარღვევა ჩაიდინა იმ სახელმწიფომ, რომელმაც კონვენციით დადგენილი ვალდებულებები იკისრა.
რომელი უფლებებია დაცული კონვენციით და მისი ოქმებით?
ამ უფლებებში, სხვებს შორის, შედის:
სიცოცხლის უფლება;
სისხლის სამართლისა და სამოქალაქო ხასიათის საქმეების სამართლიანი განხილვის უფლება;
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
აზრის გამოხატვის თავისუფლება;
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება;
არჩევნებში ხმის მიცემისა და საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება.
რას კრძალავს კონვენცია და მისი ოქმები?
სხვებს შორის, იკრძალება:
ადამიანის წამება და არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა;
თვითნებური და უკანონო პატიმრობა;
დისკრიმინაცია კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას;
საკუთარი მოქალაქეების სახელმწიფოს ტერიტორიიდან გაძევება ან მათი ამ ტერიტორიაზე შესვლის დაბრკოლება;
სიკვდილით დასჯა;
უცხოელების კოლექტიური გაძევება.
![]() |
6 რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე სასამართლოში საჩივრის შესატანად? |
▲ზევით დაბრუნება |
პირადად მე რა პირობები მეხება?
არ არის აუცილებელი, ევროპის საბჭოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს მოქალაქე იყოთ. საკმარისია, ის დარღვევა, რომლის შესახებაც ჩივით, ჩადენილი იყოს ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ თავისი იურისდიქციის ფარგლებში, რაც, ჩვეულებრივ, ამ სახელმწიფოს ტერიტორიას შეესაბამება.
თქვენ შეიძლება იყოთ ფიზიკური ან იურიდიული პირი (კომპანია, ასოციაცია და ა.შ.).
თქვენ პირადად და უშუალოდ უნდა იყოთ დაზარალებული იმ დარღვევის შედეგად, რომლის შესახებაც ჩივით. მაგალითად, თქვენ ვერ შეიტანთ ზოგადი ხასიათის საჩივარს ამა თუ იმ კანონის თუ აქტის შესახებ იმის გამო, რომ ის უსამართლო გეჩვენებათ; ვერც სხვა ადამიანების სახელით იჩივლებთ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირების ვინაობა ნათლად არის მითითებული და თქვენ მათი ოფიციალური წარმომადგენელი ხართ).
უნდა შევასრულო თუ არა რაიმე პირობა საჩივრის შეტანამდე, ეროვნული სასამართლოების წინაშე?
დიახ. შესაბამის სახელმწიფოში, თქვენ ამოწურული უნდა გქონდეთ სამართლებრივი დაცვის ყველა ის საშუალება, რომლითაც შესაძლებელია თქვენ მიერ საჩივარში მითითებული მდგომარეობის გამოსწორება (ყველაზე ხშირად, ეს ნიშნავს უფლებამოსილი სასამართლოსთვის მიმართვას და, შესაბამის შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილების სააპელაციო და უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებში (მაგალითად, უზენაესი ან საკონსტიტუციო სასამართლო) გასაჩივრებას.
თუმცა, ამ საშუალებების მხოლოდ გამოყენება არ არის საკმარისი. შიდა სასამართლოებში ჩივილისას, თქვენ ნათლად უნდა დააყენოთ ის სასარჩელო მოთხოვნები კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით, რომელთა შეტანაც გსურთ ევროპულ სასამართლოში.
საჩივრის შესატანად თქვენ გაქვთ მხოლოდ ექვსი თვე შიდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან (ჩვეულებრივ, უზენაესი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება). ამ ვადის გაშვების შემთხვევაში, სასამართლო ვერ მიიღებს თქვენს საჩივარს.
ვის წინააღმდეგ შემიძლია საჩივრის შეტანა?
ერთი ან მეტი ხელშემკვრელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც, თქვენი აზრით, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ისეთი ქმედებით ან უმოქმედობით, რომელიც უშუალოდ თქვენ შეგეხოთ.
აქტი ან აქტები, რომლებიც მომდინარეობს ამ სახელმწიფოს (სახელმწიფოების) რომელიმე ორგანოსგან (მაგალითად, სასამართლო ან ადმინისტრაციული უწყება).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ იხილავს კერძო პირების ან კერძო დაწესებულებების (მაგალითად, კომერციული კომპანიები) წინააღმდეგ მიმართულ საჩივრებს.
რას შეიძლება ეხებოდეს ჩემი საჩივარი?
თქვენი საჩივარი აუცილებლად უნდა ეხებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უფლებას. აქედან გამომდინარე, საჩივრის საგანი შეიძლება იყოს მრავალგვარი. ამის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია: თავისუფლებააღკვეთილი ადამიანის წამება და მის მიმართ ცუდი მოპყრობა; პატიმრობის შეფარდების კანონიერება; სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის პროცესის ნაკლოვანებები; დისკრიმინაცია კონვენციით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას; მშობელთა უფლებები; პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრისისა და მიმოწერის დაცულობა; აზრის გამოხატვის ან ინფორმაციის გადაცემის თუ მიღების თავისუფლების შეზღუდვა; შეკრების თუ მანიფესტაციის თავისუფლება; გაძევება და ექსტრადიცია; საკუთრების კონფისკაცია და ექსპროპრიაცია.
თქვენ ვერ იჩივლებთ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შესახებ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ძირითადი უფლებების ქარტია, და სხვ.)
![]() |
7 როგორ უნდა მივმართო სასამართლოს, თუ მიმაჩნია, რომ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ჩემი უფლებები? |
▲ზევით დაბრუნება |
ამისათვის, სასამართლოს უნდა გაუგზავნოთ წერილი, რომელშიც ნათლად მიუთითებთ თქვენი საჩივრის საგანს (ამ შემთხვევაში, სასამართლო შესავსებად გამოგიგზავნით საჩივრის ფორმას), ან უკვე შევსებული საჩივრის ფორმა1 შემდეგ მისამართზე:
The Registrar European Court of Human Rights
Council of Europe F-67075 Strasbourg Cedex
სასამართლოს შეგიძლიათ მიწეროთ მის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (ინგლისური და ფრანგული) ან რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე.
თუ საჩივარს ფაქსის საშუალებით წარადგენთ, ის შემდეგ ფოსტითაც უნდა გააგზავნოთ;
ნუ ჩახვალთ სტრასბურგში თქვენი საქმის მოსათხრობად. ეს არ დააჩქარებს თქვენი საჩივრის განხილვას და ვერც იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ;
სასამართლოს სამდივნომ შეიძლება მოგთხოვოთ თქვენს საჩივართან დაკავშირებული დამატებითი საბუთების, ინფორმაციისა თუ ახსნა-განმარტების წარმოდგენა;
თუ ხელთ გაქვთ საჩივრის ფორმა, გულდასმით და გარკვევით უნდა შეავსოთ იგი და რაც შეიძლება სწრაფად გააგზავნოთ. მასში მითითებული უნდა იყოს:
ფაქტებისა და სასარჩელო მოთხოვნების მოკლე შინაარსი;
კონვენციით გათვალისწინებული იმ უფლებების ჩამონათვალი, რომლებიც, თქვენი აზრით, დაირღვა;
სამართლებრივი დაცვის ის საშუალებები, რომლებიც გამოიყენეთ;
თქვენს საქმეში გამოტანილი ყველა გადაწყვეტილების ასლი (ეს საბუთები უკან არ დაგიბრუნდებათ. ამიტომ, მხოლოდ ასლები გამოაგზავნეთ); და
თქვენი, როგორც მომჩივნის, ან თქვენი წარმომადგენლის ხელმოწერა.
თუ არ გსურთ თქვენი ვინაობის გამჟღავნება, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ სასამართლოს და მიუთითეთ მიზეზები. თავმჯდომარე გადაწყვეტს, არის თუ არა ეს მოთხოვნა საფუძვლიანი.
საწყის ეტაპზე, ადვოკატის ყოლა აუცილებელი არ არის. თუ მაინც გსურთ, რომ სასამართლოში საჩივარი წარმომადგენლის მეშვეობით შეიტანოთ, საჩივრის ფორმას მის სახელზე სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი რწმუნება უნდა დაურთოთ.
ძირითადად როგორია განხილვის პროცედურა?
პროცედურა წერილობითია. თქვენ წერილობით გაცნობებენ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ. საქმის ზეპირი განხილვა გამონაკლის შემთხვევებში ხდება.
საქმის განხილვა უფასოა.
მართალია, საწყის ეტაპზე, ადვოკატის ყოლა არ მოგეთხოვებათ, მაგრამ ეს აუცილებელი იქნება, როგორც კი თქვენი საჩივარი მოპასუხე მთავრობას გაეგზავნება. თუმცა, საჩივრების უმრავლესობა მიუღებლად ცხადდება ისე, რომ მისი მთავრობისთვის გაგზავნა არ ხდება საჭირო.
თქვენ მხოლოდ საქმის წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯების გაწევა დაგჭირდებათ (ადვოკატის ჰონორარი, საჩივრის შედგენისთვის საჭირო მასალების მოძიება, მიმოწერა და ა.შ.).
საჩივრის შეტანის შემდეგ, შეგიძლიათ მოითხოვოთ იურიდიული დახმარება. იურიდიული დახმარება არ ხდება ავტომატურად და დაუყოვნებლივ; ის პროცედურის მომდევნო ეტაპზე შეიძლება გაგეწიოთ.
როგორ მიმდინარეობს საქმის განხილვის პროცესი?
პირველ რიგში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მისაღებია თუ არა თქვენი საჩივარი. ეს ნიშნავს, რომ საქმე უნდა აკმაყოფილებდეს კონვენციით დადგენილ გარკვეულ მოთხოვნებს (იხ., ზევით, „რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე სასამართლოში საჩივრის შესატანად?“). თუ ეს მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული, თქვენი საჩივარი მიუღებლად იქნება ცნობილი. თუ თქვენი სა- ჩივარი რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნას შეიცავს, სასამართლომ შეიძლება ერთი ან მეტი მათგანი მისაღებად მიიჩნიოს, სხვები კი უარყოს.
თქვენი საჩივრის ან ერთი რომელიმე სასარჩელო მოთხოვნის მიუღებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
თუ თქვენი საჩივარი ან ერთი რომელიმე სასარჩელო მოთხოვნა მისაღებად იქნა მიჩნეული, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს (თქვენ და მოპასუხე სახელმწიფოს), მორიგებით დაასრულონ პროცედურა. თუ მორიგება არ შედგა, სასამართლო შეუდგება საქმის არსებითად განხილვას, რათა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კონვენცია.
რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი?
საქმეთა მოზღვავების გამო, შესაძლოა, ერთი წელი გავიდეს, სანამ სასამართლო თქვენი საჩივრის პირველად განხილვას შეუდგება. ზოგიერთი საჩივარი შეიძლება სასწრაფოდ იქნეს მიჩნეული და რიგგარეშე განიხილონ. ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როცა მომჩივანს დაუყოვნებელი ფიზიკური საფრთხე ემუქრება.
___________________
1. საჩივრის ფორმა შეგიძლიათ ამობეჭდოთ სასამართლოს ინტერნეტ-გვერდიდან.
![]() |
8 რას შეიძლება ველოდე ჩემი საჩივრის განხილვის შედეგად? |
▲ზევით დაბრუნება |
თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონვენცია დაირღვა, მას შეუძლია „სამართლიანი დაკმაყოფილების“ სახით ფულადი კომპენსაცია მოგანიჭოთ ზოგიერთი სახის ზიანის ასანაზღაურებლად. გარდა ამისა, სასამართლომ შეიძლება მოითხოვოს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები აგინაზღაუროთ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა (მაგალითად, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ საქმის წარმოებისათვის გაღებული ხარჯები).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გააუქმოს ეროვნული გადაწყვეტილებები ან კანონები;
სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება სასამართლოს უფლებამოსილებაში არ შედის. გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი1, რომელიც აკონტროლებს მის შესრულებას და უზრუნველყოფს შესაბამისი ფულადი კომპენსაციების გადახდას.
__________________
1. მინისტრთა კომიტეტი შედგება წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან მათი წარმომადგენლებისგან.
![]() |
9 რისი გაკეთება არ შეუძლია ჩემთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს? |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს სააპელაციო ინსტანციის როლი ეროვნულ სასამართლოებთან მიმართებაში. ის საქმეების ხელახალ განხილვას არ აწარმოებს და მათ შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებათა გაუქმება, შეცვლა თუ გადასინჯვა არ შეუძლია.
სასამართლო თქვენს სასარგებლოდ ვერ იშუამდგომლებს ხელისუფლების იმ ორგანოსთან, რომელსაც თქვენ უჩივით. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მომჩივანს ფიზიკური ზიანის სერიოზული საფრთხე ემუქრება, სასამართლომ სახელმწიფოს შეიძლება მიუთითოს შესაბამისი სახის დროებითი ღონისძიება.
სასამართლო არ დაგეხმარებათ საჩივრის შესადგენად იურისტის პოვნაში ან მისთვის ჰონორარის გადახდაში.
სასამართლოს არ შეუძლია, მოგაწოდოთ რაიმე ინფორმაცია იმ სახელმწიფოში მოქმედი კანონების თაობაზე, რომლის წინააღმდეგაც საჩივარია მიმართული.
დამატებითი ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ მის ინტერნეტ-გვერდზე: www.echr.coe.int
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: webmaster@echr.coe.int