The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ამერიკის ხალხთა მითოლოგია

ამერიკის ხალხთა მითოლოგია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გოგიაშვილი ელენე
თემატური კატალოგი ლიტერატურა|მითოლოგია
წყარო: ISBN 978-9941-12-835-6
საავტორო უფლებები: © ელენე გოგიაშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი გამომცემლობა „უნივერსალი“ წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ამერიკის მცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში. „ამერიკის ხალხთა მითოლოგია“ პირველი სახელმძღვანელოა ქართულ ენაზე, რომელშიც წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია ამერიკის ხალხთა მითოლოგიური სისტემების, მათი ღვთაებებისა და მითოლოგიური გმირების შესახებ. ამერიკის ხალხთა მითოლოგიის გაცნობა სტუდენტს დაეხმარება ამერიკული კულტურის თავისებურებათა ახსნაში, რომელზეც ცნობიერად და ქვეცნობიერად გავლენა მოახდინა ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის კულტურამ. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და ზოგადად მითოლოგიით დაინტერესებული მკითხველისთვის. რედაქტორი: ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანასტასია ზაქარიაძე რეცენზენტები: ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან სიხარულიძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ხუციშვილი Elene Gogiashvili Mythology of Peoples in America (In Georgian) გამომცემლობა „უნივერსალი“ გარეკანის დიზაინი: ირაკლი გარაყანიძე



1 წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


„ამერიკის ხალხთა მითოლოგია“ მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ამერიკისმცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში არსებული სალექციო კურსის შესაბამისად, დაიწერა 2007-2010 წლებში. წიგნში გამოყენებული სწავლების მეთოდები, სადისკუსიო თემები, პრაქტიკული სამუშაოები და ტექსტის ანალიზი აპრობირებულია სალექციო კურსის „ამერიკის ხალხთა მითოლოგიის“ მსვლელობისას.

„ამერიკის ხალხთა მითოლოგია“ პირველი სახელმძღვანელოა ქართულ ენაზე, რომელშიც თავმოყრილია ზოგადი ცნობები ამერიკის ხალხთა მითოლოგიური სისტემების შესახებ ინდიელთა და აფრო-ამერიკელთა ფოლკლორული გადმოცემების ნიმუშებითურთ.

წიგნი აგებულია შედარებითი მითოლოგიის პრინციპით. თავები დალაგებულია თემატურად მითოლოგიის სახეების მიხედვით (უზენაესი ღვთაებები, ამინდის ღვთაებები, ქალღმერთები, სამყაროს გააზრება და ა.შ.). სახელმძღვანელო თხუთმეტი თავისგან შედგება. ყოველი თავის ბოლოს მითითებულია თემა საშინაო დავალებისთვის და გამოყენებული ლიტერატურა.

სახელმძღვანელოს ახლავს დანართი - ფოლკლორული ტექსტები: ინდიელთა და აფრო-ამერიკელთა ზეპირი გადმოცემები. პრაქტიკული დავალებები საშუალებას იძლევა ამერიკის ხალხთა მითოლოგიური სისტემების უკეთ გააზრებისა და მითების სხვა ზეპირი ჟანრებისგან განსხვავებისათვის. გარდა ტექსტებისა, დამატებაში მოცემულია ტესტის ვარიანტი შუალედური შემოწმებისათვის და ტექსტის სტრუქტურული ანალიზის ნიმუში.

გლოსარიუმი და პერსონალია დამხმარე ინფორმაციის შემცველია იმ საგანთა და პირთა შესახებ, რომლებიც მოხსენიებულნი არიან სახელმძღვანელოს ძირითად ნაწილში.

გულითად მადლობას მოვახსენებ პროფესორებს - ანასტასია ზაქარიაძეს, ქეთევან სიხარულიძესა და ქეთევან ხუციშვილს სახელმძღვანელოზე მუშაობის პერიოდში გაწეული კონსულტაციებისა და საქმიანი შენიშვნებისათვის; მექსიკელ და ბრაზილიელ მეგობრებს იგალ მენდიკუტის, რობერტო ვილასა და მარსელუ ნუნეშ ალვეშ კოშტას - საინტერესო საუბრების, რჩევებისა და ფოტოების მოწოდებისათვის; ჩემს სტუდენტებს - დისკუსიისა და აზრების გაზიარებისათვის.

„... და თუ თქვენც გიყვართ თქვენი წარსული,
თქვენი ზღაპრები და ლეგენდები,
რომლებიც ხავსით დაფარულ ხელებს
თქვენკენ იწვდიან და გაჩერებენ,
და გახსენებენ გარდასულ ამბებს
ამღერებული და ტკბილი ენით -
ყური დაუგდეთ ამ ძველ ლეგენდას...“
. ლონგფელო

2 I თავი. რას შეისწავლის საგანი „ამერიკის ხალხთა მითოლოგია“?

▲ზევით დაბრუნება


ამერიკის ხალხთა მითოლოგიის შესწავლის ისტორიიდან.
ტერმინოლოგიური განმარტებები. მითოლოგიის
ინტერპრეტაციები. ამერიკის ხალხთა
მითოლოგიის შესწავლის წყაროები.

ამერიკის ხალხთა მითოლოგია ზოგადად გულისხმობს ყველა იმ ხალხთა მითოლოგიურ სისტემებს, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე არსებობს: ჩრდილო, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ინდიელთა, აფრო-ამერიკელთა და ევროპული წარმომავლობის ხალხთა.

მიუხედავად ურთიერთგანსხვავებული კულტურებისა, ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს მაინც ერთ სივრცეში მოვიაზრებთ კულტურული კონტაქტების, კულტურული ცვლილებების, კულტურული ღირებულებების, ადაპტაციისა და ასიმილაციის გამო.

ამერიკის ხალხთა მითოლოგიაში იგულისხმება შემდეგი მითოლოგიური სისტემები:

  • ჩრდილო ამერიკის ინდიელთა (კალიფორნიელი ინდიელები, პრერიების ინდიელები, ესკიმოსები);

  • ცენტრალური ამერიკის ინდიელთა (მაია, აცტეკი);

  • სამხრეთ ამერიკის ინდიელთა (ინკა, ბრაზილიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები);

  • აფრო-ამერიკული (აფრო-ბრაზილიური, აფრო-კარიბული).

  • თანამედროვე მითოლოგია (მითები „ჰოლივუდში“).

ამერიკის ხალხთა მითოლოგიის შესწავლის ისტორიიდან

ამერიკის ხალხთა ტრადიციული კულტურის შესწავლისას მე-19 საუკუნეში კულტურული ნასესხობა იყო წინა პლანზე წამოწეული, მოგვიანებით - ევროპელი ემიგრანტების გავლენა ამერიკის აბორიგენ მოსახლეობაზე.

ყველაზე ნაყოფიერი მუშაობა ამერიკის ხალხთა მითოლოგიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის კვლევაში მე-20 საუკუნეში წარიმართა და დღემდე გრძელდება. ამერიკელი ფოლკლორისტებისა და ანთროპოლოგების - რიჩარდ დორსონის, ალან დანდესის, როჯერ აბრაჰამსის, უილიამ ბესკომის, არკერ ტეილორისა და სხვათა შრომებში სიღრმისეულად არის ნაჩვენები ფოლკლორისტიკის კავშირი ფილოლოგიასთან, ეთნოლოგიასა და ამერიკის ისტორიასთან, რომელთა გარეშეც შეუძლებელია მითოლოგიის გაგება და გააზრება. მათი კვლევა მოიცავს როგორც რეგიონალურ, ეთნიკურ, რასობრივ და პროფესიულ ჯგუფთა ხალხურ გადმოცემებს, ისე მასმედიის გავლენას ქალაქურ და ინდუსტრიულ ყოფაზე.

ამერიკის ინდიელთა და აფრო-ამერიკელთა მითოლოგიის შესწავლაში უმნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ალან დანდესმა და რიჩარდ დორსონმა.

ალან დანდესის ინტერესები ფოლკლორისტიკისა და ეთნოლოგიის საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს: მითოლოგია, რწმენა-წარმოდგენები, თქმულებები, ქალაქური ფოლკლორი, საბავშვო ფოლკლორი, ბიბლიური და ნახევრად ხალხური ლიტერატურა. განსაკუთრებული აქცენტი ალან დანდესის კვლევებში ინდიელთა მითოლოგიაზეა გადატანილი, რომლის შესწავლისას იგი კულტურის ისტორიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორისტიკის, ტექსტოლოგიის და ფსიქოანალიზის მეთოდების კომბინაციას ახდენდა.

რიჩარდ დორსონის სამეცნიერო მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი აფრო-ამერიკული ფოლკლორის კვლევას უჭირავს. სხვადასხვა ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების გამოკვლევის შედეგად დორსონმა შექმნა პირველი ფუნდამენტური კორპუსი ამერიკული ხალხური გადმოცემებისა. მან გააანალიზა ცალკეული მთქმელის სტილი და ინდივიდუალობა, ყურადღება მიაქცია ავტობიოგრაფიულ ზეპირ მოთხრობებს, სათავგადასავლო ამბებსა და ისტორიულ გადმოცემებს, რომლებიც სპეციფიკურ ჟანრს ქმნიან ამერიკულ ფოლკლორში.

რაც შეეხება ამერიკის ინდიელთა მითოლოგიას, მისი კვლევის მცდელობები ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან დაიწყო ევროპელ მოგზაურთა და მეცნიერთა ნაშრომებში. მიუხედავად კვლევის ხანგრძლივი ტრადიციისა, ინდიელთა ზეპირი გადმოცემების სრული ფიქსაცია მე-20 საუკუნემდე ვერ განხორციელდა. მათი მითოლოგიური წარმოდგენების შესასწავლად მკვლევრები იყენებენ როგორც ფოლკლორულ ტექსტებს, ისე არქიტექტურულსა და მატერიალური კულტურის ძეგლებში შემორჩენილ გამოსახულებებს.

ტერმინოლოგიური განმარტებები

თანამედროვე სასაუბრო ენაში სიტყვა „მითს“ ხშირად ირაციონალურის, ტყუილისა და გამოგონილის მნიშვნელობა აქვს. ეს მითის იმ განმარტებიდან მომდინარეობს, რომელიც ისტორიულად ძველ, არარეალურ, არარელევანტურ და დაუჯერებელ ამბავს აღნიშნავს. რელიგიების, მეტაფიზიკის, ფილოსოფიისა და რაციონალური მეცნიერებების დოგმებით მითი განისაზღვრება, როგორც წარმართული რწმენის გადმოცემა ზეპირსიტყვიერებაში, სახვით და პლასტიკურ ხელოვნებასა და მუსიკაში.

მითოსური აზროვნების საგანი, თემები და მოტივები განუსაზღვრელია. გერმანელი ფილოსოფოსის, ე. კასირერის თქმით, არ არსებობს ადამიანური ყოფიერებისთვის დამახასიათებელი არცერთი მოვლენა, რომელიც არ აიხსნება მითოსურად და არ დგას მასთან ახლოს.

ტერმინები „მითი“ და „მითოსური“ ერთი და იმავე მნიშვნელობით არის გამოყენებული სახელმძღვანელოში: არსებითი სახელი „მითი“ ზეპირსიტყვიერ ტექსტს ან გრაფიკულ ნახატს აღნიშნავს, ზედსართავი „მითოსური“ კი მითის შემცველს.

მითოსური აზროვნება ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს და სხვადასხვაგვარი სიმკვეთრით არის გამოხატული. მთავარი არის ის, რომ მითის საგანი ნამდვილია და არა გამოგონილი. ისეთ საზოგადოებაში, რომელშიც ჯერ კიდევ ძლიერია მითოსური აზროვნება, მითი არის არა გამონაგონი, არამედ ჭეშმარიტი რეალობა. მითს აქვს განსაზღვრული სტრუქტურა, რომელიც არც ზღაპრულია და არც ყოფითი. ადამიანის განცდები, ცოდნა თუ სხვა მითში გამოხატულია არა აბსტრაქტული სიმბოლოებით, არამედ პირდაპირ და კონკრეტულად.

განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ხალხების ყოფასა და კულტურაში ბევრი ისეთი რამ ჩანს, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვისაც არ არის უცხო. ბ. მალინოვსკის თეორიით, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ადამიანი განვითარების ადრეულ საფეხურზე ცდებოდა და გონებასა და მისტიციზმს ერთმანეთში ურევდა. მაგიურ რიტუალში ადამიანი ცდილობს, გავლენა მოახდინოს სასწაულზე არა იმიტომ, რომ არ იცის საკუთარი შესაძლებლობები, არამედ იმიტომ, რომ მას სჯერა თავისი განსაკუთრებული ძალისა.

სამყაროს აღქმა, რომელიც ჩვენი დროის გადმოსახედიდან ირაციონალურად ან მისტიკურად აღიქმება, სინამდვილეში მითოსური აზროვნებიდან მომდინარეობს. თუ ჩვენ მათ სწორად გავაცნობიერებთ ანუ ისე შევხედავთ, როგორც თვითონ იმ საზოგადოების წევრი, დავინახავთ, რომ ეს აზროვნება სულაც არ არის ირაციონალური და მისტიკური, პირიქით, ძალიან ლოგიკურია. მითი თავისი ბუნებით არის არა გონების, არამედ გრძნობის პროდუქტი. მითისთვის არ არის განმსაზღვრელი აზროვნების რომელიმე ორიენტაცია ანდა წარმოსახვის ძალა. მითი ემოციის შედეგია და მისი ემოციური კონტექსტი მსჭვალავს მის მრავალფეროვან გამოხატვას.

ბერძნული სიტყვა „მითოსი“ თავისი მნიშვნელობით ახლოს დგას „ეპოსთან“ და „ლოგოსთან“. სამივე სიტყვა „ნათქვამ სიტყვას“, „მონათხრობს“ უკავშირდება.

მითების საერთო ნიშანი ის არის, რომ ისინი წინარეისტორიულ ამბებს გადმოსცემენ. მათში ასახულია სამყაროს შექმნა და წარმოშობა, ახსნილია სიკვდილის, სქესობრივი ცხოვრების, წარღვნის, სხვადასხვა სახის კატასტროფების მიზეზი. ისინი წარმოადგენენ განმარტებებს, რომლებიც დღემდე მოქმედია გარკვეულ კულტურებში. მითები მაგალითებია, რომლებიც ზებუნებრივმა არსებებმა ნიმუშად დაუტოვეს ადამიანებს და არა თავად ადამიანური გამოცდილება.

მითების შედარებითმა შესწავლამ დაადასტურა, რომ მსგავსი მითები შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებულ და ტერიტორიულად ერთმანეთს მეტად დაშორებულ ხალხებს. გარდა ამისა, მითოსურ სიუჟეტთა ერთი და იგივე წრე სამყაროსა და ადამიანის შექმნის შესახებ კავშირშია სხვადასხვა მეცნიერებათა გლობალურ და ძირეულ საკითხებთან.

ამერიკის, აფრიკის, ოკეანიისა და ავსტრალიის ხალხების მითების შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპებზე მითოლოგია მსოფლიოს ყველა ხალხს ჰქონდა. მითოლოგიის შედარებით-ისტორიულ შესწავლას უკვე დიდი ხნის ტრადიცია აქვს. მეცნიერება იყენებს არა მხოლოდ ლიტერატურულ წყაროებს (ძველბერძნული „ილიადა“ და „ოდისეა“, ძველინდური „რამაიანა“ და „მაჰაბჰარატა“, კარელიურფინური „კალევალა“ და სხვა), არამედ ფოლკლორულ და ეთნოგრაფიულ მასალას და ლინგვისტურ მონაცემებს.

მითოლოგიის ინტერპრეტაციები

მე-19 საუკუნემდე ევროპაში ძირითადად ანტიკურ მითებს იცნობდნენ - ძველ ბერძენთა და რომაელთა მოთხრობებს ღმერთებისა და გმირების შესახებ. ანტიკური მითოლოგია განსაკუთრებით პოპულარული აღორძინების ეპოქაში (მე-15-16 სს.) იყო. ამავე პერიოდში ევროპაში შემოვიდა პირველი ცნობები არაბებისა და ამერიკის ინდიელთა მითების შესახებ. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სამეცნიერო მიმოქცევაში ფართოდ გავრცელდა ინდოევროპელ ხალხთა მითები - ძველი ინდოელების, ირანელების, გერმანელებისა და სლავების.

მითოლოგიური მასალის რაციონალური გააზრების პირველი ცდები გვხვდება ანტიკურ ხანაშივე (არსებითად, აქედან დაიწყო ანტიკური ფილოსოფია). ამ პერიოდში მითები ძირითადად ალეგორიულად არის განხილული სოფისტების, სტოიკოსების, ეპიკურეისტების მიერ. პლატონმა მითოლოგიის სიმბოლურ-ალეგორიული ინტერპრეტაცია შექმნა. ევჰემეროსმა მითოლოგიურ სახეებში განღმრთობილი ისტორიული მოღვაწეები დაინახა. მითების ამგვარი გააზრება მოგვიანებითაც გვხვდება. ანტიკური მითოლოგიის განმარტებები მრავლადაა შუასაუკუნეების ქრისტიანი თეოლოგების თხზულებებშიც.

რენესანსის ეპოქაში ანტიკური მითოლოგიისადმი ახალმა ინტერესმა გაიღვიძა. აღორძინების დროის მოაზროვნეებმა მითებში ემანსიპირებული ადამიანის გრძნობების გამოვლინება დაინახეს.

მითოლოგიური ცოდნის გაფართოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკის აღმოჩენას და ინდიელთა კულტურის გაცნობას. შედარებითი მითოლოგიის პირველი ცდაც სწორედ ინდიელთა მითოლოგიასთან არის დაკავშირებული. 1724 წელს გამოცემული ჟოზეფ ფრანსუა ლაფიტოს წიგნში ამერიკის ინდიელთა შესახებ მოცემულია შედარება ჩრდილოამერიკის ინდიელთა კულტურისა ძველბერძნულ კულტურასთან.

მითების ღრმა ფილოსოფიური აზრი დანახული აქვს იტალიელ მეცნიერს ჯამბატისტა ვიკოს თავის „ახალი მეცნიერების საფუძვლებში“ (1725). ვიკოსთვის უძველესი ეპოქა პოეტურია და მრავალმხრივ დაკავშირებული მითებთან, რაც მიუთითებს პირველყოფილ იდეოლოგიურ სინკრეტიზმზე. ვიკო მითებს „ღვთაებრივ პოეზიას“ უწოდებს, რომლიდანაც შემდგომ ჰომეროსის ნაწარმოებების ტიპის ჰეროიკული პოეზია მომდინარეობს.

განმანათლებლობის ეპოქაში ფრანგმა მოაზროვნეებმა - ვოლტერმა, რუსომ, დიდრომ, მონტესკიემ - მითები ცრურწმენებს დაუკავშირეს.

განმანათლებლობიდან რომანტიზმამდე გარდამავალი საფეხური იყო გერმანელი ფილოსოფოსის იოჰან გოტფრიდ ჰერდერის მიერ მითოლოგიის ინტერპრეტაცია - მითები როგორც ხალხის სიბრძნის პოეტური გამოხატულებანი.

რომანტიკულ ფილოსოფიაში მითი გააზრებულია როგორც ესთეტიკური ფენომენი. ფრიდრიხ შელინგის ფილოსოფიურ სისტემაში მითი ბუნებასა და ხელოვნებას შორის იკავებს ადგილს.

რომანტიკული ფილოსოფიის ძირითადი პათოსი იყო ის, რომ მითი ალეგორიული განმარტებიდან სიმბოლურ განმარტებამდე ამაღლდა.

გერმანელი ფილოლოგები იაკობ და ვილჰელმ გრიმებიც მითების რომანტიკულ ინტერპრეტაციას აგრძელებდნენ - მათ მითების ნაშთები ხალხურ ზღაპრებში დაინახეს.

ამერიკის ხალხთა მითოლოგიის შესწავლის წყაროები

ამერიკის ხალხთა მითების შესწავლისთვის ძირითადი წყარო ხალხური გადმოცემებია - თქმულებები, ცხოველთა ეპოსი და ზღაპრები. თითოეული ეს ფოლკლორული ჟანრი საშუალებას იძლევა მითოლოგიური შინაარსის ტექსტის აღმოჩენისათვის. მნიშვნელოვანია მითების ურთიერთმიმართება ზღაპართან როგორც ერთ-ერთ თავისებურ ხალხურ ფენომენთან, რომელიც მითოსს სხვადასხვაგვარი სახით ინახავს (პერსონაჟები, მოტივები, მოტივთა კომპლექსები, სიუჟეტი).

გარდა ტექსტებისა, მითოლოგიური სახეები და სიუჟეტები ასახულია ძველ ხელნაწერებსა და ტაძრების მოხატულობებში, რომელთა ფოტო-ასლებიც დღესდღეობით ხელმისაწვდომია.

კითხვები:

  • რომელ მითოლოგიურ სისტემებს მოვიაზრებთ „ამერიკის ხალხთა მითოლოგიაში“?

  • ჩამოთვალეთ ამერიკელი ფოლკლორისტები.

  • რა იგულისხმება სიტყვაში „მითი“?

  • მითოლოგიის რა ინტერპრეტაციები არსებობდა მე-19 საუკუნემდე?

ლიტერატურა:

  • ზაქარიაძე, ა.: მხატვრული სიმბოლოს ბუნებისათვის. თბილისი: „ლეგა“, 2009.

  • კასირერი, ე.: რა არის ადამიანი: ცდა ადამიანური კულტურის ფილოსოფიის აგებისა. გერმანულიდან თარგმნა ლ. რამიშვილმა. თბილისი: „განათლება“, 1983.

  • Cassirer, E.: Versuch uber den Menschen. Einfuhrung in eine Philosophie der Kultur. Frankfurt am Main, Fischer, 1990. გვ. 117-119.

  • Dorson, R.: Bloodstoppers and Bearwalkers. Folk?Traditions of the Upper Peninsula. Cambridge 1952.?

  • Dorson, R.: America in Legend. New York 1973.?

  • Dundes, A.: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc.,?Englewood Cliffs, N.J. 1965.?

3 II თავი. ამერიკის ხალხთა მითოლოგიური გადმოცემების პერიოდიზაცია და მითის არსებობის ფორმები

▲ზევით დაბრუნება


ინდიელთა და აფრო-ამერიკელთა მითოლოგიური
სისტემები. მითოსის არსებობის ფორმები. ფოლკლორის
არსებითი ნიშნები.

ამერიკის ხალხთა მითოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვან სისტემებს ქმნიან ინდიელთა და აფრო-ამერიკელთა ხალხური გადმოცემები. მათი შესწავლისას გასათვალისწინებელია აგრეთვე ევრაზიის კონტინენტიდან შემოსული ფოლკლორი და თანამედროვე ამერიკის კულტურა (მწერლობა, ხელოვნება, კინემატოგრაფია), რომლებიც ამერიკის ხალხთა მითოლოგიის შესასწავლად მდიდარ წყაროებს წარმოადგენენ.

მითების შედარებითი შესწავლის დიდი ხნის ტრადიცია ადასტურებს, რომ მითების უძველესი და პრიმიტიული საფეხურებია მითები ცხოველების შესახებ, ასტრალური მითოლოგია (სოლარული და ლუნარული მითები, მითები მნათობების შესახებ) და კოსმოგონიური და ანთროპოგონიური მითები (სამყაროსა და ადამიანის წარმოშობის შესახებ). მიწათმოქმედი ხალხებისთვის დამახასიათებელია ე. წ. აგრარული მითები მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებების შესახებ.

ინდიელთა და აფრო-ამერიკელთა მითოლოგიური სისტემები

ამერიკის ინდიელთა (ჩრდილო, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის) მითოლოგიურ სისტემებს პირობითად ამგვარად ათარიღებენ:

  • გვიან პალეოლითის ხანა - მითები ცეცხლის, ადამიანების, ცხოველების წარმოშობის შესახებ.

  • შემგროვებლობის ხანა - მითები საკვების მფარველ ღვთაებებზე, მცენარეთა კეთილ სულებზე, სამყაროს სტრუქტურაზე.

  • დომესტიკაციისა და ადრემიწათმოქმედების პერიოდი (ძვ. წ. V ათასწლ.) - ნაყოფიერების ქალღმერთის კულტი.

  • ძვ. წ. XV-IV სს. - ოლმეკების ადრეკლასობრივი საზოგადოების ახალი მითოლოგიური სისტემის შექმნა. იაგუარის კულტი, ცხოველთა ეპოსი.

  • კლასიკური პერიოდი (I-IX სს.) - მაიას ადრეკლასობრივ ქალაქ-სახელმწიფოებთან ერთად მითოლოგიური სისტემის განვითარება. ღმერთებისა და მმართველების ურთიერთკავშირი. ქალაქების დამაარსებლების მითოსი.

აფრო-ამერიკელთა მითოლოგიური გადმოცემები მოიცავს სხვადასხვა დროს „შავკანიანებად“ და „ზანგებად“, დღევანდელ დღეს კი „აფრო-ამერიკელებად“ წოდებულ ხალხთა ზეპირსიტყვიერ ტექსტებს. მათი დათარიღება პირობითად ასე შეიძლება:

XVII-XVIII სს. - როცა ევროპელებმა ამერიკის კონტინენტზე პლანტაციებში სამუშაოდ ჩამოიყვანეს აფრიკელები, რომლებიც თავისი ფოლკლორის ტრადიციებს აგრძელებდნენ.

XIX-XX სს. - ამერიკის შავკანიანი მოსახლეობა საკუთარ სპეციფიკურ თხრობით რეპერტუარს ქმნის, რომელიც განსხვავდება ტრადიციული აფრიკული ფოლკლორისგან და უფრო მეტად ევროპული ზეპირი ტრადიციის გავლენას განიცდის.

აფრო-ამერიკულ მითოლოგიურ გადმოცემებში შედის მოკლე მოთხრობები ცხოველებსა და ფრინველებზე, შავკანიანი და თეთრკანიანი ხალხის წარმოშობაზე, სულებზე და სხვა. მეტად პოპულარულია ბიბლიური თემები და სოციალური პროტესტები. აფრო-ამერიკულ ზეპირ ტრადიციაში ხშირია ირლანდიური ანეკდოტები, რომლებიც შავკანიან მოსახლეობაში ისევე გავრცელებულია, როგორც თეთრკანიან მოსახლეობაში.

მითოსის არსებობის ფორმები

მითოსური სიუჟეტები და მოტივები ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ხალხურ შემოქმედებაში და ამა თუ იმ ხალხის ყოფიერების სხვადასხვა ფორმაში ვლინდება: უძველეს სახვით ხელოვნებაში, ქანდაკებაში, არქიტექტურის ძეგლებში, მუსიკაში, ქორეოგრაფიაში, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების მოხატულობასა და ფორმებში, რიტუალებში, წეს-ჩვეულებებში, ცრურწმენებში და სხვა. სუფთა სახით მითოსი არ არსებობს.

ყველაზე მდიდარ მასალას ამერიკის ხალხთა მითოლოგიის შესასწავლად ზეპირსიტყვიერი ტექსტები წარმოადგენს. მითოლოგიური გადმოცემები შედგება მითოლოგემებისგან - უცვლელი ელემენტებისგან, რომელთა ვარიაციებითაც იქმნება მითის სიუჟეტი.

უშუალოდ მითოლოგიური გადმოცემების გარდა უმდიდრეს მასალას მითების საკვლევად გვთავაზობს ზღაპარი, რომელიც ფოლკლორულ თხრობით ჟანრებში თავისი მრავალფეროვნებით და სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. თავისი სოციალური ფუნქციით ზღაპარი რადიკალურად განსხვავდება მითისგან, მაგრამ მასში მოთხრობილი ამბავი ხშირად მთლიანად მითისგან მომდინარეობს. ზღაპარი გასართობი ამბავია და მის სიუჟეტში მოხვედრილ მითოსურ პერსონაჟს დაკარგული აქვს თავისი საკრალური ფუნქცია. სამაგიეროდ ზღაპარში ზუსტად არის გადმოცემული, შეიძლება ითქვას, დაკონსერვებულიც, მისი არსებითი თვისებები და მითოსურ მოტივთა მთელი კომპლექსი.

ფოლკლორის არსებითი ნიშნები

ფოლკლორი ხშირად გაიგივებულია „ზეპირ ტრადიციასთან“, მაგრამ ყველაფერი, რაც ზეპირი გზით გადაეცემა, არ არის ფოლკლორი.

ფოლკლორში შედის მითები, ლეგენდები, ზღაპრები, ანეკდოტები, ანდაზები, გამოცანები, სიმღერები, დალოცვა, წყევლა, ლანძღვა, მოსწრებული სიტყვა-პასუხი, დაცინვა, გამოსაჯავრებელი, სადღეგრძელო, ენის გასატეხი, მისალმება-დამშვიდობების ფორმულები. ფოლკლორი მოიცავს აგრეთვე ხალხურ წეს-ჩვეულებებს, ხალხურ ცეკვებს, ხალხურ დრამასა და მიმიკას, ხალხურ გრაფიკას, ხალხურ რწმენა-წარმოდგენებს, ხალხურ მედიცინას, ხალხურ ინსტრუმენტულ მუსიკას, ხალხურ სიმღერებს, ხალხურ მეტყველებას (სლენგი), ხალხურ გამოთქმებს, ხალხურ მეტაფორებს და მეტსახელებს.

ეს ფოლკლორის ფორმათა არასრული ჩამონათვალია. ფოლკლორული შემოქმედებისთვის დამახასიათებელია რამდენიმე არსებითი ნიშანი:

გავრცელების ზეპირი გზა .

ანონიმურობა - ფოლკლორული ნიმუშის ავტორი უცნობია.

კოლექტიურობა - 1) ფოლკლორული ნიმუში სხვადასხვა ანონიმური ავტორის მიერ არის დამუშავებული და 2) ფოლკლორული ნიმუში გამოხატავს იმ საზოგადოების ცნობიერებას, რომლის წიაღშიც ის შეიქმნა.

ვარიანტულობა - ზეპირი გზით გავრცელებული პროზაული, პოეტური თუ მუსიკალური ნიმუში ერთსა და იმავე საზოგადოებაში სხვადასხვა ვარიანტით არის წარმოდგენილი.

სინკრეტიზმი - ფოლკლორული ნიმუშის შესრულება ხელოვნების რამდენიმე დარგის კომბინაციას წარმოადგენს, მაგალითად: ცეკვა, მუსიკა, ტექსტი (საფერხულო სიმღერები), თხრობა და მუსიკა (ეპოსი).

ყოფასთან მჭიდრო კავშირი - ფოლკლორული ნაწარმოების შექმნა და მისი შემდგომი შესრულება გარკვეულ კონტექსტს უკავშირდება (სამონადირეო სიმღერები, შრომის სიმღერები, სადღესასწაულო სიმღერები და ცეკვები, სარიტუალო ცეკვები და ა.შ.).

კითხვები:

1. მითის რომელი სახეები ითვლება უძველეს საფეხურებად მითოლოგიაში?

2. რა სახის გადმოცემები შეიძლება მივიჩნიოთ მითის განვითარებულ ფორმებად?

3. რა სპეციფიკური ნიშნები ახასიათებს ფოლკლორს?

ლიტერატურა:

  • ზაქარიაძე, ა.: მხატვრული სიმბოლოს ბუნებისათვის. თბილისი: „ლეგა“, 2009.

  • კიკნაძე, ზ.: ქართული ფოლკლორი. თსუ გამომცემლობა, 2006. გვ. 3-15.

  • Dundes, A.: What Is Folklore? In: Alan Dundes: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N.J. 1965. გვ. 1-3.

4 III თავი. უძველესი კულტურები

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ინდიელთა კულტურის პირველი აღწერილობები. უძველესი კულტურები ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ინდიელთა ენათა ოჯახები.

1492 წლის 12 ოქტომბრის პარასკევი დილა ძველ და ახალ გეოგრაფიულ ცოდნათა მიჯნა იყო. ქრისტეფორე კოლუმბის მიერ აღმოჩენილი, საიდუმლოებით მოცული, ოკეანის ოქროთი მდიდარი სხვა მხარე ყველას იზიდავდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ 1497 წლის 2 ივნისის ბრძანებით ნება დართო ყველა მსურველს გადასახლებულიყო კოლუმბის მიერ აღმოჩენილ ახალ ქვეყნებში.

ამ დღიდან ახალი ეპოქა დაიწყო არა მარტო ევროპის სახელმწიფოების, არამედ მეცნიერების ისტორიაში.

პირველი ეთნოგრაფიული აღწერები ახლად აღმოჩენილი ქვეყნებისა და ხალხების შესახებ თავმოყრილი იყო მოგზაურთა მონათხრობებში, აგრეთვე მათ მიერ ჩამოტანილ სხვადასხვა ნივთებში.

ინდიელთა კულტურის პირველი აღწერილობები ამერიკის ინდიელთა ყოფის სისტემატური აღწერილობა ეკუთვნის იტალიელ ჰუმანისტ პიეტრო მარტირეს, რომლის ნაშრომიც „ახალი სამყაროს შესახებ“ (De Orbe Novo) 1530 წელს გამოიცა. ამას მოჰყვა შემდგომი გამოცემები ინდიელთა კულტურის შესახებ.

დღეისთვის მაიას იეროგლიფური დამწერლობის სამი წიგნი მოგვეპოვება. ყველა ნაწერი და საბუთი ფანატიკოსმა ესპანელმა დიეგო დე ლანდამ გაანადგურა, რის შემდეგაც მაიას ქურუმებმა უძველესი მითოლოგია თავისი დიალექტისა და ლათინური ანბანის მეშვეობით გადმოსცეს. მაიას ხალხების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებია „პოპოლ ვუ“ და „ჩილამ ბალამის წიგნები“.

არსებობს აცტეკური ხელნაწერების ორი დიდი კრებული - „კოდექს ბორბონიკუს“ (Codex Borbonicus) და „კოდექს ტელერიანო-რემენსის“ (Codex Telleriano-Remensis), რომელიც კოლუმბამდელ ეპოქაშია შექმნილი აცტეკი ქურუმების მიერ.

მე-18 საუკუნეში ევროპაში უკვე საკმაო ფაქტობრივი მასალა დაგროვდა უცნობი ხალხების შესახებ. მეცნიერთა შორის თანდათან მომწიფდა წარმოდგენები კაცობრიობის განვითარების ეტაპებზე. ამავე პერიოდში ეთნოლოგიაში დაისვა საკითხი განვითარების თვალსაზრისით „ჩამორჩენილი ხალხების“ (როგორც მაშინ უწოდებდნენ) კულტურის შესწავლისა.

უძველესი კულტურები ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში

მაია, ოლმეკი, ტოტონაკი, საპოტეკი, ტოლტეკი - ამ კულტურებს აერთიანებთ საერთო ნიშნები: სკულპტურული ძეგლები, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება და იეროგლიფური დამწერლობა. არქეოლოგიური მასალიდან ჩანს, რომ ეს კულტურები დაახლოებით ერთდროულად ვითარდებოდნენ და ერთმანეთზე ძლიერი გავლენა ჰქონდათ.

მაია თავისი ნაწილობრივ გაშიფრული იეროგლიფური დამწერლობით და კომპლექსური და ზუსტი კალენდრით ოლმეკების კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომელთა ცივილიზაციის აყვავების ხანა ძვ. წ. XIII საუკუნეა. მაიას უძველესი კვალი პირიქით, მხოლოდ ახ. წ. III-IV საუკუნეებამდე მიდის. ტეოტიჰუაკანის (დღევანდელი მექსიკა) სამხედრო შტურმის შემდეგ მაია დაიშალა, მოგვიანებით ისევ აღდგა და თავის კულმინაციას ტროპიკული ტყეების გეოფიზიკურად არახელსაყრელ პირობებში მიაღწია. VIII საუკუნის შუა ხანებში ოთხი მნიშვნელოვანი ცენტრი ჩამოყალიბდა (ტიკალი, კოპანი, პალენკუ და კალაკმული), რომელთა ირგვლივ ბევრი ქალაქი და სოფელი აღმოცენდა. ამ ყველაფრის მიუხედავად არ დასტურდება ერთი ცენტრალური მაიას სახელმწიფოს არსებობა.

გაურკვეველი მიზეზების გამო, მაგრამ სავარაუდოდ ომების შედეგად IX-X საუკუნეებში მოსახლეობამ დატოვა ქალაქები და ჯუნგლებს მიაშურა. ამ კატასტროფის შემდეგ მაიას კულტურა იუკატანის ნახევარკუნძულზე განლაგდა, სადაც X-XIII საუკუნეებში სხვადასხვა საქალაქო ცენტრები წარმოიშვა. ერთ-ერთი მათგანი, სახელდობრ ჩიჩენ იტცა, აცტეკების წინამორბედებმა, ტულელმა ტოლტეკებმა დაიპყრეს და თავისი ექსპანსია მთლიანად განახორციელეს. ჩიჩენ იტცა, ლეგენდის მიხედვით, 987 წელს დააარსა თვითონ მითოსურმა გმირმა, ტოლანიდან (ტულა ჩრდილოეთ მექსიკაში) გამოდევნილმა კეცალკოატლმა. XVIII საუკუნეში ჩიჩენ იტცა დაეცა და იმავდროულად აღზევდა ქალაქი მაიაპანი მერიდის სიახლოვეს, რომელიც განადგურდა 1441 წელს. როცა ესპანელი დამპყრობლები ცენტრალურ ამერიკაში ჩავიდნენ, მაიას კულტურა გაქრობის პირას იდგა. დიდი შავი უცნობი ძალის მოახლოებისას 1517 წელს იუკატანის მოსახლეობას გაახსენდა ძველი წინასწარმეტყველება ტეცკატლიპოკას დაბრუნების შესახებ: „იმ დღეს ყველაფერი დაინგრევა“.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩიაპას ჯუნგლების მიდამოებში კვლავ აღმოჩნდა უცნაური ტაძრების მიტოვებული შენობები. დღეს მაიას შთამომავლებიდან ორ მილიონზე მეტი ცენტრალურ ამერიკაში ცხოვრობს და ოცდაათ სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობს. ისინი დღემდე ინარჩუნებენ საკრალურ რიტუალებს მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოთხ საუკუნეზე მეტია, კათოლიკეები არიან.

ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის შესახებ ხანგრძლივი დებატები მიმდინარეობდა. კოლონიზატორებისთვის ინდიელი მუდმივად ცვალებადი ინტერპრეტაციების ობიექტი იყო.

ცნობები ინდიელების შესახებ კოლონიალიზმის ეპოქაში არაფერს ამბობენ თავად ინდიელებზე. ისინი მხოლოდ ევროპელების წარმოდგენებს ასახავენ: რელიგიურ პურიტანიზმს, განმანათლებლობისა და რომანტიზმის ეპოქის იდეებს, წარმატების გაზვიადებულ რწმენას და არაკეთილგანწყობას ადგილობრივი მოსახლეობისადმი. ყველა ამ შეხედულებას საერთო აქვს ის, რომ კოლონიზატორებისთვის ნაკლებ საინტერესო იყო ინდიელთა რელიგია თუ კულტურა. მათ არაფრად უღირდათ ხალხის ხოცვა. ახალ ჰოლანდიაში ჯილდოც კი იყო დაწესებული ყოველი ინდიელის სკალპისთვის. ინგლისელების ბატონობამდე ნიუ იორკისა და სამხრეთ ნიუ ჯერსის შტატები უკვე „განთავისუფლებული“ იყო ადგილობრივი ინდიელებისგან. ინგლისელებმა მხოლოდ ფასი მოუმატეს ჯილდოს: მასაჩუსეტში 1703 წელს ერთი ინდიელის სკალპი 60 დოლარი ღირდა, პენსილვანიაში კაცის სკალპი 134 დოლარად იყო შეფასებული, ქალისა - 50 დოლარად. აღმოსავლეთ სანაპიროს ინდიელები არ დახოცეს, სამაგიეროდ მათ პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა 1830 წელს „Removal Act“-ით მისისიპის დასავლეთით გადასახლება აიძულა. მან ის ინდიელებიც კი გარეკა მათივე ქვეყნიდან, რომლებიც მონათლულები იყვნენ და ამაყობდნენ კიდეც იმით, რომ ევროპელთა ცივილიზაციას კარგად ბაძავდნენ. გენერალმა ფილ შერიდანმა ბიზონები ამოხოცა, რათა ინდიელებისთვის საარსებო საშუალება მოესპო. საზოგადოდ მიჩნეული იყო, რომ „ველური“ ინდიელი უკიდურეს სიღარიბეში არაჰიგიენურად ცხოვრობდა. მათ უწოდებდნენ მძარცველებს, ზარმაცებსა და ურწმუნოებს, რომელთა მოსპობისთვისაც „პატიოსან კაცს“ უნდა ელოცა.

ვერავინ აცდა იმდროინდელ შეცდომებს: 1861 წელს მარკ ტვენმაც კი ირონიით შეუსწორა დარვინისტებს - ინდიელების წინაპრები პრიმატებისგან კი არა, გორილასგან, კენგურუსგან ან სკანდინავიური მემინდვრიასგან უნდა იყვნენ წარმოშობილიო.

ამასობაში კი ეთნოლოგებმა ჯეიმს მუნიმ და ფრანც ბოასმა ინდიელთა ტომების რწმენა-წარმოდგენები და წეს-ჩვეულებები აღწერეს. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ინდიელთა კულტურის კვლევა ეთნოლოგების, ფოლკლორისტების და კულტურის ანთროპოლოგებისთვის მეტად პოპულარულ საქმიანობად იქცა.

დღეს ეს უცხო სამყარო კვლავ ფანტაზიებს აღძრავს. მეცნიერებას წინ კიდევ ბევრი აღმოჩენა ელოდება, მაგრამ ახალი აღმოჩენები მაინც არ აადვილებს ინდიელთა კულტურის გაგებას ჩვენთვის, პირიქით, უფრო სიღრმისეულ კვლევას მოითხოვს.

ამერიკის ინდიელთა ენათა ოჯახები

ამერიკელ ინდიელთა წარმოშობის შესახებ უამრავი ჰიპოთეზა არსებობს. მათ შორის ისეთიც, რომელიც ინდიელებს ეგვიპტელებს, ტროელებს, კართაგენელებსა და ისრაელის ათ დაკარგულ ტომსაც კი უკავშირებს.

სინამდვილეში ინდიელთა წინაპრები ციმბირიდან არიან. გარეულ ცხოველზე სანადიროდ წასულებმა ბერინგის სრუტეზე გაყინული ზღვა მშრალად გადაიარეს, 11 ათასი წლის წინ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ წერტილს მიაღწიეს. პირველი ევროპელების მოსვლის დროისთვის ისინი ხუთას სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ.

ჩრდილოეთის მთიანი მხარე და კუნძულები ესკიმოსებით არის დასახლებლი. დღევანდელი კანადისა და აშშ-ს მოსაზღვრე ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელების ენა ალგონკინების და ათაპასკების ენათა ოჯახს განეკუთვნება (აღმოსავლეთში: ოჯიბვა და პენობსკოტი; ცენტრში და დასავლეთში: ყვითელი დანა, ჩიპევიანი, კასკა და სხვ.).

აღმოსავლეთსა და დასავლეთში იროკეზებისა და სიუქსის ენობრივი ოჯახები იყო გავრცელებული, უფრო დასავლეთით - მუსკოგეანი, სიუქსი, იროკეზე და კადო.

ცენტრალურ ზეგანზე ცხოვრობდნენ სიუქსის ტომები. ცნება „სიუქსი“ წარმოშობით ზოგადია; დღეს ეს სახელწოდება დაკოტას, ლაკოტასა და ნაკოტას მონათესავე ტომებს აღნიშნავს. არსებობს კიდევ ექვსი სხვა ენათა ოჯახი: ალგონკინური, ათაპასკანური (აპაჩი), კადონური (პავნი, არიკარა), კიოვა-ტანოანური, ტონკავანური და უტო-აცტეკური.

ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო სამ ნაწილად იყო დაყოფილი: ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთი.

დიდი აუზი ინდიელებით იყო დასახლებული, რომლებიც მხოლოდ ერთ ენათა ოჯახს განეკუთვნებიან როგორც შოშონები და პაიუტი. პლატოზე და კალიფორნიაში პირიქით, ენობრივად მრავალფეროვანი ხალხი ცხოვრობდა.

სამხრეთში ექვსი ენათა ოჯახია: უტო-აცტეკური, ჰოკანური, ათაპასკანური, ტანოანური, ცუნიური და კერესული. მეურნეობის ფორმებიც უკავშირდება ენობრივ ჯგუფებს. მიწათმოქმედი ინდიელები, მაგალითად ისინი, ვინც პუებლოს სოფლებში ცხოვრობენ, ტანოანუს ენებზე ლაპარაკობენ. ზოგიერთი ამ პუებლოთაგან მე-12 საუკუნის შემდეგ მუდმივად დასახლებულია. ნავახო და აპაჩი ატაპაკას ტომის ინდიელები არიან, რომლებიც კანადიდან მოვიდნენ და სამხრეთში ესპანელი კოლონიზატორების გამოჩენამდე დასახლდნენ.

კითხვები:

  • სად იყო თავმოყრილი პირველი ეთნოგრაფიული აღწერები ახლად აღმოჩენილი ქვეყნებისა და ხალხების შესახებ?

  • რა და რა წიგნები მოიპოვება დღეისთვის მაიას იეროგლიფური დამწერლობის შესახებ?

  • რომელია უძველესი კულტურები ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში?

ლიტერატურა:

  • ჭანტურიშვილი, ს.: ეთნოლოგია. თბილისი, „თსუ“, 1993. გვ. 278-303; 107-129.

  • Eliade, M.; Couliano, J.: Handbuch der Religionen. Unter Mitwirkung von H. S. Weiser. Zurich / Munchen, Artemis & Winkler, 1991. გვ. 46-62.

5 IV თავი. არქაული მითები

▲ზევით დაბრუნება


ტოტემური მითები. ასტრალური მითები. ინკას
მითოლოგია.

სავარაუდოა, რომ ცენტრალური ამერიკის პირველივე მცხოვრებლებს გვიანი პალეოლითის ხანაში ჰქონოდათ მითები ცეცხლის წარმოშობის, ადამიანებისა და ცხოველთა შექმნის შესახებ, შემდგომ კი, მიწათმოქმედების განვითარებასთან ერთად, მითები მცენარეთა მფარველი კეთილი სულების შესახებ.

სამხრეთ ამერიკის ინდიელთა მითოლოგიური გადმოცემებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია კატასტროფების თემა. ხშირად სტიქიური უბედურების და ცეცხლის მოტანის მოტივები ერთმანეთს უკავშირდება.

მითები მნათობთა წარმოშობის შესახებ ამერიკის ინდიელთა ფოლკლორის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

ტოტემური მითები

უძველესი მითებისთვის დამახასიათებელია რწმენა იმის შესახებ, რომ ადამიანთა გვარს წინაპრად ცხოველი ან მცენარე ჰყავდა. განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომ კულტურებშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ცხოველთა თაყვანისცემას, მაგრამ ეს განსხვავდება ტოტემიზმისგან.

სიტყვა „ტოტემი“ ჩრდილო ამერიკის ინდიელთა, კერძოდ, ოჯიბვეს ენაზე „მის გვარს“ ნიშნავს. ტოტემური მითების საფუძველია რწმენა ფანტასტიკურ, ზებუნებრივ კავშირზე ადამიანთა ჯგუფისა და ტოტემს (მცენარე ან ცხოველი) შორს. ტოტემისტურ წარმოდგენებს სამი ძირითადი მომენტი განსაზღვრავს:

1) სოციალური ელემენტი: ცხოველის, რაიმე სახეობის მცენარის, უსულო ობიექტის ან უსულო ობიექტთა კლასის კავშირი ერთიანობის განსაზღვრულ ჯგუფთან და, რაც ტიპობრივია, ეგზოგამიურ ან კლანობრივ ჯგუფთან.

2) ფსიქოლოგიური ელემენტი: ჯგუფის წევრთა და ცხოველთა, მცენარის ან საგნის ნათესაობის რწმენა, ხშირად გამოხატული მტკიცებაში, რომ ადამიანთა მოცემული ჯგუფი მემკვიდრეობრივად წარმოშობილია ამ ტოტემისგან.

3) რიტუალური ელემენტი: მოწიწება ცხოველის, მცენარის ან საგნის მიმართ, რაც ვლინდება ჩვეულებრივ მათი საჭიროებისა ან გამოყენების აკრძალვაში გარდა განსაზღვრული შესწორებებისა.

ტოტემური მითები შეადგენენ განუყოფელ ნაწილს ტომობრივ გვაროვნული საზოგადოების ტოტემური წარმოდგენებისა და წეს-ჩვეულებებისა.

ტოტემური მითები წარმოადგენენ გადმოცემებს ფანტასტიკურ ტოტემურ წინაპრებზე, რომელთა სისხლისმიერ შთამომავლებადაც თავს თვლის იქაური ხალხი.

ტოტემური ნიშნები ნათლად ჩანს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ხალხთა მითოლოგიებში.

ერთ ბრაზილიურ გადმოცემაში მოთხრობილია, თუ როგორ წავიდა მზე სანადიროდ და გზაში ფრინველის ბუდეს წააწყდა, რომელშიც ორი პატარა თუთიყუში იჯდა.

მზემ ბარტყები ბუდიდან ამოსხა და გასაზრდელად შინ წაიყვანა, ერთი თუთიყუში თავისთვის დაიტოვა, მეორე კი მთვარეს აჩუქა. როცა მზე და მთვარე სანადიროდ მიდიოდნენ, თუთიყუშები მათგან მალულად ქალებად იქცეოდნენ და სახლს ალაგებდნენ, მზისა და მთვარის დაბრუნების დროისთვის კი ისევ თუთიყუშები ხდებოდნენ. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. მზემ და მთვარემ ეჭვი აიღეს. ერთ დღეს დაუდარაჯდნენ და ისე უცებ შეცვივდნენ სახლში, რომ ქალებმა ვერ მოასწრეს ბუმბულის სამოსის გადაცმა. ერთ ქალზე მზე დაქორწინდა, მეორეზე მთვარე.

ეს გადმოცემა ერთი მხრივ ტოტემური რწმენის კვალს ატარებს, მეორე მხრივ კი ასტრალური მითების კატეგორიას განეკუთვნება.

ასტრალური მითები

ასტრალური მითოლოგია ფართო გაგებით მოიცავს მითებს ციური სხეულების, თანავარსკვლავედების, პლანეტების შესახებ. ასტრალური მითოლოგიის ადრეულ საფეხურზე ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები ხშირად წარმოდგენილია ცხოველების სახით და უკავშირდებიან ნადირობას.

სამხრეთ ამერიკის ინდიელთა ლეგენდებში თორმეტი თანავარსკვლავედი თითო ცხოველს განასახიერებს. თავისი ძირითადი ნიშნებით ეს სისტემა მსგავსია ძველი ბაბილონური თორმეტი ზოდიაქოს სისტემისა, რომელიც შემდგომ ბერძნებმა ისესხეს და მერე ევროპაშიც პოპულარული გახდა (ძველბერძნულად ზოდიაქო ცხოველს ნიშნავს). ზოდიაქოთა სისტემა აგებულია ასტრალური მითების საფუძველზე, რომლებიც ციურ მნათობთა მოძრაობის კანონზომიერებებს მითოლოგიური სიმბოლოებით - ცხოველებით ხსნიდნენ.

ასტრალური მითის ნიმუშია ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს ინდიელთა ფოლკლორში დღესაც გავრცელებული გადმოცემა „შვიდი ციური და“:

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, ყოველი საგანი, რაც კი ბუნებაშია - ცხოველები, ფრინველები, ხეები, მზე თუ მთვარე - გარეგნულად ჩვენა გვგავდა. რაც დედამიწაზე თუ მის სიღრმეში, წყალსა თუ ზეცაში ცხოვრობს, იმ უძველეს დროში ადამიანისნაირი არსება იყო.

მზე დღისა და სინათლის მბრძანებელი იყო, მთვარე - ღამისა და სიბნელისა. ისინი აძლევდნენ სიცოცხლესა და მოძრაობის უნარს ყველა სულიერს. ისინი იყვნენ ვარსკვლავთა მბრძანებელნიც.

იმხანად ცის გუმბათზე შვიდი და ვარსკვლავი ბრწყინავდა. თითოეულს თავ-თავისი სახელი ერქვა. ყოველი მათგანი ფიქრობდა, ქვეყნად ყველაზე მთავარი სიყვარულიაო, და მათაც რაღაც უყვარდათ ბუნებაში, თუმცა თავიანთ სიყვარულს საიდუმლოდ ინახავდნენ და ერთმანეთს არაფერს ეუბნებოდნენ. ეგონათ, საკუთარ თავზე ლაპარაკი უსაქციელობაა და, თუ მაინც ვიტყვით, ან დავიხოცებით, ან ციდან გავქრებითო.

მეექვსე დას, რომელიც მხოლოდ სულ უმცროსზე იყო უფროსი, ერთი კაცი უყვარდა დედამიწაზე და ეს სიყვარული ამ კაცის სიკვდილმაც ვერ ჩაუხშო. ვერ მოითმინა და დებს უთხრა თავისი სიყვარულის ამბავი, მაგრამ დებმა იგი სასაცილოდ აიღეს - მოკვდავი შეგყვარებია და ახლა მის სიკვდილსაც დარდობ? როგორ არა გრცხვენია ასეთი სიყვარულისო?

გადიოდა დრო, ქალიშვილის სევდას კი ბოლო არ უჩანდა. ბევრს ეცადა, დაეძლია თავისი გრძნობა, მაგრამ მწუხარებამ უარესად დარია ხელი. თვალები ჩაუქრა. თანაც ეტყობოდა, დებს ესირცხვებოდათ მისი ასეთი ნაღველი. ისიც ყველანაირად ცდილობდა, როგორმე მათგან მოშორებით ყოფილიყო.

ბოლოს, სირცხვილისაგან რომ აღარ იცოდა, რა ექნა, გადაწყვიტა, დებს სულაც აღარ დავენახვებიო, მოხსნა ციდან პირბადე და სახეზე აიფარა. ასე მოარიდა თავისი მწუხარე სახე დებსაც და ძირს გაშლილ სამყაროსაც.

აი, რატომაა, რომ პლეადების თანავარსკვლავედში, როგორც მას თეთრი ადამიანები უწოდებენ, მხოლოდ ექვსი ვარსკვლავი ჩანს.“

სოლარული მითების მთავარ პერსონაჟს მზე წარმოადგენს. სამეცნიერო ლიტერატურაში სოლარულ მითებს უწოდებენ აგრეთვე მითებს, რომლებშიც მთავარ გმირებს სოლარული ნიშნები ახლავთ, ანუ ნიშნები, რომლებიც მზის როგორც მითოლოგიური გმირის ნიშნებს შეესაბამება. ადრე მიჩნეული იყო, რომ სოლარული მითები არქაული საფეხურისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ ეს თეორია დღესდღეობით მოძველებულია. სოლარული მითები განვითარებულ მითოლოგიურ სისტემებშიც საკმაოდ წინ არის წამოწეული.

კეჩუას მითოლოგიის მიხედვით, ინკების იმპერიის მბრძანებელთა ტიტულატურას განსაზღვრავდა მზის შვილობა. ინკების ტაძრებისთვის დამახასიათებელია მზის სიმბოლიკა. ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ტრადიციაში სპილენძის ცეცხლში დნობა მზესთან არის დაკავშირებული.

ლუნარული მითოლოგიის მთავარი პერსონაჟია მთვარე, რომელიც გარკვეულ კავშირშია მზესთან. ლუნარული მითებიც და სოლარული მითებიც ასტრალურ მითოლოგიაში შედიან. ხშირია ტექსტები, რომლებიც სოლარული და ლუნარული მითოლოგიის ნიშნებს ერთდროულად ატარებენ, როგორც, მაგალითად, ცეცხლოვანი მიწის გადმოცემა „რატომ წაიჩხუბნენ მზე და მთვარე“:

„ოდესღაც მზე და მთვარე დედამიწაზე ჩვენს წინაპრებთან ერთად ცხოვრობდნენ, ცოლ-ქმარი იყვნენ და სახელად კრანი და კრა ერქვათ.

იმ უხსოვარ დროს ქალები ზეიმისთვის განკუთვნილ უზარმაზარ ქოხში ატარებდნენ დროს. კაცებს კი ქოხის სიახლოვესაც არ აჭაჭანებდნენ. ასე ეუბნებოდნენ, ქოხში სულები იყრიან თავსო. მაშინ მთვარე მბრძანებლობდა ქალებს, ისინიც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ და მამაკაცებს ატყუებდნენ. კაცები იძულებულნი იყვნენ, შინ დარჩენილიყვნენ და ბავშვებისთვის მოევლოთ.

მაგრამ მზე ეშმაკი მისანი იყო. მიხვდა, ქალები მამაკაცებს ატყუებენ, ქოხში მხოლოდ თვითონ იყრიან თავს და სულების ხსენებაც არ არისო. განრისხებული მამაკაცები თავს დაესხნენ ქალებს. იმ ულმობელი ბრძოლიდან თითო-ოროლა ქალმა თუ უშველა თავს.

მთვარეც მისანი იყო და მამაკაცებმა ვეღარ გაბედეს მისი მოკვლა; ოღონდ ესაა, მისმა ქმარმა, მზემ, რამდენჯერმე გემოზე უთაქა. ყოველ გარტყმაზე საზარელი გრუხუნი გაისმოდა და მიწა ზანზარებდა. როგორც იქნა, მზემ გული იჯერა ცოლის ცემით და თავი ანება. მთვარეს ახლაც აჩნია სახეზე ნაიარები. კრა ცაში აიჭრა, კრანი უკან გამოუდგა, მაგრამ დღემდე ვერა და ვერ დაუჭერია.“

ინკების პანთეონს შეადგენდა ციურ ღმერთთა ტრიადა: მზე, ქუხილი და მთვარე. დამატებითი, მეოთხე ელემენტის ფუნქციას თანავარსკვლავედთა პლეადა ასრულებდა.

მზე და ქუხილი სამსახიანები იყვნენ. მზის ღმერთი ჩნდებოდა მზიური დისკოს სახით, რომელიც წარმოადგენდა სამებას: უფალი მზე, ძე მზე და ძმა მზე.

ქუხილის ღმერთსაც სამი სახე ჰქონდა: „ნათლის შუბი“ - ელვა, „მზის სხივი“ - ქუხილი და ელვა, აგრეთვე ირმის ნახტომი ანუ სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედი.

კეჩუას წარმოდგენებში მქუხარა ღმერთი ქვით ტეხდა წყლის ციურ ჭურჭელს და მოდიოდა წვიმა.

მთვარე უმთავრესად ქალური ღვთაება იყო და მას მზის დისა და ცოლის ფუნქცია ჰქონდა.

ინკას მბრძანებელი მზის შვილად ითვლებოდა. ის მზის წარმომადგენელი იყო მიწაზე.

ანდების მთიანეთის ფოლკლორში გავრცელებულია გადმოცემები მზის განსაკუთრებული ძლიერების შესახებ. ერთ-ერთი თქმულება მოგვითხრობს:

„ძალიან დიდი ხნის წინათ, როცა ადამიანები ჯერ კიდევ კერპებს სცემდნენ თაყვანს, ქვეყნიერება ბნელით იყო მოცული. მზე არსად ჩანდა და დედამიწას მხოლოდ მთვარე ჰფენდა სუსტ სხივებს. ადამიანები სიბნელეში ამუშავებდნენ მიწას, საჭმლის გაკეთება არ იცოდნენ და ყველაფერს უმად ჭამდნენ. ასე ცხოვრობდნენ ისინი სიბნელეში.

ერთხელ მათ ვიღაც ბერიკაცი მოევლინა, რომელსაც ბევრი რამ შეეცნო ამქვეყნად და წინასწარმეტყველებაც კარგად შეეძლო. კერპთაყვანისმცემლებს მან უთხრა:

- ერთი უზომოდ დიდი, ძალიან ცუდი ბერიკაცი მოვა აღმოსავლეთიდან. იგი ადამიანებს ამოხოცავს, სახლებს კი გადაგიწვავთ. შეგებრძოლებათ კიდეცო.

ხალხმა ეს რომ გაიგო, თქვა:

- რაკი ასეა, ამიერიდან ჩვენს საცხოვრებლებს ისე ავაგებთ, პირი აღმოსავლეთისკენ ექნეს, რომ მოულოდნელად თავს არავინ წამოგვადგესო.

მათ მართლაც ააგეს უზარმაზარი ლოდებისგან აღმოსავლეთისკენ პირმოქცეული სახლები, ყოველ სახლთან კი ქვები დაახვავეს, რომ ცუდი ბერიკაცი მოეკლათ, თუ გამოჩნდებოდა. ბოლოწამახვილებული კეტებიც ბლომად მოიმარაგეს. დღედაღამ ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და აღმოსავლეთისაკენ იმზირებოდნენ. და, აი, მართლაც გამოჩნდა მზე, რომელიც ადამიანებსაც ხოცავდა და სახლებსაც სწვავდა. მართალია, ადამიანებს ქვები და კეტები ბლომად ჰქონდათ მომარაგებული, მაგრამ მზე მაინც ხოცავდა მათ, ხალხი კი უძლური იყო, მზესთან ვერაფერს გახდა.

ამბობენ, მას შემდეგ არის, კერპთაყვანისმცემლები ქვისგან რომ აგებენო თავის სახლებს, თანაც უეჭველად პირს იქით უზამენ, საიდანაც მზე ამოდის.“

ინკას მითოლოგია

ანდების დიდი კულტურები, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ინკა (ახ. წ. XV-XVI სს.), მაღალ მთაში წარმოიქმნა, იმ ადგილას, რომელიც უკვე ათი ათასი წლის წინ იყო დასახლებული.

ძვ. წ. შვიდი ათასი წლისთვის პერუს სანაპიროებზე მიწათმოქმედება პრიმიტიული ფორმით უკვე არსებობდა: კლიმატური ცვლილებების გამო შემგროვებლობითი მეურნეობა განვითარდა და სამიწათმოქმედო კულტურით შეიცვალა. ნადირობაზე მეტად განვითარებული იყო მეთევზეობა. სიმინდი, რომელიც უკვე 60 ათას წელზე მეტი არსებობს ცენტრალურ ამერიკაში, ძვ. წ. მე-13 საუკუნეში პერუშიც გავრცელდა და ძვ. წ. მე-10 საუკუნეში ახალი ჯიშებიც განვითარდა. იმ დროისთვის დაიხვეწა, ერთი მხრივ, სარწყავი სისტემა, რომელმაც მიწათმოქმედების განვითარებას შეუწყო ხელი, მეორე მხრივ კი სახელმწიფო, რომელიც აწესრიგებდა სარწყავ სისტემას. ადგილობრივ კულტურაში მითოსურ საფუძველზე წარმოიშვა რელიგიური კულტი.

ინკას სამეფოს დაარსება ახ. წ. მე-13 საუკუნისთვის მიეწერება მითოსურ გმირს მანკო კაპაკს და მის დებს, რომლებიც კუსკოს ხეობაში მოვიდნენ. ინკას სახელმწიფოს გაფართოება დაიწყო მისი მერვე იმპერატორის ვირაკოჩა ინკას და მის ვაჟ პაჩაკუტისთან ერთად, რომელიც 1438 წელს ავიდა ტახტზე. ესპანელ დამპყრობელთა შემოსვლისას ინკას სამეფო პერუდან ჩილემდე ფლობდა დასავლეთ სანაპიროებს, 1532 წელს ის დაეცა, როცა უკანასკნელ ინკას მბრძანებელს დამპყობლებმა თავი მოკვეთეს.

ინკას იმპერიაში ოფიციალური რელიგია სახელმწიფოს ხელში იყო. გლეხებს მიწა სამად ჰქონდათ გაყოფილი, რომელთაგან ერთი ღმერთებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე - იმპერატორისთვის, მესამე კი ოჯახისთვის. დაპყრობილი ტომების წმინდა საგნები ანუ ჰუაკასი პროცესიის თანხლებით კუსკოში ჩაჰქონდათ და ინახავდნენ. ჰუაკასის კატეგორიაში შედიოდა ყველაფერი, რასაც ღვთაებრივი ფორმა ჰქონდა: ბორცვი, ქვა, ხე და ყოველივე, რაც უცნაურად, ბუნებრივის საწინააღმდეგოდ გამოიყურებოდა.

ინკას ღვთაებრივი პანთეონის სათავეში მზე იდგა. ინკას ტაძრებში მორწმუნეთა შესვლა არ შეიძლებოდა. იქ მხოლოდ ქურუმები და მზის ქალწულები შედიოდნენ, რომლებიც შემდეგ ქურუმი ქალები ან იმპერატორისა და დიდებულების მეორე ცოლები ხდებოდნენ. თუ იმპერატორი ქურუმ ქალთან „შესცოდავდა“, მისთვის ნებადართული და ბუნებრივი იყო, ყველა სხვა კი საყვარლის ყოლისთვის სიკვდილით ისჯებოდა.

0x01 graphic

მაჩუ პიჩუ, ინკას ქალაქი (პერუ)

ტაძრებში მზე ადამიანისსახოვანი ქანდაკებებით და უზარმაზარი ოქროს ფირფიტებით იყო გამოსახული. იმპერატორი მზის ვაჟი იყო, იმპერატორის ცოლი კი მთვარის ქალიშვილი. მთვარე-მზის და და მეუღლე ვერცხლის ქანდაკების სახით იყო წარმოდგენილი ტაძარში. ინკები მთვარისა და მზის კალენდრებს იყენებდნენ.

საეკლესიო იერარქიის სათავეში იდგა უმაღლესი ქურუმი, იმპერატორის ახლო ნათესავი, რომელიც დიდებულთა ცხრაწევრიან საბჭოს ხელმძღვანელობდა. უამრავი ქურუმი მიდიოდა პროვინციების დასათვალიერებლად, სადაც ჰუაკასს ძველი დარაჯები იცავდნენ. ისინი ნებაყოფლობით ასრულებდნენ ამ მოვალეობას, მათ სახელმწიფო გასამრჯელოს არ უხდიდა.

ტაძარი არ იყო თავშეყრის ადგილი. საერთო ცერემონიები ღია ადგილებში ტარდებოდა და ხშირად ცხოველების მსხვერპლშეწირვა ხდებოდა გამოსყიდვისა და წინასწარმეტყველების რიტუალების შესრულების დროს. განსაკუთრებით მიღებული იყო ათი წლის ბავშვების შეწირვა, რომლებსაც ფიზიკური და მორალური სრულყოფილების ნიშნით არჩევდნენ და აჯილდოებდნენ პირდაპირ საიქიოში მოხვედრით. დიდებულების შვილებს არ სწირავდნენ. აცტეკებისგან და მაიასგან განსხვავებით, ინკას სახელმწიფოში ადამიანების მსხვერპლად შეწირვა ხშირი არ იყო. აცტეკების მსგავსი ტექნიკით სამხედრო ტყვეებს კლავდნენ.

0x01 graphic

ინკას პირველი
გამოსახულება ევროპულ წყაროში

ზუსტად ისე, როგორც ეგვიპტეში, ინკას ქურუმებს ეხებოდათ ყველაფერი ჯანმრთელობის სფეროში, სახელმწიფოს პოლიტიკური „სხეულიდან“ დაწყებული და დამთავრებული ადამიანის სხეულით. ერთი პიროვნება ასრულებდა მსხვერპლის შემწირავი ქურუმის, ნათელმხილველის, ბრძენისა და მედიცინის შამანის ფუნქციებს. ისინი გულდასმით იკვლევდნენ მსხვერპლად შეწირული ცხოველების შიგნეულობას და აქედან მომავალს წინასწარმეტყველებდნენ; კურნავდნენ დაავადებებს იმ ნივთიდან გამოლოცვით, რომელსაც დაავადების გამომწვევად მიიჩნევდნენ. ამის გარდა, ქურუმები ხელის გარკვეული მოძრაობით კვლავ თავის ადგილას სვამდნენ ნაღრძობ ძვლებს. ისინი ქირურგებიც იყვნენ და ისეთ ურთულეს ოპერაციებს აკეთებდნენ, როგორიცაა თავის ქალის ტრეპანაცია.

სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება თვითონ ინკასგან მომდინარე წერილობითი წყაროები.

კითხვები:

  • ჩამოთვალეთ ტოტემური წარმოდგენების სამი განმსაზღვრელი პირობა.

  • წაიკითხეთ ბრაზილიური გადმოცემები „ვარსკვლავები“, „ლეგენდა სინათლეზე“, „ორი თუთიყუში“, „როგორ გაჩნდა მზე და მთვარე“, ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს ინდიელთა გადმოცემა „რეინირის მთა და წარღვნა“, „კრატერის ტბა და ორი მონადირე“.

  • რომელ მითოსურ გმირს მიეწერება ინკას სამეფოს დაარსება ახ. წ. მე-13 საუკუნისთვის?

  • რომელი ღვთაება იდგა ინკას რელიგიური პანთეონის სათავეში?

ლიტერატურა:

  • ბრაზილიური ზღაპრები. კ. ლორთქიფანიძის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1971.

  • ინდიელთა ზღაპრები. მ. ზუბადალაშვილის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1976.

  • Леви-Стросc, К.: Первобытное мышление. Москва: «Республика», 1994.

6 V თავი. უზენაესი ღვთაებები ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაში

▲ზევით დაბრუნება


შიუტეკუტლი. უიცილოპოჩტლი.
კეცალკოატლი. ტესკატლიპოკა.

უზენაესი ღვთაება შიუტეკუტლი შიუტეკუტლი - „წელიწადის მბრძანებელი“, ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაში ცეცხლისა და ვულკანის ღმერთია.

შიუტეკუტლის კულტი და მისი გამოსახულებები დასტურდება ჯერ კიდევ ოლმეკამდელ პერიოდში.

0x01 graphic

შიუტეკუტლი
სამყაროს ცენტრში

შიუტეკუტლი იყო ცეცხლის ღმერთი (როგორც ციური ცეცხლისა, ისე ქვესკნელის), სასტიკი და ყველაფრის გამანადგურებელი, მაგრამ ამავე დროს ოჯახური კერის ღმერთიც. შიუტეკუტლი რომ ოჯახს მფარველობდა, ამის დამადასტურებელია მისი სხვა სახელები: „ყვითელთმიანი“, „ალი“, „ჩვენი მამა“, „უხუცესი ღმერთი“, „დედამიწის ჭიპში მყოფი“, „ღმერთების დედა“, „ღმერთების მამა“.

აცტეკებთან შიუტეკუტლი გამოისახება ნახევრად წითლად და ნახევრად შავად შეღებილი სახით. ეს ორფეროვნებაც მის ორივე ბუნებაზე მიანიშნებს - ქვესკნელისა და ციური ცეცხლის.

მის თავსამკაულს წარმოადგენს ორი ლერწამი ან პეპელა. ხელში კვერთხი, მახვილი და საცეცხლური უჭირავს. დღესასწაულებზე შიუტეკუტლის ქანდაკება ყველაზე ბოლოს შემოაქვთ, რადგანაც ის მოხუცი ღმერთია და ნელა დადის.

უზენაესი ღვთაება უიცილოპოჩტლი

უიცილოპოჩტლი - „მარცხენა მხრის კოლიბრი“ აცტეკების მითოლოგიაში უმაღლესი ღვთაებაა კეცალკოატლისა და ტესკატლიპოკას გვერდით. თავდაპირველად უიცილოპოჩტლი აცტეკების ტომობრივი ღმერთი იყო. კოლიბრი ხშირად გვევლინება მზის განმასახიერებლად ცენტრალური ამერიკის ინდიელთა ტომებში.

უიცილოპოჩტლი უძველესი ღვთაების ნიშნებს ატარებს, მათ შორის მზის ღმერთისა და ტესკატლიპოკასიც. ხანდახან ტესკატლიპოკას ორეულიც კია. უიცილოპოჩტლი იქცა ცისფერი კრიალა ცის, ახალგაზრდა მზის, ომისა და ნადირობის ღმერთად, აცტეკური ხალხური სიბრძნის განსაკუთრებულ მფარველად.

მითების ზოგ ვერსიაში უიცილოპოჩტლი უკავშირდება ნაყოფიერების ძველ ღვთაებებს. წელიწადში ორჯერ იმართებოდა ზეიმი, სადაც პურის ფქვილით და თაფლით მზადდებოდა უიცილოპოჩტლის უზარმაზარი გამოსახულება. რელიგიური რიტუალის შემდეგ უიცილოპოჩტლის ფიგურა ქუცმაცდებოდა და ყველა მონაწილე ჭამდა.

ზოგი გადმოცემით, უიცილოპოჩტლი ყოველ ღამით ებრძვის სიბნელეს და არ დაუშვებს, რომ მზე ჩაქრეს. აქედან მომდინარეობს მისი კულტის კავშირი „მეომარი არწივების“ გაერთიანებასთან. ის გამოისახებოდა ადამიანის სახით, კოლიბრისფორმიანი მუზარადით, ბუმბულებით მორთული ფარით და მშვილდისრით. უიცილოპოჩტლის უდიდეს თაყვანს სცემდნენ. ტენოჩტიტლანში მისი ტაძარია აღმოჩენილი.

მექსიკურ ფოლკლორში უიცილოპოჩტლის შესახებ ბევრი გადმოცემა არსებობს, ერთ-ერთია ლეგენდა მის დაბადებაზე.

„ქალაქ ტოლანის მახლობლად მდებარეობს კოატეპეკი - გველის მთა. ოდესღაც იქ ერთი ქალი ცხოვრობდა, სახელად კოატლიკუეს ეძახდნენ. მას ოთხასი ვაჟი ჰყავდა. ვაჟებს სენცონუიცნაუები ერქვა, იმათ უფროს დას კი კოიოლშაუკხი.

კოატლიკუე აღთქმას ასრულებდა: ყოველდღე ჰგვიდა კოატეპეკის მთაზე ტაძარს. ერთ დღეს, ტაძარს რომ ჰგვიდა, ციდან მატყლის გორგლის მსგავსი პატარა ბუმბულის ბურთი ჩამოვარდა. ქალმა ბუმბული უბეში ჩაიდო. დაგვა რომ მოათავა, უნდოდა ამოეღო, მაგრამ ვეღარ იპოვა, გამქრალიყო.

ამბობენ, თითქოს ქალი ამ ბურთმა დააფეხმძიმაო. ძმები მიხვდნენ, რომ იმათი დედა ბავშვს ელოდებოდა და განრისხებულებმა ჰკითხეს:

- თავს ლაფი ვინ დაგვასხაო?

კოილშაუკხიმ ძმებს უთხრა:

- მოდი, დედა მოვკლათ, რახან სირცხვილი გვაჭამაო.

კოატლიკუემ ეს რომ გაიგო, ძალიან დაღონდა, მაგრამ ბავშვმა მუცლიდან გამოსძახა: ნუ გეშინია, მე ვიცი, რა უნდა ვქნაო. ამ სიტყვების გაგონებაზე კოატლიკუემ იგრძნო, გული როგორ დაუმშვიდდა და ნაღველმა გადაუარა.

სენცონუიცნაუებს მტკიცედ გადაეწყვიტათ დედის მოკვლა, რახან უპატიოსნოდ მოიქცა და სირცხვილი აჭამა შვილებს. ძმებს ცეცხლზე ნავთს უსხამდა კოიოლშაუკხი, გამუდმებით ჩასჩიჩინებდა, დედა მოკალითო.

ძმები შეიარაღდნენ. თმები დაივარცხნეს და ისე გამოეწყვნენ, როგორც მამაც მეომრებს შეჰფეროდათ. მაგრამ ერთი იმათგანი, რომელსაც კაუიტლიკაკს ეძახდნენ, ყველაფერს, რასაც ძმები იტყოდნენ, მაშინვე დედის მუცელში მყოფ უიცილოპოჩტლს ატყობინებდა. უიცილოპოჩტლი ასე ეუბნებოდა: შენ ისევ თვალყური გეჭიროს, რას აკე-თებენ, რას ლაპარაკობენ, მე კი კარგად ვიცი, როგორ მოვიქცეო.

ძმები მთისაკენ გაემართნენ. წინ კოიოლშაუკხი მიუძღოდათ. სენცონუიცნაუები შუბებით შეიარაღებულიყვნენ, ქაღალდებითა და ნიჟარებით მორთულიყვნენ.

კაუიტლიკაკი მთაზე ავიდა, რომ უიცილოპოჩტლი გაეფრთხილებინა, სენცონუიცნაუები ახლოვდებიან და შენი მოკვლა უნდათო. უიცილოპოჩტლიმ მას უთხრა: კარგად შეხედე, ახლა სად არიანო. კაუიტლიკაკმა მიუგო: კოაშალკოსთან არიანო. უიცილოპოჩტლიმ კიდევ რამდენჯერმე ჰკითხა: სად არიანო? კაიუტლიკაკმა უპასუხა: „სენცონუიცნაუები თანდათან ახლოვდებიან“. ბოლოს კაუიტლიკაკმა შეატყობინა, ძმები სულ ახლოს არიან, წინ კოიოლშაუკხი მოუძღვისო.

სწორედ იმ წუთში, როცა სენცონუიცნაუები მოახლოვდნენ, დაიბადა უიცილოპოჩტლი. ხელში მრგვალი ლურჯი ფარი, ტენეუჩი, და ლურჯი შუბი ეჭირა. თავზე ფრთების სამკაული ეკეთა, სახეზე ყვითელი საღებავების ზოლები დაუყვებოდა. ბარძაყები და ხელები ლურჯად ჰქონდა შეღებილი. მარცხენა ფეხი მარჯვენაზე წვრილი ჰქონდა და ბუმბულით დაფარული.

0x01 graphic

უიცილოპოჩტლი

უიცილოპოჩტლიმ ერთ კაცს, სახელად ტოჩანაკალკის, უბრძანა, ხის გველი დაწვიო. კაცმა დაწვა გველი. გველმა კოიოლშაუკხი დაჭრა და მოკლა. მკვდარი კოიოლშაუკხი აკუწეს. მისი თავი ახლაც იმ კოატეპეკის მთაზე დევს.

უიცილოპოჩტლიმ წამოავლო ხელი თავის იარაღს, გამოეკიდა ძმებსა და ჩარეკა მთიდან. ოთხჯერ შემოარბენინა მთა. ძმები ვერც თავის დაცვას ბედავდნენ და ვერც თავდასხმას.

უიცილოპოჩტლიმ ასე დაამარცხა სენცონუიცნაუები. ბევრი მათგანი დაიღუპა. ამაოდ ემუდარებოდნენ ცოცხლად გადარჩენილები, ნუღარ გვდევ, ბრძოლა შევწყვიტოთო.

უიცილოპოჩტლის არაფრის გაგონება არ უნდოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, იმ არემარეში ერთიც არ დაეტოვებინა ცოცხალი. მართლაც, თითქმის ყველა ამოწყვიტა. მხოლოდ ზოგიერთები გადაურჩნენ და გაიქცნენ. მათ უიცლამპეს - ეკლიან ხეობას - შეაფარეს თავი. უიცილოპოჩტლიმ დიდი ნადავლი და სენცონუიცნაუების იარაღი იგდო ხელთ.

ასე გახდა უიცილოპოჩტლი აცტეკებისა და ომის ღმერთი.“

უზენაესი ღვთაება კეცალკოატლი

კეცალკოატლი - „მწვანე ფრთებით დაფარული გველი“, ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაში ერთ-ერთია იმ სამ ღვთაებას შორის, რომელთაც სამყაროს, ადამიანისა და კულტურის შექმნა მიეწერებათ. ამასთან, კეცალკოატლი სტიქიასაც განაგებს. ის არის ცისკრის ვარსკვლავიც, ქურუმებისა და მეცნიერების მფარველი და ტოლტეკების დედაქალაქ ტოლანის მმართველი. მისი ზედწოდებებია: „ქარის ღმერთი“, „პლანეტა ვენერას ღმერთი“, „ურჩხულების ღმერთი“ და სხვა.

კეცალკოატლის პირველი გამოსახულებები აღმოჩენილია ოლმეკების სკულპტურებში (ძვ. წ. VIII-V სს.). ამ პერიოდში კეცალკოატლი ქარებს ასახიერებდა. იგი ასევე განასახიერებდა კულტურულ გმირს, რომელმაც ხალხს სიმინდის მოყვანა ასწავლა.

I-II საუკუნეებში კეცალკოატლის კულტი მთელ ცენტრალურ ამერიკაში გავრცელდა. ის იქცა უზენაეს ღვთაებად, რომელმაც სამყარო, ადამიანი და კულტურა შექმნა.

როგორც კულტურული გმირი, კეცალკოატლი გადაიქცა ჭიანჭველად, შეაღწია ჭიანჭველების ბუდეში, სადაც დამალული იყო სიმინდის მარცვლები, მოიპარა და ხალხს მოუტანა.

კეცალკოატლმა ასწავლა ხალხს ძვირფასი ქვების მოპოვება და დამუშავება, აშენება, ბუმბულებისგან მოზაიკის დამზადება, ვარსკვლავთა მოძრაობაზე დაკვირვება და კალენდრის გამოთვლა. ამავე პერიოდში კეცალკოატლს გაუჩნდა ქურუმთა მფარველის ნიშნები: მითის თანახმად, მან შემოიღო მსხვერპლშეწირვა, მარხვა და ლოცვები.

შემდგომ პერიოდში კეცალკოატლი იქცა მებრძოლად თავის ანტიპოდ ტესკატლიპოკას წინააღმდეგ. ტესკატლიპოკამ აცდუნა მოხუცი კეცალკოატლი და აკრძალვები დაარღვევინა. კეცალკოატლს ლოთობის შედეგად ინცესტი შეემთხვა, ხოლო მის ქვეშევრდომებს თავს უბედურება დაატყდათ. დამწუხრებული კეცალკოატლმა ტოლანი დატოვა და ნებაყოფლობით წავიდა აღმოსავლეთისკენ. იქვე გარდაიცვალა. მისი სხეული დაწვეს.

0x01 graphic

ეცალკოატლი

აცტეკების ერთი მითის თანახმად, კეცალკოატლი გველის სახით წავიდა აღმოსავლეთ ზღვის სანაპიროსკენ და ხალხს შეჰპირდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდებოდა. ამიტომ, როცა ესპანელი დამპყრობლები მექსიკის აღმოსავლეთ სანაპირო ზე გადმოვიდნენ კეცალკოატლისადმი მიძღვნილ წელს, აცტეკებმა ჰერნანდო კორტესი კეცალკოატლად მიიჩნიეს.

კეცალკოატლი გამოისახებოდა წვეროსანი კაცის ნიღბით, უზარმაზარი ტუჩებით ან ბუმბულებით დაფარული გველის სახით. მისი გამოსახულებები მრავლადაა ხელნაწერებსა და სკულპტურულ ძეგლებზე.

უზენაესი ღვთაება ტესკატლიპოკა

ტესკატლიპოკა - „აალებული სარკე“, ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაში არქაული ღმერთის ნიშნების გამაერთიანებელი ღვთაებაა. ისტორიულად ნაუასა და მაიას ტომების მთავარი ღმერთია. მისი შესატყვისი კიჩეს მითოლოგიაში არის ჰურაკანი („ცალფეხა“), რომელიც შემოქმედი და სამყაროს მბრძანებელია, ჭექა-ქუხილის, ქარებისა და ქარიშხლების გამგებელი.

ტესკატლიპოკა ღამის ღმერთია, მფარველობს ყაჩაღებს, ჯადოქრებსა და ქურუმებს. მისი ეპითეტებია „მტერი“, „ჭირვეული მბრძანებელი“, „მთების გული“, „განხეთქილების მთესველი“ და სხვა. ტესკატლიპოკა პირველი მოდის დღესასწაულებზე, როცა ღმერთები მიწაზე იკრიბებიან. დღესასწაულზე მისი მოსვლის ნიშანი იყო ფეხის ანაბეჭდი ტაძრის წინ დაფრქვეულ ფქვილზე.

ტესკატლიპოკას სხვადასხვა სახელი აქვს, რომელთაგან ყველაზე ძველია ტეპეიოლოტლი („მთების გული“). მას იაგუარის სახე აქვს და გამოქვაბულების, მიწისძვრის, ექოს მბრძანებელია.

აცტეკურ მითებში ტესკატლიპოკა ხშირად კეცალკოატლის ანტაგონისტად გვევლინება. ტესკატლიპოკა არის უიცილოპოჩტლის ორეული და მეგობარი. აცტეკების წარმოდგენით, ტესკატლიპოკა განასახიერებდა ზამთარს, ჩრდილოეთს, ვარსკვლავებით მოჭედილ ღამის ცას. ამიტომ ის გამოისახებოდა შავი სახით, ყვითელი განივი ზოლებით იყო დაფარული ანდა თავისი ორეულის - იაგუარის სახე ჰქონდა (წინწკლებიანი ტყავი, რომელიც ვარსკვლავიან ცას ჰგავს). ზოგიერთ მითში ტესკატლიპოკა პოლარულ ვარსკვლავად იქცევა, რომ ცეცხლი მოიპოვოს. ის დიდი დათვის თანავარსკვლავედად იქცევა. ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ზონებში ეს თანავარსკვლავედი ზენიტში დგას. ამის გამო იქაური მოსახლეობა მას აღიქვამდა როგორც ცალფეხა ადამიანის გამოსახულებას.

ტესკატლიპოკას სიმბოლოა აალებული სარკე, რომელიც მას ყვრიმალზე ან მოკვეთილ ფეხზე აქვს მიმაგრებული. მასში ის ყველაფერს ხედავს, რაც ქვეყანაზე ხდება. სარკის გარდა ტესკატლიპოკას მაგიური ჯოხიც აქვს, რომელსაც მრგვალი ნახვრეტი აქვს ბოლოზე და ამით არც რაიმე დაფარული და საიდუმლო არ გამოეპარება.

0x01 graphic

ტესკატლიპოკა სარკით

ტესკატლიპოკას მეორე ნიშანია ტყავის რგოლი (მარადიულობის სიმბოლო), რომელიც ყვითელი ლენტით ჰკიდია მკერდზე. ასეთივე რგოლი აქვთ მის ძმებს (ზოგიერთი ვერსიით) - კეცალკოატლს, უიცილოპოჩტლს და შიპე-ტოტეკს. აცტეკების მითოლოგიაში ტესკატლიპოკას წითელი ორეული ჰყავს - წითელი ტესკატლიპოკა, რომელიც შერწყმულია შიპე-ტოტეკის (მცენარეთა მფარველი ღვთაების) კულტთან. ტესკატლიპოკა ითვლებოდა როგორც კეთილ, ისე ბოროტ ღვთაებად. ის იყო სამყაროს შემქმნელიც და მისი დამანგრეველიც; თვალი, რომელიც ღამით ყველაფერს ხედავდა, მსაჯული და შურისმაძიებელი ყოველივე ბოროტზე; ყოვლისმცოდნე და ყველგან მყოფი; შეუბრალებელი, მოულოდნელობებით სავსე. მისი ეპითეტებია: „ის, ვინც ყველაფერს განაგებს“, „ის, ვისი მონებიც ჩვენ ვართ“. ტესკატლიპოკას შეეძლო ხალხისთვის კეთილდღეობა მიენიჭებინა, მაგრამ ხშირად წყრებოდა და ყველაფერს ანგრევდა. ასე მოექცა ის ტოლტეკებს.

ტესკატლიპოკა მეომრების გამოსაცდელად სხვადასხვა სახეს იღებდა და საბრძოლველად იწვევდა მათ. მეომარი, რომელიც ტესკატლიპოკას დაამარცხებდა, გამოსასყიდის სახით აგავის რამდენიმე ეკალს მიიღებდა, იმ რაოდენობისას, რამდენი ტყვეც ჩაიგდო ხელთ ბრძოლაში.

ტესკატლიპოკას ყველაზე საშინელ სახეს წარმოადგენდა უთავო სხეული, ორი კარით გულზე, რომელიც იღებოდა და იხურებოდა და ისეთ ხმას გამოსცემდა, როგორსაც ხეზე ცულის შემოკვრა. ტესკატლიპოკას ამგვარი ფიგურები აღმოჩენილია ტეოტიჰუაკანში.

ტესკატლიპოკა, საფიქრებელია, ხთონური ღმერთი იყო. ნაუას ტომების შემოსვლის შემდეგ ის შეერწყა ვარსკვლავიანი ცის, ჩრდილოეთისა და სიცივის ღმერთზე წარმოდგენებს და აქედან ის პირველი პერიოდის ძველი მზეა.

ტესკატლიპოკა კეცალკოატლთან ერთად გაყოფს ცას და მიწას და ხდება ღმერთი-შემოქმედი.

ტესკატლიპოკას თაყვანს სცემდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ. აცტეკები ყოველწლიურად ტესკატლიპოკას იმპერსონატორს - ახალგაზრდა, უნაკლო ვაჟს ირჩევდნენ, მთელი წელიწადის მანძილზე ყველა სურვილს უსრულებდნენ, წლის ბოლოს კი საზეიმოდ კლავდნენ როგორც შესაწირს.

კითხვები:

  • რა ზედწოდებები აქვს კეცალკოატლს?

  • უზენაესი ღვთაებებიდან რომელი განაგებს ჭექა-ქუხილს?

  • უზენაესი ღვთაებებიდან რომელი გამოისახება მშვილდ-ისრით?

  • როგორ აქვთ განაწილებული ფუნქციები უზენაეს ღვთაებებს აცტეკურ მითოლოგიაში?

დავალება:

  • შეავსეთ მოცემული ცხრილი:

შიუტეკუტლი

უიცილოპოჩტლი

კეცალკოატლი

თესკატლიპოკა

ზედწოდება

გარეგნობა

ფუნქციები

ლიტერატურა:

  • ინდიელთა ზღაპრები. მ. ზუბადალაშვილის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1976.

  • Dundes, A.: The Study of Folklore. Prentice-Hall. Inc., Englewood Cliffs, N. J. 1965.

  • Velie, A.: Aztekisches Erzahlgut. In: Enzyklopadie des Marchens. B. 1. Berlin / New York, Walter de Gruyter, 1977, გვ. 1118-1120.

7 VI თავი. ქალღმერთები ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაში

▲ზევით დაბრუნება


უძველესი პერიოდი. ძვ. წ. XV-IV საუკუნეები.
კეჩუას მითოლოგია. აცტეკების მითოლოგია. გაზაფხულისა
და ამინდის ღვთაებები.

უძველესი პერიოდი

ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე გვიან პალეოლითის ხანაშივე არსებობდა მითოსი ცეცხლის გაჩენის, ცხოველებისა და ადამიანების წარმოშობის შესახებ. შემდგომ, შემგროვებლობის პერიოდში შეიქმნა მითები საკვებისა და მცენარეების მფარველ ღვთაებებზე, სამყაროს განლაგებაზე. დომესტიკაციის პერიოდში და სიმინდის როგორც კულტურული მცენარის მოშენების მერე (ძვ. წ. V ათასწლ.) განვითარდა მითოსი უზენაეს მრავალფუნქციურ ღვთაებაზე, რომელსაც პირობითად „ნაწნავიან ქალღმერთს“ უწოდებენ მეცნიერები. ქალღმერთის სახის აღდგენა შესაძლებელია პეტროგლიფების, მრავალრიცხოვანი თიხის ქანდაკებებისა და ქვაზე ამონატვიფრების მეშვეობით.

„ნაწნავიანი ქალღმერთი“ თავის სახეში აერთიანებს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს სულების შესახებ წარმოდგენებს, განასახიერებს დედამიწასა და ცას, სიცოცხლესა და სიკვდილს (მისი ზოგიერთი გამოსახულება ორთავიანია), მისი მკერდიდან „ციური რძე“ - წვიმა მოდის, ის ყოველგვარი სინესტის, წყლის მბრძანებელია, მასზეა დამოკიდებული ყოველი მცენარე და ცხოველი.

ინდიელთა უფრო მოგვიანო მითოლოგიურ სისტემებში ეს ღვთაება რამდენიმე ქალღმერთად იქცა, რომლებიც უკავშირდებიან წყალს, მთვარეს, შვილიერებას, სიკვდილს, სიმინდს, კაკაოს და სხვ. ქალღმერთი გამოისახებოდა ოთხნაწნავიანი ქალიშვილის, მოწიფული ქალისა და დედაბრის სახით. ქალის ასაკობრივი განვითარების ეს სამი ეტაპი (ახალგაზრდობა, სიმწიფე, სიბერე) განასახიერებს წელიწადის დროებს: აყვავებას, მოსავლის აღებისდროს და ზამთრის პირს. შემორჩენილია სამსხეულიანი ქალღმერთის ფიგურაც. ცნობილია აგრეთვე მისი ზოომორფული სახეებიც: იხვი (წყლის მბრძანებელი), გომბეშო (მიწის მბრძანებელი), ობობა და და სხვ. მისი ვაჟი, ჩასუქებული ჩვილი („მსუქანი ღმერთი“) მედიუმია დედამისსა და ხალხს შორის. სავარაუდოდ, ის განასახიერებს სიმინდსა და მზეს. ამ პერიოდის პანთეონს განეკუთვნება აგრეთვე „მოხუცი ღმერთი“ (შეესაბამება აცტეკურ ღვთაება შიუტეკუტლის) - „მსუქანი ღმერთის“ მამა. ბოლომდე გარკვეული არ არის მისი კავშირი „ნაწნავიან ქალღმერთთან“, რომლის არსებობაც თითქმის მთელი ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზეა დადასტურებული.

ძვ. . XV-IV საუკუნეები

ოლმეკებმა პირველებმა მიაღწიეს ადრეკლასობრივი საზოგადოების სტადიას და ახალი მითოლოგიური სისტემა შექმნეს, რომელიც დანარჩენ ეთნიკურ საზოგადოებებშიც გავრცელდა.

ახალი სისტემა ძველს ეფუძნებოდა, მაგრამ ოლმეკებმა ის მნიშვნელოვნად გადაამუშავეს. მათ დასაბამი დაუდეს იაგუარის კულტს ცენტრალური ამერიკის ინდიელებში: ყველა მთავარ ღვთაებას იაგუარის სახე ჰქონდა. სავარაუდოდ, იაგუარს იმიტომ მიიჩნევდნენ მიწათმოქმედების მფარველად, რომ მოსახლეობა ხშირად ხედავდა მას ტყიდან გამოსულს, ბალახისმჭამელი ცხოველების მადევარს.

იაგუარის კულტის დროს „ნაწნავიანი ქალღმერთის“ პირვანდელი მნიშვნელობა შემცირდა, მაგრამ მაინც მაინც შეინარჩუნა ძირითადი სახე. ჩალკაცინგოს კლდის რელიეფზე (მექსიკა) ქალღმერთი გამოსახულია როგორც სამყაროს მბრძანებელი, გამოქვაბულში მჯდარი (გამოქვაბულები ინდიელთა მითების თანახმად ადამიანების გაჩენის ადგილია) თავზე გვირგვინით და ხელში ორთავიანი ხვლიკით. უფრო ხშირად ის მიწის, სინესტისა და მთვარის ქალღმერთია, ცოლი ან სატრფო მთავარი ღვთაებისა. უმრავლეს შემთხვევაში ოლმეკების მითოლოგიაში მთავარი ღვთაება მამრობითი სქესისაა.

0x01 graphic

ცა, მიწა და წყალი
(გამოსახულება ჩალკაცინგოს კლდის რელიეფზე)

კეჩუას მითოლოგია

კეჩუას მითოლოგია, რომელიც ძვ. წ. II ათასწლეულში ჩამოყალიბდა და ინკების იმპერიის რაიონებში იყო გავრცელებული (ეკვადორის, პერუს, ბოლივიის, ჩილეს, არგენტინის და კოლუმბიის ტერიტორიები), საფუძვლად უდევს ინკების ოფიციალურ რელიგიას, რომელიც ახ. წ. მე-16 საუკუნემდე არსებობდა.

ციურ ღმერთთა ტრიადის გარდა (მზე, ქუხილი, მთვარე) მთავარი ქალღვთაება კეჩუას მითოლოგიაში არის პაჩამამა („დედა მიწა“). მიუხედავად იმისა, რომ ის ზეციური ღვთაებების შემადგენლობაში ვერ შევიდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფოლკლორში. უამრავ მითშია მოთხრობილი, თუ როგორ გამოვიდა ხალხი პაჩამამას წიაღიდან - ტბებიდან, წყაროებიდან, მღვიმეებიდან. ყოველ საზოგადოებას ჰქონდა თავისი წარმოშობის ადგილი. სოფლებში, თითოეულ ყანაში იდგა ქვისგან გამოთლილი პაჩამამას კერპი. მიწის ხვნის დროს ლუდს ღვრიდნენ და კერპს სიმინდის ფქვილს აყრიდნენ, ამით ქალღმერთს მოსავლიანობას შესთხოვდნენ.

აცტეკების მითოლოგია

აცტეკების მითოლოგიაში (ახ. წ. მე-13 საუკუნიდან ევროპელების მოსვლამდე) წყლის, ტბების, ზღვებისა და მდინარეების ქალღმერთია ჩალჩიუტლიკუე („ის ნეფრიტის ტანსაცმელში“, „ის ცისფერ ტანსაცმელში“). ის არის წვიმისა და ქუხილის ღმერთ ტლალოკის ცოლი და ჩრდილოეთის ცის ვარსკვლავთა ღმერთი. ჩალჩიუტლიკუე გამოისახებოდა წყალთან მჯდარი ახალგაზრდა ქალის სახით, რომელსაც თავი ლურჯი და თეთრი ბაბთებით ჰქონდა შემკული და ლოყებზე ჩამოშლილი კულულები ეყარა. ის ნაოსნების და წყალზე მოგზაურთა მფარველად ითვლებოდა.

0x01 graphic

ჩალჩიუტლიკუე

შოჩიკეცალი („ყვავილოვანი ფრთა“) აცტეკების მითოლოგიაში სიყვარულის, ნაყოფიერების, ყვავილთა, ორსულობის, საოჯახო საქმეთა ქალღმერთია. მისი ზედწოდებებია „მხოლოდ წყალი“, „ირმის ღმერთ“ და სხვა. შოჩიკეცალი ჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალის სახით გამოისახებოდა, რომელსაც უჯრედებიანი კაბა ეცვა, ორი ნაწნავი და კეცალის ფრთების წნული ჰქონდა თავზე. შოჩიკეცალი „ნაწნავიანი ქალღმერთის“ ერთ-ერთი გვიანდელი სახეცვლილებაა, ამიტომ მითები მის შესახებ სხვადასხვაგვარია. შოჩიკეცალი პირველი ქალია, რომელიც მიწიერი სამოთხიდან მოვიდა. სხვა წყაროებით, შოჩიკეცალი ტლალოკის ცოლია, რომელიც ტესკატლიპოკამ მოიტაცა. ზოგი ვერსიით, ის პირველი ზეციური ტყუპის - კეცალკოატლისა და შოლოტლის დედაა. მე-16 საუკუნის ესპანური წყაროები შოჩიკეცალს რომაულ ვენერას ადარებენ. აცტეკები მას ცოლების, შეყვარებულების, გარყვნილების, მოქანდაკეების, მხატვრებისა და მქსოველების მფარველად მიიჩნევდნენ.

0x01 graphic

შოჩიკეცალი

ტლასოლტეოტლი („ტალახის შთანმთქმელი“) აცტეკების მითოლოგიაში მიწის, ნაყოფიერების, მრუშობის და მონანიების ქალღმერთია. მისი სახელიც აქედან მოდის: ტალახის შთანთქმით ის კაცობრიობას ცოდვებს ჩამორეცხავს. ტლასოლტეოტლი ცოდვილთა მფარველია. მასთან დაკავშირებული იყო აღსარების რიტუალი. მისი მამრობითი ორეული იყო ტესკატლიპოკა, რომელიც ყველას ხედავდა, ხილულსაც და დაფარულსაც.

ქრისტიანული აღსარებისგან განსხვავებით, აცტეკებს აღსარება მხოლოდ ერთხელ უნდა ეთქვათ ცხოვრებაში. აღსარებისთვის შესაფერისი დრო იყო მძიმე ავადმყოფობა, რომელიც ძირითადად მორალურ დანაშაულს ახლდა. ცოდვილი მიდიოდა ქურუმთან, რომელიც მას აღსარების დღეს დაუთქვამდა. რიტუალის დაწყებისას ქურუმი ტლასოლტეოტლსა და ტესკატლიპოკას მიმართავდა:

„ღმერთების დედავ, ღმერთების მამავ,
მოხუცო ღმერთო,
საწყალი კაცი მოვიდა შენთან,
მოვიდა ცრემლებით, მწუხარებით და შიშით,
შეიძლება შეცდომა დაუშვა,
შეიძლება შეცდა და წაიბილწა,
მისი გული [...] სევდით არის დამძიმებული [...]
უშველე გასაჭირში და გული დაუმშვიდე!“

0x01 graphic

თლასოლტეოტლი

ტლასოლტეოტლი არის ღამის მბრძანებელიც. იგი მესოამერიკის ერთ-ერთი უძველესი ღვთაებაა. მისი ზედწოდებებია: „ჩვენი ბებია“, „დედამიწის გული“, „ღმერთების დედა“ და სხვა. იგი გამოისახებოდა ხან შიშველი, ხან კი შემოსილი ფიგურით. ტლასოლტეოტლის დამახასიათებელი ნიშნებია მწყერის ბუმბულები თავზე, თითისტარი, ბამბა და ცოცხი.

ტლასოლტეოტლის დღესასწაულზე მსხვერპლად იწირებოდა გოგონა, რომლის კანიდანაც ქურთუკი მზადდებოდა და მას იცვამდა ქურუმი, როგორც ქალღმერთის განმასახიერებელი. მერე სიმბოლურად უნდა მომხდარიყო მისი შეერთება ომის და მზის ღმერთ უიცილოპოჩტლთან და დაბადებულიყო სიმინდის ღმერთი. გვალვის პერიოდში ტლასოლტეოტლს მამაკაცს სწირავდნენ მსხვერპლად. მას ხეზე მიაბამდნენ და შუბებს ესროდნენ. სისხლის წვეთები სიმბოლურად წვიმას განასახიერებდა.

უიშტოსიუატლი („მარილის ქალი“) აცტეკების მითოლოგიაში მარილის ქალღმერთია, წვიმის ღმერთ ტლალოკის უფროსი და. ერთ-ერთი წყარო უიშტოსიუატლს სიკვდილის ღმერთის ცოლად ასახელებს. ისიც, ტლასოლტეოტლის მსგავსად, გარყვნილების მფარველად ითვლებოდა. გამოსახული იყო ტალღოვანი ხაზებით დაფარული ტანისამოსით, თეთრი ფარითა და ლელქაშის კვერთხით.

0x01 graphic

უიშტოსიუატლი

შილონენი („ქორფა სიმინდის დედა“) აცტეკების მითოლოგიაში ახალშემოსული სიმინდის ქალღმერთია. გამოსახავდნენ ყმაწვილი ქალის სახით, რომელსაც წითელ-ყვითელი კაბა ეცვა. მას ღარიბების მფარველად მიიჩნევდნენ.

0x01 graphic

შილონენი

შკაკაუ („კაკაოს მომცემი“) კიჩეს მითოლოგიაში (სამხრეთი ამერიკა, ჩვ. წ.) კაკაოს მარცვლების მფარველი ქალღმერთია, ერთადერთი ღვთაება მთელი ცენტრალური ამერიკის ხალხებს შორის, რომელიც კაკაოს მფარველობს. კაკაოს მწარე ნაყენი - ქსოკოლატლი, მხოლოდ კაკაოს პატარა დაფქვილი მარცვლებით, იშვიათი სანელებლებით და წყლით იყო მომზადებული. ამ ძვირფას სასმელს მებრძოლებისთვის ძალა უნდა მიეცა.

0x01 graphic

შოკოლადის
გასინჯვის სცენა

გაზაფხულისა და ამინდის ღვთაებები

მითოლოგიური გადმოცემები მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებების შესახებ მთელ მსოფლიოში გავრცელებულია და შეიცავს ძველ მიწათმოქმედთა ემპირიულ ცოდნას ბუნებაზე. ამ მითებში არეკლილია კოსმოგონიური შეხედულებები, წარმოდგენები ასტრალურ სამყაროზე და წელიწადის დროთა ცვლაზე. ბუნების მოვლენათა შორის დამყარებულია გარკვეული მიზეზ-შედეგობრივი კავშირებიც. მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებების კულტი ადამიანის სულიერი ცხოვრების ძირითად მომენტებზეა ორიენტირებული და საზოგადოების პრაქტიკული ცოდნის დონესაც ასახავს.

ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაში ბევრი ღვთაება ატარებს მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თვისებებს. მათ კულტმსახურებაში მიღებული იყო მარცვლეულისგან დამზადებული პროდუქტის შეწირვა მათთვის განკუთვნილ დღესასწაულებზე.

მაკილშოჩიტლი („ხუთი ყვავილი“), იგივე შოჩიპილი („ყვავილების მბრძანებელი“) -აცტეკების მითოლოგიაში გაზაფხულის მცენარეების, სიყვარულის, ყვავილების, მხიარულების, ბურთის თამაშის მფარველი ღმერთია, ტლასოლტეოტლის შვილი. იგი ჭაბუკის სახით გამოისახებოდა, სკიპტრით ხელში ყვავილებსა და პეპლებს შორის მჯდარი და სკიპტრაზე გული ედო. მაკილშოჩიტლი ითვლებოდა მხატვრების, მომღერლების, მქსოველების, მუსიკოსებისა და მობურთალთა მფარველად.

შიპე-ტოტეკი („ჩვენი მხნე ბელადი“, „ჩვენი სალი ქვის ღმერთი“, „წითელი ტესკატლიპოკა“) აცტეკების მითოლოგიაში გაზაფხულის მცენარეებისა და თესვის ღვთაებაა. შიპე-ტოტეკი დაკავშირებული იყო როგორც გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებასთან, ისე მოსავლის აღებასთან და დათრობასთან.

ყველაზე ხშირად შიპე-ტოტეკი გამოისახებოდა ადამიანის ტყავისგან შეკერილი ქურთუკით, ზურგზე შეკრული თასმებით, იდაყვებთან ჩამოკიდებული მსხვერპლის გაფარჩხულთითებიანი ხელებით. სახეზეც ადამიანის კანის ნიღაბი აქვს (დამახასიათებელია ორმაგი პირი ამ ნიღბის გამო), ახურავს კონუსისებური ქუდი ორი მერცხლისკუდისებური სამკაულით, ხელში ფიგურული კვერთხი და ფარი უჭირავს.

0x01 graphic

შიპე-ტოტეკი

ცენტრალური ამერიკის ხალხებში არსებობდა შიპე-ტოტეკის მსხვერპლშეწირვის ჩვეულება, რომლის დროსაც ქურუმები მსხვერპლების ტყავში გახვეული საზეიმოდ ცეკვავდნენ მეომართა შორის.

ჩაკი

ჩაკი („ცული“) მაიას მითოლოგიაში წვიმისა და ელვის ღმერთია. თავდაპირველად ჩაკი ხის მჭრელთა მფარველი ღმერთი იყო, რომლებიც ტყეს კაფავდნენ მინდვრისთვის (აქედან არის მისი სახელიც), მაგრამ მოგვიანებით იქცა წვიმის, მინდვრისა და სიმინდის ღვთაებად. მისი ჩვეულებრივი ატრიბუტებია ცული და აალებული ჩირაღდანი.

ჩაკი მოიხსენიება როგორც მხოლობით რიცხვში, ისე მრავლობითში (ოთხი), იგი დაკავშირებულია ქვეყნის ოთხ მხარესთან ფერთა შემდეგი სიმბოლიკით: აღმოსავლეთი - წითელი, ჩრდილოეთი - თეთრი, დასავლეთი - შავი, სამხრეთი - ყვითელი.

ხალხურ წარმოდგენებში ჩაკი ტლალოკების ანალოგიურად მოიხსენიება. ხელში უჭირავს წყალი გოგრის ჭურჭელში, ან ოთხ ჭურჭელში, რომლებიც თავისი სახლის კუთხეებში უდგას. ჩაკები ცხოვრობენ ტყეში, გამოქვაბულებში, ჭებში. ჩაკს დღემდე სცემენ თაყვანს იუკატანის მაიას ტომებში.

კითხვები:

  • რა კავშირი აქვთ გაზაფხულისა და ამინდის ღვთაებებს სიუხვესთან და ნაყოფიერებასთან?

  • რომელ ღვთაებებს აერთიანებს „ნაწნავიანი ქალღმერთის“ ცნება?

  • რა ღვთაებრივი თვისებები აქვთ პერსონაჟებს?

  • წაიკითხეთ გადმოცემა „კოიოტი და არწივი გარდაცვლილთა ქვეყანაში“. რა კავშირშია გაზაფხული გარდაცვლილთა სამყაროსთან?

დავალება:

  • წაიკითხეთ ბრაზილიური გადმოცემა „როგორ გაჩნდა დედამიწაზე თამბაქო, სიმინდი, წებო და ბამბა“ და ტროპიკული ტყეების ინდიელთა გადმოცემა „როგორ გაჩნდა სიმინდი“.

  • რა თვისებები ახასიათებთ სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ინდიელთა ქალღმერთებს? ჩამოწერეთ ეს თვისებები

ცხრილში:

შოჩიკეცალი

ტლასოლტეოტლი

მაკილშოჩიტლი

უიშტოსიუატლი

ზედწოდება

გარეგნობა

ფუნქციები

  • გააფართოვეთ ცხრილი და ჩამოწერეთ თქვენთვის ცნობილი ქალღმერთები ანტიკური, ძველაღმოსავლური ან ქართული მითოლოგიიდან, მაგალითად:

„ნაწნავიანი
ქალღმერთი“
ინდიელთა
მითოლოგიაში

აფროდიტე
ბერძნულ
მითოლოგიაში

არტემისი
ბერძნულ
მითოლოგიაში

?

ზედწოდება

გარეგნობა

ფუნქციები

  • შეაჯამეთ თქვენი კვლევის შედეგები: რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები და ფუნქციები აქვთ ქალღმერთებს ინდიელთა და ევრაზიის ხალხთა მითოლოგიაში?

ლიტერატურა:

  • ბრაზილიური ზღაპრები. კ. ლორთქიფანიძის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1971.

  • ინდიელთა ზღაპრები. მ. ზუბადალაშვილის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1976.

  • სურგულაძე, ი.: მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში. თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2003. გვ. 6-20.

  • სიხარულიძე, ქ.: კავკასიური მითოლოგია. თბილისი, „კავკასიური სახლი“, 2006. გვ. 9-15.

8 VII თავი. კოსმოგონია, ანთროპოგონია და ესქატოლოგია

▲ზევით დაბრუნება


კოსმოგონიური მითები. ინდიელთა კოსმოგონია.
ავონავილონა. ანთროპოგონიური მითები.
ესქატოლოგიური მითები.

კოსმოგონიური მითები

კოსმოგონიური მითოსი აღწერს სამყაროს დრო-სივრცულ პარამეტრებს ანუ პირობებს, რომელშიც მიმდინარეობს ადამიანის არსებობა და თავსდება ყველაფერი, რაც შეიძლება მითოსური შემოქმედების ობიექტად იქცეს.

კოსმოგონიური წარმოდგენები კონცენტრირდება უპირველეს ყოვლისა სამყაროს აქტუალური მდგომარეობის გარშემო: სამყაროს სტრუქტურა - აგებულება, კავშირი და ფუნქციები მისი ნაწილებისა, ხანდახან მათი რაოდენობრივი პარამეტრები (კოსმოსის აღწერის სინქრონული ასპექტი). კოსმოგონიური მითოსი აღწერს, როგორ გაჩნდა სამყარო (დიაქრონული ასპექტი).

სამყაროს აქტუალური მდგომარეობა მითოპოეტურ აზროვნებაში უკავშირდება მის წარმოშობას როგორც შედეგი მიზეზს.

ანდების მთიანეთში გავრცელებულ ლეგენდაში მოთხრობილია ტეკენდამის ჩანჩქერის წარმოშობის შესახებ. ტექსტი შეიცავს როგორც კოსმოგონიური, ისე ასტრალური მითოსის მოტივებს:

„შორეულ წარსულში, როცა მთვარე ჯერ კიდევ დედამიწის თანამგზავრი არ იყო, ბოგოტის ზეგანის ხალხი მთლად ველურებივით ცხოვრობდა: შიშველ-ტიტვლები დადიოდნენ, არც მიწის დამუშავება იცოდნენ და არც რაიმე კანონ-სამართალი თუ ადათ-წესი გააჩნდათ.

ერთხელაც, ვიღაც მოხუცი მოევლინათ. ამბობენ, კორდილიერების აღმოსავლეთით ჩინგასის დაბლობი რომ არის, იქიდან მოვიდაო. ეტყობოდა, მოხუცი სხვა ტომისა იყო, ვინაიდან გრძელი, ხშირი წვერი ჰქონდა. სამი სახელი ერქვა: ბოჩიკა, ნემკეტება და ზუხე. მან ბოგოტელებს ტანისამოსის ტარება, სახლის აშენება და მიწათმოქმედება

ასწავლა, თემებადაც დაჰყო.

ამ მოხუცმა თურმე თან ცოლიც მოიყვანა, იმასაც სამი სახელი ჰქონდა: ჩია, იუბეკაიგუაია და ხუვტაკა. ლამაზი ჩია ძალზე ბოროტი ქალი იყო - ყველგან და ყველაფერს ქმრის საწინააღმდეგოდ აკეთებდა. ჩიამ მოაჯადოვა მდინარე ფუნსი. იგი ადიდდა, ნაპირები გადმოლახა და ბოგოტის მთელი ველი დატბორა. ბევრი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის დროს. მხოლოდ თითო-ოროლა გადარჩა. მათ მომიჯნავე მთის მწვერვალებს შეაფარეს თავი.

განრისხებულმა მოხუცმა დედამიწიდან გააძევა ჩია და მთვარედ აქცია. მას შემდეგ ჩია მხოლოდ ღამღამობით დანათის დედამიწას.

მერე მოხუცმა გადაწყვიტა, მთებში დაფანტულ ადამიანებსაც დახმარებოდა. მძლავრად შემოჰკრა ხელი კანოასისა და ტაკედამას მხარეს ველზე აღმართულ კლდეებს, გააპო ისინი და აიძულა ფუნსი, ძირს გადაშვებულიყო.

მერე ყველა ტომი ისევ ბოგოტის ველს დაუბრუნა, აუშენა ქალაქები და უბრძანა, მზისთვის ეცათ თაყვანი. გაუჩინა მათ ბელადები და ხელისუფლებაც გაანაწილა - ქურუმისა და ხალხის მართვისა. თვითონ კი იდაკანსი დაირქვა და ირაკის - ტუნხის ახლოს მდებარე წმინდა ველს მიაშურა; იქ მან ორი ათასი წელი კიდევ იცოცხლა.“

ის, რაც მონაწილეობს კოსმოსის შექმნასა და მოწყობაში, შეადგენს მის ნაწილს. ყველაფერი, რაც კოსმოსის შემადგენელი ნაწილია, წარმოიშვა მისი განვითარებისას.

კოსმოგონიური მითები განასახიერებენ კავშირს მაკროკოსმოსსა (ბუნება) და მიკროკოსმოსს (ადამიანი) შორის. ადამიანი ერთ-ერთი ელემენტია კოსმოლოგიური სქემისა.

კოსმოგონიურ მითოსს განეკუთვნება, მაგალითად, ცისა და მიწის გამიჯვნა, ქაოსიდან სამყაროს შექმნა, სტიქიათა ქორწინების შედეგად ახალი სტიქიების წარმოშობა და სხვა.

ხშირად კოსმოგონიურ მითოსში დემიურგი მონაწილეობს - კულტურული გმირი.

კოსმოსი არის წესრიგი. ის ქაოსის საპირისპირო ცნებაა.

ინდიელთა კოსმოგონია

ცენტრალური ამერიკის ინდიელთა, კერძოდ, ტოლტეკების მითოლოგიაში უმაღლესმა ღმერთმა და მისმა მეუღლემ შექმნეს ოთხი ვაჟი: წითელი ტესკატლიპოკა, შავი ტესკატლიპოკა, კეცალკოატლი და უიცილოპოჩტლი. ისინი სამყაროს ოთხ მხარეს განასახიერებდნენ.

კეცალკოატლმა და ტესკატლიპოკამ ცაში აიყვანეს მიწის ქალღმერთი ტლალტეკუტლი, რომელიც იკბინებოდა და სანამ დაეშვებოდნენ, უკვე წყალი წარმოიქმნა. ქალღმერთისგან შექმნეს მიწა, მისი თმებისგან - ხეები, ყვავილები და ბალახი, თვალებისგან - ჭები, წყაროები და მღვიმეები, პირისგან - მდინარეები და დიდი გამოქვაბულები, ცხვირისგან - ველები და ბორცვები, მხრებისგან - მთები. მიწის შექმნისგან 600 წლის შემდეგ შეიქმნა ცეცხლი და მზის ნახევარი. შემდეგ ღმერთების ბრძანებით კეცალკოატლმა და უიცილოპოჩტლმა შექმნეს პირველი წყვილი. კაცს უბრძანეს ხვნა, ქალს - რთვა და ქსოვა. შემდეგ შექმნეს დღეები და დაყვეს თვეებად. და როცა ღმერთებმა დაინახეს, რომ ნახევარი მზე საკმარისი არ იყო გასანათებლად, მაშინ ტესკატლიპოკა თავად გადაიქცა მზედ. ის იყო სამყაროს პირველი პერიოდის მზე. შემდეგ ღმერთებმა გიგანტები შექმნეს.

ავონავილონა

ჩრდილო ამერიკის (ზუნის ტომის) ინდიელთა მითოლოგიაში ყოველი არსების შემქმნელი და პირველმიზეზი არის ღმერთი ავონავილონა.

ავონავილონა იმყოფებოდა პირველსაწყის სიბნელეში და უსაზღვრო სივრცეში, სადაც შემდგომ თავისი აზრი მიმართა. იქიდან წარმოიშვა ბურუსი, რომელიც შეიცავდა სიცოცხლის ჩანასახს. მოგვიანებით ავონავილონამ მიიღო მზის სახე. მისი ნათლისა და სითბოს მოქმედებით ბურუსი წვიმად იქცა და ზღვები შეიქმნა. თავისი სხეულის ნაწილებისგან ავონავილონამ ტყუპი სამყარო შექმნა: ოთხსაფარველიანი დედა-მიწა და ყოვლისმომცველი მამა-ცა, რომელთაგან მოდის დანარჩენი სიცოცხლე. ავონავილონა განსხეულებულია ცარგვალში, ნათელში, ჰაერსა და ღრუბლებში.

ანთროპოგონიური მითები

ანთროპოგონიური მითები ანუ მითები ადამიანის წარმოშობის შესახებ განეკუთვნება კოსმოგონიური მითების სისტემას.

ანთროპოგონიურ მითებში აღწერილია ადამიანების ერთმანეთისგან განსხვავებაც, ასევე სხვადასხვა ტომთა წარმოშობაც, როგორც, მაგალითად, მექსიკურ ლეგენდაში „როგორ გაჩნდნენ ზანგები, ინდიელები და მეტისები“. ეს ხალხური გადმოცემა მითოლოგიური და ბიბლიური მოტივებისგან შედგება: „ადამსა და ევას სამი ვაჟი ჰყავდათ: მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი. ადამმა რომის სმა დაიწყო და შინ ხშირად მთვრალი მიდიოდა ხოლმე.

ერთხელ მელქიორმა მამა მთვრალი იპოვა გზაზე და გაიფიქრა: „აი, სადამდე მივიდა მამაჩვენი. უნდა დავსაჯო. მოდი, სახეს ნახშირით მოვუხატავ, რომ გამოიღვიძებს, შერცხვებაო, - და მართლაც, სახეზე ნახშირი წაუსვა.

ძმასთან გასპარი მივიდა და ეუბნება:

- ეგრე კი არა, აი, ასე უნდა მოგესვაო, - და უფრო მოუთხუპნა სახე. ამ დროს თავს უმცროსი ძმა ბალთაზარი წამოადგათ.

- ვინ გაბედა, ვინ მოთხუპნა მამაჩემიო? - იკითხა და სახე ცხვირსახოცით მოუწმინდა. ადამს გამოეღვიძა. ბალთაზარმა ჰკითხა:

- მამი, რა დაგემართაო?

- შვილო, ეგრე ვინ მომთხუპნაო? - გაოცდა ადამი.

- არ ვიციო.

ადამი შინ წავიდა და ივახშმა. მერე მელქიორსა და გასპარს დაუძახა და ჰკითხა: სახე თქვენ ხომ არ გამითხუპნეთო.

- არა, ჩვენ არ მოგვითხუპნიაო, - მიუგო ორივემ.

ბიჭები ზღვაზე საბანაოდ წავიდნენ. პირველად მელქიორმა იბანავა. წყლიდან რომ ამოვიდა, მთლად შავი იყო. თვითონ იყო დამნაშავე, რადგან მამას ასე შეუბრალებლად მოექცა. მერე ადამის მეორე ვაჟი, გასპარი შევიდა წყალში. წყლიდან მოყვითალო-მოყავისფრო გამოვიდა. ყველაზე ბოლოს ბალთაზარი ამოვიდა წყლიდან. თვალები მწვანე გახდომოდა, კანი თეთრად უქათქათებდა. მაშინ ადამმა თქვა:

- არ გამოტყდით თქვენს დანაშაულში, მაგრამ ახლა ყველა დაინახავს, ვის უნდოდა მამის შერცხვენაო.

მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი ტისიმინის წმინდა მეფეები გახდნენ, რადგან, როგორც ცნობილია, ისინი პირველები გაჩნდნენ ზღვაში (ისინი პირველსახეები არიან იმ ადამიანებისა, რომლებიც შემდგომ გაჩნდნენ იმ ადგილებში).

ასე ჩაეყარა საფუძველი ქრისტიანთა სამ განშტოებას: მელქიორივით შავ ზანგებს, გასპარივით მოყვითალო-ყავისფერ ინდიელებს და ყველაზე უმცროსი ბალთაზარის მსგავს მეტისებს.

ზანგებმა და ინდიელებმა ბევრი და მძიმე სამუშაო უნდა შეასრულონ, რომ თავი ირჩინონ. მეტისებს კი შეუძლიათ კალმით იმუშაონ, მეცნიერების გარდა არაფერს მოჰკიდონ ხელი.“

ღმერთები, დემიურგები თუ კულტურული გმირები პირველ ადამიანებს სხვადასხვა მასალისგან ქმნიან (მაგალითად, ჩრდილო ამერიკელ ინდიელთა - ალგონკინების მითოლოგიაში დემიურგი ადამიანებს ქმნის ცხოველების ჩონჩხისგან, თევზებისგან და ფრინველებისგან; პერუს ინდიელთა მითოლოგიაში ადამიანი პალმის ხისგან იქმნება.

ჩრდილო ამერიკის ინდიელების - იროკეზების მითოლოგიაში იოსკეხა პირველ ადამიანებს ძერწავს თიხისგან თავისივე ანარეკლის მსგავსად. ჩრდილო ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაში ტალახისგან ადამიანის შექმნა გავრცელებული ანთროპოგონიური მითოსია.

კოსმოგონიური და ანთროპოგონიური მითები პირდაპირ კავშირშია კულტურული გმირის მითოსთან.

ესქატოლოგიური მითები

ესქატოლოგიური მითები სამყაროს მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ მოგვითხრობენ. კოსმოგონიური მითებისგან განსხვავებით ესქატოლოგიურ მითებში მოთხრობილია სამყაროს აღსასრულზე და მოცემულია წინასწარმეტყველება. ესქატოლოგიურ მითებში შედის აგრეთვე მითები კატასტროფებზე, კალენდარული მითები, წარმოდგენები მოკვდავ და აღდგენად ღვთაებებზე, ბოროტ სულებსა და სიკვდილზე.

ესქატოლოგიური მითოსის კლასიკური მაგალითია აცტეკებისა და ნაუას ციკლური ეპოქები ოთხი მზის მონაცვლეობით.

ესქატოლოგიური მითები სკანდინავიურ-გერმანიკულ, ინდუისტურ და იუდაისტურ მითოლოგიებშიც არსებობს. ქრისტიანულ რელიგიაში ამისი მაგალითია აპოკალიპსი.

კოლონიალურ ეპოქებში დაპყრობილ ხალხებში მესიანისტური იდეები განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში განვითარდა, ანტიკოლონიალისტური მოძრაობების სათავეში ხშირად წინასწარმეტყველები იდგნენ (რელიგიური ნიშნით).

კითხვები:

  • რის შესახებ არის მოთხრობილი კოსმოგონიურ და ანთროპოგონიურ მითებში?

  • რის შესახებ არის მოთხრობილი ესქატოლოგიურ მითებში?

დავალება:

  • წაიკითხეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა გადმოცემები სამყაროს შექმნის და წარღვნის შესახებ: „როგორ გაჩნდნენ წარღვნის შემდეგ მდინარეები და მხეცები“ (ბრაზილია), „როგორ გაჩნდა ღამე“ (ბრაზილია), „როგორ გაჩნდნენ ადამიანები და საიდან წარმოიშვნენ ინკები“ (ანდების მთიანეთი), „როგორ უბიძგეს ცას“ (ჩრდილოეთი), „როგორ გაჩნდა ღამე“ (ცეცხლოვანი მიწა), „რატომაა ღამე გრძელი“ (ცეცხლოვანი მიწა), „რატომ დადის მზე ნელ-ნელა“ (ცეცხლოვანი მიწა), „როგორ გაჩნდა მზე და მთვარე“ (მექსიკა).

  • მითოლოგიურ გადმოცემათა რომელ რიგს მიაკუთვნებდით ამ ტექსტებს: ასტრალურ მითებს, კოსმოგონიურ მითებს თუ სხვას?

  • რა საერთო და განმასხვავებელი მოტივები აქვთ სამხრეთ და ჩრდილოეთ ინდიელთა კოსმოგონიურ გადმოცემებს?

  • გაიხსენეთ სხვა ლეგენდები ვარსკვლავების შესახებ და შეადარეთ ტექსტები.

ლიტერატურა:

  • ბრაზილიური ზღაპრები. კ. ლორთქიფანიძის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1971.

  • ინდიელთა ზღაპრები. მ. ზუბადალაშვილის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1976.

  • კიკნაძე, ზ.: ქართული ფოლკლორი. თბილისი: „თსუ გამომცემლობა“, 2006. გვ. 20-24.

  • Dundes, A.: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N. J. 1965.

  • Velie, A.: Aztekisches Erzahlgut. In: Enzyklopadie des Marchens. B. 1. Berlin / New York, Walter de Gruyter, 1984. გვ. 1118-1120.

9 VIII თავი. კულტურული გმირი და დემონები ამერიკის ხალხთა მითოლოგიაში. შამანიზმი

▲ზევით დაბრუნება


კულტურული გმირი. დემონური თქმულებები.
ცნება „შამანი“. პრერიების ინდიელები. ჩრდილოაღმოსავლეთის
ინდიელები. ჩრდილო-დასავლეთის
ინდიელები. კალიფორნიელი ინდიელები.

კულტურული გმირი

კულტურულ გმირს იცნობს მსოფლიოს ყველა ხალხის მითოლოგია. განსაკუთრებით ჩამოყალიბებული სახე აქვს შუმერულაქადურ, ეგვიპტურ, ძველ ირანულ, ძველ ინდურ, იბერიულ-კავკასიურ, ბერძნულ, სკანდინავიურ, პალეოაფრიკულ, პალეოაზიურ, პოლინეზიურ და ჩრდილოამერიკის ინდიელთა მითოლოგიურ სისტემებში. ხშირად ეს მითოსური პერსონაჟი ტოტემური წინაპარია - ცხოველთა და ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფის შემქმნელი.

სამეცნიერო ტერმინი „კულტურული გმირი“ მითოლოგიაში ისეთ პერსონაჟს აღნიშნავს, რომელიც პირველად მოიპოვებს ან ქმნის ადამიანებისთვის სხვადასხვა კულტურულ საგნებს - ცეცხლს, მცენარეს, შრომის იარაღებს და სხვ., ასწავლის ნადირობის ხერხებს, აყალიბებს განსაზღვრულ სოციალურ ორგანიზაციას. იგი აგრეთვე მონაწილეობს სამყაროს შექმნასა და პირველი ადამიანების აღზრდაში.

კულტურული გმირის კლასიკურ მოქმედებად ითვლება ცეცხლის მოტაცება, რაც ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა.

სამყაროს შექმნაში მონაწილეობისა და კულტურული საგნების მოპოვების გარდა კულტურული გმირის ფუნქციაში შედის სტიქიურ-ქაოტურ ძალებთან ბრძოლაც.

ჩრდილოამერიკის ხალხთა მითოლოგიაში კულტურული გმირის ფუნქციას ყორანი და კოიოტი ასრულებენ.

ინდიელთა ზეპირ გადმოცემებში ყორანი და კოიოტი შეიძლება სხვადასხვა ფუნქციით შეგვხვდეს. ისინი შეიძლება იყვნენ პირველწინაპრები, შამანებიც და ტრიქსტერებიც.

ტრადიციული რწმენა-წარმოდგენით, ინდიელები ყორანსა და კოიოტს აღიქვამენ როგორც მედიატორებს ურთიერთსაპირისპირო სკნელებს შორის. კლოდ ლევი-სტროსმა ყურადღება გაამახვილა მათ „შუალედურობაზე“. ყორანი ლეშისმჭამელი არსებაა მტაცებელ ფრინველთა კლასიდან, კოიოტიც ლეშისმჭამელია, ოღონდ მტაცებელ ძუძუმწოვართა კლასიდან. საბოლოო ჯამში, ისინი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დგანან.

ჩრდილოეთის ინდიელთა ზეპირი გადმოცემებით, ყორანთან და კოიოტთან დაკავშირებულია ცივილიზაციისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა: სასმელი წყლისა და ცეცხლის მოპოვება, მეურნეობის განვითარება, საკვების მომზადება და სხვ. ტექსტში „როგორ მიეშველა ყორანი ძველ ხალხს“ ასეთი ამბავია მოთხრობილი.

„ძველისძველად, უხსოვარ დროს, სამყაროს დასაწყისში ლეგა არწივი ინახავდა მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, სასმელ წყალსა და ცეცხლს. ლეგა არწივს ადამიანები არ უყვარდა და ყველაფერს უმალავდა. ადამიანები წყვდიადში ცხოვრობდნენ, ცეცხლი არა ჰქონდათ და სასმელი წყალი.

ლეგა არწივს ერთი ლამაზი ქალი ჰყავდა. ეს ქალი ყორანს შეუყვარდა. ყორანი მაშინ ლამაზი ჭაბუკი იყო. თეთრბუმბულგადაპენტილი ფრინველი მოევლინა ქალს და იმასაც გულში ჩაუვარდა. მან ყორანი მამის სახლ-კარში მიიწვია.

ყორანმა რომ დაინახა არწივის სადგომის კედლებზე მზე, მთვარე, ვარსკვლავები და სასმელი წყალი ეკიდა, მიხვდა, რაც უნდა ექნა... დრო იხელთა, ყველაფერი ჩამოხსნა კედლიდან, მუგუზალიც ზედ დაამატა და საკვამურიდან გამოფრინდა.

როგორც კი გარეთ დაიგულა თავი, მზე ცაზე ჩამოჰკიდა. ისე განათდა, ოკეანის შორეულ კუნძულზეც შეეძლო გადაფრენა. მზე რომ ჩავიდა, მთვარე ჩამოჰკიდა და ირგვლივ მთელ ცაზე ვარსკვლავები დასხა. თვითონ კი მოფრინავდა და თან მოჰქონდა სასმელი წყალი და მუგუზალი.

მოფრინავდა დედამიწაზე. საჭირო ადგილამდე რომ მოაწია, ისროლა სასმელი წყალი. გაჩნდა ქვეყანაზე წყაროები, ტბები. ყორანმა გზა განაგრძო, ნისკარტით მუგუზალი ეჭირა. ბოლავდა მუგუზალი. ყორანს თეთრი ბუმბული სულ გაუშავა. ნისკარტიც მოეტრუსა, და იძულებული გახდა, მუგუზალი გადაეგდო. მუგუზალი კლდეზე დაეცა და ცეცხლი ქვაში წავიდა, მას შემდეგ ქვას ქვაზე თუ გაუხახუნებ, ცეცხლი გამოფრინდება.

მუგუზლის ალისგან შეტრუსულ ყორნის ბუმბულს სიშავე აღარ მოსცილებია, და, აი, ამიტომაა ყორანი ახლაც შავი.“

ყორანი თავისი შამანური თვისებების წყალობით ზესკნელისა და ქვესკნელის ერთმანეთთან დამაკავშირებელია როგორც ზეციური და ხთონური ფრინველი, ცაში მფრინავი და მიწაში მძრომელი. იგი მედიატორია ზაფხულსა და ზამთარს შორის როგორც არაგადამფრენი ფრინველი, შუალედია სველსა და მშრალს, ხმელეთსა და ზღვას, მტკნარსა და მლაშე წყალს, მამრსა და მდედრს შორის. სხვადასხვა ხალხთა მითებში ყორანს სხვადასხვა ცხოველი შეესაბამება: წავი, ობობა, კურდღელი, მელია და სხვ.

ბევრ ენაში ყორნის სახელწოდება ან მის შავ ფერს უკავშირდება (ბალტიური, სლავური, არაბული, ჩინური) ან მის ჩხავილს ბგერების მიბაძვით (რომანული, გერმანიკული, კელტური, უნგრული, პალეოაზიური, აცტეკური). შავი ფერი დემონურისა და ხთონურის ნიშანია, ხოლო ჩხავილი - ცუდი ამბის მომასწავებელი.

ყორნის ეპოსი განსაკუთრებით გავრცელებულია ალასკაზე.

მითოლოგიური გადმოცემები კოიოტის შესახებ ერთდროულად ასახავს როგორც ტოტემისტურ, ისე კოსმოგონიურ და ანთროპოგონიურ წარმოდგენებს.

გადმოცემაში „როგორ ეხმარებოდა კოიოტი ხალხს“ კოიოტი ტოტემურ წინაპრად არის წარმოდგენილი, რომელსაც ცივილიზაცია შემოაქვს საზოგადოებაში. კოიოტი ებრძვის ბოროტ სულებს, თევზაობას და საკვების მომზადებას ასწავლის ხალხს, ადგენს ნადირობისა და თევზაობის წესებს, მდინარეზე ჩანჩქერს აჩენს, ზამთრის ყინვებს სპობს, თესავს ხილსა და მარცვლეულს, აკეთებს შრომის იარაღებს (დანა, ნაჯახი), წყლის ტრანსპორტს (კანოეს), საომარ იარაღს და ასწავლის მის მოხმარებას.

დემონური თქმულებები

დემონური წარმოდგენები უკავშირდება განზოგადებულ რწმენას განუსაზღვრელ და უფორმო ღვთაებრივ ძალაზე, რომელიც მართავს ადამიანის ბედისწერას. სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიურ სისტემებში დემონური არსებები წარმოადგენენ პერსონაჟებს, რომლებიც არ არიან ღმერთები და იერარქიულად მათზე დაბალ საფეხურზე დგანან.

დემონური თქმულებები ტროპიკული ტყეების ინდიელთა ფოლკლორისთვის არის დამახასიათებელი. მდინარე ორინოკოსა და მდინარე ამაზონის ვრცელ ჯუნგლებში, რომელსაც აგრეთვე გვიანას მთიანი რეგიონებიც მიეკუთვნება, ბევრი ტომი ცხოვრობს, რომელთაც განსხვავებული რელიგია აქვთ. ამის მიუხედავად, მათ რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებში ბევრი რამ საერთოა.

სამხრეთ ამერიკის ინდიელთა ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა წარმოდგენა სულის შესახებ.

აღმოსავლეთ ეკვადორის ჟივაროს ტომი ერთმანეთისგან განასხვავებდა „ჩვეულებრივ“, „სრულყოფილ“ და „შურისმაძიებელ“ სულს.

ჩვეულებრივი სული მოკვდავი სხეულის ატრიბუტია; სრულყოფილი სული მხოლოდ უხილავი სამყაროს ხილვის შემდეგ მიიღწევა. სრულყოფილმა სულმა უნდა განდევნოს ადამიანის სხეულის სისხლის წყურვილი. ის სხვა სულს მიიღებს, თუ მტერს მოკლავს; როგორც ორი სრულყოფილი სულის მფლობელი, მომავალში ის დაუძლეველი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მას ორზე მეტი სულის ქონა არ შეუძლია, უნარი შესწევს, შეითვისოს სხვა სულებში არსებული ძალა.

შურისმაძიებელი სული ის სულია, რომელსაც თავის მკვლელზე შურისძიება სურს. ამ მიზეზით ჟივაროს ტომის ინდიელები თავისი მტრის თავის ქალას ახმობდნენ. მათ სწამდათ, რომ შურისმაძიებელი სული დანაკეცებულ თავის ქალაში ხაფანგივით მოქცეული იქნებოდა.

წარმოდგენები დემონური სულების შესახებ დღესაც არსებობს სამხრეთ ამერიკის მოსახლეობაში. გარდა ფოლკლორისა, ეს რწმენა-წარმოდგენები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რაც ასახვას პოულობს სამხრეთ ამერიკის თანამედროვე კულტურაში, მწერლობასა და ტელე-კინოხელოვნებაში.

შამანიზმი

მირჩა ელიადეს განმარტებით, შამანიზმი არ არის რელიგია, არამედ ექსტაზური და თერაპიული მეთოდების ერთიანობა, რომელსაც ერთი მიზანი აქვს - დაამყაროს კონტაქტი სხვა პარალელურად არსებულ, მაგრამ უხილავ სულთა სამყაროსთან, რათა მათი დახმარებით ადამიანი განკურნოს.

მიუხედავად იმისა, რომ შამანიზმი პრაქტიკულად ყველა კონტინენტის რელიგიებში და კულტურულ სივრცეებში დასტურდება, ცენტრალური და ჩრდილოეთი აზია მის სამშობლოდ მიიჩნევა.

შამანიზმი კლასიკური ფორმით ამერიკის ინდიელთა შორის ესკიმოსებისთვის არის დამახასიათებელი. მათ საქმიანობას ძირითადად თევზაობა და ნადირობა წარმოადგენს, ამიტომ მსხვერპლშეწირვა დახოცილი ცხოველებით ხდება.

ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრებ ინდიელებს სწამთ ყოვლისმომცველი ძალისა, რომელსაც ალგონკინის ხალხები „მანიტუს“, ჰურონები „ლიკის“ და იროკეზები „ორენდას“ უწოდებენ. ეს ძალა, კეთილი თუ ბოროტი, განსხეულდება სულიერ საგნებსა და ნივთებში. ის კავშირს ამყარებს სულებსა და ადამიანებს შორის. ჩრდილოეთ სანაპიროს ხალხების რიტუალური ცხოვრება მდიდარია მსხვერპლშეწირვისა და გამოსყიდვის ცერემონიებით, აგრეთვე გადასვლის რიტუალები, რომლისთვისაც გარეული ცხოველები და საკვები მცენარეები გამოიყენება. ცხადია, არსებობენ ცალკეული პერსონალური სულები, რომელთა გამოწვევა შამანურად განსაზღვრული რიტუალით არის შესაძლებელი. მაგიური შელოცვები, ნიღბები და სხვა „ძლიერმოქმედი“ საგნები განსაკუთრებული კულტის სფეროში შედის.

პრერიების ინდიელების კულტურაში შამანები და ექიმბაშები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი კასტას ქმნიან. ერთი უხუცესთაგანი რიტუალ „ჰაკოს“ ხელმძღვანელობს, რომელშიც სიმბოლურად იკვრება თაობათა შორის კავშირი. ექიმბაში (შავფეხა ტომის ინდიელებში იგი ქალია) მზის ცეკვას ასრულებს. მზის ცეკვის დროს მამრობითი სქესის წევრები ფიზიკურ გვემას განიცდიან, რომ უმაღლეს სულს მიუახლოვდნენ.

ჩრდილო-დასავლეთის ინდიელებში შამანობა იშვიათად გადადიოდა მემკვიდრეობით. ამ რეგიონში ყველგან არის გავრცელებული ეს ინსტიტუტი. შამანს შეეძლო ჯადოქარიც ყოფილიყო. საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის კი ჯადოქრობა აკრძალული იყო და სიკვდილით ისჯებოდა.

უმნიშვნელოვანესი ცერემონიები ამ რეგიონში ექსტაზური ცეკვებია, რომლებიც ზამთრის განმავლობაში სრულდებოდა.

კალიფორნიელი ინდიელების რელიგიაც იცნობს შამანიზმის ინსტიტუტს. მათ რწმენა-წარმოდგენებში მნიშვნელოვანია ხილვები და გამოცხადებები. კალიფორნიის ინდიელებს აქვთ კურთხევის რიტუალები, პუბერტეტის ცერემონიები (განსაკუთრებით გოგონებისთვის) და საუნის კულტები, რომელშიც კაცი თავის უწმინდურებას ჩამოირეცხავს. კალიფორნიის ინდიელთა რიტუალებისთვის დამახასიათებელია ფსიქოტროპული სასმელის, ტოლოაჩეს ექსტრატის გამოყენება. ამ ტოქსიკურ მცენარეს ევროპაშიც იყენებდნენ ჯადოქრები. ზოგიერთ ადგილებში ტოლოაჩეს კულტი ელიტარული იყო. ის გზა იყო ხილვებისა და სულების სამყაროსკენ. ტოლოაჩე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სხვა საზოგადოებრივ ცერემონიებშიც, მაგალითად, დაკრძალვის რიტუალებში.

ამერიკის ინდიელთა რწმენა-წარმოდგენებში სამყარო სულიერი დერეფანია თითოეული ადამიანისთვის. მ. ელიადეს სიტყვით, არ არსებობს საზღვარი, სადაც შეწყდება „პროფანულად“ ფიქრი და დაიწყება „რელიგიური“ აზროვნება, საკრალური და პროფანული ერთმანეთს მუდამ გადაკვეთენ, ისინი ერთ ენაზე ლაპარაკობენ და ურთიერთთანხმობით აცხადებენ ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას.

კითხვები:

  • რა ფუნქციები აქვს კულტურულ გმირს?

  • რა სახის გადმოცემებს აერთიანებენ „დემონოლოგიურ თქმულებებში“?

  • რა არის შამანის დანიშნულება?

დავალება:

  • წაიკითხეთ გადმოცემები „ლეგენდა მანიოკზე“, „წითელი ციყვი“, „ტაინა-კანი საღამოს ვარსკვლავი“, „როგორ მოიპარეს ადამიანებმა ცეცხლი“, „კოიოტი და არწივი გარდაცვლილთა ქვეყანაში“, „შვიდი ეშმაკის მთები“, „კოიოტი და ურჩხული მდინარე კოლუმბიიდან“, „როგორ ეხმარებოდა კოიოტი ხალხს“, „როგორ დაეხმარა ტაიინი ადამიანებს“, „მთის ყვავილი“, «იშტლაკსიუატლისა და პოპოკატეპეტლის ვულკანების ლეგენდა“ და ჰ. ლონგფელოს „ყანების კურთხევის დღესასწაული“.

  • დააჯგუფეთ ეს ტექსტები შემდეგი კატეგორიების მიხედვით - ტოტემური მითები, კოსმოგონიური მითები, ანთროპოგონიური მითები, მითები კულტურულ გმირზე. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა, ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვა კატეგორიებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებდეს?

  • რომელი პერსონაჟები ატარებენ კულტურული გმირის თვისებებს? ჩამოთვალეთ მათი ზებუნებრივი თვისებები.

  • შეადგინეთ ცხრილი, რომელშიც დააჯგუფებთ კულტურულ გმირებს ამერიკის ინდიელთა გადმოცემებიდან.

  • წაიკითხეთ გადმოცემა „შამანი მახანაკოლო“. რაში გამოიხატება შამანური ცოდნა?

ლიტერატურა:

  • ინდიელთა ზღაპრები. მ. ზუბადალაშვილის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1976.

  • Dundes, A.: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N.J. 1965.

10 IX თავი. სამყაროს ხე ამერიკის ხალხთა მითოლოგიაში

▲ზევით დაბრუნება


სამყაროს ხის ვერტიკალური დაყოფა. სამყაროს
ხის ჰორიზონტალური დაყოფა. რიცხვთა სიმბოლიკა.
სამყაროს განლაგება ნაუას და კეჩუას მითოლოგიაში.

არსებობს მითოლოგემები, რომლებიც თითქმის ყველა ხალხის მითოლოგიურ სისტემაში მოიპოვება. ერთ-ერთი მათგანია სამყაროს ხე (ლათ. arbor mundi). ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული დღევანდლამდე სამყაროს ხე გვხვდება ევროპისა და აზიის, ციმბირის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანიის ხალხთა ტრადიციებში, მათ შორის ამერიკის ხალხთა მითოლოგიაში.

სამყაროს ხის მეშვეობით და მასთან ასოცირებული სახეებით - „სამყაროს ღერძი“, „სამყაროს ბოძი“, „სამყაროს მთა“, ტაძარი, ტრიუმფალური თაღი, კოლონა, ობელისკი, ტახტი, კიბე, ჯვარი, ჯაჭვი - მთლიანდება ურთიერთდაპირისპირებული სივრცეები: ცა და ქვესკნელი.

0x01 graphic

სამყაროს ხე
მაიას მითოლოგიაში

სამყაროს ხის სიმბოლური გამოხატვა გვხვდება როგორც რწმენა-წარმოდგენებში, ისე სხვადასხვა ჟანრის სიტყვიერ ტექსტებში, რიტუალურ ქმედებებში, სახვითი ხელოვნების ძეგლებში (ფერწერა, ორნამენტი, სკულპტურა, ნაქარგობა), არქიტექტურულ ნაგებობებში.

სამყაროს ხე დგას სამყაროს საკრალურ ცენტრში და იკავებს ვერტიკალურ მდგომარეობას.

ხშირად სამყაროს ხეში ხაზგასმულია რომელიმე კონკრეტული ფუნქცია: „სიცოცხლის ხე“, „ნაყოფიერების ხე“, „შუაგულის ხე“, „აღმასვლის ხე“, „ციური ხე“, „შამანის ხე“, „მისტიკური ხე“, „ხე ცნობადისა“ და სხვა.

სამყაროს ხის ვერტიკალური დაყოფა

სამყაროს ხის დანაწევრებისაას გამოიყოფა სამი ნაწილი:

  • ქვედა (ფესვები),

  • შუა (ღერო)

  • ზედა (ტოტები).

სამყაროს ხის მეშვეობით გამოიხატება სამყაროს ძირითადი ზონები:

  • სივრცობრივი სფერო: ზედა (ზესკნელი), შუა (მიწა), ქვედა (ქვესკნელი);

  • დროითი სფერო: წარსული - აწმყო - მომავალი (დღე და ღამე, წლის სასიკეთო და არასასიკეთო დრო); გენეალოგიურ ჭრილში წინაპრები - ახალი თაობა - შთამომავლობა;

  • ეტიოლოგიური სფერო: სასიკეთო, ნეიტრალური და არასასურველი მიზეზი და შედეგი;

  • ანატომიური სფერო: სხეულის სამი ნაწილი - თავი, ტანი, ფეხები;

  • ელემენტთა სფერო: სტიქიის სამი სახე - ცეცხლი, მიწა, წყალი.

სამყაროს ხის სამნაწილიანობა ვერტიკალში ხაზგასმულია თითოეული ნაწილისადმი ცხოველთა გარკვეული კლასის მიკუთვნებით:

  • სამყაროს ხის ზედა ნაწილთან (ტოტები) დაკავშირებულია ფრინველები.

  • სამყაროს ხის შუა ნაწილთან გამოსახულია ჩლიქოსნები (ირმები, ცხენირმები, ძროხები, ცხენები, ანტილოპები და მისთ.).

  • სამყაროს ხის ქვედა ნაწილთან (ფესვები) ბინადრობენ გველები, ბაყაყები, თაგვები, თახვები, წავები, თევზები, ზოგჯერ დათვი ან ხთონური ტიპის ფანტასტიკური ურჩხული.

სამყაროს ხის ჰორიზონტალური დაყოფა

სამყაროს ხის ჰორიზონტალური სიბრტყე განისაზღვრება ორი კოორდინატით - მარცხნიდან მარჯვნივ და წინიდან უკან. გვერდებზე ან კუთხეებში შეიძლება იყოს ცენტრში მდგარ სამყაროს ხის ურთიერთშესაბამისი სხვა ხეები ან მითოლოგიური პერსონაჟები, ქარები, ღმერთები. სამყაროს ჰორიზონტალური დაყოფა განსაკუთრებით ხელშესახებად ჩანს აცტეკთა მითოლოგიაში. სწორედ ეს სქემა უდევს საფუძვლად აცტეკთა არქიტექტურულ საკულტო ნაგებობებს.

0x01 graphic

სამყაროს ხე
აცტეკურ მითოლოგიაში

სამყაროს ხის ჰორიზონტალური სტრუქტურა არა მარტო რიცხვითი მიმართებებისა და ქვეყნიერების მხარეების მოდელირებას ახდენს, არამედ წელიწადის დროების (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი), დღე-ღამის ნაწილების (დილა, შუადღე, საღამო, ღამე), ფერებისა და სამყაროს ელემენტების. ჰორიზონტალური სტრუქტურა საშუალებას იძლევა, განვასხვავოთ „ცივილიზებული“ (კულტურასთან დაკავშირებული) და „აუთვისებელი“ (ბუნებასთან დაკავშირებული). სამყაროს ხე გამოყოფს კოსმიურ სამყაროს ქაოსურისგან.

რიცხვთა სიმბოლიკა

სამყაროს ხის სქემა შეიცავს იმ მითოპოეტურ რიცხვით მნიშვნელობათა ნაკრებს, რომელიც კოსმოსს აწესრიგებს.

სამი წარმოადგენს სახეს აბსოლუტური სრულყოფილებისა და ნებისმიერი დინამიკური პროცესისა, რომელიც გულისხმობს წარმოშობას, განვითარებასა და დასასრულს. სამი შეიძლება იყოს: ვერტიკალის მიხედვით დანაწილება, ღმერთების ტრიადები, ზღაპრის სამი გმირი, სამი უმაღლესი ღირებულება, სამი სოციალური ჯგუფი, სამი ცდა, ნებისმიერი პროცესის სამი ეტაპი და მისთ.

ოთხი წარმოადგენს სტატიკური მთლიანობის იდეას. ოთხად შეიძლება იყოს განაწილებული სივრცე, ღმერთთა ოთხეულები, ქვეყნიერების ოთხი მხარე, ძირითადი მიმართულებები, წლის დროები და მისთ.

შვიდი არის წინა ორი რიცხვის ჯამი და ქვეყნიერების სტატიკური და დინამიკური ასპექტების სინთეზის სახე: სამყაროს შვიდნაწილიანი სტრუქტურა, სამყაროს შვიდი ტოტი, შამანური ხეების შვიდი ტოტი, შვიდწევრიანი პანთეონები და სხვა.

სამყაროს ხის განსაკუთრებული როლი მითოლოგიაში განისაზღვრება იმით, რომ ის შუალედური რგოლია სამყაროს (მაკროკოსმოსს) და ადამიანს (მიკროკოსმოსს) შორის და წარმოადგენს მათი გადაკვეთის ადგილს. სამყაროს ხის სახე აჩვენებს, თუ თუ როგორ განსაზღვრავს ადამიანი თავის ადგილს სამყაროში.

კაცობრიობის კულტურულ განვითარებაში სამყაროს ხის კონცეფციამ თავისი კვალი დატოვა რელიგიურ და მითოლოგიურ წარმოდგენებში, რომლებიც გამოვლინდა ენაში, ზეპირსიტყვიერ ტექსტებში, სახვით ხელოვნებაში, არქიტექტურაში, დასახლებათა დაგეგმარებაში, რიტუალებში, თამაშებში, ქორეოგრაფიაში, სოციალურ და ეკონომიკურ სტრუქტურებში და ადამიანის ფსიქიკის ზოგიერთ თავისებურებებშიც - ბავშვის ფსიქიკის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ხის სახე დომინირებს ბავშვების მიერ შექმნილ ნახატებში.

სამყაროს განლაგება ნაუას და კეჩუას მითოლოგიაში

ნაუას ტომი ჩრდილოეთიდან მოვიდა ცენტრალურ ამერიკაში ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში. მათ თავდაპირველ პანთეონში წინაპართა კულტზე უფრო მეტად ნადირობის ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს. ისინი მჭიდროდ უკავშირდებოდნენ ციურ მნათობებს. ნაუა მთელ სამყაროს აღიქვამდა როგორც ცამეტი ცისა და ცხრა ქვესკნელისგან შედგენილს (ისევე როგორც მაია).

1) მთვარის ცა

2) ვარსკვლავების ცა

3) მზის ცა

4) ვენერას ცა

5) კომეტების ცა

6) შავი ან მწვანე (ღამის) ცა

7) ცისფერი (დღის) ცა

8) ქარების ცა

9) თეთრი ცა

10) ყვითელი ცა

11) წითელი ცა

მეთორმეტე და მეცამეტე ცა ჰერმაფროდიტი ღვთაების სამყოფელი იყო.

ნაუას მითოლოგიაში სამყაროს ისტორია განსაზღვრულ ციკლებად თუ პერიოდებად მიმდინარეობდა, რომლებიც ერთმა ნეთს ცვლიდნენ. თითოეულ ციკლს თავისი მმართველი - რომელიმე ღვთაება ჰყავდა და მთავრდებოდა სამყაროს კატასტროფით: ხანძრით, წარღვნით, მიწისძვრით და სხვა.

0x01 graphic

ტაძრის საფეხურები. იუკატანი
(იგალ მენდიკუტის ფოტო, 2010)

კეჩუას წარმოდგენით, დედამიწა მუდამ არსებობდა. კოსმოგონიური მითების თანახმად მთელი სამყარო ერთიანად იყო აღქმული, რომელიც სამად იყოფოდა: ზესკნელი, სადაც ციური ღვთაებები ცხოვრობდნენ, შუასკნელი - დედამიწის ზედაპირი და ქვესკნელი - ხთონურ არსებათა სამყოფელი.

ამ სამ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს ორი უზარმაზარი გველი. როცა ქვესკნელში არიან, წყალში წვანან. როცა დედამიწაზე ამოდიან, ერთი ვერტიკალურად მოძრაობს და მიწიდან ცისკენ ასული ხის სახეს იღებს, მეორე კი მდინარედ იქცევა. ზესკნელში ერთი გველი ცისარტყელად გარდაიქმნება, მეორე - ელვად.

ქვესკნელში ბნელი ძალები ცხოვრობენ. იმავდროულად ქვესკნელი ადამიანის წარმოშობასთანაც არის კავშირში. მითების დიდი უმრავლესობა მოგვითხრობს, რომ ადამიანები დედამიწის - პაჩამამას წიაღიდან წამოვიდნენ ტბების, მდინარეებისა და წყაროების გავლით.

კითხვები:

  • სამყაროს ხის რა და რა ვარიანტები არსებობს?

  • როგორი საგნები ასოცირდება სამყაროს ხესთან?

  • როგორ იყოფა სამყაროს ხე ვერტიკალურად?

  • როგორ იყოფა სამყარო ჰორიზონტალურად?

  • რა არის სამყაროს ხის ძირითადი იდეა?

ლიტერატურა:

  • ინდიელთა ზღაპრები. მ. ზუბადალაშვილის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1976.

  • კიკნაძე, ზ.: ქართული ფოლკლორი. თბილისი: „თსუ გამომცემლობა“, 2006.

  • Dundes, A.: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N.J. 1965.

  • Мифы народов мира, I. Pед. C. A. Токарев. Москва: «Советская Энциклопедия», 1991. გვ. 398-405.

11 X თავი. სამყაროს გააზრება მაიას მითოლოგიაში

▲ზევით დაბრუნება


სამყაროს დაყოფა. არქიტექტონური სივრცე. პელოტას
თამაში.

სამყაროს დაყოფა

დრო და სივრცე, ე. კასირერის განმარტებით, ის ერთიანობაა, რომელთანაც დაკავშირებულია მთელი სინამდვილე. მითოსური აზროვნებისთვის სივრცე და დრო არ ნიშნავს მხოლოდ ფორმებს, ისინი საიდუმლო ძალებს წარმოადგენენ, რომლებიც არა მარტო მოკვდავთა ცხოვრებას განაგებენ, არამედ ღმერთების სიცოცხლესაც განსაზღვრავენ.

მაიას მითოლოგიური წარმოდგენების მიხედვით, სამყარო სამად არის დაყოფილი: მიწიერ, ციურ და მიწისქვეშა ნაწილებად.

პირველი - მიწა წარმოდგენილია კვადრატულად: შედგება ოთხი სექტორისგან, თითოეულს შეესაბამება საკუთარი სიმბოლური ფერი (შავი, თეთრი, წითელი და ყვითელი) და ხე ღვთაებრივი ფრინველით, რომელსაც კავშირი აქვს ცის ღვთაებებთან, ლობიოსა და სიმინდის კონკრეტულ ჯიშებთან.

მიწა ქმნის საფუძველს ცისთვის, რომელიც ოთხკუთხა პირამიდად არის წარმოდგენილი.

პირამიდა შედგება ცამეტი საფეხურისგან, რომლებიც თანდათან პატარავდება. თითოეული საფეხური თითო ღვთაებას შეესაბამება. სათავეში უმაღლესი ღვთაება დგას. ციური პირამიდის საპირისპიროა სამყაროა მიწისქვეშეთი, რომელიც მიწის საფუძველს ქმნის და ქვემოთ ვითარდება: მას ცხრა სივრცე აქვს. სათავეში გარდაცვლილთა ღვთაება დგას. ცენტრალური ხე, „დიდი დედა ცეიბა“ (ტროპიკული გიგანტური ხე) ყველა კოსმიურ ელემენტში გადადის, თავად კი შემაერთებელ ელემენტს წარმოადგენს.

სამყაროს ამ აგებულების უმთავრესი წერტილი მზეა, რომელიც დროისა და სივრცის მომაწესრიგებელია.

სავარაუდოა, რომ ოთხნაწილიანი სტრუქტურა ციური სხეულების მოძრაობას უკავშირდება. არსებობს მზის „ოთხი სახლი“, რომლებიც იმ ოთხ ადგილს შეესაბამებიან, რომლებშიც მზე ჩერდება ზამთრისა და ზაფხულის ბუნიობის დროს. მეხუთე სახლი არის ცენტრი - ზენიტი, პირამიდის წვერი. ამის საპირისპირო ცენტრი კი მიწის ქვეშ არის.

0x01 graphic

ცის ოთხი მხარე
მაიას მითოლოგიაში

რიცხვი ოთხი მაიას კოსმოლოგიაში ხშირად გვხვდება და ზოგიერთ ნახატზე სიმბოლურად არის წარმოდგენილი: მზე არის ოთხფურცლოვანი ყვავილი, რომელიც ცის ოთხ მხარეს განასახიერებს. სივრცის ოთხად განაწილება დაკავშირებულია დედამიწის ღერძის შესახებ წარმოდგენასთან. ღერძს განასახიერებს ხე, რომელიც სამ სამყაროშია განაწილებული. მისგან განსხვავებით, დანარჩენი ხეები არ არიან ცენტრალურ პოზიციაში და სხვა თვისებები აქვთ: ისინი აღმართული არიან ზედა სამყაროსკენ და ქვედა სამყაროში დგანან. პირამიდის აგებულება მასთან დაკავშირებული სიმბოლიკის დემონსტრირებაა. საფეხურები შეესაბამებიან გრადაციულ აღმართს (ზეცისკენ) ან დაღმართს (მიწისქვეშეთისკენ). მრავალფეროვნების (მიწიერის) გადასვლა ხდება ერთიანობაში.

არქიტექტონური სივრცე

მაიას წარმოდგენებში ქალაქი მოაზრებულია როგორც წმინდა სივრცე და მასში ასახულია სამყაროს სტრუქტურა.

რელიგიური ცერემონიების ჩასატარებელი ადგილები მიწაზეა განლაგებული, პირამიდები კი სხვა კოსმიურ სივრცეებს გამოსახავენ. ტაძრები მზის სახლების მსგავსად არის აგებული. ისინი საფეხურებად არის დაყოფილი, ადრე მათ შესასვლელს ქურუმები იცავდნენ, რათა ხაზი გაესვათ იმ სიშორისთვის, რომელიც ადამიანურსა და ღვთაბრივს შორის არსებობდა. ქურუმი სიმბოლურად ამ საზღვრის გადამლახავი იყო.

პირამიდები კოსმიური სიმბოლიკის მაგალითებს წარმოადგენენ. ცამეტსაფეხურიანი პირამიდის წვეროზე ზის დრაკონი იტცამა, რაც ცისა და წმინდა მთის სტრუქტურას ასახავს. იმავე ქალაქში მეორე ტაძარს ცხრა საფეხური აქვს. ისინი ასახავენ მიწისქვეშეთს და გარდაცვლილთა სამეფოში ჩასასვლელს.

პელოტას სათამაშო მოედანი ციური სხეულების კოსმიურ დიალექტიკას გადმოსცემს. ზოგიერთ ქალაქში დიდი თაღოვანი კონსტრუქციები დგას. აქედან იწყება ორი საცხოვრებელი ცენტრის გამაერთიანებელი ქუჩა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლებელია, პილიგრიმთა გზა ყოფილიყო. ეს გზა ამავე დროს ასახავს ირმის ნახტომს და დრაკონის სხეულის შემადგენელი ნაწილია. რკალი ორ სამყაროს აერთიანებს.

მაიას ღვთაებებს მცენარეთა და ცხოველთა ფორმა აქვთ. გველი პირდაპირ კავშირშია ღვთაებებთან, რადგან მუდამ მათ გვერდით არის გამოსახული. იგი ფრინველთანაც არის დაკავშირებული და ამიტომ დრაკონის სახეს იღებს. გველი ასახავს მიწას, ფრინველი კეცალი კი ცას. დიდ დრაკონს აქვს სხვადასხვა ცხოველის ელემენტებიც: ირმის (მიწასთან კავშირი), იაგუარის (მიწისქვეშა სამყაროსთან კავშირი), ალიგატორისა და ნიანგის (წყლის სტიქიასთან კავშირი). ცის დრაკონი კოსმოსის სხვადასხვა კომპონენტების ერთიანობას და ჰარმონიას განასახიერებს. ცის დრაკონი ხშირად ბუმბულით შემოსილ ორთავიან არსებად არის წამოდგენილი.

0x01 graphic

თეთრი გზა ტაძრისკენ. იუკატანი.
(იგალ მენდიკუტის ფოტო, 2010)

მითოსური აზროვნებით, ადამიანი თავის თავს არ აღიქვამს

ბუნებაში პრივილეგირებულად. ის ორგანულად არის დაკავშირებული

მასთან, როგორც სისხლით ნათესავი.

ადამიანი თაყვანს სცემს და მასპინძლობს ღმერთებს. ამით ის უნივერსუმის ცენტრალურ ადგილზე დგას როგორც axis mundi - სამყაროს ღერძი. ადამიანი გამოსახულია ცასა და საიქიოს შორის, ჯვრის ძირში, რომელიც კოსმიურ ღერძის როლს ასრულებს. ადამიანი განიცდის ინიციაციას, რომელიც მაიას ხელოვნებაში სიმბოლურად გამოხატულია როგორც გამოსვლა გველის ან დრაკონის პირიდან. გველი - ხთონური არსება, რომელიც გარდაცვლილთა სამეფოს უკავშირდება, ამ შემთხვევაში თავისივე სიკვდილის სიმბოლოა. მისი ტყავის გამოცვლა კი ხელახლა დაბადებაზე მიანიშნებს.

სიმბოლო და რიტუალი: პელოტას თამაში

მაიას ქალაქებში ბურთის სარიტუალო თამაშს - პელოტას, რელიგიური ფუნქცია ჰქონდა.

სათამაშო მოედნის ორი მხარე განასახიერებს ცის მნათობებისა და ღამის ორთაბრძოლას. ის აგრეთვე თანავარსკვლავედების თამაშია. თამაში იმისთვის ტარდება, რომ კოსმიური წესრიგი მუდამ დაცული იყოს.

თამაშის დროს რიტუალურად თამაშდებოდა თავის მოკვეთა. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია ის, რომ, პელოტას ფორმა ადამიანის თავის ფორმას შეესაბამება.

თუ როგორ აისახება დრო და სივრცე ადამიანურ გამოცდილებაში, ამას ფილოსოფიური ანთროპოლოგია სწავლობს. დროისა და სივრცის აღქმა ყველა კულტურაში ერთნაირი არ არის, მაგრამ ერთი რამ მსოფლიოს ყველა ხალხთა მითოლოგიური სისტემებისთვის საერთოა: სამყაროს გეომეტრიული დაყოფით ადამიანი თავის ადგილს პოულობს და სისტემურ კოსმიურ წესრიგს ქმნის.

კითხვები:

  • როგორ იყოფა სამყარო ჰორიზონტალურად მაიას წარმოდგენებში?

  • როგორ იყოფა სამყარო ვერტიკალურად მაიას წარმოდგენებში?

ლიტერატურა:

  • კასირერი, ე.: რა არის ადამიანი: ცდა ადამიანური კულტურის ფილოსოფიის აგებისა. გერმანულიდან თარგმნა ლ. რამიშვილმა. თბილისი: „განათლება“, 1983.

  • Spineto, N.: Symbole der Menschheit. Dusseldorf, Pathmos Verlag, 2003. გვ. 198-205.

12 XI თავი. სამყაროს გააზრება აცტეკთა მითოლოგიაში

▲ზევით დაბრუნება


დედაქალაქი ტეოტიჰუაკანი. წმინდა სივრცეები და სამყაროს აგებულება. კოსმიური

წესრიგი აცტეკთა წარმოდგენებში.

დედაქალაქი ტეოტიჰუაკანი

ტაძარს, ქალაქსა და კოსმოსს შორის სიმბოლური კავშირი არსებობს: ტაძარი და ქალაქი გააზრებულია როგორც კოსმოსის სურათი, რომელიც ადამიანის ხელით არის შექმნილი.

ამის ნათელი მაგალითია აცტეკების ქალაქ ტეოტიჰუაკანში („ღმერთების სამყოფელი“) წყაროს გვერდით გამოქვაბულში მოწყობილი ოთახები. ოთახებს ოთხფურცლიანი ფოთლის ფორმა აქვთ, აშენების დროსაც ოთხად იყო დაყოფილი და ცენტრირებული.

0x01 graphic

ოთხი მხრის ფოთლოვანი
გამოსახულება ტენოჩტიტლანის ტაძარში

ამგვარივე განაწილებას ვხვდებით მიწის ზევით ნაშენებ ქალაქებში, რომლებშიც ოთხი მთავარი ქუჩა ერთმანეთს გადაკვეთს და ქალაქს ოთხ უბნად ჰყოფს.

ცენტრალური გადაკვეთის ადგილას კეცალკოატლის ტაძარი მდებარეობს. ის 365 თავით არის შემკობილი - კეცალკოატლისა და ტლალოკის - წვიმის და მიწათმოქმედების ღმერთის თავებით) და სიმბოლურად წელიწადის დღეებს აღნიშნავენ.

შენობის გარშემო თორმეტი პატარა პირამიდა დგას. მთელი ეს კომპლექსი ასტრონომიულად ზუსტად არის მოწყობილი. მზისა და მთვარის პირამიდებიც კოსმიურ მთას განასახიერებენ. ქალაქს და მათ მონუმენტებს ის სტრუქტურა აქვთ, რომელიც საფუძვლად უდევს უნივერსუმის დრო-სივრცულ წესრიგს.

წმინდა სივრცეები და სამყაროს აგებულება

აცტეკები სამყაროს კვადრატულად ხედავენ, რომელიც შიგნიდან ოთხ რეგიონად იყოფა: ჩრდილოეთი - სიბნელის ქვეყანა, რომელიც ქვესკნელის ღმერთის სამეფოა; სამხრეთი - ხმელეთი, სიმშრალე; აღმოსავლეთი - ადგილი, სადაც კეთილდღეობა სუფევს; დასავლეთი - ადგილი, სადაც ქალღვთაებები ცხოვრობენ. კვადრატის ცენტრში არის ცეცხლი.

მიწის ზევით, რომელიც წყალზეა დაშენებული, 13 სივრციანი ციური სამყაროა. თითოეულ სივრცეს საკუთარი ფერი, სახელი და თვისება აქვს.

მიწის ქვეშ არის ცხრა ნაწილად დაყოფილი ქვესკნელი, რომელშიც გარდაცვლილი თანდათანობით ქვემოთ მიემართება. დედამიწის ოთხივე კუთხეში დგას ხე. მათ ცა უჭირავთ და იმავდროულად წარმოადგენენ მედიუმს ცასა და მიწას შორის. მათი მეშვეობით სხვადასხვა სამყაროში გადაადგილება შეიძლება. ზოგიერთ მითოლოგიურ გადმოცემაში მოთხრობილია ერთ დიდ ცენტრალურ ხეზე, რომელსაც ფესვები ქვესკნელში აქვს გადგმული, ტანი შუასკნელში, ტოტები კი ზესკნელში.

რწმენა-წარმოდგენა ქალაქზე როგორც კოსმიურ ცენტრზე დაფიქსირებულია ტენოჩტიტლანის (ქალაქი, რომელიც „ცის ფუნდამენტია“) აღწერაში.

კოსმიური წესრიგი აცტეკთა წარმოდგენებში

სიტყვა téotl-ი, რომელიც ესპანელებმა „ღმერთად“, „წმინდანად“, „დემონად“ თარგმნეს, აცტეკებისთვის საკრალური მნიშვნელობის მქონეა და სხვადასხვაგვარ კონტექსტში გვხვდება: ის შეიძლება ეხებოდეს ბუნების მოვლენას ან საგანს (ელვა, ქუხილი, ხე, მთა), ადამიანს, საიდუმლო ადგილს, ქაოტურ სივრცეს.

აცტეკური კოსმოსი ხასიათდება ამ საკრალურ ძალთა გამოხატულების ერთიანობით. ასე რომ, აცტეკური სიმბოლოს გააზრებას ზებუნებრივი არსებებისა და მათი გაცხადების ფორმების შესწავლამდე მივყავართ.

აცტეკები ისევე, როგორც სხვა კულტურები ცენტრალურ ამერიკაში, ცას ხედავენ როგორც უცვლელ ელემენტს, რომელიც შორს არის ყოველგვარი ადამიანურისგან. ის სხვადასხვაგვარად აისახება: როგორც ჰორიზონტალური ფერადი ზოლები, როგორც სახურავის ან გველის ფორმის ურჩხული. ის არის მზისა და მთვარის ღმერთების საუფლო. მზეს აცტეკები უკავშირებენ არწივს, იაგუარს და მგელს. მზე გამოხატულია როგორც მოელვარე დისკო.

მთვარე გამოსახულია, როგორც წყლით სავსე ფიალა სალესავით, კურდღლით და ზღვის ნიჟარით.

ქარები განსხვავებულ თვისებებს ატარებენ. ისინი სხვადასხვა მხარეს დაქრიან და ან ნეგატიურ ძალას წარმოადგენენ, ან პოზიტიურს. თუ, ერთი მხრივ, ზიანის მიყენება შეუძლიათ, მეორე მხრივ მაცოცხლებელი ძალაც აქვთ. აცტეკების ტრადიციით, სწორედ ქარმა აამოძრავა მზე.

წყალს სიმბოლურად უკავშირდება ღია მწვანე ქვები და კეცალის მწვანე ბუმბულები. ქალღმერთი ჩალჩიუიტლიკუე, რომელიც ასევე მთვარეს უკავშირდება, განასახიერებს წყლის სტიქიას და ამიტომ გამოისახება ნეფრიტის სამკაულებით მორთული კაბით. რადგან წყალი განწმენდის რიტუალის ნაწილია, ის უკავშირდება როგორც სიცოცხლეს, ისე სიკვდილს. ტლალოკი წვიმის წყალს აძლევს ქარებს, რომლებიც ქვეყნის ოთხ მხარეს ცხოვრობენ და ჯვრის სიმბოლოსაც წარმოადგენენ.

როცა ქარები ადამიანური სახით გამოისახებიან, ხელში იარაღი და მშვილდები უჭირავთ - ელვის სიმბოლო. კიდევ ერთისტიქიური ელემენტია ცეცხლი. ცეცხლის ღმერთია შიუტეკუტლი. მასთან კავშირშია წიწაკა - მამაკაცური ენერგიის სიმბოლო. შიუტეკუტლი წყალსაც უკავშირდება, რამდენადაც მას ექვემდებარება. წყალსაც და ცეცხლსაც განმწმენდი ძალა აქვთ.

0x01 graphic

ტლალოკი - წვიმის ღმერთი

აცტეკების წარმოდგენით, სამყარო მოძრაობაში მოჰყავს ოთხ მზეს, რომლებიც „შემქმნელი“ ღვთაებები არიან. თითოეული მზე „ქმნის“ სამყაროს და მერე კვდება. ეს ოთხპერიოდიანი ციკლი ოთხ სტიქიაში არის განსახოვნებული: მზეები შეესაბამებიან მიწას, ჰაერს, ცეცხლს და წყალს. ამ ელემენტებს ცალცალკე კოსმოსის ტარება არ შეუძლიათ. მეხუთე მზე იქმნება ოთხივე ელემენტის ერთობლივი მუშაობით, რომლებიც ცენტრს დინამიკური წონასწორობით წარმოქმნიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეხუთე პერიოდი მარადიულად გაგრძელდება, ისიც დამთავრდება გიგანტური მიწისძვრით. სხვაგვარი გააზრება შემდეგია: როცა კოსმოსის ფიზიკური კომპონენტები (წყალი, ცეცხლი, ჰაერი, მიწა) დაკარგავენ იმის ძალას, რომ სამყარო ამოძრავონ, დინამიკასა და ფორმირების პროცესს შექმნის დრო.

სწორედ დროის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო მთელ ცენტრალურ ამერიკაში გაჩნდა დანაწევრებული და დახვეწილი კალენდარი, რომელიც ამავე დროს მთლიანად სიმბოლურია.

კითხვები:

  • როგორ არის დაყოფილი სამყარო აცტეკების წარმოდგენით?

  • შეადარეთ აცტეკებისა და მაიას წარმოდგენები სამყაროს დაყოფის შესახებ.

ლიტერატურა:

  • Dundes, A.: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N.J. 1965.

  • Spineto, N.: Symbole der Menschheit. Dusseldorf, Pathmos Verlag, 2003. gv. 191-198.

  • Velie, A.: Aztekisches Erzahlgut. In: Enzyklopadie des Marchens. B. 1. Berlin / New York, Walter de Gruyter, 1977, გვ. 1118-1120.

13 XII თავი. მითოლოგიური გადმოცემები სამხრეთ ამერიკაში

▲ზევით დაბრუნება


სამხრეთ ამერიკის ხალხთა ფოლკლორის თავისებურება.
აფრო-ამერიკული ფოლკლორის კვლევის
ისტორიიდან.

სამხრეთ ამერიკის ხალხთა ფოლკლორის თავისებურება

სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებ სხვადასხვა ხალხთა სულიერი კულტურა (პოეზია, მუსიკა, სახვითი ხელოვნება და სხვ.) ორგანული სინთეზია ინდიელი, აფრიკელი და ევროპელი ხალხების კულტურული ღირებულებებისა.

ინდიელების კულტურაზე დიდი გავლენა იქონია ქრისტიანულმა რელიგიამ, ხოლო ინდიელებისა და აფრიკელების რწმენაწარმოდგენები ევროპელებმა გაითავისეს. ეს განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკულ ფოლკლორში გამოვლინდა, რომლის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში შემდეგმა სამმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი:

1) პირველი წყარო ინდიელთა მითოლოგიური გადმოცემებია. იმ ინდიელებმა, რომლებიც ძნელად მისაწვდომ მხარეებში ცხოვრობდენ, დღემდე აქვთ შენარჩუნებული ტრადიციული საზოგადოებრივი წყობა და წეს-ჩვეულებები. მათთვის მითები და ლეგენდები ცოცხალ ისტორიას წარმოადგენს, რომლებშიც თავმოყრილია მთელი მათი კანონები და კოლექტიური გამოცდილება. მათ დღესასწაულებზე დღემდე სრულდება ცეკვები, რომლებიც მათი გმირების თავგადასავალს გადმოსცემენ.

2) სამხრეთამერიკული ფოლკლორის მასაზრდოებელი მეორე წყარო აფრიკელ ხალხთა ფოლკლორია, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ტრანსამდე მისული სიმღერებითა და ცეკვებით.

3) მესამე წყარო ევროპელების მიერ ჩამოტანილი ევროპული და აზიური წარმოშობის ზღაპრული სიუჟეტებია, რომლებშიც ზღაპრის გმირები ტროპიკული გარემოს შესაბამისად ახალ თვისებებს იძენენ.

0x01 graphic

ბრაზილიელი მონები
(ჟან ბატისტ დებრე, XIX . დასაწყისი)

ცხოველთა ეპოსი სამხრეთამერიკული, განსაკუთრებით კი ბრაზილიური ფოლკლორის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. აფრიკული ზღაპრები ცხოველების შესახებ მეტად ახლოს დგას ბრაზილიურ ადგილობრივ ცხოველთა ზღაპრებთან და უმეტეს შემთხვევაში ძნელია გარჩევა, თუ რომელი სიუჟეტია აფრიკული და რომელი ბრაზილიური. საინტერესოა ისიც, რომ თვით ცხოველთა ზღაპრებშიც ხშირად ქრისტიანიზმები გვხვდება - ღვთისმშობელი, წმინდანები ან მორალური პრინციპები. ასეა, მაგალითად, ეტიოლოგიურ გადმოცემაში ქორისა და კუს შესახებ:

„ერთხელ ცაში ყოვლადსახიერი ქალწულის დღესასწაული გაიმართა. ყველა სულდგმული მიიწვიეს. ზლაზვნია კუს არ შეეძლო იმ სიმაღლეზე დროულად მისვლა და ქორს შეეხვეწა, წამიყვანეო.

ქორი დათანხმდა, კუ ზურგზე შეისვა და გააქროლა. მაგრამ მაღლამაღლა რომ აფრინდა, ავი საქმე ჩაიდინა: საწყალი კუ ქვევით ჩამოაგდო. კუ პიტალო კლდეს დაენარცხა და ათას ნაწილად დაიმსხვრა. ეს რომ ყოვლადსახიერმა გაიგო, ციდან ჩამობრძანდა, მოკრიბა ნამსხვრევები, შეაკოწიწა, კუს სიცოცხლე დაუბრუნა და დალოცა, ხოლო შავი ქორი სამუდამოდ დაწყევლა.

იმ დღიდან კუს ნაკუწ-ნაკუწ მიწებებული ბაკანი აქვს ჯავშნად. ქორი კი უბედურებას თესს გარშემო. ხეზე შემოჯდება და - ხესფოთლები დასცვივა, მონადირე თოფს დაუმიზნებს და - თოფი ხელში უფეთქდება, მოკვდება ქორი და - ძეხორციელი არ ეკარება, ჭიანჭველაც გვერდს აუვლის და ასე უპატრონოდ დალპება ხოლმე“.

ტროპიკული ტყის ინდიელთა მითოლოგიურ წარმოდგენებში არსებითია უხილავი სამყაროს არსებობა, რომელიც მოკვდავისთვის მიუწვდომელია. ამ სამყაროს შეცნობა მხოლოდ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაშია შესაძლებელი: სიზმარში, ტრანსში, ნარკოტიკის შესუნთქვით გამოწვეული ხილვების დროს ანდა განსაკუთრებული ვარჯიშის შედეგად შეძენილი უნარით. სხვა სამყაროს ბინადარი არსება ზოგადად ცხოველის სახეს იღებს (ნიანგი, ანაკონდა, იაგუარი ან ძერა), რომლის ზებუნებრივ ძალას მხოლოდ მისნობაში განსწავლული შეიძლება ჩაწვდეს. მაგრამ ყველაფერი უხილავად რჩება. ბრაზილიისა და ვენესუელას საზღვარზე განასხვავებენ დაფარული არსებების სხვადასხვა კატეგორიას.

აფრო-ამერიკული ფოლკლორის კვლევის ისტორიიდან

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში შეკრებილი ხალხური გადმოცემების ყველაზე დიდი და მდიდარი კორპუსი ჩაწერილია შავკანიანი მოსახლეობისგან (კარიბის კუნძულებზე, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებლები).

სხვადასხვა დროს „შავკანიანებად“ და „ზანგებად», დღევანდელ დღეს კი „აფრო-ამერიკელებად» წოდებული ხალხები XVII-XVIII საუკუნეებში ინგლისურ კოლონიებში მონებად ჩამოყვანილი აფრიკელების შთამომავლები არიან. მათი ფოლკლორი ფართო საზოგადოებისთვის 1880 წლიდან გახდა ცნობილი, როცა ჯორჯიელმა ჟურნალისტმა ჯ. ჰარისმა „ბიძია რემუსი, მისი სიმღერები და ნათქვამები: ძველი პლანტაციების ფოლკლორი“ („Uncle Remus, His Songs and His Sayngs: the Folk-Lore of the Old Plantation“) გამოაქვეყნა. ჰარისმა მოთხრობები უშუალოდ ყოფილი მონებისგან ჩაიწერა და ლიტერატურულად დაამუშავა - ამბები ერთ ჩარჩოში მოაქცია. მოხუცი მონა, ძია რემუსი პლანტატორის პატარა თეთრკანიან ვაჟს მხიარულ ისტორიებს უამბობდა ცხოველებზე.

0x01 graphic

ბრაზილიელი მონები
(ჟან ბატისტ დებრე, XIX . დასაწყისი)

თანამედროვე მეთოდები აფრო-ამერიკული ხალხური გადმოცემების შეგროვებისა და კომენტირებისათვის შეიმუშავა ელსი კლიუს პარსონსმა (Elsie Clews Parsons), რომელმაც 1917-1943 წლებში საჟურნალო სტატიებსა და კრებულებში ასობით აუთენტური ტექსტი დააფიქსირა. პარსონსი ძირითადად ვესტინდოეთში, სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროსა და იქვე განლაგებულ კუნძულებზე ატარებდა საველე კვლევას. მისი გამოცემული კრებული მოიცავს აფრო-ამერიკულ ხალხურ გადმოცემებს ვესტინდოეთიდან.

აფრო-ამერიკული ზეპირსიტყვიერების უკვე ცნობილი რეპერტუარი გაიზარდა თვით აფრო-ამერიკული წარმოშობის ფოლკლორისტების მეშვეობით - ზორა ნილ ჰარსტონისა (Zora Neale Hurston) და ჯ. მ. ბრუერისა (J. M. Brewer). მათ ბევრი ახალი ზეპირი გადმოცემა გამოაქვეყნეს, მაგრამ მათ მაინც აკლდა ადეკვატური საინფორმაციო მონაცემები და შედარებითი შენიშვნები.

აფრო-ამერიკული მითოლოგიური გადმოცემების შეკრებისა და გამოკვლევის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რიჩარდ მ. დორსონის ნაშრომებს „Negro Folktales in Michigan“ (1956) და „Negro Tales from Calvin, Michigan and Pine Pluff, Arkansas“ (1958). მიუხედავად იმისა, რომ დორსონი ძირითადად მიჩიგანის ჩრდილოეთში კრებდა მასალას, მთხრობლები სამხრეთში იყვნენ დაბადებული და პლანტაციებში არსებული ტრადიციებს ჩრდილოეთშიც ატარებდნენ. ეს კრებულები შეიცავენ სამხრეთის შტატების აფრო-ამერიკელების ზეპირ გადმოცემებს, მითებს, ზღაპრებს, ანეკდოტების მსგავს მოთხრობებს ცხოველებსა და ფრინველებზე, შავკანიან და თეთრკანიან ხალხზე, ბრიყვებზე, ცრუპენტელებზე, ბიბლიურ თემებზე, სულებზე, სოციალურ პროტესტებზე და სხვა.

შესავალში დორსონი ავითარებს თეორიას, რომ ეს ზეპირი გადმოცემები ამერიკის მიწაზე აფრიკიდან შემოვიდა და კავშირი ჰქონდა სხვადასხვა, განსაკუთრებით კი ევროპულ წყაროსთან. გარკვეული ტექსტების ანალიზი ადასტურებს, რომ ამ აფრო-ამერიკული მოთხრობების ტიპები ევროპაშიც არის გავრცელებული, მაგალითად, ხალხური მოთხრობები ცხოველების შიშზე ადამიანის მიმართ, რომლებიც მთელ ევროპაშია გავრცელებული, აფრიკაში კი ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. თქმულება ზღვის სირინოზზე მხოლოდ დორსონის მიერ შეკრებილ აფროამერიკულ ტექსტებში გვხვდება და არა აფრიკაში. დიდი რაოდენობა ირლანდიური ანეკდოტებისა ამერიკაში შავკანიან მოსახლეობაში ისევე გავრცელებულია, როგორც თეთრკანიან მოსახლეობაში.

ცვლილებები აფრო-ამერიკულ თხრობით სტილში, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთის ინდუსტრიულ ქალაქებში გადასახლების შედეგად მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ასახულია ქალაქურ ფოლკლორში. შეიქმნა ახალი ჟანრები, რომლებშიც რითმები სლენგით არის გაწყობილი.

ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ინდიელთა ფოლკლორული სიუჟეტების თემატიკა ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ მე-20 საუკუნეში შეკრებილი მასალის მიხედვით მათი ურთიერთგავლენა საკმაოდ შესამჩნევია ზოგიერთ მითოლოგიურ მოტივში (უხილავი სამყაროს არსებობა, კულტურული გმირის მითოსი და სხვა).

კითხვები:

  • როდის გამოიცა პირველად აფრო-ამერიკული ფოლკლორის ნიმუშები?

  • რა ტიპის გადმოცემები გვხვდება ყველაზე ხშირად ბრაზილიურ ფოლკლორში?

  • რომელმა სამმა ფაქტორმა განაპირობა სამხრეთ ამერიკული ფოლკლორული ტრადიციების სინკრეტიზმი?

დავალება:

  • წაიკითხეთ ბრაზილიური გადმოცემა „არამასა და ღვთისმშობელი“ და მექსიკური გადმოცემა „მშიერი გლეხი, ღმერთი და სიკვდილის ჟამი“. რომელ ტექსტში შეიმჩნევა ევროპული ფოლკლორის გავლენა? დაასაბუთეთ თქვენი აზრი.

ლიტერატურა:

  • ბრაზილიური ზღაპრები. კ. ლორთქიფანიძის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1971.

  • Dundes, A.: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N.J. 1965.

  • Eliade, M.; Couliano, J.: Handbuch der Religionen. Unter Mitwirkung von H. S. Weiser. Zurich / Munchen, Artemis & Winkler, 1991. გვ. 42-45.

14 XIII თავი. აფრო-ამერიკელთა რწმენა-წარმოდგენები

▲ზევით დაბრუნება


აფრო-კარიბული რწმენა-წარმოდგენები. აფრობრაზილიური
რწმენა-წარმოდგენები. აფრო-გვიანური
რწმენა-წარმოდგენები. გადმოცემები მუსიკალური
საკრავების წარმოშობის შესახებ.

აფრო-ამერიკელთა მითოლოგიური წარმოდგენები აუთენტურ აფრიკულ ნიშნებსაც ატარებენ და ქრისტიანული რელიგიის გავლენასაც განიცდიან. ცალკეული ღვთაებების სახელები და ცნებები კათოლიციზმიდან არის ნასესხები, თუმცა მათი საკულტო მსახურებები და რიტუალები მაინც ტრადიციულ რწმენებს ეფუძნება.

აფრო-კარიბული რწმენა-წარმოდგენები

კუბის სანტერიასა და ტრინიდადის ჩიკაგოში მთავარი ღვთაებები აფრიკული წარმოშობისაა. ღვთაებებთან დაკავშირებულია სისხლიანი მსხვერპლი და ტრანსამდე მისული ცეკვები, რომლებიც აფრიკულ სახელებსაც ატარებენ და რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანებისაც, წარმოშობით კი აფრიკული ღმერთები არიან. ჰაიტის საზოგადოებაში არსებობს ვოდუს რწმენა ყოველგვარი სახის მისნობით, ჯადოს ახსნით, თავისი საიდუმლოებებითა და ოკულტიზმით.

წინაპრების პატივისცემას სხვადასხვა სინკრეტული კულტი გამოხატავს: იამაიკელი ლტოლვილი მონების ცეკვები (Kumina, Convince, Kormanti და სხვ.), „ბიგ დრამ“ ცეკვა (Big Drum) გრენადისა და კარიაკუს კუნძულებზე, „კელეს“ ცეკვა (Kele) სანტა-ლუსიაზე და სხვა. სამხრეთ ამერიკაში აფრიკული რწმენაწარმოდგენები ქრისტიანულ ელემენტებს ჭარბად ატარებენ.

უმთავრესი რელიგიური მოძრაობა იამაიკაზე - რასტაფარი (ღასტაფარი) წარმოადგენს რწმენას ქრისტეს ათასწლოვანი სიცოცხლის შესახებ. რასტაფარისთვის დამახასიათებელია ვარცხნილობის განსაკუთრებული ფორმა (Dreadlock) და რეგამუსიკა (Reggae music), რომელიც მეტად პოპულარული გახდა მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში ბობ მარლის წყალობით. რასტაფარის ფილოსოფიასა და მუსიკას ბევრი მიმდევარი ჰყავს დასავლეთ ევროპასა და აფრიკაში.

აფრო-ბრაზილიური რწმენა-წარმოდგენები

აფრო-ბრაზილიური რელიგიური კულტები დაახლოებით მე19 საუკუნის მეორე ნახევრიდან გავრცელდა სხვადასხვა წარმოშობის ხალხებს შორის. აფრიკული ღვთაბების და ექსტაზური ცეკვების გამო მათი რწმენა-წარმოდგენები აუთენტურ აფრიკულ ნიშნებს ატარებენ. ჩრდილო-აღმოსავლეთში რელიგიური კულტის სახელწოდებაა „კანდომბლე“ (Candomble), სამხრეთ-აღმოსავლეთში - „მაკუმბა“ (Macumba), 1925-30 წლებიდან კი მეტად პოპულარული გახდა რიო დე ჟანეიროში წარმოშობილი „უმბანდა“ (Umbanda). ექსტაზური მდგომარეობის შემცველი კულტმსახურებები ადრე აკრძალული იყო, დღეს კი ბრაზილიის რელიგიური ცხოვრების არსებითი კომპონენტია.

0x01 graphic

მონების ცეკვა
(ჟან ბატისტ დებრე, XIX . დასაწყისი)

აფრო-გვიანური რწმენა-წარმოდგენები

აფრო-გვიანური რწმენა-წარმოდგენები გავრცელებულია სურინამში (ყოფილი ჰოლანდიური გვიანა) სანაპიროზე მცხოვრებლებს - კრეოლებსა და ლტოლვილ მონებს შორის. კრეოლების რელიგიას სანაპიროებზე ეწოდება „ვინტი“ (winti) ან „აფკოდრე“ (afkodré), რომლის სახელწოდებაც მომდინარეობს ჰოლანდიური სიტყვიდან აფგოდერიჯ - „კერპთაყვანისმცემლობა“. ეს რწმენები ძველ აფრიკულ მითოლოგიურ წარმოდგენებს ასახავენ.

გადმოცემები მუსიკალური საკრავების წარმოშობის შესახებ

ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ინდიელთა რელიგიურ რიტუალებში მუსიკას ერთ-ერთი მნიშვნელოვაინი როლი ენიჭებოდა. მუსიკის თანხლებით მსხვერპლშეწირვის რიტუალი სრულდებოდა. მისტიურ ატმოსფეროში, რომელიც ჩასაბერი და დასარტყმელი ინსტრუმენტების მუსიკით არის თანხლებული, ქურუმი სისხლიან მსხვერპლს სწირავდა ღვთაებას.

აფრო-ამერიკელ ხალხთა თქმულებები მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მუსიკალური საკრავების წარმოშობისა, მათი მაგიური როლისა და ფუნქციის შესახებ. მუსიკა წარმოადგენს მედიუმს ხილულ და უხილავ სამყაროებს, ცოცხალთა და გარდაცვლილთა, ადამიანთა და ღვთაებათა შორის. საკულტო რიტუალების გარდა მუსიკა განუყოფელ კავშირშია უძველეს პოეზიასთან.

აფრო-ამერიკელთა რწმენით, მუსიკალური საკრავების ფლობა ძალაუფლებას უკავშირდება. ის, ვინც მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას ფლობს, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სხვებზე. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, პირველად ჩასაბერი საკრავები ქალებმა იპოვეს და დამალეს, შემდეგ ყოველდღე მიდიოდნენ ტყეში და ჩუმ-ჩუმად უკრავდნენ. იმის გამო, რომ საკრავზე დაკვრა შეეძლოთ, ქალები მამაკაცების მბრძანებელნი გახდნენ. მოგვიანებით, მამაკაცებმა მოტყუებით წაართვეს მათ ინსტრუმენტები და ისევ დაიბრუნეს თავიანთი ადგილი ოჯახში.

0x01 graphic

სარიტუალო ცეკვა
(ჟან ბატისტ დებრე, XIX . დასაწყისი)

მუსიკა გარდაცვლილთა სამყაროსთანაც აკავშირებს ადამიანს. თქმულებების მიხედვით, მიცვალებულთა სულები მუსიკის ტაქტზე მღერიან და ცეკვავენ.

0x01 graphic

მოცეკვავე ქალები
(ჟან ბატისტ დებრე, XIX . დასაწყისი)

მუსიკალური საკრავების წარმოშობის შესახებ სამხრეთ ამერიკის ხალხთა ფოლკლორში უამრავი გადმოცემა არსებობს, რომელთაგან ნაწილი მითოლოგიური შინაარსისა, ნაწილს კი თავშესაქცევი ამბის სახე აქვს და მსმენელის გასართობად არის გამიზნული.

კითხვები:

  • წაიკითხეთ ბრაზილიური გადმოცემები მუსიკალურ საკრავებზე: „კუ და კაიპორა“, „ადამიანი და კუ“, „არუ“, ჟურუპარის საკრავების მოტაცება“, „ჩიტი კოლიბრი“. რა მიანიშნებს, რომ ტექსტები რიტუალურია?

  • რა მიანიშნებს, რომ ამ ტექსტს დაკარგული აქვს საკრალური ფუნქცია?

  • გაიხსენეთ მაგალითები მუსიკალური საკრავების წარმოშობის შესახებ ქართული ფოლკლორიდან ან სხვა ხალხთა მითოლოგიიდან.

ლიტერატურა:

  • ბრაზილიური ზღაპრები. კ. ლორთქიფანიძის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1971.

  • Dundes, A.: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N.J. 1965.

  • Леви-Стросc, К.: Первобытное мышление. Москва: «Республика», 1994.

15 XIV თავი. ინდიელთა და აფრო-ამერიკელთა ზღაპრები

▲ზევით დაბრუნება


კლასიფიკაცია. ჯადოსნური ზღაპრის სტრუქტურა.
ფუნქციათა განაწილება მოქმედ პირთა მიხედვით.
ინდიელთა ზღაპრებისა და ევრაზიის ხალხთა
ზღაპრების ურთიერთმიმართება. მითისა და ზღაპრის
განმასხვავებელი ნიშნები.

ზღაპრები, რომლებიც ევროპელთა გამოჩენის შემდეგ გავრცელდა ამერიკის კონტინენტზე, არაფრით განსხვავდება ევროპული და აზიური ზღაპრებისგან, ხოლო საკუთრივ ადგილობრივი მოსახლეობის ზღაპრები ევროპულს არ ჰგავს. ინდიელთა და აფრო-ამერიკელთა ხალხური გადმოცემები ძირითადად მითებს, თქმულებებსა და ცხოველთა ეპოსს წარმოადგენენ.

მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე ამერიკის ინდიელთა და აფრო-ამერიკელთა ზღაპრების შესახებ გავრცელებული იყო შეხედულება, რომ ისინი ევროპის ხალხთა ზღაპრებთან შედარებით არასრულყოფილი და უფორმოა. ეს თეორია „თავისუფალი კომპოზიციის თეორიის“ სახელწოდებით არის ცნობილი (ჯოზეფ ჯეკობსი, ფრანც ბოასი), რომელიც დღევანდელ მეცნიერებაში აღარ არის გაზიარებული.

ინდიელთა ზღაპრები ფუნდამენტურად შეისწავლა ამერიკელმა ფოლკლორისტმა და ეთნოლოგმა ალან დანდესმა. მისი ნაშრომი „ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ხალხური ზღაპრების მორფოლოგია“ (The Morphology of North American Indian Folktales) მთლიანად ეფუძნება რუსი მეცნიერის ვლადიმერ პროპის „ზღაპრის მორფოლოგიას“, რომელიც ევრაზიის კონტინენტის ხალხური ზღაპრების სტრუქტურის იგივეობას აჩვენებს.

ალან დანდესის თეორიის თანახმად, ინდიელთა ზღაპრების სტრუქტურა ევროპის ხალხთა ზღაპრების სტრუქტურის მსგავსია. მისი გამოკვლევით, ამერიკის ინდიელთა ზღაპრების დიდი ნაწილი შედგება შემდეგი ოპოზიციებისგან:

  • წონასწორობა (equilibrium) და წონასწორობის დაკარგვა (disequilibrium);

  • აკრძალვა და აკრძალვის დარღვევა;

  • ზარალი და ბარაქა.

ამ ოპოზიციური ეპიზოდებით ამერიკის ინდიელთა ზღაპრები ევრაზიის კონტინენტის ხალხთა ზღაპრებს უთანაბრდება.

ალან დანდესმა ევროპული ზღაპრების სიუჟეტების ამერიკის ინდიელთა ზღაპრებთან შედარებისას აჩვენა, თუ როგორ გარდაიქმნება ევროპული ზღაპარი ამერიკულად სიუჟეტურ მოქმედებათა თანმიმდევრობის მიხედვით.

აფრო-ამერიკული ზღაპრები საფუძვლიანად შეისწავლა რიჩარდ დორსონმა. მან სხვადასხვა ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების გამოკვლევის შედეგად აფრო-ამერიკული ხალხური გადმოცემების შესახებ ვრცელი ნაშრომი შექმნა. დორსონმა ცალკეული მთქმელის თხრობის თავისებურება, ინდივიდუალობა და სტილი განიხილა. მან განსაკუთრებული შესწავლის საგნად აქცია ავტობიოგრაფიული მოთხრობები, სათავგადასავლო ამბები და ისტორიული თქმულებები, რომლებიც აფრო-ამერიკულ ფოლკლორში სპეციფიკურ ჟანრებს ქმნიან.

ზღაპრების შინაარსობრივი კლასიფიკაცია

ზღაპრების კლასიფიკაცია ორი ძირითადი პრინციპით ხდება: შინაარსობრივით და სტრუქტურულით.

შინაარსის მიხედვით ზღაპრები პირობითად რამდენიმე თემატურ ჯგუფად იყოფა. ამგვარი კლასიფიკაცია მე-20 საუკუნის დამდეგს დაიწყო ვ. ვუნდტისა და ა. აარნეს მიერ, რაც შემდგომ სრულყვეს და შეავსეს ს. თომპსონმა და ჰ.-ი. უთერმა.

  • ცხოველთა ზღაპრები, რომლებშიც შედის ზღაპრები შინაურ და გარეულ ცხოველებზე, ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობაზე, ფრინველებზე, თევზებზე და სხვ.;

  • ჯადოსნური ზღაპრები, რომლებშიც შედის ზღაპრები ზებუნებრივ მოწინააღმდეგეზე, მოჯადოებულ მეუღლეზე, მაგიურ საგნებზე, ზებუნებრივ შემწეზე, ზებუნებრივ ძალასა და ცოდნაზე და სხვ.;

  • რელიგიური ზღაპრები;

  • ზღაპრები სიყვარულზე;

  • საყოფაცხოვრებო ანუ ნოველისტური ზღაპრები;

  • ანეკდოტები;

  • ფორმულებზე აგებული ზღაპრები.

ზღაპრების სტრუქტურული კლასიფიკაცია

ზღაპართა კლასიფიკაცია სტრუქტურის მიხედვით რუს მეცნიერს, ვლადიმერ პროპს ეკუთვნის. მისი 1928 წელს გამოცემული წიგნი „ზღაპრის მორფოლოგია“ დღემდე აქტუალური მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოა ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების მეცნიერებისათვის.

„ჯადოსნური ზღაპარი“ პირობითი ტერმინია. ამ ტერმინით განსაზღვრულია ხალხური მოთხრობის ისეთი ტიპი, რომლის სიუჟეტიც ზიანის მიყენებით ან უქონლობით იწყება და მთავრდება ქორწინებით, გამეფებით ან სხვა კვანძის გამხსნელი ეპიზოდით. საბოლოო ფუნქციებია დაჯილდოება, რაიმეს შოვნა, დევნისთვის თავის დაღწევა ან ზოგადად უბედურების ლიკვიდაცია.

სიუჟეტის ამგვარ განვითარებას ვ. პროპი „სვლას“ უწოდებს. ყოველი ახალი ვნების ან ზიანის მიყენება ზღაპარში, ყოველი ახალი უქონლობა ახალ სვლას ქმნის. ერთ ზღაპარს შეიძლება რამდენიმე სვლა ჰქონდეს.

ვ. პროპმა ზღაპრის მოქმედი პირებისა და მათი ფუნქციების მაქსიმალური რაოდენობა დაადგინა: ზღაპარში პერსონაჟთა რაოდენობა არ აღემატება შვიდს, ხოლო ფუნქციათა რაოდენობა ოცდათერთმეტს. მოქმედ პირთა ფუნქციები ზღაპარში შემდეგნაირად ნაწილდება:

ანტაგონისტის მოქმედებათა წრე: 1) ზიანის მიყენება, 2) ომი ან გმირთან ბრძოლის სხვა ფორმები, 3) დევნა.

მჩუქებლის მოქმედებათა წრე: 1) ჯადოსნური საშუალების გადაცემისთვის შემზადება, 2) გმირის მომარაგება ჯადოსნური საშუალებით.

შემწის მოქმედებათა წრე: 1) გმირის სივრცობრივი გადაადგილება, 2) უბედურების ან უქონლობის ლიკვიდაცია, 3) დევნისგან გადარჩენა, 4) რთული დავალების შესრულება, 5) გმირის ტრანსფორმაცია.

საძებარი პერსონაჟის (ხშირად მეფის ასული) მოქმედებათა წრე: 1) ძნელი დავალების მიცემა, 2) ნიშნის დადება, 3) ცრუგმირის მხილება, 4) გმირის გამოცნობა, 5) ცრუგმირის ან ანტაგონისტის დასჯა, 6) ქორწილი.

გამგზავნის მოქმედებათა წრე: 1) გმირის გაგზავნა. გმირის მოქმედებათა წრე: 1) საძებრად წასვლა, 2) მჩუქებლის მოთხოვნაზე რეაქცია (დადებითი), 3) ქორწილი.

ცრუგმირის მოქმედებათა წრე: 1) საძებრად წასვლა, 2)

მჩუქებლის მოთხოვნაზე რეაქცია (უარყოფითი).

მითისა და ზღაპრის განმასხვავებელი ნიშნები

განსხვავება მითოსურ და ზღაპრულ მონათხრობს შორის სხვადასხვაგვარი სახით ვლინდება - როგორც შინაარსში, ისე ტექსტის სტრუქტურულ აგებულებაში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მითისა და ზღაპრის შინაარსობრივად განმასხვავებელი ნიშნები, რომელიც ე. მელეტინსკიმ დაადგინა.

მითი

ზღაპარი

1. რიტუალურობა

2. საკრალურობა

3. სარწმუნოება

4. ეთნოგრაფიული კონკრეტულობა

5. მითოსური გმირი

6. მითოსური (წინარეისტორიული)

დრო მოქმედებისა

7. ეტიოლოგიზმის არსებობა

8. კოლექტიურობა

1. არარიტუალურობა

2. არასაკრალურობა

3. არასარწმუნოება

4. პირობით-პოეტურობა

5. არამითოსური გმირი

6. ზღაპრული (ისტორიის გარეშე

მდგარი) დრო

7. ეტიოლოგიზმი არ არსებობს

8. ინდივიდუალიზირება

განსხვავებულია მითისა და ზღაპრის სტრუქტურებიც. ტექსტები, რომლებსაც ვ. პროპის შვიდპერსონაჟიანი სქემა ესადაგება, ზღაპრის ჟანრს განეკუთვნებიან. შესაძლოა მითსაც ჰქონდეს ამგვარი სტრუქტურა. ასეთ შემთხვევაში ჟანრის განსაზღვრა შინაარსის მიხედვით მოხდება. როგორც წესი, ზღაპრის სტრუქტურაზე აგებულ მითს უკვე დაკარგული აქვს თავისი საკრალური ფუნქცია. საწინააღმდეგო შემთხვევა, რომ ზღაპარს მითის სტრუქტურა ჰქონდეს, არ არსებობს. თუ ტექსტი ტრაგიკულად მთავრდება, ის ზღაპარი არ არის.

ზღაპრის სტრუქტურა აქვს ბრაზილიურ გადმოცემას საღამოს ვარსკვლავის, ტაინა-კანის შესახებ, მაგრამ შინაარსობრივად ის მითს წარმოადგენს. განვიხილოთ დეტალურად:

1) ტექსტის დასაწყისი, რომელშიც დაკონკრეტებულია დრო და პერსონაჟთა სახელები, უკვე მიანიშნებს, რომ მითოლოგიურ სიუჟეტთან გვაქვს საქმე:

„იმ დროს, როცა კარაჟას ტომის ხალხმა ჯერ კიდევ არ იცოდა მიწის მოხვნა, სიმინდის, მანიოკის და ანანასის მოყვანა, მხოლოდ ტყის ნაყოფით, სხვადასხვა ფრინველების ხორცითა და თევზით იკვებებოდნენ, ცხოვრობდა ქვეყნად ორი და. უფროსს იმაერო ერქვა, უმცროსს - დენაკე.“

2) სიუჟეტის განვითარება იწყება გმირის სურვილით, რომ ცაზე აკიაფებული ვარსკვლავი მას ეკუთვნოდეს. ამგვარი დასაწყისი მითისთვისაც და ზღაპრისთვისაც დამახასიათებელია:

„ერთხელ, გვიან საღამოს იმაერომ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა და დიდ ვარსკვლავს ტაინა-კანს შორიდან მიესიყვარულა. ეს ვარსკვლავი ისეთ ნაზ, ოქროსფერ შუქს გამოსცემდა, რომ გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და თქვა:

- შეხედე, მამი, რა ლამაზი ვარსკვლავია!.. ნეტავი აქ მომცა, ვითამაშებდიო.

მამას გაეცინა შვილის ახირებულ სურვილზე და უთხრა:

- ის ვარსკვლავი ისე შორსაა, ვერავინ მისწვდებაო, - მერე კი დასძინა: - ტაინა-კანმა შენი სიტყვები რომ გაიგონოს, თვითონ მოვა თავის ფეხითო.“

3) გადმოცემაში მოთხრობილია ზებუნებრივი ქორწინების შესახებ - ვარსკვლავსა და მოკვდავს შორის. მოტივი, რომელშიც ნაამბობია, რომ შეუხედავ საქმროზე გათხოვება უფროს ქალიშვილს არ უნდა და მის ნაცვლად უმცროსი და მიჰყვება, გავრცელებული მოტივია მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში:

„მართლაც, შუაღამისას ყველას რომ ეძინა, გოგონამ იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ვიღაცა და გვერდით მიუწვა. ქალი შეშინდა და ჰკითხა:

- ვინა ხარ, ჩემგან რა გინდაო?

- მე ტაინა-კანი ვარ, საღამოს ვარსკვლავი. გავიგონე, როგორ მიხმობდი და მოვედი, ცოლად არ გამოგყვებიო?

იმაერომ ცეცხლი გააღვივა და შინაურები გააღვიძა. შეხედეს ტაინაკანს და გაოცდნენ: მათ წინ სახედანაოჭებული, თეთრწვერა, მიხრწნილი მოხუცი იდგა. მოხუცს ბამბასავით თეთრი თმა და წვერი ჰქონდა.

იმაერო ცეცხლის შუქზე დააკვირდა მოსულს და უთხრა:

- ვერ გამოგყვები ცოლად. შენ ბებერი და გონჯი ხარ, მე კი ლამაზი და ღონიერი საქმრო მინდაო.

დაღონდა ტაინა-კანი და ატირდა. მაშინ დენაკეს, კეთილი და სათუთი გულის გოგონას, შეებრალა მოხუცი და დაამშვიდა. მამას კი უთხრა:

- ამ მოხუცს ცოლად მე გავყვებიო.“

4) საზღაპრო მოტივს მოჰყვება მითოსური მოტივი, რომელშიც ზებუნებრივი მეუღლე კულტურული გმირის თვისებებს ავლენს - მოიპოვებს მარცვლეულს და მიწას ამუშავებს, ტყეს ჩეხავს და საყანედ ამზადებს:

„ქორწილის შემდეგ ტაინა-კანმა დენაკეს უთხრა:

- შენი შენახვა რომ არ გამიჭირდეს, უნდა ვიმუშაო. გავწმინდავ ამ მიწას და ისეთ მარცვლეულს დავთესავ, რომლის მსგავსი კარაჟას ტომს არასოდეს უნახავსო.

ტაინა-კანი წავიდა დიდ მდინარეზე ბერა-კანზე (ასე ეწოდებოდა მაშინ არაგუაიას), რაღაც სიტყვით მიმართა, მერე შიგ შევიდა და გაილაჯა. მდინარემ მის ლაჯებშუა იწყო დინება. მოხუცი დროდადრო იხრებოდა, წყალში ორივე ხელს ჰყოფდა და მუჭა-მუჭა ამოჰქონდა დინებისგან მოტანილი მარცვლეული.

ასე აჩუქა მდინარემ მას ორი საწყაო სიმინდი, ორი მუჭა მანიოკი და სხვა მარცვლეული, რომელსაც კარაჟას ტომი ახლაც თესავს.“

5) მითოლოგიურ მოტივს კვლავ მოსდევს საზღაპრო მოტივი აკრძალვის შესახებ:

„მდინარიდან რომ დაბრუნდა, ტაინა-კანმა ცოლს უთხრა:

- წავალ, ტყეს გავჩეხავ და საყანე მიწას მოვამზადებ. შენ არამც და არამც არ გამომყვე და არ მიყურო. შინ დარჩი და საჭმელი მომიმზადე. სამუშაოდან მშიერი და დაღლილ-დაქანცული რომ დავბრუნდები, დამაპურე და მომიარეო.

წავიდა ტაინა-კანი, მაგრამ ძალიან შეუგვიანდა შინ დაბრუნება. დენაკეს შეეშინდა, დაღლილი სადმე ხომ არ დაეცაო. აბა, რაღა დააძინებდა.“

6) ზღაპარში აკრძალვის დარღვევას გმირის დასჯა მოსდევს, მაგრამ რადგან ეს ტექსტი მითოლოგიური შინაარსისაა, მოქმედებაც სხვაგვარად ვითარდება:

„თუმცა ქმარმა აუკრძალა, არამც და არამც არ წამოხვიდეო, მაინც ადგა და მის საძებრად წავიდა. წავიდა და, ჰოი! - რა სიხარულის ელდა ეცა:

ახლად მოსუფთავებულ მინდორზე დაჩაჩანაკებული მოხუცის ნაცვლად მაღალი, წარმოსადეგი გარეგნობის ვაჟკაცი იხილა. ვაჟს ტანი სულ მოხატული ჰქონდა და ისეთი სამკაულები ეკეთა, რომლის მსგავსი კარაჟას ტომიდან წინათ არავის ენახა, ახლა კი თითქმის ყველა ახალგაზრდა ატარებს. ქალმა მეტისმეტი სიხარულისგან თავი ვეღარ შეიკავა, მიირბინა მასთან და გადაეხვია. შემდეგ ტაინა-კანი შინ წაიყვანა, რომ მშობლებისთვის ეჩვენებინა. როცა უფროსმა დამ - იმაერომ ტაინა-კანი დაინახა, ინანა, ეს რა ვქენიო. უმცროსი დის ბედი შეშურდა და ყმაწვილს უთხრა:

- შენ მაგისი კი არა, ჩემი ქმარი ხარ. შენ ხომ ჩემთან მოხვედი და არა დენაკესთანო.

მაგრამ ტაინა-კანმა უპასუხა:

- დენაკე კეთილი გულის გამოდგა, შემიბრალა მოხუცი და ცოლად გამომყვა, შენ კი ამითვალწუნე. ახლა აღარ მინდიხარ, მხოლოდ დენაკეა ჩემი მეგობრობის ღირსიო.“

7) ამ მითოლოგიური გადმოცემას ზღაპრის მსგავსი დასასრული აქვს - დადებითი პერსონაჟი ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას, უარყოფითი კი ისჯება, თუმცა განსხვავება ზღაპრისა და მითის დასასრულს შორის მკაფიოა - მითოლოგიური გადმოცემა ეტიოლოგიურ ახსნას გვთავაზობს, რაც ზღაპრისათვის არ არის დამახასიათებელი:

„შურითა და ბრაზით აღვსილმა იმაერომ ერთი იყვირა, მიწაზე დაენარცხა და იქვე გაქრა. იმ ადგილას კი, სადაც იმაერო დაენარცხა, შავი ფრინველი გაჩნდა. ეს ფრინველი ისე ნაღვლიანად და გულისგამგმირავად კივის ხოლმე, რომ გამვლელ-გამომვლელი შიშით კანკალებს.

კარაჟას ტომის ხალხმა ასე ისწავლა ღამის ვარსკვლავ ტაინაკანისაგან სიმინდისა და მანიოკის მოყვანა, ანანასის მოშენება და კიდევ ბევრი სხვა მარცვლეულის თესვა.“

ამგვარად, ბრაზილიური გადმოცემა „ტაინა-კანი, საღამოს ვარსკვლავი“ მითოლოგიური შინაარსისაა. მასში

  • დაკონკრეტებულია მოქმედების ადგილი (მდინარე არაუგუაიას სანაპირო), დრო („როცა კარაჟას ტომის ხალხმა ჯერ კიდევ არ იცოდა მიწის მოხვნა...“) და პერსონაჟთა სახელები (იმაერო, დენაკე, ტაინაკანი).

  • მოცემულია ეტიოლოგია („იმ ადგილას კი, სადაც იმაერო დაენარცხა, შავი ფრინველი გაჩნდა...“).

  • მოქმედებს კულტურული გმირი, რომელიც კარაჟას ტომში მიწათმოქმედებას უდებს სათავეს (სიმინდისა და მანიოკის მოყვანა, ანანასის მოშენება და მარცვლეულის თესვა).

ეს არსებითი ნიშნები მეტყველებს ტექსტის საკრალურობასა და რიტუალურობაზე. „ტაინა-კანი, საღამოს ვარსკვლავი“ წარმოადგენს მითს, რომელიც ზღაპრის სტრუქტურაზე არის აგებული. მსგავსი შემთხვევა ტიპობრივია როგორც ამერიკის ხალხთა ფოლკლორში, ისე მსოფლიოს ხალხთა ზეპირ ტრადიციებში.

კითხვები:

  • როგორია ზღაპრის სტრუქტურა ვ. პროპის მიხედვით?

  • რითი განსხვავდებიან მითი და ზღაპარი ერთმანეთისგან?

დავალება:

  • წაიკითხეთ მექსიკური ზღაპარი „სამი ძმა და ბაყაყი“ და გააკეთეთ მისი სტრუქტურული ანალიზი (ნიმუში იხ. დამატებაში: „ზღაპრის ანალიზი ვ. პროპის სქემის მიხედვით“).

  • წაიკითხეთ ჩრდილოეთის ინდიელთა გადმოცემა „ქუხილი და მისი სიძე“ და ე. მელეტინსკის სქემის მიხედვით დაადგინეთ, მითია თუ ზღაპარი.

ლიტერატურა:

  • ბრაზილიური ზღაპრები. კ. ლორთქიფანიძის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1971.

  • ინდიელთა ზღაპრები. მ. ზუბადალაშვილის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1976.

  • პროპი, ვ.: ზღაპრის მორფოლოგია. თბილისი: „მეცნიერება“, 1983.

  • Мелетинский, Э. М.: Mиф и сказка. В книге «Фольклор и этнография», Москва 1970, გვ. 132-148.

16 XV თავი. მითები თანამედროვე საზოგადოებაში

▲ზევით დაბრუნება


„ამერიკული ოცნება“. ჰოლივუდი.
ემანსიპირებული გმირები.

ამერიკული ოცნება

„ამერიკული ოცნება“ (American Dream) თანამედროვე საზოგადოებაში არსებული მითია, რომელსაც მითისთვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი აქვს - რწმენა მის ნამდვილობაში.

„ამერიკული ოცნება“, ერთი მხრივ ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ რწმენას გამოხატავს - თითოეულ ადამიანს შრომითა და საკუთარი შესაძლებლობებით ცხოვრების გაუმჯობესება და წარმატების მიღწევა შეუძლია. მეორე მხრივ, „ამერიკული ოცნება“ ასახავს სხვა ქვეყნის მოქალაქეების წარმოდგენებს ამერიკაზე.

მე-18 საუკუნიდან მოყოლებული რამდენიმე მილიონი ადამიანი ჩავიდა ამ კონტინენტზე სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ისინიც, ვინც საკუთარ ქვეყანაში რელიგიური ან პოლიტიკური მსოფლმხედველობის ნიშნით იდევნებოდნენ, ამერიკის ნაწილი ხდებოდნენ.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური აღმავლობა უამრავი იმიგრანტის ჩასვლის საფუძვლად იქცა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს სხვადასხვა შეხედულება ჰქონდათ „ამერიკულ ოცნებაზე“. მაგალითად, აფრო-ამერიკელების ოცნება უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებების მოპოვება

იყო.

ჰოლივუდი

ამერიკული ღირებულებები - თავისუფლება, ადამიანის უფლებათა დაცვა, ლიბერალიზმი, დემოკრატია, კეთილსინდისიე რად შრომა, კონკურენცია და წარმატება - ყველაზე ხშირად გამოყენებული იდეოლოგიური კონცეპტებია ამერიკულ კულტურაში.

განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ეს ჰოლივუდის პროდუქციაში ჩანს. ფილმების უმრავლესობის ბედნიერი დასასრული ნაწილობრივ „ამერიკული ოცნების“ პრინციპებიდან მომდინარეობს, ნაწილობრივ კი ხალხური თხრობის ტრადიციებიდან. ნებისმიერი სიუჟეტი, რომელიც პრობლემის გადაჭრაზე და წარმატების მიღწევაზეა აგებული, ზღაპრის ტრადიციულ სქემას ეყრდნობა.

ამერიკის ხალხთა მითოლოგიის კვლევისას რიჩარდ დორსონი ხშირად აღნიშნავდა მსგავსებას ზეპირ თხრობით ტრადიციებსა და მასმედიას შორის. სხვა მეცნიერებიც სვამდნენ საკითხს მითებისა და მასობრივი კომუნიკაციების კავშირზე, მაგალითად, რაფაელ პატაი წერდა ანალოგიებზე ჰერაკლესა და მიკი-მაუსს, თეზევსსა და ჯეიმს ბონდს შორის.

სანახაობრივი ჟანრის (Action) ფილმისთვის დამახასიათებელია, რომ მის სცენარს საფუძვლად უდევს ისეთი მოტივები და მოტივთა ჯგუფები, რომლებიც ზეპირი გადმოცემის მოტივებადაც გვხვდება მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ფოლკლორში. ამ ჟანრის ფილმებში წარმოდგენილი მაგიური ძალები და საგნები, სასწაულები, ჯადოქრები და ა. შ., ზღაპართან არიან დაკავშირებული. ზღაპრული მოტივები შეიძლება გამოჩნდეს როგორც თანამედროვე ყოფაში, ისე ეგზოტიკურ გარემოში.

ემანსიპირებული გმირები

„ამერიკული ოცნების“ თანახმად, ამერიკა ოცნებების ახდენის ქვეყანაა. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ გარი მარშალის ფილმი „მშვენიერი ქალი“ (ორიგინალური სათაური: Pretty Woman) ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის მონაწილეობით, რომელიც ევროპულ ხალხურ ზღაპარ „კონკიასა“ და ბერნარდ შოუს პიესა „პიგმალიონის“ სიუჟეტთა სინთეზია. ფილმის პროლოგი და ეპილოგი - ქუჩაში მოხეტიალე შავკანიანის სიტყვები, რომ ჰოლივუდში ყველა ოცნება ხდება - ფილმის მთავარ იდეას გამოხატავს.

0x01 graphic

„მშვენიერი ქალი“, 1990

მეტად მნიშვნელოვანი შტრიხი ჰოლივუდის ფილმებისა არის ემანსიპირებული ადამიანი. ეს ეხება როგორც მხატვრულ, ისე ნახატ ფილმებს.

უოლტ დისნეის ნახატი ფილმი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (ორიგინალური სათაური: Snow White and the Seven Dwarfs), რომელიც ამერიკის კინოინსტიტუტის (American Film Institute) მიერ ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმის ჩამონათვალში არის შესული, პირველი სრულ-მეტრაჟიანი ფილმია ანიმაციური ფილმების ისტორიაში.

0x01 graphic

ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, 1937

დისნეის ფილმებში ზღაპრები ინტერპრეტირებულია სენტიმენტალური სასიყვარულო რომანისა და იმავდროულად სატირული სტილით და გამოკვეთილია ერთი და იგივე თემა - კონფლიქტი ახალგაზრდა და უფროს ქალებს შორის.

დისნეის ნახატი ფილმების გმირები ფიფქია, კონკია (ორიგინალური სათაური: Cinderella), მძინარე მზეთუნახავი (ორიგინალური სათაური: Sleeping Beauty), სამივე - დედინაცვლისა და ბოროტი ჯადოქრის დევნას განიცდის. ამ კონფლიქტში დროულად ჩნდება მხსნელი უფლისწული, რომელსაც მოთმინებით ელის მთავარი გმირი.

იმის მიუხედავად, რომ სამივე ზღაპრის პერსონაჟი - ფიფქიაც, კონკიაც და მძინარე მზეთუნახავიც სათნო და კეთილშობილი გოგონები არიან, საკმაოდ აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ ბოროტებას. გარდა ამისა, საკუთარ ნებასაც აშკარად გამოხატავენ - ფიფქია თავის მეგობარ ჯუჯებს თავად მფარველობს და არა პირიქით; კონკია არ ემორჩილება დედინაცვალსა და დებს; მძინარე მზეთუნახავს კი არ უნდა მამის მიერ არჩეული საქმრო.

0x01 graphic

მძინარე მზეთუნახავი“, 1959.

გმირის ემანსიპაცია კიდევ უფრო შორს მიდის ჰოლივუდის ზღაპრების მოგვიანო ეკრანიზაციებში. მაიკლ კონის ფილმი „ფიფქია“ (ორიგინალური სათაური: Snow White in the Black Forest) მონიკა კინასა და სიგურნი უივერის მონაწილეობით საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება.

მოქმედება ისტორიულ ეპოქაში ხდება, ჯუჯები შეცვლილია კატორღელებით, რომლებიც თავშესაფარს აძლევენ ფიფქიას. ფილმის ბოლოს ფიფქიას უფლისწული კი არ გადაარჩენს, არამედ ის თავად ებრძვის დედინაცვალს და ამარცხებს.

ემანსიპირებულ ქალს, რომელიც პირისპირ ბრძოლაში უფლისწულის გამოჩენამდე ამარცხებს მტერს - ვხვდებით ენდი ტენანტის ფილმში „Ever After“ დრიუ ბერიმორის მონაწილეობით. გარდა მტკიცე ხასიათისა, კონკიას ფიზიკური აღნაგობაც ძლიერი აქვს და საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძვის.

კიდევ ერთი საინტერესო აქცენტი ჰოლივუდის სანახაობრივი ჟანრის ფილმებში გმირის გარეგნობაზე კეთდება. დადებითი გმირი კინემატოგრაფიაში ტრადიციულად სიმპატიურად გამოისახებოდა, ბოლო წლებში კი სხვა ესთეტიკა დამკვიდრდა - გარეგნობას მნიშვნელობა არა აქვს, დადებითი გმირი შეიძლება მონსტრსაც კი ჰგავდეს, როგორც, მაგალითად, ადამიანი-ობობა სემ რეიმის ფილმში (ორიგინალური სათაური: Spider-Man, 2002) ტობი მაგირის მონაწილეობით.

0x01 graphic

ფიფქია“, 1997

0x01 graphic

კონკია“, 1998

რობ მინკოფის საბავშვო ფილმი „სტიუარტ ლიტლი“ (ორიგინალური სათაური: Stuart Little) ამერიკელი მწერლის ე. ბ. უაიტის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მთავარი გმირი არის თაგვი სახელად სტუარტი (ახმოვანებს მსახიობი მაიკლ ფოქსი), რომელიც ამერიკული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ხდება.

თაგვ სტიუარტს ლიტლების ოჯახი საბავშვო სახლიდან წამოიყვანს და იშვილებს. სტუარტს ოჯახში მშობლების გარდა ძმა და სხვა შინაური ცხოველები ხვდებიან, რომლებსაც ის თავიდან არ მოსწონთ, მაგრამ ფილმის ბოლოს სტუარტი მათ სიყვარულსა და პატივისცემას მოიპოვებს. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ როგორ გამოვიყურებით და რა წარმოშობის ვართ, - ამბობს სტუარტი ფილმის ბოლო მონოლოგში, - ჩვენ ხომ ერთ ოჯახს ვეკუთვნით!“

0x01 graphic

„სტიუარტ ლიტლი“, 1999

ცალკე განხილვის საგანი შეიძლება იყოს ფილმები მითოლოგიური სიუჟეტებით (ფილმები დრაკონებზე, გოლიათებზე, ფერიებზე და ა.შ.). აქ საკუთრივ ამერიკის ხალხთა მითოლოგიაზე კი არ არის აგებული სცენარი, არამედ ევრაზიული სივრციდან მომდინარე მითებსა და მითოსურ პერსონაჟებზე.

ფილმებისა და მითების ურთიერთმიმართების საკითხი ბევრად ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ზღაპრები და მითები ჰოლივუდის ფილმებში მხოლოდ ნასესხები სიუჟეტები არ არის. მათი ჰოლივუდური ინტერპრეტაცია ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ძირეული შემადგენელი ნაწილია.

მითი, მითოსური ელემენტი თუ მითოსური გმირი - ყველა მათგანი გვხვდება ზღაპარში, მაგრამ არა საკრალური ფუნქციით, არამედ ისე, თუ როგორ მოითხოვს ამას ზღაპრის სიუჟეტი. ზღაპარი, თავის მხრივ, შესაძლოა თავად იყოს გამოყენებული კინოფილმის სცენარში როგორც მოტივთა კომპლექსით, ისე მთლიანი სტრუქტურით. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც ზღაპარში გამოყენებული მითი აღარ არის მითი თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით და არც სცენარად გადაკეთებული ზღაპარი აღარ არის ხალხური თხრობითი ჟანრი. ამ სამი განსხვავებული ფენომენის - მითის, ზღაპრისა და კინოფილმის ურთიერთკავშირი მათი სოციალური ფუნქციის მიხედვით განისაზღვრება.

ჰოლივუდურ ფილმს, რომელიც „Happy End“ პრინციპს ეფუძნება, ზღაპრისგან აღებული აქვს გასართობი ფუნქცია, მითისგან კი საზოგადოებაზე ზემოქმედების უნარი. გარდა ამისა, ჰოლივუდი თვითონ ადგენს საკუთარ მითოლოგიას სხვადასხვა აქტივობით: „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალი, ვარსკვლავთა დაბადება და ცხოვრება (თავისთავად „ვარსკვლავი“ - საყვარელი მსახიობისთვის შერქმეული სახელი - ასტრალური პანთეონის ასოციაციას ქმნის, ხოლო მისი ცხოვრება თაყვანისმცემლებითურთ - მითოლოგიური გმირისას).

მასობრივ სანახაობაზე და კომერციულ წარმატებაზე ორიენტირებულ ჰოლივუდში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის მითოსურ-ზღაპრული გაფორმება და პრაგმატული პრინციპები. ჰოლივუდი მითოს-შემოქმედების თანამედროვე ამერიკული ვერსიაა.

დავალება:

  • მოაწყვეთ დისკუსია თემაზე «მითები თანამედროვე საზოგადოებაში”.

  • განიხილეთ სხვა მხატვრული ფილმები, რომლებიც, თქვენი აზრით, მითოლოგემებს შეიცავენ.

ლიტერატურა:

  • ზაქარიაძე, ა.: მხატვრული სიმბოლოს ბუნებისათვის. თბილისი: „ლეგა“, 2009.

  • Dundes, A.: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N. J. 1965.

17 დანართი: ტექსტები

▲ზევით დაბრუნება


17.1 ლეგენდა სინათლეზე

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

ერთხელ კანან-სიუე მთელი დღის მუშაობით დაღლილი ჰამაკში იწვა და ისვენებდა. ღმერთებიც ხომ ადამიანებივით იღლებიან. კანანსიუეს ყოველდღე უამრავი საქმე ჰქონდა: ქვეყანა შექმნა და მას მერე ყოველდღე რაღაცას აუმჯობესებდა, სრულყოფილს ხდიდა: ხან მდინარეთა ნაპირებს ათანასწორებდა, ხანაც ხეთა ფოთლებს ჭრიდა. ჰოდა, დაიღალა.

კანან-სიუე იწვა ჰამაკში. ირგვლივ ბნელოდა, რადგან მაშინ სინათლე ჯერ კიდევ არ იყო. უცებ მის სანახავად სიდედრი მოვიდა. სიბნელეში ვერაფერი გაარჩია, კუ ოტონის ბაკანს წამოჰკრა ფეხი და მაგრად დაშავდა. გაბრაზდა სიდედრი და კანან-სიუეს წაეჩხუბა:

- კანან-სიუე, შენ ამქვეყნად ყველაფერი შექმენი: მდინარეები, ველ-მინდვრები, ბეე როკანის ნაპირები, არარეს ცეცხლისფერი ფრთები, ხეები, თევზები და მხეცები, სინათლის შექმნა კი დაგავიწყდა. ხომ ხედავ, უკვე მოხუცი ვარ და ვეღარ დავდივარ, წარამარა ვიქცევი. კანანსიუე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, სინათლეც უნდა შექმნაო. კანან-სიუე მეორე დღეს ადრე ადგა და სინათლის საძებნელად გაემგზავრა.

ბევრი იარა თუ ცოტა, გავიდა ერთ ველზე, სადაც მდინარის წყლის სასმელად მხეცები იკრიბებოდნენ. კანან-სიუე ტაპირად იქცა, შეუმჩნევლად რომ ესუნთქა, პირში ემბაუბას ხის მილი ჩაიდო და თავი მოიმკვდარუნა.

მოფრინდნენ ქინქლები და ჰკითხეს:

- ტაპირო, მოკვდიო?

რახან ტაპირმა ხმა არ ამოიღო, მოითათბირეს:

- მოდით, შევჭამოთო!

- არა! - თქვა ქინქლების წინამძღოლმა, ვიდრე ბუზები მოფრინდებიან, მოვიცადოთო.

მოფრინდნენ ბუზები. ერთმა იკითხა:

- ტაპირო, მოკვდიო?

ამასობაში სხვებმა მოითათბირეს:

- მოდით, შევჭამოთო!

- არა, ურუბუს დაველოდოთო!

მოტლაშუნდნენ ურუბუები.

- ტაპირო, მოკვდიო? - შეეკითხნენ.

- რა იქნება, რომ შევჭამოთო? - თქვა ერთმა.

- არაო! - წამოიძახა მეორემ, - დაველოდოთ, სანამ ჩვენი მეფე ურუბუ მოფრინდებაო.

მოფრინდა მეფე ურუბუ. დაეშვა მიწაზე, დააკვირდა ტაპირად ქცეულ კანან-სიუეს და თქვა:

- რაღა თქმა უნდა, მომკვდარა. მოდით, შევჭამოთო!

მეფე ურუბუ კანან-სიუეს მუცელზე დააჯდა. კანან-სიუეც სწორედ ამას ელოდა და ხელი სტაცა. მაშინ ურუბუს სხეული ბუმბულით კი არა, კარაჟას ტომის ადამიანებივით თმებით ჰქონდა დაფარული. კანანსიუემ ურუბუს დახრჩობა დაუპირა.

- სინათლეს თუ არ მომცემ, ახლავე მოგკლავო!

- ნუ მომკლავ, კანან-სიუე, მე სინათლე არა მაქვსო! - შეევედრა მეფე ურუბუ.

- ან სინათლეს მომცემ, ან დაგახრჩობო.

მეფე ურუბუ მიხვდა, სახუმაროდ არა მაქვს საქმეო, მკერდიდან თმები გადაიწია და ცისკრის ვარსკვლავი ტაინა-კანი გამოუშვა. ტაინაკანმა ფრთები შეისხა და ცის საძებრად გაემართა. მაშინ კანან-სიუემ მშვილდი მოზიდა, ისარმა გაიშხუილა, ტაინა-კანის შიგ ფეხებში მოხვდა და ღამის ცას მიაჭედა. მაგრამ კანან-სიუე უკმაყოფილო დარჩა:

- ეს ის არაა, მე რომ მინდა, ცოტა შუქი აქვსო.

- კი, მაგრამ მეტი რომ არა მაქვს, რა ვქნაო, - ამოიკვნესა მეფე ურუბუმ.

- გაქვს, როგორ არა გაქვს. თუ არ მოგიცია, სულს ამოგხდიო, - დასძახა კანან-სიუემ.

სასოწარკვეთილმა მეფე ურუბუმ ამოიხვნეშა, მკერდზე მბრწყინავი თმები გადაიწია და მთვარე რენდო გამოუშვა. მთვარე მაშინვე ცის კამარის საძებნელად გაეშურა.

კანან-სიუემ კვლავ მოზიდა მშვილდი, სტყორცნა ისარი და მთვარე ცას მიაჭედა. მაგრამ არც ახლა დარჩა კმაყოფილი.

- მე სულ სხვა სინათლე მინდა. ეს ორი სინათლე ღამისა იქნება, მე კი დღისას დავეძებო, - და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, კისერში ხელი წაუჭირა მეფე ურუბუს.

- კანან-სიუე, ასეთი სინათლე არ მაქვსო, - კვნესოდა ურუბუ,

თან მკერდზე თმებს იწევდა. მაშინ ბრწყინვალე და ბრდღვიალა მზე გამოცურდა მისი მკერდიდან და თანდათან მაღლა-მაღლა იწყო სვლა.

კანან-სიუემ სტყორცნა ისარი და მზე დღის კედელზე მიაჭედა.

მას შემდეგ სამყარო სავსეა სინათლით.

მზის მადლით ინდიელს ბრინჯაოსფერი დაედო. ხილი ოქროსფრად მწიფს და ყვავილები მკვეთრი საღებავებით იწონებენ თავს. მდინარეებში წყალი მზის სხივებზე ათასფრად ირეკლება და კანან-სიუეს სიდედრიც აღარ ემდურება.

აი, როგორ გაჩნდა ქვეყნად სინათლე.

17.2 ორი თუთიყუში

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

ერთხელ მზე სანადიროდ გაემგზავრა და გზაში ფრინველის ბუდეს წააწყდა. ბუდეში ორი პატარა თუთიყუში იჯდა. მზემ ბარტყები ბუდიდან ამოსხა და გასაზრდელად შინ წაიყვანა. ერთი უფრო ჭრელი და ლამაზი თუთიყუში თავისთვის დაიტოვა, მეორე კი მთვარეს აჩუქა. მეგობრები ერთად ზრდიდნენ ფრინველებს. ნადირობიდან რომ დაბრუნდებოდნენ, ხელზე დაისვამდნენ და ლაპარაკს ასწავლიდნენ.

ერთხელ მზე და მთვარე სანადიროდ რომ იყვნენ წასული, ერთმა თუთიყუშმა მეორეს უთხრა:

- ძალიან მეცოდება მზე. სულ მიწაზეა. დაბრუნდება თუ არა, ნადირობიდან, დაღლილიც რომ იყოს, მაინც სადილს გვიმზადებს. მოდი, ჩვენც დავეხმაროთო.

თუთიყუშები მაშინვე ქალებად იქცნენ და სადილის მზადებას შეუდგნენ. ვიდრე ერთი საქმიანობდა, მეორე კართან იდგა და გარეთ იყურებოდა, მზე და მთვარე ხომ არ მოდიანო. მზე და მთვარეს ჯერ კიდევ შორიდან მოესმათ ფილთაქვის ხმა. თითქოს ვიღაც ხორბალს ნაყავდა. შევიდნენ სახლში და რას ხედავენ: სადილი მზად არის, თუთიყუშები კი ისევ თავიანთ ქანდარაზე სხედან. მზემ და მთვარემ მოათვალიერეს იქაურობა და მიწაზე ადამიანის ნაფეხურები შეამჩნიეს. ძალიან კი შეშინდნენ, რადგან ნაფეხურები მხოლოდ ოთახში ტრიალებდა, გარეთ კი არაფერი ემჩნეოდა. ვიღაცა ისე შესულიყო შიგნით, კვალიც არ დაეტოვებინა.

მეორე დღესაც იგივე ამბავი განმეორდა და ასე გაგრძელდა კარგა ხანს. ერთხელ მზემ თავის მეგობარს უთხრა:

- მოდი, სახლის ახლოს ბუჩქებში დავიმალოთ და, როგორც კი ფილთაქვის ხმას გავიგებთ, სხვადასხვა კარიდან შევცვივდეთო.

ასეც მოიქცნენ: დაიმალნენ და დაიწყეს ლოდინი. სახლიდან ჯერ საუბარი და კისკისი მოისმა, მერე თანდათან ფილთაქვაც ახმაურდა. მზესა და მთვარეს წამი არ დაუყოვნებიათ, სხვადასხვა კარიდან შეცვივდნენ სახლში. ქალებმა ვერ მოასწრეს ბუმბულის სამოსის გადაცმა, ქვასანაყი ხელიდან გაუვარდათ, თავები დახარეს და ერთმანეთის გვერდით დასხდნენ მიწაზე. ორივენი საოცრად ლამაზები იყვნენ: ნათელი პირისახის კანი და ფუნჩულა ლოყები ჰქონდათ. გიშრის თმები კოჭებამდე სწვდებოდათ. მთვარეს უნდოდა მათთან მისვლა, მაგრამ მზემ გზა გადაუღობა და ერთ-ერთ ქალს ჰკითხა:

- სადილს თქვენ გვიმზადებდითო? ქალმა გადაიკისკისა:

- შეგვეცოდეთ, ნადირობიდან დაღლილ-დაქანცულები ბრუნდებოდით და სახლშიც უამრავი საქმე გხვდებოდათ, ამიტომ ხანდახან ადამიანებად ვიქცეოდით, რომ სადილი მაინც დაგვემზადებინაო.

მაშინ მზემ ქალებს უთხრა:

- დღეიდან სამუდამოდ ადამიანებად დარჩებითო.

- თუ ასეა, საცოლედ ამოგვირჩიეთ, რომელი რომელს გინდივართო.

- მე შენ მინდიხარო, - უთხრა მზემ პირველ ქალს.

- მე კი შენო, - და მთვარემ მეორე ქალი არჩია.

დიდი ქორწილი გადაიხადეს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ.

17.3 როგორ გაჩნდა მზე და მთვარე

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

გუარაიოს წინაპარს - აბაანგის - ორი ვაჟი ჰყავდა. სტყორცნა ერთმა ძმამ ცაში ისარი და ცის კამარაში გაჭედა. სტყორცნა მეორემაც ისარი და ძმის ნასროლი ისრის გასწვრივ გაარჭო. მერე ძმებმა ერთად სტყორცნეს ისრები და ისე მოხერხებულად, რომ პირველად ნასროლ ისრებს მოახვედრეს.

მანამდე არ შეუწყვეტიათ ძმებს სროლა, ვიდრე ციდან დედამიწაზე ისრების გრძელი ჯაჭვი არ ჩამოეკიდა. ამ ჯაჭვზე აცოცდნენ ძმები და ცაზე ავიდნენ. იქ კი ისინი მზედ და მთვარედ გადაიქცნენ.

17.4 როგორ გაჩნდა ღამე

▲ზევით დაბრუნება


ცეცხლოვანი მიწა

ქვეყანა ახლად რომ გაჩნდა, არ ღამდებოდა და მაუეს ტომის ინდიელები არასოდეს იძინებდნენ.

უანიამმა გაიგო, რომ ღამე ჰქონიათ სურუკუკუს და მის ნათესაობას: ჟარაკაკას, ობობას, მორიელს და ასფეხას. უანიამმა თავის ტომელებს უთხრა:

- წავალ, ღამეს თქვენთვისაც მოვიპოვებო.

აიღო მშვილდ-ისარი და გაუდგა გზას.

სურუკუკუს ეწვია თავის ქოხში და შესთავაზა:

- ღამეს მშვილდ-ისარში არ გამიცვლიო?

- რად მინდა, შვილო, შენი მშვილდ-ისარი, ხელები არა მაქვსო,

- უპასუხა სურუკუკუმ.

რას იზამდა, წავიდა უანიამი სურუკუკუსათვის სხვა რამის საშოვნელად. იპოვა ჟღარუნა და ახლა ის მიუტანა:

- არ გინდა? გაჩუქებ ჟღარუნას. შენ, სამაგიეროდ, შეეცადე ადამიანებს ღამე ჰქონდეთო.

- შვილო, - უთხრა სურუკუკუმ, - ხომ ხედავ, ფეხები არ მაქვს.

კუდზე მომაბი ეგ შენი ჟღარუნა, მაგრამ ისე, რომ საჭიროების ჟანს ავწიოო.

იქიდან მოყოლებული, გველი როცა ბრაზობს, კუდს აშრიალებს. ამით აფრთხილებს გამვლელს.

ღამე მაინც არ მისცა სურუკუკუმ უანიამს.

მაშინ უანიამმა გადაწყვიტა, შხამი ეშოვა. იფიქრა, სურუკუკუ ამით მოიხიბლებაო.

მართლაც, სურუკუკუს როგორც კი შხამი უხსენეს, სხვაგვარად ალაპარაკდა.

- კარგი, მოგცემ ღამეს. შხამი ძალიან მჭირდებაო.

სურუკუკუმ ჩადო ღამე კალათაში და გაატანა უანიამს.

თვისტომელებმა რომ დაინახეს, უანიამი სურუკუკუს გამოტანებული კალათით მოდისო, წინ შეეგებნენ და კითხვები დააყარეს:

- უანიამ, ღამე მართლა მოგაქვსო?

- მომაქვს, მომაქვს, ოღონდ სურუკუკუმ პირობა ჩამომართვა, შინ მისვლამდე კალათა არ გახსნაო.

მაგრამ უანიამს ამხანაგები ისე ეხვეწებოდნენ, ღამე გვაჩვენეო, რომ მანაც დათმო, თავი ახადა კალათას.

გადმოქრიალდა კალათიდან ღამე, პირველი ღამე დედამიწაზე და ჩამოწვა უკუნეთი.

შეშინდნენ მაუეს ტომელები, იყვირეს და აქეთ-იქით გაიქც-გამოიქცნენ.

უანიამი მარტოდმარტო დარჩა ბნელეთში და იყვირა:

- სად არის მთვარე, რამ ჩაყლაპაო?

ამის თქმა და უანიამს გარს შემოერტყა სურუკუკუს მთელი ნათესაობა: ჟარაკაკა, მორიელი, ასფეხა. მათ გაენაწილებინათ შხამი და სურუკუკუს დამ ჟარაკაკამ ფეხი დაუგესლა უანიამს.

მიხვდა უანიამი, ჟარაკაკამ დამგესლაო და იყვირა:

- გიცანი, ჟარაკაკა! დაიცა, ჩემი ამხანაგები სამაგიეროს გადაგიხდიან!

ახლა კი გველთა მთელი ოჯახი დაესია უანიამს. მხოლოდ კუტიმბოიამ შეიკავა თავი - ცუდი ხასიათის გამო გველებმა მას შხამი არ არგუნეს და კბენა არ შეეძლო. ის დღესაც არას ერჩის მაუეს ტომის ინდიელებს.

მოკვდა უანიამი. მაგრამ ერთმა მეგობარმა ტანი სამკურნალო ფოთლების ნაყენით დაუზილა და გააცოცხლა.

ისევ წავიდა უანიამი სურუკუკუსთან.

ახლა გრძელი ღამის გამორთმევა ეწადა: პირველი ღამე ძალიან მოკლე იყო.

საზღაურად ბევრი, ძალიან ბევრი გველის შხამი წაუღო.

სურუკუკუმ მოაგროვა ქვეყანაზე რაც ტალახი და ჭუჭყი იყო და ჟენიპაპას წვენში აურია, რომ ღამე უფრო გაეშავებინა.

ასე გაჩნდა გრძელი ღამე.

ამიტომაა, ღამე ძვლები რომ გვტეხს და ყელი გვიხმება.

აი, ამბავი, როგორ მოუპოვა მაუეს ტომის ინდიელებს ღამე უანიამმა.

17.5 რატომ არის ღამე გრძელი

▲ზევით დაბრუნება


ცეცხლოვანი მიწა

ძველისძველად ღამეები მეტად მოკლე იყო, ჩვენს გრძელ ღამეებს არა ჰგავდა. ერთ კაცს, სახელად ავარეუბოს, ხელს არ აძლევდა მოკლე ღამეები, ცოლთან ერთად ჰამაკში დიდხანს სურდა ნებივრობა. ერთხელ ცოლს უთხრა:

- როგორ არ მინდა მალე გათენდეს, რომ დიდხანს ვიწვეთ გვერდიგვერდ.

ცოლმა ურჩია:

- წადი მამაჩემთან და ღამის ძაფი სთხოვე, მაშინ შეძლებ, სიბნელე დააგრძელო.

ავარეუბო ეწვია სიმამრს. სიმამრი შეჰპირდა, თხოვნას შეგისრულებო. სიძე იმ ღამეს იქ დარჩა. მეორე დილით სიმამრმა ორი გორგალი მისცა და უთხრა:

- ამ გორგალში ღამის ძაფია, ამაში - დღისა. შინ მისვლამდე არც ერთი გაშალო, არც მეორეო.

ავარეუბო მობრუნდა სოფელში, მაგრამ სანამ შინ შევიდოდა, აჰყვა ცთუნებას და თავისი სახლის ახლოს ღამის ძაფი გაშალა. უცებ ჩამობნელდა, უკუნი ჩამოდგა. ავარეუბომ ხელის ცეცებითაც კი ვეღარ გაიკვლია გზა. უძახა თანასოფლელებს, ცეცხლი მოიტანეთო, მაგრამ ხმა ვერავის მიაწვდინა. ბოლოს იგი ღამის ფრინველად გადაიქცა და გაფრინდა. გაფრინდა, დღის ძაფიც წაიღო და დღემდე ვერავის უპოვია.

აი, რატომ არის გრძელი ღამეები.

17.6 რატომ დადის მზე ნელ-ნელა

▲ზევით დაბრუნება


ცეცხლოვანი მიწა

კარაჟას ტომის ერთ-ერთი ქალიშვილი, სახელად კახერერო ცოლად გაჰყვა მდიდარ შოკროას. ერთ დღეს იგი ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად გაგზავნეს. მზემ სწრაფად გალია ცა, კახერერომ კი ვერაფერი შეაგროვა, ისე შემოაღამდა. ატირდა ქალი და დედას შესჩივლა.

- მდიდარს რაღას გავყევი, თუ ასე ჩქარა მამუშავებდნენ? ბოლო მომეღება, ვერ გავუძლებ! აიძულე მზე, ნელა იაროსო.

მაშინ დედამ თავისი ვაჟი გააგზავნა ცაში და ვაჟმა ერთი ფეხი მოსტეხა მზეს. მას მერე მზე ნელა დადის.

17.7 ვარსკვლავი

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

იყო ერთი ყმაწვილი ბიჭი, ერთ ღამეს ბიჭმა ცაზე მშვიდად მოკიაფე ვარსკვლავს მოჰკრა თვალი და მოეწონა.

- სამწუხაროა, რომ არ შემიძლია ჩემს კალებასში დაგმალო, შენი ცქერით მაინც რომ გავძღებოდიო, - წამოიძახა და კარგა ხანს შესციცინა იმ მბრწყინავ ვარსკვლავს, მერე ერთი გულიანად ამოიოხრა და მამაკაცთა საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა. იქ მის ძმებს უკვე ეძინათ. ყმაწვილმა დაიძინა და სიზმარში ის საუცხოო ვარსკვლავი ნახა. შუაღამისას ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ გამოაღვიძა, მიმოიხედა და ვიღაც თვალებგაბრწყინებული უცხო გოგონა დალანდა.

- აქედან დამეკარგეო! - უყვირა მოჩვენებას, რადგან მაცდური ეგონა.

- რატომ მაგდებ? მე ხომ სწორედ ის მოკიაფე ვარსკვლავი ვარ, შენ რომ კალებასში დამალვას ნატრობდიო! - უთხრა გოგონამ.

ყმაწვილს ჯერ ისევ შეეშინდა, ხმა ვეღარ ამოიღო, მერე გონს მოეგო და ჰკითხა:

- კი მაგრამ, ამ ვიწრო კალებასში როგორ ჩაეტევიო?

- შენ დარდი ნუ გაქვს, ჩავეტევიო! - მიუგო ვარსკვლავ-გოგონამ.

ყმაწვილმა გახსნა კალებასი და ვარსკვლავ-გოგონა შიგ ჩაძვრა. იჯდა გოგონა კალებასში, შეჰყურებდა ყმაწვილს და თვალთაგან სხივებს აფრქვევდა.

ყმაწვილმა იმ დღიდან მოსვენება დაკარგა. სულ ტყე-ღრეში დაეხეტებოდა და უნებურად ნანატრ ვარსკვლავ-გოგონაზე ფიქრობდა.

ერთხელ, ყმაწვილი ტყეში რომ იყო წასული, ძმებმა მოილაპარაკეს: მოდი, გავეხუმროთ და ქოქოსის კაკალი დავუმალოთო. მივიდნენ კალებასთან, ერთი ძმა ძირს დადგა, მეორე კი მაღლა ავიდა, რომ კალებასი კოჭებიდან ჩამოეხსნა. მაგრამ გახსნა თუ არა კალებასი, ერთი კი იყვირა და მაშინვე ხელი უშვა.

- შიგ რაღაც მხეცი ზის და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევსო! ორივე ძმა დაოთხილი გავარდა. როცა ყმაწვილი ტყიდან მობრუნდა, ძმებმა ყველაფერი უამბეს. იგი გაუჯავრდა ძმებს და კალებასი ისევ ძველ ადგილზე ჩამოჰკიდა.

შუაღამისას ვარსკვლავ-გოგონა გამოვიდა თავის თავშესაფრიდან. ყმაწვილი, მართალია, ცოტათი შემკრთალი იყო, მაგრამ დილამდე მაინც ტკბებოდა მისი სიმშვენიერით.

ერთხელ გოგონამ ყმაწვილს უთხრა:

- სანადიროდ ერთად წავიდეთო!

ყმაწვილი დათანხმდა. წავიდნენ. კარგა ხანს იარეს ერთად და, ბოლოს, ბაკაბას პალმასთან მივიდნენ. ვარსკვლავ-გოგონამ ყმაწვილს უთხრა:

- პალმაზე ადი და ნაყოფი ჩამომიყარეო.

ყმაწვილმა დაუჯერა და ავიდა. როგორც კი პალმას კენწეროზე მოექცა, გოგონამ უყვირა, გამაგრდიო, მერე თვალის დახამხამებაში თვითონაც ხეზე ახტა და პალმას ტოტი უშხუვლა. ხემ ზრდა იწყო, გაიზარდა, გაიზარდა და სულ უფრო და უფრო ზევით მიიწევდა, ვიდრე ცას არ მისწვდა. მაშინ ვარსკვლავ-გოგონამ ხე კედელზე მიაბა და თვითონ ყმაწვილთან ერთად ცაზე გადახტა.

ყმაწვილი ძალიან შეშინდა. მის წინ ტრიალი მინდორი იყო, კარგა მოშორებით რაღაც ქოხი მოჩანდა. ვარსკვლავ-გოგონამ ყმაწვილი იქ დატოვა და თვითონ ქოხში შევიდა. მალე უკანვე დაბრუნდა და ყმაწვილს საჭმელ-სასმელი მოუტანა, თან უბრძანა, აქედან ფეხი არ მოიცვალოო და ისევ წავიდა. უცებ ყმაწვილს მონადირის ბუკის ხმა და ადამიანების ყვირილი შემოესმა: როგორც ეტყობოდა, იქვე, სადღაც ახლოს მხიარული ნადიმი იყო გაჩაღებული, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ვარსკვლავ-გოგონა დაბრუნდა და ყმაწვილი ხელმეორედ გააფრთხილა:

- იცოდე, მოცეკვავეთა სანახავად წასვლა არ გაბედოო.

მაგრამ ყმაწვილმა ვერ სძლია ცნობისმოყვარეობას, როგორც კი ქალი წავიდა, ქოხთან მიიპარა და შიგ შეიჭვრიტა. ო, რომ იცოდეთ, იქ რა დაინახა?! - ქოხი სავსე იყო ჩონჩხებით. ჩონჩხები თავბრუდამხვევი სისწრაფით ტრიალებდნენ, სიკვდილის ცეკვას ასრულებდნენ. ძვლებზე ხორცის ნაფლეთები ეკიდათ, მიმქრალი თვალები ოდნავღა უბჟუტავდათ.

დამფრთხალი ყმაწვილი მაშინვე გაშორდა იქაურობას. მალე ვარსკვლავ-გოგონა გამოჩნდა და ყმაწვილს გაუჯავრდა, რატომ არ დამიჯერეო. მერე რაღაც წყალი მოუტანა და აიძულა განბანილიყო, რომ მოცეკვავეთა ცქერის დროს ტანზე გარჩენილი მყრალი ლაქები მოეშორებინა. მერე ისევ უბრძანა, აქედან ფეხი არ მოიცვალოო და წავიდა. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ ყმაწვილი კედელზე მიბმულ პალმას მივარდა და ახსნა. ვარსკვლავ-გოგონა მიუხვდა განზრახვას და დაედევნა, მაგრამ გვიანღა იყო: ყმაწვილმა მოასწრო პალმაზე ტოტის დარტყმა. პალმამ წამსვე დაიწყო დამოკლება, დაპატარავდა, დაპატარავდა, ვიდრე ისეთივე არ გახდა, როგორც წინათ იყო.

დაღონებული დაჰყურებდა ვარსკვლავ-გოგონა მიმავალ ყმაწვილს, მერე კი ჩამოსძახა:

- ამაოდ გამირბიხარ! სულ მალე ისევ დამიბრუნდებიო.

ასეც მოხდა. ყმაწვილს აუტანელი თავის ტკივილები დასჩემდა. ძლივს მოასწრო მამისა და ძმებისთვის ეამბნა, რაც თავს გადახდა და მოკვდა კიდეც. არაფერმა აღარ უშველა.

აი, საიდან შეიტყვეს ინდიელებმა, რომ ცაში არავითარი ნეტარება არ მოელით, თუმცა თავზე მუდამ ალერსით მოკიაფე ვარსკვლავები დასციმციმებენ.

17.8 როგორ გაჩნდნენ ვარსკვლავები

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, ქალები ტყეში წავიდნენ სიმინდის მოსატეხად, მაგრამ თითო-ოროლა ტაროს მეტი ვერ მოაგროვეს და დაღონებულები დაბრუნდნენ სოფელში.

რამდენიმე დღის შემდეგ ისევ წავიდნენ ტყეში და თან ერთი პატარა ბიჭიც გაიყოლეს. ახლა უფრო მეტი სიმინდი მოაგროვეს და იქვე დაფქვეს, რომ ნადირობიდან დაბრუნებული მამაკაცებისთვის მჭადი დაეხვედრებინათ.

სანამ ქალები საქმით იყვნენ გართული, პატარა ბიჭმა კარგა ბლომად სიმინდი მოიპარა და ბამბუკის ჯოხის ღრუში ჩაყარა. ეს ჯოხი სწორედ ამისთვის წამოეღო სახლიდან.

ბიჭი დაბრუნდა თავის ქოხში, ჯოხიდან სიმინდი გადმოყარა და ბებიას უთხრა:

- ქალები ტყეში დარჩნენ, მჭადს აცხობენ. მეც გამომიცხვე, ბები, მჭადი, მეც ვჭამ და ბიჭებსაც ვაჭმევო.

დედაბერმა შეუსრულა ბიჭს თხოვნა.

ბიჭები კარგად რომ გამოძღნენ, დედაბერს ენა და ხელები დააჭრეს, სიმინდი რომ მოვიპარეთ, არავისთან წამოსცდესო. ბიჭებმა მოშინაურებულ ფრთაჭრელ თუთიყუშსაც მოაჭრეს ენა და გალიიდან გაუშვეს. მერე მოსდგნენ და რაც კი იმ სოფელში მოშინაურებული ფრინველი იყო, ყველა გაუშვეს, არ გაგვცენო, მაგრამ მაინც ეშინოდათ დედმამის რისხვისა.

ბოლოს გადაწყვიტეს, სანამ მშობლები დაბრუნდებოდნენ, თავი ცისთვის შეეფარებინათ. სოფლიდან ტყის პირას წავიდნენ ჩიტი კოლიბრის სანახავად. იხმეს თუ არა, მაშინვე მოფრინდა კოლიბრი. ბიჭებმა სქელი თოკის ცალი ბოლო ნისკარტში ჩაუდეს ჩიტს, თოკის მეორე ბოლო კი ფეხზე შეაბეს და უთხრეს:

- გაფრინდი და თოკის ერთი ბოლო, ნისკარტში რომ გაქვს, ამ ტყეში მდგარ ყველაზე მაღალ ლიანას გამოაბი, მეორე კი ზევით, ციურ ტყეში წაიღე და ყველაზე სქელ ხეს გამოაბიო.

ჩიტი კოლიბრი, მართლაც, ისე მოიქცა, როგორც ბიჭებმა დაარიგეს. ბიჭები ერთიმეორის მიყოლებით აყვნენ ლიანას. ლიანის მუხლები კიბის მაგივრობას უწევდათ. ლიანა რომ გათავდა, თოკზე ჩამოეკიდნენ.

ამასობაში მშობლებიც შინ დაბრუნდნენ. შვილები რომ არ დაუხვდათ, მოხუცსა და თუთიყუშს ჰკითხეს, ბიჭები სად არიანო. დედაბერსა და თუთიყუშს ენა არ ჰქონდათ და აბა რას ეტყოდნენ.

ქალმა დაუძახა სხვა ქალებსაც და ყველანი ტყეში გაიქცნენ. დიდხანს ეხვეწებოდნენ შვილებს, ისევ დედამიწაზე დაბრუნდითო, მაგრამ შვილებმა არ შეისმინეს დედების თხოვნა და სულ მაღლა და მაღლა მიიწევდნენ.

ქალები მიხვდნენ, ჩვენი ხვეწნა-მუდარა არ გასჭრისო და თვითონაც აუყვნენ ლიანას, ლიანა გათავდა და ახლა თოკზე გაიხუნძლნენ.

ბიჭებს ყველაზე ბოლოს სიმინდის ქურდი მისდევდა. ცას რომ მიაღწია და ქვევით გადმოიხედა, თოკზე აკინძული ქალები დაინახა. ბიჭი შეშინდა, ფეხში ხელი არ წამავლონო და თოკი გადაჭრა. ქალები ძირს ჩამოცვივდნენ და სხვადასხვა ცხოველებად იქცნენ.

ბოროტი ბიჭებიც სასტიკად დაისაჯნენ: სამუდამოდ ცაში დარჩნენ და ყოველ ღამე საკუთარი თვალით ხედავენ თავიანთი დედების უბედურებას.

ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები სწორედ ამ ბოროტი ბავშვების თვალებია.

17.9 ლეგენდა ცეცხლის გაჩენაზე

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

უძველეს დროში ინდიელებმა ცეცხლის დანთება არ იცოდნენ. ერთხელ შეესწრნენ, მაიმუნები ცეცხლს როგორ ანთებდნენ და იმათაც ისწავლეს.

მაიმუნი ოდესღაც ძალიან ჰგავდა ადამიანს: ტანზე ბეწვი არ ჰქონდა, ნავით ცურავდა, სიმინდს ჭამდა და ჰამაკში იძინებდა.

ერთხელ თურმე მაიმუნი და ზღვის ღორი ნავში ერთად ისხდნენ და ცურავდნენ. უცებ მაიმუნმა დაინახა, რომ ღორი ზედ ნავის ფსკერზე ღრღნიდა სიმინდს.

- ეი, ღორო, მანდ ნუ ჭამ სიმინდს, თორემ ნავის ძირსაც გამოხრავ, წყალში ჩავარდები და ბასრკბილება თევზების კერძი გახდებიო, - უთხრა მაიმუნმა.

ზღვის ღორმა აინუნშიც არ ჩააგდო მაიმუნის დარიგება და ისევ განაგრძო ღრღნა. ბოლოს და ბოლოს ღორმა მართლა გამოხრა ნავის ფსკერი. ნავი ჯერ წყლით აივსო, მერე კი გადაბრუნდა და ღორი წყალში ჩავარდა. იცურა, იცურა, მაგრამ სამშვიდობოს მაინც ვერ გააღწია. თევზები დაეხვივნენ და ჯიჯგნა დაუწყეს, ბოლოს სულ მთლად გადასანსლეს. მაიმუნი კი მოხერხებულად მიცურავდა. როგორც კი თევზები წამოეწივნენ, ერთს ლაყუჩებში ჩაავლო ხელი და ნაპირზე გამოათრია.

მაიმუნი ტყეში სახეტიალოდ წავიდა. მიდის და მიათრევს დამხრჩვალ თევზს. იარა, იარა და წინ იაგუარი შემოეყარა.

- გამარჯობა, მეგობარო, - უთხრა იაგუარმა, - ალბათ ეგ თევზი იმისთვის დაიჭირე, რომ მე და შენ ერთად ვინადიმოთო.

- მართალი ხარ, მეგობარო, თევზი მაგიტომ დავიჭირეო.

- ეგ კარგია, მაგრამ თევზის მოსახარშად ცეცხლი სადღა ვიშოვოთო?

მაიმუნმა იაგუარს ტყის იქით ჩამავალი მზე დაანახვა და უთხრა:

- აგერ ცეცხლი, გაიქეცი, მოიტანე და თევზიც შევწვათო.

მზემ ამასობაში მთელ ტყეს მოაფინა თავისი ცეცხლოვანი სხივები.

- აბა, სად არის ცეცხლი? ვერა ვხედავო, - იკითხა იაგუარმა.

- აგერ, იქ! ხედავ, რა წითლად ანთია? წადი და მოიტანეო.

იაგუარი წავიდა. იარა, იარა, მაგრამ გზას დასასრული არ უჩანდა. რაც უფრო წინ მიიწევდა, მზე თანდათან შორდებოდა. რაღას იზამდა. დაბრუნდა უკან და მაიმუნს უთხრა:

- ვერ იქნა და ვერა, ცეცხლი ვერ ვიპოვეო!

- რა ვერ იპოვე, გაიხედე, როგორ ბრდღვიალებს. ჩქარა გაიქეცი და ეცადე, ახლა მაინც მოიტანო, თევზს უცეცხლოდ ხომ ვერ შევწვავთო.

იაგუარი ხელმეორედ წავიდა ცეცხლის მოსაძებნად. კარგად რომ გაიმანძილა, მაიმუნმა ხეს ორი ხმელი ტოტი შეატეხა, ერთმანეთს გაუხახუნა და ცეცხლი გააჩაღა. მერე შეწვა თევზი და შეჭამა. მაიმუნმა თევზის ძვლები ჩამქრალ ცეცხლთან მიყარ-მოყარა, თვითონ კი ხეზე აძვრა და იაგუარს დაელოდა. იაგუარი დაბრუნდა, იქაურობა მოათვალიერა, და მიხვდა, მაიმუნს მოვუტყუებივარო.

- დახეთ ერთი, რა მიყო იმ არამზადამ. დამაცადოს, ვუჩვენებ სეირს. დავგლეჯ, მოვკლავ. სად დამემალება ის უსირცხვილო ისაო! - ბრაზობდა იაგუარი და თან თევზის ძვლებს ხრავდა. მერე კი საძებრად წავიდა. ეძება, ეძება, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნო.

იაგუარს სტვენა შემოესმა. მიიხედ-მოიხედა, მაიმუნი არსად იყო. ისევ შემოესმა სტვენა. იაგუარმა ახლა ზევით აიხედა და ხეზე წამოსკუპებული მაიმუნი კი დაინახა.

- მეგობარო, ძირს ჩამობრძანდიო! - შესძახა იაგუარმა, მაგრამ მაიმუნი აბა რას ჩამოვიდოდა.

- ხომ გეუბნებოდი, მეგობარო, ძირს ჩამოდი-მეთქი, რატომ არ მიჯერებო, - ბრაზობდა იაგუარი.

- რომ ჩამოვიდე, ვიცი, მომკლავო.

- არა, არ მოგკლავო.

მაიმუნი ისევ ჭირვეულობდა. მაშინ იაგუარმა ქარს სთხოვა, დამეხმარეო და ქარმაც ისე ღონივრად დაჰბერა, ხეებმა სულ აქეთ-იქით დაიწყეს რწევა. მაიმუნი ძლივს იმაგრებდა თავს, თან ჭყიოდა:

- ვაი, ვაი, მეგობარო! საცაა ჩამოვვარდები, ხელები აღარ მემორჩილება, მიშველე თორემ დავიღუპებიო!

მართლაც, მაიმუნს ჯერ მარცხენა ხელი გაეშვა, მერე ორივე ფეხი აუსხლტა და მხოლოდ მარჯვენა ხელითღა დარჩა ტოტზე დაკიდებული.

- მეგობარო, პირი გააღე, ახლავე ჩამოვვარდებიო! - ყვიროდა მაიმუნი.

ქარმა ერთხელ კიდევ დაჰქროლა მძლავრად, მაიმუნსაც მთლად გამოეცალა ღონე და ტოტს მოსწყდა. გზაში ერთხელ კიდევ მოასწრო დაეყვირა:

- მეგობარო, პირი გააღე, უკვე ჩამოვვარდიო.

იაგუარმაც გააღო პირი და მაიმუნი თვალის დახამხამებაში შეუსრიალდა მუცელში.

იაგუარი ტყუილად ილოკავდა ტუჩებს. ტყუილად ცდილობდა ცოტათი მაინც გაეგო მაიმუნის გემო.

მუცელდამძიმებული იაგუარი ბრდღვინვით გაემართა ტყისკენ. ვერ იყო მისი საქმე კარგად, საღსალამათი მაიმუნი მუცელში ეჯდა და არხეინად დასეირნობდა აქეთ-იქით.

იაგუარი მაიმუნს ეხვეწებოდა:

- ნაკლებად იმოძრავე, გემუდარები! წყნარად იარე, ნუ ცმუკავო.

მაიმუნი კი ყურსაც არ იბერტყავდა. პირიქით, მოიხსნა ქვის დანა, ყელზე თოკით რომ ჰქონდა ჩამოკიდებული და მისდგა იაგუარის გულ-მუცელს და ფატრა და ფატრა და ფატრა. სულთმობრძავი იაგუარი ძირს დაეცა, მაიმუნი კი მშვიდად გამობრძანდა გარეთ. იაგუარი რომ მოკვდა, მაიმუნმა ტყავი გახადა. სარტყელებად დაჭრა, თავი შეიმკო და სანადიროდ წავიდა.

გზაზე მაიმუნს სხვა იაგუარი შემოხვდა. იაგუარი მაიმუნს ჯერ დაჟინებით ჩააცქერდა, მერე კი შეუღრინა:

- ოჰ, შე ბილწო შენა, ახლავე სულს გაგაცხებინებო!

მაიმუნმა კი ამაყად შესძახა:

- აბა, მოდი და სცადე! ერთმა იაგუარმაც მოიწადინა ჩემი მოკვლა, მაგრამ ხომ ხედავ, რა დღე ვაყარეო! - და იაგუარის ტყავისგან გაკეთებული თავსამკაული უჩვენა. იაგუარს შიშისგან ისეთი ციებ-ცხელება აუვარდა, რომ მაიმუნზე თავდასხმა კი არა, იქ გაჩერებაც ვეღარ გაბედა. შემოტრიალდა და თავქუდმოგლეჯილმა მოკურცხლა.

17.10 როგორ გაჩნდა ღამე

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

წინათ დედამიწაზე მხოლოდ დღე ყოფილა გამეფებული. ღამე წყლის სიღრმეში თვლემდა და ზევით არც კი ამოდიოდა. ადამიანები, მხეცები და მცენარეები ერთმანეთისგან როდი განსხვავდებოდნენ: ბუნებაში ყველაფერი ერთნაირი იყო და ყველაფერი მეტყველებდა.

წინაპრები მოგვითხრობენ, რომ ოდესღაც დიდებული გველის ასული შეურთავს ერთ ახალგაზრდას. ამ ახალგაზრდას სამი ერთგული მსახური ჰყოლია. ერთხელ ვაჟს მსახურთათვის უთქვამს:

- აქედან წადით, თორემ ჩემს ცოლს არ სურს ჩემთან დაწვესო.

მსახურები წასულან. ახალგაზრდას კი უხმია ცოლი და უთხოვია, ახლა მაინც დაწექი ჩემთანო.

- ჯერ ღამე რომ არ არისო. - უპასუხია დიდებული გველის ასულს.

- ღამე არც იქნება, რადგან ყოველთვის დღე არისო.

მაშინ დიდებული გველის ასულს უთქვამს:

- ღამე მამაჩემს აქვს. თუ გინდა, სურვილი შეისრულო, გაგზავნე მსახურები ღამის მოსატანად. იქ, დიდ მდინარეში მამაჩემის სახლია. როდესაც ირგვლივ ისეთივე უკუნი გამეფდება, როგორიც წყლის სიღრმეშია, შენთან მხოლოდ მაშინ დავწვებიო.

ახალგაზრდას დაუბარებია მსახურები და დიდებული გველის ასულის მამასთან გაუგზავნია, ქოქოსის კაკლის ნაჭუჭი მომიტანეთო.

მსახურნი ჩამსხდარან ნავში და წასულან. სულ მალე დიდებული გველის საბრძანებელს მისდგომიან. ქალის მამას მიუცია მაგრად შეწებებული ქოქოსის კაკლის ნაჭუჭი და გაუფრთხილებია:

- აჰა, წაიღეთ ეს კაკალი, ოღონდ იცოდეთ, ნაჭუჭი არამც და არამც არ გახსნათ, თორემ ყველაფერი დაიღუპებაო.

მსახურნი კვლავ ჩამსხდარან ნავში, წამოუღიათ კაკალი და წამოსულან. გზაზე ქოქოსის კაკლის ნაჭუჭიდან რაღაც ხმები ესმოდათ თურმე. „ჭრი-ჭრი, ყი-ყიო“, ეს ხმები კუტკალიებისა და პატარა გომბეშოების ხმას მოგაგონებდათ. მათ ხომ ღამე უყვართ სიმღერა.

კარგა მანძილი რომ გამოუცურავთ, ყველაზე ცნობისმოყვარე მსახურს უთქვამს:

- მოდით, ვნახოთ, რა არის ამ კაკლის გულში, ასე რა მღერისო!

- არ შეიძლება, რომ გავხსნათ, ბუნებაში ყველაფერი დაიღუპება. ჩქარა გავცუროთ! აბა ნიჩბები მარჯვეთ მოუსვითო! - უბრძანებია უფროსს.

წინ მიიწევდნენ. კაკლის ნაჭუჭიდან კი განუწყვეტლივ ესმოდათ ის უცნაური ხმები.

კარგა შორს რომ გაუცურავთ, ნავის შუაგულში შეგროვილან და თან წაღებული მუგუზლებით ცეცხლი აუგუზგუზებიათ. შემდეგ ცეცხლით წებო გაუდვნიათ და კაკალი გაუხსნიათ. გაუხსნიათ თუ არა, ირგვლივ ყველაფერი დაბნელებულა.

- დავიღუპებით. დიდებული გველის ასული უთუოდ მიხვდება, ქოქოსის კაკალი რომ გავხსენითო, - შეწუხებულა უფროსი მსახური.

მერე ისევ მოუქნევიათ ნიჩბები და გზა გაუგრძელებიათ. დიდებული გველის ასულს კი იქ, თავის სასახლეში, მეუღლისათვის უთქვამს:

- შენმა მსახურებმა ღამე გამოუშვეს, დილამდე მოვიცადოთო.

აი, სწორედ მაშინ, რაც კი ტყეში ყოფილა მიმოფანტული, მხეცებად და ფრინველებად ქცეულან. ხოლო ის, რაც მდინარეში იყო მიმობნეული, იხვებად და თევზებად გარდაქმნილან.

ძეწნის ტოტებისგან მოწნული კალათი იაგუარად ქცეულა, ხოლო მეთევზე და მისი ნავი - გარეულ იხვად. მეთევზის თავი გარეული იხვის თავად და ნისკარტად ქცეულა, ნავი - იხვის ტანად, ნიჩბები კი ფეხებად.

დილით, დიდებული გველის ასულს ცისკრის ვარსკვლავი რომ დაუნახია, მეუღლისთვის უთქვამს:

- თენდება. დროა დღე ღამისგან განვაცალკევოთო, - მერე რომელიღაც მცენარის ბოჭკოსაგან გორგალი დაუხვევია და უბრძანებია:

- კუჟუბინად იქეციო!

ასე გაჩენილა ჩიტი კუჟუბინა. მერე დიდებული გველის ასულს თეთრი თიხა აუღია და ჩიტისთვის თავი თეთრად შეუღებია. ურუკუს ბუჩქის ნაყოფისგან კი, ინდიელები ავადმყოფობისა და ავი თვალისგან დასაცავად ტანს რომ იღებავენ, ჩიტისთვის ფეხები მუქწითლად შეუღებია და უთქვამს:

- კუჟუბინ, ცისკრის ჩიტად მიქცევიხარ! დღის ნათელს ყოველთვის გალობით შეხვდებიო!

ხელმწიფის ასულს რომელიღაც ხის ბოჭკოსგან ისევ დაუხვევია გორგალი, ზედ ღველფი დაუყრია და უბრძანებია:

- გარეულ ფრინველად - მამალ ინამბუდ - მიქცევიხარ! ყოველ ღამე სხვადასხვა დროს და დილას იმღერებო.

ფრინველებმა მას შემდეგ იწყეს თურმე გალობა. ყოველ მათგანს თავისი სიმღერის დრო აქვს. მაგრამ გამთენიის წინ ყველა ერთხმად ამღერდება, რომ უფრო მხიარულად გვეწვიოს დღე.

მსახურები შინ რომ დაბრუნებულან, ახალგაზრდა ბატონს უთქვამს:

- ორგულები ყოფილხართ, არ შეასრულეთ ჩემი სიტყვა, გახსენით ტუკუმანის კაკალი და ღამე გამოუშვით. თქვენ გამო დაიღუპა ყველაფერი, მათთან ერთად თქვენც დაიღუპებით, მაიმუნებად იქცევით და მთელ ცხოვრებას ხეებზე გაატარებთო.

17.11 ლეგენდა მანიოკზე

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

ზატიმარესა და მის მეუღლეს კოკოტეროს ორი შვილი ჰყავდათ: ვაჟი ზოკოიე და გოგონა ატიოლო. მამას ბიჭი თავს ერჩივნა, გოგონას კი ყურადღებასაც არ აქცევდა. გოგონა რომ დაუძახებდა, მამა მხოლოდ სტვენით უპასუხებდა ხოლმე. შვილს ერთხელაც არ დალაპარაკებია.

სასოწარკვეთილი ატიოლო შეევედრა დედას, მიწაში ჩამფალი და ყველა მოისვენებთო. კოკოტერო დიდხანს იყო უარზე, არ უნდოდა შვილის უცნაური სურვილის შესრულება. მაგრამ ატიოლოს დაჟინებულმა თხოვნამ ბოლოს მაინც გაჭრა. ქალმა წაიყვანა შვილი და ქალაქგარეთ მიწაში ჩაფლა. ჩაფლა თუ არა, ატიოლო მაშინვე შეეხვეწა დედას: ამომიყვანე, აქ ძალიან ცხელა, სადმე ტრიალ მინდორში ჩამფალიო. დედამ ეს თხოვნაც შეუსრულა, მაგრამ ატიოლომ ვერც ტრიალ მინდორში მოისვენა. შეევედრა დედას, დაბურულ ტყეში ერთი ორმო ამოთხარე და იქ გადამიყვანეო. რაღას იზამდა დედა, ერთ დაბურულ ტყეში ორი ორმო ამოთხარა და შვილი იქ გადაიყვანა. მაშინ ატიოლომ დედას უთხრა, ახლა კი წადი და თუნდაც ჩემი ყვირილი შემოგესმას, უკან აღარ დაბრუნდეო.

კოკოტერო წავიდა, კარგად გაიმანძილა, მაგრამ ირგვლივ სიმშვიდე არავის დაურღვევია. მიდის, მიდის და შვილის კივილი შემოესმა. ვეღარ მოითმინა დედამ, უკანვე გამობრუნდა, მივიდა ორმოსთან და იქვე გაშეშდა: იმ ადგილას, სადაც მისი გოგონა იყო ჩაფლული, მაღალი მწვანე ბუჩქი ამოსულიყო. როგორც კი მიუახლოვდა, ბუჩქი დაპატარავდა და ტანჩის მცენარედ იქცა.

კოკოტერომ ბუჩქის ირგვლივ ბალახი გამარგლა. მცენარე თვალდათვალ იცვლიდა ფერს და სულ უფრო და უფრო ლამაზი და მიმზიდველი ხდებოდა.

ბოლოს კოკოტერომ ბუჩქი ამოთხარა, ბუჩქს ძალიან სქელი და მაგარი ფესვები აღმოაჩნდა. ამ მცენარეს კოკოტერომ და მისმა მეუღლემ ოჟაკორე შეარქვეს, პარესის ტომმა კი კეტე უწოდა. ეს იყო ჩვეულებრივი მანიოკი, რომელსაც საჭმელად დღესაც ხმარობენ პარესისა და სხვა ინდიელთა ტომები.

17.12 როგორ გაჩნდა დედამიწაზე თამბაქო, სიმინდი, წებო და ბამბა

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

ერთხელ ერთი ქალი, სახელად ატუროაროდო, ქმრის შესახვედრად წავიდა. ქმარი ნადირობიდან ბრუნდებოდა და თან დაჭრილი ანაკონდა მოჰქონდა. ქალი შეეშველა ქმარს და ანაკონდა თვითონ წამოიკიდა ზურგზე, მაგრამ ისე მოუხერხებლად აიკიდა, რომ გველის სხეულიდან გამოჟონილი სისხლი ქალს მუცელში ჩაეღვარა.

ერთხელ ქალი ხილის მოსაკრეფად წავიდა. შევიდა ტყეში, მწიფე ნაყოფით დახუნძლული მაღალი ხის ძირას გაჩერდა და ნაღვლიანად თქვა:

- ნეტავი ხილს ვინ მომიკრეფსო.

ქალს გველის სისხლიდან ნაშობი არსების ხმა შემოესმა თავისი მუცლიდან:

- დედილო, მე ავალ ხეზე, ხილს მე მოგიკრეფო!

სისხლი გველის სახით გამოსრიალდა ქალის სხეულიდან და თვალის დახამხამებაში აცოცდა ხეზე. ქალმა დაინახა, რომ მის შვილს ადამიანის სახე არ ჰქონდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ გველი წამსვე ჩამოცურდა ხიდან და ისევ მის სხეულში გაუჩინარდა. ქალი დაბრუნდა სოფელში და ძმებს უთხრა:

- ძმებო, ვაჟი მეყოლა, მაგრამ ადამიანი კი არ არის, უცხო სულიაო.

მაშინ ძმებმა ურჩიეს, ადექი და ისევ იმ ხესთან დაბრუნდიო.

ქალს ძმებიც თან გაჰყვნენ. ქალი მივიდა მწარე ნაყოფით დახუნძლულ ხესთან და თქვა:

- ხილს ვინ მომიკრეფსო?

გველი გამოძვრა ქალის სხეულიდან, აცოცდა ხეზე და მწიფე ნაყოფს კრეფა დაუწყო. უცებ დაინახა, რომ დედამისი გარბოდა. გველი სწრაფად ჩამოცოცდა ხიდან რომ დედას დასწეოდა, მაგრამ ძმებმა მოიმწყვდიეს და ჯოხებით მოკლეს. მერე ფიჩხი მოაგროვეს, დიდი კოცონი დაანთეს და დაწვეს.

გავიდა ხანი. ერთხელ ძმები იმ ადგილზე მივიდნენ და ნახეს, რომ გველის ფერფლიდან ურუკუ, ბამბის ბუჩქი, წებოვანი წვენის მქონე ხე - კიდოგურუ, თამბაქო და სიმინდი აღმოცენებულიყო.

ჩვენმა წინაპრებმა პირველად მაშინ ნახეს ურუკუ, დაამტვრიეს მისი ნაყოფი, გამოიღეს თესლი, წყალთან და თაფლის სანთელთან ერთად შეაზავეს, მერე მცენარეულის წვენი მოუმატეს და წითელი ფერის საზელი სითხე მიიღეს, ამ სითხით ტანის შეღებვა დაიწყეს. ბამბა რომ ნახეს, ჯერ გაუკვირდათ, ნეტავი, რაში გამოვიყენებთო. მერე კი თქვეს: მოდით, მისგან სახვევები მოვქსოვოთ. სახვევებს ხელებზე, ფეხებზე შემოვიხვევთო და ისრებზე ფრთებს მივამაგრებთო.

აი, რატომაა, რომ ორარიმუგუს ინდიელები ყოველგვარ სახვევებს დღემდე ბამბისგან ამზადებენ.

ჩვენმა წინაპრებმა მაშინ თამბაქოც პირველად ნახეს. მოკრიფეს მისი ფოთლები, გამოაშრეს, სიგარისებურად დაახვიეს და მოსწიეს, მაგარი თამბაქო თუ იყო, კარგიაო, ამბობდნენ. რბილ თამბაქოზე კი ტუჩს აიმრეზდნენ, უგემურიაო.

სიმინდის ტარო პირველად რომ მოტეხეს, შეჭმა ვერ გაბედეს. ჯერ მისანს მისცეს, შენ გასინჯეო. ხოლო კიდოგურუს ხეზე კი მაშინვე თქვეს - აი, ეს წებოს ხეა, მოდით, მოვაგროვოთ მისი წვენი და ტანი მოვიხატოთო.

კიდოგურუს წვენს ახლაც ხმარობენ ტანის მოსახატად.

17.13 წითელი ციყვი

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

ერთხელ თურმე კაშინაუას ტომის სოფლის მცხოვრებთა შორის საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა. საჭმლის ნამცეციც კი არსად მოეძებნებოდათ.

შიმშილით რომ არ ამოწყვეტილიყვნენ, მამაკაცები საკვების საძებნელად წავიდნენ. სოფელში მხოლოდ ქალები და ბავშვებიღა დარჩნენ და წყალში აზელილ მიწას ჭამდნენ.

ერთხელაც ერთი ქალი წყლის მოსატანად მდინარეზე წავიდა. უცებ თვალი მოჰკრა წითელ ციყვს. ციყვი იქვე ხეზე დახტუნავდა. ქალს არასოდეს ენახა ასეთი უცნაური მხეცი და შეშინებულმა ყვირილი მორთო:

- წითელო ციყვო, წითელო ციყვო, აქედან მომშორდიო.

გულგახეთქილი ქალი გაიქცა სოფელში. მივიდა სახლში და მიწის ფაფა მოადუღა. უცებ გაიხედა და მისკენ მომავალი ლამაზი ყმაწვილი დაინახა. ეს ყმაწვილი მეორე ქალმაც დაინახა და პირველს უთხრა:

- წადი და ჰამაკი მოუტანე, რომ ამ ახალგაზრდამ ჩვენთან დაისვენოსო.

ახალგაზრდა შევიდა ქოხში და დაჯდა. ქალმა კი ჰკითხა:

- ვინა ხარ და საიდან მოდიხარო?

- მე მოჯადოებული წითელი ციყვი ვარო, - მიუგო ყმაწვილმა.

- რა ვქნათ, საჭმელი რომ არაფერი გვაქვს, რით გაგიმასპინძლდეთ, - ამოიოხრა ქალმა, - ბოსტნეული გაგვითავდა და მიწის ფაფასა ვჭამთ. სიმინდისაგან მხოლოდ ნაქურჩალიღა დაგვრჩა, ბანანისგან - გამხმარი კანი, მანიოკი კი სულ გამოგველიაო.

მოჯადოებულ ყმაწვილს შეეცოდა დამშეული ხალხი და თქვა:

- ახლავე თქვენს ოჯახს ბოსტნეულით ავავსებო.

ქალებს შეეშინდათ და, აღარ იცოდნენ, რა ექნათ. მაშინ ყმაწვილმა ხელით ანიშნა, დაწყნარდითო. მერე კი უთხრა:

- ნუ გაგიკვირდებათ. მამაჩემი ტუპა ყველაფერს შემისრულებს. ახლა წადით და გამხმარი ბანანის კანი, სიმინდისა და მანიოკის ნაქურჩალი მომიტანეთ, მერე კი ჰამაკში ჩაწექით და პირისახე დაიფარეთო.

ქალებმა დაუჯერეს. სულ მალე ყმაწვილის წინ ბანანის კანისა, სიმინდისა და ნაქურჩალის მთა წამოიმართა.

ქალები ჰამაკებში ჩაწვნენ. ყმაწვილმა სული შეუბერა სიმინდის ნაქურჩს და მწვანე ტაროებად აქცია. ბანანის კანი და მანიოკის ნაქურჩალი ბანანად და მანიოკად იქცა. მერე ყმაწვილმა იხმო ქალები. მათ სიხარულისაგან თვალები უბრწყინავდათ. მაშინვე გადაღვარეს მიწის ფაფა და სადილის მომზადებას შეუდგნენ.

წითელი ციყვი კი მოულოდნელად გაქრა. მას შემდეგ კაშინაუას ტომის ინდიელები ციყვს ნათესების მფარველად თვლიან.

17.14 როგორ გაჩნდა სიმინდი

▲ზევით დაბრუნება


ტროპიკული ტყეები

წინათ უმოტინის ხალხმა არ იცოდა, რა იყო სიმინდი. ერთხელ ერთი ქალი ტყეში წავიდა საჭმლის საშოვნელად და ანაკონდას კვერცხები იპოვა. ქალს ეგონა, ჩიტის კვერცხებიაო, და ზურგზე მოკიდებულ კალათში ჩაიწყო. კვერცხები დაიმტვრა, წვენი ზურგზე ჩამოედინა და მუცელში ჩაუვიდა. ქალს მალე გველი შეეძინა და ძალიან შეუყვარდა, იმიტომ რომ მისი ვაჟიშვილი იყო. გველმა ლაპარაკი იცოდა.

ქალი სხვა შვილებს უმალავდა გველს და ნებას აძლევდა, ისევ მუცელში ჩაძვრომოდა. ერთხელ სხვა შვილებმა მაინც დაინახეს გველი, როცა კაკლისთვის ხეზე მიცოცავდა, და დედას ჰკითხეს, ვინ არისო.

ქალმა ჯერ იუარა, გველი არც დამინახავსო, მაგრამ მერე გამოტყდა, ჩემი შვილიაო.

ვაჟები ძალიან გაბრაზდნენ და დაემუქრნენ დედას, თუ ერთხელ კიდევ დაგვინახავს, უეჭველად მოვკლავთო. გველს ყველაფერი ესმოდა დედის მუცელში.

დიდხანს მალა დედამ გველი მუცელში, მაგრამ გველი ერთხელ კიდევ წავიდა ტყეში კაკლისთვის. იქ ქალის ვაჟებმა დაინახეს, მოკლეს და სულ ნაკუწებად აქციეს. ქალი წავიდა ტყეშიდა თავისი საყვარელი ვაჟიშვილი ასე აკუწული რომ ნახა, მწარედ ატირდა. მოაგროვა ნაკუწები და დამარხა. თითოეულ ნაკუწისგან სიმინდის ღეროები წამოიზარდა და ტაროები დაისხა. ქალმა სიმინდის მარცვალი ქალებს დაურიგა სოფელში. იმათაც დაიწყეს სიმინდის თესვა. უმოტინებმა მას შემდეგ იციან, რა არის სიმინდი.

17.15 მანი

▲ზევით დაბრუნება


ტროპიკული ტყეები

ეს ამბავი ძველისძველად მოხდა. ერთ-ერთი ინდიელი ბელადის გოგო დაორსულდა. ბელადი იმ ადგილას ცხოვრობდა, სადაც ახლა გაშენებულია ქალაქი სანტარენი. მამამ დაიფიცა, შური ეძია იმაზე, ვინც მისი ქოხი შეურაცხყო. გამოჰკითხა შვილს, მაგრამ არც მოფერებამ გაჭრა, არც მუქარამ, საიდუმლო ვერ გამოსტყუა. ირწმუნებოდა, კაცი არ მომკარებიაო.

მამა ცოფებს ყრიდა, უნდოდა შვილი მოეკლა, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ვიღაც თეთრი კაცი და უთხრა:

- ნუ მოკლავ, შენი გოგო უმწიკვლოა, არასოდეს არც ერთი კაცი არ გაჰკარებიაო.

მამამ დაუჯერა და შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

გავიდა ცხრა თვე და დაიბადა გოგონა, ულამაზესი ბავშვი, საყვარელი და თეთრი, როგორც წყლის ლილია. მეზობელი ტომები განცვიფრებაში მოჰყავდა მის სილამაზეს.

საიდან არ მოდიოდნენ თეთრი გოგონას სანახავად. გოგონას მანი დაარქვეს. პირველ დღესვე დაიწყო გოგონამ სიარულიც და ლაპარაკიც; ყველას უღიმოდა, მაგრამ ძალზე სევდიანად. ერთ წელიწადში კი გარდაიცვალა, თუმცა არც უავადმყოფია, არც უწვალია. სახლთან, ბაღში დამარხეს. წინაპართა ჩვეულებისამებრ, საფლავს ყოველდღე რწყავდნენ. ერთხელ საფლავი ნახევრად გახსნილი დახვდათ, შიგ რაღაც უცხო მცენარეს გაეხარა. ვერავინ გაბედა მოეგლიჯა.

მცენარე მალე ბუჩქად იქცა. ბუჩქი აყვავდა, მერე ნაყოფი მოისხა. ტყის ფრინველები ამ ნაყოფით თვრებოდნენ.

ერთხელ იმ ბუჩქებთან მიწა გახმა და დასკდა. ლამაზი, თეთრი ბუჩქის ძირი რომ ნახეს, სულ თეთრკანიანი ლამაზი მანის სხეულს მიამსგავსეს და მცენარეს მანიოკა უწოდეს.

17.16 როგორ ისწავლეს ინდიელებმა თაფლის დღესასწაულის მოწყობა

▲ზევით დაბრუნება


ტროპიკული ტყეები

ერთხელ არუვემ, სახელგანთქმულმა მონადირემ, გაიგო, თუთიყუშები სად დაფრინავდნენ მაკაოს თესლის ასაკენკად. წავიდა, აძვრა ხეზე და მსხვერპლს დაუდარაჯდა. არუვემ ბევრი თუთიყუში მოკლა. საღამოს, ხიდან რომ ჩამოდიოდა, დაინახა, რომ ხესთან იაგუარები გროვდებოდნენ. არუვე ისევ ხეზე დაიმალა. იაგუარები თურმე თაფლისთვის მოსულიყვნენ და ჩქარა წავიდნენ. მონადირე სოფელში დახოცილი თუთიყუშებით დაბრუნდა.

მეორე დღესაც კარგად ინადირა არუვემ ხიდან. საღამოს ისევ მოვიდნენ იაგუარები და არუვემ თავისი საფარი მათი წასვლის მერე დატოვა.

ერთხელ ძმამ სთხოვა არუვეს, მიჩვენე, სად ნადირობო. წითელი თუთიყუშის ფრთები მოსდომებოდა დღესასწაულზე მოსაკაზმავად.

არუვემ ასწავლა, რომელ ხეზე ასულიყო, თან დაარიგა, მანამ არ ჩამოხვიდე, სანამ იაგუარები არ წავლენო.

მთელი დღე ინადირა არუვეს ძმამ და რამდენიმე თუთიყუში მოკლა. უცბად დაინახა, რომ იაგუარები ხეს უახლოვდებიან. ძმის დარიგების მიუხედავად, გადაწყვიტა, ერთი იაგუარი მოეკლა. მაგრამ ისარი ვერ მოხვდა მიზანში. იაგუარი ხეზე ავიდა და მოკლა არუვეს ძმა.

მთელი დღე ელოდა არუვე ძმას. რომ აღარ დაბრუნდა, იაზრა იაგუარი მოკლავდაო, და იმ ხისაკენ გაემართა. ნახა, რაც მომხდარიყოდა ძმის სისხლით მორწყულ იაგუარის ნაკვალევს მიჰყვა. კვალი ჭიანჭველების ბუდესთან გაქრა. არუვე შამანი იყო, ჩიბუხი გააბოლა და სულებს უხმო. მერე არუვე ჭიანჭველად იქცა და ჭიანჭველების ბუდეში შეძვრა. იქ სახლები დაინახა. ეს იაგუარების სოფელი იყო. არუვე ისევ ადამიანად იქცა და ძმის საძებნელად გაეშურა.

არუვემ დედალი იაგუარი დაინახა. გაჰყვა მამის სახლში და მასზე დაქორწინდა. სწორედ მის სიმამრს მოეკლა მისი ძმა. სიმამრმა უამბო არუვეს, მისმა ძმამ როგორ გააბრაზა იაგუარები.

არუვე დიდხანს ცხოვრობდა იაგუარებთან. იაგუარები ხშირად სოფლიდან რამდენიმე დღით მიდიოდნენ, მაგრამ ყოველდღე რომელიმე უკან ბრუნდებოდა და კალებასით თაფლი მოჰქონდა. თაფლიან კალებასებს იაგუარები ნივნივზე ჰკიდებდნენ ხოლმე. ღამღამობით იაგუარები ამ სახლთან იკრიბებოდნენ, სადაც თაფლი ჰქონდათ შენახული, და ძალზე ლამაზ უცნობ სიმღერას მღეროდნენ.

იაგუარებმა ბევრი თაფლი რომ მოაგროვეს, მოირთვნენ და თაფლის დიდი დღესასწაული გამართეს.

დილიდან საღამომდე მღეროდნენ. მოცეკვავეები თაფლიან წყალს სვამდნენ. არუვემ ისწავლა მათი ცეკვები და სიმღერები.

მაგრამ არუვეს მალე მოენატრა თავისი ტენეტეხარელი ცოლი და ვაჟიშვილი. მან იაგუარებს სთხოვა, მათ სანახავად გამიშვითო. იაგუარები იმ პირობით დათანხმდნენ, თუ ცოლ იაგუარსაც თან წაიყვანდა.

ცოლ-ქმარი გამოვიდა ჭიანჭველების ბუდიდან და ტენეტეხარას სოფლისკენ გაეშურა. არუვემ იაგუარ ცოლს სთხოვა, შენ სოფლის ბოლოს დამიცადე, სანამ ჩემს ტენეტეხარელ ცოლს ვნახავო. ტენეტეხარელ ცოლს ძალიან გაუხარდა ქმრის მოსვლა და მანიოკისაგან სასმელი მოუმზადა. არუვე დიდხანს დარჩა მასთან. ბოლოს მივიდა ჭიანჭველების ბუდესთან, მაგრამ იქ იაგუარი ცოლი აღარ დაუხვდა. ჭიანჭველების ბუდეში ჩასასვლელიც ამოექოლა. არუვე დამდენჯერმე მივიდა ჭიანჭველების ბუდესთან, მაგრამ იაგუარების სოფელი ვეღარ იპოვა. მაშინ ადგა და ხალხს ასწავლა, როგორ ეზეიმათ თაფლის დღესასწაული.

ის თაფლის დღესასწაული, როგორც ახლა ზეიმობენ, ხალხს ტენეტეხარმა არუვემ ასწავლა.

17.17 როგორ გაჩნდნენ წარღვნის შემდეგ მდინარეები და მხეცები

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

წინათ, წინათ, უხსოვარ დროში დედამიწაზე დიდი წყალდიდობა იყო. ბევრი ხალხი დაიხოცა. წყალმა მთელი დედამიწა დაფარა. მხოლოდ ერთადერთი მწვერვალი კრინჟიჟინბეღა ჩანდა წყლის ზემოთ. სამმა ტომმა - კაინგანგამ, კაიურუკრემ და კამემ - გადაწყვიტა როგორმე თავი გადაერჩინათ და კრინჟიჟინბეს მიმართულებით გაცურეს. ყოველ მათგანს კბილებით თითო მუგუზალი ეჭირა, რომ გზა კარგად გაეკვლია. კაიურუკრემ და კამემ მალე დაკარგეს ძალ-ღონე და დაიხრჩვნენ. მათმა სულებმა მთის გულში შეაღწიეს და მის წიაღში დაბინავდნენ.

კაინგანგამ და რამდენიმე კურუტონმა კრინჟიჟინბეს მწვერვალს მიაღწიეს. ზოგი მწვერვალის ფერდობებს შეეფინა, ზოგი კი, ვისაც ადგილი არ ეყო, ხეებზე ავიდა.

კაინგანგები რამდენიმე დღე მშიერ-მწყურვალნი იყვნენ. წყალი არ კლებულობდა და უკვე სიკვდილი ელოდათ. უცებ, საიდანღაც სიმღერა შემოესმათ, გაიხედეს და უამრავი სარაკური დაინახეს. მათ კალათებით მიწა მოჰქონდათ. ფრინველებმა მიწა წყალში ჩაყარეს და წყალმაც ცოტათი უკან დაიხია. მაშინ კაინგანგები შეეხვეწნენ სარაკურებს, აჩქარდითო. ჩიტებმა ხმამაღლა შემოსძახეს სიმღერა, რომ შრომა გაადვილებოდათ, თან დასახმარებლად იხვებიც იხმეს. გაჩაღდა ხალისიანი მუშაობა. მიწას მანამდე ყრიდნენ წყალში, ვიდრე დიდი ვაკე არ გააჩინეს. აი, სწორედ ამ ვაკეზე დასახლდნენ კაინგანგები. ის კაინგანგები კი, რომლებმაც ხეებს შეაფარეს თავი, მაიმუნებად გადაიქცნენ. სარაკურები მიწას მთის იმ მხარიდან ყრიდნენ, საიდანაც მზე ამოდიოდა, ამიტომ ყველა ჩვენი მდინარე და წყარო დასავლეთისკენ მიემართება. იქ კი მდინარე პარანას ერთვიან.

როცა დიდი წარღვნა დამთავრდა, კაინგანგებმა სერ დო მარასთან მდებარე ადგილები დაიკავეს. მთის გულში დასახლებულმა კაიურუკრესა და კამეს სულებმა გარეთ გამოსასვლელი გზების ძებნა იწყეს. ბევრი იწვალეს, ვიდრე მიწის წიაღს თავს დააღწევდნენ. კაიურუკრეს ხალხი მთის მხრიდან გამოვიდა, კამესი - მეორე მხრიდან. კაიურუკრეს ხალხმა თავისთვის წყაროს გაყოლებით გაიყვანა გზა. აქ მიწა სწორი და გლუვი იყო. სწორედ ამის გამო აქვთ კაუკურუკრეს ხალხს პატარა ფეხები. კამეს ხალხი კი ქვიან მიწაზე დასახლდა, მათ მახლობლად არცერთი წყარო არ იყო. ისინი დასალევ წყალს კაიურუკრეს მცხოვრებლებს სთხოვდნენ. ბევრი სიარულისგან ფეხები დახეთქილი და შესიებული ჰქონდათ. ამ ხალხს დღესაც დიდი ფეხები აქვთ.

იმ დროს, როცა კამესა და კაიურუკრუს სულები მთის წიაღიდან გამოსასვლელს ეძებდნენ, კაინგანგას ხალხმა კურუტონებს უბრძანა, ბარში წადით და ჩვენი ძველი კალათები და კალებასები მოგვიტანეთო. კურუტონებს უარი არ უთქვამთ. ჩავიდნენ ბარად, მაგრამ სიზარმაცის გამო მთაში დაბრუნება შეეზარათ და იქვე დარჩნენ. აი, ამიტომ, სადაც კურუტონებს წააწყდებით, გაქცეული მონებივით ვიჭერთ. მათ ხომ კაინგანგების სიტყვა არ შეუსრულეს.

კაიურუკრები მთის წიაღიდან გამოვიდნენ თუ არა, დიდი კოცონი დაანთეს. ცეცხლი რომ მინავლდა, მისანმა კაიურუკმა ნახშირისა და ნაცრისაგან იაგუარები შექმნა. მერე ამ იაგუარებს უთხრა: წადით, ტყეში იცხოვრეთ და ადამიანებითა და მხეცებით იკვებეთო! იაგუარები მაშინვე ღმუილით გაცვივდნენ ტყისკენ. მისანმა მთელი ნახშირი იაგუარებს დაახარჯა. ტაპირები მხოლოდ ნაცრისაგან გამოძერწა.

- წადით და ფრინველებით ირჩინეთ თავიო! - უბრძანა მან ტაპირებს, მაგრამ მისანმა მათ ყურები ძალიან ცუდად მიაბა, ამიტომ ტაპირებმა მისი სიტყვები კარგად ვერ გაიგეს და შეეკითხნენ, რა ვქნათო? მისანი უკვე სხვა მხეცებს ძერწავდა და გულმოსულმა უყვირა: წადით და ფოთლებითა და ტოტებით იკვებეთო! ახლა კი გაიგეს, რაც უთხრეს და მაშინვე ბრძანების შესასრულებლად გაიქცნენ. აი, რატომ იკვებებიან ტაპირები მხოლოდ ხის ფოთლებით, ტოტებითა და ნაყოფით. მისანი კაიურუკრი კი ახალ მხეცს ძერწავდა. უკვე თენდებოდა და მის ჯადოქრობას თანდათან ძალა აკლდებოდა. ამიტომ სიჩქარეში კბილები, ენა და ბრჭყალები ვერ გაუკეთა. პირში მხოლოდ თხელი ღლერჭი ჩაუდო და უთხრა: შენ მარტო ჭიანჭველებით ისაზრდოვებო.

აი, რატომ დარჩა ჭიანჭველაჭამია დაუმთავრებელი და რატომ გამოიყურება ასე უცნაურად. შემდეგ საღამოს კაიურუკრმა კიდევ გამოძერწა სხვადასხვა ცხოველი და ფრინველი. მშრომელი ფუტკარიც მანვე გააჩინა ამქვეყნად.

მისანი კამეც შეუსვენებლივ საქმიანობდა. მაგრამ იგი ისეთ მხეცებს ძერწავდა, რომლებსაც თავისუფლად შეეძლო კაიურუკრის გაკეთებულ მხეცებთან შებრძოლება. მან გააკეთა პუმუ, შხამიანი გველები და ავი კრაზანები.

კაიურუკმა და კამემ საქმე მოათავეს და თავიანთ ტომებს კაინგანგისკენ წაუძღვნენ. გზაზე შეიტყვეს, რომ იაგუარებს სისხლი უყვართ და ადამიანებს ჭამენო, ამიტომ გადაწყვიტეს, სულ გაეჟლიტათ იაგუარების მოდგმა. გზად დიდ მდინარეზე უნდა გადასულიყვნენ. კაიურუკრმა და კამემ მდინარეზე ძელი გადეს, როგორც კი ყველა მეორე ნაპირზე გავიდა, კაიურუკრმა კამეს ტომის ერთ-ერთ მკვიდრს უბრძანა:

- ხიდთან დარჩი და იაგუარებს დაუყარაულე, თუ ზედ გამოვიდნენ, ძელს ხელი ჰკარი და წყალში ჩაყარეო.

კამე დაყაბულდა. მართლაც, როგორც კი იაგუარები ძელზე ამოვიდნენ, კამემ ხელი ჰკრა და იაგუარები წყალში გადაყარა. ბევრი იაგუარი დაიხრჩო. ზოგიერთმა კი მოასწრო უკან გადახტომა და მიწას ბრჭყალებით ჩაებღაუჭა. გადარჩენილი იაგუარები ისე საზარლად აღრჭენდნენ კბილებს და ღრინავდნენ, რომ შეშინებულმა კამემ იაგუარებს თავი მიანება. მას შემდეგ იაგუარები მარტო ხმელეთზე კი არა, წყალშიც კარგად გრძნობენ თავს.

ბოლოს ინდიელებმა ერთ ტრიალ მინდორს მიაღწიეს. ამ მინდორზე ცხოვრობდნენ კაინგანგები. მოსულები მოელაპარაკნენ დამხვდურთ და რჩევა სთხოვეს, ჩვენი შვილები როგორც დავაცოლშვილოთო. ისინიც ადგნენ და ჯერ კაიურუკრეს ვაჟებს ქალები შერთეს ცოლად, მერე კი კამეს ტომის ვაჟებს - კაიურუკრეს ქალები. უცოლოდ დარჩენილ ახალგაზრდებს მხოლოდ ამის შემდეგ დართეს ნება კაინგანგების ქალებზე დაქორწინებულიყვნენ.

აი, რატომ ნათესაობენ ერთმანეთში კაიურუკრეს, კამესა და კაინგანგების ტომის ინდიელები.

17.18 მთის ყვავილი

▲ზევით დაბრუნება


ანდების მთიანეთი

შვიდი წლის წინათ თოვლი მოვიდა და მთელი დედამიწა აყვავდა. მაგრამ სრულიად მოულოდნელად ვულკანმა ამოხეთქა და არე-მარე ფერფლით დაიფარა. ფერფლმა მიწა გამოაშრო, მოსავალი აღარ მოდიოდა. მაშინ სათათბიროდ შეიკრიბნენ მთავარი ბელადი და დანარჩენი ბელადებიც. უეცრად, არავინ იცის, საიდან, გამოჩნდა ერთი კაცი და ყველა და ყველაფერი, ჩიტებიც კი მიჩუმდნენ.

აი, რა თქვა იმ კაცმა:

- თქვენს ბელადს ერთი ქალიშვილი ჰყავს, სახელად ლიკერაიენი

- მთის ყვავილი - ჰქვია. მისი გული ჩააქრობს ვულკანს, ისევ მოვა

თოვლი და დედამიწაზე ისევ გაცოცხლდება ყველაფერი. მაგრამ ლიკერაიენი მთისა და მინდვრის ყვავილებს შორის უნდა მოკვდეს. როცა მოკვდება, ვინმე მამაცი მკერდიდან გულს ამოუღებს და დარიჩინის ხის ტოტზე ჩამოჰკიდებს. მერე კორდილიერების მწვერვალიდან კონდორი დაეშვება, დაავლებს გულს ნისკარტს და ვულკანში ჩააგდებს.

თქვა და გაუჩინარდა.

ბელადს ფერი წაუვიდა, ეს რომ გაიგონა, მაგრამ ლიკერაიენმა დაამშვიდა:

- ნუ დაღონდი, მამი, მე არ მოვკვდები.

ერთმა მამაცმა კაცმა დაკრიფა რაც კი მთაში თუ მინდორზე ყვავილი იყო და მისგან ლიკერაიენისთვის სარეცელი გაამზადა. მერე ბელადმა მოიყვანა თავისი ქალიშვილი და იმ სარეცელზე დააწვინა. მოკვდა ლიკერაიენი. მიჩუმდნენ ადამიანებიცა და ფრინველებიც. მამაცმა ადამიანმა კი ამოუღო ლიკერაიენს მკერდიდან გული და დარიჩინის ხის ტოტზე ჩამოჰკიდა. კონდორმა წაიღო გული და ვულკანში ჩააგდო. წამოვიდა თოვლი და ვულკანიც ჩაქრა.

17.19 იშტლაკსიუატლისა და პოპოკატეპეტლის ვულკანების ლეგენდა

▲ზევით დაბრუნება


მექსიკა

იშტლაკსიუატლი - თეთრი ქალი - ყველაზე უმაღლესი მთაა იმ მთებს შორის, მეხიკოს ველს რომ გარშემორტყმია. იმის გვერდით კი დგას მბოლავი მთა - პოპოკატეპეტლი. ეს ვულკანები ისეთი მაღლები არიან, სამი შტატის დაშორებითაც ჩანან.

ცის ფონზე მკვეთრად იკვეთება ყინულოვანი თოვლით დაფარული მთის მწვერვალები. ზოგჯერ ღრუბელი ფარავთ ხოლმე. განთიადისას ამომავალი მზის სხივები ელამუნება მთებს, ღამღამობით კი მთის მწვერვალები სიბნელეში ინთქმება.

ყოველ ჩვენგანს, ვინც ამ გოლიათი მთების ძირას ცხოვრობს და ყოველდღე უყურებს ამ უჩვეულო სილამაზეს, ეჩვენება, რომ იშტლა და პოპო, როგორც ჩვეულებისამებრ ვეძახით მათ, ადამიანური თვისებებისანი არიან. გვეჩვენება, თითქოს ისინი იმ ლეგენდის შეყვარებული გმირები იყვნენ, რომელიც ხშირად გვსმენია და გვიამბია კიდეც მათზე.

იშტლაკსიუატლი, აცტეკების ძლიერი მბრძანებელის ასული, მისი ტახტისა და დიდების ერთადერთი მემკვიდრე იყო. როცა მამამისი მოხუცდა და დაუძლურდა, მის ქვეყანას მტერი შემოესია. მბრძანებელმა საშველად უხმო ქვეშევრდომ ტომთა უმამაცეს ჭაბუკებს. ვინც მტერს დაამარცხებდა, თავის ტახტსა და ასულს შეჰპირდა. ყველაზე მამაცი მეომარი იყო პოპოკატეპეტლი. მეფის ასულსა და პოპოკატეპეტლის დიდი ხანია უყვარდათ ერთმანეთი.

ომი მრისხანე, ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი გამოდგა. ის იყო ომი უნდა დამთავრებულიყო და გამარჯვებული პოპოკატეპეტლის შეპირებული ჯილდო უნდა მიეღო, რომ მისმა მეტოქეებმა შემოთვალეს, პოპოკატეპეტლი მოკლესო. პრინცესა საშინელმა სენმა შეიპყრო. ვერც ექიმბაშებმა უშველეს და ვერც ქურუმებმა. რაც დღე გადიოდა, ქალი დნებოდა და ბოლოს სულიც დალია.

პოპოკატეპეტლი რომ დაბრუნდა და პრინცესას სიკვდილი შეიტყო, ლამის დარდისგან გათავდა, აღარ უნდოდა სიცოცხლე. ააგო მაღალი პირამიდა და შიგ თავისი სატრფო დაასვენა. მის გვერდით კი თავისთვის აიგო პირამიდა და ანთებული ჩირაღდნით მის გვერდით დადგა, რომ ქალის მარადიული ძილი გაენათებინა.

გავიდა წლები. თოვლმა დაფარა პრინცესაც და მამაცი ჭაბუკიც. მაგრამ ანთებული ჩირაღდანი ვერ ჩააქრო. იგი ახლაც ანთია, ცხოველი და ჩაუქრობელი, როგორც პოპოკატეპეტლისა და მშვენიერი პრინცესას სიყვარული.

17.20 რეინირის მთა და წარღვნა

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

უხსოვარ დროს, როცა სამყარო ახალგაზრდა იყო, დიდი სული ძლიერ განურისხდა დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებსა და მხეცებს. მაშინ ის რეინირის მთის ყინულოვან მწვერვალზე ცხოვრობდა.

გაბრაზებით კი იმიტომ გაბრაზდა, რომ ადამიანები და მხეცები ბოროტები იყვნენ და ხშირად ერთმანეთს თავს ესხმოდნენ.

დიდ სულს ეწადა, დედამიწაზე ერთი კეთილი კაცის ოჯახი და კეთილი მხეცები დაეტოვებინა.

- მთის მწვერვალის ქვემოთ ღრუბელი რომაა, ისარი სტყორცნეო, - უთხრა მან კეთილ კაცს. კეთილი კაცი ასეც მოიქცა. ისარი ღრუბლებში ჩაერჭო.

- ახლა მეორე ისარი პირველის ბოლოში მოარტყიო.

მეორე ისარი პირველს ბოლოში მოხვდა და შიგ ჩაიჭედა. ისროდა და ისროდა კაცი ისრებს. ისრებიც ერთმანეთის ბოლოში ერჭობოდა.

ასე გაიჭიმა ისრების გრძელი თოკი ღრუბლებიდან დედამიწამდე.

- ახლა შენს ცოლ-შვილს უთხარი, თოკზე ამოცოცდნენ. ასევე უთხარი კეთილ მხეცებს. თან თვალი გეჭიროს, ბოროტი მხეცები და ბოროტი ადამიანებიც არ ამოჰყვნენო, - უბრძანა დიდმა სულმა კეთილ კაცს.

მართლაც, კეთილმა კაცმა ცოლს უთხრა, თოკზე აცოცდიო. ქალს მათი შვილები მიჰყვნენ, მათ შვილებს კი კეთილი მხეცები. ყველა რომ ავიდა, უკან კეთილი კაცი მიჰყვა.

ღრუბლებზე ფეხი რომ დაადგა, კეთილმა კაცმა დაინახა, თოკზე ბოროტი ადამიანები, ბოროტი მხეცები და გველებიც კი მიცოცავდნენ. მაშინ ადგა, გამოაძრო პირველად ნასროლი ისარი და თოკი გაწყვიტა. დაინახა, ბოროტი მხეცები და გველები მთის ფერდობებიდან როგორ ჩამოგორდნენ ძირს.

დიდი სული რომ დარწმუნდა, კეთილი ადამიანები და მხეცები უვნებელნი არიანო, ძლიერ თავსხმას უბრძანა, დედამიწას დასცხეო. მრავალი დღე და ღამე კოკისპირულად წვიმდა. დედამიწა წყალმა დაფარა; წყალი რეინირის მთის ფერდობებს თანდათან მაღლა უწევდა. ბოლოს იმ სიმაღლეზე მიაღწია, სადაც თოვლი ზაფხულობითაც კი არა დნება. ბოროტი ადამიანები და მხეცები სულ რომ ამოწყდნენ, დიდმა სულმა წვიმას უბრძანა, შეწყვეტილიყო, თან კეთილი ადამიანის ოჯახთან ერთად თვალს ადევნებდა წყლის კლებას. მიწა რომ გაშრა, დიდმა სულმა კეთილ კაცს უთხრა:

- ახლა შეგიძლია, შენი ოჯახითა და კეთილი მხეცებით ძირს ჩახვიდეო.

კეთილმა ადამიანმა ცოლ-შვილი და მხეცები მთის ბილიკებით დედამიწაზე ჩამოიყვანა, რომ იქ დასახლებულიყვნენ, არც ბოროტი მხეცები შეხვედრიათ გზაში და არც გველები. ისინი დღესაც არ არიან რეინირის მთაზე.

17.21 კრატერის ტბა და ორი მონადირე

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

კლამატელების რწმენით, კრატერის ტბაში ყველაზე ძლიერი სული ცხოვრობდა. ბინად თითქმის შუა ტბაში ამართული ფრიალო კლდე ჰქონდა, რომლის გულში გამუდმებით ენთო ცეცხლი. კლდის მწვერვალზე გაჩენილი ღრმულიდან მოგიზგიზე ცეცხლის ენები იფრქვეოდა და შავი კვამლი ბოლქვ-ბოლქვად იტყორცნებოდა.

კლამატელი მისნები (დიდი სული მხოლოდ მათ აძლევდა ტბასთან მისვლის უფლებას) ამბობდნენ, წყალი უზარმაზარ ღრმულში დგას, რომელიც დედამიწის გულისაკენ მიდისო.

„ეს ღრმული ცასავით ღრმა და უძიროა, - ჰყვებოდნენ ისინი, - მის ირგვლივ შემორტყმულ მთებს შორს აქვთ ფესვები გადგმული მიწაში, მწვერვალები კი ღრუბლებს სწვდებიან. ღრმული წყლით არის სავსე. უძირო, იმაზე უძირო წყლით არის სავსე, ვიდრე მის ზედაპირზე არეკლილი ზეცა. მრავალი წლის წინ ამ ღრმულიდან გამოვიდნენ ჩვენი წინაპრები. ისინი მიწის გულიდან ცეცხლსა და კვამლს გამოჰყვნენ. ახლა კლამატელები რომ იხოცებიან, მათი სულები ტბის შუაგულში პატარა მთას უბრუნდებიან“.

მისნები დროდადრო ადიოდნენ ხოლმე ტბასთან, რომ დიდი სულისთვის რჩევა ეკითხათ. თან იქ სამკურნალო ბალახებს ეძებდნენ, იქვე პოულობდნენ ავი სულების საწინააღმდეგოო ავგაროზებს, იქ ხვდებოდნენ გარდაცვალებულთა სულებს და მათი ამბავი შინაურებთან მიჰქონდათ. ბოროტ ადამიანთა სულები კვამლსა და ორთქლში ტრიალებდნენ ტბის შუაგულში ამოზიდული კლდის თავზე. ცდილობდნენ, თავიანთი წილხვედრი სასჯელისთვის თავი დაეღწიათ, მაგრამ დიდი სული გამუდმებით აბრუნებდა უკან.

იმათ სულებს, ვინც ალალმართლად იცხოვრეს, შეეძლოთ როგორც უნდოდათ, ისე ემხიარულათ, ეფრინათ ტბაზე, მთიდან მთაზე, ხევებზე. ზოგიერთი ტბაზე კანოებით დაცურავდა და თევზს იჭერდნენ, ზოგნი - ფრინველებივით დასტრიალებდნენ ტბას და ერთი მთის მწვერვალიდან მეორეზე დაფრინავდნენ, ზოგიც - ტყეში ნადირობდა ირმისა და დათვის სულებზე.

ეს ყველაფერი უხუცესებმა მოუთხრეს თავიანთ ხალხს. დიდი სულის კანონი ამბობსო: უხუცესთა გარდა არცერთი კაცი არ უნდა გაეკაროს მიცვალებულთა სახლს და დიდი სულის საცხოვრებელ ადგილს. თუ ვინმემ ეს კანონი დაარღვია, სიკვდილი არ ასცდება და მისი სული კლდის შუაგულში აბრიალებულ მარადიულ ცეცხლში მოხვდებაო.

ყველა კლამატელს სჯეროდა მისნების, მაგრამ ორი მონადირე მაინც გამოჩნდა ისეთი, რომ არ ირწმუნეს მათი სიტყვა. ეს მონადირეები ყველაზე მძვინვარე მხეცებს ხოცავდნენ ტყეებში, ყველაზე ძლიერი მეომრების სკალპები ეკიდათ სარტყლებზე. მათ ყველა მტერი დაამარცხეს და უკვე აღარავისი შიში აღარა ჰქონდათ. ჰოდა, ამ მონადირეებმა მოიწადინეს, წასულიყვნენ და სულების ის წმინდა ადგილი ენახათ.

მონადირეებმა დატოვეს კლამატის ტბის ახლო მდგარი თავიანთი ქოხები და ტყის ბილიკებით შეუყვნენ მთათა მწვერვალებს, რომლებიც მათი გადმოცემის მიხედვით იცოდნენ, ტბას უზარმაზარი თასის ნაპირებივით შემორტყმოდნენ. დიდხანს მიფოფხავდნენ მონადირეები სულთა სამყაროს ფერდობებზე. თუმცა ყურებში ედგათ უხუცესთა გაფრთხილება, მაინც გაბედულად მიიწევდნენ წინ.

ბოლოს, ბოლოს, როგორც იყო, ტყის ნაპირას გავიდნენ და ძალიან დაბლა ლურჯი ტბა დაინახეს. ყველაფერი ისე იყო, როგორც უხუცესნი ამბობდნენ. ტბის ზედაპირზე და მის ირგვლივ მოდარაჯე მთებზე სულები ჩიტებივით დაფრინავდნენ, ერთმანეთს მხიარულად ეძახდნენ, მათი ხმა ფრინველთა გალობას ჰგავდა. ტბიდან ამოზიდულიყო პატარა მთა. მისი მწვერვალის ნაპრალიდან ცეცხლის ენები და კვამლის ბოლქვები იტყორცნებოდა. კვამლიდან სიცოცხლეში ჩადენილ დანაშაულთა გამო დასჯილ სულთა ყვირილი ისმოდა. უხმოდ ჩასცქეროდნენ მონადირეები ტბას და თვალი ვერ მოეწყვიტათ. ისე იდგნენ, თითქოს კლდეს შეეზარდნენო. ამასობაში, სანამ მონადირეები იდგნენ და გაოცებულები იყურებოდნენ, დიდმა სულმა თვალი შეასწრო და ტბიდან ამოვიდა, უხმო ტბის ძირას გაწოლილ ურჩხულს და კლდეზე მდგარ იმ ორ მონადირეზე მიუთითა.

არწივი უსწრაფესად გაქანდა ურჩხული მონადირეებისაკენ. ტბის პირას მიცურდა თუ არა, მონადირეებს თავზე დააცხრა და ერთერთი ბრჭყალებში მოიქცია. წაიღო გულგახეთქილი მონადირე და მთისკენ გაცურდა.

მეორე მონადირე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა უკან. დამფრთხალი ირემივით მიხტოდა მთის ფერდობზე და განრისხებული სულთა ბრბოები მიაცილებდა. მონადირე სულმოუთქმელად შევარდა სოფელში და ხალხს უამბო, რომ არ დაუჯერა მისნებსა და დიდ სულს, რომ ურჩხულმა ამხანაგი მოსტაცა. დაამთავრა თუ არა თხრობა, მონადირე დაეცა და მოკვდა. აი, ასე ახდა დიდი სულის წინასწარმეტყველება. გარდაცვლილი მონადირის სული ტბიდან ამოზიდული პატარა მთის შუაგულში აბრიალებულ ცეცხლში ჩავარდა.

კლამატის ხალხი არასოდეს ივიწყებდა, რაც იმ ორ მონადირეს გადახდა თავს. მას შემდეგ სულ რამდენიმე კაცმა თუ გაბედა იმ ტბის სილურჯეში ჩახედვა, რომელსაც ახლა კრატერის ტბას ეძახიან.

17.22 საიდან მოდის პოტლაჩი

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

ერთხელ ერთი სოფლის მახლობლად, ოკეანეზე, უცნაური ფრინველი გამოჩნდა. ახალგაზრდა ინდიელები ნაპირზე გამოვიდნენ, რომ ისრებით განეგმირათ, მაგრამ ვერავინ მოახვედრა მიზანში.

ოქროს არწივის მსახური ცისფერი ჩხიკვი ყოველ დილით უყურებდა, როგორ ცდილობდნენ მონადირეები უცნაური ფრინველის მოკვლას

ერთხელ ოქროს არწივმა თქვა:

- ამ მშვენიერ ფრინველს ჩემი შვილები დაიჭერენო.

- ო, არა, თქვენ ხომ სულ ქალები გყავთო, - სწრაფად მიუგო ჩხიკვმა.

ოქროს არწივის ქალები უსმენდნენ ამ საუბარს, მაგრამ არაფერი უთქვამთ.

მეორე დილით ორი უმცროსი და ტყეში წავიდა და საღამომდე იქ დარჩნენ. ამის შემდეგ რამდენიმე დღე ზედიზედ იარეს ტყეში, მაგრამ არავის უთხრეს, იქ რას აკეთებდნენ.

თუმცა ისინი ქალები იყვნენ, წარმოიდგინეთ, რომ ტყეში ისრებსა თლიდნენ! ერთხელ კი დილაუთენია წავიდნენ ტყეში და რაც ისარი დაამზადეს, წამოიღეს. სოფელში რომ შედიოდნენ, თავიანთი კანოებით ოკეანეზე მიცურავდნენ და ისრებს უშენდნენ უცნაურ ფრინველს.

ქალებმა, არავინ გვიცნოსო, გარეგნობა შეიცვალეს და სახეზე თმები ჩამოიბურდეს. მერე ოკეანის გასწვრივ გაცურეს და ჩიტს მიეპარნენ. უფროსმა დამ მესამე ისრის გასროლაზე მოკლა იგი.

საღამოს ქალებმა მამას უთხრეს:

- უცნაური ფრინველი მოვკალით და ტყეში დავმალეთ. გვინდა, რომ მისი ჭრელ-ჭრელი ფრთები საჩუქრად დავარიგოთ. ცისფერ ჩხიკვს ხომ არ უბრძანებ, ხვალ ყველა ფრინველი დაგვიპატიჟოსო?

დილით ცისფერი ჩხიკვი ფრინველების დასაპატიჟებლად გაეშურა. მალე ოქროს არწივის სახლი ფრინველებით აივსო.

- ჩემმა შვილებმა უცნაური ჭრელფრთიანი ფრინველი მოკლეს. ახლა უნდათ, ყველას საჩუქრები დაგირიგოთო, - უთხრა მათ მასპინძელმა.

გოგოებმა, მართლაც, ფრინველებს ნაირ-ნაირი ფრთები დაურიგეს. მინდვრის ტოროლას ყვითელი და ყავისფერი ფრთები აჩუქეს, გულწითელას - წითელი და ყავისფერი, ჭინჭრაქას - ყავისფერი, სკვინჩას - ყვითელი და შავი. და ასე, ყველას თავ-თავისი შესაფერი ბუმბული მისცეს.

მას აქეთ ფრინველებს სხვადასხვანაირი ფრთები აქვთ. პოტლაჩიც აქედან მოდის.

ეს იყო პირველი პოტლაჩი. სტუმრად მიწვეულებმა მასპინძლისაგან მაშინ პირველად მიიღეს საჩუქრები.

17.23 როგორ გაჩნდნენ ადამიანები და საიდან წარმოიშვნენ ინკები

▲ზევით დაბრუნება


ანდების მთიანეთი

ამბობენ, ყველა სულდგმული, ადამიანიც და ცხოველიც, წარღვნის დროს დაიღუპა, წყალმა ყველაზე მაღალი მთებიც კი დაფარაო. გადარჩა მხოლოდ ერთი მამაკაცი და ერთი ქალი, რომლებსაც თურმე კიდობანისთვის შეეფარებინათ თავი. როცა წყალმა იკლო, ქარმა კიდობანი კუსკოდან სამოცდაათი ლიგათი დაშორებულ უანაკოსთან გარიყა. ყოველივე არსებულის შემქმნელმა მათ უბრძანა, ამ ადგილას დარჩენილიყვნენ და მიტიმაედ ქცეულიყვნენ.

ტიაუანაკოშიც ღმერთმა შექმნა იქაური ტომები. სათითაოდ ძერწავდა თიხისგან თითოეული ტომის თითო-თითო კაცს და იმ ტანსაცმელსაც ახატავდა, რომლებიც მათ უნდა ეტარებინათ. ვისაც გრძელი თმა უნდა ჰქონოდა, გრძელ თმას უკეთებდა, ვისაც შეკრეჭილი - იმათ მოკლეთმიანს ძერწავდა. თითოეულ ამ ხალხს მან მისცა თავისი ენა, სიმღერები, საჭმელი და თესლეული.

როცა შემოქმედმა ეს სამუშაო დაასრულა, ყოველ მათგანს - ქალსა თუ კაცს, - სული შთაბერა, გააცოცხლა და უბრძანა, მიწაში ჩამძვრალიყვნენ. მერე კი თითოეული ტომი იმ ადგილას გამოვიდა მიწიდან, სადაც ნაბრძანები ჰქონდა.

ამბობენ, ზოგი გამოქვაბულიდან გამოვიდა, ზოგი - მთა-გორებიდან და წყაროებიდან, ზოგიც ხეებიდანო. გამოვიდნენ და დაიწყეს გამრავლება. ის ადგილები კი, საიდანაც ისინი წარმოიშვნენ, თაყვანისცემის ადგილებად იქცა. თითოეულმა ხალხმა აქ დააყენა თავისი უაკა და ტანსაცმლით შემოსა ისინი.

გადმოგვცემენ, თითქოს ის პირველი ადამიანები, იმ ადგილებში რომ დაიბადნენ, იქვე ქვებად გადაიქცნენო. სხვანი კი ამბობენ, შევარდნებად, კონდორებად და სხვადასხვა ფრინველებად თუ ცხოველებად გადაიქცნენო. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა ხალხს სხვადასხვაგვარი უაკა ჰყავს.

ამბობენ, შემოქმედი ტიაუანაკოში ცხოვრობდაო და ამიტომ არის იქ განსაცვიფრებელი, დიდებული ნაგებობანი. ამ შენობებზე ინდიელთა ტანსაცმელებია გამოსახული. ბევრია ქვის კაცები და ქალები. ისინი ურჩობისათვის გააქვავაო შემოქმედმა.

გადმოგვცემენ, მანამდე მზე არ იყო და ქვეყნიერებაზე სიბნელე მეფობდაო. შემოქმედმა კი მზეც გააკეთა, მთვარეც, ვარსკვლავებიც და უბრძანა, იქვე ახლოს მდებარე კუნძულ ტიტაკაზე წასულიყვნენ, რათა მერე იქიდან ზეცაში აფრენილიყვნენ. იმასაც ამბობენ, როცა ადამიანის სახის მბრწყინავი მნათობი ზეცისკენ მიემართებოდა, მან მოუხმო ინკებსა და მათ ბელად მანკო კაპაკს და უთხრა: „შენა და შენი შთამომავლობა იბატონებს და მრავალ ხალხს დაიპყრობს. მიგულეთ მამად, თქვენ კი ჩემი შვილები იქნებით, პატივი მეცით, როგორც საკუთარ მამასო“. ესა თქვა და მანკო კაპაკს წარჩინების ნიშნები და იარაღები უბოძა. წუთიც და მზემ, მთვარემ და ვარსკვლავებმა თავ-თავიანთი ადგილები დაიკავეს ცაზე.

ხოლო მანკო კაპაკი, როგორც შემოქმედმა უბრძანა, თავისი დაძმებით ჩაეშვა და პაკარაი-ტამბოს გამოქვაბულიდან გამოვიდა (თუმცა იმასაც ამბობენ, სხვა ხალხებიც ამ გამოქვაბულიდან გამოვიდნენო). აქედანვე ამოვიდა პირველი მზე, როცა შემოქმედმა ერთმანეთისგან გათიშა დღე და ღამე.

აი, რატომ უწოდებენ ინკებს მზის შვილებს და რატომ სცემდნენ ისინი თაყვანს მზეს.

17.24 როგორ გაჩნდა მზე და მთვარე

▲ზევით დაბრუნება


მექსიკა

ამბობენ, წინათ დედამიწაზე ნათელი დღე არ იყოო. ერთ დღეს ღმერთები შეიკრიბნენ ტეოტიჰუაკანში და გამართეს ბჭობა, რომელი გაანათებდა მსოფლიოს. ღმერთმა ტეკუკისეკატლმა თქვა:

- მსოფლიოს მე გავანათებო.

ისევ გამართეს ბჭობა ღმერთებმა და მეორეჯერ იკითხეს, კიდევ ხომ არავის სურს, მსოფლიო გაანათოსო. ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ არავინ გამოჩენილა მამაცი: ყველას შეეშინდა და უარი თქვა.

ერთი ღმერთი, რომელსაც ცუდი ავადმყოფობა სჭირდა და ყველას ეჯავრებოდა, იჯდა და ხმას არ იღებდა, სხვების ნათქვამს ისმენდა მხოლოდ. ღმერთები მიუტრიალდნენ და მას ჰკითხეს:

- ნანაუაცინ, შენც თანახმა ხარო?

იგი მაშინვე დაემორჩილა და თქვა:

- თქვენს წინადადებას დიდ მოწყალებად ვღებულობ, თქვენი ნება იყოსო.

ორივე ამორჩეული ღმერთი მაშინვე მონანიების ცერემონიალს შეუდგა, რაც ოთხ დღეს გაგრძელდა. ცეცხლი გააჩაღეს მთაზე, რომელსაც ტეოტესკალის - ღმერთების მთას ეძახიან. ღმერთმა ტეკუკისეკატლმა შესწირა ძვირფასეულობა: ყვავილების ნაცვლად კეცალის მშვენიერი ფრთები მიიტანა: ჩალის ბურთების მაგიერ - ოქროს სფეროები. აგავის ეკლების მაგივრად, რომლითაც სისხლი უნდა დაეღვარა, - ძვირფასი ქვების ბუნიკები და წითელი ნიჟარის ეკლები. მისი შეწირული კოპალიც ყველაზე საუკეთესო იყო.

ავადმყოფმა ღმერთმა ნანაუაცინმა ტოტების მაგივრად ლერწმის ცხრა ღერო მიიტანა, ჩალის ბურთები და მისივე სისხლნაპკურები აგავის ეკლები, კოპალის მაგიერად კი - თავისი წყლულების ფუფხი და ჩირქი.

ორივე ღმერთისათვის ააგეს პირამიდა. ოთხი დღე და ოთხი ღამე დაჰყვეს აქ ლოცვასა და მარხულობაში. როცა დათქმულმა დღეებმა განვლო, ამ ადგილის გარშემო მოჰფინეს ორივე ღმერთის შესაწირავი ტოტები და ყვავილები.

მეორე დღეს, შუაღამე გადავიდა თუ არა, რიტუალი უნდა დაწყებულიყო. ტეკუკისეკატლს ფრთებისაგან დამზადებული მშვენიერი ტანსაცმელი და თეთრი, რბილი ქსოვილის კურტაკი მოუტანეს. ნანაუაცანის თავზე ქაღალდის ქუდი დაახურეს, სათეძოე შემოარტყეს და ქაღალდის მოსასხამი მოასხეს. შუაღამისას ღმერთები ოთხი დღის დანთებულ ცეცხლს შემოეხვივნენ. მერე გაიყვნენ და ცეცხლის ორივე მხარეს ორ მწკრივად ჩარიგდნენ. რჩეულნი წინ გამოვიდნენ და ცეცხლის პირისპირ დადგნენ ღმერთების მწკრივებს შორის. ტეკუკისეკატლს რომ მიუახლოვდნენ, ღმერთებმა შესძახეს:

ტეკუკისეკატლ, ცეცხლში ჩახტი!

ტეკუკისეკატლმა სცადა ცეცხლში ჩახტომა, მაგრამ ცეცხლი ძალიან დიდი იყო. ღმერთს შეეშინდა ცეცხლისა და უკან დაიხია. მოიკრიბა ვაჟკაცობა და კიდევ სცადა ცეცხლში ჩახტომა, მაგრამ ახლოს რომ მივიდა, მაინც ვერ გაებედა. ტეკკისეკატლმა ოთხჯერ სცადა ცეცხლში ჩავარდნა, მაგრამ ამაოდ, ჩვეულება კი უკრძალავდა მეტჯერ ცდას.

მაშინ ღმერთებმა ნანაუაცანის შესძახეს:

- ნანაუაცან, ახლა შენ სცადე!

ამ სიტყვების წარმოთქმა ძლივს მოასწრეს რომ ნანაუაცინმა ძალა მოიკრიბა, თვალები დახუჭა და ცეცხლში გადაეშვა. ისეთი ტკაცანი ისმოდა, გეგონებოდათ, რაღაცას ხრაკავენო. ტეკუკისეკატლმა რომ დაინახა, მეორე ღმერთი ჩახტა ცეცხლში და იწვისო, გაქანდა და თვითონაც ჩავარდა.

ამბობენ, ცეცხლში არწივიც ჩამხტარა და ფრთები იმიტომ აქვს შავიო. მერე ცეცხლში იაგუარიც მოხვედრილა, მაგრამ არ დამწვარა, მხოლოდ ტყავი შეეტრუსა. ამიტომ აქვს იაგუარს ტყავზე მუქი და ბაცი ლაქები.

დანარჩენი ღმერთები კი ისხდნენ და ელოდნენ, რადგან სწამდათ, რომ ნანაუაცინი მალე ავიდოდა ცაში. დიდხანს ელოდნენ. ბოლოს ცა წითლად გადანათდა და მომლოდინე ღმერთებმა განთიადი დაინახეს. მათ მუხლი მოიყარეს და მზედ გადაქცეულ ნანაუაცინის დაელოდნენ. თუმცა ღმერთებმა ისიც არ იცოდნენ, საიდან გამოჩნდებოდა მზე. ზოგი ჩრდილოეთისაკენ იყურებოდა, ზოგი სამხრეთისაკენ. მთელ ჰორიზონტს გაჰყურებდნენ, რადგან სინათლე ყოველი მხრიდან ჩანდა, ზოგიერთი ღმერთი აღმოსავლეთიდან იყურებოდა და ამტკიცებდა, მზე აქედან ამოვაო. ისინი მართლები გამოდგნენ.

მზე რომ ამოვიდა, ალისფერი იყო და ირხეოდა. მის კაშკაშა სხივებს თვალს ვერავინ გაუსწორებდა. სხივები სწრაფად აღწევდა ყველგან. მალე ამოვიდა მთვარეც, ისიც აღმოსავლეთიდან. ისევე მოყვნენ ერთმანეთს, როგორც ღმერთები ცეცხლში ჩაცვივდნენ. ამბობენ, მზე და მთვარე მაშინ ერთნაირად კაშკაშებდნენო. ღმერთებმა შეამჩნიეს ეს და დაიწყეს ბჭობა: რა ვქნათ? ისინი სხვადასხვანაირად უნდა ანათებდნენო. იფიქრეს, იფიქრეს და ბოლოს თქვეს: აი, რას ვიზამთო! - ერთი გაიქცა და ტეკუკისეკატლს სახეში კურდღელი ესროლა. მთვარე ჩაბნელდა, დაკარგა ბრწყინვალება და ისეთი გახდა, როგორსაც ახლა ვხედავთ.

აცურდნენ მზე და მთვარე მაღლა და უძრავად გაჩერდნენ. ისევ შექმნეს ღმერთებმა ბჭობა: „შეგვიძლია ასე ცხოვრება? მზე ერთ ადგილას დგას. მოდი, ყველანი ერთად დავიხოცოთ, რომ ჩვენმა სიკვდილმა აცოცხლოს ეს მნათობები!“

ერთ ღმერთს, სახელად შოლოტლს, არ უნდოდა სიკვდილი და სხვებს უთხრა: „ღმერთებო, მე არ მინდა სიკვდილი!“ დაიწყო ტირილი და მანამდე იტირა, სანამ თვალები არ გადმოსცვივდა. ამ დროს ქარმა დაქროლა და ღმერთებს სიცოცხლე წაართვა. როცა ღმერთების მკვლელი ქარი შოლოტლს მიუახლოვდა, ღმერთი გაიქცა, სიმინდში დაიმალა და იმ ორღეროიანი მცენარის ტაროებად იქცა. ასეთ მცენარეს გლეხები ახლა შოლოტლს ეძახიან. როცა სიმინდის ტაროები იპოვეს, შოლოტლი ისევ გაიქცა და აგავის ძირას დაიმალა. იქ ორღეროიან აგავად იქცა. მას ახლა შოლოტლს ეძახიან. აგავაშიც რომ იპოვეს, წყალში ჩახტა და თევზად იქცა. ამ თევზს ახლა შოლოტლს ეძახიან. ბოლოს ქარმა უწია ღმერთს და მოკლა.

ღმერთები დაიხოცნენ, მაგრამ მზე მაინც უძრავად იდგა. მაშინ ქარმა ისე სწრაფად დაბერა, ისე დაქროლა, რომ უძრავი მნათობი დაიძრა და თავის გზას გაუდგა. მთვარე ისევ თავის ადგილას იდგა, იგი მხოლოდ მაშინ დაიძრა, როცა მზემ დაასრულა თავის გზა. ასე გაიყვნენ ისინი და მას შემდეგ სხვადასხვა დროს გამოჩნდებიან ხოლმე. მზე მთელი დღეა ცაზე, მთვარე კი მხოლოდ ღამით ანათებს.

ამბობენ, ტეკუკისეკატლი მზე იქნებოდა, ცეცხლში პირველი რომ ჩავარდნილიყო, რადგან ღმერთებმა იგი პირველად აირჩიეს და ცერემონიის დროს შესაწირავადაც ძვირფასეულობა მიიტანაო.

17.25 როგორ უბიძგეს ცას

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

უპირველეს ყოვლისა, შემქმნელმა თუ გარდამქმნელმა, სამყარო შექმნა. პირველად შექმნა აღმოსავლეთში. შემდეგ ნელ-ნელა გამოემართა დასავლეთით. გზად ყველაფერს ქმნიდა და აჩენდა. მრავალი ენა მოიტანა თან და თავისივე შექმნილ ხალხს სხვადასხვა ენას აძლევდა.

პიუჯეტ საუნდამდე რომ მივიდა, ისე მოეწონა იქაურობა, წასვლა აღარ ინდომა. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ენა რჩებოდა დასარიგებელი. აიღო და იქვე დაარიგა პიუჯეტ საუნდის ახლომახლო და ცოტა ჩრდილოეთით, მდინარის სანაპიროზე. ამიტომაა, რომ პიუჯეტ საუნდის მიწა-წყალზე მოსახლე ინდიელები ამდენ ენაზე ლაპარაკობენ.

ხალხს ერთმანეთთან დალაპარაკება უჭირდა, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ შემქმნელის დალაგებული სამყარო არ მოსწონდათ, ცა მეტისმეტად დაბლა იყო და მაღალი კაცი თავს ურტყამდა. ზოგჯერ კი ხეზე ასული კაცი ციურ სამყაროში ხვდებოდა.

ერთხელაც ყველა ტომის ბრძენი ერთად შეიყარა და გამართეს ბჭობა, როგორ აეწიათ ცა. გადაწყვიტეს, შევუდგეთ და ხელი წავკრათო.

- ჩვენ შეგვიძლია, ცა ავწიოთ, - თქვა საბჭოზე ერთმა ძალიან ბრძენმა ინდიელმა. - თუ ერთდროულად ვკრავთ ხელებს, ყველანი უნდა შევიკრიბოთო, ადამიანებიცა და ნადირ-ფრინველებიცო.

- როგორ გავიგოთ, როდის ვკრავთ ხელს? - იკითხა მეორე ბრძენმა. - ერთნი აგერ ვცხოვრობთ, მეორენი იქით. სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. როგორ მოვახერხოთ, რომ ყველამ ერთდროულად ჰკრას ხელი ცასო?

მთელი საბჭო ჩაფიქრდა. ბოლოს ერთ-ერთმა ბრძენმა თქვა:

- სიგნალი მოვიშველიოთ. ხელის წაკვრის დრო რომ მოვა, ვინმემ იყვიროს „ია-ჰუ“. ეს ყველა ჩვენს ენაზე ნიშნავს „აბა, ერთად!“ და ცას ვუბიძგებთო.

საბჭოს ბრძენმა წევრებმა შეატყობინეს ყველა ხალხს, ნადირსა და ფრინველს, როდის აეწიათ ცა. ყველამ მოიმარაგა ალვის ხის უშველებელი ჭოკი, რომ ცა აეწიათ.

დადგა ცის აწევის დღე. ყველამ დაიჭირა ჭოკი და შეუყენეს ცას. ბრძენმა დაიყვირა: „ია-ჰუ!“ ყველამ უბიძგა და ცამ ცოტათი აიწია. „ია-ჰუ!“ დაიყვირა ბრძენმა ხელახლა, ისევ ყველამ უბიძგა ცას, ცაც იწევდა და იწევდა. მანამდე უბიძგეს, სანამ იქ არ დადგა, სადაც დღესაა. მას შემდეგ აღარავის აურტყამს თავი ცისთვის და აღარავინ მოხვედრილა ციურ სამყაროში.

იყვნენ ისეთებიც, ვინც არ იცოდა, რომ ცას მაღლა სწევდნენ. მაგალითად, სამი მონადირე ზედიზედ რამდენიმე დღე ოთხ დომბას დასდევდა. და სწორედ იმ დროს, როცა კაცი და ქალი, ცხოველი და ფრინველი ცის ასაწევად მზად იყვნენ, დომბებიცა და მონადირეებიც იმ ადგილას მოეწყვნენ, სადაც ცა თითქმის დედამიწას უერთდებოდა. დომბები გადახტნენ ციურ სამყაროში და მონადირეებიც თან მიჰყვნენ. ცამ რომ აიწია, დომბებიცა და მონადირეებიც თან გაჰყვნენ.

იქ, ციურ სამყაროში ვარსკვლავებად იქცნენ. ღამე ახლაც ჩანან. მონადირეები დიდი დათვის თანავარსკვლავედის ჩამჩის ტარად იქცნენ.

შუათანა მონადირეს ძაღლი ახლდა; ეს ძაღლი ახლა პატარა ვარსკვლავია. ოთხი დომბა - დიდი დათვის თანავარსკვლავედის ჩამჩა.

ისეთებიც იყვნენ, თავიანთი კანოეთი ციურ სამყაროში რომ ამოჰყვეს თავი. იქ მოხვდა ორი კანოე, სამ-სამი კაცით, და პატარა თევზიც. მონადირეებიცა და პატარა ძაღლიც, დომბებიცა და თევზიც, ადამიანებიცა და კანოებიც, ყველა ვარსკვლავებად იქცა და ახლაც იქ არიან.

ჩვენ კი დღემდე ვყვირით „ია-ჰუ!“ როცა რაიმე ძნელ ტვირთს ვეჭიდებით. მაგალითად, როცა კანოეს მაღლა ვწევთ. ვიტყვით, „ჰუ“-ს და მთელ ძალ-ღონეს ვიკრებთ. სიტყვის ამ ნაწილის თქმისას ჩვენი ხმა უფრო მკვეთრდება, „უ“-ს კი ვაგრძელებთ, ამიტომ ჩვენი შეძახილი ძალიან გაბმულად ისმის: „ია-ჰუ-უ!“

17.26 როგორ მოიპარეს ადამიანებმა ცეცხლი

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

უძველეს დროში კავაიბის ტომის მკვიდრნი საკვებს მზეზე ახმობდნენ თურმე, ცეცხლი ჯერ არ ჰქონდათ.

კავაიბის ტომის ბელადი, მოხერხებული და ჭკვიანი ბაირა ერთხელ „საეშმაკოდ“ ტყეში წავიდა. კავაიბის ინდიელთა შორის ეშმაკობად ისეთი ოინის ჩადენა ითვლებოდა, რაც რამე სასარგებლოს მისცემდა ხალხს, რამე ახალს ასწავლიდა.

ბაირა ჩაიმარხა ჭიანჭველას ბუდეში და თავი მოიმკვდარუნა. უცებ საიდანღაც ლეშის ბუზი გაჩნდა და, ცხედარი დაინახა თუ არა, მაშინვე გაფრინდა, რომ ეს ამბავი შავი ფასკუნჯისთვის - ურუბუსთვის შეეტყობინებინა.

იმ დროს ცეცხლის მფლობელი მხოლოდ ურუბუ იყო. მას ცეცხლი ფრთებქვეშ ჰქონდა ამოფარებული და მუდამ თან დაატარებდა.

ურუბუმ მოისმინა ბუზის ნაამბობი, ფრთა გაშალა და თავისი ცოლ-შვილით დედამიწაზე ჩამოფრინდა. ეს ფრინველი ძალიან ჰგავდა ადამიანს. მაშინ თურმე ხელებიც კი ჰქონია. ურუბუმ ხორცის შესაწვავად ხარიხა გააკეთა, ქვეშ ცეცხლი შეუნთო და შვილებს უბრძანა, უყარაულეთო.

პატარა ფასკუნჯები ფხიზლად დარაჯობდნენ ცეცხლს. უცებ შეამჩნიეს, რომ მკვდარი შეირხა. ეს ამბავი ურუბუს უთხრეს, ურუბუმ არ დაიჯერა, მოგჩვენებიათო. მერე შვილებს უბრძანა, ცხედარს ბუზი რომ ახვევია, მშვილდ-ისრით დახოცეთო. ამასობაში ცეცხლი კარგად გაჩაღდა, ბაირასაც სწორედ ეს უნდოდა: თვალის დახამხამებაში წამოხტა, დაავლო ცეცხლს ხელი და გაიტაცა. ურუბუ ცოლ-შვილით უკან გამოუდგა. ბაირა ხის ფუღუროში შეძვრა და დაიმალა. ურუბუ და მისი ცოლ-შვილიც აპირებდნენ ფუღუროში შესვლას, მაგრამ ბაირა ფუღუროს მეორე მხრიდან გაძვრა და თავპირისმტვრევით გაირბინა ხშირი ბამბუკის ჭალა. ურუბუმ სდია, სდია, მაგრამ ვერ დაეწია. ბაირამ ეს ჭალაც გადაჭრა და ძალიან დიდ მდინარეს მიადგა, მდინარის გაღმა კავაიბის ტომი ელოდა. საოცნებო ცეცხლს ბევრი, ძალიან ბევრი ხალხი უცდიდა. ბელადი კი იდგა და ფიქრობდა, მდინარეზე ცეცხლი როგორ გადავიტანოო.

იფიქრა, იფიქრა და ბოლოს წყლის გველი იხმო. ცეცხლი ზურგზე დაადო და მეორე ნაპირისაკენ გაგზავნა.

წყლის გველი ძალიან სწრაფია, ტალღებზე ისარივით გასრიალდა, მაგრამ ვიდრე შუა მდინარემდე მიაღწევდა, ცეცხლმა დაწვა. მაშინ ბაირამ მოიმარჯვა კამბიტო - ბოლოკაუჭიანი გრძელი ჯოხი (ასეთ ჯოხებს მუდამ თან დაატარებდნენ კავაიბის ტომის მკვიდრნი) - და ცეცხლი ისევ თავისკენ მოაცურა. მერე სხვა გველები გააგზავნა მეორე ნაპირისკენ, მაგრამ ვერცერთმა ვერ მიაღწია მდინარის მეორე ნაპირს, შუა მდინარემდე მიცურავდნენ და იხრუკებოდნენ. ბაირა კამბიტოს დახმარებით ისევ უკან იბრუნებდა ცეცხლს. ამის შემდეგ ბაირამ კიბო დაიჭირა, დაადო ცეცხლი ზურგზე და წყალში შეუშვა. კიბომ ძლივს მიაღწია შუა მდინარემდე, მერე კი ვეღარ გაუძლო ცეცხლს და დაიწვა.

ბაირამ ისევ მიიწოდა ცეცხლი, მერე კი კიბორჩხალა დაიჭირა, დაადო ცეცხლი ზურგზე და გაუშვა. კიბორჩხალამაც ძლივს მიაღწია შუა მდინარემდე, ისიც კიბოსავით დაიწვა. ბაირამ დაიბრუნა ცეცხლი, ახლა წყლის ქათამს დაადო ზურგზე და გაუშვა. წყლის ქათამი ძალიან სწრაფია, უცებ მიაღწია შუა მდინარეს, მაგრამ შუა მდინარეში ისიც დაიწვა. მაშინ ბაირამ დიდი გომბეშო - კურურუ დაიჭირა. გომბეშომ ხტუნვა-ხტუნვით მიაღწია მეორე ნაპირს, სადაც კავაიბის ტომი ცეცხლს ელოდა, მაგრამ წყალში მგზავრობისას ისიც ისე დაიქანცა, ცოცხალმკვდარივით იყო, და ნაპირზე ასვლა ვერ შეძლო. კავაიბის ხალხმა კამბიტო შეაშველა და ნაპირზე აიყვანა. მერე ცეცხლი აიღეს და თავიანთ დიდ სახლში წაიღეს. იმ სახლში მთელი კავაიბის ტომი ერთად ცხოვრობდა.

ბაირა კი ამ დროს მდინარის გაღმა იდგა და ფიქრობდა, ამ სიგანე მდინარე სწრაფად როგორ გავცუროო. მაგრამ ბაირა ხომ ჯადოქარი იყო. ბრძანა და მდინარე დავიწროვდა. მერე ისკუპა და ერთი ნახტომით ზედ გადაევლო.

ასე მოიპოვა კავაიბის ტომმა ცეცხლი. იმ დღიდან ისწავლა ამ ხალხმა თევზისა და ფრინველის შეწვა ხარიხაზე.

17.27 კოიოტი და არწივი გარდაცვლილთა ქვეყანაში

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

ერთხელ, ქვეყნად მხოლოდ ცხოველთა ნათესავი რომ ცხოვრობდა, კოიოტმა ძლიერ მოიწყინა, რადგან ხალხი იხოცებოდა და სულების ქვეყანაში სახლდებოდა. მოწყენილი კოიოტი იმაზე ფიქრობდა, გარდაცვლილები ცოცხალთა ქვეყანას როგორ დავუბრუნოო. თვითონ კოიოტს და ჰყავდა მკვდარი და რამდენიმე მეგობარი. თურმე არწივსაც მოკვდომოდა ცოლი, ძალიან დარდობდა და სულ ტიროდა. ნუგეში რომ ეცა, კოიოტმა არწივს უთხრა:

- გარდაცვლილები სამუდამოდ როდი დარჩებიან მიცვალებულთა ქვეყანაში. ისინი ფოთლებივით არიან, შემოდგომაზე რომ ცვივიან ხეებიდან დამჭკნარი, გაყვითლებულნი, უსიცოცხლონი. დაბრუნებით კი კვლავ დაბრუნდებიან, როცა ბალახი აბიბინდება და ჩიტები აჭიკჭიკდებიან, კვირტები დაიბერებიან და დასკდებიან, ყვავილები გაიფურჩქნებიან, აი, მაშინ დაგვიბრუნდებიან მიცვალებულნიო.

მაგრამ არწივს არ სურდა, გაზაფხულამდე ეცადა. უნდოდა, დაუყოვნებლივ გაცოცხლებულიყვნენ მკვდრები. რა მეტი გზა იყო, ადგნენ კოიოტი და არწივი და გაუდგნენ მიცვალებულთა ქვეყნის გზას. კოიოტი მირბოდა, არწივი კი მის ზემოთ მიფრინავდა. ბევრი იარეს თუ ცოტა, ერთ უზარმაზარ წყალსატევს მიადგნენ. გაღმა ნაპირზე უამრავი სახლი მოჩანდა.

კოიოტმა გასძახა:

- ეი, ნავი გამოგზავნეთ და გამოსვლა გვიშველეთო!

არავის უპასუხია.

- იქ არავინაც არ არის, ტყუილად გამოვიარეთ ამხელა გზა, - თქვა არწივმა.

- არა, მათ სძინავთ, - აუხსნა კოიოტმა, - მკვდრებს დღისით სძინავთ, ღამით კი ფხიზლობენ. დაღამებას უნდა დაველოდოთ.

მზე რომ ჩავიდა, კოიოტმა სიმღერა წამოიწყო. მალე სახლებიდან ოთხი სული გამოვიდა, ჩასხდნენ ნავებში და მათკენ გამოემართნენ. კოიოტი კი განაგრძობდა სიმღერას. მას სულებიც აჰყვნენ, სიმღერის ტაქტს ნიჩბები ააყოლეს. თუმცა ნავი უნიჩბოდაც მიცურავდა - თავისით მოსრიალებდა წყლის ზედაპირზე.

როცა სულები ნაპირს მიადგნენ, კოიოტი და არწივი ჩასხდნენ ნავში და ყველანი გაღმა ნაპირისკენ გაემართნენ. მიცვალებულთა კუნძულს რომ მიუახლოვდნენ, დაფდაფების გრიალი და საცეკვაო მუსიკის ხმები მოესმათ.

- სახლში ნუ შეხვალთ, - გააფრთხილეს ისინი სულებმა, როცა

ნაპირს მიადგნენ. - ნურც აქეთ-იქით დაიწყებთ მზერას. თვალები დახუჭული გქონდეთ, რადგან ახლა წმინდა ადგილას ვართო.

- ჰო, მაგრამ ძალიან რომ გვცივა და გვშია? ნება მოგვეცით, შემოვიდეთო,

- შეევედრნენ არწივი და კოიოტი.

რაღას იზამდნენ, შეუშვეს გამჭვირვალე ჭილობისგან გაკეთებულ დიდ ვიგვამში. თურმე სწორედ აქ ცეკვავდნენ სულები დაფდაფების ხმაზე. ვიღაც მოხუცმა ქალმა მოწნული ბოთლით ცოტაოდენი ლომ თევზას ქონი მოიტანა, თვითონვე აწებდა შიგ ფრინველის ფრთას და მანამ აჭმევდა სტუმრებს, ვიდრე დაანაყრებდა.

მერე არწივმა და კოიოტმა იქაურობა მოათვალიერეს. ვიგვამი შიგნიდან ძალიან ლამაზი იყო და უამრავი სულები ტრიალებდნენ. ყველანი სადღე სასწაულოდ იყვნენ მორთულ-მოკაზმულნი, ნიჟარებისა და დომბის კბილების სამკაულები ეკეთათ, სახეები მოხატული ჰქონდათ, თმაში კი ფრთები გაერჭოთ. ვიგვამს მთვარე დაჰნათოდა თავზე და ერთიანად გაჩახჩახებული იყო. მთვარეს გვერდით ბაყაყი ეჯდა და თვალს ადევნებდა მთვარეს, მომღერლებსა და მოცეკვავეებს კარგად გაუნათოსო.

არწივმა და კოიოტმა ზოგიერთ სულში თავიანთი ძველი მეგობრები შეიცნეს, მაგრამ მოსულებს არავინ აქცევდა ყურადღებას. არც ის შეუმჩნევია ვინმეს, კოიოტმა რომ თან კალათა მოიტანა. ამ კალათით იგი სულების წაყვანას აპირებდა უკან, ცოცხლების ქვეყანაში.

გამთენიის ხანს სულებმა დატოვეს ვიგვამი და წავიდნენ, მთელი დღე უნდა სძინებოდათ. კოიოტმა დრო იხელთა, მოკლა ბაყაყი, გაატყავა და მის ტყავში თვითონ გაეხვია. შებინდებისას კი სულები კვლავ დაბრუნდნენ ვიგვამში და მთელი ღამე ისევ ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ მთვარის გვერდით ბაყაყის ტყავში გახვეული კოიოტი იდგა.

გახურებული ცეკვა-თამაშის დროს კოიოტმა გადაყლაპა მთვარე და სიბნელეში არწივი სულების დაჭერას შეუდგა. დაიჭერდა თუ არა, კოიოტი მაშინვე კალათაში ჩაუძახებდა და მჭიდროდ ახურავდა თავს. მერე არწივიც და კოიოტიც ცოცხლების ქვეყნისკენ გამოემართნენ. კალათა კოიოტს მოჰქონდა.

კარგა მანძილი რომ გამოიარეს, უეცრად კალათიდან ხმაური მოესმათ. გაჩერდნენ და ყური მიუგდეს.

- მიცვალებულნი ცოცხლდებიან, - თქვა კოიოტმა.

კიდევ გაიარეს ცოტა მანძილი და ისევ შემოესმათ ხმები კალათიდან. სულები თავიანთ ბედს უჩიოდნენ.

- მჯგვლემენ და ხელსა მკრავენ, - თქვა ერთმა.

- მე კი ფეხი მატკინეს, - დაიკვნესა მეორემ.

- მე კი ხელ-ფეხი წამაცალეს, - დაიჩივლა მესამემ.

- ახადეთ თავი კალათას და ამოგვიშვით! - დაიყვირა ბოლოს რამდენიმე სულმა ერთად.

კოიოტი დაიღალა, აღარ შეეძლო დამძიმებული კალათის ტარება, სულები ხომ თანდათან ცოცხლდებოდნენ.

- მოდი, ამოვუშვათო, - თქვა კოიოტმა.

- არა, არა, - საჩქაროდ მიაძახა არწივმა.

ცოტა ხანიც და კოიოტმა კალათა მიწაზე დადგა - ძალიან დამძიმებულიყო.

- მოდი, ამოვუშვათ, - გაიმეორა კოიოტმა. - ჩვენ ახლა ისე შორსა ვართ სულების ქვეყნიდან, რომ ისინი უკან მაინც ვეღარ დაბრუნდებიანო.

გახსნეს კალათა, მაგრამ გაცოცხლებული მიცვალებულები ისევ სულებად იქცნენ და ქარივით მოკურცხლეს უკან, მიცვალებულთა კუნძულისაკენ.

ის იყო არწივს უნდა ესაყვედურა, რომ კოიოტის ნათქვამი გაახსენდა:

- ახლა შემოდგომაა. ფოთლები გარდაცვლილთა მსგავსად დაბლა ცვივიან. დაველოდოთ გაზაფხულს. როცა კვირტები ისევ გაიშლება და ყვავილებიც გაიფურჩქნებიან, მაშინ დავბრუნდეთ მიცვალებულთა ქვეყანაში და ხელახლა ვცადოთ ბედიო.

- არა, - მიუგო კოიოტმა, - დავიღალე. დაე, გარდაცვლილნი უკუნითი უკუნისამდე დარჩნენ მიცვალებულთა ქვეყანაში.

და კოიოტმა დააკანონა, გარდაცვლილები აღარასოდეს დაბრუნებოდნენ ცოცხლებს. მას რომ კალათა არ გაეხსნა და სულები არ ამოეშვა, მკვდრები ყოველ გაზაფხულზე აღდგებოდნენ, როგორც ცოცხლდებიან ბალახები, ყვავილები და ხეები.

17.28 შვიდი ეშმაკის მთები

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

ბევრი, ბევრი წლის წინათ, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, ლურჯ მთებში შვიდი ძმა-გოლიათი ცხოვრობდა. ეს შვიდივე ურჩხული სიმაღლით ყველაზე ტანაყრილ ფიჭვებსაც სჭარბობდა, სიმძლავრით - ყველაზე მაგარ მუხას.

ძველ ხალხს ეშინოდა ძმების, რადგან ისინი შვილებს უჭამდნენ. ძმები ყოველ წელიწადს აღმოსავლეთიდან მიემართებოდნენ და, რაც გზად ხვდებოდათ, ერთიანად ნთქავდნენ. დედები შვილებს სახლიდან შორს მიარბენინებდნენ დასამალავად, მაგრამ ბავშვების უმეტესობა მაინც ამ გიგანტთა ბრჭყალებში ხვდებოდა. საგონებელში ჩაცვივდნენ სოფლის უხუცესები: - ჩვენი ტომისაგან სულ მალე კაცი აღარ დარ ჩება ცოცხალიო, - ფიქრობდნენ, მაგრამ, აბა, ვის შესწევდა ძალა, რომ შვიდივე გოლიათს ერთად გამკლავებოდა!

ბოლოს უხუცესებმა გადაწყვიტეს, დახმარება კოიოტისთვის ეთხოვათ.

კოიოტი ჩვენი მეგობარია, მან ყველა ურჩხული დაამარცხა და ჩვენც გადაგვარჩენს იმ შვიდი ბუმბერაზისგანო.

უხუცესები კოიოტთან მივიდნენ, გვიშველეო.

აუცილებლად გიშველით. გიხსნით შვიდი ბუმბერაზისგანო, - შეპირდა კოიოტი, მაგრამ სინამდვილეში არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მართალია, ბევრი ებრძოლა და ყველა ტბისა თუ მდინარის ურჩხული დაემარცხებინა, მაგრამ ახლა ერთბაშად შვიდ ურჩხულს როგორ შებმოდა, - აი, ეს არ იცოდა კოიოტმა.

ბევრი ფიქრის შემდეგ ადგა კოიოტი და რჩევა თავის გულითად მეგობარ მელას სთხოვა.

- ჯერ შვიდი ღრმა ორმო უნდა გავჭრათ იმ გზაზე, რომლითაც გოლიათები აღმოსავლეთით მიემართებიან ხოლმე, შემდეგ შვიდივე ორმო მდუღარე ტალახით გავავსოთო, - ურჩია მელამ.

შვიდი ორმოს გასაჭრელად კოიოტმა ყველა ბრჭყალებიან მხეცს მოუყარა თავი. მიიყვანა თახვები, ზაზუნები, პუმები, დათვები, თაგვები, ვირთაგვები და თხუნელებიც კი არ დაივიწყა. შემდეგ ორმოები მოწითალო-ყვითელი წუმპეთი გაავსო, მისმა მეგობარმა მელამ კი შიგ გავარვარებული ქვები ჩაყარა წუმპის ასადუღებლად.

დადგა გოლიათების აღმოსავლეთისკენ წასვლის დრო. მათაც ცად ააღირეს თავები და ამაყად გაუდგნენ გზას, - დარწმუნებულნი იყვნენ, ვერავინ გაბედავს ჩვენზე თავდასხმასო. ამ დროს ბუჩქებიდან კოიოტი და მელა უთვალთვალებდნენ.

ჰოდა, უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდნენ გოლიათები მდუღარე წუმპით სავსე ორმოებში. ტყუილად ფართხალებდნენ და ცდილობდნენ ამოსვლას, - ორმოები ძალიან ღრმა იყო. ძალ-ღონე რომ გამოეცალათ, გოლიათები ღრიალსა და ხელების ქნევას მოჰყვნენ. ისეთი ყოფა დაიწიეს და ისე ფართხალებდნენ, მთელი ის არემარე ერთი დღის სავალზე იმ მოწითალო წუმპით მოწუწეს.

კოიოტი თავისი სამალავიდან რომ გამოვიდა, გოლიათები მიყუჩდნენ, - ისინი კარგად ცნობდნენ კოიოტს.

- თქვენი შეუბრალებლობის სანაცვლოდ დაგსაჯეთ ასე, - უთხრა კოიოტმა, - ამასაც არ გაკმარებთ: შვიდ მთად, ძალიან მაღალ მთებად გაქცევთ და ხალხის თვალში საცემად დაგაყენებთ, რომ თქვენს შემხედვარეთ გაახსენდეთ, ყველა ავის მქმნელს უეჭველად მიეზღვება სამაგიერო. თქვენ კი, ბოროტება კვლავ რომ აღარავის მიაყენოთ, ღრმა ხეობებით შემოგზღუდავთ და თქვენი ოჯახიდან ვერცერთი ვეღარასოდეს გამოაღწევს ამ უფსკრულებსო.

კოიოტის ბრძანებით გოლიათები უფრო გამაღლდნენ და შვიდ მწვერვალად იქცენენ.

შემდეგ კოიოტმა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მიწას დაჰკრა. მიწა გაიბზარა და შვიდი მთის ირგვლივ ღრმა კანიონი გაჩნდა.

ახლა ამ მთებს შვიდი ეშმაკი ჰქვია, მთების ძირას გაყოლებულ თვალჩაუწვდენელ ხეობას - გველის მდინარის ქაჯის კანიონი. ის მოწითალო წუმპე კი, შვიდმა გოლიათმა ირგვლივ რომ მიმოასხა, სპილენძია. სპილენძი ახლაც ულეველია მაღაროებში.

17.29 როგორ გახდა კოიოტი განსაკუთრებული ძალის პატრონი

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

ქვეყნიერების დასაწყისში სულთა ბელადმა თავი მოუყარა ცხოველთა ნათესავს.

- ზოგიერთებს სახელი არ გაქვთ, ზოგიერთს კი თავისი სახელი არ მოსწონს. ხვალ, მზის ამოსვლამდე, ყველას დაგირიგებთ სახელებს, კიდევ სათითაოდ ისარს მოგცემთ. დილაზე, განთიადამდე, მოდით ჩემს ვიგვამთან. ვინც პირველი მოვა, თავისი სურვილის მიხედვით აირჩევს სახელს, თანაც ყველაზე გრძელ ისარს მიიღებს. გრძელი ისარი კი იმის ნიშანი იქნება, რომ მის მფლობელს სხვებზე მეტი ძალა ექნებაო. ცხოველთა სანათესაო რომ წავიდ-წამოვიდა, კოიოტმა თავის მეგობარ მელას უთხრა:

- გადავწყვიტე, პირველი მოვიდე. ჩემი სახელი არ მომწონს, მინდა ან დათვი-გრიზლი მერქვას, ან არწივიო.

- არავინ შეგეცილება შენს სახელში, - გაეცინა მელას - გირჩევნია, ისევ შენივე დაიტოვოო.

- პირველი მოვალ, - გაიმეორა კოიოტმა, - მთელ ღამეს არ დავიძინებ და პირველი მოვალო.

მართლაც, მთელი ღამე თვალმოუხუჭველად იჯდა კოცონთან. ბუ გაჰკიოდა თუ ჭაობში ბაყაყი ყიყინებდა, ყველაფერი ესმოდა კოიოტს, მაგრამ ვარსკვლავებმა თვალები რომ მოხუჭეს, დაუძლეველი ძილი დაეუფლა, - ქუთუთოები დაუმძიმდა.

ქუთუთოებში ბიჯგი უნდა შევიყენოო, - გადაწყვიტა კოიოტმა. მართლაც, აიღო ორი პატარა ჯოხი და შეიყენა, ახლა აღარ დამეძინებაო.

კოიოტს მაინც დაეძინა. რომ გაეღვიძა, მზეს დედამიწაზე უკვე გაეწვინა გრძელი ჩრდილები. მთელ ღამეს ღიად დარჩენილი თვალები კოიოტს ისე ამოშრობოდა, ვეღარაფერს ხედავდა. მიუხედავად ამისა, ის სულთა ბელადის ვიგვამისკენ გაექანა.

- მე დათვი-გრიზლი მინდა ვიყოო, - ყვიროდა, თან ეგონა, ყველაზე პირველი მოვედიო.

- ეგ სახელი უკვე გაცემულია. გრიზლმა ყველაზე გრძელი ისარი მიიღო. ის ცხოველთა ბელადი იქნება დედამიწაზე.

- მაშინ არწივი მერქმევა.

- ეგ სახელიც გაცემულია. არწივმა მეორე ისარი მიიღო, ის ფრინველთა ბელადი იქნება.

- მაშინ ორაგული ვიქნები.

- ეგ სახელიც გაიცა უკვე. ორაგულმა მესამე ისარი მიიღო. იგი თევზთა მეფე იქნება. დარჩენილია ერთი ყველაზე მოკლე ისარი და ერთიც სახელი - კოიოტი.

სულთა მეფემ კოიოტს ყველაზე მოკლე ისარი მისცა. კოიოტი სულთა მეფის კოცონთან წაიქცა, თვალები ისევ ამომშრალი ჰქონდა. სულთა მეფეს შეეცოდა კოიოტი და წყალი შეასხა. ამ დროს კოიოტს ერთმა აზრმა გაუელვა: რუხ დათვს ვთხოვ, სახელი გამიცვალოსო.

- ვერაო, - მიუგო რუხმა დათვმა, - ვერ გაგიცვლი. ეს სახელი თვით სულთა მეფემ მიბოძაო.

დაბრუნდა კოიოტი და კვლავ განერთხო ვეებერთელა ვიგვამში დანთებული ცეცხლის წინ. მაშინ კი უთხრა სულთა ბელადმა:

- მე შენთვის განსაკუთრებული ძალა შემოვინახე. განგებ მოვაწყვე ისე, რომ უკანასკნელი მოსულიყავი. ახლა ერთ დავალებას მოგცემ, რისთვისაც განსაკუთრებული ძალა დაგჭირდება. მისი დახმარებით, რადაც გინდა, იმად იქცევი. თუ დახმარება მოგინდა, ამ ძალას უხმე. მელა იქნება შენი ძმობილი და გაგიჭირდება თუ არა, შენთან გაჩნდება. თუ მოკვდები, მელა შეძლებს, სიცოცხლე დაგიბრუნოს. ახლა ტბაზე წადი და ოთხი თევზი დაიჭირე. მათშია შენი ძალა. შემდეგ კი ზუსტად შეასრულე, რასაც მე გეტყვიო.

აი, როგორ გახდა კოიოტი განსაკუთრებული ძალის პატრონი.

17.30 კოიოტი და ურჩხული მდინარე კოლუმბიიდან

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

ერთხელ, თავისი მოგზაურობის ჟამს კოიოტმა გაიგო, რომ რაღაც ურჩხული მდინარე კოლუმბიის ახლომახლო ყველას კლავსო. დახოცილები იმდენი ყრია, ნადირი შიშით აღარ ეკარება მდინარეს და კალმახსაც არავინ იჭერსო.

- მე გიშველით. არ დავუშვებ იმას, რომ ურჩხულმა ცხოველთა სანათესაო გაჟლიტოსო! - თქვა კოიოტმა.

მაგრამ როგორ შეასრულებდა ამას, თვითონვე არ იცოდა. რჩევა თავის დებს ჰკითხა. მათ კოიოტის მუცელში ედოთ ბინა. მოცვის სახე ჰქონდათ და ამქვეყნად ყველაფერი იცოდნენ. უეჭველად შეეძლოთ რაღაც ერჩიათ, მაგრამ პირველად უარი უთხრეს:

- რომ გითხრათ, მერე დაიკვეხნი, მე მოვიფიქრეო!

- მაშინ წვიმასა და სეტყვას დაგიშენთო, - დააშინა კოიოტმა.

მოცვს კი არ უყვარს წვიმა და თქეში.

- არ მოგვივლინო წვიმა და თქეში, არ მოგვივლინო წვიმა და თქეში! - შეევედრნენ ისინი. - მოგცემთ რჩევას: წაიღე ბლომად ხმელი ფიჩხი და ფისი, რომ კოცონი გააჩაღო. წაიღე ხუთი ბასრი დანა. უიშრამის ახლომახლო ყველას ნაშლახი ხოცავს. ის ყლაპავს იმათ, ვინც კანოეთი ჩაუვლის. გაუშვი, შენც ჩაგყლაპოსო.

- დიახ, მეც ხომ ასე ვფიქრობდი, ჩემო დებო, ჩემი გეგმაც ასეთიაო.

კოიოტმა დაუჯერა დებს. მოაგროვა ხმელი ფიჩხი, ფისი, გალესა ხუთი დანა და გაემგზავრა მდინარის შესართავისაკენ, სადაც ცხოვრობდა ნაშლახი. ურჩხულმა ნახა კოიოტი, მაგრამ იცოდა, რომ დიდი ბელადი არ იყო და არ ჩაყლაპა.

კოიოტი მიხვდა. ურჩხულს გაღიზიანებით გავაბრაზებო და დაუწყო ლანძღვა-გინება, არ დააკლო დედამიწის ზურგზე არაფერი. გაავდა ურჩხული, ჩაისუნთქა ჰაერი და თან ჩააყოლა კოიოტი. კოიოტმა ზედ ურჩხულის ხახასთან ძლივს დაბღუჯა ერთი კონა ფიჩხი.

ურჩხულის სტომაქში ურიცხვი ნადირი ირეოდა. ძლივს დალასლასებდნენ მშიერ-მწყურვალნი და სიცივითაც კანკალებდნენ. ერთნი შიმშილს შეეღონებინა, მეორენი - სიცივეს.

- ცეცხლს დაგინთებთ და საჭმელს მოგიმზადებთ, - უთხრა მათ კოიოტმა. სანამ გათბებით და ცოტათი წაიხემსებთ, მანამ მე ნაშლახს მოვკლავ. ჩემო ხალხო, მე ხომ თქვენს დასახსნელად მოვედი! მალე ნახავთ თქვენს მეგობრებსო!

კოიოტმა კოცონი ურჩხულს პირდაპირ გულთან შეუნთო. აკანკალებული მხეცები ცეცხლს მიეფიცხნენ. კოიოტმა იძრო ერთი ბასრი დანა, გაუყარა გულში ურჩხულს, ჩამოაჭრა ნაჭრები და ცეცხლზე დააწყო შესაწვავად.

სანამ მხეცები შეთბნენ და დანაყრდებოდნენ, კოიოტი იმ ძარღვს მიადგა გადასაჭრელად, ურჩხულის გულს სხეულთან რომ აერთებდა. კოიოტს ერთი დანა გაუტყდა. იძრო მეორე, გაუტყდა ისიც. იძრო მესამე, გაუტყდა მესამეც, იძრო მეოთხე, გაუტყდა მეოთხეც... მხოლოდ მეხუთე დანით გადაჭრა ძარღვი და გული პირდაპირ ცეცხლში ჩავარდა.

ურჩხულს რომ გაუსწორდა, კოიოტმა დაახველა. მთელმა ცხოველთა მოდგმამ ბანი მისცა კოიოტს.

- მე გითხარით, გიხსნით-მეთქი! - ხმა აიმაღლა კოიოტმა, მდინარის პირას რომ შემოეხვია ნადირ-ფრინველი. - ახლა თქვენ იცხოვრებთ დიდხანს, დიდხანს და მე თქვენ სახელებს დაგარქმევთ.

არავინ გამორჩენია კოიოტს, ყველას დაარქვა სახელი.

- შენთვის არწივი დამირქმევია, ყველაზე მამაცი და შეუპოვარი ფრინველი იქნები. შენ დათვი იყავი, მხეცთა შორის უძლიერესი; შენ ბუ გერქვას, ავადმყოფის დიდი მკურნალი; შენ, მდინარის თევზთა შორის უდიდესო, თართი გეწოდებოდეს, შენ კი, ყველაზე გემრიელო თევზო, კალმახი დაგიძახონ.

მერე კოიოტმა სახელები დაარქვა თახვს, პუმას, ირემს, კოდალას, ცისფერ ჩხიკვს და ყველა ნადირსა და ფრინველს. ბოლოს თქვა:

- მე კოიოტი მერქმევა, ყველაზე ბრძენსა და ყველაზე ეშმაკს მხეცთა შორის.

შემდეგ ურჩხულს მიუბრუნდა და უბრძანა:

- ამიერიდან შენ ძველებურად ვერ იპარპაშებ, ჩემს ხალხს ვეღარ დაღუპავ. ახალი თაობა დაიბადება ამქვეყნად - ადამიანთა თაობა; ისინი მდინარეზე იცურებენ, ხან აღმა ავლენ, ხან დაღმა ჩამოვლენ. შენ არ უნდა ჩაძირო ზედიზედ. იშვიათ შემთხვევაში შეგიძლია ვინმე იმსხვერპლო. მხოლოდ ის კანოე შეაჯანჯღარე, რომელიც თავზე გადაგივლის. ყველა კანოემ გვერდი აუაროს იმ მორევს, სადაც შენ ბინას დაიდებ. იშვიათად თუ შეიწირავ ვინმეს. ეს კანონი საუკუნოა შენთვის. ამიერიდან შენ აღარა ხარ ისეთი ურჩხული, აქამდე რომ იყავი!

დღემდე მოქმედებს კოიოტის ეს კანონი. ურჩხული ვერ ბედავს, ჩაყლაპოს ადამიანები მას შემდეგ, რაც კოიოტმა შეურყია ძლიერება. მართალია, ზოგჯერ კანოეს დაითრევს და ადამიანებიანად გადაუძახებს ხოლმე მუცელში, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

ჩვეულებრივად ინდიელები თავიანთ კანოეს ნაპირზე გამოიტანენ ხოლმე, და სანამ ურჩხულის სადგომს გასცდებიან, ხელით მიათრევენ. არავინ არ ნაოსნობს მის საცხოვრებელთან. ასე ცხოვრობს ურჩხული წყალქვეშ, მაგრამ ძველებური ძლიერება აღარა აქვს.

თეთრებმა პირველი გემი რომ ჩაუშვეს მდინარეში, ნაშლახმა შეაჩერა. ინდიელებმა ურჩიეს თეთრებს, საჭმელი ჩაეყარათ წყალში. თეთრები ასე მოიქცნენ. ჩაყარეს გემბანიდან შაქარი, ფქვილი, ბრინჯი და სხვა პროდუქტები. მაშინ ნაშლახმა გაუშვა გემი.

17.31 როგორ ეხმარებოდა კოიოტი ხალხს

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

მოხუცმა სამყარო რომ შექმნა და ცხოველთა ნათესავი გააჩინა, მათ კოიოტი გაუგზავნა. უჭირდა ამ ნათესავს. არაფერი იცოდნენ და არაფერი შეეძლოთ. ჰოდა, მოხუცმა კოიოტს უბრძანა, მთელ სანათესაოს ბოროტი სულები კვალში რომ სდევენ, მოსპე და საქმის ხერხიანი კეთება ასწავლეო.

კოიოტმა იმით დაიწყო, რომ კაშხალი დაანგრია, ეს კაშხალი თახვის ხუთმა ცოლმა ააშენა კოლუმბიის ქვემო წელზე.

- ასე როგორ შეიძლება, ყველა ორაგული თქვენ მოაქციეთ საგუბარში, ზემოთ ხალხი შიმშილით კვდება.

თქვა ესა და ხუთივე თახვი ლერწმებად აქცია:

- დღეიდან თქვენ ლერწმები იქნებით, წყლის პირას იხარებთო.

ვერც კი მოასწრო სათქმელი დაემთავრებინა, რომ დიდი მდინარის შესართავიდან იმდენი ორაგული მოაწყდა, წყალი გადაშავდა. კოიოტი მდინარის ნაპირ-ნაპირ წავიდა, თევზს უკან გაჰყვა. სოფლებში ადიდებდნენ კოიოტს და ცხოველთა ნათესავი თევზს შეექცეოდა, შიმშილს ბოლო მოეღო.

ერთ პატარა მდინარესთან კოიოტს აზრად მოუვიდა: კარგია, ამ ნათესავთ თევზის ჭერა ვასწავლოო. ადგა, თხილის წნელებისგან ფაცერი დაწნა და წყალში ჩაუშვა. შემდეგ ისიც უჩვენა, როგორ გაეშროთ და შეენახათ თევზი.

უფრო დიდ მდინარესთან კოიოტმა იქაურებს აჩვენა, როგორ დაეხოცათ თევზი სარებით, მან თეთრ სოჭს ქერქი შემოაცალა, ბოლო გაუთალა და წამახვილებული წვერი ორაგულს ჩაასო.

- აი, ასე უნდა ქნათო, - თქვა კოიოტმა, სხვა ნათესავს თევზის შეწვა ასწავლა. მანამდე ისინი თევზს უმად ჭამდნენ, კოიოტი თევზს ცეცხლზე ატრიალებდა და ისე წვავდა მას. მეორენაირადაც ასწავლა თევზის დამზადება, გაახვია მწვანე ფოთოლში და შედო ცეცხლში.

ფოთოლი ორთქლს არ უშვებს და თევზი შიგ იხარშება.

- აი, როგორ უნდა თევზს მომზადებაო, - იმეორებდა კოიოტი.

შემდეგ კოიოტმა იქ მყოფთ დიდი ზეიმი - ორაგულის დღესასწაული - გაამართვინა და დიდი მდინარისა და ყველა მისი შენაკადის ნაპირას მცხოვრებთ ასე მიმართა:

- ყოველ გაზაფხულზე ორაგული მდინარეში შემოვა ქვირითის დასაყრელად. თქვენც ყოველ გაზაფხულს დიდი ლხინი უნდა გამართოთ, ორაგულის დღესასწაული გადაიხადოთ. მადლობა შესწიროთ ორაგულთა სულებს, რომ თქვენს შესართავებში თევზები გამოგზავნეს, თქვენი ორაგულთა ბელადი კი შესთხოვს იმ სულებს, ბადეები თევზით გაგივსოთ. იმ სადღესასწაულო ხუთ დღეს ორაგულს დანა არ დაააროთ, მხოლოდ კოცონზე შემწვარი უნდა ჭამოთ. თუ ისე მოიქცევით, როგორც გეუბნებით, ორაგული ზამთარ-ზაფხულ თავსაყრელად გექნებათო.

თქვა ეს და აუყვა მდინარეს, ორაგულებიც აედევნენ. ხშირად პატარპატარა შენაკადებთან შეჩერდებოდა ხოლმე. მდინარე იაკიმთან და უინატჩთან მცხოვრებმა ინდიელებმა კოიოტი კარგად მიიღეს. მანაც გაავსო მათი მდინარეები თევზით და შეჰპირდა, ორაგული ყოველ გაზაფხულზე მოვა და ქვირითს დაყრისო. სადაც კი კოიოტს კარგად ხვდებოდნენ, მდინარეს ნაპირს უდიდებდა. ცხადია, თევზის ჭერა უფრო ადვილი და მოხერხებული ხდებოდა.

მდინარე შელანის სანაპიროზე მცხოვრებ ცხოველთა ნათესავთ კოიოტმა ასე მიმართა:

- თუ ლამაზ ყმაწვილ ქალს მომათხოვებთ, თქვენს მდინარეს ორაგულებით გავავსებო.

მათ უარით გაისტუმრეს. ყმაწვილ ქალს კოიოტისთანა ბებერი ქმარი არ გამოადგებაო. გაბრაზებულმა კოიოტმა მდინარე შელანის კალაპოტი უშველებელი ქვებით გაავსო და ჩანჩქერი შექმნა. ქვებით გადაღობილმა მდინარემ ტბა შელანი გააჩინა. დღემდე არცერთ ორაგულს არ გადაულახავს ეს ჩანჩქერი.

აი, რატომ არ ბუდობს დღესაც შელანში ორაგული.

მდინარე ოკანოგანზეც გააჩინა კოიოტმა ჩანჩქერი. იქაც უარი უთხრეს ახალგაზრდა საცოლეზე. მდინარე სპოკანზეც შექმნა ჩანჩქერი, რადგან ზემო მდინარის ბელადმა ნება არ მისცა, თავისი ტომელი ქა ლი შეერთო. კოიოტმა ოკანოგანისა და სპოკანის ტომის ბელადებს ასე მიმართა:

- აქ ჩანჩქერებს გავაჩენ. ამ ჩანჩქერებს ვერცერთი ორაგული ვერ გადალახავს და თქვენი მდინარეები ცარიელი დაგრჩებათო.

კოიოტმა თავის მოგზაურობის ჟამს ყველა მდინარესა და მთას სახელი მისცა. დახოცა ურჩხულები, მოსპო და გაანადგურა ყინულეთი, გაიმარჯვა ბურანზე. აი, რატომ აღარ არის ზამთარი ცივი. დარგო ხეები, ახალი ხალხი, ინდიელები რომ მოევლინება ქვეყანას, გათბნენო. მთაში ავიდეს კენკრის საკრეფად, ყველაფერი რომ მზამზარეული მიართვა, გაზარმაცდებიან და არ ივარგებსო. მარწყვი გაახარა, სხვა ტყის ხილიც ბევრი დარგო. ხალხს მრავალფეროვანი საკვები ჰქონდესო. დარგო კამასი, კაუსი და სხვა მრავალი.

მას შემდეგ, რაც ქვეყნად ახალი ხალხი, ინდიელები გაჩნდნენ, კოიოტმა ასწავლა, როგორ ეტრიალებინათ ხელის გულებით ორი ჯოხი, რომ ცეცხლი გაეჩინათ: გაუკეთა გრძელი დანა, რომ დაეჭრათ; გაუკეთა ნაჯახი, რომ ეჩეხათ; კედარს ქერქი გააცალა და კანოე გაუკეთა.

- აი, ასე უნდა ქნათ, - ამბობდა ის.

კოიოტმა ინდიელებს ასწავლა, როგორ გაეკეთებინათ კაპარჭი და სწორი ყლორტებისგან - ისრები, როგორ ეხმარათ იარაღი. მან გააკეთა ნეკერჩხლის წნელისგან ფიცარი და აჩვენა ინდიელებს, როგორ დაეჭირათ თევზი ფაცერით. მან ასწავლა, როგორ მოესწორებინათ სათევზაო ადგილი ჩანჩქერებთან და როგორ ეთევზავათ სარებით. თევზსაჭერი კალათაც კოიოტმა დაწნა.

კოიოტმა უთხრა ინდიელებს, რომ ორაგული უეჭველად უნდა გამოიშიგნოს.

- თუ ორაგულს არ გამოშიგნავთ, მას შერცხვება თქვენს მაგივრად და თქვენს მდინარეებს აღარ გაეკარება. რამდენსაც შეჭამთ, იმაზე მეტი არასოდეს შეწვათ. ვთქვათ, სამი ორაგული შეწვით და ერთიც არ შეჭამეთ, მაშინ ორაგული თქვენს მაგივრად სირცხვილით დაიწვება და აღარასოდეს გამოჩნდება თქვენს მდინარეში.

მრავალჯერ უმოგზაურია კოიოტს მდინარე კოლუმბიისა და მისი შენაკადების სანაპიროებზე და ბევრი სასარგებლო რჩევა-დარიგება მიუცია მცხოვრებლებისთვის. თითქმის მთელი თავიანთი ცოდნა ინდიელებმა კოიოტისგან მიიღეს.

ბევრი სიკეთე უყო ხალხს კოიოტმა, მაგრამ ბევრი ბოროტებაც ჩაიდინა.

ზოგი ინდიელი ამბობს, კოიოტმა თავისი კეთილი საქმეები რომ დაასრულა, ცაში წაიყვანესო. ზოგნი ირწმუნებიან, დაისაჯა თავისი ჩადენილი ბოროტებისთვისო. ცაში თოკით ადიოდა. მთელი ერთი ზაფხუ ლი და ერთი ზამთარი მიცოცავდა თოკზე. მერე მოწყდა თოკს და დიდხანს, დიდხანს მოქროდა ძირს. მიწაზე რომ დაეცა, ხმა მოესმაო:

- მაწანწალად ივლი ამ ქვეყანაზე. მთელი სიცოცხლე იტირებ და ივიშვიშებ, მაპატიეთ ცოდვებიო.

აი, რატომ კვნესიან და ქვითინებენ კოიოტები ღამღამობით. აი, რატომ დაწანწალებენ მშიერ-მწყურვალნი ეულად დედამიწაზე.

17.32 ხეობა უილამეტის გამოქვაბულის ურჩხული

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

უილამეტის ხეობის ბინადართ ერთმა ურჩხულმა შიშის ზარი დასცა. ღამე გამოქვაბულიდან გამოძვრებოდა და მცხოვრებლებს თავს ესხმოდა. შემდეგ გამოქვაბულში შეათრევდა და ჩასანსლავდა.

კოიოტი რომ ესტუმრა ხეობას, ხალხი სოფლიდან აყრილი იყო. შეეხვეწნენ კოიოტს: გვიშველე, უბედურებას გადაგვარჩინეო.

- ასეც ვიზამ. ახალ მთვარემდე ურჩხულს სულს გავაფრთხობინებო, - დაჰპირდა კოიოტი ხალხს, მაგრამ თვითონაც არ იცოდა, ურჩხულს სულს როგორ გააფრთხობინებდა. ამიტომ ადგა და ერთ მეგობარ მელას დაეთათბირა.

- ურჩხული ბნელეთში ცხოვრობს. დღის სინათლე თვალებსა სჭრისო, - უთხრა მეგობარმა.

მერე დიდხანს ითათბირეს, აზრი გაცვალ-გამოცვალეს და გეგმაც მოიფიქრეს. მეორე დღეს მზე თვალისმომჭრელად ანათებდა. ცაზე მაღლა რომ აიწია, კოიოტმა გადაიკიდა კაპარჭი და მაღალი მთის წვერზე მოექცა. იქიდან მოზიდა მშვილდი და მზეს ისარი ესროლა, მერე მეორე ისარი პირველის ბოლოში გაჭედა, შემდეგ მესამე და ასე ისროდა, მანამ მზესა და დედამიწას შორის ისრების თოკი არ გაიჭიმა.

ბოლოს ჩაავლო ხელი თოკს და მოსწია, მთელი ძალით ეწეოდა. მზე დედამიწაზე ჩამოიყვანა და მდინარე უილამეტში დამალა.

ურჩხულს ეგონა, დაღამდაო და გამოქვაბულიდან გამოძვრა საკბილოს მოსაძებნად. როგორც კი მოიგდო ხელში ერთი კაცი, კოიოტმა ძირს ისრის თოკი გაწყვიტა, თვალისდახამხამებაში მზემ მაღლა აიწია, იქაურობა გააჩახჩახა და ურჩხული დააბრმავა. კოიოტმა დრო იხელთა და სული გააცხებინა. ხალხმა შვებით ამოისუნთქა.

გადიოდა წლები. ზაფხულს ზამთარი ცვლიდა, ზამთარს - ზაფხული. ერთხელ თეთრმა ადამიანებმა იპოვეს ურჩხულის ძვლები და თან წაიღეს. უილამეტის ხეობის ინდიელებმა კი გააფრთხილეს თეთრები, ხელს ნუ ახლებთ, უბედურებას შეგამთხვევთო, მაგრამ თეთრები განა ვინმეს ყურს მიუგდებენ?

17.33 კუ და კაიპორა

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

ერთი კუ ფუღუროში იჯდა და სალამურს უკრავდა. კაიპორამ ყური მოჰკრა და თავისთვის ჩაილაპარაკა, უთუოდ კუ უნდა უკრავდეს, კარგი იყო, დამეჭირაო. ჩუმად მივიდა ფუღუროსთან, კუ ისევ აკვნესებდა სალამურს.

კაიპორამ ფუღუროში ჩასძახა:

- ეჰეი, კუ, არ გესმისო!

- რა გნებავსო? - გამოეხმაურა კუ.

- გარეთ გამობრძანდი, ძალა ვსინჯოთო!

- დიდი სიამოვნებითო!

კაიპორა შამბნარისკენ გაიქცა, ლიანა მოჭრა, მდინარის პირას მიათრია და კუს უთხრა:

- აბა, დავიწყოთო. შენ მდინარეში ჩახტი, მე კი ნაპირზე დავრჩებიო.

კუ მდინარეში ჩახტა და ლიანა დელფინს მოაბა ბოლოზე, თვითონ კი ჩუმად ამოვიდა ნაპირზე და ბუჩქებში შეიყუჟა.

კაიპორამ თავისკენ გასწია ლიანა, მაგრამ ვერას გახდა. დელფინმა მოიკრიბა რაც ძალი და ღონე ჰქონდა და კაიპორა წყალში ჩაათრია. კაიპორამაც მოიკრიბა ძალ-ღონე და დელფინი კინაღამ წყლიდან ამოათრია, მაგრამ ბოლოს მაინც დელფინმა დაჯაბნა კაიპორა და წყალში ჩაიყოლა.

კუ ბუჩქებიდან ყველაფერს ხედავდა და ულვაშებში ეშმაკურად ეცინებოდა. კაიპორა დაიღალა და თქვა:

- გვეყოფა, კუ, ამოდიო!

ჩახტა კუ წყალში, დელფინს ლიანა შეხსნა და თავმომწონედ ამოვიდა ნაპირზე.

- მეგობარო, არ დაიღალეო? - ჰკითხა კაიპორამ.

- რას ამბობო, - მიუგო კუმ, - ხომ ხედავ, არც კი გავოფლილვარო!

გაოცებულმა კაიპორამ თავი დამარცხებულად სცნო.

- ახლა კი დავრწმუნდი, რომ ჩემზე ძლიერი ყოფილხარო! - თქვა და თავის გზას გაუდგა.

17.34 ადამიანი და კუ

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

ერთხელ კუ თავის სოროში შეძვრა და სალამური ააკვნესა. გამვლელგამომვლელი ჩერდებოდა და ყურს უგდებდა სალამურის ტკბილ ხმას. ერთმა კაცმა თქვა:

- ამ კუს აუცილებლად დავიჭერო!

მივიდა სოროსთან და დაუძახა:

- ეჰეი, გამომხედეო.

- რა გნებავსო! - გამოსძახა კუმ.

- მაღლა ამოდი, რაღაც უნდა გითხრაო.

- ახლავეო, - და კუ სოროდან გამოღოღდა. კაცმა კი მაშინვე სტაცა ხელი და შინ წაიყვანა. შინ რომ მივიდა, კუ ყუთში ჩასვა. დილით, მინდორში წასვლის წინ, შვილებს დაუბარა:

- არამც და არამც კუ გარეთ არ გამოუშვათო!

კაცი წავიდა, კუ კი იჯდა ყუთში და აკვნესებდა სალამურს.

ბავშვებმა სალამურის ხმა გაიგონეს თუ არა, ყუთს ირგვლივ შემოეხვივნენ, მაგრამ კუმ მაშინვე შეწყვიტა სალამურის დაკვრა. მაშინ ბავშვები შეეხვეწნენ, კიდევ დაუკარიო.

- ჩემი სალამურის დაკვრა მოგწონთ, არა? ნეტავი ახლა გაჩვენათ ცეკვა როგორიღა ვიციო!

ბავშვებმა კუ ყუთიდან ამოსვეს, რომ მისი ცეკვაც ენახათ.

იცეკვა, იტრიალა კუმ და ბოლოს ბავშვებს სთხოვა, გარეთ გასვლა მინდა და გამიშვითო.

- კარგიო, - უთხრეს ბავშვებმა, - მხოლოდ იმ პირობით, თუ არ გაიქცევიო.

გაუღეს კარი და გაუშვეს. კუმ როგორც კი დრო იხელთა, ბუჩქებში მიიმალა. შეწუხდნენ ბავშვები, აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, მაგრამ კუს კვალს ვეღარსად მიაგნეს.

ბოლოს ერთმა ბავშვმა თქვა:

- მოდით, ქვა მოვძებნოთ და კუს ბაკანით შევღებოთ, თორემ მამა რომ დაბრუნდება, მაგრად მოგვხვდებაო.

მართლაც, შეღებეს ქვა და ყუთში ჩადეს. საღამოს დაბრუნდა მამა და შვილებს უთხრა:

- აბა, ჩქარა ცეცხლზე ქვაბი შედგით, კუ უნდა მოვხარშოთო.

მამამ ქვაბში კუს ნაცვლად შეღებილი ქვა ჩააგდო და ბავშვებს უთხრა:

- თეფშები გაამზადეთო.

- მერე ქვა ამოიღო და თეფშზე დადო. უცებ ტკაცო! - და თეფში ნამსხრევებად იქცა.

გაბრაზებულმა მამამ ბავშვებს ლანძღვა-გინება დაუწყო.

- აი, თქვე უვარგისებო, კუ გაგიშვიათო?

- არა, მამი, არ გაგვიშვიაო! - იმართლეს თავი ბავშვებმა.

სწორედ ამ დროს კუმ სალამური ააკვნესა.

კაცმა გაიგონა სალამურის ხმა და იფიქრა, წავალ, კუს ისევ დავიჭერო! წავიდა და დაუძახა:

- ეჰეი, ზოზინავ, გამომხედეო!

- რა გნებავსო! - გამოსძახა კუმ.

კაცი ერთს ეძახოდა, კუ მეორეს პასუხობდა. ეძახა კაცმა, ეძახა, ბოლოს მობეზრდა და თავი მიანება.

17.35 არუ

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

არუ პატარა ბაყაყს ჰქვია. იგი უმეტესად ტყის განაკაფში ბინადრობს. როგორც კი ინდიელები ტყის გაჩეხვას დაიწყებენ, არუც მაშინვე იქ გაჩნდება. ამბობენ, სადაც არუა, იქ უსათუოდ დიდი ჭირნახული მოვაო. ნათესებს თვალყური კარგად უნდა ადევნო, თორემ თუ ყანა გაუთოხნავია და სარეველა მოერია, არუ იმ ადგილს ახლოსაც არ გაეკარება.

ხალხში ასეთი თქმულება არსებობს: ოდესღაც არუს ჯიშის გომბეშოებიც ადამიანები ყოფილან. იმ ტომს მთლად ახალგაზრდა ბელადი ჰყოლია. სახელად არუ რქმევია და ძალიანაც უცნაური ჩვევა ჰქონია - არცერთ ქალიშვილს დაუმორჩილებელს არ უშვებდა თურმე.

ერთხელ არუ სანადიროდ კუნძულ პალიაზე წასულა. იქ ერთი მთვარესავით პირბადრი და ლამაზი გოგონა უნახავს. ამ გოგონას გიშერივით შავი თმა და ვარსკვლავივით მოციმციმე თვალები ჰქონდა. პირისახეს ბროლივით თეთრი კბილები უმშვენებდა. ერთი სიტყვით, იმ ლამაზი გოგონას მსგავსი ჯერ არასოდეს ეხილა არუს, ტომის ბელადს.

გოგონა მშვიდად იჯდა ზღვის პირას და თევზაობდა. არუმ თვალი მოჰკრა თუ არა, მაშინვე ხეს ამოეფარა და ცდა დაუწყო. გოგონამ ლერწმის კალათა აავსო თევზით, მერე ტანი დაიბანა, ამოვიდა წყლიდან, გამხმარი ლერწამი გაშალა და ზედ წამოწვა. წამოწვა თუ არა, მაშინვე ჩაეძინა.

არუც სწორედ ამას ელოდა. ჩუმად მიეპარა მძინარეს და გვერდით მიუწვა. გოგონას შეეშინდა, უნდოდა დაეყვირა, მაგრამ არუს თავი ვერ დააღწია.

დიდხანს ებრძოდნენ ისინი ერთმანეთს. გვიან, როცა დედამიწას ღამის მწუხრი მოეფინა, გოგონას უკანასკნელი ძალ-ღონე გამოელია.

ქალი ტიროდა, მაგრამ მისი ცრემლი მიწაზე კი არ ეცემოდა, სწრაფად ადიოდა ცაში და იქიდან წვრილ წვიმად მოედინებოდა.

ბელადი არუ მხოლოდ გამთენიისას წამოდგა ფეხზე. იგი ცარიელი ჩონჩხიღა იყო, კაცი იფიქრებდა, ცეცხლში ჩაუხრუკიათო.

გოგონაც ადგა და არუს ქვითინით უთხრა:

- რატომ აწუხებ ცის ბინადართ? ხომ ხედავ, რას დაემსგავსე, როგორ დაგწვა წუხანდელმა ღამემ. ახლა შენ გაქრები და შენი მოდგმაც გადაშენდება. დღეის შემდეგ მთელს შენს სიცოცხლეს წყალში და ტყის განაკაფში გაატარებ. მხოლოდ ერთ თვეს, წელიწადის ამ დროს იქცევი ადამიანად, და ისიც იმიტომ, რომ ხალხს სამკურნალო ბალახი დაურიგო. შენ შეასწავლი ადამიანებს ხახალის დაწვნას, საცრის, თევზის საჭერისა და ბარის გაკეთებას, აგრეთვე იმ ჩოგანის გამოთლას, რომელსაც ინდიელები მანიოკის ფაფის მოდუღებისას გამოიყენებენო.

ქალმა სიტყვა რომ დაასრულა, მოწყვიტა მწვანე ანანასი და შეჭამა. მერე მიწიდან მაღლა შეხტა და მკვდარი, თითქოსდა გაჭყლეტილი ბაყაყი შობა.

ქალმა არუს უთხრა:

- აი, ასე გადაშენდება შენი მოდგმა. ხედავ, რად იქცა შენი ჯილაგი? ახლა წაგისვამ ამ ბაყაყის სისხლს, რომ უფრო გალამაზებული დაუბრუნდე შენს გვარ-ტომსო.

ქალმა აიღო მკვდარი ბაყაყი, შუაზე გახლიჩა, სისხლი ხელის გულზე დაიგროვა და არუს პირისახეზე გომბეშოსა და ბაყაყის გამოსახულება მოახატა.

- ახლა უფრო ლამაზი ხარო!

მერე მკვდარი ბაყაყის ტყავი აიღო, დაახვია, თავისი თმებით შეკრა, სტვირი გააკეთა და ჩაჰბერა.

- ისწავლეო, - უთხრა, - დღეიდან შენი მსგავსი დედამიწის ზურგზე აღარავინ იქნება. ახლა კი, ვიდრე სამუდამოდ დაგშორდებოდე, ჩემი ვინაობა მინდა გაუწყო: მე ზეცის მკვიდრი, მთვარის ქალიშვილი და მცენარეთა დედა ვარ. სახელად სეიუსი მქვია. შვიდი ვარსკვლავის ოჯახში ერთ-ერთ ვარსკვლავსაც ამ სახელით იხსენიებენ. ახლა შეგიძლია დაუბრუნდე შენს ხალხს და, ვისაც გინდა, იმას უამბე, რომ ღამე ჩემთან გაატარე. აჰა, ეს სტვირი, მიჩუქებია. წაიღე და როდესაც შენს სოფელს მიუახლოვდები, დაუკარი. ხალხს ამით ძლიერ გაახარებო.

ამ სიტყვების თქმა და ქალის გაუჩინარება ერთი იყო. არუ დაადგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა, მიადგა თავის სოფელს, გავიდა შუა შარაზე და ჩაჰბერა სტვირს.

ხალხი დაფრთხა. სტვირის ხმა წავის წივილს მიამსგავსეს.

არუს მთელი გვარ-ტომი სახლებიდან გარეთ გამოცვივდა და გაიქცა.

თანასოფლელებმა ბაყაყის სისხლით მოხატული ბელადი რომ დაინახეს, იფიქრეს, უშველებელი წავი შეჭმას გვიპირებსო და მაშინვე მდინარეს მიაშურეს. ყველა ერთად ჩახტა წყალში. მათ კვალდაკვალ მიჰყვა ბელადი არუც. იქ კი გომბეშოებად და ბაყაყებად გადაიქცნენ.

ასე გაჩდნენ ქვეყნად არუს ჯიშის ციცქნა ბაყაყები.

17.36 ჟურუპარის საკრავების მოტაცება

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

არავაკის ოჯახში მცხოვრები ტარიანას ტომის მამაკაცები ყოველ საღამოს მდინარე პაპურის სათავესთან იკრიბებოდნენ. უკრავდნენ მუსიკალურ საკრავებზე და ჟურუპარის ცეკვავდნენ. ერთხელ ქალებმა გადაწყვიტეს, მოდი, საკრავები მოვიპაროთო. იმ დღიდან ქალები ყოველ დილით მიდიოდნენ ტყეში და დაეძებდნენ იმ ადგილს, სადაც მამაკაცები საკრავებს მალავდნენ. ამ ძებნაში რამდენიმე წელი გავიდა. ერთ საღამოს ქალებმა მამაკაცებს ჟურუპარის საცეკვაო სახლთან დაუდარაჯეს, ვნახოთ მაინც, რანაირი საკრავები აქვთო. ყველა ქალს ხელში ჩირაღდანი ეკავა.

მამაკაცებმა შუადღემდე იცეკვეს. მერე კი ზოგმა მდინარეში დამალა თავისი საკრავი, ზოგმაც - ტყეში, ხის ფუღუროში. ქალები ჩუმად უთვალთვალებდნენ და, მამაკაცები სოფელში გაბრუნდნენ თუ არა, საკრავებს მისცვივდნენ, მთელი ტყე ჩირაღდნებმა გააჩახჩახა. საკრავები სინათლეს გაურბოდნენ. მაშინ ქალები ირგვლივ შემოეხვივნენ ხეს და საკრავები რის ვაი-ვაგლახით ჩაიგდეს ხელში. წაიღეს და ძალიან შორს გადამალეს. დილით კი, ერთად რომ შეიკრიბნენ, ყველაზე უფროსმა ქალმა თქვა:

- ახლა საკრავები ჩვენცა გვაქვს. მამაკაცები ამ ოინს რომ არ მიგვიხვდნენ, დღესვე უნდა წავიდეთ უარაკაპას ჩანჩქერთან და საჭმელად უმარის ღეროები მოვკრიფოთო.

ასეც მოიქცნენ.

საღამოს მამაკაცები წავიდნენ ჟურუპარის საცეკვაოდ, მაგრამ ფუღუროში საკრავები აღარ დახვდათ. მხოლოდ მდინარეში დამალული საკრავები იყო თავის ადგილზე. დაიწყეს ძებნა: აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, მაგრამ ვერსად ნახეს. ქალებზე ეჭვიც კი არ მიუტანიათ, რადგან ისინი დილიდანვე უარაკაპას ჩანჩქერებზე იყვნენ წასულები. კაცებში მკითხაობაც არავინ იცოდა და, აბა, ისე რას გაიგებდნენ! ამიტომ, ქალები შინ რომ დაბრუნდნენ, ქმრებს მათთვის არაფერი უკითხავთ.

ერთი დღის შემდეგ კი ქალები თვითონ წავიდნენ ჟურუპარის საცეკვაოდ. მდინარე ტუი-იგარაპეს პირას თავი მოიყარეს და საკრავებს ჩაჰბერეს, მაგრამ ამაოდ: ვერც ერთ საკრავს ხმა ვერ ამოაღებინეს. ქალებმა ხან წაღმა უტრიალეს, ხან უკუღმა, - მაინც არაფერი გამოუვიდათ, მაშინ ერთმა ქალმა თქვა:

- მოდი, ახალგაზრდები ვაიძულოთ, საკრავზე დაკვრა გვასწავლონო.

ქალები დაბრუნდნენ შინ, მცენარე კარაჟურუს წითელი წვენით პირისახე შეიღებეს და მამაკაცებს გაეკეკლუცნენ. გამოუცდელი ახალგაზრდები ქალებს ვერ მიუხვდნენ ეშმაკობას და დაეთანხმნენ, საკრავზე დაკვრას გასწავლითო. იმ საღამოსვე წავიდნენ მდინარე ტუი-იგარაპეს პირას და ქალების თანდასწრებით დაუკრეს ჟურუპარის საცეკვაო. სოფელში დარჩენილ მოხუცებს დაკვრის ხმა შემოესმათ და შეშინებულებმა ერთმანეთს უთხრეს:

- გესმით, ვიღაცა ჩვენს საკრავებს უკრავსო.

შუაღამისას მუსიკა შეწყდა. ქალებმა ახლა უკვე კარგად იცოდნენ ჟურუპარის საიდუმლო და ქმრებს უბრძანეს, დღეიდან ჩვენს მაგივრად თქვენ იმუშავებთო. დაღონდნენ მამაკაცები, უცებ უამრავი საქმე გაუჩნდათ: მანიოკი უნდა ამოეთხარათ და დაეფქვათ, ბალახი მოეთიბათ, ყანა გაემარგლათ, ჩვილი ბავშვებისთვის მოევლოთ. ერთი სიტყვით, ქალების საქმე უნდა ეკეთებინათ.

მამაკაცებში ერთი ჯადოქარი ერია. იგი ყოველ საღამოს მკითხაობდა, უნდოდა შეეტყო, ასეთ გასაჭირში ვინ ჩაგვაყენაო. მისი ჩრდილი დამნაშავის საძებრად მიემართებოდა, მაგრამ ვერ პოულობდა. ამ გრძნეულმა თავისი ჯადოქრობის საშუალებით ამოიცნო, ვინ იყო მათი ტომის მამაკაცებში ყველაზე რბილი ხასიათისა. მერე შეკრიბა მოხუცები და თქვა:

- აი, ისე გავჭაღარავდით, ვერა და ვერ გავიგეთ, ვინ გაანდო ქალებს საიდუმლო. რაკი ჩვენ შორის არავინ გვეგულება გამცემელი, ერთი გზაღა დაგვრჩენია: თვითონ ქალები უნდა გამოვტეხოთო. მამაკაცები ასეც მოიქცნენ. როგორც იყო, გადაიბირეს ქალები და ბოლოს ათქმევინეს:

- თუ ჩვენ თვალწინ ჟურუპარის იცეკვებთ, გეტყვით, საიდუმლო ვინ გაგვანდოო.

კაცები დათანხმდნენ, კარგი, ვიცეკვებთ, ოღონდ ის წმინდა საკრავები დაგვიბრუნეთო. ქალებმა მოუტანეს. მამაკაცებმაც იმავე საღამოს მიაშურეს ჟურუპარის საცეკვაო სახლს. შუა ცეკვაში რომ იყვნენ, ქალები ქოხში შევიდნენ და გაოცებისგან იქვე გახევდნენ: ყველა მამაკაცს ერთნაირი სახე ჰქონდა, თითქოსდა მოცეკვავენი ერთ არსებად ქცეულიყვნენ. ქალებმა შიშისაგან გონი დაკარგეს. გრძნეული მამაკაცი კი ოთახის შუაგულში გამოვიდა და თქვა:

- ყველა ჭაღარათმიანი მამაკაცი ჟურუპარის გვარისაა. ახალგაზრდები კი დღეიდან აღარ დაუკრავენ ჟურუპარის საცეკვაოს, რადგან მათ უბედურება მოგვიტანეს. შეხედეთ ჩვენს ხელებს, ზედმეტი შრომისაგან როგორ გაგვიუხეშდა. ეს ყველაფერი კი იმის გამო დაგვემართა, რომ ახალგაზრდებმა ქალებს ჟურუპარის საკრავთა საიდუმლო გაანდესო.

ამ ამბის შემდეგ ჟურუპარის საიდუმლო ისევ მამაკაცებს დაუბრუნდა.

17.37 ჩიტი კოლიბრი

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

ერთ ცოლ-ქმარს ერთი გასათხოვარი ქალი ჰყავდა. მოვიდა დრო და დედ-მამამ შვილი გაათხოვა. მშობლები და მეგობრები საპატარძლოს ეკლესიაში გაჰყვნენ, მონები კი საქორწილო სუფრის მოსამზადებლად შინ დარჩნენ. შეუდგნენ საჭმლის გაკეთებას და მაშინღა ნახეს, რომ წვეთი წყალი არ ედგათ არაფერში. რა უნდა ექნათ? ადგა ერთი მონა ქალი, აიღო სურა და წყლის მოსატანად გაიქცა. მივიდა წყაროზე და რას ხედავს, ხის ტოტზე ჩიტი კოლიბრი შემომჯდარა და გალობს: „ფოთლებო და ყვავილებო, სად ვიშოვო საჭმელი? იქით წავალ სტვენა-სტვენით ჩიტუნია ფრთაჭრელი...“

ზანგის ქალმა სურა მიწაზე დადგა და სამბას ცეკვა დაიწყო. ისე გაერთო ცეკვით, რომ აღარც წყალი ახსოვდა, აღარც სადილი და აღარც ქორწილი. ჩიტი კოლიბრიც გალობდა და გალობდა შეუსვენებლივ.

უცადეს ზანგის ქალს, უცადეს და ბოლოს, მის დაბრუნებას საშველი რომ აღარ დაადგა, მეორე მონა ქალი გაგზავნეს წყაროზე, ერთი გაიგე, რა დაემართა, წყალი რატომ არ მოაქვსო. ზანგის ქალმა როგორც კი დაინახა წყაროზე მისული მეგობარი, მაშინვე მიუმღერა: „ოჰ, მეგობარო ქალო, ჩიტს შეხე, როგორ გალობს, მე ხომ ვცეკვავ და ვცეკვავ, შენც უნდა დაუარო“.

მიირბინა მეგობარმა ქალმა და ისიც აცეკვდა. სახლში ამაო ლოდინით რომ გადაიქანცნენ, ორივეს ძახილი დაუწყეს, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. რაღას იზამდნენ, მესამე მონა გააგზავნეს ამბის გასაგებად, მალე მესამეს მეოთხე მიჰყვა, მეოთხეს - მეხუთე და ბოლოს ყველამ წყაროზე მოიყარა თავი. მივიდოდნენ თუ არა, ჩადგებოდნენ წრეში და გაოგნებულები ცეკვავდნენ სამბას. რაკი სახლში აღარცერთი მონა აღარ დარჩა, პატარძლის ერთ-ერთი და წავიდა დასაძახებლად. ზანგის ქალებმა დაინახეს თუ არა, მაშინვე მიუმღერეს. დიასახლისიც ჩადგა წრეში და ისეთი ჩამოუარა, ყველას გადააჭარბა. მოვიდა მეორე დაც. პირველმა დამ მიუმღერა: „ოჰ, ჩემო კარგო დაიკო...“ გოგონა ერთი წამითაც არ დაყოვნებულა, ისიც ჩაება ცეკვაში. შინ კი დედამ ვეღარ მოისვენა, თითქოს ნემსებზე იჯდა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო: სადილი იწვოდა, სტუმრები არ ჩანდნენ და არც არაფერი იყო გამზადებული. ვინც კი შინ დარჩა, ყველა წყაროზე წავიდა და რატომღაც აღარ ბრუნდებოდნენ.

- არა, უთუოდ რაღაც შეემთხვათ იმ წყაროზე, წავალ ერთი, გავიგებო! - თქვა ქალმა, მოიხურა თავშალი და წავიდა. შორიდანვე ყუ რი მოჰკრა მოცეკვავეთა სიმღერას, მერე დაინახა წრეში ჩამდგარი ქალები და ხის ტოტზე შემომჯდარი ჩიტი კოლიბრი. ჩიტუნია ისე საამურად გალობდა, რომ ვერც ამან შეაკავა თავი და ისე დაუარა, ნუღარ იტყვით! დედა ცეკვა-ცეკვით მიუახლოვდა შვილებს, იმათაც მიუმღერეს: „ოჰ, ჩვენო დედილო, ძვირფასო...“

დედაკაცი წრეში ჩადგა და ყველაზე მონდომებით აჰყვა მოცეკვავეებს. ისეთი მხიარულება გაჩაღდა, თქვენი მოწონებული! ჩიტმაც უმატა გალობას. რაც უფრო ძლიერ უსტვენდა ჩიტი, ქალები მით უფრო უმატებდნენ ცეკვას.

მარტოდ დარჩენილი მოხუცი მამა იჯდა და ელოდა ნეფე-პატარძალს. არც სტუმრები ჩანდნენ და არც წყალზე წასული მონა ქალები. ცოლიცა და ქალიშვილებიც მათთან გადაკარგულიყვნენ. გაცეცხლებული ბერიკაცი სულ ცოფსა ჰყრიდა. ითმინა, ითმინა, ბოლოს ვეღარ მოითმინა, დასტაცა მათრახს ხელი, - დამაცადეთ, მე თქვენ გიჩვენებთ სეირსო, - ჩაილაპარაკა და წყაროსკენ გაქანდა. ცოლმა დაინახა თუ არა ქმარი, მაშინვე მიუმღერა: „ოჰ, ჩემო ბერიკაცო, ძვირფასო!..“

კაცი შეიჭრა წრეში და, გიყვარდეს, უშხუვლა და უშხუვლა მათრახი მოცეკვავე ქალებს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, თან გაიძახოდა: „ოჰ, ბებერო ჩემო ქალო, მსურს მათრახით გაგახარო, ჰა, იცეკვე, იცეკვეო...“

ყველას საკმარისად მოხვდა - ცოლსაც, შვილებსაც და მონა ქალებსაც. ისეთი წივილ-კივილი ატყდა, ცაში ანგელოზებსაც დააფრთხობდა. ვიღას ჰქონდა ცეკვის თავი, ყველა მიმოიფანტა. ჩიტუნია კოლიბრმა კი არხეინად მიმოიხედა, ფრთა ფრთას შემოჰკრა და გაფრინდა.

17.38 მემალუსი - გარდაცვლილთა კუნძული

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, ცხოვრობდნენ ერთი ყმაწვილი მეომარი და ლამაზი ქალიშვილი. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ძალიან ბედნიერებიც იყვნენ. მაგრამ მეომარი ავად გახდა, მოკვდა და სულების ქვეყანაში გადასახლდა. იქ ჭაბუკს ენატრებოდა სატრფო და ცხარე ცრემლით ტიროდა. აქ კიდევ ქალი დასტიროდა ჭაბუკს.

ერთხელ, მეომრის სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მიცვალებულთა ქვეყნიდან ვიღაცის სული სიზმარში გამოეცხადა ქალიშვილს და უთხრა:

- შენს შეყვარებულს ძალიან ენატრები. მართალია, იგი იმქვეყნად კარგად არის, მაგრამ უშენოდ მაინც მოწყენილია და მანამ არ იქნება ბედნიერი, სანამ შენ არ ინახულებო.

გოგო ისე შეაშფოთა ამ სიზმარმა, რომ მაშინვე მშობლებს უამბო. ისინიც შეშფოდნენ, აღარ იცოდნენ, რა ერჩიათ შვილისთვის. მეორე და მესამე ღამესაც გამოეცხადა სული და იგივე გაუმეორა. მესამედაც რომ ნახა გოგომ სული სიზმარში, მშობლებმა გადაწყვიტეს, ქალი შეყვარებულთან გაეგზავნათ, რათა თვითონაც რაიმე უბედურება არ შემთხვეოდათ.

ჩასხდნენ ყველანი კანოეში და დაუყვნენ მდინარეს ქვემოთ, კუნძულისკენ, სადაც სულების ბედნიერი ქვეყანა იყო და ყველა მიცვალებულს იქ მოეყარა თავი. ის იყო კუნძულს მიადგნენ, რომ დაბინდდა კიდეც. კუნძულიდან დაფდაფების ხმა შემოესმათ, სულები მღეროდნენ და ცეკვავდნენ მუსიკის ტაქტზე. ბურუსში ძლივს გაარჩიეს კუნძულზე მოციმციმე სინათლეები.

ნაპირზე ოთხი სული შეეგებათ. მათ კანოედან ქალი გადაიყვანეს, მშობლებს კი უთხრეს, თქვენ შინ, ცოცხლების ქვეყანაში დაბრუნდითო. მერე ქალი გამჭვირვალე ჭილობებისგან აგებულ უზარმაზარ ვიგვამში შეიყვანეს, სადაც ყველა ცეკვავდა. გოგომ იცნო თავისი შეყვარებული, რომელიც უფრო ლამაზი და კეთილშობილი ეჩვენა, ვიდრე დედამიწაზე იყო. თანაც ისე მდიდრულად ჩაეცვა, როგორიც მხოლოდ სულების ქვეყანაში იცვამენ.

მთელ ღამეს გაგრძელდა ცეკვა-სიმღერა. ახალგაზრდა შეყვარებულები უბედნიერესად თვლიდნენ თავს. როცა ინათა და ჩიტებიც აჭიკჭიკდნენ, სულებმა დასაძინებლად გასწიეს - მათ ხომ დღისით სძინავთ და ღამით ფხიზლობენ. გოგომაც დახუჭა თვალები და ძილს მიეცა.

მაგრამ მას ასე მაგრად არ ეძინა, როგორც დანარჩენ სულებს, ამიტომ, მზე რომ კარგად ამოწვერა, გაეღვიძა და ირგვლივ მიმოიხედა. იქვე, მის გვერდით ჩონჩხი იწვა - მისი შეყვარებულის ჩონჩხი. სახეში შემოსცქეროდა კბილებდაკრეჭილი და ცარიელგუგებიანი თავის ქალა. ირგვლივ ჩონჩხები და თავის ქალები ეწყო. ჰაერში კი სიკვდილის სუნი ტრიალებდა - მშვენიერი სულები დღისით ჩონჩხებად და გვამებად იქცეოდნენ ხოლმე.

გოგომ ერთი შეჰკივლა, წამოხტა და ნაპირისაკენ გაქანდა, იპოვა იქ თავისი კანოე და სასწრაფოდ მოუსვა ნიჩბები თავისი სოფლისაკენ. მშობლები და ნაცნობები შეშფოთდნენ, გოგო რომ დაინახეს. შეეშინდათ, ვაითუ სულები შემოგვწყრნენ, გოგომ რომ მათი ქვეყანა მიატოვა და ახლა მთელი სოფელი დასაჯონო.

- შენ სულები გაანაწყენე, - უთხრეს მათ, - შენც მათსავით უნდა გძინებოდა მთელი დღე. ახლავე დაუბრუნდი შენს შეყვარებულს, რაკი მან მოგითხოვაო.

რაღას იზამდა, დაბრუნდა გოგო მიცვალებულთა კუნძულზე და იმ ღამით ისევ ეცეკვა თავის შეყვარებულს გამჭვირვალე ჭილოფისგან ნაგებ ვიგვამში. მისი შეყვარებული ახლაც ლამაზი და ბედნიერი იყო. მერე, დღისით, გოგოსაც საღამომდე ეძინა ხოლმე. საღამოობით კი იღვიძებდა და მთელ ღამეს სულებთან ერთად ერთობოდა. გავიდა დრო და მას უჩვეულო სილამაზის ბავშვი შეეძინა - ნახევრად კაცი, ნახევრად სული. ახალგაზრდა მამას ისე უნდოდა შვილი თავისი დედისთვის ეჩვენებინა, რომ ცოცხლების ქვეყანაში სული გაგზავნა და დააბარა:

- გადაეცი დედაჩემს, რომ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ სულების ქვეყანაში, მშვენიერი ბავშვი შეგვეძინა და გვინდა, შენც ნახო-თქო. სთხოვე, წამოგყვეს, მერე კი ჩემი ცოლი და შვილი უკანაც წაჰყვებიან ცოცხლების ქვეყანაში. ცოტა ხნის შემდეგ მეც დავბრუნდები და ყველა სულსაც თან წამოვიყვან, რათა მათ ხელახლა იცხოვრონ ცოცხლების ქვეყანაში.

ჭაბუკის დედას ძალიან გაუხარდა ეს ამბავი და სიამოვნებით წავიდა მიცვალებულთა კუნძულზე. შვილი წინ შეეგება და გააფრთხილა, შვილიშვილს ცოტა ხნის შემდეგ ნახავო.

- ვიდრე ათი დღე არ გავა, ვერ გაჩვენებო.

ბებია მოთმინებით ელოდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა მოთმენა, უნდოდა მალე ენახა ბავშვი. ერთ დღეს გადაწყვიტა, მალულად შეეჭვრიტა ჭუჭრუტანაში და დაენახა იგი. ვის რა დაუშავდება, მე თუ მისი აკვნის საფარს ყურს ავუწევ და ცალი თვალით

შევხედავო.

ასეც მოიქცა. ასწია საფარი და მძინარე ბავშვს დახედა, მაგრამ მაშინვე დაისაჯა - ბავშვი ავად გახდა და მოკვდა. სულები კი ისე განრისხდნენ, რომ მას შემდეგ არცერთ მკვდარს ცოცხლების ქვეყანაში აღარ აბრუნებდნენ.

ბებია დააბრუნეს თავის სოფელში და მას შემდეგ შვილსა და რძალზე აღარაფერი სმენია.

17.39 წმინდა ფლეიტა

▲ზევით დაბრუნება


ტროპიკული ტყეები

მუნდურუკუს ტომის წმინდა ფლეიტები კაროკოს სახელწოდებით, ქალებისათვის ტაბუს წარმოადგენს, მაგრამ იყო დრო, როცა ისინი ფლობდნენ ფლეიტებს. სიმართლე რომ ითქვას, სწორედ ქალებმა იპოვეს ეს ფლეიტები.

იყო სამი ქალი: იანიონბორი, ტუემბირუ და პარავარო. ქალები ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად დადიოდნენდა საიდანღაც ხშირად ესმოდათ მუსიკის ხმა. ერთხელ ძალიან მოსწყურდათ და წყაროს საძებნელად გაეშურნენ. ეძებეს, ეძებეს და ტყეში მშვენიერ კამკამა ტბას წააწყდნენ. ეს ტბა წინათ არასოდეს ენახათ. ახლა მას კაროკობოაპტის ეძახიან - „ადგილს, საიდანაც წამოიღეს კაროკო“. ქალებს კიდევ შემოესმათ მუსიკა და მიხვდნენ, რომ ხმა ტბიდან მოდიოდა. მივიდნენ და წყალში თევზი ჯიჯუ ნახეს, მაგრამ მისი დაჭერა ვერ შეძლეს.

სოფელში რომ დაბრუნდნენ, ერთმა ქალმა მოიფიქრა, მოდით, ბადეს კაკლის წვენი წავუსვათ, თევზს დაეძინება და დავიჭერთო. მართლაც ასე მოიქცნენ. სამივე ქალმა სათითაო თევზი დაიჭირა. ამოიყვანეს თუ არა ხმელეთზე, თევზები მაშინვე ფლეიტებად იქცნენ. სწორედ ამიტომაა, რომ მამაკაცების ყველა სახლში სამი საკრავი აქვთ.

ქალებმა ფლეიტები ტყეში დამალეს, რომ ვერავის ეპოვა. ყოველდღე მიდიოდნენ ტყეში და ჩუმ-ჩუმად უკრავდნენ. ისე მოეწონათ ფლეიტაზე დაკვრა, რომ მთელ დღეებს ტყეში ატარებდნენ. ქმრებიც მიატოვეს და სახლ-კარიც. ქმრებმა ეჭვი აიღეს.

ერთ დღეს იანიონბორის ძმა მარიმარებო ქალებს ჩუმად გაჰყვა ტყეში და გაიგო მათი საიდუმლო, თუმცა ფლეიტა ვერ დაინახა. მარიმარებომ სხვა მამაკაცებს უამბო, რაც გაიგო. ამასობაში ქალები დაბრუნდნენ და მამაკაცებმა ჰკითხეს, ტყეში მართლა გაქვთ ფლეიტები დამალულიო? ქალები გამოტყდნენ. მაშინ მამაკაცებმა უთხრეს: - დაუკარით ფლეიტებზე, მაგრამ ტყეში არა, შინო.

ესენიც დათანხმდნენ. რახან ფლეიტები იმათ იშოვეს, ქალები მამაკაცების მბრძანებელნი გახდნენ. ახლა მამაკაცებს მოჰქონდათ ფიჩხი, წყალი და ბეიჟუსაც, ლავაშსაც ისინი აცხობდნენ. კაცებს მას შემდეგ აქვთ ბრტყელი ხელები. მამაკაცები ნადირობდნენ კიდეც, რაც მარიმარებოს აღშფოთებდა იმიტომ, რომ კაცებს ფლეიტებისთვისაც უნდა მიეტანათ ხორცი. ქალები კი მხოლოდ ტკბილი მანიოკისგან ამზადებდნენ სასმელს. ერთხელ მარიმარებომ თქვა, ქალებს ფლეიტები წავართვათო, მაგრამ სხვა მამაკაცები შეშინდნენ.

ქალებმა იმ დღეს, როცა ფლეიტები სოფელში უნდა მიეტანათ, მამაკაცებს უბრძანეს, სანადიროდ წადითო, თვითონ კი ტკბილი მანიოკისგან ნაყენის დამზადებას შეუდგნენ. მამაკაცები ნადირობიდან რომ დაბრუნდნენ, მთელი სოფლის ქალები ფლეიტების მოსატანად იყვნენ წასულები. მათმა წინამძღოლმა იანიონბორიმ სოფელში ერთი ქალი გამოგზავნა და მამაკაცებს შემოუთვალა, ქოხებში დაიმალეთო. მამაკაცები დამორჩილებას არ აპირებდნენ, მათ კაცების სახლში დარჩენა უნდოდათ. მაშინ იანიონბორი მოვიდა, რომ ყველანი ქოხებში შეერეკა. მარიმარებომ დას უთხრა:

- ქოხებში მხოლოდ ერთი ღამით შევალთ. ჩვენ ფლეიტები გვინდა და ხვალვე გამოგართმევთ. თუ არ მოგიციათ, სანადიროდ აღარ წავალთო. იანიონბორი უნდა დათანხმებოდა, რადგან სხვანაირად ვერც

ფლეიტებისთვის იშოვიდა ხორცსა და ვერც ზეიმზე მოწვეული სტუმრებისათვის.

მამაკაცები ქოხებში შევიდნენ. ქალებმა კი სოფლის ირგვლივ სვლა მოაწყვეს, თან ფლეიტებს უკრავდნენ. შემდეგ შევიდნენ კაცების სახლში და იქ დააწყვეს ფლეიტები. მერე სათითაოდ გაიკრიფნენ თავიანთ ქოხებში და კაცები აიძულეს, მოსიყვარულებოდნენ. მამაკაცებს უარის თქმა არ შეეძლოთ, როგორც ახლა ქალებს არ შეუძლიათ მამაკაცის სურვილზე უარის თქმა. ასე გავიდა ღამე.

მეორე დღეს მამაკაცებმა წაართვეს ფლეიტები ქალებს და თავიანთ ქოხებში გარეკეს. ქალები მწარედ დასტიროდნენ თავიანთ დანაკარგს. კაცები კი, ქალებს ფლეიტებს რომ ართმევდნენ, მღეროდნენ. ამ სიმღერაში გამოსჭვივოდა სირცხვილი, მამაკაცებმა ქალების ბატონობით რომ განიცადეს.

17.40 ლეგენდა თეთრი ირმისა

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინათ, საშინელი ავადმყოფობა დაატყდა თავს უმპკუას ტომს. ხალხი წყდებოდა. ძალიან ცოტა გადაურჩა ავადმყოფობას. დიდხანს გაისმოდა ვიგვამებში მოთქმა-ტირილი. ასო ბით ინდიელმა - მოხუცმა თუ ახალგაზრდამ - სამუდამოდ დახუჭა თვალი.

ბოლოს ტომის ექიმბაშმა მოიფიქრა, რაც უნდა ექნათ.

- დავტოვოთ სოფელი და მაღალი მთის მწვერვალზე გადავსახლდეთო,

- მიმართა მან ხალხს. - იქ ახლო ვიქნებით დიდ სულთან და ჩვენს მოთქმა-ტირილსაც უფრო გაიგონებსო.

დაუჯერა ხალხმა. აიკიდეს თავიანთი ვიგვამები და დიდი მთის მწვერვალისკენ დაადგნენ გზას. ამ მთის გადაღმა დიდი წყალი იყო გაშლილი. მთის ფერდობზე შეფენილ მდელოებზე მათ თავიანთი ვიგვამები დადგეს და შეუდგნენ ცხოვრებას. მაგრამ მომაკვდინებელი სენი კვალდაკვალ გაჰყვა დევნილებს, თითქოს საბოლოოდ უპირებდა მოცელვას.

სენი ბელადის ქალს, თეოლასაც შეეყარა. მთელ ტომს უყვარდა თეოლა, მაღალი და ისარივით აშოლტილი, მტირალა ტირიფივით მშვენიერი. ხალხი მას უმპკუას - პატარა დედას - ეძახდა. ყველა დაამწუხრა მისმა ავადმყოფობამ.

ყველას უკვე იმედი გადაეწურა, თეოლა აღარ გადარჩებაო. ტომის მამაკაცები კოცონს შემოსხდომოდნენ მისი ვიგვამის ახლო, თავები ჩაექინდრათ და გულხელი დაეკრიფათ. ვიგვამში კი ქალები მოთქვამდნენ და სიკვდილის სიმღერას მღეროდნენ, თან ფერხულს უვლიდნენ მომაკვდავი გოგონას საწოლს.

ბნელი ღამე იყო. უეცრად რაღაც უცნაური მოხდა. თოვლივით თეთრი ირემი გამოვიდა ტყის უკუნიდან, უშიშრად გადმოიარა მინდორი და თეოლას ვიგვამთან მსხდარ ხალხთან მივიდა. უხმოდ შესცქეროდა გაოცებული ხალხი, როგორ შემოუარა ირემმა სამჯერ ვიგვამს. ყოველ შემოვლაზე მომაკვდავს შეავლებდა ხოლმე თვალს.

მესამე შემოვლის შემდეგ იგი ვიგვამში შევიდა და გოგომაც ხელი გაუწოდა. ირემი დრუნჩით შეეხო მის ხელს, მერე კი კვლავ ბნელ ღამეს შეერია.

წავიდა თუ არა ირემი, თეოლა საწოლიდან წამოდგა და თავის ხალხთან გამოვიდა.

- მე უკვე კარგად ვარ, კარგად, - ყვიროდა იგი. - დიდი თეთრი სულის ანგელოზმა კოცნით წაიღო ჩემი ავადმყოფობა!

აი, ამის შემდეგ არის, რომ უმპკუას ტომის ინდიელები აღარ კლავენ თეთრ ირემს. იგი ხელშეუხებლად ითვლება. მას თაყვანს სცემენ და უყვართ.

17.41 შამანი მახანაკოლო

▲ზევით დაბრუნება


ტროპიკული ტყეები

მახანაკოლოსთანა ჯადოქარი შამანი ჯერ არავინ დაბადებულიყო. ფრინველივით შეეძლო ფრენა, შეეძლო ფრთები გაეშალა და ტყეს თავზე მოევლებოდა. დიახ, დიახ, მან მხოლოდ მოინდომა და ფრთებიც გამოება! სხვადასხვა ცხოველად ქცევა მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ძალიან უყვარდა ირემი და ხშირად მის სახეს იღებდა.

ერთხელაც იქცა ირმად. როგორ ფიქრობთ, რად დასჭირდა? მარტოხელობა მოსწყინდა და მეგობრის შეძენა მოუნდა. და იცით, როგორ მოაგვარა ეს საქმე? - მყრალ ირმის მძორად იქცია თავი. სუნი ეცათ მეფურ სვავებს და მოგროვდნენ. იფიქრეს, გემრიელ საჭმელს შევექცევითო. ის იყო, შემოუსხდნენ ლეშს, რომ სად იყო და სად არა, მოფრინდა

პატარა ჩიტი და დაიწივლა:

- თავს უშველეთ, უბედურება გელითო!

სვავებმა ყურიც არ შეიბერტყეს და ლეშს ეცნენ. მკვდარი ირემი უცებ წამოხტა და შეიბერტყა. შეშინებული სვავები აქეთ-იქით დაფრთხნენ. შამანი ტყუილუბრალოდ არ მოქცეულა ასე. ამ სვავებში მისი რჩეული არ ერია. ფრინველები რომ გაიქც-გამოიქცნენ, ისევ მოიმკვდარუნა თავი. და აი, მაღლა, მაღლა ცაში გამოჩნდა ლამაზი მეფური სვავი. ის იყო მბრძანებელი, უფრო სწორად დედოფალი ყველა მეფური სვავისა. დინჯად ჩამოეშვა მშვენიერი სვავი მიწაზე და მკვდარ ირემს მიუჯდა. უცებ წამოხტა შამანი, დაიჭირა სვავი და ცოლად შეირთო.

დიდხანს ცხოვრობდნენ ისინი ტკბილად. მათ ბედნიერებას ერთადერთი რამ უშლიდა ხელს. შამანის ცოლს ურიცხვი ტილი ესეოდა. მაგრამ შამანმა ამ სადარდებელს უწამლა - რაღაც საპონი გამოიგონა, წაისვამდა სვავი ამ საპონს და და ტიპები მოსცილდებოდა. ერთხელ მახანოკოლოს ცოლმა უთხრა:

- რამდენი წელიწადია, შენთან ვცხოვრობ, ზევით ჩემმა კეთილმა

დედამ კი არაფერი იცის ამაზე. ძალიან მომენატრა. გამიშვი, ცაში ვესტუმროო.

- კარგი, მეც გამოვფრინდები დედაშენთანო, - მიუგო შამანმა.

ორივენი აფრინდნენ ცაში. სვავების დედას აკატუს ეძახდნენ. ყველანი დიდ პატივს სცემდნენ აკატუს, მაგრამ მისი სახე არასოდეს არავის ენახა. ის დღისითაც და ღამითაც თავის ჰამაკში იწვა და არავის ეჩვენებოდა.

აკატუს ძალიან გაუხარდა შვილის ნახვა, თანაც ასეთი ქმრის გვერდით. მან მაშინვე მოისურვა შამანის ხელოვნება გამოეცადა და მახანაკოლოს უბრძანა, ისეთი სკამი გამომითალე, ჩემს თავს ჰგავდესო. აბა, როგორ უნდა შეესრულებინა შამანს სისდედრის სურვილი? - აკატუ ჰამაკში იწვა და მახანაკოლო იმას ვერა ხედავდა. მაგრამ ტყუილად ხომ არ ჰქონდა მიმადლებული ყველა სულიერის მბრძანებლობა. საშველად წითელ ჭიანჭველებს უხმო. ჭიანჭველები შეებნენ აკატუს, დაუწყეს კბენა. აკატუმ ვეღარ მოითმინა და წამოხტა. შამანი ამ დროს ჰამაკის ქვეშ იჯდა. დაინახა აკატუ. იცით, რა ნახა? - აკატუს ერთი კი არა, თორმეტი თავი ება. მახანაკოლოს ხმა არ ამოუღია. სვავთა დედა კმაყოფილი დარჩა და ხმამაღლა უთხრა:

- დიახ, ვხედავ, ნამდვილად გაწაფული შამანი ხარ!

მაგრამ აკატუსთვის ეს ცოტა აღმოჩნდა. ახლა მახანაკოლოს მოსთხოვა:

- აიღე ანკესი, წადი ტბაზე და თევზი მომართვი.

უსმინა შამანმა, წავიდა ტბაზე, დაიჭირა უშველებელი თევზიები და უკან გამოეშურა. გზად დიდი თევზები პატარებად აქცია, ფოთლებში შეახვია და სიდედრს მიართვა.

- როგორ გაბედე და მაკადრე ამისთანა ჭიჭყინების მოტანაო? - დაიღრიალა აკატუმ და გაბრაზებულმა შორს გადაყარა თევზები.

ჭიჭყინები წამსვე უშველებელ ლამაზ თევზებად იქცნენ. აკატუმ გაოცება ვერ დაფარა:

- აი, მესმის, ნამდვილი გაწაფული შამანი ხარო!

ამასაც არ დასჯერდა აკატუ. სიძეს უთხრა:

- აი, კალათი, წადი, წყალი მომიტანე, მწყურიაო.

შამანმა იცოდა, კალათით წყალს ვერ მოიტანდა, მაგრამ აღარ შეეკამათა, აიღო კალათა და წავიდა. ბევრი ეცადა, მაინც ვერ მოიფიქრა, როგორ მოეტანა წყალი კალათით. იქვე ჭიანჭველა მიცოცავდა. შამანს ჰკითხა:

- რას შვრებიო?

მახანაკოლომ უამბო თავისი გასაჭირი.

- ნუ წუხხარ, - გიშველიო, - უთხრა ჭიანჭველამ.

ადგა და კალათას ნასვრეტები ნერწყვით ამოუგლისა. კალათას წყალი არ გასდიოდა. მახანაკოლომ გაავსო კალათა, მიუტანა აკატუს და უთხრა:

- აჰა, წყალი მოგიტანეო.

ძალიან გაუკვირდა აკატუსდა მესამედ თქვა:

- დიახ, ვხედავ, ძალიან გაწაფული შამანი ხარ. - მერე კიდევ ერთხელ დასძინა: - ყველა შამანზე უფრო გაწაფულიო.

აკატუმ მოიხმო თავისი შვილები და უბრძანა, შამანისთვის დიდი და მშვენიერი ბაღი გაეშენებინათ.

- ასეთი გაწაფული შამანი სამუდამოდ ჩვენთან უნდა დარჩეს, - თქვა მან. ეს კი თქვა აკატუმ, მაგრამ გულში შიში ჰქონდა შეპარული.

ამიტომ შვილებს საიდუმლოდ უბრძანა:

- ბაღში მოსასვენებლად რომ წამოწვება, მოკალითო.

შვილთა შორის ერთ-ერთმა შამანს აცნობა, რასაც უპირებდნენ.

- გვიბრძანა, მოგკლათ, როცა ბაღში მოსასვენებლად წამოწვები. მალე გაიქეცი, თავს უშველეო.

შამანმა ყურად არ იღო კეთილი სვავის გაფრთხილება.

- არც მიფიქრია, სამუდამოდ თქვენთან დავრჩენილიყავი, - უთხრა მან, მაგრამ სანამ შინ გავემგზავრებოდე, ერთხელ კიდევ მინდა ჩემი ხელოვნება გამოვავლინო და ცბიერი აკატუ გავაცუროო.

მეორე დღეს, დილაადრიან, ბაღი მზად იყო, გარშემო მაღალი ღობე ერტყა. აკატუს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ შამანი ბაღს თავს ვერ დააღწევდა. და მაინც, მახანაკოლომ ამჯერადაც აჯობა აკატუს. თავისმა საყვარელმა ფლეიტამ უშველა. ფლეიტას მრავალი ნასვრეტი ჰქონდა. შამანმა ბაღის ზღუდეში იპოვა ვიწრო ხვრელი, ფლეიტა შიგ ისე შეაძვრინა, რომ სამი ნასვრეტი ღობის გარეთ მოქცეულიყო. თვითონ ბუზად იქცა, შეძვრა ფლეიტაში და გარეთ ამოყო თავი. მოვიდნენ სვავები მახანაკოლოს მოსაკლავად, მაგრამ მისი კვალი სადღაც გამქრალიყო. მხოლოდ სადღაც, ღობის იქით მხიარულობდა ფლეიტა. ასე გააცურა შამანმა მახანაკოლომ სვავები და დედამიწაზე დაბრუნდა.

17.42 საიდან გაჩნდა კაკტუსი პეიოტე

▲ზევით დაბრუნება


მექსიკა

ერთხელ ახალგაზრდა პრინცი ხიკული ირემზე სანადიროდ წავიდა. ტყეში პრინცს საშინელი ურჩხულები შემოეხვივნენ და მისი მოკვლა უნდოდათ. ჭაბუკი ჯადოქრობით ღურღუტ ტყეში შეიტყუეს, ხელფეხი შეუკრეს და გალიაში ჩასვეს.

ამაოდ ცდილობდა პრინცი ბორკილების მოხსნას. გალიასთან ერთი დიდი, ბუმბულით მოსილი იაგუარი მოვიდა და პრინცს უთხრა, ერთი ფრთა გამომაძვრეო. სინამდვილეში იგი იაგუარი კი არა, ბოროტი ჯადოქარი იყო და უნდოდა, პრინცი ეცთუნებინა. პრინცი იაგუარს ფრთას თუ გამოაძრობდა, საშინელი უბედურება დაატყდებოდა თავს. გაბოროტებულმა იაგუარმა ერთი დაიღრიალა და გაიქცა. ამ დროს მგალობელი ჩიტები სტვენას მოჰყვნენ, უხმეს მხეცებს. თაგვებმა პრინცს ხელ-ფეხზე ბორკილი გადაუღრღნეს. სხვა მხეცებმა გალიის ცხაურები დაამტვრიეს.

პრინცი გაათავისუფლეს თუ არა, გაიქცა. ურჩხულები გამოეკიდნენ. ღმერთებმა პრინცი ირმად გადააქციეს, რომ უფრო სწრაფად გაქცეულიყო, მაგრამ ბოროტი სულები ავ ძაღლებად იქცნენ, დაეწივნენ, შემოეხვივნენ და საცა იყო დაფლეთდნენ.

უცებ ირემი გაქრა, პაწაწინა გირჩის მსგავს კაკტუსად იქცა და მიწაში დაიმალა. ასე გაჩნდა კაკტუსი პეიოტე.

ამგვარად დასცინეს ღმერთებმა ურჩხულებს, მუდამ კეთილი პრინცი კი აღარასოდეს გადაქცეულა ადამიანად, სამუდამოდ კაკტუსპეიოტედ დარჩა, რომელიც ასე სჭირდება ადამიანებს.

17.43 როგორ დაეხმარა ტაიინი ადამიანებს

▲ზევით დაბრუნება


ცეცხლოვანი მიწა

უხსოვარ დროს ერთი ბოროტი და გულქვა დედაკაცი ცხოვრობდა, სახელად ტაიტა ერქვა. უძლიერესი ქალი იყო ტაიტა, მთელი ლასვაიხი მას ემორჩილებოდა.

დიდი ხნის წყალს დანატრებული ლასვაიხის ხალხი შავ დღეში იყო. ამ ავმა დედაკაცმა მთელ წყაროებსა და აუზებს, ტბებსა და ჭაობებს ტყავი გადააფარა და წყლის წაღება ყველას აუკრძალა. ტაიტას საცხოვრებელთან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი იმიტომ, რომ კუნძულის სხვა ადგილებში მაშინ საერთოდ არ იყო წყალი.

მაგრამ ტაიტა ისე ფხიზლად დარაჯობდა, წყალს ვერავინ იღებდა. თუ ვინმე გაბედავდა ახლოს მისვლას, ტაიტა მას დიდზე დიდი, თეთრი ქვის დანით კლავდა. ის კი არა, ზღვის მხეცებზე ნადირობა და მოლუსკების შეგროვებაც კი აუკრძალა ხალხს.

დიდი ხანი გაუძლო ხალხმა უწყლობასა და შიმშილს. ადამიანები ძლივსღა დალასლასებდნენ, ბავშვები ეხოცებოდათ. ბოლოს მოხუცებმა ერთად მოიყარეს თავი, უნდა გადაეწყვიტათ, როგორ მოქცეულიყვნენ. იმ ბერიკაცებში ერთი ჭკვიანი და დიდად პატივცემული მოხუცი ჭოტი - კაუხი - ერია. მას ერთი ღონიერი და მარდი შვილიშვილი ჰყავდა. სწორედ ეს შვილიშვილი გაახსენდა კაუხს და გადაწყვიტა, დაებარებინა. მან ბერიკაცებს ურჩია:

- უნდა მოვკლათ ეს დედაკაცი! იმას თუ არ მოვკლავთ, ჩვენ დავიღუპებით. წყალს არ გვაძლევს და არც საჭმელი გვაქვსო!

ბერიკაცები ყურადღებით უსმენდნენ და ყველაფერში ეთანხმებოდნენ. კაუხმა ერთი ჭაბუკი აფრინა კოლიბრ ტაიინთან, თავის შვილიშვილთან, თხოვნით, რაც შეიძლება მალე მოდითო! ჩაურა - შავი შაშვი - სწრაფად დაადგა გზას. ოღონდ ღამით მიდიოდა, რათა ბოროტ ტაიტას არ დაენახა.

ჭაბუკი ტაიინთან მივიდა და უთხრა:

- კაუხმა დამაბარა, მალე მოვიდესო!

ტაიინი სწრაფად გაემზადა და ორივენი გზას გაუდგნენ. როცა მივიდნენ, ხალხმა ტაიინი დამალა, რათა ბოროტ დედაკაცს თვალი არ მოეკრა მისთვის. ხალხს ტაიინის დამალვა არ გასჭირვებია - პატარა ტანის იყო და იმიტომ.

ტაიინს იმ ღამეს არ სძინებია, სულ იმის ფიქრში იყო, როგორ მოეშორებინა თავიდან გულქვა დედაკაცი. ასე გაატარა უძილო ღამე თავის პაპის, კაუხის ქოხში. დილით ბერიკაცი შვილიშვილს შეევედრა:

- უწყლობით დავიღუპებით, რამე უნდა გვიშველოო!

ტაიინი წამოხტა და ქოხიდან გამოვიდა. მან დაინახა წყურვილითა და შიმშილით გატანჯული ხალხი. ტაიინის დანახვამ ყველა გაახარა.

- ტაიინი, ტაიინი მოსულაო! - ჩურჩულებდნენ აღტაცებულები.

მერე ახლოს მოდიოდნენ, რომ უკეთ შეეთვალიერებინათ. ოღონდ მეტად ფრთხილობდნენ, ტაიინი არ გავცეთო.

- ტაიტას მოსაკლავად მარტო წადი. რაც არ უნდა იყოს, ნათესავი ვარ და მის მოკვლას ვერ ვუყურებო! - უთხრა კაუხმა ტაიინს.

ტაიინი პაპის ქოხიდან პირდაპირ ქორ-კარკაიუსთან წავიდა. მოითათბირეს, როგორ მოეკლათ ტაიტა, და მის ქოხს მიეპარნენ.

ტაიინი შურდულს ხერხიანად ისროდა. მეტად ღონიერიც იყო. მისი ნასროლი ქვა ყოველთვის მიზანს ხვდებოდა, თანაც ისე ძლიერად, რომ ირგვლივ სულ ჭახანის ხმა დგებოდა. ჭაბუკები ახლოს მიცოცდნენ და დაელოდნენ, მაგრამ ბოროტი დედაკაცი არსად ჩანდა. გვერდიგვერდ მდგარი ჭაბუკები მოუთმენლად ელოდნენ მის გამოჩენას... ბოლოს ტაიტამ ქოხიდან გამოიხედა, ტაიინმა უზარმაზარი ქვა ისეთი ძალით ესროლა, რომ თავი წააგლიჯა! სისხლმა მაღლა აასხა და ყველა მხარეს მოეფინა. როგორც იქნა, საზიზღარი დედაკაცი მოკვდა.

ხალხი იმავ წუთს გაჩნდა მათთან. წყალი უნდა აეღოთ - ყველანი ხომ წყურვილით იტანჯებოდნენ! სამწუხაროდ, ყველა გუბეში, ჭაობსა თუ ტბაში ტაიტას თითო წვეთი სისხლი მაინც ჩავარდნილიყო! ასეთი წყლის დალევა კი არ უნდოდათ. რა უნდა ექნათ? როგორ ამო ესუფთავებინათ წყლები, როგორ მოეშორებინათ სისხლი? ყველანი იმედით შესცქეროდნენ ტაიინს, იქნებ რამე გვეშველოსო. მართლაც, მან ამოხაპა ჭუჭყიანი წყალი და შორს ჩრდილოეთისაკენ გადაღვარა, იქ, სადაც დიდი კუნძული მთავრდება. იმ ადგილებში წყალი ახლაც სისხლივით წითელია.

კაუხი უყურებდა ტაიინს და დაუყვირა:

- საყვარელო შვილიშვილო, ჩემს საცხოვრებელ ადგილას, ნაშაშაბში ნუ გადაღვრი მაგ ჭუჭყიან წყალსო.

ტაიინმა დაუჯერა. ამიტომაც იმ მხარეში მუდამ გამჭვირვალე და ანკარა წყლებია. მალე ტაიინმა ჭუჭყიანი წყლის ხაპვას თავი ანება. ამის მაგივრად ქვებს დაავლო ხელი და შურდულით აქეთ-იქით დაუწყო სროლა. საცა კი ქვა დავარდებოდა, მიწა იპობოდა და ნაპრალებში წყალი მიედინებოდა. ტაიინი არავის რჩევას ყურს არ უგდებდა, საითაც მოეპრიანებოდა, იქით ისროდა ქვებს! ერთი კლდის უზარმაზარი ნატეხი ჩრდილოეთისაკენ გაისროლა: იქ ფართო, გრძელი ნაპრალი გაჩნდა და დიდი კუნძული დედამიწას გამოეყო. დასავლეთსა და აღმოსავლეთისკენ გასროლილმა ქვებმა უამრავი პატარ-პატარა კუნძული წარმოშვა. ყველგან, საითაც კი ქვას გასტყორცნიდა, კუნძული ჩნდებოდა. სელკნამების (ინდიელთა ერთ-ერთი ტომი) სამშობლო სულ გამოეყო თავის გარემომცველ მიწას და წარმოიშვა უზარმაზარი კუნძული.

მაშინ ბრძენმა კაუხმა ტაიინს, თავის შვილიშვილს უთხრა:

- გეყოფა, ნუღარ ისვრი ქვებს, თორემ ყველაფერს დავკარგავთო!

ტაიინმა შურდული ძირს დაუშვა. ადამიანებს ხომ უკვე ჰქონდათ სუფთა წყალი, თანაც იმდენი, რამდენიც მოესურვებოდათ!

ტაიინმა კამკამა წყალი ირგვლივ მოასხურა. სადაც კი წყლის წვეთი დაეცა, წყაროები, ნაკადულები და მდინარეები გაჩნდა. ამიტომაა, რომ ახლა წყალს ჩვენთან ყველგან შეხვდები.

ტაიინი სულმოუთქმელად დაეწაფა წყალს. მას შემდეგ იგი ყველგან და ყოველთვის პირველი სვამს წყალს, ჭამითაც პირველი ჭამს და სხვების ჯერი მერე დგება. ტაიინი ყველაზე მთავარი მისანია. სხვა ხალხმა მის შემდეგ დაიწყო წყლის დალევა, თანაც რაც წყალში იპოვებოდა, იმასაც იღებდნენ. ამიტომაც იყვნენ გახარებულნი და ყველაფრით კმაყოფილნი.

17.44 არამასა და ღვთისმშობელი

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

ერთხელ ღვთისმშობელი ამაზონის ნაპირას სეირნობდა. ამაზონში, საერთოდ, ოკეანის მიმოქცევა შესართავიდან ძალიან დიდ მანძილზე იგრძნობა.

ღვთისმშობელმა ტალღებში თვალი მოჰკრა თევზ არამასას, დაიხარა და ალერსით ჰკითხა:

- არამასა, თუ შეიძლება, მითხარი, წყალი მატულობს თუ კლებულობსო?

იმ დროს ჩვენი ღვთისმშობელი უკვე მოხუცებული იყო და ხმა ცოტა უთრთოდა. არამასა კი იმის მაგივრად, რომ ღვთისმშობლისთვის მოწიწებით ეპასუხა, უკადრისად მოიქცა. პირი მოღრიცა და გამოაჯავრა:

- არამასა, თუ შეიძლება, მითხარი, წყალი მატულობს თუ კლებულობსო?

მაშინ ღვთისმშობელმა დასწყევლა თევზი. იმ დღიდან არამასას პირი მოღრეცილი აქვს.

17.45 მშიერი გლეხი, ღმერთი და სიკვდილის ჟამი

▲ზევით დაბრუნება


მექსიკა

ქალაქ საკატეკასის მახლობლად ერთი საწყალი გლეხი ცხოვრობდა. თავისი მინდვრის მოსავალი ცოლ-შვილის გამოსაკვებად არასოდეს არ ჰყოფნიდა. რაც წლები გადიოდა, სულ ნაკლები და ნაკლები მოსავალი მოსდიოდა, ოჯახი კი იზრდებოდა. ასე რომ, თავისთვის საჭმელი აღარ რჩებოდა. რასაც იწევდა, სულ ცოლ-შვილს აჭმევდა. გლეხმა ვეღარ მოითმინა შიმშილი. ერთ დღეს წიწილა მოიპარა და გადაწყვიტა, შორს წაეღო და იქ შეეჭამა. ვერავინ იპოვიდა და ვეღარ შეეხვეწებოდა, მაჭამეო.

წაიღო გლეხმა პატარა ქვაბი და შორეული მთის ფერდობისაკენ გაიქცა. ცეცხლი გააჩაღა, წიწილა გაბრდღვნა, ქვაბში ჩადო, თან ათასნაირი ბალახბულახიც ჩააყოლა, რომ გემრიელი წვნიანი მოემზადებინა.

კერძი რომ მოიხარშა, გლეხმა ქვაბი ცეცხლიდან გადმოიღო და მოუთმენლად ელოდა მის გაციებას. ჭამას უნდა შედგომოდა, რომ ხე დავს, მისკენ კაცი მოდის, სულ ლადინოს ჰგავს. გლეხმა მაშინვე ქვაბი ბუჩქებში დამალა და გულში შეიგინა: ეშმაკმა დასწყევლოს, კაცის თვალს აქაც ვერ დავემალეო.

მივიდა მასთან უცნობი კაცი და მიესალმა:

- მშვიდობის დილა, ძმობილო!

- ღმერთმა მშვიდობა ნუ მოგიშალოთო, - მიუგო გლეხმა.

- აქ რას აკეთებ, ძმობილო?

- არაფერს, სენიორ, ვისვენებ. თქვენ კი, თქვენო ბრწყინვალებავ, საით გაგიწევიათო?

- მე ისე ჩამოვიარე და ვიფიქრე, მოდი, ვკითხავ, საჭმელი ხომ არაფერი აქვს-მეთქი.

- არა, სენიორ, არაფერი მაქვსო.

- როგორ თუ არაფერი გაქვს, მაშ ეს ცეცხლი რად გაგიჩაღებიაო.

- ეს რა ცეცხლია, ხელების გასათბობად დავანთეო.

- რასა ცრუობ, ახლა არ იყო, ბუჩქებში ქვაბი დამალე! ქათმის ხორცის სუნი აქაც კი მცემსო.

- დიახ, სენიორ, მართლაც მაქვს ქათმის ხორცი, მაგრამ თვალითაც ვერ დაგანახვებთ. თქვენ კი არა, საკუთარ შვილებსაც ვერ გავუნაწილებ. აქ იმიტომ მოვედი, რომ ჩემს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გავმძღარიყავი. ჩემს საჭმელს ვერა, ვერ გაგიყოფთო.

- მოდი, დავმეგობრდეთ, ნუ ძუნწობ. ერთი პატარა ნაჭერი მაინც მაჭამეო.

- არა, სენიორ, ნამცეცსაც ვერ გაჭმევ. მუდამ მშიერი ვარ, ჩემს სიცოცხლეში არ გავმძღარვარო.

- ცოტა მაინც მაჭამე, უარს ალბათ იმიტომ მეუბნები, არ იცი, ვინა ვარ.

- ვინც არ უნდა იყო, ვერ გაჭმევო.

- არა, მაჭმევ, როგორც კი ჩემს ვინაობას გეტყვიო.

- კარგი, მითხარი, ვინა ხარო?

- მე ღმერთი ვარ, შენი მბრძანებელიო.

- რახან ეგ მითხარი, ერთ ნამცეცსაც ვერ მიიღებ. ღარიბები სულ არ გეცოდება. ყველაფერს იმას აძლევ, ვინც მოგწონს. ზოგს მამულებს, სასახლეებს, ეტლებს, ცხენებს აძლევ, ჩემისთანები კი არ გებრალება. ჩემთვის არასოდეს საჭმელიც არ მოგიცია სამყოფად. ჰოდა, ახლა მეც ლუკმას არ გაჭმევო.

ღმერთი დიდხანს ეხვეწებოდა, მაგრამ გლეხი ვერა და ვერ დაი დაიყოლია. ადგა ღმერთი და უკან გაბრუნდა.

ის იყო, გლეხი ჭამას უნდა შედგომოდა, რომ ახლა თავს სხვა უცნობი, მიტკალივით გაფითრებული, გამხდარი კაცი წამოადგა.

- გამარჯობა, მეგობარო, საჭმელი ხომ არაფერი გაქვსო? - უთხრა გლეხს.

- არა, სენიორ, არაფერი მაქვსო.

- ქვაწვია ნუ ხარ, მომეცი ხორცის ნაჭერი, ახლა არ დაგინახე, ბუჩქებში რომ გადამალეო?

- არა, სენიორ, ვერ გაჭმევო.

- მაჭამე, უარს ალბათ იმიტომ მეუბნები, არ იცი, ვინა ვარო.

- ისეთი ვინ უნდა იყო? თვით ღმერთი, ჩვენი მბრძანებელიც ხელცარიელი გავისტუმრე. იმას არაფერი მივეცი და შენ მოგცემო?

- რომ გაიგებ, ვინა ვარ, მომცემო!

- მაშ მითხარი, ვინა ხარო.

- მე სიკვდილის ჟამი ვარო.

- შენ კი გაგიყოფ ქათმის ხორცს, რადგან სამართლიანი ხარ. განურჩევლად მიგყავს ყველა: მსუქანიცა და გამხდარიც, ბებერიცა და ახალგაზრდაც, ღარიბიცა და მდიდარიც. შენთვის ყველა ერთია, არავინ გიყვარს. შენ მართლა გაჭმევ ქათმის ხორცსო.

17.46 ქაჩალი

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილია

იყო ერთი წვრილშვილი კაცი. ოჯახის რჩენა ძალიან უჭირდა, შვილები კი უჩნდებოდა და უჩნდებოდა. საწყალი კაცი დღე და ღამე იმას ფიქრობდა, რა ხელობა ავირჩიო ისეთი, რომ ლუკმაპური არ მომაკლდესო. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, მეთევზეობა დაეწყო. მართლაც, დასახლდა მდინარის პირას, იჭერდა თევზს და ცოლ-შვილს იმით არჩენდა.

ერთხელ კაცი სათევზაოდ წავიდა, შინ კი მოსალოგინებელი ცოლი დატოვა. ისროლა კაცმა ბადე - ერთი თევზიც არ მოჰყოლია. ისროლა მეორედ - მაინც არაფერი, ჭიჭყინაც კი ვერ დაიჭირა. დაღონდა მებადური, ის იყო შინ ხელცარიელი აპირებდა დაბრუნებას, რომ უცებ მდინარის სიღრმიდან რაღაც ხმა შემოესმა.

- თუ მაჩუქებ იმას, რაც შენს ოჯახში დღეს გაჩნდება, უამრავ თევზს დაგაჭერინებო!

მებადური დაფიქრდა. რა შეიძლება გაჩნდეს დღეს ჩემს ოჯახში? მგონი, ჩემმა ძაღლმა დღე-დღეზე ლეკვები უნდა დაყაროსო. ცოლი კი სულ მთლად გადაავიწყდა.

- კეთილიო! - მიუგო მებადურმა.

- აბა მაშ ბადე ისროლეო, - მოესმა პასუხად.

ისროლა კაცმა ბადე და, მართლაც, უამრავი თევზი მოჰყვა. კაცი გახარებული გაემართა შინისაკენ. გზად ერთ-ერთი ვაჟიშვილი შეეგება და ახარა:

- ბიჭი გაგვიჩნდაო!

შევიდა მებადური სახლში და რას ხედავს: ცოლს გვერდით ახალდაბადებული ჩვილი ბავშვი უწევს - ჯანმრთელი და ლამაზი ბიჭუნა. კარგა ხანს იდგა მებადური დამუნჯებულივით, ბოლოს ძლივს ამოიღო ხმა:

- დედაკაცო, მდინარესთან ერთი ინდიელი ქალი ცხოვრობს. საწყალს ბავშვი მოუკვდა. მოდი, ეს ბიჭი იმას მივცეთ, გაზარდოსო!

დედას ძლიერ უმძიმდა ვაჟის გაშვილება, მაგრამ ქმრის სიტყვას ვერ გადავიდოდა.

მებადურმა ჩვილი მდინარესთან მიიყვანა და, საიდანაც ხმა მოესმა, სწორედ იმ ადგილას ისროლა. ბავშვი ტალღებში გაუჩინარდა, მაგრამ არ დამხრჩვალა, მიცურავდა და მიცურავდა მდინარის სიღრმისაკენ, ვიდრე მდიდრულად მორთულ წყალქვეშა სასახლეში არ მოხვდა. იმ დღიდან ბიჭი ამ სასახლეში იზრდებოდა და ისე დავაჟკაცდა, ძეხორციელი

არავინ უნახავს.

ერთხელ ერთი კაცი მივიდა მასთან და უთხრა:

- მე მამაშენი ვარ. საქმეზე მივდივარ და ორი კვირით უნდა დაგტოვო. - მერე გასაღებების შეკვრა გადასცა, - აჰა, ეს გასაღებები გამომართვი, მხოლოდ იცოდე, არცერთი კარის გაღება არ გაბედო, თორემ დავბრუნდები და ცოცხალი ვერ გადამირჩებიო. - დაემუქრა და წავიდა.

ყმაწვილმა ზუსტად შეასრულა მამის ბრძანება. ორი კვირის შემდეგ

კაცი დაბრუნდა და ვაჟს ეკითხება:

- აბა, შვილო, ყველაფერი რიგზე არისო?

- დიახო, - მიუგო შვილმა.

გავიდა კიდევ ორი კვირა და მამამ შვილს უთხრა:

- ცოტა ხნით კიდევ უნდა დაგტოვო. აი, გასაღებები, გამომართვი, მაგრამ იცოდე, არცერთი კარი არ გააღო და არაფერს შეეხო, თორემ ვაი შენს დღესაო.

დაემუქრა და წავიდა.

ყმაწვილი მარტო დარჩა. ახლა კი ვეღარ მოითმინა, აიღო გასაღებები და ერთი კარი გააღო. ოთახში სამი უშველებელი ქვაბი იდგა: ერთში ოქრო დუღდა, მეორეში - ვერცხლი, მესამეში - სპილენძი.

ყმაწვილმა ოქროს ქვაბში თითი ჩაჰყო და, ჰოი, საოცრებავ! - თითი ოქროდ არ ექცა! ბევრი იხეხა, საპნითაც იბაან, მაგრამ ვერაფერი უშველა. რაღა უნდა ექნა, ადგა და ნაჭრით შეიხვია. შემდეგ სხვა ოთახის კარიც გააღო. ამ ოთახში სამი უშველებელი ცხენი იდგა - ყორნისფერი, თეთრი და წაბლისფერი. სამივენი ბალახის მაგივრად ხორცსა სჭამდენნ. ყმაწვილმა ახლა მესამე კარი გააღო, ოთახში უშველებელი ლომი იწვა და ხორცის მაგივრად ბალახსა ჭამდა. მეოთხე ოთახში დიდი მაგიდა იდგა. მაგიდაზე სამი ყუთი იდო. ერთ ყუთში ცისფერი ქაღალდები ეყარა, მეორეში თეთრი, მესამეში კი სხვადასხვაგვარი დაშნა, თოფი და საჭურველი ეწყო. ყმაწვილმა შიშით ხელი ვერაფერს ახლო და სწრაფად დაკეტა ყველა ოთახის კარი.

ორი კვირის შემდეგ მამა დაბრუნდა და ჰკითხა:

- ყველაფერი რიგზეა თუ არაო?

- დიახ, მამა, ყველაფერი რიგზეა, ხელი არაფრისთვის მიხლიაო, - მიუგო შვილმა.

მაგრამ ნანახი სასწაულები მოსვენებას არ აძლევდა ყმაწვილს. ყველაზე მეტად ის აოცებდა, რატომ ჭამდნენ ცხენები ხორცს და ლომი კი ბალახს. ყმაწვილმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დაებრუნებინა მათთვის ძველი ჩვეულება.

ორი კვირის შემდეგ მამა ისევ წავიდა. როგორც კი მარტო დარჩა, ყმაწვილი შევარდა ცხენების ოთახში და, ის იყო, ხორცი უნდა აეღო, რომ ერთმა ცხენმა უთხრა:

- ხელი არაფერს ახლო, თორემ მამაშენს ცოცხალი ვერ გადაურჩები. თუ აქედან გაქცევა გსურს, შედი იმ ოთახში, სადაც ყუთები ალაგია. ამოიღე ორი ქაღალდი - ცისფერი და თეთრი, ამოირჩიე ლამაზი ტანსაცმელი და ჩაიცვი, შეიარაღდი და რომელიმე ჩვენგანს შეაჯექი, მეორე კი აღვირით გაიყოლე, მამაშენი გამოგვიდგება, რომ დაგვეწევა, ჯერ ერთი ქაღალდი გადააგდე, მერე - მეორე, დანარჩენზე კი მე თვითონ ვიზრუნებო.

ყმაწვილს ცხენმა ისიც უბრძანა, ოქროს ქვაბში თავი ჩაყავი და ოქროსთმიანი გახდებიო.

ყმაწვილმა ყველაფერი შეასრულა: ოქროს ქვაბში თავი ჩაყო, მერე ლამაზი ტანსაცმელი გადაიცვა, იარაღი აისხა, ჯიბეში ორი ქაღალდი ჩაიდო, წაბლისფერ ცხენს შეაჯდა, თეთრა აღვირით წაიყვანა და უფრო მეტად რომ გაეცეცხლებინა მამა, ლომს ბალახი ააცალა და ყორნისფერ ცხენს დაუყარა, ხოლო ცხენების ხორცი კი ლომს მიუგდო. შემდეგ ჰკრა დეზი წაბლას და გააქროლა.

ორი კვირის შემდეგ მამა დაბრუნდა და მიხვდა, შვილს მისი ბრძანება არ შეესრულებინა. გაცეცხლებული მოახტა შავრა ცხენს და ყმაწვილს გამოუდგა.

სდია და, ბოლოს, დაეწია კიდეც. წაბლა ცხენმა იგრძნო საფრთხის მოახლოვება და ყმაწვილს ურჩია, თეთრი ქაღალდი გადააგდეო. გადააგდო თუ არა თეთრი ქაღალდი, მათ უკან საშინელი ნისლი ჩამოწვა. მაგრამ შავრა მეტისმეტად საზრიანი ცხენი იყო, თუმცა დიდი ჯაფა დაადგა, მაინც გაიკვლია გზა. ამასობაში ყმაწვილმა კარგა მანძილით ჩამოიტოვა მდევარი. მამამ სდია, სდია და ბოლოს ისევ წამოეწია ყმაწვილს. ყმაწვილმა ახლა ცისფერი ქაღალდი ისროლა. ქაღალდი ფარფატით დაეცა ძირს და გაუვალ ჯაგნარად იქცა. შავრას პატრონი შეეხვეწა:

- ოღონდ ამ ჯაგნარს გადამატარე და ჯადოს მოგხსნიო!

- მაშინ უნაგირი და აღვირი ამხსენი და უბელოზე შემაჯექიო! პატრონმა დაუჯერა და შიშველ ზურგზე მოახტა ცხენს, შავრამ კი, შევარდა თუ არა ჯაგნარში, მხედარი ძირს გადმოაგდო და სული გააცხებინა. მერე წამოეწია ყმაწვილს და მასთან ერთად გაქუსლა. წაბლა ცხენი რომ მოიქანცა, ყმაწვილი ახლა თეთრ ცხენზე გადაჯდა. იარეს, იარეს, და ბოლოს კარგა შორს თვალი მოჰკრეს ერთ ქალაქს.

ცხენებმა ყმაწვილს უთხრეს:

- ახლა ჩვენ აქ დავრჩებით და ლოდებად ვიქცევით. შენ ეგ ტანსაცმელი გაიხადე, იარაღი აიყარე და ქალაქისკენ გასწი. გზად მკვდარ ხარს ნახავ. ამოაჭერი ბუშტი, გაბერე და თავზე დაიხურე, რომ ოქროს თმები დაგეფაროს. მერე წადი და ბედს ეწიე. თუ გაგიჭირდეს, ჩვენთან მოდი და გიშველითო.

ყმაწვილი სწორედ ისე მოიქცა, როგორც ცხენებმა დაარიგეს: მოძებნა მკვდარი ხარი, ამოაჭრა ბუშტი, დაიხურა თავზე და ისე შევიდა ქალაქში.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ხელმწიფის სასახლეს მიადგა და ჭიშკარზე დააბრახუნა. ეზოდან მებაღემ გამოიხედა და ჰკითხა:

- რა გინდაო?

- იქნებ ცოტაოდენი რამ მაჭამო, ისე მშია, ფეხზე ძლივსა ვდგავარ, - სთხოვა ყმაწვილმა. მერე ისიც დააყოლა, - თანაშემწედ ხომ არ ამიყვანდიო.

მებაღეს შეებრალა და მგზავრი ეზოში შეიპატიჟა. დააპურა და მერე ჰკითხა, რა გქვიაო. მე უსახელო ვარო, - მიუგო ყმაწვილმა. მაშინ ქაჩალი გერქვასო! - უთხრა მებაღემ.

გავიდა ხანი. ცხოვრობდა ქაჩალი სასახლეში და უვლიდა ხელმწიფის ბაღს. ერთხელ ყმაწვილი ფორთოხლის ხეს ამოეფარა და ქუდი მოიხადა, რომ ოქროს თმები დაევარცხნა. სწორედ ამ დროს ხელმწიფის უმცროსი ასული ფანჯრიდან იყურებოდა. ქალმა თვალი მოჰკრა თუ არა ვაჟს, მაშინვე შეუყვარდა.

მეორე დილით მოხუცმა მებაღემ, ჩვეულებისამებრ, ხელმწიფის სამივე ასულს ყვავილების თაიგული მიართვა. მებაღე რომ შევიდა, ხელმწიფის უმცროსმა ასულმა უთხრა:

- ხვალიდან ყვავილები ქაჩალმა მომიტანოსო!

ხელმწიფე და უფროსი დები ამ უცნაური სურვილის გამო გოგონას მასხრად იგდებდნენ. ის კი თავისას გაიძახოდა. იმ დღიდან ხელმწიფის უმცროს ასულთან ყვავილები, მართლაც, ქაჩალს მოჰქონდა. ერთხელ ამ სახელმწიფოში ჯირითი უნდა გაემართათ და ყველანი საყურებლად წავიდნენ. სასახლეში მარტო ქაჩალიღა დარჩა.

- წავალ, მჭედელთან შევივლი და ვთხოვ დიდი დანა გამომიჭედოსო! - უთხრა მან მოხუც მებაღეს.

როგორც კი თავი გაითავისუფლა, მაშინვე ლოდებისაკენ გაექანა. ყველაფერი უამბო ცხენებს, და დახმარება სთხოვა. უცებ, სად იყო, სად არა, მდიდრულად მოკაზმული წაბლა გაჩნდა. ყმაწვილმა ტანსაცმელი გამოიცვალა, თავიდან ხარის ბუშტი მოიძრო და ოქროსფერი თმები მხრებზე ჩამოიყარა. მერე იმ წაბლისფერ ცხენს მოახტა და ასე გამოწყობილი შეჯიბრზე წავიდა. შეჯიბრში ყველა მოწინააღმდეგე რაინდი დაჯაბნა. შუბის ერთი ტყორცნით ჩამოაგდო სამიზნეზე შემოდებული რგოლი და ხელმწიფის უმცროს ასულს მიართვა. ხელმწიფის ასულმა კი მწვანე ბაბთა აჩუქა. რაინდმა ბაბთა თავის შუბს შემოახვია და გაუჩინარდა. ყველა აღტაცებული იყო მისი გარეგნობით და ვაჟკაცობით, მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იყო და საიდან მოვიდა. - როგორც მოულოდნელად მოევლინათ ჭაბუკი, ისე მოულოდნელად გაქრა.

ხელმწიფე და მისი ასულები სასახლეში რომ დაბრუნდნენ, ქაჩალი ისევ ბაღში მუშაობდა. ცოტა ხნის მერე მოხუცი მებაღეც დაბრუნდა დღესასწაულიდან და ქაჩალს დაწვრილებით მოუყვა ჯირითის ამბავი. ოქროსთმიანი რაინდიც არ დავიწყებია: მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა, ამიტომ ხელმწიფემ ბრძანება გასცა, თუ ის ყმაწვილი ხვალ შეჯიბრზე კიდევ გამოჩნდა, შეიპყარით და მომგვარეთო! შეჯიბ რის ადგილას ყარაულებს დააყენებენ და უცნობი ხელიდან ვეღარ დაუსხლტებათო... - დაასრულა მოხუცმა მებაღემ.

მეორე დღეს ქაჩალმა, ჩვეულებისამებრ მიართვა თაიგული ხელმწიფის უმცროს ასულს. ქალი უკვე ავადმყოფურად იყო შეყვარებული ვაჟზე. ხელმწიფის ასულმა ქაჩალს რომ შეხედა, მოეჩვენა თითქოს სწორედ ის უნდა ყოფილიყო ოქროსთმიანი რაინდი.

ჯირითი მეორე დღესაც გრძელდებოდა. ქაჩალმა ისევ სთხოვა მოხუც მებაღეს, მჭედელთან გამიშვიო, გუშინ მჭედელიც დოღზე იყო და დანა ვერ მომისწროო. გაუშვა თუ არა, ქაჩალი მაშინვე ლოდებთან გაჩნდა. მის ძახილზე წაბლაზე უფრო მდიდრულად შეკაზმული თეთრა მოვარდა. ყმაწვილმა ტანსაცმელი გამოიცვალა, თავიდან ხარის ბუშტი მოიძრო და თეთრ ცხენზე ამხედრებული ჯირითზე გამოცხადდა. იმ დღეს უფრო მეტ ხალხს მოეყარა თავი. ხელმწიფის მცველები უკვე ჩასაფრებულები იყვნენ. ოქროსთმიანი რაინდის დანახვამ ყველა გააოცა. როგორც კი შეჯიბრის დაწყების ნიშანი მისცეს, ყმაწვილმა ცხენი ქარივით გააქროლა, ცხენდაცხენ ჩამოხსნა ოქროს რგოლი და ხელმწიფის უმცროს ასულს მიართვა. მან კი სამაგიეროდ ალისფერი ბაბთა უსახსოვრა. ყმაწვილმა ის ბაბთაც შუბს შეაბა და, ის იყო, მოაბრუნა კიდეც თავისი თეთრა გასაჭენებლად, რომ ირგვლივ ხელმწიფის მცველები შემოერტყნენ. მაშინ მხედარმა მცველებს თავზე გადაავლო ცხენი და გაუჩინარდა.

ხელმწიფე და მისი ასულები სასახლეში რომ დაბრუნდნენ, ქაჩალი ბაღში დახვდათ და წინანდებურად მიწას ჩიჩქნიდა.

ხელმწიფის უმცროსი ასული მეტი სიყვარულისგან მთლად ჩამოხმა და დაილია. მაგრამ მეორე დღეს, მან კიდევ მოჰკრა თვალი ქაჩალს, იგი ფანჩატურში იდგა და ოქროს თმებს ივარცხნიდა. ქალი საბოლოოდ დარწმუნდა, ქაჩალი სწორედ ის მზეჭაბუკი არისო და სიხარულისაგან აღარ იცოდა, რა ექნა.

შეჯიბრი მესამე დღეს მთავრდებოდა და ყველა იქ წავიდა. ქაჩალი კვლავ დაეთხოვა მოხუც მებაღეს, მჭედელთან გამიშვიო.

როგორც კი ლოდებთან მივიდა, დიდებულად მოკაზმული შავრა ცხენი მასთან გაჩნდა. ყმაწვილი შემოახტა ცხენს და მოედნისკენ გააჭენა. კარგად რომ მიუახლოვდა, დაინახა, ხელმწიფის შეიარაღებული რაზმი, რაზმი მის გამოჩენას ელოდა. ყმაწვილს არ შეშინებია. ჰკრა ცხენს დეზი, მესამედაც ჩამოხსნა რგოლი და თავის რჩეულს მიართვა. უკან რომ გამოტრიალდა, ყმაწვილს მცველები გარს შემოერტყნენ შესაპყრობად, მაგრამ შავრამ ერთი შეინავარდა, ყველას თავზე გადაევლო და მოჩვენებასავით გაქრა.

დაბრუნდა ხელმწიფე თავისი ოჯახით სასახლეში, ქაჩალი კი ძველებურად ბაღში იჩიჩქნებოდა. აბა ვინ იფიქრებდა, რომ სწორედ ეს იქნებოდა ოქროსთმიანი რაინდი.

ხელმწიფის უმცროსმა ასულმა კი ყველაფერი იცოდა.

იმ ხანებში სახელმწიფოს ერთი შვიდთავიანი ურჩხული შემოეჩვია. ირგვლივ ყველაფერი გააცამტვერა და დიდძალი ხალხი გადასანსლა. ვერავინ შეძლო მისი დამარცხება. ხელმწიფემ ბრძანა, ვინც ამ ურჩხულთაგან გვიხსნის, ჩემს უფროს ქალიშვილს შევრთავო. მაგრამ აბა, ვინ გაბედავდა საშინელ მეტოქესთან შებრძოლებას! მაშინ ქაჩალი ჩუმად წავიდა თავის სასწაულმოქმედ ლოდებთან და დაწვრილებით უამბო ყველაფერი. უცებ მის წინ შავრა ცხენი გაჩნდა და ყმაწვილს ასეთი რჩევა მისცა:

- კისერზე დიდი სარკე ჩამომკიდე, ზედ შემაჯექი და უშიშრად გასწი ურჩხულისაკენ. ურჩხული თავის ორეულს რომ დაინახავს სარკეში, მეორე ურჩხული ეგონება და შეკრთება, შენ ამასობაში დრო იხელთე, შეუტიე და უეჭველად დაამარცხებო.

ყმაწვილი ასეც მოიქცა. განგმირა შვიდთავიანი ურჩხული. ურჩხულის მოკვლის ამბავი და მთელს სახელმწიფოში გააკრეს ხელმწიფის ბრძანება: - ურჩხულის მკვლელი საჩქაროდ სასახლეში გამოცხადდესო, მაგრამ სასახლეში არავინ მისულა. მაშინ ხელმწიფემ გადაწყვიტა, სამივე ასული საჩქაროდ - თუნდაც იმავე დღეს - გაეთხოვებინა. დაიწყეს სასიძო უფლისწულების ამორჩევა. მოულოდნელად უმცროსმა ასულმა მამას განუცხადა, ქაჩალი მებაღის გარდა ცოლად არავის გავყვებიო. ხელმწიფე მეტისმეტად განურისხდა უმცროს ასულს, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.

ქორწილის დღეს ხელმწიფემ გადაწყვიტა, დიდი ნადიმი გადაეხადა და თავის სასიძოებს დაავალა, ქორწილისთვის რაც შეიძლება ბევრი გარეული ფრინველი დახოცეთო.

უფლისწულებმა სანადიროდ სხვადასხვა მხარეს გასწიეს, მაგრამ ერთი ჩიტიც კი ვერ მოკლეს. სამაგიეროდ, ქაჩალმა იმარჯვა - თავისი ცხენების დახმარებით იმდენი ფრინველი დახოცა, მთელს სახელმწიფოს ეყოფოდა. ნანადირევით დატვირთულ ქაჩალს გზაზე სასიძოები შემოეყარნენ. ერთმა სასიძომ სთხოვა, შენი ნანადირევი მომყიდეო. ქაჩალი დათანხმდა, მხოლოდ ხელწერილი ჩამოართვა და შეინახა.

დადგა ქორწილის დღეც. ყველა საგანგებოდ გამოწყობილი გამოცხადდა სასახლეში. მხოლოდ ქაჩალს ეცვა უბრალო ტანსაცმელი. სხვები მხიარულობდნენ, ის კი უხმოდ იჯდა კუთხეში. ნადიმის დასასრულს ხელმწიფემ გამოაცხადა:

- ვიდრე დავიშლებოდეთ, მოდით, ყველა ჩემმა სასიძომ რაიმე თავშესაქცევი ამბავი გვითხრასო...

ადგა უფროსი სიძე და დაიწყო:

- შვიდთავიანი ურჩხული მე გავგმირე, მაგრამ ამაზე სიტყვაც არ დამიძრავს, რადგან მინდოდა, ხელმწიფის ასულს თავისი გულის კარნახით ამოერჩია ჩემი თავი და არა მამის ბრძანებითო, - მან სიმართლის დასადასტურებლად ყველას ურჩხულის ენის ამონაკვეთები უჩვენა.

შემდეგ მომდევნო სიძე წამოდგა და თქვა:

- თქვენ რომ დღეს ფრინველები მიირთვით, სულ ჩემი დახოცილი იყოო...

ბოლოს ქაჩალის ჯერიც დადგა.

- ახლა მე მომისმინეთ, რას გვეტყვითო, - თქვა მან, - ორივე უფლისწული ტყუის. ის შვიდთავიანი ურჩხული მე მოვკალი. აი, მისი ენები, უფლისწულს კი მხოლოდ ენის მონაკვეთები წამოუღია. გარეული ფრინველებიც მე დავხოცე და უფლისწულს მივყიდე, ამის დასამტკიცებელი ხელწერილი აქვე მაქვს. ჯირითში სამჯერ გამარჯვებული ოქროსთმიანი რაინდიც მე გახლავართ. თუ არ გჯერა, აი ის ბაბთებიც, ხელმწიფის უმცროსმა ასულმა რომ მაჩუქაო.

ქაჩალმა მოიძრო თავიდან ხარის ბუშტი და გაოცებული ხალხის წინაშე თავისი ნამდვილი სახით წარსდგა. ხელმწიფის უფროს სიძეებს მიწა რომ გახეთქოდათ, ის ერჩიათ. უმცროსმა ასულმა კი სიხარულისგან აღარ იცოდა, რა ექნა.

ქუხილი და მისი სიძე

ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო

მოესურვა ერთხელ ქუხილის ქალიშვილს, ცოლად გაჰყოლოდა ყმაწვილ საისიმოს. ქუხილს საისიმო უსაქმურ ყმაწვილად მიაჩნდა, თან არც მისი ოჯახი ეხატებოდა დიდად გულზე. ამიტომ გადაწყვიტა, ბიჭისთვის რამდენიმე რთული დავალება მიეცა, დაუძახა და უბრძანა:

- წადი მთაში და ხუთი სხვადასხვა მწვერვალიდან შეგროვებული თოვლი მომიტანეო.

წავიდა საისიმო და მთიდან ერთი მუჭა თოვლი ჩამოუტანა ქუხილს. განრისხდა ქუხილი, ასე ცოტა თოვლი რა არისო, ლანძღა და ლანძღა ყმაწვილი.

- აბა ერთი სცადე და შეჭამე, - უთხრა სასიძომ, - მაშინ დავრწმუნდები, რომ არც ისე ცოტა მომიტანიაო.

ჭამა, ჭამა ქუხილმა, მაგრამ რამდენს არ ეცადა, თოვლს მაინც არ აკლდებოდა. განრისხდა ქუხილი. მიხვდა, რომ ყმაწვილმა აჯობა; აიღო და ღია კარიდან გარეთ მოისროლა დარჩენილი თოვლი. გაიბნა ეს ერთი მუჭა თოვლი და სულ ერთნაირად დაფარა მთელი დედამიწა, ყველა სახლი და ხე.

- ისევ იქ წაიღე, საიდანაც მოიტანეო, - შეევედრა ქუხილი ბიჭს.

მოაგროვა საისიმომ თოვლი - მის ხელში ისევ ერთ მუჭად იქცა

- და ხელახლა ჩამოურიგა მწვერვალებს.

შინ რომ მობრუნდა, ქუხილმა ახლა სხვა დავალება მისცა.

- წადი და ორი მთის ლომი მომიყვანეო, - უბრძანა, - თავი უნდა შევიქციოო.

ყმაწვილი მალე დაბრუნდა და თან ორი შებოჭილი მთის ლომი მოიყვანა. ჩააბარა ისინი ქუხილს, მაგრამ ის იყო ქუხილმა მათთან გა- თამაშება მოინდომა, რომ ლომები ეცნენ და ისე დაკაწრეს და დაკბინეს, კინაღამ სული არ ამოხადეს.

- მომაშორე აქედან! ისევ იქ გაყარე, საიდანაც მოიყვანეო, - შეევედრა ქუხილი.

საისიმო მიუახლოვდა თუ არა, ლომები მაშინვე დაწყნარდნენ და მშვიდად გაჰყვნენ მთაში. შინ რომ დაბრუნდა, ლომებით შეშინებული ქუხილი უკვე გონს იყო მოსული და ახალი დავალება გაემზადებინა.

- წადი მთაში და ახლა ორი დათვი მომიყვანე, რომ მათთან თამაშით გავერთოო.

საისიმო მალე დაბრუნდა და თან ორი შებოჭილი დათვი მოიყვანა. ჩააბარა ისინი ქუხილს, მაგრამ როგორც ქუხილმა მათთან გათამაშება მოინდომა, დათვები უკანა თათებზე შედგნენ და დაეტაკნენ. შეშინდა ქუხილი - ჯერაც არ დავიწყნოდა, როგორ იცავდა თავს ლომებისაგან, - და საისიმოს სასწრაფოდ მათი წაყვანა უბრძანა.

შინ მობრუნებულ საისიმოს ქუხილმა უთხრა:

- წამო, ტყეში წამყევი და კედარის მორის დაჩეხვაში მომეხმარეო.

ტყეში ქუხილმა ყველაზე გრძელი და მძიმე მორი ამოარჩია, გაუპო ერთი ბოლო და ნაპობში სოლი ჩაასო. მერე საისიმოს უბრძანა: ნაპობში შეძვერი და გააფართოვეო.

დაემორჩილა საისიმო. მაგრამ შეძვრა თუ არა ნაპობში, ქუხილმა სოლი ამოაძრო და გაპობილმა მორმა ყმაწვილი შიგ დაიტანა.

- ხა, ხა, ხა! - გაიცინა ქუხილმა, - ხომ გაები! აბა, ახლაც სცადე და მაგ მორს თავი დააღწიეო!

თავისი მონაფიქრით კმაყოფილი ქუხილი ტყიდან გამოვიდა და შინისაკენ გაემართა. ის იყო შედგა ფეხი თავის სახლში, რომ ზურგსუკან ნაბიჯების ხმა მოესმა. მერე კი, იქვე, სახლთან ახლოს, გრიალი გაისმა, თითქოს რაღაც მძიმე დავარდაო. ქუხილმა კარი გააღო და გამოიხედა. კართან საისიმო იდგა, გვერდით კი უზარმაზარი ხე ეგდო, - თან წამოეღო ტყიდან. გაოცებულმა ქუხილმა აღარ იცოდა, კიდევ რა დავალება შეიძლებოდა მიეცა საისიმოსთვის.

ბოლოს მოიფიქრა:

- ჩადი მიწისქვეშა სამყაროში და სინათლის ბურთი მომიტანე. იმ ბურთით იქაურები ერთობიან ხოლმე. ხან აქეთ გააგორებენ, ხან - იქით, ბურთი კი ანათებს. ჰოდა, მინდა, ეს ბურთი მათ წაართვა და აქ მომიტანოო.

რაღას იზამდა საისიმო, ჩავიდა მიწისქვეშა სამყაროში, იქ მართლაც დაინახა მანათობელი ბურთით მოთამაშე ადამიანები, იმათაც შეამჩნიეს ყმაწვილი და უბრძანეს, მანდ იყავ, ახლოს არ მოხვიდეო. მაშინ საისიმო კვამლად იქცა, მაგრამ არც ამან უშველა, გადაუკეტეს გზა ბურთისკენ და თამაში განაგრძეს, ხან აქეთ გამოაგორებდნენ, ხან - იქით.

ბოლოს საისიმო ისეთ რამედ გადაიქცა, რისი დანახვაც იმ ადამიანებს აღარ შეეძლოთ. კაცმა არ იცის, რად იქცა იგი. გაერია მოთამაშეებში და, როცა ბურთი მასთან მიგორდა, დასტაცა ხელი და მიწისზედა სამყაროსაკენ მომავალი ბილიკით მოკურცხლა.

როგორც კი საისიმომ ბურთი მოიტაცა, მიწისქვეშა სამყარო მაშინვე უკუნმა სიბნელემ მოიცვა. მდევრებმა ფისით გაჟღენთილი ხის ტოტებისგან ჩირაღდნები გააკეთესდა იმით გაინათეს გზა. რაც შეეძლო სწრაფად გამორბოდა საისიმო, მაგრამ არც მდევრები ჩამორჩებოდნენ. ის იყო საისიმოსთვის ხელი უნდა ეტაცნათ, რომ ქუხილი და მისი მეგობრები მიეშველნენ.

მიწისზედა სამყაროს რომ მოუახლოვდა, ქუხილმა და მისმა მეგობრებმა მდევრებს წყალი მიასხეს. წყალმა ჩააქრო ჩირაღდნები და იმათაც დევნას თავი ანებეს. საისიმო საღ-სალამათი დაბრუნდა შინ და თან სინათლის ბურთიც მოიტანა.

- ყოჩაღ, კარგად გაისარჯე, შვილო ჩემო! შეგიძლია ჩემი ქალი ცოლად შეირთო. თხოვნით მეტს აღარ შეგაწუხებო, - უთხრა ქუხილმა.

აიღო ქუხილმა სინათლის ბურთი და ამაყად შეათვალიერა იგი, შემდეგ კი თავის მეგობრებს გაუნაწილა. ცოტა კოლიბრს მისცა მოსართავად, ცოტა - ბოცვერს მკერდისათვის, ცოტაც კიდევ - კოდალას ქოჩრისათვის. მერე ცოტ-ცოტა დანარჩენ ცხოველებსა და ფრინველებსაც ჩამოურიგა. დღესაც ნახავთ მათ ბუმბულსა თუ ბეწვზე წითელ ლაქებს. ყველაზე ბევრი სინათლე კი ქუხილმა თავისთვის დაიტოვა და იღლიის ქვეშ დამალა.

მას შემდეგ, როცა ქუხილი გაჯავრდება და ფრთებს დაიქნევს, თვალწინ სინათლე გაგვიკრთება ხოლმე. მისი გაჯავრება კი სწორედ ის ჭექა-ქუხილია, ასე ხშირად რომ გვესმის.

17.47 სამი ძმა და ბაყაყი

▲ზევით დაბრუნება


მექსიკა

ქვეყნად ერთი გლეხი ცხოვრობდა. იმ გლეხს სამი ვაჟი ჰყავდა. ერთ დღეს გლეხმა შეამჩნია, მის ყანას ნადირი თუ ფრინველი შესჩვეოდა და ანადგურებდა. გლეხმა დააპირა ქურდის მოკვლა, მაგრამ აბა რას მოკლავდა, როცა იმისი კვალიც ვერ აიღო.

დანაღვლიანდა გლეხი. ერთ დღეს თავის ვაჟებს უხმო და უთხრა: მთელს ჩემს ქონებას იმას დავუტოვებ, ვინც ჩემი ყანის გამჩანაგებელს მკვდარს ან ცოცხალს მომგვრისო.

პირველად უმცროსმა ძმამ დააპირა წასვლა, მაგრამ უთხრეს, ბედი ჯერ უფროსმა და საშუალომ სცადოსო. უფროსმა ძმებმა უმცროსს დაცინვა დაუწყეს, შენისთანა უჭკუომ და ბრიყვმა ასეთ საქმეს ხელი არ უნდა მოჰკიდოსო.

უფროსმა ძმამ ცხენი, კარგი თოფი, საგზალი მოითხოვა და ერთ საღამოს, როცა სავსე მთვარე ამოვიდა, გაუდგა გზას. შუაგზაზე ბაყაყი დაინახა. სენოტეს პირას მოკალათებულიყო და ყიყინებდა. დაღლილი მგზავრი ჩამოქვეითდა და ცხენი ხეზე მიაბა. მერე სენოტესთან მივიდა და ბაყაყს უთხრა:

- გეტყობა, დაღლილი არა ხარ და იმიტომ ყიყინებო!

ბაყაყმა მიუგო:

- თუ მეც თან წამიყვან, გეტყვი, თქვენს ყანას ვინ ანადგურებსო.

- შენ საიდან უნდა იცოდეო! - დაუყვირა ჭაბუკმა. მერე დიდხანს არ უფიქრია, წამოავლო ბაყაყს ხელი და წყალში მოისროლა. მერე ცხენს მოახტა და გზას გაუდგა.

მივიდა უფროსი ძმა და ხედავს, ყანა გაოხრებულია, ქურდი კი არ ჩანს. მთელი ღამე იყარაულა ჭაბუკმა, მაგრამ ქურდი ვერსად დალანდა. დილას, ლოდინით დაღლილმა და გაბრაზებულმა ბიჭმა ერთი მაგრად შეიგინა და შინ დაბრუნდა.

მამამ ჰკითხა უფროს ვაჟს, რა ნახეო. ჭაბუკმა მიუგო: წყეულ ქურდს ყანა გაუნადგურებია. მთელი ღამე ვუყარაულე, თვალი არ მომიხუჭავს, მაგრამ იმის კვალს ვერ მივაგენიო.

- ბედმა არ გაგიღიმა, შვილო, ჩემს ქონებას შენ ვერ დაგიტოვებო,

- უთხრა მოხუცმა გლეხმა.

ახლა მეორე ვაჟის ჯერი დადგა, ბედი იმას უნდა ეცადა. მამამ ჰკითხა, - თან რას წაიღებო. - თოფს წავიღებ, აბგაში საგზალს ჩავილაგებ, სხვა არაფერი მინდაო.

გაუდგა გზას შუათანა ვაჟი.

შუა გზაზე, უფროსი ძმასავით, იმანაც ბაყაყი დაინახა. სენოტეს მახლობლად იჯდა და ყიყინებდა. ყმაწვილმა უთხრა:

- აბა, ხმა ჩაიკმინდე! ამ სენოტესთან უნდა დავიძინო და შენი ყიყინი არ მომასვენებსო.

ბაყაყმა კი მიუგო:

- თუ თან წამიყვან, ისეთ რამეს გაჩუქებ, თქვენი ყანის ქურდს დაიჭერო.

- შენი დარიგება არ მჭირდებაო, - მიუგო ჭაბუკმა და დაიძინა.

ბაყაყი გაბრაზდა და ლავაშები მოჰპარა. გამოიღვიძა ჭაბუკმა - სადღაა საგზალი! გაბრაზებულმა წამოავლო ბაყაყს ხელი და გუბურაში მოისროლა, თვითონ კი ყანისაკენ გაუდგა გზას.

მივიდა და რას ხედავს: დიდი ჭრელი ჩიტი აფრინდა ყანიდან. ჭაბუკმა გადმოიღო მხრიდან თოფი და ესროლა. მის ფეხებთან ფრთები დაცვივდა. ჩიტი ვერ მოკლა, მაგრამ ჭაბუკს მაინც უხაროდა, მამასა და ძმებს მოვატყუებ: რაკი ფრთებს ვაჩვენებ, იფიქრებენ, ჩიტი მოუკლავსო.

ჭაბუკი შინისკენ გაეშურა და ბედნიერი ღიმილით უთხრა მამასა და ძმებს:

- ჩვენი ყანის ქურდი მოვკალი. თუ არა გჯერათ, აგერ, ფრთები. მემკვიდრეობა მე მეკუთვნისო.

მაგრამ ბენჰამინმა, უმცროსმა ძმამ უთხრა:

- რაღაც არ მჯერა შენი. ფრთები რომ მოიტანე, ფრინველი სადღაა. ახლა მე წავალ და ჩიტს უეჭველად დავიჭერო.

ბენჰამინმა აიღო თოფი, აბგაში საგზალი ჩაიწყო და წავიდა.

სენოტეს რომ მიუახლოვდა, ბაყაყი დაინახა და უთხრა:

- ბაყაყო, რაც საჭმელი წამოვიღე, სულ შენ მოგცემ, თუ მეტყვი, ჩვენს ყანას ვინ ანადგურებს და როგორ დავიჭირო ქურდი. მადლობის ნიშნად, საცა წავალ, მუდამ თან წაგიყვანო.

ბაყაყს გაუხარდა და უთხრა:

- კეთილი ყმაწვილი ჩანხარ. შენი ძმები ძალიან მეცოდებიან, რომ არ დამიჯერეს და ცუდად მომექცნენ. იმათ იმიტომაც არ გაუღიმა ბედმა. მიხარია, შენი საქმე ბედნიერად რომ მიდის. ამ სენოტეს ფსკერზე ნატვრისთვალი გდია, რასაც ინატრებ, ყველაფერს შეგისრულებსო.

ჭაბუკი სიხარულისაგან ლამის გადაირია.

- მზეთუნახავი ცოლი რომ ვთხოვო, იმასაც შემისრულებსო?

- ეს პატარა კენჭი მარტო ლამაზ ცოლს კი არა, დიდ, კარგ სახლსაც გაგიჩენს, რომ შიგ ორივემ ბედნიერად იცხოვროთ, - მიუგო ბაყაყმა.

ჭაბუკს გაუხარდა, მართლა ბედნიერი ვიქნები, თუ ლამაზი ცოლი მეყოლება და დიდი, კარგი სახლი მექნებაო. მანამდე მამისა და ძმებისათვის ქურდი უნდა მიეგვარა.

ბაყაყმა დაამშვიდა ჭაბუკი, ეგ სურვილიც აგისრულდება. ახლა კი ყანაში წადი და ქურდი დაიჭირეო.

ბენჰამინს რაც საგზალი წამოეღო, სულ შეჭამეს და ყანისაკენ გაუდგნენ გზას. მივიდნენ და რას ხედავენ: ერთი დიდი, ლამაზი ჩიტი მოფრინდა და იმათ მახლობლად ჩამოჯდა. ჭაბუკმა გადმოიღო მხრიდან თოფი, დაუმიზნა და ის იყო, უნდა ესროლა, რომ ჩიტმა თავი ასწია და ნაზი ხმით უთხრა:

- ჭაბუკო, არ მესროლო, თორემ შენს სახელდებულს მოკლავო.

გაოცებულმა, გაფითრებულმა ბენჰამინმა სიტყვა ვეღარ დასძრა და თოფი ძირს დაუშვა. ჩიტი მივიდა და ისევ ეუბნება:

- მე ჩიტი კი არა, ქალწული ვარ. ბოროტმა ჯადოქარმა მაქცია ჩიტად, რადგან მასავით ბოროტი ვაჟის ცოლობა არ ვისურვეო.

ჭაბუკს მოაგონდა, რა სთხოვა სენოტეს ძირას დაგდებულ ნატვრისთვალს (ბაყაყმა ხომ უთხრა, სურვილი უეჭველად აგისრულდებაო) და მიხვდა, ჩიტი სწორედ ის ქალწული იყო, რომელზედაც ოცნებობდა. გული სიხარულით აევსო და დაუძახა:

- რასაც ამბობ, თუ მართალია, ახლოს მოდი. შინ მიგიყვან და ისევ ქალად იქცევი. მერე კი ცოლად გამომყევი და დიდ, ლამაზ სახლში ბედნიერად ვიცხოვრებთო.

ჩიტი დაეთანხმა და სამივენი შინ წავიდნენ. ძმებმა და მამამ რომ დაინახეს, ბენჰამინმა ბაყაყი და ეს უცნაური ჩიტი მოიყვანაო, გაოცებისაგან ხმა ვერ ამოიღეს. უფრო მეტად გაოცდნენ, როცა ჭაბუკმა თქვა:

- მე ჩიტი მოგიყვანეთ, ბუმბული არ მომიტანია. ეს ჭამდა ჩვენს სიმინდს. ჩიტი არ გეგონოთ, მზეთუნახავი ქალია, ბოროტმა ჯადოქარმა აქცია ამ ლამაზ ჩიტად. ჯადოქარს ეჯავრებოდა, რახან მის ვაჟს არ გაჰყვა ცოლად. მალე ისევ ქალწულად იქცევა, რადგან სენოტეს ფსკერზე დაგდებული ნატვრისთვალი შემპირდა ლამაზ ცოლსო.

ბენჰამინმა ახლა ბაყაყს უთხრა:

- შენი შემწეობით ეს ჩიტი ისევ ქალად იქცეს და დანაპირებიც ამისრულდეს - დიდი, მშვენიერი სახლიც წამომეჭიმოსო.

ბაყაყმა დაიყიყინა. ჩიტი გაქრა და მის ადგილას მშვენიერი ქალწული გაჩნდა. მან მადლობა გადაუხადა თავის მხსნელებს და ჭაბუკს ცოლობაზე დათანხმდა.

ინათა თუ არა, გაიხედეს და რას ხედავენ საოცარს: მათ წინ დიდი, მშვენიერი სახლი არ დგას?! არავინ იცოდა, საიდან გაჩნდა. ბენჰამინი და მშვენიერი ქალწული დაქორწინდნენ. ბაყაყი იმათთან ცხოვრობდა, ყიყინებდა და იგონებდა იმ დღეს, კეთილ ყმაწვილს რომ შეხვდა.

შურიანმა ძმებმა ბოროტი ჩაიდეს გულში, მაგრამ ბენჰამინს ვერა დააკლეს რა. ბოლოს შერცხვენილები გაიქცნენ. ქალ-ვაჟი კი დარჩა თავიანთ სახლში და ბედნიერად, მდიდრულად ცხოვრობდნენ.

17.48 ყანების ლოცვა-კურთხევა

▲ზევით დაბრუნება


ნაწყვეტი ჰენრი ლონგფელოს პოემიდან „ჰაიავათას სიმღერა“.
თარგმანი ო. ჭილაძისა

ჰაიავათაზე ვიმღეროთ ყველამ,
მან გაამდიდრა ქვეყანა ჩვენი,
მან გაგვიწმინდა მდინარეები
და მოგვაშორა ავი სულები.
მან დაამკვიდრა მზე და მშვიდობა
ოჯიბუების ტკბილ ქვეყანაში
და მონდამინის გრძნეული ძალაც
მან მოიპოვა ხალხისთვის ტანჯვით.
დამარხულია მძიმე ნაჯახი,
ხმელი კომბალიც და მშვილდ-ისარიც,
გადაივიწყა ხალხმა ყიჟინა,
ყიჟინა ბრძოლის ჟინის აღმძვრელი.
და ქვეყნად ახლა მშვიდობა მეფობს
და მარტოხელა მონადირენიც
უკვე უშიშრად დადიან ტყეში.
აგებენ არყის ლამაზ ჩიმონებს
და დაოკებულ მდინარეებში
ბადეს ივსებენ გემრიელ თევზით.
მშვიდად შრომობენ უკვე ქალებიც,
მშვიდად შრომობენ ნეკერჩხლის ტყეში,
ბრინჯის ყანებში და ვენახებში.
და დამშვიდებულ სოფლების ირგვლივ
ლაღად შრიალებს მწვანე სიმინდი,
ლაღად შრიალებს თმა მონდამინის,
ლაღად შრიალებს რბილი და ნაზი.
ყოველთვის, როცა დამზრალი მიწა
იშორებს ხოლმე თოვლის საფარველს,
მინდვრებს ავსებენ სიმინდის თესლით
ხალისიანი სოფლის ქალები.
ხოლო ნისლიან შემოდგომაზე
შეესევიან ყანებს სიმღერით,
შეესევიან და ტაროები
შინისკენ მიაქვთ კაბის კალთებით.
ერთხელ, როდესაც უკვე ლხვებოდა
გამთბარ ხნულებში სიმინდის თესლი,
ჩვენმა ჭკვიანმა ჰაიავათამ
თავისთან იხმო „მცინარე წყალი“
და უთხრა ასე: „უნდა დაგლოცო,
უნდა აკურთხო ამღამ ყანები,
უნდა მოავლო გრძნეული რკალი,
რომ ყველაფრისგან დაიცვა იგი,
რომ სიმინდს მწერიც ვერ მიეკაროს
და ვერც თხუნელას მსუნაგი ცხვირი.
და ღამით, როცა ბნელდება ირგვლივ,
როცა ჩუმდება ირგვლივ ყოველი
და ძილის სული, ნეპაუენი
ჩადგება ხოლმე ქოხის კარებში,
ისე ჩადგება, რომ მთელი ღამე
ვერაფერს ვეღარ გაიგებს ყური,
ვერაფერს ვეღარ იხილავს თვალი, -
შენც, ჩემო კარგო, მაშინ ადექი
და გადი გარეთ, სულმთლად შიშველი.
ტანს გიფარავდეს მხოლოდ ნაწნავი,
მხოლოდ ნაწნავი, მძიმე და გრილი.
შემოუარე ყანებს გარშემო,
მარტო იარე ყანების ირგვლივ
და შენი კვალი ყანების ირგვლივ
ჯადოსნურ რკალად იქცევა უცებ
და ყანებამდე ვეღარ მიაღწევს
ვერც ჭიაღუა, ვერც კუო-ნი-ში,
ვერც კუო-ნი-ში, ჭრიჭინობელა,
ვეღარც მუხლუხო, ძლევამოსილი“.

ხის კენწეროზე, ყანების ახლოს,
იჯდა მშიერი ყვავების ჯარი,
იჯდა კაგაგი, ყორანთა მიეფე,
გარშემორტყმული ყაჩაღთა რაზმით
და დასცინოდნენ ჰაიავათას
ხის კენწეროზე მსხდარი ყვავები:
„გესმით? რას ამბობს, ჭკუის კოლოფი,
თურმე რა ფიქრი სდებია გულში“.
ასე ამბობდნენ შავი ყვავები
და ცას სწვდებოდა მათი სიცილი.
მაგრამ, როდესაც სიმინდის ყანებს
დააწვა ღამე მთელი სიმძიმით
და კვლავ ამღერდა ბოლოკარკაზი
მუქი ჩრდილებით მოფენილ ტყეში
და ძილის სული ნეპაუინი
ჩუმად მოადგა ვიგვამის კარებს,
სწრაფად წამოდგა „მცინარი წყალი“,
შემოიძარცვა წამსვე სამოსი.
და შემოსილი ღამის წყვდიადით,
დარწმუნებული და უშიშარი,
დაადგა ბილიკს ყანების ირგვლივ
და შემოავლო გატრუნულ ყანებს
გრძნეული რკალი ნაფეხურების.
იმ თბილი ღამის წყვდიადის გარდა
არვის უხილავს მისი სხეული,
არ გაუგია ქვეყნად არავის
მისი ლამაზი მკერდის ბუბუნი.
და მხოლოდ თბილი ღამის წყვდიადი
მჭიდროდ მოსავდა წმინდა მანტიით,
და ქვეყნად კაცი არ არსებობდა
მნახველი მისი მშვენიერების.
ხოლო, როგორც კი ინათა ოდნავ,
ყორანთა შავმა მეფემ კაგაგიმ
მაშინვე უხმო თავის ყაჩაღებს,
მაშინვე იქვე გაჩნდნენ ისინიც.
ყორნებს ფეხდაფეხ მოჰყვნენ ყვავები,
ყვავებს - შაშვები, შაშვებს - ჩხიკვები
და მონდამინის სამარისაკენ
სწრაფად დაეშვნენ ფრთების დგაფუნით.
„უნდა მოვთხაროთ ჩვენ მონდამინი, -
ასე მღეროდა შავი ლაშქარი, -
ვერ შეგვაჩერებს გრძნეული რკალი,
ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს იგი,
არც მინეჰაჰას ნაფეხურები,
შემოვლებული ყანების ირგვლივ“.
მაგრამ ჭკვიანმა ჰაიავათამ
დროზე გაიგო მათი სიცილი,
როცა ისინი იჭაჭებოდნენ
კენწეროებზე დასკუპებულნი.
და თქვა: „კეთილო, ჩემო ყვავებო,
დიდხანს გიცოცხლოთ ღმერთმა კაგაგი,
მე კი გასწავლით ისეთ გაკვეთილს,
რომ მადლობელნი იქნებით ჩემი“.

ის ჩუმად იდგა, ვიდრე რიჟრაჟი
ამოსცდებოდა გარინდულ ტყეებს,
და სიმინდებზე დიდი სიფრთხილით
გადააფარა მან ბადეები.
თვითონ კი ჩაჯდა ფიჭვების უკან,
მყისვე მონახა მყუდრო საფარი
და დაელოდა ყაჩაღთა ლაშქარს,
სეირის ხილვას მონატრებული.
მალე გამოჩნდა შავი ლაშქარიც,
მალე აიკლო სივრცე ყრანტალით
და მოეფინა სიმინდის ყანას
ბასრი ბრჭყალებით და ნისკარტებით.
მაგრამ ბადეში აღმოჩნდა უცებ
ავი კაგაგის მთელი ლაშქარი
და აფართხალდა გამწარებული
ჰაიავათას ასმენაკებში.
მაშინ წამოდგა ჰაიავათა,
ფეხზე წამოდგა ისეთი სახით,
რომ შეკრთებოდა უმამაცესიც.
ის დაერია ყაჩაღთა ლაშქარს,
თავებს აგლეჯდა დაუნდობელი,
ხოლო სხეულებს ხეზე კიდებდა,
ვით გაფრთხილების ნიშანს სხვებისთვის.
მხოლოდ ყორანთა მეფე დაინდო,
მხოლოდ ყორანთა მეფე კაგაგი
თან წაიყვანა, როგორც მძევალი,
თან წაიყვანა ფეხგაკოჭილი.
და მერე ქოხის თავზე დააბა,
ფრთაგაჩეჩილი და მოღუშული.
და უთხრა ასე: „ჩემო კაგაგი,
როგორც ყორანთა უფროსს და მეფეს
და როგორც ყველა საქმის მოთავეს,
შეგინარჩუნებ სიცოცხლეს მაინც
და დაგიტოვებ ჩემს ქოხში მძევლად,
რომ შენმა მოდგმამ ასეთი რამე
აღარ გაბედოს აღარასოდეს“.

და აფართხალდა შავი კაგაგი,
ფრთაგაჩეჩილი და მოღუშული,
ააფართხალა ვეება ფრთები,
თოკს ჩააფრინდა ბასრი ბრჭყალებით.
მაგრამ ამაოდ იბრძოდა იგი,
ხეზე ეკიდა მისი ლაშქარი.
განვლო ზაფხულმა და ერთხელ კიდევ
ამოისუნთქა შაუონდასიმ
და ერთხელ კიდევ გამოუგზავნა
ტყეებს და მინდვრებს ცხელი ამბორი.
და გაიზარდა სიმინდის ყანა,
წამოიმართა მთელი სიმაღლით,
ააშრიალა მწვანე სამოსი,
მზეზე გაფინა ოქროს ქოჩორი.
და ტაროებმაც თეთრი კბილებით
გამოარღვიეს უცებ ჯავშანი.
და ნაკომისმა მოიხმო რძალი,
მოიხმო რძალი და უთხრა ასე:
„ხედავ, მოვიდა თვე ფოთოლცვენის,
უკვე მწიფეა მინდორში ბრინჯი.
უკვე მწიფეა ჩვენი სიმინდიც
და შევეჭიდოთ, მოდი, მონდამინს,
შემოვახიოთ მწვანე ფუჩეჩი
და გავუჩეჩოთ ოქროს ქოჩორი“.
და გამოვიდა „მცინარე წყალი“,
ყანისკენ წაჰყვა მოხუც ნაკომისს.
მერე მოუხმეს მეზობელ ქალებს,
გამოეფინნენ გოგო-ბიჭებიც
და შეესივნენ ყანებს სიმღერით.
ხოლო ფიჭვნარის საამო ჩრდილში
წყნარად მოეწყვნენ ბერიკაცები,
ბერიკაცები და მეომრები,
გახვეულები თუთუნის ბოლში.
ისინი ისხდნენ და უყურებდნენ
მხიარულ შრომას გოგო ბიჭების
და უხაროდათ მათი სიცილი,
მათი სიმღერა და ღრიანცელი.
და თუ ნახავდა პატარა გოგო
სისხლივით წითელ ტაროს შემთხვევით,
აყვირდებოდნენ დანარჩენები:
„შენ გეყოლება ლამაზი ქმარი!“
„დიახ, ასეა!“ - ეთანხმებოდნენ
მათ მოხუცები და მეომრები.
და თუ ნახავდა პატარა ბიჭი
წელში მოღუნულ ტაროს, შემთხვევით,
აირეოდნენ ერთად ყველანი,
მოედებოდნენ ყანას კოჭლობით
და თან ყვიროდნენ: „დაიჭით, ჩქარა,
ჩქარა დაიჭით სიმინდის ქურდი!“
და სანამ შვებით ავსებდა ყანებს
მათი სიცილი და ჟრიამული,
სანამ კაგაგი სახურავიდან
მწარედ კიოდა განრისხებული
და მისი ლაშქრის საბრალო ნაშთი
გამწარებული ჩხაოდა ტყეში,
თანხმობის ნიშნად თავებს იქნევდნენ
ბერიკაცები და მეომრები.

17.49 ზღაპრის ანალიზი ვ. პროპის სქემის მიხედვით ნიმუში

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილიაში ჩაწერილი ზეპირი ტექსტი „ქაჩალი“ ზღაპრის იმ ტიპს განეკუთვნება, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევრაზიის კონტინენტზე. ევროპაში ცნობილია ამ ზღაპრის შვედური, ნორვეგიული, დანიური, ესტონური, ლიტვური, ირლანდიური, გერმანული, ფლამანდრიული, ფრანგული, უნგრული, რუმინული, სლოვენური, სერბული, ხორვატული, ალბანური, რუსული, უკრაინული, ქართული, თურქული, არაბული, ინდური ვერსიები, ამერიკის კონტინენტზე კი ინგლისურ-ამერიკული და ესპანურ-ამერიკული ვერსიები. სიუჟეტთა საერთაშორისო კატალოგში ამ ტიპის ზღაპარი ცნობილია ნომრით ATU530.

ბრაზილიური ზღაპრის სრული ტექსტი მოცემულია დანართში, აქ კი გთავაზობთ მის მოკლე ანალიზს ვ. პროპის შვიდპერსონაჟიანი სქემის მიხედვით.

ზღაპარში არის შვიდი პერსონაჟი:

1. გმირი - ოქროსთმიანი ბიჭი;

2. გამგზავნი - გმირის მამა;

3. ანტაგონისტი - მდინარის პატრონი (ზღაპრის პირველ სვლაში), ურჩხული (ზღაპრის მეორე სვლაში);

4. მჩუქებელი - ცხენები, რომლებიც რჩევას აძლევენ გმირს;

5. შემწე - ცხენები, რომლებიც ეხმარებიან გმირს დევნისგან გადარჩენაში და ურჩხულთან ბრძოლაში;

6. მეფის ასული - მეფის უმცროსი ასული;

7. ცრუგმირი - მეფის სიძეები, რომლებიც გმირის მიერ დამარცხებულ ურჩხულს თავის მოკლულად ასაღებენ.

ზღაპარი აგებულია ჯადოსნური ზღაპრის სქემაზე, რომელიც პრობლემით იწყება და მისი მოგვარებით მთავრდება. ზღაპარი ორსვლიანია, ანუ ორჯერ ახერხებს გმირი პრობლემის გადაჭრას: პირველ სვლაში მთავარია დევნისგან გადარჩენა, მეორე სვლაში კი ანტაგონისტის დამარცხების შემდეგ საკუთარი ვინაობის დამტკიცება.

ფუნქციები (ეპიზოდები)

ექსტი

საწყისი სიტუაცია

იყო ერთი წვრილშვილი კაცი. ერთხელ
კაცი სათევზაოდ წავიდა, შინ კი
მოსალოგინებელი ცოლი დატოვა.
ისროლა კაცმა ბადე - ერთი თევზიც არ
მოჰყოლია. ისროლა მეორედ - მაინც
არაფერი. ის იყო შინ ხელცარიელი
აპირებდა დაბრუნებას, რომ უცებ
მდინარიდან ხმა შემოესმა.

- თუ მაჩუქებ იმას, რაც შენს ოჯახში
დღეს გაჩნდება, უამრავ თევზს
დაგაჭერინებო!

- კეთილიო! - მიუგო მებადურმა.
ისროლა ბადე და უამრავი თევზი მოჰყვა.
კაცი გახარებული გაემართა შინისაკენ.
გზად ერთ-ერთი ვაჟიშვილი შეეგება და
ახარა:

- ბიჭი გაგვიჩნდაო! შევიდა მებადური
სახლში და რას ხედავს: ცოლს გვერდით
ახალდაბადებული ჩვილი ბავშვი უწევს -
ჯანმრთელი და ლამაზი ბიჭუნა.
მებადური იძულებული იყო, ჩვილი
მდინარესთან მიეყვანა. ბავშვი ტალღებში
გაუჩინარდა, მაგრამ არ დამხრჩვალა,
მიცურავდა და მიცურავდა მდინარის
სიღრმისაკენ, ვიდრე მდიდრულად
მორთულ წყალქვეშა სასახლეში არ
მოხვდა. იმ დღიდან ბიჭი ამ სასახლეში
იზრდებოდა და ისე დავაჟკაცდა,
ძეხორციელი არავინ უნახავს.

აკრძალვა

ერთხელ ერთი კაცი მივიდა ბიჭთან და
უთხრა:

- მე მამაშენი ვარ. საქმეზე მივდივარ და
ორი კვირით უნდა დაგტოვო. - მერე
გასაღებების შეკვრა გადასცა, - აჰა, ეს
გასაღებები გამომართვი, მხოლოდ
იცოდე, არცერთი კარის გაღება არ
გაბედო, თორემ დავბრუნდები და
ცოცხალი ვერ გადამირჩებიო. - დაემუქრა
და წავიდა.

აკრძალვის დარღვევა

ყმაწვილმა პირველად ზუსტად
შეასრულა მამის ბრძანება, მეორედ -
ოთახები დაათვალიერა, მესამედ კი
აკრძალულ ოთახში ოქროს წყალში თავი
დაიბანა და ცხენთან ერთად გაიქცა.

მჩუქებლის რჩევა

ერთმა ცხენმა უთხრა:

- ხელი არაფერს ახლო, თორემ მამაშენს
ცოცხალი ვერ გადაურჩები. თუ აქედან
გაქცევა გსურს, შედი იმ ოთახში, სადაც
ყუთები ალაგია. ამოიღე ორი ქაღალდი -
ცისფერი და თეთრი, ამოირჩიე ლამაზი
ტანსაცმელი და ჩაიცვი, შეიარაღდი და
რომელიმე ჩვენგანს შეაჯექი, მეორე კი
აღვირით გაიყოლე, მამაშენი
გამოგვიდგება, რომ დაგვეწევა, ჯერ ერთი
ქაღალდი გადააგდე, მერე - მეორე,
დანარჩენზე კი მე თვითონ ვიზრუნებო.
ყმაწვილს ცხენმა ისიც უბრძანა, ოქროს
ქვაბში თავი ჩაყავი და ოქროსთმიანი
გახდებიო. ყმაწვილმა ყველაფერი
შეასრულა: ოქროს ქვაბში თავი ჩაყო, მერე
ლამაზი ტანსაცმელი გადაიცვა, იარაღი
აისხა, ჯიბეში ორი ქაღალდი ჩაიდო,
წაბლისფერ ცხენს შეაჯდა, თეთრა
აღვირით წაიყვანა და უფრო მეტად რომ
გაეცეცხლებინა მამა, ლომს ბალახი
ააცალა და ყორნისფერ ცხენს დაუყარა,
ხოლო ცხენების ხორცი კი ლომს
მიუგდო. შემდეგ ჰკრა დეზი წაბლას და
გააქროლა.

დევნა (ანტაგონისტი მისდევს გმირს):

ორი კვირის შემდეგ მამა დაბრუნდა და
მიხვდა, შვილს მისი ბრძანება არ
შეესრულებინა. გაცეცხლებული მოახტა
შავრა ცხენს და ყმაწვილს გამოუდგა.
სდია და, ბოლოს, დაეწია კიდეც.

დევნისგან გადარჩენა
(შემწე ეხმარება გმირს)

წაბლა ცხენმა იგრძნო საფრთხის
მოახლოვება და ყმაწვილს ურჩია, თეთრი
ქაღალდი გადააგდეო. გადააგდო თუ არა
თეთრი ქაღალდი, მათ უკან საშინელი
ნისლი ჩამოწვა. მაგრამ შავრა
მეტისმეტად საზრიანი ცხენი იყო, თუმცა
დიდი ჯაფა დაადგა, მაინც გაიკვლია გზა.
ამასობაში ყმაწვილმა კარგა მანძილით
ჩამოიტოვა მდევარი. მამამ სდია, სდია და
ბოლოს ისევ წამოეწია ყმაწვილს.
ყმაწვილმა ახლა ცისფერი ქაღალდი
ისროლა. ქაღალდი ფარფატით დაეცა
ძირს და გაუვალ ჯაგნარად იქცა. შავრას
პატრონი შეეხვეწა:

- ოღონდ ამ ჯაგნარს გადამატარე და
ჯადოს მოგხსნიო!

- მაშინ უნაგირი და აღვირი ამხსენი და
უბელოზე შემაჯექიო!

პატრონმა დაუჯერა და შიშველ ზურგზე
მოახტა ცხენს, შავრამ კი, შევარდა თუ არა
ჯაგნარში, მხედარი ძირს გადმოაგდო და
სული გააცხებინა. მერე წამოეწია
ყმაწვილს და მასთან ერთად გაქუსლა.
წაბლა ცხენი რომ მოიქანცა, ყმაწვილი ახლა თეთრ ცხენზე გადაჯდა.

იარეს, იარეს, და ბოლოს კარგა შორს
თვალი მოჰკრეს ერთ ქალაქს.

ზღაპრის მეორე სვლა

ბიჭი სხვა სახელმწიფოში ჩადის და
მეფის მებაღესთან თანაშემწედ დადგა.

კვანძის შეკვრა

ერთხელ, როცა ოქროს თმას ივარცნიდა,
სწორედ ამ დროს ხელმწიფის უმცროსმა
ასულმა თვალი მოკრა და შეუყვარდა.
მეორე დილით მოხუცმა მებაღემ,
ჩვეულებისამებრ, ხელმწიფის სამივე
ასულს ყვავილების თაიგული მიართვა.
მებაღე რომ შევიდა, ხელმწიფის
უმცროსმა ასულმა უთხრა:

- ხვალიდან ყვავილები ქაჩალმა
მომიტანოსო! ხელმწიფე და უფროსი
დები ამ უცნაური სურვილის გამო
გოგონას მასხრად იგდებდნენ. ის კი
თავისას გაიძახოდა. იმ დღიდან
ხელმწიფის უმცროს ასულთან
ყვავილები, მართლაც, ქაჩალს მოჰქონდა.

ძნელი დავალება

ერთხელ ამ სახელმწიფოში ჯირითი
უნდა გაემართათ და ყველანი
საყურებლად წავიდნენ. სასახლეში
მარტო ქაჩალიღა დარჩა. - წავალ, მჭედელთან შევივლი და ვთხოვ დიდი დანა გამომიჭედოსო! - უთხრა მან მოხუც მებაღეს. როგორც კი თავი გაითავისუფლა, მაშინვე ლოდებისაკენ გაექანა. ყველაფერი უამბო ცხენებს, და დახმარება სთხოვა. უცებ, სად იყო, სად არა, მდიდრულად მოკაზმული წაბლა გაჩნდა. ყმაწვილმა ტანსაცმელი გამოიცვალა, თავიდან ხარის ბუშტი მოიძრო და ოქროსფერი თმები მხრებზე ჩამოიყარა. მერე იმ წაბლისფერ ცხენს მოახტა და ასე გამოწყობილი შეჯიბრზე წავიდა.

დავალების შესრულება (სამჯერ):

შეჯიბრში ყველა მოწინააღმდეგე რაინდი
დაჯაბნა. შუბის ერთი ტყორცნით
ჩამოაგდო სამიზნეზე შემოდებული
რგოლი და ხელმწიფის უმცროს ასულს
მიართვა.

ნიშნის დადება

ხელმწიფის ასულმა სხვადასხვა ფერის
ბაბთები აჩუქა. ბიჭმა სამჯერვე ბაბთა
თავის შუბს შემოახვია და გაუჩინარდა.
ყველა აღტაცებული იყო მისი
გარეგნობით და ვაჟკაცობით, მაგრამ
არავინ იცოდა, ვინ იყო და საიდან
მოვიდა. - როგორც მოულოდნელად
მოევლინათ ჭაბუკი, ისე მოულოდნელად
გაქრა. ხელმწიფის უმცროსმა ასულმა კი
ყველაფერი იცოდა.

ძნელი დავალება (ანტაგონისტთან
ბრძოლა):

იმ ხანებში სახელმწიფოს ერთი შვიდთავიანი

ურჩხული შემოეჩვია. ირგვლივ ყველაფერი გააცამტვერა

და დიდძალი ხალხი გადასანსლა. ვერავინ

შეძლო მისი დამარცხება. ხელმწიფემ ბრძანა,

ვინც ამ ურჩხულთაგან გვიხსნის, ჩემს უფროს ქალიშვილს

შევრთავო.

მჩუქებლის რჩევა

მაშინ ქაჩალი ჩუმად წავიდა თავის
სასწაულმოქმედ ლოდებთან და
დაწვრილებით უამბო ყველაფერი. უცებ
მის წინ შავრა ცხენი გაჩნდა და ყმაწვილს
ასეთი რჩევა მისცა:

- კისერზე დიდი სარკე ჩამომკიდე, ზედ
შემაჯექი და უშიშრად გასწი
ურჩხულისაკენ. ურჩხული თავის
ორეულს რომ დაინახავს სარკეში, მეორე
ურჩხული ეგონება და შეკრთება, შენ
ამასობაში დრო იხელთე, შეუტიე და
უეჭველად დაამარცხებო.

ძნელი დავალების შესრულება შემწის
დახმარებით:

ყმაწვილი ასეც მოიქცა. განგმირა შვიდთავიანი

ურჩხული.

ცრუგმირი აცხადებს
თავის პრეტენზიას:

ადგა უფროსი სიძე და დაიწყო:

- შვიდთავიანი ურჩხული მე გავგმირე,
მაგრამ ამაზე სიტყვაც არ დამიძრავს,
რადგან მინდოდა, ხელმწიფის ასულს
თავისი გულის კარნახით ამოერჩია ჩემი
თავი და არა მამის ბრძანებითო, - მან
სიმართლის დასადასტურებლად ყველას
ურჩხულის ენის ამონაკვეთები უჩვენა.
შემდეგ მომდევნო სიძე წამოდგა და თქვა:
- თქვენ რომ დღეს ფრინველები
მიირთვით, სულ ჩემი დახოცილი იყოო...

გმირის ამოცნობა

ბიჭი ჰყვება თავის ამბავს: „ის
შვიდთავიანი ურჩხული მე მოვკალი. აი,
მისი ენები, უფლისწულს კი მხოლოდ
ენის მონაკვეთები წამოუღია. გარეული
ფრინველებიც მე დავხოცე და
უფლისწულს მივყიდე, ამის
დასამტკიცებელი ხელწერილი აქვე მაქვს.
ჯირითში სამჯერ გამარჯვებული
ოქროსთმიანი რაინდიც მე გახლავართ.
თუ არ გჯერა, აი ის ბაბთებიც,
ხელმწიფის უმცროსმა ასულმა რომ
მაჩუქაო.“

ბედნიერი დასასრული

ქაჩალმა მოიძრო თავიდან ხარის ბუშტი და
გაოცებული ხალხის წინაშე თავისი ნამდვილი სახით წარსდგა.

ტესტი შუალედური შემოწმებისათვის ნიმუში

1

რა არის ალეგორია?

ა) აცტეკების ღვთაება

ბ) აბსტრაქტული იდეის
კონკრეტულ ცნებაში
ასახვა

გ) რელიგიური ფანატიზმი

2

მითების შედარებითმა
შესწავლამ დაადასტურა, რომ

ა) ამერიკის ინდიელებს არ
გააჩნიათ საკუთარი
მითოლოგიური სისტემა

ბ) მითები არ არსებობს

გ) მსგავსი მითები
შეიძლება ჰქონდეთ
ტერიტორიულად
ერთმანეთს დაშორებულ
ხალხებს

3

რომელია ცენტრალური
ღვთაება ინკას მითოლოგიაში?

ა) მზე

ბ) მთვარე

გ) კოიოტი

4

ტოტემიზმი არის

ა) რწმენა წინაპარი
ცხოველის შესახებ

ბ) პოლიტიკური რეჟიმი

გ) ჯადოქრობა

5

ანიმიზმი არის

ა) ანიმაციური ფილმი

ბ) რწმენა, რომ ყოველი საგანს აქვს სული

გ) ურწმუნოება

6

ანთროპომორფიზაცია
ნიშნავს

ა) ღვთაების წარმოდგენას
არქიტექტურული ნაგებობის
სახით

ბ) ღვთაების წარმოდგენას
ცხოველის სახით

გ) ღვთაების წარმოდგენას
ადამიანის სახით

7

რომელი მცენარის მფარველი
ქალღმერთია შკაკაუ?

ა) კაკაოს
ბ) ყავის
გ) ჩაის

8

რომელ მითოლოგიურ სისტემაშია ტალახის
შთანმთქმელი
ქალღმერთი ტლასოლტეოტლი?

ა) ესკიმოსების
ბ) აცტეკების
გ) იროკეზების

9

ესქატოლოგიური მითი ნიშნავს

ა) პირველ პირში
მოთხრობილ ამბავს

ბ) ამბავს ადამიანის
შექმნის შესახებ

გ) ამბავს სამყაროს
აღსასრულის შესახებ

10

ერთმანეთის
საპირისპირო ცნებებია

ა) კოსმოსი და ქაოსი

ბ) კოსმოსი და სამყარო

გ) კოსმოსი და მსოფლიო

11

ჩამოთვალეთ ამერიკელი
ფოლკლორისტები

-

12

რომელ მითოლოგიური
ისტემებს მოვიაზრებთ ამერიკის ხალხთა
ითოლოგიაში?

-

18 გლოსარიუმი

▲ზევით დაბრუნება


აბორიგენი (ლათ. Aborigenes) ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა, თავდაპირველი ბინადარი.

აგავის ეკლები (ლათ. Agave americana) აგავის ეკლებით მსხვერპლშეწირვის დროს იღადრავდნენ მკერდს ძველ მექსიკაში. შემდეგ ამ ეკლებს ღმერთებს სწირავდნენ.

ავონავილონა (ლათ. Awonawilona) ჩრდილო ამერიკის (ზუნის ტომის) ინდიელთა მითოლოგიაში ყოველი არსების შემქმნელი და პირველმიზეზი.

ალეგორია (ბერძნ. Allegoria) აბსტრაქტული იდეის ან მოვლენის კონკრეტულ ცნებებში ასახვა: მაგალითად, ქალი სავსე ფიალით შეიძლება წარმოადგენდეს ნაყოფიერების სიჭარბის ალეგორიას.

ანთროპოგონია (ბერძნ. ἄνθρωπογονία, Anthropogony) მითები ადამიანის შექმნის შესახებ.

ანთროპომორფიზაცია (ბერძნ. Άνθρωπος - ადამიანი, μορφή - ფორმა, Anthropomorphism), „ადამიანის სახედ გადაქცევა“, „გაადამიანება“.

ანიმიზმი (ლათ. Anima, „სული“, „ამოსუნთქვა“) ეთნოლოგიასა და რელიგიათმცოდნეობაში აღნიშნავს ზოგადად სულების ან ყველა სულიერი არსების რწმენას. ტერმინი „ანიმიზმი“ ე. ტაილორმა დაამკვიდრა და ამით აღნიშნა რელიგიის უძველესი ფორმა, რომელიც წინ უძღოდა პოლიდემონიზმს, პოლითეიზმსა და მონოთეიზმს.

არარა (პორტუგ. Arara) გრძელბოლოიანი ჭრელი თუთიყუში ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე.

ასტრალური მითები მითები მნათობების შესახებ.

აუთენტური (ბერძ. αυθεντικός, authentic) 1) ხალასი, უშუალო და დაუმუშავებელი. 2) ფოლკლორული მასალა, რომელიც საველე კვლევისას აბსოლუტური სიზუსტით არის დაფიქსირებული.

აცტეკი (ლათ. Aztec) ჩრდილო ამერიკიდან ცენტრალურ ამერიკაში წამოსული ტომი. აცტეკები 1325 წლისთვის გამოჩნდნენ კუნძულ ტენოჩტიტლანზე, რომელიც ნაწილობრივ მექსიკის ყურეში შედიოდა. ლეგენდის თანახმად, აცტეკებს აღთქმული ქვეყნის საძებრად დიდი ქურუმი უიცილოპოჩტლი მოუძღოდა, რომელსაც ღმერთებმა შთაბერეს სული. მას შემდეგ, რაც აცტეკები ცენტრალურ მექსიკურ მთიანეთში დამკვიდრდნენ, დამპყრობელ ხალხად იქცნენ, რომლის აქტიურობასაც მ. ელიადე „მისტიურ იმპერიალიზმს“ უწოდებს. აცტეკებს მუდმივად ახალი მსხვერპლი სჭირდებოდათ და ისინი მეზობელ ხალხებს ესხმოდნენ თავს (მათი რწმენის თანახმად მზე სისხლით ძლიერდება). მე-16 საუკუნეში აცტეკების ორასწლოვანი სისხლიანი და ტრიუმფალური ისტორია დაასრულა ჰერნანდო კორტესმა (1485-1547), რომელიც თვითონ მოვიდა სახელმწიფოს სათავეში. აცტეკების ენა ნაუას ენათა ოჯახში შედის.

გრიზლი (ინგლ. Grisly) დიდი ზომის მტაცებელი ცხოველი დათვისებრთა ოჯახიდან, გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.

გუანაკო (ლათ. Lama guanicoe) ლამას სახეობა.

გუარაიო (პორტუგ. Guarani) ინდიელთა ტომი სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილიის ტერიტორია).

დემიურგი (ბერძნ. δημιουργός, demiurge) სამეცნიერო ტერმინი მითოლოგიაში „სამყაროს შემქმნელის“ აღსანიშნად.

დემონოლოგია (ბერძნ. δαίμων - დემონი, λογία - მოძღვრება, demonology) მეცნიერება ზებუნებრივი ბოროტი ძალების შესახებ.

დომესტიკაცია (ლათ. domesticus) გარეული ცხოველების მოშინაურება.

ემანსიპაცია (ლათ. Emancipation) გათავისუფლება ვინმეზე დამოკიდებულებისგან, უფლებრივად გათანასწორება.

ეგზოგამია (ბერძნ. ἔξω - უცხო, γαμος - ქორწინება, exogamy) ჩვეულება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ქორწინება ერთი და იმავე გვარის ან თემის წარმომადგენლებს შორის. მისი საპირისპირო მოვლენაა ენდოგამია (endogamy) - ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწინება დასაშვები იყო მხოლოდ ერთი და იმავე საზოგადოებრივი ჯგუფის (ტომის, გვარის და მისთ.) წევრებს შორის.

ემპირიული ცოდნა (ბერძნ. ἐμπειρία, empiric) დაკვირვება ბუნებრივ გარემოზე, ადამიანის გამოცდილებაზე დამყარებული ცოდნა.

ეპიკურეიზმი ფილოსოფიური მოძღვრება ძველ საბერძნეთში, რომლის თანახმადაც სიცოცხლის აზრი ხორციელი ინსტინქტების დაკმაყოფილებასა და განცხრომით ცხოვრებაში მდგომარეობს.

ესკიმოსები (ინგლ. Eskimo) ტომები ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის არქტიკულ სანაპიროებზე, ალასკაზე, კანადაში და გრენლანდიაში ცხოვრობენ. მათი ენა ალგონკინების და ათაპასკების ენათა ოჯახს განეკუთვნება. ესკიმოსების რელიგიის მთავარი მახასიათებელია შამანიზმი.

ეტიოლოგიური გადმოცემა (ბერძნ. αἰτιολογία, etiological myth) ზეპირი გადმოცემა, რომელშიც ახსნილია რაიმე მოვლენის მიზეზი.

ვიგვამი (ინგლ. ჭიგწამ) ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა საცხოვრებელი გუმბათისებური ქოხი, რომელიც ხის ტოტებისა და ლერწმისგან კეთდება.

ზოომორფული ცხოველის ფორმის (სახის) მქონე, შდრ. ანთროპომორფიზაცია.

ინკა (ლათ. Inca) მე-15 ს. ანდების მაღალ მთაში წარმოიქმნილი სახელმწიფო. ესპანელ დამპყრობელთა შემოსვლისას ინკას სამეფო პერუდან ჩილემდე ფლობდა დასავლეთ სანაპიროებს, 1532 წელს ის დაეცა, როცა უკანასკნელ ინკას მბრძანებელს დამპყობლებმა თავი მოკვეთეს.

ინცესტი (ლათ. Incestum) სისხლის აღრევა უახლოეს ნათესავებს შორის.

იშლტაკსიჰუატლი ვულკანი მექსიკაში. მისი სახელწოდება ნაუას ენაზე ნიშნავს „თეთრ ქალს“ (ლათ. ტრანსკრ. Iztaccihuatl, Ixtlacihuatl, Ixtaccihuatl).

კაგაგი ყორანი (ოჯიბვეს ენაზე).

კავაიბი (პორტ. Caiapo) ინდიელთა ტომი სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილიის ტერიტორია).

კალებასი გოგრისგან გაკეთებული ჭურჭელი (სამხრეთ

ამერიკის ინდიელთა კულტურაში).

კანან-სიუე სამყაროს შემქმნელი ღვთაება ბრაზილიურ მითოლოგიურ გადმოცემებში. კანიონი ღრმა და ვიწრო ხეობა.

კანოე (ინგლ. Canoe) მოკლენიჩბიანი ნავი, რომელშიც ცალ მუხლზე დამდგარი უსვამენ ნიჩბებს.

კარაჟა (პორტ. Karaja) ინდიელთა ტომი სამხრეთ ამერიკაში. კაროკო ჩასაბერი საკრავი სამხრეთ ამერიკის ინდიელთა კულტურაში.

კეჩუა (ლათ. ტრანსკრ. Quechua) სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული უძველესი კულტურა ინკების იმპერიის ტერიტორიაზე (ჩილე, არგენტინა, ბოლივია, პერუ, ეკვადორი) დაახლ. ძვ. წ. II ათასწლეულიდან მოყოლებული ჩვ. წ. მე-16 საუკუნემდე.

კეცალი (ლათ. ტრანსკრ. Quetzal) ფრინველი, რომელსაც მოოქროსფრო-მომწვანო ბოლო აქვს. მის ბუმბულს მხოლოდ გამორჩეული პირები ატარებდნენ სამკაულად.

კეცალკოატლი (ლათ. ტრანსკრ. Quetzalcoatl) ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიის ერთ-ერთი უზენაესი ღვთაება, სამყაროს შემქმნელი ტესკატლიპოკასთან და უიცილოპოჩტლთან ერთად.

კიჩე (ესპ. Quiche, k'ich'e) ენა მაიას ენათა ოჯახში, რომელზეც გვატემალაში ლაპარაკობენ.

klamati (ინგლ. Klamath) ინდიელთა ტომი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში, ორეგონის შტატში.

კლანი (ინგლ. Clan) კელტური წარმოშობის სიტყვა, რომელიც ირლანდიასა და შოტლანდიაში გვაროვნულ თემს, გვარს აღნიშნავს. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოიყენება ჩაკეტილი საზოგადოების მნიშვნელობით.

კოდექს ბორბონიკუს (Codex Borbonicus) კოლუმბამდელი აცტეკური ხელნაწერი, შედგენილია აცტეკი ქურუმების მიერ, დართული აქვს ესპანური აღწერილობები. ინახება პარიზის ნაციონალური ასამბლეის ბიბლიოთეკაში.

კოდექს ტელერიანორემენსის (Codex Telleriano-Remensis) აცტეკური ხელნაწერი, ევროპაში ჩამოტანილი ფრანგი ეპისკოპოსის მიერ XVII ს.

კოპალი (ლათ. Copal) სურნელოვანი ფისი, რომელსაც აცტეკები საკმეველად იყენებდნენ.

კორტესი ჰერნანდო კორტესი (1485-1547), ესპანელი გუბერნატორი, რომელიც 1519 წელს ხუთასი ჯარისკაცით მივიდა იუკატაკანში, მოხერხებულად გამოიყენა კეცალკოატლის დაბრუნების რწმენა და ორი წლის შემდეგ დაიპყრო აცტეკების სახელმწიფო.

კოსმოგონიური მითები (ბერძნ. κοσμογονία, cosmogony) მითები სამყაროს წარმოშობის შესახებ.

კოსმოლოგია (ბერძნ. κόσμος, λογία, cosmology) მოძღვრება სამყაროს როგორც ერთი მთლიანობის შესახებ.

კოჩამამა (ლათ. ტრანსკრ. Cochamama) ზღვის ღვთაება კეჩუას მითოლოგიაში.

კრატერის ტბა (ინგლ. Crater Lake, ესპ. Caldera Lake) ტბა ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში, ორეგონის შტატში.

კრეოლი (ფრანგ. Creole) ლათინურ ამერიკაში პირველი ევროპელი (უმთავრესად ესპანელი) კოლონიზატორების შთამომავალი.

კულტურული გმირი (ინგლ. Culture hero, გერმ. Heilbringer, ფრანგ. Heros civilisateur, რუს. Kультурный герой) სამეცნიერო ტერმინი მითოლოგიური პერსონაჟისთვის, რომელიც საფუძველს უყრის ცივილიზაციას საზოგადოებაში. კულტურული გმირის სინონიმად „დემიურგიც“ გამოიყენება.

კუო-ნი-ში ჭრიჭინა (ოჯიბვეს ენაზე).

კუსკო (ლათ. Cusco, Cuzco, Qusqu) ინკების სახელმწიფოს ძველი დედაქალაქი.

ლადინო (ლათ. ტრანსკრ. Ladino) მეტისები. აგრეთვე ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ინდიელები.

ლუნარული მითები მითები მთვარის შესახებ.

მაია (ლათ. ტრანკრ. Maya) ტომი ცენტრალურ ამერიკაში, რომლის უძველესი კვალი ახ. წ. IIIIV საუკუნეებამდე მიდის. VIII საუკუნის შუა ხანებში მათ ოთხი მნიშვნელოვანი ცენტრი ჩამოაყალიბეს (ტიკალი, კოპანი, პალენკუ და კალაკმული), რომელთა ირგვლივ ბევრი ქალაქი და სოფელი აღმოცენდა. ომების შედეგად IX-X საუკუნეებში მოსახლეობამ დატოვა ქალაქები და ჯუნგლებს მიაშურა. ამის შემდგომ მაიას კულტურა იუკატანის ნახევარკუნძულზე განლაგდა, სადაც X-XIII საუკუნეებში სხვადასხვა საქალაქო ცენტრი წარმოიშვა. როცა ესპანელი დამპყრობლები ცენტრალურ ამერიკაში ჩავიდნენ, მაიას კულტურა გაქრობის პირას იდგა. დღესდღეობით მაიას შთამომავლებიდან ორ მი ლიონზე მეტი ცენტრალურ ამერიკაში ცხოვრობს: იუკატეკები, ჩოლი, ჩონტალი, ლაკანდონები და სხვ., რომლებიც ოცდაათ სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობენ. მათ დღემდე აქვთ შემონახული ტრადიციული საკრალური რიტუალები იმის მიუხედავად, რომ უკვე ოთხ საუკუნეზე მეტია, კათოლიკეები არიან. მაიას საკუთარი იეროგლიფური დამწერლობა ჰქონდა. დღეისთვის ამის სამი წიგნი მოგვეპოვება. ყველა ნაწერი და საბუთი ფანატიკოსმა ესპანელმა დიეგო დე ლანდამ გაანადგურა, რის შემდეგაც მაიას ქურუმებმა უძველესი მითოლოგია თავისი დიალექტისა და ლათინური ანბანის მეშვეობით გადმოსცეს. მაიას ხალხების - ქუიჩისა და იუკატეკების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებია „პოპოლ ვუ“ და „ჩილამ ბალამის წიგნები“.

მაკილშოჩიტლი (ლათ. ტრანსკრ. Macuilxochitl) აცტეკების მითოლოგიაში გაზაფხულის მცენარეების, სიყვარულის, ყვავილების, მხიარულების, ბურთის თამაშის მფარველი ღმერთი, „ყვავილების მბრძანებელი“, ტლასოლტეოტლის ვაჟი.

მანგაბეირა (ლათ. ტრანსკრ. Mangabeira) ტკბილი ნაყოფის მქონე ხის ჯიში სამხრეთ ამერიკაში.

მამაკაცთა სადგომი სამხრეთ ინდიელთა ზოგიერთ ტომს ცალკე ჰქონდა მამაკაცთა საცხოვრებელი სახლები. იქ მხოლოდ ახალგაზრდა და უცოლშვილო მამაკაცები ცხოვრობდნენ.

მანიოკა (ლათ. Manioca) მცენარე ბოლქვისმაგვარი ფესვებით, რომლისგანაც სამხრეთელი ინდიელები ფქვილს ამზადებენ.

მაუე (პორტ. Mayoruna) ინდიელთა ტომი სამხრეთ ამერიკაში.

მეტისი (ფრანგ. Metis) ადამიანი, რომელიც წარმოშობილია ინდიელისა და ევროპელის ქორწინების შედეგად.

მითოლოგემა მითოლოგიური გადმოცემის შემადგენელი ნაწილი, უცვლელი სიდიდე, რომლის ვარიაციებითაც იქმნება მითის სიუჟეტი.

მილენარიზმი (ინგლ. Millenarism) რწმენა ქრისტეს ათასწლოვანი სიცოცხლის შესახებ.

მინეჰაჰა (ლათ. ტრანსკრ. Mine haha) ჩანჩქერი მდინარეზე, რომელიც მისისიპის ერთვის. მინეჰაჰა ოჯიბვეს ენაზე „მცინარი წყალს“ ნიშნავს.

მიტიმაე (ლათ. ტრანსკრ. Mitimae) ახალმოსახლეები. მათ მმართველი ინკები ახლად დაპყრობილ ოლქებში გზავნიდნენ თავიანთი ხელისუფლების განსამტკიცებლად.

მონდამინი სიმინდი (ოჯიბვეს ენაზე).

მონტესუმა II (ლათ. ტრანსკრ. Montezuma) აცტეკების სახელმწიფოს უკანასკნელი იმპერატორი რომელიც მოხერხებულად დაამარცხა ჰერნანდო კორტესმა.

მუნდურუკუ (პორტ. Munduruku) ინდიელთა ტომი სამხრეთ ამერიკაში.

ნაუა (ესპ. Nahua) ამერიკის ჩრდილოეთიდან მოსული ტომი, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში დასახლდა ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში. ნაუას ენათა ოჯახს განეკუთვნებიან ტოლტეკები და აცტეკები.

ნაწნავიანი ქალღმერთი პირობითი სახელი უძველესი მრავალფუნქციური ღვთაებისა ცენტრალური ამერიკის ინდიელ თა მითოლოგიაში, რომელიც თავის სახეში აერთიანებს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს სულების შესახებ წარმოდგენებს, განასახიერებს დედამიწასა და ცას, სიცოცხლესა და სიკვდილს.

ნეპაუინი ძილი, ძილის სული ოჯიბვეს რწმენა-წარმოდგენებში.

ოკულტიზმი (ლათ. Occultus faruli, saidumlo) მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება. ოკულტიზმის მიხედვით ბუნებაში არსებობენ იდუმალი ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებითა და ჯადოსნობით.

ოლმეკი (ლათ. ტრანსკრ. Olmec) ტომი ცენტრალურ ამერიკაში, რომელიც ძვ. წ. XV-IV სს. ადრეკლასობრივი საზოგადოება შექმნეს. მათი ცივილიზაციის აყვავების ხანა ძვ. წ. XIII საუკუნეა. მათი კულტურის მემკვიდრეა მაია.

ოჯიბვე (ლათ. ტრანსკრ. Ojibwe) ესკიმოსების ტომი ჩრდილო ამერიკაში. მათი ენა ალგონკინების და ათაპასკების ენათა ოჯახს განეკუთვნება.

პაჩამამა (ლათ. ტრანსკრ. Pachamama) ქალღმერთი დედამიწა კეჩუას მითოლოგიაში.

პეიოტე (ლათ. Lophophora williamsii) კაკტუსის სახეობა, ძლიერი ნარკოტიკული მცენარე, რომელსაც ცენტრალური ამერიკის ინდიელთა ყოფაში სარიტუალო და სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა.

პელოტა (ესპ. Pelota) რიტუალური ბურთის თამაში მაიას ტომებში. მას საფუძვლად უდევს მსხვერპლად შეწირული ღვთაების მოჭრილი თავი, რასაც ცენტრალურ ამერიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. პელოტას სათამაშო მოედანი ციური სხეულების მოძრაობას გადმოსცემს. ბურთის გზა - სათამაშო მოედნის ორი მხარე განასახიერებს ცის მნათობებისა და ღამის ორთაბრძოლას იმისთვის, რომ კოსმიური წესრიგი იყოს დაცული.

პოპოკატეპეტლი (ლათ. transkr. Popocatepetl) ვულკანი მექსიკაში. მისი სახელწოდება ნაუას ენაზე ნიშნავს „მბოლავ მთას“.

პოპოლ ვუ (ლათ. ტრანსკრ. Popol Vuh) ქურუმთა წიგნი, მაიას ხალხების - ქუიჩისა და იუკატეკების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტური წყარო. დაცულია ჩიკაგოს ნიუბერის ბიბლიოთეკაში (Newberry Library, Chicago, the Ayer Collection).

პოტლაჩი (ლათ. ტრანსკრ. Potlatch) საჩუქრების დარიგების ცერემონიალი წყნარი ოკეანის სანაპიროს ინდიელთა ყოფაში. საჩუქრების დარიგებას ახლდა მრავალდღიანი ქეიფი, ათლეტური შეჯიბრებები, აზარტული თამაშები და საღამოობით კოცონთან ამბების თხრობა.

პრერიების ინდიელები ეს ტომები განეკუთვნებიან იმ კულტურათა კონგლომერატს, რომლებიც პირველად მე-18 საუკუნეში შეიქმნა, როცა მექსიკიდან გარეულ ცხოველებზე მონადირე ცხენოსან ინდიელთა ტომები შემოვიდნენ. პრერიების ინდიელების კულტურაში სრულიად განსხვავებულ ხალხთა წეს-ჩვეულებები გვხვდება.

პროფანული (ლათ. Profanus) არა წმინდა, უბრალო, ყოველდღიური. საკრალურის საპირისპირო.

პურიტანიზმი 1. XVI-XVII სს. პოლიტიკური მოძრაობა ინგლისში, რომელიც მიზნად ისახავდა ინგლისის ეკლესიის გაწმენდას კათოლიციზმის ნაშთებისგან; 2. ზნეობის მკაცრად დაცვა (ხშირად მოჩვენებითად).

ჟარაკაკა (პორტ. Jaracaca) შხამიანი გველი სამხრეთ ამერიკაში.

ჟენიპაპა (პორტ. Jenipapa) მცენარე, რომლისგანაც ინდიელები შავ საღებავს ამზადებენ.

ჟურუპარი (პორტ. Jurupari) სარიტუალო ცეკვა ტარიანასტომში (ბრაზილია).

რეინირი (ინგლ. Mount Rainier), ვულკანი აშშ-ს სანაპიროზე, ქ. სიეტლთან ახლოს.

რენესანსი XIV-XVI საუკუნეებში ევროპის ქვეყნებში კულტურული და იდეოლოგიური განვითარების პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეცნიერებისა და ხელოვნების აყვავება.

საველე კვლევა (ინგლ. Field research, გერმ. Feldforschung, ფრანგ. Travail de terrain) სამეცნიერო კვლევის მიზნით სასურველი მასალის (ეთნოგრაფიული, ზეპირსიტყვიერი, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და სხვ.) დაფიქსირება ბუნებრივ გარემოსა და კონტექსტში. საველე კვლევას სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინები მიმართავენ, მათ შორის ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ეთნომუსიკოლოგია, არქეოლოგია, სოციოლოგია.

საკრალური (ლათ. Sacer) წმინდა. მითოლოგიის კვლევისას ეს ცნება გამოიყენება რიტუალთან და კულტთან დაკავშირებით. მისი საპირისპირო ცნებაა „პროფანული“.

საპოტეკი (ესპ. Zapotec) ტომი ცენტრალურ ამერიკაში. ისინი მე-10 საუკუნეში მიშტეკების, შემდგომ კი აცტეკების გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამდენად, მათი მითოლოგიის გამოცალკევება რთულია აცტეკურისგან.

სარაკურა (ლათ. Saracura) წყლის ჩიტი სამხრეთ ამერიკაში. მისი კივილი, ინდიელების რწმენით, წვიმას მოასწავებს.

სეიუსი 1) შვიდი ვარსკვლავი ტუპის ტომის ინდიელების ენაზე. 2) ჯადოქრის სახელი ტუპის ტომის ინდიელთა თქმულებებში.

სენოტე მიწისქვეშა ბუნებრივი წყალსაცავი ამერიკაში. მიწის ზედა ფენა რომ ჩაიქცეს, ჭად იქცევა.

სიმბოლო (ბერძნ. Symbolon) რაიმე ცნების ან იდეის პირობითი ნიშანი. სიმბოლოს სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს: 1) ქრისტიანობაში სიმბოლო წარმოადგენს შეცნობის ნიშანს; 2) ხელოვნებაში სიმბოლო წარმოდგენილია როგორც ობიექტი; 3) მეცნიერებებში სიმბოლოს სხვადასხვა დატვირთვა აქვს; 4) ზ. ფროიდი ადამიანის გამოცდილებას სიმბოლოს უწოდებს. კ. ლევისტროსის განმარტებით, ყოველი კულტურა შეიძლება მივიჩნიოთ როგორც სიმბოლურ ნიშანთა სისტემის ერთობლიობა, რომლის პირველ ადგილზეც დგას ენა, შემდეგ ქორწინების წესები, ეკონომიკური ურთიერთობები, ხელოვნება, მეცნიერება და რელიგია.

სკალპი (ინგლ. Scalp) თავის კანი თმებიანად, რომელსაც აძრობდნენ დამარცხებულ მტერს და მიჰქონდათ ნადავლის სახით. ეს ჩვეულება ჰქონდათ სხვადასხვა მეომარ ტომებს მთელ მსოფლიოში (გალებს, სკვითებს, ინდიელებს და სხვ).

სოლარული მითები მითები მზის შესახებ

სოფიზმი ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას.

სტოიციზმი ფილოსოფიური მიმდინარეობა ძველ საბერძნეთში, რომელიც გაჭირვებისა და განსაცდელის ამტანობას ქადაგებდა.

სურუკუკუ (ლათ. Surucucu) შხამიანი გველი სამხრეთ ამერიკაში.

ტაიინი (ლათ. Colibri delphinae) ფრინველი. ჩილეს კოლიბრი.

ტაპირი (ლათ. Tapiridae) ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული კენტჩლიქიანი ცხოველი ძუძუმწოვართა კლასიდან.

ტეოტიჰუაკანი (ლათ. ტრანსკრ. Teotihuacan) ძველი ქალაქი, ტოლტეკთა წინააცტეკური კულტურის ცენტრი (I-VII სს.), ითარგმნება როგორც „ღმერთთა თაყვანისცემის ადგილი“. აცტეკების რწმენით, ტეოტიჰუაკანი მისტიურ ადგილს წარმოადგენს, სადაც სამყაროს მეხუთე ერას (ანუ მზეს) მიაღწევს.

ტენოჩტიტლანი (ლათ. ტრანსკრ. Tenochtitlan) ქალაქი აცტეკურ სახელმწიფოში.

ტესკატლიპოკა (ესპ. Tezkatlipoca) ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიის ერთ-ერთი უზენაესი ღვთაება. სამყაროს შემქმნელი კეცალკოატლთან

და უიცილოპოჩტლთან ერთად. კეცალკოატლის ანტიპოდი, შემქმნელი და დამანგრეველი.

ტიაუანაკო (ესპ. Tiauanaco) ტიტიკაკას ტბის სამხრეთ ნაპირზე მდებარე კულტურის ცენტრი ინკას სა ხელმწიფოს შექმნამდე. თაყვანს სცემდნენ მზის ღმერთს ვირაკოჩას.

ტიპოლოგია სამეცნიერო ტერმინი. საგნებისა და მოვლენების კლასიფიკაცია მათი საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით.

ტლალოკი (ესპ. Tlaloc) წვიმისა და ქუხილის ღმერთი აცტეკების მითოლოგიაში.

ტლასოლტეოტლი (ესპ. Tlazolteotl) მიწის, ნაყოფიერების, მრუშობის და მონანიების ქალღმერთი აცტეკების მითოლოგიაში, „ტალახის შთანმთქმელი“, რომელიც ადამიანებს ცოდვებს ჩამორეცხს.

ტოლანი (ლათ. transkr. Tollan, Tolan, Tolan) ტოლტეკების დედაქალაქი.

ტოლოაჩე (ლათ. Datura stramonium) ტოქსიკური მცენარე სამხრეთ ამერიკაში, რომლის ექსტრაქტისგანაც ფსიქოტროპული სასმელი მზადდება.

ტოლტეკი (ლათ. ტრანსკრ. Toltec) ცენტრალურ ამერიკაში მე-7 საუკუნეში მოსული ტომი, რომელსაც მაღალგანვითარებული კულტურა ჰქონდა. მათ მაიას ქალაქი ჩიჩენ იცა დაიპყრეს და თავისი ექსპანსია მთლიანად განახორციელეს. მათი ლეგენდებით, ჩიჩენ იცა მათივე მითოსურმა გმირმა კეცალკოატლმა დააარსა 987 წელს.

ტოტემიზმი რწმენა ზებუნებრივ კავშირზე ადამიანთა ჯგუფსა და ცხოველს შორს.

ტოტონაკი (ესპ. Totonac) ტომი ცენტრალურ ამერიკაში, რომელსაც საერთო ნიშნები აქვს დანარჩენ კულტურებთან (მაია, ოლმეკი, საპოტეკი, ტოლტეკი): სკულპტურული ძეგლები, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება და იეროგლიფური დამწერლობა.

ტრიადა (ბერძნ. Triados) სამეული.

ტრიქსტერი (ლათ. Trickster) სამეცნიერო ტერმინოლოგიაში ამ სიტყვით აღნიშნავენ კულტურული გმირის ანტიპოდს.

უაკა (ლათ. ტრანსკრ. Huaca) 1) ინკების რელიგიაში ზოგიერთი ღმერთის, წინაპართა სულის, ზებუნებრივი არსების გამოსახულება ქვისგან გამოთლილი ადამიანის ფიგურის ან ქვის სახით; 2) წმინდა ადგილები, სამარხები, ტაძრები.

უიშრამი (ინგლ. Wishram) ინდიელთა ტომი, რომელიც მდინარე კოლუმბის სანაპიროზე ცხოვრობს.

უიშტოსიუატლი (ლათ. ტრანსკრ. Huixtocihuatl, Uixtochihuatl, Uixtociuatl) აცტეკების მითოლოგიაში მარილის ქალღმერთი, წვიმის ღმერთ ტლალოკის უფროსი და, „მარილის ქალი“.

უიცილოპოჩტლი (ლათ. ტრანსკრ. Huitzilopochtli) აცტეკების ერთ-ერთი უზენაესი ღვთაება, ომის ღმერთი.

უმოტინი ინდიელთა ტომი სამხრეთ ამერიკაში.

ურუბუ შავი ფერის ზღაპრული ფრინველი სამხრეთ ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაში.

ურუკუ მცენარე სამხრეთ ამერიკაში. მისი წვენისგან ინდიელები ტანის მოსახატ საღებავს ამზადებენ.

უხულჯი (ლათ. ტრანსკრ. Whulge, Whulj) პიუჯეტ საუნდის (Puget Sound) ყურეს ადგილობრივი სახელწოდება, რაც „მარილიან წყალს“ ნიშნავს.

ქაღალდის მოსასხამი ქაღალდს აცტეკები ამზადებდნენ ლეღვის ქერქის შიგა ფენისაგან. თეთრი ქაღალდის ტანსაც მელს აცმევდნენ მიცვალებულებსა და იმათ, ვისაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ.

ქსოკოლატლი (ლათ. ტრანსკრ. Xocolatl) კაკაოს მწარე ნაყენი (შოკოლადის თავდაპირველი სახელი აცტეკებთან).

შამანი ჯადოქარი. სიტყვა „შამანი“ მომდინარეობს ტუნგუსური ენიდან და „ჯადოქარს“ ნიშნავს. მონღოლების დაპყრობების დროინდელ დიდ შამანს ქვია „ბეკი“, რომლიდანაც მომდინარეობს სავარაუდოდ თურქული სიტყვა „ბეგი“ („ბატონი“).

შაუონდასი სამხრეთის ქარი (ოჯიბვეს ენაზე).

შილონენი (ლათ. Xilonen), იგივე შიკომეკოატლი (ლათ. ჩჰიცომეცოატლ) აცტეკების მითოლოგიაში ახალშემოსული სიმინდის ქალღმერთი, „ქორფა სიმინდის დედა“.

შიპე-ტოტეკი (ლათ. Xipe Totec) აცტეკების მითოლოგიაში გაზაფხულის მცენარეებისა და თესვის ღვთაება. მისი ეპითეტებია: „ჩვენი მხნე ბელადი“, „ჩვენი სალი ქვის ღმერთი“, „წითელი ტესკატლიპოკა“.

შიუტეკუტლი (ლათ. Xiuhtecuhtli) ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაში ცეცხლისა და ვულკანის ღმერთი, მისი საბრძანისი სამყაროს ცენტრშია.

შკაკაუ კაკაოს ქალღმერთი სამხრეთ ამერიკის ინდიელთა (კიჩეს) მითოლოგიაში.

შოლოტლი (ლათ. Xolotl) კეცალკოატლის ტყუპისცალი ზოგიერთი ვერსიით.

შოჩიკეცალი (ლათ. Xochiquetzal) სიყვარულის, ნაყოფიერების, ყვავილთა, ორსულობის, საოჯახო საქმეთა ქალღმერთი აცტეკურ მითოლოგიაში.

ჩაკი (ლათ. Chac) მაიას მითოლოგიაში წვიმისა და ელვის ღმერთი, ხის მჭრელთა მფარველი, მისი სახელი „ცულს“ ნიშნავს.

ჩალკაცინგო (ლათ. Chalcatzingo) მხარე მექსიკაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ოლმეკების პერიოდის არქეოლოგიური მასალით, მონუმენტებითა და იკონოგრაფიით.

ჩალჩიუტლიკუე (ლათ. Chalchiuhtlicue, Chalciuhtlicue, Chalchihuitlicue) წყლის, ტბების, ზღვებისა და მდინარეების ქალღმერთი აცტეკურ მითოლოგიაში.

ჩამაკოკო (პორტ. Xokó) ინდიელთა ტომი სამხრეთ ამერიკაში

(ბრაზილიის ტერიტორია).

ჩილამ-ბალამი (ლათ. ტრანსკრ. Chilam Balam) ქურუმთა წიგნი, მაიას ხალხების - ქუიჩისა და იუკატეკების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტური წყარო.

ჩიმონი (ინგლ. Tschimon) არყის ხისგან გამოთლილი ნავი ჩრდილოეთის ინდიელთა სამეურნეო ყოფაში.

ჩიჩენ იცა (ლათ. Chichen Itza) მაიას ქალაქი ცენტრალურ ამერიკაში, რომელიც მე-10 საუკუნეში ტოლტეკებმა დაიპყრეს.

ხთონური მიწისქვეშა სამყაროს წარმომადგენელი.

ჰაიავათა (ინგლ. Hiawatha) ჩრდილო ამერიკის ინდიელთა, ოჯიბვეს ტომის ხალხური გადმოცემების გმირი.

ჰერმაფროდიტი არსება, რომელსაც აქვს მამრობითი და მდედრობითი სქესის ნიშნები.

ჰოლივუდი კინოინდუსტრია აშშ-ში. მისი ისტორია 1910 წლიდან იწყება ფილმით „ძველ კალიფორნიაში“ (რეჟისორი დ. გრიფიტი). პირველი კინოსტუდია ჰოლივუდში იყო „Nestor Company“, რომელსაც მოჰყვა სხვა კინოსტუდიების ნიუიორკიდან აქ გადმონაცვლება და ახალი კინოსტუდიების გახსნა. დღესდღეობით ყველაზე დიდი კინოკომპანიებია „Universal Studios“ და „Warner Bros. Entertainment“.

ჰუაკასი (ლათ. transkr. Huacas) ინკების ტრადიციაში წმინდა საგნები, რომლებიც დაპყრობილი ტომებისგან ნადავლის სახით მოჰქონდათ.

19 პერსონალია

▲ზევით დაბრუნება


აარნე, ანტი (Aarne, Antti) ფინელი ფოლკლორისტი (1867-1925). მის სახელს უკავშირდება ისტორიულ-გეოგრაფიული მეთოდის შემუშავება და საერთაშორისო სიუჟეტების კლასიფიკაცის სისტემის შექმნა.

აბრაჰამსი, როჯერ (Abrahams, Roger) თანამედროვე ამერიკელი ფოლკლორისტი (1933), პენსილვანიის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი. მისი კვლევების ძირითადი თემაა აფრო-ამერიკული ფოლკლორი.

ბესკომი, უილიამ (Bascom, William R.) ამერიკელი ფოლკლორისტი (1912-1981), კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი.

ბოასი, ფრანც (Boas, Franz) ამერიკელი მეცნიერი (1858-1942), ანთროპოლოგიის ამერიკული სკოლის ფუძემდებელი.

გრიმი, იაკობ (Grimm, Jakob) გერმანელი ფილოლოგი (1785-1863), ენათმეცნიერი და ფოლკლორისტი.

გრიმი, ვილჰელმ (Grimm, Wilhelm) გერმანელი ფილოლოგი (1786-1859), ენათმეცნიერი და ფოლკლორისტი.

დანდესი, ალან (Dundes, Alan) ამერიკელი ეთნოლოგი და ფოლკლორისტი (1934-2005). სტრუქტურალიზმის ამერიკული სკოლის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.

დებრე, ჟან-ბატისტ (Debret, Jean-Baptiste) ფრანგი მხატვარი (1768-1848).საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი, ბრაზილიის საიმპერატორო კარის საპატიო მხატვარი. ცნობილია ბრაზილიური ეთნოგრაფიული ჩანახატებითა და ლითოგრაფიებით.

დიდრო, დენი (Diderot, Denis) ფრანგი მოაზროვნე (1713-1784), ფილოსოფოსი, კრიტიკოსი და მწერალი.

დისნეი, უოლტ (Disney, Walt) ამერიკელი რეჟისორი (1901-1966), პროდიუსერი, სცენარისტი, ანიმატორი.

დორსონი, რიჩარდ მ. (Dorson, Richard M.) ამერიკელი ფოლკლორისტი (1916-1981). ეთნოლოგი და კულტურის ისტორიკოსი, ფოლკლორისტიკის პირველი კათედრის დამაარსებელი აშშ-ში 1963 წელს. მას „ამერიკული ფოლკლორის მამასაც“ უწოდებენ. მისი ნაშრომები ეხება ფოლკლორისა და კულტურის ისტორიასთან მჭიდრო ურთიერთკავშირს.

ევჰემეროსი (Euhemerus) ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მწერალი (დაახლ. ძვ. წ. 340-260).

ელიადე, მირჩა (Eliade, Mircea) რუმინელი მეცნიერი (1907-1986), ფილოსოფოსი, რელიგიათმცოდნე, მწერალი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი.

ვიკო, ჯამბატისტა (Vico, Giambatista) იტალიელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი და იურისტი (1668-1744).

ვოლტერი (Voltaire, F. M.) ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი (1694-1778).

ვუნდტი, ვილჰელმ (Wundt, Wilhelm) გერმანელი მეცნიერი (1832-1920), ფიზიოლოგი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი.

თომპსონი, სტით (Thompson, Stith) ამერიკელი მეცნიერი (1885-1976), ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი, ფოლკლორისტი, რომელმაც განავითარა და შეავსო ანტი აარნეს საერთაშორისო სიუჟეტების კლასიფიკაცის სისტემა.

კასირერი, ერნსტ (Cassirer, Ernst) გერმანელი ფილოსოფოსი (1874-1945), ფილოსოფიური იდეალიზმის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

ლანდა, დიეგო (Diego de Landa) ესპანელი ეპისკოპოსი (1524 - 1579), მაიას ცივილიზაციის შესახებ ცნობების ავტორი, რომელმაც ამავე დროს მაიას კულტურის უამრავი დოკუმენტი გაანადგურა ინკვიზიციის პერიოდში.

ლაფიტო, ჟოზეფ (Lafitau, J. F.) ფრანგი მისიონერი (1670-1740), რომელმაც ფრანსუა პირველმა აღწერა ჩრდილოამერიკის ინდიელთა წეს-ჩვეულებები.

ლევი-სტროსი, კლოდ (Levi-Strauss, Claud) ფრანგი მეცნიერი (1908-2009), ანთროპოლოგი, ეთნოლოგი, სტრუქტურალიზმის სკოლის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.

ლონგფელო, ჰენრი (Longfellow, Henry) ამერიკელი მწერალი (1807-1882), მითოლოგიურ მოტივებზე აგებული ლირიკული პოემების ავტორი.

მალინოვსკი, ბრონისლავ (Malinowski, Bronisław) ინგლისსა და აშშ-ში მოღვაწე პოლონელი მეცნიერი (1884-1942), ეთნოლოგი, სტრუქტურული ფუნქციონალიზმის სკოლის ფუძემდებელი ანთროპოლოგიაში.

მარლი, ბობ (Bob Marley) იამაიკელი მუსიკოსი (1945-1981), მომღერალი და გიტარისტი.

მარტირე, პიეტრო (Martire d'Anghiera, Pietro) იტალიელი ჰუმანისტი (1457-1526), რომლის ნაშრომიც („De Orbe Novo') პირველი ცნობაა ევროპელებისა და ახლადაღმოჩენლი ამერიკის ინდიელების კონტაქტის შესახებ.

მელეტინსკი, ელეაზარ (Мелетинский, Элеазар) რუსი მეცნიერი (1918-2005), ფილოლოგი, კულტურის ისტორიკოსი, მითოლოგიის მკვლევარი.

მონტესკიე (Montesquieu, Charles-Louis) ფრანგი მოაზროვნე (1689-1755), პოლიტიკური ფილოსოფოსი.

პატაი, რაფაელ (Patai, Raphael) ამერიკელი მეცნიერი (1910-1996), კოლუმბი ის, პენსილვანიის, ნიუ-იორკის, პრინსტონის, ოჰაიოს უნივერსიტეტების პროფესორი.

პლატონი (Πλάτων) ძველი ბერძენი ფილოსოფოსი (ძვ. წ. 427-347).

პროპი, ვლადიმერ (Пропп, Владимир) რუსი მეცნიერი (1895-1970), ფილოლოგი, ფოლკლორისტი, ლიტერატურათმცოდნე.

რუსო, ჟან ჟაკ (Rousseau, Jean Jacques) ფრანგი მოაზროვნე (1712-1778), პოლიტიკური ფილოსოფოსი.

ტაილორი, ედვარდ (Tylor, Edward B.) ინგლისელი მეცნიერი (1832-1917), ანთროპოლოგი, კულტურული ევოლუციონიზმის სკოლის წარმომადგენელი.

ტეილორი, არკერ (Taylor, Archer) ამერიკელი ფოლკლორისტი (1890-1973), კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი ნაშრომები ძირითადად ლიტერატურისა და ფოლკლორის ურთიერთმიმართებას ეძღვნება.

უაიტი, . . (White, Elwyn Brooks) ამერიკელი საბავშვო მწერალი (1899-1985), „სტუარტ ლიტლისა“ და „შარლოტას“ ავტორი.

უთერი, ჰანს-იორგ (Uther, Hans-Jorg) თანამედროვე გერმანელი მეცნიერი (დაბ. 1944), ფოლკლორისტი, გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც შეავსო და განავრცო ანტი აარნესა და სტით თომპსონის საერთაშორისო სიუჟეტების კლასიფიკაცის სისტემა.

შელინგი, ფრიდრიხ (Schelling, Friedrich) გერმანელი ფილოსოფოსი (1775-1854).

შოუ, ბერნარდ (Shaw, George Bernard) ირლანდიელი დრამატურგი (1856-1952), კრიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტე რატურის დარგში.

ჯეკობსი, ჯოზეფ (Jacobs, Joseph) ამერიკელი მეცნიერი (1854-1916), ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი, მოღვაწეობდა გერმანიაში, ინგლისსა და ამერიკაში. ჰერდერი, იოჰან

გოტფრიდ (Herder, Johann Gottfried) გერმანელი ფილოსოფოსი და მწერალი (1744-1803).

20 MYTHOLOGY OF PEOPLES IN AMERICA

▲ზევით დაბრუნება


Summary

„Mythology of Peoples in America“ represents the first Georgian course book which contains main mythological beliefs of peoples in America, general information about their mythological systems, divinities and heroes, American Indian and Afro-American folktales.

The book is structured according to the principles of comparative mythology. The chapters are ordered thematically according to the types of mythological tales: the highest divinities, the weather divinities, the goddesses, the image of the universe, cosmogony etc.

The book consists of fifteen chapters. Each chapter ends with questions and topics for homework and bibliography. The texts for the analysis are provided in the appendix. Samples of the exam test and the analysis of a folktale are also offered. Finally the book includes glossary and list of literature as well.

The topics in the course book are placed according to the syllabus:

I. Introduction. The object of the Mythology Studies of peoples in America? Historical retrospect of the studies. Definition of terms. Interpretations of mythology in general. The sources for the study of mythology of peoples in America.

II. Dating of mythological tales and existent forms of myths. Indian and Afro-American mythological systems. The basic marks of folklore. Symbol. Allegory. Mythologeme.

III. The oldest cultures in North, Central and South America. First descriptions of the cultures of Indians. The Indian language groups.

IV. Archaic myths. Totem myths. Astral myths. Solar myths. Lunar myths. Sun, thunder and moon in Quechua mythology. Inca mythology.

V. The highest deities in the mythology of Mesoamerican Indians. Huitzilopochtli, Quetzalcoatl, Tezcatlipoca.

VI. The goddesses in the mythology of Mesoamerican Indians. Ancient period. Quechua mythology. Aztec mythology. Xochiquetzal,

Tlazolteotl, Macuilxochitl, Huixtocihuatl, Xilonen, Xcacao.

VII. Cosmogony, anthropogony and eschatology. Cosmogonic tales. Cosmogony of Indians. Awonawilona. Anthropogonic tales. Eschatological tales.

VIII. Culture hero, trickster and demons. Shamanism. Plains Indians. Northwest Indians. Californian Indians. The tales about the demons.

IX. The world tree in the mythology of peoples in America. The vertical apportion of the world tree. The horizontal apportion of the world tree. The symbolism of numbers. The structure of the world in the mythologies of Nahua and Quechua.

X. The image of the universe in Maya mythology. The structure of the world. Architectonical space. Pelota play.

XI. The image of the universe in Aztec mythology. Teotihuacan. The sacral spaces and the structure of the world. The cosmic rules in the Aztec beliefs.

XII. Mythological tales in South America. Characteristics of the South American folklore. Historical retrospect of the Afro-American folklore studies.

XIII. Afro-American mythological beliefs. Afro-Caribic beliefs. Afro-Brazilian beliefs. Afro-Guyana beliefs. Tales about the origins of music instruments.

XIV. Folktales of Indians and Afro-Americans. Their Classification. The structure of the folktale. The relation between the Indian and Eurasian folktales. The difference between the myths and the fairytales.

XV. Myths in the modern society. “American dream“. Hollywood. Emanzipated heroes.

The course book „Mythology of Peoples in America“ was prepared in the framework of the Bachelor Program in American Studies, on the Faculty of Humanities at Ivane Javakhishvili Tbilisi State University. The methods, practice works and text analysis applied in the book are tested and amended through the lectures.

21 ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


ბრაზილიური ზღაპრები. კ. ლორთქიფანიძის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1971.

ზაქარიაძე, ანასტასია: მხატვრული სიმბოლოს ბუნებისათვის. თბილისი: „ლეგა“, 2009.

თოფჩიშვილი, როლანდ: ევროპისა და ამერიკის ხალხები. თბილისი: „ენა და კულტურა“, 2003.

ინდიელთა ზღაპრები. მ. ზუბადალაშვილის რედ. თბილისი: „ნაკადული“, 1976.

კიკნაძე, ზურაბ: ქართული ფოლკლორი. თბილისი: „თსუ გამომცემლობა“, 2006.

ლონგფელო, ჰენრი: ჰაიავათას სიმღერა. ინგლისურიდან თარგმნა ოთარ ჭილაძემ. თბილისი: „ნაკადული“, 1979.

პროპი, ვლადიმერ: ზღაპრის მორფოლოგია. თბილისი: „მეცნიერება“, 1983.

სიხარულიძე, ქეთევან: კავკასიური მითოლოგია. თბილისი: „კავკასიური სახლი“, 2006.

სურგულაძე, ირაკლი: მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში. თბილისი: „თსუ გამომცემლობა“, 2003.

უცხო სიტყვათა ლექსიკონი. შემდგ. მ. ჭაბაშვილი. თბილისი: „ნაკადული“, 1964.

ჭანტურიშვილი, სოსო: ეთნოლოგია. თბილისი: „თსუ გამომცემლობა“, 1993.

ATU - Uther, Hans-Jorg: The Types of International Folktales. A Classification and Bibliography. Based on the System of Antti Aarne and Stith Thompson. Part 1. Helsinki: Academia Scientiarum Fennica, 2004.

Cassirer, Ernst: Versuch uber den Menschen. Einfuhrung in eine Philosophie der Kultur. Frankfurt am Main, Fischer, 1990.

Dorson, Richard M.: Bloodstoppers and Bearwalkers. Folk Traditions of the Upper Peninsula. Cambridge 1952.

Dorson, Richard M.: America in Legend. New York 1973.

Dorson, Richard M. (ed.): Folklore in the Modern World. The Hague / Paris 1978.

Dundes, Alan: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N. J. 1965.

Eliade, Mircea; Couliano, Joan P.: Handbuch der Religionen. Unter Mitwirkung von H. S. Weiser. Zurich / Munchen: Artemis & Winkler, 1991.

Hofig, Willi: Film. In: Enzyklopadie des Marchens. B. 4. Berlin / New York, Walter de Gruyter, 1984. gv. 1111-1132.

Patai, Raphael: Myth and Modern Man. Engelwood Cliffs 1972.

Spineto, Natale: Symbole der Menschheit. Dusseldorf, Pathmos Verlag, 2003.

Velie, Alan: Aztekisches Erzahlgut. In: Enzyklopadie des Marchens. B. 1. Berlin / New York, Walter de Gruyter, 1984. გვ. 1118-1120.

Леви-Стросc, Клод: Первобытное мышление. Москва: «Республика», 1994.

Мелетинский, Элеазар: Mиф и сказка. В книге: «Фольклор и Этнография», Москва: «Наука», 1970, стр. 132-148.

Мифы народов мира, I-II. Pед. C. A. Токарев. Москва: «Советская Энциклопедия», 1991-1992.

A Traditional Music Library: http://www.traditionalmusic.co.uk/

22 ილუსტრაციებისთვის გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები

▲ზევით დაბრუნება


Natale Spineto: Symbole der Menschheit. Dusseldorf, Pathmos Verlag, 2003.

Aztec mythology: http://en.wikipedia.org/wiki/Aztec-mythology

Codex Telleriano-Remensis: http://en.wikipedia.org/wiki/Codex-Telleriano-Remensis

Codex Borbonicus: http://en.wikipedia.org/wiki/Codex-Borbonicus

Chilam Balam: http://en.wikipedia.org/wiki/Chilam-balam

Maya Mythology: http://en.wikipedia.org/wiki/Maya-mythology

Popol Vuh: http://en.wikipedia.org/wiki/Popol-Vuh

Quetzalcoatl: http://en.wikipedia.org/wiki/Quetzalcoatl

The Ka'kau' (Cacao): http://www.authenticmaya.com/cacao.htm