The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

კონვენცია: „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“

კონვენცია: „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი გარემოს დაცვა
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 რამსარი, 02.02.1971

▲ზევით დაბრუნება


03.12.1982 წლის პარიზის ოქმის შესწორებებით
28.05.1987 წლის რეგინას შესწორებებით

მონაწილე მხარეები,

აღიარებენ რა, ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას,

მხედველობაში იღებენ რა, ჭარბტენიანი ტერიტორიების ფუნდამენტური ეკოლოგიური ფუნქციები წარმოადგენენ წყლის რეჟიმის მარეგულირებლებს და დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა არსებობის უზრუნველყოფის საბინადრო ადგილებს,

აღიარებენ რა, რომ ჭარბტენიანი ტერიტორიები წარმოადგენენ დიდი ეკონომიკური, კულტურული, მეცნიერული და რეკრეაციული მნიშვნელობის რესურსს, რომლის დაკარგვას გამოუსწორებელი შედეგები მოყვება,

სურვილი აქვთ რა, შეაჩერონ მზარდი ზემოქმედება ჭარბტენიან ტერიტორიებზე და მათი დაკარგვა ახლა და მომავალში,

ითვალისწინებენ რა, რომ წყლის ფრინველები, მათი სეზონური მიგრაციების დროს, შეიძლება გასცდნენ კონკრეტული არეალის საზღვრებს და ამდენად ისინი უნდა ჩაითვალონ საერთაშორისო რესურსებად,

აღიარებენ რა, რომ ჭარბტენიანი ტერიტორიების, მათი ფლორისა და ფაუნის დაცვა შესაძლებელია შორს გათვლილი ეროვნული პოლიტიკისა და კოორდინირებულ საერთაშორისო ქმედებათა ურთიერთშეთანხმების შედეგად,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

1. ამ კონვენციის თანახმად, ჭარბტენიან ტერიტორიებად ითვლება: ჭაობები, ჭანჭრობები, ტორფიანი ადგილები, წყალსატევები: ბუნებრივი თუ ხელოვნური, მუდმივი თუ დროებითი, გამდინარი ან გაუდინარი, მტკნარი, ნაკლებად მარილიანი ან მარილიანი, ზღვის აკვატორიის ჩათვლით, რომლის სიღრმე უკუქცევის დროს არ აღემატება 6 მეტრს.

2. კონვენციის მიხედვით, წყლის ფრინველებად ითვლებიან ჭარბტენიან ტერიტორიებზე ეკოლოგიურად დამოკიდებული ფრინველები.

მუხლი 2

1. თითოეული მონაწილე მხარე თავის ტერიტორიაზე განსაზღვრავს შესაფერის ჭარბტენიან ადგილებს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში (შემდგომში - სია) შესატანად. სიას ადგენს ბიურო, ამ კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად. თითოეული ჭარბტენიანი ტერიტორიის საზღვრები ზუსტად უნდა იყოს აღწერილი და დატანილი რუკაზე. მათში შეიძლება შედიოდნენ: ჭარბტენიანი ტერიტორიების მოსაზღვრე სანაპირო ზონები და კუნძულები ან უკუქცევის დროს 6 მეტრზე მეტი სიღრმის ზღვის წყალსატევები, რომლებიც არსებობენ დაჭაობებულ ტერიტორიებზე და დიდი მნიშვნელობა აქვთ წყლის ფრინველთა საბინადროდ.

2. ჭარბტენიანი ტერიტორიების შერჩევა სიაში შესატანად, უნდა მოხდეს მათი საერთაშორისო მნიშვნელობის ეკოლოგიური, ბოტანიკური, ზოოლოგიური, ლიმნოლოგიური და ჰიდროლოგიური პირობების გათველისწინებით. პირველ რიგში, სიაში შეტანილი უნდა იქნეს ის ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომელებსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვთ წლის ნებისმიერ დროს წყლის ფრინველთა საბინადროდ.

3. ჭარბტენიანი ტერიტორიის ჩართვა სიაში არ ლახავს იმ მონაწილე მხარის ექსკლუზიურ სუვერენულ უფლებებს, რომლის ტერიტორიაზე მდებარეობს ეს ჭარბტენიანი ადგილი.

4. თითოეული მონაწილე მხარე კონვენციის ხელის მოწერის ან რატიფიკაციის დოკუმენტის შესანახად ჩაბარების დროს ან შეერთების დროს, წარადგენს მონაცემებს სულ ცოტა ერთი ჭარბტენიანი ტერიტორიის შესახებ მისი სიაში შეტანის მიზნით, კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად.

5. ნებისმიერ მონაწილე მხარეს უფლება ეძლევა დაამატებით შეიტანოს სიაში თავის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ჭარბტენიანი ადგილები, აგრეთვე, გააფართოვოს ან გადაუდებელი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოშალოს ან შეზღუდოს იმ ჭარბტენიანი ადგილების საზღვრები, რომლებიც უკვე შეტანილია სიაში. ნებისმიერი ცვლილებების შესახებ, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა ეცნობოს სახელმწიფოს ან მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია მუდმივმოქმედი ბიუროს ვალდებულებების შესრულებაზე, კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად.

6. თითოეული მონაწილე მხარე ხელმძღვანელობს თავისი საერთაშორისო პასუხისმგებლობით წყლის ფრინველთა მიგრაციული სახეობების კონსერვაციაზე, მართვასა და რაციონალურ გამოყენებაზე, როგორც სიისათვის საწყისი ჩამონათველის განსაზღვრისას, ასევე თავის ტერიტორიაზე მდებარე სიაში ჩართული ჭარბტენიანი ტერიტორიების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის უფლების გამოყენებისას.

მუხლი 3

1. მონაწილე მხარეები განსაზღვრავენ და განახორციელებენ თავიანთ გეგმებს იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ სიაში შეტანილი ჭარბტენიანი ტერიტორიების კონსერვაციას და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავიანთ ტერიტორიაზე მდებარე ჭარბტენიანი ადგილების გონივრულ გამოყენებას.

2. თითოეული მონაწილე მხარე უზრუნველყოფს ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც ტექნიკური განვითარების, დაბინძურების ან ადამიანის სხვა სახით ჩარევის შედეგად, მის ტერიტორიაზე მდებარე სიაში ჩართული ნებისმიერი ჭარბტენიანი ტერიტორიის ეკოლოგიურ ხასიათის მომხდარი, მიმდინარე ან მოსალოდნელი ცვლილებების შემთხვევაში ის, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, მიიღებს ინფორმაციას. ინფორმაცია ასეთი ცვილებების

შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა ორგანიზაციას ან მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია მუდმივმოქმედი ბიუროს ვალდებულებების შესრულებაზე, როგორც ეს აღნიშნულია მე-8 მუხლში.

მუხლი 4

1. თითოეულმა მონაწილე მხარე ჭარბტენიან ტერიტორიებზე ბუნებრივი რეზერვატების შექმნით ხელს უწყობს ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და წყლის ფრინველთა კონსერვაციას, უზრუნველყოს მათზე სათანადო ზედამხედველობას, მიუხედავად იმისა, ჩართულია ისინი სიაში თუ არა.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაუვალი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდნარე მონაწილე მხარე სიიდან იღებს ან ზღუდავს მასში შემავალი ჭარბტენიანი ტერიტორიის საზღვრებს, მან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა უზრუნველყოს ჭარბტენიანი ტერიტორიის რესურსების ნებისმიერი დანაკარგის კომპენსირება. კერძოდ, უნდა შექმნას დამატებითი ბუნებრივი რეზერვატები წყლის ფრინველებისთვის, აგრეთვე უზრუნველყოს იმავე ან ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე თავდაპირველი საბინადრო ადგილის საკმაო ნაწილის დაცვა.

3. მონაწილე მხარეებმა ხელს უწყობენ გამოკვლევებს, იმ მონაცემებისა და პუბლიკაციების გაცვლა-გამოცვლას, რომლებიც ეხება ჭარბტენიან ტერიტორიებს, მათ ფლორასა და ფაუნას.

4. მონაწილე მხარეები მიისწრაფიან წყლის ფრინველთა რაოდენობის ზრდისკენ შესაბამისი ჭარბტენიანი ტერიტორიების რაციონალური ათვისების გზით.

5. მონაწილე მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ იმ პერსონალის მომზადებას, რომელიც კომპეტენტური იქნება ჭარბტენიანი ტერიტორიების კვლევის, მართვის და დაცვის სფეროში.

მუხლი 5

მონაწილე მხარეებმა, კონვენციით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების მიზნით, მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ჭარბტენიანი ადგილი სცილდება ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიას, ან როდესაც წყლის სისტემა მონაწილე მხარეთა შორის საზიაროა. ამავე დროს, ისინი ცდილობენ კოორდინირება გაუწიონ და განახორციელონ თანამედროვე და მომავალი პოლიტიკა და წესები, რომლებიც ეხება ჭარბტენიანი ტერიტორიების, მათი ფლორისა და ფაუნის კონსერვაციას.

მუხლი 6

1. ამით ფუძნდება მონაწილე მხარეთა კონფერენცია ამ კონვენციის განხორციელების განხილვისა და ხელშეწყობის მიზნით. ბიურო, რომელზეც ლაპარაკია მე-8 მუხლის 1 პუნქტში, იწვევს მონაწილე მხარეთა კონფერენციის მორიგ შეხვედრებს, არაუმეტეს სამი წლის ინტერვალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონფერენცია მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას, ხოლო რიგგარეშე შეხვედრები მოიწვევა მონაწილე მხარეთა არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში. მონაწილე მხარეთა კონფერენციის ყოველ შემდგომ შეხვედრაზე განისაზღვრება მორიგი შეხვადრის ჩატარების დრო და ადგილი.

2. მონაწილე მხარეთა კონფერენცია უფლებამოსილია:

(a) განიხილოს კონვენციის შესრულების პროცესი;

(b) განიხილოს დამატებები და ცვლილებები სიაში;

(c) განიხილოს ინფორმაცია, რომელიც ეხება ცვლილებებს სიაში შეტანილი ჭარბტენიანი ტერიტორიების ეკოლოგიურ ხასიათში, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად;

(d) გაუწიოს მონაწილე მხარეებს ზოგადი და სპეციფიკური ხასიათის რეკო-მენდაციები, რომელიც ეხება ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და მათი ფლორისა და ფაუნის კონსერვაციას, მართვასა და რაციონალურ გამოყენებას;

(e) მიმართონ თხოვნით შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოამზადონ ჭარბტენიან ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხასიათის ანგარიშები და სტატისტიკური მონაცემები;

(f) მიიღოს სხვა რეკომენდაციები ან რეზოლუციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ კონვენციის ფუნქციონირებას.

3. მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ ჭარბტენიანი ტერიტორიების მართვაზე ყველა დონის პასუხისმგებელ პირთა ინფორმირებას და აღნიშნულ კონფერენციაზე მიღებული იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომლებიც ეხება ჭარბტენიანი ტერიტორიების, მათი ფლორისა და ფაუნის კონსერვაციას, მართვასა და რაციონალურ გამოყენებას.

4. მონაწილ;ე მხარეთა კონფერენცია ამტკიცებს თითოეული თავისი შეხვედრის პროცედურის წესებს.

5. მონაწილე მხარეთა კონფერენცია ადგენს და განიხილავს კონვენციის ფინანსურ დებულებებს. ყოველ გეგმიურ შეხვედრაზე იგი მიიღებს შემდგომი ფინანსური პერიოდის ბიუჯეტს, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების ორი მესამედის უმრავლესობით.

6. თითოეულმა მონაწილე მხარემ ბიუჯეტში უნდა შეიტანოს მონაწილე მხარეთათვის დაწესებული შესატანი, რომელიც დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა მიერ ერთსულოვნადაა მიღებული კონფერენციის გეგმიურ შეხვედრაზე.

მუხლი 7

1. ყველა მონაწილე მხარე მსგავს კონფერენციებზე თავის წარმომადგენელთა რიცხვში უნდა ჩართოს პირები, რომლებიც წარმოადგენენ ჭარბტენიანი ტერიტორიების ან წყლის ფრინველთა ექსპერტებს მეცნიერული, ადმინისტრაციული ან სხვა სათანადო სფეროებში დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით.

2. კონფერენციებზე წარმოდგენილ თითოეულ მონაწილე მხარეს აქვს ერთი ხმის უფლება, ამასთან, რეკომენდაციები, რეზოლუციები და გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების უბრალო უმრავლესობით, ამ კონვენციაში განსაკუთრებულად აღნიშნული შემთხვევების გარდა.

მუხლი 8

1. ბუნების დაცვის საერთაშირისო კავშირი განახორციელებს მუდმივმოქმედი ბიუროს მოვალეობებს ამ კონვენციის მიხედვით იმ დრომდე, სანამ ყველა მონაწილე მხარეთა ორი მესამედის უმრავლესობით არ აირჩევა სხვა ორგანიზაცია ან მმართველი ორგანო.

2. მუდმივმოქმედი ბიუროს მოვალეობებია:

(ა) დახმარება კონფერენციების მოწვევასა და ორგანიზებაში, მე-6 მუხლის თანახმად;

(ბ) საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სიის შენახვა და მონაწილე მხარეებისაგან ინფორმაციის მიღება სიაში შეტანილი ჭარბტენიან ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატების, გაფართოების, მოშლის ან შეზღუდვის შესახებ, მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად;

(ც) მიიღოს ინფორმაცია მონაწილე მხარეებისაგან სიაში შეტანილი ჭარბტენიანი ტერიტორიების ეკოლოგიური ხასიათში ყოველი ცვლილების შესახებ, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად;

(დ) მიაწოდოს ყველა მონაწილე მხარეს ცნობები სიაში ან მასში შეტანილი ჭარბტენიანი ტერიტორიების ხასიათში ცვლილებათა შესახებ და უზრუნველყოს ამ საკითხების განხილვა შემდეგ კონფერენციაზე;

(ე) შეატყობინოს დაინტერესებულ მონაწილე მხარეებს კონფერენციის რეკომენდაციები, რომლებიც ეხება სიაში ან მასში შეტანილი ჭარბტენიანი ტერიტორიების ხასიათში ცვლილებებს.

მუხლი 9

1. ეს კონვენცია ხელმოწერისათვის ღიაა განუსაზღვრელი ვადით.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მისი რომელიმე სპეციალიზირებული დაწესებულების, ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ნებისმიერ წევრს, ან საერთაშორისო სასამართლოს წესდების მიმღებ მხარეს შეუძლია გახდეს ამ კონვენციის მონაწილე:

(a) ხელმოწერით რატიფიკაციის გარეშე;

(b) ხელმოწერით და შემდგომი რატიფიკაციით;

(c) შეერთებით;

3. რატიფიკაცია ან შეერთება ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (შემდგომში „დეპოზიტარი“) გენერალურ დირექტორთან რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარებით.

მუხლი 10

1. კონვენცია ძალაში შედის შვიდი ქვეყნის მონაწილედ გახდომიდან ოთხი თვის შემდეგ, კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.

2. თითოეული მონაწილე მხარისათვის კონვენცია ძალაში შედის ხელმოწერიდან რატიფიკაციის გარეშე ან რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან 4 თვის შემდეგ.

მუხლი 10 ბის

1. ამ კონვენციაში შესწორებების შეტანა შეიძლება მოხდეს მონაწილე მხარეთა საგანგებოდ მოწვეულ შეხვედრაზე, ამ მუხლის თანახმად.

2. წინადადებები შესწორების შესახებ შეიძლება შეიტანოს ნებისმიერმა მონაწილე მხარემ.

3. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორებების ტექსტისა და მათი დასაბუთების შესახებ უნდა ეცნობოს მუდმივმოქმედი ბიუროს (შემდგომში “ბიურო”) მოვალეობების შემსრულებელ ორგანიზაციას ან მთავრობას. ამ კონვენციის თანახმად, ბიურო დაუყოვნებლივ აცნობებს შემოთავაზებული შესწორებების ტექსტის შესახებ ყველა მონაწილე მხარეს, რომლებიც ბიუროდან შესწორებების შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში აგზავნიან ტექსტთან დაკავშირებულ თავის შენიშვნებს ბიუროში. შენიშვნების წარდგენის დადგენილი ვადის დასრულებისას, ბიურო დაუყოვნებლივ აცნობებს მონაწილე მხარეებს ამ დროისათვის მიღებული ყველა შენიშვნის შესახებ.

4. მონაწილე მხარეთა ერთი მესამედის მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ბიურო შესწორებების განხილვისათვის იწვევს მონაწილე მხარეთა შეხვედრას ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ბიურო შეათანხმებს შეხვედრის დროსა და ადგილს მონაწილე მხარეებთან.

5. შესწორებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა ორი მესამედის უმრავლესობით.

6. მონაწილე მხარეთა მიერ მიღებული შესწორებები მათთვის ძალაში შევა მონაწილე მხარეთა ორი მესამედის მიერ მიღების აქტის დეპოზიტარში ჩაბარებიდან მეოთხე თვის პირველ დღეს. მონაწილე მხარისათვის, რომელიც მიღების აქტს შესანახად აბარებს მონაწილე მხარეთა ორი მესამედის მიერ მიღების აქტის დეპონირების შემდეგ, შესწორება ძალაში შევა მის მიერ მიღების აქტის შესანახად ჩაბარებიდან მეოთხე თვის პირველ დღეს.

მუხლი 11

1. ეს კონვენცია ძალაშია განუსაზღვრელი ვადით.

2. ნებისმიერ მონაწილე მხარეს, დეპოზიტარისთვის წერილობითი განცხადების წარდგენით, უფლება აქვს მოახდინოს ამ კონვენციის დენონსაცია აღნიშნული მხარისათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ. დენონსაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ ამ განცხადების მიღებიდან ოთხი თვის შემდეგ.

მუხლი 12

1. ყველა ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა და შეუერთდა ამ კონვენციას დეპოზიტარი შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შეატყობინებს:

(a) ამ კონვენციის ხელმოწერის შესახებ;

(b) ამ კონვენციის რატიფიკაციის დოკუმენტების შესანახად ჩაბარების შესახებ;

(c) ამ კონვენციასთან შეერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარების შესახებ;

(d) ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

(e) ამ კონვენციის დენონსაციის დენონსაციის შესახებ.

2. კონვენციის ძალაში შესვლისას, იგი დეპოზიტარის მიერ რეგისტრირებულ იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში გაეროს წესდების 102-ე პარაგრაფის თანახმად.

კონვენციას ხელი მოვაწერეთ, რასაც ვადასტურებთ ხელის მოწერით, ამ მიზნისათვის სათანადო უფლებებით აღჭურვილნი.

შესრულებულია რამსარში, 1971 წლის 2 თებერვალს, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე ერთ ეგზემპლარად, რომელიც ბარდება დეპოზიტარს შესანახად. ყველა ტექსტი აუთენტურია*. დეპოზიტარი ტექსტების ასლებს დაუგზავნის მონაწილე მხარეებს.

------------------

* კონფერენციის დასკვნითი აქტის თანახმად, რომელმაც მიიღო ეს ოქმი, დეპოზიტარმა ჩაატარა კონსულტაციები და მონაწილე მხარეთა მეორე კონფერენციას წარუდგინა კონვენციის ოფიციალური ტექსტები არაბულ, ჩინურ და ესპანურ ენებზე.