![]() |
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა და სამხრეთი კავკასია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მაისაია ვახტანგ |
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა და სამხრეთი კავკასია |
▲ზევით დაბრუნება |
მამუკა კომახია
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში მწვავე დაპირისპირებით გამოირჩეოდა. დღეისათვის ორი თანამედროვე სახელმწიფოს წინაპარი იმპერიები ერთმანეთს ეცილებოდნენ ისეთ საპირისპირო მხარეს მდებარე რეგიონებში, როგორებიცაა ბალკანეთი და კავკასია. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირება თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა რუსეთის ჰეგემონობით აღინიშნებოდა.
ცივი ომის დასრულების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თურქეთში ვიზიტად მყოფმა მიხეილ გორბაჩოვმა ანკარაში ერთ-ერთი თავისი გამოსვლისას განაცხადა, რომ: ,,რუსეთს კვლავ სურს თურქეთის გავლით ხმელთაშუა ზღვის თბილ წყლებამდე მიაღწიოს, მაგრამ მხოლოდ რუსი ტურისტებით”. მოსკოვს უკვე აღარ ჰქონდა რეალური შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში უცხო სახელმწიფოების შემოსვლისთვის ხელი შეეშალა.
90-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში შემოსვლას იწყებს დასავლური და თურქული კაპიტალი, რაც თანდათანობით რუსული გავლენის შესუსტებას იწვევს. დღეისათვის რეგიონში მიმდინარე პროცესები დიდი სახელმწიფოების მიერ პოზიციების განმტკიცებისათვის ბრძოლის გამოხატულებაა. ამ მხრივ, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესების დაცვისათვის, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება გამოირჩევა.
უნდა აღინიშნოს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთი და თურქეთი აქტიურ ეკონომიკურ პარტნიორებად მოგვევლინენ. მათი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, ამავე დროს ორ ქვეყანას შორის სერიოზული დაპირისპირებაც არის. უკანასკნელ ათწლეულში ორმხრივი და რეგიონული პოლიტიკის საკითხებზე თურქეთისა და რუსეთის პოზიციებში მკვეთრი განსხვავებაა. მათგან აღსანიშნავია:
● ეთნიკური სეპარატიზმის მხარდაჭერა: რუსეთი თურქეთს ჩეჩნეთის, თურქეთი რუსეთს კი, ქურთისტანის მუშათა პარტიის (ქმპ) მხარდაჭერაში ადანაშაულებს;
● დაპირისპირება მილსადენების მარშრუტების გამო: რუსეთი ბაქო-ნოვოროსიისკის, თურქეთი კი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს უჭერს მხარს;
● თურქეთი საქართველოსა და სომხეთში რუსული სამხედრო ბაზების მოღვაწეობას საფრთხის წყაროდ განიხილავს;
● თურქეთი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ ზონებში დსთ-ის სამშვიდობო ძალების, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ რუსი სამხედროებისგან შედგება, საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლებას მოითხოვს, რაც მოსკოვის მხრიდან რუსეთის გავლენის სფეროში შეჭრის ტოლფასად აღიქმება;
● რუსეთი შეშფოთებულია შავ ზღვაში თურქეთის საზღვაო ფლოტის გაძლიერებით, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის ყოფილი საბჭოთა ფლოტი შესამჩნევად დასუსტდა;
● რუსეთი ირანს სამხრეთ კავკასიაში თურქეთის კონტრძალად მოიაზრებს, რაც თურქეთის უკმაყოფილების მიზეზია;
● რუსეთი წინააღმდეგია თურქეთის სრუტეებზე ანკარას მიერ შემუშავებული პოლიტიკით, რაც კასპიური ნავთობით დატვირთული ტანკერების გასვლას ზღუდავს.
ქვეყნებს შორის მრავლად არის სხვა სახის დაპირისპირებაც, რაც ხელს არ უშლის მათ ეკონომიკურ თანამშრომლობას. სწორედ ამით არის აღსანიშნავი ორი ქვეყნის ურთიერთობა. მაგრამ, უდავოა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თურქეთთან რაიმე სახით თანამშრომლობის პერსპექტივით არ იხიბლება. მოსკოვი სამხრეთ კავკასიას დღესაც თავისი მონოპოლიური გავლენის სფეროდ მიიჩნევს, სადაც სხვა სახელმწიფოების შესვლა რუსეთის მხრიდან სერიოზული საფრთხის წყაროდ განიხილება. თუმცა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა. სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა უკვე მხოლოდ რუსეთითა და თურქეთით აღარ შემოიფარგლება. როგორც მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, კავკასიაში აშშ-ის სახით ახალი ძალა იწყებს დამკვიდრებას.
ოსმალეთ-რუსეთის იმპერიების ურთიერთობა და სამხრეთი კავკასია
შავსა და კასპიის ზღვებს შორის მდებარე კავკასია საუკუნეების განმავლობაში რეგიონული იმპერიების სასიცოცხლო ინტერესების სფეროში შედიოდა. XVI-XVIII საუკუნეებში რეგიონის კონტროლისათვის ერთმანეთს ძირითადად ოსმალთა და სპარსეთის იმპერიები ეცილებოდნენ. ეს პერიოდი სამხრეთ კავკასიაში გავლენის მოპოვებისათვის, ირანელებსა და ოსმალებს შორის გამუდმებული ბრძოლებით აღინიშნებოდა, რაც გარდამავალი უპირატესობით ხასიათდებოდა.
თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს წინაპარი ოსმალთა იმპერიის კავშირები კავკასიასთან მას შემდეგ იწყება, რაც თურქ-სელჯუკებმა ანატოლიის სრული დაკავება და ბიზანტიის იმპერიის დამხობა შეძლეს. 1461 წელს ტრაპიზონის დაკავების შემდეგ ოსმალები სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ძალაუფლების დამყარებისათვის ირანთან ბრძოლას იწყებენ. ოსმალეთისთვის საქართველოსა და საერთოდ სამხრეთ კავკასიაში ბატონობა მთლიანად კავკასიის რეგიონის კონტროლს გულისხმობდა. ამიტომაც საქართველოზე კონტროლის მოპოვება კავკასიის სხვა თურქულენოვან და მუსლიმ ხალხებთან შეუფერხებელ დამაკავშირებელ გზად აღიქმებოდა. 1737 წელს სეფიანთა დინასტიის დამხობამ სამხრეთ კავკასიაზე ირანის პრეტენზიებს ბოლო მოუღო.
XVI საუკუნიდან კავკასიისაკენ სულ უფრო მოიწევს რუსეთის იმპერია, რომელმაც კავკასიაში გავლენის მოპოვებამდე მიზნად, პლაცდარმის სახით, ყირიმის ნახევარკუნძულის დაპატრონება განიზრახა. 1552 წელს ყაზანის თურქული ხაკანატისა და 1556 წელს ასტრახანის დაკავება რეგიონში რუსეთის ექსპანსიისა და რუსეთის ისტორიაში ახალი ერის დასაწყისის მანიშნებელი იყო. ყაზანი კასპიის ზღვისკენ რუსეთის ექსპანსიას ყოველთვის აფერხებდა. ყაზანისა და ასტრახანის დაკავებიდან მოკლე პერიოდში რუსეთის საზღვრები სულ უფრო უახლოვდება ჩრდილოეთ კავკასიას. რუსეთი სულ უფრო მრავალეროვნულ იმპერიად ჩამოყალიბებას იწყებს.
1556 წლის შემდეგ, ივანე მრისხანის მიერ ასტრახანის დაპყრობით, ჩრდილოეთ კავკასია საერთაშორისო კონფლიქტებისა და რუსეთის, ირანისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის დავის საგანი გახდა. რეგიონი სტრატეგიულად სასიცოცხლო იყო ვაჭრობისა და სამხედრო მიზნებისათვის. მოსკოვისათვის კავკასიის კონტროლი სამხრეთისაკენ გასასვლელის მოპოვებას ნიშნავდა. ოსმალებისათვის კი იგი სამხედრო ბაზა იყო, რომელიც ირანთან ომის შემთხვევაში, საჭირო დახმარებას უზრუნველყოფდა.
1550-იან წლებში ჩერქეზთა ზოგიერთი ლიდერი მოსკოვში ჩადიოდა და რუსეთის პროტექტორატს ითხოვდა. ამ ეტაპზე მოსკოვი მსგავსი ნაბიჯისათვის მზად არ იყო, რადგან არ სურდა ოსმალთა იმპერიასთან ურთიერთობაში პრობლემები შეექმნა. ყაზანისა და ასტრახანის დაპყრობის შემდეგ რუსეთი და ოსმალეთი უშუალო მეზობლები გახდნენ.
XVIII საუკუნიდან ოსმალეთ-სპარსეთის ტანდემს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის იმპერიაც შეუერთდა, რომელიც ნელ-ნელა კავკასიისაკენ მოიწევდა. რუსეთი კასპიის ზღვისკენ წაიწია და ბაქო დაიკავა. ოსმალებმა, თავის მხრივ, საქართველოდან სამხრეთის მიმართულებით სამხედრო კამპანია წამოიწყეს და განჯა, ქერმანშაჰი, ჰამადანი და თავრიზი დაიპყრეს. 1724 წელს სტამბოლში ოსმალებსა და რუსებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორმა იმპერიამ დასუსტებული სპარსეთის კავკასიური სამფლობელოები გაიყო. ამ შეთანხმებით რუსეთის კავკასიაში ყოფნა დაკანონდა, რითაც რეგიონში გავლენის მოპოვებისთვის მებრძოლი იმპერიების სამკუთხედი შეიკრა. შემდგომ წლებში იმპერიებს შორის დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის იმპერიის წარმატებები კავკასიის რეგიონში აშკარაა. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ოსმალთა პოზიციები კი ნელ-ნელა სუსტდება.
1740-იან წლებში ნადირ შაჰმა, რომელიც ირანში სეფიანთა დინასტიის დამხობის შემდეგ მოვიდა, ოსმალებისგან აზერბაიჯანის დაბრუნება შეძლო. ნადირ შაჰის სიკვდილის შემდეგ აზერბაიჯანის ხანმა ოსმალებთან კავშირები აღადგინა და პორტას რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ მხარდაჭერა აღუთქვა. ოსმალებისთვის ეს რეგიონში გავლენის დამყარებისათვის კარგი შანსი იყო.
1774 წელს ოსმალებმა ყირიმი დაკარგეს და სტრატეგიული მნიშვნელობის ნახევარკუნძული რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. ამით ოსმალთა იმპერიის ინტერესებს დიდი საფრთხე დაემუქრა, რადგან ყირიმი იმპერიის აღმოსავლეთი და დასავლეთი საზღვრების დამცავი ფორპოსტი იყო. ქუჩუქ-კაინარჯის ზავით რუსებმა ოსმალეთის ქრისტიანული უმცირესობების დაცვის უფლებაც მოიპოვეს. მოგვიანებით გავლენისათვის ბრძოლა უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა.
XIX საუკუნე რუსეთსა და ოსმალეთს შორის კავკასიისათვის ბრძოლით ხასიათდება. იმპერიებს შორის დაპირისპირებამ დაადასტურა, რომ რუსეთის იმპერიის წინსვლა შეუქცევადი პროცესი იყო. მრავალი ომებისა და ომების შემდეგ გაფორმებული შეთანხმებების ძალით, რუსეთმა ოსმალთა იმპერიისა და სპარსეთის შეიარაღებული ძალები სამხრეთ კავკასიიდან დიდი ხნით გააძევა.
რუსეთ-ირანის მეორე ომის შედეგად და 1828 წლის შეთანხმებით რუსეთის კავკასიაში ბატონობა განმტკიცდა. შეთანხმებით დადგენილი საზღვრები დღემდე უცვლელია, რომელმაც აზერბაიჯანი ორ ნაწილად გაყო. რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ჩრდილოეთ აზერბაიჯანი, ყარაბაღი, ნახიჩევანი და სომხეთის ნაწილი. რუსეთმა კასპიაში ფლოტის განთავსების უფლება და განსაკუთრებული კომერციული პრივილეგიები მიიღო. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა სომხები ირანიდან და ოსმალეთის იმპერიიდან ყარაბაღის ტერიტორიაზე დაასახლა. 1829 წლის ადრიანოპოლის შეთანხმებით ოსმალეთმა რუსეთს კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ უზურპირებული ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებოდა. 1783 წლიდან კავკასიის მუსლიმები რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალები მათ დახმარებას ვერ ახერხებდნენ, კავკასიის მუსლიმებმა 1877-78 წლის ოსმალეთ-რუსეთის ომში ოსმალებს მხარი დაუჭირეს. ოსმალები კავკასიის მუსლიმ მოსახლეობასთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას მაინც ახერხებდნენ. XIX საუკუნეში გაიხსნა რამდენიმე საკონსულო. 1870-იან წლებში კი ოსმალთა იმპერიაში კავკასიის მუსლიმი მოსახლეობის დიდი მიგრაცია მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ XIX საუკუნის მიწურულისთვის რუსეთმა რეგიონში გავლენის მოპოვებაში კონკურენტი იმპერიების დამარცხება დაასრულა.
თურქეთის რესპუბლიკა-საბჭოთა კავშირის ურთიერთობა და სამხრეთი კავკასია
1917 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ახალი ძალები გამოდიან. გერმანია სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების მხარდაჭერას იწყებს, რაც I მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის გამო, ამ სახელმწიფოებისათვის მათთვის სასარგებლო შედეგის გარეშე სრულდება. საგარეო დახმარების გარეშე დარჩენილი სამხრეთ კავკასიის სუსტი დამოუკიდებელი სახელმწიფოები საბჭოთა არმიის მსხვერპლნი გახდნენ.
I მსოფლიო ომის მიწურულს ბოლშევიკების მხარდაჭერით სომხები თურქეთის ტერიტორიების შეერთებას მოითხოვენ, რასაც ანკარას ბუნებრივი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. სომხებმა მოახერხეს ყარსის, სარიყამიშისა და გიუმრის დაკავება, მაგრამ თურქეთის კონტრდარტყმის შედეგად, იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ. 1920 წლის 23 დეკემბრის გიუმრის შეთანხმებით, სომხები იმ მიწებს ტოვებენ, რომლებიც მათ სევრის შეთანხმებით გადასცეს, თურქეთი კი სომხეთს გიუმრის უბრუნებს. ამით, თურქეთმა სომხეთი რუსეთის შემადგენლობაში აღიარა. თურქეთს უბრუნდებოდა ყარსი და არდაგანი, რუსეთი კი ბათუმს იკავებს. გარდა ამისა, ბოლშევიკებს სომხეთში თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცათ.
ოსმალთა იმპერიის არსებობის ბოლო წლებში, მზარდი ნაციონალიზმის ფონზე, კავკასიაზე გავლენის დაბრუნების მოწოდებები გაისმის. ამ მხრივ, განსაკუთრებით ენვერ ფაშა აქტიურობდა, რომელიც ცენტრალურ აზიაში ანტიბოლშევიკურ მოძრაობებსაც მხარს უჭერს. თუმცა, ათათურქის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ათათურქის რეალისტური პოლიტიკის მიხედვით, ახლად ჩამოყალიბებულ თურქეთის რესპუბლიკას აღმოსავლეთის საზღვარზე საიმედო საზღვრები უნდა ჰქონოდა.
1920 წელს საბჭოთა ჯარებმა ერევანსა და ბაქოში ბოლშევიკური რეჟიმი საბოლოოდ დაამყარეს. ამის შემდეგ საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების საფრთხე აშკარა გახდა. საქართველოს მენშევიკური მთავრობა ცდილობს თურქეთთან გარიგებაზე წავიდეს და ბათუმში წითელი არმიის შესვლას შეეწინააღმდეგოს. 1921 წლის 11 მარტს თურქეთის ჯარები ბათუმს იკავებენ. თუმცა, უკვე 25 მარტს მენშევიკური მთავრობა საბჭოთა მთავრობას დაუზავდა. ორი დღის შემდეგ ბათუმი საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს. 1921 წლისათვის კი ბოლშევიკებმა სამხრეთ კავკასიის გაწითლება დაასრულეს.
ამავე დროს, 1921 წლის 16 მარტს, მოსკოვში, თურქეთსა და საბჭოთა ხელისუფლებას შორის მეგობრობის ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა, ათათურქსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის ,,ტკბილი ურთიერთობა” დიდხანს არ გაგრძელებულა. თურქეთში ანტისაბჭოთა განწყობილებები იზრდება, რაც საბჭოთა რუსეთის მხრიდან თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორიების შესაძლო ოკუპაციის საფრთხეს უკავშირდებოდა. იმ ეტაპზე ათათურქის მოსკოვთან შეთანხმება თურქეთისათვის კავკასიის საზღვრებზე სტაბილურობას ნიშნავდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მთელი XX საუკუნის განმავლობაში თურქეთის საზღვრები სამხრეთ კავკასიასთან უმკაცრესად იყო ჩაკეტილი, რაც წინა ათასი წლის განმავლობაში ასე უცხო იყო ამ რეგიონისათვის.
II მსოფლიო ომის პერიოდში თურქეთი, ისმეთ ინონუს ხელმძღვანელობით ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებდა. ანკარა ომის მხოლოდ ბოლო ფაზაში ჩაერთო.ომის დამთავრების შემდეგ კი სტალინის ექსპანსიონისტური გეგმები თურქეთის შეშფოთების მიზეზი გახდა. ამიტომაც ანკარა სულ უფრო აქტიურ პროდასავლურ კურს იღებს და დასავლური ალიანსების წევრი ხდება. სტალინი თურქეთის სრუტეებში განსაკუთრებულ უფლებებს მოითხოვს და საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა სომხეთის რესპუბლიკების სახელით თურქეთს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს. ანკარა, ბუნებრივია, უარყოფს მოსკოვის მოთხოვნებს და დასავლეთის უსაფრთხოების ,,ქოლგის” ქვეშ მკვიდრდება. თურქეთი საბჭოთა აგრესიის შესაჩერებლად ამერიკული დახმარებების მიღებას იწყებს. 1953 წელს კი ნატო-ში წევრიანდება.
1950-იან წლებში თურქეთის საზღვარი სამხრეთ კავკასიასთან უაღრესად მილიტარიზებული იყო. 1980-იან წლებამდე საბჭოთა კავშირს თურქეთთან სასაზღვრო კონტროლის მთელი კომპლექსი ჰქონდა შექმნილი. ყოველდღიურად თურქეთთან საზღვარზე ვერტმფრენი საპატრულო ფრენას აწარმოებდა. თურქეთის მოქალაქეების კონტაქტი კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებში მცხოვრებლებთან შეზღუდული იყო. მიმდინარეობდა მხოლოდ დაბალი დონის პოლიტიკური და კულტურული გაცვლები. საქართველოში, სარფისა და სომხეთში, გიუმრის გამშვები სასაზღვრო პუნქტები ღია იყო მხოლოდ დიპლომატთა ტრანზიტისა და პროდუქციის მინიმალური გაცვლისათვის.
1980-იან წლებში თურქეთის ლიდერები დანარჩენი მსოფლიოსადმი უფრო გახსნილები გახდნენ. დაიწყო თურქულენოვან ხალხებთან კავშირების დამყარება, მათ შორის იყო კავკასიის ხალხებიც. საბჭოთა კავშირის დაშლამ და საზღვრების გახსნამ კი, ეს კავშირები უფრო ინტენსიური გახადა.
სამხრეთ კავკასიის ახლად განთავისუფლებულ რესპუბლიკებთან თურქეთის ლიდერმა, თურგუთ ოზალმა ოფიციალურ ურთიერთობებს საფუძველი მას შემდეგ ჩაუყარა, რაც სამივე რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1991 წლის სექტემბრისათვის თურქეთის დიპლომატიური დელეგაცია უკვე ესტუმრა ბაქოს, ერევანსა და თბილისს. ამით ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისათვის მოსამზადებელი სამუშაო შესრულდა. სომხეთ-აზერბაიჯანის ომის გამო ერევანთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება შეფერხდა, ბაქოსა და თბილისში კი თურქეთის საელჩოები მალევე გაიხსნა.
თურქეთის რესპუბლიკა-რუსეთის ფედერაციის ურთიერთობა 90-იან წლებში და სამხრეთი კავკასია
ცივი ომის დასრულების შემდეგ თურქეთი სრულიად ახალ გარემოში აღმოჩნდა, რაც ანკარას საგარეო პოლიტიკის ძირეული გადახედვისკენ უბიძგებდა. გაქრა საბჭოთა კავშირიდან მომავალი საფრთხე, რამაც თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაზე თავისი პოზიტიური გავლენა მოახდინა. საბჭოთა-თურქული დაძაბულობა შენელებას ჯერ კიდევ 1985 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ იწყებს. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაში შესამჩნევი პროგრესი იგრძნობა. ეს პროცესი 1991 წლის მარტში თურქეთისა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტების, ოზალისა და გორბაჩოვის მიერ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა.
1991 წელს საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის შემდეგ მოსკოვის ხელშეწყობით რეგიონული კონფლიქტების ,,პანდორას ყუთი” გაიხსნა, ძირითადად სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კონფლიქტებში თურქეთი და რუსეთი სხვადასხვა ბანაკებში აღმოჩდნენ. ამის მიუხედავად, თურქეთი სტრატეგიული და ეკონომიკური ფაქტორების გამო მოსკოვთან დაპირისპირებას ერიდებოდა. შედეგად თურქეთი იძულებული იყო რუსეთთან ურთიერთობაში დელიკატური პოლიტიკა გაეტარებინა, რათა ბალანსი დაეცვა კავკასიისა და ცენტრალური აზიის მუსლიმური და ძირითადად თურქულენოვანი ხალხების მიმართ სიმპატიასა და ანკარას სურვილს შორის, მოსკოვი რუსეთის ,,ახლო საზღვარგარეთში” მონოპოლიის დაბრუნებაში შეეჩერებინა. თურქეთის პოლიტიკის ამოცანა იყო რუსეთში საკუთარი ეკონომიკური ინტერესების მხარდაჭერა და რუსეთის სამხედრო ძალასთან პირდაპირი შეტაკების თავიდან აცილება. თუმცა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის გაურკვევლობა და ცვალებადი მიმართულებები თურქეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებს და მათ დასავლეთელ კოლეგებს პრობლემებს უქმნიდა.
სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რუსეთის ფედერაცია გაცილებით სუსტი სახელმწიფოა, ვიდრე საბჭოთა კავშირი, მაგრამ მისი მნიშვნელობა კვლავაც ანგარიშგასაწევია, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, სადაც ყველა წარმოქმნილ კონფლიქტში მთავარი ფარული თუ აშკარა აქტიორი რუსეთია. ვარშავის პაქტის დაშლის მიუხედავად, რუსეთი კიდევ ფლობს უზარმაზარ ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებს, ბირთვულ რაკეტებსა და უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილიც უკავია. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელიც ახლა ნომინალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაშია (დსთ) გაერთიანებული, რუსეთი კვლავაც წამყვანი ,,მოთამაშეა”. ექსპერტების აზრით, რუსეთის მხრიდან თურქეთზე პირდაპირი რისკი შეიძლება გაქრა, მაგრამ თურქეთს ახლაც ესაჭიროება რუსეთთან პოტენციური კონფლიქტი აიცილოს, სადაც კი ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით კი იქ, სადაც გაურკვეველია ნატო-ს დანარჩენი წევრები დაუჭერენ თუ არა მას მხარს.
თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორია და მოსახლეობის რაოდენობა აშკარად არათანაბარია:
თურქეთის ტერიტორიის ფართობი 779.452 კმ2, რუსეთისა კი 17.075.000 კმ2, ანუ რუსეთი თურქეთის ტერიტორიაზე 20-ჯერ დიდია.
ორი ქვეყნის ბუნებრივი რესურსები ხარისხითა და რაოდენობით განსხვავდება. რუსეთის ქვანახშირის, რკინის, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის რესურსები მხოლოდ სხვა კონტინენტების მარაგს თუ შეედრება და არა ცალკეული ქვეყნებისას.
თურქეთის მოსახლეობა 1990 წლის აღწერით იყო 56.473.035, რუსეთისა კი იმავე წელს 148.041.000, ანუ რუსეთის მოსახლეობა თურქეთის მოსახლეობაზე 2-ჯერ დიდია.
|
ეკონომიკური ურთიერთობები.
ეკონომიკური შესაძლებლობების მხრივ თურქეთი და რუსეთი რეგიონში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ეკონომიკური ექსპერტების გაანგარიშებით, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება, თანამშრომლობის რეალური შესაძლებლობა მომავალში ორივე ქვეყანას უფრო მეტ პერსპექტივას უქმნის. ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის ურთიერთხელსაყრელი გარემო რუსეთში ჩატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა შექმნა.
90-იან წლების დასაწყისში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საკრედიტო სფეროშიც გამოიხატა. თურქეთის ,,ექსიმბანკმა” 1989-91 წლებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს საექსპორტო კრედიტის სახით 600 მილიონი ამერიკული დოლარი გამოუყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა საბჭოთა კავშირის ფინანსური ვალდებულების გადახდა იკისრა, რაც მას მძიმე ტვირთად დააწვა. მოსკოვმა ანკარას ვალის გადახდის პერიოდის გადავადება თხოვა. ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, 1994 წლის 19 ივლისსა და 1995 წლის 15 დეკემბერს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ვალების გადავადების შეთანხმებებს. თურქეთთან მიღწეული შეთანხმებების ძალით, რუსეთი თურქეთს ვალს პერიოდულად დაუბრუნებს. ვალის ბოლო ნაწილი კი 2011 წლისათვის უნდა დაიფაროს.
გარდა ამისა, 1995 წლის 15 დეკემბერს ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას, რომლის ძალითაც, თურქეთის ,,ექსიმბანკმა” რუსეთს თურქული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის დაფინანსებისათვის 350 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კრედიტი გამოუყო. შედეგად, რუსეთმა თურქეთისაგან კრედიტის სახით, საერთო რაოდენობით 950 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო. მომდევნო წლების განმავლობაში გამოყოფილი კრედიტი სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად დაიხარჯა, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი შეხვედრა 1992 წლის 2-6 ნოემბერს ანკარაში გაიმართა. ამ შეხვედრამ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას შეუწყო ხელი, რასაც 1994 წლის 1-6 აპრილს მოსკოვში კომისიის მეორე შეხვედრა მოჰყვა. უკვე სამი წლის შემდეგ კი, 1997 წლის 4-7 ნოემბერს ანკარაში თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ეკონომიკური საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა, სადაც ასევე მომზადდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ჩერნომირდინის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში, რომელიც დეკემბერში შედგა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა პირველი ექვსი წლის განმავლობაში ოფიციალური მონაცემების მიხედვით მერყეობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთს რუსეთის მიმართ ყოველთვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. მსგავსი ტენდენცია გრძელდება დღესაც.
თურქეთ-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები
(მლნ. აშშ დოლარი)
წელი |
ექსპორტი |
იმპორტი |
საერთო მაჩვენებელი |
ბალანსი |
1991 |
610 |
1.960 |
2.570 |
- 1.350 |
1992 |
438 |
1.040 |
1.478 |
- 602 |
1993 |
499 |
1.542 |
2.041 |
- 1.043 |
1994 |
820 |
1.045 |
1.865 |
- 225 |
1995 |
1.238 |
2.082 |
3.320 |
- 844 |
1996 |
1.482 |
1.846 |
3.328 |
- 364 |
რუსეთსა და თურქეთს შორის 1984 წელს ხელმოწერილმა სავაჭრო შეთანხმებამ მუშაობა 1994 წელს შეაჩერა, როდესაც რუსეთმა საკუთარი საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაცია დაიწყო. ამ პოლიტიკის შეცვლამდე რუსეთი თურქეთისაგან საქონელსა და მომსახურებას ყიდულობდა გაზის ექსპორტის სანაცვლოდ. ეს შეთანხმება თურქეთს საშუალებას აძლევდა გაზის 30% სამშენებლო პროექტებით დაეფარა, რომელსაც თურქი კონტრაქტორები რუსეთში ახორციელებდნენ, დანარჩენი 70%-ის დაფარვა რუსეთისათვის საქონლის მიყიდვით ხდებოდა. ორი ქვეყნის ოფიციალური პირები ყოველწლიურად იკრიბებოდნენ, რათა განესაზღვრათ რუსული გაზის სანაცვლოდ რუსეთში გასაგზავნი თურქული საქონლის რაოდენობა და სახეობა. ეს სისტემა რუსეთის ეკონომიკის დეცენტრალიზაციამდე მუშაობდა. ამის შემდეგ კი ნებისმიერ რუსულ კომპანიასა თუ ინსტიტუტს, რომელსაც საკუთარი სავალუტო შემოსავლები ჰქონდა, შეეძლო თავად დაემყარებინა საიმპორტო შეთანხმებები, რაც თურქეთ-რუსეთის ბარტერული ვაჭრობის დასასრულს ნიშნავდა.
თურქეთის სავაჭრო დეფიციტი რუსეთთან 1997 წელს 118 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. მაგრამ იგი 807 მილიონით გაიზარდა, როდესაც 1998 წლის ფინანსური კრიზისის დროს რუსეთმა იმპორტი მკვეთრად შეამცირა. ეს ზღვარი ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. 1999 წელს რუსეთის იმპორტი თურქეთიდან და რუსეთის ექსპორტი თურქეთში შესაბამისად 588 მილიონი და 2.37 მილიარდი დოლარი იყო.
1998 წლისათვის თურქეთის ვაჭრობა დსთ-თან 12.7%-მდე გაიზარდა. დსთ-ის შიგნით კი რუსეთი თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო. 1998 წელს რუსეთში ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, თურქეთის ექსპორტი რუსეთში, ,,ჩემოდნებით ვაჭრობის” ჩათვლით, 3 მლრდ ამერიკულ დოლარს აღწევდა, ანუ მთლიანი ექსპორტის 11%-ს. აღსანიშნავია, რომ კრიზისისას ბევრი ქვეყნის კომპანიებმა დატოვა რუსეთი, მაშინ, როცა თურქეთის კომპანიებმა რუსეთში მოღვაწეობა გააგრძელეს. მართალია კრიზისის დროს თურქეთის მხარემ იზარალა, სამაგიეროდ მათ ბაზრის გარკვეული ნაწილის დაპყრობა შეძლეს.
90-იან წლებში რუსეთი თურქული პროდუქციის გასაღების მნიშვნელოვანი ბაზარი იყო. რუსეთში ძირითადი საექსპორტი საქონელია ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საკვები, ქიმიური და ელექტრო საქონელი. 1997 წლისათვის მხოლოდ თურქეთის სამშენებლო ფირმებმა რუსეთში 5 მლრდ ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს. ამის გამო, თურქულმა პრესამ თურქეთის ზოგიერთი დიდი კომპანია თურქეთში რუსეთის ბიზნეს-ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. მასმედიის აზრით, ისინი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონფლიქტების თავიდან აცილებას ცდილობდნენ, რათა საკუთარი ბიზნეს-ინტერესები არ შეელახათ.
იმპორტის თვალსაზრისით თურქეთის ვაჭრობა რუსეთთან გაცილებით დაბალი იყო, 2.2 მლრდ. ამერიკული დოლარი ანუ მთლიანი იმპორტის 4,7%. თუმცა, მისი დიდი ნაწილი ბუნებრივ გაზზე მოდიოდა, რომელიც თურქეთში ბულგარეთის გავლით მილსადენით ჩადიოდა. მილსადენი 1987 წელს ამუშავდა. რუსეთი თურქეთს ყოველწლიურად 8 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, რაც თურქეთის მიერ მოხმარებული მთლიანი ბუნებრივი გაზის 60% იყო. ამ იმპორტის გარეშე, თურქეთი სერიოზული ენერგოკრიზისის წინაშე დადგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ცდილობს ბუნებრივი გაზის წყაროს დივერსიფიცირება მოახდინოს, რუსეთი ახლო მომავალში გაზის მთავარ მიმწოდებლად დარჩება. 1997 წლის აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ორი ქვეყნის მთავრობა შეთანხმდა არსებული მილსადენის გამტარუნარიანობა 2002 წლისათვის 14 მლრდ. კუბურ მეტრამდე გაზარდონ.
პოლიტიკური ურთიერთობები.
1994-96 და 1999 წლებში რუსეთის სამხედრო კამპანიებმა ჩეჩნეთში თურქეთ-რუსეთს შორის პოტენციური კონფლიქტის წყარო წარმოქმნა. ამ ომში თურქი საზოგადოების სიმპატიები ჩეჩნების მხარეს იყო, რადგან ჩეჩნები მუსლიმები იყვნენ. მიახლოებითი მონაცემებით, ჩეჩნური წარმოშობის 25 ათასი ადამიანი თურქეთის მოქალაქეა. გარდა ამისა, თურქეთის მოსახლეობის 5 მილიონამდე მცხოვრები წარმოშობით ჩრდილოეთ ან სამხრეთ კავკასიიდან (ჩეჩნები, ჩერქეზები, აფხაზები, აზერბაიჯანლები და სხვები) არიან. ეს ჯგუფები მხარს უჭერენ რამდენიმე კულტურულ ორგანიზაციას თურქეთში, რომლებსაც კავშირები აქვთ ულტრანაციონალისტებთან და ისლამურ პარტიებთან. გავრცელებული მოსაზრებით, ისინი აგროვებდნენ ფულს და მოხალისეებს და არაოფიციალურად ჩეჩნეთში საბრძოლველად აგზავნიდნენ. მსგავსი რამ აფხაზეთში და მთიან ყარაბაღშიც ხდებოდა, რაც კავკასიური დიასპორის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა.
მათ განსაკუთრებული ყურადღება 1996 წლის იანვარში მიიქციეს, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიური წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებმა ტრაპიზონის პორტში გემი ,,ავრაზია” დაატყვევეს. იმავე წელს თურქეთმა ასევე მიიღო არაოფიციალური ,,იჩქერიის ჩეჩნური რესპუბლიკის წარმომადგენლობა”. თუმცა, თურქეთის მთავრობები ძალიან ფრთხილობდნენ რომელიმე ამ ჯგუფისთვის ღია დახმარება გაეწიათ, რადგან ამას შეეძლო რუსეთის მხრიდან ქმპ-ის ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაეაქტიურებინა. 1995 წლის თებერვალში ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პროტოკოლს ტერორიზმისა და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფაქტობრივად მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ისინი არ ჩაერევოდნენ ქურთულ ან ჩეჩნურ კონფლიქტში. მსგავსი ვალდებულება გარკვეულწილად 1921 წელს თურქეთ-საბჭოეთს შორის დადებული შეთანხმების ანალოგიური იყო, ცოტა განსხვავებულ გარემოებებში.
შემდეგში თურქებს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდათ, რომ მოსკოვი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პუნქტებს მკაცრად არ იცავდა. ქმპ-ს მიმართ რუსეთში ოფიციალურ დონეზე საკმაოდ ტოლერანტული დამოკიდებულება სუფევდა, ისევე როგორც პროჩეჩნური ჯგუფებისადმი თურქეთში. უფრო მეტიც, 1998 წლის ოქტომბერსა და 1999 წლის თებერვალში, აბდულა ოჯალანის ,,ოდისეის” პერიოდში რუსეთმა ოჯალანი რამდენჯერმე შეიფარა, თუმცა რუსები ამას ღიად არასოდეს აღიარებდნენ, მისთვის პოლიტიკური თავშესაფარიც არ მიუციათ. მეორე მხრივ, ორივე მხარე ფრთხილობდა ერთმანეთის შიდა საქმეებში ღიად ჩარევაზე და ერთმანეთის ტერიტორიებზე აჯანყებულების მთავარი მხარდამჭერები არასოდეს ყოფილან.
ეს საკითხი აქტუალური გახდა, როდესაც 1999 წლის ნოემბერში ბულენთ ეჯევითი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბულენთ ეჯევითის რუსეთში ვიზიტს დიდი ხანია ელოდებოდნენ. ერთი პერიოდი ეჯევითის მოსკოვში ჩასვლა სათუოც კი იყო, რადგან თურქეთი უარს აცხადებდა ,,ცისფერი ნაკადის” გაზის პროექტზე პროტოკოლის ხელმოწერაზე, რასაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვდა. ამ საკითხის მოუგვარებლობის მიუხედავად, ვიზიტი მაინც შედგა, რადგან ორივე მხარე მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ეჯევითს მოსკოვში თან ახლდა თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები. რუსეთის ეკონომიკური კრიზისის დროს თურქეთმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, რადგან, რუსეთი, თურქეთის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. ეჯევითის განცხადებით, თურქეთი ვერ შეძლებდა თავისი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას მანამ, სანამ რუსეთი საკუთარ კრიზისს ვერ გადალახავდა. რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის პუტინის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ყოველწლიური ვაჭრობა ოფიციალური მაჩვენებელით 3 მლრდ. დოლარი იყო, მაგრამ რეალურად ის გაცილებით უფრო მაღალი იყო. პუტინის თქმით, სავაჭრო ბალანსი უნდა გაწონასწორებულიყო, რაშიც გადამწყვეტ როლს ,,ცისფერი ნაკადის” პროექტის განხორციელება შეასრულებდა.
,,ცისფერი ნაკადის” გაზსადენის პროექტის ხელმოწერა ეჯევითის მოსკოვში ვიზიტის მთავარ მოვლენად უნდა ქცეულიყო, მაგრამ თურქეთის პრემიერმა თავი შეიკავა ამ საკითხზე ზედმეტი გამონათქვამებისაგან და ბუნდოვანი განცხადებებით მომავალში პროექტის ხელმოწერაზე ისაუბრა. ხელმოწერისაგან თავის შეკავების მიზეზად ეჯევითმა ტექნიკური მიზეზები დაასახელა.
საყურადღებოა ამ ვიზიტთთან დაკავშირებით თურქი ბიზნესმენების მიერ გამოთქმული შეფასებები. მოსკოვში პრემიერს თურქ ბიზნესმენთა მთელი კოჰორტა ახლდა, მაგრამ მათი განცხადებით, ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ისინი პრემიერისაგან რუსეთის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ შექმნილი ვითარების შედეგად თურქული კომპანიებისათვის მიყენებული ზიანის გამო წარმოშობილი პრობლემების განხილვას მოელოდნენ, მაგრამ ამ მხრივ, პრემიერებმა ნაკლები ენთუზიამი გამოიჩინეს.
პრემიერები პირისპირ შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში თანამშრომლობა დაპირისპირებას შეცვლიდა. ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას. ხელმოწერილ შეთანხმებებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროტოკოლი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. ანკარა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მოსკოვს ქურთისტანის მუშათა პარტიის შექმნასა და მფარველობაში ადანაშაულებდა და ამიტომაც, მოსკოვის მხრიდან ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების გატარება ანკარისათვის მნიშვნელოვანი იყო. თავის მხრივ, რუსეთმა მაშინ, როცა ჩეჩნეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებდა, ანკარას მხრიდან პროტოკოლის ხელმოწერა დადებითად შეაფასა. ანკარას კეთილ ნებას მოსკოვმა მოულოდნელი ნაბიჯით უპასუხა და თურქეთის წითელ ნახევარმთვარეს ჩეჩნეთში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის უფლებაც კი მისცა.
მოსკოვში ვიზიტისას ეჯევითი საკმაოდ ფრთხილ განცხადებებს აკეთებდა და ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების გამო მოსკოვის კრიტიკას თავს არიდებდა. თურქეთის პრემიერის განცხადებით, ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები რუსეთის საშინაო საქმე იყო და მოსკოვს მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ მოუწოდა.
საბოლოო ჯამში თურქმა ანალიტიკოსებმა, მოსკოვში ხელმოწერილი რამდენიმე შეთანხმების მიუხედავად, ეჯევითის ვიზიტი წარუმატებლად შეაფასეს. ექსპერტების აზრით, პრემიერ-მინისტრმა არ გამოხატა თურქეთის საზოგადოებრივი აზრი და რუსეთის პრემიერის წინაშე ფრთხილი განცხადებების გაკეთებით შემოიფარგლა. ანტიტერორისტული შეთანახმება კი ვერ ჩაითვლებოდა იმ მნიშვნელობის მოვლენად, რომლის გამოც ვიზიტი წარმატებულად შეიძლება შეფასებულიყო. გადაუწყვეტელი დარჩა მთავარი პრობლემა. რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად თურქეთმა ,,ცისფერი ნაკადის” პროექტის განხორციელებისაგან თავი შეიკავა. ამ საკითხში ანკარაზე აშშ-ის ზეწოლა აშკარა იყო. თურქეთისათვის მოცემულ ეტაპზე ვაშინგტონთან მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ,,ცისფერი ნაკადის” პროექტი, რომელიც გარდა აშშ-ის ინტერესებისა, უდიდეს დარტყმას მიაყენებდა ტრანსკასპიური დერეფანის მონაწილე სახელმწიფოების ინტერესებს.
1990-იანი წლების დასაწყისში თურგუთ ოზალი შეეცადა განევითარებინა თურქეთის მზარდი ეკონომიკური კავშირები მეზობელ ექს-კომუნისტურ სახელმწიფოებთან რეგიონული ორგანიზაციების შექმნით, როგორიც იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (ბისეკ-ი) პროექტი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ერთ რეგიონულ ორგანიზაციაში გაერთიანდა თურქეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. თუმცა, წევრი-ქვეყნები იმდენად განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებზე დგანან, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლო ეფექტური განვითარება, ეკონომიკური მიმართულებითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ბისეკ-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ცდილობდა თანამშრომლობას რეალურად ემუშავა, მკვეთრი აზრთასხვადასხვაობის გამო, თურქეთის დიპლომატიურმა აქტიურობამ შედეგი ვერ გამოიღო.
1998 წლისათვის თურქეთის ვაჭრობა ბისეკ-ის ქვეყნებთან მისი საერთო ექსპორტის 12%-მდე და იმპორტის 9%-მდე გაიზარდა. მაგრამ მთელი ამ ვაჭრობის ნახევარი რუსეთზე მოდიოდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ პროექტს უფრო პოლიტიკური მიზნები ჰქონდა, ვიდრე ეკონომიკური, რადგან იყო იდეა, რომ თუ რეგიონის ქვეყნები ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებულები იქნებოდნენ, ისინი უფრო მეტად ითანამშრომლებდნენ პოლიტიკურად. თუმცა, ბისეკ-ის თითქმის ყველა წევრს შორის იყო ისეთი დაპირისპირება, რაც მსგავს მოსაზრებას ეჭვის ქვეშ აყენებდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანის განცხადებით, ბისეკ-ის პროექტს არ ჰქონდა სამშვიდობო მისია და არ იყო აღჭურვილი პრევენტული დიპლომატიისა და რეგიონული განიარაღების მექანიზმებით. ყველაფრის მიუხედავად, იგი წევრი-ქვეყნებისათვის ფორუმი იყო ერთმანეთს შორის არსებული განსხვავების გადაწყვეტა ეცადათ.
რეგიონულ სახელმწიფოებს შორის სხვადასხვა ომებიდან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტი ყველაზე მძიმე იყო თურქეთისათვის, რადგან იგი ერთადერთი ომი იყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის, ისევე როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინას კონფლიქტში, რომლის დროსაც ანკარა დადგა შიდა პოლიტიკური ზეწოლისა და საგარეო რეალობის შეთანხმების რთული ამოცანის წინაშე. მაშინ, როდესაც თურქეთის საზოგადოებრივი აზრი ცალსახად აზერბაიჯანელებს უჭერდა მხარს, მთავრობას არ შეეძლო აზერბაიჯანისათვის მორალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე მეტი გაეწია, სომხეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირების შიშით, რაც შეიძლება რუსეთ-თურქეთის უფრო ფართო ომში გადაზრდილიყო.
1992 წლის მაისში ტაშკენტში დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის ძალითაც მონაწილე ქვეყნებმა ერთმანეთის დახმარების პირობა დადეს, თუ მათ დსთ-ის არაწევრი ნებისმიერი ქვეყანა შეუტევდა. ამან საშუალება მისცა რუსეთს ჯარები განეთავსებინა სომხეთში (1993 წელი), მოგვიანებით კი საქართველოში (1994 წელი). ასე, რომ თუ თურქეთი სომხეთთან სამხედრო კონფლიქტში აღმოჩნდებოდა, მაშინ ანკარა რუსეთთანაც დაპირისპირებაში ჩაებმებოდა. საქართველოსა და სომხეთში რუსეთის ჯარის განთავსებით, ფაქტობრივად აღსდგა ცივი ომის დროინდელი მდგომარეობა. თურქეთი და რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით კვლავ დამეზობლდნენ.
თურქეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებამ საერთაშორისო მასშტაბები მას შემდეგ შეიძინა, რაც საბჭოთა მმართველობის დასრულების შემდეგ კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის რესურსების საერთაშორისო ექსპლუატაცია დაიწყეს. აზერბაიჯანი, კასპიის აუზის სხვა ქვეყნების, ყაზახეთისა და თურქმენეთის მსგავსად, შეწუხებულნი იყვნენ საკუთარი ნავთობისა და გაზის მრეწველობის განვითარებაში რუსეთზე დამოკიდებულებაზე. ამისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ახალი ალტერნატიული მილსადენების მშენებლობა იყო, რაც მეზობლებთან სტაბილურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს მოითხოვდა.
კასპიის აუზის ქვეყნების მიერ ექსტრარესურსების მოპოვებისა და მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გარეთ საექსპორტო მილსადენების მშენებლობის პერსპექტივა რუსეთის ლიდერებს აფიქრებინებდა, რომ ეს ქვეყნები შეიძლება მოსკოვის გავლენის სფეროდან გამოსულიყვნენ დასავლეთის ქვეყნების, ისევე როგორც თურქეთის ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომაც, მილსადენების პროექტებმა იგივე როლი შეიძინეს, რასაც რკინიგზის ხაზები მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის დიპლომატიაში ასრულებდნენ, როგორც იარაღი პოლიტიკური ძალაუფლების მიღწევისა და ეკონომიკური დომინირებისათვის.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1990 წლის იანვარში დაიწყო, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, როდესაც საბჭოთა ჯარებმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ასობით აზერბაიჯანელი მოკლეს. ამ ეტაპზე, თურქეთი კიდევ იმედოვნებდა და ელოდებოდა, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც ტერიტორიული ერთობა, შენარჩუნდებოდა. თურქეთი მხარს უჭერდა გორბაჩოვის რეფორმების პროგრამას და კონფლიქტს შიდა საბჭოთა პრობლემად აცხადებდა. თუმცა, მოვლენებმა მსგავსი პოლიტიკა რეალობასთან შეუთავსებლად აქცია.
1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც 21 სექტემბერს სომხეთის მიერ იგივე ნაბიჯი მოჰყვა. ამავე დროს, 2 სექტემბერს მთიანმა ყარაბაღმა, აზერბაიჯანის ძირითადად სომხებით დასახლებულმა ანკლავმა, ცალკე რესპუბლიკა გამოაცხადა. 26 ნოემბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური სტატუსი გააუქმა, რაც მას საბჭოთა კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული. დამოუკიდებლობის ეიფორიის პერიოდში აზერბაიჯანელებმა და სომხებმა აშკარად წინააღმდეგობით აღსავსე პოლიტიკა აირჩიეს. ანკარაში, მესუთ ილმაზის ,,დედასამშობლოს” პარტიის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 9 ნოემბერს აღიარა, სულეიმან დემირელის მთავრობამ კი, ეს აღიარება 1991 წლის 19 დეკემბერს ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე გაავრცელა.
ექსპერტების განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში თურქეთს კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა და რეგიონის ყველა ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება სჭირდება. ოპტიმისტური პროგნოზებით, 90-იან წლებში თურქეთს რეგიონული არბიტრის როლიც უნდა შეესრულებინა. თურქეთის ეს ამბიცია მისაღწევად შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან თურქეთს ამისთვის არ ჰქონდა საკმარისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რესურსები. ასევე დიდ სირთულეს წარმოადგენდა რეგიონული კონფლიქტების გაკონტროლება. თურქეთი შეეცადა სომხეთთან კონტაქტები დაემყარებინა და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღისთვის ავტონომიის აღდგენაში დაერწმუნებინა, მაგრამ 1992 წლის თებერვალში ანკლავის ირგვლივ სრულმასშტაბიანი ბრძოლები დაიწყო. სომხეთის მთავრობა აცხადებდა, რომ ომში ყარაბაღელი სომხები მონაწილეობდნენ მხოლოდ და არა თვითონ სომხები, მაგრამ მსგავსი განცხადება არ შეიძლება სერიოზულად განხილულიყო, რადგან ყარაბაღელი მებრძოლები დიდად იყვნენ დამოკიდებულნი სომხეთის მხარდაჭერაზე, რომლებსაც თავის მხრივ რუსეთი უჭერდა მხარს.
26 თებერვალს სომხეთის ჯარებმა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში, სტეპანაკერტში, აზერბაიჯანელებით დასახლებული გარეუბანი ხოჯალი აიღეს, 500 სამოქალაქო პირი განდევნეს და ამით თურქეთში საყოველთაო სახალხო პროტესტი გამოიწვიეს. პრეზიდენტი ოზალი უფრო მკაცრ კურს უჭერდა მხარს და მიიჩნევდა, რომ თურქებს ,,სომხები ცოტათი უნდა შეეშინებინათ”, მაგრამ მას მხარი არ დაუჭირა დემირელმა, რომელიც აზერბაიჯანლებსა და სომხებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტის მშვიდობიან გზას უჭერდა მხარს. ეს იმედები ფუჭი გამოდგა.
1992 წლის 28 თებერვალს, თურქეთის აქტიურობით, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციამ საზღვრების შეცვლის ძალისმიერი მეთოდები გაკიცხა და მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა. ამას სომხები არ შეუკავებია, რომლებმაც 11 მაისს მთელი მთიანი ყარაბაღი დაიპყრეს და ანკლავსა და უშუალოდ სომხეთს შორის, ლაჩინის გავლით, დერეფანი შექმნეს. გარდა ამისა დაბომბეს ნახიჩევანის დასავლეთის ნაწილი, რომელიც გეოგრაფიულად აზერბაიჯანს მოწყვეტილია და თურქეთის ტერიტორიას ესაზღვრება.
სომხების შეტევა ნახიჩევანზე თურქეთისათვის კრიტიკული საკითხი გახდა, რადგან ბრძოლები უკვე თურქეთის საზღვარს მიუახლოვდა. სომხების მიერ ნახიჩევანის დაპყრობა 1921 წლის თურქეთ-საბჭოეთის მეგობრობის შეთანხმების დარღვევა იქნებოდა, რომელიც ნახიჩევანს აზერბაიჯანის ნაწილად აცხადებდა და მისი რომელიმე სახელმწიფოსათვის გადაცემა არ შეიძლებოდა. თურქეთის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების მოთხოვნის შესაძლებლობა, ნახიჩევანში სტატუს-კვოს დასაცავად სამხედრო ინტერვენციის შესახებ, ღია საკითხად რჩებოდა. სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალმა მიუჰითინ ფისონოღლუმ გამოაცხადა, რომ შესაძლო სამხედრო მოქმედებისათვის ,,ყველა აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაო” შესრულებული იყო. ამ განცხადების შემდეგ მოსკოვში, დსთ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა შაპოშნიკოვმა გაფრთხილება გააკეთა, რომ ნებისმიერი სახის ინტერვენცია მესამე ქვეყნის (ამ შემთხვევაში იგულისხმება თურქეთი) მხრიდან, შეიძლება დიდ ომში გადაზრდილიყო. მსგავსი გაფრთხილება გააკეთა რუსეთის ელჩმა ანკარაში ალბერტ ჩერნიშევმაც.
აშკარა იყო, რომ თურქეთი და რუსეთი პირდაპირ სამხედრო შეტაკებასთან ახლოს იყვნენ. ფრთხილმა დემირელმა დიპლომატიური საშუალებები აირჩია, რამაც შედეგიც გამოიღო. დემირელსა და რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს შორის 25-26 მაისს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ორმა ლიდერმა გამოაქვეყნა დეკლარაცია, სადაც გაკიცხული იყო ლაჩინის ოკუპაცია და სომხეთისა და ნახიჩევანის საზღვარზე ბრძოლები, რამაც სომხები აიძულა ორ დღეში შეტევები შეეჩერებინა.
ამის შემდეგ ორ მხარეს შორის დაძაბულობა შენელდა. ამავე დროს იზრდება თურქეთის გავლენა ბაქოში, რადგან 1992 წლის ივნისში აზერბაიჯანის პრეზიდენტად ანკარას მიერ მხარდაჭერილი აბულფაზ ელჩიბეი აირჩიეს. 1993 წლის მარტში თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების პროექტს მოეწერა ხელი, რომელიც ბაქოსა და თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტ ჯეიჰანს შორის ნავთობსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა. ეს კავკასიაში თურქეთის პოლიტიკის ქვაკუთხედი გახდა, რადგან ის თურქეთს კასპიის ნავთობის ირგვლივ მიმდინარე დიდ თამაშში მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა და აზერბაიჯანის საექსპორტო მილსადენის რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით, კასპიისპირა სახელმწიფოებზე რუსეთის ზეწოლის ბერკეტებს მნიშვნელოვნად ამცირებდა.
ამავე დროს, სომხეთის პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის პოლიტიკის შერბილებას მიესწრაფვოდა: 1992 წლის ივნისში მან სომხეთში ულტრანაციონალისტური დაშნაკციუტუნის პარტიის შტაბ-ბინები დახურა და 16 ოქტომბერს ანტითურქული განწყობით ცნობილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რაფი ჰოვანისიანი გადააყენა. საპასუხოდ, თურქეთმა 1992 წლის აგვისტოში სომხეთში დიპლომატიური მისია გააგზავნა. მისიამ განსაკუთრებული ყურადღება იმ ეკონომიკურ უპირატესობაზე გაამახვილა, რომლითაც სომხეთს შეეძლო თურქეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებისას ესარგებლა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰიქმეთ ჩეთინმა კი გამოთქვა აზრი, რომ თურქეთს სომხეთთან შეეძლო სრული დიპლომატიური ურთიერთობები დაემყარებინა, თუკი სომხები ლაჩინის დერეფანსა და აზერბაიჯანის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებდნენ, მთიანი ყარაბაღიდან გამოსვლის გარეშე. 1992 წლის ნოემბერში თანსუ ჩილერის მთავრობამ თანხმობა განაცხადა სომხეთისათვის ხორბალის, ისევე როგორც ელექტროენერგიის მიწოდებაზე, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან ძლიერი ზეწოლის შედეგად არ განხორციელდა.
თურქეთში სამშვიდობო განწყობის მიუხედავად, აზერბაიჯანლებსა და სომხებს შორის ომმა 1992-93 წლებში ხელახლა იფეთქა, სადაც სომხებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. 1993 წლის სექტემბრისათვის სომხებმა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის მდებარე თითქმის ყველა ტერიტორია დაიკავეს, ისევე როგორც აზერბაიჯან-ირანის საზღვართან ანკლავის სამხრეთი ტერიტორიები. 100 ათასობით აზერბაიჯანელი დევნილად იქცა. სომხებმა აზერბაიჯანის მთლიანი ტერიტორიის 20% დაიკავეს. 1993 წლის ივნისში თურქეთი შეურთდა სხვა 10 ერს, მათ შორის აშშ, გერმანია, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, ე.წ. ,,მინსკის ჯგუფში”, რომელიც კონფლიქტის გადაწყვეტისათვის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციამ დაარსა.
1993 წლის დასაწყისში რუსეთი ერთი შეხედვით თანახმა იყო თურქეთთან ერთად კონფლიქტის გადაწყვეტის გზები ერთობლივად მოეძია, მაგრამ მოგვიანებით რუსეთმა უარყო მსგავსი მიდგომა, რადგან სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი არბიტრის როლის შესრულება სურდა, რითაც რეგიონში მოსკოვის ყოფილი მონოპოლიის აღდგენას ცდილობდა. გაეროს 6 აპრილის რეზოლუციის შემდეგ, რომელიც სომხურ ჯარებს ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების დატოვებას მოუწოდებდა, თურქეთი შეუერთდა აზერბაიჯანს და სომხეთზე სრული ეკონომიკური ემბარგო დააწესა.
1993 წლის ივლისში თურქეთმა აზერბაიჯანში გასაგზავნ გაეროს სამშვიდობო ძალებში საკუთარი ძალების გაგზავნის წინადადება წამოაყენა, რომელიც სომხეთმა, რუსეთმა და ირანმა უარყვეს. ამავე დროს, ახალი რუსული პოლიტიკა ბაქოში რეჟიმის ძალადობრივ შეცვლაში გამოიხატა. 1993 წლის 4 ივნისს აბულფაზ ელჩიბეის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე, ექსპოლკოვნიკმა სურეტ ჰუსეინოვმა, რომელიც აშკარა იყო, რომ რუსეთის ფარული მხარდაჭერით სარგებლობდა, საბჭოთა ჯარის მიერ დატოვებული დიდი რაოდენობით შეიარაღება მიითვისა. მან აზერბაიჯანის ჩრდილოეთი ქალაქი განჯა აიღო, საიდანაც ბაქოსკენ დაიძრა და ელჩიბეის მთავრობა დაამხო. მან ვერ შეძლო აზერბაიჯანში პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება, თუმცა ეს გააკეთა ჰეიდარ ალიევმა, რომელიც საბჭოთა პოლიტბიუროს ყოფილი წევრი და 1991 წლიდან ნახიჩევანის ლიდერი იყო.
აზერბაიჯანში მომხდარ გადატრიალებაზე თურქეთის რეაქცია მწვავე იყო. ანკარამ ბრიტანეთთან და აშშ-თან ერთად განაცხადა, რომ გააგრძელებდა ელჩიბეის მხარდაჭერას, როგორც აზერბაიჯანის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტისა. თუმცა, ოზალის შემდეგ არჩეულმა თურქეთის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა აღიარა, რომ თურქეთს არ ჰქონდა ისეთი ბერკეტები, რომელიც მას ელჩიბეის ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას მისცემდა. ყველაფრის მიუხედავად, აგვისტოს ბოლოს თურქეთმა და დასავლეთის ქვეყნებმა აზერბაიჯანში მომხდარი გადატრიალების ფაქტი აღიარეს. თურქეთში ეს ადვილად მიიღეს, რადგან ხელისუფლებაში მოსული ჰეიდარ ალიევის ქმედებები იძლეოდა იმის ნიშანს, რომ იგი რუსეთის მარიონეტი არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1993 წლის სექტემბერში აზერბაიჯანი ოფიციალურად შეუერთდა დსთ-ს, ალიევმა რუსეთის ჯარების მის ტერიტორიაზე განლაგებაზე უარი თქვა. ამავე დროს, ალიევმა განაცხადა, რომ იგი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობაზე მიღწეულ შეთანხმების პროექტზე უარს იტყოდა ბაქო-ნოვოროსიისკის მარშრუტის სასარგებლოდ, თუმცა მოგვიანებით ალიევმა პოზიცია შეიცვალა და თურქეთის მარშრუტის უპირატესობაზე განაცხადა. თურქეთმა კასპიური ნავთობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძინა.
თურქეთის ხედვით, ალიევის პრეზიდენტობას ელჩიბეიზე მეტი უპირატესობა ჰქონდა, რადგან ალიევი თავის დიპლომატიაში უფრო ფრთხილი იყო. ალიევი ნაკლებად პროვოკაციული იყო რუსეთისა და ირანის მიმართ, რომლებთანაც თურქეთი სერიოზულ კონფლიქტს ვერ დაუშვებდა. 1994 წლის მაისში რუსეთის ძალისხმევით აზერბაიჯანის, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმებას ხელი მოაწერა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პაველ გრაჩოვმაც. შედეგად რუსეთი რეგიონში მშვიდობის დამყარებაში ეფექტურ მედიატორად მოგვევლინა. ცეცხლის შეწყვეტამ ვითარების სტაბილიზაცია მოახდინა, თუმცა სომხები უკეთეს პოზიციაში ჩააყენა. ამის შემდეგ თურქეთი აცხადებდა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, რეგიონში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის მემკვიდრე) ეგიდით სამშვიდობო ძალები უნდა გაგზავნილიყო, რომელშიც თურქული ძალებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, და არა მხოლოდ დსთ-ს ჯარები, სადაც ფაქტობრივად მხოლოდ რუსი სამხედროები იქნებოდნენ. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ძლიერი პოზიციებიდან გამომდინარე, თურქეთის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდა. ეს საკითხი სერიოზულადაც არ განხილულა.
რუსეთისგან იმედგაცრუებული ბაქო კვლავ ანკარასაკენ მიმართავს მზერას. 1994 წლის თებერვალში ალიევი ანკარაში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ფაზის დასაწყისი გახდა. ეს ვიზიტი და ხელმოწერილი შეთანხმებები ნიშანი იყო იმისა, რომ ბაქო ანკარასთან ხელახალ დაახლოებას იწყებდა. თუმცა, რუსეთთან და ირანთან ბალანსის პოლიტიკის დაცვა ალიევს მაინც უწევდა. ალიევი ამის შემდეგ დემირელის პრეზიდენტობის დროს ბევრჯერ ჩავიდა თურქეთში, თუმცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მორალური მხარდაჭერის გარდა ვერაფერი მიიღო. თურქეთის როლი კვლავ სამხედრო სფეროში თანამშრომლობაში გამოიხატებოდა, რაც კონფლიქტის შემთხვევაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ გულისხმობდა.
მილსადენებთან დაკავშირებული პოლიტიკა.
ნავთობსადენები. 1994 წლის მაისისათვის მთიან ყარაბაღში ბრძოლების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ყურადღება კასპიის ნავთობსაბადოების მომავალმა განვითარებამ და ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზრებამდე მილსადენების მარშრუტების უსაფრთხოების საკითხებმა მიიპყრო. ამ რთულ ბრძოლაში რუსეთი, საქართველო და ირანი, ისევე როგორც თურქეთი და ენერგორესურსების მთავარი რეგიონული მწარმოებელი ქვეყნები - აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი - მნიშვნელოვანი რეალური თუ პოტენციური მონაწილენი არიან. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ უმრავლესობა მრავალეროვნული კომპანიებისა, რომლებიც ამ რესურსებს მოიპოვებენ, ნაწილობრივ ან მთლიანად ამერიკული წარმოშობისაა, აშშ-ის მთავრობა და ნავთობკომპანიები, თავის მხრივ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაწილენი გახდნენ.
1993 წლის ივნისში ელჩიბეის დამხობის პერიოდში მისი მთავრობა ბრიტანულ კომპანია BP-ის ლიდერობით შექმნილ საერთაშორისო კონსორციუმთან შეთანხმების ხელმოწერას აპირებდა. მოსკოვში, რადიკალი ნაციონალისტები ევგენი პრიმაკოვის ლიდერობით (იმ დროისათვის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მეთაური) და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი კოზირევი აცხადებდნენ, რომ რუსეთი ხელს შეუშლიდა აზერბაიჯანს დასავლურ კომპანიებთან ნავთობის ექსპლუატაციაზე სეპარატისტული შეთანხმებები გაეფორმებინა. მათი პოზიცია ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ კასპიის ზღვა შიდა ტბა იყო, რომელშიც ყველა სანაპირო სახელმწიფოს წყლის შიგნით არსებული რესურსების ექსპლუატაციაზე თანაბარი უფლებები ჰქონდათ და არა საერთაშორისო ტბა, რომელიც გეოგრაფიულად თითოეული ქვეყნისთვის ოფშორულ ზონებად იქნებოდა დაყოფილი. მსგავს პოზიციას ეწინააღმდეგებოდა ზომიერები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი ედგა სათავეში. იგი მეორე მიდგომას უჭერდა მხარს, რომელიც რუსეთს აზერბაიჯანის კონსორციუმებში წილის აღების შესაძლებლობას მისცემდა.
1994 წლის სექტემბერში ალიევის მთავრობამ ქვეყნის ოფშორული ველების განვითარებაზე აზერბაიჯანის საერთაშორისო ნავთობის კონსორციუმთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. კონსორციუმის ორი წამყვანი ფირმა: ბრიტანული კომპანია BP და ამერიკული კომპანია ,,Amoco” გახდა (მოგვიანებით ისინი გაერთიანდნენ და ,,BP Amoco” შექმნეს). გარდა ამისა, კონსორციუმის მონაწილეები იყვნენ ამერიკული, ნორვეგიული და იაპონური კომპანიები, თურქეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია და მისი აზერბაიჯანული ეკვივალენტი SOCAR. მოსკოვისათვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის, რომ რუსული კომპანია ,,ლუკოილი” კონსორციუმის 10% წილის მფლობელი გახდა. რუსეთი პარადოქსულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაშინ როდესაც იგი სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის რაიმე სახით შეღწევას ეწინააღმდეგებოდა, მან თავისთვის აიღო წილი დასავლური კომპანიებით დაკომპლექტებულ კონსორციუმში, რომელსაც აზერბაიჯანული ნავთობი უნდა მოეპოვებინა. მოსკოვმა ფაქტობრივად ვერ შეძლო დასავლური ნავთობკომპანიებისთვის ეფექტური წინააღმდეგობა გაეწია.
1992 წლიდან მოყოლებული ბაქოდან მსოფლიო ბაზრებამდე მთავარი საექსპორტო მილსადენის მარშრუტის არჩევა ღია და ,,ცხელი” საკითხი იყო. განიხილებოდა 5 ვარიანტი.
პირველი, არსებული მილსადენი ბაქოდან რუსეთის შავიზღვისპირა პორტ ნოვოროსიისკამდე, რომელიც ჩეჩნეთზე გადიოდა. ამას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი დაეფუძნებოდა უკვე არსებულ საშუალებებს, განსავითარებლად უფრო იაფი იქნებოდა და მას მხარს უჭერდა რუსეთი. მისი მთავარი ნაკლი აზერბაიჯანისა და კონსორციუმის ხედვიდან ის იყო, რომ ნებისმიერი მარშრუტი ჩეჩნეთის გავლით რისკის ზონაში გაივლიდა. ასევე, არსებულ მილსადენს მოდერნიზაცია სჭირდებოდა. გარდა ამისა აზერბაიჯანელებისთვის ეს ფაქტორი რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას ნიშნავდა. უფრო მეტიც, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში ტანკერების გასვლის რაოდენობის გაზრდა, ბოსფორის სრუტეში სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს შექმნიდა, და შესაძლოა ამას თურქეთი შეწინააღმდეგებოდა. მილსადენის გადატანა რუსეთის ტერიტორიაზევე, დაღესტანის გავლით და ჩეჩნეთის გვერდის ავლით (ეს იდეა რუსეთმა წამოაყენა), შეამცირებდა პირველ რისკს, მაგრამ არ გააქრობდა დანარჩენ ბარიერებს.
სრუტეებში ეკოლოგიური საფრთხის შესაძლებლობას თურქეთი აქტიურად იყენებს ნებისმიერი იმ პროექტის წინააღმდეგ, სადაც ანკარას მოსაზრებით, თურქეთის ინტერესები, სათანადოდ არ არის დაცული. წლების განმავლობაში სრუტეში მრავალი შემთხვევა მოხდა, ზღვაში სხვადასხვა მავნე ნივთიერება ჩაიღვარა, რამაც სტამბოლის მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. თურქეთი ეფექტურად იყენებს მის ხელთ არსებულ ეკოლოგიურ კოზირს. ამ საკითხში სხვა სახელმწიფოებს ანკარის ოპონირებაც უძნელდებათ. ფაქტობრივად, თურქეთს შეუძლია ყველა დიდი ენერგოპროექტის განხორციელებას შეუშალოს ხელი, თუკი ენერგოპროექტებში თურქეთის ეკონომიკური ინტერესები არ იქნება დაცული. რუსეთი და დასავლური კომპანიები იძულებულნი არიან ანგარიში გაუწიონ თურქეთის პოზიციას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხში თურქეთს ამერიკული მხარდაჭერაც აქვს, რომელსაც კასპიური ენერგორესურსების ტრანსპორტირებაში რუსეთის როლის გაზრდა არ სურს.
მეორე ვარიანტი ბაქო-სუფსას მილსადენი, რომელიც სათავეს ცარისტული პერიოდიდან იღებდა, შეკეთებასა და გაფართოებას საჭიროებდა. მას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ შედარებით იაფი დაჯდებოდა მისი მშენებლობა (აზერბაიჯანული ხედვით) და რუსული კონტროლისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალი იქნებოდა. ბოსფორის გავლით ტრანზიტის პრობლემა ამ შემთხვევაში არ გამქრალა. ბაქო-სუფსა და ბაქო-ნოვოროსიისკი ადრეული ნავთობის ექსპორტისათვის გამოიყენება, რაც რუსეთის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის შექმნის აღიარება იყო. საქართველოს მიერ ერთ-ერთი მილსადენის მარშრუტის ,,მასპინძლობა” რეგიონში ახალი ,,აქტიორების” გამოჩენის მაუწყებელია. ბაქო-სუფსას მილსადენის მარშრუტი, თავდაპირველად რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად დასავლეთის პოზიციის შედეგი იყო. მოსკოვი ყველანაირად ეცადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენს არ გაევლო, რადგან მილსადენის ერთი მარშრუტის საქართველოზე გატარება, მომავალში უფრო ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელების წინაპირობა იქნებოდა. მოსკოვის ვარაუდები მართლდება და დღეს, რუსეთის გვერდის ავლით, საქართველომ სხვა მილსადენებსაც უნდა ,,უმასპინძლოს”.
მესამე ვარიანტი რუსეთმა წამოაყენა, რომელსაც მხარი საბერძნეთმაც დაუჭირა. იგი ბოსფორის წვრილი ყელის გვერდის ავლით, ბულგარეთის პორტ ბურგასიდან საბერძნეთის ეგეოსისზღვისპირა პორტამდე, ალექსანდროპოლისამდე მილსადენის გაყვანას გულისხმობდა. ტანკერები ნავთობს ნოვოროსიისკიდან და სუფსიდან ბურგასამდე ჩაიტანდნენ. დანარჩენი ტანკერები ნავთობს მსოფლიო ბაზრებამდე უკვე ბერძნული პორტიდან გაიტანდნენ. ამ მარშრუტის ნაკლი ის იყო, რომ მშენებლობა დიდ დროს წაიღებდა და შეიძლება საკმარისი ფინანსებიც არ მოძიებულიყო. ამ პროექტს საერთაშორისო ნავთობკომპანიებისაგან საკმარისი მხარდაჭერაც არ აღმოაჩდა.
თეორიულად, თურქეთის პოზიცია, რაც სრუტეებში ტანკერების გატარების შეზღუდვას ითვალისწინებს, რუსეთს უბიძგებს ალტერნატიული მარშრუტები იპოვოს, რათა კასპიური ნავთობი თურქეთის სრუტეების გვერდის ავლით გაატაროს. თუმცა, ანკარა რეალურად აფასებს ვითარებას და კარგად იცის, რომ რუსეთის მიერ წამოყენებულ ინიაციატივას, რომელსაც საბერძნეთიც იზიარებს, მომავალი არა აქვს, თუნდაც მხოლოდ მარშრუტის სიძვირის გამო, რომ არაფერი ვთქვათ მარშრუტის პოლიტიკურ ნაკლზე.
მეოთხე ვარიანტით მილსადენი შავი ზღვის გვერდის ავლითი მარშრუტით ირანზე უნდა გასულიყო, რომელიც ბაქოს სპარსეთის ყურეს დააკავშირებდა. ეს იქნებოდა უმოკლესი და ასაშენებლად და საექსპლუატაციოდ იაფი, ვიდრე შემოთავაზებული ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტი. სპარსეთის ყურეში ნავთობის ჩატანით, ასევე შემოკლდებოდა აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ტანკერების მარშრუტი. ამ პროექტის მთავარი ხელისშემშლელი პოლიტიკური ფაქტორი იყო და იგი აშშ-სგან მომდინარეობდა.
1995 წელს კლინტონმა ჰეიდარ ალიევთან სატელეფონო საუბრისას ალიევი ირანულ მარშრუტზე უარის თქმაში დაარწმუნა. ირანს საკუთარი ძალისხმევით მილსადენის დაფინანსებასა და აგებაში სირთულეები შეხვდებოდა, თუნდაც მესამე მხარის დახმარების შემთხვევაში. ამიტომაც, ამერიკელთა მკვეთრმა პოზიციამ ირანული მარშრუტი გამორიცხა, სანამ ირანის რეჟიმსა და მის საგარეო პოლიტიკაში რადიკალური და საბოლოო ცვლილებები არ მოხდებოდა. ამის შემდეგაც კი, ნავთობკომპანიებს შეიძლება ირანის მარშრუტზე უარი ეთქვათ, რათა ირანის არაპროგნოზირებად ქმედებებზე ზედმეტად დამოკიდებულნი არ აღმოჩენილიყვნენ. ირანის მარშრუტის თემა განსაკუთრებით მაშინ ამოტივტივდება, როდესაც აზერბაიჯანი თურქეთისა და აშშ-ის მხარდაჭერით უკმაყოფილებას გამოთქვამს.
მეხუთე ვარიანტი ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გადის და მას მხარს უჭერს თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და აშშ. თურქეთისათვის მილსადენისაგან მისაღები მოგება, ყოველწლიურად 100 მილიონი ამერიკული დოლარი, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის პოლიტიკური როლი, რომელსაც თურქეთი კასპიის ნავთობის მრეწველობაში მნიშვნელოვან მონაწილედ გახდომის შემთხვევაში შეიძენს, კერძოდ, გაიზრდება მისი სტრატეგიული მნიშვნელობა დასავლეთისა და მწარმოებელი სახელმწიფოებისათვის. რამდენაც თურქეთი ნატო-ს წევრია, მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ პროექტი სხვა მხარეებისათვის ყველაზე ნაკლებ პოლიტიკურ რისკს შეიცავს. აზერბაიჯანისათვის და შესაძლოა ყაზახეთისთვის, პროექტი რუსეთზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი პროექტის სიძვირეა. 1,730 კილომეტრიანი მილსადენის მიახლოებითი ფასი 2,4 დან 3,3 მლრდ ამერიკულ დოლარამდე მერყეობს, რითაც იგი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე გრძელი და ძვირია. მილსადენი ეკონომიურად მომგებიანი რომ იყოს, დღეში ერთი მილიონი ბარელი უნდა გაატაროს, თუმცა კონსორციუმი 2007 წლისათვის, წარმოების პიკის მიღწევის დროს, დღეში 700 ათასი ბარელის გატარებას იმედოვნებს. მილსადენის შესავსებად 400 ათასი ბარელი დღეში სხვა წყაროებიდან უნდა იყოს, შესაძლოა ყაზახეთიდან. თუმცა, ამას კასპიის ზღვის ფსკერზე ყაზახურ ნავთობსაბადოებამდე მილსადენის გაფართოება სჭირდება. ყაზახეთმა 1996 წელს ყოველი შემთხვევისათვის ნოვოროსიისკამდე ალტერნატიული მილსადენის გაყვანის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს მილსადენი დღეში 560 ათას ბარელს გაატარებს. ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, ,,ყაზახური ნავთობის გარეშე არცერთი ძირითადი საექსპორტო მილსადენი არ იქნება”, მაგრამ გაურკვეველი იყო გავიდოდა თუ არა იგი ბაქო-ჯეიჰანით.
ბაქო-ჯეიჰანს დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს უშუალოდ თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი. ბაქო-ჯეიჰანი ის უდიდესი პროექტია, რომელიც თურქეთის მიერ მეგობრად აღიარებულ სახელმწიფოებს ერთმანეთს დააკავშირებს. 1998 წლის ოქტომბრის ანკარას დეკლარაციის თანახმად თურქეთის, აზერბაიჯანის, აშშ-ის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის მთავრობები ბაქო-ჯეიჰანის ნავთობის მილსადენს ყველაზე უსაფრთხო და პოლიტიკურად გამართლებულ მილსადენის მარშრუტად მიიჩნევენ.
საჭირო შეთანხმებები ნავთობსადენის გაყვანაში მონაწილე ქვეყნების მიერ უკვე ხელმოწერილია. ერთადერთ და ყველაზე სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად ნავთობსადენის მშენებლობის სიძვირე მიიჩნეოდა, თუმცა ახლა ეს პრობლემაც დაძლეულია. აშშ-ის მთავრობის აქტიური ლობირების შედეგად პროექტი განხორციელდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბაქო-ჯეიჰანის პარალელურად გაზსადენიც აშენდება. დასავლეთისა და თურქეთისათვის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მილსადენმა ამ შემთხვევაში თურქეთისა და დასავლეთის ქვეყნები ერთ დიდ პროექტში უნდა გააერთიანოს, რომელიც ამ ქვეყნებს სტაბილურობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას პირდება.
ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტზე საუბრისას გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური ფაქტორებიც, რაც დასავლეთის მიერ მილსადენის ამ მარშრუტის მხარდაჭერისას ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტია. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი გვერდს აუვლის ირანსა და რუსეთს, რაც ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე რუსეთის გავლენის შეამცირებას განაპირობებს. შედეგად რეგიონში დასავლეთის, უფრო კონკრეტულად კი თურქეთის გავლენა უნდა გაიზარდოს, რომელსაც ზურგს აშშ უმაგრებს.
თურქეთს ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის მკვეთრი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები აქვს, მაგრამ ამასთანავე თურქული არგუმენტი, რომ სრუტეებში ტანკერების შეუზღუდავი გატარება მიუღებელ ეკოლოგიურ რისკს გამოიწვევს, საფუძველს არ არის მოკლებული. ბოსფორის სიგრძე 31 კილომეტრია, მაქსიმალური სიგანე 1,6 კმ, ხოლო მინიმალური მხოლოდ 700 მეტრია. სრუტე ძალიან არაპირდაპირია, გემმა ერთი ბოლოდან მეორეში რომ ჩააღწიოს, 12-ჯერ უნდა შეიცვალოს კურსი.
1994-95 წლებში მილსადენებზე დებატები ძირითადად მიმდინარეობდა აზერბაიჯანის ,,ადრეული ნავთობის” მარშრუტის არჩევაზე, რომელიც დღეში 80 ათასს ბარელს შეადგენდა, სანამ ნავთობის სრული წარმოება შემდგომ წლებში სრულ მასშტაბს მიაღწევდა. ამ კონტექსტში, თურქეთი ბაქო-სუფსას მილსადენს უჭერდა მხარს, რადგან იგი რუსეთის ტერიტორიას გვერდს აუვლიდა და შესაძლოა ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებისათვის წინაპირობა ყოფილიყო. 1995 წელს კონსორციუმის განცხადება, რომ ,,ადრეული ნავთობი” ბაქო-სუფსასა და ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენებით გაივლიდა, თურქეთის მცირე გამარჯვებად მონათლეს. უკვე 1999 წლის ოქტომბერში კი, კონსორციუმის კომპანიებმა აშშ-ის მთავრობის ზეწოლის შედეგად ბაქო-ჯეიჰანის პროექტსაც დაუჭირეს მხარი. ,,BP Amoco”-მ ასევე განაცხადა, რომ იგი კომპანიებსა და მთავრობებს აუცილებელი ფინანსების მოძიებაში დაეხმარებოდა.
ყაზახეთის გადაწყვეტილება ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობისათვის, როგორც ჩანს, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა 1999 წლის ნოემბერში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სტამბოლის სამიტზე, როდესაც თურქეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობაზე სამთავრობათაშორისო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ ქვეყნის ლიდერები იმედოვნებენ, რომ მშენებლობა 2005 წლისათვის დასრულდება. ფინანსების მოძიება და სატრანზიტო გარანტიები კვლავ მისაღწევია, მაგრამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი ახლა უფრო ახლოა რეალიზაციასთან, ვიდრე ადრე. მილსადენის მშენებლობის დაწყება უახლოეს თვეებშია ნავარაუდევი.
,,ცისფერი ნაკადი” და გაზსადენები. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანეს როლს გაზი ასრულებს, რომელიც რეგიონში დიდი პოლიტიკური თამაშის ელემენტი გახდა. რუსული გაზის საკითხი უშუალოდ უკავშირდება იმ მილსადენების ბედს, რომელმაც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე უნდა გაიაროს. ამ მხრივ საყურადღებოა ,,ცისფერ ნაკადად” მონათლული გაზსადენი, რომელმაც რუსეთის შავიზღვისპირა პორტ ჯუბგადან თურქულ პორტ სამსუნამდე უნდა გაიაროს და შემდეგ ანკარამდე გაგრძელდეს. გაზსადენის სიგრძე 750 მილია.
ამ პროექტზე საუბარი 1997 დეკემბერში დაიწყო. ,,ცისფერი ნაკადი” წლიურად 3 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს გაატარებს, რომელიც 10 წლის განმავლობაში 16 მლრდ. კუბურ მეტრამდე გაიზრდება. მილსადენის სავარაუდო ღირებულება 2,5-3,3 მლრდ. ამერიკული დოლარია.
ამ პროექტის წარმატება უდიდეს დარტყმას მიაყენებს ამერიკულ ინტერესებს რეგიონში და მის მოკავშირეებს სამხრეთ კავკასიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანს. რუსეთის მთავრობას ,,ცისფერი ნაკადის” პროექტის განხორციელება პრიორიტეტად აქვს დასახული, რადგან მისგან გამომავალი შედეგები ეკონომიკურის მიღმა პოლიტიკურიცაა, რაც მოსკოვს ხელში ერთდროულად რამდენიმე ბერკეტს მოუპოვებს.
მილსადენი გაზრდის თურქეთის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, დღევანდელი 66%-დან 80%-მდე. ამერიკული დიპლომატები ანკარას აფრთხილებენ, რომ რუსეთი გაზსადენით თურქეთზე ზეწოლის ძლიერ ბერკეტს შეიძენს, რაც ამავე დროს, ფაქტობრივად, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ტრანსკასპიურ გაზსადენის პროექტს, ამ უკანასკნელის განხორციელებაში საქართველოს უდიდესი ინტერესიც ძევს.
თურქეთის ენერგომომარაგების 98% იმპორტზეა დამოკიდებული. 1980-იანი წლებიდან თურქეთში გაზზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდება. უკვე დღეს თურქეთში იმპორტირებული გაზის 2/3 რუსეთიდან შემოდის, რაც თავისთავად ბევრის მეტყველია. 2010 წლისათვის კი თურქეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება. თურქეთის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ამერიკის მთავრობა მხარს ტრანსკასპიურ გაზსადენს უჭერს, რომელიც თურქმენულ გაზს აშშ-სა და თურქეთის მეგობარი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გაატარებს და რაც მთავარია გვერდს აუვლის რუსეთს.
ამერიკული წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი აქტიურად ცდილობს თავისი გაიტანოს და ,,ცისფერი ნაკადის” პროექტი რეალობად აქციოს, მიუხედავად ფინანსური და ტექნიკური პრობლემებისა. რუსულ-თურქულ პროექტს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები მოსკოვში მოღვაწე თურქული კომპანიების სახით ჰყავთ. მათი განცხადებით, პროექტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას გააღრმავებს. მათ თურქეთში მხარს უჭერს კოალიციური მთავრობის წევრი ,,დედასამშობლოს” პარტია, რომელიც პრორუსული ლობის ავანგარდად მიიჩნევა. პროექტს ხელი სწორედ ,,დედასამშობლოს” პარტიის ლიდერის მესუთ ილმაზის პრემიერ-მინისტრობისას მოეწერა. მთავრობის წევრთა წინააღმდეგობის მიუხედავად ილმაზმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ჩერნომირდინმა 1997 წლის 15 დეკემბერს ხელშეკრულებას ანკარაში დიდი ზარ-ზეიმით მოაწერეს ხელი.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ილმაზის ნაბიჯით სამხედროები და საგარეო საქმეთა სამინისტრო შიშობენ, რომ რუსულ გაზზე თურქეთის დამოკიდებულება გაიზრდება. ვაშინგტონი ,,ცისფერი ნაკადის” პროექტს დიდ წინააღმდეგობას ღიად აღარ უწევდა, მაგრამ თურქეთს რუსეთზე ზედმეტად დამოკიდებულების გამო აფრთხილებდა. ვაშინგტონი ასევე აშკარად აცხადებს, რომ პროექტი სერიოზულ მუქარას შეუქმნის ტრანსკასპიურ გაზსადენს. 1999 წლის სექტემბერში ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ, უკვე ექსპრემიერ მესუთ ილმაზს ამერიკელმა დიპლომატებმა ღიად განუცხადეს, რომ მათ ,,ცისფერი ნაკადის” პროექტი არ მოსწონდათ. თუმცა, ამას ილმაზის პრორუსულ განწყობაზე დიდად არ უმოქმედია.
ტრანსკასპიური გაზსადენის გაურკვეველი მომავალი და რუსეთის მიერ გაზსადენების მშენებლობის აქტიური პოლიტიკა ამერიკის მიერ მხარდაჭერილ მილსადენის პროექტებს პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ,,ცისფერი ნაკადის” პროექტის განხორციელება, ფაქტობრივად, გაწირავს ტრანსკასპიურ გაზსადენს, რაზეც საქართველო და აზერბაიჯანი დიდ იმედებს ამყარებენ. რუსეთს ,,ცისფერი ნაკადით” თურქმენული და ყაზახური ნავთობის თურქეთსა და სამხრეთ ევროპაში ექსპორტიც შეუძლია, რაც რეგიონში რუსეთს ენერგორესურსების ტრანსპორტირების ქსელზე კონტროლის მძლავრ მექანიზმებს მოუპოვებს.
თავად ,,ცისფერი ნაკადის” პროექტს სერიოზული პრობლემები აქვს. ტექნიკური და ფინანსური სირთულეების გარდა, პროექტს სერიოზული პრობლემა თურქეთში შეექმნა. დედა სამშობლოს პარტიის წევრები ყველაზე აქტიურად უჭერდნენ მხარს ,,ცისფერი ნაკადის” პროექტს და სწორედ მათი მმართველობისას მოეწერა აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი. ზემოაღნიშნული პარტიის წევრები თურქეთის მხარემ კორუფციაში დაადანაშაულა, კერძოდ პარტიის წევრები შეეცადნენ, რომ გადაწყვეტილება ,,ცისფერი ნაკადის” პროექტის სასარგებლოდ მიეღოთ. პროექტის გაფორმებასთან დაკავშირებით აღმოჩენილ უკანონო ქმედებებს ახლა გამოძიება სწავლობს. გადააყენეს ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც ,,დედასამშობლოს” პარტიის წევრი იყო. ილმაზის პარტიის წევრებს მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით კონტრაქტების გაფორმებისას ფავორიტზმში ადანაშაულებენ. პროექტის ყველაზე რთული ნაწილი შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანაა, რომელიც რეალიზაციის შემთხვევაში, მსოფლიოში ყველაზე ღრმად გამავალი მილსადენი იქნება.
,,ცისფერი ნაკადით” გაზის მიღების შემთხვევაშიც, ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ მათ სხვა მილსადენებიც ესაჭიროებათ. თურქეთში აცხადებენ, რომ ცალსახად რუსეთზე დამოკიდებულებით მოსკოვი პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს შეიძენს. ამის მაგალითი საქართველოა, როდესაც ზამთრის პერიოდში რუსეთი საქართველოსთვის გაზის შეწყვეტას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. რუსეთის არგუმენტი, რომ საქართველო გაზის სრულ საფასურს ვერ იხდის სრულ სიმართლეს შეეფერება, მაგრამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის ფონზე, რუსეთის მსგავსი ნაბიჯი აშკარად პოლიტიკური ზეწოლის შეფერილობას იძენს.
შეიძლება ითქვას, რომ ,,ცისფერი ნაკადის” პროექტი ეკონომიკური მიზნების გარდა პოლიტიკურსაც ისახავს. მისი განხორციელება რუსეთს საშუალებას მისცემს ეკონომიკურად გაბატონდეს კასპიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში: თურქეთი თავისი გაზის ექსპორტის ,,ტყვედ” აქციოს, რაც თურქეთს მუდმივად აიძულებს რუსეთთან გარკვეულ გარიგებებზე წავიდეს. საქართველოსა და აზერბაიჯანს კი ტრანსკასპიური გაზსადენით მისაღებ მოგებებს დაუკარგავს, რაც ამ ქვეყნებისათვის ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებს.
,,ცისფერი ნაკადის” რეალიზებას დღეს გარკვეული პრობლემები აქვს. თურქეთში ამ პროექტთან დაკავშირებულმა ანტიკორუფციულმა გამოძიებებმა შეიძლება პროექტის განხორციელება ეჭვის ქვეშ დააყენოს, რაც საქართველოს ინტერესებშიც შედის. ოფიციალური თბილისი თავის ოპოზიციას პროექტის მიმართ აშკარად არ გამოხატავს, რადგან მისი გამოსვლა ამ შემთხვევაში სრულიად ზედმეტი იქნება, როდესაც მას აშშ ეწინააღმდეგება. თბილისი ამით მხოლოდ მოსკოვს თუ გააღიზიანებს. გარდა ამისა, თბილისისთვის იმ პროექტის წინააღმდეგ წასვლა, რომელშიც თურქეთი მონაწილეობს, გარკვეულ უხერხელობასაც შექმნის.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არის კულუარული საუბრები ,,ცისფერი ნაკადის” პროექტის მაგივრად საქართველოს გავლით გაზსადენის მშენებლობაზე. ამ მილსადენმა აფხაზეთის ტერიტორიაზეც უნდა გაიროს. ამ პროექტს ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური პლიუსი და მინუსი აქვს, თუმცა მასზე სერიოზული საუბარი ჯერ არ დაწყებულა.
,,ცისფერი ნაკადისაგან” განსხვავებით, მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა აღმოაჩნდა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს, რომლის განხორციელებაც სულ უფრო რეალური ხდება. 2002 წლის 14 მარტს საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის ხელი მოეწერა ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მშენებლობის შეთანხმებას. მილსადენის მშენებლობა 2002 წლის მიწურულს დაიწყება და 2004 წლის ბოლოს დასრულდება. შაჰ-დენიზის პირველი გაზი აზერბაიჯანიდან თურქეთში 2005 წელს ჩავა. მილსადენის მუშაობის პირველ ორმოც წელიწადს, საქართველო ტრასნპორტირებული გაზის 5%-ს უფასოდ მიიღებს. ამ გაზსასდენს უდიდესი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკური სარგებელის გარდა, საქართველო ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მოიპოვებს. დღეისათვის საქართველო გაზით მომარაგებაზე რუსულ კომპანია ,,იტერაზეა” დამოკიდებული, რაც რუსეთის მხრიდან პერმანენტულად პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოიყენება.
ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გაყვანა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. გარდა ამისა, საქართველო გაზსადენის პროექტს კავკასიაში მშვიდობის გარანტად მიიჩნევს, თუმცა გაზსადენისა და ასევე ნავთობასადენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს, ისევე როგორც თურქეთს სერიოზულად აწუხებს. მოსკოვს, ისევე როგორც სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს, პროექტების ჩაშლის მიზნით საქართველოში უსაფრთხოების პრობლემების გამწვავება შეუძლია. რუსული სამხედრო ბაზები, საქართველოს სეპარატისტული რეგიონები და თბილისის მიერ არაკონტროლირებადი რეგიონები, ის ღია და თუ ფარული ნაღმებია, რომელსაც რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ხელი დააჭიროს.
აშშ-მა მკვეთრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გამავალი მილსადენებისა და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტად დასახა. ვაშინგტონმა მოსკოვს სერიოზული შეტყობინება გაუგზავნა და აგრძნობინა, რომ საქართველოს და თურქეთზე გამავალი მილსადენები დაცული უნდა იყოს.
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა და საქართველო - ზოგიერთი ასპექტი
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში საქართველო 1993 წლის მიწურულს გამოჩნდა. ამ დროისათვის საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებდა. რუსეთის მიერ აფხაზი სეპარატისტების მხარდაჭერისა და ქვეყანაში სამოქალაქო ომის შემდგომი განვითარების ასაცილებლად საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველომ რამდენიმე თავდაცვით და სამხედრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოსათვის სამხედრო დახმარება უნდა გაეწია.
თუმცა, რეალურად რუსეთის პოლიტიკა საქართველოს დახმარებას არ ითვალისწინებდა და იგი მთლიანად ანტიქართული იყო, რის გამოც ოფიციალურ თბილისში მოსკოვის მიმართ უნდობლობა იზრდებოდა. ამას მოსკოვის კავკასიური პოლიტიკით უკმაყოფილო ორ სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაახლოება მოჰყვა. შემდგომში ბაქო-სუფსას მილსადენის ამოქმედებამ ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. გარდა ამისა, რუსეთის არამეგობრულმა პოლიტიკამ თბილისი აიძულა ანკარასთან დაახლოების გზები მოეძებნა.
1994 წლის იანვარში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ანკარაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. შევარდნაძემ და დემირელმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, სადაც დაადასტურეს თავისი მხარდაჭერა დამოუკიდებლობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიისადმი. გარდა ამისა, ხელი მოეწერა სავაჭრო და ეკონომიკური შეთანხმებების პაკეტს. თუმცა, სულ რაღაც ერთ თვეში, თებერვალში, საქართველო იძულებული გახდა ხელი მოეწერა რუსეთთან დიდ ჩარჩო ხელშეკრულებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ. მხარეებმა ხელი მოაწერეს სხვა შეთანხმებებსაც, მათ შორის ერთ-ერთი რუსეთს საქართველოში სამხედრო ბაზების 25 წლით განთავსების უფლებას აძლევდა. მოგვიანებით, შევარდნაძემ თურქული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ,,სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა” და რუსეთთან ახლო კავშირები არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო თურქეთთან ურთიერთობას შეწყვეტს. იმ დროისათვის რუსეთის ძლიერი ზეწოლის შედეგად საქართველოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მითუმეტეს, რომ თურქეთს არ შეეძლო თბილისისათვის მისაღები ალტერნატივის შეთავაზება.
საქართველოში მიმდინარე ეთნოკონფლიქტის პერიოდში თურქეთის მთავრობამ ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებაში შუამავლის ფუნქციის შესრულების სურვილიც გამოთქვა. ანკარის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი, რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებას ისახავდა. კონფლიქტის დასრულების შემდეგ თურქეთმა მზადყოფნა გამოთქვა გაეროს სამშვიდობო ძალების ეგიდით საკუთარი სამხედრო კონტიგენტი გაეგზავნა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ზოლზე მონიტორინგს განახორციელებდა. თურქეთის შემოთავაზება რუსეთში აღიქვეს, როგორც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში რუსეთის ხარჯზე გავლენის გაფართოების მცდელობა. რუსეთის პოზიციის გამო, თურქეთის ინიციატივა განუხორციელებელი დარჩა. მოსკოვი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებდა რეგიონში გავლენის მოპოვებაში მოზიარე გაეჩინა, რადგან თურქეთისათვის ეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების შესუსტებისათვის დამატებითი ბერკეტი იქნებოდა. 1993-94 წლებში თურქეთს არ ჰქონდა იმის ძალა, რომ ამ საკითხის ლობირება თავის სასარგებლოდ მოეხდინა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმებები რუსეთის მიერ საქართველოსათვის სამხედრო სფეროში დახმარებას ითვალისწინებდა. რუსეთის უუნარობისა და საქართველოსათვის სამხედრო დახმარების გაწევის სურვილის არქონის ფონზე კი, ოფიციალური თბილისი იძულებული გახდა დახმარება სხვაგან მოეძებნა. 1999 წლის 4 მარტს თურქეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს სამხედრო დახმარებისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას. შეთანხმება საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის უახლოესი 5 წლის განმავლობაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. ასევე, გათვალისწინებულია ქართველი ოფიცრების თურქეთში მომზადება.
2000 წლის იანვარში, თურქეთის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის საქართველოში ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის სამხედრო წვრთნების შეთანხმებასაც მოეწერა ხელი. პოლიტიკური წრეების განცხადებით, სამხედრო ურთიერთობები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება. ექსპერტების აზრით, ამ შეთანხმებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ისეთ სტრატეგიულ საკითხზე თანამშრომლობას, როგორიცაა საჰაერო თავდაცვითი სისტემა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ჯარის გაწვრთნაში დახმარების ვალდებულება რუსეთმა უფრო ადრე იკისრა, თუმცა ამ კუთხით რეალურად არაფერი გაკეთებულა. რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში ქართველები სწავლებას გადიოდნენ, მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითი მხარდაჭერა იყო, ვიდრე რეალური. წლების განმავლობაში, ქართველი სტუდენტების გაგზავნა რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში მცირდება. სტუდენტების რუსეთში გაგზავნა საერთოდ შეჩერდა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრად რუსული ორიენტაციის ვარდიკო ნადიბაიძეს ნაცვლად, დასავლეთში განათლებამიღებული დავით თევზაძე დაინიშნა. რუსეთის მსგავსი პოზიციის ფონზე საქართველოს მიერ სხვაგან დახმარების ძიება ბუნებრივადაც გამოიყურება. ფაქტობრივად, საქართველოს თურქეთთან დაახლოების ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი სწორედ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო.
ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში მზარდი თანამშრომლობის დასტურად 2000 წლის მარტში საქართველოში თურქეთის თავდაცვის მინისტრის, საბაჰათინ ჩაქმაქოღლუს ვიზიტი შეიძლება მივიჩნიოთ. ჩაქმაქოღლუ საქართველოში უმაღლეს სახელმწიფო პირებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, თურქეთი საქართველოს დაეხმარება თავისი ჯარი ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს.
2001 წლის იანვარში თურქეთს საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრა. თურქეთში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ გაჩნდა ეჭვები, რომ აჰმედ ნეჯდეთ სეზერი სამხრეთ კავკასიაში ისეთი დიდი გავლენით ვერ ისარგებლებდა, როგორც დემირელი. თუმცა, შევარდნაძემ ვიზიტის დროს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სეზერის პრეზიდენტობის დროს თურქეთის გავლენა კავკასიაში კიდევ უფრო გაიზრდებოდა.
შევარდნაძე თურქეთში ვიზიტისას ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბულენთ ეჯევითს. ეჯევითთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის განვითარებას მიაქციეს. როდესაც რუსეთთან სასაზღვრო რეგიონებში სეპარატისტული რეჟიმებისა და სავიზო სისტემის შემოღების შედეგად საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობა შეზღუდულია, თურქეთთან სატრანსპორტო სისტემების განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კომუნიკაციის უზრუნველყოფა ქვეყნებს შორის დაახლოების მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა.
თუმცა, ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო სისტემების ამოქმედებას ხელს უშლის ორივე ქვეყანაში არსებული ფინანსური პრობლემები. გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზების მშენებლობა შეიძლება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. რუსეთს შეუძლია სომხებით დასახლებულ რეგიონში ხელი შეუშალოს სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას და ამით თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურება შეაფერხოს. ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზა ყოველთვის შეიძლება პროვოცირების ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს. ადგილობრივი სომხური მოსახლეობის ლოიალური დამოკიდებულება სამხედრო ბაზისადმი მოსკოვმა შეიძლება ვითარების გასაუარესებლად გამოიყენოს, რაც საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი ნებისმიერი ეკონომიკური პროექტის განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის. თუმცა, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-თურქეთის გარდა, უკვე აქტიურ შემოსვლას იწყებს აშშ-იც. თუ ადრე დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ სამხრეთ კავკასიაში, ძირითადად საქართველოსა და აზერბაიჯანში, დასავლური ინტერესების გატარებას თურქეთს აკისრებდა, დღეს უკვე აშშ უშუალოდ ჩაერთო პროცესებში, რაც რეგიონის პოლიტიკაში ახალი რეალობის მაუწყებელია.
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ თურქეთის გააქტიურება საქართველოში შესამჩნევი გახდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2001 წლის ოქტომბერში აშშ-ისა და თურქეთისაგან საჩუქრის სახით მიიღო რვა ვერტმფრენი, რომელიც მობილური სახმელეთო ჯარების ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება. 1998 წლიდან საქართველომ თურქეთისაგან სამხედრო დახმარების სახით მთლიანობაში 28 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო. თურქეთი 11-ე ბრიგადის ნატო-ს სტანდარტებზე გაწვრთნასაც ხელს უწყობს. თურქეთის მაღალმა სამხედრო ჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი დაეხმარებიან საქართველოს დასავლურ სტანდარტებზე ჯარის გაწვრთნაში. 2001 წელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გეგმა ასი პროცენტით შესრულდა. თანამშრომლობის ახალ გეგმას კი ხელი 2002 წლის 20 თებერვალს მოეწერა. ამ გეგმის მიხედვით დაგეგმილია 22 ერთობლივი ღონისძიება, მათ შორის ოფიციალური ვიზიტები, წვრთნები და ინფორმაციის გაცვლა. თურქეთი ასევე მონაწილეობს მარნეულის სამხედრო აეროდრომის შეკეთებაში. თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობაში სამხედრო ელემენტის გააქტიურება თავის გავლენას თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაზეც ახდენს, რაც თავის ასახვას რეგიონში უსაფრთხოების პრობლემების გამწვავებაზე ჰპოვებს.
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა-სამხრეთ კავკასია და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს გაუჩნდათ იმედი იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ინტერესები გაიზრდებოდა, რუსეთისა კი შემცირდებოდა. დღეს ერთადერთი მძლავრი ფაქტორი, რაც დასავლეთის (ამ შემთხვევაში დასავლეთში მხოლოდ დასავლეთ ევროპა იგულისხმება) კავკასიისადმი ინტერესს განაპირობებს კასპიის ზღვის ენერგორესურსებია. დასავლეთის ეკონომიკური ინტერესების ფონზე სამხრეთ კავკასია პოლიტიკისა და უსაფრთხოების კუთხით დასავლეთის ინტერესების პერიფერიულ ზოლშია მოქცეული. დღეს დასავლეთ ევროპას უფრო აწუხებს ბალკანეთის უსაფრთხოება, ვიდრე კავკასიის, რადგან სამხრეთ კავკასია ევროპისათვის ჯერჯერობით ისეთ საფრთხის წყაროს არ წარმოადგენს, როგორც შუაგულ ევროპაში მდებარე ბალკანეთი. თუმცა, დასავლეთის სამყაროში უკვე შეიძლება გამოიყოს აშშ, რომელიც ანტიტერორისტულ კამპანიას სამხრეთ კავკასიაზე, კერძოდ კი საქართველოზეც ავრცელებს. მსგავსი აქტიურობით არ გამოირჩევა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც ევროპის გარეთ მიმდინარე პროცესებისადმი ყოველთვის ზედმეტ სიფრთხილეს ავლენენ და მათი ინტერესები ძირითადად ეკონომიკის სფეროში აისახება. თურქეთი კი, რომელიც ორივე ამ რეგიონის უშუალო მეზობელია სამხრეთ კავკასიასაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ცივი ომის დასრულების შემდეგ ანკარასათვის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მხარდაჭერა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი გახდა.
სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას თურქეთი თავისი უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესად განიხილავს, ჯერ კიდევ თურქეთში სულეიმან დემირელის პრეზიდენტობის დროს, 2000 წლის იანვარში ამ უკანასკნელის თბილისში ვიზიტისას, ანკარამ კავკასიის სტაბილურობის პაქტის იდეა წამოაყენა. პაქტის შექმნაში მონაწილეობა უნდა მიეღო რუსეთსაც. თურქეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
დემირელის საქართველოში ვიზიტამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისმაილ ჯემმა კავკასიის რეგიონი თურქეთის ერთ-ერთ მთავარ საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტად გამოაცხადა. თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ანკარაში მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში კავკასია ჩაენაცვლება კვიპროსსა და თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობის საკითხებს და თურქეთ-ევროპის კავშირის ურთიერთობის შემდეგ, მეორე უმთავრესი პრიორიტეტი გახდება. დემირელის აქტიური პოლიტიკადან წასვლის შემდეგ, იგი უკვე ექსპრეზიდენტის რანგში ლობირებს სტაბილურობის პაქტის იდეას, რის განხორციელებაშიც თურქეთ-რუსეთის ურთიერთობას გადამწყვეტი როლი ეკისრება. თუმცა, სამხრეთ კავკასიაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთ-თურქეთის ღია და ფარული დაპირისპირების რეგიონში სხვა მონაწილეებიც გამოჩდნენ, რაც რუსეთის პოზიციებს შესუსტებით ემუქრება.
საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის მტკივნეული პროცესის ფონზე, სულ უფრო აშკარა ხდება საქართველოს სამხედრო სფეროში თურქეთის აქტიური მონაწილეობა. ამან, რუსეთს შეიძლება საერთაშორისოდ აღებული ვალდებულელებების გადახედვისკენაც უბიძგოს. ამის სიმპტომი უკვე სახეზე გვაქს. რუსეთი თავისი ბაზების გაყვანისათვის დამატებით 15 წლამდე ითხოვს, რასაც ოფიციალური თბილისი მიზანშეუწონელად მიიჩნევს. განსაკუთრებით აქტუალურია ბათუმისა და ახალქალაქის ბაზები, რომლებიც თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებში მდებარეობს. რუსეთი საქართველოში დარჩენილი ბაზების გაყვანაზე სერიოზულად არც ფიქრობს. ანკარა საქართველოს მხარს უჭერს რუსების მიერ ამ ბაზების დატოვების საკითხში, თუმცა თურქეთს მხარდაჭერის დეკლარირების დონეზე გამოვლენის მეტი, ამ ეტაპზე არ შეუძლია. ზედმეტად მკვეთრი პოზიცია შეიძლება სერიოზული კონფლიქტის საბაბი გახდეს. სომხეთში ისედაც ძლიერი რუსული სამხედრო ბაზაა, რასაც საქართველოს ხელისუფლებისადმი ნაკლებად კონტროლირებად ტერიტორიებზე განლაგებული რუსული ბაზებიც ემატება. რუსეთის სურვილის შემთხვევაში ეს ბაზები შეიძლება იმ დიდი დაპირისპირების კატალიზატორები გახდნენ, რომელიც რეგიონში დიდ არეულობას გამოიწვევს.
სამხრეთ კავკასიაში არსებული დღევანდელი ვითარება ნათლად მიუთითებს იმ ალიანსებისა და ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების არსებობაზე, რაც რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შორეულ პერსპექტივად აქცევს. თურქეთი და რუსეთი, რეგიონის ორი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. თურქეთი რეგიონში ამერიკული ინტერესების მხარდამჭერადაც გვევლინება, რაც თურქეთის კავკასიურ პოლიტიკას მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება, მათ შორის რეგიონში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე აშკარაა აზრთა სხვადასხვაობა. რუსეთი სამხრეთ კავკასიას თავის დომენად მოიაზრებს და თურქეთის რეგიონში შეღწევის საწინააღმდეგოდ ყველანაირ ხერხს მიმართავს. თუმცა, მოსკოვს იმდენი ძალა აღარ აქვს, რომ თურქეთს ამის გაკეთება დაუშალოს.
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის ჭრილში უნდა განვიხილოთ აზერბაიჯანის გაბალას სარადარო სისტემის რუსეთისათვის არენდით გადაცემის საკითხი. გაბალას სარადარო სისტემა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში დიდხანს იყო ვაჭრობის საგანი. ბაქო ცდილობდა ამ დათმობის სანაცვლოდ ადეკვატური საზღაური მიეღო, როგორც ფინანსური ისე პოლიტიკური დათმობების სახით. საბოლოოდ, 2002 წლის 25 იანვარს, ალიევმა პუტინთან ხელი მოაწერა გაბალას სარადარო სისტემის სტატუსის შესახებ შეთანხმებას. რუსეთი 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იჯარის სახით 7 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაიხდის და ასევე ძველ საიჯარო ვალებსაც დაფარავს. აზერბაიჯანში ვარაუდობენ, რომ გაბალას სარადარო სისტემის რუსეთისათვის დათმობა მოსკოვს აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობის მიმართ უფრო ლოიალურს გახდის. თუმცა, აზერბაიჯან-თურქეთის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე მეტად რუსეთს თავის სატკივარი საქართველოში გაუჩნდა, რომელიც თურქ და ამერიკელ სამხედროებთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს.
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რაც თავის ასახვას თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაზეც ჰპოვებს. ცენტრალურ აზიაში რუსეთმა თავისი გეოპოლიტიკური გავლენა დასავლეთთან გაიყო. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთი მზად არის მსგავსი რამ სამხრეთ კავკასიაშიც გააკეთოს. 2002 წლის თებერვლიდან საქართველოში ამერიკელი სამხედრო ექსპერტებიც გამოჩდნენ. რუსულ მედიასა და საკანონმდებლო ორგანოში ატეხილი ისტერიის შემდეგ, ვითარება ჩაწყნარდა და რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა საქართველოს ანტიტერორისტულ კამპანიაში მონაწილეობას ,,გაგებით” მოეკიდა. რუსეთში მიაჩნიათ, რომ აშშ-მა და თურქეთმა ტერორიზმთან ბრძოლა საქართველოში სამხედრო სფეროში გააქტიურებისათვის გამოიყენეს, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი უკვე იძულებულია მხოლოდ მიესალმოს პანკისის ხეობაში დაბანაკებული ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს საკუთარ განცხადებებთან დაპირსპირება მოუწევს, როდესაც რუსეთი საქართველოს პანკისის ხეობაში მყოფი ტერორისტების წინააღმდეგ პასიურ პოზიციაში ადანაშაულებდა.
თურქეთის საქართველოსათვის დახმარება რუსეთს ადრე უფრო თვალში ხვდებოდა, რადგან რუსეთი თავის ძველ კოლონიაში უცხო ძალის გამოჩენას არ იყო შეჩვეული. საქართველოში ამერიკელი სამხედრო ექსპერტების გამოჩენის შემდეგ კი, საქართველო-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობამ შედარებით უკანა პლანზე გადაიწია, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება უფრო გაძლიერდა.
უკანასკნელ პერიოდში თურქი და ამერიკელი სამხედროების ხშირი ვიზიტები თბილისში, მაშინ როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ მყარად არის განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები, სამხრეთ კავკასიაში სერიოზული დაპირისპირების საფრთხეს ქმნის. რუსეთის შეშფოთებას განსაკუთრებით ახმოვანებს სომხეთი, რომელიც თავისი ისტორიული მტრის, თურქეთის საქართველოში მომძლავრებით შეშფოთებულია. ალიანსებისა და დაპირისპირების პოლიტიკა, როგორც ჩანს, უახლოეს წლებში რეგიონის პოლიტიკის მახასიათებელი იქნება.
აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიაში ორი რეგიონული ძალა, თურქეთისა და რუსეთის სახით, სხვადასხვა ბანაკებში აღმოჩნდნენ. ერთ მხარეს, თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანია, მეორე მხარეს კი რუსეთი და სომხეთი. სომხეთი თურქეთის მიერ აზერბაიჯანის სამხედრო დახმარების გაძლიერების პარალელურად რუსეთისაგან დამატებით შეიარაღებას ითხოვს. შედეგად, რეგიონში გამალებული შეიარაღება მიმდინარეობს, რაც რეგიონში ორი აშკარად მტრულად განწყობილი ბანაკის ფორმირებაში გამოიხატება.
მსგავსი პოლიტიკა შეიძლება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდეს, რადგან სამხრეთ კავკასიაში თურქებისა და უკვე ამერიკელების აქტიური გამოჩენა, რუსეთის პოზიციებს შესუსტებით ემუქრება. მტრული ბანაკების არსებობა კი რეგიონში მუდმივი დაძაბულობის წყარო იქნება, რაც რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს და საშუალებას მისცემს მოსკოვს არასტაბილური ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენებით სამხრეთ კავკასიაში კონტროლის მექანიზმები შეინარჩუნოს. თავად, თურქეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება უარყოფითად აისახება სამხრეთ კავკასიაზე, სადაც დაკონსერვებული კონფლიქტების, პოტენციური კონფლიქტის წყაროებისა და რუსული სამხედრო ბაზების გარდა, სუსტი სახელმწიფოები არიან, რომლებსაც კორუმპირებული ელიტები მართავენ. მათი სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ საგარეო დახმარებაზეა დამოკიდებული, რომლის გარეშეც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო კვლავ რუსეთის ჰეგემონობის ქვეშ მოხვედრისათვის არის განწირული.
2002 წელი რეგიონის პოლიტიკასა და თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში ახალი შტრიხების გამოჩენას გვპირდება. აშშ-მა სერიოზულად გადაწყვიტა, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების პრობლემები გადაწყვიტოს, განახორციელოს ენერგოპროექტები და საქართველო და მისი მეზობლების განვითარებაში დინამიზმი შეიტანოს. ამ ფონზე, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა მეორე პლანზე იწევს. აშშ სხვა სახელმწიფოებს მანევრირებისათვის ადგილს არ უტოვებს. სამხრეთ კავკასია უკვე რეალურად ენაცვლება ბალკანეთს, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი იყო. 2002 წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჩაღებულ დიდ პოლიტიკურ თამაშში, რომელშიც აშშ აქტიურ ჩართვას იწყებს, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა უკვე მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი შეიძლება იყოს და არა გადამწყვეტი ფაქტორი რეგიონული პროცესების განვითარებაში.
![]() |
2 თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა და სამხრეთ კავკასია - მნიშვნელოვანი თარიღები: |
▲ზევით დაბრუნება |
1552 წელი - ყაზანის თურქული ხაკანატისა და 1556 წელს ასტრახანის დაკავებით რუსეთის იმპერიის საზღვრები სულ უფრო უახლოვდება ჩრდილოეთ კავკასიას.
1724 წელი - სტამბოლში ოსმალებსა და რუსებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორმა იმპერიამ დასუსტებული სპარსეთის კავკასიური სამფლობელოები გაიყო.
1774 წელი - ოსმალებმა ყირიმი დაკარგეს და სტრატეგიული მნიშვნელობის ნახევარკუნძული რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. ქუჩუქ-კაინარჯის ზავით რუსებმა ოსმალეთის ქრისტიანული უმცირესობების დაცვის უფლებაც მოიპოვეს. რუსეთის მთავრობა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას ცნობდა იმ პირობით, რომ ოსმალეთი უარს ამბობდა იმერეთის ხარკზე.
1806-12 წლები - რუსეთ-ოსმალეთის ომი. 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით, ოსმალებმა აღიარეს დასავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთება.
1828 წელი - რუსეთ-ირანის შეთანხმებით რუსეთის კავკასიაში ბატონობა განმტკიცდა. შეთანხმებით დადგენილი საზღვრები დღემდე უცვლელია.
1829 წელი - ადრიანოპოლის შეთანხმებით ოსმალეთმა რუსეთს კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო. მათ შორის შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო აჭარის ჩრდილოეთ საზღვრებამდე, ქალაქები ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი. ოსმალეთმა ცნო ქართლ-კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, ასევე ერევნისა და ნახიჩევანის სახანოების რუსეთთან შეერთება.
1870-იან წლები - ოსმალთა იმპერიაში კავკასიის მუსლიმი მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია მიმდინაროებდა.
1877-78 წლები - რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად ოსმალეთისგან განთავისუფლდა და რუსეთს შეუერთდა ჩრდილო-დასავლეთი კავკასია, დასავლეთ საქართველო, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო და ოსმალეთის სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილი.
1920 წლის 23 დეკემბერი - გიუმრის შეთანხმებით, სომხები სევრის შეთანხმებით მათთვის გადაცემულ მიწებს თურქეთს უბრუნებენ, თურქეთი კი სომხეთს გიუმრის უბრუნებს.
1921 წლის 11 მარტი - თურქეთის ჯარები ბათუმს იკავებენ. უკვე 25 მარტს მენშევიკური მთავრობა საბჭოთა მთავრობას დაუზავდა. ორი დღის შემდეგ ბათუმი საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს.
1921 წელი - ბოლშევიკებმა სამხრეთ კავკასიის გაწითლება დაასრულეს.
1921 წლის 16 მარტი - მოსკოვში, თურქეთსა და საბჭოთა ხელისუფლებას შორის მეგობრობის ხელშეკრულება გაფორმდა.
1950-80-იანი წლები - თურქეთ-საბჭოთა კავშირის სამხრეთ კავკასიის საზღვართან სასაზღვრო კონტროლის მთელი კომპლექსია შექმნილი.
1991 წლის სექტემბერი - თურქეთის დიპლომატიური დელეგაცია ბაქოს, ერევანსა და თბილისს ესტუმრა.
1991 წლის მარტი - თურქეთისა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტებმა, ოზალმა და გორბაჩოვმა მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
1992 წლის 20-22 იანვარი - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰიქმეთ ჩეთინი მოსკოვს ესტუმრა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.
1992 წლის თებერვალი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი კოზირევი საპასუხო ვიზიტთ ესტუმრა ანკარას.
1992 წლის 25 ივნისი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი სტამბოლში იმყოფება, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა.
1993 წლის 1 მარტი - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰიქმეთ ჩეთინი კვლავ ესტუმრა მოსკოვს.
1993 წლის 25-26 მაისი - თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი მოსკოვში ჩავიდა.
1993 წლის 8-9 სექტემბერი - თურქეთის პრემიერ-მინისტრი თანსუ ჩილერი რუსეთში ჩავიდა, სადაც სხვადასხვა სფეროში ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ.
1995 წლის თებერვალი - ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პროტოკოლს ტერორიზმისა და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფაქტობრივად მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ისინი არ ჩაერეოდნენ ქურთულ ან ჩეჩნურ კონფლიქტში.
1995 წლის 9 მაისი - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თანსუ ჩილერმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ზეიმზე.
1996 წლის 14-18 ივლისი - თურქეთის დიდი ეროვნელი კრების სპიკერი მუსტაფა ქალემლი მოსკოვში ჩავიდა, რამაც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირები გამოაცოცხლა. ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის პროტოკოლს.
1996 წლის 25 ოქტომბერი - თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი მოსკოვში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მესამე სამიტზე ჩავიდა.
1996 წლის 17-19 დეკემბერი - თურქეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი თანსუ ჩილერი მოსკოვში ჩავიდა, სადაც უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირებს შეხვდა.
1997 წლის 15-16 დეკემბერი - რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა თურქეთში.
1997 წლის 15 დეკემბერი - ანკარაში თურქეთისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრებმა, მესუთ ილმაზმა და ვიქტორ ჩერნომირდინმა ხელი მოაწერს ,,ცისფერი ნაკადის” მილსადენის გაყვანის შეთანხმებას.
1999 წლის 4-6 ნოემბერი - თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბულენთ ეჯევითი მოსკოვს ეწვია.
2000 წლის 23-25 ოქტომბერი - რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი მიხეილ კასიანოვი მაღალი რანგის წარმომადგენლობითი დელეგაციით ესტუმრა თურქეთს. თურქეთში ეს ვიზიტი შეაფასეს, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობაში რუსეთის ახალი პოლიტიკური აზროვნების წარმომადგენლების გამოჩენა, რომლებიც ძველი საბჭოური ყაიდის ლიდერებისგან განსხვავდებოდნენ.
![]() |
3 გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები: |
▲ზევით დაბრუნება |
1. H. M. Hubey, Turkey's Foreign Policy in the Caucasus, Turkistan-Newsletter Volume 97, 23 june 1997;
2. Mehmet Tutuncu, Turkey's Foreign Policy in the Caucasus, Turkistan-Newsletter, Volume 97, 23 june 1997;
3.Dmitri Trenin, Russia and Turkey: A cure for schizophrenia, Perceptions, June-August 1997;
4. Stephen Blank, New Trends in Caucasian Security, Eurasian Studies, 13 Spring, 1998;
5. Huseyin Bagci, Agree to disagree:Ecevit`s visit to Moscow, Turkish Daily News, 4 November 1999;
6. Nadir Devlet, Turkish Policy in the Caucasus: Between common identity and energy, Turkistan News, 28 June 1999;
7. Kemal Ilter, Klebanov offers to co-produce strategic weapons with Turkey, Turkish Daily News, 27 May 2000;
8. Turkish Daily News, Cakmakoglu discusses military cooperation in Georgia, 27 March 2000;
9. Wiliiam Hale, Turkish Foreign Policy 1774-2000, Chapter 8, Turkey and Regional Politics after the Cold War: Greece, Cyprus, the Balkans and Transcaucasia, 2000.
10. Huseyin Bagci, The Caucasus region and Turkey, Turkish Daily News, 1 August 2000;
11. Rafik Kurbanov, Russia on the Turkish path: Russian State-Nationalism as the State Ideology in post-Yeltsin Russia, 19 January 2000;
12. Amberin Zaman, Corruption scandal theatens to sink Blue Stream Pipeline project, 5/31/01;
13. Turkish Daily News, Russia requests more cooperation with turkey in defence industry, 7 January 2001;
14. Paul B. Henze, The Land of Many Crossroads: Turkey's Caucasian Initiatives, Orbis, Winter 2001, Vol. 45 Issues 1;
15. Turkish Daily News, Azerbaijan proposes hosting a NATO base, 28 March 2001;
16. Turkish Daily News, Aliev: We are strategic partners, 14 March 2001;
17. Turkish Daily News, Businessmen push for Turkish, Armenian cooperation, 25 April 2001;
18. Saadet Oruc, Shevardnadze: Turkey's influence in Caucasus will increase under Sezer, Turkish Daily News, 31 January 2001;
19. Saadet Oruc, Russian and Armenian joint military move raises eyebrows in Ankara, Turkish Daily News, 5 May, 2001;
20. Douglas Frantz, Russia`s New Reach: Gaz Pipeline to Turkey, New York Times, June 8 2001;
21. Duygu Bazoglu Sezer, Turkish-Russian Relations a Decade Later: From Adversity to Managed Competition, Perceptions, March-May 2001;
22. Turkish Daily News, Georgia asks Turkey`s help to remove Russian military bases, 5 Jule 2001;
23. Lale Sariibrahimoglu, Russian attempts in already fragile Caucasus increase Turkish concerns, Turkish Daily News, 29 October 2001;
24. Igor Torbakov, A new security arrangement takes shape in the Caucasus, 1/24/02, Eurasia Insight;
25. Nair Aliev, Aliev and Putin:New best friends, IWPR`s Caucasus Reporting Service, No. 114, February 1, 2002;
26. მამუკა კომახია, თურქეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, ჟურნალი ახალი აზრი, პოლიტიკური კვლევების ცენტრი, №1 ივლისი-აგვისტო.