![]() |
![]() ![]() |
|
|
![]() |
ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მაცაბერიძე მალხაზ |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
წყარო: ISBN 99940-873-8-X : [ფ.ა.][MFN: 29991] UDC: 338.22(479.22) + 32(479.22)](042.4) |
საავტორო უფლებები: © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: (2003-2006 წწ.) : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მალხაზ მაცაბერიძე ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 99გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი სოციალურ მეცნიერებათა სერია მომზადებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიის საფუძველზე სალექციო კურსი სოციალური მეცნიერებების მაგისტრატურისათვის თბილისი 2006 სოციალურ მეცნიერებათა სერია მთავარი რედაქტორი: მარინე ჩიტაშვილი ენობრივი რედაქტორი: ლია კაჭარავა დაკაბადონება, ყდის დიზაინი: გიორგი ბაგრატიონი ქ. თბილისი, 0108, თ. ჭოველიძის ქ. № 10 ელ. ფოსტა: contact@ucss. ge ინტერნეტ გვერდი: www. ucss. ge წიგნი მომზადებულია და გამოცემულია „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ (Center for Social Sciences) მიერ, ფონდის OSI-Zug, ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (HESP) ფინანსური ხელშეწყობით. The book has been published by the Center for Social Sciences, sponsored by the OSI-Zug Foundation and the Higher Education Support Program (HESP) of the Open Society Institute-Budapest. |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთობა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკაში. ამასთან, აღნიშნული თემის აქტუალობა კიდევ უფრო იზრდება ისეთი ქვეყნებისათვის, სადაც ამ ორ სფეროს შორის ურთიერთობები კანონებით ნაკლებად რეგულირდება (თუნდაც რომ არსებობდეს ასეთი კანონები) და მოქმედებს უშუალო კავშირი, როდესაც პოლიტიკაში ყოფნა წარმატებული ბიზნესის გაკეთების საშუალებას იძლევა ხოლო დაგროვილი ქონება, თავის მხრივ, გზას ხსნის პოლიტიკისაკენ.
ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირი საქართველოს უახლეს ისტორიაში თვალშისაცემია და სწორედ ამ ურთიერთობის კუთხით შეიძლება გაგებული და გააზრებული იქნეს ქვეყანაში განვითარებული სხვადასხვა პროცესები. ისიც უნდა ითქვას რომ ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირის შესწავლა იოლი საქმე არ არის ქვეყანაში რომელიც ტრანსფორმაციას განიცდის და სოციალისტური წყობის ნაცვლად საბაზრო ეკონომიკას ამკვიდრებს. ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთობების შესწავლა, არცთუ იშვიათად, აქ არა სამეცნიერო მუშაობას არამედ კრიმინალური გამოძიების ჩატარებას საჭიროებს.
ინტენსიური სამაგისტრო სემინარის ფარგლებში განხილულია ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთობა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში. მიუხედავად ვარდების რევოლუციის შემდეგ გასული ხანმოკლე პერიოდისა, არჩეული თემის პრობლემატიკა უაღრესად მრავალფეროვანია და დინამიზმით გამოირჩევა. ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთობის შესახებ ქართული მედიის პუბლიკაციების მეშვეობით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს ამ თემას.
![]() |
2 ბიზნესი და პოლიტიკა პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პერიოდში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 დემოკრატიული ტრანზიტის თეორიები და პოსტსაბჭოური სინამდვილე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში და მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში მიმდინარე პროცესების გააზრებას დემოკრატიული ტრანზიციის სხვადასხვა კონცეფციების საფუძველზე ცდილობენ. ამ თეორიის თანახმად, ყოფილი კომუნისტური ქვეყნები ესწრაფვიან დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას, რისთვისაც აუცილებელია რეფორმების განხორციელება.1 მაგრამ თანდათანობით ცხადი ხდებოდა რომ მიუხედავად დასავლეთის მხარდაჭერისა და პოსტსაბჭოური ქვეყნების ხელისუფალთა მიერ დეკლარირებული დემოკრატიისკენ სწრაფვისა რეალურად მიმდინარე პროცესები თავდაპირველ თეორიულ მოდელებს არ შეესაბამებოდა2.
დემოკრატიული ტრანზიტის არსებული თეორიები შექმნილია ლათინური ამერიკის და ევროპის რიგი ქვეყნების ისტორიული გამოცდილების საფუძველზე. საბჭოური სინამდვილე არათუ მისგან განსხვავდებოდა, არამედ აქ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნებთანაც შედარებით მნიშვნელოვნად სპეციფიკური ვითარება იყო. კომუნისტური რეჟიმის 70-წლიანი არსებობის შედეგად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განადგურდა საბაზრო ეკოსისტემა და ინფრასტრუქტურა, ლიკვიდირებული იყო საქმიანი ქცევის კოდები, რაც homo economicus-ისთვის არის დამახასიათებელი და რომლის საფუძველზეც იგი „ნორმალურად რეაგირებს“ ბაზრის სტიმულებზე“ ანუ ყოფილ საბჭოეთში ბაზრის ფუნქციონირების პირობები მთლიანად იყო განადგურებული.
როგორც რიგი დასავლელი მკვლევრები აღნიშნავენ, სწრაფი საბაზრო რეფორმები და „შოკური თერაპია“ მოუმზადებელ ნიადაგზე ხორციელდებოდა და, შესაბამისად, არ მოჰქონდა ის შედეგები, რასაც მისგან მოელოდნენ. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი მ. გოლდმანი, რომელიც რუსეთის ეკონომიკას იკვლევს, აღნიშნავს, რომ განსხვავებით პოლონეთისა და ლათინური ამერიკისაგან, სადაც შოკური თერაპია წარმატებით ჩატარდა, რუსეთში იგი ორ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: ჯერ აღდგენილიყო ბაზრის ინსტიტუციონალური და სხვა პირობები, შემდეგ კი გატარებულიყო თავად საბაზრო რეფორმები.
კულტურული ტრადიციებისა და ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციას გარდუვალად მოსდევდა ეკონომიკის ნგრევა. გარდა ამის, კომუნისტური მმართველობის შვიდი ათწლეულის შემდე, მნიშვნელოვანი სახსრები გააჩნდათ მხოლოდ სხვადასხვა მაფიოზურ დაჯგუფებებს, ქარხნებისა და მაღაზიების „ჩრდილოვანი ბიზნესის“ მონაწილე ხელმძღვანელებს, პარტიულ-სახელმწიფო და მმართველობითი ელიტის წარმომადგენლებს, რომელთაც მოახერხეს ყოფილი სახელმწიფო და პარტიული ფულის მითვისება. ბუნებრივია, ასეთ პირობებში პრივატიზაცია დიდად უწყობდა ხელს უკანონობასა და კრიმინალიტეტს.
მ. გოლდმანი არ ეთანხმება შოკური თერაპიის მომხრეებს, რომ სიტუაცია თავისთავად გამოსწორდება და პრივატიზებული საწარმოების უუნარო ხელმძღვანელები განთავისუფლებულნი იქნებიან აქციონერთა მიერ ან იძულებულნი გახდებიან წავიდნენ ბაზრის ზეგავლენის შედეგად. მოვლენათა ამგვარად განვითარებისათვის აუცილებელია ქმედითი სამართლებრივი სისტემა, რომლის არარსებობაც იწვევს იმას, რომ „ქვეყანაში ჩამოყალიბებული ოლიგარქიების ევოლუცია უაღრესად ძნელად მიიმართება კონკურენციის დონის ამაღლების მიმართულებით“.
ყოფილ საბჭოეთში პრივატიზაციის სწრაფად ჩატარების მოთხოვნის წამოყენებისას დასავლეთი ხელმძღვანელობდა პრივატიზაციის აბსტრაქტული კონცეფციით, რომელსაც საბაზრო ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა მოჰყოლოდა, მხედველობაში არ მიიღებოდა როგორც საკითხის ეთიკური მხარე, ისე პრივატიზაციის პროცესის ისტორიული გამოცდილება. ეს კი სრულიადაც არ იყო უმნიშვნელო.
ჯ. ჰოპკინსის უნივერსიტეტის აზიურ-კავკასიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ჩ. ფერბენკსი აღნიშნავ, რომ პრივატიზაცია ისტორიულად ყოველთვის იწვევდა ქაოსსა და სოციალურ კატაკლიზმებს. რუსეთში კი პრივატიზაციის თანმხლები გარდუვალი ქაოსი ემთხვეოდა დემოკრატიზაციას და ამიტომ პრივატიზაცია მთავარი მიზეზი აღმოჩნდა, რამაც დემოკრატიას ლეგიტიმურობა დააკარგვინა.
კანონზომიერებაა ისიც, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ახალი მმართველი კლასი კომუნისტური ნომენკლატურიდან გამოვიდა. ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან განუწყვეტელმა მოწოდებებმა დაჩქარებული რეფორმების თაობაზე შედეგად ის მოიტანა, რომ ახალმა ოლიგარქიამ თავის ხელში მოაქცია იმდენი ძალაუფლება და სიმდიდრე, რომ შეუძლია დიდი ხნით შეინარჩუნოს ხელისუფლება.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯ. კიეზა ამ დასკვნას რუსეთთან მიმართებაში აკეთებს. თუმცა, მისი განვრცობა მეტ-ნაკლებად შეიძლება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სინამდვილეზეც.
_________________________
1. დემოკრატიზაცია და პრაქტიკა. თბ., 1993
![]() |
2.2 კლანური სახელმწიფოს კონცეფცია |
▲ზევით დაბრუნება |
ფაქტიურად, ილუზორული აღმოჩნდა დემოკრატიზაციის ის იმედები, რაც ტრანზიტოლოგიური თეორიებიდან გამომდინარეობდა. რუსეთში აშშ-ს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი ტ. გრეჰემი აღნიშნავს, რომ რუსეთში 1993 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბებულ რეჟიმს არ შეიძლება ეწოდოს არც დემოკრატიული, არც ავტორიტარული, არც რეფორმატორული და არც რეაქციული. რუსეთის ახალ პოლიტიკურ სტრუქტურას გრეჰემი ოლიგარქულ-კლანურს უწოდებს. ამასთან იგი აღნიშნულ ცნებებს იყენებს არა ემოციური ან პოლიტიკური პოლემიკით განპირობებული განწყობიდან გამომდინარე, არამედ მეცნიერული კატეგორიების სახით.
გრეჰემი გამოყოფს რუსული კლანების შემდეგ ნიშნებს: 1) დაჯგუფება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის გარშემო; 2) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარანტირებული მისაწვდომობა; 3) კონტროლი შეიარაღებულ ფორმირებებზე (სახელმწიფო ან კერძოზე). გრეჰემის აზრით, რუსეთის კლანური სისტემა ემყარება საერთო თვალსაზრისს სახელმწიფოს შესახებ, და კონტროლს სახელმწიფო ხელისუფლების ძირითად ინსტიტუტებსა და ეკონომიკურ პოტენციალზე. ეს კონტროლი, პირველ რიგში, საჭიროა საკუთარი კლანის უპირატესობის შესანარჩუნებლად ან მოსაპოვებლად.
ყველა კლანს ახასიათებს დემოკრატიისადმი ინსტრუმენტალური დამოკიდებულება (ისინი ესწრაფვიან მის შენარჩუნებას არა პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ ცდილობენ შეძლებისდაგვარად გამოიყენონ მისი პროცედურები (პირველ რიგში არჩევნები) საკუთარი ხელისუფლებისა და გავლენის განსამტკიცებლად.
ტრადიციული ტრანზიტოლოგიური კონცეფციების თანახმად, ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების დემონტაჟს უნდა მოჰყოლოდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. იგულისხმებოდა, რომ იგი „ცარიელ ადგილზე“ დაიწყებდა ჩამოყალიბებას, რადგანაც ტოტალიტარიზმის პირობებში სამოქალაქო საზოგადოების ადგილზე „ვაკუუმი“ იყო შექმნილი. მაგრამ, როგორც დღეს აღნიშნავენ რიგი დასავლელი პოლიტოლოგები, ტოტალიტარიზმის კონცეფციის ავტორებს მხედველობიდან გამორჩათ ის გარემოება, რომ „სამოქალაქო საზოგადოების“ ადგილზე არსებობდა არაოფიციალური ინსტიტუტები, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ არც დასავლურ და არც აღმოსავლურ ცნობილ მოდელებს.
საჯაროდ არაფორმალური, მაგრამ შინაგანად მკაფიოდ სტრუქტურირებული ელიტური დაჯგუფებების წარმომადგენლები წლების მანძილზე თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და შეიმუშავეს ურთიერთობათა რთული, ეფექტური და ფარული ქსელი. კომუნისტური რეჟიმების კრახის შემდეგ კი ამ ელიტური ჯგუფების წევრები უკვე საჯაროდ გამოვიდნენ და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს საქმიანობა - ბიზნესის, სახელმწიფო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ჩათვლით.
დასახელებული ჯგუფები პრინციპულად განსხვავდებოდნენ დასავლეთელი პოლიტოლოგებისათვის ჩვეული „ზეწოლის ჯგუფების“, „ფრაქციების“ და „კოალიციებისაგან“, რადგანაც ისინი მრავალ სფეროში მოღვაწეობდნენ და არ იფარგლებოდნენ მხოლოდ პოლიტიკით. შესაბამისად, მათი გავლენაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ისინი შუამავლის როლს ასრულებდნენ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, ასევე ბიუროკრატიასა და კერძო ბიზნესს შორის. ამ ფენომენის ანალიზისათვის მოუმზადებელმა დასავლეთელმა პოლიტოლოგებმა ვერ შეძლეს სწორად შეეფასებინათ მათი როლი.
დასავლეთელი ეკონომისტები და პოლიტოლოგები საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით შექმნილი პერსპექტივების განხილვისას, ძირითადი აგენტის სახით ინდივიდს განიხილავდნენ. მაგრამ პოსტკომუნისტურ სინამდვილეში ასეთი აგენტის სახით გამოდიოდა არა ინდივიდი, არამედ კლანი. სამოქმედო გეგმას ირჩევდა არა ინდივიდი, არამედ ჯგუფი, რომელშიც ინდივიდები იყვნენ გაერთიანებულნი, ამგვარი სტრატეგიული კავშირის ფარგლებში მოქმედება საშუალებას აძლევდა მის წევრ ინდივიდებს გადარჩენილიყვნენ და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის მიეღწიათ გაურკვევლობის პირობებში.
კომუნისტური ხელისუფლების ნგრევისა და ტრადიციული ინსტიტუტების შესუსტების პირობებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კლანებმა ხელთ იგდეს ფართო უფლებამოსილებანი, რადგანაც არ აწყდებოდნენ თავისი საქმიანობის სერიოზულ შეზღუდვებს. ამ სიტუაციის სხვა შედეგი აღმოჩნდა ვითარება, როდესაც რესურსები და სახელისუფლო უფლებამოსილება ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სოციალურ სფეროში გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე მცირერიცხოვანი ჯგუფების ხელში მოექცა.
ამერიკელი ანთროპოლოგი ჟ. უედელი თავისი დაკვირვებების განზოგადოების შედეგად და გრეჰემის ნაშრომებზე დაყრდნობით პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებს განსაზღვრავს როგორც „სახელმწიფო-კლანებს. მისი თქმით, სახელმწიფო-კლანში ცალკეული კლანები, რომელთაგან თითოეული მათგანი აკონტროლებს საკუთრებასა და რესურსებს, იმდენად მჭიდროდ იდენტიფიცირდება კონკრეტულ სამინისტროებსა ან ინსტიტუციონალურ სეგმენტებთან, რომ მათი მიზნები და მოღვაწეობა ზოგჯერ იდენტურად გვეჩვენება.
სახელმწიფო-კლანში კლანი და სახელმწიფო სუსტადაა ერთმანეთისგან გამიჯნული. ერთი და იგივე პირები შეადგენს კლანსაც და შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლებას. კლანის წევრები ერთდროულად არიან მოსამართლეებიც, ნაფიცი მსაჯულებიც და კანონმდებლებიც. სახელმწიფო-კლანს ძალზედ შეზღუდული პასუხისმგებლობა აქვს მათ წინაშე, რომლებიც მის შემადგენლობაში არ შედიან. ასეთი ადამიანების ბედისადმი იგი გულგრილია; სახელმწიფო-კლანში იმათი წარმომადგენლობის შესაძლებლობაც, რომელთაც კლანები აკონტროლებენ, ასევე ლიმიტირებულია. როგორც წესი ერთი კლანის გავლენა შეიძლება შეაკავოს ან შეკვეცოს მხოლოდ კონკურენტმა კლანმა, რადგანაც სასამართლო ორგანოები ხშირად პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობენ. კლანი თავის წარმომადგენლებს განალაგებს სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ თანამდებობებზე, სადაც მათთვის მისაწვდომი ხდება ის რესურსები, რაც აუცილებელია კლანის მიზნების მისაღწევად. ის ცვლის თავის წევრების პოზიციას ისე, როგორც ხელსაყრელია კლანისათვის.
![]() |
2.3 კორუმპირებულ-კლანური სისტემის ფორმირება საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ვხედავთ, დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში კლანური სახელმწიფოს კონცეფცია არა მარტო პოსტსაბჭოურ, არამედ ცენტრალური ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებზეც ვრცელდება. ანუ მისთვის დამახასიათებელი ნიშნები ყველა ამ ქვეყანაში ვლინდება. გამონაკლისი, ცხადია, ვერ იქნებოდა საქართველოც. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კლანური სისტემის ფორმირება საქართველოში ინტენსიურად წარიმართა.
დღეს ვერ შეთანხმებულან იმაზე, თუ როგორ მოხდა ეს - თავისთავად და სტიქიურად, თუ პირიქით, 1992 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ გათვალა, რომ „ძალაუფლების შენარჩუნების საუკეთესო ხერხი კორუმპირებული სახელმწიფო აპარატის შექმნა იქნებოდა“. ასე იყო თუ ისე, კრედიტების მიღება და პრივატიზაციის პროცესში ჩართვა დიდი ცდუნება აღმოჩნდა პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეებისათვის. ზოგმა კრედიტები გაიტანა და აღარ დააბრუნა, ზოგს ჩალისფასად ერგო უზარმაზარი საწარმოები, ზოგმა ამა თუ იმ ბიზნესის „სახურავობა“ მოიპოვა, ზოგმაც განსაკუთრებით „იყოჩაღა“ და ყველაფერი ერთად მოახერხა.
თუ კორუმპირებულ-კლანური სისტემის არსებობის ფაქტიდან გამოვალთ, მაშინ ილუზიურად შეიძლება მივიჩნიოთ იმედები, რომ სისტემის შიგნით რაღაც პოსტების დაკავებით, ანდა ანტიკორუფციული სტრუქტურების შექმნით შესაძლებელი იქნება მთელი სისტემის დემონტაჟი. ამგვარი სკეპტიკური პოზიციის დასტურად მიაჩნიათ არსებული ვითარება: კორუფციასაც და კლანებს სიტყვით ყველა ემიჯნება, ყველა ებრძვის, მაგრამ საქმე ამის იქით არ მიდის. პირიქით, კორუფციაც და კლანების ძალაც სულ უფრო იზრდება.
შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში სახელისუფლო კრიზისი სახეზე იყო. სახელმწიფო ჩინოვნიკები ერთმანეთს ბიზნესინტერესებში და ამა თუ იმ ოლიგარქების ლობირებაში ადანაშაულებდნენ. რა დგას ამ ბრძოლის უკან) მოდავეთა განცხადებით, ისინი „სამართლიანობის აღდგენისათვის“ იბრძვიან, მაგრამ ხელისუფლებაზე გულაცრუებული ჟურნალისტების აზრით კი, სახელისუფლო ორომტრიალი სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფო ქონების ხელახალი გადანაწილებისთვის ბრძოლა. მოკლე დროში ჩამოყალიბებული კლანებისგან თავის დაღწევა, მაგრამ ეს უკვე იოლი საქმე არაა. „კლანებზე შეტევა ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს“, - აღნიშნავს ზოგიერთი ანალიტიკოსი.
ზოგჯერ შევარდნაძის ხელისუფლებას იმასაც საყვედურობენ რა ამბავია კორუფციაზე ამდენი ლაპარაკი, სხვა ქვეყნებშიც არის მასშტაბური კორუფცია, მაგრამ მასზე ყურადღების გადატანით საკუთარი თავის დისკრედიტაციას არ ახდენსო, მაგრამ კორუფციაზე გაჩუმება აღარ გამოვიდოდა. საქართველოს არც „ტრანსპარენსი ინტერნეიშენელ“ მოეშვება და არც დონორი ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებიც დახმარების სანაცვლოდ დაჟინებით მოითხოვენ კორუფციის მასშტაბების შემცირებას.
კორუფციის დამარცხების გარეშე საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეუძლებელია და, საერთოდ, საფრთხის ქვეშ დგება ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობაც კი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი, ხშირ შემთხვევაში, მოჩვენებით ხასიათს ატარებდა, ანდა პოლიტიკური ანგარიშსწორების სახეს ღებულობდა. არსებულ პოლიტეკონომიკურ ელიტას არ შეეძლო კორუფციაზე უარის თქმა, რადგანაც ეს მისი არსებობის წესი იყო.
![]() |
2.4 კორუმპირებულ-კლანური სისტემის კრიზისი |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგიერთ ქვეყანას, როგორც ჩანს, კლანური სახელმწიფოს პირობებში საკმაოდ დიდხანს მოუწევს ცხოვრება. ასეთი ბედი, ალბათ, ელით ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. სხვები შედარებით სწრაფად მოახერხებენ დასავლური ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას და დემოკრატიული სისტემის რეალურ დამკვიდრებას.
საქართველოში ვითარების თავისებურება ის იყო, რომ როგორც კლანური სისტემა, ისე მასთან დაპირისპირებული ძალები „რესურსების მწვავე ნაკლებობას“ განიცდიდნენ. დემოკრატიული ძალების სისუსტეზე თავისთავად მეტყველებდა ის გარემოება, რომ კლანური სისტემა რეალობას წარმოადგენდა. გარდა ამისა, კლანური სისტემის საქმიანობა ასოცირდებოდა „დემოკრატიასთან“ და, აქედან გამომდინარე, საზოგადოების თვალში აუფასურებდა დემოკრატიულ ღირებულებებს.
არანაკლებ, სუსტი იყო კორუმპირებულ-კლანური სისტემის პოზიციები. მისი მოღვაწეობის პირდაპირი შედეგი იყო ქვეყნის დანგრეული ეკონომიკა და დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაღატაკება, მწირი და მაინც მუდმივად შეუსრულებელი ბიუჯეტი, როდესაც ვერ ხერხდებოდა სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვისმ აუცილებელი ელემენტარული ხარჯების დაფინანსება. კორუმპირებულ-კლანურ სისტემას არ გააჩნდა იდეოლოგია, რითაც იგი მიმზიდველი იქნებოდა მასებისათვის.
საქართველოს შიდა პრობლემებს გეოპოლიტიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ, არსებული კორუმპირებულ-კლანური სისტემა მიუღებელი ხდებოდა დასავლეთისთვის და თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების პირობად ამ სისტემის დემონტაჟი სახელდებოდა. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებისაგან დაჟინებით მოითხოვდა კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლის დაწყებას.
![]() |
2.5 მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები |
▲ზევით დაბრუნება |
თეორიულად, საქართველოში 2003 წლისათვის მოვლენათა განვითარების ხუთი ძირითადი სცენარი არსებობდა:
1. კორუმპირებულ-კლანური სისტემა არსებობას გაგრძელება და მწვავე სოციალური და ეროვნული პრობლემების მოხსნა-შერბილება. ამ ვარიანტის რეალიზება, არსებული გამოცდილების მიხედვითბ ძნელი წარმოსადგენი იყო. ხელისუფლებას არ გააჩნდა რაიმე მნიშვნელოვანი რესურსი (მაგალითად, ნავთობის ან გაზის საბადოები), რომლის უპრობლემო მითვისებაც გაგრძელდებოდა კლანების მიერ და რომლის ნაწილიც პრობლემათა მოხსნა-შერბილებას მოხმარდებოდა. კორუმპირებულ-კლანურ სისტემას უკვე თითქმის მთლიანად ათვისებული (მითვისებული) ქვეყნის რესურსები და კლანებს შორის დაიწყო მწვავე ბრძოლა მოქმედების არეალების გადანაწილებისათვის. „კლანებს მორჩენილი ბიუჯეტი“ კი იმდენად მწირი იყო, რომ მის საფუძველზე მხოლოდ პრობლემათა დაგროვება შეიძლება და არა მათი მოგვარება.
2. კორუმპირებულ-კლანური სისტემა შენარჩუნდება ქვეყნის „ჩრდილოეთის ორბიტაზე“ გადანაცვლებით. მას შემდეგ რაც დასავლეთიდან კრედიტებზე მეტად მოთხოვნები მოდიოდა კორუფციასთან ბრძოლისა და კორუმპირებულ-კლანური სისტემის დემონტაჟის თაობაზე, მმართველი კლასის არცთუ მცირე ნაწილისათვის „მშვიდი ცხოვრების“ გარანტიად დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან დაახლოება წარმოდგებოდა. მაგრამ ეს პრობლემატურად გამოიყურებოდა ორი ძირითადი მიზეზის გამო:
ჯერ ერთი დასავლეთი და, პირველ რიგში, აშშ არ აპირებდა რუსეთისათვის პოზიციების დათმობას სამხრეთ კავკასიაში. მეორეც, რუსეთს ფაქტობრივად არ სურდა საქართველოს ინტერესების გათვალისწინება სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ამის გარეშე კი დათმობების პოლიტიკა ქვეყნის ინტერესების ღალატად წარმოდგება. ასე რომ „ბალანსირების პოლიტიკიდან“ „ჩრდილოეთისკენ გადახრა“ დიდ წინააღმდეგობას წააწყდება ქვეყნის შიგნით და გარეთ.
3. არსებული კორუმპირებულ-კლანური სისტემის დამხობა დესტაბილიზაციის ან სოციალური აფეთქების შედეგად. ამ მიმართულებით მოვლენათა განვითარება სასურველად მიიჩნეოდა გარკვეული შიდა და გარე ძალებისათვის, შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში ე.წ, „დესტაბილიზაციის“ სხვადასხვა საფრთხეების შესახებ, ღიად მიდიოდა საუბარი. მაგრამ, მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა და გაძლების ზღვარზე არსებობისა, ადამიანებს არცთუ ისე შორეულ წარსულში ისეთი მწარე გამოცდილება ჰქონდათ მიღებული, თუ რას ნიშნავს „ქაოსი და დესტაბილიზება“, რომ მისი გამეორების სურვილი ბევრს არ აქვს.
4. კორუმპირებულ-კლანური სისტემის რეფორმირება ანუ ნაწილობრივ განხორციელდებოდა ის ანტიკორუფციული პროგრამა, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა შემუშავებული და რომლის განხორციელებასაც მისგან მოითხოვდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ დასავლეთის მეგობარი ქვეყნების ლიდერები თუ საერთაშორიოსო საფინანსო ორგანიზაციები. ეს არ იქნებოდა სისტემის მთლიანი დემონტაჟი. მაგრამ კორუფციისა და კლანების ყოვლისშემძლეობის გარკვეული შეზღუდვა უფრო „ასატანს“ გახდიდა მას.
5. კორუმპირებულ-კლანური სისტემის მშვიდობიანი დემონტაჟი დემოკრატიული არჩევნების შედეგად. ამ სცენარის თანახმად, ნომენკლატურული წარმომავლობის მმართველი კლასი ვერ მოახერხებდა პრობლემების გადაწყვეტას. დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები კი ხელისუფლებისაკენ გზას გაუხსნიდა ახალ ელიტურ ჯგუფებს, რომელთა არსებობის წესიც აღარ იქნება დამყარებული კორუმპირებულ-კლანურ სისტემაზე.
მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბებას შედეგად მოჰყვა „მშვიდობიანი რევოლუციის ტექნოლოგიის“ ამუშავება და შევარდნაძის ხელისუფლების დემონტაჟი.
![]() |
3 ბევრი ღატაკისა და ცოტა მდიდრის ქვეყანა: საქართველო ვარდების რევოლუციის წინ |
▲ზევით დაბრუნება |
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებს უნდა ეჩვენებინა, ინარჩუნებდა თუ არა საქართველო დემოკრატიული განვითარების და სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბების დამთავრების შანსს, თუ მყარად დაიმკვიდრებდა არშემადგარი სახელმწიფოს სტატუსს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას ბევრად განსაზღვრავს მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიის მთავარი საყრდენი ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენაა. ამ მხრივ კი, საქართველოში მეტად სავალალო ვითარებაა.
![]() |
3.1 საქართველოს წინასაარჩევნო ანატომია |
▲ზევით დაბრუნება |
მოახლოებული არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, საგულისხმო მონაცემებს იძლევა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია „გორბის“ მიერ 2003 წლის აგვისტოში ჩატარებულ გამოკითხვა მისი შედეგები აჩვენებდა, რომ ქვეყანა უმწვავესი პრობლემების წინაშე იდგა და მოსახლეობის მცირე ნაწილს თუ სჯეროდა, რომ „საქართველო სწორი გზით მიდის“ საქართველოს მოსახლეობა არსებულ ხელისუფლებას არ ენდობოდა და უკმაყოფილო იყო მისი მმართველობით 1995 წელს მოსახლეობის თითქმის ნახევარს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორად ვითარდებოდა, 1996 წელს ასე ფიქრობდა მოსახლეობის 39%, 2003 წელს კი ეს მაჩვენებელი 5%-მდე დაეცა.1 ასეთი იყო მოსახლეობის დამოკიდებულება შევარდნაძისხანგრძლივი მმართველობისადმი.
წლების მანძილზე ჩატარებული გამოკვლევების შედეგები აჩვენებდა, რომ საქართველოში ცხოვრების დონე სულ უფრო და უფრო უარესად აღიქმებოდა. ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ცხოვრების დონის აღქმამ 2002 წლის გამოკითხვაში მიაღწია. 2003 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 49% ცხოვრების დონეს დაბალს უწოდებდა. გამოკითხვის დროს რესპოდენტთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მათი ცხოვრების დონე გაუარესდა, 20%-მა კი მიიჩნია, რომ ცხოვრების დონე მომავალშიც გაუარესდებოდა, 31% არანაირ ცვლილებებს არ ელოდა. აღსანიშნავია, რომ ცხოვრების დონით მხოლოდ 6% იყო კმაყოფილი.
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ძველი დროის ნოსტალგიას განაპირობებდა. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს - 53%-ს ძველი სისტემა - კომუნიზმი ენატრებოდა, რადგან იმ დროს უკეთესად ცხოვრობდა. თუმცა, პრობლემების სიმრავლისა და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, გამოკითხულთა უმრავლესობას - 66% მიაჩნდა, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა. საინტერესოა, რომ ეს სურათი 1998 წლიდან არ იყო შეცვლილი.2
დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვაა, საქართველოში კი ამ მხრივ საგანგაშო სიტუაცია იყო. გამოკითხულთა 91%-მა მიიჩნია, რომ საქართველოში ადამიანთა უფლებები არაა დაცული. ეს მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ესოდენ კრიტიკული (1995 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 62%, 1996 წელს კი 59%).
წინასაარჩევნოდ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ათეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა: უმუშევრობა (68%), სიღარიბე (45%), ეკონომიკური სიძნელეები (36%), კორუფცია (34%), ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა (28%), პოლიტიკური არასტაბილურობა (19%), დაბალი შემოსავალი (13%), დანაშაული (10%), მაღალი ფასები (5%), მომავალი არჩევნების გამჭვირვალეობა და არასამართლიანობა (4%).
2002 წელს კორუფცია პრობლემათა შორის მე-2 ადგილზე სახელდებოდა, თუმცა მისი მე-4 ადგილზე გადანაცვლება ბევრს არაფერს ცვლიდა. გამოკითხულთა აზრით, ყველაზე კორუმპირებულები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ (47%), მეორე ადგილზე საბაჟო მოხელეები (37%), მესამეზე კი საგადასახადო სამსახურის მოხელეები (31%) აღმოჩნდნენ.
არც წინასაარჩევნო მოლოდინი იყო მაინცდამაინც სახარბიელო. გამოკითხულთა 67%-ს არ სჯეროდა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა. დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისადმი სკეპტიკურ განწყობასთან ერთად, გამოკითხულთა 27% არ გამორიცხავდა საქართველოში დიქტატორული მმართველობის დამყარებას.
გასაგებია, რომ მოსახლეობის გაღატაკებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში საზოგადოების დიდი ნაწილი მემარცხენე ორიენტაციის იყო. მოსახლეობის სიმპათიები ოპოზიციის მხარეს იხრებოდა.3 გამოკითხულთა 47% აპირებდა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, 25% არ გამორიცხავდა არჩევნებში მონაწილეობას, 12% კი კატეგორიულად უარს ამბობდა არჩევნებში მონაწილეობაზე.
გამოკითხულთა 75% საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას მიესალმებოდა, ყველაზე დადებითად კი მოსახლეობა აშშ-ს მიმართ იყო განწყობილი. აშშ-ის 77%-ს სჯეროდა, ევროკავშირის 68%-ს, რუსეთის კი 55%-ს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიმართ ნდობა იკლებდა, ევროკავშირის მიმართ კი იზრდებოდა. გამოკითხულთა მხოლოდ მესამედს სჯეროდა, რომ რომელიმე უცხო ქვეყანას საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარების გაწევა შეეძლო.
_______________________
1. ,,24 საათი“, 13. IX. 2003
2. ,,რეზონანსი“, 13.XII.2003
3. ,,დილის გაზეთი“, 13.XII.2003
![]() |
3.2 გამქრალი „საშუალო ფენა“ |
▲ზევით დაბრუნება |
ოფიციალური სტატისტიკა წლების მანძილზე საქართველოში აფიქსირებდა სავალალო ფაქტს - ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. საარსებო მინიმუმი 125 ლარს შეადგენდა. ამავე დროს საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე ფულადი შემოსავლები 45 ლარამდე იყო, ხოლო ფულადი და ნატურალური შემოსავლები 60 ლარამდე, ანუ დღეში 2 ლარი. ეს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლები ქონდა მოსახლეობის ნახევარზე მეტს.1
ექსპერტთა აზრით, ამგვარ პირობებში წლების მანძილზე მოსახლეობა იმიტომ ახერხებდა არსებობას, რომ ცხოვრების დონის შენარჩუნებაში ეხმარებოდა ადრე დაგროვილი ქონება - ავეჯი, სამეურნეო და კულტურული დანიშნულების ნივთები, სახლები, რომელთაც თანდათანობით ყიდდნენ. მაგრამ არ შეიძლება დაუსრულებლად გრძელდებოდეს ამგვარი არანორმალური ვითარება. ხალხის მიერ ადრე დაგროვილი ქონება იწურებოდა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ 1990 წელთან შედარებით, ყოველ ას ოჯახზე გაანგარიშებით, სარეცხი მანქანების რაოდენობა შემცირდა 17 ერთეულით, რადიომიმღებები 79 ერთეულით, ტელევიზორები 18 ერთეულითბ მტვერსასრუტები 17 ერთეულით და ა.შ.
მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების უაღრესად დაბალი დონის პირობებში გამოიკვეთა ადამიანთა მცირერიცხოვანი ფენა - მოსახლეობის სულ რამდენიმე პროცენტი, რომელიც ეროვნული შემოსავლების 40%-ს ფლობდა. როგორც ადგილობრივი ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, საუკუნის XX 90-იან წლებში განვითარებული პროცესების შედეგად ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფებმა შეძლეს დაუმსახურებლად დიდძალი სიმდიდრის ხელში ჩაგდება. ეს იყო ვაუჩერული მაქინაციები, უკანონოდ და დარღვევით კრედიტების აღება, უცხოური კრედიტების მითვისება, შემნახველი სალაროებიდან ხალხის ფულის მიტაცება, პრივატიზების მახინჯი ფორმების გამო. ენება, კონტრაბანდა, ჩრდილოვანი ეკონომიკა, კორუფცია, კრიმინალური მეწარმეობა (ნარკოტიკებით, ადამიანებით ვაჭრობა და ა.შ.).
მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღატაკეში ცხოვრება არანორმალური ვითარებაა, რაც აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას და გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას. ამგვარ ვითარებას განაპირობებდა მწირი ბიუჯეტი და მასში სახელფასო ფონდისთვის გამოყოფილი წილის სიმცირე. 1996-2002 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში ნომინალურად 1,9-ჯერ გაიზარდა, ბიუჯეტის შემოსავლები კი მხოლოდ 1,55-ჯერ, მოსახლეობის ფულადი შემოსავლები - 1,4-ჯერ. ფულის მასა საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 5-6%-ს შეადგენდა, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20-25% და მეტია.
2001 წლის შემოდგომაზე ჟვანიას „გაერთიანებული დემოკრატები“ მოითხოვდნენ, რომ მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს გათანაბრებოდა, მაგრამ ეს ინიციატივა სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ფულის მასის ერთბაშად ზრდას ლარის გაუფასურება მოჰყვებოდა. თუმცა, სპეციალისტთა აზრით, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ საბიუჯეტო სფეროში მინიმალური ხელფასები 52 ლარამდე, ხოლო საშუალო ორჯერ მაინც გაზრდილიყო, შემდგომში კი ზრდა თანდათანობით განხორციელებულიყო.
_______________________
1. „საქართველოს რესპუბლიკა“, 20.IX. 2003
![]() |
3.3 „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ ზრდა |
▲ზევით დაბრუნება |
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში, მიუხედავად კორუფციის წინააღმდეგ „გადამწყვეტი ბრძოლის“ გამოცხადებისა, ფარული ეკონომიკა შემცირების ნაცვლად, ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა. 1997 წელს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 54,3%-ს შეადგენდა, 2001 წლისათვის მან 57,7%-ს მიაღწია, 2002 წლის პირველ ნახევარში კი ფარულმა ეკონომიკამ 56,8% შეადგინა.
ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბით საქართველო „ლიდერობდა“ არა მარტო განვითარებულ, არამედ დსთ-ს ქვეყნებს შორისაც. თუ განვითარებულ ქვეყნებში ჩრდილოვანი სექტორის წილი ეკონომიკაში 7-10%-ია, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 30-35%-ს აღწევდა.
გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა დარგები, სადაც ძალიან მაღალი იყო ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრითი წილი. მაგალითად, რესტორნების მიხედვით დეკლარირებული მაჩვენებლები 3,7-ჯერ იყო შემცირებული რეალურთან შედარებით რეალიზებული ბენზინის მოცულობა 3,1-ჯერ მეტი იყო ოფიციალურად წარმოდგენილ მონაცემებთან შედარებით. პურის ცხობის ფაქტობრივი მაჩვენებლები 3-ჯერ სჭარბობდა დეკლარირებულს, სამედიცინო მომსახურეობის მაჩვენებლები 4-ჯერ იყო შემცირებული რეალურთან შედარებით. ბაზრობებზე მოვაჭრეთა 40% კი სახელმწიფო აღრიცხვას თავს არიდებდა.
„ზოგიერთი დარგის მთლიანი წარმოება ფარული ეკონომიკის წილად მოდის. მაგალითად, მშენებლობისა და მომსახურების სექტორი, სადაც სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი მცირე საწარმოების მიერ სრულდება. ამჟამად მკაფიო საზღვარი ეკონომიკასა და არაკანონიერ წარმოებას შორის არ არსებობს“, - აღნიშნავდა სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ბერიძე.
მეწარმეები თავიანთი ჩრდილოვანი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საქართველოში მოქმედ მაღალ საგადასახადო განაკვეთებს ასახელებდნენ. მეწარმეები ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორთაგან ყველაზე ხშირად ასახელებდნენ საგადასახადო სისტემის მოუწესრიგებლობას და კორუფციას. მათი თქმით, ყველა გადასახადის „პატიოსნად“ გადახდის შემთხვევაში ისინი ვერ გაუმკლავდებოდნენ გადასახადების სიუხვეს, კონტრაბანდულ საქონელთან კონკურენციას, უამრავ კონტროლსა და სხვა ფაქტორებს.
![]() |
3.4 რამ გააღატაკა საქართველოს მოსახლეობა |
▲ზევით დაბრუნება |
მოახლოებული 2 ნოემბრის არჩევნების წინ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი თავმოსაწონებელი დოკუმენტი „სიღარიბის დაძლევის პროგრამა“ იყო, რომლის განხორციელების პერსპექტივებს მძიმე დარტყმა მიაყენა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფუჭებულმა ურთიერთობამ. სიღარიბის დაძლევაზე ლაპარაკთან ერთად, აქტიურად განიხილებოდა, თუ ვინ იყო დამნაშავე ქვეყნის მოსახლეობის მასიურ გაღატაკებაში.
„ქვეყანა თვითონ დავანგრიეთ“, - ასეთი იყო შევარდნაძის განცხადებების არსი. ანუ შევარდნაძის ამ ზოგად ფრაზას თუ გავშიფრავთ, დამნაშავენი გამოდიან ისინი, ვინც საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაშალა და ხალხი, რომელიც თავისუფლების მოსაპოვებლად ქუჩაში გამოვიდა. მაგალითად, შევარდნაძემ დღევანდელი ენერგოკრიზისის სათავეები 1989 წელს 24 წლის ზურაბ ჟვანიას მიერ მოწყობილ ორ მიტინგში დაინახა, რომლის შემდეგაც, თურმე, აღარ აშენდა ჰუდონჰესის ელექტროსადგური. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ქვეყნის გაღატაკებაში დამნაშავენი არიან ისინიც, ვინც რაღაც პერიოდი ხელისუფლებაში იყო და შემდეგ ოპოზიციის რიგებში გადავიდა. მაგალითად, ყოფილი „მოქალაქეთა კავშირის“ რეფორმატორული გუნდი, რომელმაც ცუდად გაატარა რეფორმები, სათავე დაუდო საბიუჯეტო კრიზისს და ა.შ.
იყო მეორე ვერსიაც, რომელიც მოსახლეობის გაღატაკებაში აქცენტს ობიექტურ პროცესებზე აკეთებდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებამ გამოიწვია ინდივიდთა, კერძო პირთა ამუშავება. საზოგადოების მოაზროვნე და აქტიურმა ნაწილმა ალღო აუღო ცხოვრებას, ჩაერთო ბიზნესში, „ამასთანავე მოსახლეობის დიდ ნაწილს გამოცდილება არ ქონდა იმისა, თუ როგორ შეიძლება მიეღწია წარმატებისათვის და ვერაფერი შექმნეს, დღეს კი ისინი ღარიბთა კლასს წარმოადგენენ“, - აღნიშნავდა ერთ-ერთ ქართულ გაზეთში ერთ-ერთი სოციოლოგი.1 ანუ ვინც ღარიბია, თავის თავს უნდა დააბრალოს და არავისთან არ უნდა ქონდეს პრეტენზია.
თუ გადავხედავთ ქვეყანაში განვითარებულ რეალურ პროცესებს, ზემოთ დასახელებული ვერსიებისგან ბევრი არაფერი დარჩება. ამ ვერსიების საპირისპიროდ აღინიშნება, რომ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მძიმე კრიმინოგენურმა სიტუაციამ, ტრადიციული ბაზრების დაკარგვამ, ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებამ, არაფორმარული შემოსავლების სიჭარბემ, ფინანსური რესურსების არამიზნობრივმა ხარჯვამ და სხვა ფაქტორებმა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელი შეუწყო სიღარიბის ხვედრითი წილის ზრდას.2 ამ მიზეზების ანალიზს შევარდნაძის ხელისუფლება აშკარად გაურბოდა, რადგანაც ობიექტური ფაქტორების გარდა, მოსახლეობის გაღატაკებაზე პასუხი სწორედ იმ ხელისუფალთ მოეთხოვებოდათ, რომლებიც, რეალურად 1992 წლიდან მართავდნენ სახელმწიფოს.
___________________________
1. „რეზონანსი“, 24.IX. 2003
2. „24 საათი“, 23.IX. 2003
![]() |
3.5 საქართველო კორუმპირებული კლანების ხელში |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში არსებული ვითარების გასააზრებლად ნიშანდობრივია საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნები, რომელიც XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლო პერიოდს ეხებოდა და რამდენიმე წლით უსწრებდა ვარდების რევოლუციის პერიოდს.
კომისიას დავით გამყრელიძე ედგა სათავეში, რომელმაც უკვე კომისიის შექმნის შემდეგ მოქალაქეთა კავშირი დატოვა და თავისი „ახალი ფრაქციით“ მკვეთრადაც დაუპირისპირდა მას. ოღონდ დაუპირისპირდა ჟვანიას საპარლამენტო გუნდს და არა მოქალაქეთა კავშირის ოფიციალურ ლიდერს - საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს. პოლიტიკურმა კონიუნქტურამ გავლენა მოახდინა კომისიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე, განსაკუთრებით მის დასკვნებზე.
დროებითი კომისიის თავმჯდომარის თქმით, 1996 წლიდან საქართველოში თვალშისაცემია რეალური შემოსავლების ამოღების კლების ტენდენცია. 1996 წელს მიღებული იქნა დაგეგმილის 90%, 1997 წელს - 85%, 1998 წელს - 75%, 1999 წელს კი მხოლოდ 70%. შემოსავლების ქრონიკული დეფიციტის მიზეზები თვალსაჩინოდ ჩანს კონკრეტული მონაცემების განხილვისას. 1999 წელს ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შესულიყო 400 მლნ ლარი, შევიდა - 83,7 მილიონი. თუმცა, აქედან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნების გათვალისწინებით, კიდევ გამოაკლდა 11 მილიონი, ინვალიდებისათვის დაწესებული შეღავათებით კი კიდევ 21 მლნ. ანუ, ფაქტობრივად, 400 მლნ ლარის ნაცვლად, ქვეყნის ბიუჯეტში მხოლოდ 50 მლნ ჩაირიცხა.
ნავთობპროდუქტებთან ერთად ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროდ თამბაქო მიიჩნევა. 1997 წელს 90-მილიონიანი საგადასახადო ბაზის პირობებში ქვეყნის ბიუჯეტში მხოლოდ 27,5 მლნ ლარი შევიდა, 1998 წელს გადასახადების განაკვეთთა მატებასთან ერთად საგადასახადო ბაზა 141 მილიონამდე გაიზარდა, შემოსავალი კი პირიქით - 13 მლნ ლარამდე დაეცა.
მთლიანობაში, გამყრელიძის კომისიის დასკვნით, 1999 წელს ბიუჯეტში დაახლოებით 3 მილიარდი ლარი მაინც უნდა შესულიყო, მაგრამ მხოლოდ 456 მლნ ლარი, ანუ რეალური ბაზის მხოლოდ 15% შევიდა! ვინ არის დამნაშავე არსებულ მდგომარეობაში? დროებითი საპარლამენტო კომისია აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეკონომიკას კლანები აკონტროლებენ. მაგრამ საბიუჯეტო-საფინანსო კრიზისის შემსწავლელი კომისიის დასკვნაში კონკრეტული გვარები არ სახელდებოდა. „ჩვენი ამოცანა არ იყო ის, რომ კლანები დაგვენომრა. ისინი ამ პოლიტიკის შედეგია. ჩრდილოვანმა ეკონომიკამ, რომელსაც ჩვენ ხელი შევუწყეთ, უზრუნველყო და ხელი შეუწყო ამ კლანების წარმოქმნას“, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძე ჩრდილოვანი ეკონომიკის შექმნასა და კლანების ზეობაზე მთელ პასუხისმგებლობას მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო გუნდს და ამ გუნდიდან ფინანსთა მინისტრის პოსტზე გაგზავნილ მიხეილ ჭკუასელსა და დავით ონოფრიშვილს აკისრებდა. 1998-1999 წლების საბიუჯეტო კრიზისის მიზეზი დავით გამყრელიძის აზრით, ის ინიციატივები იყო, რომლებიც „ხშირად ფინანსთა სამინისტროდან მოდიოდა და ხშირად - პარლამენტიდან“. „უნდა ვაღიარო, რომ პარლამენტი არჩევნების წინ იღებდა პოპულისტურ კანონებს, რათა არჩევნების წინ კარგი საარჩევნო გარემო შეექმნათ. იყო სხვადასხვა მხრიდან სერიოზული ზეწოლა, რომ მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში ედუარდ შევარდნაძე გამოსულიყო. მე არ მინდა მთლიანად ჩამოვაცილო მას პასუხისმგებლობა. მისი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ფინანსთა სამინისტრო ექსპერიმენტების ლაბორატორიად აქცია“, - აღნიშნავდა გამყრელიძე.
ასეთ დასკვნას არ დაეთანხმა კომისიის 17 წევრიდან მხოლოდ ერთი - კობა დავითაშვილი. „პარლამენტი, ჭკუასელი, ონოფრიშვილი - ასე გავიგე მე საბიუჯეტო კრიზისში დამნაშავეთა მთავარი ვინაობა. თქვენ ზოგადად საუბრობთ მთავრობაზე და აკონკრეტებთ მხოლოდ იქ, სადაც მოქკავშირელები გეგულებათ“, - აღნიშნავდა დავითაშვილი, იმდროინდელი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი. დავითაშვილი არ დაეთანხმა გამყრელიძეს იმაში, რომ „კლანები მეორადი პრობლემაა და მოქალაქეთა კავშირია პირველადი პრობლემა“. მისი თქმით, „კლანები მოქალაქეთა კავშირის შექმნამდეც საკმაოდ ძლიერნი იყვნენ და, თქვენდა გასახარად, თუ მოქალაქეთა კავშირი რომ აღარ იქნება და მმართველი პარტია თქვენ იქნებით, მაშინაც ძლიერნი იქნებიან. რეალური მმართველი ძალა დღეს არიან კორუმპირებული კლანები და არა მოქალაქეთა პარტია და, თუ რაიმე ბრალი მიუძღვის მოქალაქეთა პარტიას, ეს არის ის, რომ კლანებს ისე ვერ ებრძვის, როგორც საჭიროა“.
ცხადია, რომ კლანების თემის წინ წამოწევა ერთადერთი გზა იყო საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის რეალური მიზეზების გამოსავლენად.
![]() |
3.6 სამხრეთ კავკასიაში საქართველო ყველაზე ნელა ვითარდება |
▲ზევით დაბრუნება |
დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი ათწლეული საქართველოსთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა. რა ვითარება იყო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში? თავი დავანებოთ ბალტიის ქვეყნებს და სხვა შორეულ რესპუბლიკებს. ვნახოთ როგორ წარიმართა ჩვენი სამხრეთკავკასიელი მეზობლების განვითარება. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეკონომიკური თვალსაზრისით დიდად წარმატებულებს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მათ შორისაც საქართველო გამოირჩევა თავისი საფუძვლიანად შერყეული ეკონომიკითა და ეკონომიკური ზრდის სიმცირით.
XX საუკუნის 90-იანი წლების პირველი ნახევარი, როდესაც კომუნისტური სისტემის დემონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობდა, გარდუვალად აისახებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე. 1989 წლიდან ხუთ წელიწადში წარმოების მოცულობა საქართველოში 75%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც აზერბაიჯანში ანალოგიური ვარდა 63%-ს, ხოლო სომხეთში 56%-ს.
სამხრეთკავკასიურ სამეულში კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევა პირველად სომხეთმა მოახერხა. იქ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 1994 წელს დაფიქსირდა, საქართველოში 1995 წლიდან, ხოლო აზერბაიჯანში 1996 წლიდან. 90-იანი წლების მეორე ნახევარში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში წარმოება იზრდებოდა, მაგრამ ეს ზრდა სტაბილური არ ყოფილა. 1996-2002 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი აზერბაიჯანში წელიწადში საშუალოდ 8%-ით იზრდებოდა, 1994-2002 წლებში სომხეთში 6,7%-ით, ხოლო 1995-2002 წლებში საქართველოში 5,2%-ით.
ეკონომიკურ ზრდაზე დამანგრეველი ზემოქმედება მოახდინა რუსეთის 1998 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა. ამასთან რუსეთის კრიზისი პირველად საქართველოზე აისახა და მიყენებული ზარალიც სამხრეთკავკასიელ მეზობლებთან შედარებით უფრო დიდი იყო. რუსეთის კრიზისის ამგვარი მძიმე ზეგავლენა საქართველოზე იმით აიხსნება, რომ 1997 წელს საქართველოს სავაჭრო ტვირთბრუნვის 30% რუსეთზე მოდიოდა, ხოლო იგივე მაჩვენებელი სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის 23,5% და 21% იყო.
რუსეთის კრიზისის ზეგავლენას საქართვვლოში თან დაერთო 1998 წელს გვალვაც, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა სოფლის მეურნეობა. გვალვა გამეორდა 2000 წელსაც, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2%-იც არ შეადგინა.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ჯერაც არ მიეღწიათ იმ მაჩვენებლებისათვის, რაც საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში ჰქონდათ. 2002 წლის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1989 წლის დონის 38%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში 63%-ს, ხოლო სომხეთში თითქმის 78%-ს. გასაგებია, რომ ამ ციფრების შემხედვარე, საქართველო ძალზედ არასახარბიელოდ გამოიყურება.
![]() |
4 არჩევნები და რევოლუცია - ეკონომიკის მძიმე გამოცდა |
▲ზევით დაბრუნება |
2003 წელი რთული გამოცდა აღმოჩნდა საქართველოს ბიუჯეტისა და მთლიანად ეკონომიკისათვის. მას მეტად მძიმე ტვირთად დააწვა არჩევნები და „რევოლუცია“. რა დაპირებებით მიდიოდნენ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში იმდროინდელი ქართული პოლიტიკის ძირითადი სუბიექტები და როგორ ესახებოდათ მათ ქვეყნის ეკონომიკის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები?
![]() |
4.1 შევარდნაძის სამთავრობო ბლოკის მთავარი დაპირება „სიღარიბის დაძლევა“ იყო |
▲ზევით დაბრუნება |
არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება, რასაკვირვეულია, სამთავრობო საარჩევნო ბლოკს უწევდა. მისი პლატფორმა შევარდნაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ ბოლო ყოველწლიურ ანგარიშში მოცემული „ახალი საქართველოს“ პროგრამა იყო. სამთავრობო ბლოკის მთავარი იმედები ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობას და მის მიერ მოტანილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს უკავშირდებოდა.
სამთავრობო ბლოკის მთავარი დაპირება, ალბათ, მაინც, „ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის“ პროგრამა იყო, რომელიც მთავრობის, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა. პროგრამა 2015 წლამდე პერიოდზე იყო გათვლილი და ითვალისწინებდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ორ სცენარს: რეალისტურს და ოპტიმისტურს. რეალისტური სცენარი მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიურ 5%-იან ზრდას გულისხმობდა. ოპტიმისტური სცენარი კი 8%-იან ზრდას. თუმცა, როგორც ირკვევა, უცხოელი ექსპერტები „უფრო მეტ ოპტიმიზს“ მოითხოვდნენ ქართული მხარისგან.
მოახლოებულ არჩევნებში, ცხადია, ხალხს ვერ „გამოკვებავ“ დაპირებებით თუ როგორი იქნება ქვეყანა 12 წლის შემდეგ. ამიტომ სამთავრობო პროგრამაში იყო გაცილებით უფრო „ახლო“ დროზე გათვლილი დაპირებები იმის თაობაზე, რომ 2005 წლისთვის საშუალო ხელფასი საარსებო მინიმუმს გადააჭარბებდა და 145-160 ლარს შეადგენდა.
პროგრამას სერიოზული ოპონენტები ჰყავდა სპეციალისტთა შორის. არასაკმარისად მიაჩნდათ მასში გათვლილი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეკონომიკის განვითარებისთვის შერჩეული დარგობრივი პრიორიტეტები და ა.შ. მაგრამ ხელისუფლება ამ დოკუმენტით კმაყოფილი იყო. „წარმოდგენილი პროგრამა სავსებით პასუხობს ხვალინდელი საქართველოს წინაშე მდგარ ამოცანებს. ჩვენს ქვეყანას აქვს საფუძველი ამ სენს შეებრძოლოს, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ორი-სამი წელი გადაწყვეტს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ პროგრამის განხორციელება. მასში გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ინტერესი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში - ღარიბების. თუ საქართველო შეძლებს ამ პროგრამის განხორციელებას, გარწმუნებთ, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების სასურველი მოკავშირეები გავხდებით“, - აღნიშნავდა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
![]() |
4.2 პარტიები თავიანთი „ეკონომიკური ლოზუნგებით“ არიან ცნობილნი |
▲ზევით დაბრუნება |
არჩევნების მონაწილე სხვა პარტიების ეკონომიკური პლატფორმებიდან საზოგადოებას ამახსოვრდებოდა ესა თუ ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც მოცემული პარტიისათვის „საფირმო ნიშანი“ ხდებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებისათვის ცნობილი იყო კორუფციის წინააღმდეგ გაკეთებული მკაცრი განცხადებებით, მაგალითად, კორუმპირებული ჩინოვნიკებისათვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით. ამომრჩეველთა არცთუ მცირე ნაწილისათვის ეს პრინციპში საკმარისი იყო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს კორუფციაზე დამყარებული სისტემის დემონტაჟი, ამის თაობაზე ხეირიანი წარმოდგენა, ალბათ, მხოლოდ ცოტას თუ გააჩნდა.
„გაერთიანებული დემოკრატების“ ეკონომიკური იდეებიდან საზოგადოებისათვის ცნობილი იყო მოთხოვნა მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების თაობაზე. „დემოკრატების“ ლიდერები ამის გაკეთებას უკვე 2003 წლის მეორე ნახევრიდან მოითხოვდნენ. ამისათვის საჭირო იყო დაახლოებით 350 მლნ ლარის გამონახვა. ეკონომიურ ექსპერტთა უმრავლესობამ ჟვანიას გუნდის ეს იდეა არარეალურად და ქვეყნისთვის საშიშად მიიჩნია. შევარდნაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს მხოლოდ ეტაპობრივად შეიძლება მიუახლოვდეს და ეს პროცესი რამდენიმე წელს გაგრძელდება.
„ლეიბორისტების“ საზოგადოებისთვის ცნობილი მთავარი ეკონომიკური იდეები მათ მიერ 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით პარლამენტისთვის წარდგენილ კონსტიტუციის პროექტში იყო ჩამოყალიბებული. ერთ-ერთი მუხლის ძალით, სახელმწიფო ვალდებულია ნებისმიერი მოქალაქე უზრუნველყოს საარსებო მინიმუმით, ასევე სახელმწიფო ვალდებულია მეანაბრეებს დაუბრუნოს საბჭოთა პერიოდში ბანკებში შეტანილი და შემდეგ ინფლაციის შედეგად განადგურებული თანხები. „ლეიბორისტების“ კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე პარლამენტმა უარი თქვა. ასე რომ შრომის პარტიის ეკონომიკური იდეების რეალურობის შემოწმება მხოლოდ არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში თუ იქნებოდა შესაძლებელი.
პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ უკვე თავისი სახელწოდებით მეტყველებდა ეკონომიკური პლატფორმის ძირითად იდეაზე. მრეწველობის აღორძინებას გოგი თოფაძის გუნდი ახალი საგადასახადო კოდექსით ცდილობდა, რომელიც პარლამენტს 2 ნოემბრის არჩევნების წინ პირველი მოსმენით უკვე განხილული ქონდა. თუმცა, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის არ წყდებოდა კამათი „მრეწველთა“ კოდექსის თაობაზე. ზოგს საგადასახადო კოდექსის რადიკალურად შეცვლა არ მიაჩნდა მართებულად, სხვები კი თვლინენ, რომ საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია არსებულ ბიუჯეტს მთლიანად დაანგრევდა და სახელმწიფო ისედაც მიზერულ სოციალურ ვალდებულებებსაც ვეღარ შეასრულებდა.
„აღორძინება“ ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის საფუძვლად სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნას მიიჩნევდა. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა 2 ნოემბრის არჩევნების წინ კიდევ ერთხელ დაიწუნა, რითაც ბათუმური ბლოკის წარმომადგენლები დიდად გაანაწყენა.
![]() |
4.3 საარჩევნო ტვირთი ქართული ეკონომიკისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოში გამოიკვეთა კანონზომიერება, რასაც ქვეყნის ეკონომიკაზე „საარჩევნო დარტყმა“ შეიძლება ეწოდოს. არჩევნების წელს საბიუჯეტო შემოსავლებში უფრო სერიოზული გარღვევა ჩნდებოდა ხოლმე, რადგანაც ის თანხები, რომლებიც ბიუჯეტში უნდა შესულიყო, საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჯიბე ხეირიანად გამიჯნული არ ყოფილა სახელმწიფოს სათავეში მყოფი პირების ინტერესებისაგან.
ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები. შევარდნაძის ხელმძღვანელობით შექმნილ საარჩევნო სუბიექტს საყოველთაოდ „სამთავრობო ბლოკი“(!) ეწოდებოდა. მას სათავეში სახელმწიფო მინისტრი ედგა. ფაქტობრივად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ცენტრსა და ადგილებზეც, ბიუჯეტის შესრულებაზე აღარავინ ფიქრობდა, ყველანი არჩევნებზე იყვნენ გადართულნი. ასეთ პირობებში გასაგებია, რომ საბიუჯეტო გარღვევა კატასტროფული ტემპით იზრდებოდა. არავის ეცალა სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესასრულებლადაც, რამაც ქვეყანას უცხოეთიდან გრანტებისა და კრედიტების მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა. მაგრამ არჩევნებმა მარტო ბიუჯეტი როდი დააზარალა. საარჩევნო თანხების მობილიზება სხვა საარჩევნო სუბიექტების ინტერესებისთვისაც ხდებოდა. როგორც აღნიშნავენ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები, თანხები, რომლებიც არჩევნებისთვის იყო მობილიზებული, რეალურად დააკლდა ბიზნესს. გარდა ამისა, ყველა ბიზნესმენი წინასაარჩევნო მოლოდინში იყო და მათი საქმიანობა შეფერხდა.
„საარჩევნო დარტყმა“ ეკონომიკაზე კიდევ უფრო გაამწვავა არჩევნების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა. ამაში იგულისხმება არა იმდენად საპროტესტო აქციები, რამდენადაც ამ აქციებისათვის პოლიტიკური დატვირთვის მინიჭების მცდელობა. ხელისუფლების მაღალჩინოსნები შეეცადნენ ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები აქციებისთვის გადაებრალებინათ. ლაპარაკობდნენ ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების შემცირებაზე (თითქოს ინვესტიციების შემოსვლა ერთ კვირიანი შუალედებით იზომება), იმპორტის მკვეთრად შემცირებაზე, ლარის კურსის მოსალოდნელ დაცემაზე, ფასების ზრდაზე და ა.შ. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც პანიკის ხელოვნური დათესვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც მართლა მოჰყვა იმ პროცესების გარკვეულწილად დაწყება, რომლის თაობაზეც მაღალჩინოსნები საუბრობდნენ. პირველ რიგში ფასების გაზრდა და ლარის კურსის ცვალებადობა, რასაც საბედნიეროდ ფართო მასშტაბები არ მიუღია.
გარდა ამისა, აქციებით ეკონომიკური და საბიუჯეტო პრობლემების ახსნა, რასაც ხალისით ღებულობდა ხელისუფლება, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, კარგი ალიბი იყო საგადასახადო და საბაჟო სამსახურის მოხელეებისათვის, რომელთაც ბიუჯეტში ბევრი აღარაფერი შექონდათ და ამას აქციებით გამოწვეული ზარალით ხსნიდნენ.
საპროტესტო აქციები 20 დღეში შევარდნაძის გადადგმით დამთავრდა და ქვეყანა ნორმალური ცხოვრების კალაპოტს დაუბრუნდა. არ გამართლდა მათი პროგნოზი, ვინც სამოქალაქო ომსა და დაპირისპირებას უწინასწარმეტყველებდა ქვეყანას. პოლიტიკური კრიზისის დიდხანს გაგრძელება მართლაც კატასტროფა იქნებოდა ეკონომიკისთვის.
![]() |
4.4 ვარდების რევოლუცია და ქართული ბიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ თავისი პოზიცია ბიზნესმენებმაც დააფიქსირეს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკურ ცხოვრებაში. „მრეწველები“ და „ახალი მემარჯვენეები“ აქციის მოწინააღმდეგეთა შორის აღმოჩნდნენ. რიგი ექსპერტები ამას ხელისუფლების შესაძლო ზეწოლითა და „მოსალოდნელი რევოლუციის“ შიშით ხსნიან.
2003 წლის ნოემბრის მოვლენებმა მკაფიოდ გამოკვეთა ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი თავისებურება - წარმატებული ქართველი ბიზნესმენების დიდი ნაწილი აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში. ისინი ოპოზიციურ პარტიებად ერთიანდებიან, მაგრამ ხელისუფლებასთან მკვეთრ დაპირისპირებას ვერ ბედავენ. მათი ამგვარი მოქმედების მიზეზი, ექსპერტთა აზრით, რამდენიმეა.
პოლიტიკაში მოსულ ბიზნესმენებს ზომიერებისაკენ უბიძგებთ საკუთარი ბიზნესის უსაფრთხოების ინტერესები. წარმატებული ბიზნესი საქართველოში დღეს მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერითაა შესაძლებელი. საკმარისია მათი მოქმედებიდან ხელისუფლებას რაიმე არ მოეწონოს, რომ ისინი მაშინვე აღმოჩნდებიან საგადასახადოსა და სხვა ათასგვარი შემმოწმებლის ზეწოლის ქვეშ. ასეთი პერსპექტივა კი არცთუ სასიამოვნოა.
გარდა ამისა, მათ აფრთხობთ მასობრივი გამოსვლების დაწყების პერსპექტივა. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილენი პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქუჩაში გამოვიდა სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა. ეს ადამიანები, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა, უმართავნი გახდნენ. ამ ადამიანებს, როგორც მარქსი იტყოდა „დასაკარგი ბევრი არაფერი აქვთ“, სამაგიეროდ „დასაკარგი აქვთ“ ბიზნესმენებს, რომელთა ქონებაც, რიგითი ადამიანის აზრით, არცთუ პატიოსანი გზებითაა შექმნილი.
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს, როდესაც იძაბება ვითარება საქართველოს რეგიონებშიც, პრეზიდენტი შევარდნაძე საუკეთესო ბიზნესმენებს სიგელებითა და მედლებით აჯილდოებს. აშკარაა, რომ ხელისუფლება ბიზნესისაგან მხარდაჭერას მოითხოვს, „მრეწველებისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ მიერ დაფიქსირებული პოზიცია ხელისუფლებისთვის სასურველი და ასატანია, მაგრამ ნაწილობრივ „თვითნებობა“ გამოიჩინა ნიკო ლეკიშვილის „გადამხდელთა კავშირმა“. ამ ორგანიზაციის ოფისში 11 ნოემბერს დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა მიტინგზე განცხადება გააკეთა და „გადამხდელებს“ მოუწოდა თავი შეეკავებინათ აქციის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული ასეთი პიროვნება „მის პირად მტრად“ იქცეოდა. „გადამხდელთა კავშირმა“ რაიმე საერთო პოზიცია არ დააფიქსირა, ნიკო ლეკიშვილმა კი ხელისუფლებას დათმობებისკენ მოუწოდა, რადგან სხვანაირად აქციის მონაწილეთა დაშლა წარმოუდგენელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოღვაწე ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი არც „გადამხდელთა კავშირში“ გამოჩენილა და არც პრეზიდენტ შევარდნაძესთან მისულა ჯილდოს მისაღებად. ამის ოფიციალურ მიზეზად პატარკაციშვილის შეუძლოდ ყოფნა გამოცხადდა.
![]() |
4.5 რევოლუციამ ბიზნესმენ-პოლიტიკოსებს მძიმე გამოცდა მოუწყო |
▲ზევით დაბრუნება |
ქართულ პოლიტიკაში ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. ისინი ქმნიდნენ თავიანთ პარტიებსა და გაერთიანებებს, რომლებიც ოპოზიციის რიგებში ეძებდნენ თავიანთ ნიშას, მაგრამ წარმატებული ბიზნესის კეთება აქამდე მხოლოდ ხელისუფლების დახმარებით იყო შესაძლებელი. ამიტომ ბიზნესინტერესები მათ აიძულებდათ ოპოზიციური ორბიტის მიტოვებას და ხელისუფლებასთან დაბრუნებას.
2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ნიკო ლეკიშვილის გადამხდელთა კავშირში შეკრებილმა მსხვილმა ბიზნესმენებმა თავიანთი პრეტენზიები წაუყენეს შევარდნაძეს და აღნიშნეს, რომ მათ ავიწროვებდნენ სახელმწიფოს ჩინოვნიკები. ყველაზე მსხვილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა კი განაცხადა, რომ მისი სიმპათიები „გაერთიანებული დემოკრატებისა“ და „ახალი მემარჯვენეებისკენ“ იხრებოდა. მაშინ ამ გამოსვლას შევარდნაძის მთავრობის მტკივნეული რეაქცია მოჰყვა და ბიზნესმენებს მორჩილებისკენ მოუწოდეს. საბოლოოდ სახელისუფლო ბლოკის სიის სათავეში ვაჟა ლორთქიფანიძე მოექცა, რომელიც პატარკაციშვილთან დაახლოებულია. ამის შემდეგ გაკეთდა დასკვნა, რომ ეს უკანასკნელი სამთავრობო ბლოკსაც აფინანსებდა.
გოგი თოფაძის „მრეწველთა“ პარტია, რომელიც სავალუტო ფონდის წინააღმდეგ ბრძოლითაა ცნობილი, აქტიურად თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად უჭირდა ხელისუფლებას, „მრეწველები“ იძულებულნი ხდებოდნენ მასთან აქტიურად ეთანამშრომლათ. თუმცა, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მისთვის 7%-იანი საარჩევნო ბარიერის უპრობლემოდ გადალახვა.
საინტერესო აღმოჩნდა „ახალი მემარჯვენეების“ მიერ პოლიტიკაში გავლილი გზა. ისინი სახელისუფლო „მოქალაქეთა კავშირის“ ბიზნესიდან მოსულ ახალ სახეებს წარმოადგენდნენ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. შემდეგ მათ ოპოზიციაში გადაინაცვლეს და დასავლური ორიენტაციის პარტიად გაფორმდნენ. თავიდან ოპოზიციაში მათი ადგილი სააკაშვილისა და ბურჯანაძე-დემოკრატებს შორის იყო. მაგრამ, თანდათანობით, მათი რადიკალიზმი შევარდნაძის ხელისუფლებასთან მიმართებაში მკვეთრად კლებულობს. „ახალი მემარჯვენეები“ გაემიჯნენ თავის ძველ მეგობრებს, რომლებიც შევარდნაძესთან დაპირისპირებაში დათმობებზე წასვლას არ აპირებდნენ.
2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით განვითარებული დაპირისპირეის დროს „ახალი მემარჯვენეები“ დუმილს ამჯობინებდნენ. საბოლოოდ მათი მაჩვენებელი 7%-იან ბარიერს ზევით აღმოჩნდა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ სწორედ მათ ხმებს ენიჭებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა 2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის შეკრებაში. 22 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ „ახალი მემარჯვენეები“ მათ შეპირდნენ და ისინი არ მივიდოდნენ შევარდნაძის მიერ დანიშნულ პარლამენტის სხდომაზე, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ „მემარჯვენეები“ დარბაზში აღმოჩნდნენ. პრეზიდენტმა შევარდნაძემ მათ მოსთხოვა პარლამენტში შესვლა და ისინი წავიდნენ ამაზე. „ახალი მემარჯვენეების“ პოზიციების ამგვარი მეტამორფოზის მიზეზი, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში შევარდნაძის ხელშეწყობით აყვავებული მათი ბიზნესი იყო. ეს კი მათ ხელისუფლებასთან რადიკალურ ოპოზიციაში ყოფნის შესაძლებლობას არ აძლევდა.
![]() |
4.6 „ვარდების რევოლუციას“ ცარიელი ბიუჯეტი დახვდა |
▲ზევით დაბრუნება |
ვარდების რევოლუციით გამოწვეული ეიფორიის შემდეგ ხელისუფლების სათავეში აღმოჩენილი ოპოზიციის ლიდერები სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ - ხაზინა ცარიელი იყო და მისი შევსების შანსები მეტად მცირე. ქვეყნის ბიუჯეტი კატასტროფის პირას ძველმა ხელისუფლებამ მიიყვანა, მაგრამ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა უკვე ახალ ხელისუფლებას ეკისრებოდა. სწორედ მათ უნდა ეპოვათ გამოსავალი უმწვავესი საბიუჯეტო კრიზისიდან.
2003 წლის ბიუჯეტის გარღვევა თვიდან თვემდე თანდათანობით იზრდებოდა. ოქტომბერ-ნოემერში მისი შესრულებისათვის თვალის მისადევნებლად აღარავის ეცალა. საბიუჯეტო თანხები ჯერ სახელისუფლო ბლოკის საარჩევნო ინტერესებს მოხმარდა, 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ კი სრულმა განუკითხაობამ დაისადგურა. ბიუჯეტში შესაბამის ორგანოებს ბევრი არაფერი შეჰქონდათ და თავს იმართლებდნენ - ოპოზიციის გამოსვლების გამო საბაჟოზე ტვირთების ნაკადი მეტად შემცირდაო. „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედებს ახლა ცარიელი ბიუჯეტის შესავსებად ქმედითი ზომების მიღება სჭირდებოდათ.
2003 წლის ბიუჯეტი უიმედოდ გარღვეული იყო და მისი შესრულება წარმოუდგენელი. არადა ადამიანები პენსიებსა და ხელფასებს უცდიდნენ. მათ „ვარდების რევოლუციას“ მხარი უკეთესი ცხოვრების იმედად დაუჭირეს, რევოლუციის ლიდერებს კი სულ მალე ახალი არჩევნები ელოდათ და რიგითი მოქალაქეების მხრიდან მხარდაჭერის დადასტურება სჭირდებოდათ.
ძველი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. „250 მილიონ ლარიანი გარღვევა - ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უბრალოდ არ არსებობს“, - აღნიშნა მან. იმისათვის, რომ წლის ბოლომდე საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა შესრულებულიყო, წლის ბოლომდე 295 მლნ ლარის მობილიზება იყო საჭირო.
![]() |
4.7 ვარდების რევოლუცია და ლარის სტაბილურობა |
▲ზევით დაბრუნება |
მღელვარე ნოემბრისა და ვარდების რევოლუციას, მიუხედავად გარკვეული პირების მიერ გაკეთებული საგანგაშო მოლოდინისა, საქართველოს საბანკო სისტემისა და ეროვნული ვალუტისათვის რაიმე საგრძნობი ზიანი არ მიუყენებია პოლიტიკური ცხოვრების არასტაბილურობამ, ისევე როგორც რიგი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულმა პანიკურმა განცხადებებმა გარდუვალი ინფლაციის შესახებ ეროვნულ ვალუტას - ლარს შეუქმნა გარკვეული საფრთხე. ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. ეს ლარის მომხმარებლების განწყობამ განაპირობა. პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები ლარის შეძენას დოლარის შესყიდვას ამჯობინებდნენ და, შესაბამისად, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მონაწილე კომერციულმა ბანკებმა დიდი რაოდენობით დოლარი მოითხოვეს.
უცხოური ვალუტის შესყიდვაზე აჟიოტაჟურ მოთხოვნას თან დაერთო ქვეყნის ფისკალური ფონის გაძლიერება და სეზონის ცვლით გამოწვეული დევალვაციური პროცესის მოლოდინი. თუმცაბ წლის, ბოლოს გამოიკვეთა ლარის კურსის გამყარების ტენდენცია. ეროვნული ბანკის იმდროინდელი პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანწილად გამოიწვია ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების განმუხტვამ, რამაც გააქრო პანიკური განწყობა ლარის კურსის შესაძლო ვარდნასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საბანკო და სავალუტო კრიზისი საქართველოში მოსალოდნელი არ იყო.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოზიციას მსხვილი კომერციული ბანკებიც იზიარებდა. მათი შეფასებით, მიმდინარე ეტაპზე საქართველოს, პოლიტიკური თუ საბიუჯეტო კრიზისის მიუხედავად, სავალუტო კრიზისის საფრთხე არ ემუქრებოდა. ინფლაციის მოლოდინი ერთიანი ძალისხმევით და დროულად იქნა დაძლეული ეროვნული ბანკისა და წამყვანი კომერციული ბანკების მიერ.
![]() |
5 მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური პროგრამა 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს |
▲ზევით დაბრუნება |
მიხეილ სააკაშვილი რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა, ამაში არავის ეპარებოდა ეჭვი. ამიტომ საზოგადოებისთვის მით უფრო საინტერესო იყო, თუ როგორ ხედავდა იგი ქვეყნის სამომავლო ეკონომიკურ განვითარებას და რას მოითხოვენ მისგან ბიზნესის წარმომადგენლები. მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენებს, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ეკონომიკურ სტაბილურო, ასა და კრიმინოგენური მდგომარეობის დარეგულირებას, საგადასახადო კოდექსის შეცვლას შეჰპირდა.
![]() |
5.1 სახელმწიფოსა და ბიზნეს-სექტორს შორის მემორანდუმის გაფორმების იდეა |
▲ზევით დაბრუნება |
2003 წლის 12 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან მრავალმხრივ იყო საინტერესო. „თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტად მოიაზრება“, - განუცხადა სააკაშვილმა ბიზნესმენებს და დაჰპირდა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბიზნესის ხელშესაწყობად ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემო შეიქმნება.
სააკაშვილი სახელმწიფოსა და ბიზნეს-სექტორს შორის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც ხელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოეწერება. „მემორანდუმში“ ზუსტად უნდა განისაზღვროს საინვესტიციო გარემოს შექმნის წინაპირობები, დამოკიდებულება სახელმწიფო აპარატთან. სააკაშვილის თქმით, სახელმწიფოს უხეში ჩარევა ეკონომიკაში ბოროტებაა, მაგრამ ამავე დროს უნდა გაძლიერდეს გადასახადების ადმინისტრირება და შეიცვალოს საგადასახადო კოდექსი.1 სააკაშვილი ბიზნესმენებს შეჰპირდა მიწის გადასახადი გაუქმებას და მცირე ბიზნესის ეტაპობრივ გათავისუფლებას გადასახადებისაგან.2
უნდა დაინგრეს ყოფილი ხელისუფლების მიერ შექმნილი კორუფციული სახელმწიფო სქემა, რომელსაც ფორმალურად ბიზნესი ერქვა. თუმცა, ამ სქემის არსებობაში სააკაშვილი ბიზნესმენებს არ ადანაშაულებს. „როდესაც მთავრობა არ გთავაზობს თამაშის კანონიერ წესებს, ძულებული ხარ, კორუფციული ინტერესის მონაწილე გახდე“, - აღნიშნავს სააკაშვილი. ამიტომ, უპირველესად, ხელისუფლებამ კანონის უზენაესობა უნდა აღიაროს, ანუ გარკვეული ზღვარი უნდა გაივლოს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, რათა ყველას მიეცეს საშუალება კონკურენტულ გარემოში აწარმოოს საკუთარი ბიზნესი3
სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება გარდამავალი 3-კვირიანი პერიოდი, რომელიც გამოიხატება ეკონომიკური სტრატეგიის ფორმირებისა და საკადრო პოლიტიკის განსაზღვრაში. შეიქმნება კანონი მონოპოლიზაციის წინააღმდეგ და, რაც მთავარია, „ქვეყანაში სასტიკი ბრძოლა გამოცხადდება დამნაშავეობისა და კრიმინალის წინააღმდეგ“.4 ბიზნესმენები ხელისუფლებისაგან პირველ რიგში სწორედ კრიმინალური ტალღის შეჩერებას და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ.
ქვეყანაში ვერ შეიქმნა საშუალო ფენა, იმიტომ რომ ბიზნესი იქცა მხოლოდ პირადი გამდიდრებისა და ინტერესის სფეროდ. სააკაშვილის განცხადებით, თუ არ შეიქმნა „მინიმალური სოციალური უსაფრთხოების ბადე“ ვერავინ იქნება ბედნიერი საქართველოში.
სააკაშვილის განცხადებას ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე საგულისხმო კომენტარი მოჰყვა სამაუწყებლო კომპანია „მზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვანო ჩხარტიშვილის მხრიდან. მან აუცილებლად და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მემორანდუმზე უშუალოდ პასუხისმგებელი თვითონ მიხეილ სააკაშვილი იყოს.5
სააკაშვილმა უარყო მოსაზრება, თითქოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მხრიდან ხდება საქართველოზე ზეწოლა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაიკავოს პრინციპული პოზიცია და ამ ორგანიზაციებს თავისი პრიორიტეტები შესთავაზოს. ამავე დროს, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ სსფ და მსოფლიო ბანკი ლამის ერთადერთი იმედია იმისა, რომ „საქართველო ამოძვრეს არსებული ჭაობიდან“, მაგრამ ურთიერთობა ამ ორგანიზაციებთან სრულიად ახალ საფუძველზე უნდა იყოს აგებული.6
მიხეილ სააკაშვილი ორმაგი მოქალაქეობის შესახებაც ალაპარაკდა. ჯერ აღნიშნა, რომ ორმაგი მოქალაქეობა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს უნდა მიენიჭოთ, რათა მათ გაუადვილდეთ საქართველოში შემოსვლა და საქმიანობა, ამისათვის ვიზები არ სჭირდებოდეთ, შემდეგ გაიხსენა საზღვარგარეთ მყოფი მილიონი თანამემამულე და მათაც იგივეს შეჰპირდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ორმაგი მოქალაქეობის შემოღება საქართველოში დიდ წინააღმდეგობას წააწყდება პოლიტიკური ძალების მხრიდან.
ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა სააკაშვილს სეპარატისტული რეგიონების პრობლემის გადაწყვეტის საფუძვლადაც მიაჩნია. ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობა სეპარატისტებს პოზიციების გადასინჯვისკენ უბიძგებს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცა განკარგულება უცხოურ ბანკებში საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების ანგარიშების გადამოწმების შესახებ, და თუკი რაიმე ოდენობის თანხა არაკანონიერი გზით ნაშოვნი აღმოჩნდება, იგი ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს.
პრეზიდენტობის კანდიდატის ინიციატივებს მეტეხი-პალასში შეკრებილი ბიზნესმენები დადებითად შეხვდნენ. მათ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რადგან ეს ქმნის სტაბილურობის გარანტიებს, ასე აუცილებელს მათი საქმიანობისათვის. მათ სააკაშვილს თანადგომა და მხარდაჭერაც აღუთქვეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ „აუცილებელია ხელისუფლებამ ყველა ის პირობა შეასრულოს, რასაც ამჟამად ისინი ასე უხვად არიგებენ“.7
_______________________
1. „რეზონანსი“, 13.XII.2003
2. „ახალი თაობა“, 13.XII.2003
3. „დილის გაზეთი“, 13.XII.2003
4. „24 საათი“, 13.XII.2003
5. „24 საათი“, 13.XII.2003
6. „რეზონანსი“, 13.XII.2003
7. „ხვალინდელი დღე“, 13.XII.2003
![]() |
5.2 სააკაშვილი ბიზნესმენებს წესრიგის დამყარებასა და შეღავათებს ჰპირდება |
▲ზევით დაბრუნება |
მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერასა და დახმარებას ჰპირდებოდა. ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა 2003 წლის 26 დეკემბერს ოპერის შენობაში შედგა. შეხვედრას მსხვილი ბიზნესის და მაკონტროლებელი უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დარბაზში იყვნენ სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია, შინაგანი, უშიშროების და ფინანსთა მინისტრები.
პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში (ამაში კი ეჭვი არავის ეპარებოდა), მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენებს გადასახადების, საგადასახადო კოდექსის მაქსიმალურად შემცირებას და გამარტივებას, მაკონტროლებლების მინიმუმამდე დაყვანას შეჰპირდა. სააკაშვილის თქმით, აღარ იქნებიან პრივილეგირებული ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი „სახურავების“ დახმარებით ბაზრის რომელიმე სექტორის მონოპოლიზებას ახდენდნენ. „ყველას ექნება საშუალება თანაბარი და პატიოსანი კონკურენციის პირობებში თავისი ნიჭი და უნარი დაამტკიცოს. ნებისმიერი ჩინოვნიკი, პოლიციელი, რომელიც უსამართლოდ მოექცევა მეწარმეს, დაუყოვნებლივ და მკაცრად იქნება დასჯილი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
თამაშის ახალი წესები, რომელთაც ახალი ხელისუფლება ბიზნესმენებს სთავაზობს, მოკლედ და მარტივად შეიძლება ჩამოყალიბდეს: სახელმწიფო მოაქცევს ბიზნესმენებს თანაბარ გარემოში, ბიზნესმენებმა უნდა დაიწყონ გადასახადების სრული გადახდა და მხოლოდ შემდეგ შეიძლება საუბარი შეღავათებზე.
სააკაშვილის თქმით, ყველა ე.წ. „სახურავი“, ვინც ამჟამად წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფულს სძალავს, აუცილებლად დაინგრევა. „ბიზნესმენების მთავარი „კრიშა“ და ლობისტი ვიქნები მე“, - დააიმედა ბიზნესმენები სააკაშვილმა.
მომავალი პრეზიდენტის დაპირება რომ ცარიელ სიტყვებად არ დარჩებოდა, ამის დასტურად სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ახალი ინიციატივა ამცნო შეკრებილ ბიზნესმენებს.შეიქმნება ბიზნეს-ომბუდსმენის პოსტი, რომელიც რანგით სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტის ტოლფასი იქნება. ამ თანამდებობაზე ზურაბ ჟვანიამ კანდიდატად უნივერმაღ „თბილისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი და ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატების“ წევრი ჯამბულ ბაკურაძე დაასახელა. ბიზნეს-ომბუდსმენის მოვალეობა მეწარმეთა დაცვა და მათი პრობლემების შესაბამის ინსტაციებში მიტანა იქნება. გასაგებია, რომ ამგვარი დამცველი, პირველ რიგში, წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ესაჭიროებათ. ბიზნეს-ომბუდსმენი ერთგვარი შუამავალი იქნება ხელისუფლებასა და ბიზნეს-სექტორს შორის.
სახელმწიფო მინისტრმა ილაპარაკა ახალი ხელისუფლების სამომავლო სამოქმედო გეგმებზეც: მთავრობა შეეცდება მაქსიმალურად შეამციროს მაკონტროლებელ ორგანოთა რიცხვი; უზრუნველყოფს, რომ ბიზნესმენებს ურთიერთობა ჰქონდეთ მხოლოდ საგადასახადო ინსპექტორთან; გამჭვირვალე გახდეს საგადასახადო კოდექსი; გაუქმდეს საგზაო ფონდის გადასახადები; ჯანდაცვის ობიექტები გათავისუფლდეს მოგებისა და ქონების გადასახადისაგან; ხორბალზე იმპორტი გათავისუფლდება 12%-იანი დაბეგვრისაგან, რაც მომავალში გამორიცხავს პურის გაძვირებას. გაუქმდება მიწის გადასახადი. ე.წ. სოლიდარობის გადასახადი კი პარლამენტში განსახილველად გაზაფხულზე შევა.
![]() |
5.3 ვნებათაღელვა „სოლიდარობის გადასახადის“ გარშემო |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკის სფეროში ახალი ხელისუფლების პროექტებიდან განსაკუთრებული აჟიოტაჟი და კრიტიკული განცხადებების ნიაღვარი მოჰყა „სიმდიდრის გარეგნული ნიშნების“ დაბეგვრის იდეას.ასეთი გადასახადით უნდა დაიბეგრონ ძვირადღირებული მანქანების, ახალაშენებელი მდიდრული სახლების და ვილების მეპატრონენი.
ღარიბების სასარგებლოდ მდიდრების გარეგნული ნიშნით დაბეგვრის იდეაში კრიტიკოსებმა რევოლუციური ხელისუფლების წინასაარჩევნო პოპულიზმი დაინახეს. ტრადიციონალისტთა ლიდერმა აკაკი ასათიანმა, რომელიც ახალი ხელისუფლების ოპოზიციაში გადასული, ჟვანიასა და სააკაშვილს „ბოლშევიკური პოლიტიკის“ გატარებაში დასდო ბრალი. იგი ქვეყანას ამ „წმინდა მემარცხენე ტენდენციის“ გამო კატასტროფას უწინასწარმეტყველებს.
უფრო თავშეკავებული იყო „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე. მან აღნიშნულ ინიციატივას „საინტერესო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არ უნდა დაემსგავსოს კუდიანებზე ნადირობას და „განკულაკებას“, რითაც ბოლშევიკები გამოირჩეოდნენ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი კი გამოთქვამს ეჭვს, აღნიშნული ინიციატივიდან გამომდინარე, სააკაშვილი უარს ხომ არ ამბობს უკანონო ქონების წინააღმდეგ ბრძოლაზე. თუკი ქონება სახელმწიფოს მიერ დაიბეგრება, მაშინ ამ ქონების კანონიერად ცნობაც ხდება.
„დღემდე ვიცოდი, რომ მთავრობა სიღარიბის დაძლევის პროგრამას ამუშავებდა, რომელიც ახლა სიმდიდრის დაძლევის პროგრამაში გარდაიქმნა“, - აცხადებს აღნიშნულ გადასახადის შემოღების იდეასთან დაკავშირებით მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს ქონების გადასახადი, რომლის ადმინისტრირებაც ვერ ხერხდება. არ შეიძლება საზოგადოების დაყოფა მდიდრებად და ღარიბებად.
გაღიზიანებას თავად მომავალი გადასახადის სახელწოდებაც იწვევს. ამიტომ, ვნებათაღელვის შესამცირებლად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იქნება მას სოლიდარობის გადასახადი ეწოდოს. „ამ ტიპის გადასახადის გადახდა არავისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და თუ მასთან მიმართებაში ტერმინ „სოლიდარობას“ გამოვიყენებთ, იგი პოტენციურ გადამხდელებში სიამაყესაც კი გამოიწვევს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ. მისი თქმით, „სოლიდარობის გადასახადი“ ვარდების რევოლუციის სიმბოლოდ უნდა იქცეს.
საგადასახადო კოდექსში ახალი ხელისუფლების მიერ მომზადებულ ცვლილებებთან, განსაკუთრებით კი ე.წ. „სოლიდარობის“ გადასახადთან დაკავშირებით ადგილობრივ მედიაში მწვავე დისკუსია გაიშალა ეკონომიკურ პოლიტიკაში მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიასთან დაკავშირებით. სწორედ მდიდრებისათვის განსაკუთრებული გადასახადის შემოღების სურვილში რიგი პარტიები და ეკონომიკური ექსპერტები ხედავენ ახალი ხელისუფლების მემარცხენე ორიენტაციის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებას.
თუმცა, თუკი ახალი ხელისუფლების პოლიტიკა „მარცხნივ იხრება“, იმას ვერავინ უარყოფს, რომ ესაა ობიექტური რეაქცია დღეს საზოგადოებაში გვრცელებული მოთხოვნილებისა. დღეს საზოგადოების დაკვეთა არის სოციალური სამართლიანობის აღდგენა. როგორც ეკონომიკური ექსპერტი ლადო პაპავა აღნიშნავს, შევარდნაძის კორუმპირებულმა მთავრობამ მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანა. ადამიანთა უმრავლესობის თვალში მდიდარ ადამიანი მტრად აღიქმება. ღარიბი მიიჩნევს, რომ მისი წილი მდიდარმა წაიღო და მისგან ამის დაბრუნებას ითხოვს. დღეს მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი მემარცხენე იდეოლოგიური დაკვეთა უფრო დიდია, ვიდრე მემარჯვენე.1
__________________________________________
1. „რეზონანსი“, 29..XII.2003
![]() |
6 პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური დაპირებები 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგებში არც არავის ეპარებოდა ეჭვი. მაგრამ კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ არჩევნების წინა პერიოდს და ვნახოთ, რა ეკონომიკური პროგრამები ჰქონდათ მის მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებს. სახელისუფლო პოლიტიკურ გაერთიანებას შეუძლია თავისი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, მაგრამ საინტერესოა, თუ რა ალტერნატივას სთავაზობდნენ ქვეყანას ოპოზიციური პარტიები.
![]() |
6.1 სახელისუფლო პარტიის ეკონომიკური პროგრამა |
▲ზევით დაბრუნება |
28 მარტის არჩევნების წინ პირველ რიგში ყურადღებას იქცევდა სახელისუფლო ბლოკის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა. ზოგისთვის საინტერესო იყო, თუ რის გაკეთებას აპირებდა არჩევნების უდავო ფავორიტი სამომავლოდ, ოპოზიცია კი ცდილობდა მათ ეკონომიკურ პროგრამაში ხარვეზების პოვნას.
ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლება უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას, რაც მოცემულ ეტაპზე გამოიხატებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენლები მიუთითებენ ამ მიმართულებით მოპოვებულ წარმატებებზე და აღნიშნავდნენ, რომ შედეგად 2004 წლის პირველი ორი თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. გარდა ამისა, კორუფციასთან ბრძოლის შედეგი ისაა, რომ „ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები ნამდვილად არ არიან დაკავებულნი ქრთამით“1 - ეს სიტყვები სახელისუფლო ბლოკის ახალ პირველ ნომერს მაია ნადირაძეს ეკუთვნის. გასაგებია, რომ ასეთ განცხადებას შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენელს არ დაუჯერებდნენ.
სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენელთა განცხადებით, ჯანსაღი ბიზნესგარემოს შესაქმნელად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, აუცილებელია კანონის წინაშე ყველას თანასწორობისა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ფინანსურ საქმიანობას ამიერიდან შეამოწმებს მხოლოდ ერთადერთი სახელისუფლო ორგანო - ახლადშექმნილი ფინანსური პოლიცია. არსებობს კანონი დეკლარაციების შესახებ, რომელიც ბიზნესმენებმა უნდა შეავსონ და მიუთითონ, თუ რას აწარმოებენ, რას იხდიან და რას გადაიხდიან მომავალში. ამით შეიქმნება დაახლოებითი წარმოდგენა ბიუჯეტის სამომავლო პარამეტრებზეც.
შემდეგი ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების ბლოკი ეკონომიკის გასაჯანსაღებლად გეგმავდა, საგადასახადო ლიბერალიზაცია იყო. სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენელთა განმარტებით, ეს არ ნიშნავს ყველა გადასახადების დაბლა დაწევას, მაგრამ აუცილებლად ნიშნავს გარკვეული გადასახადების შემცირებას და ყველა გადასახადის გამარტივებას. ეს ყველაფერი კი უნდა განსახიერდეს საგადასახადო კოდექსის ახალ ვარიანტში, რომლის დამტკიცებაც უკვე ახალ პარლამენტს მოუწევს.
ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის სტრატეგია მჭიდროდ უკავშირდებოდა სოციალური დავალიანებების გასტუმრებასა და საარსებო მინიმუმის ყველასთვის უზრუნველყოფის ამოცანის გადაწყვეტას. 2005 წლისათვის პენსიები უნდა იყოს დიფერენცირებული და გაორმაგებული. პენსიებ ის ზრდასთან ერთად სოციალურ სფეროში გათვალისწინებულია სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები, რაც მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციის შესაძლებლობებს. პენსიებთან ერთად, საბიუჯეტო სექტორში მოხდება ხელფასების ზრდაც, თუმცა მისი კონკრეტული სახე უკვე დამოკიდებულია ბიუჯეტის შესაძლებლობებზე.
______________________________
1. „რეზონანსი“, 15.III.2004
![]() |
6.2 ოპოზიციური პარტიების ეკონომიკური პროგრამები |
▲ზევით დაბრუნება |
28 მარტის არჩევნების წინ პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე ფრთაზე ორი ბლოკი (ედპ-ტრადიციონალისტები და მრეწველები-ახალი მემარჯვენეები) მოქმედებდა, რომლებიც მეტნაკლებად გამოკვეთილი ეკონომიკური პლატფორმით გამოდიოდნენ და სახელისუფლო ძალის „მემარცხენე“ ტენდენციებს მემარჯვენე ალტერნატივას უპირისპირებენ. ამ ორი ბლოკიდან თითოეული იმედოვნებდა 7%-იან ბარიერს გადალახვას და პარლამენტში ხელისუფლებას ოპონირებას გაწევას.
„მრეწველები“ და „ახალი მემარჯვენეები“ ის პარტიებია, რომელიც უშუალოდ ბიზნესმენებით არის დაკომპლექტებული - მეწარმე პარლამენტარები თავიანთი ინტერესების დაცვას კანონის ძალით ცდილობენ. მათ პროგრამაში საფუძვლიანად იყო წარმოდგენილი სოციალურ-ეკონომიკური ბლოკი, დეტალურად განხილული საგადასახადო კანონი, საინვესტიციო გარემო და სოციალური სფერო.
„ახლებისა“ და „მრეწველების“ საარჩევნო პროგრამების შეჯერება ორივე პარტიის წარმომადგენლებს რთულ საქმედ არ მიუჩნევიათ. ამასთან მოხდა ამ პროგრამის ადაპტირება ოპოზიციური მდგომარეობისათვის. მემარჯვენე გაერთიანების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არ აპირებენ პოპულისტური გამოსვლებით თავის მოწონებას და დაელოდებოდნენ საქართველოში „მემარჯვენეობის დროის დადგომას“. ეს იმას ნიშნავს, რომ „ახალი მემარჯვენეების“ მიერ 2 ნოემბრის არჩევნების წინ წამოყენებული ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის 900-დღიანი პროგრამა ისევ ძალაში იყო, თუმცა წინასწარვე აცხადებდნენ, რომ მისი რეალიზების საშუალება არ მიეცემათ.
„მრეწველებისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ პროგრამა საგადასახადო სისტემის გამარტივებას და გადასახადების შემცირებას ითვალისწინებდა. ვარაუდობდნენ, რომ ამ ხერხით საწარმოების უმრავლესობის ამუშავება რეალური გახდებოდა. მათი პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი კი სახელმწიფოსადმი დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა და ყველა საწარმოს თანაბარ პირობებში ჩაყენება იყო.1
„მრეწველებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“ არ მოსწონთ კერძო საკუთრების გარკვეულ შემთხვევებში ჩამორთმევის იდეა. მათი აზრით, საწარმოები, რომლებიც წლების განმავლობაში კერძო პირს ეკუთვნოდა და სადაც ათეულობით ადამიანია დასაქმებული, მესაკუთრეს არ უნდა ჩამოართვან.
პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში მემარჯვენეთა ფრაქციის ლოზუნგი შემდეგი სახით იყო ფორმულირებული: „თქვენი უფლებების, თქვენი საკუთრების, დემოკრატიის დასაცავად“. მათი პრიორიტეტი მეწარმეობის ხელშეწყობა, საკუთრების დაცვა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაა. მემარჯვენეების აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკუთრების უფლების დაცვას. „დღეს კერძო საკუთრებასაც დაემუქრა საფრთხე. გამოითქვა აზრი პრივატიზაციის გადახედვის თაობაზე. ადგილობრივ ხელისუფლებასა და უმაღლეს სახელისუფლო ეშელონებში საკუთრების ხელახალი გადანაწილების სურვილი გაჩნდა. თითოეული მოქალაქე რაღაც საკუთრების მფლობელია, თუნდაც ბინის, რომელიც თავის დროზე უფასო პრივატიზაციას დაექვემდებარა. აღარაფერს ვამბობ, მიწისა და სხვა ქონების მფლობელებზე. ამიტომ კერძო საკუთრების გადახედვა საბაზრო ეკონომიკის წინააღმდეგ გალაშქრება და დემოკრატიული პრინციპებ ის დარღვევაა.“, - აცხადებდა დავით გამყრელიძე.
პარლამენტში „მემარჯვენეების“ ფრაქციის მიზანი ხელისუფლებისაგან წინასაარჩევნო დაპირებ ების შესრულების მოთხოვნა, ხელისუფლების მოქმედების კონტროლი და საგადასახადო და სამეწარმეო სისტემის გაუმჯობესებისათვის ინიციატივების წამოყენებაა. „მემარჯვენეებს“ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი დეკლარაციების შესახებ გამოხმარებაა სწორედ მათ განცხადებებზე.
ედპ-ტრადიციონალისტების საარჩევნო ბლოკიც მიიჩნევდა, რომ ქართული სახელმწიფოს განვითარების მიმდინარე ეტაპზე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ნორმალური საინვესტიციო გარემოს შექმნა, საგადასახადო ლიბერალიზაცია და სამეწარმეო საქმიანობაში მაკონტროლებელი ორგანოებ ის უხეში ჩარევის აღკვეთაა. ამ ამოცანების გადაჭრა კი შესაძლებელია ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებით.2
ედპ-ტრადიციონალისტების საარჩევნო პროგრამის თანახმად, საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპები შემდეგი იყო: დაუბეგრავი მინიმუმი - თვეში 200 ლარი; წელიწადში - 2400 ლარი. ცენტრალური გადასახადები და მათი განაკვეთები შემდეგნაირად გამოიყურება: დღგ განაკვეთი - 12%; შეღავათიანი განაკვეთი - 6%, განსაკუთრებით შეღავათიანი განაკვეთი კი 3%. გადასახადი შემოსავლიდან ფიზიკურ პირთათვის - 8%; საწარმოთათვის - 10%. სოციალური გადასახადი - მუდმივი ხელშეკრულებით დაქირავებულთათვის - 6%, დროებით ხელშეკრულებით დაქირავებულთათვის - 18%. აქციზი ყოველ გრადუს ალკოჰოლზე - ღირებულების 0,5%, თამბაქოზე 40%, საწვავზე 45%.
საგადასახადო ურთიერთობები და მეწარმის დაცვის მექანიზმები ედპ-ტრადიციონალისტების აზრით, შემდეგ პრინციპებს უნდა დაემყარებოდა: საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს სანქციის მეშვეობით საგადასახადო დეკლარაციების ფორმის გამარტივება; საგადასახადო კრედიტის მექანიზმის ამუშავება.
ლეიბორისტული (შრომის) პარტია, ტრადიციულად, აქცენტს აკეთებდა მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე, რომლის მიღწევის უმთავრეს გზად მიიჩნევა საბაზრო ეკონომიკაზე სოციალური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან. ლეიბორისტები ამომრჩევლებს კვლავინდებურად პირდებოდნენ უფასო ჯანდაცვას და განათლებას.
ლეიბორისტები მხარს უჭერდნენ ეროვნულ-სოციალური ეკონომიკის განვითარებას, საშუალო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას, სახელმწიფოში ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნას და ინვესტიციების დაცვას, ბრძოლას ფინანსური ოლიგარქიისა და კორუფციის წინააღმდეგ; ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრეებისა და დარგების დაცვას უკანონო პრივატიზაციისაგან და მოტყუებულ მეანაბრეთა მხარდაჭერას; სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევას.
ლეიბორისტები აცხადებდნენ, რომ მათი პროგრამა რეალისტურია და ზუსტად 4 წელზეა გათვლილი ანუ მომავალი პარლამენტის ფუნქციონირების ვადაზე. რიგი საკითხების გადაწყვეტას კი ერთი წლის ვადაში აპირებენ - მაგალითად, გაყინული ხელფასებისა და პენსიების სრულ დაფარვას; არსებული ხელფასების, პენსიების, ლტოლვილებისათვის განკუთვნილი და სხვა სახის დახმარებების გათანაბრება საარსებო მინიმუმთან (თვეში 150 ლარის ოდენობით); მოხდება ანაბრების ინდექსაცია და მათი თანდათანობითი დაფარვა.
„აღორძინება“ მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს უცხოური კაპიტალის დაბანდება, ეკონომიკა უნდა იყოს სამართლიანი, არ უნდა დაისაჯოს მეწარმე, საგადასახადო სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს - ბევრი გადასახადი უნდა გაუქმდეს, ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოებას. ენერგეტიკაში მდგომარეობის შეცვლა მცირე ჰესების მშენებლობით ივარაუდება.
„აღორძინების“ ეკონომიკური პროგრამის თანახმად, საქართველო მსოფლიო ბაზარზე პირველ რიგში ტრადიციული პროდუქციის წარმოებითა და ტრადიციული მეურნეობების ხარჯზე უნდა დამკვიდრდეს. მრეწველობაში აქცენტი უნდა იქნეს გადატანილი პატარა ფაბრიკა-ქარხნების განვითარებაზე, ამ მხრივ კი, პირველ რიგში, პერსპექტიულია საფეიქრო და კვების მრეწველობის განვითარება. ტურიზმის განვითარება განიხილება ასევე ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად. ცხადია, პარტიას ქონდა სოციალური პროგრამაც, დღევანდელი ქართული რეალობის შესაბამისი ტრადიციული მოთხოვნებით - პენსიებისა და ხელფასების გაზრდა, მეანაბრეების კომპენსირება და ა.შ.
„აღორძინების“ მთავარ ეკონომიკურ იდეას მაინც თავისუფალი ეკონომიკური ზონის კანონპროექტი წარმოადგენდა. ასეთი ზონები სასაზღვრო-გამშვე, პუნქტებთან უნდა შექმნილიყო, ანდა იქ, სადაც შესაძლებელია სხვა ქვეყნებთან კონტაქტი.
________________________________
1. „ხვალინდელი დღე“, 20.III.2004.
2. „კვირის პალიტრა“, 22-28.III.2004.
![]() |
6.3 ხელისუფლება ბიზნესს ახალ წესებს კარნახობს |
▲ზევით დაბრუნება |
ოპოზიციური პარტიების ეკონომიკური პროგრამების განხილვის შემდეგ მაინც ხელისუფლების სამოქმედო გეგმას უნდა დავუბრუნდეთ. ხელისუფლებას არჩევნების დროისათვის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უკვე შეთავაზებული ჰქონდა ახალი „თამაშის წესები“. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ თავისი ხმაურიანი დაპატიმრებებით ბიზნესმენებს სერიოზული საფიქრალი გაუჩინა. მათ არაერთგზის აღუნიშნავთ, რომ ქვეყანაში არსებული საგადასახადო ტვირთი ძალზედ მძიმეა და იძულებულნი არიან კორუფციულ გარიგებებზე წავიდნენ ხელისუფლების სხვადასხვა რანგის წარმომადგენლებთან. შევარდნაძის ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავდა, ახალი ხელისუფლება კი ძველი გადასახადების გადახდას მოითხოვდა და „ურჩებს“ ციხეში ჩასმით ემუქრებოდა.
ბიზნესმენთა მხრიდან არაოფიციალურად არაერთგზის გამოთქმულა სურვილი, რომ საჭიროა ფინანსური ამნისტია, რაც უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს ბიზნესმენებს და ნორმალური საქმიანობის შესაძლებლობას შექმნის. ზოგიერთმა ექსპერტმა და პოლიტიკოსმა კი ისიც აღნიშნა, რომ „სახელისუფლო რეპრესიების“ შიშით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა, შესაძლოა, კონტრრევოლუცია დააფინანსონ.
ფინანსური ამნისტიის თავისებური მოდელი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ თებერვალში, აშშ-ში გამგზავრების წინ ჩამოაყალიბა. ბიზნესმენებს 1 აპრილამდე თავისით უნდა განეცხადებინათ დამალული გადასახადების შესახებ და გადაეხადათ ისინი. ეს იქნებოდა მათი უსაფრთხოების გარანტია. ასევე ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებამდე ბიზნესმენებს პატიოსნად უნდა გადაეხადათ ყველა არსებული გადასახადი. პრეზიდენტის მიერ ჩამოყალიბებული პირობები ზოგს არარეალური ეჩვენა და არც ბიზნესმენებს მოუკლიათ თავი დამალული გადასახადების დეკლარირებით. ისინი ელოდნენ იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ამ წინადადებებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული კანონის სახეს მისცემდა.
აშშ-დან დაბრუნებული სააკაშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრაზე 6 მარტს აკონკრეტებს და აზუსტებს ბიზნესისათვის წაყენებულ პირობებს. სააკაშვილის ეს გამოსვლა სახელისუფლო ძალის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამადაც შეიძლება მივიჩნიოთ.
სააკაშვილმა შეკრებილ ბიზნესმენებს ამცნო, რომ მათ მნიშვნელოვანი შეღავათი მიეცემათ დამალული გადასახადების გადახდისას, რადგანაც ისინი „სახელმწიფოსგან დადგენილი თამაშის წესებით იძულებულები იყვნენ შეგნებულად დაემალათ გადასახადი“.1 პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება მეწარმეებს არ ადანაშაულებს დამალული გადასახადების გამო. ამასთან დამალული გადასახადებთან დაკავშირებით კანონის მიზანია არა ფისკალური ეფექტის მიღება, არამედ არაფორმალური სექტორის ფორმალიზება და საქართველოში „სუფთა და ჯანსაღი ბიზნესის ჩამოყალიბება“.
ბიზნესმენებს დეკლარაციების წარმოდგენის ვადა 1 აპრილიდან 1 ივნისამდე გადაუვადდათ. თუ უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში დამალული თუ გადაუხდელი გადასახადები, სანქციასაურავებით არ აღემატება ერთ მილიონ ლარს, მათ აღარ მოეთხოვებოდათ ამ თანხების გადახდა. ამასთან, ხელისუფლების გათვლით, ასეთი ბიზნესმენების რაოდენობა 90%-ზე მეტია. დანარჩენებმა კი უნდა შეავსონ დეკლარაციები და დამალული გადასახადების 10% წლის ბოლომდე უნდა გადაიხადონ, დანარჩენი თანხების გადახდა კი 15-წლიანი რესტრუქტურიზებით განხორციელდება.2
ეს კანონი არ ვრცელდებოდა იმ პირებზე, ვის მიმართაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ასევე მათზე, ვისაც დანაშაულებრივი გზით აქვთ მიღებული შემოსავლები, ანუ კანონი არ ვრცელდებოდა ჩინოვნიკებზე, მინისტრებზე და ა.შ. ასევე კანონი არ ვრცელდებოდა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზეც.
ამავე დროს მმართველი პარტია დაპირებას იძლეოდა, რომ მუშაობა გაიშლებოდა საგადასახადო კოდექსის შესაცვლელად. „საგადასახადო კოდექსი უნდა გამარტივდეს და რეალური გახდეს“, - აცხადებდა სააკაშვილი. საგადასახადო კოდექსის შეცვლა ახალ პარლამენტს შეუძლია, თანაც მას წინ უნდა უსწრებდეს ორ-სამთვიანი დებატები ამ საკითხის თაობაზე. მანამდე კი პრეზიდენტმა მოუწოდა ბიზნესმენებს ყველა გადასახადი გადაიხადონ არსებული საგადასახადო კოდექსის მიხედვით, რადგანაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკიდურესად მძიმე ვითარებაში ცხოვრობს და მათ მხოლოდ ბიუჯეტის იმედი შეიძლება ქონდეთ.
ბიზნესმენებს სააკაშვილი დაპირდა, რომ მათი საქმიანობისათვის ქვეყანაში შეიქმნება ბევრად უკეთესი გარანტიები, აღიკვეთება კრიმინალების თარეში და ბიზნესმენებს აღარ მოიტაცებენ, აღმოიფხვრება კორუფცია და ქვეყანაში შეიქმნება მომგებიანი საინვესტიციო გარემო.
________________________________
1. „საქართველოს რესპუბლიკა“, 7.III.2004
2. „ახალი თაობა“, 7.III.2004
![]() |
7 საკონსტიტუციო ცვლილებები საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობასაც შეეხო |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წლის 6 თებერვალს პარლამენტის მიერ დაჩქარებული ტემპით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა უსწრებდა საზოგადოებაში, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებსაც შეეხო. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება-არდამტკიცება, მისი შესრულების მდგომარეობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო ურთიერთობებში.
![]() |
7.1 მთავრობის საბიუჯეტო უფლებამოსილება |
▲ზევით დაბრუნება |
6 თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენდა პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების შემდეგ, ამიერიდან კი პრეზიდენტი თანხმობას აძლევს მთავრობას პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე (მუხლი 73-ე). თუმცა, პასუხისმგებლობა ბიუჯეტის ჯერ შედგენაზე და მერე აღსრულებაზე მთლიანად მთავრობას ეკისრება. კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი სწორედ მთავრობის უფლებამოსილებაში შეტანილი ცვლილებებია. მთავრობა მუშაობს გუნდური პრინციპით და შედგება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ მინისტრებისაგან.
კონსტიტუციის 93-ე მუხლში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.
მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს უნდა წარუდგინოს არა უგვიანეს სამი თვისა საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე, ანუ ყოველი წლის სექტემბრის ბოლოსთვის ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტში უნდა იყოს შეტანილი. ამავე დროს, ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს მოხსენება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, მთავრობამ ეს ანგარიში პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს სამი თვისა (ანუ 1 აპრილამდე).
თუ პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დაამტკიცებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს ერთი თვის განმავლობაში აცნობებს თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ბიუჯეტი შეიძლება აღმოჩნდეს დიდი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი.
პრეზიდენტს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო შეუძლია ან მთავრობა გადააყენოს, ანდა პარლამენტი დაითხოვოს. ეს საკითხი გამოდის პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილების ფარგლებიდან და მას ქვემოთ დავუბრუნდებით.
კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტები - მთავრობის მიერ პარლამენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში.
როგორც ვხედავთ, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობის თანხმობის გარეშე პარლამენტს არ შეუძლია ბიუჯეტის პროექტში რაიმე ცვლილება შეიტანოს. კონსტიტუციაში დაფიქსირებული ეს ახალი დებულება, რიგი ექსპერტების აზრით, ლახავს პარლამენტის უფლებებს, რომელიც იმავე კონსტიტუციის თანახმად განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ეს კი წარმოუდგენელია, თუკი არ ექნება შესაძლებლობა განსაზღვროს პრიორიტეტები და გადაანაწილოს სხვადასხვა სფეროებს შორის ხარჯები. თუმცა, ამ საკითხს სხვა კუთხითაც შეიძლება მივუდგეთ. თუკი მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა ბიუჯეტის შესრულებაზე, მაშინ ბიუჯეტში ცვლილებებიც მასთან შეთანხმებული უნდა იყოს. თავის მხრივ, მთავრობას მხოლოდ იმ პირობით შეუძლია მოსთხოვოს პარლამენტს დამატებითი სახელმწიფო ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.
სამაგიეროდ, კონსტიტუციის 49-ე მუხლში შეტანილი დამატების ძალით, პარლამენტი თავად განკარგავს ბიუჯეტის იმ სახსრებს, რაც საკანონმდებლო ორგანოსთვის არის გამოყოფილი. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე. მართალია ეს უფლებამოსილება ვერ ცვლის მთლიანად ბიუჯეტზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მაგრამ თუ გავიხსენებთ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტის ქრონიკულ დაუფინანსებლობას, ბიუჯეტის „საკუთარი“ ნაწილის განკარგვის უფლება პარლამენტისთვის არცთუ უმნიშვნელოა.
![]() |
7.2 თუ პარლამენტი ბიუჯეტს არ დამტკიცებს |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით. საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერი ხარჯვის დადასტურების შემთხვევაში პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რაში გამოიხატება შესაბამისი გადაწყვეტილება - მთავრობის დათხოვნაში თუ მინისტრის გადაყენებაში, ეს უკვე დარღვევის ხასიათსა და პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული.
ბიუჯეტის კონტროლისათვის და პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილების გასაფართოვებლად კონსტიტუციის 97-ე მუხლის ძალით კონტროლის პალატა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. კონტროლის პალატის თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, კონტროლის პალატა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ - თავისი საქმიანობის ანგარიშს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე ისაა, რომ თუ პარლამენტმა ვერ მოახერხა ბიუჯეტის მიღება სამი თვის განმავლობაში, პრეზიდენტი უფლებამოსილია გადააყენოს მთავრობა ან დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ექსპერტთა აზრით, დათხოვნის საფრთხე პარლამენტს „მორჩილს“ გახდის პრეზიდენტის წინაშე, თუნდაც რომ პარლამენტში პრეზიდენტის მომხრე ძალებს უმრავლესობა არ ჰქონდეთ. ეს ადვილი ასახსნელია.
პარლამენტარები, რომელთაც არცთუ მცირე ძალისხმევა დასჭირდათ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად, იოლად არ წავლენ ბიუჯეტის გამო პრეზიდენტთან დაპირისპირებაზე და არჩევენ მიიღონ ბიუჯეტი და არ შექმნიან ვითარებას, როდესაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება ეძლევა.
![]() |
7.3 ბიუჯეტი პრეზიდენტის დეკრეტით |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნისას, პრეზიდენტი დეკრეტით დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ერთ თვეში წარუდგენს მას დასამტკიცებლად. მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ახალარჩეული პარლამენტი არ დაამტკიცებს ბიუჯეტს, მისი დათხოვნის უფლება კი პრეზიდენტს პირველი ექვსი თვის განმავლობაში არა აქვს? არც არაფერი - იმ შემთხვევებშიც, როდესაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არა აქვს (პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში, როცა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესია დაწყებული, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში), პარლამენტის მიერ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს დეკრეტით ამტკიცებს პრეზიდენტი.
პრეზიდენტის უფლება - თავისი დეკრეტით დაამტკიცოს ბიუჯეტი, რიგი ექსპერტების აზრით სრულიად გაუმართლებელია. ბიუჯეტი თავისებური „თანხმობის დოკუმენტია“ ქვეყანაში არსებულ ინტერესთა ჯგუფებს შორის, რომლის სპექტრიც პარლამენტშია წარმოდგენილი. თუკი პარლამენტში ბიუჯეტი ისეთ წინააღმდეგობას ხვდება, რაც მის დამტკიცებას შეუძლებელს ხდის, უმჯობესია ამ წინააღმდეგობის მიზეზის გათვალისწინება და არა უგულებელყოფა, რაც ბიუჯეტის დეკრეტით მიღების დროს ხდება.
გარდა ამისა, პრეზიდენტის დეკრეტით დამტკიცებულ ბიუჯეტზე პასუხისმგებელია არა მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი, არამედ პირადად პრეზიდენტი, რასაც მისთვის სერიოზული უსიამოვნებები შეიძლება მოჰვეს, წარუმატებელი საბიუჯეტო შედეგების შემთხვევაში.
ექსპერტთა ნაწილს, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, კიდევ უფრო სახიფათოდ მიაჩნია კონსტიტუციის 73-ე მუხლში შეტანილი ის ცვლილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნიდან ახალარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე შეუძლია საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე გამოსცეს კანონის ძალის მქონე აქტი - დეკრეტი. დეკრეტი ძალას კარგავს, თუკი ახლადარჩეული პარლამენტი პირველი შეკრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ დაამტკიცებს მას.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ამგვარი წესის მოქმედებას კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკაში. ბიზნესის ფუნქციონირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია საგადასახადო წესების სტაბილურობა და პროგნოზირებადობა. პრეზიდენტის აღნიშნულმა უფლებამოსილებამ კი შესაძლოა, მოულოდნელად და რადიკალურად შეცვალოს სურათი.
უახლოესი წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ როგორ აისახება განახლებული კონსტიტუცია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე. პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობასა და პირადად პრემიერ-მინისტრს. თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკასა და საბიუჯეტო სექტორში არსებულ ვითარებას, ამ სფეროში თავის გამოჩენა არცთუ იოლი ამოცანა იქნება.
![]() |
8 2005 წელი: ახალი „თამაშის წესები“ ბიზნესისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო 2005 წელს ახალი საგადასახადო კოდექსითა და ფინანსური ამნისტიით შეხვდა. ეს ორი დოკუმენტი პარლამენტმა ზუსტად ახალი წლის წინა დღეებში მიიღო. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სწორედ ამ კანონების ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ახალი ათვლის წერტილი გახდება. ამ აზრს ექსპერტთა გარკვეული ნაწილიც იზიარებდა, თუმცა სხვები სკეპტიკურად არიან განწყობილი და სერიოზულ შენიშვნებს გამოთქვამდნენ. ეკონომიკის სფეროში მოპოვებულ წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე კი დამოკიდებულია თავად ხელისუფლების რეიტინგი.
![]() |
8.1 ახალი შანსი საქართველოსთვის |
▲ზევით დაბრუნება |
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი მკვეთრად შეიცვალა. საქართველოში დაინახეს უკვე არა „შეუმდგარი“, არამედ პერსპექტიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია მის წინაშე არსებული უმწვავესი პრობლემების გადაწყვეტა. სწორედ ამ საქმეში დახმარებას ისახავს მიზნად ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, ისევე როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს „ათასწლეულის გამოწვევაში“ ჩართვა და სხვა არხებით მიღებული დახმარებები. ეს ყოველივე საქართველოს ახალ ხელისუფლებას უნიკალურ შანსს აძლევს სწრაფად განახორციელოს აუცილებელი გარდაქმნები და სამი წლის შემდეგ საქართველო მართლაც იქცეს ისეთ ქვეყნად, რომელსაც არათუ აღარ დასჭირდება დახმარება, არამედ თავად შეეძლება სხვებისთვის დახმარების გაწევა. ასეთ დაპირებას დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იძლევიან, მაგრამ ამის რეალურად გასაკეთებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. მთავარი კი ისაა, რამდენად არის მზად თავად საქართველოს მთავრობა საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.
საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკა და დონორთა მიერ გამოყოფილი თანხების სწორად და მიზანმიმართულად განკარგვა - ესაა სამი პრიორიტეტი, რომლითაც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას თქმით, მთავრობა იხელმძღვანელებდა უახლოეს წლებში ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის გზაზე დასაყენებლად.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ბრიუსელში 16-17 ივნისს დონორთა სამიტის დროს საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდი დოლარის განაწილებაა. ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობისა და დონორების დარწმუნებას იმაში, რომ თანხები მიზნობრივად მოხმარდება ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და სამი წლის შემდეგ სასიკეთო შედეგებს მოსახლეობაც იგრძნობს.
იქმნება სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც დონორთა მიერ გამოყოფილი თანხების ათვისების კონკრეტულ გეგმას განსაზღვრავს. „თუ ამ თანხებს რაციონალურად და პრობლემების გადასაწყვეტად გამოვიყენებთ, შედეგს მართლაც მივაღწევთ“, - ასეთია საქართველოს მთავრობის პოზიცია. მარტო დონორთა მილიარდი, ცხადია, ქვეყნის ეკონომიკას აღმავლობის გზაზე ვერ დააყენებს, თუკი ბიზნესს თავისუფალი განვითარების საშუალება არ მიეცემა. ამისათვის მთავრობა სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავდა:
- „იაფი მთავრობა“. დონორთა მიერ გამოყოფილი თანხების ნაწილი დაიხარჯება მთავრობის ოპტიმიზაციისათვის. „აუცილებელია, რომ მთავრობა უფრო იაფი შესანახი იყოს“, - აღნიშნავს ჟვანია;
- „აგრესიული პრივატიზაცია“. ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძეს დაევალა სასწრაფოდ შეედგინა საპრივატიზაციო საწარმოების ნუსხა. პრივატიზაციას, მთავრობის ვარაუდით, ეკონომიკური პროცესების მკვეთრი გააქტიურება უნდა მოჰყვეს;
- „ბიზნესის განთავისუფლება“. ამჟამად მთავრობა ყველანაირი ზედმეტი ლიცენზიების, სერტიფიკატებისა და ნებართვების გაუქმებაზე მუშაობს, რათა ქვეყანაში ბიზნესის განვითარება დაუბრკოლებლად მოხდეს. ამ უწყებების გაუქმება მთავრობის გაიაფებასაც ნიშნავს;
- საგადასახადო ლიბერალიზაცია. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებების თანახმად, მათ მიერ შემოთავაზებული საგადასახადო კანონმდებლობა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე უფრო ლიბერალურ იქნება, „დაბალი საგადასახადო განაკვეთებით, მარტივი, გამჭვირვალე საგადასახადო სისტემით“.
მთავრობის მიერ დასახული გეგმები კარგია, მაგრამ მთავარი არა პრიორიტეტების დასახვა, არამედ მათი რეალიზებაა. მთავრობის მიერ შემუშავებული საგადასახადო კოდექსის, პრივატიზაციის გეგმების თუ მთავრობის რეფორმირების გეგმების თაობაზე მრავალი განსხვავებული მოსაზრება არსებობს.
![]() |
8.2 საქართველოში ისევ ოპტიმისტები ცხოვრობენ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მოსახლეობის 71% დარწმუნებულია, რომ 2005 წელი იქნება უკეთესი, ვიდრე 2004 წელი. ოპტიმიზმის ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 65 ქვეყანას შორის მე-3 ადგილზე აღმოჩნდა ტუნისისა და ვიეტნამის შემდეგ, სადაც მოსახლეობის 72%-ია ოპტიმისტურად განწყობილი. ასეთი შედეგები მიიღო სოციოლოგიური კვლევების სამსახურმა „გორბმა“, რომელიც გელაპ ინტერნეიშენალის წევრია საქართველოში.1
ეკონომიკური ოპტიმიზმის მიხედვითაც 2004 წელს საქართველო პლანეტის 65 ქვეყანას შორის ლიდერთა შორის იყო და მე-8 ადგილზე აღმოჩნდა - მოსახლეობის 56% დარწმუნებული იყო, რომ 2005 წელი ეკონომიკური აღმავლობის წელი იქნებოდა. საქართველოს მოსახლეობის განწყობაში ოპტიმიზმის პირველი პიკი 1999 წელზე მოდის. საპარლამენტო არჩევნების წელს იმდროინდელი „მოქალაქეთა კავშირი“ მოსახლეობას მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას პირდებოდა. შემდეგ ოპტიმიზმი მკვეთრად კლებულობდა და 2003 წელს ამ მითის არავის სჯეროდა. სამაგიეროდ, იმავე წელს დაიჯერა „ვარდების რევოლუციის“ და დაიწყო ოპტიმისტური განწყობილების ახალი პერიოდიც, რომელიც 2004 წელსაც გაგრძელდა. საქართველოში ყველაზე ოპტიმისტურად იყო განწყობილი 15-20 წლამდე ახალგაზრდობა, შედარებით ნაკლებად ოპტიმისტურად კი 40-49 წლის მოსახლეობაა განწყობილი.
თუმცა მოსახლეობის ეკონომიკური ოპტიმიზმი უკვე კლებულობს. გასული 6 წლის მანძილზე ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებული იყო საკუთარი სამუშაოს სტაბილურობაში.2003 წელს ოპტიმისტთა რიცხვმა პიკს მიაღწია (63%). მაგრამ სახელმწიფო სექტორიდან დიდმა დათხოვნებმა და ბიზნეს-სექტორის ნელი ტემპით განვითარებამ 2004 წლისათვის ოპტიმისტთა რაოდენობა ერთი მეხუთედით შეამცირა. 1999 წლის შემდეგ, 2004 წელს ყველაზე მაღალია იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში ახალ სამუშაოს პოვნას დიდი დრო დასჭირდება.
უმუშევრობა გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა, რაც ქვეყნიდან მოსახლეობის დიდ მიგრაციას და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას განაპირობებს. თუმცა, მის მოსაგვარებლად პრინციპში, გადაიდგა ნაბიჯი - ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელმაც ბიძგი უნდა მისცეს ბიზნესის განვითარებას. თუკი ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას, მოსახლეობის ოპტიმიზმი, ცხადია, სწრაფად შეიცვლება საწინააღმდეგო განწყობით.
ზემოთ აღნიშნული გამოკითხვა „გორბის“ მიერ ჩატარდა 2004 წლის ბოლოს და მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები შემთხვევით შერჩეული 1000 რესპოდენტი.
________________________
1. „რეზონანსი“, 17.I.2005
![]() |
8.3 მილიარდი დოლარი სამ წელიწადში |
▲ზევით დაბრუნება |
ბრიუსელში დონორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობამ იმაზე სამჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე მოელოდა. 2004-2006 წლებში საქართველო დონორებისაგან ერთ მილიარდ დოლარს მიიღებს. როგორც ქართულ მედიაში აღინიშნება, ამ დახმარების მიზნობრივი გამოყენებისა და დასახული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს 2007 წელს (ანუ როდესაც იგეგმება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება) ექნება შანსი ევროკავშირის კარებზე თამამად დააკაკუნოს. დონორების მიერ გამოყოფილი მილიარდი დოლარი საქართველოს მთავრობის თხოვნას მოჰყვა 2004-2006 წლებში გადაუდებელი დახმარების გაწევის შესახებ.
როგორც ქართულ მედიაში აღინიშნებოდა, ახალი ხელისუფლების 6-თვიანი საგარეო და საშინაო პოლიტიკა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საქართველოს ჩამოსცილებოდა შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში გაჩენილი „არშემდგარი სახელმწიფოს“ იარლიყი და დასავლეთში დარწმუნებულიყვნენ საქართველოს წარმატებით განვითარების შესაძლებლობაში. ბრიუსელში დონორებისაგან მიღებული მილიარდი დოლარი, ერთი მხრივ, ამ ნდობის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი საქართველოსთვის აუცილებელი დახმარების სურვილია ღრმა და რადიკალური რეფორმების გატარების საქმეში. დონორთა ხელგაშლილობა ადასტურებს, რომ დასავლეთი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარებით მეტად დაინტერესებულია.
ბრიუსელში მიღებული დახმარების დიდი ნაწილი აშშ-ზე, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთზე მოდის. რითი მოიპოვა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დასავლეთის ქვეყნების და ორგანიზაციების ნდობა? ამ მხრივ, შეიძლება გამოვყოთ კორუფციის, კრიმინალის, ნარკოტრაფიკისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, საბიუჯეტო კრიზისის დაძლევა, არჩევნების ჩატარების დემოკრატიულობის გაუმჯობესება, ანტიტერორისტულ კოალიციაში აქტიური მონაწილეობა.
ბრიუსელში მიღებული ერთი მილიარდი დოლარი დამოუკიდებელი დონორი ორგანიზაციების გრძელვადიან კრედიტთა ერთობლიობაა. მათ დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ, კრედიტების გასტუმრება კი 10-15 წლის შემდეგ იწყება. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ბრიუსელში მიღებულ თანხას საჩუქარს უწოდებს.
რაში უნდა იქნეს გამოყენებული დონორთა დახმარება? საქართველოს მთავრობამ დაარწმუნა დონორი ორგანიზაციები, რომ 2004-2006 წლებში გადაუდებელი ფინანსური დახმარება სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს ენერგოსექტორის პარალიზება, უზრუნველყოს სახელმწიფო სტრუქტურების შემდგომი რეფორმირება, განახორციელოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და უზრუნველყოს საკვები პროდუქტების უსაფრთხოება. ბრიუსელში გამოყოფილი თანხები დაიხარჯება, აგრეთვე, სიღარიბის დაძლევის პროგრამის შესრულებაზე, სოციალურ რეაბილიტაციაზე და აჭარაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესების ხელშესაწყობად.
ქართული მედია და პოლიტიკური სპექტრი ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ უცხოელი დონორების მხრიდან ამ ოდენობის კრედიტის გამოყოფა სერიოზული მხარდაჭერის და ნდობის გამოხატულებაა, რასაც აუცილებლად გამართლება სჭირდება. შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც საქართველომ ამაზე მეტი თანხა მიიღო, მაგრამ მისი დიდი ნაწილი კორუმპირებულ ჩინოსანთა გასამდიდრებლად დაიხარჯა. დღეისათვის საგარეო ვალი 1 მილიარდ 817 მილიონ დოლარს აღწევს. 2004-2006 წლებში დონორთა კეთილი ნების შედეგად ეს ვალი კიდევ მილიარდი დოლარით, ანუ 50 პროცენტით გაიზრდება. თუკი ახალი ხელისუფლება, ძველის მსგავსად, ამ თანხებს უყაირათოდ დახარჯავს, შედეგად ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე გახდება.
![]() |
8.4 ახალი საგადასახადო კოდექსის კონტურები |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წლის 13 ივნისს მთავრობამ საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომლის ამოქმედებაც, საპარლამენტო განხილვებისა და დამტკიცების შემდეგ, 2005 წლიდან იგეგმებოდა...
1997 წელს მიღებული ძველი საგადასახადო კოდექსის მისამართით ბევრი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა. ბიზნესმენები და ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში არსებულ პერმანენტულ ეკონომიკურ კრიზისს სწორედ აღნიშნული კოდექსის მიღებას უკავშირებენ. ისიც ხშირად აღნიშნულა, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსი გარკვეული ბიზნესწრეების ინტერესების ლობირებას ემსახურება და კორუფციას უწყობს ხელს. განვლილი წლების მანძილზე კოდექსში 3 ათასამდე შესწორებაა შეტანილი, რაც ბიზნესინტერესების ლობირების შედეგია და კიდევ უფრო ართულებს საგადასახადო კოდექსის აღქმას.
საგადასახადო კოდექსის შეცვლაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ. შემუშავდა რამდენიმე ალტერნატიული პროექტიც. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება ლიბერალური საგადასახადო კოდექსის შემუშავება იყო, რომელიც გადასახადებისაგან გაანთავისუფლებს წვრილ და საშუალო ბიზნესს, საგადასახადო ტვირთს შეუმსუბუქებს მთლიანად ბიზნესს, ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, ასევე ხელს შეუწყობს ბიუჯეტის შევსებას და შესაბამისად, სოციალური პროგრამების დაფინანსებას. ცხადია, რომ დასახელებული დაპირებების შეთავსება საგადასახადო კოდექსში არცთუ იოლი საქმეა. ამიტომ ყველას მოლოდინს აღნიშნული დოკუმენტი ვერ გაამართლებს. თუმცა, მთავარია, რომ კოდექსმა იმუშაოს და ეკონომიკის აღმავლობას შეუწყოს ხელი.
პრემიერ-მინისტრის კაბინეტთან შექმნილმა 7-კაციანმა კომისიამ საგადასახადო კოდექსის პროექტის ათი ვერსია შეაჯერა და როგორც ამბობენ, ისეთი საგადასახადო კოდექსი შექმნა, რომელიც რეგიონში ყველაზე ლიბერალური და ინვესტორებისათვის ხელსაყრელი უნდა იყოს. ახალი საგადასახადო კოდექსით, არსებული 21 გადასახადიდან მხოლოდ 9 გადასახადი რჩება - საშემოსავლო, სოციალური, მოგების, დამატებითი ღირებულების, სათამაშო ბიზნესის, ბუნებრივი რესურსების გამოყენების, ქონების, აქციზის და მიწის გადასახადის. უქმდება 12 გადასახადი.
სოციალური გადასახადი 33 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო საშემოსავლო 20-დან 12 პროცენტამდე. ეს ნაბიჯი მიმართულია ჩრდილოვანი ბიზნესის შემცირებისკენ. ამით კეთილსინდისიერ ბიზნესმენს ეძლევა საშუალება ხელფასის ლეგალიზაცია მოახდინოს, ხელფასის ლეგალურად მიღების პირობებში კი მუშაკის სოციალური დაცულობაც იზრდება.
დამატებითი ღირებულების გადასახადი 20 პროცენტიდან 18 პროცენტამდე შემცირდება. მთავრობის გათვლებით, ეს მნიშვნელოვანი შეღავათია მეწარმეებისათვის. დღგ-ის 2 პროცენტით შემცირება კერძო სექტორში დამატებით 70 მლნ ლარის მობილიზებას შეუწყობს ხელს.
დღგ-სთან დაკავშირებით ბიზნესმენთა და ექსპერტთა ნაწილს საჭიროდ მისი დიფერენცირებული დაწესება მიაჩნია, დარგის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მაგრამ ხელისუფლება სკეპტიკურად უყურებს ასეთი მიდგომის პერსპექტივას და დღგ-ის დიფერენცირება პრიორიტეტების მიხედვით კორუფციის ხელშემწყო, ფაქტორის როლს შეასრულებს.
გადასახადების შემცირების სანაცვლოდ მთავრობა ე.წ. ფუფუნების საგნებზე გადასახადების გამკაცრებას მიმართავს. მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადები თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე (ღვინის გარდა) და ნავთობპროდუქტებზე. აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ზოგიერთი ბიზნესმენის მიერ გამოთქმული უკმაყოფილების საპასუხოდ ჟვანიამ განაცხადა, რომ ამ საკითხში ხელისუფლება დათმობაზე არ წავა.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსი გაცილებით უფრო ლიბერალურია არსებულ კოდექსთან შედარებით, მაგრამ პრეზენტაციაზე შეკრებილმა ბიზნესმენების ნაწილმა არა თუ არ გაიზიარა სახელისუფლო ოპტიმიზმი, არამედ უკმაყოფილებაც გამოხატეს. „ამ ხალხს ეტყობა, ცხოვრებაში გადასახადი არ გადაუხდია და ამიტომ არ რეაგირებენ წარმოდგენილ კოდექსზეო“, - ასეთი იყო ეკონომიკის ახალი მინისტრის კახა ბენდუქიძის შეფასება.
ამავე დროს პრეზიდენტი სააკაშვილი ქართველი ბიზნესმენებისადმი თბილ სიტყვებს არ იშურებს. როგორც პრეზიდენტმა კახეთში გამართულ გადამხდელთა კავშირის გასვლით სხდომაზე განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერე ქართველი ბიზნესმენების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ბიზნესმენები კი თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ ჩაყენებული. „რაც არ უნდა კარგი საგადასახადო კოდექსი მივიღოთ და რაც არ უნდა შევამციროთ საგადასახადო განაკვეთები, ეს არ იქნება საკმარისი. მთავარია კოდექსი ყველასთვის ერთნაირი იყოს და ყველა ბიზნესმენს თანაბარ პირობებში უხდებოდეს საქმიანობა“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, ბიზნესმენებს არც ბიუროკრატიული ბარიერები უნდა უშლიდეს ხელს და ხელისუფლება ამის აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, საგადამხდელო კულტურა საქართველოში ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ გადამხდელი თავად მიდიოდეს ინსპექციაში გადასახადის გადასახდელად და არა ინსპექტორი აკითხავდეს მას „ეგზეკუციით“.1
გადამხდელთა კავშირის გასვლით სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ხელისუფლება მრჩევლად უცხოელი ეკონომისტების მოწვევას აპირებს, რომელთა მოწვევის მიზანი ის არის, რომ ხელისუფლებას ურჩიონ, როგორ დაიმკვიდროს საკუთარი ნიშა მსოფლიო ეკონომიკაში. „ჩვენ არ გვჭირდება ისეთი მრჩევლები, როგორსაც აქამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვიგზავნიდა. ამჯერად ამ ექსპერტებმა თამაშის ჩვენი წესები უნდა გაითვალისწინონ. არ მინდა საქართველო სავალუტო ფონდის „ხუთოსანი“ მოწაფე იყოს, ვიყოთ „სამოსნები“, ოღონდ მთავარია, სსფ-მა არ გამოგვრიცხოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
_____________________
1. „ახალი თაობა“, 25.V.2004
![]() |
8.5 ახალ საგადასახადო კოდექსს ადაპტაციის პერიოდი დასჭირდება |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი საგადასახადო კოდექსი პარლამენტმა 2004 წლის 22 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. კანონპროექტში შესატანმა უკანასკნელმა შესწორებებმა და რედაქტირების აუცილებლობამ გარკვეული დრო მოითხოვა. ახალი საგადასახადო კოდექსი ჟურნალ „საკანონმდებლო მაცნეში“ 5 იანვარს გამოქვეყნდა. კოდექსი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებულად ითვლება, გარდა ერთ-ერთი ნაწილისა - კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ს 20 პროცენტიდან 18 პროცენტამდე შემცირება ძალაში ექვსი თვის შემდეგ შევა.1
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კოდექსის მიღებამ აშკარად დაიგვინა. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი მის ამოქმედებამდე რამდენიმე თვით ადრე მიეღოთ და ყველას - ბიზნესმენებსაც და საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებ საც მოესწროთ ამ 180-გვერდიანი კანონის საგულდაგულოდ გაცნობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოდექსის მიღების შემდეგ გარკვეული დროა საჭირო ქვენორმატიული აქტების შესაქმნელად. ახლა ეს ყველაფერი უკვე ამოქმედებული საგადასახადო კოდექსის პირობებში უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, კეთდება პროგნოზები ახალ კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ. „მე შემიძლია განვაცხადო, რომ ამ კოდექსში იქნება ძალიან ბევრი ცვლილება. მათი საკმაო ნაწილის ინიციატორი კი თავად მთავრობა იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კოდექსზე მუშაობა გარკვეული ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო და თანაც შეჯერებული უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, უნდა დარჩენილიყო გარკვეული დრო ქვენორმატივების შესაქმნელად“, - აღნიშნავს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე.2
ახალი საგადასახადო კოდექსის და ფინანსური ამნისტიის მიერ მოტანილი შედეგების შესახებ გარკვეული დასკვნების გამოტანას, სულ ცოტა, ნახევარი წელი დასჭირდება. არავინ უარყოფს, რომ ახალმა საგადასახადო კოდექსმა შეამცირა საგადასახადო ტვირთი მეწარმეებისათვის, რამაც დამატებითი სტიმულები უნდა შექმნას ბიზნესისათვის. თუმცა, ზოგს მართებულად არ მიაჩნია აქციზის მკვეთრი ზრდა თამბაქოს ნაწარმზე და სპირიტიან სასმელებზე. აქციზი, საბოლოო ჯამში, მომხმარებლებს აწვება მძიმე ტვირთად. ეს კიდევ უფრო გააუარესებს სოციალურ მდგომარეობას, გარდა ამისა, დამატებითი სტიმული ეძლევა ამ საქონლის კონტრაბანდას და უაქციზო საქონლით ვაჭრობას.
ახალი საგადასახადო კოდექსით განხორციელდება არა მეწარმეების ყოველწლიური გეგმიური შემოწმება, არამედ საგადასახადო სამსახური მეწარმის ბიუჯეტთან ურთიერთობის გასარკვევად საწარმოში 3-4 წელიწადში ერთხელ უნდა შევიდეს. თუმცა, ბიზნესმენებს აშინებთ ის გარემოება, რომ საგადასახადო სამსახურებს უფლება აქვთ ოპერატიული მონაცემებისა და ინფორმაციის საფუძველზე შეამოწმონ ესა თუ ის მეწარმე, მოქალაქე. მეწარმე ვალდებულია საგადასახადო სამსახურის შესვლისას მათ მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ათი დღის ვადაში წარადგინოს. ამით გარკვეული ხვრელები კორუფციული გარიგებებისათვის დატოვებულია.
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაემართოს ახალ საგადასახადო კოდექსს, ალბათ, 1997 წლის კოდექსის ბედის გაზიარებაა. მისი მიღებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო კოდექსში მასობრივი ცვლილებებისა და კორექტივების შეტანა. შედეგად ისედაც საკმაოდ რთულმა დოკუმენტმა წინააღმდეგობრივი ხასიათი მიიღო, რომლის მოთხოვნების შესრულებასაც საგადასახადო უწყების წარმომადგენლებთან შეთანხმება სჯობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ამნისტია, ბევრის აზრით, არათანმიმდევრული დოკუმენტია და აკრიტიკებს მას, ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს 1992-2003 წლების დოკუმენტაციის განადგურება, რაც გარანტიაა იმისა, რომ სამართალდამცავები აღარასოდეს დაუბრუნდებიან ამ პერიოდის საქმეების გამოძიებას. კანონის ფარგლებში უკანონო ქონების ლეგალიზების საშუალებამ, ჩანაფიქრის მიხედვით, ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას. კონკრეტულ ეკონომიკურ ეფექტს კი ამ ნაბიჯიდან, როგორც უკვე ითქვა, რამდენიმე თვის შემდეგ უნდა ველოდოთ.
საგადასახადო კოდექსისადმი დამოკიდებულება ბიზნესმენებში მაინც „ფრთხილი მოლოდინის“ სახით შეიძლება შეფასდეს. მეწარმეთა შორის გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ახალი საგადასახადო კოდექსის მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი სიახლის - დღგ-ის 2 პროცენტით შემცირების ნახევარი წლით გადავადებამ. თუმცა, ხელისუფლების მოქმედება გასაგებია: ბიუჯეტის შემოსავლების 40-60 პროცენტი დღემდე სწორედ დამატებითი ღირებულების გადასახადიდან შემოდიოდა. გასაგებია, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის საბიუჯეტო შემოსავლების აღნიშნული წყაროს გარკვეულწილად შემცირება აშფოთებს და თავისებურ ნახევარწლიან გარდამავალ პერიოდს ითხოვს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის უზრუნველსაყოფად.
__________________________
1. „ახალი თაობა“, 5.I.2005
2. „ახალი თაობა“, 5.I.2005
![]() |
8.6 პოლიტიკა და ბიზნესი: ცივილიზებული და ჩრდილოვანი კავშირები |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა და ბიზნესი ყველგან ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, მაგრამ ეს კავშირი სხვადასხვა ხასიათს ატარებს. ცივილიზებულ ქვეყნებში ცდილობენ პოლიტიკამ ბიზნესისათვის თანაბარი პირობების არსებობა უზრუნველყოს. ცხადია, ეს არ გამორიცხავს ლობიზმის ინსტიტუტის არსებობას, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ხელისუფლების ფლობა უშუალოდ არ უკავშირდება საკუთრების გადანაწილებასა და ეკონომიკური წარმატების მიღწევას.
მათგან განსხვავებით, საქართველო დღემდე მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც, როგორც წესი, წარმატებული ბიზნესი პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირით კეთდება, ეკონომიკაში ე.წ. გავლენის სფეროების დამკვიდრება კი მხოლოდ პოლიტიკის აქტიური ჩარევით არის შესაძლებელი. შევარდნაძის მიერ დამკვიდრებული სახელისუფლო მოდელის მანკიერება არა მისი ცალკეული წარმომადგენლების, არამედ მთლიანად სისტემის ბრალი იყო. ის ჩრდილოვან ეკონომიკაზე, წილებზე, სახელისუფლო სახურავებზე და ყოვლისმომცველ კორუფციაზე იყო აგებული. ვარდების რევოლუცია ამ სისტემის დანგრევის ლოზუნგით მოხდა. ვარდების რევოლუცია პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის ამ მავნე კავშირის მოსპობას, ბიზნეს-სახელისუფლო კლანების ლიკვიდაციას, ბიზნესმენების თანაბარ პირობებში ჩაყენებას ისახავდა მიზნად. მაგრამ მიუხედავად ამგვარი მიზნების დეკლარირებისა, ძალიან ძნელია თამაშის წესების შეცვლა, მით უმეტეს, თუ ადრე ასე გიცხოვრია და ახლა იგივე თამაშის წესების „დე-ფაქტო“ შენარჩუნებით მნიშვნელოვანი სარგებლის მიღება შეგიძლია.
ძველი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების დაკავება და მათთვის ფულის გადახდის დაკისრება, ძველი ხელისუფლების მომხრე ჩინოსან-ბიზნესმენების „წილის“ გამოთავისუფლება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ძველი სისტემის დანგრევას. სწორედ ამიტომ ადგილობრივი ექსპერტები ალაპარაკდნენ საფრთხეზე, რომ მოხდება ქონების უბრალო გადანაწილება. თუკი მოვლენები სწორედ ასე წარიმართა და ძველ სახეებს უბრალოდ ახლები ჩაენაცვლა, მაშინ ამით ქვეყნის ეკონომიკას და ბიუჯეტს არაფერი ეშველება.
შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ პროკურატურა და სამართალდამცავები მხოლოდ შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელ ჩინოსნებს დასდევენ და ჯერჯერობით, კენჭაძის გარდა, ახალი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი მათი ყურადღების ობიექტი არ გამხდარა. საზოგადოებისათვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ძველი კორუფციული სისტემა მთლიანად დაინგრა და არავინ არაფერს „არ აფუჭებს“, ისევე როგორც ძნელი წარმოსადგენია, რომ ახალი ხელისუფლების მხარეზე გადასულ მოხელეებს თუ ბიზნესის წარმომადგენლებს წინა წლებში არაფერი ჰქონდეთ დაშავებული.
ვარდების რევოლუცია, რომელმაც შევარდნაძე და მისი გარემოცვა ხელისუფლებას ჩამოაშორა, იმავდროულად წარმოადგენდა ბიზნესში გავლენის სფეროების გადანაწილების კარგ შესაძლებლობასაც. ძველი სახელისუფლო კლანების კონტროლის ქვეშ მოქცეული სფეროები ახლა „განთავისუფლებული“ აღმოჩნდა ახალი პრეტენდენტებისათვის, ეს პრეტენდენტები კი რევოლუციური ხელისუფლების ახლო წრეში შეიძლება გამოჩენილიყვნენ. სწორედ ძველი სისტემის შენარჩუნების ცდუნება წარმოადგენს ახალი ხელისუფლებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს.
ქართულ ბიზნესში გავლენის სფეროების მოპოვებისა და გადანაწილებისათვის მორიგი დაუნდობელი ბრძოლაა გაჩაღებული. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს გვაძლევს ქართულ მედიაში გამოჩენილი სტატიები. მათი დიდი ნაწილი ურთიერთბრალდებების სახეს ატარებს და ფაქტობრივად ამ ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფრონტი და ხილული ნაწილია, სადაც მოწინააღმდეგის კომპრომეტირება ხდება, ნაწილი პუბლიკაციებისა კი ამ ბრძოლის ნეიტრალურ ასახვასა და გაანალიზებას ცდილობს. „ვარდების“ რევოლუცია მაღალი იდეალების სახელით მოხდა. მას ბოლო უნდა მოეღო კლანურობასა და კორუფციაზე დამყარებული სისტემისათვის. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ახალ ხელისუფლებას ემუქრება, ისაა, რომ ყველაფერი ისევ ისე დარჩეს, როგორც შევარდნაძის დროს იყო. ოღონდ მოხდეს უბრალოდ ქონებისა და გავლენის სფეროების გადანაწილება და შევარდნაძესთან დაახლოებული კლანების ადგილი სხვებმა დაიკავონ.
![]() |
9 საქართველოს ეკონომიკა: ადგილი მსოფლიოში |
▲ზევით დაბრუნება |
რა ადგილი უკავია საქართველოს ეკონომიკას თანამედროვე მსოფლიოში და რამდენად კონკურენტუნარიანია იგი, ამის თაობაზე ობიექტურ წარმოდგენას გვიქმნის ის რეიტინგინები, რომლებიც პერიოდულად კეთდება სხვადასხვა ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ. რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასება გააკეთა - „ფრეიზერ ინსტიტუტის“, „კატო ინსტიტუტის“ და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ შეფასებებში საქართველოს არცთუ მოწინავე და სახარბიელო ადგილი (66-ე და მე-100) უკავია. სამაგიეროდ, მსოფლიო ბანკის შეფასებებში საქართველო როგორც რეფორმატორი ქვეყანაში მსოფლიოში მეორე ადგილზეა დასახელებული. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მომავალი წლიდან, როდესაც შეფასებებს ბოლო „რეფორმატორული“ წლების მონაცემები დაედება, საქართველო ყველა ამგვარ რეიტინგში მკვეთრად გაიუმჯობესებს თავის მდგომარეობას.
![]() |
9.1 როგორია საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი? |
▲ზევით დაბრუნება |
2005 წლის ზაფხულში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ყოველწლიურმა მოხსენებამ, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუარესდა და 91-ე ადგილიდან მე-100 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, სხვა, ასევე არანაკლე, ავტორიტეტული ინსტიტუტების („ფრეიზერ ინსტიტუტის“ და „კატო ინსტიტუტის“) კვლევების თანახმად, საქართველოს აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით უკეთესად გამოიყურება.
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველოს ეკონომიკა მიკუთვნებულია „ძირითადად არათავისუფალ“ კატეგორიას. ცხრილში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვთ სომხეთს, მადაგასკარს, მონღოლეთს, უგანდას, ნამიბიას, ბოსნიას, ყირგიზეთს და ა.შ.
მოხსენების საქართველოსათვის მიძღვნილ ნაწილში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით გაუარესდა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და გაზრდილია არალეგალური ვაჭრობა. „უცხოური ინვესტორებისათვის დაწესებულია მაღალი ბარიერები. მართალია, საქართველოში ინვესტიციებზე დაწესებულია მცირე ოფიციალური შეზღუდვები და კანონის მიხედვით უცხოელები ადგილობრივი ინვესტორების თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, მაგრამ არსებობს ბევრი არალეგალური შეზღუდვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ ინვესტორები ბიზნეს-გარემოს ძირითადად აღიქვამენ, როგორც ბიუროკრატიულს, არაგამჭვირვალეს და კორუფციისაკენ მიდრეკილს. არაგამჭვირვალე რეგულირება, მუდმივად ცვალებადი წნეხი, გაჭიანურებული ადმინისტრაციული პროცედურები, ქრთამის ხშირი და არაპროგნოზირებადი მოთხოვნები ხელს უშლის საინვესტიციო კლიმატის და მეწარმეობის განვითარებას“, - ნათქვამია მოხსენებაში.1
მოხსენებაში საკუთრების უფლების დაცვის დონე შეფასებულია როგორც ძალიან დაბალი. „მთავრობის დიდი მცდელობის მიუხედავად, გამოესწორებინა სასამართლოს ეფექტურობა, მართმსაჯულების კორუმპირებულობა კვლავაც პრობლემად რჩება“, - ნათქვამია მოხსენებაში და დამოწმებულია „ვაშინგტონ თაიმსი“. ამ გაზეთის შეფასებით „როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები განიცდიან მოსამართლეთა მიმართ ნდობის დეფიციტს, მათი არაკომპეტენტურობის, მიკერძოებულობის და არადამოუკიდებლობის გამო, რასაც ემატება, აგრეთვე, მათი კორუმპირებულობის მაღალი რისკი“.2
რეგულირების დონე შეფასებულია როგორც ძალიან მაღალი. ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, გაჭიანურებული და ბიუროკრატიული პროცედურები საქართველოს უმთავრესი პრობლემაა. „ბიზნესმენები საქართველოში ბიზნესის წარმოების ყოველ დღეს ხვდებიან ურიცხვ წვრილმან დაბრკოლებას და მუდმივ იმედგაცრუებას. მრავალი მონაცემი მიუთითებს, აგრეთვე, რომ ბიზნესის მთავარ დაბრკოლებას საქართველოში კორუცია წარმოადგენს“, - აღნიშნულია მოხსენებაში.3
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მოხსენების გამოქვეყნებამ ქართველ ექსპერტთა შორის დიდი გამოძახილი გამოიწვია. პარლამენტარ ლადო პაპავას აზრით, ეს მოხსენება საქართველოს მთავრობისათვის ყურადსაღები უნდა იყოს. „თითოეული პარამეტრის მიხედვით მთავრობამ უნდა დაისახოს სამოქმედო გეგმა, რათა სიტუაცია გამოსწორდეს და მომავალი წლის ინდექსში წინსვლა გვქონდეს. თუმცა, ამ ინდექსის გაფეტიშებაც არ არის საჭირო“, - მიაჩნია პაპავას.4
ეკონომიკური ექსპერტის დემურ გიორხელიძის განცხადებით, თავისუფალი ეკონომიკის ინდექსთან დაკავშირებით შეფასებები პოლიტიკური თვალსაზრისით, შედარებით რბილად არის გაკეთებული, რადგან სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ეკონომიკური გარემოს განვითარებისათვის სამართლიან გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, გაისად ამ კვლევებში საქართველო 104-ე ადგილზე გადაინაცვლებს.5
„კატო ინსტიტუტის“ რეიტინგში მონაწილეობდა ეკონომიკური თავისუფლების მომხრე ქვეყანა, რომელშიც მსოფლიო მოსახლეობის 91 პროცენტი ცხოვრობს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი კი 39 მაჩვენებლით: საგადასახადო კანონმდებლობა, სავალუტო რეგულირება, ინფლაცია, საკანონმდებლო სისტემა, საკუთრების უფლების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული ბარიერები, საბიუჯეტო პოლიტიკა და სხვა) განისაზღვრა. ამ რეიტინგში საქართველომ 6,4 ქულა დაიმსახურა და 66-ე ადგილი დაიკავა.6 რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელიც დიდად საამაყო არაა, მაგრამ მე-100 ადგილს ნამდვილად სჯობია.
დაახლოებით ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ „ფრეიზერ ინსტიტუტის“ ექსპერტებიც, რომელთაც საქართველოს ასევე 66-ე ადგილი მიაკუთვნეს. ისიც უნდა ითქვას, რომ „ფრაიზერ ინსტიტუტმა“ თავისი რეიტინგი 2003 წლის მონაცემების საფუძველზე შეადგინა, მას შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა. მომხდარი ცვლილებებისადმი საქართველოში ერთნაირი დამოკიდებულება არაა. ხელისუფლების აზრით, საინვესტიციო გარემო მკვეთრად გაუმჯობესებულია, ოპოზიცია და დამოუკიდებელი ექსპერტების ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებს.
სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსების“ მონაცემები ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ დაპირისპირებაში ერთ-ერთი არგუმენტის როლს ასრულებს. აღნიშნულ ინდექსებს რეალური დატვირთვა მხოლოდ უცხოელი ინვესტორებისათვის აქვს. ისინი ქვეყანას ამგვარი ინდექსების საფუძველზეც ეცნობიან და განსაზღვრავენ თავიანთ დამოკიდებულებას, იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რამდენად ღირს ქვეყანაში ბიზნესის კეთება. „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ქვეყნის საგარეო იმიჯში გარკვეულ შტრიხს ქმნის და კარგი მაჩვენებელი, ცხადია, ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2005 წლის პირველ ნახევარში საქართველოში დაახლოებით იმდენი ინვესტიცია შემოვიდა, რამდენიც 2004 წლის ანალოგიურ პერიოდში. ასე რომ, ამ მაჩვენებლის მიხედვით, ვერც საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე ვიმსჯელებთ და ვერც გაუმჯობესებაზე.
________________________
1. „ახალი თაობა“, 27.VII.2005
2. „ხვალინდელი დღე“, 27.VII.2005
3. „რეზონანსი“, 27.VII.2005
4. „ახალი თაობა“, 27.VII.2005
5.„რეზონანსი“, 27.VII.2005
6. „რეზონანსი“, 12.IX.2005
![]() |
9.2 ადამიანური განვითარების ინდექსით მე-100 ადგილი |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანური განვითარების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს გამოკვლეული 177 ქვეყანას შორის მე-100 ადგილზეა. ამის შესახებ გაეროს ადამიანური განვითარების პროგრამის ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული. გამოკვლევის კრიტერიუმებად ექსპერტებს ერის ფიზიკური ჯანმრთელობა, სოციალური დაცულობა, თითოეულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, განათლებისა და კულტურის დონე, ეკოლოგიური სიტუაცია ჰქონდათ აღებული.1
აღნიშნული პარამეტრების მიხედვით, უმაღლესი შეფასება ნორვეგიამ, ისლანდიამ, ავსტრიამ, ლუქსემბურგმა და კანადამ მიიღო. აშშ-მა და იაპონიამ, გასულ წლებთან შედარებით, თითო საფეხურით დაიწიეს უკან და, შესაბამისად, მე-10 და მე-11 ადგილები დაიკავეს. მაღალი განვითარების სიაში შევიდა ბალტიის ყველა ქვეყანა.
საქართველოს მე-100 ადგილი რომ „მაღალი განვითარების ქვეყნების“ რანგს არ მიეკუთვნება, ყველასთვის გასაგებია. შედარებისთვის კი, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი - 62-ე ადგილზეა, ბელორუსი - 67-ე, უკრაინა - 78-ე, ყაზახეთი - მე-80, სომხეთი - 83-ე, თურქმენეთი - 97-ე, აზერბაიჯანი - 101-ე, ყირგიზეთი - 109-ე, უზბეკეთი - 111-ე, მოლდოვა - 115-ე, ტაჯიკეთი კი 122-ე ადგილზეა.
ადამიანური განვითარების მაჩვენებლით მე-100 ადგილი ადგილობრივი ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, სწორად ასახავს ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას. „მოსახლეობის დაუცველობის ხარისხი გაიზარდა, უმუშევრობის ხარისხი მეტია, სიღარიბის დონემ აიწია, სახელისუფლო პოლიტიკა უფრო მემარჯვენე გახდა თავისი ველური კაპიტალიზმის ელემენტებით და ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ადამიანური განვითარების ინდექსში ასახვა პოვა“, - აღნიშნავს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.2
„ეს მონაცემები იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიისკენ ნამდვილად არ მივდივართ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საერთაშორისო დონეზე ძალიან ცუდი იმიჯი გვექმნება. ჩვენ მივეკუთვნებით იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დემოკრატიის მშენებლობა არ არის ფუძემდებლური პრიორიტეტი“, - ასკვნის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე.3
ექსპერტთა აზრით, გაეროს ადამიანური განვითარების პროგრამის ყოველწლიური მონაცემები საქართველოში ინვესტიციების შემცირებას შეუწყობს ხელს. ინვესტორი არა მარტო ინვესტიციის განხორციელების პირობებს ითვალისწინებს, არამედ იმასაც ანგარიშობს, ბაზარი არსებობს თუ არა. რაც უფრო მძიმეა სოციალური ფონი, მით უფრო დაბალია მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი და ბაზარი სუსტად იქნება განვითარებული. ამ მხრივ კი პრობლემები სერიოზულია.
_____________________
1. „ხვალინდელი დღე“ 9.IX.2005
2. „რეზონანსი“, 9.IX.2005
3. „რეზონანსი“, 9.IX.2005
![]() |
9.3 საქართველო რეფორმების გატარებაში ლიდერობს |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (შას) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო, რეფორმების განხორციელების მხრივ, დსთ-ში პირველ, მსოფლიოს 155 ქვეყანას შორის კი მეორე ადგილზე დგას. ყოველწლიური მოხსენება („ბიზნესის განხორციელება 2006 წელს“) უკვე მესამედ გამოქვეყნდა. კვლევა ეხება მსოფლიოს 155 ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობას. ქვეყნების მიხედვით, განხილულია ბიზნესსაქმიანობის ხელშემწყობი აუცილებელი მარეგულირებელი გარემო რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მიხედვით, როგორიცაა ბიზნესის დაწყების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ლიცენზირების საკითხები, კრედიტის ხელმისაწვდომობა, საკუთრების რეგისტრაცია, ვაჭრობა, გადასახადების გამარტივება, თანამშრომელთა დაქირავებისა და გათავისუფლების პირობები და სხვა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი რეფორმა 2005 წელს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გატარდა, რეფორმების მიმართულება ბიზნესის განხორციელების პირობების გამარტივებაა. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა აზრით, რამაც საქართველოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყნის სტატუსი მოუტანა, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა რიგი ძირეული რეფორმები, რომლებიც ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ლიცენზირების სფეროში, გამარტივდა საგადასახადო კოდექსი და შემცირდა გადასახადები. „საქართველოში გამარტივდა ბიზნესის დაწყება, 909-დან 159-მდე შემცირდა ლიცენზიები, შემცირდა კერძო ქონების რეგისტრაციის ვადები და საფასური. მიღებულია ახალი საგადასახადო კოდექსი“, - ნათქვამია მოხსენებაში.1
მსოფლიო ბანკის მოხსენებაში მნიშვნელოვნადაა მიჩნეული ის ფაქტი, რომ 75 პროცენტით გაიაფდა საკუთრების რეგისტრაციის ხარჯები, ხოლო ამ რეგისტრაცისათვის აუცილებელი დრო 70 პროცენტით შემცირდა.2
მსოფლიო ბანკის მოხსენებაში მოწინავე რეფორმატორ ქვეყნად საქართველოს დასახელების ფაქტს საქართველოს მთავრობა თავის დამსახურების აღიარებად მიიჩნევს, თუმცა საზოგადოებასა და მედიაში რეფორმების დარგში მოწინავეობამ გარკვეულწილად სკეპტიკური დამოკიდებულება გამოიწვია. ინფორმაცია საქართველოს ლიდერობაზე რეფორმების სფეროში ზოგმა გაზეთმა ირონიული სათაურებით გამოაქვეყნა: „რაც კარგები ვართ“,3 „რეფორმებით მაგრები ვართ“4 „საქართველო - რიგით მეორე რეფორმატორი მსოფლიოში“.5 და ა.შ. ეს გასაგებიცაა - რეფორმების სიკეთე ქვეყნის მოსახლეობას ჯერჯერობით არ უგრძვნია. თუმცა, კვლევის ავტორები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს დროც მალე დადგება.
„სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც საქართველოს მსგავსად, რეფორმირების გზა გაიარეს, შედეგი ორ წელიწადში მიიღეს. ასე რომ, მომავალ წელს საქართველოსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი შედეგი“, - აღნიშნავს კვლევის ავტორი სიმეონ ჯანკოვი.6 მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგად მიღებული ასეთი უმაღლესი შეფასება მიიპყრობს ინვესტორთა ყურადღებას, მაგრამ ინვესტიციების მოძრაობა იწყება დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, როცა რეფორმას რაიმე რეალური შედეგი მოჰყვება ხოლმე. რაც შეეხება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, აღსანიშნავია ის, რომ ინვესტორების დაცვის მხრივ არც ერთი რეფორმა არ გატარებულა. „თუკი საქართველოში ასეთი რეფორმა არ იქნება გატარებული, ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად იქნება აღქმული“, - აღნიშნავს ჯანკოვი.7
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, განხორციელებული რეფორმების სასიკეთო შედეგები უკვე თვალსაჩინოა. „როგორც წესი, რეფორმების შედეგები ჩქარა არ მიიღება და მას მოგვიანებით ვხედავთ ხოლმე, საქართველოში ჩატარებულმა რეფორმებმა საკმაოდ სწრაფად გამოიღო შედეგი“, - აცხადებს ნოღაიდელი.8
პრემიერ-მინისტრის თქმით, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების შედეგად, 2003 წელთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, რის შედეგადაც ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად იქნა გასტუმრებული წინა წლებში დაგროვილი საპენსიო დავალიანებები და სხვა სოციალური ვალდებულებები. ამან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოასწორა. მხოლოდ სახელმწიფო ინვესტიციებით ქვეყანაში შეიქმნა უამრავი დამატებითი სამუშაო ადგილები. მაგალითად, ბათუმში განხორციელებულმა მუნიციპალურმა ინვესტიციებმა 2700 ადამიანი დაასაქმა.
მიღწევებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი პრობლემებსაც ხედავს და სამომავლო ამოცანებს სახავს. „ადრინდელთან შედარებით მდგომარეობა მკვეთრად არის გამოსწორებული. თუმცა ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ჩვენ რეფორმატორთა შორის მეორე ვიყოთ, ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ იმ 30 ქვეყანას შორის, სადაც ბიზნესი კეთდება, წარმართა არის იოლი. კვლევის ამ ნაწილში საქართველო მხოლოდ მე-100 ადგილზეა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ გაისად ჩვენ ამ სიაშიც მოწინავე პოზიციას დავიკავებთ“, - აცხადებს ნოღაიდელი. ამ სიტყვებს კი პრემიერ-მინისტრს აუცილებლად შეახსენებენ, თუკი წარმატებები არ იქნა მიღწეული.
________________________
1. „ხვალინდელი დღე“, 14.IX.2005
2. „24 საათი“, 14.IX.2005
3. „ხვალინდელი დღე“, 14.IX.2005
4. „საქართველოს რესპუბლიკა“, 14.IX.2005
5. „24 საათი“, 14.IX.2005
6. „24 საათი“, 19.IX.2005
7. „24 საათი“, 19.IX.2005
8. „24 საათი“, 19.IX.2005
![]() |
9.4 მთავრობა საერთაშორისო ინდექსებში სწრაფ წინსვლას იმედოვნებს |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკური განვითარების მინისტრის ირაკლი ჩოგოვაძის განცხადებით, ის ინსტიტუტები, რომლებმაც 2005 წელს გამოაქვეყნებს თავიანთი რეიტინგები ძველ მონაცემებს ეყრდნობიან, როდესაც საქართველოში არ იყო გატარებული ცვლილებები. აქედან გამომდინარე, ეს არის შევარდნაძის მმართველობის პერიოდის შეფასება. „ზოგი ეს შეფასება 2003 წლის მაჩვენებლებს ეყრდნობა, მომავალ წელს 2004 წლის შეფასებები დაიდება. ერთადერთი შეფასება, რომელიც 2004 წლის ნაწილს ეყრდნობა, მსოფლიო ბანკმა გააკეთა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური რეფორმების გატარების თვალსაზრისით, მსოფლიოში მეორე ადგილზე აღმოვჩნდით. ეს არის მიზეზი, რომ საქართველო ზოგის შეფასებით 66-ე ან მე-100 ადგილზეა, ზოგის კი - მეორეზე“, - აცხადებს ირაკლი ჩოგოვაძე.1 მინისტრის ვარაუდით, 2006 წელს საქართველო აღნიშნული ინსტიტუტების რეიტინგში რამდენიმე ათეული ადგილით წინ გადმოინაცვლებს, ხოლო მსოფლიო ბანკის შეფასებებში კი პირველ ადგილს დაიკავებს.
ირაკლი ჩოგოვაძის თქმით, ამგვარი გამოკვლევების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საბაჟო განაკვეთებს. თუ ეს განაკვეთები მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არალიბერალური რეჟიმია. თუმცა, ამ გამოკვლევებში გათვალისწინებული არ არის არანაკლე, მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - საგადასახადო განაკვეთების შემცირება. საქართველოში კი სწორედ აქ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები: 21 გადასახადი 7-მდე შემცირდა, სოციალური გადასახადი 33 პროცენტიდან 20 პროცენტამდე ჩამოვიდა, დამატებითი ღირებულების გადასახადი კი 20 პროცენტიდან 18 პროცენტამდე.2
თუმცა, ოპოზიცია მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს და ხელისუფლების „რეიტინგულ წარმატებას“ მსოფლიო ბანკის მონაცემებით დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. „შევარდნაძის პერიოდი მახსენდება, როცა სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, საქართველო ყოველთვის ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად მოიხსენიებოდა, ამ დროს კი ქვეყანაში მასობრივი გაღატაკების პროცესი მიდიოდა. დღესაც ანალოგიური მდგომარეობაა“, - აღნიშნავს პარლამენტარი კახა კუკავა.3 რეფორმებმა კარგი ცხოვრება უნდა მოიტანოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება „რეიტინგული ლიდერობა“ დამაჯერებელი და საფუძველი გამოეცლება ოპოზიციის კრიტიკას. სანამ ეს არაა, ხელისუფლებას მოუწევს საკმაოდ მწარე შენიშვნების მოსმენა.
მთავრობის ოპტიმიზმს არ იზიარებენ ეკონომიკის რიგი დამოუკიდებელი ექსპერტები. ნიკო ორველაშვილის განცხადებით, თუკი არაფერი შეიცვალა, საქართველოს ეკონომიკას კრახი ემუქრება. „როცა ბიზნესმენი ფიზიკურად დაუცველია, როცა დაუცველია მისი უფლებები საკუთრებაზე, მაშინ მას ქვეყანაში საკეთებელი აღარაფერი რჩება. ეს, თავის მხრივ, აისახება ბიზნესის კლებაზე, უმუშევრობაზე, მცირე შემოსავლებზე და შესაბამისად, მცირე მოხმარებაზე. სწორედ ეს გახლავთ ეკონომიკის კრახი და მეტი არაფერი. ის ფაქტი, რომ უკანასკნელ პერიოდში ბაზარზე უძრავი ქონების ფასი ორჯერ გაიზარდა, ასევე ამის მახასიათებელი ინდიკატორია. ადამიანები ინტუიციით გრძნობენ, რომ საქმეში ფულის დაბანდება არამომგებიანია“, - აღნიშნავს ორველაშვილი.4
ექსპერტის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. იქ, სადაც არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, ძნელია ფიქრი ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებზე. თავის დროზე ხელისუფლება აცხადებდა, რომ საგადასახადო დავების განხილვა კერძო არბიტრაჟშიც იქნებოდა შესაძლებელი, შეიქმნებოდა ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ დავიწყებას მიეცა.
მდგომარეობის გამოსწორება, ორველაშვილის აზრით, სამი რამის სასწრაფოდ გაკეთებითაა შესაძლებელი: ხელისუფლება „პირველი, მისცემს სრულ დამოუკიდებლობას სასამართლო სისტემას. მეორე, სამართალდამცავ ორგანოებს მიუჩენს თავის ადგილს, რათა მათ რეალურად ებრძოლონ დამნაშავეობას. მესამე, ქვეყანა შეიმუშავებს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას“, - აღნიშნავს ორველაშვილი.5
________________________
1. „რეზონანსი“, 16.IX.2005
2. „რეზონანსი“, 16.IX.2005
3. „ახალი ვერსია“, 16-18.IX.2005
4. „საქართველოს რესპუბლიკა“, 28.VII.2005
5. „საქართველოს რესპუბლიკა“, 28.VII.2005
![]() |
9.5 საქართველო პირველად მოხვდა ძირითადად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში |
▲ზევით დაბრუნება |
„უოლ სტრიტ ჯორნალმა“ იანვრის დასაწყისში ყოველწლიური კვლევა „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2006“ გამოაქვეყნა. ამ კვლევაში, რომელიც 161 ქვეყანას მოიცავს, საქართველო მალაიზიასა და კამბოჯასთან ერთად 2,98 ქულით 68-ე ადგილზეა. საქართველოს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 0,31 ერთეულით გაუმჯობესდა.1 ეს მაჩვენებელი ყველაზე საუკეთესოა მას შემდეგ, რაც იგი „Heritage Foundation“-ის („მემკვიდრეობის ფონდი“) და გაზეთის „eru cfdd Tekuue owgktfd“-ის მიერ პირველად იქნა გამოთვლილი საქართველოსთვის 1996 წელს. მაშინ ეს მაჩვენებელი 4,0-ს შეადგენდა. რაც მთავარია, საქართველო პირველად მოხვდა ე.წ. ძირითადად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში. ერთი წლის განმავლობაში მან 100-დან 68-ე ადგილზე გადაინაცვლა.
„Heritage Foundation“ (მემკვიდრეობის ფონდი) და გაზეთ - „eru cfdd Tekuue owgktfd“-ის მიერ გაკეთებული მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ბოლო 12 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ქვეყნდება. იგი წარმოადგენს სხვადასხვა ეკონომიკური კრიტერიუმების შედეგს 5-ბალიანი შკალით. მის გამოსათვლელად გამოიყენება ათ ეკონომიკურ ფაქტორად დანაწილებული 50 დამოუკიდებელი ეკონომიკური ცვლადი. მაქსიმალური 5 ბალი უკიდურესად უარყოფითი შეფასებაა, ხოლო 1 ქულა მაქსიმალურად საუკეთესო. მაღალი ქულები მიუთითებს მთავრობის ეკონომიკაში ჩარევის მაღალ ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების დაბალ დონეზე.
ემპირიულად დამტკიცებულია, რომ ქვეყნები, რომლებსაც უკეთესი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი აქვთ, გამოირჩევიან გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპებითა და ეკონომიკური კეთილდღეობით.
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2004 წელს 3,19-ს შეადგენდა და საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 91-ე ადგილზე იყო. 2005 წელს ეს მაჩვენებელი გაუარესდა და 3,32 შეადგინა, რითაც საქართველო 161 ქვეყანას შორის მე-100 ადგილზე აღმოჩნდა.2
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუარესების მიზეზად ეკონომიკის ექსპერტებმა არაკონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო, ახალი საგადასახადო კოდექსი და ფინანსური წნეხი დაასახელეს. ამ ფონზე ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 2006 წლისათვის გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს 2,98 ბალით 68-ე ადგილზე გადანაცვლება. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა თითო პუნქტით - ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, საბანკო-საფინანსო სექტორის და უცხოური ინვესტიციების სფეროში. 0,1 ბალით გაუმჯობესდა ფისკალური პოლიტიკის შეფასება. რაც შეეხება მთავრობის ინტერვენციას, ხელფასებისა და ფასების კონტროლს, საკუთრების უფლებას, რეგულირებასა და არაფორმალურ ბაზარს, ამ კრიტერიუმებში საქართველოს მაჩვენებლები უცვლელი დარჩა.3
2006 წ. გამოკვლევის თანახმად, რუსეთი 3,50 ქულით 122-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 3,51 ქულით 123-ე ადგილზეა. სამაგიეროდ 2,26 ქულით 27-ე ადგილზეა სომხეთი. მოლდოვა 83-ე ადგილზეა, თურქეთი 85-ე, რუმინეთი 92-ე, უკრაინა 99-ე, ყაზახეთი 113-ე, თურქმენეთი 148-ე, ბელარუსი 151-ე. გამოკვლევის მიხედვით, პირველი ადგილი 1,28 ქულით ჰონკონგმა დაიკავა. ბოლო ადგილზე 5,0 ქულით ჩრდილოეთ კორეაა.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველოს მაჩვენებლების გაუმჯობესება და „ძირითადად თავისუფალი ეკონომიკის“ კატეგორიაში გადასვლა საქართველოში აქტიური განხილვის საგანი გახდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, აღნიშნული მონაცემები იმის აღიარებაა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი გზით ვითარდება. „ჩვენ იმ 10 ქვეყნის რიცხვში შევედით, რომლებმაც ეკონომიკური თვალსაზრისით წინ წაიწიეს. ამ ტენდენციას სხვა საერთაშორისო ფინანსური კორპორაციებიც ადასტურებენ, ანუ საერთაშორისო შეფასებით, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნავს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე. მისივე თქმით, ეკონომიკა ახლა უფრო თავისუფალია, ვიდრე წინა წლებში და სახელმწიფო ახლა უფრო ნაკლებად ერევა ეკონომიკაში.
დამოუკიდებელი ექსპერტი დემურ გიორხელიძე კი „Heritage Foundation“-ის მონაცემებსაც ეჭვქვეშ აყენებს და ზედმეტად ოპტიმისტურად მიიჩნევს. მისი თქმით, ამ მონაცემების შეკრებაში ქართველებიც მონაწილეობენ და ფონდის კვლევაში საქართველოს კარგი პოზიცია ამანაც განაპირობა. „თავისთავად ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი ჯერჯერობით მაღალი არ არის, ლეგალური ბიზნესის წარმოებაც შეუძლებელია, რადგან სამართლებრივი დაცვის მექანიზმი პრაქტიკულად არ არსებობს... ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალია. თუ ზრდა შეინიშნება, ესეც ძირითადად ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილობრივი გათეთრების შედეგია“, - აღნიშნავს დემურ გიორხელიძე.
გიორხელიძე პესიმისტურ პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ უკვე გაზაფხულისთვის ფისკალური კრიზისის პირველი ნიშნები გაჩნდება, რადგან მხოლოდ ადმინისტრირების გზით ეკონომიკის განვითარება უბრალოდ შეუძლებელია. ექსპერტის აზრით, სასწრაფოდ შესაცვლელია არსებული საგადასახადო კოდექსი, რომლის უვარგისობაც სავსებით დადასტურდა მისი მოქმედების ერთი წლის განმავლობაშიც.
________________________
1. „რეზონანსი“, 5.I.2006
2. „ახალი თაობა“, 10.I.2006
3. „კვირის პალიტრა“, 16-22.I.2006
![]() |
9.6 საქართველო: ეკონომიკის თავისუფლების ზრდის შესაძლებლობები |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2006 წლისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და საქართველო პირველად მოხვდა ე.წ. „ძირითადად თავისუფალ“ ქვეყნების კატეგორიაში. წარმატება მართლაც თვალსაჩინოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავე ინდექსით, საქართველო თუ 68-ეა, ჩვენი მეზობელი სომხეთი 27-ე ადგილზეა. ასევე, ამავე ინდექსის გამოთვლისას გათვალისწინებულ რიგ პარამეტრებში საქართველომ მეტად ცუდი შეფასებები დაიმსახურა. ასე რომ, მთავარია არა მიღწევების შესახებ საუბარი, არამედ არსებული ხარვეზების გამოსწორება.
კონკრეტულად, საქართველოში არსებული ვითარება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში შემავალი ცალკეული ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით, შემდგნაირად გამოიყურება:
სავაჭრო პოლიტიკა - არადამაკმაყოფილებლად შეფასდა, რადგან გამოკვლევებით ამ სექტორში პროტექციონიზმის მაღალი დონეა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს საშუალო სატარიფო განაკვეთი 8,7%-ის ტოლია, რაც 1,2%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. მათივე შეფასებით, ისევ მაღალია კორუფციის დონე საბაჟო სექტორში.
მთავრობის ფინანსური წნეხი - 2,3 ბალი. საქართველო გადავიდა საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებულ განაკვეთზე (12%), მოგების გადასახადი კი 20%-ს შეადგენს.
მთავრობის ჩარევა ეკონომიკაში - 1,5 ბალი. დაბალი დონე.
მონეტარული პოლიტიკა: ინფლაციის დონე 2 ბალით შეფასდა. 2004 წლის 3 ბალთან შედარებით ეს პარამეტრი ერთი ბალით გაუმჯობესდა.
კაპიტალის ნაკადები და უცხოური ინვესტიციები: 3 ბალი - ბარიერის ზომიერი ზრდა.
ბანკები და ფინანსები: 2 ბალი - შეზღუდვების დაბალი დონე. წინა სამ წელიწადთან შედარებით ვითარება ერთი ბალით გაუმჯობესდა.
ფასები და ხელფასები: 3 ბალი - ჩარევის ზომიერი დონე. ამ შეფასების მიხედვით, ფასები ძირითადად ლიბერალიზებულია, თუმცა არსებობს სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ფასებიც ისეთ საქონელსა და მომსახურებაზე, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ელექტრომომარაგება, გაზი, წყალი და კომუნალური მომსახურება. აგრეთვე, ხდება ჯანდაცვისა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის სუბსიდირება. არსებობს მინიმალური სახელფასო განაკვეთი სახელმწიფო მოხელისათვის, მაგრამ არა კერძო სექტორისათვის.1
საკუთრების უფლება: 4 ბალი - დაცვის დაბალი დონე. გამოკვლევის თანახმად, ისევ პრობლემაა კორუფცია სასამართლო სექტორში.
რეგულირება: 4 ბალი - მაღალი დონე. ახალი ბიზნესის წამოწყება ისევ სირთულეს წარმოადგენს. აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით ინვესტორები უამრავ მცირე დაბრკოლებას აწყდებიან.
არაფორმალური ბაზარი: 4,5 ბალი - აქტივობის ძალზე მაღალი დონე.
როგორც ვხედავთ, თუკი საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს უზრუნველყოს საკუთრების უკეთესი დაცულობა, შეამციროს კორუფციის დონე სასამართლო სისტემაში, გააადვილოს ბიზნესის წარმოების პირობები და შეამციროს არაფორმალური ბაზარი და გააუმჯობესოს სავაჭრო პოლიტიკა, შედეგად, ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი კიდევ უფრო მკვეთრად გაუმჯობესდება. ემპირიულად დამტკიცებულია, რომ ქვეყნები, რომლებსაც უკეთესი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი აქვთ, გამოირჩევიან გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპებითა და ეკონომიკური კეთილდღეობით.
_______________________
1. „რეზონანსი“, 12.I.2006
![]() |
9.7 საქართველო - „დაბალი საშუალო მაჩვენებლების“ ქვეყნებში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2004 წელს საქართველოში შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე 1.060 აშშ დოლარი შეადგინა. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო „დაბალი საშუალო მაჩვენებლების“ მქონე ქვეყნების კატეგორიაში ექცევა. აქ გაერთიანებულნი არიან ქვეყნები, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 825 დოლარიდან 3255 დოლარამდე. უფრო დაბლა „დაბალი შემოსავლების ქვეყნებია“, სადაც შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 825 დოლარს არ აღემატება. „მაღალი საშუალო მაჩვენებლების“ ჯგუფს მიეკუთვნებიან ქვეყნები 3.255 დოლარიდან 10.066 დოლარამდე შემოსავლებით ერთ სულ მოსახლეზე. სხვა დანარჩენი მაღალი შემოსავლების ჯგუფში შედიან.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მაღალი შემოსავლების ჯგუფში არც ერთი არ შედის. ამავე დროს, ეს ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ოდენობის თვალსაზრისით მეტად დიფერენცირებულია: ესტონეთი (7.080 დოლარი), ლატვია (5.580 დოლარი); ლიტვა (5.740 დოლარი); რუსეთი (3.400 დოლარი); ბელორუსი (2.140); უკრაინა (1.270 დოლარი); სომხეთი (1060 დოლარი); აზერბაიჯანი (940 დოლარი); მოლდოვა (720); ყირგიზეთი (400); უზბეკეთი (459) და ტაჯიკეთი( 280). მსოფლიო ბანკის მოხსენებაში არაფერია ნათქვამი თურქმენეთის სტატისტიკურ მონაცემებზე, თუმცა ეს ქვეყანა „დაბალი შემოსავლების“ ჯგუფშია ჩართული.1
____________________
1. „ხვალინდელი დღე“, 25.IV.2006
![]() |
10 არადეკლარირებული შემოსავლების ლეგალიზების მოკრძალებული შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად შეიძლება განვიხილოთ ბიზნესის „გათეთრებისკენ“ მიმართული ძალისხმევა. კორუფციის ბრალდებით მიმდინარე ხმაურიან დაპატიმრებებთან ერთად, ცალკეული ექსპერტების და პოლიტიკოსების მხრიდან გაისმოდა მოწოდებები „საგადასახადო ამნისტიის“ აუცილებლობის თაობაზე. ამის გარეშე, მათი აზრით, შეუძლებელი იყო ბიზნესის წარმოების სფეროში ნორმალური ვითარების შექმნა.
![]() |
10.1 ფინანსური ამნისტიის საკითხმა ხელისუფლებაში უთანხმოება გამოიწვია |
▲ზევით დაბრუნება |
თავიდან ხელისუფლებას თავისებური ფინანსური ამნისტიის განხორციელება სპეციალური კანონის გარეშეც მიაჩნდა შესაძლებლად. ამაზე მეტყველებს თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ბიზნესმენებისადმი 2004 წლის 1 აპრილამდე გაეთეთრებინათ თავიანთი ბიზნესი: „ვინც 1 აპრილამდე ობიექტურ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს, თუნდაც მრავალი წლის დამალულ გადასახადებს გაუკეთებს ლეგალიზებას, იტყვის, რომ მზად არის ახლა გადაიხადოს გადასახადები, მე ვაძლევ ჩემს საპრეზიდენტო სიტყვას (და თუ საჭირო გახდა კანონში ცვლილება, ამასაც გავაკეთებ), რომ ყველანაირი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებული იქნება და არავინ მას ხელს არ ახლებს, არც ერთი სისხლის სამართლებრივი და სხვა დევნის ორგანო“. გარდა ბიზნესის „ნებაყოფლობით“ გათეთრების მოთხოვნისა არსებული საგადასახადო სისტემის ფარგლებში, პრეზიდენტი სააკაშვილი დაპირებას იძლეოდა, რომ 2004 წლის ზაფხულისათვის ან უკიდურეს შემთხვევაში, სექტემბრისათვის ისეთი საგადასახადო რეჟიმი შეიქმნებოდა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა გადასახადების შემცირებას.
თუმცა, პრეზიდენტის ასეთ განცხადებას ყველა როდი შეხვდა მოწონებით. მათ ხელისუფლების მიერ ძველი გადასახადების მოთხოვნა უსამართლობად მიიჩნიეს. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს ბიზნესი უაღრესად მძიმე პირობებში ჰყავდა ჩაყენებული. ყველა გადასახადის გადახდა გაკოტრებას უდრიდა. ამიტომ ბიზნესმენები იძულებულნი იყვნენ სახელმწიფო მოეტყუებინათ და კორუფციულ გარიგებებზე წასულიყვნენ.
ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლება, ერთი მხრივ, აღიარებდა არსებული საგადასახადო სისტემის უვარგისობას და აცხადებს, რომ აპირებს საგადასახადო რეჟიმის შეცვლას. ამავე დროს მოითხოვს დამალული გადასახადების გადახდას „შევარდნაძის კანონების შესაბამისად“.
ამიტომ, რიგი ექსპერტების აზრით, თუკი „საგადასახადო ამნისტიაზეა“ საუბარი, მოქმედება ცოტა სხვაგვარი უნდა ყოფილიყო - სწრაფად შექმნილიყო ახალი საგადასახადო სისტემა, მისაღები და „ასატანი“ ბიზნესისათვის და ამის შემდეგ გამკაცრებულიყო საგადასახადო ადმინისტრირება. მკაცრად დაისაჯონ ისინი, ვინც თავს აარიდებს ახალ გადასახადებს, ძველისთვის კი პასუხი აღარ მოეთხოვოთ. ასეთ პირობებში, მათი თქმით, უმკაცრეს პასუხისმგებლობაზე ყველა ბიზნესმენი თანახმა იქნებოდა. თუმცა, ამგვარი გეგმა ხელისუფლებისათვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მთავრობა და პარლამენტი მოქმედებდნენ იმ პროგრამის ფარგლებში, რაც სააკაშვილის ზემოთ აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარეობდა.
საბოლოოდ, ფინანსური ამნისტიის თაობაზე რამდენჯერმე გაკეთებულმა განცხადებამ, კანონის სახე მიიღო. ამ კანონის საჭიროების დასაბუთება მარტივი იყო: შევარდნაძის დროს საგადასახადო სისტემა ბიზნესმენს იძულებულს ხდიდა დაემალა შემოსავალი, შესულიყო კორუფციულ გარიგებებში საგადასახადო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ახლა მეწარმეს საშუალება უნდა მიეცეს უსაფრთხოდ გამოაჩინოს თავისი ქონება და „დამალული“ ქონებიდან მხოლოდ ერთი პროცენტი გადაიხადოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თუმცა, ხელისუფლების გეგმით ფინანსური ამნისტია არ ეხებოდათ იმ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც უკვე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ან უკვე დაპატიმრებული იყო. ამის გამო ოპოზიცია აცხადებდა, რომ ირღვეოდა კონსტიტუციური მოთხოვნა მოქალაქეთა თანასწორობის შესახებ. კანონი უნდა ეხებოდეს დანაშაულს და არა კონკრეტულ პიროვნებებს. ანუ თუკი ამნისტიაა, ის უნდა შეეხოს ასეთი დანაშაულის ჩამდენ ყველა პიროვნებას, ამას კი ხელისუფლება არ ეთანხმებოდა. ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხმაურიანი ბრალდებებითაც გამოდიოდა. „ამას აქვს პოლიტიკური ქვეტექსტი - იმ ხალხზე, ვის მიმართაც ხელისუფლებას ანგარიშსწორება სურდა, საქმეები აღძრულია და ამნისტია არ შეეხებათ, ხოლო მათზე, ვის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ პირადად ხელისუფლების უმაღლესი ჩინოსნების ჯიბეში გადაიხადეს ეს თანხები, საქმე არ არის აღძრული“, - აღნიშნავს პარლამენტარი კახა კუკავა.1
ასეთ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებდა ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის ის მუხლი, რომლითაც ამნისტია ეხებოდა ისეთ დანაშაულებებს, როგორიცაა: ქრთამის აღება, უკანონო საჩუქრის მიღება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და თანამდებობის გადამეტება. ანუ იმ სახის დანაშაულებებზე, რომელთაც ბიზნესმენი ვერ ჩაიდენდა. სამაგიეროდ ასეთ დანაშაულს უხვად სჩადიოდნენ კორუმპირებული ჩინოსნები. კახა კუკავა ამტკიცებდა, რომ ფინანსური ამნისტიის კანონი სწორედ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკვეთაა, რადგანაც მათ ფარულად დიდი ფული გადაიხადეს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ახლა ხელისუფლებისაგან უსაფრთხოდ ყოფნის იურიდიულ გარანტიას ითხოვენ. თუკი კანონპროექტი ამ სახით გავიდოდა პარლამენტში, მაშინ ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებას აუცილებლად შეახსენებენ, რომ ვარდების რევოლუციის მთავარი ლოზუნგი „საქართველო კორუფციის გარეშე“ ერთ წელიწადში დასრულდა კანონპროექტით „კორუფციის ამნისტიის“ შესახებ.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „ფინანსური ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევამდე გადადო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მთავრობას საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პარლამენტთან შეთანხმებული ვარიანტი უნდა წარმოედგინა. თუმცა, წარმოდგენილ ვარიანტში შეთანხმებული მუხლები არ არის.
ხელისუფლება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და მისთვის ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონის მიღება, წესით, პრობლემად არ უნდა გადაქცეულიყო. მაგრამ საქმე ისაა, რომ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის აზრი ამ საკითხზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოშობილი წინააღმდეგობის გამო ზოგი მოსალოდნელ პოლიტიკურ კრიზისზე ალაპარაკდა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ უარყო მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირება. მისი თქმით, „ეს კამათი გამოწვეულია არა იმით, რომ მთავრობა და უმრავლესობა ერთმანეთს უპირისპირდება, არამედ გვინდა, რომ საკითხი მაქსიმალურად კარგად და პოზიტიურად გადაწყდეს“2
მაია ნადირაძის შეფასებით, პარლამენტის პოლიტიკური ელიტა ე.წ. „ფინანსური ამნისტიის შესახებ“ კანონის მისაღებად მზად არ იყო. „თუ პარლამენტი დღეს მთავრობის მიერ შემოტანილ კანონპროექტს განიხილავს და მიიღებს, აღნიშნული კანონი საზოგადოებაში ორაზროვნებას გამოიწვევს, ფრაქციებში კი - უკმაყოფილებას, რადგან მთავრობასა და პარლამენტს შორის ზეპირი შეთანხმება კანონში გაფორმებული არ არის“, - აღნიშნა ნადირაძემ.3
მთავარ უთანხმოებას იწვევდა საკითხი - ფინანსური ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ ბიზნესმენებს, რომლებიც გადასახადებს მალავდნენ, თუ ყოფილ სახელმწიფო მოხელეებსაც, რომლებმაც ძირითადად ქრთამების აღებით დააგროვეს ქონება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფინანსური ამნისტია არ უნდა შეხებოდა მაღალი თანამდებობების პირებს.4
ამგვარი გამიჯვნის შესაძლებლობას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. „საქართველოში ვერ მოხერხდება ბიზნესმენების და მოხელეების გაყოფა. ქართული ბიზნესი (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა), ძირითადად არის მოხელეების ბიზნესი. საქართველოში წესიერი მეწარმეები არ უნდა გაიჭყლიტონ, მე ვგულისხმო, იმ წვრილ მეწარმეებს, ვისაც დეკლარირებული აქვთ საკუთარი დავალიანება სახელმწიფოს მიმართ“, აღნიშნავს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.5
ამავე დროს „მემარჯვენე ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებდა, რომ ფინანსური ამნისტიის საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურებით კარგად სარგებლობენ მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებიც აგრძელებდნენ მეწარმეებისათვის „პასუხის მოთხოვნას“.
__________________________
1. „ახალი თაობა“, 15.XI.2004
2.„ახალი თაობა“, 25.XI.2004
3. „ხვალინდელი დღე“, 25.XI.2004
4. „ახალი თაობა“, 25.XI.2004
5. „ახალი თაობა“, 26.XI.2004
![]() |
10.2 ვის ეხებოდა ფინანსური ამნისტია |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წლის 24 დეკემბერს ბოლოს საქართველოს პარლამენტმა 125 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“. თითქმის ერთწლიანი განხილვა და ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების შეჯერების მცდელობა ორგვერდიანი დოკუმენტის მიღებით დასრულდა. კანონი ერთჯერადი ხასიათის იყო ძალაში კი 2005 წლის 1 იანვარს შევიდა და მისი მოქმედების ვადა იმავე წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.
როგორც უკვე ითქვა, ამნისტიის თაობაზე თავად სახელისუფლო ბლოკში არ იყო ერთიანობა. ნაწილი თვლიდა, რომ ამნისტია ყველა ბიზნესმენსა და მოხელეზე უნდა გავრცელებულიყო, რომლებიც, არსებითად, შევარდნაძის მმართველობის დროს არსებული კორუმპირებული სისტემის მსხვერპლნი იყვნენ. მეორე ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ფინანსური ამნისტია შეძლებისდაგვარად სამართლიანობის პრინციპს უნდა შერწყმოდა და გავრცელებულიყო მხოლოდ ბიზნესმენებზე და არა სხვადასხვა რანგის მოხელეებზე.
საბოლოოდ, პარლამენტმა კენჭი უყარა კომპრომისულ დოკუმენტს, რომლის შედგენაც სხვადასხვა პოზიციების შეჯერებით მოხერხდა. მიღებულ დოკუმენტში უფრო დიდი ყურადღება ეთმობოდა იმის ჩამოთვლას, ვიზეც არ ვრცელდებოდა ფინანსური ამნისტია. პირველ რიგში, ამნისტია არ ეხებათ იმათ, ვინც ქონება დააგროვა ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობით, ტერორიზმით, ტრეფიკინგით და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულებების გზით.
ამნისტია არ შეეხებოდათ სახელმწიფო სამსახურში მყოფ ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს, დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული გამგებლების მოადგილეებით. ამ თანამდებობათა სრული ნუსხა მოცემულია კანონში. თუმცა არის მოხელეთა ნაწილი, რომლებიც მართალია ქონებრივ დეკლარაციებს ავსებენ, მაგრამ ამნისტია მაინც შეეხებათ. მათ ორი შესაძლებლობა აქვთ: ისინი, ვინც გადამალული ფინანსების შესახებ განაცხადებდნენ, მაგრამ ამ თანხას საბანკო ანგარიშზე არ ჩარიცხავენ, ვალდებული იქნებიან თანხის 1% გადაიხადონ. მათ კი, ვინც საბანკო ანგარიშებზე განათავსებდნენ ამ თანხას, არაფრის გადახდა არ მოუწევდათ.
ამნისტია არ ეხებოდა 50%-იანი და მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დიდი საწარმოების დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და თავმჯდომარეს, რომლებიც 1997 წლის შემდეგ ასეთი საწარმოების მართვას ახორციელებდნენ. დიდი საწარმოების კრიტერიუმად დადგინდა 1 მლნ ლარზე მეტი საწესდებო კაპიტალი. ამნისტია არ ეხებოდათ არც დასახელებულ პირთა შვილებს, მეუღლეებს, ბებია-ბაბუებს და ა.შ. მას შემდეგ, თუკი ამ ჩინოვნიკებსა და საწარმოთა მმართველებს დაუსაბუთებელ ქონებას აღმოუჩენენ. ანუ მათ არ უშველიდათ ქონების ნათესავების სახელზე გადაფორმება.
ახლა იმის შესახებ, თუ ვისზე ვრცელდებოდა ამნისტია. მიღებული კანონის თანახმად, ყველა საგამოძიებო ორგანოში წყდებოდა იმ პირთა მიმართ აღძრული საქმეების წარმოება და სასამართლოებში განუხილველი საქმეები, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს ე.წ. „სამეწარმეო დანაშაული“ (დამალეს მიღებული შემოსავალი, არ გადაიხადეს გადასახადები და ა.შ.). ამას გარდა, სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისთვის მსჯავრდებული არიან ასეთი დანაშაულის ჩადენისათვის. თუმცა, ისინი არ თავისუფლდებიან უკვე გადახდილი თუ გადასახდელი ჯარიმებისგან. ამ კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს ბიზნესმენებისათვის 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები.
ამასთან, დაუსაბუთებლად აღარ ითვლებოდა და ლეგალიზებული იქნება ქონება, რომლის დეკლარირებასაც მეწარმე მოახდენდა ამ კანონში გათვალისწინებული წესით. 2004 წლამდე ფინანსური საქმიანობის შემოწმება იკრძალება და, შესაბამისად, რაც აღმოჩენილი არ არის, იმის გადახდას ვერავინ მოითხოვს.
როგორც ქართულ მედიაში აღინიშნებოდა, ამნისტია გამოცხადდა, მაგრამ საზოგადოებაში მაინც არსებობდა გარკვეული უნდობლობა და ეჭვი, რომ შესაძლოა, ბინესმენების მიერ ქონების დეკლარირება ხელისუფლებას თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
![]() |
10.3 ფინანსური ამნისტიის შედეგებზე ექსპერტები განსხვავებული აზრის არიან |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, 2005 წელს საქართველოში 13 მილიონ 500 ათასი ლარის არადეკლარირებული ქონების ლეგალიზება მოხდა. დეკლარირებული ქონების 1 პროცენტი, ანუ 135 ათასი ლარი, კანონის შესაბამისად, ხაზინაში ჩაირიცხა. აღნიშნული თანხა დაახლოებით 30-მა ადამიანმა გადაიხადა. რაც შეეხება საბანკო არხებში ფულის ლეგალიზების მონაცემებს, დამალული შემოსავლის მქონე რამდენმა პირმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და რა ოდენობის თანხა შეიტანა ბანკებში ძნელი სათქმელია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2005 წლის მაის-ივნისში მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 47 მლნ ლარით გაიზარდა. პირველი ოთხი თვეში კი დეპოზიტების მოცულობა 49 მლნ ლარით გაიზარდა. ანუ ორი თვის განმავლობაში ანაბრები დაახლოებით იმ ოდენობით გაიზარდა, რაც წინა ოთხი თვის განმავლობაში. მაის-ივნისში დეპოზიტების მოცულობის ზრდა განსაკუთრებით ლარებში მოხდა და ამ უკანასკნელმა 38 მლნ ლარი შეადგინა.1 რომან გოცირიძის თქმით, ლეგალიზებული ფული გაცილებით მეტი იქნებოდა, დამალული ქონების პატრონებისათვის მეტი სტიმული რომ მიეცათ და ამნისტია ყოფილ მოხელეებსაც რომ შეხებოდათ. მაგრამ ამნისტია მხოლოდ დამალულ გადასახადებს ეხებოდა, თანაც ისეთს, რომელიც მანამდე სათანადო ორგანოებმა ვერ აღმოაჩინეს.
ეკონომიკის ზოგიერთ ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ საბანკო ანაბრების ზრდა დამალული შემოსავლების ლეგალიზების მაჩვენებელი იყოს. ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის აზრით, ეს უფრო საბანკო სექტორისადმი მოქალაქეთა ნდობის ზრდის მაჩვენებელია. ექსპერტის სიტყვებით, დამალული ქონების მქონე პირებს ხელისუფლებამ ხელშეუხებლობის საკმარისი გარანტიები ვერ მისცა, რაც მათ დეკლარირების სურვილს გაუჩენდა. „ვიდრე ეს ადამიანები არ დაინახავენ, როგორ მოექცნენ იმათ, ვინც დეკლარირება უკვე მოახდინა. ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ საფრთხე არ ემუქრებათ, საკუკთარი ქონების ლეგალიზებას არ მოახდენენ. მით უფრო, ინფორმაციის გაჟონვა რომ არ მოხდება, არც ამის გარანტიებია სათანადო დონეზე“, - აღნიშნავს ცისკარიშვილი.2
არაოფიციალური ინფორმაციით, საბანკო არხებში დაახლოებით 32 მლნ ლარის ლეგალიზება მოხდა. ანუ მთლიანობაში, ფინანსურმა ამნისტიამ დაახლოებით 45 მლნ ლარი მოიტანა. „საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი“, - აღნიშნავს დათო ნარმანია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტი.
ფინანსური ამნისტიის შედეგებით ხელისუფლება კმაყოფილია. თუმცა, დამოუკიდებელ ექსპერტთა ნაწილის აზრით, უფრო სრულყოფილი კანონის შემთხვევაში საბანკო არხებში თანხების უფრო მეტი რაოდენობის ლეგალიზება მოხდებოდა.3
ფინანსურ ამნისტიას არა ქვეყანაში „დამალული“ ქონება, არამედ, პირველ რიგში, უცხოეთში გატანილი კაპიტალი უნდა დაებრუნებინა. ექსპერტ დემურ გიორხელიძის განცხადებით, საქართველოდან ბოლო წლებში დაახლოებით 100 მლნ დოლარის კაპიტალი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გავიდა. მისივე აზრით, ფინანსური ამნისტიის კანონით ამ თანხის 1 პროცენტიც არ დაბრუნებულა. „ქართულ ეკონომიკაში ამ კაპიტალის დაბანდება რისკებს დღესაც შეიცავს“, - აღნიშნავს დემურ გიორხელიძე.4
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ნაციონალური კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ 2005 წლის მასობრივი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა საქართველოდან ადრე გასულმა კაპიტალმაც მიიღო. მისი თქმით, ბევრმა მეწარმემ არ მოახდინა დამალული კაპიტალის დეკლარირება და ამ ფულის ინვესტირება პირდაპირ ეკონომიკაში განახორციელა.
ექსპერტთა აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ კანონი ფინანსური ამნისტიის შესახებ საკმაოდ გვიან და არასრულყოფილად მიიღო, მაგრამ მან თავისი შედეგი მაინც გამოიღო. დსთ-ს ქვეყნებში ფინანსური ამნისტია ყველაზე ეფექტური ყაზახეთში გამოდგა. ამ ქვეყანაში წინასწარი მონაცემებით, 50 მლნ დოლარის ლეგალიზებას ვარაუდობდნენ, თუმცა რეალურად 800 მლნ დოლარის ლეგალიზება მოხდა.
_______________________
1. „ხვალინდელი დღე“, 20.VII.2005
2. „ხვალინდელი დღე“, 20.VII.2005
3. „ახალი თაობა“, 9.I.2006
4. „ახალი თაობა“, 9.I.2006
![]() |
10.4 ფინანსური ამნისტიის ლიბერალიზაციის იდეა |
▲ზევით დაბრუნება |
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“ ახალი ინიციატივით გამოვიდა და ფინანსური ამნისტიის ლიბერალიზაცია მოითხოვა. ფრაქციის წარმომადგენელთა აზრით, ერთი წლის წინათ მიღებულმა კანონმა ამნისტიის შესახებ, რომელიც მხოლოდ დამალული გადასახადების პატიებას ითვალისწინებს, ვერ გაამართლა. საჭიროა მისი მოქმედების გავრცელება იმ პირებზეც, რომლებმაც ოფიციალურად დააფიქსირეს თავიანთი ქონებრივი მდგომარეობა, მაგრამ ვერ შეძლეს გადასახადების გადახდა.
2006 წლის 8 მარტს ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ ლიდერებმა კობა დავითაშვილმა, დავით ზურაბიშვილმა და დავით ბერძენიშვილმა პარლამენტში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“ ქვეყანაში რეალური ფინანსური ამნისტიის განხორციელებას და 2004 წლის 1 იანვრამდე არსებული ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას მოითხოვს. ფინანსური ამნისტიის მოქმედების გაფართოება, ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ აზრით, სასიკეთოდ წაადგება ქვეყნის ეკონომიკას. „ეს მისცემს უამრავ მცირე და საშუალო მეწარმეს, რათა განაახლოს მუშაობა და შეიტანონ შემოსავლები ბიუჯეტში“, - აღნიშნავს ფრაქციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი.1 შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქციამ პარლამენტს 13 მარტს ოფიციალურად წარუდგინა.
2005 წელს გამოცხადებული ფინანსური ამნისტია მხოლოდ იმ მეწარმეებს შეეხო, რომლებიც გადასახადებს მალავდნენ. ამ კანონით დამალული შემოსავლების ლეგალიზებისათვის ბიზნესმენებს ერთწლიანი ვადა ჰქონდათ მიცემული. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ კანონით 100-მდე პირმა ისარგებლა და ამ პირებს სახელმწიფომ მთლიანობაში 2 მილიონ 500 ათასი ლარის დამალული გადასახადები აპატია.
„დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენელთა აზრით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ფინანსური ამნისტიის კანონმა ფაქტობრივად ვერ იმუშავა. ამასთან, ფინანსური ამნისტიის ამგვარი გამოცხადება უსამართლობა იყო იმ ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც პატიოსნად აფიქსირებდნენ თავიანთ გადასახადებს, მაგრამ მათი გადახდა არ შეეძლოთ. „მეწარმეები, რომლებიც წლების განმავლობაში აღიარებდნენ დავალიანებას და მათ ჯარიმები და საურავები ერიცხებოდათ, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამიტომ ხელისუფლებამ ძველი საგადასახადო დავალიანებები უნდა ჩამოწეროს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარებას, უმუშევრობის შემცირებასა და სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნავს კობა დავითაშვილი.2
ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილმა „დემოკრატიული ფრონტის“ ამ ინიციატივას აბსურდული უწოდა. მისი თქმით, ამნისტია ერთჯერადი აქტი იყო და დამალულ შემოსავლებზე ვრცელდებოდა. „საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა“ კი წარმოუდგენელია.
ოპოზიცია აცხადებს, რომ საწარმოებისათვის ძველი დავალიანებების მკაცრად მოთხოვნა და მძიმე საურავების დაკისრება, საწარმოების გაკოტრების და ჩალის ფასად ვიღაცეების მიერ მათი ხელში ჩაგდების მცდელობაა. ანუ ამ პოლიტიკით ხდება საწარმოების ხელახალი გადანაწილება.
როგორც ვხედავთ, მთავრობა ფინანსური ამნისტიის გაფართოების კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. კერძოდ, ბიზნესის სფეროდან მოსული პოლიტიკოსები მას სავსებით მისაღებად მიიჩნევენ. „დღეს ბევრი საწარმო დავალიანებების გამო გაჩერებულია. ამიტომ თუ ამნისტია მათაც შეეხებათ, ამით ხელისუფლება ეროვნულ წარმოებას და მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი.3
„დემოკრატიული ფრონტის“ ინიციატივაზე დებატები ჯერ კიდევ წინაა. თუმცა, ამან საეჭვოა, რომ ხელისუფლებას პოზიცია შეაცვლევინოს.
_______________________
1. „ახალი თაობა“, 9.III.2006
2. „ხვალინდელი დღე“, 9.III.2006
3. „რეზონანსი“,11. III. 2006
![]() |
11 კორუფცია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება |
▲ზევით დაბრუნება |
ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული რეალური ბრძოლა მიიჩნევა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდთან შედარებით ამ მხრივ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისაკენ. მაგრამ „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ მონაცემების გამოქვეყნებამ და კორუფციის ბრალდებით რამდენიმე თანამდებობის პირის დაკავებამ აჩვენა, რომ კორუფციის სენი კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება სახელისუფლო ეშელონის საშუალო რგოლისათვის მაინც.
![]() |
11.1 კორუფციით მიყენებული ზიანი |
▲ზევით დაბრუნება |
„ტრანსპარენსი ინტერნეიშენელის“ დასკვნით, სახელმწიფო მოხელეები და ბიზნესმენები კორუფციისა და მექრთამეობის გაღრმავებით უდიდეს ზიანს აყენებენ საზოგადოებას. „ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტების წარმომადგენლები ნებისმიერი შესაძლებლობისას იღებენ ქრთამებს. კორუმპირებულ მეწარმეებთან ერთად, ისინი მთელ ერებს აგდებენ სიღატაკის კლანჭებში და ეწინააღმდეგებიან მდგრად განვითარებას“, - აღნიშნავს „ტრანსპარენსი ინტერნეიშენელის“ პრეზიდენტი პიტერ აიგენი.
ერთ დროს გავრცელებული იყო მოსაზრება, რომლის თანახმადაც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში მყოფი ქვეყნებისათვის კორუფცია გარკვეულწილად ეკონომიკის სტიმულატორის როლს ასრულებს, რადგანაც ბიზნესმენებს შესაძლებლობა ეძლევათ ქრთამის მეშვეობით თავი დაიხსნან ათასგვარი ბიუროკრატიული ბარიერებისაგან. მაგრამ ცხოვრებამ აჩვენა ამგვარი ვარაუდების უსუსურობა. ამგვარი „ეკონომიკური სტიმული“ მრავალ უბედურებად უბრუნდება ეკონომიკასაც და, მთლიანად, საზოგადოებას.
კორუფციის მაღალი დონე, როგორც წესი, დიდ ჩრდილოვან ეკონომიკას და მუდმივად შეუვსებელ, მიზერულ ბიუჯეტს ნიშნავს. ეს ვითარება კარგადაა ნაცნობი დღევანდელი საქართველოს მცხოვრებლებისათვის. კორუფციის მაღალი დონე ბიზნესისათვის „სახელისუფლო სახურავების“ საჭიროებას განაპირობებს. „მსხვილები“ მოგებული რჩებიან, მაგრამ წვრილი და საშუალო ბიზნესი კი ამგვარ ვითარებაში სულს ღაფავს.
კიდევ უფრო დიდია ზიანი, რასაც კორუფცია აყენებს მოსახლეობის პოლიტიკურსამართლებრივ კულტურასა და ზნეობას. კორუფცია კანონის იგნორირებას, საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობას ნიშნავს მაღაჩინოსანი თუ წვრილი მოხელეების მხრიდან. საბოლოო ჯამში, კორუფცია საზოგადოების ზნეობრივ დეგრადაციას განაპირობებს, როდესაც ერთს ამბობენ და სრულიად სხვა რამეს აკეთებენ. და, რაც მთავარია, ამგვარი ვითარება არავისთვის საიდუმლოება არ არის.
კორუფციით კმაყოფილი და ამგვარი ვითარებით მოგებული, რაღა თქმა უნდა არსებული პოლიტ-ეკონომიკური ელიტაა, მაგრამ ზედა ეშელონიდან წამოსული კორუფციის საცეცეები მთელ საზოგადოებას ედება. ფართოდ იშლება ე.წ. „მასობრივი კორუფცია“, როდესაც მრავალი ადამიანი - წვრილფეხა ჩინოვნიკები თუ სამართალდამცავები, მოკლედ რომ ვთქვათ, თანამდებობის პირები ქრთამებს სძალავენ რიგით მოქალაქეებს. ეს უკანასკნელნიც იძულებულნი აირან გაიღონ ქრთამი, რათა დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება, ანდა მოიპოვონ გარკვეული კეთილდღეობა.
„მასობრივი კორუფციის“ დროს ქრთამის მასშტაბები შეიძლება არც იყოს დიდი, სულ რამდენიმე, ან თუნდაც ერთ ლარს შეადგენდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია კორუფციული სისტემის ფუნქციონირება. მთავარია ის, რომ ამგვარი ვითარება მისაღებია მრავალი ადამიანისათვის, რომლებიც თვლიან, რომ „ასეა საჭირო“. უფრო მეტი შესაძლებლობის შემთხვევაში კი, ისინი უფრო მეტ ქრთამს აიღებენ.
კორუფციულ გარემოს ცუდად ეწყობა დემოკრატიული ინსტიტუტები. მათი ფუნქციონირება კანონის შესრულებას ნიშნავს, კორუფციული სისტემა კი სწორედ კანონის იგნორირებას და სამართლებრივ ნიჰილიზმს ნიშნავს. კორუმპირებულ ელიტებს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცედურები მათი რეალური შინაარსის გარეშე, მხოლოდ დეკორაციის სახით ესაჭიროებათ. რაც შეეხებათ მასებს, მათ წარმოდგენაში დემოკრატიის სწრაფი დისკრედიტაცია ხდება, რადგანაც იგი კანონის იგნორირებას, კორუფციასა და ცხოვრების პირობების მკვეთრ გაუარესებას უკავშირდება.
„ტრანსფარენსი ინტერნეიშენელის“ წარმომადგენლების თქმით, კორუფციის ზრდა ხელს უშლის ამ ქვეყნებში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას, აგრეთვე ფინანსური და სოციალური კრიზისების მიზეზი ხდება. მექრთამეობამ დემოკრატიისაკენ წინსვლის გზა დაუხშო ლათინური ამერიკის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჰონდურასი, პანამა, გვატემალა, ნიკარაგუა, ვენესუელა, ბოლივია, ეკვადორი და ჰაიტი. იგივე ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც „დემოკრატიულ განაცხადდთან“ ერთად კორუფციის მაღალ დონესაც ინარჩუნებენ.
კორუფცია მთელი მსოფლიოსათვის ურთულეს პრობლემად რჩება. „საერთაშორისო გამჭვირვალების“ 2005 წლის მოხსენების თანახმად, ზარალი, რომელსაც კორუფციის გამო გლობალური ეკონომიკა განიცდის, სამი ტრილიონ 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.1 გასულ წელს სხვადასხვა ქვეყნებში ჩინოვნიკებმა 400 მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისეს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 250 ათასი ადამიანი, რომლებიც ბოლო 15 წლის მანძილზე მიწისძვრების გამო დანგრეულ შენობებში დაიღუპა, დაბალი ხარისხის მშენებლობის მსხვერპლი გახდნენ. ამ მშენებლობების დაბალი ხარისხი კი კორუმპირეული სამშენებლო ორგანიზაციებისა და კორუმპირებული სამშენებლო ინსპექტორების კისერზეა.
ანგარიშში კორუმპირებულობის თვალსაზრისით 6 პროექტი გამოჰყვეს, რომელთა მაგალითზე ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია კორუფციას მსხვილი სამშენებლო პროექტები დაღუპოს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. ასეთი პროექტებით ჩინოვნიკები ფილიპინებზე, სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში, პარაგვაიში, მალაიზიასა და უგანდაში აშენდნენ. ერაყში სადამ ჰუსეინის დროს განხორციელებული პროგრამა „ნავთობი სურსათის სანაცვლოდ“ კი, შესაძლოა, „მსოფლიოს ისტორიის ყველაზე დიდ კორუფციულ სკანდალად“ აღიარონ.
აშშ-მა ერაყის რეკონსტრუქციისათვის 18 მილიარდი დოლარი გამოყო და ეს თანხა სულაც არ არის დაცული კორუფციისაგან, რადგან მათი შემოწმება სრულებით არ ხდება და უბრალო რევიზიებიც კი არ ტარდება. მოხსენებაში განსაკუთრებით გაკრიტიკებულია ბუშის ადმინისტრაციის მიერ ომის შემდგომ ერაყში დავალებების განაწილებაც. ვაშინგტონი ისეთ კომპანიებს, როგორიცაა „ჰოლიბარტონი“ და „ბეტჩელი“ განსაკუთრებულად ხელსაყრელ პირობებში აყენებდა. ამ კომპანიებთან ამერიკული ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს კერძო საქმიანი კავშირები აქვთ. მეტიც, ადმინისტრაცია უფლებას აძლევს ამერიკულ კომპანიებს, რომლებსაც ფულს უხდიან ამა თუ იმ საქმის გაკეთებაში, თავის მხრივ, ამ საქმის შემსრულებელი ერაყული კომპანიები იქირავონ, ოღონდ, ცხადია, ბევრად ნაკლე, ფასად. გამოდის, რომ ისინი ფულს „გადამყიდველობაში“ მიიღებენ.2
„ტრანსპარასი ინტერნეიშენელის“ აზრით, აუცილებელია, რომ სტიქიური უბედურებებით დაზარალებული ხალხისთვის და სხვა მიზნებისთვის შეწირული თანხები გამჭვირვალედ იქნეს გამოყენებული.
_______________________
1. „ახალი თაობა“, 19.III.2005
2. „ალია“, 19-21.III.2005
![]() |
11.2 კორუფცია და რევოლუცია |
▲ზევით დაბრუნება |
კორუმპირებულობა ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება იყო, რაც ვარდების რევოლუციის წინ შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ გაისმოდა. ამ ცნებას ადამიანებისათვის უნივერსალური საბრალმდებლო ლოზუნგის სახე ჰქონდა. ამ ერთ სიტყვაში მოიაზრებოდა ყველა პრობლემის სათავე, რაც კი ქვეყანაში არსებობდა - ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობიდან დაწყებული და მოსახლეობის სიღატაკით დამთავრებული. კორუმპირებულობით აიხსნებოდა მთავრობის უუნარობა გადაეწყვიტა ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემები. არსებითად ეს ასეც იყო.
კორუფციის ყოვლისმომცველობა კი ხელისუფლებაში მყოფი ძალების კლანურობიდან გამომდინარეობდა. კლანების არსებობის პირობებში კორუფცია ანომალია კი არა, არსებობის წესია. კლანურობა ხელისუფლებაში ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები თანამდებობებზე თავიანთ ნათესავებსა და მეგობრებს ნიშნავენ და, პირველ რიგში, სწორედ ასეთ ადამიანებს ენდობიან. კლანურობა ხელისუფლებაში ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოსული პირები თანამდებობას, პირველ რიგში, „კარგი ცხოვრების“ მიღწევის საშუალებად განიხილავენ და თანამდებობისაგან გამორჩენას ელიან თავისთვის და თავისი ახლობლებისათვის. კორუფციის მძიმე შედეგებს თავის თავზე გრძნობენ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც იძულებულნი არიან მისცენ ქრთამი, ანდა რომლებიც დაზარალებულნი რჩებიან ხელისუფლების უსულგულობით. დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ ქვეყნისათვის გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების დიდი ნაწილი დანიშნულებისამებრ არ გამოყენებულია და ისინი სხვადასხვა რანგის ჩინოსნების გამდიდრებას მოხმარდა.
კორუფციის მიმართ საზოგადოება ნეგატიურადაა განწყობილი და აქტიურად უჭერს მხარს ანტიკორუფციულ ლოზუნგებს. სწორედ ასეთი ლოზუნგების გამოყენებითაც მიაღწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებას შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სხვათა შორის, „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ მორიგ ყოველწლიურ ანგარიშში, სახელმწიფოსთვის კორუფციის დამღუპველი შედეგების თაობაზე საუბრისას, საქართველოს მაგალითიცაა მოყვანილი. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოში კორუფციის დონის კატასტროფულად გაზრდამ 2003 წელს ვარდების რევოლუცია გამოიწვია.1 ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლებას უსათუოდ სჭირდებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზული წარმატებები.
საერთაშორისო გამოცდილება იმასაც მოწმობს, რომ ხელისუფალთა დიდი მონდომების შემთხვევაშიც კი კორუფციის დაძლევა იოლი ამოცანა არაა. რა წარმატებები მოიპოვა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში? შთამბეჭდავი იყო შევარდნაძის ხელისუფლებაში მყოფი რიგი მაღალჩინოსნების დაპატიმრება კორუფციის ბრალდებით და მათთვის მნიშვნელოვანი თანხების გადახდის დაკისრება. მართალია, ამის გამო ახალმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შენიშვნებიც მიიღო და ძველი ხელისუფლების ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკსაც არ შეხებიან, მაგრამ აღნიშნული ნაბიჯი რიგითი ადამიანების მხარდაჭერით სარგებლობდა.
მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ ღონისძიებად შეიძლება მივიჩნიოთ მთავრობის წევრებისა და სხვა მაღალჩინოსნებისათვის ხელფასების შთამბეჭდავი მატება. ამან მათი შესაძლო ცდუნება კორუფციული გარიგებებით უნდა შეამციროს. გაზრდილი ბიუჯეტი კორუფციის შეკვეცის ერთერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა. საპატრულო პოლიციის შექმნამ მკვეთრად გაზარდა პოლიციის იმიჯი ხალხის თვალში და გამორიცხა „მცირე კორუფციის“ ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი გამოვლინება, როდესაც რიგითი პოლიციელი რამდენიმე ლარს სძალავდა ხოლმე მანქანის მძღოლებს თუ სხვა პირებს, რომლებსაც მათთან საქმის დაჭერა უხდებოდათ. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ცოტაა კორუფციის დასამარცხებლად და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა.
____________________________
1. „რეზონანსი“, 19.III.2005
![]() |
11.3 კვლავ კორუფციის ლიდერთა შორის? |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო კვლავ მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სიაშია. არასამთავრობო ორგანიზაციის „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ 2005 წლის ანგარიშში საქართველო 146 ქვეყანას შორის 133-ე ადგილი უკავია. ეს არცთუ სასიამოვნო ინფორმაციაა საქართველოს ახალი ხელისუფლებისათვის, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებულ წარმატებებზე ხშირად საუბრობს.1 „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ მონაცემები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კორუფციის შეზღუდვა იოლი ამოცანაა არაა და ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ ყურადღებას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ადრე, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ოპოზიცია აღნიშნული ორგანიზაციის მონაცემებს ყოველთვის იყენებდა შევარდნაძის გარემოცვის საწინააღმდეგოდ, ამდენად დღეს მისი მონაცემების უგულებელყოფა არასერიოზული იქნება. 2004 წელს „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ მონაცემებში საქართველოს მოხვედრა კორუმპირებული ქვეყნების ლიდერთა შორის იმით აიხსნა, რომ ორგანიზაცია ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების მმართველობის დროს მოპოვებული მონაცემებით სარგებლობდა. 2005 ამგვარი ახსნა უკვე აღარ გამოდგება და ამდენად, კორუფციის მაღალი დონის ახსნა იმის აღიარებით უნდა დაიწყოს, რომ ამ სფეროში სერიოზული ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა.
აღსანიშნავია „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის“ მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია კორუფცია საქართველოს შიდა სტრუქტურების მიხედვით.2 ყველაზე კორუმპირებულად 3,9 კოეფიციენტით პოლიტიკური პარტიები მიიჩნევა; მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებს ინაწილებენ 3,6 კოეფიციენტით პარლამენტი, პოლიცია და სასამართლო; მე-5 ადგილზე 3,5 კოეფიციენტით გავიდა საგადასახადო სისტემა; მე-6 ადგილი 3,4 კოეფიციენტით ბიზნესმა და კერძო სექტორმა დაიკავა; მე-7 და მე-8 ადგილები 3,1 კოეფიციენტით საბაჟომ და სამედიცინო მომსახურებამ გაინაწილეს. მე-9, მე-10 და მე-11 ადგილები დაიკავა 2,9 კოეფიციენტით ქართულმა მედიამ, განათლებისა და კომუნალურმა სისტემებმა. მე-12 ადგილზე გავიდა 2,8 კოეფიციენტით სახელმწიფო ნებართვებისა და ლიცენზიების სისტემა; მე-13 ადგილზე 2,6 კოეფიციენტით სამხედრო სისტემამ მიიღო; მე-14 ადგილზე 2,5 კოეფიციენტით არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოჩნდნენ. მე-15 ადგილზე 2,0 კოეფიციენტით ეკლესიას ერგო.3
„საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ 2005 წლის მოხსენებაში ყველაზე კორუმპირებულ 20-მდე ქვეყანას შორის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებიდან საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი მოხვდნენ.4 კონკრეტულად, კორუმპირებული ქვეყნების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1-2. ბანგლადეში, ჰაიტი; 3. ნიგერია; 4-5. ჩადი, ბირმა; 6-7. აზერბაიჯანი, პარაგვაი; 8. ანგოლა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სპილოს ძვლის სანაპირო, საქართველო, ინდონეზია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი.5 მსოფლიოში ყველაზე ნაკლებადკორუმპირებული ქვეყანა კი ფინეთია.
„საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ მოხსენებაში მოცემული მონაცემების კომენტირებისას ხელისუფლების წარმომადგენლები მაინც არჩევენ ამ სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ყურადღების გადატანას, განსაკუთრებით კი მიუთითებენ ხელისუფლების ზედა ეშელონში კორუფციის შემცირებაზე. „შარშანდელსა და წლევანდელს შორის დიდი განსხვავებაა. კორუფციასთან ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. კორუფციას ისეთი სისტემური ხასიათი არა აქვს, როგორც ადრე იყო, მაგრამ რაღაც შემთხვევები, ბუნებრივია, არის. რაც შეეხება კორუმპირებულ სფეროებს, ჩემი აზრით, ეს ძირითადად ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ხდება. დღეს წვრილმანი კორუფციის ფაქტები უფრო ხშირია“, - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კოტე გაბაშვილი.6
„დღეს კორუფციის უფრო დაბალი დონეა, ვიდრე შევარდნაძის დროს. ამისი ერთ-ერთი მაგალითი ის არის, რომ ბიუჯეტი ივსება. ამაში პრივატიზაციიდან შემოსულ თანხებს არ ვგულისხმობ“, - აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.7
„თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლის ლევან რამიშვილის აზრით, კორუფცია საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ბრძოლა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარეობს პიროვნულ ხასიათს ატარებს. გარკვეული სისტემური ცვლილებები გატარდა, მაგრამ არსებითად მას შეუქცევადი ხასიათი არ მიუღია.
ადგილობრივი ექსპერტები იმ სფეროებად, სადაც კორუფცია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, ასახელებენ პენიტენციურ სისტემას, ფინანსურ პოლიციას, საბაჟოს, საგადასახადო სამსახურებს, ლიცენზიებისა და ნებართვების სფეროს, მოქალაქეების რეგისტრაციისა და პასპორტების გაცემის სფეროს, სახელმწიფო შესყიდვების სფეროს, თვითმმართველობის ორგანოებს, ჯანდაცვისა და განათლების სისტემას.
_______________________________
1. „რეზონანსი“, 19.III.2005
2. აქ რაც უფრო ნაკლებია ინდექსი, მით უფრო ნაკლებია კორუფციის დონე.
3. „რეზონანსი“, 10.III.2006
4. „ახალი თაობა“, 19.III.2005
5. „ალია“, 19-21.III.2005
6. „რეზონანსი“, 19.III.2005
7. „რეზონანსი“, 19.III.2005
![]() |
11.4 მაინც როგორია კორუფციის დონე საქართველოში? |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში კორუფციის დონესთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს როგორც ამ საკითხის შემსწავლელ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე ადგილობრივ ექსპერტებს შორის. თუ ერთნი ლაპარაკობენ ვარდების რევოლუციის შემდეგ კორუფციის მნიშვნელოვან შემცირებაზე, მეორენი მიუთითებენ, რომ კორუფციამ, უბრალოდ, ფორმა იცვალა და მისი მასშტაბები, არსებითად, არ შემცირებულა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით, საქართველოში 2005 წელს კორუფციის დონე 2002 წელთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა. „ტრანსპარენსი ინტერნეშენალის“ მონაცემებით ბოლო სამი წლის განმავლობაში შედარებით გაიზარდა, თუმცა 2005 წლისათვის ისევ 2002 წლის დონეს დაუბრუნდა. ანუ არანაირ სამჯერ შემცირებაზე ლაპარაკი არაა.1
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გამოკვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კორუფციის დონის ცვალებადობას ეხება. ევრობანკის მონაცემების თანახმად, 2002 წელს საქართველოში კორუფციის დონის კოეფიციენტი 2,7 იყო, 2005 წელს კი 0,5. აღსანიშნავია რომ კორუფციის დონე გაიზარდა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა (0,9-დან 1,2-მდე) და აზერბაიჯანში (0,2-დან 2,9-მდე). რუსეთში 2002 წელს კორუფციის დონე 1,4 კოეფიციენტი იყო, 2005 წელს კი 1,2. უკრაინაში შესაბამისად, 2,2 და 1,5.2
მაშ რა დაემართა კორუფციას ვარდების რევოლუციის შემდეგ გასულ ორ წელიწადში? მართალია თუ არა ხელისუფალნი, როდესაც აღნიშნავენ სერიოზულ წარმატებებს კორუფციასთან ბრძოლაში? ქართველ ექსპერტთა ნაწილი ევრობანკის მონაცემებს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში კორუფციის დონემ საგრძნობლად იკლო. ამის მთავარ მიზეზად ხელფასების მატება, ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტის გაერთიანება და კონტროლის გაზრდა სახელდება. „საქართველოში კორუფციის დონემ სერიოზულად დაიკლო. კორუფციის კლება კი საბიუჯეტო სახსრების ზრდის პირდაპირპროპორციულია. როგორც იზრდება საბიუჯეტო სახსრები, ისე კლებულობს კორუფცია“, - აღნიშნავს ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.3
„საერთო ჯამში, საქართველოში კორუფციის დონემ აშკარად იკლო. იუსტიციის სამინისტროს ზოგიერთ ნაწილში, სადაც ხდება საბუთების შეტანა, ფირმის რეგისტრაცია, ასევე ბიუროკრატიული აპარატის შემცირება, ნებისმიერი ლიცენზიის მიღებასა და გაცემაზე, იქ, რა თქმა უნდა, კორუფციის დონე შემცირებულია“, - აღნიშნავს ემზარ ჯგერენაია.4
ექსპერტთა მეორე ნაწილი თვლის, რომ ქვეყანაში კორუფციის პრობლემა კვლავ სერიოზულად რჩება. „ქვეყანაში კორუფციის სტრუქტურა შეიცვალა, კორუფციამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, სახეები უფრო შენიღბულია“, - აღნიშნავს ექსპერტი გია ხუხაშვილი. პირდაპირი აღებ-მიცემობა, კორუფცია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში შემცირდა, მაგრამ მაღალ დონეზე კორუფცია რჩება. კორუფციად უნდა იქნეს განხილული წილების გადანაწილება, საკუთარი ინტერესების გატარება, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ბიზნესის ლობირება და ბექაურის გახმაურებული სკანდალი მოწმობს, რომ ეს ერთეული შემთხვევა არაა. „საქართველოში დღეს მძვინვარებს ნომენკლატურული კაპიტალიზმის ეპოქა, როდესაც ხელისუფლებასთან „კარგი დამოკიდებულება“ აუცილებელი ელემენტია იმისა, რომ ბიზნესი მეტ-ნაკლებად წარმატებული იყოს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. მისი თქმით, საქართველოში მოხდა თავისებური „კორუფციის რესტრუქტურიზაცია“. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები თანხებს არ ითხოვენ, ისინი ბიზნესისაგან ე.წ. „წილებს“ მოითხოვენ. ამაზე მეტყველებს ბოლო წლებში წილების გადაფორმების დინამიკის მკვეთრი ზრდა. გარდა ამისა, სახე იცვალა საბიუჯეტო კორუფციამაც. საშემოსავლო ნაწილში კორუფცია ბევრად შემცირდა, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში კორუფციის დონე, ექსპერტთა აზრით, ძალიან მაღალია.5
ექსპერტის აზრით, სახეცვლილი კორუფცია უშუალო ქრთამის აღებაზე გაცილებით საშიშია.ფულის აღებმიცემობა ეკონომიკურ პროცესს არ აჩერებს, მაგრამ „წილებში ჩაჯდომა“ ეკონომიკურ პროცესს აფერხებს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რისკებს ზრდის. ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სტრუქტურად სასამართლო რჩება, რადგანაც საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ყველა გადაწყვეტილება სასამართლოში ანგაჟირებულია.
__________________________
1. „ტრანსპარენსი იტერნეშენალის“ მონაცემებით, საქართველოში კორუფციის კოეფიციენტი 2002 წელს 2,4 იყო და მსოფლიოს 158 ქვეყანას შორის 85-ე ადგილი ეკავა; 2003 წელს საქართველო საქართველო 124-ე იყო 1,8 კოეფიციენტით; 2004 წელს 2,0 კოეფიციენტით 136-ე; 2005 წელს კი კორუფციის ინდექსმა საქართველოში 2,3 შეადგინა და 126-ე ადგილზე აღმოჩნდა. „ტრანსპარენსი იტერნეშენალის“ კვლევის შედეგებში რაც ნაკლებია ინდექსი, მით უფრო დიდია კორუფციის დონე.
2. „რეზონანსი“, 24.II.2006
4. „რეზონანსი“, 10.III.2006
5. „რეზონანსი“, 24.II.2006
![]() |
11.5 კორუფცია ძნელი დასამარცხებელი აღმოჩნდა |
▲ზევით დაბრუნება |
სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს ახლა კორუფციისაგან თავისუფალი მთავრობა ჰყავს, მაგრამ ამით კორუფციის პრობლემა არ იხსნება. რიგითი ადამიანისათვის, პრინციპში, ბევრი არაფერი იცვლება, მის მიერ ქრთამად გადახდილი თანხა მინისტრამდე მიდის თუ არა. კორუფციას ის დაძლეულად ჩათვლის, თუკი ყოველდღიურ ცხოვრებაში მას ნაკლებად გადააწყდება და, რაც მთავარია, მისი ცხოვრების პირობები უკეთესობისაკენ შეიცვლება.
ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებული წარმატებებით იწონებს თავს, მოპოზიცია კი აღნიშნავს, რომ კორუფციული სისტემა არ დანგრეულა და მან ახალი ფორმები შეიძინა. „კორუფციული სისტემა შეიცვალა. დღეს აღარ არის ისეთივე მდგომარეობა, როგორც ეს წინა წლებში იყო. თუმცა არ მაქვს განცდა იმისა, რომ კორუფციულ სისტემაში მიმოქცეული ფული შემცირდა. ვფიქრობ, კორუფციული სისტემა ისევ ადგილზეა, უბრალოდ, იგი გამსხვილდა ანუ შესაძლოა ქუჩაში პოლიციელი აღარ იღებს ფულს ისეთი მასშტაბით, როგორც ადრე, მაგრამ მსხვილ ურთიერთობებში, როგორიცაა ბიზნესი და საგადასახადო სამსახურები, ამ ნაწილში კორუფცია არ შესუსტებულა“, - აღნიშნავს, მაგალითად, ექსპერტი დავით უსუფაშვილი.1 ლაპარაკობენ კორუფციის ახალი ფორმების გაჩენაზეც, როდესაც გარკვეულ ფონდებში აკუმულირდება მნიშვნელოვანი თანხები სხვადასხვა სფეროში რეფორმების განსახორციელებლად. ამ თანხების განკარგვა გამჭვირვალე არაა და აქ კორუფციის საკმაოდ დიდი ალბათობაა.
კორუფციის შენობა რომ არ დანგრეულა, ეს კარგად ჩანს ქვეყანაში კონტრაბანდის მასშტაბის ზრდითაც. შეიძლება ითქვას, ეს კარგი ინდიკატორია ხელისუფლების დაბალი და საშუალო რგოლის კორუმპირებულობის დონის შესამოწმებლად. კონტრაბანდის ნაკადის შემოდინება ქვეყანაში მრავალი მიმართულებიდან ხდება. მემარჯვენეთა ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, კონტრაბანდის მასშტაბები ქვეყანაში რეალურად არც შემცირებულა და ამ საქმიანობის კონცენტრირება მოხდა გარკვეული ჯგუფების ხელში. ზოგიერთი განცხადების თანახმად, გორში მომხდარი ტერაქტი სწორედ კონტრაბანდასთან დაკავშირებით გარჩევებსა და უკმაყოფილებას უკავშირდება. თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიაა.
სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, 2004 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 9800 მილიონ ლარს გაუტოლდა და 8,4 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მხოლოდ 4,6 პროცენტით შემცირდა და დღეისათვის დაუკვირვებადი სეგმენტი მთლიანად ეკონომიკური სექტორის 28,8 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი სამეწარმეო სექტორში 50,5 პროცენტია. თუმცა აქაც შეიმჩნევა კლების ტენდენცია, 2003 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 57,4 პროცენტს შეადგენდა2. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირება იოლად გადასაჭრელი ამოცანა არაა და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს.
ეკონომიკის ჩრდილოვანი სექტორის „გათეთრება“ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და მის მიღწევას ემსახურება როგორც საბაჟო კონტროლის და საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრება, ისე განსაკუთრებით ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება და ფინანსური ამნისტია. თუმცა, უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით თამბაქოს ნაწარმზე გაზრდილმა აქციზმა გამოიწვია ამ პროდუქციის კონტრაბანდის მკვეთრი ზრდა და ადგილობრივ მწარმოებელთა გაჩერება.
ბოლო დროს გახშირდა სკანდალები, რაც უკავშირდება სამართალდამცავი სტრუქტურების სხვადასხვა რანგის წარმომადგენელთა მონაწილეობას კონტრაბანდასა და ნარკობიზნესში. ამგვარი სკანდალები, მედიის აზრით, ხელისუფლებაში გავლენის სფეროებისათვის მიმდინარე ბრძოლას უკავშირდება. ამ ბრძოლაში პირველად პირებად კი ის ადამიანები მოიაზრებიან, რომლებიც ვარდების რევოლუციის წინ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას შეადგენდნენ და სწორედ პრეზიდენტთან სიახლოვის გამო აღმოჩნდნენ თანამდებობებზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების წარმომადგენლები კორუფციასა და წილების გადანაწილებისთვის ბრძოლაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდნენ.
„შემაშფოთებელია, რომ სააკაშვილმა თავისი უახლოესი გარემოცვა ისეთ თანამდებობებზე გადაანაწილა, სადაც კორუფციის ყველაზე ღრმა ჭაობი იყო. როგორც ჩანს, მათ ვერაფერი შეცვალეს. სულ ახლახან სააკაშვილის მიერ დანიშნულ რეგიონის ხელმძღვანელს შიდა ქართლში კონტრაბანდის უმსხვილესი პარტიების მფარველობას ედავებიან. მას კი სხვა მაღალჩინოსანი მფარველობდა ცენტრალურ ხელისუფლებაში. გამოდის, რომ საქმე გვაქვს ფართომასშტაბიან ორგანიზებულ დანაშაულებთან, რომლის სინდიკატიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონშია მოქცეული“, - აღნიშნავს პარლამენტარი კახა კუკავა.3
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციიდან წამოსულ ამ ბრალდებებზე სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ მალე ხელისუფლების ანტიკორუფციული იმიჯისაგან ბევრი აღარაფერი დარჩება. ფაქტია, რომ ხელისუფლებას სერიოზული ანტიკორუფციული პროგრამა ესაჭიროება და იგი მარტო დასჯით ღონისძიებებს არ უნდა მოიცავდეს.
რატომ არ ამბობენ უარს ახალი ხელისუფლების კადრები კორუფციაზე? „საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს დაუსჯელობის სინდრომი. უცხოეთში კორუფციული ფაქტები ნაკლებია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მაღალი ხელფასებია, არამედ საზოგადოებამ იცის, რომ ასეთ შემთხვევაში დაპატიმრებისა და დასჯის ალბათობა დიდია“, - აღნიშნავს ანტიკორუფციული საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე კახა უგულავა.4 საქართველოში კი მოხელეები, როგორც ჩანს, ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ დაისჯებიან.
ვახტანგ ხმალაძე, ექსპერტი იურიდიულ საკითხებში, აღნიშნავს, რომ გაზრდილი ხელფასი როგორც ანტიკორუფციული ზომა არასაკმარისია იმითაც, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში თითქოსდა გაზრდილი ანაზღაურება ადამიანურ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს. ეს ანაზღაურება მეცნიერთა და პენსიონერების ხელფასებთან შედარებით განუზომლად მაღალია, მაგრამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მისი აზრით, ერთი მხრივ, უნდა იმუშაოს სისტემამ, რომ კორუფციულ გარიგებაში შესვლა ნაკლებად ხდებოდეს, მეორეც - აუცილებელია ხელმძღვანელ პირთა მაღალი პასუხისმგებლობის დონე. „ხშირად ხელმძღვანელი პირები კორუფციულ გარიგებებში შედიან და კორუფციას ქვედა რგოლებში ებრძვიან“, - აღნიშნავს ხმალაძე.5
გარდა ამისა, კანონმდებლობაში ბევრია ისეთი ნორმა, რომელიც საგადასახადო ორგანოების მუშაობას დახურულს ხდის. ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ გადამხდელსა და საგადასახადო მოხელეს შორის გარიგება შედგეს. ეს კი კორუფციის დაუშრეტელი წყაროა.
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანტიკორუფციული სტრატეგია, მაგრამ რიგი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დოკუმენტს არასრულყოფილად მიიჩნევენ. „საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგია არ ეფუძნება პრობლემის სიღრმისეულ შესწავლას და ზოგადი ხასიათისაა. შესაბამისად, ის გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი არ იქნება“, - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე.6
არასამთავრობო თუ უცხოური ორგანიზაციების მიერ ჩატარებულია კვლევები ამა თუ იმ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. მაგალითად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ არცთუ დიდი ხნის წინ საგადასახადო და საბაჟო სფეროებში კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით, აღნიშნული სექტორები საქართველოში ყველაზე კორუმპირებული აღმოჩნდა.7
___________________________
1. „ახალი თაობა“, 14.III.2005
2. „რეზონანსი“, 16.II.2005
3. „ახალი ვერსია“, 25-27.III.2005
4. „ხვალინდელი დღე“, 1.VII.2005
5. „ხვალინდელი დღე“, 1.VII.2005
6. „ხვალინდელი დღე“, 5 .VII.2005
7. „ხვალინდელი დღე“, 5 .VII.2005
![]() |
11.6 მოსახლეობა „ანტიკორუფციულ ოპტიმიზმს“ ინარჩუნებს |
▲ზევით დაბრუნება |
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს“ მონაცემებით, 2005 მოქალაქეთა რაოდენობა 22%-ით შემცირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო კორუფციის აღმოფხვრის შესაძლებლობებისადმი ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილ ქვეყანათა სამეულში მოხვდა. ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანთა რაოდენობის შემცირებას „საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს“ ოფისში ნაწილობრივ, პოსტრევოლუციური ეიფორიის გავლით ხსნიან. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წარმატებული რეფორმის მიუხედავად, საზოგადოება ზოგადი ანტიკორუფციული პოლიტიკით კმაყოფილი არ არის.1
2005 წელს გამოკითხულ რესპოდენტთა 7% ამბობს, რომ მათ და მათი ოჯახის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქრთამის მიცემამ მოუწიათ. ეს ციფრი 2004 წელთან შედარებით შემცირდა, სამაგიეროდ გადახდილი ქრთამის რაოდენობა გაიზარდა. იმათ 27%-ს, ვისაც ქრთამის გადახდამ მოუწია, ათას დოლარზე მეტი აქვს გაცემული. შემთხვევათა 61%-ში ქრთამი მეორე მხარის მიერ იქნა მოთხოვნილი.
კონკრეტულ სფეროებში ჩატარებულ რეფორმებს ხალხი დადებითად აფასებს, იმ სექტორების მიმართ, რომლებშიც რეფორმა განხორციელდა, საზოგადოების ნდობა საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ მოქალაქეთა მიერ იქვე აღინიშნება დამატებითი ცვლილებების საჭიროება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ სასამართლო სისტემა ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად აღიქმება. ეს ხდება მაშინ, როდესაც საკუთარი უფლებების დაცვის და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებს სასამართლოს იმედი ჰქონდეთ და ამ სისტემას უყურებდნენ როგორც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს“ ოფისის პროგრამის დირექტორის თამარ ქაროსანიძის თქმით, საერთაშორისო ოფისი, რომელიც ბერლინშია განლაგებული, ორი ძირითადი ტიპის ყოველწლიურ კვლევას ატარებს. ასაა კორუფციის აღქმის ინდექსი ქვეყანაში და გლობალური კორუფციის ბარომეტრი. პირველი ტიპის კვლევის დროს ხდება ექსპერტებისა და ბიზნესმენების აზრის შესწავლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ კორუფციულ გარიგებებთან. კორუფციის აღქმის ინდექსი აერთიანებს სამი წლის შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველწლიურია, თითოეული წლის შედეგში მოცემულია ბოლო სამი წლის ტენდენცია. გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევისას უბრალო მოქალაქეების გამოკითხვა ხდება, რაც, ასევე, ყოველწლიურად ტარდება. აქ არ ხდება რამდენიმე წლის შედეგების გაერთიანება. ხდება იმის გამოვლენა, თუ მოქალაქეთა აზრით, რომელ სფეროში გაიზარდა ან იკლო კორუფციის დონემ.2
___________________________
1. „ბასტა“, 12-18 .III.2006
2. „ბასტა“, 12-18 .III.2006
![]() |
12 ხელისუფლება და ბიზნესი კერძო არბიტრაჟის გარეშე |
▲ზევით დაბრუნება |
საგადასახადო დავებთან დაკავშირებით კერძო არბიტრაჟის მოქმედება სამი წლით შეჩერებულია. პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა საპარლამენტო უმრავლესობამ დააკმაყოფილა და 2005 წლის დასაწყისში ამოქმედებულ საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა. კერძო არბიტრაჟის გაუქმებამ ბიზნესმენების აღშფოთება გამოიწვია. მსხვილ ბიზნესსაც და მთავრობასაც სიმართლის საკუთარი ვერსია აქვს. თუკი მათ შორის დიალოგი შედგება, შესაძლებელი იქნება ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისის გამონახვაც.
![]() |
12.1 კერძო არბიტრაჟი - ბიზნესისათვის „მკაცრი“ ადმინისტრირების საპირისწონე |
▲ზევით დაბრუნება |
2005 წლის იანვარში ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებად და ლიბერალურობის დასტურად მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია საგადასახ ადო დავების გასარჩევად კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტის შემოღებას მიიჩნევდა. ჟვანია კერძო არბიტრაჟზე ყოველთვის საუბრობდა როგორც ახალი ხელისუფლების მიღწევაზე.1 ხელისუფლების მხრიდან გამკაცრებული ადმინისტრირების პირობებში ბიზნესმენებს საგადასახადო უწყებების თვითნებობისაგან თავის დაცვის ქმედით ბერკეტად სწორედ კერძო არბიტრაჟი ესახებოდათ.
ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადოს უფლება არ ჰქონდა უარი ეთქვა დავის არბიტრაჟში განხილვაზე, თუკი ამას ბიზნესმენი ითხოვდა. არბიტრაჟის შემოსავალს დავების რაოდენობა განსაზღვრავს, შესაბამისად, იგი დაინტერესებულია, კერძო ბიზნესს საქმე მოაგებინოს და ამით კლიენტი მიიზიდოს. „საარბიტრაჟო სასამართლო არის საპირწონე ძალიან სერიოზულად გაზრდილი ადმინისტრაციული რესურსისა, რომელიც სახელმწიფოს აქვს მინიჭებული ახალი საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე“, - აღნიშნავს ბიზნესფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე.2 მეწარმეს საგადასახადო სფეროში საკუთარი ინტერესების დასაცავად შეეძლო სამი უწყებისათვის მიემართა:
- მას შეუძლია გასაჩივრება საგადასახადო დეპარტამენტში, მაგრამ ამას ფაქტობრივად აზრი არა აქვს. „საგადასახადო თვითონ არის დაინტერესებული მხარე და მისგან მეწარმის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას არ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნავს ვახტნგ ხმალაძე.3
- შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ბიზნესმენებს სასამართლოს დიდი იმედი არა აქვთ. „არასდროს სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება რომელიმე კომპანიის სასარგებლოდ. ყოველთვის ეს იყო მთავრობის სასარგებლოდ“, - აღნიშნა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.4 გარდა ამისა, სასამართლოს გაუჭირდება დროის მოკლე პერიოდში სამეწარმეო დავაში ბოლომდე გაერკვეს (საგადასახადო კოდექსის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, სამეწარმეო დავის განხილვა ორ თვეში დაასრულოს);
- მესამე უწყება იყო ახალი კოდექსით გათვალისწინებული კერძო არბიტრაჟი, რომელიც ბიზნესმენებისათვის ყველაზე მოსახერხებლად მიიჩნეოდა: როგორც აღინიშნებოდა, არბიტრაჟში პროფესიონალები მუშაობენ და დავის არსში გარკვევა სწრაფად შეეძლებათ. გარდა ამისა, არბიტრს მეწარმე და სახელმწიფო შეთანხმებულად ასახელებენ და აქედან გამომდინარე, მიუკერძოებლობის ხარისხი მაღალია.5
_______________________________
1. „ახალი ვერსია“, 6-7 .IV.2005
2. „ახალი თაობა“, 8 .IV.2005
3. „ახალი ვერსია“, 6-7 .IV.2005
4. „ახალი თაობა“, 8 .IV.2005
5. „ახალი ვერსია“, 6-7 .IV.2005
![]() |
12.2 მთავრობა კერძო არბიტრაჟს არ ენდობა |
▲ზევით დაბრუნება |
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამ თანამდებობაზე თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, კერძო არბიტრაჟს უნდობლად უყურებს. მთავრობამ ახლა უკან წაიღო ის, რასაც რამდენიმე თვის წინ დიდი ზეიმით სთავაზობდა ბიზნესმენებს, როგორც საგადასახადო კოდექსის ლიბერალურობის განსახიერებას. ზურაბ ნოღაიდელის მოთხოვნა ახალი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კერძო არბიტრაჟის ამოქმედების სამი წლით გადავადების შესახებ უშუალოდ განაპირობა არბიტრაჟში გარჩეულმა პირველმა საქმეებმა, რომლებიც მთავრობის დამარცხებით დამთავრდა. ყველაზე შთამბეჭდავი კი თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ გამარჯვება იყო, რომელმაც სწორედ კერძო არბიტრაჟის შემწეობით მოუგო მთავრობას დავა და 10 მლნ დოლარი ბიუჯეტისთვის გადასახდელი არ ექნება.
ბიზნესმენთა მიერ კერძო არბიტრაჟში მოგებული საქმეები მხოლოდ დასაწყისი იყო. კერძო არბიტრაჟის გაუქმების მომენტში ბიზნესმენები დაახლოებით 7 მილიონზე დავობდნენ საგადასახადოსთან სხვადასხვა სახის დარიცხულ თანხებზე. მაგალითად, „არეს მეტალურგიულ კომბინატს“, რომელიც რუსთავის მეტალურგიული კომბინატის იტალიურ მხარეს წარმოადგენს, საგადასახადო 4 მლნ ლარზე მეტს ედავება; 2 მილიონზე მეტს ედავება „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“, ნახევარ მილიონს „იბერკომპანი ჰოლდინგს“ და ა.შ.1 როგორც აღინიშნება, არბიტრაჟში ახალი დავების განხილვის შემთხვევაში საგადასახადოს, შესაძლოა, 80 მლნ ლარი დაეკარგა.2 ახლა არბიტრაჟში შეტანილმა საქმეებმა სასამართლოში უნდა გადაინაცვლოს, სადაც ხელისუფლებას თითქმის გარანტირებული ექნება გამარჯვება.
რაც შეეხება კერძო არბიტრაჟის მიერ უკვე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რამაც ნოღაიდელის განაწყენება და სულ მალე, პარლამენტის მიერ არბიტრაჟის წესით საგადასახადო დავების გარჩევაზე უარის თქმა განაპირობა, ძალაში დარჩება. „თელასი“ შეინარჩუნებს იმ 10 მილიონ ლარს, რის გადახდასაც მას სთხოვდნენ.
მთავრობაში კერძო არბიტრაჟს უნდობლობა გამოუცხადეს და მიაჩნიათ, რომ ფისკალურ სტრუქტურებსა და ბიზნესმენებს შორის წარმოშობილ დავაში კერძო არბიტრაჟი ობიექტური ვერ იქნება. შესაბამისად, ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაზარალდება. „არბიტრები არიან ისეთი პირები, რომლებიც პოლიტიკაში მონაწილეობენ, პოლიტიკური ამბიციები აქვთ და შესაძლოა, ობიექტური ინტერესები არ ამოძრავებდეთ ამა თუ იმ საგადასახადო დავასთან მიმართებაში. მით უმეტეს, იქ ისეთი საკანონმდებლო მექანიზმებია ჩადებული, რომ არბიტრები ანაზღაურებას ღებულობენ მოგებული საქმეებიდან. შესაბამისად, დიდია რისკი და ალბათობა იმისა, რომ ისინი ყოველთვის მეწარმეთა მხარეს იქნებიან, რათა შესაბამისი პრემიები მიიღონ“, - აღნიშნავს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი.3
„დამოუკიდებელმა არბიტრაჟმა არასწორი, საგადასახადო კოდექსთან წინააღმდეგობაში მოსული გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა. თუ ასე გაგრძელდა ჩვენ ვეღარ შევასრულებთ სოციალურ ვალდებულებებს, რომლებიც სახელმწიფომ აიღო“, - აცხადებდა პრემიერ-მინისტრი. ნოღაიდელი ხაზს უსვავდა იმ მძიმე პერსპექტივას, რაც კერძო არბიტრაჟის არსებობის გაგრძელების შემთხვევაში რეალობად იქცეოდა - ბიზნესსა და საგადასახადო ორგანოებს შორის დავები კამპანიურ ხასიათს მიიღებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან შემოსავლებს დააკარგვინებს.4
კერძო არბიტრაჟის „პოლიტიკური მოტივაციის“ აღნიშვნისას, ნოღაიდელი მიანიშნებდა იმ არბიტრაჟის შემადგენლობაზე, რომელმაც „თელასის“ სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო: ყოფილი პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე, იურისტი და ამჟამად რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, კონტროლის პალატის ყოფილი შეფი რეზო შავიშვილი. ხელისუფლება მათ პოლიტიკურ ოპონენტებად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს გარემოება მათ ობიექტურობაზე ზეგავლენას მოახდენს.
მთავრობის არგუმენტი მისაღები აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისათვის და შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში ერთსულოვნად იქნა მიღებული - 128 ხმით ერთის წინააღმდეგ. ოპოზიცია მთელი დღე ცდილობდა სახელისუფლო უმრავლესობა იმაში დაერწმუნებინა, რომ კერძო არბიტრაჟის გაუქმება მეწარმეებისათვის ადრე მიცემული სიტყვის დარღვევა და მათი მოტყუებაა, რომ ეს აუარესებს საინვესტიციო გარემოს და შესაბამისად, ქვეყანა ნაკლებად მიმზიდველი ხდება ინვესტორებისათვის და ბოლოს, არცთუ მომგებიანად წარმოდგება თავად ხელისუფლება, რომელსაც ჯერ შეაქვს საგადასახადო კოდექსში კერძო არბიტრაჟი, შემდეგ კი სწრაფად აუქმებს. „შეგვეშალა“, - ასე ჟღერდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გაკეთებული პასუხი.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ არბიტრაჟები საერთოდ გაუქმდება. მათ უფლება ექნებათ განიხილონ სამოქალაქო დავები, მაგრამ საგადასახადო დავები უკვე მათ კომპეტენციაში აღარ შედის.
სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტის გაუქმება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, თუმცა იზიარებს იმასაც, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსის პირობებში, როცა კერძო არბიტრაჟს სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის მედიატორის ფუნქცია აკისრია, სახელმწიფო ბიუჯეტის ინტერესბი მნიშვნელოვნად ილახება. შექმნილ ვითარებაში ბენდუქიძეს ერთადერთ სწორ გამოსავლად ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის საქმიანი და კონსტრუქციული დიალოგი მიაჩნია.5
____________________________
1. „ალია“, 21-22 .IV.2005
2. „ხვალინდელი დღე“, 21 .IV.2005
3. „ახალი თაობა“, 8 .IV.2005
4. „24 საათი“, 22 .IV.2005
5. „24 საათი“, 22 .IV.2005
![]() |
12.3 ბიზნესმენთა პროტესტი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნეს-ელიტამ, რომელიც ბიზნეს-ფედერაციაშია გაერთიანებული ბადრი პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით პროტესტი გამოხატა და თავი მოტყუებულად გამოაცხადა. ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტმა საგადასახადო დავების კერძო არბიტრაჟში განხილვის აკრძალვას „უპრეცედენტო შემთხვევა“ და „ხელისუფლების მიერ ერთობლივი შეთანხმების ცალმხრივად დარღვევა“ უწოდა.1 „დამოუკიდებელი არბიტრაჟის გაუქმება არის უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“, - აღნიშნა ბადრი პატარკაციშვილმა.2
„თი-ბი-სი ჯგუფის“ ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ კერძო არბიტრაჟთან დაკავშირებით მიმდინარე დავა სახელმწიფოებრივად უნდა გადაწყდეს. „ხელისუფლება არ უნდა აღიქვამდეს ბიზნესს, მხოლოდ როგორც გადასახადის გადამხდელს. თუ ხელისუფლებას არ ექნება ბიზნესმენების ნდობა, ასე ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ ბიზნესმენთა ფედერაციაში.
არბიტრაჟის გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება „კოკა-კოლას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია. მას საეჭვოდ მიაჩნია დაპირებაც, რომ არბიტრაჟი სამი წლის შემდეგ ამოქმედდება. „რა გარანტია გვაქვს, რომ 2008 წლის შემდეგ ამ დანაპირებს შეასრულებენ ან თავად პრემიერი ნოღაიდელი დარჩება 2008 წლამდე თანამდებობაზე?“, - კითხულობს ჭყონია.3
„ეს ისევ და ისევ ბიზნესის და მეწარმეების დაჩაგვრას გამოიწვევს. ამ ახალ საგადასახადო კოდექსში ერთ-ერთი ბრენდი იყო არბიტრაჟის შექმნა, რათა ბიზნესმენი ედაოს სახელმწიფოს. მეორე ბრენდი იყო - ლიბერალიზაცია, მესამე - დღგ-ს შემცირება, მაგრამ არც ერთი არ შესრულდა. სასამართლო პრაქტიკულად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მეწარმის სასარგებლოდ. ერთი სიტყვით, ნოღაიდელის ჯიუტობა ძალიან ძვირი დაგვიჯდება“, - აღნიშნავს გოგი თოფაძე.4
„არ შეიძლება მეწარმეობა საქართველოში ტერორზე ავაგოთ. ასეთი მცდელობით თქვენ იმას აღწევთ, რომ გადამხდელი არა კანონის, არამედ საგადასახადო ინსპექტორის მორჩილი იყოს. ასე თუ გაგრძელდა, მალე საქართველოში გადამხდელი არ დარჩება“, - ასეთია დავით გამყრელიძის პოზიცია.5
მაგრამ მთავრობას ბიზნესმენთა პროტესტის არ ეშინია. ბევრმა მათგანმა საქმე შევარდნაძის მმართველობის ქვეშ ააწყო და სწორედ იმდროინდელი ხელისუფლების წყალობით შევიდა ბიზნესელიტაში. წლების განმავლობაში მათი ბიზნესის დიდი ნაწილი ჩრდილში იყო მოქცეული და გადასახადებს თავს არიდებდნენ. ბევრი მათგანი დაპატიმრებას მხოლოდ რევოლუციის მხარეზე დროული გადასვლით გადაურჩა. მაგრამ ბიზნესმენებმა მეტი მოინდომეს. „დაპატიმრებებს რომ გადაურჩნენ, ძველი ცოდვებიც რომ აპატიეს და ამნისტიაც რომ გამოუცხადეს, ბიზნესმენებმა ძველი ხელისუფლების დროს უკანონოდ დარიცხული გადასახადების აცილებაც მოინდომეს. ეს კი მეტისმეტიაო თქვა ნოღაიდელმა და კერძო არბიტრაჟს საგადასახადო დავების განხილვის უფლება წაართვა“, - ირონიულად შენიშნავდა ერთ-ერთი ქართული გაზეთი.6
___________________________
1. „ხვალინდელი დღე“, 22 .IV.2005
2. „რეზონანსი“, 21 .IV.2005
3. „ხვალინდელი დღე“, 22 .IV.2005
4. „ალია“, 21-22 .IV.2005
5. „რეზონანსი“, 21 .IV.2005
6. „ხვალინდელი დღე“, 23 .IV.2005
![]() |
12.4 რა იყო კერძო არბიტრაჟის გაუქმების ალტერნატივა |
▲ზევით დაბრუნება |
მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებისა, რომ კერძო არბიტრაჟის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა,1 ბიზნესმენებისა და ექსპერტების ნაწილი არ კარგავდნენ იმედს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეიძლება პრეზიდენტმა დაადოს ვეტო. „გამორიცხული არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება შეხვედრები პრემიერმინისტრთან საარბიტრაჟო სასამართლოს საკითხებზე“, - აღნიშნავს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე.2
ბიზნესმენთა იმედს გარკვეულწილად ამაგრებს პარლამენტის გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომელიც მთავრობისაგან საარბიტრაჟო სასამართლოს ახლებული სქემის წარმოდგენას უახლოეს მომავლისათვის ითხოვს. „კანონის გარდამავალ დებულებაში უნდა შევიტანოთ ვალდებულება მთავრობისა, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებაზე წარმოადგინონ საარბიტრაჟო სასამართლოს ისეთი სქემა, რომელიც არც სახელმწიფოს დააზარალებს და არც ბიზნესმენებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.3 თუმცა ამ მოდელის დახვეწა ხელისუფლებას ადრეც შეეძლო და ამით თავიდან აიცილებდა „საარბიტრაჟო სკანდალს“.
ბიზნესმენები და პოლიტიკოსთა ნაწილი აპროტესტებდა კერძო არბიტრაჟის გაუქმებას და მის ალტერნატივად კანონში არსებული ხარვეზების დაძლევა მიაჩნდა, რის შემდეგაც მოცემული ინსტიტუტი ხელისუფლებისათვის მისაღები შეიძლება გამხდარიყო. „კანონში ხარვეზი არსებობს, მაგრამ ამის გამო ინსტიტუტის დროებით ან საერთოდ გაუქმება არ შეიძლება. საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გასწორდეს“, - აცხადებს მემარჯვენეთა ლიდერი დავით გამყრელიძე.4
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კერძო არბიტრაჟის მოდელი რომ არასრულ- ყოფილი იყო, ამას დღეს ექსპერტებიც აღიარებენ. „ის მოდელი, რაც კანონში წერია, არასწორია. მეც და ჩემი თანამოაზრეებიც თავის დროზე, როდესაც საგადასახადო კოდექსი მუშავდებოდა, ხელისუფლებას ვეუბნებოდით, რომ მათი მოდელი არასწორი იყო და არაეფექტური აღმოჩნდებოდა. ჩვენ სხვა მოდელი შევთავაზეთ, რომელიც ხელისუფლებას არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების და არბიტრაჟისგან დაიცავდა, მაგრამ, ამავე დროს, ბიზნესს მისცემდა საშუალებას, რომ კეთილსინდისიერი არბიტრაჟის შემთხვევაში დაცვის მექანიზმები გვქონოდა“, - აღნიშნავს რესპუბლიკელთა ლიდერი დავით უსუფაშვილი. მთავრობამ მათი წინადადებისადმი ინტერესი არ გამოიჩენა და საგადასახადო კოდექსში არბიტრაჟის ცუდი მოდელი დააკანონა. უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ეს გამიზნულად გაკეთდა, რათა არბიტრაჟის დისკრედიტაცია მომხდარიყო და ის საბოლოოდ გაეუქმებინათ.5
კიდევ ერთი პოზიციის თანახმად, უნდა დადგენილიყო მაქსიმუმი, რომლის ფარგლებშიც კერძო არბიტრაჟს შეეძლო სადავო საკითხების განხილვა. ამგვარი შეზღუდვა მსხვილ ბიზნესს კერძო არბიტრაჟისკენ გზას მოუჭრიდა და ბიუჯეტს, მთავრობის მიერ საქმის წაგების შემთხვევაში, შესაძლო დიდი ზარალისაგან დაიცავდა. კერძო არბიტრაჟი კი იქცეოდა წვრილი და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვის მექანიზმად. „მიმაჩნია, არბიტრაჟი უნდა არსებობდეს, თუმცა ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რა მოცულობის სადავო თანხებს განიხილავს. მცირე და საშუალო მეწარმეს უნდა შეეძლოს სადავო საკითხების არბიტრაჟში განხილვა და არ უნდა იყოს იძულებული, სასამართლოს მიაკითხოს“, - აღნიშნავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი.6
ფრაქცია „მაჟორიტარების“ ლიდერი ბესო ჯუღელი არბიტრაჟთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ ეს სტრუქტურა კი არ გაეუქმებინათ, არამედ დაეწესებინათ გარკვეული შეზღუდვა - არბიტრაჟს არ მიეღო განსახილველად ძველი საქმეები, წინა ხელისუფლებიდან გადმოყოლილი. არბიტრაჟში განეხილათ მხოლოდ ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეშ წარმოშობილი საგადასახადო დავები. „თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები მეწარმეებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილები იქნებიან და შეცდომებსაც ნაკლებს დაუშვებენ“, - განაცხადა ბესო ჯუღელმა.7
ექსპერტთა მიერ შეთავაზებული კიდევ ერთი გეგმის თანახმად, არბიტრაჟი შეიძლება პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტებულიყო, ანუ არბიტრაჟში თითო-თითო წარმომადგენელი, არბიტრი მოდავე მხარეებს უნდა აერჩიათ. თუ ეს ორი არბიტრი მესამე არბიტრის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდებოდა, ამ შემთხვევაში მას სასამართლო დანიშნავდა8
თუმცა, მთავრობამ ყველაზე სწორხაზოვანი გზა არჩია და არბიტრაჟის რეფორმირებასა და მის მოქმედებასთან შეგუებას, ამ ახალი ინსტიტუტის ფაქტობრივი გაუქმება არჩია.
__________________________________
1. „რეზონანსი“, 22 .IV.2005
2. „კვირის პანორამა“, 25 .IV-1.V.2005
3. „ახალი თაობა“, 22 .IV.2005
4. „ახალი ვერსია“, 22-24 .IV.2005
5. „რეზონანსი“, 21 .IV.2005
6. „ახალი ვერსია“, 22-24 .IV.2005
7. „24 საათი“, 22 .IV.2005
8. „ხვალინდელი დღე“, 23 .IV.2005
![]() |
12.5 საგადასახადო დავებს უცხოელი არბიტრები განიხილავენ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ბიზნესმენები დიდი ხანია ხელისუფლებისაგან კერძო არბიტრაჟის აღდგენას ითხოვენ, რომელსაც ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს და რომლის მოქმედებაც რამდენიმე წლით შეაჩერა ხელისუფლებამ. ბიზნესმენთა მოთხოვნების საპასუხოდ პრეზიდენტი სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავები სპეციალურად მოწვეულმა უცხოელმა არბიტრებმა უნდა განიხილონ. ბიზნესმენთა უმრავლესობა პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომლებსაც ამ იდეის რეალიზება ახლო მომავალის საქმედ არ მიაჩნიათ.
ბიზნესმენებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ისეთი არბიტრაჟის სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი იქნება. „გამიჩნდა იდეა და ამასთან დაკავშირებით ევროკავშირთანაც ვმუშაობთ, რომ საწარმოო დავების გარჩევისას უცხოელი მოსამართლეები მოვიწვიოთ. 50-100 დასავლეთევროპელი მოსამართლე ჩამოვიყვანოთ, რომლებიც ორი-სამი წლის განმავლობაში ამავე რაოდენობის ქართველ მოსამართლესთან ერთად მეწარმეებსა და სახელმწიფოს შორის არსებულ დავებს განიხილავენ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ თანდათანობით, ამ დავების გარჩევით, ისეთი სტანდარტები შევქმნათ, რომელიც ქართულ სამართალში შემდგომში დამკვიდრდება. ამის შემდეგ უცხოელების გარეშეც შევძლებთ არსებული დავები გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.1
ბიზნესმენებმა დღეს საგადასახადო დავებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უნდა მიმართონ, რომელიც უსამართლოდ არ ჩათვლის თავისივე უწყების მიერ ბიზნესმენისთვის შეწერილ თანხას, ასევე სასამართლოზე ძნელია, რომ არსებული მოსამართლეების მხრიდან სახელმწიფოს გამტყუნების იმედი ქონდეს ვინმეს. „ჩვენი მოსამართლე მეწარმის სიმართლეში დარწმუნებულიც რომ იყოს, მისი სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების მაინც ეშინია“, - აღნიშნავს „კოკა-კოლას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია.2
პრეზიდენტის იდეას ბიზნესმენები იწონებენ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მიიღებს იგი კანონის სახეს და, რაც მთავარია, სანამ კანონი არ არსებობს, ძნელია განსაზღვრო თუ რა სახეს მიიღებს „უცხოური არბიტრაჟი“. ზოგიერთი სკეპტიკოსი კი იმასაც ეჭვობს, რომ მთავრობა, საბოლოო ჯამში, უცხოელი მოსამართლეებით თუ ადგიოლობრივით, მაინც არ დაუშვებს დამოუკიდებელი არბიტრაჟის ჩამოყალიბებას, რადგანაც ამ შემთხვევაში მას გარანტირებული ექნება მრავალი საგადასახადო დავის წაგება და პრობლემები შეექმნება ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით.
__________________________
1. „კვირის პალიტრა“, 19-25.VI.2006
2. „კვირის პალიტრა“, 19-25.VI.2006
![]() |
13 ხელისუფლება და ბიზნესი: ინტერესთა ბალანსის ძიება |
▲ზევით დაბრუნება |
ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლება წარმატებებზე და კარგ პერსპექტივებზე საუბრობს, თუმცა ოპოზიცია ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე ალაპარაკდა. ოპოზიცია, ალბათ, ვითარების დრამატიზებას ახდენს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უაღრესად რთულია და ახალ საგადასახადო კოდექსს პოზიტიური ძვრები ჯერჯერობით არ მოჰყოლია. მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსის შესახებ ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების მხრიდან უკვე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის. თუკი ხელისუფლება კვლავ თავს იწონებს ახალი საგადასახადო კოდექსით, რომელიც ბიზნესის წარმოების კლიმატს მკვეთრად აუმჯობესებს, ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალმა კოდექსმა მათ საქმიანობა გაურთულა და საგადასახადო ორგანოების წინაშე მეწარმე აბსოლუტურად დაუცველი დატოვა.
![]() |
13.1 ბიზნესმენები ახალი საგადასახადო კოდექსით უკმაყოფილონი არიან |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტარი ალექსანდრე შალამბერიძე, როგორც თავად ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ახალ საგადასახადო კოდექსს ხმა არ მისცა. „ჩვენ ცუდი საგადასახადო კოდექსი გვაქვს, ეს კოდექსი ხალხის მდგომარეობაზე კარგად არ აისახა. ამ კოდექსს მე წინააღმდეგ მივეცი ხმა. კარგია, რომ მიდის საუბარი ამ კოდექსის შეცვლაზე“, - აღნიშნავს შალამბერიძე.1
კიდევ უფრო რადიკალურები არიან ოპოზიცის წარმომადგენლები. „ბიზნესი მომხრჩვალია. ბიზნესში ახლა იმაზე უარესი მდგომარეობაა, რაც შევარდნაძის დროს იყო, ეს არის კონტროლირებადი ბიზნესი. ხელისუფლებამ იცის, რომ ფული, რომელიც პოლიტიკაში მისი კონტროლის გარეშე მოხვდება, შეიძლება მის საწინააღმდეგოდ გადაიქცეს. ამიტომ ხელისუფლება უშვებს მხოლოდ იმ ბიზნესს, რომელიც გაკონტროლებული და ჩარჩოებშია მოქცეული“, - ამბობს, მაგალითად, კონსერვატორი გოჩა ჯოჯუა.2
„ახალ საგადასახადო კოდექსს ბიზნესის ლეგალურად წარმოებისათვის რაიმე განსაკუთრებული იმპულსი არ მიუცია“, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.3 მართალია, საგადასახადო განაკვეთები გარკვეულწილად შემცირდა, მაგრამ კოდექსმა ბიზნესმენი ფაქტობრივად უუფლებო გახადა და საგადასახადო ჩინოვნიკის ნება-სურვილზე აღმოჩნდა დამოკიდებული. ბიზნესმენის დაუცველობა კიდევ უფრო გააძლიერა პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით დამოუკიდებელი არბიტრაჟის მუხლის შეჩერებამ, რომელიც ახალი საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთ უმთავრეს „ლიბერალურ“ მიღწევად ითვლებოდა.
„საგადასახადო ორგანოების გაზრდილი უფლებები მათ სრული თავგასულობის საშუალებას აძლევს. ამიტომ, შვებით ამოვისუნთქეთო, ამას ბიზნესმენები ვერ ამბობენ, რადგან იციან, როცა დასჭირდება სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს ყოველგვარი ნორმების დარღვევით შეუძლია გაატყავოს“, - აცხადებს ექსპერტი ნიკო ორველაშვილი.4
„მოქმედი კოდექსი ძველზე უარესია და ბიზნესს არათუ შეღავათი მისცა, არამედ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდო. ეს უფრო კარგად მას შემდეგ გამოჩნდება, რაც საფინანსო დოკუმენტაციის გადამოწმება დაიწყება. კოდექსში ბევრი ნორმა ბუნდოვანი და გაურკვეველია, რაც საგადასახადო სამსახურისა და ბიზნესის მხრიდან სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საფუძველი შეიძლება გახდეს“, - აღნიშნავს პარლამენტარი, ყოფილი მეწარმე ზურაბ ტყემალაძე.
რიგი ექსპერტების აზრით, საგადასახადო ტვირთი მაინც მაღალია საქართველოს პირობებში, როდესაც ბიზნესი სუსტია და წელში გამართვა სჭირდება. იმ დარგებში, რომელთაც აქციზი ეხებათ, საგადასახადო ტვირთი შემცირების მაგივრად გაიზარდა. შეცდომად მიაჩნიათ ისიც, რომ საგადასახადო კოდექსი რაიმე რეალურ შეღავათებს არ ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის „ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების პირობები მსხვილი ბიზნესისას გაუთანაბრა. მცირე და საშუალო ბიზნესს მაღალი სოციალური დატვირთვა აქვს და მისთვის შეღავათები აუცილებელი იყო“, - აღნიშნავს ექსპერტი ბონდო ზარნაძე.5
ბიზნესმენები და ექსპერტები აცხადებენ, რომ საგადასახადო კოდექსი ბიზნესისა და ხელისუფლების კონსესუსის შედეგი უნდა იყოს. არსებული საგადასახადო კოდექსით კი პერსპექტივაში ბიუჯეტი სერიოზულ პრობლემებს წააწყდება. დღეს ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა განპირობებულია ადმინისტრირების გაძლიერებით და პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებით. რა იქნება შემდეგ, როდესაც ეს წყაროები ამოიწურება? თუკი საგადასახადო კოდექსი ეკონომიკურ ზრდას ვერ შეუწყობს ხელს, ბიუჯეტის ზრდაც პრობლემატური გახდება.
2005 წელი საქართველოში ახალი ეკონომიკური კოდექსის მუშაობის პირველი წელი იყო. ამ კოდექსს, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის უნდა შეეწყო ხელი. ხელისუფლება მოქმედი საგადასახადო კოდექსით დღესაც კმაყოფილია, ბიზნესმენების აზრით კი, ახალი საგადასახადო კოდექსი არ აღმოჩნდა ისეთი ლიბერალური, როგორსაც მოელოდნენ. რიგი ექსპერტების აზრით, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შემდეგ ქართული ბიზნესი გაცილებით სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა, ვიდრე აქამდე იყო.6
ახალი საგადასახადო კოდექსით გადასახადების რაოდენობა და ქაღალდზე დაწერილი საგადასახადო პროცენტები შემცირდა, მაგრამ რეალურად ბიზნესმენს მდგომარეობა გაურთულდა. ადრე, მიუხედავად ოფიციალურად უფრო მაღალი საგადასახადო ტვირთისა, ბიზნესმენები სხვადასხვა მეთოდებით ახერხებდნენ, რომ დღევანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები გადაეხადათ. გართულდა ზოგიერთი სხვა პირობაც. მოქმედი კოდექსით, ძირითადი საწარმოო საშუალებების იმპორტი დამატებითი ღირებულებების გადასახადით იბეგრება, მაშინ, როცა წინა კოდექსით იგი შეღავათით სარგებლობდა.
საგადასახადო ტვირთის ზრდა პროდუქციის გაძვირებაშიც გამოიხატება. მეწარმეს სახელმწიფო გადასახადი პროდუქტის თვითღირებულებაში შეაქვს, რის გამოც სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტზე ფასები გაიზარდა. ექსპერტთა აზრით, ხელისუფლება მეწარმეს კარგ ბიზნეს-გარემოს ვერ უქმნის, რადგან მაღალი საგადასახადო განაკვეთები კაპიტალდაბანდებების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა წვრილი და საშუალო ბიზნესი. საარჩევნო კამპანიის დროს დღევანდელი ხელისუფლება მცირე მეწარმეებს გადასახადებისაგან ორი წლით გათავისუფლებას პირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით მცირე და დიდი ბიზნესის წარმომადგენლებს თითქმის ერთი და იგივე გადასახადის გადახდა უწევთ. ძველი საგადასახადო კოდექსით მცირე მეწარმე ერთ, პრეზუმციულ გადასახადს იხდიდა, რომელშიც რამდენიმე გადასახადი იყო გაერთიანებული. მცირე მეწარმე, რომლის ბრუნვაც 100 ათას ლარს არ აღემატებოდა, ფიქსირებულ, ერთ გადასახადს იხდიდა. ახალმა კოდექსმა შეზღუდა ბანკების მიერ გრძელვადიანი სესხების გაცემა., რის გამოც მეწარმეები ლიზინგის გამოყენების იმედად რჩებიან. ანუ მეწარმე თავისი სურვილით დღგ-ის გადამხდელი ხდება.
ექსპერტთა თქმით, საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მცირე მეწარმეები ქმნიან ქვეყანაში სამუშაო ადგილებს და მოსახლეობას ასაქმებენ. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე კი სახელმწიფოში სიღარიბის დაძლევა და სოციალური სტაბილურობის მიღწევა წარმოუდგენელია.
________________________________
1. „ახალი თაობა“, 13.VI.2005
2. „ახალი თაობა“, 13.VI.2005
3. „ახალი თაობა“, 30.V.2005
4. „ახალი თაობა“, 30.V.2005
5. „ახალი თაობა“, 30.V.2005
6. „ხვალინდელი დღე“, 19.I.2006
![]() |
13.2 ხელისუფლება საგადასახადო ადმინისტრირებას კიდევ უფრო ამკაცრებს |
▲ზევით დაბრუნება |
დამოუკიდებელი არბიტრაჟების ამოქმედების რამდენიმე წლით გადავადებასთან ერთად, პრეზიდენტი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტისაგან გადასახადების დამალვისათვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს. პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში 100 ათასიდან 25 ათას ლარამდე ამცირებს დამალური გადასახადების იმ ზღვარს, რომლის გადაჭარბებისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებ ული. თუმცა, გადასახადების დამალვისათვის სანქციების გამკაცრება დროებით გადაიდო. ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობის ერთმა ნაწილმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მიერ შემოტანილ კანონპროექტს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტს პირველ მოსმენით უკვე მიღებული აქვს, 24 ივნისს მეორე მოსმენისას კი კენჭისყრა პარლამენტართა უმრავლესობის მოთხოვნით გადაიდო. კანონპროექტი გადასამუშავებლად მთავრობას დაუბრუნეს. „ხელისუფლებას მეწარმეთა სისხლი მოწყურდა“, - ასეთი კომენტარი მოჰყვა ქართულ მედიაში მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას.1
ცოტა ხნის წინ მიღებულ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ახალი ცვლილება მძიმე დარტყმას აყენებს იმ სიახლეს, რითაც ადრე ხელისუფლება თავს იწონებდა: მეწარმეები საგადასახადო დავების გამო ციხეში უფრო ხშირად აღმოჩნდებიან. მოქმედი საგადასახადო კოდექსით ზღვარი, რომელის გადასახადის გადამხდელს სისხლის სამართლის დევნისაგან ათავისუფლებს, 100 ათასი ლარია. კოდექსის 123-ე მუხლის თანახმად, თუ დამალული გადასახადი აღემატება გადასახდელი გადასახადის 25 პროცენტს და 100 ათას ლარს, ეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადიდან თავის არიდებად ითვლება და პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება. პრეზიდენტის ინიციატივის დაკანონების შემდეგ კი ეს ზღვარი 4-ჯერ მცირდება და 25 ათას ლარამდე დადის.
სამაგიეროდ, ორჯერ იზრდება ვადა, რომლის განმავლობაშიც მეწარმეს შეუძლია დაკისრებული თანხის გადახდა სისხლის სამართლის დევნის თავიდან ასაცილებლად. ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ეს ვადა 15 სამუშაო დღითაა განსაზღვრული, ცვლილებების მიღების შემთხვევაში კი 30 დღემდე იზრდება. ესეც „გადასახადების გადახდის ხელშემწყობ ფაქტორად“ მიიჩნევა.
ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც უშუალოდ შეიტანა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში, პრეზიდენტის ინიციატივას დროულ ღონისძიებას უწოდებს, რომელიც საგადასახადო სფეროში არსებულ დარღვევებს მოუღებს ბოლოს. სამინისტროს წარმომადგენელი პარლამენტში ამტკიცებდა, რომ ეს ცვლილება „სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს“.2
თუმცა, მთავრობის პოზიციას არ იზიარებენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები. ბიზნესმენებმა ხელისუფლების მცდელობა საგადასახადო კოდექსში ახალი ცვლილება შეიტანოს აღიქვეს როგორც მათი დაშინების მცდელობა. ექსპერტებმა კი პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივის უკან ძალოვანთა ინტერესი დაინახეს. მათი ვარაუდით, სანქციების გამკაცრება ძალოვანების მხრიდან დამატებითი ბერკეტის მოპოვების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე საგადასახადო ორგანოების გადასახადების მობილიზების მცდელობას. ამ მოსაზრებას ისიც განამტკიცებს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა სისხლის სამართლის კოდექსში მომხდარი ცვლილებების შემდეგ სცადა. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 100 ათასამდე ლარის დამალვისათვის პირველი შემთხვევის დროს პირი ხუთი წლით, განმეორების შემთხვევაში კი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.3
მემარჯვენეთა ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, კანონში აღნიშნული ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ ორგანოებს ბიზნესის დასაშინებლად კიდევ ერთ ბერკეტს მისცემს. „ვთხოვ ხელისუფლებას ნუ მოექცევა ბიზნესმენს, როგორც მტერს“, - მიმართა ცვლილებების ინიციატორებს გამყრელიძემ.
უკიდურესად ნეგატიურია მთავრობის ამ ახალ გეგმისადმი ბიზნესის წარმომადგენელთა დამოკიდებულება. „ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას არა ბიზნესის გასაძლიერებლად, არამედ მისთვის პირობების კიდევ უფრო გასამკაცრებლად“, - აღნიშნა ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ისაკაძემ. მისივე თქმით, უმჯობესი იყო მთავრობასა და ბიზნესს ერთად გადაეხედათ საგადასახადო კოდექსისათვის და მის გამარტივებასა და ორმაგი ინტერპრეტაციების გამორიცხვაზე ეზრუნათ. იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინიციატივა ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ ბიზნეს-სექტორის შიშის გაძლიერებას ემსახურება. „ამ მეთოდებით თავიანთ მიზანს მიაღწევენ, გადასახადების ამოღებას გაზრდიან, თუმცა საბოლოოდ ეს ბიზნესს მოაკლდება. მთავრობამ გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაითვალისწინოს, რომ საწარმოს გაჩერება ადვილია, მაგრამ შემდეგ მისი ამუშავება ათასჯერ ძნელი“, - აღნიშნა ისაკაძემ.4
მთავარი კრიტერიუმი ახალი საგადასახადო კოდექსის შესაფასებლად ქვეყნის ეკონომიკაზე მისი ზეგავლენის ხასიათია, ანუ როგორ შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა ამ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ. „ამ კუთხით პროგრესს ნამდვილად ვერ ვხედავ. ხელისუფლების მხრიდან ყველაზე სწორი ნაბიჯი ბიზნესთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ფუნქციების მკვეთრი გამიჯვნა იქნებოდა“, - აღნიშნავს ექსპერტი დემურ გიორხელიძე.5
შექმნილ ვითარებიდან გამოსავალი ხელისუფლების მიერ თამაშის წესების შეცვლაა. ხელისუფლებამ ბიზნესი მკაცრად უნდა გააკონტროლოს, მაგრამ ამავე დროს ბიუროკრატიისაგან მაქსიმალურად გაათავისუფლოს. ამგვარი მიდგომის სასიკეთო შედეგები ქვეყნის ეკონომიკას მალე დაეტყობა.
_________________________________
1. „24 საათი“, 25.VI.2005
2. „ხვალინდელი დღე“, 25.VI.2005
3. „ხვალინდელი დღე“, 25.VI.2005
4. „ხვალინდელი დღე“, 25.VI.2005
5. „ახალი ვერსია“, 24-26.VI.2005
![]() |
13.3 ბიზნესი ისევ გადასახადების სიმძიმეს უჩივის |
▲ზევით დაბრუნება |
2005 წელი საქართველოში ახალი ეკონომიკური კოდექსის მუშაობის პირველი წელი იყო. ამ კოდექსს, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის უნდა შეეწყო ხელი. ხელისუფლება მოქმედი საგადასახადო კოდექსით დღესაც კმაყოფილია, ბიზნესმენების აზრით კი, ახალი საგადასახადო კოდექსი არ აღმოჩნდა ისეთი ლიბერალური, როგორსაც მოელოდნენ. რიგი ექსპერტების აზრით, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შემდეგ ქართული ბიზნესი გაცილებით სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა, ვიდრე აქამდე იყო.1
ახალი საგადასახადო კოდექსით გადასახადების რაოდენობა და ქაღალდზე დაწერილი საგადასახადო პროცენტები შემცირდა, მაგრამ რეალურად ბიზნესმენს მდგომარეობა გაურთულდა. ადრე, მიუხედავად ოფიციალურად უფრო მაღალი საგადასახადო ტვირთისა, ბიზნესმენები სხვადასხვა მეთოდებით ახერხებდნენ, რომ დღევანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები გადაეხადათ. გართულდა ზოგიერთი სხვა პირობაც. მოქმედი კოდექსით, ძირითადი საწარმოო საშუალებების იმპორტი დამატებითი ღირებულებების გადასახადით იბეგრება, მაშინ, როცა წინა კოდექსით იგი შეღავათით სარგებლობდა.
საგადასახადო ტვირთის ზრდა პროდუქციის გაძვირებაშიც გამოიხატება. მეწარმეს სახელმწიფო გადასახადი პროდუქტის თვითღირებულებაში შეაქვს, რის გამოც სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტზე ფასები გაიზარდა. ექსპერტთა აზრით, ხელისუფლება მეწარმეს კარგ ბიზნეს-გარემოს ვერ უქმნის, რადგან მაღალი საგადასახადო განაკვეთები კაპიტალდაბანდებების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა წვრილი და საშუალო ბიზნესი. საარჩევნო კამპანიის დროს დღევანდელი ხელისუფლება მცირე მეწარმეებს გადასახადებისაგან ორი წლით გათავისუფლებას პირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით მცირე და დიდი ბიზნესის წარმომადგენლებს თითქმის ერთი და იგივე გადასახადის გადახდა უწევთ. ძველი საგადასახადო კოდექსით მცირე მეწარმე ერთ, პრეზუმციულ გადასახადს იხდიდა, რომელშიც რამდენიმე გადასახადი იყო გაერთიანებული. მცირე მეწარმე, რომლის ბრუნვაც 100 ათას ლარს არ აღემატებოდა, ფიქსირებულ, ერთ გადასახადს იხდიდა. ახალმა კოდექსმა შეზღუდა ბანკების მიერ გრძელვადიანი სესხების გაცემა., რის გამოც მეწარმეები ლიზინგის გამოყენების იმედად რჩებიან. ანუ მეწარმე თავისი სურვილით დღგ-ის გადამხდელი ხდება.
ექსპერტთა თქმით, საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მცირე მეწარმეები ქმნიან ქვეყანაში სამუშაო ადგილებს და მოსახლეობას ასაქმებენ. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე კი სახელმწიფოში სიღარიბის დაძლევა და სოციალური სტაბილურობის მიღწევა წარმოუდგენელია.
___________________________
1. „ხვალინდელი დღე“, 19.I.2006
![]() |
13.4 არასამთავრობოები ბიზნესის დასაცავად გამოვიდნენ |
▲ზევით დაბრუნება |
რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ბიზნესის ინტერესების დაცვას აქტიურად აპირებენ. ამ მიმართულებით საჯარო განაცხადი პირველად 2005 წლის 24 მაისს გაკეთდა, როდესაც „საქართველოს სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრის“, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ერთობლივი სხდომა ჩაატარეს და საზოგადოებას აუწყეს, რომ ისინი ბიზნესის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის არასტაბილური გარემოა შექმნილი და სექტორი სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ შანტაჟს განიცდის.1
არასამთავრობოებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ორივე მხარის წარმომადგენელთა აზრით, მეტად პერსპექტიულად გამოიყურება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ანა დოლიძის აზრით, ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ბევრი საერთო ინტერესი გააჩნია. კერძოდ, გამჭვირვალე, კანონმორჩილი და ნაკლებად ბიუროკრატიული ხელისუფლება.2 თავის მხრივ, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია მიესალმება ბიზნესის მხარდაჭერის იდეის გარშემო გაერთიანებულ არასამთავრობოებს. „ბიზნესისთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ასეთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მის დასაცავად გამოდიან. ჩვენ ვაპირებთ იმ პრობლემებზე მუშაობას, რომელიც ბიზნეს-სექტორში არსებობს და გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენგან თანადგომა გარანტირებული აქვთ“, - აღნიშნა ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ისაკაძემ.3
ბიზნესის წარმომადგენლებთან შედარებით, რომლებზეც ხელისუფლებას ზემოქმედების მრავალი ბერკეტი გააჩნია, არასამთავრობოებს უფრო გაბედულად შეუძლიათ ხელისუფლების კრიტიკა და იმის გადაჭრით თქმა, რისგანაც ბიზნესმენებმა შეიძლება თავი შეიკავონ. ამჟამად ბიზნესმენებს საგადასახადო დავების წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლო ორგანოებში შეუძლიათ. თუმცა, არსებულ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აქ დავების 80% საგადასახადო ორგანოების სასარგებლოდ წყდება და არა გადასახადების გადამხდელის.4
„ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის დავით ნარმანიას თქმით, საქართველოში არასტაბილური საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზაა, მოქმედებს ბიზნესის სახელმწიფოსთან ანგარიშსწორების საბჭოური მეთოდები და ქაოსია მარეგულირებელ კანონმდებ ლობაში. არასამთავრობოთა განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღების შემდეგ იმდენი ახალი კანონქვემდებარე აქტი დამტკიცდა, რომ ბიზნესმენებს უამრავი ცნობის ასაღებად ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვაში ეკარგებათ დრო. „ბიზნესი სრულიად დაუცველია და ხორციელდება მისი რეკეტი“, - აღნიშნავს ნარმანია. 2004 წელს და 2005 წლის პირველ ნახევარში 50 კანონში შევიდა ცვლილება და დამატება, რომელიც პირდაპირ ეხებოდა ბიზნესს. ასევე საგადასახადო კოდექსში დაახლოებით 50 ადგილზეა მითითებული, რომ ესა თუ ის საკითხი უშუალოდ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ან მთავრობის დადგენილებით რეგულირდება. ამან გამოიწვია ის, რომ საგადასახადო კოდექსის უკვე 20-მდე ნორმატიული აქტია მიღებული და კიდევ ამდენიმე ნორმატიული აქტის მიღებას აპირებენ.5
გარდა ამისა, საგადასახადო კანონმდებლობაში არის გაუკვეველი და ბუნდოვანი დებულებები, რომელსაც ვერ იგებს ვერც გადასახადის გადამხდელი და ვერც საგადასახადო ინსპექტორი, ამიტომ ისინი მიმართავენ საგადასახადო დეპარტამენტს ან ფინანსთა სამინისტროს და წერილობით პასუხს ითხოვენ მისგან.
სამომავლოდ გაიმართება ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრები, სადაც ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები განიხილება. შემუშავებული იქნება რეკომენდაციები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებს გადაეცემა.6 რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ეს გზა ქართული ეკონომიკისათვის, ამას მომავალი გვიჩვენებს.
____________________________
1. „24 საათი“, 25.V.2005
2. „24 საათი“, 25.V.2005
3. „ახალი თაობა“, 25.V.2005
4. „რეზონანსი“, 27.V.2005
5. „რეზონანსი“, 27.V.2005
6. „24 საათი“, 25.V.2005
![]() |
14 ბიზნესი და პოლიტიკა: რა უშლის ხელს ქართული ბიზნესის ნორმალურ განვითარებას |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლო დროს ქართულ მედიაში აქტიურად განიხილება ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებული ურთიერთობა. დასახელდა მრავალი ფაქტორი, რაც რიგი ექსპერტების აზრით, ქართულ ბიზნესს ნორმალური განვითარების საშუალებას არ აძლევს. არადა, ბიზნესის ნორმალურ განვითარებაზე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობაც და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ბედიც.
![]() |
14.1 შევსებული ბიუჯეტი არ ნიშნავს ეკონომიკურ აღმავლობას |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკურ ექსპერტთა დიდი ნაწილი, პირველ რიგში, მიუთითებს, ახალი საგადასახადო კოდექსის ნაკლოვანებებზე, რომელმაც დიდი უფლებები მისცა მოხელეებს და ფაქტობრივად დაუცველი დატოვა მეწარმე. ექსპერტთა განცხადებით, ხელისუფლებამ ნაცვლად დაპირებული მარტივი და ადვილად გასაგები საგადასახადო კოდექსისა, რომელსაც ბიზნესისათვის „ფულის შოვნის“ საშუალება უნდა მიეცა, შექმნა დოკუმენტი, თუ როგორ ამოიღოს მათგან მეტი ფული ბიუჯეტის შესავსებად.
კოდექსში არაერთი ნორმაა ჩადებული, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს. ეკონომიკაში ძირითად პრობლემებს ქმნის ეკონომიკური თავისუფლებების დაბალი ხარისხი, ძლიერი ბიუროკრატიული წნეხი და სამართლებრივი გზით საკუთარი უფლებების დაცვის დაბალი ხარისხი. ახალი საგადასახადო კოდექსის მიღეების შემდეგ გასულ ნახევარ წელიწადში ფინანსთა მინისტრმა 31 ბრძანება და საქართველოს მთავრობამ 8 დადგენილება მიიღო, რომლითაც 50-მდე სხვადასხვა სახის შესავსები ცნობა და აღრიცხვის ჟურნალების შემოღება მოჰყვა. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან საგადასახადო ორგანოებს (საგადასახადო დეპარტამენტი და საგადასახადო ინსპექციები) უფლება აქვთ, დაამტკიცონ დამატებითი ინსტრუქციები და მეთოდური მითითებები, რითაც ბიზნესი უფრო მეტი ბიუროკრატიული ქაღალდომანიის წინაშე დადგება.
ახალ საგადასახადო კოდექსში ჩაწერილი გაურკვეველი დებულებები საგადასახადო ინსპექციებსაც გაურკვევლობის წინაშე აყენებს, თუმცა ისეთ განმარტებებს იძლევიან, რაც სადავო საკითხს საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ წყვეტს. დღეს მოქმედი ნორმით ზუსტად არ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეუძლია მაგალითად, როგორც აღინიშნება, საგადასახადო ინსპექციას, გარიგების ფასის ნაცვლად დაბეგვრისათვის „საბაზრო ფასის“ გამოყენება. პირიქით, კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, მას ამის საშუალება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს, რაც საგადასახადო ინსპექტორს მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და ხელში კორუფციის მექანიზს აძლევს.
ხელისუფლება თუ ბიზნესის განვითარების პირობებს რეალურად არ უზრუნველყოფს, ამას უახლოეს მომავალში სერიოზული პრობლემების წარმოშობა მოჰყვება ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით, რითაც დღეს დიდად ამაყობს მთავრობა.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება ეკონომიკურ აღმავლობას არ ნიშნავს და შესაბამისად, მომავალში პრობლემებია მოსალოდნელი. „კარგია, ბიუჯეტი ასი პროცენტით რომ სრულდება; ელემენტარულად, ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ დაარიგოს თუნდაც მიზერული პენსიები და დააფინანსოს გარკვეული სოციალური პროგრამები, მაგრამ, ბიუჯეტი ადმინისტრირების გამკაცრებით ივსება და არა ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებით“, - აღნიშნავს გიორხელიძე. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბიზნესმენებზე წნეხი გააძლიერა, რაც მეწარმეებს აიძულებს, შეამცირონ შემოსავალი. ეს კი მომავალში ბიუჯეტზე აუცილებლად აისახება.
„ბიუჯეტი გაიზარდა ჩრდილოვანი ეკონომიკის გარკვეული ნაწილის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრების ხარჯზე. სამწუხაროდ, სასიკეთო ძვრებს ვერ ვხედავ ეკონომიკაში. თუ ბიზნესმენებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ მისცემენ, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. თუ მეწარმეობა არ განვითარდება, მომავალ წლებში ბიუჯეტის შევსებაც პრობლემა იქნება. რაც არ უნდა გამკაცრდეს ადმინისტრირება, ჩრდილოვანი ეკონომიკა უახლოეს წლებში 30-35 პროცენტზე დაბლა არ დაიწევს. ამიტომაც, ბიუჯეტის შევსება სწორედ ეკონომიკის განვითარებასთან უნდა იყოს მჭიდრო კავშირში“, - აცხადებს ექსპერტი.1
____________________________
1. „ხვალინდელი დღე“, 29.VI.2005
![]() |
14.2 რატომ არჩევენ დუმილს ბიზნესმენები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესმენები ახალი საგადასახადო კოდექსით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ როგორც ქართულ მედიაში აღინიშნება, ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა „სადამსჯელო ოპერაციებმა“ (მაგალითად, „ნიკალაში“), ბიზნესმენები დააშინა და მათ გაჩუმება არჩიეს. ბიზნესმენებს, ცხადია, დასაკარგი ბევრი აქვთ და ხელისუფლებასთან ღია დაპირისპირებას თავს არიდებენ.
ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის საქართველოში არსებულ ვითარებას რიგი ექსპერტები ადარებენ რუსეთში არსებულ მდგომარეობას. ბიზნესი ხელისუფლების მიერ დაშინებულია. „ბიზნესიც არ გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას, რაც გარკვეული შიშით არის განპირობებული“, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.1
დაშინებული ბიზნესის სიჩუმე კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. „ბიზნესი, თავისი უსიტყვო მორჩილებით კიდევ უფრო ხელს უწყობს ხელისუფლებაში კორუფციული კლანების ჩამოყალიბებას“, - მიუთითებს გაზეთი „ახალი ვერსია“.2 საგადასახადო კოდექსის დახვეწის აუცილებლობაზე ბიზნესმენები პერიოდულად საუბრობენ ხოლმე, თუმცა, ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია. შედეგად არც ბიზნესაქტიურობა შეიმჩნევა და, როგორც აღინიშნება, საქართველოდან ადგილობრივი კაპიტალიც აქტიურად გაედინება.
სერიოზული პრეტენზია ხელისუფლების მისამართით ე.წ. „შეწერილ“ არაოფიციალურ გადასახადებს უკავშირდება. ცხადია, ამის თაობაზე არაფერს ამბობს ხელისუფლება, დუმილს არჩევენ ბიზნესმენები, მაგრამ პირდაპირ აცხადებენ ჟურნალისტები და ექსპერტები. „ხელისუფლებამ ახალი თვითდაფინანსებისათვის ახალი გზა გამოძებნა, რაც ადგილობრივი ბიზნესიდან ფულის ამოღებას გულისხმობს“3; „ინვესტიციების არარსებობის ძირითადი მიზეზი სახელმწიფო რეკეტი და დაუცველობაა. ერთი მხრივ, პროპაგანდას უწევ გამარტივებულ საგადასახადო კოდექსს, მეორე მხრივ კი არალეგალურ ბეგარას ადებ კომპანიებს“,4 - ასეთი გამონათქვამები და შეფასებები ჟურნალისტების მხრიდან ხშირია ქართულ პრესაში.
„ქვეყანაში ბიზნესისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ ტერორი მიმდინარეობს. ეს ხდება სხვადასხვა ტიპის „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის“ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რაც ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ პიარკამპანიების დაფინანსებას ხმარდება“, - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი.5
როდესაც ასეთი შეფასებები მრავლად ჩნდება მედიაში, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ სიტუაცია საშიშ ზღვარს უახლოვდება. და ბიზნესთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სასწრაფო რეაგირებაა საჭირო. „დადგა დრო, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი შეცდომები უნდა გააცნობიეროს და აირჩიოს, საით წაიყვანოს ქვეყანა: ეკონომიკური კრიზისისკენ თუ დემოკრატიული განვითარებისაკენ“, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.6
საჭიროა სიტუაციის შეცვლა. ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობა გადასახადის გადამხდელსა და გადასახადის მიმღებს შორის ცივილიზებულ ურთიერთობად უნდა ჩამოყალიბდეს. 17 ივლისს აჭარაში გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ბიზნესისა და ხელისუფლების გამიჯვნის აუცილებლობა. მისი თქმით, არ შეიძლება ბიზნესმენები გამოიყენო სახელმწიფოს კომპეტენციის საკითხების დასაფინანსებლად, რადგან ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვალდებულია ბიზნესთან. თუმცა, ასევე არ შეიძლება ბიზნესი იყოს „ვალდებული“ ხელისუფლებასთან. საბოლოო ჯამში, ამით ზარალდება არა მარტო ბიზნესი, არამედ თავად ხელისუფლებაც
_________________________________
1. „კვირის პანორამა“, 18-24 .VII.2005
2. „ახალი ვერსია“, 18-19 .VII.2005
3. „ახალი ვერსია“, 18-19 .VII.2005
4. „ახალი თაობა“, 18 .VII.2005
5. „კვირის პანორამა“, 18-24 .VII.2005
6. „ახალი ვერსია“, 18-19 .VII.2005
![]() |
14.3 რა ზიანი მოაქვს სამთავრობო კარუსელს |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობაში მასშტაბური ცვლილებების მოლოდინი 2005 წლის ივნისში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების გამოცვლით დამთავრდა. თუმცა, „დიდი ცვლილებების“ მოლოდინმა თუ მომხდარმა გადანაცვლებებმა ექსპერტები და პოლიტიკოსები კვლავ აალაპარაკა ხელისუფლების „საკადრო სიმწირესა“ და ხშირი სამთავრობო „კარუსელების“ შესახებ, რაც დადებითად არ აისახება მთავრობის მუშაობაზე. რაც მთავარია, ხმები ახალი საკადრო გადაადგილებების შესახებ სისტემატიურად ვრცელდება. მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებისა, რომ სხვა ცვლილებები მთავრობაში მოსალოდნელი არ არის, პრემიერის ახალი კანდიდატურის შესაძლო ვარიანტები კულუარებში კვლავაც განიხილება.1
„საქართველოს მთავრობა ეტყობა რომელიღაც რეკორდის მოხსნას აპირებს, ისეთი სიხშირით იცვლებიან მინისტრები. ეს სერიოზულ განწყობაზე არ მიუთითებს. ადგილი არ არის სტაბილური, განსაკუთრებით ეს ეხება იმ სფეროებს, რომელიც ეკონომიკას და ფინანსებს ეხება“, - აღნიშნავს პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი.2
ექსპერტთა აზრით, სახელისუფლო ვერტიკალში პირველი პირების ასეთი ხშირი ცვლა ზიანს აყენებს საქმის ნორმალურ გაძღოლას და გაუმართლებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხელს უშლის მინისტრებს გაიცნობიერონ აღებული პასუხისმგებლობა. „ხელმძღვანელ პირთა ასეთი სწრაფი ცვლა, რა თქმა უნდა, გაუმართლებელია, ეს ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასტაბილურია და კადრების შერჩევის პრობლემა აქვს. პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ პირზე ნაწილდება. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე უპრიანია, დგებოდეს რეკომენდატორის პასუხისმგებლობის საკითხიც, ეს იქნება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი. როგორც ჩანს, მთავრობა ვერ აცნობიერებს თავის ბრალს წარუმატებელ საკადრო პოლიტიკაში“, - აღნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ექსპერტი თენგიზ სიგუა.3 თუმცა, მიუხედავად ექსპერტთა ამგვარი განცხადებებისა, საეჭვოა, რომ მთავრობის საკადრო პოლიტიკაში რაიმე შეიცვალოს.
__________________________
1. „ხვალინდელი დღე“, 1 .VII.2005
2. „ხვალინდელი დღე“, 1 .VII.2005
3. „ხვალინდელი დღე“, 1 .VII.2005
![]() |
14.4 ვაჭრობის ლობისტები საქართველოში წარმოების ლობისტებზე ძლიერები არიან |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასების სწრაფი ზრდის გამო პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2006 წლის ივნისის დასაწყისში ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან შეხვედრა გამართა და ქვეყანაში ამ თვალსაზრისით შექმნილი არასახარბიელო სიტუაციის ახსნა მოითხოვა. პრეზიდენტი დაინტერესდა იმითაც, თუ რატომ ხდება საქართველოში სოფლის მეურნეობის იმ პროდუქციის იმპორტი, რომლის წარმოებაც ადგილზეა შესაძლებელი და ვითარების გამოსწორება მოითხოვა. „რატომ ხდება ისე, რომ საქართველოში შემოტანილია ფრინველის ხორცის 55%, რძის ფხვნილის 100%, კარაქის 90%, ბოსტნეულის 10%, კვერცხის 40%, ღორის და ძროხის ხორცის დიდი ნაწილი და ა.შ. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს კარტოფილისა და ხორბლის იმპორტი. ეს დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში ამ მხრივ შექმნილი სიტუაცია არასახარბიელოა და მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.1
ექსპერტები შექმნილი ვითარების ასახსნელად რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. პირველ რიგში აღინიშნება ე.წ. „ვაჭრობის ლობისტების“ უკვე ტრადიციული დომინირება საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებში. „სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადება წარმოების სფეროს განეკუთვნება. საქართველოში პარლამენტარიზმს ახასიათებს მკაფიო გადახრა ვაჭრობის ლობირებისკენ. ჩვენს კანონმდებლობაში, განურჩევლად მათი თაობებისა, ვაჭრობის ლობისტები წარმოების ლობისტებზე ბევრად ძლიერები არიან. შესაბამისად, ისინი გარკვეულწილად აფერხებენ ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას. ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის რეალური საკანონმდებლო ხელშეწყობა ჯერ არ არის, როგორც საგადასახადო კანონმდებლობის, ისე იმ დაცვითი ელემენტების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ ადგილობრივ მეწარმეს შეუქმნას“, - აღნიშნავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი.2
პირველ რიგში აუცილებელია ადგილობრივი მწარმოებლის დაცვა დემპინგური ფასებით შემოტანილი კონტრაბანდული საქონლისაგან. საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება უფრო ძვირი ჯდება ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. ამის მიზეზი საწვავზე მაღალი ფასებია. „საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების ზრდაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ენერგომატარებლების გაძვირება“, - აღნიშნავს ეკონომიკური ექსპერტი ბონდო ზარნაძე.3
მთავრობა საბაჟო ტარიფების მკვეთრად შემცირებას და 2008 წლიდან საერთოდ გაუქმებას ცდილობს. საქმე ახლა შესაბამისი კანონის პარლამენტში დამტკიცებაა. თუმცა, მთავრობის გეგმები პარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდა არა მარტო ოპოზიციის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდანაც. მთავრობის ინიციატივის მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ საბაჟო ტარიფების გაუქმებას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის კატასტროფა მოჰყვება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გეგმის წინააღმდეგ გადაჭრით გაილაშქრა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემაც. „თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა, სადაც დოტაციები არ ხორციელდება, ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმის შემოღებამ შესაძლოა უფრო ბევრი ნეგატიური შედეგები მოგვიტანოს, ვიდრე დადებითი“, - აცხადებს ბურჯანაძე.4
მთავრობის გეგმების წინააღმდეგ კიდევ უფრო რადიკალურია ოპოზიცია. მათი განცხადებით, მთავრო,ის ეს ინიციატივა აგრარული სექტორის კატასტროფას გამოიწვევს და ქართველ ფერმერებს უაღრესად მძიმე დღეში ჩააგდეს. ადგილობრივ მწარმოებელს, რომელსაც ხელისუფლება რეალურად არაფრით ეხმარება, გაუჭირდება უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის კონკურენცია.
აცხადებენ იმასაც, რომ ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმის შემოღება ძირითადად თურქეთის წარმოებას უწყობს ხელს. იაფი თურქული პროდუქციით კი ქართული ბაზარი ისედაც სავსეა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში დღეს იმპორტი ლამის 4-ჯერ აღემატება ექსპორტს, იმპორტის ნულოვანი დაბეგვრა კი კიდევ უფრო გაზრდის იმპორტს და, შესაბამისად, გაიზრდება უმუშევრობაც. „საქართველოს ხელისუფლება გონს დროზე უნდა მოეგოს და ქვეყნისთვის ასეთი დამღუპველი გადაწყვეტილება არ მიიღოს“, - აცხადებს მრეწველთა ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.5
8 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრებმა ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების ინტერესი დაინახეს საბაჟო ტარიფების შემცირებისა და გაუქმების მცდელობაში. მათი აზრით, აღნიშნულით დაინტერესებულნი არიან და იმპორტიორებს მფარველობენ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, პარლამენტარი გივი თარგამაძე და ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი.6
საბაჟო გადასახადების მთლიანად გაუქმების მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ ნულოვანი განაკვეთი იმპორტირებულ საქონელზე მისაღებია იმ შემთხვევაში, თუკი მოცემული სახეობის პროდუქციას საქართველო არ აწარმოებს.7 გარდა ამისა, მიზანშეწონილად მიაჩნიათ სეზონური ტარიფების შემოღებაც.
_________________________________
1. „ახალი თაობა“, 6.VI.2006
2. „ხვალინდელი დღე“, 6.VI.2006
3. „თაობა“, 6.VI.2006
4. „ხვალინდელი დღე“, 10.VI.2006
5. „ხვალინდელი დღე“, 10.VI.2006
6. „რეზონანსი“, 10.VI.2006
7. „ალია“, 10-12.VI.2006
![]() |
15 როცა პოლიტიკოსები ბიზნესმენობენ |
▲ზევით დაბრუნება |
ბექაური-რამიშვილის ცნობილმა სკანდალმა პოლიტიკოსების ბიზნესში მონაწილეობის საკითხი ერთბაშად ფართო განხილვის საგანი გახადა. ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს უხსენებდნენ ძველ თუ ახალ ბიზნესინტერესებს და ამით ერთმანეთის დისკრედიტირებას ან შეშინებას ცდილობენ. საკითხი სწრაფად გასცილდა კონფლიქტში მოქცეული რამდენიმე პოლიტიკოსის ფარგლებს. ბიზნესში ჩართული პოლიტიკოსების გამოვლენასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა ან არსებული კანონმდებლობის დაცვის, ან მასში ცვლილებების შეტანის საკითხი.
![]() |
15.1 პოლიტიკოსები ერთმანეთს „ბიზნესკომპრომატებს“ მოუძებნიან |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ხანია ცნობილია, რომ საქართველოში კარგი ბიზნესი პოლიტიკის მეშვეობით კეთდება. სწორედ ამიტომ ბიზნესმენები ან „პოლიტიკურ სახურავებს“ ეძებენ, ანდა თავად მიდიან პოლიტიკაში. პოლიტიკაში მოსულებს კი, მიუხედავად იმისა, ადრე ბიზნესმენი იყო თუ არა, მოულოდნელად ბიზნესის კარგი ნიჭი აღმოაჩნდებათ ხოლმე და სწრაფად მდიდრდებიან. ამგვარი „ბიზნესპოლიტიკური“ დიალექტიკის გამო ქვეყნის მოსახლეობა დიდი ხანია სიღატაკეში ცხოვრობს.
ასე კეთდებოდა ქართული პოლიტიკა შევარდნაძის მმართველობის ხანაში. ბოლო დროს აგორებული სკანდალების მიხედვით, როგორც ირკვევა, ვარდების რევოლუციის მიუხედავად, ვითარება ბევრად არ შეცვლილა. სწორედ ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა სკანდალი, რაც პარლამენტარ კობა ბექაურის გარშემო აგორდა და, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთის „ბიზნესცოდვების“ გახსენებაში გადაიზარდა.
საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილის კობა ბექაურის მიერ ჟურნალისტ შალვა რამიშვილის ფულის გამოძალვაში მხილების შემდეგ ოპოზიცია ჯერ იმის დადგენას მოითხოვდა, თუ რითი შეეძლო ჟურნალისტს პარლამენტარის დაშანტაჟება, შემდეგ კი, როგორც ჩანს, „ვითარებაში გაერკვნენ“ და საბაჟო ტერმინალ „ოპიზაში“ ბექაურისა და პარლამენტის ვიცესპიკერ მიხეილ მაჭავარიანის ბიზნესინტერესებზე ალაპარაკდნენ. ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ. გამყრელიძის პრესკონფერენციას მაჭავარიანის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.1
ცხადია, ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენელთა ბიზნესინტერესებზე ყურადღების გამახვილებისას, მათ დისკრედიტაციას ცდილობს. მაგრამ როგორც არ უნდა იმართლონ თავი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დღეს საქართველოში ყველამ იცის მანამდე საზოგადოებისათვის უცნობ ტერმინალ „ოპიზის“ შესახებ და სხვადასხვა გზებით სწრაფად გამდიდრებული ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული პოლიტიკოსების თაობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კარგად იციან თავიანთი დღევანდელი ოპონენტების „ბიზნესპოლიტიკური ანატომია“ და ანალოგიური მეთოდით აპირებენ მათი რეიტინგის ზრდის თავიდან აცილებას. მიხეილ მაჭავარიანმა მოითხოვა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის არამარტო პარლამენტის წევრთა კავშირს საბაჟო ტერმინალ „ოპიზასთან“, არამედ გამყრელიძის ბიზნესსაქმიანობას და ბიზნესინტერესებსაც.2 უმრავლესობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შევარდნაძის მმართველობის დროს გამყრელიძის სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მნიშვნელოვანი შეღავათებით სარგებლობდა, ხოლო 1999 წელს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობის დროს ბიუჯეტის გარღვევაში მთავრობის მეთაური კი არ დაადანაშაულა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, ანუ თავს დაესხა მაშინდელ „რეფორმატორთა გუნდს“.
„ოპოზიციის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი გამოვიყენოთ სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის. თუ ესა თუ ის პირი ქრთამს იღებს, მას პასუხს აძლევენ სათანადო ორგანოები. ეს მათი საქმეა. ჩვენი, პარლამენტის წევრების მოვალეობაა, შევისწავლოთ, რამდენად პასუხობენ პარლამენტის წევრები კანონს „დეპუტატის სტატუსის შესახებ“. 1992 წლიდან მოყოლებული, დეპუტატთა გარკვეული ნაწილი მუდმივად იყო კანონდამრღვევი. ასეთი კომისიის შექმნის შემთხვევაში შეიძლება პარლამენტში ოპოზიცია საერთოდ აღარ დაგვრჩეს“, - აღნიშნავს პარლამენტარი ნოდარ გრიგალაშვილი.3 თუმცა, ოპოზიციაზე აქცენტი აშკარა უსამართლობაა, რადგანაც ამ მხრივ მარტო ოპოზიცია რომ არ სცოდავს, ამას ბექაურ-რამიშვილისა და სხვა სკანდალური ისტორიები მეტყველებს. ამგვარი ისტორიებით სავსეა ქართული პრესა. პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთის „ბიზნესცოდვების“ გამომზეურებით მართალია სერიოზულად დაზარალდება დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის იმიჯი საზოგადოების თვალში, მაგრამ თუკი ამგვარი ურთიერთმხილება პოლიტიკისა და ბიზნესის კეთების ერთმანეთისგან გამიჯვნას შეუწყობს ხელს, ამით მხოლოდ მოიგებს პოლიტიკაც და ბიზნესიც.
___________________________________
1. „ახალი თაობა“, 13. IX. 2005
2. „რეზონანსი“,13. IX. 2005
3. ,,ახალი თაობა“, 13. IX. 2005
![]() |
15.2 რას ნიშნავს გქონდეს ბიზნესი მართვის გარეშე |
▲ზევით დაბრუნება |
კანონი „პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ პარლამენტარს სამეწარმეო საქმიანობას უკრძალავს. კერძოდ, მას უფლება არა აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიღების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად. ანუ, არა აქვს უფლება ფინანსებთან და მატერიალურ საშუალებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღოს, მონაწილეობდეს სამეთვალყურეო საქმიანობაში. სამაგიეროდ, პარლამენტის წევრს უფლება აქვს ფლობდეს აქციებსა და წილს.1
აღნიშნული კანონის საფუძველზე ის პარლამენტარები, რომლებიც საზოგადოებაში ბიზნესმენების სტატუსით არიან ცნობილნი აცხადებენ, რომ კანონს არ არღვევენ და თავიანთი ბიზნესის მართვაში არ მონაწილეობენ. „მაქვს ბიზნესი, მაგრამ მის მართვაში არ ვერევი... შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ბიზნესი სრულიად ლეგიტიმურად, მაგრამ მას არ მართავდეს, რაც კანონით აკრძალული არ არის. ასეთი დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში ძალიან ბევრია“, - აღნიშნავს, მაგალითად, მემარჯვენეთა ფრაქციის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე.2
იგივეს ამბობენ „ბიზნესმენობაში ეჭვმიტანილი“ სხვა პარლამენტარებიც. ისინი აღნიშნავენ, რომ თავიანთი ბიზნესი დიდი ხანია გადასცეს ოჯახის წევრებს, ანდა ფლობენ მხოლოდ გარკვეულ წილებს და არანაირ ბიზნესს არ მართავენ. შესაბამისად, არ არღვევენ არსებულ კანონსაც. თუმცა, ზოგიერთი პარლამენტარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობიდან არსებულ კანონს არასრულყოფილად მიიჩნევს. „კანონი „დეპუტატის სტატუსის შესახებ“ არის ფარისევლური. ეს კანონი როცა იქმნებოდა, თავიდანვე ფარისევლური მიზნები იყო ჩადებული. წარმოიდგინეთ, რომ დეპუტატები თავად აცხადებენ, რომ მათ აქვთ ბიზნესი. ვინც იყო ბიზნესში, ისევ ბიზნესშია. უფრო მეტიც, ცალკეულ პარლამენტარებს თავიანთ საწარმოებში კაბინეტებიც კი აქვთ. ასე რომ, კანონი თავად იქცა ფარისევლობის საფუძვლად. ბიზნესს ცოლს ან შვილს რომ გადააბარე, და იტყვი, ბიზნესში არ ვარო, ეს ფარისევლობაა. აბა რა. ამიტომ, ან კანონი უნდა შეიცვალოს, ან მას დავემორჩილოთ“, - აღნიშნავს პარლამენტარი ნოდარ გრიგალაშვილი.3
კიდევ უფრო რადიკალური არიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც ბიზნესისაგან თავისუფლად მიიჩნევენ თავს. მაგალითად, კონსერვატორთა წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური აღნიშნავს, რომ მის ფრაქციაში ბიზნესმენი პოლიტიკოსები არ არიან. აქედან გამომდინარე, მკაცრად აკრიტიკებს უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებიც „ბექაურის გზას“ დაადგნენ. „ბევრს ძალაუფლება სწორედ იმიტომ სჭირდება, რომ თავიანთი „ოპიზა“ გაქაჩონ და ყველამ თავისი „ოპიზა“ წამოაყენოს ფეხზე, რაც ეწინააღმდეგება „კონკურენციის კანონს“, „ანტიმონოპოლიურ კანონს“, „დეპუტატის შესახებ კანონს“ და ეს არის ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, რომელიც კანონით ისჯება და ითვალისწინებს სისხლის სამართლის სასჯელს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ვიცი, რომ ასეთი დეპუტატების რიცხვი პარლამენტში საკმაოდ დიდია, მაგრამ მე მათ ვერ დავასახელებ“, - აცხადებს ძიძიგური.4
„ბიზნესი მაქვს, მაგრამ მის მართვაში არ ვმონაწილეობ“, - ასეთია ბიზნესში ჩართული პარლამენტარების პასუხი. მაგრამ ეს რომ ფორმალობაა და თავისი „ყოფილი“ ბიზნესისადმი პარლამენტართა ნეიტრალობას არ ნიშნავს, იმ ფაქტითაც დასტურდება, რაზეც ჟურნალისტებმა გაამახვილეს ყურადღება: ხშირად დეპუტატები სწორედ იმ კომიტეტებში მოღვაწეობენ, სადაც უკეთ იქნება შესაძლებელი მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.5
„დღეს ქონებრივი დეკლარაციების შევსება-შეუვსებლობას და მასში ტყუილის ჩაწერის ფაქტს არავინ ამოწმებს. არის შექმნილი სპეციალური ზედამხედველობითი ორგანო, რომელიც თავის ფუნქციას არ ასრულებს, რადგან ეშინია იმ პარლამენტარების, რომლის წინააღმდეგაც ხმა უნდა ამოიღოს. არსებობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტში, რომელიც აბსოლუტურად უმოქმედოა. პრობლემა ისაა, როომ თვითონ საქართველოს პარლამენტი იმდენად, რამდენადაც მასში ბევრია კანონდამრღვევი ადამიანი, არ არის დაინტერესებული, რომ კონკრეტული შემთხვევები გამოააშკარაოს. დღეს აქტიურად დაიწყო საბური იმაზე, რომ ოპოზიციაშიც, პოზიციაშიც და მაჟორიტარებშიც ადამიანებს აქვთ სერიოზული ბიზნესინტერესები, რომელსაც ყოველდღიურად ლობირებენ საქართველოს პარლამენტში“, - ასეთია რეალობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ანა დოლიძის განცხადებით.6
________________________________
1. „რეზონანსი“, 16.IX.2005
2. „რეზონანსი“, 16.IX.2005
3. „რეზონანსი“, 16.IX.2005
4. „რეზონანსი“, 16.IX.2005
5. „ახალი ვერსია“, 28-29.IX.2005
6. „ახალი ვერსია“, 28-29.IX.2005
![]() |
15.3 პარლამენტართა ბიზნესი მხილებასა და დაკანონებას შორის |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს მოქმედი კანონით („საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის ბ პუნქტი) პარლამენტარს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობაში და კომპანიის მართვაში უშუალო მონაწილეობის მიღება და პირი, რომელიც პარლამენტარი ხდება ვალდებულია ბიზნესში საკუთარი წილი ახლო ნათესავზე გადააფორმოს. პარლამენტარი ვერ იქნება სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, ასევე სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრი. თუკი პარლამენტარი არ შეწყვეტს შეუთავსებელ საქმიანობას, მაშინ პარლამენტი არ ადასტურებს მისი როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას.
„ბექაურის პრეცედენტმა“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ ნაწილს გაუჩინა იდეა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს ბიზნეს-საქმიანობისათვის მეტი გასაქანი მიეცეს. ეს ინიციატივა, ზოგიერთი დეპუტატის შეფასებით, იმ ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება, რომელიც „პარლამენტის წევრის შესახებ“ კანონში ბექაურის საქმის შემდეგ აღმოუჩენიათ. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ კანონსა და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გეგმავს.1 კანონი უფრო ლიბერალური გახდება და პარლამენტარს ღიად შეეძლება ბიზნესთან ურთიერთობა.
ამ ინიციატივის თანახმად, ცვლილება შევა კანონში დეპუტატის სტატუსის შესახებ და მას არა მარტო ბიზნესწილის ფლობის, არამედ მართვის უფლებაც ექნება. „მიმაჩნია, რომ პარლამენტარის სტატუსთან დაკავშირებული კანონმდებლობა ხარვეზიანია. ჩემი აზრით, არ იქნებოდა პრობლემა, რომ პარლამენტის წევრს წილის ფლობის გარდა, მისი მართვის შესაძლებლობაც ჰქონდეს... ის, რომ პარლამენტარი ცოლისთვის გადაცემული წილის მართვის პროცესში არ ერევა და ეს ვამტკიცოთ, აბსოლუტური თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი“, - აღნიშნავს პარლამენტარი ნიკა გვარამია.2
ეს რომ თვალთმაქცობაა, ამაში ბატონ ნიკას ბევრი არავინ შეედავება, მაგრამ პარლამენტარებისთვის ბიზნესსაქმიანობის დაკანონებაც გაუგებრობას იწვევს. „პარლამენტი სამუშაო ადგილია, სადაც ყოველდღე მიმდინარეობს ინტელექტუალური მუშაობა და ბიზნესისათვის დრო არ რჩება“, - აღნიშნავს ყოფილი პარლამენტარი დემურ გიორხელიძე.3 გარდა ამისა, ბიზნესის დაკანონების შემთხვევაში, რა უნდა ვუყოთ ბიზნესმენ-კანონმდებლის უსაზღვრო შესაძლებლობებს ხელი შეუწყოს თავისი ბიზნესისათვის ხელსაყრელი კანონების მიღებას? ამას ძალზედ საშიში შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის ეკონომიკისათვის.
ამის თაობაზე ჟურნალისტებიც ირონიულ შენიშვნებს აკეთებენ. „გასაკვირია, რომ ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა ლოზუნგით, - ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, პარლამენტის წევრებს უნდა მოეხსნათ იმუნიტეტი და ისინი მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობით უნდა იყვნენ დაკავებულიო, ახლა დეპუტატებისათვის თურმე შეღავათებს აწესებს.
ნორმალურ სახელმწიფოებში, ვისაც ქონება და ბიზნესი აქვს, ის ხალხი კი მიდის ხელისუფლებაში და პოლიტიკაში, მაგრამ როდესაც პარლამენტში, მთავრობაში ხარ და მერე იწყე, რაღაც ახალახალ ბიზნესს, ეს წარმოუდგენელია“, - წერდა „საქართველოს რესპუბლიკა“.4
„ახლა იმის მაინც ეშინიათ, რომ ბიზნესები არ გაეშიფროთ, როგორც ბექაურს, მაგალითად. დაკანონების შემთხვევაში ხომ საერთოდ არავითარი დანაშაულის გრძნობა არ ექნებათ“, - აღნიშნავდა გაზეთი „ალია“.5
რამდენად შეუძლიათ პარლამენტარებს ობიექტურად იმსჯელონ იმ საკითხების გადაწყვეტის დროს, სადაც საკუთარი ქონებრივი ინტერესები აქვთ? შექმნილი ვითარებიდან გამოსავალის პოვნა არც ისე ადვილია. პარლამენტართა ბიზნესინტერესები, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების განცხადებებს თუ დავუჯერებთ, იმდენად გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ამაში რაიმეს რეალური შეცვლა დღეს ფაქტობრივად გამორიცხულია.
ყოფილი პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი იძლევა რეცეპტს, რომელიც თუ ვერ აღკვეთავს, უფრო გამოამზეურებს მაინც პარლამენტართა „ბიზნესფესვებს“. მაგალითად, შესაძლებელია თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის ბიუროდან ყველა პარლამენტარის მიერ სხვადასხვა საწარმოში წილების ფლობის შესახებ მონაცემების გამოთხოვა, რომლითაც ზედაპირზე აღმოჩნდებოდა თითოეულის ქონებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებისათვის ცხადი იქნებოდა თუ რატომ აქტიურობს ესა თუ ის პიროვნება ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას - პრობლემა აწუხებს, თუ თავის ბიზნესს ლობირებს.6
რეცეპტი კარგია, მაგრამ საქმე ისაა, რომ პარლამენტარების მიერ შევსებულ დეკლარაციებს არავინ ამოწმებს და ვერც ვერავინ გაიგებს, სწორად უთითებს თუ არა ბიზნესინტერესებს ესა თუ ის პარლამენტარი. თუმცა, მარტო პარლამენტარებს რას ვერჩით, იგივე შეიძლება ითქვას სხვა თანამდებობის პირებზეც.
სამეწარმეო საქმიანობაში გარკვეული შეზღუდვები პარლამენტის წევრებისათვის თითქმის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის დაწესებული. კანონი რომ თუნდაც „უფრო ლიბერალური“ გახადონ, ამ მხრივ, ყველა შეზღუდვას ვერ მოხსნიან. ამაზე მიუთითებს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა, რომლის თანახმადაც ძალოვან უწყებებთან სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი უნდა შეიქმნას. როგორც პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნა, მონიტორინგის ჯგუფი სამართალდამცავი ორგანოებისგან დაკომპლექტდება და პარლამენტის წევრისათვის შეუფერებელი საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მის ხელში მოიყრის თავს.7
პრეზიდენტის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ქართულ მედიაში აღინიშნება, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების ერთი შტო მეორის ბიზნეს-ინტერესებს გააკონტროლებს. თუ აქამდე კანონის მიხედვით, მხოლოდ პარლამენტს გააჩნდა მთავრობაზე ზედამხედველობის უფლება, შესაძლოა, ახლო მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდეს ბიზნესმენ-პარლამენტარების მეთვალყურე და აქედან გამომდინარე, მთავრობა საკანონმდებლო ორგანოზე ზეწოლის ბერკეტს დაეუფლება.8
„მაჟორიტარების“ ლიდერი ბესო ჯუღელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონი საქართველოში ყოველთვის ირღვეოდა და პარლამენტში მოხვედრილი ბიზნესმენები თავიანთ ბიზნესს მხოლოდ ფორმალურად გადააფორმებდნენ ხოლმე ახლობლებზე. რეალურად ისინი აგრძელებდნენ ბიზნესის მართვაში მონაწილეობას და საკანონმდებლო ორგანოს წევრობასაც ამაში აქტიურად იყენებდნენ. „მაჟორიტარები“ იმ მოტივით, რომ მოცემული კანონი მაინც არ სრულდება, მოითხოვენ მის გაუქმებას და შესაბამისად, უკანონობის დაკანონებას. ანუ მათი ინიციატივით პარლამენტარს ოფიციალურად უნდა მიეცეს ბიზნესში მონაწილეობის უფლება. სამაგალითოდ სახელდება ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია, სადაც ამგვარი შეზღუდვა არ არსებობს.9
„მაჟორიტარების“ ინიციატივას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი და ოპოზიციის ნაწილიც. „მრეწველები“ მაჟორიტარების ინიციატივას იწონებენ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ კანონად ჩამოყალიბებულ ინიციატივას მრავალი ხარვეზი ექნება და ახალი კანონი, საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური ცვლილებების აუცილებლობას გამოიწვევს, რაც ადვილი გასაკეთებელი არაა. „მრეწველთა“ აზრით უმჯობესია რეალურად ამოქმედდეს 1998 წელს მიღებული კანონი „ლობიზმის“ შესახებ.
არსებული კანონმდებლობით პარლამენტარებს ბიზნესში მონაწილეობა ეკრძალებათ. თუმცა, როგორც ამბობენ, მრავალი პარლამენტარი თავის მდგომარეობას საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად ან გასაუმჯობესებლად იყენებს. ცხადია, ეს ადამიანები უნდა ამხილონ და დასაჯონ, მაგრამ საქმე პერიოდულ სკანდალებს იქით არ მიდის. პარლამენტარი ბესო ჯუღელი დიამეტრულად საპირისპირო გამოსავალს სთავაზობს უმრავლესობას - პარლამენტარებს ნება დაერთოთ ოფიციალურად განაცხადონ ბიზნესში საკუთარი ყოფნის თაობაზე და სამეთვალყურეო საბჭოებშიც შევიდნენ. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში უმრავლესობის ლიკანის შეხვედრის დროს ჩაისახა, როდესაც ბექაურის ბიზნესსაქმიანობის გარშემო ამტყდარი სკანდალი განიხილებოდა.
ფრაქცია „მაჟორიტარების“ ხელმძღვანელი ბესო ჯუღელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეათანხმა. ისიც ცხადია, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე, პრეზიდენტს უმრავლესობის ბიზნესების ირგვლივ არსებული საზოგადოებრივი აზრი დისკომფორტს უქმნის. ჯუღელის განმარტებით, მისი შესწორების მიღების შემთხვევაში კანონში ჩაიდება გარკვეული აკრძალვებიც. „ყოველი დეპუტატი, რომელიც იქნება ამა თუ იმ სამეთვალყურეო საბჭოში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარუდგენს კონკრეტულ ბიზნესსფეროს და, შესაბამისად, ამ ბიზნესთან კავშირში მყოფი კანონების მომზადებისას ის მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - აღნიშნავს ჯუღელი.10
ოპოზიციის წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ბიზნესიდანაა პოლიტიკაში მოსული, ჯუღელის ინიციატივას არ იზიარებს. „არ მივესალმები ამ კანონპროექტს. ეს არის პოლიტიკის ჩართვა ბიზნესში. მაშინ სასათბურე პირობები შეექმნებათ და ყველა დეპუტატი მოინდომებს ბიზნესმენობას პარალელურად. თანაც სხვა მეწარმეები, რომლებსაც სამეთვალყურეო საბჭოში დეპუტატი არა ჰყავთ, არათანაბარ პირობებში ჩადგებიან“, - აღნიშნავს „მრეწველი“ ზურაბ ტყემალაძე.11
„არ შეიძლება იყო პოლიტიკაში და თან პარლამენტის შენობაში მოკალათებულმა ლობირება გაუწიო შენს ბიზნესს“, - აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიღება კიდევ უფრო მეტად უბიძგებს პოლიტიკოსებს ბიზნესში ჩართვისაკენ. ყველა ბიზნესსაწარმო ეცდება, საკუთარ სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანოს განსაკუთრებით ძალოვნებთან დაახლოებული დეპუტატები.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს, ევროპაში კი დეპუტატისა და ბიზნესის ურთიერთობა ასე არ რეგულირდება. ასე რომ, თუ პოლიტიკაში მოდიხარ ბიზნესმენობაზე ხელი უნდა აიღო.
___________________________
1. „ხვალინდელი დღე“, 5.IX.2005
2. „ახალი ვერსია“, 28-29.IX.2005
3. „ახალი ვერსია“, 28-29.IX.2005
4. „საქართველოს რესპუბლიკა“, 16.IX.2005
5. „ალია“, 20-21.IX.2005
6. „რეზონანსი“, 28.IX.2005
7. „ახალი თაობა“, 5.IX.2005
8. „ხვალინდელი დღე“, 5.IX.2005
9. „ბანკები და ფინანსები“ 30.I.2006
10. ,,ალია“, 21-22 II. 2006
11. „ალია“, 21-22.II.2006
![]() |
16 როცა ბიზნესმენები პოლიტიკოსობენ |
▲ზევით დაბრუნება |
2006 წლის გაზაფხულზე ახალი შტრიხი გამოჩნდა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობაში. ბიზნესმენთა ნაწილი კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს და ხელისუფლებას აშკარად უდგება ოპოზიციაში.
![]() |
16.1 პატარკაციშვილმა ხელისუფლებას ბიზნესისადმი დამოკიდებულების შეცვლა მოსთხოვა |
▲ზევით დაბრუნება |
2006 წლის 29 მარტს ბიზნესმენთა ფედერაციის ყრილობაზე თავის გამოსვლაში ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა უარი თქვას მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებასა და ბიზნესის შევიწროებაზე. „ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ ბიზნესი არ შეიძლება სახელმწიფოსგან მუდმივად შეღავათებისა და მანკიერებებზე თვალის დახუჭვის მოლოდინში იყოს. ისევე, როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ბიზნესში მხოლოდ ყულაბას ხედავდეს და ყველა ხელსაყრელ ვითარებაში მის გატეხვაზე ფიქრობდეს“, - აღნიშნა პატარკაციშვილმა.1
პოლიტიკისა და ბიზნესის ურთიერთობის სფეროში პატარკაციშვილის მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებული შენიშვნები მოკლედ შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
- არაპატიოსანი კონკურენცია. პატარკაციშვილმა შეახსენა ხელისუფლებას, რომ „ბრიტიშ პეტროლიუმის“ შემდეგ ისაა ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყანაში და ისიც აწყდება ამ პრობლემას. კერძოდ, ყულევის ნავთობტერმინალის მშენებლობა, რომელსაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, გაჭიანურდა იმის გამო, რომ ტერმინალამდე მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ნებართვა ცხრა თვის დაგვიანებით მიიღო.
- ბიზნესმენთა უუფლებობა ხელისუფლებასთან მიმართებაში. „შეგიძლიათ დაასახელოთ თუნდაც ერთი საქმე, რომელიც ბიზნესმენმა სახელმწიფოს მოუგო( თუ მხოლოდ სახელმწიფო არის მუდამ მართალი)“, - კითხულობს პატარკაციშვილი.2 ემპირიული დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მოქმედების პერიოდში საგადასახადო დავებში მეწარმე გამოდის თითქმის ყოველთვის დამარცხებული;
- საგადასახადო კოდექსში გაუთავებელი ცვლილებები. საგადასახადო განაკვეთების შემცირების დადებითი ნაბიჯები გადაფარა კოდექსში არსებულმა წყალქვეშა დინებებმა და განსაკუთრებით ფისკალური სამსახურებსა და სასამართლოებში საგადასახადო კოდექსის დებულებების ინტერპრეტაციამ, რითაც ყოველთვის ბიზნესმენი რჩება წაგებული;
- საგადასახადო არბიტრაჟის გაუქმება. პატარკაციშვილის თქმით, „გადაწყვეტილება არბიტრაჟის გაუქმების შესახებ პოლიტიკურია და უკავშირდება ცალკეული, მეტწილად ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელთა და წარმომადგენელთა საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი არბიტრებისა“;
- საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა უცხოური კაპიტალის შემოსვლისათვის ხელსაყრელი პირობები. საქართველოში იაფი მუშახელია და ამან კაპიტალის შემოსვლას ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ „რევოლუციური ზეწოლა ინვესტორებზე ჯერ დაძლეული არ არის. მისი დაძლევა მხოლოდ შიდა ინვესტორებთან სახელმწიფოს დამოკიდებულების კარგი პრაქტიკით შეიძლება“;
- საინტერესოა ქვეყანაში არა მხოლოდ მსხვილი, ტრანსნაციონალური კორპორაციების მოზიდვა, არამედ ისეთი კაპიტალისაც, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოების შექმნას შეუწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მიმზიდველია სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით;
- საქართველოში სათანადოდ არაა დაცული საკუთრების უფლება. პრივატიზაციის შედეგების რევიზია პერსპექტივას უკარგავს ახლო მომავალში ქვეყანაში სერიოზული ინვესტიციების განხორციელებას. „ჩვენ კატეგორიულად არ ვურჩევთ ხელისუფლებას, რომ ამ საკმაოდ სარისკო თამაშის პრეცედენტები დაუშვას საქართველოში“, - აღნიშნა პატარკაციშვილმა;
- ბიზნესმენების იძულების პრაქტიკა ფული გადარიცხონ სხვადასხვა ფონდებში. პატარკაციშვილის თქმით, ეს ბიზნესის ენაზე „სახელმწიფო რეკეტს ნიშნავს“. მისივე თქმით, „ეს ის ხარკია, რომელიც გადახდილია ბიზნესმენების და ბიზნესსტრუქტურების თავისუფლების სანაცვლოდ“. პატარკაციშვილის თქმით, მარტო გენერალური პროკურატურის ფონდში აკუმულირებულმა საერთო თანხამ 160 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. არც ერთ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის არც კონტროლის პალატას და არც ფინანსთა სამინისტროს ამ თანხების მონიტორინგზე ხელი არ მიუწვდებათ, რადგან ფონდი არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტში მოქცეული. „ბიზნესმა უნდა მიიღოს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ამ თანხების ამოღება და ვის მიერ და სად გაიხარჯა შეგროვილი თანხები“, - განაცხადა პატარკაციშვილმა;
- ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შექმნილი ნიადაგი მეწარმის, ბიზნესმენის, საქმის და ფულის მკეთებელი ხალხის დადებითი, პოზიტიური როლისა და სახის შესაქმნელად. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც „საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და ლიბერალური იდეოლოგია არც ერთ ხელისუფლებას არ დაუსვამს კითხვის ნიშნის ქვეშ“;
- ხელისუფლების მოუქნელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ქართულ ბიზნესს აკარგვინებს თავის ერთ-ერთ უმთავრეს ბაზარს.
ქვეყნის უმსხვილესმა ბიზნესმენმა დიდი ხნის დუმილი დაარღვია და ხელისუფლებას სერიოზული პრეტენზიები წაუყენა. ხელისუფლების მოლაპარაკე სახემ გიგა ბოკერიამ პატარკაციშვილს „განაწყენებული ოლიგარქი“ უწოდა, რომელსაც „ყველაფრის მართვის“ საშუალება არ მისცეს, მაგრამ პატარკაციშვილის მიერ წამოჭრილი პრობლემები სერიოზული ყურადღების მიქცევას მოითხოვს.
_______________________________________
1. „საქართველოს რესპუბლიკა“, 30 .III.2006
2. „საქართველოს რესპუბლიკა“, 30 .III.2006
![]() |
16.2 პატარკაციშვილი პოსტრევოლუციური ხელისუფლების მიღწევებისა და პრობლემების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ბადრი პატარკაციშვილის გამოსვლას ბიზნესმენთა ფედერაციის ყრილობაზე 2006 წლის 29 მარტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქართულ მედიაში. თუმცა, ყურადღების მიღმა დარჩა მისი სიტყვის შესავალი ნაწილი, სადაც ის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების ზოგად დახასიათებას იძლეოდა და მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრობდა.
თავის სიტყვას პატარკაციშვილი იწყებს იმ თემით, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდანვე - თავისუფლებისა და დემოკრატიის თანაფარდობა. ჯერ „თავისუფლება“ (ანუ ეროვნული დამოუკიდებლობა) და მერე „დემოკრატია“, თუ ორივე ერთად) „საქართველოს დამოუკიდებლობის თხუთმეტი წლის ისტორია ადასტურებს, რომ ამ ქვეყნის ხალხისათვის - ქართველებისა და სხვა ერების წარმომადგენლებისათვის, თავისუფლება ცალკე აღებული, დემოკრატიის გარეშე არ წარმოადგენს საკმარის ღირებულებას.
ამიტომაც, დემოკრატიისთვის ბრძოლა თავისუფლების კონტექსტშია მუდამ და პირიქით, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა პიროვნების თავისუფლებისთვისაა ფასეული. აქედან გამომდინარე, საქართველოში ყველა ხელისუფლების გამოწვევა იყო, ერთი მხრივ, მთლიანი, ძლიერი საქართველო და, მეორე მხრივ, დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოების მქონე საქართველო“, - აღნიშნა პატარკაციშვილმა.1
მისივე თქმით, პოსტრევოლუციურ პერიოდში, ისე როგორც არც ერთ სხვა ეპოქაში, განსაკუთრებულია ხელისუფლებისადმი მოსახლეობის, საზოგადოების მიერ წაყენებული მოთხოვნები. ჯერ ერთი, ხელისუფლებაში განსაზღვრული ფიგურებია ისინი, ვისაც ხალხი რევოლუციაში გაჰყვა და მეორეც, გარდა პარტიული ოპოზიციისა, ხელისუფლებას ჰყავს რევოლუციის შედეგად დაზარალებული ოპონენტები - ვინც დაკარგა ფინანსური შემოსავლები, თანამდებობა და ა.შ.
პატარკაციშვილის დახასიათებით, პოსტრევოლუციური ხელისუფლების ძლიერი მხარეებია „ენერგიულობა, დინამიზმი, საბიუჯეტო პრობლემების დაძლევა, ხელისუფლების ყველა შტოში ერთიანი პოლიტიკური გუნდის ჰეგემონია, რევოლუციის მოწყობის გამო ქვეყნისადმი განსაკუთრებული დამსახურების შეგრძნებიდან გამომდინარე გაბედული ქმედებები, პოლიტიკური ელიტის მიერ დასავლეთის ქვეყნებისა და სტრუქტურების კარგი ცოდნა, მათთან უშუალო პერსონალური ურთიერთობის გამოცდილება“.2
ამავე დროს, პატარკაციშვილის თქმით, ხელისუფლებას სერიოზული სუსტი მხარეებიც გააჩნია. კერძოდ, „დაბალი კომპეტენცია და არასაკმარისი პრაქტიკული (პროფესიული თუ ცხოვრებისეული) გამოცდილების მქონე კადრები და, აქედან გამომდინარე, ინსტიტუტების დაბალეფექტიანი მუშაობა, მათი კომპეტენციისა და საკითხთა გადაწყვეტის უნარის დაქვეითება, ქვეყნის განვითარების სტრატეგიული, კომპლექსური ხედვის არარსებობა“.
პატარკაციშვილი განსაკუთრებით ჩერდება პოსტრევოლუციური ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მისი თქმით, „არაკომპეტენტურობას ხელისუფლებაში აძლიერებს ის, რომ ბევრი გადაწყვეტილება მიიღება ფრაგმენტულად, ერთეული პირების გადაწყვეტილებით და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტების ფორმალური მონაწილეობით ან საერთოდ მათი მონაწილეობის გარეშე“. მისივე შენიშვნით, „ზოგჯერ ხელისუფლების გადაწყვეტილება გარკვეულ მიზნებს ისახავს, მაგრამ საზოგადოებისათვის გამოიყურება როგორც არაკომპეტენტური. მაგალითად, საგადასახადო კოდექსში გაუთავებელი ცვლილებები“.3
პატარკაციშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა პოსტრევოლუციური ხელისუფლების მიერ კანონიერების დაცვის აუცილებლობაზე. მისი თქმით, „ძლიერი სახელმწიფო ხელისუფლების რეანიმაცია განხორციელდა რევოლუციური მეთოდებითა და სისწრაფით“. პატარკაციშვილმა აღნიშნა, რომ „ეს ლოგიკურია, ეს ასეც უნდა მოხდეს, მაგრამ არა სუბიექტური შეხედულებით, არამედ, კანონის გამოყენებით. სხვა შემთხვევაში საზოგადოება, ხალხი დაიწყებს ისევე მოქმედებას, როგორც იქცევა ხელისუფლება“.
პატარკაციშვილის განცხადებით, „ხელისუფლებას გააჩნია თავისი შეხედულებები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ის, მაგრამ უნდა იმოქმედოს ამ შეხედულებებით, თუ ისინი კანონშია ასახული“. ხელისუფლების მიერ კანონზე მაღლა დგომის მცდელობა დიდი საფრთხის შემცველია. „თუ ხელისუფლება თავის თავს დააყენებს კანონზე მაღლა და არ დაიცავს კანონის უზენაესობის პრინციპს, მაშინ ის დაკარგავს ხალხის ნდობას და ქვეყანაში დანერგავს საკანონმდებლო ნიჰილიზმს, ნებისმიერი ხელისუფლებისა და ქვეყნისთვის დიდ მომასწავებელ უბედურებას“.4
თავის გამოსვლაში პატარკაციშვილმა ხმამაღლა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ჩამოთვალა ის პრეტენზიები, რაც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილში დაგროვდა ხელისუფლების მისამართით. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა ყოველივე ამის გამოცხადება „კრიმინალურ-ოლიგარქიულ შეთქმულებად“ და მისთვის ყურადღების არ მიქცევა.
__________________________
1. „საქართველოს რესპუბლიკა“, 30 .III.2006
2. „საქართველოს რესპუბლიკა“, 30 .III.2006
3. „საქართველოს რესპუბლიკა“, 30 .III.2006
4. „საქართველოს რესპუბლიკა“, 30 .III.2006
![]() |
16.3 პატარკაციშვილი ოპოზიციაში გადადის |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ბიზესფედერაციის და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილის მიერ მწვავე კრიტიკული განცხადებების გაკეთება ხელისუფლების მიმართ უსიამოვნო სურპრიზად იქცა ამ უკანასკნელისათვის. მარტში ბიზნესფედერაციაში ცნობილი გამოსვლის შემდეგ პატარკაციშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. თუმცა, ისიც ხაზგასმით აღინიშნება, რომ ბიზნესმენი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. ლონდონში მყოფმა პატარკაციშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ „კომერსანტს“, რომელშიც კვლავ გაიმეორა საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირების მიზეზები. ხელისუფლებამ ბიზნესის შევიწროებაზე უარი უნდა თქვას, დემოკრატიის მშენებლობაზე განაცხადი რეალური უნდა გახდეს, საჭიროა დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარება - ასეთია პატარკაციშვილის მიერ გაკეთებული ძირითადი გზავნილები.1
პატარკაციშვილი აცხადებს, რომ ის არაა ვარდების რევოლუციის იდეალების მოწინააღმდეგე. პირიქით, მოითხოვს იმ დაპირებების რეალიზებას, რასაც თავად დღევანდელი ხელისუფლება იძლეოდა. „საქართველოს ხელისუფლების მიერ რევოლუციის შემდეგ დეკლარირებულ კურსს მხარს ვუჭერ, მაგრამ ფორმები, რომელსაც ხელისუფლება დასახული მიზნების შესასრულებლად იყენებს, მაფიქრებინებს, რომ მათი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც აუცილებლად მივიჩნიე, საზოგადოებ ისათვის ჩემ მიერ დანახული საფრთხე გამეზიარებინა“, - აღნიშნავს პატარკაციშვილი.2
პატარკაციშვილი ღიად აცხადებს, რომ „საქართველოს ბიზნეს-საზოგადოება რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო“, „რევოლუცია ყველა სხვა ძალებთან ერთად მოაწყო ბიზნესმაც, რადგან ისიც დაიღალა წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობით“. მაგრამ, თუკი ბიზნესფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებებით ვიმსჯელებთ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ბიზნესი უკეთეს დღეში არ აღმოჩენილა. „პრეტენზიის უმთავრესი საფუძველი ის არის, რომ მეწარმეებს ძალისმიერი გზებით არიცხინებდნენ თანხებს სხვადასხვა ფონდში, აპატიმრებდნენ და მერე ათავისუფლებდნენ, რაც გულისხმობდა ან გამოსასყიდი თანხის გაღებას ან მათი კუთვნილი კომპანიის წილში ჩაჯდომას“.3
პრინციპში, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის პრობლემები დაიძლევა, თუკი ყველაფერი წესრიგში იქნება დემოკრატიასთან დაკავშირებით. „თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, მაშინ საზოგადოება უნდა იყოს დარწმუნებული, რომ კანონი ხელისუფლებაზე მაღლა დგას და ის, ვინც ამ კანონს აღასრულებს, კრისტალურად სუფთა უნდა იყოს“, - აცხადებს პატარკაციშვილი. მისივე თქმით, „ახლად დაბადებული დემოკრატიიდან დიქტატურაში დაბრუნებამდე ძალიან მოკლე გზაა... მე თავი ვალდებულად მივიჩნიე, მიმეთითებინა ხელისუფლებისათვის იმ შეცდომებზე, რომელსაც ის უშვებს... ეჭვქვეშ არ ვაყენე, არჩეული გზის სამართლიანობას, მეეჭვება მის მისაღწევად არჩეული მეთოდები და ფორმები. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ დემოკრატიის ასაშენებლად არჩეული გზა, უპირველესად, სწორედ თვით დემოკრატიის იდეას ანგრევს. მაგალითისთვის, ლიკვიდირებულია დამოუკიდებელი არბიტრაჟის სისტემა, რის გამოც ბიზნესის ყველა სასამართლო დავა ხელისუფლებასთან ამ უკანასკნელის გამარჯვებით მთავრდება“.4
ბადრი პატარკაციშვილის აზრით, ახლა საქართველოსათვის ყველაზე აუცილებელია ორი ძირითადი დემოკრატიული პრინციპის დაცვა:
- ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება;
- პოლიტიკური ოპოზიციის შექმნა-ჩამოყალიბების რეალური უფლება. „ხელისუფლებას არა აქვს უფლება გააჩუმოს მისით უკმაყოფილო ადამიანები“.
პატარკაციშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეწარმეს, აქვს უფლება, მონაწილეობდეს პოლიტიკური ოპოზიციის შექმნაში. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ოპოზიცია დემოკრატიულ სახელმწიფოში ასრულებს არა მისთვის სასურველი დეკორატიული ფასადის როლს, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც პრეტენდენტია ხელისუფლებაში მოსასვლელად. მოქმედ ხელისუფლებას არა აქვს უფლება, დევნიდეს მოქალაქეებს განსხვავებული აზრისთვის“.5
ბადრი პატარკაციშვილი კვლავ აღნიშნავს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.“მოდით შევხედოთ სიმართლეს თვალებში. საქართველოს სტრატეგიული პოლიტიკის საფუძველია ბალანსი. ბალანსი სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. ისე უნდა დავაბალანსოთ, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს როგორც ამერიკასთან, ისე ევროპასთან და რა თქმა უნდა რუსეთთან“.6
ხელისუფლების რეაქცია ბადრი პატარკაციშვილის კრიტიკულ გამოსვლებზე, ჯერჯერობით იმით შემოიფარგლება, რომ პატარკაციშვილი იმ „ოლიგარქებს“ შორის მოიაზრება, რომლებიც ხელისუფლებას უპირისპირდებიან.
____________________________
1. გაზეთ „კვირის პალიტრის“ გამოკითხვაში 665 რესპოდენტმა პასუხი გასცა კითხვას თუ „ვინ იქნებოდა თბილისის საუკეთესო მერი“. მკითხველთა 27%-ს მიაჩნია, რომ ქალაქს საუკეთესო თავკაცობას ბადრი პატარკაციშვილი გაუწევდა. 6,61 ქულით ბიზნესმენთა ფედერაციის თავმჯდომარე პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი, რნომელსაც რესპოდენტმა 18%-მა მაქსიმალური 9 ქულა დააგროვა, მისი საშუალო ქულა კი 6,48 აღმოჩნდა. შემდეგ ადგილებზე გავიდნენ: 3. კობა დავითაშვილი - 6,24 ქულა; 4. გოგი თოფაძე - 5,97 ქულა; 5. გიგი უგულავა - 5,15 ქულა; 6. ლევან გაჩეჩილაძე - 4,30 ქულა; 7. დავით გამყრელიძე - 3,62 ქულა; 8. შალვა ნათელაშვილი - 3,34 ქულა; 9. დავით ბერძენიშვილი - 3,30 ქულა („კვირის პალიტრა“, 12-18.VI.2006)
2. „რეზონანსი“, 18 .IV.2006
3. „რეზონანსი“, 18 .IV.2006
4. „რეზონანსი“, 18 .IV.2006
5. „რეზონანსი“, 18 .IV.2006
6 „რეზონანსი“, 18 .IV.2006
![]() |
16.4 დისკუსიები ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
თავისი ცნობილი პოლიტიკური განაცხადის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. სამაგიეროდ, მედიაში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ რის გამო მოდის პატარკაციშვილი პოლიტიკაში და რა პერსპექტივები აქვს ამ სარბიელზე.
პატარკაციშვილი ქართულ ბიზნესში მეტად მძიმეწონიანი ფიგურაა და მისი პოლიტიკური განაცხადი ხელისუფლებისათვის ანგარიშგასაწევია. ადგილობრივი ანალიტიკოსები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ პატარკაციშვილი არა მარტო ქონების სიდიდით, არამედ თავისი კაპიტალის წარმომავლობითაც პრინციპულად განსხვავდება სხვა ქართველი ბიზნესმენებისაგან. „მან ფული საქართველოში კი არ იშოვა, არამედ შემოიტანა რუსეთიდან. ამ ნიუანსით „იმედის“ მფლობელი, მილიარდერი განსხვავდება დანარჩენი ცნობილი ქართველი ბიზნესმენებისაგან (ბიძინა ივანიშვილის გარდა), რომლებიც დავალებული იყვნენ შევარდნაძისაც და სააკაშვილთანაც არიან დავალებულნი ამა თუ იმ შეღავათების, „დაკრიშავების“, სასათბურე პირობების შექმნისა და მეფის კარზე მიღებისათვის. სწორედ ასეთი ბიზნესმენების გარემოცვაში გადალახა პატარკაციშვილმა რუბიკონი, როცა ბიზნესმენთა ფედერაციის ოფისში ღიად გაილაშქრა რევოლუციური ხელისუფლების გამომძალველობის, რეკეტიორობისა და არადემოკრატიულობის წინააღმდეგ“.1
პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლის პერსპექტივას ხელისუფლება ნეგატიურად აფასებს. „არ ვურჩევდი ამ ნაბიჯის გადადგმას. ბადრიმ თავის არეულ-დარეულ ბიზნესს მიხედოს, რა უნდა პოლიტიკაში? ეგ კაცი პოლიტიკოსი არ არის, სერიოზულ შეცდომებს უშვებს. მეგობრულად ვურჩიე, გამწვავებული პოლიტიკური ვითარების დროს, ასეთი განცხადება არ უნდა გაგეკეთებინამეთქი. პოლიტიკოსს ინტუიცია უნდა ჰქონდეს. მნიშვნელობა მარტო იმას კი არ აქვს, რა თქვი, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანია, როგორ თქვი და რა დროს. არ ვამბობ, ბადრიმ სიმართლე არ თქვა-მეთქი, მაგრამ არადროულად თქვა, თუ რომელიმე ოპოზიციური ძალა მოსწონს, ღმერთმა შეარგოს“, - აღნიშნავს ასევე პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენი, ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ბესო ჯუღელი.2
ხელისუფლების რეიტინგი დაღმავლობის გზაზეა და მის მიერ შევიწროებულის იმიჯის მქონე პატარკაციშვილისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში თანაგრძნობაც არსებობს. „წესიერად რომ არავის ექცევიან, ეს ხომ ცხადზე ცხადია. ახლა კი ბადრი პატარკაციშვილს მიადგნენ, თითქოს ცოტა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და უბრალო ხალხისთვის ან ზურგზე მოიკიდებს, რაც გააკეთა იმას. ჩემი აზრით, ძალიან უსამართლოა, ადამიანს ისე მოექცე, როგორც ბიზნესმენებს ექცევიან და უკვე პრაქტიკულად დაიმკვიდრეს კიდეც ბრძოლის ამგვარი წესები“, - აღნიშნავს ცნობილი მწერალი ოტია იოსელიანი.3
ამასობაში პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსმა ალექსანდრე ჭაჭიამ მთელი თეორია შექმნა პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.4 მისი თქმით, „აშშ კიდევ ერთ ცვლას ამზადებს გაკოტრებული სააკაშვილის სანაცვლოდ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსაყვანად, ახალი ცვლა ორ-სამ წელიწადს გაგრძელდება, მერე კი ყველაფერი თავიდან განმეორდება“. ჭაჭიას განცხადებით, სააკაშვილის შემცვლელი სავარაუდოდ სწორედ ბადრი პატარკაციშვილი იქნება. მისი შანსები საკმაოდ დიდია: „პატარკაციშვილს პარლამენტის რიგ დეპუტატებზე, ისევე როგორც მაღალი თანამდებობის პირებზე არცთუ მცირე გავლენა აქვს“, „ფლობს მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის ტელეკომპანია „იმედს“, რომელიც რეიტინგით პირველი ტელევიზიაა“, „ფლობს საქართველოს მასშტაბით განუსაზღვრელ ფინანსურ რესურსებს, მას საჭიროების შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად გარანტირებული აქვს საერთაშორისო მხარდაჭერაც“.5
ჭაჭია ვარაუდობს სცენარსაც, რომლითაც საქართველოში განვითარდება მოვლენები: „სავარაუდოდ, მაისიდან დაიწყება მიტინგებისა და სხვა მასობრივი აქციების საშუალებით ხალხის პროტესტის კულტივირება. ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლება აუცილებლად გააყალბებს, რაც, შესაძლოა, საპროტესტო აქციების მასშტაბების გასაზრდელადაც იქნეს გამოყენებული და სააკაშვილიც, არჩევნების გაყალბების ბანალურ საბაბს გადააყოლონ... თუკი სააკაშვილი გაჯიუტდება, მას შევარდნაძის სცენარით დაამხობენ, თუკი კომპრომისის სახით, მთავრობას დაითხოვს, მას ექნება შანსი შეინარჩუნოს სკამი და მომავალი წლის გაზაფხულისათვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს“.6
ჭაჭიას აღნიშნული პროგნოზი მაშინვე მოხვდა ქართულ მედიაში და ცხოველი განხილვის საგანიც გახდა. ჟურნალისტები ცდილობენ იმის გარკვევას, თავად პატარკაციშვილი ეცდება პოლიტიკაში პირველი როლის შესრულებას, თუ ვინმეს კანდიდატურას დაუჭერს მხარს. „დასავლეთი ყოველთვის ქმნის ალტერნატიულ ფიგურას. თავის დროზე ასეთი ფიგურა ზურაბ ჟვანია იყო. მაგრამ ის საეჭვო ვითარებაში დაიღუპა... ჟვანია აღარ არის და ალტერნატიული ფიგურის აუცილებლობაც დადგა. ვინ არის ეს ფიგურა - პატარკაციშვილი? თუ იქნება ის, ვისაც ბადრი თავის პოლიტიკურ კომპანიონად აირჩევს“, - აი კითხვა რომელიც ქართულ მედიას აწუხებს. სახელდება შესაძლო პარტნიორებიც - ნინო ბურჯანაძე ან სალომე ზურაბიშვილი.7 თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ პატარკაციშვილის პარტნიორობას სიამოვნებით ეცდება მრავალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თუ ფიგურა.
_______________________________
1. „ახალი თაობა“, 30.IV-6.V.2006
2. „კვირის პალიტრა“, 1-7.V.2006
3. „კვირის პალიტრა“, 1-7.V.2006
4. www.int.ru
5. „ასავალ-დასავალი“, 1-7.V.2006
6. „ასავალ-დასავალი“, 1-7.V.2006
7. „ალია“, 29 .IV-1.V.2006
![]() |
16.5 პატარკაციშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაიფიქრა? |
▲ზევით დაბრუნება |
პატარკაციშვილის მიერ პოლიტიკური განაცხადის გაკეთების შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ „ადგილობრივი ოლიგარქი“ ჩრდილიდან გამოვიდა და ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია. ამის მიზეზად კი პატარკაციშვილის ბიზნეს-მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა სახელდება. „პრობლემა ისაა, რამ გამოიწვია პატარკაციშვილის პოლიტიკური პრეტენზიები. ეს პრეტენზიები გაჩნდა მას შემდეგ, რაც მისი ბიზნეს-ინტერესები სახელმწიფოს მხრიდან არ დაკმაყოფილდა; მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორუფცია საგრძნობლად შემცირდა, გაჩნდა დიდი ინვესტიციების განხორციელების შანსი. ვვარაუდობ, რომ უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იმ ბერკეტების მოშლაა, რომელთა საშუალებითაც პრივილეგირებულ ბიზნესმენებს შეეძლოთ წინა ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე საკუთარი ინტერესების მიხედვით მოეხდინათ ზეგავლენა“, - აღნიშნავს პარლამენტარი გიგა ბოკერია.1
მისივე თქმით, პატარკაციშვილის ყოველ ნაბიჯს, ყოველ გადაწყვეტილებას სათანადო შეფასება მიეცემა. „თუ ვინმეს სურს, საქართველოში შეინარჩუნოს თამაშის ის წესები, სადაც პოლიტიკა, ბიზნესი და ორგანიზებული დანაშაული ერთმანეთშია გადაჯაჭვული, არ გამოუვა“, - აღნიშნავს ბოკერია. იგი არასერიოზულად მიიჩნევს განცხადებებს პატარკაციშვილის შესაძლო გაპრეზიდენტების შესახებ. ბოკერიას თქმით, საქართველოში „ძალიან დიდი კატაკლიზმები უნდა მოხდეს, რომ ამ ტიპის ფიგურას საპრეზიდენტო შანსი გაუჩნდეს“.2
პარლამენტარი ბესო ჯუღელი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოპოზიციის გამაერთიანებელი ლიდერის როლშიბადრი პატარკაციშვილი გამოვა, რომელმაც 27 მარტს ბიზნესმენთა ფედერაციაში წარმოთქმულ სიტყვაში ხელისუფლება გააკრიტიკა. „პატარკაციშვილს, როგორც ნიჭიერ კაცს და კარგ ბიზნესმენს, ძალიან ვაფასებ, მაგრამ კარგი ბიზნესმენი კარგ პოლიტიკოსს არ ნიშნავს. ბიზნესმენთა ფედერაციაში გაკეთებული განცხადებები მეტად უდროო იყო. პოლიტიკოსი ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს. აქედან გამომდინარე, ვასკვნი, რომ პატარკაციშვილი პოლიტიკურად ჯერ მოუმწიფებელია“, - აღნიშნავს ჯუღელი.3
მიუხედავად ამგვარი კრიტიკისა, უცხოეთიდან დაბრუნებულ პატარკაციშვილს მაშინვე პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა. როგორც პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, ამ შეხვედრის წინააღმდეგი იყვნენ გიგი ბოკერია და ლევან რამიშვილი. მისი თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გუნდს შეუმცირდეს გავლენა“.4
როგორც ქართულ მედიაში აღინიშნება, პატარკაციშვილთან შეხვედრა სააკაშვილმა მას შემდეგ მოინდომა რაც გაირკვა, რომ ნილ მერდოკის მედია-ინდუსტრიის ხელში გადავიდა „იმედის“ წილი და პატარკაციშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის დაფინანსებაშიც შეიტანს წვლილს5
ქართული მედიის დასკვნით, „სააკაშვილი ყველაფერს ეცდება, რომ პატარკაციშვილი გაანეიტრალოს. ეს უკანასკნელი სააკაშვილისთვის ანგარიშგასაწევი ფიგურა ხდება“.6 ექსპერტის რამაზ კლიმიაშვილის პროგნოზით, კანცელარიაში შეხვედრის დროს რაღაცაზე დაზავდნენ. „სააკაშვილი ეცდება პატარკაციშვილს ამბიციებიც დაუკმაყოფილოს და რეალურად ბიზნესთან დათმობებზე წავიდეს“, - აღნიშნავს კლიმიაშვილი.7
________________________________
1.„ყველა სიახლე“, 12-18.V.2006
2. „ყველა სიახლე“, 12-18.V.2006
3. „ყველა სიახლე“, 19-25.V.2006
4. „ქრონიკა“, 15-21.V.2006
5. „ალია“, 13-15.V.2006
6. „ალია“, 13-15.V.2006
7. „ალია“, 13-15.V.2006
![]() |
16.6 რა მოხდება, თუ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდება |
▲ზევით დაბრუნება |
ქართულ პოლიტიკაში არა მარტო ბადრი პატარკაციშვილი, არამედ ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც შეიძლება გამოჩნდეს. როგორც ქართული მედია იუწყება 2006 წლის აპრილის ბოლოს მეტროს ამოსასვლელებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში გამოჩნდა პლაკატები, რომლის შინაარსიც სენსაციური იყო - „ბიძინი ივანაშვილის მხარდამჭერთა საზოგადოებრივი მოძრაობის“ აქტივისტები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ ცნობილი ქველმოქმედის ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის საკუთარი ხელმოწერით დაეჭირათ მხარი.1
„ბიძინა ივანაშვილის მხარდამჭერთა საზოგადოებრივ მოძრაობას“ ხელმძღვანელობს შალვა ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამ აქციის მიზანია თავისებური საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და იმის განსაზღვრა, „აქვს თუ არა საფუძველი იმას, რომ ეს ბიზნესმენები ხელისუფლების სათავეში მოვიდეს“. ცერცვაძე იქვე განმარტავს, რომ ამ ყველაფრის გაკეთებას მხოლოდ არჩევნების გზით ვაპირებთ“.2 ხელმოწერები, თბილისის გარდა, რაიონებშიც გროვდება. „ხალხი სხვა გზას ეძებს, ამ ხელისუფლებამ არ გაამართლა, მხოლოდ ასფალტის დაგებით და ფასადების შეღებვით ქვეყანას არაფერი ეშველება. ჩვენ ასი ათასობით ხელმოწერის შეგროვებას ვაპირებთ. ამ კაცმა იმდენი უკვე დაიმსახურა, რომ თავისი სიტყვა პოლიტიკაშიც თქვას. ვნახოთ, როგორც საზოგადოება გადაწყვეტს, მოვლენები ისე განვითარდება“, - აღნიშნავს შალვა ცერცვაძე. იგი იმასაც უმატებს, რომ საინიციატივო ჯგუფის საქმიანობით უშიშროებაც დაინტერესდა. „ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ, მთელმა საქართველომ იცის, ყველა პატივს სცემს და ამიტომაც მათთვის საშიშია. პოლიტიკაში ამ პიროვნების გამოჩენა ბევრისთვის შოკი იქნება. უშიშროებაში ამიტომაც გამაფრთხილეს, არავითარი ხელმოწერები და არავითარი ბიძინაო. მათი აზრით, ეს პიროვნება საზოგადოებისათვის მიუღებელია“, - ამბობს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.3
ბიძინა ივანაშვილის საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ მართლაც ყველამ იცის საქართველოში. ამავე დროს თავად ივანაშვილი მედიაში არ ჩანს და მისივე თქმით, ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარს. ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის სახელით დაწყებული აქცია მაშინვე ბადრი პატარკაციშვილის მკაცრ განცხადებებს და „პოლიტიკაში მოსვლის“ თაობაზე მის მიერ გაკეთებულ განაცხადს დაუკავშირეს. მაშინვე გაჩნდა ვერსიაც: „გამორიცხული არ არის, ამ ორ მეცენატს შორის რამე სახის შეთანხმება არსებობდეს“.4 ცხადია, ქართულ პოლიტიკაში ორი მილიარდერის მოსვლა, თანაც ოპოზიციის რანგში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისათვის მეტად სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
როგორ შეიძლება შეფასდეს ბიძინა ივანაშვილის შანსი ქართულ პოლიტიკაში? ცნობილი ბიზნესმენის პოლიტიკური განაცხადის გამოჩენისთანავე, იგი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკოსად იქნა მიჩნეული. „ფაქტია, რომ საქართველოში ივანაშვილს უამრავი მადლიერი ადამიანი ჰყავს - ერთ პარლამენტს ეყოფა საარჩევნო კამპანიისთვის ცალკე დიდებული სამების საკათედრო ტაძარი, ცალკე რუსთაველისა და მარჯანიშვილის გარემონტებული თეატრები, მუზეუმის თანამშრომლებისთვის თუ კულტურის მოღვაწეებისთვის წლების მანძილზე გადახდილი ხელფასები და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამ... პატარკაციშვილსგან განსხვავებით, იგი არასდროს ამას არ აპიარებდა და, პირიქით, მათაც უკრძალავდა სახელის ხსენებას... თუ ბატონი ივანაშვილი ამ ყველაფერს ასეთი ფორმით სწორედ იმიტომ აკეთებდა, რომ პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად გამოეყენებინა, პირდაპირ უნდა ითქვას, საკმაოდ ნიჭიერად გათვლილი პიარია“.5
ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისა და ანალიტიკოსებისთვისაც უცნაური ფიგურაა. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა საქართველოში ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ივანიშვილის სახელი არ გაუგონია. მისი ამგვარი ცნობადობაა ფართო საქველმოქმედო საქმიანობითაა განპირობებული. მაგალითად მის მიერ არის გარემონტებული რამდენიმე თეატრი, აშენებულია სამების საკათედრო ტაძარი და ა.შ. ბუნებრივია, ეს მისდამი საზოგადოების კეთილგანწყობას განაპირობებს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლებისაგან ივანიშვილი დემონსტრაციულად დისტანცირდა. თავად ბიძინა ივანიშვილმა რუსულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა: „საქართველოს ხელისუფლებაში ახალგაზრდა თაობა მოვიდა. მე არც მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე. სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია“.6
იმავე ინტერვიუში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკური ამბიციები არ აწუხებს“. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გეგმების თაობაზე ქართულ მედიაში გახშირებული განხილვების საპასუხოდ კი საქართველოში მისი ბიზნესსტრუქტურის „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახური აცხადებს: „პრესსამსახური უფლებამოსილია, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელით კიდევ ერთხელ განაცხადოს, რომ ბიძინა ივანიშვილს არასდროს ჰქონია პოლიტიკური ამბიციები. შესაბამისად, არც დღეს და არც მომავალში არ აპირებს პოლიტიკასთან რაიმე კავშირს“.7
ადგილობრივი ანალიტიკოსების დამოკიდებულება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პერსპექტივების თაობაზე არაერთგვაროვანია. „ბუნებრივია, რომ მაღალი რეიტინგი ექნება იმ კაცს, ვინც სამება ააშენა და თეატრები გაარემონტა, მაგრამ შეუძლებელია პოლიტიკური რეიტინგი ჰქონდეს, რადგან ამისთვის პოლიტიკაში რაღაცას უნდა აკეთებდეს. მის პრეზიდენტობაზე საუბარი ზედმეტია. ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს რუსეთზე, ამერიკაზე, როგორ ფიქრობს აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტას“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი.8 მისი აზრით ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის თემა ხელისუფლების მიერ არის შემოგდებული. სააკაშვილის რეიტინგი ეცემა, რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერის რეიტინგი რომ არ გაიზარდოს, ხელისუფლებამ მონახა კაცი, რომელსაც პოლიტიკა არ აინტერესებს და ცდილობს საზოგადოების ყურადღების მასზე გადართვას.
მაგრამ ეს მთლად ასე არ უნდა იყოს. ივანიშვილს როგორც ბიზნესმენს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ეს ფაქტია. არ არის გამორიცხული, რომ მას ქართულ პოლიტიკაში მოსვლისკენაც უბიძგონ. ივანიშვილის ბიზნესი რუსეთშია განლაგებული და თუკი რუსეთის ხელისუფლებ აში გადაწყვეტენ მის ქართულ პოლიტიკაში მოყვანას, მას მრავალი ბერკეტი გააჩნია კიდევ ერთ „ოლიგარქზე“ ზემოქმედების მოსახდენად.9
„ფორბსის“ მიერ 2006 წელს გამოქვეყნებულ მსოფლიო მილიარდერების სიაში ივანიშვილს 173-ე ადგილი უკავია. 2005 წლის რეიტინგში ის 228-ე ადგილზე იყო. რუსულ ჟურნალ „ფინანსებში“ გამოქვეყნებულ რუსეთის ყველაზე მდიდართა სიაში ივანიშვილი მე-17 ადგილზეა.
_____________________________
1. გაზეთ „კვირის პალიტრას“ მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში კითხვას „რომელი პერსონა იმსახურებს თქვენს ნდობას ყველაზე მეტად)“ 801 რესპოდენტმა უპასუხა. რესპოდენტებს თითოეული პოლიტიკოსისადმი ნდობა 1-დან 9-ქულამდე უნდა შეეფასებინათ. გამოირკვა, რომ პირველ ადგილზეა მიხეილ სააკაშვილი 6,63 ქულით. მეორე ადგილზე კი აღმოჩნდა ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, ამასთან რესპოდენტთა 29%-მა მას მაქსიმალური ქულა მიაკუთვნა. ივანიშვილის ქულა 6,11 აღმოჩნდა. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: 3. სალომე ზურაბიშვილი (5,81 ქულა), 4. ბადრი პატარკაციშვილი (5,66 ქულა), 5.ნინო ბურჯანაძე (5,62), 6. ირაკლი ოქრუაშვილი (5,03 ქულა), 7. კობა დავითაშვილი (4,88 ქულა), 8. კონსტანტინე გამსახურდია ( 2,78 ქულა), 9. შალვა ნათელაშვილი (2,48 ქულა).
2. „ქრონიკა“, 1-7.V.2006
3. „ქრონიკა“, 1-7.V.2006
4. „ქრონიკა“, 1-7.V.2006
5. „ქრონიკა“, 1-7.V.2006
6. „ახალი ვერსია“, 5-6.VI.2006
7. „ახალი ვერსია“, 5-6.VI.2006
8. „ახალი ვერსია“, 5-6.VI.2006
9. „შესაძლოა ივანიშვილი რუსეთის მიერ გამოყენებული იყოს თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი დღეს საკმაოდ მკაცრი სახელმწიფოა იმ ბიზნესის მიმართ, რომელის სახელმწიფოს ინტერესებს არ ემორჩილება. ივანიშვილის გააქტიურება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რუსეთი გადაწყვეტს, რომ ივანიშვილის ტიპის ფიგურა აამუშაოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, გამოიყენებს მასზე ზემოქმედების ბერკეტებს, რათა მას პოლიტიკაში შემოსვლის მიმართულებით გადაწყვეტილება მიაღებინოს“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.( „ახალი ვერსია“, 5-6.VI.2006).
![]() |
16.7 გოგი თოფაძის აზრით, ხელისუფლება მეწარმეობის განვითარებას ხელს უშლის |
▲ზევით დაბრუნება |
ხელისუფლების წინააღმდეგ ბადრი პატარკაციშვილის პროტესტს მეორე ცნობილი ბიზნესმენი კომპანია „ყაზბეგის“ პრეზიდენტი გოგი თოფაძეც შეუერთდა. იგი ხელისუფლებას ბიზნესის შევიწროებაში ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. თოფაძის თქმით, თუ მრეწველობა არ განვითარდა, მასობრივმა უმუშევრობამ, შესაძლოა, ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღურბლთან დააყენოს.
გოგი თოფაძის და მთლიანად „მრეწველთა“ პარტიის მიერ აღშფოთების გამოხატვის უშუალო მიზეზად ბიზნესმენის, „ყაზბეგი-ფშაველის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლუკა რამაზაშვილის დაკავება გახდა. რამაზაშვილი 2006 წლის 30 იანვარს დააკავეს ბეტონის ფილების მითვისებისა და აზერბაიჯანელი მწყემსისთვის ცხვრის გამოძალვის ბრალდებით. შედეგად კი გაჩერებულია რაიონში არსებული რამდენიმე საწარმო, სადაც 600-მდე ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. თოფაძის თქმით, მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ კი, თელავის გამგებელი და მისი გუნდის წევრები ებრძვიან, რომელთაც ვერ აიტანეს რაიონში ძლიერი მეწარმის არსებობა. თოფაძე რამაზაშვილის შემთხვევას აზოგადებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების რეგიონალური განშტოებები ხელს უშლიან წარმოების განვითარებას. „ხელისუფლება არცერთ ნაბიჯს არ დგამს მეწარმეობის განვითარებისათვის. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ბიზნესის შევიწროებასა და ბიზნესმენთა დაშინებას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საზღვარი აღარ აქვს“, - ამბობს თოფაძე.1
გოგი თოფაძის თქმით, ქართული ბიზნესის უპირველესი პრობლემა ხელისუფლების მიერ წარმოების განვითარებისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნა და იმპორტიორების ხელშეწყობაა. ამით, რა თქმა უნდა დაინტერესებულნი არიან ის ადგილობრივი ბიზნესჯგუფები, რომლებიც იმპორტიდან ღებულობენ შემოსავალს, ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნაც. საბაჟო გადასახადების გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯები ასევე იმპორტს წაახალისებს ადგილობრივი წარმოების საზიანოდ. ახალი საგადასახადო კოდექსიც ხელს არ უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არა მწარმოებლები, არამედ იმპორტიორები დავასაქმოთ. ვფიქრობს, ეს იმ საერთაშორისო ინსტიტუტების დამსახურებაცაა, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენს პოლიტიკას, არამედ ეკონომიკასაც მართავენ. მათი სტრატეგია მთელ მსოფლიოში ცნობილია. მათ არ სჭირდებათ მწარმოებელი ქვეყნები. ის პროდუქცია, რასაც ჩვენ უნდა ვამზადებდეთ, უცხოეთიდან შემოდის“, - აღნიშნავს თოფაძე.2 მისივე თქმით, „ბიზნესმენების მასობრივად დაპატიმრებისა და მათთვის ფულის გამოძალვის ინსტიტუტის დანერგვაც უცხოელებისგან არის ნაკარნახევი და საქართველოში წარმოების განადგურებას ემსახურება.
„მრეწველთა“ ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს დროზე თქვას უარი დამღუპველ პოლიტიკაზე და ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე იზრუნოს. თოფაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზრის შენარჩუნება. ამ ბაზრის დაკარგვა, თოფაძის აზრით, ქვეყანას ახალი რევოლუციის საფრთხის წინაშე აყენებს. „რუსეთის პოლიტიკა მისაღები ნამდვილად არ არის, მაგრამ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება უნდა მოვახერხოთ. შემოდგომაზე ნახეთ რა მოხდება. რა ქნას ხალხმა, ჩაი ვერ გავუსაღეთ, ციტრუსი ვერ გავუსაღეთ, ამას ახლა ღვინოც დაემატა. ხალხი ამდენს ვერ მოითმენს. კახეთი, რომელიც პოლიტიკურად ყოველთვის სტაბილური იყო, ნელ-ნელა „დუღილს“ იწყებს. თუ ერთ თვეში როგორმემდგომარეობა არ მოგვარდა, ეს დარგი საბოლოოდ დაიღუპება. რევოლუციებმა რაც მოგვიტანა, უკვე ვნახეთ, უფულო ქვეყანა ვართ და ასეთ დარტყმას ვერ გავუძლებთ“, - აღნიშნავს თოფაძე.3
__________________________________
1. „ხვალინდელი დღე“, 29 .IV.2006
2. „ახალი ვერსია“, 28-30 .IV.2006
3. „ახალი ვერსია“, 28-30 .IV.2006
![]() |
17 პოლიტიკა და „ოლიგარქები“ |
▲ზევით დაბრუნება |
ხელისუფლების პირველი პირები და თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ტერმინით ახასიათებენ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების გადაყენებას მოითხოვს. მათი განმარტებით, დღეს სახეზეა „ოლიგარქიული შეთქმულების მცდელობა“. ცხადია, მასში ის მსხვილი ბიზნესმენები მოიაზრებიან ვისაც „ნაციონალური“ ხელისუფლება არ ენდობა. რა ფორმებს მიიღებს და რა შედეგებს მოიტანს „ანტიოლიგარქიული კამპანია“, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
![]() |
17.1 ვის ადანაშაულებენ „ოლიგარქიულ შეთქმულებაში“ |
▲ზევით დაბრუნება |
„ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა“ მიმზიდველ ლოზუნგად შეიძლება იქცეს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღატაკებულია. შეიძლება გავიხსენოთ, თუ რა მოწონებით სარგებლობდა რიგით ადამიანებში შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკების დაპატიმრება და მრავალმილიონიანი გადასახადების დაკისრება. დღეს ხელისუფლებას ამგვარი მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდება რადგანაც არათუ ვერ გააუმჯობესა მოსახლეობის ფართო ფენების ცხოვრების პირობები, არამედ, პირიქით, თავისი გადაწყვეტილებებით ბევრის ინტერესები ხელყო და ქუჩაში გამოიყვანა.
დღეისათვის ცნობილია ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლის პირველი კონკრეტული ადრესატი - ვალერი გელაშვილი, რომელსაც ხელისუფლება ღიად აბრალებს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ხანძრის გაჩენას თავისი ბიზნეს-ინტერესების გულისთვის. თავად გელაშვილი და რესპუბლიკური პარტია ლაპარაკობენ მათი წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაზე. „უგულავას ისტერიკა პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც გელაშვილი სცემეს, მაშინაც ერთი საათის შემდეგ გამობრძანდა გამომძიებელი და თქვა, ეს ფულის გამოძალვისთვის მოხდაო. ამჯერადაც, 10 წუთის შემდეგ ქალაქის მერი აცხადებს, რომ ეს ხანძარი თურმე ვალერი გელაშვილს გაუჩაღებია. ამ განცხადებაზე პასუხი აუცილებლად უნდა აგონ“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი.1
ხელისუფლება კი, ცხადია, უკანდახევას არ აპირებს და შეეცდება ოპოზიციის არასასურველი ნაწილის „ბიზნესინტერესების“ გამომზეურებას. ეს თავისებური სამაგიეროს გადახდა იქნება ბექაურის გამო. თუ სახელისუფლო გუნდის ამ წარმომადგენელს პარლამენტის დატოვება მოუხდა ბიზნესინტერესების გამო ატეხილი სკანდალის გამო, რატომ უნდა „შერჩეს“ პარლამენტარობის შეთავსება ბიზნესმენობასთან ხელისუფლებისათვის ისეთ არასასურველ პირს, როგორიც ვალერი გელაშვილია? თუმცა, პარლამენტართა ბიზნესინტერესების ძიება, როგორც ჩანს, სხვებსაც ჩაითრევს.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გარდა ვალერი გელაშვილისა, „ოლიგარქიულ შეთქმულებაში“ ბრალდებული ბადრი პატარკაციშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს. „ოლიგარქიული შეთქმულება პირდაპირ უკავშირდება ტელეკომპანია „იმედს“ და მის დამფუძნებელ ბადრი პატარკაციშვილს. ოპოზიციის და ამ ტელეკომპანიის ხელისუფლების ქმედებებისადმი კრიტიკული შეფასება და მიდგომა იდენტურია“, - აღნიშნავს პარლამენტარი გოჩა ფიფია.2 ქართულ მედიაში ჩნდება სხვა განცხადებებიც, რომ პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის უთანხმობამ იჩინა თავი, რომ მას ტელეკომპანია „იმედი“ შეიძლება დაათმობინონ და ა.შ. თუმცა, ღიად ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს პატარკაციშვილის მისამართით რაიმე კრიტიკა არ გამოუთქვამს. რაც შეეხება ოპოზიციას, ის „ოლიგარქების მოძიებას“ ხელისუფლებას თავისივე რიგებში ურჩევს. „ქვეყნის თითქმის ყველა პირველი პირი ოლიგარქია“, - აცხადებს იგივე გოჩა ჯოჯუა.3
_______________________________
1. „მთელი კვირა“, 20 .III.2006
2. „ახალი თაობა“, 20 .III.2006
3. „ახალი თაობა“, 20 .III.2006
![]() |
17.2 საითაც გაიხედავ ყველგან ოლიგარქებია |
▲ზევით დაბრუნება |
„ოლიგარქების“ თემა ქართული პოლიტიკის მეტად აქტუალურ თემად იქცა. ხელისუფლებამ იერიში მიიტანა პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე, რომელსაც არათუ დეპუტატისთვის შეუთავსებელ ბიზნესსაქმიანობაში დაედო ბრალი, არამედ „ბანდიტიც“ უწოდეს და „სკოლის გადაწვაც“ მიაწერეს. ოპოზიცია გელაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და, თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების ბიზნესინტერესების გამომზეურებას აპირებს.
ოპოზიცია იმუქრება, რომ გამოაქვეყნებს 50 კაციან სიას, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის ის წევრები იქნებიან, ვისაც ინტერესები აქვს სხვადასხვა ბიზნესში, მონაწილეობენ მართვაში, ლობირებენ, სახურავის“ როლს ასრულებენ და ა.შ. „ყველამ კარგად იცის, რომელი დეპუტატი რა ბიზნესს ლობირებს. საპარლამენტო უმრავლესობამ ქართული ბიზნესის სრულიად სხვადასხვა სფეროები აითვისა. მათი საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალდარგოვანია“, - აცხადებს „დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენელი კახა კუკავა.1
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელისუფლებაში ყოფნა, ტრადიციულად, „ბიზნესის კეთებასაც“ უკავშირდება, ხელისუფლების მცდელობას ოპოზიციაში მონახოს ოლიგარქები, თავისუფლად შეიძლება, საპირისპირო შედეგი მოჰყვეს და ოპოზიციამ ხელისუფლების რიგებში არა ერთი, არამედ მრავალი „ოლიგარქი“ მონახოს. ამ მხრივ, ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მეტად შთამბეჭდავი სია წარმოადგინა და მას „სააკაშვილის აბლაბუდა“ უწოდა. „სააკაშვილს ბოლო დროს გაუძლიერდა ოლიგარქთა ძებნის ვირუსი. ჩვენ გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით მას ამ საქმეში და წარმოგიდგინეთ ოლიგარქთა გალერეა, სადაც თავმოყრილია იმ ადამიანთა ვინაობა და მოკლე მონაცემები, ვინც შეჭამა ჩვენი სამშობლო, მომავალი და ლუკმა პური წაართვა ჩვენს ოჯახებს და ჩვენს შვილებს“, - აღნიშნავს ნათელაშვილი.2
თავის სქემაზე ნათელაშვილმა წარმოადგინა ოლიგარქები ხელისუფლების უმაღლესი ეშელონიდან ე.წ. „ოლიგარქების ელიტური ფენა“. მისი თქმით, მთავრობის და პარლამენტის წევრთა საპრეზიდენტო უმრავლესობის 60% დაკავებულია უკანონო ბიზნესით, მსხვილი ფულადი კომბინაციებით, კონტრაბანდით და ა.შ. შემდეგი ეშელონი წარმოდგენილია მინისტრის მოადგილეებით, დეპარტამენტების თავმჯდომარეებით, საბაჟოს უფროსებით და გამგებლებით, გუბერნატორებით და გენერალიტეტით, „ამ ადამიანთა საქმიანობა უფრო საშიშია იმიტომ, რომ მათ ხელი მიუწვდებათ გადაწყვეტის მიმღე, უმაღლეს ორგანოებთან და თვითონვე იღებენ თავისი ბიზნესის მალობირებელ და ხელშემწყო, გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს ნათელაშვილი.3
„ელიტარული ოლიგარქების“ სიაში ნათელაშვილმა 27 პიროვნება შეიყვანა. აქაა პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, მინისტრები კახა ბენდუქიძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გია ქავთარაძე, გელა ბეჟუაშვილი, ვანო მერაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები მიხეილ მაჭავარიანი და ჯემალ ინაიშვილი, პარლამენტარები დავით ბეჟუაშვილი, დავით თოდრაძე, როლანდ კემულარია, ირაკლი კოვზანაძე, ნიკო ლეკიშვილი, გოგი ლიპარტელიანი, კახა ოქრიაშვილი, რომან მელია, გიორგი სალაყაია, მერა, სამადაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ზურაბ ცქიტიშვილი, ბესო ჯუღელი, ცეზარ ჩოჩელი და სხვ.4
ლეიბორისტებმა თითოეული დასახელებული პიროვნების „ოლიგარქიულ პოზიციებზეც“ ისაუბრეს. აქედან რა არის მართალი და რა ტყუილი, ამას მომავალი გვიჩვენებს.
_______________________________
1. „24 საათი“, 23 .III.2006
2. „ახალი თაობა“, 24 .III.2006
3. „ახალი თაობა“, 24 .III.2006
4. ,,საქართველოს რესპუბლიკა“, 25.III.2006
![]() |
17.3 გაძევება პარლამენტიდან ბიზნესსაქმიანობის ბრალდებით |
▲ზევით დაბრუნება |
2006 წლის 31 მარტი ღირშესანიშნავი დღე აღმოჩნდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში. საპარლამენტო ოპოზიციამ ვერ მოახერხა დაეცვა პარლამენტარი ვალერი გელაშვილი, რომელსაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი ბიზნესსაქმიანობის ბრალდებით სახელისუფლო უმრავლესობამ სადეპუტატო უფლებამოსილება მოუხსნა. ყოველი ამას ვნებათაღელვის უაღრესი გამძაფრება მოჰყვა და ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად არა მარტო სხდომათა დარბაზი დატოვა, არამედ პლენარულ სხდომებზე დასწრებაზე უარი თქვა. უფსკრული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ უფრო გაღრმავდა.
ხაშურის მაჟორიტარი პარლამენტარი ვალერი გელაშვილი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა და, ბუნებრივია, იგი პარლამენტართა იმ არცთუ მცირერიცხოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესსა და პოლიტიკას ერთმანეთს უთავსებენ, თუმცა ოფიციალურად საკუთარი ბიზნესის მართვა სხვა პირებისთვის აქვთ გადაცემული. გელაშვილი, „შერჩევითი სამართლის“ მსხვერპლი აღმოჩნდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოპოზიციას წარმოადგენდა, მეორეც, როგორც ქართული მედია აღნიშნავს, უშუალოდ პრეზიდენტთან ჰქონდა კონფლიქტი.
ოპოზიციამ ყოველნაირად სცადა გაეჭიანურებინა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. ისევე როგორც აბათილებდა ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ დასაბუთებას. „უმრავლესობას ოპოზიციონერი დეპუტატის კანონდარღვევაში მხილების შესაძლებლობა მიეცა და მან ამ შანსის გამოყენება სცადა. სხვა საქმეა, ტექნიკურად როგორ მოხერხდა ეს. ხელისუფლების საშემსრულებლო ტექნიკა კი საკმაოდ სუსტია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. განხილვის დროს ოპოზიციამ უმრავლესობის ბრალდებები ყველა მუხლში დაანგრია და გაირკვა, რომ ამ ბრალდებების კასკადი მთლიანად მხოლოდ ჰიპოთეზებზე და კერძო მოსაზრებებზეა დამყარებული“, - აღნიშნავდა ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ქართული გაზეთი.1
სახელისუფლო უმრავლესობის სიჩქარეს, იმავე დღეს გადაეწყვიტა საკითხი, ოპოზიცია იმით ხსნიდა, რომ ეს პრეზიდენტის მითითება იყო. „თქვენ წამზომი პრეზიდენტმა ჩაგირთოთ და იძულებული ხართ, მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტოთ ეს საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.2
იგივეს აღნიშნავდა „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი ბიძინა გუჯაბიძე. „პრეზიდენტს ინტენსიური სატელეფონო კავშირი აქვს უმრავლესობის ლიდერებთან და მას აქვს მითითება მიცემული, რომ გელაშვილი არ დაახვედრონ პარლამენტში. ასეთი დავალება აქვს მიღებული უმრავლესობას. ეს არის მისი სტილი, მეთოდი ოპოზიციასთან მიმართებაში“, - აღნიშნავს გუჯაბიძე.3
სადეპუტატო იმუნიტეტის ჩამორთმევის შემდეგ, ვალერი გელაშვილი, როგორც ჩანს, ვერ მოახერხებს საქართველოში დაბრუნებას. მას „დეპუტატის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ ედება ბრალად და ის შეიძლება დააპატიმრონ.
გელაშვილის პარლამენტიდან გაძევებით უმრავლესობამ არა მხოლოდ ბექაურის გამო იძია შური. „შერჩევითი სამართლის“ ამოქმედებამ ხელისუფლების მხარდამჭერი, მაგრამ მერყევი დეპუტატებიც უნდა დააშინოს. ასეთები ძირითადად მაჟორიტარები არიან. მათაც თავიანთი „ჩუმი ბიზნესები“ აქვთ და თუ საჭირო გახდა, უმრავლესობას შეუძლია მათაც იგივე დამართოს, რაც გელაშვილს.4 გელაშვილის პარლამენტიდან „გაგდების“ გამო ოპოზიციამ ნაწილობრივ შეასრულა თავისი მუქარა და დაიწყო იმ პირების დასახელება უმრავლესობის რიგებიდან, რომელთაც თავიანთი ბიზნესი აქვთ აწყობილი და რასაც აქტიურად ლობირებენ, მიუხედავად პარლამენტარის მანდატისა.
პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციამ ბიზნესის მქონე სამი დეპუტატი დაასახელა - სეზარ ჩოჩელი, ბესო ჯუღელი და რატი სამყურაშვილი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა დააყენა ვალერი გელაშვილისთვის პარლამენტარის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი. პარლამენტარმა კახა კუკავამ პრეზიდენტი სააკაშვილიც მოიშველია იმის დასადასტურებლად, რომ უმრავლესობის წევრი სეზარ ჩოჩელი თავად ღებულობს მონაწილეობას თავისი ბიზნესის მართვაში. „თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სეზარ ჩოჩელის ლუდსახარშ „ნატახტარის“ გახსნაზე იმყოფებოდა, თქვა, რომ სანამ ჩოჩელმა პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს არ დაურეკა და საკითხში არ ჩარია, დიდი ხნის განმავლობაში ჩოჩელის ლუდსახარში წყალსა და ელექტროენერგიას არ ურთავდნენ“, - აღნიშნა კუკავამ.5
უმრავლესობას ოპოზიციის ამ ბრალდებების არ ეშინია, რადგანაც საკითხის დაყენება და, მით უმეტეს, გადაწყვეტა მის ხელშია. ასე რომ, ოპოზიციის ბრალდებები მხოლოდ საზოგადოებაზე შეიძლება იყოს გათვლილი.
_________________________
1. „24 საათი“, 1 .IV.2006
2. „ხვალინდელი დღე“, 1 .IV.2006
3. „ახალი თაობა“, 1 .IV.2006
4. „24 საათი“, 1 .IV.2006
5. „ხვალინდელი დღე“, 1 .IV.2006
![]() |
17.4 ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიზნესზე ზეწოლის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება |
▲ზევით დაბრუნება |
„მრეწველთა“ ფრაქციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება. „მოახლოვდა ადგილობრივი არჩევნები, რაც არ გამორიცხავს, რომ უამრავმა განაწყენებულმა მეწარმემ სრულიად გამჭვირვალედ და ლეგიტიმურად მოინდომოს ოპოზიციური პარტიების დაფინანსება, სწორედ ამის ეშინია მთავრობას და თავის მხრივ ბიზნესმენების დაშინებას ცდილობს“, - აღნიშნავს გია ცაგარეიშვილი.1
ცაგარეიშვილის განცხადებით, იგივე ამოცანას ემსახურება პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რაც პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითვალისწინებს. ცაგარეიშვილის თქმით, „ესეც გაიზნულად არის გაკეთებული, რადგან ეჭვი მეპარება, მთავრობას ძალიან სიამოვნებდეს ოპოზიციური პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება“. ხელისუფლებას ეს იმისთვის სჭირდება, რომ თქვას, გაფინანსებთ, ამიტომ ნუ ეძებთ დაფინანსების ალტერნატიულ წყაროსო.
„ბიზესის შევიწროება ქვეყნის განვითარების თანმდევი პროცესია, ამიტომ ვიდრე ბიზნესმენები არ გაერთიანდებიან და ერთად არ იბრძოლებენ, საქართველოში ბიზნესი ვერ განვითარდება“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.2
__________________________
1. „ხვალინდელი დღე“, 8 .IV.2006
2. „ხვალინდელი დღე“, 8 .IV.2006
![]() |
17.5 ბიზნესსაქმიანობისათვის კიდევ ერთი პარლამენტარი გააძევეს |
▲ზევით დაბრუნება |
საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტარისათვის შეუთავსებელი ბიზნესსაქმიანობაში თავისივე წევრი ბადრი ნანეტაშვილი ამხილა და 2006 წლის 21 ივნისს პლენარულ სხდომაზე ერთსულოვანი კენჭისყრით პარლამენტიდანაც გააძევა.
ბადრი ნანეტაშვილის საქმის შესწავლა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომისიამ სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე დაიწყო. ნანეტაშვილს ბრალად ედებოდა ტელეკომპანია „თრიალეთის“ და გაზეთ „თრიალეთში“ თავისი წილების უშუალოდ მართვა. საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის საფუძველზე კი პარლამენტის წევრს ბიზნესსაქმიანობა ეკრძალება. მან თავისი ბიზნესის მართვა სხვის სახელზე უნდა გადააფორმოს. ბადრი ნანეტაშვილმა მართალია წარმოადგინა ხელწერილი, რომლის თანახმადაც მან თავისი წილი ტელეკომპანიაში თავის ძმას სამართავად 2003 წლის 17 დეკემბერს გადასცა, მაგრამ ეს ხელწერილი ნოტარიუსის დამოწმებული არ იყო და ამდენად, ძ. ელი სათქმელი იყო, ხელწერილი სამი დღის წინ დაიწერა თუ სამი წლის წინ.1
დიდი განხილვის საგანი გახდა ბადრი ნანეტაშვილის მიერ 2005 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია. მასში ნანეტაშვილს მითითებული აქვს, რომ 2004 სამეურნეო წელს ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ ნანახი მოგებიდან მიღებული აქვს 80 ათასი ლარი, ხოლო გაზეთ „თრიალეთიდან“ 10 ათასი ლარი, არადა, ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2004 წელი ტელეკომპანიას 34-ათასიანი ზარალით დაუსრულებია, გაზეთს კი მხოლოდ 2-ათასლარიანი მოგება უნახავს. ნანეტაშვილმა თავი იმით იმართლა, რომ შეეშალა და ტელევიზიიდან რაც კი ათი წლის განმავლობაში შემოსავალი მიუღია, მთლიანად 2004 წლის ანგარიშში დააფიქსირა.2
რატომ გააგდო პარლამენტიდან უმრავლესობამ თავისივე წევრი, რომლის არსებობაც პარლამენტში საზოგადოების უმრავლესობამ მხოლოდ მის გარშემო ატეხილი სკანდალის დროს გაიგო? ნანეტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში მისი „გაწირვის“ ორი მიზეზი დაასახელა: პირველი - ხელისუფლებას უნდა იმ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად აკრიტიკებს და მეორე - ბოკერიასა და გოგორიშვილს უნდათ, ყველას დაანახონ, რომ პარლამენტი მარტო ოპოზიციონერ გელაშვილს კი არ უხსნის უფლებამოსილებას, არამედ საკუთარ დეპუტატებსაც.3
როგორც ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ნანეტაშვილი თავისი ბიზნესინტერესებით კონფლიქტში მოექცა ხელისუფლების უფრო გავლენიან წარმომადგენლებთან, რაც მას ძვირად დაუჯდა. „წელიწადნახევარია, რაც ტელეკომპანია „თრიალეთის“ ხელმძღვანელობა პერიოდულად აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ მას კონფლიქტი ჰქონდათ შიდა ქართლის როგორც მოქმედ, ისე წინა გუბერნატორთან. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებისათვის ემზადება. საარჩევნოდ ერთ-ერთი დავალებაა, რომ ყველა ადგილობრივი ტელევიზია უნდა დაექვემდებაროს პარტიის ადგილობრივ საარჩევნო შტაბებს. „თრიალეთი“ წარმატებული ადგილობრივი ტელევიზიაა, რომლის მაუწყებლობა ვრცელდება ხუთზე მეტი რაიონის ტერიტორიაზე. ვინაიდან ტელევიზია უნისონში არ მუშაობდა გუბერნატორ ქარელთან, მოექცა დარტყმის ქვეშ. თორემ, ნანეტაშვილის ბიზნესინტერესებზე საუბარი ამ პარლამენტში სასაცილოა. საქართველოს პარლამენტში დღეს უფრო მეტი ბიზნესმენი ზის, ვიდრე სავაჭრო პალატაში. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, საერთოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერია. ამ ფონზე რომ ნანეტაშვილი გამოჩნდა ყველაზე დიდი ბიზნესმენი, ეს მარაზმია“, - აღნიშნავს ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენელი პარლამენტარი კახა კუკავა.4
ბიზნესსაქმიანობის ბრალდებით პარლამენტიდან დეპატატის გამოძევება მედიისათვის ირონიული განცხადებების საფუძველი გახდა, რადგანაც პარლამენტში ამგვარი საქმიანობით მრავალი ადამიანია დაკავებული. „ქართული პარლამენტარიზმი სწორედ კომერციულ კეთილდღეობას ეფუძნება. იქ ადამიანები იმისთვის მიილტვიან, რომ ბიზნესში ადგილები განიმტკიცონ და გაინაღდონ. უმრავლესობის ბევრი წევრი ბიზნესის მფლობელია და ამით ამაყობს კიდეც, რადგან იცის, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვება, რასაკვირველია, თუ უფრო მსხვილი თანაპარტიელის ბიზნესინტერესებს არ შეეხება. ეს არის და ეს მთელი ქართული პოლიტიკაც და პარლამენტარიზმიც“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი.5
_____________________________
1. „ახალი თაობა“, 21.VI.2006
2. „24 საათი“, 21.VI.2006
3. „ახალი თაობა“, 21.VI.2006
4.„ახალი თაობა“, 21.VI.2006
5. „კვირის პალიტრა“, 19-25.VI.2006
![]() |
18 სახელმწიფო პოლიტიკაში ფულის მოძრაობის დარეგულირებას ცდილობს |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური პარტიების საქმიანობის დაფინანსების საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლო დრომდე მოუწესრიგებელი იყო. წინასაარჩევნო პერიოდებში პარტიები და პოლიტიკოსები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ, მაგრამ ოფიციალურად წარმოდგენილ საარჩევნო ფონდების ანგარიშებში მხოლოდ მიზერული თანხებია დაფიქსირებული. შეიძლება ითქვას, რომ ყველა პოლიტიკური პარტია არალეგალური ფულით ფინანსდება. გარდა ამისა, ვარდების რევოლუციის შემდეგ განსაკუთრებით მწვავედ დადგა პოლიტიკური საქმიანობის საზღვარგარეთიდან მიღებული ფულით შესაძლო დაფინანსების საკითხიც. ამგვარი ვითარების სამომავლოდაც შენარჩუნება დაუშვებელია. ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებისაგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რაც პარტიების გამჭვირვალე დაფინანსებას უზრუნველყოფს.1
____________________________
1. „რეზონანსი“, 16.XII.2005
![]() |
18.1 „გამჭვირვალე“ ფინანსები პოლიტიკური საქმიანობისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხების მოწესრიგებისა და სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოქცევის თაობაზე საუბარი ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე, ანუ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო. მაშინ ევროსაბჭოში ხელი მოეწერა შეთანხმებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები თავიანთ ფინანსებს გამჭვირვალეს გახდიდნენ და საზოგადოებას ამ ინფორმაციას არ დაუმალავდნენ. მაშინ პირველად გამოქვეყნდა პარტიების ფინანსური ანგარიშები მიღებული შემოწირულობებისა და მათი ხარჯვის შესახებ.1
ვარდების რევოლუციის შემდეგ არჩევნების და პარტიების დაფინანსების საკითხებზე საუბარი მმართველი პარტიის ინიციატივით დაიწყო და დასახმარებლად ევროპის საბჭოსაც მიმართეს. ევროპის საბჭოდან რეაგირება იმდენად სწრაფი იყო, რომ ძლივს მოასწრეს პროექტის შემუავება ევროპელი ექსპერტების ჩამოსვლამდე. 2005 წლის 7 მარტს ევროსაბჭოს ექსპერტმა თავისი რეკომენდაციები გადასცა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსებაზე მონიტორინგის ჯგუფს. აღნიშნულ ჯგუფში შედიან საქართველოს პოლიტიკური პარტიების, გაერთიანებებისა და მასმედიის წარმომადგენლები. ჯგუფი ევროსაბჭოს დახმარებით ფუნქციონირებს.
ევროსაბჭოს ექსპერტი ვალეცკი აუცილებლად მიიჩნევდა რიგი კანონების შეცვლას, რათა გამჭვირვალე გამხდარიყო პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გზები. იგი მიუთითებდა, რომ პარტიები არ უნდა ფინანსდებოდნენ სახელმწიფოს მიერ ან საზღვარგარეთიდან. ამავე დროს ექსპერტი თვლიდა, რომ მიუღებელია პარტიების ფინანსურ წყაროებზე კონტროლის დაწესება საგადასახადო ინსპექციის მხრიდან, ამისათვის აუცილებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიაში სპეციალური ორგანოს შექმნა. ვალეცკის პროექტის მიხედვით, დაფინანსება უნდა ხდებოდეს პარტიული შენატანებით, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ. თუმცა, ვალეცკი ამავე დროს აღნიშნავდა, რომ მისი რეკომენდაციები მთლად საქართველოს პირობებთან არ იყო მორგებული. „ჩემი რეკომენდაციების შემუშავებისას ვფიქრობდი, რომ საქართველო განვითარებული დემოკრატიული ქვეყანა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის გარდამავალ ეტაპზეა გაჩერებული“, - განაცხადა ვალეცკიმ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.2
ალბათ, ამიტომაც შემდეგში უკვე პრიორიტეტი მიენიჭა პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების შემოღებას. ეს დროებით და გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელ ზომად განიხილება. ევროსაბჭოს რეკომენდაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს დღევანდელ პირობებში პარტიების დაფინანსების ერთადერთი რეალური და ლეგალური გზა არის სახელმწიფო ბიუჯეტი. შესაბამისი კანონპროექტი 2005 წლის ზაფხულში საპარლამენტო ჯგუფის სტრასბურგში ვიზიტის დროს შემუშავდა. სახელმწიფოს მიერ პარტიების დაფინანსების პროექტზე პარლამენტარების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები მუშაობდნენ. რამდენიმე პროექტს შორის შეირჩა მემარჯვენე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომლის არსიც ზემოთ უკვე გადმოვეცით. „პარტიები, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოთ, ჰქონდეთ თავიანთი სტრუქტურის შენახვის და ფუნქციონირების საშუალება, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ“, - ასე დაასაბუთა პარლამენტარმა ზურაბ ტყემალაძემ თავისი გუნდის გადაწყვეტილება.3
მემარჯვენეების პროექტი კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმაც მოიწონეს. კონსერვატორ კახა კუკავას განცხადებით, „საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად აუცილებელია ლეგალური დაფინანსების წყაროების არსებობა, რადგან, ჩვენ ოპოზიციური პარტიები, პრინციპში შიშველი ხელებით ვებრძოდით საბიუჯეტო მილიონებს“. ლეიბორისტ გიორგი გუგავას თქმით, ასეთი დაფინანსების არსებობა ხელს შეუწყობს იმას, რომ პარტია არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ოლიგარქზე ან ისეთ ავანტურისტზე, როგორიც სოროსია და ეს გააჯანსაღებს ქვეყანაში არსებულ გარემოს.4
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ყურადღებას ამახვილებს ახალი კანონის ღირსებაზე. მისი თქმით, პარტიების დაფინანსება არჩევნებზე გარიგებების შემთხვევებს შეამცირებს და თითოეული ხმისათვის მძაფრი ბრძოლა გაჩაღდება.
_______________________________
1. „ალია“, 8-9 .III.2005
2. „რეზონანსი“, 8 .III.2005
3. „ქრონიკა“, 24-30.X.2005
4. „ქრონიკა“, 24-30.X.2005
![]() |
18.2 უცხოეთიდან დაფინანსება დაუშვებელია |
▲ზევით დაბრუნება |
ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ძირითადი ბრალდება უცხოეთიდან დაფინანსების წამოძახება ხდება. კანონით, ცხადია, ეს აკრძალულია, ამავე დროს, უცხოეთიდან „პოლიტიკური“ ფული, ფაქტია, შემოედინება, თუმცა ამ სფეროს გაკონტროლება არსებულ პირობებში ძალზედ რთულია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გასულ ზაფხულში აცხადებდა, რომ ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების დაწყების შემთხვევაში, ოპოზიციონერებმა, შესაძლოა, დაფინანსება უცხოეთიდან მიიღონ. „ჯერჯერობით არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ თუ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დაიწყებს, არ არის გამორიცხული, მათ დაფინანსება მიიღონ ჩვენთან არცთუ ისე მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოებიდან“, - აღნიშნავს კირკიტაძე.1
უნდა ითქვას, რომ ამ სახის განცხადებები საზოგადოებისთვის დიდად დამაჯერებლად არ ჟღერს. ამგვარი სერიოზული ბრალდების წაყენების დროს საჭიროა ფაქტები, სხვანაირად ასეთ განცხადებებს საპირისპირო შედეგი მოჰყვება ხელისუფლებისათვის. მით უმეტეს, რომ თავად ხელისუფლება არის უცხოეთიდან დაფინანსების მიღებაში ბრალდებული. „არავისთვის უცხო არ არის, რომ ვარდების რევოლუცია უცხოური კაპიტალით განხორციელდა, შესაბამისად, სახეზეა ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ნება. ის დღემდე მთლიანად დამკვეთის გავლენის ქვეშ არის. ბუნებრივია, ხელისუფლების ასეთი პოზიცია საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს და ამით ოპოზიციას მძლავრ კოზირებს აძლევს“, - აღნიშნავს ორგანიზაცია „“ქართველი ერის უფლებების“ თავმჯდომარე ზაზა დავითაია.2
ზაზა დავიათაიამ მთელი თეორია ჩამოაყალიბა უცხოეთიდან შემოსული ფულით ე.წ. „მართული ოპოზიციის“ ფორმირების მცდელობის შესახებ. მისი აზრით, ჯორჯ სოროსი, რომლის მოვალეცაა არსებული ხელისუფლება, ამით არ დაკმაყოფილდება შეეცდება ოპოზიციაშიც იყოლიოს თავისი მომხრეები. „მას სჭირდება, რომ ოპოზიციის ნიშა შევსებული იყოს მისგან მართული ძალებით, რომლებიც გარეგნულად ხელისუფლებას დაუპირისპირდება, სინამდვილეში კი ისინი ხელისუფლების პარალელური გზით ივლიან. სოროსმა დაიწყო შერჩევა, თუ ვინ დააფინანსოს და გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის. სამწუხაროდ, ამის მსურველები საქართველოში მრავლად არიან, შესაბამისად სოროსს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს“, - აცხადებს დავითაია.
დავითაიას აზრით, ფსევდოოპოზიციის შესაქმნელად ზრუნავს აშშ-ის სამთავრობო წრეები და ამ საქმეში მნიშვნელოვანი თანხის დაბანდებასაც აპირებს. „მათი მიზანია ისეთი ოპოზიციის შექმნა, რომელიც მომავალში ხელისუფლებას ჩაენაცვლება. ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-ის და სოროსის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა“.
დავითაიას თქმით, ოპოზიციის დაფინანსებას შეეცდებიან ასევე შევარდნაძის რეჟიმის ჩინოსნები, რომლებიც მდგომარეობის დაბრუნებას შეეცდებიან და თავიანთ დიდძალ რესურსებს აამოქმედებენ, როგორც ფინანსების სახით, ისე კონტაქტებით დასავლურ და რუსულ სახელმწიფო წრეებთან. „ისინი შეეცდებიან კაპიტალით შექმნან ოპოზიციური ძალა და დასავლეთი რუსეთთან ერთად დაარწმუნონ, რომ ფსონი მათზე დადონ. ამ ძალის კოზირია ის, რომ გააჩნიათ მართვის ტექნოლოგიების ცოდნა და ინტელექტი, რისი დეფიციტია დღევანდელ ხელისუფლებაშიც“.
გააქტიურდება რუსეთიც. ისიც შეეცდება, რომ საქართველოზე გავლენა შეინარჩუნოს და სასურველი ხელისუფლება მოიყვანოს. დავითაიას განცხადებით, „პროამერიკული ტენდენციები ანტიეროვნული არსის გამო საქართველოს მოსახლეობაში პროტესტის გრძ. ობას იწვევს. რუსეთი ამას დაეყრდნობა და შეეცდება დააფინანსოს ეროვნულობის მანტიაში შეფუთული ანტიდასავლური ძალები და ამ ეტაპზე ეს ძალა ოპოზიციად, ხელისუფლების მომავალ შემცვლელად წარმოაჩინონ. ამ მიზნით აქცენტი გაკეთდება იგორ გიორგაძის მსგავს პიროვნებებზე, რომელსაც რუსული ფულებით გამოძერწავენ, როგორც ლიდერს“.3
დავითაიას თვალსაზრისის გადმოცემას ამდენი ყურადღება იმიტომ დავუთმეთ, რომ მასში შეჯამებული და გაერთიანებულია ამ საკითხთან დაკავშირებით პერიოდულად გამოთქმული მოსაზრებები და ურთიერთბრალდებები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამ თემაზე კიდევ უფრო მწვავე განცხადებები გაკეთდება.
ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს მისი ორგანიზატორები ფულს ურიგებენ და ეს ფული რუსეთიდან არის შემოსული. ოპოზიცია, ცხადია, ამგვარ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ხალხს ხუთ ლარს უხდის მიტინგზე მისასვლელად. „ხუთლარიანი მომიტინგეების გარდა (რა თქმა უნდა, მე ყველას შესახებ არ ვსაუბრობ) იქ კიდევ გარკვეული „თანამდებობის პირები“ არიან - ასმეთაურები ჯამაგირის სახით 500 ლარს იღებენ, ოცმეთაურები - 250 ლარს“, - აღნიშნავს კოტე გაბაშვილი.4
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ საიდან უნდა ჰქონდეს ოპოზიციას ამდენი ფული, გაბაშვილი რუსეთისკენ მიუთითებს და აღნიშნავს, რომ „რუსეთში საქართველოს მიმართულებით ასეთი სამუშაოებისთვის უკვე შეგროვდა 250 მილიონი დოლარი“. გარდა ამისა, კრემლში მოდესტ კოლეროვი დანიშნეს სპეციალურ თანამდებობაზე პუტინის ადმინისტრაციაში. მისი ფუნქციაა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის პოზიციის პროპაგანდა და ამისთვის სპეციალური ბიუჯეტიც აქვს გამოყოფილი 200 მლნ დოლარის ოდენობით.5
ხელისუფლების მხრიდან ამგვარი ბრალდების წამოყენებისთანავე, ცხადია, მაშინვე გაიხსენებენ ვარდების რევოლუციის პერიოდს, როდესაც მაშინ ოპოზიციაში მყოფ დღევანდელ ხელისუფალთ იგივე ბრალდებას უყენებდნენ უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ. კოტე გაბაშვილის თქმით, მიუღებელი სრულიადაც არ არის, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციას „რომელიმე დემოკრატიული ინსტიტუტი აფინანსებდეს“. გაბაშვილის განცხადებით, „მთავარია ასეთ საქმეში ქურდების და სპეცსამსახურების ფული არ გაერიოს“.6
დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ოპოზიციის მიმართ წაყენებული ამ ბრალდების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველობა ძალზედ სწრაფად ემსგავსება შევარდნაძის მმართველობას და იგივე აბსურდული ბრალდებები ჟღერს ოპოზიციის მისამართით. „თუ ხელისუფლებამ ისევ გააგრძელა ამგვარი მიდგომა, მშვენიერ რევოლუციას მიიღებს. ვერ გეტყვით ამას რა დაერქმევა სახელად, მაგრამ ყველაფერი იქით მიდის!“, - აღნიშნავს ძიძიგური.
_____________________________
1. „ახალი ვერსია“, 27-28.VI.2005
2. „ახალი თაობა“, 27.VI.2005
3. „ახალი თაობა“, 27.VI.2005
4. „ალია“, 18-20 .III.2006
5. „ალია“, 18-20 .III.2006
6. „ალია“, 18-20 .III.2006
![]() |
18.3 პარტიები ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური პარტიები 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან. საქართველოს პარლამენტმა 7 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შესახებ გადაწყვეტილება და ამით ცვლილებები შეიტანა „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონპროექტში.
აღნიშნული ცვლილებები პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა სტრასბურგში, ევროსაბჭოში კონსულტაციების შემდეგ შეიმუშავა. 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ის პარტიები, რომლებმაც 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში 4-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფლება“ და „ახალი მემარჯვენეები“. „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ის ფრაქციებიც, რომლებსაც აღნიშნული კანონის მიღებამდე საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები შექმნიან.
„პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ“ კანონის თანახმად, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ოთხპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, თანხები მიღებული ხმების შესაბამისად გადაუნაწილდებათ. პარტიები შემდეგი ფორმულის მიხედვით დაფინანსდებიან - არჩევნებში მიღებულ 200 ათას ხმამდე თითოეულ ამომრჩეველზე გათვალისწინებულია 2 ლარი, დამატებით 200 ათასიდან 500 ათასამდე მიღებულ ხმებზე 1,5 ლარი, ხოლო 500 ათასზე ზევით მიღებულ ხმებზე - 1 ლარი. გარდა ამისა, ყოველთვიურად დამატებით 200 ლარი გამოეყოფათ პროპორციული სისტემით არჩეულ პარლამენტარებს, რომლებიც პოლიტიკურ პარტიაში არიან გაწევრიანებულნი. საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი თანხა კი თანაბრად გადანაწილდება მასში გაერთიანებულ პარტიებს შორის.1
2006 წლის ბიუჯეტიდან „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს 1 მილიონ 352 ათას ლარს, „მემარჯვენე ოპოზიცია“ - 226 ათას ლარს, ლეიბორისტული პარტია - 179 ათას ლარს, ხოლო პარტია „თავისუფლება“ - 131 ათას ლარს.2 კანონპროექტის ავტორებმა „კონსერვატორების“ პრეტენზიები გაითვალისწინეს და იმ საპარლამენტო ფრაქციის დაფინანსებაც ბიუჯეტიდან მოხდება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოსულმა დეპუტატებმა შექმნეს. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების გადაანგარიშების შემდეგ დადგინდა, რომ პარლამენტში აღნიშნული პარტიის სიით შესული დეპუტატისათვის წლიურად 9 ათასი ლარი გამოიყოფა. ამ თანხას ის დეპუტატები მიიღებენ, რომლებმაც ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ კანონპროექტის მიღებამდე დატოვებენ.3
საპარლამენტო ოპოზიცია აყენებს ალტერნატიულ წინადადებას და მოითხოვს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული პარტიებიც და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებში გამარჯვებული პარტიებიც. პარლამენტის ვიცესპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ალტერნატიულ წინადადებას პარლამენტართა ჯგუფი ევროპელ კოლეგებს გააცნობს და თუ ევროპელი კოლეგებიც მოიწონებენ, შესაძლებელია საქართველოს პარლამენტმა მართლაც იმსჯელოს და მიიღოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან არა მარტო ოთხპროცენტიან ბარიერგადალახული პარტიები, არამედ თვითმმართველობის არჩევნებში შედეგმიღწეული პარტიებიც.4
საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიულ ფრონტს“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ალტერნატიული წინადადება ჰქონდა, თუმცა პარლამენტმა მათი წინადადება არ გაიზიარა, რაც სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა გააპროტესტა. მისი განცხადებით, ნორმა რომელიც პარლამენტმა მიიღო ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისათვის გამოყოფილი თანხის 75 პროცენტით დაფინანსდება. იმ ვარიანტით კი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ და „კონსერვატორები“ პარლამენტს სთავაზობდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიებისათვის გამოყოფილი თანხის 65 პროცენტით უნდა დაფინანსებულიყო. „ეს არის ერთადერთი არსებითი წინააღმდეგობა, რაც ჩვენსა და თქვენს კანონპროექტს შორის იყო და რასაც, სამწუხაროდ, თქვენ მხარი არ დაუჭირეთ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.5
ცხადია, პარტიები ბიუჯეტიდან მიღებულ სახსრებს არ იკმარებენ და სხვა წყაროების მოშველიებასაც შეეცდებიან. პარტიების მიერ რეალურად მოზიდული თანხების დათვლა კი იოლი საქმე არ არის. ისიც ცხადია, რომ, ამ მხრივ, ხელისუფლების შესაძლებლობები დღეს მნიშვნელოვნად აღემატება ოპოზიციის შესაძლებლობებს. ხელისუფლების მიერ „ადმინისტრაციული“ და სხვა რესურსების გამოყენების თაობაზე ოპოზიციას სერიოზული ეჭვები აქვს. მაგალითად, 2006 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ოპოზიციამ ყურადღება მიაქცია, რომ საბიუჯეტო ხარჯებში გამჭვირვალედ არ არის გაწერილი 505 მილიონი ლარი. უბრალოდ აღნიშნულია - „სხვა ხარჯები“ და აქ რა იგულისხმება კაცმა არ იცის. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს გაუშიფრავი ხარჯები 2006 წელს ხელისუფლებამ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებს მოახმაროს, თავისი კანდიდატურების აგიტაცია-პროპაგანდისთვის.6
_________________________
1. „ხვალინდელი დღე“, 15.XII.2005
2. „რეზონანსი“, 19.XI.2005
3. „24 საათი“, 19.XI.2005
4. „ხვალინდელი დღე“, 15.XII.2005
5. „რეზონანსი“, 8.XII.2005
6. „ალია“, 8-9.XII.2005
![]() |
18.4 დასაშვებია თუ არა ანონიმური დაფინანსება |
▲ზევით დაბრუნება |
გარდა საბიუჯეტო ფულისა, პარტიებს შემოწირულობების მიღებაც შეუძლიათ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად და აღრიცხული იყოს პარტიის საფინანსო დეკლარაციაში იურიდიული და კერძო პირებისაგან მიღებული თანხა კანონის თანახმად, „არ უნდა აღემატებოდეს მშრომელის მინიმუმ თვიურ ხელფასს, აღებულს 15-ჯერ, არჩევნების გამოცხადების წინა დღით ადრე“. ანუ თუკი არჩევნების წინ მინიმალური ხელფასი 115 ლარს მიაღწევს, მაშინ ეს თანხა 1725 ლარზე მეტი ვერ იქნება.
ძალზედ მწვავედ დგას ანონიმური შემოწირულობების საკითხი. თავიდან მომზადებული პროექტის თანახმად, პარტიების და კანდიდატების მიერ ანონიმური დამფინანსებლებისაგან თანხების მიღება გამორიცხული იყო. საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტში აღნიშნული იყო, რომ „ანონიმური კონტრიბუციები დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში“.1 ოპოზიციური პარტიები დამფინანსებლის სურვილს, ანონიმად დარჩენილიყვნენ, იმით ხსნიან, რომ ბიზნესმენებს პრობლემები ექმნებოდათ ხელისუფლებასთან. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიზნესმენებს ძალზედ უჭირთ მათ სასარგებლოდ თანხების გაღება, რადგანაც ისინი მაშინვე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ ექცევიან. „დღეს საკმარისია, რომელიმე კომპანიამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია დააფინანსოს, მას მეორე დღესვე მიუკაკუნებენ კარზე, მის ყველა წარმოებას დალუქავენ“, - აცხადებს პარლამენტარი კახა კუკავა.2
კანონპროექტის თანახმად, ყოველწლიურად ნებადართულია ანონიმური დაფინანსების მიღება არაუმეტეს 30 ათასი ლარის ოდენობით. ანონიმური შემოწირულობები აღნიშნული თანხის ზევით პოლიტიკური გაერთიანების საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერმ დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ანონიმურად ითვლება შემოწირულობა, რომლის შემომტანი იურიდიული პირის მისამართი და სახელწოდება, აგრეთვე ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მამის სახელი და მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი, პასპორტის ნომერი ან პირადი ნომერი არ არის დაფიქსირებული.
_____________________________
1. „ალია“, 8-9 .III.2005
2. „24 საათი“, 10.XII.2005
![]() |
18.5 ამომრჩეველთა მოსყიდვა დაუშვებელია |
▲ზევით დაბრუნება |
კანონი პარტიებსა და პოლიტიკოსებს ამომრჩეველთა მოსყიდვასაც უკრძალავს. სტრასბურგში მომზადებული დოკუმენტის თანახმად, პარტია შეიძლება არჩევნებიდან მოხსნან, ან შედეგები ბათილად სცნონ, თუკი მას დაუმტკიცდება ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობა. ამ პუნქტის გამოყენებას ოპოზიცია უკვე ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. „მოდით ვნახოთ, რა შედის მოსყიდვაში? ეს არის ყველანაირი სახის უფასო მომსახურება, ფქვილის დარიგება იქნება თუ ტანსაცმლის, ამ მუხლის თანახმად, უფასო კვებაც მოსყიდვად ითვლება, სწორედ ამიტომ არ მოსწონთ „ნაციონალებს“ ეს მუხლი და მის ღიად დატოვებას ითხოვენ. მაშინ ხომ წყალში ჩაეყრებათ ამდენი უფასო სასადილოებისათვის გაღებული თანხები ბიუჯეტიდან. ეს სასადილოები კი ამ მოხუცების ხმებისთვის რომ იხსნება, რა დასამალია. მე მგონი, ამ მოხუცების პასპორტის მონაცემები და პიროვნების საიდენტიფიკაციო ყველა ნომერი უკვე იციან, რომ მერე საარჩევნო ყუთებში უპრობლემოდ მოხვდეს“, - აღნიშნავს „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი, პარლამენტარი მამუკა კაციტაძე.1
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კანონის ამ სახით მიღება არასახელისუფლო პოლიტიკურ ძალებს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის. „დღევანდელ საქართველოში, გასაგები მიზეზების გამო, ბიზნესმენთა უმეტესობის იმედი მხოლოდ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს. საწევროებითა და კერძო პირთა შემოწირულობები პარტიას არსებობა რამდენად შეუძლია, ესეც ყველასთვის ცნობილია... გამოდის, ხელისუფლება შეზღუდვებს ოპოზიციისათვის აწესებს, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება, ლოგიკურად, მხოლოდ სახელისუფლო ძალას ექნება“, - აღნიშნავს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თემურ ნერგაძე.2
_______________________________
1. „ალია“, 17-19.XII.2005
2. „ხვალინდელი დღე“, 8 .III.2005
![]() |
18.6 პარტიების უმრავლესობამ ქონებრივი დეკლარაციები არ შეავსო |
▲ზევით დაბრუნება |
2006 წლის 1 თებერვლისათვის პარტიებს თავიანთი ფინანსური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროსთვის უნდა წარედგინათ. საქართველოში არსებული 178 პოლიტიკური პარტიიდან იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია მხოლოდ 23 პარტიამ წარადგინა. დანარჩენ პარტიებს კანონის დარღვევისათვის დაჯარიმება ელით. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 30 და 32 მუხლების მიხედვით, რომელიც წელს ამოქმედდა, პარტიები ვალდებულნი არიან, თავიანთი ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები წარმოადგინონ. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის, გია გოგიბერიძის განცხადებით, პოლიტიკურად აქტიურმა და მოსახლეობისათვის ცნობადმა პარტიებმა დეკლარაციები შეავსეს, რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი აქტიური პოლიტიკური პარტიები არ არიან.1
დებულება, რომელიც პარტიის მიერ დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს, 2006 წელს ამოქმედდა. ადრე დეკლარაციების წარდგენა ნებაყოფლობითი იყო. საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა ყოველი წლის 1 თებერვლამდე გასული წლის საფინანსო დეკლარაცია გაზეთებში უნდა გამოაქვეყნონ, მისი ასლი კი 10 დღის ვადაში იუსტიციის სამინისტროს უნდა წარედგინოს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა ჯარიმას ითვალისწინებს. ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდეა. მაგრამ, თუ აღმოჩნდება, რომ დამალულია 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების შემოწირულობა, ამ შემთხვევაში სანქცია 3 ათასიდან 5 ათას ლარამდეა. საჯარიმო თანხები ბიუჯეტში მიდის. პარტიებს, რომლებმაც დეკლარაცია არ წარმოადგინეს, ჯარიმას სასამართლო დააკისრებს. სასამართლო შეაფასებს, რა იყო მიზეზი, რა მოხდა და ა.შ. სასამართლოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტმა და საგადასახადო სამსახურმა უნდა მიმართონ.
დეკლარაციები შეავსეს: ლეიბორისტებმა, „რესპუბლიკელებმა“, „მრეწველებმა“, „ახალმა მემარჯვენეებმა“, „სამართლიანობამ“, „ნაციონალებმა“, „კონსერვატორებმა“, „სახალხო ფრონტმა“, „პროგრესისტულმა პარტიამ“, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტიამ“, „მძლეველმა“, „ლექტორთა კავშირმა“, „ეროვნულ-ქრისტიანულმა პარტიამ“, „საერთო ნიადაგის პარტიამ“ და სხვებმა.
დეკლარაციებში დაფიქსირებული ხარჯების თანახმად, ყველაზე მეტი „ნაციონალებმა“ დახარჯეს, ყველაზე მცირე თანხა კი „მრეწველებმა“. „ნაციონალების“ 2005 წლის დეკლარაციაში 610.618 ლარის ხარჯებია დაფიქსირებული, „რესპუბლიკელების“ ხარჯებმა 25.635 ლარი შეადგინა, „ახლების“ - 83.188 ლარი, „სამართლიანობა“ - 77.336 ლარი, კონსერვატორები - 18.834, „მრეწველები“ - 10 ათასი ლარი, ლეიბორისტების - 12.586 ლარი, აქედან 12.406 ლარი შემოწირულობებია, 180 ლარი კი საწევრო გადასახადი. ამ თანხიდან 4.508 ლარი კომუნალური ხარჯებია, 6127 ლარი საკომუნიკაციო, ხოლო 1951 ლარი პრესაზე დაიხარჯა. ზოგიერთი პარტიის დეკლარაციაში მარტო ხარჯები იყო წარმოდგენილი, ზოგიერთებისაში კი ქონებაც.
_______________________________
1. „მთელი კვირა“, 20.II.2006
![]() |
18.7 უნდა შეამოწმოს თუ არა კონტროლის პალატამ პარტიებისთვის გამოყოფილი თანხები |
▲ზევით დაბრუნება |
ფრაქცია „მაჟორიტარების“ წარმომადგენელმა ზურაბ ბუცხრიკიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონში შევიდეს ცვლილება და კონტროლის პალატამ არ შეამოწმოს იმ თანხების მიზნობრივი ხარჯვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ოპოზიციის აზრით, ეს ცვლილება ანტიკონსტიტუციურია და საბიუჯეტო სახსრების თვითნებურად განკარგვის საშუალებას ქმნის. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ეს ცვლილებები ევროსაბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მომზადდა და თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ თანხების მიზნობრიობის შესასწავლად კერძო აუდიტი უნდა დაიქირაოს.1
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის შესაბამისად, პარტიებს, რომელთაც უკანასკნელ საერთო არჩევნებში 4%-იანი ბარიერი გადალახეს, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა მიღებული ხმების შესაბამისად გამოეყოფათ. კერძოდ, 200 ათასიდან 500 ათას ხმამდე - თითოეულ ამომრჩეველს ხმაზე 1,5 ლარი. დამატებით 500 ათას ხმაზე ზევით - თითოეული ამომრჩევლის ხმაზე 1 ლარი. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს ყოველთვიურად დამატებით გამოეყოფა 200 ლარი უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად თითოეული პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის. ხოლო საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი თანხა თანაბრად ნაწილდება მასში გაერთიანებულ პარტიებს შორის.2
კანონის შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 1 მლნ ლარს მიიღებს, „ახალი მემარჯვენეები“ - დაახლოებით 110 ათას ლარს, კონსერვატორები და რესპუბლიკელები კი 5-5 ათას ლარს. რადგანაც პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან ხდება, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კონტროლის პალატა ვალდებულია, შეამოწმოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის საქმიანობა იმ ნაწილში, რომელიც ბიუჯეტის თანხებთანაა დაკავშირებული.3
პარლამენტში შემუშავებული ცვლილებების ინიციატორის აზრით, კონტროლის პალატის მხრიდან შემოწმებას თავისუფლად შეცვლის სხვა მექანიზმი: საჯაროობისათვის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახული იქნება ნებისმიერი შემოსავალი და ხარჯი, რომელიც აუდიტორის მიერ იქნება შემოწმებული. ოპოზიცია ამ არგუმენტებს არასაკმარისად მიიჩნევს და აღნ იშნავს, რომ საფინანსო დეკლარაციისა და აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების ვალდებულება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ პარტიამ დაარღვიოს კანონი და არ გამოაქვეყნოს დეკლარაცია, მაგრამ მომდევნო წელს ის დაფინანსებას ვეღარ მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის პალიკო კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ პარტიების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან წამოსული თანხები მიზანმიმართულად გამოიყოფა, ამიტომ თავად პარტიის გადასაწყვეტია, თანხა რა მიზნებისათვის დაიხარჯოს.
ოპოზიცია წინააღმდეგი არ არის, ბიუჯეტიდან მათი პარტიისათვის გამოყოფილი თანხები კონტროლის პალატამ შეამოწმოს. უმრავლესობის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ორგანიზაციების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან წამოსული თანხები თავად პარტიებმა უნდა განკარგონ.4
______________________________
1. „რეზონანსი“, 11 .IV.2006
2. მემორანდუმს, რომელიც „განზრახულობათა ოქმის“ სახელითაა ცნობილი და პარტიების სახელმწიფოსგან დაფინანსებას გულისხმობს, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა 2005 წელს სტრასბურგში. ამ მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარტიების დაფინანსების გამჭვირვალეობაა. მემორანდუმმა საფუძველი დაუდო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ დღეს მოქმედი კანონის მიღებას.
3. საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლის თანახმად, „სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს საქართველოს კონტროლის პალატა“
4. „რეზონანსი“, 11 .IV. 2006