![]() |
დაცვის სტრატეგია |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ჩოფიკაშვილი არჩილი |
| თემატური კატალოგი სამართალი|სისხლის სამართალი |
| საავტორო უფლებები: © ,,კონსტიტუციის 42 -ე მუხლი“ |
| თარიღი: 2004 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" - [1-ლი გამოც.] - თბ., 2004 - 29გვ. ; 20სმ. - : [უფ.] [MFN: 28976] გამოცემულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით კონტრაქტის №114-C-00-01-00136-00. გრანტის №106.000.04-675 გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის თვალსაზრისს არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ დაწერილი ბროშურა ,,დაცვის სტრატეგია“ შეეხება აქტუალურ თემას, რომელსაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ის, რომ ასეთი სახის ლიტერატურა ჩვენში თითქმის არ მოიპოვება. ამდენად, ბროშურის გამოქვეყნება გარკვეულწილად შეავსებს ამ ხარვეზს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ბროშურის გამოცემა საჭირო და დროული საქმეა. იური გაბისონია თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი თ.ს.უ-ს დოცენტი შუამდგომლობა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ |
![]() |
1 1. შესავალი, მტკიცებულება და მტკიცებულებათა მოპოვების წინაპირობები |
▲ზევით დაბრუნება |
სისიხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გამოძიება, საქმის სასამართლოში წარმართვა, სასამართლო განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება, საქმეზე უნიშვნელო გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენელია გარკვეული ფაქტების, ინფორმაციის, დოკუმენტებისა და გარემოებების გარეშე.
სს საქმის აღძვრის, კოკრეტული პიროვნების დადგენისა და სს დევნის დაწყების საფუძველს წარმოადგენს დანაშაულის ნიშნების არსებობა.
მუხლი №22-სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
1. დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ იწყება გამოძიების პროცესი, რომლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს მტკიცებულების მოპოვება და საპროცესო დამაგრება.
მტკიცებულება სს საპროცესო კოდექსში განმარტებულია, როგორც:
მუხლი 110. მტკიცებულების ცნება
1. მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზეც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართალწარმოება, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.
2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დაშვებულია:
ა) ეჭვმიტანილის ჩვენება;
ბ) ბრალდებულის ჩვენება;
გ) განსასჯელის ჩვენება;
დ) დაზარალებულის ჩვენება;
ე) მოწმის ჩვენება;
ვ) ექსპერტის დასკვნა;
ზ) ნივთიერი მტკიცებულებანი;
თ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები;
ი) სხვა დოკუმენტები.
21. სისხლის სამართლის პროცესში პირის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად დასაშვებია ფარული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი, თუ იგი დაფიქსირებულია:
ა) ფარულად იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო დანაშაული და რომელიც არის საუბრის ან ქმედების მონაწილე;
ბ) ტექნიკური საშუალებით შემთხვევით, რაც ასახავს განხორციელებულ ქმედებას. (13.02.2004 №3287)
22. ფარული აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება სასამართლო გადაწყვეტილებით. (13.02. 2004 №3287)
3. მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები უნდა დაერთოს საქმეს. ისინი უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს მეორე მხარემ, აგრეთვე ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს. მხოლოდ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სასამართლო კამათსა და სასამართლო განაჩენში.
4. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით მიღებული მონაცემები შეიძლება გახდეს ამა თუ იმ საპროცესო წყაროს ცნობისა და ფაქტის (დოკუმენტის გარდა) შინაარსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება, როგორც მტკიცებულებები.
![]() |
2 2. საქმეთა განხილვის ზოგიერთი თავისებურებანი პრაქტიკული კუთხით |
▲ზევით დაბრუნება |
საპროცესო კოდექსის თანახმად, საქმის წარმოების პრინციპები შემდეგი სახით განისაზღვრება:
მუხლი 18. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ვალდებულნი არიან, უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
2. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი.
3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს.
ანალოგიურად არეგულირებს იმავე საკითხს კონსტიტუციის 82-ე და სსრკ მე-15 მუხლები. მიუხედავად ამისა, საქმეთა წარმოება მაინც ცალმხრივად, მხოლოდ გამამტყუნებელი კუთხით მიმდინარეობს. საქმის მწარმოებელი ორგანო, გარკვეული მიზეზების გამო, მოკვლევისა და გამოძიების პროცეს სყოველთვის (გამონაკლისების გარდა) ცალმხრივად, ბრალდების კუთხით წარმართავს. აღსანიშნავია, რომ ასეთ პრაქტიკას, გარკვეულწილად, საპროცესო კოდექსიც უწყობს ხელს.
ადვოკატის მონაწილეობა გამოძიების პროცესში, ბრალდების მტკიცებულებების მოპოვებისას შეზღუდულია. მაგალითად, ადვოკატი არ მონაწილეობს ბრალდების მოწმეების დაკითხვაში, გამომძიებლის ინიციატივით წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებსა (თუ ეს მისიდაცვის ქვეშ მყოფს არ შეეხება) და ა.შ.
პრაქტიკის თანახმად, სასამართლოში შესული სს საქმეები, ძირითადად, შედგება მტკიცებულებებისაგან, რომლებიც ბრალდების ინიციატივითაა მოპოვებული და ადასტურებს ბრალეულობას.
![]() |
3 3. სასამართლოში საქმის განხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლოში საქმის მიღების შემდეგ იწყება სს პროცესის ახალი ეტაპი - საქმის სასამართლო განხილვის სტადია, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და დიდ როლს ასრულებს საბლოო გადაწყვეტილების მიღებისას
სს საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლო განხილვა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
1. სასამართლოში მიცემა;
2. სასამართლო სხდომის მომზადება;
3. სასამართლო გამოძიება;
4. მხარეთა კამათი;
5. განაჩენის დადგენა და გამოცხადება.
ყურადღებას გავამახვილებთ სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ნაწილზე, რომელიც რეგულირდება 457-469-ე მუხლებით.
საქმეზე საბოლოო შედეგისა და ბრალდების პოზიციის დასაზუსტებლად ამ სტადიაზე უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სასამართლოსადმი შუამდგომლობათა წარდგენას, რომელიც სსსკ 468-ე მუხლით რეგულირდება.
მუხლი 468. შუამდგომლობის განცხადება და გადაწყვეტა
1. თავმჯდომარე პროცესის მონაწილე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა წარმომადგენლებს ეკითხება, აქვთ თუ არა შუამდგომლობა, რომ გამოითხოვონ ან საქმეს დაურთონ ახალი მტკიცებულებანი, მოიწვიონ მოწმეები, ექსპერტები, დანიშნონ ექსპერტიზა, გამოითხოვონ ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტები. პირი, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა.
2. თავმჯდომარე ვალდებულია გაარკვიოს, აქვთ თუ არა მხარეებს შუამდგომლობა საქმის მასალებიდან მტკიცებულებათა ამოღების შესახებ.
3. ყოველი განცხადებული შუამდგომლობა სასამართლომ უნდა განიხილოს და გაიგოს პროცესის მონაწილეთა აზრი, თუ გარემოებები, რომელთა დასადგენდაც განცხადებულია შუამდგომლობა, შეიძლება საქმისთვის მნიშვნელოვანი იყოს, ან თუ მტკიცებულება კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას, თუ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება). პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას.
![]() |
4 4. შუამდგომლობა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
4.1. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის იურიდიული შედეგები
4.2. დასაშვებობის შესახებ დავის საფუძვლები
4.3. დასაშვებობის გარკვევის პროცედურა
4.4. შუამდგომლობის სტრუქტურა
შუამდგომლობა, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ, უმეტეს შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია დაცვის განსახორციელებლად, როგორც პირველი ინსტანციით (რაიონულ (სამოქალაქო) სასამართლოში), ასევე სააპელაციო (თბილისისა და ქუთაისის საოლქო და აფხაზეთისა და აჭარის უზენაეს სასამართლოებში) განხილვებისას.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ისევე, როგორც რაიონულ სასამართლოში მოსამზადებელი სტადია მიმდინარეობს საერთო წესით:
მუხლი 532. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი ტარდება 457-469-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
4.1. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის
იურიდიული შედეგები
მტკიცებულება, რომელშიც დაუშვებლად ცნეს, აღარ გამოიყენება საქმის წარმოებისას და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას
მუხლი 111. დაუშვებელი მტკიცებულება
4. დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულება ამოიღება სისხლის სამართლის საქმიდან და ინახება პროცესის მწარმოებელი ორგანოს კანცელარიაში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადის განმავლობაში.
4.2. დასაშვებობის შესახებ დავის საფუძვლები
მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძვლები მოცემულია სსსკ-ის 111-ე მუხლში:
მუხლი 111. დაუშვებელი მტკიცებულება
1. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია:
ა) იმ თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი არ არის შეკრიბოს მტკიცებულებანი ამ საქმეზე;
ბ) კანონით გაუთვალისწინებული წყაროდან;
გ) კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით;
დ) პირისაგან, რომელმაც დაარღვია კანონი ან რომელსაც არ შეუძლია მიუთითოს, რა წყაროდან, სად, როდის და როგორ გამოვლინდა მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები.
თუ რომელიმე მტკიცებულება მოპოვებულია 111-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი დარღვევის შედეგად, დაცვის მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, იშუამდგომლოს და მოითხოვოს მისი დაუშვებლად ცნობა.
4.3. დასაშვებობის გარკვევის პროცედურა
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სსსკ-ით (475,7) უფლება აქვს, საქმეთა განხილვისას თავის ინიციატივით ცნოს მტკიცებულება დაუშვებლად, ასეთი შემთხვევები მხოლოდ გამონაკლისის სახით გვხვდება.
მოთხოვნა სასამართლოსადმი, დაუშვებლად ცნოს ესა თუ ის მტკიცებულება, ხდება შუამდგომლობის სახით, რომლის განხილვაც სასამართლოსთვის სავალდებულოა.
საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ასეთი სახის შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტა მნიშვნელოვნად აადვილებს სასამართლო გამოძიებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.
იმ შემთხვევაში, თუ დამცველი დროულად გაამახვილებს სასამართლოს ყურადღებას საქმეში არსებულ დარღვევებზე და სასამართლოც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ანუ დაუშვებლად ცნობს და საქმიდან ამორიცხავს კანონდარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, სასამართლო გამოძიება წარიმართება მხოლოდ კანონიერი და დასაშვები მტკიცებულებების ფონზე, რაც უფრო გაამარტივებს და დროში შეკვეცს სასამართლო განხილვის პროცესს.
შუამდგომლობის განცხადების შემდეგ სასამართლო ისმენს მხარეთა აზრს და გადის სათათბირო ოთახში, გადაწყვეტილების მისაღებად.
ხშირია შემთხვევა, როდესაც ბრალდების მხარე შუამდგომლობის განცხადების შემდეგ დროს ითხოვს მოსამზადებლად და სასამართლოც თანხმდება. ამის გამო შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება 3 დღე-ღამეზე მეტ ხანს ჭიანურდება, რაც ეწინააღმდეგება სსსკ 231-ე მუხლის მე-6 ნაწილს.
მუხლი 231. შუამდგომლობის განცხადების წესი
6. შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი განცხადების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა.
სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, განჩინებას (დადგენილებას) და აცხადებს მას საჯაროდ. დასაშვებობის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება, სსსკ 525-ე და 553-ე მუხლების შესაბამისად, საჩივრდება ძირითადად გადწყვეტილებასთან ერთად.
4.4. მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ
შუამდგომლობის სტრუქტურა
მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობა პირობითად შეიძლება დავყოთ შემადგენელ ნაწილებად:
1. შესავალი ნაწილი;
2. სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოების აღწერა;
3. იმ სამართლებრივ ნორმათა მითითება, რომლებიც არეგულირებს სამართალდარღვევის ურთიერთობას;
4. იმ სამართლებრივი ნორმების მითითება, რომელზეც დაყრდნობითაც წარვადგენთ მოთხოვნას. არსებული ვითარების შეფასება და მისაღები გადაწყვეტილების დასაბუთება;
5. შუამდგომლობის წარდგენისა და განხილვის მარეგულირებელ ნორმათა მითითება;
6. უშუალოდ მოთხოვნა;
7. ხელმოწერა და თარიღი.
1. შესავალი ნაწილი, თავის მხრივ, შეიძლება დავყოთ ქვეპუნქტებად.
ა. სასამართლოს და მოსამართლის მითითება, ვისაც წარვუდგენთ შუამდგომლობას;
მაგ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, კოლეგიის თავმჯდომარეს, პეტრე პეტრიაშვილს
ბ. შუამდგომლობის ავტორის კლიენტი და პროცესუალური მდგომარეობა;
მაგ. აპელანტ პავლე პავლიაშვილის ადვოკატ გრიგოლ ხაჭაპურიძის
გ. საპროცესო დოკუმენტის დასახელება - შუამდგომლობა;
დ. გარემოების მითითება, რასაც შეეხება შუამდგომლობა;
მაგ. მტკიცებულების, პირადი ჩხრეკის ოქმის დაუშვებლად ცნობის შესახებ.
2. სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოებების აღწერა.
შუამდგომლობის ამ პუნქტში აღიწერება ის გარემოება, სამართალდარღვევა, რომელიც გახდება ჩვენი მოთხოვნის საფუძველი.
მაგ. პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც თარიღდება 2003 წლის 25 მაისით (სფ.11) შეადგინა პოლიციის თანამშრომელმა პ. პავლიაშვილმა; საგამოძიებო მოქმედებაში დამსწრის სახით მონაწილეობენ მოქალაქეები: კობა კობეშავიძე მცხ.ალგეთის №17 და ბადრი ბადრიძე, მცხ. კოსტავას №45.
კობა კობეშავიძე და ბადრი ბადრიძე 2003 წლის 25 ივნისს მოწმის სახით დაჰკითხა გამომძიებელმა გურიელ გურულმა (სფ.45-49). დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ორივე პიროვნება 2000 წლის 1-ლი იანვრიდან გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან.
3. იმ სამართლებრივ ნორმათა მითითება, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობას და მიუთითებს სამართალდარღვევაზე.
შუამდგომლობის ამ პუნქტში უნდა აისახოს ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც სასამართლოსა და მხარეებს ნათლად დაანახებს სამართალდარღვევის არსებობას.
მაგ: (ზემოაღნიშნულ შემთხვევაში) სსსკ 321-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:
მუხლი 321. ამოღებისა და ჩხრეკის დამსწრე
1. ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა არანაკლებ ორი დამსწრისა. პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, უფლება აქვს აცილება მისცეს დამსწრეს, თუ საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ დამსწრე გაახმაურებს მონაცემებს გასაჩხრეკის პირადი ცხოვრების შესახებ ან თავად ჩხრეკის ფაქტს.
სსსკ 106-ე მუხლის 2-ე ნაწილის შესაბამისად:
მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნისა და დამსწრის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი
2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებულ უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა, ხოლო დამსწრენი, - თუ ისინი არიან პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის სახელმწიფო დეპარტამენტისპროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების, იუსტიციის ორგანოების ან სასამართლოს მუშაკები.
ანუ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირადი ჩხრეკა მოხდა კანონდარღვევით - დამსწრის სახით საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს კანონით ეკრძალებოდათ, შეესრულებინათ დამსწრის ფუნქცია.
4. იმ სამართლებრივი ნორმების მითითება, რომლებზე დაყრდნობითაც წარვადგენთ მოთხოვნას; არსებული ვითარების შეფასება და მისაღები გადაწყვეტილებების დასაბუთება;
აღინიშნება ის ნორმები, რომელთა შესაბამისადაც, არსებულ დარღვევას უნდა მოჰყვეს ანალოგიური შედეგი. უმეტეს შემთხვევაში, ეს დისპოზიციები საერთოა შუამდგომლობებისთვის.
მაგ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის, სსსკ მე7 მუხლის
მუხლი 7. კანონიერება და ადამიანის ბუნებითი უფლებები
6. კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
სსსკ 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად:
მუხლი 111. დაუშვებელი მტკიცებულება
1. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია:
გ) კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით;
სსსკ 324-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად:
მუხლი 324. უკანონო და უსაფუძვლო ამოღებისა და ჩხრეკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას დაირღვა ამ საგამოძიებო მოქმედების კანონით დადგენილი წესი, ამოღებული საგანი ან დოკუმენტი არ იძენს ან კარგავს მტკიცებულების მნიშვნელობას და არ შეიზლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.
აღნიშნული დისპოზიციებიდან გამომდინარე, სრულიად საფუძვლიანად, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა პირადი ჩხრეკის ოქმი (სფ.11)
5. შუამდგომლობის წარდგენისა და განხილვის მარეგულირებელ ნორმათა მითითება;
ამ პუნქტში აღინიშნება ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც ვაყენებთ შუამდგომლობას.
მაგ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ 468-ე მუხლის შესაბამისად, ვშუამდგომლობ:
6. უშუალოდ მოთხოვნა;
მაგ. 1. განიხილოთ შუამდგომლობა;
2. დაუშვებელ მტკიცებულებად ცნოთ პირადი ჩხრეკის ოქმი (სფ.11)
7. ხელმოწერა და თარიღი
პეტრე პეტრიაშვილი: ხელმოწერა -------------------------------------22 ივლისი 2003 წ.
ეს შუამდგომლობა შემდეგი სახით ჩამოყალიბდება:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის, კოლეგიის
თავმჯდომარეს, პეტრე პეტრიაშვილს
აპელანტ პავლე პავლიაშვილის ადვოკატ
გრიგოლ ხაჭაპურიძის
შუამდგომლობა
პირადი ჩხრეკის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ
პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია 2003 წლის 25 მაისს (სფ.11) პოლიციის თანამშრომლის, პ, პავლიაშვილის მიერ, საგამოძიებო მოქმედებაში დამსწრის სახით მონაწილეობენ მოქალაქეები: კობა კობეშავიძე მცხ. ალგეთის №17 და ბადრი ბადრიძე, მცხ. კოსტავას №45.
ბადრი ბადრიძე და კობა კობეშავიძე 2003 წლის 25 ივნისს მოწმის სახით დაჰკითხა გამომძიებელმა, გურიელ გურულმა (სფ.45-49). დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ორივე პიროვნება 2000 წლის 1-ლი იანვრიდან გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან.
სსსკ 321-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად;
მუხლი 321. ამოღებისა და ჩხრეკის დამსწრე
1. ამოღებას ან ჩხრეკას ესწრება არანაკლებ ორი დამსწრისა, პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან/ჩხრეკა, უფლება აქვს აცილება მისცეს დამსწრეს, თუ საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ დამსწრე გაახმაურებს მონაცემებს გასაჩხრეკის პირადი ცხოვრების შესახებ ან თავად ჩხრეკის ფაქტს.
სსსკ 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნისა და დამსწრის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი
2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აუციელბელ უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა, ხოლო დამსწრენი, - თუ ისინი არიან პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო საზღვარის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების, იუსტიციის ორგანოების ან სასამართლოს მუშაკები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირადი ჩხრეკის დროს დაირღვა კანონი - დამსწრის სახით საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს კანონით უფლება არ ჰქონდათ, შეესრულებინათ დამსწრის ფუნქცია.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის, სსსკ მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 6. კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს. სსსკ 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ პუნქტის თანახმად: 1. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია:
გ) კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე, ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით;
სსსკ 324-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: 3. თუ ამოღების ან ჩხრეკისას დაირღვა ამ საგამოძიებო მოქმედების კანონით დადგენილი წესი, ამოღებული საგანი ან დოკუმენტი არ იძენს ან კარგავს მტკიცებულების მნიშვნელობას და რა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.
აღნიშნული დისპოზიციებიდან გამომდინარე, სრულიად საფუძვლიანად, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა პირადი ჩხრეკის ოქმი (სფ.11)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ 468-ე მუხლის შესაბამისად,
ვშუამდგომლობ:
1. კანონის შესაბამისად განიხილოთ წარმოდგენილი შუამდგომლობა;
2. დაუშვებელ მტკიცებულებად ცნოთ პირადი ჩხრეკის ოქმი (სფ.11)
პეტრე პეტრიაშვილი: ხელმოწერა-----------------------------------22 ივლისი 2003 წ.
![]() |
5 5. სასამართლოს მოქმედებები შუამდგომლობის დაყენების შემდეგ და მიღებული გადაწყვეტილების სტრუქტურა |
▲ზევით დაბრუნება |
შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო ისმენს მხარეთა მოსაზრებებს.
მხარის, უმეტეს შემთხვევაში პროკურორის, მოსაზრება შეიცავს არგუმენტებს და თხოვნას სასამართლოსადმი, გაითვალისწინოს შუამდგომლობის განხილვისას ესა თუ ის გარემოება და ისე მიიღოს გადაწყვეტილება - დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს შუამდგომლობის არგუმენტაციას ან მოთხოვნას.
მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში და გამოაქვს გადაწყვეტილება-განჩინება (დადგენილება).
მოქმედი საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს განჩინების სტრუქტურას და რაც განსაკუთრებულ წესებს ითვალისწინებს, მაგრამ სასამართლოები ხელმძღვანელობენ იმ წესებით, რაც დადგენილია განაჩენისთვის და დაახლოებით იმავე სტრუქტურით ადგენენ ამ საპროცესო დოკუმენტს. განაჩენის სტრუქტურა განსაზღვრულია სსსკ 407-511-ე მუხლებით.
ანუ განჩინებები (დადგენილებები) უმეტეს შემთხვევაში შედგება: შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
შესავალ ნაწილში აღინიშნება:
1. საპროცესო დოკუმენტის დასახელება - განჩინება (დადგენილება)
2. გადაწყვეტილების ადგილი და თარიღი
3. სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა, სხდომის მდივანი, ბრალმდებელი, დაზარალებული და მისი წარმომადგენელი, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩლე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები;
3. განსასჯელთა სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, განათლება, სხვა მნიშვნელოვანი ცნობები;
4. სს კანონი, რომლითაც ბრალდებული მისცეს სამართალში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება:
1. საქმის განხილვის სტადია, რა დროსაც დადგა შუამდგომლობა;
2. შუამდგომლობის აღწერილობით-სამოტივაციო და მოთხოვნის შესახებ;
3. მხარეთა მოსაზრება შუამდგომლობაზე;
4. სასამართლოს მოსაზღება შუამდგომლობის შესახებ (ამ დროს სასამართლო ამოწმებს შუამდგომლობაში აღნიშნულ გარემოებებს და ამასთანავე, რამდენად ამართლებს ისინი მოთხოვნას);
5. აღნიშვნა მისაღები გადაწყვეტილების შესახებ;
სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
1. მიღებული გადაწყვეტილება;
2. გასაჩივრების წესი.
გადაწყვეტილებას ხელს აწერენ მოსამართლეები
![]() |
6 6. თბილისის საოლქო სასამართლოს პრაქტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ერთ-ერთ სს სამართლის საქმის განხილვას, პირველი ინსტანციით, თბილისის საოლქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიას
განსასჯელ ასლანბეგ ხანჩუკაევისა
და ახმედ მაგამედოვის ადვოკატების
არჩილ ჩოფიკაშვილის
შუამდგომლობა
(მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ)
საქმის მასალების შესაბამისად, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დააკავეს 2002 წლის 4 აგვისტოს, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტებზე.
საქმეში არსებულ ოქმში - ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა დაკავებისა და წარმოდგენის შესახებ“ მითითებულია,რომ „2002 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 23.30 სთ-ზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გირევის მონაკვეთზე, სოფ. ჭონთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზღვრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრზე შენიშნეს და შეაჩერეს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები, მათივე განმარტებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ჩეჩნეთის მკვიდრნი: 1) ხანოევი ასლან სულეიმანის ძე, რომელმაც წარმოადგინა აკ-74 ტიპის ავტომატური იარაღი №6066150, შვიდი მჭიდი, ვაზნებითურთ; 2) მირჟოევი რუსლან მაგომედის ძე, რომელმაც წარმოადგინა აკ-74 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი №994606, ერთი მჭიდი, ვაზნებითურთ; 3) ხაშიევი ისლამ სულთანის ძე, რომელმაც წარმოადგინა აკ-74 სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი №2945104, ექვსი მჭიდი, ვაზნებითურთ; 4) უსმანოვი ადლანი ლუჩას ძე, რომელმაც რომელმაც წარმოადგინა აკსუ-74 სისტემისავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი №693434, ხუთი მჭიდი, ვაზნებითურთ; 5) ბაიმურზაევი თემური სულთანის ძე, რომელმაც წარმოადგინა პკ-ს ტიპის ტყვიამფრქვევი №სბ, 6302 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი, ვაზნებითურთ“
5 აგვისტოს შედგენილი ოქმის თანახმად, დაკავებული პირები ანტიტერორისტულ ცენტრში წარუდგინეს იმავე სამსახურის 1-ლი სამმართველოს 1-ლი განყოფილების ოპერთანამშრომელს, ჩხარტიშვილს.
ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის, ძაგნიძის ხელმოწერიდან ირკვევა, რომ მან 5 აგვისტოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ინსპექციის უფროსის მოადგილე ჯიქიასგან ჩაიბარა ერთი პკ-ს ტიპის ტყვიამფრქვევი, 4 აკ-74 და ერთი აკ-74-უ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 25 მჭიდი, საბრძოლო ვაზნებით. მათგან ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ცენტრის უფროსმა ჩაიბარა - №3 8351060 და №6 693453 დაკავებულებს არ წარუდგენიათ.
აღნიშნული საგნები გადაეგზავნა უშიშროების სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალურ ბიუროს და შემოწმების შემდეგ გაიცა ცნობა, რომ ისინი საბრძოლო ცეცხლსასროლმასალებს წარმოადგენდა. 26 აგვისტოს ამოღებულ საგნებზე ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ ექსპერტს დაულუქავი საგნები წარედგინა.
საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, როგორც ირკვევა და საქმის სხვა მასალებითაც დასტურდება, დღემდე არავის დაულუქავს. ისინი ამოიღეს და საქმეზე დაურთეს კანონთან შეუსაბამოდ:
სსსკ 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობამდე და საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით. აღნიშნულ შემთხვევაში, გამოძიებას ეს წესი არ დაუცავს.
სსსკ-ის 262-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ყველა საგამოძიებო მოქმედება, გარდა ჩხრეკის, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა.
სს საქმე აღიძრა, სწორედ, საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა და ცეცხლსასაროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილში საქმის აღძვრის საფუძველი გახდა საქმეში არსებული საბრძოლო მასალა, რომელიც შემდგომ ნივთიერი მტკიცებულების სახით დაურთო სს საქმეს. იარაღის ამოღებისას არ წარმოებულა საპროცესო კოდექსით დადგენილი არც ერთი საგამოძიებო მოქმედება (ჩხრეკა ან ამოღება), სსსკ 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები“.
სსსკ 44-ე მუხლის 30-ე ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება წარმოებს მტკიცებულებათა შეკრებისა და დამაგრების მიზნით, სსსკ 315-ე მუხლის თანახმად - „,ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოაჩინონ და ამოიღონ დანაშაულის იარაღი, საგანი, რომელსაც დანაშაულის კვალი ატყვია, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი და ფასეულობა, სხვა საგანი და დოკუმენტი, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად“. აღნიშნული დისპოზიციებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ჩხრეკა ან ამოღება.
მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კონსტიტუციითა და სსსკ-ით დადგენილი წესი, სს საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის შესახებ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულო სს პროცესის ყველა მონაწილისათვის.
საქართველოს კანონის „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ 35-ე მუხლის „ფ“, „ქ“, „ღ'', „ყ“ პუნქტების შესაბამისად, პირები, რომლებმაც დააკავეს საზღვრის დამრღვევები, ნივთმტკიცებები ამოიღეს და აწარმოეს მოკვლევა, ვალდებულნი იყვნენ, კანონმდებლობის სრული დაცვით ემოქმედათ. სსსკ 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საზღვრის დაცვის თანამშრომლები ამ შემთხვევაში მოქმედებდნენ მომკვლევის უფლება-მოვალეობით და ეკისრებოდათ ვალდებულება, მოქმედი სსსკ-ის შესაბამისად ეწარმოებინათ საგამოძიებო თუ საპროცესო ქმედებები.
მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდარღვევაზე დამცველის განცხადება გულდასმით უნდა შემოწმდეს.
სსსკ მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებლობა)“.
ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესი მტკიცებულებათა მოპოვების დროს დაცული არ ყოფილა.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის (კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს), სსსკ მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის (კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს). 111-ე მუხლის (მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა თუ ის მოპოვებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით), 121-ე მუხლის მე-5ნაწილის თანახმად, სრულიად საფუძვლიანად შეიძლება, დაუშვებელ მტკიცებულებად ცნონ საქმეზე 4 აგვისტოს ოქმი, ნივთმტკიცებები და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის, სსსკ 231-ე 468-ე მუხლების შესაბამისად ვშუამდგომლობთ:
კანონის შესაბამისად განიხილოთ წარმოდგენილი შუამდგომლობა;
დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნოთ 4 აგვისტოს ოქმი, ნივთმტკიცებები (ავტომატური ცერცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა) და შესაბამისი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა.
არჩილ ჩოფიკაშვილივვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვ___________________ 2003. წ.
სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში:
წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, დაცვის მხარე ითხოვს, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი 2002 წლის 4 აგვისტოს ოქმი, დაკავებისა და წარმოდგენის შესახებ, ნივთმტკიცებები და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვა. აღნიშნულის საფუძვლად მითითებულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებისას არ განხორციელებულა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი საოპერაციო მოქმედება (ჩხრეკა ან ამოღება) არ მომხდარა ამოღებული იარაღების სათანადო წესით დათვალიერება და დალუქვა. მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 121-ე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად, საგანი ნივთმტკიცებად უნდა ვნონ და საქმეზე დართვამდე შემოწმდეს და დაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით.
არ მომხდარა ნივთმტკიცების დათვალიერება და დალუქვა კანონით დადგენილი წესით. ამასთან ერთად, არ არსებობს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ამოღების ოქმი. სსსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად: ნივთმტკიცება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ ამოღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გვხვდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელი მტკიცებულებაა 2002 წლის 4 სექტემბრის დადგენილება, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, 2002 წლის 16 აგვისტოს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და ნივთმტკიცებები.
რაც შეეხება 2002 წლის 4 აგვისტოს შედგენილ ოქმს, წარმოდგენისა და დასკვნების შესახებ, თავისთავად ვერ იქნება განხილული, რადგან სსსკ-ის 110-ე მუხლის თანახმად ასეთი სახის დოკუმენტი არ წარმოადგენს მტკიცებულებას.
სასამართლომ მხარეთა მოსმენის შემდეგ მიიღო შემდეგი სახის გადაწყვეტილება:
საქმე №1ა/108
განჩინება
19.06.2003 წ.
ქ.თბილისი
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ შემდეგი შემადგენლობით:
მთვარისა კევლიშვილის
ნაირა გიგიტაშვილის
ვაჟა ქაცანაშვილის
მარიამ შიოშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის კონსტანტინე ცაცუას
დამცველის არჩილ ჩოფიკაშვილის
განსასჯელების ასლანბეგ ხანჩუკაევისა და ახმედ მაგამედოვის
განიხილა საქმე ბრალდებისა გამო ა. ხანჩუკაევისა და ა. მაგამედოვის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილწბითა და 344-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით.
სასამართლო პროცესის მოსამზადებელ სხდომაზე განსასჯელების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ჩოფიკაშვილმა სასამართლო კოლეგიის წინაშე დააყენა შუამდგომლაობა, მოცემული სს საქმიდან 2002 წლის 4 აგვისტოს წარმოდგენისა და დაკავების ოქმის, 2002 წლის 4 სექტემბერს ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის დადგენილებისა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობის შესახებ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მიღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით. კერძოდ, სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების მიხედვით, საგანი ნივთიერ მტკიცებულებად უნდა ცნონ და საქმის დართვამდე შემოწმდეს და დაილუქოს დამსწრეთა მონაწილეობით, რაც რეალურად არ განხორციელებულა. ადვოკატი აღნიშნულს კანონის არსებით დარღვევად მიიჩნევს და მოითხოვს, სსსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, დამსწრეთა მონაწილეობის გარეშე მიღებული, ზემოთ დასახელებული მტკიცებულებები ცნობილი იქნას დაუშვებლად.
შემადგენლობას ეთანხმებიან განსასჯელები.
შუამდგომლობას ნაწილობრივ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოთხოვნა 2002 წლის 4 სექტემბერის დადგენილების, 2002 წლის 16 აგვისტოს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და ნივთიერი მტკიცებულებების ამოღების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს საფუძვლიანობის გამო, ხოლო 2002 წლის წარმოდგენისა და დაკავების ოქმის კანონიერება სასამართლო კოლეგიამ არ უნდა განიხილოს, რადგან არ წარმოადგენს მტკიცებულებას.
სასამართლო კოლეგია, განიხილა რა აღნიშნული შუამდგომლობა, მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგი საფუძვლებით:
სსსკ-ის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობამდე და საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით. საქმეში არ მოიპოვება ა. ხანჩუკაევისა და ა. მაგამედოვისაგან ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალების ამორების ოქმი. არ მომხდარა მათი დათვალიერება და დალუქვა კანონით დადაგენილი წესით. აღნიშნულის გამო, სსსლ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ პუნქტის მიხედვით, საქმეში 2002 წლის 4 სექტემბრის დადგენილება ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, 2002 წლის 16 აგვისტოს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად, ნივთმტკიცებები უნდა მივიჩნიოთ კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად და ამოირიცხოს საქმიდან.
2002 წლის 4 აგვისტოს დაკავებისა და წარმოდგენის ოქმის (ტ. 1 სფ. 7) კანონიერებას ამ ეტაპზე კოლეგია ვერ შეაფასებს, აღნიშნული შეფასდება სასამართლო გამოძიების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 232-ე და 453-ე მუხლებით,
დაადგინა:
- განსასჯელების ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
- საქმის მასალებიდან ამოირიცხოს და დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნას ცნობილი 2002 წლის 4 სექტემბრის დადგენილება, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, 2002 წლის 16 აგვისტოს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და, შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებები;
- შუამდგომლობის დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ამ ეტაპზე ითქვას უარი.
მოსამართლეები:
მ. კევლიშვილი
ვ. ქაცანაშვილი
ნ. გიგიტაშვილი
აღნიშნული განჩინებით, საქმიდან ამოირიცხა ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც განსასჯელებს ბრალად ედებოდათ სსკ 214-ე (საბაჟო წესების დარღვევა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, მართლსაწინააღმდეგო ტარება და გადაზიდვა).
განაჩენის გამოტანისას ზემოაღნიშნული ბრალდებების ნაწილში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი შეასრულა ზემოაღნიშნულმა განჩინებამ.
საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, მტკიცებულებათა კანონიერების საკითხის გარკვევა და დაუშვებელი მტკიცებულებების ამორიცხვა ხშირ შემთხვევაში წინასწარვე განსაზღვრავს საქმის საბოლოო ბედს და უმნიშვნელოვანესია დაცვის სტრატეგიისათვის.
ყურადღებას გავამახვილებთ პრაქტიკაში გავრცელებულ ერთ-ერთ დარღვევაზე, რომელზე რეაგირებითაც აპელანტი 7-წლიან უკანონო პატიმრობას გადაურჩა.
ძალიან ხშირია პროცესუალური დარღვევები სს საქმეთა წარმოებისას. ყურადღებას გავამახვილებთ სს საქმის აღძვრის დადგენილებასა და მასში ასახული ინფორმაციის მოცულობაზე.
ხშირად ერთი პირი ან პირთა ჯგუფი დროის გარკვეულ მონაკვეთში იდენს სხვა და სხვა დანაშაულს. სს დევნის აღძვრის საფუძველი კი ხდება ერთი კონკრეტული ფაქტი, რომლის გამოძიების პროცესშიც იკვეთება სხვა დანაშაულთა ნიშნები და შემთხვევები. რატომღაც, გამოძიება სხვა ფაქტებთან მიმართებაში საჭიროდ აღარ მიიჩნევს ხოლმე სს საქმის აღძვრას და ისევ იწყებს გამოძიებას,სს დევნას. ზოგიერთ შემთხვევაში საქმეებში ვხვდებით სს დევნის აღძვრის დადგენილებებს, რომლითაც სხვა დანაშაულის ფაქტებთან მიმართებაში პირის მიმართ გამოტანილია ,,სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის“ დადგენილება.
პირველ რიგში ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ,,სისხლის სამართლის საქმისა“ და ,,სისხლის სამართლებრივი დევნის“ აღძვრა, რომელთაც ხშირ შემთხვევაში გამოძიება და სასამართლო, რატომღაც, ერთმანეთთან აიგივებენ.
საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, სისიხლის სამართლებრივი დევნა განმარტებულია:
43. სისხლისსამართლებრივი დევნა - ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და მის მიმართ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, სსსკ 267-ე მუხლის შესაბამისად:
მუხლი 267. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
1. თუ არსებობს 263-264-ე მუხლებში აღნიშნული საბაბი და საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს პირი, რომელმაც საქმე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო.
იმავე 44-ე მუხლის 32-ე ნაწილის შესაბამისად კი, დადგენილება ეს არის:
32. საპროცესო გადაწყვეტილება - მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ნებისმიერი დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.
ანუ, იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მწარმოებელი ,,სისხლის სამართლის აღძვრას“ აიგივებს სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრასთან, იგი ერთმანეთთან აიგივებს ,,საპროცესო გადაწყვეტილებასა“ და ,,მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და მის მიმართ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა, რაც მოქმედი სსკ-ით და სხვა რომელიმე ნორმატიული აქტით ნებადართული არ არის.
ამდენად, სსსკ-ის 24-ე, 261-ე და 263-ე მუხლების შესაბამისად, მომკვლევი, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან, დანაშაულის ნიშნების უკლებლივ „ყველა შემთხვევაში“ აღძრან სისხლის სამართლის საქმე.
აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი შედეგები
აღნიშნული დარღვევის შედეგები დაცვისთვის უმეტეს შემთხვევაში დადებითი შედეგი გამოიტანს.
მაგ. ერთ-ერთ სს საქმეზე, რომელიც ეხებოდა პირთა ჯგუფის ყაჩაღობის ფაქტს, დაკითხვისას ეჭვმიტანილმა A-მ, დანაშაულის აღიარების შემდეგ, სხვა უკვე დაკავებულ პირებთან ერთად გამოძიებას აუწყა ყაჩაღობის სხვა ფაქტის შესახებაც, რომელიც გამოძიებისათვის უცნობ პირებთან - B-სა და C-სთან ერთად ჩაიდინა წარსულში.
პროცესის მწარმოებელმა ამ მეორე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ მსჯელობის გარეშე დააკავა ეჭვმიტანილის მიერ მითითებული B და C (რომლებმაც დაადასტურეს A-ს ჩვენება და აღიარეს ყაჩაღობა)
ამის შემდეგ გამომძიებელი მიმართავს საგამოძიებო მოქმედებებს (ამოცნობა, დაკითხვა, დაპირისპირება და ა.შ.) წარუდგენს ბრალდებებს დაკავებულ პირებს, ასრულებს გამოძიებას და სასამართლოსაც მათ მიმართ გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო განხილვისას, დაცვის მიერ მოსამზადებელ სტადიაზე დაყენებული შუამდგომლობის შედეგად გაუქმდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და დაუშვებლად ცნეს ბრალდების მტკიცებულებები.
შუამდგომლობა შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:
თბილისის საოლქო სასამართლოს
სისხლის სამართლის
სააპელაციო პალატას
აპელანტ A-ს ადვოკატ არჩილ
ჩოფიკაშვილის
შუამდგომლობა
(მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის და აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ)
სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც განვიხილავთ, აღძრულია 2001 წლის 8 ოქტომბერს. დადგენილებიდან სს საქმის აღძვრის შესახებ (სფ-1) ირკვევა, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კაზინო ,,ფლამინგოზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით და საქმეს მიენიჭა № 0201897.
გარდა ამ დადგენილებისა, სს საქმის აღძვრის შესახებ საქმეში ვერ ვხვდებით სს საქმის აღძვრის საკითხთან დაკავშირებულ სხვა დადგენილებას. როგორც ირკვევა, A-ს სწორედ სს საქმე № 0201897-ზე ცნეს ეჭვმიტანილა. მას იმავე საქმეზე წარედგინა ბრალი.
სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება. სსსკ 266-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმების შემდეგ უნდა მიიღონ ერთ-ერთ გადაწყვეტილება:
ა. სს საქმის აღძვრის შესახებ;
ბ. სს საქმის აღძვრაზე უარის შესახებ;
გ. საგამოძიებო ქვემდებარეობით მასალების გადაგზავნის შესახებ.
ლითონების ჩამბარებელ პუნქტზე თავდასხმასთან დაკავშირებით პროცესის მწარმოებელმა ორგანომ, მართლაც, აწარმოა შემოწმება, რაც გამოიხატება ახსნა-განმარტებათა ჩამორთმევით და ა.შ. მაგრამ 266-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია.
სსსკ 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „მოკვლევის ორგანი, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან, დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევაში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღძრან სს საქმე“ სსსკ 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევაში პროკურორის თანხმობით გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან, აღძრან სს საქმე“ დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევა, რომელიც არაერთხელ მეორდება, გულისხმობს ამომწურავად ყველა შემთხვევას და გამონაკლისის შესაძლებლობას არ იძლევა.
მუხლი 261. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოვალეობა
1. დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევაში მოკვლევის ორგანო პროკურორის თანხმობით გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან აღძრან სისხლის სამართლის საქმე.
მუხლი 263. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ
1. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც მომკვლევს, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს: მოქალაქემ, თანამდებობის პირმა, დაწესებულებამ, ორგანიზაციამ, საწარმომ, ოპერატიულ-სამძებრო ორგანომ, ბრალის აღიარებით გამოცხადებულმა პირმა, ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე, უშუალოდ სამართალწარმოების ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ორგანოს წარმომადგენელი დანაშაულის თვითმხილველი ან დაზარალებულია, ასევე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გამოვლენილი ცნობები.
როგორც საქმიდან ჩანს, სს საქმე ლითონის ჩამბარებელ პუნქტზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით არ აღძრულა. სწორედ დანაშაულის ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებულია მტკიცებულებები.
სსსკ 261-ე მუხლის, სათაურით „სისხლის სამართლის საქმის აღძვრის აქტის მნიშვნელობა“, მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე არ შეიძლება არც ერთი საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკის, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების გარდა“.
ზემოაღნიშნულის თანახმად, ფაქტთან დაკავშირებით სს საქმის აღძვრამდე არ შეიძლებოდა წარმოებულიყო საგამოძიებო მოქმედებები.
აღნიშნული წარმოადგენს აუცილებელ საფუძველს, დაუშვებელად ცნონ ყველა მტკიცებულება და უკანონოდ - ყველა საპროცესო აქტი, რომელიც მოპოვებულია ლითონების ჩამბარებელ პუნქტზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.
-- ამასთანავე, საქმეზე A-ს მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად გამოყენებულია დაპატიმრება სსსკ 135-ე მუხლის შესაბამისად:
მუხლი 135. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გაყენების კანონიერება და დასაბუთებულობა
1. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება შჱიძლება მხოლოდ იმ პირობით, თუ არსებობს ამის საფუძვლები და კანონით დადგენილი წესი.
2. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, ვინაიდან არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მთელი ამ ხნის განმავლობაში A იმყოფება უკანონო პატიმრობაში. სსსკ მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადებებისა 159-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: მოსამართლე და სასამართლო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული პირი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს უკანონოდ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ 532-ე და 468-ე თანახმად, სასამართლოს წინაშე ვშუამდგომლობ:
1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოთ წარმოდგენილი შუამდგომლობა და არგუმენტაცია;
2. დაუშვებელ მტკიცებულებად და უკანონო საპროცესო აქტად ცნოთ ყველა მტკიცებულება და საპროცესო აქტი, რომელიც მოპოვებულია ლითონჩამბარებელ პუნქტზე თავდასხმის დადასტურების ნაწილში;
3. გააუქმოთ აღკვეთის ღონისძიება.
არჩილ ჩოფიკაშვილივვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვ------------------- 2002 წ.
სასამართლომ ზემოაღნიშნული შუამდგომლობა სრულად გაიაზრა და დააკმაყოფილა, რასაც უკანონო მტკიცებულებებისა და საპროცესო აქტების საქმიდან ამორიცხვა და 18-თვიანი უკანონო პატიმრობის გაუქმება მოჰყვა, შემდგომ კი დიდი როლი შეასრულა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაში.
![]() |
7 7. დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ამდენად, დამცველის გეგმაზომიერი და მიზანდასახული საპროცესო მოქმედებები გარანტია, რომ მიიღწევა მაქსიმალურად ობიექტური შედეგი და მართლმსაჯულების ყურადღების მიღმა არ დარჩება საქმისათვის უმნიშვნელოვანესი გარემოებები. ძალზედ მნიშვნელოვანია სწორი პროცესუალური ფორმით დაყენებული იქნეს მოთხოვნა.
ვფიქრობთ, რომ მოცემული ბროშურა გაგიწევთ პრაქტიკულ დახმარებას და თქვენს მოთხოვნებს სასამართლოსადმი სწორი ფორმით წარადგენთ. რაც საბოლოო ჯამში დადებით შედეგს გამოიღებს.
ჩვენს სამომავლოდაც ვაპირებთ რუბრიკით, „დაცვითი სტრატეგია“ მუშაობის გაგრძელებას და მივიღებთ თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს.