![]() |
საქართველო: ძალაუფლების დაბრუნება |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: თევზაძე გიგი |
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|სოციოლოგია |
წყარო:
UDC: 342.5(479.22) + 94(479.22)"19/20" + 321(479.22) + 338(479.22) K 60.292/2 - საერთო ფონდი 316.462(479.22)/თ-403 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი) F 80.501/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © გიგი თევზაძე © Gigi Tevzadze |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თბილისი 2003 |
![]() |
1 I. წიგნის სტრუქტურის განმარტება |
▲ზევით დაბრუნება |
ამ წიგნის ავტორმა იცის, რომ ძალიან ძნელია ერთსა და იმავე დროს საქართველოში არსებული ვითარება აღწერო, ამ ვითარების შესახებ სოციოლოგიურ-ინტელექტუალურ-ისტორიული დასკვნები აკეთო და, მიუხედავად ამისა, წიგნი მაინც საინტერესო საკითხავი გამოვიდეს.
ამიტომ წიგნს სამჯერ იწყებენ თავიდან. თითოეულ შესავალს წინ უძღვის იმ სამი ტიპის მკითხველის აღწერა, ვისაც ეს განსხვავებული თავები უნდა მოერგოს. სამივე ეს აღწერა მიდის თავთან, რომელშიც 12 ნიშანია აღწერილი, და რომლიც წაკითხვაც ამ წიგნის გაგებისათვის აუცილებელია. შემდეგ, წიგნი ასევე სამი დასასრულით მთავრდება.
ალბათ, მკითხველი უკვე შეაფიქრიანა წინა აბზაცის დასაწყისში მოტანილმა ფრაზამ „იწყებენ“. უკვე შეფიქრიანებული მკითხველი ამის გამართლებას წააწყდება ზოგიერთი თავის დასაწყისისას ან დასრულებისას, სადაც ავტორი და ავტორ-ეგო საუბრობენ. ეს დიალოგები, სიმართლე რომ ითქვას, ერთგვარი გამოსავალია იმ სირთულეებიდან, რომლებშიც მსჯელობა თავს რომ ამოჰყოფს ხოლმე. თუმცა, მეორე მხრივ, ამ დიალოგებს აქვს პრეტენზია, მკითხველის იმ წუთს წარმოშობილი აზრი ამოიცნოს და ამით წიგნის კითხვა უფრო სახალისო გახადოს.
![]() |
2 II. რატომ არ ჰქვია ამ წიგნს „რიგითი საქართველოს გადასარჩენად“ |
▲ზევით დაბრუნება |
თავიდან, როდესაც ამ წიგნის დაწერა გადავწყვიტე, მინდოდა სათაურად „რიგითი საქართველოს გადასარჩენად“ დამერქმია. ეს იქნებოდა მითითება სტივენ სპილბერგის ცნობილ ფილმზე „რიგითი რაიანის გადასარჩენად“. ამ ფილმში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცის, სახელად რაიანის, გადარჩენისათვის ფილმის ყველა გმირი, თავად რაიანის გარდა, კვდება. ასეთ სათაურს ალბათ, ბუნდოვნად უნდა მიენიშნებინა, რომ საქართველოში არსებული ვითარების დასაძლევად ძალიან ბევრ არსებულ სისტემაზე თუ შეგუებულ ღირებულებებზე უარის თქმა მოგვიწევს. ანდა, უფრო რადიკალურ მკითხველს ეს სათაური ეტყოდა, რომ საქართველოს გადასარჩენად მსხვერპლის გაღებაა საჭირო. სამწუხაროდ, ეს სათაური გაუგებარი აღმოჩნდა ამ წიგნის უმეტესი ადრესატისათვის, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ფილმი არ ენახათ.
ის სათაური, რომელიც წიგნს ახლა ჰქვია, კვლავ კინოინდუსტრიაზე მითითებაა, ოღონდ უფრო საშინელებათა ან აცტიონ ფილმებზე, სადაც წინა ფილმში დამარცხებული და თითქოს განადგურებული მონსტრი (ან გმირი) ბრუნდება. იმდენად, რამდენადაც ამ სერიის პირველ წიგნს ჰქვია „საქართველო - ძალაუფლების სიმულაციები“, მეორის სახელი - „საქართველო - ძალაუფლების დაბრუნება“ მიმდევრობის გარკვეულ წესზე მიუთითებს. სათაურის, ერთი შეხედვით, სიმარტივის მიუხედავად, მკითხველს თავად მოუწევს გარკვევა, ვინ ბრუნდება - მონსტრი თუ გმირი, თუ ორივე ერთად.
ამ წიგნს სერიალის სხვა თვისებაც აქვს; ბევრი თანამედროვე action სიუჟეტი შემდეგნაირია: პირველ სერიაში/ნაწილში აღიწერება რაღაც ვითარება, როგორც აბსოლუტური და უეჭველი. მეორე სერიის/ნაწილის ამოქმედებისას ცხადი ხდება, რომ პირველ სერიაში/ნაწილში აღწერილი ამბავი სხვა, უფრო ვრცელი სიუჟეტის განუყოფელი მცირე ელემენტია1. ხანდახან, პირველი ნაწილის დადებითი პერსონაჟები მეორეს უარყოფითი პროტაგონისტები აღმოჩნდებიან და პირიქით. ეს წიგნიც, პირველ წიგნთან „ძალაუფლების სიმულაციებთან“ ერთად, ასეთი ტიპის ერთიანობას ქმნის.
მე შევეცდები ვაჩვენო, რომ ის, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სად ვიმყოფებით და რა წარმატებები და წარუმატებლობები გველის, მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუტების, ღირებულებების და სოციალური სტრუქტურების ანალიზითაა შესაძლებელი განისაზღვროს2. ასევე, შევეცდები ავხსნა, რატომ აღარ მუშაობენ შეფასების, დაკვირვების და გაზომვის ძველი, კარგად ნაცადი მეთოდები, და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ასეთი მეთოდები თავიდან დაფუძნდეს. მაქვს იმედი, რომ საქართველოს შემოთავაზებული აღწერა, შეიძლება სხვა, საქართველოს ანალოგიურ სოციალურ და პოლიტიკურ სინამდვილეში მყოფი ქვეყნების მიმართაც მართებული აღმოჩნდეს. მე არ ვარ შეპყრობილი ნეგატიური ნაციონალიზმით, და ვერ ვიტყვი, რომ რაღაც „მხოლოდ ჩვენ გვჭირს“.
მათ, ვინც ჩემს წიგნს „ძალაუფლების სიმულაციებს“ იცნობს, მინდა ვაუწყო, რომ სიმულაციის ეტაპი დამთავრდა. დაიწყო მეორე, „ძალაუფლების დაბრუნების“ ფაზა. ჩვენ გარდაუვლად მივექანებით იმ მდგომარეობისაკენ, რომელიც შეიძლება აღიწეროს როგორც შუა საუკუნეები. ის შუა საუკუნეები, რომელიც საქართველოს არასოდეს ჰქონია. ერთ-ერთი გზა, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანდა, კვლავ სიმულაციის აღდგენაა. თუ ეს მოხდა, ჩვენ სახიფათო წრეში აღმოვჩნდებით: ციკლის - ძალაუფლების სიმულაციები/ძალაუფლების დაბრუნება - ყოველ გამეორებასთან, ანუ ციკლის ტრადიციად ქცევასთან ერთად, სხვა გზის არჩევა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი გახდება.
სათაურის განმარტება: ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ერთის მხრივ, ძალაუფლების დაბრუნებას იმის მიერ, ვინც ძალაუფლების სიმულაციას3 აწარმოებდა, ხოლო მეორე მხრივ, დაბრუნებას იმ დროში, როდესაც სახელმწიფო ძალაუფლება იყო შემქმნელი, მოკარნახე და განმსაზღვრელი.
_________________
1ამის კლასიკური მაგალითია „ადამიანები შავებში“ და „ადამიანები შავებში 2“.
2 და არა პოლიტიკური სისტემების და სუბიექტების განცხადებათა ზედაპირული ანალიზით და ანალოგიების გატარებით, როგორც ეს ჩვენში ხშირად ხდება.
3 მათთვის, ვისაც „საქართველო - ძალაუფლების სიმულაციები“ არ წაუკითხავს, სიმულაციის განმარტება იმ წიგნიდან: “სიმულაცია, ანუ სიმულაციური პროცესი, სიმულირების საშუალებით მიიღება. სიმულაცია ისევე მოქმედებს, როგორც თავად ის, რისი სიმულირებაც ხდება. ოღონდ საფუძველი და დასაყრდენი, რომელიც გააჩნია იმას, რისი სიმულირებაც ხდება, სიმულაციას არა აქვს. სიმულაციური პროცესი მთელი ძალებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ სიმულაციის უკან შესაბამისი საფუძვლი და დასაყრდენი იმალება. ასე რომ, სიმულაცია არაფერს არ ფარავს, პირიქით, ის ცდილობს აჩვენოს იმის არსებობა, რაც არ არის”.
![]() |
3 III. შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 პირველი შესავალი - Back to USSR ანუ სურვილი მოხვდე სსრკ-ში |
▲ზევით დაბრუნება |
ეს შესავალი განკუთვნილია იმ მკითხველისათვის, ვისაც ისტორია უფრო იტაცებს, ვიდრე ამ ისტორიის ანალიზი და უსაგნო განაზრებები. აგრეთვე იმათთვის, ვისაც ახსოვს და/ან აინტერესებს, რა იყო საბჭოთა კავშირი1.
დღეს ხშირად გაიგონებ პოლიტიკური ანალიტიკოსისაგან თუ ინტელექტუალისაგან, რომ „აბა რა უნდა მოსთხოვო, მან ხომ სხვანაირი მართვა არ იცის“. ამ „მან“-ში, რა თქმა უნდა, შევარდნაძე იგულისხმება. ბევრია განწყობილი საიმისოდ, რომ ის გაურკვევლობა, რაც ქვეყანაშია და რომელიც ყოველი მოქალაქის ბედზე/ცხოვრებაზე აისახება, პრეზიდენტს დააბრალოს. მაგრამ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ერთი ადამიანის პიროვნული ზემოქმედების უნარი და ძალაუფლება, მთელი ქვეყნის შემოტრიალება მას არ შეუძლია; არ შეუძლია მათ გარეშე, ვინც მას ამაში ეხმარება და ეთანხმება.
ეს მსჯელობაც ნაცნობია ქართული ინტელექტუალური დისკურსისათვის და ამ შემთხვევაში მსჯელობაში ირეკლება „ხალხი, რომელიც ბნელია და კვლავ წარსულში უნდა ცხოვრება“. თუმცა, „ხალხი“ რაც არ უნდა ტოტალურად წარსულზე ორიეტირებული იყოს - ის ერთი სუბიექტი არასოდეს არის, და შესაბამისად, არასოდეს არა აქვს ერთი ნება და ერთი პირი. სოციოლოგები და სოციალური თეორეტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ხალხის „აზრი“ უფრო ამ აზრის ორგანიზებასა და მიწოდებაზეა დამოკიდებული. ერთი და იგივე განწყობა, რომელიც გავრცელებულია მოსახლეობაში, და რომელსაც მყარი სოციალური საფუძველი აქვს, სხვადასხვა პოლიტიკური გარემოს, ტრადიციის და არსებული ფარული და გაცხადებული დევიზების გამო, შეიძლება სრულიად განსხვავებული სოციალური მოთხოვნებით/მოლოდინებით/სურვილებით გამოვლინდეს:
ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, ფაქტია. მაგრამ სოციალური მოთხოვნა, რომელშიც ამ გაჭირვებიდან გამოსავლის ძიება გამოიხატება, ერთი მხრივ ქვეყანაში არსებული ტრადიციული გარემოს, ხოლო მეორე მხრივ პოლიტიკოსების მიერ არის ნაკარნახევი. ეს გამოსავალი ძირითადად ჟღერს როგორც „დავბრუნდეთ საბჭოთა კავშირში“ (ზოგ შემთხვევაში - შევუერთდეთ რუსეთს). თუმცა, პოლიტიკური გარემოს განხსვავებულობის შემთხვევაში ეს „გადარჩენის ლოზუნგი“ შეიძლება იყოს:
ევროკავშირში გაწევრიანება;
ნატო-ში შესვლა;
სამხრეთ კავკასიის კონფედერაციის ჩამოყალიბება;
აზიის ქვეყანათა კავშირის ჩამოყალიბება და მასში გაწევრიანება;
მართლმადიდებელთა და მუსლიმთა მსოფლიო კავშირის [ჯერ შექმნა, შემდეგ] წევრად გახდომა;
რაიმე სხვა, რომელიც არაფრით არ იქნება „საბჭოთა კავშირის აღდგენაზე“ უფრო უაზრო, სულელური და შეუძლებელი.
ამ ვითარების სათავე ალბათ იქ უნდა ვეძიოთ, რომ ძალაუფლების მოდელი, რომელიც შევარდნაძემ საქართველოში ჩამოიტანა, და რომლის გახარება-აყვავებას ნოყიერი ნიადაგი დახვდა, ისეთივე იყო, როგორიც მას საბჭოთა კავშირში გააჩნდა. ძალაუფლების საბჭოთა მოდელს შემდეგი ოთხი მახასიათებელი ჰქონდა:
ორმაგი სტანდარტი: ძირითადი პრინციპი, რომელიც მოსახლეობას ავალდებულებდა გარკვეული წესების შესრულებას, მაგრამ არ ვრცელდებოდა ძალაუფლების მქონე პარტიული ელიტის წევრებზე. ისეთი აკრძალვები, როგორიცაა კერძო საკუთრების და საზღვარგარეთის ბანკებში ანგარიშის ფლობა, ქრთამის აღება, აზარტული თამაშები და სხვა არ ვრცელდებოდა ძალაუფლების წარმომადგენლებზე. თუმცა, როდესაც ძალაუფლების რომელიმე წარმომადგენელი ისჯებოდა, მის მიმართ სწორედ ამ აკრძალვების დარღვევის ბრალდებები იყო გამოყენებული;
საბჭოთა კავშირში არსებული სამი სახის გადასახადი: I. ოფიციალური, კანონში დაფიქსირებული; II. არაოფიციალური, ხარკი, რომელსაც ქვედა დონის ოფიციალური პირები (ქარხნის დირექტორები, საწარმოების ხელმძღვანელები) უხდიდნენ ზედა დონის ოფიციალურ პირებს. ეს ხაზი იწყებოდა ნებისმიერი საწარმოდან და პარტიული ელიტის წვეროში მთავრდებოდა. ეს გადასახადი საყოველთაო იყო და გამოიყენებოდა როგორც პირადი სარგებლობისათვის, ასევე პარტიული სალაროსთვის. თუმცა, ძირითადი, ე. წ. საკავშირო პარტიული სალარო უფრო სერიოზული გადასახადებისაგან შედგებოდა (ოქროს წარმოება, ხე-ტყის გაყიდვა); III. მოულოდნელი გადასახადი, როდესაც უფრო მაღალი ოფიციალური პირი უფრო დაბალ ოფიციალურ პირს განსაკუთრებული საჭიროებისათვის თანხის შოვნას ავალებდა. ეს ფული „იშოვებოდა“ იქვე, სადაც ზემოთ აღწერილი ორი გადასახადი - ლეგალურ და არალეგალურ საწარმოებში;
კანონზე მაღლა დგომის სპეციალური, ინსტიტუციონალური ინსტრუმენტების არსებობა. კანონზე მაღლა დგომა ძალაუფლების ძირითადი ელემენტი იყო: უშიშროების სამსახური ერთსა და იმავე დროს იცავდა და სჯიდა ძალაუფლების მფლობელებს: სპეციალური სამსახურები აწარმოებდნენ ძალაუფლების სუბიექტების დაცვას და მათი დანაშაულის კვალის „წაშლას“. თუმცა ეს „წაშლა“ აბსოლუტური არასდროს არ იყო, და საჭიროების შემთხვევაში „წაშლილი“ ფაქტები სოციალურ და პარტიულ ზედაპირებზე ტივტივს იწყებდა.
ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ძალაუფლების არათანაბარი გავრცელებულობა. ამავე დროს, საკუთარი ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში განსაკუთრებული სიმკაცრის/სისასტიკის გამოვლენის შესაძლებლობა: მკაცრი და აბსოლუტურად ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში ძალაუფლება თანაბრად ვერ ნაწილდებოდა. ამიტომაც იყო, რომ ქვეყნის პერიფერიებს (მაგალითად, საქართველოს) ჩრდილოვანი ეკონომიკისათვის და იდეოლოგიური წნეხის არარსებობის მხრივადაც, სამოთხედ მიიჩნევდნენ. თუმცა, როდესაც ეს „თავისუფლება“ გარკვეულ დასაშვებ ზღვარს აჭარბებდა, რეპრესიები, დემონსტრაციების დახვრეტის ჩათვლით, მიღებულ და აუცილებელ ზომად ითვლებოდა.
რა თქმა უნდა, შევარდნაძემ ასეთი ძალაუფლების ავან-ჩავანი კარგად იცოდა, და მისთვის იდეალს სწორედ ასეთი ძალაუფლების იერარქიის წვეროში მოხვედრა წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ისინი, ვინც მას აქ დახვდა, ან შემდეგ შეუერთდა, ამ იდეალის პირველადობას აღიარებდნენ. სწორედ ეს მზადყოფნა იყო ის, რამაც საქართველოში დღეს არსებული ვითარება გამოიწვია.
აღმოჩნდა, რომ მათთვისაც, ვინც საბჭოთა კავშირში გაიზარდა, საბჭოთა ძალაუფლების სტრუქტურა ისეთივე მისაღები და სასურველი იყო, როგორც მათთვის, ვინც საბჭოთა დროში მმართველობითი ელიტის წევრად ჩამოყალიბდა. შედეგად, ასეთი ძალაუფლებისაკენ სწრაფვამ გამოიწვია ის პოლიტიკურ-სოციალური გარემო, რომელშიც საბჭოთა კავშირის კვლავ მიღწევა მიზანი აღმოჩნდა.
არავინ არ ეუბნება მოსახლეობას თავის პოლიტიკურ გამოსვლებში, რომ გერმანიაში ბევრად უკეთესი სოციალური დაცვაა, ვიდრე სსრკ-ში იყო, რომ აშშ-ში დაქირავებული ბევრად უფრო დაცულია მოულოდნელობებისაგან, ვიდრე სსრკ-ში, რომ განათლება ფინეთში ბევრად უფრო მაღალი დონისაა და ა. შ.
ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში არავინ ამბობდა, რომ დემოკრატია არის არა მხოლოდ რეფერენდუმი და პარლამენტის არჩევნები, არამედ, ამავე დროს, ადამიანის უფლებების შეულახაობა და მიკრო, რაიონულ, სამოსახლოს დონეზე გადაწყვეტილებების არჩევნების წესით მიღება. დისკურსი, რომელიც ჩვენს პოლიტიკოსებს ახასიათებდათ, შევარდნაძისაგან მოდიოდა; ის ამბობდა: „მე მოვედი და კარგ საქმეებს ვაკეთებ“. ისეთი რამ, როგორიცაა წარმომადგენლობითობა და პასუხისმგებლობა მოსახლეობის მიმართ - ძალიან მცირე დოზით არსებობდა და არსებობს საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში. წარმომადგენლობითობის და პასუხისმგებლობის სიდუხჭირის კულმინაცია იყო პრეზიდენტის გამოსვლა 2003 წლის ბიუჯეტის პარლამენტში ჩავარდნის შემდეგ: მან თქვა, რომ ბიუჯეტის ჩავარდნა არის არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის და მოსახლეობის პრობლემა.
საბჭოთა კავშირში დაბრუნების სურვილი იყო და არის არა მხოლოდ შევარდნაძის და მისი ყბადაღებული კლანის მიზანი. ძალაუფლების დაბრუნება, ანუ საბჭოთა ტიპის ძალაუფლების აღდგენა, ყველა იმ პოლიტიკოსის მიზანი იყო და არის, ვინც ღიად თუ ფარულად, მთავრობაში თუ მის გარეთ, ამბობდა და ამბობს: „მე მოვალ და, აი, ნახავთ, რა კარგ საქმეებს გავაკეთებ“.
როდესაც ახალი საქართველოს ახალმა და ძველმა პოლიტიკოსებმა იფიქრეს, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლება „ცალკე აღებულ ქვეყანაში“ აღდგეს, მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველოში ვერ აღდგებოდა ის, რაც საბჭოთა იმპერიას ასულდგმულებდა და რაც, მართალია, ძალაუფლების მახასიათებელი არა, მაგრამ მისი წინაპირობა ნამდვილად იყო: ეს წინაპირობა იყო სოციალური შიში უსქესო, თვისებების და სურვილების გარეშე მყოფი, ზეადამიანური საბჭოთა მმართველობის მიმართ, რომელიც კრემლის კედლების მიღმა იმყოფებოდა. საბჭოთა კავშირი ახალი ტიპის იმპერია იყო, რომლის ეკონომიკურ სისტემასაც სოციალური შიში ედო საფუძვლად.
სოციალური შიშის დანერგვას კი ისეთი რეპრესიები სჭირდებოდა, როგორც სსრკ-ში 1924 და 1937 წლებში გატარდა. ვერ იტყვი, რომ შევარდნაძემ არ სცადა ამ ტიპის რეპრესიების დაწყება, მაგრამ მხედრიონი აშკარად სხვა მიმართულებით წავიდა: მხედრიონის ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით ჯაბა იოსელიანს აშკარად არ იზიდავდა საბჭოთა რეპრესორის როლი. გარდა ამისა, იოსელიანი ძალაუფლების მოპოვების ნაციონალისტურ-დემოკრატიულ მეთოდებზეც ამყარებდა იმედს, რაც მისი მხრიდან რეპრესიების გამტარებლის როლის შესრულებას გამორიცხავდა.
შეიძლება ითქვას, რომ სსრკ-ში დაბრუნების გამოთვლა კარგად ვერ მოხერხდა: სოციალური შიში 90-იანი წლების დასაწყისის პოლიტიკოსებისათვის იმდენად თავისთავად ცხადი და სახელმწიფოს თანამდევი ფაქტი იყო, რომ სერიოზულად არავის უფიქრია მისი კვლავწარმოების მექანიზმებზე. როდესაც მიხვდნენ რომ მათი სასურველი ძალაუფლება მხოლოდ შიშის კვლავწარმოებით მიიღწევა, უკვე გვიან იყო.
სოციალური შიშის კვლავწარმოება ვერ მოხერხდა იმიტომაც, რომ ვერც შევარდნაძე და ვერც მისი გარემომცველი პოლიტიკური ელიტა მოსახლეობის წინაშე ვერ წარსდგა როგორც ყოველივე ადამიანურისაგან დაცლილი ძალაუფლების განსახიერება. ასეთი იმიჯი ყველაზე დიდხანს მხოლოდ შევარდნაძემ შეინარჩუნა. თუმცა, სწორედ ძალაუფლების სიმულაციის იმ პროექტის გამო, რომელსაც შევარდნაძე მოგვიანებით დათანხმდა, როგორც ძალაუფლების მისთვის სასურველი მოდელისაკენ პირდაპირ გზას, ძალუფლების განსხეულების და ქვეყნისათვის მზრუნველი ზეადამიანური არსების სახე მოსახლეობის თვალში ყველაზე მტკივნეულად მანვე დაკარგა.
ქვემოთ ვეცდები მოკლედ, რამდენიმე გვერდზე აღვწერო ძალაუფლების ბიოგრაფია საქართველოში: მისი განდევნა, მისი სიმულაცია, მისი დაბრუნება. ეს აღწერა ფაქტობრივად იმის იდენტური იქნება, რაც ზემოთ, ოღონდ, ამჯერად მას უფრო პოლიტიკური ისტორიის სახე ექნება.
__________________
1. ანუ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი.
![]() |
3.2 ძალაუფლების ბიოგრაფია საქართველოში - პოლიტიკური მოვლენების ორბიტა XX საუკუნის ბოლოს, XXI საუკუნის დასაწყისში |
▲ზევით დაბრუნება |
1992 წელს შევარდნაძე დაბრუნდა საქრთველოში. სამხედრო საბჭო, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო მმართველი იყო, შედგებოდა ა) ყოფილი მოჯანყეებისაგან, რომლებიც გამსახურდიას მმართველობას ებრძოდნენ, ბ) ლიბერალურად განწყობილი ინტელექტუალებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებისაგან.
რეალური ძალაუფლება იმ დროს ჯაბა იოსელიანის (სამხედრო დაჯგუფება „მხედრიონის“ დამაარსებელი), თენგიზ კიტოვანის (გამსახურდიას დროს თავდაცვის მინისტრი და ეროვნული გვარდიის სარდალი) და თენგიზ სიგუას (გამსახურდიას დროს პრემიერ-მინისტრი, შემდეგ გამსახურდიას მთავრობის მიერ დევნილი) ხელში იყო. გამსახურდიას განდევნის შემდეგ შექმნილი სამხედრო საბჭო იყო პირველი ორგანო, რომელსაც ძალაუფლების უპირობო მოპოვება სურდა და უარს ამბობდა ისეთი, უკვე საეჭვო ინსტრუმენტების გამოყენებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ქარიზმატულობა. თუკი გამსახურდიას ხელისუფლება მთლიანად ქარიზმატულობას ეყრდნობოდა, იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირების გზა აირჩია. სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა ამ „პოლიტიკური“ აუცილებლობითაც იყო განპირობებული.
როგორც ჩანს, მათთვის მოულოდნელად, სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელებმა აღმოაჩინეს, რომ საერთაშორისო ფაქტორის გაუთვალისწინებლად ქვეყნის მართვა შეუძლებელია. შესაძლოა, ეს მათ ყოველთვის იცოდნენ, და უბრალოდ ცდილობდნენ მაქსიმალურად დიდხანს გაეძლოთ საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე. ხოლო ამ ლეგიტიმაციის მისაღწევად, საჭირო იყო იმდროინდელი ქართული დემოკრატიის ერთადერთი გარანტის - შევარდნაძის - საქართველოში ჩამოყვანა.
მართალია, ყოფითი თუ პოლიტიკური ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გამსახურდიას წინააღმდეგ გამოსვლები სულაც შევარდნაძის მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ ეს შევარდნაძის 1992 წელს ჩამოყვანის აუცილებლობას სულაც არ ამცირებს: გადატრიალების/აჯანყების/პუტჩის1 ლოგიკური გამოსავალი, ერთის მხრივ შიდა, ხოლო მეორე მხრივ გარე ლეგიტიმაციისათვის, შევარდნაძის ჩამოყვანა იყო.
ასე დაიწყო საქართველოში ძალაუფლების მიერ წარმოებული პირველი სიმულაცია: შევარდნაძე სამხედრო საბჭოს იმისათვის სჭირდებოდა, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული გარდაქმნებისათვის საკუთარი მზადყოფნა დაედასტურებინა. ვერ იტყვი, რომ სამხედრო საბჭოს მეთაურთაგან ვერცერთი ვერ ხედავდა დემოკრატიის აუცილებლობას და არ უნდოდა მომავალში საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად ეხილა (მაგალითად, იოსელიანს და სიგუას). მაგრამ იმ ინსტრუმენტებიდან, რომელიც მათ უპირობო ძალაუფლების დასამყარებლად აირჩიეს, ასეთი მომავალი სულაც არ გამომდინარეობდა. ძალაუფლების მიერ წარმოებული სიმულაცია ორმაგი იყო: 1. ძალაუფლება (წარმომადგენლები: იოსელიანი-კიტოვანი-სიგუა) სიმულირებდა, რომ ის დემოკრატიულ გარდაქმნებზე იყო ორიენტირებული; 2. იმავე დროს ძალაუფლება სიმულირებდა, რომ ის შევარდნაძის (ჯერ სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო შემდეგ - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის) ხელში იყო. თუმცა ეს სიმულირება საკმაოდ მარტივად გაიშიფრა და მალევე ყველასათვის ცხადი გახდა. სწორედ ამან აიძულა შევარდნაძე, აქტიური მოქმედებებისათვის მიემართა. ამისათვის კი უპირველეს ყოვლისა, მხედრიონის, გვარდიის და სხვა გასამხედროებული შენაერთების, როგორც ძალაუფლების საფუძვლის, გაუქმება იყო საჭირო.
1993 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებულ ძალთა გადანაწილებაში გამოჩნდნენ ის ძალები, რომლებსაც შეეძლოთ შევარდნაძისათვის ისეთივე სამსახური გაეწიათ, როგორიც შევარდნაძემ სამხედრო საბჭოს ლიდერებისათვის შეასრულა. ამ ძალებს ის ხალხი წარმოადგენდა, რომელიც შევარდნაძის მიერ ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში მას ლიბერალურ-დემოკრატიულ გარდაქმნებზე მიმართულ პოლიტიკოსად დარჩენაში დაეხმარებოდა. ერთი, რაც აშკარად იცოდა შევარდნაძემ, და რაც მას ჩამოჰყვა რუსული, აშშ-ევროპული თუ ქართული გამოცდილებიდან, იყო ის, რომ არსებულ ვითარებაში მხოლოდ ლიბერალურ დემოკრატიაზე ორიეტაცია მისცემდა მას საშუალებას მოეპოვებინა და შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ყველა სხვა მცდელობა - საქართველოს მსგავს ქვეყნებში და თვითონ საქართველოშიც - განწირული იყო მარცხისათვის. შეიძლებოდა აღმოსავლური ვარიანტის გათამაშებაც, მაგრამ შევარდნაძე სწორედ იმათ ებრძოდა, ვისაც ასეთი (თურქმენული ტიპის) რეჯიმის დამყარება შეეძლო. თანაც ადგილობრივი მყარი ფულადი წყაროს (ნავთობი, ბამბა და ა. შ.) არარსებობის შემთხვევაში, ძნელი იქნებოდა პატერნალისტური რეჟიმის დიდი ხნით შენარჩუნება.
ამიტომ, 1993 წლის პარლამენტში, ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად გადაწყდა, რომ საქართველოში ფულის უპირობო წყარო ლიბერალური დემოკრატია უნდა გამხდარიყო. ამიტომ შევარდნაძემ გამოაცხადა საკუთარი ე. წ. „გარანტის“ ტენდერი, რომლისთვისაც ბრძოლაში იმ დროს ყოფილი „მწვანე“ და უკვე მოქალაქეთა კავშირის მმართველ ფენაში მყოფი ზურაბ ჟვანია ჩაება.
მიუხედავად იმისა, რომ დასაწყის ეტაპზე თითქოს სხვები იმარჯვებდნენ, საბოლოოდ ეს ბრძოლა ჟვანიამ მოიგო. რეალური ბრძოლა შევარდნაძეზე გავლენის მოსაპოვებლად მიმდინარეობდა. რაღაც ეტაპზე მოქალაქეთა კავშირის ჟვანიასადმი დაპირისპირებულმა ფრთამ, რომელსაც მოქალაქეთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ლიდერი გია ჟორჟოლიანი მეთაურობდა, გადაწყვიტა, საკუთარი პარტია შეექმნა და ბოლომდე მოექცია შევარდნაძე საკუთარი გავლენის ქვეშ: ჩამოეცილებინა ის მოქალაქეთა კავშირისაგან, რომელიც, თავად შევარდნაძის პროექტით, ძალაუფლების მთავარი ფარი და დემოკრატიის სიმულირების მთავარი პოლიგონი უნდა გამხდარიყო.
არჩევანი, რომლის წინაშეც შევარდნაძე დადგა, ფაქტობრივად არც იყო არჩევანი: ერთ მხარეს იდგა ხალხი, გაურკვეველი პარტიული მომავლით, რომელიც ცდილობდა ხელისუფლების უპირობო მრჩეველი გამხდარიყო, ხოლო მეორე მხარეს - საქართველოს ინტელექტუალების და ინტელიგენციის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მოქალაქეთა კავშირი, ჟვანიასთან ერთად, რომელსაც უნდოდა არა მრჩევლობა, არამედ მეორე კაცობა2. ისიც უნდა ითქვას, რომ შევარდნაძის გარემოცვაში იმ დროს ჟორჟოლიანი ყველაზე გავლენიანი კაცი იყო და, როგორც ჩანს, შევარდნაძის პირადი სიმპათიით და მხარდაჭერითაც სარგებლობდა. მაგრამ ამან ვერ შეუშალა ხელი შევარდნაძეს, საკუთარი პროექტის მიზნებისათვის ოპტიმალური კანდიდატურა შეერჩია:
ძალთა იმდროინდელი განაწილების მიხედვით ჟვანიას მდგომარეობა და სურვილი უფრო ცხადი, გასაგები და კონტროლირებადი იყო, ვიდრე სხვებისა: „მეორე კაცობა“ გულისხმობდა ნათელ, დაქვემდებარებულ და „თავის თავზე ამღების“ პოზიციას, „მრჩევლობაში“ კი, მართალია, გაურკვევლად და ჩამოუყალიბებლად, მაგრამ მაინც გამოსჭვიოდა შუასაუკუნეობრივი „რუხი კარდინალის“ სილუეტი: გადაწყვეტილებებზე გავლენის პრეტენზია პასუხისმგებლობის გარეშე, რაც ყოვლად მიუღებელი იყო შევარდნაძისათვის. მას სრულიად საპირისპირო სჭირდებოდა: ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობას აიღებდა მის გადაწყვეტილებებზე. ასეთი კაცი კი, არსებულ კანდიდატურებს შორის მხოლოდ ჟვანია იყო. ასე იქცა ჟვანია ათკაციანი ფრაქციის ლიდერიდან ძალაუფლების მოზიარედ - მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ პასუხისმგებლობის ასპექტში, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ მალე გადაწყვეტილების ნაწილიც მისი საკუთრება გახდებოდა.
შედეგად, ახალი კონსტიტუციის, შევარდნაძეზე ტერაქტის და ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. მან შევარდნაძის ახალი გზის გამეორება დაიწყო: როგორც შევარდნაძე აირჩია ჯერ პარლამენტმა, ხოლო შემდეგ, 1995 წელს - ხალხმა, ასევე, 1995 წელს ჟვანია პარლამენტის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ჟვანიამ ძალაუფლების საკუთარი წილიც მიიღო. ამ წილის მიხედვით მას უფლება ჰქონდა, საკუთარი მომხრეები შეეგროვებინა. ამ შეგროვებას შევარდნაძეც აქტიურად უჭერდა მხარს: სიმულაციის მწარმოებელი რაც უფრო მეტი იქნებოდა, მით უფრო მყარი გახდებოდა მისი ძალაუფლებაც. მეორე მხრივ, რეალური ძალაუფლების განსამტკიცებლად, შევარდნაძემ ძალაუფლების საკუთარი (უფრო მოზრდილი) ნაწილის მშენებლობასაც მიჰყო ხელი: ორი ძალა, რომელსაც ის კარგად იცნობდა ჯერ კიდევ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნობის დროს, იყო 1) პოლიცია და 2) ე. წ. „საქმოსნები“, რომლებიც ამავე დროს კომუნისტური პარტიის ელიტასაც წარმოადგენდნენ.
ყოფილი პარტიული ელიტა გაწევრიანდა მოქალაქეთა კავშირში, რამაც შევარდნაძეს, კვლავაც ჟვანიას გუნდს ამოფარებულს, საშუალება მისცა, ძალაუფლების მპყრობელ თანამდებობებზე საკუთარი ხალხი მოეყვანა. ამ საქმის პირველი მერცხალი კომუნისტური პარტიის თბილისის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის - ნიკო ლეკიშვილის - სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შევარდნაძემ აშკარად გაყო ძალაუფლება: პარლამენტი ჟვანიას ჩააბარა დემოკრატიის და ძალაუფლების სიმულირებისათვის, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება - ლეკიშვილს: ძველი ხელისუფლების სუბიექტების გამოცდილი მეთოდებით საკონტროლოდ.
ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, კონფლიქტი ლეკიშვილსა და ჟვანიას შორის გარდაუვალი იყო. პარალელურად ჟვანია ძალაუფლების საკუთარ სქემას ადგენდა: ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, ჟვანიასაც სჭირდებოდა ლიბერალური დემოკრატიის საყრდენი. ამისათვის მან ერთის მხრივ არასამთავრობო სექტორის და მედიის ღია მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი საკუთარი გუნდის ახალი წევრებით გამდიდრება დაიწყო. ძალაუფლების თვალსაზრისით ამ პროექტის მიზანი ცხადი იყო: როგორც თავის დროზე შევარდნაძეს და იოსელიანს, ახლა ჟვანიასაც სჭირდებოდა მხარდამჭერები და ლიბერალური დემოკრატიის უპირობო წარმომადგენლები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.
1995-1999 წლებზე მოდის იმ რეფორმების პიკი, რომელიც ჟვანიას გუნდმა დაიწყო. შესაბამისად, ამავე დროს ემთხვევა ლეკიშვილსა და ჟვანიას შორის დაპირისპირების პიკიც. ყოველი კონფლიქტი, რომელიც ამ დროს წარმოიშვა, შესაძლებელია სულაც არ იყო შეგნებულად სტიმულირებული რომელიმე მხარის მიერ, მაგრამ მიმდინარე პროცესები ხშირად თვითორგანიზების პრინციპით მუშაობდნენ.
იმ წლების ყველაზე უფრო გამორჩეული კონფლიქტი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გამო მოხდა, როდესაც პრეზიდენტთან დაახლოებულმა რამდენიმე პიროვნებამ მოინდომა ამ ტელევიზიის ხელში ჩაგდება, ანდა, როგორც ისინი ამბობდნენ, მათი კუთვნილი ტელეკომპანიის დაბრუნება. მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარე იყო მართალი, ერთმანეთს აშკარად დაუპირისპირდა პრეზიდენტის გარემოცვა და კერძო ბიზნესი, რომელიც მაშინ სამოქალაქო აქტივობის ფორმას უფრო ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ხელისუფლებას აშკარად შეეძლო ბრძოლა მოეგო, ის მოერიდა საქმის გამწვავებას. ტელეკომპანიამ, სამოქალაქო საზოგადოების იმდროინდელი ჩანასახების დახმარებით, რომლებიც ტელეკომპანიაში საკუთარ ხატს და მსგავს ხედავდნენ, შეძლო დაეცვა თავი. ეს კი იყო, სუსტი მაგრამ მაინც საგულისხმო ნიშანი, რომ ხელისუფლების უპირობო ძალაუფლება ქვეყანაში არსებობას წყვეტდა.
შევარდნაძის ბანაკში ბრძოლა ჟვანიამ კვლავ მოიგო. ლეკიშვილი გადადგა. ეს ძალიან ხავერდოვანი გადადგომა იყო: ლეკიშვილი გახდა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე და სცადა, მჭიდრო კავშირები დაემყარებინა ჟვანიასთან.
ეს კავშირი ჟვანიასაც დაუჯდა ჭკუაში, მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ სახელმწიფო მინისტრად ვაჟა ლორთქიფანიძე, ყოფილი სსრკ3 კომუნისტური პარტიული ელიტის წევრი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, შემდეგ საქართველოს ელჩი რუსეთში, დანიშნა. ვაჟა ლორთქიფანიძე ცნობილი იყო როგორც გამოცდილი მოთამაშე და სხვადასხვა შეფასებებით - ჟვანიას თანაბარი მოწინააღმდეგე. ლორთქიფანიძე ცნობილი იყო არა მარტო პოლიტიკოსის უნარებით, არამედ სერიოზული კაპიტალით და რუს ბიზნესმენებთან კავშირებით. ის შედარებით ახალგაზრდა და ფაქტობრივად, პირველი ფიგურა იყო, რომელიც ჟვანიას გარდა შევარდნაძის მემკვიდრის პოსტზე სერიოზული კანდიდატი შეიძლებოდა ყოფილიყო. ლორთქიფანიძემაც დაიწყო საკუთარი სიმულაციური თამაშები - მედიასთან, არასამთავროებთან მჭიდრო ურთიერთობა, რასაც ჟვანია და მისი გუნდი, რა თქმა უნდა, ვერ მოითმენდა. ჟვანიას უკვე ძლიერი მოკავშირეები სჭირდებოდა. ეს ძლიერი მოკავშირეები ლეკიშვილის დახმარებით ბიზნესმენების - გაჩეჩილაძისა და გამყრელიძის - ჯგუფის სახით გამოჩნდნენ.
შევარდნაძე კვლავ აგრძელებდა მოუსყიდავი მსაჯულის როლის თამაშს. ეს მისი პირველი და დაუძლეველი ილუზია იყო; ჟვანიამ, საკუთარი გუნდის, მედიის და არასამთავროების დახმარებით მოახერხა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება შევარდნაძესთან ყოფილიყო გაიგივებული და შევარდნაძისათვის სასურველი ფორმულა - პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მინისტრი - დაპირისპირებული, თვითონ მათზე მაღლა მდგომი, მოუსყიდავი მსაჯული - საზოგადოების თვალში საკმაოდ მალე გახდა ფიქცია.
ლორთქიფანიძე დამარცხდა, შეიძლება ითქვას, სწორედ ჟვანიას და ახალი თაობის ბიზნესმენების კოალიციის გამო. ძნელია ივარაუდო, რა იყო ამ კოალიციის რეალური შემაკავშირებელი და რა არა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ, სადაც გაჩეჩილაძე-გამყრელიძის გუნდი მოქალაქეთა კავშირის სიით მონაწილეობდა, ჟვანიას გუნდს და ბიზნესმენებს შორის კონფლიქტი დაიწყო. ზოგი ვერსიით, ალიანსის პირობა იყო სახელმწიფო მინისტრის პოსტი დავით გამყრელიძისთვის.
სახელმწიფო მინისტრის პოსტი კი ლორთქიფანიძის შემდეგ აშკარად ნეიტრალურმა ფიგურამ, გია არსენიშვილმა დაიკავა, რომელიც, ჯერ კიდევ კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე სწორედ მომრიგებელი მსაჯულის და კონფლიქტებზე მაღლა მდგომის როლს თამაშობდა. როლს, რომელიც შევარდნაძეს საქართველოს მასშტაბით თავისად მიაჩნდა. შევარდნაძეს აშკარად უნდოდა, არსენიშვილს ღირსეულად შეეცვალა ლორთქიფანიძე და დაპირისპირებოდა ჟვანიასაც და სააკაშვილსაც. მაგრამ არსენიშვილმა ეს, ასევე აშკარად, არ მოინდომა. ამის შედეგად ძალთა განაწილება ბუნდოვანი და გადღაბნილი გახდა.
ამაზე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ჟვანიას გუნდის რამდენიმე წევრი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა: იუსტიციის, შემოსავლების და ფინანსთა მინისტრების პოსტები სააკაშვილმა, მაჭავარიანმა და ნოღაიდელმა დაიკავეს. შევარდნაძეს და ალბათ ჟვანიასაც, ამ შემთხვევაში ერთნაირი მოტივები ამოძრავებდათ: ორივეს უნდოდა, ეგრძნობინებინა თავთავიანთი აღზრდილებისათვის (შევარდნაძეს ჟვანიასათვის, ჟვანიას - სააკაშვილ-მაჭავარიან-ნოღაიდელისათვის), რომ მათ გარეშე ისინი ვერ გადარჩებოდნენ. შედეგი საკმაოდ საპირისპირო იყო ორივესათვის: სააკაშვილმა დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, რაც დაგვირგვინდა ნაციონალური მოძრაობის შექმნით, თბილისის საკრებულოში არჩევნების მოგებით და საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევით, ხოლო მაჭავარიანმა და ნოღაიდელმა აშკარად შეიძინეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების იმიჯი.
შევარდნაძემ კიდევ ერთხელ სცადა აღედგინა სასურველი წონასწორობა და საკუთარი ზე-პიროვნული მსაჯულის როლი: სახელმწიფო მინისტრად ავთანდილ ჯორბენაძე დაინიშნა. როგორც ჩანს, ჯორბენაძე თანახმა იყო, კონფლიქტის სუბიექტი გამხდარიყო. ჟვანიას გადადგომის შემდეგ და პარლამანეტში ე. წ. თემატური უმრავლესობის დაფიქსირების მიუხედავად, ჯორბენაძეს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენიმე ბრძოლის გადახდა/გამართვა მაინც მოუწია. ვერ იტყვი, რომ ამ ჩუმ თუ ღია ბრძოლებში (მამალაძის, კარტოზიას, ხაზარაძის წინააღმდეგ) ჯორბენაძის პოზიცია ანტი-დემოკრატიული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ, კონფლიქტის ცენტრი მაინც არ შენარჩუნდა მთავრობასა და პარლამენტის შორის. შედეგად, ხელისუფლების ბზარები უკვე აშკარად შესამჩნევი გახდა.
____________________
1. ეს არის სამი სახელი, რომლითაც 90-91 წლის ზამთრის მოვლენები დღესაც მოიხსენეება ქართულ მითოლოგიაში.
2. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო განსხვავება მალე გადამწყვეტი აღმოჩნდა.
3საბჭითა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი.
![]() |
3.3 პატერლოო1, ანუ აღდგენითი სამუშაოები |
▲ზევით დაბრუნება |
სადღაც 2001-2002 წლებში ძალაუფლების არსებულმა სტრუქტურამ დაშლა დაიწყო. ძალაუფლების სტრუქტურა, რომელიც შევარდნაძის და ჟვანიას რაციონალური თუ ირაციონალური თანხმობის შედეგად დემოკრატიის სიმულირებას და ხელისუფლების აღმასრულებელ და კანონმდებელ შტოებს შორის კონფლიქტს გულისხმობდა, ვეღარ მუშაობდა.
შემდეგი მოვლენებიც, რომლებიც, ჩემო მომთმენო მკითხველო, ჩვენს გარემოში ხდება, ანუ რომელთა შესახებაც შეიტყობ, თუკი შეეშვები ამ წიგნის კითხვას და ტელევიზორს მოუსმენ ანდა დღევანდელ გაზეთებს გადახედავ2, ამ ფაქტზე რეაქციას წარმოადგენს: ხელისუფლებაში არსებობს მიმართულება, თავისი ძალიან კონკრეტული წარმომადგენლებით, რომელიც ხელს უწყობს ძალაუფლების ამ სტრუქტურის აღდგენას, და ასევე, არსებობს მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს ამ სტრუქტურის რღვევას. ამ ძალების სუბიექტები არ არის მკვეთრად დადგენილი3, თუმცა მათი დიფერენციაცია მაინც შესაძლებელია.
2003 წლის დასაწყისის რამდენიმე პოლიტიკური მოვლენა აშკარად მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლებას თითქოსდა გამოსავალი არა აქვს და აპირებს ძველი, საქართველოში უკვე გამოცდილი სცენარით იმოქმედოს, ანუ თავიდან დაადგეს იმ გზას, რამაც დღევანდლამდე მოგვიყვანა: მე მინდა გაგახსენოთ, თუ რა იყო იმ ძალაუფლების დასაწყისი, რომელიც დღეს ირღვევა: 1) მკვეთრი დაპირისპირება პროზვიადისტურ ძალებთან მიმდინარეობდა მიტინგების რბევით და ადამიანის უფლებების დარღვევით. ეს ხდებოდა ინტელექტუალთა ძირითადი ნაწილის მხარდაჭერის ფონზე, რომლებიც ყველაფერზე იყვნენ თანახმა, ოღონდ საქართველო დემოკრატიულ თანამეგობრობას ეღიარებინა. ეს იმდროინდელ (ყოფილ პარტიულ) ფუნქციონერებსაც აწყობდათ, რადგანაც არსებული, მემკვიდრეობით მიღებული რესურსები ამოწურული იყო, და ერთადერთი საშველი მათთვის ის მრავალრიცხოვანი კრედიტები იყო, რომელსაც საქართველო მიიღებდა, თუკი მას დემოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიაზე მიმართულ ქვეყნად აღიარებდნენ; 2) არჩევნების ღია გაყალბება: ხელისუფლებას ამაშიც ჩუმი თანხმობა ჰქონდა მიღებული როგორც ფუნქციონერებისაგან (გასაგებია, რატომაც), ასევე, ინტელექტუალ/ინტელიგენციისაგან: ესეც იყო ერთგვარი საზღაური ლიბერალური რეფორმების დაწყებისათვის; 3) ტერორი მიმართული რევანშისტულ და მოწინააღმდეგე პოლიტიკურ პარტიებისაკენ: ესეც ჩუმად მართლდებოდა, როგორც სტაბილურობის და დემოკრატიის საფასური.
ხელისუფლება 2003 წლის დასაწყისში შეეცადა სამივე ამ მახასიათებლის აღდგენას: 1) შეიარაღებულმა ჯგუფმა დაარბია „ახალი მემარჯვენეების“ ოფისი; 2) პარლამენტში შევიდა კანონპროექტი ე. წ. „იმპერატიული მანდატის“ შესახებ, რომელიც პარტიულ ბოსებს საშუალებას აძლევს, ურჩი პარტიის წევრები გამოიწვიონ საკრებულოებიდან; 3) დაიწყო მომიტინგეების რბევა: არგუმენტები და დისკურსი, რომელსაც პოლიციელები იყენებდნენ ძალიან წააგავდა 90-იანი წლების დასაწყისის ენას: „მხოლოდ სამი ადგილია თბილისში, სადაც შეიძლება მიტინგების გამართვა“, „არავის მივცემ ნებას, რუსთაველზე მიტინგი მოაწყოს“, „სპეციალური ნებართვაა საჭირო მერიიდან“ და ა. შ. ამავე დროს ხელისუფლება ცდილობს, შექმნას ინტელიგენციის ჯგუფი, რომელიც ამას ყველაფერს გაამართლებს: მოქალაქეთა კავშირი (უკვე „ახალი საქართველო”) ჯორბენაძის ხელში ისევ ცდილობს ინტელიგენციის კარტი გაათამაშოს. ისევე, როგორც 90-იანი წლების დასაწყისში, ამჯერად „მხარდამჭერთა ჯგუფის“ ერთი ნაწილი მკვეთრად გამოირჩევა ნომენკლატურული წარსულით და აწმყოთი, ხოლო მეორე ნაწილს ჯერჯერობით უცნობი ახალგაზრდობა4 წარმოადგენს.
ხელისუფლება ცდილობს, კვლავ შეკრას დემოკრატიის ის სიმულაციური ველი, რომელიც რღვევას იწყებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება ამ მცდელობაშიც ერთიანი არ არის; თუკი ჯორბენაძე ცდილობს 90-იანი წლების თავიდან დაწყებას და ალბათ ფიქრობს, რომ თვითონ უკეთესად შეძლებს, ვიდრე ჟვანიამ შეძლო, შევარდნაძის გული აშკარად საბჭოთა კავშირს ეკუთვნის. ამას მიუთითებს მის მიერ ამ ბოლო დროს გახშირებული აპელირება საკუთარ საბჭოთა წარსულზე და გამოცდილებაზე. თუმცა ეს დაპირისპირება ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულია, და ზოგჯერ თუ წამოჰყოფს თავს. ეს „ზოგჯერ“ იყო, როდესაც ჯორბენაძემ სახელმწიფო კანცელარიის მისეული სტრუქტურა წარუდგინა შევარდნაძეს - სახელმწიფო მინისტრისათვის დიდი უფლებების მინიჭებით და სხვა ქვე-დანაყოფების (მათ შორის უშიშროების საბჭოს) დაქვემდებარებით. ეს პროექტი იმდენად აშკარად ცვლიდა ძალთა განაწილებას, რომ შევარდნაძემ მასზე ასევე აშკარად უარი თქვა. სხვა მხრივ - აღდგენით სამუშაოებზე თითქოს შევარდნაძეც თანახმაა - თუნდაც იმიტომ, რომ მისთვის დემოკრატიის სიმულაციის აღდგენის პროცესი და „სოციალიზმი ადამიანური სახით“5 ძნელი განსასხვავებელი იქნება.
თუმცა, ამ საქმეში ისინი მარტონი არ არიან, და ხან ერთ, ხან კი მეორე ოპოზიციურ პარტიას „წასცდება ხელი“ აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობისაკენ: ასეთი მაგალითი არც თუ ისე ცოტაა, იქნება ეს ახალი მემარჯვენეების გაუბედაობა ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნის საქმეში თუ ნაციონალური მოძრაობის სურვილი, ჯუმბერ პატიაშვილი ჩაწეროს საპარლამეტო საარჩევნო სიაში. რაც შეეხება ნათელაშვილის ლეიბორიზმს, ის მთლიანად აღდგენითი სამუშაოს მომხრეა. ასე რომ ძნელია, ქართველ ლეიბორისტებს ოპოზიცია უწოდო, იმდენად მიმართულია მათი ლიდერის მოწოდებები საბჭოთა კავშირის სოციალური და პოლიტიკური გარემოს რესტავრაციისაკენ.
ბოლო დრომდე „ახლებს“ აშკარად უჭირდათ შეგუება იმასთან, რომ მხოლოდ „თანაბარი პირობების მოთხოვნა“ არ უნდა იყოს დემოკრატიული ძალის დამახასიათებელი. ხელისუფლებასთან მკვეთრ გამიჯვნამდე „ახლებს“ იმედი ჰქონდათ, რომ ძველი „ჟვანიასეული“ მეთოდებით მოახდენდნენ ძალაუფლების მოპოვებას თუ არა, გაზიარებას მაინც. მათაც გადადგეს „ახალგაზრდა მოქკავშირელების“ ისტორიული ნაბიჯები: წავიდნენ აშშ-ში, ელაპარაკნენ წამყვან პოლიტიკოსებს, დაარწმუნეს ისინი (ან დარწმუნდნენ რომ დაარწმუნეს) თავიანთ დემორატიულობაში, იქაური ქართველები ლობისტობისათვის გამოიყენეს. მოკლედ,
ჩაიდინეს ყველაფერი, რაც ჟვანიას გუნდმა 90-იან წლებში მოიმოქმედა. მაგრამ თუ ყოველივე ეს ჟვანიას, ამ ტექნოლოგიის გამომგონებლის, შემთხვევაში ლამის გამოცხადებად თუ აღიქმებოდა, შემდეგ, ახლების მიერ გამეორებისას რუტინული ჩანაცვლების სახე მიიღო. დღეს ახლები უკვე მკვეთრად გამოდიან ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ გამოსვლებში ისმის სამოქალაქო უფლებების დაცვის მოთხოვნებიც. მიუხედავად ამისა, პატარკაციშვილთან, ასევე, ყოფილ ნომენკლატურასთან - კახა თარგამაძესთან კავშირის ხშირი მითითება მათ ჯერ კიდევ აღდგენითი სამუშაოების მწარმოებელთა რიგში ტოვებს.
ასევე, აღდგენითი სამუშაოების მონაწილე ხდება ჟვანიას პარტიაც - გაერთიანებული დემოკრატები. რის წინააღმდეგაც მათ ჯერ-ჯერობით ხმა აიმაღლეს, არის პოლიტიკური პარტიების უფლებების შელახვა და დაბალი ხელფასები. ეს უკანასკნელი, მართალია, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა მიმართული, მაგრამ მაინც „მზრუნველი პარტია/მომლოდინე, მადლიერი მოსახლეობის“ საბჭოთა ინსტიტუტის სუნი ასდის. ეს კი მიუთითებს, რომ რესტავრაციის შემთხვევაში, თუკი ისინი სხვანაირად ვეღარ დარჩებიან პოლიტიკურ ზედაპირზე, სიამოვნებით განაახლებენ იმ თამაშს, რომელიც კარგად იციან - ძალაუფლების მიერ სიმულირებული დემოკრატიით და დემოკრატიის მიერ სიმულირებული ძალაუფლებით.
ნაციონალურ მოძრაობას რაც შეეხება, ცხადია, რომ პატიაშვილის ჩართვა საკუთარ სიებში მათ მიერ ხმების დაგროვების სურვილითაა გამოწვეული: მაგრამ საეჭვოა, რომ მოძრაობა ამ ჩართვით უფრო მეტს მოიგებს, ვიდრე დაკარგავს. ნაციონალური მოძრაობა საკუთარ მომავალს ლიბერალურ-დემოკრატიულ გარდაქმნებს უკავშირებს. მისი წევრებისათვის ცხადია, რომ ისინი ვერასოდეს დაუპირისპირებენ მათ წინააღმდეგ არსებულ ფულს უფრო მეტ ფულს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაუპირისპირეს, მათი უნიკალობა, ანუ მაქსიმალური დემოკრატიზაციის და ლიბერალიზმის ტალღაზე ხელისუფლებაში მოსვლისაკენ მიმართულობა, გაქრება: დიდ ფულს დიდი კომპრომისები მოსდევს.
__________________
1. Paterlaw (ინგლ.) - მამის (მამაოს) კანონი. ეს სიტყვა განსაკუთრებით იმ ინტელექტუალებს მოეწონებათ, რომლებიც ამ პოლიტიკური ტერმინის უკან ფროიდიზმის განსხეულებას დაინახავენ და მის გადატანას, როგორც ეს ხდება ხოლმე, შეეცდებიან იქ, სადაც ერთადერთი შედეგი ფსიქოანალიტიკური ცნებების მეტაფორული (ვერ ვიტყვი მახვილგონივრული, რადგანაც ასეთი მიყენებები სულ უფრო და უფრო თავსდება რუტინული აზროვნების საზღვრებში) გამოყენების ხელოვნებაა.
2. ეს პასაჟი ეხება საქართველოს (ან პოსტსაბჭოთა ქვეყნის) მოქალაქეს და ვალიდურია ამ წიგნის გამოცემის დღიდან მაქსიმუმ ერთ წელიწადს. თუმცა, ავტორისათვის მოვლენათა არასასურველი განვითარების შემთხვევაში ეს პასაჟი შეიძლება ამ წიგნის მეორე, მესამე და ა. შ. გამოცემების დროსაც იყოს აქტუალური.
3. ანუ ერთი და იმავე პოლიტიკური სუბიექტი სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება ან ძველი სტრუქტურის აღდგენას ეხმარებოდეს, ანდა ანგრევდეს მას და სხვა წესრიგისაკენ იყოს მიმართული.
4. ქართული პოლიტიკური ჟარგონით „ახალი სახეები”.
5. „სოციალიზმი ადამიანური სახით“ - ლოზუნგი, რომელიც სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში იდეოლოგიას ედო საფუძვლად და საბჭოთა ბანაკის და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების სიმბოლურ დაახლოებას ისახავდა მიზნად
![]() |
3.4 მცირე ჯგუფების კანონი |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ამას ბოლო ათი წელი გვიჩვენებს, საქართველოში მხოლოდ ხმების დაგროვების გამო საარჩევნო სიაში გაერთიანება ყოველთვის ცუდად მთავრდებოდა. ძალაუფლების სასწორი ყოველთვის იმ მცირე ჯგუფისაკენ იხრებოდა, ვის სასარგებლოდაც დიდმა ჯგუფმა მცირე დათმობა მოახდინა. ასე იყო ჟვანიას შემთხვევაში, როდესაც ის ყოფილ პარტიულ ნომენკლატურასთან და ახლებთან წავიდა გარიგებაზე, ასევე იყო აღორძინების შემთხვევაში - როდესაც ის მცირე ჯგუფმა - გიორგი თარგამაძის და სანდრო ბრეგაძის მეთაურობით - ფაქტიურად დაშალა. ამიტომ, სავსებით მოსალოდნელია, რომ პატიაშვილის დახმარებით გამარჯვებული ნაციონალური მოძრაობა ისევე ჩაეფლოს კომპრომისების და „პოლიტიკური აუცილებლობების“ ჭაობში და აღდგენითი სამუშაოების მწარმოებლების რიგში ჩადგეს.
ეს დასაწყისი იმათთვისაა, ვინც „საქართველო - ძალაუფლების სიმულაციები“ წაიკითხეს, ანდა, არ წაუკითხავთ, და მაინც აინტერესებთ, რა წერია იმ წიგნში. ამავე დროს, მოსწონთ ინტელექტუალური თამაშები - ცნობილი და არც თუ ისე ცნობილი აზრების ამოცნობა, მათი პაროდირება ან მათთან შეკამათება, დათანხმება ან არდათანხმება.
![]() |
4 III. მეორე შესავალი - იძულება სოციალური რეალობისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
სამი წლის წინათ, 1999 წელს, ჩემს წიგნში „საქართველო - ძალაუფლების სიმულაციები“ ვწერდი, რომ საქართველოსთვის აუცილებელია იძულება სოციალური რეალობისათვის. იმისათვის, რომ ქვეყანა ჩამოყალიბებულიყო როგორც გარკვეული, კონკრეტული ტიპის სოციალური სისტემა, ძალაუფლების იმ სიმულაციებზე, რომელსაც იმდროინდელი ხელისუფლება აწარმოებოდა, უარის თქმა მიმაჩნდა საჭიროდ.
წიგნი „საქართველო - ძალაუფლების სიმულაციები“ არის იმის შესახებ, თუ როგორ სიმულირებს ძალაუფლება ლიბერალურ დემოკრატიას, და ასევე, თუ როგორ ხდება ძალაუფლების არსებობის სიმულირებაც: საქართველო არის ქვეყანა, სადაც ძალიან ძლიერია საბჭოთა კავშირის დროინდელი სისტემები, ინსტიტუტები და ღირებულებები. ეს განპირობებულია მრავალი მიზეზით, როგორიცაა საბჭოთაკავშირისეული მმართველობის გამოცდილების მქონე ხალხის მოსვლა ხელისუფლებაში, ახალი გამოცდილების მქონე მმართველების სისუსტე, ქვეყანაში არსებული სიმდიდრის არასამართლიანი გადანაწილება და სხვა. ამავე დროს, წარმატებით მიმდინარეობს ლიბერალური დემოკრატიის არსებობის სიმულაცია1 ხდება სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმულაციური ორბიტის შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საბჭოთა რელიქტები კვდომადი და უმნიშვნელოა, ხოლო ახალი ინსტიტუტების გავლენის ზრდა და მომავალი - მნიშვნელოვანი. ასევე, იქმნება შეხედულება, რომ ბოლოს და ბოლოს, დემოკრატიული ინსტიტუტები ჩაანაცვლებენ საბჭოთა რელიქტებს და ყველაფერი კარგად „დასრულდება“. ჩემი წიგნის მიზანი იყო ცხადად მეჩვენებინა, რომ აღწერილ მდგომარეობას არა აქვს განვითარება, რომ ეს ბალანსი - ძლიერი რელიქტები და დემოკრატიული ინტიტუტების სიმულაციური ორბიტა - მარადიულია, თუ არ მოხდა განსაკუთრებული პოლიტიკური ნების ჩამოყალიბება. ამის საფუძველს მაძლევდა სიმულაციური (და არა მარტო სიმულაციური) სისტემების თვითკმარი ბუნება, რომელთა შიგნით არაფერი არ არის ისეთი, რომ მნიშვნელოვანი სტრუქტურული შეცვლა და გადასხვაფერება გამოიწვიოს.
რა თქმა უნდა, არსად არ დამიწერია, მაგრამ ნამდვილად ვგულისხმობდი, რომ გზა, რომელსაც საქართველოს მმართველობა და საზოგადოება უნდა დაადგეს, არის ლიბერალური დემოკრატიის გზა, რომ სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. შესაბამისად, ამ სამი წლის წინ იმედი მქონდა, რომ სიმულაციური სისტემებიდან ერთადერთი გამოსავალი იყო სიმულაციაზე უარის თქმა და ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის დანერგვა/დადგენა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამ წიგნის მიზანია იმის აღწერა, თუ რა მოხდა ამ ბოლო დროს და რა შეიძლება მოხდეს: არსებობს თუ არა დღევანდელი მოვლენების განვითარების შანსი, თუ დღესაც, ისევე, როგორც სამი წლის წინათ, გაყინვის წინაშე ვდგავართ.
რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, სიმულაციური სისტემის დარღვევა დაიწყო არა იქიდან, საიდანაც მე ამ „განსაკუთრებულ პოლიტიკური ნებას“ ველოდი2 არამედ იმათი მხრიდან, ვინც რელიქტურ სისტემებში ცხოვრობდა და მათ კვლავწარმოებას ახდენდა. ამის მიზეზი ისევ სიმულაციური სისტემების ბუნებაშია, რომელსაც პირობითად „სიმულანტი პაციენტის და ფსიქიატრის ურთიერთობა“ შეიძლება დავარქვათ.
________________
1 სიმულაცია არის ის, რაც ფარავს იმას, რომ მის უკან არაფერი არ არის. რაც სიმულირებს საფუძვლის და კავშირის გარეშე. ანუ სიმულაცია სიმულირებს საფუძველს, არსებითს, ძირითადს, ისე, რომ არავითარი კავშირი არა აქვს იმასთან, რის სიმულირებასაც ახორციელებს.
2 მე ამას ველოდი, რა თქმა უნდა, იმ გუნდიდან, რომელიც, როგორც მაშინ ჩანდა, ამ სიმულირებას იმიტომ ეწეოდა, რომ ნამდვილის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა.
![]() |
4.1 სიმულანტები და ფსიქიატრები, ანუ ავადმყოფობების, მოჩვენებითი ავადმყოფობების, მათი განკურნების და ვერგანკურნების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
არსებობს ეჭვი, რომ გიჟები მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ საპყრობილეში ჩასასმელი, რაც სიმულანტებმა სოციალური სარგებლის მიღება დაიწყეს. ანუ მაშინ, როდესაც სიმულაცია, როგორც სოციალური ფენომენი, საფრთხის შემცველი გახდა.
„ერთადერთი მეთოდი, რითაც მცოდნე ფსიქიატრი ცნობს სიმულანტს, არის ავადმყოფობის განვითარებაზე დაკვირვება. სიმულანტი ვერ სიმულირებს ავადმყოფობის განვითარებას, სიმულანტს მხოლოდ სტაბილური სიმპტომების სიმულაცია შეუძლია“ - ბრიტანელ ფსიქიატრ სერჟ იომასთან საუბრიდან.
ამბავი კი ასე მოხდა: დემოკრატიის და ლიბერალური მომავლის სიმულაცია საქართველოში წარმატებით მიმდინარეობდა. ერთი შეხედვით ეს არ ზღუდავდა რელიქტურ, საბჭოთა ძალაუფლებას, მაგრამ შეზღუდვა მაინც არსებობდა; ეს იყო თვითშეზღუდვა, რომელსაც რელიქტური ხელისუფლება ეწეოდა სიმულირებული დემოკრატიის და დემოკრატიული ძალაუფლების შიშით. ანუ შევარდნაძე1, მისი ოჯახი, კლანები, რომლებიც ნელ-ნელა ყალიბდებოდა, უფრთხოდა, ერთი მხრივ, დასავლეთს, რომელსაც წარმოებულ სიმულაციაში ლიბერალური დემოკრატიის გარანტის როლი ჰქონდა მინიჭებული, ხოლო მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ამავე სიმულაციის სცენარში დემოკრატიის ძლიერი დამცველის სახით იყო წარმოდგენილი.
სწორედ აქ შემოდის სცენაზე „ფსიქიატრი“, რომელიც მცოდნეც არის და გამოცდილიც2.
სიგიჟე, მისი იმიტაცია და მკურნალთა მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართული გზები, მეთოდები და გამოცდილება.
სიგიჟის და ცივილიზაციის ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ გიჟების განცალკევება ნორმალურებისაგან და მათთვის სპეციალური ადგილების მიჩენა არ უნდა იყოს მაინდამანც XVII საუკუნის პირმშო და რეპრესიის მესამე აქტი კაცობრიობის ისტორიაში (პოლიციის და სასამართლოს შემდეგ). გიჟების სოციალური იზოლაცია უფრო სარგებლის მიღებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
სიგიჟიდან და განსხვავებულობიდან სარგებლის მიღების შეზღუდვის სურვილი უნდა ყოფილიყო ის, რაც ე. წ. ნორმალურებს, ძალაუფლების მქონეთ და ნორმების დამდგენებს, ამოძრავებდათ აკრძალვების და რეპრესიების შემოღებისას. გიჟი და სიგიჟე არ ადგას იმავე გზას, რასაც საზოგადოების ნორმალური წევრი, და არ ცდილობს იმავე მიზანს მიაღწიოს. ამას მხოლოდ სიმულანტი აკეთებს, ანუ ის, ვინც გარკვეული მიზნის მისაღწევად იგიჟიანებს თავს. შესაბამისად, ცივილიზაციის მმართველები იგონებენ იზოლაციის მექანიზმს. მართალია, გიჟს ენიშნება და ეძლევა საზოგადოებრივი სიმდიდრის ნაწილი, მაგრამ ეს არანაირ კავშირიში არ არის იმ მიზნებთან და იმ „სიმდიდრესთან“, რომელსაც სიმულანტი შეიძლება ესწრაფოდეს. შესაბამისად, საგიჟეთი ეს არის წარმატებული (ან წარუმატებელი) მცდელობა, გაუქმდეს სიმულაციის საჭიროება და ხიბლი.
საგიჟეთი, ცალკე, იზოლირებული დასახლება გიჟებისათვის, მიმართულია არა სიგიჟის, არამედ სიმულაციის წინააღმდეგ.
მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც სიმულაცია დაძლეულია, ან ჰგონიათ რომ დაძლეულია, ცივილიზაცია მიმართავს „მკურნალობის, დიალოგის და სიჩუმის“ მეთოდებს. ანუ მთელი მარილი ისევ და ისევ სიმულანტის ამოცნობაშია, რაც რთული საქმეა, და რასაც გამოცდილი ფსიქიატრი სჭირდება.
ეს ინტელექტუალური პასაჟი საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება ასე ითარგმნოს: რელიქტურმა მმართველობამ, რომელიც საკმაოდ გამოცდილი იყო
თავის და თავისი მსგავსების დაკვირვებაში, აღმოაჩინა, რომ ლიბერალური დემოკრატია რომელიც ე. წ. დემოკრატიული „ფრთის“ მიერ იწარმოება, არ ვითარდება, და მუდამ ერთსა და იმავე თემებში, პრობლემებში და საკითხებში ტრიალებს. ეს აღმოჩენა სწორხაზოვნად არ უნდა გავიგოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შევარდნაძემ აღმოაჩინა, რომ ჟვანია და სააკაშვილი სიმულირებენ ლიბერალურ დემოკრატიას და დაიწყო მათ მიმართ რეპრესიული მეთოდების გამოყენება, რაც მათ სრულ იგნორირებაში გამოიხატა. იგივე პროცესი შეიძლება აღვწეროთ ჟვანიას და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობის მიმართაც, როდესაც ჟვანია მიხვდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა და მეტი არაფერი, და შევარდნაძის მსგავსად, ადეკვატური ნაბიჯი გადადგა მათი იგნორირებისაკენ და ა. შ.
მოკლედ, დაახლოებით 2000 წლისათვის საქართველოს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა აღმოაჩინა, რომ ის, რისიც ეშინოდათ, სულ არ იყო საშიში და ანგარიშგასაწევი.თუმცა, იმისი თქმაც არ შეიძლება, რომ თავის დროზე, როდესაც დემოკრატიის სიმულაციის პროექტი მზადდებოდა, ამ პროექტის მთავარი საფრთხობელა - საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობა და დემოკრატიული ქვეყნები - სულაც არ იყო საშიში რელიქტური ძალუფლების კლუბისათვის: საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს საქართველოს სახელმწიფოს სასიცოცხლო საფუძველია - სახელმწიფო კრედიტები, სახელმწიფო და არასახელმწიფო გრანტები, საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა და ა.შ. - ჰაერში ეკიდა და ყველამ, მათ შორის შევარდნაძემაც იცოდა, რომ შევარდნაძის ავტორიტეტი, მისი ძლიერების მიუხედავად, საკმაოდ სასრული იყო და ძალიან მალე ამოიწურებოდა, ისე, რომ შეიძლებოდა ერთ საარჩევნო ვადასაც არ ჰყოფნოდა.
ის, რაც იმ დროს საშიში და მოსაფრთხილებელი იყო, „მართლაც“ ასეთი იყო: სიმულაციის პროექტი ხელს აძლევდა ყველას - მათაც, ვისაც ძალაუფლებაში მოსვლა უნდოდა, და მათაც ვისაც არ უნდოდა წასულიყო ძალაუფლებიდან: ანუ ეს აწყობდა როგორც იმ გუნდს, რომელიც ჟვანიას გარშემო ყალიბდებოდა, ასევე იმ გუნდსაც, რომელიც თავს იკრებდა შევარდნაძის გარშემო: თუმცა, იმ დროს, 90-იანი წლების დასაწყისში, ჟვანია ჯერ კიდევ არ იყო ერთადერთი: ის უბრალოდ საუკეთესო პარტნიორი აღმოჩნდა შევარდნაძისათვის. მან შევარდნაძეს სიმულაციური ძალაუფლების და ძალაუფლების სიმულაციის გაზიარების საფასურად არანაკლები შესთავაზა. არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ბუმი ჟვანიას დამსახურებაა, ასევე, მისი დამსახურებაა იმ პოლიტიკური ელიტის შექმნა, რომელიც 5-6 წლის განმავლობაში - 2001 წლის ნოემბრის ამბებამდე - წარმატებით ეწეოდა სიმულაციის პროექტის განხორციელებას და ამ პროექტში სხვა - გარე თუ შიდა - აქტორების ჩართვას.
შედეგად მოხდა ის, რაც წონასწორულ სისტემებს ემართებათ. აზრი, რომ სისტემა შეიძლება მუდამ იყოს წონასწორობაში, და რომ წონასწორობის დარღვევა არა სისტემის შინაგანი ბუნებიდან, არამედ სუბიექტური ფაქტორებითაა განპირობებული, ილუზიაა, უცოდინარობა თუ არა: სუბიექტურმა ფაქტორმა შეიძლება წონასწორობა ძალიან დიდხანს შეინარჩუნოს - ამის საუკეთესო მაგალითია შევარდნაძე, რომლის წონასწორულმა სისტემამ (როგორც იქნა) 2000 წლის ბოლოს დაიწყო რღვევა. ვერც ერთი სუბიექტური ფაქტორი ვერ შეცვლის სისტემის შინაგან
თვისებას: ბუნებრივია, სისტემის ამოცანაა იმ საფრთხეების განეიტრალება, რაც მას გარედან ემუქრება: სისტემამ საფრთხე საკუთარ ენაზე უნდა “თარგმნოს”, გარკვეული კოდირება მიანიჭოს, იმისათვის, რომ მისი საწინააღმდეგო ძალები საკუთარ თავში აღმოაჩინოს ან გამოზარდოს. შესაბამისად, არსებულმა სიმულაციურმა სისტემამ გარე საფრთხე საკუთარ, სიმულაციის ენაზე თარგმნა და, შესაბამისად, სიმულაციურად აქცია. ანუ მთელი წონასწორული სისტემა დარწმუნდა, რომ საფრთხე საფრთხე არ არის, თუ მას სიმულაციის ენაზე დაელაპარაკები.
ეს რთული მსჯელობა საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ენაზე ნიშნავს, რომ ჟვანიას გუნდი ისე კარგად ათამაშდა, რომ ყველას, მათ შორის შევარდნაძის მხარესაც, დაანახა, რომ საფრთხე სიმულაციურია, და რომ ერთი მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე გუნდის არსებობა საკმარისია, რომ ეს საფრთხე განეიტრალდეს. მაშასადამე, სიმულაციური მეთოდები საკმარისია იმისათვის, რომ რეალური საფრთხე გაქრეს.
თითქოსდა სისტემა კვლავ წონასწორობაში მოვიდა. მაგრამ ამჯერად თამაშში შევარდნაძის მხარეც ჩაერთო: მათ რელიქტურის აღორძინების პროექტის შემუშავება უკვე დაწყებული ჰქონდათ.
ამ ახალი პროექტის მიხედვით, თუკი ისინი აღადგენდნენ ძველ ძალაუფლებას ისე, რომ სიმულაციურ ფარს ხელს არ ახლებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა, ამ პროექტით ძალაუფლება არათანაბრად ნაწილდებოდა: მთელი ძალაუფლება რელიქტურ გუნდს უნდა დაბრუნებოდა, ხოლო ახალ გუნდს მთლიანად სიმულაციის თამაშები უნდა ეთამაშა. ეს ვერსია გამაგრებული იყო იმითაც, რომ პოლიტიკურ სცენაზე სხვა, გამყრელიძე/გაჩეჩილაძის გუნდიც გამოჩნდა, რომელიც ჟვანიას დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიხარულით ჩაენაცვლებოდა მას. რელიქტურის აღორძინების პროექტის მიხედვით, ჯილდო კარგი ქცევისათვის სიმულაციური ძალაუფლების სამყაროდან რეალური ძალაუფლების სამყაროში გადაყვანა უნდა ყოფილიყო. განხორციელებაც დაიწყო: ჟვანიას გუნდიდან რამდენიმე კაცი დაინიშნა აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობებზე: შემოსავლების, იუსტიციის, ფინანსთა მინისტრები. მაგრამ ამჯერად პროცესში ის რეალობა ჩაერთო, რომელიც სიმულაციის დროს შეიქმნა.
______________________
1დღეს უკვე შევარდნაძე აშკარა რელიქტური ხელისუფლების წარმომადგენელია, თუმცა ჯერ კიდევ სამი წლის წინ თვითონაც აქტიურად მონაწილეობდა სიმულაციური ორბიტების შექმნაში.
2 მკითხველის ვთხოვ არ გააიგივოს ეს პერსონაჟი კონკრეტულ ედუარდ შევარდნაძესთან. ამ შემთხვევაში, როგორც ქვემოთ ვნახავთ, „ფსიქიატრი“ რელიქტური ხელისუფლების კოლექტიური სახეა, რომელიც სხვადასხვა სახით მოქმედებდა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე. ის ხან შევარდნაძეა, ხან აბაშიძე, ხან ჟვანია, ხან რჩეულიშვილი, ხან სააკაშვილი.
![]() |
5 III. მესამე შესავალი - ტრულ-კლაპაციუსის სინდრომი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს მესამე შესავალი იმათთვისაა, ვისაც წაკითხული აქვს „ძალაუფლების სიმულაციები“ და სურვილი გაუჩნდა ავტორს უფრო მოკლედ ეთქვა თავისი სათქმელი. მესამე შესავალი არის უმოკლესი გზა 12 ნიშნისაკენ, რომელიც სამივე შესავლის გაგრძელებას წარმოადგენს.......
სტანისლავ ლემის ფანტასტიკური ჟანრის ერთ-ერთი მოთხრობა, რომელიც ტრულის და კლაპაციუსის - მთელს სამყაროში ცნობილი კონსტრუქტორების ერთ-ერთ მოგზაურობას ეძღვნება, გვიყვება, როგორ შეუქმნა ტრულმა ერთ-ერთ განდევნილ მეფეს სახელმწიფოს მინიატურული სიმულაციური მოდელი. კონსტრუქტორი იმდენად ეცადა, რომ მოდელი ნამდვილისათვის დაემგვანებინა, რომ მისდა უნებურად ახალი, მართალია მინიატურული, მაგრამ მაინც, ცივილიზაცია გამოუვიდა. მინიატურული ადამიანები, საბოლოოდ, ატომური ენერგიის საიდუმლოებას დაეუფლნენ, მეფე კი საკუთარი ასტეროიდის (მათთვის პლანეტის) ხელოვნურ თანამგზავრად გადააქციეს.
რეალობა, რომელიც სიმულაციურმა პროცესებმა გამოიწვია, იყო ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელი იყო სიმულირებისათვის: იმისათვის, რომ სიმულაციამ იარსებოს, მას მინიმალური რეალობა მაინც სჭირდება - რეალობა, რომელიც დაადასტურებს, რომ სიმულირებული რეალურია. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმულირებულის რეალურობა ეჭვქვეშ დადგება.
ასე, სიმულანტს სჭირდება ექიმი, რომელიც იტყვის, რომ ის ავადაა. ასევე, სიმულირებულ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება დამადასტურებელი, რომელიც იტყვის, რომ პოლიტიკური სისტემა მართლაც ასეთია და კი არ სიმულირებს, არამედ, რეალურად აწარმოებს დემოკრატიას.
საქართველოში რეალობის ასეთი სულ მცირე სამი აგენტი იყო საჭირო, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ არსებული სახელმწიფო-პოლიტიკური სისტემა მართლაც ის იყო, რადაც ის თავს ასაღებდა: ეს სამი აუცილებელი აგენტი, რომელიც როგორც დემოკრატიული თანამეგობრობისათვის, ასევე შიდა პოლიტიკური დისკურსისათვის დაადასტურებდა სიმულაციის რეალობას, იყო 1) თავისუფალი მასმედია; 2) სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ბირთვი - არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების სიძლიერე; 3) თავისუფალი ბაზარი, ანუ თავისუფალი და ძლიერი მეწარმეები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი და საკუთარი დაქირავებულების უფლებების დაცვა, თვით სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომლებიც ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
ამის შესახებ „საქართველო - ძალაუფლების სიმულაციებში“ ვწერდი და არანაირი სურვილი არა მაქვს თავიდან აღვწერო ის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც ძალაუფლება სიმულირებდა თავისუფალ მასმედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთივე წარმატებით სახელმწიფო თავისუფალი მეწარმეების არსებობის სიმულაციასაც ეწეოდა; ძირითადად ეს ხდებოდა მერკანტილურ-ოლიგარქიული სისტემების შექმნით, სადაც ცენტრში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ოჯახი იყო მოთავსებული. თუმცა თავისუფალი მეწარმეების სიმულირებას ე. წ. დემოკრატებთან დაკავშირებული ბიზნესმენებიც ასრულებდნენ. მათი გვარებიც არ ემთხვეოდა პოლიტიკოს-ლიდერების გვარებს და ოლიგარქიული კავშირებისადმი თვალის მიდევნება რთული იყო როგორც საშუალო ქართველისათვის, ასევე და მით უფრო, საქართველოს მეგობარი დემოკრატიული ქვეყნებისათვის.
მე არანაირი სურვილი არა მაქვს ეს ბიზნესმენები „სისხლისმსმელ წურბელებად“ წარმოვადგინო: უბრალოდ, ფაქტია, რომ ამ ხალხისათვის პოლიტიკოს-ლიდერებთან ახლობლობა აღმოჩნდა ის გადამწყვეტი პირობა, რომელმაც მათ სხვებთან შეჯიბრში გაამარჯვებინა. ასევე არასწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში კონკურენცია არ არსებობს და წარმოების და კვლავწარმოების სფეროები მკაცრად განაწილებულია1. კონკურენცია მიმდინარეობს და მიმდინარეობს სწორედ ოლიგარქებს შორის2. ანუ შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი ბაზარი არსებობს მხოლოდ როგორც ოლიგარქების კონკურენცია.
მაგრამ, ოლიგარქიული სისტემებისათვის დამახასიათებელია სოციალური დაყოფა: ოლიგარქიული სისტემების წევრები თვითონ ქმნიან საკუთარ ოჯახებს, აგულიანებენ საკუთარ ხალხს და ა.შ. რესურსები კი ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სადაც ოლიგარქიულობის ხელშემწყობი კანონები მიიღება, პოტენციურად ამოწურვადია. შესაბამისად, კონფლიქტი „ძველებს“ და „ახლებს“ შორის გარდაუვალია. რესურსები ამოწურვადია იმ აზრით, რომ არავინ არ არის თანახმა თუნდაც ჰიპოთეზურ მოგებაზე თქვას უარი. ეს დაძაბულობა ფარულად არსებობდა მმართველი პარტიის კონკლავებს შორის, მაგრამ აფეთქდა ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როდესაც მმართველი პარტია დაიშალა.
იგივე შეიძლება ითქვას მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ქვე-საზოგადოების შესახებ. იმისათვის, რომ მასმედია თავისუფლად გამოიყურებოდეს, მან ამ თავისუფლების დემონსტრირება უნდა მოახდინოს. დემონსტრირება კი შემდეგნაირად უნდა მოხდეს: კონკრეტულმა მასმედიის ორგანომ უნდა აჩვენოს მოსახლეობას, რომ ის პოლიტიკურად დაპირიპირებული მხარეების შესახებ სიმართლეს ამბობს. ანუ სიმართლეს ამბობს როგორც იმის შესახებ, ვინც მას სიმულირებს, ასევე იმის შესახებ, ვინც ამ სიმულაციის წინააღმდეგია.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ საფრთხის არარსებობის აღმოჩენა, ანუ ფსიქიატრიული დასკვნის გაკეთება, 2001 წლის 11 სექტემბრამდე მოხდა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ნებისმიერ რეგიონში სტაბილურობას გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე დემოკრატიას და საზოგადოების მოწყობის ლიბერალურ პრინციპებს. ეს იყო დრო, როდესაც თუნდაც ტერორისტების მიერ უზრუნველყოფილი მშვიდობა და სიწყნარე მისაღები იყო როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ასევე, და უფრო მეტად, ევროპის ძლიერი სახელმწიფოებისათვის. მით უმეტეს, თუკი ეს წყნარი ადგილი გეოგრაფიულად ცენტრალური ევროპიდანაც კი საკმაოდ დაშორებული იყო.
ამიტომაც, ბუნებრივია, საქართველოში დაიწყო მზადება საბჭოთა კავშირის რესტავრაციისათვის. ერთი უცნაური რამ კი მოხდა: თუკი ამ დრომდე „რელიქტური ხელისუფლების კლუბი“ მზად იყო ყველა მიეღო თავის რიგებში, რისთვისაც საკმარისი იყო ფორმალური დარტყმა ლიბერალური დემოკრატიის რომელიმე წყაროზე (სიტყვის თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, არასამთავრობო ორგანიზაციები), ამის შემდეგ ეს კლუბი დაიკეტა, და გაწევრიანების რაც არ უნდა დიდი სურვილი გამოეთქვათ სხვებს, თუ მათ გენეტიკური კავშირი არ ჰქონდათ ან აღსადგენ სისტემასთან, ან პრეზიდენტის ოჯახთან, მათი მიღება არ ხდებოდა.
თუკი ხელისუფლებამ 2000 წლისათვის აღმოაჩინა, რომ დემოკრატიული საფრთხობელა მხოლოდ საფრთხობელა იყო, 2001 წლის შემოდგომის მოვლენებმა დაანახა, რომ ისინი აშკარად ცდებოდნენ თავის შეფასებებში. მანამდე მათ თავისი შეცდომის დადასტურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობაზე თბილისის მოსახლეობის რეაქციაში შეიძლებოდა ამოეკითხათ: გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე მოსულ რამდენიმე ათას მოქალაქეს ცხადად უნდა ექცია დემოკრატიის (ამ შემთხვევაში ხალხის მმართველობის) არცთუ ილუზორულობა და სიმულირებულობა.
მაგრამ აქ ალბათ რუსული ანალოგიები ჩაერთო მოვლენების შეფასებაში - კომპანია НТВ-ს ლიდერის - ლისტევის მკვლელობამ, თუმცა გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა რუსეთის ხელისუფლებას მოგვიანებით НТВ საერთოდ დაეხურა და საკუთარი მმართველობა, მართალია არაპირდაპირ, მაგრამ მაინც, დაენიშნა.
სწორედ ამ რუსულმა ანალოგიამ წააქეზა 2002 წლის ნოემბერში ე. წ. ძალოვანი მინისტრები შეტევა მიეტანათ „რუსთავი 2“-ის ოფისზე. კონკრეტულად, 27 ოქტომბერს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ „რუსთავი 2“-ის სათაო ოფისში და ფინანსური დოკუმენტაციის გადმოცემა მოითხოვეს. ტელევიზიის უკვე გამოცდილმა მფლობელებმა და ჟურნალისტებმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს: ამ ფაქტიდან სატელევიზიო შოუ დადგეს. საქმეში ტელეკამერები ჩაერთვნენ და ის, რაც ხდებოდა „რუსთავი 2“-ის ოფისში, მთელ თბილისში გადაიცემოდა. თავის დასაცავად მოწყობილი აქცია შემტევ მოქმედებად იქცა. „რუსთავი 2“-ის შენობასთან თავმოყრა დაიწყეს მოქალაქეებმა. „რუსთავი 2“-თან ღამის გატარების შემდეგ მომიტინგეებმა უკვე პარლამანტის წინ გადაინაცვლეს შევარდნაძის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. რა თქმა უნდა, ეს უკვე, როგორც საქართველოში უყვართ3 თქმა, „მართული აქცია იყო“, მაგრამ ვერც ერთი მიტინგი ვერ ჩატარდება, თუკი არ არსებობს ის, რისი მართვაც4 შეიძლება. 2002 წლის ნოემბრის მოვლენების შემთხვევაში ეს იყო მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტის გრძნობა იმ სოციალური თუ პოლიტიკური დამცირების მიმართ, რომელსაც მთავრობა ყოველ წუთს, პირდაპირ, ღია ეთერით, თუ ირიბად, საკუთარი წარმომადგნელების საშუალებით, ახორციელებდა.
_______________
1 თუმცა 90-იანი წლების ბოლოს მმართველ პარტიაში ძირითადად ასეთ განწყობა დომინირებდა.
2 ისევე, როგორც ძირითადი პოლიტიკური ბრძოლა, 2002 წლის ნოემბრამდე, მხოლოდ მმართველო პარტიის შიგნით მიმდინარეობდა.
3თუ რატომ, იხილე ქვემოთ.
4„მართულობის“ არგუმენტი დღეს ხშირად გამოიყენება ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგების თუ სხვა აქციების ჭინააღმდეგ. მაგრამ ამ ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზის უკან იმალება მარქსისტულ-ლენინური თეორიის მტკიცება, რომ არსებობს ხალხის „ნამდვილი რისხვა“, და არსებობს ბურჟუაზიის მიერ „აგორებული“, რომელიც ამ აგორებულს შემდეგ გასამდიდრებლად იყენებს. ძნელი არ არის “მართულობის” დისკურსში საბჭოთა იდეოლოგიური რელიქტი დაინახო. „ნამდვილი რისხვა“, და არსებობს ბურჟუაზიის მიერ „აგორებული“, რომელიც ამ აგორებულს შემდეგ გასამდიდრებლად იყენებს. ძნელი არ არის “მართულობის” დისკურსში საბჭოთა იდეოლოგიური რელიქტი დაინახო.
![]() |
6 უკანასკნელი ინტელიგენტის ბრწყინვალება და სიდუხჭირე |
▲ზევით დაბრუნება |
მომიტინგეების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობდა. ხელისუფლება აშკარად დაბნეული იყო. არსად ჩანდნენ კახა თარგამაძის ნაქები პოლიციელები. ჯარის გამოყენება იმთავითვე გამორიცხული იყო ოფიცრებში ანტიშევარდნაძისტული განწყობის გამო, რომელმაც 2002 წლის გაზაფხულზე მუხროვანის ბატალიონის გაფიცვაშიც ამოხეთქა.
მიტინგი დაიწყო „რუსთავი 2“-ის ამბების ინიციატორების - შინაგან საქმეთა მინისტრის, კახა თარგამაძის, უშიშროების მინისტრის ვახტანგ ქუთათელაძის და გენერალური პროკურორის გია მეფარიშვილის გადადგომის მოთხოვნით. პრეზიდენტი არ აპირებდა თავისი ერთგული ხალხის გადაყენებას. ამიტომ სულ უფრო და უფრო დაჟინებით ისმოდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნები. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟვანიამ, რომლის ურთიერთობა პრეზიდენტთან და მის გარემოცვასთან იმ დროისათვის უკვე საკმაოდ დაძაბული იყო, გამოაცხადა, რომ ის გადადგებოდა, თუკი პრეზიდენტი გადააყენებდა მინისტრთა სამეულს. შევარდნაძეს ჟვანიას გადადგომა ჭკუაში დაუჯდა. გენერალურმა პროკურორმა დაწერა გადადგომის განცხადება, ხოლო პრეზიდენტმა მთელი მთავრობა დაითხოვა. ამით მან, მართალია, ფორმალურად, მაგრამ მაინც არ შეასრულა მიტინგის მოთხოვნა. ჟვანია გადადგა. მომიტინგეები მაინც არ იშლებოდნენ. შექმნილი ვითარების მიხედვით უკვე ოპოზიცია წყვეტდა ყველაფერს: მათი გადასაწყვეტი იყო - გააძლიერებდნენ მომიტინგეების მოთხოვნას - პრეზიდენტი გადადგებოდა და ახალი რეალობის შექმნის რთული და ალბათ მტკივნეული პროცესი დაიწყებოდა. ვერ შეთანხმდებოდნენ - მიტინგი ადრე თუ გვიან დაიშლებოდა და მხოლოდ გადაყენებული მთავრობა და გადამდგარი ჟვანია იქნებოდა მღელვარების შედეგი.
მიტინგში ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. თუმცა, ძირითადი სიტყვა მაინც ჟვანიას და სააკაშვილის მომხრეებს ეკუთვნოდათ, თუნდაც
იმიტომ, რომ მაშინ მათი ელექტორატი ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი, და ისინი ჯერ კიდევ ერთ გუნდად აღიქმებოდნენ. ჟვანიამ ჩათვალა, რომ მიღწეული საკმარისი იყო და მოერიდა ვითარების გამწვავებას. როგორც ჩანს, მას სურდა დაემტკიცებინა შევარედნაძისათვის, რომ თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ის მაინც რჩებოდა პარლამენტის რეალურ განმკარგველად. ანუ ამ შემთხვევაში ჟვანიამ თამაშის ნაცნობ სივრცეში ამჯობინა დარჩენა. ეს იყო პირველი, მართალია, საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ ფარული, მაგრამ რეალური დაპირისპირება ჟვანიასა და სააკაშვილს შორის. ჟვანიამ ამით არამარტო განაცხადა, რომ ის უფრო კულუარული და არა საჯარო პოლიტიკის მომხრეა, არამედ ამით ისიც თქვა, რომ ის არის ბოლო ინტელიგენტი საქართველოს პოლიტიკაში1. ინტელიგენტობის ნიშნები შემდეგია:
ნაცნობ გარემოში დარჩენის გადაულახავი სურვილი;
პროტესტის ძლიერი განწყობა;
კონსტრუქციულობაზე ანუ უფრო დიალოგზე, ვიდრე გადაწყვეტილების მიღებაზე, ორიენტირებულობა;
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიამ ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა და დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, მან ვერ მიატოვა ის გარემო, რომლშიც ის ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკოსი: მან არჩია დაემტკიცებინა, რომ მისი საკუთარი მნიშვნელობა მეტია, ვიდრე ფორმალური რეგალია, და რომ რეგალიები კი არ ქმნიდნენ მის ავტორიტეტს, არამედ თვითონ ქმნიდა რეგალიას საკუთარი ავტორიტეტით.
მოახერხა თუ არა ეს ჟვანიამ, მისი მომხრეების და მოწინააღმდეგეების შესაფასებელია. მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ჟვანია შეეცადა არსებული გარემოს შენარჩუნებას, რაც, შეიძლება ითქვას, წარმატებით მოახერხა.
იმას, რომ ჟვანია ბოლო ინტელიგენტია ქართულ პოლიტიკაში 2002 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებიც ადასტურებს: ჟვანიას ხმა მისცა თბილისის მოსახლეობის 7%-მა. ჟვანიას ეს ამომრჩეველი თავისი ოპოზიციონერობის მცირე ხანში არ მოუპოვებია: მას ისინი ყოველთვის ჰყავდა. ანუ ეს ის ხალხია, ვინც წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ ინტელიგენციას, იმ ჯგუფს, რომელსაც შევარდნაძის ნაცვლად ჟვანია უნდა პრეზიდენტად. იმიტომ, რომ ჟვანია მათი მსგავსია, მათი სისხლი და ხორცია. ამით „სამართლიანობა, რა თქმა უნდა, აღდგება“.
რაც არ უნდა იფიქრონ ინტელიგენტებმა, თუკი ჟვანიამ ვერ მოახერხა ინტელიგენტურობის გადალახვა, არ გახდა უფრო რადიკალური და სისტემების შეცვლაზე მიმართული, წარმატების შემთხვევაში ის კვლავ იძულებული იქნება აღადგინოს სიმულაციის ნაცადი სისტემები.
. მათთვის, ვისაც არ ახსოვს ან არც არასდროს სცოდნია, რა იყო ინტელიგენტი, მინდა გავახსენო: ეს იყო ადამიანი, რომელიც რუსეთის იმპერიაში გაჩნდა, და იმ დროისათვის ძირითადად ორ ნიშანს ატარებდა: 1. აბსოლუტური ლოიალობა ხელისუფლებისადმი, უფრო სწორად: პროტესტის ვერშეძლება; 2. დიდი ინფორმაციის ფლობა, შესაბამისად, მთელი ცხოვრების საუნივერისტეტო ან ბიუროკრატიულ სამუშაოზე გატარება. ინტელიგენტის საუკეთესო მაგალითია მაქსიმ გორკის (იყო ასეთი მწერალი) კლიმ სამგინი. საბჭოთა დროს ინტელიგენტის ცნებას დაემატა რამდენიმე მახასიათებლი. იმ დროს ის ჩამოყალიბდა, როგორც: 1. აბსოლუტურად მიბმული კონკრეტულ პოლიტიკურ-სოციალურ გარემოზე: დარწმუნებულობა რომ ეს გარემო არა მარტო მისთვის, არამედ საერთოდ ერთადერთია; 2. პროტესტის გრძნობა საკუთარი გარემოსადმი; 3. დარწმუნებულობა, რომ გამოსავალი არ არსებობს.
![]() |
7 დასკვნა: რევანში მიმდინარეობს |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა ამ აღდგენითმა სამუშაომ, რომელიც ზოგი წარმატებით, ზოგი კი წარუმატებლად მიმდინარეობს, მიგვიყვანა უნიკალურ სოციალურ ვითარებამდე: როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი მმართველი პარტია და ხელისუფლება 90-იანი წლების შუა პერიოდის აღდგენას ესწრაფვის, შევარდნაძის გულში უპირველესი ადგილი, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირს ეკუთვნის. იმდენად, რამდენადაც შევარდნაძე ძალაუფლების ტექნოლოგიებში და მის პრაქტიკულ გამოყენებაშიც უფრო გამოცდილია, ვიდრე დანარჩენი მმართველი პარტია და ხელისფლება ერთად, შევარდნაძემ მათ აჯობა და ნელ-ნელა სოციალური ცვლილების სასწორი საბჭოთა კავშირისაკენ გადახარა: დანაშაულებასთან მისი ბრძოლები თანდათან დაემსგავსა 70-იანი წლების პარტიულ „ზაჩისტკებს“, ხოლო სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლებმა თანდათან პარტიის ცენტრალური კომიტეტის ფუნქცია შეიძინეს: ორგანიზაციულად ეს დამსგავსება სამინისტროების და დეპარტამენტების დუბლირებული განყოფილებების შექმნით გამოიხატა: ისევე, როგორც საბჭოთა წარსულში კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, დღეს ყველა სამინისტროს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დამოუკიდებელ ორგანოებს აქვთ თავიანთი ანალოგი სახელმწიფო კანცელარიაში, რომელიც მათ აკონტროლებს და ზედამხედველობას უწევს. რწმუნებულების ბიუროს შექმნაც ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო: რწმუნებულს, რომელსაც რეგიონებში ნიშნავს პრეზიდენტი, აკონტროლებს კანცელარიის ჩინოვნიკი, რომელიც თავის მხრივ მთლიანად დამოკიდებულია პრეზიდენტზე. ასეთი საბჭოთა სტრუქტურა უნიკალურია: რწმუნებულების საზოგადოებრივი პასაუხისმგებლობის არარსებობა და დიდი უფლებები მათ კომპარტიულ წარმომავლობაზე აშკარად მიუთითებს.
საბჭოთა კავშირის აღდგენის პროცესი შევარდნაძეს მხოლოდ ჯორბენაძის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის შემდეგ არ დაუწყია: ის ამ აღდგენით სამუშაოებს ჟვანიას დროსაც აწარმოებდა. უბრალოდ, იმ დროს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი დემოკრატიის სიმულაციის ფონზე უპირობო კონტროლის დამყარების მცდელობად გამოიყურებოდა, რასაც სიმულირებული დემოკრატია სიმულირებულ წინააღმდეგობას უწევდა.
მაგრამ აქ ალბათ ისევ სოციალურ მეცნიერებაში განუსწავლელობამ იჩინა თავი. საბჭოთა კავშირის აღდგენა მისი სრული აღდგენის გარეშე გამორიცხულია. ასეთ აღდგენას კი რამდენიმე პირობა უნდა დაეკმაყოფილებინა:
უნდა აღდგენილიყო კონტროლის და ბალანსის საბჭოთა სისტემა. ეს სისტემა კი გულისხმობს ძლიერ პარტიულ კონტროლს სოციალური აქტივობის ყველა დონეზე, და ამავე დროს - ძლიერ პოლიციურ კონტროლს. საქართველოში ამ სისტემის ერთი ნაწილის - პოლიციური კონტროლის მაინც - დამყარება გამორიცხული არ იყო, მაგრამ 2002 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ძალაუფლების ეს მოდუსი მოჩვენებითია და ექსტრემალურ ვითარებაში არ მუშაობს. რაც შეეხება პარტიულ კონტროლს, მისი ჩანასახებიც არსებობდა, მაგრამ სწორედ ჟვანიას მიერ დემოკრატიის სიმულირებისათვის საჭირო რეალობის ჩართვამ შეუძლებელი გახადა მოქალაქეთა კავშირის კონტროლის ტოტალურ ინსტრუმენტად ქცევა;
უნდა აღდგენილიყო საბჭოთა ნაციონალიზმის საფუძველი, ანუ ქართველებს მყარი იმპერიალისტური ცნობიერება უნდა გასჩენოდათ, რაც მათ საკუთარი, ინდივიდუალური უფლებების დაცვაზე - იმპერიის შენარჩუნების ფასად - უარს ათქმევინებდა.
უნდა შექმნილიყო მყარი პარტიული ელიტა, რომლიც ამავე დროს ქვეყნის ძირითადი სიმდიდრეების გაკონტროლებას შეძლებდა. ეს ყველაფერი კანონსაწინააღმდეგოდ უნდა მომხდარიყო, რათა პარტიულ ხელმძღვანელობას ელიტის წევრების სრული მართვა შეძლებოდა.
სამივე ეს პირობა უნდა შესრულებულიყო იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირი აღდგენილიყო. საქართველოს ბოლო ათი წლის ისტორიაში ჩახედული ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ ამ სამიდან რომელიმეს დანერგვის მცდელობა არ ყოფილა. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლებაში ამ სისტემის შემარყეველი ელემენტებიც იყვნენ, ხოლო, მეორე მხრივ, პროპაგანდისტურმა მანქანამ კარგად ვერ იმუშავა, საბჭოთა სისტემა საქართველოში ვეღარ დამკვიდრდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოთა კავშირი მთლიანად ხელოვნული სისტემა იყო და თვითრეგულირებად დინებად მიშვება მას ყოველთვის ანგრევდა. მრავალფენიანი კონტროლის მექანიზმების საჭიროება ამით იყო გამოწვეული. ამიტომაც დაინგრა საბჭოთა კავშირი მას შემდეგ, რაც ამ კონტროლის მექანიზმების შესანახი თანხები აღარ არსებობდა.
ამის საპირისპიროდ, საქართველოში სოციალურად სრულიად “ბუნებრივმა” სისტემამ დაიწყო დამკვიდრება. ცხადია, ზემოთ აღწერილი მცდელობების ფონზე ლიბერალურ-დემოკრატიული წყობა ვერ დაინერგებოდა. საქართველოში ნელ-ნელა შუა საუკუნეებმა დაიწყო არსებობა. იმ შუა საუკუნეებმა, რომელიც საქართველოს არასოდეს ჰქონია (ან ჰქონდა ძალიან ცოტა ხანი - იმ ერთიანობის დროს - მანამ, სანამ მონღოლები შემოვიდოდნენ და მათთვის ჩვეული ჩინური ბიუროკრატიის დახმარებით ქვეყანას ორად - დასავლეთად და აღმოსავლეთად გაჰყოფდნენ).
![]() |
8 IV. 12 ნიშანი და ამავე დროს არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირის მაგივრად შუა საუკუნეები აღდგა პოლიტიკური სისტემა - ძალაუფლების ტიპი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ძალიან ხშირად, საქართველოს მმართველობა/ხელისუფლებას ექსპერტები აღწერენ როგორც სუსტს. მათ ამის გასამართლებლად მნიშვნელოვანი არგუმენტები მოჰყავთ. ამბობენ, რომ კანონები არ სრულდება. უფრო ზუსტად, არ სრულდება მთელ ტერიტორიაზე ერთნაირად;
აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში თავმოყრილია მთელი ძალაუფლება. ეს არის უკიდურესად ცენტრალიზებული სისტემა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებას რეგიონებში პრეზიდენტის მიერ დანიშნული წარმომადგენლები ე. წ. გუბერნატორები ახორციელებენ. მათი ძალაუფლება შეუზღუდავია;
ქვეყანში არის დაუმორჩილებელი რეგიონები, მათ შორის შიდა ომების შედეგად განდგომილი აფხაზეთი და ოსეთი; ასევე აჭარა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად ექვემდებარება ცენტრს;
ცხოვრების საერთო დონე ძალიან დაბალია. მთელი ფული და სიმდიდრე რამდენიმე სამთავრობო კლანის ხელშია, რომელთა შორისაც პრეზიდენტის ოჯახურ კლანებს მთავარი პოზიციები უკავია;
კონკურენცია და შეჯიბრი არსებობს, მაგრამ მხოლოდ ელიტურ წრეებში: პოლიტიკოსები იბრძვიან საკუთარი ადგილებისათვის და ურთიერთჩანაცვლებისათვის. მოსახლეობას ეს ნაკლებად ეხება და აწუხებს. ასეთი ბრძოლის ყველაზე ცხადი მაგალითი იყო მოქალაქეთა კავშირში გამართული ბრძოლა, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ ჟვანიას და სააკაშვილის გუნდების ოპოზიციურ პარტიებად გარდაქმნით დამთავრდა;
არსებული კანონმდებლობის მიხედვით ხელისუფლების აგენტებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ და არეგულირონ, ვინ რამდენი გადასახადი უნდა გადაიხადოს. შესაბამისად, მსხვილ ბიზნესს ხელისუფლება აკონტროლებს. ამიტომაც უკანონო შემოსავლები ფანტასტიკურ მასშტაბებს იღებს.
ამ ნიშნების შემჩნევისას ნებისმიერი ექსპერტი დაასკვნის, რომ სახელმწიფო, რომელსაც ასეთი მახასიათებლები აქვს, სუსტია. მაგრამ, ეს მართებულია თანამედროვე სახელმწიფოების მიმართ. საქმე იმაშია, რომ შუა საუკუნეებში ეს პარამეტრები ძლიერი სახელმწიფოს მახასიათებლები იყო.
შუა საუკუნეების ევროპულ სახელმწიფოში სახელმწიფოსა და ცენტრალური ხელისუფლების სიძლიერედ ითვლებოდა ის, თუკი ნობილები, თავადები, პროვინციების მფლობელები მეფეს აღიარებდნენ თავიანთ სიუზერენად. მეფეს არ ჰქონდა არც უნარი, არც სურვილი, ემართა სახელმწიფოს ის მხარეები, სადაც მისი უშუალო ბატონობა არ ვრცელდებოდა. სადამსჯელო ექსპედიციები ეწყობოდა, თუკი ვასალი მეფის ბრძანებებს და მითითებებს სისტემატურად არ შეასრულებდა.
რა თქმა უნდა, შუა საუკენეების სახელმწიფოების პროვინციებში არსებობდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული მოსამართლეები და სხვა მოხელეები, რომლებიც, ადგილობრივ მმართველებთან გარიგებებში შედიოდნენ და საუკეთესო შემთხვევებში ორი ბატონის მსახურნი იყვნენ.
ხშირი იყო ისეთი შემთხვევებიც, რომ რომელიმე ვასალი თითქოს არ ემორჩილებოდა მეფეს, მაგრამ გარკვეულ პირობებში ცენტრალურ ხელისუფლებას ასეთი ვასალიც აწყობდა, თუკი ის მის სახელმწიფოში გაერთიანებულად აღიარებდა თავს.
შუა საუკუნეებში, ისევე, როგორც ახლა, ბიზნესის გეოგრაფია არ ემთხვეოდა არც სახელმწიფოს და არც რეგიონების საზღვრებს. ამას კარგად იყენებდა ნებისმიერი ხელისუფლება და გადასახადებს თვითნებურად და საკუთარი საჭიროების მიხედვით აწესებდა. მოგვიანებით, სწორედ მმართველთა ეს თვითნებობა გახდა უფლებების დაცვის პირველი რედიკალური მოთხოვნის საფუძველი, რის შედეგადაც შუა საუკუნეების ფარგლებში ახალი დროის ურთიერთობებმა დაიწყო ჩამოყალიბება. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა და ჩვენს საგანთან და ქვეყანასთან საერთო არა აქვს.
როგორც ვხედავთ, ძნელი არ არის ჩვენ მიერ აღწერილ შუა საუკუნეების სახელმწიფოსა და დღევანდელ საქართველოს შორის გადამწყვეტი მსგავსების დანახვა: ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობა, გადასახადების ფორმირების შემთხვევითობაზე დამყარებული წესი, ძალაუფლების ტიპი - ზუსტად ისეთია, როგორც ეს შუა საუკუნეებში იყო.
შუასაუკუნეობრივი ურთიერთობების ცხადი მაგალითია 2003 წლის დასაწყისში უშიშროების სამინისტროდან გავრცელებული კანონპროექტი „ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების, ლიკვიდაციისა და აკრძალვის შესახებ“. ეს კანონპროექტი ზღუდავს არამარტო ორგანიზაციების მოქმედებებს, არამედ პიროვნების სიტყვის და თვითგამოხატვის თავისუფლებასაც. ამ პროექტის მიხედვით, გამონათქვამებიც კი, მიმართული „იდეოლოგიური ჯგუფების“ წინააღმდეგ შეიძლება ჯერ უშიშროების სამინისტროს გამოძიების საგანი გახდეს, ხოლო შემდეგ კი - უზენაესი ან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - იმ ორგანიზაციის მოქმედების შეჩერების საფუძველი, რომლის წევრსაც ეს გამონათქვამი ეკუთვნის.
ამ კანონპროექტის მომზადების და შემდეგ გამომზეურების მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს და ყველა მათგანი უკვე გამოითქვა: ზოგის ვერსიით ეს არის ხუმრობა, ზოგის აზრით კი - არა. ზოგმა ჩათვალა, რომ ხაბურძანია, უშიშროების მინისტრი, ამ კანონპროექტით ხალხს მოუწოდებს აჯანყებისაკენ1. იყო უფრო „შეთქმულებითი“ ვერსიაც, რომ მინისტრი აიძულეს, ასეთი კანონპროექტი დაეწერა და მან ამ გზით სცადა თავი აერიდებინა ამისათვის. თუმცა შუა საუკუნეების ვერსია უფრო შეესამაბება სინამდვილეს: საქართველოს ხელისუფლების გარემო იმდენად შუასაუკუნეობრივია, რომ ის თვითონ იწყებს შუა საუკუნეების ცხოვრების წესის შესაბამისი კანონების პროდუცირებას. ამ შემთხვევაში ხაბურძანიას პიროვნება არაფერ შუაშია: ყველაზე ცნობილი ინკვიზიტორები თავისი დროის უაღრესად განათლებული ხალხი იყო. ისინი თეოლოგიურ ტრაქტატებსაც წერდნენ და ხანდახან ამავე ტრაქტატებით ერეტიკოსების ცეცხლით დასჯისკენაც მოუწოდებდნენ.
“ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების, ლიკვიდაციისა და აკრძალვის შესახებ” კანონპროექტი თავისი არსით ინკვიზიციურია, და გულისხმობს მტრების ლიკვიდაციის პოტენციალის ერთ დამსჯელ ორგანოში თავმოყრას. დებულებაც, რომ საბოლოო ვერდიქტს განსასჯელის მიმართ სასამართლო გამოიტანს, საოცრად წააგავს შუა საუკუნეების ინკვიზიციის განჩინებას, როდესაც ის განსასჯელს ბრალდების დამამტკიცებელი საბუთებით სამოქალაქო სასამართლოს გადასცემდა: „დაისაჯოს უსისხლოდ“ იყო ნათქვამი ინკვიზიციის მიმართვაში. ეს კი, უბრალოდ, ბრალდებულის ცოცხლად დაწვას ნიშნავდა.
მაგრამ ხომ შეიძლება ეს მხოლოდ პოლიტიკურ ქვე-სისტემას ეხებოდეს და სხვა ქვე-სისტემები შორს იყოს ამ არც თუ ისე სახარბიელო მსგავსებისაგან. ვნახოთ, როგორია სოციალური სისტემა:
1. ასეთი ვერსიის საფუძველი თვითონ ხაბურძანიას გამინისტრების დროინდელი ინტერვიუ იყო, სადაც ის აღტაცებით ჰყვებოდა აშშ კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ხალხის უფლებაზე ძალით გადააყენოს მმართველები, თუკი ისინი არღვევენ მათ უფლებებს და ა. შ.
![]() |
8.2 სოციალური სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
შუა საუკუნეებში გადაადგილება ერთი გეოგრაფიული წერტილიდან მეორემდე პრობლემატური იყო: ცუდი გზები, ყაჩაღობა, რომელსაც როგორც წესი, ის ეწეოდა, ვისაც გზების დაცვა ევალებოდა, მოგზაურების სრული დაუცველობა შემთხვევითობებისაგან და სრული გაურკვევლობა, რამდენი დრო დასჭირდებოდა მოგზაურობას. მოგზაურობას ბედავდნენ მხოლოდ ა) კარგი დაცვის თანხლებით; ბ) ან ისინი, ვისაც წასართმევი არაფერი ჰქონდა, გ) ანდა ვისაც უღირდა ეს მოგზაურობა რისკად. მოკლედ, მოგზაურობდნენ მხოლოდ საეკლესიო პირები, მდიდრები, ვაჭრები და სტუდენტები.
შესაბამისად, კავშირი გეოგრაფიულ წერტილებს შორის ამ მოგზაურებით განპირობებული, და ამდენად, შემთხვევითი იყო. დასახლებული პუნქტები, ქალაქები, სოფლები - ავტონომიურად ცხოვრობდნენ და რაც უფრო შორს იყვნენ ცენტრისგან, მით უფრო მეტი მითები და ლეგენდები იცოდნენ ცენტრის შესახებ, მით უფრო ნაკლები კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იქ, სადაც სიმბოლური და რეალური ძალაუფლება იყო თავმოყრილი.
ცენტრიდან პერიფერიისაკენ მოგზაურობებისას საგნები კარგავდნენ მათ ცენტრალურ მნიშვნელობებს და პერიფერიულ მნიშვნელობებს იძენდნენ. იგივე მოსდიოდათ ღირებულებათა სისტემებსაც. ყველას - ვაჭრებს, სტუდენტებს, საეკლესიო პირებს - ამბების თავისი ინტერპრეტაცია ჩაჰქონდათ. ეს ინტერპრეტაცია კი, თავის მხრივ, განიცდიდა ცვლილებას და მომხდარი ამბავი ხშირად სრულიად საპირისპირო შემთხვევად ყალიბდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ კავშირები ცენტრებსა და პერიფერიებს შორის შემთხვევითი იყო, ისინი მანც ერთგვაროვანნი იყვნენ: სოფლების, დასახლებების მცხოვრებნი მთლიანად თავიანთ მმართველებზე იყვნენ დამოკიდებულები. მმართველებიც საკუთარ უპირობო ხელისუფლებას ახორციელებდნენ.
მმართველები ყოველთვის ცდილობდნენ ცენტრის სტრუქტურების ანალოგები შეექმნათ თავის სამფლობელოში. ეს რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული: 1. ძალაუფლების ვერტიკალური ტიპი, რომელიც აიძულებდა ყველა მმართველს, იმპერია იქნებოდა თუ საგრაფო, ერთნაირად ემართად; 2. სუბიექტური ბაძვა ცენტრისადმი პროვინციის მხრიდან; 3. ძალაუფლების ლეგიტიმაცია, ანუ იმისათვის, რომ ძალაუფლება ეცნოთ, ის იმავე ტიპის და იმავე ტიპის გარემოში უნდა ყოფილიყო. ეს სამი ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რომ არც საინფორმაციო საშუალებები და არც მიგრაციები შუა საუკუნეების სახელმწიფოებს არ განაწყობდა მსგავსებისაკენ, მათ ერთგვაროვანი ტიპის სტრუქტურებად ინარჩუნებდა. შესაბამისად, თუმცა პერიფერიის რომელიმე სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფს ვერასოდეს ვერ ექნებოდა შეხება ცენტრის იერარქიულ წვეროსთან, იერარქიაც მკაცრად იყო დაცული.
ამ ყველაფრის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებში საზოგადოება იერარქიული იყო, კავშირები ამ იერარქიის ფენებს შორის თითქმის არ არსებობდა. გარდა ამისა, ეს იერარქია გეოგრაფიულ მდებარეობაზეც იყო დამოკიდებული: ცენტრი იერარქიის წვეროს ადგილი იყო, პერიფერია კი ძირის. თანაც, იერარქიის ყოველი შემდეგი საფეხური ირეკლავდა და იმეორებდა მთელ იერარქიას. დაახლოებით ასე:
ნახაზზე ყოველი კონკრეტული სამკუთხედი ლოკალურ იერარქიას წარმოადგენს. პუნქტირით აღნიშნული სიბრტყეები არის ფენები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ სამკუთხედები ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებულნი, მათ ერთგვაროვნად და ჰომოგენურად აქცევს. როგორც ნახაზიდან ჩანს, დაქვემდებარება პირობითია და არ არის სტრუქტურულად ერთმნიშვნელოვანი.
ნახაზზე სამკუთხედების არათანაბარზომიერობა იმას მიუთითებს, რომ ცენტრის იერარქიის არეკვლა არ იყო ზუსტი და თავ-თავისი მცირე გადახვევები ყველა პერიფერიულ ანარეკლს ახლდა1. შუა საუკუნეებში სოციალური გარემო იყოფოდა არა წარმომავლობის (როგორც ბევრს გონია), არა ფულის რაოდენობის, არამედ, იმის მიხედვით, თუ ვის ჰქონდა ძალაუფლება და ვის არა. ისინი, არ ჰქონდათ ძალაუფლება, ქვედა პუნქტირით შემოსაზღვრულ სივრცეში უნდა წარმოვიდგინოთ. ისინი, რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ მცირე და დიდ ოჯახურ, თემურ ან სხვა გაერთიანებებში, ძალაუფლების იერარქებთან შეხებაც ჰქონდათ, მაგრამ მათი წილი ძალაუფლებაში ძალიან მცირე იყო; მიუხედავად იმისა, რომ გარს ეკვეროდნენ ნებისმიერ ძალაუფლების იერარქიას, ძალაუფლებაში მონაწილეობა და გავლენის მოხდენა მათ არ შეეძლოთ2 თუმცა, ძალაუფლებაში მონაწილეობაც არ იყო ერთნაირი ყველა წერტილში: იყვნენ ქალაქები, სადაც მოქალაქეებს დიდი როლი და მნშვნელობა ენიჭებოდათ და მართავდნენ ქალაქებს. ასეთი ქალაქები არ იყვნენ აუცილებლად დამოუკიდებლები: ასეთი ქალაქი ხშირად ამავე დროს მეფის რეზიდენციასაც წარმოადგენდა.
ძნელი არ არის ამ ზოგად აღწერასა და დღევანდელ საქართველოს შორის არამც თუ მსგავსების, იდენტურობის დანახვაც: არაფერს ვიტყვი გზებზე და მოგზაურობებზე. სოციალური სისტემებიც ისევე მუშაობენ, როგორც ზემოთ აღწერილ შუა საუკუნეებში: რეგიონებში არსებობს ძალაუფლების ინსტიტუტები რომლებიც ბაძავენ ცენტრის მართვის წესებს. ცენტრის ანარეკლი, რაც უფრო პერიფერიისაკენ მოძრაობს, სახეს იცვლის და ეს სახეცვლილება კულმინაციას აჭარაში, ტიპურ შუა საუკუნეების საგრაფო/საფაშოში აღწევს.
იმის გამო, რომ ელექტროენერგია თითქმის არ არის - სატელევიზიო სივრცით ქვეყნის გაერთიანება არ ხდება. იმის გამო, რომ გაზეთები ფული ღირს, ხოლო პერიფერია ფულის ნიშნების ფიზიკურ ნაკლებობას განიცდის, ცენტრალური გაზეთები შეზღუდულად ვრცელდება. ამიტომ, რეგიონში ცენტრის შესახებ მითი და ლეგენდა მოძრაობს. ამიტომ - ქვეყანას, ისევე როგორც შუა საუკუნეებში, ძალაუფლების ტიპი და იერარქიის ერთგვარობა აერთიანებს, და არა - საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცე, როგორც ეს თანამედროვე სახელმწიფოებშია. მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგდებულია ძალაუფლების იერარქიიდან. პოლიტიკური ბრძოლა, ისევე როგორც შუა საუკუნეებში, ორი ტიპისაა: 1) “უბრალო” ურთიერთჩანაცვლებისათვის ბრძოლა (სასახლის ინტრიგები), 2) ძალაუფლების იერარქიაში სხვა, მანამდე უცხო აგენტების ჩართვის და ამ გზით არსებული ხელისუფლების საკუთარი თავით შეცვლის გზა (რეფორმაცია, აჯანყებები, ა. შ.).
_____________________
1 შენიშვნა მათთვის, ვინც ფილოსოფიის ისტორია იცის: სოციალური სტრუქტურის ამ მოწყობამ ხომ არ უბიძგა ლაიბნიცს მონადების მისეული აღწერისაკენ?
2 ძალაუფლების განვითარება შეიძლება განვიხილოთ როგორც ამ სამკუთხედების შეერთება ერთ ნახაზად. დღეს თანამედროვე, მოდერნული და მოდერნულობის შემდგომი სახელმწიფო მმართველობა მიმართულია, ყველას მიაღებინოს ძალაუფლებაში მონაწილეობა ან (მემარცხენე შეფასებით) იმის ილუზიას ქმნის, თითქოს ყველა იზიარებდეს ძალაუფლებას. პრინციპული განსხვავებაც დღევანდელ და შუა საუკუნეების მართვის ტიპებს და იერარქიებს შორის ესაა.
![]() |
8.3 განათლების სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
ფორმალურად საქართველოს განთლების სისტემა იმის ადეკვატური და შესაბამისია, რაც დასავლეთ/ცენტრალურ/ჩრდილოეთ ევროპაში და აშშ-ში გვხვდება. ანუ - არსებობენ უნივერსიტეტები, სპეციალური უმაღლესი სასწავლებლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები, საბავშვო ბაღები. როგორც საკანონმდებლო, ასევე, ყოფით დონეზე არსებობენ ამ ქვე-სისტემების ფორმალიზებული მაკავშირებლები.
მაგრამ ამ, ერთი შეხედვით, მწყობრ სისტემათა ერთიანობის უკნიდან შუა საუკუნეები იჭყიტება. ამის გამოსააშკარავებლად საკმარისია სწავლის პროცესის აღწერა. XX საუკუნის დასაწყისში ჯონ დიუიმ თქვა, რომ განათლება არის ის, თუ როგორ ხდება სწავლა, და არა ის, თუ რას სწავლობ და სად. ანუ განათლება არის პროცესი. ვნახოთ, რა სახე აქვს ამ პროცესს საქართველოში:
იმისათვის, რომ სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ სწავლა გააგრძელოს, მან მისაღები გამოცდები უნდა ჩააბაროს. როგორც წესი, სკოლაში მიღებული ცოდნა და ჩვევები საკმარისი არ არის. ამიტომ საჭირო ხდება რეპეტიტორებთან, ანუ მოსწავლის მშობლების მიერ სპეციალურად დაქირავებულ ადამიანებთან მომზადება. ეს სპეციალურად დაქირავებული ადამიანები ამზადებენ მოსწავლეს იმ საგნებში, რომელშიც სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდა უნდა გაიმართოს. არის შემთხვევებიც, როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასასვლელადაც ასეთი ხალხის დაქირავება ხდება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ეს ხალხი იმავე სასწავლებლების ლექტორები არიან. პროფესიული განათლება ნაკლებად არის სტანდარტებზე ორიენტირებული და, ძირითადად, სპეციალისტის მიერ თავისი ცოდნის მოსწავლისთვის პირდაპირი გადაცემა ხდება, დაკვირვების და მონაწილეობის (შეგირდობის) გზით.
თუკი საქართველოში კარიერის მოძრაობას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ძალიან ცოტა პოლიტიკოსის თუ ბიზნესმენის დღევანდელ მდგომარეობას აქვს საფუძველი მათ განათლებაში. პროფესიონალ პოლიტიკოსებს და ბიზენსმენებს შორის ძალიან ცოტაა იურისტი, ეკონომისტი, სოციალური მეცნიერების წარმომადგენელი. მათი წარმატება, საზოგადოების და მათივე თვალშიც, შეჭიდულია არა განათლებასთან, არამედ, სასარგებლო კავშირებთან, ნათესაობასთან, და ა. შ. სასწავლებელში შეძენილი ცოდნა და უნარები წარმატებულ კარიერასთან ნაკლებ, ან საერთოდ არანაირ კავშირშია.
ზემოთ მოთხრობილი საქართველოს განათლების სისტემის მხოლოდ ერთი მხარეა. რაც შეეხება მის მართვას, ის მთლიანად ცენტრალიზებულია: სკოლები მთლიანად ექვემდებარება განათლების სამინისტროს და განათლების სამინისტროს თანხმობის გარეშე არცერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. სკოლები წარმოადგენენ განათლების სამინისტროს ნაწილს, მათ საკუთარი ბიუჯეტიც კი არა აქვთ. სკოლის ბიუჯეტები ისაზღვრება განათლების სამინისტროს წარმომადგენლის და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შეთანხმებით.
რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ისინიც მთლიანად ცენტრალურ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებულნი. მართალია, ნომინალურად ისინი ავტონომიურნი არიან, მაგრამ მათი ბედის გადაწყვეტა, სურვილის შემთხვევაში, ქვეყნის უმაღლეს იერარქებს ყოველგვარი საკანონმდებლო წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ.
აღწერილი ვითარება იდენტურია იმისა, რაც შუა საუკუნეებში შეიძლება ვივარაუდოთ: განათლების მიღებას ჰქონდა როგორც შინაური, ასევე, ფორმალური, ტრადიციის სახე: შინაური იყო იმდენად, რამდენადაც ხდებოდა ოსტატი/შეგირდის სქემის გათამაშება ყველა დონეზე - როგორც გლეხების და ხელოსნების, ასევე, დიდგვაროვანთა წრეში: გლეხები ცოდნას შვილებს უშუალოდ გადასცემდნენ, ხელოსნები - შეგირდებს, დიდგვაროვნები თავიანთი შვილებისათვის მასწავლებლებს ქირაობდნენ. ხშირად განათლება აქვე მთავრდებოდა და დანარჩენი დრო პრაქტიკას ეთმობოდა: როგორც პოლიტიკაში, ასევე ვაჭრობაში, გამოცდილების და უნარების შეძენა საქმიანობასთან ერთად ხდებოდა და მიღებულ განათლებასთან არანაირ პირდაპირ კავშირში არ იყო. ვერც იქნებოდა, იმდენად, რამდენადაც იმდროინდელი უნივერსიტეტები მხოლოდ იურიდიულ, სამედიცინო და საღვთისმეტყველო კოლეჯებს წარმოადგენდნენ და პროფესიათა ფართო სპექტრთან არ იყვნენ დაკავშირებული.
სკოლები მხოლოდ საეკლესიო იყო, ისწავლებოდა ის, რაც ეკლესიის იდეოლოგიას არ სცილდებოდა. შესაბამისად, საეკლესიო სკოლებში მხოლოდ წერა-კითხვის სწავლას და ბიბლიის კითხვას ეთმობოდა დრო.
რაც შეეხება დღევანდელ ქართულ უნივერსიტეტებს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მათში მნიშვნელოვანი დღესაც იგივე სპეციალობებია, ოღონდ ღვთისმეტყველებას ეკონომიკის ფაკულტეტები ანაცვლებს. ისევე, როგორც შუა საუკუნეებში, აქაც ამ ფაკულტეტების დამთავრება სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა საბუთს და უფლებას მუშაობის დაწყებისათვის. დანარჩენი, ისევე როგორც შუა საუკუნეებში, გზადაგზა შეიძინება.
მაშასადამე, სასკოლო და პროფესიული განათლების შინაური ხასიათი, საუნივერსიტეტო განათლების ფორმალურობა, და კიდევ ერთი - უნივერსიტეტების და სკოლების ძლიერი დაქვემდებარება სახელმწიფოსა და მისი იდეოლოგიისადმი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს, რომ ჩვენი განათლებაც ძირითადად შუასაუკუნეობრივ ყალიბშია მოთავსებული.
![]() |
8.4 სასამართლო სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
ძალიან ბევრი ადამიანი დღევანდელ საქართველოში სასამართლო რეფორმის შესახებ ლაპარაკობს. პოლიტიკის მწარმოებელ ფენებში მიდის კამათი და იმის მტკიცება, თუ ვინ არის რეფორმის ავტორი. სასამართლო რეფორმის ავტორობის მიწერა/დაბრალება სააკაშვილი-ჭანტურია-შევარდნაძის შკალაზე მოძრაობს. ამ მხრივ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: იმდენად, რამდენადაც ამდენი გავლენიანი პოლიტიკოსი რეფორმის მამობას იჩემებს, ჩანს, რომ მნიშვნელოვანი რამ განხორციელებულა.
დღეს საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: მოსამართლეები აღარ არიან უშუალოდ და განუყოფლად დაქვემდებერებულნი პარტიულ მმართველობას, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო. შესაბამისად, გაიზარდა მათი წარმომავლობის „სოციალური გეოგრაფია“ და, მაშასადამე, მათი კავშირების სივრცეც. ანუ თუკი ადრე, სსრკ-ში მოსამართლეზე გავლენა მხოლოდ პარტიულ ხელმძღვანელობას ჰქონდა, დღეს ამ გავლენის შესაძლებლობა განუზომლად დიდია. ეს კი, საბჭოთა კავშირის სასამართლო სისტემასთან შედარებით, განუზომლად უკეთესია, უფრო ჰუმანური და წინ გადადგმული ნაბიჯია. ძირითადი - რაც სასამართლო სისტემაში შეიცვალა - ეს არის. არსებობს კიდევ რამდენიმე იურიდიული ნიუანსი, როგორიცაა, მაგალითად, უზენაესი სასამართლო, როგორც საბოლოო ინსტანცია და ა. შ. მაგრამ ძირითადი, რაც „ხალხმა იგრძნო“ და ეს მართლა მოხდა, არის გავლენის შესაძლებლობის გაზრდა.
საქართველოს სასამართლო სისტემის მოწყობის სოციალური წესი არაფრით არ განსხვავდება მისი შუასუკუნეობრივი ანალოგისგან: სასამართლო სისტემა ცენტრალიზებულია, ექვემდებარება უზენაეს სასამართლოს1, მოსამართლეები თავს დაცულად გრძნობენ, ნაკლებად აწუხებთ მოსახლეობის განწყობა მათ მიმართ. ხშირად იკვრებიან ცენტრის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ამ შემთხვევაში მათი გავლენა ძლიერდება. იმასაც ამბობენ, რომ მხოლოდ ისეთი საქმის სამართლიანი განსჯაა მოსალოდნელი, რომელშიც დაინტერესებული მხარე ან არ არსებობს, ან ძალიან სუსტია.
ამ ბოლო დროს სასამართლო სისტემას მოულოდნელი დამცველებიც გამოუჩდნენ: ხშირად, განსაკუთრებით იურისტების წრეში, გაიგონებთ ფრაზას, რომ სასამართლო საფრთხილო თემაა და მასზე ფრთხილადაა ლაპარაკი საჭირო. იმიტომ, რომ სასამართლო ისაა, რაზეც სახელმწიფო დგას და არ შეიძლება ხალხს მოვუსპოთ რწმენა და ა. შ. საქმე ისაა, რომ ე. წ. „ხალხს“ სასამართლოს რწმენა დიდი ხანია აღარა აქვს და მას ისევე აღიქვამს, როგორც სახელმწიფოს. ხალხი უფრო ხშირად მიმართავს სასამართლოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ სამართლიანობის რწმენა განუმტკიცდა, არამედ იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ამ გზით გარკვეული საბოლოო გადაწყვეტილებების მიღწევაა შესაძლებელი.
„სასამართლოს არ შეეხო“ ისეთივე ტიპის გამოთქმაა როგორც „ცუდი არ უნდა თქვა ქართველ ხალხზე, ქართულ სახელმწიფოზე“, „არ უნდა დააბეზღო ქართული სახელმწიფო“. როგორც სახელმწიფოს, ასევე სასამართლოს შემთხვევაშიც საქმე ერთნაირადაა: არავინ არ აბეზღებს სახელმწიფოს და ცუდს არ ლაპარაკობს ქართველ ხალხზე, რამდენიმე ნაკლებად განათლებული ინტელექტუალის გარდა (ეს ინტელექტუალები შეიძლება ამოიცნოთ ფრაზებით: „სახელმწიფოდ ვერ შევდექით“, „ქართველი ერის მენტალიტეტია ასეთი და რა ვქნათ“). ყოველი რეალური საყვედური და ე. წ. „დაბეზღება“ კონკრეტულ ადამიანებს მიემართება. ამ ადამიანებს სრულიად არასწორად აიგივებენ იმ ინსტიტუტებთან, რომელთა წარმომადგენლებადაც ისინი გვევლინებიან მოცემულ მომენტში. ანუ - მოსამართლის (თუნდაც რამდენიმეს) მხილება არ ნიშნავს სასამართლოს იდეის მხილებას. ისევე, როგორც შევარდნაძის, ნარჩემაშვილის და ხაბურძანიას მხილება ადამიანის უფლებების დარღვევის მცდელობებში არ ნიშნავს ქართველი ხალხის (წაიკითხე - საქართველოს) მხილებას იმავე საქმეში.
ეს ყველაფერი იმ შუა საუკუნეების დისკურსის ბრალია, რომელმაც ისე წარმატებით ჩაანაცვლა საბჭოთა ენა, რომ მისმა მატარებლებმა, საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა, ვერც გაიგეს ამ ჩანაცვლების ამბავი2 ეს ენა მოკლედ აღიწერება მეფე-მზის ფრაზით „სახელმწიფო ეს მე ვარ“.
_______________________
1 ისევე, როგორც შუა საუკუნეებში - მეფის ხელისუფლებას. დღევანდელი საქართველოს სასამართლო სისტემის და უზენაესი სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობაც პოლიტიკური მმართველობისაგან საკამოდ საეჭვოა - თუნდაც იმ პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც მას ბრალად უყენებენ (ჟვანია-მამალაძის, მექრთამე მოსამართლის საქმეები).
2 შუა საუკუნეების დისკურსის მიერ საბჭოთა ენის ჩანაცვლება შეიძლება ისტორიული კანონზომიერებითაც აიხსნას: საბჭოთა იმპერია თავისი არსით შუა საუკუნეებს ეკუთვნოდა, ოღონდ უნიკალური ტერიტორიის და განსხვავებული სახელწიფო მოწყობის გამო ისე იყო შეცვლილი, რომ მისი ამოკითხვა შეუძლებელი ხდებოდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ - პატარ-პატარა სახელმწიფოები - საბჭოთა ტიპის ძალაუფლების შენარჩუნების შეუძლებლობის გამო - თანდათან დაემსგავსნენ იმ გარემოს, რომელიც საბჭოთა კავშირის იდეას ედო საფუძვლად.
![]() |
8.5 ჯარი და პოლიცია |
▲ზევით დაბრუნება |
საკმაოდ ძნელია გაიგო, რატომ არსებობს საქართველოში შეაირაღებული ძალები იმ სახით, როგორითაც ის არსებობს: მუდმივი ნახევრად მშიერი მდგომარეობა, საბჭოთა პერიოდიდან მემკვიდრეობით მიღებული „დედოვშჩინა“, აღჭურვილობის ფაქტიური არქონა. ასეთი არსებობის ერთადერთი გამართლება არის ერთის მხრივ ის, რომ ბიუჯეტის გარკვეული რაოდენობა უნდა დაიხარჯოს, ხოლო მეორე მხრივ - შესაძლებელია ჯარისკაცების გამოყენება მუშა ძალად. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში ჯარს არავინ უყურებს სერიოზულად - ის რაღაცნაირად - აუცილებელი ბოროტების სახით არსებობს და ძირითადად მოწოდებულია ის ხალხი შეინახოს, რომელიც ამ ჯარს უნდა ემსახურებოდეს.
გარდა ამისა, არიან ჯარის ნაწილები, რომლებსაც მთავრობა სერიოზულად უფრთხის, მათი ცხელ წერტილებში გამოცდილების და, შეიძლება ითქვას, მოწოდებით სამხედროობის გამო. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ხარჯავს ქვეყანა ბიუჯეტის ნაწილს, თუნდაც ძალიან ცოტას, ისეთ ჯარზე, რომლიც მას არასოდეს არაფერში გამოადგება: ეს არის ფაქტიურად, საბრძოლო ჯგუფების ისეთივე შენახვა, ისეთივე ხარკის გადახდა, როგორც ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა: მთავრობა მათ მინიმუმს აძლევს იმისათვის, რომ ისინი არ აჯანყდნენ, ისე, როგორც ეს 2002 წლის გაზაფხულზე მოხდა.
სხვა მხრივ, მთელი საქართველოს მმართველობა დაქირავებული ჯარის იმედზეა. ეს დაქირავებულობა სხვადასხვა სახისაა: დაწყებული აშშ-ს დახმარებით მომზადებული ქართველი “წვრთნის და აღჭურვის პროგრამის” მონაწილეებიდან, ე. წ. კომანდოს ბატალიონიდან, დამთავრებული აჭარაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზით, რომელიც, ფაქტიურად, აჭარის რეჟიმის შენარჩუნების გარანტიაა.
გარდა ამისა, ყველა „თავისი თავის პატივისმცემელ“ რეგიონალურ მმართველს ჰყავს თავისი ხალხი, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში დაიცავს. ეს ხალხი, როგორც წესი, ადგილობრივი პოლიციაა, თუმცა, შეიძლება რამდენიმე გამონაკლისიც არსებობდეს გაურკვეველი შეიარაღებული ფორმირების სახით.
პოლიცია არსებული სისტემის მთავარი დამცველია. ამიტომაც, სახელმწიფო დაფინანსების ლამის ყველაზე დიდი წილი პოლიციაზე მოდის. აქაც შუა საუკუნეების „დაქირავებულ მეომრებთან“ გვაქვს საქმე, რომლებსაც უფლება აქვთ მიცემული, ძარცვონ მოსახლეობა, რა თქმა უნდა, გონიერების ფარგლებში, ოღონდ საჭიროების შემთხვევაში მმართველობა დაიცვან.
როგორც ცნობილია, ასეთმა წესმა არ გაამართლა: დაქირავებულნი თავს ანებებდნენ სამსახურს იმავ წუთს, რა წუთსაც მათი შემოსავალი წყდებოდა.
![]() |
8.6 საგარეო ურთიერთობები |
▲ზევით დაბრუნება |
შუა საუკუნეებში, იმის გამო, რომ საინფორმაციო საშუალებები არ იყო განვითარებული, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საზღვარგარეთ, საკმაოდ გადღაბნილი და გაურკვეველი იყო. მართალია, არსებობდნენ წერილები, რომლებსაც დაინტერესებული მხარეები ერთმანეთს სწერდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ამ წერილების დანიშნულების ადგილამდე მიღწევას დიდი დრო სჭირდებოდა, არავინ იყო დარწმუნებული იმაში, რომ მოსული ამბავი, თუნდაც ძალიან დიდი სიზუსტით, თუნდაც პრუსტისებურად, აღწერილი, ჯერ კიდევ სინამდვილეს შეესაბამებოდა. შეიძლება ვთქვათ, რომ შუა საუკუნეებში ინფორმაცია იცვლებოდა მანამ, სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწევდა. ამიტომ, შუა საუკუნეების საზოგადოებები უნდობლობით უყურებდნენ მეზობელი ქვეყნების მცხოვრებლებს. მათი შინაური მითები მეზობლების სისასტიკის, ბოროტების, არაადამიანურობის დამადასტურებელი ამბებით იყო სავსე. ეს კი მხოლოდ ხელს უწყობდა როგორც ქვეყნის შიდა, ასევე გარე პროცესების მართვას ხელისუფლების მიერ საკუთარი, ვიწრო და მოკლევადიანი ინტერესების შესაბამისად.
შეიძლება დავუშვათ, რომ რაღაც შემთხვევებში საგარეო პოლიტიკა ნათელი მომავლის იმედით და მასზე ორიენტაციით იყო ნაკარნახევი, მაგრამ ის არასოდეს არ იყო მიმართული ქვეყნის უბრალო მცხოვრების ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად.
უტყუარი საბუთი ორი ქვეყნის ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისა, იყო ან ომში მეკავშირეობა, ან ომში ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს დგომა.
დიდწილად საქართველოს საგარეო ურთიერთობები წააგავს აღწერილ ვითარებას: სრული გაურკვევლობაა, რა მიმართებაში არიან დიდი სახელმწიფოები საქართველოსთან: თითქოს ცნობილია, რომ აშშ მეგობარია და რუსეთი მტერი, მაგრამ სულ ისმის ბრძნული მოსაზრებები, რომ საქართველო ან უკვე გაიცვალა (ან ერაყში, მანამდე - ბალტიის ქვეყნებში), ან უნდა გაიცვალოს.
საქართველოს მთავრობაც, იმისათვის, რომ საკუთარ თავშივე სიცხადე შეიტანოს, ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ფორმალურად ჩაებას ყველა დაწყებულ თუ დაუწყებელ ომში1. ეს მის მდგომარეობაში, თუნდაც ცოტა ხნით, შუა საუკუნეობრივ გარკვეულობას შეიტანს.
რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს - ხელისუფლებისგან ძალიან ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები მოედინება. სულ ერთია, ეხება ეს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფს, სავიზო რეჟიმს თუ სხვა რამეს. რა თქმა უნდა, ამას საინფორმაციო საშუალებათა ჩამორჩენილობას ვერ დააბრალებ. შედეგი კი ზუსტად ისეთივეა, როგორც შუა საუკუნეებში - საზოგადოებების მკვეთრი ჩაკეტილობა და უნდობლობა როგორც ახლო, ასევე შორეული ქვეყნების მიმართ. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლებას უბიძგებს საკუთარი ვიწრო ან დიდი ეროვნულ მიზნებისაკენ მიმართოს ქვეყნის პოლიტიკა, მაგრამ არასოდეს - საკუთარი მოქალაქის ცხოვრების პირობების ან შესაძლებლობების გაუმჯობესებისაკენ.
__________________________
1 აქ მე აშშ-ერაყის და აშშ-ავღანეთის ომს ვგულისხმობ. 2003 წელს, აშშ-ერაყის ომის დაწყებამდე, ისე, რომ აშშ-ს მთავრობას საქართველოსთვის არც უთხოვია, შევარდნაძემ გამოაცხადა, რომ ის მზადაა ქვეყნის სამხედრო აეროდრომები აშშ-ს სამხედრო ძალებს შესთავაზოს. ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ოპერაციის დროს დაახლოებით მსგავსი მზადყოფნა გამოითქვა.
![]() |
8.7 ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკის მაგალითზე ყველაზე კარგად ჩანს, თუ როგორი შუა საუკუნეები დადგა საქართველოში. ამის მაგალითებია:
1.ბიზნესმენები მკვეთრად არიან ორიეტირებულნი მთავრობასთან კარგი ურთიერთობის დამყარებაზე. ხშირ შემთხვევებში თვითონ მთავრობის და მმართველობის წევრები წარმოადგენენ მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებს.
2.ბიზნესმენები ვერ ხედავენ თავიანთ ადგილს სამოქალაქო საზოგადოებაში, ანუ მათთვის დღესდღეობით უფრო მომგებიანია სახელმწიფოსთან და მის წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირში ყოფნა.
შედეგად, საქართველოში მხოლოდ ისეთი ბიზნესი (სულერთია, მსხვილი, საშუალო და წვრილი) არსებობს, რომელსაც კარგი კავშირები აქვთ სახელმწიფოსთან, ანუ როგორც უმაღლეს, ასევე უმდაბლესი რანგის მოხელეებტან, პოლიციელების ჩათვლით, რომელთა გარეშეც ნებისმიერი წვრილი ბიზნესის წარმოება შეუძლებელია. კანონმდებლობაც, რომელიც გადასახადებს და სხვა ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, ისეა მოწყობილი, რომ სახელმწიფო მოხელეებს დიდ გასაქანს აძლევს. შესაბამისად, ზღუდავს კონკურენციის შესაძლებლობას. ამიტომ, ბიზნესების რიცხვიც შეესაბამება არა მოთხოვნის და მიწოდების კანონებს, არამედ, სახელმწიფოს გავლენიანი მოხელეების რიცხვს და მათ შორის კონკურენციას. ექსპერტების შეფასებით, ისევე როგორც პოლიტიკაში, ეკონომიკაშიც ბრძოლა ერთი ოჯახის, ერთი დაჯგუფების ფარგლებში მიმდინარეობს და საბაზრო მოთხოვნებთან კავშირი არა აქვს. ბოლო წლების ყველაზე შთამბეჭდავი ბრძოლა, როგორც ამბობენ, პრეზიდენტ შევარდნაძის ოჯახის ფარგლებში მოხდა: შევარდნაძის შვილის სიმამრ - გურამ ახვლედიანსა და შევარდნაძის ძმისშვილ - ნუგზარ შევარდნაძეს შორის. როგორც ამბობენ, გაიმარჯვა გურამ ახვლედიანმა და ისეთ მნიშვნელოვან ექსპორტზე, როგორიცაა ბენზინი და სხვა საწვავი, ერთპიროვნული კონტროლი დააწესა. ასეთი ბრძოლები იმართებოდა და იმართება, მაგრამ ცოტა მათგანი თუ გამოდის სამზეოზე.
საქართველოს ეკონომიკა ალბათ მხოლოდ 2-3 წლის განმავლობაში (სადღაც 1995-97 წლებში) ცდილობდა თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე გადასულიყო. შემდეგ ხელისუფლების წევრებმა და მათთან ახლო კავშირის მქონე პირებმა ჩაიგდეს ხელში ძირითადი საშუალებები და კონკურენცია თავის წრეში გადაიტანეს, სადაც მან მკვეთრი პოლიტიკური შეფერილობა მიიღო და თავისუფალი ბაზრის ფორმებს საერთოდ დაშორდა.
თუკი საქართველოში რაიმე თავისუფალი კონკურენცია არსებობს, ეს ალბათ, ისევ წვრილ მოვაჭრეებს შორის, რომლებსაც საკუთარი რისკის ფასად ჩამოაქვთ ან საქართველოშივე ყიდულობენ კონტრაბანდულ პროდუქტს. თუმცა ეს კონკურენცია უშუალოდ დიდ ბაზრობებზე იმართება; აქაც გავლენიანი პირების ჩარევაა საჭირო, წვრილი მოვაჭრე რომ დახლთან მიუშვან. ძალიან ხშირად, მეწარმეებს შორის ბრძოლა ჯერ ბაზრის სეგმენტის ლამის კანონის ძალით ხელში ჩაგდებისათვის იმართება1, და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი ბაზარზე რამდენიმე ძლიერი მიმწოდებელი დაფიქსირდა, რომელთაც ერთმანეთი ვერ ჩაძირეს, იწყება კონკურენცია. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეკონომიკა ძირითადად დამყარებულია უნიკალურობის პრინციპზე, როგორც ეს შუა საუკუნეებში იყო, და არა მოთხოვნის დაკმაყოფილების წესზე. ანუ საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი ცნებებით რომ ვთქვათ, ეკონომიკა დეფიციტურია: შემოსავალი აგებულია პროდუქტის უნიკალურობით და ძნელად წვდომადობით გამოწვეულ ფასის ზრდაზე, და არა პროდუქტის ტირაჟირებით მიღებულ შემოსავალზე. ასეთი პროდუქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, დეფიციტურია, იმდენად, რამდენადაც, მათი ფასის რეგულირება არა უშუალოდ მწარმოებლის, არამედ პოლიტიკური გავლენების სფეროში ძევს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ნაწილობრივ ეხება ბაზრობებზე გამოტანილ საქონელს და მთლიანდ ეხება სხვადასხვა დარგების ეკონომიკებს.
მაგალითისათვის, ასეთია საქართველოს რკინიგზა, რომლიც მთლიანად აწყობილია დეფიციტურობაზე და მონოპოლისტობაზე: მას უზარმაზარი თანხები შემოსდის გადაზიდვებიდან, და ამავე დროს, ის არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ სამგზავრო მატარებლები გააუმჯობესოს: რკინიგზა ჯერ კიდევ რჩება გადაადგილების ძირითად საშუალებად, შესაბამისად, დეფიციტური შემოსავალი გარანტირებულია.
ასევე, დეფიციტური ეკონომიკის მაგალითია განათლება: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი ფორმალური სახე არ შეესაბამება მის შინაარსს: როგორც საშუალო, ასევე, უმაღლესი სკოლები ძირითადად მხოლოდ გარკვეულ საბუთებს (დიპლომებს) აწარმოებენ, რომელიც შეიძლება შემდგომ კარიერას დაედოს საფუძვლად. იმ ცოდნას, რომელსაც მოსწავლე სახელმწიფო უნივერსიტეტებში თუ სკოლებში იღებს, ნაკლებად თუ ენდობა ვინმე და ძირითადად ისევ ცალკე სპეციალურ მომზადებას, უნარების განვითარების პირად შესაძლებლობებს და სასარგებლო კავშირებს ეყრდნობიან. ასეთი წარმოება ვერ მიებმება თავისუფალ ბაზარს იმიტომ, რომ რეალურად საბუთის (სკოლის, ან უმაღლესის დამთავრების მოწმობის) ფასი განუზომლად ცოტაა იმ საფასურთან შედარებით, რაც ამ საბუთის გაცემა ღირს: მის ღირებულებაში შედის პროფესორ-მასწავლებლების ხელფასები, შენობების, ინვენტარის ღირებულება და ა. შ. ამავე საფასურში შედის ყველა იმ პიროვნების სოციალური დაცვა, რომელიც ჩართულია ამ პროცესში.
შესაბამისად, რაკი ბაზარზე ფასი მხოლოდ დოკუმენტს აქვს, მისი გაცემის პროცესი აღარავის აინტერესებს. ამიტომ სწავლების ხარისხი ძირითადად ნულზეა დასული. კონკურენცია მიმდინარეობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, კონკურენცია არის არა მოთხოვნის და მიწოდების შესაბამისობაში მოყვანისათვის, არამედ იმ საფასურის გაზრდისათვის, რომელსაც დამამთავრებელ მოწმობაში იხდიან: ამ თეორიული მსჯელობის ყველაზე კარგი ილუსტრაცია სახელმწიფო უნივერისტეტების მაგალითია: თავი რომ დავანებოთ იმ ფულს, რომელსაც მდიდარი მშობლები არალეგალურად იხდიან იმისათვის, რომ მათი შვილი საბიუჯეტო (ე. წ. უფასო) ადგილზე მოხვდეს, დღესდღეობით სახელმწიფო უმაღლესი განათლების დონორი ორია: კერძო პირები, რომლებიც საფასურს იხდიან, და სახელმწიფო, რომელიც ყოველწლიურად ადგილების გარკვეულ რაოდენობას აფინანსებს2 სახელმწიფო თითოეულ სტუდენტში მიზერულ თანხას იხდის, რაც, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ევროპის უნივერსიტეტების სწავლების ხარისხთან ოდნავ მიახლოებისთვისაც კი. კერძო პირის გადასახადი, რომელსაც უნვერსიტეტის ხელმძღვანელობა აწესებს, ასევე ძლიერ ჩამორჩება საჭირო რაოდენობას, მაგრამ, ორჯერ ან მეტჯერ მეტია იმ საფასურზე, რაც სახელმწიფო მხრიდან მოდის. მაშასადამე, მიღებულია შემდეგი სქემა: არც სახელმწიფო და არც კერძო პირი ფულის საკმარის რაოდენობას არ იხდის. ორივე ეს ფული შეადგენს გარკვეულ მოცულობას, რომელიც შემდეგ ეძლევა იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომელებიც ორივეს - „ფასიანსაც“ და „უფასოსაც“ ასწავლიან. შესაბამისად, ხდება იმ ფულის, რომელსაც კერძო პირი იხდის, გამოყენება “განათლების” იმათთვის მისაცემად, ვისაც ფულს სახელმწიფო უხდის. ასე ვიღებთ სახელმწიფოს მხრიდან ფულის გამოძალვის სქემას, რომლიც ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. ხოლო მთელი ამ სქემის ფონი - დეფიციტური ეკონომიკის პრინციპია: სახელმწიფო უნივერსიტეტები ჯერჯერობით მაინც მონოპოლისტები არიან: ისინი აწესებენ ისეთ საფასურს, რომლის გადახდაც თითქმის ყველას შეუძლია. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ნაკლებად ან საერთოდ არ ზრუნავენ სწავლების ხარისხზე3 ის საფასური რომელსაც ისინი აწესებენ, საბოლოოდ მაინც საბუთის საფასურია და ნაკლებად მოქმედებს იმ ცოდნაზე, რომელსაც ისინი ამ საბუთის მისაღებად კანონით დადგენილ პროცესში მონაწილეობის გზით იღებენ.
სქემაზე რომ გამოვსახოთ ასეთი ეკონომიკის მუშაობის წესი, შემდეგს მივიღებთ:
1. საწყისი ვითარება
2. მოთხოვნის სელექცია წარმოების საშუალების მიერ
3. სელექციის შემდეგ მოთხოვნის მიწოდებით დაკმაყოფილება
ამ ნახაზზე ნაჩვენებია, რომ როდესაც წარმოების საშუალებები შეზღუდულია და ამავე დროს მონოპოლისტური, ხდება არა მიწოდების გაზრდა, არამედ მოთხოვნის ხელოვნური გადარჩევა. იგულისხმება, რომ წარმოების საშუალება ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმოადგენს. ეს საბჭოთა ეკონომიკის სქემაა, მაგრამ ამავე დროს შუა საუკუნეების ეკონომიკასაც შეესაბამება: როდესაც საწარმოებელი პროდუქტი უნიკალურია და მისი რაოდენობა ბევრად ჩამორჩება მოთხოვნას, მწარმოებელი „იძულებულია“ აწარმოოს მომხმარებელიც4. საბჭოთა კავშირის ნგრევის საფუძველი შეიძლება იმაშიც დავინახოთ, რომ რაღაც ეტაპზე ისეთი რაოდენობის და გავლენის მქონე მოთხოვნა წარმოიშობა, რომ წარმოების საშუალების5 მიერ მოთხოვნის სელექცია შეუძლებელი ხდება.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საქართველოს ეკონომიკის სრული აღწერა. ჯერჯერობით ჩვენ რელიქტური კომპონენტები აღვწერეთ, და მთავარი მახასითებლის აღწერაზე არ გადავსულვართ: საქმე ისაა, რომ საქართველოში ეკონომიკის მთავარი ღერძი, ისევე, როგორც შუა საუკუნეების სახელმწიფოებში - ომის ეკონომიკაა:
ხშირად ამბობენ, რომ ქვეყნის ერთიანობის საფუძველი ერთიანი ეკონომიკაა. ეს საფუძველი საქართველოში მართლაც არსებობს, თანაც ისეთი, რომელიც თავის თავში აერთიანებს როგორც აჭარას, ასევე ოსეთსაც და აფხაზეთსაც. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ეკონომიკა დანაშაულებრივია და მოიცავს როგორც „უბრალო“ კონტრაბანდას, ასევე ნარკოტიკების და იარაღით ვაჭრობის გზებსაც, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთით იწყება და რუსეთის საზღვრებთან მთავრდება. კონტრაბანდის საყოველთაობა ეჭვს არ იწვევს: კონტრაბანდული საქონლის შემოსვლის ორი ძირითადი გზა არსებობს: თურქეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ერთ-ერთი განდგომილი რეგიონიდან. თუმცა ეს გზები შედარებით უწყინარია, და რეალურად, გარდა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიას კვეთს, ასევე, საშუალებას აძლევს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოისწოროს. რა თქმა უნდა, კონტრაბანდული საქონლის გზებით არამარტო მოსახლეობა, არამედ ამ გზების საბაჟოები და სხვა მაკონტროლებლებიც იკვებებიან, მაგრამ ეს საქმის ვითარებას არ ცვლის.
უფრო საინტერესოა ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩართული. ამ კარგად დამუშავებულ გზას ხან თხილის ბიზნესი ებმება, ხან კიდევ სხვა რამ. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ფაქტია: დღეს აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც გაცილებით უფრო მჭიდროდ არიან საქართველოსთან ინტეგრირებულები, ვიდრე ეს მათ უნდათ აჩვენონ. ნარკოტიკების და იარაღის გზების კვალის ნახვა ყველგან შეიძლება, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია მასში, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდ მოგებას ისევ პოლიტიკური ელიტა იღებს.
ფაქტია, რომ ომის ეკონომიკა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ომის დროს დაიწყო და მას შემდეგ განვითარების დიდი გზა განვლო. დღეს ის მჭიდროდ არის ინსტალირებული მოსახლეობის საარსებო გარემოში და ფაქტიურად ერთადერთი რამაა, რაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აერთიანებს.
არავინ არ მალავს (როგორც იქნა), რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან წარმოებული ომები წააგო. მაგრამ ის, რაც ამ ომის შედეგად მიიღეს განდგომილმა რეგიონებმა, აშკარად არ ჰგავს მოგების შედეგს: ის, რაც აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მოახერხა, არის შუა საუკუნეებში ჩავარდნა. ისინი ნელ-ნელა, აჭარასთან ერთად, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებისგან გადაიქცნენ პატარა შუასაუკუნეობრივ სამთავროებად, და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში.
________________________
1 ამისათვის კი საკანონმდებლო შესწორებებიც გამოიყენება, სხვა ხერხებთან ერთად.
2 ყველაზე უცნაური ის არის, რომ ისინი, ვინც არალეგალურად იხდიან ფულს უფასო ადგილებზე მოხვედრისათვის, ამას მხოლოდ ტრადიციის და პრესტიჟის გამო სჩადიან. სხვა საფუძველი ამას არა აქვს. ფასიანი ადგილი ბევრად უფრო იაფი ღირს.
3 ამას ვერ აკეთებს კერძო უმაღლესი სასწავლებელი, რადგან მისი საზრუნავი სწორედ სწავლების ხარისხია და მან რეალური ფასი უნდა დაადოს სწავლას. ამიტომ ჯერჯერობით კერძო უმაღლესი სასწავლებლები საქართველოში უმაღლესი განათლების ამინდზე ვერ ახდენენ გავლენას და ელიტარულებად რჩებიან.
4 სხვადასხვა ხერხით: ქრთამის აღებით, ჩაწყობით, ფიზიკური გამოხშირვით.
5ფართო აზრით. ამ შემთხვევაში იგულისხმება სოციალური კონტროლის მექანიზმების წარმოების საშუალებებიც.
![]() |
8.8 სამოქალაქო საზოგადოება |
▲ზევით დაბრუნება |
შუა საუკუნეებში თვითგამოხატვის ძირითადი ფორმა გაერთიანებების შექმნა და მათი საშუალებით პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ სხვა სახის ცხოვრებაში მონაწილეობა იყო. ასეთი მოწყობის და მიმართების საფუძველი ალბათ, არამარტო ანტიკურ ტრადიციაში, არამედ შუა საუკუნების სახელმწიფოების და მსოფლმხედველობების ორგანიზების წესში უნდა ვეძიოთ, სადაც ჯგუფს და მის წარმომადგენელს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ერთ ცალკეულ ადამიანს, თუკი ამ ადამიანის უკან ოფიციალური ან არაოფიციალური ქარიზმა არ იდგა - საღვთო კურთხევის სახით. მეტიც: ალბათ, მხოლოდ ჯგუფის წევრობით შეიძლებოდა რაიმეს მიღწევა, ისევე, როგორც ამას ქრისტეს მოწაფეებმა ქრისტეს მოციქულებად გაერთიანებით მიაღწიეს. შუა საუკუნეები უნიკალური ადამიანების და მათ გარშემო შექმნილი დაჯგუფებების სამყარო იყო. ჯგუფის გავლით ხდებოდა ჩვეულებრივი ადამიანების ზიარება უნიკალურობასთან. ჯგუფს ჰქონდა ერთადერთი მნიშვნელობა და მისი წარმომადგენელი იყო არამარტო ჯგუფის, არამედ იმ უნიკალურის წარმომადგენელიც, რომლის გარშემოც თავის დროზე ჯგუფი შეიქმნა.
როგორ იქმნებოდნენ ეს ჯგუფები, ისტორიაა, შუა საუკენეებისთვისაც კი. საბოლოოდ კი შუა საუკუნეების სამყარო წარმოადგენდა გაერთიანებების გაერთიანებას, რომელთაგანაც ზოგს ორდენი ერქვა, ზოგს გილდია, ზოგს ლოჯა, ზოგს კიდევ უნივერსიტეტი1. ეს გაერთიანებები როგორც ქალაქების თვითმმართველობაში, ასევე სამეფო კარზეც სერიოზულ როლს ასრულებდნენ: ორდენები და გილდიები ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური მოვლენის სათავეში იდგა. თუკი ვინმეს, უბრალო წარმოშობის ადამიანს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება სურდა, ის ასეთ გილდიაში ანდა ორდენში უნდა გაერთიანებულიყო. გილდიის წევრობა კი ადვილი არ იყო: ის მოწაფე-შეგირდის ინსტიტუტის გარდა სხვა, უფრო რთულ ფარულ თუ ღია მექანიზმებსაც ითვალისწინებდა.
სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში მთლიანად გილდიურია. შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში მხოლოდ არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციები წარმოადგენენ. ეს კი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების თავის თავში ჩაკეტვას და მისი განვითარების სტაგნაციას: არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციების არსებობის მატერიალური წყარო ის ფინანსური დახმარებაა, რომელსაც უცხოელი დონორები ან პირდაპირ, ან ადგილობრივი ფონდების საშუალებით აწარმოებენ. როგორც წესი, ამ დახმარების მიზანი კეთილშობილურია, და ხშირად ამართლებს კიდევაც მიზანს, იქნება ეს უფლებების დაცვა თუ სხვა რომელიმე კონკრეტულ სფეროში გამჭვირვალეობის და ანგარიშვალდებულების დანერგვა.
მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ეს ფინანსური დახმარებაა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ორგანიზაციების საზღვრებში კეტავს და არ აძლევს საშუალებას მოქალაქეებს, ყოველგვარი ორგანიზაციული ჩარჩოს გარეშე, სამოქალაქო საზოგადოებაში ჩაერთონ: ფინანსური რესურსები შეზღუდულია, თავისუფალი ბაზრის ელემენტარული კანონები კარნახობენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ გაზარდონ საკუთარი რიცხვი, არც მონაწილეების და არც ახალი აქტორების- ახალი ორგანიზაციების - შექმნის ხარჯზე.
მეორე მხრივ კი, მხოლოდ ახალი ორგანიზაციების შექმნის ხარჯზე არის შესაძლებელი სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართვა და იმ მატერიალური თუ სოციალურ-კულტურული სარგებლის მიღება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წევრს საქართველოში აქვს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვის ზრდა საქართველოში მიუთითებს არა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, არამედ პირიქით, მისი განვითარების შეჩერებას.
მართალია, ამ ბოლო დროს, მოსახლეობის გააქტიურება და მის მიერ საკუთარი სამოქალაქო უფლებების დაცვა შეიმჩნევა (ყველაზე მძაფრად ეს თვითდაცვა 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოვლინდა). მაგრამ ეს არა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, არამედ, უფრო ხშირად, მათი გვერდის ავლით მიმდინარეობს.
სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში არის არა საზოგადოება, არამედ, ისევე, როგორც შუა საუკუნეებში, მედიატორი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. შუა საუკუნეებში ხელისუფლება გილდიების წარმომადგენლებს ელაპარაკებოდა და მათ უკან, მართალია ბუნდოვნად, მაგრამ მაინც, გილდიების წევრებს, მათ ოჯახებს, საზოგადოებას ხედავდა. დღეს საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებს ესაუბრება, იმ იმედით, რომ ისინი საზოგადოებას წარმოადგენენ.
ეკონომიკური ჯგუფები არ არიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ამის მიზეზი კი სულ უბრალოა: დღეს მათთვის უფრო მომგებიანია სახელისუფლებო წრეებთან ურთიერთობა და მათი კეთილგანწყობის მოპოვება ამ ჯგუფებში ფულის „დაბანდებით“, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებაში დაცვის ძიება. ისევე, როგორც შუა საუკუნეებში, ამის დროც საქართველოში მოგვიანებით დადგება: როდესაც ხელისუფლებაში ფულის დაბანდება წამგებიანი გახდება, ხოლო კანონიერების დაცვა და განვითარება უფრო პერსპექტიულ დანახარჯად გამოჩნდება. ეს კი შეიძლება რამდენიმე საბაბის გამო მოხდეს: 1. სახელისუფლებო წრეების რაოდენობის გაზრდა ისე, რომ მათში დასაბანდებელი ფულის რაოდენობა გაიზრდება და ეს დაბანდება არარენტაბელური გახდება; 2. სახელისუფლო წრეების მიერ ბიზნეს-მიმართულებების დაბლოკვა; 3. ანალოგიური ბიზნესების მაგალითი ახლო თუ შორეული ქვეყნებიდან - „იქაური“ და „აქაური“ მოგების არათანაბარზომიერობა2. ამის ნიშნები, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ნიშნები, უკვე გამოჩნდა. ყველაზე ძლიერი იყო „ბორჯომის საქმე“: საქართველოს მთავრობამ ე. წ. საუკუნის პროექტში „ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენში“ ჩართვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 90-იანი წლების პირველ ნახევარში მიიღო. მართალია, ეს ნავთობსადენი საქართველოს დიდ ფინანსურ მოგებას ვერ მოუტანს, მაგრამ სახელმწიფოსა და არსებული რეჟიმის უსაფრთხოებსთვის მართლაც შეუძლია სამსახურის გაწევა. პროექტი წლების განმავლობაში მზადდებოდა. პროექტის მომზადებაში ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ჩართული იყო. გაკეთდა ათასნაირი ექსპერტიზა, სამთავრობო და არასამთავრობო გარემოსდაცვითი და სამეცნიერო ორგანიზაციების მონაწილეობით. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა.
უცბათ, ამ საყოველთაო ჰარმონიაში, ზუსტად ნავთობსადენის გაყვანის დაწყების წინ, დისონანსი შეიტანა არა რომელიმე გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არამედ ბიზნესმენმა, მამუკა ხაზარაძემ, რომლის წარმატებული ბიზნესის დიდი ნაწილი ბორჯომის მინერალური წყლის ჩამოსხმასთან და დისტრიბუციასთან არის დაკავშირებული. ხაზარაძემ გამოაცხადა, რომ ნავთობსადენი კატასტროფულ შედეგებს მოიტანს ბორჯომის ხეობისათვის, იქ დაბინძურდება წყალი, განადგურდება ეკოსისტემა. ხაზარაძე არ მალავდა, რომ მისი ბიზნესი დიდ საფრთხეში იყო, მაგრამ ეს იყო შემთხვევა, როდესაც ბიზნესი იღუპებოდა რეგიონის ეკოსისტემის დაღუპვის შედეგად. ამ განცხადების შემდეგ გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმაც ამოიღეს ხმა და როგორც მთავრობას, ასევ British Petrolium-ს, რომელიც ნავთობდსადენის გაყვანაზეა პასუხისმგებელი, დიდი პრობლემები შეექმნათ. როგორ დამთავრდება ეს დაპირიპირება არავინ იცის. შეიძლება ნავთობსადენმა გადასწიოს სხვა ტერიტორიაზე, შეიძლება არა. საინტერესოა ის არის, რომ ამ შემთხვევში რამდენიმე ახალ და მოულოდნელ აქტორთან გვაქვს საქმე:
1.არცერთი მხარე, არც მთავრობა, არც British Petrolium-ი არ ელოდა ბიზნესმენის მხრიდან წინააღმდეგობას, იმდენად უიგივდება ქართული (ზოგადად კავკასიური) წარმატებული ბიზნესი მთავრობის მხრიდან დაცულობას;
2.მიუხედავად იმისა, რომ British Petrolium-მა თითქოს გადაწყვიტა არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემა მათი საექსპერტო სამუშაოებში ჩართვით, და მაშასადამე, ყიდვით, შიდა, დაუწერელი კოდექსის მიხედვით, ხაზარაძის განცხადების შემდეგ არასამთავრობოებს პროტესტისადმი შეერთების გარდა სხვა არაფერი დარჩენოდათ;
3.ბიზნესმენმა მოახერხა ბორჯომის ხეობის მცხოვრებლების პროტესტი გამოეწვია, რაც ასევე მოულოდნელი იყო მთავრობისათვის, თუნდაც იმიტომ, რომ მათი აზრით, „წურბელა“ ბიზნესმენის და „ჩაგრული“ ხალხის საბჭოთა ოპოზიცია მოსახლეობაში ჯერ კიდევ მყარად მუშაობდა. მათ, უბრალოდ, არ იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი შუა საუკუნეებმა შეცვალა, სადაც „სისხლისმწოველი“ კაპიტალისტი სამუშაოს მიმცემმა და მფარველმა ნობილმა ჩაანაცვლა.
_______________________
1 უნივერსიტეტები უფრო გილდიების (პროფესორთა და სტუდენტთა) ერთიანობას წარმოადგენდნენ, ვიდრე ცალკე ავტონომიურ გაერთიანებებს.
2 2003 წლის აპრილში მსხვილმა ბიზნესმენებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი შევარდნაძის ხელისუფლებით უკმაყოფილონი არიან. ამას შევარდნაძის მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ერთ-ერთ გამოსვლაში ოლიგარქებს გამდიდრებაში საკუთარი დამსახურება გაახსენა. როგორც ბადრი პატარკაციშვილმა თქვა, ის მომავალს “ახლებს” და “გაერთიანებულ დემოკრატებს” უკავშირებს. ეს ფრაზა შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ბიზნესმენებს იმედი აქვთ, რომ მათ ისეთივე „სამოთხე“ ელით ამ პარტიებისგან, როგორიც თავიდან შევარდნაძისაგან მიიღეს. ასევე, შეიძლება გვეგონოს, რომ ბიზნესმენები უკვე თანაბარი შესაძლებლობებისათვის იბრძვიან. ნებისმიერ შემთხვევაში - ერთიანობას - არსებული ხელისუფლება-ბიზნესმენები - ბზარი გაუჩნდა.
![]() |
8.9 სოციალური კონტროლის ფარული ფორმები |
▲ზევით დაბრუნება |
შუა საუკუნეებში სახელმწიფო იდეოლოგია და ეკლესია სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად და გასავრცელებლად იყენებდა. ყველაზე უფრო მოხერხებული ფორმა ბერების ორდენები იყო. ბერების პირველი ორდენი ფრანცისკ ასიზელმა ჩამოაყალიბა. ორდენის კოდექსი, გარდა ღმერთის მსახურებისა, შეიცავდა საკუთრების, პირადი გრძნობების და მიდრეკილებების უარყოფას. ბუნებრივია, ასეთ ხალხს, რომელიც სიმდიდრის უარყოფას და ღვთიური სამართლიანობისაკენ სწრაფვას საკუთარი მაგალითით აჩვენებდა, კონტროლის შემთხვევაში, კარგი სამსახურის გაწევა შეეძლოთ ხელისუფლებისათვის. ბერების ორდენები ჩამოყალიბდა როგორც საეკლესიო ხელისუფლების ალტერნატივა, თუმცა საბოლოოდ ყველა ორდენი ხელისუფლების კონტროლს ქვეშ მოექცა. ამავე დროს, მათ საზოგადოებრივი მომხიბვლელობა მთლიანად არ დაუკარგავთ. საბჭოთა კავშირის ისტორიის ერთ-ერთი საიდუმლოა, თუ რომელმა პარტიულმა ფუნქციონერმა გადაწყვიტა ბერების ორდენის ანალოგი შეექმნა საზოგადოებაზე კონტროლის გაძლიერების მიზნით. ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა და მისი შედეგი ჩვენს გარემოში დღემდე აქტიურად ცოცხლობს. ეს არის სოციალური ინსტიტუტი, რომელიც კანონიერი ქურდის სახელითაა ცნობილი.
თავიდან კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენება საბჭოთა ხელისუფლებამ ისევე სცადა, როგორც ყველამ - ციხეებში და გადასახლების ადგილებში კონტროლისათვის. კრიმინალებს ლაგერებში და ციხეებში პოლიტპატიმრების კონტროლისათვის იყენებდნენ. კრიმინალები ფაქტიურად პოლიციურ ფუნქციას ასრულებდნენ და ლაგერებში და ლაგერის ტიპის ციხეებში სტაბილურობის გარანტები იყვნენ. ხომ შეიძლებოდა პოლიტპატიმრებს აჯანყება გამოეწვიათ ან, კიდევ უარესი, სხვაგვარად აზროვნება დაენერგათ. როგორც ყოფილი პოლიტპატიმრები იგონებენ, ლაგერებში სპეციალური ტერმინოლოგიაც კი არსებობდა: CB - „სოციალნი ვრაგ“ (სოციალური მტერი) - ესენი იყვნენ პოლიტპატიმრები, და СБ - „სოციალნო ბლიჟნი“ (სოციალურად ახლო) - კრიმინალები.
დღემდე ბურუსითაა მოცული, კრიმინალების გაერთიანებისათვის ბერული ორდენის სახის მიცემა ლაგერ-ციხეებში მოხდა თუ „თავისუფლებაზე“, როდესაც პარტიული ინტელექტუალები მიხვდნენ, რომ ყველა უკმაყოფილოს დაჭერას, დახვრეტას ან გადასახლებას ვერ შეძლებდნენ. კრიმინალურმა გაერთიანებებმა უცბად შეიძინეს ბერობის ნიშნები: კანონიერი ქურდების კოდექსი შეიცავს ყველა იმ კანონს, რომელიც ბერებს ჰქონდათ: ცელიბატი, საკუთრებაზე უარის თქმა, გაჭირვებულების და მიუსაფრების თანაგრძნობა, პოლიტიკაში ჩაურევლობა და სხვა. თუმცა, თანდათან, საბჭოთა კავშირის ისტორიის მანძილზე, ქურდების კოდექსის დაცვა სულ უფრო და უფრო ფორმალური ხდებოდა. შუა საუკუნეების საზოგადოებრივი სივრცე ბერების მიერ წესდების დარღვევების შესახებ ჭორებით თუ ნამდვილი ამბებით იყო სავსე. მიუხედავად ამისა, ბერი მაინც რჩებოდა თავმდაბლობის, მორჩილებისა და ღვთისმსახურების სიმბოლოდ. ასევე, ჩვენშიც, მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი ქურდები საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლომდე ინარჩუნებდნენ და ახლაც ინარჩუნებენ ხიბლს, მრავლადაა ლეგენდები/ჭორები კოდექსის ერთგული და უარმყოფელი ბერების/ქურდების შესახებ.
კანონიერი ქურდების ინსტიტუტის საშუალებით წარმატებით მოხერხდა უკმაყოფილოთა რე-ორიენტაცია პოლიტიკურიდან კრიმინალურ სამყაროზე: უკმაყოფილო და სამართლიანობაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ადვილად თავსდებოდნენ, ხელის შეშლის გარეშე, ქურდულ იერარქიაში. შესაბამისად, საბჭოთა ხელისუფლება ორ კურდღელს ერთად იჭერდა: 1. თავიდან იცილებდა მომავალ პოლიტიკურ ოპონენტებს; 2. საკუთარ კონტროლქვეშ აქცევდა მათ. ეს კონტროლი ხან ფარული, უმეტეს შემთხვევებში კი ღია იყო და კანონიერ ქურდებსა და სამართალდამცავებს შორის მჭიდრო კავშირითაც გამოიხატებოდა.
რა თქმა უნდა, კანონიერ ქურდებს შორისაც იყვნენ დაუმორჩილებლები და მათზე ლეგენდების წარმოება და კვლავწარმოება ისევ და ისევ საბჭოთა სპეცსამსახურების დახმარებით ხდებოდა იმისათვის, რომ კანონიერ ქურდთა ორდენის ხიბლი გაეძლიერებინათ.
ისევე, როგორც შუა საუკუნეებში, საბჭოთა კავშირშიც, პოლიტიკური ორიენტირების და ტაქტიკის ცვლილება ბერების ორდენებზე/კანონიერ ქურდებზე ხელისუფლების
შეტევებს/რეპრესიებს იწვევდა. პარტიულ ფუნქციონერებს ეს რეპრესიები როგორი ტაქტიკური მოსაზრებებითაც არ უნდა ეწარმოებინათ, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ორდენების პოპულარობას ზრდიდა და, შესაბამისად, სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდა.
სოციალური კონტროლის არცერთ ფარულ მექანიზმს არ უმუშავია ისე წარმატებით, როგორც ბერების ორდენებმა იმუშავა შუა საუკუნეებში და კანონიერი ქურდების ორდენმა საბჭოთა კავშირში. გარდა სხვა ფაქტორებისა, კანონიერი ქურდები შეადგენდნენ იმ სოციალურ ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფდა სისტემის შენარჩუნებას.
მართალია, დღევანდელ საქართველოში კანონიერი ქურდების გავლენა ისეთი აღარ არის, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ ორდენული ხიბლი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მომენტი პოლიტიკაში „ღირსეული“ ჩაურევლობის პრინციპია, კვლავაც შენარჩუნებულია. ამ პრინციპს ხშირად იყენებენ სამთავრობო ძალების წარმომადგენლები, ძირითადად ისე, რომ მისი წარმომავლობაც არ იციან - როდესაც ოპოზიციას „ხელისუფლებაში მოსვლის“ და „ძალაუფლების ხელში აღების“ სურვილს აბრალებენ.
ის, რომ კანონიერი ქურდების ინსტიტუტი პარტიული ელიტის პირველმა ტალღამ მოიფიქრა, ეჭვს არ იწვევს - სხვა თუ არა, ვის უნდა სცოდნოდა ასე ზუსტად შუა საუკუნეების სოციალური კონტროლის ფარული მეთოდები, გარდა იმ ხალხისა, ვისაც საუნივერისტეტო და სასულიერო განათლება ჰქონდათ მიღებული.
![]() |
8.10 პოლიტიკური პარტიები და არჩევნები |
▲ზევით დაბრუნება |
ბუნებრივია, ასეთ სისტემას საკუთარი იდეოლოგიური და სულიერი ინსტიტუციონალიზებული მხარდამჭერი უნდა ჰყავდეს. შუა საუკუნეებში ამ ფუნქციას თეოლოგები ასრულებდნენ, რომელთაგანაც ყველა წესრიგის განმტკიცებას ემსახურებოდა, მაგრამ მათი ნაწილი ადრე თუ გვიან ერეტიკოსის ტიტულს იმსახურებდა. თეოლოგები არსებული სისტემების მყარ საფუძველს ქმნიდნენ და მათ ნააზრევზე სულაც არ იყო დამოკიდებული, თუ რომელი მათგანი გახდებოდა ერეტიკოსი ან ნეტარი.
ამის გადაწყვეტა სხვაგან ხდებოდა და ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად არა თეოლოგიური არამედ სოციალურ-პოლიტიკური მოტივები ჰქონდა. ჩვენში ეს ფუნქცია წარმატებით აიღეს ე. წ. სამთავრობო პოლიტიკურმა პარტიებმა: ასეთი პარტია, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერად აღიარებს საკუთარ თავს, რამდენიმეა და ისინი ერთი და იმავე ცნებებით ოპერირებენ. „სოციალისტების“, „მოქალაქეთა კავშირის“, „ალიანსი ერთიანი საქართველოსათვის”, „მრეწველების“ ლექსიკონებში დემოკრატიას, ხელფასებს, პენსიებს, ეკონომიკურ აღმავლობას ა. შ. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მაგრამ, ამავე დროს, ყველა ეს ცნება ამ პოლიტიკური პარტიების პროგრამებში სხვადასხვა რაიმეს ნიშნავს. რომელი მნიშვნელობა გახდება წამყვანი და რომელი მნიშვნელობა დაიგმობა - ეს არავინ იცის, და დამოკიდებულია არა ამ მნიშვნელობებზე, არამედ იმაზე, თუ ვინ უკეთეს ურთიერთობას დაამყარებს და ვისი კავშირები უფრო დამარწმუნებელი აღმოჩნდება შევარდნაძისათვის. ანუ ხელისუფლების შენარჩუნების მამალაძისეული და ხაზარაძისეული ვერსია გახდება წამყვანი, რომლებიც აპირებენ ოპოზიციური პარტიები ამხილონ დანაშაულებრივ ქმედებებში, თუ ჯორბენაძისეული ხავერდოვანი გადასვლის და ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობოებთან ურთიერთობის დამყარების პოლიტიკა გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ შევარდნაძის კაბინეტსა და მასთან მიმდებარე რამდენიმე ოთახში წყდება. ისევე, როგორც შუა საუკუნეებში, არც ერთი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ერეტიკული მოძღვრება კვლავ ჭეშმარიტად აღიარონ. ერეტიკოსებსაც სხვა რაღა დარჩენიათ, მორჩილად უნდა დაელოდნონ საქმის მათთვის სასიკეთოდ შემობრუნებას.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი აშკარად იყოფიან ორ ჯგუფად: ცვლილების პარტიები, რომლებიც ამომრჩეველს არსებული სისტემების ცვლილებებს ჰპირდებიან, და ჩამნაცვლებელი პარტიები, რომლებიც საკუთარი თავით შევარდნაძის და მისი მმართველების ჩანაცვლებას სთავაზობენ მოსახლეობას. ამის ანალოგი, თუკი შუა საუკუნეებში მათ ძებნას დავიწყებთ, შეიძლება პროტესტანტული რელიგიების (სისტემის შემცლელი) და ამ პროტესტანტული რელიგიების წიაღში წარმოშობილ რევოლუციურ მოძრაობებს (სისტემის აქტორების ჩამნაცვლებელი) შევადაროთ. რევოლუციური მოძრაობები მხოლოდ არსებულ მმართველ ადგილებზე თავისი ლიდერების დასმას სთავაზობდნენ მოსახლეობას, პროტასტანტული რელიგიები კი არსებული წესრიგის სხვა წესრიგით შეცვლას ჰპირდებოდა მათ. რევოლუციური, როგორც წესი, გლეხთა, მოძრაობები აგებდნენ იმ შემთხვევებშიც კი, რომდესაც ისინი პროტესტანტული რელიგიური მიმდინარეობების წიაღში წარმოიშობოდნენ. პროტესტანტული რელიგიები კი, როგორც წესი, იმარჯვებდნენ, ახალ წესრიგს კი ახალი ცხოვრება მოჰქონდა, როგორც ამას წინა საუკუნეში ყველა სახელის მქონე ვებერი (მაქს, ენდრიუ ლოიდ, და ა. შ.) ამტკიცებდა.
აქ ავტორს კითხვა გაუჩნდა: აქამდე საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ ამ ბოლო, მეათე არგუმენტის გადმოცემისას1, ზედმეტად ხომ არ გაუტიე, ჩემო ავტორ-ეგო?
ავტორ-ეგო: შეიძლება. თუმცა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების როგორც, ერთი მხრივ, შუა საუკუნეების ნახევრად საეკლესიო, ნახევრად საერო ხელისუფლების და, მეორე მხრივ, პროტესტანტული რელიგიური და გლეხთა მოძრაობების ურთიერთობების აღწერა არ უნდა იყოს გონებამახვილობას მოკლებული.
ავტორი: ეგ შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ, შენ აქ მკითხველს ნამდვილად აბნევ: განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების ინტერპრეტაციებში. რა გამოდის - გლეხთა მოძრაობა „გაერთიანებული დემოკრატებია“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტანტი ლუთერანები?
ავტორ-ეგო: აბა რა. ისე, ხომ მოხდენილი და პარადოქსული ინტერპრეტაციაა: ამ დროს კი მათი ქცევა სულ საპირისპიროა: ნაციონალური მოძრაობა ისე იქცევა, როგორც შუა საუკუნეებში იან ჰუსის მიმდევრები, ჟვანიამ კი ლამის სამელნე ესროლოს კედელს. ისე, ასეთი განსაზღვრება ერთმნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ისიც ხომ ცხადია, რომ რაც უფრო ჩანაცვლებაზეა მიმართული მოძრაობა, მით უფრო ცოტა შანსი აქვს, რომ გამარჯვების შემდეგ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხოლო სისტემის შემცვლელები - პერსპექტივაში უფრო სტაბილურები არიან.
ავტორი: მერე არ შეიძლებოდა, ასე დაგეწერა?
ავტორ-ეგო: როგორ არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩემთვის მოსაწყენი იქნებოდა, ალბათ, მკითხველისთვისაც. ყოველ შემთხვევაში, ამის შემდეგ საქმე, როგორც ერთ რუსულ ანეკდოტშია, ისევე გასრიალდება, როგორც კარაქზე (ანუ კარგად წავა). მით უმეტეს, რომ ისეთი აშკარად კარგად დასამუშავებელი და შუა საუკუნეებთან კარგად გასაანალოგიებელი თემები ახლოვდება, როგორიცაა არჩევნები და ეკლესია. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ 12 არგუმენტის დასრულებამდე არც თუ ისე ბევრი გვერდი დარჩა.
შუა საუკუნეებში არჩევნები ხდებოდა, მაგრამ, მხოლოდ ისეთ ქალაქებში სადაც ძლიერი გილდიები, ანუ თვითმმართველობა იყო. ეს არჩევნები მხოლოდ გილდიებს შორის ტარდებოდა: ისინი ირჩევდნენ ქალაქის თავს, ქალაქის მმართველობას. ოღონდ, ყველა ეს თვითმმართველობითი აქცია იმ ჰერცოგების, ბარონების, მეფეების და პრინცების ნებართვით უნდა მომხდარიყო, რომლებიც ამ ქალაქებს ან კანონიერად, ანდა დე ფაქტო განაგებდნენ.
ბევრი იტყვის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოსთან ძალიან ცოტა თუა საერთო, გარდა იმისა, რომ არჩევნები ძირითადად ქალაქებში ტარდება, და ისიც ყველაში არა. ასეთი ქალაქები, სადაც არჩევნები ტარდება ძალიან ცოტაა: თბილისი, გორი, შეიძლება ქუთაისი. სოფლები კი მთლიანად მოწყვეტილია ამ დემოკრატიულ ფუფუნებას. თითქოს ისიც სწორია, რომ არჩევნები რეალურად იქ ტარდება, სადაც სამოქალქო საზოგადოება, ჩვენ რომ გილდიური ვუწოდეთ, ძლიერია. მაგრამ, განსხვავებით შუა საუკუნეებისაგან, მეტყვის კრიტიკულად განწყობილი მკითხველი, ეს არჩევნები ტარდება არა ხელისუფლათა თანხმობით, არამედ მათი სურვილის წინააღმდეგ.
ეს თითქოს მართალია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩევნები ზუსტად ისეთი გახდეს, როგორც ეს შუა საუკუნებში იყო: ამის ნიშნები 2002 წლის ზაფხულის თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდა: ხელისუფლებამ არ (და ვერ) გაიყვანა მოქალაქეთა კავშირი, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კონტროლი არ დაეკარგა. შემდეგ ეს კონტროლი დაკარგა, მაგრამ დღევანდელ საქართველოში შუასაუკუნეობრივი არჩევნების უზრუნველმყოფი პირობები არსებობს და ძლიერდება:
როგორც ამბობენ, ხელისუფლება ნათელაშვილს დაეხმარა იმით, რომ სამხედრო ნაწილების ხმები ლეიბორისტებს გადაულოცა. ასევე, ამბობენ, მან გამოიყენა თავისი
გავლენა მასწავლებლებზე და განათლების სხვა მუშაკებზე. მართალია, ამ დახმარებამ ნათელაშვილს ბევრი ვერაფერი შეჰმატა (ხმების 7-8 პროცენტი), მაგრამ “მოგებულებში” პირველ ადგილზე ნამდვილად გაიყვანა.
მკითხველს ახსოვს, რომ მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს, დიდხანს მიმდინარეობდა საკრებულოს გაუქმების, ან მოქმედების დაწყების გადავადების მცდელობები. ეს არ მოხერხდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი მომხდარა ისეთი, რაც მიგვითითებს, რომ ხელისუფლებამ შუასაუკუნეობრივი არჩევნების ჩატარების მცდელობებზე უარი თქვა.
მოკლედ, არსებული პროცესები მიგვითითებს, რომ საქართველოში არჩევნები მხოლოდ ქალაქებში შეიძლება ჩატარდეს, გარეგნულად უნაკლოდ, მაგრამ მხოლოდ იმათი მონაწილეობით, ვისაც ხელისუფლება ამის უფლებას მისცემს. ანუ ისევე, როგორც ეს ეკონომიკის შემთხვევაში იყო, ხელისუფლება აქაც მოწოდებულია თვითონ აწარმოოს ამომრჩეველი. ისევე, როგორც ეკონომიკის შემთხვევაში, დეფიციტური პროდუქტის წარმოებისას, მომხმარებელი იწარმოება. ეს არც ისე ფანტასტიკური მომავალია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.
________________
1 აბა ჩვენ ავტორი ხომ ვერ მოგვატყუებს: ცხადია, აქ მას შეეშინდა, რომ მკითხველი თავს დაანებებდა წიგნის კითხვას და ავტორს და ავტორ-ეგოს მოუხმო გადასარჩენად. ცხადია,
![]() |
8.11 ეკლესია და მასმედია |
▲ზევით დაბრუნება |
ალბათ, მკითხველი შეეცდება ამ ქვეთავს გადაახტეს. თუკი მან ამ ქვეთავს კითხვით და არა ფურცვლით მიაღწია, მას სულ არ გაუჭირდება გონების თვალი გადაავლოს საქართველოში ეკლესიების და რელიგიების მდგომარეობას და თქვას, რომ თუ სადმე არის შუა საუკუნეები, ის რწმენის ინსტიტუციონიზირებულ ფორმებშია. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ საჩქარო არაფერია. წინ საინტერესო სოციალური დეტექტივია, თავისი დამნაშავეებით, გამომძიებლებით, მოწმეებით და ბოლოს, მსხვერპლით:
90-იანი წლების მეორე ნახევრამდე ეკლესიები საქართველოში, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საკმაოდ გაურკვეველ მდგომარეობაში იყო. საბჭოთა კავშირის დამთავრების შემდეგ მათ შეზღუდვებთან ერთად ის პრივილეგიებიც დაკარგეს, რასაც საბჭოთა კავშირი ანიჭებდა. ამიტომ, დაახლოებით 95-97 წლებამდე როგორც ქართული მართლმადიდებელი, ასევე სხვა ეკლესიები ცდილობდნენ ჩაწერილიყვნენ სამოქალაქო საზოგადოების კონტექსტში. ამისათვის ქართულმა მართლადიდებლობამ რაოდენობრივი გავრცელების გზა აირჩია: მათ გადაწყვიტეს მაქსიმალურად ბევრი ღვთისმსახური ეწარმოებინათ და ამ სიმრავლით დაებრუნებინათ ის 70 წლის წინანდელი, თუ 70 წლის პერიოდში შეძენილი პრივილეგიები. დაახლოებით ამ პერიოდზე და, ალბათ, სწორედ ამ „რაოდენობრივი ზრდის“ გზის არჩევის გამო, მოდის ეკლესიაში განხეთქილებების დაწყება: ცნობილი დამრბევი ვასილ მკალავიშივლი სწორედ 1995 წლის 31 ივლისს განკვეთეს ეკლესიიდან. ამ დროს, შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული მართლმადიდებელი
ეკლესია თავიდან იწყებდა არსებობას და მას სწრაფად უნდა გაევლო ის ეტაპები, რომლებიც მართლამდიდებელმა ეკლესიამ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული განვლო. სქიზმებს და დაპირისპირებებს განათლების და სიწყნარის ეტაპი უნდა მოჰყოლოდა1 და ა. შ. მაგრამ, ამ პროცესში ჩარევა მოხდა. ეს ჩარევა, რა თქმა უნდა, არ იყო მხოლოდ გარედან მოსული - არ არსებობს წარმატებული ჩარევა, თუ შიგნით არ არის ამისათვის მზადყოფნა - მაგრამ მაინც - ეს ჩარევა იყო ის, რამაც ქართული მართმადიდებელი ეკლესია შუა საუკუნეებში გადაისროლა, ან, გნებავთ, გაყინა:
1997-98 წლისათვის მოქალაქეთა კავშირში გაჩნდა იდეა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკაში გამოყენება უპრიანი იქნებოდა. გეგმა შემდეგნაირად აეწყო: ხელისუფლება მისცემდა მართლადიდებელ ეკლესიას შეღავათებს, ეკლესიას ეს მოეწონებოდა და მთლიანად დაუჭერდა მხარს მოქალაქეთა კავშირს. ამ პროექტის აქტორად ხან ჟვანია სახელდება, ხან შევარდნაძე. ყოველ შემთხვევაში, ის ფაქტია, რომ ამ იდეის ხორცშესხმა იმ პარლამენტში დაიწყო, რომელსაც ჟვანია თავმჯდომარეობდა.
დიდხანს რომ არ გავაგრძელოთ, შედეგად მივიღეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის შეთანხმება, რამაც ეკლესია პოლიტიკის დამხმარედ კი არა, პოლიტიკის სუბიექტად გადააქცია, როგორც ეს შუა საუკუნეებში იყო. ანუ როგორც შუა საუკუნეებში, ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო, რომლიც თავის პოლიტიკას ატარებს და ეკლესია, რომელსაც ასევე თავისი პოლიტიკა აქვს. ძალიან ხშირად ეს ორი პოლიტიკა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მაგალითისათვის ისიც საკმარისია, რომ 1999 წელს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების პარალელურად, საქართველოს მართლადიდებელმა ეკლესიამ მსოფლიო და ევროპული საერთაშორისო საეკლესიო კავშირები დატოვა. ეკლესიის და მრევლის ურთიერთობაც ძირითადად შუასაუკუნეობრივია: ხშირად ეკლესიებს კანონიერი ქურდები თუ ყოფილი ან ახლანდელი ფუნქციონერები აშენებენ. ისევე, როგორც შუა საუკუნეებში, აქაც სარწმუნოების ადმინისტრაციას არ აინტერესებს, როგორ მოიპოვა ფული იმ ადამიანმა, ვისაც ეკლესიის მშენებლობისათვის თანხმობა მისცეს. ხშირად ასეთი მშენებლობა მართლმადიდებლური ინდულგენციაა და დამატებით ფარს ქმნის ამშენებლისათვის, რომელიც მას თუ აშენების მომენტში არა, მომავალში მაინც, სამართალდამცავი ორგანოებისაგან თავის დასაცავად აუცილებლად დასჭირდება.
საეკლესიო სივრცე საკმაოდ ჩაკეტილია გარეშე თვალისათვის, მაგრამ ის ჭორები თუ ჩურჩულები, რომლებიც ამ ტაბუდადებულ კედლებს სცდებიან, შუა საუკუნეებში უტყუარი ყოფნის გრძნობის მომგვრელია: ცხონდება თუ არა მსახიობის სული, მოუნათლავი ბავშვი ჯოჯოხეთში მოხვდება და ა. შ. ეს ის თემებია, რაზეც დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აზროვნებენ. სულ სხვა თემაა ის დარღვევები, რომლის გამოც სასულიერო პირების საქმეები სამართალდამცავ ორგანოებში ხვდება - ჰუმანიტარული საქონლის კომერციულ ფასებში გაყიდვა და ა. შ. ასევე, ხშირია მითქმა-მოთქმა მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავალრიცხოვანი დაჯგუფებებისა და რუსული სპეცსამსახურების მჭიდრო კავშირის შესახებ. მოკლედ, ამ ყველაფერს იმ დროში გადავყავართ, როდესაც ეკლესია ყალიბდებოდა როგორც ორგანიზმი და საზოგადოებრივი სივრცე, ოღონდ არა ქართული ისტორიისა, არამედ ევროპის ისტორიის მონაკვეთისა, როდესაც გაბატონებული ეკლესია ზოგიერთი ჩრდილოევროპული ქვეყნისათვის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა2.
ისევე, როგორც შუა საუკუნეების ევროპაში, დღესაც გაბატონებული ეკლესია საერო ხელისფულების საწინააღმდეგოდ იქცევა და საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებს. რელიგიური ექსტრემიზმი, დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა, დამნაშავეების მფარველობა - ეს ყველაფერი არის ის, რაც შუა საუკუნეების ეკლესიას ახასიათებს. გამოსავალი, რომლიც ევროპაში ახალი დროის დადგომასთან ერთად იპოვეს, და რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა მოახდინა როგორც ევროპის სახელმწიფოების, ასევე ევროპული ეკლესიების ჩამოყალიბებაზე - გადააქცია ისინი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე და სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებულად - იყო რეფორმაცია. თუკი ქართული მართლამდიდებელი ეკლესია არ შეიცვალა, არ მოხდა მისი შინაგანი ცვლილება, რეფორმაცია გარდაუვალია. გარდაუვალია თუნდაც იმიტომ, რომ საბოლოოდ თვითონ სახელმწიფო დაიწყებს რეფორმაციის ხელშეწყობას. სხვა ფინალი შუა საუკუნეების ამ სცენარს არა აქვს, თუკი შუა საუკუნეებიდან გამოსვლა უნდა მოხდეს. შუა საუკუნეებში დარჩენის ან შუა საუკუნეების/დემოკრატიის სიმულაციის ქანქარში მოხვედრის შემთხვევაში არაფერი არ შეიცვლება.
თუმცა, ისეთი სცენარიც შესაძლებელია, რომ საზოგადოება მთლიანად სეკულარიზებული გახდეს, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია იძულებული შეიქნეს ერთ-ერთი რელიქტის სახით იარსებოს, გავლენისა და მრევლის გარეშე, მანამ, სანამ ფიზიკურად არ გაქრება.
ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში მასმედია არ იყო, მაგრამ, იყო მედია ინსტიტუტები, რომლებიც შუამავლობდნენ სახელმწიფოსა და საზოგადოების წევრებს შორის. მედია ინსტიტუტების როლს როგორც ეკლესიები, ასევე გილდიები, ლოჟები და უნივერსიტეტები ასრულებდნენ. როგორც ეკლესიებს, ასევე გილდიებს ჰქონდათ თემები, რომლებსაც ისინი ეხებოდნენ და რომლებიც მათი მედიატორობის მანდატში იყო ჩასმული, და ასევე, იყო თემები, რომელზეც მათი მედიატორობის უფლებამოსილება არ ვრცელდებოდა.
ეს მედია ინსტიტუტები აწარმოებდნენ განწყობებს, ვითარებებს, მოლოდინებს. მაგრამ, იყო სფეროები, რომელთა მიმართ არანაირი განწყობა არ ყალიბდებოდა, იმიტომ, რომ მათზე არცერთი მედია ინსტიტუტი არ ლაპარაკობდა. ასეთი ტაბუირებული თემები არ იყო ბევრი: სახელმწიფო მმართველობის შიდა წესები, ეკლესიის შიდა და გარე პოლიტიკა, საიდუმლო სავაჭრო გარიგებები მმართველობებთან - ეს იყო ის თემები რომლებსაც მედიატორები, ეკლესია და გილდიები, არ ეხებოდნენ, და რომელთა შესახებ ლაპარაკის დაწყებაც ახალი მედიატორის გამოჩენას და გადატრიალების დასაწყისს ნიშნავდა. ასეთი გადატრიალება მოახდინა სავონაროლამ, როდესაც მან არსებული მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია მიაწოდა მოსახლეობას, ასევე, იან ჰუსმა, ასევე, შეიძლება, ლუთერმაც. ასეთი მედიატორული ჩარევისა და გამონათების კიდევ ბევრი მაგალითების მონახვა შეიძლება.
საერთო კი შუა საუკუნეების მედიატორებს და ჩვენს მასმედიას ერთი აქვს: არსებობს ტაბუები, და ეს იმდენად ბუნებრივად ითვლება, რომ ამ ტაბუირების უზრუნველმყოფი მექანიზმები დავიწყებულია, ანდა სრულიად გამქრალი. ამიტომ, როდესაც რაღაცის გამო, ტაბუზე ლაპარაკი და მედიატორობა იწყება, ეს, როგორც წესი, სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, რადგანაც ყველა, ვინც ტაბუს არსებობა იცოდა და ამიტომ მის არსებობას შეგუებული იყო, ერთვება მომავალი ცვლილების პროცესში.
საქართველოს მასმედიაში დიდი ხანია იგივე მდგომარეობაა. არსებობს ტაბუირებული თემები. როდესაც გარღვევა ხდება, ეს, ადრე თუ გვიან, ამ ტაბუდადებულის მკვეთრ ცვლილებას იწვევს. ასეთი თემა იყო კახა თარგამაძის დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციელების ძალადობა, პროსტიტუცია, განათლების სამინისტრო და სახელმწიფო უნივერსიტეტები. მათმა გან-ტაბუირებამ ამ სფეროების თუ ინსტიტუტების ცვლილებებიც გამოიწვია, ან უახლოეს მომავალში გამოიწვევს.
ტაბუები კვლავაც არსებობს, დღევანდელ საქართველოში ესენია - ნარკობიზნესი, იარაღით ვაჭრობა, ეკლესია, კაზინოების (უკაცრავად, სამორინეების) ბიზნესი. ალბათ, მათი გან-ტაბუირებაც მალე დაიწყება. შუა საუკენეებიდან გამოსვლა ალბათ ამ შემთხვევაში ტაბუების მოხსნას ნიშნავს. გან-ტაბუება არ ნიშნავს კრიტიკას. გან-ტაბუირება ზრდასრულ ასაკში შესვლის დასაწყისია, რაც თავისთავად ცვლის გარემოს. შესაბამისად, სანამ ჩვენს მასმედიაში ტაბუ იარსებებს, შუა საუკუნეებიდან გამოსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუმცა, გან-ტაბუირება, ტაბუსაგან დაცლა, სასრული პროცესია და ოდესღაც მთავრდება. მთავრდება მაშინ, როცა ტაბუირებას აზრი აღარა აქვს.
__________________________
1 თუკი დაინტერესებული მკითხველი ბასილ მკალავიშვილის განკვეთის ოქმს გაეცნობა, ნახავს, რომ მისი განსჯა ხდება მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლით, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებში შეიქმნა და რომლის ოქმში ციტირებული ნაწილებიც თითქოს ზუსტად მკალავიშვილის შემთხვევისთვისაა დაწერილი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ქართულ მართლადიდებელ ეკლესიაში 1995 წელს სწორედ ის პროცესები იწყებოდა, რამაც ადრეულ შუა საუკუნეებში საეკლესიო პირები აიძულა შესაბამისი საეკლესიო სამართალი შეემუშავებინათ.
2 აქ მკითხველს, რა თქმა უნდა, შენიშვნა და კითხვა გაუჩნდება: მკითხველი იკითხავს: კი მაგრამ, ეს ავტორი, თავისი ავტორ-ეგოთი, ამ ევროპულ შუა საუკუნეებს რომ გვახვევს თავს, სად არის ჩვენი ეროვნული, ქართული შუა საუკუნეები ეს ხომ ცხადია, რაკი საქართველო ვართ, შუა საუკუნეებიც ჩვენი უნდა იყოს - რკინისებური, არგუმენტირებული ნაციონალიზმი გამოერეოდა მკითხველს აზრში. ავტორი ავტორ-ეგოს მიერ უფლებამოსილია განაცხადოს, რომ შუა საუკუნეებში საქართველო არც ცხოვრების წესით და არც არსებული ინსტიტუტებით, არც სოციალური ფენებით არ იყო ევროპული ქვეყანა. ის შეიძლებოდა განგვეხილა როგორც საზღვარზე მდგომი, ანდა აღმოსავლური, ანდა განსაკუთრებულად ქართული, მაგრამ, არამც და არამც, ევროპული ქვეყანა. მას შემდეგ საქართველოში ევროპა არა მხოლოდ რუსეთის გავლით, არამედ, პირდაპირაც შემოვიდა. ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი მართალია დიქტატურა იყო, მაგრამ ევროპული, კანონზე და არა აღმოსავლურად მთლიანად პიროვნებაზე დამყარებული. ანუ XVIII საუკუნიდან საქართველო ნელ-ნელა ევროპულ ქვეყანად გადაიქცა, ანუ დაშორდა თავის წარსულს. ინსტიტუტები, სოციალური ფენები, ყოველდღიური ცხოვრების წესი ევროპული გახდა. შესაბამისად, როდესაც XX საუკუნის ბოლოს, XXI საუკუნის დასაწყისში ქვეყანა შუა საუკუნეებში გადავარდა, ის ვერ გადავარდებოდა იქ, სადაც გადასავარდნი არ ჰქონდა - „ნამდვილ“, ისტორიულ, ქართულ შუა საუკუნეებში. ის გადავარდა იმ შუა საუკუნეებში, რაც ახლანდელ, ევროპის ნაწილ, ევროპული ინსტიტუტების და ღირებულებების საქართველოს უნდა ჰქონოდა. (ავტორ-ეგომ ჩაიცინა, წარმოიდგინა რა ინტელექტუალების სიამე და პოლიტოლოგების აღშფოთება ამ აბზაცის წაკითხვის შემდეგ. ხოლო შემდეგ გაიცინა, წარმოიდგინა რა ინტელექტუალ-პოლიტოლოგი, რომლიც ამ აბზაცს კითხულობს).
![]() |
8.12 საქართველოს ოლიგარქები და ბიზნეს-ჯგუფები |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც უკვე ვთქვით, ჩვენში, ისევე როგორც შუა საუკუნეებში, ოლიგარქები და ბიზნეს-ჯგუფები მთავრობაზე არიან მიბმულები. მათთვის ჯერჯერობით წამგებიანია სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოზე დაყრდნობა. ბუნებრივია, სამოქალაქო საზოგადოების საზრუნავია ისეთი გარემოს შექმნა, როდესაც ბიზნესმენისათვის საკუთარი თავისა და წარმოების დასაცავად სახელმწიფოზე დაყრდნობა წამგებიანი გახდება. შუა საუკუნეებიდან გამოსვლისათვის ეს „საყრდენის გამოცვლა“ აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგანაც სანამ ბიზნეს-ჯგუფები არ გახდებიან სამოქალაქო საზოგადოების „გილდიური“ წევრები, შუა საუკუნეებიდან ვერ გამოვალთ.
ეს გამოსვლა კი დაიწყება მაშინ, როდესაც, სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფოსთან კავშირი და ომის ეკონომიკა წამგებიანი გახდება, ბიზნესის სუბიექტები დაიწყებენ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და განვითარებაზე ზრუნვას. როდესაც ბიზნესმენი თავის ფულს არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის დაცვისთვის გამოიყენებს, არამედ იმ კანონების და სტრუქტურების დანერგვისთვისაც, რომლებიც ზოგადად ბიზნესის უსაფრთხო და სტაბილურ არსებობას უზრუნველყოფს.
მაგრამ სწორედ ამ დროს გახდებიან ოლიგარქები რეალურად საშიშნი - რაღაც მომენტში ისინი აუცილებლად ჩათვლიან, რომ მათზე ძლიერი უკვე აღარავინ არის და მოინდომებენ ძალის დემონსტრირებას. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი საფრთხე, როდესაც შუა საუკუნეებიდან გამოსვლას დავიწყებთ.
კითხვა, რომელიც ამ 12 არგუმენტის მოყვანის შემდეგ უნდა დავსვათ, არის ის, თუ რა გვემუქრება, როგორია განვითარების სცენარები და როგორ აისახება ჩვენი ასეთი მდგომარეობა ჩვენს გარემოზე.
საქართველოში არსებული შუა საუკუნეებიდან ორგვარი გამოსავალი არსებობს და ორივე მცირედ განსხვავდება ისტორიული ანალოგიდან. თითქოსდა ცხადია არჩევანი: ან დარჩენა შუა საუკუნეების ქვეყნად, ან ახალ დროში გადასვლა, ძირითადი სისტემების მთლიანად გამოცვლა და თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
მეორე, უფრო დაფარული შესაძლებლობა, არის კვლავ ძალაუფლების სიმულაციაში დაბრუნება. ამის განხორციელება თითქოსდა უფრო ადვილია: საკმარისია ის ნიშნები მოვაშოროთ სისტემას, რომელიც მან ბოლო წლებში შეიძინა, და კვლავ სიმულირებულების სამყაროში ამოვყოფთ თავს. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც ძალაუფლების სიმულაციები სოციალური გარემოს მხოლოდ მცირე ფენებს თუ ეხება, ხიფათი და რეალობა იმისა, რომ კვლავ შუა საუკუნეებში ჩავვარდებით, იარსებებს, და ხშირ შემთხვევებში განხორციელდება კიდეც. შემდეგ, კვლავ მოსალოდნელი იქნება გამოსვლა და თუკი პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შორის ძირითადი ცვლილებებისთვის საჭირო ძალა და შესაძლებლობა კვლავაც ვერ მოინახა, კვლავაც ძალაუფლების სიმულაციებში აღმოვჩნდებით. ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლის შანსი სულ უფრო და უფრო შემცირდება ყოველ გამეორებასთან ერთად. ბოლოს მივალთ მდგომარეობამდე, როდესაც საკუთარ თავს აღმოვაჩენთ მუდმივად მიმოქცეულს შუა საუკუნეებსა და დემოკრატიის სიმულაციებს შორის, გამოსავლის ყოველგვარი იმედის გარეშე.
სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული პოლიტიკა ისე გაეწყო, რომ მასში ძალიან ცოტა ძალაა ძირეულ ცვლილებებზე ორიენტირებული. ძირითადი მოწოდებები, რომლებიც გვესმის, გვთავაზობენ არსებული ხელისუფლების საკუთარი თავით ჩანაცვლებას. ეს მოწოდება კი ორივე მხრიდან გაისმის, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების იმ ნაწილის მხრიდან, ვინც შევარდნაძის შემდეგ აპირებს მმართველობაში დარჩენას.
შუა საუკუნეების კვალად, ალბათ, ავტორის ვალია მკითხველს უნივერსალური საზომი - ანდა ფილოსოფიური ქვა შესთვაზოს, რომელსაც, ისევე როგორც შუა საუკუნეებში, ალბათ, არავინ და ვერავინ გამოიყენებს.
![]() |
9 V. პოლიტიკოსების უნივერსალური საზომი საქართველოში, სხვა მის მსგავს და მიმსგავსებულ ქვეყნებში |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც წინა თავიდან გაირკვა, გამოსავალი მხოლოდ ცვლილებაში უნდა იყოს. მაგრამ, როგორ უნდა გავიგოთ, რა არის ეს ცვლილება ბოლოს და ბოლოს, მკითხველი-ამომრჩეველი მკითხავს, როგორ გავიგო, პოლიტიკოსს, რომელსაც მე არჩევნებში ხმას მივცემ, სულერთია ის მაღალი და აშშ-ში განათლებამიღებული იქნება, საშუალო ტანის და განათლებით ბიოლოგი, თუ საშუალო ტანის და გაუნათლებელი, ყოფილი საბჭოთა პროკურორი, რა უნდა - ცვლილება თუ საკუთარი თავით შევარდნაძის ჩანაცვლება? თუმცა, ალბათ, შევარდნაძის ჩანაცვლება ყველას უნდა. მაშინ, როგორც გავიგო ვის უნდა ცვლილება, ხოლო ვის კი - ყველაფრის ისევ ისე დატოვება და ქანქარის შუა საუკუნეები/ძალაუფლების სიმულაციები მართვა? საკითხავი აი ეს არის.
პოლიტიკოსები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, და ამიტომაც მათდამი განსაკუთრებული მოთხოვნების წაყენებას აზრი არა აქვს1. უაზრობაა პოლიტიკოსს მოსთხოვო იფიქროს და იმოქმედოს მხოლოდ დემოკრატიისათვის, არ იფიქროს და არაფერი არ გააკეთოს საკუთარი თავისთვის, კარიერისათვის, ასევე გაუგებარია მოითხოვო, რომ მან არ იფიქროს გართობაზე და არ ჰქონდეს სექსი, რაკიღა პოლიტიკოსობა აირჩია, ყოველივე პირადულზე უარი უნდა თქვას და ყველაფერი ქვეყნის, დემოკრატიის, პარტიის და ა. შ. მსახურებას დაუმორჩილოს.
სამწუხაროდ, საქართველოში ოფიციალური, და ხშირ შემთხვევებში ოპოზიციური პოლიტიკაც ასეთი მოთხოვნებით ემასლაათება საკუთარ თავს და ერთმანეთს. ხელისუფლების ფორმირების წესი, სულერთია, საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე ერთი და იმავე რამეს გულისხმობს: ოფიციალურ პოლიტიკაში მოსულებმა არ უნდა იფიქრონ არაფერზე გარდა პოლიტიკისა, რაც გამოიხატება მათ ხელფასებში და იმ სამუშაო პირობებში, რომლებითაც მათ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ეს მექანიზმი ყველამ იცის და, როგორც წესი, მიჩნეულია საბჭოთა მართვის პრინციპის გადმოღებად, როდესაც სისტემა აიძულებდა პოლიტიკოსს, ექურდა და შემდეგ ამ ფაქტით „ყურებით ეჭირა“2 იგი. მაგრამ ეს მონეტის ერთი მხარეა: მეორე მხარე კი ის არის, რომ თანამედროვე საქართველოს საზოგადოებები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ პოლიტიკოსი მართლაც ასეთი, საქმისთვის შეწირული და ასკეტი უნდა იყოს, უბრალოდ „ესენი“, „ვინც ახლა არიან“, ცუდები და ბოროტები არიან, და მოვა დრო, რომ მათ კარგები და კეთილები შეცვლიან.
თავისთავად ამ ბოლო მსჯელობის დისკურსიც მიუთითებს, რომ საქმე მთლად ზრდასრულ განსჯასთან არ უნდა გვქონდეს. მეორე მხრივ, აუცილებელია კითხვის დასმა, რომ თუკი პოლიტიკოსები „ბუნებრივად“ არიან კარიერისტები და მათთვის ჭამა და სექსიც არ არის უცხო, სად არის ის კრიტერიუმი, რომლითაც ჩვენ უნდა გავიგოთ, ვინ არის კარგი და ვინ ცუდი? ანუ უფრო ზრდასრულად რომ გამოვთქვათ, ვინ არის ის, ვისაც არჩევნებში მხარი უნდა დავუჭირო?
დღეს საქართველოში ორი პოლიტიკური პროგრამა ებრძვის ერთმანეთს: ერთნი, რომლებიც ამბობენ, რომ მთავარია კარგი ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში, ნებისმიერი მეთოდების გამოყენებით, სწორი გამოცდილებით, და შემდეგ დაიწყოს დემოკრატიის და თავისუფლებების დამყარება და მეორე, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა დღესვე ვიზრუნოთ დემოკრატიისათვის და თავისუფლებებისათვის, და მას შემდეგ, რაც საზოგადოებები მოექცევიან დემოკრატიულ სისტემებში, ან დაიწყებენ ამგვარ სისტემებში მოქცევას, ისინი თვითონ განსაზღვრავენ, სამართლიანი არჩევნების საშუალებით, თუ ვის უნდა ჰქონდეს ხელისუფლება.
პოლიტიკოსთა ამ ორ ჯგუფად გაყოფა, რა თქმა უნდა, პირობითია, იმდენად, რამდენადაც არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი არც ერთ ამ პროგრამას სრულად არ ახორციელებს. თუმცა ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ ეს ორი პოლიტიკური პროგრამა არსებობს და სხვა რაც ხდება, არის მეორეული და ამ პროგრამებთან შედარებით უმნიშვნელო.
არც ერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსთა ჯგუფი ამ სტრატეგიას ალტრუისტული მოსაზრებით არ შეიმუშავებს. ორივე ტაქტიკა ხელისუფლებაში მოსვლის გზაა. ორივე გზას აქვს თავისი უპირატესობა და ნაკლი, ორივე შეიცავს ხიფათებს და ხაფანგებს, რისკებს და გარანტიებს. ორივეს ჰყავს თავისი მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ, პოლიტიკოსთა, პოლიტოლოგთა, არასამთავრო ორგანიზაციათა წრეებში, ორივე ეძებს მოკავშირეებს საზღვარგარეთ და პოულობს კიდეც და ა. შ.
საქართველოში, ისევე, როგორც ალბათ ყველგან, პოლიტიკოსებისადმი მიდგომა ორგვარია: წარსულზე და მომავალზე ორიენტირებული. წარსულზე მიმართული მიდგომა უკავშირდება პოლიტიკოსის წარსულს, მის გამოცდილებას, მის წრეს და ა. შ. ამ შემთხვევაში იმას, თუ რას აკეთებს ან რას ჰპირდება ეს პოლიტიკოსი საზოგადოებას, ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მომავალზე ორიეტირებული მიდგომა უკავშირდება იმას, თუ რას აკეთებს პოლიტიკოსი და რა უნდა, რომ გააკეთოს, რისთვის იბრძვის და ა. შ. ისევე, როგორც არც ერთი ეს დამოკიდებულება არც ერთ ამომრჩეველში წმინდა სახით არ არსებობს, ისევე არ არსებობს წარმატებული საარჩევნო პროგრამა, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთი გრძნობის გაღვივებას ცდილობს ამომრჩეველში; თუ ცდილობს, ის განწირულია მარცხისათვის („მოქალაქეთა კავშირის“ ბედი ბოლო, 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე). ყოველი კანდიდატის არჩევისას გადამწყვეტია, თუ რომელ მიდგომას თვლის ამომრჩეველი მნიშვნელოვნად, რომელი მიდგომაა გაბატონებული ქვეყანაში, და არა ის, რა დღეში არიან მოქალაქეები და როგორია მათი შემოსავალი.
ორივე მიდგომას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ საქართველოს პირობებში, ანუ შუა საუკუნეების დაძლევისას, მნიშვნელობას არჩეული გზის გარდაუვლობა იძენს და არა გზის ამრჩევის პრინციპულობა და სიტყვის კაცობა. თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსის უნივერსალურ საზომი უნდა იყოს ის, თუ რამდენად უზრუნველყოფს ესა თუ ის პოლიტიკური პროგრამა ძალაუფლებაში მოსვლის უნივერსალურობას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამდენად გადის ამა თუ იმ პოლიტიკოსის ძალაუფლებაში მოსვლის გზა ჩემი, როგორც რიგითი ამომრჩევლის კეთილდღეობაზე და დადებით მომავალზე.
პირველი პოზიციის („ჯერ ძალაუფლება, შემდეგ დემოკრატია“) პასუხი ამ კითხვაზე გაურკვეველია, რადგანაც ის ძალაუფლების მიღწევის გზაზე რიგით ამომრჩეველთან თანამშრომლობას არ გულისხმობს, და აპირებს გარკვეული ჯგუფების საშუალებით მოვიდეს ქვეყნის სათავეში. ამ შემთხვევაში რადიკალური რეფორმების გარდაუვლობა საეჭვოა ხდება, რადგანაც ვალებს გასტუმრება უნდა, კუდებს მოშორება და ა. შ.
მეორე პოზიცია („ჯერ დემოკრატია, მერე ძალაუფლება, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, ორივე ერთად“) გულისხმობს რიგით ამომრჩეველთან თანმშრომლობას და მას ცენტრალურ როლს ანიჭებს თავის მომავალში. ამიტომ, ბუნებრივია, ამ პოლიტიკური პროგრამების დაპირისპირებაში, რიგითი მოქალაქის, ქვეყნის მომავლისა და კეთილდღეობის ინტერესთა გათვალისწინებით, მეორე პოზიცია იმარჯვებს, არა იმიტომ, რომ მეორე პოზიცია უნაკლოა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პრაგმატიზმის მიხედვით იქ მოქალაქე არსებობს, რასაც პირველ პოზიციაში ვერ ვამჩნევთ.
დაიწყებს გაქრობას თუ გააგრძელებს არსებობას ის ხუთი ძირითადი უმსჯელო3 აზრი, რომლიც საქართველოში რომ არსებობს და ფაქტიურად კრავს ყველა დისკურსს და ტექსტს, ამ პროექტებიდან ერთ-ერთის გამარჯვებაზეა დამოკიდებული. ეს ხუთი უმსჯელობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში და
ყველა გზაზე გვხვდება, იმდენად ზედაპირზე ძევს, რომ მათ არსებობას ვერც კი ვამჩნევთ.
_______________
1 ქვემოთ ვნახავთ, რომ ამ განსაკუთრებულ მოთხოვნებსაც აქვს ღრმა და სახიფათო საფუძველი.
2 ამ სისტემას თავისი ნაკლიც აქვს; დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველას ერთმანეთი უჭირავს, ასე რომ „ყურებით ჭერის“ ფაქტმა დევალვაცია განიცადა.
3 ავტორმა და ავტორ-ეგომ ბევრი იფიქრეს, თუ რა სიტყვით უნდა ჩაენაცვლებინა pre-judice, предрассудок, Vorurteil, და გადაწყვიტეს, რომ ყველაზე კარგი ახალი სიტყვის გამოგონებაა, იმდენად, რამდენადაც აქამდე არსებული ქართული შესატყვისი “ცრურწმენა” მხოლოდ, ნაწილობრივ ასახავს ამ აზრის შინაარსს. Prejudice ნაკლებად არის რწმენასთან დაკავშირებული და უფრო მეტად - უკრიტიკოდ რაიმეს მიღებას და მის მიხედვით მოქმედებას ნიშნავს. თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ხუთი უმსჟელო აზრი, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი ცნობიერება უპყრია, სემანტიკურად და ისტორიულად რწმენას უკავშირდება. მოქმედებას ნიშნავს. თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ხუთი უმსჯელო აზრი, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი ცნობიერება უპყრია, სემანტიკურად და ისტორიულად რწმენას უკავშირდება.
![]() |
10 VI. ხუთი ძირითადი უმსჯელობა, რომელიც საქართველოში არსებობს |
▲ზევით დაბრუნება |
კარიერა და კარიერაზე მიმართულობა ცუდია. თავმდაბლობა, მცირეთი დაკმაყოფილება - მაღალი ღირებულებაა;
ეს ცრურწმენა/დევიზი ამბობს, რომ კარიერაზე შენ არ უნდა იზრუნო. ის შენ მოგეცემა, თუკი შენ კარგად მოიქცევი. შენი კარგად ქცევა კი არის შენი საქმისადმი, შენი უფროსებისადმი ერთგულება. შენი კარგად ქცევა აუცილებლად დაფასდება. ამ ცრურწმენის ყველაზე ხშირი არეკვლა გვხვდება მთავრობის წარმომადგენელი პოლიტიკოსების დისკურსში, რომელთაც ხშირად წამოსცდებათ ხოლმე ოპოზიციის მიმართ - „მაგათ ხომ ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ“. ასევე, არც თუ ისე იშვიათია ამ უმსჯელო აზრის გამონათება ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც, რომლებიც ერთმანეთს ძალაუფლებისაკენ სწრაფვაში ადანაშაულებენ. ცოტა ხნის წინათ ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტის მიერ ბრალდების ტონით დასმულ შეკითხვაზე - „თქვენ ხელისუფლებაში ხომ არ გინდათ მოსვლა?“ - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იბნეოდა და ხშირად წითლდებოდა.
ასეთი განწყობის მიზეზი მნისვნელოვანწილად ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემაშია საძიებელი. სასწავლო წიგნები და ლიტერატურა სავსეა კარიერაზე ორიენტირებული უარყოფითი გმირებით და თავმდაბალი, მორცხვი დადებითი პროტაგონისტებით. ქართველი მწერლები და კინორეჟისორები, საბჭოთა პერიოდში და შემდეგაც, გატაცებით ასურათხატებდნენ ამ ბინარულ ოპოზიციას.
საბჭოთა ხელისუფლება ამ უმსჯელობის დამკვიდრებას აქტიურად უწყობდა ხელს. ამისათვის ის სოციალური კონტროლის ფარულ მექანიზმებსაც იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი კანონიერი ქურდების ინსტიტუტი იყო, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თავმდაბლობას, პოლიტიკაში ჩაურევლობას, ანტი-კარიერიზმს, ბერულ ცხოვრებას ქადაგებდა.
საქმის ჩუმად, ჩაძიებულად (სიყვარულით) კეთებაა საჭირო; გაკეთებულ ან გასაკეთებელ საქმეზე ყვირილი, ანუ PR-ი სირცხვილია;
არანაკლებ გავრცელებულია ეს მეორე უმსჯელობაც, რომელიც პირველიდან გამომდინარეობს და საქმისადმი უპირობო ერთგულებას ქადაგებს. აქ ისევ წინა დებულების დამსაბუთებელი სტრუქტურაა გამეორებული: ადამიანი იმდენად უნდა იყოს თავისი მოწოდების ერთგული, ჩაფლული მასში, რომ სირცხვილია იფიქროს ანაზღაურებაზე ან თვითრეკლამაზე. ეს მას თავისით მიუვა, თუკი თავს შეაკლავს თავისი საქმის კეთებას. ყოველი საქმე არის თვითკმარი ფენომენი, რომლის ღირებულება მარადიულია და ის არ არის დამოკიდებული არც ყოველდღიურობაზე, არც ისტორიულ პირობებზე, არც ანაზღაურებაზე. ამ უმსჯელობის ანარეკლს და კვალს თანამედროვე1 საქართველოს სახელმწიფო სამსახურის გამართლების იდეოლოგიაში ვპოულობთ: ის, რომ დღევანდელ საქართველოში მინისტრის ხელფასი ოდნავ თუ აღემატება 100 აშშ დოლარს, კორუმპირებულობაში ცხადად არტიკულირებულ ბრლადებას არასოდეს წარმოშობს. არავინ კითხულობს, როგორ უნდა შესძლოს მინისტრმა, სხვა, უფრო დაბალანაზღაურებიან სახელმწიფო სამსახურზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ხელფასით არსებობა. ეს არ წარმოშობს საზოგადოებრივ წუხილს და, შესაბამისად, არ გარდაიქმნება არც ჟურნალისტურ შეკითხვად, არც ჟურნალისტურ გამოძიებად.
ასეთი განწყობის საფუძველი ერთის მხრივ, მართალია, სოციალური ინდიფერენტიზმია, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ განწყობის უკან აშკარად ჩანს თავის საქმეს შეწირული ადამიანის/ასკეტის ლანდი, რომელიც მცირედით უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ის საქმე, რომელიც მას ავალია, უნდა შეასრულოს. ასევე, ასეთი ლანდების გამოა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ფიქრობს სერიოზული პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც სახელმწიფო მოხელეების ანაზღაურებას გაზრდის. სახელმწიფო მოხელის/ასკეტის/საქმისთვის შეწირული ადამიანის სამება მკვიდრად არის დაფუძნებული მეორე უმსჯელობაზე.
რაც შეეხება საკუთარი მიღწევების შესახებ ლაპარაკს - ეს ქედმაღლობაა და სირცხვილია. ის, რაც CV-ს საფუძველშია, არ არის სწორი, იმიტომ, რომ ქედმაღლობის ნიშანია. ყველაზე კარგად სხვებმა იციან, რაც გააკეთე, და საქმენმან შენმან უნდა წარმოგაჩინოს. არა სიტყვებმა. მით უმეტეს, შენმა სიტყვებმა.
______________
1 საქართველოსთან მიმართებაში ამ სიტყვის გამოყენება ამ წიგნში თანდათან სულ უფრო და უფრო უხერხული ხდება.
![]() |
10.1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა საშინელებაა. იგი ჩვეულებრივი ხალხის საქმე არ არის. პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიო (დაუშვებელია ვინმეს - მაგ., სტუდენტების - პოლიტიზირება); პოლიტიზაცია უარყოფითი, ლამის ეშმაკეული ცნებაა;
ბუნებრივია, წინა ორი უმსჯელობიდან პირდაპირ გამომდინარეობს აზრი, რომ პოლიტიკა - ეს განსაკუთრებული ადამიანების საქმეა, რომელიც არც უნდა განსაჯო, არც უნდა ჩაერიო მასში. ღმერთმა დაგვიფაროს ხელისუფლებაში მოსვლის ან მისი მოპოვების სურვილისაგან. პოლიტიკას მიაღწევ, თუკი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად იშრომებ, თავს შეაკლავ საქმეს. ბოლოს ციდან ეტლი მოგევლინება და ზეცაში აგიყვანს, სადაც ისეთივე დამსახურების ხალხში, როგორიც შენ ხარ, პოვებ ადგილს. მანამ, სანამ ეს არ მოხდება, უზნეობაა ზეცაში ასვლის სურვილი. კიდევ უფრო მეტი საშინელებაა, თუკი ვინმეს ახალგაზრდების გარევა მოუნდება პოლიტიკაში - ეს ხომ იგივეა, რომ პატარა ბავშვებს კამა-სუტრა უკითხო. პოლიტიკაში ჩარევა მხოლოდ გარკვეული ასაკიდანაა შესაძლებელი. ეს ასაკი კი ნამდვილად არ ემთხვევა სტუდენტობის ასაკს.
გარდა ამისა, პოლიტიკაში ჩარევა გაგსვრის. საკუთარ თავს, სულს დაგავიწყებინებს.
არ უნდა მიიღო მონაწილება გადაწყვეტილების მიღებაში. არ უნდა გაისვარო; არავის არ უნდა ემხრობოდე, უნდა იცავდე სამართლიანობას, ობიექტურობას;
მაგრამ მაინც, უმაღლესი ღირებულება - არაფერში მონაწილეობაა. მთავარი საზრუნავი შენი სული და კულტურულობაა1. არ უნდა გაისვარო ყოველდღიურობაში და სიმდიდრისკენ/ცნობილობისკენ სწრაფვაში. ეს უღირსი საციელია: ამ დროს, ბუნებრივია, შენ ივიწყებ საკუთარ თავს, საკუთარ შინაგან ბუნებას ფულზე ცვლი და ჰყიდი.
უფრო მეტი საშინელებაა, თუკი გადაწყვეტილების მიღებაში იღებ მონაწილეობას და ამბობ, რომ ეს ასეა და არა სხვაგვარად. ეს ცალმხრივობა და სიბრძნის ნაკლებობაა. ჭეშმარიტება მუდამ სადღაც შუაშია, და მხოლოდ შუაში ყოფნა არის ღირსეული ადგილი2. არც ერთ მხარეს არ უნდა აღმოჩნდე. რადიკალიზმი მიუღებელია და არაფერი კარგი არ მოაქვს.
_________________
1 რაც, საქართველოს შემთხვევაში, ეკლესიასთან და “ქართულ რწმენასთან” იგივდება.
2 ასეთი ცნობიერებისათვის იდეალურ ვითარებად ქანქარაში - შუა საუკუნეების/დემოკრატიის სიმულაცია - მოხვედრა მოჩანს.
![]() |
10.2 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
საკუთარი პოზიცია არასოდეს არ უნდა დააფიქსირო მკვეთრად, არაფერი არ უნდა შეაფასო, გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო;
ხშირად ეს უმსჯელობა საქართველოში რადიკალიზმის დაგმობის სახელით არის ცნობილი. რადიკალიზმი არის უპირველეს ყოვლისა იმის განცხადება, თუ რა მოგწონს და რა არ მოგწონს. ეს კი სირცხვილია, რადგანაც შენ არ იცი (სანამ არ გაიზრდები) რა მოგწონს და რა - არა. რადიკალიზმს, ანუ პოზიციის მკვეთრ დაფიქსირებას მოაქვს უბედურება, ძმათა შორის სისხლისღვრა. ბოლოს და ბოლოს სულ არ არის საჭირო იბრძოლო, იმიტომ რომ ყველას ყველაფერი მიეზღვება ოდესმე.
ეს ხუთი უმსჯელობა ტრადიციული ქრისტიანული რწმენის, მათ შორის მართლმადიდებლობის, ინტერპრეტაციას წარმოადგენს. შუა საუკუნეების ევროპაში ეს ინტერპრეტაცია წარმატებით გამოიყენებოდა საზოგადოების კონტროლისათვის და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების და იდეოლოგიის საშუალებით საზოგადოებრივი ცნობიერების ქვაკუთხედად იყო ქცეული.
ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში კათოლიკურ რელიგიას დიდი გავლენა ჰქონდა და ისიც წარმატებით იყენებდა ამ გავლენას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. რომის პოლიტიკური ინტერესები ძირითადად პატარა სახელმწიფოების წინააღმდეგ იყო მიმართული. გერმანიის სამთავროებში რეფორმაციის მხარდაჭერის საფუძველი სწორედ პოლიტიკური ინტერესების ჭიდილი გახდა: ბიბლიის სხვაგვარი წაკითხვის და ზემოთ მოყვანილი ხუთი უმსჯელობის წინააღმდეგ მებრძოლმა ლუთერმა მხოლოდ იმიტომ მოიპოვა პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ მისი - რელიგიური რეფორმის ლიდერის - და პოლიტიკური სუბიექტების ინტერესები ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს ინტერესები კი მოკლედ შეიძლება ერთი ფრაზით გამოვხატოთ: ავტონომიურობისკენ სწრაფვა და გარე გავლენისაგან შიდა პოლიტიკის მაქსიმალური განთავისუფლება.
ისტორიკოსები, სოციოლოგები და კულტურის თეორეტიკოსები ამ პოლიტიკური ფაქტიდან გამომდინარე შედეგებს სხვადასხვანაირად აღწერენ. მე არ დავიწყებ კამათს, პროტესტანტული ეთიკა თუ რომის გავლენისაგან პოლიტიკური განთავისუფლება გახდა ახალი დროის1 საფუძველი, მაგრამ ფაქტია, რომ ამის შემდეგ ტრადიციული ინტერპრეტაციის პოლიტიკური გამოყენება, რომელიც პასიურობისაკენ, უმოქმედობისაკენ და საერო მმართველებისადმი უპირობო მორჩილებისკენ მოუწოდებდა, სოციალურ ცხოვრებაში გამოირიცხა.
რა თქმა უნდა, ახალი ინტერპრეტაცია, რომელიც ახალ ევროპას დაედო საფუძვლად, არ მოუწოდებდა ქედმაღლობისაკენ, ამპარტავნებისაკენ და რადიკალიზმისაკენ. ის უბრალოდ საკუთარი ქმედების რეალური შეფასების, მიზნის დასახვის და მიღწევის, სოციალურ ცხოვრებაში პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილების მიღების და არჩევანის მნიშვნელობის/გარდაუვლობის დებულებებს ამკვიდრებდა ძველი უმსჯელობების ნაცვლად.
საქართველოს სოციალურ სივრცეში უმსჯელობები, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ, ისევე, როგორც ევროპის შუა საუკუნეებში, მყარადაა ფესვგადგმული. ისევ და ისევ, თუ ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებ ორ პოლიტიკურ პროგრამას დავუბრუნდებით, ამ ხუთ უმსჯელობას ემყარება პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მე მოვალ და ცხოვრებას გაგიუმჯობესებთ. განსხვავებით მეორე პროგრამისაგან, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა.
თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი ჩვენი სოციალური სივრცის მოსახლეთა უმეტესობა ხუთ უმსჯელობას შეუპყრია, გამარჯვების მოსურნე პოლიტიკოსმა, იმანაც კი, რომელიც მთლიანად მეორე, შუა საუკუნეებიდან გამოსვლის პროექტის მომხრეა, თავის დისკურსში ბლომად უნდა გაურიოს „ქანქარისთვის“2 დამახასიათებელი ელემენტები.
შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ, რომ წინასაარჩევნო სიტყვებში და დაპირებებში ამ ორ პროგრამას ცხადად ამოვიცნობთ და მარტივად დავადგებით შუა საუკუნეებიდან გამოსასვლელ გზას.
გამოსავალი ისევ გადაწყვეტილების მიღებაშია, რომელიც უკვე თავისთავად ეწინააღმდეგება ჩვენში არსებულ უმსჯელობებს და ცრურწმენებს, და მცდარი არჩევნის შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება შუა საუკუნეებიდან თავის დასაღწევად.
_______________________
1 მათ შორის, აშშ-ს საფუძველი, რომელიც პროტესტანტებმა ააშენეს.
2 პოზიცია, რომელიც “შუა საუკუნეები/დემოკრატიის სიმულაციებს” შორის მუდმივი ქანქარისკენაა მიმართული.
![]() |
11 VII. სამოქალაქო საზოგადოება, მისი ჯგუფები, შემადგენლობა, როგორი უნდა იყოს და როგორი არ არის ის დღევანდელ საქართველოში. ანუ რატომ რჩება საქართველო, და არა მარტო ის, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის (შუა საუკუნეების) მოდერნიზებულ (რეგრესირებულ) ვერსიად1 |
▲ზევით დაბრუნება |
„ეგ ისეთი კაცია, ერთი წესიერი
პროექტიც არ ექნება დაწერილი“
ხალხური
დღეს უკვე თითქმის არავის არ ეპარება ეჭვი, რომ სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის პოლიტიკის და სოციალური არსებობის აუცილებელი კომპონენტია. ამ აღიარებამდე როგორც ჩვენთან, ასევე დასავლეთის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც, სამოქალაქო საზოგადოებას რთული გზის გავლა დასჭირდა. მართალია, სამოქალაქო საზოგადოების ცნების ძირები და ამოსავალი ჯერ კიდევ ჰეგელთან გვხვდება, მაგრამ დიდი დრო უნდა გასულიყო, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფო/საზოგადოება დიქოტომიაში საზოგადოებას ჩაანაცვლებდა.
თუმცა ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოებამ გარეშე თვალისათვის უცნაური ფორმა მიიღო: სამოქალაქო საზოგადოების ფარგლები ემთხვევა არასამთავრობო არამომგებიანი ორგანიზაციების ფარგლებს. ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში ჩაერთონ არა მხოლოდ არასამთავრობო არამომგებიანი ორგანიზაციები, არამედ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც არ არიან რომელიმე ორგანიზაციული ჩარჩოებით შემოზღუდულნი. მაგარამ ჯერჯერობით საქართველოში საქმე ისეა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ცნება ემთხვევა „სამოქალაქო და მოქალაქეების უფლებების დაცვის“ ცნებას. ანუ ის, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს და არ არის სახელმწიფო ორგანიზაციის წარმომადგენელი - არის სამოქალაქო საზოგადოება.
სამოქალაქო საზოგადოება თავისი შექმნის დღიდან მოიცავს ყველა იმ აქტივობას და ორგანიზაციულ ფორმას, რომელიც არ არის სახელმწიფო: გილდიებს, რომლებიც შუა საუკუნეებში შეიქმნა, ქმნიდნენ როგორც პროფესორები, ასევე სტუდენტები და ვაჭრები, ხელოსნებზე რომ არაფერი ვთქვათ. სამოქალაქო საზოგადოება არის ორგანიზებული მოქმედება, რომელიც არ მომდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტებიდან და არ ეყრდნობა სახელმწიფო ინსტიტუტებს. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილები, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, არიან - პროფესიული ჯგუფები, კორპორაციები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, და ასევე, ყველა ის მოქმედება, რომელიც გარკვეული მიზნით წარმოიშობა (არ ეყრდნობა სახელმწიფოს რომელიმე ინსტიტუტს) და შემდეგ, ამ მიზნის შესრულებასთან ერთად - ქრება. ქრება ალბათ იმისათვის, რომ კვლავ მოახდინოს სხვა მიზნით გაერთიანება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო/სამოქალაქო საზოგადოების განსხვავების მკვეთრი ხაზი გადის არა პიროვნებებზე, არამედ - ინსტიტუტებზე. პიროვნებები არ შეიძლება იყვნენ განმსაზღვრელნი იქ, სადაც ინსტიტუტები და ღირებულებებია გამიჯვნა-განცალკევების საფუძველი. თუმცა სწორედ პიროვნებები აქცევენ ამ გამიჯვნას აქტუალურად.
ჩვენი ყურისათვის ამ განსაზღვრებას თითქოს არა უშავს, და ემთხვევა იმას, რაც საქართველოში გვაქვს, ან რისკენაც სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში მიისწრაფის. მაგრამ ეს სამოქალაქო საზოგადოების ცნების ხელოვნური და მავნე შეზღუდვაა: საინტერესოა, რომ ასეთი შეზღუდვა ხელს მათ უნდა აძლევდეს, ვინც არ აპირებს სახელმწიფოს ყველგანჩამრევის და ყველაფრისმკეთებლის როლი გაუშვას ხელიდან.
სამწუხაროდ, საქართველოში იმის შებრუნებული ვითარება შეიმჩნევა, რაც ლიბერალურ/დემოკრატიულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს და საითკენაც მიემართება დემოკრატიული ქვეყნის განვითარება: „დასავლეთში“ სახელმწიფო არსებობს იმისათვის, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წევრების მოქმედებათა კონტროლი მოახდინოს, ანუ თვალყური ადევნოს, რომ მათ არ დაარღვიონ მთელი რიგი კანონებისა და ამით მოქალაქეების ცხოვრება არ გაართულონ. ამისათვის სახელმწიფოს განკარგულებაშია მაკონტროლებელი და დამსჯელი ორგანოები და საბოლოოდ სახელმწიფო ნეგატიური ძალაუფლების მფლობელი ხდება: ანუ ის ზღუდავს და არ ქმნის, ის თავის ძალაუფლებას იყენებს არა შექმნისათვის, არამედ ფარგლების, ჩარჩოების, საზღვრების დადგენისათვის. თანამედროვე იდეალური სახელმწიფო - საგადასახადო სისტემების ჩათვლით - ნეგატიური ძალაუფლების მფლობელია.
_______________________
1 მათ საყურადღებოდ, ვინც, სრულიად სამართლიანად, ამჩნევს რომ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა საბჭოთა კავშირის შემდეგ, და მიაჩნია, რომ ეს ნელი, მაგრამ უტყუარი დემოკრატიზაციის და ქვეყნის სასიკეთო მომავლის ნიშანია.
![]() |
12 VIII. დასასრული |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 დასასრული პირველი - ძალაუფლების მოკლე ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
ამის შემდეგ მკითხველი კვლავ სამი დასასრულის წინაშე ამოჰყოფს თავს. ეს კონკრეტული, პირველი დასასრული იმათთვისაა, ვისაც სოციალური თეორია აინტერესებს და უნდა ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ნახოს, თუ რა შეიძლება იყოს შუა საუკუნეებიდან გამოსვლის თუ გამოუსვლელობის მიზეზი.
საერთოდ, სახელმწიფო ძალაუფლების ევროპული და აშშ-ს ისტორია შეიძლება დაიწეროს როგორც მოძრაობა პოზიტიური ძალაუფლებიდან ნეგატიურისაკენ: ალბათ, მხოლოდ XVII-XVIII საუკუნეებში იყო ძალაუფლება ის, რასაც დღეს ძალაუფლებად მიიჩნევენ საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობით. მანამდე, შუა საუკუნეებში, ის იყო ფორმალური, ძალაუფლების მკაცრი და სასტიკი აფეთქებებით, და შემდეგ - არის ნეგატიური.
ის, რასაც დღეს ძალაუფლებად მიიჩნევენ არშემდგარი დიქტატორები თავიანთ სიზმრებსა და ოცნებებში, არის სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების - დაწყებული იდეოლოგიის ფორმირებით, დამთავრებული ოჯახში მიმდინარე პროცესებით - წარმართვა ყველა საშუალებებით. ანუ ეს არის დაახლოებით ისეთი ძალაუფლება,
ევროპაში რომ იყო XVIII-XIX საუკუნემდე. ეს არის ძალაუფლება, რომელიც ქმნის, ანგრევს, განმარტავს, სჯის და ა. შ. ეს არის ძალაუფლება, რომელიც აწესებს კანონებს საკუთარი საქმიანობის ლეგიტიმაციისათვის, ეს ძალაუფლება მეტ-ნაკლებად თანაბრად არის გავრცობილი ქვეყნის ყველა ნაწილზე და მისი კანონების წამიერი დარღვევის წინააღმდეგაც კი არსებობს ძვირი და მოუხეშავი ინსტიტუტები: სასამართლო, პოლიცია ა. შ. ეს იყო ის, რამაც წარმოშვა კომუნისტური პარტიის მანიფესტი - იგი წარმოშვა ზეწოლამ, რომელსაც ძალაუფლება აწარმოებდა საკუთარი პროექტების განმხორციელებლებზე, და ამ ზეწოლის შედეგად სოციალურ ჰორიზონტზე გამოჩენილმა კასტურმა სისტემამ.
იმ დროს თავისუფალი ბაზარი არსებობდა როგორც სახელმწიფოს ნაწილი და ასევე მსხვილი კაპიტალიც, თავისი მოქმედებებით და განწყობით, სახელმწიფოს ნაწილად იყო მიჩნეული. თავის მხრივ, მსხვილ კაპიტალსაც არ შეეძლო უარი ეთქვა სახელმწიფოსთან დაქვემდებარებულ თანამშრომლობაზე, რადგანაც მისი ბაზარი ჯერ კიდევ სახელმწიფო სისტემებით, მათ შორის საზღვრებით და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობით იყო შემოზღუდული.
შესაბამისად, სახელმწიფო XVII-XIX საუკუნეებამდე წარმართვადა პროცესებს, რომლებიც მასში მიმდინარეობდნენ: როგორც ეკონომიკურს1, ასევე იდეოლოგიურს - სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემებით და მკაცრი მორალური კლიმატის, ანუ მორალური საზღვრების შენარჩუნებით. ამის ყველაზე უფრო ცხადი მაგალითია მერკანტილიზმის პერიოდი, როდესაც სახელმწიფო ძალიან მჭიდროდ იყო ბიზნეს-კორპორაციებთან დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში მერკანტილიზმი მექრთამეობას უიგივდებოდა, ამბობენ, რომ იმ პერიოდში ეს ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელი იყო. თუმცა ადამ სმიტი, პირველი პოლიტეკონომიური თეორიით, უკვე მოითხოვდა მერკანტილიზმის გაუქმებას. ძალაუფლების ისტორიაში ეს პერიოდი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რომ ევროპის და აშშ-ს ისტორიაში წარმოადგენს პოზიტიური ძალაუფლების ბოლო შემთხვევას.
ძალაუფლების ტიპის გამოცვლა პოზიტიურიდან ნეგატიურისაკენ ეკონომიკური ჯგუფების კვლავ სამოქალაქო საზოგადოებაში დაბრუნების შედეგია - ეს მოხდა მაშინ, როდესაც დიდი კორპორაციები უფრო გაძლიერდნენ, ვიდრე სახელმწიფოები და მათ აღარ სჭირდებოდათ სახელმწიფოებთან სასიცოცხლო კავშირი. შესაბამისად, შესუსტდა მორალური კონტროლის მოთხოვნაც, იმდენად, რამდენადაც ძლიერი ეკონომიკური ჯგუფების სამოქალაქო საზოგადოებაში დაბრუნებამ ცხადი გახადა, რომ საზოგადოებრივი ფილოსოფიების („სულიერი“ მოთხოვნილებების და მათი აღსრულების წესების) სივრცეც ისევე (თუ უფრო მეტი არა) მზარდი ბაზარია, როგორც ყველა სხვა.
ამ დაბრუნების შედეგად - XIX და XX საუკუნეში - ცხადი გახდა საზოგადოებრივი სივრცის, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ტოპოლოგია, რომელიც დაიყო ორ - პროცესზე და მიზანზე ორიენტირებული ჯგუფებად.
დღეს სამოქალაქო საზოგადოება შედგება ორი ტიპის ჯგუფისაგან: ის ჯგუფები, რომლებიც მიზანზე არიან ორიეტირებულები, და ისინი, ვინც პროცესზე არიან მიმართულები. ეს დაყოფა, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა კლასიფიკაცია, პირობითია, და თუკი სამოქალაქო საზოგადოების სოციალური ჯგუფების შესწავლას დავიწყებთ, საეჭვოა, რომ ზედაპირული გამოკვლევით იქ რომელიმე ჯგუფი წმინდა - მხოლოდ მიზანზე ან მხოლოდ პროცესზე ორიეტირებული - სახით აღმოვაჩინოთ. როდესაც ჯგუფები და დაჯგუფებები იწყენენ მუშაობას, ანუ როგორც ფილოსოფოსნი იტყოდნენ, აქტუალურნი ხდებიან, გონებამოქნილი მკვლევარი მათ მოქმედებაში მიზანზე მიმართულობასაც შენიშნავს და პროცესზეც მიმართულობასაც. მაგრამ მე ეს კლასიფიკაცია თავად კლასიფიკაციის გულისათვის არ მომიხმია: ჩემი მიზანია პრინციპული განსხვავების მონახვა, რაც ცხადად დაგვანახებს, თუ რა აკლია ჩვენს საკუთარ გარემოს და რა უნდა გახდეს მისი აუცილებელი ნაწილი.
როგორი ხანგძლივიც არ უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის კონკრეტული საქმიანობა, მხოლოდ მისი მიზნის აღსრულებით იზომება მისი მოქმედების დადებითობა-უარყოფითობა. მაგრამ ეს მხოლოდ ეკონომიკის/წარმოების/ბიზნესის სივრცეში დაკავებულ ორგანიზაციებს და ჯგუფებს არ ეხება: მიზანზე ორიენტირებულია ნებისმიერი ლობისტური ორგანიზაცია/ჯგუფი, როგორი იურიდიული ფორმაც არ უნდა ჰქონდეს მას.
აქ უპრიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ მიზანზე ორიეტირებულობა შედეგზე ორიენტირებულობაში არ უნდა აგვერიოს. ყოველი კონკრეტული ადამიანის მოქმედება შედეგზეა ორიენტირებული და ვერც მოვიფიქრებთ და ვერც დავასახელებთ მოქმედებას, რომელიც ასეთი არ არის: ცოცხალი არსება ცდილობს საკუთარი მოქმედების შედეგი ნებისმიერი ფორმით მიიღოს - სასურველია ისეთით, როგორსაც ელოდება.
პრინციპულად სხვაა სოციალური ჯგუფის მიზანზე ორიენტირებულობა: მიზანზე ორიენტირებულობა ნიშნავს, რომ მოქმედებას აქვს მიზანი, და ეს მიზანი იქვემდებარებს მთელ პროცესს. პროცესის ყოველი გვერდითი შედეგიც კი ან ეხმარება აქტორებს მიზნის განხორციელებაში, ან ეწინააღმდეგება ამას. მიზანზე მიმართულობა ჰომოგენური ფენომენია და თუ რამე არ ემსახურება მიზნის განხორციელების ამოცანას, ის მას ეწინააღმდეგება. ზემოთ მოყვანილი ორი მაგალითი, როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე, ლობისტურიც, სწორედ მიზანს დაქვემდებარებული ჯგუფების მოქმედებებია.
მაგრამ საზოგადოება მხოლოდ ასეთი ორგანიზაციებით/ჯგუფებით არ ამოიწურება: მნიშვნელოვანი ადგილი მასში პროცესზე ორიეტირებულ ჯგუფებს/ორგანიზაციებს უჭირავთ. ეს ჯგუფები (შედეგზე ორიენტირებული) ადამიანების კიდევ ერთი სამყოფელია. ეს ისეთი ორგანიზაციებია, რომელთა მიერ წარმოებულ საქმიანობის პროცესს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს და უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე მიზანი, რომელიც ამ საქმიანობას აქვს დასახული. ეს ისეთი საქმიანობაა, რომლის გაცხადებული, რაციონალური, ჩამოყალიბებული მიზანი ძალიან წვრილმანია იმ შედეგებთან შედარებით, რაც ამ საქმიანობის პროცესს თან სდევს.
მაგალითად: საქართველოს ერთ-ერთ რაიონში გახსნილი სპორტული კლუბის მიზანია კარგი სპორტსმენების აღზრდა. სწორად წარმოებული საწვრთნელი პროგრამა და სპორტის სახეობის პროპაგანდა კი იწვევს ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოშორებას კრიმინალურ სამყაროში ჩათრევის შესაძლებლობისგან. ასევე, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ყოველი კონრეტული საქმიანობის მიზანი კონკრეტულია: ან კონკრეტული ადამიანის დაცვა, ან დისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ან წარმატებიტ მთავრდება, ან წარუმატებლად, ხოლო ეს პროცესი - წარმოებული PR კამპანია და ა. შ. - მოსახლეობაში საკუთარი უფლებების დაცვის სურვილს იწვევს, ზრდის ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობაში მოქალაქეთა ინტეგრაციის ხარისხს, რაც საბოლოოდ მთლიანად ლიბერალური დემოკრატიის და, მაშასადამე, სახელმწიფოს განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ძალაუფლების განვითარების ერთ-ერთი საფეხურია მიზანზე ორიეტირებული ჯგუფების სამოქალაქო სივრცეში დაბრუნება სახელმწიფო/ბიუროკრატული სივრციდან. ეს პროცესი აუცილებელია ძალაუფლების ნეგატიურად გადაქცევისათვის, ანუ ძალაუფლებისა და სოციალური სისტემის იმ ტიპის მიღწევისათვის, სადაც ძალაუფლება არის არა მჩაგვრელი, არამედ ჩაგვრის პრევენცია. ამისათვის კი სულ მცირე ორი პირობა უნდა შესრულდეს: 1. ეკონომიკის აგენტები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფოს პოზიტიური (ჩარევითი) გავლენისაგან; 2. ეკონომიკის აგენტებმა სარგებელი უნდა ნახონ სახელმწიფოსგან განთავისუფლებაში.
საქართველოში პოლიტიკოსები, ზემოთმოყვანილი დახასიათებებიდან და აღწერებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ პოზიტიური ძალაუფლების ღირებულებებზე არინ მიმართულები.
შედარებისათვის შეიძლება მოკლედ ასე დავახასიათოთ ჩვენი სოციალურ-პოლიტიკური გარემო: ჩვენში ნეგატიური ძალაუფლება არასამთავრო ორგანიზაციებს აქვთ, ხოლო პოზიტიური ძალაუფლება კი კვლავ სახელმწიფოს ხელშია. ანუ ზუსტად იმის უკუღმადაა საქმე, ვიდრე განვითარებული დემოკრატიის ქვეყანაში უნდა იყოს. ეს კი ნიშნავს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად, ძალაუფლების ბუნება მთლიანად და რადიკალურად უნდა შეიცვალოს.
ძალაუფლების ბუნების შეცვლისათვის კი ეკონომიკა/ბიზნესი უნდა გამოვიდეს სახელმწიფოს მფარველობიდან. მაგრამ ეს არ მოხდება მანამ, სანამ ხელისუფლება პოზიტიური ძალაუფლების მატარებელია, ხოლო არასამთავრობო სექტორი - ანუ სამოქალაქო საზოგადოება - ნეგატიურის. ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს საქრთველოში არავის არ მოსდის თავში ბიზნესს ან ბიზნესმენს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი უწოდოს, იმიტომ, რომ ისინი არ არიან და არც შეიძლება იყვნენ ნეგატიური ძალაუფლების ნაწილები. ერთადერთი პოზიტიური ძალაუფლება კი სახელმწიფოს ხელშია.
ამოცანა ამ მხრივ თითქოს მარტივია - ბიზნესი უნდა იქცეს სამოქალაქო საზოგადოებად. მაგრამ ეს უნდა მოხდეს - და სირთულეც აქ იწყება - არა PR კამპანიებით და ბიზენსმენთა შეგნება-ცნობიერების აწევა-ამაღლებით - ასეთი დასაწყისი გარდა იმისა, რომ შედეგს არ მოიტანს, სახიფათოცააა - შეიძლება NGO პროექტების ბუმის კიდევ ერთ საბაბად იქცეს - არამედ შესაბამისი გარემოს შექმნით. გარემოს შექმნა კი არის იმ კანონების მიღება რომლებიც უზრუნველყოფენ: 1. მცირე ბიზნესის უმტკივნეულო განვითარებას: ამით ბიზნესმენად გახდომის საშუალება ეძლევა ყველას, ანუ სამოქალაქო საზოგადოებაში პოზიტიური ძალაუფლების შექმნა იწყება; 2. საშუალო და დიდ ბიზნესზე სახელმწიფო ზე-კონტროლის საშუალებების ანულირებას: ანუ სახელმწიფო დაინტერესების მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთებით შემოფარგვლას.
ყოველივე ზემოდთქმული კი ლობირებას გულისხმობს: მხოლოდ საკანონმდებლო ლობირებით არის შესაძლებელი, არსებულ ძალთა განაწილება შუა საუკუნეებისაკენ მიდრეკილიდან თანამედროვეობაზე მიმართულით შეიცვალოს. შეიძლება გვითხრან, „ყველაფერი რომ მიუშვა“ - შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობა ისტორიული აუცილებლობით ჩამოყალიბდება. მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიის მაგალითია, და სულ არ არის აუცილებელი, ასე განმეორდეს ჩვენს სინამდვილეშიც: შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც თანამედროვეობის ჩამოყალიბება დაიწყო, სოციალური სივრცე მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი იყო. პროცესი “ბუნებრივი” იყო იმდენად, რამდენადაც მათ, ვინც ამ პროცესს სათავეში ედგნენ - ბანკირებს და ბიზნესმენებს - ძლიერი პოზიციები ჰქონდათ და ფაქტიურად, საკუთარი უფლებებისათვის იბრძოდნენ. გარდა ამისა, სწორედ ევროპის ერთგვაროვნების გამო ეს პროცესები მეტ-ნაკლებად თანაბრად მიმდინარეობდა და გაერთიანებულ წინააღმდეგობას, თუნდაც ძლიერ პოლიტიკურს, ასეთივე გაერთიანებული ფრონტი ხვდებოდა. დღევანდელ საქართველოში საქმე სხვაგვარადაა - ძალიან ბევრი გარეშე ფაქტორი2 საქართველოს მოდერნიზაციის მიმართ ინდიფერენტულია. თუკი გავითალისწინებთ, რომ ამ ფაქტორებს ემატება შიდა ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოდერნიზაციას3 „თავისით“ ამ პროცესის მოგვარება, ანუ თანამედროვეობაში გადასვლა თითქმის შეუძლებელია და დღითიდღე სულ უფრო და უფრო ფანტასტიკური ხდება.
______________________
1 არამარტო გადასახადების დაწესების და ამოღების კონტროლის მეშვეობით, არამედ დიდ კორპორაციებთან მჭიდრო კავშირითაც.
2 მათ შორის რუსეთს არ უჭირავს მაინდამაინც განსხვავებული პოზიცია.
3 მათ შორის არიან არა მხოლოდ პოლიტიკოსები (ოპოზიციის ჩათვლით) არამედ ბიზნესმენებიც.
![]() |
12.2 დასასრული მეორე - როგორ უნდა გაიზომოს ქვეყანაში დემოკრატიის ყოფნის, არყოფნის და ყოფნა-არყოფნის ხარისხი |
▲ზევით დაბრუნება |
დასასრული მეორე - მათთვის, ვისაც მაინდამაინც არ მოეწონა და არც დაუჯერა შუა საუკუნეებთან ანალოგიებს. ამ დასასრულში დემოკრატიის იმ ახალ განზომილებებზე იქნება ლაპარაკი და თანაც მკითხველი ფანტასტიკის ჟანრის სიუჟეტსაც წააწყდება
თანამედროვე სამყაროს ძირითადი პრობლემა არ არის ნაციონალიზმი, ის ფაქტია. პრობლემა ისაა, თუ როგორ უნდა იქნეს მიღწეული ლიბერალურ-დემოკრატიული, სისტემა ნაციონალიზმის პირობებში. ერნსტ გელნერის სული ერთ-ერთი დემოკრატიული ფორუმის მიერ ჩატარებული სპირიტული სეანსის დროს (თეფშის საშუალებით).
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის კითხვა დემოკრატიის საზომის შესახებ. ანუ რა არის ის, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ვთქვათ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არის ან არ არის დემოკრატია. ამისათვის კი ჯერ პასუხი უნდა გავცეთ კითხვას, რა იგულისხმება ამ შემთხვევაში დემოკრატიის ცნებაში.
პირველი, რაც XXI საუკუნის ადამიანს მოსდის თავში სიტყვა „დემოკრატიის“ გაგონებისას, არის არჩევნები. ანუ ვითარება, როდესაც ხალხი, მოქალაქეები საკუთარ თანამოქალაქეებს პარლამენტის წევრების, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, კანცლერის და სხვა მსგავს თანამდებობებზე ირჩევენ. როდესაც ყველა ასეთი თანამდებობა არჩევითია, მაშინ საკითხი თითქოს გარკვეულია, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია არსებობს. მაგრამ რა უნდა ვთქვათ მაშინ, როდესაც ამ თანამდებობების მხოლოდ ნაწილი არის არჩევითი მთელი მოსახლეობის მიერ, ხოლო ნაწილი კი ამ არჩეულების მიერ აირჩევა, ანდა ზოგ შემთხვევაში ინიშნება კიდეც? არის თუ არა ეს დემოკრატია, და ხომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ ვითარება, სადაც ასეთი ნახევრადარჩევითობა სრულიადაც არ განაპირობებს მმართველობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობას, ანდა სულაც ასეთი მმართველობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რაღაც სხვა მიზეზების გამო პრინციპულად და გარდაუვლად უსამართლოა?
ასეთი მაგალითები, როდესაც უმაღლესი მმართველობების არჩევითობა არ უზრუნველყოფს ამ მმართველობების სამართლიანობას, ბევრია. ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ასეთი ქვეყნების სიაში მოწინავე ადგილს დაიკავებს. ასევე, ვისაც არ ახსოვს საბჭოთა კავშირი, მინდა ვუთხრა, რომ მმართველობა საბჭოთა კავშირშიც არჩევითი იყო, როგორც აღმასრულებელი, ასევე პარტიული. არჩევნები საბჭოთა კავშირში დაახლოებით ისევე ტარდებოდა, როგორც დღეს აჭარაში.
მაგრამ, ეს არის ვითარება, რომელსაც ძალა და ძალადობა განაპირობებს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რომ როგორც კი საბჭოთა სტილის ხელისუფლების მიერ წარმოებული ძალადობა მოიხსნება, არჩევნები კარგად ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ვინც საბჭოთა კავშირში გავიზარდეთ, მსგავსი იმედი გვქონდა. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი იმედი ჰქონდეთ იმათაც, ვისაც მსოფლმხედველობა ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა: მათ მრავალი საშუალება ჰქონდათ ენახათ და განეცადათ ძალის და ძალადობის გამოყენებით წარმოებული არჩევნები.
მაგრამ, არანაკლებია შემთხვევები, როდესაც „სწორად“ ჩატარებული არჩევნები აშკარად დისკრიმინაციულ, სხვისი უფლებების დამთრგუნველ და სხვისი სიცოცხლის ხელმყოფ ხელისუფლებას (ე. ი. შედეგებს) იძლევა. ასეთი არჩევნების შედეგები არავის “ბრალი” არ არის, მაგრამ ფაქტები ჯიუტია. ასეთი არჩევნები იყო წარსულშიც და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც ჩატარდეს ჩვენს და არამარტო ჩვენს გარემოში.
როგორც წესი, არჩევნების დემოკრატიულობის საზომად დამკვირვებლების ანგარიშები გამოიყენება, მაგრამ გამომდინარე თავად ამ ინსტიტუტის მოუქნელობიდან და თუნდაც ჩვენი ქვეყნის იმ გამოცდილებიდან, რომ 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნები აჭარაში სანიმუშო წესრიგით მიმდინარეობდა, ასეთი შეფასება ვერ იქნება თუნდაც მინიმალური სარწმუნოობის მატარებელი.
მეტიც, თუკი შევადარებთ თბილისის და ბათუმის არჩევნებს, და ვიტყვით, რომ თბილისის არჩევნები 2002 წელს ფარდობითად მაინც უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე ბათუმის, მაშინ ვინმე შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი არეულობა ხდება არჩევნებზე, მით უფრო დემოკრატიულია ქვეყანა. საბოლოოდ კი ამ დასკვნის ავტორი მივა დებულებამდე, რომ ჩაშლილი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანია.
ეს მართლაც შეიძლება ასე იყოს საქართველოში, ანუ ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ თუკი არჩევნები არ ჩატარდება, ეს ღიაობის და გამჭვირვალობის ნიშანი იქნება. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ყოველი ქვეყნის შემთხვევაში სხვადასხვა კრიტერიუმის დადგენა მოგვიწევს, რაც უსასრულო შრომაა და ვეღარასოდეს მიგვიყვანს საერთო მნიშვნელამდე.
ამიტომ კითხვა X ქვეყნის დემოკრატიულობის შესახებ იქცევა კითხვად, თუ როგორ გაიზომოს ქვეყანაში არამარტო დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, არამედ ამ გადაწყვეტილებებლის ლიბერალურობაც. ანუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ დემოკრატიული გზით მიღებული გადაწყვეტილებები ამავე დროს იყვნენ ლიბერალურნიც, არ არღვევდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, ანდა, როგორც XVII-XVIII საუკუნეების ევროპაში ამბობდნენ, არ უნდა ლახავდნენ1 სხვისი თავისუფლების საზღვარს.
იმისათვის, რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, კარგი იქნება ერთი მცირე სიუჟეტი გამოვიგონოთ, და მისი საშუალებით მოვახდინოთ ჩვენთვის საინტერესო ვითარებაში გარკვევა.
Ein Planet, Ein Reich, Ein Volk
წარმოვიდგინოთ, რომ X პლანეტაზე ერთი სახელმწიფო არსებობს. უცხოპლანეტელებმა2 ისინი საკმაოდ ველურ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. დავუშვათ, რომ უცხოპლანეტელები ტელეპატები არიან და იმისათვის, რომ თავიანთ ქვეყანაში მიიღონ დემოკრატიული გადაწყვეტილებები, არ სჭირდებათ რთული ინსტიტუტების გამოგონება: ყოველი მათგანისათვის მათი თანამოქალაქის აზრი, ზრახვა, ცრურწმენა და უმსჯელობა ცნობილია და ისინი ტელეპატიური დიალოგის საშუალებით - კონსენსუსით - იღებენ ყველა გადაწყვეტილებას. ამის წარმოდგენა ჩვენთვის ძნელია, მაგრამ სიტყვაზე უნდა დავუჯეროთ სიუჟეტის ავტორს.
შესაბამისად, უცხო (და არა X) პლანეტაზე სოციალურ სივრცეში სრული კონსენსუსი სუფევს. ჩვენმა თანაპლანეტელმა ზოგიერთმა გონებასხარტმა ადამიანმა შეიძლება დაასკვნას, რომ ამ შემთხვევაში ტექნოლოგია ამ პლანეტაზე არ უნდა განვითარებულიყო. თუმცა ეს ასე არ მოხდა, იმდენად, რამდენადაც უცხო პლანეტაზე არსებობს უნივერსალური კომუნიკაციური სივრცე და პრობლემები, რომლებიც დედამიწაზე სოციალური დაძაბულობით წარმოიშობა და ხანდახან ტექნიკაში პოვებს გადაწყვეტას, იქ, იმ პლანეტაზე ტელეპატიურ-ვერბალური კომუნიკაციის დროს იბადება და წყდება, როგორც იმ პლანეტის კონსტიტუციაში წერია:
(„ამ კომუნიკაციურ სივრცეში პოტენციურად ყველა მოქალაქის ჩართვის შესაძლებლობის არსებობით“).
როგორც მიხვდით, იქ, უცხო (და არა X) პლანეტაზეც მხოლოდ ერთი სახელმწიფო არსებობს, უბრალოდ მეტის საჭიროება არ არის. შესაბამისად, X პლანეტა, სადაც მათ ერთი სახელმწიფო იპოვეს, მათთვის თითქოსდა ჩვეული აღმოჩნდა. მაგრამ ისინი გააკვირვა ველურობის იმ დონემ, რაც მათ დახვდათ: დაშლილი სახელმწიფო, მოუწესრიგებელი და დაურეგულირებელი პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობები, სეპარატიზმი, დანაშაულის მაღალი დონე, გაბატონებული მექრთამეობა, სოციალური და პოლიტიკური ღირებულებების დევალვაციის პროცესი და ა. შ.
ამიტომ, უცხო (არა X) პლანეტელებმა გადაწყვიტეს გამოეგონებინათ ისეთი სოციალური მექანიზმები, რომლებიც, მართალია, ვერ გაუტოლდებოდა, მაგრამ დაემსგავსებოდა მაინც მათ მშობლიურ საზოგადოებაში არსებულ მოქმედების წესებს და ოდნავ მაინც უზრუნველყოფდა უნივერსალური კომუნიკაციური სივრცის მსგავსი რაღაცის არსებობას X პლანეტაზე. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, უცხოპლანეტელებს უნდოდათ ისეთი სოციალური მექანიზმები დაენერგათ X პლანეტაზე, რომლებიც ომების, დანაშაულის და ქრთამების გარეშე უზუნველყოფდნენ საზოგადოების განვითარებას, ისეთი მდგომარეობის მიღწევა სურდათ, როდესაც ყველა მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში და მიღებულ გადაწყვეტილებებს თუ ყველა არ ეთანახმება, არავინ ეწინააღმდეგება მაინც.
პირველი, რაც უცხოპლანეტელების მიკროკომუნიკაციურ სივრცეს თავში მოუვიდა3 იყო X პლანეტის სახელმწიფოს მმართველების არჩევნების მოწყობა. მართალია, X პლანეტის მოსახლეობას ტელეპატიური უნარი არ გააჩნდა, მაგრამ ისინი კარგად ექვემდებარებოდნენ უცხოპლანეტელების კომუნიკაციური სივრცის მიერ
გამოშვებულ იმპულსებს, ისე, რომ ეგონათ, ეს მათ თავებში გაჩენილი იდეები და კონსტრუქციები იყო. ამიტომ ეს პრობლემა ადვილად გადაიჭრა: არჩევნები მოეწყო და X პლანეტელებმა აირჩიეს მმართველი ორგანოები. ისტორიას არ შემოუნახავს, თუ რა სახის მმართველობა დაამყარეს უცხოპლანეტელებმა, მაგრამ რაღაც პარლამენტის და რაღაც პრეზიდენტის მსგავსი ნამდვილად იყო არჩეული.
მაგრამ ცოტა ხანში უცხოპლანეტელებმა, რომლებიც მცირე დროის შემდეგ ისევ მოფრინდნენ X პლანეტაზე, რათა თავისი ნამოქმედარის შედეგი ენახათ (მოგეხსენებათ, აზრს უჭირს ვაკუუმის გადალახვა, ამიტომ მათ არ შეეძლოთ საკუთარი პლანეტიდან ტელეპატიური საშუალებებით გაეგოთ X პლანეტის ამბები), არც თუ ისე სახარბიელო სურათი დახვდათ: ზოგიერთი უცხოპლანეტელის აზრით, X პლანეტაზე საერთოდ არაფერი შეცვლილა, თუმცა ზოგი მათგანი აღნიშნავდა, რომ, მართალია, X პლანეტელთა უმეტესობისათვის ყველაფერი ძველებურად დარჩა - ანუ პოლიცია ისევ ისე ჩაგრავდა ხალხს, მმართველები ისევ ისე იყვნენ ჩართულები ქრთამების აღებაში, ქვეყანა კვლავ გახლეჩილი იყო სეპარატიზმით, მაინც შეინიშნებოდა რამდენიმე ცვლილება: 1. ინტელექტუალთა ფენების გავლენის ზრდა, 2. მოსახლეობის უფრო მეტი გათვითცნობიერებულობა საკუთარ უფლებებში, 3. ორი თუ სამი კანონი, რომელიც მმართველებს აიძულებდა ნებისმიერი ინფორმაცია გაეცათ მსურველთათვის, 4. მასმედია, რომელიც მმართველობის დიქტატისაგან თავისუფალი იყო და ამიტომ - საინტერესო, 5. მდიდარი ხალხის რაოდენობის ზრდა - და მდიდარი კაცი = ჩინოვნიკს - ტოლობის გაუქმება.
თუმცა, კვლავ შეუძლებელი იყო ისეთი მდიდარი კაცის მონახვა, რომელსაც არ ჰქონდა ძლიერი კავშირები მმართველებთან. მაგრამ როგორც მიკროკომუნიკაციურმა სივრცემ დაასკვნა, ეს სულაც არ იყო ის, რისი მიღწევაც მათ უნდოდათ: X პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი, 80-90 %25 მაინც ისევ ძველებურად, თუ უფრო უარესად არა, ცხოვრობდა. მეტიც, X პლანეტის მოსახლეობამ რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც მთელს სახელმწიფოში გარკვეული ჯგუფების უფლებების გაუქმებას/დაჩაგვრას იწვევდა. ეს კი შემდეგნაირად მოხდა: არჩეულმა მმართველებმა, რომლებიც, მართალია, აირჩიეს, მაგრამ გრძნობდნენ, რომ შემდეგ არჩევნებში მოსახლეობა მათ ხმას აღარ მისცემდა, დაიწყეს ქვეყნის მტრების გამოგონება იმისათვის, რომ მოსახლეობას საკუთარი უკმაყოფილება სხვებზე, და არა მმართველების წინააღმდეგ მიემართა. შედეგად მათ რეფერენდუმიც კი ჩაატარეს, რომლის შედეგებსაც ამ წარმოსახვითი მტრების უფლებები უნდა შეეზღუდა, და მიაღწიეს კიდეც ამას. შედეგად, X სახელმწიფოს მასშტაბით უმცირესობები იჩაგრებოდნენ და მთელი უმრავლესობა (ანუ ვისაც კვადრატული ყურები ჰქონდა) თანახმა იყო დაჩაგრულიყვნენ ისინი, ვისაც მრგვალი სასმენი ორგანოები ჰქონდა.
როდესაც შეძრწუნებულმა უცხოპლანეტელებმა გამოიკვლიეს არსებული ვითარება, აღმოაჩინეს, რომ იმ ადგილებში, სადაც კვადრატულყურიანები და მრგვალყურიანები ერთად ცხოვრობდნენ, რეფერენდუმმა უარყოფითი ან თითქმის უარყოფითი შედეგები აჩვენა. თუმცა რეფერენდუმის შემდეგ საერთო დასახლების ადგილებშიც ისევე იჩაგრებოდნენ მრგვალყურიანები, როგორც სხვაგან.
შემდეგი ნაბიჯი, რომელიც უცხოპლანეტელებმა გადაგეს, X სახელმწიფოს ნაწილებად დაყოფა და ამ ნაწილებში შედარებით ავტონომიური მმართველობის შემოღება იყო. სამწუხაროდ, ნაწილების მმართველებს არჩეული მმართველები ნიშნავდნენ და ამიტომ არჩეული მმართველები მათ მიერ დანიშნულ ხალხს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისათვის და მოსახლეობის ჩაგვრისათვის იყენებდა.
ლოგიკური იყო, რომ უცხოპლანეტელებს მდგომარეობის გამოსასწორებლად მიკრომმართველების არჩევნები შემოეღოთ. მათი აზრით, რომელიც მიკროკომუნიკაციურ სივრცეში ჩამოყალიბდა, მიკრომმართველების არჩევა მაკრომმართველების ძალაუფლებას შეზღუდავდა, აიძულებდა მოსახლეობას უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები მიეღო და მომავალ არჩევნებში თუ რეფერენდუმებში საკუთარი მდგომარეობის გათვალისწინებით მიეცა ხმა.
ამ შინაარსის იმპულსის გაშვების შემდეგ უცხოპლანეტელებმა შენიშნეს, რომ მაკრომმართველების ქცევაში სიფრთხილემ იჩინა თავი, ოპოზიციურმა პარტიებმა პროგრამების მომზადება და PR კამპანიები დაიწყეს, ხალხმაც უფრო დიდი იმედები დაამყარა არჩევნებზე და ა. შ. კმაყოფილმა უცხოპლანეტელებმა ხომალდი თავისი პლანეტისაკენ მიმართეს და მაკროკომუნიკაციურ სივრცეში ჩასართავად გაეშურნენ.
გარკვეული დროის შემდეგ უცხოპლანეტელები ისევ დაბრუნდნენ, მაგრამ მაინც არ დახვდათ ის სურათი, რასაც მოელოდნენ: მართალია, მოსახლეობის აქტიურობა გაზრდილიყო - ხალხი მონაწილეობდა არჩევნებში, ეწინააღმდეგებოდა მაკრო და მიკრო მმართველების ძალადობას, მაგრამ, ამავე დროს, და როგორც ამ სამოქალაქო აქტიურობის გაზრდის მოულოდნელი შედეგი, უმცირესობის ჩაგვრის მოთხოვნებიც გაზრდილიყო.
მართალია, რეფერენდუმების მოწყობას არავინ ითხოვდა, მაგრამ ძალიან გაიზარდა მრგვალყურიანების ცემის, ანგარიშსწორების და უფლებების სხვა დარღვევის შემთხვევები. მართალია, მიკრომმართველების არჩევნებმა შეასუსტა მაკრომმართვლების ძალაუფლება, მაგრამ ამავე დროს, შესუსტდნენ ის ძალებიც, რომლებიც ადრე მოსახლეობის მიერ ურთიერთძალადობის შემთხვევებს გამორიცხავდნენ. მიკროსივრცეებში პოლიცია მაკროდაქვემდებარებაში იყო და მართალია მთლად არა, მაგრამ ნელ-ნელა კარგავდა გავლენას.
მოგვიანებით ამ პრობლემას X პლანეტის მცხოვრებლებმა თვითონ მიხედეს და მიკროპოლიციელების არჩევაც თითონვე დაიწყეს. მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საშველი: ხშირად არჩეული მიკროპოლიციაც ისევე იქცეოდა, როგორც მაკრო, უბრალოდ, მეტი უფლება ჰქონდა, იმიტომ რომ არჩეული იყო: ისევე არღვევდა ადამიანის უფლებებს და ხშირად ამ დარღვევებს ამომრჩევლების თანხმობაც ერთვოდა.
შესაბამისად, უცხოპლანეტელებმა ცხადად დაინახეს, რომ საყოველთაო კეთილდღეობამდე (ანუ მათი პლანეტის მდგომარეობამდე) კვლავაც შორს იყო: მართალია, ოდნავ გაიზარდა იმ ხალხის რიცხვი, ვინც რეალურად მონაწილეობდა გადაწყვეტილებების ფორმირებაში, ანუ იმათი, ვინც ინტელექტუალების, მდიდარი ხალხის და ბიუროკრატების სიმრავლეში შედიოდა, მაგრამ ამ პროცესმა უკვეუარყოფითი შედეგების მოტანა დაიწყო: ინტელექტუალებმა, მდიდარმა ხალხმა, ბიუროკრატებმა ერთად დაიწყეს არსებული ვითარების შენარჩუნებისათვის ზრუნვა. ეს განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ინტელქტუალებისაგან, რომლებიც მანამდე ჩაგრულების/უფლებადარღვეულების დამცველები და რეფორმებისათვის მებრძოლები იყვნენ. ცხადი გახდა, რომ შეიქმნა ფენა, რომელსაც არ უნდოდა მკვეთრი ცვლილებები და მზად იყო მთელი თავისი ცხოვრება ჩაგრულების დაცვისა და კანონმდებლობის ფარგლებში დემოკრატიული გარდაქმნებისათვის ბრძოლისათვის მიეძღვნა.
რა თქმა უნდა, მათ ეს გაცნობიერებული არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ალბათ მიაჩნდათ, რომ იმდენად, რამდენადაც მათ სასურველი თავისუფლება მიიღეს, სხვები ამ თავისუფლებას მხოლოდ მათი მეშვეობით უნდა ზიარებოდნენ. შესაბამისად, X პლანეტაზე შეიქმნა ვითარება, როდესაც ჩაგრულების დაცვისთვის ბრძოლა არც წინ წავიდოდა, არც უკან, ის უბრალოდ შენარჩუნდებოდა. ეს კი როგორც მმართველებს, ასევე მართულების ნაწილს ხელს აძლევდა, ვინაიდან მართულების ეს ნაწილი ნელ-ნელა და შეუმჩნევლად უკვე მმართველებად გადაქცეულიყვნენნენ, ოღონდ განსაკუთრებული ტიპის. . . . . .
უცხოპლანეტელები თითქოსდა ჩიხში მოემწყვდნენ: ერთის მხრივ, მათ არ დატოვეს არც ერთი მმართველობითი მდგომარეობა, რომლის არჩევაც არ შეიძლებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, მმართველობების ხარისხი არ გაუმჯობესდა და ისე ჩანდა, რომ ყველაფერი გაყინვა-გაჩერებისაკენ, არსებული მდგომარეობის მარადიულად შენარჩუნებისაკენ მიდიოდა. სასწრაფოდ შეიქმნა მიკრო-კომუნიკაციური სივრცე, რომელიც დასაწყისში საკმაოდ ჭრიალით წარიმართა: ერთ-ერთი ჰიპოთეზა, რომელიც შემუშავდა, მოითხოვდა, რომ ინტელექტუალებიც და უფლებების დამცველებიც აერჩიათ - ჯერ რეგიონულ, ხოლო შემდეგ ქვეყნის დონეზეც. მეორე ჰიპოთეზის მიხედვით - გამოსავალი X პლანეტის X სახელმწიფოს პატარ-პატარა სახელმწიფოებად დაშლაში და იქ ყველაფრის თავიდან დაწყებაში მდგომარეობდა. განვითარების მესამე მოდელი არსებული სისტემების გაუქმებას და განათლებული მმართველების ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებდა, ეყრდნობოდა რა X პლანეტის ცნობილი მოაზროვნის, ნოტალპის ცნობილ თხზულებას. სამივე ეს მოდელი დამუშავებისას კიდევ უფრო უარესი გამოდგა, ვიდრე არსებული:
პირველი მოდელის განვითარების გათამაშებისას აღმოჩნდა, რომ არჩეული ინტელექტუალები და ადამიანის უფლებების დამცველები მთლიანად გაუიგივდნენ არსებულ ბიუროკრატიას და თავისუფლებით მართვის ჩანასახიც კი მოისპო. მეორე მოდელმა აჩვენა, რომ სინდრომი, რომელიც მათთვის „კვადრატულყურიანების მიერ მრგვალყურიანების ჩაგვრის“ სახელით იყო ცნობილი, ძლიერდებოდა და ძალაუფლების მთავარი განმსაზღვრელი ხდებოდა.
მესამე მოდელირებისას განათლებული მმართველების მესამე თაობამ ისეთი ტერორი დაიწყო, რომ მიკროკომუნიკაციური სივრცე თავისით გამოირთო.
მაგრამ, რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მესამე მოდელმა მიუთითა გამოსავალზე: უცხოპლანეტელები უკვე მიხვდნენ, რომ მთავარია საზოგადოების დიდი ნაწილი ძალაუფლებით მართვიდან თავისუფლებით მართვაზე4 გადართო. შესაბამისად, მათთვის საჭირო იყო თავისუფლებით მართვის ისეთი ფორმის პოვნა, სადაც, მართალია, მთლიანად არა, მაგრამ მინიმუმამდე იქმებოდა დაყვანილი ძალაუფლებით მართვა. ასეთი ფორმის მახასიათებლები კი შემდეგი უნდა ყოფილიყო: 1. მმართველებს ვერ უნდა ენახათ ვერც ახლო და ვერც შორს მიმავალ პერსპექტივაში პირადი სარგებელი; 2. მართვა უნდა ყოფილიყო დამყარებული არჩევანზე; 3. მოკლე ვადაში მისაღწევი პირადი სარგებელი, რომლის გამორიცხვაც შეუძლებელი იყო, მინიმუმზე უნდა ყოფილიყო დაყვანილი; 4. მიუხედავად ზემოთქმულისა, მმართველები მართვაში სისხლხორცეულად უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი; 5. გარდა ამისა, აუცილებელი პირობა იყო, რომ ასეთი მართვა ყველა სხვა მართვის მოწყობის მოდელი უნდა გამხდარიყო, ისე უნდა შეესისხლხორცებინა იგი ყოველ X-პლანეტელს.
რა თქმა უნდა, მიკროკომუნიკაციური სივრცე იმის შესაძლებლობასაც უშვებდა, რომ რომელიმე ასეთ კონკრეტულ მართვაში შეიძლება ძალაუფლებით მართვის ხარისხი გაზრდილიყო თავისუფლებით მართვის შემცირების ხარჯზე. მაგრამ არსებულ სტრუქტურას, კანონებს და ქცევის მიღებულ წესებს ასეთი სახეცვლილების ტოტალური გავრცელება უნდა შეეჩერებინათ. მოკლედ, როგორც ამას უცხოპლანეტელები ამბობდნენ, უნდა მომხდარიყო ზრუნვის ინსტიტუციონალიზაცია. მართალია, მათ კარგად არ ესმოდათ, რა აზრი იყო ჩადებული ამ სიტყვებში5, მაგრამ ეს სიტყვათშეხამება X-პლანეტელების სრულ აღფრთოვანებას იწვევდა.
მას მერე, რაც ეს ხუთი პირობა ჩამოყალიბდა, უცხოპლანეტელებმა დაიწყეს ძიება, თუ სად იყო შესაძლებელი ამ პირობების განხორციელება X პლანეტაზე არსებულ სტრუქტურებში. ჯერ სცადეს ეს მაკრომმართველობის და მიკრომმართველობის დონეზე განეხორციელებინათ. რა თქმა უნდა, სრული კრახი განიცადეს, იმდენად, რამდენადაც ამ დონეზე მხოლოდ ძალაუფლებით მართვა იყო შესაძლებელი, შესაბამისად, თავისუფლებით მართვის ხარისხი კატასტროფიულად დაბალი იყო: რა თქმა უნდა, დემოკრატიული გადაწყვეტილებები მიიღებოდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები საკმაოდ შორს იდგა სამართლიანობისაგან და, როგორც წესი, სარგებლის მიღებას ემსახურებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს გადაწყვეტილება სამართლიანობით გამოირჩეოდა, ეს შემთხვევითობის წყალობა უფრო იყო, ვიდრე აუცილებლობისა. სარგებელი, რომელსაც გადაწყვეტილებების მიმღებნი მოელოდნენ, ყოველთვის არ იყო უარყოფითი, მაგრამ ამ დონეზე არაფრით არ მოხერხდა არჩევანის პროცესში სარგებლისკენ სწრაფვის მინიმუმამდე დაყვანა: ნებისმიერი გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიმღებების მიერ ახლო მომავალში, საუკეთესო შემთხვევაში კი შორეულ მომავალში, სარგებლის მიღების მოლოდინების ურთიერთშეჯერებით მიიღებოდა. შესაბამისად, მართვა ძალაუფლების გაზიარებით, გადაცემით და წართმევით მიმდინარეობდა.
ანუ არავინ არავის თავისუფლებას არ გადასცემდა: თუკი ეს ასე ხდებოდა, თავისუფლება მინიმალური იყო, და თუ კანონით არა, ტრადიციებით, ცრურწმენებით, უმსჯელობებით და შიშით იყო განპირობებული. ბოლოს და ბოლოს, ამ ყველაფრის დასაძლევად არავინაც არ იწუხებდა თავს, თუკი ეს პირად სარგებელს არ ეხებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, არ ეხებოდა.
უცხოპლანეტელები გასაჭირში ჩავარდნენ. მიკრო-კომუნიკაციური სივრცე ვერ პოულობდა გამოსავალს. ზრუნვის ინსტიტუციონალიზაცია ვერა და ვერ ხერხდებოდა. ბოლოს უცხოპლანეტელები მიხვდნენ, რომ მათ თავიანთი გარდაქმნების იმპულსთა წარმართვაში რაღაც მნიშვნელოვანი გამორჩათ, ანუ ისეთი რაღაც გამორჩათ, რაც X-პლანეტელების ცხოვრებას გასდევდა, მნიშვნელოვნად იყო ჩართული X-პლანეტელების ცხოვრებაში, მაგრამ კვლავ ტოტალიტარულ-დიქტატორული იყო და თანაც ერთსა და იმავე დროს, დაფარულიც და ზედაპირზე მყოფიც.
რა ექნათ უცხოპლანეტელებს! კიდევ ერთხელ ჩაუსხდნენ მათთვის სრულიად უცხო სოციალური სტრუქტურების ანალიზს. საკუთარ კომუნიკაციურ სივრცეშიც ჩაიხედეს, რომ ზრუნვის საფუძველ-ელემენტი ეპოვათ. და აი, დადგა მომენტი, როდესაც მიკრო-კომუნიკაციური სივრცე აბაზანიდან ამოხტა და ევრიკას ძახილით შემოურბინა კოსმოსურ ხომალდს. მათ როგორც იქნა იპოვეს ადგილი, სადაც ზრუნვის ინსტიტუციონალიზაცია იყო შესაძლებელი, და რომელიც თითქოს ზემოთჩამოთვლილ ხუთივე კრიტერიუმს აკმაყოფილებდა: ეს იყო განათლება. საქმე ის გახლავთ, რომ მმართველობითი ინსტიტუტების გადემოკრატიულობაზე ზრუნვის პროცესში უცხოპლანეტელებს გამორჩათ ის, რაც X პლანეტის საზოგადოების არსებობის საფუძველი იყო, ის, რაც აყალიბებდა საზოგადოების წევრებს, უვითარებდა ძირითად შეხედულებებს და წარმოდგენებს, მოკლედ რომ ვთქვათ, გადასცემდა იმ ძირითად ღირებულებებს და იდეალებს, რომლებიც შემდეგ საზოგადოებრივ და ყველა სხვა ცხოვრებაში ვლინდებოდა.
უცხოპლანეტელებმა გადახედეს განათლებას და დიდად იმედგაცრუებულნი დარჩნენ: საქმე ის იყო, რომ როგორც სკოლებში, ასევე უმაღლესი განათლების შენობებშიც ყველა იმ ღირებულებების და სტრუქტურების დასწავლა/ახსნა ხდებოდა, რომლებსაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში X პლანეტაზე წვალებით ნერგავდნენ: არჩევნები, ხელისუფლების გაყოფა, პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, ქრთამის აღების დამღუპველობა, სასამართლოს სამართლიანობა და ძალა, თავისუფლება, თანასწორობა, - ეს ის იყო, რასაც განათლების პროცესში დიდი ყურადღება ექცეოდა, შეედგინათ სასწავლო კურსები, მასწავლებლები სპეციალურად ემზადებოდნენ ამ საგნების სწავლებისათვის. მაგრამ საშველი მაინც არ ჩანდა. ქვეყანა კვლავ იხლიჩებოდა წინააღმდეგობებით, სეპარატიზმით და შეუწყნარებლობით.
ის-ის იყო, უცხოპლანეტელები ყურებ, ხელებ, ფეხებ, საცეცებ, ბორბლებ და კუდ-ჩამოყრილი ხომალდის უკან, თავისი პლანეტისაკენ დაძვრას აპირებდნენ, რომ უცებ მიკროკომუნიკაციური სივრცე კვლავ აყვირდა: მართალია, სწავლებების პროცესი თითქოსდა სასურველი მიმართულებით წარმართულიყო, მაგრამ თვითონ ორგანიზაციები, ანუ ინსტიტუციური მოწყობა კვლავ ტოტალიტარული იყო, ანუ ყველა ინიშნებოდა, საზოგადოება არ იყო ჩართული არანაირ გადაწყვეტილების მიღებაში (ან ჩართული იყო მხოლოდ გაშუალებულად, რამდენადაც ირჩევდა იმათ, ვინც შემდეგ განათლების ხელმძღვანელებს ნიშნავდა).
შესაბამისად, ყოველი ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდიოდა, თავს ამოყოფდა ისეთ სისტემაში სადაც მას არაფერი ეკითხებოდა და მხოლოდ ვიღაცის დავალება უნდა შეესრულებინა. მშობელი, რომელიც ბავშვს სკოლაში უშვებდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რამენაირად ჩარეულიყო სასწავლო პროცესში და საკუთარი პირობები წამოეყენებინა. შემდეგ ეს ბავშვი, რომელიც ტოტალიტარულ გარემოში იზრდებოდა, ხვდებოდა სისტემებში, სადაც მისგან არჩევანის გაკეთებას ითხოვდნენ. ეს კი მისთვის რთული გახლდათ და როგორც სკოლაში და სხვა სასწავლებლებში იყო მიჩვეული, დავალების შესრულებას იწყებდა. არ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ X პლანეტაზე არ არსებობდნენ ისეთი სკოლები, სადაც არამარტო მშობელს ეკითხვებოდნენ, რა სურდა მას, რომ მის შვილს ესწავლა, არამედ მოსწავლეების აზრსაც ითვალისწინებდნენ, მაგრამ ასეთი სკოლები გამონაკლისი იყო და ამინდს ვერ ცვლიდა. X პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა განწირული იყო სახიფათო, უსამართლო და უმცირესობების დამჩაგვრელი გადაწყვეტილებების მიღებისათვის, იმდენად, რამდენადაც მას არც არჩევანის ჩვევა ჰქონდა და არც ზრუნვის გამოცდილება, ანუ მის კომპეტენციაში არასოდეს შედიოდა მის გვერდით მყოფის ბედის გადაწყვეტა: ის ყოველთვის მისგან ძალიან დაშორებულ პრობლემებს წყვეტდა: მმართველების არჩევის საკითხს, სადღაც შორს არსებული უმცირესობების ბედს. . . X პლანეტის მოსახლეობის გამოცდილებით მხოლოდ ძალაუფლებით მართვა იყო შესაძლებელი. მათი გამოცდილების მიხედვით შეუძლებელი იყო არამარტო ერთმანეთზე, არამედ საკუთარ შვილებზეც ზრუნვაც კი: ეს ვიღაცას, მათ მიერ გაშუალებულად არჩეულს, უნდა გადაეწყვიტა, თვითონ კი ამ გადაწყვეტილებას უნდა დამორჩილებოდნენ.
ეს თითქოსდა პრობლემის გადაწყვეტა იყო, მაგრამ უცხოპლანეტელებმა აქაც კინაღამ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მიკროკომუნიკაციური სივრცე რისი სივრცე იქნებოდა, ეს რომ არ შეემჩნია: საკუთარი განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სრული თავისუფლება - ანუ არამარტო მასწავლებლების და მმართველების შერჩევა, არამედ სასწავლო პროცესის შინაარსის განსაზღვრაც - მხოლოდ განათლებულ საზოგადოებაში შეიძლება განხორციელებულიყო. ამიტომ, უცხოპლანეტელებმა გადაწყვიტეს X პლანეტაზე ზრუნვის ინსტიტუციონალიზაცია ნაბიჯ-ნაბიჯ დაეწყოთ: ჯერ მშობლებისათვის და მასწავლებლებისათვის მიეცათ სკოლის დირექტორების, მასწავლებლების და დამატებითი საგნების არჩევის თავისუფლება, შემდეგ ნელ-ნელა გაეზარდათ საგნების არჩევის ეს თავისუფლება და ბოლოს მიეღოთ ვითარება, როდესაც ყოველი მოსწავლის სასწავლო პროგრამის შესახებ გადაწყვეტილებას მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთად მიიღებდნენ. საბოლოო ზრუნვის ინსტიტუციონალიზაცია ამ გზით განხორციელდებოდა. ამის შემდეგ ასეთ საზოგადოებაში აღარც სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა რთული.
სკოლის სისტემის არჩევით ინსტიტუტად გადაქცევა უცხოპლანეტელების შემუშავებულ ხუთივე კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ანუ: 1. მმართველები (რომლებშიც არჩეული მშობლები უმრავლესობა უნდა ყოფილიყო) ვერ ნახულობდნენ ვერც ახლო და ვერც შორს მიმავალ პერსპექტივაში პირად სარგებელს: მათი გადაწყვეტილებები ეხებოდა მათ შვილებს; 2. მართვა არჩევანზე იყო დამყარებული - მმართველები ირჩევდნენ სწავლების განმხორციელებლებს და სწავლების მიმართულებებს; 3. რა თქმა უნდა, პირადი გამორჩენა შესაძლებელი იყო, თუნდაც სკოლის სახსრების გამოყენება პირადი მიზნებისათვის, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა მშობლების მხრიდან კონტროლის მექანიზმი ამოქმედდებოდა. გარდა ამისა, ნაკლებ მოსალოდნელი იყო, რომ რომელიმე მშობელი საკუთარი ბავშვის მომავალს თავისი გამორჩენის მიზნით სასწორზე შეაგდებდა; 4. იმდენად, რამდენადაც საქმე მმართველების ბავშვებს ეხებოდა, მიუხედავად ზემოთქმულისა, მმართველები მართვაში სისხლხორცეულად იყვნენ დაინტერესებულები; 5. ასეთი მართვა, ანუ მართვა, განპირობებული ზრუნვის ინსტიტუციონალიზაციით, ყველა სხვა მართვის მოწყობის მოდელი გახდა: სკოლის მოსწავლეები სოციალიზაციის პირველი ნაბიჯებიდანვე ეჩვეოდნენ არჩევას და ზრუნვას. ზრუნვით და თავისუფლებით მართვით განპირობებული ქცევა X საზოგადოების საფუძვლად იქცა.
ეს ყველაფერი არ უზრუნველყოფდა, რა თქმა უნდა, არც ძალაუფლებით მართვის შესუსტებას და არც პრობლემების გაქრობას. მაგრამ საზოგადოების მოწყობის საფუძველი, რომლიც ტოტალიტარული იყო, ზრუნვაზე და არჩევანზე დამყარებული გახდა, რამაც X საზოგადოება მაქსიმალურად დაუახლოვა უცხო პლანეტის მაკროკომუნიკაციურ სივრცეს. ზრუნვის ინსტიტუციონალიზაცია იყო გარანტი, რომ მცირე (ერთ ჯგუფში, ქვე-საზოგადოებაში) და დიდი (პლანეტის მასშტაბით) გადაწყვეტილებები სამართლიანობასთან მაქსიმალურად ყოფილიყო მიახლოებული. ე. წ. “საშუალო”, კონკრეტულ-მმართველობითი გადაწყვეტილებები X პლანეტაზე, რა თქმა უნდა, კვლავ რჩებოდა პრობლემატურად, რადგან სუბიექტების ანგარებისაგან და ძალაუფლებით მართვისაგან განთავისუფლება შეუძლებელია. მეტიც, ეს არც არის საჭირო, რადგანაც, სწორედ ინდივიდუალური თავისუფლება არის ზრუნვის ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობა6.
მეორე მხარე, რომელიც მიკროკომუნიკაციურმა სივრცემ აღმოაჩინა და რომელიც ასევე გამორჩა მას სარეფორმო იმპულსების სიიდან, იყო მასობრივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის საშუალებები, რაც უახლოეს მომავალში განათლებასთან ერთად მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი უნდა გამხდარიყო მასში ჩართული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მართალია, ტექნიკის განვითარებას სულ მალე თავად უნდა უზრუნველეყო საიფორმაციო სივრცის დემოკრატიულობა და არჩევითობაზე დამყარება, მაგრამ სანამ ეს „სულ მალე“ დადგებოდა, ტელევიზია რჩებოდა საზოგადოების ფორმირების ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუნმენტად, მაგრამ არა შინაარსის მიხედვით7, არამედ მრავალფეროვნებით და მრავალ პოტენციურ მომხმარებელზე ორიენტაციით. ეს პრობლემა, ბუნებრივია, ტელეგადაცემების უზრუნველმყოფი რესურსების არჩევანზე დამყარებული გამანაწილებელი სისტემით უნდა გადაწყვეტილიყო.
საინფორმაციო კომუნიკაციის მომავალი ბედი, უცხოპლანეტელების ვარაუდით, წააგავდა სასკოლო განათლებისას: აქაც, მომავალში თითოეულ მოქალაქეს მიეცემოდა საშუალება გადაეწყვიტა, რომელი არხებისათვის და საინფორმაციო სისტემებისათვის ედევნებინა თვალი, და თვითონ შეედგინა, მაგალითად, საკუთარი სატელევიზიო პროგრამა. მაგრამ, ისევე როგორც განათლების შემთხვევაში, აქაც საჭირო იყო საწყისი პირობების შექმნა, რომელიც შემდეგ ახალ სტადიაზე გადასვლას გააადვილებდა.
უცხოპლანეტელები მიხვდენენ, რომ ამის მეტის გაკეთებას ისინი ვერ შეძლებდნენ, რომ ეს იყო მათი პლანეტის და X პლანეტის მსგავსების მაქსიმუმი. შვებით ამოისუნთქეს და გაუჩინარდნენ.
მესამე დასასრული - მათთვის ვისაც მალე უნდა ეს წიგნი დამთავრდეს, თანაც ისე, რომ ცხადი წარმოდგენა ჰქონდეს, რა არის ავტორის აზრით საქართველოში გასაკეთებელი იმისათვის, რომ შუა საუკუნეების 12 ნიშანი საბოლოოდ დაიძლიოს. ამავე დროს ეს დასასრული განკუთვნილია იმათთვისაც, ვისაც დემოკრატიის და სახელმწიფოს მართვის შესახებ დიდი წიგნების კითხვა უყვარს.
______________________
1 ორივე, შელახვის და გადალახვის აზრით.
2 ამ პლანეტის მიმართ უცხოპლანეტელებმა.
3 მიკროს იმიტომ, რომ ისინი ერთ კოსმოსურ ხომალდში ისხდნენ და ამიტომ კომუნიკაციური სივრცე ეკიპაჟის წევრებით და ხომალდის საზღვრებით შემოიფარგლებოდა. კოსმოსური მოგზაურობებისას უცხოპლანეტელებმა აღმოაჩინეს, რომ აზრს უჭირს ვაკუუმის გადალახვა. ამ აღმოჩენის გვერდითი შედეგი ის იყო, რომ უცხო პლანეტაზე უნივერსიტეტები არ არსებობს.
4 ანუ როდესაც მართვა არის თავისუფლების ინსტიტუციური გავრცელება: როდესაც მართულები აძლევენ მმართველს თავისუფლების ინსტიტუციური მართვის უფლებას და ინსტიტუციურად უფლება აქვთ მართვის ეს უფლება უკანვე დაიბრუნონ.
5 მოგეხსენებათ, უცხო პლანეტაზე ტელეპატიური მაკროკომუნიკაციური სივრცის არსებობის გამო ინსტიტუციონალიზაცია როგორც ცალკე ინსტიტუტი არ არსებობს.
6 ბუნებრივია, ქართველ მკითხველს რამდენიმე ეჭვი გაუჩნდება, რაც დაკავშირებულია, ძირითადად, სეპარატიზმთან, ანუ სომხები სომეხ დირექტორს აირჩევენ, აზერები აზერბაიჟანელს და ა. შ. რაც საბოლოოდ ქართულ ენაზე მიმდინარე განათლებას სულ გააუქმებს. ამ თვალსაზრისის დამცველებს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს შემთხვევაში ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონში - სამცხე-ჟავახეთში სომხური განათლების სისტემა კი არ ეჟიბრება ქართულს, არამედ რუსული, და ისიც იმიტომ, რომ რეგიონის მცხოვრებლები საკუთარ მომავალს რუსეთს უკავშირებენ და არა საქართველოს. საქართველოს მმართველობა კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოზე ორიენტაცია მოუსპოს ამ რეგიონის მოქალაქეებს - დაწყებული გზის შეუკეთებლობით, დამთავრებული იმ მხარეში ნავთობსადენის მილის გაყვანაზე უარის თქმით, რისი ფარული არგუმენტიც არის, რომ „იქ სომხები ცხოვრობენ“.
7 როგორც ეს X პლანეტის ზოგიერთ პოლიტიკოსს ეგონა, რომ სატელევიზიო გადაცემებზე ცენზურის დაწესებით შესაძლებელი იყო მავნე ზეგავლენისაგან საზოგადოების დაცვა.
![]() |
12.3 დასასრული მესამე - ალექსის დე ტოკვილის წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატიულობის თანამედროვე საზომი პრინციპულად იგივეა, რაც 150 წლის წინათ იყო და მის უცვლელ წყაროს ალექსის დე ტოკვილის „დემოკრატია ამერიკაში“ წარმოადგენს. ბუნებრივია, ამდენი ხნის განმავლობაში კრიტერიუმების უცვლელობა ეჭვს უნდა იწვევდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღემდე პოლიტიკური მეცნიერება ტოკვილის შემუშავებული სტრუქტურით ხელმძღვანელობს.
როგორც ცნობილია, ტოკვილისათვის, მის მიერ საფრანგეთში დაკავებული თანამდებობის გამო, ამერიკული დემოკრატიის შეფასების საბაბიც და ემპირიული ამოსავალიც პენიტენციალური სისტემა იყო, უფრო ზუსტად კი ციხეები, რომელთა შესწავლაც მისი და მისი მეგობარი ბომონის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების ოფიციალური საბაბი შეიქნა. შესაბამისად, იურიდიულ სისტემას მის წიგნში „დემოკრატია ამერიკაში“ გადამწყვეტი ადგილი უჭირავს: პირველი წიგნი მთლიანად ეძღვნება ქვეყნის ფედერალურ მოწყობას და სასამართლო სისტემას. მეორე ნაწილი საზოგადოების სტრუქტურის აღწერაა. მეორე წიგნის საგანია დემოკრატიის გავლენა ყოველი ამერიკელის ცხოვრებაზე, დემოკრატიის გავლენა ინტელექტუალურ ცხოვრებაზე, ამერიკელების გრძნობებზე, ჩვევებზე, პოლიტიკურ საზოგადოებაზე.
თანამედროვე პოლიტიკური თეორია ამ, ტოკვილის მიერ დასახულ, პარადიგმას არ გასცილებია: XX საუკუნეში დემოკრატიის და ეკონომიკური სისტემების ურთიერთობის განხილვაც არ მიდის შორს ტოკვილისაგან (თავი: „როგორ აძვირებენ მიწის რენტას და ამცირებენ მიწის რენტის ვადებს დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩვევები“ და სხვა). ანუ თანამედროვე პოლიტიკური თეორია, დემოკრატიის აღწერისას, შეფასებისას და დაგეგმვისასაც კი, ისევ ტოკვილის მიერ შემუშავებული პარადიგმით ხელმძღვანელობს.
რა თქმა უნდა, ტოკვილი წერს განათლების შესახებ. მეტიც, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო განათლებას (როგორც ჩვენ მას დღეს ვუწოდებთ) და დიდი სიმპატიით ლაპარაკობს ამერიკელების უნარზე, თავისუფლად და ნათლად ილაპარაკონ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციურ საფუძვლებზე, საკუთარ უფლებებზე, მათი სისტემის უპირატესობაზე, ამერიკელებისათვის დამახასიათებელ აზრის შემუშავებისა და გამოთქმის წესებზე1. მაგრამ ის გადამწყვეტ მნიშვნელობას განათლების შინაარსს ანიჭებს, როგორც თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენელთა უმეტესობა, და არაფერს ამბობს განათლების ორგანიზაციის შესახებ.
თუმცა, იმპლიციტურად, რა თქმა უნდა, როდესაც ის თვითმმართველობაზე ლაპარაკობს, იგულისხმება, რომ განათლების ორგანიზაციაშიც თვითმმართველობის ხარისხი მაღალი უნდა იყოს. მაგრამ ეს თემა (განათლების თვითმმართველობა) წიგნში „დემოკრატია ამერიკაში“ სრულიად არ არის თემატიზებული.
ასევე, იმდენად, რამდენადაც ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სივრცის ცნება ტოკვილის დროს საერთოდ არ არსებობდა, უბრალოდ, საინფორმაციო ელექტრონული საშუალებების არარსებობის გამო, ტოკვილი არაფერს ამბობს საინფორმაციო საშუალებების ფლობის და განაწილების დემოკრატიული პრინციპების აუცილებლობაზე.
ეს არც არის გასაკვირი: XX საუკუნემდე დემოკრატიის და, საერთოდ, დემოკრატიული მმართველობის პრობლემა იყო ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელსაც უნდა შეექმნა საყოველთაო ჩართულობის უზრუნველმყოფი მართვის ინსტიტუტი. იმ დროს ეკლესიის გარდა არ არსებობდა არცერთი სოციალური და ადმინისტრაციული ერთეული, რომელშიც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა როგორც ტრადიციის ძალით, ასევე იძულებით იქნებოდა ჩართული. შესაბამისად, შუა საუკუნეების სისტემებიდან თანამედროვეობაზე გადასვლის დასახული პოლიტიკური ამოცანა ეკლესიის ტრადიციული შინაარსის შეცვლის გარდა, მართვის ისეთი სისტემის შემოღება იყო, რომელიც ყოველი მოქალაქის პირდაპირ მონაწილეობას უზრუნველყოფდა.
ამის მიღწევა, როგორც ზემოთ აღვწერეთ, შესაძლებელი გახდა ეკლესიისთვის ტრადიციული ეთიკური ნორმების ძირითადი ინტერპრეტაციების შეცვლით. რამაც, თავის მხრივ, ისეთი რელიგიების პოპულარობას შეუწყო ხელი, რომლებიც აზრის გამოხატვის შეზღუდვებისაგან მაქსიმალურად თავისუფალნი იყვნენ. მეორე მხრივ, ისეთი რელიგიები, რომლებსაც შინაგანად ასეთი გადემოკრატიულობა არ შეეძლოთ, მაქსიმალურად ღია გახდნენ გარე სამყაროსადმი (მაგ., კათოლიციზმი, ანგლიკანური ეკლესია). შესაბამისად, ეკლესიები ასე თუ ისე გადემოკრატიულდნენ, მათი გავლენა და ძალაუფლება დემოკრატიის სამსახურში ჩადგა. ეკლესიის პრობლემა მოიხსნა, რელიგია და რელიგიური განწყობები სამართლიანად იქცნენ ქვეყნის და დემოკრატიულობის კრიტერიუმად. ესეც სწორედ ტოკვილის დამსახურებაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილები მიუძღვნა ეკლესიის და რელიგიების როლს დემოკრატიული საზოგადოების აღწერისას. დღესაც საერთაშორისო ორგანიზაციების ფოკუსირების ერთ-ერთ პუნქტად (სრულიად სამართლიანად) აღმსარებლობის თავისუფლებაა მიჩნეული.
მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენს სამყაროში ვითარება შეიცვალა: გაჩნდა რამდენიმე ინსტიტუტი, რომელმაც მთლიანად და მაქსიმალურად, როგორც ჩანს, ისევე, როგორც ადრე ეკლესიამ, მოიცვა ქვეყნის მოსახელობა. ზოგადი განათლების უნივერსალურობის პრინციპმა უნიტარულ სახელმწიფოებში დაიწყო ჩამოყალიბება და მიზანი, როგორც წესი, იდეოლოგიის გავრცელება და ბიუროკრატიული აპარატის უზრუნველყოფა იყო. დამატებითმა ფაქტორებმა, როგორიცაა, მაგალითად, ნაციონალიზმი და საბაზრო ეკონომიკა, ზოგად განათლებაზე მოთხოვნილება საყოველთაო და აუცილებელი გახადა. ზოგადი განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობის საფუძველი დემოკრატიული ტიპის მოთხოვნაა, რომ ყველამ იცოდეს ის, რის გარეშეც მას გაუჭირდება თანამედროვე სამყაროში ცხოვრება. მეორე მხრივ, ზოგადი განათლების სისტემა, როგორც საყოველთაო ინსტიტუტი, საკმაოდ ერთმმართველურ ანდა თვითმმართველობამოკლებულ სახელწიფოებში გაჩნდა. შესაბამისად, თითქოსდა თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ზოგადი განათლების მმართველობა ცენტრალიზებული ან ცენტრალიზებულთან მიახლოებული უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი განათლების დაბადებიდან ყურადღება მის შინაარსს ექცეოდა და არა მის მოწყობას2. ანუ ის, რომ საკმაოდ ძნელია ასწავლო დემოკრატიულობის და პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები სისტემაში, რომელიც ერთმმართველობას და პასუხისმგებლობების ურთიერთმიწერას ემყარება, ჯერაც არ არის სოციალურად და ამიტომ ინტელექტუალურად ცხადი იდეა. თუმცა ეს წინააღმდეგობა ემპირიულ დონეზე გაცნობიერებულია და განათლების იმ სისტემებში, სადაც თვითმმართველობის პრინციპები არ არსებობს, ან არასრულადაა განხორციელებული, ნეგატიური პასუხიმგებლობის მექანიზმებია დანერგილი3.
დაახლოებით ასევეა საქმე კომუნიკაციების სფეროში: აბსოლუტურად დემოკრატიული მექანიზმის - ინტერნეტის განვითარება - მალე საშუალებას მისცემს ამ ქსელში ყოველ ჩართულ ყოველ ადამიანს თვითონ შეადგინოს მისთვის სასურველი TV პროგრამა და შემდეგ ცვალოს, როგორც უნდა. მაგრამ მანამ, სანამ ეს შესაძლებელი გახდება, საზოგადოებები შეზღუდული რესურსებით - სატელევიზიო სიხშირეებით - არიან გაერთიანებულები. რაც არ უნდა იზრუნოს ცალკე საზოგადოებრივ აქტივისტთა, ხოლო ცალკე კანონმდებელთა კორპუსებმა, ტელევიზიის პროგრამები მხოლოდ მაშინ გახდება “საზოგადოებრივად სასარგებლო”
ბიზნესი, როდესაც როგორც შეზღუდული რესურსების (სიხშირეების) განაწილების, ასევე ტელევიზიების მმართველობების სისტემები დემოკრატიულ, ღია, გამჭვირვალე პრინციპებზე იქნება აგებული4. რა თქმა უნდა, ზემოთქმული გულისხმობს სახელმწიფო ტელევიზიების გაქრობას და მათი საზოგადოებრივი ტელევიზიებით ჩანაცვლებას.
მაგრამ, მიუხედავად ზემოთქმულისა, ყოველი კონკრეტული ეკლესია, ეკონომიკა და ტელევიზიაც შინაგანად ვერტიკალური სტრუქტურებია. ანუ მოთხოვნა, რომ ისინი შინაგანად დემოკრატიულნი გახდნენ საკმაოდ გულუბრყვილოა, არასამართლიანია და ხანდახან - დამღუპველი. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი ტოტალიტარულ სისტემებში საბაზროს მიმსგავსებული ეკონომიკა, ოღონდ ცოტა ხნით. თუმცა ეს ცოტა ხანი შეიძლება არა ერთი და ორი თაობის სიცოცხლეს უდრიდეს.
ეკლესიების, ეკონომიკების და ტელევიზიების შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში მარკეტინგი, რომელიც მომხმარებლის აზრის გათვალისწინებას გულისხმობს (ტელევიზია - მაყურებლის, ეკლესია - მრევლის), და დემოკრატია, რომელიც აიძულებს სისტემას იმართოს არჩევნების და გამჭვირვალობის საშუალებით. ეს განსხვავება ჩანს გადაწყვეტილების მიღების წესის შემოწმებისას:
ეპისკოპოსის ან ბიზნესმენის მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ეფუძნებოდეს ან არ ეფუძნებოდეს უმრავლესობის მოსაზრებას (მარკეტინგულ გამოკვლევას), ხოლო არჩევნების შედეგები უპირობოა და მათი დარღვევა მმართელობითი სისტემის დარღვევას იწვევს.
ამიტომაც დემოკრატია თანამედროვე სამყაროში ქვეყნის კონკრეტულ ინსტიტუტებში იდეოლოგიის, ფუნდამენტალიზმის და ოლიგარქობის არსებობის გაზომვით უნდა დადგინდეს, მით უმეტეს, რომ სამივე ეს ფაქტორი ადვილად და ლამის მათემატიკური სიზუსტით არის გაზომვადი, თუნდაც მხოლოდ კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტების ანალიზით.
______________________
1 იხ. თავები: წიგნი I, ნაწილი II: „როგორ ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ამერიკელების განმანათლებლობა, ჩვევები და პრაქტიკული გამოცდილება“; წიგნი II ნაწილი III: „შეერთებულ შტატებში გოგონების აღზრდის შესახებ“.
2 სოციალურ სტრუქტურებში შინაარსის და ფორმის შესაბამისობა საკმაოდ ახალი იდეაა და მასზე ყურადღების გამახვილება ძირითადად ფრანკფურტის სკოლის დამსახურებაა. ეს იდეა ჯერ კიდევ ელოდება შესაბამის დამუშავებას.
3 ანუ მოსწავლეს და მშობლებს უფლება აქვთ, უარი თქვან გარკვეულ გაკვეთილებზე დასწრებაზე. ასევე, უფლება აქვთ, უშუალოდ მიმართონ პოლიტიკოსებს საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით.
4 საქართველოსთვის სატელევიზიო სიხშირეების გადანაწილების სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლების სისტემის შეცვლა: შეუძლებელია იმას, რაც თავისი შინაარსით ტოტალიტარულია და ერთპიროვნულ მმართველობაზეა დამყარებული, ლიბერალური დისკურსით მეტყველება მოსთხოვო. შესაბამისად, სოციალური და პოლიტიკური გარემო ისე უნდა მოეწყოს, რომ, მაგალითად, უნდა გამოირიცხოს იდეოლოგიის პროპაგანდა ტელევიზიით (წინაამღდეგ შემთხვევაში მისი მაყურებლის რაოდენობა შემცირდება, მას შეუმცირდება შემოსავალი და საბოლოოდ დაიხურება), მონოპოლისტობა ეკონომიკურ სისტემაში (არ უნდა იყოს ისეთი ვითარება, რომელიც უფლებას მისცემს მეწარმეს, მხოლოდ საკუთარი სურვილით დაადგინოს ფასები და ამით მოგება მიიღოს) და ფუნდამენტალიზმი ეკლესიების და რელიგიების მხრივ (არავის უნდა მიეცეს საშუალება, სხვა რელიგიების და აღმსარებლობების ჩაგვრით ან ადამიანებზე ძალდატანებით გაზარდოს საკუთარი გავლენა და მრევლი).
![]() |
13 IX. დასკვნა სამივე დასასრულისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორ-ეგო: ვითარება, რომლის აღწერა ვცადე ამ წიგნში, მიუთითებს, რომ ჩვენ დაბრუნებული შუა საუკუნეების ძალაუფლების სივრცეში აღმოვჩნდით. ისიც თითქოსდა ცხადია, რომ რადიკალური ცვლილებების გარეშე ჩვენი მომავალი ისტორია შესაძლოა, ერთი მხრივ, ძალაუფლების და დემოკრატიის სიმულაციას, ხოლო მეორე მხრივ, დაბრუნებულ, “პოზიტიურ” ძალაუფლებას შორის ქანქარით შემოიფარგლოს.
ავტორი: მე თითქოს ვცადე ის გზები მომენიშნა, საითკენაც წასვლა ამ ცუდ უსასრულობაში გადაგვაგდებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ცხადი აღწერა იმისა, თუ რითი უნდა მოხდეს არსებული ტოტალური მიმართულებების ჩანაცვლება, არ მომიცია. ერთადერთი, რაც შევძელი, იყო იმ ისტორიების მოკლე გადმოცემა, თუ როგორ გამოვიდა ევროპა შუა საუკუნეებიდან, და იმის თქმა, რომ მხოლოდ არსებული სისტემების და ღირებულებების ცვლილებისკენ მიმართულობაზე გვმართებს ფსონის ჩასვლა.
ავტორ-ეგო: კი მაგრამ, ეს ხომ გადარჩენის დისკურსია, მე ამას მესიანურ და მოსეანურ დისკურსს დავარქმევდი. მე, როგორც ავტორ-ეგო, არა ვარ წინააღმდეგი, ერთხელ ხომ ასე უკვე მოხდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, სიმარტივისათვის და მკითხველისთვის ჰოლივიდური თავგზააბნევის ნაცვლად, წიგნისთვის „ძალაუფლების დაბრუნების“ მაგივრად კვლავ ჰოლივუდური, ოღონდ უფრო ზუსტი - „რიგითი საქართველოს გადასარჩენად“ დაგერქმია?
ავტორი: დავიწყოთ თავიდან - რატომ არ ჰქვია ამ წიგნს „რიგითი საქართველოს გადასარჩენად“ (იხ. გვერდი 1).