The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მედია სივრცის პლურალიზმის პრობლემები საქართველოში

მედია სივრცის პლურალიზმის პრობლემები საქართველოში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი მედია
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 72, თბილისი 0154, საქართველო სააბონენტო ყუთი 101, თბილისი 0108, საქართველო ტელ: (995 32) 35 51 54, ფაქსი (995 32) 35 57 54 ელ-ფოსტა: info@cipdd.org; www.cipdd.org არტი 2009



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობი და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, მედია, პოლიტიკური პარტიები, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები.

კავკასიური ინსტიტუტი ძირითადად საქართველოში წარმართავს თავის საქმიანობას, თუმცა სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვა-ბალკანეთის სივრცეზე მიმდინარე ერთობლივ პროექტებშიც მონაწილეობს.

2 ანოტაცია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი მალხაზ სალდაძე
პოლიტოლოგი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის დოქტორანტი

2008 წ. 18 ნოემბერს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით შედგა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა იმსჯელეს საქართველოს სატელევიზიო მედია სივრცეში არსებული პრობლემების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში პლურალისტული სატელევიზიო მედია სივრცე შეზღუდულია, ჟურნალისტების პროფესიული და ეთიკური სტანდარტები არ არსებობს, ხოლო თავისუფალი და კონკურეტნული სატელევიზიო მედია სივრცის ჩამოყალიბებას ხელს უშლის ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების დაბალი ხარისხი და მკაცრი რეგულირების შესაძლებლობა.

მედიასთან დაკავშირებული პრობლემის უკეთესად შესწავლის მიზნით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მოსაზრებას, რომ შემუშავდეს დოკუმენტი - პოლიტიკის ანგარიში, რომლის საფუძველზეც სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს კონკურენტული და თავისუფალი მედიის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

წარმოდგენილი დოკუმენტი, „მედია სივრცის პლურალიზმის საკითხები საქართველოში”, მედიის საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გამოხატული ინტერესის საფუძველზე მომზადდა. ნაშრომში გამოკვლეული არის სატელევიზიო მედია სივრცეში არსებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები, შესწავლილია სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები აღნიშნული პრობლემების გადასაწყვეტად. ნაშრომის დასკვნით ნაწილში მოცემულია იმ რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებით საზოგადოებრივ ორგანიზაცებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებას.

__________________

წარმოდგენილი ნაშრომი მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტიჳ“ საქართველოში ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის დახმარებით. ნაშრომში გადმოცემული მოსაზრებები, დასკვნები და რეკომნედაციები არ ასახავს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას.

3 I. დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაში მედიის როლი

▲ზევით დაბრუნება


მედია დიდ როლს ასრულებს საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრებაში, ის გავლენას ახდენს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგზე, წვლილი შეაქვს პლურალისტური საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაში მედიის როლი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად შეუძლია მას ჩასწვდეს და გაანალიზოს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, უზრუნველყოს სახელმწიფოს ადმინისტრაციული სისტემის გამჭვირვალობა და ამით კარგი მმართველობის ერთგვარი გარანტი გახდეს. ამასთან, მოქმედ პოლიტიკურ სისტემაში მედიას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და შეეძლოს მისი ადექვატურად გადაცემა მომხმარებლისთვის. მედიის დანიშნულებისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენება სულ მცირე ორი მიზეზითაა მნიშვნელოვანი:

დამოუკიდებელი მედია ხელს უწყობს კანონის უზენაესობის გამყარებას და მის ინსტიტუციონალიზაციას დეცენტრალიზაციას, გამჭვირვალობას და პოლიტიკის პროცესში მოქალაქეების ჩართულობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ კონკურენტული ძალისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი მედია სივრცის არსებობის შემთხვევაში.

  1. ხელს უწყობს საკუთარ ქმედებებზე მოქალაქეების პასუხისმგებლობის გაზრდას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, რაც თავისთავად გამორიცხავს მოქალაქეების მიერ გაუცნობიერებელი, უგულისყურო და მცდარი გადაწყვეტილებების მიღებას;

  2. სახელმწიფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ინსტიტუტების მოქმედების შესახებ სრულყოფილი ინფრომაციის მიღება საზოგადოებას ხელში მისცემს ერთგვარ მაკონტროლებელ ბერკეტს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს, კერძოდ პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს მის მიერ არჩეულ პირებს ან ამ უკანასკნელთა მიერ და ნიშნულ პირებს.

ამგვარად, მედიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში შეიძლება წარმოჩდეს ანტაგონისტური და ურთიერთ დაპირისპირებული ინტერესები, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, მსგავსი დამოკიდებულებები და ურთიერთქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჯანსაღია, ის ხელს უწყობს საზოგადოების სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების დინამიკის პოლიტიკურ სივრცეში ასახვას. მედია ახორციელებს სახელმწიფოს პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ინსტიტუტების საქმიანობის ზედამხედველობას, რაც საზოგადოებას ადეკვატური შეფასების გაკეთების საშუალებას აძლევს. ამით იქმნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაციისათვის გარკვეული ფორმატი ჩამოყალიბდეს და დროთა განმავლობაში მათი კორექტირებაც მოხდეს.

დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ფონზე სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა დაპირისპირებულია, ასევე, წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს მედიას, პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ინსტიტუტებსა და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და ეფექტიანი კომუნიკაციის აწყობა. თავად მედია ტიპობრივად სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, საქართველოს კონტექსტში და კონკრეტულად ამ სეგმენტში მისი თვისობრივი და ტიპობრივი განსაზღვრა გარკვეული სპეციფიურობებით ხასიათდება, კერძოდ, იგი გარკვეულწილად მოიცავს დემოკრატიის და კარგი მმართველობის სივრცეს:

  1. მედიას შეუძლია წვლილი შეიტანოს ისეთ პროცესებში, რომლებიც დეცენტრალიზაციას, გამჭვირვალობას და პოლიტიკის პროცესში მოქალაქეების ჩართულობას ეხება;

  2. დამოუკიდებელი მედია ხელს უწყობს კანონის უზენაესობის გამყარებას და შემდგომ მის ინსტიტუციონალიზაციას, რადგანაც მას უნარი შესწევს იყოს მიუკერძოებელი „მსაჯული“ ან სულ მცირე, მესამე მხარე სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობებში, ზედამხედველობა გაუწიოს სასამართლოების მუშაობას, გააშუქოს კანონმდებელთა საქმიანობა და შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის ეფექტიანობა;

  3. დამოუკიდებელი მედია ასახავს ფორმალურ პოლიტიკურ სისტემაში საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების დინამიკას, ხელს უწყობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ კონკურენტული ძალისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი მედია სივრცის არსებობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მედია სივრცე შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას შესაბამის საკითხებზე დროული და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს.

დღეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგში დემოკრატიზაციის, სახელწიფოებრიობის შენების და გამჭვირვალე, კანონის უზენაესობის პრინციპზე დამყარებული მმართველობის უზრუნველყოფის ამოცანა დგას. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მედია უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს, რაც გულისხმობს საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვანი პოზიციებისა და ხედვების გენერირებას, გადაცემების მომზადებას, რომლებიც ისარგებლებს საზოგადოების სანდოობის მაღალი ხარისხით, ადეკვატურად წარმოაჩენს საზოგადოებრივ განწყობებს და დროულად უზრუნველყოფს მიუკერძოებელი ინფრომაციის მიწოდებას.

ამ თვალსაზრისით მედიისა და მისი მოკავშირე სამოქალაქო საზოგადოების წინაშე დგას მედიის სექტორის მაქსიმალურად გაძლიერების ამოცანა, რათა შესაძლებელი გახდეს სანდო, ადეკვატური ინფრომაციის დროული გაცვლა და სხვა კომუნიკაციის საშუალებების უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელნი აუცილებელია იმისთვის, რომ მოქალაქეებს ხელი მიუწვდებოდეთ ალტერნატიულ ინფორმაციაზე, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება მათ გადაწყვეტილებების მიღებასა და ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაში.

4 II. წარსული გამოცდილების აღწერა: სატელევიზიო მედია სივრცე საქართველოში და მისი პლურალისტური სტრუქტურირების პრობლემები

▲ზევით დაბრუნება


სატელევიზიო მედიის პოლიტიკური პრობლემები:

2003 წლის ნოემბრის რევოლუციის ერთ-ერთი მიზანი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული კონსოლიდაცია იყო. საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ამ ძირეული გარდატეხიდან სულ რაღაც ოთხიოდ წელიწადში საზოგადოება ისევ გახდა დემოკრატიის პრინციპების დაცვის საბაბით წამოწყებული ახალი პოლიტიკური დავის მოწმე, რომელშიც დაპირისპირებულ პოზიციათა შორის წყალგამყოფი არა მარტო პოლიტიკური პარტიებზე, არამედ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებზე გადიოდა. მაგალითად, საქართველოს წამყვანი ტელეკომპანიების საინფორმაციო პოლიტიკა ცხადყოფდა, რომ ეს საჯარო ტრიბუნები აშკარა პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაყოფილნი, რის გამოც მაყურებელს არ ჰქონდა საშუალება მმართველი პოლიტიკური ელიტისა და მისი ოპოზიციის დებატებისთვის ერთი და იმავე ტელეკომპანიის ეთერში, ერთი და იმავე სტუდიიდან ედევნებინა თვალი (მაგ. რუსთავი-2 - იმედი). ყოველდღიურად თვალსაჩინო ხდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგური სივრცის მინიმალიზება. აღნიშნულ ვითარებაში ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა გზით წარიმართა საქართველოს პოლიტიკური განვითარება ვარდების რევოლუციის შემდეგ? მოხდა თუ არა პოლიტიკური მონაწილეობის სივრცის ინსტიტუციონალიზაცია და პოლიტიკური მონაწილეობის არხების ჩამოყალიბება თუ სრულყოფა?

ამ უკანასკნელ საკითხთან მიმართებაში აუცილებელია ყურადღება დაეთმოს პოლიტიკური მონაწილეობის ისეთი საზოგადოებრივი ინსტიტუტების ერთობას, როგორიცაა მედია. ის წარმოადგენს პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის, პოლიტიკურ პოზიციათა დაპირისპირებისა და მათი საზოგადოებასთან კავშირის უზრუნველმყოფ სივრცეს. აღნიშნული სივრცის მიმართ საკითხი შემდეგი ფორმით შეიძლება დაისვას: როგორ ასრულებს მედია ფუნქციას, როგორც პოლიტიკური სისტემის შემადგენელი და მისი მასტაბილერებელი ელემენტი საქართველოში?

მედია სექტორში 2008 წლამდე არსებული მდგომარეობა გარკვეულწილად იმეორებდა სამოქალაქო სექტორში არსებულ ვითარებას. მედია ორგანიზაციების დიდი ნაწილის პოლიტიკურ პოზიციებზე გავლენას ახდენდა მათი მესაკუთრეების პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები. ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ელექტრონული მედიის, კერძოდ ტელევიზიის როლი, ვინაიდან სწორედ ეს უკანასკნელი მოიცავდა ყველაზე ფართო აუდიტორიას, შესაბამისად, სწორედ მას ჰქონდა საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის ყველაზე მეტი საშუალება. ბუნებრივია, ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა (და დღემდე ასეც რჩება) მედია ორგანიზაციებზე კონტროლის დაწესება მათი მფლობელების კეთილგანწყობის მოპოვებისა თუ მათზე ზეწოლის მოხდენის გზით.

მედია პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის, პოლიტიკურ პოზიციათა დაპირისპირებისა და მათი საზოგადოებასთან კავშირის უზრუნველმყოფ სივრცეს ქმნის.

ის მედია-საშუალებები, რომელთა მფლობელები არ ექცეოდნენ (ან არ ექცევიან) ხელისუფლების გავლენის ქვეშ, მაინც არ არიან თავისუფალნი პოლიტიზირებულობისაგან, ვინაიდან მათი მესაკუთრეები ან თავად წარმოადგენენ პოლიტიკურ აქტიორებს ან ცდილობენ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობით საკუთარი ინტერესები დაიცვან. პოლიტიკურ პროცესებში დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას იშვიათად თუ რომელიმე მედია-საშუალება ცდილობს. მსგავსი რამ ბეჭდვით მედიაში უფროა მოსალოდნელი. ასეთ ვითარებაში მედია ხშირად შეიძლება გახდეს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებისა თუ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფების პოზიციის გამოხატვის საშუალება, რაც პოლიტიკური მონაწილეობის ფორმალიზებული სივრცის მიღმა საზოგადოებრივი ჯგუფების პოლიტიკური აქტივობის ჩახშობის მიზე გახდება (ან ხელს შეუწყობს აპოლიტიკურიზი განწყობების სტიმულირებას, საზოგადოების მწვავე პოლიტიზაციას, რაც, ბუნებრივია, გაამძაფრებს პროტესტის გრძნობას).

სატელევიზიო მედია, თავისი თვისობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე (საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება), პოლიტიკური აქტიორებისთვის ძალ ხელსაყრელი პარტნიორია. ესზე მახასიათებლებია:

  1. დიდი აუდიტორიის ერთბაშად მოცვის საშუალება (ტელესივრცის დაფარვის შესაძლებლობიდან გამომდინარე);

  2. მოვლენების რეალურ დროში გაშუქების შესაძლებლობა;

  3. ინფორმაციის მიწოდების ოპერატიულობა;

  4. მომხმარებლისთვის მედია-პროდუქციის ხელმისაწვდომობა (მედია-პროდუქციას მაყურებელი უფასოდ „მოიხმარს“, თუ მხედველობაში არ მივიღებთ დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებას);

  5. ინფორმაციის დაფორმატებისა და მოცულობის დარეგულირების შესაძლებლობა (ამ მხრივ სატელევიზიო მედია ნაკლებად განსხვავდება ბეჭდვითი მედიისგან; განსხვავება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების ფორმაშია. ტელევიზია საამისოდ გაცილებით უფრო „მიმზიდველ“ საშუალებებს ფლობს).

სწორედ ამ ფაქტორებით შეიძლება აიხსნას 2008 წლის მდგომარეობა, რომელიც სატელევიზიო მედია-სივრცეში პოლიტიკური ბრძოლისა და დებატების ინტენსივობით გამოიხატა. იმავე მიზეზებმა განაპირობა „ბრძოლა“ სატელევიზიო მედიისათვის, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გაიშალა.

მედია მეტისმეტად არის დამოკიდებული პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, რომლებიც აქტიურად ერევიან მის საქმიანობაში. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს საკუთრივ მედიის, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დამოუკიდებელი აქტორის ფუნქციების დაკნინებას.

2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ მედია იყო. ეს ერთგვარი გაკვეთილი გახდა ახალი პოლიტიკური ელიტისთვის, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში ამ რესურსის გამოყენების საშუალებით მოვიდა. მედიის პოლიტიკურ პოტენციალს სათანადოდ აფასებდნენ სახელისუფლო ელიტის ოპონენტებიც. ტელემედიის (და ზოგადად მედიის) განვითარების იმ მიმართულებით წარმართვა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა აღნიშნული სტატიის შესავალში დასახელებული ფუნქციების განხორციელებას, სხვადასხვა ფაქტორის გამო არ მოხდა:

1. ახალმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა არ აიღო გეზი ფართო მონაწილეობისათვის გახსნილი პოლიტიკური სისტემის შექმნისაკენ. ამის საპირისპიროდ მისთვის პრიორიტეტული გახდა პოლიტიკურ სივრცეზე მონოპოლიის დაწესება, რაც, იმავდროულად, საზოგადოებრივ-საინფორმაციო და საკომუნიკაციო ველის კონტროლსაც გულისხმობდა;

2. ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ელიტის ოპონენტებს, რომლებსაც ფორმალურ პოლიტიკურ სისტემაში შეზღუდული მონაწილეობა ან საერთოდ ამ სისტემის მიღმა დარჩენა ხვდათ წილად, მოუწიათ თანამშრომლობა ისეთ მედია-საშუალებებთან, რომლებიც ან თავად იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტების საკუთრებაში, ან საკუთარი მწირი ეკონომიკური ბაზისის გამო იძულებული იყვნენ საკუთარი რესურსებით „ევაჭრათ”.

ორივე შემთხევევაში ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული იყო მედიის თავისუფლების შეზღუდვისკენ. ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობდა საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია მედია, მეორე მხრივ, საერთოდ გაეუქმებინა ის მისი ეკონომიკური საფუძვლების შერყევის გზით. ეს პროცესები შემდეგნაირად წარიმართა:

1. შეიცვალა მედია-საშუალებების მესაკუთრეები (ძველი ხელმძღვანელები ჩაანაცვლეს ახალმა, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა პირებმა; არცთუ ისე იშვიათი იყო ხელისუფლების მიერ მედია-საშუალებების ფაქტობრივი შესყიდვის ფაქტებიც, როცა ფორმალურად საკონტროლო პაკეტი კერძო პირზე ფორმდებოდა);

2. ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებს „მიაბეს“ ქართული მედიისთვის ისედაც მწირი ეკონომიკური რესურსები (სარეკლამო ბაზრის სახით). ქვეყანაში მოქმედი ბიზნეს-ორგანიზაციები მმართველი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან იღებდნენ მითითებებს, თუ ვისთვის დაეკვეთათ რეკლამა და შემდეგ სად განეთავსებინათ ის.

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მედიის მრავალფეროვნების უზრუნველყოფისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება ის, რომ მედია მეტისმეტად არის დამოკიდებული პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, რომლებიც აქტიურად ერევიან მის საქმიანობაში. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს საკუთრივ მედიის, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დამოუკიდებელი აქტორის ფუნქციების დაკნინებას.

სატელევიზიო მედიის ეკონომიკური პრობლემები: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის, ფუნქციონირების პოლიტიკური ასპექტები მეტწილად განსაზღვრავს მისი საქმიანობის ეკონომიკურ ასპექტებს, განსაკუთრებით თუკი საუბარია ტელემედია რომლის, როგორც საბაზრო ეკონომიკური სუბიექტის, არსებობა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, სარეკლამო ბაზარზე, მეორე მხრივ კი, მის უნარზე, გარკვეული სახის სერვისი შესთავაზოს სხვა ეკონომიკურ სუბიექტებს.

ამ თვალსაზრისით ჩვენს სატელევიზიო სივრცეში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა: ჯერ ერთი, თავად სარეკლამო ბაზარი არ არის იმდენად დატვირთული, რომ ეს საკმარისი იყოს ტელეკომპანიების, როგორც ეკონომიკური სუბიექტების დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის; მეორე, სარეკლამო ბაზრის ჩამოყალიბებაში ჩაბმულია სახელმწიფო ან სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პოლიტიკური ჯგუფი. ეს უკანასკნელი ფაქტორი ტელემედია სივრცეში პლურალიზმის უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან ეკონომიკურ გარემოში მედია ორგანიზაციების თავისუფალი ოპერირების საკითხს ეხება. ამ კუთხით შემდეგი ფაქტორები იკვეთება:

  1. სახელმწიფო ან სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პოლიტიკური ჯგუფი თავად განსაზღვრავს სარეკლამო სერვისების მიმწოდებელ სააგენტოებს (მაგ. „სარკე-ჯგუფი“, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების ბიზნესად ითვლება);

  2. ეკონომიკური სუბიექტებისთვის ამგვარი სარეკლამო სერვისების მიმწოდებელი სააგენტოები თავად განსაზღვრავენ, რომელ მედია საშუალებებთან ითანამშრომლონ ან რომელ მათგანს შეერწყან (იგულისხმება საწარმოო საშუალებებისა და ადამიანური რესურსების თანამონაწილეობა წარმოების პროცესში, რაც ფინანსური თვალსაზრისით მედია-საშუალებებისა და სარეკლამო სააგენტოების თანაარსებობაზე მეტყველებს) - ცხადია არჩევანი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიებზე კეთდება;

  3. სახელმწიფო ან სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პოლიტიკური ჯგუფი თავად მიუთითებს რეკლამის დამკვეთებს, სად განათავსონ რეკლამა, რათა მომავალში მათი ეკონომიკური საქმიანობა არ შეფერხდეს.

ტელემედიის ეკონომიკური საფუძველის არამდგრადობა ან მოწყვლადობა, ერთი მხრივ, აისახება მის უნარზე, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი სარედაქციო პოლიტიკა, მეორე მხრივ, მისი მუშაობის ხარისხზე, რაც შემდეგი ფაქტორებითაა განპირობებული:

1. ტექნიკური ინფრასტრუქტურის ადეკვატურობა რეალურ საჭიროებებთან:

ა. რთული ხდება მოძველებული ტექნიკის გადახალისება;

ბ. რთული ხდება ინოვაციების დანერგვა და სერვისის გაუმჯობესება;

ი. რთული ხდება აუდიტორიის ინტერესების მიხედვით ხარისხიანი მედია-პროდუქციის შეთავაზება;

ა. ლოგისტიკის პრობლემებიდან გამომდინარე, რთული ხდება ინფორმაციის რეალურ დროში /ან ოპერატიული მიწოდება1.

2. ადამიანური რესურსების მართვის პრობლემა:

ა. რთული ხდება უფრო კვალიფიცირებული პერსონალის დაქირავება;

ბ. რთული ხდება არსებული ადამიანური რესურსების შენარჩუნება (მატერიალური მოტივაცია ნამდვილი პროფესიონალებისთვის დაბალია);

გ. რთული ხდება არსებული ადამიანური რესურსების გადამზადება;

დ. რთული ხდება მოტივაციის შენარჩუნება იმ პირობებში, როცა არ არსებობს არც ეკონომიკური გათვლა და არც მატერიალური რესურსების ზრდა.

3. ფორმალური რეგულაციებისა და სახელმწიფოს შესაბამისი სერვისის მომწოდებელ ინსტიტუტებთან აღებული ვალდებულებების დაცვა, რაც, ძირითადად, სამაუწყებლო მომსახურეობის დავალიანებაში შეიძლება გამოიხატებოდეს და სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერების საფრთხესაც კი შეიცავდეს.

ასეთ ვითარებაში მედია-საშუალებები, როგორც წესი, დამოუკიდებელი ეკონომიკური სუბიექტების სახით ვერ ფუნქციონირებენ. ისინიც კი, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკურ ჯგუფებთან არიან დაახლოებულნი, ან მათ საკუთრებად ითვლებიან, საბაზრო პრინციპებით თვითგადარჩენის ან ზრდის რეჟიმში კი არა, სუბსიდირების პირობებში არსებობენ. ამ უკანასკნელი ფაქტორის გათვალისწინებით რთული არაა წარმოვიდგინოთ, თუ რა მდგომარეობაში არიან ის მედია-საშუალებები, რომლებსაც არათუ არა აქვთ არავითარი შანსი სუბსიდიების ან სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობის შედეგად შემოსავლების მიღებისა, არამედ მწირ სარეკლამო ბაზარზეც კი მოკლებულნი არიან თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას.

ტელემედიის ეკონომიკურ ასპექტებში სახელმწიფოს ან სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პოლიტიკური ჯგუფის ჩარევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მედია-მესაკუთრეების „განსაზღვრის” პრობლემა. „განსაზღვრაზე” საუბარი გვიწევს იმდენად, რამდენადაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიქმნა სიტუაცია, როდესაც პოლიტიკურ ელიტას ხელეწიფება მედია-საკუთრების საკითხებში ჩარევა და საკუთრების ფორმების შეუცვლელად (მედია-საშუალებებზე კერძო საკუთრების ფორმა არ შეცვლილა და ტელეკომპანიები ფორმალურად სახელმწიფოს მფლობელობაში არ გადასულა) საკუთრებაში მონაწილე პირების შეცვლა (საკონტროლო პაკეტების საკუთარი გუნდის წევრებზე ან ამ გუნდთან დაახლოებულ კომპანიებზე გადაფორმება). ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ელიტის არსენალში ორგვარი იარაღი გამოიყენებოდა:

1. მედია მესაკუთრეებზე პირდაპირი ზეწოლა (სახელმწიფო ინსტიტუტების მოშველიებისა და ჩარევის გარეშე), და

2. ადმინისტრაციული რესურსის (სასამართლოს, პროკურატურის თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის) გამოყენებით სიხშირეების გამოყენებაზე ლიცენზიების ჩამორთმევა.

ტელემედიის, როგორც საბაზრო ეკონომიკური სუბიექტის, არსებობა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, სარეკლამო ბაზარზე, მეორე მხრივ კი, მის უნარზე, გარკვეული სახის სერვისი შესთავაზოს სხვა ეკონომიკურ სუბიექტებს.

ვარდების რევოლუციიდან სულ მოკლე ხანში, 2004 წელს, ახალი პოლიტიკური ელიტისადმი არალოიალურად განწყობილი ტელეკომპანია იბერია დაიხურა, რასაც სამოქალაქო სექტორის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული, თუნდ სოლიდარობისა და კონსოლიდაციის საფუძველზე აღძრული პროტესტი არ მოჰყოლია. ამის შემდგომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა ჯგუფებმა მედია-სივრცეში საკუთრების წილების გადანაწილება დაიწყეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი პროცესები ნაკლებად აიხსნება ეკონომიკური მოგების მოტივით. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ტელემედია არაა თვითკმარი ეკონომიკური სუბიექტების სივრცე. იგი დღემდე სუბსიდიებსა და გარედან შემოსულ ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. მედია-სივრცეში მიმდინარე მესაკუთრეთა შეცვლის პროცესი საკუთრივ პოლიტიკური მოტივებით აიხსნებოდა. ასე, მაგალითად, იმისათვის, რომ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანია ალანიას მაუწყებლობის საშუალება მისცემოდა, 2004 წლის სექტემბერში სიხშირის გამოყენების საშუალება წაართვეს ტელეკომპანია ობიექტივ- 2-ს, შესაბამისად, ამ უკანასკნელის დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა (ქეთევან ასათიანმა) საკუთრება უსასყიდლოდ გადასცა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს (დავით კაკაურიძეს)2. იგივე ბედი ეწია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანია 202-ს, რომლის დამფუძნებელმა და მფლობელმა ჰანს ფონ ალტენბურგმა საკუთრება ასევე უსასყიდლოდ დათმო და აღნიშნული ტელეკომპანიის სიხშირეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამაუწყებლო კომპანია საქართველომ დაიწყო მაუწყებლობა.

ტელემედიის ეკონომიკურ ასპექტებში სახელმწიფოს ან სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პოლიტიკური ჯგუფის ჩარევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მედია-მესაკუთრეების განსაზღვრისპრობლემა.

საკუთრების საკითხებში ჩარევა ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი მედია-საშუალების - რუსთავი-2-ის შემთხვევაშიც მოხდა. კომპანიამ რევოლუციის შემდგომ რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი. რევოლუციიდან მოკლე ხანში ტელეკომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა და მისი საკონტროლო პაკეტი ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ქიბარ ხალვაშმა, შეიძინა. მოგვიანებით, მმართველ პოლიტიკურ გუნდში მომხდარი ცვლილებების კვალდაკვალ (ოქრუაშვილმა სამთავრობო გუნდი დატოვა, თუმცა ჯერ კიდევ არ იდგა მისი ოპოზიციაში გადასვლის საკითხი), ახალ მფლობელს აიძულეს, თავისი წილი გაეყიდა და ამჟამად ტელეკომპანიის 55% მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია გეომედია გრუპს ეკუთვნის (იმავე კომპანიის მფლობელობაშია რუსთავი-2- თან ჰოლდინგში გაერთიანებული ტელეკომპანია მზეც). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ტელემედია სივრცეში ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის საკუთრების მფლობელის ვინაობა უცნობია, ასევე საიდუმლოებითაა მოცული, კონკრეტულად ვის ან რომელ ფინანსურ-პოლიტიკურ ჯგუფს ეკუთვნის გეომედია გრუპი.

მესაკუთრის შეცვლის განსხვავებულ სიტუაციას ვაწყდებით ტელე-რადიოკომპანია იმედის შემთხვევაში. რევოლუციის შემდეგ ტელეიმედი ოპოზიციის პლატფორმის ფუნქციას ასრულებდა, მესაკუთრის (ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი) ეკონომიკური რესურსებიდან გამომდინარე, ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა, გაეძლო ბაზრის კონიუნქტურისათვის და წარმატებით გაერთვა თავი პოლიტიკური ზეწოლისათვის, თუმცა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის მესაკუთრის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო, ტელეკომპანია, როგორც მედია-საშუალება და როგორც ეკონომიკური სუბიექტი, მოწყვლადი გახდა. კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული №672/18 გადაწყვეტილების საფუძველზე (რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონის 71-ე მუხლს ეყრდნობა) ტელეიმედმა მიიღო გაფრთხილება, მას დაეკისრა ჯარიმა და იმავდროულად შეუჩერდა ლიცენზია. მაუწყებლობაზე ლიცენზიის აღდგენა ტელეკომპანიამ დამფუძნებლის გარდაცვალების შემდგომ შეძლო, როდესაც იგი დამფუძნებლის „მემკვიდრეს” გადაეცა (მემკვიდრეობის საკითხზე დავა ჯერ კიდევ გრძელდება ოფიციალურ მემკვიდრესა და გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს შორის). მემკვიდრეობის იურიდიული მხარის გარდა, ტელეკომანია იმედის შემთხვევაში ყურადღებას იპყრობს საკითხის პოლიტიკური ასპექტი. კომპანიის ახალი მფლობელი, ჯოზეფ კეი, ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა, რაც 2008 წლის მარტიდან ტელეკომპანიის და რადიო იმედის მაუწყებლობის შინაარსობრივ მხარეზეც აისახა. გარდა იმისა, რომ ტელეკომპანია დატოვა 2007 წლამდე იქ მომუშავე ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა, რადიო იმედიდან გაათავისუფლეს დირექტორი ირაკლი ხეთერელი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი. ეს ნაბიჯი ცალსახად მიმართული იყო მედია-საშუალების სარედაქციო პოლიტიკის კორექტირებისკენ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შერბილების ან, სულაც, შეწყვეტისაკენ.

პლურალისტური სატელევიზიო მედიის ეკონომიკური საფუძვლების აღნიშნული მიმოხილვიდან და კონკრეტული ქეისების განხილვიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ გარდა საკუთრივ ეკონომიკური ფაქტორებისა, მედია-პლურალიზმის უზრუნველყოფას ისეთი ეკონომიკური ფაქტორებიც უშლიან ხელს, რომლებიც ობიექტური გარემოებებით არ არიან განპირობებულნი და გამომდინარეობენ როგორც სახელმწიფოს სამართლებრივ-პოლიტიკური ჩარჩოების მოუწესრიგებლობიდან, ისე კონკრეტული ფინანსურ-პოლიტიკური ჯგუფების ინტერესთა შეუზღუდველობიდან.

ჟურნალისტური თავისუფლების სამართლებრივი ჩარჩოები:

პლურალისტური სატელევიზიო მედია-სივრცის სტრუქტურირებაში მნიშვნელოვანია არა მარტო ის საკითხები, თუ რამდენი მედია-საშუალებაა წარმოდგენილი ქვეყანაში, თუ როგორ მყარდება ურთიერთობები ხელისუფლებასა და მედია-საშუალებას შორის, თუ როგორ ახდენს მედია-საშუალება, როგორც ეკონომიკური სუბიექტი, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფუნქციონირებას, არამედ ისიც, თუ რა გარემოში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა და როგორ აფასებს საზოგადოება მათ საქმიანობას. ზემოთქმულთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გაჩნდება რამდენიმე კითხვა:

1. რა სამართლებრივი ჩარჩოები განსაზღვრავს ჟურნალისტურ საქმიანობას და რა სივრცე რჩება დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის;

2. რა როლის შესრულება უწევთ ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი დაკვეთიდან გამომდინარე; როგორ ესმით ტელეკომპანიების მესვეურებს, ვინაა დამკვეთი და როგორ სრულდება ეს დაკვეთა;

3. ხომ არ ხდება სამართლებრივი ჩარჩოებით განსაზღვრული ჟურნალისტური საქმიანობის სივრცის შეზღუდვა ტელეკომპანიების ფუნქციონირების ზემოთგანხილული პოლიტიკური და ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, ასევე ორგანიზაციული გადარჩენის ლოგიკიდან გამომდინარე.

2004 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიშესახებ ახალი კანონი მიიღო, რომელიც განსხვავებით წინა პერიოდის სამართლებრივი პრაქტიკისგან, როდესაც მედია-საშუალებებსა და პოლიტიკოსებს შეფასებითი მსჯელობისა და მამხილებელი ფაქტების საჯაროდ გაცხადებისთვის სანქციები ეკისრებოდათ (რაც თვითცენზურის და სარედაქციო ცენზურის წამახალისებელი ფაქტორი იყო), ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავდა ფაქტს და შეფასებით მსჯელობას. ფაქტი კვალიფიციური პრივილეგიით დაცვის საგნად იქცა, რაც ახალმა კანონმა როგორც ცილისწამებისათვის პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლებად, ხოლო შეფასებითი მსჯელობა (აზრი) ახალმა კანონმა აბსოლუტური პრივილეგიით დაცვა განმარტა. ეს იმას ნიშნავს, რომ მავანის მიმართ შეურაცხმყოფელი აზრის გამოთქმისთვის პირს სრული და უპირობო თავისუფლება შეეფარდება. ამგვარად, სახელმწიფო და, ამ შემთხვევაში, სასამართლო (რომელიც კანონის განმმარტებლად გვევლინება), ვერავის დააჯარიმებს ისეთი შეფასებითი ხასიათის გამონათქვამისათვის, რომელიც ვინმეს იმიჯს ან სახელს ეხება.

ახალმა კანონმა გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი მოპასუხიდან მოსარჩელეზე გადაიტანა, ასევე ერთმანეთისგან გამიჯნა ის სტანდარტი, რომელიც საჯარო და კერძო პირის ცილისწამების კვალიფიცირებას ახდენს. კანონი დამატებით იძლევა საჯარო პირის ზოგად დეფინიციასაც, კერძოდ, საჯაროა ყველა ის პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, და პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

საჯარო პირმა, რომელსაც სარჩელი შეაქვს მედიისა ან სადავო აზრის გამომთქმელის მიმართ, უნდა ამტკიცოს არა მარტო ის, რომ დასახელებული ფაქტი არსებითად მცდარია და ამის შედეგადაც მას ზიანი მიადგა, არამედ ისიც, რომ ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა ან უხეში დაუდევრობა, რამაც არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელებას შეუწყო ხელი. ამ უკანასკნელი სტანდარტის დაძლევა მოსარჩელე საჯარო პირისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ, კანონის მიერ დაცულია ჟურნალისტის თავისუფლება, აზრი გამოთქვას საჯარო პირებზე ან საჯარო პოლიტიკის საკითხებზე, შესაბამისად კი, მართებულია ის მოსაზრებაც, რომ აღნიშნული საკანონმდებლო აქტი ჭეშმარიტად ლიბერალურია (გავრცელებული ინფორმაციის ზიანობის დეკრიმინალიზაცია, მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის მოხსნა დასამოქალაქო კანონმდებლობის ჩარჩოებში მისი მოქცევა).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, თუ როგორია საქართველოს ტელემედია სივრცის რეალური მდგომარეობა, ისმის კითხვა: საკმარისია თუ არა ლიბერალური კანონმდებლობა ჟურნალისტური თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების გასაუმჯობესებლად?

თუკი ვარდების რევოლუციამდე არსებული ტელემედია სივრცე მეტნაკლები პლურალიზმით და და მეტნაკლები დამოუკიდებლობით ხასიათდებოდა, დღეისათვის ეს მდგომარეობა, თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, აშკარად გაუარესებულია.

მაშინ, როდესაც კანონმდებლობა არ ერევა ჟურნალისტისა და მისი დამქირავებლის ურთიერთობებში, ასევე ვერ ზღუდავს პოლიტიკური ძალების ჩარევას მათ საქმიანობაში, ლიბერალური კანონი სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის შესახებ უძლურია დაიცვას კონკრეტული ჟურნალისტი და მისცეს მას ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების საშუალება.

მედიის რეგულირების სფეროში სპეციალური ლიბერალური კანონმდებლობის პარალელურად ხდება ზოგადი და ნეიტრალური რეგულირების საკანონმდებლო აქტების შემუშავება, რაც იმ პირობებში, როდესაც ინფორმაციის გაცვლისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების სივრცეში პოზიციის შემუშავება პოლიტიკური ჯგუფებისა და მათთან აფილირებული მედია მფლობელების ინტერესების მიხედვით ხდება, ჟურნალისტს სრულიად დაუცველს ხდის. მაშინ, როდესაც კანონმდებლობა არ ერევა ჟურნალისტისა და მისი დამქირავებლის ურთიერთობებში, ასევე ვერ ზღუდავს პოლიტიკური ძალების ჩარევას მათ საქმიანობაში, ლიბერალური კანონი სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის შესახებ უძლურია დაიცვას კონკრეტული ჟურნალისტი და მისცეს მას ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების საშუალება. ამ შემთხვევაში იკვეთება სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის ისეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, როგორიცაა სარედაქციო დამოუკიდებლობა.

სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობის პირობებში ჟურნალისტები არჩევანის წინაშე დგანან - ან შეწყვიტონ შრომითი ურთიერთობა დამქირავებელ მედია-საშუალებასთან, ან გააგრძელონ საქმიანობა იმ პირობებით, რომლებსაც დამქირავებელი სთავაზობს. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება კონფლიქტი, ერთი მხრივ, ჟურნალისტურ ეთიკასა და პროფესიულ სტანდარტს და, მეორეს მხრივ, დამქირავებლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოზიციას შორის. პროფესიული ეთიკის ნორმებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, პირველი მოითხოვს ჟურნალისტისგან, რომ მან თავისი საქმიანობის უმთავრეს მიზნად საზოგადოებრივი ინტერესები გაიხადოს, მეორე კი უშუალო დამქირავებლის ინტერესის გათვალისწინებას ავალდებულებს. საქართველოს ტელემედია სივრცეში ერთ-ერთ პრინციპულ პრობლემად მედიის ფუნქციობაში (რაც თავისთავად ჟურნალისტური საქმიანობის სივრცეა) დამკვეთის განსაზღვრაა მიჩნეული. ერთი მხრივ, საუბარია ტელემედიის მიმართ საზოგადოებრივ დაკვეთაზე, მეორე მხრივ კი საზოგადოების მოლოდინებსა და მედიის ფუნქციობის შედეგების ურთიერთაცდენაზე. სწორედ ამ უკანასკნელი ფაქტორის შედეგია ტელემედია სივრცეში შემავალი წამყვანი კომპანიების მიმართ საზოგადოების კრიტიკა და უნდობლობა.

ჟურნალისტური თავისუფლება და ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკა: სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფების თუ მათთან დაახლოებული მედია მფლობელებისთვის ჟურნალისტური თავისუფლების შეზღუდვის და შესაბამისი სარედაქციო პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი იარაღი საქართველოში მოქმედი შრომითი კანონმდებლობაა. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა შრომის კოდექსმა შე- მოიტანა ზეპირი ხელშეკრულების ცნება, რის გამოც ჟურნალისტი, როგორც დასაქმებული პირი, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა (მისთვის გაცილებით რთული გახდა იმ არჩევანის გაკეთება, რომლის შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდით).

ჟურნალისტური თავისუფლების შეზღუდვის და შესაბამისი სარედაქციო პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი იარაღი საქართველოში მოქმედი შრომითი კანონმდებლობაა.

ახალი შრომის კოდექსის მიღებამდეც მედიაში დამკვიდრებული იყო მავნე პრაქტიკა, როდესაც ჟურნალისტები ან შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდნენ, ან მათთან ფორმდებოდა ერთთვიანი წერილობითი ხელშეკრულება. ასეთ პირობებში ჟურნალისტი დაუცველი და იოლად მოწყვლადია, შესაბამისად, „არასწორად” გაშუქებული სიუჟეტის ან არასასურველი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში დამქირავებლისთვის ძალზე იოლია მისი სამსახურიდან გათავისუფლება, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში არ მოქმედებს ისეთი კანონმდებლობა და არ არსებობს ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში დაიცავდა მედიაში დასაქმებული პირების ინტერესებს დამქირავებლის ან პოლიტიკური ჯგუფების თვითნებობისგან. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ტელემედია სივრცეში, ყოველ შემთხვევაში მასში წარმოდგენილ წამყვან კომპანიებში, ძალზე რთულია ვისაუბროთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაზე, შესაბამისად კი - დამოუკიდებელ მედია-სივრცეზე.

აღნიშნული სიტუაციის შედეგად:

1. ქართულ ტელემედიაში ჟურნალისტური საქმიანობა მკაცრად არის რეგულირებული მფლობელთა მიერ განსაზღვრული სარედაქციო პოლიტიკით;

2. მფლობელების ვიწრო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არ არსებობს ზოგადი ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების ცნება.

ა. ჟურნალისტებს სათანადოდ ვერ აქვთ გააზრებული თავიანთი უფლებები თუ საქმიანობის თავისუფლება;

ბ. ტელეკომპანიებს არა აქვთ შემუშავებული ღირებულებებისა და სტანდარტების გაცხადებული პოზიცია, შესაბამისად, არ აქვთ დაწესებული საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ეთიკური ნორმები, რომლის ფარგლებშიც უნდა იყოს წარმართული ჟურნალისტური საქმიანობა და რომელიც შეარბილებს მფლობელების მოთხოვნებს ჟურნალისტური საქმიანობისადმი;

ც. ტელეკომპანიებში არ არსებობს საზოგადოებასთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებების კოდიფიცირების პრაქტიკა (ანუ მედია-პროდუქციაში გამოვლენილი, ანუ ჟურნალისტური საქმიანობის სფეროში არსებული ქცევისა თუ სტილის თანმხლები იმ ღირებულებების ნორმად ქცევის პრაქტიკა, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღები და მოწონებულია).

3. სარედაქციო კეთილსინდისიერების დონე დაბალია, საზოგადოებრივი ინტერესები კი დაკნინებულია:

ა. ჟურნალისტებს და მათ რედაქტორებს არ ძალუძთ3 თავად განსაზღვრონ თუ რომელი პრობლემაა უფრო მნიშვნელოვანი და ამის მიხედვით მოახდინონ საკითხების რანჟირება;

ბ. ჟურნალისტებს და მათ რედაქტორებს არა აქვთ შესაძლებლობა კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში ინფორმაციის მრავალფეროვნების თანაბრად წარმოჩენა (ყოველთვის იკვეთებიან ინფორმაციის ძირითადი და ფონური მატარებლები).

შესაბამისად, ზემოთ თქმულის შეჯამების შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც მიუხედავად გამოხატვის თავისუფლების უზრუნველმყოფი ლიბერალური კანონმდებლობისა შრომითი კანონმდებლობიდან გამომდინარე მედიაში არსებული შრომითი ურთიერთობების, მედია მფლობელების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე დამოკიდებული სარედაქციო პოლიტიკის და ჟურნალისტური საქმიანობის ეთიკური საფუძვლების არ არსებობის გამო, ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების სივრცე მაინც შეზღუდულია.

___________________

1. ჩამოთვლილი პუნქტების თვალსაზრისით სულ მცირე რთული ხდება აუდიტორიისთვის ისეთივე ხარისხის მედია პროდუქციის, მიწოდება რასაც სახელმწიფოსთან დაახლოვებული და მის მიმართ ლოიალური მედია ორგანიზაციები შეძლებენ თავიანთი ეკონომიკური წამახალისებლების გამოყენებით.

2. ამ შემთხვევაში საინტერესოა ის ფაქტი, რომ შპს ობიექტივი 2, ლიცენზიის მფლობელად ითვლებოდა 2008 წლამდე, შესაბამისად მას არ ჰქონდა ლიცენზიის ფლობის ოთხწლიან პერიოდში მაუწყებლობის საშუალება, მაშინ როდესაც ტელეკომპანია ალანია მთელი ამ ხნის განმავლობაში ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობდა და ლიცენზია მხოლოდ 2008 წლის მაისში მიიღო.

3. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება უშუალოდ გარედან ზეწოლა, უფრო მეტად იგულისხმება არსებული შრომითი ურთიერთობების პრაქტიკიდან გამომდინარე არსებული თვითცენზურის ან მედიაში დომინანტი ინტერესის მატარებელის (მფლობელის) მოლოდინებთან შესაბამისობაში საქმიანობის პრაქტიკა.

5 III. პრობლემის ფორმულირება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში სატელევიზიო მედია სივრცე ხასიათდება პლურალიზმის დაბალი დონით, რადაგანაც 2003 წლის შემდეგ მოსულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი არ შეუწყვეს ღია და ფართო მონაწილეობისადმი გახსნილი პოლიტიკური სისტემის შექმნას. ამის საპირისპიროდ, პოლიტიკურ სივრცე დაწესდა მონოპოლია, რაც გულისხმობდაზე მედიის თავისუფლების შეზღუდვას, საზოგადოებრივი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ველის კონტროლს მედია საშუალების გაუქმების ან მისი ეკონომიკური საფუძვლების შერყევის გზით.

კერძოდ, მედიის პლურალიზმს და თავისუფლებას ხელისუფლების მიერ გაწეული შემდეგი საქმიანობა ზღუდავს:

  • მედია საშუალებების მესაკუთრეთა შეცვლა, კერძოდ ძველი მესაკუთრეების ჩანაცვლება ლოიალური მესაკუთრეებით, რაც ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მიერ მედია საშუალებების ფაქტობრივ შესყიდვაში გამოიხატება, ფორმალურად კი საკუთრების საკონტროლო პაკეტის პოლიტიკურად სანდო პირზე/ორგანიზაციაზე გაფორმებით;

  • საქართველოში მედიისთვის ისედაც მწირი ეკონომიკური რესურსების (სარეკლამო ბაზრის სახით) მიმართვა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელევიზიებისადმი;

  • ტელემედიის ეკონომიკური საფუძველის არამდგრადობა ხელს უშლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის განხორციელებას, და ასევე, ასახვას ჰპოვებს მისი პროფესიულობის დონეზე;

  • ადმინისტრაციული რესურსის (სასამართლოს, პროკურატურის თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის) გამოყენება სატელემაუწყებლო სიხშირეების საკითხით მანიპულირების და ზოგიერთ შემთხვევაში მათი გამოყენების შეზღუდვა ლიცენზიების ჩამორთმევის გზით.

ამასთან, ჟურნალისტების პროფესიული და ეთიკური სტანდარტების არარსებობის პირობებში თავისუფალი და კონკურეტნული სატელევიზიო მედია სივრცის ჩამოყალიბებას ხელს უშლის ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების დაბალი ხარისხი და მკაცრი რეგულირების შესაძლებლობა. მიუხედავად გამოხატვის თავისუფლების უზრუნველმყოფი ლიბერალური კანონმდებლობისა ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების სივრცე შეზღუდულია შრომითი ურთიერთობების რეგულირების, მედია მფლობელების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე დამოკიდებული სარედაქციო პოლიტიკის და ჟურნალისტური საქმიანობის ეთიკური საფუძვლების უგულვებელყოფის გამო კერძოდ.

  • მედიის რეგულირების სფეროში სპეციალური ლიბერალური კანონმდებლობის მიღების პარალელურად ხდება საკანონმდებლო აქტების შემუშავება, რაც პოლიტიკური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული მედია მფლობელების პოზიციიდან გამომდინარე, სრულიად დაუცველს ხდის ჟურნალისტს.

  • მიხუედავად იმიდს, რომ კანონმდებლობა არ ერევა ჟურნალისტისა და მისი დამქირავებლის ურთიერთობებში, ასევე არ ზღუდავს პოლიტიკური ძალების ჩარევას მათ საქმიანობაში, ლიბერალური კანონი სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის შესახებ უძლურია ცალკე აღებული ჟურნალისტი დაიცვას და საშუალება მისცეს მიიღოს და გაავრცელოს მიუკერძოებელი ინფორმაცია. ამ შემთხვევაში ირღვევა სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის ისეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი როგორიცაა სარედაქციო დამოუკიდებლობა.

6 IV. საზოგადოებრივი ჯგუფების (სამოქალაქო სექტორი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიები) შესაძლებლობების გამოვლენა მედიის პლურალიზმის ხარისხის გასაზრდელად

▲ზევით დაბრუნება


დღესდღეობით საქართველოს ტელემედია სივრცეში არსებული სიტუაცია გვიჩვენებს, რომ პლურალიზმის მხრივ მედია-სივრცე მოწყვლადია. ძირითადი სამაუწყებლო საშუალებები (საზოგადოებრივი მაუწყებლის - პირველი არხის - ჩათვლით) პოლიტიკური პოზიციების მიხედვით ჯგუფდებიან. ამ მხრივ მარტივი წყალგამყოფია პრო - სახელისუფლებო ან ოპოზიციური განწყობა. კერძო სამაუწყებლო საშუალებების შემთხვევაში პოლიტიკური ანგაჟირებულობა რთული დასარეგულირებელია თუნდაც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე (კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში გარედან ჩარევას, თუმცა დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა ისეთი ჩარევის პრეცედენტების შექმნა, რომლებიც ამ მედია-საშუალებებს ღიას გახდიდნენ დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ), მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს მეტი საფუძველი აქვთ სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში პარიტეტული მონაწილეობისთვის. მიუხედავად ამისა, მსგავსი რამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებით არ შეინიშნება, რაც მთელი რიგი ფაქტორებით არის გაპირობებული:

საქართველოში სატელევიზიო მედია სივრცე ხასიათდება პლურალიზმის დაბალი დონით, რადაგანაც 2003 წლის შემდეგ მოსულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი არ შეუწყვეს ღია და ფართო მონაწილეობისადმი გახსნილი პოლიტიკური სისტემის შექმნას

1. ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას ფორმალურად განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო, რომლის წევრთა უმეტესობა პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ან აკლია პოლიტიკურად მიუკერძოებელი სამოქალაქო თვითშეგნება;

2. ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების პრიორიტეტი აქვს ტელევიზიის ხელმძღვანელობას, რომელიც პოლიტიკურად ასევე ანგაჟირებულია და მმართველ პოლიტიკურ პარტიასთანაა აფილირებული;

3. მიუხედავად საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი საბჭოების არსებობისა (ამ საბჭოებს შორის არსებობს პოლიტიკური საბჭოც), არხის საინფორმაციო პოლიტიკა მაინც არ ასახავს პოლიტიკურად მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას, შესაბამისად, რთულია საზოგადოებრივი საბჭოების ქმედუნარიანობაზე და სარედაქციო პოლიტიკაში მათი შეღწევადობის შესახებ საუბარი.

საქართველოს სატელევიზიო მედია-სივრცეში ოპოზიციურად განწყობილი კომპანიების არსებობა ასე თუ ისე აბალანსებს პლურალიზმის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს, მაგრამ მათ ხელთ არსებული რესურსები შეზღუდულია და მათ არ შეუძლიათ სრული მასშტაბით მოიცვან საქართველოს ტერიტორია:

1. ტელეკომპანია კავკასიის მაუწყებლობა მხოლოდ თბილისის მასშტაბით ვრცელდება. მას აქვს შეზღუდული ფინანსური და ტექნიკური რესურსები და, თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეზღუდული ადამიანური რესურსის განკარგვა შეუძლია;

2. სტუდია მაესტრო საკაბელო არხით გადაიცემა და ძირითადად დედაქალაქის ტელესივრცეს მოიცავს. გარდა იმისა, რომ სტუდიას მაუწყებლობის შეზღუდული არეალი და შესაძლებლობები გააჩნია (საკაბელო ქსელი), ის კანონმდებლობის მიერაც იზღუდება. მაუწყებლობის შესახებ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკაბელო ქსელით მაუწყებლობა ლიცენზირებას ექვემდებარება1, რის გამოც სტუდია მაესტროს უკვე ჰქონდა პრობლემები ხელისუფლებასთან. აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კი არ გადაიჭრა, არამედ სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, რაც თავისთავად არ იყო ნორმატიული აქტით გამყარებული და სირთულეები შეიძლება კვლავაც წარმოიქმნას.

კერძო სამაუწყებლო საშუალებების პოლიტიკური ანგაჟირებულობა რთული დასარეგულირებელია თუნდაც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში პარიტეტული მონაწილეობის მყარი საფუძველი აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს.

სატელევიზიო მედია-სივრცეში პლურალიზმის რესურსს ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტური გაერთიანებები და სტუდიები ქმნიან. საგამოძიებო და სამოქალაქო ჟურნალისტიკაში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებმაც თავის დროზე წამყვანი მედია-საშუალებები დატოვეს ზეწოლისა და ცენზურის გამო, ამ გაერთიანებების ფარგლებში მოღვაწეობენ და ქმნიან მედია-პროდუქციას. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ თავიანთი საქმიანობის წარმართვის საშუალება, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ამ საქმიანობის შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. ის ტელეკომპანიები, რომელთა მაუწყებლობაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, უარს ამბობენ ამგვარი გაერთიანებების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოყენებაზე, შესაბამისად, საზოგადოება მოკლებულია განსხვავებული ხედვებისა და მოსაზრებების გაცნობის საშუალებას. ამგვარ გაერთიანებებში მოღვაწე ჟურნალისტებს მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ფარგლებში თუ შეუძლიათ თავიანთი საქმიანობის შედეგების დემონსტრირება და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ნაწილობრივ და არაპირდაპირ ძალუძთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დღის წესრიგში თავიანთი წვლილის შეტანა. მათ მიმართ გახსნილია მხოლოდ ზემოთ დასახელებული ორი მედია-საშუალება, რაც ასევე არაა საკმარისი რესურსი იმ ალტერნატიული ანალიტიკური მასალისა და ინფორმაციის საზოგადოებამდე მისატანად, რომელიც რეალურად საჭიროა ქვეყანაში პლურალისტური საზოგადოებრივი სივრცის ჩამოყალიბებისათვის.

როდესაც ისეთი კერძო მედია-საშუალებების სარედაქციო პოლიტიკა, როგორიცაა რუსთავი-2, იმედი, მზე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მფლობელების მიერ იმართება, ბუნებრივია, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით ისინი ნაკლებად იქნებიან გახსნილნი საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობისა და საზოგადოებრივი მოთხოვნებისადმი. იმისათვის, რომ არსებულ ვითარებაში პლურალიზმის ხარისხი გაიზარდოს, დაინტერესებული ჯგუფების (სამოქალაქო სექტორი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიები) წინაშე რამდენიმე შესაძლებლობა იკვეთება, კერძოდ, მათ უნდა თავიანთი ძალისხმევა მიმართონ იქითკენ, რომ შესაძლებელი გახდეს:

ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;

ბ) მათთვის ამჟამად ღიად არსებული მედია-სივრცის შენარჩუნება/გაფართოება;

გ) ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი დისკუსიების ალტერნატიული სივრცეების გაძლიერება (ბეჭდვითი მედია ან სხვა ტიპის ელექტრონული მედია - რადიო, ინტერნეტი) ან შექმნა (ტელევიზია);

დ) ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების დაცვა, რასაც შედეგად მოჰყვება საზოგადოებრივი ინტერესის შეღწევა ნებისმიერ მედია-საშუალებაში, მიუხედავად მისი მფლობელის პოლიტიკური ინტერესებისა.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პოლიტიკური სისტემის თავისებურებებს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოების პირობით გამიჯნულობას, ერთი პოლიტიკური ძალის დომინირებას და მის მიერ განხორციელებულ კონტროლს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებზე) ყოველი ზემოთჩამოთვლილი ალტერნატივის შემთხვევაში არაერთი შეზღუდვა წარმოჩინდება:

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი:

  • პოლიტიკურ ჯგუფისადმი სასამართლოების დამოკიდებულება ხელს შეუშლის საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ტელევიზიის მიმართ მოთხოვნების პრეცედენტებად გადაქცევას;

  • პარლამენტში ერთი პოლიტიკური ძალის დომინაცია შეუძლებელს ხდის საზოგადოებრივ მაუწყებელ საკანონმდებლო ბაზისზე შეცვლა/დახვეწას;

i. სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი პარლამენტზეა მიბმული;

ii. მაუწყებლის ხელმძღვანელის შერჩევა ასევე პარლამენტზეა დამოკიდებული.

  • ჟურნალისტებს შორის პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაბალი დონე არ აძლევს მათ საშუალებას მოითხოვონ მეტი დამოუკიდებლობა, რაც მათ სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის ბუნებრივ მოკავშირეებად გადააქცევდა.

2. უკვე არსებული ინფორმაციისა და განხილვების ალტერნატიული სივრცის შენარჩუნება/გაფართოება:

  • საქართველოში ცვალებადი პოლიტიკური კონტექსტი შეიძლება საზოგადოებრივ სივრცეზე ხელისუფლების მხრიდან კონტროლის გამკაცრების მიმართულებით შეიცვალოს;

  • სამაუწყებლო სიხშირეები სახელისუფლებო არხებს (მათ შორის არარსებულ არხებს) აქვთ დანაწილებული და თბილისში მაუწყებელ ტელეკომპანიებს არეალის გაფართოების საშუალებას უსპობს;

  • ვინაიდან სასამართლო მმართველი პოლიტიკური გუნდის ნებაზეა დამოკიდებული, კერძო მაუწყებლებს ძნელად თუ მიუწვდებათ ხელი სამაუწყებლო საშუალებებზე;

  • საბაზრო კონიუნქტურაზე დამოკიდებულება ამ მედია-საშუალებებს მოწყვლადს ხდის ადამიანური რესურსების და ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება/შენარჩუნების თვალსაზრისით;

  • საქართველოში მუდმივ ცვალებადი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში შეიძლება თავად ამ სივრცემ მედია- მფლობელების პოლიტიკური პოზიციის გამო დაკარგოს ამჟამინდელი ფუნქცია (მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდეს).

3. ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი დისკუსიების ალტერნატიული სივრცეების გაძლიერება/შექმნა:

  • ბეჭდვითი მედიის სამომხმარებლო ბაზარი შეზღუდულია, გამომდინარე საზოგადოების დაბალი მსყიდველობითი უნარიდან ან ბეჭდვითი მედიის მიმართ ნაკლები ინტერესიდან;

  • ინტერნეტის მომხმარებელთა შედარებით მცირე რაოდენობის გამო შეუძლებელი ხდება პლურალისტური საზოგადოებრივი საინფორმაციო ველის გაფართოება სრულ საზოგადოებრივ სპექტრზე;

  • სამაუწყებლო სიხშირეებთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე, რომლის შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი, ახალი სამაუწყებლო საშუალების შექმნის ალბათობა ძალზე დაბალია;

  • სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს არსებული პოლიტიკური კონტექსტი, როდესაც საზოგადოებრივ სივრცეში დამკვიდრება ნამდვილად უჭირთ იმ მდგრად დამოუკიდებელი ორგანიზაციულ სტრუქტურებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ჩარევას ეწინააღმდეგებიან.

4. ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების დაცვა:

  • საკანონმდებლო საქმიანობა მონოპოლიზებულია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ რაც ართულებს სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესების ასახვას კანონმდებლობის იმ პუნქტებში, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება. ესენია:

i. შრომითი კანონმდებლობა;

ii. სამაუწყებლო სერვისების (სიხშირეები) რეგულაციის (განკარგვის/გამოყენების) კანონმდებლობა;

iii. პროფესიული (ამ შემთხვევაში ჟურნალისტური) გაერთიანებების კერძო ბიზნესთან ურთიერთობების რეგულაციის კანონმდებლობა.

მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისთვის აქტუალურია საზოგადოებრივი ჯგუფებისა და თავად ჟურნალისტების ერთობლივი ძალისხმევის წარმართვა ჟურნალისტური თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

  • სასამართლოები არაა სათანადოდ დამოუკიდებელი იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა ან გარეშე დაინტერესებულმა ჯგუფებმა ინდივიდუალურად ან კოლექტიურად აწარმოონ დავა მესაკუთრეებთან;

  • ჟურნალისტებს შორის დაბალია პროფესიული სტანდარტებსა და ეთიკური ნორმებში გათვითცნობიერებულობის დონე, არადა ამ ნორმების ცოდნა გააძლიერებდა მათ მიერ მეტი თავისუფლების მოთხოვნის მოტივაციას.

  • არსებულ ჟურნალისტურ გაერთიანებებს აკლიათ კონსოლიდირებულობის ის ხარისხი (არაა გამოკვეთილი მეტ-ნაკლებად ორგანიზაციული კონიუნქტურის მიღმა მდგარი საერთო ინტერესი), რომელიც საშუალებას მისცემდათ მათ, სახელმწიფოსა და მედია მფლობელებთან ურთიერთობის ერთიანი სტრატეგია შეემუშავებინათ;

  • ასევე დაბალია საზოგადოებრივ ჯგუფებს (სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური პარტიები) შორის თანამშრომლობის ხარისხი საზოგადოებრივი და კერძო მედია-საშუალებების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მექანიზმების შესაქმნელად.

შემოთავაზებული შესაძლებლობების ფარგლებში აღნიშნული შეზღუდვების მიუხედავად, ეს შემოთავაზებანი სრულებითაც არ არის რეალობას მოკლებული. აუცილებელია მხოლოდ იმისი გათვალისწინება, რომ არსებობს შეზღუდვები, რომლებიც მეტად ან ნაკლებადაა დამოკიდებული დაინტერესებული მხარეების ორგანიზებულ ძალისხმევაზე.

___________________

1. აღნიშნული მდგომარეობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 10-ე მუხლს, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზირების საგანი შეიძლება იყოს სიხშირული სპექტრი, რომელიც ამოწურვადი რესურსია და არამც და არამც საკაბელო მაუწყებლობას, რომელიც საზოგადოებრივ სიკეთეს არ წარმოადგენს და ბუნებრივ რესურსს, რომლის განაწილებაც სახელმწიფოს პრეროგატივე შეიძლება იყოს.

7 V. დასკვნა

▲ზევით დაბრუნება


იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოცემული პოლიტიკური კონტექსტი ართულებს მედია პლურალიზმისათვის ხელისშემშლელი პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების განეიტრალებას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლით საქართველოში ასე თუ ისე წარმოდგენილია ინფორმაციის მიმოქცევისა და საზოგადოებრივი აზრის გავრცელების ვიწრო ალტერნატიული სივრცე, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისთვის უფრო აქტუალური ხდება საზოგადოებრივი ჯგუფებისა და თავად ჟურნალისტების ერთობლივი ძალისხმევის წარმართვა ჟურნალისტური თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

ამ მიმართულებით მიზანშეწონილია საზოგადოებრივმა ორგზანიზაციებმა/ და სამოქალაქო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს და უზრუნველყოს ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების დაცვას შემდეგი საქმიანობების მხარდაჭერით:

  • პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესთა შეღწევადობის ხარისხის გასაზრდელად აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების საკითხებზე საქართველოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა:

1) ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ჩარჩოებში;

2) ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში;

3) დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით ევროსაბჭოს, ევროკავშირის, და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში.

  • ვინაიდან საქართველოში სასამართლოები არ არიან საკმარისად დამოუკიდებელნი, ჟურნალისტებს ან გარეშე დაინტერესებულ ჯგუფებს უნდა მიეცეთ საშუალება სახელწიფოსთან დავა აწარმოონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში;

  • ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია ჟურნალისტთა მიერ პროფესიული სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებში მეტად გათვითცნობიერება; სამოქალაქო სექტორის დაინტერესებული ჯგუფების მობილიზება და ჟურნალისტურ გაერთიანებებთან თანამშრომლობისათვის კოალიციების ჩამოყალიბება;

  • სახელმწიფოსთან და მედია მფლობელებთან ერთად ერთიანი სტრატეგიის გამომუშავების მიზნით მძლავრი ჟურნალისტური პროფესიული გაერთიანების (ან არსებული გაერთიანებების კოალიციის) ჩამოყალიბება;

  • სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების დაინტერესებულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობა საზოგადოებრივი და კერძო მედია-საშუალებების საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მექანიზმების შესაქმნელად (მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების პრეცედენტების შექმნა).