![]() |
ჩემი ცხოვრების დღენი (მოგონებანი) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ქვარიანი სიმონ |
| თემატური კატალოგი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები |
| თარიღი: 2025 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: © გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისი, 2025 © Giorgi Leonidze State Museum of Georgian Literature Ilia Cavchvadze National Library of Georgia Tbilisi 2025 თბილისი 2025 გამოსაცემად მოამზადეს: თეა თვალავაძემ, ანა ჭეიშვილმა, მადონა მშვილდაძემ; რედაქტორი: ლაშა ბაქრაძე; დაკაბადონება და დიზაინი: ფატი გაგულია, დაიბეჭდა სტამბაში ფავორიტი სტილი ISBN 978-9941-9480-7-7 |
![]() |
1 I. ბავშობა |
▲ზევით დაბრუნება |

სიმონ ქვარიანი
თბილისი, 1890-იანი წლები
ფოტო: აბრამ ნორდშტეინ
უზარმაზარი ბაღი კოინდრით ამწვანებული და ფერად ყვავილნარით მოქარგული, ბაღი მრავალსახოვან ხეხილით უხვად დაჩრდილული და გაზაფხულის მზის ხასხასა სხივებით ოქროდ მბზინავიაი, ის ტურფა წალკოტი, სადაც 3 წლის ბავშს პირველად ამეხილა გონების თვალი, შევიგრძენ სიცოცხლის სიტკბო და ნეტარება, რაც დღემდეც კი, ამ მოხუცობის დროს, ღრმად ჩამრჩა მეხსიერების ერთ პატარა უჯრედში ფრიად საამო მოგონებად.
მზის ოქროვან სხივთა უხვი ციალი და ელვარება, ცის უსაზღვრო ლაჟვარდება და კამკამება, გრილი ნიავის ფარფატა ფრთების საამო ქროლა, ხის მწვანე ფოთოლთა საიდუმლო შარიშური და ფერად პეპლების ცელქი ნავარდიაი, რა ხიბლავდა იმ დროს ჩემს ქორფა არსებას!
ეს იყო ქალწულოვან ბუნებისა ჩემ მიერ პირველი შეგნებული განცდა. განცდა იყო ნაზი, უმანკო და ფერადოვანი, ვით ბავშის ჩქერი და სიზმარეთი.
დიახ, ეს ედემი იყო მამაჩემის დიდი ბაღნარი ქუთაისის სამთო უბანში (მწვანეყვავილა-საფიჩხიას მიდამოში) მდებარე. ბაღის ერთ კუთხეში იდგა სამოთახიანი ხის ძველი სახლი ქვის მაღალ პალატზე აგებული და ყავრით დახურული, პაწა სარკმლებით და მერხ-რიკულებიანი აივნით, ის ბუდე, სადაც 3 აპრილს საღამოს 5 საათზე 1868 წელს პირველად გავახილე თვალი და შევისრუტე ამსოფლიური ჩვენებანი და სიტკბო-სიმწარენი.
ვცელქობდით, ვხტოდით და ვგორავდით ნებივრად მაღალ მოლზე სამი უმანკო ბავშიმე და ჩემი დები; ჩვენი მხიარული სიცილ-კისკისი ესხეულებოდა ბუნების ზეიმს და ჰარმონიას.
თავს გვევლებოდა ბავშებს და გვედგა მარად ფხიზელ გუშაგად ჩვენი საყვარელი ძიძაანნა ხუნდაძის ქალი, თვით დედაზე უტკბესი ადამიანი.
ეს ბაღი იყო ჩვენთვის ის ტურფა ედემი, რომლის გარეშე ვით ზღაპრულ ადამ და ევას, ვერ წარმოგვედგინა ბავშებს რაიმე ქვეყნის არსებობა.
ხანდახან ჩვენთან მოვიდოდენ საალერსოდ მეტად მაღალი და კეთილი სახის კაცი, თმა-წვერ-ულვაშ ოდნავ შევერცხლილი და ფერადა კაბით მოფრიალე შავ ნაწნავებიანი ქალი. ესენი იყვნენ ჩვენი მშობლები, როგორც შევიგნეთ შემდეგ, ხოლო პირველ ხანებში ჩვენი დედ-მამა გვეგონა ჩვენი კეთილი ძიძა, რომელიც დღე და ღამ განუშორებლივ იყო ჩვენთან, გვაჭმევდა, გვივლიდა და გვპატრონობდა სამთავეს.
ულევი იყო ამ დიდ ბაღში გაზაფხულიდან დაწყებული შემოდგომის მიწურულამდე უამრავი, მეტად გემრიელი, მრავალფერი ხილი, რასაც ბლომად ვჭამდით ბავშები როგორც ძიძის მიერ დაკრეფილს, ისე ქარის მიერ ძირს დაცვენილს. ბალი, ბჟოლა1, ალუჩა, ალუბალი, მსხალი, ვაშლი, ქლიავი, კორკიმელი2, თხილი, ლეღვი, ატამი, ყურძენი, ბია, ბროწეული, წაბლი, ნიგოზი, სხმარტლი, ხურმა, უნაბი და სხვა ამგვარები იყო უხვად და ულევად ამ ჩვენს ედემში.
უმთავრესად კი, ბავშებს გვიყვარდა მეტად ტკბილი კახამბალი3, ცერის ოდენა ჭრელი ბჟოლა, ორშიმოს ხელა ყვითელი მსხალი, აგრეთვე მეტად ტკბილი და სურნელოვანი ახალციხული მსხალი. მეტად გვიყვარდა აგრეთვე თაფლივით ტკბილი დიდი ბერძნული ლეღვი, შავი და ქარვასავით ყვითელი დიდმტევნიანი, სხვილ-მარცვალა ყურძენი, რომელიც გვიღიმოდა ბავშებს მაღალი ტარავლიდან4. ფრიად გვიყვარდა აგრეთვე ფელამუშივით სუყე და გემრიელი სხმარტლი, რომელიც თოვლის მოსვლამდე იყო ეკლიან ბუჩქნარ ხეებზე.
გვიყვარდა აგრეთვე ცალკე გადაღობილ ბოსტანში შეპარვა, იქ კიტრებისა და ყვავილების დაკრეფა, მაგრამ უცებ აივანზე გადმომდგარ დედის მკაცრი დაცაცხანება საშინლად გვაფრთხობდა ბავშებს და ჩვენც გულის ხეთქებით გამოვრბოდით ბოსტნიდან და ვეფარებოდით ძიძის კალთა-უბეს, როგორც ქორით დაფრთხალი წიწილები.
კარგად მახსოვს ისიც, რომ ჩვენთან მოდიოდენ სტუმრად ნაცნობ-ნათესავნი, თავიანთ ბავშებით, რომლებთან ერთად ვგორაობდით კოინდარში.
იმ შორეულ დროიდან ნათლად მახსოვს ერთი რამ: 5-6 წლის ბავში გავეპარებოდი ჩემს დებს, შევძვრებოდი ჩვენი სახლის ბნელ პალატში (ქვედა სართულში), მოვჯდებოდი კუთხეში და მივეცემოდი სხვადასხვა უცნაურ ფიქრებს ღმერთზე, საიქიოზე, სულის უკვდავებაზე და ჯოჯოხეთ- სამოთხეზე. ახლაც კი ცხოვრებაში გამობრძმედილ მოხუცს და ბევრ ნაკითხს ვერ ამიხსნია, თუ რად ხდებოდა ასე, რა ძალა მიწვევდა ნორჩ ბავშს ასეთ შეუსაბამო ფიქრებისადმი. დიახ, ვფიქრობდი იმ დროს ასეთ უცნაურ რამეებზე და ვეკითხებოდი ჩემს თავს: „ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით, ვბერდებით და ვკვდებით... კვდება სხეული, ჩვენი სული ხომ უკვდავია! მაშ, ჩვენი (ცხონებულის) უკვდავი სული მიდის ზეცას ღმერთთან და ანგელოზებთან. ცოდვილთა სულებს კი ეწიკავებიან ეშმაკები ჯოჯოხეთში, სადაც აგზნებულ ცეცხლსა და კუპრში უნდა იტანჯონ სამუდამოდ. ცხონებულთა სულნი კი განისვენებენ სამოთხეში ცისა და ქვეყნის გამჩენ უფალთან, სამარადისო ნათელსა და ნეტარებაში... მაშ, განისვენებენ სამოთხეში მუდამ, ასეული, ათასეული წლები გაირბენენ, როგორც წუთნი და ეს სულები მარად უკვდავნი იქნებიან უწყვეტ ნეტარებაში. ისინი მეორედ აღარ მოვლენ დედამიწაზე, აღარ დაიბადებიან, აღარ შეისხამენ ხორცს, არამედ იქნებიან იქ ზეცას ანგელოზივით უსხეულონი, მსუბუქნი და ფრთა ასხმულნი მარად ღვთის დიდებასა და გალობაში ჩაფლულნი. ეს ერთფერობა კი, ეს უწყვეტი სიცოცხლე და ნეტარება ბოლოს და ბოლოს ხომ დიდად მოსაწყენია და ეს მოწყენა, ხომ უსაშინლეს ტანჯვად იქცევა!.. მერე!.. ეს დიდი ღმერთიც ხომ უკვდავია ყოვლად შემძლე, ყველაფრის გამჩენი, უსაზღვრო... სულ მუდამჟამს იყო, არის და იქნება. ნეტა, როდის ან რარიგად გაჩნდა ქვეყანა?! ან თვით ხილულსა და უხილავ ქვეყნებს, ნეტა, სადა აქვთ საზღვარი? ან თუ უსაზღვრონი არიანრატომაა ასე? ან რა არის უსაზღვროება?!“...
აი, ასეთი და სხვა ამგვარი უცნაური ფიქრები მიპყრობდა იმ დროს. ამ საშინელ ფიქრებში ჩაფლულსა და გონებით მოქანცულს ხშირად ჩამეძინებოდა იქვე. დიდი ძებნის შემდეგ მომნახავდენ პალატის ბნელ კუთხეში და წამიყვანდენ ოთახში ან ისევ ბაღში. მეკითხებოდენ, თუ რა მინდა ამ ბნელ პალატში, რა დაკარგვია იქ, მე კი ვსდუმდი. ამ ჩემს უცნაურ ფიქრებს და გატაცებას არავის ვუმხელდი, თვით ჩემს უსაყვარლეს ძიძასაც კი. ეს იყო ჩემი უდიდესი საიდუმლო, რასაც ვინახავდი ესოდენ სათუთად.
დღემდე ვერ ამიხსნია და სრულებით არ მახსოვს, თუ რა მიზეზებმა წარმოშვეს ჩემში ასეთი უცნაური ფიქრები. ალბათ, ვნახე რომელიღაც ეკლესიაში ფერად საღებავებით დახატული სამოთხე და ჯოჯოხეთი, ალბათ, გავიგონე სახარებასამოციქულოს კითხვის დროს ან ხშირად მოქადაგე გაბრიელ ეფისკოფოზისაგან სულის უკვდავებაზე, კეთილსა და ბოროტებაზე, ცოდვილის და ნეტარის შესახებ. ვნახე აგრეთვე ეკლესიაში ღრმად მოხუცნი, მიცვალებულნი, ვნახე სასაფლაო, საფლავნი, კუბო მიცვალებულით, თვით დასაფლავების პროცესი და ალბათ, ყველა ამათებმა დიდათ იმოქმედეს გრძნობიერ ბავშის გონებაზე. ეს კი ცხადია, რომ ასეთმა ფიქრებმა ღრმა კვალი დააჩნიეს ჩემს ზნეობასა და სულიერ არსებას.
ამ საღვთისმეტყველო ხუნდებში ვიყავ მოქცეული თითქმის 13 წლის ასაკამდე. ხშირად დავდიოდი ამ ასაკამდე ეკლესიებში, ვეზიარებოდი წელიწადში 2-3-ჯერ, ვმარხულობდი სასტიკად, ვითვისებდი კეთილს, ვბაძავდი ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში სათნო ადამიანებს და მტკიცედ ვასრულებდი ყოველივე მას, რასაც გვიკარნახებდა მართლმადიდებელი ეკლესია და მისი დოგმატები.
ამ უცნაურ ფიქრებს გარეშე მე ვიყავ ბავში ამ სიტყვის სრული შემეცნებით, ბავში თავის კარგი და ცუდი თვისებებით, ბავში წყნარი, კეთილი და მეტად გრძნობიერი, ხოლო იმავე დროს წუნია და ტირიაც კი, თუ რამეს მომცემდენ და მეცოტავებოდა თვალში, მაშინვე დავიწუწუნებდი და გავიბუტებოდი, ხანდახან ღრიალსაც კი მოვრთავდი, თუ ვინიცობაა მომაყენებდენ სიტყვიერ შეურაცყოფას „წყენიას“ სახელწოდებით. მაგრამ სწორედ ამ დროს გაჩნდებოდა ჩემი მფარველი ანგელოზი ანა ძიძას სახით, რომელსაც ჩავეკვროდი მკერდსა და ძუძუებში, ისიც დამიწყებდა კოცნას და დაყვავებას, ამოალაგებდა ჯიბიდან ჩემთვის მუდამ მალვით შენახულ ყველს, პურს, ბუბლიკებს, ხილს და ჩუმად მომაწოდებდა გასაჩუმებლად. მეც ხარბად დავეწაფებოდი ასეთ გემრიელ ნობათებს და შევწყვეტდი ტირილს. ერთი სიტყვით, მეტად ვუყვარდი და დიდად ვყავდი გასათუთებული ამ კეთილ ძიძას, ჩემსავით მას არ უყვარდა არცერთი ბავში. მახსოვს, 5-6 წლის ვიყავ, რომ ისევ მის ლოგინში ვწვებოდი ღამე და მის მკერდზე მეძინა ძუძუებში ხელჩაკიდებულს. ის იყო ჩემი მშობელი, ჩემი უსაყვარლესი დედა, მის მეათედ სიყვარულს არ ვგრძნობდი ჩემს ნამდვილ დედისადმი, რომელიც არ გვექცეოდა მანდამაინც ტკბილად მე და ჩემს უფროს დას ნადიას, ხოლო ჩემს უმცროს დას ლიუბას კი ეფერებოდა როგორც ნაბოლარას, ასათუთებდა და ანებივრებდა, რაც შურსა და სიძულვილს გვიძრავდა მისადმი ორთავე და-ძმას. ამავე დროს კი დედაჩემი მხოლოდ მე მიფიცებდა მართალზეც და ტყვილზეც: „სიმონი არ მომიკვდეს“, „ჩემს სიმონს გეფიცებით“ და სხ. ეს სიტყვები არ შორდებოდა მის ბაგეს ვისმესთან საუბრის დროს. ასეთი ფიცი კი მეტად მამშვიდებდა, მახარებდა და მაამაყებდა კიდეც. ვფიქრობდი: ალბათ, დედას ყველაზე უფრო მე ვუყვარვარ, რომ მხოლოდ მე მიფიცებს მეთქი და იმ დროს მეც მიყვარდა დედაჩემი.

ლიუბა ქვარიანი
ქუთაისი, 1890-იანი წლები
რაც შეეხება მამას, იგი ამ ჩემს პირველ ასაკის დროს არ მაგონდება კარგად. მახსოვს მხოლოდ, რომ ის იყო მეტად მაღალი ტანის კაცი, გამხდარი, თმა ჭაღარა, ჩოხა-ახალუხებში გამოწყობილი. თავზე ეხურა კაზიროკიანი შავი რუსული ქუდი, რაც სრულებით არ ეხამებოდა მის საკმაოდ ლამაზ სახეს და ქართულ სამოსელს. ვამჩნევდი, რომ იგი მიდიოდა დილით ქალაქში (ბაზარში) და იქიდან მოჰქონდა სხვა და სხვა სანოვაგე სადილ-ვახშმისთვის, რასაც ამზადებდა ჩემი ძიძა. იგივე აცხობდა თიხის წვრილ კეცებზე ჭადს დილა-საღამოს, ალაგებდა ოთახებს, რეცხდა თეთრეულს და უვლიდა ბოსტანსაც კი. ერთი სიტყვით, ანა ძიძა იყო მთელი ოჯახი, დედაჩემი კი თითქმის არაფერს აკეთებდა, გარდა ჭრა-კერვისა და სხვადასხვა ბრძანების გაცემისა. იგი იჯდა ტახტზე მოკეცით, როგორც ძველი დროის ქალბატონი და ათამაშებდა ხელში კრიალოსანს ან კითხულობდა წიგნს ზამთრის გრძელ ღამეებში. მას უმთავრესად უყვარდა „ვეფხის ტყაოსანი“, რომელსაც კითხულობდა ხმამაღლა, რაღაც თავისებური მომღერი ხმით, მას უსმენდა მთელი ოჯახი და ჩვენც, ბავშებიც ძიძასთან მიხურხლულნი, თუმც ბევრი არაფერი გვესმოდა, ამიტომაც იმ მომღერალ მონოტურ ხმაზე სამივეს მიგვეძინებოდა. მამაჩემს კი უფრო უყვარდა საგმირო ლექსები და პოემა-მოთხრობები, მაგ., როსტომიანი, ყარამანიანი, ვარშაყიანი, აკაკის თორნიკე ერისთავი და სხ.
ამ რიგათ ვიზრდებოდით ბავშები. ხანდახან კვირაობით სუფთად ჩაცმულნი დავყავდით ეკლესიაზე, უმთავრესად კათედრალურ ტაძარში, სადაც ხშირად წირავდა და ქადაგებდა მხცოვანი მწყემსი, მოძღვარი გაბრიელ ეფიზკოფოზი5. ხოლო კვირა საღამოობით კი იშვიათ შემთხვევებში წაგვიყვანდენ სადმე სტუმრად ან სასეირნოდ „ბულვარში“ (ქალაქის ბაღში). ბავშებს მუდამ გვახლდა ჩვენი განუშორებელი ანა ძიძა, დედაჩემსავით ქართულად თავდახურული და უზარმაზარ ხაბარდა6 ლაბადა-კაბაში გამოწყობილი. ასეთი უცნაური სამოსელი ეცვათ იმ დროს თითქმის ყველა ქალებს. ეს იყო იმ დროს სასტიკი მოდა და აბა, მოდას როგორ გაექცეოდნენ ევის სპათარნი!7 მოხუცი ქალები კი მეტწილად დადიოდენ თეთრ ჩადრებში გახვეულნი, ხოლო მოხუცი კაცები უმთავრესად ვაჭრები, გამოწყობილი იყვენ შავს ყუთმაჯებიან8, წვრილ სირმა მოვლებულ ჩოხებში (კაბაში).
ამ დროიდან ახლო ნათესავთა შორის მაგონდება ბეკო ბიძია (მამის ძმა), რომელსაც ჰქონდა რესტორანი ბალახვანის ქუჩაზე ქუთაისში და განთქმული იყო თავის კრივით. იგი მეტად იშვიათად მოდიოდა ჩვენსას, ხოლო მსხლობაზე გზავნიდა ხურჯინით ბიჭს, რომელიც აირჩევდა რომელიმე ხეს, ავიდოდა ზედ, დაარხევდა, ზოგს დაკრეფდა კიდეც ხელით, გაავსებდა ხურჯინის ორივე თვალს და წაიღებდა. მაგონდება კარგად მაღალი, ნაყვავილევი ქალიდეიდა პელაგია თავის მოხუცი ქმრით მანუჩარით და ერთადერთ ვაჟით, პატარა მიშათი და აგრეთვე დიდედა (დედის დედა) ელისაბედ ბაქრაძის ქალი, ძველი ქალბატონი, რომელიც მუდამ მოკეცით იჯდა ტახტზე თავის ძველს პაწია სახლში ყოფ. გაგარინის ქუჩაზე ებრაელთა უბანში და თან ახლდა თავის განუშორებელი მოხუცი მოახლე „მამისეულა“, მისი ნათლობის სახელი იყო მარიამი, მაგრამ ამ სახელის დაძახებას აბა ვინ აღირსებდა იმ უბედურს! აქვე ცხოვრობდა გაუთხოვარი დეიდა ჩვენი მართა, მეტად წყნარი და კეთილი ადამიანი. მახსოვს, რომ ამ ჩვენს დიდედას (ბებიას) შიშით და კრძალვით მივუახლოვდებოდით ბავშები და ვემთხვეოდით გამოწვდილ ხელზე, ხოლო იგი გაგვაბედნიერებდა შუბლზე ან ქოჩორზე ამბორით და ხილის ან ტკბილეულის მოცემით.
ასე და ამ წესით მდინარებდა ჩვენი ბავშობის ოქროს ხანა სასკოლო ასაკამდე, ხანა უმანკო, მზიური, მთელ ჩემს ცხოვრებაში უტკბესი და საამო მოგონებანით აღსავსე.
____________________
1. თუთა.
2 .ქლიავი.
3. თეთრი ბლის ჯიში.
4. ტალავერი ბოძებით აგებული საჩრდილობელი, რომელზეც ვაზია გაშვებული; მევენახეობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა.
5. ეპისკოპოსი.
6. განიერი კაბა, რომელსაც დატანებული ჰქონდა ფოლადის მავთულები; კრინოლინი.
7. ევას ლაშქარი.
8. ჩოხა-ახალუხის სახელოს მოქარგული ნაწილი.
![]() |
2 II. რუსული გიმნაზია |
▲ზევით დაბრუნება |
6 ½ წელს რომ გადავცდი, დედამ დამაწყებინა ქართული წერა-კითხვა, რაც მალე შევისწავლე, ხოლო განსაკუთრებითი ნიჭი გამოვიჩინე ლექსების გაზეპირებაში. შემდეგ კი, გიმნაზიისათვის მოსამზადებლად მიმაბარეს კერძო მასწავლებელსმიხეილ ივანეს ძე კალანდარაშვილს, რომელიც ახლაც ცოცხალია და ახლაც მეტად მსიამოვნებს მისი ნახვა. იგი იმ ხანებში ცხოვრობდა დეიდაჩემის სახლში ყოფ. ივანოვის ქუჩაზე და ჰყავდა 8-10 მოწაფე. როგორც ასაკით, ისე ტანით იმ შეგირდებს შორის ყველაზე პატარა მე ვიყავ. მაგრამ ვსწავლობდი ბეჯითად, ხალისით, თანაც მქონდა კარგი მეხსიერება და გულისყური. მასწავლებელი ბ-ნი მიხეილი აღტაცებული იყო ჩემით და დანარჩენ მოწაფეებს უთითებდა ჩემზე, როგორც სამაგალითო ბავშზე. იგი მეცადინობის დროს ხანდახან წამოიძახებდა რუსულად: „ვინ არის დიდი კაციო“; „მე“ - მივაძახებდი მაშინვე რუსულად, რაც მეტად ახარებდა მას, ხოლო ასეთი რამ ჩემდამი შურით ავსებდა სხვა შეგირდებს. ბ-ნი მიხეილი იმ ხანებში, როგორც უცოლო კაცი, სადილობდა ქალაქის ბაღის პირდაპირ, ერთ დიდ რესტორანში, სადაც წამიყვანდა ხანდახან და გამიმასპინძლდებოდა უშველებელი ფუნთუშით და მეტად გემრიელ კატლეტით, რომელსაც დიდი სიამოვნებით გიახლებოდი ხოლმე.
აი, ამ პატივცემულ მასწავლებელმა მომამზადა 3 თვეში გიმნაზიის უმცროს მოსამზადებელ კლასისთვის.
ძლიერ კარგად მახსოვს, აგვისტოს მიწურული იყო ძველი სტილით, ატმობა, ლეღვობა და ყურძნობა. ერთ შვენიერ დილას გამომაწყვეს სუფთად, ჩამიწყვეს აბგაში წიგნ-რვეულები; მამამ ჩამკიდა ხელი და წამიყვანა ქალაქში, შემიყვანა ერთ დიდ შენობის ალაყაფის კარებში რიონის პირად, სადაც ვრცელ ეზოში იდგა უზარმაზარი ჭადარი, თვით ეზო კი გაჭედილი იყო ფორმასა და ხალათში გამოწყობილი დიდი და პატარა მოწაფეებით, რომლებიც უცნაურად ირეოდნენ ერთმანეთში, ზოგი ხტოდა, ზოგი გიმნასტიკას1 თამაშობდა, ზოგიც ჩხუბობდა და სხ.
მამამ მანახა ლურჯ, გაცრეცილ სერთუკში გახვეული ვიღაც მოხუშული სახის მოხუცი, რომლის მეოხებით შევედით ერთ ვრცელ ოთახში, სადაც იყვნენ მრავალი ბავშები თავიანთ მშობელ-ნათესავებით. აქვე იყო რამდენიმე რუსი მასწავლებელი, მათ შორის მარცხენა მხარქვეშ ჯოხამოდებული და ფეხ აკაკვული, ბოროტი სახის არსება, რომელთანაც მიმიყვანეს შიშით აძაგძაგებული ბავში. იგი მომიბრუნდა მრისხანე სახით, ამხედ-დამხედა, დაიჭყანა უცნაურად და მკითხა რუსულად გვარი და სახელი, რაზედაც ვუპასუხე. შემდეგ გადაშალა რუსული სახელმძღვანელო უშინსკის „როდნოე სლოვო“2, წამაკითხა რომელიღაც ადგილი და მომაყოლა წაკითხულის შინაარსი. შემდეგ დამაწერია ცარცით ხის შავ დაფაზე რაღაც სიტყვები. შევატყვე, რომ ჩემი წაკითხვით და წერა-პასუხით ეს კოჭლი უჟმური დარჩა კმაყოფილი და ამან უფრო გამათამამა. შემდეგ მკითხა არითმეთიკიდან ოთხი მოქმედება და დამაწერინა დაფაზე ციფრები, რადგან ბუნებრივი ნიჭი მქონდა მათემათიკაში და კარგადაც ვიცოდი, ამიტომ ჩემმა სწორმა და გაბედულ პასუხმა გააკვირვა კიდეც. უჟმურმა გაშალა მოღუშული წარბები, დამიქიცინა თავი და გამიშვა. გახარებულმა მივირბინე იქვე მდგომ მამასთან, მისმა ყოფილმა მასწავლებელმა, ნიკო აბულაძემ (ზემოხსენებულმა მოხუცმა) მიულოცა ჩემი მიღება. ამ „ბედნიერ“ დღიდან შევიქენ ქუთაისის რუსულ კლასიკურ გიმნაზიის მოწაფე, რამაც ფრიად გაახარა ჩემი მშობლები და მეტადრე კი, ჩემი ანნა ძიძა. ამ დღიდან მომემატა პატივი და ყურადღება შინ და გარეთ.
მეორე დღიდანვე შევუდექი სწავლას გიმნაზიაში. მასწავლებლად იყო რუსულ ენასა და ანგარიშში ზემოთქმული კოჭლი უჟმური რუსი. იგი მეტად მკაცრად გვეპყრობოდა და გვცემდა კიდეც შეგირდებს, ქართველებს. წერის მასწავლებლად იყო ფრიად მოხუცი მაისურაძე, ხოლო საღვთო სჯულსა და ქართულ ენაშიუზარმაზარი მოხუცი მ. ნიკოლოზ ქუთათელაძე, თავზე დეკანოზის კოთხოთი და მკერდამდე დაფენილი თეთრი წვერით. ამ ხუცესს ყველანი ვეძახდით „ბატონს“. ორი წლის განმავლობაში ამ „ბატონს“ არაფერი უსწავლებია ჩვენთვის ქართულ ენაში. მის გაკვეთილზე იყო მუდამ საშინელი ღრიანცელი და აურზაური. ესენივე იყვნენ უფროს განყოფილების მასწავლებელნიც, ხოლო ორივე განყოფილება მოთავსებული იყო ერთ დიდ ოთახში რიონის პირად, სადაც პირველად დამაჭერიეს გამოცდა.
რადგან შორს ვიდექ და საათიც არ გვქონდა ოჯახში, ამიტომ დაგვიანების შიშით ადრე ვდგებოდი და თითქმის ყველაზე ადრე მივდიოდი გიმნაზიაში. ზამთარში კი დიდი თოვის დროს მამა მომიკოტრებდა ზურგზე, გამატარებდა გრძელ ბაღს, ებრაელების სასაფლაოს და გამიყვანდა პოლიციის ქუჩაზე (ახლა მას ეწოდება ჯაფარიძის ქუჩა).
აქვე ჩვენს ეზოსა და ებრაელების სასაფლაოს საზღვარზე იყო ტყე, ასეთივე ტყე იყო გადაღმით საფიჩხიისკენ და ამ ტყეებში ზამთრობით მამა ჰკლავდა კურდღელს, რაც დიდ სიხარულს იწვევდა ჩვენ ბავშებში.
ჩემს ამხანაგთა შორის, ორივე განყოფილებაში საკმაოდ იყვნენ მაღალი ტანის მოწიფული 18-20 წლის ვაჟები, რომელთაც სამჩნევად შეღერებოდათ წვერ-ულვაში. რადგან მე ყველაზე პატარა ვიყავ ხნითაც და ტანითაც, ამიტომ დაჯაბნული ვყავდი ამ დიდ ვირუკებს. ისინი ამიყვანდენ ხშირად ხელში პაწია ბავშივით და მარბენიებდენ ან მაბურთავებდენ კიდეც. ამიტომ დასვენების დროს გავურბოდი მათ, მივიყუჟებოდი სადმე კუთხეში და ვკითხულობდი წიგნებს, ან ვეძლეოდი ჩემს საყვარელ ფიქრებს ღმერთსა და საიქიოზე. ამავე დროს სხვა შეგირდები დახტოდენ ფართო ეზოში, თამაშობდენ ბურთს, ათურმას3, გიმნასტიკას და ერთობოდენ. არა ერთხელ ავუგდივარ ზეზე მოწაფეთა ზედამხედველს, ნ. აბულაძეს ან პეტლიარსკის ამ სიტყვებით: ყმაწვილო, რას უზიხარ მანდ ჭირიან ქათამივით! ადე, გაერთე ამხანაგებთან თამაშობითო. მეც ვდგებოდი, გამოვიცვლიდი ბინას და უმთავრესად მივეცემოდი ისევ ფიქრებს, სანამ არ დარეკავდენ სამეცადინოდ. ხანდახან ვვარჯიშობდი გიმნასტიკაშიაც.
სიპატარავის გამო მე და ჩემსავით პაწია შეგირდები ვისხედით წინა პარტებზე4 და ბეჯითად ვუსმენდით მასწავლებელთ, მათ მიერ გაკვეთილების ახსნას. ხოლო დიდრონი მოწაფენი ისხდენ უკან და ლაზღანდარობის მეტს არაფერს აკეთებდენ. მათი მეოხებით კლასში მუდამ იყო ხმაური, რაც იწვევდა მასწავლებელთა გაბრაზებას და ცელქი შეგირდების დასჯას კუთხეში დაჩოქებით, ხელზე სახაზავის დარტყმით, ყურის მოწევით, გარეთ გაგდებით და ზოგ შემთხვევაში „კარცერში“ ჩაგდებით და უსადილოთ დატოვებით. გიმნაზიაში ჩემს დროს გამეფებული იყო „როზგიც“ (წკეპლით ცემა უკანა რბილ ნაწილზე), ამას მიმართავდენ მოწაფის რაიმე დიდ დანაშაულის დროს. ასეთ პირს ხშირად უწერდენ ყოფა-ქცევაში ორს, აჯილდოებდენ მგლის ატესტატით5 ან აგდებდენ გიმნაზიიდან. მას არსად იღებდენ, ამ ატესტატის გამო რჩებოდა უსწავლელი და ხშირად იღუპებოდა. უმცროს მოსამზადებელ განყოფილებიდან დაწყებული ყველა საგნებს (გარდა ქართულისა) გვასწავლიდენ ჩვენთვის სრულიად უცხო და გაუგებარ რუსულ ენაზე. ამიტომ ქართველ შეგირდებს მდაბალ კლასებში, სანამ საკმაოდ შევისწავლიდით რუსულ ენას, მეტად გვიჭირდა მეცადინეობა და გვჯობნიდენ რუსის ბავშები, გარდა მათემათიკისა, რომელშიაც ხშირად გვქონდა უპირატესობა, ხოლო 3-4-ზე კლასიდან თითქმის ყველა საგნებში პირველობა გვრჩებოდა ქართველთა, რადგან ჩვენ ბევრად უფრო ნიჭიერი და ბეჯითი ვიყავით, ვინემ რუსები.
მასწავლებელთა შორის დიდი უმეტესობა იყვნენ რუსები, რომლებიც მკაცრად და უსამართლოდ გვეპყრობოდენ ქართველებს, ხოლო რბილად და თავაზიანად რუსის ბავშებს, რაგინდ კარგათ გვცოდნოდა გაკვეთილი, 3 ან 4-ზე მეტს არ დაგვიწერდენ, რუსებს კი სუსტად ცოდნისათვისაც კი კარგ ნიშნებს უწერდენ. ქართველები აშკარად ვამჩნევდით ამ უსამართლობას და ბოღმით გვევსებოდა გული.
ჩვენს გიმნაზიაში, ისე როგორც ყველა რუსეთ-კავკასიის სასწავლებელში გამეფებული იყო ერთგვარი რუტინა, ანტიპედაგოგიური მეთოდები, შიში და ყაზარმული მოპყრობა. მოწაფის პიროვნება იყო ფეხქვეშ გათელილი მასწავლებლის, კლასის დამრიგებლებისა და მეტადრე ინსპექტორის მიერ. ჩვენი დირექტორი სტაიანოვი ხომ იყო განხორციელებული რისხვა და მეხი. მის წინ ვერხვის ფოთოლივით ცახცახებდნენ არამც თუ მოწაფენი, თვით მასწავლებელნიც კი. ამიტომ ამ სტაიანოვს მოწაფენი მეტსახელად ვეძახოდით ჭექა-გრუხუნის ღმერთს ზევსს, ელინთა მითოლოგიიდან მთავარს (ღმერთს).
იმდენ მასწავლებელთა შორის ჩემი პატივისცემა დაიმსახურეს მხოლოდ ორმა: ერთი იყო მათემატიკის მასწავლებელი ელჩიკოვი, მეორე კი, ისტორიის მასწავლვებელი სისო ღოღობერიძე. ორთავენი იყვნენ მცოდნე, სამართლიანი და კეთილი ადამიანები.
ჩვენთვის უცხო რუსულ ენას პირველ კლასიდან დაერთო ლათინური, მეორედან ფრანგული ან გერმანული (არჩევით), მესამედან ბერძნული და მეოთხედან სლავიანური. ეს იყო ბაბილონის გოდოლის ნამდვილი ენათა აღრევა და წამების გოლგოთა, მეტადრე ქართველ მოწაფეთათვის. კლასიკურ გიმნაზიაში გაბატონებული იყო ლათინურ-ბერძნული, ეს ცხოვრებაში თითქმის სრულიად გამოუდეგარი მკვდარი ენები, რომელთაც გვასწავლიდენ ყოვლად უვარგის მეთოდით, ბუნდოვან „ექსტემპორადებით“, უაზრო ზეპირობით და სხ. ამრიგად უნაყოფოდ ინთქებოდა უამრავი დრო და ენერგია. ილაყებოდა ნორჩი ტვინი, ისეტყვებოდა ფხიზელი გონება და შემოქმედება. ბედნიერი იყო ის, ვისაც ჰქონდა ზეპირობის ნიჭი, უნარი. ასეთი შეგირდები, თუნდაც სხვაფრივ ყოვლად უბადრუკნი, ითვლებოდენ პირველ მოწაფეებად და სიმწიფის ატესტატთან ერთად იღებდენ ოქროსა და ვერცხლის მენდლებს. ამავე დროს კი, სრული უბედური და განწირული იყვენ ის ნიჭიერი ახალგაზდები, რომელთაც არ ხიბლავდენ და სძულდათ კიდეც ეს გამოუდეგარი მკვდარი ენები და ეძებდენ თავის ფხიზელ გონების საზრდოს სულ სხვა დარგებში, მაგ., სერიოზული წიგნების კითხვით გონების განვითარებაში და სხ. ასეთი მოწაფენი ვერ ეთვისებოდენ გიმნაზიის ბნელ რუტინას და ანტიპედაგოგიურ ჩარჩოს და აგრეთვე ვერც გიმნაზიის პედაგოგიური შემადგენლობა ეგუებოდა მათ. ასეთი ნიჭიერი და ფხიზელი ახალგაზრდები მეტ შემთხვევაში იძულებული ხდებოდენ, გამოსულიყვენ მეხუთე-მეექვსე კლასიდან უატესტატოდ და დარჩენილიყვენ უდიპლომოდ, ხოლო შეევსოთ თავის სწავლა წიგნების კითხვით, თვით-განვითარებით, ან მომზადებულიყვენ, დაეჭირათ ექსტერნად6 რვა კლასის გათავების გამოცდები და წასულიყვენ უნივერსიტეტში ნამდვილ სტუდენტად, ან თავისუფალ მსმენელად. ასე მოიქცა ამ სტრიქონების დამწერიც, ამაზე კი შემდეგ მოგახსენებთ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ცარიზმის დროს საქართველოს ფარგლებში არსებულ ქალ-ვაჟთა საშუალო სასწავლებლებში ქართულ ენას ჰქონდა დათმობილი უკანასკნელი ადგილი. მას ასწავლიდენ მხოლოდ მოსამზადებელ კლასებში და მასწავლებლად იყვანდენ განგებ ან გამოყრუებულ მოხუცებს, როგორიც იყო მაგ., ჩვენი „ბატონი“ დეკ. ქუთათელაძე, ან სრულიად უვიცებს, როგორიც იყო წმ. ნინოს „ზავედენიის“7 ქართული ენის მასწავლებელი (გვარი არ მახსოვს). ასეთი „პედაგოგები“ კი შეგირდებს აბუჩად ყავდათ აგდებული და სრულიად არაფერს სწავლობდენ. ამ სახით გიმნაზიის კედლებს შორის ქართულ ენაში მე შემრჩა მხოლოდ ის ცოდნა, რაც 6 წლის ბავშს პირველ დაწყებითად მასწავლა დედაჩემმა. საქართველოს ისტორია-ლიტერატურის და საერთოდ ჩვენი ერის კულტურის შესახებ ხომ არავითარი გაგება არ გვქონდა. ყოველივე ეს ჩვენთვის იყო სასტიკად აკრძალული ხილი. რაღაც დაკარგული ავსტრალია-პოლინეზიაზე და ველურ ზულუს-პაპუასებზე ასწილ მეტი ვიცოდით, ვინემ ჩვენს ერსა და სამშობლოზე. ან რავა შეიძლებოდა ქართველ ერსა და საქართველოზე ფიქრი იქ, სადაც გამეფებული იყო ყოველივე რუსული და სადაც გიმნაზიის დირექტორიდან დაწყებული უბრალო დარაჯამდე მედგრად მისდევდენ გარუსების პოლიტიკას და ცდილობდენ აღმოეფხვრათ „ველურ ტუზემცებში“8 (ასე გვეძახდენ ქართველებს რუსები), ე.ი. ჩვენს ქორფა გრძნობა-გონებიდან ქართულ ენასთან ერთად ყოველივე ქართული, მემკვიდრეობით შთანერგილი ზნე-ჩვეულება და ადათები, ამავე დროს კი სწადდათ, ვექციეთ გონებაჩლუნგ მონებად და მორუსულო ტიკინებად9, რომელნიც ცხოვრებაში ხდებოდენ რუსის მეფის ერთგულნი და ცარიზმის ყურმოჭრილი მონა-მოხელენი (ჩინოვნიკები), თფილ სამსახურსა და ჯილდო-ჩინ-ორდენებზე მეოცნებენი... ამრიგად, ვაი იმ ქართველ მოწაფეს, თუნდაც დიდ ნიჭიერს, ვინც კარგათ ვერ ლაპარაკობდა რუსულად, მეტადრე კი, ვისაც არ ჰქონდა წმინდა რუსული გამოთქმა! ასეთი მოწაფე საეჭვოთ იყო მიჩნეული და წინდაწინ განწირული დასაღუპავად გიმნაზიის ადმინისტრაციის მიერ. ასეთები კი იყვნენ ქართველ მოწაფეთა უმეტესობა, ხოლო ბედნიერი იყვნენ ის ქართველი მოწაფენი, რომელთაც ოჯახური პირობანი უწყობდენ ხელს და ამის გამო კარგად ლაპარაკობდენ რუსულს. ასეთი მოწაფე, თუნდაც უნიჭო და ზარმაცი მიჩნეული იყო კეთილსაიმედოთ და სიმწიფის „პატენტით“, ე.ი. ყოვლად შემძლე ატესტატით უზრუნველყოფილი.
ჩემსობას მოხდა ასეთი კურიოზი: ერთს ქართველ, მეშვიდე კლასის მოწაფესი. ჩ.-ს, რუსული ენის კარგად მცოდნეს, მეტადრე საუცხოოდ გამომთქმელს, დასვენების დროს ეკითხება დირექტორი, მითხარი, ჩ-ნო, სად ისწავლე ეგეთი კარგი რუსული და სწორი გამოთქმაო. წვერ-ულვაშიანი მოწაფე დაიბნა რისხვა სტაიანოვის ამ მოულოდნელ შეკითხვაზე და გაწითლდა ჭარხალივით. იგი სდუმდა ერთხანს, მისი ამხანაგები კი ამ დროს შორე-ახლოდან იღიმოდენ ჩუმად, რადგან კარგათ იცოდენ, თუ სად ესწავლა მას ეს საუცხოვო რუსული გამოთქმა. დირექტორის მიერ მაღალი ტონით ხელმეორეთ შეკითხვაზე ი. ჩ-მა უპასუხა: ბლომად ვკითხულობ რუსულ წიგნებს, მეტადრე კი რუსის მოხელეთა და მათ ოჯახის საზოგადოებაში ვტრიალებ და მათგან ვისწავლეო. ამ პასუხმა სავსებით დააკმაყოფილა დირექტორი, მოეწონა ძლიერ და შევიდა თავის სენაკში (კაბინეტში). ხოლო დამსწრე ამხანაგებმა გამართეს საშინელი სიცილ-ხარხარი.რას იცინით, თქვე ოხრებო!შეუტია ი. ჩ.-მა, რომელიც იწმენდდა შუბლიდან სიმწრის ოფლს,აბა, რა უნდა მეთქვა? ხომ ვერ ვეტყოდი, რუსული ენა და გამოთქმა ბარბალეს ბარდელში ვისწავლეთქო!
პირადათ მე საკმაოდ ვსუსტობდი რუსულ ენაში, რადგან შინ ყველანი ქართულს ლაპარაკობდენ. აგრეთვე ქართული ენა იყო გაბატონებული ჩემს მეზობლებსა და ნათესავებში. ამ რიგათ რუსულ ენაში არ მქონდა არავითარი პრაქტიკა. ამხანაგებსაც კი, მხოლოდ კლასში (გიმნაზიაში) ვნახულობდი და იქაც მეტწილად ქართულად ვსაუბროდით. ამის გამო რუსულის სწავლა მეტად მიჭირდა, მარა კარგი მეხსიერების გამო ვძლიე. სულ სხვა იყო ლათინურ-ბერძნული და სლავიანური. ეს მკვდარი ენები თავიდანვე შემძულდა ალბათ ცუდი მეთოდების გამო და მეტადრე როცა გავიგე, რომ ისინი მკვდარი ენებია და არავინ ლაპარაკობსო მასზე. ამიტომ ამ ენებს ვსწავლობდი უგულოდ და ამის გამო მდარე ნიშნებიც მქონდა მათში. მეტად შემიყვარდა ფრანგული ენა თავის კეთილ გამოთქმისა და მოქნილობის გამო, ხოლო უხეირო მასწავლებელთა უვარგისი მეთოდების წყალობით ბევრი ვერაფერი გამოვიტანე გიმნაზიიდან ამ ენის შესწავლის მხრივ. გერმანულს კი არ ვსწავლობდი გიმნაზიაში, რადგან არ იყო სავალდებულო (ან ფრანგული, ან გერმანული, არჩევით) და მეც აღარ შემეძლო ზედმეტი ტვირთის ზიდვა.
სამაგიეროდ, მეტად მეადვილებოდა მათემათიკური საგნები, არითმეტიკა, ალგებრა და გეომეტრია. ამ საგნებში, თუ რა იყო სიძნელე, არ ვიცოდი. ამიტომ მათში მუდამ კარგი ნიშნები მქონდა და ხშირად დაბალ კლასელი ადვილად ვაკეთებდი მაღალ კლასებში მოცემულ ამოცანებს. მაგრამ, სამწუხაროდ, მათემატიკის საგნებს არ ექცეოდა ისეთი ყურადღება, როგორც ზემოაღნიშნულ მკვდარ ენებს, ამიტომ ჩემს ნიჭს ამ დარგში მეტად ნაკლები დაფასება ჰქონდა აღნიშნულ გიმნაზიაში, სადაც „ზუბრიაკები“10 პირველობდენ. ეს კი იყო, რომ როგორც ღარიბს და გვარიანად მოსწავლეს, მანთავისუფლებდენ სწავლის ქირისაგან.
__________________
1. Гимнастика (რუს.) - ტანვარჯიში.
2. «Родное слово» (რუს) - „დედა ენა“, დაწყებითი კლასების სახელმძღვანელო რუსული ენის შესასწავლად. დაიბეჭდა 1864 წელს კონსტანტინ უშინსკის ავტორობით.
3. თავზე გადახტომა.
4. парта (რუს.) - სკოლის მერხი.
5. საბუთი, რომელსაც აძლევდნენ სასწავლებლიდან ცუდი ქცევის გამო გარიცხულ მოწაფეს.
6. მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დამოუკიდებლად ათვისება.
7. заведение (რუს.) - დაწესებულება.
8. туземец (რუს.) - ადგილობრივი მცხოვრები, ნაკლებად განვითარებული ქვეყნის ან კოლონიის მკვიდრთა აღმნიშვნელი დამამცირებელი ტერმინი.
9. თოჯინა.
10. зубрить (რუს.) - გაზუთხვა, დაზეპირება შინაარსის გაგების გარეშე.
![]() |
3 III. ჩემი მშობლები |
▲ზევით დაბრუნება |
ამ სახით გადიოდა ჩემი ყმაწვილობის დრო, მეტად ზლაზვნით, უგემურად და უფერულად. შინ სიღარიბე და ნივთიერი შევიწროება, გიმნაზიაში კი, უხეშად მოხვეული მკვდარი და ცოცხალი უცხო ენები, ყაზარმული რეჟიმი და მასწავლებელთა დიდი უმეტესობის სიმკაცრე. სიტლანქე და უსამართლობა... დიახ, უსამართლობა, რასაც ისე მწვავედ გრძნობდა ჩემი სულიერი არსება...
მამაჩემი ალექსი ქვარიანი იყო მესამე კლასიდან გამოსული, ადრე დაობლებული და ყმაწვილობიდანვე აფხაზეთს გადახვეწილი ბიძამის დავით ქვარიანთან. იქ ის ასრულებდა ბიძამისის სხვა და სხვა დავალებებს და მცირე ხანს კიდეც იღებდა მონაწილეობას როგორც მოხალისე იმ დროს მომხდარ აფხაზეთის ომებში აჯანყების1 წინააღმდეგ, რის გამო მამაცობისთვის იყო კიდეც დაჯილდოებული რუსის მთავრობის მიერ იუნკერის2 ჩინით, წმ. გიორგის ჯვრით3 და სხვა და სხვა მენდლებით. მამა დიდი პათოსით აგვიწერდა ხოლმე ომის ამბებს და რუსის ჯარის სიმხეცე-ველურობას, თუ როგორ ჟლეტდენ თოფ-ზარბაზნებით აფხაზეთში შვიდობიან მოსახლეობას და რარიგ ანადგურებდენ მათ სოფლებს და ქონებას. ეს ამბები საშინლად მოქმედობდა ჩემზე, მაძულებდა რუსებს და მათ მთავრობას, ხოლო იმავე დროს მაყვარებდა მაინ რიდისა და მის მსგავს ავტორთა რომანების კითხვას და განსაკუთრებით 12 კარიან „ყარამანიანს“, რასაც გატაცებით ვეწაფებოდი 11-12 წლის ყმაწვილი. ყარამანიანის ხმამაღლად კითხვა მეტ წილად ხდებოდა ზამთრის გრძელ საღამოებში ცეცხლით მოგიზგიზე ბუხართან, სადაც შევიკრიბებოდით ვახშმობამდე მთელი ოჯახი. მკითხველი ვიყავ უმთავრესად მე. მამა ჩემი სმენად იყო ქცეული, ხოლო დედა ჩემს არ უყვარდა ეს ცხრა თავიან დევებით, 60-80 მწყრთა4 სიმაღლე ფალავნებით და ამგვარ უცნაური ზღაპრებით სავსე ომის ამბები და სამართლიანად უპირატესობას აძლევდა პრ. დ. ჩუბინაშვილის ქრისტომატიაში დაბეჭდილ უკვდავ შოთას დიდებულ „ვეფხის ტყაოსანს“, რომელსაც კითხულობდა იგი რაღაც თავისებურ მოსიმღერო გაგრძელებით. მაგრამ მე და მამაჩემს იმდენად არ მოგვწონდა იგი და გვიტაცებდა ყარამანის და მის ძმობილთაყაირანის, ბარამჯიბილის, გარაქეშანის, ხოსროვშირის და სხვათა გმირული ეპოპეია.
გადავცდი მიზანს. ჩვენი ღარიბი ოჯახის არსებობის წყაროს შეადგენდენ ორი საყანე ადგილი ტყით სოფ. გოდოგანსა და ოდილაურში (ციხია) და თვით ქუთაისში 4 ქცევა5 ბაღი, აგრეთვე სახლთან გადაღმა ადგილებით. ყანებს მამაჩემი აძლევდა ადგილობრივ გლეხებს სიმიდის სათესადსამესამედოთ, ე.ი. ორი წილი მიჰქონდათ მოზიარე გლეხებს, მესამედს კი აძლევდენ მამაჩემს. მათვე უნდა მოეზიდათ ჩვენთან ჩვენი წილი სიმიდი, ჩალა, კვახი და ლობიო. წინა დღით მეყანეები გვაცნობებდენ სიმიდის მოწევას და მამაჩემიც მეორე დილით ადრე გასწევდა ყანისკენ ცხენით, რომ დასწრებოდა სიმიდის ტეხას და გაყოფას. არა იშვიათად მამა შემომიჯენდა ზურგს უკან ცხენზე და წამიყვანდა ყანაში სიმიდის ტეხაზე. ეს კი ჩემთვის იყო უდიდესი სიამოვნება, რადგან იქ მელოდა ჭყინტი სიმიდი, ხილი და გემრიელი სადილი, საღამოს ვაშლებით და ჭყინტი სიმიდით სავსე ხურჯინით და რამდენიმე ხაჭაპურით დავბრუნდებოდით შინ (ჩვენს ყანაში იდგა ვაშლის ხეები).
თვით ჩვენს ეზოში კი (ქუთაისში) გვქონდა, როგორც აღვნიშნე, ხეხილის შესანიშნავი ბაღი, ვენახი და ოჯახისთვის საჭირო ბოსტანი. ამათ ამუშავებდა თვით მამაჩემი მოჯამაგირე ბიჭით, რომელიც იმავე დროს გვიზიდავდა ვირით წყალსა და შეშას. ხეხილებში ჭარბობდა მსხალი (30 უზარმაზარი ძირი) და ამ მსხალს ყიდდა მამაჩემი ბითუმად (მოდიოდენ ტფილისიდან მეხილეები, თვითონვე კრეფდენ და მიჰქონდათ ყუთებით) და იღებდა დაახლოებით 200 მანეთს (რაც საგრძნობ დახმარებას აძლევდა ჩვენს ოჯახს, სხვა ხილს კი არ ვყიდდით, რადგან ასეთი რამ სირცხვილად იყო მიჩნეული ოჯახში). და ამოდენა ხილით (ალუჩა, ტყემალი, ვაშლი, ქლიავი, ბია, ლეღვი, კორკიმელი, წაბლი, თხილი, სხმარტლი და სხვ.). აგრეთვე ოჯახისთვის გადარჩენილი გაუყიდავ მსხალით, თვით ჩვენს გარდა სარგებლობდენ უფასოდ მთელი ჩვენი მეზობლები და ნათესავები, რომლებიც გზავნიდენ შვილებს ან მოჯამაგირე ბიჭებს უზარმაზარ კალათებით და მიჰქონდათ უხვათ.
ეზოშივე გვქონდა ხეებქვეშ სამყურა ნარევი შვენიერი კოინდარი, სახლის წინ მაისის ვარდები და ბოსტანში კიდევ სხვა და სხვა ყვავილები.
გარდა ამისა, მამას და ბიძაჩემს ჰქონდათ საზიაროთ აგრეთვე შუა ბაზარში ყაფანთან6 ერთი ფურნე და ერთი დუქანი, რომლებიდან იღებდენ ქირას წლიურად 500 მანეთამდე და ეს შემოსავალი დიდ შეღავათს აძლევდა ჩვენს ოჯახს. მაგრამ შეშურდა ეს მამაჩემის ახლო ნათესავს (კ. ქ-ნს), მეტად ბოროტ ადამიანს და მან შეითანხმა ბიძაჩემი ბეკო და მოაწყო ისე, რომ საჯარო ვაჭრობით გაიყიდა ეს ჩვენი ზიარი ფურნე-დუქანი და საქმეც მოეწყო ისე, რომ მამაჩემის ხვედრი ფული2600 მანეთი დააკავა ყადაღას დაკვრით ა/კ. „პრიკაზმა“7. ამრიგად, სამუდამოთ წაგვერთო ეს ლუკმა, რამაც დიდ შევიწროებაში ჩააგდო ჩვენი ოჯახი. ეს ამბავი მოხდა კიდევ იმ დროს, როცა მე ძლივს ვიყავ 6-7 წლის.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ როგორც მთელ გვარში, ისე თვით ქუთაისის მცხოვრებთა შორის ჩემი მამა და ბიძა განთქმული იყვნენ თავის ძალ-ღონით, სისწრაფით და ვაჟკაცობით. მამაჩემი იყო უმთავრესად საუკეთესო მოჭიდავე, ბიძაჩემი კი იშვიათი მოკრივე. ბეკო ქვარიანის კრივი განთქმული იყო მთელ ქუთაისში. ერთხელ თურმე მამასა და ბიძაჩემს ქეიფის დროს რაღაც სამიკიტნოში მოსვლიათ ჩხუბი ქუთაისის გუბერნატორ მალაფეევის მოსამსახურე პირებთან 15 კაცთან და ამ ორ ქვარიანს საშინლად უცემიათ იმ 15 კაცისათვის. ესენი დაბეჟილ-დაბეგვილი გაქცეულან საჩივლელად გუბერნატორთან, ქვარიანებმა გვცემესაო. ამ ამბით გაფიცხებული მალაფეევი შეკითხებია მათ: რამდენი კაცი იყვნენ თქვენი მომრევიო? „ორი ძმა, ალექსი და ბეკო ქვარიანიო“. „თქვენ კი რამდენი იყავითაო?“ „ჩვენ 15 კაცამდე ვიყავითო“. „მერე ორმა კაცმა 15 კაცს გცემათ და სირცხვილით კიდევ ხმას იღებთო?! წადით, დაიკარგეთ, თქვენ ძაღლო-მამაძაღლებაო და თვალით არ დამენახოთაო“, დაუბაკუნა ფეხები განრისხებულმა გუბერნატორმა და გაჰყარა გარეთ.
ამათზე მეტი ვაჟკაცობა ჩაუდენია თურმე ბაბუა ჩემს, სიმონ ქვარიანს. იგი დროგამოშვებით დადიოდა ქუთაისიდან ტფილისში ცხენით რაღაც საქმეებზე (რადგან იმ დროს რკინის გზა არ არსებობდა). ერთჯერ ზამთრის დასაწყისში ბაბუაჩემი ჩასულა ტფილისში ანუ ქალაქში, რასაც ეძახდენ და ბევრი დღესაც ეძახის ტფილისს. მიუახლოვდა თუ არა სომხების ბაზარს, ჩამოხტა ცხენიდან და ქვეითად გაუდგა გზას დასადავებულ ცხენით. ხედავს, ყველა დუქნები დაკეტილია და ბაზარსა და ქუჩებში არ ჭაჭანებს სულიერი, თუმცა უკვე შუადღე იყო. თურმე წინა დღეებში ჩამოვარდნილა მთაწმინდიდან ანუ მამა დავითის მთიდან (იმ დროს ტყით ყოფილა დაბურილი) გაცოფებული მგელი და შიშის ზარი დაუცია მთელი ქალაქისთვის. სომხის „მამაცი“ ვაჭარ-ნოქრები ისე დამფრთხალან, რომ მგლის შიშით გარეთ არ გამოდიოდნენ. მოდის ბაბუაჩემი სიონისაკენ ამ უკაცურობით გაოცებული. ამ დროს ვიღაც ეძახის მეორე სართულის სარკმლიდან: „ - იმერელო, თავს უშველე, გაცოფებული მგელი მოგდევსო“.
ამ სიტყვაზე ბაბუაჩემის უკან მოხედვა და უზარმაზარ პირდაღრენილ მგლის შეფეთება ერთი ყოფილა. ამ საშინელ სურათით არ დაბნეულა მამაცი იმერელი. მის ხელში უცებ იელვა პაწია ხანჯალმა და თავგაპობილი მგელი იქვე დაეცა თურმე მკვდარი. ამ რიგათ გასული საუკუნის 30 წლებში იმერეთიდან ჩასულ სიმონ ქვარიანმა იხსნა ტფილისის სომხობა ერთი მგელის ტერორისაგან. ამ გმირობისათვის ბაბუა ჩემს მიუღია რუსის მთავრობისაგან შესაფერი ჯილდო და ვერცხლის მენდალი ზეწარწერით: «за храбрость» (მამაცობისთვის). ეს მენდალი დიდხანს ინახებოდა ჩვენს ოჯახში, მამაჩემის ორდენებთან ერთად, როგორც ერთი რამ ძვირფასი განძეული. რა ბედი ეწიათ მათ მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, აღარ ვიცი, რადგან იმ დროს ვიყავ საფრანგეთში. მამაჩემის სიმამაცეს ამტკიცებს კიდევ ერთი ეპიზოდი: ზაფხულის ბნელ ღამეში მიდის შინისკენ ნაქეიფარი ჭაბუკი მამაჩემი. უახლოვდება სახლს, მარა ჯერ უნდა გაიაროს „ნაძრახი ალაგი“, ე.ი. ტყით დაბურული ვიწრო ბილიკი, სადაც ხალხის რწმენით თითქო ბუდობდა უშველებელი მამალი ქაჯი, რომელიც დიდ ზიანს აყენებდა მარტოხელა მგზავრებს. ამ დროს მამაჩემი ხედავს წინ შორიდან, რაღაც თეთრს, კატის ოდენას, შემდეგ ძაღლის ოდენას, იგი თან და თან იზრდება და უახლოვდება მამას. მამა ჩემი სრულად დარწმუნებული, რომ ეს ქაჯია, წაიკაპიწებს ჩოხა-ახალუხს და ემზადება ხელ და ხელ საომრად, რადგან არავითარი იარაღი არ ჰქონდა თან. აჰა, მიუახლოვდა კიდეც უზარმაზარი „ქაჯი“ და მამაჩემა მედგრად სტაცა ხელები, აზიდა, დაიქნია და კოლტივით დაანარცხა ძირს, დასცა და დააწვა გულზე, თანაც მაგრათ დაუჭირა ხელები. „ვინ ხარ, შე უღმერთო, რომ მომკალი!“ ჩაწვდა მამაჩემს ყურში მოხუცის მიღნავებული სიტყვები და კვნესა, აცქერდება თეთრწვერა მოხუცს მამაჩემი და ამ უზარმაზარ „ქაჯში“ იგი ცნობილობს თავის საკუთარ ბიძას, ანდრია ქვარიანს, თეთრწვერას და თავის ჩოხაში მოსილს. მის გაოცებას არა აქვს საზღვარი:ნუ თუ შენა ხარ, ბიძაჩემო?! ნუ თუ შენ გიმზერს ჩემი თვალები?! განა შენ მომეჩვენე იმ წყეულ ქაჯად და კიღამ შემომაკალ თავი?!
- ალექსი ხარ, შენა?! შვილო, რას მერჩოდი, რომ ასე მდევივით დამეძგერე?! ვაი, წელი, წელი... - ამოიკვნესა მოხუცმა.
- ქაჯი მეგონე, ბიძაჩემო! ის წყეული ქაჯი! ხომ იცი, აქ ნაძრახი ალაგია?! სად ყოფილხარ, ბიძაჩემო?
- კოხში ვიყავი, შვილო, ჩვენს საზიარო ყანაში. იქიდან მოვდივარ ფეხით.
ქაჯად მიჩნეული და ქვიან მიწაზე დაცემით დაჩეჩქვილი მოხუცი ბიძა მამაჩემმა ბოდიშის მოხდით მიაცილა სახლამდე და შემდეგ დაბრუნდა შინ.
ასეთი სასაცილო კურიოზი მეც ორჯერ დამემართა შუაღამისას ებრაელთა სასაფლაოზე გადმოვლის დროს, მარა ამაზე შემდეგ.
თვით აზნაურ ქვარიანთა გვარი, წოდებით - ყოფ. აზნაურნი, მომდინარეობს ლეჩხუმიდან, სადაც სოფ. დერჩში დღესაც ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი, აგრეთვე რამდენიმე ოჯახი იმყოფება სოფ. გოდოგანში, ქუთაისიდან 4 კილომეტრის დაშორებით. ეჭვს გარეშეა, ეს გვარი გადმოსულა ლეჩხუმიდან ქუთაისსა და გოდოგანში. ლეჩხუმ-სვანეთში დაბინავებული მრავალი გვარი, რომელთაც აქვთ არაქართული დაბოლოება (იანი-თ), მაგ., ქვარიანი, ახვლედიანი, ასათიანი, ყიფიანი, ავალიანი, გუჯეჯიანი, გელოვანი, მუშკუდიანი, მუსელიანი, გაბლიანი და სხ., ვგონებ, უნდა იყვნენ იტალიიდან წამოსული იმ ჯვაროსანთა შთამომავალნი, რომელნიც 10-11 საუკუნეში სარაცინებთან (არაბებთან) ომის დროს შემოვიდენ ამიერ- კავკასიაში და დაბინავდენ ლეჩხუმ- სვანეთისკენ. თვით ქვარიანთა გვარში 17-18 საუკუნეში ცნობილი იყვნენ: 1. ზაქარია ქვარიანი, იმერ-აფხაზეთის კათალიკოსი, ავტორი რამდენიმე ხელთნაწერისა (ინახება გელათის მონასტერში), ეს ცნობილი პიროვნება ასაფლავია თვით გელათის (გაენათის) მთავარ ტაძარში შესავალ კარებთან და მისი სახე მთელი ტანით (ფრესკა) დახატულია ამავე ტაძრის ერთ მთავარ სვეტზე მხედრული ზეწარწერით: „აფხაზეთის კათალიკოსი ზაქარია ქვარიანი“. 2. მეორე იყო მელექსე-პოეტი დათუნა ქვარიანი, რომელსაც იხსენიებს, ვგონებ, კახეთის მეფეც, თეიმურაზ I თავის ნაწერებში. მეოცე საუკუნეში კი (ამ ათეულ წლის წინად) ამ სპორტების ხანაში, თავის შესანიშნავ ჭიდაობით თავი ისახელა ჩემა ნათესავმა, ნესტორ ქვარიანის ვაჟმაჭაბუკმა კოლია ქვარიანმა და თავის უძლეველობის გამო ეწოდა „მსოფლიო ჩემპიონი“ და „კავკასიის შვენება და სიამაყე“. უკვე 6-7 წელია, რაც იგი მიწვეულია ჩრდილო ამერიკის შტატებში და ახდენს ფიზიკურ ძალ-ღონის და სიმარდე-სიჩაუქის ნამდვილ სასწაულებს. ამ ქართველ ჭაბუკის ქება-დიდებით სავსეა ამერიკული გაზეთები და კვირაული ჟურნალები, რომლებიც ხშირად ათავსებენ მის სურათებს. კოლია ქვარიანის შესახებ 2-3-ჯერ იყო გადმობეჭდილი აღნიშნული ცნობები თვით გაზ. „კომუნისტშიც“ კი.
აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვარიანის გვარიდან არა იშვიათად გამოდიოდენ მეტად ლამაზი ქალ-ვაჟნი. ასეთი იყვნენ მაგ., სადიკო ქვარიანი ფრიად ლამაზი ახოვანი ვაჟკაცი, ქალებში კი მართა, ოლიკო და მეტადრე მატრონა, რომლის სურათი, როგორც ქართული კლასიკური ტიპის გამომხატველი თვით რუსეთის მეფის სასახლეში იყო დაკიდებული. იგივე გამოჰყავდათ ქუთ. თეატრში ცოცხალ სურათებში დიდ თამარ მეფედ.
ქვარიანები ცხოვრობდენ ქუთაისში, განსაკუთრებით სამთო უბანში (წვანეყვავილასა და საფიჩხიის საზღვარზე). თვით წვანეყვავილის ძველი ეკლესია აგებულია ქვარიანის რომელიღაც გადიის მიერ. იქვე დგას ძველი მაღალი ციხე, ქვარიანის ციხედ წოდებული, მდ. რიონზე გადმომყურე და იცავდა ჩრდილოეთიდან შემოსასვლელ გზას რიონის მარცხენა მხრივ, მაშინ როდესაც ამავე მდინარის მარჯვნივ სამხედრო ოსეთის შარა-გზას იცავდა ბაგრატის მიერ აგებული ციხე, რომლის ციხისთავად მე-18 საუკუნეში იყო კიკიანი. ქვარიანებს ჰქონებიათ დიდი მამული ქუთაისის ახლოს წყალწითელას ნაპირებზე, მაგრამ საზ. გამიჯვნის დროს ერთმანეთის ქიშპობა-დაუდევრობით წაერთვათ და ჩაირიცხა სახაზინოთ 150 ქცევად; დიდი მამული თვით ქუთაისის შუა ალაგას და იქ ცხოვრობდენ თურმე, მარა რუსების შემოსვლის დროს დედაბუდიანად აყრილან და შეფარებიან ქუთაისის სამთო უბანს, იმ შიშით, რომ „გარყვნილი და ველური“ რუსები მოახლე გოგოებს გაგვიუპატიურებენო. მაგრამ სამთო უბანში გადმოხვეწას ვერ უშველია მათთვის. მათ ზოგიერთ მოახლე გოგოებს გასჩენიათ ნაბიჭვარები ალბათ „სულიწმინდის“ მეოხებით. ასეთი ნეტარი ქალწულნი იყვნენ შაქრისახარ და დილვარდისახარ და სხვანი. ეს მარცხი მოუვიდათ მათ „ველურ“ რუსებისაგან თუ ადგილობრივ ფარეშებიდან, ამაზე სდუმს მატიანე.

ნიკო ნიკოლაძე
1900-იანი წლები
რაც შეეხება დედაჩემს, ის იყო ქუთაისის მოქალაქე გრ. ნიკოლაძის ასული, გამოჩენილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის მკვიდრი ბიძაშვილი. იგი ადრე დაობლდა მამით და სამივე დამ (დედაჩემმა და დეიდებმა) მიიღეს შინაური აღზრდა ერთ ოსტატ მანდილოსანთან, სადაც საკმაოდ შეისწავლეს წერა-კითხვა, საღვთო სჯული, ჭრა-კერვა და ქსოვა-ქარგვა, აგრეთვე დაირა-ჩანგურზე დაკვრა-დამღერება, ცოტაოდენი მკურნალობა და მასთან უკვდავ „ვეფხის ტყაოსნის“ თავისებური კითხვა. ასეთი ოსტატი ქალები საკმაოდ იყვნენ იმ დროს ქუთაისსა და მთელ საქართველოში.
დედაჩემი იყო ბუნებით გონიერი, ხოლო მეტად ამაყი ქალი, თავის მოყვარე, ცხარე ადამიანი და საკმაოდ ზარმაცი. მას დიდათ მოჰქონდა თავი თავის გვარით და მეტადრე ნ. ნიკოლაძის ნათესაობით. „მე ნინო ნიკოლაძის ქალი გახლავარ, დიდი ნიკოს ბიძაშვილიო“, იტყოდა იგი ხშირად და ამაყად გადახედავდა, ამ სიტყვებით ჩაუგდებდა ენას ზოგიერთ მოკამათეს, მეტადრე მამაჩემს, რომელიც ფილოსოფოს სოკრატის სიდინჯით ითმენდა თავის ქსანტიპას სიანჩხლეს, უკბილო დაცინვას და ლანძღვა გინებას, მეტადრე მოხუცობის დროს. ასეთი იყო სულით და გულით რაინდის მამაჩემის ცხოვრება არჯალ8 მეუღლის ხელში.
________________
1. აფხაზეთის აჯანყება რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ 1877 წელს.
2. უნტერ-ოფიცერი თავადაზნაურული წრიდან XVIII-XIX საუკუნეების რუსეთში.
3. ჯარისკაცთათვის განკუთვნილი ჯილდო რუსეთის იმპერიაში.
4. ძველი ქართული სიგრძის საზომი ერთეული, მანძილი იდაყვიდან შუათითის წვერამდე.
5. მიწის საზომი ერთეული დასავლეთ საქართველოში.
6. დიდი სასწორი ბაზარში; ასევე, სავაჭრო ადგილი, სადაც დიდი სასწორიცაა.
7. Приказ (რუს.) - უწყება, რომელიც განაგებდა სახელმწიფო მმართველობის ამა თუ იმ დარგს; საკრედიტო დაწესებულება.
8. ანჩხლი.
![]() |
4 IV. ყრმობა |
▲ზევით დაბრუნება |
მიდიოდა ზლაზვნით წლები. დაუსრულებელ ზამთარს მისდევდა დაუსრულებელი გაზაფხული და შემდეგ ზაფხული თავის საშინელი გვალვით და პაპანება სიცხეებით. იმ ხანად ჩემს შემეცნებაში დრო მიდიოდა მეტად ნელა: დღე უდრიდა კვირას, კვირა თვეს, თვე კი წელიწადს.
ზიზღით და ბოღმით ვიგონებ იმ ტანჯვა წამება წლებს, რომლებიც გავატარე რუსულ გიმნაზიაში და საიდანაც გამომყვა რაღაც ცოდნის ნაფლეთები. ზიზღით ვიგონებ იმ მხეც მასწავლებელთ, რომელნიც თავის ბნელი რუტინით და სქოლასტიკით ჰკლავდნენ ნიჭსა და შემოქმედებას და ყაჩაღ პროკურორტავით ათანასწორებდნენ ერთ ყალიბში მაღალ ნიჭსა და უნიჭობას. სთრგუნიდენ მკვეთრ გონებას და უპირატესობას აძლევდენ ბლაგვ მოსაზრებას, მონურ სულსა და უაზრო ზეპირობას.
დამარჩინეს მეორე წელიწადს პირველ კლასსა და მეოთხეში, რადგან სუსტი ვიყავ მკვდარ ენებში ლათინურ-ბერძნულსა და სლავიანურებში, თუმცა სხვა საგნებში ვსწავლობდი საუკეთესოდ. დამარჩინა მეორე წელს მეხუთე კლასში მხეცმა სტაიანოვმა (დირექტორმა), რადგან ერთჯერ არ ვიცოდი მისი გაკვეთილი (გვასწავლიდა რუსულ ისტორიას). - „შენ ვერ იხილავ მეექვსე კლასს, როგორც საკუთარ ყურებსაო“, - დამემუქრა იგი და შეასრულა კიდეც. მეც ზიზღით გავშორდი რუსულ კლასიკურ გიმნაზიას, ამ სულის ჭაობს. შეუდეგ გატაცებით წიგნების კითხვას და თვით განვითარებას.
ჯერ კიდევ 13 წლის ვიყავ, როცა წავიკითხე ერთი უცნაური წიგნი ბუნებისმეტყველობის შესახებ (წიგნები გამომქონდა ქალაქის ბიბლიოთეკიდან). წიგნში გატარებული იყო დარვინის თეორია, თუ როგორ განვითარდენ ბიოლოგიურად მცენარ-ცხოველთა სხვა და სხვა სახეები. შიგვე იყო შესაფერი სურათები. ამ ახალმა მცნებამ ძირ-ფესვიანად შეარყია ჩემი სულიერი არსება და დიდი ეჭვი დამიბადა თვით ღმერთისა და ქვეყნის გაჩენაზე საღვთო წერილის მიხედვით. ჩემი აზროვნება ისე შეიბყრო ამ თეორიამ, რომ მთელი ღამეები არ მეძინა და სულ ვფიქრობდი მასზე.
ჯერ კიდევ 2-3 წლით ადრე ეჭვი დამიბადა თვით საღვთო წერილმა, რასაც გვასწავლიდენ 1-2-რე კლასებში. იქ სწერია, რომ ღმერთმა გააჩინა მეექვსე დღეს ადამ და ევა, მიუჩინა საცხოვრებლად სამოთხე (ედემი) და შემოსა ისინი ნათლით და ამ გულუბრყვილო ადამიანთ საცდუნად გაუჩინა იმავე ედემში ცხოვრების ხესთან ერთად ხე ცნობისა კეთილისა და ბოროტისა, თან უბრძანა: არ სჭამოთ ამის ხილიო. შემდეგ თვით განშორდა მათ და მისცა საშუალება მაცდურ ეშმაკს, ამ ღვთისა და კაცის უჩინარ მტერს, მათი ცდუნებისა და დაღუპისა. მართლაც, მეორე დღესავე ეშმაკმა აცდუნა ევა, ევამ კი თავისი ქმარი ადამი, ორივემ შეჭამეს აკრძალული ხილი, რის გამო ჩამოეცალათ ნათელი, შეიქნენ ღვთისაგან წყეულნი და განდევნილნი ედემისაგან. ამას მოყვა შემდეგში უამრავი ბოროტებანი, გაჭივრება, ტანჯვები და უბედურებანი, რითაც სავსეა კაცობრიობის გრძელი ისტორია.
იბადება საკითხი: ღმერთს რომ არ გაეჩინა ედემში ის სამაცდურო ხე, ან არ მიეცა საშუალება ეშმაკისათვის ამ მიამიტ ცოლ-ქმარის ცდუნებისა, ხომ ადამ და ევა თავის შთამომავალნით ახლაც ედემში იქნებოდენ მარად უკვდავნი და ნათელმოსილნი! მაშ, გამოდის, რომ ღმერთმა ან არ იცოდა, თუ გულუბრყვილო ადამ და ევა დაუჯერებდენ გველის პირით ნათქვამს ეშმაკის რჩევა-ცდუნებას, ან განგებ მოაწყო ასე, რომ დაეღუპა ადამიანი. პირველ შემთხვევაში ღმერთი უვიცია, მეორე შემთხვევაში კი საშინლათ ბოროტი. საღვთო წერილით კი ღმერთია ყოვლად კეთილი, ყველგან მყოფი და ყველაფრის მცოდნე. მაშ, როცა ევას ესაუბრებოდა ეშმაკი გველის სახით, თვით ღმერთი იქ იყო უხილავად და ისმენდა დემონის ცდუნებას, დიახ, ისმენდა და ხმას არ იღებდა, თავის დუმილით ადასტურებდა, ან ცდიდა ალბათ, თუ რამდენად მტკიცე ხასიათი ჰქონდათ მიამიტსა და ბავშივით უვიცს ადამ და ევას, რომელთაც არ შეეძლოთ გამოეჩინათ რაიმე ძლიერი ნებისყოფა მაცდურ ეშმაკის წინააღმდეგ. მაშ, ღმერთმა შეგნებულად დაღუპა ეს ბედშავი პირველ ყოფილი ადამიანები...
აი, ამ წინააღმდეგობამ ჯერ კიდევ I კლასშივე გამიბზარა რწმენა 11 წლის ყრმას. ასეთი საწინააღმდეგო რამეები ბევრი ვპოვე ძველსა და ახალ სჯულში იმ ხანად, როცა კრიტიკის თვალსაზრისით შევეხე მათ. რადგან ერთხელვე გაიბზარა რწმენა, ეს ბზარი თან და თან გაღრმავდა. სარწმუნოებრივი სკეპტიციზმი იქცა საეკლესიო წესებისადმი გულის გაგრილებად, სამღვდელო პირთა მიმართ დაცინვად და სიძულვილად. ღვდელთა უმეტესობაში ვმზერდი თვალთმაქცებს, ფარისეველთ, მატყუარებს, მუქთახორებს, ხალხის მყვლეფავებს და სხ. ასეთი ლამაზი ეპიტეტებით ვამკობდი მათ ჩემს პაწია ლექსებსა და მოთხრობებსა და კომედიებში, რომელთაც ვწერდი იმ ხანებში.
6 წლის ასაკიდან ჩემი ნატვრა იყო ბერად შედგომა და ეფისკოფოზად გახდომა, სკეპტიციზმის დაწყების დროიდან კი (ე.ი. 12-13 წლიდან) გაჰქრა ეს სურვილი, ვით უნიათო ოცნება.
ეკლესიებს გავურბოდი, სასულიერო წიგნებს აღარ ვკითხულობდი, ბიბლია მაგონებდა საბავშო ზღაპრებს, სახარება კი ფანატიკოსის ბოდვას. აღარ მწამდა სასწაულები, სასტიკად ვგმობდი ცრუმორწმუნოებებს. ეჭვი არაა, აღარ მწამდა არავითარი ქაჯები, კუდიანები თავის დიდი როკაპით, ჭინკები, ეშმაკები და ანგელოზები, აღარ მწამდა სულის უკვდავება, სამოთხე და ჯოჯოხეთი. მებრალებოდა უმეცარი ხალხი და სარწმუნოებრივ ხაშხაშით გარინდული მათი ბნელი გონება და აზროვნება, მათი ღატაკი, მონური სული. მწამდა მხოლოდ საღი ფილოსოფია და მეტადრე მეცნიერება. გატაცებით ვკითხულობდი დღე და ღამ სამეცნიერო წიგნებს, ვეცნობოდი საფუძვლიანად სამეცნიერო დარგებს, ვნთქავდი რუსეთისა და ევროპის ლიტერატურას, ე.ი. პოეზიას, ბელეტრისტიკას, დრამა-კომედიებს, კრიტიკას, პუბლიცისტიკას და სხ. ვმუშაობდი დღე-ღამეში 18 საათს, ნაშუაღამევის 3-4 საათამდე წამოწოლილი კითხვით მცირე სინათლიან ნავთის ლამპასთან ვიფუჭებდი მზერას. ვითმენდი მშობლების (მეტადრე დედის) ლანძღვა-გინებას, დაცინვა-წყევლას, მუქარას, მათ მიერ ლამპის ჩაქრობას, წიგნების დახევას, უჭმელად დატოვებას და სხვა ასეთ ლამაზ რამეებს... დიახ, ვითმენდი ყველა ამათებს, რადგან მწყუროდა სწავლა, განათლება, მეცნიერება. ვკითხულობდი ყველაფერს უსისტემოდ, სხვის დაუხმარებლად, ვნიშნავდი მათში საგულისხმო ადგილებს, ვიწერდი მათ ცალკე რვეულში, ვწერდი არა იშვიათად მთელი წიგნის შინაარსსაც კი, თუ წიგნი მეტად მომეწონებოდა, მაგ., ამოვწერე 400 გვერდამდე ლიუისის „ფილოსოფიის ისტორიის“ შინაარსი და სხვ. აგრეთვე ბლომად ამოვწერე პ. ლავროვის «Опыт истории мысль»-იდან, ოგიუსტ კანტიდან, ჯონ სტივარტ მილლიდან, დარვინიდან, იპოლიტ ტენიდან, ჰერბერტ სპენსერიდან, ვუნდტიდან, შერრიდან და სხვ. (ეს წიგნები უმთავრესად წავიკითხე და ამოვწერე შემდეგში, ე.ი. როცა ვიყავ უკვე 18-20 წლის ასაკში).
ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ მქონდა კარგი მეხსიერება, ცხოველი ოცნება, ფხიზელი შემოქმედება და ინტუიცია, აგრეთვე კრიტიკულ-ანალიტიური ნიჭი. ამათი მეშვეობით სამჩნევად ვიკვლევდი გზას თვითგანვითარების სფეროში. ამავე დროს ჩინებულად შევისწავლე რუსული ენა. ქართულს კი იმ ხანებში არ ვწყალობდი, რადგან რუსულმა გიმნაზიამ ჩამიხშო პატრიოტული გრძნობა და ქართველი ერის ისტორიისა და მწერლობა-კულტურისადმი მისწრაფება. იმ ხანებში მე ბედშავს არ მქონდა არავითარი წარმოდგენა, თუ საქართველოს ჰქონდა თავის ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი ისტორია, კულტურა და მწერლობა.
ამ ხანებში შემემთხვა ერთი კურიოზი: 16 წლის ვიყავ ზაფხულის ბნელ უმთვარო ღამეში, დაახლოებით ნაშუაღამევის პირველ საათზე მივდიოდი შინ თეატრიდან. პოლიციის ქუჩიდან (ახლა ჯაფარიძის ქუჩაა) უნდა გადამევლო ებრაელების სასაფლაოზე, გამეარა კარგა მანძილი და შემდეგ პაწია ჭიშკრით შევსულიყავ ჩემს დიდ ეზო-ბაღში. ებრაელთა აღნიშნული სასაფლაო დიდი იყო, უდრიდა თითქმის 4 ქცევას. შუაში მიუდიოდა გზა, რომელიც აერთებდა ჩემს ეზო-სახლს პოლიციის ქუჩასთან.
როცა ამ სასაფლაოს გზაზე გადავდგი ათიოდე ნაბიჯი, დავინახე, რომ იქ მოშორებით დაბლობში პაწია ნაშენის ნანგრევიდან ამოძვრა თეთრი რამ, საკმაოდ დიდი და გამოიქცა ჩემკენ. ამ უცნაური სულიერის დანახვაზე უცებ ამებურძგა თმა შიშისაგან, მაგრამ მალე მოვედი გონს და გავჩერდი. გაქცევა ან დაყვირება მივიჩნიე სირცხვილად. ქაჯი და სხვა ასეთები უკვე კარგა ხანია აღარ მწამდა. მაშ, ამ რაღაც ხორციელ არსებას უნდა დავხვედროდი საომრად, რადგან საკმაოდ ღონიერი ვიყავ, გულადი, უშიშარი და ჩემი თავის იმედი მქონდა. გადავიკაპიწე ხალათის სახელოები და მზად ვიყავ, შევტაკებოდი ხელდახელ, რადგან ქვაც კი ვერ ვიპოვე დასაკვრელად. ის სულიერი მორბოდა დაღმართიდან ჩემკენ. იგი არ ჰგავდა არც ძაღლსა და არც ცხენს, რადგან პირველზე გაცილებით დიდი იყო, ხოლო მეორეზემცირე; არ გავდა არც ადამიანს... ამოირბინა ფერდი და მომიახლოვდა საკმაოდ. ვიდეგ უძრავად და გულის მამაცი ძგერით ველოდი უცნობ მტერს, რომ თავგანწირული ბრძოლით დამეძლია იგი. მოვიდა და გაჩერდა. ვის ვხედავ? მეზობლის თეთრი ვირი... ამ ბრიყვ ცხოველს ალბათ ვეგონე თავის პატრონი, ან რაღაცამ დააფრთხო და გამოიქცა ჩემკენ. ვუთავაზე ორიოდ წიხლი და გავაგდე. ჩემს ალაგას რომ სხვა ყოფილიყო, ეს გამოქცეული თეთრი ვირი უსათუოდ ეგონებოდა ქაჯი, ამიტომ შიშით ან საშინელ ღრიალს მორთავდა, ან ჭკუიდან შეიშლებოდა.
იმავე სასაფლაოზე, 3-4 წლის შემდეგ შემემთხვა მეორე უარესი რამ: კახეთიდან ახლად ჩამოსული ვიყავ ქუთაისში. აქ მთელ ქალაქში მიმოთქმა იყო, რომ ღამით ვიღაცები ხვდებიან ბნელ ქუჩებში გამვლელთ, აშინებენ და რამდენიმე დღით ამუნჯებენო. ასახელებდენ რამდენიმე მაგალითს. ამ „გმირობას“ ჩადიოდენ თურმე ქუთაისის სემინარიიდან გამოყრილი შეგირდები. რამდენიმე ალაგას საუბარში მე დავგმე მათი ასეთი ხულიგნობა. გავიდა რამდენიმე დღე. ზაფხული იყო, უმთვარო ღამეები. ღამის 11 საათზე მოვდივარ მარტოდ შინ, ხელში მაქვს ბზის მაგარი ჯოხი, მიველ თუ არა ებრაელთა სასაფლაოსთან და მინდა, ქუჩიდან შევაღო ჭიშკარი შესასვლელად, მომესმა იქვე ახლო შიგნიდან წყნარი საუბარი. გულმა ცუდი რამ მიაზრა. ვიფიქრე: ალბად იმ ხულიგნებმა გაიგეს, რომ დავგმე მათი საქციელი, ჩამესაფრენ აქ სასაფლაოზე და მიპირებენ რაიმე უბედურებას. გონება მეუბნება: წადი, მოშორდი შარას, მოუარე მეორე მხრივ და ქვარიანის ქუჩით (უკნიდან უვლიდა ჩემს ეზო-სახლს), მიდი შინ შვიდობით. გული მეუბნება: როგორ უნდა შეგაშინოს ამ წუპაკებმა! უკან დახევა ხომ ლაჩრობაა და სირცხვილი! მასთან ხელშიც მაგარი ჯოხი გაქვს ბზისა. შეაღე კარი და გასწი თამამად! მეც დავუჯერე ამ მეორე რჩევას და შევაღე ჭიშკრის კარი. ვხედავ, იქვე ახლოს ოთხი შავად მოსილი არსება მიყუჟულან საფლავის ქვების უკან და რაღაცაზე ლაპარაკობენ ჩუმად. გადავდგი რამდენიმე ბიჯი თუ არა, ვხედავ ერთი ახმახი აიმართა მათ შორის, გადმოხტა ქვებზე და ესეცაა, უნდა დამეძგეროს. ვიფიქრე: სწორეთ ის ხულიგნები არიან, მერე ოთხი ერთად და დავიღუპე.
- შეჩერდი! არ დაიძრა ადგილიდან, თორემ მოგკლავ!..
იგი მაშინვე შეჩერდა და დამიძახა:
- არ მომკლა, ბატონო!
- ვინ ხარ?
- მე ვარ, ბატონო, თქვენი ბიჭი იასონა! თეთრ სამოსელზე გიცანით და მოგყვებით შინ.
- ისინი ვინ არიან?
- ჩვენი მეზობლებია, ბატონო, იოსება, ათანოზა და თომაია.
- რას აკეთებთ აქ ამ შუაღამისას?
- ცხენებს ვაძოვებთ, თქვენი ჭირიმე. კარგი ღამეა, თბილოდა და გავერთეთ ამბების მოყოლაში.
მართლაც, იქვე ცოტა მოშორებით სძოვდა ბალახს 4 ცხენი.
მე თან და თან დავმშვიდდი და ვიცანი იმ ახმახში მამაჩემის მოჯამაგირე. მისი ამხანაგებიც მომიახლოვდენ და დაუწყეს ტუქსვა ამ ჩვენს ტუტუც ბიჭს, რომ ასე უხმოდ გამოიქცა ჩემკენ. მეც ვუთხარ: ბედი შენი, რომ შეჩერდი, თორემ ხომ მოგკლავდი! მე თქვენ ყველანი ჩასაფრებული გამოყრილი სემინარელები მეგონეთ მეთქი. იმათაც მოიხადეს ბოდიში და წავიდენ. იასონამ კი დაიჭირა ჩვენი ცხენი და გამომყვა უკან. შეცდომით კიღამ შევიქენ კაცის მკვლელი; გადავრჩი ერთი ბეწოზე.
ამ უკუღმართ ღამის შემდეგ მეტად მძულდა უმთვარო ღამეში იმ წყეულ სასაფლაოზე გადავლა, მაგრამ სიმოკლის გამო ვერ ვეშვებოდი.
როგორც წინად აღვნიშნე, ფურნე-დუქნის დაკარგვის შემდეგ, ჩვენი ოჯახის შემოსავლის წყაროს შეიცავდა ორი საყანე ადგილი (მოგვდიოდა სარჩო სიმიდი) და სახლთან მდებარე ბაღი, თუმც ვცხოვრობდით მეტად ყაირათიანად, მაგრამ ოჯახის მოთხოვნილებას ვერ ფარავდა ეს შემოსავალი. ამას ემატებოდა ჩვენი ცხენის გაქირავება ჩარჩ ებრაელებზე სოფლებში საწანწალოდ და გადაღმა ალაგების ხანდახან წვრილ ნაჭრებად გაყიდვა. უნდა ითქვას, რომ იმ ხანებში ცხოვრება არ იყო ძვირი: 6 საუკეთესო, თეთრი, სხვილი ბუბლიკი ღირდა შაური, 1 ოყა1 (3 გირვანქა2) კარგი ფურნის პური - 2 შაური, 11 სხვილი არჩეული კვერცხი - 2 შაური3, ოყა საუკეთესო ხორცი, არჩეული - 18 კაპიკი, ოყა კარგი ყველი - 5 შაური.
3 ფუთი4 სიმინდის საუკეთესო დაფქვილი - 3 აბაზი, 1 ფუთი ხახვი ან ახალციხული სხვილი კარტოფილი - 50-60 კაპ., 1 ფუთი კარგი ღვინო - 1 მანეთი, 1 ფუთი კარგი ყურძენი - 60 კაპ., 1 მსუქანი დედალი - 50 კაპ. საშობაო-საახალწლოდ 1 ფუთიანი დაკლული მსუქანი ბურვაკი - 2 1/2-3 მანეთი. ხილი და ბოსტნეული იყო ხომ სულ ოხრის ფასად და თანაც აუარება, მაგ., მსხალი, ვაშლი, ქლიავი, ლეღვი, ბია, წაბლი, თხილი, ნიგოზი, ნესვი, საზამთრო, კიტრი, წვანილი, პამიდორი, პატრიჯანი, კომბოსტო, ბოლოკი და სხ. იყო საყოველთაოდ სანოვაგის დიდი სიუხვე და ეფობა, ასე რომ, რიგში დგომა არავის არ სჭირდებოდა უვარგისი პურის ტალონებით შეძენა, არც ცომის. ქვიტირ-მაღლაკიდან მოდიოდა ბოსტნეული, ლეჩხუმ- ოკრიბიდანღომი და ხილი, გეგუთიდანსიმინის დაფქვილი, ქვემო იმერეთიდანყველი, კვერცხი, ქათმები, სიმიდის დაფქვილი, დაკლული ღორები, ზემო იმერეთიდანყურძენი და ღვინო, ბატკნები, გოჭები, ყველი, ტკბილის კვერი, ჩურჩხელები და არგვეთული თეთრი გომიჯები5.
მეტად იაფი იყო ყოველგვარი ფაბრიკატებიც: მაგ., კარგი ჩითი ღირდა 2 არშინი6 5 შაურად, კარგი მიტკალი - 1 არშინი 16 კაპ., კარგი ფეხსაცმელი - 5-6 მან., 1 საჩოხე შალი - 3 მანეთი, 1 გირ. ნატეხი შაქარი - 14 კაპ., 1 დიდი კვერი სარეცხი საპონი - 16 კაპ., 1 ოყა ბრინჯი - 15 კაპ., ერთი გზობა ეტლი - 1 აბაზი7 და სხვა ამისთანები.
ამით სრულებითაც არ მინდა ვსთქვა, რომ თითქო ის დრო სჯობდა ახლანდელსა. ვერაგი ცარიზმი იმჟამად სასტიკად სთრგუნიდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში ნებით თუ ძალით შესულ წვრილ ერებს, ტლანქად აწარმოებდა ყველგან რუსიფიკატორულ (გარუსების) პოლიტიკას, უხეშად აბეჩავებდა გლეხებს და მუშებს. ამათრახებდა კიდეც მათ. ექომაგებოდა და ეხმარებოდა ყველაფერში გაბატონებულ წოდებათ, ე.ი. თავად-აზნაურთ, სასულიერო პირთ და ბურჟუაზიას (ვაჭარ-მრეწველთ), ხუთავდა სიტყვის თავისუფლებას, სდევნიდა და ატუსაღებდა თავისუფალ მოაზროვნეთ და სხ.
ამჟამად თუ საბჭოთა კავშირის მთლიან ფარგლებში დიდი ნივთიერი სივიწროვეა, სურსათ-სანოვაგის და ფაბრიკატების სიმცირე და სიძვირე, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა და გამოწვეულია იმ გეგმაშეზომილი დიდებულ სოციალისტურ მშენებლობით და სოფლის კოლექტივიზაციით, რაც წარმოებს ასე ფართოდ მთელ საბჭოთა კავშირში. ეყრება მტკიცე საფუძველი მსოფლიო ისტორიაში არყოფილ ახალ სოციალისტურ ცხოვრებას, განსაზოგადოებულ მუშაობას და საკუთრებას, გიგანტურ ტექნიკას და ინდუსტრიას, ისპობა კერძო საკუთრება სოფლად და ქალაქად, ისპობა ბურჟუა, ჩარჩი და კულაკი, მყარდება დიდებული კოლექტივიზმი. და ასეთ ბუმბერაზულ მშენებლობის ხანაში არაა საკვირველი თუ დროებით, რამდენიმე წელს ხალხი განიცდის სიძვირეს, სურსათ-ფაბრიკატთა სიმცირეს და ნივთიერ შევიწროებას. ძველად გავრცელებული იყო ჩვენს უბანში ახალწლის მეკვლეობა, ღამის თევა სამარიობოდ და ჭიაკოკონა დიდ ოთხშაბათ საღამოს. ჩვენი ოჯახის მეკვლე 7-დან 12 წლამდე მე ვიყავ. ახალ წლის წინა ღამით დამაწვენდენ რომელიმე მეზობლისას და ახალ წელს დილით ალიონზე ადრე აღვიჭურვებოდითმამა სხვა და სხვა სანოვაგით სავსე გობით, მე კი ღვინით სავსე დოქით, ავანთებდით მათზე დანცმულ თაფლის წვრილ სანთლებს და შემოვუვლიდით სამჯერ სახლს. შემდეგ მივიდოდით შემოსასვლელ კარებთან და დავაკაკუნებდით ამ სიტყვებით:
- კარი გაგვიღე!
- რა მოგაქვთ? - გვეტყოდენ შიგნიდან.
- ოქრო, ვერცხლი, თვალი, მარგალიტი... კარი გაგვიღე!
- რა მოგაქვთ?
- ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, სიცოცხლე, ბედნიერება... კარი გაგვიღე!
- რა მოგაქვთ?შეგვეკითხებოდენ მესამედ.
- სიმდიდრე, სიუხვე, სიხარული, გამარჯვება მტრებზე, კარი გაგვიღე!
გაგვიღებდენ კარებს. ჩვენც შევიდოდით მხიარულად, სიცილით მივულოცავდით ყველას კოცნით ახალწელიწადს, შემდეგ ავიღებდი მუჭით გობზე დაყრილ ღომის კაკალს და მოვაბნევდი ოთახებში ამ სიტყვებით: „ამდენი ოქრო, ამდენი ვერცხლი, ამდენი თვალი და მარგალიტი, ამდენი ქათამი, ამდენი ოთხფეხი“ და სხ. შემდეგ მთელი ოჯახი შემოვუსხდებოდით სანოვაგით სავსე სუფრას მოგიზგიზე ბუხართან და შევუდგებოდით ინდოურის საცივს, მოხარშულ ღორის ხორცს და მსუქან ქათამს, იქვე შამფურზე შემწვარ გემრიელ კუპატებს, ხაჭაპურებს, ხილს, თაფლის გოზინაყს, კამფეტებს და სხ. შემდეგ მამაჩემი გარეთ აივნიდან დაცლიდა თავის შაშხანა კაჟის თოფს, რომელსაც ჰქონდა მეხივით ძლიერი ხმა. თოფის გავარდნაზე ჩვენ ყველანი ერთხმად დავიძახებდით: „გვიჯობნია“.
ამგვარივე თოფის სროლა ისმოდა მეზობლებიდანაც. რასაც შევძახებდით ყველანი: „გვიჯობნიას“.
სასიამოვნო იყო აგრეთვე ღამის თევა მარიობა წინა ღამეს, მეტად გვახარებდა ბავშებს ჭიაკოკონა8 სპილენძის ტაშტზე ჯოხის შემოკვრით ეზო-ვენახის სირბილით შემოვლა. ჩალის ღეროებისაგან აგზნებულ კოცონზე რამდენჯერმე გადახტომა და ძახილი: „არული კუდიანებსა! არული! თქვენი სვით და თქვენი სჭამეთ, ჩვენსას ჯვარი დაგვიწერეთ“ და სხვა ამისთანები.
გვიყვარდა ბავშებს აგრეთვე ალილო და საალილოდ წასვლა შობის წინა დღეებში. ვმღეროდით ალილოს რუსულად, რადგან ქართულად არ ვიცოდით. ხან და ხან „ჟილ ბილ უ ბაბუშკი სერენკი კოზლიკ“-საც9 და ასეთ „ალილოში“ მიღებული კვერცხებით ვავსებდით პაწია კალათას. მაგრამ ყველაზე უფრო გვახარებდა ბავშებს აღდგომა. ამ დიდი დღესასწაულისათვის ოჯახში იწყებოდა მზადება ერთი კვირით ადრე. აწრიალდებოდენ მშობლები, იწყებდენ ფულის ძებნას და სესხებას, ფართლეულის ყიდვას, სამოსის შეკერვას შინა და თერძთან ფეხსაცმელების შეძენას და სხ. წითელ პარასკევ დილიდან ივსებოდა ქუთაისის ბაზრები სხვა და სხვა სანოვაგით. ივსებოდა ხალხით და ურმებით ქუჩები და მოედნები, იყო გოჭების საშინელი ჭყვირილი, ცხვარ-ბატკნების ბღავილი, თიკნების პეტელი. ყიდულობდენ მცხოვრებნი უამრავ სანოვაგეს, გოჭ-ბატკან-ინდაურ-ქათმებს, ღორს, კვერცხებს, ყველს, პასკებს, ღვინოს, თეთრ პურებს და სხ., რომ აეფერადებიათ სუფრები აღდგომის სამი დღის განმავლობაში, რადგან ამ სამ დღეში ნაცნობ-ნათესავნი დადიოდენ ერთმანეთში საქეიფოდ და ულოცავდენ ერთმანეთს ამ დიდ დღესასწაულს. იყო ყველგან, ყველა უბნებსა და ქუჩებში გაუთავებელი ლხინი, ქეიფი, ქრისტე აღდგას მილოცვა-გალობა და მრავალჟამიერ.

სიმონ ქვარიანი (პირველ რიგში) მეგობრებთან
1890-იანი წლები
ასეთი ლხინი განსაკუთრებით იმართებოდა წვანეყვავილას უბანში აღდგომის მეორე დღეს. ეს იყო ამ უბნის ეკლესიის დღეობა, რასაც ესწრებოდა მრავალი ხალხი. წირვის გათავების შემდეგ 10 საათამდე იყო ჯგუფ-ჯგუფად სახლებში სიარული, მილოცვა და ქეიფი, უხვად გაშლილ სუფრებზე. ყველგან ამწვანებულ ეზოებში უხვად გაშლილი სუფრები, ღია კარები, მხიარული მასპინძლები და კიდევ უფრო მხიარული სტუმრები...
_____________
1. წონის ერთეული1200 გრამი.
2. წონის ერთეული - 409,5 გრამი.
3. 5 კაპიკი.
4. წონის ერთეული; გამოიყენებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე; უდრის 16,38 კგ-ს.
5. მოგრძო, თხელი პური ან ფეტვის მჭადი.
6. ძველი რუსული სიგრძის საზომი ერთეული; უდრის დაახლოებით 71 სანტიმეტრს.
7. ოცი კაპიკი.
8. დღესასწაული, რომლის დროსაც ანთებენ კოცონს კუდიანების დასაფრთხობად.
9. Жил-был у бабушки серенький козлик - რუსული ხალხური საბავშვო სიმღერა.
![]() |
5 V. რუსულ უნივერსიტეტში |
▲ზევით დაბრუნება |
სამმა წელმა გაირბინა, რაც ზიზღით გავშორდი რუსულ კლასიკურ გიმნაზიას და დავეწაფე წიგნებს, ამავე დროს ვამზადებდი ბავშებს, რომ მცირე რამ მომეგროვა ტანფეხისა და წიგნების საყიდლად. ამავე დროს გადავწყვიტე, წავსულიყავ სამხრეთ რუსეთის რომელიმე დიდ ქალაქში, ჩამებარებია იქ ექსტერნად რვა კლასის გათავების გამოცდა და შევსულიყავ უნივერსიტეტში.
ჩემი მშობლები კი სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ ჩემი ასეთი განზრახვისა. ისინი განიცდიდენ დიდ ხელვიწროობას და ბეჯითად სწადდათ ჩემი გახდომა რუსის მოხელედ, რომ მქონებოდა ჯამაგირი და მეზრუნა ოჯახზე. მითითებდენ სხვა და სხვა ადგილებზე, სთხოვდენ დახმარებას გავლენიან პირთ, მირჩევდენ ხან დაყვავებით, ხან კი მუქარით სამსახურში შესვლას, ხოლო მე ვიდეგ კლდესავით მაგრად და მტკიცედ უარვყოფდი მშობლების ასეთ სურვილს. ჩემი უზენაესი მისწრაფება იყო ჩემი უმაღლესი სწავლა, განათლება, მეცნიერება, მწერლობა, საზოგადო ასპარეზი, მშობელ-ნათესავები კი მითითებდენ „ჩინოვნიკობაზე“1, სწადდათ, გავმხდარიყავ ცარიზმის ქედმოხრილი უენო მოხელე, რომელიმე სახის მონა მალჩალინი2 ან საბრალო „ტიტულიარნი სოვეტნიკი“3 აკაკი აკაკიევიჩი4. ამის გამო ხდებოდა დიდი უსიამოვნება ჩვენს შორის. მშობლები მწყევლიდენ, მაგინებდენ, მემუქრებოდენ სახლიდან გაგდებას. მიხევდენ „დარდუბალა“ წიგნებს, „რომლებმაც გადარია ჩვენი შვილიო“, მიქრობდენ ოთახში ლამპას და სხ. მე კი ვითმენდი ყოველივე ამას და ვიტანჯებოდი სულიერად.
ჩემმა ჯიუტობამ ბოლოს და ბოლოს მოსტეხა მშობლები. მამამ გაყიდა გადაღმა ერთი პაწია სამოსახლო ადგილი და მომცა საგზაოდ მცირეოდენი ფული. უკვე ზამთრის პირი იყო. მე გადავწყვიტე ოდესაში წასვლა 1889 წელს და წავედი კიდეც ზღვით ბათომიდან.
სანამ წავიდოდი რუსეთში, ვგონებ, 1888 წინა წელს (კარგად არ მახსოვს) მე აღმოვაჩინე იმერეთში ვაზის უსაშინლესი მტერი ფილოქსერა5. ეს პაწია, თვალით ოდნავ სახილავი მწერი გასული საუკუნის მესამოცე წლებში გადმოყვა ამერიკიდან ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, ამერიკულ ვაზებს, რომელიც თავის მხრივ დიდი ზრდისა და ფართო ფოთლების გამო (მაგ., რიპარია), აგრეთვე ნაყოფისთვისაც (მაგ., იზაბელა და სხ.) აშენებდენ ევროპაში. ეს მწერი საოცარი სისწრაფით მოედო სამხრეთ- დასავლეთ ევროპის ვენახებსა და ზვრებს და 2-3 ათეულ წლებში თითქმის მთლიანად გაანადგურა ისინი. „არცერთ ომს არ მოუყენებია ჩვენთვის იმდენი ზარალი, რაც მოგვაყენა თვალით უხილავმა მწერმა ფილოქსერამო“ამბობს საფრანგეთის მეცნიერი პლანშონი.
ფილოქსერა პირველად გაჩნდა სოხუმში ვედენსკის ბაღში6 1881 წელს, შემდეგ წლებში კი მოედო იმერეთის ვენახებს. 1886-7 წლებში რამდენჯერმე მომიხდა წასვლა სტუმრად ბაღდადის სავენახე რაიონში (სოფ. დიმში) ჩემს სიძე ბესა კვინიხიძესთან (ჩემი უფროსი დის ქმართან), რომლის მამულში, აგრეთვე მისი მეზობლების ზვარ-ვენახებში შევამჩნიე ფილოქსერას არსებობის აშკარა ნიშნები, როგორც ისინი იყო აწერილი სპეციალურ წიგნებსა და რკ. გზის დიდ სადგურებში გაკრულ, სურათებიან დიდ პლაკატებში. ამგვარივე ნიშნები აღვნიშნეთ ირგვლივ სოფლებშიც (მაგ., ობჩაში, ბაღდადში, ფერსათში და სხვ.), ე.ი. ვაზები ხმებოდა და იღუპებოდა კონცენტრიულად. ამრიგად, ფილოქსერის გაჩენა ზემო იმერეთში და მის მიერ ვენახების განადგურება ავწერე ვრცლად რუსულად და ვაცნობე ტფილისში კავკ. სახ. სამეურნეო საზოგადოებას7. აღნიშნულ საზოგადოებამ გამომიგზავნა მადლობის ბარათი და გამოგზავნა ჩემმიერ აღწერილი დაავადებული რაიონების გამოსაკვლევად ორი ცნობილი აგრონომიგეევსკი და სტაროსელსკი, რომლებმაც მართლაც დაადასტურეს იმერეთში ფილოქსერის არსებობა. ამან გამოიწვია ტფილისში კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის8 დაარსება, რომელიც მუშაობდა ორ პარტიად: ერთი აღმოსავლეთ საქართველოშიკახეთსა და გარე კახეთში აგრ. გეევსკის მეთაურობით, ხოლო მეორე ზემო იმერეთშიაგრონომ ვლ. სტაროსელსკის ხელმძღვანელობით.
მეორე წელს ზამთრის პირას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, წაველ ოდესაში და შევედი თავისუფალ მსმენელად „ნოვოროსიის“ უნივერსიტეტში ბუნების მეტყველების ფაკულტეტზე, ბინად კი დავდეგი ცნობილ კარლო ჩხეიძესთან და ჩემს სკოლის ამხანაგ ს. ჟორჟოლაძესთან, რომლებიც ცხოვრობდენ ერთად.
მეორე დილით წამიყვანეს მეცნიერების ტაძარში, გულის ფანცქალით შეველ უზარმაზარ შენობის ვრცელ დარბაზში, რომელსაც ეწოდებოდა „კურილნია“9. აქ უამრავი სტუდენტები ირეოდენ ერთმანეთში, სეირნობდენ რწყვილად და ჯგუფებად სწევდენ თამბაქოს და საუბრობდენ ერთმანეთში. აქ ვნახე მრავალი ჩემი ძველი ნაცნობნი და გიმნაზიის ამხანაგები, ბევრი ახლები გავიცანი კიდევ. ნაცნობთა შორის დავინახე ი. ჩ., რომელიც დადიოდა განმარტოებით. მე დავაპირე მასთან მისვლა, მარა ამხანაგებმა მტაცეს ხელი და შემაკავეს ამ სიტყვებით: არ მიხვიდე მასთან, ეგ სამარცხვინო პიროვნებაა, საქართველოს უღირსი შვილი! მომიყვენ მასზე ბევრი საშინელი რამ, მარა ამათებზე აქ არას ვამბობ... არ ღირს!
აქ, იმ დიდ დარბაზში ვიხილე მეტად ბეჯითი ქართველი სტუდენტები და შემდეგ ცხოვრებაში ფრიად სიმპატიური ადამიანები: ძმანი ოცხელები, იოსებ და სიმონ, მ. საღარაძე, ი. მდივანი, გრ. დიასამიძე, კ. ამირეჯიბი და სხ. ესენი იყვნენ სხვა და სხვა ფაკულტეტზე და კურსებზე. აქვე გავიცანი სამშობლოს რენეგატი10 ყოვლად სამარცხვინო მუზმუზელა11, შემდეგში ეპისკოფოზი დიმ. აბაშიძე და სხ. იმ დღესვე ჩავეწერე ბუნებისმეტყველების ფაქულტეტის (განყოფილების) პირველ კურსზე და ვიწყე ლექციებზე ბეჯითი სიარული. ლექციებს გვიკითხავდენ ცნობილი პროფესორები, ხოლო მათმა ლექციებმა მაინცდამაინც ვერ დამაკმაყოფილა. არ ვიცი კი, რად. ალბად მიტომ, რომ მეტად გაზვიადებული წარმოდგენა მქონდა მათზე და სინამდვილეში შეუკვეცა ფრთები ჩემს ოცნებას. პროფესორთა შორის მხოლოდ ერთმა მეცნიერმა გამიტაცა, არა მარტო მე, არამედ მთელი სტუდენტობა. ეს იყო ახალი ისტორიის პროფესორი ტრაჩევსკი. ის კითხულობდა იმ ხანად საფრანგეთის რევოლუციის ისტორიას ისეთი გატაცებით და აფრთოვანებით, რომ ხიბლავდა მთელ სტუდენტობას. მისი აუდიტორია მუდამ სავსე იყო მსმენელებით. თვით სარკმელთა თითო ფიტონზე12 იდგა 5-6 კაცი. ლექციის დროს სუფევდა ისეთი სიჩუმე, რომ ბუზის ხმა ისმოდა. ქუთ. გიმნაზიამ, დირექტორ სტაიანოვმა და ილოვაისკიმ (ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორმა) შემაძულეს ისტორია. მეცნიერმა ტრაჩევსკიმ კი შემაყვარა იგი, შემაყვარა ისე, რომ შემდეგში ყველაზე მეტი ენერგია აგრონომიულ საგნებს შემდეგ მოვანდომე მსოფლიო ისტორიის შესწავლას და კერძოთ, საქართველოს ისტორიას.
ორიოდე სიტყვა სამშობლოს წარსულ ცხოვრებაზე. რუსულმა გიმნაზიამ და ცარიზმის გარუსების პოლიტიკამ ისე დაამახინჯა ჩემი აზროვნება, რომ მე, ქართველ ახალგაზრდას, სწავლა-განათლებაზე დაწაფებულს არავითარი წარმოდგენა არ მქონდა ქართველი ერის კულტურასა და ისტორიაზე. ზეპირად ვიცოდი რუსეთის ისტორია, საკმაოდ ვიცოდი ძველ კულტურულ ხალხთა ისტორია, ვიცოდი ევროპა-ამერიკის ცივილიზაციის ისტორია, ხოლო არაფერი ვიცოდი ჩემ სამშობლოს წარსულსა და მის სულიერ-ნივთიერ კულტურაზე. დიახ, სრულიად არაფერი ვიცოდი, სანამ ოდესაში ქართველ სტუდენტთა სათვისტომოში ამხანაგებმა არ ჩამჩარეს ხელში მოსე ჯანაშვილის „საქართველოს ისტორია“. ამ წიგნმა მოახდინა ჩემს სულიერ არსებაში ნამდვილი რევოლუცია. მან პირველმა ამიხილა გონების თვალი და გამაცნო ქართველი ერი, დამანახა საქართველოს წარსული, მისი ტრაგიზმით სავსე ისტორია, მისი ძველი დროის მაღალი კულტურა, პოლიტიკური ძლიერება, მდიდარი მწერლობა და ხელოვნება. მან მამცნო, რომ ქართლოსის მოდგმაპაწია ერი ჯვაროსანი 2-3 ათასი წლის მანძილზე თავგანწირვით ებრძოდა ძლიერ მეზობლებს, შემოსულ მტრებს, ჯერ სპარსეთს, დიდებულ რომსა და ბიზანტიას, შემდეგ კი შემოსულ არაბთ, თურქებს, მონღოლთ და ოსმალთამ მუსლიმ ბარბაროსთა მძვინვარე ურდოებს და სისხლიანი ხმლით ხელში გმირულად იცავდა თავის კერას, სამშობლოს ქრისტეს სჯულსა და პოლიტიკურ თავისუფლებას. იმავე დროს ამ აზიის ბარბაროსთა რკალში მოქცეული, მათ მძვინვარე ტალღებს შორის მიილტვოდა ქართველი ერი განათლებულ ევროპის სულიერ კულტურისაკენ, ინათლებოდა ჰუმანიზმის და მაღალ აზროვნების ბრწყინვალე ემბაზში, სანამ არ შთანთქა ჩრდილოეთის ვეშაპმა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. მარა ამ საშინელ პირობებშიაც კი არ დაიხშო მთლიანად ქართველი ერის შემოქმედება და რუსის ტლანქ მოხელეთა გამრუსებელ პოლიტიკის ხანაშიც კი შესძლო წარმოეშვა ბრწყინვალე ლიტერატურა. იმავე ქართველ სათვისტომოს წიგნსაცავში გავეცანი შეგნებულად საკმაოდ ჩვენს ძველსა და ახალ მწერლებს: „ქართლის ცხოვრებას“, დიდებულ შოთას, ვახუშტის ისტორიას და გეოგრაფიას, დავით გურამიშვილს, ბესიკს, გრ. და ვახ. ორბელიანებს, ალ. ჭავჭავაძეს, ნიკოლოზ ბარათაშვილს, რაფ. ერისთავს, დან. ჭონქაძეს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ალ. ყაზბეგს და სხ.
დიახ, გავეცანი ყოველივე ამათებს და ჩემს წინ გადიშალა აქამდე უცნობი ახალი მსოფლიო, ვიგემე აქამდე განუცდელი ეროვნული გრძნობა, სამშობლოს სიყვარულის უზენაესი სიტკბო. ვკითხულობდი ამ ჩემი სულის მთელი არსების მწვავედ და უტკბესად ამაზრზინებელ დიდებულ ნაწარმოებთ და თვალთაგან უნებლიეთ მდიოდა სიხარულის და ნეტარების ცრემლები. ამ წიგნების კითხვის დროს ვგრძნობდი რაღაც სილაღეს, სიამაყეს, უძლეველ სულიერ ძალას. ჩემი ობოლი, ფორიალა13 სული იზრდებოდა, თითქო იდგამდა ფესვებს, თითქო ეხორცებოდა იმ 3-4 ათასწლოვან უკვდავ, უძლეველ ხეს, რომელსაც ეწოდებოდა ქართველი ერი და რომლის პაწია ხიმსალას14 შეადგენდა ჩემი ფიზიკურ-სულიერი არსებაც...
ჩემს ბაგეს აღმოხდა საშინელი წყევა იმ დიდ სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ასი წლის წინათ მოტყუებით მოხიბლა, მიიმხრო და შეისრუტა უამრავ ომებში სისხლდაწრეტილი ქართველი ერი და რომლის უხეშმა იმპერიალისტურ პოლიტიკამ დასეტყვა ჩემი და ქართველ უამრავ ახალგაზრდების ქორფა სული, ტლანქად მოგლიჯა იგი ეროვნულ ხეს და აქცია უსაჭო, უკომპასო ხომალდათ ცხოვრების მშფოთვარე ზღვაში. შემძულდა ის ძალადმოხვეული უცხო მთავრობა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ქართველი ერის ხელისუფლება, ზნე-ჩვეულება, რწმენა-ადათები, სჯული, კანონმდებლობა, მდიდარი ენა და მაღალი სულიერი კულტურა... შემძაგდა ის ლოთი, უზნეო და უხეში ხალხი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენში დარიალის ღია კარებიდან და მფარველის ნაცვლად მოუვლინა ულმო მტარვალად ისტორიას გრიგალით რვა ნაწილად დაფლეთილს, მძიმედ დაავადებულ საქართველოს... შემძაგდა ამ ხალხის ენა, მწერლობა და კულტურა, რომლებიც ისე ტლანქად ახშობდენ ჩემი ერის ენას, მწერლობას და მაღალ კულტურას.
მე შევუდეგ სამშობლო ენის, ისტორიის და მწერლობის ისე ბეჯითად შესწავლას და ამ დარგებში ვიჩინე იმდენი უნარი, რომ ევროპიდან ჩამოსვლის შემდეგ ქუთ. ქართული გიმნაზიის დირექტორმა, იოსებ ოცხელმა და ინსპექტორმა სილოვან ხუნდაძემ მომიწვიეს იმავე გიმნაზიაში ქართული ენის ლიტერატურის და საქ. ისტორიის მასწავლებლად, აგრეთვე მომცეს ფრანგული ენის გაკვეთილებიც.
ოდესაშივე კარლო ჩხეიძის მეოხებით გავიცანი რამდენიმე რუსი და ებრაელი სოციალ-დემოკრატი, აგრეთვე ესერებიც. ყველანი იმ აზრის იყვნენ, რომ რუსეთის დიდ იმპერიაში შემავალი წვრილი და საშუალო ერები, მაგ., უკრაინელნი, პოლონელნი, ფინები15, ლატიშები16, ესტები17, ლიტველები, თათრები, ქართველები და სხ. რამდენად უფრო ადრე აცდებიან თავიანთ ეროვნულ გზას, დაივიწყებენ თავიანთ წარსულს, ისტორიას, ენას, მწერლობას, კულტურას და გაითქვიფებიან დიდმპყრობელ რუსის ერში, ე.ი. გარუსდებიან მთლიანად, იმდენად უკეთესია თვით იმ ერებისათვის და სოციალიზმისათვის. ერთი სიტყვით, ეს ვაჟბატონები სოციალიზმის ქურქში გახვეულნი აშკარად, ცინიკურად ქადაგებდენ რუსის ცარიზმის გამრუსებელ, იმპერიალისტურ პოლიტიკას და ამ რიგად ხელს უწოდებდენ რუსეთის ხელმწიფებასა და მის მინისტრებს.
ამ რუს- ებრაელ სოციალისტების ანტიეროვნულ მოძღვრებამ შემაძულა სოციალიზმი, რომელიც დამესახა წითელი იმპერიალიზმის საფრთხედ, კაცი-ჭამიად და პაწია ერების ჩამთქმელად. მე კი, მანამდე სოციალიზმი მქონდა წარმოდგენილი უზენაეს სიმართლედ ადამიანთა და ეროვნებათა სრულ უფლებიანობად, ძმობად, ერთობად და თავისუფლებად... რუსეთის სოციალისტთა ქადაგებამ კი სავსებით გამიცრუეს რწმენა-იმედები და მეც მაშინვე ზურგი ვაქციე ასეთ „სოციალიზმს“. არა, არაფერი მწამდა ისეთი სოციალიზმისა, რომელიც ასე უხეშად ემუქრებოდა, გაეთელა ფეხქვეშ ჩემი საყვარელი ერის ენა, მწერლობა და კულტურა, წაეშალა ეროვნული სახე და არსებობა, ამ სახით კი, დაეყენებია იგი არა გადარუსების (რადგან ერთი ერი არ შეიძლება ცოცხლად, უზიანოდ გაითქვიფოს მეორე ერში), არამედ სრულ გადაგვარებისა და მოსპობის გზაზე.
სწორეთ ასეთსავე აზრებს ქადაგებდენ ჩვენში 90-ან და 900-ან წლებში სიტყვით და კალმით ჩვენი მესამე დასელები18, ე.ი. იგივე ქართველი სოციალ-დემოკრატები და სასტიკად გმობდენ ქართულ ენას, მწერლობას და მეტადრე ისტორიას. იყვნენ მათ შორის ისეთი ფანატიკოსებიც კი, რომლებიც ახეთქებდნენ ძირს რამე ისტორიის წიგნებს და სთელავდენ ფეხქვეშ (მაგ., პ. გ-ლი და სხვ.), ზოგიც გაზეთ „კვალი“-ს ფურცლებზე გაიძახოდა: „ქართველი ერის აწმყო მძულს და წარსული მეზიზღებაო“ (მაგ., ირ. წ-ლი), ზოგი კიდევ არ გვაძლევდა ნებას, გველაპარაკნა 1904-05 წლებში შუაგულ საქართველოში დიდ კრებებზე (ქართულ აუდიტორიაში) ქართულ ენაზე, მაგ., 1905 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიის დიდ დარბაზში მომხდარ ორ დიდ კრებაზე არ მალაპარაკეს ქართულად, იმიტომ რომ 700 ქართველში ერია რამდენიმე რუსი (ხოლო ქართველებში ნახევარზე მეტმა არ იცოდა რუსული ენა), თვითონ კი ლაპარაკობდენ რუსულად, როცა მე სამართლიანად შევნიშნე, რომ თქვენ არ გიშლით ძმები რუსულად ლაპარაკს, ხოლო მე მომეცით ნება, ვილაპარაკო ქართულ აუდიტორიაში იმ ენაზე, რომელიც მას ესმის და რომელზედაც უფრო მეხერხება საუბარი მეთქი. პასუხად მომაყოლეს ლანძღვა გინება და მუქარა. მე არ დავთმე, ისინი გაჯიუტდენ, ასეთმა მოვლენამ გამოიწვია დამსწრეთა შორის დიდი უკმაყოფილება მათ მიმართ, ხალხი მედგრად ითხოვდა ქართულად ლაპარაკს. ამან გამოიწვია სოც. დემოკრატთა მხრივ ყიჟინა ობსტრუქცია და ორჯერ ზედი-ზედ ჩაფუშეს კრება.
ყველაზე მეტად იგინებოდენ და მემუქრებოდენ სტ. პ. ქ-ძე და მისი ლამაზი მეუღლე. ასეთი ძლიერი იყო ქართ. სოც. დემოკრატთა შორის თავისი ენა-სამშობლოსადმი სიძულვილი და ანტი ეროვნული ბრმა ფანატიზმი. ერთი წლის შემდეგ კი იმავე სტ. ქ-ძემ გამოჩენილ მეცნიერ პროფ. ივ. თარხნიშვილის დასაფლავებაზე ლენინგრადში 40 ათას რუსთა წინაშე წარმოთქვა გრძელი სიტყვა ქართულ ენაზე... ეს ამბავი რომ გავიგე, გამიკვირდა მეტად და თან მესიამოვნა კიდეც. შევუთვალე პ. ქ-ძეს მისი ამხანაგის პირით: „მადლი ალახს, რომ უკვე გონს მოსულხარ, ხოლო გადაგიჭარბებია მეტის მეტად. რუსულ საზოგადოებაში, 40.000 რუსის წინაშე მე ვიტყოდი სიტყვას უსათუოდ რუსულ ენაზე მეთქი“.
ორი საშინელი ველურობა ვნახე ოდესაში განსაკუთრებით ნამდვილ რუსებს შორის: ლოთობა და გარყვნილება. ღამით ჭერეხივით19 ეყარა ხალხი ქუჩების ორივე კედრით20, როგორც კაცები, ისე ქალებიც, მეტადრე დიდი ბაზრობის დროს. ესენი იყვნენ არყით გალეშილნი გონების დაკარგვამდე მისულნი. მეტად გამაოცა პირველად ასეთმა სურათებმა. ამ საქციელმა შემაზიზღა რუსის ველური ხალხი. კიდევ უფრო შემზიზღდენ ისინი, როცა ვიხილე მათი აღვირახსნილი პირუტყვული გარყვნილება. ოდნავ შეღამების ჟამს ალექსანდრეს დიდ მაღნარში (პარკში) ოდესაში ყოველ ბუჩქთან ეყარენ წყვილ-წყვილად რუსის ქალ-ვაჟნი და მოსეირნეთა თვალ წინ ახდენდენ სქესობრივ აქტს. თუ შემთხვევით უცებ შეეჯეხებოდი, შემოგძახებდენ უხეშად: „პროვალივაისია კჩორტუ“ (წაეთრიე ეშმაკთანო). ყველიერის ერთ დღეს მთელმა სტუდენტობამ დავინახეთ უნივერსიტეტის დიდი დარბაზის ფანჯრებიდან, თუ როგორ წააქცია ქუჩის პირას ერთმა მთვრალმა რუსის გლეხმა მისივე სოფლელი „კუმუშკა“21, მასსავით გალეშილი და ახადა ნამუსი აუარება გამვლელთა თვალწინ.
ასეთი „უმანკო“ სურათები ხდებოდა იმ დროს და ვგონებ, ახლაც რუსეთის სხვა ქალაქებსა და დაბა-სოფლებში. არსად რუსის ქალებს არ აცვიათ ნიფხავი, ალბად პრაქტიკული მოსაზრებით და როცა, სხვათა შორის, მოუნდებათ ფისი, ისინი დღითაც კი ქუჩებსა და მოედნებზე დგომილა გასწევენ ფეხებს და აუყენებენ შხრიალს. ხედავ, რუსის დედაკაცი დგას ეგერ და ძირს მიწაზე კაბის ქვეშიდან მოდის ღვარი. ვენერიული სენი და მეტადრე ათაშანგი (სიფილისი) ხომ მოდებულია მთელ რუსეთში, ხალხი იწამლება და იღუპება ათასობით და ათიათასობით.
რუსების შემოსვლამდე ჩვენში ქართველებმა არ იცოდენ, თუ რა იყო ვენერიული სენი, მეტადრე კი ათაშანგი. რუსებმა მიამყვანეს ეს და სხვა და სხვა ვენერიული სენი უბედურ ქართველ ხალხს და ცივილიზაციის ნაცვლად შემოიტანეს ჩვენში სიფილიზაცია. აი, რა ხალხი ბატონობდა ცარიზმის დროს რუსეთის უზარმაზარ იმპერიის ფარგლებში და კუპრით აყროლებული ჩექმით ან თელის ქალამნით ჯეკნიდა უკრაინის, პოლონეთის, ფინეთის, პრიბალტიკის22, საქართველოს და იმპერიაში მოქცეულ სხვა უცხო ერთა მდიდარ ენას, მაღალ კულტურას და ისტორიას.
ოდესა ჩემ დროს იყო მეტად ლამაზი და მდიდარი საერთაშორისო სავაჭრო ქალაქი და სავაჭრო ბოღოზი23 თავის 400 ათასი მცხოვრებით. აქ იყვნენ ბლომად რუსები, უკრაინელები, ბერძნები, მოლდავანები24, პოლონელები, ევროპელნი, მაგრამ ყველაზე მეტი ებრაელები, რიცხვით 150 ათასამდე. იყვნენ აგრეთვე მცირე ოდენი თათრები, სომხები და ქართველებიც კი. უკრაინელ და პოლონელ სტუდენტებს საშინლად სძულდათ რუსები და ეძახდენ მათ კაცაპებს25. არაებრაელ ხალხს კი (მცხოვრებთ) სძულდათ სომხები და ებრაელნი. რუსის და უკრაინელთა ოჯახები არ აძლევდენ ოთახს საქირაოდ და არ იღებდენ ოჯახში სომეხ სტუდენტებს, ამიტომ ესენი თავიანთ თავს ეძახდენ არა სომხებს, არამედ კავკასიელებს, ზოგ მათგანს განგებ ქართველადაც კი მოჰქონდა თავი. ქართველი სტუდენტები კი, მიუხედავად სიღარიბისა, დიდათ სასურველი მდგმურები და სტუმრები იყვნენ ყველგან, მეტადრე პოლონურ და უკრაინულ ოჯახებში. ამათ მოსწონდათ ქართველ ვაჟთა სილამაზე, ახოვნება, სიწრფელე, ზრდილობა, სიმამაცე, რაინდობა და ღია, მხიარული ხასიათი, მოსწონდათ მათი ცეკვა-შუშპარი და სიმღერები.
ოდესა იმ დროს განთქმული იყო ევროპასთან ვაჭრობით. გაჰქონდათ უმთავრესად პურეული, ხორცეული, ტყავეული, ერბო-კარაქი, კვერცხი, ფრინველი და შაქარი. ეს სხვილი გარე ვაჭრობა ხელში ეკავათ უმთავრესად ბერძნებსა და ევროპელთ. ებრაელები კი, მეტწილად იყვნენ ხელოსნები, ჩარჩები, სპეკულიანტები, შინა ვაჭრები, ბანკირები, მაკლერები, ბირჟევიკები და სხვა და სხვა სახის გეშეფტმახერები26. ქალაქში მათ ჰქონდათ რამდენიმე სინაგოგა, მათში ყველაზე უფრო შესანიშნავი იყო რიშელიეს ქუჩაზე27. ამ სინაგოგის კაპელა (საეკლესიო მგალობელნი) იყო შემდგარი იტალიის ცნობილ არტისტებიდან, რომლებიც იღებდენ მდიდარ ებრაელთაგან დიდ ჯამაგირსა და შაფათობით მართავდენ თვით სინაგოგაში შესანიშნავ სასულიერო კონცერტს. ეს უფასო კონცერტები იზიდავდა ზოგ ჩვენგანს. ქართველი სტუდენტები ცივილურად მოსილნი შევდიოდით შაბათობით აღნიშნულ სინაგოგაში, მოვისხამდით იქვე აბრეშუმის გრძელ სისიტებს28 (მოსახურავს), ვჯდებოდით სკამებზე და ვისმენდით შესანიშნავ მუსიკა-გალობას.
ოდესის ებრაელობა ცნობილი იყო ლამაზი ქალებით და ექცენტრიულ სოციალისტ კურსანტ ქალებით, რომლებიც რუსის კურსელ ქალებთან ერთად გვივარდებოდენ სტუდენტ ვაჟებს ოთახებში, მეტადრე ქართველებს. უხვად იყო ხურვალე ტუჩები და უფასო სქესობრივი სიამოვნება, ვისაც კი ჰქონდა მადა და სურვილი.
ოდესა განთქმული იყო აგრეთვე თავის საოპერო თეატრით. აქ უმთავრესად მოდიოდენ საგასტროლოდ იტალია-საფრანგეთის საუკეთესო არტისტები, რაც იზიდავდა თეატრში უამრავ საზოგადოებას და სწევდა დიდათ ბილეთის ფასებს. ამით სარგებლობდენ ებრაელი მაკლერები, ყიდულობდენ წინასწარ თითქმის მთლიანად თეატრის ბილეთებს, რომელთაც ჰყიდდენ იქვე მოედანზე ერთი სამად, ამ რიგად ატყავებდენ ხალხს. მაკლერთა ასეთმა საქციელმა გამოიწვია ოდესის ქალაქის უფროსის ზელონის მიერ (საშინლად სძულდა ებრაელები) სამართლიანი რისხვა. მისი განკარგულებით, ერთბაშად დაატუსაღეს თეატრის ბილეთების ყველა გადამყიდველი ებრაელნი. მთელი ქალაქის სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი. იმავ საღამოს გააკრეს ანონსი გამოჩენილ იტალიელ ტენორისმაძინის შესახებ, რომელიც ჩამოსულიყო საგასტროლოდ და მართავდა მხოლოდ სამ კონცერტს. მიაწყდა თეატრს უამრავი ხალხი, გაკეთდა უგრძესი კუდი, კარგა ხანს ლოდინს შემდეგ, გაიღო, როგორც იქნა, თეატრის სალაროს კიბე, და ოჰ, საოცრებავ! ყველა ბილეთები სამივე კონცერტზე აღმოჩნდა უკვე გაყიდული. საზოგადოების აღშფოთება-გამწარებას არ ჰქონდა საზღვარი. შეიქნა საშინელი აურზაური და მიმოთქმა, შეიქნა კითხვა-ძიება, თუ რარიგ მოხდა ამ ბილეთების გაყიდვა, ვინ იყიდა ისინი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა ბილეთი, რაღაც ოინბაზობით შეუძენიათ სწორეთ იმ ებრაელ მაკლერთ, რომლებიც ქალაქის უფროსის („გრადონაჩალნიკის“) ბრძანებით ისხდენ სატუსაღოში. თეატრის მოყვარული საზოგადოება იძულებული შეიქნა, გაქცეულიყო ქალაქის განაპირას სატუსაღოში და მამასისხლად შეეძინათ კონცერტის ბილეთები იმ ებრაელ მაკლერთაგან, რომელთა დატუსაღებას ისე მედგრად თხოულობდენ ისინი ქალაქის უფროსისაგან. ახლა თეატრის სალაროს ნაცვლად იქ სატუსაღოს წინ გაჩნდა უზარმაზარი კუდები, რადგან ყველას სწადდა, შეეძინათ ბილეთი და მასთან საუკეთესო ალაგას.
ასე განმეორდა რამდენჯერმე. ხალხი დაიქანცა სატუსაღოში სიარულით და ზედმეტი ფულის გაღებით, ვინემ იხდიდენ წინად, როცა მაკლერები მოქმედებდენ თავისუფლად. ამიტომ ხალხი იძულებული შეიქნა, მიემართა ქალაქის უფროსისთვის და ეშუამდგომლა ებრაელ მაკლერთა სატუსაღოდან განთავისუფლება და ამრიგად დამარცხდენ ოდესის საზოგადოება, პრესა და ქალაქის უფროსი, გაიმარჯვეს ებრაელ მაკლერებმა.
უსახსრობის გამო დიდხანს ვერ დავყავ ოდესაში, დავრჩი მხოლოდ შუა ივნისამდე და ბეჯითად ვსწავლობდი საბუნებისმეტყველო საგნებს, მეტადრე კი ქიმიას და ფიზიოლოგიას, აგრეთვე ფიზიკას, ბოტანიკას და ზოოლოგიას. უფულობის გამო ვუფრთხოდი ყოველგვარ გასართობს, თეატრებსაც კი. სასტიკად ვუფრთხოდი ქალებს, ვიყავ განდეგილივით ჩაკეტილი ოთახში და ვსწავლობდი ლექციებს, ვკითხულობდი წიგნებს. მარა აქაც ვერ ავცდი ევის ასულის ცდუნებას.
ჩვენთან ხშირად დადიოდენ ორი მესამე კურსის სტუდენტი მეტად კარგი ადამიანებიშ. ს-ძე და ი. მ-ნი, რომლებიც ცხოვრობდენ ერთად ერთ უკრაინელის ოჯახში. ორთავენი მუდამ გვეპატიჟებოდენ, მივსულიყავით მათთან, რადგან იქ სამი მეტად ლამაზი ქალია, რომლებიც არიან კარგი დამკვრელნი პიანინოზე, საუკეთესო მომღერალნი და მოსაუბრენი. ჩვენც, როგორც იქნა, წავედით ერთ მშვენიერ გაზაფხულის საღამოს. კარგად მახსოვს, ეს იყო დიდი ხუთშაბათი. წავედით სტუმრად აღნიშნულ სტუდენტებთან მე და სიმ. ჟორჟოლაძე, კარლო ჩხეიძე კი, იშვიათად იყო შინ, ის მუდამ დადიოდა თავის ამხანაგ სოც. დემოკრატებთან, ხოლო მეტად იშვიათად მოჰყავდა ისინი შინ.
დიახ, დავრეკეთ თუ არა, კარი გაგვიღო ათი წლის ლამაზმა გოგონამ. ვიკითხეთ ჩვენი მეგობრები, ისინი დაგვიხვდენ შინ, მოგვეგებენ სიხარულით და შეგვიწვიეს ოთახში. მცირე საუბარს შემდეგ შეგვიპატიჟეს მასპინძლის კოხტა დარბაზში. იქ დაგვიხვდენ სამი ფრიად ლამაზი ქალი, უფროსი მარია ვლადიმიროვნა, ახალგაზრდა ქვრივი, ყველაზე უფრო მოხდენილი, ლამაზი და მომხიბლავი და ორიც დასათხოვარი ცირა (სახელები არ მაგონდება). სამივე შემოგვეგებენ მხიბლავი ღიმილით, გაგვეცვენ, ჩაგვსვეს სავარძლებში და ნაზი, კრიალა ხმით გაგვიბეს საამო საუბარი სხვა და სხვა თემაზე. რუსის და ფრანციელი ქალები ცნობილი არიან როგორც უშრეტი მოსაუბრენი და მომუსაიფენი, მუნჯს ენას აგიდგამენ, ჩვეულებრივ მობაასეს კი ორატორად გაქცევენ. არ გვანან ჩვენს ქალებს (დიდ უმეტესობას), რომელთაც სულ უბრალო პასუხიც კი გაზით უნდა ამოგლიჯო პირიდან, არა და მთელი საათობით სხედან მუნჯათ ვაჟებთან. 10 წელი რომ იცნობდე და თითქმის ყოველდღე ნახულობდე, მაინც ვერ გაიგებ, თუ ვისთან გაქვს საქმე. მისი გული და სულიერი არსება ისევე დახშულია შენთვის, როგორც პირველ გაცნობის ჟამს. ასე იყო ჩემს დროს, ამ 40-45 წლის წინად, ახლა კი, რა მოგახსენოთ! სულ სხვაა რუსის (აგრეთვე უკრაინა-პოლონეთის) ქალები. ისინი, თუ მოეწონე, პირველ გაცნობიდანვე უხვად გადაგიშლიან გულსა და სულს და მოგიყვებიან ათას რამეს, მთელ თავისა და ნაცნობ- ნათესავთა თავგადასავალს, მოგიყვებიან სხვა და სხვა ამბებს, ტყვილსა და მართალს, იღიმებიან, იცინიან, კისკისებენ, გიცქერენ ხალისით და სურვილით სავსე თვალებით, გინღვრევენ ვაჟურ სისხლს, გიღვიძებენ მწვავე სურვილებს, გათამამებენ და გაფიქრებენ ათას რამეებს. ამიტომაც რუსის ქალები არიან საუკეთესო მებადურნი და უხილავ ბადით მარდად იჭერენ ჩვენისთანა მიამიტ ლოქოებს... სულ სხვაა, ან უკეთ, სულ სხვა იყო ჩვენს დროს ქართველი ქალი, მუნჯი, უენო, რაღაც უხეში გარეგნობის ცივის ლიქორიასავით მიყუჟული თავის ნაჭუჭში.
ახლაც დატრიალდენ ჯარასავით ჩვენი ლამაზი მასპინძლები, გაშალეს მეორე ოთახში თეთრი, ქათქათა სუფრა, შემოდგეს გაკრიალებული მოჩუხჩუხე სამოვარი, ფაიფურის ჩაის სერვიზი, ააფერადეს სუფრა ათასგვარ ნაზუქებით, საუზმეულით და ტკბილოულით, მიგვიწვიეს ტრადიციულ არომატიან ჩაიზე და კვლავ განაგრძეს სანუკვარი ბაასი და საუბარი. გვეკითხებოდენ საქართველო-კავკასიის ამბებზე, ტლანქ რუსულ მართვა-გამგეობაზე, სკოლების რეჟიმზე, ქართველი ერის წარსულ ცხოვრებაზე, მის მწერლობაზე, სულიერ და ნივთიერ კულტურაზე, პოლიტიკურ მისწრაფებაზე, ქართულ თეატრზე, საქართველოს ბუნებაზე, ღირსშესანიშნავ ადგილებზე და სხ. ჩვენც სიამოვნებით ვაკმაყოფილებდით მათ ცოდნის მოყვარეობას და აღტაცებით ვუყვებოდით ყველაფერს.
ამ ტურფა არსებათ, როგორც შევატყვე, უფრო მოსწონდათ ჩემი საუბარი, ჩემი ფერადოვანი ახსნა-განმარტება, ამიტომ ცდილობდენ ჩემთან მუსაიფს. ეს წადილი შევატყვე განსაკუთრებით შვენიერ ქვრივს, რომლის პირდაპირ ვიჯექ სუფრაზე. მეც მგზნებარე სახით, ბრწყინვალე თვალებით და შავი გაჩეჩილი თმით ვიჯექ ამ ტურფა არსებათა შორის, ვით ზღაპრული დემონი და ვიტაცებდი მათ ჩემი ბარიტონის საამო ტემბრით და სიტყვის აღმოსავლეთურ ფერადებით. ხან კი ვაცინებდი მხიარულად საოხუნჯო შტრიხებით და მოსწრებული სიტყვებით. ერთი სიტყვით, იმ დაუვიწყარ საღამოს შევიქენ უნებლიედ სახელოვანი ორატორი, ენამჭევრი მობაასე, ენამზიანი და ფერადოვანი მობაასე. იმ დიდებულს საღამოს ვეღარ ვცნობილობდი ჩემს თავს. ჩემს მგზნებარე გულს ხიბლავდენ და ჩემს ლაღ ოცნებას აფრთოვანებდენ სამი ულამაზესი მუზა, სამი ნაზი გრაცია... ჩემი გაჩენის დღიდან პირველად ვიყავ ასეთ მომხიბლავ სფეროში, პირველად ვგრძნობდი აქამდე განუცდელ სულიერ სიტკბოს და ნეტარებას...
შემდეგ დაუკრეს პიანინოზე და დასძახეს სოლოდ და ხოროდ ფრიად საამო ხმებით უკრაინული სიმღერები. ჩვენ პირველად ვიქეცით სმენად, შემდეგ ავყევით კიდეც. შემდეგ გვამღერეს ქართული ჰანგები, რაც მეტად მოიწონეს.
ისე შესრულდა ნაშუაღამევის პირველი ჟამი, რომ ვერ გავიგეთ. მოგეხსენებათ, სიამოვნება-ნეტარებაში დრო მიფრინავს, ვით შევარდენი, ხოლო უგემურ ლოდინსა და მარტოობის წუთებში იგივე დრო მიიზლაზნება, ვით ლოკოკინა. ბოლო უნდა მოღებოდა ჩვენს ერთად ყოფნას და ნეტარებას. ჩვენც წამოვდექით და უზენაესი მადლობით გავშორდით მასპინძლად მოვლენილ ჩვენს მომხიბლავ ტურფა ფერიებს. ამათ დაჟინებით ჩამოგვართვეს სიტყვა, რომ უსათუოდ ვეწვეოდით აღდგომას. ჩვენც დიდის სიამოვნებით აღვუთქვით იგი.
წამოვედით შინისკენ მე და ჩემი მეგობარი. მოვდიოდით მდუმარეთ, რადგან ჩვენი სული კვლავ განაგრძობდა ნეტარების განცდას, ჩვენი ოცნება კვლავ შეტრფოდა იმ სამს შვენიერ გრაციას...
მალე გაირბინა ორმა დღემ და გათენდა აღდგომა. აპრილის ხასხასა მზე ალამაზებდა ამწვანებულ ბუნებას და აცხოველებდა დღესასწაულს. შებინდდა თუ არა, მე და ჟ. მოვემზადეთ იმ შვენიერ ფერიებთან წასასვლელად. შევედით ჯერ ჩვენს ამხანაგ სტუდენტებთან და მოვილოცეთ აღდგომა. გავაბით მცირე საუბარი. ამ დროს შემოცქრიალდა დიასახლისის პაწია და და დაიძახა: მარია ვლადიმიროვნა (იგულისხმეთ შვენიერი ქვრივი) ერთი წუთით სთხოვს სიმონ ალექსევიჩსაო (ე.ი. მე). უნებლიეთ შემრცხვა და გავწითლდი უმანკო ქალწულივით. არ ვიცოდი, რა მექნა. ვყოყმანობდი წასვლაზე. სხვები მაქეზებდენ და მირჩევდენ შესვლას, გარდა ერთისა, რომელიც იჯდა კუთხეში და სდუმდა მოღუშული. თურმე ამ სტუდენტს უკვე ორ წელზე მეტია, რაც ყვარებია უიმედოდ ის ლამაზი ქვრივი, მე კი იმჟამად არაფერი ვიცოდი.
ამხანაგების წაქეზებით გავბედე და შევაღე კარი ქალების ოთახში. შეველ თუ არა, პირველად დამეტაკა ღიმილით შვენიერი ქვრივი, მომაძახა ვერცხლის ზარასავით წკრიალა ხმით რუსულად: „ქრისტე აღსდგა“, გადამეხვია და სანამ გონს მოვიდოდი, მაკოცა სამჯერ მწვავედ შიგ ტუჩებში. შემდეგ გადამეხვია მეორე და, ქრისტე აღსდგას შეძახებით; იმანაც მაკოცა სამჯერ. ამას მოყვა მესამე დაც, რომელმაც სხვებსავით დამაჯილდოვა სამი მწვავე ამბორით. შემდეგ სამივემ სულმოუთქმელად მტაცეს ხელი, დამსვეს დივანზე, მომისხდნენ გვერდით და აჭიკჭიკდენ ჩიტუნებივით. გამიბეს საუბარი.
ფრიად გამაოცა ამ ქალების ასეთ მოულოდნელმა საქციელმა. გავწითლდი საშინლად, დამება ენა; შემრცხვა უცნაურად; ჩემს თავს ვგრძნობდი შერცხვენილად და ნამუს ახდილად. მიდუღდა სისხლი, თვინიერ სიამოვნებასთან ერთად ვგრძნობდი სულიერ აღშფოთებას. ჩემს არსებაში მძაფრად ბორგავდა ვაჟური უმანკოება... უკვე 21 წლის ჭაბუკი ვიყავ, ახლად მესისვებოდა წვერი და შავი პაწია ულვაშები, მაგრამ რა იყო ქალის ხვევნა-ალერსი, ქალთან ტრფობა, არ ვიცოდი მანამდე. 21 წლის ვაჟი, სისხლმდუღარე სამხრეთის შვილი უმანკო ვიყავ, ვით 13 წლის ქორფა ასული. არ განმეცადა მანამდე ქალის ვნებით აღსავსე კოცნა, გარდა ახლო ნათესავ ქალთა უცოდველი სადღესასწაულო ამბორისა, ისიც ფრიად იშვიათად. აქ კი აღდგომა საღამოს ვიღაც უცხო ქალები, ოდნავ ნაცნობნი, ქრისტე აღსდგას სახელით მეხვევიან და მკოცნიან მწვავედ ტუჩებში, მძალადობენ, მიდუღებენ უნებლიეთ ვაჟურ სისხლს, მიღვიძებენ ვნებას და სახვენ ჩემს არსებაში მრუშობის სამარცხვინო შემეცნებას... საოცარი იდეალისტი ვიყავ ცხოვრებაში, ფრიად ფაქიზი გრძნობის, უზენაესი ზნეობით აღჭურვილი, სულით სპეტი ვით იალბუზის ბროლი, მეტადრე იმ დროს, ჭაბუკობის ხანაში და ამ საბედისწერო საღამოს ამ მოულოდნელმა შემთხვევამ ამირია დავთარი. ეს სიხამე და უძლური სიბრაზე ადვილად შემატყვეს ქალებმა, იამათ მეტად და გათამამდენ უფრო. მოიტანეს სამივემ ჩემზე იერიში. იწყეს ოსტატურად ჩემი გათამამება. მიყვებოდენ რაღაც საოხუნჯოებს, თვითონ კისკისებდენ უდარდელად, მე კი ბრაზი მეჩრებოდა ყელში და არ ვიცოდი, რა მექნა. ყველაფერს მერჩია ერთი გაქცევა ამ ჯადოსნურ წრიდან, დამალვა სადმე, მაგრამ რას იტყოდენ „ურცხვი“ ქალები! ხომ მასხრად ამიგდებდენ! ხომ ყველას ეტყოდენ ამ ამბავს, ამ ჩემს სიხამესა და სილაჩრეს! აი, ეს მაკავებდა მხოლოდ და ვიჯექ მუნჯად მილურსმული. გაჰქრა ერთბაშად წინა საღამოს ჩემი გატაცებული ბაასი და ენამზეობა. გაჰქრა ჩემი აფრთოვანებული სახე, ოხუნჯობა და სიხალისე...
ამ დროს გაიღო კარი და შემოვიდენ ამათი სულ უფროსი და და მისი ქმარიოპერის არტისტი, ორთავე მოხდენით ჩაცმულნი. დები გადაეხვიენ დასა და სიძეს, ქრისტე აღსდგას მიძახებით აკოცეს მათ სამჯერ. შემდეგ გამაცვნეს.
- წარმოიდგინეთ, ანდრეი ნიკოლაევიჩ, - ეუბნევა სიძეს ქვრივი ცოლის და, - დღეს აღდგომა მივულოცე კოცნით მხოლოდ ორ მამაკაცს, თქვენა და აიმ ახალგაზრდას, მოუშვირა ხელი ჩემსკენ.
- ყოჩაღ, ყმაწვილო კაცო! ყოჩაღ! მომილოცავს ვაშა! - მომაძახეს სიცილით ახლად მოსულმა ცოლ-ქმარმა.
მე კვლავ გავწითლდი უცნაურად, დავიწვი სირცხვილისაგან და ჩავღუნე თავი. ეს კი მეტისმეტი იყო! ამ „ურცხვი“ დიაცის საქციელი. ვეღარ გავუძელ მის ასეთ „სიაშრე-თავხედობას“, მოვიმიზეზე რაღაც, მოვიხადე ბოდიში და ვითომც მცირე ხნით შეველ ამხანაგების ოთახში. ჩემს სმენას მოწვდა ქალებისა და მათი სიძის სიცილ-ხარხარი. ალბად დამცინოდენ სიხამეს „ველურ“ აზიელს. იქ უცებ ვტაცე ხელი ჩემს ქუდს და გავარდი შინისკენ, რითაც გამოვიწვიე ახლა კი ამხანაგთა გაოცება.
იმ საბედისწერო საღამოდან არ გავკარებივარ იმ ლამაზ ფერიებს. რა ყოფილა თურმე ვაჟის სიხამე და „ველურობა“! ახლა, ამ 43 წლის შემდეგ მეცინება, როს გამახსენდება ჩემი უცნაური საქციელი იმ აღდგომის საბედისწერო საღამოს.
__________________
1. Чиновник (რუს.) - მოხელე.
2. ალექსანდრ გრიბოედოვის კომედიის „ვაი ჭკუისაგან“ მთავარი გმირი.
3. титулярный советник (რუს.) - ნომინალური მრჩეველი, სამოქალაქო ჩინი რუსეთში.
4. ნიკოლაი გოგოლის პიესის „შინელის“ მთავარი გმირი.
5. ვაზის მავნებელი მწერი.
6. რუსი პოლკოვნიკის, სოხუმის ოლქის მმართველის, აპოლონ ვვედენსკის მიერ სოხუმში გაშენებული ბაღი „სინოპი“.
7. კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება, დაარსდა 1850 წელს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით.
8. ვაზის დაავადებასთან მებრძოლი საზოგადოება „ფილოქსერის პარტია“ დაარსდა 1889 წელს.
9. курильня (რუს.) - მოსაწევი ოთახი.
10. მოღალატე, განდგომილი.
11. ქვეშქვეშა, გაქნილი ადამიანი.
12. თხელი ფიცრის პატარა ნაჭერი; აქ - ფანჯრის რაფა.
13. მოქანავე, მოფრიალე.
14. ხის ნაქერქი, წვრილი ნაწილი.
15. ფინელები.
16. ლატვიელები.
17. ესტონელები.
18. პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი საქართველოში, შეიქმნა 1892 წელს ეგნატე ნინოშვილისა და მიხეილ ცხაკაიას მიერ ზესტაფონში გამართულ კრებაზე. წევრები: ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, ეგნატე ნინოშვილი, მიხა ცხაკაია, ევგენი ვაწაძე, იოსებ კაკაბაძე, რაჟდენ კალაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, ისიდორე რამიშვილი, ისიდორე კვიცარიძე, არსენ წითლიძე.
19 მდინარის პირას გამოყრილი ხეები ან ტოტები.
20 ორივე მხრით.
21 Кума, кумушка (რუს.) - ნათლიდედა.
22. Прибалтика (რუს.) - ბალტიისპირეთი.
23. ჭამის მოყვარული, ღორმუცელა.
24. Молдаване (რუს.) - მოლდოველები.
25. Кацап (უკრ.) - რუსების აღმნიშვნელი მოძველებული სახელწოდება, ამჟამად კი, დამამცირებელი მეტსახელი, რომელსაც იყენებენ უკრაინელები, პოლონელები და ბელარუსები.
26. Гешефтмахер (რუს.) - საქმოსანი.
27. Вулиця Рішельєвська (უკრ.) - ქუჩა ოდესის ისტორიულ ცენტრში, სახელი ეწოდა 1814 წელს, ქალაქის პირველი თეატრის დამაარსებლის (1809), ფრანგი ჰერცოგის, არმან დე რიშელიეს (1766-1822) ოდესიდან გამგზავრების შემდეგ.
28. სარიტუალო ფოჩებიანი მოსასხამი, რომელსაც ებრაელი მამაკაცები ატარებენ.
![]() |
6 VI. სამშობლოში |
▲ზევით დაბრუნება |
აპრილი და მაისი გადაიქცა სტუდენტთათვის მუწუხის1 თვეებად. კერძოდ, მე ვემზადებოდი ბეჯითად, რათა ჩამებარებინა გამოცდები არაორგანულ ქიმიასა და ბოტანიკა-ზოოლოგიაში. ვმეცადინეობდი თავდადებით. მთელი დღეები ვმუშაობდი პრაქტიკულად ქიმიურ ლაბორატორიაში, ამიტომ აღარ მეცალა ამხანაგებთან სასიარულოდ. დროებით გაჰქრენ ჩემი მეხსიერებიდან აღდგომის ტკბილ-მწარე მოგონებანი.
ოდესაში მოკლე გაზაფხულს ერთბაშად მოყვა ზაფხულის პაპანება. მაისის პირველ რიცხვებიდანვე დაცხა ისე, რომ დილის 10-11 საათიდან გულს გიწუხებდა გარეთ სიარული. მეც ჩინებულად ჩავაბარე საგნები და რამდენიმე ქართველ სტუდენტთან ერთად გამოვსწიე სამშობლოსკენ, მით უმეტეს, რომ სახარჯო ფულიც დამელია. გზა-გზა დავათვალიერეთ ყირიმის განაპირა ლამაზი ქალაქები იალტა, ფეოდოსია, სევასტოპოლი და ბათომის გეზით ჩამოველ ჩემს მშვენიერ ქუთაისში.
რამდენიმე დღის შემდეგ მშობლებმა გადაჭრით მომთხოვეს, შევსულიყავ სადმე სამსახურში და მეზრუნა მათზე, რადგან მოხუცდენ, შემოსავალი შეუმცირდათ, ცხოვრება მეტად გაუჭირდათ, ჩემი რჩენა და დახმარება აღარ შეუძლიათ და, პირიქით, ჩემგან ითხოვენ ახლა ნივთიერ დახმარებას. „სწავლა გეყოფა, შვილო, ნაკითხი ბლომათა ხარ, ეს რუსეთიც ხომ მოიარე, ახლა შედი რაიმე სამსახურში, გახდი ჩინოვნიკი და გვარჩინე მშობლებიო, როგორც სხვები ჩადიანო. გამხდარიყავი ადვოკატი, მეტად კარგი იქნებოდა, და რადგანაც არ ისურვე ადვოკატობა, რა გაეწყობა! ისე მაინც იმსახურე, შვილო და არჩინე ოჯახიო. ხომ ხედავ, ჩვენი ნაცნობ- ნათესავთა შვილები როგორ იქცევიანო! მ. კ-ის ვაჟს შენი მესამედი ცოდნა არა აქვს, მარა ის კაცი პირველი სტოლ ნაჩალნიკია2 ოკრუჟნი სუდში3, კაი ხუთი თუმანი აქვს თვეში და ხუთ თუმანს კიდევ ისე არ დაჯერდება. მერე სამი წლით ხომ შენზე უმცროსია. გუშინწინ ახალ მუნდირში ვნახე, გული გამინათდა. მე კი ვინ დამწყევლა მე უბედური, რომ აგერ მალე 22 წლის გახდები და აქამდე ერთი გროშიც კი არ შემოგიტანია ოჯახში, პირიქით, დღემდე ისევ მე მაწევხარ კისერზე, მე მოხუცებულ მამასა... დროა, შვილო, მოხვიდე გონს და იფიქრო შენს თავსა და ოჯახზე. მარტო წიგნებში ჩაბჯინება და ჟღურტული არაფერ ხეირს არ დაგვაყრის“...
წამიკითხა მამაჩემმა ეს მწვავე ნატაცია და გამშორდა აღელვებული, თანაც ამოოხრით ჩაილაპარაკა ჩემდა გასაგონად: „ეჰ, გამხდარიყავი ადვოკატი, კარგი იყო და ახლა რა გაეწყობა!“...
მამაჩემის გულითადი ნატვრა იყო ჩემი ადვოკატად გახდომა, რადგან ზოგიერთი უსინდისო პირები სარგებლობდენ მამაჩემის მიამიტობით, უწყობდენ საკლიაუზო რამეებს, უჩიოდენ რაღაცეებს და ათრევდენ სასამართლოში. მათ შორის ირჩეოდა ერთი გათახსირებული ტიპი, ნამდვილი ქუჩის აბლატი4 და არქიკლიაუზნიკი ვიღაც დათა ნოზაძე, რომელმაც ბიძაჩემ ბეკოს გამო (მის სიკვდილის შემდეგ) ყალბი საბუთებით ჩაითრია საჩივრებში მამაჩემი და მიაყენა უამრავი ზიანი და უსიამოვნება. მე კი, ჩემს საბრალო მამას ვერ გავუმართლე იმედები და ვერ შევიქენ ვექილი, რომ დამეცვა იგი დ. ნოზაძის მსგავს ბინძურ პირთაგან. მე კი, პირიქით მძაგდენ ვექილები, მძაგდა მათი ურცხვი სიცრუე, ოინბაზობა და კაზუისტური ფანდები. ქუთაისის სასამართლომ და ქუთაისის ადვოკატებმა (უმეტესობამ), სამწუხაროდ, დიდად შემაძულეს იურისტთა საპატიო ინსტიტუტი, დამცველთა კოლეგია. ფრიად ჩამაფიქრეს იმ დღეს მამაჩემის საყვედურით სავსე სიტყვებმა, „ჩავარდი საგონებელში, ვითა კამბეჩი მორევში“. მართლაც რომ, ბევრი სიმართლე იყო მამაჩემის მწარე სიტყვებში. მოხუც მშობლებს ეჭირვებოდა დახმარება, ღარიბ ოჯახსპატრონობა, მტერ-მოყვარეს კისაფერი დახვედრა. ყოველივე ამას სამართლიანად მოითხოვდენ მშობლები 22 წლის ვაჟისაგან, რომელიც ვერ ხედავდა ულმო ცხოვრების მწარე სინამდვილეს და თვალაბმული სცურავდა ოცნება-იდეალების ფერადოვან ზვირთებში... ო, ძნელი ყოფილა, ძნელი, ღარიბ ადამიანისთვის მაღალ მისწრაფება-იდეალებით გატაცება, თავის ერსა და სამშობლოზე ზრუნვა, მშრომელ ხალხზე, დაჩაგრულ მოძმეებზე ფიქრი, თუ რარიგ დაეხმაროს მათ, რარიგ შეუმსუბუქოს მძიმე ცხოვრება...
აი, ასეთ მაღალ იდეებით გატაცებულ ჭაბუკს, მაღალ სანატრიონთა სფეროში მონავარდეს, მეწიკავებოდნენ ძირს მიწისკენ, მამცნევდნენ ბნელ სინამდვილეს, მახედებდენ ულმო ცხოვრების სიღრმეში, მავიწყებდენ ფართო საზოგადოს და მჩრიდენ თვალში ვიწრო პირადულს... მე მწადდა შევარდნობა, ცაში მოსრიალე, თაფლის მკეთებელი ფუტკრობა, ისინი კი მირჩევდენ ფუნაში ამოსვრილ ხარაბუზობას.
საშინელი იყო იმჟამად ჩემი სულიერი განცდა, სულიერი ტანჯვები... რა უნდა მექნა?! მთელი ჩემი არსება მკვეთრად ეურჩებოდა სულიერ დაკნინებას, დახურდავებას, უბრალო მომაკვდავად გარდაქმნას, რუსის მეფის ყურმოჭრილ მონა-მოხელედ გახდომას, უენო ქედმოხრილ ჩინოვნიკობას. მეორე მხრივ, რარიგ განმეგრძო სწავლა უნივერსიტეტში კიდევ 3 წლის განმავლობაში, როცა პირადად არავითარი სახსარი არ მქონდა და არც არავისაგან ველოდი დახმარებას?! ჩემს წინ აიმართა გარდუვალი ციცაბო კლდე, გადიშალა მწვავე დილემა. ამ გამოუსვლელმა მდგომარეობამ აამუშავა ჩემი აზროვნება. დავსვი საკითხი: რა შემესწავლა ისეთი პრაქტიკული რამ მცირე დროის განმავლობაში და მცირე თანხის დახარჯვით, რომ სამჩნევი სარგებლობა მომეტანა ჩემი ქვეყნისათვის, იმავე დროს კი, მეცხოვრა დამოუკიდებლივ და ნივთიერად დავხმარებოდი ჩემს მშობლებს. ჩემის აზრით, ასეთი რამ იყო სამეურნეო ცოდნა, აგრონომია. ქართველი ერის თითქმის 85%25 იმ ხანად მიკრული იყო მიწაზე, მისდევდა სასოფლო მეურნეობას, უმთავრესად პურეულის მოწევას (მემინდვრეობას), მევენახეობა-მეღვინეობას, ბაღოსნობას (ე.ი. მეხილეობას) და მებოსტნეობას, აგრეთვე მესაქონლეობას, მეაბრეშუმეობას და მცირეოდნად მეფუტკრეობას, მეთამბაქოეობას და მებამბეობას. მაგრამ მდაბალ სამეურნეო ტეხნიკისა და პრიმიტიულ იარაღების გამო სასოფლო ნაწარმთა შემოსავალი იყო მეტად მცირე და სოფლის მშრომელი გლეხობა განიცდიდა დიდ ნივთიერ შევიწროებას, რასაც ამწვავებდა ვარგისი მიწის სიმცირე, მიწის შიმშილი უმთავრესად დას. საქართველოში. ამ მიწის სიმცირეს, ამ მიწის მწვავე შიმშილს მკვეთრად განიცდიდა ქართველი გლეხობის 80%25 მაინც. ეს უმიწობა აიძულებდა მათ, წლობით ან ზამთრის სეზონში გაქცეოდენ სოფელს და შეფარებოდენ ქალაქს, სადაც მძიმე შრომით მოეპოვათ ლუკმა პური. აქ ისინი ხდებოდენ ან კურტნის მუშებად (გასაკუთრებით რაჭველები) ან ფარეშ- მზარეულებად (უმთავრესად იმერ- გურულ- მეგრელები) ან სახელოსნოებისა და ქარხანა-ფაბრიკის შავმუშებად.

სიმონ ქვარიანი (ზის პირველ რიგში მარცხნიდან მესამე)
ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის თანამშრომლებთან
თბილისი, მეფისნაცვლის სასახლე, 1890-იანი წლები
აი, ამ სოფლის გლეხობას, ამ ქართველი ერის 4/5-ს ეჭირვებოდა დახმარება აგრო-ტექნიკური ცოდნით, იაფი სესხით, გაუმჯობესებული სამეურნეო იარაღებით, სოფლად ამხანაგობების დაარსებით, მათ სასოფლო სამეურნეო ნაწარმთა სათანადო ბაზრის მოპოებით და სხ. ამ მხრივ ჩვენი სოფელი სრულიად უყურადღებოდ იყო დატოვებული როგორც მთავრობის, ისე თვით ქართველ ინტელიგენციის მიერ. პრესაში კანტი-კუნტად თუ გაისმოდა ხმა ამათ შესახებ.
ფრიად დამაფიქრა ამ მოვლენამ და აამუშავა ჩემი აზრი. პაწია ქართველ ერს საკმაოდ ჰყავდა ვექილები, ექიმები, მასწავლებელნი, ინჟინერ-ტექნიკოსებიც კი, არ ჰყავდა მცოდნე, მეცნიერულად აღჭურვილი აგრონომები, ან, თუ იყვნენ, მხოლოდ თითო-ოროლა. სოფლად მიწაზე მიკრულ ერის 4/5-ს კი ეჭივრებოდა ასობით და ათასობით ასეთი მცოდნე, განათლებული მეურნენი, სპეციალისტ-აგრონომები, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილნი, რომლებიც გარდაქმნიდენ სოფელს, ააყვავებდენ სამეურნეო ტექნიკას, განავითარებდენ სასოფლო მეურნეობის ყველა დარგებს, წარმოშობდენ სამეურნეო კულტურების ინტენსიფიკაციას და სამჩნევად გააძლიერებდენ ამ კულტურების რენტაბელობას, ე.ი. შემოსავლიანობას, რითაც წინ წასწევდენ ნივთიერად და გონებრივად მშრომელ გლეხობას და მით ააღორძინებდენ მთელი ერის ეკონომიკას და მით სულიერ კულტურასაც.
ამის შესახებ იმ ხანებში დავწერე კიდეც ვრცელი წერილი სათაურით: „რაგვარი ცოდნა უფრო გვეჭივრება ქართველებს“, რომელიც ... წელს დაიბეჭდა გაზ. „მეურნე“-ში და იმავე დროს გამოვიდა ცალკე წიგნაკად. ეს ჩემი წერილი არ მოეწონა თურმე იმხანად ახალგაზრდა იურისტსგ. გვაზავას და გამოვიდა გაზ. „მეურნე“-ში მკაცრი კრიტიკით, მაგრამ მის უნიათო „კრიტიკას“ კონტრკრიტიკით უპასუხა იმავე გაზეთში ჟურნალისტმა და პედაგოგმა (ძველი ეკალის ფსევდონიმით) მ. ნასიძემ და ჩაუგდო ენა ენაწყლიან ვექილს.
გადავწყვიტე, საფუძვლიანად შემესწავლა აგრონომია, უმთავრესად კი, ჩვენი ქვეყნის სას. მეურნეობის ყველაზე უფრო მნიშვნველოვანი დარგი, მევენახეობა-მეღვინეობა და მით დავხმარებოდი ჩვენს მშრომელ გლეხობას და სრულიად ქართველ ერს. მაგრამ სად უნდა შემესწავლა ეს დარგი? ეჭვი არაა, იქ, სადაც ყველაზე უკეთესად იყო დაყენებული იგი. ასეთი მხარე კი იყო საფრანგეთი, რომლის მევენახეობა და მეღვინეობის ტექნიკა ფრიად განთქმულია და უპირველესია მთელ ქვეყანაზე და რომლის ღვინოებს (სოტერნს, მედოკს, ბურგონს, შამპანურსა და სხ.) მთელ მსოფლიოში პირველობა აქვს მოპოებული. თვით საფრანგეთის სახელმწიფოს მთავარ შემოსავლიან წყაროს და მთავარ სიმდიდრეს შეადგენს მევენახეობა და მეღვინეობა. მათი შემოსავალი უდრის წლიურად რამდენიმე ათასს მილიონ ფრანკს ოქროდ. თვით მეფის რუსეთში შემოდიოდა ყოველ წლივ საფრანგეთიდან სხვა და სხვა ტიპის და მარკის ღვინოები, ღირებული 60-80 მილ. მანეთამდე ოქროდ. ამიტომ საქართველოს რომ შესძლებოდა დაახლოებით ისეთი ღვინოების დამზადება, როგორც საფრანგეთს, რუსეთის მთავრობა დიდი სიამოვნებით გაუხსნიდა ბაზარს ჩვენს ღვინოებს და დაუკეტდა კარს საფრანგეთისას, რადგან ღვინოების საფასად გაღებული ფული ოქროდ დარჩებოდა თვით რუსეთის იმპერიის ფარგლებში (რადგან ამავე იმპერიაში შედიოდა თვით საქართველოც), რასაც ექნებოდა დიდი ფინანსურ- სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. აი, ამ მიზნით იყო სწორეთ, რომ რუსეთის სამეფო გვარეულობამ ადრევე შეიძინეს ყირიმისა და კახეთის საუკეთესო საღვინე რაიონებში ვრცელი მამულები, დახარჯეს მილიონები, გააშენეს მათში ახალი ვენახები, ააგეს უზარმაზარი სარდაფები, დაიქირავეს მეღვინე-სპეცები და იწყეს ფრანგული სისტემით ღვინის კეთება. ეს ღვინოები მალე გამოვიდა რუსეთის ბაზარზე საუფლისწულო მამულთა5 მარკით და მოიპოვა რუსეთის მომხმარებელი საზოგადოების ყურადღება. აი, სწორეთ ამ მოსაზრებით გადავწყვიტე, წავსულიყავ საფრანგეთში და შემესწავლა მევენახეობა-მეღვინეობა, აგრეთვე გავცნობოდი პრაქტიკულად ამერიკული ვაზების კულტურას და მათზე ადგილობრივ ჯიშების დამყნას, რათა გვეხსნა ჩვენი ზვარ-ვენახები ფილოქსერისაგან, რომელიც იმ ხანებში ანადგურებდა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ვენახებს. მაგრამ თქმა ადვილი იყო, ასრულება კი ფრიად ძნელი, ხოლო ჩემთვის არ არსებობდა არავითარი დაბრკოლება. თანდაყოლილი მქონდა ისეთი რწმენა, რომ თუ გულით რამეს ამოვიჩემებდი, უსათუოდ შევასრულებდი ადრე თუ გვიან და გადავლახავდი ყოველგვარ დაბრკოლებას უსათუოდ პატიოსანი გზით, სხვაგვარი ბრძოლა ცხოვრების ასპარეზზე არ მწამდა და არ ვთვლიდი ადამიანის ღირსად.
ახლაც გადავწყვიტე საფრანგეთში წასვლა, მაგრამ უკვე მომზადებულად და ფრანგული ენის საფუძვლიან შესწავლით, რათა უფრო ადრე და ადვილად მიღვწეოდი დასახულ მიზნებს და სამჩნევად ნაკლები დრო და ფული დამეხარჯა ევროპაში. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე კახეთში წასვლა და პრაქტიკანტად შესვლა ს. წინანდლის საუფლისწულო მამულში6, რათა იქ საკმაოდ გავცნობოდი პრაქტიკულად ევროპიულად გამართულ მევენახეობა-მეღვინეობას. გადავწყვიტე და წავედი კიდეც. გავახვიე ძველ ფარდაგში ჩემი ლოგინი და მცირე ბარგი ზოგიერთი წიგნებითურთ, ჩავიდე ჯიბეში ოციოდე მანეთი (გაკვეთილებით შეგროვილი), ჩავჯეგ მატარებელში და გავსწიე ტფილისში, ვგონებ, 1890 წლის სეკტემბრის პირველ რიცხვებში, რათა იქიდან გადავსულიყავ კახეთში.
________________
1. გამალებული მუშაობის დრო.
2. Столоначальник (რუს.) - საშუალო რანგის მოხელე რევოლუციამდელ რუსეთში.
3. Окружной суд (რუს.) - საოლქო სასამართლო.
4. ყეყეჩი, ჩურჩუტი.
5. საუფლისწულო მამულების (რუს. - удельные именья) დეპარტამენტი რუსეთში დაარსდა 1797 წელს. მამულის შემოსავლები განკუთვნილი იყო რუსეთის იმპერატორის ოჯახის წევრებისთვის.
6. წინანდლის მამული 1797 წელს ერეკლე II-მ უბოძა გარსევან ჭავჭავაძეს. მისმა ვაჟმა, პოეტმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ მამულში სახლი და მევენახეობა-მეღვინეობის გასავითარებლად დიდი მარანი ააგო. პირველად აქ ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას. 1886 წელს ეს მამული საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში შევიდა.
![]() |
7 VII. ტფილისში |
▲ზევით დაბრუნება |
ჩაველ ტფილისში დილით და დავბინავდი ორი-სამი დღით ერთ ჩემ ინტელიგენტ ნაცნობთან, რომელსაც თავი მოჰქონდა დიდ პედაგოგად და ჟურნალისტად. საქართველოს დედაქალაქზე გამეგონა ბევრი ქება-დიდება, თვით მამაჩემიდანაც კი, ხოლო ჩემზე მან მოახდინა სრული უარყოფითი შთაბეჭდილება. სამხრეთ-დასავლეთით და აღმოსავლეთით ტიტველა, დაღარული რუხი მთა-გორაკები, შუაში გულამღვრეული მტკვარი, მდინარის სიგრძისად ოღრო-ჩოღროდ გაჭიმული უშნო ქალაქი, თითქმის უბაღო და უმცენარეო, 2-3 სართულიანი სახლები ვიწრო, ბინძური ეზოებით, დუქან-მაღაზიები რუსულ სომხური წარწერებით, ქუჩებსა და გამზირ- მოედნებზე მხოლოდ ამ ორ ენაზე საუბარი. საღად არიან საქართველოს დედაქალაქში თვით ქართველები?! სად არის ტკბილი, დარბაისული ქართული ენა?!. ენა შოთა რუსთველისა, საბასი და ბესიკის... ქუჩებში კიდევ ნახშირით დატვირთული ვირები და უზარმაზარ თაბახებით თავზე დადგმულ კინტოების ღრიალი დამტვრეულ რუსულ ენაზე და ყველგან უწმაწური გინება იმავე ენაზე და ცინიზმით სავსე მოსწრებული სიტყვები. ხალხი უზრდელი, ურცხვი, თავხედი, მეტწილად უშნო, მახინჯი, ფაშიანები და გაჩქარებით მოსიარულე. აი, რა ვნახე ტფილისში, ამ ვახტანგ გორგასლანის ქებულ ქალაქში!.. ამასთან შედარებით, ო, რა შვენიერ სურათად დამეხატა ჩემი ქუთაისი, „სავარდო და სამაისო“, მის ამწვანებულ ეზო-ბაღებით, ვერცხლივით მოლივლივე ცქრიალა რიონით, საღორიის მუქმწვანე მუხის ტყითა და წინ ვრცლად გადაშლილ ქვემო იმერეთის სიმიდის ტევრით დატვირთულ უხვი ჭალებით, რომელთაც სამხრეთით ფარგლავს ლურჯად მოკამკამე სურამ-აჭარის თეთრჩალმიანი მთები, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით კიდევმწვანედ მოხასხასე ძეწკვად გაბმული პირამიდული მთა-გორაკები, ზემოდან კიფირუზა ცა და ცხრათვალა მზე ოქროს სხივებით. ჰაერი რბილი, საამო, მთის ოზონით და ზღვის რადიო- ემანაციით შეზავებული! მთელი მიდამო ამწვანებულ-აფერადებული, ხალხი ლამაზი, ნიჭიერი, ცქვიტი, ტანადი, კოხტად მოარული, ზრდილი, მომღერი, მოლხინ-მოქეიფე და ქართულად მოუბარი. ქალნი და კაცნი მალხაზი იმერეთის ტურფა ბუნებისა და კეკლუც რიონის ღირსეული ვაჟნი, ასულნი... ასეთი წარმომიდგა შვენიერი ქუთაისი უშნო ტფილისთან შედარებით, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე აბინძურებდენ სპარსნი, თურქმნი, მონღოლთ ურდონი, ლეკნი, ჰაიკნი და ბოლოს სკვითნი...
ტფილისში ჩემი ყურადღება შეიჩერა მხოლოდ ოთხმა რამემ: რუსთველის (ყოფ. გოლოვინის) გამზირმა ფართო ფილაქნებით, გოგირდის საუცხოო აბანოებმა, ცხელი, მოლურჯო ანკარა წყალით, მაღალი ხეებით დაჩრდილულ მუშტაიდმა და ყვავილნარით შემკულ ბოტანიკურ ბაღმა; ერეკლე გმირის ციხის გადაღმით (ნარიყალას ციხე) შეფარებია იგი ვიწრო ხევს, რომლის თავში სამხრეთ-დასავლეთით ბროლივით იმსხვრევა თეთრად მოქათქათე პაწა ჩანჩქერი. ჩემი ყურადღება მიიბყრო აგრეთვე ვაზის ჯვარმა, წმ. ნინოს თმებით შეკონილმა; იგი ასვენია ძველთა-ძველ სიონის ტაძარში, რომელსაც ამჟამად ამკობს გაგარინის მიერ დახატული ფრესკები. ჯვარის ხილვამ უნებლიეთ გამახსენა 324 წელი, ძველი არმაზი, ოდესღაც დიდებული მცხეთა, დღეს „სამიკიტნო დაბად გამხდარი“, არმაზის დღეობა, ზაფხული, იშვიათი დარი, ხასხასა მზე, უამრავი ხალხი, მირიან მეფე ნანა დედოფლით, ბრწყინვალე ამალა, მდიდრულად მოსილი დიდებულნი, ოქრო-ვერცხლისაგან შექმნილი უზარმაზარი კერპები: შუაში დიდი არმაზი ელვარე ხმლით და მის გვერდით მდგარნი გაცი და გაიმი. მათ წინ ქურუმნი მოღაღადენი და კერპთა წინაშე დამხობილი, დუჟმორეული, თვალებ ბრიალა მონა-ქადაგნი. მორწმუნე ხალხი დამხობილი კერპთა წინაშე, სწირავენ ტარიგთ. ასდის ირგვლივ ზვარაკთა დამწვარ შიგნეულის ოხშივარი. ამ სურათს მზერს გაოცებით ახლად მოსული ჯავახეთით უმანკო ასული კაბადოკიისა წმ. ნინო თავის თმებითვე შეკონილ ვაზის ჯვრით ხელში და ჯვარცმულის მიმართ სარწმუნოებით აღტკინებული... იგი იჩოქებს იქვე მოშორებით და ავედრებს ღვთისმშობელს მის წილად ხდომილ ივერთა ერს... ამ დროს უეცრივ ცა იღუშება, შავი ღრუბლები აბნელებენ დიდებულ მნათობს, იჭექავს ზეცა, ელვა ხშირდება, გრვინვა, გრუხუნი, წამოვა სეტყვა, მას მოყვება წვიმა-ავდარი კოკისპირული. ხალხი იფანტვის შეშინებული, დალუმპული, დასველებული; ზანზარებს ზეცა, ვარდება მეხი და იმსხვრევიან კერპნი არმაზის... ღვართქაფს, ნიაღვარს მოაქვთ ისინი ხევსა და ღრეში... და ამ ბუნების მრისხანების ჟამს კვლავ დაჩოქილად მზერენ უცხოელს, კაბადოკიის შვენიერ ასულს ზეცად აბყრობილ იის თვალებით, ვაზის ჯვრით ხელში...
ამას მოგვითხრობს ქართველი ერის ძველი თქმულება, ლეგენდა ძველი...
ყოველივე ეს ვიხილე ტფილისში პირველსავე დღეს. მეორე დილით ჩემა ნაცნობმა მაჩვენა ძველი ტფილისი, ისანი (დღეს ავლაბარად წოდებული) და სომეხთა ვაჭარ-ჩარჩ-მევახშეთა ბუდეცნობილი სოლოლაკი ორ-სამ სართულიან სასახლეებით და მაღალ გალავან მოვლებული ბაღებით. ერთ დროს აქ ყოფილა ქართველ მეფე-დიდებულთა ზვრები და ბაღები, სადაც რთველის დროს იმართებოდა ლხინი-ქეიფი ტკბილი დუდუკით და საზანდარით მინაზებული, სპარსულ აშუღთა შიქასტებით ამღერებული... რუსის შემოსვლამ ბაგრატიონთა დინასტიას მოუსპო მეფობა, გააღატაკა დიდი თავადნი, ოქროს ზოდებით გაალაღა ომების დროს სომხის ჩარჩები, სომხის ყასბები, სირაჯები და ხაბაზები და ოხრის ფასად ჩაუგდო ხელში სოლოლაკისა ზვრები, ბარები. რუსის შემოსვლამ დასცა, დაღუპა ქართველი ერი, ფეხქვეშ გათელა მისი ენა, რწმენა, ადათი, აქცია მონად, გამოიწვია აჯანყებანი მთაში, კახეთში, თვითონ ტფილისში... ივერთ მამაცნი ამოწვდილი ხმალით წინ მიუძღოდენ რუსის მხედრობას სპარსთა, ოსმალთა და ლეკთა მიმართ სასტიკ ბრძოლებში გმირთ ქართველთ, ივერთ თავადნი და აზნაურნი ჩინ ორდენებით გატაცებულნი ასახელებდა იმ ომებში რუსეთის დროშას, არწივს ორთავას, ღვრიდა სისხლის უკანასკნელ წვეთს, წყდებოდა მრავლად... ამ დროს სომხები, სომხის ვაჭრები, სასწორ- არშინით აღჭურვილები, პირზე ღიმილით, ლაქუცა ენით და საქონლით ტვირთულ ქარავნებით უკან მოსდევდენ რუსის მხედრობას, უხვი ქრთამებით იმეგობრებდენ რუსის სხვილ მოხელეებს, თვითონ კი მარდათ ხვეტდენ ოქროებს, ოქროს ზოდებით ივსებდენ ჯიბას, ყუთებს, კიდობნებს. ეს რუსის ოქრო ბევრ მილიონებად ცვივოდა უხვად ყვითელ წვიმებად კავკასიაში ნახევარ საუკუნის მანძილზე, ამდიდრებდა სომხის ჩარჩ-ვაჭრებს და იმავე დროს სისხლით წრიტავდა ქართლოსის მოდგმას, ერსა ჯვაროსანს, მუსლიმთა მიერ 600 წლის თარეშის გამო და ბრძოლებით დასუსტებულს, სისხლით დაწრეტილს...
ერთი სიტყვით, რუსის შემოსვლა საქართველოში სომეხთათვის გარდაიქცა იმ ზღაპრულ სახედრად, რომელიც ყოველ დარტყმაზე უკანიდან აბნევდა ოქროს დინარებს. ეჭვი არაა, ამ მოვლენას აუღეს ალღო სომხის ჩარჩ-მევახშეებმა, ამ მეჯღანეთა, დალაქთა და დაბახთა, ფინაჩთა შვილებმა და ერთ წვეთ სისხლ დაუღვრელად იქცენ მდიდრებად, ხელთ იგდეს ტფილის ქალაქი, იგდეს ვაჭრობა და მრეწველობა, გალაღდენ, გადიდკაცდენ და გაბატონდენ ივერიაში...
აი, რა ძალა აქვს თურმე ფულსა და ქონებას. ამ სომხებმა მიიღეს ბურჟუების სახე, იქცენ სოვდაგრებად, დაიახლოვეს დიდი ქრთამებით და ფეშკაშებით რუსეთის მეფის ქორიკოზნი და დიდ მოხელენი, უჩვენეს მათ თავის ერთგულება ვეშაგობით (ჯაშუშობით) მეტადრე ქართველ ტომთა მეტისმეტ სიმწარისაგან აჯანყებათა ხანებში, მოიღეს ხელმწიფიდან ქორიკოზ რტიშჩევის მეშვეობით ერთგულების ღრამატა და ასეთი ოინბაზობით მიაღწიეს იმ მთავარ მიზანს, რომ რუსის მთავრობას გადმოასახლებიეს ოსმალეთიდან ასიათასობით სომხობა და დააბინავებიეს საქართველოს მიწა-მამულზე, განსაკუთრებით ჯავახეთში, ბორჩალოში და ბათომისაკენ. აგრეთვე ეს სომხები 10 ათასობით სახლდებოდა ტფილისსა და სხვა ქალაქებში. დიახ, გადმოსახლებულ სომხებს ეძლეოდათ ივერიაში უამრავი მამულები, ამავე დროს კი უბედური ქართველი ხალხი, ჩვენი მშრომელი გლეხობა სულს ღაფავდა უმიწობით თავისსავე სამშობლოში...
ამავე დროს სომხის ჩარჩებმა ქართლ-კახეთში უხვად გააბეს ჩარჩ-მევახშეობის ობობის ქსელი და ჩაიგდეს ხელში საწუწნავად მთლიანად ივერის ერი. ხელთ იგდეს მთელი ჩარჩული ვაჭრობა ამ ახლად მოვლენილ ბატონებმა და მასთან იქცენ უსაშინლეს მევახშეებად. ერთ თუმანზე სარგებლის სახით ახდევინებდენ თვეში ქართველებს 1 მანეთს, ანუ წლიურად 12 მანეთს, ე.ი. 120%25-ს, ამ პროცენტებს კი უმეტეს შემთხვევაში ართმევდენ ნატურით, ე.ი. ხორბლისა და ღვინის სახით, რომლებიც მიჰქონდათ ნახევარ და მესამედ ფასად და მით მთლიანად აღატაკებდენ ქართველებს. ასეთი შემზარავი სურათები ჩემი თვალით ვნახე კახეთში და აღვნიშნე კიდეც ერთ ვრცელ წერილში, რომელიც, ვგონებ, 1891 წელს დაიბეჭდა გაზ. „კვალში“. რუსის მთავრობა კარგად ხედავდა ამ საშინელ ბოროტებას, ქართველი მშრომელი ხალხის ამ უზომო ყვლეფას სომეხ ჩარჩ-მევახშეთა მიერ. დიახ, ხედავდა ყველაფერს, მაგრამ სდუმდა და ამ დუმილით უფრო აქეზებდა საცარცვავად და ქართველის სისხლის საწუწნად სომეხ წურბელებს და ობობებს... „დივიდე ეტ იმპერა“1, ე.ი. გახყავ და იბატონე! ეს იყო რუსთა იმპერიალიზმის მთავარი დევიზი. იგი ასუსტებდა ქართველ ერს, იგი აძულებდა ქართველ ხალხს სომხებს, ბადებდა მათ შორის შუღლს, თვითონ კი ბატონობდა არხეინად. შემოსეული ჰაიკებიც, თავის მღვდლებისა და დაშნაკთა პარტიის მიერ გათამამებულნი, ნავარდობდენ მტკვრისა და იორ- ალაზნის ველებზე და ქართველი ერის უბედურებაზე აგებდენ თავიანთ ბედნიერებას. ამ დაუპატიჟებელ სტუმრებს ქართველი ერი მიაჩნდათ მომაკვდავად და სწადდათ, „გაპარტახებულ“ ივერიაში მოეპოვად თავის ახალი სამშობლო ორთავა არწივის მფარველობის ქვეშ.
ზოგიერთი ინტელიგენტი სომხები ისე გათავხედდენ, რომ გამოსცეს ევროპიულ ენებზე ვითომდა „დიდი სომხეთის“ რუკა („de grande Arménie“), რომელშიაც შედიოდა მთლიანად ამიერ და იმიერ კავკასია მდ. დონამდე და მთელი მცირე აზია მესოპოტამიანად. ამ „დიდი სომხეთის“ სატახტო ქალაქად იყო აღნიშნული ჩვენი ტფილისი, ხოლო ქართლი, კახეთი, მთიულეთი, იმერეთი, გურია-სამეგრელო, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სხ. იყო გამოცხადებული „დიდი სომხეთის“ პროვინციებათ... ეს „დიდი“ სომხეთის რუკა ჩემი თვალით ვნახე პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და შემთხვევით კიდევ ერთ სომეხთან (კაჭკაჭოვთან) ტფილისში.
აი, რა სიყალბეს სჩადიოდენ „რაინდი ვაჟბატონები“! აი, რარიგად ატყვილებდენ მთელს ევროპას, მთელს განათლებულ კაცობრიობას ეს გაიძვერა თავხედი დაშნაკები!.. მაგრამ მოტყუვდენ კი? დიახ, ბევრი, დიდი უმეტესობა მოტყუვდენ კიდეც. ამაში ნათლად დავრწმუნდი ამ 35 წლის წინ ევროპაში ყოფნის დროს. იქ მაშინ სრულიად არ გვიცნობდენ ქართველებს, ვეგონეთ რუსები ანდა სომხები. რომ ქართველები არსებობდენ ამიერკავკასიაში, იცოდენ მხოლოდ ისტორიკოს- მეცნიერებმა, ისიც როგორც „ლამაზ ქალთა სამშობლო“ („La patrie des belles femmes“).
ასეთი იყვნენ იმ დროს სომხები, უკეთ რომ ვსთქვათ, სომხის ბურჟუაზია და დაშნაკური პარტია, კაციჭამიაშოვინიზმით გაჟღენთილნი და სიყალბე-სიცრუით სავსენი! მათ სახე და „საქმენი საგმირონია“ საუკეთესოდ დაგვიხატეს საქ. დიდმა მწერალმაილია ჭავჭავაძემ თავის „ქვათა ღაღადში“ და რუსის პოეტ-ბელეტრისტმაველიჩკომ თავის რომან «Удавы»-ში. ვუსურვებ ყველას, გაეცნონ კარგად ამ ორივე წიგნს, რომ იქონიონ ნათელი წარმოდგენა ჰაიკის მოდგმაზე და მათ ბნელ პოლიტიკაზე ჩვენში.
______________________
1. ლათინური გამოთქმა: - დაყავი და იბატონე.
![]() |
8 VIII. კახეთში |
▲ზევით დაბრუნება |
მესამე დღეს დილით ადრიან დავიქირავე ავლაბარში 3 მანეთად გადახურულ „ფურგონ“-ში ერთი ალაგი, ჩავჯექ ჩემი მცირე ბარგიანად და დავადექით კახეთის შარას. გადავსერეთ ლოჭინის ველი, რუსის სოფ. „ოლგინსკოე პოსელენიე“, გერმანელთა ახალშენებიმარიენფილდი და ეკატირონფილდი. გავედით ფონად მთის ცქრიალა მდინარე იორზე და შევედით ზვრებით სავსე გარეკახეთის სოფლებში. ავუარეთ ბადიაურს, კაკაბეთს, მანავს, თოხლიაურს, ხაშმს, საგარეჯოს, მარტყოფს, პატარძეულს და შევუდექით წიფლის ტყით დაბურულ გომბორის მაღლობს. მზე უკვე ჩადიოდა, როცა მივაღწიეთ მთის წვერვალს, სადაც იყო რუსის მოსახლეობა (ახალშენი). უცებ ჩვენს წინ გადიშალა შიგა კახეთის დიდებული სურათი: ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გრძლად გაჭიმული ალაზნის ველი, ზვრებით, ბაღებით და პუროულის ყანებით შემკული. ამ ველის გაღმით სიგრძისად ტყით დაბურული მთა-გორაკები, ამათ უკან კი ცამდე აწვდილი კავკასიონი მარადიული თოვლით თეთრად მოსილი, რომელიც ამჟამად ელვარებდა ნაზ ვარდისფრად ჩამავალ მზის სხივებზე.
დიადი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე შიგა კახეთის სიშვენიერემ. ვიდეგ ერთ ხანს მდუმარედ და შევტრფოდი ამ ბუნების სიტურფე-სიდიადეს...
„სხვა საქართველო სადაა, რომელი კუთხე ქვეყნისა!
ერი გულადი, პურადი, მებრძოლი შავი ბედისა“...
წამოვიძახე უნებლიეთ მგოსნის სიტყვები და ამოვიოხრე მწარედ...

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი
წინანდალში
იმ ღამეს იქ გავათიეთ ერთ უბრალო დუქანში, ხოლო მეორე დილით ჩავედით თელავში, რომელმაც თავის მდებარეობით მოახდინა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება. აქვე ვნახე ერეკლე გმირის ციხე-დარბაზი და ცივი ანკარა წყაროები. იმავე დღეს გაველ თელავიდან „ლინეიკით“1 და ნაშუადღევის 4 საათზე ვიყავ უკვე წინანდალში საუფლისწულო (ყოფ. ალ. ჭავჭავაძის) მამულში, რომელიც მდებარეობს შარა-გზის პირას და უკავია დიდი სივრცე ქვიტკირით შემოზღუდული.
შევედი ჩემი ბარგითურთ შენობებით სავსე დიდებულ ბაღში და გავჩერდი. არავის ვიცნობდი. მოვიდა დარაჯი და მკითხა ვინაობა. დავაკმაყოფილე თუ არა სათანადო პასუხით მისი შეკითხვა, ჩემი მხრივ შევეკითხე: ვინ არის ამ დიდი მამულის გამგე-მეთქი და მან დამისახელა ღენ. ბაგაუტი. ჩემს შემდეგ შეკითხვაზე სპეციალისტების შესახებ, დამისახელა ყველა მამულის მთავარი მეღვინე დიკენსონი, მისი თანაშემწე, ანუ ადგილობრივი მეღვინე ფუნკი, ამის უფროსი თანაშემწე კი, თ-დი ალ. ვახვახოვი (თელაველი ვახვახიშვილი). მეტად მასიამოვნა ამ უკანასკნელმა ცნობამ და ვთხოვე, წავეყვანე ვახვახიშვილთან, რომელიც ცხოვრობდა იქვე ახლოს, დიდი შენობის ქვედა სართულში. ალ. ვახვახიშვილმა მიმიღო მეტად თავაზიანად და გამომკითხა ჩემი მისვლის მიზანი. მეც ავუხსენი ყოველივე დაწვრილებით. ვაუწყე, რომ მსურს, საფრანგეთში შევიძინო საშუალო და უმაღლესი სამეურნეო ცოდნა, განსაკუთრებით მევენახობა-მეღვინეობის დარგში, მანამდე კი, მწადია, 1-2 წელს დავრჩე აქ საუფლისწულო მამულში და პრაქტიკულად გავეცნო ევროპულ მევენახობა-მეღვინეობას მეთქი. ვახვახიშვილმა მოიწონა ჩემი განზრახვა და თავის მხრივ აღმითქვა დახმარება. აღმოჩნდა, რომ თვით ვახვახიშვილს მიუღია სპეციალური ცოდნა საფრანგეთში, ქ. მონპელიეს უმაღლეს სასწავლებელში და დაბრუნებულა სამშობლოში ამ ორი წლის წინ. ამ ცნობებმა მეტად გამახარა.
ჩემმა კეთილმა მასპინძელმა იმდღესვე გამაცნო თავისი პირადი უფროსებიფუნკი, დიკენსონი და შეეცადა მათი დახმარებით ღენ. ბაგაუტის წინაშე ჩემთვის რაიმე სამსახურს, რათა ამრიგად შემძლებოდა იქ დარჩენა, პრაქტიკის მიღება და ფიზიკური არსებობა. მართლაც, მეორე დღესვე განმამწესეს ლაბორანტად და მეღვინის უმცროს თანაშემწედ წინანდლის ღვინის მთავარ სარდაფში, თვეში 50 მან. ჯამაგირით, რაც იმ დროს შეიცავდა საკმაო ხელფასს. მომცეს აგრეთვე იმავე სახლის ქვედა სართულში უფასო ბინად ერთი ჩინებული ოთახი თავის მოწყობილობით და განათება-გათფობით, ამავე დროს ყველა მოხელე პირთ გვეძლეოდა თვიურად უფასოდ თითო ვედრო საუკეთესო ღვინო.
ამრიგად, ამ კეთილი ადამიანის, ალ. ვახვახიშვილის დახმარებით, მოვკალათდი კახეთის საუფლისწულო უმთავრეს მამულში და ბეჯითად შევუდექ მუშაობას. მალე გავეცან სარდაფის საქმეს, ღვინის ტექნიკასა და ანალიზს. მოკლე ხანში ისე კარგად დავხელოვნდი, რომ ამ უზარმაზრ სარდაფში მე შევიქენ ყველაფერი, სრული გამგე და უფლებით აღჭურვილი სპეცი. ეს დიდი სარდაფი მთელი კვირაობით იყო თითქმის ჩემს ამარა. ჩემს განკარგულებაში იყო სარდაფის 12-15 მუშა, ყველა ქართველი, რადგან არც ერთი რუსი არ გამოდგა თურმე ამ საქმეში, როგორც გადმომცეს; რომელიც კი მიიღეს მუშად რუსთაგანი, ბუზივით იხრჩობდა ამ საუცხოვო კახურ ღვინოში კასრებში გადასხმის ან ჩამატების დროს, რაც ჩვეულებრივი მანიპულაციაა სარდაფულ მეურნეობაში. ამის გამო იძულებული შეიქნენ გაეშვათ რუსი მუშები და მიეღოთ ქართველები, რომლებიც თუმცა საკმაოდ სვამდენ ღვინოს (ჩუმად), მაგრამ არ თვრებოდენ და დავალებულ საქმეს ასრულებდენ ჩინებულად.
დიახ, მე შევიქენ ფაქტიურად ამ დიდი სარდაფის სრული გამგე და ხელმძღვანელი. ჩემი უფროსები 2-3 დღეში ერთხელ თუ შემოიჭვრეტდენ 10-15 წამით, რათა დარწმუნებულიყვენ, რომ ყველაფერი მიდიოდა თავისი წესით. ღენ. ბაგაუტიდან დაწყებული ამ დიდი მამულისა და სარდაფის ზოგიერთი სპეცები და დიდი მოხელენი გართული იყვნენ ნადირობით, კახეთის თავადებთან ლხინ- ნადიმებით ან მათ ლამაზ ქალებთან არშიყობით. მე კი, მიტაცებდა სპეციალური ცოდნა, მევენახობა-მეღვინეობის პრაქტიკა და თეორია, ამისთვის კი მდიდარი მასალა იყო იქ ვრცელი ბიბლიოთეკის, ზვრებისა და ევროპიულად მოწყობილ უზარმაზარ სარდაფის სახით. ადრევე საკმაოდ შევისწავლე ფრანგული ენა და ამის გამო უხვად ვსარგებლობდი ბიბლიოთეკაში დაგროვილ ფრანგულ ენაზე მდიდარი სპეც. ლიტერატურით და გაუჭრელი ჟურნალებით, რომელთაც ხარბად ვეწაფებოდი და ვკითხულობდი დღე და ღამ; კარგი მეხსიერების გამო ვიძენდი შესაფერ ცოდნას.
ათ სექტემბრიდან ძვ. სტილით გაჩაღდა რთველი. მოაწყდენ სარდაფს ყურძნით დატვირთული ურმები. შეიქნა მარანში (სარდაფის ზედა სართული) ყურძნის წნეხა მანქანა „ეგრაპუარ-ფულუარით“2 და წნეხით (პრესით); ტკბილი ისხმებოდა უზარმაზარ ღია ან დახურულ კასრებში დასადუღებლად (დასამაჭრებლად). დაგვჭირდა მრავალი მუშახელი. დუღილის ბუყ-ბუყს უერთდებოდა მუშების მხიარული სიმღერა.
საუფლისწულო მამულთა ზვრები დაკრიფეს 10-12 დღით ადრე, რათა ღვინოს ჰქონებოდა შედარებით მეტი სიმჟავე და ნაკლები სიმაგრე (არა უმეტეს 120 გრადუსისა), რასაც ითხოვდა ევროპიული წესით ღვინის დამზადება. თანაც წნეხის დროს ყურძენს ეგრაპუარით აცლიდენ კლერტებს და თეთრი ყურძნის ტკბილს ადუღებდენ უჭაჭოდ, რათა ღვინოს ჰქონებოდა ღია ფერი და ნაკლები ტანინი3, რასაც ითხოვდა რუსეთისა და ევროპის ბაზრები. პირიქით, თვით კახური ღვინოები ხასიათდებოდა სქელი ფერითა და შემადგენლობით (სხეულით), ზედმეტი სიმაგრით (130-140), ნაკლები სიმჟავითა და მეტისმეტი სიძელგით (ზედმეტი ტანინით), რადგან ტკბილს ადუღებდენ ჭაჭაზე ნავ-საწნახელში და ზელდენ 2-3 კვირის განმავლობაში. ასეთი ღვინოები მოსწონდათ ადგილობრივ, ე.ი. აღმოსავლეთ საქართველოს მუშტრებს, ხოლო სძაგდათ რუსებსა და ევროპიელთ.
10-12 დღის შემდეგ დაიწყო მთელ კახეთში ადგილობრივ მემამულეთა და გლეხთა რთველიც, აშუშხუნდა ზვარ-ვენახებში კაკლებქვეშ თხის მსუქანი მწვადები, ახმაურდა სხვა და სხვა სიმღერები და გრძელი კახური მრავალჟამიერი, გაჩაღდა სტუმარ-მასპინძლობა, ლხინი, ცეკვა და სიმღერები.
მოახლოვდა ალავერდის დიდი დღეობაც, საითკენაც გამიტაცა სამმა ამხანაგმა. 13 სექტემბერს საღამოს მთისა და ბარის უამრავი ხალხი (მლოცველები) მიაწყდა ტაძარს ღამის სათევად. ალვანის ველი აივსო ჩარდახიანი ურმებით და კარვებით. გაიშალა მიწაზე ნოხი და ფარდაგი, დააწყვეს ზედ ბალიშ-მუთაქები, ლურჯი სუფრები აივსო სანოვაგით. იქვე დააგორეს და დააწყვეს მაჭარით და ძველი ღვინით სავსე ტიკჭორა-გოზაურები. ხშირ-ხშირად ივსებოდა კახური ღვინით და იცლებოდა ბადია-ყანწ-აზარფეშები, აგუგუნდა სუფრული და გრძელი მრავალჟამიერი. აცეკვდა ფეხები დუდუკსა და დოლ-სალამურზე. სამ ძმა დარდიმანდ თ-დ ანდრონიკაშვილთა კარავში გაისმა თარი და ალექსანდრე ნათათრის უტკბესი ბაიათი. ქეიფსა და ღამისთევას ალაზათებდა ციატა სხივებით პირბადრი მთვარე. ცოტა მოშორებით გაემართათ ფარდულები და აევსოთ სხვადასხვა სავაჭრო-საქონლით. კარვებ შორის დასრიალებდენ მთიული სინარნარით ქისტეთისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ტურფა ასულნი თეთრ-ფერადა გრძელი მანდილით. მათ უკან მიყვებოდენ მთვარეულივით იარაღ ასხმული მთის ლომგული ვაჟები. ისმოდა ხანდაზმით ზარების რეკვა. უამრავი მლოცველნი ანთებული კელაპტრებით ხელში უვლიდენ ლიტანიას თეთრს, უზარმაზარ ტაძარს, მორწმუნე ხალხს წინ მიუძღოდა ალავერდის ეპისკოპოსი თავის კრებულით და მგალობელთა გუნდით. ხალხის წინ მიფორთხავდენ მძიმე ჯაჭვით ტვირთული წმ. გიორგის მხევალნი, თეთრი ნარმის გრძელ პერანგებში ხვეულნი და ფეხშიშველნი. იქვე ტაძრის შესავალ კარებთან თვალბრიალა, პირზე დუჟმორეული „ქადაგი“ ბოდავდა რაღაცას. მორწმუნე ხალხი მოწიწებით ისმენდა მის არეულ სიტყვებს და აძლევდა წმ. გიორგის სახელზე უხვ შესაწირავს საკლავის, ფულის და ხელით ნაქნარის სახით, რომელთაც მარდად ართმევდენ ბერ-მორჩილთა ხარბი ხელები, ნაცვლად კი ურიგებდენ ვერცხლისა და თითბერის ჯვრებსა და ავგაროზებს.
დღეობა, ბაზრობა, ღამისთევა და ქეიფი გაგრძელდა რამდენიმე დღეს. ამ სანახაობამ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება. აქ პირველად ვიხილე აღმოსავლეთ საქართველოს და კავკასიონის ქედის სხვა და სხვა ტომნი მათი თავისებური ტიპით, სამოსით და ზნე-ჩვეულებით. დიდად ნასიამოვნები ოთხივე ამხანაგი მეორე საღამოს დავბრუნდით შინ ცხენებით.
რთველი გაგრძელდა კახეთში 2-3 კვირას. ყველგან მწვადების სუნი, ლხინი-სიმღერა და ცეკვა-შუშპარი. ასეთი რამ იყო განსაკუთრებით თავად-აზნაურთა ზვრებში, რომელთაც ამუშავებდენ სანახევროდ რაჭა-ლეჩხუმიდან და საჩხერიდან გადმოსული იმერლები. რაჭველები მეტწილად დურგლობდენ მთელ კახეთში. შემდეგში ბევრი მათგანი დაესახლა ალაზანს გაღმა კაბალუში და გააშენეს მდიდარი სოფლები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მანამდე არსად მენახა ისეთი დაბეჩავებული და გონებით ჩამორჩენილი ხალხი, როგორც იყვნენ კახეთის გლეხნი ქალიან-კაციანად. შინა და გარე მტრები ერთრიგად ჯეკნიდენ ამ საბრალოებს. ძველად სპარსნი და ლეკნი, ხოლო ამჟამად რუსის მოხელენი, დიდი მემამულენი და ჩარჩ-მევახშე სომხები - აი, ვინ დასეოდენ წურბლებად და სწოვდენ სისხლს ამ ბეჩავ გლეხობას! ამიტომ ადვილი ასახსნელია მათი სიღატაკე, სიბეჩავე და სილაჩრეც კი. აქ მოვიყვან ერთ ეპიზოდს მათ დასახასიათებლად. ეს ეპიზოდი ახასიათებს აგრეთვე რუსის ბუნებასაც.
რთველის დამთავრების შემდეგ წინანდლის საუფლისწულო სამმართველომ იწყო მიწების გადაბრუნება 4-5 ჩარექზე (პლანტაჟი) ახალ ზვრებისათვის. ამ საქმეზე მუშაობდა მარტო წინანდალში 400-500 კაცი და ქალი. კვირა დღეობით მათ ურიგებდა ერთი კვირის ნამუშევარის ხელფასს ერთი ახალგაზრდა რუსი-მოხელე კ-ნი და უსინდისოდ ატყვილებდა ამ საწყალ ხალხს. მან ისინი დაჰყო ჯგუფებად და 4-5 კაცი თითოეულ ჯგუფში და თითოეულ ჯგუფს ერთად აძლევდა ხელფასს, ამ მიცემის დროს კი აკლებდა 1-2 მანეთს. ჯგუფი გადიოდა წრიდან, ანგარიშობდა ფულს, პოულობდა დანაკლისს და, როცა მიმართავდა იმ რუს მოხელეს, და მოსთხოვდა დანაკლის ფულს, ეს მოხელე გადაჰკრავდა შინდის გრძელ სახრეს, რომელიც იქვე ჰქონდა მომარაგებული, აუწვავდა გვერდებს ამ დაბეჩავებულ ხალხს და გააგდებდა რუსული ლანძღვა-გინებით. ეს უბედური ხალხიც უხმოდ ითმენდა ფულის წართმევასაც და ლანძღვა-ცემასაც. კაცი არ ჩანდა მათი შემბრალე და ქომაგი.
რუსი მოხელის ასეთი უმგზავსო ოინები გავიგე სრულიად შემთხვევით. ერთ მშვენიერ კვირა დღეს დილით ვსეირნობდი მარტოდ ამ დიდ ბაღში. ავიარე თუ არა ზემოდ ტყისკენ, ვხედავ, ერთ საგუშაგო თეთრ თალარს4 („ბუტკას“)5 ახვევია უამრავი ხალხი, კაცი და ქალი და რაღაცაზე ხმაურობენ უკმაყოფილოდ, ყაყანებენ. ვეკითხები:
- ვინ ხართ? რაშია საქმე?
- ჩვენ აქაური გლეხები ვართ, შენი კვნესამე, მიწას ვაბრუნებთ და კვირა დღეობით აქ ერთი კვირის ხელფასსა ვიღებთ. ის რუსი კი, ეგერ ბუდკაში რო ზის, გვატყუებს და 1-2 მანეთს გვწაპნის თითოულ ჯგუფს. როცა ვამხელთ და ვსთხოვთ დანაკლისს, ფულის მიცემის ნაცვლად გვაგინებსა და გვცემს კიდეც. ახლაც ეგერ ყევარსა სცემა,იყო პასუხი.
- ყევარი რაღაა? - შევეკითხე მათ, მათგან ეს სიტყვა პირველად გავიგონე და არ ვიცოდი მისი მნიშვნელობა.
- ყევარი, შენი კვნესამე, ორ უღელ ხარსა ნიშნავს. 4 კაცსა სცემა და მიტომაც მოგახსენებთ ყევარსა სცემა მეთქი.
- მერე თქვენ განა ხარები ხართ, პირუტყვები? რად აცემინებთ თავს?! რად არ იღებთ ზომებს?!
- პირუტყვზე უარესები ვართ, შენი კვნესამე, ხარ-კამეჩებს პატრონი ჰყავთ, შემბრალე, ჩვენ კი, გლეხობა სრულიად უპატრონონი ვართ... რაი ამ წყეული რუსების ხელში ჩავცვინდით, ჩვენი საქმე უკუღმა წავიდა, სამართალი ჩვენთვის არაა და განკითხვა. ბრალიანსა და უბრალოს ყველას გვცემენ და გვაგინებენ, ყველას გვცარცვავენ. მეტი რა ჩარა გვაქვს! უნდა ვითმინოთ. ჩანს, ასეთი ყოფილა ჩვენი ბედი!..სთქვა მოხუცმა გლეხმა და ამოიოხრა მწარედ.
საშინლად ამაშფოთა ამ რუსი-მოხელის საქციელმა, სისხლი ყელში მომაწვა. ამ დროს გაისმა კიდევ შოლტის ტლაშანი და გამოიქცენ თალარიდან ზურგამწვარი გლეხები. მეტი მოთმენა შეუძლებელი შეიქნა. მივედი თალარის ღია კარებთან და მივმართე მოხელეს, რაც შეიძლება, წყნარი კილოთი:
- ბ-ნო კ-ნო, ნუთუ ინტელიგენტ კაცს არ გრცხვენიათ, რომ იბრიყვებთ ამ საცოდავ, უენო ხალხს და ატყუებთ ანგარიშში, უკვეცავთ მათ ოფლით ნამუშევარს, თანაც სცემთ და ლანძღავთ კიდეც?
- თქვენ ვინა ხართ, საიდან მოთრეული, რომ ქომაგად უხდებით ამ ხალხს! წადით, მოშორდით აქაურობას, ნუ ერევით ჩემს საქმეში! - იყო მისი ტლანქი პასუხი.
უსაზღვროთ ამანთო ამ თავხედ მოხელის ასეთმა სიტყვებმა. ჩემდა უნებურად, მივვარდი და გავარტყი ყბაში მაგარი სილა. მან წამავლო ხელი საყელოში. გავარტყი კიდევ მეორე სილაც, გამოვკარ კვანტი, დავცი ძირს და დავუწყე მაგრად ცემა. დავჟეჟე ლაზათიანად, რადგან გამახსენდა რუსული ანდაზა: „სემ ბედ, ადინ ატვეტ“6. რუსი არ იღებდა ხმას, მხოლოდ ცდილობდა, მოეგერებია ჩემი მოქნეული მჯიღი და მუშტი. ორ-სამ ალაგას გამკაწრა კიდეც ფრჩხილებით და ხალათზე ჩამომგლიჯა ღილი. გარსშემოხვეული ხალხიდან კი ისმოდა: „ჰოი, დაგირჩეს ხელები, შე კურთხეულო! ჰოი, გადღეგრძელოს უფალმა! ჰოი, ცხონდენ შენი მშობლები“...
ეს სიტყვები უფრო მამხნევებდა საცემრად. ვცემდი იმ რუსს და ამ ცემაში ვგრძნობდი რაღაც უზომო სიამოვნებას. ამ რუსში წარმომიდგა ჩემი სამშობლოს ფეხქვეშ გამთელი რუსის მთავრობა, ჩემში კი ბორგავდა შურის ძიებით აღსავსე ხანგრძლივ მონად ქცეული ქართველი ერი... დავიღალე ამდენი ცემით და მოვედი კიდეც გონს. ფრიად მეუცხოვა და შემზარდა ჩემი ასეთი საქციელი. 22 წლის ჭაბუკი ვიყავ და არამცთუ ვაჟკაცი, ბავშიც კი არ გამელახა ჩემს დღეში. ბუნებით ვიყავ მეტად მშვიდობიანი კაცი. ადამიანის ცემა კი მივიჩნიე ველურობად. დიახ, ჩემდა უნებურად მაიძულა და ჩამადენინა ეს ველური საქციელი რუსმა მოხელემ კ-მა და მით შებღალა ჩემი სულის სიფაქიზე და ჰუმანიზმი.
გამოველ თალარიდან ანთებული სახით და გავეშურე ტყისკენ. იქ მივუჯექ ანკარა წყაროს და გავიგრილე სახე ცივი წყლით. ჩემი გული ღელავდა საშინლად და გაჰქონდა ბაგა-ბუგი. გადვისხი მაჯებზე წყალი, მოვსვი ცოტ-ცოტად და დავიმშვიდე გული. წარმომიდგა ჩემი საქციელი და გამაზრიალა ტანში. ვწუხდი მეტად, თუ რად მიმიყვანა იმ რუსმა ასეთ მდგომარეობამდე. ახლა კიდევ გამახსენდა სხვა რამეც; ვიფიქრე, ის რუსი უსათუოდ აუწყებს ღენ. ბაგაუტს ჩემს საქციელს, შემასმენს ცუდად და ეჭვს გარეშეა, მიმცემენ პასუხისგებაში, იმავე დროს დავკარგავ სამსახურსაც და... საბრალო სიმონ ქვარიანო, ჩაიფუშენ ასე უეცრივ შენი მიზნები და მისწრაფებანი!... რა პირით ჩავიდე ქუთაისში, რა პირით ვეჩვენო მშობლებსა და ნაცნობებს!... მასთან, თუ 6 თვითაც მიკრეს თავი ვირის აბანოში რუსის მოხელის ცემისათვის, ეს ხომ ნამდვილი აპოთეოზი იქნება!..
ვესაუბრებოდი ჩემს თავს გუნებაში და სასტიკად ვგმობდი ჩემს ასეთ სიფიცხეს.
კარგა ხანს დავყავ ტყეში ხის ქვეშ მხარ-თეძოზე წამოწოლილი. დავმშვიდდი თანდათან და შევურიგდი ჩემს ბედს. ავდექ და ლასლასით წამოველ შინისკენ. შეველ ჩემს ოთახში და წავწექ ლოგინზე შავ ფიქრებში გართული.
მცირე ხანს შემდეგ მომესმა გარედან ჩემი ოთახის კარებზე ნელი კაკუნი. ვცქვიტე ყურები და წამოვჯექ. „ჰეე, მოვიდა პოლიცია ჩემს დასაჭერად!“გავიფიქრე გულში. ამ დროს მომესმა ისევ ოდნავ ძლიერი კაკუნი. ჩემს რუსულად შეძახებაზე:შემოდით!გაიღო კარი და შემოვიდა ცახცახით... კ-ნიეს ჩემ მიერ მაგრად ნაცემი მოხელე-რუსი... შემოვიდა, გადარაზა კარები და დაემხო მუხლებზე ამ სიტყვებით: „დიდად პატივცემულო სიმონ ალექსის ძევ! გემუდარებით, მაპატიოთ ჩემი დანაშაული! გეფიცებით, ამის შემდეგ არასდროს არ ჩავიდენ ასეთ რამეს! არასდროს არ მოვატყუებ გლეხებს ფულის ანგარიშში! არა, გეფიცებით ღმერთს! ახლა კი მაპატიეთ, გეთაყვა! მოიღეთ მოწყალება! შემიბრალეთ! არსად გაამჟღავნოთ ეს ჩემი საქციელი! არაფერი უთხრათ ჩემს უფროსობას... სამსახურს დავკარგავ, დავიღუპები! მთლად დავიღუპები, მე უბედური!“...
მეუბნებოდა ამ სიტყვებს ეს საცოდავი არსება ტირილის ხმით და თან მოიწევდა ჩემკენ ჩოქა-ჩოქით. მოაღწია თუ არა ჩემამდე, დაუწყო ლოშნა ჩემს ხელებსა და მუხლებს, თანაც სტიროდა ბავშივით გულამომჯდარი.
ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი. ვიდექ ერთ ალაგს გარინდული და განცვიფრებით შევცქეროდი ამ სულით დაცემულ სკვითს (რუსს). მე ველოდი პოლიციას, ჟანდარმებს, ციხეს, საპყრობილეს, სამსახურიდან დათხოვნას, შერცხვენას, ამათ ნაცვლად კი, თვით ჩემ მიერ მაგრად ნაცემი არსება, ჩემს წინ მუხლებზე დამხობილი იხდიდა ბოდიშს, მევედრებოდა შებრალებას და პატიებას... მეგონა, ქვეყანას შესძრავდა, შურს იძიებდა, დავლურში (დუელში) გამიწვევდა ასეთ შეურაცხყოფისათვის, ხმლით ან ტყვიით გამისწორდებოდა... ის კი არა, ჩემს წინ დამხობილი ხელ- ფეხს მილოკავდა გალახულ ძაღლივით და პატიებას მთხოვდა, შებრალებას მემუდარებოდა... ამ დროს ამ ჭაბუკ რუსში ვხედავდი სულით დაცემულ მონას, ლაჩარს, მშიშარას, ფიზიკურ ძალისადმი თაყვანისმცემელს. უნებლიეთ გამახსენდა, რომ რუსები იყვნენ სლავთა ან სკლავთა მოდგმისანი, სკლავი კი, ლათინურად ნიშნავს მონას. აი, ამ „დიდებული“ სახელით მონათლეს რომაელებმა ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და აღმ. ევროპაში მცხოვრები სკვითები და საერთოდ რუსის მოდგმანი, რომლებიც რომის ბაზარზე იყიდებოდენ მონებად. მათ შორის არჩევდენ გლადიატორებს ცირკში საჭიდაოდ და საფარიკაოდ. მათ წრთვნიდენ და ასწავლიდენ მოხდენით სიკვდილს ცირკში უამრავ მაყურებელთა წინაშე ამ სიტყვებით რომის იმპერატორის მიმართ: … - Ave Cesar, morituri te gloriant, ე.ი. „იხარებდე კეისარო, მომაკვდავნი შენ გადიდებენ!“.
რომის დიდების დროიდან გავიდნენ საუკუნენი, ათასი წლები და აი, იმ ძველ მონათა ღირსეული შთამომავალი კ-ნი ხელ-ფეხს მილოკავდა, რომ მაგრად ვცემე და დავზილე ლაზათიანად...
„Sic transit Gloria mundi“7.
გაოცებასთან ერთად მეტად გამამხნევა რუსის საქციელმა. მეც „დიდსულოვნობით“ ვაპატიე დანაშაული, ავაყენე ზეზე, გავჯორე კარგად, დავაშინე მუქარით, თანაც აღვუთქვი, რომ არავის ვეტყვი მის მიერ ჩადენილ „საგმირო-სასახელო“ საქმეებს; და უნდა მოგახსენოთ, რომ პირნათლად შევასრულე ეს დაპირება. მას შემდეგ გავიდა სრული 42 წელი და აი, მხოლოდ ახლა ვამჟღავნებ, ისიც რუსის ხალხის დასახასიათებლად იმას, რაც 1890 წელს ოქტომბერში ერთ კვირა დილას მოხდა წინანდლის საუფლისწულო დიდ ბაღში ერთ პაწია საგუშაგო თალარში ხუთასამდე ბეჩავ გლეხთა წინაშე. ამავე დროს დღესაც კი არ ვაცხადებ იმ რუსის ვინაობას, არამედ ვწერ მხოლოდ მისი გვარის ინიციალს - კ-ს.
ჩვენში იტყვიან: „რუსი, თუ გსურს, დაიმეგობრო, ან უნდა სცემო მაგრად, ან უნდა გაიხადო საყვარლად მისი ცოლიო“.
ეს თქმულება ყოფილა სრულებით მართალი ორივე შემთხვევაში, რაშიაც დავრწმუნდი მალე. მაგ., ეს ჩემ მიერ ნაცემი რუსი შეიქნა ჩემი ისეთი ერთგული, რომ ვფიქრობ, ჩემი გულისთვის წყალშიაც კი გადავარდებოდა. ერთხელ დიდ ხიფათსაც კი გადავრჩი მისი მეოხებით.
უხვ რთველსა და მზიან- თფილ შემოდგომას მოჰყვა ქორწილები, გაუთავებელი ლხინი და ქეიფი. მაყრული და მრავალჟამიერ გუგუნებდა დღე და ღამ ალაზნის ტურფა ველზე, რომლის შუაში ულევი სიგრძით ნელა მიაბიჯებდა მოშავო მდინარე ალაზანი, მდორე და დინჯი, ვით კახი ომში შესული და ვით კახური მრავალჟამიერ...
მალე გავიცან წინანდლისა და ახლო სოფლების თავად-აზნაურნი: ჭავჭავაძენი, ქობულაშვილები, ბახუტაშვილები, ტუსიშვილები, ლეონიძენი, ავალიშვილები, ყარალაშვილები და სხ.; ვიგემე მათი უხვი მასპინძლობა და გემრიელი პურ-ღვინო; ვიხილე მათი კოხტა მომღერ- მომლხენი ვაჟები და ტურფა ასულნი სტვირ-სალამურზე სინარნარით მოცეკვავენი. ახლაც, ამ 42 წლის შემდეგ, თვალწინ მიდგია ორი მშვენიერი ცირა დოლურ-ლეკურის საუცხოოდ მროკავნი: ნ. ტუსიშვილი, კოხტა, ტანადი და ბადრი სახით ყელმოღერილი ერთად ჩაწნილი გრძელი შავი თმით და ვ. ლეონიძე - პაწა, ცქრიალა, ვით ჩიტუნია ცქვიტი, მალხაზი.
იმავე ხანში დავესწარ ერთ დიდ ქორწილს სოფ. ქიზისხევში, სადაც ვიყავით მიწვეულნი საუფლისწულო მამულის ყველა მოხელენი, მათ შორის, მეფე ნიკოლოზის ახლო პირი ღენ. თ-დი ბარიათინსკი, წინა დღით ღენ. ბაგაუტთან სტუმრად ჩამოსული ლენინგრადიდან. აქ უცხო პირებთან მეტად შეგვარცხვინა ადგილობრივ მღვდელმა, ახმახმა არსებამ, რომელიც შეგვეფეთა წინ ეკლესიის გასაღებით ხელში მთელ მაყრიონს მეფე-დედოფლით და მოგვაძახა თვალების ბრიალით: „სად მოხვალთ, სად?! ტყვილა გარჯილხართ! ეკლესია დაკეტილია და გასაღებიც აგერ მაქვს. სანამ 25 მანეთს არ მივიღებ წინდაწინ, მანამ არ დავწერ ჯვარსა. ძლიერ კარგად ვიცი, თუ რა კაციცაა ეგ თქვენი მასპინძელი. მაგას 25 მანეთს კი არა, ერთ გახვრეტილ გროშსაც არ ვენდობიო“.
საშინელ მდგომარეობაში ჩავარდით სტუმრებიც და მასპინძელიც. ერთბაშად სახტად დავრჩით, დავიბენით. მეტადრე შეგვრცხვა ამ უცხო პირების. რას იტყოდენ ჩვენზე, ქართველებზე?! შემოეხვიენ ამ ანგართმოყვარე ხუცესს ადგილობრივ თავად-აზნაურთაგან საპატიო პირები და დაუწყეს თხოვნა, არ შეერცხვინა კახეთი ამ რუსების წინაშე, დაბრუნებულიყო და დაეწერა ჯვარი, უდგებოდენ თავდებად მასპინძელს, რომ 2-3 დღეში გაისტუმრებდა მას. მღვდელი იდგა უარზე და გაიძახოდა: სანამ ფულს არ მივიღებ მთლიანად, მანამ არ დავწერ ჯვარსაო. ამდენი ხალხი გაგვაჩერა მინდორში, ხოლო მეფე-დედოფალი ეტლით წინასწარ გასტუმრებული გვიცდიდენ ეკლესიის დაკეტილ კარებთან. უსაზღვროდ ამაშფოთა ამ მსუნაგი მღვდლის უგვანო საქციელმა, თამამი ვიყავ და გამბედავი, როგორც შეფერის ჭაბუკს. მივუახლოვდი უზარმარ წითელწვერა ხუცესს და შევეკითხე რიხიანად: „ვინა ხართ თქვენ, მღვდელი თუ მეფართლე ებრაელი? მიპასუხეთ!“
ამ შეკითხვამ უცებ დააბნია იგი, მარა მალე მოვიდა გონს, დამიბრიალა ჭრელი დიდრონი თვალები და მიპასუხა:
- ვერა მხედავ, რომ მღვდელი ვარ?! განა გულზე ტყვილა მკიდია ამოდენა ჯვარი?! - და მოისვა ჯვარზე ხელი.
- უკაცრავად, მე თქვენ მეფართლე ებრაელი მეგონეთ, გაიძვერა სომხის ჩარჩი მღვდლის ანაფორაში განგებ გახვეული და თუ მართლაც ღვდელი ხართ, ძლიერ სამწუხაროა, რადგან არა ხართ ღირსი ატაროთ ჯვარი, ემბლემა ქრისტესი, რომელიც უარყოფდა ყოველგვარ ქონებას და ეწამა მაშვრალ კაცობრიობის საკეთილდღეოთ... გრცხვენოდეთ, ხუცესო, სემინარია დამთავრებულო, რომელიც სჩადიხართ ასეთ სამარცხვინო საქმეს! ჰკეტავთ ეკლესიას, აჩერებთ მინდვრად ამდენ საპატიო პირთ და ევაჭრებით რაღაც საცოდავ 25 მანეთისათვის! გრცხვენოდეთ! ამ თქვენს საგმობ საქციელს დღესვე დეპეშით ვაუწყებ თქვენს ეფისკოპოსს და იმავე დროს ლაზათიანად შეგამკობთ ქართულსა და რუსულ გაზეთებში.
ამ აღელვებით წარმოთქმულ სიტყვებს შემდეგ გავშორდი ხუცესს. ღვდლები თავიდანვე მძულდა და ამ უგვანო პირმა უფრო შემაძულა სასულიერო პირნი.
როგორც ჩანს, ჩემა სიტყვებმა და მუქარამ გასჭრა. ეს მაღალი მღვდელი მოიკაკვა ოთხად, ჩაღუნა თავი უსიტყვოდ და იბრუნა პირი ეკლესიისკენ. ჩვენც ავედევნეთ უკან. გააღო ეკლესიის კარები და დასწერა ჯვარი. დღესაც არ ვიცი, შეასრულა თუ არა თავისი სიტყვა „არა სანდო“ მასპინძელმა და მიიღო თუ არა იმ ანგართმოყვარე ღვდელმა დაპირებული 25 მანეთი. ხოლო ცხადი ის იყო, რომ მასპინძელმა გადაიხადა სანაქებო ქორწილი. ბევრი შავ-წითელი სქელი კახური ღვინო დაილია იმ ნადიმზე და კიდევ მეტი სიმღერა ითქვა. ძმათა ყარალაშვილთა საუცხოო ხმები ატკბობდენ სუფრას. ფერად ხავერდის ქათიბ-ქულაჯაში გამოწყობილ ქალ- ვაჟთა მოხდენილი ცეკვა-შუშპარი ახალისებდა ქეიფს.

ალექსანდრ ბარიატინსკი
თბილისი, 1850-იანი წლები
ფოტო: დიმიტრი ერმაკოვ
დასხდენ თუ არა სუფრაზე, ერთხმად აირჩიეს თამადად კ. ბახუტაშვილი - ფრიად საამო სახის კახელი აზნაური. მან მოხდენით გადიგდო მხრებზე ყუთმაჯები და მოითხოვა ორი უზარმაზარი ჯიხვის ყანწი, აავსო შავი ღვინით პირთამდე ეს ყანწები, მიმართა მეფე-დედოფალს, უთხრა შესაფერი სიტყვა და უსუნთქლივ დასცალა ორივე სასმისი. შემდეგ აავსო ღვინით ეს ყანწები და გადვიდა ალავერდს თ-დ ბარიათინსკისთან. მარდად წამოდგა რუსის ზორბა ღენერალი გულზე წითელი ლენტით და ორდენებით შემკული და ჩამოართვა ტოლიმბაშს ორივე ყანწი. მიმართა მეფე-დედოფალს შესაფერი სიტყვით და ისიც იყო, უნდა მიეტანა პირთან სასმისი დასალევად, როს ისხლიტა ღვინომ და რუსის ცნობილ ღენერალს გადაესხა გულზე საფერავის სქელი წვენი. მან თურმე მრუდეთ წაიღო პირისკენ სავსე ყანწი, ამან კი დაბადა უნებური მარცხი და დიდად გააწითლა რუსის თავმომწონე თ-დი. თავაზიანმა ქართველებმა უბრალო ხუმრობად აქციეს სტუმრის უნებური მარცხი, სხვა და სხვა გემრიელი ოხუნჯობით გაახალისეს იგი და გამოიყვანეს უხერხულ მდგომარეობიდან.
ზამთრის პირას მე და ალ. ვახვახიშვილს დაგვევალა ადრევე ზაფხულში ჩემს მისვლამდე დაუდევრობით გაფუჭებული 12 ათასი ვედრო ღვინის კონიაკად გამოხდა და ორთავემ პირნათლად შევასრულეთ ეს დავალება, რის გამო მივიღეთ ჩვენი უფროსებიდან მოწონება, ხოლო მეფე ნიკოლოზის ახლო ნათესავმა, ცნობილმა ღვინის სპეცმა - თ-დ გალიცინმა, რომელიც ჩამოვიდა კახეთში შემდეგ გაზაფხულზე, ისე მოიწონა ეს კონიაკები და ჩემი ბეჯითობა სარდაფის საქმეში, რომ მითხრა პირადად დიდი მადლობა და მაჩუქა 100 მანეთი, რაც საკმაო ფულს წარმოადგენდა იმ დროს. აგრეთვე მეტად მოიწონა ჩემ მიერ მოხდენილი ღვინის ანალიზები და ღვინის დახარისხება დეგუსტაციით ცნობილმა პროფესორმა კოსტიჩევმა, რომელიც ჩამოვიდა წინანდალში გალიცინის შემდეგ.
აქვე ვსთვლი საჭიროდ, აღვნიშნო, რომ 5-6 თვის განმავლობაში 4 უცოლ-შვილო მოხელე ვსადილობდით ერთად. გვყავდა დაქირავებული ჩინებული მზარეული და საუკეთესო სადილები ორი თავისაგან შემდგარი (კვირაობით კი ემატებოდა ტკბილი) თავის პურით, უღვინოდ (ღვინო საკუთარი გვქონდა) გვიჯდებოდა თითოს თვეში თითო თუმანი. იმდენად იაფი იყო სანოვაგე და ბლომად ნამზადი, რომ თუ სტუმარი გვყავდა, გვრჩებოდა საკმაოდ საღამოსთვის, რათა გვესაუზმა ჩაისთან ერთად. ამ ერთ თუმანშივე შედიოდა ხილი და მზარეულის ხელფასიც. აქედან ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ძალა ჰქონდა მაშინდელ მანეთს. გირვანქა პური ღირდა 3 კაპ., გირვანქა საუკეთესო ხორცი - ორი შაური, კარგი ქათამი - 5-6 შაური, გირვანქა ერბო-კარაქი - 6 შაური, ყველი - 12 კაპ. მსუქანი მამალი ხოხობი (ზამთარში) ერთი აბაზი და სხ.
_______________
1. გრძელი, ღია ეტლი.
2. egrappoir-fouloir (ფრ.) - ყურძნის კლერტსაცლელი-საჭყლეტი მანქანა.
3. მთრთიმლავი ნივთიერება, რომელსაც ყურძნის კანი და კლერტი შეიცავს.
4. ვაზის საჩრდილობელი ფანჩატური, ტალავერი.
5. будка (რუს.) - ჯიხური.
6. Семь бед, один ответ (რუს.) - „შვიდი უბედურება, ერთი პასუხი“.
7. ლათინური გამოთქმა: „ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება“.
![]() |
9 პირველი სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი კოლექტივი, რაღაც მიზეზის გამო დაიშალა მომავალ წელს მარტში, ამიტომ იძულებული შევიქენ, შევკედლებოდი მოსადილედ ერთ სიმპატიურ ქართველ ოჯახს, რომელიც შესდგებოდა ერთმანეთის მოყვარულ ახალგაზრდა ცოლ-ქმარისაგან და პატარა მოსამსახურე გოგოსაგან. აქაც ვიხდიდი სადილში თვეში თუმანს. ცოლი და ქმარი სილამაზით ეჯიბრებოდენ ერთი მეორეს და წარმოადგენდენ ორ მშვენიერ ყვავილს, ველად გაშლილს. გავიდა მარტი, მიიწურა აპრილი წყნარად და მშვიდობით. ქართულმა გულღიაობამ, თავაზიანობამ და სულიერმა სიფაქიზემ დაგვაახლოვა ერთმანეთს სტუმარი და მასპინძლები. საერთო საგნებზე მსჯელობამ და ტკბილმა მუსაიფმა განამტკიცა ჩვენი მეგობრობა. ქალი მეტწილად გვისმენდა მდუმარედ, როცა ჩვენ, კაცები გატაცებით ვკამათობდით რაიმე საგანზე. ო, რა ლამაზი იყო იმ დროს იგი, თავის უმანკო მადონას სახით და მიბნედილი შავი თვალებით! რა ლამაზი იყო მისი ოდნავ პობილი ვარდის ბაგენი, საიდანაც მოჩანდა ორი კიჭი მარგალიტებად!
მე კი იმ დროს ვერ ვაჩნევდი ამ საოცნებო სიტურფეს, ვერ ვაფასებდი მას... არ მსურდა ამაზე ფიქრი. ვუცქერდი ამ მშვენებას არა როგორც ქალს, არამედ როგორც ადამიანს. ჯერ კიდევ ადამის უმანკო შვილს არ მქონდა ნაგემი იეღოვას მიერ სამოთხეში აკრძალული გემრიელი ხილი, ჯერ კიდევ არ მქონდა განცდილი ევას ასულის დამათრობი შარბათი და ტკბილი ალერსი, ამიტომ 23 წლის ვაჟი ვიყავ ისე უმანკო და მიამიტი, როგორც თვით ადამი გაჩენის პირველ დღეს. არ ვიცოდი, რა იყო დიაცის ტრფობა და სიყვარული. კიდეც რომ მცოდნოდა, ვიყავ იმ ხანად ისეთი იდეალისტი და ფაქიზი ზნეობისა, რომ არასგზით არ ჩავიდენდი ამგვარ რასმეს, მეტადრე ქართველ ოჯახში და უმალ ძლიერი ნებისყოფით შევუკვეცდი ფრთებს ჩემს უნებლიედ აღძრულ ვნება-სურვილებს და გატაცებას; თავს მოვიკლავდი და პატიოსან ოჯახში არ შევიტანდი გახრწნას და ნგრევას, არ გავხდებოდი ცოლ-ქმარს შორის წყეულ დემონად. ასეთი იყო ჩემი რწმენა 16 წლის ასაკიდანვე და ასეთი დარჩა შემდეგშიაც. ამრიგად უკვე მწიფე ჭაბუკი, რუსეთ მოვლილი, დავრჩი ისე უმანკო, როგორც 13 წლის ქალწული მაღალ ზნეობრივ ძველს ოჯახში დაბადებული და აღზრდილი.
მაგრამ არ სძინავს თურმე ბოროტ დემონს. იგი უხილავ გუშაგად უდგას ვნების სირმებით მოქსოვილ ევის სპათარს. იგი უფუჩუნებს დარიალის თავადის ასულს, შვენიერ თამარს, სამაცდურო ჰანგებს... ვაჟი მკვიდრი ბუნებისაა, სულით მთლიანი, ხასიათ მტკიცე, ქალს კი იტაცებს სხვა და სხვაობა, ახალი განცდა, ნუგბარი ხილი. მას ხიბლავს მწვავედ მაცდურის ჰანგი...
და აჰა, იფეთქა ვნებამ, გალღვა ყინული!...
დაიწყო სულ უბრალო რამით: ოჯახს მოსდიოდა რუსული მხატვრული ჟურნალი „ჟივოპისნოე ობოზრენიე“1, სადაც ხშირად ეხატა გამოჩენილ მხატვარ-მოქანდაკეთა მიერ შექმნილ შვენიერ ქალთა სურათ-ქანდაკთა გრავიურები, ზოგი ფერადებითაც კი. ვაჟი (ე.ი. ჩემი მასპინძელი) ხშირად იგზავნებოდა რაიონში 2-3 დღით საჭირო-საქმეებზე, ამრიგად სადილობის ჟამს ვხვდებოდით ერთმანეთს მე და შვენიერი დიასახლისი. როცა ქმარი იყო შინ, ეს ქალი მუდამ სდუმდა ჩვენი კამათის დროს, უფრთხოდა ჩვენთან საუბარს, მერიდებოდა ძლიერ, არ მიმზერდა სახეზე. იჯდა, ხელსაქმობდა და ყურს უგდებდა ჩვენს კამათს. და როცა ქმარი შინ არ იყო ხოლმე, ეს ქალი მთლიანად იცვლიდა იერს: თამამდებოდა, მოძრაობდა, მუსაიფობდა ჩემთან, მიცქერდა ხალისიანად, მათამამებდა თითქო, პოულობდა სხვა და სხვა თემას სასაუბროდ. და მეც, გულუბრყვილო, სრული მიამიტობით ვებმოდი საუბარში ამ ტურფა არსებასთან. ვერაფერს ვმზერდი, ვერას ვამჩნევდი გონების თვალზე ბისტ გადაკრული. იგი მხვდებოდა ხშირად მორთულ-მოკაზმული, მუდამ მღიმარე სახით, ნელსაცხებით ასურნელებული, მოღიავებული თეთრი მკლავებით... მე კი ვაჟკაცი ბრმა ვიყავ, ბრმა...
დავსხდებოდით ერთად გაშლილ სუფრაზე და იადონივით ამუსიკდებოდა მისი ნაზ-ნარნარა ხმა და საუბარი. ეს ხმა და საუბარი წვდებოდა გულის სიღრმეს, მისი სითბო გაალღობდა თვით მყინვარს; მე კი ვიყავ ისევ ბრმა, ყრუ და ცივი, ცივი, ვით იალბუზი... საუბრის დროს ქალი ხშირად მიცქერდა მგზნებარე სველი თვალებით (ო, რა მომხიბლავი იყო იმ დროს ის თვალები!). მომიტანდა ჟურნალებს, გადაშლიდა ტიტველა ქალთა სურათებს და თრთოლვარე ხმით შემეკითხებოდა: „ბ-ნო სისო, რომელი უფრო მოგწონთ ამ ქალებში?“ მეც გამოვსთქვავდი სრულიად დამშვიდებით ჩემს აზრს; ესთეტიური თვალსაზრისით ვარკვევდი საგანს. და მე ბრიყვი, ტუტუცი, ვერც კი ვამჩნევდი, რომ ჩემს გვერდით იწვოდა ვნების ალით შვენიერი არსება, რომ მას სრულებით არ აინტერესებდა ჩემი ესთეტიკა. მისი წითლად ალეწილი სახე, თრთოლვარე ხმა და სველი მგზნებარე თვალები მჭევრად მამხელდენ და ღაღადებდენ სულ სხვა რამეს... მარა, განა მესმოდა ეს?! განა წარმოვიდგენდი, რომ ეს ქალი თავის ლამაზსა და მოხდენილ ქმარს გაცვლიდა ჩემზე?! განა ვიფიქრებდი, რომ იგი შემიყვარებდა?! აბა, რა უნდა მოსწონებოდა ჩემში?! ვიყავ ერთი შესახედავად უბრალო ჭაბუკი, სახით შავგვრემანი და შავი, გაჩეჩილი თმით. აი, ეს მოსწონდათ ჩემში რუსის ქალებს! კოლხეთ-ივერის ასულნი კი, ნაკლებად აქცევდენ ყურადღებას ჩემს გარეგნობას, რაც დიდად მიჩაგრავდა გულს. ისინი ეძებდენ ვაჟებში ქალურ სილამაზეს, მოხდენილ ტანადობას და არა ვნებურ აგზნებას და ვაჟკაცურ გარეგნობას. ჩვენი ქალი მეტწილად ვნება ჩლუნგია და ნელ-თბილი; მისი გული სავსებით ემორჩილება გონებას. იგი ეძებს საქმროს და არა მიჯნურს. ქართველ ცირას ფრიად იშვიათად გაიტაცებს თავდავიწყებამდე ვნების აგზნება, სიყვარულის სიგიჟე, ე.ი. ის, რასაც ფრანგები ეძახიან délire d'amour2… სულ სხვაა რუსისა და სამხრეთ ევროპის ქალები, რაშიაც დავრწმუნდი შემდეგში.
ხოლო მე მქონდა ერთი უპირატესობა ჩვეულებრივ ვაჟებთან შედარებით: მიყვარდა მოხდენილი საუბარი, აგზნებული კამათი. მქონდა ამის ნიჭი და ერუდიცია. ჩემი ბარიტონი ხმა საამოდ ზრიალებდა ჰაერში. მეტადრე ლამაზ ქალთა წრეში ვიცვლებოდი მთლიანად, ვსაუბრობდი გატაცებით, აფრთოვანებით. შვენიერ ქალთა წრე, თუნდაც ერთი მათგანი მათრობდა, ვით შამპანიური, ხდებოდა იმ დროს ჩემს მუზად, იწვევდა ჩემს სულში აღმაფრენას და აფრთოვანებას. აი, ეს ჩემი სულიერი თრობა, ეს აღმაფრენა და აფრთოვანებული ბაასი ფრიად მოსწონდათ უცხო ტომის ქალებს. ეს ჩემი დიასახლისიც ხომ უცხო ტომის ასული იყო, გაქართველებული!..
დადგა მაისი, თვე სიყვარულის, თავის ზღაპრული ფერადებით და ბუნების ქორწინებით. იასამანისა და ვარდ-ყვავილების სურნელი ათრობდა ჰაერს. მთვარიანი ღამეები და ბულბულთ საამო სტვენა სინაზით ატოკებდენ გულს და ავსებდენ ტრფობის ფერმენტით. ჩემს მშვენიერ დიასახლისს მიემატა აგზნება. მე კი ვიყავ ისევ უგრძნო და ცივი, ვით მყვინვარი შუა იანვარში. ბრმა ვიყავ ისევ, ვერას ვამჩნევდი...
ერთ დღეს ვისხედით გაშლილ სუფრაზე მარტონი, შევექცეოდით სადილს და ვსაუბრობდით. უცებ შეჩერდა ქალი, მტაცა მაჯაზე ხელი და შემომანათა მგზნებარე სახე. ელვარე თვალებში კრთოდა მუდარა და ტრფობის სახმილი... ელექტროს მძლავრმა ნაკადმა დამიარა სხეულში და ააზვირთა სისხლი. წამოვარდი შლეგივით, ვნების ალმური ამვარდა თავში, მოედვა სახეს, დამიბნელდა თვალები. ერთი წამიც კიდევ და ეს მხიბლავი არსება უნდა ჩამეკრა გულში, უნდა ჩამედინა იქვე რაღაც საშინელი რამ, ვნებამ დაგლიჯა ლაგამი გიჟი ცხენივით. მარა სწრაფად მოვედი გონს. მოვიკრიფე მძლავრი ნების ძალები და გავარდი გარეთ... გავექეც, ვით ლაჩარი, სიყვარულის თრობას და ნეტარებას... შევარდი ჩემ ოთახში და დავემხე ლოგინზე. სისხლი მიდუღდა. თავსა და სახეზე ალმური ამდიოდა. ამეხილა თვალები, დავინახე ყველაფერი; გადნა ერთი შეხებით გულის ყინული, მთელ სხეულში გიზგიზებდა ვნების საშინელი ხანძარი. განვიცდიდი ვაჟის გიჟ სურვილთა სიმწვავეს. ბორგავდა გული, სდუღდა სისხლი. იმავე დროს კი ჩემი სული ფოფინებდა უზენაესი სიხარულით. ის ნეტარებდა ხორცზე გამარჯვებით, სწორუპოვარი რაინდობით, ფაქიზად დარჩენით.
მაგრამ მე ბედშავს წინ მედგა ჩემი მშვენიერი მაცდური. ვმზერდი საყვედურით და დაცინვით სავსე მის ზეციურ თვალებს... უკვე ვგრძნობდი, თუ რას განიცდიდა იგი თავის ოთახში... რა რიგად ვძაგდი მას იმ წუთას. რა რიგად ვძულდი... ჩემს არსებაში თუმცა მკაცრად შეიბღალა ვაჟური თავმოწონება, ხორციელი არსი, ხოლო იშვებდა იმავე დროს გამარჯვებული ადამიანი, ხარობდა უზენაესი ზნეობა და სინდისი. ჩემს არსებაში ნება-გონებამ სძლია მღელვარე სისხლსა და აღბორგებულ ვნებას. გადარჩა ბილწვას მეგობრის ცოლი და შერცხვენას ქართველთ ოჯახი... ამის მიზეზი კი ვიყავ მე! და ეს მცნება, ეს შეგრძნობა მამკობდა გმირის შარავანდედით.
იმ საბედისწირო დღიდან ჩემს მზერას არ მოშორებია ცხადად თუ სიზმრად იმ ქალის მადონას სახე, მისი შარბათის ფრქვევი მიბნედილი შავი ხავერდოვანი თვალები. ვაკეთებდი ღვინის ანალიზებს სარდაფის ლაბორატორიაში, თუ ვკითხულობდი წიგნს, ნიადაგ თვალწინ მედგა იმ ქალის სახე. დავკარგე მადა, ძილი, მოსვენება. გავხდი საშინლად. გავურბოდი ხალხს, საზოგადოებას და ვეფარებოდი ტყესა და ველს; იქ ვოცნებობდი მასზე, იქ ვწერდი ლექსებს იმ შვენიერ არსებაზე. მე ვიყავ იმ დროს ველად გაჭრილი მიჯნური, ამ ქალმა კი, არც სხვა ვინმემ, არ იცოდა ჩემგან არაფერი. ვსდუმდი და ვახშობდი გულში ანთებულ სახმილს, მწვავე სიყვარულს... აი, პაწია ფრაგმენტი ჩემი ლექსებიდან იმ ქალისადმი:
„ოდეს სინაზით გამოიცქერი,
თითქო ღრუბლიდან სავსე მთვარეა,
- ო, რარიგ მტანჯავ მაშინ, თვალებო!
ო, სიყვარული რარიგ მწარეა!
ჩემი ოცნება, გული და გრძნობა
სულ ერთიანად დაგმონებია;
სიზმრად თუ ცხადად, ჩემო ღვთაებავ,
ყველგან მეხატვის ეგ თვალებია“...
იმ საბედისწერო დღიდან ფეხი არ შემიდგამს იმ ქალის ოჯახში. მეორე დღეს ჩამოვიდა მისი ქმარი, რომელსაც განვუცხადე, რომ სხვა და სხვა საპატიო მიზეზთა გამო ვეღარ ვისადილებ მათთან. იგი ფრიად გააოცა და შეაწუხა ჩემმა ასეთმა განცხადებამ, რადგან იმ ორ თვეში მეტად შემეჩვია, და მთხოვა, კვლავ განმეგრძო სადილობა, მაგრამ დიდი მადლობით და მტკიცე უარით გავისტუმრე იგი.
აბა, რა იცოდა გულუბრყვილო ქმარმა, თუ რა საშინელი სახმილი ვნება-სიყვარულისა გვწვავდა მე და მის ცოლს!...
ისე გავშორდი იმ პაწია ოჯახს, რომ ერთი ამბორი, ერთი მწვავე დაწაფება მარჯნის ბაგეზე არ მიგემია, არ მოვისურვე მიმეღო ჯილდო იმ შვენიერ ქალისაგან, რაზედაც ახლა კი მწყდება გული... ერთი სიტყვამიყვარხარ არ მითქვამს მისთვის... დღემდე არ ვიცი, მწყევლიდა იგი, თუ მლოცავდა ამ უზენაეს რაინდობის ჩამდენს. ვფიქრობ, რომ მგმობდა სასტიკად, რადგან ქალის სტიქიონი ვნებაა და სიყვარული. მას არ ესმის ასეთ საქმეში მაღალი ზნეობით და რაინდობით გამოწვეული ვაჟის მძაფრი თავშეკავება. ვაჟის ასეთი მოქმედებით ქალი ფრიად შეურაცხყოფილია, გულნაკლული და სიმძულვარე-შურისძიებით აღბორგებული ქალი მომენტის ასულია, მიწიერი, ამ ქვეყნიერი. მას არ იტაცებს რაინდობა, მოვალეობა, უზენაესი სანატრიონი (იდეალი). მას არ ესმის ამ მაღალ მცნებათა სიტურფე, სისპეტაკე და სიდიადე...
ასე უეცრივ აფეთქდა და აყვავდა ერთ მაისის დღეს კახეთის მშვენიერ ბუნების წიაღზე ეს ჩემი პირველი სიყვარული და ასე უგემურად დაჭკნა იგი მიჯნურთა გულში, რათა მესამე პირს,ქმარს და მეგობარს, არ მისცემოდა რაიმე ზიანი. დიახ, ობლად, მდუმარედ ჩაიფერფლა იგი ვაჟის გულში, რათა არ გამოეწვია ოჯახური დრამა და ტრაგედია.
გავიდა 10-12 დღე. ჩემთან შემოვიდა სარდაფში საუფლისწულო მამულის ერთი სხვილი მოხელე რუსი და თავის კოპწია ცოლის, პოლონელი ქალის დავალებით მთხოვა, მესადილა მათთან. ერთხელ დაშინებულმა გადავუხადე დიდი მადლობა და მოვახსენე ცივი უარი. მეორე დღეს კვლავ მომნახა ლაბორატორიაში და დაბეჯითებით მთხოვა, მესადილა მათთან. გულუბრყვილო ქმარი ერთგულად ასრულებდა ცოლის დაჟინებულ წადილს. მან მოიტანა ჩემზე ისეთი იერიში, რომ უარის თქმა მოუხერხებელი შეიქნა და მეც ძალაუნებურად დავნებდი, მხოლოდ იმ პირობით, რომ სადილი მიმეღო ძირს, ჩემს ოთახში (ისინი ცხოვრობდენ იმავე სახლის ზემო სართულში და ეკავათ დიდი ბინა); ეს კი ადვილი იყო, რადგან ჰყავდათ მზარეული და შიმუნარი. ერთგული ქმარი დამეთანხმა, ხოლო ჩამომართვა სიტყვა, რომ კვირაობით მაინც მესადილა მათთან ერთად. მეც დავთანხმდი იძულებით.
მეორე დღეს მომდის უხვად მზარეულის ხელით სანაქებო სადილი სამი თავისაგან შემდგარი და მეოთხე ტკბილი. მესამე დღეს კიდევ უკეთესი სადილი ჩამომიტანა ქორფა, ცქრიალა შიმუნარმა, მოხდენით გააქნია კურტუმი, მითხრა მღიმარე სახით რამდენიმე სიტყვა და ხრახნა კიბით აცქრიალდა ზევით. თვალს იამა ამ ცელქი გოგონას სახე და ყურს მისი ვერცხლის ზარივით წკრიალა ხმა. მეოთხე დღეს ჩამობრძანდა იშვიათი მოხდენით გამოწყობილი თვით ქალბატონი, „პანა მარინა“ და ჩამომიტანა თავისი ხელით დიდებული სადილი, რამაც მეტის მეტად გამაოცა, ხოლო შემაწუხა ამ დიდი ბობოლას მეუღლის ასეთმა თავაზიანობამ. მან დაალაგა მაგიდაზე სადილი, გამიღიმა მომხიბლავად, თანაც ოდნავ ირონიულად და გამომიწოდა თეთრი ხელი ამ სიტყვებით: „სალამი ჩვენს უცნაურ განდეგილს, ქალებს რომ გაურბის და ემალება სარდაფის ჯურღმულებში. რამ შეგაშინა ეგრე, ვაჟკაცო?! განა ეგეთი საშიშარნი ვართ ევას
ასულნი?! ნუ თუ არ იცით, რომ ვაჟები ვერსად გაექცევით ქალებს და ყველგან მოგძებნიან?! თვით უდაბნოშიაც კი... განა არ წაგიკითხავთ ებერსის მშვენიერი რომანი: „Homo sum“?!3 ხომ გახსოვთ, როგორ მოიხიბლა განდეგილი ბერი მწყემსი ქალით?!“ამ სიტყვებთან ერთად იგი ჩამოჯდა ჩემს ლოგინზე და ცელქად აათამაშა პაწაწა ფეხები. გამაწითლა მეტად ქალის სიტყვებმა და სითამამემ. ოდნავ შევკრთი და დავიბენი კიდეც. დამიპყრო თითქო ამ ალქაჯ არსების სითამამემ და ეს შეგნება მაწუხებდა დიდად. იგი მომჩერებოდა თვალებში ოდნავ დამცინავი სახით და ცდილობდა, მიმექცია ყურადღება მის მოღიავებულ შვენიერ გულ- მკერდზე და ახალ ტუფლებში ჩამჯდარ პაწია ფეხებზე. იშვიათი ხელოვნებით გაკეთებული წაბლისფერი თმა, ნელსაცხებლით ასურნელებული, სისვი ჟუჟუნა თვალები და ოდნავ პობილი მარჯანივით წითელი ბაგენი უცნაურად აღიზიანებდენ სხეულის წვერვალს, იწვევდენ ვაჟურ ჟინსა და გიჟ სურვილებს... აშკარად სჩანდა, რომ პანა მარინას მოჰქონდა გაბედული იერიში ჩემდა დასაპყრობად, ჩემი სიქალწულის წასართმევად, ნამუსის ასახდელად...
ეს ქალი იქნებოდა დაახლოებით 30 წლისა (საშიშარი ასაკი ბალზაკის განმარტებით), უშვილო, საუცხოვო მოსაუბრე, კარგად განვითარებული, ბევრი რამის მნახველი და განცდილი. თავის სათუთი ირონიით და მოსწრებული სიტყვა-პასუხით იგი მათამაშებდა როგორც კატა ნორჩ თაგუნას.
საუბრის დროს პანა მარინა წამოხტა უცებ, მარდად გაშალა სუფრა, დააწყო ორი პრიბორი4, დაალაგა ყველაფერი და, როგორც დახელოვნებულ დიასახლისმა, მიმიწვია სადილზე ამ სიტყვებით: „მობრძანდით, სიმონ ალექსის ძევ! დღეს თქვენი სტუმარი ვარ და იმედია, არ გამიშვებთ უპატივცემულოდ. ჩემი მიშელი (იგულისხმეთ ამ „ერთგული“ ცოლის ქმარი) დილიდანვე გამექცა სანადიროდ ქართველ თავადებთან ერთად, შიმუნარი და მზარეული გავგზავნე საყიდლებზე თელავში და აი, მარტოდ დარჩენილი მოველ თქვენთან სავსე ხონჩით და კეთილი გულით. იმედია, არ გამკიცხავთ და არ გამაგდებთ. ქართველები ხომ სტუმართმოყვარენი ხართ“.
ამ სიტყვებით მომიჯდა გვერდით და მადიანად შეექცა გემრიელ სადილს, თანაც მეპატიჟებოდა და მისხამდა ღვინოს ხშირ- ხშირად. მაოცებდა ფრიად ამ უცხო არსების ასეთი სითამამე. იგი უცებ შეიქნა მასპინძელი ჩემს ოთახში, მე კი მორცხვი სტუმარი. თუმცა ბევრჯერ მყავდა მანამდე ნანახი ეს ქალი, მარა დღემდე ორიოდ სიტყვით თუ მისაუბრია მასთან. როგორც სხვა ქალებს, ისე მასაც არ ვაქცევდი არავითარ ყურადღებას. ვერიდებოდი მეტადრე გათხოვილ ქალებს, რომლებიც მიმაჩნდა ერთგვარ ტაბუდ, ოჯახის ფუძეთ და სიწმინდის ბუდედ.
ქალის სითამამე მეც გადმომედვა თან და თან, მეტადრე, როცა ერთი ბოთლი კახური ღვინო დავცალეთ ორთავემ. ხოლო ზრდილობის საზღვრებს არ გადავცილდი და შეკავებით მეჭირა თავი, თუმცა ვაჟური სურვილი შმაგობდა ჩემს სხეულში. ვამჩნევდი, რომ ეს ქალი მათრობდა, მხიბლავდა, მიზიდავდა, მიტაცებდა მისი შამპანიურივით ამფეთქარე ბუნება, მისი მახვილი სიტყვა, ტკბილი საუბარი. ჩვენ გატაცებით ვკამათობდით სხვა და სხვა თემაზე და ენამზეობაში ვეჯიბრებოდით ერთი მეორეს. ხოლო ამ მუსაიფის დროს ჩემს თვალწინ უნებლიეთ გამოკრთებოდა ჩემი პირველი სიყვარულის, ჩემი სათაყვანო მადონას ნაზი შვენიერი სახე და მომჩერებოდა მისი საყვედურით სავსე მიბნედილი ეშხმთებარე თვალები. ეს უნებური ხილვა მადუმებდა უეცრივ და მიღვიძებდა სინდისის ქენჯნას, თითქო ჩამედინოს რაღაც დიდი დანაშაული. მაწითლებდა ოდნავ ჩემს უნებურად.
გათავდა სადილი. ქალმა აალაგა სუფრა და დამემშვიდობა ოდნავ უკმაყოფილოდ. ალბად ვერ ვეცი შესაფერი პატივი... რა გაეწყობა!.. სამი დღის შემდეგ განმეორდა იგივე სურათი, ე.ი. პანა მარინას ჩამოსვლა ჩემს ოთახში, ერთად სადილობა და კამათი სხვა და სხვა საგანზე. პოლონელ ქალს იშვიათი ფანდებით მოჰქონდა იერიში ჩემს წინააღმდეგ და მეც, გუშაგად მდგარი, ვიგერიებდი მას, ვით კარგი ფალავანი. ეს დავლური გაგრძელდა 2-3 კვირას.
ერთ დღეს მომდის ბარათი ამ ქალის ქმრიდან (ასე მეგონა), მთხოვდა მასთან მისვლას საღამოს 7 საათზე რაღაც საქმის გამო. გამიკვირდა, რა უნდა ჩემგან, ვიფიქრე. აველ დანიშნულ დროს. მხვდება პანა მარინა მარტოდ-მარტო იშვიათი გემოვნებით მორთული: არც ქმარი, არც შიმუნარი და მზარეული. მეგებება მომხიბლავი ღიმილით, მკიდებს ხელსა და მაჯენს მდივანზე თავის გვერდით, თანაც მეუბნება: „ჩემი მიშელი ეს-ესაა მიიწვია ღენ. ბაგაუტმა რაღაც საქმეზე და ეჭვი არაა, მალე მოვა, თქვენ კი გთხოვათ მოცდა“.
მეც მჯერა და ვიცდი. ვაბამთ მუსაიფს. გადის დრო, ერთი საათი, ორი, სამი; არ მოდის მიშელი. ვდგები წასასვლელად. ქალი არ მიშვებს. გადაჭრით ვემშვიდობები და მივდივარ შინ. ქალი მაცილებს ბოდიშით, რომ შეაგვიანდა მის ქმარს. ეს ახალი ფანდი პანა მარინამ გაიმეორა კიდევ ორჯერ. მიმიწვია თავის მიშელის სახელით და დამხვდა სრულიად მარტოდ, მუდამ სხვა და სხვა სამოსელში გამოწყობილი, სხვა და სხვა გემოზე გაკეთებული თმით, ნაირ-ნაირი ძვირფასი ნელსაცხებლით. მიშელი ვითომც ბაგაუტთან იყო გაწვეული და მალე მოვაო. მეც მჯეროდა, ვუცდიდი და ვერთობოდი ქალთან საუბრით.
როცა მესამედ მიველ და ვმუსაიფობდით ტკბილად მდივანზე ერთად მჯდომარენი, უცებ ქალს თითქო შეუღონდა გული და თვალებ დანაბული მომესვენა მკერდზე. თან მანიშნა ხელით, გამეხსნა ლიფის ღილები. ქალის გულის წასვლა მართალი მეგონა, შევკრთი, მოურბენიე ნელსაცხები და გავუხსენი, როგორც იქნა, ლიფი. რა ვნახე! თეთრი მარმარის მკერდი და ზედ სეფისკვერივით აბორცვილი ორი მოვარდისფრო მომხიბვლელი ძუძუ... დამძლია ამდენ ცდუნებამ, იფეთქა ვნებამ, ამვარდა თავში მღელვარე სისხლი და როგორც გიჟი, დავეწაფე იმ სურნელოვან ამფორებს. შემდეგ გაშმაგებით ვტაცე ხელი ამ ჩემს მაცდურს, ჩავიკარ გულში და დავუწყე კოცნა ტუჩებში, სახეზე, თვალებზე, ყელზე... პანა მარინაც სწრაფად მოვიდა გონს (უცებ გაჰქრა მისი სიმულანტური გულშეღონება) და დამიწყო მწვავედ კოცნა... მკოცნიდა ეს პოლონეთის ასული და მეუბნეოდა ათასგვარ საალერსო სიტყვას. დამათრო და გამაგიჟა ქალის კოცნამ და ალერსმა; უცებ ვტაცე ხელი, ავიტაცე ბავშივით და გავაქანე მეორე ოთახისკენ... უეცრივ ქალი გამისხლტა ხელებიდან, შევარდა საწოლ ოთხში და ჩაიკეტა კარები. მაგრამ საშინელება ყოფილა თურმე სქესობრივ ჟინით გააფთრებული ვაჟი! ასეთ მომენტში იგი იქცევა მხეცად, ველურად... მივაწექ მედგრად კარებს, შევლეწე, ვტაცე ხელი ჩემს მაცდურ ფერიას, დავაგლიჯე სამოსი და აღარ მახსოვს, თუ როგორ გავჩნდი ლბილ ლოგინში მარინას გვერდით...
დავეწაფე დამშეული ადამი აქამდე უგემებელ აკრძალულ ხილს და განვიცადე მისი სიტკბო შარბათეული. ვიგრძენ ედემის ამური და ნეტარება... მათამამებდა ქალი, მაქეზებდა, მაგიჟებდა თავის ალერსით და სქესური ხელოვნებით და მეც არ ვზოგავდი თავს, მიმქონდა იერიშები. მოვითენთეთ, დავიქანცენით. დაგვღალა ორთავენი ორი სათის გრიგალისებურ ხვევნა- ალერსმა და გავშორდით ერთმანეთს დამტკბარნი...
წარმტაცა ამ რიგად უმანკოება და მაგემა აკრძალული ხილი პოლონელ ქალმა.
იმ დღიდან პანა მარინა შეიქნა ჩემი ხშირი სტუმარი. იგი ჩამოსრიალდებოდა ხრახნა კიბით პერანგის ამარა შალმოხურული ნაშუაღამევს, როცა მისი მიშელი მადიანად ხვრინავდა აივანზე, და ჩამიგორდებოდა ლოგინში. იყო ალერსი და ცელქობა განთიადამდე...
ასე გავიდა ზაფხული და შემოდგომა.
ბევრმა იცოდა ეჭვით ჩვენი კავშირი, მხოლოდ არაფერი იცოდა თვით მიშელმა, ან იქნებ არ სურდა, რომ სცოდნოდა რამე. ჩვენი კავშირის პირველ დღიდანვე პანა მარინას ქმარი, პატივცემული მიშელი დამიახლოვდა მეტად, დამიმეგობრდა კიდეც. ამიერიდან უკვე მათთან ვსადილობდი ყოველ დღე. ეჭვი არაა, ვიხდიდი სადილის ფულს, როგორც წინად. კვირა-უქმე დღეებში ერთად ვსეირნობდით სამივე, ან ერთად მივდიოდით სტუმრად. ერთი სიტყვით, იმ პირველ ცდუნების დღიდან შევიქენ ოჯახის მეგობარი და ფრიად სასურველი სტუმარი ორივე ცოლ-ქმრისათვის.
კვლავ გამახსენდა ქართული ანდაზა: თუ გსურს რუსი დაიმეგობრო, ან უნდა სცემო, ან ცოლი საყვარლად გაიხადოო.
ორივე ვცადე ჩემს უნებურად და დავრწმუნდი ამ ანდაზის სრულ სიმართლეში.
ახლა საჭიროა, აღვნიშნო ერთი კურიოზი, რაც შემემთხვა წინანდალში. 23 წლის ვაჟკაცს ჩემს დღეში საზამთრო არ მეჭამა. ჩვენს ოჯახში ქუთაისში საღდებოდა აუარება ხილი, კიტრი და ნესვი, ხოლო არც ერთი საზამთრო არ გაჭრილა არას დროს. ჩემთვის დღესაც გაუგებარ მიზეზის გამო, ეს მშვენიერი ნაყოფი არ უყვარდათ ჩემს მშობლებს, ამრიგად არც შვილებმა ვიცოდით მისი გემო. თვით საზამთროს დანახვა მეტადრე გაჭრილის, წითლად რომ ხაშხაშობდა მეხილეს დუქნის წინ, საშინლად მოქმედებდა ჩემზე. ერთი უეცარი დანახვით ტანში საშინლად გამაზრიალებდავცდილობდი, არ შემეხედა საზამთროსთვის და ისე ჩამევლო გვერდით.
ასეთი ინსტიქტური სიძულვილი მქონდა ამ საუკეთესო ბაღჩეულისადმი, როცა ერთ შვენიერ დღეს, აგვისტოს დამლევს, წინანდალშივე მიმიწვია სადილად ჩვენმა მთავარ მეღვინემ დიკენსონმა, თან დაუმატა: ბ-ნო ქვარიანო, ისეთ რამეს გაჭმევ, ისეთ რამეს, რომ თქვენს დღეში არ გეჭამოთო.
სავსებით ახდა მისი სიტყვები.
სადილი იყო საუცხოვო. სუფრაზე ვისხედით: თავში მასპინძელი, მის გვერდით მარჯვნით მის თანაშემწე ფუნკის ლამაზი ცოლი, მარცხნით მე, ხოლო ჩემს ქვემოთ თვით ფუნკი. ფერადი საჭმელები და საუკეთესო ღვინოები ამკობდა სუფრას. უხვი და მხიარული მასპინძელი ცდილობდა ჩვენს გამხიარულებას. მოსწრებული სიტყვები და ოხუნჯობა ცქრიალებდა, ვით შამპანური. სადილის დასასრულს ფარეშმა შემოიტანა ხილი: შესანიშნავი ატმები, საუკეთესო ყურძენი, რქაწითელი, თითა, ბუდეშური, და ბოლოს ვრცელი პინით კოხტად დაჭრილი უზარმაზარი კახური საზამთრო, რომელიც წითელი სისხლივით ხაშხაშებდა. დავინახე თუ არა, საშინლად გამაზრიალა ტანში. მასპინძელმა აიღო უშველებელი ნაჭერი და თავისი ხელით დასდო ჩემს საინზე ამ სიტყვებით: „აი, ჩემო ძვირფასო სიმონ ალექსის ძევ, აი, ამისთვის მოგიწვიე სადილად! ამ დილით მივიღე ეს საზამთრო ფეშქაშად თ-დ ავალიშვილიდან. ნიზლავს დავდებ, თუ ასეთი რამ ოდესმე გეჭამოთ თქვენს იმერეთში“. ჩავარდი საშინელ მდგომარეობაში. აღარ ვიცოდი, რა მექნა, რა მეთქვა, რით დამეღწია თავი ამ გაჭირვებისაგან. შევწუხდი, გავწითლდი. მეტადრე მრცხვენოდა ქალისფუნკის მეუღლის. რას იფიქრებენ ჩემზე მეთქი, ხომ ველურად მომნათლავენ!.. ვხედავ, ყველანი დასევიან თავიანთ საზამთროს ნაჭრებს და მიირთმევენ გემრიელად. უტკბეს ნაყოფს გააქვს მათ პირში ხაშა-ხუში. ჩემთვის აღარ ცალიათ, არც მიცქერიან. ვიფიქრე: მართლა საწამლავი ხომ არაა ეს ოხერი! მოდი, გავშინჯო ცოტა, ერთი ვნახო, მაინც რა გემოსია მეთქი. მოვჭერი დანით ერთი ციცქნა და ჩანგლით სათუთად ჩავიდე პირში. ჰმ! რა ვჭამე! ამისთანა ტკბილი, გრილი და საამო ნაყოფი არასდროს არ მიგემია. იგი დადნა პირში, როგორც დაშაქრული ნაყინი. ავიღე ახლა უფრო მოზრდილი ნაჭერი და ჩავიდე პირში. იგივე ეფექტი, იგივე მეტის-მეტი სიამოვნება.
- რავა პიწკად მიირთმევთ, უმანკო ქალწულივით! არ მოგწონთ თუ?! აბა, რას იგემებთ უკეთესს?! სჭამე რაღა, ვაჟკაცურად! ხომ ხედავთ მე და ბ-ნი ფუნკი მეორე ნაჭრებს ვიღებთ!შემნიშნა რიხიანად მასპინძელმა და გადიღო თავისთვის მეორე დიდი ნაჭერი.
მეც მდუმარედ ვუმატე საზამთროს ჭამას მეტი და მეტი სიამოვნებით, ხოლო ოდნავ შემაწითლა მასპინძლის შენიშვნამ. სირცხვილით, აბა, რავა გავამხელდი, რომ ჩემს დღეში საზამთრო არ მეგემა და პირველად ვჭამდი ამ სუფრაზე ამ ბაღჩის უგემრიელეს ნაყოფს!
- ხედავთ, ბ-ნი ქვარიანი გაწითლდა კიდეც და ხმასაც არ იღებს! აქ რაღაც საიდუმლოა დაფარული. მეც ვამჩნევდი, რარიგ პიწკად სჭრიდა ეს ვაჟბატონი საზამთროს პაწია ნაჭრებს და რა უცნაური სიფრთხილით მიჰქონდა პირში, თითქო რაღაც საწამლავი. არა, აქ რაღაც საიდუმლოა და უსათუოდ უნდა გვითხრას ბ-მა ქვარიანმა! - გაიწკრიალა ფუნკის მეუღლემ, ფრაუ ამალიამ და სინაზით გადახედა დიკენსონს. მათ მოსწონდათ ერთმანეთი.
- სიმონ ალექსის ძევ! უსათუოდ უნდა გვითხრათ ეგ საიდუმლო, იქნებ რაიმე რომანთანაა დაკავშირებული? - მომმართეს ყველამ და მეც იძულებული შევიქენ მეთქვა სიმართლე, რამაც გამოიწვია სტუმარ-მასპინძელში საშინელი სიცილ-ხარხარი.
ეს ჩემი პირველი დებიუტი დამთავრდა ამ ვეებერთელა საზამთროს ორი დიდი ნაჭრის გადასანსლით. იმ ბედნიერ დღიდან საზამთრო შეიქნა ჩემთვის ყურძენ-ატამთან ერთად უსაყვარლეს ხილად.
ზემოდ უკვე აღვნიშნე, რომ წინანდლის საუფლისწულო მამულში იყო უმდიდრესი წიგნსაცავი, მეტადრე აგრონომიულ დარგში. ეს წიგნები და ჟურნალები მეტწილად იყო გაუჭრელი. არავის ეცალა მათთვის და არავინ იწუხებდა თავს მათი კითხვით. თითქმის ყველას ხიბლავდა და იტაცებდა ქეიფი, დროსტარება, არშიყობა, ნადირობა და არა რაღაც წიგნ-ჟურნალების კითხვა. უნდა გამოვტყდე, რომ ვიყავ ერთად-ერთი ადამიანი, რომელიც თავს ვაკლავდი ამ წიგნებსა და ჟურნალებს. თანაც იმდენად დავძლიე ადრევე დიდი ლექსიკონის მეშვეობით ფრანგული ენა, რომ თავისუფლად ვკითხულობდი ფრანგულ წიგნ-ჟურნალებს და კარგადაც მესმოდა შინაარსი. სწორედ იმ ხანებშიც (ე.ი. 1891 წ.) საფრანგეთის უპირველეს სამეურნეო ჟურნალ „Le progrès agricole et Viticole“-ის5 ერთ-ერთ ნომერში წავაწყდი გამოჩენილ პროფ. ვიალასა და რავაზის მოხსენებას ფილოქსერით განადგურებულ ვენახების აღდგენის შესახებ კოტ-დორში (ბურგონში). ამ მეცნიერთა გამოკვლევითა და მოსაზრებით ვენახების აღდგენა უნდა მომხდარიყო ამერიკული ვაზების მეშვეობით. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთის შემოსავლის უდიდეს წყაროს წარმოადგენს მევენახეობა-მეღვინეობა. არსად არაა იმოდენა ზვრები და არსად არ კეთდება იმოდენა ღვინო, რამდენიც საფრანგეთში. და აი, გასული საუკუნის 60-იან წლებში მას დაატყდა თავზე საშინელი რისხვა, მას ეწვია ერთი ბეწო, თვალით უხილავი მწერი ფილოქსერა. იგი საოცარი სისწრაფით მოედვა საფრანგეთის ვენახებს და უწყო განადგურება. ეს საშიშარი მწერი გადმოყვა ჯერ საფრანგეთის და შემდეგ იტალია-ესპანიის ზვარ-ვენახებს, აქედან კი, მთელი ევროპის სავენახე რაიონებს. ეს თვალუხილავი მწერი ედება ვაზის ქორფა ფესვებს მიწაში, სწუწნის მათ, თავის მოგრძო ნისკარტით, აჭლექებს და ახმობს 3-4 წელიწადში, თანაც მრავლდება საოცარი სისწრაფით და ედება ვაზებს კონცენტრიულად. 20-25 წლის განმავლობაში ამ უჩინარმა მწერმა მოუტანა მარტო საფრანგეთს 15-20 მილიარდ ფრანკის ოქროდ ზარალი. გამწარდა ხალხი. დაფაცურდენ საფრანგეთის მეცნიერნი და სპეცები, მარა ვერაფერი მოიგონეს ამ მწერის წინააღმდეგ. ერთადერთი საშუალება, რომელიც კი რამდონობით სპობდა ამ თვალით უხილავ მწერს, იყო გოგირდიანი ნახშირბადი, რასაც ასხურებდენ მიწაში ვაზის ძირებს. ეს სითხე აორთქლდებოდა მიწაში და სამჩნევად სპობდა ფილოქსერას, ხოლო ამ მწერის ნაწილი რჩებოდა ცოცხალი, მრავლდებოდა და აყენებდა იმავე ზიანს ვენახებს. ამიტომ საჭირო შეიქმნა ყოველწლივ წამლობა, რაც ჯდებოდა მეტად ძვირადჰეკტარი 12 000 მან. ოქროდ თითო წელს. ამრიგად ზვრების ფრიად უმეტესი ნაწილი, თითქმის 9/10 თავის შემოსავლით ვერ ფარავდა ამ ხარჯებს და იღუპებოდა.
საჭირო შეიქნა სხვა საშუალების მოძებნა. ასეთი შეიქნა ამერიკული ვაზები. ეს უებარი საშუალება კი აღმოაჩინა საფრანგეთის მეცნიერმა ვიალამ და რავაზმა. ესენი მიუდგენ ამ მწვავე საკითხს ასეთი თვალსაზრისით: ფილოქსერის სამშობლო ამერიკაა. იქიდან მოევლინა ევროპას ეს რისხვა. მაგრამ ამერიკაში არსებობს ვაზები, ადგილობრივი ჯიშები ფილოქსერამ ვერ მოსპო ისინი. რა მიზეზია? აი, ამ საკითხის ადგილობრივ შესასწავლად გაემგზავრენ ამერიკაში ვიალა და რავაზი, დაჰყვეს იქ კარგა ხანი, იმგზავრეს, იმუშავეს ბლომად და აღმოაჩინეს, რომ ვაზის ზოგიერთ ადგილობრივ ჯიშთა ქორფა ფესვების (ფოჩების) გარე კანი შედარებით იმდენად სქელია, რომ ფილოქსერის ნისკარტი ვერ ატანს კომბიამდე (წვენის სამოძრაო არემდე), ამრიგად ვეღარ საზრდოობს ვაზის ფოჩების წვენით და იღუპება. ასეთი ფილოქსერის გამძლე ვაზები აღმოჩნდენ: რიპარია, რუპესტრისი, სოლონისი, ჟაკეზი, ბერლანდიერი და სხ.
მაგრამ ამ აღმოჩენით სარგებლობას ორი დიდი დაბრკოლება გადაეღობა წინ: პირველი ის, რომ აღნიშნული ამერიკული ჯიშები ან სულ არ ისხამენ ყურძენს, ან ფრიად მცირეს და ყოვლად უვარგისს. მეორე დაბრკოლება ის იყო, რომ თითოული ჯიში თხოულობდა მისთვის შესაფერ, განსაკუთრებულ ნიადაგს და არ ვარგობდა ყოველგვარ მიწაზე, როგორც ჩვენი და ევროპიული ჯიშები (ეს დიდი ნაკლი ამერიკ. ვაზებს შეამჩნიეს შემდეგში).
პირველი დაბრკოლების დაძლევა ადვილი გახდა დამყნობით. ფილოქსერის გამძლე ამერიკ. ვაზები იხმარეს საძირედ და მასზე ამყნიდენ ევოპიულ (ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და სხვ.) ვაზის ჯიშებს, ისე როგორც ამყნიან ხოლმე ტყის ვაშლსა და მსხალზე ბაღის ვაშლსა და მსხალს. ვაზის მყნობის ასეთი მაგალითები (ადგილობრივი ჯიშებისა) საკმაოდ იყო თვით საფრანგეთში და ცნობილი კარგი შედეგებით. აი, ამ დიდი აღმოჩენით წარსდგენ ქ. ბონში ბურგონის მევენახეთა ყრილობის წინაშე ორი ზემოხსენებული მეცნიერივიალა და რავაზი და აუწყეს, თუ როგორ უნდა აღადგინონ გამძლე ამერიკულ ვაზებზე ადგილობრივი ჯიშების დამყნით ზვარ- ვენახები და მით იხსნან თავი ფილოქსერისაგან.
ეს იყო დიადი აღმოჩენა და ახალი გაბედული სიტყვა მევენახეობის დარგში. ამიერიდან გადიჭრა მარტივად და გენიალურად ფილოქსერისაგან მევენახობა-მეღვინეობის ხსნის მძიმე პრობლემა. ამიერიდან ბოლო ეღებოდა მთელ მსოფლიოს სავენახე რაიონებში ამ პაწია მწერის გამანადგურებელ თარეშს. ამიერიდან ბოლო ეღებოდა მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათეულ მილიონ მევენახე-მეღვინეთა სიღატაკეს და განადგურებას.
აი, ეს პროფ. ვიალა და რავაზის მოხსენება წავიკითხე ზემოხსენებულ ფრანგულ ჟურნალში და მაშინვე შევიგენ მისი დიადი მნიშვნელობა საერთოდ მსოფლიოსთვის და, კერძოდ, მთელი კავკასიისათვის. გამიტაცა სავსებით ამ დიდმა აღმოჩენამ; მაშინვე გადავთარგმნე ეს ვრცელი მოხსენება რუსულ ენაზე; ერთი თვის შემდეგ მე თვით ჩავიტანე ტფილისში და გადავეცი კავკ. სას.-სამ. საზოგადოების მდივანს ეგ. იოსელიანს მათ ყოველთვიურ რუსულ ორგანოში (ჟურნალში) დასაბეჭდად. მართლაც ეს ჩემი თარგმანი მთლიანად დაიბეჭდა იმავე თვეში მათ ჟურ. «Труды Имп. Кав. об-ва Сел. Хозяйствия»-ში...6 1891 წ. ეს იყო პირველი ხმა მთელ რუსეთსა და კავკასიაში ფილოქსერას წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ამერიკ. ვაზების მეშვეობით. ეს მოსაზრება კი სავსებით გაამართლა შემდეგში თვით ცხოვრების სინამდვილემ და ამ ჟამად მთელ მსოფლიოში ამერიკულ საძირებზე ნამყენებით განახლებული ზვარ-ვენახები ითვლება მილიონ ჰეკტარებით, რომლებიც იძლევა ბევრად მეტ მოსავალს და ზოგ შემთხვევაში უკეთეს ღვინოსაც, ვინემ იმავე ფართობის წინანდელი (უმყვნელი) ზვარ-ვენახები.
დავესწარი მეორე რთველსაც. ჩემს ხელში განვლო წინანდლის საუფლისწულო მარან-სარდაფის მთელმა მანიპულაციამ, გავიწაფე კარგად ღვინის მოვლა-კეთების საქმეში და ნოემბრის დამლევს გამოვსწიე შინისაკენ. მარა, სანამ წამოვიდოდი, მოხდა ერთი კურიოზი. წინანდალში გვეწვია უზარმაზარი რუსი ქერა თმითა და წვერ-ულვაშით, გაგვეცნო როგორც დაშკოვ-ვორონცოვის (ყოფილ მეფის ნაცვლის) მთავარი მეღვინე, გვაჩვენა მანდატი, გვთხოვა, გვეჩვენებია მისთვის ეს ჩვენი დიდი სარდაფი და გაგვესინჯინებია ღვინოები. ჩვენც მეტად თავაზიანად მივიღეთ ეს საპატიო სტუმარი და დავატარეთ მარან-სარდაფი. აქვე შეიკრიბა სარდაფის მეღვინეთა მთელი შტატი: დიკენსონი, ფუნკი, ვახვახიშვილი და მე. თვით დიკენსონი აძლევდა ახსნა-განმარტებას სარდაფისა და ღვინოების შესახებ. როცა ჩავიყვანეთ სულ ქვედა სართულში, სადაც ელაგა საუკეთესო ძველი ღვინოებით სავსე 500 ვედრიანი კასრები, ჩვენმა სტუმარმა მოინება მათი აქვე, ადგილობრივ გასინჯვა. დიკენსონმა უფროს მესარდაფე მუშას მიაწოდებია ჭაშნიკი. იგი ავიდა უზარმაზარ კასრზე, ჩაქუჩით მოხადა საცობი, ამოიღო მინის სიფონით ღვინო, გამოავლო სასინჯ პაწია ჭიქას, შემდეგ შუამდე აავსო იგი, როგორც იყო დეგუსტაციის წესი და მიაწოდა სტუმარს. ჩვენს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი, როცა ამ რუსმა „სპეცმა-მეღვინემ“ იწყინა მეტად ასე რიგად ღვინის მიწოდება და მოგვმართა საყვედურით: „ბატონებო, განა მიტომ ჩამოველ იმსიშორე გზიდან, რომ აქ წინანდლის საუფლისწულო მამულში გამეშინჯა ამ სათითით განთქმული კახური ღვინოები?! ნუ თუ არა გაქვთ მოზრდილი ჭიქები, ან იქნებ გენანებათ ჩემთვის მეფის ღვინოები?!“
ჩვენ ღიმილით გადავხედეთ ერთმანეთს და მაშინვე მივხვდით, თუ როგორ „სპეცთან“ გვქონდა საქმე. იმ წამსვე ვაფრინეთ სარდაფის მუშა ლაბორატორიაში და მოვატანიეთ უშველებელი საანალიზე ჭიქა, რომელშიც ჩადიოდა ნახევარ ბოთლზე მეტი. გავავსეთ იგი პირთამდე ღვინით და მივაწოდეთ. რუსს გაუბრწყინდა ჭროღა თვალები, აღტაცებით ჩამოგვართვა სავსე ჭიქა, წამოიძახა ბოხი ხმით: «вот это я понимаю!»7 და უსუნთქლივ გადაყლაპა ღვინო. გაატკაცუნა ენა ზედმეტი სიამოვნებით და დაიძახა: «Великолепное вино!»8. ჩვენ ძლივს ვიკავებდით სიცილს. „სპეცმა“ მოგვთხოვა მეორე ღვინის გასინჯვა. მუშა ავიდა მეორე დიდ კასრზე, აავსო ღვინით ის უზარმაზარი ჭიქა და მიაწოდა. „სპეცმა“ სწრაფად გადაყლაპა ისიც, გაატკაცუნა ენა და დაიგრგვინა: «Замечательное вино!»9. ერთი გაცინება ერთ მილიონს გვიღირდა. ერთმანეთს აღარ ვუმზერდით შიშით, რომ არ გაგვცინებოდა. „ქებულმა მეღვინემ“ მოითხოვა მესამე ღვინის ჭაშნიკი. ავუვსეთ ის დიდი ჭიქა სხვა საუკეთესო ღვინით და მივაწოდეთ. სწრაფად დაცალა ეს ჭიქაც, წამოიძახა ბორძიკით: Чуд...ное... ви...но10 და წაიქცა იქვე უგრძნოთ საშინლად გალეშილი. რვა მარჯვე მუშამ ძლივს ამოათრიეს სარდაფიდან ეს დაშკოვ-ვორონცოვის „სახელგანთქმული მეღვინე“. ასე „სანაქებოდ“ დამთავრდა წინანდლის საუფლისწულო სარდაფში კახურ ღვინოთა დეგუსტაცია...
აქაც გამართლდა მეორე ქართული ანდაზა: რუსმა თუ ღვინო ნახა, ბუზივით ჩაირჩობაო, და ჩაირჩო კიდეც ეს უზარმაზარი რუსი. მთელი დღე ვიწვალეთ და ძლივს მოვასულიერეთ საღამოს ჟამს.
ამ რუსის საქციელმა უნებლიეთ გამახსენა სამი ისტორიული ეპიზოდი:
1) გასულ საუკუნეში გურიაში ცხოვრობდა გურიის მთავრის შთამომავალი და რუსების დიდი მოძულე დიმ. გურიელი. ერთ ზაფხულის დილას იგი გამოვიდა თურმე თავის სასახლის აივანზე, გადახედა მიდამოს, გაიარ-გამოიარა, შემდეგ წამოჯდა იქვე ტახტზე, ჩაფიქრდა, ამოიხვნეშა მწარედ და წამოიძახა: „ღმერთო დიდებულო! მომეცი ათიათასი კარგი დარჩეული ბიჭებიო“. „ღმერთმა მოგცეს, ბატონო!“ - მიაძახა თურმე მოურავმა, თან შეეკითხა, - „რათ გნებავთ, ბატონო?“
- ღმერთო დიდებულო, იმ ბიჭებისთვის საჭირო იარაღიც მომეციო.ინატრა ისევ გურიელმა.
- ღმერთმა მოგცეს, ჩემო ბატონო! რათ გნებავთ? - შეეკითხა ისევ მოურავმა.
- ამ წყეულ რუსებს სულ ერთიანად გავდენიდი ჩვენი ქვეყნიდანო. - იყო გურიელის პასუხი.
- თქვე დალოცვილო, რა საჭიროა, ორი ნატვრით რომ ღმერთს აწუხებთ, გენატრათ: ეს მდ. სუფსა არაყად მიქციეო და, რაც საქართველოში რუსებია, სუყველა შიგ ჩაიხრჩობოდაო. - მიაძახა მოსწრებულად მოურავმა.
2) ერეკლე გმირის მეფობის ბოლო წლებში რუსეთის იმპ. ეკატერინე II-მ გამოუგზავნა ივერიის მეფეს დასახმარებლად მცირეოდენი ჯარი. რუსები მიიღეს დიდის პატივით და რადგან იმხანად არ იყო ჩვენში ყაზარმები, ამიტომ რუსის სალდათები თითო- ოროლად ჩაუყენეს ბინებზე ტფილისის მოქალაქეებს. სხვათაშორის ერთი სალდათი ხვდა მარტოხელა მოხუც ფეიქარს. ამან დიდი პატივით მიიღო ეს რუსი, 2-3-ჯერ გაუმართა კარგი სადილი, მოუხადა იქვე (ქოხში) მიწაში ჩაფლული პაწია ქვევრი და დაალევინა შვენიერი ღვინო. ამ რუსს მეტად იამა ასეთი მასპინძლობა, მეტადრე კი ქვევრიდან ორშიმოთი ამოღებული ცივი, მაგარი ღვინო. ერთ დღეს ამ რუსმა გაიგულა სადღაც ეს მოხუცი ფეიქარი, მოხადა თავი ქვევრს, ამოიღო ღვინო და დათვრა საშინლად, მილეწ- მოლეწა მასპინძლის საფეიქრო, ჩაყარა ქვევრში მიწა და იქვე გაითხლარშა თავის პირიდან ამონანთხევ სიბინძურეში. მცირე ხანს შემდეგ მოვიდა ფეიქარი და როს იხილა ამ რუსის ნამოქმედარი: დამსხვრეული საფეიქრო, მიწაჩაყრილი ქვევრი და სხ., შემოიკრა შუბლზე ხელი და წამოიძახა გამწარებით:
„ვაიმე, ჩემო საფეიქრო, მასრაყო და მასრა, მაქო!
მე იმისი დედა მ.....ნ, ვინც პირველად რუსი აქო!...“
3) ეს მესამე ეპიზოდი კი შვენივრად ახასიათებს რუსეთის ბუნებას, იმ დროის ხალხსა და მათ სამეფოს. მეთვრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში ქართლის მეფე ვახტანგ VI-მ (სჯულ მდებელმა) გაგზავნა რუსეთის ხელმწიფესთან ელჩად ივერიის ცნობილი მგოსანი დავით გურამიშვილი. ორი წლის შემდეგ დაბრუნდა იგი ტფილისში. მოხსენდა მეფეს გურამიშვილის ჩამოსვლა. ვახტანგ VI-მ მოახდინა ვეზირ-დიდებულთა საზეიმო კრება და დაიბარა სახელოვანი მგოსანი, რომელიც მიესალმა მეფეს და დიდებულთ.
- აბა, ჩემო დავით, გვითხარ რუსეთის ამბები, რა ნახე, რა განიცადე იქაო. - შეეკითხა მეფე გურამიშვილს.
იგი წამოდგა, კვლავ თავდახრით თაყვანი-სცა მეფეს და დაიწყო:
„ვნახე რუსეთი, მინდორ ვაკენი,
ქალნი უნიფხო, კაცნი მაკენი11,
თავს ხურავთ ჩაჩი, ვირს შ...ნ ნ...ჩი
მათი საქმენი საარაკენი...“.
ამ ოთხ ტაეპიან პაწია ლექსით დიდმა მგოსანმა საუცხოოდ დაასურათა რუსეთი და მისი იმ დროის მცხოვრებნი.
აქვე მინდა, გარე კახეთის მცირე ამბებით დავაბოლაო ეს ჩემი კახეთში ყოფნა.
ჩემ მიერ ფილოქსერას აღმოჩენას იმერეთში 1887-88 წწ. და ამის შესახებ წერილობით მიმართვას ტფილისში კავ. სას. სამ. საზოგადოებისადმი შედეგად მოჰყვა ტფილისში კავ. საფილოქსერო კომიტეტის დაარსება. კომიტეტს სათავეში ჩაუდგენ: თავმჯდომარედ სას. მეურნეობის ინსპექტორი გეევსკი, მის თანაშემწედ კი, აგრონომი ვლ. სტაროსელკი. ამავე დროს ეს ორი პირი მეთაურობდენ ეგრედ წოდებულ საფილოქსერო დასებს, რომლებიც აწარმოებდენ ფილოქსერის კვლევა-ძიებას საქართველოს სავენახე რაიონებში: გეევსკიაღმოსავლეთ საქართველოში, სტაროსელკი კიდასავლეთ საქართველოში.
პირადათ მე მომიხდა მუშაობა 1892 წ. ზაფხულში გეევსკის საფილოქსერო დასში, რომელიც იკვლევდა ფილოქსერას ტფილისის რაიონსა და გარე-კახეთში. აქ გავეცანი გარე-კახეთის სოფლებს: მანავს, თოხლიაურს, ხაშმს, ყარაბულახს, საგარეჯოსა და სხ. ყველაზე მეტი ვენახები იყო ხაშმში, ხოლო საგარეჯომ გამაოცა ინტელიგენტურ ძალთა სიმრავლით: გონებრივად მომზადებული, ენერგიული ახალგაზრდობა: გულისაშვილები, ბილანიშვილები, მჭედლიშვილები და სხ. ჩასდგომოდენ სათავეში ამ დიდ სოფელს და გაეჩაღებიათ საქმიანობა, კულტურული და ეკონომიური მუშაობა, ხალხის მეთაურობა. სკოლები, სახალხო დეპო-მაღაზია, კლუბი თუ თეატრი, სამკითხველო-წიგნსაცავი, აი, რა ამკობდა ამ ლამაზსა და ნივთიერად ღონიერ სოფელს!
პაწია სოფელ ყარაბულახში კი (სოფ. ხაშმთან), გავიცანი მეტად შეუფერებელი ცოლ-ქმარი: კაცი პაწია ტანის უშნო მოხუცი, ყოყოჩა და მეტად ცხარე არსება, დიდი მემამულე თ-დი კიკო ჩოლოყაშვილი, რომელსაც მეტსახელად ერქვა „გიჟი კიკო“, ხოლო მისი მეუღლე თ-დ ვახვახიშვილის ასული, ახოვანი და დარბაისელი ადამიანი, მასთან იშვიათი მშვენიერება. მისი ღვთაებრივი სახე და გრძელი ბროლის თითები გაგონებდათ დიდებულ თამარ მეფეს. პირველ ნახვითვე გამაოცა ამ მანდილოსნის ნამდვილ ქართულმა, კლასიკურმა სიშვენიერემ. მაგრამ კიდევ უფრო გავოცდი, როცა გავიგე, რომ მას ჰყავდა 33 წლის ვაჟი, ამის გარდა კიდევ ორი ასაკოვანი ქალ- ვაჟი. ეს სამი, ასაკით დამთავრებული, შვილის დედა მეგონა არა უმეტეს 28-30 წლისა, ნამდვილად კი, უნდა ყოფილიყო არა ნაკლებ 50 წლისა. ამან უნებლიეთ გამახსენა იმერთა დედოფალი თამარ ცბიერი, რომლის ასული გაუშვა მისმა სიძემ, გიორგი გურიელმა და სიდედრის სიშვენიერით მოხიბლულმა, შეირთო იგი ცოლად. ამ ჩოლოყაშვილის მეუღლის გაცნობის შემდეგ შესაძლებლად მეჩვენა ის საარაკო ამბავი, ე.ი. სიძის მიერ ცოლის გაშვება და სიდედრის ცოლად შერთვა.
ო, დიდი ძალა აქვს ქალის სხეულის მშვენიერებას!.. დიდი ძალა!.. მეტადრე, თუ მას ამკობს ჭკუა-გონება და სულის მაღალი სათნოებანი... ბეატრიჩეს მშვენიერებამ ააფრთოვანა დანტე და დააწერინა უკვდავი პოემა „ღვთაებრივი კომედია“. ლაურას მშვენებით მოხიბლულმა პეტრარკამ დასწერა წარმტაც- სონეტები; თამარ მეფის ციურმა სახემ მომადლა აღმაფრენა შოთას გენიალობას და დააწერინა დიდებული „ვეფხის ტყაოსანი“. ხოლო ელენეს შვენებამ წარმოშვა ელინ-ტროელთა შორის ხანგრძლივი ბრძოლა, სისხლის ღვრა და იმსხვერპლა დიდი ილიონი... თამარ ცბიერის საარაკო შვენიერებამ აამხედრა ერთი მეორეზე კოლხეთის ტომები, იმერეთ-გურია-სამეგრელო და დიდხანს იღვროდა დას. საქართველოში მოძმეთა სისხლი!.. ასეთია ქალის სიშვენიერე...
_________________
1. «Живописное обозрение стран света» (რუს.) - რუსულენოვანი ყოველკვირეული ილუსტრირებული გამოცემა „მსოფლიოს ქვეყნების მხატვრული მიმოხილვა“; იბეჭდებოდა სანკტ-პეტერბურგში 1872-1900 და 1902-1905 წლებში.
2. (ფრანგ.) - სიყვარულისგან თავის დაკარგვა.
3. (გერ.) - „რამეთუ კაცი ვარ“.
4. Прибор (რუს.) - მოწყობილობა.
5. (ფრანგ.) - „სოფლის მეურნეობისა და მევენახეობის პროგრესი“ - ყოველკვირეული ფრანგულენოვანი ჟურნალი სოფლის მეურნეობის შესახებ; გამოდის ქალაქ მონპელიეში 1880 წლიდან.
6. (რუს.) „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების შრომები“.
7. (რუს.) აი, ეს მესმის!
8. (რუს.) დიდებული ღვინოა!
9. (რუს.) შესანიშნავი ღვინოა!
10. (რუს.) საოცარი ღვინოა.
11. ე.ი. დიდმუცლიანები (ავტორი).
![]() |
10 IX. ქუთაისში |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთიდან დაბრუნებული დავრჩი ტფილისში ერთი კვირა და იქიდან ჩაველ ქუთაისში. ჩემს თავს ვგრძნობდი უკვე საკმაოდ მომზადებულად როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, აგრეთვე ფრანგული ენის მხრივაც, რომ წავსულიყავ საფრანგეთში უმაღლეს სპეციალური ცოდნის მისაღებად. მაგრამ არ მქონდა არავითარი სახსარი უცხოეთში წასასვლელად. მართალია, კახეთიდან ჩამომყვა 300 მანეთამდე ნაყაირათევი ფული, მარა ეს მცირე რამ მამის ღარიბ ოჯახს მოვახმარე. მივმართე რამდენიმე შეძლებულ პირს და დავესესხე ფული; ეჭვი არაა, ცივი უარი მტკიცეს. ვთხოვე მამას, მოეცა ჩემთვის ეზოს გადაღმა ერთი ქცევა ადგილი, რომ გამეყიდა 1500 მანეთად მაინც და წავსულიყავ ევროპაში. ვთხოვე გულით, ვემუდარე, ვითომც ქალიშვილი ვარ და გამათხოვე მეთქი (ჩემს უფროს დას კი ადრევე მისცა მზითვად ორი ქცევა ადგილი, ეზოს საუკეთესო ნაკვეთი). საკუთარ მამამაც უარი მტკიცა დედაჩემის ზეგავლენით. „ბავში აღარ ხარ 23 წლის ვაჟკაცი; დროა, მოიშორო თავიდან ეგ ბავშური ფანტაზიები, მოხვიდე გონს და რაიმე საქმეს მოკიდო ხელი. კმარა, რაც ცოდნა შეიძინე, შედი რუსის სამსახურში, შენს თავსაც უპატრონე და ჩვენც გვარჩინე; ხო ხედავ, მოვხუცდით კიდეც! რისი ევროპა, რა ევროპა. რას მიედ-მოედები! მამაშენი არ ყოფილა იქ და ბაბუაშენი! რაებს მიჰქარავ, შვილო! წადი, იმსახურე, როგორც სხვები მსახურებენ, თორემ შიმშილით მოვკვდებით ყველანი“.
ეს იყო მშობლების პასუხი ჩემს თხოვნა-მუდარაზე, რომ მოეცათ ერთი ნაკვეთი მიწა და ვითომც გავემზითვებიეთ.
დამრჩა ერთადერთი იმედი - ქუთ. სათავად-აზნაურო ბანკი. მისი საზოგადო კრება ხდებოდა მაისში. მაშ, უნდა მეცადა იმ დროისათვის. მანამდე კი, გამომქონდა ქალ. წიგნსაცავიდან აუარება წიგნები და ვკითხულობდი დღე და ღამ. გამიტაცა უმთავრესად ევროპა-რუსეთის ლიტერატურამ, ე.ი. პოეზია-ბელეტრისტიკამ და სალიტ. კრიტიკამ, აგრეთვე მსოფლიო ისტორიამ, ფილოსოფიამ, ფსიქოლოგიამ და პედაგოგიკამ (პედაგოგიკის თეორიამ და ისტორიამ). აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მიყვარდა გატაცებით მაცადინობა, დღეში საშუალოდ ვწერდი და ვკითხულობდი 15-16 საათს, ხშირად მცირე სინათლეზე, წამოწოლილიც და თვალებიც ამან გამიფუჭა (სამჩნევად დამაკლდა მზერა), თანაც მეძინა ცოტა, 4-5 საათი ძილი დღე-ღამეში სრულიად საკმაო იყო ჩემთვის. მქონდა სულის მხნეობა და მაგარი ორგანიზმი, ამიტომ არ მღალავდა ასეთი მუდმივი შრომა, რაც მეტად უკვირდათ ჩემს მეგობრებს.
აქვე ქუთაისში დავუახლოვდით ერთიმეორეს რამდენიმე ფხიზელი ახალგაზრდა და შევქმენით თვითგანვითარების წრე. ამ წრეში ჩემს გარდა იღებდენ მონაწილეობას ძმანი ოცხელები, იოსებ და სიმონ, რომელთაც საუკეთესოდ დაყენებული კერძო სკოლა ჰქონდათ ქუთაისში, მიხ. საღარაძე, ვ. კახიძე, ივ. პურადაშვილი. ჩვენს წრეშივე მუშაობდა და კითხულობდა რეფერატებს პოლიტ. ეკონომიაზე ამ ჟამად საქ. ცაკის თავმჯდომარე ფილ. მახარაძე. ამ წრეში ი. ოცხელი კითხულობდა გეოლოგიას, ს. ოცხელი - ფიზიკას, ი. პურადაშვილი - ქიმიას, მ. საღარაძე - ფილოსოფიას, მე კი - ბოტანიკას, ანატომიას და ფიზიოლოგიას.
ჩვენი წრის კრებები იმართებოდა კვირაში ერთხელ, უმთავრესად, ძმ. ოცხელთა ბინაზე. რეფერატებს ვწერდით და ვკითხულობდით რუსულ ენაზე, რადგან, სამწუხაროდ, ქართულზე მწყრალად ვიყავით ყველანი, მეტადრე ვერაფერი მოვუხერხეთ სამეცნიერო ტერმინებს. ამიტომ წაკითხულ რეფერატების შესახებ მსჯელობაც რუსულად იყო. ეს ჩვენი წრე გაგრძელდა 7-8 თვეს და ბევრი რამ შეგვძინა ყველას. შემდეგ ეს წრე თავისთავად დაიშალა, რადგან ცხოვრების ტალღებმა გადაგვისროლა იქით-აქეთ თითქმის ყველანი: ს. ოცხელი ტფილისში 3-მე გიმნაზიის მასწავლებლად, ფ. მახარაძე - ქიზიყში, ვგონებ, სოფ. მაჩხაანის დეპოს გამგედ, მ. საღარაძე - მასწავლებლად უკრაინაში, მე - გარე-კახეთში გეევსკის საფილოქსერო დასში, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. ქუთაისში დარჩენ მხოლოდ ი. ოცხელი თავისავე კერძო სკოლის გამგედ და ივ. პურადაშვილი ბანკის ბუხჰალტრად.
სანამ გარე კახეთს წავიდოდი, ქუთაისში მოუთმენლად ველოდი სათავად-აზნაურო ბანკის კრებას, რო მეთხოვა სუბსიდია ან სტიპენდია ევროპაში წასასვლელად და სამეურნეო ცოდნის მისაღებად. მანამდე კი დავწერე ვრცელი დასაბუთებული მოხსენება რუსულ ენაზე სათაურით: «О мерах для успешной борбы с филоксерой в имеретии»1. მასში გავატარე ის აზრი, რომ ჩვენი მევენახეობის გადასარჩენად ფილოქსერისაგან ერთად-ერთი საშუალებაა ფილოქსერის გამძლე ამერიკული ვაზები, რომელთა კულტურას და მათზე ადგილობრივ ვაზების დამყნას უნდა შევუდგეთ ახლავე, თუ კი გვსურს, ვიხსნათ სრულ დაღუპისაგან დას. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა.
ეს ჩემი მოხსენება წავიკითხე კავ. სამ. საზ.-ბის ქუთ. განყოფილების ერთ-ერთ სხდომაზე. დამსწრე საზოგადოებამ დიდი ყურადღება მიაქცია ამ ჩემს მოხსენებას და გამომიცხადა მადლობა. გადაწყდა: გაგზავნონ იგი ტფილისში ჟურ. «Труды Кав. об.-во сел. хоз-ва»-ში დასაბეჭდათ და დაიბეჭდა კიდეც იმავე წელს (№... 1892 წ.).
ამ მოხსენების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღებით მექცეოდა აღნიშნულ სამ. საზ. განყოფილების ვიცე პრეზიდენტი ქუთ. გუბ. სახ. ქონებათა მართველი სტ. ხოჯაევი (ტომით სომეხი), კეთილი და შეგნებული ადამიანი, რომელმაც შემდეგში ქ. მონპელიეში (საფრანგეთში) გამომიგზავნა სამ. საზ. განყოფილების სახელით 200 მანეთი ერთდროულ სუბსიდიის სახით, რამაც სულზე მომისწრო დიდი გაჭირვების დროს.
ამავე განყოფილებაში გავიცანი მისი მდივანი გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი), ძვ. რევოლუცონერი, ჟურნალისტი, შემდეგში საზოგადო მოღვაწე და ქუთ. ინტელიგენტთა ერთი ჯგუფის ბელადი. ეს რიჟა წვერ-ულვაშა, ხოლო საუცხოვო თმიანი, საკმაოდ ბრგე ადამიანი, გახუნებულ პალტოში გამოხვეული, ცხოვრობდა იმ ხანად ხელვიწროდ თავის დედის სახლში გეგუთის ქუჩაზე; იქვე ამუშავებდა თავის ხელით ერთ ქცევა მიწას და მოჰყავდა სხვა და სხვა ბოსტნეული.
ამ პიროვნებას დავუბრუნდებით შემდეგ, ახლა კი შევეხოთ სხვა რამეებს.
დადგა შვენიერი მაისი და აბიბინდა კოლხეთის ტურფა ბუნება. ამწვანდა და აყვავილდა ქუთაისი. გამოეფინენ სასეირნოდ ქალაქის ბაღში კოლხეთის მშვენიერი ვაჟნი და ასულნი. მოახლოვდა სააზნაურო ბანკის კრებაც. ჩამოვიდნენ დას. საქართველოს ყველა კუთხეებიდან ბანკის წევრები, მემამულე თავად-აზნაურნი, ბევრი თავიანთი ცოლშვილით. ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ იყო მხნე, გამბედავი, ნიჭიერი, ხერხიანი და იკლიბანტური იმერელი ნაფიცი ვექილი კალისტრატე ჩიკვაიძე, რომელმაც ორი წლის წინად უხვი პურ-მარილის მეოხებით ბრწყინვალედ გაიმარჯვა თავის მეტოქე დიმ. დადიანზე და დაასკუპდა ბანკს თავზე, რითაც დიდად გააბრაზა ქუთ. მეოცნებე ინტელიგენცია. იმერეთ-გურია-სამეგრელოს თავად-აზნაურთ დიდხანს ახსოვდათ ქუთაისში მრავალს ალაგას დღე და ღამ გაშლილი სუფრები ზუთხით, საცივით, ქორფა სულუგუნებით, შემწვარ გოჭ-ბატკნებით, ღომ-თორნეულით და ალისუბნის2 ლალისფერ ღვინით უხვად აფერადებული... ძვირად დაუჯდა შორაპნელ კალისტრატეს ამოდენა ხალხის 10-15 დღის მასპინძლობა, მაგრამ მიაღწია მიზანს, მიიღო უხვად თეთრი კენჭები და ამაყად ჩაჯდა ბანკის თავმჯდომარის ლბილ სავარძელში.
კალ. ჩიკვაიძის ასეთმა გამარჯვებამ უნებლიეთ გამახსენა დიდ მგოსან აკაკის შესანიშნავი ლექსის ერთი ალაგი:
„კუჭი გრძნობს და კუჭი აზრობს,
- ჭახრაკია ქვეყნიერი,
კუჭზედ არის გამობმული
ქვეყნის თვალი, ქვეყნის ყური...
ხალხი მიდის ძაღლის კვალზე,
თუ ასვი და თუ ჭამე,
კუდის ქნევით გიწუწკურებს
და შენთვის ჰყეფს დღე და ღამე...
თუ არა და მის სახსნელად
გინდა დადნე, ვით სანთელი,
ყურადღებას არ მოგაქცევს,
თანაგრძნობას ნუ მოელი“...
აი, ეს ხალხის ფსიხიკა საუცხოვოდ ჰქონდა შეგნებული კალ. ჩიკვაიძეს და მის ერთგულ დამქაშებს. გაინავარდეს კიდეც, სანამ ორ ბანაკად გახეთქილ ქართ. საზოგადოების შინაურ საქმეში არ დაიწყო ხელის ფათური რუსის მთავრობამ. მან 7-8 წლის შემდეგ გადააყენა კ. ჩიკვაიძე და ბანკის თავმჯდომარედ გამოგზავნა ერთი დეგენერატი უნიჭო რუსი მოხელე, ვიღაც მელნიკოვი, უვიცი ლოთი და კეკ-ვოკის3 მოცეკვავე...
დიახ, გაიხსნა 1892 წელს მაისში სააზნაურო ბანკის კრება და სხვებთან ერთად მეც მივაშურე განცხადებით; ვითხოვე სესხად ან სუფსიდიის სახით 1500 მანეთი ევროპაში სამეურნეო ცოდნის მისაღებად. თუმცა არავინ მყავდა დამხმარე ამ ბანკის საზოგადო კრებაზე, მაგრამ წევრებმა გამოიჩინეს აქაც ქართველური სიუხვე-გულკეთილობა და დამინიშნეს სტიპენდია წლიურად 500 მანეთი 3 წლის განმავლობაში, ე.ი. ისე, როგორც ვთხოვილობდი და რაც დაიბეჭდა კიდეც ტფილ. გაზეთებში. გულწრფელად მომილოცეს ეს გამარჯვება ნაცნობ-მეგობრებმა, მაგრამ ეს სტიპენდია თუ სუბსიდია იქცა კალ. ჩიკვაიძის მეოხებით ენუქას ანდერძად3 და ყინულზე დაწერილ თამასუქად. რადგან იმ წელს ბანკის წმინდა მოგებას შეადგენდა მხოლოდ 23000 მანეთი, ხოლო საზოგადო კრების მიერ სხვა და სხვა გაცემებმა გადააჭარბა 25000 მანეთს, ამიტომ ეს 2000 მანეთი უნდა დაკლებოდა ვისმეს და ასეთ დაბალ ღობედ ბანკის გამგეობამ თავმჯდომარე კ. ჩიკვაიძის კარნახით გვცნო მე და ძვ. სენაკის სამეურნეო სკოლა, რომელსაც კრებამ მიუბოძა 1500 მანეთი. ამ რიგად სკოლა და მე დავრჩით პირში ჩალა გამოვლებული და ჩვენი მისაცემი ფული ბ-მა კალისტრატემ მიუბოძა ჩვენზე ბევრად უფრო გავლენიან და მეტადრე მისთვის საჭირო პირთ, სათავად-აზნაურო და საკრებულოს დეპუტატებს (4 დეპუტატს), რომელთაც იმავე ბანკის კრებამ მიუბოძა 500-500 მანეთი თითოს.
მეტად ამაშფოთა და გამაბრაზა კალისტრატეს ასეთმა საქციელმა. სასტიკად გავკიცხე პრესის საშუალებით მისი ასეთი უგვანო მოქმედება და იმედგაცრუებულმა გავსწიე ტფილისში, სადაც შეველ გეევსკის საფილოქსერო დასში, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ ზემოდ. სამწუხაროდ, შემდეგ 5-6 წლის განმავლობაში, რაღაც მიზეზის გამო, აღარ შესდგა ბანკის საზოგადო კრება, რომ გამესაჩივრებია კალ. ჩიკვაიძის უკანონო მოქმედება, რამაც მომაყენა ფრიად დიდი ზიანი და 4-5 წლით დააგვიანა ჩემი ევროპაში გამგზავრება.
________________
1. „იმერეთში ფილოქსერასთან წარმატებული ბრძოლის საშუალების შესახებ“.
2. სოფ. ალისუბანში ჰქონდა კ. ჩიკვაიძის მამას საკმაოდ დიდი მამული (ავტორი).
3. ამერიკული ცეკვა.
4. ცრუ დაპირება.
![]() |
11 სასტიკი ბრალდება |
▲ზევით დაბრუნება |
დავბრუნდი ქუთაისში იმავე წელს ოქტომბრის დამლევს და შევუდეგ კვლავ ჩვეულებრივ მეცადინეობას. იოსებ ოცხელს უკვე დაეარსებია პედაგოგიური წრე და ჩაება მასში როგორც თავის სკოლის, ისე სხვა სკოლების ფხიზელი მასწავლებელნი. აგრეთვე დაეარსებია ებრაელ ბავშთათვის უფასო საკვირაო სკოლა. მნახა თუ არა ი. ოცხელმა, მაშინვე მტაცა ხელი და ჩამაბა ორივე საქმეში. მეტად კარგი თვალით მიცქერდა ეს კეთილი და ზნეობრივად ფაქიზი ადამიანი, რაღაც იმედებს ამყარებდა ჩემზე.
ი. ოცხელი იწერდა რუსეთიდან თავის სკოლისათვის საუკეთესო პედაგოგიურ წიგნებსა და ჟურნალებს, ჰქონდა მდიდარი წიგნსაცავი. პედ. წრის კრებები მეტწილად იმართებოდა თვით ოცხელის ბინაზე. ვკითხულობდით და ვარჩევდით ჟურნალებში მოთავსებულ საუკეთესო წერილებს, რომლებიც ეხებოდა ბავშის ფსიქიკასა და აღზრდას. ან წავიკითხავდით თვის- თვისად ამა თუ იმ პედ. ნაწარმოებს, მაგ. უშინსკის, სიკორსკის, შმიდტის, ფრებელის, კომენიუსის, პესტალოცის, ჰერბარტის, ბენეკეს, შულცის, ვუნდტის, სპენსერის და სხვა გამოჩენილ მეცნიერ- პედაგოგთა და ფილოსოფოსთა თხზულებებს, გვქონდა მათზე წრეში საერთო მსჯელობა და კრიტიკული განხილვა. გამიტაცა ამ მეცნიერების ახალმა დარგმა. 2-3 თვეში გადავიკითხე ყველა სამჩნევი ნაწარმოებნი პედაგოგიურ ნაწილში, რაც კი მოიპოვებოდა ქალაქისა და თვით ი. ოცხელის წიგნსაცავებში და ჩემი ადვილად შეთვისების უნარისა და კარგი მეხსიერების წყალობით იმდენად დავხელოვნდი თეორეტიულად პედაგოგიკაში, რომ არაფრით ჩამოვრჩებოდი თვით ი. ოცხელს. ჩემი მსჯელობა და კამათი იწვევდა წრეში საკმაო ინტერესს, რადგან მიყვარდა აგზნებულ- აფერადებული საუბარი, რაც ხიბლავდა მსმენელთ. განსაკუთრებით კარგად ვსაუბრობდი ან ვკამათობდი, თუ მყავდა ძლიერი მოპირდაპირე ან დაგვესწრებოდა სხდომებზე რომელიმე ლამაზი ქალი. როგორც ზემოდ აღვნიშნე, საოცრად მოქმედებდა ჩემს სულიერ არსებაზე ლამაზი ქალი. მისი სახე, თვალები მათრობდა როგორც შამპანიური და მაფრთოვანებდა როგორც ელინთა მუზა პოეზიისა. ასე ძლიერი იყო ჩემს სულიერ არსებაში ესთეტიური აგზნება, პათოსი და ასევე დარჩა რამდონობით ამ სიბერეშიაც კი...
რამდენიმე თვის შემდეგ ერთ კვირა დღეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიის დირექტორ სტაიანოვმა (რომელიც მისი ისტორიის გაკვეთილის უცოდინრობის გამო დამემუქრა 5-თე კლასში, რომ შენ ვერ იხილავ 6-სე კლასს, როგორც შენს ყურებსაო და შეასრულა კიდეც ეს მუქარა) გიმნაზიის ვრცელ დარბაზში გამართა უფროს კლასელ მოწაფეთა მშობელ- ნათესავების დიდი კრება მოწაფეთა ყოფა-ქცევის შესახებ. კრებას დაესწრენ მოსაწვევი ბარათებით აუარება მშობლები და ქუთ. მოწინავე ინტელიგენცია. მწვანე მაუდგადაფარებულ გრძელ მაგიდას უსხდენ გიმნაზიის მასწავლებელთა მთელი შემადგენლობა თვით დირექტორ სტაიანოვის თავმჯდომარობით.
ამ დიდ კრებას, სხვათა შორის, დავესწარ მეც. წინა დღით ჩემს ბინაზე მოცვინდენ გიმნაზიის უფროსკლასელნი, 5-6 მოწაფე, ბეჯითად მთხოვეს, დავსწრებოდი აღნიშნულ კრებას, როგორც ერთი მათაგანის ნათესავი, და დამეცვა მოწაფეთა ინტერესები; თანაც გადმომცეს მოსაწვევი ბარათი. მეც სიამოვნებით აღუთქვი მათ აღმზრდელ-მასწავლებელთა ლაზათიანად გაჯორვა, მით უმეტეს, რომ შხამად მქონდა დაგუბებული გულში ბევრ მათგანის და მეტადრე დირექტორი სტაიანოვის ჯავრი. კრება გახსნა სტაიანოვმა; მიმართა ვრცელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა უფროს კლასელ მოწაფეთა ყოფა-ქცევის სამჩნევი დაქვეითება ამ ბოლო ხანებში, აღმზრდელ-მასწავლებელთა მიმართ სრული უპატივცემულობა, სწავლისადმი გულაცრუება, ქეიფი, ლოთობა, გარყვნილება, ღამის „დებოშები“ და სხ. და სხ. იგი ბეჯითად მოუწოდებდა მშობელ-ნათესავებსა და ქუთ. მოწინავე ინტელიგენციას დახმარებოდენ გიმნაზიის პედაგოგიურ შემადგენლობას და მოეხდინათ მოწაფეებზე ზნეობრივი ზეგავლენა, დაეგმოთ და დაეტუქსად მკაცრად ეს თავაშვებული მოზარდი თაობა, რომელიც „თავის ცუდი ყოფა-ქცევით ითრევს და რყვნის კარგ მოწაფეებს, კარგი ოჯახის შვილებს“. სტაიანოვი განსაკუთრებით ილაშქრებოდა ქართველ მოწაფეთა წინააღმდეგ და ბრალდების მთელი სიმძიმით აწვებოდა მათ (ამ „ქებულ პედაგოგს“, ამ რუსის ჩინოვნიკს არ უყვარდა ქართველები). იგი გადაჭრით თხოულობდა ათამდე მოწაფის გამორიცხვას გიმნაზიიდან მგლის ატესტატით და მრავალი მათგანის დასჯას ყოფა-ქცევაში ცუდი ნიშნების დასმით და კლასში მეორე წელს დატოვებით.
დირექტორის შემდეგ ილაპარაკა ინსპექტორმა. ამანაც იგივე აზრი გაატარა, რაც სტაიანოვმა, მხოლოდ დაასაბუთა რამდენიმე მაგალითით. ამათ კვერი დაუკრეს სამიოდე კლასის დამრიგებელმა.
ჯერი მიდგა დამსწრე საზოგადოებაზე. თითქო ენა ჩავარდნოდეთ, იჯდენ მდუმარედ მოწაფეთა მშობელ-ნათესავნი და მოწინავე ინტელიგენცია, იყვნენ მუნჯად „პედაგოგთა“ სასტიკ ბრალდება-საბუთებით გარინდულნი. ბოლოს, როგორც იქნა, ეს უხერხული სიჩუმე დაარღვია გუბ. თავად-აზნაურთა მარშალმა1. მან აღნიშნა მოყვანილ ფაქტების სიმართლე, პედაგოგიური პერსონალის აღშფოთების სამართლიანობა და სცნო ახლავე სასტიკი ზომების მიღების საჭიროება დატუქსვით. ხოლო მოწაფეთა სასარგებლოდ სთქვა მხოლოდ ის, რომ მათი დიდი უმეტესობა აშკარა მსხვერპლია გახრწნილ და ზნედაცემულ ამხანაგებისაო. აღნიშნა ცუდი მაგალითისა და ბაძვის დიდი მნიშვნელობა, მოიყვანა ქართული ანდაზა: „ხარი ხართან დააბი ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“ და სთხოვა პედაგოგიურ საბჭოს, ნუ იქნებიან ზედმეტად სასტიკნი მოწაფეთა მიმართ, შეიბრალონ ისინი, მეტადრე მათი მშობლები, ნუ დასჯიან გამორიცხვითა და ყოფა-ქცევაში ცუდი ნიშნების დაწერითაო.
მარშალის შემდეგ ილაპარაკა ქალაქის თავმა, შემდეგ გ. ზდანოვიჩმა და ორიოდე ინტელიგენტმა. ამათაც თითქმის იგივე აზრი გაატარეს, რაც მარშალმა. ამათ შემდეგ ჩინებულად ილაპარაკა იოსებ ოცხელმა. იგი შეეხო საგანს პედაგოგიური თვალსაზრისით, მეტად ფრთხილად და დიპლომატიურად აღნიშნა ზოგადად აღმზრდელთა როლი მოწაფეთა ზნეობა-ყოფაქცევის საქმეში. ესეც სხვებთან ერთად თხოვილობდა ჰუმანიურ მოპყრობას დასასჯელ მოწაფეთადმი და მეტ ყურადღებას მათ სწავლა-აღზრდის საქმეში. ოცხელის შემდეგ მშობლებიდან ილაპარაკა მოკლედ ორიოდ პირმა. ეჭვი არაა, ბაასი იყო რუსულ ენაზე.
ერთი სიტყვით, ყველას მოხსენებიდან (გარდა ოცხელისა) ის აზრი გამოდიოდა, რომ სრული დამნაშავენი არიან თქვენი მოწაფენი, - ეს ჩვენი შვილები და ძმები, ღირსი არიან სასტიკი სასჯელისა ხოლო გთხოვთ და გემუდარებით, ნუ დაღუპავთ ამდენ ოჯახს, შეგვიბრალეთ და შეუმცირეთ იმ მოწაფეებს სასჯელი; შესცვალეთ თქვენი განაჩენი მათ გამორიცხვის შესახებ „კარცერში“ დატუსაღებით, უსადილოდ დატოვებით, სასტიკი დატუქსვით და სხვა ამგვარებით, ჩვენც - მშობლები და ჭირისუფალნი ხელს შეგიწყობთ მათ შესაფერ დატუქსვა-დასჯაშიო. ერთი სიტყვით, ამ დიდ კრებაზე ისმოდა ბატონების (ე.ი. გიმნაზიის პედ. შემადგენლობის) სიბრაზე და გულის წყრომა, მეორე მხრით, კი ქვეშევრდომთა თავდახრილი ხვეწნა და მუდარა... საშინლად მაშფოთებდა ასეთი სურათი. მედიდურობა-გამარჯვების შარავანდედით იყვნენ გარემოცულნი გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს წევრები მუქ ლურჯ მუნდირებში გამოწყობილნი. დირექტორი სტაიანოვი აბრიალებდა თვალებს ისე ამაყად, როგორც ლეგენდარული ზევესი (მთავარი ღმერთი) ოლიმპოს მთაზე - მას ხომ მოწაფენი მეტსახელად ეძახდენ ზევესს!
მეც ვიყავ ჩაწერილი ორატორთა სიაში, ვგონებ, მერვე რიგში. ეს კი, განგებ ჩავიდინე ორი მოსაზრებით: პირველი მიტომ, რომ მსურდა, გამეგო, თუ რას იტყოდენ და როგორ დაიცავდენ მოწაფეებს ჩვენი საზოგადოება-ინტელიგენციის ბელადნი, მსურდა, გამეგო მათი მოტივები და უფრო გაბედული იერიში მიმეტანა გიმნაზიის „პედაგოგებზე“; მეორე კი იმიტომ, რომ ორატორთა პირველ რიგებში ჩემი გამოსვლა, როგორც პატარა კაცის და უცნობი პირის, ვერ მოახდენდა სასურველ ეფექტს და ამ ჩემს გაბედულ სიტყვას ჩამომართმევდენ მეტიჩრობა-თავხედობაში. ეს კარგად ვიცოდი, ამიტომაც ვაცადე კამათი გავლენიან პირებს. მოვიდა ჯერი ჩემზე. „სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ქვარიანსო“, - წამოიძახა რიხით სტაიანოვმა და გადმოხედა კრებას ამაყად. წამოვდეგ ზეზე, გადავავლე თვალი კრებას, პედაგოგიურ პერსონალს და დავიწყე დინჯად. ავიღე დაბალი ტონი და წყნარი კილო, რომელთაც თან და თან ვწევდი მაღლა ბაასის პროცესში. ვცანი სრულიად დასაბუთებულად მოწაფეთადმი წარმოდგენილი ბრალდება, ხოლო ვინ არის დამნაშავე? ნორჩი თაობა, შეუგნებელი მოწაფენი, რომელთაც ჩაიდინეს უწესო და უგვანო რამეები, თუ წრე, საზოგადოება, რომელშიაც ტრიალებენ ისინი, ან კიდევ უფრო ის აღმზრდელ-მასწავლებელნი, რომელთაც მიაბარეს ეს ყმაწვილები ზნეობრივ აღსაზრდელად და გონებრივ გასანვითარებლად? მოვიყვანე ციტატები პედაგოგიკის ძველი და ახალი მაგიკანებიდან. გავარკვიე, თუ რა დიდი გავლენა აქვს ყმაწვილის ნორჩ სულზე კარგ აღმზრდელსა და მასწავლებელს, ვამხილე, თუ რარიგ უნდა მიუდგენ აღმზრდელი და მასწავლებელი მოზარდ თაობას, როგორ უნდა დაიახლოვონ და დაიმეგრობონ ისინი, როგორ უნდა დავიდენ მათ სულისკვეთება-შეგნებამდე და როგორ უნდა აამაღლონ და განავითარონ თან და თან მათი ზნეობა და ინტელექტი, როგორ უნდა განამტკიცონ მათი ნებისყოფა და ხასიათი, როგორ უნდა აღძრან მათი ესთეტიკა, სათნოებანი, ჰუმანიური შემეცნებანი, როგორ უნდა გაუღვიძონ ინტერესი ამა თუ იმ საგნის სწავლისადმი და საერთოდ როგორ უნდა გაწრთვნან ისინი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, როგორ უნდა შეაყვარონ სწავლა და კეთილი საქმე, აღძრან მათში საზოგადო საქმისადმი ინტერესი, რათა ამ რიგად ამ მოზარდ თაობისაგან შექმნან სრულმყოფი მოქალაქენი მოქმედნი, ხასიათ მტკიცენი, განათლებულნი და სულით სპეტაკნი... რას ვხედავთ სერთოდ ჩვენს სკოლებში და კერძოდ ქუთ. კლასიკურ გიმნაზიაში! განა ვამჩნევთ აქ ისეთ პედაგოგებს, ისეთ აღმზრდელთ და მასწავლებელთ, რომელთაც გვიხატავენ მეცნიერ-ფილოსოფოსნი, ძველი და ახალი პედაგოგიკის მაგიკანები?! ბ-ბო, ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე გულახდილობისათვის (მივმართე პრეზიდიუმს), მაგრამ იძულებული ვარ, აღვნიშნო, რომ ფრიად სამწუხაროდ, ასეთ პირთ ქუთ. გიმნაზიის აღმზრდელ-მასწავლებელთა შორის არა აქვს ადგილი. ძველი დახავსებული სქოლასტიური რუტინა, ტლანქი კაზარმული რეჟიმი, უსამართლო და უხეში მოპყრობა „ტუზემცების“, ე.ი. ქართველთა შვილებისადმი, სრულიად ანტიპედაგოგიური მიდგომა ყმაწვილების სწავლა-აღზრდისადმი, - აი, როგორ ხასიათდება ქუთ. კლასიკური გიმნაზია! აი, სად იხრწნება სულიერად მოზარდი თაობა! ან რა კარგ მაგალითებს მზერენ და იღებენ ეს მოწაფენი ხშირად ქართველების მოძულე, დამცინავ, ბოროტ, გარყვნილ და ლოთ აღმზრდელ-მასწავლებელთაგან?! ამის შემდეგ განა გიკვირთ, რომ სწავლისადმი გულ აცრულებული და ცუდი მოპყრობით გაბოროტებული მოწაფენი იძიებენ შურს აღმზრდელ-მასწავლებელთა მიმართ, ან პოულობენ შვებას და სჩადიან სხვა და სხვა უწესო საქციელს?! - ასეთ რამეს ვამჩნევთ უფრო ქართველ ყმაწვილებშიო, ბრძანებს რიხით ბ-ნი დირექტორი. ეს სრულიად ბუნებრივია, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან სწორეთ ქართველი მოწაფენი განიცდიან აქ გიმნაზიაში ყველაზე მეტ სიმკაცრეს, უსამართლობას და უდიერ მოპყრობას. ამის მაგალითები აუარებაა. აქ არ მსურს შეგაწუხოთ და ჩამოვთვალო ისინი. საკმაოა, მოგახსენოთ, რომ ამ ქუთ. გიმნაზიამ, ამ „პატივცემულმა პედაგოგებმა“ ერთ მხოლოდ 1885 წელს გამორიცხეს მე-4, მე-5 და მე-6 კლასებიდან (ძირითად და პარალელიდან) 90-მდე მოწაფე, განსაკუთრებით ქართველები. ეს ნიჭიერი ახალგაზრდები ემსხვერპლენ თითქმის ყველანი მკვდარ ენებს: ბერძნულს, ლათინურსა და სლავიანურს. აი, როგორი რეჟიმი და სწავლის მეთოდია აქ გამეფებული!..
ვამბობდი თან და თან ხმის აწევით ამ ცეცხლ მთებარ სიტყვებს და ამავე დროს მემატებოდა სითამამე და გამბედაობა. დამნაშავეთა დამცველის ნაცვლად უნებლიეთ გადავიქეც სასტიკ ბრალმდებლად, მძლავრ ტრიბუნად... ამ დროს სავსებით მწამდა ჩემი სიტყვების სიმართლე, ეს რწმენა კი, მაძლევდა ძალას და გამბედაობას. ამ წუთას ვიყრიდი გულის ჯავრს, ვანთხევდი გულიდან ამ „პედაგოგთა“ წყალობით რვა წლის დაგუბებულ შხამს და სრულიად არ ვფიქრობდი, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამ ჩემს სიტყვას, ან რა ზიანი მომეცემოდა მით.
ვილაპარაკე დიდხანს, თითქმის მთელი საათი. სუფევდა სამარისებური სიჩუმე და ამ დუმილში გრგვინავდა ჩემი ხმა. მისმენდენ და მიცქერდენ აფრთოვანებით მოწაფეთა მშობლები და ინტელიგენცია, მისმენდა გაოცებით დირექტორი სტაიანოვი თავის კონკლავით. უკვე გაეგოთ, თუ ვინ შოლტავდა მათ, ვინ იყო ეს თამამი მობაასე, მათ მიერ ამ 7-8 წლის წინად გაძევებული ქვარიანი ასე გაბედულად ბრალს დებდა და ასამართლებდა თავის ყოფილ მასწავლებელთ. ეტყობოდა, რომ ჩემს სიტყვას მოეხდინა მათზე სათანადო ეფექტი. ჩემი სიტყვის შემდეგ წამოდგა თვით სტაიანოვი. გამქრალიყო უკვე მისი სიამაყე და მედიდურობა. მოკრძალებით და მინორული ტონით მაძლევდა იგი პასუხს. ცდილობდა, დიდად აეცილებია თავიდან ჩემი სასტიკი ბრალდება და გაემართლებია გიმნაზიაში გამეფებული სწავლა-აღზრდის მეთოდი, მაგრამ არაფერი გამოუდიოდა. მისი სიტყვა ვერ ახდენდა ვერავითარ შთაბეჭდილებას, რადგან იყო სიყალბე-სოფისტიკაზე აგებული. ამ სიტყვის სიმართლე, ეტყობოდა, არ სწამდა თვითონ და ასეთი რამ აგდებდა რიხიან დირექტორს უხერხულ მდგომარეობაში.
სტაიანოვის შემდეგ უნდა ელაპარაკათ გ. ზდანოვიჩსა და ი. ოცხელს, შემდეგ კი მე. ორთავემ დამითმეს თავიანთი ჯერი, მე კი, ჩემს მოკლე სიტყვაში გავაბათილე მთლიანად სტაიანოვის ყალთაბანდური პასუხი.
ამოიწურა კამათი. მოხდა პაწია შესვენება, რომლის დროსაც დირექტორმა თავის მასწავლებელთა შორის მოაწყო მცირე თათბირი. შემდეგ ზარის წკარუნით გახსნა კრება და გამოაცხადა პედაგოგიური საბჭოს რეზოლუცია. ამ განაჩენით გამოცხადდა სრული ამნისტია. ვგონებ, ყველა მოწაფეებს ეპატიათ დანაშაული სასტიკი გაფრთხილებით.
ფრიად გახარებული მშობლები და ინტელიგენცია აღტაცებით და ტაშით შეხვდა ამ სამართლიან განაჩენს.
დაიძრა საზოგადოება შინისაკენ, დაეშვენ კიბეზე. ხოლო როცა ცოტა ხანს შემდეგ ჩამოვდიოდი კიბეზე, უცებ ყოველ მხრივ გაისმა მგზნებარე ტაში. ეს იყო მოწაფეთა მიერ ჩემდამი გამართული ოვაცია მადლობის ნიშნად. შემაკრთო და გამაწითლა ამ მოულოდნელმა პაწია ტრიუმფმა. ვეცადე, გავშორებოდი მალე ამ ახალგაზრდათა წრეს და მივწეოდი ჩემს ნაცნობ პირებს.
ამ მშობელთა კრებას შედეგად მოჰყვა აღნიშნულ გიმნაზიაში მკაცრი რეჟიმის შემსუბუქება და სწავლა-აღზრდის საქმის სამჩნევი გაუმჯობესობა.
მსურს, მცირე ხანს შევჩერდე ერთ იშვიათ პიროვნებაზე: მან ღრმა კვალი დასტოვა ჩემს ხსოვნაში. ვგონებ, 1892 წელს რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის, იოსებ და სიმონ ოცხელებმა ქუთაისში დავაარსეთ თვითგანვითარების წრე, სადაც ვკითხულობდით რეფერატებს, პირადად მე ვკითხულობდი რეფერატებს სხვა და სხვა საგანზე. პირადად მე ვკითხულობდი რეფერატებს ბოტანიკიდან და მეტადრე, ანატომია-ფიზიოლოგიიდან. დამიგროვდა საკმაოდ დიდი ნაშრომი. მოვიწადინე ამ ნაშრომის ქართულად გადათარგმნა და გამოცემა. დავიწყე თარგმნა, მარა შევეჯახე დიდ სიძნელეს რუსულ სამეცნიერო ტერმინების თარგმანში. მივმართე ქუთაისშივე ქართული ენის ორ ცნობილ მასწავლებელს - პოლ. კვიცარიძეს და სილ. ხუნდაძეს. სრულებით ვერ დამეხმარენ. ორთავემ მირჩიეს, მივმართო ძველ მწიგნობარსა და ქართული ენის უპირველეს მცოდნეს თ-დ ნიკო დადიანს, ძველ ჭყონდიდელთა ღირსეულ მემკვიდრეს. მეც გავეშურე მის ბინაზე. ცხოვრობდა იმ დროს ქუთაისში, ძვ. ტფილისის ქუჩაზე, ადამიას სახლში.

ნიკო დადიანი
1870-იანი წლები
კარები გამიღო ჟღალ ჩოხა, შავწვერა, უფერო კაცმა, მკითხა ვინაობა და შემიწვია დარბაზში. იქ დამხვდა ევროპულად ჩაცმული მაღალი ტანის მოხუცი, რომელიც რაღაცას წერდა მაგიდასთან მიმჯდარი. იგი წამოდგა ჩემს დანახვაზე. მის მაღალ შუბლს ამკობდა ზემოდან ქერა ქუჩუჩა თმა, მოგრძო სახეს კი - გრძელი ქერა წვერ-ულვაში. თმაცა და წვერ-ულვაშიც იყო საკმაოდ თეთრად შესირმული. თვალებზე ჰქონდა მოშავო პენსნე. იქნებოდა დაახლოებით 50 წლის. ამ მოხუცს ჰქონდა სათნო, ბრძნული სახე და დარბაისული მიმოხვრა, პირველ ნახვითვე ვგრძნობდი მისადმი ნდობას და უაღრეს პატივისცემას. ეს იყო სახელგანთქმული ნიკო ტარიელის ძე დადიანი, აწ ცნობილი მსახიობ-რეჟისორის, დრამატურგის და ბელეტრისტისშალვა დადიანის მამა.
იგი მომიახლოვდა მღიმარე სახით, გამეცნო, მკითხა ვინაობა და მიმიწვია თავის პირდაპირ სავარძელზე. მაშინვე ავუხსენ, თუ რად შევაწუხე ეს დარბაისელი ადამიანი. ვთხოვე დახმარება ფიზიოლოგია- ანატომიის რუსული ტერმინების ქართულად თარგმანში.
- აბა, რა ტერმინები გსურთ? - შემეკითხა იგი დინჯად.
ამოვიღე უბის ჯიბიდან სია და წავუკითხე ანატომიის ტერმინები: «берцовая кость, запястие, пята, темя, диаграмма, кровяные шарики» და სხ.
ამ იშვიათმა მოხუცმა ხელად გადამითარგმნა ისინი, არც კი დაფიქრებულა„ტაბესის თავი, კაპიწი, ტერფი, თხემი, აპკი, სისხლის სორსლები“ და სხვ.
ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი.
ასე მოხდა მეორე და მესამე დღეს. ნ. დადიანმა სათუთად გამომკითხა ჩემი წარსული. მეც გულახდით ავუხსენ ყველაფერი. გავუმხილე ჩემი მიზნები და ევროპაში წასვლის დიდი სურვილი აგრონომიული ცოდნის მისაღებად. მან დიდად მოიწონა ეს ჩემი მისწრაფება. პირველსავე დღიდანვე ჩვენ მეტად დავუახლოვდით ერთიმეორეს. ჩვენმა სულმა იგრძნო ნათესაური კავშირი ურთიერთისადმი. მან გამაცნო თავის ქალ-ვაჟი, მარო და შალვა. ხშირად მტოვებდა სადილ-ვახშმად. მასთან ცხოვრობდენ თავისი ძიძისშვილი - ოჯახის ერთგული ლაზარე რატიანი, ერთი ხანში შესული ნათესავი ქალი და ორი, ვგონებ, ობოლი ნათესავი (მოწაფენი). ნიკოს შვილებში მარო იყო უკვე გასათხოვარი, დაახლოებით 20 წლისა, შალვა კი - 17-18 წლის პირტიტველა ჭაბუკი, თეატრით გატაცებული. ამ და-ძმას თვალითაც კი არ ენახათ რუსული სკოლა. ამათი აღმზრდელი და მასწავლებელი იყო შინ თვით მათი მამა. ეს ახალგაზრდები იყვნენ ჩინებულად განსწავლული ქართულ ენასა და ისტორია-ლიტერატურაში. როგორც მახსოვს, ამ და-ძმამ იმ დროს რუსული ლაპარაკიც კი არ იცოდა. მათი მამა მკვეთრად უფრთხოდა ყოველივე რუსულს, განსაკუთრებით ცარიზმის რუსულ სკოლას, რაც მიაჩნდა ქართველ მოზარდთა სულის შხამად და სამსალად. იგი ფრიად დიდი აზრისა იყო ქართველი ერის წარსულისა და სულიერი კულტურის შესახებ; მას აფრთოვანებდა ჩვენი ერის პოტენცია, ერის მაღალი ნიჭი და გენიალობა. ამიტომაც ყოველივე რუსული, ყოველივე ძალად მოხვეული ჩრდილოეთიდან მიაჩნდა უხეშ ძალმომრეობად, ქართველი ერის სულის ბილწვად, მის მაღალ ნიჭ-სათნოებათა კამკამა წყაროს ამღვრევად.
ამ პირნათელ მოხუცის ოჯახი წარმოადგენდა იშვიათ ფაზისს, სადაც მარადდღე ისმოდა წმინდა, შვენიერი ქართული საუბარი, ტკბილი და წყნარი მამა-შვილური სიყვარული ძველთა ძველი მუსიკა და სასიმღერო ჰანგები. აქვე იყო ჩანგი, ბობღანი2, ტურულა3, რომელთაც მწყობრად უკრავდენ მამა-შვილნი და ამღერებდენ საამო ხმებით... მიტაცებდა ეს სანეტარო მუსიკა; ეს ძველი ჰანგები მაფრენდენ შორს, შორეულ წარსულ ხანაში, ოდეს ქართველნი ვიყავით ძლიერნი, თავისუფალნი, საქართველოს ყველა კუთხენი გაერთიანებულნი, როცა ზარს სცემდა დასავლეთ აზიას ქართველის ერის ძლევამოსილება, როცა ზეიმობდა აღმაფრენით ერის სული, როცა ბრწყინვდა ერის კულტურა.
დიახ, ნ. დადიანის ოჯახში ქრებოდა ჩემთვის იმ დროის ბნელი სინამდვილე, კოლხეთ- ივერის გათელვა რუსის სალდათის კუპრით აქოთებული ჩექმით და თვალწინ მედგა ქართველთ ერი წარსულის ოქროს ხანა (დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქა). თვალწინ მიდგენ დიდი მგოსნები და მწიგნობარნი, დიდი ისტორიკოს-ფილოსოფოსნი, დიდი მხატვრები, მეჩუქურთმენი და ხუროთმოძღვარნი. ყურში მესმოდა თითქო შოთას ციური ჰანგები, ოდეს ქმნიდა და ამუსიკებდა იგი ეტრატზე თამარისადმი უკვდავ პოემას - „ვეფხის ტყაოსანს“...
ეს ძველებური მუსიკა და გალობა, მეტწილად ტკბილი საუბარი, წარსულის დროთა მოგონებანი, არსებულ ვარამზე ფიქრი, კამათი და ერის მომავალზე ზრუნვა, ხშირად გრძელი, დაუსრულებელი პაექრობა ფილოსოფიურ საკითხებზე, მეცნიერების სხვა და სხვა დარგზე. აი, რა მიზიდავდა ნ. დადიანის ოჯახში! არამც თუ ქუთაისში, მთელ საქართველოშიაც კი, არ მეგულებოდა იმ ხანად მეორე ასეთი კერა, სადაც იშვებდა სული და ხარობდა მთელი არსება...
კარგად მახსოვს ერთი ფრიად სამნიშვნელო ეპიზოდი. რაღაც საპატიო პირად საქმეთა გამო სამი დღე არ ვყოფილვარ ნიკოსთან. ავად გამხდარიყო, სწუხდა თურმე ჩემს მიუსვლელობას. თავიდანვე ძლიერ შევეჩვიეთ ერთმანეთს. გამომიგზავნა ლაზარე, ამ საღამოს უსათუოდ მნახეო. მაისი იყო. წაველ საღამოს 7 საათზე. ჩემი ძვირფასი მეგობარი დამიხვდა ლოგინში მწოლიარე, საკმაოდ დასუსტებული. მეტად იამა ჩემი მისვლა. მისაყვედურა კიდეც, ეს სამი დღე სად იყავ, რათ არ მნახეო. დავიწყეთ ჯერ ჩვეულებრივ საგნებზე საუბარი, შემდეგ შევეხეთ უფრო სერიოზულ რამეებს. შეუმჩნევლად გაიშალა კამათი და მის ცენტრად იქცა ადამიანის სული, ფსიქიკა, სულის დასაბამი, ნებისყოფა, ინტელექტი, ემოციები... შევცურეთ ორთავემ ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ლუმბრაში... მოკამათენი ვუდგებოდით საკითხს სხვა და სხვა თვალსაზრისით: ნიკო დადიანი სპირიტუალისტური შემეცნებით, მე კი - მატერიალისტურით. მას მსოფლიოს დასაბამად მიაჩნდა შეგნებული ძალა, უკვდავი სული, მე კიმატერიის ატომი, პირველი არსი, ეთერი და მისგან წარმოშობილი ქიმიური ელემენტები. და აი, ამ საღამოს ჩვენის სახით მედგრად შეეჯახენ ერთმანეთს ის ორი მოპირდაპირე, ორი სხვა და სხვა პოლიუსზე მდგარი თეორია, სპირიტუალისტური და მატერიალისტური, ის მწვავე, დღემდე გადაუჭრელი საკითხები, რომლებიც ათასი წლებია, რაც იპყრობენ ადამიანის გონებას...
შესრულდა საღამოს 8 და 9 საათი. მოიტანეს ჩაი ტკბილი ნამცხვრებით. ჩვენ ამათთვის ყურადღებაც კი არ მიგვიქცევია, ისე გაგვიტაცა კამათმა. ლაზარეს მრავალჯერ შეხსენება-თხოვნით, როგორც იქნა, დავლიეთ თითო ჭიქა უკვე გაციებული ჩაი; კამათი კი არ შეგვიწყვეტია. გავიდა 10 საათი, 11, დაიწყო მე-12-ტე. მოიტანეს ვახშამი. აქ კი მოვახდინეთ მცირე შესვენება, უცებ ვჭამეთ ცოტა რამ და მაშინვე შევუდექით კამათს. ყველანი წავიდენ მოსასვენებლად, დავრჩით ჩვენ ორნი მარტოდ. ხოლო მეორე ოთახის ღია კარებიდან, ნიკოს ფარულად, მოსჩანდა ლაზარეს გუშაგად მდგარი შავწვერა ნაკვთი. იგი ყელთან ორი თითის მიტანით ხშირად მანიშნებდა და მემუდარებოდა, შემეწყვიტა კამათი.
უკვე ნაშუაღამევის 2 საათი შეიქნა, დრო იყო კამათის შეწყვეტისა და შინ წასვლისა. ეჭვი არაა, ავადმყოფ მოხუცს მეტად დაღლიდა ეს ასეთი ხანგძლივი პაექრობა, რომელიც არ თავდებოდა, პირიქით, შლიდა სულ ახალ და ახალ ტატნობებს. არ მასვენებდა ლაზარეს ხვეწნა-მუდარის პანტომიმა.
- ბ-ნო ნიკო, უკვე ნაშუაღამევის ორი საათია. ვიკმაროთ ამაღამ ეს კამათი. თუ გსურთ, ხვალ გიახლებით და განვაგრძოთ. ახლა მოისვენეთ. გავნებთ ავადმყოფ ადამიანს ეს ხანგძლივი პაექრობა. - მივმართე ამ სიტყვებით კამათში ჭაბუკად ქცეულ მოხუცს.
- არა, ჩემო სიმონ, ეს ფრიად საგულისხმო მსჯელობა უნდა განვაგრძოთ, უნდა დავამთავროთ. ჩემზე ნუ გედარდება. ეს არ მღლის; პირიქით, მამხნევებს და მაჭაბუკებს. ეს კამათი საუკეთესო მუფარახია4 ჩემთვის. იგი კურნავს ყოველგვარ წამალზე უკეთ. მაშ, განვაგრძოთ, მეგობაროდა შევცურეთ ისევ ჭაბუკური გატაცებით ხანგრძლივ პაექრობაში... ლაზარე კვლავ იდგა გუშაგად თავის წერტზე და მემუდარებოდა მდუმარედ... გავიდა 3 საათი, 4, 5, გათენდა კიდეც, ამოვიდა მზე და... დამთავრდა ჩვენი კამათიც. ორთავეს უზენაესი კმაყოფილებით გვიბრწყინავდა სახე.
- ახლა კი ნახვამდის, მეგობარო! გმადლობ, დიდად! უკვე მოვრჩი. ამ საღამოს, იმედია, მოხვალ და მნახავ ფეხზე ამდგარს.
ამ სიტყვებით დამემშვიდობა მოხუცი. გამოვეშურე შინისკენ. აქ კი დამხვდენ მშობლები ფრიად შეშფოთებული და გულმოსული, რომ შინ არ მოვსულვარ მთელი ღამე. იმათ ალბათ სხვა რამ იფიქრეს... უშვერი სიტყვებით შემამკეს ჩემა გაუნათლებელმა მშობლებმა და დამტუქსეს ფრიად.
დიაღ, „ლამაზი“ სიტყვებით შემამკო საკუთარმა დედამ ნ. დადიანიდან შინ დაბრუნებული. ეს იყო სრულიად შეუფერებელი „აპოთეოზი“ იმ შესანიშნავ კამათის შემდეგ... ხმის გაუცემლად შეველ ჩემს პაწია ოთახში. კიდევ კარგა ხანს მესმოდა დედაჩემის წყევლა-კრულვა და ლანძღვა-გინება.
საღამო ჟამს წაველ ნიკოსთან. იგი მომეგება მხიარული სახით სრულიად ჯანმთელი. ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი.
- ხომ გითხარ, მეგობარო, ეგ კამათი მომარჩენს მეთქი! აი, ხომ მხედავ! კლდესავითა ვარ. ასეთი ძალა აქვს სულის აფრთოვანებას!...
ასეთი იყო ეს საოცარი მოხუცი! დიდი მცოდნე, დიდი ერუდიციის ადამიანი. ამ კაცს მეტსახელად ხალხი ეძახდა ფილოსოფოსს და ამ ბრძენს ადამიანს არ ჰქონდა დამთავრებული რუსული სკოლა, არც გიმნაზია და არც უნივერსიტეტი. ის იყო გამოსული, ვგონებ, მეხუთე კლასიდან და ეს ფართო უნივერსალური ცოდნა მან შეიძინა სკოლის გარეშე, თავის მაღალი ნიჭით, შრომით და უნარით, თვითგანვითარებით. აქ უნებლიეთ მაგონდება დიდი მეცნიერნი და აღმომჩენნი: ლინეი, უაიტი, სტეფანსონი, ფარადე, დარვინი, ბოკლი, ედისონი, და სხ. რომელნიც ან სულ არ ყოფილან სკოლაში, ან იყვნენ გამოსული მდაბალ კლასებიდან. მაგ., დიდი მეცნიერი, ბუნების მერტყველი ლინეი იყო გამოგდებული მოსამზადებელი კლასიდან, ხოლო შემდეგ ისე გაინვითარა თავი, რომ მას ეძახდენ „ევროპის აზროვნობის მეფეს“. დიდებულ დარვინს, მისი უწესო საქციელით აღშფოთებული მამა (ინგლისის მეფის ლეიბ-მედიკი) ხშირად ეტყოდა ხოლმე: „ჩარლზ, შენ იქნები შემარცხვენელი ჩვენი ოჯახისაო“. ამ კაცმა კი, თავის გენიალობით მოახდინა თვით სასწაული: წარმოშვა ბიოლოგიური მეცნიერება, განამტკიცა ევოლუციური თეორია, იქცა მთელი ინგლისისა და განათლებული კაცობრიობის ქება-დიდებად. მისი დიადი სახელის აღსანიშნავად მე-19 საუკუნეს უწოდეს „დარვინის საუკუნე“.
აღარ შევეხები სხვებს, რადგან სიტყვა მეტად გაგვიგრძელდება. ვიტყვი მხოლოდ, რომ ამ დიდებულ პირთა მსგავსად, ნ. დადიანმა თავისთავად გაინვითარა თავი, შეისწავლა საფუძვლიანად ძველი და ახალი ქართული მწერლობა, მსოფლიო ლიტერატურა და ისტორია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ასტრონომია, მედიცინა და საერთოდ ექსპერიმენტალური მეცნიერებანი. იცოდა ჩინებურად ორი ევროპული ენარუსული და ფრანგული. ქართული ენის ცოდნაში ხომ ბადალი არ ჰყავდა მთელ საქართველოში. და თუ იგი ვერ გახდა მაშტაბით დიდი მეცნიერი ფილოსოფოსი, ამის მიზეზი იყო ის, რომ დამონებულ და ჩამორჩენილ კოლხეთ- ივერიაში მას არ ჰქონდა გასაქანი, ამიტომაც თითქმის უკვალოდ და უნაყოფოდ ჩაქრა მისი მაღალი ნიჭი და ერუდიცია. ის განვიდა ამ სულით ფართო საზოგადოების მიერ შეუგინებელი და დაუფასებელი. ყველაზე უფრო გასაოცარი კი იყო ამ იშვიათ ადამიანში ფენომენალური მეხსიერება. როდესაც ნ. დადიანი მითარგმნიდა ისე სწრაფად ქართულად ანატომია-ფიზიოლოგიის რუსულ ტერმინებს (რაზედაც ზევით გვქონდა საუბარი), უნდა გამოვტყდე, ეჭვი შემდიოდა მის ასეთ თარგმანში, იქნებ ხელოვნურად ქმნის ამ სიტყვებს, ვამბობდი გუნებაში. ერთხელ გავთამამდი და შევეკითხე მორიდებით: ბ-ნო ნიკო, მიკვირს, საიდან ჰკრეფთ ამ ტერმინებს, მეთქი.
- რომელ ტერმინებს, მაგალითად?
- აი, თუნდ სიტყვები: ტერფი, კაპიწი, ტაბუხის თავი.
- ტერფია ამა და ამ წიგნში, ამა და ამ გვერდზე, კაპიწი - იმავე წიგნში ამა და ამ გვერდზე. ტაბუხის თავი - ამა და ამ გვერდზე.იყო ნიკოს პასუხი (სამწუხაროდ, აღარ მაგონდებოდა იმ ძველი ფოლიანტების სახელები). გადავშლიდით ამ ხელნაწერებს და სწორედ ხსენებულ გვერდზე იყო ესა თუ ის ტერმინი.
როგორც სხვებიდანაც მსმენია, ნ. დადიანს ჰქონდა ძველი ქართული მწერლობის (ხელთნაწერების) მეტად უმდიდრესი წიგნსაცავი, ძველ ჭყონდიდელთა (საქ. სამეფოს განათლების მინისტრთა) ნაანდერძევი. აი, ეს უძვირფასესი განძი ქართველის ერის შემოქმედებისა დაეწვა მას ზესთაფონში თავის ცოლისეულ სახლში (მეუღლედ ჰყავდა წულუკიძის ქალი) რამდენიმე წლით ადრე ჩემს გაცნობამდე. ულმო ხანძარმა შთანთქა საქართველოს კულტურის დიადი საუნჯე. გადარჩენოდა შემთხვევით მხოლოდ რამდენიმე ფოლიანტი. ცრემლით სავსე თვალებით გაიხსენებდა ხოლმე განსვენებული ნიკო ამ საშინელ ამბავს. ცეცხლშივე დამწვარა, სხვათა შორის, „ნებროთის წიგნი“ და მე-11 საუკუნის ავტორის იონა ბერი რაზმაძის 7 ტომიანი დიდებული ნაწარმოები სახელწოდებით „დამაკავშირებელი“. იგი ყოფილა თურმე ქართული ენციკლოპედია. ეს ერთადერთი ცალი დიადი საუნჯისა, ეს უნიკუმი შთანთქა ცეცხლმა... ეჭვი არაა, საქართველოში იქნებოდა ამ დიდი ნაწარმოების პირები რამდენიმე ცალად გადაწერილი, ხოლო ფრიად სამწუხაროდ, ქართველი ერის შავმა დღეებმა და ისტორიულ გრიგალმა მე-13-ე საუკუნიდან დაწყებულმა გაანადგურა ისინი, როგორც სხვა მრავალი საუნჯენი ქართული გენიისა და კულტურისა. მხოლოდ ამ „დამაკავშირებელი“-ს ერთადერთი ტომი (ვგონებ, მინერალოგია და ზოოლოგია) ამ 25 წლის წინ შემთხვევით შეიძინა განჯაში მისმა გუბერნატორმა მიხ. ნაკაშიძემ და შესწირა წ. კ. გამავრც. საზოგადოებას.

შალვა დადიანი
თბილისი, 1931 წელი
აქ უნდა შევეხო კიდევ ერთ ეპიზოდს, რომელიც ააშკარავებს ნ. დადიანის სულის სიმტკიცეს და მედიცინის დიდ ცოდნას. სწორედ ჩემსობას ფილტვების ანთებით მძიმე ავად შეიქნა მისი ვაჟი შალვა. მამამ მაშინვე მოიწვია ქუთაისის საუკეთესო ექიმები. ანთება სწრაფად მოედვა ორივე ფილტვებს. ორიოდ დღის შემდეგ ავადმყოფი ჩავარდა ისეთ მდგომარეობში, რომ ექიმთა კონსილიუმმა სანუგეშო ვეღარა უთხრა გამწარებულ მამას. მაშინ გამწარებულ ნიკომ თვითონ იკისრა თავის შვილის გადარჩენა. აქ მთლიანად გამოაშკარავა მან თავისი ცოდნა, ნიჭი, გამოცდილება და მშობლიური სიყვარული. თავგანწირვით შეებრძოლა ულმობელ სიკვდილს და გამოგლიჯა ვაჟი ბრჭყალებისაგან. დიადი სანახავი იყო მოხუცი მეცნიერი, როცა იგი განწირულ შვილის სარეცელთან დღე და ღამ გააფთრებით ებრძოდა საშინელ უხილავ ძალას.
ნ. დადიანი იყო აგრეთვე ბანკირიც. ერთ დროს იგი ქუთაისის სათავად-სააზნაურო ბანკის დირექტორადაც კი იყო არჩეული. ერთხელ, კარგად დაახლოების შემდეგ, მან საიდუმლოდ გადმომცა ერთი თითქმის დაუჯერებელი რამ: „ამ 25 წლის წინ ავსტრიის ერთმა ცნობილმა ბანკმა გამოაცხადა კონკურსი და გადასდო საკმაოდ დიდი პრემია იმ პირის სასარგებლოდ, ვინც წარუდგენდა წვრილი კრედიტის სისტემის ბანკის საუკეთესო პროექტს. ამ კონკურსმა დამაინტერესა მეც. ჩავუჯექ, შევადგინე ჩინებული პროექტი და გავაგზავნე. წარმოიდგინე, გაიმარჯვა ამ ჩემმა პროექტმა და მომესაჯა პრემია. იგი დღემდე ინახება იმ ბანკში და რთული პროცენტების მეოხებით ფრიად გაიზარდა“-ო.
როცა ამ ნათქვამით გაოცებულმა შევეკითხე: რად გაგიჩერებიათ ის ფული ბანკში, რად არ სარგებლოთ, მეთქი,მან ღიმილით მიპასუხა: „ის ფული, ჩემო სიმონ, სულ სხვა რამისთვის მეჭირვება. იმ ფულით მინდა შევიძინო უცხოეთში საიმედო ალაგას რომელიმე დიდი ვილა და მამული და შევქნა სამშობლოსთვის თავდადებული ფრიად მცოდნე და უნიჭიერეს ქართველთა თავშესაფარი, რათა იქ იმუშაონ მათ საქართველოს საკეთილდღეოდ, რომ ვიხსნათ იგი როგორმე ჩრდილოეთის დათვის ტორებისაგან და მეც ამ ორიოდ წლის შემდეგ ვაპირებ ევროპაში წასვლას ჩემი შვილებიანად. ეჰ, ჩემო მეგობარო! მე რომ შორს ქვეყანას წავალ, აქ ჩვენში დიდი მიმოთქმა ატყდება ჩემს შესახებ“... - სთქვა და გადმომხედა მრავალ მნიშვნელოვნად.
უნდა გამოვტყდე, არ მჯეროდა ეს მისი ნათქვამი. ოცნება სჭარბობს ამ რუსების მოძულე მამულიშვილს და მის მიერ შექმნილი ჩქერი სინამდვილედ ეჩვენება, - ვამბობდი გუნებაში. ზოგიერთი დიდი ბუნოვანი ადამიანებიც კი, ხომ არიან შეპრყობილნი რაიმე იდეფიქსით. ამიტომ მეც ეს მოხუცი ბრძენი მეგონა ამავე სენით დაავადებული. მაგრამ არა...
გამართლდა კიდეც ნ. დადიანის წინასწართქმა. მართლაც 2-3 წელს შემდეგ იგი წავიდა ყირიმს თავის ნათესავ დადეშქელიანთან და იქიდან აპირებდა კიდეც თურმე ევროპაში გამგზავრებას. სწორეთ იმ დროს გახდა ავად და გარდაიცვალა. თავგადაჭედილ კუბოთი ჩამოასვენა იგი მისმა ერთგულმა ლაზარემ, რომელიც მუდამ თან ახლდა ყველგან. ეს იყო 1896 წელს. სწორეთ იმ დღეებში მოვათავსე გაზ. „კვალში“ განსვენებულ ნიკოს შესახებ მცირე ნეკროლოგი „უმნიშველო მეგობარ“-ის ფსევდონიმით, იქვეა მისი სურათიც (იხ. გაზ. „კვალი“, 1896 წ., №48).
დავბრუნდი თუ არა ევროპიდან სამი წლის შემდეგ, ბევრი ნაცნობი ინტელიგენტები და მეტადრე ქალები მეკითხებოდენ სერიოზულად: „ხომ არ გინახავს ევროპაში ნ. დადიანიო?“. მაოცებდა ფრიად ამ შეგნებულ პირთა ასეთი უცნაური შეკითხვა. თურმე ნიკოს ყირიმში გამგზავრებასა და შემდეგ სიკვდილს გამოეწვია ქუთ. ინტელიგენტურ წრეებში მიმოთქმა, ნ. დადიანი კი არ მომკვდარა, არამედ ევროპაში გაიპარა. ხოლო თავგადაჭედილ კუბოთი ვითომც და მისი ჩამოსვენება იყო ერთგვარი სიმულიაცია, რომ დაეფარა უცხოეთში გაპარვაო. მიუხედავად დიდი ხვეწნა-მუდარისა შვილების მხრივ, ლაზარემ არ ახადა კუბოს თავი და არ აჩვენა მათ მიცვალებული მამაო. დადიოდა აგრეთვე ქუთაისში ასეთი ჭორიც: თითქო ქ. ვენაში (ავსტრია) მთავარ გამზირზე ნ. დადიანი შეხვედროდეს ვიღაც მეგრელ მზარელიას. ამან მაშინვე იცნო ნიკო და დაედევნა უკანაო. დადიანს შეუნიშნავს ეს, აუჩქარებია ფეხი და შესულა იქვე თავის სასტუმროშიო. მზარელიაც მიდევნებია ფეხ და ფეხ და უკითხავს მეკარესთვის, ვინ არის ის კაცი, რომელიც ესეცაა შემოვიდაო. მეკარეს დაუსახელებია ფრანგული გვარი. მზარელია ვერ დააკმაყოფილა თურმე ასეთმა პასუხმა და მოისურვა პირადად ნახვა: ნიკო დადიანს თითქო მიუღია იგი და დაუფიცებია, რომ არსად გაამხელდა. ამ უცნაურ ხმებმა იმოქმედა ჩემზედაც. ვნახე ნიკოს ვაჟი შალვა და ვკითხე, თუ რაზეა დამყარებული ასეთი უცნაური ხმები. მან გარკვევით ვერაფერი მითხრა. ხოლო ის ფაქტი დაადასტურა, რომ ორთავე და-ძმამ ბევრი ვემუდარეთ ლაზარეს, მარა არ ახადა კუბოს თავი და არ გვაჩვენა მიცვალებული მამა იმ მოსაზრებით, რომ უკვე გახრწნილი იქნება და მისი ნახვა ცუდად იმოქმედებს თქვენზედაო. შემდეგ კი დასაფლავების დროს, სოფ. ბეთლემში გახსნა კუბო და აჩვენა დამსწრე საზოგადოებასო, მათთან ერთად მეც ვნახეო, დასძინა შალვამ.
როგორც ვიცი, ნ. დადიანი სწერდა ლექსებს და მოთხრობებს, ზოგი რამ დაბეჭდილიც იყო ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ჰქონდა დაწყებული დიდი ნაშრომი „ტრილოგია“, როგორც იგი ეძახდა მას. ამ ნაშრომში უნდა ყოფილიყო ასახული ქართველი ერის კულტურის უძველესი ხანა, ოქოს საუკუნე და შავბნელი ეპოქა რუსეთთან დაკავშირებამდე. წამიკითხა კიდეც ამ ტრილოგიის ზოგიერთი ალაგები. მანვე, ჩემს გაცნობამდე, წაიკითხა ქუთაისის თეატრში საჯარო ლექცია საქართველოს ძველი კულტურის შესახებ.
ამ 30 წლის წინ შალვა დადიანს განზრახვა ჰქონდა, გამოეცა ყველა ნაწერები. ამის შესახებ მან მომმართა მე კიდეც ქუთაისში დავალებითმომეხდინა იმ ნაწერთა ერთგვარი განხილვა, დალაგება, რედაქცია, და აგრეთვე უნდა დამეწერა წინასიტყვა და ნიკოს ბიოგრაფია. სიამოვნებით ვიკისრე ეს დავალება. ველოდი იმ ხელნაწერთა გადმოცემას, მარა არ მიმიღია. როგორც შემდეგ გავიგე, მდგომარეობამ აიძულა, გადაეფიქრებია შვილს იმ ხანებში სახელოვანი მამის ნაწარმოებთა გამოცემა.
როგორც გავიგე, ამჟამად ნ. დადიანის ნაწერები შალვას გადაუცია კიდეც ქართ. მწერალთა მუზეუმისათვის. სასურველია, გამოიცეს მთლიანად.
ახლა ვიკითხოთ: როგორი შეიქნენ ცხოვრებაში ნ. დადიანის ქალ-ვაჟი, რომლებიც არ ყოფილან რუსულ სკოლაში, ხოლო ქართულ ნიადაგზე სწავლა-განათლება მიიღეს შინ მამისაგან. მარო მითხოვდა აფხაზეთში თავად ტ. ანჩაბაძეს და დიდხანს ითვლებოდა ქალთა შორის უპირველეს მოღვაწედ სოხუმში. ამის მოწამე მეც ვიყავ 1918-21 წლებში, როცა ვცხოვრობდი სოხუმში. შალვა კი შეიქნა საუკეთესო მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი და ბელეტრისტი.

მარიამ დადიანი და ტარიელ ანჩაბაძე შვილებით
სოხუმი, 1920-იანი წლები
ამ შემთხვევაშიაც კი გამართლდა ნ. დადიანის შეხედულება.
დიახ, ეს იშვიათი პიროვნება ათეულ წლების მანძილზე ცხოვრობდა ჩვენს შორის და, ფრიად სამწუხაროდ, ქართ. ინტელიგენციამ და მოსწავლე ახალგაზრდობამ (გარდა ორიოდ პირისა) ვერ ისარგებლეს ამ ადამინის ფართო ცოდნით, განსაკუთრებით, ქართული ენისა და ერის წარსულის მხრივ. პირადად ჩემზე მან იქონია დიდი გავლენა. მან ჩამახედა ღრმად ჩვენი ერის წარსულში და შემაგნებია ქართული ერის სული და სიშვენიერე. მის მიერ ნაკარნახევი ტერმინები მთლიანად შევიტანე ჩემ მიერ შეკრებილ საკმაოდ ვრცელ ხელნაწერ-ლექსიკონში, რომელიც 1918 წ. გადავეცი საქ. უნივერსიტეტს, ხოლო ამჟამად ინახება საქ. მუზეუმში.
_______________
1. ამ ჩემს მემუარებს (მოგონებებს) ვწერ ზეპირად, ამიტომ, სამწუხაროდ, კარგად ამ მახსოვს ზოგიერთი დეტალები. დამეთანხმება მკითხველი, რომ ადვილი არაა დაწვრილებით დამახსოვრება ყოველივე იმისა, რაც მოხდა 30-40 წლის წინად (ავტორი).
2. დასარტყმელი საკრავი.
3. სტვირი.
4. სევდის განმქარვებელი.
![]() |
12 X. ტრფობა და სიცრუე |
▲ზევით დაბრუნება |
სწორეთ იმ ხანებში, ე.ი. 1892-93 წლებში, ქუთაისში ყოფნის დროს, გარდა ნიკო დადიანისა, მსვლელობა მქონდა ი. ოცხელთან და კიდევ ერთ შორეულ ნათესავის ოჯახში, სადაც გავიცან მასთან მცხოვრები მეტად ლამაზი ცირა, 17-18 წლის ქალწული, ჩემი ნათესავი ქალის მოკეთე. ეს ქალი მიზიდავდა როგორც თავის გარეგნობით, ისე თავის სინორჩით და ბავშური უმანკოებით. მასში ვმზერდი გაზაფხულის განსახებას. მისი შავი მოგრძო იაპონური თვალები და ვარდ-კუკურა ბაგენი მხიბლავდენ უცნაურად. მისი მზერა, მასთან უმნიშვნელო საუბარიც კი, იყო სერიოზულ საგნებით და მუდმივი მაცადინობით დაქანცულ ჩემი სულისთვის ერთგვარი ესთეტიური შვება და შესვენება. ახლაც არ ვიცი კარგად, მართლა მიყვარდა იგი, თუ ეს იყო მარტოდენ მხატვრული გატაცება ესთეტიური ექსკურსი. ვფიქრობ, ეს უკანასკნელი უფრო მართალია.
ვცდილობდი ამ ქორფა გოგონას სულიერ აღზრდას, გონებრივ განვითარებას. მიმქონდა ქართულ-რუსული წიგნები, ვუყვებოდი ბევრ რამეებს ჩვენსა და უცხოეთის ისტორია-ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, თეატრზე... ვერაფრით მოვხიბლე იგი. მის ქარაფშუტა სულს არ ეკარებოდა ასეთი რამეები. მას იტაცებდა მარტოდენ წვრილმანები, კოპწიობა, მოდები, ფლირტი, ხუნტრუცი, ფული, გვარიშვილობა (თავადის ხარისხი და სხვა ასეთები). ბევრჯერ ვეტყოდი ჩემს თავს: მოშორდი ასეთ სულიერად უბადრუკ არსებას, თავი დაანებე, ნუ იმცირებ თავს, ნუ კარგავ დროს; წადი, მოძებნე სხვა უფრო ღირსეული, უფრო შესაფერი. დავიფიცავდი, აღარ წავსულიყავ არასდროს მასთან, რომლის სულიერი დაკნინება ასე ცუდად მოქმედობდა ჩემზე. მაგრამ გავიდოდა რამდენიმე დღე, ძლივს ერთი კვირა და საშინელი მოუსვენრობა იპყრობდა ჩემს არსებას. რაღაც უხილავი ძალა, რაღაც ძლიერი ანდამანტი ჩემს უნებურად მიზიდავდა მისკენ. ამ დროს მავიწყდებოდა აღთქმა, ფიცი და ვჩნდებოდი იმ ქალის ბინაზე. ერთი ცელქი შემოხედვა, ერთი თფილი სიტყვა, ერთი ღიმილი საკმაო იყო, რომ მომშუშებოდა ძველი ჭრილობა, დამევიწყა ყველაფერი...
თურმე, ასეთი ძალა ჰქონებია სილამაზეს და გატაცებას...
3-4 წლის მანძილზე ხშირი სტუმარი ვიყავ ჩემი ნათესავის ოჯახში, მუდამ ვნახულობდი იქ იმ ლამაზ ცირას, მაგრამ ერთხელაც კი არ აღმომხდარა ჩემს ბაგეთაგან სიტყვა: „მიყვარხარ“... არამცთუ კოცნა, უბრალო ხელით შეხებაც კი არ მიკადრებია მისთვის. ის იყო ჩემს თვალში მიუწვდომელი უმანკოება; ის იყო ჩემი წმინდათა წმინდა... და ყოველივე ამას ამხელდა მას ჩემი სახე, ჩემი მზერა, ჩემი ხმა... ო, რა მიამიტი ვიყავ იმ დროს და რა რიგ დასცინოდა ალბათ ეს ცქრიალა არსება ამ ჩემს სიბრიყვესა და მიამიტობას!...
მაგრამ ამ ქალის ერთმა ტყუილმა ამიხილა თვალი, მამცნო სინამდვილე, გააქრო იმ ცირასადმი გატაცება და ილუზიები. ეს მოხდა 1894 წელს. სწორეთ ამ წელს გაზაფხულზე ამ ქალს მივუძღვენი ერთი ლექსი და დავბეჭდე გაზ. „კვალ“-ში. ლექსი იწყებოდა: „ნეტარებს მწირი“... იგი მოთავსებული იყო აგრეთვე 1901 წ. გამოსულ ჩემს პაწია ლექსთა კრებულში, სახელწოდებით „სუმბული“.
ეს ლექსი საკმაოდ მოეწონა ჩემს „დულცინეიას“. ერთი კვირის შემდეგ მეუბნება იგი: „განა მე კი არა ვწერ ლექსებს! გინდა, წაგიკითხო ჩემი ლექსი? მხოლოდ ერთი პირობით: არავის უთხრა. ფიცი მივეცი. მეტად წამძლია ცნობისმოყვარეობამ. ვერ წარმომედგინა ერთად ორი ანტიპოდი: ის ქალი და ლექსები. ჩემა ფრთხილმა ეჭვებმა მეტად გააბრაზა იგი. დამჭირდა ბოდიშის მოხდა, რომ შემერიგებია. როგორც იქნა, დამშვიდდა, ამოიღო ლექსი და წამიკითხა. ლექსი, მარა რა ლექსი! მუსიკა, მდიდარი რითმა, პოეზია, იშვიათი ქართული ენა ეჯიბრებოდენ ერთიმეორეს. ეჭვი არაა, ამ შვენიერი ლექსის ავტორი არ იყო ეს ქარაფშუტა არსება. იგი ეკუთვნოდა რომელიმე წარჩინებულ მგოსნის კალამს. მასში გამოსახული ღრმა სევდა, მაღალი პატრიოტიზმი და იშვიათად სახმარი ძველი სიტყვები სრულებით არ ეხამება ამ მატყუარა ცირას. ეს ლექსი თითქო საღაც გამეგონა, ხოლო ის არ ეკუთვნოდა ჩემ მიერ კარგად ნაცნობ პოეტებს; არც აკაკის, არც ილიას, არც ვაჟას და სხ. მაგრამ ყველა მადგანი სიამოვნებით მოაწერდენ ხელს ამ სასიმღერო ლექსის ქვეშ. სამწუხაროდ, ამჟამად აღარ მაგონდება იგი. მახსოვს მხოლოდ ერთი რომელიღაც ტაეპი, მაგ.:
„თუნდა ვიყო მეფე იმერეთისა
მთლად მპყრობელი შავზღვა, პირხმელეთისა,
გეფიცებით, არ ვინდომო არად ის,
ჩემი ფიქრი სულ სხვაგან ფრენს, მარადის“...
აი, ამ ლექსის ავტორობას ჩემულობდა ეს ჩემი „სატრფო“! ამის შესახებ მთელი დღე მეფიცებოდა და მაჯერებდა იგი. მაგრამ ჩემს გულს არ სჯეროდა ეს, ჩემს სულს არ ეკარებოდა ამ მატყუარა ცირას ფიცი და რწმუნება. ბოლოს იძულებული გავხდი, დამეჯერებინა ყასიდად მაინც, ხოლო მოვისურვე მისი დაბეჭდა გაზ. „კვალში“. ეს კი მეტად არ იამა ამ ცრუმგოსანს და დიდად იუარა მისი დაბეჭდა. დამეთანხმა მხოლოდ მას შემდეგ, როცა აღუთქვი, რომ დავბეჭდავ კოლხიდელი ქალის ფსევდონიმით მეთქი.
იმ დღეებში მომიხდა წასვლა ტფილისში და თან წავიღე დასაბეჭდად ის ლექსიც. ბინად ჩამოვხტი ერთ კარგ ნაცნობთან. მეორე დილით ჩაის შემდეგ ვეუბნები მას: მინდა, ერთი ახალგაზრდა ქალის ლექსი წაგიკითხო, სანამ გადავცემდე დასაბეჭდად „კვალის“ რედაქციას. „ეჰ, შენც ერთი! ქალის დაწერილი ლექსი რა უნდა იყოსაო!წარმოსთქვა სკეპტიკურად და გამოიჭიმა სავარძელში,აბა, წაიკითხე! ვნახოთ, ერთი როგორია!მითხრა მანვე.
მე მივიღე შესაფერი პოზა და დავიწყე პათეთიური კილოთი. გავათავე თუ არა პირველი ტაეპი, გამოვარდა მეორე ოთახიდან დარბაისელი მანდილოსანი, მომაძახა: ეს ჩემი ლექსი ვინ მოგცათ თქვენაო, და განაგრძო ზეპირად დანარჩენი ტაეპნი... ადვილად წარმოიდგენთ ჩემს უსაზღვრო გაოცებას, რომელიც მალე შეიცვალა სიხარულად და მწუხარებად. მიხაროდა, რომ გამართლდა ჩემი ეჭვები და ვიპოვე ლექსის ავტორი, ვწუხდი კი დიდად, რომ ჩემმა სათაყვანო არსებამ იკადრა ასეთი დიდი სიცრუე. მოულოდნელ შემთხვევამ გადამარჩინა სირცხვილისაგან, რადგან იმ ლექსის დაბეჭვდით სასტიკად გავილანძღებოდი ნამდვილი ავტორის მიერ.

დომინიკა ერისთავი (განდეგილი)
თბილისი, 1880-იანი წლები
ფოტო: ალექსანდრე როინაშვილი
მეკითხებით: ვინ იყო იმ ლექსის ავტორიო. ეს გახლდათ დომინიკა ერისთავისა ანუ განდეგილი (ფსევდონიმია), რომელიც შემდეგ შეიქნა ცნობილი თავის საუცხოვო ლექსებით.
მალე დავბრუნდი ქუთაისში. იმ დიდი სიცრუის შემდეგ ყველაფერი გათავდა ჩვენს შორის, აღარ შემეძლო, მენახა ის არსება, რომელმაც თავის სიბრიყვით გამოწვეულ უგვანო საქციელით ასე მძლავრად მატკინა გული, გამიქრო მისადმი აღტაცება და პატივისცემა. ამ მჩატე, მატყუარა არსებას მივწერე შესაფერი ბარათი, სადაც სასტიკად დავგმე მისი საქციელი, და სამუდამოდ შევწყვიტე მასთან ნაცნობობაც კი. მისი ცბიერი სახე ამოვიგლიჯე გულიდან სამუდამოდ. მისი ანასახი ოდნავღა შერჩა ჩემს მეხსიერებას, როგორც ცუდი რამ ზმანება. აი, რას ნიშნავს თურმე ტყუილი! რა რიგად მოქმედობს იგი, ქალის პირიდან ამონადენი, შეყვარებულ ვაჟზე! ამას შემდეგ იმ ქალზე დავწერე ერთი პაწია ლექსი, ეს ერთგვარი ეპიტაფია, და დავივიწყე სამუდამოდ. აი, ის ლექსიც:
„ვნახე ყვავილი... დილისა ნამზე
მხიბლავ სიტურფით იგი გაშლილა,
ხოლო, რა მიველ დასაკონებლად,
სუნი არ ჰქონდა... ო, მომატყვილა...
ვნახე ქალწული... ნორჩი შვენებით,
ვით სირინოზი, ის შემკობილა,
რა მივახლოვდი, ვცანი, რომ იგი
უსულო გვამად ქვეყნად შობილა...“.
ამის შემდეგ დავდიოდი ჩემს მეგობრებში გულდამსხვრეული და არვინ იცოდა საშინელი ტრაგედია ჩემი სულისა...
სწორედ იმ ხანებში მოდათ იყო შემოღებული ქუთაისში ლექსის მიძღვნა ამა თუ იმ გასათხოვარ ქალისადმი. ერთ საღამოს, როცა ჩემს მეგობარ პ. ი.-თან ვიყავი სტუმრად, მისმა 17 წლის ცქრიალა დამ, შვენიერმა ფ.-მ მომირბენია თავის ალბომი და მეტად მთხოვა, ჩამეწერა რაიმე ლექსი. სრულიად არ ვიყავ ლექსების წერის გუნებაზე, მაგრამ ამ მხიბლავ არსების თხოვნა-მუდარას ვეღარ ვუთხარ უარი და კაფიად ჩავწერე ალბომში შემდეგი:
„რისთვის ავიღო კალამი ხელში!
აბა, ტანჯულ გულს რა ელექსება!
ჩანგს დაწყვეტია გრძნობის სიმები,
რითღა დავმღერო მე შენზე ქება!
ცით განრისხული, ედემის ტრფობის
მარად მოსურნე, მარად მწყურვალი,
ვერ ეღირსება, ჰოი, ქალწულო,
რომ კვლავ აღიძრას მის სულის ალი!...
მარქვი, ნეტავი რა ვათქმევინო
კალამს ჩლუნგარეს შენისეული?!
- არ ღირს ერთ ჩირად ქალის შვენება,
თუ არ უბრწყინავს მას ტურფა სული“!...
წაიკითხა ეს ჩემი ლექსი და მორთო საშინელი ტირილი. ცრემლები მარგალიტებად ცვიოდა ჟუჟუნა თვალთაგან. ამ შვენიერმა გოგონამ ეს ჩემი ლექსი მიიღო რაღაც დიდ შეურაცხყოფად. ვერაფრით გავაჩუმეთ მე და მისმა ძმამ. სტიროდა გულამომჯდარი. იძულებული გავხდი, იმავე ალბომში დამეწერა ლექსი, უკვე სასიმღერო. აი, იგიც:
„აჰა, ჟღერს ჩანგი!
მას გულის ჰანგი
იდუმალ ხმებად ენარნარება
და ესე ტანჯულს,
სულსა დაჩაგრულს
უთინათინებს კვლავ ნეტარება.
რა რიგ დავჟღერო,
რით დავამღერო,
ჰოი, ქალწულო, შენი შვენება!
მოციმციმარე
სახე მღიმარე
თვალს მოშორებად რათ ენანება!
გულის მკურნელი
ეშხი მხიბლული
შავსა თვალებში აყვავებულა,
მათზე წამწამნი,
ტრფიალთ საწამნი,
ო, რა სინაზით მიძინებულა!
თითქო სუმბული
წალკოტში ბმული
ლალი ბაგენი მორცხვად გაშლილა,
ნაზი ელფერი,
ტრფობის მომბერი,
რა სანეტაროდ ზედ გადაშლილა!
თმა ზილფოვანი
ნარნაროვანი
მხრებს, ვით მიჯნური, ელამუნება,
სურვილით მთვრალი
გულის ფანცქალი
კოკობთ ტკბილს ამბებს ეღუღუნება.
ვით შადრევანი
ფერადოვანი
ნორჩი სიცოცხლე აჩქეფებულა,
ცელქი ღიმილი,
ბაგეზე შლილი,
რა სამაცდუროდ დაკიდებულა!
ვმზერ... სევდიან გულს მიმკვდარინებულს
შარბათ- ასული ეფიფთქორება;
ფრინავს ოცნება,
ეციალება
სხვა ნეტარება, სულ სხვა ცხოვრება“...
ხურვალე მადლობა და ალერსით სავსე თვალების მგზნებარე გამოხედვა იყო ამ ლექსის დამწერის ჯილდო. ეს ლექსი მეტად მოიწონა ნ. დადიანმა; მან ძალად გამაგზავნია იგი ჟურ. „მოამბე“- ში, სადაც დაიბეჭდა. ამ ლექსს შემდეგში კოლხეთის ნაზი ასულნი კარგა ხანს ამღერებდენ გიტარაზე. ეს ლექსიც სხვათა შორის დაიბეჭდა ზემოხსენებულ ჩემს ლექსთა კრებულში.

ანტონ ფურცელაძე
1890-იანი წლები
ფოტო: ალექსანდრე როინაშვილი
ასე უცნაურები იყვნენ იმ დროს კოლხეთის ტურფა ასულნი, რომლებიც ძალად აწერინებდენ ვაჟებს ლექსებს თავიანთ ალბომებში.
![]() |
13 XI. ქართველი მწერლები და მოღვაწენი |
▲ზევით დაბრუნება |
უკვე 24 წლის ჭაბუკი ვიყავ და არც ერთი ჩვენი გამოჩენილი მწერალი და მოღვაწე არ მყავდა ნახული და გაცნობილი. ყველაზე ადრე გავიცან ანტონ ფურცელაძე. ეს იყო 1892 წელს. ტფილისში მივდიოდი. გორის სადგურთან ჩამოჯდა ჩემს ვაგონში ვიღაც სიმპატიური მოხუცი, სამჩნევად კოჭლი. მისი ენერგიული სახე და ფართო შუბლი იქცევდა ყურადღებას. იგი დაჯდა ჩემს პირდაპირ და გამიბა საუბარი. შევეხეთ მსოფლიოს შინა და გარე პოლიტიკას, ევროპა-ამერიკის კულტურა-ცივილიზაციას, აზიის ხალხთა საღათას ძილს, ყვითელ საფრთხესა და სხ. ახლად მოსული თავის გაბედული აზრებით და ფხიზელი მსჯელობით იპყრობდა ჩემს ყურადღებას. იგი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ყვითელი საფრთხე, ე.ი. ჩინეთის გაღვიძება დიდ ხიფათს უმზადებს განათლებულ ევროპასაო. ეს ხალხთა უზარმაზარი კონგლომერატი, ეს 400 მილიონზე მეტი ადამიანი, ევროპის სამრეწველო და სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი, ადვილად დაიბყრობს ციმბირის ველებს, მთელ თურქესტანს, შემდეგ წალეკავს უკულტურო, პოლიციურ რუსეთს და შეესევა დასავლეთ ევროპასაც. ეს შესევა იქნება ევროპის განათლებულ ერთათვის საშინელი რისხვა. მათი სრული განადგურება. ეს შესევა იქნება ბევრად უარესი, ვინემ ჩინგიზ ყაენის, ბათუსა და ლანგ თემურის შემოსევანი... ხომ ხედავთ! ჩინეთის ავანგარდი დიდ ნიჭიერი და მამაცი იაპონია უკვე იღვიძებს. იგი საოცარი მედგრობით დაეწაფა ევროპა- ამერიკის კულტურა-ცივილიზაციას, მათ სამრეწველო და სამხედრო ტექნიკას და საარაკო სისწრაფით მიდის წინ პროგრესის გზაზე. ამ კუნძულების ხალხმა უკვე შეუფარდა თავის აღმოსავლეთურ მაღალ სულიერ კულტურას დასავლეთის განვითარებული მატერიალური კულტურა, ე.ი. ტექნიკა და ინდუსტრია. თქვენ ნახავთ, თუ რა სასწაულს ჩაიდენს ამ მოკლე ხანში ეს მხარე, მამაცი და ფრიად ნიჭიერი ხალხი! ევროპის კულტურა-ცივილიზაციამ უკვე მოსჭამა წუთი-სოფელი. ევროპა დაბერდა, დალპა მისი კაპიტალისტური სისტემა, მილიტარიზმ-იმპერიალიზმის მძიმე კირთებმა წელში გასწყვიტა სახელმწიფონი და დააბეჩავა ხალხნი, მეტადრე დაპყრობილი ერები. კაცობრიობას ეჭივრება განახლება, ახალი ეკონომიური, სოციალური და სახელმწიფო ფორმები. ამ ფორმებს კი შექმნის გაღვიძებული და განახლებული აზია, მონღოლთა რასა... ლათინური ანდაზაა: „ex oriante lux“1, და ეს ახალი სიტყვა, ეს ახალი ნათელი მაშვრალ კაცობრიობას მოევლინება აღმოსავლეთ აზიიდან, დიდ ოკეანეს სანაპიროდან!..
დაამთავრა ეს სიტყვები და გადმომხედა მრავალმნიშვნელოვნად. ამ კამათსა და საუბარში მივუახლოვდით კიდეც ტფილისს. მეტად დამაინტერესა ამ მკვეთრმა მოკამათემ. მოვისურვე მისი გაცნობა. იგი აღმოჩნდა „მაცი ხვიტიას“, „თამარ ღაზნელის“, „მარაბდას“, დიდი მოურავის შესახებ ისტორიულ მონოგრაფიის და სხვა მრავალ ნაწარმოებთა ავტორიანტონ ფურცელაძე.
შემდეგში მეტად დავუახლოვდით ერთმანეთს და შევიქენით საუკეთესო მეგობრები.

ილია ჭავჭავაძე
თბილისი, 1890-იანი წლები
ფოტო: დიმიტრი ერმაკოვ
შემდეგ წელს (1893 წ.) ვეღირსე ილია ჭავჭავაძის გაცნობას. რადგან წინა წელს, კალ. ჩიკვაიძის მეოხებით, ქუთ. სააზნაურო ბანკმა გამიცრუა იმედი და არ მომცა საზოგადოების კრების მიერ გადაწყვეტილი სუბსიდია, ამიტომ იძულებული შევიქენ, მიმემართა იმგვარივე თხოვნით ტფილ. სააზნაურო ბანკის საზ. კრებისათვის, რაც აქაც ხდებოდა მაისში. ამ ჩემი განცხადებით მიველ ბანკში და წარვუდგინე მის თავმჯდომარესილია ჭავჭავაძეს. მასში ვიხილე, ჯიჯგვი, ჩაფსკვნილი კახელი მოღუშული სახით, თეთრად საკმაოდ შესირმული შავი თმითა და წვერ- ულვაშით. მივმართე მოკლედ შესაფერი ქათინაურით და გავუწოდე განცხადება. მან არც დახედა ქაღალდს და დამეკითხა ამრეზით: „ვინა ხარ? საიდან? რა გინდა?“. ცოტა არ იყოს, შემაკრთო ამ ხმამ და კილომ. მოკლედ ავუხსენ, ვინც ვიყავ და რაც მსურდა. სცნო თუ არა ჩემი იმერლობა, ივერიის სახელოვანი მგოსანი და მოღვაწე საშინლად დაიღმიჭა და უკმეხად მომახალა: „რა არის, რომ გაგვიჭირვეთ საქმე იმერლებმა! აგიღერიათ თავი და მორბიხართ აქეთ! რას ეძებთ?! რა დაგკარგვიათ?! ვეღარ დაეტევით თქვენს იმერეთში! თქვენც ხომ გაქვთ იქა ასეთივე ბანკი! ჩვენ საკუთარი შვილები ვერ გაგვიზრდია, აბა, იმერლებს საიდან გამოვზრდით?!“.
ფრიად გამაოცა ამ უკმეხმა პასუხმა. დიდი ქართველიდან და ჩვენი ერის მოჭირნახულედან არ მოველოდი ამას. შეეძლო, უარი ეთქვა ჩემს თხოვნაზე საზ. კრებისადმი მოხსენების შესახებ, ხოლო არ იყო საჭირო ასე აგდებით მოპყრობა, ასეთი უკმეხობა. მეცვალა ფერი, სისხლი მომებჯინა ყელში, მაგრამ შევიკავე თავი და უხმოდ გამოველ მის სენაკიდან. ტალანში დამეწია მაღალი, გამხდარი, უფერული კაცი საკმაოდ ჭაღარა წვერ-ულვაშით, შემაჩერა და მზრუნველი კილოთი გამომკითხა საქმის ვითარება. მეც, რამდენადაც კი შემეძლო აღელვებულ ახალგაზრდას, ავუხსენ ყველაფერი. მან დამიყვავა, მანუგეშა, გამომართვა თხოვნა და აღმითქვა მისი მოხსენება საზოგადო კრებისადმი. გამაოცა და დამამშვიდა ამ ადამინურ მოპყრობამ. გადავუხადე დიდი მადლობა და გამოველ. ეს კეთილი და თავაზიანი პიროვნება იყო ცნობილი ბანკირი, შექსპირის ტრაგედიების საუკეთესო მთარგმნელი, შესანიშნავი ორატორი, ევროპიულად განათლებული ივანე მაჩაბელი, იმავე ბანკის დირექტორი.
აი, ასე გამეცვნენ ტფილისში ერთ მაისის დილას, 1893 წელს ორი დიდი ივერიელი: კახელი ი. ჭავჭავაძე და ქართლელი ი. მაჩაბელი, რომლებიც ბელადობდენ ტფილ. სააზნაური ბანკში ორ მოპირდაპირე ბანაკს.
სწორედ იმ საზოგადო კრებაზე მოხდა დიდი შეტაკება და გადამწყვეტი ბრძოლა ამ ორ მოწინააღმდეგეს შორის. მეც თავიდან ბოლომდე დავესწარ ამ დიდ კრებას. ქართლ-კახეთის თავად- აზნაურობამაც აქ მოიყარა თავი.
გაზ. „კვალის“ ფაქტ. რედაქტორმაგ. წერეთელმა, რომელსაც ადრევე ვიცნობდი და ვათავსებდი წერილებს მის გაზეთში, შემომთავაზა გაზეთის რეპორტიორობა და დამავალა ბანკის კრების ანგარიშების შედგენა. მეც სიამოვნებით ვიკისრე ეს დავალება და ბეჯითად შევუდეგ საქმეს.
ორი დარაზმული ფალავანი დაეტაკენ ერთმანეთს. შეიქნა უსისხლო, სიტყვიერი ბრძოლა, მედგარი და უზოგველი. ოპოზიციის ბელადსი. მაჩაბელს რიხით მიჰქონდა გაბედული იერიშები ბანკის თავმჯდომარის წინააღმდეგ. იშვიათი ენამზეობით და საბუთებით ხელში იგი ამხელდა კრებას ბანკის გამგეობის მიერ აღებულ გეზის უვარგისობას და მავნებლობას. ი. ჭავჭავაძე კი, კახური სიდინჯით და ქიზიყურ კამბეჩის სიტლანქით იგერიებდა ამ იერიშებს. ოპოზიციის საქმიან კამათს და სამართლიან მხილებას იგი უპირისპირებდა ოხუნჯობას და ბლაგვ ირონიებს, რითაც იწვევდა მომხრეთა შორის უგემურ სიცილ-ხარხარს, მგზებარე ტაშსა და ვაშას. ეს დაბალი ყაიდის უკბილო ირონია-ოხუნჯობანი, ეს სიცილ-ხარხარი, ტაში და ვაშა, ეს დამსწრე საზოგადოების მეტი ნაწილის ბრბოსებური შეუგნებლობა მეტად ცუდად მოქმედობდა ჩემზე და იწვევდა ზიზღს. ვცდილობდი, ვყოფილიყავ მიუკერძოებელი, მაგრამ უნებლიეთ მთელი ჩემი თანაგრძნობა და სიმპატია იხრებოდა ოპოზიციის ბელადისაკენ. მხიბლავდა ჭაბუკს ი. მაჩაბლის გულწრფელობა, ორატორული ნიჭი, შვენიერი ქართული, გაშლილი სილაღე, გულის სიღრმიდან ამონახეთქი მხილება, ბანკის საქმეთა საფუძვლიანი ცოდნა. ვწუხდი, რომ დიდი ნიჭის ადამიანის და დიდი ორატორის მკაცრი კრიტიკა საუცხოო სიტყვები და მხილებანი, იბნეოდენ უსარგებლოდ, თეატრის დიდ დარბაზში; მათ ვერ ითვისებდა დამწრეთა მეტი ნაწილის ყურთა სმენა, ან არ სურდათ, შეეგრძნოთ ისინი. ასეთი იყო ამ საზოგადოებში (კიღამ ვსთქვიბრბოში) ყვარელ-საგურამოს ტანმორჩილი ფალავნის ავტორიტეტი.
ამ ბრძოლაში ი. ჭავჭავაძეს მხარს უჭერდენ ტფ. პრესა, ქართულ-რუსული ყოველდღიური გაზეთები, ამ გაზეთებში იბეჭდებოდა მეტწილად ყალბი ცნობები, ბანკის საზ. კრების სიცრუით სავსე ანგარიშები, ი. ჭავჭავაძისადმი ხოტბა და ქება-დიდება, ხოლო ი. მაჩაბლისა და ოპოზიციის უსამართლო ძაგება. და ამ ბეჭვდითი სიტყვის სიყალბით სავსე კორიანტელი მოქმედობდა მკითხველ საზოგადოებაზე, მთელ კოლხეთ-ივერიაზე და ხაშხაშივით ადუნებდა მათ შემეცნებას, მკვეთრად ახშობდა სიმართლეს... ხოლო ი. მაჩაბელს თანაუგრძნობდა ჯერ საზოგადოებაში ფეხმოუმდგარი კვირაული გაზეთი ნორჩი „კვალი“. მაშ, პრესითაც დიდი უპირატესობა ჰქონდა ი. ჭავჭავაძეს.

აკაკი წერეთელი
1909 წელი
ფოტო: დავით აბაშიძე
ამ კრებაზე გავიცან კიდევ სამი დიდი ქართველი: 1. დიდი მგოსანი აკაკი წერეთელი, რომელიც თავის ახოვანობითა და ლომისებური თავით მკვეთრად ირჩეოდა ამდენ საზოგადოებაში. მის ოდნავ დამცინავ გაბადრულ სახეს არ შორდებოდა მომხიბლავი ღიმილი; 2. ნიჭიერი მწერალი ქალი ეკატერინე გაბაშვილი და 3. სახელოვანი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი. აქვე გავიცანი დიმ. მაჩხანელი, „ძმური სიტყვ“-ის ავტორი, ნიკო ცხვედაძე, რომლის დიდი მაცადინობით და უშრეტი ენერგიის მეოხებით აშენდა იმ დროის ქართ. გიმნაზია, აწ არსებული სახ. უნივერსიტეტი და სხ.
ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა ბანკის კრება. იგი დამთავრდა ი. მაჩაბლის დამარცხებით და ი. ჭავჭავაძის გამარჯვებით. ძალმომრეობამ, ფანდებმა, უმეცრებამ და კლოუნობამ ფეხქვეშ გათელა სიმართლე და შეგნებულ ადამიანის წრფელი ზრახვანი. ეჭვი არაა, ამ კრებაზე არ განუხილავთ ჩემი განცხადება სუბსიდიის შესახებ (ან ვის ცხელოდა მისთვის!), ამის გამო აქაც გამიცრუვდა იმედები...
ამ კრებაზე დაფრიალებდა გრძელი ხანჯლით ერთი ჩოხიანი წარმოსადეგი ვაჟკაცი, რომელიც დიდად ქომაგობდა ბ-ნ ილიას. ეს გახდათ ცნობილი მსახიობი და დრამატურგი ვალ. გუნია, იმ დროს ბანკის დამფასებელი.
დიახ, დამთავრდა კრება დიდი ადამიანის ფიზიკური მარცხით, დაამარცხა იგი ბრბოს თითებმა და კენჭებმა, ხოლო ზნეობრივად დარჩა ისევ სპეტი და გამარჯვებული...
ამ საბედისწერო კრებას მოჰყვა რამდენიმე წლის შემდეგ დიდი სულის ადამიანის, ოპოზიციის ბელადის, ი. მაჩაბლის უეცარი გაქრობა. დღესაც არ ვიცით, თვითონ მოიკლა თავი, თუ პირად მტრებმა მოუღეს ბოლო. ხანგრძლივმა ძებნამ ვერ გამოიღო ნაყოფი. იგი ვერ ნახეს ვერც მკვდარი, ვერც ცოცხალი... მრავალგვარი მიმოთქმა გამოიწვია საქართველოში ამ დიდი საზოგადო მოღვაწის და კეთილშობილი ადამიანის ასე ანაზდათ გაქრობამ; ბევრი ეჭვები დაბადა მან. ხოლო სინამდვილე დღესაც საიდუმლოების სალაფარდითაა გარემოცული...
ვფიქრობ, არ იქნება მეტი, აღვნიშნო აქ ერთ პაწია ეპიზოდი. 3-4 წლის შემდეგ უკვე ევროპიდან დაბრუნებული ჩამოველ ტფილისში რაღაც საქმეზე. შოთას გამზირზე შემხვდა აკაკი და წამიყვანა სადილად ბუკინისტ სოსიკო მერკვილაძესთან, სადაც ის იყო ხშირი სტუმარი. ნასადილევს ჩამოვარდა საუბარი ჰიპნოტიზმ-სპირიტუალიზმზე, რაც დიდ მოდაში იყო იმ ხანად.

ვალერიან გუნია
თბილისი, 1890-იანი წლები
ფოტო: ალექსანდრე როინაშვილი
აკაკიმ თავისებური ლაზათით მომიყვა შემდეგი: წარმოიდგინე, სიმონ, ამ დღეებში საღამოს ამ ყმაწვილთა დაჯინებით (ხელი გაიშვირა იქვე მჯდომ ორ უფროს კლასელ გიმნაზიელზე) მრგვალ მაგიდაზე მოვაწყვეთ სპირიტუალური სეანსი, ვცადეთ ამა თუ იმ პირის სულის გამოწვევა საიქიოდან. მათ შორის გამოვიწვიეთ ი. მაჩაბლის სულიც, შევეკითხეთ: ვინ არის შენი დაღუპვის მიზეზი?„ილია“- ო იყო მოკლედ მისი პასუხი: აკაკის ნათქვამს კვერს უკრავდა ს. მერკვილაძეც. რისთვის დაჭირდათ აკაკისა და მის ერთგულ სოსიკოს ასეთი რამის შეთხზა, დღესაც ვერ გამიგია. ჩემის აზრით, ი. ჭავჭავაძის ინტერესს აღარ შეადგენდა გზიდან მოეშორებია ის კაცი, რომელიც უკვე დაამარცხა... 2-3 წლის შემდეგ გავიგე ჭორად, თითქო აკაკი არ იყო გულგრილი ი. მაჩაბლის მშვენიერ მეუღლის მიმართ და, როგორც მსმენია, ეს დიდი პოეტი ხშირი სტუმარი იყო თურმე ი. მაჩაბლის ოჯახში...
იმ ზაფხულს (1893 წ.) დავრჩი ტფილისში და ვმუშაობდი მცირე საფასით „კავ. კალენდარ“-ის რედაქტორ კონდრატენკოსთან, ბინად კი ვიყავ ჩემს მეგობარ ს. ოცხელთან (3-მე გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებელთან), რომელიც იჩენდა ჩემდამი გულუხვ მასპინძლობას.

ივანე მაჩაბელი
თბილისი, 1880-იანი წლები
ფოტო: ვლადიმირ ბარკანოვ
ხშირად დავდიოდი ანტონ ფურცელაძესთან, სადაც გავიცან მწიგნობარი და ქართული წიგნების მედგარი გამომცემელ-გამავრცელებელი ზაქარია ჭიჭინაძე, აქვე გავიცან მწერალი ურბნელი (ხიზანაშვილი), ი. წინამძღვრიშვილი, ქრ. მამაცაშვილი (საზ. მოღვაწე), სოფ. მგალობლიშვილი (ბელეტრისტი), ნ. ლომოური (ბელეტრისტი), მ. კერესელიძე, დ. კეზელი („ზოილი“, საზ. მოღვაწე, ჟურნალისტი), ელ. ჩერქეზიშვილი (ცნობილი მსახიობი) და სხ.
ერთხელ დიდი წვეულება გამართა ანტონმა, საპატიო სტუმრად ნადიმზე მოწვეული იყო ი. ჭავჭავაძე (ან ფურცელაძე იმ ხანად იყო საზ. ბანკის დამფასებლად და იმ დიდ კრებაზე ემხრობოდა ი. ჭავჭავაძეს). ამ ნადიმს დავესწარ მეც. ბ-ნი ილია იჯდა სუფრის თავში საპატიო ალაგას. სტუმრები და მასპინძელი განსაკუთრებული პატივით ექცეოდენ მას. ისიც იფერებდა ამ პატივს და პირველობდა სუფრაზე. მის საუბარს დიდი ყურადღებით უსმენდენ იქ დამსწრენი; მისი უბრალო ოხუნჯობა იწვევდა სიცილ- ხარხარს. სადილის შემდეგ მოხდა მცირე შეკამათება და აქაც პირველობდა ილია. ყველანი ექცეოდენ მორიდებით, ყველანი უთმობდენ მას. ასეთი ყოფილა თურმე ავტორიტეტის ზეგავლენა! ხოლო კამათში შეეჯიბრა მას ერთი „ვიღაც თავხედი კორტოხელი“ ახალგაზრდა და არაფერი დაუთმო ამ „დიდებულ გვამს“. ეს „თავხედი კორტოხელი“ გახდათ ამ სტრიქონების დამწერი. ეს ჩემი გაბედული შეკამათება „დიდ ავტორიტეტთან“ იწვევდა იქ დამსწრე პირთა შორის მდუმარე წყენას და შეშფოთებას. კარგად არ მახსოვს ახლა, თუ რას ეხებოდა ეს ჩვენი კამათი, ხოლო ის კი მახსოვს, რომ „დიდი ავტორიტეტი“ გაწითლდა ორ-სამჯერ ალბად სიბრაზით, შემდეგ მოიმიზეზა რაღაც საქმეები და დაუჩქარა შინ წასვლას.
ყოველ ილიობას ი. ჭავჭავაძე ზეიმით იხდიდა თავის დღეობას და მართავდა თავის ცოლის მამულში (ს. საგურამოში) დიდ წვეულებას. ამ ნადიმს ესწრებოდენ ივერ-კოლხეთის თავად-აზნაურობა და ინტელიგენციის „ნაღებნი“ - მწერლები და საზოგადო მოღვაწენი, აგრეთვე თაყვანის მცემელი ახალგაზრდობაც. ქეიფი და ლხინი გრძელდებოდა 2-3 დღეს. სწორედ ამ წელს ამ დიდ ნადიმზე მიმიწვია, თვით ბ-ნ ილიას სახელით, ერთმა მისმა თაყვანისმცემელმა, ხოლო მიიღო ჩემგან ზრდილობიანი მადლობა და მტკიცე უარი. ალბად სურდათ „თავხედ კორტოხელის“ მოთვინიერება და მოშინაურება. მე კი, სრულებითაც არ მსურდა მივმატებოდი ბ-ნ ილიას დამქაშ- მოთაყვანეთა ლეგიონს. მას შემდეგ გადის უკვე 40 წელი და დღემდე არ მინახავს ს. საგურამო და ი. ჭავჭავაძის განთქმული სავანე (მამული და სასახლე).

„ილიაობა“ საგურამოში
20 ივლისი, 1893 წელი (1892-97 წწ.)
უნდა გამოვტყდე, რომ პირველ გაცნობიდანვე არ შემიყვარდა ილია. ჩემს სულიერ არსებაში გაქრა ადრევე მისი ნაწერებით მოფრქვეული ყმაწვილური გატაცება და ილუზიები. ამიერიდან კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებდი მის ყოველ ნაწარმოებსძველსა და ახალს და ვპოებდი მათში უამრავ დეფექტებს: ლექს-პოემებში მჭვირდა პოეზიის შარბათის ნაცვლად გადაპრეხილი რიტორიკა, მძიმე ენა, სუსტი, ნაძალადევი რითმები, ხოლო პროზაში რუს-ევროპის მწერლებისადმი ფართო მიბაძვა, სტილში კირუსიციზმები, მძიმე გამოთქმები და სხ. განსაკუთრებით სუსტი იყო მისი პოლემიკა მესამე დასელებთან (ქართ. სოც. დემოკრატებთან). მისი შეუფერებელი კილო-ფანდები, ქირდვა, ავლაბრული ლანძღვა-გინება და სხ. მოქმედებდა ცუდად.
როგორც ვიცით, ილია იყო აგრეთვე ყოველდღიურ გაზ. „ივერიი“-ს რედაქტორი (ეს გაზეთი დაარსდა, ვგონებ, 1885 წ.), ხოლო 5-6 წლის შემდეგ თან და თან აიღო მასზე ხელი, რადგან ბანკისა და სხვა მრავალი საქმეები ნთქავდენ თითქმის მთელ მის თავისუფალ დროს, ამიტომ „ივერიის“ რედაქციაში სიეფისათვის შერეკა თანამშრომლებად მეტ წილად უნიჭო და უვიცი არსებანი, რომლებმაც ფრიად დააქვეითეს ეს ერთ დროს დიდად მოსაწონი, ფხიზელი და პროგრესიული ორგანო და აქციეს იგი კლოუნურ ოხუნჯობის და ლანძღვა-გინების ფურცლად.
ამ სამართლიან შენიშვნებით სრულიადაც არ მსურს, დავამცირო ი. ჭავჭავაძე და უარვყო მისი ფრიად სამჩნევი როლი ჩვენს მწერლობაში და საზოგ. ასპარეზზე. არა! ის იყო დიდი პიროვნება, დიდი მწერალი და მოღვაწე, ხოლო ჰქონდა სამჩნევი ნაკლიც. აგრეთვე მას არ უყვარდა იმერლები, როგორც ქართლ-კახელთა უმეტესობას. ერთხელ ილიამ იმახვილა კიდეც: „ეს იმერლები, ეჭვს გარეშეა, გააძევებენ სომხებს ტფილისიდან, მაგრამ იმერლებს კი ვიღა გაგვიძევებსაო“!..
_________________
1. „სინათლე აღმოსავლეთიდან“.
![]() |
14 XII. ჩემი პირველი ნაბიჯები სამწერლო ასპარეზზე |
▲ზევით დაბრუნება |
წერა დავიწყე ლექსებით კიდევ გიმნაზიაში. პირველად გადავთარგმნე ქართულად პუშკინის „წინასწარმეტყველი“. ეს იყო დაახლოებით 1885 წელს. შემდეგ გადავთარგმნე კიდევ 3-4 ლექსი პუშკინ-ლერმონტოვიდან. აგრეთვე დავწერე რამდენიმე ორიგინალური ლექსი, მარა ყველა ეს ლექსები დავწვი შემდეგ, რადგან 1886-89 წლებში შევიქენ საშინელი პესიმისტი. ჩემი პირველი მოკლე წერილი რუსულ ენაზე ქუთ. სასაფლაოთა გადატანის შესახებ ქალაქის განაპირას დაიბეჭდა რუს. გაზ. „ქუთ. გუბ. უწყებებში“ 1889 წელს. ხოლო ჩემი ნაწერების სისტემატური ბეჭდვა დავიწყე 1892 წლიდან.
ამ წელს ჟურ. «Труды Кав. о-ва сел. х-ва»-ს №№1-2-ში დაიბეჭდა ზემოხსენებული პროფ. ვიალა-რავაზის მოხსენება ამერიკ. ვაზების შესახებ. იმავე წლის ბოლოს იმავე ჟურნალში (№11-12) დაიბეჭდა ჩემი საკმაოდ ვრცელი მოხსენება იმერეთში ფილოქსერის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ამერიკ. ვაზებით.
ჩემი ქართული ნაწერების ბეჭდვა დავიწყე 1893 წლიდან გაზ. „კვალში“. პროზას ვბეჭდავდი მეტწილად „ახალგაზრდა ქართველ“-ის ფსევდონიმით, ხოლო ლექსებს ვათავსებდი „სისინა მეჩონგურ“-ის ფსევდონიმით. პ-დ დაიბეჭდა აღნიშნულ გაზ. „კვალ“-ში (1893 წ. №№23-24) ჩემი საკმაოდ დიდი წერილი „ფიქრი კახეთზე“. ამ წერილმა თავის ფორმა-შინაარსით მაშინვე მიიპყრო ინტელიგენციისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ყურადღება. ზოგიერთებმა ზეპირათაც კი ისწავლეს იგი. იმ ხანად ი. ოცხელის მეზობლად ცხოვრობდა (ყოფ. ივანოვის ქუჩაზე, ქუთაისში) მეტად ნიჭიერი ახალგაზრდა იურისტი მიხ. ხელთუფლიშვილი. ამ პირს ადრევე ვყავდი ათვალისწუნებული ჩემგან გაუგებარ მიზეზის გამო. წაიკითხა თუ არა ეს ჩემი წერილი, მიირბინა თურმე ი. ოცხელთან და ეუბნევა: „აი, შესანიშნავი წერილი როგორც ფორმით, ისე შინაარსით! პირდაპირ აღმიტაცა ამ წერილმა! იოსებ, ნეტა ვინ არის ამის ავტორი?! ვინაა ეს „ახალგაზრდა ქართველი, თუ იციო?!“,„ეს გახლავთ, ჩემო მიშა, შენ მიერ გმობილი სიმონ ქვარიანი“,უპასუხა ი. ოცხელმა. „დაუჯერებელიაო“, გაიოცა თურმე პირველმა. „გინდ დაიჯერე, გინდ ნუ დაიჯერებ, შენი ნებაა, ეს კი სინამდვილეაო“.იყო ი. ოცხელის საბოლაო პასუხი. ეს დიალოგი შემდეგ გადმომცა თვით ი. ოცხელმა.
1894 წელს იმავე გაზ. „კვალში“ (№31) დაიბეჭდა ჩემი მეორე წერილი „მცირე ფიქრები“; იმავე წელს №33-შიზემოხსენებული ლექსი „ნეტარების მწირი“. აგრეთვე იმვე წელს №№50-52 და 95 წ. №1-შივრცელი წერილი „რაჭა“; 1896 წელს №48-შინეკროლოგი ნ. დადიანის შესახებ; 1897 წელს №1-ში„საახალწლო კრიმანჭული“ (იუმორისტული ლექსები, სხვა და სხვა მოღვაწეთა და ჟურნალ-გაზეთთა მიმართ მიძღვნილი); ამავე წელს №40-ში„ფილოქსერა და ამერიკ. ვაზის სანაშენონი“, აგრეთვე „ნავთის სამეფო“ (№№23-24) და სხვ.
ამავე ხანებში ვათავსებდი წერილებს გაზ. „მეურნე“-ში და გაზ. „Кав. сел. хоз-во-ში“. გაზ. მეურნე-ში მოვათავსე: ა) „რაგვარი ცოდნა უფრო გვეჭირვება ქართველებს“ (1897 წ. №11)ეს ნაშრომი თვით რედაქციამ გამოსცა ცალკე წიგნაკად. ბ) „საუკეთესო ამერიკული ვაზები და ჰიბრიდები“ (1898 წ. №6-7. ეს წერილი გამოვგზავნე საფრანგეთიდან). გაზ. «Кав. сел. хоз-во-ში» კი, მოვათავსე: ა) «По вопросу о борбе с филоксерой» (1895 წ., №91). ბ) «Виноградовсто и виноделия в Тиф. Уезде» (1895 წ. №№81, 83, 84). გ) «Новие обрезки виноград. Лозы» (გვ. 23) (1896 წ. №№123, 124) და სხვ.

სიმონ ქვარიანი
თბილისი, 1912 წელი
ფოტო: ბორის მიშჩენკო
ამავე 1896-97 წლებში ცალკე წიგნაკებად გამოვიდა ჩემი შემდეგი ნაშრომნი: ა) „ცაცინა“ (მოთხრობა), ბ) „ახალი საუკეთესო წესი ვენახების გაშენებისა საქართველოში“ (სურათებით), გ) „რაგვარი ცოდნა უფრო გვეჭირვება ქართველებს“.
ეჭვი არაა, ზემოხსენებულ წერილებს გარდა, აღნიშნულ გაზეთებში მოთავსებული მქონდა სხვა წერილებიც, მარა ყველას ჩამოთვლა აქ ზედმეტად მიმაჩნია.
ამ ხანაში ჩემი ნაწერების ლეიტ-მოტივი იყო ფილოქსერა და ამერიკ. ვაზები. ამის შესახებ პოლემიკაც მქონდა აგრ. გეევსკი-სტაროსელსკისთან, რომლებიც პირველ ხანებში წინააღმდეგი იყვნენ ამერიკ. ვაზებისა. ვგონებ, 1894 წელს ამათ მოიწვიეს ჩვენში ევროპიდან ორი გამოჩენილი მეცნიერი, სულფურისტები1 მარიონი და ჰორვატი (მათ ჩამოყვენ ოდესიდან ორი ცნობილი პროფესორი პორჩინსკი და პ. მელიქიშვილი) და მოაწყვეს თათბირი ტფილისში ფილოქსერის შესახებ. ამ ცნობილმა მეცნიერებმა ის დასკვნა გამოიტანეს, რომ, ვინაიდან მცირე შემოსავლიანობის გამო, ფილოქსერით დაავადებულ დას. საქართველოს ვენახების სისტემიური წამლობა გოგირდოვან ნახშირბადით ყოვლად შეუძლებელია, ამიტომ უნდა მოისპოს დას. საქართველოს დაავად. ვენახები (ამრიგად, მთლიანად მევენახეობა-მეღვინეობა) და მათ ნაცვლად უნდა გაშენდეს გვირილა ბალახი და „კაპერტი“- ო (პირველიდან აკეთებენ ეგრედ წოდებულ სპარსულ ფხვნილს რწყილ-ბაღლინჯოთა წინააღმდეგ, ხოლო მეორედან პიკულების წნილს).
აი, რა აბსურდამდე მივიდენ ეს ცნობილი მეცნიერები! მათი ასეთი უცნაური დასკვნა მასხარად აიგდო ჩვენმა განთქმულმა პუბლიცისტმან. ნიკოლაძემ თავის გაზ. «Новое обозрение»-ში და მეც სასტიკად გავკიცხე ეს მათი დასკვნა ერთ მწვავე წერილში (სამწუხაროდ, არ მაგონდება, რომელ გაზეთში დავბეჭდე იგი).
ამ ამბებს მიაქცია ყურადღება რუსეთის მიწათმოქმედობის მინისტრმა, ფხიზელმა და განათლებულმა ერმოლოვმა და, ვგონებ, 1895 წელს ჩამოვიდა ტფილისში. აქ მოეწყო დიდი თათბირი. მინისტრ ერმოლოვს ვრცელი მოხსენებით წარუდგა ფილოქსერის კომიტეტის თავმჯდომარე და სას. მეურნეობის ინსპექტორიაგრ. გეევსკი. მინისტრმა მოისმინა ეს ვრცელი მოხსენება და გაუკეთა შემდეგი დასკვნა: „ამ რიგად, ბატონებო, ამ 5-6 წლის განმავლობაში თქვენ ტყვილ-უბრალოდ დაგიხარჯავთ ერთი მილიონი მანეთი (ოქროდ) და მიგიყვანიათ მთელი ქუთაისის გუბერნია სრულ დაღუპვამდე“. ეს იყო საშინელი პანღური და ყბაში სილა ამ ვაჟბატონების მიმართ. მინისტრმა მოახდინა განკარგულება, რომ ახლავე შედგომოდენ მედგრად ამერიკ. ვაზებისა და მათზე ადგილობრივ ჯიშთა ნამყენობის კულტურას და ამ კულტურის ფართოდ გავრცელებას ხალხში.
ამ რიგად, 3-4 წლის ბრძოლის შემდეგ სავსებით გაიმარჯვა ჩემა აზრმა ამერიკ. ვაზების შესახებ. ეს ჩემი გამარჯვება აღნიშნა პრესაში აგრ. ვერმიშევმა (შემდეგში ის აირჩიეს ტფილისში ქალაქის თავად) და თანაც მომმართა ქუთაისში მოლოცვის ბარათით.
ამ დღიდან გადარჩა სრულ განადგურებას საქართველო-კავკასიისა და ყირიმ-ბესარაბიის სავენახე რაიონები. ამ დღიდან ამ ქვეყნების მევენახეობა-მეღვინეობაში დადგა ახალი ხანა. ეს ხანა კი წარმოშვა ამერიკულ ვაზებისა და მათზე ნამყენების კულტურამ.
მინისტრის განკარგულების ცხოვრებაში გატარებას მოუნდა კიდევ რამდენიმე წელიწადი. საფილოქსერო კომიტეტი მიდიოდა ისევ თავის ბიუროკრატიული გზით და არ ჩქარობდა, შემოეღო ამერიკ. ვაზების და ნამყენის კულტურა. ვინაიდან ამერიკ. ჯიშები თხოულობენ სხვა და სხვა მიწას, ამიტომ საჭიროაო, მოვახდინოთ გეოლოგიური გამოკვლევები, შევისწავლოთ ამერიკ. ჯიშების ადაპტაციის კანონები (რაც იყო უკვე შესწავლილი საფრანგეთში) და შემდეგ შევუდგეთ საქმესაო. ეს კი მოითხოვდა ათეულ წლებს და ამ ხნის მანძილზე ფილოქსერა უკვე მოსპობდა მთლიანად დას. საქართველოს ვენახებს და მით ადგილობრივ ჯიშებს. საფილოქსერო კომიტეტის ასეთმა ლტოლვამ გამოიწვია ჩემი მხრით ზემოხსენებული მწვავე წერილი: «По вопросу о борьбе с филоксерой» მოთავსებული «Кав. сел. хоз-во»-ში 1895 წ. №91-ში, რომელშიც გადაჭრით ვთხოულობდი ახლავე შესდგომოდენ საქმეს.
______________
1. ქიმიური გოგირდოვანი ნახშირბადის გამოყენების მომხრეები.
![]() |
15 XIII. რკ. გზის სამსახურში |
▲ზევით დაბრუნება |
1894 წელს შემოდგომაზე ჩვენი ოჯახის სიძედ შემოვიდა პოეტი ცახელი (პ. თვალჭრელიძე). მან შეირთო ცოლად ჩემი უმცროსი და ლიუბა. სამწუხაროდ, ეს პირი აღმოჩნდა საკმაოდ ცრუ, ბოროტი, მლიქვნელი და ზარმაცი ადამიანი (ეს თვისებანი შემდეგ შევამჩნიეთ). ეს მუქთახორა, უსაქმური არსება დააწვა ჩვენს ოჯახს სარჩენად თითქმის 8 თვის განმავლობაში და დიდად შეაწუხა იგი; შემდეგ კი, დამაწვა მე ორი წლის მანძილზე თავის ცოლ-შვილით.
ეს ცახელი ადრევე რაღაცნაირად შემოძვრა ჩვენს ქუთ. არსებულ პედაგოგიურ წრეში, მეტად დამიახლოვდა და დამიმეგობრდა კიდეც. გაიცნო ჩემი ოჯახი და შეიქნა ჩვენი ხშირი სტუმარი. იმ ზაფხულს მიმიწვია ორი კვირით თავის სოფ. ცახში (რაჭაში) და მცა გვარიანი პატივი.

პარმენ ცახელი
(თვალჭრელიძე)
1900-იანი წლები
ცხოვრების მწარე სინამდვილემ დამარწმუნა, რომ თვით მე უნდა შევქმნილიყავ ჩემი თავის პატრონი, უნდა შევსულიყავ რაიმე სამსახურში და მომეგროვებია ფული ევროპაში წასასვლელად. ამ მიზნით, 1895 წ. შუა გაზაფხულში წაველ ტფილისში და ბინად ჩამოვხტი ჩემს მეგობარ ს. ოცხელთან. მასთან იდგა ერთი ქუთათური სიმპატიური ახალგაზრდა ლ. ანდრონიკაშივილი, რომელიც მსახურობდა ტფ. რკ. გზის სამართველოში. მან საიდუმლოდ გადმომცა, რომ აღნიშნულ გამგეობაში (მატერიალურ დარგში) არის მოანგარიშის ალაგი, თვეში 40 მან. ჯამაგირით. მაშინვე გავაშანშალე თხოვნა და მეორე დილით წარვუდეგ მატერ. დარგის უფროს ინჟ. ლენჩევსკის. ეს მეტად მაღალი გამხდარი კაცი დამიხვდა სავარძელში ჩამჯდარი, ამრეზით მიიღო ჩემი თხოვნა და გადაათვალიერა, შემდეგ მკითხა:ვინ ხარ და სადაური?ქართველი, ქუთაისიდან,იყო ჩემი პასუხი. ქართველის გაგონებაზე საშინლად დაიღმიჭა და მომახალა: „არაა თავისუფალი ალაგი!“„ნამდვილად ვიცი, რომ არის მოანგირიშის ალაგი და გთხოვთ, მიმიღოთ“. - „ჰოო, კარგი ინფორმატორი გყოლებიათ! დიახ, არის, მაგრამ ასი თხოვნაა შემოტანილი!“ - „ათასიც რომ იყოს, მე უნდა მომცეთ ეგ ადგილი“. - „ვითომ რატომაო! თქვენ რა წითელი კვერცხი ხართ!“ - წამოიძახა გაოცებით და წამოეყუდა ზეზე. „იმიტომ, რომ ქართველი ვარ! დიახ, ქართველი! ამას მოითხოვს უზენაესი სამართლიანობა. ეს თქვენი რკ. გზა არსებობს უმთავრესად საქართველოს ტერიტორიაზე, თქვენ ამ გზიდან იღებთ მოგებას ყოველ წლივ 15 მილიონ მანეთამდე და ამ სამართველოში მოხელეთა შორის 5%25-იც კი არაა ქართველები, დანარჩენები არიან უცხო ტომისანი: რუსები, სომხები და სხ., ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს, რომ მე მომეცეს ეგ პაწია სამსახური, დიახ, მე ქართველ სტუდენტს, რომელსაც სწადია აგრონომიული ცოდნის მიღება ევროპაში და არ აქვს სახსარი, რომ წავიდეს“... - მივახალე ეს სიტყვები აღელვებით ამ აყლაყუდა არსებას. გავიფიქრე: „სულ ერთია, ხომ უარს მეუბნევა და ერთ მაინც ამოვიოხებ გულს მეთქი“.
ლენჩევსკიმ დამაჭყიტა თავის ჭროღა თვალები, ამხედ-დამხედა 2-3-ჯერ გაოცებული სახით და წამოიძახა: „კარგი, ეგ ადგილი თქვენია, ხვალიდანვე შეუდეგით მუშაობას!“ - და ჩემს თხოვნაზე წააწერა სათანადო დასკვნა. თავი დავუკარ მადლობის ნიშნად და გამოველ მის სენაკიდან. ამ რიგად გასჭრა ჩემა „თავხედობამ“; მეორე დღიდან შევუდეგ სამსახურს. ამ ჩემა ამბავმა ბევრი აცინა ჩემი ნაცნობ-მეგობრები.
- თურმე გადაჭარბებული სითამამეც საჭირო ყოფილა ხანდახან. - სიცილით ამბობდენ ისინი.
აი, ასე ბრძოლით გამოვგლიჯე რუს-ბიუროკრატსა და ქართველთა მოძულეს ეს საცოდავი 4 თუმნიანი მოანგარიშის ალაგი და შევუდეგ ბეჯითად სამსახურს. ჩემს უშუალო უფროსად იყო რუსი აკიმოვი, მეტად წყნარი, პატიოსანი და ზრდილობიანი პიროვნება, ხოლო თვით ინჟ. ლენჩევსკის მოადგილედძველი რევოლუციონერი ალ. ბეგ. ევანგულოვი, მეტად განათლებული კაცი, ტომით სომეხი. ეს ევანგულოვი ადრევე გავიცან კავ. იმპ. სას. სამ. საზოგადოებაში, სადაც ის იყო უჯამაგირო ხაზინდრათ და, როგორც შევატყვე, იამა ჩემი მიღება სამსახურში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთის მეფის მთავრობას ჰქონდა ერთი გონივრული წესი! „არასაიმედო“ რევოლუციონურ ელემენტებს, რომელთა შორის დიდი უმეტესობა იყო ნიჭიერი, პატიოსანი და განათლებული, აძლევდენ სამსახურს რკ. გზებზე, რადგან ეს გზები ითვლებოდა კერძო დაწესებულებებად და ამ სახით იჭერდენ ორ კურდღელს: ერთი მხრით, ლუკმას უჩენდენ და მით მეტწილად აჩუმებდენ ამ „სახიფათო“ ელემენტებს, ხოლო მეორე მხრით, იძენდენ მცოდნე, პატიოსან, უანგარო და ბეჯით მუშაკებს. ამ რიგად, ტფ. რკ. გზის სამართველოშიაც ბლომად იყვნენ ასეთი „არასაიმედო“ პირები და მათ შორის ალ. ევანგულოვიც.
2 თვის შემდეგ სამტრედიაში განთავისუფლდა მატერ. დარგის კანტორისა და საწყობის გამგის ალაგი 100 მანეთის ჯამაგირით. ამ ადგილზე კი ევანგულოვმა დამნიშნა მე. ამ სახით 4 თუმნის მაგივრად უნდა მიმეღო თვეში 10 თუმანი, თანაც უფასო სახაზინო ბინა 3 ოთახისაგან შემდგარი, უფასო გათბობა და განათება; მოსამსახურე (კანტ. დარაჯი) და მეორე კლასის უფასო ბილეთი. ამასთანავე, უმცროსიდან გადავიქეც უფროსად, რადგან ჩემს განკარგულებაში იყო მთელი შტატი. სიამოვნებით მივიღე ეს დაწინაურება და გადავუხადე ალ. ევანგულოვს დიდი მადლობა.
მაგრამ, სანამ გადავიდოდი სამტრედიაში, შემემთხვა ერთი კურიოზი: ორი დღით დავეთხოვე ჩემს უშუალო უფროსსაკიმოვს და წაველ ქუთაისში მშობლების სანახავად. გაჩერდა თუ არა მატარებელი რიონის სადგურზე და ჩამოვხტი თუ არა ვაგონიდან, დავინახე, რომ სადგურის ბაქანზე დგას არხეინად ჩემი უფროსი აკიმოვი და ებაასება ვიღაც ქართველ ახალგაზრდას. ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი. მე ის დავტოვე ტფილისში. ახლა კი, რაღაც სასწაულით გამჩდარა ჩემზე ადრე რიონის სადგურზე და ესაუბრება ვიღაცას. ნაშუადღევის 4 საათი იყო, ზაფხულის ხასხასა მზე, უხვი სინათლე და ეს აკიმოვი იდგა ჩემგან 4 ნაბიჯის მანძილზე იმავე სახით, იმავე ქუდით და გალსტუკით, რაც ეცვა-ეხურა გუშინ. აშკარაა, ეს იყო ჩემი უფროსი აკიმოვი. ნელა ჩავუარე გვერდით, ჩემ ყურს მოწვდა მისი ხმა. გავუღიმე, მან ყურადღებაც არ მომაქცია და განაგრძო იმ პირთან საუბარი. ჩამოუარე ისევ, კვლავ შევხედე და გავუღიმე. არავითარი ყურადღება. რა ვქნა! რაშია საქმე! ჩვენებაა თუ სიცხადე?! ეს ხომ აკიმოვია, ჩემი უფროსი! ვუღიმი, მხედავს და თითქო ვერ მცნობს, არ მაქცევს ყურადღებას... რა მოხდა?! ან როგორ გაჩნდა აქ ჩემზე ადრე?! რომელი მატარებლით ჩამოვიდა?!
ამ ფიქრში რომ ვიყავ, დავინახეის ახალგაზრდა მოშორდა მას, მაშინვე დავედევნე ამ ჭაბუკს, შევაჩერე და ვკითხე: „მითხარით, გეთაყვა, ის ხომ აკიმოვია, ამ წუთას რომ ესაუბრებოდით?“ „დიახ, აკიმოვია“, - იყო პასუხი. „მერე აქ როგორ გაჩნდა ჩემზე ადრე?! გუშინ ტფილისში დავტოვე, ჩემი უფროსია რკ. გზის სამართველოში. მასთან ვეღარც კი მიცნო! რა ღმერთი გაუწყრა!“ ჩემმა მოსაუბრემ გადიხარხარა მადიანად და მიპასუხა: „ახ, თქვენ ეგ ტფილისელი აკიმოვი გგონიათ, პავლე ივანეს ძე?! არა, ეგ მისი ძმაა, ნიკოლოზ ივანის ძე. ტყუპები არიან და საოცრად გვანან ერთი მეორეს სახით, ტანადობით, ხმით და ხასიათითაც კიერთრიგად იცმენ და ერთად რო ნახოთ, სრულიად ვერ გაარჩევთ ერთმანეთში. ხშირად მათი ცოლებიც კი ცდებიან და ვერ არჩევენ“. - მითხრა ღიმილით. ორივე რკ. გზაზე მსახურობენ მატერ. დარგში, ხოლო პავლე ტფილისშია, ეს კი იმავე დარგის რევიზორია ქუთაის-ბათომ-ფოთის უბანზე. ცოლებშიაც კი ერთგვარი ბედი აქვთ; ორთავეს ანჩხლი, კაპასი და ეჭვიანი ცოლები ჰყავთ...
ამასობაში დარეკეს მესამე ზარი, ამ ახალგაზრდამ დამიკრა თავი და შევიდა ვაგონში, მას შეყვა აკიმოვიც. მატარებელი დაიძრა ბათომისაკენ. მცირე ხანს შემდეგ ჩამოდგა ჩვენი მატარებელიც და წაგვიყვანა ქუთაისში. მას შემდეგ ვნახე და გავიცან რამდენიმე ტყუპები, მაგ., დები დიდიას ქალები, ძმანი ჯაფარიძენი და სხ., მაგრამ ისეთი უცნაური მსგავსება, რაც ჰქონდათ აკიმოვებს ურთიერთ შორის, არსად მინახავს.
ერთი კვირის შემდეგ გადაველ სამტრედიაში და შევუდეგ ახალ სამსახურს. იქ გავიცან და დავუახლოვდი რამდენიმე სიმპატიურ პირს, მათ შორის, კ. შენგელაიას, ჩვენი ცნობილი ბელეტრისტის დემნა შენგელაიას მამას. ეს სახელიც ჩემი მიზეზით დაერქვა მას. იმ ხანად გატაცებული ვიყავ მე-12-ე საუკუნის უცხო რაინდისდემნა ბატონიშვილის ტრაგიული ბედით. ჩემი გამოკვლევით, ამ პირსა და მის ბიძაშვილ თამარს (შემდეგ დიდ თამარ მეფეს) უზენაესად უყვარდათ ერთმანეთი, ეს მათი სიყვარული გაიგო ბიძამ, გიორგი მესამემ (თამარის მამამ) და სასტიკად დასაჯა თავის ძმისწული, ტახტის მემკვიდრე დემნა და მასთან ერთად ამოწყვიტა სრულიად ორბელიანთა გვარი (ემხრობოდენ დემნას შეთქმულებაში). გადარჩა შემთხვევით მხოლოდ ერთი ორბელიანი (ისტორიკოს სტეფანოზის მამა), რომელიც იმ დროს იყო ელჩად გაგზავნილი სპარსეთში. თვით შვენიერი ჭაბუკი დემნა მხეცმა ბიძამ ჯერ დაასაჭურისა (მგონი, მოჰკვეთა ასოც), შემდეგ დასწვა თვალები და ამ საშინელი წამებით იგი მიიცვალა კლდეკარის ციხეში. აი, ეს ამბავი მოვუყევი კ. შენგელაიას და უბედურ დემნას პიროვნებამ ისე გაიტაცა იგი, რომ თავის ახლად დაბადებულ ვაჟს დაარქვა დემნა.
დემნა-თამარის ტრაგიულ რომანისა და „ვეფხის ტყაოსნის“ შესახებ რამდენიმე წლის შემდეგ დავწერე ვრცელი გამოკვლევა სათაურით: „შოთა რუსთველი და მისი პოემა“, რომელიც 1903 წელს დაიბეჭდა ჟურ. „მოამბე“-ში, ხოლო ცალკე წიგნად გამოსცა იგი სერ. გერსამიამ 1914 წელს.
სამტრედიაში დამიხშირა ბარათები და ფულის თხოვნა ჩემა სიძემპ. ცახელმა, რომელსაც მოუხდა უსიამოვნება ჩემს მშობლებთან (მობეზრდათ მისი რჩენა 8 თვის მანძილზე) და ცხოვრობდა ცალკე ბინაზე მეტად ხელვიწროდ, რადგან არ იყო არავითარ სამსახურში. ამ რიგად იგი თავის ცოლ-შვილით მთლიანად დამაწვა სარჩენად. ჩემი ჯამაგირიდან 7 თუმნამდე თვეში უნდებოდა მას, მე კი, ვკმაყოფილდებოდი მხოლოდ 3 თუმნით. უფრო რომ ჩავებღუჯე ხელში, ამ ქლესა პიროვნებამ მიმართა სამარცხვინო ხერხს: ადრევე ფრიად ოსტატურად დასთესა უკმაყოფილება მე და ჩემს მშობლებს შორის. ამ სახით და თანაც ტკბილი სიტყვებით ჩამიგდო ხელში და მაქცია მაწველ ფურად. მე კი ისეთი მიამიტი ვიყავ და უსუსური ცხოვრებაში, რომ სრულებით ვენდვე მას და მის დაპირებებს. ის იყო სიძე და მეგობარი (ხნით ბევრად უფროსი ჩემზე), მეგობრობა კი მწამდა ისე, როგორც ძველად, რუსთველის ავთანდილს. ამ სახით ორი წლის მანძილზე შევიქენ ამ გაიძვერა პირის სხვერპლი და მაწველი ფური1.
სამტრედიაში დავრჩი თითქმის 7 თვეს. ჩემსობას შეიქნა დას. საქართველოში მეტად დიდ თოვლიანი ზამთარი, რასაც მოჰყვა უმაგალითო წყალდიდობა. ამან კი დაანგრია და წალეკა მდ. რიონზე რკ. გზის ხიდები, რომელთა ხელახლა აგებამ გამოიწვია მთელ რკ. გზის ლიანდაგზე ინტესიური მუშაობა, კერძოთ, ჩემს საწყობ-კანტორასაც დააწვა დიდი შრომა.
ზამთარია, საშინელი ყინვა-სიცივე, უკვე ღამეა. მე უზივარ ჩემს თბილ ოთახში სუფრას და ვსვამ ჩაის, ამ დროს მესმის კარის კაკუნი. ვუღებ კარებს და შემოდის ოთახში რევიზორი აკიმოვი, რომელიც კარგად გავიცან სამტრედიაში ყოფნის დროს. მივესალმეთ ერთმანეთს და მივიწვიე სუფრაზე. ამ დროს ყუმბარასავით შემოვარდა ოთახში ვიღაც უსიამოვნო სახის სუფთად ჩაცმული ქალი, ეძგერა ამ ჩემს სტუმარს და სამჯერ ზედიზედ სტკიცა ყბაში სილა სათანადო ლანძღვა-გინებით. მე გავშეშდი ამ უცნაური სანახაობით; არ ვიცოდი, რა მექნა. ჩემი სტუმარი კი ამშვიდებდა ამ გააფთრებულ დიაცს და ეფიცებოდა წყნარად რაღაცებს. მკითხველი უკვე ხვდება, რომ ეს არჯალი რუსის დედაკაცი იყო ამ წყნარი და პატიოსანი აკიმოვის მეუღლე. ამგვარივე საქმე დამართა მეორე ძმას ტფილისში ჩემსობას მისმა მეუღლემ: შემოუვარდა ქმარს თვით სამართველოში და მოსამსახურეთა თვალწინ გაარტყა ყბაში სილა, როცა იგი ერთ ლამაზ მოხელე ქალს უხსნიდა რაღაცას. ასე მოხდა აქაც, როგორც გამოირკვა, უცნაური დიაცი ეჭვიანობდა ქმარს ვიღაც ლამაზ ტელეგრაფისტ ქალზე, რომელიც მსახურებდა ქუთაისში რკ. გზის სადგურზე. ამ საღამოს, როცა ქმარი მოდიოდა ჩემთან საქმეების გამო, ეჭვიანმა ცოლმა დაინახა ფანჯრიდან (ამათი ბინა იყო იქვე სადგურთან), რომ ის ლამაზი ქალიც გამოვიდა ბაქანზე და ჯდება ვაგონში. ამას მაშინვე დაებადა ეჭვი თავის ქმარზე, მოისხა პალტო, ჩაჯდა სხვა ვაგონში და ჩუმად გამოედევნა ამათ. სად. სამტრედიაში თვალი მოჰკრა თავის ქმარს, როცა ის გადმოხტა ვაგონიდან და წამოვიდა ჩემკენ. ეჭვიანი ცოლიც ფეხდაფეხ დაედევნა მას. ის ტელეგრაფისტი ქალი კი წასულა თურმე ბათომში თავის მშობლების სანახავად. ამ რიგად, უმსგავსო ცოლის უნიადაგო ეჭვებმა გამოიწვია ამ სრულიად უმანკო ადამიანის, ე.ი. აკიმოვის უდანაშაულო შეურაცხყოფა და შერცხვენა ჩემს წინაშე. როგორც იქნა, დავამშვიდე გამხეცებული დიაცი, შევარიგე ცოლ-ქმარი, ვასაუზმე კარგად და მოვასვენე ორთავე ცალკე ოთახში. მეორე დღეს კი, გავისტუმრე ქუთაისში.
________________
1. ლათინური ანდაზაა: „დე მორტუის აუტ ბენე, აუტ ნიჰილ“ (ე.ი. მიცვალებულზე ან კარგი სთქვი, ან სულ არაფერიო, მარა პ. ცახელმა იმდენი ცუდი რამ ჩაიდინა პირადათ ჩემდა მიმართ, რომ არ შემიძლია, გავჩუმდე და მკრთალი ფერადებით მაინც ავსახო. მე ვწერ სინამდვილეს, ჩემს თავგადასავლს, ინდივიდის მოკლე ისტორიას, ამიტომ არ შემიძლია, სიჩუმით ავუარო გვერდი პოეტ ცახელს, რომელმაც იმდენი შხამი მაგემა ნიშნად მადლობისა... (ავტორი).
![]() |
16 XIV. მამულის შეძენა და ცახელის ოინები |
▲ზევით დაბრუნება |
იმ გაზაფხულს (1896 წ.) ალ. ევანგულოვმა გადმომიყვანა ისევ ტფილისში მთავარ საწყობის რევიზორად ასი მანეთის ჯამაგირით. ხოლო სამტრედიაში ყოფნის დროს 7 თვის განმავლობაში რკ. გზის სამართველოს მივეცი 37 ათასი მანეთის ეკონომია, ე.ი. ვიყაირათე და დავზოგე აღნიშნული ჯამის მასალა, რაზედაც მივიღე მადლობა.
გადმოველ თუ არა ტფილისში, შევუდეგ ორ პირთან ერთად მატერ. დარგის მთავარ საწყობის რევიზიას, სადაც პირადათ მე აღმოვაჩინე დავთრებში გაუტარებელი მეარტელეთა მიერ გადამალული საქონელი, ღირებული 100 ათას მანეთამდე. ამავე დროს ჩემს ბინაზე (მეკავა ერთი ოთახი) უფასოდ დავუთმე ორ ხელვიწრო მოწაფეს (უფროს კლასელებს). ერთ დღეს ეს ორი ახალგაზრდა მეუბნება, რომ გზაში შევხვდით ერთ ჩვენს ძველს ამხანაგს, მელიტონ ქარცივაძეს, რომელმაც ამ 5 წლის წინ სცემა მასწავლებელს კლასში, გადახტა ფანჯრიდან, ვერავინ დაეწია, იმ დღესვე გაიპარა გურიაში მშობლებთან, იქიდან კი გავარდა ოსმალეთშიო. ახლა კი, ჩამოსულა აქ თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული, აპირობს მოსკოვში წასვლას და იქ სამხედრო სამსახურში შესვლასაო. მაგრამ ეს ახალგაზრდა ისეთია, რომ ღვთის წყალობა ღვთის რისხვად მიაჩნია და შეუძლებელია, კაზარმულ დისციპლინას დაემორჩილოსაო, ან მოკლავს ვისმეს ან თვით მაგას მოკლავენო, ამიტომ გთხოვთ, ურჩიოთ, დაანებოს თავი სამხედრო სამსახურს და სხვა რაიმე სპეციალობას მოჰკიდოს ხელიო.
დამაინტერესა ამ ახალგაზრდას ბედმა და ვუთხარ, მოეყვანათ ჩემთან. მეორე დღეს შემოიყვანეს და გამაცვნეს ჩოხაში გამოწყობილი, შეიარაღებული, წარმოსადეგი და მოხდენილი 19 წლის ჭაბუკი ამაყი, ნიჭიერი სახისა და შევარდნის თვალებიანი. ტანზე ზარბაზნის მეტი ყველაფერი ეკიდა. დავსხედით და შევუდექით საუბარს. მე ფრთხილად გავუტარე აგრონომიული ცოდნის დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისათვის, ამავე დროს დავგმე სამხედრო სამსახური. ჩოხიანი ჭაბუკი მისმენდა დინჯად და თითქმის არ იღებდა ხმას. სახეზე ემჩნეოდა რაღაც სევდა და კაეშანი.
მეორე დღეს მომდის მისგან ვრცელი ბარათი, რომლითაც მაგებინებს, რომ სავსებით ეთანხმება ჩემს აზრს, მთხოვს, მივიღო მოწაფედ, მოვამზადო და წავიყვანო ევროპაში. მეტი ჯანი არ იყო, უნდა ამეყვანა მოწაფედ, თანაც უნდა მიმეცა ბინა, კუთხე ჩემს ოთახში, რადგან არ ჰქონდა ბინა. იმ საღამოსვე დავადგმოვინე მეოთხე ტახტი ჩემს ოთახში და გადმოვიყვანე.
მეორე დღეს ეს ყმაწვილი მეუბნება, რომ ამ 2-3 კვირის წინ ქვივრმა დედამ, მისივე თხოვნით, გაჰყიდა სოფ. გურიანთაში 200 თუმნად დიდი ნაკვეთი ადგილი, ეს ფული მთლიანად მისცა მას, რათა წასულიყო მოსკოვში და იქ შესულიყო სამხედრო სასწავლებელში. მაგრამ, საუბედუროდ, ეს ფული მთლიანად გამოლალეს ბათომში გურულმა „მუსიკანტებმა“, რომლებიც აპირებდენ წასვლას ქ. ნიჟნი ნოვგოროდის დიდ ბაზრობაზე. გამოეწყვენ ყველანი ამ მ. ქარცივაძის ხარჯზე ახალი ტან-ფეხით (ჩაქერათი1). ამათ თან უნდა წაეყვანათ ეს ყმაწვილი კაცი, იქ აღებული ფულით უნდა დაეკმაყოფილებიათ მთლიანად და გაეშვათ მოსკოვში. მაგრამ ეს დაპირება აღმოჩნდა ენუქას ანდერძი. ეს მისი „მეგობრები“ („მუსიკანტები“) გაჰპარვია ღამით, წამოსულან ტფილისში და იჩენენ თავიანთ ხელობას მუშტაიდთან არსებულ გორგიჯანოვის ბაღში. ასეთ ღალატს საშინლად გაუბრაზებია ეს ჭაბუკი, გამოდევნებია ტფილისში, უნახავს ისინი მართლაც აღნიშნულ ბაღში საღამოს, უკრავდენ თურმე არხეინად მუსიკას, მაშინვე უძვრია ხმალი და გამოდევნებია მოსაკლავად. იმათ კი, დაუყრიათ იქვე თავიანთ საკრავნი და გადაცვენილან თავზარდაცემულნი. აუარება მოსეირნეთა შორის შექნილა წივილ-კივილი. საქმეში ჩარეულა პოლიცია. ახლა კი, ამ მარცხის შემდეგ შინ მისასვლელი პირი აღარ მაქვსო, ვერც მოსკოვში მივდივარ უფულობის გამო, ჯიბაში მხოლოდ 3 მანეთიღა შემრჩა. ახლა ან უნდა მიპატრონოთ თქვენ, ან ყაჩაღად უნდა გადავარდეო. უკვე გავაბი კავშირი ყაჩაღ მიქელეიშვილთან, სხვა გზა აღარ დამრჩენიაო. მარა ისე არ წავალ აქედან, რომ ორი მაინც არ მოვკლა იმ ყაზილარებში, რომლებმაც ასე მიღალატეს და დამღუპესო (სახეში ჰყავდა „მუსიკანტები“).
მეტად შემაწუხა და ჩამაფიქრა ამ ყმაწვილი კაცის აღსარებამ. რა უნდა მექნა! ხელის კვრა აღარ შეიძლებოდა. უსათუოდ გადავარდებოდა ყაჩაღად და დაიღუპებოდა სულიან-ხორციანად. ცარიზმის ადმინისტრაციის მეოხებით გურიაში იმ ხანად მეტად გავრცელდა ყაჩაღობა. მათში ყველაზე უფრო განთქმული იყვნენ: მეხუზლა, დარჩია, დათუნაიშვილი და მიქელეიშვილი.
ვიდეგ მდუმარედ ჩაფიქრებული. იგი შემომცქეროდა თვალებში და გულის ფანცქალით ელოდა თავის განაჩენს. ბოლოს ავწიე თავი და ვუთხარ: „ვერ ჰგკრავ ხელს, ჩემო მელიტონ! შოთა ბრძანებს: „ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“. შენ დღეს გიჭირს და ჩემი მოვალეობაა, დაგეხმარო როგორც ქართველმა, როგორც ადამიანმა...“
იგი ხურვალედ ჩამეკრა გულში და გადმოცვინდა ცრემლები. იმ დღიდან მე შევიქენ ამ ჭაბუკის თავდადებული ოსტატი, ის კი შეიქნა ჩემი ბეჯითი მოწაფე. ამ დღიდან დამაწვა სარჩენად ეს პირიც. რჩევა-დარიგებით ჩამოვხსენი მას დამბაჩა და ხმალ-ხანჯალი, გავხადე მოწკეპილი წუღა-მესტები და ჩოხა-ახალოხი, ჩავაცვი წაღები და უბრალო ხალათი; ამრიგად დავამსგავსე მოწაფეს, თანაც მოვაშლევინე თამბაქოს წევა. ამავე დროს მოვიხმარე ჩემი პედაგოგიური ცოდნა-გამოცდილება და ლექციური მეთოდით თან და თან აღუძარ ინტერესი და შევაყვარე სწავლა-განათლება. პირველად გავაცანი ჩვენი მწერლობა და ქართველი ერის ისტორია, მივეცი ხელში ადვილად საკითხავი და ადვილ გასაგები წიგნები. შემდეგ კი, გადვედით ნელ- ნელა უფრო რთულ საგნებზე.
5 წლის წინათ ეს ყმაწვილი კაცი მოწყდა სწავლას და გადავარდა უკულტურო ოსმალეთში (ტრაბიზონის ვილაიეთში); ხუთი წლის მანძილზე წიგნისა და კალმის ნაცვლად მას ეკავა ხელში თოფი, დამბაჩა, ხმალი და ხანჯალი. ამ ხნის განმავლობაში მას თითქმის დაავიწყდა ის ნაფლეთებიც კი, რაც შეიძინა ქუთაისში რეალურ სასწავლებელში მესამე კლასამდე, და ოცნებობდა სადმე ტყეში ყაჩაღად გავარდნაზე. ასეთი ადამიანის მორჯულება, მოწაფედ ქცევა და სწავლის შეყვარება, დამეთანხმებით, არ იყო ადვილი საქმე. და ეს მძიმე დავალება შევასრულე პირნათლად. მას აღვუძარ ინტერესი წიგნისადმი, შევაყვარე და გავუადვილე სწავლა, დანარჩენი კი დაამთავრა მისმა ნიჭმა, შრომამ და ბეჯითობამ.
იგი შეუდგა სწავლას გულმოდგინედ და დაეწაფა მას, როგორც უდაბნოს მწყურვალი ცივს, ანკარო წყაროს. დღე და ღამ სწერდა და კითხულობდა, ვეღარ ვგლეჯდი წიგნიდან და 7-8 თვეში იმდენი ცოდნა შეირჩინა, რაც უდრიდა რეალურ სასწავლებლის მეექსვე კლასს, ქართულ ისტორია-ლიტერატურაში კი, არ ჰყავდა ბადალი მოწაფეთა შორის, სწავლობდა აგრეთვე ფრანგულს, რადგან აპირობდა ჩემთან ერთად წამოსვლას საფრანგეთში. ამ ყმაწვილი კაცის ერთად- ერთ გართობას შეადგენდა ორიოდ საათით სუფთა ჰაერზე გასეირნება და ხანდახან ქართული თეატრი. მოკლე დროში ისე შეიცვალა იგი სულიერად და გარეგნობით, რომ ახლო ნაცნობ- ნათესავებიც კი ვეღარ ცნობილობდენ.
ისე გავიდა პირველი სამი თვე, რომ მისმა დედამ და ძმებმა არ იცოდენ, თუ სად იყო, ან რა შეემთხვა ამ ჭაბუკს. თურმე სირცხვილით არაფერს სწერდა მათ. ბოლოს გაეგოთ, რომ ტფილისშია და წამოსულიყო მის საძებნად უფროსი ძმა სამსონი. ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდენ ერთმანეთს. ამან თვალი აარიდა, მაგრამ უფროსმა ძმამ იცნო იგი, სტაცა ხელი და ეუბნება: „მელიტონი ხარ შენ?! აგი და რომელმა მადლიანმა გამოგცვალა ამ ფერად! წამიყვანე ერთი მასთან, რომ თაყვანი ვცე. იგი კაცი კი არა, ქრისტე ყოფილა, ქრისტე, შე რო ადამიანად უქცევიხარ!“
მელიტონმა მოიყვანა იგი და გამაცნო. ამ უფროსმა ძმამ მიძღვნა უამრავი მადლობა ჩვეულებრივ ქათინაურებთან ერთად, თანაც დაუმატა უხვი დაპირებანი, რომელთა შორის ერთიც არ შესრულებულა. ხოლო თვით მელიტონმა ადრევე მომიყვანა მოწაფედ შეძლებულ მოიჯარადრის ლ. ურუშაძის ვაჟი, 17 წლის სერგო, - ამ ჟამად ინჟინერ-გეოლოგი. იგი მივიღე სრულ პანსიონზე 40 მანეთად თვეში. ამ ფულში შედიოდა მისი მომზადება ევროპისათვის, ბინა და სმა-ჭამა. იმ დღიდან ამ ორ ნიჭიერ ახალგაზრდას დავუწყე მაცადინობა და შევქენ მათ შორის ერთგვარი შეჯიბრი. თანაც იძულებული გავხდი, დამექირავა ორ ოთახისგან შემდგარი ახალი ბინა, ერთში მოვათავსე ყმაწვილები, მეორეში კიმე.
დრო გამოშვებით ჩამოდიოდა ჩემთან ჩემი „ძვირფასი“ სიძე პ. ცახელი და ათავსებდა თავის ლექსებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, თანაც მიჰქონდა ჩემგან ფული. სხვათა შორის, მიძღვნა ერთი ლექსიც, რომელშიაც ცის ანგელოზებსა და ქრისტეს შემადარა2. ასე ხიბლავენ თურმე თაღლითი არსებანი ჩემსავით მიამიტ პირებს... და მეც უკანასკნელ ლუკმას ვიღებდი პირიდან და ვაძლევდი მას. დამაწვა ეს კაცი მთელი ოჯახით მძიმე ტვირთად და აღარ ვიცოდი, როდის მოეღებოდა ბოლო ამ ჩემს ასე უცნაურ ყვლეფას. ჩემი შემოსავლის 2/3 უნდებოდა მას, მე კი ვცხოვრობდი ხელვიწროდ, როგორც ღარიბი სტუდენტი. ზედმეტი იყო ევროპაში წასასვლელი ფულის შეგროვებაზე ფიქრიც კი. ფრიად მაღონებდა ეს გარემოება და ახლა შევუდექ ფიქრს, თუ როგორ მომეშორებია თავიდან უმტკივნეულოდ ეს მაჯლაჯუნა და მომეგროვა მცირე თანხა უცხოეთში წასასვლელად. ვიფიქრე ბევრი და გადავჭერი კიდეც ეს მძიმე ამოცანა, ხოლო სანამ ამას შევეხებოდე, მსურს, გავაცინო მკითხველი ერთი პაწია კურიოზით.
ერთხელ თურმე ჩემი მოწაფე ურუშაძე ნამალავად ეუბნება ცახელს:
- ბ-ნო პარმენ, ნეტა ვიცოდე, რარიგად სწერთ ასეთ შვენიერ ლექსებს?
- ოო, ეგ სულ ადვილი საქმეა, ჩემო სერგო! უნდა ადრევე მოიმზადო უბის წიგნაკი და ფანქარი, უნდა ახვიდე მთვარიან ღამეში მდინარის ახლოს მდგომ მაღალ ხეზე, უცქირო დიდხანს მთვარეს, გადახედო ირგვლივ მყუდრო, მიძინებულ ბუნებას, ამ დროს მოფრინდება პოეზიის მუზა და დაგიწყებს საამო ფუჩუნს. ე, მაშინ უნდა ამოიღო უბის ჯიბიდან წიგნაკი, ფანქარი და სწერო და სწერო ლექსები. სულ ანკარა წყალივით წარმოდინდება. მააშ!...დაამთავრა მრავალმნიშვნელოვნად პოეტმა.
- განა მეც შემიძლია დავწერო ლექსები?შეეკითხა გულის ფანცქალით.
- როგორ არა! ძალიან ადვილად, ჩემო სერგო, თუ კი სავსებით დაიცავ ამ ჩემს დარიგებას.იყო პოეტის პასუხი.
ცახელი დაბრუნდა ქუთაისში იმავ საღამოს. მეორე დღეს ამ გულუბრყვილო ახალგაზრდას უყიდია მართლაც უბის წიგნაკი და ფანქარი. რადგან იმ დროს იყო სექტემბერი და მთვარიანი ღამეებიც, წასულა შეგვიანებით მუშტაიდში და ჩუმად ასულა ერთ მაღალ ხეზე მტკვრის პირას. იხედება ეს ჩვენი მიამიტი სერგო ირგვლივ, შეცქერის მთვარეს, შეტრფის ბუნებას, ესმის მტკვრის სევდიანი დუდუნი, მაგრამ ის წყეული მუზა პოეზიისა არ მოფრინდა და არა. ამახვილებს სმენას, მარა არ ესმის მისი მხიბლავი ფუჩუნი... ხელში კი უბყრია ფანქარი და უბის წიგნაკი. გავიდა მთელი საათი; არა სჩანს მუზა, არ ისმის მისი ნაზი ჩურჩული. ამ დროს ჩვენმა ახალმა „პოეტმა“ უნებლიეთ ჩამოიხედა ძირს და რას ხედავს მისი თვალები. იმავ ხის ქვეშ ორი არსება (ქალი და კაცი) წაქცეულან მოლზე, ჩახლართულან და ჩაკვრიან ერთმანეთს მძლავრი ამბორით... ამ უჩვეულო სურათმა უცებ გააგდებია ხელიდან ჩვენს „პოეტს“ წიგნაკი და ფანქარი, რომლებიც დაეცენ თავზე შეყვარებულთ და შეაკრთეს მათი ინტიმური ალერსი. ისინი წამოცვივდენ გაფითრებულნი ლანძღვა-გინებით და გასწიეს აჩქარებით. ჩვენი „პოეტიც“ ჩამოსრიალდა თურმე მაშინვე ხიდან და შეშინებულმა მოკურცხლა შინისკენ. ასე დამთავრდა ამ ყმაწვილის ლტოლვა პოეზიის სფეროში. ვგონებ, ერთხელაც კი არ მოფრენია მას პოეზიის მუზა...
რადგან ეს ჩემი სიძე პ. ცახელი დაჟინებით არ შედიოდა სამსახურში (არ ჰქონდა თურმე არავითარი სტაჟი, როგორც გამოირკვა შემდეგ), მე კი, მუდამ მის მაწველ ფურად არ შემეძლო ყოფნა, ამიტომ გადავწყვიტე შემეძინა ბანკიდან იმერეთში რაიმე სოფლის მამული და დამებინავებია მასში, რადგან უყვარდა ბაღ- ვენახებში ბორიალი და რაღაც-რაღაცების კეთება, მაგ., გასხვლა, დამყვნა და სხ. ეს ჩემი აზრი გავუზიარე პოეტს. მან მოიწონა იგი. შევუდეგ საქმეს. იმ ხანად ტფილის-ქუთაისის სათავად-აზნაურო ბანკებში ბლომად იყო დარჩენილი სოფლის მამულები (სარგებლის შეუტანლობის გამო). მეც ამ მამულებს მივაქციე ყურადღება. ავიღე რკ. გზის სამართველოდან 3-4 დღის შვებულება და გავსწიე იმერეთისკენ. ვნახე კიდეც რამდენიმე მამული. ამ დროს ჩემა უფროსმა სიძემ, ბ. კვინიხიძემ მიმითითა ერთ შესანიშნავ მამულზე. იგი მდებარეობდა ქუთაისიდან ორი ვერსის3 მანძილზე, ტფილისის ძველ შარაზე მდ. წყალწითელას ნაპირას და შეიცავდა ერთ ნაჭრად 200 ქცევას. ეს მამული შემოზღუდული იყო ქვის მაღალ ყორეთი; შიგ იდგა ორი ორსართულიანი ქვიტკირის სახლი კრამიტით დახურული; იყო გაშენებული 4 ქცევა ვენახი, 2 ქცევა ევროპული ხეხილი, თანაც ერთ ნაჭრად 14 ქცევა ეზო, საქარი და ჩინებული სათიბი. შიგვე იყო საუკეთესო წყარო. ერთ საზღვარზე ჩაუდიოდა ღელე, რითაც შეიძლებოდა ნაწილი ადგილის მორწყვა საჭიროების მიხედვით. გარდა 20 ქცევა ბაღ-ვენახისა და ეზო სათიბისა, დანარჩენი 180 ქცევა შეიცავდა საყანე ადგილებს. და ეს ადგილები გაცემული იყო იჯარით ფულზექცევა 8-12 მანეთამდე (საშუალოდ კი - 10 მან.) იქვე მდებარე სოფლებ ჭოგნარ-ოდილაურის გლეხებზე. ასე რომ, მარტო საყანე ადგილებიდან მამულს შემოსდიოდა წლიურად წმინდად საშუალოდ 1800 მანეთი. ამას თუ დავუმატებთ სათიბისა და ბაღ-ვენახის შემოსავალს, იმ შემთხვევაში მთლიანად წმინდა შემოსავალი აღემატებოდა 2500 მანეთს. და თუ შიგ გამართავდი საზრიან მეურნეობას: მოაწყობდი სამრეწველო ბოსტანს, სამჩნევად გაადიდებდი ბაღსა და ვენახს, იყოლიებდი ჯიშიან ძროხებს, ღორებსა და ქათმებს, მაშინ ამ იშვიათი მამულის წმინდა შემოსავალი აიწევდა 10-15 ათას მანეთამდე წლიურად.
აი, ასეთი გამართული და დიდშემოსავლიანი მამული იყო იგი! ამ ძვირფას მამულს მაშინვე დავადგი თვალი და შევუდეგ საქმეს. იგი ეკუთვნოდა იმჟამად ორენბურგის გუბერნიის მემამულეს გვარად შოტეს (ორენბურგის გუბერნიის მარშალს). ექიმების რჩევით, 10-15 წლის წინად, იგი გადმოსახლებულ იყო საქართველოში, შეეძინა ქუთაისში ორი დიდი სახლი ყოფ. ბალახვნის ქუჩაზე, ეს დიდი მამული და კიდევ ამაზე ბევრად დიდი მამული კახეთში; ეცხოვრა ჩვენში 5-6 წელიწადი, შემდეგ, ვგონებ, მოსწყენოდა და დაბრუნებულიყო ისევ ორენბურგში. ამ სახლებისა და მამულების გამგეთ გაეშვა აქ ვიღაც ველიჩკო (პაწია მოხელე), რომელიც ცხოვრობდა ქუთაისში. კითხვა-კითხვით გავიგე, რომ იმ მდიდარ შოტეს ჰყოლებია ქუთაისში კარგი მეგობარი, ქუთ. საგ. საგლეხო სამართველოს წევრი ბოგდანოვსკი, მოხუცი კაცი. მიველ მასთან, გავეცან, ავუხსენ ჩემი ვითარება და გულით ვთხოვე, დამხმარებოდა თავის მეგობარ შოტესთან ამ მამულის შეძენაში. ეს პატიოსანი მოხუცი თანაგრძნობით მოეკიდა ჩემს თხოვნას და აღმითქვა დახმარება. გაიმართა მიწერ-მოწერა ჩვენსა და შოტეს შორის, რამაც გასტანა ორ-სამ თვეზე მეტი. ამ საქმეში დიდად მიშლიდა ხელს შოტეს მოურავი ველიჩკო, რომლისთვის არ იყო სახეირო ამ მამულის ხელიდან გაშვება, რადგან უხვად და უკონტროლოდ სარგებლობდა მისი შემოსავლით. როგორც იქნა, დავძლიე ეს სიძნელეც. ბოლოს გავრიგდით 9000 მანეთად. ეს დიდი თანხა უნდა ჩამებარებია ერთად. სად იყო ამოდენა ფული! სად ვიშოვიდი?! მამული კი, ღირდა 50 000 მანეთზე მეტი. ბოლო ხანებში შეიქნა დეპეშებით მიმოწერა და თითო დეპეშა პასუხის გადახდით მიჯდებოდა 15-20 მანეთი. მე ვსთხოვდი შოტეს, მოეცა ნება, დამეგირავებინა ეს მამული ტფილ. სააზნაურო ბანკში და ამ სახით გადამეხადა მისი ღირება. პირველად დიდ უარზე შეიქნა იგი, რადგან ეს ოპერაცია იწვევდა სამჩნევ სირთულეს (მამული უნდა დაგირავებულიყო მის სახელზე და სხ.). როგორც იქნა, დავძლიე ეს სიძნელეც და მივიღე დაგირავების ნებართვა. ეს იყო უკვე მაისში 1897 წ.
გავიქეც მაშინვე ჩემს მეგობარ ანტონ ფურცელაძესთან, რომელიც იმ დროს დამფასებლად იყო ტფ. სააზნაურო ბანკში, ავუხსენ საქმის ვითარება და ვსთხოვე დახმარება. მანაც აღმითქვა და ბანკის სახელზე განცხადებასთან ერთად შემატანია დამფასებლის გასაგზავნად 5 თუმანი (იმჟამად ეს ფული არ მქონდა და ვისესხე სიმ. ოცხელისაგან). მამული უნდა დაფასებულიყო იმ რიგად, რომ, როცა გავანაღდებდი ბანკის ბილეთებს (ობლიგაციებს), უნდა მიგვეღო შოტეს გასასტუმრებლად სრულად 900 თუმანი, არც მეტი და არც ნაკლები, რადგან ზედმეტს შოტე წაიღებდა (ასე იყო პირობა), ნაკლები კი, უნდა შემემსო საკუთარ ჯიბიდან. მამულის შესაფასებლად ქუთაისში წამოვიდა თვით ან. ფურცელაძე (მას გაჰყვა ქუთაისიდან მამულში ცახელი, რადგან სამსახურის გამო არ შემეძლო ტფილისიდან წასვლა) და მართლაც შეაფასა ისე, რომ ბილეთების განაღდებამ (კურსის მიხედვით) მოგვცა სრულად 900 მანეთი, რითაც მთლიანად გავისტუმრე შოტე. ახლა საჭირო იყო მამულის ნოტარიული წესით დამტკიცება, რაც მოითხოვდა კიდევ 400 მანეთამდე ხარჯს. ეს ფული კი, არ გვქონდა იმ ჟამად და ადრევე გამოვთხოვე წერილობით ძველ პატრონს 4-5 თვის ვადა მამულის ჩვენს სახელზე დასამტკიცებლად.
ამავე დროს მოგვიხდა ერთი მარცხი: რადგან საქმე გაჭიანურდა მოურავ ველიჩკოს ოინების გამო, ამიტომ მან უკვე მოგვასწრო საქმის გათავებამდე საყანე ადგილების იმ სეზონში იჯარით გაცემა და ამ იჯარის ნახევრის წინდაწინ მიღება. ასე იყო წესი: საიჯარო ფულის პირველ ნახევარს იღებდა სიმიდის დათესვის დროს, ხოლო მეორე ნახევარცმოწევის დროს სექტემბერში.
ამ ახლად შეძენილ დიდი მამულის ამხანაგად და მონახევრედ შევიყვანე ჩემი სიძე პ. ცახელი, რომელიც მაშინვე გადასახლთა აღნიშნულ მამულში, თანაც დაიქირავა ერთი ბიჭი. აგრეთვე მასში მდგომ სახლის მცირე რემონტისათვის გამომართვა 50 მანეთი. ამასთან ერთად, ჩემი დავალებით, ჩემი მოწაფე მელ. ქარცივაძის მამულიდან გაეგზავნა და მიიღო 60 ფუთი სიმიდი. ამ ქარცივაძის სიძე კი, ერ. თაყაიშვილმა (რომელიც იმ დროს მსახურებდა ლ. კოკოჩაშვილის აფთ. მაღაზიაში) მელიტონის ანგარისში უფასოდ დამითმო ვენახისათვის გოგირდ-შაბიაბანი და საფრქვევ- სასხური მანქანები, რომლებიც გადავეცი იმავე ცახელს.
ამ რიგად მოვაწყვე ეს მძიმე საქმე; შევიძინე ეს დიდი მამული, ავიცილე ზურგიდან მთელი ოჯახის რჩენა და მივეცი სამუდამო ლუკმა პური ამ ჩემ „მეგობარსა“ და სიძეს, პარმენ თვალჭრელიძეს (ცახელს). მომეშვა გულზე. ჩემს სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი. ამ პრიმიტიული წესითაც კი, მამული იძლეოდა წმინდა შემოსავალს (ყოველივე ხარჯებს გარეშე) წლიურად 2500 მანეთს, ამ ფულიდან სააზ. ბანკში უნდა შეგვეტანა წლიურად სარგებლის (და ნაწილი თავნის) სახით 540 მანეთი. მაშ, წმინდათ გვრჩებოდა 1960 მან. ამ ფულიდან ჩემთვის უნდა ეგზავნა ცახელს (ევროპაში) თვიურად 6-7 თუმანი, დანარჩენი კი, მოეხმარა თავის საჭიროებისათვის. ასე იყო ჩვენი სიტყვიერი პირობა. თვითონ ცახელი კი ფიცულობდა, რომ ყოველ თვეში 8-9 თუმანს გამოგიგზავნი, რადგან ასეთი სიკეთე მიყავ და მომაკვდავს სული ჩამიდგიო. თანაც მაჩქარიდა საფრანგეთში წასვლას, რომ დრო არ დამეკარგა და აგვისტოს დამდეგს იქ ვყოფილიყავ. მეც, ეჭვი არაა, ვიჩქაროდი. ხოლო ცახელი მაჩქარიდა სულ სხვა მიზნით: მას სწადდა თურმე თავის ან ცოლის სახელზე დაემტკიცებია ეს დიდი მამული და მე გავერიყე, რაც ჩაიდინა კიდეც და მიღალატა ყოვლად სამარცხვინოდ.
იმავე წელს, ივლისის დამდეგს, ავიღე სამსახურიდან ორი თვის შვებულება (რადგან არ მისარგებლია ორი წლის განმავლობაში), დავითხოვე ჩემი ორი მოწაფექარცივაძე და ურუშაძე, რომ ნივთიერად მომზადებულიყვნენ ჩემთან ერთად წასასვლელად ევროპაში. ისინი წავიდენ გურიაში მშობლებთან, მე კი, ჩამოველ ქუთაისში და მთელი კვირა ვისვენებდი ჩვენს საერთო მამულში. ყველამ გაიგო ეს ამბავი, ყველანი მილოცავდენ ამ დიდი საქმის მოგვარებას და ევროპაში გამგზავრებას.
ამ მამულის შეძენამ (დეპეშებით მიმოწერამ, დამფასებლის ხარჯებმა, სახლის მცირე რემონტმა და სხ.) დამატეხა თავზე 200 მანეთამდე ვალი, ამიტომ შვებულების გამო წინ და წინ მიღებული ჩემი ორი თვის ჯამაგირი თითქმის მთლიანად მოუნდა ამ ვალების გასტუმრებას. ორიოდ თუმნის მეტი ფული აღარ დამრჩა; ცახელი ხომ მუდამ უფულო იყო და მე შემომცქეროდა ხელში. რა უნდა მექნა? რით წავსულიყავ უცხოეთში? 200 მანეთამდე მაინც უნდა მდებოდა ჯიბეში გზის ფულად და პირველ დაბინავებისთვის. სად იყო ეს ფული? ვისთვის გამომერთმია?! საყანე ადგილების საიჯარო ფულს (მეორე ნახევარს) მხოლოდ სექტემბრის დამლევს მივიღებდით, როცა დაიწყებოდა სიმიდის მოწევა. მანამდე კი ჩემი გაჩერება შეუძლებელი იყო; ეს წელიწადიც დამეკარგებოდა. ჩავარდი საგონებელში. ეს ჩემი ცრუ და ზარმაცი სიძე თითსაც არ ანძრევდა. გაეშალა ფარდაგი მოლზე ჩეროში ხის ქვეშ და მთელი დღე გორავდა. ბოლოს მომივიდა ერთი აზრი: მას შეეძლო გაეხსნა კრედიტი ქუთ. საურთიერთო ნდობის ბანკში, რომლის დირექტორად იყო ცნობილი საზ. მოღვაწე კირ. ლორდქიფანიძე. ეს აზრი გავუზიარე ცახელს. მას მეტად ეუცხოვა იგი. შეუძლებელიაო, მიმტკიცებდა: „ვინ გამიხსნის კრედიტს?! ვინ მომცემს საწევრო ფულს?! ვინ მენდობა ვექსილს?!“ეს ყველაფერი მართალი იყო. მას პირადათ თურმე არც კრედიტს გაუხსნიდენ, არც საწევროს ფულს ათხოვებდენ და არც თამასუქზე მოუწერდენ ხელს. დავფაცურდი ისევ მე. მიველ და ავუხსენ საქმის ვითარება საურთ. ნდობის ბანკის გამგეობას. შევიდენ ჩემს მდგომარეობაში და გაუხსნეს ცახელს 100 თუმნის კრედიტი. საჭირო იყო 10 თუმნის შეტანა საწევრო ფულად. ეს ფული მცირე ხნით მათხოვა სიმ. ბარქაიამ (ვაჭარმა). ახლა საჭირო შეიქნა რომელიმე საიმედო პირის ხელის მოწერა თამასუქზე. ეს კი გახლდათ ყველაზე ძნელი საქმე. არავინ ენდო ცახელს, არავინ მოუწერა ხელი თამასუქზე. მივმართე ისევ ჩემს მეგობარ იოსებ ოცხელს და ვსთხოვე გულით, მოეწერა ხელი თამასუქზე, რადგან ამ ფულით უნდა წავიდე ევროპაში მეთქი. მეტად შეწუხდა, ჩაფიქრდა და ბოლოს მითხრა: „შენ რა გიყო, ჩემო სიმონ, თორემ პ. ცახელს დასარჩობ თოკსაც კი არ ვენდობი“-ო (თურმე ნაცადი ყავდა) და მომიწერა ხელი 300 მანეთიან თამასუქზე. ცახელმა გამოიტანა ეს ფული ბანკიდან. აქედან 10 თუმანი დავუბრუნე ვაჭარ ბარქაიას, მე მომცა 11 თუმანი, თვითონ კი დაიტოვა 9 თუმანი. მითხრა: ეს ფული, ვგონებ, ჩაგიყვანს საფრანგეთში. იქიდან, როგორც კი მომივა შენი შვიდობით ჩასვლის ამბავი, მაშინვე დეპეშით 10 თუმანს მოგაწოდებ და შემდეგ ყოველთვიურად გამოგიგზავნი 7-8 თუმანსაო. და მეც სულელს მჯეროდა ამ ცრუ, გაიძვერა არსების სიტყვები! თვალებზე ისევ ბისტი მქონდა გადაკრული... დიახ, მჯეროდა მიტომ, რომ ვერ წარმოვიდგენდი, თუ მიღალატებდა ის პირი, რომელსაც სული ჩავუდგი, ორი წელი ვარჩინე ცოლ- შვილით, ბოლოს ამ დიდი მამულის შეძენით და მასში ამხანაგად შეყვანით სამუდამო ლუკმა გავუჩინე... ორი წლის წინად ჩვენი ოჯახიდან რომ გააძევეს, რადგან გაუჭირდათ მისი რჩენა, ეს პირი ვითომც იკლავდა თავს და მომწერა გამოსათხოვარი ბარათი. იმ დროს მე ახალშესული ვიყავ სამსახურში, მაშინვე გავიქეცი ქუთაისში, წავუღე ფული, დავამშვიდე, აღვუთქვი სისტემატიური დახმარება და მე პირნათლად შევასრულე ეს ჩემი დაპირება. განა წარმოვიდგენდი, რომ ამის შემდეგ იგი მიღალატებდა და უგროშოდ დამტოვებდა უცხო ქვეყანაში?!. მაგრამ ამ წყეულ წუთი სოფელში ხდება თურმე ბევრი დაუჯერებელი ამბებიც...
ამ რიგად და ასე გაჯახირებით, როგორც იქნა, გადაწყდა ჩემი გამგზავრება ევროპაში. ჯიბეში მედვა 11 თუმანი და ეს ფული, ვფიქრობდი, ჩამიყვანდა ქ. ლიონში (იქ ვაპირებდი პირველად შესვლას), შემდეგ კი, ჩემი „მეგობარი“ და სიძე პ. ცახელი მომაწვდიდა სისტემატიურად ფულს იმ ჩემ მიერ შეძენილ მამულიდან სწავლის დამთავრებამდე. ასე მეგონა, მარა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა...
ევროპაში წასვლამდე დავუშვი ერთი დიდი შეცდომა (მარა ყველა ამის იზამდა ჩემს ადგილას); ქუთ. ბეითალმა მოხუცმა გლუშკოვსკიმ იმავე გაზაფხულს გამომიგზავნა კაცი და შემომაძლია იმ ჩემს შეძენილ მამულში 20 ათასი მანეთი, ამ რიგად ვიღებდი ნაღდად ზედმეტად 11 ათას მანეთს (მომცემდა მეტსაც). მე უარი შევუთვალე, რადგან არ მსურდა, ხელიდან გამეშვა ასეთი შემოსავლიანი დიდი მამული. მე უბედური რას ვიფიქრებდი, თუ რა მომელოდა! თურმე ასწილ მოგებული ვიქნებოდი, რომ ეს მამული გამეშვა ხელიდან თუნდაც 10-12 ათას მანეთად! დას, სიძეს და მეგობარს მაინც არ დავკარგავდი სამუდამოდ და იმდენ უსიამოვნებას მაინც არ მივიღებდი, რაც შემემთხვა შემდეგ... აქ უნებლიეთ მაგონდება ლათინური ანდაზა: „Homini nihil est miserius aut superbius“ (არაფერი არაა ადამიანზე უფრო საცოდავი, ან დიდებული).
_________________
1. მამაკაცის ქართული ეროვნული ტანსაცმელი.
2. ეს ლექსი დაიბეჭდა, ვგონებ, გაზ. „კვალ“-ში 1896 წელს (ავტორი).
3. ძველი რუსული სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 1,06 კილომეტრს.
![]() |
17 XV. გურიაში |
▲ზევით დაბრუნება |
სწორედ ორი კვირით ადრე ევროპაში წასვლამდე მიმიწვიეს ოზურგეთში სერ. ურუშაძის მშობლებმა. მეც სიამოვნებით წაველ, რადგან გურია არ მენახა და მაინტერესებდა. სად. ნატანებში დამხვდა ჩემი მოწაფე მელ. ქარცივაძე, მან წამიყვანა ეტლით თავის სოფ. გურიანთაში, სადაც დავრჩი მთელი დღე-ღამე, გამაცნო დედა, ძმები, ნათესავები და მცა დიდი პატივი; მეორე დღეს კი, თვითონ გამომყვა ოზურგეთში და მიმიყვანა ლ. ურუშაძის სახლში, სადაც მიმიღეს აღტაცებით. მეტად მომეწონა როგორც ქ. ოზურგეთი თავის გიჟმაჟ მდ. ბჟეჟათი, ისე მთელი გურია. ირგვლივ ტყით დაბურული მთა-გორაკები, კალთებზე შეფენილი სოფლები და მაღლარები (დობილოები) ასწლოვან ჯანით და განთქმული ჩხავერით. შუაში კი, ფართოდ გადაშლილი ვაკე ნოყიერი მიწით, სიმიდის ყანებით, მასზე მოსჩქეფდენ მთის ფეხმარდი მდინარენი. ამ ტურფა ბუნებას ამკობდა მესხეთის ერთი შტო: მეტად ნიჭიერი, ზრდილი, ფაქიზი, ამაყი, მამაცი და სტუმართ მოყვარე გურული, ქალ-ვაჟიანად ლამაზნი და მოხდენილნი; გლეხნი სხაპა-სხუპით მოუბარნი, ხოლო თავადნი დინჯად, დარბაისულად მოსაუბრენი, ყველანი კიმკვირცხლნი და ჩაუქნი.
დამატარეს და მაჩვენეს ზოგიერთი სოფლები, ვნახე შემოქმედის ძველი განთქმული მონასტერი, ამავე სოფელში ფერიცვალობა დღეს გ. სადრაძემ (მასპინძელმა) დაგვპატიჟა 50-მდე ქალი და კაცი და სანაქებოდ გაგვიმასპინძლდა. თვით ოზურგეთში მიმიწვია ვახშამზე იმ დროს ახალგაზრდა საზ. მოღვაწემ და ქალაქის თავმან. თავდგირიძემ. სოფლებშიაც, სადაც კი მივიდოდით, ყველგან იშლებოდა უხვი სუფრა და მხიარული მასპინძლობა. ვგონებ, სოფ. მაკვანეთში ვნახე უზარმაზარი ხეები ასწლოვან ჩხავერის ოდნავ შეთვალებული მტევნებით დარიხული, რამაც გამაკვირვა და მასთან ფრიად მასიამოვნა კიდეც, რადგან ეს საუცხოვო ჯიში სრულიად მოსპობილი მეგონა ნაცარის გამო (Oidium Tuckeri). აქვე გურიაში პირველად ვნახე და ვიგემე კრიპუჭი (შაქრად ქცეული გაქვავებული თაფლი) და თაფლის არაყი1. მაგრამ აქ გურიაში ვნახე ერთი უცნაური მწერი (შავი ბოჩი), რამაც ყველაზე უფრო დამაინტერესა. ამ მწერს გურულები ეძახიან ტანაჯორას. იგი ბინადრობს „საცივებში“ (ვაკეზე მიწიდან ამოხეთქილ- ამოღობილი წყარო) და საოცარი სისწრაფით ტრიალებს მის ზედაპირზე. აქ უნებლიეთ გამახსენდა შოთას უკვდავი პოემის ერთი ტაეპი: „კაცი, მისგან განატყორცნი ბრუნავს, ვითა ტანაჯორი“. ამ სიტყვებით ახასიათებს დიდი მგოსანი ტარიელის გმირობას ხატაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. რა იყო ეს ტანაჯორი, არავინ იცოდა, ქართული ენის საუკეთესო მცოდნემნ. დადიანმაც კი არ იცოდა იგი, მით უმეტეს არ იცოდენ არც აკაკიმ, ილიამ, ვაჟამ და სხვებმა, ეჭვი არაა, არ ვიცოდი არც მე, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე გურიაში ეს შავი ჩქარ მბრუნავი მწერი და არ გავიგონე მისი სახელი. მიკვირს, საიდან იცოდა ამ მწერის სახელი შოთამ! ალბათ ჯავახეთშიაც ასეთ სახელს ეძახიან ამ მწერს.
გურიიდან ჩემა მოწაფეებმა, ურუშაძემ და ქარცივაძემ, წამიყვანეს ბახმაროზე. ჩვენ შემოგვიერთდენ სამგზავროდ ორი კარგი ახალგაზრდა: ირ. ბებურიშვილი და სტ. კალანდაძე. წავედით ფეხით სოფ. ვაკეჯვრიდან და შევუდექით აღმართს დილით ადრე. მარჯვე სიარულით გადავლახეთ აღმართები, გავიარეთ 35 ვერსი და საღამოს ექვს საათზე ავედით ბახმაროზე.
ჩვენს წინ გადიშალა დიდებული სურათი. ირგვლივ ალპიური ყვავილ-ბალახით მოსილი წვანე გორაკები (ბაისურა, საყორნია და სხ.), შუაში კიფართოდ გაშლილი ტაშირი ნაძვისა და სოჭის ტყეებით ფარული. ამ ტაშირზე მოთამაშობს მთის ანკარა ცელქი მდინარე, კალმახებით სავსე ბახვის წყალი, მთის ფერდებზე კი რაკრაკებენ ყინულივით ცივი ბროლის წყარონი. ტაშირის შუა ალაგას ვრცელი მინდორი, ირგვლივ ხეებში შეფარებული სააგარაკო ფიცრული ოდები, რიცხვით 60-მდე. მაგრამ ყველაზე უფრო მომხიბლავი კი, იყო დასავლეთით გადაშლილი უსაზღვრო არემოსჩანდა შავი ზღვა და მასზე მცურავი გემები და სუფთა, გრილი, სუბუქი, შარბათივით ტკბილი ჰაერი მთის ოზონით2 და ზღვის რადიო-ემანაციით3 საამოდ შეზავებული, ჰაერი ჯანისა და სიცოცხლის მომგვრელი, ჰაერი მძიმე სენთა გამკურნებელი... ხარბად ვსომდით და ვნთქავდით ამ ჰაერს. გვათრობდა მისი ჯადოსნური სიტკბო და ძალა.
ახალ ამოსულთ შემოგვეგებენ მხიარული ქალ-ვაჟნი, ამ ჩემ თანმხლებთა ნაცნობ-ნათესავნი. გამაცვნეს დიდის ამბით. მაშინვე მიგვიწვიეს ერთ ოჯახში, სადაც მალე გაშალეს სუფრა და გაიმართა ლხინი და ქეიფი; გურული ხელხვავი, ხასანბეგურა და სხვა და სხვა კრიმანჭულებიც ატკბობდა სუფრას. ეს საამო, რაკრაკა ხმები წვდებოდა თვით ზეცას. ვილხენდით და ვიშვებდით ამ უცნაურ სიმაღლეზე, ვით ელინთა ღმერთნი ოლიმპოს მთაზე; ხოლო ამბროსიოს4 ნაცვლად ვსჭამდით ცხვრის შუშხუნა მწვადებს და ცხელ ღომში ჩაფლულ ქორფა სულუგუნებს, ნექტარის ნაცვლად კი, ვსვამდით ჩხავერს და „ადესას“...
დაღამდა კარგად. აჰა, ერთ გორაკიდან ქათქათა ჰაერში ამოცურდა პირბადრი მთვარე და უცხო, ფანტასტიური ფერადებით მოქარგა ბახმაროს მხიბლავი არე. გვიბყრობდა, გვაჯადოებდა ეს ფეერიული სურათი, ასხამდა ჩვენს სულში უუტკბეს სიცოცხლეს და ნეტარებას... თითქმის ყველა ჩვენი განთქმული აგარაკები ვნახე მას შემდეგ, ზოგ მათგანში მთელი სეზონობითაც კი მიცხოვრია, მარა ვერც ერთი მათგანი, ვერც ბორჯომ-წაღვერ-ცემ-ბაკურიანი და ვერც ცნობილი აბასტუმანი თავის მდებარეობით, ჰაერით და ბუნების სიმშვენიერით ვერ შეედრებიან უტურფეს კურორტ ბახმაროს, მდებარეს სურამ-აჭარის ქედის წვერვალზე გურია-აჭარის საზღვრად. სამწუხაროა, რომ დღემდე არაა საკმაოდ შეფასებული ეს დიდებული აგარაკი, დღემდე არაა იგი მოწყობილი შესაფრად, დღემდე რიგიანი გზაც კი არაა გაყვანილი, რომ იაფად და უხიფათოდ ავიდნენ იქ ბარის მშრომელი ხალხი, სული მოითქვან იქ ივლის-აგვისტოს პაპანებაში, დაასვენონ დაქანცული კუთები და ნერვები, მოიკრიფონ სიცოცხლის ძალა ახალი შრომისათვის.
დიდი სიამოვნებით ვიგონებ ხოლმე იმ ათიოდე დღეს იქ გატარებულს. ხოლო ერთი უცნაურობა სჭირთ ბახმაროს ირგვლივ ხვეულ ამართულ ალპიურ გორაკებს. მზიან დღეს მოკრიალე ცაზე უცებ გაჩნდება ცელქი ნისლი და გახვევს თავის ოდნავ მუქ ბლონდში ამ გორაკებზე მოსეირნე ქალ-ვაჟთ; უცებ გაუსხლტება ხელიდან ეს ცუღლუტი, მოხდის მათ თავის საბურავს და გაოცებული მოაგარაკენი ქვემოდან მზერენ ერთმანეთზე გადახვეულ და ზოგიერთს კიდევ მაგრად ჩაკრულ ჩატმასნებულ შეყვარებულთა რწყვილებს... ტაში, ოხუნჯობა და სიცილ-ხარხარი არის მათი აჩქარება-გაუფრთხილებლობის შესაფერი ჯილდო. შემდეგ კი, იწერება სასიმღერო და იუმორული ლექსები ამა თუ იმ „დანისლულ“ ქალებზე... ასე იყო ძველად ჩემსობას შვენიერ ბახმაროზე და, ვფიქრობ, ასე იქნება ახლაც... ახალგაზრდობის თხოვნით, ბახმაროზე წავიკითხე უფასო ლექცია ევროპიულ მეურნეობის მშენებლობის შესახებ ჩვენი ქვეყნისათვის. რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო წვიმა. მეტი დარჩენა იქ აღარ შეგვეძლო, რადგან გვაგვიანდებოდა ევროპისაკენ. დიდი მადლობა გადავუხადეთ ჩვენს გულუხვ მასპინძლებს და დილით ადრე ხუთივემ გამოვსწიეთ გურიისკენ. კარგა მანძილზე გამოგვაცილა მოაგარაკე ახალგაზრდობამ. შევაჩერეთ დიდის თხოვნით. მოხდა მეტად გულწრფელი გამოთხოვება, ხელის მაგრად ჩამორთმევა, და-ძმური ხვევნა-კოცნა, კეთილი მგზავრობის სურვილები. ლამაზი ცირები სტიროდენ ჩვენი წასვლის გამო. ამ სურათმა ყველას აგვიჩუყა გული. კიდევ ერთი და-ძმური გადახვევა და გავსწიეთ.
თქორავდა, მთები გახვეულიყო სქელ ნისლში. ბაისურაზე დაგვიხვდა ცნობილი ვაჟკაციზორბა მელქისა მახარაძე და არ გამოგვიშვა უპატივცემულოდ. მაშინვე დააკვლევია ბიჭებს მსუქანი თოხლი, ნაწილი მოხარშეს, ნაწილი შესწვეს მწვადებად, ხელად გააკეთეს ღერღილის ღომი, შიგ ჩაფლეს ქორფა, რძიანი სულუგუნები (იქვე ბაისურაზე იყვნენ მეგრელი მწყესები თავის ჯოგებით). გაიშალა ხელდახელ ლამაზად აფერადებული სუფრა და შეიქნა ჩინებული ქეიფი ამ ნისლიან მთის წვერზე. უხვად იყო თაფლის არაყი და „ადესა“-ს ღვინო. ამან კი წაგვართვა 3-4 საათი. უკვე საკმაოდ ზარხოშნი გამოვემშვიდობეთ გულღია მასპინძელს და მგლური ნაბიჯით დავეშვით ქვემოდ. შეგვიღამდა სახიფათო „ღარებთან“. ჩვენზე წინ წამოსულ ჯოგს საშინლად გაეჯეკნა და აეტალახა გზა-ბილიკები, განსაკუთრებით საშინელება იყო ღარებში. მიკვირს, როგორ გადავრჩით. წელამდე ვიფლობოდით ტალახში. ჩამოვეკიდებოდით ბიის ტოტებს, გავქანდებოდით და ვტაცებდით ხელს მეორე ხის ტოტს, ახლა ამას დავეპორწიალებოდით, რომ მიგვეღწია მესამე ხემდე და სხ. ამ უცნაურ წვალებითა და ხტომა-ხტომით, როგორც იქნა, გადავურჩით საშინელ ღარებს ცოცხალი და მივაღწიეთ სოფ. ვაკეჯვარში.
იქნებოდა უკვე ღამის 11 საათი. საუბედუროდ, არავინ შეგვიშვა სახლში ღამის გასათევად. ყველას ყაჩაღები ვეგონეთ. ამაში არწმუნდებდა მათ კუნაპეტი ღამე და წელამდე ლაფში ამოსვრილი ჩვენი გარეგნობა. მით უმეტეს, რომ ორი ჩვენგანი (სტ. კალანდაძე და ირ. ბებურიშვილი) იყო ჩოხიანი და იარაღ ასხმული. ბევრი ვეხვეწეთ, ბევრი ვემუდარეთ, ფულიც შევთავაზეთ, ავუხსენით ჩვენი ვინაობა და საქმის ვითარება. აჰ! თქვენც არ მომიკვდეთ! არაფერმა გასჭრა! კაცმა კარი არ გაგვიღო. დაგვედევენ სოფლის ძაღლები. დავჩანჩალებდით კარდაკარ მწარეთ დაღლილ-დაქანცულნი, ვიწვევდით მასპინძელს, მარა გარეთ კაცი აღარ გამოდიოდა. მხოლოდ ძაღლების საშინელი ყეფა და ჩვენკენ საკბენად მოწევა იყო პასუხად. უკვე შუაღამეს კარგა გადაცილდა; წვიმდა კოკისპირულად. ჩვენ ძლივს ვიდექით ფეხზე. ასე ძვირად დაგვიჯდა ბახმაროს ხილვა და ის 10 დღის იშვიათი ქეიფი და სიამოვნება. ბოლოს, როგორც იქნა, სოფლის განაპირას ერთმა მოხუცმა ქვივრმა დედაკაცმა მოიღო მადლი და კარგი სასყიდლით შეგვიშვა თავის ქოხში. მაშინვე ააპრიალა შუა ცეცხლი ჩვენს გასაშრობ- გასათფობად და ნაჭზე ჩამოკიდა გასაცხელებლად დიდი ქვაბით წყალი ჩვენს წელქვეით დასაბანად. როგორც იქნა, გავთფით, გავშრით, დავიბანეთ, დავირეცხეთ ქვედა სამოსი და შემდეგ მკვდარივით მივეყარენით ტახტზე დასაძინებლად. მიკვირს, რატომ ყველანი არ გავხდით ავად, მეტადრე მე და ყმაწვილი ურუშაძე, ასეთ რამეებს მიუჩვეველნი!
მეორე დღეს ჩავედით ოზურგეთში. დავემშვიდობე ჩემს თანამგზავრებს, კეთილ მასპინძლებს და გამოვსწიე ქუთაისში. ორი დღის შემდეგ გადიოდა ერთი დიდი გემი საფრანგეთში. მაშ, ჩვენ (მე და ჩემი მოწაფენი) უნდა შევყროდით ერთმანეთს ბათომში დანიშნულ ალაგას. ჩამოველ ქუთაისში, მოვემზადე სამგზავროდ, გამოვკარ ფარდაგში ჩემი მჭლე ლოგინი და მცირე ბარგი-ბარხანა, დავემშვიდობე მშობლებს და ზოგიერთ ნაცნობ-ნათესავთ და გავეშურე ეტლით რკ. გზის სადგურისკენ. ჩემი „ძვირფასი“ სიძე-პოეტი უკვე წაბრძანებულიყო ცოლშვილით თავის სოფელში (რაჭაში). მან არ ისურვა ჩემი ნახვა და გაცილება... ან რაშიღა ვეჭირვებოდი ახლა! მან უკვე მიაღწია მიზანს: ჩაიგდო ხელში დიდი მამული და იშოვა გემრიელა ლუკმა. ახლა კი, მე ზედმეტი ვიყავ...
სადგურზე გამომყვა მოხუცი მამა და შემეკითხა: „შვილო, ვისი იმედით მიხვალ ამ სიშორეზე? ვინ მოგაწვდის რამეს? რითი იცხოვრებ იქ?“.
- თქვენ ნუ სწუხართ, მამაჩემო, მე უკვე ყველაფერი მოვაწყვე ჩემთვის, თქვენ აწი არაფერზე შეგაწუხებთ... ოღონდ თქვენს თავს მოუარეთ და ცოცხალი დამიხვდით ორთავენი.იყო ჩემი პასუხი.
- არაფერს მეუბნები, შვილო, მაგრამ მე ყველაფერი ვიცი. ნუ ხარ ჩემსავით მიმდობი ადამიანი! პაწია ქაღალდი მაინც ჩამოგერთმია.
- ჩვენს შორის ქაღალდს ალაგი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ!
- მაშ, არ ინანო, შვილო, არ ინანო...
ამ დროს დარეკეს მესამე ზარი. გადამეხვია ხურვალედ საბრალო მამა, მაკოცა და მისურვა კეთილი მგზავრობა. აღელვებული შეველ ვაგონში. მატარებელმა დაიწივლა უცნაურად და ქშენით გაუდგა გზას. ღია ფანჯრიდან ვუმზერდი ბაქანზე მდგარ მამას, რომელიც არ მაშორებდა თვალებს. მცირე ხანიც და მიმეფარა სადგურის ბაქანი. მას შემდეგ აღარ მინახავს საბრალო მამა. ორი წლის შემდეგ ფილტვების ანთებამ მეშვიდე დღეზე იმსხვერპლა იგი. იმ დროს კი მე ვაძლევდი თურმე გამოცდებს მონპელიის უნივერსიტეტში... არაფერი ვიცოდი ოჯახში მომხდარ უბედურებაზე...
ჩაველ თუ არა ბათომში დილით, დანიშნულ ალაგას დამიხვდა სერ. ურუშაძე უკვე წამოსასვლელად გამზადებული. ქარცივაძე კი ვეღარ წამოვიდა სხვა და სხვა მიზეზის გამო. მე თან მახლდა ქუთაისიდან ერთი კარგი ახალგაზრდა პლ. გელოვანი, რომელსაც დაემთავრებია ქუთ. სამ. სასწავლებელი და მოდიოდა ჩემთან საფრანგეთში.
სანაპირო ქუჩაზე მოვნახე ევროპაში ნამყოფი საფრ. საზოგადოება „მესაჟერი მარიტიმ“-ის5 აგენტი დედაჩემის ბიძაშვილი მიშა ნიკოლაძე. ამ კეთილმა ადამიანმა დიდი დახმარება გაგვიწია სამივე ახალგაზრდას და უზარმაზარ გემ. „ორტეგალ“-ის (რომელიც გადიოდა მარსელში იმავე დღეს) კაპიტანთან მოგვიხერხა შეღავათიან პირობით მგზავრობა: მესამე კლასით მგზავრებს, ჩვენ სამ სტუდენტს მოგვცეს ცალკე კაიუტა და მცირე საფასით ცხელი საჭმელი ორჯერ დღეში მარსელამდე. საღამო ჟამს, როცა ვჯდებოდი გემში, უცებ საცხაიდან გაჩნდა ჩემი ყოფ. მასწავლებელი მიხ. კალანდარიშვილი, რომელმაც პ-დ მომამზადა გიმნაზიისათვის, გადამეხვია მამაშვილურად, მისურვა კეთილი მგზავრობა, მიზნების მიღწევა და ძალად ჩამიდო ჯიბაში ოქროს თუმნიანი, გამოგადგება გზაში ხილის საყიდლათო6.
მეტად მიამა ჩემი ყოფილი მასწავლებლის ნახვა, რადგან დიდ პატივს ვცემდი. დავემშვიდობეთ ყველას და ჩავსხედით გემში. მცირე ხანს შემდეგ გემის სირენამ დაიგუგუნა მესამედ, მატროსებმა ამოიღეს ღუზა, აუშვეს ორთქლი, გემი მოაბრუნეს ნელინელ და მისცეს სათანადო გეზი. ეს უზარმაზარი სავაჭრო გემი საქონლით დატვირთული ამაყად გაუდგა გზას. საამო დარი, მზიანი საღამო, ამწვანებული ბუნება, სანაპიროზე მოსეირნე სუფთად ჩაცმული საზოგადოება, მოღიმარე სახენი, ქუდებისა და მანდილების ფრიალი, ჰაეროვანი კოცნა. „ორტეგალ“-მა პირი ქნა დასავლეთით და უჩქარა სვლას. გემის ბაქანზე მდგარი სამი ქართველი ახალგაზრდა მდუმარედ ვეთხოვებოდით შვენიერ სამშობლოს.
__________________
1. გურულები მას შეცდომით უწოდებენ სანთლის არაყს (ავტორი).
2. ჟანგბადის სახესხვაობა, ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათის განმსაზღვრელი აირი.
3. რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის გამოსხივება.
4. ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთების საჭმელი, მარადიული ახალგაზრდობისა და სილამაზის მიმნიჭებელი.
5. საორთქმავლო გემების ფრანგული საზოგადოება, რომელიც დააარსა ნაპოლეონ III-მ 1851 წელს.
6. ეს მიხ. კალანდარიშვილი დღესაც ცოცხალია და ამჟამად ცხოვრობს ტფილისში ღრმად მოხუცებული (ავტორი).
![]() |
18 XVI. ევროპისაკენ |
▲ზევით დაბრუნება |
ოსმალეთის პირველი ბოღოზი1, რომელსაც მოადგა ჩვენი გემი, იყო ტრაპიზონი. „ორტეგალ“-ი გაჩერდა საკმაოდ შორს, რეიდზე. ჩვენს თვალწინ გადიშალა ვრცელი ქალაქი თეთრი შენობებით. მათ უკან კი ატყორცილა ამწვანებული მთები.
ჩვენ მოვიწადინეთ, გვენახა ეს პონტო-ჭანეთის კოხტა ბოღოზი და თამარის მიერ დაარსებულ ტრაპიზონის იმპერიის შუაგული, ამიტომ დავიქირავეთ ნავი და გავედით ნაპირზე. გავიარეთ ორიოდ ქუჩა და გავჩნდით ბერძენთა ეკლესიის გალავანში, სადაც ჩვენი ყურადღება მიიბყრო ქართულად წარწერილ ძეგლმა. ერთ მხარეზე ეწერა: „საფლავსა ამას შინა მდებარე იმერთა მეფე სოლომან, წელი ჩყიე2. ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა (ფსალ. 34). მომიხსენეთ მე, ძმანო, საფლავსა ამას მდებარე მეფე სოლომონ“. ხოლო მეორე გვერდზე ეწერა: „განმეცარცვა მე პირველ ქმნილი სიკეთე და შვენიერება და მდებარე ვარ შიშველ და კდემულ საფლავსა ამას შინა ტომისაგან დავითისა შთამომავალი ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისთვისაც ვითხოვ შენდობას. 7 თებერვალს 1815 წელსა“.
ვინ იყო ტრაბიზონში გადახვეწილი და იქ მიცვალებული ბაგრატიონი? ეს იყო იმერთა უკანასკნელი მეფე გმირი და თავისუფლებისათვის მებრძოლი სოლომონ II, რომელიც ცუდათ შეიარაღებული მცირე რაზმებით თითქმის 10 წელს ებრძოდა რუსის რეგულიარულ ჯარებს, საუკეთესო თოფ-ზარბაზნებით შეიარაღებულთ, რომელთა ავანგარდათ და გავლენიან პირთა მოსამხრობად უხვად იბნეოდა რუსული ოქრო და ჩინ-ორდენები... უკვე ადრევე შენგრეულ და გათიშულ კოლხეთში შეუძლებელი იქნა უფრო მეტხანს თავის შეკავება. სასოწარკვთილი მეფე იძულებული შეიქნა, მიეღო რუსის მთავარმართებელ ტორმასოვის პირობანი და ხლებოდა მას ტფილისში, მაგრამ, როგორც კი დაატყო ღალატს, გაუსხლტა ხელიდან და გავარდა ახალციხეს; იქიდან გადავიდა იმერეთს და კიდევ ერთხელ შეუტია მამაცად რუსის ჯარებს. შემდეგ კი ძლეული გაეცალა ახალციხის გზით ოსმალეთში, სადაც დიდი პატივით შეიფარა სულთანმა. დევნილი სოლომონ მეფე ჯერ ცხოვრობდა ახალციხეში, შემდეგ კი ტრაპიზონში, რომლის ფაშა ოსმან-ხაზინდარ-ოღლი (ტომით ქართველი) დიდი პატივით ინახავდა რუსის მოძულე იმერთა მეფეს.
რუსეთის იმპერიალისტურმა ლტოლვამ სამხრეთისაკენ, რუსის მთავრობის მზაკვრულმა პოლიტიკამ, ოქრომ, ქრთამებმა, ჩინ-ორდენებმა რეგულიარულ ჯარებმა და თოფ-ზარბაზნებმა ერთი მხრით, ხოლო მეორე მხრით, თვით საქართველოს მეფე-მთავართა გულუბრყვილობამ და საერთაშორისო კინკლაობამ დაუკარგეს ივერ-კოლხეთს პოლიტიკური თავისუფლება და ჩაუგდეს ლუკმად დაღრენილ ხახაში ჩრდილოეთის ვეშაპს. ხოლო სამი უძინარი მტერი გაუჩნდა იმთავითვე რუსების თარეშს ბედშავ საქართველოში. ესენი იყვნენ: სოლომონ ლეონიძე (ერეკლე გმირის კანცლერი), ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლეს ვაჟი) და იმერთა მეფე სოლომონ II. ამათ შესახებ უფრო დაწვრილებით ცნობებს მკითხველი იპოვის ჩემს წიგნში სათაურით: „ქართველი ერის ისტორია“ (XVIII-XIX საუკუნე), ქუთ., 1919 წ.
გზა და გზა შევჩერდით კიდე ორ-სამ ბოღოზში და მეხუთე დღეს მივუახლოვდით ბოსფორს. შესანიშნავი ამიდი იყო მთელი გზა. ზეთივით წყნარი ზღვა, მოკრიალე ცა, თფილი ჰაერი, მზის ოქროვანი სხივები.
შევედით თუ არა ბოსფორის ვიწრო სრუტეში ჩვენს თვალწინ გადიშალა ფეერიული სურათი: ჩამავალი მზის სხივები ვარდისფრად ასევადებდა უზარმაზარ ქალაქის მარმარის სასახლეებს და მაღალ მინარეტებს, ფართო ტერასებად აკიბულთ და წოწოლა კიპარისებით შემკულთ.
ეს იყო ბოსფორის ობოლი მარგალიტი დიდებული და შვენიერი სტამბოლი (კონსტანტინეპოლი). სერალისა და აიასოფიას ოქროს სახურავები მხიბლავად ლაპლაპებდა მზის სხივებზე. ზღვა და ზეცა შეიცავდენ ერთფეროვან ფირუზს, ფირუზს ხასხასას, თფილი, საამო ჰაერი შარბათივით დაეტკბო და შამპანივით დაეთრო რაღაც შეზავებულ სურნელს, რაც აღიზიანებდა ნერვებს და გგვრიდა სხეულში ვნებიან ჟრჟოლას. თვით ბოსფორი სიგრძისად გაევსო უძრავ და მოძრავ გემებსა და ხომალდებს.
მიადგა ნელ- ნელა ბოღოზის კიდურს და გაჩერდა „ორტეგალ“-ი. ხმაურით ჩაუშვეს ღუზა. უცებ შემოგვეხვიენ მოტორიანი ნავები და გემის ბაქანზე გაჩნდენ ფორმებში გამოწყობილი ოსმალეთის საბაჟოს მოხელენი და საზღვაო ჟანდარმერია. გაჩხრიკეს გემის ყოველი კუთხე, შეათვალიერეს მგზავრები, უნახეს პასპორტები და არ მისცეს სანაპიროზე გადასვლის ნება იმათ, ვისაც არ ჰქონდა სათანადო ვიზა. ასეთი ვიზა არ აღმოგვაჩნდა არც ჩვენ. ამიტომ თითქმის ორი დღე სამივე ახალგაზრდა ვიდექით გემის ბაქანზე, შევცქეროდით სტამბოლს და შორიდან ვსტკბებოდით მისი ზღაპრული სიშვენიერით. ძლიერ მოვინდომე გემიდან გადასვლა და ამ დიდი სატახტო ქალაქის დათვალიერება, მაგრამ ამაო შეიქნა ჩემი თხოვნა და მუდარა. ჯიბაში კი არ მქონდა იმდენი თანხა, რომ შემძლებოდა ქრთამის უხვად გაღება და 2-3 საათით მაინც სტამბოლის დათვალიერება, მეტადრე კიპერასი, აია-სოფიასი და სერალის (სულთნის სასახლე) ახლოს ნახვა. იმ ჟამად დიდი ჟლეტა იყო ინგლისის მზაკვრული პოლიტიკით გაბრიყვებულ აჯანყებულ სომხებისა (ეგრედ წოდებული სასუნის ჟლეტა). ამიტომ სასტიკად იყო აკრძალული უვიზოთ რომელიმე მგზავრის გადაშვება ნაპირას. ჩვენ კი, ეს ადრევე არ ვიცოდით და არ შევეცადეთ მიგვეღო ბათომში სათანადო ვიზა. ვინანეთ ბევრი, ხოლო გვიანღა იყო...
ორი დღის შემდეგ „ორტეგალ“-მა დაამთავრა საქონლის გადმოტვირთვა-დატვირთვა, დააგუგუნა დროგამოშვებით სამჯერ თავის ღრიალა სირენა მგზავრების მოსაწვევად და საღამოს 5 საათზე აუშვა ღუზა. გემმა პირი ქნა დასავლეთით.
გავიარეთ ბოსფორი, პრინკიპოს მომხლიბლავ აგარაკებით შემკული მარმარის პაწია ზღვა და შევედით გრძელ დარდანელში. აქ უკვე დაღამდა. ბნელ ღამეს მალი-მალ გვიშუქებდენ ძლიერი პროჟექტორებით სრუტის გასწვრივ ორივე კედრით მდებარე ციხე-სიმაგრენი და ყოველი მხრივ ათვალიერებდენ „ორტეგალ“-ს, რომელიც ლაღად მისრიალებდა ზღვის აზვირთებულ ზედაპირზე; მის შუაგულ ამართულ მაღალ ანძაზე კი ფრიალებდა საფრანგეთის დიდი სამფეროვანი დროშა. დარდანელიდან შევცურეთ ჰელესპონტში და მივადექით საბერძნეთის ბოღოზს-შირას.
დამავიწყდა მეთქვა, რომ როგორც აქ, ისე ოსმალეთის ყველა ბოღოზებში ვიძენდით ხილსა და სურსათ-სანოვაგეს ოსმალურ პიასტრებით, რომლებზედაც ვახურდავებდით რუსულ ფულს. ეჭვი არაა, უსინდისოთ გვატყუებდენ როგორც ფულის დამხურდავე ზარაფები, ისე სანოვაგის გამყიდველნი, რა ხელობასაც ეწეოდენ უმთავრესად ბერძენ-სომხები.
გამაკვირვა ერთმა გარემოებამ: სტამბოლიდან დაწყებული ყველანი, დიდი თუ პატარა, ქუჩის ბიჭებიც კი, შვენივრად ლაპარაკობდენ ოსმალურს გარდა ფრანგულს. ეს აგვიხსნეს მით, რომ როგორც სტამბოლში, ისე ოსმალეთის სხვა ქალაქებშიაც ბლომად ყოფილა ფრანგული სკოლები.
გავედით თუ არა ხმელთაშუა ზღვაში, ამოვარდა ბორიო (ნორდი) და შეიქნა საშინელი ფურთნა. მუქი იისფერი ზვირთები გაბრაზებით ეხეთქებოდა გემის ფერდებს და უპირებდა შელეწვას. უზარმაზარი „ორტეგალი“ ქანაობდა ისე, როგორც პაწია აკვანი. ცა გაეხვა მოთეთრო ნისლში. თვით აბობოქრებულ ზვირთებზე კი მზის სხივთა ზეგავლენით მოჩანდა მილიარდი მოკლე ცისარტყელა. შეშინებული მგზავრები ზღვის სენით შებყრობილნი, ეყარენ კაიუტებში. იყო ყველგან გამეფებული საშინელი ბოყინი და პირისღება. ვიღას ახსოვდა ჭამა-სმა! ყველა კვნესოდა და ოხრავდა, ყველა თხოვილობდა ექიმს და წამლებს გულისრევის გამო. ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ჩემი თანამგზავრებიცს. ურუშაძე და პ. გელოვანი, იწყევლიდენ დაბადების დღეს და თხოვილობდენ შველას. მეც ხშირად ვაწვდიდი წვეთებს და ლიმონს; ვამხნევებდი და ვანუგეშებდი. ხან კი, ამოვიდოდი ზევით ბაქანზე, შევტრფოდი სტიქიონთა გააფთრებას და ვმღეროდი ხმამაღლა. ბუნების საშინელ გრგვინვას და ღრიალს უერთდებოდა ქართული მელოდიები. მხიბლავდა უამრავი ცისარტყელები, მიტაცებდა ტალღების გიჟური სრბოლა. ჩემზე არ მოქმედობდა ღელვა და რწევა. იმ დროს, როცა ზოგიერთი მატროსებიც კი ავად ხდებოდენ ზღვის საშინელი ღელვისაგან, მე ვიყავ კაჟივით მაგარი, გულმხიარული და ოდნავაც არ მიგრძვნია ზღვის სენი. არ მიგრძვნია იგი არც მაშინ და არც შემდეგ მრავალი მგზავრობის დროს გაცოფებულ ზღვაში.
შეღამდა, ჩამოწვა სქელი ნისლი. დაბნელდა. იმატა შტორმმა. „ორტეგალი“ მამაცად მიაპობდა უზარმაზარ ზვირთებს და გაჰქონდა საშინელი ღრიალი, რომ რომელიმე გემი ამ სქელ ნისლში არ დატაკებოდა წინიდან ან უკნიდან და არ მომხდარიყო რაიმე უბედურება. გააფთრებული ტალღები კიდევ უფრო მძლავრად ეხეთქებოდენ ამ დიდ გემს და გადადიოდენ ბაქანზე. უკვე ფრიად საშიში შეიქნა მეზღვაურთათვის ბაქანზე სიარული. კაპიტანი კი, იდგა გაფითრებული სახით თავის საგუშაგოზე და იძლეოდა მკვეთრ ბრძანებებს, როგორც დიდი სარდალი გადამწყვეტ ბრძოლის დროს. აქ მხნე გამოცდილი კაპიტანი თავგანწირვით ებრძოდა საკმაოდ მოძველებულ გემზე სტიქიონთა გააფთრებულ ძალებს. აქ მისი თითოული სიტყვა იყო ფასდაუდებელი. აქ მცირე შეცდომაც კი, შესაძლოა, ყოფილიყო საბედისწერო... აქ თითქო შედუღებულიყო ერთად ადამიანის ცოდნა, ნიჭი, ნებისყოფა, გამოცდილება, უშიშრობა, სიმამაცე და სულის სიმტკიცე. და ეს უხილავ ბრძოლად ქცეული ადამიანის ფსიქიური თვისებანი ახდენდენ ნამდვილ სასწაულს, ზღუდავდენ თითქო სტიქიონთა გააფთრებას და მათ შეუგნებელ ბრმა ბოროტებას. კაპიტანს ცვლიდენ მცირე ხნით მისი მამაცი და ნიჭიერი თანაშემწენი. ყველანი კი, მზად იყვნენ შეეწირად სიცოცხლე გემისა და მგზავრთა გადასარჩენად. ამ გააფრთრებულ ბრძოლამ გასტანა რამდენიმე დღედაღამე. ამ ხნის მანძილზე ერთი წუთითაც კი არ დარღვეულა წესი, თვით გემზე, ერთი წამითაც კი არ შექმნილა საერთო შიში და პანიკა. ხოლო დიდად სახიფათო მომენტები განვლეთ თურმე, როგორც გავიგეთ შემდეგ. არა ერთხელ ეკიდა ბეწვზე მთელი გემის ბედი. არა ერთი საშინელი წამი განიცადეს კაპიტანმა და მისმა მამაცმა მეზღვაურებმა. ჩვენ კი არაფერი ვიცოდით თურმე. და სწორეთ იმ დროს, როცა მგზავრებს გვეძინა არხეინად, ან ვკვნესდით გულისარევის გამო, უხილავი ძალა ჩვენთვის სწერდა სიკვდილის განაჩენს, მთელი გემის დამსხვრევას და დარჩობას ზღვის უფსკრულში... ყოველივე ეს გავიგეთ შემდეგ, როცა გადავრჩით უსაშინლეს ხიფათს.
ამ დიდი ხიფათის დროს გულშეწუხებული ჩემი ორი თანამგზავრი არა ერთხელ ამიჯანყდენ და მისაყვედურეს ზღვით წამოსვლა საფრანგეთში. „სად ვიღუპებით და რარიგად ვიღუპებით ჩვენ შავდღეზე დაბადებულნი!..“ - მოთქმა-კვნესით გაიძახოდენ ისინი თავის კაიუტაში. მე კი, ვუვლიდი მათ, ვამხნევებდი და ვანუგეშებდი, რითაც შემეძლო.
ზღვის ღელვა შესუსტდა სამჩნევად, როცა ავუარეთ გვერდი შვენიერ სიცილიას და დავიკავეთ გეზი ჩრდილო-დასავლეთით მარსელისაკენ. საერთოდ კი ზღვაში დავყავით 17 დღე, მაშინ როდესაც უნდა მივსულიყავით მარსელში მეთორმეტე დღეზე.
აქვე უნდა ავღნიშნო ერთი კურიოზი: გემში ჩაჯდომამდე მეგონა ჩემი თავი ფრანგული ენის საუკეთესო მცოდნედ, რადგან შეჭმული მქონდა რეიფ-მაკაროვის ლექსიკონები და ზედმიწევნით ვიცოდი ფრანგული მართლწერა და გრამატიკა, თავისუფლად ვკითხულობდი და ვწერდი ფრანგულად. შევდგი თუ არა ფეხი „ორტეგალ“-ზე, ვერც ჩემი ფრანგული გაიგეს ამ ფრანგმა მეზღვაურებმა და ვერც მათი ფრანგული გავიგე მე. შევწუხდი მეტად. დავიბენ პირველ ხანებში. არ ვიცოდი, რაში იყო საქმე. ნაწერით კი ორთავე მხარე ვსაუბრობდით საუცხოოდ. მათაც კარგად ესმოდათ ქაღალდზე დაწერილი ჩემი აზრები და მეც კარგად ვიგებდი მათ სურვილებს ნაწერის საშუალებით.
რაში ყოფილა საქმე? თურმე სრულებით არ მივარგოდა გამოთქმა. ფრანგული საუბარი კი, სავსებით დამყარებულია შესაფერ გამოთქმასა და ფრაზების აგებაზე. და რადგან ფრანგული ენა შევისწავლე თეორიულად ჩემდა თავად გრამატიკა-ლექსიკონის საშუალებით, ამიტომაც არ მქონდა შესაფერი გამოთქმა და არც ვიცოდი რიგიანად ფრაზების კონსტრუქცია. ხოლო ამ ფრანგულ ენაში პრაქტიკულად მანამდე არ მივარჯიშნია არასდროს. ან ვისთან ვივარჯიშებდი წინანდალსა და ქუთაისში?! აი, სწორეთ ეს იყო მიზეზი, რომ ჩემი სალაპარაკო ბარბაროსული ფრანგული არ ესმოდათ მათ, მათივე საუბარი კი - მე. და ეს მარცხი მომდიოდა მუდამ, სანამ არ ჩავედით ლიონში და არ დავიქირავე მასწავლებელი ქალი ფრანგული ენის გამოთქმისა და ფრაზის კანონიერად აგების შესასწავლად.
__________________
1. მსუქანი, ნოყიერი მიწა.
2. 1815 წელი.
![]() |
19 XVII. საფრანგეთში |
▲ზევით დაბრუნება |
წყნარი ზღვა. თფილი ციმციმა დარი. მზე ოდნავ გადახრილა დასავლეთისკენ. მგზავრები გამოფენილან ბაქანზე სუფთად ჩაცმულნი, სეირნობენ და საუბრობენ მხიარულად. კაპიტნიდან დაწყებულთ უკანასკნელ მატროსამდე ყველა მგზავრთ აცვიათ ქათქათა თეთრი სამოსი. დამშვიდებული სახე უბწყინავთ სიხარულით. უკვე კარგა ხანია მოსჩანს ხმელეთი, ვხედავთ საფრანგეთის მთა-გორაკებს. აჰა, აიმართა ზღვის პირას ვრცელი ქალაქი შავი და ფერადი შენობებით! დროშებით მორთული „ორტეგალი“ ომგადახდილი მძლე სტიქიონთან ნელი ნაბიჯით ამაყად უახლოვდება მოყვითანო ნაპირს. უზარმაზარი ბოღოზი სავსეა სხვა და სხვა ზომის გემებით და ნავ-ხომალდებით. მარსელის ფართო და შვენიერ სანაპირო ქუჩაზე გამოფენილან სუფთად ჩაცმული უამრავი ქალი და კაცი.
ამ დროს ჩვენს უკან გაისმა მწყობრად აფრთოვანებით სავსე ფრიად საამო მძლავრი ჰანგები: „Alons enfants de la patrie, le jour de gloire est arivée“1 … - ეს არის საფრანგეთის ეროვნულ-რევოლუციური (ჰიმნი) მარსელიოზა. ამას გალობდენ აგზნებული მეზღვაურები მხნე კაპიტანის ლოთბარობით. ამ გმირულ ხმებს ბანი მისცეს მედგრად მგზავრებმაც, რომელთა შორის ბლომად იყვნენ ფრანგები და ახმაურდა მთელი გემი. სანაპირო გამზირიდან კი გაისმა მგზებარე ტაში, ვაშას ძახილი და საამო მუსიკა. უკრავდენ მარსელიეზას...
ამ დიდებული გალობით მივუახლოვდით და შევუერთდით ნაპირს. შეჩერდა გემი და ჩაეშვა ღუზა. გემის ბაქანზე გაჩნდენ საბაჟოს მოხელენი, ისინი ოდნავ გვაჩერებდენ მგზავრებს, გვითითებდენ ჩვენს ბარგზე და მეტად თავაზიანად გვეკითხებოდენ: „Alors, monsieur, il n'y a pas du tabac?“ - Non, monsieur! - ვპასუხობთ ჩვენც. „Passez, s'il vous plait!“2 - გვეუბნებოდნენ ისინი და ჩვენც ბარგის გაუჩხრეკავად გადავდიოდით სანაპიროზე. ეს საბაჟოს მეტად ზრდილობიანი მოხელენი ეძებდენ მხოლოდ თამბაქოს როგორც კონტრაბანდას, რადგან იგი შეადგენდა საფრანგეთის რესპუბლიკანურ მთავრობის მონოპოლიას. არც პასპორტების ძიება, არც ბარგი-ბარხანის გახსნა და ტლანქი ჩხრეკა, არც მთელი საათობით ლოდინი და ზოგიერთების კიდევ ტანზე გაძრობა ცალკე ოთახში და უხეში გაჩხრეკა, ყოველივე ის „თავაზიანი მანერები“, რაც ჰქონდა ჩვეულებად ცარიზმის რუსეთს.
რას ნიშნავს თავისუფალი ქვეყანა! თვით ჰაერიც კი გაჟენთილიყო ამ თავისუფლებით და ჩვენც მონების შვილნი, დამონებულ ქვეყნიდან მოსულნი ხარბად ვეწაფებოდით ამ სანეტარო თავისუფლებით გაჟენთილ ჰაერს. ბუნება, მზე, ზეცა, ადამიანის სახე,ყველაფერი ზეიმობდა და იცინოდა, ყოველივე იყო მოსილი სილაღე-მხიარულების შარავანდედით.
გადმოსულ მგზავრებს შემოეხვიენ ნათესავნი და ნაცნობ-მეგობრები; ეხვეოდენ, კოცნიდენ და ულოცავდენ შვიდობით გადარჩენას დაღუპისაგან. მთელს საფრანგეთსა და ევროპას უკვე გაეგოთ დეპეშებით იმ საშინელი შტორმის ამბავი, რაც შეგვემთხვა ხმელთაშუა ზღვაში. მრავალ მგზავრთა ახლო ნათესავები ჩამოსულიყვენ მარსელში მათ დასახვედრად. ცოლები ეხვეოდენ ქმრებს, შვილები მამებს, ყველანი კი ღვრიდენ სიხარულის ცრემელებს...
მხოლოდ ჩვენ სამს ეულ ქართველ ახალგაზრდას არავინ დაგვხვედრია იქ, არავის შეუწუხებია თავი ჩვენთვის... ან ვინ უნდა შეგვხვედროდა. ობლად გადმოვედით გემიდან სამივე ჩვენი მჭლე ბარგით, ერთი კიდევ გადავავლეთ თვალი ამ შვენიერ სანაპიროს, ამ კეკლუცად დართულ მოსეირნე ხალხს, ამ ტურფა ქალ-ვაჟთა და ყრმათა ბედნიერ სახეებს და ორი მებარგის თანხლებით ფეხით გავეშურეთ ვაგზლისაკენ, რადგან, როგორც გავიგეთ, ერთი საათის შემდეგ უკვე გადიოდა მატარებელი ლიონისაკენ, რომელიც იყო ამჟამად ჩვენი მგზავრობის საბოლაო მიზანი. მხოლოდ ვიღაც გაქნილმა სომეხმა შეგვიცნო აზიელებად, გამოგვიდგა მუსიო-გასპადინის ძახილით, დაგვეწია და შემოგვთაზა „იაფად“ პორნოგრაფიული სურათები და ლექსები რუსულ ენაზე. საშინელი ბრაზი მოგვგვარა სამივეს ამ ურცხვმა შეთავაზებამ და ზიზღით გავშორდით ამ ჰაიასტანის ღირსეულ ნაშიერს. ის კი, კვლავ მოგვდევდა უკან და გვემუდარებოდა: „ინებეთ ნახევარ ფასად ეს შვენიერი პოეზია და სურათებიო“. ძლივს მოვიშორეთ თავიდან, ისიც მუქარით ეს აბეზარი არსება. წაგვიხდინა თავისუფალ საფრანგეთის ხილვით მომხიბლავი შთაბეჭდილება ამ აზიის უჯიშო ჯორმა.
მივედით რკ. გზის სადგურში, ავიღეთ ბილეთები, ჩავსხედით ვაგონში და ცოტა ხანს შემდეგ გავემგზავრეთ ლიონისაკენ. უკვე შეღამდა. მარსელი გაჩაღდა ელექტროს ბურთებით. მატარებელი კი მიგვაქანებდა ჩრდილოეთისკენ.
შვიდობით, შვენიერო მარსელ! შვიდობით, მარსელის მგზებარე ვაჟნო და ტურფა ასულნო! მხოლოდ ამ კუთხის, ამ პროვანსის ქებულ შვილს, რუჟე-დელილს შეეძლო შეექმნა ექსტაზით სავსე პატრიოტული ჰიმნი დიდებული მარსელიეზა...
____________________
1. „ჰეი, მამულიშვილებო! გმირობის დღე თენდება“... (ეს დიდებული ჰიმნი გადავთარგმნე ქართულად 1898 წ., დაიბეჭდა ჩემს „სუმბულ“-ში) (ავტორი).
2. „ბ-ნო, თამბაქო ხომ არ მიგაქვთ?არა, ბატონო! - მაშ, მიბრძანდით, გეთაყვა“ (ავტორი).
![]() |
20 XVIII. ლიონში |
▲ზევით დაბრუნება |
მეორე დილით, 10 საათზე ჩავედით ლიონში. ჩვენს წინ გადიშალა უზარმაზარი ქალაქი 5-6 სართულიანი შავი სახლებით და ასფალტით მოგებულ მთავარი ქუჩებით. ყოველივე ეს კი აძლევდა ლიონს რაღაც მგლოვიარე ელფერს1. ფართო ქუჩებით სავსე იყო ეტლებით, ქვაფენილები კიხალხით.
იქვე სადგურზე მივაბარეთ ჩვენი ბარგი და დავუწყეთ ძებნა ერთადერთ ქართველს, ყოფ. მასწავლებელსტრ. ღამბაშიძეს, რომელიც გვეგულებოდა აქ. ამ ერთი წლის წინ მას დაეტოვა იმერეთში თავის ოჯახი და ცოლშვილი, წამოსულიყო აქეთ, რათა პრაქტიკულად შეესწავლა მეაბრეშუმობა, განსაკუთრებით კი, ლიონის განთქმული ფარჩეულის ქსოვა. ვიცოდი, რომ ის მუშაობდა ერთ საფეიქროში კრუარუსზე (ლიონის უბანია), ხოლო რომელ ქუჩაზე, არ მქონდა ცნობა.
გავიარეთ ფეხით გრძელი ქუჩები, ავიარეთ აღმართი და მოვედით კრუარუსზე. აქ კითხვა-კითხვით და მთელი საათის ძებნით, როგორც იქნა, მივაგენით იმ საფეიქროს და გამოვიხმედ ღამბაშიძე. ჩვენ გამოგვეგება საამო სახის კაცი და მოგვესალმა ქართულად. გადავეხვიეთ ერთმანეთს, როგორც დიდიხნის მეგობრები. ჩვენს საერთო სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი. ტრ. ღამბაშიძის სახით ჩვენ მოვიპოვეთ ამ უცხო ქვეყანაში საუკეთესო ჩიჩერონე, ხოლო მან აამერტყველა ერთი წლის დადუმებული ენა და ისაუბრა ქართულად. ვინც არ ყოფილა უცხო ქვეყანაში და არ უცხოვრია იქ წლობით ობლად, არ შეუძლია, წარმოიდგინოს, თუ რას ნიშნავს თავის თანამემამულის ნახვა და მასთან საუბარი სამშობლო ენაზე. იქ პირადი მტერიც კი მოყვარედ გეჩვენება.
ღამბაშიძე მაშინვე შეტრიალდა სახელოსნოში და მთელი დღით დაეთხოვა უფროსს; წამოგვიყანა თავის ბინაზე და გზაში გვეკითხებოდა საქართველოს შესახებ, თანაც აკმაყოფილებდა ჩვენს ცნობის მოყვარეობას აქაური ამბებით. ღამბაშიძე დაგვეხმარა იმ დღესვე ოთახის დაქირავებაში, რომელშიაც მოვთავსდით მე და გელოვანი, ხოლო ურუშაძე დროებით დარჩა მასთან, რადგან უნდა მომეთავსებია იგი სამ. სასწავლებელში ინტერნატად, ე.ი. სრულ პანსიონზე. ვისადილეთ ერთ უბრალო რესტორანში სიიეფის გამო, ხოლო ნასადილევს დავათვალიერეთ ლიონი, რომელიც პარიზს შემდეგ ითვლება პირველ ქალაქად საფრანგეთში. ლიონის ფარჩეული ხომ ცნობილია მთელ ქვეყანაზე. ჩვენსობას იქ იყო უამრავი საფეიქრო ფაბრიკები 20 ათასამდე საქსოვი მანქანით და 100 ათასამდე ხელის წვრილი საფეიქრონი, რომლებზედაც მუშაობდენ თავ-თავის ბინაზე თავის ცოლ-შვილით, ხოლო ვერ უძლებდენ მეტოქეობას ჟაკარდის მანქანას და კოტრდებოდენ ათასობით. თითქმის მთელი საფრანგეთის აბრეშუმი იტალიის აბრეშუმის მეტი ნაწილი შემოდიოდა ლიონში, აქ მუშავდებოდა იგი ძვირფას ფარჩეულებად და შემდეგ ეფინებოდა მთელ მსოფლიოს. ღვინის შემდეგ საფრანგეთს ყველაზე მეტი შემოსავალი ჰქონდა აბრეშუმის ქსოვილებიდან, რასაც ამზადებდა ლიონი.
ჩვენ გავედით ქალაქის უმთავრეს რესპუბლიკის ქუჩაზე, რომლის ფართო ფილაქნები სავსე იყო ძვირფასად დართულ მოსეირნე ხალხით. დავათვალიერეთ დიდრონი სახლები და ტაძრები, დიდებული მაღაზიები, თეატრები, ვრცელი ფორები და მათზე აღმართული და სხ. უკვე საკმაოდ დაღლილნი დავბრუნდით შინ ღამის 10 საათზე.
მეორე დღეს დილითვე შევუდექით ჩვენს მთავარ საქმეს, ე.ი. ლიონის პრაქტიკულ სამეურნეო სასწავლებელში მოწყობას. ეს სასწავლებელი მდებარეობდა ქალაქის განაპირას სოფ. ეკვილთან. გავეცანით სასწავლებლის დირექტორს, ბ-ნ დიურანს, მეტად სიმპატიურ ადამიანს, ვაუწყეთ ჩვენი ვინაობა და ვსთხოვეთ სასწავლებელში მიღება. მან მოგვისმინა გულდასმით, ნახა ჩვენი საბუთები (ფრანგულად ნათარგმნი) და სამივე ჩაგვრიცხა სასწავლებელში იმ პირობით, რომ ჩაგვებარებია წლის ბოლოს გამოცდები. მეორე დღიდან დავიწყეთ უკვე კლასში სიარული. დამჭირდა პარიზში დეპეშით მიმართვა და რუსეთის ელჩის შეწუხება, რათა ჩაერიცხათ ს. ურუშაძე სასწავლებელში ინტერნატად. ასევე ვუშოვე ფრანგული ენის მასწავლებელი პ. გელოვანსაც. ჩემთვისაც ავიყვანე მასწავლებელი ქალი ფრანგულ ენაში სავარჯიშოდ, რათა გავწაფულიყავ გამოთქმასა და ფრაზების კონსტრუქციაში. მართლაც, 2-3 თვეში ჩინებულად გავიწაფე, ხოლო მეოთხე თვიდან უკვე ვათავსებდი დროგამოშვებით ფრანგულ წერილებს ლიონის სამეურნეო გაზეთში„ჩაზეტტე აგრიცოლე“-ში.
ამ რიგად, ჩადგა თან და თან კალაპოტში ჩემი ცხოვრება. ხორცი შეისხა ჩემა ოცნებამ; სინამდვილეთ იქცა ჩემი 7 წლის მისწრაფება. მე უკვე საფრანგეთში ვარ, დიდებულ საფრანგეთში, რომლის დროშაზე აწერია: „ძმობა, ერთობა და თავისუფლება“; ვსწავლობ სამ სასწავლებელში, ვისმენ ფრანგულად პროფესორთა ლექციებს, ვარჯიშობ პრაქტიკულად სასწავლებლის ბაღსა და ზვრებში... და ეს არაა სიზმარი... ეს სიცხადეა და სინამდვილე... ოჰ, ბედნიერებავ! რა ტკბილი, რა საამო ყოფილა, როცა ადამიანი დიდი ხნის ბრძოლა-მაცადინობის შემდეგ ეწევა თავის მიზანს! ლომად ვიქეცი. შევიქენ განხორციელებული ენერგია. მწყურვალივით დავეწაფე სწავლას. ვნთქავდი ლექციებს, ვკითხულობდი სპეციალურ წიგნებს, ვმუშაობდი ბაღსა და ვენახში. ხოლო ყველაზე ხნიერი ვიყავ მოწაფეთა შორის, როგორც ისტორიული ლომონოსოვი და ეს იწვევდა მცირე ირონიებს ჩემს კლასის ამხანაგებს შორის. პირველ ხანებში უდიერად მოექცენ ამხანაგები პანსიონში ახლად მიღებულ ს. ურუშაძეს. დაიბრიყვეს იგი, როგორც ობოლი უცხოელი, და აყენებდენ მრავალგვარ უსიამოვნებას. მაგრამ როცა მოთმინებიდან გამოსულმა მარჯვე გურულმა უჩვენა მათ ქართული მუშტები და ჭიდაობის ფანდები, როცა დაანარცხა ძირს და გაშალა მიწაზე მამიჯვარის ლავაშივით ზედიზედ რამდენიმე მათგანი, მაშინ კი შეკრთენ ეს თავხედი ვაჟბატონები, შეექნათ კრძალვა და რიდი ამ ახალმოსულ „ჟეორჟიენ“-ისა, მაგრამ როცა მოერია კრივში მათ განთქმულ ბელადებს (უფროს კურსელებს), მაშინ კი იგრძნეს ამ „ბრავ ჟეორჟიენ“-ის მიმართ უზომო პატივისცემა. ხოლო ეს „ყოჩაღი ქართველი“ 9 თვის შემდეგ გაუშპათ ხელიდან და შვეიცარიაში მყოფ კ. გოგელიას რჩევით გადავიდა ქ. ჟენევაში, სადაც დაჰყო 5-6 წელი და დაამთავრა საინჟინრო ინსტიტუტი.
ლიონში ჩასვლისთანავე დავწერე და გავგზავნე საქართველოში ორი ბარათი, ერთი მამაჩემის სახელზე, მეორე კი, პ. ცახელის მიმართ. ამავე დროს მივმართე განცხადებით თფ. რკ. გზის სამართველოს, ვატყობინებდი, რომ სწავლის გაგრძელების მიზნით ვტოვებ სამსახურს მეთქი, და ვთხოვდი, გამოეგზავნათ ჩემთვის საპენსიო სალაროდან ჩემს სახელზე დაგროვილი (ჯამაგირის გამოქვითვით) 170 მანეთამდე. მე თვით ჩამომყვა ლიონში 38 მანეთი, ე.ი. იმდენი თანხა, რაც ძლივს მეყოფოდა მხოლოდ საზრდოთ ერთი თვის განმავლობაში. ბარათების მისვლა-მოსვლას კი სჭირდებოდა დაახლოებით ერთი თვე. მოუთმენლად ველოდი თვის გასვლას, რომ მიმეღო „ერთგულ მეგობრიდან“ აღთქმული ასი მანეთი და შემდეგ კიდევ ყოველთვიურად 6-7 თუმანი მაინც, თუ მეტი არა.
გავიდა ერთი თვეც, არ მომდის ცახელისგან არც ფული და არც პასუხი. მამაჩემა კი მიპასუხა, რომ კარგად ვართ ყველანიო. მივწერე „მეგობარს“ მეორე ბარათი და ავუხსენი ჩემი უკიდურესი გაჭირვება. ვთხოვდი, მოეშველებია საჩქაროდ ცოტა რამ მაინც. მართლაც, გათავდა ის ჩემი თანხა (38 მ.) და ახლა აღარ ვიცოდი, რით მეცხოვრა, ან ვისათვის მიმემართა. პ. გელოვანი და ტრ. ღამბაშიძე, ჩემი არ იყოს, მეტად გაჭირვებულად ცხოვრობდენ, ბევრად უკეთეს პირობებში იყო ს. ურუშაძე, მარა იმდენი არც იმას ჰქონდა, რომ გაესესხებია. მიუხედავად ამისა, ოციოდე ფრანკი2 გამოვართვი დროებით, რომ პური მაინც მეყიდა და შიმშილით არ მომკვდარიყავ. ამასობაში სულზე მომისწრო რკ. გზის სამართველოდან გამოგზავნილმა 17 თუმანმა (ჩემა საპენსიო ფულმა) და მოვსულიერდი ორი თვით მაინც. გავისტუმრე ბინის ქირა, ურუშაძის ვალი და დამრჩა იმდენი, რომ დიდი ყაირათით ორი თვე გამეძლო კიდევ ცოცხალი.
გავიდა მეორე თვეც. ცახელიდან არც ფული და არც პასუხი. მივწერე მესამე და მეოთხე ბარათი. შევეკითხე მამას: მაცნობე, რაშია საქმე, რატომ არაფერს მწერს ცახელი? რატომ დაპირებულ ფულს არ მიგზავნის? ხომ კარგად არის? ხომ მისდის ჩემი ბარათები?მამა მპასუხობს, რომ ეს ჩვენი სიძე, „შენი მეგობარი“ ძალიან კარგად არის თავის ცოლშვილით. ღვინოც ბლომად დააყენა და ხილიც ბლომად მოიწია. წვეულებებს მართავს, ყანის ფულებიც მთლიანად აიღო, წინად 120 მანეთიანი ცხენი იყიდა - საუკეთესო თოხარიკი, ახლა კიდევ ეტლი გაიჩინა. ფული ბევრი აქვს და სანოვაგე. განცხრომით ცხოვრობს და შენ რათ არ გწერს პასუხს ან ფულს რათ არ გიგზავნის, არაფერი ვიციო. მამის ასეთმა პასუხმა დიდ საგონებელში ჩამაგდო და მომშალა სულიერად. „ნუ თუ მიღალატა?! ნუ თუ ფეხქვეშ გათელა ჩემი ამდენი ამაგი?! შეუძლებელია!..“ - ვამბობდი გუნებაში და არ ვკარგავდი იმედს. ფული უკვე დამელია ერთიანად და აწი აღარ ვიცოდი, რითი მეცხოვრა. საფრანგეთში ჩასვლის დღიდან მომესპო ის მცირე წყაროც ჰონორარის სახით, რასაც დროგამოშვებით ვიღებდი ტფილისში წერილების მოთავსებით „კვალი“-დან და «Кав. сел. Хозяйство»-დან. გაზ. „კვალ“-ს იმ ხანად სათავეში ჩაუდგა ევროპიდან დაბრუნებული ნოე ჟორდანია (სოც. დემოკრატი) და არ გაუშვა საფრანგეთიდან გაგზავნილი არცერთი ჩემი წერილი, როგორც არა სოც. დემოკრატის. აგრეთვე გაზ. „კავკაზ“-ის რედაქტორმა, რუსმა პროვოკატორმაველიჩკომ ასტეხა და გააღვივა შუღლი ქართველებსა და სომხებს შორის; ამის გამო არც გაზ. «Кав. сел. хоз»-ს რედაქტორმა, სომეხმა კალანტარმა არ გაუშვა თავის ორგანოში ჩემი საკმაოდ საინტერესო წერილები. ამ სახით მომესპო ეს წყაროც. რაც შეეხება გაზ. „ივერია“-ს, მის რედაქტორს - ი. ჭავჭავაძეს, თუ უფასოდ მიუტანდი ან გაუგზავნიდი წერილს, იქნებ მიეღო მოწყალება და დაებეჭდა; საფასით თვით დიდებულ რუსთაველსაც კი არ დაუბეჭდავდა მის უკვდავ „ვეფხის ტყაოსანს“, რომ ამ დროს ყოფილიყო ცოცხალი და გაეგზავნა დასაბეჭდათ თავის პოემა. ასეთი იყო ამ ყვარელელი მებატონის წესი და ადათი...
გავიდა სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი, გავიდა 4 თვე და სწორეთ დეკემბრის ბოლო რიცხვში მომდის პ. ცახელიდან ჩემს ოთხ წერილზე მისი პირველი მოკლე პასუხი და... ერთი თუმანი ფული... მიველ შინ ნასადილევს და დამხვდა 1 თუმნის უწყება. გამიკვირდა, ვინ გამომიგზავნა მეთქი. წაველ ფოსტაში. თან მახლდა ს. ურუშაძე. ფოსტის მოხელემ გადმომცა კონვერტი. მაშინვე ვიცანი ცახელის ხელი. გავხსენი და ამოვიღე მოკლე ბარათი და ერთი საცოდავი თუმნიანი. ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი. წავიკითხე ბარათი ჩუმად, მწერდა: „ძმაო სიმონ. ვწუხვარ, რომ დაგიგვიანე პასუხი. ან რა უნდა მომეწერა! ცარიელი ბარათი რად გინდოდა! ფული კი არ მქონდა. ეს ერთი თუმანიც ძლივს მოვახერხე. ჭიშკართან რომ ქვა ეყარა, ის გავყიდე. და აჰა, გიგზავნი. მეტის იმედი კი ნუ გექნება, რადგან ბევრი ხარჯები მაქვს. შენი პარმენი“.
თვალები დამიბნელდა, წავბარბაცდი და უსათუოდ წავიქცეოდი, რომ ურუშაძეს არ ეტაცნა ხელი. თურმე მკვდრის ფერი დამდებოდა. მან დამაჯინა იქვე მერხზე და წყნარად შემეკითხა, რა დაგემართაო. „არაფერი... უცებ უგუნებოდ შევიქენ; შინ წამიყვანე მეთქი“. გამიყარა ხელკავი და მიმიყვანა ჩემს ბინაზე.ახლა დამტოვე მარტო, ჩემო სერგო.ვუთხარ და გავისტუმრე. ჩავკეტე ოთახის კარები და ხელ- ახლა გადვიკითხე ბარათი. მეგონა, თვალმა თუ მომატყუა. არა, თვალი არ მატყუებდა. კვლავ წავიკითხე ის, რაც ეწერა. ამოვიკითხე საშინელი ღალატი, ღალატი ურცხვი, უნამუსო, რომლის მსგავსი არც გამეგონა, არც წამეკითხა... მას შემდეგ უკვე გავიდა 35 წელი და ახლაც რაღაც უცნაური ჟრჟოლით და გულის ტკივილით ვიგონებ იმ უმაგალითო ღალატს... ვიჯექ ტახტზე და ვეუბნებოდი ჩემს თავს: „აშკარაა, მიღალატა ამ იუდამ, მარა სად და რა დროს! სად წავიდე ახლა! რა ვქნა, რა ჩავიდინო! ან აქ რა რიგად დავრჩე! რითი ვიცხოვრო! ან სამშობლოში რითი და რა პირით წავიდე! ვის ვეჩვენო! რას იტყვიან ნაცნობ-მეგობრები! ამდენი ხანი ვემზადებოდი წამოსასვლელად. ბოლოს, როგორც იქნა, წამოველ, ქვეყანამ გაიგო ეს ჩემი წამოსვლა და ახლა ამ 4 თვის შემდეგ უკანვე უნდა დავბრუნდე?! ქვეყნის სამასხაროდ გადავიქცე? ამ შერცხვენას ხომ სიკვდილი მირჩევნია! მაშ, უნდა მოვიკლა თავი... დიახ, უნდა მოვიკლა! მეტი გზა არ დამრჩენია. არა“... და გადავწყვიტე თავის მოკვლა... ორი დღე-ღამე დავიმწყვერი ჩემს ოთახში, ორი დღე-ღამე არც მისვამს, არც მიჭამია და არც მიძინია. ვებრძოდი ჩემს თავს, მომეკლა თავი თუ არა, ან რა იარაღით. არ მქონდა რევოლვერი... თანაც მეორე მხრივ მეუბნებოდა გული: თავის მოკვლა რა ვაჟკაცობაა! დედაკაცებიც კი იკლავენ თავს. სწორეთ ეგ უნდა შენს მოღალატეს, რომ მოიკლა თავი და გარდა იმ დიდი მამულისა, შენი ეზო-სახლ-კარიც კი იმას დარჩეს. არა, შენ უნდა იცოცხლო, გამოიჩინო გმირობა, დასძლიო ყველაფერს...„ჭირსა შინა გამაგრება ისე უნდა, ვით ქვით- კირსა“ბრძანებს შოთა და შენც უნდა კლდესავით გაუმაგრდე ამ საშინელ გაჭივრებას. გმირობაც ამაშია... მით უმეტეს, შენ თვითონ ამბობ ერთ ლექსში:
„იყავ მარადის მძლე, უძელეველი,
ვით კლდე და ლოდი ზღვაში ჩამდგარი“3...
მაგრამ როგორ, რარიგად? რა სასწაულით?!... გაჭივრება დიდი ოსტატიაო, ნათქვამია. და სწორეთ ამ შავ-ბნელ მომენტებში აქ გამახსენდა ერთი რამ: შენ ხომ ფრანგული იცი! საფრანგეთში ხომ დიდი გატაცებაა რუსეთისადმი! დიდი მეგობრობაა მათ შორის ფრანკო-რიუსის „ალიანს“-ის4 გამო! მაშ, გამოაცხადე გაზეთში, რომ აძლევ რუსული ენის გაკვეთილებს. 2-3 მოწაფეს მაინც შეიძენ. აი, შენი არსებობის წყარო! ნუ გეშინია, შენი სიმართლე წინ წაგიძღვება. ბოროტს კი ბოროტი შეემთხვევა. ესაა ზეცის და ბუნების კანონი. მაშ, გასწი, ნუღარ აყოვნებ, ახლავე გამოაცხადე გაზეთშივამხნევებდი ამ სიტყვებით ჩემს თავს. მეც წაველ და გამოვაცხადე გაზეთში, გადავრჩი შერცხვენას, ან თავის მოკლას. ჩემს მოღალატე ცახელს კი მივწერე: „ახლა კი გიცან, რა საზიზღარი იუდაც ყოფილხარ, მაგრამ გვიანღაა... შეიძლება, მე ჩემა სიმართლემ არ დამკარგოს, მივაღწიო მიზანს, ცოცხალი ჩამოვიდე და მანდ გავსწორდებით... მანამდე კი, შეწყდეს ჩვენს შორის ყოველივე კავშირი“... ჩავდევი იმავე ბარათში მის მიერ გამოგზავნილი ის საცოდავი თუმანი და მივახალე თავში. შემდეგ წაველ ჩემს მეგობარ ქართველებთან და ვუამბე ყველაფერი. მათ აღშფოთებას ცახელის საქციელით არ ჰქონდა საზღვარი. მე კი მამხნევებდენ და მილოცავდენ გადარჩენას.
მართლაც, მეორე დღეს მოვიდა ჩემს ბინაზე ერთი კარგად ჩაცმული სხვილი ბურჟუა, გვარად ვეიტვინი, გამეცნო და შემეკითხა: „თქვენა ხართ, რუსული ენის გაკვეთილს რომ იძლევით?“ თანაც მიმითითა გაზეთზე, რომელიც ხელში ეკავა. „დიახ, მე გახლავარ მეთქი“. „მე ტიულით ვვაჭრობ, მაქვს დამოკიდებულება რუსეთთან. მინდა, ამ მოკლე ხანში წავიდე კიდეც, ამიტომ მჭირდება მცირეოდენი რუსულის ცოდნა; მსურს, ავიღო გაკვეთილები თქვენგან, კვირაში სამჯერ ჩემს ბინაზე. რას თხოულობთ თითო გაკვეთილში?“ მე დავფიქრდი; აღარ ვიცოდი, რამდენი მეთხოვა. ვერ გავითვალისწინე ადრევე. ვშიშობდი, ბევრი არ მომეთხოვა, რომ უარით არ წასულიყო. არც ის მინდოდა, რომ სულ იაფად ამეყვანა. მცირე ფიქრს შემდეგ მოვთხოვე საათში ორი ფრანკი. მან ალბად იცოტავა, რადგან შემომხედა გაოცებით და თანაც სახეზე შევამჩნიე ოდნავი ირონია. თურმე 5 ფრანკიც რომ მომეთხოვა, სიამოვნებით მომცემდა. სად იყო გამოცდილება!.. - ძალიან კარგიო, მითხრა, დამიტოვა მისამართი და გამომემშვიდობა. გაკვეთილი უნდა მიმეცა იმ დღესვე საღამოს 7 საათზე.
გამამხნევა ამ პირველმა გამარჯვებამ. სრულ 7 საათზე მიველ ჩემს ახალ მოწაფესთან. თვითონვე გამიღო კარი, შემიყვანა კარგად მოწყობილ დარბაზში და გამაცნო თავის მეუღლე. დავიწყეთ მაცადინობა. მას უკვე ეშოვა რუსული ენის სახელმძღვანელო და თვითვე შეესწავლა ასოები. მე დავაწყებიე კითხვა და შევასწავლე რამდენიმე სიტყვა. ამ ჩემს მოწაფეს რუსულ ანბანში ყველაზე მეტად გაუჭირდა ხ-ის გამოთქმა. მაგ., „ხარაშო“-ს მაგივრად ამბობდა „კარაშოს“ ან „ქარაშოს“ ან კიდევ „ჰარაშოს“, „ხარაშოს“ გამოთქმა კი ვერ მოახერხა და ვერა პირველ დღეებში მაინც. გაკვეთილს შემდეგ შემიწვიეს პურისაჭმელ ოთახში, გამიმასპინძლდენ ჩაით და ტკბილი ნამცხვრებით. მეტად კმაყოფილი დავბრუნდი შინ.
მეორე დღეს მომადგა კარზე სიმპატიური სახის ახალგაზრდა და მთხოვა რუსული გაკვეთილის მიცემა. ის იყო ქიმიკოსი და მიეწვიათ პეტროგრადში კარგ ჯამაგირზე. მასაც სურდა კვირაში 3 გაკვეთილი. ამას კი მოვთხოვე თითო გაკვეთილში 3 ფრანკი, რაზედაც სიამოვნებით დათანხმდა. თანაც გაკვეთილები უნდა მიმეცა საღ. 6 საათზე ჩემს ბინაზე, რაც მიადვილებდა საქმეს.
ამ რიგად ამ პირველ ხანებში ვიშოვე ორი მოწაფე, რომლებიც მაძლევდენ თვეში 60 ფრანკს. შემეძლო, არ მომკვდარვიყავ შიმშილით, მით უმეტეს, რომ ჩემი პირველი მოწაფე ბურჟუა მუდამ მიმასპინძლდებოდა ან ჩაით ან სადილით, რადგან გრძნობდა, რომ ცოტას მაძლევდა5.
შემდეგ დავიწყე აქ სამეურნეო გაზეთშიც წერა და მცირე რამ იქედანაც შემომდიოდა. ასე გავიდა რამდენიმე თვე. არსაიდან არაფერი მომდიოდა. არც მე ვთხოვდი ვისმეს რაიმე დახმარებას. მხოლოდ ერთმა ინტელიგენტმა ახალგაზრდამგამომძიებელმა აბზიანიძემ მომწერა ქუთაისიდან: თუ ნებას მოგვცემ, ან წარმოდგენას გავმართავთ, ან ხელმოწერით ფულს შეგიგროვებთ და გამოგიგზავნითაო. მადლობა შევუთვალე და ვსთხოვე, არ შეეწუხებიათ თავი, რადგან არ მსურს, ვისმესგან რაიმე დავივალო მეთქი.
ლიონში თანდათან გავიცანი უცხოელი სტუდენტები: სერბები, ბულგარები, პოლონელები, უკრაინელები, ებრაელები, სომხები და სხ. დრო გამოშვებით ვმართავდით კონფერანსებს და ვკითხულობდით რეფერატებს, შემდეგ იმართებოდა კამათი. ზოგ ამათგანს ძლიერ დავუახლოვდი, მეტადრე ერთ ბულგარელ მესამე კურსის სტუდენტსქრისტო პაპოვს.
იმავე წელს, ვგონებ, ოქტომბერში ს. ოცხელმა ჩამოიყვანა ლიონში თავის ორი უმცროსი ძმა და მიაბარა კომერც. სასწავლებელში. ცოტა ხანს შემდეგ კიდევ ორი ქართველი: ერ. კიწმარიშვილი და ალ. კლდიაშვილი; ამ რიგად შევგროვდით ლიონში 8 ქართველი.
იმ წელს იანვრიდან დაიწყო ლიონში საგრძნობი სიცივეები, ყინვა და თოვლი; მასთან ხშირი ნისლი, რასაც იწვევდა უმთავრესად დიდი მდ. რონა, რომელიც ჩაუდიოდა ქალაქს აღმოსავლეთით. ერთ ასეთ საღამოს, როცა ვმაცადინობდი ჩემს ოთახში ბუხართან, ვიღაცამ დარეკა ზარი, შემოვიდა ტალანში და დააკაკუნა ჩემს კარებზე. - შემობრძანდით! - ვუთხარ ფრანგულად. გაიღო კარი და შემოვიდა საშუალო ტანის, დაახლოებით 30 წლის სუფთად ჩაცმული კაცი. მომესალმა ქუდის მოხდით, დასდო იატაკზე ჩემოდანი და გამეცნო: - მე გახლავარ ბოსნია-ჰერცოგოვინელი ჰაჯი-კოჩო-პაპოვიჩ. თქვენ ხომ ბ-ნი ქვარიანი ბრძანდებით? - დიახ, ის გახლავარ. დაბრძანდით. რით შემიძლია, გემსახუროთ?
მან ამოიღო უბის ჯიბიდან ქრ. პაპოვის სადარბაზო სურათი, რომელზედაც ეწერა ჩემი მისამართი და გადმომცა ამ სიტყვებით: „ბ-ნო ქვარიანო, მოგეხსენებათ, რომ ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ფარგლებში მოქცეულია პაწია სლავური ქვეყანა ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომელიც განიცდის დიდ შევიწროვებას ავსტრიელთაგან. თქვენ, როგორც ქართველი და დამონებული ერის შვილი, ადვილად შეიგნებთ, თუ რას ნიშნავს ეროვნული ჩაგვრა... ამის გამო შევიფიცეთ რამდენიმე თავდადებული მამულიშვილი და სტამბოლში საიდუმლოდ დავაარსეთ ჩვენი სამშობლოს გამანთავისუფლებელი კომიტეტი; მე თვითონ შევწირე ამ დიდ საქმეს მთელი ჩემი ქონება 200 ათას მანეთად ღირებული. აი, საბუთებიც!“ამ სიტყვებთან მან გადმომცა სხვა და სხვა ბეჭედ დაკრული ნაწერები და მათ შორის მათი კომიტეტის დაბეჭდილი პროგრამა და მოწოდების ბროშურები. ეს კაცი მესაუბრებოდა ხან ფრანგულად, ხან რუსულად. ჩინებულად იცოდა ორივე ენა. ვუსმენდი და ვცვიფრობდი, თუ რად სჭირდებოდა ამ კაცს ჩემთან ეს ახსნა-განმარტება. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და შევეკითხე:
- უკაცრავად, მარა ვერ გამიგია, რა გნებავთ ჩემგან?
- ახლავე, ბ-ნო ქვარიანო. მოკლედ მოგახსენებთ: ამ 3 კვირის წინ, ჩვენი კომიტეტის დავალებით, გავემგზავრე რუსეთში მაღალ სფეროებთან მოსალაპარაკებლად. იქიდან ჩამოველ პარიზში; ვინახულე პრეზიდენტი და სხვა საჭირო პირები. ახლა კი, მარსელით და ხმელთაშუა ზღვით მივალ სტამბოლში. სამწუხაროდ, საგზაო ფული გამომელია, მჭირდება 250 ფრანკამდე. მივმართე აქ ჩემს კომპატრიოტებს6, სერბიელ და ბულგარელ სტუდენტებს, ვერაფერს გახდენ; ჩანს, არ ჰქონდათ იმდენი ფული. ზოგმა კი მირჩია: ნახე ქართველი სტუდენტი ქვარიანი, მხოლოდ ის გიშველისო. ყველაზე დაჟინებით ამას ამბობდა სტ. ქრ. პაპოვი, რომლის სადარბაზო სურათი გადმოგეცით კიდეც. ახლა თქვენ იცით. თქვენს ხელში ვარ, ბ-ნო ქვარიანო. გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ჩასვლისთანავე სტამბოლში დაგიბრუნებთ ამ ფულს დიდი მადლობით და თუ არ მენდობით, აგერ ამ ჩემოდანში დევს სულ ახალი ტანისამოსი და ამას დაგიტოვებთ საწინდრად.
ამ კაცის სიტყვები მაოცებდა უფრო და უფრო. პირველად მეგონა, თუ მასხრად აგვიგდეს მე და ეს დიდი პატრიოტი კაცი. მაგრამ, რომ ჩავუკვირდი და მივიღე სახეში ჩემი საუკეთესო მეგობრისა და მეტად სერიოზული ჭაბუკისქრ. პაპოვის სადარბაზო სურათი, შევიცვალე აზრი და ვიფიქრე, რომ აქ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, მით უმეტეს, იმ სადარბაზო სურათზე თვით პაპოვის ვინაობისა (დაბეჭდილი) და ჩემი მისამართის მეტი არაფერი ეწერა. მეტად ჩამაფიქრა ამ უცნაურობამ. ბევრი ვეცადე, მაგრამ ამ საიდუმლოს ასახსნელი კვანძი ვერ მოვძებნე. კარგად იცოდენ ყველა იმ სტუდენტებმა და მეტადრე ქრ. პაპოვმა, რომ მე ვცხოვრობდი აქ მეტად გაჭივრებით, ამიტომ არ შემეძლო, არავითარი ნივთიერი დახმარება აღმომეჩინა ამ კაცისათვის. სხვა ქართველი სტუდენტებიც არ იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში და სიეფის გულისათვის ვსადილობდით უბრალო რესტორან „დეზ მარმიტ“-ში და მოვითხოვდით ხოლმე ერთ რომელიმე უბრალო თავს, ან წვნიანს, ან ლობიოს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მუშები სჭამდენ იქ ორჯერ დღეში და მუდამ თხოულობდენ 2-3 თავს აპერიტივ-ორდევრით, ღვინით და ბოლოს ყავათი. ამავე დროს კი, სერბ-ბულგარეთის სტუდენტები ცხოვრობდენ განცხრომით, რადგან თავიანთი მთავრობა უგზავნიდა თითო მათგანს სტიპენდიის სახით თვეში 100 მანეთს და გარდა ამისა, უმეტესობას მშობლებიც კი ეხმარებოდენ უხვად. თითქმის ყველა მათგანს ჰყავდათ აქ მეტრესები (საყვარლები) და მეტ წილად საღამოობით დროს ატარებდენ „კაფე ეტუალ“-ში. და აი, ეს ვაჟბატონები არ ეხმარებიან თავიანთ ტომის ადამიანს და მიგზავნიან მე გაჭივრებულსა და ულუკმაპუროს!.. რაშია საქმე?!..
- ბ-ნო ჰაჯი-კოჩო-პაპოვიჩ! აქ ან დაგვცინეს მე და თქვენ, ან რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. იმათ კარგად იციან, თუ რა ქონების პატრონი ვარ. აჰა, ჩემი ავლა-დიდება! - ამ სიტყვებით ამოვიღე ჯიბიდან საფულე, გავხსენ და გადმოვაბრუნე. გადმოცვინდა ვერცხლის 5 ფრანკიანი და ნიკელის 4 სუ.თუ ეს გიშველით, ინებეთ! მეტი ერთი გროშიც კი არა მაქვს, გაძლევთ სიტყვას და, კიდეც რომ დიდად მოვინდომო, ვერსად გიშოვით.
მეტად შეწუხდა ეს ჩემი სტუმარი. მოდუნდა, სახე მოეღუშა, თავი ჩაღუნა. ერთხანს სდუმდა. ბოლოს მომიბრუნდა ამ სიტყვებით:
- ბ-ნო ქვარიანო, რაღა დაგიმალოთ, მთელი დღე არაფერი მიჭამია და წუხელისაც გარეთ გავათიე ღამე, რადგან სასტუმროს პატრონმა გამომაგდო, ფული ვერ მივეცი. ერთი გროშიც არა მაქვს ჯიბაში. წუხელის გავცივდი და აგერ მარცხენა ბეჭზე საშინელი ჭვალი მაქვს.
მე მაშინვე შევუმატე კოკსი7 ბუხარს8 და ეს უცხო კაცი დავაჯინე ცეცხლთან ახლოს. ამავე დროს შევდგი სპირტის ლამპაზე წყალი ჩაისთვის, შემდეგ ჩავიცვი პალტო, დავიხურე ქუდი და წაველ ახლო დუქნებში. ვიყიდე პური, ყველი და ძეხვი, აგრეთვე აფთიაქში გამოვართვი ერთი შუშა მდოგვის სპირტი და მოვიტანე შინ. ხელად გავაკეთე ჩაი და ვასაუზმე ეს დამშეული ადამიანი. შემდეგ დავუზილე მაგრად მდოგვის სპირტით მტკივანი ბეჭი და მოვასვენე რბილსა და ფართო ლოგინში9, მე კი გავიშალე იატაკზე ფარდაგი, ზედ დავაგე ჩემი პაწია საგზაო ლოგინი და ჩავწექი შიგ. იქნებოდა ღამის 11 საათი. ვერ მოვისვენე, ვერ დამეძინა. ტვინს მიბურღვამდა ფიქრი, თუ რად გამომიგზავნეს ეს კაცი. მსურდა, როგორმე ამეხსნა ეს უცნაური ამოცანა. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ უცებ ნათელი შეიქნა ჩემთვის ყველაფერი. გახარებულმა წამოვიწიე ლოგინიდან და შევეკითხე: „გძინავს, ბ-ნო კოჩო?“„არა, ბ-ნო, რაშია საქმე?“ - „მართალი ყოფილან ის სტუდენტები. დიახ, მე შემიძლია, გიშოვოთ ამეღამვე თქვენთვის საჭირო ფული და აჰა, მივდივარ კიდეც!“. ამ სიტყვებთან ერთად წამოვდეგ ლოგინიდან და დავიწყე ჩაცმა. ეს კაცი მიცქერდა გაოცებული და არ იღებდა ხმას; ალბად ეგონა, თუ გავგიჟდი. მე უკვე ჩავიცვი ჩემი ძველი პალტო, შევიხვიე თავი ბაშლაყით და ავიღე ხელში ბზის მაგარი ჯოხი ყოველი შემთხვევისათვის, რადგან უფულობის გამო უნდა გამევლო ფეხით 3 ვერსივეზიდან გიოტიეს უბანში, სადაც იყო ცნობილი „კაფე ეტუალ“-ი. იქ კი მეგულებოდა ის ვაჟბატონები, რომლებმაც გამომიგზავნეს ეს უცხო პირი.
- აჰა, მივალ კიდეც! შეიძლება, ამეღამ ვერ მოვიდე, თქვენ ნუ შეფიქრდებით; მოისვენეთ არხეინად. ხვალ დილით აქ ვარ გაჩენილი და იმედია, ფულსაც მოვიტან.
გამოველ ქუჩაში. უკვე შუაღამე იყო სქელი ნისლი; საშინელი სიბნელე; ძლივს ბჟუტავდა აირის ლიფლიფები. ქუჩები ცარიელი, ფილაქნებზე არ ჭაჭანებდა სულიერი. ძვალსა და რბილში ატანდა ნესტი და სუსხი. მხოლოდ თავმოძულებული გავიდოდა გარეთ ასეთ ამიდში. მივდიოდი მგლური ნაბიჯით, რომ შევხურებულიყავ. მივაღწიე, როგორც იქნა. ჩაბნელებულა უზარმაზარი გიოტიე - მუშათ უბანი. მხოლოდ მის წინ მდ. რონას პირად ბრწყინავს და კაშკაშებს ელექტრონის ბურთებით უცხოელ სტუდენტთა სამორინო და საქეიფო კაფე-შანტანი „კაფე-ეტუალ“-ი. გავიხადე ტალანში პალტო და ბაშლაყი; შევაღე კარი. უზარმაზარი დარბაზი სავსე იყო მოქეიფე ახალგაზრდებით. მათ შორის იყვნენ ჩემი ნაცნობებიც. ყველანი უსხდენ პაწია მაგიდებს თავ-თავის მეტრესებით ერთ ან ორ რწყვილად, გაებათ ტკბილი მუსაიფი და მიირთმევდენ სხვა და სხვა რამეებს. ზოგიერთნი კიდევ თამაშობდენ ნარდსა და შახმატს10.
შეველ თუ არა, შევჩერდი კარებთან, გადავავლე თვალი დარბაზს და მივმართე მოქეიფე ვაჟბატონებს ხმამაღალი საყვედურით: „სირცხვილი თქვენდა, ბალკანეთის სტუდენტებო! თქვენ აქ უზიხართ გვერდით კოკოტკებს და ქეიფობთ არხეინად, ამ დროს კი სამშობლოსთვის თავდადებული თქვენივე თანამემამულე კვდება შიმშილით ლიონის ქუჩებზე ამ ყინვა-სიცივეში!... სად არის ადამიანობა?! სად არის გრძნობა, სინდისი და პატიოსნება?!. ნუ თუ ასე დაეცით ყველანი?! კიდევ სირცხვილი თქვენი!..“.
ყველანი წამოცვინდენ სუფრებიდან და შემომეხვიენ. მეკითხებოდენ, რაშია საქმეო. მათ შორის იყო ჩემი მეგობარი ქრ. პაპოვიც, იღიმებოდა ჩუმად.
- გრცხვენოდეთ, ბალკანეთის სტუდენტებო! - გავიძახოდი კვლავ მღელვარე ხმით,თქვენ სამარცხვინოდ იცილებთ თავიდან თქვენს სასახელო მოძმეს და უგზავნით გაჭივრებულ ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც პურის ფულიც კი არ აქვს. თქვენ კი ამ დროს თითოეული 5 და 10 ფრანკს ხარჯავთ ყოველ საღამოს ვიღაც ქუჩის როსკიპებთან!.. გარსონ! მომეცით ქაღალდი და ფანქარი“ - მოვუბრუნდი ფარეშს.
კაფეს ფარეშმა მაშინვე მომირბენია ერთიც და მეორეც. სწრაფად შევადგინე შეწირულების სია ჩემი სტუმრისათვის. მე პირველმა მოვაწერე ხელი 10 ფრანკზე. იქვე მოვაწერიე ხელი ქრ. პაპოვს 15 ფრანკზე. სხვებმაც მოაწერეს ხელი 5-10 ფრანკზე. ამ რიგად შეგროვდა სულ 220 ფრანკი. 30 ფრანკიც მეორე დღეს შევავსე ქართველების ჯიბიდან, რადგან მე თვითონ ერთი გროშიც არ მქონდა, ამიტომ ის ჩემ მიერ ხელმოწერილი 10 ფრ. ვისესხე პაპოვისაგან. დავამთავრე ეს ძნელი პროცედურა და შევისვენე ოდნავ. უკვე ნაშუაღამევის ორი საათი სრულდებოდა. მეტად სახიფათო იყო ამ დროს შინ წასვლა; ადვილად შესაძლოა, ვისმეს მოვეკალ და გავეცარცვე მივარდნილ ქუჩებში. მაინც დავაპირე წასვლა, მარა პაპოვმა არ გამიშვა; გამიყარა ხელკავი და ძალად წამიყვანა თავის ბინაზე, რომელიც იყო იქვე ახლოს. გზაში ვუსაყვედურე: რა მდიდარი ბურჟუა მე მნახე, რომ ის კაცი გამომიგზავნე მეთქი! მან სიცილით მიპასუხა: ხომ ხედავ, ბურჟუა ყოფილხარ, შენს მეტი ამ საქმეს ვერავინ მოაწყობდაო.
მეორე დილით მივუტანე ფული „ბოსნიელ პატრიოტს“. მის სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი. გადამეხვია და გადამკოცნა რამდენჯერმე მადლობის ნიშნად. თანაც დაგვიწყო ქება ქართველებს.
- ბევრი ქება-დიდება გამიგონია სტამბოლში ქართველების შესახებ, მარა თუ ასეთი რაინდები იყავით, ამის წარმოდგენა კი არ მქონდაო, - გაიძახოდა ამ სიტყვებს ეს ენაწყლიანი ბოსნიელი, - თუ კაცი ვარ, ქვეყანას მოვფენ თქვენს სახელსაო. ოჰ, თქვენისთანა კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი არც მინახავს და არც გამიგონიაო და სხ. და სხ.
ჩვენც მიამიტმა ქართველებმა მოვიწონეთ თავი და იმ დღეს საუკეთესო სადილი გავუმართეთ ამ ჩვენს სტუმარს, ამ ცრუ პატრიოტს, ნამდვილად კი შანტაჟისტსა და ავანტიურისტს, როგორც აღმოჩნდა შემდეგ, სუფრაზე გადავკარით რამდენიმე ბოთლი ღვინო და წარმოითქვა შესაფერი სიტყვები. საღამოს 5 საათზე კი, დიდის ამბით გავაცილეთ იგი ყველა ქართველებმა და ჩავაბრძანეთ მეორე კლასის კუპეში. სადგურზე გამოვიდნენ მის გასაცილებლად ქრ. პაპოვი და რამდენიმე სერბ-ბულგარელი სტუდენტი, სხვათა შორის რუსეთის ემიგრანტი ბოლონელი ქიმიკოსი შუტცი. პირველად ამ გამოცდილმა კაცმა შეიტანა ეჭვი ბოსნიელ „პატრიოტზე“ და მითხრა: ადვილად დამჯერე ხალხი ყოფილხართ ქართველებიო. იქნებ, ეგ ტიპი კომიტეტის წევრი კი არა ვიღაც შანტაჟისტიაო. მე რომ ვუთხარ - აუარება საბუთები გვაჩვენა მეთქი, მიპასუხა: - სწორედ ასეთმა ტიპებმა იციან ყალბი საბუთებით გულუბრყვილო ადამიანების თავბრუდახვევაო. მეტად ცუდ გუნებაზე დამაყენა ამ შუტცის ეჭვებმა.
სამი დღის შემდეგ მომდის მარსელიდან უპირველეს სასტუმროს სურათით „ბოსნიელ პატრიოტის“ ბარათი, მწერს: ბ-ნო ქვარიანო, კარგი იქნება, თუ ასიოდე ფრანკს კიდევ მომაშველებო. ე, მაშინ კი მივხვდი, ვისთანაც მქონდა საქმე, მაგრამ გვიანღა იყო. მივწერე საკადრისი პასუხი იმ შანტაჟისტს, ხოლო არ ვიცი, მიიღო თუ არა. ეს კი გავიგე შემდეგ, რომ მარსელიდან ის ტიპი ჩასულა ქ. მონპელიეში. იქაც მოუნახავს გასაპარცად ქართველი ცხვრები (სტუდენტები); აუფცქვნია ას ფრანკამდე და წასულა სადღაც.
თურმე კეთილი საქმის ჩადენასაც დიდი დაკვირვება ნდომებია...
გავიდა ცივი, ნისლიანი, უსიამოვნო ზამთარი. დადგა საამო გაზაფხული ცხუნვარე მზით გამთბარი, წვანე ქათიბით და ყვავილებით აფერადებული, ჰაერში გაისმა სირთა11 გალობა, სივრცეს სერავდა მერცხლების ფრთები. იმატა გულში სითბომ და სიხალისემ. თანდათან ვეცნობოდი ხალხს, ახლო სოფლებს, საფრანგეთის ლამაზ ბუნებას, რომელიც საკმაოდ ჰგავს ჩვენს საქართველოს, მეტადრე მისი შუა ნაწილი. აგრეთვე დიდი მსგავსება სახით და ხასიათით ქართველებსა და ფრანგებს შორის, მეტადრე გვანან იმერლებს: ისეთივე სახე, ისეთივე მკვირცხლი, ამფეთქარე ბუნება. ფრიად ლამაზებია და მომხიბლავი ფრანციელი ქალები, ნარნარა, კოხტა, ცქრიალა, მარად მღიმარე და საამო მოტიტინენი. მათი ალერსი ხომ შამპანურია! ტკბილი, ამულით აღსავსე და მათრობელი... თანაც არიან მეტად გულკეთილნი. არასდროს უარს არ ეტყვიან ვნებით გაჭივრებულ ვაჟებს, ხოლო იმ პირობით, რომ არავინ გაიგოს, არავინ დაინახოს... კარგი ოჯახის გასათხოვარი ქალი ოჯახის ახლო მეგობარსაც კი არ გამოგყვება სასეირნოდ, რომ ამით არ გაუტყდეს სახელი. აგრეთვე არ მიგიღებს სახლში მეგობრის მეუღლეც კი, თუ ის მარტოა შინ, რომ მეზობლებმა ცუდი არაფერი იფიქრონ და არ გაჭორონ. მაგრამ ამავე დროს ფრანციელი ქალი სიამოვნებით დაგინიშნავს პაემანს რომელიმე ტაძარში და იქიდან გაგყვება სასეირნოდ დახურული ეტლით (კარეტით). იგი სდგას მადონას ხატის წინაშე შუბლ-მოყრილი დიდი ტაძრის ბნელ კუთხეში და შენც, მუხლმოყრილს მის უკან, გეუბნება ჩუმად: ამა და ამ ქუჩის კუთხეში დამხვდი დახურული ეტლითაო. შენც მიხვალ გახარებული, ქირაობ ეტლს, ჯდები შიგ და აჩერებ დანიშნულ ალაგს. ელი სატრფოს გულის ფანცქალით. მცირე ხანს შემდეგ იღება ეტლის კარი, შემოდის ქალი და გეხვევა მკერდზე ტკბილი ალერსით. კარი იხურება სწრაფად და ეტლი ნელა მიგორავს განაპირა წყნარ ქუჩებზე. აბა, ვინ იცის, თუ შიგ სხედან და ალერსობენ მწვავე აგზნებით შეყვარებულნი!.. 1-2 საათს შემდეგ ეტლი ჩერდება ადრევე დანიშნულ ალაგს. გადმოდის ქალი და ვნებით დამტკბარი მიდის შინ არხეინად. არავინ იცის მისი „პაწია ცელქობა“. არ იციან იგი არც მშობლებმა და მეტადრე არც მისმა ეჭვიანმა ქმარმა, „საბრალო კოკიუმ“ (რქოსანმა). ეს საიდუმლო იცის მხოლოდ ტაძრის ბნელ კუთხეში მადონას ხატმა და დახურულმა ეტლმა...
ასეთი არიან მეტ წილად საფრანგეთის მაღალი და საშუალო წრის ქალები. ხოლო დაბალ წოდების ქალებზე ნადირობა უფრო სადაა, უფრო მარტივი. საღამოს 6 საათზე გაისმის გუგუნას ზუზუნა ხმა. იღება ფართოდ ალაყაფის კარები და ჯგუფად, ათობით და ასობით გამოდიან დიდ სავაჭროებიდან და სახელოსნო-ფაბრიკებიდან სულ ახალგაზდა ტურფა ქალები, სადათ, ხოლო მოხდენით მოსილნი. შენ დგახარ განზე და შედიხარ არჩევანში. მოგეწონა რომელიმე მათგანიმკვირცხლი, ცქრიალა, მომხიბლავი არსება: უახლოვდები, აძლევ სალამს და სთხოვ, გამოგყვეს სასეირნოდ. თუ თავისუფალია და არ ჰყავს საყვარელი („მიშე“), იგი სწრაფად შეგავლებს თვალს და, თუ ოდნავ მაინც მოეწონე, მხიარულად გაგიყრის ხელკავს და გამოგყვება, სადაც გსურს. მაგრამ, თუ ამ ქალს უკვე ჰყავს საყვარელი, იგი უარს გეტყვის მაშინვე„მიშე მყავსო“. ქმარს სიამოვნებით უღალატებს ფრანციელი ქალი, „მიშეს“ კი არა. მაგრამ იმავე დროს თვითვე გაგაცნობს თავის რომელიმე ამხანაგს, შვენიერ მარსელას ან ლუიზას და ხელკავით გაგისტუმრებს ორთავეს, სახუმარო ლოცვა-კურთხევით. შენც მიგყავს რესტორანში ეს ახლად გაცნობილი გოგონა, სადილობთ იქ, შემდეგ პატიჟობ თეატრში ან კაფე შანტანში. იქიდან კი მიგყავს შენს ბინაზე მთელი ღამით სატრფოდ და საალერსოდ... თუ მოგეწონა და ფულიც გაქვს, იტოვებ „მეტრესად“, თუ არა და მეორე-მესამე დღეს მოძებნი კიდევ უკეთეს.
აქ, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებშიაც კი, დიდი ქალაქების მუშა, მშრომელი გასათხოვარი ქალები ცხოვრობენ დამოუკიდებლივ. თავიანთ მოქმედებაში ისინი არ აძლევენ ანგარიშს არც მშობლებსა და არც სხვა ნათესავთ. ისინი თვითონ შოულობენ თავიანთ საზრდოს, ამიტომაც თვით აგებენ პასუხს თავიანთ საქციელზე.
ამათ გარდა, ამ დიდ ქალაქებში არიან კიდევ ბლომად ყვითელ ბილეთიანი ფერიები... ფერ-უმარილით შეთხიპნილნი და კოხტად მორთულნი გამოდიან ისინი სასეირნოდ ღამის 10-11 საათიდან მთავარ ქუჩებზე და ნადირობენ ვაჟებზე. გიწვევენ სისინით, გიღიმიან, გხიბლავენ ელვარე თვალებით და გეპატიჟებიან თავიანთ ბინებზე, თანაც გეფიცებიან, რომ „მეტად კმაყოფილი დარჩებითო“.
ასე გახრწნა ოჯახი და ქალის პიროვნება ულმო კაპიტალიზმმა, გაჭივრებამ და ფულის ბატონობამ. მეტადრე კი, კაპიტალიზმის უვარგის ეკონომიური პოლიტიკით წარმოშობილმა კრიზისებმა და უმუშევრობამ... ქალს, მომავალ დედას და ოჯახის ფუძეს აეხადა ნამუსის ჩადრი და იქცა სავაჭრო ლეშად, გარყვნილების წუმპედ...
საფრანგეთის კაპიტალიზმის ძალმომრეობა, პროლეტართა ცხოვრება და სამღვდელოების ოინბაზობა მოკლედ ავსახე ჩემს პატარა მოთხრობაშისათაურით „ანჟელინა“, რომელიც დავწერე ლიონში. იგი დაიბეჭდა 1899 წელს აკაკის „კრებულ“-ში და იმავე დროს გამოვიდა ცალკე წიგნად, რომელიც სწრაფად გასაღდა.
მაისის ერთ შვენიერ კვირა დილას მომდის ბარათი კაცის ხელით „გაზეტ-აგრიკოლ“-ის რედაქტორიდან შემდეგი შინაარსის: „ჩვენს სახელოვან პირს, ბ-ნ ვერმორელს სურს თქვენი გაცნობა, ამიტომ გთხოვთ, თუ შეიძლებთ, შეიწუხოთ თავი და მობრძანდეთ რედაქციაში ამ დილითვე 11 საათზედაო“. გამიკვირდა და თანაც მესიამოვნა ასეთი მოწვევა. როგორც სჩანს, დიდათ ცნობილი პირი, სხვა და სხვა სამეურნეო მანქანების გამომგონე, დიდი მილიონერი,ეს საფრანგეთის ედისონი (ასე ეძახდენ მას), ბ-ნი ვ. ვერმორელი დაინტერესებულა პაწია საქართველოს შვილით, უბრალო ქართველი სტუდენტით (ალბად ჩემი წერილებით, რომელთაც ვათავსებდი აღნიშნულ გაზეთში) და სწადია ჩემი გაცნობა.
მაშინვე შევუთვალე თანხმობა და დანიშნულ დროს წაველ კიდეც გაზეთის რედაქციაში. იქ დამხვდენ მთ. რედაქტორი ბ-ნი პენი, დირექტორ- გამომცემელი ბ-ნი ბარონი და საშუალო ტანის ჩაფსკვნილი 45 წლის კაცი, მეტად მხნე, ნიჭიერ და მოღიმარე სახის. ეს იყო ბ-ნი ვერმორელი. გამეცნო თუ არა, თავაზიანად გამომკითხა ვინაობა, საქართველო-კავკასიის ამბები, მითხრა ქათინაური ჩემს წერილებზე და სხ., მოიწონა ჩემი მიზანი საფრანგეთში ჩამოსვლის შესახებ სპეც. სამეურნეო ცოდნის მისაღებად და აღმითქვა დახმარება, „თუ კი რამეში საჭირო ვიქნები“- ო, თანაც გამომკითხა, რამდენი ვართ ლიონში მოსწავლე ქართველები. გამოთხოვებისას დამპატიჟა ქ. ვილფრანშში, სადაც ჰქონდა მას მუდმივი ბინა, დიდი მამული და სამ. იარაღ- მანქანებისა და ავტომობილთა ქარხნები. ჩამომართვა სიტყვა, ვწვევოდი მას ვილფრანშში რამდენიმე ქართველი სტუდენტით 2-3 დღის შემდეგ. მოვახსენე დიდი მადლობა ყურადღებისათვის და დავშორდი ფრიად კმაყოფილი. ამ დიდ ნიჭიერმა ადამიანმა მომხიბლა თავის სისადავით და თავაზიანობით.
მართლაც, მესამე დღეს წავიყვანე სტ. პლ. გელოვანი და დილის 10 საათზე წავედით მატარებლით ქ. ვილფრანშში, რომელიც შორავს ლიონს 20 თუ 30 ვერსით. ჩავედით თუ არა, იქვე სადგურთან ახლოს აბრაზე დიდმა წარწერამ გვამცნო ვერმორელის ბინა და ქარხნები. დავრეკეთ ზარი, გამოვიდა „პორტიე“ (მეკარე); ჩვენ ვიკითხეთ ვერმორელი და გადავეცით სავინაო ბარათები. მან შეგვიშვა დიდ ეზოში, თვითონ კი, გაჩქარებით წავიდა მარჯვნით ქარხნებისაკენ. ჩვენ პირდაპირ მოსჩანდა ორსართულიანი სახლი ფართო აივნებით. ცოტა ხანს შემდეგ ქარხნიდან გამოვიდა ვიღაც მუშის ლურჯ გრძელ ხალათში გახვეული და დაკარწახებული მაჯებით, მომიხადა შორიდანვე ჟოკეი-ქუდი, დამიძახა მხიარულად: „Bonjour, m-r Kvariani!“ (დილა მშვიდობისა, ბ-ნო ქვარიანო!) და წამოვიდა ჩვენკენ ჩქარი ნაბიჯით. გამიკვირდა; ჯერ ვიღაც მუშა მეგონა, შემდეგ კი ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი, როცა ამ მუშის გრძელ ხალათში ვიცან ბ-ნი ვერმორელი, იმ დროს 100 მილიონი ფრანკის (ოქროდ) შეძლების პატრონი.
- ამას ვის ვხედავ! ნუ თუ ამ მუშის ხალათში თქვენ ბრძანდებით, ბ-ნო ვერმორელო! - ვერ შევიკავე თავი და წამოვიძახე გაოცებით.
- დიახ, მე გახლავარ, ბ-ნო ქვარიანო, გიკვირთ განა! აი, ამ მუშის ხალათით და დაკაპიწებული მკლავებით დაიწყო ჩემი კარიერა საარსებო ასპარეზზე; ამით გავჭედე ჩემი აწმყო და მომავალი, ამითვე ვაძლევ მაგალითს ჩემს მუშებს, რამდენიმე ასეულ კაცს. როცა მათ შორის ვარ მათსავით ლურჯ ხალათში, მათსავით დაკარწახებულ მკლავებით, მაშინ ჩემი ქარხნები დუღს და გუგუნებს მგზებარე მუშაობით. მუშაობენ ყველანი ხალისით და გატაცებით მგზებარე მუშაობით. ეჯიბრებიან ერთმანეთს ცოდნა-სიმარდეში და მეც ღირსეულად ვაჯილდოებ მათ. მაგრამ რას უდგევართ აქ! წამობრძანდით შინ, გაგაცნოთ ჩემი მეუღლე.ამ სიტყვებით მხიარული მასპინძელი გაგვიძღვა სახლისკენ. მე უკვე მოვასწარი გელოვანის გაცნობა. აივანზე შემოგვეგება დარბაისელი დიასახლისი, გაგვეცნო და მიგვიპატიჟა იქვე დასასხდომად. დავსხედით და გავაბით მუსაიფი. ვერმორელმა კი მოიხადა ბოდიში, ერთი წუთით დაგტოვებთო და შევიდა შინ. 10 წუთს შემდეგ გამოვიდა სუფთად, მოხდენით ჩაცმული და შეგვიერთდა. უკვე 12 საათი იყო. დიასახლისმა მიგვიწვია საუზმეზე პურისაჭმელ ოთახში. მდიდრული სერვიზით აფერადებულ ქათქათა სუფრას ამკობდა ნაირ-ნაირი საუზმეული და ძვირფასი ღვინოები. ფარეშმა შემოიტანა სხვა და სხვა შემწვრები. საფრანგეთში 12 საათის საუზმე (déjeuner) იგივე სადილია გარდა წვნიანისა („სუპისა“), რომელსაც სჭამენ სადილზე (დინერ) საღამოს 7-8 საათზე.
ნასაუზმევს ვერმორელმა დაგვატარა თავის ქარხნები, გაგვაცნო დირექტორი და ტექნიკები, ყველაფერი მუშაობდა ელექტრონით, რაც ახალი მოვლენა იყო იმ დროს თვით საფრანგეთში. საოცარი სიწყნარე, სისუფთავე და შრომის ორგანიზაცია იყო დაცული ყველგან, ახალ მანქანებს გაჰქონდათ პრიალი. მუშაობდენ ხალისით და სისწრაფით. მუშების სახეს ემჩნეოდა სიმაძღრე და კმაყოფილება, რადგან გარდა კარგი ბინა-ხელფასისა მათ წილი ედოთ თვით წარმოების მოგებაშიაც, რაც იმ დროს შეადგენდა გამონაკლისს მთელ საფრანგეთში. ღარიბი ოჯახიდან გამოსული, თავის შრომა-ენერგიით და მაღალი ნიჭით უაღრესად დაწინაურებული ინჟინერ-პრაქტიკოსი ვ. ვერმორელი აფასებდა შრომას და მეტად გულთფილად ებყრობოდა მუშებს. მუშებასც უყვარდათ იგი და არ ზოგავდენ თავს, რომ აეღორძინებიათ ის წარმოებანი, რომლებიც მიაჩნდათ საერთო საკუთრებად.
- ბ-ნო ქვარიანო, ახლა ნება მომეცით, გაჩვენოთ ჩემი სასოფლო მეურნეობა, ჩემი ზვარი და ბაღ-ბოსტანი. - ამ სიტყვებით მან გამოაყვანია თავის გარაჟიდან შვენიერი ავტომობილი, ჩაგვსვა შიგ ბატონებივით მე და გელოვანი, თვითონ კი, დაჯდა წინ შოფერად და გაგვაქროლა თემშარაზე. მეტად გვაოცებდა ორთავეს ამ იშვიათი ადამიანის ასეთი საქციელი და თავდაბლობა. ათ წუთში გავჩნდით დანიშნულ ალაგას. ჭიშკართან გამოგვეგება მამულის გამგე. შევედით ფართო ეზოში და გადმოვხტით ავტოდან. ვერმორელმა გაგვიტაცა ორი ქართველი ამ სიტყვებით: - როგორ, თქვენ გეგონათ, რომ მხოლოდ მანქანებსა და ავტოებს ვაწარმოებდი! ცდებით ბ-ბო! სას. მეურნეობა კიდევ უფრო მიყვარს, ვინემ საქარხნო წარმოება. აქ, ამ ბუნების წიაღზე, ვისვენებ სულიერად. აბა, მობრძანდით და ნახეთ ჩემი ბაღ-ვენახი. მართლაც, ვიხილეთ სანაქებოდ დამუშავებული და აბიბინებული უზარმაზარი ზვარი, ხეხილის ბაღი და ბოსტანი, რომლებიც საერთოდ აღემატებოდა 100 ჰექტარს. ვათვალიერებდით ამ იდეალურ მამულს, ვოცდებოდით და ქებას ვასხამდით ბ-ნ ვერმორელს.
- ახლა ვნახოთ ღვინის სარდაფი, აგრეთვე ენოლოგიური, ინსექტოლოგიური და მეტროლოგიური სადგურები, სადაც ვახდენ სხვა და სხვა ცდებსა და გამოკვლევებს.
ამ სიტყვებით იგი შეგვიძღვა საკმაოდ მოზრდილ სარდაფში.
- აი, ამ სარდაფშია დაწურულ-დამზადებული ის ღვინოები, რომლებიც დღეს გავშინჯეთ.
ჩვენც გულდასმით დავათვალიერეთ ყველაფერი და ფრიად კმაყოფილნი დავბრუნდით შინ იმავე ავტოთი. უკვე ნაშუადღევის 5 საათი სრულდებოდა. 10 წუთის შემდეგ უნდა გამოევლო ლიონში მომავალ მატარებელს. ჩვენ დავემშვიდობეთ დიდი მადლობით ვერმორელსა და მის მეუღლეს და ფრიად ნასიამოვნები დავბრუნდით ლიონში.
ივნისის ბოლო რიცხვებში დამთავრდა მაცადინობა ჩვენს სასწავლებელში. დირექტორმა მიგვიწვია მსურველები საექსკურსიოდ 3 დღით შვეიცარიაში. უნდა შეგვეტანა თითოეულს 10 ფრანკი. ამ მცირე თანხით იფარებოდა ყოველივე ხარჯები (მიმოსვლა, ბინა, საჭმელი და სხ.). ქართველებში მსურველთა შორის ვიყავით მე და ერ. კიწმარიშვილი. ლიონიდან გავემგზავრეთ ასამდე სტუდენტი. გვახლდენ დირექტორი და რამდენიმე პროფესორი. გზაზე შევჩერდით ქ. ბელვილში (შვეიცარიის საზღვარზე) და დავათვალიერეთ რონის ჰიდრო-ელ-სადგური. იქიდან ჩავედით ჟენევაში. დავათვალიერეთ ეს ლამაზი ქალაქი, რომელიც მეტად მომეწონა თავის ჰავა-მდებარეობით, კოხტა შენობებით და ყუდრო ცხოვრებით. ამ დროს ერთ მთავარი ქუჩის ფილაქანზე გამოჩნდა ვიღაც სუფთად ჩაცმული მოხუცი. მთელი მოსეირნე საზოგადოება აღტაცებით უკრავდა თავს. მოხუციც ღიმილით აძლევდა ყველას სალამს. დავინტერესდი დიდად. ვიკითხე: ვინ არის ეს მოხუცი მეთქი. - ეს შვეიცარიის რესპუბლიკის პრეზიდენტიაო. - იყო პასუხი. არას დროს ეტლში არ ჯდებაო. ამბობს: არ მაქვს ზნეობრივი უფლება ასეთ რამეებზე დავხარჯო ხალხის ფულიო.
არ იქნებოდა ურიგო, ამ დემოკრატიულ რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის წაებაძათ ჩვენს კომუნისტურ ხელისუფლების ზოგიერთ მესვეურთ, მეტადრე მეორე-მესამე ხარისხოვან მოხელეებს, რომლებიც წარა-მარა აფრიალებენ ავტო-მანქანებს და მით ნთქავენ ხალხის უამრავ ქონებას... ვგონებ, ასეთ ავტომობილებზე სრულიად უნაყოფოდ იხარჯება ყოველწლივ მთელ საბჭოთა კავშირში რამდენიმე ასეული და, შესაძლოა, ათასეული მილიონი მანეთი; ეს ფული კი, აკლდება სახ. ხაზინას...
ჟენევაში გადიშალა ჩვენ წინ ფირუზის ფრად ცივი მოკამკამე და ბროლივით სუფთა ლემანი (ჟენევის დიდი ტბა), რომელზედაც დაცურავენ პაწია გემები და ხომალდები. ამ ტბის ნაპირებს ამკობს გორაკებზე შეფენილი ლამაზი სოფლები და ქალაქები, სათიბები და აგრეთვე სანაქებოდ დამუშავებული ყანები და ბაღ-ვენახები, ამათ უკან ატყორცილა ტყით დაბურული ქოჩორა მთები. ზემოდან კი დანათებს ფირუზოვანი ცა და ხასხასა მზე. ბუნების სიტურფესთან ერთად კამკამა ჰაერში გამდნარა საამო სიგრილე. სუნთქავ ხარბად ამ შარბათივით ტკბილს, სუბუქს და ოზონით გაჟენთილ სუფთა ჰაერს და თვრები თითქო. მზერას იტაცებს ეს შვენიერი ბუნება, რომელსაც ასე ჰარმონიულად შეზავებია ადამიანის მაღალი კულტურა. კოხტა სუფთა და ფაქიზი პაწია შენობები, მეტ წილად ბაღებში ჩაფლულნი, მოკირწულ-დატკეცილი ქუჩები და თემშარები ფილაქნებით და ხეხილის ხეივნებით მოვლებული წიწვნარა ტყეებიდან გოროზად მომზირი 3-4 სართულიანი თეთრი სასტუმრო-აგარაკები ამკობენ მიდამოს. აქ ყველაფერს ეტყობა მაღალ კულტურულ ადამიანის მშრომელი ხელი, ცოდნა და გემოვნება.
ჟენევაში ვნახეთ ჟან-ჟაკ რუსოს კუნძული და კარგად დაცული საშუალო საუკუნეთა ნაშთი ლემანის პირას მდებარე შილიონის ციხე-დარბაზი, აგრეთვე შვეიცარიის თავისუფლების დიადი გმირის ვილჰელმ ტელის ძეგლი და სხ. შემდეგ ჩავსხედით გემში და დავათვალიერეთ ტბის ნაპირას მდებარე ქალაქები: ლოზანა, ტენონი, ევიანი. აქ მივაქციეთ ყურადღება ერთ მოვლენას: აღმოსავლეთით იჭრება ჟენევის ტბაში ალპების დიდი მდინარე რონა, საკმაოდ ღვრიე. იგი გადაჭრის სიგრძისად ამ დიდ ტბას, იფილტრება მასში და გამოდის დასავლეთით მოლურჯო ფრიად სრულიად კამკამა. ჩაუდის ლიონს და მიექანება სამხრეთით ხმელთაშუა ზღვისაკენ. ასეთი ლამაზია და მომხიბლავი ეს მთების ნებიერი შვილი.
მეორე დილით ადრე მთელი ექსკურსია გავემგზავრეთ ფეხით მთებში. თანაც გვახლდა 3 ცხენი სურსათით დატვირთული. მზემ ამოყო მთებიდან თავი და ჩვენც შევედით დაბურულ ტყეში. აქ ჩვენმა ეტიკებმა12, მარჯვე შვეიცრებმა შეგვასვენეს ერთ მაღლობზე, თვითონ გააჩაღეს იქვე ცეცხლი, გსჭრეს შუაზე საკმაოდ დიდი შვეიცრული ყველი და მოუდვეს ცეცხლს ორი მხრივ. ყველი გალღვა კარაქივით და იწყო დნობა. დრო გამოშვებით იღებდენ ამ გამლღვალ ყველს, ფხეკდენ დანის ყუით, აცხებდენ წინასწარ დაჭრილ პურებზე და გვიმასპინძლდებოდენ ამ ფრიად გემრიელი ბუტერბროდით.
საუზმის შემდეგ გავეშურეთ „ბის“-ის (სარწყავი არხი) და ვენახების სანახავად. გამაოცა შვეიცარიის ვენახებმა. პაწია ნაკვეთებად დაფლეთილი და მეტად დაბალი ყორეთი შემოზღუდული ვენახები გაშლილიყო ვრცელ ფერდობზე. ზემოდან მათ რწყავდა „ბის“-ი. ვენახის თითოული ნაკვეთი ძლივს აღწევს 50-100 კვ. საჟენამდე13 და ეკუთვნით წვრილ მესაკუთრეებს. ქვის ყორეები კი იმდენად დაბალია, რომ თავისუფლად გადაალაჯებს ადამიანი. ეს ყორეები ერთგვარი ზღვარია მეპატრონეების, უმთავრესად კი, შემკავებელი ზღუდეა შვავ-ნიაღვრებით ჩამორეცხილ მიწისა. აქ შვეიცარიაში, აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნებშიაც, შრომისა და კერძო საკუთრების პატივისცემა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლებელია, ვინმე გარეშე პირმა ჩუმად ან პატრონის ნებადაურთველად მოწყვიტოს ვენახს თუნდ ერთი მტევანიც კი, ან ბაღში რაიმე ხილი. როგორც აღვნიშნეთ, შვეიცარიაში (აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნებშიაც), თემშარათა ორივე მხრივ ხეივნებათ ჩარგულია ხეხილი; მსხალი, ვაშლი, ქლიავი, ბალი, ალუბალი და სხ. ყოვლად შეუძლებელია, ამ ხილით ისარგებლოს რომელიმე მგზავრმა. ასეთი საქციელი ჩაითვლებოდა დიდ ქურდობად და დიდ სირცხვილად. ამ ხეხილს აშენებენ და უვლიან კომუნების ანუ თემების თვითმართველობანი და ხილის შემოსავლით ინახება თემის შარა-გზები, სკოლები და ქსენონები14.
ევროპაში არის ისეთი კუთხეებიც, მაგ., შვეცია, ნორვეგია, ფინეთი, აზიაში კი - იაპონია, სადაც ზნეობრივი სიფაქიზე და კერძო საკუთრებისადმი თაყვანების კულტი იმდენად ძლიერია, რომ იქ ფრიად იაშვიათი მოვლენაა, რომ ვინმემ ნახოს რაიმე დაკარგული ნივთი და მიითვისოს. ჯიბგირობასა და ცარცვა-გლეჯაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. აქ უნებლიეთ მაგონდება დიდი გეოგრაფის ელიზე რეკლიუს სიტყვები. თავის ნაწარმოების ერთ-ერთ ტომში იგი სწერს: „ნორვეგიაში ვმოგზაურობდი და როცა ვჯდებოდი დილიჟანში ერთ პატარა ქალაქში წასასვლელად, მომიახლოვდა ერთი სუფთად ჩაცმული მოქალაქე, გადმომცა ქაღალდში გახვეული ამანათი და მთხოვა, შემეწუხებია თავი და დამედო ეს ნივთი გზის პირას იმ ალაგას, სადაც პირველად გაჩერდება დილიჟანსიო. მე გაოცებით შევეკითხე: როგორ თუ გზის პირას! ხომ წაიღო იგი სხვა ვინმემო! ახლა იმ კაცმა შემომხედა გაოცებით, ალბად იფიქრა, ეს რა ველური ქვეყნის ადამიანთან მქონებია საქმეო, და მითხრა: როგორ თუ წაიღებს გარეშე პირი! ხომ ხედავთ, ამანათს აწერია, თუ ვის ეკუთვნის იგი და ეს სრულებით საკმარისია. ან თვით პატრონი მოვა და წაიღებს, ან სხვა ვინმე აიღებს მას და უსათუოდ პატრონს გადასცემსაო“.
აი, ასეთი ზნე და ადათი ყოფილა თურმე „ბედნიერ“ ნორვეგიაში! ჩვენ კი, კომუნისტურ ქვეყანაში ჯიბაში ვერაფერი ჩაგვიდევს შიშით, რომ არ ამოგვაცალონ, ბინები მარტო ვერ დაგვიტოვებია, რომ არ გაგვიტეხონ და გაგვცარცონ, ღამეც შეგვიანებით კიდევ შიშით ქუჩებზე ვერ გაგვივლია, რომ არ გაგვაძრონ სამოსელი და არ გაგვიშვან დედიშობილა, მეტადრე ზამთარში... ეს კი, ხდება ჩვენში, ალბად იმიტომ, რომ აქ სრული უარყოფაა კერძო საკუთრების - შენ გაქვს, მე კი არა, რატომ? მეც უნდა მქონდეს იგიო. კომუნიზმი და თანასწორობა ამაშიაო. მართლაც, რათ უნდა იყოს ერთი მაძღარი, მეორე კი, მშიერი?! რათ უნდა ჰქონდეს ერთს ჯიბე-პორტფელი ფულებით გატენილი, მეორეს კი, გახვრეტილი გროშიც არ უჭყაოდეს ჯიბაში?! რად უნდა ეცვას ერთს სიასამურის მდიდრული ქურქი, მეორე კი, ამ დროს შიშველ-ტიტველი კანკალებდეს სიცივისაგან!.. რად!.. თუ საერთო ძმობა და ამხანაგობაა, მაშ, უნდა ვიყვეთ ყველანი ან მაძღრები, ან მშიერები, ან კარგად მოსილნი, ან სრულიად შიშვლები... აი, ამას გვიკარნახებს ლოგიკა და სიმართლე...
დავუბრუნდეთ საგანს. ჩვენ ავყევით ზემოდ იმ პაწია ვენახებს, ავედით ქედზე და გავყევით სარწყავ არხს, რომელიც იყო გამოყვანილი მეტად ვიწრო და ღრმა ხევის გაღმით მდებარე მაღალ მთიდან. ხევზე გაედოთ ნახევარი მეტრის სიფართე ხის ბოგირი, სიგრძით დაახლოებით 30 მეტრამდე, მარცხნით კი, ამ ბოგირის გასწვრივ გაედოთ საწნახლის ოდენა დახურული ხის ღარი, რომელშიც მოშხუოდა გამოყვანილი წყალის ნაკადი. კარგი მზერა და მეტად მაგარი ნერვები უნდა გქონებოდა, რომ გასულიყავ ამ ვიწრო ბოგირზე ისიც საწნახელზე ხელმოკიდებით. რადგან ვიწრო ხევის ქვესკნელში ღრიალით მიექანებოდა აქაფებული გიჟი მდინარე. და ეს ჯურღმული, ციცაბო კლდენი და მდინარის ღრიალი უფუჭებდენ ბოგირზე გამვლელს თვალსა და გულს, ეწიკავებოდენ ქვემოდ ჯურღმულისაკენ.
მართლაც, კიღამ შევიქენით ამ ბოგირ-ჯურღმულის სხვერპლი ორი ქართველი ახალგაზდა. როცა დავაპირეთ გასვლა ამ ვიწრო ბოგირზე და ჩვენს წინ უკვე გავიდა ათიოდე სტუდენტი, ჩემა თანამემამულე ერ. კიწმარიშვილმა მთხოვა, მომეკიდა მისთვის ხელი და ისე გავსულიყავით. მეც ჩავკიდე მაგრად ხელი და გავწიეთ ნელა. გადავდგით თუ არა ათიოდე ნაბიჯი, კინწურიშვილმა დაიძახა: „მიშველე, ვიღუპებიო“ და გადამწია ჯურღმულში გადასაჩეხად. მოვიკრიფე ზეკაცური ძალღონე, დავსვი იგი ბოგირზე ფეხმოკეცით და დავახუჭიე თვალები. ამავე დროს ვთხოვე ამხანაგებს შველა მის უკანვე გასაყვანად. მართლაც, მათი დახმარებით, როგორც იქნა, გავაჩოჩეთ უკან და გადავრჩით აშკარა დაღუპას. გამოვედით თუ არა სამშვიდობოზე, ზედმეტი მღელვარების გამო შემიღონდა გული, ხოლო კინწურიშვილი კარგა ხანს ეგდო მიწაზე მკვდარივით. ძლივს მოვაბრუნეთ წყალით და წვეთებით.
იმ საბედისწერო დღიდან ისე დამიშინდა გული, რომ ბევრად უფრო ნაკლებ სახიფათო სიმაღლესა და ალაგებზე აღარ შემეძლო სხვის დაუხმარებლად გავლა, მეტადრე თუ ქვეშ მდინარეც მიდიოდა. ასეთ ალაგებზე მაშინვე წარმომიდგებოდა ის საშინელი სურათი და ვიწყებდი ცახცახს. ეს ნერვიული შეკრთობა გამყვა დღემდე, თუმც მას შემდეგ გავიდა 35 წელი.
მალე მოვშორდით იმ სახიფათო ალაგს, გადვიარეთ მყინვარი ბოსენი და ერთი ფრიად მაღალი მთა და ჩავედით სოფ. შამუნში, სიდანაც მოსჩანს დიდებული მონბლანი, მარადიული თოვლით მოსილი15. აქ ვიხილეთ ორი მამაცი ალპინისტის ძეგლი, რომლებიც პ-დ ავიდნენ მონბლანის წვერვალზე, და იქვე დადგმული ჭოგრიტით განვსჭრიტეთ მონბლანის თხემზე დადგმული პაწია შენობა, - მეტეროლოგიური სადგური და „მოვეპა“ (სახიფათო ნაბიჯი), საიდანაც გადმოვარდა და დაიღუპა ერთი გამოჩენილი ალპინისტი.
შევისვენეთ იმ ღამეს შამუნში და მეორე დილით გადვედით სავოიაში, ეს თოვლიანი მთებით გარემოცული კუთხე წარმოადგენს შვეიცარიის სვანეთს. აქ კაპიტალისტების მიერ უხვად გამოყენებულია მთების ჩქერთა ენერგია, აგებულია რამდენიმე ალაგას ჰიდრო- ელ-სადგურები, რომელთა ძალა ხმარდება იქვე აგებულ ქარხნებს. დავათვალიერეთ ჰიდრო-სადგურები, ქარხნები და ამ მგზავრობით ფრიად ნასიამოვნები დავბრუნდით ლიონში.
აქ ბევრს არას ვიტყვი შვეიცარიაზე, ამ ტურფა მხარეს და მის მშრომელ, განათლებულ და თავისუფლების მოყვარე მცხოვრებთ კარგად იცნობს შეგნებული მკითხველი. ვიცით, რომ შვეიცარია გერმანია-ავსტრიისა და საფრანგეთ-იტალიის ცენტრშია მოქცეული. იგი წარმოადგენს ბუფერს ამ დიდ სახელმწიფოებს შორის და დასახლებულია სამივე ხალხით, ამ რიგად არსებობს ფრანგული, გერმანული და იტალიანური შვეიცარია. შვეიცარიის ფედერაციაში ერთრიგად გაბატონებულია სამივე ენა და თვით შვეიცრებმა ერთნაირად იციან ეს ენები, რა მიზნითაც სამივე ერის (კუთხის) მოსწავლე ახალგაზრდები უახლოვდებიან ერთმანეთს ზაფხულობით (სტუმრად მიდიან ერთმანეთთან 2-3 თვით) და ვარჯიშობენ ამა თუ იმ ენაზე. ამასთან ერთად, სამივე ეროვნებაში გაბმულია მოყვრულ-ნათესაური კავშირი და მეგობრული ურთიერთობა. შვეიცარიის მკვიდრნი ცნობილი არიან თავის იშვიათი მხნეობით, შრომის მოყვარეობით, სიმამაცით, სიფხიზლით, ზნეობრივი სიფაქიზით და თავისუფლებისადმი ტრფიალით. ამ მაღალკულტურულ ხალხს არ უყვარს ფორმის სამოსელი, ჩინ-ორდენები და სხვა ამგვარი ზიზილ-პიპილები. მოგზაურობის დროს საფრანგეთის შვეიცარიაში ვიხილე მხოლოდ ერთად-ერთი არსება, რომელიც იყო დაჯილდოებული ორდენით - ყელის მენდალით. ეს გახდათ მთელ შვეიცარიაში ფრიად ცნობილი და პატივდებული სან-ბერნანდის16 ჯიშის ძაღლი (სახელი არ მაგონდება), რომელმაც გადაარჩინა წყალსა და ნამქერში დარჩობას 25 კაცი. ეს ბედნიერი კუთხე სავსებით უზრუნველყოფილია მეზობელთა მიერ შემოსევა-ომებისაგან საერთაშორისო შეთანხმების თანახმად. მას სრული უფლება აქვს, შეიფაროს პოლიტიკური დამნაშავენი და არ გასცეს ისინი. შვეიცარიის მოქალაქენი ფართოდ სარგებლობენ პოლიტიკური თავისუფლებით. სრული თავისუფლება აზრის, სიტყვის, კრების და სინდისის, დემოკრატიული წყობილება და პარლამენტარიზმი, - აი, რით ხასიათდება ეს შვენიერი კუთხე! აქ არ არიან არც დიდი კაპიტალისტები და არც პროლეტარები. მით უმეტეს, ლემპენებს (ბოგანოს) აქ ვერ შეხვდება ადამიანი. აქ არიან წვრილი და საშუალო მესაკუთრენი, ქალ-კაციანად ფრიად მშრომელი და გამსჯელი ხალხი. ყველი და საერთოდ რძის ნაწარმოებნი, ყურძენი, ღვინო (მაჭარი), ყურძნის წვენი (ტკბილი), ხე-ტყე და სასტუმრო-პანსიონები - აი, შემოსავლის მთავარი წყარონი! ევროპა ამერიკის უამრავი ტურისტები დაწრწიან შვეიცარიის სხვა და სხვა კუთხეებში ზაფხულობით და სტუმრობენ მილიონებს ოქროდ.
დავუბრუნდეთ ისევ ლიონსა და საფრანგეთს. ფრანციელი საერთოდ რაინდია, მეტად ზრდილობიანი, ფაქიზი, თავაზიანი, მხიარული, გამბედავი, ნიჭიერი, მამაცი, ქველი, სტუმართმოყვარე, პატივმოყვარე, ენატკბილი, ენამჭერი, ენამახვილი, ლამაზი და მოხდენილი ფიზიკურად და სულიერად, ერი დიდი წარსულის და დიდი კულტურის მქონე, ერი სამშობლოსა და თავისუფლების ფრიად მოყვარე. ჩემსობას ამ დიდებულ ერს ღრღნიდა ერთი ძლიერი სევდა, სევდა, რომ იგი რიცხვით არ მატულობდა, არ მრავლდებოდა, მიუხედავად ყოველგვარ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ზომებისა. იმავე დროს კი, მისი მეზობელი, მისი მტერი და მოქიშპე გერმანია მრავლდებოდა სამჩნევად. ეს კი, იწვევდა ყველა ფრანციელში დიდ შიშსა და მწუხარებას. იმავე დროს ყოველი ფრანგი გულში კვებავდა „რევანშ“-ის იდეას. მათ კარგად ახსოვდათ 1870 წელი და სედანის დიდი მარცხი, ახსოვდა პრუსიელთა გამარჯვება და ელზას-ლორენის ჩამოცილება, მუდამ ოცნებობდენ სამაგიეროს გადახდაზე და წართმეულ კუთხეთა უკანვე დაბრუნებაზე. ამიტომაც ყოველ ფრანციელს საშინალად სძულდა გერმანელნი და ყოველ უცხოელ მოგზაურში ელანდებოდა გერმანიის აეშაგი (ჯაშუში). ლამაზმა და ნაყოფიერმა ბუნებამ ფირუზა ცამ და ხასხასა მზემ, ნივთიერმა დოვლათმა და ღვინის ჭარბად ხმარებამ (ქეიფმა და არა ლოთობამ) ფრანციის ერში წარმოშვეს უშრეტი ხალისი და მხიარულება. განსაკუთრებით ეს თვისებანი ცხადდებიან ეროვნულ დღესასწაულებში. „კარნავალ“-ი17, „მარდი-გრა“18, „მიკარემ“-ი19 და „კატორზ ჟიუიე“20 - აი, ის დღესასწაულნი, როდესაც სოფელ-ქალაქთა მცხოვრებნი საუკეთესო ტან-ფეხით მოსილნი გამოეფინებიან ქუჩებში და მხიარულობენ: ცეკვავენ ფოლორცებსა და გზა-ჯვარედინებზე (იქვე უკრავს მუსიკა), ხუმრობენ, ოხუნჯობენ, ეხვევიან ერთმანეთს ქალ-ვაჟნი და ჰკოცნიან კიდეც, ესვრიან ერთმანეთს ვარდ-ყვავილებს და „კონფიტი“-ს. იმავე დროს კი, შვენიერ ცირების დედები და დეიდა-ბიცოლები მუხუდო-სიმიდით სავსე დიდრონი ჩანთებით ჭურვილნი, უზოგველად ესვრიან მუხუდოსა და სიმიდს ცხვირ-პირში მათი ქალების „თავხედად“ მკოცნელ ვაჟებს... არის დაუსრულებელი კისკისი და სიცილ-ხარხარი... ეს კი ხდება უმთავრესად „კარნავალ“-ის, „მარდი-გრა“- სა და „მიკარემ“-ის დროს. ხოლო რაც შეეხება „კატორზ ჟიუიე“-ს, ე.ი. 14 ივლისის დღესასწაულს ეს კი ყველა დღეობის ბატონია, ყველაზე უფრო ტურფა და დიდებული. „14 ივლისი“ ის ისტორიული დღეა, როცა პარიზის ხალხმა 1789 წელს დაანგრია მეფის მთავარი ციხესაბყრობილებასტილია და მით საკვდავი მახვილი ჩაუსო მტარვალობას და ძალმომრეობას. 14 ივლისი მტარვალთა დამხობის რევოლიუციის გამარჯვების დღეა. იგი ხალხის თავისუფლების დიდი მნათობის ბრწყინვალე აისია, ერის გულსა და სულში მარად ნთებული. ამიტომაც მთელი საფრანგეთი ემზადება ამ დიადი დღისთვის 2 თვით ადრე და ეს დღესასწაული გრძელდება სამ დღეს. 3 დღე-ღამეს დაბა-ქალაქთა ქუჩებში მთლიანად შეჩერებულია ეტლ-ავტოებისა და ტრამ- ომნიბუსთა21 მოძრაობა. 3 დღე-ღამეს მთელი ქუჩები და ფოლორცები ეკუთვნით ხალხს, ხალხს საუკეთესოდ მორთულს, მხიარულს მომღერს და მოცეკვავეს. ქუჩებშივე იყიდება მზა საჭმელები, ტკბილ-მაგრილებელი და სპირტოული სასმელები, აგრეთვე ნაირ-ნაირი ხილი, კამფეტები და ტკბილი ნამცხვრები. დაკეტილია ყველა დუქან- მაღაზიები, ხოლო კაფე-რესტორანებში დაუსრულებელი ლხინი და ქეიფია, მეტადრე მათ წინ ფართო ფილაქნებზე დადგმულ პაწაწა მაგიდებთან. გზაჯვარადინებსა და ფოლორცებზე უკრავს სასულე და სიმებიანი ორკესტრი. ცეკვავენ მხიარული ქალ-ვაჟნი. გაისმის ეროვნული ჰიმნი - მარსელიეზა, ამავე დროს სახლები მორთულია ნოხებით, სერპენტინებით22, გირლანდებით და დეკორატიული მცენარეებით. ეს გრანდიოზული დღესასწაული უნდა ნახოთ თვით პარიზში, რომ იქონიოთ მასზე ნამდვილი წარმოდგენა, იმავე დროს უნდა იხილოთ ვერსალის „გრანზო“ (გრანდს ეაუხ), ე.ი. ვერსალის სამეფო სასახლის დიდებულ ბაღის ასეულ უზარმაზარ შადრევანთა ამოქმედება და მათი ფანტასტიური განათება ღამით ბენგალის ფერადოვან ცეცხლით. ყოველივე ეს სტოვებს მნახველზე ენით აუწერელ ფეერიულ შთაბეჭდილებას ბევრად უფრო დიადს, ვინემ შეხერაზადას აღმოსავლური ფანტასტიური ზღაპრები. მომეცა შემთხვევა, მენახა ერთიც და მეორეც პარიზსა და ვერსალში 1899 წელს.
საფრანგეთზე გამიგონია: გარყვნილების ბუდეაო. დიდ ქალაქებსა და მეტადრე პარიზში მართლაც არის გარყვნილება, მაგრამ ასეთ რამეებს ვამჩნევთ სხვა ქვეყნების დიდ ქალაქებშიაც როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. ეს არის კაპიტალისტურ წყობილების ნობათი. ხოლო ისეთი გარყვნილება, ისეთი პირუტყულ-ნათესავური აღრევა, რაც რუსეთში ვიხილე, არსად მინახავს და არც გამიგონია. ფრანგი ზრდილია, მაღალკულტურული და ლაზათიანი, მაგალითად, იგი კოცნას ეძახის „ფლერ დამურ“-ს, ე.ი. სიყვარულის ყვავილს, ქალის ძუძუებს„ფლაკონ დამურ“-ს, ე.ი. სიყვარულის სურებს, საალერსო სიტყვები ხომ უამრავია. ჩვენებურ ქალს რომ თავი დაუკრა შეცდომით, იგი შემოგხედავს გაოცებული, დაგიბრიალებს თვალებს წყრომით და ჩაგაყენებს მეტად უხერხულ მდგომარეობაში. ფრანციელ ქალს რომ თავი დაუკრა ასევე შეცდომით, იგი უსათუოდ გაგიღიმებს და გიპასუხებს თავის დაკვრით, ზოგიც ჰაეროვან კოცნასაც კი შეგთავაზებს ჩუმად სარკმლიდან, თუ მოეწონე. ჩვენს ქალს რომ უცნობი ვინმე გაეარშიყოს ქუჩაში ან ხელი წაავლოს, ასტეხს ყვირილსა და დავიდარაბას, შეყრის ქვეყანას, გალანძღავს იმ კაცს საშინლად და სცემს კიდეც. ფრანგის ქალს რომ ასევე გაუარშიყდეს უცნობი პირი, ან აკოცოს კიდეც საჯაროდ, იგი ხმას არ გაიღებს, არ ასტეხს ყვირილს, არ შეყრის ქვეყანას, არ დაგიწყებს ლანძღვა-გინებას, რომ ქვეყნის სასაცილო არ გახდეს, არამედ გაგშორდება ჩუმად; შეიძლება, თავხედ მოარშიყეს უთხრას მხოლოდ ან ერთი სიტყვა: „ემბესილ“ (ბრიყვო), ან „ფილე ვოტრ შმენ სილ ვეპლე“ (განაგრძეთ თქვენი გზა, გეთაყვა). აქ უნდა აღვნიშნო ორი დამახასიათებელი ეპიზოდი, რაც შეგვემთხვა ლიონში:
1. სკოლიდან შინ მიმავალი 4 ქართველი მუდამ ვხვდებოდით სახელოსნო-სავაჭროებიდან გამოსულ მუშა-მოხელე ახალგაზრა ქალებს, სუფთად, მოხდენით ჩაცმულთ და ერთი მეორეზე უკეთესებს. მათ შორის ირჩეოდა ერთი ყველაზე უფრო ლამაზი, ტანადი და მოხდენილი ცირა; მისი ნარნარა ტანი თითქო მოსცურავდა ვით თეთრი გედი. იგი მოდიოდა მუდამ განმარტოებით, თითქო არ კადრულობდა თავის ტოლებს.
მოგვხიბლა და გაგვიტაცა ოთხივენი ამ ტურფა არსებამ. განსაკუთრებით გადაგვერია ერთი ამხანაგიპ. გ-ნი. ამ ქალის ყოველ დანახვაზე იგი დაიკრავდა მკერდზე მჯიღს, აღმოახდენდა მწარე გმინვას და წამოიძახებდა გამწარებით: „ოჰ, ერთი ამისთვის მაკოცნინა და თუნდ მოვკვდე მერე, აღარ ვინაღვლიო“. მისი საცოდაობით ვიწოდით ყველანი, მარა ვერას ვშველოდით. ის ჯადოსანი კი ჩაგვივლიდა ნარნარა რხევით, ვით ჯეირანი და ყურადღებას არ გვაქცევდა ოთხ შეყვარებულ უცხოელ სტუდენტს... ერთ დღესაც, როცა იმ ქალის შორიდან დანახვაზე პ. გ.-მა ჩვეულებრივ ჩაიკრა გულში მჯიღვი და მწარე გმინვით წარმოსთქვა თავის მარადიული ნატვრა, ერთმა ჩვენმა ამხანაგმაალ. კ-მა უთხრა: „შე ოხერო, ამდენს რომ გმინავ და იტანჯები, მიდი ბარემ და აკოცე იმ ქალს, თავს ხომ არ მოგკვეთენ ამისათვის!“„მივიდე და ვაკოცო?!“„ჰო, მიდი და აკოცე! მოიკალ წყურვილი, რათ იკლავ თავს, შე უბედურო?!“„აჰ, როგორ შეიძლება! ასეთ თავხედობას ვერ ჩავიდენ, ასი თუმანიც რომ მომცე“.„მე კი 20 ფრანკად ვაკოცებდი“.„აი, მოგცემ 20 ფრანკს, აბა, მიდი და აკოცე, თუ ბიჭი ხარ!“„სიამოვნებით, აბა, ამოიღე ფული!“`ბიჭო, 20 ფრანკი ბევრია, 10 ფრანკს დამჯერდი, მეტი რა გინდა!“„თანახმა ვარ, მოიტა მალე!“უკვე მოახლოვდა ქალი. გ-მა გახსნა საფულე და ხელის ცახცახით ამოიღო 5 ფრანკიანი. - „ბიჭო 10 ფრანკი ბევრია, 5 ფრანკს მოგცემ, ჯანდაბა შენს თავს!“ - „მოიტა მალე! ყვავს კაკალი გააგდებიო, ეგეც ხეირია!“ - ამ სიტყვებით გამოგლიჯა ხელიდან 5 ფრანკიანი და მარდად ჩაიდო ჯიბაში. ის ჩამოგვრჩა, ჩვენ დავწინაურდით. ქალმა ჩაგვიარა ნარნარა რხევით. ეს მოხდა მდ. რონას გასწვრივ სანაპირო ქუჩაზე. ერთი მხრივ, ქვის მდაბალი გალავანი და მდინარე, მეორე მხრივ კი, 4 სართულიანი გრძელი კაზარმა, რომლის სარკმელთაგან იცქირებოდენ სალდათები. წვიმიანი დღე იყო; ოდნავ თქორავდა. ალ. კ-ლი დაუპირისპირდა ქალს ვიწრო ფილაქანზე. ქალი დაიბნა, ვეღარ მოახერხა ტალახიან ქუჩაზე გადასვლა, ვერც გვერდი აუარა თავხედ სტუდენტს, ამან კი, მოხვია უცებ ქალს წელზე ცალი ხელი, მეორეთი კი აუწია ღაბაბი და გემრიელად ჩაკოცნა ტუჩებში. სირცხვილით ალეწილმა ქალმა მიაძახა ყმაწვილს„ემბესილ“ (ბრიყვო) და ჩაუარა გვერდით. ამ სურათის ხილვით წაგვსკდა სიცილი. ხოლო სალდათების აღტაცებას არ ჰქონდა საზღვარი. მთელი კაზარმა შეეგება მგზებარე ტაშით ქართველ სტუდენტის გამბედაობას. - „ბრავო, ჟენომ! ბონ აპეტი!“ (ყოჩაღ, ყმაწვილო! გაამოს!) - გაიძახოდენ ისინი ტაშის გრიალთან ერთად. ნიზლავში მოგებულ 5 ფრანკიანით ვიყიდეთ ცხელი შემწვარი წაბლი და გიახელით. ის ლამაზი ქალი კი, იმ დღიდან ისე დაშინდა, რომ ჩვენს დანახვაზე მაშინვე გადვიდოდა ქუჩის მეორე კედრით. ყველაზე უფრო წაგებული დარჩა საწყალი პ. გ.-ნი, რომელმაც ვერც წადილი შეისრულა ქალის კოცნით და ფულიც წააგო ნიზლავში.
2. მეორე ეპიზოდი უფრო საინტერესოა; იგი მოხდა იმავე წელს. ერთი ჩვენი ამხანაგი მცირე ხნით წავიდა ქ. ბეზანსონში. ერთად ვისადილეთ ქართველებმა; გადავკარით ცოტაოდენი ნუნუაც, გავაცილეთ იგი სადგურზე და იქიდან საკმაოდ შეზარხოშებულმა ოთხმა ქართველმა გავისეირნეთ ლიონის უმთავრეს ქუჩაზე. უკვე შეღამდა და ეს შვენიერი გამზირი თავის მაღაზია-კაფე-რესტორანებით საარაკოდ ლივლივებდა ელექტროს შუქზე. უამრავი ხალხი სეირნობდა ფართო ფილაქნებზე. მდიდრები მიირთმევდენ ნაირ-ნაირ სასმელებს, იქვე კაფეების წინ დადგმულ პაწია მაგიდებზე. ჩავდეგით წრეში ორ რწყვილად და საშუალო ბიჯით გავაბით ლარი. ამ დროს ჩვენს წინ დავინახეთ მარტოდ მოსეირნე იშვიათი სილამაზის ქორფა ასული. იქნებოდა დაახლოებით 18 წლის. მისი კენარი ტანი, სინარნარე, ქერა აბრეშუმეული თმით შემკული თეთრი შვენიერი სახე, მუქი ცისფერი თვალები ადვილად მოხიბლავდენ განდეგილ ბერსაც კი. ჩვენ ხომ სულ გონება დავკარგეთ მისი მზერით.
- დღესვე რომ ჩამომარჩონ, უნდა მივიდე და გავეცნო ამ შვენიერ არსებას! - წამოიძახა ერთმა ჩემა ამხანაგმა და დააპირა ქალთან მისვლა. ვტაცე ხელი და შევაჩერე, თანაც მივაძახე:
- რას ჩადიხარ, კაცო! ხომ ხედავ, რომ ვიღაც პატიოსანი ქალია! ახლა 8 საათი თუ იქნება. ეს ხომ იცი, რომ ღამის 10-11 საათამდე საეჭვო ზნის არსებანი არ გამოდიან! მაშ, გინდა, სკანდალი მოახდინო?! შენც თავი შეირცხვინო და ჩვენც შეგვარცხვინო?!.
- გამიშვი!დაიღრიალა უცნაურად. იგი უცებ გამისხლტა ხელიდან და მივიდა ქალთან. მოიშვლიპა ქუდი და შეესაუბრა ფრანგულად: „საღამო შვიდობისა, ცირავ! მაშ, თქვენ სეირნობთ სულ მარტოდ? ნებას მომცემთ, გამოგყვეთ, შვენიერო?“ ქალმა არ უპასუხა არც სალამზე და არცერთ შეკითხვაზე. ვაჟმა კვლავ წაუპუტუნა კიდევ რაღაცა. მაშინ ქალმა შეხედა მრისხვანეთ და მიაძახა მკაცრად: „მუსიე, ფილე ვოტრ შმენ, სილვუპლე!“ (ბატონო, განაგრძეთ თქვენი გზა!).
ყველაფერი მესმოდა. ეს სიტყვები ქალმა წარმოსთქვა ისეთი ცივი კილოთი, რომ ჩვენი „გამბედავი რაინდი“ ენა ჩავარდნილი და უკუდო ვირზე შემჯდარი გამობრუნდა უკან შერცხვენილი. ჩვენმა ორმა ამხანაგმა დააყარეს დაცინვის ყიჟინა. მე კი ვსდუმდი გულნაწყენი.
- შე ოხერო! რომ იქაჩებოდი ეგრე მამაცად, უნდა გავიცნოო, ვისთან მიდიოდი?! რა უნდა მოსწონებოდა შენი ამ ტურფა არსებას, სახე თუ ტანადობა?! - ეუბნებოდენ დაცინვით ღვინით შეზარხოშებული ამხანაგები.
- არა, თქვენ კი რამეს გააწყობთ, თქვენ ნუ მომიკვდებით! მიხვალთ თუ არა კისერზე დაგეკიდებათ მაშინვე. აბა, მიბრძანდით და ნახავთ თქვენს სეირს... - პასუხობდა დამარცხებული.
- არა, ჩვენ არ წავალთ. თვარა, თუ მივედით, უსათუოდ გავიცნობთ.
- აბა, ნიზლავი; 20 ფრანკის მომცემი ვარ, თუ კი გაიცნობთ; თუ არა და თქვენ მიბოძეთ 20 ფრანკი. თანახმა ხართ?
- თანახმა ვართ; მოიტა ხელი!
- აჰა, ჩემი ხელი და პატიოსანი სიტყვაც.
- ყმაწვილებო, რას ჩადიხართ! რა ღმერთი გიწყრებათ. გადაირიეთ, თუ ხუმრობთ?! - შევძახე გულმოსულმა ამ ჩემს გათავხედებულ ვაჟბატონებს.
- არც ვხუმრობთ და არც შევშლილვართ. გვინდა, ამ ვაჟბატონს დავუმტკიცოთ, რა ბიჭებიც ვართ, თანაც 20 ფრანკიანს ოქროს ქუჩაში არ პოულობენ. - მომაძახეს ორთავემ და ამავე დროს ერთი მადგანი მიუახლოვდა ჩვენს წინ მოსეირნე ქალს შეხანხლილ ქათინაურებით, ხოლო მამაცმა ცირამ მალე დაგვიბრუნა ეს თავხედი „რაინდიც“ უკუდო ვირზე შემჯდარი. ეგევე ოინი დამართა მეორესაც. ვეღარ შევიკავე თავი და წამსკდა სიცილი. ხოლო პირველ დამარცხებულის სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი. მან დაამარცხა უხეშად დამცინავნი და თანაც მოიგო 20 ფრანკი ნიზლავში. მე კი, გემრიელად ვიცინოდი და მახვილად დავცინოდი ამ „უშიშარ რაინდებს“.
ახლა ამიხირდენ სამივენი ამ სიტყვებით: „თუ ჩვენი ძმა და მეგობარი ხარ, შენც უნდა განიცადო ის მარცხი, რაც ჩვენ შეგვემთხვაო, თუ არა, შენ არ მოგვასვენებ მაგ მწვავე დაცინვითო. ახლა დამტკიცდება, თუ ნამდვილი ძმა ხარ ჩვენი და მეგობარი“...
შორს დავიჭირე მათი ხვეწნა-მუდარა; დავდეგ ცივს უარზე. სრულებით არ მსურდა მეგემა ის „სიტკბო-ალერსი“, რაც ამათ იგემეს. ვერაფერს გავხდი. არ მეშვებოდენ. გული შემიწუხეს ნამეტანი ხვეწნა-მუდარით.
- კარგი, ჯანი გაგვარდეთ, თანხმა ვარ, მხოლოდ ერთი პირობით: რაც ამ გაცნობის გამო დამეხარჯოს, თქვენ უნდა იკისროთ.
- კი, ბატონო! თანახმა ვართ დიდი სიამოვნებით, ოღონდ დაგვავალე და გაეცანი ამ შვენიერ ალქაჯს. - ისინი წინ და წინ სტკბებოდენ ჩემი დამარცხებით.
- მაშ, თანახმა ხართ, მიიღოთ თქვენ თავზე ამ გაცნობით გამოწვეული ყოველივე ხარჯები?
- თანახმა ვართ, თანახმა!
- პატიოსანი სიტყვა!
- გაძლევთ პატიოსან სიტყვას.
დავყაბულდი და მოვემზადე წასასვლელად. კარგად ვიცოდი, რომ აქ არ გამოდგებოდა ისე უხეშად მისვლა, რაც ჩაიდინეს ჩემა ამხანაგებმა. საჭირო იყო ხერხი, ოსტატობა. და აი, წინასწარ მოვისაზრე კიდეც ყველაფერი. მიველ ქალთან (იგი ისევ ჩვენს წინ მისეირნობდა, რადგან ამ გრძელ გამზირზე მწყობრად მოსეირნე ხალხის სიმრავლე არ აძლევდა მას საშუალებას, გაგვცლოდა ჩვენ). დიახ, მივუახლოვდი ქალს, ოდნავ ავწიე ქუდი მარჯვენა ხელით (ასეა წესი უცნობთან საუბრის დროს) და მივმართე წყნარად, რომ არ გაეგონათ ჩემს ამხანაგებს, შემდეგი სიტყვებით: „ნება მიბოძეთ, ქ-ნო, ბოდიში მოვიხადო ჩემი უზრდელი ამხანაგების მაგიერ, რომლებიც, სამწუხაროდ, მოგექცენ ისე თავხედათ. ბევრი ვუშალე სამთავეს, მარა არაფერი გამოვიდა. მოგეხსენებათ, თავხედი ხალხია სტუდენტობა და მეტადრე უცხოელნი. ამას დაერთო კიდევ ის, რომ ბეზანსონს მიმავალი ერთი ამხანაგი გავაცილეთ და ამის გამო ცოტა ზედმეტად გადაჰკრეს კიდეც ნუნუა“... (პირადათ მე არ ვეტანებოდი ღვინოს, არც თუთუნს ვწევდი). ქალმა შემომანათა თავის ჟუჟუნა ცისფერი თვალები და ოდნავ გაიღიმა. იშვიათად მინახავს ასეთი ნაზი, ჰაეროვანი, შვენიერი სახე. ჩამათვალიერა ქალმა და მომაშტერა თვალები, თითქო სურდა გაეგო, რამდენად წრფელი იყო ჩემი მიმართვა. დარწმუნდა რა ამაში, მიპასუხა წყნარად: - გმადლობთ თავაზიანობისთვის. მაშინვე მივხვდი, ნაქეიფარი სტუდენტები იყვნენ. რა ვქნათ! სტუდენტები საზოგადოდ ასეთები არიან ყველგან...
- დიახ, ქ-ნო! სტუდენტები მეტად თავხედებია საერთოდ, ხოლო ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენმა გარეგნობამ, თქვენმა ციურმა სიშვენიერემ უზომოდ გაიტაცა ეს ჩემი ამხანაგები და მთლად დაუკარგა მთავარი გონება.
ქალმა შემომხედა მომხიბლავად, დანაბა თვალები და წამოიძახა: „ო, მუსიო, ვუ მე ფე დე კომპლიმან!“ (ო, ბატონო ჩემო! თქვენ ქათინაურებს მეუბნებით).
- არა, შვენიერო ცირავ! გეფიცებით, ეს ქათინაურები კი არა, სრული სიმართლეა ჩემი გულის სიღრმიდან აღმომხდარი. მეტად იშვიათად შეხვდება ადამიანი ასე ყველაფრით შემკულ არსებას, როგორც თქვენ ბრძანდებით. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ვეღირსე თქვენთან საუბარს... მაგრამ გთხოვთ, არ ჩამითვალოთ კადნიერებად ერთი შეკითხვა: ჩემის აზრით, თქვენ არ უნდა ბრძანდებოდეთ აქაური, ე.ი. ფრანციელი.
ქალმა გაიღიმა და შემეკითხა: „რა რიგად მიხვდით?“
- თუმც შვენივრად საუბრობთ ფრანგულად, მაგრამ თქვენი გამოთქმა, თქვენი აქცენტი, ვფიქრობ, არ არის წმინდა ფრანგული.ვუთხარ პასუხად.
- მართალი ბრძანდებით. მე არ ვარ ფრანციელი. მე გერმანულ შვეიცარიიდან ვარ, ქ. ნევშატელიდან.
- ოჰ, თქვენ შვეიცარიიდან ბრძანდებით, იმ შვენიერ ქვეყნიდან, რომელსაც ისე მომხიბლავად გვისურათებენ პოეტები! მერე რარიგად გაჩნდით ალპების ნაზი, შვენიერი ყვავილი ამ ბნელსა და ნისლიან ლიონში?!
- სულ ადვილად, ჩემო ბატონო. მამაჩემი მოიწვიეს აქ ერთ დიდ სარდაფში მთავარ მეღვინეთ. მეც თან გამოვყევი, როგორც ერთად ერთი შვილი. დედა კი, სამი წელია, რაც დავკარგე.
ქალის უმანკო სახეზე გამოიხატა სევდა.
- უკვე მთელი კვირაა, რაც აქ ვართ. ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე ამ უზარმაზარ ქალაქს. მაგრამ სულ დამავიწყდა მეკითხა: თქვენ ყველანი ვინ ბრძანდებით, რომელ ქვეყნიდან?
- ჩვენ სტუდენტები გახლავართ, აქ სასწავლებელში ვიძენთ აგრონომიულ ცოდნას; ტომით კი, ვართ ქართველები.
- ქართველები?!გაკვირვებით წამოიძახა ქალმა,სად არის თქვენი სამშობლო, რომელ ქვეყანაში?
- ჩვენი სამშობლო, საქართველო მდებარეობს კავკასიაში.
- კავკასიაში?! მაშ, თქვენ რუსი ყოფილხართ!
- ო, სრულებითაც არა, რათ უნდა ვიყოთ რუსი?!
- იმიტომ, რომ კავკასია შედის რუსეთის იმპერიის ფარგლებში. ასე გვასწავლიდენ გიმნაზიაში, რომელიც ამ წელს დავამთავრე.
- მართალია. ხოლო საქართველო ამ ერთ საუკუნის წინ წარმოადგენდა სრულიად თავისუფალ სამეფოს და თვით ქართველებს არავითარი საერთო არ აქვთ რუსებთან არც ენითა და არც ზნე-ჩვეულებით.
- მაშ, თქვენ სომხები ყოფილხართ!
- ოჰ, ღმერთმა დაგვიფაროს! სომხები სულ სხვა ხალხია, ჩვენ, ქართველები კი - სხვა. არავითარი საერთო არ გვაქვს ერთმანეთს შორის, გარდა იმისა, რომ ვცხოვრობთ ერთი მეორეს მეზობლად.
იმ დროს ევროპაში კარგად იცნობდენ სომხებს, ხოლო ქართველებზე, სამწუხაროდ, დიდ უმეტესობას არ ჰქონდათ არავითარი წარმოდგენა.
ქალი ჩაფიქრდა. მცირე ხანს შემდეგ გაუბრწყინდა სახე და წამოიძახა:
- ო, ჟი სუი! ლია ჟორჟი ე ლია სირკასი! სე ლა პატრი დე ბეკ ფამ! ნესპა მუსიო?! (ო, მივხვდი! საქართველო და საჩერქეზო! ეს ხომ შვენიერ ქალთა სამშობლოა! ასე არაა ბატონო?).(ჩვენს ქვეყანას იცნობდენ ევროპაში მხოლოდ როგორც შვენიერ ქალთა სამშობლოს)..
- დიახ, ეგაა! მართალია, ჩვენი ქვეყანა ტურფა ასულთა სამშობლოთაა ცნობილი, მაგრამ მათ შორის თქვენ დედოფალი იქნებოდით, ციურო შვენებავ!
- ოჰ, ეგ მეტის მეტია, ბატონო! ღირსი არა ვარ ასეთი ქათინაურების! - წამოიძახა ქალმა აღტაცებით და შემომანათა ეშხმთებარე თვალები.
- გეფიცებით, სრული სიმართლეა, შვენიერო!.. მაგრამ ეს რაღაა! ამდენი ხანია ვსაუბრობთ და არ გავცნობივართ ერთმანეთს. ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ! - დავასახელე ჩემი სახელი და გვარი.
- მე კი გახლავართ ლუიზ ევარდ, - წამოიძახა ქალმა წკრიალა ხმით და გამომიწოდა თავის თეთრი ფუნთუშა ხელი. აღტაცებით ჩამოვართვი იგი. განვაგრძეთ სეირნობა და გავაბით სხვა და სხვა საუბარი. ყოველივე ამას მზერდენ ჩემი დამარცხებული ამხანაგები. მზერდენ და უკვირდათ მეტად, რომ ამდენ ხანს ავალაპარაკე ქალი; ვერ გაეგოთ კი, როგორ მოვახდინე ეს სასწაული. ხოლო მათ გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი, როცა დაინახეს, რომ ქალი გამეცნო და ჩამომართვა ხელი.
- ქ-ნო ლუიზ, ნება მიბოძეთ, შევასრულო აქ უცხოეთში ერთი ჩვენი ძველებური ადათი.
- რა ადათია ასეთი? - შემეკითხა ქალი ღიმილით.
- როცა გავიცნობთ ხოლმე რომელიმე შვენიერ ცირას, უსათუოდ უნდა გავუმასპინძლდეთ ტკბილეულით.
- ნუ თუ? რა უცნაური ჩვეულება გქონებიათ ქართველებს.წამოიძახა ქალმა მხიარულად.
- დიახ, ასეთია ჩვენი ადათი, შვენიერო ცირავ. ამიტომ გთხოვთ, მობრძანდეთ აგერ საკონდიტროში.
ამ სიტყვებით ჩვენ გავედით წრიდან და მოვადექით იქვე საშაქარლამოს, რომლის ღია ვიტრინაზე ლამაზად ეწყო მრავალნაირი ტკბილი ნამცხვრები და შოკოლადის კამფეტები. ჩემი „რაინდებიც“ დაგვედევნენ უკან.
- გთხოვთ, აირჩიოთ, რაც გნებავთ, მადმაზელ ლუიზ. - შევეპატიჟე ქალს.
მან აიღო ერთი ლოლო (ტკბილი ნამცხვარი). მეშაქარლამეს შევუკვეთე ჩაეწყო ყუთებში ერთი კილო საუკეთესო ლოლოები და ნახევარი კილო შოკოლადები. მან სწრაფად აასრულა დავალება და გადმომცა შვენივრად გახვეული ორი კოლოფი.
- ყმაწვილებო, კეთილ ინებეთ და გადიხადეთ ამ ტკბილეულის საფასი თანახმად პირობისა. - ვუთხარ ქართულად ჩემს „რაინდებს“.
მეტი რა ჯანი ჰქონდათ! გადიხადეს მწარე ხვნეშით ვგონებ 5 თუ 6 ფრანკი.
- მადმაზელ ლუიზ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან ფეშკაშად ეს მცირე ნობათი. მაპატიეთ, თუ ამ უცხო ქვეყანაში ვერ გაგიმასპინძლდით უკეთესად. - ქალი დაიბნა და გაწითლდა, შემდეგ შემომხედა და წამოიძახა: „ბ-ნო ქვარიანო, რას ნიშნავს ეს უხვი საჩუქარი?! რით დავიმსახურე თქვენი ასეთი ყურადღება“?!
- თქვენი კეთილი გულით, შვენიერო არსებავ. თქვენ ბევრად მეტის ღირსი ხართ, ამიტომ ვწუხვარ დიდად, რომ ვერ შევძელ ხელვიწრო სტუდენტმა უფრო მდიდრული გამასპინძლება! - ვუპასუხე მგზებარე კილოთი, - მიბოძეთ ხელი, შვენიერო! - და მოვუხარე მარცხენა მკლავი. მან გამიკეთა ხელკავი და ამ სახით ისევ შევედით წრეში სასეირნოდ. უკან დაგვედევნა ენაგადმოგდებული ჩემი „სვიტა“ - ცნობილ რაინდთა ტრიო. ჩვენ მივდიოდით წინ საამო მუსაიფით და თან მივირთმევდით ტკბილეულს, ამავე დროს კი, ჩემი ამხანაგები მემუდარებოდენ ქართულად იმ ქალის გაცნობას და ტკბილეულის ჭმევას.
- ნუ მოგვკალი, შე უღმერთო! გაგვაცანი ეგ ციური ანგელოზი... - მევედრებოდენ ისინი.
- სუ! კრინტი! თქვენ ღირსი არ ხართ ამ შვენიერის გაცნობისა. უგვანო საქციელით თქვენ ფრიად შეირცხვინეთ თავი ამის წინაშე.იყო ჩემი პასუხი.
- ეგ ტკბილეული მაინც გვაჭამე, შე უღმერთო! ეგ ხომ მაინც ჩვენი ფულითაა ნაყიდი...
- დიახ, ნიზლავში წაგებული ფულით... კიდევ ხმას იღებთ, თქვე ურცხვებო!
ვტუქსავდი ამხანაგებს და თან ვიცინოდი მადიანად.
- რას იცინით? რაშია საქმე? შეიძლება გავიგო?შემეკითხა დაინტერესებული ქალი.რას გესაუბრებიან შენი ამხანაგები?
კვლავ გადვიხარხარე გულიანად და მოვუყევი ქალს ყველაფერი. ვუთხარ, თუ როგორ დამატანეს ძალა და მაიძულეს, მივსულიყავ მასთან გასაცნობად. ეგონათ, თუ მეც მათსავით განვიცდიდი მარცხს, მარა მოსტყუვდენ ეს ვაჟბატონები. ეს კი ცხადია, რომ მათი მიზეზით გავხდი ბედნიერი, გამეცნო ტურფა შვეიცარიის უმშვენიერესი ასული მეთქი.
ძლიერ გაამხიარულა და აცინა ქალი ამ ამბავმა. ამასობაში გავედით ბელკურის ფოლორცზე. აქ ერთ ალაგას ყიდდენ ბავშის თავის ოდენა მესინის ფორთოკლებს. აქაც „რაინდების“ ფულით ვუყიდე ქალს ხუთი საუკეთესო ფორთოკალი და ეს ტვირთი მათვე მოვდევი ზურგზე. გადიხადეს, ვგონებ, 3 ფრანკი. რა მენაღვლებოდა მათი ფული! ეს კია, რომ დიდ ხარჯებში არ შევიყვანე, რადგან კარგად ვიცოდი მათი ჯიბის ამბავი და შევიბრალე.
მე და ლუიზამ ვისეირნეთ ერთად ათ საათამდე. როგორც კი კოშკის საათმა დარეკა ათი, ქალმა მაშინვე დააპირა შინ წასვლა, რადგან საფრანგეთში და, ვგონებ, მთელს ევროპაში ღამის 10 საათის შემდეგ პატიოსანი ქალი იმ დროს არ ჩერდებოდა მარტოდ ქუჩაში და უსათუოდ მიდიოდა შინ. ჩვენც გავაცილეთ სახლამდე შვენიერი ლუიზ. იქ სახლის წინ ავუსრულე მწვავე სურვილი ჩემს ამხანაგებს და გავაცან ქალი. სამთავემ მოიხადეს ბოდიში მის წინაშე. ჩვენ გადავეცით საჩუქრები, ე.ი. ტკბილეული და ფორთოკლები, აგრეთვე ჩემი მისამართი (სავინაო ბარათი). იგი დაგვემშვიდობა ყველას მხიბლავი ღიმილით, გვითხრა დიდი მადლობა საჩუქრებისთვის და აცქრიალდა კიბეზე.
მეორე დღეს, საღამოს 7 საათზე, ეს ქალი უნდა მოსულიყო ჩემთან, რადგან დავპირდი მოწაფის შოვნას. აქ სახლში მყავდა ლიონში ახლად ჩამოსული ჩემი ახლო მეზობელი და ნათესავი ალ. კლდიაშვილი. აქ ქალს უნდა მიეცა მისთვის ფრანგული ენის გაკვეთილები.
მართლაც, მეორე დღეს საღამოს სრულ 7 საათზე ლუიზ მოვიდა ჩემთან. აქვე უცდიდა მას კლდიაშვილიც, რომელსაც ადრევე მოველაპარაკე და სიამოვნებით დავითანხმე. ქალს უნდა ევლო ამ ვაჟთან ბინაზე ყოველ დღე დათქმულ საათში და მიეცა გაკვეთილი თითო ფრანკად. ამავე დროს გავამზადე ჩაი და გავუმასპინძლდი ლუიზას „რუსული“ ჩაით და ტკბილი ლოლოებით. ქალი მეტად კმაყოფილი დარჩა გაკვეთილის შოვნით და მითხრა დიდი მადლობა. ამავე დროს იგი ეძებდა მოლარის სამსახურს რომელიმე დიდ მაღაზიაში. სანდრო კ-ლი კი, გავაფრთხილე და სიტყვაც ჩამოვართვი, რომ არაფერ ურიგოს კადრებდა ამ ვარდივით გაშლილს ქორფა, უმანკო არსებას. მანაც მომცა პატიოსანი სიტყვა და პირნათლად შეასრულა იგი.
ამის შემდეგ ხშირად ვხვდებოდი ამ ქალს ხან კ-თან, ხან გზაზე, რადგან ჩემი ბინასთან უნდა გამოევლო თავის მოწაფესთან მიმავალს. ყვავილთა პაწია თაიგული, ცოტა რამ ხილი ან ტკბილეული, გაცილება და ზრდილობიანი საუბარი საკმაო შეიქნა, რომ მომეპოვა ამ ტურფა არსების გულში სიმპატია და შემდეგ უფრო ძლიერი გრძნობაც.
გავიდა ორი თვე. ყველანი მეტად შევეჩვიეთ ამ ქალს. კვირა დღეობით ხშირად დავდიოდით ზოოლოგიურ პარკში და ვსეირნობდით ნავით იქვე ხელოვნურ ტბაზე. მისმა მამამ კი, არ იცოდა არაფერი. ეს ქალიც დიდათ შეგვეჩვია და გვეპყრობოდა როგორც ნათესავებს.
ერთ საღამოს ლუიზა მოდის მეტად შეწუხებული და გვეუბნება: მამაჩემი ვერ შეეწყო მომწვევ ფირმას და ეს ორი დღეა პარიზში წავიდაო, მე კი აღთქმული მაქვს ალაგი „სიუ“-ს დიდ მაღაზიაში, დაბარებული ვარ ამ საღამოს 7 საათზე და თუ იქაც გამიცრუვდა იმედი, ხვალ მეც პარიზში უნდა წავიდეო.
ამ ამბავმა ელდა დაგვცა ყველას. ვწუხდით ამ შვენიერ არსების განშორებას, რომელსაც დასავით შევეჩვიეთ. ის იყო ჩვენი ციური სხივი. არ გვქონდა ქართველ ღარიბ ახალგაზრდებს საშუალება, რომ ის გვერჩინა, ან რაიმე შესაფერი საქმე გვეშოვნა მისთვის ამ უცხო ქალაქში. ხოლო ალ. კ-ის თვეში 30 ფრანკიანი გაკვეთილი მას ვერ დაარჩენდა. ყველამ გადავწყვიტეთ, გავყოლოდით ქალს იმ დიდ მაღაზიამდე და შეგვეტყო მისი ბედ-იღბალი. წვიმდა, სუსხიანი ამიდი იყო, ნოემბრის მიწურული. მე შევეფარე ლუიზ ქოლგის ქვეშ და ხელკავით წავედით წინ. სხვები გამოგვყვენ უკან. მივუახლოვდით იმ დიდ მაღაზიას ელექტრონით გაჩახჩახებულს. ქალმა შეირბინა და ცოტახანს შემდეგ გამოვიდა მოსხლეტილი: უარი ეთქვათ. გამოემშვიდობა ჩემს ამხანაგებს. მე მივიწვიე ლუიზ შინ „რუსულ“ ჩაიზე. იგი შეყოყმდა, შემდეგ დამეთანხმა. დავუძახე ტრ. ღ-ძეს, მივეცი ჩემი ოთახის გასაღები, დავავალე ჩვენს მისვლამდე გაეჩაღებია ბუხარში ცეცხლი და გაეკეთებია ჩაი სპირტის პაწია ლამპარზე. მე და ლუიზ ხელკავით წამოვედით შინისკენ ნელი ნაბიჯით და მუსაიფით. შევიარეთ „შარკუტერ“-ში (საძეხვე), ვიყიდე პური და საუზმეულობა, იქვე „პატისერში“ (საშაქარლამო) კიტკბილი ნამცხვრები და მოვედით ჩემს ბინაზე. აქ დაგვიხვდა გამზადებული ჩაი, გამთბარი ოთახი და მხიარული ბუხარი წითლად მოღუღუნე კოკსით. ქალს მოვხადე ქუდი და სველი „მანტო“, დავუდგი ბუხართან რბილი სავარძელი და ჩავსვი შიგ. იქვე მივდგი პატარა მაგიდა; გავამზადე ჩაი და საუზმეული. სამთავემ ვისაუზმეთ მადიანად. ტრ. ღ-ძე დაგვემშვიდობა და წავიდა. დავრჩით მარტო მე და შვენიერი ლუიზ. ვისხედით ბუხართან, სითბოს და სიამოვნებას გგვრიდა ბატის კვერცხის ოდენა წითლად მოღუღუნე კოკსები. ქალი იჯდა მდუმარეთ ფიქრებში გართული. მეც მდუმარედ შევტრფოდი მის ზეციურ სახეს, მის ოქროსფერ სირმეულ კულულებს. ამ დროს თითქო უნებლიეთ ქალის ფუნთუშა ხელი ოდნავ შეეხო ჩემს ხელს. ავიღე იგი და მივიტანე ტუჩებთან. დავეწაფე მწვავე ამბორით. ქალმა შემომანათა თავის მუქი ცისფერი თვალები და გამიღიმა სანეტაროდ. ტკბილმა ჟრუალმა დასერა ჩემი სხეული...
- შვენიერო ლუიზ, მაშ, თქვენ მიხვალთ პარიზში, გვშორდებით ასე მალე... ვინ იცის, ოდესმე გნახავ თუ არა... პარიზი შორსაა, როდის მომიხდება ჩამოსვლა, არ ვიცი... იქნებ, არასდროს... რადგან აქედან უნდა გავემგზავრო სამხრეთ საფრანგეთში და დავამთავრო სწავლა მონპელიეში... ნუთუ ვერასოდეს ვერ გნახავთ, ჩემო შვენიერო ცირავ?! თუ ასეა, გთხოვთ მცირე საჩუქარს, რომ ის ვატარო მარადის თქვენს მზიურ სახესთან ერთად... - მწვავედ აღმოხდა ჩემს გულს ეს სიტყვები.
ქალმა შემომხედა სევდიანი სახით, ამოიხვნეშა. მისი თვალები აივსო ცრემლით.
- რა საჩუქარს მთხოვთ, ბ-ნო სისო? რა მოგართვათ? - გაიწკრიალა მინაზებულმა ხმამ.
- ერთი ამბორი, მწვავე, სიყვარული აცეცხლებული, ჩემო ტურფავ!.. - შევღაღადე მხიბლავ ფერიას.
ქალმა მომხვია ყელზე ორივე ხელი და მიმიზიდა... ჩვენი ბაგენი ჩაეტკბენ ერთმანეთს სანეტარო ამბორში... ეს იყო წამი უზენაესი ბედნიერებისა... - Mon chéri! mom loup!...23 - ყურს ჩაწვდა ლუიზას ნაზი მათრობელი სიტყვები, აგზნებით თქმული. საშინელი ჟრჟოლა და ცეცხლოვან ვნების ცახცახი მოედო ჩემს არსებას... ვეღარ შევიკავე თავი, დავკარგე გონება... მწვავედ ჩავიკარ გულში ეს უმანკო, შვენიერი არსება და დავუწყე გიჟივით კოცნა... თან ვკოცნიდი გაშმაგებით და თანაც აცახცახებული თითებით ვუხსნიდი ჟაკეტისა და ლიფის ღილებს... ქალი მომენდო, ვით ბატკანი სატარიგოდ გამზადებული. მკოცნიდა კდემამოსილი, მორცხვად, სახეზე ალანძული და გაიძახოდა უმწეოდ: Oh, c'est trop fort…24
აღარ მახსოვს, რა რიგ გავხადე ტანს, რა რიგ გავიგლიჯე მე თვითონ სამოსი, რა რიგ ავიტაცე იგი ბავშივით თეთრი მარმაშის25 სიფრიფა პერანგის ამარა და ჩავაგორე რბილსა და ფართო ლოგინში. დავეწაფე ვნებით შეშლილი შვენიერ არსების ბროლის გულმკერდს, მის ქორფა, მკვრივე წუწუკებს, - ამ სიყვარულის სურებს... და განვიცადე უზენაესი ნეტარება ამ ქალწულოვან ნაკვთის დაწაფებით... ჩვენი სულნი და სხეულნი უზენაესი ამულ-აგზნებით შეეტკბენ ერთმანეთს... ყურს ჩაწვდა ციურ მუსიკად უმანკოების დაკარგვით გამოწვეული პირველი შეკივლება; შეკივლება შარბათზე უტკბესი და მათრობელი, ვით შამპანიური...
გავიდა ერთმანეთის გიჟურ ალერსში ნოემბრის გრძელი ღამე... უკვე გათენებული იყო, ოდეს ტკბილად ჩაგვეძინა მაგრად ჩახუტულთ და მიქანცულთ... ეს იყო ჩვენი ქორწინების პირველი ღამე, მარად საამოდ მოსაგონარი, ოდეს ორი სქესი, ორი ჯანსაღი ახალგაზრდა, ურთიერთ მიმართ ვნებით ძაბულნი ჩაეტკბენ ერთმანეთს მწვავე ალერსში, მწვავე გზნებაში, სულის და ხორცის ვნებით თრობაში...
მშვენიერ ლუიზ დარჩა ჩემთან კიდევ სამი დღე. სამი დღე-ღამე გაგრძელდა ჩვენი მწვავე ამბორი, ჩვენი სიგიჟე, ჩვენი ვნებური ხვევნა-ალერსი... მეოთხე დღეს გავაცილე სადგურზე ეს ალპების ნაზი, ჰაეროვანი, ტურფა ასული. ო, ბევრი ხვევნა-კოცნა და საალერსო სიტყვები ვაფრქვიეთ ერთი-მეორეს! ბევრი ცრემლი დაიღვარა გამოთხოვების ჟამს... ვიდეგ ბაქანზე, ვით როდენის ქანდაკი, აცრემლებული სახით და მანდილის ფრიალით შევცქეროდი ვაგონს, რომელიც მიაქანებდა ჩემს ნეტარების მომცემს. ისიც თვალცრემლიანი იდგა ღია სარკმელთან და მიგზავნიდა ჰაეროვან კოცნას... მატარებელი კი, მიჰქროდა პარიზისაკენ...
იმავე 1898 წ. აგვისტოში გაიმართა ლიონში „კონკურ რეჟიონალ“-ი (სამეურნეო და სამრეწველო გამოფენა). გამოფენა მოეწყო უზარმაზარ ფოლორცზე. ხელად აგებული ლამაზი კოშკშენობებით და უამრავი ექსპონატებით აივსო მიდამო. მთელი საფრანგეთი მოაწყდა ამ გამოფენას, რომელსაც მეთაურობდა ცნობილი ბ-ნი ბეზიე, ხოლო ლიონის რაიონის (საფრანგეთის მეოთხედი ნაწილის) პრეზიდენტი იყო ჭარმაგი წარმოსადეგი მოხუცი ბ-ნი დიუპორი, დიდად ცნობილი მთელ საფრანგეთში თავის საზოგადო მოღვაწეობით, ენაჭევრობით და სიმდიდრით (ჰქონდა იმ დროს 200 მილიონ ოქროს ფრანკზე მეტი შეძლება), ხოლო ვიცე-პრეზიდენტად იყო არჩეული ჩემი კარგი ნაცნობისახელგანთქმული ვ. ვერმორელი.
დიდი სურვილი გვქონდა ქართველ სტუდენტებს, საფუძვლიანად დაგვეთვალიერებია ეს ფრიად მნიშვნელოვანი გამოფენა, ხუთ სექციად გაყოფილი, ხოლო თითოეულ სექციაში შესვლა ღირდა თითო ფრანკი. ეს კი მძიმე ტვირთი იყო ჩვენი მჭლე ჯიბისათვის, მით უმეტეს, რომ თითო სექტორში უნდა შევსულიყავით 2-3-ჯერ მაინც. რა უნდა გვექნა! „ჩავარდით საგონებელსა, ვითა კამბეჩი მორევსა“. ამ გაჭივრების დროს გამახსენდა ერთი რამ: როცა საფრანგეთში მოვდიოდი, კავ. სამეურნეო საზოგადოების პრეზიდიუმს გამოვართვი ჩემი უცხოეთში მივლინების ოფიციალური მოწმობა, რომ მე ვიგზავნები აღნიშნულ საზოგადოების მიერ საფრანგეთსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში სამეცნიერო მიზნით და ამიტომ სთხოვდენ ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებს, გაეწიათ ჩემთვის ყოველგვარი დახმარება. ადრევე მითხრეს, რომ ასეთი მოწმობა მეტად გამოგადგება უცხოეთშიო და გამართლდა კიდეც მათი რჩევა მრავალ შემთხვევაში. ამ სახით, ამ ოფიციალურ მოწმობის წყალობით, რომლის ფრანგული თარგმანი შევამოწმებინე ლიონში რუსეთის საკონსულოს, გზა ხსნილი მქონდა ყველგან და მიღებდენ განსაკუთრებული ყურადღება-პატივისცემით, მეტადრე საფრანგეთში რუსეთთან მეგობრობისა და პოლიტიკური კავშირის გამო („ალიანს ფრანკო-რიუსს“). ამ მოწმობის წყალობით, სასაცილო კურიოზიც კი შემემთხვა ერთ დიდ ოფიციალურ ნადიმზე: მიმიღეს სრულიად რუსეთის წარომადგენლად და ჩემს უნებურად მათამაშეს გოგოლის უკვდავი გმირის - ხლესტაკოვის როლი. მარა ამაზე შემდეგ...
აი, სწორეთ ეს თილისმა-მოწმობა გამახსენდა ამ გაჭივრების დროს. ადვილად შეგვეძლო, ამ მისნურ ქაღალდის მეოხებით მეც უფასოდ მევლო ამ გამოფენაზე და ყველა ჩემს ამხანაგებსაც; ასეც მოხდა. ჩავიცვი შედარებით სუფთად, ჩავიდე ჯიბაში ეს მოწმობა და წაველ გამოფენაზე. იქ წარვუდეგ გამოფენის პრეზიდიუმის თავმჯდომარეს - ბ-ნ ბეზიეს, გავეცანი და გადავეცი აღნიშნული მოწმობა. წაიკითხა თუ არა იგი, ბეზიე მომვარდა აღტაცებით, ჩამომართვა ორივე ხელი და გულით მთხოვა - „პატივი მეცა და გამებედნიერებია ჩემი დათვალიერებებით ეს ლიონის „კონკურ რეჟიონალი“, ე.ი. გამოფენა. ამ მიზნით დასწერა „კარტ ბლანშ“-ი და გადმომცა. ამ ბარათით ნება მეძლეოდა, მევლო მუდამ უფასოდ გამოფენის ყველა განყოფილებაში და დამეთვალიერებია ყველაფერი დაწვრილებით, როგორც დიდად პატივსაცემ სტუმარს. გადავუხადე მადლობა და წამოვდეგ წასასვლელად. სირცხვილით ვეღარ ვსთხოვე ამ დარბაისელ პიროვნებას, რომ ასეთივე „კარტ ბლანშ“-ები მოეცა ჩემი ამხანაგებისთვისაც. ეს იქნებოდა მეტისმეტი თავხედობა ჩემი მხრივ. ასეთ მძიმე მდგომარეობიდან გამომიყვანა თვით ბ-მა ბეზიემ. დამშვიდობების ჟამს მან გამომიწოდა თავის ორივე ხელი და მითხრა ფრანგული თავაზიანობით შესაფერი ქათინაური, ამავე დროს უცებ გაიფიქრა რაღაც, შემაჩერა და შემეკითხა: „ბ-ნო ქვარიანო, თქვენ მარტო ბრძანდებით ლიონში, თუ სხვებიც გახლავან კიდევ თქვენი მემამულენი?“ - „სხვებიც არიან, ბ-ნო, მარა ამაზე ნუ შეწუხდებით. ისინი იყიდიან ბილეთებს და ისე ნახავენ თქვენს დიდებულ გამოფენას“. - იყო ჩემი პასუხი.
- ოო, ეგ როგორ შეიძლება! თქვენ ყველანი ფრიად სასურველი სტუმრები ბრძანდებით საფრანგეთის რესპუბლიკაში. მიბრძანეთ, რამდენი გახლავან?
რომ შევატყვე, იჩარხება საქმე, გავიდევ თავპატიჟი.
- ბ-ნო თავმჯდომარევ, გთხოვთ, ნუ იწუხებთ თავს. ეგ მეტის მეტი თავაზიანობა იქნება თქვენის მხრივ...
- არა, ბატონო, ეს რა თავის შეწუხებაა! მიბრძანეთ, რამდენი არიან? - მან ძალად ჩამაჯინა სავარძელში, თვით მიუჯდა საწერ მაგიდას და გადმოაწყო კარტბლანშები. - მიბრძანეთ რამდენი არიან?
- რადგან არ იშლით, მოგახსენებთ: სულ რვა გახლავართ, ბ-ნო. მან გადათვალა 10 კარტბლანში და გადმომცა.
- ინებეთ, ბ-ნო! ამით თქვენ დიდად დამავალეთ.
ეს გახდათ ფრანგული თავაზიანობის წვერვალი.
- თქვენ კი არა, ბ-ნო, ჩვენ დაგვავალეთ უზენაესად თქვენი უსაზღვრო ქველობით. - ვუპასუხე იმერული თავაზიანობით და დავემშვიდობე დიდი მადლობით. წამოველ შინ გახარებული და დავურიგე ჩემს ამხანაგებს გამოფენაზე უფასოდ შესასვლელი ბარათები. ორიც, ზედმეტად მოცემული, გადავეცი ორ სომეხ სტუდენტს, რომლებიც დადიოდენ ჩვენთან.
იმ დღიდან ხშირად დავდიოდით ყველანი გამოფენის სექციებში და გულდასმით ვათვალიერებდით ყველაფერს. იქ ბევრი რამ ახალი ვნახეთ და შევიძინეთ. არ ვწერ აქ ამ გამოფენას, რაც ფრიად შორს წაგვიყვანს, ვიტყვი მხოლოდ, რომ აქ შეიკრიბენ საფრანგეთის ქება-დიდებანი, სამეურნეო და სამრეწველო სხვა და სხვა დარგების საუკეთესო სპეცები, მეცნიერნი და პროფესორნი, აგრეთვე აღმომჩენნი და გამომგონენი. აქ გამოფენაზე ხდებოდა ახალი იარაღ- მანქანების დემონსტრაცია და სხვა და სხვა. ხოლო „პალე-დე-კომერს“-ის (კომერციის სასახლის) დიდ დარბაზში თითქმის ყოველ დღე კითხულობდენ კონფერანსებს სხვა და სხვა საგულისხმო საკითხებზე და ამ კონფერანსებს ესწრებოდა უამრავი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენცქართველი სტუდენტები. ამ კონფერანსო კრებებს თითქმის მუდამ თავმჯდომარობდა ლიონის რაიონის მევენახეთა საზოგადოების პრეზიდენტი ბ-ნი დიუპორი; მის გვერდით კი, იჯდა ვ. ვერმორელი (ვიცეპრეზიდენტი), რომელმაც თვით გამოფენაზე გამაცნო ბ-ნი დიუპორი.
რამდენიმე დღის შემდეგ, როცა აღნიშნულ დარბაზში კონფერანს კითხულობდა ცნობილი მეცნიერი ჟერვე, ვერმორელმა მომკრა თვალი მსმენელთა შორის და რაღაც ჩაუფუჩუნა დიუპორს. ამან გამოიხედა ჩემკენ, შემდეგ ამოიღო უბის ჯიბიდან მუყაოს ბარათი, წააწერა ფანქრით რაღაც და გადასცა ვერმორელს. ამან მანიშნა, მომეცადა მისთვის. როგორც კი გათავდა ჟერვეს მოხსენება და მოახდინეს მცირე შესვენება კამათის დაწყებამდე, ვერმორელმა მოირბინა ჩემთან, მომესალმა და გადმომცა დიუპორის ბარათი. იგი მიწვევდა მეორე დღისთვის საზეიმო ნადიმზე (რაუტზე), რომელსაც უმართავდა უპირველეს რესტორნის დარბაზებში გამოჩენილ მეცნიერთ, მათ შორის ორ მინისტრს და უცხოეთის წარმომადგენელთ. ეს ცნობები რომ გადმომცა ვერმორელმა, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ალაგი იქ არ იყო და დიდ მადლობასთან ერთად უარი ვუთხარ მოწვევაზე; მოვიმიზეზე რაღაც საქმეები. ვერმორელმა შორს დაიჭირა ჩემი უარი, დაბეჯითებით მთხოვა, რომ მიმეღო ეს მოწვევა და დავსწრებოდი რაუტს. არაფერი გამოვიდა ამ მაგარ ადამიანთან, არ მომეშვა, სანამ ძალის-ძალად არ ამომგლიჯა თანხმობა. რომ მცოდნოდა წინასწარ, თუ რა „სიურპრიზი“ მომელოდა იმ ნადიმზე, რავა გამიწყრებოდა ღმერთი და წავიდოდი იქა! მიველ შინ მძიმედ შეწუხებული. ამ ნადიმზე უნდა ვყოფილიყავ უსათუოდ ფრაკით, ცილინდრით და ლაიკის თეთრი ხელთათმანებით. მე კი არ მქონდა არც ერთი მათგანი. არ ჰქონდათ ისინი არც ჩემს ამხანაგებს, ქართველ სტუდენტებს. იმათ შეძენაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა, რადგან მთლად რომ დავგირავებულიყავით ქართველი სტუდენტები, მაინც ვერ შევკრებდით იმდენ ფულს, რომ გვეყიდა, ან ერთი ღამით მაინც გვექირავა ეს ნივთები. რა უნდა მექნა! ჩემი გახუნებული ვესტონით ან ძველი რედინგოტით (სერთუკით) ხომ ვერ წავიდოდი! ჯავრით აღარ ვიყავ, დავკარგე მადა; მთელი დღე არაფერი მიჭამია. მივეცი ფიქრს თავი. ბოლოს გამახსენდა ჩემი მეგობარი ბულგარელი სტუდენტიმედიკი ქრისტო პაპოვი. იგი ჩემი ტანისა იყო და, როგორც შეძლებულის შვილს, მას ჰქონდა შვენიერი ფრაკიც და ახალთ-ახალი რედინგოტიც. მაშინვე გავიქეც მასთან ბინაზე და ავუხსენ ჩემი გასაჭირი. მან ღიმილით მითხრა: „რა გაწუხებს, მეგობარო! რომელიც გსურს, წაიღე, გინდა ფრაკი, გინდა რედინგოტი. აჰა, გაშინჯე!“ - ამ სიტყვებთან ერთად გადმოიღო კარადიდან ფრაკი და ჩამაცვა. მეტად უხერხულად ვიგრძენი თავი ამ უცნაურ სამოსელში. იგი არასდროს არ მცმია აქამდე (ან სად მეცმებოდა!). მას უნდა მიეჩვიოს ადამიანი. უცებ გავიძვრე იგი და ნაცვლად ჩავიცვი რედინგოტი. ეს კი გაცილებით უფრო მომიხდა და თანაც მიჩვეული ვიყავ ამ სამოსელს. თუმც ასეთ საზეიმო რაუტზე საფრანგეთში მიღებული იყო უსათუოდ ფრაკის ჩაცმა, მარა რას ვიზამდი! ძალაუნებურად უნდა დამერღვია ეტიკეტი. გამოვართვი პაპოვს რედინგოტი მისი შარვალ-ჟილეტით, ახლად გახამებული თეთრი პერანგი მისი მოწყობილობით, აგრეთვე ცილინდრი და წამოველ შინ გახარებული.
გათენდა მეორე დღე. გულის ცახცახით ველოდი საღამოს 7 ½ საათს, სწორეთ ამ დროს უნდა მივსულიყავ საზეიმო ნადიმზე. ვგმობდი ჩემს თავს, რომ ავიტეხე ასეთი ჭირი და დავეთანხმე ვერმორელს. ამოვიღე ვერტონის უბის ჯიბიდან მოწვევის ბარათი და ხელახლა გადავიკითხე შემდეგი: „ბ-ნი ემილ დიუპორი, ლიონის მევენახეთა სარაიონო საზოგადოების პრეზიდენტი სთხოვს ბ-ნ ქვარიანს (ეს ჩემი გვარი ფანქრითაა დაწერილი თვით დიუპორის მიერ დანარჩენი კი, დაბეჭდილია), რუსეთის მთავრობის წარმომადგენელს (ეს მელნითაა დაწერილი. აი, ამ სიტყვებმა მომიშხამა გუნება), კეთილ ინებოს, პატივი სცეს მას და მიიღოს მისი მოწვევა ნადიმზე ხუთშაფათისთვის, 1 სექტემბერს, 7 ½ საათზე. რესტორანი მადერუი, ბირჟის ფოლორცი“26.
წავიკითხე ეს მოწვევის ბარათი და გულის სიღმიდან აღმომხდა მწვავე გმინვა. უკან დახევა არ შეიძლებოდა... უნდა წავსულიყავ უსათუოდ. სიტყვა მივეცი ბ-ნ ვერმორელს და ამ სიტყვას ვერ ვუღალატებდი! ვერ შევარცხვენდი თავს, მეტადრე კი, ვერ შევარცხვენდი ჩემს სამშობლოს, ჩემს ბედშავ საქართველოს... ოჰ, რომ იცოდეთ, რა რიგად არ მსურდა იმ დიდ ნადიმზე წასვლა... მოახლოვდა საბედისწერო ჟამი. გულის კვნესით ჩავიცვი პაპოვისგან ნათხოვარი სამოსელი და მოვემზადე წასასვლელად. ახლა კი, ჩავარდი ფიქრში, რა დროს მივსულიყავ? დანიშნულ 7 ½ საათზე, თუ უფრო გვიან? ჩვენში წვეულება-კრებებზე მოწვეულნი მოდიან მუდამ ნახევარი საათისა და ერთი საათის დაგვიანებით, ხშირად მეტსაც კი იგვიანებენ. ჩვენში დროს არ აფასებენ. აქ კი, როგორ მოვქცეულიყავ, აღარ ვიცოდი: მივსულიყავ დანიშნულ დროზე, ვაი თუ კიკოსავით ყველაზე ადრე მომხდომოდა მისვლა! ეს ხომ სირცხვილი იქნებოდა! შემეგვიანებია ნახევარ საათამდე და ვაი თუ ამით უარესი სირცხვილი მეჭამა და მეჩვენებია ჩემი უკულტუ რობა. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, შემეგვიანებია მხოლოდ 10-12 წუთით; ამ ვარაუდით გავუდეგ გზას.
მიველ დანიშნულ ალაგას, შეველ რესტორანის ელექტრონით დღესავით განათებულ ლამპიონში და იქიდან აველ მდიდრულ ნოხებით მოგებულ, სარკეებით და დეკორატიულ მცენარეებით შემკულ თეთრი მარმარის ფართო კიბეზე. სარკეებში გამოიხატა ჩემი ნაკვეთი და... ოჰ, საშინელებავ! დავინახე ორ ალაგას დაკერებული ჩემი ფეხსაცმელი... (უკეთესი ფეხსაცმელი კი ვეღარ ვთხოვე პაპოვს). რაღა უნდა მექნა! უკან დახევა აღარ შეიძლებოდა. დავსწყევლე სიღარიბე, გავიმაგრე გული და ავედი მეორე სართულზე. აქ დამიხვდა უზარმაზარი „პორტიე“ (ეჯიბი) ლურჯი ლივრეით მოსილი და გულ-მკერდზე ილინცრად27 მოხვეული ფართო წითელი ბაფთით. იგი შემეკითხა ბოხი ხმით: „მუსიო“! (ე.ი. ვინ ბრძანდებით, ბატონო). მე ვაჩვენე მოწვევის ბარათი. მან გააღო დარბაზის კარები და მაღალი ხმით დაიძახა: „მუსიო ქვარიანი ე ტარივე“ (ბ-ნო ქვარიანი, მობრძანდითო). ამის დაძახება და 120-მდე კაცის სუფრიდან ფეხზე წამოდგომა ერთი იყო. მიწა რომ გამხეთქოდა და შიგ ჩავეტანე, ბევრად მერჩია ამ სურათის დანახვას. ვიდეგ ერთ ალაგას გაოცებით გაშეშებული და სირცხვილისაგან ყაყაჩოსავით გაწითლებული. ჩემთან მოვიდა დარბაისელი მასპინძელი, ფრაკში გამოწყობილი, როგორც ყველა სტუმრები და ფრანგული თავაზიანობით მოიხადა ბოდიში, რომ არ მომიცადეს და დასხდენ კიდეც სუფრაზე. ეს გახდათ გალანტური პანღური ჩემს ზრდილობაზე, ე.ი. უზრდელობა-უკულტურობაზე, რომ ვერ მიველ დანიშნულ დროზე და დავაგვიანე დაახლოებით 12 წუთი.
- პირიქით, ბ-ნო, მე თვითონ ვიხდი ბოდიშს, რომ დავიგვიანე სხვა და სხვა საპატიო მიზეზთა გამო. - მოვახსენე ბ-ნ დიუპორს ფრიად დარცხვენილმა. ხომ ვეღარ ვეტყოდი, რომ ქართულ ჩვეულების მიხედვით, განგებ დავიგვიანე მეთქი.
მასპინძელმა მომხვია ხელი და წამიყვანა სუფრისაკენ. საერთო სალამთან ერთად ბოდიში მოვიხადე პატივცემულ სტუმრების წინაშე, რომლებიც იდგენ ფეხზე და არ დამსხდარან, სანამ არ დავსხედით მე და მასპინძელი, რომლის მარცხენა გვერდით იყო ჩემთვის ადრევე მომზადებული ალაგი ხელუხლებელი პრიბორით, რომელზეც იდვა მუყაოს თეთრი ქაღალდი და მასზე დაბეჭდილი ჩემი სახელი და გვარი. ჩემს გვერდით მარცხნით კი, იჯდა ბ-ნი ვერმორელი. ეს იყო მთავარი სუფრის შუა ალაგას. მასპინძლის მარჯვენა გვერდით იჯდა საფრანგეთის მიწის ქმედობის მინისტრი, ხოლო მასპინძლის პირისპირვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი; ამის გვერდით კიგამოფენის თავმჯდომარე ბეზიე, მის გვერდით გამოჩენილი მეცნიერი ვიალა (ამერიკული ვაზების აღმომჩენი ფილოქსერის წინააღმდეგ პროფ. რავაზთან ერთად); ამის გვერდით კი ისხდენ გამოჩენილი მეცნიერი მილარდე (მილდიეს წინააღმდეგ სპილ. შაბიამნით წამლობის აღმომჩენი), მევენახეობა-მეღვინეობის დიდი მეცნიერი ფოექსი და სხ. ჩემს პირდაპირ კი იჯდა ლიონის „კონსეილ ჟენერალი“28, ხოლო ჩვენი სამეურნეო სასწავლებლის დირექტორი დიურანი და ორი ცნობილი პროფესორი ისხდენ სუფრაზე ისე შორს, რომ ძლივს მოვკარი თვალი. ისინი კი, მიცქერდენ გაოცებით, ალბად ფიქრობდენ ჩემზე, რა კაცი ვყოფილვარ, რომ ასეთი პატივით მიმიღეს. მეც ფრიად მაოცებდა მასპინძლის მხრივ ჩემდამი ასეთი ყურადღება და ასეთ საპატიო ალაგას დაჯენა. დიდებულად გაწყობილ სუფრებს ამკობდა საუცხოო ვაზებით ხილი და თაიგულები. განაგრძეს სადილობა. ფრაკში გამოწყობილ თეთრ თათმანიან ფარეშებს მოჰქონდათ ნაირ-ნაირი ნამზადები, რომელთა მსგავსი არ მენახა ჩემს დღეში. ან სად ვნახავდი?! ჩემს ქვეყანაში ხარჩო-ჩიხირთმა-საცივის, შემწვარ-მოხარშული ხორცის და „სუპ- ბორჩ-კატლეტის“ მეტი არაფერი მიგემია. იშვიათად მიჭამია კიდევ მწვადი, ფლავი და მეტადრე ბულიონი ხორციანი ხაჭაპურებით. აქ, ამ დიდებულ სუფრაზე ვერცხლის პინებით მორთემული უგემრიელესი საჭმელები უცნაური გარნირებით ხელოვნურად შეზავებული სრულიად არ გავდა ჩვენებურ ნამზადებს და მაყენებდა უხერხულ მდგომარეობაში აღების დროს. მშველიდა ერთი გარემოება: ეს საჭმელები პ-დ მიჰქონდათ მასპინძელთან, რომლისგანაც ვსწავლობდი, როგორ უნდა ამეღო ესა თუ ის ნამზადი, ან რამდენი29. ამ გრძელ სუფრებზე მსხდომ განათლებულ პირთა შორის (იყვნენ მოწვეულნი მარტო მამაკაცები) სუფევდა სრული სიწყნარე, ხმადაბალი მუსაიფი მეზობლებს შორის და დრო გამოშვებით ფრთხილად მიკაკუნება სხვა და სხვა ღვინით სავსე ბროლის ჭიქების ამ სიტყვებით: „ა ვოტრ სანტე, მუსიო! ალია ვოტრ, მუსიო“30. აქ არ იყო არც თამადა-ტოლუმბაში ღვინის სმასა და სიტყვაში დახელოვნებული თავის თანაშემწეებით, არც აზარფეშ-ყანწ-ბადიების და ჩაის-ჭიქების ტრიალი, არც ალავერდი- იახშიოლი და ყანწ-ჭიქა-ბადიების გადასროლა, ღვინის დაძალება, არც გაუთავებელი სმურები და სადღეგრძელოები, არც ცნობილი მრავალჟამიერ და სუფრული სიმღერები, არც ამ ქათქათა სუფრებზე უცებ შეხტომა და ფეხის ცერებით ლეკურ-დავლურის ცეკვა-შუშპარი დაირა-მუსიკის ან დიპლიპიტო-საზანდრის და დოლ-სალამურის შეწყობილ ხმებზე, არც „ჯიგრიანი“ კინტაური, ოდეს შავი მოკლე ახალუხით, ზედ ვერცხლის ძეწკვის საათით და უზარმაზარ კოპლებიან ვერცხლის ქამრით, პუჭპუჭა საცვლებით და მასში ჩატანებულ უგანიერეს შავი შარვლით მოსილი რომელიმე მამალი ყარაჩოღელი თავზე დადგმული ღვინით სავსე ბოთლით და მოფრიალე ჭრელი მანდილით ხელში ტანის თავისებური გრეხით ბუქნაობს, დუდუკის ხმებზე. დიახ, აქ არ იყო არც ჩხუბი და ლანძღვა-გინება, არც მიწევ-მოწევა და „გამიშვის“ ძახილი, არც ხანჯლების ტრიალი, დამბაჩების სროლა და რამდენიმე კაცის დაჭრა-დახოცვა, არც ქალების უსაშველო წივილ-კივილი, არც უგრძნოთ გალეშვა და იქვე სუფრაზე პირის ღებინება, ე.ი. ყოველივე ის, რაც „ამკობს“ და „ალაზათებს“ ჩვენს ქართულ სუფრას როგორც საღვთო დღეობებსა და ლხინ-ქორწილებში, ისე ქელეხებში მკვდრის დამარხვამდე ან დამარხვის შემდეგ... აჰ! არ შეგჭამოს ჭირმა! ამათების მსგავსი არაფერი იყო ამ ფრანგულ ნადიმზე! აქ იყო მარტოოდენ გემრიელი ნამზადებით მადიანი შექცევა, დაუძალებელი ღვინის სმა, ტკბილი მუსაიფი და ბროლის ჭიქების ნაზი წკრიალი, მიკაკუნებით გამოწვეული.
გათავდა სადილი. მოიტანეს ნაირ-ნაირი საუკეთესო ხილი და ტკბილეული, რასაც მოაყოლეს განთქმული ტკბილ-მაგარ-სურნელოვანი სოტერნი, დიდებული ტოკაი და ესპანიის ძვირფასი ლიქორული ღვინოებიხერესი, მადერა, მალაგა და სხ.
დამთავრდა ყოველივე ეს და ხელმარდ ფარეშებმა ჩამოარიგეს ფიალებით გაყინული შუშხუნა შამპანიური. ამ მომენტიდან დაიწყო ფრანგული და საერთოდ ევროპიული ლხინი და სმურები... წამოდგა მოხდენით ბრგე, ახოვანი, ლამაზი მოხუციჩვენი გულუხვი მასპინძელი, ბ-ნი დიუპორი და მიმართა სტუმრებს მოკლე შვენიერი სიტყვით: „ბ-ბო, მაქვს პატივი ვიხილო ჩვენი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელნი ჩემს სუფრაზე, საფრანგეთის ქება დიდებანი („გლუარ დე ლია ფრანს“), გამოჩენილი მეცნიერნი, აღმომჩენნი და გამომგონებელნი,დაიწყო მან ამ სიტყვებით. იგი შეეხო ლიონის გამოფენას და აღნიშნა მისი მნიშვნელობა; შეეხო დიდნიჭიერ მუშაკთა და მეცნიერთა მხნე, დაუღალავ შრომას მეურნეობა-მრეწველობის სხვა და სხვა დარგებში, რომლებიც ქმნიან საფრანგეთის დოვლათს და დიდებას. მაშ, ბ-ბო, გაუმარჯოს საფრანგეთის დიდებულ ერს! გაუმარჯოს საფრანგეთის ბრწყინვალე რესპუბლიკას!“დაამთავრა მან ამ სიტყვებით თავის პირველი სმური.
- „ვივ ლია ფრანს!“ (გაუმარჯოს საფრანგეთს) დაიგრიალეს მგზებარე ტაშითურთ ფეხზე წამომდგარ სტუმრებმა. ამ დროს დარბაზის ბოლო კუთხიდან გაისმა სიმებიან ორკესტრის ფრიად საამო გმირული ხმები: უკრავდენ „მარსელიოზას“. დამსწრე საზოგადოებამ ფეხზე ადგომით მოისმინა ეს საფრანგეთის ეროვნულ- რევოლუციური დიდებული ჰიმნი. ბევრი მათგანი აყვნენ კიდეც სიმღერით მუსიკის ხმებს. საპასუხო მოკლე სიტყვები წარმოსთქვეს მიწის ქმედობის და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრებმა და ბ-მა ბეზიემ. ამათ შემდეგ შვენიერი სიტყვები წარმოსთქვეს ვიალამ, მილარდემ, ფოექსმა, ფერუიამ (მონპელიეს უმაღლეს სამეურნეო სასწავლებლის დირექტორმა) და ჩვენი (ლიონის) სასწავლებლის დირექტორ დიურანმა. ყველა ამ სიტყვებს აგვირგვინებდა მოწონება, ტაში და ორკესტრის მიერ შესრულებული „მარსელიოზა“. ფეხმარდი ფარეშები სწრაფად ავსებდენ ფიალებს ფრანგული ნექტარით - სულის ამფეთქარე, ტკბილ-მაგარ, შუშხუნა შამპანიურით.
მოხსენებულ ორატორთა შემდეგ წამოდგა ისევ მასპინძელი და მიმართა სტუმრებს: „ბ-ბო, მაქვს პატივი, მოგახსენოთ, რომ ამ ჩვენს სუფრას ამკობს სამი უცხოელი, სამი წარმომადგენელი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისა: ბ-ნი ქვარიანი, წარმომადგენელი რუსეთისა („რეპრეზანტან დე ლია რიუსი“), ბ-ნი ესა და ეს (გვარი აღარ მახსოვს), დეპუტატი და წარმომადგენელი იტალიისა, და ბ-ნი ესა და ეს (არც ამის გვარი მახსოვს), დეპუტატი და წარმომადგენელი რუმინიისა. ვსვამ ამათი ქვეყნების სადღეგრძელოს და ვუსურვებ წარმატებას და სხ. გაათავა სიტყვა და მუსიკამ დაუკრა „მარსელიოზა“. საშინლად გამაზრიალა ტანში, როცა გავიგონე ჩემი გვარი რუსეთის წარმომადგენლად. ახლა კი ამეხილა თვალი და მივხვდი, თუ რად მიმიღეს ასეთი პატივით და დამსვეს საუკეთესო ალაგას მასპინძლის გვერდით; მივხვდი, რომ ამ წარჩინებულ პირთა წინაშე ვთამაშობ თურმე ჩემდა უნებურად ხლესტაკოვის როლს. მომერია ბოღმა, დამასხა სიმწრის ოფლი. სასტიკად ვგმობდი ჩემს თავს აქ წამოსვლისათვის, ვგმობდი ვერმორელს ძალდატანებისათვის. გავწითლდი სირცხვილ-ბრაზისაგან და ჩავღუნე თავი. მასპინძელი და სტუმრები ელოდენ ჩემს საპასუხო სიტყვას. ვიცოდი ეს წესი, მარა რა სიტყვა უნდა მეთქვა?! ამდგარვიყავ და მადლობა მომეხსენებია რუსეთის სახელით?! ან და მეთქვა: ბ-ნო მასპინძელო, თქვენ ცდებით მე სრულებითაც არ გახლავარ რუსეთის წარმომადგენელი, არამედ ტანჯული საქართველოს შვილი, ერთი ეული სტუდენტი,ეს ხომ ყბაში სილის გარტყმევა იქნებოდა! გამახსენდა დიდებულ შოთას უკვდავი სიტყვები: „ზოგან თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგან თქმითაც დაშავდების“-ო და ვარჩიე გაჩუმება. მაცადეს ხუთიოდ წუთი და რაკი დარწმუნდნენ, რომ სიტყვის თქმას არ ვაპირებ (ალბათ ახსნეს ეს ჩემი სიჩუმე ენის უცოდინრობით), წამოდგა იტალიის დეპუტატი და სთქვა საპასუხოდ ლაზათიანი სიტყვა, რის გათავების შემდეგ მუსიკამ დაუკრა იტალიური ჰიმნი. ასევე მოიქცა რუმინიის დეპუტატი, რომლის სიტყვა დაგვირგვინდა რუმინული ჰიმნით. შემრცხვა საშინლად ჩემი სიჩუმის. გავიფიქრე გუნებაში: რუსებს კი დავასხი თავს ლაფი, ამ ჩემს უბედურ საქართველოს კი რაღას ვერჩი?! უსათუოდ უნდა ვსთქვა რაიმე საპასუხო სიტყვა დიპლომატიური ფანდებით შეზავებული, ამ სიტყვის სათქმელად მოქმედებდა ზედმეტად შესმული შამპანიური. უკვე მოვისაზრე ყველაფერი, თუ რარიგად დამეწყო ეს სიტყვა და როგორც კი შეწყდა რუმინული ჰიმნი, წამოვდეგ სიტყვის სათქმელად და გადავხედე სუფრას. არ მოელოდენ ჩემს სიტყვას, ამიტომ უცებ შეწყდა ურთიერთშორის საუბარი და ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. სიჩუმე დაარღვია ჩემმა ბარიტონის ხმამ: „ბ-ბო, - მივმართე საზოგადოებას,უზენაესად ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები იმ დიდებულ ქვეყანაში, რომელმა ასი წლის წინად დასცა მტარვალობა და აღმართა დროშა ძმობის, ერთობის და თავისუფლების! - შევამჩნიე, რომ ამ დასაწყისმა კარგად იმოქმედა მსმენელებზე. გავმხნევდი და განვაგრძე:უზენაესად ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები იმ დიდებულ ერში, რომელსაც ხელთ უბყრია პროგრესის ბრწყინვალე დროშა და წინ მიუძღვის მთელ კაცობრიობას“... - ამ წინადადებამ კიდევ უფრო იმოქმედა მსმენელებზე, რადგან ყოველი ფრანგი და საერთოდ ყოველი ევროპელი დიდი პატრიოტია, - ბ-ბო, უზენაესად ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ამ ბრწყინვალე სუფრაზე იმ დიდებულ მეცნიერთა შორის, რომელთა კაპიტალურ ნაწარმოებთ გატაცებით ვკითხულობდით ჩემს უბედურ სამშობლო საქართველოში შორეულ რიონის ნაპირას... დიახ, იმ საქართველოში, რომელიც დღეს კვნესის და იტანჯება ორთავა არწივის ბრჭყალებში... მაგრამ იმედობს იგი, რომ განათლებული ევროპა და მისი ავანგარდი - თავისუფლების მოტრფიალე და ჩაგრულ ერთა ქომაგი უზადო რაინდი საფრანგეთი გაიხსენებენ იმ ოდესღაც დიდი კულტურის მქონე ერს, ერს ჯვაროსანს, რომელსაც მეტალურგიის შექმნით მიუძღვის დიადი ღვაწლი მთელი კაცობრიობის წინაშე, და გაუწევენ მას სათანადო დახმარებას... და ბოლოს, ნება მიბოძეთ, ბ-ბო, ამ საამო ნექტარით, ამ ცქრიალა შამპანიურით სავსე ფიალით შევსვა შვენიერ საფრანგეთის სადღეგრძელო და შევძახო აღტაცებით: გაუმარჯოს საფრანგეთის დიდებულ ერს! გაუმარჯოს მის ბრწყინვალე კულტურას და ცივილიზაციას!..“ მოწონების მგზებარე ტაში იყო პასუხად და ამავე დროს მუსიკამ დაუკრა „ბოჟე ცარია ხრანი“31... ეს იყო ცივი „დუში“, რომელიც გადაასხეს ჩემს აგზნებულ ოცნებას და პატრიოტულ გრძნობას. ამასთან ერთად წამოვარდა ჩემს პირდაპირ მჯდომი ჯიჯგვი არსება „კონსეილ ჟენერალი“ წითელი ბაბთით და გამომიწოდა ხელი ამ სიტყვებით: „მუსიო, ჰერმეტ მუა დე სერრე ვოტრ მენ დე რუსს!“ (ე.ი., ბ-ნო, მომეცით ნება, ჩამოგართვათ რუსის ხელიო). მეც გავუწოდე ხელი ჩამოსართმევად ამ სიტყვებით: „მუსიო, ჟე ვუ დონ ლია მენ დე ჟეორჟიენ“ (ე.ი., მე თქვენ გაძლევთ ქართველის ხელს). ამით დამთავრდა ეს პაწია გაუგებრობა.
ნადიმის ბოლოს „მეტრ დოტელმა“ (სუფრის გამგემ) შეგვიწვია მეორე დიდებულად მორთულ დარბაზში, სადაც შვენივრად გაწყობილ სუფრებზე გაემართათ შავი ყავა ძვირფასი ლიქიორებით და ტკბილი ნამცხვრებით. აქ თავაზიანმა მასპინძელმა გამიკეთა ხელკავი და გამაცნო მინისტრებსა და გამოჩენილ მეცნიერთ. ეს უკანასკნელნი და მეტადრე დიდი მეცნიერი ფოექსი ფრიად დაინტერესდა საქართველო-კავკასიით, ამ ვაზის სამშობლოთი და მთხოვა, დამეწერა ფრანგულად ზოგი რამ ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ, რაც შევასრულე კიდეც ორი თვის შემდეგ. ამავე ნადიმზე გადაწყდა, წავსულიყავით კვირა დილით ყველანი ერთად ბოჟოლეში გამოჩენილ ამპელოგრაფ პიუიას ძეგლის კურთხევის გამო. სამწუხაროდ, მეც ჩამომართვეს სიტყვა. დამთავრდა ეს დიდებული ნადიმი. დავემშვიდობეთ დიდი მადლობით გულუხვ მასპინძელს და წავედით შინისკენ. ეს სახელოვანი სტუმრები ჩასხდენ ეტლებში, მე კი, მობნელო ქუჩებით, რომ მათ არ დავენახე, წავპოტინდი ფეხით. შეველ ჩემს ოთახში. ოჰ, რა საცოდავი მეჩვენა ეს ჩემი ბნელი პაწია ბუნაგი იმ ელექტრონით გაჩაღებულ და ზღაპრულად შემკულ დიდებულ დარბაზებთან შედარებით! აქ ამ წუთას პირველად ვიგრძენ მწვავედ ჩემი ნივთიერი სიღარიბე და მით გამოწვეული შევიწროება-დამცირებანი. პ-დ დავგმე ეს სიღარიბე, პ-დ აღვიძარ მდიდრებისადმი მძულვარებით და შურისძიებით. იმ 3-4 საათის ფუფუნება-განცხრომის შემდეგ პირველად შევეფეთე სულ სხვა თვალით ამ შავ-ბნელ სინამდვილეს, ამ სიღარიბეს, რომლის ბრჭალებში ვიტანჯებოდი ბავშობიდანვე, მწარე გმინვა აღმომხდა გულიდანაც. ჩავწექ ლოგინში. ყოვლად შემძლე მორფეის ალერსმა მალე წარიტაცა ჩემი მწარე ფიქრები. დამეძინა უმანკოს ძილით. მეორე დღეს ვკითხულობ გაზეთებში ამ დიდი რაუტის ამბებსა და რას ხედავს ჩემი თვალები?! მათში სხვათა შორის აღშფოთებით ამოვიკითხე შემდეგი: „რაუტს დაესწრო რუსეთის დელეგატი ბ-ნი ქვარიანი, რომელმაც წარმოსთქვა შვენიერი სიტყვაო“. არ იქნა, არ მომაშორეს რუსეთს ამ ახირებულმა ფრანგებმა... ვერაფერმა მიშველა... მესამე დღეს, დილით ადრე უნდა წავსულიყავი ბოჟოლეში მეცნიერ პიუიას ძეგლის კურთხევის გამო. ვისესხე საგზაო ფული და წაველ სადგურზე. ვიყიდე 3-მე კლასის ბილეთი და წაველ ბოჟოლეში. უამრავ საზოგადოებას მოეყარა თავი ვრცელ მოედანზე, რომლის შუა ალაგს აემართათ პიუიას დიდი ძეგლი, ირგვლივ თეთრი ფარდით ფარული. აქ მობრძანდენ ეტლებით ბ-ნი დიუპორი და ყველა მისი სტუმრები. ძლიერ გაიკვირვეს, რომ უკვე მნახეს აქ... „ბ-ნო ქვარიანო, რა რიგად გაჩდით აქა? რატომ ვერ გნახეთ მატარებელში?“ - მეკითხებოდენ იქით-აქედან. დავიბენი, გავწითლდი. ხომ ვერ ვეტყოდი, მესამე კლასით ვიმგზავრე და სადგურიდან აქ ფეხით მივჩანჩალდი მეთქი! მოვფოხე რაღაცა და თითქო დავიძვრინე თავი ამ უხერხულობიდან. ოჰ, წყეული იყავ სიღარიბევ!
ხალხი თანდათან მატულობდა. შვენიერი დარი და კვირა დღე ხელს უწყობდა ძეგლის გახსნის ზეიმობას. გაივსო ქალით და კაცით ვრცელი ფოლორცი. სრულ 12 საათზე ახადეს ფარდა და ჩვენს თვალწინ აიმართა დიდი ამპელოგრაფის და „ვაზის ათასი ჯიში“-ს ავტორის - ვ. პიუიას დიდებული ძეგლი. წარმოითქვა უამრავი სიტყვები. ენამზიანი ორატორები ეჯიბრებოდენ ერთი მეორეს. ფრანგული ენა ხომ გაჩენილია საორატოროდ, სადიპლომატოდ და საალერსოდ! იძულებული გავხდი, მეც მეთქვა ფრანგულად შესაფერი სიტყვა. იგი დავამზადე წინ და წინ. აი, ის ჩემი სიტყვა ქართულ თარგმანში:
„ვაზის სამშობლოდან, შორეულ საქართველოდან (კავკასიიდან) მოსული ვუერთებ ჩემს სუსტ სიტყვას პატივცემულ მეცნიერთა და მევენახეთა ენამზიანობას, რომელნიც ადიდებენ აქ მათ გამოჩენილ თანამოძმის - ვიქტორ პიუიას ხსოვნას.
ხალხის შვილმა, თავის საქმეთაგან წარმოშობილმა გაიკაფა თავის ცხოვრების გზა, შექმნა თავის მომავალი. ო, იგი არ იყო არც დიდი სარდალი, ბრძოლათა წარმომშობი და ხალხთა მჟლეტავი! იგი არ იყო არც დიდი დიპლომატი - გაქნილი სოფისტი. არა, ვიქტორ პიუია იყო წყნარი მუშაკი, ხოლო დიდი მებრძოლი მევენახეობის დარგში. დიახ, ჩვენ ვზეიმობთ აქ „ვაზის ათასი ჯიში“-ს ავტორს; ჩვენ ვადიდებთ აქ გამოჩენილ მეცნიერს, რომლის დიდი დამსახურებანი და ნაწარმოებნი ფრიად ცნობილია და დაფასებული არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ ქვეყანაზე. დიახ, ჩვენ ვზეიმობთ აქ დაუღალავ მევენახეს, რომლის კეთილი ხსოვნა და საკვირველი ნაშრომნი არიან ჩვენთვის როგორც ეტიკი, როგორც გზის მაჩვენებელი მნათობი, ვაზისადმი სიყვარულის ჩამნერგი. მართლაც, ნუ თუ ვერ ამჩნევთ, ბ-ბო, რომ ეს ბრინჯაო, რომელიც წარმოადგენს ჩვენს სათაყვანებელ პიუიას სახეს, არის თითქო სულჩადგმული! მე ვგრძნობ, რომ ჩვენი ძვირფასი მოძღვრის გენიალური სული თითქო გვიმზერს ამ ქანდაკებიდან. მე ვგრძნობდი, რომ მისი გენიალური სული მღელვარე და მხიარული მზერს თავის მადლიერ თანამემამულეებს, რომელნიც მოსულან აქ მევენახობის ქება-დიდების საზეიმოდ. დიახ, მაოცებს სიდიადე საფრანგეთისა, რომელიც ბადებს პიუიას მსგავს შვილებს. მაოცებენ ქებული ფრანგები, რომელნიც ასე რიგად აფასებენ და ასე დიდებით ზეიმობენ თავის ღირსეულ თანამოძმეთა ხსოვნას!...
და ბოლოს, ნება მიბოძეთ, ბ-ბო, გავიზიარო თქვენი მწუხარება და სიხარული. მწუხარება მის გამო, რომ სიკვდილის ულმო მარჯვენამ მოცელა თქვენი წრიდან თქვენი გამოჩენილი თანამოძმე; სიხარული კი მით, რომ სიკვდილმა ვერ შეძლო, აღმოეფხვრა ჩვენი გულიდან ჩვენი ძვირფასი პიუიას ხსოვნა და სახე. მისი გენიალური სული ჰგიებს და დარჩება ჩვენს შორის მარად მღიმარე, მარად ბრწყინვალე“...
ეს ჩემი სიტყვა დავამთავრე ექსპრომტად ერთ ტაეპიან ქართული ლექსით:
„ის მოკვდა, მაგრამ ამ ჩვენსა გულში
ცოცხლობს, იცოცხლებს და არ მოკვდება!
ვაშა ერთგულ შვილს საფრანგეთისას!
მუშაკს, მეცნიერს ქება-დიდება!..“32
დამსწრე საზოგადოებას მეტად მოეწონა ეს ჩემი სიტყვა. ბევრმა აღტაცებით ჩამომართვა ხელი, მითხრა მადლობა და ქათინაური, და ბოლოს, ვერმორელმა ხელკავით წამიყვანა იქვე ახლოს, სადაც დიუპორი და მისი სტუმრები აპირებდენ ჯგუფად ფოტოგრაფიული სურათის გადაღებას. მეც ჩამაყენეს ამ ჯგუფში (ხოლო არ ვისურვე საპატიო ალაგას დაჯდომა) და გადაგვიღეს სურათი, რომლის ერთი ცალი რამდენიმე დღის შემდეგ გამომიგზავნეს ლიონში33.
ეს ზეიმი დამთავრდა საერთო ნადიმით. საღამოს მატარებლით ჩამოვედით ლიონში.
ფრანგების ამგვარმა საქციელმა და რუსეთის წარმომადგენლად მონათვლამ ისე დამაშინა, რომ შემდეგ არსად გავკარებივარ ასეთ ნადიმებსა და ზეიმებს, თუმც ამის შემთხვევა მქონდა როგორც ბორდოსა და მონპელიეში, ისე პარიზშიაც კი.
__________________
1. ასეთი შავი შენობებია ინგლისისა და საფრანგეთ-გერმანიის ქალაქებში (ავტორი).
2. ერთი ფრანკი უდრიდა იმ დროს 38 ½ კაპიკს ოქროდ (ავტორი).
3. დაბეჭდილია ჩემს ლექსთა კრებულ „სუმბულ“-ში (ავტორი).
4. სამხედრო-პოლიტიკური კავშირი რუსეთის იმპერიასა და საფრანგეთის მესამე რესპუბლიკას შორის ევროპული სამყაროს გასაძლიერებლად 1891-1917 წლებში.
5. საფრანგეთში მდიდრები სადილობენ საღამოს 7-8 საათზე, ხოლო საუზმობენ შუადღის 12-1 საათზე (ავტორი).
6. თანამემამულე.
7. მყარი ხელოვნური (ქვანახშირის, ნავთობის, ელექტროდულ სქელფისოვანი) საწვავი.
8. საფრანგეთში მეტ წილად ბუხრებია ბინაზე (ავტორი).
9. ასეთი კარგი ლოგინით აქირავებენ მოწყობილ ოთახებს საფრანგეთში (ავტორი).
10. Шахматы (რუს.) - ჭადრაკი.
11. ჩიტი.
12. გზის გამძღოლი.
13. სიგრძის ძველი რუსული საზომი ერთეული, დაახლოებით, 2 მეტრი და 13 სანტიმეტრი.
14. საავადმყოფო.
15. მონბლანი ყველაზე უფრო მაღალი მთაა შვეიცარიაში (ავტორი).
16. ძლიერი და კეთილი ძაღლი, მთიანი შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული სახე, რომლის სახელი უკავშირდება წმინდა ბერნარის უღელტეხილზე მდებარე იმავე სახელწოდების მონასტერს.
17. Carnaval (იტალ.) - ღია ცის ქვეშ გამართული სახალხო დღესასწაული ცეკვებითა და სხვა გართობებით.
18. Mardri GrasMardri Gras (ფრანგ.) - „მსუყე სამშაბათი“, დასავლეთ ევროპაში დიდმარხვის დაწყების წინა დღე და ყოველწლიური კარნავალის კულმინაცია.
19. Mi-Carême (ფრანგ.) - დიდმარხვის შუა რიცხვების კარნავალი.
20. ყველიერი, მსუქანი სამშაფათი, შუა მარხვა და 14 ივლისი (ავტორი).
21. ცხენშებმული მრავალადგილიანი კარეტა, რომელსაც დაჰყავდა მგზავრები.
22. სერპანტინი (ფრანგ.) - ფერადი ქაღალდის გრძელი და წვრილი ლენტი, რომელსაც ისვრიან მოცეკვავეებში მასკარადისა და კარნავალის დროს.
23. ჩემო სიყვარულო! ჩემო მგელუკა... (ავტორი).
24. ოჰ, ეს ნამეტანია... (ავტორი).
25. გამჭვირვალე ქსოვილი.
26. ეს მოსაწვევი დღემდე ინახება ჩემს ქაღალდებში, როგორც კურიოზი (ავტორი).
27. ირიბად, მრუდედ.
28. (ფრანგ.) დეპარტამენტის საბჭოს თავმჯდომარე.
29. საფრანგეთში დიდ სირცხვილად მიაჩნდათ, როცა საჭმელს ბლომად აიღებ, ვერ ერევი და სტოვებ ნაწილს (ავტორი).
30. „თქვენი სადღეგრძელო იყოს, ბ-ნო! აგრეთვე თქვენიც, ბ-ნო“! (ავტორი).
31. «Боже, Царя храни!» (რუს.) - რუსეთის იმპერიის ჰიმნი 1833-1917 წლებში.
32. ამ ჩემი სიტყვის შავი შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს საბუთებში (ავტორი).
33. ეს ჯგუფად გადაღებული სურათიც მაქვს შენახული (ავტორი).
![]() |
21 ბორდოში |
▲ზევით დაბრუნება |
ბორდოს რაიონი, ანუ უკეთ, ჟირონდის დეპარტამენტი წარმოადგენს საფრანგეთის ერთ უპირველეს მხარეს მევენახეობა-მეღვინეობის მხრივ. შამპანია, ბურგუნდია და ჟირონდი (ბორდო), აი, ის კუთხენი, სადაც ამზადებენ უპირველეს ღვინოებს („გრან კრიუ“, „ვენ ფეი“) და რომელთაც შექმნეს საფრანგეთის ღვინოების სახელი და ხალხის დოვლათი. მაგრამ თუ ბურგუნდიის განთქმული სუფრის ღვინოებს და შამპანიის შუშხუნა ნექტარს იძლევა შესაფერ ნიადაგთან ერთად ვაზის სამფერა ჯიში პინო (პირნო თეთრი, პინო სისვი, პინო შავი), სამაგიეროდ, ბორდოს სანაქებო ღვინოებს ქმნის ვაზის რვამდე სხვა და სხვა ჯიში. მაგ., მედოკის წითელ ღვინოებს იძლევა: კაბერნე ფრანკ, კაბერნე სოვინიონ, მალბეკ და მერლო, ხოლო სოტერნის თეთრ ღვინოებს - სავინიონ, სემილიონ, მუსკადელ და ვერდო. ეს ჯიშები თითქმის ერთსა და იმავე დროს მწიფებდა. აზავებენ ამ ჯიშთა ყურძენს ერთმანეთში სხვა და სხვა რაოდენობით, რათა შექმნან მათგან სრულყოფილი ღვინოები, ვინაიდან ეს ყურძნები შეიცავენ ზოგი მეტ სიტკბოს (და მით იძლევა მეტ სიმაგრეს), ზოგი მეტ ეთეროვან ზეთებს ბუკეთ არომატისთვის, ზოგიც მეტს ან ნაკლებ საღებავს ტანინს, სიმჟავეს, ექსტრატს და სხ. მთელი ჟირონდის დეპარტამენტი უმთავრესად წარმოადგენს სრულიად ვაკე ადგილს ფართოდ გაშლილს ატლანტის ოკეანემდე, მხოლოდ მის ჩრდილო-აღმოსავლეთით (სოტერნში) ვამჩნევთ პაწია ბორცვებს და გორაკებს. მთელი ეს დეპარტამენტი მევენახეობა-მეღვინეობის მხრივ იყოფა რამდენიმე რაიონად: ა) მედოკიიძლევა საუკეთესო წითელ ღვინოებს. ყველაზე უფრო განთქმული მარკებია: „შატო ლიაფიტ“, „შატო ლია ტურ“, „შატო პობრიონ“. ვენახები გაშენებულია სილა-ქვიშიან ალაგებზე. მეტად დაბლაა და გასხლული. ბ) სოტერნი - იძლევა საუკეთესო ტკბილ-მაგარ ოქროსფერ თეთრ ღვინოებს; უპირველესი მარკაა - „შატო იკემ“. ზვრები გაშენებულია ბორცვებსა და გორაკებზე. მიწა ქვიშა ან ქვანარევი თიხნარია; გასხვლა საშუალო. აქ ყურძენს ზედმეტად ამწიფებენ, ზოგან აჭკნობენ კიდეც, რომ მიიღონ მეტად მაგარი და ტკბილი ლიქორული ღვინო. წვიმიან შემოდგომაზე აქ მეტ წილად ყურძენს უჩნდება ერთგვარი სიდამპლე, რასაც ეძახიან „კეთილშობილ სიდამპლეს“ („პირიტიურ ნობლი“) და ამ სიდამპლის (სოკოს) მეოხებით ღვინოს ეძლევა საუკეთესო ბუკეთი და არომატი, რაც ფრიად უმატებს ღირსებას სოტერნის ღვინოებს. 3) კუნძულთა რაიონი (ეს კუნძულებია მდ. ჟირონდზე). აქ მდინარის შლამი აძლევს ვენახებს მეტად დიდ მოსავლიანობას (აშენებენ მსხმოიარე ჯიშებს), სამაგიეროდ, ღვინო სუსტი და წყალწყალაა („ვენ პლა“) და 4) ჯირონდის დანარჩენი კუთხენი, რომლებიც იძლევა სუფრის ჩვეულებრივ ღვინოებს („ვენ ორდინერ“). თვით ბორდო დიდი და მდიდარი ქალაქი და ბოღოზია. ბორდოს ჩამოუდის დიდი მდინარე გარონა, რომელსაც იქვე ერთვის დიდი შენაკადი დორდონა. აქედან კი, ოკეანეში შერთვამდე ამ შეერთებულ მდინარეს ეწოდება ჟირონდი. იგი მეტად ღრმაა და ფართო, მისი განი აღემატება 3-4 კილომეტრს. ამიტომ ამ დიდ მდინარეში ქ. ბორდომდე ადვილად შემოდიან ოკეანეს უზარმაზარი გემები, რომელთაც შემოაქვთ უამრავი სხვა და სხვა საქონელი, სამაგიეროდ, გააქვთ მსოფლიო მნიშვნელობის ბორდოს განთქმული და ძვირფასი თეთრი და წითელი ღვინოები, რომელთაც დიდი კაპიტალისტები აძველებენ თვით ბორდოში აგებულ უზარმაზარ სარდაფებში და რამდენად უფრო ძველია ეს ღვინოები, უფრო კარგად მოვლილ-დამუშავებული, იმდენად უფრო ძვირად ფასობს ისინი.
ამრიგად, თუ ლიონი ცნობილია მთელ მსოფლიოში თავის აბრეშუმეულის წარმოებით, თავის ძვირფასი ფარჩეულით, ბორდო კიდევ არანაკლებ ცნობილია თავის ძვირფასი ღვინოებით. აი, ამ დიდ ქალაქსა და მის დეპარტამენტში (ოლქში) მომიხდა ყოფნა ათიოდე დღით სექტემბრის შუა რიცხვებიდან, რათა გავცნობოდი ამ ფრიად მნიშვნელოვან რაიონს, მეტადრე კი, მელკ-სოტერნში ყურძნის კრეფას და მათ განთქმულ ღვინოების დამზადებას. იქ რთველი იწყებოდა შუა სექტემბრიდან ახალი სტილით. ამრიგად ავიბარგე ლიონიდან, ვუთხარ ნახვამდის ამ დიდებულ ქალაქს და გავემგზავრე ბორდოსაკენ, ხოლო იმავ სექტემბრის ბოლო რიცხვებში უნდა ვყოფილიყავ მონპელიეში, რათა შევსულიყავ მის უმაღლეს სამეურნეო სასწავლებელში, სადაც სწავლა იწყებოდა 1 ოქტომბრიდან ისე, როგორც საფრანგეთსა და საერთოდ ევროპის ყველა ტიპის სასწავლებლებში.
მაგრამ 10 დღით ჩემზე ადრე ბორდოში წავიდა ჩემი თანამოძმე და ამხანაგიპ. გელოვანი, რომელსაც იმ დიდ ქალაქსა და მის რაიონში შეემთხვა ჩემს ჩასვლამდე ჩემზე უარესი კურიოზები. არ იქნება მეტი, აღვნიშნოთ აქ ზოგი მათგანი.
ეს ჩვენი ხელვიწრო სტუდენტი პ. გ-ნი იყო წოდებით თავადი, მოგეხსენებად, რომ თავად- აზნაურთა რიცხვი ამ რევოლუციამდე მეტად მრავალი იყო ჩვენს კურთხეულ საქართველოში. ხოლო ქართული სიტყვა „თავადი“, რუსულად ითარგმნებოდა „კნიაზ“-ად, ფრანგულად კი„პრენს“-ად. „პრენსი“ ანუ „პრინცი“ ევროპაში ნიშნავს სეფე წულს, ე.ი. მეფის შვილს ან მის ახლო ნათესავს. ამის გამო ამ ჩვენს ლეჩხუმელ თავადს საფრანგეთში იღებდენ შეცდომით რუსეთის ხელმწიფე ნიკოლოზ II-ის ბიძაშვილად და ამ ნიადაგზე ამ მორცხვ ახალგაზრდას შეემთხვა რამდენიმე კურიოზი. მით უმეტეს, რომ იმ ხანებში, საფრანგეთში ემგზავრა ნიკოლოზ მეორის ახლო ნათესავს, თ-დ გოლიცინს. გელოვანი და გოლიცინი გამოთქმით თითქო გვანან ერთმანეთს. დიახ, ეს ჩვენი ლეჩხუმელი „პრენს“-ი ჩავიდა ბორდოში და წარუდგა რუსეთის გენერალურ კონსულსლორან ბროსეს, საქ. ცნობილი ისტორიკოსის მარი ბროსეს შვილს. ამან მეტად თავაზიანად მიიღო ეს ქართველი სტუდენტი და ჰკითხა: რით შემიძლია გემსახუროო. „პრენსმა“ სთხოვა სარეკომენდაციო ბარათები ღვინოთა დამამზადებელ ბორდოს დიდ ფირმებთან, რომ ამ სახით გაადვილებოდა მათი სარდაფების დათვალიერება და ღვინის მანიპულაციების გაცნობა. ბროსემ სიამოვნებით დაუწერა და გადასცა სარეკომენდაციო ბარათები სამ უდიდეს ფირმის მიმართ („ჯონსტონი“, „დიუბესკი“ და „შრედერ-კონსტანი“). ამათში უკანასკნელიდან იწერდენ საუკეთესო ღვინოებს მეფე ნიკოლოზ მეორის სასახლისათვის.
იმავე დღეს სწორეთ ამ შრედერ-კონსტანის ფირმას მიადგა ჩვენი ლეჩხუმელი „პრენსი“ თავის გახუნებული „პიჯაკ“-ით და „კატელოკ“-ით (ქუდით) თეთრ საყელოზე კი ეხვია რაღაც უცნაური წითელი რევოლუციური ყელსახვევი. მან გადასცა ფირმის ეჯიბს (პორტიე) ბროსეს სარეკომენდაციო ბარათი შრედერისათვის. წაიკითხეს თუ არა რუსეთის გენ. კონსულის ბარათი, რომლითაც სთხოვდა, ყურადღებით მოქცეოდენ კავკასიიდან (საქართველოდან) ჩამოსულ „პრენს“ გელოვანს, ეცათ ელდა. მაშინვე აფრინეს კაცი და შეიწვიეს დარბაზში. თვითონ ბ-ნი შრედერი, მისი სტუდენტი ვაჟი და თვით სარდაფის დირექტორი („დირეკტერ დენსტალასიონ“) გამოეწყვენ ფრაკებში და მცირე ხანს შემდეგ „შაპო კლაკე“- ბითა და თეთრი ხელთათმანებით წარუდგნენ ჩვენს ლეჩხუმელ „პრენსს“. შეაღეს კარები და შორიდან ჰკადრეს მდაბალი სალამი ამ სიტყვებით: „გვაქვს პატივი, წარვუდგეთ ბ-ნ პრენსს“. აიზრუწა სავარძლიდან ჩვენი „პრენსი“ და გაუწოდა მათ ხელი ჩამოსართმევად. მასპინძლები ფრიად გააოცა უცხოელ სტუმრის ასე ღარიბად ჩაცმულობამ და ჩუმად ამხილეს ერთიმეორეს, რომ ბ-ნი პრენსი უსათუოდ „ტოლსტოეცი“ უნდა იყოს- აო („სე დუა ტეტრ ტოლსტოეც“) და გაუორკეცეს ყურადღება. იმ ხანად დიდ მოდაში იყო ტოლსტოელობა, ე.ი. რუსეთის დიდი მწერლის ლევ ტოლსტოის მიბაძვით ხალხში გასვლა, სადათ ჩაცმა და უბრალო ცხოვრების ტარება.
„პრენსმა“ აუხსნა მათ მისვლის მიზეზი. ხელად გააჩირაღდნეს ელნათურებით მთელი სარდაფი და წაიყვანეს დასათვალიერებლად. მარჯვნით მიყვებოდა თვით შრედერი, მარცხნით მისი ვაჟი, ოდნავ წინ კი - სარდაფის დირექტორი და მოწიწებით აძლევდა ლეჩხუმელ „პრენსს“ სათანადო ახსნა-განმარტებას. დაატარეს ეს უზარმაზარი ლაბირინთი, აუხსნეს უძვირფასეს ღვინოებით სავსე დიდრონი კასრების ისტორია, აჩვენეს ღვინის მანიპულაციები და ბოლოს ამოიყვანეს ღვინოების საშინჯ დარბაზში („სალონ დე დეგიუსტაციონ“), სადაც ადრევე გაეშალათ ნაირნაირი საუზმეულით და უძვირფასესი ღვინოებით („გრან კრიუ“) შემკული სუფრა. საუკეთესო ალაგას დააბრძანეს იშვიათი სტუმარი, თვითონ მიუსხდენ გვერდით და გაიმართა პაწია ლხინი, ბორდოს ღვინოების შინჯვა და მათი ღირსების შეფასება. ამას მოყვა მოკლე სმურები. მასპინძლებმა ადღეგრძელეს რუსეთი და მისი ხელმწიფე, სტუმარმა კი - საფრანგეთი და მისი პრეზიდენტი. შეზარხოშდენ კიდეც. ჩვენ „პრენსს“ უკვირს ასეთი პატივისცემა და არ იცის, რით ახსნას იგი. ამ დროს წამოდგა შრედერის ვაჟი და მიმართავს სტუმარს შემდეგი სიტყვებით: „ბ-ნო პრენსო, როდესაც თქვენ ნახავთ პეტერბურგში რუსეთის ხელმწიფეს, თქვენს ბიძაშვილს, ნიკოლოზ II- ეს ჩვენ ხომ გაგვიხსენებთ მაშინ“-ო? („მუსიო ლ პრენს, ქან ვუ სერე ა პეტერბურგ ოპრე დიე ცარ, ვოტრ კუზენ, ნიკოლა დე ვუ ნუ სუვიანდრე, ნესპა, მუსიო“?). ამ მოულოდნელი სიტყვების გაგონებამ გადაასხა თავზე ცივი შხეფი და აუხილა თვალი ლეჩხუმელ თავადს. იგი გაწითლდა ჭარხალივით, წამოდგა ზეზე და ენის ბორძიკით უპასუხა: „ბ-ბო, მე არას დროს არ დავივიწყებ თქვენს ასეთ დიდ პატივისცემას“-ო.
იგი მონათლეს თურმე ნიკოლოზ II-ის ბიძაშვილად და მით აიხსნოდა ასეთი პატივისცემა.
როგორც იქნა, დაახწია თავი ამ სუპერხლესტაკოვობას და გამოიქცა შინისკენ. აბა, რა იცოდა ამ ბედშავმა სტუდენტმა, რომ მას მოელოდა კიდეც უარესი სიურპრიზი! შინ დახვდა კონსულ ბროსეს ბარათი, სწერდა: „ბ-ნო გელოვანო, მეტად სურს თქვენი გაცნობა ჩვენს ვიცე-კონსულს ბ-ნ ვახტერს და დიდად დაგვავალებ, თუ შეიწუხებ თავს და მობრძანდებით საკონსულოში“-ო. ჩვენი პრენსიც გაუდგა გზას.
ახლა ორიოდ სიტყვა ბ-ნ ვახტერზე. ის იყო გარუსებული ნემეცი და გაფრანგებული რუსი, დიდი თაყვანის მცემელი სეფეწულების და მეტადრე რუსეთის „პრენსების“. ოციოდე წლის წინად იგი გადმოსახლებულა ჟირონდის დეპარტამენტში და შეურთავს ცოლად დიდი გვარიშვილი და დიდი მემამულე ობოლი ფრანციელი ქალი, შატო ოლივიეს პატრონი, მილიონერი. აი, სწორედ ამ ვახტერმა გაიგო ლ. ბროსესგან, რომ ბორდოში იმყოფება კავკასიიდან ჩამოსული ქართველი თავადი პ. გელოვანი. ამ ამბავის გაგონებაზე ვახტერი აღიტაცა სიხარულმა და შეეკითხა ბროსეს, მიბრძანეთ, რომელ სასტუმროშია ჩამომხტარი, რომ ახლავე „ვიზიტი“ გავუკეთოო. ბროსემ იცოდა ჩვენი თავადების ავლა-დიდება, იცოდა, რომ პ. გ-ნს ჰქონდა დაქირავებული კერძო ბინაზე ერთი პაწია ოთახი და ვახტერის წვევით, არ სურდა, ჩაეყენებია იგი უხერხულ მდგომარეობაში, ამიტომ დააჯერა ვახტერი, არ შეეწუხებია თავი სადარბაზოდ წასვლით, რადგან თვით თ-დი გ-ნი მოვა ჩემთან ამ 2-3 საათში ერთი საქმისთვის და აქვე გაგაცნობთო. ის იყო, რომ ჩუმად მისწერა ბარათი და დაიბარა. ჩვენმა „პრენსმაც“ არ დააყოვნა და თავის გახუნებული „პიჯაკ- კატელოკ“-ით გამოცხადდა საკონსულოში, სადაც იგი ლ. ბროსემ გააცნო ბ-ნ ვახტერს. ეს უკანასკნელი ფრიად გააოცა ჩვენი „პრენსის“ ჩაცმულობამ, მაგრამ გუნებაში გაიფიქრა, უსათუოდ ტოლსტოელი უნდა იყოსაო და გაუორკეცა ყურადღება. იმ ხანად უცხოეთში დიდ მოდაში იყო ტოლსტოი და ტოლსტოელობა; ჩვენს ღარიბ თავადებსაც ეს შველოდა.
ვახტერმა შესაფერი ქათინაურებით მიმართა გ-ნს, ესაუბრა რუსულად, გამოკითხა კავკასია-საქართველოს ამბები და ბოლოს დაპატიჟა სადილად თავის მამულში - შატო ოლივიეში (სოფ. ლეონიანში). უნდა წვევოდა ზეგ, ე.ი. კვირას, საღამოს 7 საათზე. ეს სოფელი და მამული შორავდა ქ. ბორდოს, ვგონებ, 20 კილომეტრით. ჩვენი უფულო თავადი დაადგა უარის თქმას, რადგან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა სადილად წვევა, ისიც იმ სიშორეზე, მარა არაფერი გაუვიდა. ვახტერმა ისეთი მედგარი იერიში მიიტანა მასზე, რომ ძალად ამოგლიჯა თანხმობა უბედურ „პრენსს“. ბოლოს დაემშვიდობენ ერთმანეთს - ერთი ფრიად კმაყოფილი, მეორე კი, უზომოდ შეწუხებული. ვახტერი მაშინვე ჩაჯდა საკუთარ ეტლში და შეუდგა ნადიმის თადარიგს, მან დაპატიჟა ლეჩხუმელი „პრენსის“ პატივსაცემად ბორდოს ცნობილი პირები („ნოტაბილიტე დე ბორდო“) 40-დე ქალი და კაცი.
საწყალი „პრენსი“ კი, შინ დაბრუნებული ფერთხავდა ძველ საფულეს და მესამედ ითვლიდა თავის „თანხას“, რომელიც შესდგებოდა სულ 15 ფრანკისაგან. რას გახდებოდა ამ გროშებით?! მას არ ჰქონდა არც რედინგოტი და არც, მით უმეტეს, ფრაკი. თავის გახუნებული „პიჯაკით“ ხომ ვერ წავიდოდა იმ დიდებულ ნადიმზე?! რა უნდა ექნა? აქ ბორდოში არავინ ეგულებოდა ისეთი, რომ ეთხოვა მისგან ან ფრაკი, ან რედინგოტი. მისი ერთად-ერთი ნაცნობი იყო აქ რუსეთის გენერალური კონსული ლ. ბროსე და ამას ხომ ვერ სთხოვდა ან ერთს ან მეორეს?! ჩავარდა საშინელ გასაჭირში. სახეზე ჩამოსდიოდა სიმწრის ოფლი. გავარდა ქუჩაში, რომ სადმე „ტალკუჩკა“-ზე1 ექირავა ძველი რედინგოტი მაინც. კითხვა-კითხვით მიაგნო „ტალკუჩკას“ - (ძველი რამეების გასაყიდ ალაგს) და დიდი შევაჭრების შემდეგ იქირავა 10 ფრანკად კვირა საღამოსთვის ერთი საკმაოდ ძველი და ფოლაქებ დაცრეცილი რედინგოტი, ხოლო მის ტანზე იმდენად სრული, რომ სახელოებიდან ძლივს მოჩანდენ მისი თითები, წელი კი აღწევდა სხეულის საჯდომ ალაგამდე. მაგრამ რას იზამდა! გაჭივრებამ დედოფალთან დამაწვინაო, - ნათქვამია. აქ კი, გაჭივრებამ ჩააცმევინა ეს უცნაური რედინგოტი ამ ჩვენს ლეჩხუმელ „პრენსს“ საზეიმო ნადიმზე. გადაწყდა ავად თუ კარგად ეს მთავარი მძიმე საკითხი. ახლა ჩვენი თავადი შეუდგა იმის თავის ტეხას, თუ რარიგად წასულიყო შატო ოლივიეში, რარიგ გაევლო 20 კილომეტრი. უბრალო ეტლმა ითხოვა მხოლოდ ერთ გზობად 15 ფრანკი, თუ მოაცდევინებდა და იმავე ეტლით დაბრუნდებოდა, კიდევ უნდა მიეცა 15 ფრანკი, სულ კი - 30 ფრანკი. ჩვენს „პრენსს“ კი, დარჩა ჯიბაში მხოლოდ 5 ფრანკი. რა უნდა ექნა! ფეხით წასვლა შეუძლებელი იყო. ჩავარდა საშინელ გასაჭირში ეს საწყალი სტუდენტი. ბოლოს გაიგო, რომ ბორდოდან სოფ. ლეონიანში ყოველ დღე გადის თურმე ერთი ძველი ორსართულიანი ომნიბუსი (დილიჟანსი). ქვედა სართულით მგზავრობა ღირდა აღნიშნულ სოფლამდე 1 ფრანკი, ზემო სართულით კი 1/2 ფრანკი. ამ ამბავმა ფრიად გაახარა ჩვენი „პრენსი“, გამოეწყო თავის უცნაური რედინგოტით, ჩაჯდა ომნიბუსის ზემო სართულში (სიეფის გამო) და გაუდგა გზას შატო ოლივიესკენ.
რა ხდება იქ? სრულ 6 ½ საათზე გულუხვი მასპინძელი ბ-ნი ვახტერი სტუდენტ ვაჟის თანხლებით გამოვიდა თავის შატოდან შარაგზაზე და იქვე ალაყაფის კარებთან უცდის თავის საპატიო სტუმარს, საქართველოს „პრენსს“. გავიდა 10-დე წუთი და შორით გამოჩნდა თეთრ ცხენებიანი მდიდრული ლანდო (ეტლი).
- სა დუატ ეტრ მუსიო ლ პრენს! (ე.ი. ეს ბ-ნი პრენსი უნდა იყოსო) - წამოიძახა ვახტერის ვაჟმა.
ეტლი გაჩერდა ამათ სიახლოეს, იმედის სრული გაცრუება. ლანდოდან გადმოხტა ორი სტუმარი და მიესალმენ მასპინძელთ. რაკი გაიგეს, რომ მამა-შვილი ელოდებოდენ „პრენსს“, თვითონაც მოისურვეს მათთან დარჩენა და გააბეს მუსაიფი.
მცირე ხანი და მოჰქრის მეორე ეტლი ცხენებიანი.2 „ვუალა მუსიო ლ პრენს“! (აი, ბ-ნი პრენსი) - წამოიძახა ისევ ვახტერის ვაჟმა. ეტლი გაჩერდა და გადმოვიდენ სხვა სტუმრები, რომლებიც მისალმების შემდეგ შეუერთდენ დანარჩენთ. საქართველოს „პრენსი“ კი არ ჩანდა.
მოვიდა ზედიზედ სტუმრებით სავსე 12-დე ეტლი. ყველანი შეუერთდენ მასპინძელს და უწყეს ლოდინი ჩვენს თავადს. ლეჩხუმელი „პრენსი“ კი იგვიანებდა. უკვე მოგროვდენ ყველა სტუმრები და სწორეთ ამ დროს მოშორებით ავარდა ჰაერში მტვერი და გამოჩნდა ძველი დილიჟანსი, რომელიც მოქანაობდა ხრიგინ-ჯაგჯაგით. მოვიდა, შეიჭრა ძვირფასად დართულ სტუმრებში, რომლებმაც უგანეს გზა, და გაჩერდა ზედ შატოს ალაყაფის კარებთან. ყველას გაუკვირდა ამ ძველი ომნიბუსის ასეთი საქციელი, მეტადრე მასპინძელს. გადმოხტა მედელეჟანე და მოადგა კიბე მეორე სართულს. სტუმრები და მასპინძელი გაოცდენ, როცა დაინახეს ამ კიბეზე ჩამომსვლელი გრძელსა და ძველ რედინგოტში გახვეული ვიღაც არსება ხოლო მათ გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი, ოდეს ცნეს, რომ წვეულების „ლომი“, რომელსაც ასე რიგად ელოდენ ამ შარა გზაზე ბორდოს დიდკაცობა-სტუმრები და თავმოყვარე მასპინძელი, ამ უეცარი დახვედრით საკმაოდ დარცხვენილი და გაწითლებული „პრენსი“ მიესალმა ვახტერს.
რაღა უნდა ექნა ბედშავ მასპინძელს! ის ჩავარდა ამ პატივსაცემ სტუმრების წინაშე უსაშინლეს მდგომარეობაში. პ-დ დაიბნა, მარა მალე მოვიდა გონს: თავში გაუელვა გენიალურმა აზრმა... „აა, ბ-ნო პრენსო! აღტაცებული ვარ თქვენი ხილვითო“.შესძახა მან და ორივე ხელით მაგრად ჩამოართვა ხელი. ამავე დროს მხიარული სახით მიმართა გაოცებულ სტუმრებს: „ბატონებო, ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ ჩვენი ძვირფასი სტუმარი, კავკასიის პრენსი, ბ-ნი გელოვანი,თანაც ჩაუფუჩუნა ახლო მდგომთ: „მუსიო ე. ტოლსტოეც“ (ე.ი. ეს ბატონი ტოლსტოეციაო). ალახმა მიანიჭოს სასუფეველი ცისა და მოჰფინოს ნათელი საიქიოს ლ. ტოლსტოის სულს, ჩვენ იმან გვიხსნა ბევრჯერ უცხოეთში ასეთ საშინელ სირცხვილისაგან!
მყის დაამშვიდა სტუმრები მასპინძლის ამ საიდუმლო განცხადებამ და აღძრა მათში განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა საქართველოს პრენსისადმი. სხვა რიგად ვერც წარმოიდგენდენ ისინი მის ასეთ უცნაურ ჩაცმულობას და მოქმედებას.
ვახტერმა გაუკეთა ხელკავი „პრენსს“ და წამოვიდენ წინ. მათ უკან გამოყვენ ყველა სტუმრები. გაიარეს გრძელი შვენიერი ხეივანი და მიახლოვდენ ორსართულიან სასახლეს. აქ ზემო სართულის აივანზე იდგა დიასახლისი, „გრანდ დამ“, ვახტერის მეუღლე თავის ლამაზი 17 წლის ქალიშვილით, ორთავე ძვირფასად ჩაცმულნი და მოაჯირზე გადმომდგარნი მოულოდნელად ელოდენ ფრიად საპატიო სტუმარს - იგულისხმეთ „კავკასიის პრენსი“.
ამ დროს მოახლოვდა სტუმრების გრძელი ასაბია, რომლის წინ ამაყად მოდიოდა მასპინძელი ვიღაც გრძელ რედინგოტიან კაცთან ხელკავით. იგი შესდგა და შესძახა მოაჯირზე გადმომდგარ ქალებს: „მედამ (ქალბატონებო), მომეცით ნება, გაგაცნოთ ჩვენი ძვირფასი სტუმარი ბ-ნი „პრენსი“- ო! „პრენსმა“ მოუხადა ქალებს თავის გახუნებული კატელოკი, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა სტუმარი კაცები „პრენსის“ გარდა იყვნენ გამოწყობილნი ფრაკებში, ცილინდრებსა და თეთრ თათმანებში. ავიდენ კიბეზე ზემო სართულში. მდიდრულად მორთულ სასტუმრო დარბაზში ვახტერმა ხელახლა წარუდგინა თავის მეუღლეს „ძვირფასი პრენსი“, რომელმაც ეამბორა ქალის გაწვდილ ხელს. ვახტერმა კი ჩაუფუჩუნა „პრენსის“ ჩაცმულობით გაოცებულ დიასახლისს: ეს ბატონი ტოლსტოელიაო, რითაც სწრაფად დაამშვიდა იგი და აღუძრა დიდი ცნობის მოყვარეობა. შემდეგ წარუდგინა გაოცებულ ქალიშვილს, შვენიერ აგაშას და ამასაც წაუფუჩუნა, ტოლსტოელიაო. შემდეგ დანარჩენი სტუმრებიც ფრანგული ზრდილობა-ქათინაურებით მიესალმენ დიასახლისებს, რომელთა შეპატიჟებით დასხდენ მდივან-ტუმბა-სავარძლებზე. გაიბა საერთო საუბარი. ჩვენი „პრენსი“ კი, როგორც ყველაზე უფრო საპატიო სტუმარი, იჯდა დიასახლისის გვერდით მდივანზე.
დიდ უხერხულობაში აგდებდა საბრალო სტუდენტს ამ ქალის შეკითხვები: რომელ სასტუმროშია ჩამომხტარი, შეეჩვია თუ არა ბორდოში დამზადებულ საჭმელებს და სხ. ამ შეკითხვებზე წითლდებოდა საბრალო ჭაბუკი და აღარ იცოდა, რა ეთქვა. პასუხობდა ბუნდოვნად; აბა, ხომ ვერ ეტყოდა, რომ ქალაქის განაპირას კერძო ბინაზე აქვს დაქირავებული ერთი პაწია ოთახი, სადაც თაგვი ძლივს მოიქნევს კუდსაო, ან და მას ჯერ არც ეგემა ბორდოს რესტორანთა ნამზადები, არამედ იყიდდა ხოლმე თითო გირვანქა პურსა და ყურძენს, გავიდოდა ხიდზე მდ. გარონას გაღმა, ჩაცუცქდებოდა იქ ბუჩქებში და უცებ შესჭამდა ჩუმად, რომ არავის დაენახა. ეს იყო ლეჩხუმელ „პრენსის“ სადილიცა და ვახშამიც...
ეჰ, თვალი დაუდგა უფულობას და სიღარიბეს!..
იხსნა ამ საშინელ უხერხულობისაგან ეს ჩვენი „პრენსი“ ვახტერის სახლთუხუცესმა („მეტრ დოტელ“), მან გააღო ფართოდ პურისაჭმელ დარბაზის კარები და ხმამაღლა დაიძახა: „ქ-ბო და ბ-ებო, მზად გახლავთ სადილი“. ამ მოწვევაზე წამოდგენ ყველანი. ვახტერის ნიშნობით, „პრენსმა“ გაუკეთა ხელკავი დიასახლისს და ესენი გაემართენ წინ დიდებულად გაშლილ სუფრისკენ შუა ალაგას დასაჯდომად. ამათ მიჰყვნენ სტუმრები რწყვილ-რწყვილად. „პრენსის“ პირისპირ იჯდა ვახტერი, ამის გვერდით კი, ტურფა აგაშა თავის საქმაროთი. ცისფერ თვალება შვენიერ ცირას ფრიად უხდებოდა დეკოლტიანი თეთრი მარმაშის კაბა. თეთრ ყელსა და აბორცვილ გულმკერდს უმკობდა სხვილი მარგალიტების ანცმა და ბრილიანტებით მოოჭვილი ოქროს ჯვარი.
დაიწყო სადილის მირთმევა. ფარეშებს მოჰქონდათ ვერცხლის ლანგრებით უცნაურად შემზადებული მრავალფერი საჭმელები, რომელთა მსგავსი სიზმრადაც კი არ მოლანდებია თავის სოფ. სპათაგორში ლენჩხუმელ „პრენსს“. ეს საჭმელები პ-დ მიჰქონდათ მასთან, როგორც უპირველეს სტუმართან. ეს გარემოება კი აგდებდა მას დიდ გასაჭირში, რადგან არ იცოდა, რა რიგად აეღო ეს უცნაური საჭმელები, კოვზით თუ ჩანგლით. რათა დაეღწია თავი ამ განსაცდელისაგან, იგი ჩამოართმევდა ხოლმე ფარეშს ლანგარს და მიაწოდებდა დიასახლისს. „პრენსის“ ასეთი საქციელი კი იწვევდა გაოცებას სტუმართა შორის, რადგან ევროპაში არაა მიღებული ასეთი რამ. მასპინძელი ამშვიდებდა სტუმრებს და უხსნიდა ჩუმად, რომ რუსეთში ასეთი რაინდული წესი სავსებით დაცულია დღემდეო, ჩვენს „პრენსს“ კი ამოქმედებდა ამ რიგად მხოლოდ სურვილი გაეგო, თუ როგორ აიღებოდა ლანგრიდან ესა თუ ის საჭმელი. იყო შემთხვევა, როცა დიასახლისი არ აიღებდა რომელიმე მიწოდებულ საჭმელს, ამის გამო „პრენსიც“ უარს ამბობდა მასზე, გულითაც რომ ნდომებოდა, რადგან არ იცოდა, როგორ უნდა აეღო იგი. „პრენსის“ ასეთი საქციელი აოცებდა დიასახლისს და ერთხელ კიდეც შენიშნა: „სწორედ საკვირველია, ძვირფასო პრენს, რომ მე და თქვენ ერთგვარი გემოვნება გვქონებიაო“. ამ შენიშვნამ ჭარხალივით გააწითლა საბრალო „პრენსი“.
დასრულდა გრძელი მრავალფერი სადილი, მოიტანეს ხილი და სადესერტო ტკბილ-მაგარი ღვინოები. გაიმართა საერთო მუსაიფი, ოხუნჯობა, სიცილი, მეზობლების სადღეგრძელო-სმურები, ჭიქების მიკაკუნება. გათამამდა ჩვენი „პრენსიც“, ჩაერთო საერთო საუბარში, ლიქორულ ღვინოებმა იმოქმედა მასზედაც. ხედავს ჩვენი თავადი, რომ ეს უცნაური ფრანგები თხელკანა ატმებს ფცქვნიან დანით კი არა, ჩანგლით. პ-დ გაუკვირდა ძლიერ, შემდეგ გაიფიქრა გუნებაში, მეც ჩანგლით გავფცქვნი, თორემ დამცინებენო. აიღო ვაზიდან დიდი მწვანე ატამი და დაუწყო ჩანგლით კანის გაფცქვნა. ისიც იყო ათავებდა ამ მძიმე ოპერაციას, რომ ისხლიტა ამ შეჩვენებულმა ატამმა და ზედ შვენიერ აგაშას მოღიავებულ მკერდზე გაადინა ტყაპანი... ადვილი წარმოსადგენია ის ეფექტი, რაც მოყვა ამ მარცხს. აგაშა გავარდა თავის ოთახში; სტუმრებმა ირონიულად გადახედეს ერთმანეთს; საბრალო „პრენსი“ კი დაიწვა სირცხვილისაგან. იგი იჯდა თავჩაღუნული და მწარედ შეწუხებული. შეწუხდენ მასპინძლებიც. მაშინ წამოდგა ვახტერი და მიმართა სტუმრებს ამ სიტყვებით: „ბ-ბო, ყველაფერი უცნაურობა საფრანგეთმა უნდა მოიგონოს და ქვეყანას მოახვიოს. აბა, ვის გაუგონია ჩანგლით ხილის გათლა! ამისთვის არსებობს განსაკუთრებული დანები. მეც რამდენჯერმე მომსვლია მარცხი ჩანგლით ატმის გაფცქვნის დროს“ - და მოჰყვა რამდენიმე განგებ შეთხზულ ეპიზოდს, რითაც ბევრი აცინა და გაამხიარულა საზოგადოება: „ბ-ბო“,განაგრძო მან, „ჩვენში, რუსეთში („შე ნუ, ან რიუსი“) არასდროს არ ხმარობენ ჩანგლებს ატმის საფცქვენელად. ამიტომ ნება მიბოძეთ, ბოდიში მოვიხადო ჩვენი ძვირფასი სტუმრის წინაშე და ექსტრად ვადღეგრძელოთ დიდად პატივცემული პრენსი, ბ-ნი გელოვანი“. ყველანი წამოცვინდენ ჭიქებით ხელში და ადღეგრძელეს მეტად დარცხვენილი თავადი.
დამთავრდა უსიამოვნო ინციდენტი, მაგრამ რა იცოდა ამ შავ დღეზე დაბადებულმა, რომ აქვე სადილის ბოლოს მოელოდა კიდევ უარესი მარცხი!..
273
შემოიტანეს გაყინული შამპანიური, აავსეს ფიალები. შეიქნა სმურები, ლხინი და ქეიფი. თამადობდა მასპინძელი. მან მიმართა სტუმრებს მოკლე გრძნობიერი სიტყვით და დალია „საფრანგეთის მეგობარ“ რუსეთის და მისი იმპერატორის - ნიკოლოზ II-ის სადღეგრძელო. მგზებარე ტაში და ვაშა იყო პასუხად. სამაგიეროდ „პრენსმა“ დალია „განათლებული საფრანგეთის“ და მისი პრეზიდენტისფელიქს ფორის სადღეგრძელო. ამას მოყვა ფრენეტიული3 ტაში, ვაშას ძახილი და მარსელიეზას სიმღერა. შემდეგ დაილია კიდევ რამდენიმე სმურები. გამხიარულდა სუფრა, შეზარხოშდენ სტუმრები და მასპინძელი.
ამ დროს ფარეშებმა ჩამოარიგეს მოყვითანო ჭიქები რაღაც სითხით. ჩვენმა „პრენსმა“ წარმოიდგინა იგი რაღაც საგანგებო სასმელად და გაიფიქრა გუნებაში: ახლა კი ვიძიებ შურს და ვაჭმევ სირცხვილს ამ ფრანგებსაო. ამათ დაავიწყდათ დიასახლისის სადღეგრძელო და მე ვასწავლი ჭკუასაო. გაფიქრება და წამოდგომა ერთი იყო. აიღო ხელში ყვითელი ჭიქა და ამაყი პათოსით მიმართა დიასახლისს: „ქ-ნო, ნება მიბოძეთ, გაახლოთ თქვენი სადღეგრძელო“... ამის თქმა და საერთო მუსაიფის ერთბაშად შეწყვეტა ერთი იყო. ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. სტუმრების სახეზე გამოისახა შიში და გაოცება, მასპინძლის სახეზე კისირცხვილი და გამწარება. ასეთმა მოვლენამ ფრიად გააკვირვა ჩვენი „პრენსი“; პ-დ ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე, მარა, როცა დააპირა ჭიქის დიასახლისის ჭიქაზე მიკაკუნება და დაინახა, რომ დიასახლისს სირცხვილისაგან ჩაეღუნა თავი და ორი თითი ჩაედო თავის ყვითელ ჭიქაში რათა მით ეჩვენებია, რომ ეს სითხე არაა დასალევიო (ეს სითხე იყო თურმე სადილის შემდეგ პირში გამოსავლები), მხოლოდ მაშინ აეხილა თვალი უბედურ ჭაბუკს და სცნო თავის უდიდესი მარცხი. გაეყინა გაშვერილი ხელი, თვითონ კი დაეცა თავზარი, გაწითლდა და გაყვითლდა უზომო სირცხვილ-სიმწრისაგან. ბოლოს დაჯდა თავჩაქინდრული; თვალები აევსო ცრემლით. იგი ნატრობდა სიკვდილს იმ მომენტში, მაგრამ სად იყო სიკვდილი!...
წამოდგა ისევ ვახტერი - ეს ჩვენი უბედური „პრენსის“ მფარველი ანგელოზი, და დაიძახა: „ბრავო, მუსიო ლ პრენს! შე ნუ, ან რიუსი, ლუსპრი შევალურესკ ნეპა ზანკორ მორ“! (ე.ი. ვაშა, ბ-ნო პრენსო! ჩვენში, რუსეთში, რაინდული სული კიდევ არ მომკვდარა!), თანაც შეთხზა რაღაც ზღაპარი და აუხსნა სტუმრებს, რომ რუსეთში თავადების დიდ ნადიმებზე სადილის ბოლოს ოქრო-ვერცხლის სასმისებით ჩამოარიგებენ ხოლმე მოდუღებულ თაფლს და მით ადღეგრძელებენ ოჯახის დედას, დიასახლისსაო. ჩვენს ძვირფას პრენსს, ახლად ჩამოსულს საფრანგეთში ეგონა, რომ აქაც ნახავდა იმ სანაქებო ჩვეულებას, მარა მოსტყუვდა, სამწუხაროდ, რადგან ბურჟუაზიულ საფრანგეთმა თავდაყირა დააყენა ძველი რაინდული ადათები და ტრადიციებიო. ამიტომ ნება მიბოძეთ, ბ-ბო, გიახლოთ ჩვენი რუსეთის ძველი რაინდული სადღეგრძელო“- ო. ყველამ ფეხზე ადგომით დაცალეს შამპანიურით სავსე ფიალები. გათავდა ნადიმი. დიასახლისმა შეიწვია სტუმრები მეორე დარბაზში, სადაც პაწია მაგიდებზე გაემართად ყავა ლიქიორებით და ტკბილეულით. ისევ გამხიარულდენ ყველანი და შეიქნა საერთო მასლაათი. ხოლო სდუმდა უბედური „პრენსი“. ამ მეორე მარცხმა მოშალა მთლიანად იგი, მის სახეს აღარ მიკარებია ღიმი. ლორან ბროსემ მოიკიდა მისი მადლი და ჩამოიყვანა ბორდოში თავის ეტლით.
მეორე დღეს მწერს იგი თავის ამბებს და მემუდარება ბორდოში ჩასვლას: „აქ დიდ „პრენსად“ მომნათლეს, ნიკოლოზ II-ის „კუზენად“ მიღებენ და თავი ვერსად გამიყვიაო. მიშველე, ჩამოდი მალეო“, და მეც ორიოდ დღის შემდეგ ჩაველ ბორდოში.
„პრენსის“ გარდა აქ დამხვდა კიდევ ერთი ქართველი ლადო ცხადაძე. აქვე გავიცანი ერთი ზორბა ახალგაზრდა, პირტიტველა მოსკოველი რუსი შუსტოვი, კონიაკის ფირმის წარმომადგენელი. ეს რუსი აგვედევნა ქართველებს და არ გვშორდებოდა. წავედით სადარბაზოდ ლ. ბროსესთან. მან მეტად თავაზიანად მიგვიღო და დაგვპატიჟა სადილად ოთხივენი, ე.ი. ჩვენ სამი ქართველი და შუსტოვი. სადილზე მე და შუსტოვი ვისხედით დიასახლისის გვერდით, ხოლო „პრენსი“ და ცხადაძემასპინძლის გვერდით. სადილზე სხვათა შორის მოიტანეს ლოკოკინები („უსტრიცები“) ლიმონით. მე და „პრენსმა“ მოვიბოდიშეთ და არ ავიღეთ. მაშინ ბროსემ სთქვა: იმედია, მარცხნით მჯდომი ჩემი მეზობელი (იგულისხმეთ ცხადაძე) არ მეტყვის უარსაო და გადაუდო საინზე ხუთი ცალი. საწყალმა ცხადაძემ ზედმეტი მორცხვობით ვეღარ გაბედა უარის თქმა, ხოლო გაწითლდა უცნაურად. ბროსემ გაათამამა, აუხსნა, რომ ეს ზღვის ლოკოკინები მეტად გემრიელი და მარგებელიაო; აიღო თვითონ ერთი, გადუწია პირი ბუდეს და ჩააწურა შიგ ლიმონი. ლოკოკინამ სიმწვავისაგან დაიწყო ფართხალი, სწორეთ ამ დროს დააღებია პირი ამ საბრალო სვირელს და ძალად გადააყლაპია ლოკოკინა. ამას მოაყოლა ზედიზედ მეორე და მესამე. უბედურ ცხადაძის დაღმეჭილ სახეზე გამოიხატა საშინელი ტანჯვა. ვეღარ გავუძელით ამ ტრაგი-კომიკურ სურათს და უნებლიეთ წაგვსკდა თავშეუკავებული სიცილი. ჩვენ აგვყვა დიასახლისიც და იცინოდა მადიანად. გაეღიმა მასპინძელსაც და მიანება თავი ამ უენო სხვერპლს. ლადო ცხადაძეს კი სიმწრისაგან გადმოდიოდა ხვითქი და ალბად გუნებაში იწყევლიდა გაჩენის დღეს.
მეორე დღეს ერთმა დიდმა ფირმამ მიგვიწვია მთელი დღით გემზე და გემით დაგვატარა ჟირონდის კუნძულები უამრავი ვენახებით. მზიანი დღე, მხიარული საზოგადოება, გემის ბაქანზე გაშლილი სუფრა და მუქთი ქეიფი. მეტი რაღა გვინდოდა ქართველ სტუდენტებს!
შემდეგ დღეებში თითქმის მთელი კვირა ვმოგზაურობდით მედოკსა და სოტერნში, დავდიოდით დიდ შატოებში და ვეცნობოდით მათ ყურძნის კრეფას, დახარისხებას, ბუნებრივ კუპაჟს, ყურძნის დაწურვას და ტკბილის დადუღებას. იქაც, როგორც ჩვენში, ყურძენს წნეხენ ფეხით. ასევე ხდება ბურგონსა და შამპანში, ვინაიდან ცნობილია, რომ ფეხით წნეხის დროს საუკეთესოდ ისრისება ყურძნის კანი, რომელიც შეიცავს ეთეროვან ზეთებს და საფერავ ნივთიერებას, რომლებიც ერთვის ტკბილს და ამ სახით აძლევს ღვინოს სასურველ ფერსა და ბუკეთს. მანქანა (ფულუარი) ამას ვერ ახერხებს, პირიქით იგი ფლეთავს კანს და მეტადრე ამტვრევს წიპწას, რომელიც შეიცავს ტანინის დიდ რაოდენობას. ეს ზედმეტი ტანინი ერევა ტკბილში და აძლევს ღვინოს სიძელგეს, რაც სამჩნევად ამცირებს მის ხარისხს. ამიტომ არმც მარტო თუ საფრანგეთში, არამედ ევროპის სხვა კუთხეებშიც, სადაც ამზადებენ პირველ ხარისხოვან ღვინოებს (გრანდს ცრუს), ყურძენს წნეხენ ფეხით და არა მანქანით. მანქანითა და წნეხით („პრესით“) წნეხენ ყურძენს მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც ამზადებენ ჩვეულებრივსა და მდაბალი ხარისხის იაფფასიან ღვინოებს. ეს ხდება განსაკუთრებით სამხრეთ საფრანგეთში, მაგ., ეროს დეპარტამენში და სხ.
ვმოგზაურობდით ზემოაღნიშნულ რაიონებში ერთად ჩვენ, სამი ქართველი და ჩვენს კალთას შეფარებული რუსი შუსტოვი. ერთ ასეთ მოგზაურობის დროს სოტერნის რაიონში, სადაც გაჩაღებული იყო რთველი, შეგვემთხვა ფრიად უსიამოვნო კურიოზი. შემოგვაღამდა ერთ მოზრდილ დაბაში. დავაპირეთ ოთხივემ ღამის გათევა ერთად-ერთ სასტუმროში, რომლის დიდი დარბაზი სავსე იყო მთებიდან ჩამოსულ ყურძნის მკრეფავ ქალებით და ვაჟებით, გრძელ მაგიდებზე იყო გაუთავებელი ღვინის სმა, ქეიფი, ველური ცეკვა-ფარანდოლა, ყიჟინა, სიმღერა, ხვევნა და კოცნა. ჩვენ შევედით წყნარად, მოვიხმეთ სასტუმროს პატრონი და დავიქირავეთ ღამის გასათევად ორი პაწია ოთახი ზემო სართულში. შემდეგ სასტუმროს პატრონმა შეგვიწვია ცალკე ოთახში, დიდი დარბაზის გვერდით და მოგვიტანა ჩვენ მიერ შეკვეთილი მცირე ვახშამი. ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებოდით ქართულად და რუსულად, თანაც გავშალეთ ჟირონდის ოლქის მოზრდილი რუკა და ვშინჯავდით, საით წავსულიყავით ხვალ დილით და რომელ შატოს ვწვეოდით. ეს ჩვენი უცხო ენებზე საუბარი და რუკის შინჯვა არ მოეწონა თურმე არც სასტუმროს პატრონს, რომელიც ორ-სამჯერ შემოვიდა ჩვენს ოთახში ვახშმობის დროს და არც ერთ ვიღაც ტიპს, რომელიც იჯდა იმავე ოთახის ერთ კუთხეში და ვახშმობდა. ეს იყო თურმე ადგილობრივი მილიციელი ჟანდარმი. ორთავემ ეჭვი აიღეს ჩვენზე და მოგვნათლეს გერმანიის ჯაშუშებად. იმ ხანებში მთელი საფრანგეთი შიშით ბოდავდა გერმანიის მიმართ, თანაც ოცნებობდა „რევანშ“-ზე. ჩვენ მალე გავათავეთ მცირე ვახშამი და ავედით ზედა სართულში მოსასვენებლად. ერთ ოთახში დავწექით მე და გელოვანი, მეორეში კი, ცხადაძე და შუსტოვი. ისიც იყო, უნდა დაგვეძინა, რომ შეიქნა კარებზე რახუნი. ჩვენ წამოვარდით პერანგის ამარა და შევეკითხეთ: ვინ ხარ? პასუხად მოგვესმა შუსტოვის კნავილა ხმა: გააღეთ კარებიო. ოთხში შემოვიდა შიშისაგან აძიგძიგებული რუსი (შუსტოვი), მას შემოყვენ სასტუმროს პატრონი და ის ვიღაც ტიპი, რომელსაც მარჯვენა მკლავზე გაუკეთებია თავის თანამდებობის ნიშანი. შუსტოვმა გვითხრა რუსულად, რომ ამათ ვგონივართ ჩვენ გერმანელი ჯაშუშები და დაჭერას გვიპირებენო: „გვიხსენი, ძვირფასო გელოვანო! ახლა გამოგვადგება თქვენი თავადობა“-ო. ამ სიტყვებთან ერთად მოვიდა ჩვენთან თავხედათ ის ტიპიჟანდარმი („გარ შამპეტრ“) და მოგვთხოვა პასპორტები. არცერთს არ აღმოგვაჩდა. ჩვენი პასპორტები და სხვა საბუთები ბორდოში გვქონდა დატოვებული. რას ვიფიქრებდით, თუ აქ, ერთ დაბაში საჭირო გახდებოდა. ვაჩვენეთ სადარბაზო სურათები. არ დაკმაყოფილდა. წყრომით გაიძახოდა: მალე პასპორტებიო. - პასპორტები ბორდოშია, წავიდეთ და გაჩვენებთ-თქო. ის კი, ისევ თავისას გაჰყვიროდა: მალე პასპორტებიო!... შუსტოვი ცახცახებდა. მე და გელოვანს გული მოგვივიდა, მივმართეთ მუქარით და მოვითხოვეთ ჟანდარმერიაში მის უფროსთან წაყვანა. ჩვენმა ასეთმა იერიშმა იმოქმედა მასზე; იგი შეკრთა და დააპირა უკან დახევა, ჩვენ კი უფრო გავთამამდით. იგი გაგვექცა. მოვთხოვეთ სასტუმროს პატრონს, ესწავლებია გზა ჟანდარმერიისკენ. მან არ გვასწავლა, ხოლო მოგვთხოვა, ახლავე დაგვეცალა ოთახები. ამასობაში ჩავიცვით ტანზე და მთელი დღის სიარულით დაქანცულნი, თანაც უძილონი, ჩამოვედით ძირს. აქ დიდ დარბაზში ისევ სუფევდა ხალხის ორგია. ჩვენს დანახვაზე დაიწყეს ფუჩუნი, შემდეგ მოგვაძახეს: „დეზესპიონ!“ (ჯაშუშები!).
ჩვენ დავადექით შარას და მივდიოდით ალალბედზე. მთვარის შუქი გვიწყობდა ხელს. გავიარეთ კარგა მანძილი. შეგვხვდა მგზავრი და გვასწავლა იმ დაბის მიმართულება, სადაც იყო ჟანდარმერია. ჩვენ წინ გაიქროლა ველოსიპედით ვიღაცამ, ალბად ჟანდარმერიის გასაფრთხილებლად. გავიარეთ 6 კილომეტრი და მივედით იმ დაბაში. ერთ სახლში ქორწილი იყო გაჩაღებული, ქეიფობდენ ეზოში. აქ მიგვასწავლეს ჟანდარმერიის უფროსის ბინა. მივადექით შენობას, ბევრი ვაკაკუნეთ კარებს, ბევრი ვიძახეთარავინ გამოგვხედა. ფრიად შევწუხდით. ციოდა საგრძნობლად. აღარ ვიცოდით, მწარე დაქანცულებს სად შეგვეფარებია თავი, სად გაგვეთია ღამე. ოთხივენი ძლივს ვიდექით ფეხზე. გადავწყვიტეთ რკ. გზის უახლოეს სადგურზე მისვლა და იქიდან ბორდოში გამგზავრება. იქვე ახლოს მოვნახეთ რკ. გზის ლიანდაგი და დავადექით ალალ ბედზე. გავიარეთ 4-მდე კილომეტრი და მივადექით პაწია სადგურს. იგი დაკეტილი დაგვხვდა. გუშაგმა არ შეგვიშვა. მატარებელი გამოივლიდა მხოლოდ დილის 7 საათზე. იძულებული გავხდით, იქვე მინდორში დავწოლილიყავით მიწაზე და სასთუმლად მიგვედო თავქვეშ ქვები; ამ სახით გვეცადა მატარებლისათვის.

სიმონ ქვარიანი
მონპელიე, 1898 წელი
ფოტო: მიშელ ალბერნ
7 საათზე დილით მართლაც გამოჩდა მატარებელი, ჩავსხედით და ჩავედით ბორდოში. უზომოდ დაქანცულნი და უძილონი მაშინვე ჩავწევით ლოგინში და დავიძინეთ. გვეძინა მთელი დღე საღამომდე, საღამოს კი, ყველანი წავედით რუსეთის გენ. კონსულთან, ლორან ბროსესთან და ვაუწყეთ წერილობითა და სიტყვიერად ეს ჩვენი უსიამოვნო ინციდენტი. იგი მეტად შეაწუხა ამ ამბავმა და მეორე დღესვე გაუგზავნა ვრცელი პატაკი პარიზში რუსეთის ელჩს, რომელმაც თავის მხრივ მიმართა საფრანგეთის გარე საქმეთა მინისტრს. სასწრაფოდ გამოიძიეს საქმე და დადასტურდა ჩვენი სიმართლე. ის ჟანდარმი დაითხოვეს სამსახურიდან; სასტუმროს პატრონი კი, დასაჯეს სასტუმროს 6 თვით დაკეტვით. ჩვენს წინაშე საფრანგეთის მთავრობამ მოიხადა ბოდიში და შეგვეკითხა, რა თანხას ვთხოვილობთ ნივთიერ ზიანის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ქართველური რაინდობით უარი განვაცხადეთ ნივთიერ კომპენსაციაზე, ხოლო ამ გამოძიებაზე ადრე გავემგზავრეთ მონპელიეში, რადგან გვაგვიანდებოდა. ბორდოში კი დავტოვეთ შუსტოვი.
________________
1. Толкучка (რუს.) - ძველმანების ბაზარი.
2. ამ 35 წლის წინად საფრანგეთის პროვინციალურ ქალაქებში მოქმედობდენ მხოლოდ ეტლები. ავტომობილები კი შემოვიდა ხმარებაში შემდეგ (ავტორი).
3. Frénétique (ფრანგ.) - გაცხარებული.
![]() |
22 მონპელიეში |
▲ზევით დაბრუნება |
ბორდოდან გავედით სექტემბრის ბოლო რიცხვებში. მატარებლის გამოცვლის გამო გზად შევჩერდით 3 საათით ქ. ტულუზაში, რომელიც მეტად მოგვეწონა. აქედან კი ჩავედით ქ. მონთუბანში. აქ გვეგულებოდა ქართველ კათოლიკეთა მონასტერი. სამი ქართველი ახალგაზდის ეროვნული გრძნობა ააფრთოვანა კოხტა ეკლესიის წინა კარების თაღზე რკალად ქართულმა წარწერამ დიდრონი ასოებით. აქ დაგვიხვდა სამი სიმპატიური ქართველი: პატრი ანდრია - 45 წლის, გრძელ წვერა, წარმოსადეგი ხუცესი და ორი ახალგაზრდა მორჩილი. სამთავემ აღტაცებით მიგვიღეს სამი ქართველი სტუდენტი და მესამე დღემდე არ გაგვიშვეს. დაგვატარეს მონასტერი, გვაჩვენეს ქართული სტამბა, წიგნსაცავი და სხ., თანაც გაგვიმასპინძლდენ ქართული გულუხვობით. ამ სამხრეთ საფრანგეთის ერთ პაწია ქალაქში შეფარებულ სამიოდ ქართველის გულში ენთო პატრიოტული ცეცხლი. ისინი იღვწოდენ ქართველი ერის კულტურისათვის, ისინი ოცნებობდენ საქართველოს პოლიტიკურ თავისუფლებაზე...
მესამე დღეს დავემშვიდობეთ ამ სულიერ ძმებს, ამ წყნარ მუშაკებსა და კეთილ ქართველებს, გავსწიეთ მონპელიისკენ. ორიოდ საათის შემდეგ მატარებელი ამაყად შეიჭრა ნამდვილ ზვარ- ვენახთა სამეფოში. ირგვლივ ფართოდ გაშლილ ვაკეზე, თვალუწვდენ მანძილზე იყო სულ ზვრები, ზვრები და ზვრები... ზვრები უხარდნო1, ზვრები მინდვრად გაშენებული, ვაზები გრძელი ლერწებით ბოლოებში ერთი მეორეზე მიკრულნი, ვაზები შავი მტევნებით დაყურწულნი. აქ ვაზის ჯიშებში ბატონობს არამონი თავის საარაკო მსხმოიარობის გამო. ერთი ჰეკტარი არამონით გაშენებული ვენახი იძლევა 1200-დან 1500 ფუთამდე ყურძენს, ანუ ამდენსავე ვედრო ღვინოს. ხოლო ღვინო თხელია, უძალო, უფერული; სპირტის რაოდენობა ძლივს აღწევს მასში 7-80-ს. ამიტომ ასეთი ღვინო ღირს მეტად იაფად, ერთი ვედრო დაახლოებით 10 შაურად ან სამ აბაზად. ასეთ ღვინოებს სვამენ იქ წყალის მაგიერ, როგორც ჩვენს საღვინე რაიონებში წყალ-მაჭარას. სამხრეთ საფრანგეთის დაბა-ქალაქთა რესტორანებში არამონის ღვინო მოაქვთ უფასოდ ისე, როგორც პური. ფულს იხდით მხოლოდ კერძში, მოთხოვილ ჭამადში. ერთ ლიტრ ღვინოს გიდგმენ უფასოდ და შეგიძლიათ, დალიოთ რამდენიც გსურთ, თქვენს სინდისზეა მიგდებული („ა დისკრესიონ“2).
ამ არამონის ღვინოებიდან ხდიან არაყს, სპირტს, კონიაკს, აგრეთვე აუმჯობესებენ კუპაჟის3 მეოხებით და ამ სახით იგი საღდება თითქმის მთელ საფრანგეთში, როგორც იაფი და მშრომელ მასებისათვის ხელმისაწდომი მარგებელი სასმელი. არამონის ღვინის საკუპაჟოდ კი, ადგილობრივ ხმარობენ ისეთ ჯიშების ღვინოებს, რომლებიც საკმაოდ მაგარია, ძარღვიანი, ძელგი და ფეროვანი. ასეთი კუპაჟი სამჩნევად აუმჯობესებს ღირსებით არამონის თხელ ღვინოებს და აძლევს გამძლეობის სიმტკიცებს.
ჩასვლისთვანავე მონპელიეში მე და პ. გელოვანი წარვუდეგით მონპ. უმაღლეს სამ. სასწავლებლის დირექტორს, ბ-ნ ფერუიას და ვაჩვენეთ საბუთები. მან ჩაგვრიცხა პირველ კურსზე. იმ დღიდან დავიწყეთ ბეჯითად სიარული და მაცადინობა. პროფესორთა შორის ჩვენს ყურადღებას იბყრობდა ორი: ბ-ნი რავაზი, ვიალასთან ერთად ამერიკული ვაზებისა და მათზე ნამყენების შემომღებიიგი გვასწავლიდა ინსექტოლოგიას, და ბ-ნი დიუფურიგვასწავლიდა მეღვინეობას. მცოდნე კაცი იყო, მაგრამ უცნაური ლექტორი. ისეთი ხმა ჰქონდა, რომ შეუძლებელია მის ლექციაზე არ დაგძინებოდა. აუდიტორიის ნახევარს მუდამ ეძინა მის ლექციაზე, რამდენიმე სტუდენტი ხვრინსაც კი ამოუშვებდენ. ამ კეთილ პროფესორს თავისი ხმის ასეთი უცნაური ძალა კარგად ჰქონდა შეგნებული და როცა სტუდენტები დაუწყებდენ მხვრინავ ამხანაგებს ნჯღრევას და გაღვიძებას, დიუფური ეტყოდა მათ ხოლმე: „დაანებეთ თავი! ეგ ვაჟბატონები ყურძნის ტკბილს ადუღებენო“ („ეი ფონ დე ფერმენტასიონ“), რაც იწვევდა მსმენელებში სიცილ-ხარხარს.
დრო ასე მქონდა განაწილებეული: დილით დავდიოდი აღნიშნულ უმაღლეს სამეურნეო სასწავლებელში, ნასადილევს ვმუშაობდი პრაქტიკულად ცნობილ რიხტერის4 პეპინიებში5 (ამერიკული ვაზებისა და ნამყენების საჩქოლეში), საღამოობით კი, ღამის 10 საათამდე ბეჯითად ვისმენდი საღამურ ლექციებს მონპ. უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ანუ მწერლობის ფაკულტეტზე („faculté és lettres“). ლექტორთა შორის აქ ყველაზე უფრო დამაინტერესა პროფ. მაასმა თავის დიდი ერუდიციით და ენამჭევრობით. იგი მალე გავიცანი და ლექციის შემდეგ ხანდახან ვსეირნობდით ქალ. ბაღში, ვსაუბრობდით უმთავრესად მწერლობასა და პოლიტიკაზე. ეს დიდად მცოდნე და ფრიად ნიჭიერი პროფესორი კითხულობდა ლექციებს საერთოდ მსოფლიო ლიტერატურაზე, იმ ჟამად კი, საფრანგეთის ლიტერატურაზე. ამ კეთილი ადამიანის წაქეზებით ერთი წლის შემდეგ წარჩინებით ჩავაბარე უნივერსიტეტში გამოცდები და მივიღე გათავების დიპლომი. წერითი თემა იყო: „რომანტიზმი და რეალიზმი საფრანგეთის ლიტერატურაში“. ეს თემა უცხოელ მსმენელთა შორის დავწერე ყველაზე უკეთესად და მივიღე „ფრიადი“. ზეპირი გამოცდები ჩავაბარეთ მწერლობა-ისტორიის დარგებში. უცხოელ მსმენელთა შორის ამ უმაღლეს კურსებზე იყვნენ უმთავრესად ბულგარელები, სერბები, პოლონელები, უკრაინელები, ფინები და ებრაელები; ქართველებში კი, მხოლოდ მე. სხვათა შორის, ყოველ ჩვენგანს მოგვთხოვეს წაგვეკითხა ზეპირად ჩვენი გამოჩენილ პოეტის რომელიმე ლექსი და იქვე გადაგვეთარგმნა ფრანგულად. მე დიდის პათოსით წავუკითხე ი. ჭავჭავაძის ცნობილი ლექსი: „მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა“... და იქვე გადავთარგმნე ფრანგულად, რამაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე პროფესორებზე.
დიახ, მივიღე მონპ. უნივერსიტეტის დიპლომი და ეს დიპლომი დიდად გამომადგა ცხოვრებაში. სწორედ მისი მეოხებით 1907 წელს აგვისტოში მიმიწვია მასწავლებლად ქუთ. ქართ. გიმნაზიაში მისმა დირექტორმაი. ოცხელმა და ჩამაბარა სამი საგანი: ფრანგული ენა, ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.
მონპელიეშივე კვირაში ორჯერ დავდიოდი ნასადილობით მონპ. ენოლოგიურ სადგურში და ვვარჯიშობდი ღვინოების დეგუსტაცია-ანალიზებში ამავე სადგურის დირექტორისგამოჩენილ მეცნიერ როოსის ხელმძღვანელობით. მართლაც, 8 თვეში ისე გავიწაფე იმ დარგებში, რომ ვითვლებოდი ღვინოების საუკეთესო დეგუსტატორად (გამომცნობათ) და ანალიტიკად. მაგრამ ეს ცოდნა ჩვენში გამომადგა მხოლოდ ერთხელ, რაზედაც ქვემოდ გვექნება საუბარი.
მონპელიეში პ. გელოვანს გარდა, ჩემსობას იყვნენ კიდევ სამი ქართველი: გ. ჯ-ლი, ლ. ც-ძე და ი. რ-ლი. ესენი დამხვდენ იქ. ამათში ორი პირველი იყვნენ საკმაოდ კურიოზული ტიპები. მაგ., გ. ჯ-ლის თავი მოჰქონდა, რომ თავის სიცოცხლეში რაიმე სერიოზული წიგნი არ წაეკითხა: „კაცობა ის კი არაა, რომ სხვების აზრები შეითვისოო, არამედ ბიჭობა იმაშია, რომ შენი საკუთარი აზრები გქონდესაო“,ეტყოდა ხშირად ეს ორიგინალური „ბრ(ძ)ენი“ თავის ორ მოწაფეს, - იგულისხმეთ ლ. ც-ძე და ი. რ-ლი; და ესენიც ერთგულად ასრულებდენ თავის ოსტატის ამ „დიდებულ მოძღვრებას“. ამ სახით, სამივე რაინდი დაყიალობდენ მეტ წილად მონპელიის ქუჩებში და ერთობოდენ სხვა და სხვა სანახაობით. ფრანგული ენაც იმდენი იცოდნენ, რომ ვაივაგლახით შეეძლოთ საჭმელ-სასმელის ყიდვა, ბინის დაქირავება და მგზავრობა, თანაც იმ ორიოდ სიტყვების გამოთქმა ჰქონდათ მეტად უცნაური, გრამატიკაზე ხომ თქმაც ზედმეტია... ამათში ლ. ცხადაძეს მეტად უყვარდა ნადირობა ღამის ფერიებზე, მაგრამ ფრანგული ენის უცოდინრობა უშლიდა ხელს და აყენებდა ხშირად სასაცილო მდგომარეობაში. აი, მაგალითიც: ერთხელ, ღამე ხეტიალის დროს მთავარ ქუჩაზე შეხვდა თურმე საკმაოდ ლამაზი ფერია და გაუღიმა. ლ.-მ მოიშვლიპა ქუდი და მიაძახა ბოხი ხმით: „ბონჟურ, მადმაზელ“! (დილა მშვიდობის, ცირავ). უკვე შუა ღამე იყო. ასეთ უცნაურ მისალმებაზე შეჩერდა ქალი და აუტყდა სიცილი. ქალის საქციელმა გაათამამა ეს ჩვენი რაინდი, მიუბრუნდა და ეუბნება: „ალლონ“! (წავიდეთ). ასეთ უცნაურ გამოთქმაზე ფერიამ კიდევ უფრო გადიკისკა და უთხრა: „ალონ შე მუა, მუსიო“ (ჩემთან წავიდეთ, ბატონო). ამ ჩვენს რაინდს კი, სურდა, თვით წაეყვანა ქალი და უპასუხა: „ნონ, ალლონ მუა“ (არა, წავიდეთ მე). ქალს კიდევ უფრო გაეცინა ასეთ ფრანგულზე, გაუკეთა ხელკავი და წაიყვანა ძალად ეს რაინდი თავის ბინაზე. შეიყვანა ოთახში და შესთავაზა ერთად ერთი სკამი. თვითონ კი მოიხადა შაპო, მოხდენით ჩამოჯდა იქვე თავის ლოგინზე და აათამაშა პაწია ფეხები. ეს ჩვენი სამშობლოს დამამშვენებელი კი, იჯდა ლოდივით მდუმარე და არ იცოდა, რა ეთქვა ამ ლამაზ ფერიასთვის. ქალმა უცქირა ერთხანს ამ მუნჯ არშიყს და წამოიძახა თვისთვის: „სე კოკას, ქე სე მუსიო ნე პარლ პა ფრანსე“ (სასაცილოა, რომ ეს ვაჟბატონი ვერ ლაპარაკობს ფრანგულათაო). ჩვენმა რაინდმა წარმოიდგინა, ამ ქალმა უსათუოდ კავკასიელად შემიცნოო და უპასუხა გახარებულმა: „უი, უი, ჟე კოკაზ, ჟე კოკაზ!“ (კი, კი, მე კავკასია) (ფრანგულად „კოკას“ ნიშნავს „სასაცილოს“, „კოკაზ“ კიკავკასიას). ჩვენი გმირის ასეთ უცნაურ წამოყვირებაზე ქალს აუტყდა ნერვიული სიცილი, რაზედაც გაოცებით შესცქეროდა ეს ჩვენი რაინდი. შემდეგ წამოდგა დათვური ბაჯბაჯით და უცაბედათ წამოჰკრა ფეხი ქალს, მიაძახა: „პარდონნ, მადმაზელლ“! (უკაცრავად, ქალიშვილო). ქალმა უპასუხა მოხდენით, „პა დე ქა რიან, მუსიო“ (არაფერია, ბატონო). ამ ჩვენმა რაინდმა იფიქრა, ამ ქალმა ალბად ქვარიანად შემიცნოო და პასუხად დაიღრიალა: „ნონ! ჟე ნე ქვარიანი, ჟე ც-ძე“! (არა, მე არა ქვარიანი, მე ც-ძე). ამ უცნაურ წამოძახილზე ქალის სიცილსა და კისკისს არ ჰქონდა საზღვარი...
აი, ასეთები იყვნენ, სამწუხაროდ, ზოგიერთნი საფრანგეთში ჩამოსულნი ვითომც და უმაღლეს სწავლის მისაღებად!
______________
1. ხარდანი - ვაზის სარი.
2. Discrétion (ფრანგ.) - შეხედულებისამებრ.
3. Coupage (ფრანგ.) - სხვადასხვა ღვინის ერთმანეთში შერევა.
4. რიხტერის სანერგე მონპელიეში მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე არსებობდა.
5. pépinière (ფრანგ.) - სანერგე, საჩქოლე.
![]() |
23 ჩემი პირველი ნაბიჯი საზოგადო ასპარეზზე |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადო და სპეციალური ცოდნით აღჭურვილი, დიდი იმედებით აღსავსე ახალგაზრდა დავბრუნდი ევროპიდან სამშობლოში 1899 წლის აგვისტოს. ჩემი პირველი მიზანი იყო მომეწყო იმერეთში ამერიკ. ვაზებისა და ნამყენთა საჩქოლე1 და გამეცნო გლეხთათვის ამათი კულტურა. დავხმარებოდი სავენახე რაიონების მცხოვრებთ ფილოქსერით განადგურებული ვენახების აღდგენაში, მით უმეტეს, რომ ეს საქმე კარგად მქონდა შესწვალილი ქ. მონპელიეში (საფრანგეთში) ცნობილ რიხტერის საუკეთესოდ დაყენებულ საჩქოლეში. აგრეთვე მსურდა, მომავალში მეწარმოებია კიდევ ფრანგული მეღვინეობა და ღვინის ევროპიული ტეხნიკის გაცნობით მევენახობის-მეღვინეობის შემოსავლიანობა, რენტალობა. რადგან ამათებისთვის არ მქონდა არავითარი სახსარი და ვერც სესხად ვიშოვიდი რამეს, ამიტომ გადავწყვიტე, დამეარსებია ამხანაგობა 25 მანეთიანი პაით2, მართლაც დავაარსე ქუთაისში პატარა ამხ-ბა „ზვარი“, რითაც შევაგროვე პაებით 600 მანეთამდე. ამ ფულის ნაწილით გამოვიწერე ძირითადად ამერიკული ვაზების ლერწები საფრანგეთიდან, დავუთმე უფასოდ ამხ-ბას ჩემი საკუთარი ეზო ქუთაისში, გადავაბრუნე მიწა საჩქოლედ და შეუდეგ საქმეს. მივიღე თუ არა ამერ. ლერწები, მაშინვე მოვიწვიე ახალგაზრდა გლეხები სვირ-სიმონეთის რაიონებიდან, შევიძინე ჩვენივე სანამყენეთ ადგილობრივ ჯიშების ლერწები (ციცქა, ცოლიკაური, რქაწითელი, ძველშავი და სხ.) და ჩემსავე სახლში შევუდექით მყნობას. მოწვეულ გლეხებს ვასწავლიდი უფასოდ ამ საქმეს და ამავე დროს შრომის ხელფასად ვაძლევდი დღიურად თითოეულს, ვგონებ, 6 აბაზს, რაც იმ დროს დიდი ფასი იყო. ნამყენ ალაგას რაფიით3 გაკრული ნამყენები 40 000-მდე იმ ზამთარს შევინახე ჩემს სარდაფში, მოსველო სილით დაფარული და გაზაფხულზე შეუდეგით მათ დარგვას საჩქოლეში ფესვების გასაკეთებლად, ნამყენ ალაგას კარგათ შესახორცად, გადარჩევის და შემდეგ გასავრცელებლად სავენახე რაიონებში განადგურებული ზვარ-ვენახების აღდგენის მიზნით.
რადგან ამერიკულ ვაზებზე ნამყენები სულ ახალი საქმე იყო ჩვენში და ხალხმა არ იცოდა მათი მოვლა-მოშენება, ამიტომ იმავე წელს შევადგინე გასაგები ენით და სურათებით და შემდეგ გაზაფხულზე დავბეჭდე და დავარიგე ხალხში პრაქტიკულ სახელმძღვანელოთ თითო შაურიანი ორი წიგნაკი: 1. „ამერიკული ვაზებით ვენახის გაშენება“ (ე.ი. მათზე მყნობა და ნამყენთა შენახვა-გახარება) და 2. „ნამყენი ვაზით ვენახის გაშენება“ (ე.ი. უკვე გახარებული ნამყენებით ვენახის გაშენება).
აშკარად ვამჩნევდი, რომ ეს ჩემი მუშაობა იღებდა საქველმოქმედო ხასიათს. მე კი არავითარი სახსარი არ მქონდა საცხოვრებლად, მით უმეტეს, რომ სამი სული ადამიანი მაწვა სარჩენად (მოხუცი დედა და ორი უპატრონო არსება ჩვენი ოჯახის ქვეშ შეფარებულნი). რითიღა მერჩინა თავი და სამი სული ადამიანი?.. უნდა შევსულიყავი სამსახურში, მაგრამ სად? მეფის მთავრობის სამსახურში შესვლა არ შედიოდა ჩემს გეგმაში. უმალ ვარჩევდი შიმშილით სიკვდილს. მაშ, უნდა მეშოვნა რაიმე ალაგი ან რომელიმე საზოგადო დაწესებულებაში ან კერძო პირთან (რომელიმე მემამულესთან).
სწორედ ამ დროს გამიღიმა ბედმა და კარზე მომადგა ქუთაისში კარგად ცნობილი თავის პატიოსნებით და საზოგადო მოღვაწეობით, იმავე დროს ჭიათურაში შავი ქვის სხვილი მრეწველი დ. ნ. ბაქრაძე. ადრევე ვიცნობდით ერთმანეთს, ვხვდებოდით ქუთ. სამეურნეო საზოგადოების განყოფილებაში, სადაც წინათ წავიკითხე კიდეც მოხსენება ფილოქსერისა და ვაზების შესახებ, აგრეთვე ქუთ. სამეურნ. სასწავლებელშიც, რომლის მზრუნველად ითვლებოდა იგი. დ. ბაქრაძეს იმ ხანებში ეჭირვებოდა ჭიათურაში თავის მადნებისა და წარმოებისათვის საიმედო გამგე. ამ მიზნით ეძებდა იგი პატიოსანს, საქმიანს და შეგნებულ ადამიანს. ამ ძებნაში შეჩერებულა ჩემზე. მან თავისებურ სიდარბაისლით შემომთავაზა ეს ადგილი 150 მანეთი თვიური ჯამაგირით (რაც იმ დროს კარგი ფული იყო), მასთან უფასო ბინა კანტორის შენობაში, მოსამსახურე (დარაჯი), გათბობა და განათება.
სიამოვნებით დავთანხმდი ასეთ წინადადებას, მით უმეტეს, რომ დ. ბაქრაძეს პირადათ დიდ პატივს ვცემდი, როგორც ერთ საუკეთესო ინტელიგენტს და უმწიკვლო ადამიანს. დავთანხმდი კიდევ იმისათვის, რომ მეტად მაინტერესებდა ჭიათ. მრეწველობის ბედი, რადგან იმ დროს დიდი მოთხოვნილება იყო ათეული მილიონი ფუთი მარგანეცი.
___________________
1. სანერგე.
2. საერთო საქმეში თითოეული წევრის მიერ შეტანილი წილი.
3. ბოჭკო, რომელსაც სახვევად იყენებენ მებაღეობაში.
![]() |
24 მოგონებანი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
24.1 მოკლე წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
1. ამ რამდენიმე წლის წინათ დავწერე შავად საკმაოდ ვრცელი მოგონებანი ჩემს შესახებ დაბადებიდან ქ. მონპელიეში (საფრანგეთში) სწავლის დამთავრებამდე. დამრჩა პარიზი, სადაც დავრჩი დაახლოებით 3 ½ თვე (მაისი-აგვისტო). ვისმენდი ლექციებს სორბონში, იმავე დროს ვმაცადინობდი L'Institut agronomique-ში (უმაღლესი სამ. სასწავლებელი) მიწების ანალიზებზე გამოჩენილ მეცნიერ მიუნცთან და კაიზერთან, საღამოობით კი, ვმაცადინობდი პარიზის ეროვნულ წიგნსაცავში.
2. სამშობლოში ჩამოსვლისას (1899 წ. აგვისტოს დამლევს) დავაარსე ქუთაისში მევენახეობის ამხანაგობა „ზვარი“, დავუთმე მუქთად ალაგი ჩემს ბაღში, გამოვიწერე პეპინიერისტ რიხტერიდან (მონპელიე) ამერიკული სხვა და სხვა ჯიშის ვაზები, ნაწილი მოსაშენებლად, ნაწილი სანამყენედ; მოვიწვიე ქუთ. საშ. სკოლის მოწაფენი, აგრეთვე ახალგაზრდა გლეხნი იმერეთის სხვა კუთხეებიდან და შევასწავლე მათ ამერიკ. ვაზების კულტურა, ადგილობრივ ვაზების დამყვნა ამერიკ. ვაზებზე, მათი გახარება და მათი მოვლა. ამავე მიზნით დავწერე, დავბეჭდე და გავავრცელე ხალხში ორი პაწია სახელმძღვანელონი: ა) „ამერიკული ვაზით ვენახის მოშენება“ და ბ) „ნამყენი ვაზით ვენახის გაშენება“.
3. იმავე წელს (1899-900 წ.) დავმყენით სულ 60 ათასამდე ვაზი (ლერწი), ამათგან გაიხარა 40 ათასმა. ეს ძირეული ნამყენი გავავრცელე ირგვლივ სოფლებში (თითო შაურად თითო ნამყენი), ხოლო ნახევარ ქცევაზე მეტი გავაშენე ჩემთვის, ჩემს ბაღში ამ ჯიშების შესწავლის მიზნით.
უნდა დაიწეროს უფრო ვრცლად ჩემი ყოფნა პარიზში და ჩემი მოღვაწეობა ამხ. „ზვარი“-ს ირგვლივ.
4. ჩემი მოღვაწეობა ჭიათურაში (19001906 წ.). ამის შესახებ დაწერილი მაქვს საკმაოდ ვრცლად მოგონებანი. ეს ნაშრომი წარვადგინე დასაბეჭდად ჟურ. „მნათობში“ (ვგონებ, 1928 წ.). მაგრამ ჩემმა პირადმა მტერმა (რა მიზეზით მტრობდა, დღესაც არ ვიცი) გ. ყურულიანცმა (გ. ყურულაშვილად წოდებულმა), ჟურ. „მნათობი“-ს რედაქტორმა არ გაუშვა იგი ჟურნალში. 1933 წელს კი, ეს ჩემი ნაშრომი მომთხოვა ლენინ-სტალინის ინსტიტუტმა (შ. ცაგარეიშვილი), მიიღო როგორც მასალა ჭიათ. შავი ქვის მრეწველობის ისტორიისათვის და მომცა სათანადო ჰონორარი 800 მანეთი (ამჟამად ეს ჩემი ნაშრომი ინახება აღნიშნულ ინსტიტუტში, ვგონებ, ამხ. გ. ხაჭაპურიძესთან).

ქვარიანი
1900-იანი წლები
5. ჩემი მოღვაწეობა სარევოლუციო ასპარეზზე (1893-96 წლები და 1899-1917 წლები).
ამ ჩემს საკმაოდ ვრცელ მოღვაწეობაზე მაქვს დაწერილი მხოლოდ რამდენიმე მოგონებანი ეპიზოდური ხასიათისა (ისინი დღემდე დაუბეჭდავია, ინახება ჩემს არქივში).
ა) 1893-96 წლებში უმეტესად ვცხოვრობდი ტფილისში, ვმსახურებდი ა/კ რკ. გზის სამართველოში, ვთანამშრობლომდი ქართულ- რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, ამავე დროს ვმაცადინობდი და ვემზადებოდი საფრანგეთში წასასვლელად, უმსიმონ თავრესად სამეურნეო ცოდნის მისაღებად. სწორედ ამ ხანებში დავაარსე ტფილისში ფარული წრე, სადაც ვკითხულობდი რეფერატებს ან ვმართავდი საუბრებს სოციალურ მეცნიერების სხვა და სხვა დარგებში. ჩემს საუბარ-რეფერატებს უმთავრესად ისმენდენ გიმნაზია-სემინარიისა და საოსტატო ინსტიტუტის უფროს კლასელი მოწაფენი.
ბ) საფრანგეთიდან დაბრუნებისას, 1899 წელს, სექტემბერში, ქუთაისში დავაარსე ორი ფარული წრე: ვაჟებისათვის და მოსწავლე ქალებისათვის. ერთს ეწოდებოდა ისტორიული, მეორეს კი, ლიტერატურული წრე. ვუკითხავდი მათ უმთავრესად საქ. ისტორიას და ქართ. ლიტერატურას, აგრეთვე ვაცნობდი სოციალისტურ მოძრაობასა და სხვა და სხვა პოლიტ. პარტიებს. ჩემ გადასვლამ ჭიათურაში (1900 წელს, აპრილიდან) შეაჩერა ორივე წრის მოქმედება.

ფედოსი ჭავჭანიძე-ქვარიანი
თბილისი, 1880-იანი წლები
ფოტო: აბრამ ნორდშტეინ
გ) რუსეთ-იაპონიის ომმა (1904-05 წწ.) ხელი შეუწყო რუსეთსა და ჩვენში რევოლუციური მოძრაობის ზრდა-განვითარებას. რევოლუციურ მოძრაობაში ჩავები მეც. გამოვდიოდი მიტინგებზე, ვგმობდი საჯაროდ ბნელი ცარიზმის რეჟიმსა და პოლიტიკას. გამოვდიოდი ქუთაისში ოფიც. კრებებზე ქუთ. საშუალო სასწავლებლებში და ვიცავდი მოწაფე ქალ-ვაჟთა ინტერესებს. აგრეთვე იმართებოდა ჩემს სახლსა და ბაღში მოწაფეთა ფარული კრებები. მეფის პოლიცია და ჟანდარმერია ხუთჯერ დაეცენ ჩემს ბინას (სახლის პოლიციის ქუჩაზე), გაჩხრიკეს იგი და წაიღეს ზოგი რამ და სხ. ოთხჯერ ვერ მიხილეს შინ (ღამეს ვათევდი სხვა და სხვა ალაგას, მაგ., ჩემს სიძე ბეს. კვინიხიძესთან, ჩემს მეგობარ ტრიფონ ღამბაშიძესთან. აგრეთვე 2-3 თვე ვიმალებოდი სოფ. ჭოლევში ჩემს მეგობარ მასწავლებელ დომენტი ოყროშიძესთან (პოეტი დ. თომაშვილი), ხოლო მეხუთედ მიმასწრეს ბინაზე, მტაცეს ხელი და მიკრეს თავი ქუთ. სატუსაღოში. შემდეგ დამიპირეს გადასახლება კოლხეთის ფარგლებიდან, მაგრამ ჩემმა გაბედულმა შეკამათებამ ქუთ. გუბერნატორ ორბელიანთან (სახელი არ მაგონდება) იქონია მასზე ისეთი გავლენა, რომ ავიცილე თავიდან ეს უსიამოვნო სიურპრიზი. მოხუცი გუბერნატორი ორბელიანი აღმოჩნდა რაინდი ქართველი. მას მოეწონა ჩემი გულწრფელი და გაბედული საუბარი და „გვაპატია“ მე და 12 ახალგაზრდას (ჩემი მეოხებით) ეს „პირველი დანაშაული“.
რასაკვირველია, განვაგრძე რევოლუც. მოღვაწეობა, რის გამოც კვლავ დამიპირეს დაჭერა, მაგრამ გავუსხლტი ხელიდან. იმ ხანებში მე დავაარსე პროგრესიული დემოკრატიული პარტია (ჯგუფი), შევადგინე პროგრამა, გვქონდა პარტიის ბეჭედი და ფარული სტამბა, ვცემდით პროკლამაციებს და სხ.
დ) რეაქციის დროს, 1906 წ., როცა ალიხან მხეცი ცეცხლითა და მახვილით ანადგურებდა დასავ. საქართველოს, მე ვიმალებოდი ტფილისში (ფ. ჭ-ძის ბინაზე) და ვცემდით გაზეთს „ახალი დროება“-ს.
ამავე წელს (აპრილ-მაისში) წაველ გერმანიაში, ხოლო სექტემბერში მოვიტაცე და შევირთე ცოლად გამბედავი და რევოლუც. მოღვაწე ქალი ფედოსი ჭავჭანიძე (ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი სარევ. ასპარეზზე).
6. 1907 წელს აგვისტოში ქუთ. ქართ. გიმნაზიის დირექტორმა, იოსებ ოცხელმა მომიწვია ამავე გიმნაზიის მასწავლებლად და მომცა სამი საგანი: ქართული ლიტერატურა, ფრანგული ენა და საქართველოს ისტორია. ჩამაბარა 10 კლასი, 1-5 ძირითადი და პარალელი. იმავე თვეში გიმნაზიამ გამგზავნა ტფილისს, როგორც მისი წარმომადგენელი პოეტ ი. ჭავჭავაძის დასაფლავებაზე დასასწრებლად და სიტყვის სათქმელად.
7. პედაგოგიურ ასპარეზზე ვმოღვაწეობდი 1913 წ. დამდეგამდე. თავი დავანებე მასწავლებლობას ექიმების რჩევით, რადგან გამომაჩდა მძიმე სახის გულის ავადმყოფობა (მიოკორდიტი) და ორჯერ წამივიდა გული კლასში გაკვეთილის ახსნის დროს. ეს მძიმე დაავადება შემძინა ჩემა მედგარმა მოღვაწეობამ საზოგადო და სარევოლუციო ასპარეზებზე, მეტადრე 1900 წლიდან, აგრეთვე დიდმა მუშაობამ და ტროპ. მალარიამ.
1913 წელს, ვგონებ, მარტში დიდ ხმის უმეტესობით ამირჩიეს ქუთ. ქალაქის გამგეობის წევრად. ამ ახალ ასპარეზზე დავყავი სამი წელი (1913-1916 წწ.). აქ მომიხდა შეტაკება ყოვლად ურიგო ადამიანთან, ქალაქისთავთან (ი. ჩ-თან), რომელიც მეტად უდიერად პასუხობდა მოსამსახურე პირთ და ქალაქის მცხოვრებთ (მთხოვნელებს). ამ შეტაკებამ მეტად გააღიზიანა და გაართულა ჩემი გულის დაავადება. შევიქენ მძიმე ავადმყოფი. ექიმების რჩევით იძულებული შევიქენ, თავი დამენებებია სამსახურისათვის და გადავსულიყავ მთელი ოჯახით საცხოვრებლად ტფილისში.
8. ჩემი ნაწერები 1890-1900 წლებში (წიგნებად): ა) „რაგვარი ცოდნა უფრო გვეჭირვება ქართველებს“ (1895 წ.). ბ) „ბეცაცინა“ (მოთხრობა, 1896 წ.). გ) «Восстановление виноградников в Котдоре» (თარგმ. ფრანგულიდან). დ) «О мерах для успешной борьбы против филоксеры» (ამერიკ. ვაზებზე). ე) „La viticulture et la vinification au Caucase“ (1899 წ.). ვ) „ანჟელინა“ (მოთხრობა). ზ) „ევროპის მეაბრეშუმეობა“ (1899 წ.). თ) „საქართ. უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში“ (1900 წ.).
9. ჩემი ნაწერები (წიგნები)1900-1916: ა) „სუმბული“ (ლექსთა კრებული). ბ) „ამერიკ. ვაზით ვენახის მოშენება“1900 წ. გ) „ნამყენი ვაზით ვენახის გაშენება“ - 1900 წ. დ) „ვიზიტი“ (მოთხრობა)1903 წ. ე) „სამი გმირი“1903 წ. ვ) შავი ქვის საქმე1903 წ. ზ) «Чиатурская эпопея» (3 ფელეტონი)1905 წ. თ) «Правда героя шави-ква» - 1903 წ. ი) „საქართველოს ისტორია“ (ეპიზოდ. I კურსი1908-920 წლ.). კ) „ქართ. ერის ტრაგედია მე-17-ე საუკუნეში“1912 წ. ლ) „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“1903-14 წ. მ) „ქართ. ერის ისტორია“ ტ. I. ნ) „ხეთი და ნაირი“ - 1910 წ. გარდა ამისა, მეტად ბევრი ჩემი წერილებია გაბნეული ქართულ-რუსულ და შემდეგ (1897 წლიდან) ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში, როგორც ნამდვილი გვარით, ისე ფსევდონიმებით (ჩემი ფსევდონიმები: „ახალგაზდა ქართველი“, „სისონა მეჩონგურე“, „რიონელი“, „Рიонели“, „სირანო“, «Сирано», „ჩანდიდე“, «Гаенатели», „მიცანი“, „წკიპურტი“, „მანი“ და სხ.

სიმონ ქვარიანი მეუღლესთან და ქალიშვილთან
1920-იანი წლები
10. ჩემი მოღვაწეობა კოოპერაციაში1916-1918 წ.
1916 წ. ამირჩიეს ტფილ. კოოპერ. ამხ-გობა „შრომა“-ში გამგეობის თავმჯდომარედ. ამ ახალ ასპარეზზე დავყავი თითქმის ორი წელი (1916 წ. სექტემბრიდან1918 წ. ივნისამდე).
11. ჩემი მოღვაწეობა მენშევიკების ხანაში (1918 წ.-1920 წ.)
მინისტრმა გ. ჟურულმა მიმიწვია მდივნად ფინანსთა სამინისტროში 1918 წ. ივნისში. აგვისტოში წარმადგინა მინისტრის ამხანაგად, გ. ნიკოლაძის ნაცვლად, რომელმაც დაანება თავი სამსახურს და დაუბრუნდა პროფესიას. მე უარი უთხარ მინისტრს ამ საპატიო თანამდებობაზე, გულის დაავადებისა და ცოლის ავადმყოფობის (ფილტვებით) გამო, წაველ სოხუმში შუა სეკტემბერს. მომცეს საბჭოს უფროსობა. იმავე დროს ამირჩიეს აფხაზეთის საბჭოს წევრად და ინტერპარტიულ საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად. გავჯანთელდით მე და ჩემი ცოლი. ვიღებდით საზოგადო საქმეში ხურვალე მონაწილეობას. ჩემი „საქართ. ისტორია“ (სახელმძღვანელო) იბეჭდებოდა ამ ხანაში, ყოველ წლობით 25 ათასი ცალი, რაც მაძლევდა დიდ შემოსავალს. ვეხმარეობდი ღარიბებს.
12. ჩემი მოღვაწეობა საქ. გასაბჭოების ხანაში (1921-30 წწ).
1921-23 წწ. ვცხოვრობდი ბათომში. ვმსახურობდი პ-დ გარე ვაჭრობის სამართველოში, შემდეგ განათლების სამართველოში. აქედან მიმიწვიეს ბათ. სამს. საზღ. სასწავლებელში ქართულ-ფრანგულ ენების ლექტორად. სასწავლებლის ლენინგრადში გადატანის შემდეგ მიმიწვიეს სავალუტო ბირჟაზე. დავყავ ექვსიოდე თვე და 1923 წ. სექტემბერში გადმოვესახლე ტფილისში. ჩემი მუშაობა: ა) ა/კ. ფინ.სახკომში ინსპექტორად, ბ) 3-ე შემნახველ სალაროს გამგედ, გ) შინავაჭრობის კომისარიატში, დ) ხორც-ვაჭრობაში, ე) საქ. ფინ.სახკომში, ვ) საქ. წყალ. მეურნეობაში, ზ) საქ. შინსახკომში და თ) საქ. საგეგმო კომისიაში.
13. ჩემი მოღვაწეობა სამწერლო ასპარეზზე (1921-36 წწ.).
1921-23 წწ. ვათავსებდი სხვა და სხვა ხასიათის წერილებს ბათომისა და ტფილ. გაზეთებში (გაზ. „ბრძოლა“, „ფუხარა“, „ტრიბუნა“ და სხ.), ტფილისში გადმოსახლების შემდეგ კი„კომუნისტში“, «Заря Востока»-ში, „საქართველოს ეკონომისტში“ და სხ. აგრეთვე ბლომად ვწერდი კედლის გაზეთებში.
პროფკავშირის წევრი შევიქენ 1921 წლიდან. 1924 წ. იანვარში წარმოვსთქვი საჯარო სიტყვა პროლეტართა დიდი ბელადისვ. ლენინის მიცვალების გამო. დავწერე აგრეთვე ვრცელი წერილი. 1924 წ. სექტემბერში დავგმე პრესაში აგვისტოს გამოსვლები, რამაც შეიწირა უამრავი ქართ. ხალხი, ინტელიგენტი ძალები და დიდი ზიანი მიაყენა ქართველ ერს...
14. შრომის გმირობა. საბჭოთა ხელისუფლებამ, მიიღო რა სახეში ჩემი უანგარო მოღვაწეობა სამწერლო, საზოგადო და სარევოლუციო ასპარეზებზე მშრომელ მასების მიმართ 45 წლის მანძილზე და ჩემი დაქირავებითი მუშაობა 40 წლის განმავლობაში და შეამოწმა საქ. წყ. სამართველოს ადგილკომის მიერ შუამავლობასთან ერთად, წარდგენილი ყველა ჩემი საბუთები, მომანიჭა უზენაესი ხარისხიშრომის გმირობა (იხ. საქ. ცაკ-ის დადგენილება 1930 წ. 4 ივლისი, №...).
15. კერძო სამუშაოები. 1930 წლის დამდეგს გულის მანკით მძიმედ დაავადებულმა დავანებე თავი სამსახურს და ვიწყე კერძო მუშაობა. სამუშაოს მაძლევდენ: სახელგამი, ლენინ-სტალინის ინსტიტუტი და ქართ. ენციკლ. ლექსიკონის შემდგენი კომისია.
16. ჩემი დაავადებანი: ა) გულის მანკი (შევიძინე საზოგადო და სარევოლუც. ასპარეზზე ბრძოლის ჟამს (1900-906 წლებში). ბ) ყურის კანტუზიაშევიძინე მენშევიკების დროს 1919 წ. (ორჯერ მოვხვდი შემთხვევით ზარბაზნის სროლაში). გ) მზერის ფრიადი დაკლება (3%25-დე). ეს შემძინა მედგარმა წერითი მუშაობამ 1930-33 წლებში და მეტადრე ექ. ალ. შ-ვმა. მან ვერ გაიგო ჩემი თვალის ავადმყოფობა და მუშაობის აკრძალვის ნაცვლად მითხრა: რამდენიც გინდა, იმუშავეო. განვაგრძე მუშაობა და დავკარგე მზერა, რაც მოსკოვმაც კი ვერ აღმიდგინა (კაზაკოვის ინსტიტუტმა). ამ რიგად, შევიქენ სრული ინვალიდი... დამღუპა ექ. შ-ვმა.
17. საქ. მწერალთა კავშირი. იშვიათად, რომ სადმე არსებობდეს ისეთი შური, ფარული მტრობა, პროტექციონიზმი და ძმაბიჭობა, რაც, სამწუხაროდ, გაბატონებულია ჩვენს (საქ.) მწერალთა კავშირში. აქ იშვიათად ფასდება ნიჭი, ცოდნა, შრომის უნარი და მეტადრე ძველი დამსახურება. აქ გასავალი აქვს მეტწილად არიფ-ამსონობას, ჯგუფურობას, პირად სიმპატია-ანტიპატიას და თუ საჭირო შეიქნა, მუშტებსა და მუქარას. ასეთი რამეები კი, სავალალოდ, უტეხავს სახელს მწერალთა კავშირს და სამჩნევად სცემს მის პრესტიჟს საზოგადოების თვალში.
ერთ არასასიამოვნო მოვლენას ჰქონდა ადგილი აღნიშნულ კავშირში ამ 2 ½ წ. წინად (1934 წ. ივნისში): მოხდა მწერალთა გადარჩევა; გადამრჩევ კომისიაში არჩეულ პირებმა მწერალთა გადარჩევის დროს დაუშვეს ბევრი არასაკადრისი რამ: აირჩიეს მრავალი უღირსნი (სხვა და სხვა პირადი მოსაზრებით) და კავშირის გარეთ დასტოვეს ისეთი პირნი, რომელთაც თვით გადამრჩევ კომისიის წევრებზე ბევრად მეტი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვით მშრომელი ხალხის წინაშე, არამცთუ საზოგადო და სარევოლუციო ასპარეზებზე, არამედ მწერლობის დარგშიც კი (Nomina sunt odiosa)1.
18. ჩემი სამი დიდი თხზულება.
1925-1935 წლებში სხვა მრავალ წერილ-ნაშრომებს შორის დავწერე ორი საკმაოდ მოზრდილი ნაწარმოები, ისტორიული რომანები სათაურით: ა) „დიდი მოურავი“ და ბ) „შოთა რუსთველი“, აგრეთვე მოკლე პოემა„ბუმბერაზები“ (ლენინ-სტალინ). ეს უკანასკნელი დავწერე სიბრმავის დროს.

სიმონ ქვარიანი (მეორე რიგში პირველი) მეგობრებთან
თბილისი, ბოტანიკური ბაღი, 1929 წელი
ა) რომანი „დიდი მოურავი“, მანქანაზე სუფთად გადაწერილი, წარვუდგინე მწერალთა კავშირს 1934 წ. სექტემბრის პირველ რიცხვებში და ვსთხოვე მისი საჯაროდ წაკითხვის ნებართვა. მთელი 4 თვე ჯიჯგნეს ეს ჩემი რომანი, ბოლოს მოიღეს მოწყალება და დამრთეს ნებართვა. რომანის წაკითხვა მოხდა 19 დეკემბერს, იმავე 1934 წელს (ადრე გადასდვეს ორჯერ) მეტად არახელსაყრელ პირობებში. მიუხედავად ამისა, ხალხი დაესწრო ბლომად და შეგნებულ პირთაგან გამოითქვა მოწონება. გადაწყდა დაებეჭდათ ჟურ. „მნათობ“-ში, ნაგრამ მისმა პ. მგ. რედაქტორმა გ. ყ-მა გააჩერა იგი სრული 6 თვე და შემდეგ დამიბრუნა უარით: „გ. სააკაძეს ვერ დავბეჭდავო“ (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს პირი, ე.ი. გ. ყ-ლი (თუ იანცი) სრული 13 წელია, რაც ჩაცივებულია ჩემზე ჩემგან უცნობ მიზეზთა გამო და ამხნის სივრცეზე მომაყენა უამრავი ზიანი. იძულებული შევიქენ, გამესაჩივრებინა გ. ყ-ს უკანონო ძალმომრეობა; მოვითხოვე საქმის გამოძიება. ფარულმა გამოძიებამ დაადასტურა ჩემი სიმართლე, მაგრამ, რადგან გ. ყ-ცი დიდი პირი ბრძანდებოდა იმ დროს, მოერიდენ მის პირად წყენას ჟურნალში დაბეჭვდით და ნახეს გამოსავალი: წინადადება მისცეს გამომც. „ფედერაციას“, დაჩქარებით დაებეჭდა წიგნად ეს ჩემი რომანი. ეს იყო 1935 წ. ივლისში. მიუხედავად საქ. ცეკას მიერ ასეთ განკარგულებისა, უკვე გავიდა 1 ½ წელიწადი და დღემდე (იანვარი, 1937 წ.) არ არის იგი დაბეჭდილი, თუმც მთელი წელია „ფედერაცია“ მპირდება მის „მალე“ დაბეჭვდას. მის შემდეგ უამრავი წიგნი დაბეჭდეს, ჩემი „დიდი მოურავი“ კი, რითაც ფრიად დაინტერესებულია მკითხველი საზოგადოება, დღემდე აგდია უყურადღებოდ, რადგან უპარტიო მოხუცი ადამიანი მდაბალი ღობე შევიქენ „ფედერაციის“ და მწერალთა კავშირის მეთაურთათვის... თანაც ვერ ჩავიდინე ის, რასაც სჩადიან „პრაქტიკული“ პირნი...
ბ) ისტ. რომანი „შოთა რუსთველი“. იგი დავამთავრე 1935 წ. ნოემბერში. ამავე თვეში ის მოიწონა რადიო გადაცემის მეთაურმა და ოთხ ფორმაში მომცა 2000 მანეთი (დღემდე იგი არ არის გადაცემული). ამ რომანით დაინტერესდა ერთი ფრიად დიდი პირი (გ. მ-ლი) 1936 წ. თებერვალში. ვცანი თუ არა ეს, ამ ჩემი რომანის (მანქანაზე დაბეჭდილის) ერთი ცალი გავუგზავნე ერთ მის პასუხისმგებელ თანამშრომლის მეშვეობით. 1/2 თვის შემდეგ მიმიხმო იმ პირმა თავის კაბინეტში და რამდენიმე პასუხისმგებელ თანამშრომელთა თანადასწრებით გამოთქვა ამ რომანისადმი დიდი მოწონება. მეტად შეაქო რომანის ფორმა, ენა და მხატვრობა. მესაუბრა სრული ორი საათი... თანაც მითხრა, რომ მიმეტანა სახელგამში წიგნად დასაბეჭდათ. ჩემს აღტაცებას არ ჰქონდა საზღვარი... მეორე დილით ეს ჩემი ნაშრომი მივუტანე სახელგამში იმ პირს (ლ. გ-ს), რომელზედაც მიმითითა იმ დიდმა პირმა, თანაც დამავალა ტელეფონით დამელაპარაკოსაო. მართლაც, მოხდა ეს დალაპარაკება ჩემი თანადასწრებით. იმ დიდმა პირმა კვლავ გამოთქვა თავის მოწონება ჩემი რომანისადმი და მისცა წინადადება, დაებეჭდათ იგი დაჩქარებით, გეგმის გარეშე, თანაც წაეკითხა თვითონ მას (ე.ი., ლ. გ-ს) ეს ჩემი რომანი. ეს ამბავი იყო 1936 წ. აპრილის გასულს. მას შემდეგ დევს სახელგამში ეს ჩემი რომანი და... მეტი არაფერი. სექტემბერში იგი გადასცეს სარეცენზიოდ ერთ ყოვლად უმსგავსო ადამიანს, ჩემს პირად მტერს, თანაც მეტად ბოროტსა და გონებით შეზღუდულს, ვითომდა ისტორიკოსს (ნ. ბ-ს). ანონიმმა რეცენზენტმა სამი თვის გაჩერება-ჯიჯგნის შემდეგ წარუდგინა სახელგამს ყოვლად უმგზავსო „რეცენზია“, რითაც ვერავინ დააჯერა (ნ. კ-ძის მეტი), ხოლო გამოააშკარავა თავის უვიცობა, ზერელობა და მეტადრე თავის გესლი, ბოროტება და აშკარა მიკერძოება. მან მიიღო ჩემგან შესაფერი პასუხი წერილობით (იხ. „ჩემი პასუხი“). რომანს ამჟამად კითხულობს სახელგამის გამგე ამხ. ნ. კ-ძე, ხოლო სალიტ. სექციის გამგე (შ. რ-ნი) და მისი მოადგილე.
იქონია გესლმა გავლენა ერთ გონებრივად შეზღუდულ ადამიანზე, ნ. კ-ძეზე (სახელგამის გამგეზე). მან არ ისურვა ამ ჩემი რომანის დაბეჭვდა. სამართლიანობა მოითხოვდა, რომ ჩემი რომანი (შ. რუსთველი) სახელგამს გადაეცა არა ვიღაც უვიც „ისტორიკოსისთვის“, არამედ რუსთველის ინსტიტუტისათვის...
გ) პოემა „ბუმბერაზები“ (ლენინ-სტალინზე). ეს პოემა დავწერე უსინათლობის ჟამს (1935 წ.). გადავეცი სტალინის ინსტიტუტს. იქ საერთოდ მოიწონეს, მხოლოდ მომთხოვეს მცირე რამეების შეცვლა, რაც შევასრულე, შემდეგ ეს პოემა წარუდგინეს დასკვნისთვის საქ. მწერალთა ფედერაციას. პრეზიდიუმმა მოაწყო პოეტთა სექციის კრება, რასაც დაესწრო საუკეთესო ახალგაზდა პოეტები. ეს ჩემი პოემა წაიკითხა ალიო მაშაშვილმა, სხდომას თავმჯდომარეობდა დ. დ-ძე. ყველამ ერთხმად მოიწონა პოემა; მომცეს მხოლოდ მცირე შენიშვნები. სხდომის დასასრულს მოვიდა პოეტთა სექციის თავმჯდომარეპ. იაშვილი, რომელსაც დ. დ-ძემ გადასცა ეს ჩემი პოემა დასკვნისათვის.
ორი კვირის შემდეგ ვნახე პ. იაშვილი პრეზიდიუმის ოთახში და იქ დ. დ-ძის, ბეს. ჟღენტის, ვალ. გაფრ-ლის და სხვათა თანადასწრებით გამომიცხადა რიხით, თუ როგორ გავბედე პოემის დაწერა იმ დიდ პირებზე, როცა თვით მან, ორდ. პ. იაშვილმა ბევრი ეცადა და ვერ შეძლო ასეთი რამის დაწერა... მირჩია, დამენებებია თავი ლექსების წერისათვის და სხ. თანაც შეეკითხა იქ დამსწრე პოეტებს (ა. მ-ლს და ვ. გ-ლს), მოეწონათ მათ თუ არა ეს ჩემი პოემა და როცა მიიღო დასტური, გაბრაზებულმა წამოიჭრა ზეზე და არ იცოდა, რა ექმნა... მე დინჯად მოვახსენე: ჩემი ნებით არ მომიტანია აქ ეს პოემა. იგი გადმოგზავნა სტალინის ინსტიტუტმა დასკვნისთვის. თუ არ მოგწონთ, დააწერეთ მასზე, თუ რა მიზეზით არ მოგწონთ და გადაგზავნეთ... წამოველ შინ.

პაოლო იაშვილი
1932 წელი
გავიდა კიდევ ორი კვირა. შემხვდა პ. იაშვილი; მითხრა: მაგ თქვენს პოემაზე დადებითი აზრი უნდა წარვადგინოო. მესიამოვნა, მადლი გადავუხადე. გავიფიქრე: გონს მოსულა, მეთქი. შევეკითხე, როდის მივსულიყავ მწერალთა სასახლეში. დამინიშნა დრო. მიველ, ვერ ვნახე. მთელი ორი კვირა მატარა უნაყოფოდ. შემდეგ იძულებული გავხდი, მივსულიყავ მის ბინაზე, იქაც მატარა სრული ორი კვირა და ბოლოს, როგორც იქნა, მოიღო მოწყალება და მომცა „დასკვნა“ დათაფლული შხამით. პოემა შეაქო, შეაქო მისი ავტორი, მხოლოდ „პოემას სჭირდება გადაკეთება“. რა ხასიათის გადაკეთებაა საჭირო, რომელ ადგილს, ან რომელ ტაეპს? არაფერია ნათქვამი... ჩემს ასეთ შეკითხვებზე ვერაფერი მიპასუხა. დაჰკრა ფეხი და გასწია სოფელში (საზაფხულოდ). ამ რიგად, დავკარგე სრული ოთხი თვე (მაისი-აგვისტო) და მიზანს ვერ მივაღწიე (6 თვე ადრევე სტალინის ინსტიტუტმა დამაკარგვია). მივმართე დ. დ-ძეს. მან მირჩია: წაუღე „კომუნისტი“-ს რედაქციას დაგიბეჭდავსო. მართლაც, წავუღე რედაქციას, გაარჩია, მოიწონა, ხოლო მომთხოვა ინსტიტუტის ვიზა. დამჭირდა ამხ. ერ. ბედიას შეწუხება. მან გადუგზავნა ამხ. ვლ. შ-ვას, რომელსაც ადრევე ჰქონდა გადაცემული. იგი ვერ დააკმაყოფილა პ. იაშვილის დასკვნამ („მოწონებამ“) და გადაუგზავნა საქ. მწერალთა კავშირის თავმჯდომარესაკ. თათარაშვილს. 5 დღის შემდეგ ვნახე იგი. მითხრა: „წავიკითხე თქვენი პოემა, მომწონს. სრულებით არ ვეთანხმები პ. იაშვილის დასკვნას გადაკეთების შესახებ. ჩემი დასკვნა სავსებით დადებითი ხასიათის იქნებაო, თავის დროზე წაგიკითხავ კიდეცაო“. რა მეთქმოდა დიდი მადლობის მეტი?! ეს იყო დაახლოებით სექტემბრის ბოლო რიცხვებში. გავიდა მას შემდეგ სრული ორი თვე და, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერვე ვიყავ მწერალთა კავშირში, ვერ მოვახერხე ამხ. თათარაშვილის ნახვა. ეს პატიოსანი ადამიანი თითქო მემალებოდა, თითქო გამირბოდა... როგორც იქნა, შევძელი მისი ნახვა სხდომაზე. წყნარად შევეკითხე: რა ბედი ეწია ჩენს პოემას მეთქი? მან დარცხვენით მიპასუხა: ის უკვე გადვუგზავნე ამხ. მირცხულავასაო. გულზე მიკბინა რაღაცამ. აშკარად ვგრძნობდი, რომ რაღაც ბოროტმა ძალამ შეაცვლევინა აზრი ამ პატიოსან (ხოლო სუსტი ხასიათის) ადამიანს. მივხვდი, ვინც იქნებოდა ის ბოროტი ძალა... არაფერი ვუთხარ: გამოველ სხდომის დარბაზიდან და გავემართე მირცხულავასთან. 3-4 დღის საცადის შემდეგ ვნახე იგი. ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა: ვერ დამაკმაყოფილა ვერც აკ. თათარაშვილის დასკვნამაო. მინდა, ხელახლა გაუგზავნო და მოვთხოვო, გარკვევით გამოთქვას თავის აზრიო. მე უპასუხე: არ არის საჭირო; ნუღარ აწუხებთ... მან ვერ შესძლო თავის სიტყვის შესრულება, რადგან იმყოფება ერთი ბოროტი ადამიანის გავლენის ქვეშ. გთხოვთ, დამიბრუნოთ უბედურ დღეზე წარმოშობილი ეგ ჩემი პოემა მეთქი. ერთი კვირის შემდეგ ეს ჩემი პოემა გადმომცა ცეკაში ამხ. ილ. თავაძემ, რომელსაც წაუკითხავს იგი და მოსწონებია. აკ. თ-ლს გამოუთქვამს ჩემი პოემის შესახებ: „სქემატურია“-ო...
ახლა კი დავრწმუნდი, თუ რა ძნელი ყოფილა სიმართლის გაკაფვა ამ ჩვენს დროშიაც კი და რა ძლიერი ყოფილა ბოროტი ძალების მიერ გაბმული ქსელი... ნუ თუ უნდა დამიხშონ სიმართლე?! ნუ თუ ვერ იხილავს მზის სინათლეს ეს ჩემი პოემა, ბრმა ადამიანის გულის სიღრმიდან ამოხეთქილი?!. საშინელებაა... საშინელება...
3/IV-1937 წ. ბედნიერი ვარ, ბედნიერი! დაიბეჭდა ჩემი „დიდი მოურავი“, გამოვიდა დღეს ბაზარზე გასაყიდად. უამრავი ხალხი, მეტადრე ახალგაზრდობა და მშრომელნი მიაწყდენ წიგნის მაღაზიებს. მიუხედავად იმისა, რომ გამომც. „ფედერაციამ“ პრესითაც კი არ აცნობა საზოგადოებას ამ ჩემი წიგნის გამოსვლა, ქრონიკაშიაც კი არ აღნიშნეს გაზეთებმა. დიახ, ვიხილე ჩემი წიგნი, მაგრამ რა რიგად დამახინჯებული!.. გამომც. „ფედერაციას“, უკეთ, მის უღირს გამგეებსპ. ს-ძეს და რ. გ-ძეს ყოველი ღონე უხმარიათ, რომ საძაგლად გამოცემულიყო ეს ჩემი რომანი. წვრილი, უვარგისი შრიფტი (სტერეოტიპი), უამრავი კორექტ. შეცდომანი, დამახინჯებული შინაარსი. ამოუგლეჯიათ საუკეთესო მხატვრული ალაგები, თანაც შეუმოკლებიათ რომანის თავები, ე.ი. ამოუღიათ თვით ამ თავებიდან ადგილები და ეს ყოველივე უჩემოდ, ჩემს ნებადაურთველად... წიგნში არ არის დართული დიდი მოურავის სურათი, თუმც ამოჭრეს კლიშე. თვით ავტორის სახელი და გვარი წვრილი ასოებით მოთავსებულია წიგნის ყდის ზურგზე, ალბად იმ მიზნით, რომ მკითხველს არ ცოდნოდა, თუ ვინ დასწერა წიგნი. ბოლოს კი გამ. „ფედერაციის“ მოქმედებათა აპოთეოზი ის არის, რომ 6 მანეთიან წიგნს დაადვეს უცნაურად დიდი ფასი, 11 მანეთი და 30კაპ. ალბად იმ მიზნით, რომ სიძვირის გამო არ გაყიდულიყო ეს ჩემი რომანი...
მიუხედავად ყოველივე ამისა, მოხარული ვარ უზომოდ, რომ ცოცხალი ვეღირსე ჩემი ნაშრომის დაბეჭდილი წიგნის სახით ხილვას!.. მე კი იმედი აღარ მქონდა, რადგან ისე გააჭიანურეს ამ რომანის დაბეჭვდა და იმდენი მაწამეს გამ. „ფედერაციის“ მეთაურებმა!.. ენით აუწერელია ის უმსგავსოება, რაც ამ „რაინდებმა“ ჩაიდინეს ჩემდა მიმართ... თუმც საქ. ცეკამ უბრძანა გამ. ფედერაციას“ ჩემი დ. მოურავის საჩქაროდ დაბეჭვდა კიდევ 1935 წელს, ივლისის დამდეგს, მიუხედავად ამისა, წიგნი გამოიცა მხოლოდ 3 აპრილს, 1937 წელს, ე.ი. ერთი წლისა და 9 თვის შემდეგ... და ისიც რა სახით!.. მიუხედავად ყოველივე ამისა, ეს ჩემი წიგნი საღდება „ელვისებური სისწრაფით“ (ასეთი სიტყვით მომმართა მწერალმა მიქ. პ-ძემ). აი, ეს მახარებს, ეს მამხნევებს უზომოდ!..
15 აპრილი, 1937 წ. გამ. „ფედერაციის“ მთავარ საწყობში 11 აპრილს უკვე აღარ იყო ჩემი წიგნი (დ. მოურავი) ოცი თუ ოცდაათი ცალის მეტი. სულ წაეღოთ. საწყობის გამგემ მითხრა: ქუთაისმა მოითხოვა 1500 ცალი და ძლივს გაუგზავნეთ 500 ცალიო, ცეკავშირმა მოითხოვა 1000 ცალიო, ძლივს მივეცით 500-იო. სხვა მრავალი კუთხეებიდან თხოულობენ და ვეღარ უგზავნითო. წიგნის ასეთი სწრაფი გასაღება ჩვენს გამომცემლობაში და, ვფიქრობ, სხვაგანაც დღემდე არ მომხდარაო.
გუშინ, 14 ამ თვეს, მივაკითხე „ფედერაციის“ წიგნების მთავარ მაღაზიას, რუსთველის გამზირზე; ჩემს „დიდ მოურავს“ უკვე აღარ ყიდდენ, არც ვიტრინაში იყო. რაშია საქმე?ვიკითხე.უკვე მთლიანად გასაღდაო,იყო მაღაზიის გამგის პასუხი. ეჭვი შემივიდა. ვაუწყე ჩემი ვინაობა და შევეკითხე: მითხარით სიმართლე მეთქი. გამგემ მიპასუხა: თქვენი წიგნი უკვე დეფიციტური საქონელი შეიქნაო, ამიტომ რამდენიმე, ათი ცალიღა დარჩა და გადავმალეთო, რომ გვქონდეს შენახული ზოგიერთი საპატიო პირებისათვისაო.
18 აპრილი. გამ. „ფედერაციიდან“ 3 აპრილს უფასოდ მივიღე ამ ჩემი რომანის მხოლოდ 20 ცალი, 50 ცალი კი, სხვა და სხვა დროს ვიყიდე საფასით, მცირე ფასდაკლებით. ეჭვი არაა, ეს ჩემი წიგნები (თითო ცალი), შესაფერი ზეწარწერით გავუგზავნე საქ. ხელისუფლების მეთაურთ. რაც შეეხება ჩვენს დიდ ბელადს, საყვარელ ი. სტალინს, რომელსაც ფრიად უყვარს გ. სააკაძე, ჩემდა უდიდეს სამწუხაროდ, დღემდე ვერ შევძელი წიგნის გაგზავნა, თუმც ამის შესახებ 3 აპრილსავე მივმართე აქ ბარათით ერთ მეტად დიდ პიროვნებას, რომელსაც საიმედო პირის ხელით ამ ბარათთან ერთად მივართვი ჩემი წიგნი ზეწარწერით...
20 აპრილი. მოეწყო ჩემი მეორე რომანის „შოთა რუსთველი“-ს მწერალთა კავშირის პროზაიკოსთა სექციაში წაკითხვა (საჯარო წაკითხვა არ დაუშვეს). წაკითხულ იქნა რომანის რამდენიმე თავი; კითხულობდა მწერ. შ. დადიანი. გამოითქვა დადებითი აზრი; გადაწყდა რომანის დაბეჭვდა ჟურ. „მნათობ“-ში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ჩემი რომანის საჯაროდ წაკითხვა უნდა მოწყობილიყო კიდევ გასულს წელს (36 წ. ნოემბერში), მაგრამ მწერ. მიხ. ჯავახიშვილი (იმ დროს პროზ. სექციის თავმჯდომარე) დიდი წინააღმდეგი შეიქნა. საშინლად იმოქმედა მასზე იმ ამბავმა, თუ როგორ დავწერე რომანი შ. რუსთველზე და როგორ მოიწონა იგი ერთმა დიდმა პირმა... ყველგან შური, მტრობა და წვრილმანობა!.. ეს ღუპავს ბედშავ საქართველოს!...
20 მაისი. მითხრეს უცნაური ამბავი: ჩემი „დიდი მოურავი“ იყიდება სახელგამის წიგნის მაღაზიებშიო. გამაოცა ამ ამბავმა. შევამოწმე; მართალი აღმოჩნდა. უნებლიეთ ეჭვი შემეპარა, ხომ არ გამოსცა ვინმემ მეთქი ჩუმად რამდენიმე ათასი ცალი, რადგან რომანის სტერეოტიპის მატრიცები მზად იყო სტამბაში. მაღაზიის გამგეს შევეკითხე ფრთხილად, ვისგან მიიღო ეს ჩემი წიგნები. „ფედერაციამ“ გადმოგვცაო, გავცვალეთ წიგნებიო.რამდენი ცალი მიიღეთ, მეთქი.600 ცალი და უკვე გასაღდა, რამდენიმე ათეულიღა დარჩაო... გამოველ სახელგამის მაღაზიებიდან ჩაფიქრებული...
25 მაისი. ჩემი „დიდი მოურავის“ შესახებ მომდის ცნობილ პირთაგან აღტაცებით სავსე წერილები. აგრეთვე მრავალნი მხვდებიან გზაში (ზოგიც შინ მოდის), მილოცავენ და მიცხადებენ თავიანთ აღტაცებას; ზოგს კიდევ ისე მოსწონებია ეს ჩემი რომანი, რომ 2-3-ჯერ წაუკითხავს. თურმე „დ. მოურავი“ ერთრიგად მოსწონთ ხანდაზმულთ და ახალგაზრდებს, ქალებს და კაცებს... გუშინ შემხვდენ გზაში ორი ცნობილი მწერალი ქალი (ნ. ყ. და ც-ტი), მომილოცეს და მითხრეს: „ახალგაზრდობა კითხულობს და ეს დიდ რამეს ნიშნავსაო“. ერთმა ცნობილმა პოეტმა (დ. თ-მა) ორჯერ მომწერა ამ ჩემს რომანზე აღტაცებით სავსე ბარათი (ერთი შუამდე რომ წაიკითხა თურმე, მეორე კიდამთავრების შემდეგ). მხოლოდ პრესა სდუმს. ეს კი მაკვირვებს.ცუდი ვერაფერი უპოვეს რომანს, ხოლო კარგი რამის დაწერას ვერ ბედავენო,მანუგეშა ერთმა შეგნებულმა ახალგაზრდამ (აკ. რ-მა).

სიმონ ქვარიანი მეგობრებთან
1930-იანი წლები
უზომოდ მახარებს „დ. მოურავი“-ს ასეთი იშვიათი წარმატება. ეს კი, აიხსნება უმთავრესად მით, რომ ხალხსა და ახალგაზრდობას მოსწყურდათ ისტორიული ნაწარმოებნი. და, აჰა, დაეწაფენ ამ ჩემს წიგნს, რაშიაც საკმაოდ ნათლად და შესაფერ ენა-ფერადებით ასახულია ქართველი ერის საშინელი ტრაგედია მე-17-ე საუკუნის პირველ ნახევარში, გაშუქებულია ერის ყოფნა- არყოფნის საკითხი და თითქო განგებით მოვლენილ, ხალხის წრიდან გამოსულ უდიდესი გმირისგიორგი სააკაძის საარაკო საქმენი... ქართველ ხალხმა და ახალგაზრდობამ იხილეს ამ ჩემს რომანში თავის ერის მწვავე წარსული და სწორეთ ამან გაიტაცა ისინი, ააფრთოვანა მათი არსება, გმირული ცეცხლი შთაბერა მათ სულში, დაუკავშირა ერის წარსულს მათი აწმყო.
20 ივლისი. ვიმყოფები სურამის ახალ სანატორიაში. შემთხვევით გაიგეს, რომ ვარ „დ. მოურავის“ ავტორი. ახალგაზრდა მოაგარაკენი, მეტადრე სტუდენტები აღტაცებული არიან. ქალები თაიგულებს მიძღვნიან ხოლმე, წიგნსაცავში აღმოჩდა ჩემი რომანი, კითხულობენ ჯგუფ-ჯგუფად. დიდი ყურადღებით მეპყრობიან სანატორიის ადმინისტრაცია და მედპერსონალი... ეჰ, სანუგეშოა და სასიამოვნო ასეთი მოვლენა!.. ჩანს, ჩემი დიდიხნის შრომა არ დაკარგულა უნაყოფოდ...
6 სექტემბერი. ჩემს რომანს „შ. რუსთველს“ ჩავუმატე ერთი თავი: „ერის საუნჯე“ (რა ბედი ეწია შოთას ექსორიის შემდეგ მის პოემას და რად დევნიდა მას ივერიის სამღვდელოება). ეს რომანი უკვე აპრილიდან გადაეცა დასაბეჭდათ ჟურ. „მნათობის“ რედაქციას. უნდა დაეწყოთ მისი ბეჭვდა ამ მაისიდან, უკვე აგვისტო გავიდა... მპირდებიან, ამ აგვისტო-სექტემბრის ნომერში იქნებაო. ვნახოთ... მე კი დავკარგე იმედი. ეჰ, მოხუც მწერლებს და მეტადრე უპარტიოებს აბუჩად გვიგდებენ ახალგაზრდები... მახლას!.. დღემდე წევრიც კი არა ვარ მწერალთა კავშირისა, თუმც უკვე სამი წელია მპირდებიან და სამჯერ შემატანიეს განცხადება... შრომის გმირი, მრავალი წიგნებისა და ჟურნალ- გაზეთებში მოთავსებულ ნაშრომთა ავტორი და... მწერალთა კავშირის მიერ გარეთ დარჩენილი, დავიწყებული... როგორ მოგწონთ?! თანაც ანტირელიგიური ხასიათის და ევროპის პროლეტართა ცხოვრებიდან მხატვრული ნაწარმოებნი ყველაზე ადრე ჩვენში ჩემი დაწერილია... მაგ., „ანჟელინა“ (მოთხრობა). იგი დაიბეჭდა 1899 წელს ჟურ. „აკაკის კრებულში“ და იმავე დროს გამოიცა ცალკე წიგნად. გასაღდა მთლიანად 2-3 თვეში. თავის დროზე მიიქცია ჯეროვანი ყურადღება. დღეს კი, თურმე მწერალი არ ვყოფილვარ!.. საბჭოთა ხელისუფლების დროს (1921-36 წლებში) დავწერე მოთხრობა „ბოტანიკურ ბაღში“ (დაიბეჭდა „ქართ. მწერლობაში“), ისტორ. რომანები: ა) „დიდი მოურავი“ და ბ) „შოთა რუსთველი“, პოემა „ბუმბერაზები“ (ლენინ- სტალინ) და სხ... და ასეთი კაცი, თურმე სამჭოთა მწერალი არ ყოფილა!.. ამავე დროს კი, ვინმე უნიჭო ლექსის დამწერი ახალგაზდა კი, „ცნობილი პოეტია“ და კავშირის წევრი... აი, ამაზე ითქმის ერთი ხალხური თქმულება, რომელიც თავდება ასე:
„ვარესსა ადგმენ უნაგირს,
აკრავენ ოქროს ნალებსა;
ბედაურებსა მათრახით
სცემენ... ვინ შეიბრალებსა?!“.
დღემდე არც საქ. განათლების კომისარიატს, არც მწერალთა კავშირს და მის ლიტფონდს (არც სხვა ვისმეს) არავითარი დახმარება, თუნდ მცირე თანხის სახით ჩემთვის არ მოუციათ. მწერლისათვის საჭირო პირობის შექმნაზე ხომ საუბარი ზედმეტია... ამავე დროს კი (ვგონებ, მარტო წელს), მწერ. კავშირის ლიტფონდს გაუცია მწერლებზე (კავშირის წევრებზე) და გაუფლანგავს ასსამოცი ათასი მანეთი... (160.000 მანეთი). სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ დიდი თანხიდან, ხანგრძლივი მუდარის შემდეგ, ამ ივლისის დამლევს მომეცა მხოლოდ 750 მანეთი, სამკურნალოდ წასასვლელ საგზურის შესაძენად. აი, ერთადერთი დახმარება ამ ოცი წლის მანძილზე!.. არც ამას მომცემდნენ, მაგრამ... ალბად შერცხვათ... იმ დროს, როცა ბედნიერნი ამა სოფლისა (მწერალთა წრიდან) ათიათასობით მიირთმევდენ და ფლანგავდენ ღვინის სარდაფებსა და რესტორან- სამიკიტნოებში უხვად ბოძებულ „სუბსიდიებს“ და „ჰონორარებს“; მე, მშიერ-მწყურვალე ვიჯექ ცივს ოთახში და ნავთის ლამპარის უბადრუკ შუქზე ვწერდი ჩემს პოემას და ისტორიულ რომანებს, ჩემს „დიდ მოურავს“, „შ. რუასთველსა“ და „ბუმბერაზებს“, რომელთა დაბეჭვდა ასე რიგად გამიძნელეს და მაწამეს ჩემმა კოლეგებმა, მწერლებმა... ხოლო, საბედნიეროდ, ამ მოკლე ხანში მათ აეგლიჯათ ნიღაბი, აღმოჩნდა მათი მახინჯი სახე, ცვნეს მათი ბინძური საქმენი და ბოროტი განძრახვანი.
აქ უნებლიეთ მაგონდება დიდებულ შოთას დიადი აფორიზმი:
„საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხდების,
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების“.
20/X37 წ. ვნახე მწერალთა კავშირის ახალი მდივანი (თავმჯდომარე) ამხ. კ. ჩარკვიანი. ავუხსენ მოკლეთ ის დიდი უსამართლობა, რასაც განვიცდი აღნიშნული კავშირის მესვეურთაგან 1934 წელს ივნისიდან დღემდე, ე.ი. მწერალთა გადარჩევის დროიდან. ისარგებლეს ბოროტმა პირებმა ჩემი მოსკოვს წასვლით სააქიმოდ (თვალების შესახებ), არ განიხილეს ჩემი ანკეტა, არ გაუწიეს ანგარიში ჩემს თითქმის 50 წლის მოღვაწეობას სამწერლო, საზოგადო და რევოლუციურ ასპარეზებზე, არც ჩემს მრავალფერ ნაშრომებს და შრომის გმირობას და... დამტოვეს გარედ... იმავე დროს კი ნათელმირონობით გაიყვანეს კავშირის წევრებად ბევრი უვიცი და უნიჭო არსებანი... მე კი თურმე არ გამიყვანეს იმ მოსაზრებით, რომ მე „ისტორიკოსი“ ვარ და არა „ბელეტრისტი“, რომ მე თითქო არაფერი დამიწერია საბჭოთა ხელისუფლების ხანაში ბელეტრისტულ დარგში. ალბად განგებ დაივიწყეს ჩემი მოთხრობა „ბოტანიკურ ბაღში“ „საქართ. მწერლობა“-ში დაბეჭდილი, ჩემი ისტ. რომანები: ა) „დიდი მოურავი“, ბ) „შოთა რუსთველი“, ჩემი პოემა „ბუმბერაზები“ (ლენინ-სტალინ. და სხ.). გადამრჩევ კომისიის წევრთა შორის ჩემს წინააღმდეგ იყო ამხედრებული და ბღაოდა თურმე ალ. შ-ლი. მას კვერს უკრავდა მიხ. ჯ-ლი, სხვები სდუმდენ, ხოლო თავმჯდომარეს (პავ. ს-ძე) იმ დროს ნახევრად ეძინა და თავს ქინდრავდა... მოსკოვიდან ჩამოსვლისას გავასაჩივრე ეს უკანონო მოქმედება კავშირის თავმჯდომარე მალ. ტ-ძესთან (თვით მოსკოვიდან გამოვგზავნე განცხადება, რომელიც დაკარგეს მწრალთა კავშირში, მაგრამ არაფერი მეშველა. ასევე მოვიქეც სხვა თავმჯდომარეთა მიმართ (აკ. თ-ლი, დ. დ-ძე). ყველანი მპირდებოდენ აღდგენას და ეს დღემდე რჩებოდა მარტოდენ დაპირებად... ამხ. კ. ჩარკვიანმა აღმითქვა საქმის გამორკვევა და ამ უსამართლობის ლიკვიდაცია. ვნახოთ... ამხ. კ. ჩ-ნი, ეტყობა სერიოზული და სამართლიანი კაცია. მჯერა, რომ სიტყვას შემისრულებს.
25/XI. დღემდე არაფერი ამბავია. ამხ. ჩ-ნს ან არ ცალია ჩემთვის ან ჩემი `მოკეთენი~ მიშლიან ხელს...
26/XI. როგორც იქნა, დაიბეჭდა „მნათობში“ (№8-9) ნაწყვეტები ჩემი რომანიდან „შოთა რუსთველი“. მაგრამ გინახავს ასეთი?! ოც გვერდზე 78 შეცდომაა გრამატიული, სტილისტური და კორექტურული... მიუხედავად ამ დეფექტებისა, ეს ნაწყვეტები მეტად მოეწონათ მკითხველ საზოგადოებას. მოეწონათ თურმე უცხოელებსაც (ალბად გადათარგმნეს). ამ დღეებში ორი უკრაინელი მწერალი, ამხ. ნავიცკი და ტორჩინსკი პოეტ ვასო გორგაძის თანხლებით მომადგენ კარზე და მთხოვეს ამ ჩემი რომანის დაბეჭდილი ნაწყვეტების უკრაინულ ენაზე გადათარგმნის ნებართვა. თანაც მთხოვეს, გადამეთარგმნა რუსულად, რომლიდანაც შემდეგ გადიღებდენ თავის ენაზე. ეჭვი არაა, დავრთე ნებართვა, ხოლო რუსულად თარგმნა ვერ ვიკისრე უსინათლობისა და მოუცლელობის გამო. მივუთითე საუკეთესო მთარგმნელი ს. ყანჩელი, თანაც ვურჩიე, გადაეთარგმნათ მხოლოდ ორი თავი: „კახპების ნადიმზე“ და „მიჯნური“, რომლებიც უმთავრესად ეხებოდენ დიდებულ პოეტს. დათანხმდენ. ყანჩელმა ორ დღეში გადათარგმნა რუსულად ის ორი თავი, 12 გვ. და მიიღო მათგან 200 მ. ყანჩელმა წაგვიკითხა სასტ. „ორიანტ“-ში თავის თარგმანი, საუცხოოდ შესრულებული. უკრ. მწერლები დარჩენ მეტად კმაყოფილნი, როგორც შინაარსით, ისე თარგმანით. აღმითქვეს შემდეგში მთელი რომანის მთლიანად გადათარგმნა. ვნახოთ...
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ რომანის პირ. თავი: „პოეტის ნობათი“ შეაქვთ შ. რუსთველის საიუბილეო კრებულში. აღმითქვეს, გამოართვეს ადრევე „მნათობის“ რედაქციას (სადაცაა ჩემი რომანის კომპლექტი) და გადასდვეს დასაბეჭდად. აგრეთვე ჟურ. „მნათობი“-ს საიუბილეო (12-ტე) ნომერში იბეჭდება ჩემი რომანიდან სამი თავი: „ნინო“, „ექსორია“ და „შვიდობით, შოთა“.
5/XII - 37 წ. ახლოვდება დიდი გენიოსის 750 წლის იუბილე. ახლოვდება საზეიმო დღეები, მე კი ავად ვარ. წყეული გრიპი! მოხუცთა ულმო სენი... უნდა დაიბეჭდოს ჟურ. „მნათობი“-ს საიუბილეო №-ში (№12) ჩემ რომან „შ. რუსთველი“-დან 3 თავი: „ნინო“, „ექსორია“ და „შვიდობით, შოთა“... აგრეთვე საიუბილეო კრებულშირომანის პირველი თავი: „პოეტის ნობათი“; ასეა დაპირება; ხოლო დაბეჭდავენ კი?! მოხუც მწერლებს ხომ არაფრად გვაგდებენ ახალგაზრდები, რას დაჩერჩეტობენო! თუ ჩვენ დავჩერჩეტობთ, აბა, მიბრძანეთ, რომელი ახალგაზრდის რომანმა გაუსწრო ჩემს „დიდ მოურავს“ ან „შოთა რუსთველს“. რატომ დღემდე ვერ დასწერეს რომანი დიდებულ შოთაზე?! ეს ჩემი რომანი უკვე 1935 წელს მქონდა დამთავრებული! უკვე 34 წელია ემზადებიან იუბილესთვის. ვგონებ, საკმაო დრო იყო რომანის დასაწერად...
ამ წუთას ს. ჩ-ნს ვესაუბრე ტელეფონით (საიუბილეო კრებულის რედაქტორია, მან წაიღო „მნათობის“ რედაქციიდან ჩემი „პოეტის ნობათი“ კრებულში დასაბეჭდათ). გავახსენე თავის დაპირება, უსათუოდ დავბეჭდავთო. კანდიდმა წაიღო, კითხულობსაო, მე კი მეტად მომწონსაო,იყო პასუხი... ვაითუ მატყუებს! ამბობენ ცრუაო... არც პ. ინ-ვა (მეორე რედაქტორი) დამაყრის ხეირს! ალმაცერად მიცქერის. ამბობენშურიანიაო. ოჰ, ეგ საზიზღარი შური! ეგ არის, რომ გვღუპავს ქართველებს! თვით კან. ჩ-ნი, ეტყობა, კარგი კაცია, ხოლო ამ წრეში ახალია და გამოუცდელი... აი, ეს მაშინებს, რომ ცუდ ადამიანთა ზეგავლენაში არ მოექცეს...
25/XII. ოჰ, რას მიშვრება ს. ჩ-ნი! „კრებული გამოდის და სად არის ჩემი წერილი?! მეუბნება, კანდიდს აქვსაო... ორი თვე?! ამდენი ხანი?! კანდიდის ნახვა კი შეუძლებელია! არ ცალია, დატვირთულია... გავუგზავნე პაწა ბარათი, გავახსენე, არ მაქვს პასუხი. ეჰ, მოხუცთათვის არავის ცხელა. მოხუცნი აბუჩად ვართ აგდებული...
დავწერე ავადმყოფობის დროს პატარა ლექსი დიდებულ შოთაზე. გადავაბეჭდინე მანქანაზე 4 ცალი; ერთი შევაძლიე გაზ. „ლიტ. საქართველოს“ რედაქტორს შ. რ-ნს გაზეთში დასაბეჭდათ. არ მიიღო, არ წაიკითხა... - უამრავი მასალები გვაქსაო... „- იყო მოკლე პასუხი. არაფერი მითქვამს, გამოველ გულდაწყვეტილი...“ ბევრი უნიჭ-უვიცნი, ფართოდ სარგებლობენ ამ გაზეთის ფურცლებით, ჩემი კი დღემდე არაფერი დაბეჭდილა და ახლა ამ ნამცეცა ლექსზედაც კი უარი მითხრეს... აი, რა სამართლიანი ხალხი მეთაურობს ჩვენს პრესას!
ჩამოველ ძირს შეწუხებული. უცებ შემხვდა პოეტი მიქ. პ-ძე. მივესალმე და გადავეცი ჩემი ლექსი შოთაზე და ვსთხოვე, წაეკითხა. მან სიამოვნებით ამისრულა თხოვნა და წაიკითხა ისეთი პათოსით, რომ ვერ ვიცან ჩემი ლექსი. მოეწონა, გადმომცა უკან. ვუთხარ, თუ როგორ მიმიღო შ. რ-მა. გაიღიმა და მითხრა: „ეგ ნუ გიკვირს, ბ-ნო სიმონ! უკვე ორმოც წელზე გადაცილება დანაშაულია მწერლობის მხრივ, მეტადრე კი პოეტისთვისაო“... მაშ, მე უდიდესი დანაშაული ჩამიდენია! უკვე მიუახლოვდი 70 წელს მეთქი... მან გაიღიმა და მაგრძნობინა, რომ ასე არისაო... მაშ, მე უდიდეს დამნაშავეს, 70 წლის მოხუცს რა მჯიდა, შევსულიყავ „ლიტ. საქართველოს“ რედაქციაში და მეთხოვა ლექსის დაბეჭდვა!.. კიდევ კარგი, რომ არ გამლანძღეს, ან არ მცემეს!.. აკი, მოხდა კიდეც ასე ამ 1 ½ წლის წინად! გამლანძღა და კიღამ მცემა მწერალთა პრეზიდიუმის დარბაზში (რამდენიმე მწერლის თანადასწრებით) პოეტთა სექციის თავმჯდომარემ (იმჟამად) პ. ია-მა, თუ როგორ გავბედე და დავწერე დიდებულ ლენინსა და სტალინზე პოემა „ბუმბერაზები“. კიღამ გადამახია თავზე და შემდეგ ისეთი რეცენზია გაუკეთა, რომ დღემდე ვერ ეღირსა სინათლეს ეს ჩემი პოემა, თუმცა ადრევე წაკითხული იქნა და მოწონებული საბჭოთა პოეტების სექციაში... წამოვედი შინ დაღონებული. უნებლიეთ გამახსენდა ჩემი ძველი მეგობარი, ნიჭიერი პოეტი დ. თ-ლი (ქუთათური). სამი წელია პირდებიან მას ლექსების დაბეჭდვას და ატყუებენ... უეჭვოა, მასაც დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი - 60 წელს გადაცილდა... დიდი პოეტნიაკაკი წერეთელი და ი. ჭავჭავაძე რომ ცოცხალი ყოფილიყვნენ, ეჭვს გარეშეა, არ დაუბეჭდავდენ მათ საუკეთესო პოემებს და ლექსებს (მაგ. „პატარა კახს“, „განდეგილს“), ესენი ხომ ამათ დასწერეს, როცა გადაცილდენ 60 წელს!..
26/XII. გუშინ საღამოს რუსთველის თეატრში შესდგა საზეიმო ჩვენი უდიდესი პოეტის უკვდავ `ვეფხის ტყაოსნის~ დაწერიდან 750 წლის აღსანიშნავად. სხდომას დაესწრო უამრავი ხალხი, აგრეთვე საბჭოთა კავშირის ყოველ კუთხიდან ჩამოსულნი ორასამდე დელეგატი (უმთავრესად მწერლები). აირჩა პრეზიდიუმი. ორატორები თავიანთ სიტყვებს იწყებდენ გენიოს იუბილარის და მის სამშობლო საქართველოს ხოტბა-შექებით...
ბედნიერი ვარ უზომოდ, რომ მოვესწარ ბნელი ცარიზმის დამხობას, მშრომელი ხალხის მცარცველთაგან განთავისუფლებას, ჩემის სამშობლოსა და სხვა ჩაგრულ ეროვნებათა პოლიტიკურ თავისუფლებას. უზენაესად ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარ საბჭოთა რეჟიმს, სოციალისტ-კომუნისტურ დიდებულ ხანას! მხოლოდ ვწუხვარ, რომ ამ დიად ეპოქას შევხვდი გულით დაავადებული უძლური მოხუცი (ამჟამად უსინათლო) და არა ძალ-ღონით სავსე ჭაბუკი. ბედნიერი ვარ უზომოდ, რომ მოვესწარ ქართველი ერის დიდების, მსოფლიო გენიოსის - შოთა რუსთველის 750 წლის იუბილეს, რომ მესმის სრულიად საბჭოთა კავშირის მოძმე ეროვნებათა დელეგატების ქებათა-ქება ჩვენი დიდი პოეტისა!.. აჰა, ჩემი ხანგრძლივი ოცნება დღეს იქცა რეალობად! დღეს გახდა სინამდვილეთ ის, რაც წინად ქვარიანის სიზმარს უწოდებდენმსოფლიო ომი, რუს. იმპერიის დამარცხება, ქართველი ერის პოლიტ. თავისუფლება, ეროვნული კულტურის აღორძინება, რუსთველის გამზირი, რუსთველის თეატრი, რუსთველის ძეგლი, რუსთველის იუბილე!.. და ყოველივე ეს ხომ ფაქტია დღესა! და ყოველივე ეს წინასწარ შევიგრძნე და უმხელდი ახლო მეგობრებს ამ 37 წლის წინად. ვეგონე მათ ვიზიონერი, სნეული მეოცნებე... მე კი ვამყარებდი ჩემს ასეთ წინასწარ თქმას ისტორიის ურყევ კანონებზე. ეს ჩემი „ოცნება“ იქცა რეალობად...
30/XII. ვესწრები რუსთველის თეატრში ყველა პლენუმებს. ვზივარ წინა რიგებზე ყურის კონტუზიისა და უსინათლობის გამო. წარმოთქმული სიტყვებიდან მაინც ბევრი რამ მეპარება... ვერ ვამჩნევ ორატორთა სახეს... ოჰ, ეს ცხოვრებაა?.. ეს წამებაა ჩემთვის!.. არ შემიძლია კრებებზე გამოსვლა, სიტყვის წარმოთქმა... ბედნიერო სიმონ, შენ მოესწარ დიდებულ შოთას იუბილეს! უბედურო სიმონ! შენ სდუმხარ ამ დიდებულ ზეიმზე, ვერ ამბობ ძველებურად მგზნებარე სიტყვას! ოჰ წყეულო სიბერევ და გულის დაავადებავ! უბედურო! სად არის შენი მჭექარე ხმა, ცეცხლმთებარი სიტყვა, გატაცება, ექსტაზი?! სად არის, გაჰქრენ საუკუნოდ და აღარ დაბრუნდებიან არასოდეს... „ძველსა ახლად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“! - ბრძანებს შოთა - ეს უდიდესი პოეტი-ფილოსოფოსი... ერთი რამ უცნაურობა შევნიშნე ამ ზეიმზე, ამ „პლენუმებზე“ და არ შემიძლია, არ აღვნიშნო: რუსთველის ზეიმი ხდება შუაგულ საქართველოში, ჩვენს დედაქალაქში და წარმოთქმულ სიტყვებსა და მოხსენებებში ქართული ენა თითქმის არ ისმის... რა მიზეზია? აქ მხოლოდ რუსული ენაა გამეფებული... ეჭვი არაა, რუსული ენა მთელი კავშირის სახელმწიფო ენაა. ეს ენა აკავშირებს ურთიერთშორის ყველა შემავალ ერებს, ეს ასეა და ასეც უნდა იყოს! მაგრამ გავბედავ და ვიტყვი: თავაზიანობა მოითხოვს ვცეთ პატივი იმ ერის ენას, რომლის შუაგულში ხდება ეს დიდი ზეიმი, ვცეთ პატივი იუბილარის ხსოვნას, ვცეთ პატივი უკვდავ „ვეფხის ტყაოსნის“ შვენიერებას...
აქ უნებლიეთ მაგონდება ერთი ეპიზოდი: ამ ოცი წლის წინად (მენშევიკთა უდღეურ ხანაში) დაარსდა თბილისში ქართველ-გერმანელთა კულტურული საზოგადოება. პირველი კრება გაიხსნა ყოფ. ფრეილინის ქუჩაზე ყოფ. სააზნაურო ბანკის დარბაზში. დაესწრო უამრავი საზოგადოება. კრება გახსნა გერმანიაში ნასწავლმა ქართ. ახალგაზრდამ ტ. მ-მა და სიტყვა წარმოთქვა გერმანულ ენაზე. ამის შემდეგ გერმანელებიდან გამოვიდა პროფ. დირ. საპასუხო სიტყვა წარმოსთქვა ქართულ ენაზე. ჩემს გაოცებასა და სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი... აი, რას ნიშნავს მაღალი კულტურა და სხვა ერისადმი პატივისცემა. გუშინ მოვიდნენ გერმანელნი და მეორე დღეს უკვე ქართულად გვესაუბრებოდენ. ასე იქცევიან სხვა მაღალკულტურული ერები, ხოლო სამწუხაროდ, ასე არ იქცევიან ჩვენში რუსები... სრული 137 წელია, რაც ცხოვრობენ ისინი საქართველოში და აბა მიბრძანეთ, ამ გრძელ მანძილზე რამდენმა რუსმა შეისწავლა ქართული ენა?! ვგონებ, არცერთმა, ან ორიოდე პირმა, ისიც ჩიქორთულად. თითქმის 70 წლის შევიქენ, ამ ხნის განმავლობაში მრავალ რუსთან მქონდა ნაცნობობა, ბევრი მათგანი ქართველ ოჯახების სიძე ან რძალი ყოფილან, მაგრამ არც ერთისაგან არ მსმენია ქართულ ენაზე საუბარი, არც კერძო ცხოვრებაში და მეტადრე არც საზოგადო კრებებზე. პირიქით, ეს ქართველთა რძლები და სიძენი არამც თუ თვით ქართველდებიან ამ ქართულ წრესა და ოჯახებში, არამედ არუსებენ მთელ ოჯახებს, ქალები - ქმარ-შვილს, კაცები კი - ცოლ-შვილს... ეს ხდებოდა არა რუსეთში, არამედ შუაგულ საქართველოში... რა იყო ეს? ქართველთა ზედმეტი ზრდილობა და თავაზიანობა რუსების მიმართ, თუ რუსთა მედიდურობა და უკულტურობა?! ქართველთა მხრივ ეროვნული შეგნების სისუსტე, თუ რუსთა მხრივ ქართველობის აბუჩად აგდება?! თუ ყველა ერთად?! ასეთი არანორმალური მოვლენა ჩვენში გრძელდება დღემდე! და ეს უმთავრესად ჩვენიქართველების ბრალია... ასე არ იყო ძველად ცარისტულ პოლონეთში; ასე არ არის დღეს უკრაინასა და სომხეთში...
ახლაც, ჩვენი დიდი ბელადის წყალობით 3-4 წელი მთელი საბჭოთა კავშირი ემზადებოდა შ. რუსთველის საიუბილეოდ, აბა, ერთი მიბრძანეთ, რომელმა რუსმა მწერალმა შეიწუხა თავი, რომ შეესწავლა ქართული ენა და პირდაპირ დედანიდან ეთარგმნა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“? ან რომელმა რუსმა დელეგატმა წარმოსთქვა თბილისში საზეიმო პლენუმზე ქართულად თუნდა მცირე სიტყვა?! არავინ!.. თვით ქართველი მწერალ-პროფესორნი ამბობდენ სიტყვებს და კითხულობდენ ვრცელ მოხსენენებს რუსულ ენაზე... ალბად, სტუმარ რუსთა და სხვა ეროვნებათა დელეგატების პატივისაცემად... ასე რომ, თავისუფალ საქართველოში შ. რუსთველის 750 წლის იუბილეს ვზეიმობდით რუსულ ენაზე. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იზამდენ არც სომხები და არც უკრაინელნი, რადგან მათ ბევრად მეტი ეროვნული შეგნება აქვთ და ბევრად მეტი ეროვნული სიამაყე, ვინემ ჩვენ, ქართველებს!.. უბრალო ფარეშის (ლაქიის) დონემდე დაეცა ჩვენი ზედმეტი, მშიშარა თავაზიანობა... ასეთ პირობებში, აბა, რომელი უცხოელი შეიწუხებს თავსა და ისწავლის ქართულ ენას! აბა, სტუმარი როგორ გვცემს პატივს, როცა ჩვენ თვითონ უპატიურად ვექცევით ჩვენს წარსულსა და დედაენას!..
ქართველო მწერლებო! საქართველოს ინტელიგენციავ! როდის შეიგრძნობთ და შეიგნებთ ეროვნულ სულს, ეროვნულ სიამაყეს და როდის გახდებით დიდი რუსთველის ღირსეული შთამომავალნი!.. ერთ დროს ლაღსა და ქედმაღალ საქართველოში მთელი 137 წელია, რაც რუსულად ვსტირით მიცვალებულებს, რუსულად ვიცინით, რუსულად ვზეიმობთ, რუსულად ვთვრებით, მხოლოდ ქართულად ვქეიფობთ, ვძღებით და ვცეკვავთ ხანდახან ლეკურს...
17/I38 წ. დიდი ოინი გამიკეთა კინორეჟისორმა ლ. ესაკიამ... გავიცან იგი გასულ წელს მაისის დამდეგს სახკინმრეწვში, როგორც სასცენარო განყოფილების გამგე. ვამცნე, რომ დაწერილი მაქვს კინო-ლიბრეტოს სქემა ჩემი ისტ. რომანის „შ. რუსთველი“-ს მიხედვით. ფრიად დაინტერესდა. მაუწყაეს თემა მეც მეტად მხიბლავსო და თუ გსურთ, ერთად ვიმუშაოთო. მეც დავთანხმდი. ჩაიწერა ჩემი მისამართი და ტელ. №-ი. 18 მაისს ესაკია მოვიდა ჩემთან ბინაზე და დარჩა მთელი ოთხი საათი. ვრცლად გავაცანი მას ჩემი რომანის (შ. რუსთველის) შინაარსი და ჩემი ლიბრეტოს სქემა შავად მთელი წერილი, გადავეცი კიდეც ეს სქემა, რადგან აღმითქვა მანქანაზე დაბეჭდვა რამდენიმე ცალად, შემდეგ ჩემთან მოსვლა და ერთად მუშაობის შედგომა კინოსცენარის დასაწერად. წინასწარ, ეჭვი არაა, პირობა უნდა შეგვეკრა სახკინმრეწვთან, თან ისიც მამცნო გაკვრით, რომ მასთან უნდა ემუშავნა პ. ინგოროყვას, რომელსაც აქამდე უნდა წარედგინა მასალებიო, მაგრამ ის ავადმყოფი კაცია და, ვფიქრობ, ვერაფერს წარმოადგენსაო. ვუპასუხე: წინააღმდეგი არა ვარ, რომ პავლეც (ინგოროყვა) შევიამხანაგოთ და ერთად ვიმუშაოთ-მეთქი. ესაკია დამემშვიდობა და წავიდა, თანაც წაიღო გადასაბეჭდათ ჩემი ლიბრეტოს ესკიზი. წავიდა და წავიდა! თითქმის რვა თვეა, რაც ლ. ესაკია აღარ მოსულა ჩემთან. ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე მივმართე ტელეფონით როგორც მის ბინაზე ისე სამსახურში. მპასუხობდენ, რუსეთშიაო. შ. რუსთველის იუბილეს შემდეგ შევიარე სახკინმრეწვში ამბის გასაგებათ და იქ შემთხვევით შევიტყვე, რომ ლ. ესაკია და პ. ინგოროყვა აპირებენ პირობის შეკვრას სახკინმრეწვთან და შ. რუსთაველზე სცენარის შედგენის შესახებ და საგრძნობ ავანსის მიღებას... ს. ქვარიანი თურმე დავიწყებია „პატივცემულ“ ლ. ესაკიას, უსარგელია რა მისი რომანის შინაარსით და წაღებულ ლიბრეტოს სქემით.
გამაოცა და ამაშფოთა ამ ამბავმა... როგორც იქნა, ვნახე პირადად ამხ. ესაკია მის ატელიეში. არაფრად იამა ჩემი ნახვა, მაგრამ რას იზამდა! ვისაუბრეთ დინჯად. მამცნო: „მზად ვარ, ვიმუშაო თქვენთან და პავლესთან ერთად, თუ იგი დათანმხდებაო (ალბად ადრევე იცოდა, რომ არ დათანხმდებოდა), მოელაპარაკე პავლესაო“. „მე თქვენთან მაქვს საქმე და არა პავლე ინგოროყვასთან. მე გულახთით გესაუბრე ამ რვა თვის წინად, გაგიშალე ჩემი კარტები, მოგეცი ლიბრეტო, გამცნე ჩემი გეგმები და ხერხები, გამაჩერე რვა თვე და ახლა... ეს არ არის ლამაზი, მოხუცი კაცის ასე დაბრიყვება გაგონილა?“ - იყო ჩემი პასუხი. დაფიქრდა და მცირე ხნის შემდეგ მიპასუხა: კარგი, მე ვნახავ პავლეს და ვეცდები დავითანხმო ერთად მუშაობაზედაო, დაგვემშვიდობა. უნდა მოეცა პასუხი მეორე დღეს. მიუხედავად ამისა, ვნახე პირადად სახკინმრეწვის დირექტორი არ. გიგოშვილი და სასც. განყ. გამგე ვლ. კარსანიძე და ორთავეს ვამცნე საქმის ვითარება, თანაც შევიტანე წერილობითი მოკლე განცხადება. ამათ სცნეს ჩემი სიმართლე და აღმითქვეს ესაკია-ინგოროყვასთან მორიგება ერთად მუშაობის შესახებ. მადლობა გადავუხადე ორთავეს (ეს იყო 10 იანვარს). სრული ოთხი დღე მატარა ესაკიამ და მაჩერა სახკინმრეწვში, ვითომდა ვერ ნახა ინგოროყვა, რომელიც მუდამ თავის სენაკში ზის და მუშაობს მუზეუმში. თანაც ორთავეს ტელეფონი აქვს... რადგან შევიტყვე, რომ ესაკია განგებ აჭიანურებს საქმეს, იძულებული შევიქენ, მე თვით მენახა პ. ინგოროყვა. ვისაუბრეთ დინჯად. მან უხერხულად სცნო ჩემთან ერთად მუშაობა. „შემოქმედება და კოლექტიური მუშაობა არ მოხერხდებაო“. მე კი ვცნობდი კოლექტიური მუშაობის შესაძლებლობას და სარგებლობას შემოქმედების სფეროშიც კი. ბოლოს მითხრა: „ვიფიქრებ და ორი დღის შემდეგ მოგცემ პასუხსაო“. მეც შევჯერდი და წამოვედი შინ. მიველი მასთან დანიშნულ დროს (16/I. დილის 12 ს.). მაუწყა: „ჩემი პასუხი უარიაო. ერთად ვერ ვიმუშავებთაო...“ თანაც ბოდიშები იხადა... (ო, რა „თავაზიანი კაცი“ ყოფილა ეს პ. ინგოროყვა). ვუპასუხე: მაშ, იმედია ჩემი ლიბრეტოს სქემით არ ისარგებლებთ ორთავენი მეთქი. არაო,აღმითქვა. დავემშვიდობე და გამოველი. იმ დღესვე გაქცეულა სახკინმრეწვში და შეუკრავს ორთავეს (პავლეს და ლ. ესაკიას) პირობა დირექტორთან, მიუღიათ კიდეც ავანსად 5000 მანეთი. უნდა მიიღონ სცენარის წარდგენისას (აგვისტოში) კიდევ 1500 მ. სულ კი 20.000 მ. აქედან 6.666 მანეთი ჩემი უნდა ყოფილიყო. ეს ფული წამგლიჯეს ამ ორმა ვაჟბატონმა. მაგრამ დიადი ბუნება არ შეარგებს მათ ჩემს ნაცოდვარს... ბუნება თუ განგება სამართლიანია... მეორე დღეს წაველ სახკინმრეწვში და ვლ. კარსანიძეს (სასც. განყოფილების გამგეს) ვახმობინე რეჟისორი ლ. ესაკია. ვაიძულე მას, გაემეორებინა კარსანიძის წინაშე ყოველივე ის, რაც ჩაიდინა მან ჩემდა მიმართ, ე.ი. ერთად მუშაობის დაპირება, ჩემთან მოსვლა ჩემ მიერ ჩემი გეგმების გამხელა. რომანის უმთავარეს მომენტების გამჟღავნება, ლიბრეტოს ესკიზის გადაცემა და სხ., ის, რაც მოხდა მაისში. ეს ყველაფერი აშკარად აღიარა ლ. ესაკიამ და თანაც მოგვცა სიტყვა, რომ არ ისარგებლებს ჩემი რომანითა და გადაცემული ლიბრეტოთი (რომლის ასლები აქვს მას და იპოვება თვით სასცენარო განყოფილებაში). ვნახოთ, როგორ შეასრულებს თავის „პატიოსან“ სიტყვას!... გავიდა ოთახიდან, - როგორ მოგწონს ლ. ესაკიას მოქმედება მეთქი, შევეკითხე კარსანიძეს. იგი სდუმდა. სახეზე შევატყვე, რომ არ მოსწონდა. მე ვიტოვებ უფლებას, შევადგინო შ. რუსთველზე ან კინოსცენარი, ან კინოლიბრეტო და წარმოგიდგინოთ აგვისტოში. დე, მას გადაეცეს დასადგმელად, ვინც უკეთესი ნაშრომი წარმოგიდგინოთ! ამას მოითხოვს სამართლიანობა და თვით სახკინმრეწვისა და უმაღლეს ორგანოს საქ. ცეკას ინტერესი-მეთქი. ამხ. კარსანიძე დამეთანხმა ამაზე. ვნახოთ...
20/I38 წ. მწერალთა კავშირში გადმომცეს ფრიად სასიამოვნო ამბავი: კავშირის ბიუროს აღუდგენივარ კავშირის წევრად. მომილოცეს. ძლივს!.. ძლივს ვეღირსე ამ სამართლიან მოქმედებას!.. ამიერით დამშვიდდა ჩემი უზომოდ აღშფოთებული სული!.. დამარცხდა უსამართლობა და ზოგიერთ უმსგავსო პირთა ინტრიგები!.. - ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია“ - ...ბრძანებს სულმნათი შოთა. დიახ, მარცხდება ბოროტება და ასეც უნდა მოხდეს. ეს ბუნების და ისტორიის ურყევი კანონია!.. გაუმარჯოს სამართალსა და სამართლიანობას!..
22/I38 წ. მოხდა რაღაც უცნაური ამბავი! ჩემი ისტ. რომანი „დიდი მოურავი“ მთლიანად გასაღდა აპრილსა და მაისში. აღარ იყო არც ფედერაციის საწყობში და არც წიგნის მაღაზიებში. დარბოდენ წიგნების ხელზე გამყიდველნი და ლანძღავდენ გამ. „ფედერაციას“ „დიდი მოურავის“ ასე მცირეტირაჟისათვის. დარბოდა ხალხი, ახალგაზრდობა და ეძებდა ამ ჩემს წიგნს, წიგნი კი არსად იყო. ამ ხუთი თვის წინად შემხვდა ცნობილი მწერალი გერცელ ბააზოვი და მითხრა: „მომწერეს, მიეცი 15, 20 თუმანი. ს. ქვარიანის წიგნში („დიდი მოურავი“) და როგორმე გამოგვიგზავნეო. წიგნს კი ვერ ვშოვილობო!..“ გადის 2-3 თვე და აჰა, რაღაცნაირად ეს ჩემი წიგნი ჩნდება თურმე ასობით... ქუთაისში ფედერაციის წიგნის მაღაზიაში. აქვე უნდა დავძინო, რომ ქუთაისში იმავ მაღაზიაში ფედერაციის საწყობიდან გაგზავნილი (აპრილშიც) 500 თუ 600 ცალი გასაღდა თურმე სამ დღეში... ქუთაისიდან იმავე თვეში თუ მაისში მორბოდა ხალხი თბილისში ამ წიგნის საშოვრად და რომ შოვილობდენ, ზოგი მათგანი მოდიოდა ჩემთან ბინაზე და მთხოვდა წიგნს, მეც ვერას ვშველოდი. მას შემდეგ ამ ჩემი წიგნის არცერთი ცალი არ გაგზავნილა გასაყიდათ ქუთაისში (რაც არ იყო, რას გაგზავნიდენ!). ახლა კი, ამ დეკემბერ- იანვარში აღმოჩნდა აღნიშნული წიგნის მაღაზიაში ამ ჩემი წიგნით სავსე თაროები... როგორ?! რა რიგად?! რა სასწაულით?! გამოსცა მეორედ „ფედერაციამ“ ან კერძო პირებმა?! არა, დაუჯერებელია! მაშ, რა მოხდა?! რარიგ აივსო ამ ჩემი წიგნებით ქუთ. წიგნის მაღაზიის თაროები ამ ბოლო თვეებში (დეკემბერ- იანვარში)?! რატომ გაყუჩდენ ხელზე წიგნების გამყიდველნი?! რარიგად იშოვა მათგან ამ ჩემი წიგნის ორი ცალიჩვეულებრივ საფასით ერთმა ჩემმა ნათესავმა ინჟ. დ. ქვ-მა?!.. აშკარაა, რაღაც მოხდა!.. (ან იყო გადამალული სადმე ის პ-დ გამომცემელის რამდენიმე ასეული ცალი).
შეიძლება, მოხდა რაიმე სიყალბე?! და ამ სიყალბის ჩადენა მით უფრო ადვილი იყო მათთვის, რომ ფედერაციის სტამბაში მზად იყო (და ვგონებ, ახლაც არის) მთლიანად ამ ჩემი წიგნის სტერეოტიპის მატრიცები (ჩამოსხმული) და ადვილად შეიძლებოდა, თუკი ქაღალდი ექნებოდათ, თუნდ ასიათასი დაებეჭდათ... აშკარაა, ასეც მოხდა ან თვით ფედერაციის სტამბაში, ან, უფრო სარწმუნოა, სხვა რომელიმე სტამბაში... ასეთ ბოროტმომქმედთ ქაღალდიც ექნებოდათ... ალბად დაბეჭდეს რამდენიმე ათასი ცალი და ჰყიდიან... რას კარგავენ! თვით უზით თითო ცალი 2-3 მანეთი და ჰყიდიან კი 11 მანეთად... წმინდა მოგება თითო ცალზე 8 მანეთი, 5000 ცალზე - 40 ათასი მანეთი. კარგი ფულია, შენმა მზემ... არ ყავს ფხიზელი მეთაური, მწერალთა კავშირს არ ცალია, წიგნის ავტორი ქვარიანი ძალზე მოხუცია და უსინათლო, მაშ, ვიღა შეიწუხებს თავს და გამოძებნის მათ ფარულ მახინაციებს?! სრულიად არავინ... მაშ, ბეჭდე და ჰყიდე, რამდენიც გინდა! მოთხოვნილება ხომ დიდია!...
ეს უცნაური აზრები უნებლიეთ მომდის თავში. ფაქტი კი ისაა, რომ ჩემი რომანი „დიდი მოურავი“ აღარ იყო არსად გასაყიდი უკვე 1937 წლის მაისის დამლევს და ეს წიგნი ერთბაშად გამოჩდა ქუთაისში „ფედერაციის“ წიგნის მაღაზიაში ათეული ცალობით დეკემბერ-იანვარში და აგრეთვე ამავე თვეებში თბილისში წიგნების გამყიდველთა ხელში...
23/IV - 38 წ. ივანე გომართელი. ამ სამი დღის წინ მამცნეს ფრიად სამწუხარო ამბავი: „მიიცვალა ექ. ვანო გომართელიო“. საშინლად იმოქმედა ჩემზე ამ ამბავმა... უზომოდ შემაწუხა... მაშ, აღარ გვყავს ფართო ერუდიციით აღჭურვილი, საუკეთესო ექიმი, უანგარო, ხალხის მოყვარე და მედგარი მუშაკი, ტკბილი, მშვიდი და უწყინარი ადამიანი!.. აღარ გვყავს ღარიბი ხალხის დამხმარე, იშვიათი ქველმოქმედი, ენათაფლოვანი ჩვენი საყვარელი ვანო გომართელი!.. ვერა, ვერ შევრიგებივარ ამ საშინელ აზრსა! გუშინ ავადმყოფებს იღებდა, გუშინ მწოლიარე სნეულებთან დადიოდა ბინაზე; დღეს კი გაჰქრა, აღარ არის... რა მოხდა? რა შეემთხვა?!.. რა იყო ამის მიზეზი? გულის ავადობა? სისხლის მაღალი წნევა და ჩაქცევა?.. იქნებ, ოჯახურმა პირობებმა იმოქმედა მასზე? იქნებ, ვეღარ შესძლო მუდმივი, დაჭიმული შრომა? იქნებ, რაიმე უსიამოვნებამ იმოქმედა მასზე?.. ვინ იცის!.. ფაქტი ის არის, რომ ვანო აღარ გვყავს! ჩვენი ერთგული, დამამშვიდებელი ვანო!.. ეს ნათელი პიროვნება იყო ჩემი და ჩემი ოჯახის ექიმი, ჩვენი იმედი, ჩვენი ნუგეში და განა მარტო ჩემი, ჩემი ოჯახის, არა! ათას და ათიათას სხვა პირთა, სხვა ოჯახებისა... მაგონდება ერთი ეპიზოდი: ამ 14 წლის წინად ვეჩვენე ერთ „ცნობილ“ პროფესორს (წ...ს), მან დიდხანს შინჯა ჩემი დაავადებული გული, მითხრა არასანუგეშო სიტყვები და თანაც ისეთი სახე მაჩვენა, რომ მეგონა, იმ ერთ საათში გამისკდებოდა გული და მოვკვდებოდი... ძლივს მივაღწიე ჩემს ბინამდე ცოცხალ-მკვდარი. მივესვენე ტახტზე გადაკამათებული. შეშინებულმა ცოლმა ძლივს მომაბრუნა წვეთებით. ვაუწყე მოკლედ ყველაფერი. ამიხირდა, წავსულიყავ და ვჩვენებოდი ჩემს ექიმსი. გომართელს. წაველ. მიმიღო რიგს გარეშე. დამინახა თუ არა გულზე ხელდადებული და ფრიად შეწუხებული სახით. - რა დაგემართა, სიმონ? - მკითხა დამშვიდებით. მეც მოკლედ ვაუწყე ყოველივე. გაიღიმა. - აბა, გაიხადე, ვნახო ეგ შენი გულიო. გამშინჯა კარგად, გაიღიმა და მითხრა: ტყვილა შეშინებულხარ, გეფიცები ცოლ-შვილს, ეგ შენი გული შარშანდელზე უკეთესად გაქვსაო. საჭიროა იოდის სმაო. გამომიწერა შავი იოდის წვეთები.ეგ სვი, კუჭი კარგად ამუშავე და შვენივრად იქნებიო. მაგ გულით ას წელიწადს იცოცხლებო... დამამშვიდა და ამაფრთოვანა ამ კურთხეულმა ადამიანმა ამ ტკბილი სიტყვებით. ეს იყო ერთგვარი ჰიპნოზი, სნეულთათვის ფრიად საჭირო, რაც არ იციან და არ ესმით მკურნალთა დიდ უმეტესობას. წამოველი შინ სრულიად განკურნებული, აფრთოვანებული... ვიმეორებ, მას შემდეგ გავიდა 14 წელი... დარწმუნებული ვარ, რომ არ მივსულიყავ ექ. გომართელთან, ის „მცოდნე“ პროფესორი, ის „დიდი სპეციალისტი“ ერთ თვეში მომისპობდა სიცოცხლეს...
დიაღ, ასეთი იყო ჩვენი ძვირფასი ვანო, ჩვენი უპირველესი მკურნალი და უპირველესი ადამიანი...
დავესწარ მის პანაშვიდებს და ამ საღამოს დავესწარ მის გასვენებას. გაზეთები სდუმან, გვირგვინები ბლომად, ხალხი საკმაოდ. ექვსცხენიანი თეთრი კატაფალკა და მარშრუტი ვაკესკენ... განა არ შეიძლებოდა მისი დასაფლავება უკეთეს ალაგას?! განა არ იყო ამის ღირსი ეს დიდი ადამიანი?!... ჰაი, ჰაი, რომ იყო!..
ძვირფასო ვანო! თანამედროვე საზოგადოებამ, შენმა კოლეგებმა და მწერალთაკავშირმა ვერ დაგაფასეს ღირსეულად საუკეთესო მკურნალი, მწერალი, კრიტიკოსი და მეცნიერი... ნაცვლად ამისა ღარიბ გლეხთა, მუშების და ინტელიგენტ პირთა გულში აიგე შენ უტკბესი სავანე!.. მწამს, რომ უკვდავი იქნება ამ სოფლად შენი ნათელი ხსოვნა, შენი სახელი!..
_________________
1. სახელებს ნუ ვახსენებთ.
![]() |
24.2 „დიდი მოურავი“ |
▲ზევით დაბრუნება |
8 ოქტომბერი, 1938 წ. გუშინწინ, საღამოს 8 საათზე მწერალთა კავშირის სასახლეში მოხდა საჯარო კრება, რასაც დაესწრო დიდძალი საზოგადოება. ირჩეოდა ჩემი ისტ. რომანი „დიდი მოურავი“. კრება გახსნა პროზ. სექციის თავმჯდომარემ - ლეო ქიაჩელმა. მოხსენებით ჩემი რომანის შესახებ გამოვიდა ახალგაზრდა კრიტიკოსი დიმ. ბენაშვილი. იგი შეჩერდა სხვადასხვა ავტორებზე გ. სააკაძის შესახებ, შემდეგ შეეხო ისტორ. რომანის მნიშვნელობას, ბოლოს კი, ჩაეფლო წვრილმანებში. მომხსენებელმა გაკვრით აღნიშნა ამ რომანის დადებითი მხარეები. სრულიად არაფერი სთქვა რომანის ენაზე, სტილზე, მხატვრულ მხარეებზე, პათოსზე, დამაჯერებლობაზე და სხ., ე.ი. ყოველივე იმაზე, რაც იტაცებს მკითხველს, მეტადრე ახალგაზრდობას. ბევრნი არიან ისეთნი, რომელთაც 3-4-ჯერ წაუკითხავთ ეს ჩემი ნაშრომი. სწორეთ ამ სტილითა და მხატრობით აისხნება ის, რომ ეს ჩემი რომანი მთლიანად გაიყიდა თითქმის ერთ თვეში; აგრეთვე მივიღე მრავალ მკითხველთაგან სიტყვიერი და წერილობითი მოლოცვები და აღტაცებანი. თვით მომხსენებელი ასეთივე აზრის იყო პირადათ საუბრის დროს, კრებაზე კი გადუხვია თავის პირად განცდებს, რითაც ფრიად გამაოცა. დ. ბენაშვილის მოხსენებას რომ ვისმენდი, უნებლიეთ მაგონდებოდა ხალხური ანდაზა: „გველი გარედან არის ჭრელი, ადამიანი კი შიგნიდანაო“... ეჰ, მახლას!.. მწერლებიდან გამოვიდნენ მხოლოდ ორნი: ერთმა ი. მჭ-მა სთქვა, რომ ქვარიანის „დიდი მოურავი“ დღემდე ვერ წავიკითხე, რადგან ვერც მაღაზიებში ვიშოვე საყიდლად, რადგან მეტად მალე გასაღდაო, და ვერც კერძოთ ვიშოვე, რომ წამეკითხაო, არავინ მათხოვაო და სხ. მეორემ გ. ხ-მა კი შეაქო გ. სააკაძე და თავის მოკლე სიტყვა დაამთავრა პაწია ლექსით. დამჭირდა მე თვით სიტყვით გამოსვლა. მოკლედ აღვნიშნე, თუ რა მძიმე პირობებში მიხდებოდა ორივე ისტ. რომანის - „დიდი მოურავის“ და „შოთა რუსთვლის“ წერა და ვისთვის ვწერდი, ვინ მყავდა სახეში? ესენი იყვნენ მოსწავლე ახალგაზრდობა და მშრომელი მასები, ამიტომ იყო რომ გ. სააკაძის საგმირო საქმენი, მთელი მისი ეპოქა 3 და 4 დიდი ტომების ნაცვლად შევკუმშე ერთ პატარა ტომში. ამოვკრიფე საუკეთესო რამეები, ამოვწერე კვინტესენცია და მით ავაფერადე მხოლოდ ერთი 300-გვერდიანი წიგნი... ამიტომაც არის, რომ ასე გატაცებით ეტანება მას ქალი და კაცი, მუშა და ინტელიგენტი, მოყმე და მცხოვანი. არც მე მქონდა საშუალება გამეშალა ფართოდ სამხატრო ტილო, და არც ჩემს მკითხველთ აქვთ დრო და მოცალეობა, რომ იკითხონ მთელი ტომები... ავტორის გამოსვლას და წრფელ სიტყვას მეტად გულთბილად შეხვდა დამსწრე საზოგადოება (მკითხველები) და გაუკეთა ოვაციები.
დიდხნობამდე არ შეწყვეტილა ტაშის გრიალი, რამაც ამაფრთოვანა და სავსებით დამაკმაყოფილა... ამ გულთბილმა მიღებამ დამსწრე საზოგადოების მხრივ დამიამა ის მწვავე ტკივილები, რაც აგრძნობინა ჩემს გულს დიმ. ბენაშვილის ორპირობამ და ეზუიტობამ... ეჰ, ცუდი, ცუდი ადამიანი ყოფილა და ფრიად ვწუხვარ, რომ ადრევე არ ვიცოდი...
საკვირველი ის იყო, რომ ჩვენი ორდენოსანი და პირველხარისხოვანი მწერლები თითქმის სულ არ დაესწრენ კრებას. რა მიზეზია?! რით უნდა ავხსნათ?! უგულობით, ინდიფერენტიზმით, თუ უკადრისობით და მედიდურობით?!. ზოგიერთგანი შემხვდენ გზაში და ბოდიში მოიხადეს, იმართლეს თავი, აქ არ ვიყავითო. მაგრამ დავიჯერო, ყველანი გავიდნენ თბილისიდან 3 ოქტომბერს?! შეუძლებელია... ეჰ, ჩემი ბედი ასეთია... მჩაგრავენ უსინათლოსა და უპარტიო მოხუცს! მჩაგრავენ!... არაფრად მაგდებენ!... ერთი მითხრან: რომელი მათგანის ნაწარმოები გასაღდა ერთ თვეში?! რომლის ნაშრომებს დაეწაფენ მკითხველები ასე ხურვალედ?! უკვე 1 ½ წელია, რაც გამოიცა ეს ჩემი წიგნი და დღემდე მის წასაკითხად ჯერი დგას წიგნსაცავებში... ამ ვაჟბატონებმა კი ან არ წაიკითხეს ეს ჩემი რომანი, ან შეითქვენ, რომ დუმილით ეპასუხათ ამ ჩემს ნაშრომზე, რომელმაც გაიტაცა ათიათასობით მკითხველი. არცერთ ამ ჩვენს მწერალს (გარდა 2-3-სა) არ წამოცდა ჩემთან ერთი თბილი სიტყვა, რომ მით გავმხნევებულიყავ!.. ნეტა, რას ნიშნავს მათი ასეთი საქციელი, პირად შურსა თუ უსაზღვრო მედიდურობას?! თვით ჩემი კარგი მეგობარი, შალვა დადიანიც კი სდუმს!.. თითქო შეითქვენ ყველანი ჩემს წინააღმდეგ!.. სირცხვილი იმათ!.. ჩემი ბედი კი ასეთია „კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!..“
«И я его лягнул»!.. - ამ სიტყვებით შეუძლია იტრაბახოს „კრიტიკოსმა“ დიმ. ბენაშვილმა...
„კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად“. - ბრძანებს შოთა. კარგს იზამდა, რომ ამ ჩემს „კრიტიკოსს“~ შეეგნო ეს აფორიზმი დიდი პოეტისა... დღემდე გონს ვერ მოვსულვარ მისი უგვანო საქციელით... ო, რაები როშა! გ. სააკაძეს მოღალატეც კი უწოდა! „- ქვარიანი ხელს აფარებს მის ღალატსაო“... საცოდავო კაცუნიავ! შენ იმეორებ სომხის ისტორიკოსების - ფარსადან გორგიჯანიძის და არაქელის სამარცხვინო ცილისწამებას დიდებული გმირის მიმართ, რადგან მან ჩამოარჩობინა ქვეყნისა და ხალხის ღალატისათვის მათი ორი ახლო ნათესავი: გიორგი გორგიჯანიძე და გარსო ჯანუაშვილი. ჩანს, შენ არ წაგიკითხავს იოსებ თბილელი, არჩილ მეფე, უსახელო ავტორი ანტ. ფურცელაძე და სხვები, რომლებსაც ნამდვილ გმირად და საქართველოს სამჯერ გადამრჩენად გამოჰყავთ დიდი მოურავი გ. სააკაძე!..
6 ივლისი, 1939 წ. ფრიად გამაოცა და დამაღონა მოსკოვიდან მიღებულ მოკლე ბარათმა (28 ივნ., თბილისი) ჩემი ვრცელი წერილის პასუხად. ეს წერილი გაიგზავნა მოსკოვს ჩვენი დიდი ბელადის მიმართ ამავე 39 წელს, 22 მარტს. შიგ ავსახე ჩემი ჩეროში ყოფნა და ის მწვავე გულისტკივილი, რასაც განვიცდი ბედშავი, თითქმის ბრმა მოხუცი, ძველი მოღვაწე, რევოლუციონერი და მწერალი, ამჟამად კი - შრომის გმირი, დიდ ბუმბერაზ ლენინ-სტალინის მზიურ ეპოქაში...
ამ დიადი ეპოქით აფრთოვანებულმა, მძიმე ნივთიერ პირობებში მყოფმა, გულით ავადმა და ოთხი სულის მარჩენალმა, შევძელი და სხვა მრავალ წვრილმანებს შორის დავწერე სამი საგულისხმო ნაშრომი: ა) „დიდი მოურავი“, ისტორ. რომანი, ბ) „შოთა რუსთველი“, - ისტ. რომანი, გ) ბუმბერაზები (ლენინ-სტალინი), მოკლე პოემა. ისინი მზად მქონდა უკვე 1934 წელს. სამივე სხვადასხვა დროს წაკითხულ და მოწონებულ იქნა მწერალთა სასახლეში, ზოგი სექციებში, ზოგიც კი საჯარო კრებაზე. მაგრამ ხალხის მტრებმა და პირად მოშურნეებმა მომაყენეს ფრიად დიდი ზიანი, რის გამო დღემდე დაუბეჭდავია „შოთა რუსთველი“ და „ბუმბერაზები“. ხოლო, რაც შეეხება „დიდ მოურავს“, მიუხედავად საქ. ცეკას განკარგულებისა, რომ ის დაბეჭდილიყო 1935 წელს, ივლის-აგვისტოში, გამ. „ფედერაციამ“ ეს რომანი დაბეჭდა მხოლოდ თითქმის ორი წლის შემდეგ. ეს ჩემი რომანი გამოვიდა ბაზარზე გასასყიდად 3 აპრილს, 1937 წელს შეკვეცილი და მეტად ცუდად გაფორმებული, თანაც სამჩნევად აწეული ფასით (ალბად რომ არ გაყიდულიყო!). მიუხედავად ასეთი დეფექტებისა, ეს ჩემი წიგნი მთლიანად გაიყიდა თითქმის ორ კვირაში (არმომხდარი ფაქტი, ვგონებ, მთელ საბჭოთა კავშირში). ამ წიგნს ერთსულოვნად დაეწაფენ როგორც მშრომელი მასები და წითელი არმიელნი, ისე მეტადრე მოსწავლე ახალგაზრდობა, კითხულობენ მას გატაცებით, კითხულობენ 3-4-ჯერ, 5-6-ჯერ და 8-9-ჯერაც კი... რიგებში დგანან წიგნსაცავებში; ბევრმა გაიტანა წიგნი და აღარ დააბრუნა უკან, დაიტოვა და საფასი გადაიხადა. ამ წიგნს ეძებენ გაფაციცებით და ვერ პოულობენ. მიუხედავად იმისა, რომ „ფედერაციამ“ დიდი ფული მოიგო ამ ჩემი რომანის გამოცემით, ის მაინც არ გამოსცა მან გასულ 1938 წელს, არ აპირებდა გამოცემას არც ამ მიმდინარე, 39 წელს, მაგრამ გავასაჩივრე და მწერალთა კავშირის მდივანმა, ორდ. ამხ. ალიო მაშაშვილმა მოახდინა განკარგულება ფედერაციის მიმართ ამ ჩემი რომანის გამოცემის შესახებ. ვფიქრობ, რომ გამოვიდეს ამ წლის ბოლოს მაინც.
ასეთივე განკარგულება მოახდინა საბლიტგამის მიმართ კომკავშირის ცეკას მდივანმა ამხ. მირცხულავამ, რომ გამოსცეს ეს რომანი სკოლების ბიბლიოთეკათათვის და საბლიტგამი უკვე შემეკრა პირობით, მომცა ავანსი და შეუდგა საქმეს.
ჩემი გულითადი სურვილი იყო, რომ ზემო აღნიშნული სამივე ნაშრომი წიგნებად დაბეჭდილი მიმერთმია ჩვენი საყვარელი ბელადისათვის და მით მემცნო, რომ ცოცხალია და კვალად იღწვის მშრომელი ხალხისათვის ის სიმონ ქვარიანი, რომლის ფარულ რეფერატებს ესწრებოდა თბილისში, 1895-96 წლებში პირტიტველა სოსო და რომლის თავგანწირულ ბრძოლას ჭიათურაში მადნის მუშების სასარგებლოდ თვალყურს ადევნებდა ბაქოდან 1900-902 წლებში მგზნებარე რევოლუციონერი კობა და გატაცებით კითხულობდა მის (ს. ქვარიანის) მწვავე პოლემიკას რუსულ-ქართულ გაზ-ებში სხვილ მრეწველთა ქომაგების - გ. ზდანოვიჩის, კიტა აბაშიძის და კ-ნი-ის წინააღმდეგ...
საუბედუროდ ჩემდა, ეს გულითადი სურვილი ისევ სურვილად დარჩა და ამის მთავარი მიზეზნი იყვნენ ის მავნე პირნი, რომელთაც შემდეგ აეგლიჯათ ნიღაბი და გამჟღავნდა მათი მახინჯი სახე...
მსურდა, ცუდად გაფორმებული ჩემი „დიდი მოურავი“ მაინც გამეგზავნა ჩვენი ბელადისათვის კიდევ 1937 წელს, აპრილში. ვერ შევძელ!.. ვერ გავბედე!.. მხოლოდ ამა წელს, მარტში ვიქონიე გამბედაობა და გაუგზავნე ჩვენ საყვარელ ბელადს ეს ჩემი „დიდი მოურავი“ და მანქანაზე დაბეჭდილი პოემა „ბუმბერაზები“, თანაც წერილით ვამცნე მოკლედ ჩემი ვითარება, ჩემი ჩეროში ყოფნა; ვამცნე მოკლედ ჩემი წარსული და აწმყო; ვამცნე ისიც, რომ აღმოჩნდენ მადააღძრული პირნი, რომელთაც სურთ, წამართვან კინოსცენარის დაწერა გიორგი სააკაძეზე, რაზედაც ვმაცადინობ უკვე მეხუთე წელია და რაც აღმითქვა საქ. სახკინომრეწვის დირექციამ.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამი შეგნებული პირი, სხვადასხვა დროს, მარწმუნებდენ: „ჩვენ დიდ ბელადს აღსოვხარ და კარგად გიგონებსაო“... აი, ამ სიტყვებმა, ამ ფრიად საამო ცნობამ გამათამამა და ჩამადენინა ზემოდ თქმული...
ვგრძნობდი, რომ ჩემს ბარათსა და ჩემ მცირე ნობათს მიექცეოდა ყურადღება; დიდი ბელადის მზის სხივები გამათბობდა და გამაშუქებდა მეც. არ გამართლდა ჩემი იმედები!.. დამღუპეს თურმე ბოროტმა ადამიანებმა!.. დამღუპეს იმ პირებმა, რომელთა წინაპრებმა დაღუპეს თვით დიდი მოურავი და მისი დიადი აზრი საქართველოს გაერთიანების შესახებ... საქართველოს სამჯერ გადამრჩენი დაღუპისაგან, უდიდესი გმირი და სტრატეგი გ. სააკაძე იმ პირებმა მონათლეს სამშობლოს მოღალატედ! ამ ქართველი ერის დიდება-სიამაყეს მოცხეს საშინელი ჩირქი და მით შეცდომაში შეიყვანეს როგორც ქართველი ისტორიკოსნი, ისე უცხოელი მოგზაურნი. ალბად დღემდე ექნებოდა გასავალი ამ სამარცხვინო სიყალბეს, ალბად ვიქნებოდით ამ სიცრუის ბნელ ბურუსში გახვეულნი, რომ არ ყოფილიყო ცნობილი მწერალი და ფრიად ნიჭიერი მკვლევარი ანტონ ფურცელაძე. გასული საუკუნის 70-იან წლებში მან ხელი მიჰყო მძიმე, საპასუხო შრომას, შეკრიბა მრავალი მასალა გ. სააკაძის შესახებ, განიხილა ისინი მკვეთრი კრიტიკის თვალსაზრისით და სავსებით გააშუქა უდიდესი გმირის, დიდი მოურავის ნათელი პიროვნება, მისი ამაგი მშრომელი ხალხისადმი, მისი გმირული თავგანწირვა ქართველი ერისადმი, მისი საარაკო საქმენი ბრძოლის ველზე, უამრავ შემოსეულ მტერთა (ირან-თურქეთი) განადგურება და ივერიის სამჯერ გადარჩენა სრული დაღუპვისაგან... და ასეთ დიად პიროვნებას უწოდეს „სამშობლოს მოღალატე“!.. და ეს საშინელი ჩირქი მოსცხეს იმ ცრუ ისტორიკოსებმა, რომელთა ერთის მამა (გ. გორგიჯანიძე), ხოლო მეორესი ახლო ნათესავი (გარსო ჯანუაშვილი) ჩამოარჩვეს ქვეყნის ღალატისათვის თვით გ. სააკაძის ბრძანებითო...
ყოველივე ეს ნათლად დაამტკიცა ანტ. ფურცელაძემ თავის შესანიშნავ „ბრძოლა“-ში (ანუ „გ. სააკაძე და მისი დრო“), რომელიც გამოვიდა სქელ წიგნად გას. საუკუნის 80-იან წლებში, ხოლო მეორედ გამოიცა 1911 წლის დამლევს.
თვით ამ სტრიქონების დამწერი ფრიად დაინტერესდა საქართ. უდიდესი გმირით, გაეცნო ყველა იმ მასალებს, რაც ანუსხული ჰქონდა ანტ. ფურცელაძეს თავის ნაშრომში და სხვა ახალ მასალებსაც და 1908-10 წლებში დასწერა ისტორ. მონოგრაფია სათაურით: „ქართველი ერის ტრაგედია მე-17-ტე საუკუნეში“ (ანუ „გ. სააკაძე და მისი დრო“). ამ ნაშრომს ავტორი კითხულობდა ლექციებად ქუთ. ქართ. გიმნაზიასა და სახალ. უნივერსიტეტში, ხოლო ცალკე წიგნად გამოვიდა 1911 წლის დამდეგს და გასაღდა მალე. მან მიიქცია მკითხველის ყურადღება... ჩემი წიგნის გამო („ქართ. ერის ტრაგედიას 17-ტე საუკუნეში“) მოდად შეიქნა საქართველოში გ. სააკაძის საჯარო გასამართლება თეატრებში, რასაც ესწრებოდა უამრავი ხალხი. ბრალდებელად მეტწილად გამოდიოდენ მენშევიკთა ორატორები, დამცველად კიამ სტრიქონების დამწერი. 4-5 საათის ცხარე კამათის შემდეგ ბრალმდებ-დამცველთ შორის ჟიური ერთხმად ამართლებდა გ. სააკაძეს, დამსწრე საზოგადოება კი ხურვალე ტაშით ხვდებოდა ამ გამართლებას.
როგორც ზემოდ ავნიშნე, საბჭოთა მზიურ ხანაში ვიშრომე წლობით და გავშალე ფართოდ მხატრულ ტილოზე დიდი მოურავი და მისი ეპოქა. ეს ჩემი ისტ. რომანი „დიდი მოურავი“ გამოვიდა წიგნად 3 აპრილს 1937 წელს და მაშინვე მიიქცია მშრომელი მასებისა და ახალგაზრდობის განსაკუთრებული ყურადღება. დაეწაფენ, დაიტაცეს. კითხულობენ მრავალჯერ... ავტორი იღებს მკითხველთაგან აფრთოვანება-მილოცვებს სიტყვიერად და წერილობით... პრესა კი სდუმს... ნეტა რატომ?!... გასულ 1938 წელს 3 ოქტომბერს მოხდა მწერალთა სასახლეში ჩემი „დიდი მოურავის“ საჯარო გარჩევა. დაესწრო უამრავი ხალხი, მეტადრე ახალგაზრდობა. ოვაციებით შეხვდენ დამსწრენი ავტორის გამოსვლას. სამჯერ ხანგძლივი, მგზებარე ტაშით დააჯილდოეს იგი... ეს იყო ერთი უტკბესი წამი ჩემს ცხოვრებაში...
1937 წელს დეკემბრის ბოლოს (შ. რუსთველის იუბილეს დროს) გავიცან თბილისში მოსკოვის სახ. გამომცემლობის გამგე ამ. ლუპოლი. ის დაინტერესდა ჩემი „დიდი მოურავით“ და მთხოვა, გამეგზავნა მოსკოვში მისთვის ამ რომანის ერთი ცალი (თვით იმ საღამოსვე მიდიოდა მოსკოვს); აღმითქვა რუსულად გადათარგმნა და დაბეჭდა. ორი კვირის შემდეგ გავუგზავნე წიგნი, ხოლო ორი თვის შემდეგ დამიბრუნდა წიგნი დიდი პაკეთით, რომელშიაც იდო სახ. გამ. გამგის მოადგილისმუსელიანის მოკლე ბარათი, რომლითაც მატყობინებდა, რომ სახ. გამომცემლობა თავს იკავებს ჩემი რომანის გამოცემის შესახებ. ამავე პაკეთში იდვა ამ ჩემი რომანის ვრცელი რეცენზია ვიღაც ანონიმურ ავტორისა, რომელიც ყოვლად უმსგავსოდ ქირდავდა ამ ჩემს რომანს „დიდ მოურავს“ და ასე გასინჯეთ, ცილსაც კი მწამებდა, თითქო ჩემს წიგნში იყოს გატარებული ის აზრი, ვითომც საქართველოსთვის აჯობებდა ირან-თურქთა ორიენტაცია რუსეთთან შედარებითაო. ასეთმა უხიაკო ცილისწამებამ უზომოდ აღმაშფოთა. გარდა ამისა, ნიღბოსანი „რეცენზენტი“ გაიძახის ჩემი რომანის ენა (სტილი), მხატვობა და კომპოზიცია უვარგისია და სხ. აშკარად ჩანდა, რომ ამ „რეცენზენტის“ ნიღაბქვეშ იფარებოდა ვიღაც ჩემი მტერი (როგორც გ. სააკაძის მადიდებლის), მასთან სამჩნევად უნიჭო და უვიცი. მე დამცირებად ჩავთვალე, გამეცა მათთვის რაიმე პასუხი. ველოდი დროს, რომ თბილისის „გოსიზდატი“ გამოსცემდა ამ ჩემ რომანს რუსულად (როგორც აღმითქვეს). მაშინ წავიღებდი მოსკოვში დაბეჭდილი რომანის რამდენიმე ცალს და შევარცხვენდი მუსელიანსა და მის ნიღბოსან „რეცენზენტს“. ფრიად სამწუხაროდ, დღემდე არ გამართლდა ეს ჩემი იმედები. არ გადითარგმნა რუსულად და არ დაიბეჭდა ეს ჩემი რომანი უქაღალდობის გამო. ამავე დროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ მოსკოვის სახ. გამომცემლობის გადაღმით გავრცელდებოდა ის შხამი, რაც დაანთხია რამდენიმე ფურცელზე ნიღაბოსანმა „რეცენზენტმა“... დიახ, მოხდა ის, რასაც არ მოველოდი!.. ჩემ მიერ 22 მარტს ბელადისადმი გაგზავნილი წერილის პასუხად, როგორც ზემოდ აღვნიშნე, 5 ივლისს მომდის მოსკოვში, მწერ. კავშირთან არსებული საქ. კომისიის თავმჯდ. მოადგილის - ვ. გოლცევის მოკლე ბარათი, რომელშიაც სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმ შხამს, იმ სიყალბეს საქართველოს ორიენტაციის შესახებ, რაც დანთხეული აქვს თავის სამარცხვინო „რეცენზიაში“, ანონიმ-რეცენზენტს... როგორც აშკარად ჩანს, ამათ წაუკითხავთ ეს უხეში სიყალბე, ეს სამარცხვინო „რეცენზია“ და ამის გამო შეუდგენიათ ფრიად შემცდარი აზრი ამ ჩემ რომან „დიდ მოურავზე“... აი, ამ სიყალბემ დაახშო ჩემი სიმართლე, ჩაფუშა ჩემი იმედები!.. აი, ამან გააცრუა ჩემი ყოველგვარი მოლოდინი! ამან წამგლიჯა ხელიდან სცენარის დაწერა გ. სააკაძეზე, რაც გადაეცათ მადა აღძრულთ... ამან დამღუპა უსამართლოდ მოხუცი ძველი მოღვაწე, მწერალი და შრომის გმირი!...
ამხ. ვ. გოლცევი თავის ბარათში იმედობდა, რომ რომანის მეორე გამოცემისათვის გავასწორებდი იმ დეფექტებს „ორიენტაციის“ შესახებ, რაც მე თითქო დავუშვი პირველ გამოცემაში... (ბედის დაცინვა ამაზე მეტიღა შეიძლება?!.). დავაპირე ვრცელი პასუხის მიწერა. დავიწყე, მეტად გრძელი გამოვიდა, დავხიე... მოვიწადინე მოსკოვში წასვლა, გოლცევის ნახვა და ახსნა-განმარტების პირადად მიცემა... მივწერე მოკლედ დეპეშა და შემდეგ ბარათი: „დეფექტები“ გასწორებულია, მწადს, ახლო მომავალში ჩამოვიდე მოსკოვში და პირადად გესაუბროთ ორივე ჩემი რომანის: „დიდი მოურავი“-სა და „შოთა რუსთველი“-ს ირგვლივ-მეთქი.
მივიღე მალე ამხ. ვ. გოლცევის მეორე ბარათი, ბევრად უფრო თავაზიანი. მატყობინებს, რომვერ დამხვდება მოსკოვში, რადგან მიდის ყირიმს დასასვენებლად. მეც გადავდევი წასვლა... ან სად ვიშოვო ფული! უსინათლობის გამო ხომ მარტო ვერ ვიმგზავრებ?! ვინ წავიყვანო?! ან მისი სამგზავრო ფული სად ვიშოვო?!...
ოჰ, რას მოველოდი მოსკოვიდან ჩემს ვრცელ წერილზე და რა მივიღე!.. აი, რა საშინელი ზიანი მომაყენეს დიდი მოურავის მტრებმა!.. „მაგრამ თქმულა, მართლის მოქმედი კაცი ბოლოს არ წახდების“... - ბრძანებს შოთა. მწამს, რომ ლენინ-სტალინის დიდებულ ეპოქაში არ დაიფარება არაფერი, მალე გამომჟღავნდება სიმართლე და სიყალბე, სიკეთე და ბოროტება!.. მწამს, რომ მეც, ესდენ დატანჯულ ადამიანს, სავსებით მომეზღვის ისა, რისიც ღირსი ვარ!.. მაგრამ ვიცოცხლებ კი მანამდე?! შევძლებ კი ესოდენ უსამართლობის ატანას?! გაუძლებს კი ამაებს ეს ჩემი ფრიად დაავადებული გული?!.. როცა ბინიდან გავდივარ ხოლმე, არ მგონია, თუ შინ ცოცხალი დავბრუნდები!.. ან რად ღირს ასეთი ცხოვრება?!.
24/XI - 39 წ. წყეული იყოს ბრიყვი და ბოროტი ფსიხოპატი ალ. შატილოვი (ოკულისტი). მისი წყალობით წაერთვა ჩემს თვალებს სინათლე... ვერ ვკითხულობ... ვერ ვწერ... ვწერ წამებით, გაჭირვებით... ო, ბევრი რამესი დაწერა მსურს! ბევრი რამეები მოხდა ამ 5 თვის მანძილზე, მაგრამ, საუბედუროდ, ვერ ავსახე ისინი ამ ჩემს მემუარებში... ვერ შევძელი მათი დაწერა...
ვგონებ, სექტემბრის მეორე ნახევარში მოხდა თბილისში მწერალთა კავშირის ყრილობა. მას დაესწრო მოსკოვიდან ცენტრ. მწერალთა კავშირის თავმჯდომარე - ალ. ფადეევი, მეტად სიმპატიური ადამიანი. შევძელი პირადად მისი გაცნობა და საუბარი. გავაცან მოკლედ ჩემი ბოლო ნაწარმოებნი: „დიდი მოურავი“, „შოთა რუსთველი“ და „ბუმბერაზები“. ვამცნე ჩემი ბარათი დიდი ბელადის მიმართ და ვ. გოლცევის ორი საპასუხო წერილი. ვამცნე აგრეთვე ის საზიზღარი, ბეზღითი ხასიათის რეცენზია მოსკოვის სახ. გამომცემლობის ანონიმ რეცენზენტისა, რომელიც მოჩმახა ჩემი „დიდი მოურავი“-ს მიმართ, რათა ჩაეფუშა მისი რუსულად თარგმნისა და გამოცემის მიზანი. აშკარად ეტყობა, რომ ეს ვიღაც ნიღაბიანი „რეცენზენტი“ უვიცი და ბოროტი არსებაა, ვიღაც აიასტანელი დეგენერატი და ფანტასტიური რომანის „დიდი მოურავის“ ავტორის, ა. ანტონოვსკაიას ახლო მეგობარი... „ღმერთმა ერთი რად აცხონოს, თუ მეორე არ წაწყმინდოს“!... - ბრძანებს დიდებული შოთა. დიახ, ამ ბოროტმა არსებამ მე წამწყმინდა უდანაშაულოდ, ა. ანტ-კაიას კი ამით გაუკეთა საქმე. დიახ, ამ ბოროტი ანონიმის რეცენზია (მოსკოვიდან მიღებული) და სხვა საბუთები ვაჩვენე და წავაკითხე ამხ. ალ. ფადეევს. ვამცნე ყოველივე... იგი ფრიად დაინტერესდა ამ ამბებით და მითხრა: „თქვენი „დიდი მოურავი“-ს მეორე გამოცემის ერთი ცალი უსათუოდ გამომიგზავნე მოსკოვში“-ო... მეც სიამოვნებით აღუთქვი. საერთოდ ამ კეთილისა და სამართლიანი ადამიანის სიტყვებმა მეტად დამაიმედა... მოუთმენლად უცდი ამ ჩემი რომანის მეორე გამოცემას, საუბედუროდ ჩემდა, არ ჩქარობენ არც „საბლიტგამი“ და არც „ფედერაცია“, რომელთაც უნდა გამოეცათ ჩემი „დიდი მოურავი“ მეორე-მესამე კვარტალში, მაგრამ უკვე მეოთხე კვარტალი ლამის გათავდეს, ისინი კი ნაკლებად ფიქრობენ მის გამოცემაზე, მიუხედავად ჩემი თხოვნა-მუდარისა... მათი პასუხია: „ქაღალდი არა გვაქვს... როცა მოგვცემენ, მაშინ გამოვცემთო“... სირცხვილია, ავტორი ვამბობ, მაგრამ იძულებული ვარ, აღვნიშნო, რომ ეს ორივე რომანი („დ. მოურავი“ და „შ. რუსთველი“ ვინმე სხვას, მაგ., პარტიულ ახალგაზრდას ან თავისიანს დაეწერა, პრესაში აზღვავდებოდა დიდი ხოტბა და ქება-დიდება, ორივე რომანი გადაითარგმნებოდა საბჭოთა კავშირის ყველა ენებზე და კისრამდე გამდიდრდებოდა მათი ავტორი... მაგრამ ეს რომანები მე, მოხუცმა, უპარტიომ დავწერე და არა მათმა დამქაშებმა. ამიტომაც არჩიეს `პრესაში დუმილი (რადგან მათში ცუდი ვერაფერი ჰპოვეს) და იმავე დროს~... ჩუმჩუმა ინტრიგები... აღახვნენ ბაგენი და დაუწყეს ქება უნიჭოდ დაწერილ რაღაც აბდაუბდას, რაღაც ფატასტიურ რომანს, რომელიც გამოვიდა თბილისში რუსულ ენაზე „დიდი მოურავი“-ს სახელით (ეს სახელწოდება მე მომპარა რუსის მწერალმა ქალმა, რადგან ჩემი „დიდი მოურავი“ გამოვიდა 3 აპრილს 1937 წელს, მისი კი 10 აპრილს 38 წელს, ე.ი. სრული ერთი წლით გვიან)...
აი, რას ჩადიან ჩვენი „ქებული“ რეცენზენტები და გამომცემელნი!... რატომ? ადვილი მისახვედრია! ქვარიანს არ შეუძლია, მათთან ერთად იქეიფოს და სხვა ასეთები... ეჰ, ყველგან და ყველგან ძმაბიჭობა, ერთად ქეიფი, ერთად გარყვნილება... ეჰ, ასე ყოფილა და ასე იქნება მუდამ!... მუდამ?! ო, ეს საშინელი სიტყვაა...
ოჰ, როდის ვეღირსები ჩემი „დიდი მოურავი“-ს მეორე გამოცემას და როდის შევასრულებ ჩემ დაპირებას ამხ. ალ. ფადეევის მიმართ... ოჰ, როდის გაჰქრება ჩემს ირგვლივ ბოროტების ბნელი ბურუსი?! როდის გამოანათებს ჩემთვის სამართლიანობის ნათელი მზე?! როდის?! როდის?!... რად შევიქენ ასე უბედური?!. რადა?!. ჩემს კანონიერ ლუკმას ნთქავენ მადა აღძრულნი ა. ანტ-კაია და გ. ლეონიძე... მე კი ვალები მარჩობენ... ო, სად არის სამართალი?!.
27/XI - 39 წ. 11/X-დან თავს დამატყდა საშინელი რისხვა: ჩემი ოჯახის ბურჯი, ჩემი მეუღლე და მეგობარი გახდა ავად ფილტვების ანთებით... მაშინვე ექიმები, ფერშალი ქალი, დღე და ღამ მომვლელი ხონიდან დეპეშით მოწვეული, ჩვენი ოჯახის ერთგული და ჩემი ფედოსიას ნათესავი, თ. ჯ-ნია... ყოველ დღე ექიმთა კონსილიუმები, სხვადასხვა წამლები, დიგალენი, კამფორა, ყინული, სასუნთქი მჟავბადის ბალიშები, მოვლა და კვება იდეალური... გაღიავებული სარკმელი წინა ოთახში, ღუმელში მუდმივი ცეცხლი... სითბო და სუფთა ჰაერი...
მადლი განგებას! გადარჩა!.. გადიტანა, გულით ავადმა, მეხუთედ ორივე ფილტვების ანთება... დიდი ამაგი დამდეს სამკ. კომისიის ექიმებმა: კ. მ.-მა, ივ. დ.-ამ და სოლ. წ.-მა... დიდი ამაგი დამდო მომვლელმა თალიკომ... მე ხომ მოხუცი, უსინათლო დავიტანჯე და დავიტანჯე ფიზიკურად, სულიერად და ნივთიერად!.. უზომო ხარჯები, დიდი ვალები... ხოლო უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ მოვტაცეთ აშკარა სიკვდილს ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, ძველი საზ. მოღვაწე და რევოლუციონერი...
არ შემიძლია, არ აღვნიშნო აქ ერთი საგულისხმო ეპიზოდი: შუაღამეა. გამოილია სასუნთქი მჟავბადი. ორივე ბალიში დაჩუტულია. მძიმე ავადმყოფი თხოულობს სასუნთქავს... ვინ წავა, ვინ მოიტანს მჟავბადს? ჩემს გარდა არავინ... ამოვიდე იღლიაში უსინათლომ ორივე ბალიში და სიბნელეში გავეშურე ვერის ბაზრის გვერდით არსებულ აფთიაქში. იქ დამხვდა ევროპულად ცმული ვიღაც უცნობი მოქალაქე, მაღალი ტანის და სიმპატიური სახის ჭაბუკი. ალბათ რაღაც წამალი სწადდა. მივწიე ფრთხილად გარედან, გაუწოდე მორიგე ფარმაცევტს ორივე ბალიში და ვსთხოვე საჩქაროდ ავსება. ჩემდა საუბედუროდ, არ აღმოჩნდა ჩემთვის ესოდენ საჭირო მჟავბადი... მორიგემ მამცნო მ-15-ტე აფთიაქში იქნებაო (რუსთველის გამზირზე). შევწუხდი ფრიად... ვაითუ, იქაც ვერ ვიშოვნო-მეთქი. ამ დროს ჩემ გვერდით მდგომი „უცხოელი“, მომიბრუნდა და შემეკითხა ქართულად: „ვინა გყავთ ავადაო?“ „მეუღლე, ჩემი ოჯახის ბურჯი! ფილტვების ანთებით“. - იყო ჩემი მოკლე პასუხი.“ნუ სწუხხართ, აგერ მანქანა მყავს და მე თვით მიგაცილებთო“. - „თქვენ როგორ შეგაწუხებთ, კეთილო ადამიანო! ეგ შეუძლებელია“. „არავითარი შეწუხებაა. მეც იქეთ მაქვს საქმეო“ - ამ სიტყვებით მომხვია ხელი და გავედით გარედ, სადაც იდგა მისი გაპრიალებული „ენოდენი“. - ვინ ბრძანდებით, ღირსეულო ადამიანო, რომ აგრე შედიხართ ჩემ მდგომარეობაში?შევეკითხე. - სახ. ოპერის მომღერალი. - იყო პასუხი. გამიღიმა. გავიცანით ერთიმეორე. ჩამოვართვი ხელი მაგრად და უპასუხე: „ფრიად მიხარის, რომ შემთხვევამ გამაცნო ჩვენი ფრიად ქებული ბარიტონი და ორდენოსანი პიროვნება. თქვენი მაღალი ნიჭი და რაინდობა ეჯიბრება ერთიმეორეს... იცოცხლე მრავალჟამიერ... - იყო ჩემი პასუხი. ჩავსხედით მანქანაში. ის შოფერობდა. სწრაფად გავჩნდით 15-ტე აფთიაქში პროფსაბჭოს ქვემო სართულში. არც იქ აღმოჩნა მჟავბადი. წავედით მესამე აფთიაქში ბერიას მოედანზე, აღმასკომის შენობაში. არც იქ იყო. წავედით სამკ. კომისიის აფთიაქში კიროვის ქუჩაზე. არც იქ აღმოჩნდა. იქიდან ტელეფონით შევეკითხეთ 2-3 აფთიაქს და, როგორც იქნა, აღმოჩნდა ავლაბარში. წავედით, ვიშოვეთ ესოდენ საჭირო მჟავბადი, გავავსეთ ორივე ბალიში და სიხარულით გამოვწიეთ შინ. დიახ, მომიყვანა შინ კეთილმა ადამიანმა, მთელ საბჭოთა კავშირში უპირველესმა ბარიტონმაამირანაშვილმა და დამემშვიდობა კიბესთან. ჩემი ხურვალე მადლობა და ლოცვა-კურთხევა გაჰყვა ამ იშვიათ ადამიანს. 1 ½ საათზე მეტი დაჰკარგა ჩემთვის ამ ქებულმა ორდენოსანმა. ნეტა შევძლებ კი რომ გადუხადო სამაგიერო?! თუ მე არა, უზენაესი განგება მიუბოძებს მას მუქაფას. მწამს, რომ დიდი ბუნება მიაგებს მას კეთილს... იცოცხლე დიდხანს და ჯანსაღად დიდი სულის ადამიანო!.. რომ ის არა, ვინ იცის, რა მოუვიდოდა იმ ღამეს ჩემს ავადმყოფს!.. ერთი ბედი მაქვს: ჩემი მტრები იღუპებიან, ჩემი მოკეთენი წინ მიდიან... დიახ, გადურჩა სიკვდილს ჩემი ოჯახის ბურჯი, გადურჩა ფილტვების ანთებას. მაგრამ დაემართა გრიპი და დღემდე წევს ლოგინში... რა განვიცადე და რას განვიცდი, ენით აუწერელია....
20/IX - 39 წ. მოხდა მსოფლიოში დიდებული აქტი ორი უდიდესი სახელმწიფო დაზავდენ სამეგობროდ... გერმანია დარწმუნდა ინგლის-საფრანგეთის სიყალბეში, გასწყვიტა მათთან კავშირი და დაუახლოვდა საბჭოთა კავშირს... მსოფლიო პროლეტარიატის დიდმა გენიოსმა ბელადმა სტალინმა ხელი გაუწოდა სამეგობროდ დიდი ერის გენიოს მეთაურს ჰიტლერს... ამ მომენტიდან იწყება ახალი ერა მსოფლიო ისტორიაში... შორით მოჩანან მეორე მსოფლიო ომისა და კაპიტალიზმის ბატონობის მსხვრევის ლანდები... მოჩანს მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის წითელი სახე... დიახ, შორს არ არის დიადი ჟამი ოდეს ბოლო მოეღება ძალმომრეობას და დადგება ხალხთა ძმობა-ერთობა-თავისუფლების ბრწყინვალე ხანა... და ეს იქნება მარადიული...
5/I - 40 წ. გერმანიამ ათ დღეში გაანადგურა პოლონეთი. ინგლის-საფრანგეთმა ომი გამოუცხადა მას. იწყება მეორე მსოფლიო ომი! ულმო, შმაგი, ელვისებური... აჰა, ამოვარდა და შხუის ომის საზარო გრიგალი!.. ვინ გაიმარჯვებს? ეჭვი არაა, ის, ვინც რევანშისათვის ემზადებოდა 22 წელიწადი. გაიმარჯვებს ეროვნულ-დემოკრატიული გერმანია, დამარცხდება ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური ინგლისი და საფრანგეთი... დამარცხდება აგრეთვე ჩ. ამერიკ. შეერთ. შტატები, თუ ღმერთი გაუწყრა და ჩაერია ომში...
მარტი-აპრილი, 40 წ. ინგლის-საფრანგეთს მოასწრო გერმანიამ და ჩაიგდო ხელში ჯერ ნორვეგია-შვეცია-დანია, ახლა კიჰოლანდია და ბელგია... მძაფრდება ომი... მოპირდაპირენი დაეტაკენ ერთი მეორეს. პირველ როლს თამაშობენ ჰაეროპლანები, მათი ყუმბარები ანადგურებენ აერომებს, საწყობებს, სამხედრო გემებს და ტრანსპორტებს... არ არის ზოგვა და შებრალება...
7 მაისი40 წ. აჰა, დაეტაკენ ერთიმეორეს. ორი გოლიათი სიკვდილ სასიცოცხლოდ!... გერმანია ელვისებური სისწრაფით შეესია საფრანგეთს... ამოქმედდენ ჯავშან-ტანკები და თავგანწირული პარაშუტისტები... იღვრება სისხლი... წყდებიან ასიათასნი...
„ძმებო! დასავლეთის ფრონტი გადასწყვეტს გერმანიის ბედიღბალს. აბა, თქვენ იცით!~შესძახა ჰიტლერმა თავის ჯარებს. და მართლაც გერმანიის მხედრობა საუკეთესო იარაღით ჭურვილი სჩადის მამაცობის სასწაულებს საფრანგეთის მიწა-მამულზე... ელვისებური სისწრაფით იპყრობს პოზიციებს, სიმაგრეებს, პროვინციებს... აჰა, შემოერტყა პარიზს!.. დაეცა იგი... მთავრობა გარბის ბორდოში... მცხოვრებთა პანიკაა... ინგლისი ღალატობს მოკავშირეს...
25/VI40 წ. მხოლოდ ექვსი კვირის თავგანწირული ბრძოლა და დაეცა ბრძოლის ველზე მამაცი ფრანგი! ფრანგი რაინდი... ეს ბოროტი ალბიონის ვერაგობის სხვერპლი... გალმა დაიჩოქა ტევტონის წინაშე. დაჰყარა იარაღი... ითხოვა ზავი... გათენდა 25 ივნისი... ზეიმობს ჰიტლერის გერმანია... გლოვობს ნაპალეონ დიდის და გამბატას უბედური საფრანგეთი... ულმობელია ისტორიის რკინის კანონები... ვფიქრობ, ასე სჯობია კაცობრიობის მომავლისათვის... ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ 2-3 ათასი წლის მანძილზე მსოფლიო ისტორიამ განვლო რამდენიმე ეტაპი: ა) სასტიკი, შავ-ბნელი მონობა შესცვალა ფეოდალიზმა (ბატონ-ყმობამ); ბ) ფეოდალიზმი შესცვალა კაპიტალიზმა; გ) ამჟამად კი დასავლეთ ევროპაში კაპიტალიზმს ცვლის დემოკრატიზმი...
ამ მეორე მსოფლიო ომს მოჰყვება პროლეტარული რევოლუცია (დას. ევროპაში). აგიზგიზდება წითლად ხანძარი... მილიარდ პროლეტართა ხელში ახმაურდება ბრძოლის აბჯარი... ბურჟუებისთვის, მჩაგვრელებისთვის დღე გათენდება ფრიად საზარი... „- ჰე, მაშინ შენსა გენიის ნავარდს აღარ ექნება, სტალინ, საზღვარი“!.. (ეს მსოფლიო ომი და ეს მსოფლიო პროლეტ. რევოლუცია იწინასწარმეტყველა ამ ექვსი წლის წინად ამ სტრიქონების დამწერმა თავის პაწა პოემა „ბუმბერაზებ“-ში. ეს პოემა დღემდე დაუბეჭდავია მავნე და ბოროტ ადამიანთა წყალობით...).
ამჟამად კი კვლავ გააფთრებული ომი... ჰიტლერი უსწორდება ინგლისს, ამ „მსოფლიო ბოროტების №1-ლს“... ვიმედობ, ამასაც მალე მოუგრეხს კისერს...
2/XI - 40 წ. ინგლისს მიემხრენ ჩრდ. ამერიკის შეერთ. შტატები, კანადა, ახალშენები, გერმანიას კიიტალია. უკვე 6 თვეა, რაც გააფთრებული ბრძოლაა. გერმანიამ გაუშვა საუკეთესო მომენტი ინგლისში ჯარების გადასხმისა. (ალბად მოერიდა დიდ მსხვერპლს).. ამჟამად მხოლოდ ჰაერით თავდასხმაა და გემთა დაღუპვა... ქალაქების ნგრევა, სამხედრო და საწარმოო ობიექტების ურთიერთგანადგურება. განსაკუთრებით დიდი ზიანი ეძლევა ინგლისს (მიზანშია ამოღებული ლონდონი, ლივერპული, მანჩესტერი, ბირმიჰამი და სხ.). არის მსხვრევა, ჟლეტა, უამრავ ადამიანთა სხვერპლი... ორი უზარმაზარი გოლიათი, ორი მსოფლიო ჩემპიონი, ინგლისი და გერმანია, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან ერთიმეორეს... პირველისკენაა ოქრო, ფული, მილიარდები, გემთა სიმრავლე, ხოლო მეორესკენუმაღლესი ტექნიკა, სიმამაცე და თავგანწირვა... ვნახოთ, ვინ დასძლევს! ვფიქრობ, ეს გიგანტური ჭიდილი დამთავრდება გერმანიის გამარჯვებით... ვფიქრობ, დაინგრევიან იმპერიალისტურ-კაპიტალისტური სახელმწიფონი და გაიმარჯვებს ახალი იდეებიფაშიზმი, სოციალიზმი, კომუნიზმი... დაეცემა მსოფლიოში ფულის ბატონობა, გაიმარჯვებენ მშრომელი მასები! დამთავრდება შრომის სუფევა... ამას გვიკარნახებს თვით მსოფლიო ისტორიის რკინის კანონი... დიახ, ფრიად საინტერესო ხანაა... ულმობელი, უზოგველი, ახალი ერის გამჭედი, მშრომელ ხალხთა დიადი ბედნიერების მომასწავებელი... ბედნიერია, ვინც ცოცხალი გადურჩება ამ საშინელ გრიგალს... ბედნიერნი იქნებიან მომავალი თაობანი... გაუმარჯოს მსოფლიო ისტორიის რეზონსა და ურყევ ლოღიკას!... გაუმარჯოს!..
4/XI - 40 წ. ისევ ჩემი პირადი საქმე...
უკვე ორი წელი სრულდება, რაც უმწეო მოხუცს, უსინათლო ინვალიდს, სამი სულის მარჩენალს, ძველ მოღვაწესა და შრომის გმირს, წამართვეს ის, რაც სიმართლით მე მეკუთვნოდა... წამართვეს გიორგი სააკაძის შესახებ კინოსცენარის დაწერის უფლება, უპირატესობა და გადასცეს გ. ლ-ძეს და ა. ანტ-იას... ჩემი პირადად ნახვაც კი არ მოისურვეს... ჩემს წერილობით განცხადებაზე უბრალო პასუხიც კი არ მაღირსეს... რატომ?! რისთვის?! რა დავაშავე?!.. ოჰ, თურმე რა ძნელი ყოფილა მოხუცობა და უპარტიობა!.. ჩემი კაკალი სდუმს, სხვების ბამბაც კი ჩხრიალებს...
უკვე 40 წელია, რაც ვმუშაობ გ. სააკაძის ირგვლივ. უმთავრესად ჩემი წიგნების მეოხებით გაიცნო ეს დიდი ისტორ. პიროვნება მშრომელმა მასებმა და ახალგაზრდობამ. 30 წელზე მეტია, რაც ჩემი „ქართ. ერის ტრაგედია 17-ტე საუკუნეში“ და ახლა ისტ. რომანი „დიდი მოურავი“ გახდენ მეტად პოპულარული; ამათივე მეოხებით შეიქნა ფრიად პოპულარული გ. სააკაძე... და ასეთი კაცი სრულიად უყურადღებოდ დამტოვეს, ხოლო ყურადღებით მოექცენ გ. ლეონიძესა და ა. ანტონოვსკაიას... პირველმა გამოსცა იოსებ თბილელის სუსტი პოემა, მეორემ კი დაამახინჯა ისტორიული ფაქტები და თავის ფანტასტიურ რომანში დიდი მოურავის შესახებ გამოაშკარავა სრული უვიცობა ქართველი ენისა და საქართველოს ისტორია-კულტურისა... აი, ასეთ პირებს მისცეს თითოეულს 40 ათასი მანეთი ჰონორარი უნიჭოდ დაწერილი სცენართათვის გ. სააკაძის შესახებ... მე კი სრულიად არაფერი... მე შემრჩა მხოლოდ უფულობა, გაჭირვება და უზომო ვალები... აბა, სად არის სამართლიანობა?!.
ვერ წაველ მოსკოვში...
22/VI - 41 წ. შემოგვესია ვერაგი მტერი!..
დეპეშამ გვამცნო საოცარი ამბავი: მოყვრად შენიღბული ბოროტი მტერი თავს დაგვესხა მოულოდნელად. სისხლისმსმელი ჰიტლერი და მისი ფაშისტები მოულოდნელად შემოიჭრენ სსრ კავშირის საზღვრებში გრძელ ფრონტზე... რა სწადიათ ბედით განწირულთ?! ჩვენი დაპყრობა, დამონავება?! ვერ ეღირსებიან ვერასოდეს!.. უმალ დამიწდებიან!.. მიწა-მტვრად იქცევიან!..
დას. ევროპის სახელმწიფოთა ადვილად დაპყრობამ გაათამამა კაცობრიობის ვერაგი მტერი... დაათრო რამდენიმე მილიონ ხალხთა სისხლის ღვართქაფმა... იგი გაგიჟდა, გამხეცდა, გაცოფდა და აჰა, დაეტაკა მსოფლიო პროლეტარიატის ციტადელს, 200 მილიონ მშრომელ ხალხთა მზიურ სავანეს, ბედნიერ წალკოტს, უზარმაზარ საბჭოთა კავშირს!.. აქ და სწორედ აქ გაისრისება, ვით ჭია-მატლი!.. კისერს მოიტეხს, ვით ბონაპარტე ნაპოლეონი... აქ ჰპოებს იგი შავსა სამარეს!..
ჩვენი გმირები, გმირთა გმირებიწითელი არმია, სამხედრო ფლოტი და საარაკო ავიაცია მეტად მალე აცნობენ ვერაგ ჰიტლერს, თუ რა ძალა აქვს საბჭოთა კავშირს, უძლეველს მთელ მსოფლიოში... მალე იგემებს ვერაგი მტერი ჩვენს მაღალ სამხედრო ტექნიკას, ჩვენს აღმოჩენებს, ჩვენს უსაზღრო გმირობას და სამშობლოსათვის თავგანწირვას...
არ გვწადდა ომი! თავს მოგვახვიეს!.. ვერაგი მტრებით გარემოცულნი მზად კი ვიყავით... არ გვძინებია ეს ოცი წელი, სოციალიზმის დიდ ციხედარბაზს მტკიცედ ვაგებდით, კეთილ ცხოვრებას ხალხსა ვაძლევდით და იმავე დროს ომისათვის ვემზადებოდით მტრის დასახვედრად, შემოსეულ მტერთა სალეწად!..
მაშ, ერთად, ძმებო, შვილებო, ამხანაგებო! ერთად შევმჭიდრდეთ მტკიცე კავშირით, საერთო ძალით, გმირული სულით აფრთოვანებულნი, სამშობლოსათვის თავდადებულნი, დიდი ბელადის მაგალითით გამხნევებულნი! ვამცნოთ ვერაგ მტერს, მოკეთეებს, მთელსა მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს სსრ კავშირს, კავშირს უძლეველს!..
მაშ, ერთად, ძმებო! აფეთქდეს გული გამარჯვებისა უზენაესი ენტუზიაზმით და ვეკვეთოთ მედგრად და მოვიპოვოთ თავხედ მტერზედა მარად ბრწყინვალე ჩვენ გამარჯვება!..
5/VII - 41 წ. უკვე ორ თვეზე მეტია, რაც მოვიდა მოსკოვიდან ბრძანება (ამხ. ლ. ბერიასაგან) ჩემი რომანების - „დიდი მოურავისა“ და „შოთა რუსთველი“-ს რუსულად გამოცემის შესახებ. უკვე ორ თვეზე მეტია, რაც საქ. შინსახკომმა ამცნო ეს განკარგულება საქ. ცეკას (კ. ჩარკვიანს). ჩემდა სამწუხაროდ, ცეკა სდუმს დღემდე. ორი დეპეშა გავუგზავნე ცეკას ორივე მდივანს (კ. ჩ-ნს და ილ. თ-ძეს), არც ერთმა პასუხი არ მაღირსა... არ მიმიღეს, არ მინახულეს!.. ნეტა, რა დავუშავე ასეთი ამ ადამიანებს?! რად ვარ ასეთი მძიმე ბედისა?! მეგონა, თუ სიამოვნებით აასრულებდენ დიდი ადამიანის, ამხ. ლ. ბ-რიას სამართლიან განკარგულებას!.. ის კი არა, გამოდის, თითქო ეწყინათ კიდეც!.. რატომ? რისთვის? რად ვარ ასე უბედური?!. ძლივს გამოანათა ჩემთვის მზემ! მეგონა, გამოვალ ხანგრძლივ ჩეროდან, ახმაურდება ჩემი კაკალიც... გამოვალ თითქმის უსინათლო მოხუცი სიღარიბე-გაჭირებიდან... ამიერით დაფასდება ჩემი მრავალ ფერი მოღვაწეობა 50 წლის მანძილზე... მეგონა, ამიერით მეც გავიმართები წელში, 74 წლის მოხუცი ინვალიდი... სადაა!.. გადნა იმედები... გაჰქრა ვით საპნის ბუშტი, ვით ბავშის ოცნება... ნუთუ ეს სიზმარი იყო?! მაშ, რაღას მერჩოდენ?! რად ჩამინთეს გულში ბედშავ მოხუცს იმედები, უსაზღვრო სიხარული?! და რად ჩამიქვრეს ასე მალე?! რად დამტანჯეს ასე სასტიკად?! რას მერჩოდენ?! რა დავაშავე ასეთი?!.
არა, ნუ ვარდები სასოწარკეთილებაში, საბრალო მოხუცო! ხომ იცი, რომ ჩვენი დიდი მესვეური, დიდი სულისა და ნიჭის ადამიანი ამხ. ლ. ბერია უზომოდ მართლმოყვარეა და სამართლიანი!.. მან დააფასა შენი ისტორიული რომანები; მან ბრძანა ამ რომანების რუსულად გამოცემა და გწამდეს, მოხუცო, რომ ასრულდება კიდეც ამ მოკლე ხანში დიდი ადამიანის ბრძანება და შენი ორთავე ისტ. რომანი, საუკეთესოდ ნათარგმნი და გამოცემული მალე გავრცელდება უზარმაზარ საბჭოთა კავშირში და კავშირში შემავალი ყველა ეროვნებანი გადათარგმნიან ამ რომანებს თავიანთ ენებზე და უფრო ახლო გაეცნობიან მათ ავტორს, შრომის გმირს - სიმონ ქვარიანს... ჰე, მაშინ გამოხვალ დავიწყება-გაჭირვებიდან!.. ჰე, მაშინ ნივთიერ სიმდიდრესთან ერთად შეიმოსები ქება-დიდების შარავანდედით!..
- გავძლებ კი მანამდე?! - თითქო მეკითხება, ტანჯულო მოხუცო, შენი თვალები...
- დიახ, გაძლებ, იცოცხლებ!.. დაგიამდება მოხუცის დღენი!.. გაახარებ დატანჯულ ოჯახს!.. შთაინერგე ღრმად გულში ეს რწმენა!.. იყავ სულით ძლიერი...
10/X - 41 წ. არ მეშვება უსამართლობა! მეტადრე მჩაგრავენ მწერალთა კავშირი და გამ. „ფედერაცია“. უნდა გამოეცათ ჩემი ისტ. რომანი „დიდი მოურავი“ (მესამე გამოცემა). ჰონორარის სახით უნდა მიეცათ უმაღლესი განაკვეთი; მე კი ასეთი მეგონა 600 მ. ფორმაში, ასე მარწმუნებდენ; ნამდვილად კი, უმაღლესი განაკვეთი ყოფილა 800 მანეთი. იქნებ, მეტიც. სხვებს ბევრად მდარე ნაწარმოებში 800 მ. აძლევდენ ფორმაში, მე კი ბევრად უკეთეს ნაშრომში მაძლევდენ მხოლოდ 600 მანეთს... ასე მჩაგრავდენ უსინათლო მოხუცს, ძველ მოღვაწეს, შრომის გმირს და სამი სულის მარჩენალს!.. ამრიგად, „დიდი მოურავის“ 21,4 ფორმაში 800 მ. ანგარიშით უნდა მიმეღო 17.120 მ.; ამის მაგიერ კი ვიღებ (600 მ. და 18 ფორმის ანგარიშით) 10.800 მანეთს, ე.ი. ვკარგავ6330 მანეთს. გარდა ამისა, გამ. „ფედერაციის“ ძმაბიჭები წიგნად გამოცემამდე თავიანთ ნაწერებს ბეჭდავენ ჟურნალ-გაზეთებში და ამ სახით ისინი იღებენ ორმაგად. ჩემთვის კი ერთჯერ მოცემაც კი ენანებათ სამართლიანი განაკვეთით... გარდა ამისა, ძმაბიჭების ნაწერები ხშირად შეაქვთ გეგმაში და ბეჭდავენ იმავე წელს. ჩემი „დიდი მოურავი“ კი, რომელსაც ხალხი და ახალგაზრდობა ისე რიგად ეტანებიან და თხოულობენ, მესამე წელსაც კი არ იბეჭდება. ხელშეკრულება დადებულია 1939 წელს, ახლა 1941 წ. თავდება და დღემდე ერთი ფორმაც კი არ დაბეჭდილა. გამ. „ფედერაციის“ ოინბაზობას მხარს უჭერს მწერალთა კავშირის მდივანი (იგივე თავმჯდომარე) ირ. აბაშიძე. მე კი მეტად პატიოსანი კაცი მეგონა. ვის მივმართო?! ვისთან ვიჩივლო?! ვინ მაღირსებს სამართალს?! ყველანი ერთი მინდვრის კენკერნი არიან... ერთად ძმაბიჭობენ, ერთად ქეიფობენ, ერთად ბ...ბენ და რაც სურთ, იმას სჩადიან... აბა, ვის სცალია ჩემისთანა ადამიანთათვის?! ჩემისთანები სასტიკად იჩაგრებიან, უნიჭ-უვიც-უქნარები კი დანავარდობენ ამ სოფლად მხარზე ხელგადადებულნი... აღარ არსებობს მათთვის ფაქიზი გრძნობანი, სიბრალული, სამართლიანობა და სირცხვილ-ნამუსი... ზიზღი ასეთ „რაინდებს“! ზიზღი... მე მთელი ოჯახით ვშიმშილობ, ისინი კი დღედაღამ რესტორან-ღვინის სარდაფებში ცისფერი ყანწებით ალავერდს გადადიან ერთი მეორესთან... აი, აქ უნებლიეთ მაგონდება ერთი ძველი ხალხური ლექსი:
„დროთა რა უთხრა ასეთსა,
მათ გული გამიალესა!
ღინჭილზე ცვლიან ალმასებს,
იაგუდნებს და ლალებსა;
ვირებსა ადგმენ უნაგირს,
აკრავენ ოქროს ნალებსა;
ბედაურებსა მათრახით
სცემენ... ვინ შეიბრალებსა!..~
24/XII - 41 წ. მარცხდება ულმობელი მტერი! მარცხდება ვერაგი ჰიტლერი! მარცხდებიან ბოროტი ფაშისტები!.. იმარჯვებს ჩვენი გმირი წითელი არმია!.. ეს ორი კვირაა მოდის ფრიად გასახარელი ამბები ყველა ფრონტიდან. დამარცხებული მტრები გარბიან. მათ მისდევენ ხმალამოწვდილნი და ყუმბარებით ხელში ფეხოსანი და ცხენოსანი ჩვენი მამაცნი, აგრეთვე პარტიზანები; ჟლეტენ ათასობით და ატოვებინებენ უამრავ დავლას, ასობით ტანკებს და ქვემეხებს, ათიათასობით შაშხანებს, ყუმბარებსა და მძიმედ დატვირთულ ავტომანქანებს... ეს ვერაგი მტრის სრული განადგურებაა! დამარცხდა ჰიტლერის ბოროტი გეგმები და მიზნები! გაიმარჯვა დიდ გენიოს სტალინის გეგმა-აზრებმა! შემოვიტყუეთ მტერი შუაგულ რუსეთში და ჩავუსეთ გულში საკვდავი მახვილი. დიდი ქართველის ნათელმა გონებამ აჯობა „დიდი“ ტევტონის ბაქიაობას...
ბედშავი! ბრიყვი ადოლფი (ჰიტლერის სახელია), დაათრო ადვილმა გამარჯვებებმა დას. ევროპაში და წარმოიდგინა, ერთი დაკვრით გავანადგურებ საბჭოთა კავშირს, გავჟლეტ და ზოგსაც გადავყრი ურალის ქედს გადაღმა „დუნკენ ფოლკს“, „ფერადკანიან“ რუსებს, გადავრეკ ცივ ციმბირში და მათ ევროპის ნოყიერ მიწა-მამულზე დავასახლებ ჩემს ერთგულ ფაშისტებს... ასე ფიქრობდა ჰიტლერი, უტევდა დიდ კავშირს გალაღებული და არ უწყოდა ბედკრულმა, თუ რა საშინელ ჯურღმულში ვარდებოდენ თითონ და მისი ურიცხვი ჯარები...
ბედშავი! ის მოელოდა ღალატს, უვიცსა და მშიშარა მოპირდაპირეს, ნაცვლად კი დახვდენ პატრიოტიზმით მგზებარე წითელი არმიის მამაცი, გმირი ლეგიონები და არანაკლებ მამაცი, თავგანწირული მცხოვრებნი, პარტიზანები, ქალნი და კაცნი და მოზარდნიც კი, რომლებიც გმირულად იცავენ და ეწირებიან თავიანთ საყვარელ სამშობლოს, მზიურ ცხოვრებას, ბედნიერ თავისუფლებას... ჩვენკენ გამოლაშქრებამდე ჰიტლერმა დავლურში გამოიწვია კაპიტალისტური მსოფლიოსაფრანგეთი, ინგლისი და ჩრდ. ამერიკის შტატები. საფრანგეთი დაამარცხა კიდეც. ეგონა, ასევე ადვილად დავამარცხებ ინგლის-ამერიკას და დიდ საბჭოთა კავშირსაო; ერთი დაკვრით დავამხობ კაპიტალიზმსა და სოციალიზმ-კომუნიზმსაო... მოსტყუვდა ანგარიშში ვერაგი არსება! მოსტყუვდა გააფთრებული ტევტონი!..
130 წლის წინად შემოესია რუსეთს 1/2 მილიონი ჯარით მსოფლიოს დიდი სარდალი ნაპოლეონი. მას სწადდა მთელი რუსეთის დაპყრობა. გამარჯვებით მოიწევდა იგი წინ... მაგრამ მას დახვდა გადამწვარი მოსკოვი, დიდი ყინვა-სიცივეები და შემდეგ გაზაფხულს ძლივს გადურჩა ტყვეობას მდ. ბერეზინასთან 12 ათასი კაცით... თავის უძლევი არმია მან დაჰკარგა რუსეთის ველ-მინდვრებზე მკვდრებად ქცეული...
ეს შავი დღე და კიდევ უარესი ელოდა ჰიტლერს. ეს ვუწინასწარმეტყველე მე ამ 6 თვის წინად - 27 ივნისს გაზ. „კომუნიტ“-ში დაბეჭდილ მცირე წერილში და ასეც მოხდა... ამას გვამხელდა ისტორიის რკინის კანონები... აჰა, დამარცხდა მტერი! ის გარბის თავდავიწყებით!..
![]() |
25 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
აბაშიძე ირაკლი (1909-1992) - მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), პირველი მდივანი, თავმჯდომარე (1953-1967)გვ. 342.
აბაშიძე კიტა (იოანე) (1870-1917) - კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი
აბზიანიძე - ქუთაისელი გამომძიებელი
აბულაძე ნიკო - პედაგოგი, ქუთაისის ვაჟთა რუსული გიმნაზიის ზედამხედველი
ავალიშვილი - წინანდალელი თავადი
აკიმოვ ნიკოლოზ - ქუთაის-ბათუმ-ფოთის რკინიგზის რევიზორი
აკიმოვ პავლე - რკინიგზის სამმართველოში სიმონ ქვარიანის უფროსი
ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (1770-1844) - პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე, 1812 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მოთავე, 1832 წლის შეთქმულების მონაწილეებს სურდათ მისი საქართველოს მეფედ მოწვევა
ალექსანდრე ნათათრი - მომღერალი
ალიგიერი დანტე (1265-1321) - იტალიელი პოეტი
ალიხანოვ-ავარსკი მაკსუდ (ალიხან მხეცი) (1846-1907) - რუსი გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის გუბერნატორი (1905), ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი (1906), რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოს აჯანყებების სასტიკი ჩამხშობი
ამირანაშვილი პეტრე (1907-1976) - მომღერალი, ბარიტონი, საქართველოს სახალხო არტისტი
ამირეჯიბი კონსტანტინე (1869-1948) - პროფესორი, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი. განათლება მიიღო ოდესაში, საფრანგეთსა და გერმანიაში
ანდრია - პატრი მონპელიეს ქართულ კათოლიკურ ეკლესიაში
ანდრონიკაშვილი ლ. - თბილისის რკინიგზის სამმართველოს თანამშრომელი
ანტონოვსკაია ანა (ა. ანტ.) (1886-1967) - რუსი მწერალი, ფრამატურგი, კრიტიკოსი, გიორგი სააკაძის შესახებ რომანის „დიდი მოურავი“ ავტორი
ანჩაბაძე თარაშ (ტარას) - პოლკოვნიკი, მარიამ დადიანის მეუღლე
არჩილ უფლისწული (ბაგრატიონი) (XVIII) - იმერეთის მეფის - ალექსანდრე V-ის ვაჟი, სოლომონ I-ის ძმა, სოლომონ II-ის მამა
არჩილ II, შაჰნაზარ ხანი (ბაგრატიონი) (1647-1713) - იმერეთის მეფე (1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696, 1698), კახეთის მეფე (1664-1675), პოეტი
ასათიანი ლუკა (1836-1901) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის (1878-1893) და ბათუმის (1895-1901) ქალაქისთავი
ბაგაუტ - გენერალი, წინანდლის მამულის გამგე
ბაგრატ III (ბაგრატიონი) (961-1014) - გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე
ბათო-ყაენი (ბათუ) (1208-1855) - მონღოლი ხანი, ჩინგიზ ყაენის შვილი, მდინარე ვოლგის პირას ფეოდალური სახელმწიფოს - ოქროს ურდოს დამაარსებელი
ბალზაკ ონორე (1799-1850) - ფრანგი მწერალი
ბარათაშვილი ნიკოლოზ (1817-1845) - პოეტი
ბარიატინსკი ვლადიმირ (1843-1914) - რუსი ინფანტერიის გენერალი
ბარონი - ლიონის გაზეთის „გაზეტ-აგრიკოლი“ დირექტორ-გამომცემელი
ბარქაია სიმონ - ვაჭარი
ბაქრაძე დავით (1839-1918) - პედაგოგი, ჟურნალისტი, იურისტი, ქუთაისის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე
ბაქრაძე ელისაბედ - სიმონ ქვარიანის ბებია
ბახუტაშვილი კ. - კახელი აზნაური
ბებურიშვილი ირაკლი
ბედია ერმილე (1901-1937) - პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს განათლების სახალხო კომისარი (1933-1934), გაზეთის „კომუნსტი“ რედაქტორი
ბეზიე - ლიონში სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის პრეზიდიუმის თავმჯდომარე
ბენეკე ფრიდრიხ ედუარდ (1798-1854) - გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი
ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ) (1750-1791) - პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე
ბერია ლავრენტი (1899-1953) - საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1931-1938)
ბერძენიშვილი ნიკო (ნ. ბ.) (1895-1965) - ისტორიკოსი
ბოგდანოვსკი - ქუთაისის საგუბერნიო-საგლეხო სამმართველოს წევრი
ბოკლ ჰენრი ტომას (1821-1862) - ინგლისელი ისტორიკოსი, სოციოლოგი
ბროსე ლორან (ლავრენტი) (1841-1924) - რუსეთის გენერალური კონსული საფრანგეთში, შემდეგბარსელონაში, მარი ბროსეს შვილი
ბროსე მარი-ფელისიტე (1802-1880) - ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი
გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე (1851-1938) - მწერალი, საზოგადო მოღვაწე
გაგარინ გრიგორი (1810-1893) - რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე
გაფრინდაშვილი ვალერიან (ვ. გ-ლი, ვალ. გაფრ-ლი) (1889-1941) - პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, ცისფერყანწელი
გეევსკი ვიკტორ - აგრონომი
გელეიშვილი პეტრე (ყარიბი) (პ. გ-ლი) (1870-1938) - პოლიტიკოსი, პუბლიცისტი
გელოვანი პლატონ (პ. გ-ნი) (1874-1037) - აგრონომი, ეკონომისტი
გერსამია სერგო (1892-1968) - თეატრმცოდნე, გაზეთის „ჩვენი ერი“ რედაქტორ-გამომცემელი 1914 წელს
გვაზავა გიორგი (1869-1941) - იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი
გვეტაძე რაჟდენ (რ. გ-ძე) (1897-1952) - მწერალი, მთარგმნელი, ცისფერყანწელი, გამომცემლობის „ფედერაცია“ დირექტორი (1937-1950)
გიორგი III (ბაგრატიონი) (†1184) - საქართველოს მეფე (1156-1184)
გიორგი ყურულაშვილი (ყურულიანცი, გ. ყ-ლი, გ. ყ.) (1893-1937) - პარტიული მოღვაწე, ჟურნალის „მნათობი“ რედაქტორი (1934)
გლუშკოვსკი - ქუთაისელი ბეითალი
გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) - პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტიგვ. 150.
გოგელია კომანდო (გიორგი) (1878-1824) - რევოლუციონერი, ანარქისტი
გოგოლ ნიკოლაი (1809-1852) - რუსი მწერალი
გოლიცინ ლევ (1845-1915) - რუსი მეღვინე
გორგაძე ვასილ (ვასო) (1890-1973) - მწერალი
გორგიჯანიძე გიორგი (XVI-XVII) - თბილისის სომეხი მოქალაქე, ფარსადან გორგიჯანიძის მამა, რომელიც გიორგი სააკაძემ ღალატის გამო ჩამოახრჩო
გორგიჯნიძე ფარსადან (1626-1696) - ისტორიკოსი, ისპაჰანის მოურავი
გუნია ვალერიან (1862-1938) - მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, ჟურნალისტი
გურამიშვილი დავით (1702-1792) - პოეტი
გიგოშვილი არჩილ (1907-1969) - პარტიული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო კინომრეწველობის დირექტორი (1937-1941)
გიორგი III გურიელი (†1684) - გურიის მთავარი (1664-1684), იმერეთის მეფე (1681-1683)
გომართელი ივანე (ვანო) (1875-1938) - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი
გურიელი დიმიტრი (1822-1882) - გურიის სამთავრო გვარის წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი
დადიანი დიმიტრი (1848-1895) - პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე
დადიანი ნიკოლოზ (ნიკო) (1844-1896) - მწერალი, ისტორიკოსი, მთარგმნელი
დადიანი შალვა (1874-1959) - მწერალი, დრამატურგი, მსახიობი
დადიანი-ანჩაბაძე მარიამ (მაშო, მარო) (1870-1958) - ქველმოქმედი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების თავჯდომარე (1909-1926)
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125) - საქართველოს მეფე (1089-1125)
დავრიჟეც (თავრიზელი) არაქელ (1595-1670) - სომეხი ისტორიკოსი
დათუნა იაშვილი - გურული ყაჩაღი
დარვინ ჩარლზ (1809-1882) - ინგლისელი ბუნებისმეტყველი, მოგზაური
დარჩია სისონა - გურული ყაჩაღი
დემეტრაძე დავით (დ. დ.) (1904-1937) - პუბლიცისტი, მწერალთა კავშირის მდივანი და საგამომცემლო სექტორის ხელმძღვანელი (1932-1937), გაზეთის „კომუნისტი“ კრიტიკის განყოფილების გამგე
დემნა (დემეტრე) ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (†1178) - საქართველოს მეფის, დავით V-ის ძე. დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, მამამისმა, დემეტრე I-მა უმცროსი ვაჟიგიორგი III თანამოსაყდრედ გამოაცხადა და დემნა ბატონიშვილმა ტახტის მემკვიდრეობა დაკარგა. 1177 წელს დიდგვაროვნები, ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით, დემნას უფლების დასაცავად აჯანყდნენ. დამარცხების შემდეგ, დემნა უფლისწული გიორგი III-ს დანებდა და პატიება სთხოვა. მას თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს, რის შედეგადაც მალე გარდაიცვალა
დიასამიძე გრიგოლ (გიგო) (1870-1960) - ისტორიკოსი, ჟურნალისტი, 1921 წლიდან ემიგრანტი
დიკენსონ - წინანდლის მამულების მთავარი მეღვინე
დიმიტრი მთავარეპისკოპოსი (დავით აბაშიძე) (1867-1942) - სასულიერო პირი, მცხეთისა და ქართლის ქორეპისკოპოსი (1902-1903), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი (1903-1905)
დირრ ადოლფ (1867-1930) - გერმნელი ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, 1900 წლიდან პერიოდულად მუშაობდა თბილისში
დიუპორ - ლიონის მევენახეთა საზოგადოების პრეზიდენტი
დიურან - ლიონის პრაქტიკული სამეურნეო სასწავლებლის დირექტორი
დიუფურ - მონპელიეს უმაღლესი სამეურნეო სასწავლებლის მეღვინეობის ლექტორი
ებერს გეორგ (1837-1898) - გერმანელი მეცნიერი, ეგვიპტოლოგი, მწერალი
ედისონ ტომას ალვა (1847-1931) - ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ელექტრიფიკაციის დარგში
ევანგულოვ ალექსანდრ - რევოლუციონერი, თბილისის რკინიგზის სამმართველოს თანამშრომელი
ეკატერინე II (სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი) (1729-1796) - რუსეთის იმპერატორი (1762-1796)
ელჩიკოვ - ქუთაისის გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებელი
ერეკლე II (1720-1798) - ქართლის მეფე (1744-1762), ქართლ-კახეთის მეფე (1762-1798)
ერისთავი დომენიკა (განდეგილი) (1864-1929) - მწერალი
ერისთავი რაფიელ (1824-1901) - მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი
ერმოლოვ ალექსეი (1847-1917) - რუსი სახელმწიფო მოღვაწე, მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების პირველი მინისტრი რუსეთის იმპერიაში (1894-1905)
ესაკია ლეო (1899-1969) - მსახიობი, კინორეჟისორი
ვახვახიშვილი (ვახვახოვი) ალექსანდრე (1863-1928) - აგრონომი, მეღვინე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელების საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-1916)
ვახვახიშვილი
ვახვახიშვილი-ჩოლოყაშვილი მელანია - ნიკოლოზ (კიკო) ჩოლოყაშვილის მეუღლე
ვახტანგ გორგასალი (442-502) - ქართლის მეფე (458-502)
ვახტანგ VI (ბაგრატიონი) (1657-1737) - ქართლის მეფე (1716-1724), პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი
ვახტერ - რუსეთის ვიცე-კონსული საფრანგეთში
ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (1696-1757) - ვახტანგ VI-ის ძე, გეოგრაფი, ისტორიკოსი, კარტოგრაფი
ვაწაძე ევგენი - პოლიტიკოსი
ვედენსკი აპოლონ (1832-?) რუსი პოლკოვნიკი, სოხუმის ბაღის „სინოპი“ (1872 წლიდან) გამშენებელი
ვეიტვინ - ფრანგი ვაჭარი
ველიჩკო - ორენბურგელი შოტეს ქუთაისის მამულის მოურავი
ველიჩკო ვასილი (1860-1903) - რუსი მწერალი, პუბლიცისტი
ვერმიშევ ხრისტოფორ (1863-1932) - სომეხი აგრონომი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, თბილისის ქალაქისთავი (1918-1921)
ვერმორელ ვიქტორ (1848-1927) - ფრანგი პოლიტიკოსი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი, ვაზისა და ღვინის შესახებ ნაშრომების ავტორი, ვილფრანშის ღვინის სადგურის დირექტორი
ვიალა პიერ (1859-1936) - ფრანგი მეცნიერი, ამპელოგრაფი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ვაზის პათოლოგიების სპეციალისტი, 1887 წელს, ფილოქსერასგან დასაცავი საშუალების მოძიების მიზნით, იმოგზაურა ამერიკაში
ვორონცოვ-დაშკოვ ილარიონ (1837-1916) - რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ადიუტანტი, კავკასიის მეფისნაცვალი (1905-1916)
ვუნდტ ვილჰელმ მაქსიმილიან (1832-1920) - გერმანელი ფიზიოლოგი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი
ზდანოვიჩი (მაიაშვილი) გიორგი (1854-1917) - პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი
თავაძე ილია (ილ. თ.) (1905-1973) - ფილოსოფოსი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი აგიტაციისა და პროპაგანდის დარგში (1938-1942)
თავდგირიძე ნიკოლოზ (1870-1836) - პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოხუმის ქალაქისთავი
თათარიშვილი აკაკი (აკ. თ-ლი) (1897-1937) - პოლიტიკური მოღვაწე, განათლების სახალხო კომისარი (1934-1936)
თალიკო ჯ. - ფედოსი ჭავჭანიძე-ქვარიანის ნათესავი, მომვლელი
თამარ მეფე (1160-1213) - საქართველოს მეფე (1184-1213)
თამარ ბაგრატიონი (†1683) - ქართლის მეფის, ვახტანგ V-ის ძმისწული, სამეგრელოს მთავრის - ლევან III დადიანის, იმერეთის მეფის - ბაგრატ IV-ის, გურიის მთავრის - გიორგი III გურიელის მეუღლე, რომელიც თამარის შვილს ბაგრატ IV-სთან - დარეჯანს გაეყარა და ცოლად სიდედრი შეირთო. მასზეა დაწერილი აკაკი წერეთლის პოემა „თამარ ცბიერი“ და მელიტონ ბალანჩივაძის იმავე სახელწოდების ოპერა
თარხნიშვილი ივანე (1846-1908) - ფიზიოლოგი, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი
თაყაიშვილი ერ.
თბილელი (სააკაძე) იოსებ (1620-1688) - საეკლესიო მოღვაწე, პოეტი, თბილისის მიტროპოლიტი, გიორგი სააკაძის ძმისწული, პოემის „დიდმოურავიანი“ ავტორი
თეიმურაზ I (1589-1663) - კახეთის მეფე (1606-1648), ქართლ-კახეთის მეფე (1625-1632), პოეტი
თემურლენგი (ლანგ თემური) (1336-1405) - შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), რვაჯერ ილაშქრა საქართველოში (1386-1403) და სასტიკი ზიანი მიაყენა
თომაშვილი (ოყრეშიძე) დომენტი (დ. თ., დ. თ-ლი) (1876-1952) - მწერალი
იაშვილი პაოლო (პ. ია.) (1894-1937) - პოეტი, ცისფერყანწელი
ილოვაისკი დმიტრი (1832-1920) - რუსი ისტორიკოსი, პუბლიცისტი
ინგოროყვა პავლე (პ. ინ-ვა) (1893-1983) - მწერალი, ლიტერტურათმცოდნე, ისტორიკოსი
იოსელიანი ეგნატე (1843-1926) - მწერალი, საზოგადო მოღვაწე, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მდივანი
კაიზერ - ფრანგი მეცნიერი, ნიადაგმცოდნე
კაკაბაძე იოსებ (1864-1940) - პოლიტიკოსი
კალანდარიშვილი დიმიტრი - იურისტი, პუბლიცისტი, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სენატის წევრი
კალანდარიშვილი მიხეილ - პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
კალანდაძე სტ.
კალანტარ ავეტის (1859-1937) - სომეხი მკვლევარი მეცხოველოებისა და რძის პროდუქტების დარგში, გაზეთის «Кавказское сельское хозяйство» („კავკასიის სასოფლო მეურნეობა“) რედაქტორი (1893-1905)
კალაძე რაჟდენ (1871-1937) - კრიტიკოსი, მთარგმნელი
კარსანიძე ვლადიმერ (1910-1968) - დრამატურგი, სახელმწიფო კინომრეწველობის სასცენარო განყოფილების გამგე
კაჭკაჭოვი
კახიძე ვასილ (†1937) - პედაგოგი, წერა-კითხვის გაამავრცელებელი საზოგადოების წევრი
კეზელი დავით (1854- 1907) - პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი
კერესელიძე მარიამ - გორში წიგნის მაღაზიის მფლობელიგვ. 153.
კვინიხიძე ბესარიონ (ბესა) - სიმონ ქვარიანის სიძე
კვიცარიძე ისიდორე (1870-1937) - მწერალი გამომცემელი
კვიცარიძე პოლიექტო - პუბლიცისტი, პედაგოგი
კიკნაძე ნიკოლოზ (ნ. კ.) (1885-1951) - რევოლუციონერი, პუბლიცისტი, გაზეთის „კომუნისტი“ რედაქტორი, სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორი
კიწმარიშვილი ერ. - სტუდენტი ლიონის პრაქტიკულ სამეურნეო სასწავლებელში
კლდიაშვილი ალექსანდრე (ალ. კ.) - სტუდენტი ლიონის პრაქტიკულ სამეურნეო სასწავლებელში
კოკოჩაშვილი ლ. - აფთიაქის მფლობელი ქუთაისში
კომენსკი იან ამოს (კომენიუს) (1592-1670) - ჩეხი პედაგოგი, მწერალი, განმანათლებელი
კონდრატენკო ე. (1885-1904) - „კავკასიის კალენდრის“ უფროსი რედაქტორი (1891 წლიდან)
კოსტიჩევ პაველ (1845-1895) - რუსი აგროქიმიკოსი, ნიადაგმცოდნე, მიკრობიოლოგი
ლავროვ პიოტრ (1823-1900) - რუსი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი
ლაურა (დე ნოვ) (1308-1348) - ფრანჩესკო პეტრარკას მუზა, რომელსაც მიუძღვნა სონეტების კრებული „სიმღერების წიგნი“
ლენინ (ვლადიმირ ულიანოვ) (1870-1924) - რუსი რევოლუციონერი, ბოლშევიკური კომუნისტური პარტიის დამაარსებელი, ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზატორი, რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე
ლენჩევსკი - ინჟინერი, ტფილისის რკინიგზის სამმართველოს მატერიალური დარგის უფროსი
ლეონიძე გიორგი (ლ. გ.) (1899-1966) - მწერალი, საზოგადო მოღვაწე
ლეონიძე ვ.მოცეკვავე
ლიონიძე (ლეონიძე) სოლომონ (1754-1811) - სახელმწიფო მოღვაწე, მწიგნობარი, დიპლომატი, ქართლ-კახეთის სამეფო კარის მდივანბეგი, ერეკლე II-ის მსაჯული
ლერმონტოვ მიხაილ (1814-1841) - რუსი პოეტი
ლინეი კარლ (1707-1778) - შვედი ბუნებისმეტყველი, ექიმი
ლიუის ჯორჯ ჰენრი (1871-1878) - ინგლისელი მწერალი, ფილოსოფოსი, კრიტიკოსი
ლომოური ნიკო (1852-1915) - მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი
ლორთქიფანიძე კირილე (1839-1919) - მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი
ლუპოლ ივან (1896-1943) - რუსი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, მოსკოვის სახელმწიფო გამომცემლობის მხატვრული ლიტერატურის მთავარი რედაქტორი
მაას ერნსტ (1856-?) - კლასიკური ფილოლოგიის გერმანელი პროფესორი
მაისურაძე - სიმონ ქვარიანის წერის მასწავლებელი ქუთაისის გიმნაზიაში
მაკაროვ ნიკოლაი (1810-1890) - რუსი ლექსიკოგრაფი
მალაფეევ ნიკოლოზ (1837-1911) - ქუთაისის გუბერნატორი (1878-1883)
მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909) - საზოგადო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალი, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი
მანუჩარი - სიმონ ქვარიანის დეიდის, პელაგიას მეუღლე
მარგველაშვილი ტიტე (1891-1946) - ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, გერმანიაში ჰალეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 1921 წლიდან ემიგრანტი
მარიონ ანტუან-ფორტუნე (1846-1900) - ფრანგი გეოლოგი, ზოოლოგი, ბოტანიკოსი, ფილოქსერას წინააღმდეგ ნახშირბადის დისულფიდით ბრძოლის ხერხის გამომგონებელი
მარიამი (მამისეულა) - სიმონ ქვარიანის ბებიის, ელისაბედ ბაქრაძის მოახლე
მაჩაბელი ივანე (1854-1898) - მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე
მაჩხანელი (ნადირაძე) დიმიტრი (1861-1903) - მწერალი, პუბლიცისტი
მახარაძე მელქისა
მახარაძე ფილიპე (1868-1941) - პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე (1931-1936)
მგალობლიშვილი სოფრომ (1851-1925) - ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი
მდივანი ი. - ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი
მელიქიშვილი პეტრე (1850-1927) - ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი რექტორი (1918-1919)
მელნიკოვ - რუსი მოხელე, ბანკის თავმჯდომარე ქუთაისში
მერკვილაძე იოსებ (სოსიკო) (1854-1934) - ბუკინისტი, გამომცემელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების ნამდვილი წევრი
მეხუზლა - ყაჩაღი
მზარელია
მილარდე პიერ მარი ალექსის (1838-1902) - ფრანგი ბოტანიკოსი, ყურძნის პარაზიტების შემსწავლელი მეცნიერი
მილლ ჯონ სტიუარტ (1806-1873) - ინგლისელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი
მირცხულავა (მაშაშვილი) ალიო (ა. მ.) (1903-1976) - პოეტი
მიუნც აშილ (1849-1917) - ფრანგი აგროქიმიკოსი
მიშა - სიმონ ქვარიანის დეიდაშვილი
მუსელიანი - მოსკოვის სახელმწიფო გამომცემლობის მხატვრული ლიტერატურის მთავარი რედაქტორის მოადგილე
მუშიშვილი (ხოფერია) გრიგოლ (გ. მ-ლი) (1899-1938) - პუბლიცისტი
მჭედლიშვილი იოსებ (ი. მჭ.) (1888-1950) - მწერალი, დრამატურგი
ნაკაშიძე მიხეილ (1844-1905) - იურისტი, განჯის გუბერნატორი
ნასიძე მიხეილ (1859-1935) - პედაგოგი, პუბლიცისტი
ნიკოლაძე გიორგი (1888-1931) - მათემატიკოსი, მეტალურგი, სპორტსმენი, ნიკო ნიკოლაძის შვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ამხანაგი (1918-1921)
ნიკოლაძე გრიგოლ სიმონ ქვარიანის ბაბუა
ნიკოლაძე მიხეილ (მიშა) - სიმონ ქვარიანის დედის ბიძაშვილი
ნიკოლაძე ნიკო (1843-1928) - პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე
ნიკოლაძე ნინო - სიმონ ქვარიანის დედა
ნიკოლაძე მართა - სიმონ ქვარიანის დეიდა
ნიკოლაძე პელაგია - ქვარიანის დეიდა
ნიკოლოზ II (რომანოვ) (1868-1918) - რუსეთის ბოლო იმპერატორი (1894-1917)
ნინოშვილი (ინგოროყვა) ეგნატე (1859-1894) - მწერალი
ნოვიცკი ოლეკსა (1914-1992) - უკრინელი მწერალი, მთარგმნელი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე
ნოზაძე დათა
ორბელიანი ივანე (1844-1913) - გენერალ-ლიტენანტი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი
ორბელიანი გრიგოლ (1804-1883) - პოეტი, გენერალ-ადიუტანტი, საზოგადო მოღვაწე
ორბელიანი ვახტანგ (1812-1890) - პოეტი, მომრიგებელი მოსამართლე, ერეკლე II-ის ასულის - თეკლა ბატონიშვილის ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე
ორბელიანი (განძაკეცი) სტეფანოს (1258-104) - ისტორიკოსი, საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე
ორბელი ტარსაიჭ (XIII საუკუნე) - სახელმწიფო მოღვაწე, სტეფანოს ორბელიანის მამა
ოსმან-ხაზინდარ-ოღლი - ტრაპიზონის ფაშა
ოცხელი იოსებ (1865-1919) - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე
ოცხელი სიმონ (1868-1937) - პედაგოგი, იოსებ ოცხელის ძმა
პატარიძე მიქელ (მიქ. პ-ძე) (1895-1949) - მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი
პენი - გაზეთის „გაზეტ-აგრიკოლი“ მთავარი რედაქტორი
პესტალოცი იოჰან ჰაინრიხ (1746-1827) - შვეიცარიელი პედაგოგი, განმანათლებელი
პეტლიარსკი - ქუთაისის გიმნაზიის ზედამხედველი
პეტრარკა ფრანჩესკო (1304-1374) - იტალიელი პოეტი, ჰუმანისტი
პიუია ვიქტორ - ფრანგი ამპელო - გრაფი
პლანშონ ჟიულ ემილ (1823-1888) - ფრანგი ბოტანიკოსი
პაპოვ ქრისტო - ბულგარელი სტუდენტი ლიონში
პორჩინსკი იოსიფ (1848-1916) - რუსი ენტომოლოგი
პორტინარი ბეატრიჩე (1265-1290) - დანტე ალიგიერის სატრფო, „ღვთაებრივი კომედიის“ მთავარი გმირი
პურადაშვილი ივანე - ქიმიკოსი, პედაგოგი
პუშკინ ალექსანდრ (1799-1837) - რუსი პოეტი
ჟერვე - ფრანგი მეცნიერი
ჟორდანია ნოე (1868-1953) - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, გაზეთის „კვალი“ რედაქტორი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე (1918-1921), 1921 წლიდან ემიგრანტი
ჟორჟოლაძე სიმონ - სიმონ ქვარიანის სკოლის მეგობარი
ჟურული გიორგი (1865-1951) - პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი (1918-1921), 1921 წლიდან ემიგრანტი
ჟღენტი ბესარიონ (1903-1976) - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე
რადიანი (შეწირული) შალვა (შ. რ-ნი) (1905-1977) - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, გაზეთის „ლიტერატურული საქაართველო“ გამგე, სახელმწიფო გამომცემლობის ლიტერატურული სექციის გამგე
რავაზ ლუი (1863-1837) - ფრანგი მეცნიერი, მევენახეობის სპეციალისტი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მონპელიეს აგრონომიული სკოლის პროფესორი და დირექტორი
რამიშვილი ისიდორე (1859-1937) - პედაგოგი, პოლიტიკოსი
რატიანი ლაზარე - ნიკო დადიანის ძიძიშვილი
რეიფ კარლ ფილიპ (1792-1872) - შვეიცარიელი ლექსიკოგრაფი
რეკლიუ ელიზე (1830-1905) - ფრანგი გეოგრაფი, სოციოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე
რიდ თომას მანი (1818-1883) - ამერიკელი მწერალი
როდენ ოგიუსტ (1840-1917) - ფრანგი მოქანდაკე
როოს - მეცნიერი, მონპელიეს ენოლოგიური სადგურის დირექტორი
რტიშჩევ ნიკოლაი (1754-1835) - რუსი სახელმწიფო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი, საქართველოს მთავარმართებელი (1812-1816)
რუჟე დე ლილ კლოდ ჟოზეფ (1760-1836) - ფრანგი პოეტი, კომპოზიტორი, რევოლუციური ჰიმნის „მარსელიეზა“ ავტორი
რუსთაველი შოთა (XII-XIII საუკუნეები) - პოეტი
რუსო ჟან-ჟაკ (1712-1778) - ფრანგი ფილოსოფოსი, განმანათლებელი, კომპოზიტორი
სააკაძე გიორგი (დიდი მოურავი) (1580-1629) - პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი
სადრაძე გ.
სამსონიძე პეტრე (პ. ს-ძე) (1898-1938) - მწერალი, დრამატურგი, პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის წევრი
საღარაძე მიხეილ - ფილოსოფიის მასწავლებელი
საყვარელიძე პავლე (პავ. ს-ძე) (1885-1944) - მწერალი, მწერალთა კავშირის გამომცემლობის „ფედერაცია“ დირექტორი (1935- 1937), ცეკას ბეჭდვითი სიტყვისა და „სახელგამის“ კოლეგიების წევრი
სიკორსკი ივან (1842-1919) - რუსი ფსიქიატრი, პუბლიცისტი, პედაგოგი
სოკრატე (ძვ. წ. 470-399) - ბერძენი ფილოსოფოსი
სოლომონ II (ბაგრატიონი) (1772-1815) - ერეკლე II-ის შვილიშვილი, იმერეთის უკანასკნელი მეფე (1789-1810)
სპენსერ ჰერბერტ (1820-1903) - ინგლისელი ფილოსოფოსი, სოცოლოგი, ანთროპოლოგი, ბიოლოგი
სტალინი (ჯუღაშვილი იოსებ) (კობა) (1878-1953) - სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი (1922-1953)
სტაროსელსკი ვლადიმირ (1860-1916) - აგრონომი, 1888 წლიდან საქართველოში ფილოქსერასთან ბრძოლის კომიტეტის ხელმძღვანელი, საქარის ვაზის სანერგის დამაარსებელი
სტაიანოვ ალექსანდრ (1843-?) - რუსი არქეოლოგი, პედაგოგი, ქუთაისის ვაჟთა რუსული კლასიკური გიმნაზიის დირექტორი 1879 წლიდან, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის პირველი დირექტორი 1900-1902 წლებში
ტატიშვილი-ყიფიანი ნინო (ნ. ყ.) (1867-1937) - მწერალი, ქველმოქმედი, კოტე ყიფიანის მეუღლე
ტელი ვილჰელმ (XIII-XIV საუკუნეები) - შვეიცარიის ლეგენდარული სახალხო გმირი
ტენი იპოლიტ ადოლფ (1828-1893) - ფრანგი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი
ტოლსტოი ლევ (1828-1910) - რუსი მწერალი
ტორმასოვ ალექსანდრ (1752-1819) - რუსი კავალერიის გენერალი, საქართველოს მთავარმართებელი (1808-1811)
ტოროშელიძე მალაქია (მალ. ტ.) (1880-1937) - ჟურნალისტი, პარტიული მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1928-1931), მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1932-1935), განათლების სახალხო კომისარი (1936)
ტრაჩევსკი ალექსანდრ (1838-1906) - რუსი ისტორიკოსი, პედაგოგი
ტუსიშვილი ნ. - მოცეკვავე ქალი
ტურჩინსკაია აგატა (ტორჩინსკი) (1903-1972) - უკრაინელი მწერალი
უაიტ - მეცნიერი
ურუშაძე ლ.
ურუშაძე სერგო - ინჟინერ-გეოლოგი, სიმონ ქვარიანის მოსწავლე
უშინსკი კონსტანტინ (1823-1871) - რუსი პედაგოგი, მწერალი, პედაგოგიკის მეცნიერების ფუძემდებელი რუსეთის იმპერიაში
ფადეევ ალექსანდრ (1901-1956) - რუსი მწერალი, საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1938-1944, 1946-1954)
ფარადეი მაიკლ (1791-1867) - ინგლისელი ქიმიკოსი, ფიზიკოსი
ფერუი - მონპელიეს უმაღლესი სამეურნეო სასწავლებლის დირექტორი
ფოექს - მეღვინეობა-მევენახეობის მეცნიერი
ფორ ფელიქს ფრანსუა (1841-1899) - საფრანგეთის პრეზიდენტი (1895-1899)
ფრებელ ფრიდრიხ (1782-1852) ფრანგი პედაგოგი, თეორეტიკოსი
ფუნკ კაზიმირ - მეღვინე წინანდლის მამულში
ფურცელაძე ანტონ (1839-1913) - მწერალი, პუბლიცისტი
ქარცივაძე მელიტონ - სიმონის ქვარიანის მოსწავლე
ქვარიანი ალექსი - სიმონ ქვარიანის მამა
ქვარიანი ბეკო - სიმონ ქვარიანის ბიძა, მეკრივე
ქვარიანი დავით - სიმონ ქვარიანის მამის ბიძა
ქვარიანი დათუნა (XVII საუკუნე) - პოეტი, მოხსენებულია არჩილ II-ის „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში“
ქვარიანი ზაქარია (†1660) - დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი (1657-1660), გელათის ეპისკოპოსი (გაენათელი), მწერალი
ქვარიანი კოლა (1903-1980) - მოჭიდავე, მსახიობი, მოჭადრაკე
ქვარიანი კ. - სიმონ ქვარიანის ნათესავი
ქვარიანი ლიუბა - სიმონის და, პარმენ ცახელის მეუღლე
ქვარიანი მართა
ქვარიანი ნესტორ - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი 1913 წლიდან
ქვარიანი ოლიკო - მეცენატ ყარამან კიკნაველიძის მეუღლე
ქვარიანი სადიკო
ქვარიანი სიმონ - სიმონის ბაბუა
ქვარიანი-ქუთათელაძე მატრონა - მიხაი ზიჩის მიერ 1882 წელს ქუთაისში დადგმულ „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალ სურათებში თინათინის პროტოტიპი
ქიაჩელი ლეო (შენგელაია ლეონ) (1884-1963) - მწერალი
ქიქოძე პლატონ (1905-1937) - მწერალი, პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის წევრი
ქუთათელაძე ნიკოლოზ - დეკანოზი, ქართული ენისა და საღმრთო რჯულის მასწავლებელი ქუთაისის გიმნაზიაში
ღამბაშიძე ტრიფონ - ლიონში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი
ღოღობერიძე სისო - ისტორიის მასწავლებელი ქუთაისის გიმნაზიაში
ყაზბეგი ალექსანდრე (1848-1893) - მწერალი, დრამატურგი, მსახიობი
ყანჩელი ალექსანდრე (სანდრო) (1875-1948) - პოეტი, მთარგმნელი, იურისტი
ყარალაშვილები - მომღერალი ძმები
შანშიაშვილი ალექსანდრე (ალ. შ-ლი) (1888-1979) - მწერალი, დრამატურგი
შატილოვი ალექსანდრე (ალ. შ.) (1868-1949) - ექიმი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე (1933-1947)
შენგელაია დემნა (1896-1980)მწერალი
შენგელაია კონსტანტინე - დემნა შენგელაიას მამა
შერრ იოჰან (1817-1886) - გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი
შუსტოვ ნიკოლაი (1813-1898) - რუსი მეწარმე, XIX საუკუნის რუსეთში ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი
შმიდტ კარლ (1819-1864) - გერმანელი პედაგოგი, ანთროპოლოგი
შოტე - ორენბურგის გუბერნიის მარშალი
შრედერ - ღვინის მწარმოებელი ბორდოში
შულც დომინიკ (1797-1860) - პოლონელი ისტორიკოსი და პედაგოგი
შუტცი - ბოლონელი ქიმიკოსი
ჩარკვიანი კანდიდ (კ. ჩ., კან. ჩ) (1904-1994) - პარტიული მოღვაწე, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1938-1953), მწერალთა კავშირის პირველი მდივანი (1937-1938)
ჩიქოვანი ილია (1868-1951) - პოეტი, პუბლიცისტი, ქუთაისის ქალაქისთავი (1917-1951)
ჩიქოვანი სიმონ (ს. ჩ.) (1902-1966) - პოეტი, ლიტერატურათმცოდნე
ჩერქეზიშვილი ელისაბედ (1863-1948) - მსახიობი, სახალხო არტისტიგვ. 153.
ჩიკვაიძე კალისტრატე - ვექილი, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე (1890)
ჩინგიზ ყაენი, ჩინგისხანი (1162-1227) - მონღოლი მხედართმთავარი, რომელმაც გააერთიანა მონღოლური ტომები მსოფლიოს დასაპყრობად
ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ (კიკო) (1828-1903) - კახეთის დიდი მემამულე
ჩუბინაშვილი დავით (1814-1891) - მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი, პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი
ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) (1864-1926) - სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე
ცაგარეიშვილი შ. - ლენინ-სტალინის ინსტიტუტის თანამშრომელი
ცახელი (თვალჭრელიძე) პარმენ (1866-1919) - პოეტი, მთარგმნელი, სიმონ ქვარიანის სიძე
ცხადაძე ლადო - ქართველი სტუდენტი მონპელიეში
ცხაკაია მიხეილ (მიხა) (1865-1950) - რევოლუციონერი, პოლიტიკური მოღვაწე
ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) (1845-1911) - საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი
წერეთელი აკაკი (1840-1915) - მწერალი, საზოგადო მოღვაწე
წერეთელი გიორგი (1842-1900) - მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი
წითლაძე არსენ (1862-1927) - რევოლუციონერი, პედაგოგი
წინამძღვრიშვილი ილია (1834-1920) - აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სოფელ წინამძღვრიანთკარში სასოფლო-სამეურნეო სკოლის დამაარსებელი (1883)
ჭავჭავაძე ალექსანდრე (1786-1886) - პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ- ლეიტენანტი, 1804 წლის აჯანყებისა და 1832 წლის შეთქმულების მონაწილე
ჭავჭავაძე გარსევან (1757-1811) - დიპლომატი, ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩი რუსეთის იმპერიაში, გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მონაწილე
ჭავჭავაძე ილია (1837-1907) - მწერალი, საზოგადო მოღვაწე
ჭავჭანიძე-ქვარიანი ფედოსი - სიმონ ქვარიანის მეუღლე
ჭიჭინაძე ზაქარია (1834-1931) - გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი
ჭონქაძე დანიელ (1830-1860) - მწერალი
ხაჭაპურიძე გიორგი (1892-1957) - ისტორიკოსი
ხახუტაშვილი ანა (ცქვიტი, ც-ტი) (1889-1960) - მწერალი, პედაგოგი
ხელთუფლიშვილი მიხეილ (1899-1895) - პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი
ხეჩუაშვილი გიგო (გ. ხ.) (1879-1960) - მწერალი, დრამატურგი
ხიზანაშვილი ნიკო (ურბნელი) (1851-1906) - იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი
ხოჯაევი სტეფანე - ქუთაისის გუბერნიის სახალხო ქონების მმართველი
ხუნდაძე ანნა - სიმონ ქვარიანის ძიძა
ხუნდაძე სილოვან (1860-1928) - მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი
ჯ-ლი გ. - ქართველი სტუდენტი მონპელიეში
ჯავახიშვილი მიხეილ (მიხ. ჯ-ლი) (1880-1937) - მწერალი
ჯანაშვილი მოსე (1855-1934) - ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი
ჯანუაშვილი გარსო (XVI-XVII) - თბილისის მოქალაქე, რომელსაც გიორგი სააკაძემ ღალატის გამო თავი მოჰკვეთა
ჰაჯი-კოჩო-პოპოვიჩ - ბოსნიელი სტუდენტი ლიონში
ჰერბარტ იოჰან ფრიდრიხ (1776-1841) - გერმანელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი
ჰიტლერ ადოლფ (1889-1945) - გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაცისტური პარტიის ლიდერი