The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

რეფორმები და თავისუფლება

რეფორმები და თავისუფლება


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეკონომიკა
საავტორო უფლებები: © ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 რედაქტორის წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე კრებულში თავმოყრილია სტატიები, რომლებიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს და მათ დადებით ან უარყოფით შედეგებს ეხება.

გარდა ამისა, აქვე წარმოდგენილია რამდენიმე თეორიული სტატია, სადაც გაანალიზებულია ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული მოდელები და გამოცდილი რეფორმატორპოლიტიკოსის მოწოდებაც მოქმედებისკენ.

რეფორმები არსებულით უკმაყოფილებას და უკეთესის ძიებას ერთდროულად გულისხმობს. მაგრამ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა არასდროს არის უმტკივნეულო. ცვლილებები, განსაკუთრებით პოლიტიკური გადაწყვეტილებებით განპირობებული გარდაქმნები, ერთი გეგმის ყველაზე გავრცელებას გულისხმობს. ერთი ზომა კი ყველას არ რგებს. ვიღაცა იგებს, ვიღაცა აგებს.

შესაბამისად, რეფორმისთვის, რომელიც ნაკლები დანაკარგებით უნდა განხორციელდეს, საჭიროა გონივრული, მოქნილი იდეები. მაგრამ ხშირად იდეები უსაფუძვლო წანამძღვრებს ეფუძნება და ამიტომ მათ განხორციელებას, კეთილი დაპირებების მიუხედავად, დიდძალი მატერიალური და ადამიანური ზარალი მოსდევს. ზოგჯერ იდეები საკმარისად შორსმჭვრეტელია, რომ საზოგადოება მორიგი ცენტრალიზებული სოციალური ექსპერიმენტის მსხვერპლად არ აქციოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გაცილებით გონივრულია, რომ რეფორმები სხვისი შეცდომებისა და გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდეს. მით უმეტს, რომ ხშირად საუკეთესო იდეა ჯერ კიდევ უცნობი ან გამოუყენებელია. ამიტომ, კრებულის მიზანია, სხვათა წარმატებებსა და წარუმატებლობებს შორის გარკვეული გზამკვლევის ფუნქცია იტვირთოს.

პაატა შეშელიძე
ახალი ეკონომიკური სკოლასაქართველო

2 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მოცემული ლურსმნული წარწერა შუმერულ ენაზე ნიშნავს თავისუფლებას და გამოითქმის, როგორც „ამაგი“.

აღმოჩენილია შუამდინარეთის ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო ლაგაშის გათხრების დროს, სავარაუდოდ მიეკუთვნება ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2300 წელს და წარმოადგენს უძველეს წარწერას ამ მნიშვნელობით.

3 ღია წერილი აშშს პრეზდენტ კლინტონს

▲ზევით დაბრუნება


ხოსე პინერა
თარგმნა პაატა შეშელიძემ
გამოქვეყნდა 2002 წელს

გამოჩენილი ეკონომისტისა და ჩილეში ინდივიდუალურ დანაზოგებზე დაფუძნებული კერძო საპენსიო სისტემის დანერგვის ინიციატორის წინამდებარე მიმართვას, საგანგებო განცხადებით, მხარი დაუჭირა აშშს 500მდე წამყვანმა ეკონომისტმა. მათ შორის ნობელის პრიზის მფლებელმებმა მილთონ ფრიდმენმა, გარი ბეკერმა, ჯეიმზ ბიუქენენმა, ვერნონ სმითმა და სხვებმა

ბატონო პრეზიდენტო,

საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისშივე თქვენ განაცხადეთ, რომ 21-ე საუკუნეში საპენსიო უზრუნველყოფა უძრავ ქონებაში პირად ინვესტიციებზე უნდა იყოს დაფუძნებული. მხოლოდ ამ გზით შეუძლია სოციალური დაცვის სისტემას განახორციელოს ის, რასაც თქვენ „ამერიკულ ოცნებას“ უწოდებთ. მე მომწონს თქვენი შორსმჭვრეტელობა, გამბედაობა და ლიდერობა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში.

ფაქტია, აშშს სოციალური დაზღვევის სისტემა, ტიტანიკის მსგავსად, კატასტროფისკენ მიექანება. თუ გემი კურსს არ შეიცვლის, ადრე თუ გვიან, თქვენ შეეჯახებით აისბერგს, რომელსაც წარმოადგენს ხანში შესული მოსახლეობა, რომლის რჩენაც დასაქმებულთა ფენას აღარ შეუძლია. სიმართლე ის არის, რომ მხოლოდ ორი არჩევანი არსებობს: შევეგუოთ არსებული სისტემის აგონიას ან „ხარს რქებში ვწვდეთ“ და პირად საპენსიო ანგარიშებზე დაფუძნებული სისტემისაკენ დავიძრათ.

ხალხმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, რომ აშშ-სთვის პირველი არჩევანის შედეგები დამანგრეველი იქნება. ამ სისტემის რეანიმირების ნებისმიერი მცდელობა კრახით დამთავრდება: გაჭირვებული ხანში შესულებისთვის დახმარების შემცირება სისასტიკე იქნება; საშემოსავლო გადასახადების გაზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუშლის ხელს და დაბალშემოსავლიან მომსახურეებს მძიმე ტვირთად დააწვება, ხოლო საპენსიო ასაკის მომატება განსაკუთრებით მძიმე იქნება დასაქმებულებისთვის და საშემოსავლო გადასახადების მასიურ ზრდას გამოიწვევს.

1978 წელს, როდესაც მე ჩილეს შრომის დაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრად დავინიშნე, ჩემი ქვეყანაც სწორედ იმ პრობლემის წინაშე იდგა, რასაც დღეს აშშ ებრძვის. გადავწყვიტეთ, ჩვენი სოცდაზღვევის სისტემა გადაგვერჩინა თითოეული დასაქმებულისთვის ორი მოდელის, ანუ პაყასყოუგოსა (გადახდა წასვლის წინ) და პირად საპენსიო ანგარიშებს შორის არჩევანის მიცემის გზით (სხვათაშორის, თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს, რომ ეს კანონი 1980წ. 4 ნოემბერს იქნა მიღებული, ზუსტად იმ დღეს, როდესაც რონალდ რეიგანი აშშს პრეზიდენტად აირჩიეს). ახლა დასაქმებულები კონკურენტ კერძო კომპანიებს შორის აკეთებენ არჩევანს, სადაც აბანდებენ იმის ეკვივალენტს, რაც მათ ძველი სისტემის პირობებში ხელფასიდან გადასახადის სახით სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადათ მაღალფასიან ობლიგაციებსა და ჩვეულებრივ აქციებში. ეს დასაქმებულებს საშუალებას აძლევს, რთული პროცენტის დიდი ძალა გამოიყენონ, რაც ბაზრის სიმდიდრის შემქმნელი მთავარი ეფექტია და პენსიაზე გასვლის შემდეგ მათი სოციალური დაცვის გარანტიას წარმოადგენს.

ამ რეფორმის ერთადერთი შედეგი ჩვეულებრივი ადამიანის გაძლიერება, ანუ თითოეული დასაქმებულის აქციონერად გადაქცევა რომ ყოფილიყო, ეს უკვე პირადი საპენსიო ანგარიშების სისტემისთვის უპირატესობის მინიჭების საკმარისი მიზეზი იქნებოდა. მაგრამ ჩილეს მაგალითი უფრო მეტ მიზეზს წარმოაჩენს. ამ კურსის აღებიდან 21 წლის შემდეგ, რასაც სხვა მნიშვნელოვანი საბაზრო რეფორმებიც მოჰყვა, ინვესტიციების მოზღვავებამ დიდი სარგებლობა მოუტანა როგორც ინდივიდებს, ასევე მთლიანად ეკონომიკას.

უმუშევრობის შემცირებასთან ერთად პროდუქტიულობა მკვეთრად გაიზარდა, დანაზოგებმა იმატა და ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები ორჯერ და მეტად გაიზარდა და 7 პროცენტიან წლიურ განაკვეთს მიაღწია. ეს იყო ნამდვილი სოციალური და ეკონომიკური რევოლუცია, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა განათლება, ჯანდაცვა და ეკოლოგია წარმოუდგენელ დონემდე გაეუმჯობესებინა.

რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური დაბრკოლებები, რომელიც გარდაუვალია ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის გზაზე - განსაკუთრებით საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და გარდამავალი პერიოდის მართვა. ნება მომეცით, გაგიზიაროთ ის გაკვეთილები, რაც მე ჩილეს გამოცდილებიდან მივიღე.

  • ეს შეეხება ხალხს და არა ციფრებს. ქვეყანა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გადასვლა ძველი სისტემიდან დაფინანსდება. როგორც მრავალმა ექსპერტმა გამოთვალა, სოცდაზღვევის გარდაქმნა საინვესტიციო აპარატად გაზრდის აშშს ეკონომიკას, მაგრამ ეს ვერ დააოკებს ამომრჩეველთა ფანტაზიას. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მათთვის მომგებიანია საბაზრო კაპიტალის ფლობა, რაც მათ ბევრად მეტ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მიანიჭებს. ეს რეფორმა მოქალაქეების გაძლიერებას ეხება და არა მხოლოდ მაკროეკონომიკურ წონასწორობას.

  • ძირითადად ღარიბები რჩებიან მოგებული. მაღალშემოსავლიანებს ისედაც ყოველთვის შეუძლიათ დანაზოგი შექმნან საპენსიო პერიოდისთვის. მაგრამ საშუალო და დაბალშემოსავლიანებს არ აქვთ იმდენი თავისუფალი ფული, რომ საპენსიო დანაზოგები შექმნან პირად ანგარიშებზე. ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან სოცდაზღვევის გადასახადების გამო, ამიტომ ყველაზე მეტად მოიგებენ ისეთი სისტემისაგან, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ადრე სახელფასო გადასახადებისთვის განკუთვნილი თანხები უძრავ ქონებაში დააბანდონ. რასაკვირველია, უნდა არსებობდეს გარანტია, რომელსაც ზოგადი საგადასახადო შემოსავლები უზრუნველყოფს.

  • რეფორმა რევოლუციურია, განხორციელება კი კონსერვატიული უნდა იყოს. ფინანსური სიმტკიცე, გონივრული წესები და კანონები წამყვანი უნდა იყოს ახალი სისტემის შექმნისას. როდესაც ხალხი შეიგნებს, რომ მათი ფული არ დაიკარგება, მხოლოდ მაშინ დააფასებენ იმ სიხარულს, რომელიც მოაქვს მაგალითად საშუალოდ 6 პროცენტიან განაკვეთს, რომელიც მათ პირად ანგარიშში შრომისუნარიანი ცხოვრების პერიოდს დაერიცხება.

  • არჩევანი თავისუფალია. მიეცით თავისუფლება მათ, ვინც უკვე სამთავრობო სისტემის წევრია, რომ აირჩიონ ამ სისტემაში დარჩენა ან ახლისკენ წასვლა.

  • სამართლიანობისა და გონიერების დაცვით, მე გირჩევთ, მოხუცებს ის სადაზღვევო შეღავათები შეუნარჩუნოთ, რომლებითაც ისინი ამჟამად სარგებლობენ და იგივე გაავრცელოთ მათზეც, ვინც სამთავრობო სისტემის დაცვის ქვეშ დარჩენას ამჯობინებს.

  • ამის გაკეთება შესაძლებელია! მართალია, დასაწყისში, თქვენს ერს მოუწევს, რომ სახელფასო გადასახადებიდან საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება სხვა შემოსავლებით დააბალანსოს, მაგრამ ეს დანახარჯები „ფარული ხარჯებია” — მათი გადახდა უნდა მოხდეს იმისდა მიუხედავად რეფორმირდება თუ არა სისტემა. როდესაც დასაქმებული სამთავრობო სისტემიდან გამოდის, სახელფასო საგადასახადო შემოსავლები შემცირდება, მაგრამ მომავალი დავალიანებებიც ასევე შემცირდება, რადგანაც მომსახურეს აღარ ექნება შეღავათებით სარგებლობის უფლება. გრძელვადიან პერსპექტივაში სისტემაზე დატვირთვა მოიხსნება.

  • მთელი ამერიკული გამოცდილება ჯანსაღ აზრსა და ადამიანურ ღირებულებებზეა აგებული. განათლებულ ადამიანებზე დემაგოგია ვერ იმოქმედებს. წარმოუდგინეთ მათ ფაქტები და არგუმენტები. მიმართეთ მათ ტელევიზიით, პრესით, რადიოთი. გამოიყენეთ ახალი შესაძლებლობები, რომელსაც ინტერნეტი იძლევა. პოლიტიკური მხარდაჭერა აუცილებლად მოვა, თუ ხალხი კარგად ინფორმირებულია. უკვე არსებობს კატონის სახელობის ინსტიტუტის ვებგვერდი მისამართით: www.socialsecurity.org, რომელიც საშუალებას იძლევა გამოითვალოს სამთავრობო პროგრამის მოგება და შედარებითი მოგება ბაზარზე დაბანდებულ ეკვივალენტურ დანაზოგებზე. ცინიკოსებმა შეიძლება იგნორირება გაუკეთონ პოლიტიკურ გათვლებს როგორც მოესურვებათ, მაგრამ მათემატიკური გათვლების იგნორირება ძნელია. ეს შეიძლება წარმოუდგენლად პოპულარული პროგრამა იყოს და პირადი საპენსიო ანგარიშები შეიძლება ამერიკული პოლიტიკის „მესამე რელსი” გახდეს.

  • Carpe Diem. პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ მომენტი. რაც უფრო დიდხანს დაიცდიან ისინი, მით უფრო გაძნელდება ცვლილებები. დაუფინანსებელი დავალიანება ყოველწლიურად იზრდება. ქვეყნები, რომლებიც აუქმებენ გადასახადებისა და ხარჯვის სოცდაზღვევის სისტემას და მიემართებიან ინვესტიციებზე დაფუძნებული სქემებისკენ, უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან მზარდი კაპიტალბაზით, უფრო დაბალი სამუშაო ხარჯებით და თანდათან შემცირებული გადასახადებით.

  • თქვენი ქვეყნის საუკეთესო მოაზროვნეები ამ იდეის მხარეს დგანან, ეკონომიკის დარგში ნობელის პრიზის სამი ყველაზე გამორჩეული ლაურეატის ჩათვლით: მილთონ ფრიდმენი, გარი ბეკერი და ჯეიმს ბუქენენი. უფრო მეტიც, სენატის საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენილ თავის ჩვენებაში ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ალან გრინსპენი აცხადებდა: „ზოგადი, ფართო პრინციპები, რომლებიც, გარკვეულწილად, ჩილეს სისტემის მსგავსია, მესახება, როგორც გზა, სადაც აზრთა დამთხვევას აქვს ადგილი და წინ გადადგმული პირველი ნაბიჯის გადადგმა უკვე გადაწყვეტილია”.

ბატონო პრეზიდენტო, გლობალური სოცდაზღვევის კრიზისი ქმნის შესაძლებლობას, შეიცვალოს შეხედულებები მთავრობის როლის შესახებ არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ ევროპაში, რუსეთში, იაპონიასა და ჩინეთშიც.

თქვენმა ერთერთმა ყველაზე გამორჩეულმა წინამორბედმა - თომას ჯეფერსონმა ერთხელ იწინასწარმეტყველა, რომ „თავისუფლების ბურთი, მას შემდეგ, რაც ერთხელ ამოძრავდება, მთელ მსოფლიოს შემოუვლის”. სოციალური დაზღვევის გარდაქმნა ამ სახით ჭეშმარიტი ლიდერობის დემონსტრირებას მოახდენს და სამუდამოდ იქცევა თქვენს მემკვიდრეობად.

4 ავსტრიული თეორია სამეურნეო ციკლის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ლუდვიგ ფონ მიზესი
თარგმნა ნინო გორგაძემ
გამოქვეყნდა 1936 წელს

ეკონომიკის ავსტრიული სკოლის მთავარი წარმომადგენელი. თანამედროვე ლიბერტარიანული მოძრაობის ინტელექტუალური მამამთავარი. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის, როგორც ძალმომრეობის ნაირსახეობის უკომპრომისო მოწინააღმდეგე. მან ჯერ კიდევ 1918-1920 წლებში დაასაბუთა, რომ ნებისმიერი სოციალისტური ეკონომიკური მოდელი განუხორციელებელია

დღესდღეობით ეკონომიკაში, ჩვეულებრივ, სამეურნეო ციკლის ავსტრიულ თეორიაზე საუბრობენ. ეს განმარტება განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის, ავსტრიელი ეკონომისტებისთვის და დიდად ვაფასებთ იმ პატივს, რომელიც ჩვენ გვხვდა. მიუხედავად ამისა, ყველა სხვა მეცნიერული წვლილის მსგავსად, ეკონომიკური კრიზისის თანამედროვე თეორია არ გახლავთ ერთი რომელიმე ერის ნაშრომი. ჩვენი ამჟამინდელი ეკონომიკური ცოდნის ყველა სხვა ელემენტის მსგავსად, ეს მიდგომა ყველა ქვეყნის ეკონომისტების ერთობლივი მუშაობის შედეგს წარმოადგენს.

სამეურნეო ციკლების მონეტარული განმარტების მცდელობა სიახლე არ არის. ჯერ კიდევ ინგლისურმა „სავალუტო სკოლამ” სცადა, რომ ეკონომიკური გამოცოცხლება იმ საკრედიტო ექსპანსიით აეხსნა, რომელიც ძვირფასი ლითონების უზრუნველყოფის გარეშე გამოშვებული ბანკნოტებით ხორციელდებოდა.

მაგრამ აღნიშნული სკოლის წარმომადგენლები ვერ ამჩნევდნენ, რომ ის საბანკო ანგარიშები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება იქნეს გამოყენებული მათზე ჩეკების გამოწერით, ანუ ე.წ. მიმდინარე ანგარიშები, ისეთივე როლს თამაშობს საკრედიტო ექსპანსიაში, როგორსაც ბანკნოტები. შესაბამისად, საკრედიტო ექსპანსია შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ზედმეტი ბანკნოტების გამოშვებამ, არამედ ძვირფასი ლითონების უზრუნველყოფას მოკლებული მიმდინარე ანგარიშების სიჭარბემ. სავალუტო სკოლის მიერ ეს საკითხი ბოლომდე არ იყო გააზრებული. მათ სჯეროდათ, რომ ეკონომიკური კრიზისის ახალი გამოვლენის შესაჩერებლად საკმარისი იქნებოდა კანონის მიღება, რომელიც ლითონის უზრუნველყოფის გარეშე ფულის გამოშვებას კრძალავდა იმ დროს, როცა კრედიტების ზრდა უკონტროლო მიმდინარე ანგარიშებით კვლავ შესაძლებელი იყო. 1844 წლის პილის აქტმა ბანკების შესახებ და სხვა ქვეყნებში მოქმედმა მსგავსმა კანონებმა დაგეგმილ შედეგს ვერ მიაღწია. აქედან გამომდინარე, ჩათვალეს, რომ ინგლისური სკოლის დასკვნები მცდარი იყო და სამეურნეო ციკლების მიზეზების მონეტარულ განმარტებას ფაქტები უარყოფდა.

სავალუტო სკოლის მეორე დეფექტი ისაა, რომ იგი საკრედიტო ექსპანსიის მექანიზმებისა და თანმდევი კრიზისის იმ შემთხვევას აანალიზებს, როდესაც კრედიტი მხოლოდ ერთ ქვეყანაში იზრდება, ხოლო სხვა ქვეყნების საბანკო პოლიტიკა კვლავ კონსერვატიული რჩება. ვითარება, რომელიც ამ შემთხვევაში იქმნება, საგარეო ვაჭრობის გავლენის შედეგია. ქვეყნის შიგნით ფასების ზრდა ახალისებს იმპორტს და აფერხებს ექსპორტს. ლითონის ფული მიედინება სხვა ქვეყნებში. შედეგად, ბანკები აწყდებიან გაზრდილ მოთხოვნას ყველა იმ ფინანსური ინსტრუმენტის განაღდებაზე, რომლებიც მათ მიმოქცევაში გაუშვეს (როგორებიცაა უზრუნველყოფას მოკლებული ბანკნოტები და მიმდინარე ანგარიშები), რაც მათი კრედიტების შეზღუდვის აუცილებლობას განაპირობებს. საბოლოოდ, ლითონის ფულის ქვეყნიდან გადინება ფასების ზრდას აჩერებს. სავალუტო სკოლამ მხოლოდ ეს კონკრეტული შემთხვევა გააანალიზა; ის არ განიხილავდა საერთაშორისო მასშტაბის საკრედიტო ექსპანსიას, რომელიც, ერთმანეთის მსგავსი პოლიტიკის გამო, ყველა კაპიტალისტურ ქვეყნას ერთდროულად მოიცავს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სამეურნეო ციკლების ეს თეორია უარყვეს და აღიარეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამეურნეო ციკლებს არანაირი კავშირი არ აქვთ ფულთან და კრედიტთან. ვიკსელის1 (1898) მცდელობა, რომ სავალუტო სკოლის მიდგომები აეღორძინებინა, უშედეგო აღმოჩნდა.

ავსტრიული ეკონომიკური სკოლის დამფუძნებლები კარლ მენგერი, ბიომბავერკი და ვიზერი სამეურნეო ციკლების თეორიით არ დაინტერესებულან. ამ პრობლემის ანალიზი ავსტრიული ეკონომიკის მეორე თაობის წარმომადგენლების ამოცანა გახდა.2

ოქროს უზრუნველყოფის გარეშე გამოშვებული ბანკნოტებისა და ოქროს რეზერვების გარეშე გახსნილი მიმდინარე ანგარიშების მეშვეობით ბანკებს მნიშვნელოვანი საკრედიტო ექსპანსიის შესაძლებლობა ეძლევათ. დამატებითი ბანკნოტები მათ საშუალებას აძლევს, რომ გააფართოვონ კრედიტები მათი კაპიტალისა და კლიენტების მიერ შემოტანილი დანაზოგებით დაწესებული ბუნებრივი ლიმიტის ზემოთ. ამით ისინი ბაზარზე დამატებითი კრედიტის „მიმწოდებლები” ხდებიან, რაც საპროცენტო განაკვეთს იმ ზღვარზე დაბლა სწევს, რომელზეც იგი ასეთი ჩარევის გარეშე იქნებოდა. საპროცენტო განაკვეთის შემცირება ეკონომიკურ აქტივობას აძლევს სტიმულს. პროექტები, რომლებიც მანამადე მომგებიანად არ მოიაზრებოდა და, შესაბამისად, არც ხორციელდებოდა, ამჯერად მომგებიანად მიიჩნევა და შეიძლება განხორციელდეს კიდეც. ბიზნესის გააქტიურება წარმოების საშუალებებსა და შრომაზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. წარმოების საშუალებებსა და შრომაზე ფასები იზრდება, ხელფასების ზრდა კი სამომხმარებლო ფასების ზრდას იწვევს. თუ ბანკები თავს შეიკავებენ კრედიტების შემდგომი გაფართოებისაგან და შემოიფარგლებიან იმით, რაც უკვე გააკეთეს, ბუმი სწრაფადვე გაჩერდება. მაგრამ ბანკები თავიანთ სამოქმედო გეზს არ შეცვლიან, საკრედიტო ექსპანსიას სულ უფრო და უფრო გააფართოებენ და ფასებიც და ხელფასებიც შესაბამისად განაგრძობს ზრდას.

რაც არ უნდა იყოს, საკრედიტო ექსპანსიით გამოწვეული ეს ეკონომიკური გამოცოცხლება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. არსებული მატერიალური საწარმოო საშუალებები და შრომა ვეღარ გაიზრდება; ერთადერთი, რაც გაიზრდება, უზრუნველყოფის გარეშე გამოშვებული ბანკნოტების რაოდენობაა, რასაც, საქონლის მოძრაობაზე გავლენის თვალსაზრისით, შეუძლია იგივე როლი ითამაშოს, რაც ფულმა. საწარმოო საშუალებები და შრომა, რომლებიც უკვე ახალ პროექტებში გამოიყენება, სხვა წარმოებებს მოაკლდა. სინამდვილეში, საზოგადოება არ არის საკმარისად მდიდარი, ახალი პროექტები ისე წამოიწყოს, რომ ძველს არაფერი მოაკლოს. მანამ, სანამ საკრედიტო ექსპანსია გრძელდება ეს შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ ამგვარი გაფართოების მუდმივი მხარდაჭერა შეუძლებელია. თუ ამგვარი ეკონომიკური გამოცოცხლების (და ფასების მატების, როგორც შედეგის) სწრაფადვე შეჩერებას კიდევ უფრო მეტი კრედიტის შექმნით შეეცდებიან, ამას ფასების კიდევ უფრო მეტი ზრდა მოჰყვება. მაგრამ ინფლაცია და ეკონომიკური გამოცოცხლება შეიძლება თანმიმდევრულად გრძელდებოდეს მხოლოდ მანამ, სანამ ხალხი ფიქრობს, რომ ფასების ზრდა ახლო მომავალში შეჩერდება. როგორც კი ხალხი მიხვდება რომ ინფლაცია არ შეჩერდება და ფასები ზრდას განაგრძობს, დაიწყება პანიკა. არავის მოუნდება ფულის ქონა, რადგან მისი ფლობა დღითი დღე სულ უფრო მეტ დანაკარგს გულისხმობს; ყველა იჩქარებს, რომ ფული საქონელზე გადაცვალოს, ხალხი მათთვის არასაჭირო საგნებს ფასზე დაუფიქრებლად ყიდულობს, ოღონდ კი სწრაფად მოიშოროს ფული. ასეთ ფენომენს ადგილი ჰქონდა გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც, რაც ხანგრძლივი ინფლაციური პოლიტიკის შედეგი იყო და რომელიც ცნობილია, როგორც „სრბოლა რეალურ ღირებულებებს შორის”. ჰიპერინფლაციის შედეგად სამომხმარებლო პროდუქციის ფასები და საერთაშორისო გაცვლითი კურსები ძალიან სწრაფად იზრდება, სანამ ადგილობრივი ფულის ფასი თითქმის ნულამდე არ დაეცემა და ის ყოველგვარ ღირებულებას კარგავს, როგორც ეს 1923 წელს მოხდა გერმანიაში.

პირიქით, თუ ბანკები სავალუტო კოლაფსის აღსაკვეთად გადაწყვეტენ, რომ საკრედიტო ექსპანსია დროულად შეაჩერონ და ეს გადაწყვეტილება საკმარისად დიდხანს არ შეიცვლება, რომ ინფლაციით გამოწვეული გამოცოცხლების დამუხრუჭება მოესწროს, სწრაფად გამოჩნდება რომ, საკრედიტო ექსპანსიით შექმნილი „მომგებიანობის” მცდარი შთაბეჭდილების შედეგად, გაუმართლებელი ინვესტიციები იყო განხორციელებული. ბევრი საწარმო ან საქმიანობა, რომლებიც ხელოვნურად დაწეული საპროცენტო განაკვეთის გამო იქნა წამოწყებული და რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელოვნურად მზარდი ფასების წყალობით სულდგმულობდნენ, უკვე აღარ იყვნენ მომგებიანები. ზოგიერთმა საწარმომ შეამცირა თავისი საქმიანობის მასშტაბები, დანარჩენები დაიხურა ან გაკოტრდა. ფასები დაეცა; ეკონომიკურ გამოცოცხლებას კრიზისი და დეპრესია მოჰყვა. კრიზისი და შედეგად განვითარებული დეპრესიის პერიოდი საკრედიტო ექსპანსიით გამოწყვეული გაუმართლებელი ინვესტიციების პერიოდის კულმინაციას წარმოადგენს. პროექტები, რომლებიც საკრედიტო ექსპანსიით შექმნილი ხელოვნური მდგომარეობის და, აქედან გამომდინარე, ფასების ზრდის პირობებში „მომგებიანი” იყო, უკვე „არამომგებიანი” გახდა. ასეთ წარმოებებში დაბანდებული კაპიტალი დაკარგულია, რადგან მათი დაბრუნება შეუძლებელია. ეკონომიკამ ამ დანაკარგებსა და ახალ ვითარებასთან ადაპტირება უნდა მოახდინოს. პირველი, რაც ამ დროს უნდა გაკეთდეს, მომჭირნეობის გზით მოხმარების შემცირებაა, რაც ახალი კაპიტალური ფონდების, ანუ რეალური მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტიული აპარატის წარმოქმნას უწყობს ხელს, იმ ხელოვნური მოთხოვნების საპირისპიროდ, რომლებიც ვერასოდეს ჩაითვლება რეალურ ზრდად, რადგან ის „მომგებიანობის” საკრედიტო ექსპანსიით გამოწვეული მცდარი კალკულაციის შედეგს წარმოადგენს.

ხელოვნური ეკონომიკური გამოცოცხლება ბანკების ჩარევის შედეგად კრედიტების გაფართოებამ და საპროცენტო განაკვეთის დაწევამ გამოიწვია. კრედიტების გაფართოების პერიოდში ბანკები თანდათანობით ზრდიდნენ საპროცენტო განაკვეთებს, რომელიც მარტივი არითმეტიკის თვალსაზრისით, უფრო მაღალი გახდა ვიდრე პროცესის დასაწყისში იყო. საპროცენტო განაკვეთის ზრდა ბაზარზე წონასწორობის აღსადგენად და არაჯანსაღი აქტივობის შესაჩერებლად უკვე საკმარისი აღარაა. ბაზარზე, სადაც ფასები განუწყვეტლივ იზრდება, მთლიანი პროცენტი უნდა შეიცავდეს პროცენტს კაპიტალზე ზუსტი გაგებით, ანუ პროცენტის წმინდა განაკვეთი. სხვა ელემენტიც სესხის პერიოდში ფასების ზრდის კომპენსაციას წარმოადგენს. თუ ფასები განუწყვეტლივ იზრდება და თუ მსესხებელი ნასესხები ფულით ნაყიდი საქონლის გაყიდვით იღებს დამატებით მოგებას, მას უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდაც უხდება, ვიდრე იგი სტაბილური ფასების პირობებში გადაიხდიდა. მეორე მხრივ, ასეთ პირობებში კაპიტალისტს არ ექნება სესხის გაცემის შესაძლებლობა, თუკი საპროცენტო განაკვეთი დანაკარგებზე კომპენსაციას არ მოიცავს, რაც კრედიტორებისთვის ფულის სყიდვითუნარიანობას ამცირებს.

თუ ბანკები მოთხოვნილი მთლიანი საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას ამ პირობებს არ ითვალისწინებენ, მათი განაკვეთი ჩაითვლება, როგორც ხელოვნურად დაბალი, მაშინაც კი თუ არითმეტიკულად იგი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე „ნორმალურ” პირობებში იყო. ამგვარად, გერმანიაში 1923 წლის შემოდგომაზე, გერმანული მარკის სწრაფი გაუფასურების გამო, საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სამნიშნა ციფრებში გამოიხატებოდა, არ ჩაითვლებოდა დაბალ განაკვეთად.

სამეურნეო ციკლის შეჩერება საბანკო პოლიტიკაში ცვლილებებს იწვევს, რომლის მიხედვითაც ძალიან რთულდება სესხების გაცემა კრედიტების საერთო შეზღუდვის გამო. საპროცენტო განაკვეთი, შესაბამისად, ძალიან სწრაფად იზრდება, როგორც მოულოდნელი პანიკის შედეგი. მალე იგი კვლავ დაიწყებს დაცემას.

კარგად ცნობილი ფენომენია, რომ დეპრესიის პერიოდში არითმეტიკული თვალსაზრისით ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი არაეფექტიანია ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების თვალსაზრისით. ინდივიდებისა და ბანკების ნაღდი ფულის დანაზოგები იზრდება, ლიკვიდური საშუალებები აკუმულირდება, მაგრამ დეპრესია ჯერ კიდევ გრძელდება. ამჟამინდელ (1936) კრიზისში „არააქტიური” ოქროს რეზერვების მეტობით აკუმულირებას გარკვეული მიზეზი გააჩნია. ბუნებრივია, კაპიტალისტს სურს თავიდან აიცილოს დანაკარგის რისკი სხვადასხვა მთავრობების მიერ ჩაფიქრებული გაუფასურებებისაგან. ფაქტია, რომ მოსალოდნელი მონეტარული რისკი, რომელიც აქციების ფლობით ან სხვა დივიდენდების მომტანი ფასიანი ქაღალდების ქონით და საპროცენტო განაკვეთის შესაბამისი ზრდით არ კომპენსირდება, კაპიტალისტს ურჩევნია თავისი აქტივები ისეთი ფორმით შეინახოს, რომელიც ასეთ შემთხვევაში უფლებას მისცემს მას დაიცვას თავისი ფული დანაკარგებისა და საბოლოო გაუფასურებისგან სწრაფი გადახურდავებით ისეთ ვალუტაში, რომელსაც მაშინვე არ ემუქრება გაუფასურება. ეს ძალიან მარტივი მიზეზია იმისა, თუ რატომ არიან კაპიტალისტები იძულებულნი პერმანენტული ინვესტიციებით მიაბან საკუთარი თავი გარკვეულ ვალუტას. ამის გამო, ისინი ხელს უწყობენ თავიანთი საბანკო ანგარიშების გაზრდას, თუნდაც ძალიან მცირე შემოსავალი მოჰქონდეთ, ასევე შეინახონ ოქრო, რომელსაც არა მხოლოდ პირდაპირი შემოსავალი არ მოაქვს, არამედ პირიქით, შენახვის ხარჯები გააჩნია.

შემდეგი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს დეპრესიის პერიოდის გაგრძელებას, ხელფასების სიხისტეა. ხელფასები ზრდიან ექსპანსიის პერიოდს. საკონტრაქტო პერიოდში ისინი ეცემიან არა მხოლოდ ფულად გამოხატულებაში, არამედ რეალურ გამოხატულებაშიც. დეპრესიის პერიოდში პროფკავშირების პოლიტიკის შედეგად შეჩერებული ხელფასების კლება უმუშევრობას მასობრივ და ხანგრძლივ მოვლენად აქცევს. გარდა ამისა, ეს პოლიტიკა განუსაზღვრელად წელავს დროში აღორძინების პროცესს. ნორმალური სიტუაცია ვერ დაბრუნდება, სანამ ფასები და ხელფასები მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის მიმართ ადაპტაციას არ მოახდენს.

საზოგადოება ეკონომიკური გამოცოცხლების დასასრულს და კრიზისს ბანკების პოლიტიკის შედეგად სრულიად ნათლად აღიქვამს. ბანკებს უთუოდ შეუძლიათ, რომ არასასურველი შედეგის დადგომა გარკვეული დროის განმავლობაში გადადონ. მათ შეუძლიათ, საკრედიტო ექსპანსია გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელონ. მაგრამ, როგორც უკვე ვნახეთ, მათ არ შეუძლიათ განუსაზღვრელად შეინარჩუნონ ასეთი მდგომარეობა მონეტარული სისტემის აბსოლუტური კოლაფსის რისკის გარეშე. გამოცოცხლება, რომელიც მოიტანა ბანკების საკრედიტო ექსპანსიის პოლიტიკამ, ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა დამთავრდეს. იმის მაგივრად, რომ თავიანთი პოლიტიკით აბსოლუტურად დაანგრიონ მონეტარული და საკრედიტო სისტემა, თავად ბანკებმა უნდა შეაჩერონ საკრედიტო ექსპანსია კატასტროფის მოხდენამდე. საკრედიტო ექსპანსიის პერიოდის გახანგრძლივების და ბანკების მიერ მათი პოლიტიკის ცვლილების შეყოვნების შედეგი არასწორი ინვესტიციებისა და ეკონომიკური გამოცოცხლების პერიოდებისთვის დამახასიათებელი ჭარბი გარიგებების კიდევ უფრო მეტი რაოდენობა იქნება. შედეგად, დეპრესიის პერიოდი უფრო ხანგრძლივი იქნება, ხოლო აღორძინების და ნორმალური ეკონომიკური აქტივობის დაბრუნების თარიღი კი გაურკვეველ მომავალში გადაიდება.

ხშირად გვთავაზობენ ეკონომიკური აქტივობის „სტიმულირებას” და „სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას” დამატებითი კრედიტების გაცემით, რომელიც ბოლოს მოუღებს დეპრესიას და თუ აღორძინებას ვერ განაპირობებს, სულ მცირე, ნორმალურ მდგომარეობას მაინც დააბრუნებს. ამ მეთოდის მიმდევრებს დაავიწყდათ, რომ ამის შედეგადაც კი შეიძლება გარკვეული დროით დაბრუნდეს ხსენებული სიძნელეები, რომლებიც, შესაბამისად, არცთუ ისე შორ მომავალში, კიდევ უფრო გააუარესებს ვითარებას.

საბოლოოდ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საკრედიტო ექსპანსიის შედეგად ბაზარზე წარმოქმნილი პროცენტის ხელოვნურად დადაბლების მცდელობას შეუძლია მხოლოდ დროებითი შედეგის მოტანა, საწყისი მდგომარეობის აღდგენის პროცესს მოჰყვება უფრო ღრმა დაცემა, რომელიც გამომჟღავნდება სავაჭროსამრეწველო საქმიანობის სრული სტაგნაციის სახით. ეკონომიკა ვერ შეძლებს ჰარმონიულ და თანმიმდევრულ განვითარებას მანამ, სანამ ყველა ხელოვნური მაჩვენებელი, რომელიც ფასების, ხელფასების და საპროცენტო განაკვეთების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას, მაგრამ განიმარტება, როგორც ეკონომიკური ძალების თავისუფლების შედეგი, ერთხელ და სამუდამოდ არ იქნება უკუგდებული.

ბანკების ამოცანა არ არის გამოასწოროს კაპიტალის შეზღუდულობის ან კრედიტების გაფართოების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტები. რასაკვირველია, სამწუხაროა, რომ დღეს ნორმალური ეკონომიკური სიტუაციის დაბრუნება ყოვნდება ვაჭრობის ხელის შემშლელი, დამანგრეველი პოლიტიკით, გამალებული შეიარაღებით და ომის გადაჭარბებული შიშით, ხელფასების სიხისტე რომც არ აღვნიშნოთ. მაგრამ ეს სიტუაცია მხოლოდ საბანკო ღონისძიებებითა და კრედიტების გაფართოებით ვერ გამოსწორდება.

___________________

1. Knut Wicksell, Interest and Prices, R.F. Kahn, trans. (New York: Augustus M. Kelley, 1965). თარგმნა ნინო გორგაძემ

2. სამეურნეო ციკლის თეორიაზე ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ფუნდამენტური ნაშრომები (1936 წლისთვის) გახლავთ: Mises, The Theory of Money and Credit (New York: Foundation for Economic Education, 1971; მეორე გერმანული გამოცემის თარგმანი შესრულდა 1924 წელს, ორიგინალში გამოქვეყნდა 1912 წელს); Mises, Monetary Stabilization and Cyclical Policy (1928) ხელახლა გამოცემულია, როგორც On the Manipulation of Money and Credit, Percy L. Greaves, ed., Bettina Bien Greaves, trans. (Dobbs Ferry, N.Y.: Free Market Books, 1978; ორიგინალი გერმანულ ენაზე მონოგრაფიის სახით არის გამოცემული); Friedrich A. von Hayek, Monetary Theory and the Trade Cycle (New York: Augustus M. Kelley, 1966; 1933 წლის ინგლისური გამოცემის ასლი, ორიგინალი გამოცემულია გერმანულად 1929 წელს); Hayek, Prices and Production (New York: Augustus M. Kelley, 1967; 1935 წლის მეორე განახლებული ინგლისური გამოცემის ასლი, ორიგინალი გამოცემულია გერმანულად 1931 wels); Richard von Strigl, Capital and Production, მთარგმნელები: მარგარეტ რუდელიხ ჰოპე და ჰანს ჰერმან ჰოპე (Auburn, Al: Ludwig von Mises Institute, 1995; 1934 wlis gamocemis Targmani); ამჟამინდელი კრიზისის საუკეთესო ანალიზი სერ ლიონელ რობინსმა gaakeTa: Sir Lionel Robbins, The Great Depression (Freeport, R.I.: Books for Libraries Press, 1971; 1934 წლის გამოცემის ასლი).

5 გერმანიის ეკონომიკური „სასწაული”

▲ზევით დაბრუნება


დევიდ . ჰენდერსონი
თარგმნა ნინო გორგაძემ
გამოქვეყნდა 1993 წელს

კალიფორნიის . სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და . მონტერეიში არსებული უმაღლესი საზღვაო სკოლის ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი. მთავარი ეკონომისტი პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოში. ენციკლოპედიის რედაქტორი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა პრაქტიკულად დანგრეული იყო. ომმა, ჰიტლერის დედამიწის გადაწვის პოლიტიკის მიხედვით, მთელი შენობების 20 პროცენტი გაანადგურა. 1947 წელს ერთეულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 1938 წლის დონის მხოლოდ 51 პროცენტი იყო. საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული საკვების ოფიციალური რაციონი შეადგენდა 1,040 და 1,550 კალორიას დღეში. 1947 წელს სამრეწველო წარმოების შედეგები 1938 წლის მაჩვენებლის მხოლოდ მესამედი იყო. გარდა ამისა, შრომისუნარიანი გერმანელი მამაკაცების დიდი ნაწილი დაიხოცა. ექსპერტებს კი მიაჩნდათ, რომ გერმანია აშშს კეთილდღეობის სახელმწიფოს სარჩენი გახდებოდა. მაგრამ, ოცი წლის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა მსოფლიოს უდიდესი ნაწილის შურს იწვევდა. ხოლო ომიდან ათ წელზე უფრო ნაკლები დროის შემდეგ ხალხი უკვე გერმანიის ეკონომიკურ სასწაულზე ლაპარაკობდა.

რამ გამოიწვია ეს ე.წ. სასწაული? ამის მიზეზი ორი ძირითადი ფაქტორი გახდა: სავალუტო რეფორმა და ფასების კონტროლის გაუქმება, ორივე მოხდა 1948 წელს, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში. შემდეგი ფაქტორი 1948 და 1949 წლებში გადასახადების ზღვრული დონის მნიშვნელოვანი დაწევა იყო.

ცვლილებებამდე

1948 წლამდე, 12 წლის განმავლობაში, გერმანელი ხალხი ფასების კონტროლის პირობებში ცხოვრობდა. ასეთი რეჟიმი მათ 1936 წელს ადოლფ ჰიტლერმა დაუწესა, ამ გზით მის მთავრობას საბრძოლო მასალების ხელოვნურად დაბალ ფასებში შეძენა შეეძლო (რუზველტმა და ჩერჩილმა ასევე დააწესეს ფასებზე კონტროლი). 1945 წლის ნოემბერში მოკავშირეთა საოკუპაციო ადმინისტრაციამ, რომელიც შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და საბჭოთა კავშირისაგან იყო დაკომპლექტებული, ჰიტლერის მიერ დაწესებული ფასების კონტროლის შენარჩუნება გადაწყვიტა.

ყოველი მოკავშირე სახელმწიფო გერმანიის ტერიტორიის განსაზღვრულ „ზონას” აკონტროლებდა. 1948 წელს შეერთებული შტატების ზონაში კონტროლირებულ ფასებში დათვლილი ცხოვრების ღირებულების ინდექსი 1938 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 31 პროცენტი იყო. ჯერ კიდევ 1947 წელს, გერმანიის ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა - ნაღდ ვალუტას დამატებული დანაზოგები მოთხოვნაზე - 1936 წლის მაჩვენებელთან შედარებით ხუთჯერ იყო გაზრდილი. ფულის მასის მკვეთრი ზრდა, ნაწილობრივ გაზრდილ ფასებთან ერთად, დეფიციტის მიზეზი გახდა.

საკვებზე ფასების კონტროლმა წარმოქმნა დეფიციტი, შედეგად ქალაქებში მცხოვრებთა გარკვეულმა ნაწილმა თავად დაიწყო საკვების მოყვანა, ხოლო ნაწილი დასვენების დღეებში სოფლებისკენ მიეშურებოდა, რომ ბარტერული გაცვლის გზით პროდუქტები მოეპოვებინა. იელის უნივერსიტეტის ეკონომისტი ჰენრი ვოლიკი (ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი მმართველი) 1955 წელს გამოცემულ წიგნში სახელწოდებით „გერმანიის აღორძინების მამოძრავებელი ძალები”, წერდა:

„ყოველდღე, განსაკუთრებით კი დასვენების დღეებში, ადამიანების უზარმაზარი ნაკადი მიემართებოდა სოფლებისკენ გლეხებისგან საკვების მოსაპოვებლად ბარტერული გაცვლის გზით. მწყობრიდან ნახევრადგამოსული რკინიგზის ვაგონებში, საიდანაც ყველაფერი კარგა ხნის მოპარული იყო, მშიერი ადამიანები მგზავრობდნენ სახურავებით და გვერდითა საფეხურებითაც, ზოგჯერ გადიოდნენ ასობით მილს იმ ადგილისკენ, სადაც მცირეოდენი საკვების შოვნის იმედი ჰქონდათ. მათ მიჰქონდათ თავიანთი ნივთები: პირადი საგნები, ძველი ტანსაცმელი, ავეჯის ნაწილები, დაბომბილი სახლებიდან გადარჩენილი ნივთები და უკან მცირე რაოდენობის კარტოფილით ბრუნდებოდნენ, რომელიც მათ ერთი ან ორი კვირა უნდა ემყოფინათ.“

ბარტერი ფართოდ იყო გავრცელებული ასევე ბიზნესგარიგებებში და უმეტეს ფირმებში ახალი სამუშაო ადგილიც კი შეიქმნა სახელწოდებით „კომპენსატორი”. კომპენსატორი იყო სპეციალისტი, რომელიც ბარტერით ცვლიდა ფირმის პროდუქტს საჭირო ნედლეულზე და ამის განსახორციელებლად მრავალჯერად გარაგებებში უწევდა ჩაბმა. 1947 წლის სექტემბერში აშშს სამხედრო ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ბრიტანულამერიკულ ზონაში ყველა ბიზნესგარიგების მესამედიდან ნახევრამდე ბარტერის ფორმით ხორციელდებოდა.

ბარტერი ძალიან არაეფექტური ფორმა იყო პროდუქტის და მომსახურების ფულით პირდაპირ ყიდვასთან შედარებით. გერმანელი ეკონომისტი უოლტერ ოიკენი ამბობდა, რომ ბარტერი და თვითკმარობა შეუთავსებელი იყვო შრომის ექსტენსიურ დანაწილებასთან. ის წერდა: „ეკონომიკური სისტემა დაქვეითებულია პრიმიტიულ დონემდე”. ამას ციფრებიც ადასტურებს. 1948 წლის მარტში ბრიტანულამერიკული ზონის პროდუქცია 1936 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 51 პროცენტს შეადგენდა.

დებატები

ოიკენი გერმანიის ფრაიბურგის უნივერსიტეტში დაფუძნებული ეკონომიკური აზროვნების სკოლის ლიდერი იყო. სკოლას „Soziate Marktwirtschaft“, ანუ „სოციალურად პასუხისმგებელი თავისუფალი ბაზარი” (სადღეისოდ უფრო გავრცელებულია ტერმინი „სოციალური საბაზრო ეკონომიკა”. რედ. შენიშ.) ერქვა. ამ სკოლის წარმომადგენლებს სძულდათ ტოტალიტარიზმი და ჰიტლერის რეჟიმის დროს, გარკვეული რისკის ქვეშ, პროპაგანდირებდნენ თავიანთ შეხედულებებს. ჰენრი ვოლიში წერდა: “ნაციზმის პერიოდში სკოლა წარმოადგენდა ინტელექტუალური წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოითხოვდა უზარმაზარ პიროვნულ სიძლიერეს ისევე, როგორც აზროვნების დამოუკიდებლობას”. სკოლის წევრებს სჯეროდათ თავისუფალი ბაზრის, საზოგადოების თანხმობით საშემოსავლო გადასახადის უმნიშვნელო ზრდის უმტკივნეულობისა და სახელმწიფოს მიერ მონოპოლიების შეზღუდვის აუცილებლობის (ომამდე კარტელები გერმანიაში აბსოლუტურად ლეგალური იყო). სოციალურად პასუხისმგებელი ბაზრის იდეა ძალიან მოსწონდათ ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენლებსაც, რომლის იმედის მომცემ წევრებს მილთონ ფრიდმენსა და ჯორჯ სტიგლერს ასევე სჯეროდათ თავისუფალი ბაზრის უდიდესი მნიშვნელობის, საგადასახადო სისტემის მეშვეობით სახელმწიფოს მიერ მცირედ გადანაწილებისა და მონოპოლიების აღსაკვეთად ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აუცილებლობის.

ამ ეკონომიკური სკოლის წევრები იყვნენ ვილჰელმ რიოპკე და ლუდვიგ ერჰარდი. ომის შემდგომი ეკონომიკური ქაოსის აღმოსაფხვრელად რიოპკე ფასებზე კონტროლის გაუქმებასა და ფულად რეფორმას, ანუ ფულის გარკვეული რაოდენობის საქონლის გარკვეულ რაოდენობასთან შესაბამისობის აუცილებლობას ემხრობოდა, იგი ფიქრობდა, რომ ეს ორივე აუცილებელი იყო ინფლაციის აღსაკვეთად. ფულად რეფორმას წერტილი უნდა დაესვა ინფლაციისთვის. ფასების კონტროლის გაუქმებას უნდა დაესრულებინა რეპრესია.

ლუდვიგ ერჰარდი ეთანხმებოდა რიოპკეს. ერჰარდმა თავისი ხედვის დასაფიქსირებლად ჯერ კიდევ ომის დროს დაწერა მემორანდუმი საბაზრო ეკონომიკის შესახებ. მისი მემორანდუმიდან ჩანდა რომ მას ნაცისტების დამარცხება სურდა.

დებატებში მეორე მხარეს სოციალდემოკრატიული პარტია (სდპ) წარმოადგენდა, მას სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურდა. სდპს მთავარმა ეკონომიკურმა იდეოლოგმა დრ. კრეისიგმა, 1948 წლის ივნისში გამოაცხადა, რომ ფასების და ფულის რეფორმა არ იქნებოდა წარმატებული. ის მხარს უჭერდა ცენტრალური ხელისუფლების კურსის ცვლილებას. სდპს ეთანხმებოდნენ ასევე პროფკავშირების ლიდერები, ბრიტანეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია, გერმანელი მწარმოებლების უმრავლესობა და ამერიკული ადმინისტრაციის გარკვეული ნაწილი.

ცვლილებები

დებატებში ლუდვიგ ერჰარდმა გაიმარჯვა. რადგანაც მოკავშირეებს გერმანიის ახალ მთავრობაში არანაცისტების ხილვა სურდათ, ამიტომაც ერჰარდი, რომლის ანტინაცისტური შეხედულებები ცხადი იყო, 1945 წელს ბავარიის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. 1947 წელს ის გახდა ბრიტანულამერიკული ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი და, შესაბამისად, აშშს ზონის სამხედრო მმართველის, აშშ გენერლის, ლუციუს დ. კლეის მრჩეველი. ერჰარდი ფულად რეფორმასა და ფასების გამოთავისუფლებას უწევდა პროპაგანდას. მას შემდეგ, რაც რუსეთი მოკავშირეთა მაკონტროლებელი საბჭოდან გამოვიდა, კლეიმ, მის ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, 1948 წლის 20 ივნისს, კვირას, ფულადი რეფორმა გაატარა. ძირითადი იდეა რაიხს მარკის უფრო ცოტა რაოდენობის სხვა ლეგალური ვალუტით შეცვლაში მდგომარეობდა - ახალ ვალუტას გერმანული მარკა ეწოდებოდა. ამის შემდეგ, ფულის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდებოდა და კონტროლირებული ფასების პირობებშიც კი, გერმანულ მარკებში ნაკლები დეფიციტი იყო მოსალოდნელი. ფულადი რეფორმა უაღრესად კომპლექსური იყო. უამრავ ადამიანს, რომელსაც ის შეეხო, წმინდა აქტივები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. საერთო მასშტაბით ფულის მიწოდება დაახლოებით 93 პროცენტით შეიზღუდა.

იმავე კვირა დღეს გერმანული ბრიტანულამერიკული ეკონომიკის საბჭომ, ლუდვიგ ერჰარდის დაჟინებული თხოვნითა და სოციალდემოკრატების წევრების საწინააღმდეგოდ, ფასების გათავისუფლების დადგენილება გამოსცა. ეს კანონი ერჰარდს ფასებზე კონტროლის გაუქმების უფლებას აძლევდა.

ერჰარდს საკმაოდ „მხიარული” ზაფხული ჰქონდა. ნიუიორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის ეკონომისტი კლოპსტოკი წერდა, 1948 წლის ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე „დადგენილებას მოჰყვა ფასების, რესურსების განაწილებისა და რაციონის რეგულირების გაუქმება.”

ბოსტნეული, ხილი, კვერცხი და თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტი კონტროლისგან სრულიად გათავისუფლდა, ხოლო სხვა პროდუქტებზე საკონტროლო ფასების ზედა ზღვარმა მნიშვნელოვნად აიწია. მალე შემორჩენილი რეგულირებებიც გაუქმდა. ერჰარდის სლოგანი იყო „უსაქმოდ ნუ იჯდები — გააუქმე რამე!”.

ფულად რეფორმასა და ფასების გამოთავისუფლებასთან ერთად, მთავრობამ ასევე საგრძნობლად შეამცირა საგადასახადო განაკვეთი. ახალგაზრდა ეკონომისტმა ვოლტერ ჰელერმა, რომელიც იმ დროს გერმანიაში აშშს სამხედრო შტაბში მუშაობდა, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ კენედის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1949 წლის რეფორმებს სტატია მიუძღვნა. იგი წერდა: ექსტრემალურად მაღალი განაკვეთების დამთრგუნველი ეფექტის აღსაკვეთად, სამხედრო მთავრობის ¹64ე დადგენილებამ, ფულადი რეფორმის პარალელურად, გერმანიაში არსებული გადასახადების დიდი ნაწილი გააუქმა. კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი (მოგების გადასახადი), რომელიც პროგრესული იყო და 35დან 65 პროცენტმდე იცვლებოდა, წრფივი გახდა და 50 პროცენტს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის უმაღლესი განაკვეთი 95 პროცენტი დარჩა, იგი მხოლოდ 250 000 გერმანული მარკის ზემოთ წლიურ შემოსავალზე ვრცელდებოდა. კონტრასტისთვის, 1946 წელს მოკავშირეებმა 60 000 რაიხს მარკის ზემოთ (დაახლოებით 6 000 გერმანული მარკა) შემოსავლები 95 პროცენტით დაბეგრეს. 1950 წელს საშუალო შემოსავლების მქონე გერმანელისთვის, რომლის წლიური შემოსავალი 2 400 გერმანულ მარკაზე ოდნავ მეტი იყო, ზღვრული საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი იყო. იგივე ადამიანი, რომელიც 1948 წელს ეკვივალენტ თანხას რაიხს მარკებში იღებდა, 85 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებოდა.

შემდეგ

ამ ყველაფერმა გერმანიის ეკონომიკაზე კატალიზატორის ეფექტი მოახდინა. ვოლიში წერდა: „ქვეყნის სული უეცრად შეიცვალა. უღიმღამო, მშიერი, მკვდრების მსგავსი ფიგურები, რომლებიც ქუჩაში ლუკმაპურის მოსაპოვებლად მათხოვრობდნენ — ცხოვრებას დაუბრუნდნენ”.

21 ივნისს, ორშაბათს, მაღაზიების დახლები სავსე იყო პროდუქციით და ხალხი მიხვდა რომ ახალ ფულს ბევრად უფრო მეტი ღირებულება გააჩნდა, ვიდრე ძველს. ვოლტერ ჰელერი წერდა: რეფორმებმა „სწრაფად აღადგინეს ფული, როგორც გადახდის უპირატესი საშუალება და სავალუტო სტიმულები, როგორც ეკონომიკური აქტივობის წარმმართველი ძალა”.

აბსენტიზმი (უარის თქმა ვალდებულებების შესრულებაზე - მთარგმნელის შენიშვნა) ასევე დაძლეული იყო. 1948 წლის მაისში მუშები სამსახურს კვირის განმავლობაში საშუალოდ 9,5 საათით აცდენდნენ, რაც ნაწილობრივ იმით იყო გამოწვეული, რომ ისინი მეტად არ აფასებდნენ მათ მიერ გამომუშავებულ ფულს და ნაწილობრივ იმითაც, რომ მათ პროდუქტის საშოვნელად ან ბარტერით გასაცვლელად უწევდათ გასვლა. ოქტომბრისთვის აბსენტიზმმა კვირის განმავლობაში საშუალოდ 4,2 საათამდე დაიწია. 1948 წლის ივნისში ბრიტანულამერიკული ზონის ინდუსტრიული პროდუქციის ინდექსი 1936 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 51 პროცენტი იყო. დეკემბრისთვის ინდექსი გაიზარდა 78 პროცენტმდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდუსტრიული პროდუქცია 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა.

1948 წლის შემდეგ წარმოება განაგრძობდა ნახტომისებურად ზრდას. 1958 წლისთვის სამრეწველო წარმოების წლიური მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა 1948 წელს ჩატარებული ფულის რეფორმამდე ექვსი თვის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, საწარმოო პროდუქცია ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ გაიზარდა.

რადგან ერჰარდის იდეები მუშაობდა, ახალი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პირველმა კანცლერმა კონრად ადენაუერმა ის გერმანიის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობაზე იგი 1963 წლამდე იყო, იქამდე სანამ თავად არ დაიკავა კანცლერის პოსტი, რომელზეც 1966 წლამდე იმყოფებოდა.

მარშალის გეგმა

აღნიშნულ ანგარიშში ჯერ არ იყო ნახსენები მარშალის გეგმა. შეიძლება გერმანიის აღორძინება ძირითადად მას რომ მივაწეროთ? პასუხია - არა. მიზეზი მარტივია: მარშალის გეგმის მიხედვით, გერმანიისთვის გაწეული ფინანსური დახმარება არცთუ ისე დიდი იყო. 1954 წლის ოქტომბრამდე ჯამური დახმარება მარშალის გეგმიდან და სხვა დახმარების პროგრამებიდან 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 1948 და 1949 წლებშიც კი, როცა დახმარებების რაოდენობა პიკს აღწევდა, მარშალის გეგმის დახმარება გერმანიის ნაციონალური შემოსავლის 5 პროცენტზე ნაკლებ თანხას შეადგენდა. სხვა ქვეყნებს, რომლებმაც მარშალის გეგმის მიხედვით დახმარების უფრო დიდი წილი მიიღეს, უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ, ვიდრე გერმანიას.

გარდა ამისა, როდესაც გერმანია დახმარებებს იღებდა, იგი იხდიდა რეპარაციულ და აღდგენით გადასახდელებს, რომლებიც 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. დასასრულ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მოკავშირეებმა გერმანელებს ყოველწლიურად 7,2 მილიარდი გერმანული მარკის ოდენობით (2,4 მილიარდი დოლარი) გადასახადი დაუწესეს, მათ მიერ გერმანიაში განლაგებული საოკუპაციო ძალების ხარჯის ანაზღაურების სახით (რა თქმა უნდა, ეს საოკუპაციო ხარჯები გულისხმობდა იმას, რომ გერმანიას საკუთარ თავდაცვაზე ხარჯები არ ესაჭიროებოდა).

დასკვნა

ის, რაც ზოგიერთ ექსპერტს სასწაულად მიაჩნია, ნამდვილად არ იყო სასწაული. ასეთ შედეგს ლუდვიგ ერჰარდი და ფრაიბურგის სკოლის სხვა წარმომადგენლებიც ელოდნენ. მათ ესმოდათ, რომ ინფლაციას, ფასების კონტროლსა და მაღალ გადასახადებს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ხოლო მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა ინფლაციის შეჩერებით, ფასების კონტროლის აღკვეთით და მაღალი გადასახადების ზღვრული განაკვეთის შემცირებითაა შესაძლებელი.

6 რა დაემართა შვედეთს?

▲ზევით დაბრუნება


ნილსერიკ სენდბერგი
თარგმნა ბაბილინა ახობაძემ
გამოქვეყნდა 1997 წელს

შვედეთის ყოველდღიური წამყვანი გაზეთისDagens Nyheterსარედაქციო წერილების ავტორი და ეკონომიკური საკითხებისადმი მიძღვნილი ოცამდე წიგნის თანაავტორი

ერთ დროს ორი, ერთმანეთის მსგავსი, ძალიან პატარა ქვეყანა არსებობდა. ორივე ქვეყანა ორივე მსოფლიო ომს გადაურჩა; მრავალი საუკუნის მანძილზე ორივე დამოუკიდებელი იყო; ორივეს ერთნაირი, სხვა ქვეყნებისგან გამორჩეული, სამრეწველო სტრუქტურა ჰქონდა და იქ განლაგებული კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიები მხოლოდ მაღალხარისხოვან პროდუქციას უშვებდნენ.

ამ ორ ქვეყანას შორის ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ბუნებრივი სიმდიდრეები იყო. ერთი მადნეულის საბადოებს, ხეტყისა და ჰიდროენერგორესურსების დიდ მარაგს ფლობდა, მეორეს კი პატარა, სულ რამდენიმე ძროხის სამყოფი საძოვრის გარდა არაფერი გააჩნდა, მოსახლეობას მხოლოდ ბეჯითი შრომითა და გამჭრიახობით გაჰქონდა თავი.

შვედეთისა და შვეიცარიის შედარებიდან აშკარად ჩანს, რომ 1970 წლიდან შვედეთის ეკონომიკაში რაღაც შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორივე ქვეყანა მშვენიერ მდგომარეობაში იყო. ორივემ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა იმ თვალსაზრისით, რომ საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ ჩართულან და მეომარ მხარეებთან აქტიურ ვაჭრობას აწარმოებდნენ. 1945 წელს შვედეთისა და შვეიცარიის სამრეწველო სტრუქტურები სრულ წესრიგში იყო და დანგრეული ევროპის რეკონსტრუქციისთვის მარშალის გეგმით გამოყოფილი თანხით შექმნილი ხელსაყრელი ბაზრის ასათვისებლად ემზადებოდნენ. ბუნებრივი სიმდიდრის გამო შვედეთს აშკარა უპირატესობა გააჩნდა.

ორივე ქვეყანას მრეწველობის თითქმის ერთნაირი სტრუქტურა ჰქონდა _ დიდი საერთაშორისო კომპანიების საკმაოდ ფართო ქსელი. განსხვავება ის იყო, რომ შვედეთის მრეწველობა უმეტესად წარმოების ისეთ საშუალებებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელიც ევროპის ქვეყნების აღორძინებას ესაჭიროებოდა. შვედეთის ეკონომიკას არასდროს ჰქონია ისეთი ბრწყინვალე სასტარტო პირობები, როგორც 1945 წელს.

ომის შემდეგ შვეიცარიული ფრანკის ღირებულება 0.9 შვედურ კრონას უდრიდა. დღეს კი (1997 წლის ივნისი) მისი ღირებულება 5.65 შვედური კრონაა. 1970 წელს შვედეთი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების რეიტინგულ სიაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მესამე ადგილზე იყო, შვეიცარია კი მეორეზე და ახლაც იმავე ადგილზეა, მაგრამ შვედეთი მე-17 ადგილზე ჩამოქვეითდა. შვეიცარიის მიმდინარე ანგარიშები ყოველწლიურად დადებითი სალდოთი ხასიათდება, შევედეთის კი 1965 წლიდან განუხრელად დეფიციტურია.

კორპორაცია ABB-ს ეკონომისტებმა ამ ორი ქვეყნის მიერ ბოლო 25 წლის მანძილზე წარმოებული თითო კილოგრამი ექსპორტის ფასები შეადარეს. ხვედრითი ღირებულება ასე განისაზღვრა: ერთი კილოგრამი ჯართი ღირს 0.5 შვედური კრონა, ერთი კილოგრამი საჰაერო ხომალდი 10 000 შვედური კრონა. ბოლო 25 წლის მანძილზე შვეიცარიის საექსპორტო ფასები ისე გაიზარდა, რომ ექსპორტის 90 პროცენტმა წინა საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა. შევედური ექსპორტის საფასო სტრუქტურა კი არსებითად უცვლელი დარჩა, გარდა ორი მნიშვნელოვანი გამონაკლისისა: ერიქსონის მობილური ტელეფონები და ასტრას მედიკამენტები.

შვეიცარიას ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს დასავლეთ ევროპაში, შვედეთს კი ერთერთი ყველაზე მაღალი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1985 წელს საპროცენტო განაკვეთის კონტროლი გაუქმდა.

სამოციანი წლებიდან გადასახადები და სახელმწიფო ხარჯები შვედეთში უფრო სწრაფად გაიზარდა ვიდრე სადმე სხვაგან. ახლა გადასახადები მშპს 55 პროცენტს შეადგენს, სახელმწიფო ხარჯები კი 65 პროცენტს ასცდა. იგივე მონაცემები შვეიცარიაში შესაბამისად 33 და 37 პროცენტია.

1973-77 წლებში შვედეთი ევროკავშირის სავალუტო სისტემის მონაწილე იყო. იქ რამდენჯერმე მოხდა დევალვაცია და 1976 წლის შემდეგ შვედური კრონა თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. შვეიცარიას მცოცავი სავალუტო კურსი აქვს და მისი ვალუტა სხვა ქვეყნების ვალუტასთან მიმართებაში გამუდმებით მყარდება. 1963-95 წლებში შვეიცარიიის ინფლაცია შვედეთის ინფლაციის 40 პროცენტს შეადგენდა.

მაგრამ შვეიცარიას ისეთი ხელსაყრელი პირობები არ აქვს, როგორც შვედეთს. პირიქით, შვედეთს უფრო ერთგვაროვანი მოსახლეობა ჰყავს და, რაც მთავარია, დიდძალი ბუნებრივი სიმდიდრე და გრძელი სანაპირო ზოლი გააჩნია (საზღვაო ფრახტი უფრო იაფია ვიდრე სახმელეთო).

თუ ძლიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და დიდი სახელმწიფო სექტორი რაიმე უპირატესობას ნიშნავს, შვედეთი უაღრესად მდიდარი უნდა იყოს, შვეიცარია კი ჩამორჩენილი, რადგან 1521 წლიდან მოყოლებული (მას შემდეგ, რაც ძალაუფლება გუსტავ ვასამ აიღო ხელში) შვედეთს მუდმივად უაღრესად ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება ჰყავდა და დროთა განმავლობაში იქ გაცილებით დიდი სახელმწიფო სექტორი ჩამოყალიბდა ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. მეორე მხრივ, შვეიცარიას ძალიან სუსტი ცენტრალური მთავრობა და მცირე სახელმწიფო სექტორი გააჩნია. რეფერენდუმის სისტემა უმცირესობათა დაცვას უზრუნველყოფს და ადგილობრივთა აზრს ითვალისწინებს.

შვედეთისა და შვეიცარიის შედარება ცხადყოფს, რომ სამოციანი წლების ბოლოდან შვედეთის ეკონომიკამ (შვედეთის პოლიტიკამაც) სერიოზული ცვლილება განიცადა. ამ სტატიაში შევეცდებით ავხსნათ რა მოხდა და რატომ.

II. დაწყება დაგვაგვიანდა

„შუალედური გზა” - მშვენიერი კომპრომისი საბჭოურ ცენტრალიზებულ მმართველობასა და ამერიკულ კაპიტალიზმს შორის - ასე დაახასიათა შვედეთი ამერიკელმა ჟურნალისტმა მარკის ჩაილდსმა 1936 წელს გამოქვეყნებულ ამავე სახელწოდების წიგნში. თუმცა ეს დახასიათება არც შვედეთის ინდუსტრიალიზაციის დასაწყისს შეესაბამება და არც 1970-იანი წლების შემდგომ პერიოდს.

მრეწველობის განვითარება შვედეთში გვიან დაიწყო. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან ერთობლივი სააქციო საზოგადოებების, მეწარმეობის სრული თავისუფლებისა და თავისუფალი საკრედიტო ბაზრის შესახებ მთელი რიგი კანონები მიიღეს, რასაც მრეწველობის განვითარება მოჰყვა. შვედების გამჭრიახობისა და რაციონალურობის საფუძველზე მთელი რიგი საწარმოები გაიხსნა. ეს იყო მეწარმეობის აყვავების ხანა. 1892-1911 წლებში კერძო პირების მიერ გახსნილი თერთმეტი საწარმო მოგვიანებით მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებად იქცა: Sandvik, Nobel, Atlas Copco, SCA, Ericsson, Alfa Laval, Munksjö, Facit, Bahco, SKF, AGA, ASEA, Electrolux, STAB, SAAB.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვედეთში მხოლოდ ოთხი დიდი კომპანია დაარსდა: IKEA, TetraPak, Gambro და Hennes & Mauritz.. ამ სამი ნოვატორული კომპანიიდან ორი შვედეთიდან წავიდა. ნოვატორული კომპანიები სწრაფად გაიზარდა და მალე საერთაშორისო კომპანიებად იქცა. ეს, რასაკვირველია, იმით იყო განპირობებული, რომ შვედეთის ბაზარი ძალიან პატარა იყო, რადგან საშუალო ოჯახური შემოსავალი მსოფლიოს სხვა ქვეყნებისას ვერ შეედრებოდა. მასშტაბური ეკონომიკიდან სრული მოგების მისაღებად კომპანიებს ექსპორტი უნდა ეწარმოებინათ. 1876 წელს დაარსებულმა ერიქსონმა 1900 წელს თავისი პროდუქციის 90 პროცენტი საზღვარგარეთ გაიტანა.

ამავე ფაქტორის გამო სხვა კომპანიებმაც დაიწყეს საზღვარგარეთ სავაჭრო ქსელის შექმნა, მერე კი საწარმოფილიალებიც დააარსეს. დიდი შვედური კორპორაციები მალე საერთაშორისო კომპანიებად იქცნენ, 50 წლით ადრე ვიდრე საერთაშორისო მიმომხილველნი ამ ტერმინს (მულტინატიონალ) გაიგონებდნენ და მის გაგებას (ამაოდ) შეეცდებოდნენ. ამას პარადოქსული, მაგრამ ლოგიკური ახსნა აქვს: შვედეთი ძალიან პატარა იყო და თუ კომპანიებს გაფართოება და მზარდი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში თავის გადარჩენა სურდათ, საზღვარგარეთ უნდა დამკვიდრებულიყვნენ.

მაგრამ საკითხავია, საუკუნეების გასაყარზე რამ გამოიწვია შვედეთში ახალი კომპანიების ასეთი დიდი ნაკადის წარმოშობა? შვედეთს არ გააჩნდა ისეთი უპირატესობანი, როგორიც მაღალგანვითარებული საკრედიტო ბაზარი ან მოწინავე საგანმანათლებლო სისტემაა. პირიქით, იქ სხვა ქვეყნებზე გვიან დაიწყო განვითარება. გარკვეული ტექნიკის იმპორტი, რომლის საშუალებაც მაშინ იყო (თუმცა იმ დროს ამდაგვარ იმპორტს ძალიან მცირე მასშტაბი ჰქონდა), კომპანიების ზრდაგანვითარების მთავარ მიზეზად ვერ გამოდგება.

ამის მიზეზი ნაწილობრივ საგადასახადო სისტემა იყო. პირველ მსოფლიო ომამდე საგადასახადო ტვირთი დაახლოებით 8 პროცენტს უდრიდა. გადასახადებმა ომის დაწყების შემდეგ აიწია, მაგრამ 1920-იან წლებში ის მაინც შემოსავლის მხოლოდ 12-13 პროცენტს შეადგენდა, რაც დღევანდელი ფასებით 4-5 მილიონ შვედურ კრონამდე აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატებულ საწარმოს შეეძლო თავისი შემოსავლების უდიდესი ნაწილი შეენარჩუნებინა და საკუთრი შეხედულებისამებრ განეკარგა. სხვა სიტყვებით, კომპანიების გახსნის, მუშაობისა და ინვესტირების ძლიერი ეკონომიკური სტიმული არსებობდა.

მეორე მიზეზი ინდუსტრიალიზაციის დაწყება იყო. ახალი ტექნოლოგიების განვითარება ნულიდან იწყებოდა და შედარებით ნელა ვრცელდებოდა. ამიტომ, ადამიანს, რომელსაც იდეა მოუვიდოდა და მას კომერციული მიზნით გამოიყენებდა, დროებით მონოპოლია ჰქონდა მასზე და დიდ ფულს შოულობდა.

ასი წლის მანძილზე, 1870-დან 1970 წლამდე, შვედეთს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ვიდრე სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებს. რატომ? ამასთან დაკავშირებით ოთხი ფაქტორი შეიძლება გამოიყოს:

ა) შვედეთში მრეწველობის განვითარება გვიან დაიწყო, ამიტომ, ტექნიკის და, რაც მთავარია, კაპიტალის იმპორტის შესაძლებლობა არსებობდა;

ბ) გამოგონებათა და ნოვატორული იდეების ნაკადი ახლად აღმოჩენილ ენერგიის წყაროს - ელექტროენერგიას უკავშირდებოდა. ბუნებრივი რესურსების, მაგალითად, ჰიდროენერგიის, გამოყენება ახალ ტექნოლოგიებს წარმოშობდა, მათ შორის ერთერთი იყო შვედური სამრეწველო კომპანიის „ASEA”-ს მიერ გამოშვებული მაღალძაბვიანი მუდმივი დენის გადამცემი;

გ) უაღრესად ლიბერალურმა ეკონომიკამ დაბალშემოსავლიანი სოფლის მეურნეობიდან მუშახელის მრეწველობისა და მომსახურების მაღალანაზღაურებად სფეროში მიგრაცია გამოიწვია, რამაც დიდი მანძილებისა და მეჩხერი მოსახლეობის მიუხედავად, მშენებლობასა და ინფრასტრუქტურაში საკმაოდ დიდი ინვესტიციები მიმართა;

დ) შიდა ბაზრის სიმცირის გამო აუცილებელი გახდა ექსპორტის წარმოება და უცხოური კომპანიების გახსნაგაფართოება. მრეწველობის განვითარებამ შვედებს სწრაფად ჩამოუყალიბა სისტემატური აზროვნების სტილი და დიდი, მოქნილი ორგანიზაციების მართვის უნარი, რაც მათი კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვან იარაღად იქცა. მაგალითად, ავიღოთ ოთხი ქვეყანა - შვედეთი, აშშ, საფრანგეთი და (შესაძლოა) რუსეთი; აქედან შვედეთი ყველაზე პატარა ქვეყანაა იმისთვის, რომ საკუთარი სამხედრო ავიაცია განავითაროს.

გარდა ამისა, ორმოცდაათიანსამოციან წლებში დასავლეთ ევროპას შვედეთის მრეწველობა ძირითადად რეკონსტრუქციისთვის საჭირო წარმოების საშუალებებს აწვდიდა. საექსპორტო სექტორი შვედეთში, მოგვიანებით, 1949 წლის აგვისტოში გაიზარდა, ბრიტანეთის მსგავსად, ხოლო შვედურმა კრონამ დოლართან მიმართებაში 30 პროცენტიანი დევალვაცია განიცადა. ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში დევალვაციის საშუალო დონე 15 პროცენტს შეადგენდა. სამრეწველო საქონლის საგარეო ვაჭრობა 1950იანი წლებიდან ყოველწლიურად 8 პროცენტით იზრდებოდა.

III. 1970 წლიდანშუალედური გზადაღმა დაეშვა

1950-იან წლებში შვედეთის საშუალო ზრდის ტემპი 3,4 პროცენტი იყო. 1960-იან წლებში 4,6 პროცენტი, 1970-იან წლებში 2 პროცენტი, 80-იან წლებში კი კიდევ უფრო მცირე.

რატომ?

ალბათ იმიტომ, რომ დასავლეთ ევროპის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის დასრულების გამო შვედეთმა სახარბიელო მდგომარეობა დაკარგა სავაჭრო ბაზარზე. შვედეთმა 1974 და 1980 წლებში ორი ნავთობკრიზისი გამოიარა, თუმცა მათი ზეგავლენა ისე მძიმე არ იყო, როგორც სხვა ქვეყნებში, იაფი ჰიდროენერგიის შედარებით დიდი ხვედრითი წილის გამო.

1970 წლამდე შვედეთი მსოფლიოს სხვა ქვეყნებს თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ის ბრეტონ ვუდსის სავალუტო სისტემის წევრი იყო. მაგრამ 1973 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბრეტონ ვუდსის ხელშეკრულება საბოლოოდ გაუქმდა, შვედეთმა ხელახალი კრიზისი განიცადა. ექვსი წლის მანძილზე, 1976-82 წლებში, ხუთმაგი დევალვაცია მოხდა, რის შედეგადაც კრონას ღირებულება დაახლოებით 45 პროცენტით შემცირდა. მაგრამ შვედეთში ფასები უფრო მკვეთრად იზრდებოდა ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ბოლოს, 1989 წელს, შვედეთმა ვალუტაზე კონტროლი გააუქმა. საპროცენტო განაკვეთი ახლა საერთაშორისო დონეზე განისაზღვრებოდა, რამაც, ბუნებრივია, საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი რყევა გამოიწვია, რადგან შინ და გარეთ უკვე ყველამ იცოდა, რომ შვედეთში ფასების კრიზისი მაშინვე დევალვაციას გამოიწვევდა. 1992 წელს „რიკსბანკმა” (შვედეთის ცენტრალური ბანკი) ერთი დღით 500 პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის დაწესებით უიმედო თავდაცვითი ღონისძიებების გატარება სცადა, მაგრამ კრონას სავალუტო კურსის შენარჩუნება ვერ შეძლო. სავალუტო კურსი თავის ნებაზე მიუშვეს და მან მაშინვე 30 პროცენტით დაიწია.

მთლიანად დასავლეთ ევროპამ 1990-იანი წლების დასაწყისში ნამდვილი შოკი განიცადა. ინფლაცია შემცირდა, მაგრამ საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ნაწილობრივ გერმანული საპროცენტო განაკვეთის ზრდის გამო, რასაც კვლავ უნიფიცირება მოჰყვა. ისეთ მდიდარ ქვეყანასაც კი, როგორიც დასავლეთ გერმანია იყო, უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერთების შემდეგ სოციალისტური დიქტატურის მიერ განადგურებული მეურნეობისთვის სული შთაებერა.

მაგრამ საპროცენტო განაკვეთი შვედეთში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რამაც ქონებისა და ფულის ბაზრის გაცილებით მძიმე კრახი გამოიწვია ვიდრე საზღვარგარეთ. ხუთმაგი გაკოტრება მოხდა. უმუშევრობამ მკვეთრად იმატა - დაახლოებით 8 პროცენტამდე. უმუშევრობის შემწეობათა დასაფარად სახელმწიფო ფულს სესხულობდა. ამან სახელმწიფო სექტორის დავალიანების წარმოშობა (ბიუჯეტის დეფიციტი) გამოიწვია, რამაც მშპ-ს 10 პროცენტზე მეტი შეადგინა. ოთხ წელიწადში ეროვნული ვალი გაოთხმაგდა.

შიდა კრიზისი

1970-იანი წლების დასაწყისშიP შვედეთის სახელფასო ხარჯებმა მკვეთრად იმატა. 1973-76 წლებში სამრეწველო ხელფასები 59 პროცენტით გაიზარდა. იმავე პერიოდში რიკსდაგმა, შვედეთის პარლამენტმა სახელფასო ფონდის დაბეგვრა 109 პროცენტით გაზარდა. ამის შემდეგ პრემიერმინისტრმა ოლოფ პალმემ გამოაცხადა, რომ სახელფასო ფონდის დაბეგვრით რიკსდაგმა „საგადასახადო შემოსავლის ახალი წყარო” აღმოაჩინა, მაგრამ ახალი რეფორმებისთვის რიკსდაგს უფრო მეტი ფული სჭირდებოდა.

სამ წელიწადში სახელფასო ხარჯები 80 პროცენტით გაიზარდა. ამ ხარჯებს ფირმები ფასების ზრდით ვერ ინაზღაურებდნენ, რადგან საექსპორტო ფასებს მსოფლიო ბაზარი განსაზღვრავდა, შვედურ კომპანიებს კი ფასების რეგულირებაში წამყვანი როლი არ ჰქონდათ. ამგვარად, კორპორაციული მოგების წყარო გაქრა.

1973 წელს, ბრეტონ ვუდსის ხელშეკრულების საბოლოოდ გაუქმებისას, შვედეთი ევროკავშირის იმდროინდელი წევრი ქვეყნების სავალუტო სისტემის „სნეიკის” ასოცირებული წევრი გახდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ შვედეთს ვალუტის ფიქსირებული კურსი უნდა შეენარჩუნებინა გერმანულ მარკასთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით, პროდუქტიულობის ზრდის მიზნით აწეული სახელფასო ხარჯები შვედეთში უფრო მაღალი არ უნდა ყოფილიყო ვიდრე დასავლეთ გერმანიაში.

საკითხავია, შვედი პოლიტიკოსები ან კომპანიის მმართველები, ან პროფკავშირები თუ ხედავდნენ ამ შეზღუდვის შედეგებს?

1976-81 წლებში შვედეთმა ოთხჯერ მოახდინა დევალვაცია სულ 30 პროცენტით. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი საექსპორტო მრეწველობა კვლავ კარგავდა ხვედრით წილს ბაზარზე.

შვედეთის სოცუზრუნველყოფისა და დახმარების პროგრამები ძალიან დიდია, რაც მთლიანად სახელმწიფო შემოსავლიდან ფინანსდება. როდესაც კომპანიები, რომლებიც გადასახადებს ვეღარ იხდიდნენ, წარმოებას ხურავდნენ და მუშებს სამსახურიდან ითხოვდნენ, გადასახადებით მიღებული შემოსავლების არაადეკვატურად იზრდებოდა სახელმწიფო ხარჯები. 1976-81 წლებში სახელმწიფო ხარჯები მშპ 50 პროცენტიდან 60 პროცენტამდე გაიზარდა. მსოფლიო ომში ჩაბმულ ქვეყნებსაც კი არ განუცდიათ სახელმწიფო ხარჯების ასეთი ზრდა.

1970-იანი წლების შუა ხანებში შვედეთის მთავრობამ უცხოური სესხების აღება დაიწყო. ეს ახალი არ იყო. შვედეთი ფულს საზღვარგარეთ XIX საუკუნის ბოლოსაც სესხულობდა, ძირითადად იმისათვის, რომ რკინიგზის მშენებლობა დაეფინანსებინა.

1970-იანი წლების შუა ხანებიდან შვედეთის მთავრობამ დაახლოებით 600 000 მილიონი შვედური კრონა ისესხა საზღვარგარეთ. ეს სესხი რომ ინვესტიციებისთვის ყოფილიყო გამიზნული, როგორც XIX საუკუნეში, მაშინ შვედეთში ინვესტიცია მნიშვნელოვნად დიდი იქნებოდა და შესაბამისად, მისი შედეგიც. მაგრამ, სახელმწიფოს უცხოური ვალების ზრდის კვალობაზე, საინვესტიციო კოეფიციენტი მცირდებოდა: 1975-61 წლების საინვესტიციო კოეფიციენტმა 21-დან 14 პროცენტამდე დაიწია.

კაპიტალის იმპორტისა და ინვესტიციის დაბალი კოეფიციენტები გვაფიქრებინებს, რომ შვედეთის ეკონომიკაში ყველაფერი რიგზე არ იყო. ზრდაგანვითარების ხელშემწყობი მექანიზმი აღარ მოქმედებდა.

ნასესხები 600 მილიონი შვედური მარკა სახელმწიფომ სამი წლის განმავლობაში დახარჯა. მაგრამ შედეგი ის იყო, რომ უმუშევრობა გაიზარდა, ინვესტიციები კი შემცირდა. ერთ მეხუთედზე მეტი შრომისუნარიანი ადამიანი შრომის ბაზრიდან განიდევნა - ზოგი აშკარად უმუშევარი დარჩა, ზოგი დასაქმების სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთო „შრომის ბაზრით გამოწვეული” უმუშევრობის პროგრამის ფარგლებში, ზოგი კი - როგორც ლტოლვილი. ამგვარად, ნამდვილმა უმუშევრობამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, 20 პროცენტს გადააჭარბა.

რა მექანიზმები იწვევს განვითარებული სახელმწიფოს საწარმოო ბაზის ასეთ შესუსტებას?

IV. რას ნიშნავდა სოციალიზმი?

1. პოლიტიკის პრეროგატივა

1932 წელს შვედეთმა სოციალდემოკრატიული მთავრობა აირჩია. მას შემდეგ (1991-94 წლების გარდა) სოციალდემოკრატიული პოლიტიკა განაგებს ქვეყანას და მას თავისი კვალიც დააჩნია. ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შვედეთში პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზე.

ა) სოციალდემოკრატიული პარტია პროფკავშირულ მოძრაობასთან თანაარსებობს. ორივე ორგანიზაციას არსებითად ერთი და იგივე წევრები ჰყავს და ერთობლივი ინტერესებისთვის იბრძვიან როგორც რიკსდაგში (პარლამენტი), ისე მის გარეთ. პროფკავშირები ფინანსურად უჭერენ მხარს მმართველ პარტიას და საარჩევნო კამპანიის დროს მათი საარჩევნო მექანიზმის ფუნქციას ასრულებენ. სამაგიეროდ, პარტიამ კანონმდემლობის გამოყენებით პროფკავშირებს ყველაზე პრივილეგირებული მნიშვნელობა მიანიჭა. პროფკავშირების მოთხოვნით მმართველმა პარტიამ შემოიღო კანონი, რომელიც დამსაქმებლებთან მიმართებაში პროფკავშირების პოზიციას ამყარებს. საქმე ეხება შვედეთის შრომის კანონმდებლობას. პროფკავშირების აქტიური ქმედების თითქმის უსაზღვრო უფლებები ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილის სახით არის კონსტიტუციაში შეტანილი.

ამ სიმბიოზმა პროფკავშირთა კონფედერაციისა და სოციალდემოკრატიული პარტიის თანავარსკვლავედი (LO-SAP) შექმნა, რომელიც შვედეთის პოლიტიკაში გაბატონებული ძალაა. მეწარმეობა, რომელიც პროფკავშირებთან ვერ რიგდება, შესაძლოა მთავრობასაც დაუპირისპირდეს;

ბ) სოციალდემოკრატიულ პარტიას თითქმის მონოპოლია აქვს საკანონმდებლო ხელისუფლებაზე. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, სოციალდემოკრატებს მკაფიოდ აქვთ წარმოდგენილი როგორი უნდა იყოს საზოგადოება ყოველი მოქალაქისთვის. ლიბერალიზმს პოპერისა და ჰაიეკის თეორიებზე აგებული ღია საზოგადოება სურს, სოციალიზმს კი უკიდურესად ობიექტური განვითარება და ერთხელ და სამუდამოდ გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული საზოგადოება. ფართოდ ჩარევის გზით სოციალდემოკრატიული პარტია თავისი მიზნების შესაბამის ინსტიტუტებს ქმნის ქვეყანაში. ყველა ხვდება, რომ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, სოციალდემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრობენ;

გ) სოციალდემოკრატია ათწლეულების მანძილზე მონოპოლიას ახორციელებდა, როდესაც ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა მიმდინარეობდა და, მასთან ერთად, ცხოვრების დონისაც. ყოველივე ამის შემდეგ ამ პარტიის პოლიტიკის გამართლება ძალიან ძნელია. 30-იან წლებში შვედური მრეწველობის ასეთი წარმატებით გაფართოების მიზეზი 20-იან წლებში განხორციელებული სწორი რაციონალიზაცია იყო, რომელმაც მას საშუალება მისცა საერთო დეპრესიას ევროპის ყველაზე ეფექტიანი საწარმოო მექანიზმით დახვედროდა. ამას დაემატა მცირე დევალვაცია და 1931 წელს შვედეთის ოქროს სტანდარტის სისტემიდან სხვა ქვეყნებზე ადრე გამოსვლა.

1950-60-იან წლებში შვედეთის ეკონომიკა წარმატებით ვითარდებოდა, რასაც ხელი შეუწყო დასავლეთ ევროპაში საწარმოო საშუალებების ექსპორტმა და მუშახელის სოფლის მეურნეობიდან მრეწველობაში გადასვლით გამოწვეულმა საწარმოო მოგებამ.

მაგრამ, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის გამო, სოციალდემოკრატია სისტემატურად იწერდა ქულებს. განვითარებას მუდამ მმართველ პარტიას უკავშირებდნენ. აი, ეს არის სოციალდემოკრატიის გაბატონებისა და პოლიტიკური კულტურის ერთგვაროვნების ერთერთი მთავარი მიზეზი. პარტიამ „პრობლემის ფორმულირების პრეროგატივა” მოიპოვა და, რაც მთავარია, პრობლემების გადაჭრის მონოპოლიაც. საარჩევნო დებატებიდან დაწყებული, სასწავლო სახელმძღვანელოებით დამთავრებული, ყველაფერში იგრძნობოდა, რომ საზოგადოების თითქმის ყველა მთავარი პრობლემა პოლიტიკური სექტორის ჩარევით წყდებოდა.

დროთა განმავლობაში ასეთი მენტალიტეტი პარტიის ზოგიერთი ოპონენტისთვისაც მისაღები გახდა. სახელმწიფო სექტორის გაფართოებას შიგადაშიგ წინააღმდეგობა ხვდებოდა. ზოგიერთმა „ოპოზიციურმა” პარტიამ სოციალდემოკრატებს გაასწრო, როდესაც სისტემატურად ითხოვდა ახალი ვალდებულების აღებას „საზოგადოებისგან”, რაშიც ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის უფლებამოსილებების გაზრდა იგულისხმებოდა.

როდესაც სოციალდემოკრატიამ თანასწორობის რადიკალური იდეა წამოაყენა, ოპოზიციამ ყველა მატერიალური სტიმულის გაუქმების ეკონომიკური შედეგები გააკრიტიკა, მაგრამ თვითონ თანასწორობის იდეას, რაც ამ პრინციპს ედო საფუძვლად, ინტელექტუალურად ვერ დაუპირისპირდა.

სოციალდემოკრატიამ შვედეთში პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზე გავლენის მოხდენა მოახერხა და ყველა პრობლემის გადაჭრის პოლიტიკურ ბერკეტებს დაეუფლა.

2. მარქსის მემკვიდრეობა

სოციალდემოკრატია მარქსის ქმნილებაა. მართალია, თავად რევოლუცია პარტიამ მალევე დაგმო, მაგრამ წარმოების საშუალებების ნაციონალიზაცია დიდხანს რჩებოდა მის მთავარ იდეად, ბოლოს და ბოლოს იდეოლოგიურად მაინც. განახლებულ პროგრამაში, რომელიც პარტიის 1920 წლის კონგრესზე მიიღეს, ნათქვამია „წარმოების საშუალებების კერძოკაპიტალისტური საკუთრების გაუქმების, მასზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესებისა და მისი საზოგადოების კუთვნილებად გამოცხადების შესახებ, აგრეთვე, არსებული დაუგეგმავი წარმოების საზოგადოების რეალური მოთხოვნილების მიხედვით დაგეგმილი და გაფართოებული პერსპექტიული სოციალისტური წარმოებით შეცვლის” შესახებ.

მაგრამ პარტიამ მალე უკუაგდო სწრაფი ნაციონალიზაციის მოთხოვნა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა, ორივე პრაგმატული.

პარტიაშივე ბევრი თვლიდა, რომ ნაციონალიზაციის განხორციელება იოლი არ იყო.

პარტიას არ ჰქონდა მზა გეგმა, რაც უჩვენებდა, რომ სახელმწიფო ან პროფკავშირები, ან ახალი „საწარმოო საბჭოები” როგორ უნდა გაძღოლოდნენ ბიზნესს და როგორ უნდა დაეგეგმათ წარმოება.

პარტიის შიდა დებატების ერთერთი მთავარი ფიგურა, პარნილს კარლები, მესაკუთრის სხვადასხვა ფუნქციის თანდათან „საზოგადოებაზე” გადატანას მოითხოვდა.

ოფიციალური ნაციონალიზაცია სახიფათო და უადგილო იყო. კანონმდებლობით კაპიტალისტების განიარაღება და მათი საკუთრების ნაწილის დაბეგვრის გზით ჩამორთმევაც შეიძლებოდა. პრაგმატულმა პოლიტიკამ აჯობა. პარტიამ, წმინდა პრაგმატული მიზეზების გამო, უკან წაიღო სრული ნაციონალიზაციის მოთხოვნა. არავითარი პირდაპირი და აშკარა კავშირი სახელმწიფო საკუთრებასა და მაღალ შემოსავლებს შორის არ არსებობდა. თუმცა, ნაციონალიზაციის კონცეფცია იდეოლოგიურად მაინც განაგრძობდა არსებობას.

მაგრამ პრაქტიკული ამოცანები მტკიცე იყო. პარტიის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა წარმოების ისე გაფართოება უახლოეს მომავალში, რომ მუშათა კლასის შემოსავლები გაზრდილიყო. ინდუსტრიალიზაციის პირველ დეკადაში შემოსავალები უკიდურესად არათანაბრად ნაწილდებოდა. მართალია, ხალხის სოფლის მეურნეობიდან მრეწველობაში გადასვლით მათი შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ ახალი საწარმოო გაერთიანებების მიერ წარმოქმნილი დოვლათი საწარმოს მფლობელთა ხელში რჩებოდა. ეს ხელს უწყობდა გაფართოებას, რადგან მდიდრების რეინვესტირება ხდებოდა. მაგრამ შემოსავლები რომ უფრო თანაბრად განაწილებულიყო, მოხმარება ინვესტიციების ხარჯზე გაიზრდებოდა და დღევანდელ თაობას ცხოვრების უფრო დაბალი დონე ექნებოდა.

საუკუნის მიჯნაზე ათეული წლების მანძილზე გრძელდებოდა შემოსავლების არათანაბარი განაწილება, მაგრამ ამ ასპექტზე პოსტფაქტო კრიტიკოსები დუმდნენ.

3. შვედი სუპერკეინზიანელები

შვედების შედარებით უვნებლად გამოსვლას 30იანი წლების დეპრესიიდან ახალი სოციალდემოკრატიული პოლიტიკის დიდ წარმატებად, ანუ კეინზიანური იდეების სწრაფ დანერგვად მიიჩნევენ. ეს არის პოსტფაქტო კონსტრუქცია. 1931 წლის სექტემბერში შვედებმა პირველებმა თქვეს უარი ოქროს სტანდარტზე. ამის შედეგად მათი ვალუტა გაუფასურდა. ოფიციალურმა დისკონტმა („რიკსბანკის” საპროცენტო განაკვეთი) 1933 წელს 8 პროცენტიდან 2.5 პროცენტმდე დაიწია. სრულიად შემთხვევით, 1933 წლის გაზაფხულზე სტერლინგთან მიმართებაში შვედური კრონის უკიდურესად დაბალი კურსი ჩამოყალიბდა. კრონა ძალიან გაუფასურდა, რასაც საექსპორტო მრეწველობაში შეკვეთების, მოგების და დასაქმების ზრდა მოჰყვა. აი, ეს იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც შვედეთმა დეპრესიას უფრო სწრაფად დააღწია თავი ვიდრე სხვა ქვეყნებმა. გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების პირობებში ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან ცოტას ნიშნავდა. პირიქით, 1930-იანი წლების შუა ხანებში სახელმწიფო ხარჯები მშპს პროცენტების მიხედვით ოდნავ შემცირდა, მაგრამ პარტიას ეკონომიკის ნაციოლიზაციის ან, სულ ცოტა, გაკონტროლების ამბიცია მაინც ისევ ჰქონდა. ამის გამო იყო, რომ შვედეთმა სხვა ქვეყნებზე უფრო უკეთ შეითვისა ეკონომიკის ფლუქტუაციის კონტროლის კეინზისეული რეცეპტი.

1930-იან წლებში ყველა ეკონომისტი ფიქრობდა იმაზე, თუ რა გზით შეეძლო სახელმწიფოს უმუშევრობის მოსპობა და ეკონომიკის კვლავ აღორძინება, მაგრამ ფიქრი სულ არ იყო საჭირო. მილთონ ფრიდმენი და ანა შვარცი (A Monetary History of the United States) ამტკიცებენ, რომ 1930-33 წწ. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფულის მარაგი ერთი მესამედით შეამცირა; დეპრესიის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი მიზეზი ფართოდ გავრცელებული პროტექციონიზმი გახლდათ. 1930 წელს კონგრესმა სმუტჰოლის აქტი დაამტკიცა, რაც 25 000 დასახელების საქონელზე სავაჭრო შეზღუდვების ნებას იძლეოდა. პროტექციონიზმი სწრაფად გავრცელდა. ამის გამო, 1930-33 წლებში მსოფლიო სავაჭრო ფასი ერთი მესამედით შემცირდა და მრავალმა ქვეყანამ საექსპორტო მრეწველობის დიდი ნაწილი დაკარგა.

ამგვარად, დეპრესია ძირითადად პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან მომდინარეობდა და არა შრომის ბაზრის პოლიტიკის გამო.

შვედეთმა უკიდურესი კეინზიანური კურსი აირჩია. ეს ნაწილობრივ იმის გამო მოხდა, რომ შვედი ეკონომისტების ერთი თაობა, ე.წ. სტოკჰოლმის სკოლა, უმთავრესად კეინზის რეცეპტში მოცემულ სახელმწიფო სტიმულის იდეას უწევდა რეკომენდაციას. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, რომ კეინზი სოციალდემოკრატიას ეკონომიკური კონტროლის ახალ არგუმენტს სთავაზობდა, რაც პარტიის მთავარი საზრუნავი იყო.

შემდეგ ომი ატყდა და შვედეთმა თავისი ეკონომიკა ომის საჭიროებებზე ააგო, თან ძლიერი ცენტრალიზებული კონტროლი არ შეუწყვეტია. ომის შემდეგ პერიოდული ფლუქტუაცია განახლდა და, მასთან ერთად, კეინზისეული კონტროლის ეკონომიკურ არგუმენტებსაც ახალი ასპარეზი მიეცა. მაგრამ, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველამ დაივიწყა, რომ კეინზის სტაბილიზაციის რეცეპტი არსებითად იზოლირებული ეკონომიკისთვის იყო დაწერილი, სახელმწიფო სტიმულის შედეგები ქვეყნის ფარგლებს არ უნდა გასცილებოდა. კეინზმა თავის რეცეპტში იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი გააერთიანა.

ისეთ პატარა და ღია ქვეყანაში, როგორიც შვედეთია, სადაც მთელი სიმძიმე საგარეო ვაჭრობაზე მოდის, კეინზის პოლიტიკამ ცუდად იმუშავა. როდესაც ასეთი ქვეყანა საგარეო ვაჭრობას იმისთვის გამოიყენებს, რომ სახელმწიფომ ეკონომიკური ფლუქტუაცია აკონტროლოს, საგარეო ვაჭრობის დაკარგვით იმდენს იზარალებს, რასაც შიდა, უფრო სტაბილური ბაზარი ვერ აანაზღაურებს. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამთამადნო კომპანიას თავისი რკინის მადნის 90 პროცენტი საექსპორტოდ გააქვს. დავუშვათ, საერთაშორისო მოთხოვნილება რკინის მადანზე შემცირდა. ეს საგარეო ვაჭრობის დეფიციტს გამოიწვევს. დავუშვათ, შვედეთის მთავრობამ ბავშვთა შემწეობების გაზრდით ეკონომიკაში საერთო მოთხოვნის ზრდა წაახალისა. მაგრამ ამას რკინის მადნის მოხმარება შესაძლოა არ მოჰყვეს, რადგან შვედი მშობლები ადგილობრივი წარმოების რკინის მადნისგან დამზადებული საქონლის მოხმარების გაფართოების ნაცვლად, სავარაუდოდ, იაპონურ ტელევიზორებს უფრო დიდი ხალისით შეიძენენ, რაც საგარეო ვაჭრობის დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის.

4. მირდალის მიერ დაგეგმილი ეკონომიკა

სოციალ-დემოკრატებმა ფუნდამენტური ნაციონალიზაციისა და რეგულირების ამბიციები 1944 წელს კიდევ ერთხელ გამოავლინეს.

პირველი მსოფლიო ომის მაგალითზე თეორიულად მოსალოდნელი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომსაც დეპრესია მოჰყვებოდა. დეპრესიის თავიდან ასაცილებლად სოციალდემოკრატიული პარტიის კომისიამ ომის შემდგომი ღონისძიებების პროგრამა შეადგინა. პროგრამა ითვალისწინებდა ეკონომიკის სახელმწიფო კონტროლის მეთოდების გამოყენებას: დაზღვევის ნაციონალიზაციას, საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის სხვა სფეროების ნაციონალიზაციას, ინვესტიციების სახელმწიფო დაგეგმვას, ფასების კონტროლის გაგრძელებას, ვალუტისა და საგარეო ვაჭრობის კონტროლს.

მაგრამ საყურადღებოა, რომ ეს ღონისძიებები მხოლოდ დეპრესიის აღმოსაფხვრელად კი არ იყო გათვალისწინებული, არამედ მუდმივი ხასიათი ექნებოდა.

მოსაზრებათა უმეტესობას ნაკლები კავშირი ჰქონდა იმ სირთულეებთან, რაც შეიძლებოდა მოსალოდნელ დეპრესიას მოჰყოლოდა. ომის შემდგომი სოციალდემოკრატიული პროგრამა მხოლოდ სოციალისტურ პერსპექტივაში განხილვის შემთხვევაში იყო გონივრული. მართალია, პარტიამ ქვეყნის საერთო ნაციონალიზაციაზე უარი თქვა, მაგრამ საკვანძო სექტორების ნაციონალიზაცია და მთელი ეკონომიკის კონტროლი კვლავ ფაქტად რჩებოდა. 1948 წელს საარჩევნო დებატები უმთავრესად ეკონომიკის დაგეგმვაზე ამახვილებდა ყურადღებას. სოციალდემოკრატებს არჩევნების წაგება ემუქრებოდათ, რის გამოც უარი თქვეს თავიანთ პროგრამაზე. 1950 წლის შემდეგ შვედეთის მრეწველობაზე საერთაშორისო მოთხოვნა არსებობდა. ამგვარად, სახელმწიფო კონტროლის პრაგმატული არგუმენტი გამოირიცხა.

5. მეიდნერის ფონდები

1975 წელს პროფკავშირების (LO) კომისიამ, რომელსაც მისი მთავარი ეკონომიკური მრჩეველი რუდოლფ მეიდნერი ხელმძღვანელობდა, მრეწველთა პროფკავშირების საშუალებით ნაციონალიზაციის წინადადება წამოაყენა. მოკლედ, ასეთი სქემა იყო: მოგებაზე მომუშავე ყველა კომპანიას ყოველწლიურად პროფკავშირის ფონდში ახლად გამოშვებული აქციების საფასური უნდა გადაერიცხა, რაც მათი მოგების 20 პროცენტს შეადგენდა. ეს გეგმა თუ განხორციელდებოდა, პროფკავშირების ფონდი მალე შვედეთის მომგებიან საწარმოთა უმეტესობის საკონტროლო პაკეტს მოიპოვებდა. ამით შვედეთმა უნიკალური ეკონომიკური სისტემა მიიღო: კერძო საკუთრებას ის ფონდები ჩამოართმევდნენ, რომელიც ერთდროულად პროფკავშირების, დამსაქმებელთა - კომპანიის მმართველთა და მეპატრონეთა ფუნქციას შეასრულებდა. ამის შედეგად მოხდებოდა ძალაუფლებისა და საკუთრების გაერთიანება და სულ მალე ქვეყნის ყველა მომგებიანი კონცერნი ერთადერთი ორგანიზაციის ხელში აღმოჩნდებოდა.

ფონდის შექმნის წინადადება 1976 წლის საარჩევნო დებატების მთავარი თემა იყო, რამაც სოციალდემოკრატებს ერთპიროვნული ძალაუფლება დააკარგვინა. 1982 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ პარტიამ სრულიად განსხვავებული სახის ფონდი შემოიღო, რომელსაც უშუალოდ ნაციონალიზაციის ფუნქცია არ ეკისრებოდა.

მაგრამ მეიდნერის სქემა საინტერესოა და სერიოზული, რადგან პროფკავშირული მოძრაობისა და მმართველი პარტიის უმთავრეს მოტივს ასახავს. პროფკავშირების (LO) მთავარი ეკონომიკური მრჩეველი მთელი სერიოზულობით აცხადებდა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით პროფკავშირებმა ქვეყნის ყველა ბიზნესსაწარმოს კონფისკაცია უნდა მოახდინოსო. ასეთი წინადადება ვერ გავიდოდა ხალხის ძირითადი მასის მხარდაჭერის გარეშე, რომელიც კერძო საკუთრებას არ სწყალობდა და საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტური წესების არაფერი გაეგებოდა.

სოციალდემოკრატებს რომ უფრო ძლიერი ელექტორატი ჰყოლოდათ - დავუშვათ 55 პროცენტი - მეიდნერის წინადადება გავიდოდა, ფირმებს ფონდები დაეპატრონებოდა და პროფკავშირები გააკონტროლებდა. სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკის მაგალითზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა დღე დაადგებოდა შვედეთის ეკონომიკას. ალბათ, ზოგიერთი ძლიერი მეპატრონის მომგებიანი ფირმა, რაუზინგების მსგავსად, ქვეყნიდან წავიდოდა.

6. შემოსავლების ნაციონალიზაცია

შვედმა სოციალდემოკრატებმა უკან წაიღეს თავიანთი მოთხოვნა საწარმოთა ნაციონალიზაციის შესახებ. ალბათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდი კორპორაციები უმთავრესად საერთაშორისო დონის იყო. აბა როგორ მოახერხებდა შვედეთის მთავრობა უცხოური ფილიალების ნაციონალიზაციას?

მეორე მხრივ, სოციალდემოკრატებმა შემოსავლების ნაციონალიზაცია მოახდინეს. შვედეთში 1970 წლიდან გადასახადებმა მკვეთრად აიწია. საგადასახადო რეფორმამ გადასახადები შეუმცირა მცირეშემოსავლიან სფეროს, სამაგიეროდ უფრო პროგრესული გახადა: ანუ გადასახადების მასშტაბი უფრო გაფართოვდა. გაიზარდა გადასახადების ზღვარიც. მცირეშემოსავლიან სფეროშიც კი, გადასახადების გამო ხელფასის ზრდა არც კი იგრძნობოდა.

შვედეთში საშუალო დონის სამრეწველო საწარმოს მუშა უშუალო შემოსავლის 28 პროცენტს გადასახადებში იხდის. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შესაბამისი საშუალო მაჩვენებელი 16 პროცენტია. შესაბამისად, ორჯერ მეტი შემოსავლის მქონე მუშამოსამსახურეების გადასახადები 39 და 24 პროცენტია. ამას ემატება არაპირდაპირი გადასახადები. სახელმწიფო 1970-იანი წლების შემდეგ ერთავად ზრდიდა ეგრეთ წოდებულ „დამსაქმებელთა შეწირულობას,” თუმცა უფრო სწორი იქნება თუ მას სახელფასო გადასახადს დავარქმევთ - ანუ სახელფასო ფონდის გადასახადს. გარდა ამისა, სახელმწიფო სამომხმარებლო გადასახადსაც ზრდიდა, განსაკუთრებით ენერგოგადასახადებს და ყველაზე მეტად კი დღგს. სპეციფიკური გადასახადები და დღგ არასდროს არ აისახება შვედეთის ფასებში, ამიტომ, მომხმარებელმა არ იცის ფასები რამდენ გადასახადს შეიცავს. იმ მრავალ მიზეზთაგან, რის გამოც შვედეთში გადასახადის გადამხდელები ასეთ დიდ ზეწოლას ურიგდებიან, ერთერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი გადასახადებს ვერ ხედავენ. ხელფასის უწყისსა და გადასახადის ქვითარზე ისინი მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს ხედავენ, მაგრამ ეს მთლიანი გადასახადის მხოლოდ 40 პროცენტია.

წარმომადგენლობითი დემოკრატიისას პარლამენტის წევრები და მინისტრები მოქალაქეთა მმართველნი კი არ არიან, არამედ მათ ინტერესებს ემსახურებიან. მთავარი ფიგურა მოქალაქეა. მაგრამ გადასახადების გამჭვირვალობისგან თავის არიდებით წარმომადგენლები ხალხის დეზინფორმაციას ახდენენ. შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაში ასეთი რამ წარმოუდგენელია.

უხეშად რომ ვთქვათ, დაბალხელფასიანთა შემოსავლის დაახლოებით 60 პროცენტი და უკეთესი ანაზღაურების მქონეთა შემოსავლის 65 პროცენტი გადასახადებს მიაქვს.

ოფიციალურად „დამსაქმებელთა შეწირულობა“ სოცუზრუნველყოფის ნაწილს აფინანსებს, მაგ., პენსიებს, უმუშევართა შემწეობას და ჯანმრთელობის დაზღვევას. მაგრამ შეწირულობასა და მიღებულ დახმარებებს შორის ძალიან მცირე კავშირია.

7. კოლექტივიზმი

დაახლოებით 1970-იანი წლებიდან შვედეთი სულ უფრო და უფრო მიმართავდა პრობლემების კოლექტიური მოგვარების გზას პირად ცხოვრებაშიც კი. ეგრეთ წოდებული „სოცუზრუნველყოფა”, რომელიც უმუშევრობისა და ავადმყოფობის დროს, აგრეთვე მოხუცებულობის ასაკში შემოსავალს უზრუნველყოფდა, ძირითადად სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კოლექტიური სისტემის სახით იყო აწყობილი და ნაკლები კავშირი ჰქონდა გადახდილ გადასახადებთან/შეწირულობებთან და სადაზღვევო დახმარებებთან.

ა) სახელმწიფო პენსიები

დასაბამიდან, 1913 წლიდან, შვედეთის საპენსიო სისტემას მთლიანად სახელმწიფო მართავდა. გაფართოებული სისტემაც, რომელიც 1960 წელს შემოიღეს, მთლიანად სამთავრობო იყო და წმინდად რედისტრიბუციულ ბაზაზე აგებული. საპენსიო შეწირულობა, უსასრულო „წმინდა წერილების“ ქსელის მსგავსად, მომავალ პენსიებს აფინანსებდა. საპენსიო სისტემის დაპირებების საფუძველზე პირადი დანაზოგებიდან ჩამოჭრის გზით გარკვეული ნაწილის კონსოლიდაცია სახელმწიფო ფონდში ხდებოდა. ამგვარი გზით საპენსიო სისტემა კოლექტიური დანაზოგების ნაწილი გახდა.

ახლა საპენსიო სისტემამ მცირეოდენი რეფორმა განიცადა. საპენსიოდ დაკავებული ხელფასის 11 პროცენტი ინდივიდუალური საპენსიო დანაზოგის პროგრამაში გადაირიცხება მუდმივი სადაზღვევო მოსაკრებელის სახით. მაგრამ ეს ძალიან მცირე პროცენტია იმ თანხის, რაც კერძო საპენსიო თანხებთან ერთად სახელმწიფო ანგარიშზე ჩაირიცხება და ეროვნული ბიუჯეტის კრედიტში შედის. მმართველ პარტიასთან ასოცირებული ორგანიზაციები მკაცრად ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ინდივიდუალურ საპენსიო დანაზოგს.

ბ) ბავშვთა მუნიციპალური სოცუზრუნველყოფა

1960-იან წლებში შვედეთის სახელმწიფომ და მუნიციპალიტეტმა ბავშვთა სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის სისტემა შეიმუშავა. ეს სისტემა მიზნად ისახავს სამუშაო პირობების შექმნას ყველა მშობლისთვის, ნებისმიერი ასაკისა და ნებისიერი რაოდენობის ბავშვების მშობლებისთვის. კანონით მუნიციპალიტეტი ვალდებულია ბავშვებზე იზრუნოს, თუ მშობლებს ხელსაყრელი სამსახური აქვთ. ბავშვთა მუნიციპალური სოცუზრუნველყოფა უკიდურესად ძვირია. პირდაპირი გადასახადი, რომელსაც მშობელი იხდის, ნამდვილი ღირებულების მხოლოდ 10-20 პროცენტს უდრის. დანარჩენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი გადასახადების გადამხდელებისგან იღებენ. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ, 1991-94 წლებში ხელისუფლებაში მოსულმა არასოციალისტურმა მთავრობამ მშობლებისთვის მცირე სოცუზრუნველყოფის შემწეობა შემოიღო, რაც მშობლებს საშუალებას აძლევდა თვითონვე გადაეწყვიტათ როგორ მოუვლიდნენ საკუთარ ბავშვებს. ეს შემწეობა სოციალდემოკრატებმა გააკრიტიკეს, ძირითადად იმის გამო, რომ ბავშვები სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვაგვარად გაიზრდებოდნენ. 1994 წელს ხელისუფლებაში დაბრუნებისას სოციალდემოკრატებმა გააუქმეს ეს შემწეობა. ბავშვთა მუნიციპალურ სოცუზრუნველყოფას საფუძვლად ედო ის აზრი, რომ ყველა ბავშვზე მუნიციპალიტეტს უნდა ეზრუნა და არა მათ მშობლებს. ამიტომ, ბავშვების სოცუზრუნველყოფის შემწეობამ მშობლების გრანტის ნაცვლად დიდი სუბსიდიების მქონე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სახე მიიღო. ორივე მშობელს შეუძლია სამუშაოდ წასვლა და გადასახადის გადამხდელის სახით სახელმწიფო სექტორში თავისი წვლილის შეტანა. გადასახადებში გადახდილი შემოსავლის წილი იმდენად დიდია, რომ ნორმალური შემოსავლის მქონე მშობლებს შესაძლებლობა არ აქვთ სახლში დარჩნენ თავის ბავშვებთან ან ძიძა დაიქირაონ. პოლიტიკოსები მშობლებს ირიბად ეუბნებიან, რომ საზოგადოებრივი თვალსაზრისით ბავშვებზე ზრუნვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ვერ ანდობენ. ეს პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა დიდი წინააღმდეგია, რომ მშობლებმა მიიღონ გრანტი და საკუთარ ბავშვზე თვითონვე იზრუნონ. ისინი ამტკიცებენ, რომ მუნიციპალური საბავშვო ბაღები ბავშვებს საზოგადოებისთვის ამზადებენ, მოკლედ, კარგ მოქალაქეებად ზრდიან. ამას უფროსი თაობის პოლიტიკოსები ამბობენ, რომლებსაც თვითონ არ უვლიათ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, ამიტომ, ამ მოწოდებით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ!

გ) სახელმწიფო სოცუზრუნველყოფა

ყველა ქვეყანაში ადამიანს უბედური შემთხვევის მიმართ დაზღვევა სჭირდება, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და უმუშევრობის მიმართ. გარდა ამისა, ყველას სჭირდება საპენსიო დანაზოგი. ავადმყოფობისა და უმუშევრობისგან განსხვავებით, მოხუცებულობის წინასწარ გათვალისწინება, რასაკვირველია, შესაძლებელია.

ამგვარ დაზღვევას შვედეთში კოლექტიურად აგვარებენ. პენსიებს ძირითადად სახელმწიფო შემოწირულობებიდან არიგებენ, კერძო საპენსიო დანაზოგების პირობებს კი მთავრობა სისტემატურად აუარესებს: თუ ვინმე დადგენილი დაბალი გადასახადის გარდა, დამატებით თანხას შეიტანს კერძო საპენსიო ფონდში, მას ამ თანხაზე ორჯერ მეტი საშემოსავლო გადასახადი ეკისრება.

ჯანმრთელობის დაცვა ძირითადად მუნიციპალური გადასახადიდან ფინანსდება. ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც უმუშევრობასაც ფარავს, მთლიანად სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. მას ფაქტობრივად სოცუზრუნველყოფა ჰქვია, მაგრამ რიკსდაგმა გასაცემი დახმარებების ოდენობა შეამცირა და „შემოწირულობათა” დიდი ნაწილი დახმარებების გარდა სხვა რამეებსაც აფინანსებს, ამიტომ, ეს შემოწირულობა კი არა წმინდა გადასახადია.

უმუშევრობის დაზღვევა პროფკავშირულ მოძრაობას უკავშირდება. 1930-იან წლებში ძლიერ მუსირებდა აზრი უმუშევრობის უნივერსალური დაზღვევის შესახებ. სოციალდემოკრატიული მთავრობის გადაწყვეტილებით უმუშევრობის დაზღვევა პროფკავშირებს უნდა მოეგვარებინა და პროფკავშირების წევრობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა იძულებული იქნებოდა პროფკავშირის წევრი გამხდარიყო. პროფკავშირებში ამგვარად გაწევრიანებული ადამიანები კოლექტიურად გახდებოდნენ სოციალდემოკრატიული პარტიის წევრები და მათი საწევრო გადასახადი პარტიის ხაზინას აავსებდა.

შვედეთში უმუშევრობის დაზღვევა კვლავ ამ პრინციპზეა აგებული. ახლა უმუშევრობის დაზღვევის თანხის მიღება პროფკავშირების რიგების დატოვების შემთხვევაშიც შეიძლება, მაგრამ ამ უფლებით ძალიან ცოტა სარგებლობს. უმუშევრობის დაზღვევის საწევრო გადასახადი ძალიან დაბალია და უმუშევრობის დაზღვევის თანხების 95-98 პროცენტი ეროვნული ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეგრეთ წოდებული „უმუშევრობის დაზღვევა” ფაქტობრივად შემწეობაა, რომლის 98 პროცენტი გადასახადებით ფინანსდება.

8. თანასწორობის დამყარება

1960-იანი წლების დასასრულს პროფკავშირებმა (LO) თანასწორობისთვის გააჩაღა ბრძოლა, რაც ანაზღაურებათა შორის განსხვავების მოსპობას ისახავდა მიზნად.

კამპანიამ მედიის მასიური მხარდაჭერა მოიპოვა. ერთი მხრივ ეს იმით აიხსნება, რომ იმ დროს ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს მარქსიზმით შთაგონებული ახალგაზრდობის აჯანყებები მოედო. მალე თანასწორობა პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი მედიის, მთავარი საზრუნავი გახდა. ყველა მოვლენას, ყველა პრობლემას თანასწორობის ჭრილში აღწერდნენ და განიხილავდნენ.

პოლიტიკა და დებატები ურთიერთმხარდამჭერი და ურთიერთგამომდინარე გახლდათ. ყველა სტატიის, ყველა სატელევიზიო პროგრამის განსახილველი უმნიშვნელოვანესი თემა თანასწორობის ასპექტი იყო. ხშირ შემთხვევაში უგუნურების დასაფარად რთული ურთიერთდამოკიდებულების გაანალიზების ნაცვლად „მეტი თანასწორობის” მარტივი მოთხოვნა გაისმოდა.

შვედეთში თანასწორობის კონცეფცია მხოლოდ არათანაბარ ანაზღაურებას ან „უსამართლობას” კი არ ებრძოდა, არამედ ყოველგვარი განსხვავებულობის შეუწყნარებლობაში გადაიზარდა. „სერიოზული” პრესა უჭერს მხარს ყოველგვარი განსხვავების აღმოფხვრას და „უთანასწორობის” ყოველგვარ გამოვლინებას აკრიტიკებს. ეს საბინაო სტანდარტებსაც კი ეხება, თუნდაც ამ განსხვავებას სხვადასხვა არჩევანი განაპირობებდეს, მაგალითად, ახალგაზრდებს უფრო იაფი ბინა ურჩევიათ, რომ სწავლა და მოგზაურობა შეძლონ, ბავშვებიანი ოჯახები კი უფრო ფართო სივრცეს ანიჭებენ უპირატესობას.

ახლა შვედეთის მთავრობა კანონის შემოღებას აპირებს მოკლე სამუშაო დღის შესახებ. ამ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ყველას თანაბარი სამუშაო საათები უნდა ჰქონდეს. თანასწორობის კონცეფცია იქამდე მივიდა, რომ დაჟინებით მოითხოვენ ყველაფერი ერთნაირი იყოს, რაც სრულიად სპობს ადრე არსებულ სხვადასხვა ინდივიდუალური არჩევანის შესაძლებლობას.

პროფკავშირების წყალობით (LO) ხელფასები გადასახადების გადახდამდე და გადახდის შემდეგ თანაბარია. სახელფასო სტრუქტურაში ძირითადი სახელფასო ნიხრისა და „მინიმალური ხელფასების ზრდის” ანგარიშები ერთმანეთს შეერწყა. ყველა პროფკავშირული ორგანიზაცია ანაზღაურების იმავე გზას დაადგა. ყოველი შეთანხმების შემდეგ ხელფასების ზრდისთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი მინიმალური ხელფასის ჩარჩოებში ექცეოდა. თავდაპირველად, გარკვეული სამუშაოსთვის შესაბამისი ანაზღაურება იყო გამიზნული, მაგრამ მალე ყველას თანაბარი ანაზღაურება ჰქონდა, იმისდა მიუხედავად თუ რა სახის სამუშაოს ასრულებდა.

დაბალკვალიფიციურ და მაღალკვალიფიციურ სამუშაოთა ანაზღაურებას შორის სხვაობა შემცირდა. საკვალიფიკაციო პრემია - ანუ ერთწლიანი გადამზადების ან უმაღლესი განათლების გამო მიცემული დამატებითი ანაზღაურება - 1960-იანი წლების შემდეგ განახევრდა. ამას დაემატა პროგრესულად ზრდადი გადასახადები და ინფლაცია. 1971 წლიდან გადასახადების პროგრესული ზრდა გაძლიერდა. ინფლაციის დონემაც მაშინვე აიწია. ინფლაციას ხელფასებიც მიჰყვა. პრობლემა ის იყო, რომ გადასახადების მასშტაბები ინფლაციასთან შესაბამისობაში არ იყო - თუ შემოსავალს ინფლაციის კვალდაკვალ გაზრდიდნენ, გადასახადი შემოსავლის პროპორციულად იმატებდა. ფიქსირებული თანხის შემთხვევაში შემოსავალი უცვლელი რჩებოდა, მაგრამ გადასახადი ამ შემთხვევაშიც იზრდებოდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების თანახმად, შვედეთს ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრად გათანაბრებული შემოსავლები აქვს. მინიმალურ შემოსავალზედაც კი შვედეთის გადასახადის მაჩვენებელი 50 პროცენტს მაინც შეადგენს. ამავე დროს, სოცუზრუნველყოფის სისტემიდან მიღებული გადარიცხვები და სოციალური დახმარებები ძალიან დიდია. ეს კი მუშაობისა და ინვესტიციების სტიმულის მოსპობას ნიშნავს.

9. ქვეყანა, რომელიც არ ზოგავს

საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ინვესტიციების კოეფიციენტი - ანუ ინვესტიცია, როგორც მშპს პროცენტი - შვედეთში გამუდმებით ზევით მიიწევდა. 1960-იანი წლებიდან კი კლება დაიწყო და 24 პროცენტიდან დღეისთვის უკვე 14 პროცენტამდე ჩამოვიდა. ინვესტიციების დიდი ნაწილი მოძველებული კაპიტალის შეცვლაზე მოდის. ძირითად კაპიტალზე დაბანდებული და, შესაბამისად, წარმოებაში ჩადებული ახალი ინვესტიციები 1970 წელს მშპს 16 პროცენტს შეადგენდა, 1998 წელს კი 2 პროცენტამდე ჩამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შვედეთის კეთილდღეობა მცირდება. დიდი ხნის მანძილზე ოჯახის დანაზოგი შვედეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით საშუალოზე დაბალი იყო და 1970-1990 წლებში არსებული შემოსავლის 34 პროცენტს შეადგენდა. და ნაზოგის დაბალი დონე მრეწველობისა და ბინათმშენებლობისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან მშენებლობა და წარმოება გარკვეული რაოდენობის საკუთარ კაპიტალს მოითხოვს. რაც უფრო მცირეა დანაზოგი, მით უფრო რთული ხდება ბიზნესის წამოწყება. მინიმალური დანაზოგით ბევრი ოჯახი ვერ შეძლებს საკუთარი სახლის შეძენას.

მინიმალური დანაზოგები ლოგიკური შედეგია, რადგან შვედეთმა დანაზოგის სტიმულიც მოსპო და შესაძლებლობაც. პენსიებიც და სოციალური დაზღვევაც სახელმწიფოს ხელშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს პენსიას, ავადმყოფობისა და უმუშევრობის შემწეობას და ა.შ. არავის აღარ სჭირდება შავი დღისთვის რამის გადანახვა.

მაღალი გადასახადები იმ თანხების კონფისკაციას ახდენს, რაც ოჯახს შეეძლო დაეზოგა. ამიტომ, დანაზოგებს შემოსავლის იმ ნაწილიდან ინახავენ, რაც აუცილებელი ხარჯების დაფარვის შემდეგ რჩება, ანუ შემოსავლის უკიდურეს ნაწილს. ამ შემოსავალს შვედეთის მაღალი გადასახადი ემუქრება, რომელიც ადრე 70-80 პროცენტი იყო, ახლა კი დაახლოებით 60 პროცენტია.

სახლის შეძენას დანაზოგი სჭირდება. ომის შემდეგ სახელმწიფო დიდი სესხებით ეხმარებოდა ბინათმშენებლობას. ადამიანებს სახლის ყიდვისას დიდი დანაზოგები არ სჭირდებოდათ, რადგან ინფლაციის დროს მათი ვალები ავტომატურად ჩამოიწერებოდა. ამიტომ, ფულის სესხება იოლი იყო და ოჯახს არც შეეძლო და არც სჭირდებოდა ფულის დაზოგვა.

მაგრამ ახლა ინფლაცია აღარ არის. ვალები ავტომატურად არ ჩამოიწერება. ბანკები პირად დანაზოგებს მოითხოვს და რადგან შვედებს მნიშვნელოვანი დანაზოგები არ აქვთ, ბინათმშენებლობამ იკლო - 1997 წლის პირველ კვარტალში მეოცე საუკუნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა.

სოციალდემოკრატიული მთავრობები სისტემატურად ცდილობდნენ კერძო დანაზოგების შემცირებას და მის ნაცვლად კოლექტიური დანაზოგების გაზრდას. 1960 წლის საპენსიო რეფორმა არსებითად დანაზოგთა კოლექტივიზაციას ნიშნავდა. გადასახადების ზრდამ 1970 წლიდან სრულიად მოსპო კერძო დანაზოგის შესაძლებლობა. პირადი საპენსიო დანაზოგისთვის პირობები გაუარესდა. ალბათ შვედეთი ერთადერთი სამრეწველო ქვეყანაა, რომლის მთავრობა თავის მოქალაქეებს მოხუცებულობისთვის დანაზოგის შენახვის საშუალებას არ აძლევს.

10. საჯარიმო გადასახადები აქციებზე

შვედეთში სააქციო დანაზოგებზე მუდამ გაცილებით უფრო მაღალ გადასახადს ახდევინებდნენ, ვიდრე სხვა ფორმის დანაზოგებსა და შემოსავლებზე. 1991 წელს დივიდენდების წილს ორმაგი დაბეგვრა მოუწია: პირველი კომპანიას, ხოლო მეორე აქციონერებს დაეკისრა. მთლიანმა გადასახადმა განაწილებულ მოგებაზე 85-92 პროცენტი შეადგინა. ეს ორმაგი გადასახადი 1993 წელს არასოციალისტურმა მთავრობამ გააუქმა, მაგრამ 1994 წელს სოციალდემოკრატიულმა მთავრობამ ისევ შემოიღო. სააქციო საზოგადოებები გაცილებით უფრო მძიმედ იბეგრება ვიდრე სხვა აქტივები.

ასეთი საჯარიმო გადასახადების დაკისრება საწარმოო დანაზოგებზე მხოლოდ და მხოლოდ იმით აიხსნება, რომ შვედეთის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ვერასდროს ვერ ურიგდებოდა კერძო საკუთრების არსებობას. სოციალდემოკრატთა ორივე ძლიერი იდეოლოგი - ნილს კარლბი და ვილჰელმ ლანდშტედტი - კერძო საკუთრების მნიშვნელობასთან დაკავშირებულ არგუმენტებს უარყოფს. ორივე ეგრეთ წოდებულ ფუნქციონალურ ნაციონალიზაციას მოითხოვს. ისინი საკუთრებას რამდენიმე ფუნქციად, ანუ საკუთრების სხვადასხვა უფლებად ყოფენ და ამ ფუნქციების ნაციონალიზაციას მოთხოვენ. აქედან გამომდინარე, საკუთრების თავდაპირველი მფლობელი ამ საკუთრების სრულფასოვანი გამოყენებისა და მისი შემოსავლით სარგებლობის ყველა შესაძლებლობას კარგავს. მას თავისი საკუთრება მხოლოდ ფინანსური გადასახადების ვალდებულებასა და ზარალსღა მოუტანს.

ფუნქციონალური ნაციონალიზაცია ძირითადად კერძო სახლების რენტისთვის გამოიყენება. ის არ შეიძლება სრულად შეეხოს დიდ კორპორაციებს, რადგან მათ უცხოეთში გადასვლა შეუძლიათ.

კორპორაციული მოგების 90პროცენტიანმა კონფისკაციურმა დაბეგვრამ ბიზნესის მომგებიანობას წერტილი დაუსვა, რადგან მიღებული მოგებიდან აქციონერებს შემოსავალი აღარ რჩებოდათ. შესაბამისად, მოგება კომპანიაში რჩებოდა, რაც გულისხმობდა, რომ ინვესტიციები ისტორიულად მომგებიან ფირმებში იყრიდა თავს.

მაგრამ ისტორიული მომგებიანობა ავტომატურად ვერ მიგვიყვანს მომავალ მოგებამდე. ეკონომიკაში მოგება ბაზარზე უნდა დაგროვდეს და მისი ხელახალი ინვესტირება იმ სექტორებში, ფირმებსა და პროექტებში უნდა მოხდეს, რომლებიც უმაღლეს მოგებას მოიტანენ. მაგრამ შვედეთის საგადასახადო სისტემა ამას შეუძლებელს ხდის. მოგება ძველ ფირმებს დარჩა, მათი მომავალი კი გაურკვეველია.

სააქციო დივიდენდების კონფისკატორული დაბეგვრა შვედური სამრეწველო სტრუქტურის დაკონსერვებას უწყობს ხელს. მრეწველობა, რომელიც სპეციალურ განათლებას მოითხოვს, მაგ., ფარმაცევტიკა და ელექტრონიკა, კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებით ეს მხოლოდ მრეწველობის მცირე ნაწილს შეადგენს. ამის მიზეზი ის არის, რომ დაბეგვრა მოგების ძველი მრეწველობიდან ახალზე გადატანას შეუძლებელს ხდის. ეს გადასახადები მესაკუთრეობის, კერძოდ, აქციონერებისადმი მტრულად განწყობის შედეგია, რამაც შესაბამისი სამრეწველო სტრუქტურა ჩამოაყალიბა. დისტრიბუციული პოლიტიკით ნაკარნახევი აქციონერების საწინააღმდეგო კამპანია მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი გახდა.

11. ძალაუფლების კონსტიტუციური კონცენტრაცია

1970 წლიდან შვედეთს ერთპალატიანი პარლამენტი - რიკსდაგი - ჰყავს. ყველა საკითხი უბრალო უმრავლესობით წყდება. უმცირესობის კონსტიტუციური უსაფრთხოება ძალიან სუსტია. ფორმალურად საკუთრების უფლებებს კანონი იცავს, მაგრამ ის ისე ბუნდოვნად არის დაწერილი, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია კერძო საკუთრებას როგორც მოესურვება ისე მოექცეს.

საპარლამენტო უმრავლესობის 51 პროცენტით მთავრობას შეუძლია თავისი სურვილისამებრ იმოქმედოს. შვედეთის საპარლამენტო სისტემაში კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი არ არსებობს. უმრავლესობის 51 პროცენტი ყველაფერს წყვეტს. შვედებს კონსტიტუციური სასამართლო არ გააჩნიათ. მთავრობის ხელში უზომოდ დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი.

სხვა ქვეყნებს ლობირების სისტემები აქვთ, რითაც პარლამენტზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. სტუდენტებს ასწავლიან, რომ შვედეთში ლობისტები არ არსებობენ, მაგრამ, სინამდვილეში, ლობისტებმა თავად პარლამენტში გადაინაცვლეს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ალიანსი შექმნეს სოციალდემოკრატებთან და ამ გზით თავიანთი წარმომადგენლები გაიჩინეს პარლამენტში. დიდი ხნის მანძილზე მიღებული იყო, რომ სოფლის მეურნეობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ფერმერი უნდა ყოფილიყო და მშენებელთა პროფკავშირების თავმჯდომარე - ბინათმშენებლობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე.

მმართველი პარტიის, სოციალდემოკრატიული პარტიის მთავარი დამფინანსებელი შვედეთის პროფკავშირებია. ფორმალურად პროფკავშირის ყველა წევრი კოლექტიურად მიიღეს პარტიაში (და საწევრო გადასახადებს იხდიან). ახლა პროფკავშირის წევრები პარტიის წევრებიც არიან, მაგრამ პარტია შემოსავლის დიდ ნაწილს პროფკავშირებიდან ღებულობს.

ისინი დროულად და სრულად იხდიან თანხას, სამაგიეროდ კი სხვა სარგებლობას ელიან. ეს გულისხმობს იმ კანონებს, რაც მათ მრავალ უფლებას ანიჭებს, მაგ., პატარა ფირმების დაჩაგვრის, სახელფასო ხელშეკრულებებით ფასწარმოქმნის მონოპოლიის, კომპანიის მიერ მუშახელისთვის პრივილეგიების მიცემაზე ვეტოს დადების უფლებას და სხვ.

შვედეთის კონსტიტუცია საკუთრების უფლებას ნაკლებად იცავს. კონსტიტუციური აქტის მე-2 თავის მე-14 სექციაში ამ უფლებას ასეთი ფორმულირება აქვს:

„ყოველი მოქალქის საკუთრების უფლება უზრუნველყოფილია იმდენად, რამდენადაც დაუშვებელია საკუთრების იძულებით გასხვისება ექსპროპრიაციის გზით ან სხვა მსგავსი წესით; დაუშვებელია მიწის ან შენობით სარგებლობის შეზღუდვა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სახელმწიფო ინტერესების დაცვის აუცილებლობა მოითხოვს.

იძულებითი ექსპროპრიაციით ან სხვა წესით ჩამორთმეული ქონება შესაბამისი საფასურით ანაზღაურდება... საფასური დადგინდება კანონით განსაზღვრული წესით”.

აქ ორი რამ სრულიად გაუგებარია.

კონსტიტუცია არ განმარტავს რას გულისხმობს „სახელმწიფო ინტერესების დაცვის აუცილებლობა”, რაც ინდივიდის პირად საკუთრებაში ჩარევის უფლებას იძლევა.

კომპენსაციის კანონში ნათქვამი არ არის, რომ ინდივიდს სრული ღირებულება უნდა გადაუხადონ. პირიქით, დადგენილებებში უამრავ მიზეზს ასახელებენ, თუ რატომ არ იძლევა კანონი საკუთრების საბაზრო ღირებულების კომპენსაციის გარანტიას.

გამოთქმა ,,კერძო საკუთრება” კონსტიტუციის ტექსტში არსად არ გვხვდება.

უფრო მეტიც, კონსტიტუცია გადასახადების ზღვარს არ აწესებს. საპარლამენტო უმრავლესობას არაფერი არ აბრკოლებს, რომ გადასახადები თუნდაც შემოსავლის 100 პროცენტამდე ან უფრო ზევით ასწიოს (დღესაც კი, შვედეთში უამრავი მდიდარი ადამიანი გადასახადებში იმაზე მეტს იხდის, ვიდრე შემოსავალი აქვს). ამ გზით გადასახადებს საკუთრების უფლების დასუსტება შეუძლია.

საკუთრების დაცვა კერძო ინვესტიციების ძირითადი პრერეკვიზიტია. ამგვარი საიმედო დაცვის გარეშე ვერავინ გაბედავს ინვესტირებას.

V. უმუშევრობა პერმანენტული გახდა

- შრომისუნარიანი მოსახლეობის 20 პროცენტი, ანუ ერთი მილიონი ადამიანი არ მუშაობს ან, ყოველ შემთხვევაში, შრომის ბაზრიდან არის გაძევებული, რაც მძიმე ტვირთად აწევს მშრომელ ხალხს.

რატომ?

უმუშევრობის შემცირებაში შვედეთს სამი ფაქტორი უშლის ხელს:

1. მაღალი მინიმალური ხელფასები. პროფკავშირებმა სახელფასო ფასწარმოქმნის მონოპოლია აიღეს ხელში და ათწლეულების მანძილზე მინიმალურ ხელფასს ზრდიდნენ და მაქსიმალურს ზღუდავდნენ. ამის გამო, მინიმალური ხელფასები ძალიან გაიზარდა („დამსაქმებელთა შემოწირულობებით” რიკსდაგმა მუშახელის სახელფასო ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა). პროფკავშირები და რიკსდაგი ისეთ პოლიტიკას ატარებენ, რომ მრავალ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, სამუშაოს შოვნის შესაძლებლობა არ აქვს. მათი შრომის სუფთა ღირებულება გაცილებით დაბალია იმაზე, რაც დამსაქმებელს მათი დასაქმება დაუჯდება. ამასთან ერთად, ყოველგვარ მომსახურებაზე 25 პროცენტიანი დღგს დაწესებამ საგადასახადო ვექტორი კიდევ უფრო მეტად გადახარა, ანუ უფრო დიდი განსხვავებაა კლიენტის მიერ გადახდილ თანხასა და მუშების ანაზღაურებას შორის;

2. მინიმალურ შემოსავლებზე იმდენად მაღალი გადასახადებია, რომ ასეთი ხელფასების ფარგლებში ხალხი ვერც კი გაიგებს ხელფასი რომ შეუმცირონ;

3. ძირითადი ხელფასები ძალიან მაღალია. ისინი, ვინც სამუშაოს ვერ შოულობენ ან დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა არ სურთ, სახელმწიფო დახმარებებით არსებობენ, რაც სამუშაოს ძებნის სტიმულს უკარგავთ.

VI. ზრდის სტიმული შესუსტდა

შვედეთის ეკონომიკის ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ზრდა შემცირდა, და ეკონომიკამ მოქნილობა დაკარგა. მიუხედავად სახელმწიფო სესხის საყოველთაო ხელმისაწვდომობისა, უმუშევრობა მაინც 20 პროცენტს შეადგენს. 1921-22 წლებში შვედეთმა შოკი განიცადა. ომისდროინდელი აყვავების პერიოდი მოულოდნელად დასრულდა. წარმოება, დასაქმება და ხელფასები 15-20 პროცენტით შემცირდა. ეკონომიკას ძირი გამოეცალა.

მაგრამ 1923 წლიდან ყველაფერი წაღმა შეტრიალდა. 1920-იანი წლების დასასრულს ყოველწლიური ზრდა 5-10 პროცენტს შეადგენდა. ძველი გაკოტრებული ფირმები ახლებმა შეცვალა. ამის ერთერთი მიზეზი ის იყო, რომ საგადასახადო კოეფიციენტი 10 პროცენტს შეადგენდა, საშემოსავლო გადასახადის მაქსიმალური დონე კი 17 პროცენტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი კომპანიის გახსნა ხელსაყრელი იყო.

საკითხავია, 1922 წელს საგადასახადო ტვირთი 70 პროცენტი რომ ყოფილიყო, რამდენი ახალი ფირმა გაიხსნებოდა?

კონკურენციისა და ტექნოლოგიების ინტერნაციონალიზაცია მკაცრად აყენებს ცვლილებებისა და შესწორებების აუცილებლობის საკითხს. შვედეთს პატარა, ღია ეკონომიკა აქვს, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული საგარეო ვაჭრობასთან. ამიტომ, კონკურენციას რომ გაუძლოს, რეგულირების კარგი მექანიზმები უნდა ჰქონდეს. პრობლემა ის არის, რომ საგადასახადო და საერთო პროტექციონისტულმა კანონმდებლობამ ისეთი მტკიცე ბარიერები შექმნა, რომ მისი შეცვლა ძნელია.

თუ საქმე წახდება, შვედებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

ცხრილები

ყოველწლიური მოგება განათლებაზე,
პროცენტებში

ავსტრალია

1976

21.2

საფრანგეთი

1976

20.0

გერმანია

1978

10.5

დიდი ბრიტანეთი

1978

23.0

იაპონია

1976

8.8

შვედეთი

1974

6.9

იწყარო: ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეკონომიკური
გამოკითხვა, პარიზი, 1995

ეკონომიკის წმინდა
დანაზოგები და წმინდა
ინვესტიციები მშპ
პროცენტებში

წელი

წმინდა
დანაზოგი

წმინდა
ინვესტიცია

1970

16.30

16.10

1975

13.60

14.10

1980

8.90

9.00

1985

8.20

6.80

1990

8.30

8.20

1995

4.90

2.90

პროცენტებში წყარო: SCB, KI

ინვეტიციების
კოეფიციენტი, ანუ
მთლიანი ინვესტიცია,
როგორც მშპ-ის პროცენტი

წელი

წელი
ინვესტიცია

1950

18.50

1955

20.70

1960

22.80

1965

24.80

1970

22.30

1975

20.80

1980

20.00

1985

19.30

1990

21.80

1995

13.60

სახელმწიფოს უცხოური
ვალი, მილიარდი შვედური
კრონა (BNSEK)

წელი

წელი
ინვესტიცია

1977

10.43

1980

43.33

1985

139.00

1990

116.00

1992

381.00

ზღვრული გადასახადი 1921-1996 წლები.
შემოსავლები 1996 წლის
ფასების მიხედვით.

შვედური
კრონა

1921

1931

1941

1951

1961

1971

1981

150000

13.7

14.7

40.8

49.5

82.6

250000

16.1

18.1

40.9

60.6

74.6

400000

17.6

17.9

3.3

60.8

80

7 წარმატებული ეკონომიკური რეფორმების შეფასების კრიტერიუმები

▲ზევით დაბრუნება


როჯერ დუგლასი
თარგმნა პაატა შეშელიძემ
გამოქვეყნდა 1998 წელს

როჯერ დუგლასი 1984-1988 წლებში ახალი ზელანდიის ლეიბორისტული მთავრობის ფინანსთა მინისტრი იყო და თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში ერთერთ ყველაზე რადიკალურ საბაზრო ურთიერთობებზე ორიენტირებულ ეკონომიკურ რეფორმაზე აგებდა პასუხს. წარმატებებისა და დამსახურებითვის მიენიჭასერ”-ის ტიტული

საკითხი, რომელსაც დღეს მინდა შევეხო, მოკლედ რომ ვთქვა, არის მდგომარეობა, რომელშიც ახალი ზელანდია აღმოჩნდა 1984 წლისთვის. ამასთანავე, შევეხები იმას, თუ როგორ მოვახერხეთ გამოვსულიყავით იმ ქაოსიდან. დავახასიათებ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ მთელი ამ პრობლემების გადასაჭრელად. უფრო დეტალურად კი იმ შედეგებზე შევჩერდები, რომლებიც ამ პოლიტიკის განხორციელებამ მოიტანა. ბოლოს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაკვეთილებს გაგაცნობთ, რომლის სწავლაც შეიძლება ახალი ზელანდიის გამოცდილებიდან.

მოკლედ ახალი ზელანდიის წარსული ეკონომიკური პრობლემების შესახებ

1984 წლამდე განვლილ ათწლეულში ახალი ზელანდიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ იყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მონაცემის ნახევრის ტოლი, ხოლო ინფლაცია - ამავე მონაცემების საშუალოზე 1,5-ჯერ მაღალი. სამთავრობო ხარჯები შიდა ეროვნული პროდუქციის 29 პროცენტიდან 39 პროცენტამდე გაიზარდა, რომლის დიდი ნაწილიც სხვადასხვა სამთავრობო ბიზნესსააგენტოებში იყო დაფარული. სუფთა სახელმწიფო დავალიანება 6ჯერ გაიზარდა და ამ ვალების მომსახურების ფასმა 6,5 პროცენტიდან დაახლოებით 20 პროცენტამდე აიწია. უმუშევრობა გაიზარდა 5 000-დან 132 000-მდე და არ არსებობდა მისი შეჩერების არავითარი ნიშანი. თუკი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ მოვლენებს 1984 წლამდე განვლილი 25 წლის მანძილზე, ახალი ზელანდიის პროდუქტიულობის საშუალო ყოველწლიური ზრდა ყველაზე დაბალი იყო განვითარებულ ქვეყნებს შორის. ახალი ზელანდიის ცხოვრების შედარებითი სტანდარტი მსოფლიოში მესამე ადგილიდან, რომელიც მას ეჭირა 1950-იან წლებში, სადღაც 20-მდე ჩამოვიდა. სხვაგვარად რომ შევხედოთ, 1960 წლიდან 1990 წლამდე ახალ ზელანდიას რომ მოეხერხებინა მიეღწია განვითარებული მსოფლიოს ზრდის მაჩვენებლისთვის, ჩვენი ცხოვრების სტანდარტი 1990 წელს იქნებოდა ორჯერ უფრო მეტი ვიდრე ის იყო რეალურად. ეს მიუთითებს თუ რამდენად მძიმე იყო ქვეყნის მდგომარეობა იმ პერიოდში. ამის კიდევ ერთი მაჩვენებელია ის, რომ 1967 წელს 1 ახალზელანდიური დოლარი უდრიდა 1,43 აშშ დოლარს. 1984 წლისთვის ის 43 აშშ ცენტის ტოლფასი იყო.

რა იყო ეკონომიკური რეჟიმის კონტროლის ძირითადი ელემენტები როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 1984 წელს? დადგენილებებით გაყინული იყო ყველა ხელფასი, ფასები, დივიდენდები, რენტა და საპროცენტო განაკვეთები. ასევე გაყინული იყო ყველა სამთავრობო მომსახურების ფასი და გადასახადები. ჩვენ კონტროლი გვქონდა დაწესებული ვალუტის გადაცვლაზე, რომელიც სარეზერვო ბანკის მიერ დადგენილი წესებით ზღუდავდა ყველა გადარიცხვას უცხოურ ვალუტაში. ასევე გვქონდა დაწესებული რაოდენობრივი ლიცენზირება იმპორტზე, რათა დაგვეცვა ეროვნული ბაზარი და დაგვეთმო იგი ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი სუბსიდირება ყველა დიდი საექსპორტო სექტორისთვის. გვქონდა ძალიან მაღალი ტარიფები იმ პროდუქციაზე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იწარმოებოდა და - დაბალი ან ნულოვანი ტარიფები ჩვენი ინდუსტრიისთვის. გვქონდა მოთხოვნები ფინანსური ორგანიზაციების მიმართ, შეენარჩუნებინათ სამთავრობო ობლიგაციები ბაზარზე არსებულზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებით.

არსებობდა აკრძალვა, რომ საზოგადოებრივი სექტორის საპენსიო ფონდები არსად არ დაბანდებულიყო სამთავრობო აქციების გარდა. ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო დაცვა და სახელმწიფო მფლობელობაში იყო არასაბაზრო სექტორები: ტრანსპორტი, ენერგია, კომუნიკაციები, ფინანსები, მშენებლობა და სხვ.

როგორ აღმოჩნდა ახალი ზელანდია ამ ტიპის სტრუქტურულ დისბალანსში? პირველ რიგში, რაც სამთავრობო პოლიტიკამ დაამახინჯა, იყო მსოფლიო ეკონომიკური პროცესებიდან მომდინარე ფასების სიგნალები რესურსების საუკეთესოდ გამოყენების შესახებ, განსაკუთრებით ეს შეეხებოდა ტარიფებისა და იმპორტის კონტროლს. რესურსების ეფექტიანად გამოყენებით ეკონომიკური ზრდის მიღწევის მაგივრად მაკროეკონომიკური პოლიტიკა კონცენტრირებული იყო სტაბილურობის შენარჩუნებაზე. მარეგულირებელი პოლიტიკა, რომელშიც მე ვგულისხმობ შრომის, ვაჭრობის და კომერციული საქმიანობის შესახებ კანონებს, მიმართული იყო ეფექტიანობისა და ინოვაციის საწინააღმდეგოდ. ისინი გამოყენებული იყო პროტექციისა და სტაბილიზაციისთვის. ინფლაციამ და საგადასახადო პოლიტიკამ რესურსები რისკიანი ანდა არაპროდუქტიული საქმიანობისკენ მიმართა. ფინანსურმა კონტროლმა გამოიწვია კაპიტალის არაეფექტიანი ბაზრის ჩამოყალიბება. სოციალურმა პოლიტიკამ შედეგად მოიტანა მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთები და ძვირადღირებული ყოველმხრივი პრივილეგიები. სამთავრობო სააგენტოების მმართველობა იყო ძალიან დაბალკვალიფიციური, ექვემდებარებოდა პროტექციას, ხორციელდებოდა სუბსიდიები და გავლენას ახდენდა ქვეყნის რესურსების დიდი ნაწილის გამოყენებაზე. მთავრობის ადმინისტრაციული საქმიანობა ვერ პასუხობდა ცვალებად პრიორიტეტებს და არაადეკვატური იყო ეფექტიანობის მიღწევის თვალსაზრისით.

რა პოლიტიკა გავატარეთ ახალ ზელანდიაში რომ მიგვეღწია სტრუქტურული ცვლილებისთვის 1984 წლის შემდეგ?

ვისთვისაც სრულიად უცნობია რა ცვლილებები მოხდა ახალ ზელანდიაში, ჯობს არ სცადონ მომხდარი ცვლილებების ყველა დეტალში გარკვევა. სანაცვლოდ მე გთავაზობთ ყურადღება მიაქციოთ ცვლილების მასშტაბურ ხასიათს და ლოგიკურობას, რომელიც ახასიათებდა ცვლილებებს.

პოლიტიკის რეფორმები: შიდა სავაჭრო საზღვრის დაცვის მოხსნა, შიდა სავაჭრო საზღვრის დაცვა, საბაჟო ტარიფები და იმპორტის ლიცენზირება მიზნად ისახავდა საშინაო პროდუქციის ზრდას. ამის მაგივრად, მათი ძირითადი ეფექტი იყო პროდუქციის შესაძლო სპექტრის შემცირება და ფასების გაზრდა. ამას შედეგად მოჰყვა ახალი ზელანდიის კონკურენტუნარიანობის შემცირება და მსოფლიო ვაჭრობის პროცესში ჩვენი მონაწილეობის შემცირება.

რა პოლიტიკა გავატარეთ ჩვენ სიტუაციის გამოსასწორებლად?

პირველი ნაბიჯი იყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის, რაც გულისხმობდა თავისუფალ ვაჭრობას ერთმანეთის ბაზარზე. ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის ლიცენზირება 1980-იანი წლების შუაში. შევამცირეთ ტარიფები და დაგეგმილია მათი სრული გაუქმება 2003 წლისთვის.

ცვლილებების შემდეგი სფერო იყო მრეწველობისადმი დახმარების ლიკვიდაცია. გაზრდილი საშინაო ხარჯების კომპენსაციისა და შიდა სავაჭრო საზღვრის დაცვის შედეგად ჩვენ განვითარებული გვქონდა სუბსიდიების მზარდი სპექტრი და ექსპორტის დახმარების გარანტიები. ეს სუბსიდიები ვრცელდებოდა ფერმერულ სფეროშიც კი, ისევე, როგორც შემოსავლების მხარდაჭერასა და შემოწირულობების სუბსიდირებაზე. რა ზომები მივიღეთ ამ სფეროში? გავაუქმეთ ფასებისა და შემოსავლების მარეგულირებელი კანონები. 5-6 წლის განმავლობაში გავაუქმეთ ფერმერული სუბსიდიები. გავაუქმეთ საგადასახადო შეღავათები ექსპორტიორებისთვის. გავაუქმეთ ყველა საექსპორტო გარანტია და დაბალპროცენტიანი სასესხო ვალდებულებები. ამჟამად ახალი ზელადიის როგორც ფერმერული, ისე ინდუსტრიული სფეროები მსოფლიო საბაზრო ფასებზე დაყრდნობით იზრდება და ფართოვდება.

რეფორმების მესამე სფერო იყო საგადასახადო რეფორმა. ჩვენ გავაუქმეთ სავაჭრო გადასახადები ისე, რომ ყველა პროდუქცია თანაბრად დაბეგრილიყო. ახალ ზელანდიაში არსებული საბითუმო სავაჭრო გადასახადი ძალიან არასრულყოფილი იყო. ჩვენ შემოვიტანეთ პროდუქციისა და მომსახურების გადასახადი, ანუ, თუ გნებავთ დღგ ყველა პროდუქტზე თანაბარი განაკვეთით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფინანსური სერვისების გარდა. ჩვენ შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადების ზღვარი ერთ დოლარზე 66 ცენტიდან 33 ცენტამდე, ხოლო ახალი ზელანდიის მოსახლეობის უმეტესობა იბეგრება 19,5 ცენტით. ამჟამად კომპანიისა და კერძო პირის გადასახადები გათანაბრებულია. ძველი ყავლგასული რეჟიმი, რომელიც ზოგიერთი ინდუსტრიის მიმართ ფავორიტიზმით გამოირჩეოდა, საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას.

ინფრასტრუქტურის რეფორმები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო

მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში. რკინიგზის მიმართ ყველა პროტექციონისტული მექანიზმი მოიხსნა. მანამდე ახალ ზელანდიაში რკინიგზა სრული პროტექციის ქვეშ იმყოფებოდა. ჩვენ შევწყვიტეთ პორტების რეგულირება და მოვახდინეთ მათი პრივატიზაცია. ტვირთის ფასები და საპორტო ხარჯები რეალურად 50 პროცენტით შემცირდა.

საშინაო ბაზარზე ავიაკომპანია Air New Zealand-ის მონოპოლია შეიცვალა ავსტრალიის ავიაკომპანია ZI-სთან კონკურენციით. მოგვიანებით მოხდა Air New Zealand-ის პრივატიზაცია.

კონკურენტულ და ტენდერულ საფუძველზე გადავიდა საავტობუსო მიმოსვლაც. ჩვენ დავუშვით თავისუფლება ტაქსების მომსახურებაში. აქ აღარ არის არც გადასახადი და არც ლიცენზია.

ასევე გაიყიდა სატელეკომუნიკაციო კომპანია Telecom New Zealand-იც. ყოველივე ამის შედეგი კი ის იყო, რომ ფასებმა დაბლა დაიწია. შიდა კომუნიკაციები გახდა უფრო სწრაფი, ზოგიერთ შემთხევაში იმას, რასაც მანამდე სჭირდებოდა 1 თვე, დღეს 1 დღე სჭირდება. შრომის სამინისტრო, რომელსაც მონოპოლია ჰქონდა - აეშენებინა ყველა შენობა ახალ ზელანდიაში და ა.შ., ჯერ კორპორაციად გადაკეთდა და შემდეგ პრივატიზდა. ტელერადიო სპექტრი აუქციონზე გაიყიდა მათზე, ვინც ყველაზე ძვირი გადაიხადა. ჩვენ ალბათ ყველაზე მეტი რადიოსადგური გვაქვს ვიდრე სადმე მთელ მსოფლიოში.

კონკურენტული პოლიტიკა

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობენ ექსპერტები, რომლებიც დეტალურად სწავლობენ სხვადასხვა მონოპოლიების ან სერვისების დომინანტური მიმწოდებლების მოღვაწეობას. მათ საქმიანობაში იგულიხმება მონოპოლიების ოპერაციების შესწავლა და მანიპულირებისაგან ბაზრის დაცვა. მაგრამ ახალ ზელანდიაში არ გვყავს ასეთი ექსპერტები. სამაგიეროდ ჩვენ ვეყრდნობით კონკურენციას, რომელსაც იცავს ბაზარზე შესვლის ყველასთვის ხელმისაწვდომი წესები, რომელიც არ უშვებს, რომ ბაზარზე მონოპოლისტური კონტროლი დაწესდეს. მთავრობა არც ერთი საწარმოს პრივატიზაციას არ ახდენდა ვიდრე არ დარწმუნდებოდა, რომ ამ სფეროში რეალური კონკურენცია იქნებოდა. ზუსტად კონკურენციას ეყრდნობა მთავრობა, როგორც ძირითად წყაროს ფასების მკვეთრი ზრდის პროფილაქტიკისთვის. ჯერჯერობით ეს ნდობა ამართლებს. ამის ძირითადი დადასტურებაა ფასების შემცირება წარსულში მთავრობის მიერ კონტროლირებადი საწარმოების პროდუქციაზე და კონკურენციის გაუმჯობესება ახალი ზელანდიის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.

ფინანსური ბაზრების ცვლილებები

ფინანსურ ბაზრებზე შესვლის კონტროლი გაუქმდა. ახლა მსოფლიოს ნებისმიერ ბანკს, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს თავისი ფინანსური სიმყარე, შეუძლია აიღოს ლიცენზია ახალ ზელანდიაში. ჩვენ გავაუქმეთ ფორმალური კონტროლი ბანკებსა და ფინანსურ შუამავლებზე, როგორიცაა მაგალითად, პროცენტის სპეციალური ნორმები ან ინვესტიციების შეზღუდვა განსაზღვრულ სექტორებში. ინფლაციის კონტროლის ამოცანაა მისი შენარჩუნება 0-დან 3 პროცენტამდე და ამ მიზნის მისაღწევად არსებობს საჯარო კონტრაქტი ფინანსთა სამინისტროსა და სარეზერვო ბანკის მმართველს შორის.

სარეზერვო ბანკს აქვს მოქმედების დამოუკიდებლობა. სხვადასხვა სახის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შრომის ბაზარზე გავატარეთ, იყო: უფრო სწორხაზოვანი საგადასახადო სკალის შემოღება; სოციალური დაცვის გადახდების შემცირება და მათი მიმართვა იმათზე, ვისაც ეს მართლა სჭირდებოდათ. ადრესატები განისაზღვრება უფრო მკაცრი კრიტერიუმებით; საწვრთნელი კურსები და სწავლება უმუშევრებისთვის.

საწარმოო ურთიერთობის კანონი

ადრე ჩვენ გვქონდა საწარმოო ურთიერთობის მკაცრად რეგულირებული და ცენტრალიზებული სისტემა. კანონი ინარჩუნებდა სავალდებულო წევრობას პროფესიულ კავშირებში, ეროვნულ სახელფასო ნორმებს სხვადასხვა პროფესიებისთვის, რასაც ჩვენ პრემიებს ვეძახდით და სავალდებულო არბიტრაჟს საკამათო შემთხვევებში. დასაქმების სფეროში ძალიან შეზღუდული იყო მოქნილობა და სამუშაოების შეფარდებები ძალიან ხისტი იყო. ამდენად, ხელფასები ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. 1990-იან წლებში მთელი რიგი ცვლილებები გატარდა, მაგრამ 1991 წელს მიღებული დასაქმების კონტრაქტების კანონი მათ შორის ალბათ უმნიშვნელოვანესი იყო.

დღეს უკვე გვაქვს თავისუფალი პროფკავშირი. ახალმა კანონმა გააუქმა სავალდებულო პროფკავშირები. სანაცვლოდ კანონი გულისხმობს, რომ მოსამსახურე ინდივიდუალურად აწარმოებს მოლაპარაკებას დამქირავებელთან. ის ნებას აძლევს მოსამსახურეს დაიქირაოს აგენტი ხელფასის პირობების შესათანხმებლად. ეს აგენტი შეიძლება იყოს, და ძირითადად არის კიდეც, პროფკავშირი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი შესაძლო აგენტი.

ჩვენ გვაქვს საწარმოო შეთანხმებებიც. ასევე გავაუქმეთ ეროვნული საპრემიო სისტემა. სანაცვლოდ, ხელფასების შეთანხმება ხდება სამუშაო კონტრაქტების მიხედვით. დამქირავებლებს და მათ პერსონალს პირველად მიეცათ საშუალება საკონტრაქტო მოლაპარაკება აწარმოონ მათი კონკრეტული სამსახურის პირობების გათვალისწინებით. უკვე აღარ არის სავალდებულო ერთი და იმავე პროფესიის ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირი ხელფასები მიეცეთ. ასეთმა მოქნილმა სისტემამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამუშაო ადგილები ახალ ზელანდიაში. ახლა უკვე გვაქვს მყარი საკონტრაქტო პირობები. ყველა კონტრაქტში გათვალისწინებულია გარკვეული ვადა, რომელსაც განსაზღვრავენ კონტრაქტორი მხარეები. კონტრაქტის მოქმედების ვადაში გაფიცვა ან საწარმოს დახურვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების საწინააღმდეგოდ, არაკანონიერ ქმედებად ითვლება. ამან განაპირობა სამეწარმეო ურთიერთობების სიმყარე.

მთლიანობაში ყველა ეს ცვლილება ხელს უწყობს ახალი სტიმულების და შესაძლებლობების გაჩენას პროდუქტიულობის გაზრდისა და დასაქმების საშუალებით.

სამთავრობო რეფორმა - ცვლილების მეოთხე მიმართულება

ბევრისთვის სამთავრობო ადმინისტრირება არის რაღაც ეზოთერული საგანი, რომელსაც არ თვლიან ეკონომიკური მენეჯმენტის ცენტრალურ ნაწილად. ახალ ზელანდიაში ჩვენ საწინააღმდეგო შეხედულება გვაქვს. ვთვლით, რომ შეუძლებელია ეკონომიკური პროცესის ეფექტიანობის მიღწევა, თუკი ეკონომიკური ურთიერთობების უდიდესი მონაწილე, მთავრობა, არაეფექტიანია. სამთავრობო დანახარჯები ახალი ზელანდიის ბიუჯეტში შეადგენს 30 პროცენტზე მეტს. ამდენად ექსპორტიორებისთვის შეუძლებელია საერთაშორისო კონკურენციის შენარჩუნება, თუ ამისთვის საჭირო სამთავრობო მომსახურება არაეფექტიანია. ახალი ზელანდიის მთავარი რეფორმები მთავრობასთან მიმართებაში სამ სფეროში განხორციელდა: პირველ რიგში ჩვენ გავაკეთეთ სამთავრობო დეპარტამენტების კორპორატიზაცია და შემდეგ პრივატიზაცია. მაგალითად, რკინიგზის სიტემაში ტვირთგადაზიდვის ხარჯები შემცირდა 50 პროცენტით. 1984 წელს ამ სისტემაში მუშაობდა 22 000 ადამიანი. დღეს კი მათი რიცხვი 4 500-ია და ტვირთგადაზიდვაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. იგივე ეხება პორტებსაც და მთელ რიგ ყოფილ სამთავრობო სტრუქტურებს. მოგვიანებით ამ საკითხს ისევ დავუბრუნდები.

მეორე სფერო არის დასაქმება საზოგადოებრივ სექტორში. სამთავრობო მენეჯმენტის ცვლილებები განხორციელდა ინსტიტუციურ სტრუქტურებსა და დასაქმების სისტემაში. მანამდე ჩვენ გვქონდა სისტემა, რომელშიც მთელი სიცოცხლის ვადით დანიშნული მომსახურეები მუშაობდნენ ადმინისტრატორებად და ატარებდნენ სამთავრობო პოლიტიკას. ისინი იყვნენ მთელი სიცოცხლის ვადით იმდენად, რამდენადაც მათი გათავისუფლება ვერ ხერხდებოდა. ჩვენ გადავედით სისტემაზე, სადაც მთავარი შტატი მუშაობს არაუმეტეს 5 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და ხელფასი განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მაღალი რანგის მომსახურეებისთვის ჩვენ ვაკანსიებს ვაცხადებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, ჩვენ მიერ გამოცხადებული ხაზინის თავმჯდომარისა და ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაკანსიებზე ყველა მსურველის განცხადება განიხილებოდა. ეს იყო უდიდესი ცვლილება. საჯარო მომსახურეებს ენიშნება პრემიები და არ მგონია, რომ რომელიმე დეპარტამენტს დღეს გადაჭარბებული ხარჯები ჰქონდეს. დეპარტამენტის ხელმძღვანელს არ უნდა მისი პრემიის დაკარგვა.

ცვლილების კიდევ ერთი სფერო, რომელზეც მე შევჩერდები, არის სამთავრობო ფინანსური მენეჯმენტი. ჩვენ გადავედით ანგარიშების სისტემიდან, რომელიც იწყებოდა მარტში და ეყრდნობოდა ნაღდი ფულის საბუღალტრო მეთოდს და ფოკუსირდებოდა შენატანების სისტემაზე, რომელიც იწყებოდა ივნისში და ეყრდნობოდა დარიცხვის მეთოდს და ორიენტირებული იყო შედეგებზე. ეს იყო დრამატული ცვლილება საბუღალტრო საქმეებში და მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხის ყველა ასპექტში. ამის სიმბოლური გამოხატვა არის მთავრობის ბალანსი და მოგებაწაგების ანგარიში. მე ვერ შევძლებ ისე დეტალურად ვისაუბრო ამ საკითხზე, როგორც ეს მსურს, მაგრამ, ნება მომეცით შევეხო ერთ ან ორ ასპექტს. საჯარო დაწესებულებების საბუღალტრო სისტემის რეფორმის სიღრმისეული მიზეზი არის ქონების გამოყენებისა და მენეჯმენტის და პროდუქციის წარმოებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღების სრულყოფილი საშუალების შექმნა.

მთლიანობაში, ფინანსური რეგლამენტაცია თავიდან შეიქმნა, რათა პასუხი გასცემოდა მთელ რიგ შეკითხვებს მენეჯმენტის საფუძვლების სფეროდან. რას ვყიდულობთ? ძველი სისტემის პირობებში ჩვენ ვიღებდით ხარჯებს, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა თუ რისთვის ვიღებდით ამ ხარჯებს. ჩვენ ასევე ვიკითხეთ რა ღირდა ეს? ძველი სისტემის პირობებში ჩვენ ვიცოდით რამდენი გადავიხადეთ ყველა მოცემული წლისთვის, მაგრამ არ გაგვაჩნდა რაიმე საზომი მიმდინარე ფასებისთვის. რისთვის გამოიყენება კაპიტალი? ვინ არის პასუხისმგებელი? ეს იყო ის კითხვები, რომელიც ჩვენ დავსვით და პასუხიც გავეცით.

რა ცვლილებები გავატარეთ ჩვენ? ახლა გვაქვს კონტრაქტები შედეგისთვის. გვაქვს კონტრაქტების სისტემა მინისტრთან. პოლიტიკოსები უკავშირდებიან დეპარტამენტს შედეგის მიღების მიზნით. ის, თუ რა სოციალური მიზნის მიღწევაა დასახული, არის მინისტრის გადასაწყვეტი. მასვე ევალება შეარჩიოს თუ რა შედეგის მიღება სურს დეპარტამენტისაგან. ხაზინის შემთხვევაში, რომლის მინისტრიც მე ვიყავი, ყველა სფეროში, იქნებოდა ეს წარმოება, სოციალური პოლიტიკა თუ საგადასახადო, ჩვენ გავაკეთეთ ჩამონათვალი თუ რა ესაჭიროებოდა სხვა ან ჩვენს დეპარტამენტს. მომდევნო სვეტში ჩამოვწერეთ რა მიდგომა იქნებოდა საჭირო თითოეული საკითხისადმი, რათა ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებში ყოფილიყო. შემდეგ სვეტში მივუთითეთ რა დრო დაჭირდებოდა ხაზინას ყველა ამ პოლიტიკის გატარებისთვის, რათა შეგვერჩია მათი ვადები. ამის შემდეგ კი გამოვთვალეთ რა დაუჯდებოდა ქვეყანას ამ პოლიტიკის განხორციელება. შემდეგ დავსვით კითხვა, რა დაუჯდებოდა ეს ქვეყანას ან არის თუ არა შესაძლებელი ეს და როგორ უნდა გაიყიდოს? მაგალითად, პორტების რეფორმა იმ დროისთვის. ჩვენ ვფიქრობდით, რომ პორტები ღირდა ახალი ზელანდიის მთლიანი შიდა პროდუქტის სულ ცოტა 1 პროცენტი, ასე რომ, ის მოვათავსეთ სიის დასაწყისში. მე ვფიქრობ ჩვენ მივიღეთ იმის 90 პროცენტი, რასაც ველოდით. ასეთი მიდგომა კონცენტრირებული იყო უფრო იმაზე, თუ რისი მიღწევა გვინდოდა და არა რისი მიღწევა შეგვეძლო. ჩვენ გვაქვს მთავრობის ბალანსი და მოგებაწაგება. ალბათ ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელიც ყოველ 6 თვეში აქვეყნებს მოგებაწაგების ანგარიშს და ბალანსს დარიცხვის მეთოდით. ამდენად, ანგარიშგება და პასუხისმგებლობა ახლა მკვეთრად არის განსაზღვრული.

რა იყო ამ პოლიტიკის შედეგები? რა მივიღეთ?

სამთავრობო ხარჯვის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში პიკს მიაღწია 1991 წელს და დაახლოებით შეადგინა 43 ან 44 პროცენტი. დღგ შემცირდა 33 პროცენტამდე და მთავრობას დაგეგმილი აქვს მისი შემცირება 30 პროცენტის ქვემოთ. მთავრობამ 17 წლის განმავლობაში პირველად ფისკალურ გადაჭარბებას მიაღწია 1995 წელს. როდესაც ვლაპარაკობ ფისკალურ გადაჭარბებაზე მხედველობაში არ მაქვს ქონების გაყიდვიდან შემოსული მოგება. თუკი ამას გავითვალისწინებდით, მაშინ ფისკალური გადაჭარბება 1985 წლიდან გვქონდა.

წმინდა სახელმწიფო დავალიანება ამჟამად შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 25 პროცენტს, რომლის პიკიც - 50 პროცენტზე მეტი - 1991 წელს დაფიქსირდა. ვალების მომსახურების წილი სამთავრობო შემოსავლებთან მიმართებაში 20 პროცენტიდან 10 პროცენტამდე შემცირდა. როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აცხადებს, ჩვენი საგადასახადო სისტემა ყველაზე ნაკლებ მანკიერია მთელ მსოფლიოში.

კიდევ რა შედეგები იყო? პირველი და უმთავრესი იყო ინფლაციის შემცირება. მეორე - ეკონომიკური ზრდა იქ, სადაც მანამდე ეს არ გვქონდა. რეფორმების დაწყების მომენტიდან მან მიაღწია 23 პროცენტს თავდაპირველად, შემდეგ ავიდა 46 პროცენტამდე გარკვეული პერიოდის მანძილზე და ახლა კვლავ დაუბრუნდა 23 პროცენტს. ექსპორტის ზრდა აღინიშნებოდა წარმოების პროდუქტების სფეროში, რომელიც ყოველწლიურად რეალურად იზრდებოდა დაახლოებით 15 პროცენტით. ერთერთი საინტერესო რამ, რაზე ლაპარაკის დროც არ მაქვს სამწუხაროდ, არის გაძლიერებული და ტრანსფორმირებული ეკონომიკის რეგიონული სურათი ახალ ზელანდიაში. 70-80იანი წლების სტაგნაციის პერიოდში ახალ ზელანდიაში იყო რამდენიმე რეგიონი, რომელიც განსაკუთრებით მწვავე კრიზისს განიცდიდა. ამჟამად კი ისინი ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონების რიგებში არიან. მათი აღმავლობა შედეგია სამუშაო ბაზარზე არსებული მოქნილი პოლიტიკის, შემცირებული სატრანსპორტო ხარჯების, საწარმოო საშულებების დაბალი ფასების და გაუმჯობესებული კონკურენციის. ამ ფაქტორებმა საშუალება მისცა მოვაჭრეებს საექსპორტოდ ეწარმოებინათ პროდუქცია და გაეყიდათ მსოფლიო ბაზრებზე, რაც შეუძლებელი იყო 70-80-იან წლებში. ფაქტობრივად ეკონომიკური აღმავლობა განაპირობა ზუსტად ამ რეგიონებმა და არა დიდმა ქალაქებმა ოკლენდმა და ვილინგტონმა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. რეფორმის შედეგად ფასები შემცირდა ძირითადი ინფრასტრუქტურების მომსახურებაზე. ეს ზემოთაც ვახსენე. პორტის ექსპლუატაციის ფასები შემცირდა 60 პროცენტით. სარკინიგზო ფრახტი რეალური ზომებით შემცირდა 50 პროცენტით. სამთავრობო ადმინისტრაცია, ისეთ სამთავრობო დეპარტამენტებში, როგორიც არის ჯანდაცვა, ხაზინა, თავდაცვა, შემცირდა. საშტატო ერთეულების რიცხვი 88 000-დან 34 000-მდე შემცირდა და ისინი ბევრად ეფექტიანია.

რა პოლიტიკური და ეკონომიკური გაკვეთილების სწავლა შეიძლება ახალი ზელანდიის გამოცდილებიდან სტრუქტურული ცვლილებების სფეროში?

პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, არის სხვადასხვა პოლიტიკის ინტერაქტიულობა, რასაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ცალკეულ პოლიტიკას. არ არსებობს რაიმე ჯადოსნური პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის აღმავლობას. ჩვენ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ პოლიტიკა, რომელიც გავატარეთ პროდუქციის ბაზარზე, შეთანხმებულად მუშაობდა შრომის ბაზარზე გატარებულ პოლიტიკასთან, ისევე, როგორც ფინანსური ბაზრის და სამთავრობო სექტორის რეფორმებთან. ჩვენ რომ გაგვეტარებინა რეფორმა სასაქონლო ბაზარზე, ცალკე აღებული ეს პოლიტიკა ნამდვილად არ იქნებოდა წარმატებული. მეორე, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ თუ თქვენ აპირებთ რეფორმის დაწყებას, ის უნდა იყოს მასშტაბური. აზრი არ აქვს ზოგიერთი სფეროს გაუმჯობესებას მაშინ, როდესაც სხვა სფეროები ხელუხლებელი რჩება. ასეთ შემთხვევაში გაურკვევლობა, რომელსაც შექმნით, უფრო საზიანო იქნება, ვიდრე ის სარგებლობა, რომელიც მცირეოდენ ცვლილებებს მოჰყვება შედეგად.

კიდევ ორი რამ, რასაც მინდა შევეხო. პოლიტიკოსებმა არასწორად არ უნდა შეაფასონ მოქალაქეების ადაპტაციის უნარი. 1984 წელს ახალ ზელანდიაში ფერმერების შემოსავლის 3-დან 1 დოლარი მოდიოდა მთავრობისგან. დღეს ეს ციფრი 0-ს უდრის. მაშინ, როდესაც ისინი კარგავდნენ მთავრობის მხარდაჭერას, ჩვენი ვალუტის კურსი მაღლა იწევდა. მახსოვს გაერთიანებული ფერმერების პრეზიდენტი მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე 1985 წლის 1 მარტის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენმა დოლარმა 43 აშშ ცენტიდან 48-მდე აიწია, და მითხრა: „43 ცენტზე ფერმერებს ძლივს გაჰქონდათ თავი, 48 ცენტი კი საერთოდ ნონსენსია”. ჩვენ წყნარად ვისაუბრეთ და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების შემდეგ მან დატოვა ჩემი კაბინეტი. დაახლოებით 6 თვის შემდეგ ის კვლავ მოვიდა. მაშინ უკვე ჩვენი დოლარი 55 ცენტის ტოლი იყო და მან მითხრა: „48 ცენტს არა უშავდა, 55 სასაცილოა”. სამი თვის შემდეგ ის 60 ცენტი გახდა და მან მითხრა რომ 55 კიდევ, მაგრამ 60 შეუძლებელი იყო. როდესაც ის 70 ცენტი გახდა და მე ოფლს ვღვრიდი, მან მითხრა რომ 60 ცენტს არა უშავდა. ასე რომ, გეთაყვა, ნუ შეაფასებთ არასწორად ხალხის უნარს - ადაპტირება მოახდინოს ცვლილებებთან, თუ ისინი რეალურია.

შემდეგი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ რეფორმას ღუპავს არა სიჩქარე, არამედ გაურკვევლობა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. თუ მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ თქვენი გადარწმუნება, მაშინ მთელი მათი მცდელობა მიმართული იქნება თქვენთვის აზრის შეცვლასა და ძველი წესრიგის აღდგენაზე. რეფორმა მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, თუ ხალხს სჯერა, რომ თქვენ მას ბოლომდე მიიყვანთ. მაშინ ისინი ნამდვილად ადაპტირდებიან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი რეფორმისთვის არის ეფექტიანობა.

პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს ეფექტიანობა. ამაში მე ვგულისხმობ: პროდუქცია და საქონლის და სერვისის მოხმარება მაქსიმიზებული უნდა იყოს რესურსების მინიმიზაციასთან ერთად. ეს მიზანი აკმაყოფილებს ყველას, ბუნების დამცველების ჩათვლით. მაგალითად, ჩემ პირველ ბიუჯეტში გავზარდე ელექტროენერგიის ფასი 28 პროცენტით, გზის მოხმარების ხარჯი 48 პროცენტით. ყოველივე ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ ეფექტიანად დაწყებულიყო რესურსების მოხმარება. როდესაც ელექტროენერგიაზე დავაწესეთ საბაზროზე დაბალი ფასი, ინვესტორებმა ფული დააბანდეს საწარმოებში, რომლებიც ელექტროენერგიის დიდი მომხმარებლები იყვნენ, მაგრამ, რომელთაც გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, არ მოეტანათ შედარებითი სარგებელი.

გზის მოხმარების ხარჯის გაზრდა 48 პროცენტით სრულიად სხვა - ნეიტრალურობის პრინციპზე იყო დაფუძნებული. გზის მომხმარებლები იხდიდნენ სრულ ფასს ყველა საგზაო დაზიანებისთვის. ამავე დროს ჩვენ გავაუქმეთ პრივილეგიები, ან, თუ გნებავთ პროტექცია, რომელიც რკინიგზას გააჩნდა და შემოვიტანეთ ღია კონკურენცია. გავაუქმეთ გზებზე მოძრაობის სიჩქარის 40-მილიანი ლიმიტი. ამის შედეგი იყო ის, რომ ტვირთგადაზიდვის ხარჯები 50 პროცენტით შემცირდა. შტატები 22 000-დან 4 500-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, ბევრმა მეწარმემ, რომლებსაც ადრე დიდი ხარჯების გამო არ შეეძლოთ საზღვარგარეთ გაეყიდათ პროდუქცია, უცბად აღმოაჩინეს, რომ ეს შესაძლებელი გახდა. ამის შედეგად გაიზარდა არა მხოლოდ რეგიონული აღმავლობა, არამედ სამუშაო ადგილების რაოდენობაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ახალი ზელანდიის გამოცდილებიდან, არის გამჭვირვალობა.

ეს ცვლის როგორც პოლიტიკოსების, ასევე სამოქალაქო მომსახურეების ხედვას. მოვიყვან ერთ მაგალითს. როდესაც საჯარო საწარმოები გადავაქციეთ კორპორაციებად, რომელთა რიცხვი 10 იყო, ჩვენ მათ ვუთხარით „მომავალში, როგორც კორპორაციებს, თქვენ გევალებათ ერთი რამ, თქვენ იმოქმედებთ კერძო სექტორში და დაექვემდებარებით იმავე წესებს და კანონებს, რასაც კერძო სექტორის სუბიექტები ექვემდებარებიან. დღეიდან გაქვთ მხოლოდ ერთი მიზანი: მიიღოთ მოგება. მთავრობა თქვენგან მოელის იმავე მოგების მოტანას თქვენში ჩვენ მიერ ინვესტირებული კაპიტალის ხარჯზე, რამდენსაც კერძო სექტორი. თუ თქვენ გაატარებთ სოციალურ პოლიტიკას, და მათ ყველას ჰქონდა ამის პრეტენზია, რაც, როგორც ისინი აცხადებდნენ, იყო იმის მიზეზი, რომ ისინი მოგებას ვერ ქმნიდნენ, მაშინ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან და შეგვითანხმდეთ გვინდა თუ არა, რომ გააგრძელოთ ეს საქმიანობა. თუ გვინდა, მაშინ გადაგიხდით, თუ არა უნდა შეწყვიტოთ”.

და იცით რა მოხდა?

თავდაპირველად 10-დან მხოლოდ ერთი კორპორაცია მოვიდა და მოითხოვა სუბსიდირება. მიზეზი, რის გამოც დანარჩენები არ მოვიდნენ, ის იყო, რომ მათ აღმოაჩინეს - ღია კონკურენციის პირობებში ის, რასაც ისინი სოციალურ მომსახურებას ეძახდნენ, ფაქტობრივად იყო კარგი ბიზნესი. ის ერთი კი, რომელიც მოვიდა, იყო ფოსტა. მათ თქვეს, „ჩვენ გვაქვს 467 საფოსტო ოფისი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ბიზნესის 8 პროცენტს იძლევა. ისინი არ არის მომგებიანი. ჩვენ ხვალვე დავხურავთ მათ კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე. გინდათ რომ ასე მოხდეს, თუ გინდათ სუბსიდირება?”. ვკითხეთ რამდენი იყო საჭირო, გვიპასუხეს - 80 მლნ. დოლარი, ჩვენ შევთავაზეთ 20 მლნ. საბოლოოდ შევთანხმდით 40 მლნზე. 5 თვის შემდეგ, როდესაც ბიუჯეტს ვადგენდით, გადავწყვიტეთ, რომ ამ 40 მლნის დახარჯვა აჯობებდა განათლებასა და ჯანდაცვაზე. დავხურეთ 467 საფოსტო ოფისი ერთ დღეში. ეს შესაძლებელი გახდა გამჭვირვალობის საშუალებით. ეს არ იყო პოპულარული სვლა, მაგრამ ამის გაკეთება ჯობდა ერთ დღეში, ვიდრე 467 დღეში. ძალზე საინტერესო ფაქტია - 10 წლის გადასახედიდან ჩანს, რომ საფოსტო ოფისები ამჟამად უფრო მეტია - 500, იმ 467-ის ნაცვლად, რომელიც ჩვენ დავხურეთ. ახლა ისინი კერძო სექტორში მომუშავე სააგენტოებია და დასაქმებული ჰყავთ ხალხი.

შემდეგი საკითხი არის სახელმწიფო დაკვეთების კერძო სექტორში გადატანა

ეს არის პრივატიზაციის კარგი ფორმა. მაგალითად, ჩვენ გვქონდა სამთავრობო სტამბა, რომელსაც მონოპოლია ჰქონდა სამთავრობო დეპარტამენტების ყველა საბეჭდ სამუშაოზე, რაც ჩვენ გავაუქმეთ. შემდეგ გავყიდეთ ეს სტამბა და ამჟამად სამუშაოები სრულდება კერძო სექტორში. შედეგი იყო უფრო დაბალი ფასები, მაღალი ხარისხი და მრავალფეროვნება.

ბევრი მეუბნება „თქვენ ლეიბორისტი პოლიტიკოსი ხართ. თქვენ პარტიას მხარი დაუჭირა პროფკავშირებმა, როგორ შეგეძლოთ ამ ყველაფრის გაკეთება?”. მე მათ ვპასუხობდი, რომ თუ მოინდომებთ შეაჯამოთ ყველა ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ 1984-87 წლებში, მე შემიძლია ეს გადმოვცე სამი სიტყვით: ჩვენ გავაუქმეთ პრივილეგიები. მთავრობა არ არის არჩეული კერძო ჯგუფების ინტერესების დასაცავად. მთავრობა გახდა უფრო ეფექტური. გარიგება ასეთი იყო: თქვენ დაკარგეთ პრივილეგიები, მაგრამ მოგებული ხართ, რადგანაც ყველას პრივილეგიები გაუქმდა.

დასასრულ, მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ხარისხიან გადაწყვეტილებას მოაქვს სასურველი შედეგი.

ყოველი ცვლილების წინ ჩვენ თავს ვეკითხებოდით, იყო თუ არა ეს ახალი ზელანდიის ინტერესებში? პოლიტიკური პრობლემა, რომელსაც თქვენ შეხვდებით ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს, არის ის, რომ დანახარჯები ყოველთვის წინ წამოწეულია და ადვილად დასანახია. შედეგების დანახვას კი დრო სჭირდება და ყოველთვის ისეთი ნათელი არ არის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავკარგეთ 18 000 სამუშაო ადგილი რკინიგზაში, მაგრამ ვერ გეტყვით საიდან მოვიდა ახალი 100 000 სამუშაო.

სადაც კი ხარისხიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, პოლიტიკური პრობლემები საბოლოოდ წყდებოდა. მაგრამ სადაც კომპრომისები დავუშვით, სადაც შუა გზაზე შევჩერდით და უხარისხო გადაწყვეტილება მივიღეთ, იქ პრობლემები კვლავ რჩება. განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვას, განათლებას და სოციალურ უზრუნველყოფას.

ვფიქრობ, აქ შემიძლია შევჩერდე. მგონი ბოლო შენიშვნებში მივუთითე, რომ ახალ ზელანდიაში ყველა პრობლემა ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ნათელია, რომ ჯერ კიდევ ბევრი დაუმთავრებელი საქმეა. ძირითადად ისინი სოციალური პოლიტიკის სფეროდანაა, ანუ ჯანდაცვა, განათლება და სოციალური უზრუნველყოფა. აქ მე ვგულისხმობ პენსიებს, ჯანმრთელობის საკითხებს პენსიაზე გასვლის შემდეგ, უმუშევრობის დახმარებას, ავადმყოფობის და უბედური შემთხვევების ხარჯებს და ა.შ.

ეს ის სფეროა, რომელიც ჩვენ არ მოგვიგვარებია. ეს ის სფეროა, სადაც მთავრობას სურს შეინარჩუნოს მონოპოლისტი მიმწოდებლის პოზიცია. ვიდრე არ დავიწყებთ ამ სფეროების მართვას ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ რკინიგზისა და ფოსტის შემთხვევაში, ჩვენ პრობლემებს ვერ გადავჭრით.

ჩემთვის პასუხი შედარებით ნათელია. ჩვენ კვლავ უნდა მივმართოთ თითოეულ ახალ ზელანდიელს. ფული, რომელსაც მთავრობა ახლა ხარჯავს მათი სახელით ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, უნდა დარჩეს ხალხს, რათა უზრუნველყონ თავიანთი თავი.

ფაქტობრივად მე ვთვლი, რომ დაზღვევის ბიზნესი ამ სფეროების უმრავლესობაში საკმაოდ კარგად იმუშავებდა.

დიდი მადლობა.

8 ინფლაცია, დეფლაცია და მომავალი

▲ზევით დაბრუნება


ფრენკ შოსტაკი
მიზესის ინსტიტუტის მოწვეული სწავლული. ფიუჩერსებით მოვაჭრე
საბროკერო კომპანია MF Glob-ის წამყვანი ეკონომისტი

თარგმნა ბაბილინა ახობაძემ
გამოქვეყნდა 1999 წელს

სიტყვა „დეფლაცია” ახლა მრავალ ეკონომისტს აკერია პირზე. იაპონიის ბანკის მმართველმა მასარუ ჰაიამიმ პარლამენტს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ცენტრალური ბანკი უცვლელად გააგრძელებს იაფი ფულის პოლიტიკას მანამ, სანამ დეფლაციის საფრთხე არ გაივლის. შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალან გრინსფენმა კი თავის რამდენიმე გამოსვლაში აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი მოვალეა ეკონომიკა ინფლაციისგანაც დაიცვას და დეფლაციისგანაც.

ეკონომისტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ დეფლაცია საყოველთაო კეთილდღეობის მთავარი საფრთხეა, რადგან, მათი აზრით, სწორედ დეფლაციას მიჰყავს ეკონომიკა დეპრესიისკენ. გარდა ამისა, ეკონომისტების უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის თავიდათავი არა დეფლაცია, არამედ ინფლაციაა. მცდარი წარმოდგენა დეფლაციის ბუნების შესახებ ინფლაციის არასწორი გაგებიდან მომდინარეობს.

ინფლაცია არა ფასების, არამედ ფულის მასის ზრდაა, რაც ცენტრალური ბანკის მიერ წარმოებული ე.წ. იაფი ფულის უპასუხისმგებლო მონეტარული პოლიტიკისა (აღნიშნული პოლიტიკა ცენტრალური ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული მოკლევადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთების ხელოვნურ შემცირებას გულისხმობს, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რასაც, ჩანაფიქრით, ეკონომიკური აქტივობის წახალისება უნდა მოჰყვეს - რედ. შენიშვნა) და საბანკო დეპოზიტების ნაწილობრივი რეზერვირების შედეგია. ცენტრალური ბანკის მიერ ფულის მიწოდების ზრდა, ანუ ინფლაცია რეალური რესურსების არარაციონალურ ხარჯვას განაპირობებს, დანაზოგების შემცირების საფუძველს ქმნის და შედეგად დეფლაციას იწვევს. ამასთანავე, დეპრესიას არა დეფლაცია, არამედ ცენტრალური ბანკის იაფი ფულის პოლიტიკა იწვევს.

დასასრულ, კრიზისის სიმწვავესაც არა დავალიანებების სიჭარბე, არამედ ცენტრალური ბანკის იაფი ფულის პოლიტიკა განაპირობებს. დაუჯერებელია, მაგრამ შეერთებული შტატების ეკონომიკა ერთობ შორსაა წონასწორობისგან. ვფიქრობ, ამას ღრმა ეკონომიკური კრიზისი მოჰყვება.

ფასების ზრდა ინფლაციაა?

მიზესის თანახმად (Human Action, p. 432), „ის, რასაც დღეს ზოგიერთები ინფლაციას და დეფლაციას უწოდებენ, ფულის მიწოდების დიდი ზრდა ან შემცირება კი აღარაა, არამედ ამ ქმედებათა გარდაუვალი შედეგი, სამომხმარებლო საქონლის ფასებისა და ხელფასების ზრდა ან კლება.”

ამგვარად, თუკი ინფლაციას ფასების ზრდას დავარქმევთ, მაშინ ყველაფერი, რაც ფასების ზრდას უწყობს ხელს, ინფლაციის გამომწვევი უნდა იყოს, ამიტომ, უნდა ვუფრთხილდეთ. მოკლედ, გამოდის რომ, ინფლაციის წყარო ცენტრალური ბანკი ან საბანკო დეპოზიტების ნაწილობრივი რეზერვირება კი არ ყოფილა, არამედ სულ სხვა ფაქტორები. ესე იგი, ცენტრალური ბანკი ხელს კი არ უწყობს ინფლაციას, პირიქით, თურმე ებრძვის მას. მაშასადამე, უმუშევრობის კლება და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ინფლაციის პოტენციური ხელშემწყობი ფაქტორები ყოფილა, და, აქედან გამომდინარე, ცენტრალური ბანკის პოლიტიკამ ხელი უნდა შეუშალოს. ზოგიერთი სხვა ხელშემწყობი ფაქტორი, მაგალითად, სამომხმარებლო საქონლის ფასების კლება ან მუშათა ხელფასების ზრდა, აგრეთვე პოტენციურად საშიში ყოფილა, ამიტომ, ცენტრალური ბანკი მუდამ ფხიზლად უნდა იყოს ამ საკითხების მიმართ.

ეკონომისტთა უმრავლესობას სჯერა, რომ ინფლაცია ფასების საერთო დონის ზრდაა, რის შეჩერებაც სამომხმარებლო ფასის ინდექსით შეიძლება (CPI), მაგრამ ისინი ინფლაციის მიზეზებზე ვერ თანხმდებიან. ერთი მხრივ, მონეტარისტები ამტკიცებენ, რომ ფულის მასაში მომხდარი ცვლილება სამომხმარებლო ფასის ინდექსის ცვლილებას იწვევს, მეორე მხრივ, არიან ისეთი ეკონომისტებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ინფლაციას სხვადასხვა რეალური ფაქტორი იწვევს. ეს ეკონომისტები ეჭვობენ, რომ სამომხმარებლო ფასის ინდექსის ცვლილებას ფულის მასის ცვლილება იწვევდეს. მათ მიაჩნიათ, რომ აქ რაღაც სხვა მიზეზი უნდა არსებობდეს. ამგვარად, თუ ინფლაცია ფულის მასის ზრდაა, ამაში ცუდი რა არის? ბოლოს და ბოლოს, თუ ინფლაცია მხოლოდ ფასების ზრდაა, მაშინ მისი შედეგების კომპენსირება ფულის მასის ზრდასთან ერთად ხელფასებისა და ანაზღაურებების გაზრდის გზით შეიძლება. ამავე დროს, ზოგიერთი ეკონომისტი მილთონ ფრიდმენის აზრს იზიარებს და სჯერა, რომ ინფლაციის პირობებში საბაზრო ეკონომიკა ეფექტიანად იმუშავებს, თუკი შეზღუდვებს არ დაუშვებენ და თავისუფალ ფასებს არ მოშლიან.

ინფლაცია ფულის მასის ზრდით ან სხვა რეალური ფაქტორებით გამოწვეული ფასების ზრდა კი არ არის, არამედ თვითონ ფულის მასის ზრდა. ყურადღება მიაქციეთ, მონეტარისტებისგან განსხვავებით, ჩვენ („ავსტრიული ეკონომიკური სკოლის” წარმომადგენლები - რედ. შენიშვნა) არ ვამბობთ, რომ ინფლაცია ფულის მასის ზრდით გამოწვეული ფასების ზრდაა, ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ ინფლაცია ფულის მასის ზრდას ნიშნავს. თუ ინფლაციას ამ კუთხით შევხედავთ, ნათელი გახდება, რატომ არის ეს ცუდი. როდესაც ფულის მასა მატულობს, ფულის პირველ რეციპიენტებს შეუძლიათ ჯერ კიდევ უცვლელი ფასებით დიდი რაოდენობის საქონელი ან მომსახურება შეიძინონ. ფულის მეორე რეციპიენტები აგრეთვე სარგებელს ნახულობენ აქედან. მაგრამ მომდევნო რეციპიენტები თანდათან ნაკლებ სარგებელს ნახავენ, რადგან საქონლის და მომსახურების ფასები ზრდას დაიწყებს.

მომდევნო რეციპიენტებმაც შეიძლება სარგებელი ნახონ, თუკი იმ საქონლის ფასები უფრო სწრაფად აიწევს, რომელსაც ისინი ყიდიან, ვიდრე იმ საქონლის, რომელსაც ყიდულობენ. დაზარალებული აღმოჩნდება ის, ვინც ყველაზე ბოლოს მიიღებს ფულს ან სულ ვერ მიიღებს, თუკი იმ საქონლის ფასები, რომელსაც ისინი ყიდულობენ, მკვეთრად აიწევს, ხოლო იმ საქონლის და მომსახურების ფასი, რომელსაც ყიდიან - უმნიშვნელოდ. სხვა სიტყვებით, ფულის მასის მატება, ანუ ინფლაცია სიმდიდრის ხელახალ გადანაწილებას იწვევს. ღრმად თუ გავაანალიზებთ ნათელი გახდება, რომ ფულის ემისია საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას წარმოშობს, წარმოება კი მის დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს, რაც გულისხმობს, რომ ფულის მასის ზრდა ეკონომიკის გაჩანაგებას იწვევს. გარდა ამისა, ფულის ინფლაცია ეკონომიკური აღმავალობისა და დაღმავლობის ციკლის წარმოშობის საფრთხეს ქმნის.

მართალია, ფულის მასის ზრდა (ანუ ინფლაცია) თითქოსდა ფასების ზრდაში გამოიხატება და სამომხმარებლო ფასის ინდექსით აღირიცხება, მაგრამ ეს მუდამ ასე არ არის. ფასებს რეალური და ფულადი ფაქტორები განსაზღვრავს. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ, თუ რეალური ფაქტორები ფულადი ფაქტორების საპირისპიროდ მოქმედებს, ამ შემთხვევაში ფასებში აშკარა ცვლილება არ მოხდება. სხვა სიტყვებით, მიუხედავად ფულის მასის დიდი მატებისა, ე.ი. მაღალი ინფლაციისა, ფასებმა შესაძლოა მხოლოდ ოდნავ მოიმატოს. ცხადია, თუ ინფლაციას სამომხმარებლო ფასის ინდექსის ზრდად განვიხილავთ, ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მცდარ დასკვნებს მივიღებთ.

ამის შესახებ როთბარდი წერდა (America's Great Depression, p. 153) - „ის ფაქტი, რომ 1920-იან წლებში ფასები ზოგადად ასე თუ ისე სტაბილური იყო, ეკონომისტთა უმრავლესობას აფიქრებინებდა, რომ ინფლაცია არ ემუქრებოდათ. ამიტომ, დიდი დეპრესიის მოვლენებმა ისინი სახტად დატოვა.”

არის კი დეფლაცია ყველა უბედურების მიზეზი?

ამგვარად, რაკი ინფლაცია ფულის მასის ზრდაა, დეფლაცია შეიძლება მის საპირისპირო მოვლენად, ანუ ფულის მასის შემცირებად განვიხილოთ, ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფულის ექსპანსია ბუმს წარმოშობს, ფულის ნაკლებობა კი ბუმს აცხრობს. აქედან გამომდინარე, გვეჩვენება, რომ დეფლაციას უთუოდ ინფლაცია უნდა უსწრებდეს.

ეკონომისტთა უმრავლესობა დეფლაციას უარყოფითად აფასებს. მაგალითად, ირვინგ ფიშერმა დეფლაციას ყველა უბედურების სათავე უწოდა (Irving Fisher, Booms and depressions, London: George Allen, p. 39); მაგრამ დეფლაცია ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესის დასაწყისია. დეფლაცია მისი წინმსწრები ფულის ინფლაციით გამოწვეული გაღატაკების პროცესს აჩერებს. აქედან გამომდინარე, ფულის დეფლაცია დოვლათის შემქნელთა მომძლავრებას იწვევს, რაც ეკონომიკის აღორძინებას უწყობს ხელს.

ამის შესახებ როთბარდი წერდა (AGD, p. 24), - „ჯერ კიდევ უცნობია როგორ, მაგრამ კრედიტის დეფლაციური შემცირება დიდად უწყობს ხელს დარეგულირების პროცესის დაწყებას და, აქედან გამომდინარე, ბიზნესის აღორძინებას”.

ცხადია, გვერდითი მოვლენები, რომელიც ფულის დეფლაციას ახლავს, მუდამ უსიამოვნოა, მაგრამ ცუდ შედეგებს დეფლაცია კი არ იწვევს, არამედ ფულის ინფლაცია, რომელიც მას წინ უძღვის. დეფლაცია მხოლოდ და მხოლოდ აქრობს ფულის ინფლაციით შექმნილ ილუზიას. ის გავრცელებული აზრი თითქოს ფულის მასის კლება საერთო ეკონომიკურ სიდუხჭირეს იწვევდეს, იმ თვალსაზრისიდან მომდინარეობს, რომლის თანახმადაც ეკონომიკის ზრდას თითქოს ფული უწყობს ხელს. მაგრამ ეკონომიკა მაშინ იზრდება, როცა თითოეულ სულ მოსახლეზე უფრო მეტი საწარმოო საშუალებაა და არა მაშინ, როდესაც ფულია უფრო მეტი. ამასთან ერთად, ის ეკონომისტები, რომლებიც ფასების საერთო ვარდნას დეპრესიის მნიშვნელოვან წყაროდ განიხილავენ, იმ ფაქტს ვერ ამჩნევენ, რომ ბიზნესისთვის ფასების საერთო მდგომარეობა კი არ არის მთავარი, არამედ ყიდვაგაყიდვის ფასებს შორის სხვაობა.

ფასების საერთო ვარდნა მუდამ დეფლაციის ბრალი არ არის. მაგალითად, მოცემული ფულის მასის შემთხვევაში ფულზე მოთხოვნის ზრდა შესაძლოა ეკონომიკის ზრდისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გამო მოხდეს. ეს, თავის მხრივ, ფასების საერთო ვარდნას გამოიწვევს, რასაც დეფლაციას დაარქმევენ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფასების ვარდნა განა ცუდია? საბაზრო ეკონომიკაში რეალური დოვლათის ზრდით გამოწვეული ფასების ვარდნა ის მექანიზმია, რისი საშუალებითაც დოვლათის წარმოებას მთელი ეკონომიკა იწყებს. ფულის მსყიდველობითი უნარის ზრდის პირობებში ხალხს შეუძლია დიდი რაოდენობის საქონელი და მომსახურება მიიღოს. ასე ვთქვათ, აქ მთავარი მექანიზმის არსი ისაა, რომ ფულის მასა უცვლელი რჩება.

იწვევს ფულის გაქრობა დეპრესიას?

თავის ნაშრომებში მილთონ ფრიდმენი „დიდი დეპრესიის” გამოწვევას ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკას აბრალებს. ფრიდმენის თანახმად, ფედერალურმა რეზერვმა საბანკო სისტემას საკმარისი რეზერვები ვერ მიაწოდა ფულის მასის კრიზისის შესაჩერებლად. ფრიდმენის აზრით, ფედერალური სარეზერვო სისტემის ბრალი ის კი არ არის, რომ ფულის მასის ზრდა გამოიწვია, არამედ ის, რომ ბუმის დაცხრობა დაუშვა. მარი როთბარდი, მართალია, ეთანხმება ფრიდმენს, რომ ფულის მასა მიმოქცევაში მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ასაბუთებს, რომ ეს პროცესი ფედერალური რეზერვის მიერ საბანკო სისტემისადმი ფულის აქტიური მიწოდების მიუხედავად მიმდინარეობდა. ფრიდმენის აზრის საპირისპიროდ, ფულის მასის მკვეთრი კლება იმის გამო კი არ მოხდა, რომ ფედერალურმა რეზერვმა ფულის მასის მიწოდება ვერ შეძლო, არამედ იმის გამო, რომ ცენტრალური ბანკის უპასუხისმგებლო მონეტარული პოლიტიკის შედეგად დანაზოგები შემცირდა.

არსებითად, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაში ფინანსური ფონდები მომავალი პროდუქციის საწარმოებლად არსებული საქონლის ფულადი მასაა. მაგალითად, დავუშვათ, კუნძულზე გარიყული ადამიანი საათში 25 ვაშლს კრეფს. საკრეფი იარაღის დახმარებით მას შეუძლია შედეგი გაზარდოს და საათში 50 ვაშლი მოკრიფოს. იარაღის დამზადებას დრო სჭირდება (მოკრეფის პერიოდის გარდა). მანამ, სანამ ეს ადამიანი იარაღის დამზადებით იქნება დაკავებული, ვაშლის კრეფას ვერ შეძლებს. ამიტომ, ვიდრე ამ საქმეს შეუდგება, ჯერ იმდენი ვაშლი უნდა მოიმარაგოს, რაც იარაღის დამზადების დროს დასჭირდება. მისი ფინანსური ფონდი ამ ხნის მანძილზე საჭირო საარსებო საშუალებაა, ანუ, ამ შემთხვევაში ვაშლის ის რაოდენობა, რაც, მან ამ მიზნით გადაინახა. ამ ფონდის სიდიდეზეა დამოკიდებული რამდენად დახვეწილი წარმოების საშუალების დამზადებას შეძლებს ის. თუ ამ ადამიანს ამ იარაღის დასამზადებლად ერთი წელი სჭირდება, საარსებოდ კი მხოლოდ ერთი თვის სამყოფი ვაშლი აქვს, მაშინ ის იარაღს ვერ დაამზადებს და შრომის ნაყოფიერების ამაღლებასაც ვერ შეძლებს (ეს მაგალითი მოცემულია რიჩარდ ფონ სტრიგლის წიგნში - „კაპიტალი და პროდუქცია”). უფრო რთულ შემთხვევასთან გვექნება საქმე თუ დავუშვებთ, რომ კუნძულზე ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანია, რომლებიც ერთმანეთში ვაჭრობენ და ფულს იყენებენ, მაგრამ აზრი იგივე დარჩება: უფრო ნაყოფიერი, მაგრამ ხანგრძლივი წარმოების დანერგვას დანაზოგების ოდენობა აბრკოლებს.

პრობლემა სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც საბანკო სისტემა ვითარებას ისე წარმოაჩენს, თითქოს სასაქონლო მარაგები იმაზე მეტია, ვიდრე რეალურად არსებობს. როდესაც ცენტრალური ბანკი ფულის მასას ზრდის, ეს დოვლათის დაგროვებას კი არ უწყობს ხელს, არამედ მის მოხმარებას, რასაც საარსებო საშუალებების დეფიციტი მოსდევს. სანამ სასაქონლო მარაგები ჯერ კიდევ ზრდას განაგრძობს, იაფი ფულის პოლიტიკა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ეკონომიკური აქტივობა იზრდება, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, მაშინვე ცხადი გახდება, როგორც კი დაგროვება შეწყდება ან დანაზოგები შემცირებას დაიწყებს. როგორც კი ეს მოხდება, ეკონომიკაში რეცესია დაიწყება. ფულის დამატებითი ემისია დაღმასვლას ვერ შეაჩერებს (რადგან ფული ვაშლს ვერ შეცვლის).

ბანკები, როგორც შუამავლები, რეალური დოვლათის წარმოქმნის პროცესში მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორებია. მათი მეშვეობით ხდება ფონდების, ანუ საარსებო საშუალებების დაგროვება და მომწოდებლებიდან მომხმარებლებზე გადაცემა.

ჩვენ მიერ განხილულ მაგალითში ფულის შემოტანა იმ ფაქტს ვერ შეცვლის, რომ მთავარი მაინც საარსებო საშუალებათა მარაგის არსებობაა. როდესაც დანაზოგის პატრონი ფულს გაასესხებს, ფაქტობრივად მევალეს იმ საქონლის მოხმარების საშუალებას აძლევს, რომელიც მან არ გამოიყენა. მაშასადამე, კრედიტი გულისხმობს, რომ ერთი მეწარმე მეორეს გამოუყენებელ დოვლათს დროებით უთმობს იმ იმედით, რომ მომავალში აინაზღაურებს.

ცენტრალური ბანკის არსებობა და საბანკო დეპოზიტების ნაწილობრივი რეზერვირება კომერციულ ბანკებს ისეთი კრედიტის წარმოშობის საშუალებას აძლევს, რასაც რეალური დანაზოგები არ უმაგრებს ზურგს, ანუ კრედიტი, რომელიც „ჰაერით” არის უზრუნველყოფილი. რაკი ასეთი კრედიტი წარმოიშობა, ის ისეთ შედეგებს იწვევს, რასაც თავისუფალი ბაზარი ვერ ეგუება: ესაა რეალური დოვლათის მოხმარება მისი წარმოების მაგიერ. სანამ მარაგები ჯერ კიდევ იზრდება და ბანკები კრედიტის გაზრდისკენ ისწრაფვიან, მრავალი უყაირათო პროექტი ჩნდება ხოლმე. მაგრამ როდესაც „ჰაერიდან” მოტანილი დაკრედიტების შედეგად არსებული დოვლათის მოხმარების ტემპი მისი წარმოების ტემპს გაასწრებს, რეალური დაგროვება წყდება და დანაზოგები კლებას იწყებს. სხვადასახვა საქმიანობის წარმადობა უარესდება და ბანკების გაუნაღდებელი სესხები იზრდება. ბანკები სესხების უკან დაბრუნებას ითხოვენ, რის გამოც, მიმოქცევაში ნაკლები ფულის მასა რჩება.

ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპრესიას ფულის მასის მიმოქცევის შემცირება კი არ იწვევს, არამედ დანაზოგების შემცირება, რაც “ჰაერიდან” შექმნილი ფულის მიმოქცევიდან ამოღებასაც იწვევს. ამიტომ, თუ დანაზოგები კლებულობს, ცენტრალური ბანკი რაც არ უნდა წარმატებით ებრძოდეს ფულის მიმოქცევიდან ამოღებას, დეპრესიის აღკვეთას იგი მაინც ვერ შეძლებს. ამასთანავე, თუ დანაზოგები კლებულობს, უპასუხისმგებლო მონეტარული პოლიტიკის შედეგად ფასებისა და ინფლაციური მოლოდინის შენარჩუნება რომც მოხერხდეს, ეკონომიკა მაინც ვერ გამოცოცხლდება. გარდა ამისა, სწორედ ცენტრალური ბანკის იაფი ფულის პოლიტიკა და ნაწილობრივი საბანკო რეზერვირება იწვევს რესურსების არასწორ განაწილებას, რაც, თავის მხრივ, დაგროვების პროცესს ანელებს და, ამდენად, დანაზოგის შექმნას აფერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეპრესიის მიზეზი ცენტრალური ბანკის იაფი ფულის პოლიტიკა და საბანკო დეპოზიტების ნაწილობრივი რეზერვირების პრაქტიკაა.

შეიძლება დეფლაცია ერთი ქვეყნიდან მეორეს გადაედოს?

ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ერთ ქვეყანაში არსებული დეფლაცია სხვა ქვეყნებისთვისაც საშიშია. ამტკიცებენ, რომ დეფლაცია ვირუსივით ვრცელდება მთელ დედამიწაზე და, ამიტომ, ეკონომიკის დეფლაციის ვირუსისგან დაცვა ცენტრალური ბანკების ვალია.

მაგრამ ეს თეორია მოძველებულია. მაგალითად, დავუშვათ, A ქვეყანას აქვს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და უცვლელი ფულის მასა. მეორე მხრივ, B ქვეყნის ცენტრალური ბანკის იაფი ფულის პოლიტიკამ რესურსების მეტად არარაციონალური გამოყენება გამოიწვია, რასაც, თავის მხრივ, რეალური დოვლათისა და დანაზოგების შემცირება მოჰყვა. ეკონომიკური საქმიანობის კლებამ ბანკები აიძულა სესხების უკან დაბრუნება მოეთხოვათ, ამან კი, თავის მხრივ, ფულის მასის კლება და საქონლისა და მომსახურების ფასების ვარდნა განაპირობა.

ზემოხსენებული თეორიის თანახმად, B ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების ფასების ვარდნის შედეგად ბიზნესმა შესაძლოა ამ ქვეყნიდან დეფლაციის ექსპორტი მოახდინოს A ქვეყანაში, თუკი მათ დაბალ ფასად შესთავაზებს საქონელს. ამან კი, შესაძლოა, თავის მხრივ, ზეწოლა მოახდინოს საერთო ფასების მაჩვენებელზე A ქვეყანაში, რაც იქ დეფლაციას და დეპრესიას გამოიწვევს.

მაგრამ, როგორც ვნახეთ, დეფლაცია ფასების ვარდნა კი არ არის, არამედ ფულის მასის კლება. ვინაიდან A ქვეყანაში ფულის მასა უცვლელი რჩება, იქ არავითარი დეფლაცია არ წარმოიშობა. გარდა ამისა, რადგან A ქვეყანაში ფულის მასა უცვლელი რჩება, დანაზოგებს არავითარი ზიანი არ მიადგება და, შესაბამისად, არავითარი დეპრესია არ მოხდება. B ქვეყნის მეწარმეები თავიანთ საქონელს დაბალ ფასად გაიტანენ A ქვეყანაში, რითაც ამ ქვეყნის მომხმარებლებს მხოლოდ სარგებლობას მოუტანენ. ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში დეფლაციას ამავე ქვეყნის ცენტრალური ბანკის უპასუხისმგებლო მონეტარული პოლიტიკა იწვევს და სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ვერ იქნება.

ვალი და დეფლაცია

ზოგიერთი ეკონომისტი ირვინგ ფიშერის აზრს იზიარებს და ამტკიცებს, რომ დეფლაცია და მისი მომდევნო დეპრესია ჭარბი დავალიანების შედეგია. ფიშერი ჭარბ დავალიანებას ისეთ ვითარებად განიხილავს, სადაც ვალი განსაკუთრებულია, ანუ სხვა ეკონომიკურ ფაქტორებთან შედარებით გაცილებით დიდია. ის ამტკიცებს, რომ „თუ მოვალეს დიდი სესხი არ აუღია, ნორმალურ პირობებში მას იოლად შეუძლია ამ შეცდომის გამოსწორება და დამატებითი სესხის აღება. მაგრამ თუ ის ძალიან ღრმად არის ჩაფლული ვალებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მან სწორად ვერ განსაზღვრა ვალის გადახდის თარიღი, შესაძლოა, შეცდომის გამოსწორების საშუალება აღარ მიეცეს და ხაფანგში გაებას.”

ფიშერი ამტკიცებს, რომ ვალის ლიკვიდაცია ყველა სახის შოკს შეუძლია მოახდინოს, რასაც, თავის მხრივ, ფულის მასის შემცირება და საქონლის ფასების დაწევა მოჰყვება. ეს მოვლენები კი, თავის მხრივ, დეპრესიას იწვევს. ფიშერის თანახმად, ჭარბ დავალიანებას შემდეგი ცხრა ეტაპი სდევს თან, რაც დეფლაციასა და დეპრესიას უწყობს ხელს:

ვალების ლიკვიდაცია შოკის შედეგად, მაგ., სააქციო ფასების ბუმის დაცხრობით გამოწვეული შოკის შედეგად. ვალების სალიკვიდაციოდ ხალხი იძულებულია ქონება ჩალის ფასად გაყიდოს;

  • ვალების ლიკვიდაცია ფულის მასის კლებას იწვევს და ფულის ბრუნვა მცირდება;

  • ფასები იკლებს;

  • ქონების ღირებულება ეცემა, ვალების ღირებულება კი უცვლელი რჩება. კაპიტალის ღირებულება მცირდება და გაკოტრებისკენ მიდის;

  • მოგება მცირდება და ზარალი იზრდება;

  • წარმოება, ვაჭრობა და დასაქმება მცირდება;

  • ზარალი, გაკოტრება და უმუშევრობა პესიმიზმსა და რწმენის დაკარგვას უწყობს ხელს;

  • ხდება ფულის დაგროვება და ფულის ბრუნვა მცირდება;

  • ნომინალური საპროცენტო განაკვეთი მცირდება და რეალური საპროცენტო განაკვეთი იზრდება.

დეპრესიის მიზეზების ფიშერისეული ახსნა მხოლოდ თეორიას კი არ ეყრდნობა, არამედ ისტორიულ მოვლენებსაც. მაგრამ, მხოლოდ მონაცემები არაფერს ნიშნავს. მიზეზების ახსნა ეკონომიკურ ფაქტად არ განიხილება მანამ, სანამ თეორიულ ჩარჩოებში არ მოექცევა. მიზესისა და როთბარდის თვალსაზრისით, ამა თუ იმ მოვლენათა დაკვირვებები რეალობის უმთავრეს ფაქტებამდე უნდა დავიყვანოთ, რომ მათი არსის დადგენა შევძლოთ. ეს იგივეა, რაც დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებსა და იმ უტყუარ აქსიომებს შორის კავშირის დადგენა, რაც ეკონომიკურ თეორიას უდევს საფუძვლად. მიზესმა და როთბარდმა დედუქციური მეთოდი გამოიყენეს და ამ გზით დაადგინეს, რომ მკვეთრი აწევდაწევის ციკლი და აქედან გამომდინარე ინფლაცია და დეფლაცია თავისუფალი კაპიტალისტური ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი კი არ არის, არამედ ცენტრალური ბანკის ინფლაციური პოლიტიკის შედეგი.

რაკი ფიშერს ჭარბი დავალიანების ნამდვილი მიზეზების დადგენაზე არ უფიქრია, გასაკვირი არ არის მისი მხარდაჭერა იმ მოსაზრებისადმი, რომ დეპრესია იაფი ფულის პოლიტიკას უნდა შეეჩერებინა. უფრო ღრმად რომ დაკვირვებოდა, შეამჩნევდა რომ, როგორც მიზესმა და როთბარდმა დაადგინეს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში ე.წ. საერთო ჭარბი დავალიანება არ ხდება, რადგან საერთო ჭარბი დავალიანება გულისხმობს, რომ მევალეთა უმრავლესობა ეკონომიკურ მდგომარეობას სწორად ვერ აფასებს. მიზესის და როთბარდის თანახმად, ეს შეიძლება მხოლოდ ცენტრალური ბანკის იაფი ფულის პოლიტიკამ გამოიწვიოს, რის შედეგადაც ბიზნესმენები ერთიანად მცდარ ბიზნესგადაწყვეტილებებს იღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭარბი დავალიანება არ არის იმ არასტაბილურობის მთავარი მიზეზი, რაც ეკონომიკურ კრიზისს იწვევს.

ფიშერის თანახმად, დეპრესიის სიმწვავეს ვალის ოდენობა განსაზღვრავს. ამგვარად, მან შეამჩნია, რომ 1929 წლის ოქტომბერში სააქციო ბაზრის კრახის შედეგად გამოწვეულმა დეპრესიამ უფრო დიდი გავლენა მოახდინა რეალურ ხარჯვაზე, ვიდრე 1929 წლის დეფლაციამ, რადგან ნომინალური ვალი 1929 წელს უფრო დიდი იყო. მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რეგრესის სიმძაფრეს ვალის სიდიდე კი არ განაპირობებს, არამედ ცენტრალური ბანკის უპასუხისმგებლო მონეტარული პოლიტიკის ინტენსივობის ხარისხი. ცენტრალური ბანკის იაფი ფულის პოლიტიკა რესურსების არარაციონალურ ხარჯვას და დანაზოგების გამოფიტვას იწვევს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა ჭარბ დავალიანებაში გამოიხატოს. ამგვარად, დეპრესიის გამომწვევ მთავარ ფაქტორად ვალის ოდენობის მიჩნევა იგივეა, რომ მაღალი ტემპერატურა თერმომეტრს დავაბრალოთ.

გვასწავლა ჭკუა დიდმა დეპრესიამ ?

დღეს გავრცელებულია მოსაზრება, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და ხელმძღვანელმა ორგანოებმა საკმაოდ კარგად იციან, როგორ აიცილონ თავიდან მწვავე ეკონომიკური კრიზისი. ზოგს მიაჩნია, რომ რაკი ცენტრალურ ბანკს ფასების სტაბილიზაცია შეუძლია, ეკონომიკას არაფერი ემუქრება. გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ 1930-იან წლებში, ოქროს სტანდარტის გამო, ცენტრალურ ბანკებს დიდი დეპრესიის თავიდან ასაცილებლად საჭირო მოქნილობა აკლდათ. მაგრამ ახლა ცენტრალურ ბანკებს ეს პრობლემა არ აქვთ. თუ პერსპექტივების შექმნა მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას მოითხოვს და მეტს არაფერს, მაშინ რატომ განიცდის მრავალი ქვეყანა მწვავე ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ახლა ხომ ყველა ცენტრალურ ბანკს შეუძლია „მოქნილი” მონეტარული პოლიტიკის გატარება.

როგორც ჩანს, კეინზის მიბაძვით ბევრმა ეკონომისტმა დაიჯერა, რომ ფულს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა შეუძლია. ეს თეორია დაახლოებით ასე ჟღერს: მეტი ფული მეტ მოთხოვნას წარმოშობს საქონელზე, რაც, თავის მხრივ, საქონლისა და მომსახურების მიწოდებას გაზრდის და ეკონომიკაც თავისით აყვავდება. ავიწყდებათ, რომ მეტი ფული ეკონომიკას კი არ გააძლიერებს, არამედ მხოლოდ დაასუსტებს. პოლიტიკოსებს და ცენტრალური ბანკის მმართველებს მოუქნელი ოქროს სტანდარტი არ მოსწონთ, მაგამ ახლა სწორედ ეს სჭირდება მსოფლიო ეკონომიკას, მათ შორის შეერთებული შტატების ეკონომიკასაც, რომ აღორძინდეს.

დაუჯერებელია, მაგრამ შეერთებული შტატების ეკონომიკა ძალიან დაუბალანსებელია. ამის მიზეზი შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ხანგრძლივად წარმოებული იაფი ფულის უპასუხისმგებლო მონეტარული პოლიტიკაა. ფედერალური ფონდების დონე, რომელიც 1980 წლის აპრილში 17 პროცენტს შეადგენდა, ახლა 5 პროცენტამდე ჩამოვიდა. ერთ ხანს, კერძოდ 1992 წელს, ის 3 პროცენტს შეადგენდა. ფულის მასა M3, რომელიც 1980 წლისთვის 1224 მილიარდი დოლარი იყო, 1999 წლისთვის 6152 მილიარდი დოლარი გახდა. ათი წლის მანძილზე ის 200 პროცენტმდე გაიზარდა. ფულის მასის ზრდის მეორე უდიდესი მაჩვენებელი შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ვალია, რომელიც 1980 წლის პირველ კვარტალში 117 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 1999 წლის პირველ კვარტალში კი 465 მილიარდ დოლარამდე ავიდა, ანუ 300 პროცენტით აიწია. ცხადია, ფულის მასის აშკარა ზრდამ და, მასთან ერთად, საპროცენტო განაკვეთის ხელოვნურმა დაწევამ რესურსების მასიური არარაციონალური ხარჯვა გამოიწვია, რამაც თანდათან მწვავე ეკონომიკური კრიზისის სახით მიაღწია კულმინაციას. რესურსების არარაციონალური ხარჯვის ინტენსივობა კიდევ უფრო გაძლიერდა 1980იანი წლების დასაწყისის ფინანსური ჩაურევლობის პოლიტიკის შედეგად, რაც მიზნად ისახავდა ფინანსური სისტემის გათავისუფლებას ცენტრალური ბანკის ზედმეტი კონტროლისგან. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ფინანსური ბაზრის გათავისუფლება ეკონომიკის იშვიათი რესურსების უფრო ეფექტიანი განაწილების საშუალებას იძლევა და ამით ადამიანის კეთილდღეობის ზრდას უწყობს ხელს. ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ მთავრობების მიერ კონტროლირებადი მონეტარული სისტემა უფრო მეტ არასტაბილურობას განაპრობებს. მაგრამ „გათავისუფლებულმა” სისტემამ მეტი სტაბილურობის ნაცვლად მეტი შოკი გამოიწვია.

1980-იან წლებში ფინანსური ჩაურევლობის პოლიტიკის შედეგად ცენტრალური ბანკის ზედამხედველური უფლებები შემცირდა. ცენტრალური ბანკის მხრიდან კონტროლის შესუსტებამ ფინანსურ სექტორში უფრო მეტ კონკურენციას მისცა ბიძგი, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ნაწილობრივი საბანკო რეზერვებით შეუზღუდავი კრედიტისა და „ჰაერიდან” მოტანილი ფულის წარმოშობას, „ჰაერიდან” მოსული ფული კი შემოქმედებითმა მეწარმეებმა სხვადასხვა ფინანსურ პროდუქციად აქციეს, რამაც ფულის უფრო ფართო მასშტაბით მიმოფანტვა გამოიწვია.

ფინანსური ჩაურევლობის პოლიტიკის მარცხი თითქოსდა ადასტურებს ჩარევის მომხრეთა და თავისუფალი ბაზრის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებას, რომ რეალობა ბაზრის მკაცრ ზედამხედველობას მოითხოვს. მაგრამ, გვავიწყდება, რომ ყველა ამ რეფორმას, ანუ ფინანსური ჩაურევლობის პოლიტიკას, არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტად თავისუფალ ბაზართან, რადგან, როგორც მიზესი ამტკიცებს, ჭეშმარიტად თავისუფალ ბაზარზე ვერანაირი ქაღალდის ფული ვერ იარსებებს სასაქონლო ფულისგან, ოქროსგან დამოუკიდებლად, რომელიც ფულად თვითონ ბაზარმა აირჩია. ამასთან ერთად, თავისუფალ ბაზარზე ცენტრალური ბანკისთვის ადგილი არ მოიძებნება.

იაპონიის და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკის უეცარმა კრიზისმა ეჭვქვეშ დააყენა ცენტრალური ბანკებისა და სამთავრობო პოლიტიკის პოტენციალი. მიუხედავად ამისა, ეკონომისტთა უმრავლესობა მხარს უჭერს ცენტრალური ბანკების აუცილებლობას. ისინი ძალიან კრიტიკულად უყურებენ ავსტრიული ეკონომიკური სკოლის იმ თვალსაზრისს, რომ ეკონომიკური დეპრესიიის საუკეთესო მკურნალი მთავრობისა და ცენტრალური ბანკების ჩაურევლობის პოლიტიკაა. მაგალითად, გამომცემლობა „ბარონის” ეკონომიკის განყოფილების რედაქტორთან ჯინ ეფშტეინთან ინტერვიუში მილთონ ფრიდმენმა თქვა, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად იაპონიამ ფული უნდა მიაწოდოს აზიას. ინტერვიუს დროს მილთონ ფრიდმენმა ძლიერი შეშფოთება გამოხატა ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ჩაურევლობის პოლიტიკის შესახებ. ანალოგიურად, კეინზი თავის ნაწერებში აკრიტიკებდა და „ეგრეთ წოდებულ ეკონომისტებად” მოიხსენიებდა მათ, ვინც 1930იანი წლების დიდ დეპრესიასთან მიმართებაში ჩაურევლობის პოლიტიკას უჭერდა მხარს.

ამგვარად, მოსალოდნელია, მსოფლიო ფინანსური ბაზრის ქაოსური მდგომარეობა კვლავ გაუარესდეს, თუკი ვალუტის როლის შესრულება ოქროს არ დაეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი ეკონომიკური კლიმატის პირობებში ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს, ნათელი სხივი მაინც ჩანს. ეს ნათელი სხივი იმ ფაქტის გაცნობიერებაა, რომ ახლანდელ ქაოსურ მონეტარულ სისტემაში ერთადერთი ძლიერი ალტერნატივა ჭეშმარიტად თავისუფალი ბაზარია.

9 იაპონური სასწაული

▲ზევით დაბრუნება


ჯეფრი ჰერბნერი
გროუვის კოლეჯის პროფესორი და ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

თარგმნა ბაბილინა ახობაძემ
გამოქვეყნდა 1999 წელს

1943 წელს ჯონ მეინარდ კეინზი აცხადებდა - „ცენტრალური ბანკის საკრედიტო ექსპანსია სასწაულებს ახდენს, ქვას პურად აქცევსო”.

ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ იაპონიის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა ძალების აღდგენა სცადეს და მეოცე საუკუნის უკანასკნელი კეინზისეული ექსპერიმენტი ჩაატარეს. სამწუხაროდ, ეს ექსპერიმენტი მარცხით დამთავრდა. არა მარტო იაპონიის ისტორია, არამედ მთელი XX საუკუნის ეკონომიკური ისტორია მოწმობს, რომ კეინზის მიერ დაპირებული სასწაული სიყალბე აღმოჩნდა. მან ცხოვრების მაღალი სტანდარტები კი არა, კრიზისი და დეპრესია მოიტანა.

ეკონომიკურ ზრდას რეალური კაპიტალის დაგროვება სჭირდება, ანუ კაპიტალის ფართო სტრუქტურის შექმნა დანაზოგებითა და ინვესტიციებით. ცენტრალური ბანკის ფულადი ინფლაციის ყალბი სასწაული მხოლოდ ციკლურ რყევებს განაპირობებს. თავიდან საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. საპროცენტო განაკვეთი მცირდება, კაპიტალის ღირებულება იზრდება, მეწარმეები კაპიტალური ინფრასტრუქტურის შექმნით მოგებას იღებენ. მაგრამ კაპიტალის სრულყოფილი ინფრასტრუქტურის შექმნა ვერ ხერხდება, რადგან რეალური დანაზოგების საკმარისი რაოდენობა არ არსებობს. ეკონომიკური აღმასვლა სიყალბეზე, კერძოდ, ხელოვნურად დაწეულ საპროცენტო განაკვეთზეა აგებული. როგორც კი სიყალბე გამოაშკარავდება, ეკონომიკური აღმავლობა წყდება და დაღმასვლა იწყება.

ბოლო 150 წლის მანძილზე იაპონიამ ორი სასწაული იხილა: ბაზრის ნამდვილი სასწაული და სახელმწიფოს მიერ პროვოცირებული ფსევდოსასწაული. დასავლეთთან საერთაშორისო ვაჭრობა 1850-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. 1868 წელს რეფორმატორმა მთავრობამ ძველი ფეოდალური სისტემა კერძო საკუთრების უფლების, თავისუფალი ვაჭრობის, მეწარმეობისა და გადაადგილების თავისუფლების დაშვებით შეავიწროვა. 1880-იან წლებში იაპონიამ სახელმწიფო საწარმოთა უმეტესობა კერძო სექტორს მიჰყიდა, რის შემდეგაც მისი ეკონომიკა სწრაფად ჩაერთო შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. მომჭირნე იაპონელებმა საკუთარი დანაზოგებით დიდძალი კაპიტალი დააგროვეს. რეალური ზრდის საპირისპიროდ, მთავრობამ ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სუბსიდირება მოახდინა, ბანკი და მძიმე მრეწველობა კარტელებში გააერთიანა და ცენტრალური ბანკი დააარსა. მოკლედ, იაპონია დიდი ბრიტანეთის მერკანტილისტურ სისტემას ბაძავადა, რაც რეგიონული იმპერიის შექმით დასრულდა. ბრიტანეთის მსგავსად, იაპონიის იმპერიაც შრომის საერთაშორისო დანაწილებას ეყრდნობოდა და ეს ურთიერთობები მის აზიელ მეზობლებზე, მათ შორის მანჯურიაზე, ფორმოზასა და კორეაზე ვრცელდებოდა. მაგრამ იაპონიის სახელმწიფო ვალი და ფულადი ინფლაცია სამხედრო მიზნებს ხმარდებოდა. ამგვარად, პირველ მსოფლიო ომამდე იაპონიის დიდ სამრეწველო ძალად ჩამოყალიბება ნაწილობრივ რეალური ეკონომიკური ზრდის, ნაწილობრივ სახელმწიფოს მშენებლობის და ნაწილობრივ ციკლური რყევების შედეგი იყო.

პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის მსგავსად, იაპონიის ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლი მისმა პოლიტიკურმა ნეიტრალიტეტმა შეასრულა. მას შემდეგ, რაც ყოფილი სავაჭრო პარტნიორები ერთმანეთთან ომში ჩაებნენ, იაპონიის სავაჭრო ურთიერთოებები აზიის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ომის დროს, ამერიკის მსგავსად, იაპონიაც ინფლაციას ახორციელებდა, რაც მზარდი სავაჭრო მოგების შედეგად დაგროვებულ ოქროს უზარმაზარ მარაგს ეყრდნობოდა. ინფლაციური აღმასვლა 1920 წლამდე გაგრძელდა, რასაც დეფლაციური კრიზისი მოჰყვა. უმძლავრეს მიწისძვრას ინფლაციის მეორე ტალღა მოჰყვა, რაც იაპონიის ბანკის მიერ აღდგენითი სამუშაოების ხარჯების დაფინანსებით იყო გამოწვეული. 1927 წელს, როდესაც ოქროს დიდი ოდენობით გადინებამ დეფლაციური კრიზისი გამოიწვია, ეკონომიკური აღმასვლა დასრულდა და თანმდევი დეპრესია 1931 წლამდე გაგრძელდა. იმ დროს, როდესაც დასავლეთში დიდი დეპრესია იკრებდა ძალებს, იაპონიამ სამთავრობო ხარჯების ზრდის, ვალების დაგროვებისა და ფულადი ინფლაციის მორიგი რაუნდი დაიწყო. ამჯერად სახელმწიფო ექსპანსია არმიისა და ფლოტის აგებას ემსახურებოდა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ქვეყანაში ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადასვლა ცენტრალიზებისა და პოლიტიკური კონტროლის გამკაცრებას გულისხმობდა. იაპონიისთვის ეს 1930-იან წლებში წამოწყებული სამხედრო წარმოების მოდერნიზაციის ბუნებრივი გაგრძელება იყო, რაც ამ დარგში ისეთივე კარტელის შექმნით დამთავრდა, როგორც მანამდე ეს მძიმე მრეწველობასა და საბანკო საქმეში მოხდა. ომის დროს იაპონიის საბანკო სისტემა კიდევ უფრო მეტად დაექვემდებარა ცენტრალური ბანკის კონტროლს და იაპონიის სამრეწველო ბანკი სამხედრო წარმოების ფინანსურ აგენტად იქცა.

ამგვარად, იაპონიის ეკონომიკა მთლიან სამხედრო მექანიზმად გარდაიქმნა და, როდესაც ომი დამთავრდა, მას სამომხმარებლო საქონლის წარმოების უნარი აღარ შესწევდა. სამწუხაროდ, ომის შემდგომი პერიოდის იაპონიის ოკუპაციური ხელისუფლება ხელს უშლიდა ეკონომიკის სამშვიდობო პროდუქციის გამოშვებაზე გადასვლას. ხელისუფლებამ მაღალი, პრაქტიკულად სადამსჯელო გადასახადები დააწესა, ხოლო პროფკავშირებმა კარტელები დაშალა და მიწის კონფისკაცია მოახდინა. უფრო მეტიც, 1945-49 წლებში ამერიკამ უცხოური დახმარების სახით 1,6 მილიარდი დოლარი გამოუყო იაპონიას, რამაც იაპონიის ბანკს ომის დასასრულისთვის ისედაც უზომოდ გაბერილი ფულის მასის კიდევ უფრო მეტად გაზრდის საშუალება მისცა. ჰიპერინფლაციის შედეგად 1946 წლის აპრილიდან 1949 წლის მარტამდე საბითუმო საქონლის ფასები ცამეტჯერ გაიზარდა. სამრეწველო წარმოებამ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური რეორგანიზაცია ვეღარ შეძლო და 1948 წელს 1937 წლის წარმოების მხოლოდ 40 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩა ომამდელ დონეს.

1949 წელს იაპონია ამერიკის მიერ კონტროლირებად ახალ საერთაშორისო სისტემაში ჩაება. ბრეტონვუდსის ფულადსაკრედიტო სისტემამ იენიდოლარის გაცვლის კურსი 360:1 დააფიქსირა და საკრედიტო ექსპანსიის საერთაშორისო დონეზე განსახორციელებლად იაპონიის ბანკს იენის ინფლაციის დონის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განხორციელებული დოლარის ინფლაციასთან კოორდინირება მოსთხოვა. ცივმა ომმა იაპონიის სამხედრო საშუალებებზე მოთხოვნა წარმოშვა. ამერიკული სამხედრო დანიშნულების მატერიალურტექნიკური მომარაგების შედეგად მისი სამხედრო მექანიზმი კვლავ გამოცოცხლდა და, საბოლოოდ, 1951 წელს სამრეწველო წარმოებამ ომამდელ დონეს გადააჭარბა. იაპონიის მთავრობა საიმედო მოკავშირე აღმოჩნდა და 1952 წლის გაზაფხულზე სუვერენიტეტი აღიდგინა.

1953 წელს ოკუპაციური ხელისუფლების რეფორმები გაუქმდა. პროფკავშირები შესუსტდა, გადასახადები შემცირდა, კარტელებმა რეფორმა განიცადა და ცენტრალიზებული დაგეგმვა გაძლიერდა. იაპონიის განვითარების ბანკში, ექსპორტიმპორტის ბანკსა და სატრასტო ფონდის ბიუროში, რომელიც საფოსტოშემნახველ ანგარიშებს ზედამხედველობდა, სახელმწიფო ისე მკაცრად აკონტროლებდა კრედიტებს, როგორც არასდროს. ძალაში მხოლოდ მიწის რეფორმა დარჩა. მოკლედ, იაპონიამ იენის რეგიონნული სავაჭრო ბლოკის გარდა, ომამდელი მერკანტილისტური ეკონომიკური სისტემა მთლიანად აღადგინა. ამგვარი მიდგომა არ წარმოადგენდა ჩაურევლობის პოლიტიკის რეცეპტს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ნამდვილი სასწაულის მოსახდენად.

იაპონია 1950-იან და 1960-იან წლებში ამერიკულ სისტემაში ისევე იყო ჩართული, როგორც ინდონეზია 1980-იან და 1990-იან წლებში. ამერიკული დოლარების შემოდინებამ და იაპონიის მთავრობის მიერ საფოსტოშემნახველ ანგარიშებზე თავმოყრილი ფონდების გამოყენებამ, ამ ორი დეკადის განმავლობაში საშუალო წლიური მშპ P9,6 პროცენტამდე გაზარდა, 1925-39 წლების 4,6 პროცენტთან შედარებით თითქმის ორჯერ.

მაგრამ ეს ძალისხმევა ძირითადად მთავრობის და არა მომხმარებლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად წარიმართა. სამხედრო პროდუქციის წარმოება და ინფრასტრუქტურის მშენებლობა მომხმარებლების ხარჯზე დაფინანსდა. საგარეო ვაჭრობამ ომამდელთან შედარებით განსხვავებული პრიორიტეტები შეიძინა და იაპონიის მთავარი პარტნიორი ექსპორტშიც და იმპორტშიც ამერიკა გახდა. იაპონიამ, რომელმაც შრომის რეგიონთაშორის დანაწილებაში თავისი ადგილი დაკარგა, შიდა წარმოების ხელოვნური გაფართოება დაიწყო. იაპონიის მთავრობამ იაფი იმპორტული ნედლეულის ნაცვლად, რომელსაც ადრე მანჯურიიდან იღებდა, ძვირადღირებული სინთეტური შემცვლელების წარმოებაზე გამოყო სუბსიდიები. საკვების იაფფასიანი იმპორტი შემცირდა, სამაგიეროდ, ხელოვნურად შექმნილმა სოფლის მეურნეობის სექტორმა ძვირადღირებული პროდუქციის წარმოება გააფართოვა. ფოლადის, ელექტროხელსაწყოების, ავტომობილების წარმოებასა და გემთმშენებლობაზე დიდი სუბსიდიები გამოიყო.

ამავე დროს, ომის შემდგომი ეკონომიკური სასწაული ნაწილობრივ სიყალბე იყო. ამერიკელთა სამხედრო მატერიალურტექნიკური მომარაგება კორეის ომისთვის 3,4 მილიონ დოლარამდე დაჯდა და 1950-იანი წლების დასაწყისში შიდა ბაზარზე ეკონომიკური აღმასვლა გამოიწვია. ომის დროს მშპ წელიწადში 12,1 პროცენტით იზრდებოდა. მაგრამ იაპონიის ბანკმა იენის ზეინფლაცია განახორციელა, რამაც რეზერვების გამოცარიელება გამოიწვია. ბრეტონვუდსის სისტემის ფიქსირებული სავალუტო გაცვლის კურსის პირობებში მისი შეჩერება მხოლოდ დეფლაციით იყო შესაძლებელი. 1954 წელს ხანმოკლე კრიზისი დაიწყო, რასაც 1955 წელს ისევ აღმასვლა მოჰყვა. იგივე განმეორდა 1958 წელსაც. იაპონიის ბანკის ფულადი ინფლაციით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა 1959-61 წლებში მშპს 15 პროცენტიან ყოველწლიურ მატებაში გამოიხატა და 1961 წელს ოქროს მარაგის ამოწურვით დასრულდა. 1962 წელს ხანმოკლე კრიზისი დაიწყო, რომელსაც 1963-64 წლებში ისევ აღმასვლა მოჰყვა და 1965 წელს კრიზისით დასრულდა. მომდევნო ხუთ წელს მშპ წელიწადში 10 პროცენტზე მეტით იზრდებოდა.

გარდაუვალი რყევების მიუხედავად, იაპონიის ბანკმა, ბრეტონვუდსის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, იენის ინფლაციის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დოლარის ინფლაციის კურსთან კოორდინირება მოახერხა და იენდოლარის გაცვლის კურსი უცვლელი დარჩა - 360:1. მაგრამ გაცვლის კურსის სტაბილურობისთვის იენის უფრო სწრაფი ინფლაცია იყო საჭირო, ვიდრე დოლარის. 1960-იან წლებში იაპონიის ეკონომიკამ ამერიკასთან შედარებით სამჯერ გააფართოვა წარმოება, რაც ამერიკის 6,4 პროცენტის საპირისპიროდ წელიწადში 19 პროცენტს შეადგენდა. 1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან და 1970იანი წლების დასაწყისში იენის ინფლაცია წელიწადში 18,8 პროცენტს შეადგენდა და გაცვლის იმავე კურსს ინარჩუნებდა დოლართან მიმართებაში, რომლის ინფლაციაც წელიწადში მხოლოდ 5,4 პროცენტს შეადგენდა.

1971 წელს, როდესაც ბრეტონვუდსის სისტემა დაიშალა, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დოლარის ინფლაცია, რომელიც 1970 წელს 4,4 პროცენტს შეადგენდა, გაასამმაგა და 12,1 პროცენტმდე ასწია. „იაპონიის ბანკი” მორჩილად დაჰყვა მას ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ ამას იენის ინფლაცია მნიშვნელოვნად არ აუჩქარებია. მიუხედავად ამისა, 1971-73 წლებში მიმოქცევაში არსებული იენის მასა წელიწადში 22,4 პროცენტით იზრდებოდა. 1971-74 წლებში დოლართან მიმართებაში იენი 20 პროცენტით გაძვირდა. 1973-74 წლებში ფასების ინფლაციამ იფეთქა, რამაც შესაბამისად სამომხმარებლო ფასების 11,7 და 23,1 პროცენტიანი ზრდა გამოიწვია. საკრედიტო ექსპანსიით გამოწვეულ აღმასვლას მწვავე კრიზისი მოჰყვა.

ამ მარცხის შემდეგ იაპონიამ გაცილებით დამოუკიდებელი სავალუტო პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. თანდათან იაპონიის ბანკმა იენის ინფლაციის დონე იმ ზომამდე შეამცირა, რომ 1977 წელს ის დოლარის ინფლაციის დონეზე დაბალი იყო. მაგრამ ამას კიდევ ერთი საკრედიტო ექსპანსია მოჰყვა: მომდევნო ორი წლის მანძილზე იენის წლიურმა ინფლაციამ 11 პროცენტი შეადგინა, ხოლო „იაპონიის ბანკის” დისკონტის განაკვეთმა 1978 წელს 3,5 პროცენტამდე დაიწია, მაშინ როდესაც ის 1977 წელს 4,25 პროცენტს შეადგენდა. 1980 წელს ფასების ინფლაციამ მნიშვნელოვნად მოიმატა. საბითუმო ფასები 17,8 პროცენტით გაიზარდა, რამაც „იაპონიის ბანკი” აიძულა 1980 წელს დისკონტის დონე 7,25 პროცენტამდე, ანუ ორჯერ და უფრო მეტად გაეზარდა. ამის გამო, საპროცენტო განაკვეთები სწრაფად გაიზარდა, რამაც საკრედიტო ექსპანსიას ზღვარი დაუდო და ეკონომიკაში რეცესია დაიწყო.

რაც არ უნდა ითქვას, ომის შემდგომი იაპონური სასწაული 1970 წელს დასრულდა. 1971-79 წლებში მშპს საშუალო წლიუწლიური ზრდა 4,6 პროცენტი იყო, 1980-90 წლებში კი მხოლოდ 4,1 პროცენტი.

იაპონიამ დოლარის სავალუტო პოლიტიკის ორიენტირად გამოყენებაზე უარი თქვა და 1980-იან წლებში იენის სავაჭრო ბლოკის აღდგენა სცადა, ოღონდ აღმოსავლეთ და სამხრეთაღმოსავლეთ აზიური ალიანსი ჩრდილო აზიური ალიანსით შეცვალა. 1980-იანი წლების პირველ ნახევარში მან მიზანს ვერ მიაღწია, რადგან საერთაშორისო მოთხოვნა დოლარზე უფრო მეტი იყო ვიდრე იენზე. მიუხედავად იმისა, რომ “იაპონიის ბანკმა” იენის ინფლაციის დონე დოლარის ინფლაციის დონეზე ქვემოთ დასწია, იენი დოლართან მიმართებაში 24 პროცენტით გაუფასურდა. 1981-84 წლებში სამომხმარებლო საქონლის ფასები წელიწადში 2,7 პროცენტით იზრდებოდა.

მაგრამ, 1985 წელს ახალი სტრატეგია ამოქმედდა, როდესაც „პლაზას შეთანხმების” საფუძველზე, რომლის მიხედვითაც წამყვანი სამრეწველო ქვეყნები იენის გაძლიერებასა და დოლარის დასუსტებაზე შეთანხმდნენ, იენის რეგიონთაშორის სავალუტო ინფლაციასა და საკრედიტო ექსპანსიას მეტი სივრცე მიეცა. ყოველწლიურად „იაპონიის ბანკი” იენის 10,5 პროცენტიან ინფლაციას ახორციელებდა, რის გამოც დისკონტის დონემ, რომელიც 1985 წელს 5 პროცენტს შეადგენდა, 1987 წელს 2,5 პროცენტამდე დაიწია. პირდაპირი ინვესტიციების გზით იაპონიამ სამხრეთაღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ კორეაში საკრედიტო ექსპანსიის ექსპორტი მოახდინა. აზიაში იაპონიის ექსპორტიმპორტის ბანკი საინვესტიციო და სავაჭრო საქმიანობაზე გაცემული სასესხო გარანტიებით საგანგებოდ ახორციელებდა მასიურ იაპონურ ინვესტიციებს. ამ აჟიოტაჟის დასასრულს იაპონია მსოფლიოს უმსხვილესი კრედიტორი იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მსოფლიოს უდიდეს ბანკებსა და უმსხვილესი კაპიტალის მქონე საფონდო ბირჟას ფლობდა.

მიუხედავად მასიური ინფლაციისა, 1985 წლის დასაწყისიდან 1988 წლის დასასრულამდე იენი დოლართან მიმართებაში 50 პროცენტით გაძვირდა და სამომხმარებლო საქონლის ფასები იაპონიაში წელიწადში მხოლოდ 0,5 პროცენტით გაიზარდა, საბითუმო საქონლის ფასები კი წელიწადში 4,5 პროცენტით შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, იენზე მზარდმა მოთხოვნამ სავალუტო ინფლაცია შთანთქა. მაგრამ იენის ზეობა ხანმოკლე აღმოჩნდა. 1988-89 წლებში იენზე მოთხოვნა შეწყდა, რამაც დოლართან მიმართებაში მისი 16 პროცენტიანი დევალვაცია და შიდა ფასების ინფლაციის ზრდა გამოიწვია. „იაპონიის ბანკმა” სავალუტო მუხრუჭები აამუშავა და ფულადი ინფლაცია მკვეთრად შეამცირა. თუ 1990 წელს ინფლაციის დონე 12,1 პროცენტს შეადგენდა, 1991 წელს 4,1 პროცენტამდე ჩამოვიდა, 1992 წელს კი 1,2 პროცენტამდე. დისკონტის დონე 1988 წელს 2,5 პროცენტი იყო, 1990 წელს კი 6 პროცენტამდე აიწია. საკრედიტო ექსპანსიის დასასრულს საპროცენტო განაკვეთი გაორმაგდა და იენის ინფლაციიის შედეგად 198993 წლებში იენდოლარის 22 პროცენტიანი გაცვლის კურსი გაიზარდა.

თავის დროზე, ბრეტონვუდსის შეთანხმების კრახის შედეგად, ამერიკამ აღმოაჩინა, რომ: საერთაშორისო საკრედიტო ექსპანსია მანამდე გრძელდება, სანამ ფასების ინფლაცია ფულზე მოთხოვნილების ზრდას შეესაბამება. იაპონიაშიც სწორედ ასე მოხდა. ამერიკული დოლარი ხელახლა გაბატონდა კანადაში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში, აგრეთვე, აზიაში და აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, რამაც იაპონიას იენის სავაჭრო ბლოკის აღდგენაში შეუშალა ხელი. მსოფლიო სარეზერვო ვალუტასთან შედარებით იენს ნაკლები შესაძლებლობა გააჩნდა, ამიტომ, იენზე აგებული საკრედიტო ექსპანსია 1990 წელს კრახით დასრულდა.

იაპონია კრიზისიდან გამოსვლას კეინზის რეკომენდაციებით შეეცადა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ ჩიხში სწორედ მისი რეკომენდაციების წყალობით აღმოჩნდა.

1990 წლის შემდეგ იაპონიამ 888 მილიარდი დოლარის ღირებულების ცხრა სახის მასტიმულირებელი საშუალება მოსინჯა. ცხრავე სხვადასხვა ფორმის და ზომის იყო, მაგრამ მთავრობის ხარჯები და სესხები, დახმარებები და რეფლაცია ყველას ერთნაირად ახასიათებდა. უარესი ის იყო, რომ 1989 წლის შემდეგ გადასახადები რამდენჯერმე გაიზარდა. თუ 1965 წელს მთავრობას მშპ-ს 18 პროცენტი მიჰქონდა, ამჯერად გადასახადები უკვე მშპს 30 პროცენტს ასცდა. ამ ტენდენციის უკუსაქცევად 1998 წელს გადასახადები ოდნავ შეამცირეს, მაგრამ თუნდაც დიდად შეემცირებინათ, სამთავრობო ხარჯების შეკვეცის გარეშე მხოლოდ მინიმალური შედეგი ექნებოდა. დეპრესია მანამდე გრძელდება, სანამ არასწორი ინვესტიციების ზრდის ლიკვიდაცია და კაპიტალის ბუნებრივი სტრუქტურის აღდგენა არ მოხდება მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად. ფისკალური ხარჯები ლიკვიდაციას და გაჯანსაღებას აფერხებს, რადგან მთავრობის ხარჯები მუდამ წარმოების არსებული სტრუქტურის დახმარებას და სუბსიდირებას ითვალისწინებს.

მზრადი ხარჯების გამო იაპონიის ეროვნული ვალი სწრაფად გაიზარდა. ასეთმა პოლიტიკამ კიდევ უფრო დაასუსტა ისედაც დარღვეული საკრედიტო ბაზარი. ახლა იაპონიის ვალი მისი მშპს 100 პროცენტზე მეტია, 1993 წელს კი 60 პროცენტს შეადგენდა. 1999 წელს იაპონია ქვეყნის მთელი სამრეწველო შემოსავლის 90 პროცენტის ღირებულების ახალ ობლიგაციებს გამოუშვებს, რაც დაახლოებით 352 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთლიანად 1999 წელს გამოშვებული ობლიგაციები 517 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იაპონიას მსოფლიოში უდიდეს სასესხო ვალდებულებას აკისრებს. მზარდი სასესხო დატვირთვის გამო სარეიტინგო სააგენტო „მუდიზინვესტორ-სერვისმა” ამა წლის აპრილში იაპონიის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ჩამოაქვეითა, ისევე, როგორც გასულ წელს საუკეთესო იაპონური ბანკების და კორპორაციების საკრედიტო რეიტინგი.

კეინზის პროგნოზების მიუხედავად, მთავრობის დიდი ოდენობის სესხმა ეკონომიკა ვერ გამოაცოცხლა და ვერც კერძო სექტორს შეუმსუბუქა ვალი. 1998 წელს მშპ 28 პროცენტით შემცირდა. ამა წლის მარტის ხარჯთაღრიცხვით, კერძო ბიზნესის უიმედო ვალები 720 მილიარდი დოლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც, მიუხედავად ჩამოწერისა, წინა წლისაზე მხოლოდ 0,7 პროცენტით ნაკლებს შეადგენდა. 1998 წლის აგვისტოში იაპონურ ბანკებს 600 მილიარდი დოლარი აშკარა უიმედო ვალებად ერიცხებოდათ და 625 მილიარდი დოლარი - დეფოლტის ჩვეულებრივზე მაღალი რისკის სესხებად. 1998 წლის ივლისში ბანკებს 1,56 ტრილიონი დოლარი ისევ უძრავი ქონების სესხის სახით ერიცხებოდა, რომლის უმეტესი ნაწილი ნახევრად დამთავრებული სასტუმროების, მიტოვებული გოლფის მოედნების და ნახევრად დანგრეული საიჯარო ქონების სახით იყო გაცემული დეველოპერებზე იმ დროს, როდესაც უძრავი ქონების ფასები 1991 წლიდან 1998 წლამდე 80 პროცენტით შემცირდა. იაპონიის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ბანკების სახით ისევ დიდი ინვესტიციებია ჩადებული, მაგრამ ნიკეის ინდექსმა 1991 წლიდან 1998 წლამდე 64 პროცენტით დაიწია.

ფინანსური კრახის გამო მთავრობამ დახმარების ფონდები შექმნა. 1998 წლის ბოლოს 514 მილიარდ დოლარიანი დახმარების ფონდი შეიქმნა. ეს ფონდები „დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციას” ზოგიერთი ბანკის სააქციო წილის შეძენასა და წარუმატებელი ბანკების ნაციონალიზაციაში, რეკონსტრუქციასა და ლიკვიდაციაში ეხმარება. თუ ბანკებს მთავრობასთან პარტნიორობა სურთ, სახელფასო თანხები უნდა შეკვეცონ, საზღვარგარეთის საწარმოები შეამცირონ და უიმედო ვალები ჩამოწერონ. მიუხედავად ამისა, იაპონიის საუკეთესო ბანკები დახმარების მიმღებთა რიგში ჩადგნენ. შესაძლოა მათ უკეთესი ბედი ეწიათ (ან შესაძლოა პირიქით მოხდა), ვიდრე „გრძელვადიანი კრედიტების ბანკსა” და „ნიპონის საკრედიტო ბანკს”, რომელთა ნაციონალიზაციაც 1998 წლის ბოლოს განხორციელდა.

დახმარებები კორპორაციებზეც ვრცელდებოდა. 1998 წლის ნოემბერში „ნისანმოტორსმა” სახელმწიფოკონტროლირებადი „იაპონიის განვითარების ბანკიდან” 833 მილიონი დოლარი სესხი მოითხოვა, ხოლო „მცირე ბიზნესის საფინანსო კორპორაციამ“ მცირე ბიზნესის სესხები 1997 წელს 15 პროცენტით გაზარდა, 1998 წელს კი 11 პროცენტით, რამაც 8,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მთავრობამ დახმარებების გაცემა თავის კორპორაციებზე სამხრეთაღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ კორეაშიც სცადა, რომლებიც ეკონომიკური აღმასვლის პერიოდში წამოიჩიტნენ. ჯერ კიდევ 1997 წელს ინდონეზიაში გადაუხდელი უცხოური კორპორაციული ვალების 38 პროცენტი იაპონურ ბანკებს ეკუთვნოდა, რაც 58,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ტაილანდში იაპონური ბანკები 37,5 მილიარდი დოლარის ვალის მფლობელები იყვნენ იმ დროს, როდესაც ამერიკული ბანკები მხოლოდ 5 მილიარდ დოლარს ფლობდნენ. სამხრეთ კორეის საწარმოებმა იაპონიის ბანკებიდან 25 მილიარდი დოლარი ისესხეს. ამის გამო, იაპონიამ ტაილანდის, ინდონეზიის და სამხრეთ კორეის კორპორაციების საბანკო სესხების უზრუნველსაყოფად 20 მილიარდი დოლარი დახმარება გამოყო.

1990-იან წლებში იაპონიის ბანკმა რეფლაცია სცადა. დისკონტის დონემ, რომელიც 1991 წელს 6 პროცენტს შეადგენდა, 1997 წელს 0,5 პროცენტამდე დაიწია. მაგრამ ბანკებმა უარი თქვეს კრედიტის გაზრდაზე და, ამის ნაცვლად, ახალი თანხები უბრალოდ რეზერვებად შეინახეს უიმედო ვალების უზრუნველსაყოფად. რაკი იაპონიის ბანკმა საშინაო საკრედიტო ექსპანსია ვერ მოახერხა, საზღვარგარეთ იაპონური საბანკო კრედიტის გაზრდა იენის გაყიდვით სცადა. ინვესტორებმა დაბალ პროცენტად ისესხეს იენი და დოლარსა და სხვა ვალუტაში გადაცვალეს, რითაც საზღვარგარეთ მომგებიანი აქტივები შეიძინეს. ამან იენის ზეწოლა შეასუსტა და სტრატეგია მომგებიანი გამოდგა. იენით ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობდა 1995 წლის შუა ხანებიდან 1998 წლის შუა ხანებამდე, როდესაც იენის კურსმა დოლართან მიმართებაში 83 პროცენტით დაიწია, მაგრამ 1998 წლის ივლისში იენის კურსმა ისევ აწევა დაიწყო, რასაც შედეგად ზარალი მოჰყვა და ვაჭრობა შეწყდა. კრედიტების სამწლიანი დიდი ექსპანსიის შემდეგ მისმა ასეთმა უეცარმა შეჩერებამ აზიაში ფინანსური კრიზისი გაამწვავა. აზიის ფინანსურმა კრიზისმა იაპონური ბანკები კიდევ უფრო მეტი უიმედო საგარეო ვალებით დაამძიმა. ამის გამო, 1998 წლის პირველ კვარტალში მათ უცხოური სესხები 244,3 მილიარდი დოლარით, ანუ 12 პროცენტით შეამცირეს. ეს შემცირება იმ დაღმავალი ტენდენციის დასასრული იყო, რომლის დროსაც ოდესაღაც გაბატონებულ იაპონურ ბანკებს გლობალური ბაზრის იგივე წილი დარჩათ, რაც 1980იან წლებში ჰქონდათ.

ასეთ არაჯანსაღ ვითარებაში ბანკებს უნარი არ შესწევთ, რომ ფინანსური შუამავლის ფუნქციები შეასრულონ. ნებისმიერი დამატებითი რეზერვი, რასაც ისინი შეიძენენ, კრედიტების გაზრდის ნაცვლად უიმედო ვალების გადასახდელად უნდა გამოიყენონ. 1995-1998 წლებში ბანკების ჩამოწერილმა უიმედო ვალებმა 300 მილიარდი დოლარი შეადგინა იმ დროს, როდესაც მათ 1997 წლის სექტემბრიდან 1998 წლის სექტემბრამდე 2,7 პროცენტით შეამცირეს სესხები. 1997 წლის მაისიდან 1998 წლის მაისამდე კი — 5,4 პროცენტით. ამიტომ, ფულადი ბაზრის უჩვეულო ზრდამ (10 პროცენტიანი ზრდა 1997 წლის შუა ხანებიდან 1998 წლის შუა ხანებამდე) ნაკლები გავლენა მოახდინა ფართო ფულად აგრეგატებზე, რაც მხოლოდ 3,5 პროცენტით გაიზარდა. კეინზიანელებს ტყუილად მიაჩნდათ, რომ იაპონიის ბანკის დასუსტება ლიკვიდურობას შეაჩერებდა. რეფლაციამ რომ საკრედიტო ექსპანსია ვერ მოახდინა, იმის გამო კი არ მოხდა, რომ ინვესტორებმა ფული დააგროვეს, რადგან საპროცენტო განაკვეთების ზრდას მოელიან, არამედ იმის გამო, რომ ბანკებს უზარმაზარი უიმედო ვალები აქვთ, რაც აიძულებთ კრედიტების გაზრდის ნაცვლად ნაღდი ფული შეინახონ. ამასთან ერთად, ინვესტიციების განხორციელებაში ბიზნესმენებს ცხოველი ინტერესის ნაკლებობა კი არ უშლით ხელს, არამედ მძიმე ვალები, ტვირთად აკიდებული ჭარბი, არასწორი კაპიტალდაბანდებები და კაპიტალური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის გაურკვეველი ბედი.

ყოველ შემთხვევაში, 1997 წელს „იაპონიის ბანკი” უკვე იმ კურსს მიჰყვებოდა, რაც მოგვიანებით, 1998 წლის შუა ხანებში, პოლ კრუგმანმაც ურჩიათ, ის ახლად ემიტირებული იენით, ბანკების გვერდის ავლით, უშუალოდ კერძო მფლობელებისგან იძენდა ობლიგაციებს. 1997 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის ოქტომბრამდე იაპონიის ბანკის მფლობელობაში არსებული კომერციული ქაღალდების ფასი ნულიდან 117 მილიარდ დოლარამდე ავიდა. დღეს „იაპონიის ბანკი” კომერციული ქაღალდების უდიდესი მფლობელია იაპონიაში - ის მთელი მარაგის ერთ მესამედს ფლობს. ფინანსთა სამინისტრომ და იაპონიის ბანკმა სახელმწიფო ობლიგაციებიც უშუალოდ კერძო მფლობელებისგან შეიძინეს, რაც ახლა იაპონიის ობლიგაციების 2,22 ტრილიონ დოლარიანი ბაზრის 53 პროცენტს შეადგენს, მაგრამ ბანკები მაინც პარალიზებულია და ეკონომიკა ისევ გაჩერებული.

ამას გარდა, ფრთხილმა მეანაბრეებმა თავიანთი თანხები ბანკებიდან საფოსტო დანაზოგების სისტემაში გადაიტანეს, რამაც მთავრობას ბანკების მოტყუების უფრო დიდი შესაძლებლობა მისცა. ბოლო წლებში ამ სისტემაში არსებული ფონდები წელიწადში 9 პროცენტით იზრდებოდა და დღეს მთავრობა 2 ტრილიონ დოლარს აკონტროლებს, რაც ბანკებში არსებულ მთელ დანაზოგებზე მეტი და იაპონიაში არსებული მთელი დანაზოგების ერთი მესამედია. გასაკვირი არ არის, რომ ბიუროკრატებმა ფონდები გაფლანგეს. მაგალითად, 1997 წელს მთავრობამ 5,3 მილიარდი დოლარი ტოკიოს ყურეში მაღალტექნოლოგიური გვირაბის მშენებლობაზე გადაისროლა, რომელიც, მთავრობისავე ხარჯთაღრიცხვით, 2038 წლამდე ზარალზე იქნება. ზარალიანი საწარმოების აგება დეპრესიის საშველი ვერ იქნება.

მთავრობის ხარჯები, დახმარებები და რეფლაცია მხოლოდ ეკონომიკური გამოცოცხლების დროს წარმოებული არასწორი ინვესტიციების მხარდაჭერას ემსახურება და კაპიტალური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის შეფერხებას იწვევს, არადა, საბაზრო ეკონომიკაში კაპიტალური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია გარდაუვალია, რადგან ის მომხმარებლის დაკმაყოფილებას ემსახურება. არასწორი ინვესტიციების სალიკვიდაციოდ ბაზარი ისეთ საშუალებებს იყენებს, როგორიც არის, მაგალითად, გაკოტრება, გაერთიანება, შესყიდვები, რესტრუქტურიზაცია და დეფლაცია. ბოლო ორი წლის მანძილზე ამ საშუალებებიდან ზოგიერთი გაიზარდა. 1998 წელს თვეში საშუალოდ 1600 შემთხვევა დაფიქსირდა, 1999 წელს კი შერწყმაშეძენამაც იმატა. აპრილის თვეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების მიერ შემოღებული ანტიტრასტული კანონმდებლობით დიდი ხნით შეჩერებული ჰოლდინგი კომპანიები აღდგა. 1998 წლის დასასრულს უცხოურ და იაპონურ ბანკებს შორის ალიანსი შედგა. შერწყმა ძირითადად მცირე და რეგიონულ ბანკებს შორის მოხდა, რომლებსაც დახმარების ფონდთან ხელი არ მიუწვდებოდათ, მაგრამ ბოლო თვეს მეგაგაერთიანებაც გამოცხადდა, რომელმაც სამი დიდი იაპონური ბანკი 1,3 ტრილიონი დოლარის აქტივების მქონე მსოფლიო დონის კონცერნად გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მათი შერწყმისთვის სუბსიდია გამოყო 8,7 მილიარდი დოლარის ზარალის აღმოსაფხვრელად, რომელიც სამივე ბანკმა გასული წლის მარტის ბოლომდე განიცადა, ახალ ბანკს ძირეული რესტრუქტურიზაცია და მუშახელის 17 პროცენტით შემცირება სჭირდება.

დაქირავებული თანამშრომლების დასათხოვნად რესტრუქტურიზაციის სხვა გეგმებიც არსებობს. კომპანიამ „NEC electric Co.” ამა წლის თებერვალში 11 600 მუშა დაითხოვა. საერთოდ, იაპონიაში 1998 წელს 480 000 სამუშაო ადგილი შემცირდა. ამასთან ერთად, მთელ იაპონიაში მუშებს იძულებულს ხდიან „საკუთარი სურვილით” ვადაზე ადრე გავიდნენ პენსიაზე ან კომპენსაციების შემცირებას დათანხმდნენ. შესაძლოა, მაგალითად, ასაკოვან მოხელეს შეშის დაჭრა დაავალონ.

ეკონომიკური გამოცოცხლების დროს, კაპიტალის მსგავსად, მუშახელიც არასწორად ნაწილდება და რეცესიის დროს ისევ ხელახლა უნდა გადანაწილდეს. კაპიტალი შედარებით სპეციფიკურია, მუშახელი კი არასპეციფიკური, ამიტომ, უფრო იოლად ეგუება სხვა სახის სამუშაოს. იაპონიაში ჭარბწარმოებამ 30 პროცენტს მიაღწია. განსაკუთრებით მწვავედ ისეთ სფეროებში იჩინა თავი, როგორიც არის ფოლადის წარმოება, ლითონდამუშავება, მშენებლობა, ავტომობილები, ნავთობი, სადაც აღმასვლის დროს არასწორი ინვესტიციების კონცენტრაცია მოხდა.

სამაგიეროდ, უმუშევრობა 1980-იანი წლების 2,5 პროცენტთან შედარებით მხოლოდ 4,9 პროცენტით გაიზარდა. იაპონური შრომის ბაზრის ელასტიურობა საბაზრო კომპენსაციის მოქნილობაზეა დამოკიდებული. პროფკავშირებს იმდენი ძალა არ შესწევს, რომ ბიზნესის ზარალის დროს ხელფასების შენარჩუნება შეძლოს, განსაკუთრებით, საშუალო და მცირე საწარმოებში. მართალია, ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილებას უმუშევრობისას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ მთავრობის მიერ იმ კომპანიებისთვის გამოყოფილი „დასაქმების დარეგულირების სუბსიდიები”, რომლებიც მუშებს „საჩვენებლად” უნარჩუნებენ ხელფასებს, უმუშევრობის სურათს ალამაზებს და ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებლებს ამახინჯებს. ბანკისა და ბიზნესის დახმარებების მსგავსად, ეს სუბსიდიები წარმოების რეორგანიზაციას აფერხებს და დეპრესიას ახანგრძლივებს.

მიუხედავად იმისა, უმუშევრობის მაჩვენებლები დამახინჯებულია თუ არა, იაპონიის გამოცდილება აშკარად გვიჩვენებს, რომ დეპრესიის კეინზისეული ახსნა მცდარია. მაგალითად, კრუგმენი ამტკიცებს, რომ დეპრესია მაშინ იჩენს თავს, როდესაც საფონდო ბირჟა კრახს განიცდის და მოხმარება იკლებს. ეს კი წარმოებას ამცირებს და უმუშევრობას იწვევს, რის გამოც შემოსავალი მცირდება და მოხმარება კიდევ უფრო იკლებს და ა.შ. მაგრამ იაპონელ მუშებს უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების შემცირება არ უნახავთ.

მცირე მოხმარებისა და ჭარბი დანაზოგების შესახებ კეინზისეული მოსაზრებების საპირისპიროდ, ბოლო ათწლეულების მანძილზე იაპონიაში დანაზოგების დონე კლებულობს, ასე იყო დეპრესიის დროსაც. წმინდა ოჯახური დანაზოგი 1997 წელს 13 პროცენტი იყო, 1998 წელს - 12,2 პროცენტი და მიმდინარე წელს კი - 11,5 პროცენტი.

მართალია, იაპონიის მთავრობა ზოგიერთ საბაზრო ძალებს თითქოსდა სრული მოქმედების უფლებას აძლევს, მაგრამ დეფლაციაზე ის მტკიცედ აცხადებს უარს. „იაპონიის ბანკი“ ამაოდ ცდილობს რეინფლაციას ბანკების მოტყუების გზით, რაც მთავრობის სიმტკიცეზე მიუთითებს. თუმცა, ეს პოლიტიკაც კეინზისეული ეკონომიკის ბუნდოვან ლოგიკაზეა აგებული, რომლის თანახმადაც, ფასების კლებას მთლიანი მოთხოვნის კლება იწვევს. და, როდესაც ფასების დაწევა არ ხერხდება, ზარალი წარმოიშობა, რაც წარმოების შემცირებას და უმუშევრობას იწვევს. მაგრამ დეპრესიის დროს ფულის დეფლაცია და კრედიტების შემცირება ეკონომიკური გამოცოცხლების დროს განხორციელებული არასწორი ინვესტიციების აუცილებელი ფინანსური ასპექტებია, რასაც ფულის დეფლაცია და საკრედიტო ექსპანსია იწვევს. ეკონომიკური რყევების ეპიცენტრი საბანკო სისტემაა. ვინაიდან არასწორი ინვესტიციებიც და არასწორი განაწილებაც ფულადი ინფლაციისა და საკრედიტო ექსპანსიის შედეგად დარღვეული მომგებიანობის პოლიტიკას მოსდევს, ფულადი დეფლაციისა და კრედიტის შემცირებით გამოწვეული ფასების კლება არასწორი ინვესტიციების და ხელახალი გადანაწილების გზით მოგებისა და ზარალის კორექტირებას ახდენს. ცენტრალური ბანკი ცდილობს ზარალი რეფლაციით გადაფაროს, რაც ხელს უშლის რეალიზაციას, ბანკების მუშაობის პარალიზებას იწვევს და სხვა ბაზრების სალიკვიდაციო ძალების მიმართ მთავრობის მოდუნებული ყურადღების დროს უარყოფითად მუშაობს.

დეფლაციის დროს საერთო მოთხოვნილების შემცირება კი არ იწვევს ზარალს, როგორც კეინზი მიიჩნევს, არამედ კონკრეტულ მოთხოვნილებათა, კონკრეტული საქონლის მომხმარებელთა და კონკრეტული წარმოების საშუალებების მეწარმეთა შეუსაბამობა წარმოების არსებულ ფასებთან წარმოების ისეთ სტრუქტურაში, სადაც არასწორი ინვესტიციები და არასწორი განაწილება ჭარბობს. ფასების კლებით გამოწვეული ზარალი ფასების ზრდის დაწყებისას მიღებული იმ უზარმაზარი მოგების საპირისპირო პროცესია, რომელიც მუშახელის ხელში კი არ გროვდება, არამედ კაპიტალის მფლობელთა ხელში, რადგან ყველა სახის წარმოებაში წარმოების საშუალებების ფასები შედარებით უფრო მცირდება (მიწის ფასები ნაკლებად) ვიდრე ხელფასები. სამომხმარებლო საქონელზე ფასები რომც იკლებდეს, საბაზრო ეკონომიკაში მოგების მიღების ან შენარჩუნების მიზნით წარმოების ღირებულება მცირდება. თუ მთავრობა კაპიტალის, მიწის და მუშახელის ფასებს გაზრდის, მაშინ ზარალი გაიყინება, გაჩნდება უქმი საწარმოები, უმუშევრობა, შეფერხდება ლიკვიდაცია და გადანაწილება.

მიუხედავად დეფლაციასთან დაკავშირებული მითქმამოთქმისა, იაპონიის ბანკი მილთონ ფრიდმენის რჩევას მიჰყვა და ფულის მარაგი იმდენად გაზარდა, რამდენიც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ფასები არც გაზრდილიყო და არც შემცირებულიყო. 1991-98 წლებში იენის მარაგი წელიწადში 2,8 პროცენტით იზრდებოდა და სამომხმარებლო ფასის ინდექსი სტაბილური იყო. 1997 წლის დეკემბერში, როდესაც ფრიდმენმა ფულის ინფლაციის გაზრდა მოითხოვა, „იაპონიის ბანკი” უკვე ზრდიდა ფულის მასას, რომელიც 1994 წლიდან წელიწადში 3 პროცენტით იზრდებოდა, 1997 წელს 5 პროცენტით გაიზარდა და 1998 წელს 4 პროცენტით, რის შედეგადაც 1997 წელს მშპ 0,5 პროცენტით შემცირდა, 1998 წელს კვლავ 2,8 პროცენტით შემცირდა, მაგრამ 1996 წელს ფულის ინფლაციის უფრო ნაკლები კურსის ფონზე 5,4 პროცენტით გაიზარდა, 1995 წელს კი 2,5 პროცენტით. ამასთან ერთად, „იაპონიის ბანკის” 1990-იანი წლების პირველმა რეფლაციამ 1990 წლის დასაწყისიდან 1993 წლის დასასრულამდე სამომხმარებლო საქონლის ყოველწლიური 2,4 პროცენტიანი ზრდა გამოიწვია, რაც 1985 წლის დასაწყისიდან 1988 წლის დასასრულამდე დაფიქსირებული ეკონომიკური გამოცოცხლების ფასების ინფლაციასთან შედარებით სამჯერ მეტია. 1990იანი წლების დასაწყისში საბითუმო ფასები წელიწადში 0,8 პროცენტით მცირდებოდა იმ დროს, როდესაც 1980-იანი წლების დასასრულს წელიწადში 3,75 პროცენტით იკლებდა. თუ ამერიკის 1920-იანი წლების გამოცდილება არ კმარა, იაპონიის 1980იანი წლები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ფასების სტაბილური მაჩვენებლები ფასების ზრდისა და კლების ციკლისთვის პანაცეას არ წარმოადგენს.

იმედი ვიქონიოთ, რომ იაპონიის კრიზისის გამოცდილება მაგალითად გამოგვადგება. ლუდვიგ ფონ მიზესი ჯერ კიდევ 1912 წელს ამბობდა: ცენტრალური ბანკის სავალუტო ინფლაციისა და საკრედიტო ექსპანსიის კეინზისეული სასწაული სიყალბეა და მას კრიზისი და დეპრესია მოსდევსო.

10 ეკონომიკური თავისუფლება და ხალხთა კეთილდღეობა

▲ზევით დაბრუნება


ანდრეი ილარიონოვი
აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში მდებარე კატონის სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და რუსეთში, ქ. მოსკოვში მდებარე ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის დამფუძნებული და დირექტორი. რუსეთის პრეზიდენტის (ვლადიმერ პუტინის) მრჩევლი ეკონომიკურ საკითხებში 2000-2005 წლებში

თარგმნა ნინო გორგაძემ
გამოქვეყნდა 2000 წელს

როდესაც ქვეყანაში ბევრი აკრძალვაა, მოსახლეობა ღარიბდება. როდესაც მატულობს კანონები და ბრძანებები, იზრდება ქურდებისა და ყაჩაღების რიცხვი”.

ლაოძი, დაო დე ძინი, V საუკუნე ძვ..აღ.

საუკუნეებისა და ათასწლეულების, ასევე უმაღლესი თანამდებობის პირთა ცვლილება ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კარგი მიზეზია გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკური განვითარების წინასწარი შედეგების შეჯამებისთვის, მისი გარკვეული კანონზომიერების განსაზღვრისა და ეკონომიკური პოლიტიკისთვის შესაძლო რეკომენდაციების ფორმულირებისთვის.

XIX - XX საუკუნეებში მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები და რუსეთი

დროის მონაკვეთი 1820 წლიდან დღემდე (1998 წელი. რედ. შენიშვნა), წარმოადგენს პერიოდს, რომლის ანალიზი შესაძლებელია, რადგანაც არსებობს იმ ეპოქის უმსხვილესი და ყველაზე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის სტატისტიკურად რამდენადმე მისაღები შეფასებები. შუალედურ თარიღს ამ ორ წელს შორის წარმოადგენს 1913 წელი, რომელიც თითქმის თანაბრადაა დაშორებული ორივე თარიღიდან და საანალიზო პერიოდს ორ ძირითად ქვეპერიოდად ყოფს, რომლებიც დაახლოებით ემთხვევა XIX და XX საუკუნეების დროით საზღვრებს - 1820-1913 და 1913-1998 წლები. კოორდინატთა სისტემას, რომელშიც შესაძლებელია აღნიშნულ პერიოდსა და ქვეპერიოდებში რუსეთის ეკონომიკური განვითარების ანალიზი, მსოფლიო ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს (ცხრ. 1 და 2).

გასული ორი საუკუნე მანამდე არნახული ეკონომიკური ზრდის პერიოდი იყო. მთლიანობაში, 1820-1998 წლებში მსოფლიოს ჯამური მშპ 831 მილიარდიდან 36836 მილიარდ დოლარამდე, ანუ 44-ზე მეტჯერ გაიზარდა 1993 წლის ფასებით.

XX საუკუნეში ეკონომიკური ზრდის ტემპმა შესამჩნევად მოიმატა. თუ პერიოდისთვის, რომელიც ასე თუ ისე ემთხვევა XIX საუკუნის საზღვრებს (1820-1913 წლები), მსოფლიო მშპ 3,5-ჯერ გაიზარდა, პირობითად „ეკონომიკურ“ XX საუკუნედ წოდებულ პერიოდში კი (1913-1998 წლები) - 12,5ჯერ, საშუალო წლიურ ტემპებზე გადათვლით, ეკონომიკური ზრდა XX საუკუნეში, წინა საუკუნესთან შედარებით, დაახლოებით 2,2-ჯერ (1,37 პროცენტდან 3,02 პროცენტმდე) აჩქარდა.

მსოფლიოს მშპ ზრდის ძირითადი ფაქტორი გახდა მსოფლიო მოსახლეობის და ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მშპ ერთდროული ზრდა (რაც გარკვეული გამარტივების შემდეგ შეიძლება ინტერპრეტირდეს, როგორც მაჩვენებელი, რომელიც მოწმობს მსოფლიოში შრომის მწარმოებლურობის ზრდას). XX საუკუნეში ორივე ფაქტორის ზრდა უფრო მეტი იყო ვიდრე XIX საუკუნეში: მოსახლეობის რაოდენობა 2,6-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა (საშუალო წლიური ნამეტის ტემპები შესაბამისად - 0,55 და 1,44%25), მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 1,9-ჯერ (0,82 და 1,56%25 შესაბამისად). თუ მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 5,6ჯერ გაიზარდა (1დან 6 მილიარდ ადამიანამდე), მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8-ჯერ გაიზარდა (778-დან 6189 დოლარამდე, 1993 წლის ფასებში).

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა უთანაბროდ ვითარდებოდა. კუმულაციური ზრდის მასშტაბები (ან საშუალო წლიური მატების ტემპები) პერიოდების მიხედვით ამ მაჩვენებლების მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობის მქონე ქვეყნებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვნად განსხვავდება.

იმ 50 ქვეყანას შორის, რომლებზეც შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები მოიპოვება, ირლანდიის ეკონომიკა სხვებზე ნელა იზრდებოდა - 1820 - 1998 წლებში მისი მასშტაბები მხოლოდ 14,4-ჯერ გაიზარდა. XIX საუკუნეში მსგავსი სიტუაცია ჩინეთში იყო (გაიზარდა მხოლოდ 42 პროცენტით), ხოლო XX საუკუნეში რუსეთის ეკონომიკა 4,2-ჯერ გაიზარდა. XX საუკუნეში ზრდის რეკორდსმენი იყო ტაივანი (მშპ გაიზარდა 133-ჯერ), ხოლო როგორც XIX, ისე XX საუკუნეში — ავსტრალია (მშპ ზრდა, შესაბამისად, თითქმის 494-ჯერ და 6833-ჯერ). ამ პერიოდებში ავსტრალია ლიდერობდა ასევე მოსახლეობის ზრდის ტემპებითაც (შესაბამისად 146-ჯერ და 568-ჯერ), თუმცა XX საუკუნეში პირველი განა იყო (მოსახლეობა გაიზარდა 9,2-ჯერ). სხვებზე ნელა აღნიშნულ პერიოდსა და მის ორივე ქვეპერიოდში ირლანდიის მოსახლეობა იზრდებოდა. სინამდვილეში, მისი მოსახლეობა არ იზრდებოდა: ასწლეულზე მეტ ხანში - 1845-1960 წლებში მოსახლეობის რაოდენობა თანმიმდევრულად კლებულობდა (4,9 მილიონიდან - 2,8 მილიონ ადამიანამდე) და მცირედი მატება მხოლოდ XX საუკუნის ბოლო ოთხ ათწლეულში დაიწყო.

რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მშპს დონეს, „რეკორდსმენები“ XIX საუკუნეში კანადა (გაიზარდა 4,4-ჯერ), XX საუკუნეში ტაივანი (20,8-ჯერ), ორივე საუკუნეში კი იაპონია (26,8-ჯერ) იყვნენ. ყველაზე ნელა XIX და ორივე საუკუნეში მშპ სულ მოსახლეზე ბანგლადეშში იზრდებოდა (XIX ს. - 9 პროცენტით, ორივე საუკუნეში - 2,3-ჯერ). XX საუკუნეში ამ მაჩვენებლით „ლიდერობა“ კუბას გადაეცა: 1913-1998 წლებში მშპ სულ მოსახლეზე მხოლოდ 31 პროცენტით გაიზარდა.

მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ფონზე რუსეთის დინამიკა საკმაოდ არათანაბარია. XIX საუკუნეში მისი აბსოლუტური მასშტაბები საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და რუსეთის ეკონომიკის შეფარდებითი მნიშვნელობა მსოფლიოს მშპსთან მიმართებით დაახლოებით 5დან 9,3 პროცენტმდე გაიზარდა 1913 წლისთვის, ხოლო 2,6-დან 4,9 პროცენტამდე 1998 წლისთვის. მაგრამ XX საუკუნეში რუსეთის მშპ აბსოლუტური ზრდისას (მუდმივ ფასებში 143 მილიარდიდან 600 მილიარდ დოლარამდე), მისი წილი მსოფლიოს მშპში სამჯერ (4,86-დან 1,63 პროცენტამდე) შემცირდა. როგორია XXს-ში რუსეთის აშკარა „ეკონომიკური ჩავარდნის” მიზეზები XIX საუკენეში მის „ეკონომიკურ წარმატებასთან” შედარებით?

როგორც 1 და მე-2 ცხრილების მონაცემებიდან ჩანს, XIX საუკუნეში რუსეთის, ერთი შეხედვით, სავსებით წარმატებულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადამწყვეტი გავლენა მისი მოსახლეობის სწრაფ ზრდას ჰქონდა და გაცილებით ნაკლები - ეროვნული შრომის მწარმოებლურობის ზრდას. მსოფლიო მოსახლეობაში რუსეთის წილის

ცხრილი 1. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების
ძირითადი მაჩვენებლები XIX-XX საუკუნეებში

მაჩვენებლები/წლები

1820

1913

1998

მშპ, მილიარდი აშშ
დოლარი 1993 წლის ფასებში

სულ მსოფლიო

831

2941

36836

რუსეთი 1913 წლის
პერიოდის ფარგლებში

41

274

რუსეთი 1998 წლის
პერიოდის ფარგლებში

22

143

600

%25 მთელი მსოფლიოს
მაჩვენებლებისგან:

რუსეთი 1913 წლის
პერიოდის ფარგლებში

4.98

9.32

რუსეთი 1998 წლის
პერიოდის ფარგლებში

2.6

4.86

4.86

მოსახლეობა, მლნ.
ადამიანი

მსოფლიოს საშუალო
მაჩვენებელი

778

1660

16606189

რუსეთი

864

1605

4081

რუსეთის %25, მსოფლიოს
საშუალო დონიდან

111

96.7

65.9

წყარო: Maddison A. Monitoring
the World Economy 1820-1992.
OECD, Paris, 1995mSp

გაორმაგებამ ნაწილობრივი კომპენსირება მოახდინა ეროვნული წარმოების 111-დან 97 პროცენტმდე შემცირებით მსოფლიოს საშუალო დონესთან შედარებით. მაგრამ XX საუკუნეში მოსახლეობის წილი მსოფლიო მოსახლეობაში ორჯერ და მეტად შემცირდა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში მშპს საშუალო დონის მიახლოებული მაჩვენებლიდან, მის 2/3-მდე შემცირდა. თუ 1913 წელს სულზე წარმოებული მშპ-ით რუსეთი 23-ე ადგილს იკავებდა მსოფლიოში, 1999 წელს იგი 101 ადგილზე ჩამოვიდა.

XIX საუკუნეში მშპ საშუალო წლიური ნამეტი რუსეთში დაახლოებით ერთნახევარჯერ მეტი იყო ვიდრე მსოფლიო ეკონომიკაში საშუალოდ, ხოლო XX საუკუნეში ეს მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ ნაკლები იყო. 1913-1998 წლებში მშპ ზრდა რუსეთში იყო ყველაზე ნელი იმ 50 ქვეყანას შორის, რომელთა შესახებაც სტატისტიკური მონაცემები მოიპოვება. გარკვეულწილად ასეთი იმედგამაცრუებელი შედეგები, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია 90იანი წლების ბოლოს ღრმა და ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისთან. გარდა ამისა, 80-90იანი წლების ზღვრამდეც, რუსეთის (და ყოფილი საბჭოთა კავშირის) ეკონომიკური განვითარების ტემპები იყო საკმაოდ დაბალი ვიდრე მსოფლიო ეკონომიკისა მთლიანობაში. რატომ?

ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური ზრდა

ხალხთა მიერ მიღწეული სიმდიდრის დონის და, ასევე, მისი ზრდის ტემპების მიზეზი კეთილდღეობის არსებული თეორიების მიხედვით არის:

  • ხელსაყრელი გეოგრაფიულ მდებარეობა;

  • კარგი კლიმატი;

  • ბუნებრივი რესურსების არსებობა/არარსებობა;

  • მოსახლეობის რაოდენობა (როგორც მცირე, ასევე დიდი რაოდენობა);

  • ფიზიკური კაპიტალი და მისი დაგროვება (დანაზოგი და ინვესტიცია);

  • ადამიანური კაპიტალი (მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება), ასევე მისი დაგროვების ტემპები;

  • მოსახლეობის კულტურული, მორალური და რელიგიური ფასეულობები;

  • სამეცნიეროტექნიკური პროგრესი;

  • ეკონომიკური განვითარების დონე და სტადია;

  • საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა;

  • საგარეო ექსპლუატაციისადმი მიდრეკილება (ან გარე დახმარების მიღება);

  • საბაზრო სტიქიის „მეცნიერული მართვა” და ბევრი სხვა.

კეთილდღეობის ყოველი თეორია თავისებურად საინტერესოა. მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ წარმოადგინა საკუთარი სისწორის დამაჯერებელი მტკიცებულება. ყოველ მაგალითზე, რომელიც თითქოსდა დამაჯერებლად ამტკიცებს შემოთავაზებულ ჰიპოთეზას, ყოველთვის მოიძებნება სხვა - მისი არანაკლებ დამაჯერებლად უარმყოფი. სტატისტიკური ანალიზიც კი არ აჩვენებდა ამ ფაქტორებს და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას შორის მდგრად კავშირებს. ამრიგად, XIX-XX საუკუნეების უდიდეს ნაწილში ეკონომიკურ მეცნიერებასა და საზოგადოებრივ აზრში გაბატონებულ ტრადიციულ ეკონომიკურ თეორიებს არ გააჩნია უნარი, თანამედროვე ეკონომიკური ზრდის დამაკმაყოფილებელი ახსნა შემოგვთავაზოს.

ამის ახსნა მოგვცა ეკონომიკურმა ლიბერალიზმმა. ჯერ კიდევ ადამ სმითის კლასიკურ ნაშრომში „ხალხთა სიმდიდრის ბუნების შესახებ” დასახელებული იყო ქვეყნების და მათი მოსახლეობის აყვავების ძირითადი პირობები: კარგი კანონები, გადასახადები, რომლებიც მძიმე ტვირთად არ აწვება მოსახლეობას და მშვიდობა - სამეურნეო საქმიანობის თავისუფლების კანონიკური განსაზღვრების ძირითადი კომპონენტებია. იქვე იყო ფორმულირებული ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი წესი: რაც უფრო ნაკლებად ერევა სახელმწიფო ეკონომიკურ საქმიანობაში, მით უფრო უკეთესია ეკონომიკისთვის. თუმცაღა თავის თეორიულ წარმოდგენასა და პრაქტიკულ საქმიანობაში თავად ა. სმითი ყოველთვის არ იყო Laissezfaire სისტემის თანამიმდევრული მომხრე, როგორც ამაზე ტრადიციულად მოარული აზრი მოგვითხრობს.

შემდგომი ორზე მეტი საუკუნის განმავლობაში არცთუ ისე ცოტა მკვლევარმა შეიტანა თავისი წვლილი ეკონომიკური ლიბერალიზმის განვითარებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ავსტრიული, ჩიკაგოსა და ფრაიბურგის სკოლების წარმომადგენლებმა. კერძოდ, „ავსტრიელები” (კ. მენგერი, ფ. ფონ ბემბავერკი, ფ. ფონ ვიზერი, ლ. ფონ მიზესი, ფ. ფონ ჰაიეკი, გ. ხაბერლერი, ფ. მახლუპი, მ. როთბარდი, ლ. ლახმანი), „ჩიკაგოელები” (ფ. ნაითი, ჯ. ვინერი, გ. საიმონსი, მ. ფრიდმენი, ჯ. სტიგლერი, რ. კოუზი, ჯ. ბიუკენენი, გ. ბეიკერი, ა. ხაბერლერი, ა. ალჩიანი), ნეოლიბერალები ფრაიბურგის უნივერსიტეტიდან (ა. რიუსტოვი, ვ. როპკე, ვ. ოიკენი, ლ. ერხარდი), მათ შეიმუშავეს ღირებულების, კაპიტალის, ფულის, პროცენტის, ფირმების, გრძელვადიანი წონასწორობის, ინფლაციის, საქმიანი ციკლების, სახელმწიფო რეგულირების, საზოგადოებრივი არჩევანის და საერთაშორისო ფულადი სისტემის თეორიები, რითაც ფაქტობრივად შექმნეს თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება.

0x01 graphic

XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარსა და 90-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური ზრდის თეორიაში რევოლუციური გადატრიალება მოხდა. ეგზოგენური ზრდის მოდელების ახსნის უნარის შეზღუდულობა, რომელშიც ეკონომიკური ზრდის ტრადიციული ფაქტორები (შრომა და კაპიტალი) წარმოადგენს ეგზოგენურ (გარე) ფაქტორებს მოდელთ ან მიმართებაში და რომელთა ძირითად დამახასიათებელ ნიშნებად გამოდის მათი გამოყენებიდან კლებადი უკუგება, სიცოცხლე ჩაბერეს მოდელების ახალ კლასს, რომლებმაც ენდოგენური ზრდის1 მოდელების სახელწოდება მიიღეს. ამ მოდელებში, შრომის დანახარჯების და კაპიტალის ფიქსირებულ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის მუდმივი ანდა პერიოდულად მზარდი ტემპის უზრუნველყოფა. მსგავს მოდელებში ეკონომიკური ზრდა არსებული ფაქტორების გამოყენების ეფექტურობის ზრდის ხარჯზე მიიღწევა, სამეურნეო გარემოს

საერთო პირობების ცვლილების შესაბამისად. გადამწყვეტ როლს ამ პირობების ცვლილებაში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა თამაშობს. მრავალმა ემპირიულმა გამოკვლევამ აჩვენა მდგრადი უარყოფითი კავშირი ეკონომიკურ საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევასა და ეკონომიკურ ზრდას შორის (იხ. ცხრ. 3). სახელმწიფოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ როგორი კონკრეტული ფორმები და სახეებიც არ უნდა მიიღოს (სახელმწიფო მეწარმეობა, საბიუჯეტო, ფულადი, საგარეო სავაჭრო პოლიტიკა), ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევა ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს.

ეკონომიკური თავისუფლება, თანამედროვე გაგებით, გულისხმობს ხელშეუხებელ კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წარმოების, ვაჭრობის, დაგროვების, ინვესტირების, გამომუშავების და შექმნილის გამოყენების, თანამემამულეებთან ანდა უცხოელებთან ეკონომიკურ კონტაქტში შესვლის, ფასების დაწესების, კონტრაქტში მონაწილე პირთა ურთიერთთანხმობის შედეგად ნებისმიერი ფულადი ერთეულის გამოყენების თავისუფლებას.

ბაზრის მონაწილეთა ეკონომიკურ თავისუფლებას ზღუდავენ სახელმწიფო და ასევე მასთან კონკურირებადი არასახელმწიფო პირები. სახელმწიფო ეკონომიკურ თავისუფლებას ისეთი ინსტრუმენტების საშუალებით ზღუდავს, როგორებიცაა კერძო საკუთრების კონფისკაცია, კონტრაქტების შეუსრულებლობა, სამეურნეო საქმიანობის არათანაბარი და არაპროგნოზირებულად ცვალებადი პირობები, პირდაპირი სახელმწიფო გადასახადები, სახელმწიფო სესხები, სახელმწიფო ინფლაციური გადასახადები, სახელმწიფო ხარჯები, საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალები, ინფლაცია, რეგრესული სავალუტოფულადი პოლიტიკა, სახელმწიფო რეგულირება, პროტექციონიზმი.

მაღალი გადასახადები ზრდის წარმოების დანახარჯებს, აძვირებს მათ პროდუქციას, ხდის მას ნაკლებად კონკურენტუნარიანს, აუარესებს ეროვნული კომპანიების პოზიციებს ახალ და ძველ ბაზრებზე. სხვა თანაბარ პირობებში პროდუქცია უფრო მაღალი გადასახადების მქონე ქვეყნიდან უფრო ძვირია და, შესაბამისად, ნაკლებად კონკურენტუნარიანი.

გადასახადების და სხვა გადასახდელების შედეგად მოგროვებული ეკონომიკური რესურსების უკმარისობა მთავრობას სესხების აღებას აიძულებს. შიდა ბაზრიდან აღებული სესხი ეროვნული მასშტაბით ამცირებს დანაზოგებს და ინვესტიციებს, ზრდის პროცენტის განაკვეთებს, აძვირებს კომერციულ კრედიტს. გარე ბაზრიდან სესხის აღება ზრდის საგარეო ვალებს, ხოლო სახელმწიფოს ბანკროტობით და სავალუტო კრიზისით ემუქრება.

ტრადიციული საბიუჯეტო შემოსავლების უკმარისობისას სახელმწიფო მიმართავს ფულად ემისიას და, შესაბამისად, ინფლაციურ გადასახადებს - ეკონომიკურად ყველაზე არაფექტურ და საბიუჯეტო სფეროს მუშაკთათვის, პენსიონერებისა და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ყველა პირისთვის ყველაზე დამთრგუნველ ქმედებას.

ეკონომიკური პროცესების რეგულირებისას სახელმწიფო ფინანსურ რესურსებს ბიუჯეტის გვერდის ავლით გადაანაწილებს. ნორმების, წესების, შეზღუდვების, კვოტების, შეღავათების, ნებართვების, გამონაკლისების და სხვათა დაწესებით იგი ეკონომიკური რესურსების მოძრაობის მიმართულებებსა და მასშტაბებს ცვლის, რითაც მათ ნაკლებად ეფექტიანს ხდის. მაგალითად, სამომხმარებლო საქონელზე და „ბუნებრივ” მონოპოლიებად წოდებულ საქონელსა და მომსახურებზე ფასების რეგულირებისას, სახელმწიფო ერთი საქონლის სუბსიდირებას მეორე საქონლის გაძვირების ხარჯზე ხელოვნურად ახდენს, რითაც მომხმარებელთა უპირატესობების ორიენტირებს ამრუდებს და მოთხოვნის სტრუქტურის ადაპტაციას ამუხრუჭებს.

სახელმწიფო შეზღუდვები საგარეო ვაჭრობაზე, სავალუტოგაცვლით ოპერაციებზე, კაპიტალის საერთაშორისო გადაადგილებაზე აძნელებს ადგილობრივი მწარმოებლების ადაპტაციას მსოფლიო ბაზრის პირობების მიმართ, მივყავართ კაპიტალის გადინებისაკენ, ანელებს ნაციონალური ეკონომიკის ზრდას, აძლიერებს სამეურნეო სტაგნაციას. საბაჟო ტარიფები, არასატარიფო ბარიერები ზღუდავს უცხოური საქონლის შემოდინებას, მივყავართ მსოფლიო ბაზრიდან შემოსული ინფორმაციული სიგნალების შესუსტებისაკენ, ზრდის მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისაგან ნაციონალური ეკონომიკის იზოლაციის ხარისხს.

ეკონომიკური კანონმდებლობის მუდმივი ცვლილებები და ეკონომიკური განვითარების უმთავრესი კოორდინატების არასტაბილურობა (ინფლაციის ტემპები, სავალუტო კურსის საპროცენტო განაკვეთები, გადასახადების რაოდენობა და განაკვეთი, საბაჟო ტარიფები და სხვა რეგულაციები) ზღუდავს ბაზრის მონაწილეთა ეკონომიკურ თავისუფლებას, ამცირებს მათ სამეურნეო აქტივობას, ანელებს ეკონომიკურ ზრდას. სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის სტაბილური და განჭვრეტადი პირობები ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტებია.

0x01 graphic

ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვას არასახელმწიფო პირების მიერ, რომლებიც კონკურირებენ სახელმწიფოსთან ბაზრის მონაწილეთა მიმართ ძალადობის ან მუქარის სფეროში, მიეკუთვნება მოსახლეობის ფიზიკური საფრთხე (დანაშაული), კერძო საკუთრების დაუცველობა (რეკეტი), კერძო პირებს შორის კონტრაქტების შეუსრულებლობა (კრედიტორების, აქციონერების, მეანაბრეების უფლებების დარღვევა). არასახელმწიფო პირთა მიერ სახელმწიფოს კუთვნილი ძალადობის გამოყენების მონოპოლიური უფლებების უზურპაცია მოწმობს მათ გარდასახვაზე კვაზისახელმწიფოებრივ პირობებში. რუსეთში ბოლო ათი წლის განმავლობაში კერძო დაცვითი სტრუქტურების და კერძო არბიტრაჟების სწრაფი განვითარება სახელმწიფოს ე.წ. „ჩავარდნების” აშკარა დადასტურებაა - მისი პირდაპირი და აშკარა ფუნქციების შეუსრულებლობა.

სახელმწიფოს და არასახელმწიფო პირების მხრიდან ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებების ამომწურავი ჩამონათვალის ფორმულირება:

  • ბაზრის მონაწილეთა შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

  • კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა;

  • სამეურნეო ცხოვრების ერთიანი, თანაბარი, გამჭვირვალე და სტაბილური წესების უზრუნველყოფა;

  • კერძო პირთა მიერ კონტრაქტის შესრულების უზრუნველყოფა;

  • მოქალაქეთა სამეურნეო ცხოვრებაში მონაწილეობის შეზღუდვების ლიკვიდირება, კონკურენციის ხელშეწყობა.

სახელმწიფოს ასეთი ფუნქციები განაპირობებს მის მიერ უარის თქმას განსაკუთრებულ ეკონომიკურ ინტერესებზე, მის ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე და მასში ჩაურევლობას.

მკვლევართა ჯგუფის მიერ, რომლებმაც შექმნეს ეკონომიკური თავისუფლების მხარდამჭერთა მსოფლიო ასოციაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 55 ქვეყანას (2007 წლისთვის უკვე 141-ს. რედ. შენიშვნა), შემოთავაზებული იყო რაოდენობრივი საზომი სახელმწიფოს მიერ თავისი პირდაპირი ვალდებულებების შესრულების უნარის და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობის ეკონომიკური ინდექსის2 გასარკვევად.

ამ ინდექსს ყოველი ქვეყნისთვის და ყოველი წლისთვის სტანდარტული მეთოდოლოგიით ითვლიან: თავიდან განისაზღვრება 25 ძირითადი მაჩვენებლის სიდიდე, რომელიც ახასიათებს ეკონომიკური თავისუფლების დონეს 7 ძირითად სფეროში:

  • სახელმწიფოს სიდიდე და მისი წილი ეკონომიკაში;

  • ეკონომიკის სტრუქტურა და საბაზრო მექანიზმების გავრცელება;

  • ფულადი პოლიტიკა და ფასების სტაბილურობა;

  • საგარეო ვალუტის გამოყენების თავისუფლება;

  • კანონის მმართველობა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა;

  • საგარეო ვაჭრობის თავისუფლება;

  • კაპიტალის ბაზრებზე საქმიანობის თავისუფლება.

ყოველი მაჩვენებლის აბსოლუტურ მნიშვნელობას შემდგომ ენიჭება რანგი 0-დან 10-მდე იმგვარად, რომ 0 შეესატყვისება ეკონომიკური თავისუფლების უმცირეს დონეს, ხოლო 10 - უმაღლესს. დასასრულ, კრებსითი შედეგის მისაღწევად გამოიყენება მთავარი კოპონენტების მეთოდის სტატისტიკური პროცედურა.

შედეგად ყოველი ქვეყანა (უფრო სწორად, ყოველი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა) იღებს მისი მოქალაქეებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური თავისუფლების რაოდენობრივ შეფასებას.

ამ შეფასებების საფუძველზე შესრულებული სტატისტიკური ანალიზი დამაჯერებლად აჩვენებს მდგრად ურთიერთკავშირს ეკონომიკური თავისუფლების დონესა და ხალხთა კეთილდღეობას შორის. იმ 119 ქვეყნიდან, რომელთა მიხედვითაც 90-იან წლებში მიღებულ იქნა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასებები, ქვეყნები, რომლებიც პირველ მეხუთედში შედიოდნენ (ქვეყნების საერთო რაოდენობის მეხუთედი და ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები), გააჩნდათ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - თითქმის 19 ათასი დოლარი და ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები - წლიური 2 პროცენტზე მეტი. ეკონომიკური თავისუფლების დონის შემცირებასთან ერთად მცირდება სულადობრივი შემოსავალი და ეკონომიკური ზრდის ტემპებიც. ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო მეხუთე მეხუთედი შეადგინეს (ქვეყნების 20 პროცენტი ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით), ერთ სულ მოსახლეზე ყველზე დაბალი მაჩვენებლები გააჩნდათ - 200 დოლარზე ოდნავ მეტი და ეკონომიკური ზრდის საშუალოდ უარყოფითი მაჩვენებლები - წლიურად -1,9 პროცენტი.

პრინციპულად მნიშვნელოვანია მდგრადი სტატისტიკური კავშირის არსებობა არა მხოლოდ, ერთი მხრივ, ეკონომიკური თავისუფლების და, მეორე მხრივ, კეთილდღეობის აბსოლუტურ მაჩვენებლებს და ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის, არამედ მათი ნამეტის მაჩვენებლებს შორისაც. იმ ქვეყნებში, რომლებიც 90-იან წლებში ეკონომიკურ თავისუფლებას ზრდიდნენ (მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო მისი სასტარტო მნიშვნელობა), ეკონომიკური ზრდის ტემპებმა იმატა და ყველაზე მაღალი გახდა. ხოლო იქ, სადაც მთავრობები ეკონომიკურ თავისუფლებას ყველაზე ძალიან ზღუდავდნენ, ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდა და ყველაზე ნაკლები - ფაქტობრივად უარყოფითი გახდა (1,0 პროცენტი იმ ქვეყნებში, რომლებმაც ბოლო მეხუთედი შეადგინეს).

ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნები წარმატებებს მხოლოდ ეკონომიკური ზრდის სფეროში არ აღწევენ, პრაქტიკულად, სოციალური და ადამიანის განვითარების ყველა ტრადიციულად გამოყენებადი მაჩვენებელი მათში გაცილებით უკეთესია ვიდრე ეკონომიკურად არათავისუფლებში (იხ. ცხრ. 5). პირველი მეხუთედის ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20 წელზე მეტით აღემატება ბოლო მეხუთედის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს - 76,4 და 55,2 წელი შესაბამისად. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში საშუალოდ 11-ჯერ ნაკლებია ვიდრე ეკონომიკურად არათავისუფალში (შესაბამისად 7,3 და 83,3 ერთ წლამდე გარდაცვლილ ყოველ 1000 დაბადებულზე).

სოციალური დიფრენციაცია ფორმალური კრიტერიუმების მიხედვით ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში ასევე მნიშვნელოვნად დაბალია. საშუალო განსხვავება, სკოლაში გატარებული წლების მიხედვით, ქალებსა და კაცებს შორის მინიმალურია პირველი მეხუთედის ქვეყნებში. ეკონომიკური დონის შემცირებასთან ერთად იგი იზდება და მეხუთე მეხუთედში მაქსიმალური ხდება, რომელიც ეკონომიკურად ყველაზე არათავისუფალი ქვეყნებისგან შედგება.

ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტში განისაზღვრა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მნიშვნელობები 50 ქვეყნისთვის, რომელთათვისაც არსებობს მათი ეკონომიკური ზრდის სტატისტიკური მონაცემები XX საუკუნის უდიდესი ნაწილის - 1913-98 წლებისთვის. ამ მონაცემების ანალიზი საშუალებას გვაძლევს კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების ძირითადი კანონზომიერების ფორმულირება მოვახდინოთ. ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნები ვითარდებიან უფრო სწრაფად, ვიდრე ქვეყნები, სადაც მთავრობა ზღუდავს ეკონომიკურ თავისუფლებას და ერევა სამეურნეო ცხოვრებაში. ეკონომიკური თავისუფლების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს (ინდექსის მნიშვნელობა - 2-ზე დაბალი) გააჩნდათ არაუმეტეს 1 პროცენტის ტოლი ეკონომიკური ზრდის ტემპები წელიწადში, ასე რომ, ასწლეულის განმავლობაში მათ შეეძლოთ მშპს სიდიდე ერთ სულ მოსახლეზე არაუმეტეს 5000 დოლარით გაეზარდათ. ეკონომიკური თავისუფლების დონის ზრდასთან ერთად შეიმჩნევა ეკონომიკის ზრდის აჩქარება. ყველზე მაღალი ტემპებით - 2 პროცენტზე მეტი წელიწადში - იზრდებოდნენ ქვეყნები, სადაც მთავრობები ინარჩუნებდნენ ეკონომიკური თავისუფლების მაღალ მაჩვენებლებს და თანამიმდევრულად აფართოებდნენ მის საზღვრებს (ინდექსის მნიშვნელობა - 7-ზე მეტი). ასეთ ქვეყნებში მშპ სულ მოსახლეზე ასწლეულის განმავლობაში 17 000 დოლარით და კიდევ უფრო მეტით გაიზარდა.

აუცილებელია გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დაბალი მაჩვენებლის დროს შეუძლებელია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევა. იმავდროულად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაღალი მაჩვენებლები ფაქტობრივად გამორიცხავს ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპების ალბათობას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში ბაზრის მონაწილეთათვის ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელოვანმა ზრდამ შექმნა ყველასათვის ცნობილი მაგალითები, რომლებმაც შემდეგში „ეკონომიკური სასწაულის” სახელი მიიღო.


0x01 graphic

წყარო: Economic Freedom of the World. 2000 Annual Report. Fraser Institute, Vancouver, 2000, p. 7.

ყველგან - დასავლეთ გერმანიიდან და იტალიიდან, იაპონიასა და ტაივანამდე, ჩილედან და მავრიკიიდან - ირლანდიასა და კონტინენტურ ჩინეთამდე, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას მიჰყავდა შთამბეჭდავ, მაგრამ აბსოლუტურად კანონზომიერ შედეგებამდე: იზრდებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპები; მაღლდებოდა ცხოვრების დონე და ხარისხი; მცირდებოდა მოსახლეობის სოციალური დიფერენციაცია; ეკონომიკური განვითარების შედეგებით იწყებდნენ სარგებლობას მოსახლეობის უფრო ფართო ფენები. მთელ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას მნიშვნელოვნად დადებით ცვლილებებამდე არ მიეყვანა. იმავდროულად, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც ლიბერალურის საწინააღმდეგო პოლიტიკის განხორციელებას (ინტერვენციონისტურის ან პოპულისტურის) საკმაოდ უარყოფითი შედეგები არ მოეტანა.

ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური ზრდა რუსეთში

თუ ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ასეთ აშკარა დადებით შედეგებამდე მივყავართ, მაშ რატომ, როგორც ამტკიცებენ, რომ ბოლო ათწლეულებში მის განხორციელებას რუსეთში თან სდევდა ასეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისი წარმოებისა და მოხმარების ასეთი სწრაფი შემცირებით და ასეთი ხანგრძლივი სტაგნაციით? პასუხი ამ შეკითხვაზე ისაა, რომ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა რუსეთში უბრალოდ არ არსებობდა. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის არსებობის შესახებ ფართოდ გავრცელებული მითი ბოლო ათწლეულში განხორციელებულ პოლიტიკასთან მიმართებაში ისეთი ტერმინების ფართო გამოყენებას ემყარება, როგორიცაა - „ბაზარი” და „ეკონომიკური თავისუფლება”, „საბაზრო ეკონომიკა” და „ლიბერალური ეკონომიკა”, „საბაზრო პოლიტიკა” და „ლიბერალური პოლიტიკა”. მაშინ, როცა ეს ტერმინები, ისევე, როგორც სიტყვები „ბაზრის მომხრეები”, „ლიბერალები”, „რეფორმატორები” საზოგადოების მასობრივ აზროვნებაში აღიქმება, როგორც სინონიმები, არადა მათ უკან პრინციპულად განსხვავებული შინაარსი იმალება.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში შესაძლებელია მრავალი სახის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება: თანმიმდევრულად ინტერვენციონისტული და პოპულისტურიდან - თანმიმდევრულად ლიბერალურამდე. ამგვარად, ერთსა და იმავე დროს შეიძლება ქმნიდე საბაზრო ეკონომიკის სისტემას და აწარმოო არალიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა. ზოგიერთი ეკონომისტი და პოლიტიკოსი შეიძლება საბაზრო ეკონომიკის მომხრენი იყვნენ და, იმავდროულად, პოპულისტები, ინტერვენციონისტები, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არა ლიბერალები. ზუსტად ეს მოხდა რუსეთში. გეგმიური ეკონომიკიდან საბაზროზე გადასვლა ხდებოდა საბაზრო ეკონომიკის მომხრეების, თუ გსურთ რეფორმატორების, მაგრამ არა ლიბერალების მიერ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად თავისებურებებს წარმოადგენდა ეკონომიკური პოპულიზმი, სახელმწიფო ადმინისტრაციის პრივატიზაცია და ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვა.

რუსეთის სახელმწიფოს კრიზისი, რომლის შესახებაც ამდენი ითქვა ბოლო დროის განმავლობაში, გამოიხატებოდა, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ პოპულიზმში. ის წარმოიქმნა სახელმწიფოს უუნარობით - მოახდინოს თავისი მოთხოვნების ადაპტირება დინამიურად ცვალებადი შიდა და გარე პირობების მიმართ, სახელმწიფოს ვალდებულებების მნიშვნელოვანი გაფართოებით მის ძირითად ფუნქციებს გარეთ, მისი მუდმივი, მაგრამ წარუმატებელი მცდელობები, შეასრულოს ეს ვალდებულებები (მათ შორის მისთვის არადამახასიათებელი და არასაჭირო) კერძო სექტორიდან მათი ამოღების ხარჯზე და შემდგომ მისი გადანაწილება იმ მასშტაბებით, რომელიც შეუსაბამოა როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესთან, ასევე მის ეკონომიკურ პოტენციალთან.

სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური რესურსების გადანაწილების მასშტაბების ზრდას პარალელურად თან სდევდა მისი წასვლა ისეთი სფეროებიდან, რომლებიც მთავრობის ექსკლუზიურ პრეროგატივას წარმოადგენს. მოხდა სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების - ძალადობის აღსრულებასთან დაკავშირებული უფლებამოვალეობების, ასევე სამეურნეო საქმიანობის ნორმებისა და წესების დადგენის პროცესის ღრმა პრივატიზაცია. სახელმწიფომ გამოამჟღავნა არა მხოლოდ კერძო კონტრაქტების შესრულების გარანტირების უუნარობა, არამედ მასობრივად არღვევდა და არღვევს მის მიერვე დადებულ კონტრაქტებს.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას თან სდევდა სახელმწიფოს მიერ სამეურნეო ცხოვრებაში ჩარევის მასშტაბების ზრდა თავისი საქმიანობის ყველა მიმართულებით - გადასახადები, რეგულირება, რეპრესიული ფულადი პოლიტიკა. სახელმწიფომ გაზარდა ეკონომიკური ტვირთი კერძო სექტორზე და შეზღუდა რუსეთის მოქალაქეთა ეკონომიკური თავისუფლება. გაფართოებული სახელმწიფოს ბიუჯეტის მეშვეობით ათწლეულის პირველ ნახევარში გადანაწილდა მშპს ნახევარზე მეტი, ხოლო მეორე ნახევარში - დაახლოებით ნახევარი. ინფლაციის ტემპებმა საშუალოდ ათწლეულის განმავლობაში გადაამეტა 20 პროცენტს. სახელმწიფო რეგულირების მასშტაბი (ლიცენზირება, კვოტირება, სავალუტო და საბაჟო რეგულირება, ბიზნესის რეგისტრაციის ნებართვითი ხასიათი) მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვანი შემცირებისას, მოსახლეობის და, ასევე, ეკონომიკაში დასაქმებულთა 14 პროცენტით შემცირებისას - სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეთა რაოდენობა გაორმაგდა. ადგილი ჰქონდა არა იმდენად ეკონომიკის ლიბერალიზაციას, არამედ სახელმწიფოს ლიბერალიზაციას. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის სიდიდის მიხედვით 90იან წლებში რუსეთმა დაიკავა 110-ე ადგილი 119 ქვეყნიდან და მოხვდა ერთ ჯგუფში ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ზამბია, გვინეაბისაუ, ნიგერია, ბურუნდი, მადაგასკარი, რუანდა. ორი პროცესის ერთდროული მოქმედების შედეგად - ეკონომიკის სახელმწიფოს ხელში გადასვლა და სახელმწიფოს პრივატიზაცია - მოხდა როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკონომიკის საქმიანობის ეფექტიანობის მკვეთრი შემცირება.

ეკონომიკური პოლიტიკის „წყვეტილ” ტემპს, რაც დამახასიათებელი იყო რუსეთისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გარკვეული კორექტივები შეაქვს რუსეთის თანამედროვე ეკონომიკურ ისტორიაში გამეფებულ შეხედულებებში. აშკარა ფაქტებით დასტურდება ის საზოგადო კანონზომიერებები, რომლებიც ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის დონესა და ეკონომიკური ზრდის ტემპებს პირდაპირპროპორციულად აკავშირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები რუსეთში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, შეუძლებელია განხორციელდეს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დაბალი მაჩვენებლისას.

1993, 1995, 1999 წლებში ეკონომიკური თავისუფლების გაფართოებას თან ან ეკონომიკური ვარდნის შეჩერება ან ეკონომიკური ზრდის აჩქარება სდევდა. იმავე დროს, ეკონომიკური პოლიტიკის რეგრესს, რომელიც შეიმჩნეოდა ე.წ. „დაკარგული წლების” განმავლობაში (1994-96 წლები), ეკონომიკური ვარდნის ტემპების გაზრდის ან მისი შენარჩუნებისაკენ მივყავდით. ამ ფონზე აშკარა ხდება, რომ 1997 წელს „ახალგაზრდა რეფორმატორთა” მთავრობის საქმიანობა, რომელიც სინამდვილეში, ეკონომიკური თავისუფლების გაფართოებას ხელს არ უწყობდა, უცხოური კაპიტალის მასიური შემოდინების გარეშე ეკონომიკური ზრდის პირობებს თავისთავად ვერ აღადგენდა. გარდა ამისა, აშკარაა, რომ 1992 წელს წარმოების მკვეთრი შემცირება გამოწვეული იყო არა იმდენად გეგმიური ეკონომიკიდან საბაზროზე გადასვლით, არამედ ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვით.

XX საუკუნის უმეტეს პერიოდში რუსეთში ინტერვენციონისტული და პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკა ხორციელდებოდა. ზუსტად ეს გახლავთ მთავარი მიზეზი საბჭოთა პერიოდში მეურნეობის განვითარების დაბალი ტემპების, ბოლო ათწლეულის ეკონომიკური კრიზისის, ჩვენი ქვეყნის სულ უფრო მზარდი ჩამორჩენის მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილისაგან. სიღარიბის და ჩამორჩენილობის დაძლევის ერთადერთ საშუალებად გამოდის სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა. მხოლოდ მის საფუძველზეა შესაძლებელი გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში შეიქმნას აუცილებელი რესურსები ცხოვრების დონისა და ხარისხის ამაღლებისთვის, მეცნიერების დაფინანსებისთვის, კულტურისთვის, მისაღები ეკოლოგიური გარემოს და ქვეყნის გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ამ მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია ვერც ინტერვენციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირში 20-იანი წლების შუადან 80იანი წლების შუამდე, ვერც პოპულისტური პოლიტიკის გაგრძელებით, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში 80-იანი წლებიდან დღემდე. ეკონომიკური თეორია, XX საუკუნის რუსეთის განვითარების და მსოფლიოს გამოცდილება მოწმობს, რომ მდგრადი ზრდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ლიბერალური პოლიტიკის თანამიმდევრული გატარებით.

სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ხდება ეკონომიკური თავისუფლების დაცვა, მის მთავარ მოვალეობად - მოქალაქეთა განუყოფელი უფლებების უზრუნველყოფა: პიროვნების, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, არაძალადობრივი საქმიანობის თავისუფლების, სამეურნეო ცხოვრების ერთიანი და სტაბილური წესები და ნორმები. ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა იგივეა, რაც ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფისა და გაფართოების პოლიტიკა.

0x01 graphic

0x01 graphic

_________________

1. მსგავსი ტიპის პირველი ნაშრომი იყო: Romer P.M. Increasing Returns and LongRun Growth. Journal of Political Economy, 1986, October, p. 1002.1037. 63

2. Gwartney J., Lawson R., Block W. Economic Freedom of the World. 1975.1995.Fraser Institute, Vancouver, 1975; Gwartney J., Lawson R. Economic Freedom of the World. 1997 Annual Report. Fraser Institute, Vancouver, 1997; Gwartney J., Lawson R.Economic Freedom of the World. 1998/1999 Interim Report. Fraser Institute, Vancouver,1998; Gwartney J., Lawson R. with D.Samida. Economic Freedom of the World. 2000 Annual Report. Fraser Institute, Vancouver, 2000.

11 შვეიცარიული მოდელი

▲ზევით დაბრუნება


რობერტ ნეფი
ქ. ციურიხის ლიბერალური ინსტიტუტის დირექტორი

თარგმნა ბაბილინა ახობაძემ
გამოქვეყნდა 2000 წელს

ადგილობრივი მმართველობა, ღია დემოკრატია და საგადასახადო კონკურენცია შვეიცარიაში

ნება მიბოძეთ, მოკლედ აგიხსნათ, თუ რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ შვეიცარიაში კანტონალური (საოლქო) და მუნიციპალური ხელისუფლება რეალურად მუშაობს. შვეიცარიის აღმოსავლეთ ნაწილში ერთერთი მუნიციპალიტეტის მერს ვიცნობ, სადაც 5 000 მოსახლე ცხოვრობს (მთლიანად შვეიცარიაში სულ სხვადასხვა სიდიდის 3000 მუნიციპალიტეტი და 26 კანტონაა. ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 100-ზე ნაკლებია და ყველაზე დიდის, ქალაქ ციურიხის, 400 000-ზე მეტი), ამას წინათ საუბარი მქონდა ამ მუნიციპალიტეტის მერთან იმის შესახებ, უნდა შევიდეს თუ არა შვეიცარია ევროკავშირში და თუ შევა, რა დაუჯდება ეს და რა სარგებლობა ექნება აქედან. საკითხს წმინდა შვეიცარიული კუთხით მივუდექით. სკეპტიციზმის მიზეზები რომ ნამდვილად არსებობს, ორივემ ვაღიარეთ, მან კი დაამატა, „თუ შევუერთდებით, მე 10 შვეიცარიულ ფრანკზე მეტი არ დამიჯდებაო.” როდესაც მიზეზი ვკითხე ასე ამიხსნა: „კაბინეტში ორი დიდი სანაგვე ყუთი მაქვს, სადაც ოფიციალურ წერილებს ვყრი. ყოველდღე უამრავ წერილს ვღებულობ, მაგრამ მათ წაკითხვაზე დროს არასდროს ვკარგავ, უფრო ხშირად პირდაპირ სანაგვეში ვისვრი. ერთი სანაგვე კანტონალური ხელისუფლებისგან გამოგზავნილი ფორმულარების, დადგენილებების და სხვა ქაღალდებისთვის მაქვს, მეორე ყველა იმ ქაღალდისთვის, რასაც ბერნიდან მიგზავნის ფედერალური ხელისუფლება. როდესაც ევროკავშირს შევუერთდებით, მესამე სანაგვე დამჭირდება ბრიუსელიდან მოსული ფორმულარებისა და დადგენილებების ჩასაყრელად. ეს დაახლოებით 10 შვეიცარიული ფრანკი დამიჯდება, რადგან საკმაოდ დიდი სანაგვე დამჭირდება...”.

რასაკვირველია, ის ცოტას აზვიადებდა, მაგრამ მისი მუნიციპალური ავტონომია ფინანსურ და ფისკალურ ავტონომიაზეა აგებული, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ მას ცენტრალური ხელისუფლებიდან მოსული წერილების იგნორირების არ ეშინია. შვეიცარიული საგადასახადო სისტემა სამი დონისაგან შედგება. მუნიციპალურ გადასახადებს საშემოსავლო გადასახადების ერთი მესამედი მიაქვს უშუალოდ გადასახადების გადამხდელებისგან. ამგვარად, მუნიციპალურ ხელისუფლებას „საკუთარი ფული” აქვს, რაც ადგილობრივი სახელმწიფო სამსახურების ხარჯებზე მიდის და რასაც გადასახადების გადამხდელები აკონტროლებენ, რომლებიც იგივე მომხმარებლები და ამომრჩევლები არიან.

შესავალი

სახელმწიფოს სტრუქტურული, ფინანსური და ფისკალური სისტემის ორგანიზების „საუკეთესო გზა” არ არსებობს. ისე, რაც უფრო მცირე ზომის იქნება, მით უკეთესია. ყველაფერი, რაც ახლა გვაქვს, სხვადასხვა ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე გამოცდილებიდან არის აღებული. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც „სასწაულებრივი გადაწყვეტილებების” ბრმად გადმოღება ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ახლა ყველა ქვეყანა, მათ შორის ევროპაც, სხვაგან ეძებს გზებს. დიდი ინტერესით ვაკვირდებით, როგორ ხდება პრობლემების გადაჭრა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგალითად, ლათინურ ამერიკაში. ახლა, როგორც სპეციალისტი ისე კი არ ვსაუბრობ, არამედ, როგორც რიგითი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ აზრის გაზიარება სურს. „სწორი გზა” იდეების, მოდელების, მოსაზრებებისა და ექსპერიმენტების კონკურენცია უნდა იყოს. შვეიცარიის პოლიტიკური და საგადასახადო სისტემა სუბსიდირების პრინციპს ეყრდნობა.

სუბსიდირება კარგი კონცეფციაა, მაგრამ ხშირად არასწორად ესმით

ახლა სუბსიდირების პრინციპი აქტუალურია, რადგან ევროკავშირის „მაასტრიხტისა და ამსტერდამის ხელშეკრულების” ქვაკუთხედს წარმოადგენს. მის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის რას ნიშნავს.

შვეიცარიის მთავრობის სუბსიდიების მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი და რადგან ამ საკითხზე ძალიან შემტკივა გული, მსურს რამდენიმე არგუმენტი წამოვწიო წინა პლანზე. ეს პრინციპი პიროვნების, სახელმწიფოსა და საზოგადოების არსებითად დაცალკევებას ეფუძნება. მისი კლასიკური დეფინიცია შეიძლება ჯერ კიდევ კათოლიკურ სოციალურ მოძღვრებაში გვხვდება: „ადამიანები იმ ამოცანებს ემსახურებიან, რაც მათ აინტერესებთ და რის შესრულებაც საზოგადოების ან სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეუძლიათ. საზოგადოებას მხოლოდ სუბსიდირება შეუძლია.” იგივე ითქმის სახელმწიფოთა იერარქიულ სტრუქტურებთან მიმართებაშიც. როგორც წესი, ყველაზე დაბალ და მცირე ეშელონებს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს და ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის ქვემოდან ზედა იერარქიაში გადაცემა გამართლებული უნდა იყოს. იერარქიის ქვედა ეშელონებს უნდა ეტყობოდეს, რომ ამოცანის ეფექტიანად შესრულება თვითონ არ შეუძლია, სხვა სიტყვებით: სუბსიდირება ნიშნავს, რომ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს რაც შეიძლება კერძო და ლოკალურ ფარგლებში უნდა მოვუნახოთ გამოსავალი.

ამ ფორმულირებას ისეთი ტენდენცია აქვს, რაც გვაიძულებს, გადაწყვეტილებები რაც შეიძლება ვიწრო წრეებში მოვნახოთ. მაგრამ დამატებით ახსნას საჭიროებს ფრაზები „არ შეუძლია”, „რაც შეიძლება ვიწრო”, „ეფექტიანად შესრულება”. არსებობს საშიშროება, რომ შესაძლოა ამ პრინციპის პირობებსა და ეფექტიანობას „სხვადასხვა ინტერპრეტაცია” მოუძებნონ, რის თანახმადაც ბოლოს და ბოლოს მაღალი რანგის მიერ ერთგვარი ძალაუფლების აღებაც კი გაამართლონ. ცენტრალიზაციის გასამართლებლად ეგრეთ წოდებული „კარგი მიზეზები” ყოველთვის მოიძებნება.

მრავალი კონსტიტუცია და კანონი ხშირად სიმდიდრის უაღრესად „ერთგვაროვან და თანაბარ განაწილებამდე” და პრობლემატური ან მარგინალური სფეროების სუბსიდირებამდე მიდის. ხელოვნური დახმარება, ხელახალი გადანაწილება რეგიონულ, სტრუქტურულ ფონდებში და მასიური სუბსიდიები ცენტრალური მთავრობის ერთერთი გამორჩეული როლია. ამის გამო, პოლიტიკა ბრძოლის ველს ემსგავსება, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის უფრო მეტი და მეტი სუბსიდიებისა და ჩარევისთვის. აი, რატომ ვარ სკეპტიკურად განწყობილი ცენტრალური მთავრობის მხრიდან ყოველგვარი ხელახალი გადანაწილების მიმართ, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში, როდესაც ეს რეგიონულ დონეზე ხდება. მდიდარი რეგიონების შედარებით ცუდი გადასახადის გადამხდელები გადასახადებით ამოღებულ ფულს ღარიბი რეგიონების შედარებით მდიდარ ადამიანებს ურიცხავენ, რომლებიც ამ ფულს ისევ მდიდარ რეგიონში აბანდებენ. ამგვარად, როგორც ხედავთ, საერთო გადასხადებიდან მიღებული ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სუბსიდიის სახით გადაეცა მარგინალურ რეგიონებს, ისევ ცენტრში ბრუნდება. რეგიონებს შორის ხელახალი გადანაწილების ერთადერთი შედეგი პერიფერიების ცენტრზე დამოკიდებულების გაძლიერება და იურისდიქციათა შორის ყოველგვარი სასარგებლო კონკურენციის ჩახშობაა. მაგრამ ეს ცალკე თემაა.

დროდადრო პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთი ვითარება იქმნება, როდესაც აქტიური ქმედება და პოლიტიკა სულ სხვა მიზანს ემსახურება, მაგრამ სულ სხვა შედეგს გამოიღებს ხოლმე. სუბსიდირების პრინციპსაც ხშირად ბოროტად იყენებენ, რომ ზედა ეშელონებისთვის უფლებამოსილების გადაცემა „გაამართლონ” ვითომდა უკეთესი გამოსავლის პოვნის მიზნით.

საქმე კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ზედმეტ ცენტრალიზებულობას იმით „ამართლებენ”, რომ ქვედა იურისდიქციას ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს საჭირო ამოცანების შესასრულებლადო. ცხადია, ცენტრალიზებული საგადასახადო სისტემა თუ საოლქო და მუნიციპალურ გასადახადებს აშკარად წაართმევს ქვედა საფეხურებს, გაღატაკებული ქვეყნები და რეგიონები საკუთარი ამოცანების შესასრულებლად გადასახადების შეგროვებას ვეღარ შეძლებენ. ამგვარად, საგადასახადო სისტემის ცენტრალიზაცია ამოცანათა ცენტრალიზაციას იწვევს. რასაკვირველია, უცნაური იქნება ისეთი სისტემა, რომელიც გადასახადებს ცენტრალიზებულად შეაგროვებს და მხოლოდ ამოცანების დეცენტრალიზაციას მოახდენს. ასეთ შემთხვევაში ცენტრის მიერ ფედერალური სისტემის ქვედა დონეებს შორის თანხების ხელოვნური განაწილება ყველაზე უარესი გამოსავალი იქნება. საუკეთესო გამოსავალი კი ის არის, რომ საერთოდ არ მოხდეს საგადასახადო სისტემის ცენტრალიზაცია და ქვედა იურისდიქციებმა თვითონ იზრუნონ ხარჯებზეც და გადასახადებზეც. ხშირად, წარუმატებლობა სუბსიდირების პრინციპის დისკრედიტაციას ახდენს.

ამ ბიუროკრატული და ცენტრალიზებული საუკუნის დასასრულს საჭიროა სუბსიდირების არსი უფრო დაზუსტდეს და რადიკალურად მოერგოს ახლანდელ გარემოს. ამჟამად ეს პრინციპი გულისხმობს, რომ რომელიმე მაღალმა იურისდიქციამ თავის კომპეტენტურობაზე, პასუხისმგებლობასა და პრობლემის წინაშე მდგარი უფრო მცირე იურისდიქციის დაფინანსებაზე მაშინვე თქვას უარი, როგორც კი მაღალ იურისდიქციაში ამოცანების ეფექტიანად გადაჭრის ან ფინანსური შესაძლებლობის პირველივე პრობლემა გაჩნდება. ვიცი, რომ ეს ცოტა უტოპიაა. როდის ყოფილა, რომ ცენტრალური ხელისუფლება „წესისამებრ თმობდეს ტახტს?!” გულრწფელად გაგიმხელთ ეგრეთ წოდებული შვეიცარიული მოდელის სუსტ მხარეებს, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ. ჯერჯერობით ვერ შევძელით შემწეობებისა და ხელახალი გადანაწილების ტენდენციის შეჩერება ვერც პიროვნებებს და ვერც რეგიონებთან მიმართებაში. ორივე ძალიან პოპულარულია, გაცილებით პოპულარული, ვიდრე დეცენტრალიზაციის რიტორიკა.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ქვედა დონის იურისდიქციებზე გადატანა და ყველა სახელმწიფო სამსახურის პრივატიზაცია შესაძლოა ყველგან და ყოველთვის ოპტიმალური არ იყოს, განვითარებულ ქვეყნებშიც კი. მუნიციპალიტეტებმა, რეგიონებმა და ოლქებმა შესაძლოა ზედმეტად პოპულისტური დემოკრატიის გზით არასწორად გამოიყენონ თავიანთი ავტონომია, კერძო საწარმოებმა კი შესაძლოა არაფრად ჩააგდონ ხალხის ინტერესები. ადგილობრივი მმართველობისთვის ისევე აუცილებელია ძალაუფლების შეზღუდვა, როგორც ცენტრალურისთვის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩნდეს უსაზღვრო დემოკრატიის შესაძლებლობა, „უმრავლესობის ტირანიის” ზოგიერთ ფორმას რომ არ მიეცეს გასაქანი.

მართალია, ყოვლისმომცველი ვერ იქნება, მაგრამ იმ პრინციპებს შორის, რაც ადგილობრივ დონეზე უნდა დავიცვათ, შეიძლება ჩავრთოთ „habeas corpus“,1 საკუთრების უფლება, კანონის უზენაესობა, თავისუფალი ვაჭრობა, პიროვნების დაცვა, აგრეთვე ისეთი პრინციპები, როგორიც არის: „ფიქტიური ქმედების აკრძალვა“, „კეთილსინდისიერი ქმედება“, „in dubio pro liberate“2, „dubio pro reo“3 და საწინააღმდეგო ძალის მქონე კანონების აკრძალვა.

ამოცანათა უმეტესობა, რომელთა უკეთ გადაჭრა რეგიონალიზაციის, ფსევდოავტონომიური არასამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური გათანაბრებისა და ცენტრალიზაციის გზით უკვე სცადეს, უფრო ეფექტიანად უნდა გადაიჭრას პრივატიზაციის გზით და უკეთ წარიმართოს ყველას სასიკეთოდ. დაე დევიზი იყოს: მომხმარებელი იხდის, სახელმწიფოს კი მინიმალური გარანტია ეკისრება.

საგადასახადო სისტემის ავტონომიურობა, რეგიონალიზმი და დეცენტრალიზაცია

ფინანსური მოსაზრებანი სხვადასხვა ამოცანებისა და პრობლემების შესახებ მხოლოდ მოსაზრებებად კი არ უნდა დარჩეს, არამედ მათ მნიშვნელობას სათანადო შეფასება უნდა მიეცეს. ვინც იხდის, მან უნდა მართოს; ანუ, ინგლისური ანდაზის თანახმად, „ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.” ვინც იხდის, გადაწყვეტილებაც მან უნდა მიიღოს. ვისაც გარკვეული ხარისხის ფინანსური დამოუკიდებლობა არ გააჩნია, ძალიან ცოტა რამეს თუ გადაწყვეტს. ნება მომეცით, ისევ შეგახსენოთ სამი სანაგვე ყუთის ამბავი.

არავის არ უყვარს გადასახადების გადახდა. საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგის მრავალი წარმომადგენელი და ეკონომისტი საათობით ფიქრობს ცნება „ფისკალურობის” შესახებ. თუ გავითვალისწინებთ, რომ საგადასახადო სისტემა ისტორიულად გადამწყვეტ როლს თამაშობდა, გასაოცარია, რომ ყველასთვის გასაგებად მასზე ძალიან ცოტას წერენ. ბიბლიოთეკებში უამრავი მასალაა, სადაც მოსახლეობისგან გადასახადების ყველაზე ეფექტიანი და შემოსავლიანი აკრეფის ტექნოლოგიებია აღწერილი, მეორე მხრივ კი დეტალური ინსტრუქციები გადასახადების ამოღების საუკეთესო სამართლებრივი, ნახევრად სამართლებრივი და არასამართლებრივი გზების შესახებ. მაგრამ, ჩვეულებრივ, შეუმჩნეველი რჩება ის ფაქტი, რომ მთელი პოლიტიკური ისტორია, ყოველ შემთხვევაში 50 პროცენტი მაინც, გადასახადების ისტორიაა და, ისტორიულად, აჯანყებათა და რევოლუციათა უმეტესობა თავიდან მუდამ საგადასახადო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლით იწყებოდა. მშვიდობიან სამოქალაქო საზოგადოებაში შედარებით ნაკლებად გვხვდება აშკარა კანონები და ტექნიკური რეცეპტები სოციალური ინფრასტრუქტურის შესახებ, სადაც კონფლიქტი დამნაშავესა და დაზარალებულს შორის კონკრეტულად კანონის უზენაესობით წყდება.

დიდი შრომა გვმართებს, რომ არსებული ცენტრალური ხელისუფლება ვაიძულოთ ისეთი ამოცანების შესრულებით შემოიფარგლოს, რაც მართლა გვჭირდება, როგორიც არის, მაგალითად, მთავრობის შეზღუდვა, რაც შეზღუდულ აღმასრულებელ ხელისუფლებას, შეზღუდულ გადასახადებს და მინიმალური რაოდენობის სახელმწიფო სამსახურებს გულისხმობს. ამით ადგილობრივი თვითმმართველობა ცხადყოფს, რა გზით შეიძლება კერძო ავტონომიის დამყარება - კერძოდ, პოლიტიკური ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობის გზით ყველა სფეროში, სადაც მშვიდობიან სამოქალაქო საზოგადოებას ის არ სჭირდება. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ასეთი პროგრამა ძალიან საჭირო, მაგრამ ნაკლებად პოპულარულია...

რეგიონული და ადგილობრივი ავტონომიისთვის ბრძოლა იგივეა, რაც ცენტრალური პოლიტიკური ხელისუფლების უზარმაზარი სისტემისა და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ არსებული ფორმით შეინარჩუნონ თავი.

რაც უფრო მეტს ფიქრობთ, მით უფრო შორს მიდიხართ. გადამწყვეტი სიტყვა გადამხდელს ეკუთვნის

„ვინც იხდის, მან უნდა მართოს” - ეს დევიზი შეიძლება ჭეშმარიტი დემოკრატიის ფისკალურ პრინციპად ავიღოთ. არავის არ უნდა დაეკისროს გადასახადი, თუკი თვითონ ვერ გადაწყვეტს მის ოდენობას და მიზანს. ეს პრინციპი საკმაოდ კარგად მუშაობს შვეიცარიაში და ძალიან შედეგიანია. იმ თვალაზრისით, რაც ავტონომიის შესახებ ითქვა, არსებითად იზღუდება ხელახალი გადანაწილების მასშტაბი სხვადასხვა რეგიონებსა და საზოგადოებებს შორის. ყველა სახის გადასახადის ან სხვა ვალდებულებების დაკისრება, აკრეფილი გადასახადების ხარჯების სპექტრი და აგრეთვე ხელახალი გადანაწილება დემოკრატიულად, ხალხის ხმის მიცემით უნდა მოხდეს, რომ ლეგიტიმურობა მოიპოვოს. ლოგიკური დასკვნით, ამ დემოკრატიული პრინციპიდან მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი პრინციპი გამომდინარეობს: რაც უფრო მეტს ფიქრობთ, მით უფრო შორს მიდიხართ, გერმანულად: „Je betrofener desto beteiligter“.4

ავტონომიის ყველა მომხრეს ეს პრინციპი აქვს დევიზად. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის პირდაპირ ეწინააღმდეგება რადიკალურად დემოკრატიულ პრინციპს - „თითო კაცზე თითო ხმა“, რასაც დიდ სოციალურ ჯგუფში გამოყენებისას სულ სხვა შედეგები მოსდევს. მრავალი ეთნიკური ერთეულისგან შემდგარ არაერთგვაროვან ჯგუფში „თითო კაცზე თითო ხმის“ წესით უმრავლესობას ძალიან იოლად შეუძლია ნებისმიერ უმცირესობას აჯობოს. გადასახადებთან დაკავშირებით ამან შეიძლება განსაკუთრებით შემაშფოთებელ დილემასთან მიგვიყვანოს: თუ მთელ საზოგადოებას ორ ჯგუფად გავყოფთ - „გადასახადის გადამხდელები“ და „გადასახადის მჭამელები“, შესაძლებელია, და არა მარტო შესაძლებელი, არამედ მოსალოდნელიც, რომ პირველ ჯგუფში უფრო მეტნი აღმოჩნდნენ, ვიდრე მეორეში. უფრო სერიოზულ პრობლემასთან გვექნება საქმე, თუ გადასახადის გადამხდელები სხვა რეგიონში ცხოვრობენ და გადასახადის მჭამელები სხვაში. მაგალითად, ავიღოთ იტალია, სადაც ჩრდილოეთში გადახდილ გადასახადებს სამხრეთში მოიხმარენ.

ზემოხსენებულ პრინციპს, რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით უფრო შორს მიდიხარ, მეორე პრინციპი მოსდევს: „არავითარი გადასახადები წარმომადგენლობის გარეშე“.

ეს თამამი აზრი შემდეგ ვითარებას ეხება: რომელიმე კონკრეტული რეგიონის ან წევრი ქვეყნის, მაგალითად ბუნდესლენდის ოლქის სპეციფიკური ინტერესების წარმოდგენა პირდაპირ კავშირშია სასურველი ამოცანების შესასრულებლად საჭირო გადასახადების აკრეფის ძალიან არაპოპულარულ აუცილებლობასთან. სხვა სიტყვებით, მუნიციპალიტეტს, ოლქს, ბუნდესლენდს ან წევრ ქვეყანას შეუძლია ავტონომიურად იარსებოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ხარისხის ფინანსური ავტონომია ექნება, დამოუკიდებელი და გარე გავლენისგან თავისუფალი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გადასახადების ამოღების უფლებამოსილება იმ ხალხისგან, რომლებიც დემოკრატიულად არიან „განწყობილი” ზოგიერთი სახელმწიფო დავალების შესასრულებლად.

ერთხელ ამერიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯეფ მარშალმა თქვა: „გადასახადების დაკისრების უფლება იგივეა, რაც დანგრევის უფლების მიცემა.“ ეს ძალიან კარგად გამოხატავს ყველა სახელმწიფო ამოცანის შესრულების ყველაზე დიდ და ყველაზე მნიშვნელოვან დილემას. ყველა მთავრობას სურს ხალხის სახელით ხალხის სამსახურში ყოფნის ვალდებულება იკისროს და ხელახალი გადანაწილების სისტემა ჩამოაყალიბოს. გადასახადების გარეშე არც ერთ პოლტიკურ სისტემას არ შეუძლია ამის გაკეთება. მაგრამ ხშირად გადასახადები გამანადგურებლად მოქმედებს მრავალ დადებით განზრახვაზე, როგორიც არის მაღალი მწარმოებლურობის მიღწევა, დაზოგვა და ქველმოქმედება, რაც მტკიცე საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. სახელმწიფო ამოცანების, ხარჯების და შემოსავლების ოპტიმიზაცია მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც ყველა სამთავრობო დონეზე უკეთესი გამჭვირვალობა იქნება და როდესაც პოლიტიკური სისტემა ამ სამივე ასპექტს თანაბარ მნიშვნელობას მიანიჭებს. რაც უფრო პატარა და მარტივია სტრუქტურა, მით უფრო სწრაფად მიღწევადია დემოკრატიის პირობებში. ვიდრე უფრო ფართო ღია დემოკრატიაზე გადავიდოდეთ, ჯერ სახელმწიფო ამოცანებისა და სახელმწიფო სამსახურების და ხელახალი გადანაწილების მინიმიზაცია უნდა დავისახოთ მიზნად.

თავისი მოსაზრებანი ავტონომიის პრინციპების შესახებ ჩარლზ ბლანკარტმა ასე ჩამოაყალიბა: „ავტონომიურ პოლიტიკაზე აგებული სახელმწიფო საზოგადოების თავისუფალ კონგლომერატად კი არ ყალიბდება, როგორც ხშირად ჰგონიათ ხოლმე, არამედ სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად სხვადასხვა „ფედერალური“ დონეები წარმოიშობა. მაგრამ ყოველი დონე, ანუ ყოველი „წრე“ თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ფინანსურ უზრუნველყოფაზე. ამ თვალსაზრისით ორმხრივი შეთანხმება უნდა მოხდეს მათ შორის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ვინც მომსახურებით სარგებლობს და ამისთვის იხდის. გარდა ამისა, არ არსებობს გადაწყვეტილების მიმღები, ვინც ამავდროულად თვითონაც გადასახადის გადამხდელი არ იქნება. ამგვარად, ერთგვარი ინსტიტუციონალური სიმეტრია იქმნება.” 5

ზემოხსენებული გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადის მჭამელების კატეგორიების გათვალისწინებით, შეგვიძლია ეს პრინციპი ასე ჩამოვაყალიბოთ: გადასახადის გადამხდელების გარეშე გადასახადის მჭამელები ვერ იარსებებენ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც გადასახადს იხდის, ავტომატურად კარგავს ხმის მიცემის უფლებას. ეს პრინციპი ზოგადად უფრო მაღალ დონეზე უნდა განხორციელდეს. უნდა ვაღიარო, რომ ეს პრინციპი შვეიცარიაშიც გაქრა. სახელმწიფო სამსახურების ცენტრალიზაციის ტენდენციის შეჩერება საოლქო და ფედერალურ დონეზე ვერც ჩვენ შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა შედარებით უკეთეს ინსტიტუციონალურ მუხრუჭებს ფლობს.

ფინანსური სისტემა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ. საერთოდ, საგადასახადო სისტემის მიზანს არ წარმოადგენს, რომ წლიდან წლამდე სხვადასხვა იმპროვიზაციის გზით შეაკოწიწოს მოცემული წლისთვის საჭირო ფონდები. მის კლასიკურ ლიბერალურ ამოცანას ფისკალური შემოსავლის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, სახელმწიფო მასშტაბის საუკეთესო შესაძლო გზით შემცირება და, საერთოდ, ეკონომიკის გაჯანსაღება წარმოადგენს. პიროვნებებსა და რეგიონებს შორის ხელახალი გადანაწილების შეზღუდვით და მუნიციპალიტეტების, ოლქების, სახელმწიფოებისა და ფედერაციების ფისკალური კონკურენციის გზით საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად შემსუბუქება შეიძლება.

როდის მიიღებს უმრავლესობა გადაწყეტილებას საკუთარი გადასახადების შესახებ...

გადასახადის რაოდენობას შვეიცარიაში მოქალაქეები და გადასახადის გადამხდელები დემოკრატიული გზით წყვეტენ ხმათა უმრავლესობის წესით. ასეთი მოდელის სხვა სისტემებსა და სხვა პირობებში პირდაპირ გადატანა არ შეიძლება. დროდადრო ისევ ეჭვქვეშ დგება ის საკითხი, უნდა დატოვოს თუ არა მთავრობამ „გადასახადების უფლება“ თვითონ მოქალაქეების კომპეტენციაში. ის ფაქტი, რომ უმრავლესობა წყვეტს გადასახადის რაოდენობას, ინსტიტუციონალური იერარქიის ყველა საფეხურზე კარგ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ საგადასახადო სისტემა ზედმეტად პროგრესირებადი ვერ გახდეს და სპექტრის მდიდარმა მხარემ იძულებით დატოვოს იქაურობა, თუკი ტვირთის შემსუბუქებას ვერ შეძლებს. კონკურენტულ სისტემაში კარგი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ პროგრესულად ზრდის მხოლოდ მსუბუქი ფორმა არსებობდეს. პრინციპი „თითო წევრზე თითო ხმის უფლება“ მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როდესაც თითო წევრზე თითო საგდასახადო კურსის სისტემა იქნება.

შვეიცარიის კონკურენტული საგადასახადო სისტემა და საგადასახადო შემოსავლების სამივე (მუნიციპალურ, საოლქო და ფედერალურ) დონეზე განაწილება ექსპერიმენტების კარგ ნიადაგს ქმნის. ეს შეიძლება სავსებით და ყოველმხრივ ოპტიმალური არ იყოს, მაგრამ კარგად მუშაობს და ჩვენ შედარებით დაბალი საგადასახადო დონის კარგი ხარისხის სახელმწიფო სამსახურებსა და ინფრასტრუქტურასთან შერწყმის საშუალება გვაქვს. შვეიცარიაში არსებობს მოძრავი ხმის მიცემის წესი, განსაკუთრებით მცირე ზომის იურისდიქციების თვალსაზრისით, მთელი ფედერაციის მასშტაბით. და, მაინც, მდიდარი გადასახადის გადამხდელის გამგზავრება რომელიმე ტერიტორიიდან მედიის დიდ პოპულისტურ კამპანიას იწვევს “მდიდრების საწინააღმდეგოდ” და ახალი, უფრო ცენტრალიზებული სისტემის სასარგებლოდ, სადაც ასეთი ხმის მიცემის არავითარი შესაძლებლობა არ იქნება. შესაძლოა, იურისდიქციებისა და საგადასახადო კურსის კონკურენციაზე აგებული სისტემა ერთერთი ყველაზე საუკეთესო სისტემაა, მაგრამ დემოკრატიული გადაწყვეტილებების ზეწოლის ქვეშ ყველაზე პოპულარული და ყველაზე მტკიცე არ არის. დემოკრატიას ყოველთვის ცენტრალიზაციის ტენდენცია აქვს.

საგადასახადო სისტემის ლტოლვილებისადმი კეთილგანწყობის წყალობით შვეიცარიას დოვლათის შემქმნელი მუშახელი არ აკლია და არც იმაზე ამბობს უარს, რომ ევროპული საგადასახადო სისტემისგან, რომელიც მდიდრებს ძალიან დიდ გადასახადებს აკისრებს, სარგებელი ნახოს. შვეიცარიაში მდიდარი ხალხისთვის კარი მუდამ ღიაა. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ...

არ უნდა დაგვავიწყდეს იმის გათვალისწინებაც, რომ „ჩამორჩენილი ერისთვის“ თეორიული შესაძლებლობები უფრო მეტია, ვიდრე პრაქტიკული. ასეთ ქვეყნებში გადასახადებისა და სახელმწიფო ამოცანების ნულამდე დაყვანის ძლიერი ტენდენციაა. ფაქტობრივად, საზოგადოებრივი დოვლათისა და ინფრასტრუქტურის ძალიან ცუდი უზრუნველყოფა შეუძლებელია ისეთ სისტემაში, სადაც ყველა ხედავს რა ხდება მეზობელ სისტემაში. ამგვარად, გარკვეულ დონეზე სახელმწიფო მოთხოვნილებები რჩება, რომლის ქვემოთაც ჩამოსვლა არ შეუძლია. მდიდარი გადამხდელისთვისაც კი ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავია, რომ კონტრიბუციის როგორმე გაზრდის მოტივი ამოძრავებდეს, თუკი ხედავს, რომ მთლიანობაში ეს რაღაცას ნიშნავს.

პოლიტიკური ეკონომიის მექანიზმი, რის შესახებაც აქ ვსაუბრობ, მუნიციპალურ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა სუბსიდიებითა და სტრუქტურული ფონდებით ხელოვნური „გათანაბრების“ მცდელობამ არ უნდა დაამახინჯოს. ადგილობრივი და რეგიონული ხელახალი გადანაწილება ძალიან პოპულარულია, მაგრამ ჯანსაღი საგადასახადო სისტემისთვის, რომელიც სახელმწიფო ხარჯსა და გადასახადებზე და მის სანაცვლოდ გაწეული მომსახურების გამჭვირვალობაზეა აგებული, მომწამვლელია.

რაც უფრო პირდაპირია დემოკრატია, მით უფრო მწვავე დისკუსიის საგანი ხდება გადასახადები, მათგან მიღებული სარგებელი და სახელმწიფო მოხელეთა როლი ამ ორივე ასპექტში. ამგვარად, ზრდასრული გადასახადის გადამხდელი ჰქვია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც გამუდმებით აკონტროლებს სახელმწიფო სამსახურიდან მიღებული ფულის ღირებულებას, მოითხოვს ეფექტიანობას, გამჭვირვალობას და სისტემაში არსებულ ნებისმიერ ნაკლოვანებაზე რეაგირებს.

რასაკვირველია, დეცენტრალიზაციასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. ყველაზე ნაკლებეფექტიანი მოთამაშე კონკურენციის პირობებში უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ცენტრალიზებული სისტემის გასაშუალოებული კეთილდღეობის „ჰარმონიზაციის“ პირობებში.

მაგრამ ლიბერალური თვალსაზრისით, ეგრეთ წოდებულ განვითარებად ქვეყნებში არ არის გამორიცხული არსებობდეს მართლაც მტკივნეული ნაკლოვანებანიც, სადაც უთანასწორობის ფასი შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს. განსხვავებულობა მუდამ უთანასწორობასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ისტორია გამუდმებით გვახსენებს, რომ ეს ჩამორჩენილი სტრუქტურები განვითარდნენ, თანამედროვე ეფექტიან ქვეყნებად იქცნენ და სასიამოვნო გამოცოცხლება გამოიწვიეს საერთო კეთილდღეობის გზაზე. მაგრამ ცენტრალიზაციის საფრთხე კვლავ არსებობს და „მეცნიერებისა და პოლიტიკის უკანასკნელი გადახრებისა და შეცდომების ტენდენცია ყველა იურისდიქციის, ფედერალური სისტემის ყველა შემადგენელი ნაწილის გაერთიანების” საფრთხეს შეიცავს. კლასიკოსი ლიბერალები, თავისუფალი ვაჭრები, მონოპოლიას ჭეშმარიტ და სწორ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე მაღლა არ აყენებენ. მაგრამ ისინი მცირე კონკურენტული ერთეულების სისტემას უჭერენ მხარს, რომელიც ბევრ სხვადასხვა სახის პატარა შეცდომას და ცდომილებას უშვებს. ასეთი სახის სისტემაში შედარებების საფუძველზე შესწავლის შესაძლებლობა არსებობს. შესაძლოა ეს უფრო ნაკლებ სახიფათო იყოს, ვიდრე ძლიერი, ცენტრალიზებული სისტემა, სადაც დიდი შეცდომები და ცდომილებები უფრო საშიშია. პრაქტიკული გამოცდილება და დაკვირვებები, რისკზე, შეცდომებზე და შეცდომების აღიარებაზე სწავლა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს. ამ ორომტრიალში რაც უფრო პატარაა ერთეული, წარმატებისა და შეცდომების თავიდან აცილების მით უფრო უკეთესი შესაძლებლობა არსებობს.

12 სავალუტო საბჭოები განვითარებადი ქვეყნებისთვის

▲ზევით დაბრუნება


სთივ ჰენკე და ქურთ შულერი

აშშ-ში, . ბალტიმორში მდებარე ჯონზ ჰოფქინზის უნივერსიტეტში გამოყენებითი ეკონომიკის პროფესორი, . ვაშინგტონში მდებარე კატონის სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი, ჟურნალფორბსისავტორი. 1998 წელს დასახელდა მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან პირთა შორის

აშშ სახაზინო დეპარტამენტის ეკონომისტი და ჯონზ ჰოფქინზის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელი

თარგმნა გია ჯანდიერმა
გამოქვეყნდა 2001 წელს

(იბეჭდება პირველი თავი)

თავი 1. სავალუტო საბჭოების საკითხისთვის

ბრეთონ ვუუდსის მონეტარული სისტემის საბოლოოდ დაშლის შემდეგ, 1973 წელს, „ნაპრალი“, რომელიც არსებობდა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ვალუტებს შორის, „უფსკრულში“ გადაიზარდა. ბრეთონ ვუუდსის სისტემის მოქმედების დროს, „კლასიკურ“ პერიოდში 1914 წლამდე, ოქროს სტანდარტის დროს და, ნაკლები ხარისხით, ასევე მსოფლიო ომების დროს, განვითარებად და მათ მსგავს ქვეყნებს, როგორც წესი, ჯანსაღი ვალუტები ჰქონდათ. ჯანსაღი ვალუტა სტაბილობას, სანდოობას და სრულ კონვერტირებადობას ნიშნავს. სტაბილობა გულისხმობს იმას, რომ მიმდინარე წლიური ინფლაცია შედარებით დაბალია, წესით ერთ ციფრიანი. სანდოობა ნიშნავს, რომ ვალუტის გამომშვებს მომავალში ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნების რწმუნება აქვს. სრულად კონვერტირებადობაში იგულისხმება, რომ ვალუტას შეუძლია ადგილობრივი და უცხოური საქონლის და სერვისების შეძენა შეზღუდვის გარეშე, საბაზრო კურსით უცხოური ვალუტების შეძენის ჩათვლით.

დღეს უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებს ჯერ კიდევ ჯანსაღი ვალუტები აქვთ, თითქმის ისეთივე სტაბილური, როგორც ოქროს სტანდარტის დროს. უმრავლესი განვითარებადი ქვეყნების ვალუტები, ამის საპირისპიროდ, არაჯანსაღია (Schuler, 1996). ჯანსაღი ვალუტების დაკარგვა დაკავშირებულია ცენტრალური ბანკების პოზიციების ზრდასთან ამ ქვეყნებში. ბრეთონ ვუუდსის სისტემის საბოლოოდ დაშლამდე პერიოდის უდიდეს ნაწილში უმეტეს განვითარებად ქვეყნებს არ ჰქონდათ თანამედროვე ტიპის ცენტრალური ბანკები. ამის ნაცვლად, ისინი იყენებდნენ კომერციული ბანკების მიერ კონკურენციაზე დაყრდნობილი ფულის გამოშვებას (ლათინური ამერიკა, აღმოსავლეთ აზია და თვითმართვადი ბრიტანული კოლონიები), კერძო კომერციული ბანკის მიერ ფულის გამოშვების მონოპოლურ სისტემას (ბრიტანეთის გარდა, ევროპული ქვეყნების კოლონიები) ან სავალუტო საბჭოებს (არათვითმართვადი ბრიტანული კოლონიების უმრავლესობა) (Conant, 1969 [1927], Schuler, 1992 a,b). უმრავლესი განვითარებადი ქვეყნებისთვის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი ხილია. იგი ლათინურ ამერიკაში 1920იან წლებამდე ვერ გავრცელდა, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში - 1950იან წლებამდე. როგორც წესი, ცენტრალური ბანკის შექმნის პირველი დეკადიდან, განვითარებად ქვეყნებს მაღალი ინფლაცია გაუჩნდათ და მათი ვალუტაც უფრო შეზღუდულად კონვერტირებადი გახდა, ვიდრე მანამდე.

მაღალმა ინფლაციამ და არაჯანსაღი ვალუტების შეზღუდულმა კონვერტირებადობამ განვითარებადი ქვეყნების პროგრესს ხელი შეუშალა. არაჯანსაღი ვალუტა ხალისს უკარგავს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტირებას. ბევრ განვითარებად ქვეყანას, რომელსაც კოლონიურ პერიოდსა და დამოუკიდებლობის წლების დასაწყისში კაპიტალის წმინდა იმპორტი ჰქონდა - ამ დროს მათი ვალუტა ჯანსაღი იყო. ხოლო, როდესაც მათი ვალუტები არაჯანსაღი გახდა ისინი კაპიტალის წმინდა ექსპორტიორებად იქცნენ. ეს ქვეყნები უცხოური კაპიტალისგან დაიცალა და ადგილობრივი კაპიტალიც არალეგალურად „გაიქცა“, რათა ინფლაციური კონფისკაციისთვის დაეღწია თავი. შედეგად, ეკონომიკის განვითარება შენელდა, სტაგნაციაში გადავიდა და, ზოგიერთ შემთხვევაში, უკანაც წავიდა. ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ კაპიტალის ისევ მისაზიდად და ეკონომიკური განვითარების თავიდან წასახალისებლად, განვითარებად ქვეყნებს ჯანსაღი ვალუტები სჭირდებათ. შემდგომ, უფრო დეტალური საუბრისას ვნახავთ, რომ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, განვითარებად ქვეყნებში ცენტრალური ბანკის სისტემის მიერ ჯანსაღი ვალუტის წარმატებით უზრუნველყოფა ნაკლებად სავარაუდოა.

ცენტრალური ბანკების შექმნამდე არსებული კონკურენტული სისტემებიდან, სავალუტო საბჭო განსაკუთრებით იყო გავრცელებული: იგი 70 ქვეყანაში მოქმედებდა. სავალუტო საბჭოს სისტემები ზოგ ქვეყანაში დღესაც აგრძელებს მოქმედებას, მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ჰონგ კონგი. 1991 წლიდან არგენტინამ და ზოგმა სხვა ქვეყანამაც ასევე შექმნა სავალუტო საბჭოს მსგავსი სისტემები, რომელთაც ორთოდოქსული სავალუტო საბჭოს ზოგი, მაგრამ არა ყველა თვისება ჰქონდათ. ეს კვლევა სავალუტო საბჭოს სისტემის უფრო ფართოდ დანერგვის პოტენციალს ეხება განვითარებად ქვეყნებში ჯანსაღი ვალუტების მოქმედების უზრუნველსაყოფად.

სავალუტო საბჭო ცენტრალური ბანკის საპირისპიროდ

ცენტრალური ბანკი ადამიანთა უმრავლესობისთვის, სულ მცირე პრაქტიკულ დონეზე, მათი ქვეყნების მონეტარულ სისტემად არის ცნობილი. ცენტრალური ბანკი მონეტარული ხელისუფლებაა, რომელსაც აქვს დისკრეციული მონოპოლია, მართოს კომერციულ ბანკთა რეზერვები. ეს, როგორც წესი, გულისხმობს ბანკნოტებს (ქაღალდის ვალუტა) და მონეტებს. დისკრეციული მართვა ნიშნავს შესაძლებლობას, მონეტარული პოლიტიკა სურვილის მიხედვით შეირჩეს, ნაწილობრივად მაინც, წესებით შეუზღუდავად. რეზერვები ნიშნავს საშუალებას - მედიას, რომელიც გადახდებისთვის გამოიყენება. ხშირად, გადახდებისთვის მონეტარული სისტემა ორი ტიპის მედიას იყენებს: ერთი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივად გამოიყენება, როგორიცაა ადგილობრივი მონეტარული ხელისუფლების მიერ გამოშვებული ბანკნოტები და უცხოური რეზერვები (ბაზისური რეზერვები), რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში გამოიყენება, როგორიცაა ოქრო, უცხოური ვალდებულებები (ობლიგაციები) ან ბანკნოტები, რომელიც გამოშვებულია უცხოური ცენტრალური ბანკის მიერ. კომერციული ბანკები, ამ ტერმინის ფართო გაგებით, ცენტრალური ბანკისგან განსხვავებული ბანკებია, მათ შორის კოოპერატიული, საინვესტიციო და შემნახველი ბანკები.

მიუხედავად ბოლო ხანებში სავალუტო საბჭოს სისტემის მიმართ ინტერესის გაღვივებისა, იგი ბევრისთვის უცნობი რჩება. სავალუტო საბჭო მონეტარული ინსტიტუტია, რომელიც უშვებს ბანკნოტებსა და მონეტებს (და ზოგიერთ შემთხვევაში დეპოზიტებსაც), სრულად მხარდაჭერილს უცხოური „სარეზერვო“ ვალუტით და სრულად კონვერტირებადს უცხოურ ვალუტაში ფიქსირებული კურსით ნებისმიერი მოთხოვნისას. სარეზერვო ვალუტა უნდა იყოს კონვერტირებადი ვალუტა ან საქონელი, შერჩეული მისი მოსალოდნელი სტაბილურობის გამო. ქვეყანას, რომელიც უშვებს სარეზერვო ვალუტას, სარეზერვო ქვეყანა ჰქვია (თუ სარეზერვო ვალუტა არის საქონელი, თვითონ ის ქვეყანა ჩაითვლება სარეზერვოდ, რომელსაც სავალუტო საბჭო აქვს.)

რეზერვად სავალუტო საბჭოს აქვს აღებული დაბალი რისკის, მომგებიანი ფასიანი ქაღალდები და სხვა აქტივები, რომლისთვის სარეზერვო ვალუტას იხდიან. სავალუტო საბჭოს აქვს რეზერვები 100 პროცენტის ან ცოტათი მეტის ვიდრე გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები ცირკულაციაში, ზუსტად იმ ოდენობით როგორც დადგენილია კანონით. ყველაზე მარტივი ტიპის სავალუტო საბჭო არ იღებს დეპოზიტებს და არ უშვებს ფასიან ქაღალდებს; თუ სავალუტო საბჭო დაეთანხმება და დეპოზიტებს ან ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს, ისინიც 100 პროცენტით ან ცოტათი მეტით მხარდაჭერილი უნდა იყოს ლიკვიდური აქტივებით სარეზერვო ვალუტაში. სავალუტო საბჭო მოგებას იღებს სარეზერვო ვალუტის ფასიანი ქაღალდების შემოსავალსა და ბანკნოტებისა და მონეტების ცირკულირების ხარჯების სხვაობისაგან. იგი მთავრობას (ან მის მესაკუთრეს, თუ იგი მთავრობა არ არის) გადასცემს მოგებას იმის ზემოთ, რაც მას სჭირდება იმისათვის, რომ გადაიხადოს საკუთარი ხარჯები და უზრუნველყოფილი ჰქონდეს რეზერვების კანონით დადგენილი დონე. სავალუტო საბჭოს არ აქვს მის მიერ გამოშვებული ბანკნოტების, მონეტებისა და დეპოზიტების რაოდენობის დისკრეციული მართვის უფლება. მათ რაოდენობას საბაზრო ძალები განსაზღვრავს, მიუხედავად იმისა, რომ ფულს სავალუტო საბჭო აწვდის.

ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც აქვს კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, სავალუტო საბჭო მონეტარული სისტემის მხოლოდ ნაწილია. სავალუტო საბჭოს სისტემა მოიცავს სავალუტო საბჭოს, კომერციულ ბანკებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. იგი ასევე მოიცავს მათი და მთავრობის ქცევის წესებს, დაკავშირებულს ვალუტის გაცვლის კურსთან, ვალუტის კონვერტირებადობასთან, მთავრობის ფინანსებთან და ასე შემდეგ.

ცხრილი 1.1 გვაძლევს ტიპური სავალუტო საბჭოსა და ტიპური ცენტრალური ბანკის განსხვავებების სიას. ეს სექცია მოკლედ აღწერს ამ განსხვავებებს. წიგნის შემდგომ თავებში ეს განსხვავებები დეტალურად განიხილება. ვფიქრობთ, ეს აღწერები აკურატულია არსებული ტიპური სავალუტო საბჭოების და ტიპური ცენტრალური ბანკებისთვის წარსულსა და აწმყოში. სავალუტო საბჭოს ეს აღწერა ვერ მოგვცემს თეორიულად იდეალურ სავალუტო საბჭოს აღწერას და ვერც განსაკუთრებით კარგი სავალუტო საბჭოს აღწერას. იგი აღწერს ტიპურ არსებულ სავალუტო საბჭოს, თუმცა სავალუტო საბჭოების რეალური საქმიანობა ახლოსაა იდეალურთან, რისთვისაც ისინი შეიქმნენ (იხ. თავი 2). ამის მსგავსად, ცენტრალური ბანკების აღწერაც არ არის თეორიულად იდეალური ცენტრალური ბანკის. ისიც არ არის განსაკუთრებით კარგი ცენტრალური ბანკის აღწერა, როგორიცაა აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემა ან სინგაპურის მონეტარული ხელისუფლება. იგი აღწერს ტიპურ ცენტრალურ ბანკს. ეს აღწერა უმრავლესი ცენტრალური ბანკის მდგომარეობას ასახავს, მათ შორის განვითარებადი ქვეყნებისას, რომლებიც არსებით უმრავლესობას წარმოადგენს მსოფლიოში არსებულ ცენტრალურ ბანკებს შორის.

ცხრილი 1.1. ტიპური სავალუტო საბჭო ტიპური ცენტრალური ბანკის საპირისპიროდ.

100%25 უცხოური რეზერვი

განსხვავებული ზომის
რეზერვები

სრული კონვერტირებადობა

შეზღუდული
კონვერტირებადობა

წესებზე დაყრდნობილი
მონეტარული პოლიტიკა

დისკრეციული
მონეტარული პოლიტიკა

არ არის უკანასკნელი
იმედის კრედიტორი
(გამსესხებელი)

უკანასკნელი იმედის
კრედიტორია
(გამსესხებელი)

არ არეგულირებს
კომერციულ ბანკებს

ხშირად არეგულირებს
კომერციულ ბანკებს

გამჭვირვალეა

ბუნდოვანია

დაცულია პოლიტიკური
ზეწოლისაგან

პოლიტიზებულია

მაღალი სანდოობა

დაბალი სანდოობა

მოგებას მხოლოდ
ინტერესიდან (საბანკო
სარგებელი) იღებს

იგებს ინტერესიდან
და ინფლაციისგანაც

ინფლაციას ვერ ქმნის

შეუძლია გამოიწვიოს
ინფლაცია

არ შეუძლია დააფინანსოს
ადგილობრივი მთავრობის
ხარჯები

შეუძლია დააფინანსოს
ადგილობრივი მთავრობის
ხარჯები

არ საჭიროებს „წინასწარ
პირობებს” რეფორმისთვის

საჭიროებს „წინასწარ
პირობებს“
რეფორმისთვის

სწრაფი მონეტარული
რეფორმა

ნელი მონეტარული
რეფორმა

მცირე აპარატი

დიდი აპარატი

ცენტრალურ ბანკებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, და არ წარმოადგენს თეორიულად იდეალური ან განსაკუთრებით კარგი სავალუტო საბჭოს ან ცენტრალური ბანკის თვისებებს.

შენიშვნა: ეს ჩამოთვლილი თვისებები ახასიათებს არსებულ ტიპურ სავალუტო საბჭოებს და ცენტრალურ ბანკებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, და არ წარმოადგენს თეორიულად იდეალური ან განსაკუთრებით კარგი სავალუტო საბჭოს ან ცენტრალური ბანკის თვისებებს.

თუ დავიწყებთ ცხრილის 1.1 დასაწყისიდან, სავალუტო საბჭო, როგორც წესი, უზრუნველყოფს ბანკნოტებისა და მონეტების მიწოდებას, იმ დროს, როდესაც ცენტრალური ბანკი ასევე დეპოზიტებსაც ქმნის. ზოგიერთმა სავალუტო საბჭომ წარსულში დეპოზიტებიც შემოიღო; დღეს ჰონგ კონგის მონეტარული ხელისუფლება (Hong Kong Monetary Authority) და სხვა სავალუტო საბჭოს მსგავსი ხელისუფლებები უშვებენ ფასიან ქაღალდებს. ტიპური სავალუტო საბჭოს დეპოზიტები ისეთივე რეზერვის მოთხოვნების ქვეშაა, როგორც ბანკნოტები და მონეტები. სავალუტო საბჭოს საკითხის შესწავლის გასამარტივებლად ეს კვლევა სავალუტო საბჭოს ისეთ მოდელს განიხილავს, რომელიც მხოლოდ ბანკნოტებსა და მონეტებს უშვებს. დამატებითი სირთულეები, რომელიც მომდინარეობს დეპოზიტებისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვებისაგან, მცირეა და არ ცვლის საგრძნობლად ანალიზს, თუ ისინი ერთმანეთში გადაცვლადია მათი მფლობელებისთვის და ექვემდებარება უცხოური რეზერვის მოთხოვნებს სავალუტო საბჭოსთვის.

სავალუტო საბჭოს ან ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები და კომერციული ბანკების მიერ შექმნილი დეპოზიტები სავალუტო საბჭოს ან ცენტრალური ბანკის სისტემაში მონეტარულ ბაზას ქმნიან. მონეტარული ბაზა მაშინ ითვლება რეზერვად, როდესაც იგი კომერციული ბანკების მფლობელობაშია და არა ხალხის (იგულისხმება დეპოზიტორების - რედ.). საზოგადოების დეპოზიტები კომერციულ ბანკებში და ბანკნოტები და მონეტები, რომელიც მათ ეკუთვნის, ფულის მიწოდებას შეადგენს. ბანკნოტები და მონეტები ცირკულაციაში, ხალხის ხელშია ისინი თუ კომერციული ბანკების, შეადგენს ნაღდ ფულს.

კომერციული ბანკების დეპოზიტები ცენტრალურ ბანკში მათი რეზერვების მთავარი ფორმაა ტიპური ცენტრალური ბანკის სისტემაში; კომერციულ ბანკებს არ აქვთ დეპოზიტები სავალუტო საბჭოს სისტემაში, ამის ნაცვლად სარეზერვოსავალუტო აქტივები მათი რეზერვების მთავარ ფორმას წარმოადგენს. სავალუტო საბჭოს, ასევე მის მსგავს ცენტრალური ბანკის სისტემებში, კომერციული ბანკები ინახავენ სავალუტო საბჭოს თუ ცენტრალური ბანკის „საყრდენ ნაღდ ფულს“ - ბანკნოტებსა და მონეტებს, რათა დააკმაყოფილონ საკუთარი დეპოზიტორების მოთხოვნები დეპოზიტების ბანკნოტებსა და მონეტებში გადასაყვანად.

ტიპური სავალუტო საბჭო ქმნის ნამდვილ ფიქსირებულ კურსს სარეზერვო ვალუტასთან. ვალუტის კურსი მუდმივია, ან, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება განსხვავდებოდეს დადგენილი კურსისაგან მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში. გაცვლის კურსი შესაძლებელია ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომელიც აღწერს სავალუტო საბჭოს იურიდიულ ვალდებულებებს. ასეთი გაწერილი ვალდებულება ფიქსირებული სავალუტო კურსის შესახებ შესანიშნავად ასრულებდა თავის ფუნქციას (იხ. თავი 2). ტიპური ცენტრალური ბანკი ამის საპირისპიროდ უფრო მეტად პეგირებულ ან მოტივტივე სავალუტო კურსს ქმნის, ვიდრე ნამდვილად ფიქსირებულ კურსს. პეგირებული სავალუტო კურსი სარეზერვო ვალუტის მიმართ გარკვეული ვადის პერიოდისთვის მუდმივია, მაგრამ არ იძლევა არანაირ სანდო გრძელვადიან გარანტიას ამ კურსის შესანარჩუნებლად. მოტივტივე სავალუტო კურსი არც ერთი სარეზერვო ვალუტის მიმართ არ არის მუდმივი. ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსი, როგორც წესი, არ ფიქსირდება კანონით, შესაძლებელია ვარირებდეს ცენტრალური ბანკისა და მთავრობის ნების მიხედვით. ცენტრალური ბანკი იძულებულია დევალვაცია მოახდინოს, როდესაც განიცდის მძიმე პოლიტიკურ თუ სპეკულაციურ წნეხს ამ მიზნით. ამის შედეგად, როგორც მოგვიანებით დავინახავთ, ცენტრალური ბანკების მიერ გაცხადებული ფიქსირებული კურსი სინამდვილეში პეგირებულია.

ტიპური სავალუტო საბჭო სარეზერვო ვალუტის ფასიან ქაღალდებს, როგორც სარეზერვო აქტივს, ინახავს მისი ვალდებულებების საპირისპიროდ (მისი ბანკნოტები და მონეტები); მას ასევე შეუძლია საბანკო დეპოზიტები და მცირე ოდენობის ბანკნოტები სარეზერვო ვალუტაში იქონიოს. იგი ინახავს უცხოურ რეზერვებს საკუთარი ვალუტის ბანკნოტების, მონეტების და დეპოზიტების 100 პროცენტის ან მცირედ მეტი ოდენობით, როგორც არის დადგენილი კანონით. ბევრი სავალუტო საბჭო, უცხოური რეზერვის დონეს მაქსიმუმ 105 ან 110 პროცენტის ოდენობით ადგენს, რათა ზღვრული უსაფრთხოება ჰქონდეს სარეზერვო ვალუტის ფასიანი ქაღალდების ღირებულების დაკარგვის შემთხვევაში. ტიპური ცენტრალური ბანკი, ამის საპირისპიროდ, ფლობს სხვადასხვა უცხოურ რეზერვებს: არ არსებობს ვალდებულება, დადგინდეს რაიმე ფიქსირებული, მიბმული თანაფარდობა უცხოური რეზერვებისა ადგილობრივ ვალდებულებებთან. იქაც კი, სადაც მინიმალური თანაფარდობა არსებობს, ტიპურ ცენტრალურ ბანკს შეუძლია ჰქონდეს მასზე ზემოთ ნებისმიერი თანაფარდობა. მაგალითად, თუ ცენტრალურ ბანკს მოეთხოვება ჰქონდეს სულ მცირე 20 პროცენტი უცხოური რეზერვები, მას შესაძლებელია ჰქონდეს 30, 130 ან 330 პროცენტიც კი. ტიპური ცენტრალური ბანკი ასევე ფლობს ადგილობრივი ვალუტის აქტივებსაც, რაც სავალუტო საბჭოს საერთოდ არ აქვს.

ტიპური სავალუტო საბჭოს ვალუტა სრულად კონვერტირებადია: იგი შეზღუდვების გარეშე ცვლის მის ბანკნოტებს და მონეტებს სარეზერვო ვალუტაში მისი გამოცხადებული ფიქსირებული კურსით. ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს სარეზერვო ვალუტა, შეუძლია გადაცვალოს იგი სავალუტო საბჭოს ბანკნოტებსა და მონეტებში ფიქსირებული კურსით, და ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს სავალუტო საბჭოს ბანკნოტები და მონეტები, ასევე შეუძლიათ გადაცვალონ იგი სარეზერვო ვალუტაში ფიქსირებული კურსით. მიუხედავად ამისა, სავალუტო საბჭოები გარანტიას არ იძლევიან, რომ კომერციული ბანკების დეპოზიტები კონვერტირებადი იქნება სავალუტო საბჭოს ბანკნოტებსა და მონეტებში. კომერციული ბანკები თვითონ არიან პასუხისმგებლები იმისთვის, რომ თვითონ იქონიონ საკმარისი ბანკნოტები და მონეტები თადარიგისთვის, რათა დააკმაყოფილონ საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებები მათივე დეპოზიტორების მიმართ - გადაიყვანონ დეპოზიტები ბანკნოტებსა და მონეტებში მოთხოვნისთანავე. თუ მთავრობა არ დაადგენს მინიმალური რეზერვის მოთხოვნას კომერციული ბანკებისთვის, კომერციულ ბანკებს შეუძლიათ იქონიონ ნებისმიერი სიდიდის (ან რეზერვისა და ვალდებულებების თანაფარდობის) რეზერვი, რომელიც მათ მიაჩნიათ მისაღებად; მათ არ მოეთხოვებათ ჰქონდეთ 100 პროცენტი რეზერვი, როგორც ეს არის დადგენილი სავალუტო საბჭოს შემთხვევაში, არც 100 პროცენტი სავალუტო საბჭოს ბანკნოტებისა და მონეტების თანაფარდობა დეპოზიტების მიმართ (სხვა სიტყვებით, სავალუტო საბჭოს შემთხვევაში M0 100 პროცენტით მხარდაჭერილია უცხოური რეზერვებით, თუმცა უფრო ფართო ფული M1, M2 და M3 — არა.) დეპოზიტები კომერციულ ბანკებში დენომინირებული სავალუტო საბჭოს ვალუტაში, სრულად კონვერტირებადია ფიქსირებული კურსით სავალუტო საბჭოს ბანკნოტებსა და მონეტებში, ხოლო სავალუტო საბჭოს ბანკნოტები და მონეტები მთლიანად კონვერტირებადია ფიქსირებული კურსით სარეზერვო ვალუტაში. სავალუტო საბჭოს არანაირი პირდაპირი როლი არ აქვს სხვა უცხოური ვალუტების კურსთან, რომელიც სარეზერვო არ არის. კომერციული ბანკები ბაზარზე დადგენილი კურსებით ვაჭრობენ, რომელიც შესაძლებელია იყოს ფიქსირებული, პეგირებული ან მოტივტივე სარეზერვო ვალუტის მიმართ და, შესაბამისად, სავალუტო საბჭოს ვალუტის მიმართ.

ტიპური ცენტრალური ბანკის ვალუტას, ამის საპირისპიროდ, შეზღუდული კონვერტირებადობა ახასიათებს. ცენტრალურ ბანკებს, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში და ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში სრულად კონვერტირებადი ვალუტა აქვს, მაგრამ განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობის ცენტრალური ბანკების ვალუტები ნაწილობრივ კონვერტირებადია ან არაკონვერტირებადი. ისინი ზღუდავენ ან კრძალავენ გარკვეულ ტრანსაქციებს, კონკრეტულად კი უცხოური ფასიანი ქაღალდების ან უძრავი ქონების შეძენას (იხ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური ანგარიში გადაცვლის წესებსა და შეზღუდვებზე).

ტიპურ სავალუტო საბჭოს აქვს წესებზე დამყარებული პოლიტიკა. მას არ აქვს უფლება ცვალოს გადაცვლის კურსი, გარდა საგანგებო ვითარებებისა (მე-4 თავი გვაძლევს ასეთი საგანგებო ვითარების განსაზღვრის წესსაც.) სავალუტო საბჭოს ასევე არ აქვს ნებადართული ცვალოს რეზერვის თანაფარდობა ან რეგულირებები, რომლებიც გავლენას ახდენს კომერციულ ბანკებზე. სავალუტო საბჭო უბრალოდ გადაცვლის ბანკნოტებსა და მონეტებს სარეზერვო ვალუტაზე ფიქსირებული კურსით იმ ოდენობით, როგორც კომერციული ბანკები და მოსახლეობა მოითხოვს. როდესაც ფულის მოთხოვნა იცვლება, სავალუტო საბჭოს როლი პასიურია. საბაზრო ძალები ადგენენ ფულის მიწოდების მოცულობას თვითდადგენის პროცესით, რომელიც განიხილება მე-3 თავში.

ტიპურ ცენტრალურ ბანკს, ამის საპირისპიროდ, ნაწილობრივ ან სრულად დისკრეციული მონეტარული პოლიტიკა აქვს. ცენტრალურ ბანკებს საკუთარი ნებით ან მთავრობის მხარდაჭერით შეუძლიათ ცვალონ ვალუტის გადაცვლის კურსი, უცხოური რეზერვების ზომა და თანაფარდობა, კომერციული ბანკების მარეგულირებელი აქტები. ისინი შეზღუდვების ობიექტები არ არიან, როგორც ეს სავალუტო საბჭოს შემთხვევაშია.

ტიპური სავალუტო საბჭო არ არის უკანასკნელი შესაძლებლობის კრედიტორი (გამსესხებელი), ეს ნიშნავს, რომ იგი არ გასცემს სესხებს კომერციულ ბანკებს ან სხვა ფირმებზე, რათა არ გაკოტრდნენ. კომერციული ბანკები სავალუტო საბჭოს სისტემაში უნდა დაეყრდნონ უკანასკნელი შესაძლებლობის გამსესხებლის სხვა ალტერნატივებს (იხ. თავი 5). ტიპური ცენტრალური ბანკი, ამის საპირისპიროდ, წარმოადგენს უკანასკნელი შესაძლებლობის კრედიტორს (გამსესხებელს).

ტიპური სავალუტო საბჭო არ არეგულირებს კომერციულ ბანკებს. სავალუტო საბჭოს სისტემაში, როგორც წესი, მცირე რაოდენობის მარეგულირებელი აქტები მოქმედებს და მათ ანხორციელებს ან ფინანსთა სამინისტრო, ან საბანკო რეგულირების ოფისი. ტიპური ცენტრალური ბანკი, ამის საპირისპიროდ, ხშირად არეგულირებს კომერციულ ბანკებს. ამ რეგულირების ყველაზე ჩვეულებრივი ფორმა კომერციული ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების დადგენაა. მოთხოვნილი რეზერვები, რომლებიც სათადარიგო ნაღდი ფულის სახით ცენტრალური ბანკის დეპოზიტებში განთავსდება, ტიპურად აჭარბებს გონიერ რეზერვებს, რომელიც კომერციულ ბანკებს ექნებოდათ იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური სარეზერვო მოთხოვნები არ იარსებებდა.

ტიპური სავალუტო საბჭოს საქმიანობა გამჭვირვალეა, რადგანაც იგი ძალიან მარტივი ინსტიტუტია. იგი უბრალოდ წამოადგენს საწყობის მსგავს დაწესებულებას სარეზერვო ვალუტის ფასიანი ქაღალდებისთვის, რომელიც ამყარებს ცირკულაციაში არსებულ საკუთარ ბანკნოტებსა და მონეტებს. ტიპური ცენტრალური ბანკის საქმიანობა ბუნდოვანია. ცენტრალური ბანკი საწყობი არ არის; იგი სპეკულაციური ინსტიტუტია, რომლის ეფექტიანობა ნაწილობრივ იმაზეცაა დამოკიდებული, რომ ხანდახან საიდუმლოდ იმოქმედოს.

იმის გამო, რომ სავალუტო საბჭო წესებზე დამოკიდებული და გამჭვირვალე სისტემაა, პოლიტიკური წნეხისაგან იგი პოლიტიკური ქცევის მკაფიო წესებით არის დაცული, ან, უკეთეს შემთხვევებში, მკაფიო კონსტიტუციით, ისეთით, როგორც დანართშია. ტიპური ცენტრალური ბანკი პოლიტიზებულია. ზოგიერთი ცენტრალური ბანკი, ისეთი, როგორც აშშ ფედერალური რეზერვი ან ევროპის ცენტრალური ბანკი, პოლიტიკურად დამოუკიდებელნი არიან მათი მმართველების თვალსაზრისით - მათ, ერთხელ დანიშნულებს, აქვთ მონეტარული პოლიტიკის ერთპიროვნული კონტროლის უფლება და ვერ გათავისუფლდებიან თანამდებობიდან აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მათთვის ოფისში ყოფნის ფიქსირებულ ვადაში, ასევე, აღმასრულებელს ან საკანონმდებლო ხელისუფლებას არ აქვს უფლება დააძალოს ცენტრალურ ბანკს ფულის გასესხება. თუმცა, პოლიტიკურად ყველაზე დამოუკიდებელ ცენტრალურ ბანკსაც უწევს დათმობები.

ტიპურ სავალუტო საბჭოს მაღალი სანდოობა აქვს. მის მიმართ 100 პროცენტიანი უცხოური რეზერვების მოთხოვნა, მისი წესებზე დაყრდნობილი მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური წნეხისაგან დაცულობა მას საშუალებას აძლევს შექმნას სრული კონვერტირებადობა და ვალუტის ფიქსირებული გადაცვლის კურსი სარეზერვო ვალუტასთან მიმართებაში. მოსალოდნელია, რომ კორექტულად არჩეული სარეზერვო ვალუტა სტაბილური იქნება, ამის შედეგად, ვალუტაც, რომელსაც სავალუტო საბჭო გამოუშვებს, სტაბილური იქნება. ტიპური ცენტრალური ბანკი, ამის საპირისპიროდ, დაბალი სანდოობით გამოირჩევა. მცირე რაოდენობის განსაკუთრებულად კარგი ცენტრალური ბანკები, რომლებიც ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში არსებობენ, სარგებლობენ მაღალი სანდოობით, მაგრამ სხვები არა, ვინაიდან მათ (ცენტრალურ ბანკებს) დისკრეციული უფლება აქვთ მონეტარულ პოლიტიკაში, არიან ბუნდოვანი, პოლიტიზებული, აქვთ საშუალება და მოტივაცია - არ შეასრულონ დაპირებები გადაცვლის კურსის ან ინფლაციის შესახებ, როდესაც მოესურვებათ.

მკითხველებმა შესაძლოა იკითხონ, რამდენად სანდო იქნებოდა ტიპური სავალუტო საბჭო, თუ, როგორც ეს ხდებოდა უმეტესი სავალუტო საბჭოების შემთხვევაში, მისი სარეზერვო ვალუტა (სხვა) ცენტრალური ბანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. არ გამოიწვევდა სარეზერვო ვალუტის ცენტრალური ბანკი მონეტარულ არასტაბილობას, მაგალითად სავალუტო საბჭოს ქვეყანაში? ინფლაციასთან ბრძოლის კარგ მაგალითს ვერც ერთი ცენტრალური ბანკის ისტორია ვერ გვაძლევს. სარეზერვო ვალუტის ცენტრალურ ბანკს საკუთარი არასტაბილურობისა და ინფლაციის ექსპორტი სავალუტო საბჭოს ქვეყანაში სწორედ სავალუტო საბჭოს მეშვეობით შეუძლია მოახდინოს.

ჩვენ ვპასუხობთ, რომ ყველამ უნდა იფიქროს შედარებითი სანდოობის ხედვით. სარეზერვო ვალუტა (გამოშვებული ცენტრალური ბანკის მიერ) განსხვავებით საქონელი ფულისაგან, შესაძლებელია გამონაკლისად განსაკუთრებით კარგი ცენტრალური ბანკის მიერ იყოს გამოშვებული, ისეთი, როგორიცაა აშშ ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი ან იაპონიის ცენტრალური ბანკი. ეს ბანკები არ არიან სრულყოფილი, მაგრამ მათ უფრო მაღალი სანდოობა აქვთ, ვიდრე სხვა ცენტრალურ ბანკებს ახლა ან პროგნოზირებად მომავალში. აშშ დოლარი, ევრო და იაპონური იენი განსაკუთრებით კარგი რეპუტაციით სარგებლობს და კარგი პერსპექტივები აქვს მომავალი სტაბილურობისთვის. მაგალითად, განვითარებად ქვეყნებს შორის 1 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით, 90 პროცენტზე მეტმა საკუთარი ვალუტა გააუფასურა აშშ დოლარის მიმართ 1970დან 1993 წლებში (Schuler, 1996: 33). სავალუტო საბჭო გადასცემს სარეზერვო ვალუტის ქვეყნის სანდოობას საკუთარ სავალუტო საბჭოს ქვეყანას იმ დროს, როდესაც ტიპური ცენტრალური ბანკის პირობებში ეს ეფექტი არ ხდება. სავალუტო საბჭოს შეუძლია „იმპორტირება გაუკეთოს“ განსაკუთრებით კარგი ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკას ფიქსირებული ვალუტის გადაცვლის კურსის საშუალებით, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ვალუტასთან მიმართებაში.

ტიპური სავალუტო საბჭო შემოსავალს იღებს მხოლოდ სარგებლის სენიორაჟიდან (ფულის გამოშვების შემოსავალი). სავალუტო საბჭო შემოსავალს იღებს სარეზერვო ვალუტის ფასიანი ქაღალდების ფლობიდან (მისი მთავარი აქტივები), არ იხდის არანაირ ინტერესს (სარგებელს) საკუთარ ბანკნოტებსა და მონეტებზე (მისი ვალდებულებები). მისი გროს-სენიორაჟი არის შემოსავალი ნაღდი ფულის გამოშვებისაგან. ეს შესაძლებელია გარე ინტერესის შემოსავალი ან შიდა შემოსავალი იყოს ფულის ხარჯვის შედეგად შეძენილი საქონლის ფორმით. წმინდა სენიორაჟი (მოგება) არის გროსსენიორაჟს გამოკლებული ბანკნოტებისა და მონეტების ცირკულაციაში გაშვების დანახარჯები.

ტიპური ცენტრალური ბანკი ასევე იღებს შემოსავლებს შინაური და უცხოური ფასიანი ქაღალდების ფლობიდან. იგი შემოსავალს ბანკნოტებისა და მონეტების ცირკულაციის სენიორაჟიდანაც იღებს და ასევე, კომერციული ბანკების დეპოზიტებისაგანაც. დეპოზიტები, როგორც ბანკნოტები და მონეტები, როგორც წესი, სარგებელს არ იხდის. მაგრამ ტიპური ცენტრალური ბანკისთვის სენიორაჟის უფრო მნიშვნელოვანი წყარო ინფლაციაა. ინფლაციის კარგად განსაზღვრისთვის - იგი არის ნომინალური ფასების საერთო ზრდა, ტიპურად გამოწვეული ნომინალური ფულის მიწოდების ზრდით, რაც არ წარმოადგენს ნებაყოფლობითი ანაბრების ზრდის შედეგს. ტიპურ სავალუტო საბჭოს არ შეუძლია გამოიწვიოს ინფლაცია, რადგანაც იგი არ აკონტროლებს მონეტარული სისტემის რეზერვებს. მაგალითად, ჰონგ კონგის სავალუტო საბჭოს სისტემის რეზერვები აშშ დოლარის მონეტარულ ბაზაზეა, რომლის მიწოდება ხდება აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემიდან და არა ჰონგ კონგის მონეტარული ხელისუფლებისაგან. ფიქსირებული კურსის ნებისმიერი სისტემის მსგავსად, ვალუტის ფიქსირებული გადაცვლის კურსის საშუალებით სავალუტო საბჭოს შეუძლია სარეზერვო ვალუტის ქვეყნიდან მოახდინოს ინფლაციის გადმოტანა, მაგრამ მას არ შეუძლია თვითონ შექმნას ინფლაცია, რადგანაც სარეზერვო ვალუტის ქვეყნის მონეტარული ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად მონეტარულ ბაზას ვერ გაზრდის. ტიპურ ცენტრალურ ბანკს, ამის საპირისპიროდ, შეუძლია შექმნას ინფლაცია მისი დისკრეციის ფარგლებში შინაური მონეტარული ბაზის ზრდით.

ტიპური სავალუტო საბჭო ვერ დააფინანსებს მთავრობის ხარჯებს ან სახელმწიფო საწარმოებს, რადგანაც ფულის გასესხების ნება არ აქვს. ტიპური ცენტრალური ბანკი აფინანსებს მთავრობის ხარჯებს ხან შედარებით ნაკლები ზომით (როგორც აშშში), ხან უფრო დიდი ზომით (როგორც ეს ბევრ განვითარებად ქვეყანაში ხდება).

ტიპურ სავალუტო საბჭოს მონეტარული რეფორმის მოსახდენად არ სჭირდება „წინა პირობების” შესრულება. ბრალდებების საპირისპიროდ, რომელიც წამოაყენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევებმა (Baliño, Enoch და სხვები 1997: 18; Enoch da Gulde, 1997: 267), მთავრობის ფინანსები, სახელმწიფო საწარმოები ან ვაჭრობა არ არის საჭირო უკვე რეფორმირებული იყოს მანამდე, სანამ სავალუტო საბჭო დაიწყებდეს ჯანსაღი ვალუტის გამოშვებას (HHanke, 1999). ტიპური ცენტრალური ბანკი ვერ გამოუშვებს ჯანსაღ ვალუტას, სანამ არსებობს „ფისკალური წინაპირობა” - მთავრობამ აღარ უნდა დააფინანსოს ბიუჯეტის დეფიციტი ინფლაციის საშუალებით. როგორც კი მთავრობა დამოკიდებული ხდება ცენტრალურ ბანკზე დეფიციტის დასაფინანსებლად, მათ, როგორც წესი, ამის შეჩერება უჭირთ.

ტიპური სავალუტო საბჭო სწრაფი მონეტარული რეფორმის გამტარებელია. მას შეუძლია სწრაფად შექმნას და განახორციელოს მისი მიზნები. ტიპური ცენტრალური ბანკი მონეტარული რეფორმისთვის შეფერხებას წარმოადგენს.

დასასრულ, ტიპურ სავალუტო საბჭოს სჭირდება მხოლოდ მცირე აპარატი მცირე რაოდენობის თანამშრომლებით, ვინც რუტინულ ფუნქციებს ასრულებს, რომელიც ადვილად შესასწავლია. ტიპურ ცენტრალურ ბანკს სჭირდება დიდი აპარატი, რომელიც განსწავლული იქნება მონეტარულ თეორიასა და პოლიტიკაში. ჩინეთის სახალხო ბანკი 150 000 ადამიანს ქირაობს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკში დასაქმებულია 90 000, გერმანიიის ბუნდესბანკსა და საფრანგეთის ბანკში - 16 000 თითოეულში (Hanke, 2000).

სავალუტო საბჭო დოლარიზაციის, მრავალეროვანი ბანკების და თავისუფალი საბანკო საქმიანობის საპირისპიროდ

როდესაც ამ კვლევის ორიგინალური ვერსია გამოქვეყნდა 1994 წელს, სავალუტო საბჭო ფართოდ დისკუსირებადი ერთადერთი მეთოდი იყო უნიფიცირებული მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად განვითარებად ქვეყნებში. 1999 წლის შემდეგ დოლარიზაცია და მრავალეროვანი ცენტრალური ბანკები ასევე მოხვდნენ ყურადღების ქვეშ, როგორც უნიფიცირებული მონეტარული პოლიტიკის მეთოდები. აკადემიური ინტერესი აღორძინდა სხვა მონეტარული სისტემის მიმართაც როგორიცაა, მაგ., თავისუფალი საბანკო საქმიანობა - თუმცა კი იგი ჯერ არსად არსებობს.

დოლარიზაცია ხდება, როდესაც ქვეყნის რეზიდენტები ფართოდ იყენებენ სხვა უცხოურ ვალუტას საკუთარ ვალუტასთან ერთად ან მის ნაცვლად. არაოფიციალური დოლარიზაცია ხდება, როდესაც ინდივიდებს აქვთ უცხოური ვალუტის დეპოზიტები ან ბანკნოტები (ქაღალდის ფული) იმისათვის, რომ თავი დაიცვან საკუთარი ვალუტისაგან. არაოფიციალური დოლარიზაცია მრავალ ქვეყანაში წლების განმავლობაში არსებობდა.

თუმცა დოლარიზაცია ახლახან გაჩნდა ახალ ამბებში, რაც გამოიწვია ოფიციალური დოლარიზაციისადმი ინტერესმა, რომელიც ჩნდება, თუ მთავრობა ეთანხმება უცხოურ ვალუტას, როგორც დომინირებულ ან ექსკლუზიურ კანონიერ გადახდის საშუალებას. წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელიც დოლარიზებული გახდა, პანამაა, რომელიც აშშ დოლარს ოფიციალურად 1904 წლიდან იყენებს. 1999 წელს არგენტინის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სურდა ჰქონოდა აშშსთან ფორმალური შეთანხმება, რათა ოფიციალურად დოლარიზებული ყოფილიყო. არგენტინა ან სხვა ქვეყანა დოლარიზებული შეიძლება იყოს ფორმალური შეთანხმების გარეშეც. არგენტინის მოქმედებამ სხვა ლათინურ ქვეყნებშიც გააჩინა დისკუსიები ოფიციალური დოლარიზაციის შესახებ. 2000 წლის 9 იანვარს ეკვადორის პრეზიდენტმა წამოაყენა დოლარიზაციის წინადადება, რაც უნდა დახმარებოდა მის ქვეყანას, გამოსულიყო ღრმა რეცესიიდან და პოლიტიკური არეულობიდან; რადგან ეს წიგნი ჩვენ 2000 წელს დავწერეთ, ეკვადორი შუა გზაზე უნდა იყოს დოლარიზაციის მიმართულებით. 2000 წლის 24 ივნისს, გაეროს ადმინისტრატორებმა გამოაცხადეს, რომ ამ დროისთვის დოლარი აღმოსავლეთ თიმორის ვალუტა იყო, რომელიც სულ ახლახან ინდონეზიისაგან დამოუკიდებელი გახდა. დღეისთვის დოლარიზაცია 30 დამოკიდებულ და დამოუკიდებელ ქვეყანაში არის განხორციელებული.

ძირითადი განსხვავება დოლარიზაციასა და ორთოდოქსულ სავალუტო საბჭოს შორის არის ის, რომ დოლარიზაციის დროს არ არსებობს განვითარებული ადგილობრივი ვალუტა. თუ სპეციალური მოლაპარაკება არ არსებობს, დოლარიზებული ქვეყანა კარგავს შემოსავალს სენიორაჟიდან, რომელიც ექნებოდა სავალუტო საბჭოს შემთხვევაში. დოლარიზაცია ქვეყანას ასევე აკარგვინებს პოლიტიკურ სარგებელს საკუთარი ადგილობრივი ვალუტის ქონიდან. სხვა მხრივ, თუ პრაქტიკული არჩევანი იქნებოდა არა ორთოდოქსულ სავალუტო საბჭოსა და დოლარიზაციას შორის, არამედ სავალუტო საბჭოს მსგავს სისტემასა და დოლარიზაციას შორის, დოლარიზაცია მოსალოდნელია იყოს უფრო გამჭვირვალე, სანდო და სარგებლიანი ეკონომიკისთვის, რადგანაც უფრო ძნელია შეიცვალოს. დოლარიზაციის მეტმა გამჭვირვალობამ და სანდოობამ გავლენა მოახდინა ეკვადორზე, წასულიყო დოლარიზაციაზე და არა არგენტინის მსგავს სავალუტო საბჭოსნაირ სისტემაზე, რაც ასევე განიხილებოდა.

ევროპის ცენტრალური ბანკის შექმნამ ევროს გამოსაშვებად 1999 წელს, აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის ქვეყნებს შორის ინტერესი გააღვივა ევროპის ცენტრალურ ბანკთან მისაერთებლად, რაც მათი მონეტარული პოლიტიკის უნიფიცირებას მოახდენდა ევროს ზონის მონეტარულ პოლიტიკასთან. ევროპის ცენტრალური ბანკი დღეს ერთერთი მრავალეროვანი ცენტრალური ბანკია - სხვები არიან: Banque Centrale des Etats de l'Afrique de l'Ouest (დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ბანკი), Banque des Etats de l'Afrique Centrale (ცენტრალური აფრიკის ქვეყნების ბანკი), რომლებიც CFA ფრანკს უშვებენ სულ 14 ქვეყანაში, ძირითადად ყოფილ აფრიკულ კოლონიებში; აღმოსავლეთ კარიბის ცენტრალური ბანკი, რომელიც უშვებს აღმოსავლეთ კარიბის დოლარს 6 ყოფილ და 2 ახლანდელ ბრიტანულ კოლონიაში. აღმოსავლეთ კარიბის ცენტრალური ბანკი თავიდან შეიქმნა, როგორც მრავალეროვანი სავალუტო საბჭო.

მრავალეროვანი ცენტრალური ბანკის პირობებში ვალუტის გადაცვლის კურსი პეგირებულია (როგორც ეს ცენტრალური აფრიკის ფრანკისა და აღმოსავლეთ კარიბის დოლარის შემთხვევაშია), ან მოტივტივე (როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის შემთხვევაში) და არა ფიქსირებული, როგორც ეს იქნებოდა სავალუტო საბჭოს შემთხვევაში. ვალუტის გადაცვლის კონტროლი შესაძლებელია არსებობდეს, როგორც ეს ხდება ყველა მრავალეროვნული ცენტრალური ბანკის შემთხვევაში, გარდა ევროპის ცენტრალრი ბანკისა.

თავისუფალი საბანკო საქმიანობის სისტემა მოქმედებს ბანკნოტების და სხვა ვალდებულებების კონკურენციის მეთოდით გამოშვებით და მინიმალური რეგულირებით. კერძოდ, სრულიად თავისუფალი საბანკო საქმიანობის სისტემას არ აქვს ცენტრალური ბანკი, არანაირი უკანასკნელი შესაძლებლობის კრედიტორი, არანაირი სარეზერვო მოთხოვნები და არანაირი კანონმდებლობითი შეზღუდვები საბანკო პორტფელზე, ინტერესის განაკვეთებზე ან ფილიალებზე. ასეთი სისტემა არსებობდა 60 ქვეყანაში მე-19 საუკუნეში და მე20 საუკუნის დასაწყისში. ზოგადად, ისინი შედარებით სტაბილურნი არიან და წარმატებულნი ფიქსირებული გადაცვლის კურსის შესანარჩუნებლად ოქროსთან ან ვერცხლთან, როგორც უმეტესობას ჰქონდა დადგენილი (DOWD 1992). სავალუტო საბჭოები ან ცენტრალური ბანკები ჩაენაცვლნენ თავისუფალი საბანკო საქმიანობის სისტემას ინტელექტუალური და პოლიტიკური სურვილებით, რათა ბანკნოტებისა და მონეტების გამოშვების მონოპოლიური უფლება მთავრობის რომელიმე ორგანოს გადასცემოდა, შედეგად, არც ერთი თავისუფალი საბანკო საქმიანობის სისტემა არ შემორჩა. ბოლო 25 წელიწადში ეკონომისტებს შორის ასეთი სისტემის მიმართ ინტერესი ისევ გაღვივდა, ცენტრალური ბანკების საქმიანობის უკმაყოფილების გამო და სულ ახლახან კი ელექტრონული ფულის შესაძლებლობების გაჩენის შედეგად, რომელმაც ბანკნოტები და მონეტები მოაძველა და ბანკებს საშუალება მისცა სრულყოფილი კონკურენცია გაეწიათ მთავრობის მიერ გამოშვებული ვალუტისთვის (Selgin and White 1994, Rahn 1999).

როგორც სავალუტო საბჭო, თავისუფალი საბანკო სისტემაც, როგორც წესი, ვალუტის ფიქსირებული გადაცვლის კურსს იყენებს და არ აკონტროლებს ვალუტის გადაცვლას. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განსაზღვრული იყოს სარეზერვო ქვეყანა, მონეტარული პოლიტიკა ბანკებს შორის კონკურენციით ფორმირდება. ბანკებს აქვთ თავისუფლება, შესთავაზონ მომხმარებლებს ნებისმიერი ვალუტა. ვალუტის კურსი შესაძლებელია იყოს ფიქსირებული, პეგირებული ან მოტივტივე. ფიქსირებულია თუ პეგირებული, ღუზა ვალუტა შესაძლებელია იყოს რაიმე საქონელი ან უცხოური ვალუტა. მომხმარებლების პრეფერენციები გადაწყვეტენ რომელი ვალუტა იქნება ცირკულაციაში და შედეგად რომელი მონეტარული პოლიტიკა იქნება წარმატებული კონკურენციაში. აგრეთვე, განსხვავებით სავალუტო საბჭოსაგან, თავისუფალი საბანკო საქმიანობის შემთხვევაში წმინდა სენიორაჟი, როგორც მოგების სხვა ფორმები, კონკურენციის გამო ნულისკენ მიექანება და გადანაწილდება მომხმარებელთა შორის. რადგან თავისუფალ ბანკებს ბანკნოტების და მონეტების გამოშვების მონოპოლია არ აქვთ, ისინი მას იმ რაოდენობით უშვებენ, რომ მოგება ნულს უახლოვდებოდეს. ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფალი საბანკო სისტემა, ჩვეულებრივ, ინფლაციურია; ფიქსირებული გადაცვლის კურსის არსებობა, რომელიც თითქმის ყველა თავისუფალ საბანკო სისტემას ახასიათებს, თავიდან აიცილებს ინფლაციას.

სავალუტო საბჭოები და ფართო ეკონომიკური რეფორმები

სავალუტო საბჭოებისადმი ინტერესის ხელახლა გაღვივებამდე თითქმის ყველა ეკონომისტი მარტივად თვლიდა, რომ უმრავლეს ქვეყნებს ცენტრალური ბანკები უნდა ჰქონოდათ. ცენტრალური ბანკების არასწორი მოქმედებისგან თავის დაღწევა ლათინური ამერიკის ქვეყნების 1980-იან და ყოფილი კომუნისტური ქვეყნების 1990-იან წლებში განხორციელებული რეფორმების ერთერთი მთავარი პრობლემა იყო. სავალუტო საბჭო შეიძლება ეკონომიკური სტაბილიზაციის ალტერნატიული მიდგომის ნაწილი იყოს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მიზნები უფრო ეფექტიანად იქნეს მიღწეული ვიდრე ცენტრალური ბანკის შემთხვევაში.

ალტერნატიული მიდგომა სტაბილიზაციას ფასებისა და ვაჭრობის დერეგულირების და ვალუტის ფიქსირებული გადაცვლის კურსის მქონე სავალუტო საბჭოს მეშვეობით აღწევს. ჩვეულებრივი მიდგომა გულისხმობს სტაბილიზაციის მიღწევას ფასების და ვაჭრობის ლიბერალიზაციის გზით და ცენტრალური ბანკის საშუალებით, პეგირებული ვალუტის გადაცვლის კურსით. საშუალებები მსგავსი ჩანს, მაგრამ საკმაოდ განსხვავბული ეფექტებით.

ალტერნატიული მიდგომა მხარს უჭერს ფასებისა და ვაჭრობის დერეგულირებას. იგი მთავრობას საშუალებას აძლევს ფასების კონტროლი ისეთი სისწრაფით გააუქმოს, როგორც ეს პოლიტიკურადაა მისაღები. ჩვეულებრივი მიდგომა მხარს უჭერს ფასებისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციას და არა დერეგულირებას. იგი აუქმებს ბევრი ფასის კონტროლს, სავაჭრო შეზღუდვებსა და ტარიფებს, მაგრამ ინარჩუნებს სხვებს. ჩვეულებრივ მიდგომაში ფასების და ვაჭრობის სრული დერეგულირება არ არის შესაძლებელი, რადგანაც ცენტრალური ბანკი საშუალებას აძლევს მთავრობას და სახელმწიფო საწარმოებს იმოქმედონ რბილი საბიუჯეტო შეზღუდვებით. რბილი საბიუჯეტო შეზღუდვები ნიშნავს იმას, რომ, ვინაიდან ეკონომიკური აგენტები სუბსიდიებს იღებენ, მათ შეუძლიათ დახარჯონ უფრო მეტი ვიდრე მათი შემოსავლისა და არასუბსიდირებული სესხის ჯამია.

ალტერნატიული მიდგომის დროს სავალუტო საბჭო მკაცრი საბიუჯეტო შეზღუდვების გასატარებელ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც სასიცოცხლოა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისთვის. ტიპური სავალუტო საბჭო ცდილობს რბილი საბიუჯეტო შეზღუდვები მისი საწინააღდეგო მკაცრი შეზღუდვებით შეცვალოს, რადგან მას არ შეუძლია ინფლაციის გამოწვევა სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. სავალუტო საბჭო არ ასესხებს ფულს საკუთარ მთავრობას ან სახელმწიფო საწარმოებს არც პირდაპირ და არც კომერციული ბანკების საშუალებით ან მთავრობის ბიუჯეტის გავლით. მკაცრი საბიუჯეტო შეზღუდვები, რომელსაც სავალუტო საბჭო ცდილობს განახორციელოს მთავრობის მიმართ, ზღუდავს სუბსიდიების ნომინალურ და რეალურ თანხებს, რომელსაც მთავრობა გრანტად აძლევს სახელმწიფო საწარმოებს. ეს ქმნის ზეწოლას მთავრობაზე, რათა მან რესტრუქტურიზაცია გაუკეთოს ან დახუროს არამომგებიანი სახელმწიფო საწარმოები. ეს კი აძლიერებს საბიუჯეტო შეზღუდვებს. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ალტერნატიულ მიდგომაში ფასების ცენტრალიზებული კონტროლი საჭირო არ არის. ფასების განსაზღვრის ფუნქცია შეიძლება საბაზრო ძალებს დავუტოვოთ მკაცრი საბიუჯეტო შეზღუდვების ჩარჩოებში, ვინაიდან სახელმწიფო საწარმოები არამომგებიანია და, სასურველია, დაიხუროს ან რესტრუქტურიზდეს მთავრობის მიერ.

ჩვეულებრივი მიდგომის პირობებში, ამის საპირისპიროდ, საბიუჯეტო შეზღუდვების მისაღწევ საშუალებას წარმოადგენს ცენტრალური ბანკი, რომლის ვალუტა გაუფასურების სუბიექტია (ბევრ ქვეყანაში პრეზიდენტი ან კაბინეტი, უფრო მეტად, ვიდრე ცენტრალური ბანკი, აღჭურვილია უფლებით, მიიღოს გადაწყვეტილებები ვალუტის გადაცვლის კურსის შესახებ). გაუფასურება არბილებს საბიუჯეტო შეზღუდვებს, რადგან ცენტრალურ ბანკებს უფლებას აძლევს გააგრძელონ მთავრობის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება განუსაზღვრელი ნომინალური შეზღუდვით. როდესაც ცენტრალური ბანკის მიერ გასესხებული ფული ისე ზრდის მონეტარულ ბაზას, რომ ცენტრალური ბანკი დიდი ზომით უცხოურ რეზერვებს კარგავს პეგირებული კურსით, ცენტრალურ ბანკს შეუძლია გააუფასუროს ვალუტა, ახალი ხელოვნური კურსის შემოღებით სანამ ისიც არ შემცირდება.

ორივე, ალტერნატიული და ჩვეულებრივი მიდგომები, ეთანხმება, რომ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის წინ მიკროეკონომიკური რესტრუქტურიზაცია უნდა დაიწყოს, მაგრამ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მიკროეკონომიკური რესტრუქტურიზაციის მიმართებით მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიმართ. ალტერნატიული მიდგომა უფრო იმისკენ იხრება, რომ საბიუჯეტო შეზღუდვები სწრაფად იქნეს შემოღებული. ალტერნატიულ მიდგომაში მთავრობა იმისკენ იხრება, რომ დააფინანსოს საკუთარი თავი გადასახადების საშუალებით და სესხებით პოზიტიური ინტერესის რეალური განაკვეთით. მან შესაძლებელია განაგრძოს ზოგიერთი სახელმწიფო საწარმოს სუბსიდირება ისე, რომ მათი საბიუჯეტო შეზღუდვა რბილი დარჩეს, მაგრამ ის იძულებული იქნება აირჩიოს რომელი არამომგებიანი სახელმწიფო საწარმოების სუბსიდირება გააგრძელოს და ამჯობინებს გაამკაცროს საბიუჯეტო შეზღუდვები სხვებზე და/ან დახუროს ისინი. სახელმწიფო კომერციული ბანკები ცდილობენ გაზარდონ ინტერესის განაკვეთები პოზიტიურ რეალურ დონემდე და იყვნენ სახელმწიფო საწარმოების სუბსიდირების არხი, ვინაიდან ალტერნატიულ მიდგომაში არ არსებობს ცენტრალური ბანკი, როგორც უკანასკნელი შესაძლებლობის კრედიტორი (გამსესხებელი), რომელიც სუბსიდიას მისცემდა სახელმწიფო კომერციულ ბანკებს ან სახელმწიფო საწარმოებს. კომერციული ბანკები ამჯობინებენ საწარმოთა საქმიანობის მეთვალყურეები გახდნენ, რაც ამის საპასუხოდ საწარმოთა გადახრას იწვევს უფრო ბაზრისაკენ, მაგალითად, ხელფასის ზრდის შეზღუდვას მომუშავეთა პროდუქტიულობის დონით.

ალტერნატიულ მიდგომას არ აქვს რაიმე წინაპირობები, ფისკალური ან სხვა; მეტიც, უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისაკენ გადახრით იგი ადგენს რეფორმისთვის საჭირო ფისკალურ შეზღუდვებს და, იმავდროულად, მყისიერად წარმოადგენს ჯანსაღ ვალუტას. ეს აჩენს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის უფრო სწრაფად მიღწევის შესაძლებლობას და საშუალებას იძლევა სხვა რეფორმებიც უფრო სწრაფად მოხდეს, ვიდრე ჩვეულებრივი მიდგომისას. ბოლო ხანების სავალუტო საბჭოს მსგავსი სისტემების და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ზოგიერთი ორთოდოქსული სავალუტო საბჭოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ალტერნატიული მიდგომა შესაძლებელია წარმატებული იყოს. ჩვეულებრივ მიდგომას, ამის საპირისპიროდ, ხშირად უჭირს სწრაფად გაამკაცროს საბიუჯეტო შეზღუდვები, რადგანაც იგი ცენტრალურ ბანკს ეყრდნობა. შედეგად, „ანჩხლი“ ინფლაცია ხელს უშლის მიაღწიოს მის სრულ ეკონომიკურ პოტენციალს.

უმეტეს ქვეყნებს, რომელთაც ეკონომიკური პრობლემები აქვთ, მონეტარულ სტაბილიზაციასთან ერთად რეფორმები სჭირდებათ. რეფორმების კარგი პაკეტი შესაძლებელია განსხვავდებოდეს დროსა და სივრცეში, მაგრამ ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება და მკაცრი საბიუჯეტო შეზღუდვების შემოღება მათ შორის ხშირი შემთხვევაა. სავალუტო საბჭო პანაცეა არ არის და მისი მთავარი მომხრეები არასოდეს ამბობდნენ ამას. მკაცრი საბიუჯეტო შეზღუდვების შემოღების ტენდენციით, სავალუტო საბჭო ქმნის წნეხს სხვა ეკონომიკური რეფორმებისთვის და ზრდის ხედვას, რომ ისინი წარმატებული იქნება. ეკონომიკურ პოლიტიკაში იშვიათად არსებობს განსაზღვრულობა; უფრო მეტად კი, არსებობს წარმატების უფრო მაღალი და უფრო დაბალი შანსები. ტიპური სავალუტო საბჭო წარმატების უფრო მაღალ შანსებს იძლევა ვიდრე ტიპური ცენტრალური ბანკი.

_________________

1. კანონი პიროვნების ხელშეუხებლობის შესახებ.

2. ყველა თავისუფალია, სანამ დანაშაული არ დაუმტკიცდება.

3. ყველა უდანაშაულოა, სანამ დანაშაული არ დაუმტკიცდება.

4. ანუ ამომრჩევლებს მიგრაციის უფლება აქვთ.

5. Charles Blankart, Offentliche Finanze in der Demokratie, 3rd edition, Munich, 1998, p. 514. 77

13 საკუთრების უფლება და დოვლათი

▲ზევით დაბრუნება


ხოსე პინერა

საბაზრო ეკონომიკის მომხრე გამოჩენილი ჩილელი ეკონომისტი. გენერალ პი-ნოჩეტის მთავრობაში შრომის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა (1978-80) და ბუნებრივი რესურსების (1980-81) მინისტრი. სახელი გაითქვა ინდივიდუ-ალურ დანაზოგებზე დაფუძნებული კერძო საპენსიო სისტემის დანერგვით. კატონის სახელობის ინსტიტუტის ცენტრის ხელმძღვანელი

თარგმნა ბაბილინა ახობაძე
გამოქვეყნდა 2002 წელს

საბადოთა საკუთრების უფლების წარმოშობა ჩილეში

1971 წელს, ჩრდილო ამერიკის კომპანიების საკუთრებაში არსებული სპილენძის ოთხი დიდი სამთამადნო საწარმოს უკომპენსაციო ნაციონალიზაციის მიზნით, მარქსისტმა პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ კონგრესის თანხმობა მიიღო კონსტიტუციონალურ რეფორმაზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს ყველა საბადოს „აბსოლუტური, ექსკლუზიური, ხელშეუხებელი და უვადო“ საკუთრების უფლება უნდა ჰქონოდა. ამგვარად, ერთ ღამეში შეიცვალა საუკუნოვანი კანონიერი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, მემაღაროეს უფლება ჰქონდა თავის მაღაროს „ისე მოპყრობოდა, როგორც საკუთარს”. რასაკვირველია, სამთამადნო მრეწველობაში ჩადებული ყველა კერძო ინვესტიცია მაშინვე გაუფასურდა.

1973 წელს მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ახალი კონსტიტუციის მოლოდინში, რომელსაც ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის საჭირო ინსტიტუტები უნდა დაეფუძნებინა, ვითარება უცვლელი რჩებოდა. არსებობდა იმედი, რომ ახალი კონსტიტუცია კვლავ აღადგენდა საკუთრების ტრადიციულ უფლებებს სამთამადნო მრეწველობის სფეროში. მაგრამ ბევრისდა გასაოცრად, რევოლუციური მთავრობის შიგნით ამტყდარი მოულოდნელი უთანხმოების გამო, 1980 წლის კონსტიტუციამ მკაფიოდ ვერ განსაზღვრა მადნეულის მოპოვების უფლებები. ახალი კონსტიტუციის მიღებიდან მეორე დღესვე სამთამადნო მრეწველობის სექტორში უჩვეულო გზით - „პლებისციტით” დაიწყეს კონსტიტუციის რეფორმის ან კონსტიტუციის განმარტებითი კანონის გამოქვეყნების მოთხოვნა. ამგვარად, ქვეყნის წინაშე ორი მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოიშვა: გაურკვევლობა სამთამადნო მრეწველობის სექტორში საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და ვითარება, რომელსაც ახალი კონსტიტუციის ლეგიტიმურობის შესუსტება შეეძლო.

1980 წლის 29 დეკემბერს სწორედ ამ კრიზისის დასაძლევად დავინიშნე სამთამადნო მრეწველობის მინისტრად. არცთუ ისე დიდი ხნით ადრე კი, იმავე წლის 4 ნოემბერს საპენსიო რეფორმა დამტკიცდა, რის შედეგადაც ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების საფუძველზე კერძო საპენსიო სისტემა შეიქმნა.

ჩემი ამოცანა კონსტიტუციური კანონპროექტის შედგენა იყო, რომლის მიზანს საბადოთა საკუთრების მტკიცე უფლებების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. საჭირო იყო კანონპროექტის დამტკიცება პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოსგან თანხმობის მიღება და ადგილობრივი და საერთაშორისო მეწარმეების დარწმუნება მის რაციონალურობაში, ისევე, როგორც საზოგადოების დარწმუნება, რომ კანონპროექტი ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა. ეს ყველაფერი იმ კონსტიტუციის ლეგიტიმურობის მოდიფიცირებისა და შესუსტების გარეშე უნდა მომხდარიყო, რომელიც ეროვნული პლებისციტით მოიწონეს და რომელიც ჩილეში დემოკრატიის დამყარებისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის არჩევნების თარიღისა და პირობების შერჩევის გეგმებს შეიცავდა.

გორდიას კვანძი

სულ მალე დავრწმუნდი, რომ კერძო ინვესტიციები ბევრად უფრო პრაქტიკულ და კონკრეტულ წინადადებებს მოითხოვდა, ვიდრე სხვადასხვა პოლიტიკური და იურიდიული დისკუსიის მონაწილეთა დოქტრინათა გაცვლაგამოცვლაა. სინამდვილეში მათთვის, ვინც ამ სექტორში ინვესტიციების ჩადებას გეგმავდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ რამდენად ძლიერი იქნებოდა კონცესიის უფლებები, კერძოდ, ექსპროპრიაციის შემთხვევაში რა იქნებოდა კომპენსაციის კრიტერიუმი.

ამავე დროს, მე არ ჩავერთე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უზარმაზარი კომპანიის - „კოდელკოს“ საკუთრების უფლებაზე გამართულ ცხარე დისკუსიებში, რომელიც ჩილეს სპილენძის პროდუქციის დაახლოებით 85 პროცენტს აწარმოებდა და ქვეყნის ექსპორტის ძალიან დიდ წილს ფლობდა. ჩემი მხრიდან ეს ძალიან უადგილო და არაპრაქტიკული იქნებოდა. მე არასდროს ვყოფილვარ „კოდელკოს” ან მსგავსი სახელმწიფო საწარმოს შექმნის მომხრე, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის არსებობდა და თანაც სამთამადნო წარმოებასა და უცხოური გაცვლის სექტორში მონოპოლიის მსგავსი ადგილი ეპყრა. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ იმ განსაკუთრებულ გარემოებებს, რა გარემოებაშიც ეს მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა და რა გარემოებაშიც „კოდელკო“ წარმოიქმნა, მისი პრივატიზება „საღმრთო ომს“ გამოიწვევდა. ეს კი ძალიან გაართულებდა პროგრესს იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომელთა გადაჭრა პრიორიტეტული იყო ჩილესთვის.

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც ახალი საბადოების აღმოჩენას და არსებულის გაფართოებას შეუწყობდა ხელს და სპილენძის (და სხვა სასარგებლო წიაღისეულის) კერძო წარმოებას გაუხსნიდა გზას იმ ზომამდე, რომ გაბატონებული ადგილი დაეჭირა და ახალი დოვლათი შეექმნა.

მე სულ მჯერა, რომ პრობლემის სწორი იდენტიფიკაცია პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მის გადასაჭრელად. კერძო სამთო წარმოების განვითარების ხელშემშლელ „კვანძს“ ექსპროპრიაციის შემთხვევაში სათანადო კომპენსაცია წარმოადგენდა. თუ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნების კონფისკაციათა ისტორიას გავითვალისწინებთ, კერძო ინვესტორისთვის ეს სასიცოცხლო საკითხს წარმოადგენდა, განსაკუთრებით ჩილეში, სადაც 1971 წელს უცხოელების საკუთრებაში არსებული სპილენძის წარმოების („Big Copper“ის სახელით ცნობილი) კონფისკაცია მოხდა.

მალე იმ დასკვნამდე მივედი, რომ გორდიას კვანძის გახსნა, რასაც ჩილესთვის სამთამადნო წარმოება წარმოადგენდა, შეუძლებელი იყო. საჭირო იყო მისი გაკვეთა. ამისთვის საჭირო „ხმალი“ ეკონომიკური მეცნიერების კონცეფციაში ვიპოვე. ეს იყო აქტივების, ანუ კომპანიის სუფთა ნაღდი ფულის ნაკადის არსებული ღირებულება, რაც კონკურენტულ და გამჭვირვალე ბაზარზე აქტივების, ანუ კომპანიის საბაზრო ფასის გამომხატველია. ჩემი აზრით, ეს სრულიად შეესაბამებოდა კონსტიტუციის მთელ ფილოსოფიას, რადგან მტკიცე კონცესიის უფლებას განსაზღვრავდა, რომელსაც ის უზრუნველყოფდა. ამ კრიტერიუმის უკან მარტივი ახსნა იმალებოდა. ნებისმიერ ქონებას - სამრეწველო, სამეურნეო თუ სამთამადნო კომპანიას იმდენი ღირებულება აქვს, რამდენი მოგების წარმოქმნაც შეუძლია მომავალში (სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ ეს მხოლოდ ნაღდი ფულის შემოსავალია). ამიტომ, რაც არ უნდა დაჯდეს მრავალსართულიანი ავტოპარკის მშენებლობა სამხრეთ პოლუსზე, მას იქ არავითარი ღირებულება არ ექნება. ამავე დროს, ნებისმიერი მაღაზია სანტიაგოს ცენტრში გაცილებით მეტი ეღირება, ვიდრე მისი გახსნა დაჯდება. მაგრამ მომავალ მოგებას უბრალოდ ვერ შევკრებთ და შევაჯამებთ, რადგან ის დროის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოიქმნება. საჭიროა ის ახლანდელი შესაბამისი საპროცენტო კურსით ვიანგარიშოთ და შემდეგ ერთად შევკრიბოთ. ამ ფორმულის სამთამადნო წარმოების კონცესიის შემთხვევაში გამოსაყენებლად კონცესიის უფლებაში ჩადებული უნდა ყოფილიყო მაღაროს ექსპლუატაციის უფლება. ჩვენ სწორედ ასეთი კანონპროექტი შევადგინეთ. ვინაიდან ექსპროპრიაცია მესაკუთრეს მომავალი ექსპლუატაციის კონცესიას და ნაღდი ფულის შოვნის შესაძლებლობას ართმევს, კონცესიის ექსპროპრიაციით მიყენებული ზარალი იმ ნაღდი ფულის არსებულ ღირებულებას უნდა უდრიდეს, რომლის წარმოქმნაც მას შეუძლია. სამთამადნო წარმოების ძირითადი კანონების სრულად განსაზღვრისთვის, სამართლიანი კომპენსაციის პრობლემის მთლად ლოგიკური და თანმიმდევრული გადაჭრისთვის და საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის მისაღწევად ისეთ საკითხზე, რაც ადრე არასდროს ყოფილა კონსტიტუციური რიგის კანონმდებლობაში (ჩემთვის ნაცნობ არც ერთ ქვეყანაში), საჭირო იყო ორი საკითხის დიდი სიზუსტით განსაზღვრა: ა) კონცესიის ხასიათი, რომელიც კონსტიტუციურ კანონს უნდა დაედგინა და ბ) ის ვადები, რა ვადითაც კონცესიის მფლობელს კონცესიის უფლება ექნებოდა.

სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონი

სამთამადნო წარმოების საკუთრების ამგვარი ხედვა რომ რეალობად ქცეულიყო, ჩემი ადრინდელი თანამშრომლები მოვიწვიე დასაქმებისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროდან, რომლებიც ადრე ჩემთან ერთად მუშაობდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც იყო პროფკავშირების კანონი და საპენსიო რეფორმა. ყველა სავარაუდო შესაძლებლობათა განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ სამთამადნო წარმოების უფლებების სრული განმარტებისთვის ყველაზე შესაფერისი სამართლებრივი ინსტრუმენტი ძირითადი კონსტიტუციური კანონი იყო, რასაც თვითონ კონსტიტუცია მოითხოვდა.

საბადოს ექსპლუატაციის კონცესია, რომელიც ჩვენ სამთამადნო წარმოების უფლებების სრული განმარტებისთვის ჩავრთეთ კონსტიტუციურ კანონში, კერძო ინვესტორის გარანტიებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად საჭირო ყველა სამართლებრივ ატრიბუტს შეიცავს. ჩვენ მას „სრული კონცესია“ დავარქვით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს: ა) საკუთრების უფლების დაცვა. ეს ნიშნავს, რომ ის არსებითად უკავშირდება იმ კანონებს, რითაც კერძო საკუთრება ხელმძღვანელობს. ამის გამო, რეგისტრირებულ მფლობელს შეუძლია თავისუფლად აწარმოოს მისი ექსპლუატაცია და ისე გამოიყენოს და განკარგოს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს: შეუძლია გაყიდოს, გააქირაოს, დააგირაოს ან მემკვიდრეებს გადასცეს. და კიდევ, ექსპროპრიაციის გარდა, დაუშვებელია მისი ჩამორთმევა; ბ) სათანადო კომპენსაცია ექსპროპრიაციის ნებისმიერი აქტის შემდეგ. საკუთრების კონცესიიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციის დროს კომპენსაციაში (ნაღდი ფულის გადახდა, რასაც 1980 წლის კონსტიტუციის მომდევნო კანონი განაპირობებს) უნდა აისახოს ის რაოდენობა, რა რაოდენობითაც შემცირდება მესაკუთრის სუფთა ღირებულება, რომელსაც არსებული ღირებულების მიხედვით სუფთა ნაღდი ფულის ნაკადის სახით მიიღებდა მომავალში მისი ექსპლუატაციის შედეგად; გ) მაღაროთა რაციონალური მუშაობის საშუალება. კონცესიის მფლობელი არ ექვემდებარება ხელოვნურად „გამოყენების ან დაკარგვის“ მუხლს. მფლობელს შეუძლია წიაღისეულის მოპოვება საკუთარი მეთოდების, პროცესების, რიტმისა და საწარმოო გეგმის მიხედვით განახორციელოს, რასაც რთული და მუდმივად ცვლადი საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების მიხედვით შეიმუშავებს. სამთამადნო წარმოება არსებული მთავრობის კონტროლს არ უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან ის თავის მხრივ მცდარ ვალდებულებებს დააკისრებს ან კორუფციის შესაძლებლობის ხელში ჩაგდებას შეეცდება; დ) მუდმივი უფლება. არ არსებობს უფლების ჩაემორთმევის ვადა: კონცესიის შენარჩუნება მხოლოდ ყოველწლიურ ჰექტარობრივ გადასახადს („ლა პატენტე მინერა“) ექვემდებარება. მოქმედი საბადოს თავდაპირველი კონცესიის ვადის ამოწურვისას კონცესიის ვადის განახლების პროცესის შესაძლო პოლიტიზაციისა და დეპოზიტის „გაუკუღმართებული“ ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის გადაცემას განუსაზღვრელი ვადით. ე) პოლიტიკური წარმონაქმნი არ არის. მისი შექმნა, მუდმივი არსებობა და დასასრული სახელმწიფოს იურიდიული შტოს ხელშია და არა საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ნაწილის ხელში. კონცესია სამართლებლივ პროცედურაში წარმოიშობა, სადაც მოსამართლე საბადოს აღმოჩენის აქტით მინიჭებული უფლების არსებობას აღიარებს.

1981 წლის 13 აგვისტოს, პრეზიდენტს წარვუდგინე სამთამადნო წარმოების კანონების კონსტიტუციური კანონპროექტი დაწვრილებით ახსნა-განმარტებით მოხსენებასთან ერთად. მოხსენება იმ წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ჩემ წიგნში „სამთამადნო წარმოების კონცესიის ძირითადი კონსტიტუციური კანონი“ (Editorial Juridica, 1981; Economía y Sociedad Ltda, 2002). 1981 წლის დეკემბერში საკანონმდებლო ხელისუფლებამ („Junta de Gobierno“) საბოლოოდ მოიწონა სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონი. მომდევნო დღეს ანდებში „El Indio“-ს მაღაროს გახსნისას იმ ველის თავზე, სადაც ჩვენი დიდი პოეტესა გაბრიელა მისტრალი დაიბადა, მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ საქმის გასაღები კანონს ჩაბარდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მთელი კანონპროექტი „საკონსტიტუციო განხილვის“ პროცესს გადააბარა, 22 დეკემბერს კი ყველამ ერთხმად მიიღო, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კანონის უცვლელად დასატოვებლად. ბოლოს, 1982 წლის 21 იანვარს ის ოფიციალურად გამოქვეყნდა გაზეთში „Diario Oficial“, როგორც კანონი ნომერი 18.097. სამთამადნო წარმოების კონსტიტუციურ კანონს გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა ეკონომიკური შედეგები, თუმცა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც გაზეთში გამოქვეყნდა შესაბამისი კანონი (სამთამადნო წარმოების კოდექსის სახელით ცნობილი), რომელიც მთელ რიგ პროცედურულ საკითხებს განსაზღვრავდა. ვინაიდან სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონი კონცესიის ყველა მახასიათებელს (მისი ხასიათი, უფლებები და ვალდებულებანი, ხანგრძლიობა) განსაზღვრავდა, მისი მიღებისთანავე გამოვლინდა დადებითი შედეგები ეკონომიკასა და ბიზნესში გაფართოებული საძიებო და საწარმოო საქმიანობის სახით. აღსანიშნავია, რომ ძირითად კონსტიტუციურ კანონში ნებისმიერი ცვლილება სხდომაზე დამსწრე დეპუტატებისა და სენატორების ოთხი მეშვიდედის კვორუმს მოითხოვს (უწინ, 1980 წლის კონსტიტუციის თანახმად, კვორუმი სამი მეხუთედი იყო, რაც 1989 წლის კონსტიტუციური რეფორმით შემცირდა). მას შემდეგ, რაც სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონი მიიღეს, მომდევნო სამი ადმინისტრაციის ხელში მასში არც ერთი სიტყვა არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ძველმოდური ქრისტიანდემოკრატი პოლიტიკოსები 1983 წლის ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დროს უკიდურესად უსამართლო კამპანიას ეწეოდნენ მის წინააღმდეგ.

ამგვარად, ჩილეში მაღაროების საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული გაურკვევლობის დეკადა დასრულდა (1970-იანი წლები) და ჩილეს ეკონომიკის მთავარ სექტორში ინვესტიციების, დასაქმების და განვითარების ახალი ჰორიზონტი გადაიშალა.

ამ კანონმა სხვა ქვეყნებსაც დაანახვა, რომ არსებობს გზა, რითაც სახელმწიფო საკუთრება ნომინალური გახდება, რაც მათ „სრული კონცესიის” საკუთრების მტკიცე უფლებასთან თავსებად კონსტიტუციებში წერია, და რითაც კერძო მეწარმეობის საშუალებით დოვლათის შექმნის ახალი ასპარეზი გადაიშლება.

კარგი სტრატეგია, კარგი პოლიტიკა

„როგორ იქმნება დოვლათი?“ ან სხვა სიტყვებით: „რაში მდგომარეობს სიმდიდრის საიდუმლო?“ ამ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხის გაცემისას ვლინდება მთავრობის, ანუ სახელმწიფო მოხელეთა ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვის ლოგიკურობა.

ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონი იყო, რომელმაც ქვეყნის ყველაზე დიდ და პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე სფეროში ნამდვილი საკუთრების უფლება შექმნა. ამ კანონის მიღებისთანავე შინაურმა თუ უცხოელმა ინვესტორებმა გაიგეს, რომ ჩილეში კერძო საკუთრებამ სრული გარანტიები მიიღო.

197380 წლებში მიმდინარე აღმოჩენებისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესებმა აჩვენა, რომ ჩილეს განვითარების ახალი სტრატეგია რეალისტური მიკროეკონომიკური პოლიტიკისა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ პრინციპებს ემსახურება.

ახლა მსურს დავამტკიცოთ, რომ ქონების სრული საკუთრების უფლებამ შესაძლებელი გახადა სამთამადნო წარმოების უპრეცედენტო გაფართოება და ამით დიდი დოვლათის შექმნა.

შედეგები გვიჩვენებს, რომ სამთამადნო სექტორის შემთხვევაში დოვლათის შექმნის საიდუმლო თვისუფალი ბაზრის ეკონომიკურ ჩარჩოებში მოქმედი კონსტიტუციური კანონი იყო. მან განაპირობა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ჩილეში სპილენძის წარმოება თითქმის ხუთჯერ და სპილენძის კერძო წარმოება თექვსმეტჯერ გაიზარდა. ახლა ჩილე სპილენძის ერთერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც წელიწადში ხუთ მილიონ ტონა სპილენძს აწარმოებს, რაც გლობალური წარმოების 35 პროცენტს შეადგენს. ამას გარდა, ჩილე ბუნებრივი ნიტრატების, იოდისა და ლითიუმის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, მეორე ადგილზეა მოლიბდენის, მეხუთეზე ვერცხლის და მეცამეტეზე ოქროს წარმოებით.

პირველად მოხდა, რომ ჩილელმა მეწარმეებმა დიდი ინვესტიციები ჩადეს ამ სექტორში და უცხოური ინვესტიციების უზარმაზარი ნაკადი - 20 000 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა უშუალოდ სამთამადნო წარმოებაში ჩასადებად.

ყველა ეს ფაქტორი ერთად ქმნის პოტენციური სიმდიდრის, ახალი და პროდუქტიული დასაქმების, ძვირფასი ტექნოლოგიების დანერგვის, მთელი რიგი გადასახადების გადახდის შესაძლებლობას და სტიმულს აძლევს მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადებას წარმოების და მომსახურების სხვადასხვა სფეროებში, როგორიც არის ენერგომომარაგება, ტრანსპორტი, წყალმომარაგება, პორტები, გზები, მანქანები და სხვა მრავალი.

მიუხედავად თავდაპირველი სირთულეებისა, სამთამადნო წარმოების კონსტიტუციურ კანონში ძალუმად ასახულმა საკუთრების ხელშეუხებელობის იდეამ ინტელექტუალური საფუძველი გაამყარა, რასაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი კომპანიების შემდგომი პრივატიზაცია ეყრდნობა, განსაკუთრებით ტელეკომუნიკაციასა და ენერგოსექტორში. 1990-იან წლებში კონცესიის სისტემა ინფრასტრუქტურის სფეროშიც გავრცელდა (გზები, პორტები, აეროპორტები), რომელიც ტრადიციულად ეგრეთ წოდებულ „სახელმწიფო სამუშაოებს“ განეკუთვნებოდა და სახელმწიფო ასრულებდა.

ამავდროულად, სამთამადნო წარმოების კონსტიტუციურმა კანონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აყვავებული ერის, თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის საქმეში. სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონის წყალობით ჩილეს ეკონომიკა 13 წლის მანძილზე საშუალოდ 7 პროცენტით გაიზარდა, მთელი ერის ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, საკუთრების უფლება განმტკიცდა და 1980 წლის კონსტიტუციის შეცვლა ან სათუო ინტერპრეტაცია საჭირო აღარ გახდა. იმედი მაქვს, ამ ძალისხმევის შედეგად ცხადი გახდა, რომ, როგორც ბევრი აცხადებს, ნამდვილი პოლიტიკა „შესაძლებლობა“ კი არ არის, არამედ ის, რაც ქვეყნის პროგრესისა და პოტენციალის გამოსავლენად საჭირო „აუცილებლობას შესაძლებლად აქცევს“.

14 კონფისკატორული დეფლაცია: არგენტინა

▲ზევით დაბრუნება


ჯოზეფ სალერნო

ფეისის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. მიზესის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკი და ყოველკვარტალური ჟურნალ „ავსტრიული ეკონომიკის“ რედაქტორი

თარგმნა ბაბილინა ახობაძემ
გამოქვეყნდა 2002 წელს

რჩეული ფინანსური მიმომხილველები, პოლიტოლოგები, ფედერალური ხელისუფლება და მაკროეკონომისტთა ნაწილიც კი, პანიკით არიან შეპყრობილნი, რადგან შენიშნეს, რომ ბოლო ხუთი თვის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას ფასების დეფლაცია სიოსავით მსუბუქად არხევს. მაგრამ, ის ფაქტი, რომ არგენტინაში კონფისკატორული დეფლაციის ქარიშხალი ბობოქრობს, მათი ყურადღების მიღმა დარჩა.

კონფისკატორული დეფლაცია დეფლაციის განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენს. მას პოლიტიკური ხელისუფლება მიმდინარე საბანკოსაკრედიტო დეფლაციის შესაჩერებლად ახვევს თავს ეკონომიკას, რაც, ნაწილობრივ, საბანკო რეზერვებზე აგებულ არაჯანსაღ ფინანსურ სისტემას ლიკვიდაციით ემუქრება. კონფისკატორული დეფლაცია ბანკის მეანაბრეების მიერ მათ მიმდინარე და შემნახველ დეპოზიტებზე შენახულ ნაღდ ფულზე ქონებრივი უფლების დაკარგვას ნიშნავს.

ამჟამად არგენტინაში არსებული ვითარება კონფისკატორული დეფლაციის აშკარა მაგალითია. 1992 წელს, ჰიპერინფლაციის კიდევ ერთი დარტყმის შემდეგ, არგენტინამ თავისი ახალი ვალუტა - პესო - შეერთებული შტატების დოლარს მიაბა კურსით: 1 დოლარი - 1 პესო. პესოდოლარის ფიქსირებული კურსის ამ სახით შესანარჩუნებლად არგენტინის ცენტრალური ბანკი დაპირებას იძლეოდა, რომ პირველივე მოთხოვნისთანავე თავისუფლად გადაცვლიდა პესოს დოლარებზე, ან პესოს ბანკნოტებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ პესოს დეპოზიტებს 100 პროცენტით უზრუნველყოფდა დოლარის რეზერვებით.

სამწუხაროდ, ამ გეგმამ, რომელიც საერთაშორისო კრედიტორებს სარწმუნოდ ეჩვენებოდათ, რადგან ის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოიწონა და ფარულად მისი თავდებობის გარანტიას შეიცავდა, საბანკო კრედიტის მასიური და ინფლაციური ექსპანსია ვერ აღკვეთა. როდესაც ინვესტიციებში ჩადებული დოლარები ქვეყანაში დიდი რაოდენობით დაგროვდა, მათ ცენტრალურ ბანკამდე მიაღწიეს და მას კომერციული ბანკებისთვის ხელმისაწვდომი რეზერვების გაზრდის საშუალება მისცეს. თავის მხრივ, კომერციულმა ბანკებმა, როგორც ნაწილობრივი რეზერვირების პრაქტიკის მქონე ინსტიტუტებმა, მოგვიანებით, თითოეული ახლად შემოსული დოლარისა თუ პესოს დეპოზიტების ხარჯზე შეთანხმებულად მოახდინეს საბანკო კრედიტის ინფლაცია.

ამგვარად, 1991 წლიდან 1994 წლის ჩათვლით, არგენტინის ფულის მასა (M1) წელიწადში საშუალოდ 60 პროცენტით იზრდებოდა1. 1995 წლისთვის ფულის მასა 5 პროცენტზე უფრო ნაკლებს შეადგენდა, მაგრამ 1996 წელს 15 პროცენტამდე, ხოლო 1997 წელს კი თითქმის 20 პროცენტამდე გაიზარდა. 1998 წელს, როდესაც სასაქონლო ფასების ინფლაციის შედეგად პესო რეალურად მკვეთრად გაუფასურდა და უცხოელმა ინვესტორებმა სწრაფად დაკარგეს რწმენა, რომ პესოს დევალვაცია აღარ მოხდებოდა, დოლარის შემოდინება შეწყდა და ინფლაციური ბუმი ავისმომასწავებლად შეჩერდა, რადგან ამავე პერიოდში ფულის მასა დაახლოებით 1 პროცენტით გაიზარდა და ეკონომიკა კრიზისში ჩავარდა. 1999 წელს ფულის მასის ზრდა ოდნავ ნეგატიური იყო, 2000 წელს კი იგი თითქმის 20 პროცენტით შემცირდა.

2001 წლის ივნისის ჩათვლით ფულის მასის წლიური დონე ორნიშნა ციფრით განაგრძობდა კლებას. 2001 წელს ადგილობრივმა მეანაბრეებმა საბანკო სისტემისადმი ნდობა დაკარგეს და საბანკო კრედიტის სერიოზული დეფლაცია დაიწყო - საბანკო სისტემამ დეპოზიტების 17 პროცენტი, ანუ 14,5 მილიარდი დოლარი დაკარგა.

მხოლოდ 2001 წლის 30 ნოემბერს, პარასკევ დღეს, არგენტინის ბანკებიდან დეპოზიტორებმა 700 მილიონიდან 2 მილიარდ დოლარამდე (სხვადასხვა მონაცემებით) გაიტანეს. ჯერ კიდევ პარასკევამდე, ცენტრალურ ბანკს 70 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი დოლარისა და კონვერტირებადი პესოს დეპოზიტების დასაფარად მხოლოდ 5,5 მილიარდი დოლარის მარაგი ჰქონდა.

შექმნილი ვითარების გამო, შაბათს, 1 დეკემბერს, პრეზიდენტმა ფერნანდო დე ლა რუამ და ეკონომიკის მინისტრმა დომინგო კავალიომ ფინანსური სისტემის დასაცავად და დოლარზე მიბმული კურსის შესანარჩუნებლად ისეთი სტრატეგია აირჩიეს, რომელსაც კონფისკატორული დეფლაცია შეიძლება ეწოდოს. კერძოდ, მათ ბანკიდან ფულის გატანა შეზღუდეს. მომდევნო 90 დღის განმავლობაში თითო მეანაბრეს ბანკიდან კვირაში მხოლოდ 250 დოლარის გატანა შეეძლო. 1000 დოლარზე მეტი ნაღდი ფულის უცხოური ტრანსფერებიც მკაცრად იყო შეზღუდული. ყველას ეკრძალებოდა გემით ან თვითმფრინავით ნაღდი ფულის ქვეყნიდან გატანა.

ბოლოს, ბანკებს სესხების პესოთი გაცემის უფლებას აღარ აძლევდნენ, მხოლოდ დოლარში უნდა გაეცათ. დოლარი კი ძალიან ცოტა იყო. მეანაბრეებს ანგარიშსწორებისთვის საბანკო დეპოზიტების გამოყენება ჩეკით ან სადებეტო ბარათებით მაინც შეეძლოთ, მაგრამ ეს პოლიტიკა მძიმე დარტყმა იყო ღარიბი არგენტინელებისთვის, რომლებსაც არც სადებეტო და არც საკრედიტო ბარათები არ გააჩნდათ. ისინი უმთავრესად ისეთ დეპოზიტებს ფლობდნენ, რასაც ჩეკით ვერ გამოიყენებდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, კავალიოს მკაცრმა და საშიშმა კონფისკატორულმა დეფლაციამ მძიმე დარტყმა მიაყენა ნაღდი ფულით წარმოებულ ბიზნესსაც და, ერთერთი ცნობის თანახმად, „საცალო ვაჭრობის პარალიზება“2 გამოიწვია. ამან კიდევ უფრო გააუარესა ვითარება და მალე ამბოხი დაიწყო, რასაც, საბოლოოდ, 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და კერძო ბიზნესის მილიონობით დოლარის ზარალი მოჰყვა. ამ მოვლენებმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება განაპირობა და, ბოლოს, პრეზიდენტი დე ლა რუა იძულებული გახდა ვადამდე ორი წლით ადრე გადამდგარიყო.

6 იანვარს არგენტინის მთავრობამ, ახლა უკვე პრეზიდენტ ედუარდო დუალდეს და ეკონომიკის მინისტრის ხორხე რემეს ლენიკოვის მეთაურობით, აღიარა, რომ ფიქსირებული კურსის შენარჩუნება აღარ შეეძლო და პესოს 30 პროცენტიანი დევალვაცია განახორციელა. ახალი კურსით 1 დოლარი 1,40 პესოს გაუტოლდა. მაგრამ ეს კურსი რეალურ ვითარებას არ ასახავდა - რეალურად პესო კიდევ უფრო გაუფასურებული იყო, რადგან შავ ბაზარზე დოლარი გაცილებით ძვირი ღირდა.

არგენტინის მთავრობა ამას მიხვდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ წინარე ინფლაციისა და პესოსადმი ნდობის დაკარგვის შედეგად მიღებული ვითარება ეღიარებინა და პესოს ოფიციალური გაცვლითი კურსი რეალურის ადეკვატური გაეხადა, ეკონომიკაზე ადრე თავსმოხვეული კონფისკატორული დეფლაცია კიდევ უფრო გააძლიერა. მთავრობამ 3 000 დოლარზე ზევით ყველა შემნახველი ანგარიში გაყინა, რაც, სულ ცოტა, 67 მილიარდ დოლარ საბანკო დეპოზიტს მოიცავდა, რომლიდანაც ერთი მესამედი - 43,5 მილიარდი დოლარებში, ხოლო დანარჩენი პესოს სახით იყო განთავსებული.

მეანაბრეებს, ვისაც ანგარიშზე 5000 დოლარზე მეტი არ ჰქონდა, ამ გადაწყვეტილებიდან ერთი წლის შემდეგ, 12 თვის მანძილზე, ნაწილნაწილ შეეძლოთ ნაღდი ფულის გატანა, ხოლო ისინი, ვისი დეპოზიტიც უფრო მეტ თანხას შეადგენდა, ფულის განაღდებას 2003 წლის სექტემბრამდე ვერ შეძლებდნენ, მერე კი მხოლოდ ნაწილნაწილ მიიღებდნენ ორი წლის მანძილზე. უფრო ლიბერალურად მოექცნენ პესოს დეპოზიტებს, რომელთა ღირებულება დოლართან მიმართებაში ერთი მესამედით შემცირდა და, სავარაუდოდ, მორიგი დევალვაციის საფრთხე ემუქრებოდა. მეანაბრეებს თავიანთი დეპოზიტების გამოტანის უფლება ორი თვის შემდეგ მიეცათ, მაგრამ ნაწილნაწილ. ერთერთი ცნობის თანახმად, ამ პერიოდის მანძილზე „ისეთი მარტივი საბანკო ტრანსაქციები, როგორიც ჩეკის განაღდება ან საკრედიტო ბარათით გადახდაა, უბრალო არგენტინელებისთვის ხელმიუწვდომელი იყო“3.

როგორც მისტერ ლენიკოვმა აშკარად აღიარა, ფაქტობრივად, კონფისკატორული დეფლაციის ეს უკანასკნელი რაუნდი ნაწილობრივი სარეზერვო სისტემის გაკოტრებისგან დამცავი იარაღი იყო. ის აცხადებდა: „თუ ბანკები გაკოტრდება, ვერავინ ვეღარ გაიტანს თავის დეპოზიტს. არსებული ფული საკმარისი არ არის ყველა მეანაბრის გასასტუმრებლად“4. საბანკოსაკრედიტო დეფლაცია, რომლის შეჩერებასაც ლენიკოვი ცდილობდა, მხოლოდ პესოს გაუფასურების საფრთხეს ქმნიდა, ხოლო კონფისკატორული დეფლაცია ფულად მიმოქცევას უქადის მოსპობას და ეკონომიკას უკიდურესად არაეფექტიანი და პრიმიტიული გაცვლისა და იზოლირებული წარმოებისკენ უბიძგებს, რაც შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას ძირს უთხრის.

მაშინ, როდესაც აკადემიაში, მედიასა და ნაციონალური ბიუროკრატიის მაღალ ეშელონებში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც, დეფლაციის შიშით, კონფისკატორულ დეფლაციაზე თვალებს ხუჭავდნენ ან მას საიმედო „მკაცრ ღონისძიებას“ უწოდებდნენ, მათგან განსხვავებით, კონფისკატორული დეფლაციის მრავალი რიგითი მსხვერპლი სწორად აფასებდა მომხდარს და პოლიტიკური ელიტის საქციელს ბანკების ძარცვას უწოდებდა, რაც სიმართლე იყო.

რამონა რუიზი, პენსიონერი ფეიქარი ცარიელ ბანკომატს უყვიროდა: „ჩემი ფულია ბანკში, ჩემი!“5. ერთი დაუდგენელი ვინაობის ქალი კი მთავრობის წარმომადგენელს ეჩხუბებოდა: „როგორ ბედავთ ჩემი დანაზოგის წართმევას?” ხოსე ვალენსუელა, არგენტინელი გამყიდველი, ამტკიცებდა: “ეს იგივეა, რომ ჯიბიდან ფული ამოგაცალონ“6. ერთი არგენტინელი ბიზნესმენი გამწარებული ყვიროდა: „ჩვენი თავისუფლება ფეხქვეშ ითელება... ვგრძნობ, რომ ჩემი სამოქალაქო უფლებები, ჩემი კერძო საკუთრების უფლება ირღვევა“7. ბოლოს, არგენტინის პროფკავშირების ხელმძღვანელობამაც კი მკაცრად გააკრიტიკა „ერის დანაზოგების მიტაცების“ ასეთი პოლიტიკა8.

სამწუხაროდ, არგენტინის ბანკის ბედშავი მეანაბრეებისთვის საქმე უფრო გართულდა. 1 იანვარს პრეზიდენტი დუალდე, როდესაც თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, საჯაროდ დაპირდა ხალხს, რომ ბანკები კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და დოლარის დეპოზიტებს დოლარითვე გასცემდა, მაგრამ იანვრის ბოლოს მან განაცხადა, რომ ბანკებს უფლება ჰქონდა ყველა სახის დეპოზიტი პესოთი გაეცა. გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისთვის თავისუფალ ბაზარზე პესო დოლართან მიმართებაში უკვე 40 პროცენტით იყო გაუფასურებული, ეს ნიშნავდა, რომ დაახლოებით 16 მილიარდი დოლარის მსყიდველობითი უნარის ეკვივალენტი დოლარის დეპოზიტების მქონე მეანაბრეებიდან ბანკებზე გადადიოდა9.

რაკი კონფისკატორული დეფლაცია კვლავ მოქმედებდა და მეანაბრეებს საკუთარი ქონების უკან დაბრუნება არ შეეძლოთ, მათი ზარალი მით უფრო იზრდებოდა, რაც უფრო უფასურდებოდა პესო. საბედნიეროდ, პარასკევს, 1 თებერვალს, არგენტინის უზენაესმა სასამართლომ შთამბეჭდავი და რისკიანი ნაბიჯი გადადგა მეანაბრეების სასარგებლოდ, როდესაც ერთსულოვნად დაადგინა (ხუთით ნულზე, სამმა თავი შეიკავა), რომ საბანკო გაყინვები არაკონსტიტუციური იყო, არგუმენტებად კი ის ფაქტები მოიშველია, რომ ის კერძო საკუთრებაზე კონსტიტუციურ უფლებებს „არღვევდა“. ამან გზა გაუხსნა საბანკოსაკრედიტო დეფლაციას, რაც ძალიან საჭირო იყო10.

შაბათს, 2 თებერვალს, დუალდე, რომლის მდგომარეობაც უკვე შერყეული იყო, ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მომდევნო ორშაბათ-სამშაბათს ბანკები არ იმუშავებდა. გაღიზიანებული და აღშფოთებული საშუალო კლასი ხმაურით გამოვიდა ქუჩაში. „ძირს ყველა პოლიტიკოსი“, „დაგვიბრუნეთ ჩვენი ფული“, ყვიროდნენ ისინი11. მაგრამ დუალდე სწრაფად მოეგო გონს და ორშაბათს დემონსტრაციულად გამოსცა ადმინისტრაციული დადგენილება 180 დღით შეეჩერებინათ ყველა იურიდიული გადაწყვეტილება საბანკო დეპოზიტების გაყინვის შესახებ, პარალელურად კი კონგრესში თავის მოკავშირეებს „ვითომდა კორუფციისა და უვარგისობისთვის” ურჩი უზენაესი სასამართლოს იმპიჩმენტის პროცესის დაჩქარება დაავალა12.

ასეთ შემთხვევაში არგენტინის მთავრობის ერთადერთი სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ მას შექმნილი რეალობა ეღიარებინა და თავისი პოლიტიკა ამის შესაბამისად შეეცვალა. რეალობა კი ის იყო, რომ საბანკო დეპოზიტები აღარ (და არც არასდროს) წარმოადგენდა რეალური პესოსა და დოლარების მიმართ ნომინალური ღირებულების მქონე ქონებრივ ვალდებულებებს ზემოთ აღნიშნული ფიქსირებული კურსით. ნაწილობრივი რეზერვების საბანკო სისტემაში აღარ არსებობდა ვალუტის ის რაოდენობა, რომ დეპოზიტები დაეფარა.

ეკონომიკურ რეალობაში, ბანკის დეპოზიტები სესხსა და საინვესტიციო პორტფელზე, მათ შორის, ნაღდი ფულის მარაგზე უფლებას ნიშნავს. ამიტომ, ყოველი ბანკი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს მის მეანაბრეებს, ანუ ერთობლივი მმართველობის ფონდად უნდა გარდაიქმნას. ერთობლივი მმართველობის ფონდში საკუთრების უფლება, ანუ „ქონებრივი წილი' მისი წინამორბედი ინსტიტუტის სადეპოზიტო ბალანსის მიხედვით უნდა განაწილდეს ყოფილ მეანაბრეებს შორის.

ამას შედეგად საბანკო კრედიტის დეფლაცია მოჰყვება, რაც ფულის მასის ერთჯერად, სწრაფ და მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს და სავალუტო ბაზრის დონემდე დაიყვანს, რაც ხალხის ხელში და ბანკებში არსებული პესოსა და დოლარის რეზერვების ტოლი იქნება.

მართალია, ნომინალური ღირებულება და ხელფასის დონე მკვეთრად დაიწევს, მაგრამ პესოს ღირებულება შესაბამისად გამყარდება, ვალუტის გაცვლა და ბრუნვა აღდგება და რესურსებისა და ქონებრივი უფლებების განაწილებას ისევ საბაზრო პროცესები წარმართავს.

______________

1. Frank Shostak, Ord Minnett Jardine Fleming Futures Daily Report (July 20, 2001)

2. Reuters, „Riots and Looting in Argentina as Austerity Plan Bites,“ The New York Times on the Web, (December 19, 2001).

3. Larry Rohter, „Argentina Is Still Shaky Despite Currency Measures,“ The New York Times on the Web, (January 11, 2002).

4. I bid.

5. Anthony Faiola, „Argentina Restricts Bank Withdrawals,“ washingtonpost.com (December 2, 2001), p. A30.

6. David Luhnow, „Argentina Intensifies Defense of PesoDollar Link,“ The Wall Street Journal (December 3, 2001), p. A15.

7. Knight Ridder Newspapers, „Argentina in Cash Chaos: Government Orders Use of Debit Cards over Currency,“ arizonarepublic.com (December 6, 2001).

8. Faiola, „Argentina Restricts Bank Withdrawals.“

9. Marc Lifsher and John Hechinger, „Argentina Will Pay Bank Deposits in Pesos,“ The Wall Street Journal (January 21, 2002), p. A2

10. Mayra Pertossi, „Argentine Bank Freeze Deemed Illegal,“ Associated Press (February 1, 2001), dailynews.yahoo.com

11. BBC News, „Argentina `on brink of anarchy,'“ (February 2, 2002), news.bbc.co.uk..

12. Michelle Wallin and Jonathan Karp, „In Argentina, It's Duhalde against Judges,“ The Wall Street Journal (February 5, 2002), p. A12.

15 ლათინური ამერიკა: დღის წესრიგშია თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


ხოსე მარია აზნარი

ესპანეთის პრემიერმინისტრი 1996-2004 წლებში. 2004 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებათა კვლევის ფონდის თავმჯდომარე. News corporation-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

თარგმნა ბაბილინა ახობაძემ
გამოქვეყნდა 2002 წელს

ყველაფერი, რასაც ფონდი „ჰერითიჯი“ აკეთებს, თავისუფლებას ემსახურება - თავისუფალი ვაჭრობისა და უფრო ფართო ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლიდან დაწყებული და თავისუფლების მოწოდებით დამთავრებული.

დღეს ჩვენი სტუმარია თავისუფლების საერთაშორისო კამპანიის ერთერთი უდიდესი მხარდამჭერი, ესპანეთის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მარია აზნარი.

თავის კლასიკურ ნაწარმოებში, „ანა კარენინაში“ ტოლსტოი ამბობს: „ყოველი ბედნიერი ოჯახი ერთნაირად ბედნიერია, მაგრამ ყოველი უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია“. ყველა დიდებული ლიდერიც ასევე თავისებურად „დიდებულია“, მაგრამ ორი რამ ყველას საერთო აქვს: გამბედაობა და თავისი საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პრეზიდენტი აზნარი ისეთ პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისი საქმისადმი, რომ კვლევითი ცენტრის იდილიური ცხოვრება მიატოვა და პოლიტიკაში გადავიდა. თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ის მგზნებარედ ილტვოდა არა მარტო არჩევნების მოსაგებად, არამედ თავისი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს უკეთესობისკენ შესაცვლელად.

რაც შეეხება მის სიმამაცეს, შემიძლია ფაქტები დავასახელო, რომ იმ საქმის დასაცავად, რისიც მას სწამდა, ტერორისტებსაც კი უშიშრად ხვდებოდა. მას პოლიტიკური გამბედაობაც ეყო და ერაყის ომის დაწყებისას შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკა გააკრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მის ქვეყანაში ეს პოლიტიკურად არაპოპულარული იყო.

მისი ასეთი პოლიტიკური გამბედაობა მარგარეტ ტეტჩერსა და რონალდ რეიგანს მაგონებს, იმ ორ ლიდერს, რომლებიც კრიტიკისდა მიუხედავად წინ მიიწევდნენ, იმიტომ რომ თავისუფლებაზე ოცნებობდნენ და ძალაც შესწევდათ მის დასაცავად.

ტეტჩერისა და რეიგანის მსგავსად, პრეზიდენტმა აზნარმა რეალურ შედეგებს მიაღწია. 1996 წელს, როდესაც ის ესპანეთის პრეზიდენტი გახდა, უმუშევრობისგან პარალიზებული ეკონომიკა და მშპს 6 პროცენტიანი დეფიციტი მიიღო მემკვიდრეობად. მის მიერ განახორციელებული რეფორმის შემდეგ, რაც გადასახადების შემცირებასაც გულისხმობდა, ეკონომიკა წინ წავიდა.

მისი პრეზიდენტობის რვა წლის მანძილზე 5 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მშპ 68 პროცენტით გაიზარდა და დეფიციტი თანდათან შემცირდა. 2002 წელს მან ბიუჯეტის დაბალანსება შეძლო და ესპანეთის ეკონომიკამ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკათა შორის რიგით მერვე ადგილი დაიკავა. მან „თავისუფალი ბაზრის რევოლუციონერის” სახელი მოიპოვა მსოფლიოში და ხალხის ახლობელ და საყვარელ ადამიანად იქცა. მას შემდეგ, რაც 2004 წელს პრეზიდენტმა აზნარმა პოსტი დატოვა, გლობალური თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა საკუთარი მოღვაწეობა და სამუშაოდ დაბრუნდა თავისივე დაარსებულ სამეცნიერო ცენტრში - „სოციალური კვლევისა და ანალიზის ფონდში”, რომელიც თავისუფალი ბაზრის იდეის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. იქ მუშაობის პროცესში პრეზიდენტმა აზნარმა მთელი რიგი სტრატეგიული გეგმები შეიმუშავა მსოფლიოში თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.

ერთერთი მათგანი ნატოს ალიანსის გაძლიერებას და „ატლანტიკის თავისუფალი სივრცის” შექმნას ითვალისწინებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისთვის. მთელი რიგი სხვა გეგმებია შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკას შორის ბარიერების მოსახსნელად.

პრეზიდენტ აზნარს სჯერა, და მეც მასთან ერთად, რომ ლათინური ამერიკა ცალკე რეგიონად კი არ უნდა განიხილებოდეს, არამედ დასავლეთის შემადგენელ ნაწილად. დასავლეთი მხოლოდ გეოგრაფიული ცნება კი არ არის, არამედ უფრო მეტი. ეს არის თავისუფლების პრინციპებზე აგებული საერთო ღირებულებებისა და საერთო პრინციპების სისტემა.

პრეზიდენტი აზნარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დამსახურებული მეცნიერია, სადაც ის თანამედროვე ევროპის პოლიტიკის კურსს კითხულობს და თვითონაც აქტიურად არის ჩაბმული პოლიტიკაში. ის არის ქრისტიანულდემოკრატიული ინტერნაციონალის თავმჯდომარე, აგრეთვე ესპანეთის სახალხო პარტიის (Partido Popular) პრეზიდენტი.

- ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ ხოსე მარია აზნარს.

პროფესორი კიმ რ. ჰოლმზი. ფონდის ვიცეპრეზიდენტი

ბატონებო და ქალბატონებო,

გადაწყვეტილი მაქვს ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მემუარები გამოვაქვეყნო. დღეს ბევრს ვერაფერს გეტყვით მის შესახებ (იმედი მაქვს რამდენიმე ეგზემპლარი გაიყიდება), მაგრამ როდესაც ეს დღე დადგება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩემს მემუარებში აუცილებლად შეხვდებით ფონდი „ჰერითიჯის“ სახელს.

1989 წელს, როდესაც „სოციალური კვლევისა და ანალიზის ფონდი” დავაარსეთ, მოდელი „ჰერითიჯის“ ფონდიდან ავიღეთ. იმ ადამიანების შთაგონების წყარო, ვინც არჩევნების სისტემის დაგეგმვაში დამეხმარა, ამ ფონდის მიერ გამოცემული ნაშრომი „ლიდერის მანდატი“ იყო. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მმართველობის რვა წლის მანძილზე, არ დაგვვიწყებია, რომ მილიონობით ესპანელის უკეთესი მომავლის იმედი არ უნდა გაგვეცრუებინა.

მადლობელი ვარ, რომ „ჰერითიჯის“ ფონდმა დღეს აქ, თქვენთან მომიწვია. ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს საჯაროდ გამოვთქვა აღტაცება და მადლიერება ამ ფონდის მიმართ მის მიერ თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეებისა და ღირებულებების დასაცადად გაწეული მუშაობისთვის.

დღეს ჩვენ აქ ინტენსიური მუშაობის შედეგად შექმნილი ნაშრომის პრეზენტაციაზე შევიკრიბეთ. ეს ნაშრომი ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მცხოვრები მრავალი ადამიანისა და ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგია, იმ ხალხის თანამშრომლობის შედეგი, ვისაც ჩვენსავით სწამს, რომ პროგრესი თავისუფლებას მოაქვს. ყველა ეს ადამიანი თავისუფლებასა და დასავლურ პრინციპებსა და ღირებულებებს ემსახურება.

რატომ წარმოადგინა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ფონდმა“ მოხსენება ლათინური ამერიკის შესახებ მაინცდამაინც ახლა და მაინცდამაინც აქ, ფილადელფიაში, სადაც ჩვენი მეგობრები ფონდი „ჰერითიჯის“ 30-ე ყოველწლიურ შეკრებაზე (რესურს ბანკი), მოვიდნენ? შევეცდები მოკლედ აგიხსნათ.

ჩვენ გვწამს დასავლური ღირებულებების. ეს უნივერსალური ღირებულებებია, რომელიც პიროვნების, როგორც თავისუფალი და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის, სპეციფიკურ გაგებას ეყრდნობა. მისი ღირსება და ფუნდამენტური უფლებები ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაზე მაღლა დგას. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და პიროვნების თავისუფლება ეს ის პრინციპებია, რასაც დასავლეთი ეყრდნობა. დასავლეთის ფესვები შორს - ბერძნულრომაულ, იუდეურქრისტიანულ მემკვიდრეობამდე მიდის. დასავლეთმა შვა განმანათლებლობა და ახლა საბაზრო ეკონომიკის წყალობით ყვავის. დასავლეთი მხოლოდ გეოგრაფიული ცნება კი არ არის, არამედ ღირებულებების სისტემა. ეს ღირებულებები დასავლეთში იშვა, მაგრამ უნივერსალურია, რადგან ადამიანურ ღირსებას ეყრდნობა.

ჩვენ გვჯერა კანონის წინაშე თანასწორობის. ამიტომაც ვაკრიტიკებთ დისკრიმინაციას. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ქალებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც მამაკაცებს, ამიტომ ვიცავთ მათ უფლებებს ყველა ქვეყანაში, განურჩევლად იმისა თუ რომელ რელიგიას აღიარებენ ისინი. ჩვენი აზრით, კორუფცია მიუღებელია ჩვენ ქვეყნებში.

ამიტომ, მას ლათინურ ამერიკაშიც უნდა ვებრძოლოთ, რადგან ის სიღატაკის ერთერთი მიზეზია. ფილადელფიაში, ლონდონსა თუ მადრიდში ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლოთი, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლებით ვსარგებლობთ. ჩვენ ეს თავისუფლება კარაკასსა და ჰავანაშიც უნდა დავიცვათ და ხელი შევუწყოთ. კუბაზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ნახევარსფეროზე კუბა ანომალიას წარმოადგენს. ამიტომ, არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა კუბელების გასათავისუფლებლად და არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ კუნძულზე თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ჩვენ დემოკრატიული გარდაქმნა გვსურს და არა ტირანიის გაგრძელება. მე კუბისთვის იგივე მსურს, რაც ჩემი ქვეყნისთვის: თავისუფლება, დემოკრატია და პროგრესი.

ბერლინის კედელი რონალდ რეიგანის, მარგარეტ ტეტჩერის, პაპი იოანე პავლე მეორის მსგავსი ადამიანების გამბედაობის, სიმტკიცისა და მსოფლმხედველობის წყალობით დაინგრა. კუბაშიც იგივე მოხდება.

ჩემი დღევანდელი გამოსვლის ძირითადი თემებია:

  • ლათინურმა ამერიკამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: მან ან ღია სამყაროსკენ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისკენ მიმავალი გზა უნდა აირჩიოს, ან ღია, თავისუფალი და პერსპექტიული საზოგადოების ნაცვლად XXI საუკუნის სოციალიზის გზას დაადგეს.

  • დროა, ლათინურმა ამერიკამ იდეური იარაღი გამოიყენოს და პირველ გზას დაადგეს, კეთილდღეობის, თვისუფლების და დემოკრატიისკენ მიმავალ გზას.

  • დღევანდელი მსოფლიოს გადასახედიდან ჩვენი ღირებულებებისა და თავისუფლების გადასარჩენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლათინური ამერიკის მჭიდროდ დაკავშირებას დასავლეთთან.

  • ვაჭრობა თავისუფლებისა და პროგრესის მშვენიერი იარაღია. დროა, ამერიკასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის „ატლანტიკის თავისუფალი სივრცე“ შეიქმნას, რომელიც ყველასთვის ღია იქნება.

დასავლური ფესვები

ეს ნაშრომი - „ლათინური ამერიკა: დღის წესრიგშია თავისუფლება” - ერთადერთ ნათელ წანამძღვარს ეყრდნობა: ლათინური ამერიკა დასავლეთის განუყოფელი ნაწილია.

დღეს ამ ჭეშმარიტებას ღია და თავისუფალი საზოგადოების მტრები უარყოფენ. არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ მთელი ეს რეგიონი პროგრესულ მსოფლიოს მოსწყვიტონ და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს დაუპირისპირონ. ზოგიერთები ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც უარყოფენ ლათინური ამერიკის დასავლურ ფესვებს. ეს საშიში ტენდენციაა და მას უნდა ვებრძოლოთ.

ამავე დროს, ჩვენ გვჯერა, რომ იდეას დიდი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა შედეგს გამოიღებს. ნაშრომი „ლათინური ამერიკა: დღის წესრიგშია თავისუფლება“ რამდენიმე იდეას გვთავაზობს იმ მთავარ პრობლემებთან საბრძოლველად, რაც ამ რეგიონს ემუქრება და რაც მის განვითარებას აფერხებს.

ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის ძალმოსილებით ლათინური ამერიკა შეძლებს თავისი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს წამყვან დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყნებს შორის.

თანამედროვე გადასახედიდან ჩვენი ღირებულებებისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლათინური ამერიკის მჭიდროდ დაკავშირებას დასავლეთთან.

ეს ევროპისა და შეერთებული შტატების საერთო ინტერესებში უნდა შედიოდეს და საერთო მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

რამდენად ეფექტიანი იქნება ლათინური ამერიკის დაკავშირება დასავლეთთან, უპირველეს ყოვლისა, თვით ლათინოამერიკელი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ლათინური ამერიკის მოწინავე დემოკრატიულ ქვეყანათა ჯგუფში გაერთიანებისთვის მთავარი მოკავშირეებისა და პარტნიორების აქტიურ მუშაობასაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს.

პერსპექტიული გზის არჩევა

ისტორია მოწმობს, რომ ლათინურ ამერიკას უნარი შესწევს კეთილდღეობისა და თავისუფლების ისეთ დონეს მიაღწიოს, რაც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას ახასიათებს. დღეს ლათინურმა ამერიკამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მას ორი გზა აქვს ხსნილი და ორივე საპირისპირო მიმართულებით მიდის.

ერთი გზა ღია სამყაროსაკენ, დემოკრატიის, თავისუფლების და კანონის უზენაესობისკენ მიდის. ეს ის გზაა, რომელიც წარმატებულმა ქვეყნებმა გაიარეს. ეს არის ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის და სიღარიბის დაძლევის გზა. ეს გზა ხალხს კარგ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ჰპირდება. მოკლედ ეს გზა წარმატების, პროგრესის, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიდის.

მეორე გზა ღია, დემოკრატიულ, თავისუფალ და აყვავებულ საზოგადოებას სცილდება. ისტორიამ საკმაოდ ბევრჯერ დაგვანახა და ვიცით, საითაც მიდის ის. ისინი, ვინც ამ გზას უჭერენ მხარს, იმ ძველ იდეებს იზიარებენ, რომელმაც XX საუკუნეში ტანჯვა და უბედურება მოიტანა. მათ სურთ „XXI საუკუნის სოციალიზმი“ დაამყარონ, სწორედ იმ სოციალიზმის მემკვიდრე, რომელმაც XX საუკუნეში ჩაგვრა და უბედურება მოიტანა.

ეს იდეა კიდევ ერთხელ ამოტივტივდა ლათინურ ამერიკაში, თანაც არჩევნების პროცესში.

მე მჯერა, რომ დროა, ლათინურ ამერიკაში იდეური იარაღი გამოვიყენოთ პირველი გზის ასარჩევად, იმ გზის ასარჩევად, რომელიც წარმატების, თავისუფლების და დემოკრატიისკენ მიდის.

მყარი ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა

ლათინურ ამერიკას სტაბილურ ფუნდამენტზე აგებული სტაბილური დემოკრატია სჭირდება. ამით ის სხვა ქვეყნებისგან არ განსხვავდება: თავისუფალი და აყვავებული ქვეყნების პროგრესი თანხმობას ეყრდნობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობს. თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარანტია ძლიერი, მყარი ინსტიტუტების სისტემაში ძევს, რაც ადამიანებისთვის იოლი ხელმისწვდომია. ასეთი ინსტიტუტების შესაქმნელად თანხმობა და მკაფიო, სტაბილური კანონებია საჭირო. ხელისუფლება სწორედ ამ კანონების პროდუქტი უნდა იყოს და არა პირიქით.

დროთა განმავლობაში მხოლოდ ის ქვეყნები აღწევენ ეკონომიკურ ზრდას და მტკიცე განვითარებას, რომლებსაც ჯანსაღი ინსტიტუტები აქვთ. არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ამის მიღწევა ლათინურ ამერიკაშიც, რომელიც, მართალია, ღარიბი, მაგრამ ძლიერი სახელმწიფოა და უნარი შესწევს თავისი მთავარი ამოცანა შეასრულოს: ლათინოამერიკელ მოქალაქეებს უფლებებისა და თავისუფლების გარანტიები მისცეს.

ლათინურ ამერიკაში სიღარიბის დაძლევა იოლად შეიძლება. ეს ქვეყანა ისტორიულად დაწყევლილი არ არის, რომ დოვლათი და შემოსავალი ან კიდევ სამართალი არასდროს არ ეღირსოს.

მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას ძლიერი მაკროეკონომიკა სჭირდება. ამჟამად ლათინურ ამერიკაში არის ასეთი ვითარება, მაგრამ ეს წარმატების მხოლოდ ნაწილია.

საჭიროა სხვა ასეთივე ან უფრო მნიშვნელოვანი პირობების შესრულებაც. საჭიროა კანონმდებლობა, რომელიც საკუთრების უფლების გარანტიებსა და კონტრაქტების პატივისცემას დანერგავს.

ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკამ კარი უნდა გაუღოს მსოფლიოს, რაც კონკურენციას, სიახლეებს და ეფექტიანობას მოიტანს.

იურიდიული უსაფრთხოება კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. ყველა მოქალაქესა და ბიზნესმენს საკუთრების უფლების გარანტიები უნდა ჰქონდეს და ხელმოწერილი კონტრაქტები უნდა სრულდებოდეს.

სახელმწიფო ექსპროპრიაცია დიდ წინააღმდეგობაშია ინვესტიციებთან. თუ ხალხს უფლებების გარანტია არ ექნება, ისინი თავიანთ დანაზოგებს არ დააბანდებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც წარსულში მათი ან სხვების ქონების ექსპროპრიაცია მოხდა. ნდობა განვითარების აუცილებელი პირობაა.

კონსტიტუციონალური რეფორმები იდეალური ვარიანტია, რაც გულისხმობს, რომ თვითონ კანონშივე („მაგნა კარტაშივე“) იქნება ჩადებული საკუთრების უფლებისა და კონტრაქტების პატივისცემის ეფექტიანი მექანიზმები.

ბრძოლა ნათელი მომავლისთვის

ლათინური ამერიკის მომავალი უდავოდ თვითონ ლათინოამერიკელების ხელშია. მათ მეგობარ ქვეყნებთან ერთად უნდა იღვაწონ ნათელი მომავლისთვის. დღეს ჩვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ერთერთი მთავარი ამოცანა ეს გახლავთ.

ზოგს ავიწყდება, რომ სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული ქვეყნის იდეალი - ლათინური ამერიკის ყველა ქვეყნის იდეალიცაა. ეს ის პრინციპია, რომელიც მთელ დასავლურ სამყაროს აერთიანებს.

ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ლათინურმა ამერიკამ კიდევ უფრო ახლო კავშირი უნდა დაამყაროს შეერთებულ შტატებთან. მე აგრეთვე მხარს ვუჭერ ევროპასა და ამერიკას შორის თავისუფალ ვაჭრობას „ატლანტიკის თავისუფალ სივრცეში“, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ღია იქნება.

ვაჭრობა თავისუფლებისა და პროგრესის შესანიშნავი გზაა. მე მივესალმები პრეზიდენტ ბუშის ძალისხმევას ლათინურ ამერიკასთან კომერციული კავშირების გაფართოების მიმართულებით.

ლათინურ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა ეს ისეთი პოლიტიკაა, სადაც ღირს კაპიტალის დაბანდება. თავისუფალ ვაჭრობას ლათინოამერიკელი პოპულისტები და შეერთებული შტატებისა და ევროპის მემარცხენეები ეწინაღმდეგებიან. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თავისუფალი ვაჭრობა სწორი გზაა. თავისუფალი არჩევანის გზით მას პროგრესი მოაქვს. შეერთებული შტატები მთავარი პარტნიორი უნდა იყოს და რეგიონის ეკონომიკური და დემოკრატიული წინსვლის გარანტი. ლათინურ ამერიკაში თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფალი ვაჭრობის განვითარება შეერთებული შტატების ორმხრივი პოლიტიკის საგანი უნდა იყოს.

წარმატებული პოლიტიკა წარმატებულ იდეას უნდა ეყრდნობოდეს. თავისუფლებაზე უკეთესი პოლიტიკური იდეა მე არ მეგულება.

იდეას ზურგს უნდა უმაგრებდეს ეფექტიანი პოლიტიკა: პოლიტიკა და თავისუფლების იდეა, დასავლური ღირებულებები, ამერიკის ქრისტიანული ფესვები, განვითარების გზით სიღატაკის დაძლევა და, რაც მთავარია, შეუპოვარი ბრძოლა იმისათვის, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ პოპულიზმს სძლიოს.

„XXI საუკუნის სოციალიზმის“ წინააღმდეგ მიმართული დღის წესრიგის საერთო ამოცანა პასუხისმგებლობის გრძნობას მოითხოვს. მთავარია ის, რაც გაგვაერთიანებს და არა ის, რაც დაგვაცალკევებს.

ლათინური ამერიკის პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ამ პრინციპებს იზიარებენ, ამ რეგიონის ქვეყნებს ახალი ტიპის თანამშრომლობისა და გაფართოებული ინტეგრაციის გზები და მიმზიდველი დემოკრატიული ალტერნატივები უნდა გადაუშალონ.

თუ ლათინური ამერიკა დასავლეთის ნაწილია, თავს იმის უფლებას ვერ მივცემთ, რომ ეს რეგიონი ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ დავტოვოთ. ძალები უნდა გავაერთიანოთ მათ წინააღმდეგ სამოქმედოდ, ვისაც თავისუფალი საზოგადოების იდეა არ სწამს. ევროპელებს და ამერიკელებს მორალური ვალდებულება აკისრიათ მხარი დაუჭირონ ყველა ინიციატივას, რაც დემოკრატიის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს.

კოლუმბიის მაგალითზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა საფრთხე ემუქრება ლათინურ ამერიკას. კოლუმბია დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც ღირსეული მთავრობა ჰყავს. კოლუმბიიის დემოკრატიას საფრთხე ემუქრება როგორც ტერორისტული დაჯგუფებების, ისე ნარკომაფიის მხრიდან. კოლუმბიას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ეს ჩვენი მორალური ვალიც არის და ჩვენს ინტერესებშიც შედის, თუკი თავისუფლება გვინდა.

მარგარეტ ტეტჩერის და რონალდ რეიგანის ტრანსატლანტიკური სივრცის იდეა, რომელიც მთელი კაცობრიობის თავისუფლებას ემსახურება, კვლავ აქტუალურია. ამ იდეამ სიმხნევე უნდა შეგვმატოს და ლათინური ამერიკა არ უნდა დავივიწყოთ.

ეს რეგიონი მუდმივი საფრთხისა და რისკის ქვეშ არის და მისი უყურადღებოდ დატოვება ძალიან დიდი შეცდომა იქნება. ლათინური ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დახმარება ისეთი ქსელის შექმნაში, რომელიც იმ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, პარტიებსა და ადამიანებს გააერთიანებს, ვისთვისაც თავისუფლება უდიდესი ღირებულებაა.

თუ ამ ამოცანის შესრულებას შევძლებთ, წარმატებას უთუოდ მივაღწევთ. ისტორია მოწმობს, რომ ის, ვისაც ჭეშმარიტად სწამს თავისუფლების და ამ მიმართულებით სათანადო ნაბიჯებსაც გადადგამს, აუცილებლად შეძლებს მიზნის მიღწევას.

ლათინურ ამერიკას არაფერი არ უშლის ხელს. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. წარმატების მისაღწევად მოკლე გზა არ არსებობს. ისიც ვიცით, რომ მთელი ლათინური ამერიკის თავისუფლება და პროგრესი შესაძლებელია და თუ ჩვენს მუშაობას ღია იდეოლოგიის, დემოკრატიის და თავისუფლებისკენ წარვმართავთ, წარმატებას მივაღწევთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ამ პატარა წიგნში ჩვენი გეგმებია მოცემული.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ფონდში“ კარგად იციან, რომ იდეების განხორციელებას და შედეგის მიღწევას თავდადებული ადამიანები სჭირდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ ლათინურ ამერიკაში, და ამ რეგიონის ფარგლებს გარეთაც, ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიმუშაოთ, განსაკუთრებით კი „ჰერითიჯის“ ფონდთან ერთად, რომ თავისუფლების, დემოკრატიის და სამართლიანობის იდეამ იზეიმოს ამერიკის მთელ კონტინენტზე.

16 ესტონეთის ეკონომიკის სასწაული

▲ზევით დაბრუნება


მარტ ლაარი
ესტონეთის პრემიერმინისტრი 1992-94 და 1999-2002 წლებში. ესტონეთის პარლამენტის წევრი, პროპატრიისა და რესპუბლიკის კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე

თარგმნა ბაბილინა ახობაძემ
გამოქვეყნდა 2002 წელს

ესტონეთი ჩრდილოეთ ევროპის პატარა ქვეყანაა, რომელიც ბალტიის ზღვის პირას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს. სამუელ ჰანტინგტონის თანახმად, ესტონეთი დასავლური ცივილიზაციის საზღვარია, საზღვარი, სადაც ცივილიზაციები ერთმანეთს ეჯახება1. ამის გამო, ესტონეთი ისტორიკოსების დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ იქაურ ხალხს რთულ პირობებში უწევს ცხოვრება.

ისტორიულად, ესტონელებს თავისუფლებისთვის უხდებოდათ ბრძოლა. 1918 წელს ესტონეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1940 წელს კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, ის საბჭოთა კავშირმა დაიპყრო.

ომის დროს კომუნისტურ ტერორიზმს ვებრძოდით, მაგრამ დავმარცხდით. ოკუპაციის შედეგად ქვეყანამ მოსახლეობის 29 პროცენტამდე დაკარგა, მაგრამ ფარხმალი არ დაგვიყრია. 1980 წელს ახალი შესაძლებლობა მოგვეცა და გამოვიყენეთ კიდევაც. ესტონეთი ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საბჭოთა იმპერიიდან გაღწევა სცადა და 1991 წელს, 50 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, კვლავ თავისუფლება მოიპოვა.

კომუნისტური მმართველობისგან ქვეყანა ისე იყო განადგურებული, რომ თავისუფლების მეტი არაფერი გვქონდა. 1939 წელს, თავისუფლების დაკარგვამდე, ესტონეთში ცხოვრების დონე მეტნაკლებად ისეთივე იყო, როგორც მეზობელ ფინეთში. იმ პერიოდში ფინეთმა, მართალია, ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ თავისუფლების შენარჩუნება მოახერხა. ორი განსხვავებული პოლიტიკური სისტემის პირობებში ცხოვრებამ ესტონეთი და ფინეთი სხვადასხვაგვარად განავითარა. ფინეთის ყურის ორივე მხარეს ხალხი ბეჯითად სწავლობდა და შრომობდა, მაგრამ მხოლოდ ფინეთი ყვაოდა. თავიდან ორივე ერთ დონეზე იყო, მაგრამ 1987 წლისთვის ფინეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 14 370 დოლარამდე გაიზარდა, ესტონეთში კი ოპტიმისტური გათვლებით მხოლოდ 2 000 დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, ხშირად თვითონ კომუნიზმის მოწინააღმდეგენიც კი ვერ ამჩნევდნენ სოციალისტური აზროვნებიდან მომდინარე რეალურ ეკონომიკურ პრობლემებს. ხალხის უმრავლესობას ეგონა, რომ კომუნისტური ხელისუფლების თავიდან მოშორება და ეკონომიკის გათავისუფლება საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ქვეყანა სწრაფად დასწეოდა დასავლეთ ევროპის ცხოვრების დონეს. ისინი ვერ ხვდებოდნენ რეალურად რა ჩამორჩენილი და განუვითარებელი იყო კომუნისტური ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება უფრო რთული და მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინათ.

ხელსაყრელი მომენტი

1992 წლის იანვარში ძალიან ციოდა ესტონეთში. ქვეყანაში კომუნიზმის დასასრულს ნამდვილი ქაოსი მოჰყვა. მაღაზიები სულ დაცარიელებული იყო და რუსულ რუბლს არავითარი ღირებულება აღარ ჰქონდა. 1992 წლისთვის სამრეწველო პროდუქციამ 30 პროცენტით იკლო, გაცილებით მეტად, ვიდრე 1930იანი წლების დიდი დეპრესიის დროს. რეალური ხელფასები 45 პროცენტით შემცირდა იმ დროს, როდესაც ინფლაცია 1 000 პროცენტს აღწევდა და საწვავის ფასებმა 10 000 პროცენტზე მეტით აიწია.

ხალხი საკვების საყიდლად საათობით იდგა რიგში. პური და რძის პროდუქტები ნორმირებული იყო. გათბობისთვის გაზი არ იყო, ამიტომ, მთავრობამ მოსახლეობის ქ. ტალინიდან სოფლებში გახიზნა გადაწყვიტა. ერთადერთი მოქმედი „ინსტიტუტი” არაოფიციალური ბაზარი იყო.

ესტონეთი თითქმის მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული - საგარეო ვაჭრობის 92 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა. ესტონეთს ძალიან ცოტა რამ გააჩნდა ისეთი, რაც მსოფლიო ბაზარზე გაიყიდებოდა. საბჭოთა მმართველობის ეკონომიკამ ესტონეთის ეკოლოგია გაანადგურა და ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. უცხოელ ექსპერტთა უმრავლესობისთვის ესტონეთი მხოლოდ „ერთერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა“ იყო, რომელსაც უკეთესი მომავლის დიდი პერსპექტივა არ გააჩნდა.

თვითონ ესტონელთა შორისაც ბევრს არ სჯეროდა უკეთესი მომავლის. ხალხი ხედავდა, რამხელა უფსკრული იყო ესტონეთის რეალობასა და მათ წარმოსახვაში არსებულ ნორმალურ ცხოვრებას შორის. ისინი მიხვდნენ, რომ პატარა ნაბიჯებით შორს ვერ წავიდოდნენ. ამ უფსკრულის გადასალახად გიგანტური ნახტომი იყო საჭირო. დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა. სწრაფ მოქმედებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ძირფესვიანი რეფორმისთვის. ამიტომ, 1992 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე, ესტონელმა ხალხმა ხმა მისცა მათ, ვინც საბჭოთა წარსულთან კავშირის გაწყვეტის ყველაზე რადიკალური გზა და რეფორმების ყველაზე დამაჯერებელი პროგრამა შესთავაზათ.

რეფორმაზე ორიენტირებულ მთავრობას ბევრი დრო არ აქვს საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. ხალხის მიერ პოლიტიკოსებისადმი გამოცხადებულ ნდობასა და იმ ტკივილს, რის გადასატანადაც ისინი მზად არიან, გარკვეული ზღვარი აქვს. ამ ზღვარის გადაჭარბებამ შესაძლოა რეფორმატორებისა და მათ მიერ შეთავაზებული რეფორმების მიმართ სერიოზული უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. ლ. ბალცეროვიჩი, პოლონეთის ეკონომიკური რეფორმის ერთერთი არქიტექტორი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა „ექსტრაორდინარულ პოლიტიკას”. ბალცეროვიჩის თანახმად, გადატრიალებისთანავე დაწყებული რადიკალური ეკონომიკური პროგრამა უფრო იოლად გავა, ვიდრე სხვა რომელიმე დაგვიანებული რადიკალური პროგრამა ან არარადიკალური ალტერნატივა, რომელიც მძიმე ღონისძიებებს ნელნელა გაატარებს. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „მწარე წამლის ერთბაშად მიღება უფრო იოლია, ვიდრე ხანგრძლივად, რამდენიმე დოზად“2.

ბალცეროვიჩის თეორია იმ ვარაუდს ეყრდნობა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში უცხოური ბატონობისგან გათავისუფლება განსაკუთრებულ განწყობილებას და შესაბამის პოლიტიკურ შესაძლებლობებს წარმოშობს. აქედან გამომდინარე, მთავრობას ისეთი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ეძლევა, რასაც ნორმალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში ვერ მიიღებს.

ამ თვალსაზრისით, კრიზისი იმდენად კრიზისი არ არის, რამდენადაც ხელსაყრელი შესაძლებლობა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება ცხადყოფს, რომ სოციალურ უკმაყოფილებათა გამოხატვის (დემონსტრაციები და გაფიცვები) ინტენსივობა მიმდინარე ეკონომიკურ პროგრამასთან არაფერ შუაშია. სინამდვილეში, ნაგვიანევად მიღებულ საჭირო გადაწყვეტილებას შესაძლებელია სერიოზული უარყოფითი რეაქცია მოჰყვეს, რაც დროულად გადაწყვეტის შემთხვევაში არ მოხდება. რეფორმის დროს დროის ფაქტორი ყველაზე მთავარია.

დროულად მიღებულმა სწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ქვეყნის წარმატება განაპირობოს და სწრაფი განვითარების შედეგად ელექტორატის დიდი კმაყოფილება გამოიწვიოს. დაგვიანებული სწორი გადაწყვეტილებები სწორივე რჩება, მაგრამ შედეგები ხშირად ისეთივე წარმატებული აღარ არის.

ხელსაყრელი მომენტი ხანგრძლივი არ არის. ის სწრაფად აძლევს გზას მოპაექრე პარტიებისა და დაინტერესებული ჯგუფების იმ პოლიტიკას, რომელიც უფრო რეალურია. ეს კი დემოკრატიის პირობებში სრულიად ბუნებრივია. პარტიები ყოველთვის ისეთ დღის წესრიგს, ისეთ იდეოლოგიურ პროფილს ეძებენ, რომელიც ამომრჩეველთა პრაქტიკულ ინტერესებს უფრო მეტად დაიცავს. ამ დროს რადიკალური გადაწყვეტილებების გატანა ძნელდება და, ბუნებრივია, რეფორმის ტემპიც ნელდება.

თუ გარდამავალი ქვეყნები, ექსტრაორდინარული პოლიტიკის პერიოდს რადიკალური ეკონომიკური პროგრამების დასაწყებად ვერ გამოიყენებენ, მათ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობა მაინც მიეცემა, მაგრამ უფრო რთულ ეკონომიკურ პირობებში. იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებენ, მაკროეკონომიკური არასტაბილურობის, გადაჭარბებული და ქაოსური სახელმწიფო მმართველობისა და მასიური კორუფციის საფრთხე ემუქრებათ.

ამ ქვეყნებს მეორე შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მიეცემათ, როდესაც ხელისუფლებაში მოსული პარტიები საბოლოოდ დამარცხდებიან. მაგრამ თუ ამ შესაძლებლობასაც ხელიდან გაუშვებენ, ძალიან გაჭირდება ხალხის დაყოლიება, რომ ორჯერ უშედეგოდ გადატანილ ტანჯვაწამებას კიდევ ერთხელ გაუძლონ.

თუ ძირითადი რეფორმები შედარებით მოკლე დროში უნდა გატარდეს, მოსამზადებელი პერიოდიც ხანმოკლე იქნება. ამიტომ, შემოღებული კანონები უკიდურესად უნდა გამარტივდეს. კონკრეტული გადაწყვეტილებების გასატარებლად საჭირო რესურსები შეზღუდულია. ანდერს ასლუნდი გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის კვლევისას დაბეჯითებით იმეორებს, რომ ეს შეზღუდვები სიმარტივეს მოითხოვს.3

ესტონეთი ცდილობდა ყველა ეს გამოცდილება გამოეყენებინა. ორი მთავარი გაკვეთილი ჩვენივე რეფორმის პროცესში ვისწავლეთ. ერთი ის, რომ ჯერ პოლიტიკაზე უნდა ვიზრუნოთ და მერე ეკონომიკური რეფორმა გავატაროთ. მეორე კი ის, რასაც ცნობილი სარეკლამო სლოგანი ამბობს: „Just do it“ (მხოლოდ გააკეთე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეფორმის დასაწყებად და ბოლომდე მისაყვანად გადამწყვეტ მოქმედებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ეს ცოტა მტკივნეული იყოს.

პირველ რიგში პოლიტიკისთვის უნდა მიგვეხედა, რადგან რადიკალური რეფორმები რომ წამოგვეწყო და გაგვეტარებინა, ლეგიტიმური კონსენსუსი გვჭირდებოდა ცლილებებისთვის. კონსენსუსი მხოლოდ დემოკრატიის გზით მიიღწევა, რომელიც რეგულარული პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციონალურ სტრუქტურებს და თავისუფალ და პატიოსან არჩევნებს ეყრდნობა. ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად საჭირო იყო კავშირის გაწყვეტა აშკარად ტოტალიტარულ წარსულთან, მის სტრუქტურებთან და მის წარმომადგენლებთან.

პირველი ნაბიჯები: სავალუტო რეფორმა და მაკროსტაბილიზაცია

ესტონეთში რეფორმები ისევე დაიწყო, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში (რომლებსაც „გარდამავალ ქვეყნებსაც” უწოდებენ), თუმცა ზოგან შესაძლოა გაცილებით უარესადაც. ცენტრალური ევროპის ქვეყნებში რეფორმები უფრო ადრე დაიწყო - 1989-90 წლებში, ესტონეთში კი 1991-92 წლებში. დროის დაკარგვას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ, ესტონეთის ეკონომიკა კიდევ უფრო განადგურდა.

ესტონეთში პირველი რეალური რეფორმა 1992 წლის ზაფხულში გატარებული სავალუტო რეფორმა იყო. საკუთარი ვალუტის შემოღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თავიდან ეს ძალიან შორეულ ოცნებად გვეჩვენებოდა. სავალუტო რეფორმის მომხრეები რეფორმის სხვადასხვა გზას გვთავაზობდნენ, მაგრამ ყველა მათგანი სამ რამეს ისახავდა მიზნად: აღმოსავლეთის ინფლაციიის ზეგავლენის აღმოფხვრა, მოთხოვნამიწოდებაზე დაფუძნებული გაწონასწორებული სავალუტო კურსის გარანტია და ნაღდი ფულის კრიზისის დაძლევა.

ესტონეთმა სავალუტო რეფორმა 1992 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან პირველმა შემოიღო საკუთარი ვალუტა. სავალუტო სისტემის დახმარებით ესტონური კრონა გერმანული მარკით იყო გამყარებული და პირველივე დღიდან სრულად კონვერტირებადი. გაცვლის კურსის ისეთ მყარ ვალუტასთან მიბმამ, როგორიც გერმანული მარკა იყო, ესტონეთის ეკონომიკისადმი ნდობა აღძრა. მაგრამ სავალუტო სისტემა რომ სარგებლიანი ყოფილიყო, ესტონეთს ბიუჯეტიც უნდა დაებალანსებინა. ერთერთი პოლიტიკური სლოგანის არ იყოს, ბიუჯეტის დაბალანსება პოპულარული იყო, მაგრამ მისი განხორციელება არა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში პირველი „შოკური თერაპია“ ფასების გათავისუფლება იყო, ესტონეთში კი - 1992 წლის ბიუჯეტის დაბალანსება. ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრაზე აგებული პრიორიტეტი არა მარტო ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისით იყო სწორი, არამედ პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთ გზას წარმოადგენდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მიუთითებდა, რომ სავალუტო რეფორმა წარმატებას ვერ მიაღწევდა თუ ბიუჯეტი მკაცრად არ გაკონტროლდებოდა.

1992 წლის სექტემბერში ახლად არჩეულმა მთავრობამ სწორედ ეს დაისახა მიზნად. მთავრობა, რომელსაც „Pro Patria Union“ ედგა სათავეში, იმ ჯგუფებისა და პარტიებისგან შედგებოდა, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ და, ამიტომ, კომუნისტურ წარსულთან კავშირის გაწყვეტა მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი. მთავრობის წევრები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მე, როგორც ესტონეთის ახლად არჩეული პრემიერმინისტრი, 32 წლის გახლდით, ბევრი მინისტრი კი ჩემზე ახალგაზრდა იყო. სხვა ახალგაზრდების მსგავსად, არც ჩვენ ვიცოდით რა იყო შესაძლებელი და რა არა, ამიტომ შეუძლებელს ვაკეთებდით.

მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავება კოალიციური მთავრობის შექმნის შემდეგ დაიწყო. რადიკალური რეფორმების პროგრამის დაწყება „რიგიკოგუ“-ში (ესტონეთის პარლამენტი) მტკიცე და სტაბილური უმრავლესობის გარეშე შეუძლებელი იყო. უმრავლესობის რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან „პრო პატრიას” მთავრობას ერთი ხმის უპირატესობა ჰქონდა. მთავარი იყო, მას ემუშავა. ამისთვის კი კოალიციის წევრებს თავისი ამოცანა და მთავრობის დღის წესრიგი უნდა სცოდნოდათ.

ჩვენი მთავარი ამოცანა კოალიციური შეთანხმების მიღწევა იყო, რის შედეგადაც კოალიციის წევრებმა არა მარტო ადგილები გაინაწილეს მთავრობაში არამედ, სამოქმედო გეგმაც ნათლად წარმოადგინეს. კოალიციის ყველა წევრმა მოაწერა ხელი შეთანხმებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ესტონეთის ეკონომიკური რეფორმების ასამოქმედებლად. მაშინაც კი, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებებს მძაფრად უტევდა ოპოზიცია, მთავრობას საკმარისი ურავლესობა ჰყავდა პარლამენტში საჭირო კანონმდებლობის გასატანად.

ამომწურავი გეგმის შემუშავებას რამდენიმე კვირა დასჭირდა, რაშიც ესტონელებს რამდენიმე უცხოური არასამთავრობო სამეცნიერო ცენტრი დაეხმარა: „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ადამ სმითის ინსტიტუტი და შევედეთის „ტიმბრო“. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ესტონეთის პირველ არასამთავრობო სამეცნიერო ცენტრებს, რომლებიც უფრო ადრე შეიქმნა იმავე პარტიების მიერ, რომლებიც ისის იყო მთავრობაში მოვიდნენ. ამ ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე უმთავრესად ამ ინსტიტუტებმა წარმოადგინეს და განიხილეს რეფორმის გეგმა და ხალხს დეტალები გააცნეს. ამ ცენტრების გარეშე ალბათ შეუძლებელი იქნებოდა მთავრობის სამოქმედო გეგმის სწრაფად და ეფექტიანად შემუშავება.

სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ვემზადებოდით და ამის შესაძლებლობაც მოგვეცა. ბიუჯეტის ბალანსი სუბსიდიებისა და მთავრობის რადიკალურ შემცირებას მოითხოვდა. ეს შემცირებები არაპოპულარული იყო, მაგრამ მათი განხორციელება შევძელით, რადგან კოალიციური შეთანხმების წყლობით კოალიცია ბიუჯეტის ბალანსს უმნიშვნელოვანეს ამოცანად განიხილავდა.

ბიუჯეტის განხილვაში ოპოზიციის ჩართვაც ვცადეთ, მაგრამ, როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხდება, მათ თანამშრომლობა არ ისურვეს. ამის ნაცვლად, საპარლამენტო ბარიერებითა და ქუჩის აქციებით აქტიურად გამოდიოდნენ შემცირებების წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში მთავრობას გარანტიები სჭირდებოდა, რომ უმრავლესობიდან ყველა მხარს დაუჭერდა. ამიტომ, ზედმეტ დისკუსიებზე დრო აღარ დაგვიკარგავს (ერთხელ, მნიშვნელოვანი კანონმდებლობისთვის ხმის მისაცემად პარტიის ერთერთი წევრი, რომელმაც ისის იყო იმშობიარა, სამშობიაროდან პირდაპირ პარლამენტში გადავიყვანეთ).

რეფორმები ნაწილნაწილ კი არ უნდა გატარდეს, არამედ რაც შეიძლება დიდი დოზით. პოლიტიკური ამტანობა დიდი და პატარა რეფორმის დროს ერთნაირია. რამდენიმე თვეში უამრავი საჭირო კანონი შემოვიღეთ და ბიუჯეტი დავაბალანსეთ. ამის შემდეგ დავადგინეთ, რომ ესტონეთის პარლამენტში მხოლოდ დაბალანსებული ბიუჯეტი უნდა შესულიყო. ამან საშუალება მისცა მთავრობას მომდევნო დაბალანსებული ბიუჯეტები უფრო იოლად გაეტანა. დაბალანსებული ბიუჯეტი ესტონეთის ერთერთი საფირმო ნიშანი გახდა.

მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა ესტონეთმა უპირველეს ამოცანად დაისახა. ამ მიზნის მიღწევა სავალუტო პოლიტიკას, ვალუტის კურსის ხელოვნურად შეკავების მკაცრად შეზღუდვას და დაბალანსებულ ბიუჯეტს გულისხმობდა. მკაცრი ფინანსური შეზღუდვების პირობებში მთავრობა უფრო იოლად წყვეტდა, როგორ უნდა ემოქმედა. მთავრობას მხოლოდ ხარჯების შემცირებით შეეძლო ბიუჯეტის დაბალანსება, რადგან არც ფულის დაბეჭდვა შეეძლო და ვერც სხვაგვარად გაზრდიდა ფულის მასას. ბიუჯეტის დასაბალანსებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სესხი შესთავაზა, მაგრამ მთავრობამ გადაწყვიტა ესტონეთის მომავალი რადიკალურ რეფორმებზე აეგო და არა სესხებზე.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების სუბსიდიები ცუდ პოლიტიკად მიიჩნიეს და გააუქმეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალი კერძო კომპანიების გასავითარებლად, რადგან სუბსიდიები ძველ, ზოგჯერ დრომოჭმული წარმოების სტრუქტურებს არსებობას უხანგრძლივებს და ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების გატარებას ხელს უშლის. სუბსიდიების გაუქმება მარტივად და ნათლად ატყობინებდა საბჭოთა საწარმოო დინოზავრებს, რომ თუ არ ამოქმედდებოდნენ, ვერ იარსებებდნენ. როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, უმრავლესობამ ამოქმედება ირჩია.

კოალიციური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დროს პარტნიორებთან და საზოგადოებასთან გულწრფელობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ რეფორმის პირველი ხუთი წელი უაღრესად რთული იქნებოდა, ამიტომ, იმ პარლამენტის წევრებს, ვინც ასეთი ზომების გატარებას ხმას მისცემდა, უნდა სცოდნოდათ რა მოხდებოდა. ამ გზით კოალიციამ სულ ცოტა წელიწადნახევრის მანძილზე ერთსულოვნება შეინარჩუნა.

სამთავრობო კოალიციას კარგად ესმოდა, რომ ერთადერთ გამოსავალს ჩვენ მიერ დასახული გეგმის განხორციელება წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ამაოდ მოითმენდა იმ გაჭირვებას, რაც ეკონომიკის სტაბილიზაციას ახლავს თან.

ესტონეთში ცხოვრების დონე გაუარესდა, სამრეწველო წარმოებამ და სოფლის მეურნეობის პროდუქციამ იკლო, მშპ შემცირდა. ამიტომ, თითოეული წარმატებული ნაბიჯის გადასადგმელად ძველი, არაეფექტიანი, ხელოვნურად გახანგრძლივებული ეკონომიკის ნგრევა და საბაზრო ეკონომიკის „უხილავი ხელის” დამკვიდრება იყო საჭირო.

1993 წელს ამ ღონისძიებათა პირველი შედეგები გამოჩნდა. მაკროეკონომიკური ვითარება დასტაბილურდა. 1992 წელს თუ ინფლაციის დონე 1000 პროცენტს შეადგენდა 1993 წელს ის 89.8 პროცენტამდე ჩამოვიდა, 1995 წელს კი - 29. ეკონომიკამ აღმოსავლურიდან დასავლურისკენ აიღო გეზი და ექსპორტი სწრაფად გაიზარდა. ამ სასიკეთო ძვრებმა რეფორმის მეორე ეტაპზე გადასვლის დიდი შესაძლებლობა მოგვცა და ესტონეთი ხანგრძლივი რეალური განვითარების გზაზე დააყენა.

საჯაროობა

რეფორმის პირველი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა ერთერთი გადამწყვეტი მომენტი იყო. პირველ ეტაპზე მთავრობის ამოცანები შედარებით მარტივი იყო და უმეტესად არსებული რთული ვითარებით განპირობებული. მეორე ეტაპზე არჩევანის თავისუფლებაც გაიზარდა და ამ არჩევანის შედეგებიც. პირველ ეტაპზე მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევა ნებისმიერ პატარა გუნდს შეეძლო რეფორმების ზემოდან ქვემოთ განხორციელების გზით, მეორე ეტაპზე კი პროცესი უფრო მეტი ხალხის ჩაბმას, გულმოდგინებას და დამოკიდებულების შეცვლას მოითხოვდა.

მაკროეკონომიკის შოკურმა თერაპიამ ხალხი გამოაფხიზლა. ამ მეორე ეტაპზე საჭირო იყო მათთვის ახალი იმედის ჩასახვა, ახალი პერსპექტივების და ახალი შესაძლებლობების გადაშლა. დამოკიდებულების შეცვლის გარეშე პოსტკომუნისტური სირთულეები მახედ იქცეოდა და ხალხი ვერც წინსვლას შეძლებდა და ვერც კანონის უზენაესობას დაქვემდებარებული თავისუფალი მთავრობისა და თავისუფალი ბაზრის მქონე „ნორმალურ“ ქვეყნად გადაქცევას.

საბჭოთა კავშირის მიერ თავსმოხვეული სოციალიზმის დროს ხალხი დამოუკიდებელ აზროვნებას, ინიციატივის გამოჩენას და რისკის გაწევას არ იყო მიჩვეული. ბევრს დასჭირდა იმ ილუზიიდან გამოყვანა, რომ მათი პრობლემები სხვებს უნდა გადაეჭრა, რაც პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის იყო დამახასიათებელი. საჭირო იყო ხალხის დამუხტვა, ამოძრავება, იძულება, რომ გადაწყვეტილება თვითონ მიეღოთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც აეღოთ. ეს პრინციპი არაპოპულარული აღმოჩნდა, მაგრამ მან ხალხის დამოკიდებულება შეცვალა.

ამიტომ, ესტონეთს გზა უნდა გამოენახა, რომ ხალხს ბიზნესის წარმოების სხვა შესაძლებლობა მისცემოდა. ამისთვის საჭირო იყო მსოფლიო ბაზრის კარი გაგვეღო, კონკურენციისთვის ხელი შეგვეწყო და უცხოური ინვესტიციები მოგვეზიდა. ზოგს ასეთი ღია ეკონომიკა აშინებდა. ამიტომ, მთავრობას უნდა ეჩვენებინა გზა.

ესტონეთის მცირე, ღია ეკონომიკა ისტორიულად ვაჭრობაზე იყო აგებული. საბაზრო ეკონომიკაზე უმტკივნეულოდ და სწრაფად გადასასვლელად ღია ეკონომიკას ბევრი უპირატესობა გააჩნია. ის ხელს უწყობს ბაზარზე რესურსების განაწილების ორიენტირებულ რაციონალურ პროცესებს, ნერგავს კონკურენციას, ქვეყანას პრიორიტეტების მიხედვით სპეციალიზაციის საშუალებას აძლევს და გამარჯვებულის გამოვლენის უფლებას კი ბაზარს ანიჭებს და არა მთავრობას. ღია პოლიტიკა გამჭვირვალე გარემოს ქმნის, რაც მწარმოებლებს ბაზარზე აშკარა ორიენტაციის საშუალებას აძლევს. ამასთნ ერთად, ის ხელს უწყობს საიჯარო ხელშეკრულებების შემოღებას, რაც გარდამავალ ქვეყნებში კვალიფიციური, მაგრამ დაბალანაზღაურებადი მუშახელისთვის ხელსაყრელია.

ამასთანავე, ესტონეთმა სატარიფო და არასატარიფო ბარიერები შეამცირა და ყველა საექსპორტო შეზღუდვა გააუქმა, რამაც ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის ზონად აქცია. თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა, ერთი მხრივ, იმ ფაქტმა განაპირობა, რომ, როგორც დავინახეთ, ტარიფის დაცვა ძირითადად იმ სექტორებისთვის არის ხელსაყრელი, რომელიც პოლიტიკურად არის მოწყობილი და არა იმ სექტორებისთვის, რომელიც ყველაზე მეტად არის საჭირო.

ღია პოლიტიკა მეტად წარმატებული აღმოჩნდა, რამაც ხელი შეუწყო კონკურენციას, რეკონსტრუქციას და ზრდაგანვითარებას. ასეთმა პოლიტიკამ ბევრი ახალი კომპანია შესძინა ესტონეთს, რომლებმაც ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული ქარხნები გახსნეს. რასაკვირველია, ასეთ პოლიტიკას მწვავე პროტესტი, დემონსტრაციები და „ეკონომიკის სტარტეგიული ნაწილისა“ და „ადგილობრივ მეწარმეთა“ დაცვის მოთხოვნები მოჰყვა.

ჩვენ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით ასეთ პროტესტს და სწრაფად ვახორციელებდით რეფორმას. რაკი ღია პოლიტიკის პირველი შედეგები გამოჩნდა, რეფორმების უკუქცევა უკვე ძნელი იყო. ღია პოლიტიკა მუდამ არაპოპულარულია, მაგრამ არავის სურს იმ სისტემის შეჩერება, რაც მუშაობს.

ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ესტონეთია, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უკეთესი ალტერნატივა იყო ვიდრე სესხის აღება ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, როგორიც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდია. ჯერ ერთი, განვითარების ფონდის დახმარება რომ აგვეღო, ქვეყანა ისევ ჩამორჩენილთა რიგებში უნდა დარჩენილიყო. განვითარების ფონდის დახმარება შესაძლოა დრომოჭმული ტექნოლოგია ან დრომოჭმული რეკომენდაციები ყოფილიყო, რაც თანამედროვე ქვეყნებს უკვე ვერაფერს შველის. ასეთი დახმარებები გარდამავალ ქვეყნებს შესაძლებლობას ართმევს ჩამორჩენილობა განვითარების პლაცდარმად გამოიყენონ.

პირდაპირ გეტყვით, თუ დახმარება გინდათ, ვაჭრობაში შეგვიწყეთ ხელი და მეტი არაფერი. ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა. როდესაც გადაწყვეტილება ხალხს გავაცანით, ყურადღება ეროვნულ სიამაყეზე გავამახვილეთ და მათ მშვენივრად გაგვიგეს.

მართალია, უცხოური ინვესტიციები ყველა გარდამავალ ქვეყანას ერთნაირად აინტერესებს, მაგრამ ყველა სხვადასხვა შედეგს აღწევს. ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს უცხოელი ინვესტორი ნებისმიერი სატყუარათი მიიზიდოს, მაგალითად გადასახადებისგან გათავისუფლების, პრივილეგიების, განსაკუთრებული უფლებების შეთავაზებით. ალტერნატიულია ისეთი ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც ერთნაირ სარგებლობას მოუტანს ადგილობრივ ინვესტიციებსაც და უცხოურსაც.

ესტონეთმა მეორე გზა ირჩია. თავიდან ბევრი ლაპარაკი იყო ასეთი მიდგომის შესახებ, მაგრამ რადგან კოალიციის შეთანხმებაში ასე გვეწერა, საქმე სწრაფად გადაწყდა. რამდენიმე წელიწადში დადებითი შედეგები გამოჩნდა და არავის აღარ სურდა მისი შეცვლა.

მიწის გაყიდვის კანონის მიღებამ უცხოელი ინვესტორების უსაფრთხოების მეტი გარანტიები და საკუთრების უფლების დაცვა უზრუნველყო. ამასთანავე, გაუქმდა ზოგიერთი უცხოელი ინვესტორის განსაკუთრებული პრივილეგიები, რამაც სტიმული მისცა სხვა ინვესტიციებს. მალევე, 1993-94 წლებში, ესტონეთი, რომელსაც მანამდე უცხოელი ინვესტორები სულ არ იცნობდნენ, ყურადღების ცენტრში მოექცა. მთავრობა სისტემატურად ზრუნავდა ესტონეთის რეპუტაციის ამაღლებაზე, რამაც აგრეთვე ხელი შეუწყო უცხოური ინვესტიციების ზრდას.

ამის შედეგად, 1990-იან წლებში ესტონეთმა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი უცხოური ინვესტიცია მიიღო, ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანამ. უცხოური ინვესტიციების დიდმა ნაკადმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა განაპირობა, მოხდა ძველი ქარხნების რეკონსტრუქცია, ახალი ცნობიერება და ახალი ტექნოლოგიები შემოვიდა და ესტონეთი უფრო თამედროვე და უფრო კონკურენტუნარიანი გახდა.

მაგრამ ქვეყანამ ნამდვილ წარმატებას რომ მიაღწიოს, გარდამავალ ეპოქაში მხოლოდ მსოფლიოს კი არ უნდა გაუღოს ბაზარი, არამედ საკუთარ ხალხსაც და დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების შენებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ისეთი ნაბიჯების გადადგმას, როგორიც არის საზოგადოებაში დიალოგისა და პარტნიორობის დანერგვა. ფაქტობრივად ეს სამმხრივი დიალოგი იყო სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულ ადამიანებს შორის. 1992-93 წლებში მთავრობამ მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის დროინდელი პროფკავშირების თავისუფალ პროფკავშირებად გარდაქმნას. ამან ხელი შეუწყო მთავრობასა და ხალხს შორის დიალოგის გამართვას და თავიდან აგვაცილა დიდი პროტესტები და დემონსტრაციები, განსაკუთრებით, რეფორმის პირველ მტკივნეულ პერიოდში.

სამმხრივი მოლაპარაკებების დროს მთავრობამ დანარჩენ ორ მხარეს ესტონეთის არსებული ვითარება გააცნო. მოლაპარაკებების დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყველაზე რთული პროლემების ყურადღების ცენტრში მოქცევას და ახალი პრიორიტეტების შექმნას. მაგალითად, როდესაც შევთანხმდით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, ძალიან ადვილი გასაგები გახდა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო.

პროფკავშირები გაგებით მოეკიდა იმ საკითხს, რომ, მართალია, ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა, მაგრამ პრივატიზაცია არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა იყო, რადგან თუ საწარმოების პრივატიზება და რეკონსტრუქცია არ მოხდებოდა, საწარმოს ყველა მუშა დაკარგავდა სამუშაოს.

სამაგიეროდ, პროფკავშირებს საპრივატიზაციო შეთანხმების ერთერთ პირობად პრივატიზებულ საწარმოში ამა თუ იმ რაოდენობის სამუშაო ადგილების გარანტიების მოთხოვნის საშუალება ეძლეოდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პროფკავშირებისთვის კარგად აეხსნათ, რომ მათ მთავრობაში შეღწევა და მთავრობასთან რეგულარული დიალოგის შესაძლებლობა ექნებოდათ.

ამ ნაბიჯების გადადგმამ ძირეულად შეცვალა ხალხის მენტალიტეტი და დამოკიდებულება, რამაც მტკიცე საფუძველი მოუმზადა ესტონეთის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ხალხი საკუთარი აზრის გამოთქმას და გადაწყვეტილებების მიღებაზე აქტიური ზემოქმედების მოხდენას მიეჩვია. ისინი მიხვდნენ, რომ მათი მომავალი საკუთარ აქტივობაზე იყო დამოკიდებული. მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობა, თუნდაც ისინი ხშირად აკრიტიკებდნენ რეფორმატორ მთავრობას. პრესის თავისუფლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საზოგადოებისთვის. მის გარეშე საზოგადოებას ფუნქციონირება არ შეუძლია. გარდაქმნის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია დემოკრატიის დამყარება საზოგადოების ყველა დონეზე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაქმნის შედეგები უკუღმა აღარასოდეს შეტრიალდება.

კანონის უზენაესობა

ეკონომიკური სივრცის მარეგულირებელი კანონმდებლობის გარეშე რადიკალური რეფორმები ვერ განხორციელდება. მართალია, კანონის უზენაესობა მუდამ იყო და ახლაც არის თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ერთერთი საყრდენი, მაგრამ ზოგიერთ გარდამავალ ქვეყანაში დროულად ვერ მიხვდნენ მის მნიშვნელობას. ზოგს მიაჩნდა, რომ გადამწყვეტი რეფორმების განხორციელება სათანადო კანონმდებლობის გარეშეც მოხერხდებოდა, მხოლოდ მთავრობის დადგენილებების საფუძველზე ან, უბრალოდ, ძველი სტრუქტურები თავისით დაიშლებოდა ახალი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების შექმნის გარეშე.

სამწუხაროდ, ზოგიერთ გარდამავალ ქვეყანაში პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა სასწაულებრივად შექმნიდა დოვლათს მკაფიო კანონმდებლობის შექმნისა და მთავრობის მიერ ასეთი კანონმდებლობის ამოქმედების გარეშე. ხშირად ისინი სათანადო ყურადღებას არ უთმობდნენ მთავრობის განახლებას და გაძლიერებას (და არა გაზრდას).

თუმცა მხოლოდ კარგი კანონმდებლობა არ კმარა. ყველა გარდამავალმა ეკონომიკამ ეფექტიანი ინსტიტუტები უნდა შემოიღოს, რომ მათი ახალი კანონმდებლობა ქაღალდზე კი არ დარჩეს, არამედ პრაქტიკულად ამოქმედდეს. ოფიციალური სამართლებრივი სისტემები კანონმდებლობის ინტერპრეტაციას და სისრულეში მოყვანას მოსამართლეებს, პროკურორებს, არბიტრებს, სასამართლო მოხელეებს და კერძო სამართლის სპეციალისტებს აკისრებს. ამ სისტემების განვითარება და დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია რეფორმის წარმატებისთვის, რადგან ის ეფექტიან სამოქალაქო სამსახურს ქმნის.

კანონის უზენაესობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან, გარდამავალი ეკონომიკის ერთერთ ყველაზე საშინელ მანკიერებასთან ბრძოლისთვის. კორუფცია იმ დროს ყვავის, როდესაც სახელმწიფო მოხელეს ან კერძო პირს ქრთამის აღებით უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე დასაკარგი, ზუსტად ასეთი ვითარებაა გარდამავალი ქვეყნების უმრავლესობაში. ბუნდოვანი ან გაუმჭვირვალე კანონები, მძიმე დებულებები და ყოვლისმომცველი კონტროლი ოფიციალურ პირებს უდიდეს ძალაუფლებას, ქრთამის აღების მრავალ შესაძლებლობას და საზოგადოებრივი სიმდიდრის მითვისების ფართო მასშტაბს სთავაზობს.

ესტონელთა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კორუფციასთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი გზა საბაზარო ეკონომიკის რეფორმების განხორციელება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და კანონის უზენაესობაა.

ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ კონკურეციას ზრდის, კორუფციულ ქმედებას ამცირებს. საგარეო ვაჭრობაზე კონტროლის შემცირება, კერძო მრეწველობაზე შემზღუდველი ბარიერების მოხსნა და სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია კონკურენციას წარმოშობს და ხელს უწყობს კორუფციასთან ბრძოლას. თუ კანონები გამჭვირვალე და ნათელია, თუ სახელმწიფოს უფლებამოსილებაში არ შედის ბიზნეს ლიცენზიების გაცემა და ექსპორტიმპორტის შეზღუდვა, მაშინ ამ სფეროებში ქრთამის მიცემის არავითარი შესაძლებლობა არ იქნება. სუბსიდიების, „შეღავათიანი“ სესხების და სხვა მსგავსი პრივილეგიების გაუქმებაც მექრთამეობის სტიმულს მოსპობს.

ასეთი მეთოდებისა და პოლიტიკის გამოყენებით ესტონეთი წარმატებით ებრძოდა კორუფციას და ორგანიზებულ დამნაშავეობას. ნაციონალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის გზის გახსნა და რეალური რეფორმების განხორციელება საუკეთესო გზაა ნაცნობმოყვარეობაზე აგებული კაპიტალიზმის თავიდან ასაცილებლად. შესაძლოა, რეფორმის პირველ წლებში ზოგიერთი სფერო ძალიან საჭიროდ არ გვეჩვენებოდეს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყურადღება და რესურსები არ მოაკლდეს იურიდიულ რეფორმას, კანონმდებლობისა და პოლიციის რეფორმას და ეფექტიანი და გამჭვირვალე ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას. ეს სფეროები ესტონეთმა რეფორმის პრიორიტეტულ სიაში შეიტანა, რის შედეგადაც გარდამავალ ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულ ქვეყნად იქცა და კორუფციის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს ვიდრე ევროკავშირის სხვა წევრებს.

ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საბანკო რეფორმას. ბანკები ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. თუ იქ ორგანიზებული დამნაშავეობა მოიკიდებს ფეხს, ის მალე მთელ მსოფლიოშიც გავრცელდება. ფულის გათეთრება, შავი ფული და ყოველგვარი თაღლითური ოპერაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოშორდეს საბანკო სისტემას. მთავრობა უაღრესად ფხიზელი და შეუვალი უნდა იყოს ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან ბნელი წარმომავლობის ფულს მუდამ ბნელი ხალხი მოსდევს.

ესტონეთმა ყველა სახელმწიფო ბანკი გააუქმა და კერძო ბანკებს გაუხსნა გზა. ბანკები ერთმანეთთან კონკურენციაში უნდა ყოფილიყვნენ და, თუ საჭირო იყო, მათი გაკოტრების უფლება უნდა ჰქონოდათ. ასეთი სუფთა დამოკიდებულების შედეგად ესტონეთის საბანკო სისტემა საუკეთესოა ბალტიისპირეთში და გაცილებით ნაკლებად კორუფციული ვიდრე ევროკავშირის სხვა ახალი წევრიქვეყნების საბანკო სისტემები.

საკუთრების რეფორმა

ეკონომიკური გარდაქმნის საფუძველი კერძო საკუთრებაზე გადასვლაა. კერძო საკუთრების გარეშე საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ვერ მოხერხდება. უსაფრთხო, ძლიერი საკუთრების უფლების მქონე თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლის სხვადასხვა გზა არსებობს: საკუთრების ძველი მფლობელებისთვის დაბრუნება, არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და კერძო ბიზნესის ხელახლა წარმოქმნა. რეფორმატორებისთვის მთავარი პრივატიზაციის რაოდენობა კი არ იყო, არამედ ის, თუ როგორ და როდის უნდა მომხდარიყო პრივატიზაცია.

რეალურად პრივატიზაცია პოპულარული არ არის. ის ხმებს ვერ აგროვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრივატიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დრო არ არის, თანაც სულერთია, ისინი მაინც წინააღმდეგი იქნებიან.

საკუთრების რეფორმას და პრივატიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ნათლად ჩამოყალიბებულ საკუთრების უფლებას არსებითი მნიშვნელბა აქვს ეკონომიკის ჭეშმარიტი რეფორმისთვის. ეს ორი რეფორმა აუცილებელი წინაპირობაა ბაზრის ფუნქციონირებისთვის და ერთადერთი გზა ხალხისა და ბიზნესის დამოკიდებულების შესაცვლელად. ის მათ უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ცვლილებების დასაწყებად აძლევს ბიძგს. ფაქტობრივად პრივატიზაციის უმნიშვნელოვანესი ამოცანა მოგების მაქსიმიზაცია კი არ არის არამედ ეკონომიკაში ასეთი ცვლილების დაწყება.

ეს რომ ასე მოხდეს, საკუთრების უფლების აშკარა გარანტიები და სათანადო სამართლებრივი პირობებისა და ინსტიტუტების შექმნაა საჭირო. საკუთრების კანონმდებლობას ინტერპრეტაცია აღარ უნდა სჭირდებოდეს. მაგრამ ამ ამოცანის შესრულება იოლი არ არის, რადგან ქონებრივი ურთიერთობანი კანონმდებლობის ერთერთი ურთულესი საკითხია მუდამ. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ვითარება, რომ ასეთი კანონები სწრაფად არის მისაღები, ძველი ქონებრივი ურთიერთობანი წინააღმდეგობაში რომ არ მოვიდეს ახალთან.

ესტონეთში პირველად 1990 წელს მივიღეთ კანონი საკუთრების რეფორმის შესახებ, სადაც ჯერ კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული და ნაციონალიზებული ქონების თავდაპირველი, კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებაზე ვამახვილებდით ყურადღებას. იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ საკუთრების დაბრუნება შეუძლებელი იყო, ხალხს კომპენსაციას ვაძლევდით, მაგრამ ფულადს კი არა, არამედ საპრივატიზაციო ვაუჩერების სახით. ამ ვაუჩერებით მათ პრივატიზებული კომპანიის ან მიწის მინორიტარული (საკონტროლო პაკეტის გარეშე) წილის ყიდვა შეეძლოთ. დანარჩენი ქონების პრივატიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა რომელი ქონება უნდა დაებრუნებინათ კანონიერი მფლობელებისთვის. მიწისა და ბინების პრივატიზაციისას ის ვაუჩერები გამოიყენეს, რომელიც ადრე დაურიგეს ხალხს. უამრავი ადამიანი უცბად იქცა კერძო საკუთრების მფლობელად.

ეს რთული პროცესი იყო. მემარცხენე პარტია მწვავედ აპროტესტებდა ასეთი ზომების გატარებას და მიტინგებს მართავდა, მაგრამ ჩვენ სიმტკიცე გამოვიჩინეთ და პროცესი დავაჩქარეთ. რაკი ხალხი საკუთრების მფლობელი გახდა, ამ პროცესის უკუქცევას მხოლოდ ძალის გამოყენებით თუ შეძლებდნენ. როგორც ყველა რეფორმაში, საკუთრების რეფორმის დროსაც სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს ისეთი კანონების მიღებაა საჭირო, რაც საკუთრების უფლების რეალურ დაცვას არა მხოლოდ თეორიულად უზრუნველყოფს, არამედ პრაქტიკულადაც.

მსხვილი ობიექტების პრივატიზაცია ესტონეთის საპრივატიზაციო სააგენტომ ღია აუქციონზე განახორციელა. უმეტეს შემთხვევაში თითოეული კომპანიის საკონტროლო პაკეტის მქონე წილი ერთ მთავარ მყიდველს გადაეცა, მინორიტარული აქციები კი ცალკეულ ვაუჩერებზე გაიყიდა. ამით კომპანიებმა კანონიერი მფლობელები იშოვეს, თანაც პრივატიზაციაში ყველამ მიიღო მონაწილეობა. პრივატიზაციის მიზანი მთავრობისთვის მოგების მოტანა კი არ იყო, არამედ საჭირო ინვესტიციების და პრივატიზებულ ქარხანაში გარკვეული პერიოდის მანძილზე მუშათა მცირე რაოდენობის უზრუნველყოფა. ასეთი პოლიტიკის შედეგად პრივატიზაციამ უმტკივნეულოდ და სწრაფად ჩაიარა და ესტონეთი მესაკუთრეთა ქვეყნად იქცა.

წრფივი გადასახადი

ესტონეთის განვითარებაში საბოლოო გარდატეხის მოსახდენად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის დამუხტვას. ამ ამოცანის შესასრულებლად კერძო საწარმოსთვის აუცილებელი ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების შექმნა იყო საჭირო და ხალხის შთაგონება, რომ საკუთარ მომავალზე თვითონ აეღოთ პასუხისმგებლობა.

მეორე ამოცანა უმეტესად შოკური თერაპიით შესრულდა, მაგრამ პირველი გაცილებით რთული აღმოჩნდა. ის ნაწილობრივ ეკონომიკის ლიბერალური, ანუ შეზღუდულ კონტროლზე აგებული კანონმდებლობის მიღების გზით შესრულდა, რითაც ბიუროკრატიას ჩარევის, ანუ ახალი კომპანიებისთვის ძირის გამოთხრის შესაძლებლობა წაართვეს.

მაგრამ მმართველობის შეზღუდვა არ კმაროდა. როდესაც ადამიანები, რომლებმაც საკუთარი კომპანიები გახსნეს, მიხვდნენ, რომ საგადასახადო სისტემა წარმტებისთვის ჯარიმას ახდევინებდა, მათ ყოველგვარი ენთუზიაზმი დაეკარგათ. ასეთმა ვითარებამ ნიადაგი მოუმზადა ძველი ტრადიციული საგადასახადო სისტემიდან ახალ რადიკალურად განსხვავებულ სისტემაზე გადასვლას.

რადიკალური საგადასახადო რეფორმა მხოლოდ მაშინ არის პოპულარული როდესაც თეორიული მსჯელობის ნაწილს წარმოადგენს. როდესაც პოლიტიკოსები მათ შემოღებას იწყებენ, რეფორმა მაშინვე კარგავს პოპულარობას. საგადასახადო რეფორმის პლატფორმიდან არჩევნების მოგება ძნელია, მაგრამ როდესაც მთავრობას უკვე ძალაუფლება აქვს და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ფიქრობს, საგადასახადო ტარიფების შემცირება კარგი აზრია.

ამ ნაბიჯის გადადგმა დიდ გამბედაობას მოითხოვს. როდესაც მთავრობა საგადასახადო ტარიფების შემცირებას იწყებს და ფიქსირებულ გადასახადებზე გადადის, მას მდიდრების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საგადასახადო რეფორმის შედეგად მდიდარ გადამხდელებზე მთელი საგადასახადო შემოსავლის უწინდელზე უფრო დიდი წილი მოდის. საგადასახადო რეფორმის შემოღებისგან ძირითადად მდიდრების მხარდამჭერის იარლიყის მიკერების შიშით იკავებს ზოგიერთი მთავრობა თავს, მაშინაც კი, როდესაც იციან, რომ ასეთი რეფორმა აუცილებელია. ისინი შიშობენ, რომ ამის გამო შესაძლოა მომდევნო არჩევნებში მწარედ დამარცხდნენ.

სწორი გადაწყვეტილების მიღება და სწორი პოლიტიკის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიმაჩნდა, რომ არ უნდა დასჯილიყო ის ხალხი, ვინც კარგად უძღვებოდა თავის საქმეს. პირიქით, მათთვის მეტი მუშაობის და საკუთარი საქმიანობის კონტროლის საშუალება უნდა მიგვეცა. გადავწყვიტეთ, საგადასახადო სისტემა მათი დანაზოგებისა და ინვესტიციების ხელის შემწყობი ყოფილიყო, რაც ხალხს ახალი დოვლათის შექმნის საშუალებას მისცემდა. ესტონეთის საგადასახადო სისტემა უნდა ყოფილიყო მარტივი, იაფი და გადასახადის გადამხდელთათვის გამჭვირვალე და გასაგები. საგადასახადო ბაზა მაქსიმალურად დიდი უნდა ყოფილიყო და გადასახადისგან მინიმალური რაოდენობის გადამხდელი უნდა გაეთავისუფლებინა, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა გადასახადისთვის თავის არიდების სტიმულს, მაგალითად, არალეგალურ საქმიანობას. საგადასახადო ტარიფები დაბალი უნდა ყოფილიყო, ხალხის აქტიურობისა და ზრდაგანვითარების ხელშემწყობი.

ამ ამოცანების გადასაჭრელად საუკეთესო გამოსავალი იყო წრფივი საშემოსავლო გადასახადი. ასეთი სისტემა ესტონეთმა 1994 წლის 1 იანვარს შემოიღო.

საგადასახადო სისტემა მარტივი და იოლი გასაგები გახდა როგორც გადასახადის გადამხდელთა, ისე გადასახადის ამკრეფთათვის. გადასახადის გადამხდელებს იოლად შეეძლოთ საგადასახადო ფორმების შევსება და ზედმეტი გამოთვლებისა და ბიუროკრატიის თავიდან აცილება. გადასახადის ამკრეფნი მრავალი ფუჭი საქმისგან გათავისუფლდნენ და ყურადღებას მხოლოდ იმ გადამხდელებზე ამახვილებდნენ, რომლებიც გადასახადს სულ არ იხდიდდნენ.

ასეთი გამარტივების საფუძველზე საგადასახადო სისტემამ უფრო ეფექტიანად დაიწყო მუშაობა და საგადასახადო მოთხოვნილებების შესრულება გაიზარდა. დიდი დარტყმა მიიღო ჩრდილოვანმა სექტორმა, სახელმწიფო საგადასახადო შემოსავლებმა კი სწრაფად დაიწყო ზრდა (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. ესტონეთის სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსავლები (მილიარდ. კრონა)

მშპ ზრდა

შემოსავლები
პირადი
საშემოსავლო
გადასახადიდან

მთლიანი
შემოსავლები

1993

-9.0

1.5

8.0

1994

-2.0

2.0

12.0

1996

3.9

4.0

19.0

წრფივი საშემოსავლო გადასახადის მქონე ქვეყნები

წყაროები: UNICEF, „A Decade of Transition,“
Regional Monitoring Report №8, 2001

წრფივ გადასახადზე გადასვლამ ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის სწრაფ ზრდას. ესტონელმა ხალხმა დაინახა, რომ მეტს თუ იშრომებდნენ, მეტს მიიღებდნენ და მთავრობა მაღალი საგადასახადო ტარიფებით მათ წარმატებულ საქმიანობას აღარ დასჯიდა.

დამოკიდებულება საოცარი სისწრაფით შეიცვალა. ათასობით ახალი მცირე და საშუალო საწარმო, რესტორანი, სასტუმრო და მაღაზია გაიხსნა. 1992 წელს ესტონეთს დაახლოებით 2 000 სასტუმრო ჰქონდა. 1994 წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 70 000-მდე ავარდა. ესტონეთი მუშათა კლასის ქვეყნიდან მეწარმეთა ქვეყნად იქცა. საკუთარ მომავალზე ზრუნვის სტიმულმა ესტონელებს მასიური უმუშევრობა თავიდან აარიდა.

საგადასახადო რეფორმიდან ერთი წლის შემდეგაც კი, როდესაც არჩევნებში „პრო პატრიას” მთავრობამ გაიმარჯვა, წრფივი გადასახადები ისევ დარჩა. ის ისეთი ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ არავის სურდა მისი შეცვლა. 1994 წლიდან მოყოლებული, ესტონეთმა მრავალი სამთავრობო კოალიცია გამოიცვალა, მათ შორის იმ პარტიების კოალიციაც, რომლებმაც არჩევნები წრფივი გადასახადების გაუქმების დაპირებებით მოიგეს, მაგრამ წრფივი გადასახადები ისევ არსებობს. ესტონეთის წრფივი გადასახადების გამოცდილება ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ის სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს - ჯერ ლიტვამ და ლატვიამ, 2001 წელს რუსეთმა. უკრაინამ და საქართველომაც შემოიღეს წრფივი გადასახადები 2004 წელს ისევე, როგორც სლოვაკეთმა, 2005 წელს კი რუმინეთმაც.

ფიქსირებულმა გადასახადებმა ეკონომიკური საქმიანობა ყველგან გაზარდა, შექმნა ახალი სამუშაო ადგილები და ჩრდილოვანი ბაზარი შეავიწროვა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირადი შემოსავლების წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნებს იმავე რეგიონის პროგრესულად ზრდად საგადასახადო სისტემებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნები საშუალოდ უფრო სწრაფად მიიწევდნენ წინ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნების (ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) შედარება მსგავსსავე ქვეყნებთან (სლოვენია, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა) გვიჩვენებს, რომ წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნები გაცილებით სწრაფად იზრდებოდნენ პროპორციული გადასახადების შემოღების პირველივე წელსაც და ბოლო სამი წლის მანძილზეც (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 2. ცენტრ. და აღმოს. ევროპის ეკონომიკური
ზრდა ეროვნული საგადასახადო სისტემის
მიხედვითცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის
ეკონომიკური ზრდა ეროვნული საგადასახადო
სისტემის მიხედვით

მშპ-ს საშუალო ზრდა

წრფივი
გადასახადების მქონე ქვეყნები

არაწრფივი
გადასახადების მქონე
ქვეყნები

1996-1998

7.2

4.00

2003-2005

8.6

4.30

წყაროები: ევროპის კავშირი, ევროსტატი,
2007 წლის 14 ივლისი

წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნების შემოსავლებსა (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) და „ძველი ევროპის“ შემოსავლებს შორის ფარდობითი სხვაობა სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით სწრაფად მცირდებოდა. ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის სტატისტიკური ბიუროს მონაცემები გვიჩვენებს, რომ 1996 წელს ესტონეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროპის საშუალო მაჩვენებლის 34, 8 პროცენტს შეადგენდა, უნგრეთში - 48,5 და პოლონეთში - 42,1 პროცენტს. 2007 წელს ესტონეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 65 პროცენტს შეადგენდა, უნგრეთში - 64 და პოლონეთში - 52 პროცენტს. ამ სამი წრფივი გადასახადის მქონე ქვეყანას საშუალოდ 25 პროცენტიანი წინსვლის მაჩვენებელი ჰქონდა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა პროგრესულად ზრდადი გადასახადების მქონე ქვეყნებს კი - მხოლოდ 14 პროცენტი.

კიდევ ერთი აშკარა განსხვავება წრფივი და პროგრესულად ზრდადი გადასახადების მქონე ქვეყნებს შორის ის არის, რომ წრფივი გადასახადის მქონე ქვეყნების შემოსავლები და ბიუჯეტი უკეთეს მდგომარეობაშია. ხშირად ოპონენტები ამტკიცებენ, წრფივი საშემოსავლო გადასახადი სოციალური უსამართლობაა, რადგან საზოგადოებაში ის უფრო მეტ უთანასწორობას ქმნის ვიდრე პროგრესულად ზრდადი გადასახადები. ეს არასწორია, რადგან შემოსავლების განაწილების ჯინის კოეფიციენტი4 წრფივი გადასახადის მქონე ქვეყნებში ხშირად იკლებს და ხშირად უფრო დაბალია ვიდრე პროგრესულად ზრდადი გადასახადების მქონე ქვეყნებში (იხ. ცხრილი 3).

ცხრილი 3. ცენტრალური და
აღმოსავლეთ ევროპა: ცვლილება შემოსავლების
განაწილებაში, 1989-1997 წწ.

ჯინის კოეფიციენტი

ლიტვა*

0,036

ესტონეთი*

0,08

პოლონეთი

0,09

ჩეხეთი

0,04

რუსეთი

0,12

ბულგარეთი

0,13

წრფივი საშემოსავლო გადასახადის
მქონე ქვეყნები

ესტონეთში ჯინის კოეფიციენტის ძირითადი ზრდა 1989-93 წლებში მოხდა და პიკს 1995 წელს მიღწია 0,398ით, რაც მომდევნო წლებში შემცირდა.

წრფივმა გადასახადმა ბიუჯეტის შემოსავალი გაზარდა, ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორი შეზღუდა და ხელი შეუწყო ზრდაგანვითარებასა და ეკონომიკურ საქმიანობას. ასეთი პოზიტიური შედეგების გამო ესტონეთის მაგალითს სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ბაძავს, რასაც მთელი ევროპა საგადასახადო რევოლუციისკენ მიჰყავს.

ესტონეთის სასწაული

1992 წელს დაწყებულმა რადიკალურმა რეფორმებმა 15 წელიწადში ისე შეცვალა ესტონეთი, რომ კომუნისტური რეჟიმის დროინდელ ესტონეთს სულ აღარ ჰგავს.

ზოგჯერ იმის წარმოდგენაც კი გვიჭირს როგორი იყო ეს ქვეყანა ძველი სისტემის დროს. ესტონეთი პირველი ყოფილი კომუნისტური ქვეყანაა, რომელმაც „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ყოველწლიური გამოცემის მიხედვით (გამომცემლები: Heretage Hoaundation, Wall Street Journal) „თავისუფალი ეკონომიკის“ სტატუსს მიაღწია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მან არა მარტო „თავისუფალი ეკონომიკის“, არამედ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის სტატუსი მოიპვა და 2007 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით მე12 ადგილი დაიკავა5.

გასაოცარი გარდაქმნების შედეგად ბოლო ხუთი წლის მანძილზე ევროპაში ყველაზე სწრაფი ზრდა ესტონეთმა განიცადა. რეფორმების დაწყების შემდეგ ეკონომიკურმა ზრდამ წელიწადში საშუალოდ 6 პროცენტი შეადგინა; 2005 წელს თითქმის 11 პროცენტი, 2006 წელს კი - 12.

ასეთი ზრდის შედეგად ესტონეთი ევროპის ცხოვრების დონის სტანდარტებს უფრო სწრაფად დაეწია ვიდრე მოსალოდნელი იყო. ესტონეთში სიღარიბე და უთანასწორობა მცირდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კაცობრიობის განვითარების ინდექსის მიხედვით, ესტონეთმა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ჯგუფიდან განვითარებული ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. ესტონეთში უმუშევრობისა და ინფლაციის დონე დაბალია, ცხოვრების დონე კი სწრაფად უმჯობესდება. ბიუჯეტი არა მარტო დაბალანსებულია, არამედ დიდი გადაჭარბებითაც სრულდება. ესტონეთმა რამდენიმე რეფორმა გამოიარა, მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვისა და საპენსიო რეფორმა და ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ევროკავშირის ახალ წევრქვეყნებს შორის თითქმის ყველა სტანდარტის მიხედვით ესტონეთს ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა აქვს. ჯერ კიდევ ათი წლის წინ ესტონეთი მკვეთრად ჩამორჩებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას, მაგრამ მას შემდეგ ბევრად გაასწრო მათ და ახლა სწრაფად უახლოვდება ძველი ევროპის სტანდარტებს.

მთელი ამ ცვლილებების შედეგად ესტონეთს საშუალება აქვს XXI საუკუნის ახალი გამოწვევა მიიღოს. ქვეყანა ნამდვილი ნახტომით წავიდა წინ თანამედროვე ტექნოლოგიების მხრივ და ელექტრონული მთავრობის პირველი მერცხალია. მინისტრთა კაბინეტის თათბირებზე მთავრობის წევრები მხოლოდ კომპიუტერით სარგებლობენ, ქაღალდები საერთოდ აღარ ჩანს. ინტერნეტის გამოყენების მხრივ ახლა ესტონეთი ევროკავშირის მრავალ წევრქვეყანას უსწრებს წინ. ესტონელები საბანკო გადარიცხვათა უმეტესობას ინტერნეტით ახორციელებენ. შესაძლებელია საგადასახადო დეკლარაციების ინტერნეტით გაგზავნა საგადასახადო დეპარტამენტში - 2006 წელს ესტონელთა 70 პროცენტმა ისარგებლა ინტერნეტის ასეთი მომსახურებით. საგადასახადო ფორმის შევსებას სულ 5 წუთი სჭირდება.

ელექტრონული მთავრობა შესაძლოა ეფექტიანი ინსტრუმენტი იყოს მცირერიცხოვანი და ღია მთავრობის შესაქმნელად. მთავრობის მიერ ინტერნეტის გამოყენება, თავის მხრივ, ხელსაყრელ პირობებს უქმნის მაღალი ტექნოლოგიების ახალ საწარმოებს. ესტონეთი ბევრი ასეთი საწარმოს სამშობლო გახდა. ყველაზე ცნობილი ესტონური გამოგონებაა “სკაიპის” ელექტრონული კომუნიკაციების სისტემა, რომელიც 2006 წელს მსოფლიოს მესამე ყველაზე გავლენიან სავაჭრო მარკად დასახელდა. რასაკვირველია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ესტონეთმა ახალი გამოწვევა უნდა მიიღოს, მაგრამ ეს, რასაკვირველია, თვითონ ესტონელებზეა დამოკიდებული. ყველაზე რთული პერიოდი კი უკან დარჩა.

როდესაც გაჭირვებული ესტონეთის აყვავებულ ქვეყნად გარდაქმნის პროცესს ვიხსენებ, საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერმინისტრის მიზანი პოპულარობა კი არა, არამედ მუშა კოალიციის შექმნა, მოქმედების ნათელი პროგრამა და გადაწყვეტილებების მიღების გამბედაობაა.

დემოკრატიის პირობებში არც ერთი პრემიერმინისტრი არ რჩება ხელისუფლებაში სამუდამოდ, მაგრამ როდესაც ხალხი ხედავს, რომ პრემიერმინისტრმა ნამდვილად მიაღწია რაღაცას, მაშინ მას ალბათ უკეთესი შესაძლებლობა აქვს ისევ დაბრუნდეს ან დარჩეს ხელისუფლებაში. მე ამის ცოცხალ მაგალითს წარმოვადგენ. გარდამავალ ქვეყნებში ერთადერთი პრემიერმინისტრი ვარ, რომელიც გადაყენების შემდეგ ისევ აირჩიეს, ესტონეთის ისტორიაში კი ყველაზე დიდხანს მე მომიწია პრემიერმინისტრობა.

რასაკვირველია, რეფორმების გატარება მთავრობას არაპოპულარულს ხდის. ამგვარად, ის მთავრობა, რომელიც ასეთ პოლიტიკას ატარებს, ადრე თუ გვიან გადაყენების საფრთხის წინაშე დგება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთესობისკენ შეტრიალება. შეიძლება თქვან, ეს ჭუჭყიანი საქმეაო, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა გააკეთოს. რაკი ერთხელ დაიძვრება მატარებელი, მისი შეჩერება არც ისე იოლია, სწორედ ამაშია საქმე.

________________

1. Samuel P. Huntingtion, The Clash of Civilizations and the Remaking of the World Order (New York: Touchstone, 1996), p. 158.

2. Lescek Balcerowicz, Understanding Postcommunist Transitions, Journal of Democracy, Vol.5, No 4 (October 1994).

3. Anders Aslund, Possible Future Directions for Economies in Transition, in Joan M. Nelson, Charles Tilly, and Lee Walker, eds., transforming Postcommunist Political Economies (washington D.C.: National Academy Press, 1998), pp. 455 479.

4. ჯინის კოეფიციენტი არის შემოსავლების განაწილება 0-დან 1-მდე სკალაზე, სადაც 0 შეესაბამება შემოსავლის სრულ თანასწორობას და 1 შემოსავლის სრულ უთანასწორობას.

5. Tim kane, Kim R. Holmes and mary Anastasia O'Grady, 2007, Index of Economic Freedom (Washington D.C: The Heretage Hoaundation and Dow Jones & Company, Inc., 2007).

17 თავისუფლება - სიღარიბის საუკეთესო წამალი

▲ზევით დაბრუნება


ოტო გრაფ ლამსდორფი
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი ჰელმუტ კოლის მთავრობაში, თავისუფალი დემოკრატების პარტიის ერთერთი ლიდერი. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე

თარგმნა ნინო გორგაძემ
გამოქვეყნდა 2002 წელს

სიმდიდრის განმაპირობებელი ძირითადი ეკონომიკური პრინციპების გააზრების აუცილებლობა გულწრფელად და თითქმის საყოველთაოდ უარყოფილია“ (. . 'რურკი)

სიღარიბე, როგორც გამოწვევა

მასიური სიღარიბე კვლავ რჩება მსოფლიო თანამეგობრობის პრობლემად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1988 წელს 1,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა აბსოლუტურ სიღარიბეში, ანუ მათი შემოსავალი 1 დოლარზე ნაკლები იყო დღეში. მათგან თითქმის ნახევარს სამხრეთ აზიის მოსახლეობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წარსული წლების განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებლები გარკვეულწილად შემცირდა, იგი მაინც კაცობრიობის ყველაზე დიდ პრობლემად რჩება.

სიღარიბის შედეგები იმდენად დამღუპველია, რომ საჭიროა მათი კიდევ ერთხელ ჩამოთვლა. პირველ რიგში ის დეჰუმანიზებას იწვევს, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად შიმშილისგან ტანჯვას ანიჭებს და მათ აიძულებთ, გამუდმებით ინერვიულონ მიზნის მისაღწევად ყველაზე მარტივ მისწრაფებებშიც კი. სიღარიბე ადამიანის გაბოროტებას უწყობს ხელს და არა მხოლოდ უბიძგებს ზოგიერთ მათგანს ძალადობისკენ, არამედ აუარესებს ადამიანთა ურთიერთობებს, განსაკუთრებით ოჯახში. როგორც კი ღარიბთა მდგომარეობა უკეთესდება, მაგალითად, სამხრეთ აზიელი ქალების მტკიცებით, ცვლილების ერთერთი ყველაზე აშკარა ნიშანი ოჯახებში თანხმობის ზრდა და, შესაბამისად, ოჯახური ძალადობის შემცირებაა.

სიღარიბე ადამიანებს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას არ აძლევთ. განათლების გარეშე ღარიბი ადამიანები მოკლებულნი არიან თვიანთი ნიჭისა და უნარების განვითარებისა და შრომის მწარმოებლურობის გაზრდის შესაძლებლობას. ჩვენს საუკუნეში, როდესაც ამდენს და ასე ლამაზად საუბრობენ განათლების მნიშვნელობასა და ადამიანის ნიჭისა და უნარების განვითარებაზე, მილიარდ ადამიანს ამის საშუალება არ გააჩნია, რის გამოც ფლანგავენ საკუთარ პოტენციალს და არ მოაქვთ სარგებელი არც საკუთარი თავის და არც საზოგადოებისთვის. ბევრი ადამიანი არ აცნობიერებს აღნიშნული ფაქტის მთელ სერიოზულობას, მთავარ პრობლემად პლანეტის ჭარბმოსახლეობას მიიჩნევენ და, უპირველეს ყოვლისა, ამაზე შფოთავენ. ამგვარად, მასობრივი სიღატაკე თავად ღარიბების ბრალი ხდება - ნამდვილად ცინიკური მიდგომაა, რომელიც ძლიერ უპირისპირდება როგორც ისტორიულ გამოცდილებას, ასევე ეკონომიკურ თეორიას. არც ერთი ქვეყანა არ ღარიბდება შობადობის გაზრდის შედეგად და ეკონომიკური ზრდაც ყოველთვის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში შეიმჩნევა და არა მცირე სასოფლო დასახლებებში. ეკონომიკურ თეორიაში ნაციონალური შემოსავლის შექმნა და განაწილება ბევრ ცვლადზე დამოკიდებულ დინამიკურ პროცესად წარმოდგება, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ მისი ერთერთი შემადგენელი კომპონენტია. თუ დავეთანხმებით იმას, რომ ყოველ ადამიანს პოტენციურად შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა სოციალურეკონომიკურ განვითარებაში, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის რაოდენობას დადებითი გავლენა აქვს მასზე. მხოლოდ ფუნქციებმოშლილი ეკონომიკური სისტემების მქონე საზოგადოებებში, რომლებიც დინამიზმის ხელშეწყობის მაგიერ უძრაობაში იხრჩობიან და ხალხს საკუთარი პოტენციალის გამოვლინების საშუალებას არ აძლევენ, იქცევა პრობლემად მოსახლეობის ზრდა. ასეთ პირობებში მხოლოდ იგი მძაფრდება, ღარიბები დიდი ოჯახების შესაქმნელად დამატებით დამახინჯებულ სტიმულებს იღებენ, როგორც გარანტირებულად უზრუნველი სიღარიბისა და ოჯახის მარგინალური შემოსავლის ზრდის, დამატებითი სამუშაო ძალის გარანტიის ერთერთ ფორმას.

სიღარიბის პოლიტიკური შედეგებიც არანაკლებად მნიშვნელოვანია. ის ადამიანებს არათანაბარ ურთიერთობებში ითრევს, რაც მათ თავისუფლებას მკვეთრად ზღუდავს და სხვების მტაცებლობის დაუცველ ობიექტად ხდის. ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის ღარიბებს საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის დროსა და სივრცეს არ უტოვებს. მათი ინტერესები საზოგადოებაში წარმოდგენილი არ არის და ამიტომაც, ისინი იგნორირებულნი არიან. ჩვეულებრივ, ღარიბები იძულებულნი არიან მფარველებს შეეკედლონ, იქნება ეს სოფლის „დიდი ადამიანი”, ქოხმახების მფლობელი თუ მეიჯარე. მათ არ გააჩნიათ სხვა არჩევანი თუ არა ის, რომ მიჰყიდონ თავისი პოლიტიკური უფლებები ასეთ მფარველს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ. ეს სიტუაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, რადგან საზოგადოებები მხოლოდ მაშინ ხდებიან რეალურად დემოკრატიულები, როცა სიღარიბის დონე კლებულობს, ხოლო საზოგადოებაში კლიენტიპატრონის ურთიერთობები აღარ ბატონობს.

ამგვარად, სიღარიბე ლიბერალებისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს როგორც კაცობრიობაზე, ასევე სამართლიან ლიბერალურ საზოგადოებაზე მათი შეხედულებებიდან გამომდინარე. ლიბერალებს პიროვნული თავისუფლების პრინციპისა და ადამიანის უფლებების ხელშეუხებლობის სწამთ. უკიდურესი სიღარიბე გამუდმებით ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებას სიცოცხლეზე, ამიტომაც ლიბერალები ვერ შეეგუებიან მას. მით უმეტეს ადამიანს, რომელიც ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის, პრაქტიკულად პირადი თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობა არ გააჩნია. საზოგადოების ყველა წევრის ინდივიდუალური თავისუფლების განხორციელება მასობრივი სიღატაკის შემცირების გარეშე შეუძლებელია.

სამწუხაროდ, ლიბერალები ვერ ახერხებენ აღნიშნულ მომენტზე აქცენტირებას. ხშირად მათ ავიწყდებათ ლიბერალური მოძრაობის სათავეები, როდესაც ის ფეოდალური მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგანაც ფეოდალიზმი არა მარტო პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული, არამედ ეკონომიკური თავისუფლებების რეალიზებასაც უშლიდა ხელს და ასევე, როგორც დრომ აჩვენა, ის მასობრივი სიღატაკის მიზეზიც იყო. ჯერ კიდევ ბევრ განვითარებად ქვეყანაში არსებობს კვაზიფეოდალური მმართველობის მსგავსი სტრუქტურები, თუმცა ფეოდალური ლორდები ისეთები აღარ არიან, როგორც ადრე: ისინი უკვე აღარ არიან არისტოკრატიული ოჯახების შთამომავლები, არამედ სოციალისტი ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების პარაზიტული კლასია, რომლებიც თავიანთ შემოსავალს ზემაღალი კონტროლითა და კორუფციით ანდა ნაციონალიზებული მრეწველობისა და ბანკების უზარმაზარი იმპერიების მართვით იღებენ. ბევრ განვითარებად ქვეყანაში ლიბერალიზმი ნამდვილად რევოლუციური მოძრაობა შეიძლებოდა გამხდარიყო, რომელიც ღარიბების იმედებსა და მოლოდინს გამოხატავდა, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიბერალები მათ ენაზე საუბარს ისწავლიან და რეფორმების კონცეფციებს მათ მოთხოვნებს მოარგებენ.

სიღარიბეზე ლიბერალების რეაქცია გაძნელებულია კიდევ იმიტომაც, რომ ის გარკვეულწილად არაინტუიციურია. სიღარიბეზე ადამიანის ბუნებრივი რეაქცია ღარიბის დახმარების მცდელობაა. ამის ნაცვლად ლიბერალები საუბრობენ თავისუფლებაზე, როგორც საშუალებაზე და მიზანზე. ბევრისთვის მათი მოსაზრება ზედმეტად აბსტრაქტულად ჟღერს. ამის უკან იმალება ლიბერალური იდეოლოგიის ღრმა დილემა. რადგან ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე მინიმალური დახმარება იმ ადამიანებს უნდა გაეწიოთ, რომლებიც ზედმეტად დათრგუნულები არიან იმისთვის, რომ სიღატაკე დამოუკიდებლად დაძლიონ. მაგრამ დახმარებას რეგულარული სახე არ უნდა მიეცეს, რომ ადამიანები მასზედ დამოკიდებულები არ გახდნენ.

ხშირად ჩვენ ვივიწყებთ ბევრად უფრო მნიშვნელოვან ასპექტს: წარსულში ადამიანები სიღარიბეს საკუთარი ძალებით უმკლავდებოდნენ - მძიმე შრომით, მომჭირნეობით, ინვესტიციებით განათლებაში, უკეთესი შესაძლებლობის საძიებლად სხვადასხვა მოგზაურობაში წასვლის მზადყოფნით, რისკის აღების უნარით, მათ შორის სამუშაო ადგილის შეცვლის მზაობით. როგორც ლორდ ბაუერი ამბობდა, სიღარიბის შემცირებისთვის გარეშე პირთა დახმარება აუცილებელი რომ ყოფილიყო, დღეს ჩვენ ჯერ ისევ ქვის ხანაში ვიცხოვრებდითო. რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმდენად დათრგუნულნი არიან, რომ აღარ შესწევთ უნარი დაეხმარონ საკუთარ თავს, მაგრამ ეს ღარიბთა უმეტესობას არ ეხება. მათ ესაჭიროებათ არა პირდაპირი დახმარება, არამედ შესაძლებლობებისა და სამართლებრივი დაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობა, რათა თავიდან აიცილონ იმ ძალაუფლების მქონე ჯგუფების ან ცალკეული ადამიანების ბატონობა, რომლებსაც მათი ძალისხმევის შედეგების მითვისება სურთ.

ლიბერალიზმის მუდმივად განსაკუთრებული ყურადღება კერძო საკუთრების სტაბილურობისაკენ შემთხვევითი არასოდეს ყოფილა, კერძო საკუთრება ხომ პიროვნული თავისუფლების სადარაჯოზე დგას. არაერთხელ თქმულა, რომ კერძო საკუთრებაზე ლიბერალების ზრუნვა მხოლოდ მქონებელთა კლასის ინტერესებს ასახავს, მაგრამ ეს მხოლოდ სიმართლის მცირე ნაწილია. ღარიბს მდიდარზე არანაკლებ ესაჭიროება თავისი საკუთრების დაცვა, რადგან ყველაზე ხშირად მათ საკუთრებით უფლებებს ზუსტად კანონი არ აღიარებს და/ან სასამართლო არ იცავს.

კერძო საკუთრებაზე ლიბერალების ზრუნვა უნდა განიხილოს, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი: სახელმწიფომ საშუალება უნდა მისცეს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ღარიბებს, რომ კერძო საკუთრება იქონიონ და გააფართოონ. ბოლო მოსაზრება არა მარტო არსებითად განსხვავდება, არამედ საწინააღმდეგოა სოციალისტების სტრატეგიისა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს მიერ კერძო საკუთრების შეზღუდვის ან კონფისკაციისაკენ, მოსახლეობისთვის სხვადასხვა უსასყიდლო სოციალური დახმარებისაკენ. ლიბერალები სკეპტიკურად არიან განწყობილნი მსგავსი პრაქტიკისადმი, რადგან მას ადამიანის დამოკიდებულებისაკენ მივყავართ, მაშინ, როდესაც საკუთრების ფლობა მის ფინანსურ დამოუკიდებლობას ზრდის და, ამასთან, პირად თავისუფლებას ამტკიცებს.

რა თქმა უნდა, არსებობს აუცილებელი სოციალური გადასახადების მაგალითებიც, მაგალითად, ისეთი პროგრამების რეალიზაციისას, როგორიცაა „საკვები სამუშაოსთვის”, ეფექტურად აღკვეთენ შიმშილს, განსაკუთრების სტიქიური უბედურებების შემდეგ.

ასეთი უსასყიდლო სოციალური გადასახდელები ბევრად უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, საკვები პროდუქტების ფასების კონტროლი, რომლებიც ხშირად ღარიბების მხარდასაჭერად წესდება, მაგრამ, ეკონომიკური სტიმულების დამახინჯების გამო, მძიმე შედეგებით მთავრდება. საკვებ პროდუქტებზე ხელოვნურად დაწეულ ფასებს შეუძლია ფერმერებისთვის დიდი ზიანის მოტანა და სოფლის მეურნეობისთვის ზარალის მიყენება შეუძლია, რადგან შედეგად მცირდება სოფელში მცხოვრებ ღარიბთა დასაქმების შესაძლებლობა. არადა მსოფლიოში ღარიბების ძირითადი მასა სწორედ სოფლებში ცხოვრობს.

ლიბერალურმა სოციალურმა პოლიტიკამ შეძლებისდაგვარად უნდა მოიძიოს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც გამოიხატებოდა არა ახალი კომპენსაციების შეთავაზებაში, არამედ ღარიბებს დაეხმარებოდა საკუთრების შეძენაში. და თუ იძულება გარდაუვალია, ჯობია ლიბერალებმა დააძალონ ადამიანებს მოახდინონ ფულის ეკონომია ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, სამედიცინო ან უმუშევრობის დაზღვევის გზით, ვიდრე სოციალისტებმა დააძალონ უფრო მაღალი გადასახადების გადახდა, რომლებიც იმ ხალხს შორის გადანაწილდება, რომელთაც ძალაუფლება გააჩნიათ. იძულებითი დაგროვებისა და დაზღვევის გზა მოქმედების საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ეფექტურ კერძო დაწესებულებებს, რომლებსაც შეუძლიათ ასევე გადაზღვევის მოთხოვნებიც შეასრულონ. რესურსების გადანაწილების მიზნით დამატებითი გადასახადების ამოღებას კი სოციალური უზრუნველყოფის სფეროში უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის ჩამოყალიბებისკენ მივყავართ, რომელიც დაგროვებული რესურსის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში სახელმწიფო თავის თავზე იღებს ეკონომიკური რისკებისგან ადამიანების დაცვის ვალდებულებას, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულ ინსტრუმენტტებს იყენებს. დაგროვებისა და დაზღვევის გზა არა მარტო უფრო იაფი, არამედ უფრო ეფექტურიცაა. ის ასევე ხელს უწყობს დანაზოგების შექმნას, რაც კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების შემთხვევაში, შეიძლება ეკონომიკაში დაბანდდეს. ეს დამატებითი კაპიტალდაბანდებები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას მაშინ, როდესაც სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შედეგად ამოღებული მატერიალური სიკეთეების გადამანაწილებელი ბიუროკრატია მხოლოდ ზრდის ეკონომიკურ დანაკარგებს, რომლებსაც ძირითადად ღარიბები იხდიან.

შესაძლებელია საწინააღმდეგო აზრის არსებობაც, რომლის მიხედვითაც დანაზოგის და დაზღვევის სქემების იდეა ღარიბების უმეტესობისა და „მესამე სამყაროს“ ქვეყნებისთვის შეუფერებელია. ეს აბსოლუტურად არასწორია. უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ღარიბებს გასაკვირად მაღალი დანაზოგების ნორმა გააჩნიათ, მაგრამ მათ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ მიუწვდებათ ხელი. ბევრ ქვეყანაში ფინანსური სისტემები ნაციონალიზებულია, რის გამოც თავს იჩენს სიძნელეები, რომელსაც წერაკითხვის უცოდინარი ღარიბი მეანაბრე აწყდება. ხოლო როდესაც ისეთი პროფესიონალური ინსტიტუტები, როგორიცაა, მაგალითად, გრამინ ბანკი (Grameen Bank) ბანგლადეშში, საგანგებოდ ღარიბებს ემსახურება, მაშინ მათი დანაზოგები მნიშვნელოვან თანხებს აღწევს. მსგავსი წარმატებები ღარიბების დაზღვევის სქემების განვითარებაშიც შეინიშნება. ეს არცაა გასაკვირი: მცირე სადეპოზიტო და საკრედიტო კოოპერატივებმა დასავლეთის ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა. ჩვენ მხოლოდ თავიდან აღმოვაჩინეთ ის, რაც უკვე არსებობდა, მას შემდეგ, რაც ბევრმა (თუ უმეტესობამ არა) განვითარებადმა ქვეყანამ ამ გამოცდილი გზიდან კაპიტალის სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტების მიერ მართვის გზაზე გადაუხვია. სახელმწიფო ინსტიტუტები კი ღარიბთა სასარგებლოდ არ მოქმედებენ, ძირითადად სოფლის მცხოვრებთა დანაზოგების ქალაქებში გადაქაჩვით არიან დაკავებულნი და ამ თანხებს დაუძლურებულ სახელმწიფო საწარმოებში ან ისეთი კაპიტალისტების თაღლითურ სქემებში მიმართავენ, რომელთაც პოლიტიკურ წრეებში გააჩნიათ კავშირები. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში მსგავსი დამახინჯებული პროცესები კვლავაც გრძელდება. თანამედროვეობის მოთხოვნაა, სახელმწიფოს ჩამოერთვას ფინანსური დაწესებულებების მართვის უფლება, ვაიძულოთ იგი კონცენტრირება მოახდინოს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაზე კერძო ბანკებისა და ნებისმიერი ზომის სადაზღვევო კომპანიების მუშაობისთვის, განსაკუთრებით სასოფლო რაიონებში არსებულ უბრალო ფინანსური დაწესებულებებისთვის. ასევე აუცილებელია ეფექტური ინსტიტუტების შექმნა ბანკებსა და სადაზღვევო ორგანიზაციებზე ზედამხედველობისთვის, რომლებიც პოლიტიკური ჩარევისაგან უნდა იქნენ დაცულნი.

სამწუხაროდ, სოციალისტებმა, როგორც ჩანს, შეძლეს მოსახლეობის უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ სიღარიბის დონის დაძლევისთვის სოციალური უზრუნველყოფის სფეროში უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის შექმნა ერთადერთ გამართლებულ საშუალებას წარმოადგენს. გრძნობებით მუდმივი თამაში ეფექტურ ალტერნატიულ ვარიანტებზე არგუმენტირებულ საუბარს ხელს უშლის. ეს ვნებს ღარიბებს, რასაც განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების მაგალითები ადასტურებს.

განათლება და სოციალური მობილურობა

ეჭვგარეშეა, განათლება სიღარიბესთან ბრძოლის საქმეში გადამწყვეტ ელემენტს წარმოადგენს. ის აძლევს ადამიანებს კონკურენტუნარიან ცოდნასა და უნარჩვევებს, რომლებიც ეხმარებიან, რომ მათ მშობლებზე უკეთესი სამსახური იპოვონ და, შესაბამისად, სოციალური სტატუსი აიმაღლონ. საყოველთაო განათლება ქალების დისკრიმინაციას ამცირებს. გოგონების განათლება საგრძნობლად ამცირებს შობადობის პროცენტს, რადგან განათლებული ქალები უფრო გვიან თხოვდებიან, იციან კონტრაცეფციის შესახებ და ესმით თუ როგორ იზრუნონ უკეთესად ოჯახის და განსაკუთრებით შვილების ჯანმრთელობაზე, რაც, თავის მხრივ, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას უწყობს ხელს. განათლება ადამიანებს აძლევს ინფორმაციის, მათ შორის პოლიტიკურის, აღქმის საშუალებას, რომელიც განხილვებისაკენ უბიძგებს და, საბოლოო ჯამში, დემოკრატიასა და თავისუფლებას ამყარებს.

თუ განათლების მიზანი სოციალური მობილურობის გაუმჯობესებაა, მაშინ ღარიბების განათლების ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ „უნდა ექცეოდეს“, რადგან, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრი რეფორმატორი, რომლებიც ღარიბების ინტერესების გამოხატვისთვის იბრძვიან, უფრო დიდ ყურადღებას განათლების რაოდენობრივ ასპექტებს უთმობენ: მათ სურთ, რომ დიპლომები რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცენ და, ამასთან, თითქმის არ აინტერესებთ აღნიშნული დიპლომების ხარისხი. შედეგად სოციალური ნაპრალი მხოლოდ იზრდება. საინტერესოა, რომ მსგავსი პროცესები როგორც გერმანიის მსგავს განვითარებულ ქვეყნებში, ისე ბევრ განვითარებად ქვეყანაში შეიმჩნევა.

ასეთი დამახინჯების ერთერთი მიზეზი ის ფაქტია, რომ განათლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს, ხშირ შემთხვევაში ცენტრალიზებულ ბიუროკრატიას აქვს დავალებული. მის მიერ განათლების პროცესის მართვის შესაძლებლობა საკამათოც კი არ ხდება. როგორც ჩანს, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანების უმეტესობა, ბევრი ლიბერალის ჩათვლით, თვლის, რომ საყოველთაო განათლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალია. თუ ჩვენ მაინც დავთანხმდებით ამ მოსაზრებას, ლოგიკურად აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ამ ვალდებულების შესრულება სახელმწიფო ბიუროკრატიულ აპარატს უნდა დაეკისროს. თუმცაღა ბიუროკრატიისთვის დამახასიათებელი ზრდისა და გამრავლების თვისება ხელს უწყობს ამ მიდგომის საყოველთაო გავრცელებას. ბიუროკრატიულ იმპერიალიზმში ნებისმიერი ეჭვის შეტანა საყოველთაო განათლების ხელმისაწვდომობის დანგრევის მცდელობად ითვლება - ეს კი ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში მომაკვდინებელი ბრალდებაა.

ასეთი მიდგომის შედეგები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ საშიშია. მაგალითად, სამხრეთ აზიის ქვეყნების უმეტესობაში სახელმწიფო სკოლებში სწავლება იმდენად ცუდია, რომ მოსახლეობა უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებზე მიდის, რათა თავისი შვილი კერძო სკოლებში გაუშვას, რომელთა განათლების დონე საკმაოდ მაღალია: ხშირად სწავლება მათში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. თუმცა რაიონებში მსგავსი კერძო სკოლები საკმაო იშვიათობაა, ასე რომ, ქალაქის ღარიბები და სოფლის ღარიბთა უმეტესობა საკმაოდ დაბალი ხარისხის მქონე სახელმწიფო სკოლებით კმაყოფილდებიან ან განათლებას საერთოდ არ იღებენ. ინდოეთში, ბანგლადეშსა და პაკისტანში განათლებაზე საბიუჯეტო სახსრების სულ მცირე 40 პროცენტი იხარჯება უნივერსიტეტებზე, რომელშიც ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენლები სწავლობენ. ამასთან, დაწყებით სკოლებს ყველა ბავშვისთვის წერაკითხვის საფუძვლების შესასწავლადაც კი არ ჰყოფნით სახსრები.

განათლების სისტემის მოდერნიზაციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსახლეობისთვის ადგილობრივ სკოლებზე მეტი კონტროლის მინიჭება იქნებოდა. ეს შესაძლებელია განათლებაზე პასუხისმგებლობის ცენტრალური სამინისტროდან მუნიციპალიტეტებსა და სოფლებზე გადაცემით. ცენტრალურ მთავრობას შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვაზე. ვალდებულებების მსგავსი გადანაწილება სასკოლო დანახარჯების გამჭვირვალობას გაზრდიდა, რადგან მშობლებს მუნიციპალურ და სასოფლო დონეზე არსებული პროცესების კონტროლი უფრო გაუმარტივდებოდათ. სტანდარტების დამდგენი ორგანიზაციისა და აღმასრულებელი ორგანოს განცალკევება ასევე გაზრდიდა სწავლების ხარისხს. მასში ასევე შეიძლებოდა კონკურენციის ელემენტის შეტანა, სხვადასხვა სკოლების მოსწრების გამოქვეყნების, კარგი სკოლების დასაჩუქრებისა და ცუდი სკოლების დასჯის გზით. ყოველგვარი რეფორმა აღნიშნულ სფეროში, სხვადასხვა წარმატებით, უკვე გამოცდილი უნდა იყოს.

უფრო რადიკალური იქნებოდა უბრალოდ რეალობის აღიარება: ღარიბებს, ყოველ შემთხვევაში ქალაქებში, პრაქტიკულად არ შეუძლიათ განათლების განვითარებულ ბაზარზე გასვლა. სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ღარიბებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა, მათი ბავშვების სასკოლო ხარჯების ანაზღაურებითა და მათთვის სკოლის არჩევის უფლების მინიჭებით, მაგალითად, ვაუჩერების სისტემის მეშვეობით. სახელმწიფო სტანდარტებს და განათლების მიზნებს დააწესებდა და კონცენტრირებას მოახდენდა მათ დანერგვასა და კონტროლზე. სახელმწიფო სკოლები აღარ მიიღებდნენ თანხებს ბიუჯეტიდან და თვითონ დააფინანსებდნენ საკუთარ თავს უფრო ხარისხიანი განათლების შეთავაზებით მოსწავლეების მოზიდვის გზით. ასეთი სისტემა სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას შეუწყობდა ხელს. მშობლები სკოლას შემოთავაზებული განათლების ხარისხის მიხედვით აირჩევდნენ, ხოლო ვაუჩერების სისტემა მათ საშუალებას არ მისცემდა, რომ ფული სხვა მიზნებზე დაეხარჯათ. თავის მხრივ, სკოლები იძულებულნი იქნებოდნენ, ხარისხიანი განათლების შემოთავაზებისთვის, ხარჯების თავალსაზრისით, ყველაზე ეფექტური გზა მოეძებნათ. სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც მსხვერპლად გაიღებდნენ ხარისხს, დაკარგავდნენ მოსწავლეებს, ხოლო რომლებიც არ გააკონტროლებდნენ დანახარჯებს - გაკოტრდებოდნენ. განათლების კონკურენტული ბაზრის შექმნა მშობლებს შესაძლებლობას მისცემდა, რომ თავიანთი შვილებისთვის განათლების სახეები აერჩიათ. შედეგად, იარსებებდა სკოლები, რომელთაც მხარს დაუჭერდნენ განსხვავებული რელიგიური ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, ეს გაამწვავებდა პოტენციურ კონფლიქტს დადგენილ სახელმწიფო პროგრამებსა და ამ სკოლებში პროპაგანდირებულ რელიგიურ ღირებულებებს შორის, მაგრამ კომპრომისი, ღარიბების ინტერესებიდან გამომდინარე, მიღწევადია. ნებისმიერი, რომელმაც ნახა თუ რამდენად მაღალია განათლების ხარისხი კერძო, როგორც წესი, კათოლიკურ სკოლებში, ამერიკის ქალაქურ გეტოებში არსებულ სახელმწიფო სკოლებთან შედარებით, დათანხმდებოდა იმას, რომ კომპრომისი ნამდვილად საპოვნელია. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო დიდი იმედების მომცემი ექსპერიმენტების ჩატარება. არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიას სძულს მსგავსი იდეები და მთელი ძალით ეწინააღმდეგება მათ, ისევე, როგორც იგი ეწინააღმდეგება მის მიერ მოწოდებული განათლების ხარისხის შეფასებას. სანამ განათლების ხარისხი არ გახდება მისი რეფორმის უმთავრესი მიზანი, ღარიბები მოკლებულნი იქნებიან სოციალური მობილურობის უმთავრეს ინსტრუმენტს, ხოლო საზოგადოება — იმ პოტენციალს, რომელიც აღმოუჩენელი დარჩება ღარიბთა ბავშვებში. ფასი, რომელსაც ჩვენ ამისთვის ბიუროკრატებს ვუხდით, სამარცხვინოდ დიდია.

ჯანდაცვა

ყოველივე ზემოთქმული ასევე ეხება ჯანდაცვასაც. ღარიბები ბევრად უფრო რისკავენ თავისი ჯანმრთელობით. ხარისხიანი სამედიცინო დახმარების არარსებობას მძიმე სნეულებებამდე და ნაადრევ სიკვდილამდე მივყავართ. როგორც ცალკეული ადამიანი, ისე საზოგადოება მთლიანობაში ამაში ზედმეტად მაღალ ფასს იხდის. საზოგადოდ მიღებულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოსახლეობა ძირითადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. ამიტომ სახელმწიფო ბევრ განვითარებად ქვეყანაში უფასო საყოველთაო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს და, თითქმის ყოველთვის ამას ძალიან უხარისხოდ ასრულებს. ისევე, როგორც განათლების შემთხვევაში, ამ მსხვილმა და წინასწარ განჭვრეტადმა შეცდომამ კერძო სამედიცინო დახმარების მზარდი ბაზარი წარმოქმნა. მას მიმართავს ყველა, ვისაც კი ამის საშუალება აქვს. ღარიბები ასევე იძულებულნი არიან რომ კერძო სამედიცინო მომსახურებაზე ბევრი ფული დახარჯონ, რადგან უფასო სახელმწიფო დახმარება ან არ არსებობს, ან გამოუსადეგარია, ან მხოლოდ სოლიდური თანხის გადახდის შემდეგ არის ხელმისაწვდომი. ისევე, როგორც განათლების შემთხვევაშია, სახელმწიფოს გააჩნია დიდი შესაძლებლობები ღარიბების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის სხვა ხერხებიც მოსინჯოს. ესაა სამედიცინო ვაუჩერები, კერძო სამედიცინო მომსახურების დაზღვევის სქემების მხარდაჭერა, ბოლოს და ბოლოს, პასუხისმგებლობის და ბიუჯეტის დეცენტრალიზაცია! - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის მისი გადაცემის გზით.

სამწუხაროა, რომ განათლების და ჯანდაცვის სფეროს ამგვარი რეფორმა ძალიან იშვიათად ხდება. ამის მიზეზი არა არარეალურობაში, არამედ მსგავსი რეფორმების საწინააღმდეგოდ განწყობილი მცირე, მაგრამ ძლევამოსილი დაინტერესებული წრეების არსებობაშია. რეფორმების მოწინააღმდეგეებს მიეკუთვნებიან ცენტრალური ბიუროკრატიული აპარატი, რომელსაც შედეგად შემცირება ან გაუქმება ემუქრება, ასევე პოლიტიკოსები, როლებიც პატრონაჟულკლიენტურ სისტემას იყენებენ. ისინი გარდაქმნების ყოველგვარი შემოთავაზების წინააღმდეგ გამოდიან, იმის შიშს ავრცელებენ, რომ გარდაქმნების შედეგად ღარიბთათვის მომსახურების ფასები აიწევს. ჯერჯერობით ლიბერალიზმის რაციონალურ სხივს ემოციების ჩამოწოლილი კვამლის ფენის გარღვევა არ ძალუძს.

ცოტაოდენი ეკონომიკური ზრდის აუცილებლობის შესახებ

ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს, ღარიბებისთვის თანამედროვე ეკონომიკის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. უპირველეს ყოვლისა, ამისთვის დინამიკურად მზარდი ეკონომიკაა საჭირო. თუმცა, სოციალისტების კიდევ ერთი უგუნურობა იმაში მდგომარეობს, რომ სიღარიბის დონის შემცირების პრობლემის განხილვისას ისინი უგულვებელყოფენ ან აკნინებენ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას. ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მემარცხენეები ზედმეტად არიან დაკავებულნი საბიუჯეტო ხარჯების საკითხებით და ბიუროკრატიის საყოველთაო გავრცელებით. ასევე მემარცხენეებისთვის იმ არასასიამოვნო ფაქტით, რომ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობა, ბევრად უფრო წარმატებულია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შექმნაში, ვიდრე სახელმწიფო ჩარევის პოლიტიკა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გარემოს დამცველები ლიბერალიზმს და განსაკუთრებით ვაჭრობას, ზედმეტად დიდი ეკონომიკური ზრდისთვის უტევენ.

საქმე ისაა, რომ კლასიკური ლიბერალიზმი ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას - ყველაზე წარმატებულ ეკონომიკურ სტრატეგიას მსოფლიო ისტორიაში. XIX საუკუნეში მან ევროპაში შიმშილს მოუღო ბოლო, რაც მანამდე კაცობრიობის გარდაუვალ განაჩენად მიიჩნეოდა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება რომ, მაგალითად, XVIII საუკუნეში საფრანგეთს შიმშილიანობის ცხრა ტალღამ გადაუარა, რომელმაც მოსახლეობის 5 პროცენტზე მეტის სიცოცხლე შეიწირა. დღეს შიმშილის პრობლემა მხოლოდ არაკაპიტალისტურ, არალიბერალურ და თავისუფალი ბაზრის გარეთ არსებულ დიქტატორულ ქვეყნებშია აქტუალური, მაგალითად, ისეთებში, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა. თავისუფალი ვაჭრობის ეპოქამ XIX საუკუნეში, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, სიმდიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ეჭვგარეშეა ისიც, რომ თავისუფალი ბაზარი დღესაც სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს, რაც ემპირიული მონაცემებით არის დამტკიცებული.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი დაახლოებით 52 თანაგამომცემელთან ერთად მონაწილეობს ყოველწლიურ გამოკვლევაში „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“, რომელიც თავდაპირველად ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის მილთონ ფრიდმენის მიერ იყო ჩაფიქრებული. ამ გამოკვლევის მიზანი 123 ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების დონის გაზომვა და შედარებაა. ყოველი ქვეყნის ადგილის განსასაზღვრად აღნიშნულ შედარებით სიაში ისეთი გაზომვადი მაჩვენებლები გამოიყენება, როგორიც საგადასახადო ტვირთი, სახელმწიფოს წილი მშპში და სავაჭრო შეზღუდვების რაოდენობაა. გამოკვლევა მხოლოდ აკადემიურ ხასიათს არ ატარებს. მასში თვალნათლივაა ნაჩვენები დამოკიდებულება ეკონომიკურ თავისუფლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. სხვა სიტყვებით, რაც მეტია სახელმწიფოს ზეწოლა ადამიანზე, მით მეტი უძრაობა შეიმჩნევა ეკონომიკაში. ეს არ აკვირვებს ლიბერალურ ეკონომისტებს, რომლებიც ყოველთვის თვლიდნენ, რომ ეკონომიკური დინამიკა პირად ინიციატივაზე, შემოქმედებითობასა და გარისკვის უნარზეა დამოკიდებული, ხოლო ეს თვისებები ყოველი ინდივიდუუმის თავისუფალ განვითარებას ითხოვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებლები ყოველთვის საღი გონებით არ ხელმძღვანელობენ.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ გამოკვლევის შედეგების შედარება ცხოვრების დონის სხვა კრიტერიუმებთან, და არა მხოლოდ ზრდის ტემპებთან, ასევე აჩვენებს, რომ მსოფლიოს ყველაზე უფრო თავისუფალ ქვეყნებში სიღარიბის და გაუნათლებლობის პროცენტი უფრო დაბალია, ნაკლებადაა განვითარებული კორუფცია და უფრო მაღალია სიცოცხლის ხანგრძლივობა. საღი აზროვნება გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა ქმნის რესურსებს, რომლებიც საჭიროა კაცობრიობის ყველაზე ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ კვლავაც ძლიერია მითი იმის შესახებ, რომ ღარიბები აღნიშნული ზრდისაგან ვერ იღებენ მოგებას. ალბათ გაგახსენდებათ ძველი ანდაზა იმის შესახებ, რომ მდიდარი მდიდრდება, ღარიბი კი ღარიბდება. ეს მოსაზრება აშკარად მცდარია, რასაც ადასტურებს ისტორიული გამოცდილება და ფაქტები. მაგრამ დამკვიდრებული შეხედულებები, როგორც ჩანს, ფაქტებს არ ითვალისწინებს. არადა ეკონომიკა არ არის თამაში ნულოვანი შედეგით, ერთის ეკონომიკური ზრდა მეორის ზარალს სულაც არ ნიშნავს და გულისხმობს, ხოლო თავისუფალი და ნებაყოფლობითი ეკონომიკური გაცვლისაგან ორივე მხარე იგებს. სხვა სიტყვებით, შესაძლებელია, რომ ყველა ერთად გამდიდრდეს, ოღონდ სხვადასხვა სისწრაფით.

რას გვიჩვენებს ჩვენი კვლევა „ჩამორჩენილების“ შესახებ? ჩვენ გამუდმებით გვესმის ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის უფსკრულის ზრდის შესახებ. ეს სიმართლეა. „მესამე სამყაროში“ არსებობს ქვეყნები ნულოვანი ან უარყოფითი ზრდის ტემპებით, ამ დროს უმეტეს ქვეყნებში ეკონომიკა მცირედ, მაგრამ მაინც იზრდება. კვლავ შევადაროთ ზრდის ტემპები ეკონომიკური თავისუფლების დონესთან, ჩვენ მივხვდებით, რომ ეკონომიკურად ყველაზე ღარიბი და ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოები თავიანთ ეკონომიკას თითქმის არ ხსნიან და თავისი ხალხის თავისუფლებას გამუდმებით ზღუდავენ. დიახ, „ჩამორჩენილი“ ერები არსებობენ, მაგრამ ისინი თავისუფალი ვაჭრობის ან გლობალიზაციის მსხვერპლნი კი არ არიან, არამედ თავიანთი ქვეყნების მმართველების მსხვერპლნი.

შეიძლებოდა გვემტკიცებინა, რომ საერთო ზრდის ტემპები ქვეყნის შიგნით სიმდიდრის გადანაწილებას თითქმის არ ასახავს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიხედვით, ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის ლიბერალიზაციას ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კი შეუძლია, მაგრამ ეს ადგილები მხოლოდ არაკვალიფიციური მუშებისთვისაა განკუთვნილი - მეცნიერები ასეთ სამუშაო ადგილებს „McJobs“ უწოდებენ, რომ თავიანთ მოსაზრებებს ჩვეული ანტიამერიკული ელფერი შესძინონ. „ღარიბი მუშაკები“ ახალი სტერეოტიპია, რომელიც, სავარაუდოდ, გლობალიზაციის და თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლებს გარკვეულ რიტორიკულ იარაღს მისცემს როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე იდეოლოგიური პოზიციებიდან. ეს მართალიც რომ ყოფილიყო, ეს გზა მაინც უკეთესია, ვიდრე ყველაზე არაკვალიფიციური მუშების შრომის ბაზარზე დაუშვებლობა, რასაც ფართოდ იყენებენ ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემების მქონე ევროპის ქვეყნები. მაგრამ ხშირად ეს ისეთი სახით არის წარმოდგენილი, რომ მას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ახალი ტექნოლოგიები, გარდა იმისა, რომ არ ანადგურებს სამუშაო ადგილებს, ახალსა და უკეთესსაც ქმნის.

ისეთ ქვეყნებში, სადაც ბაზრები ასე თუ ისე ღია იყო, აღინიშნებოდა მზარდი მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ და დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელზე. აშშში 1983-96 წლებში შექმნილი ყველა სამუშაო ადგილის 55 პროცენტი განკუთვნილი იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, დაახლოებით 32 პროცენტისთვის საჭირო იყო საშუალო კვალიფიკაცია და მხოლოდ 18 პროცენტი იყო განკუთვნილი დაბალკვალიფიციური მუშაკებისთვის. ქვეყნებს შიგნით შემოსავლების გადანაწილებას რომ გადავხედოთ, ყველაზე ღარიბ და არათავისუფალ ქვეყნებში შეიმჩნევა შემოსავლების მეტი უთანაბრობა, ვიდრე ეკონომიკურად თავისუფლებში. ზოგჯერ საჭიროა უბრალოდ ციფრებს შეხედოთ იმის მისახვედრად, თუ რა იმალება ეკონომიკური თავისუფლებისა და გლობალური ბაზრების საერთო სტერეოტიპებს შორის. ამიტომ, როგორც ამტკიცებს თავის სტატიაში - „ღარიბის საუკეთესო იმედი“ - სავაჭრო საკითხებში წამყვანი სპეციალისტი პროფესორი ჯაგდიშ ბჰაგვატი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეწყობით, მსოფლიო მასშტაბით უნდა იქნეს აღიარებული ბაზრების ინტენსიური და მრავალმხრივი ლიბერალიზაციის გაგრძელების აუცილებლობა. ის მკვეთრად აკრიტიკებს განვითარებადი ქვეყნების მთავრობებს მათ უუნარობაში, დაინახონ ის ზიანი, რომელიც ეკონომიკისთვის პროტექციონიზმის პოლიტიკას მოაქვს და მათგან ბევრის მცდარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მდიდარი ქვეყნების პროტექციონიზმი მათ მიერ იგივე პოლიტიკის გამოყენებას ამართლებს. არადა, ამით ისინი საკუთარ თავს ორმაგად აზიანებენ.

ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება ისეთი ინსტიტუტების შექმნაა, რომლებიც პროდუქტისა და წარმოების ფაქტორების ეფექტური ბაზრების ფორმირებას შეუწყობდნენ ხელს. აღნიშნული პრობლემის მოგვარების ძირითად ფაქტორებს სასამართლოები, სამართლებრივი სისტემა, სამართლიანი აღმასრულებელი მექანიზმი და საკუთრებითი უფლებების დაცვის ეფექტური სისტემა წარმოადგენს. თუ როგორ ეხება ეს ზომები უშუალოდ ღარიბებს, ქვემოთ იქნება ნაჩვენები. აუცილებელია, ამგვარი ბაზრების ფორმირების კიდევ ერთი მთავარი ასპექტი ვახსენოთ - ინფრასტრუქტურის შექმნა და მოვლა. მთელ მსოფლიოში სიღარიბის კვლევა აჩვენებს, რომ ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, მაგალითად გზების და ელექტროენერგიის, ამცირებს სიღარიბის დონეს შესაბამის რეგიონებში. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ბაზრებს აკავშირებს და სოფლის მოსახლეობას ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს უხსნის, რომ მათ ისეთი მომგებიანი საქონლის წარმოება შეძლონ, როგორიცაა, მაგალითად, ბოსტნეული საქალაქო ბაზრებისთვის. ელექტროენერგია პატარა სარემონტო და საწარმოო საამქროების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ინფრასტრუქტურის გარეშე ეკონომიკური ზრდა მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ სასაზღვრო რეგიონებში იქნება შესამჩნევი, იმ დროს, როდესაც ქვეყნის შუაგულში განლაგებულ რეგიონებში უძრაობა გაგრძელდება. ამის მტკიცებულებას ინდოეთი და ჩინეთი წარმოადგენს.

ღარიბებს სამართლებრივი რევოლუცია ესაჭიროებათ

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის დონის შემცირებას შორის პოზიტიური ემპირიული კავშირი დადგენილია, როდესაც ადამიანები ღარიბთა რეალურ განცდებს აწყდებიან, უმეტესობას ეჩვენება, რომ შემოთავაზებული მაკროეკონომიკური რეფორმები ზედმეტად აბსტრაქტულია და ხელმოკლეთა ფენის ცხოვრებისაგან ძალიან შორსაა. მსგავსი მსჯელობები ცვლილებების განხორციელებისთვის პოლიტიკურ ბარიერს წარმოადგენს იმიტომ, რომ ისინი ხელს არ უწყობენ, ღარიბებმა ხმა ლიბერალურ პოლიტიკურ მოძრაობას რომ მისცენ.

არსებობს ეთიკური თვალსაზრისით გასაგები და შექების ღირსი სტიმული - ღარიბების უშუალოდ დასახმარებლად გააკეთო რამე, სულ ერთია ზუსტად რა, ქველმოქმედების ან კეთილდღეობის სახელმწიფოს ინსტრუმენტების გამოყენებით. შემდეგ, როგორც კი პატერნალისტურ-პატრონაჟულ ურთიერთობათა სისტემაში ჩართვის საშუალებას დაინახავს, მსგავსი მოთხოვნები ბევრ სხვა ღარიბსაც უჩნდება. მაგრამ ამ მორალური იმპულსის უკან ხშირად დაფარულია კითხვა: ნამდვილად აღკვეთს კი ამგვარი მიდგომა სიღარიბის ძირეულ მიზეზებს, თუ ისინი მხოლოდ მის სიმპტომებს ამსუბუქებენ და იმავდროულად ღარიბთა დამოკიდებულებასა და მათი ინიციატივების ჩახშობას უწყობენ ხელს? ამის გათვითცნობიერების შემდეგ დახმარების გამწევი ორგანიზაციები თავის ერთერთ ამოცანად ცალკეული პიროვნებების დამოუკიდებელი ინიციატივის იდეის გავრცელებას დაისახავდნენ. ამგვარად, ბოლოს და ბოლოს აღიარებულ იქნა, რომ ღარიბები არა უმწეო არსებები, არამედ ბუნებრივად დიდი პოტენციალის მქონე ადამიანები არიან. მაგრამ ადრე, როცა დასავლეთის ხალხი სიღარიბიდან თავის დაღწევის გრძელ გზას დაადგა, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ უბრალოდ არ არსებობდა. ამიტომ ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ საჭიროებენ ღარიბები საკუთარი თავის დასახმარებლად მხარდაჭერას სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა ნაწილი ხშირად უცხოურია?

მსგავსი კითხვების უმეტესობაზე პასუხები პერუელი ეკონომისტის, ერნარდო დე სოტოს ორ ბრწყინვალე წიგნში შეგიძლიათ იპოვოთ. აღნიშნული კვლევის საწყისი წერტილია ის ეკონომიკური სისტემა, რომელშიც ღარიბები ცხოვრობენ. ის მიუთითებს, რომ ღარიბებს არ მიუწვდებათ ხელი იმ სამართლებრივ ინსტრუმენტებსა და ინსტიტუტებთან, რომლებიც თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ეფექტურობას უწყობენ ხელს: კერძოდ, ხელშეკრულებების დაცვისა და შესრულების სამართლებრივი ნორმები, სტაბილური და გარანტირებული საკუთრების უფლებები, მარტივი, მაგრამ ეფექტური საბაზრო რეგულირება. ამის ნაცვლად, ისინი გაძნელებულ და არაეფექტურ იურიდიულ სისტემას აწყდებიან. მაშინაც კი, როდესაც სასამართლოები დამოუკიდებელი და პროფესიონალურია, საქმეები წლები გრძელდება. სახელმწიფო ნორმატიული აქტები ძალიან რთული და ყოვლისმწვდომია, ამიტომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა უამრავი სანქციისა და ბეჭდების დამოკიდებულების ქვეშ ექცევა. ღარიბ ადამიანებს შეეძლოთ ამ სისტემაში ჰქონოდათ კაპიტალი, მაგალითად მიწის პატარა ნაკვეთი, მაგრამ ეს კაპიტალი მათ სახელზე კანონიერი გზით დარეგისტრირებული ვერ იქნებოდა.

დე სოტომ და მისმა ჯგუფმა ჩაატრეს ექსპერიმენტი: ისინი უბრალოდ შეეცადნენ, რომ ყველა საჭირო წესისა და ნორმის დაცვით, ქრთამის მიცემის გარეშე შეექმნათ ერთი პირის საწარმო, რომელიც ფართლეულის გამოშვებით დაკავდებოდა. ამას თითქმის ერთი წელი დასჭირდა და დასკვნა კი ძალიან შემაშფოთებელი იყო: ნებისმიერი წვრილი მეწარმისთვის კანონის დაცვა აშკარად შეუძლებელია. დიდი არაფორმალური ბაზრის არსებობის ერთერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ამაში მდგომარეობს.

ამკრძალავი ნორმები და წესები ასევე ეხება ღარიბთა დამოუკიდებელ ეკონომიკურ ინიციატივებს: ბევრ ქვეყანაში ისინი პრაქტიკულად უკანონოა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მცირე სესხების აღებასთან არის დაკავშირებული. თეორიულად ეს ნორმები და წესები ღარიბთა ექსპლუატაციისაგან დაცვას ითვალისწინებს. მაგრამ, რეალურად, ისინი პოლიციისა და ჩინოვნიკების მიერ მათ ექსპლუატაციას უწყობენ ხელს, რადგან უმარტივესი ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლადაც კი მათი მოქრთამვის საჭიროებას აჩენენ. მიუხედავად იმისა, ღარიბები გარემოვაჭრეებად, რიქშებად თუ მიკროავტობუსების მძღოლებად მუშაობენ, მათ მთავრობას, პოლიციისა და ჩინოვნიკების სახით, ქრთამი უნდა გადაუხადონ.

უცხოური საქველმოქმედო ორგანიზაციები გავლენას ახდენენ სახელმწიფოზე და მის ბიუროკრატიულ აპარატს არწმუნებენ, რომ ისინი პირადი ინიციატივის წარმოჩენას არ აფერხებდნენ. თუმცა, როგორც წესი, ეს უხალისოდ კეთდებოდა. განვითარებად ქვეყნებში მზარდი კერძო ინიციატივის დაცვის ხელშეწყობა სახელმწიფო აპარატის მცდელობებისაგან - წარმოქმნის სტადიაზევე ჩაახშონ იგი, უცხოური ორგანიზაციების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომლის აღიარება იშვიათად ხდება.

თუმცა ყველაზე სერიოზული პრობლემა საკუთრებითი უფლებების დაცვაა. სამხრეთის ქვეყნების უმეტესობაში საკუთრებითი უფლებები ან ცუდადაა განსაზღვრული, ან ცუდადაა დაცული, ანდა მათი სხვა პირებზე გადაცემაა ძნელი. ამ ქვეყნებში საკუთრებითი უფლებების სისტემა ზედმეტად გართულებულია, არ ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ღარიბები ცხოვრობენ და აბსოლუტურად არაეფექტიანად იმართება. ბევრი ღარიბი ქოხმახებში ცხოვრობს, რომელთა საკუთრების უფლება სადავოა. საკუთრების ბაზრის არაეფექტიანობას იმისკენ მივყავართ, რომ ქალაქებისაკენ მიგრირებად ადამიანთა მზარდ რიცხვს აღარ ყოფნის მიწა და სახლები. ამიტომ ისინი, როგორც წესი, მიწას მის მფლობელს - მთავრობას ართმევენ, რომელმაც არ იცის რა უყოს მას და როგორ დაიცვას იგი. მიწის ამგვარი მითვისებების ორგანიზება ქოხმახების მფლობელი ე.წ. „არაფორმალური მეწარმეების“ მიერ ხდება. ისინი არაკანონიერი დასახლებების პოლიტიკურ და ფიზიკურ დაცვას უზრუნველყოფენ. ასეთ ახალ ქოხმახებში მცხოვრები ღარიბები მათ ქირას უხდიან, არჩევნებზე თავიანთი ხმების გამოყენების უფლებას აძლევენ და პოლიტიკური ღონისძიებების დროს გარკვეული რაოდენობის მასას ქმნიან. ეს დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს, მაგრამ ღარიბებს სხვა არჩევანი არ გააჩნიათ.

აღწერილი მდგომარეობის ეკონომიკური შედეგები უკიდურესად სერიოზულია. ისეთი ქონება, როგორიცაა სახლები, ქოხები ან მიწა, რომელზე საკუთრების უფლება გაურკვეველი ან საკამათოა, ვერ გადაიქცევა კაპიტალად. როგორც კი საკუთრების მფლობელი ნათლად არის განსაზღვრული და კანონით არის დაცული, ხოლო ქონების გადაცემა უსაფრთხო და ეფექტური ხდება, საკუთრება შეიძლება შემოსავლის ზრდის დამატებითი წყარო გახდეს. ამგვარად, ქონება, მისი კაპიტალად ქცევის სახით, მეორე, ვირტუალურ ცხოვრებას იძენს. ღარიბები, ჩვეულებრივ, აღნიშნულ უფლებას არიან მოკლებულნი: ისინი ფლობენ ქონებას, მაგრამ არ მიუწვდებათ ხელი იმ სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, რომლებიც მათ ქონებას საკუთრებად და, მაშასადამე, კაპიტალად აქცევენ. დე სოტო წერს, რომ სამხრეთულ ქვეყნებში არაეფექტური საკუთრებითი უფლებების შედეგად ფორმირებული გამოუყენებელი ან „მკვდარი“ კაპიტალის ჯამური ღირებულება, რომლის დიდი ნაწილი ღარიბებს ეკუთვნის, ცხრა ტრილიონ დოლარს აღემატება. კაპიტალის ფორმირების ასეთ პოტენციალს ვერც ერთი უცხოური დახმარება ვერ შეედრება. გარდა ამისა, ამ გზით ღარიბები ფიქსირებული სიმდიდრის გაცილებით მეტ წილს მიიღებდნენ.

აქ ჩვენ ვუბრუნდებით იმ აზრს, რომლითაც ეს სტატია იწყებოდა: სიღარიბის დაძლევის საუკეთესო გზაა - ღარიბებს საკუთრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში დაეხმარო. თურმე, უმეტეს შემთხვევაში, ეს შეიძლება ხარჯების გარეშე გაკეთდეს: საჭიროა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე იმის აღიარება, რაც ისედაც რეალობას წარმოადგენს, კერძოდ - ქონების ფლობის უფლება. ქოხმახებში მცხოვრებმა ღარიბებმა უკვე იციან ვინც „ფლობს“ მათ საკუთრებას. ერთადერთი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს - ეს ფაქტი დაარეგისტრიროს და „ახალი მფლობელების“ ეფექტური სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს. დე სოტოს სიტყვებით, ამგვარი კანონის მიღება შეიძლება განიხილოს, როგორც რეალობის გამოაშკარავება. ამ პროცესში აშკარა გახდება მრავალფეროვანი ნორმატიული აქტების საჭიროება. მაგალითად, მიწა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში კოლექტიურად ფლობენ ტომები, შეიძლება ინტეგრირდეს ინდივიდუალური საკუთრების უფლებების ფორმალურ სისტემაში, თუ იგი დარეგისტრირდება არა მარტო ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებზეც, მაგალითად, კოოპერატივებზე ან სააქციო საზოგადოებებზე. ევროპაში უკვე არის მსგავსი მაგალითები, ისეთები, როგორც მონასტრები, რომლებშიც ბერები ან მონაზვნები კოლექტიურად ფლობენ მიწას და ამგვარად საბაზრო აგენტები ხდებიან. თუ ტომს თავისი მიწის კოლექტიური ფლობის ძველი პრაქტიკის გაგრძელება სურს, მაშინ სამართლებრივი აქტებით ისინი საბაზრო ეკონომიკის სისტემაში ერთიანი მფლობელის სახით უნდა ჩართონ. ღარიბების საკუთრებითი უფლებების აღიარება და მათი დაცვა - არა მარტო პრაქტიკული, არამედ პოლიტიკური ამოცანაცაა. ძალიან დიდი დროის განმავლობაში ღარიბთა დამცველები მათი საკუთრებითი უფლებებით იგნორირებას ახდენდნენ. ჩრდილოეთის ქვეყნებში ეს ფატალური შეცდომა გახდა. იქ მდიდრები ღარიბებზე ნაკლებად საჭიროებენ თავიანთი საკუთრების უფლებების დაცვას. სინამდვილეში, სწორედ ცუდად განსაზღვრული და ხშირად დაუცველ ღარიბთა საკუთრების უფლებები ხდება მდიდართა მხრიდან თავდასხმისა და ხელყოფის ობიექტი. ამას ნათლად გვაჩვენებს ბანგლადეშის მაგალითი: ერთმა ქალმა სცადა სიღარიბისთვის დაეღწია თავი და გრამინ ბანკში სესხი აიღო. ფულის ეფექტურად დაბანდებისა და ბევრი მუშაობის შედეგად მან მცირე კაპიტალი დააგროვა და პატარა სახერხის გახსნა გადაწყვიტა. ამის გაგებისას ადგილობრივმა კონკურენტმა - პოლიტიკური კავშირების მქონე ბიზნესმენმა, მასთან თავისი ვასალები გააგზავნა, რომლებიც მას გაუპატიურებით და ფიზიკური გასწორებით დაემუქრნენ, თუ იგი თავის იდეაზე უარს არ იტყოდა. მას ესმოდა რომ პოლიცია ადგილობრივი ელიტის მხარეზე იქნებოდა, ხოლო საქმე სასამართლოში წლების განმავლობაში გაიწელებოდა, ამიტომ მას თავის იდეაზე უარის თქმამ მოუწია. მსგავსი ისტორიები სამხრეთში არცთუ ისე იშვიათია. დაელაპარაკეთ მეწარმეს თავისი ქარხნის გადატანაზე ანდა ახლის მშენებლობაზე და თქვენ ნახავთ, რომ ის ვერ ბედავს სხვის ტერიტორიაზე შესვლას. ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს კანონიერების დაცვას და მის ადგილს ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები იკავებენ, რომლებიც ღარიბი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ხარჯზე ცხოვრობენ. მსგავსი მოვლენები აღმავლობის გზაზე სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს და ღარიბთა ეკონომიკური აქტივობისთვის გადაულახავ ბარიერებს ქმნის. ზემოთ ხსენებული გრამინ ბანკისადმი მიძღვნილ ზოგიერთ გამოკვლევაში გამოხატული იყო გაკვირვება, თუ რატომ ვერ ახერხებენ მისი კრედიტორები, რომ თავიანთი არსებობის შესანარჩუნებლად საჭირო ელემენტარულ რესურსზე მეტი იშოვონ. პასუხი კი შემდეგია: სტაბილური საკუთრების უფლებების, უფრო ფართოდ - კანონიერების არარსებობა, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, რაც შეამსუბუქებდა ღარიბთა გადასვლას ჩრდილოვანიდან ფორმალურ ეკონომიკაში. ნათლად გაწერილი კერძო საკუთრების უფლების არარსებობა ასევე ხდება ადამიანების ფართოდ გავრცელებული უბედურებების მიზეზი, რომლებსაც ასახლებენ მათ მიერ ოდიდგანვე დასახლებული ტერიტორიიდან ე.წ. „განვითარების პროექტების“ განხორციელებისას, მაგალითად, დიდი კაშხლების მშენებლობისას. ინდოეთმა ფაქტობრივად აკრძალა საკუთრების კონსტიტუციური უფლება, რომელიც ითვალისწინებდა აბსოლუტურ კომპენსაციას სახელმწიფოს მიერ საკუთრების ექსპროპრიაციის დროს, უბრალოდ იმიტომ, რომ აღნიშნული პროექტების გაიაფება სურდა. ამ დროს ამბობდნენ, რომ ეს ზომები მიმართული იყო მსხვილი მიწათმფლობელების საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში, ამან იქამდე მიიყვანა, რომ ათობით ათასი ღარიბი საცხოვრებელის და შესაბამისი კომპენსაციის გარეშე დარჩა, რადგან არ გააჩნდათ საკუთრებით განსაზღვრული უფლებები, რომელთა დაცვაც სასამართლოში იქნებოდა შესაძლებელი. ტრაგიკულია, რომ ინდოეთში კაშხლის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა უმრავლესობამ პრობლემა საკუთრების უფლებების თვალსაზრისით ვერ გააცნობიერა. აღწერილი მდგომარეობის შეცვლა პოლიტიკური პროცესია. გარანტიას ის უნდა იძლეოდეს, რომ საკუთრების უფლებების უფრო სტაბილურ და ეფექტურ სისტემაზე გადასვლისას ღარიბებს არ გამოდევნიან ისეთი ძლევამოსილი მოთამაშეები, როგორებიცაა, მაგალითად, ქოხმახების ფაქტობრივი მფლობელები. ეს საშიშროება, ცხადია, კვლავ იარსებებს თუ ეკონომიკურ პროცესებს შემდგომშიც მხოლოდ ჩინოვნიკები და ტექნოკრატები დაარეგულირებენ, რომლებიც, როგორც წესი, ყოველი მოცემული მომენტისთვის ყველაზე გავლენიან ძალებს ემსახურებიან. შესაბამისად, ლიბერალური რევოლუცია აუცილებელია - და აქ გასახსენებლად ღირს ის, რომ ზუსტად ეს მოხდა დასავლეთის ისტორიაში. ამგვარად, ჩვენ მიერ დასმული ამოცანა არ ითვალისწინებს ღარიბების სასარგებლოდ სიმდიდრის გადანაწილების ახალი და უკეთესი მეთოდების გამოგონებას. ის მდგომარეობს იმაში, რომ აღიარებულ იქნეს ეკონომიკურ ცხოვრებაში ღარიბთა მონაწილეობის უფლებები, შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და შეიქმნას ინსტიტუტები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, დატოვონ ჩრდილოვანი სექტორი და ფორმალური საბაზრო ურთიერთობების მონაწილეები გახდნენ. ეს სწორედ ის ბუნებრივი უფლებაა, რომელსაც ისინი ზედმეტად დიდხანს იყვნენ მოკლებულნი.

18 სიღარიბის ხაფანგი

▲ზევით დაბრუნება


დუგლას . ნორთი
ნობელის პრიზის მფლობელი ეკონომიკაში 1993 წელს. აშშ-ში,
ქ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი

გამოქვეყნდა 2002 წელს
თარგმნა პაატა შეშელიძემ

ორმა უკანასკნელმა დეკადამ ორი დიდი მასშტაბის ექსპერიმენტის მოწმე გაგვხადა. ესაა, ერთი მხრივ, ცენტრალური დაგეგმვის მეურნეობების (როგორიცაა ყოფილი საბჭოთა კავშირი) და ასევე მაღალი დონის ცენტრალური დაგეგმვის მქონე საბაზრო ეკონომიკის განვითარებადი ქვეყნების (როგორსაც თქვენ იპოვიდით ლათინურ ამერიკაში 1950-80 წლებში) ტრანსფორმაცია ეფექტიანი ბაზრების მქონე ეკონომიკის ქვეყნებად. უმრავლესობის გასაკვირად, ამ ექსპერიმენტების საბოლოო შედეგები ეკონომიკური ზრდით არ გვახალისებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ათუხთუხდა, აქოშინდა და 1998 წელს კრიზისში აღმოჩნდა. ლათინური ამერიკის მეურნეობები ოდნავ უკეთესად მოქმედებდა, ჩილეს გამოკლებით. უმეტეს ქვეყნებს ჰქონდა მძლავრი ზრდა, რასაც ასეთივე მძლავრი ჩავარდნები მოჰყვა, რომელთა შორის არგენტინის ფიასკო ერთერთი მაგალითია. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლები ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმავეს გვეუბნება: შემოსავალი ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით რეალურ ფასებში 2002 წელს იმავე დონეზე დარჩა, რაც 1980 წელს იყო.

ძნელი ქორწინება: მთავრობა და ბაზარი

ამ ჩავარდნების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ბაზარზე დაფუძნებული პოლიტიკის სქემა - ეგრეთ წოდებული ვაშინგტონის კონსენსუსი, რომელიც ამყარებდა რუსეთისა და ლათინური ამერიკის ექსპერიმენტებს - შეიცავდა ფატალურ ნაკლს: იგი უშვებდა, რომ შესაძლებელია ეფექტიანი ბაზრების შესაქმნელად გატარდეს საბაზრო რეფორმები პოლიტიკური ინსტიტუტების თანამდევი რეფორმების გარეშე, რომელიც ზღუდავს მთავრობას და ახდენს საკუთრების უფლებებისა და ინდივიდუალური თავისუფლების გარანტირებას.

ამ დაშვების გაუმართლებლობის მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად ისეთი რამ, როგორიცაა „თავისუფალი ბაზარი”. ბაზრის ეფექტიანი ფუნქციობა მოითხოვს, რომ ზოგი ინდივიდი ან ორგანიზაცია უზრუნველყოფდეს ხელშეკრულებებისა და საკუთრების უფლებების იძულებით შესრულებას. ასეთი მაიძულებელის გარეშე გარიგებები ყველასთვის თავისუფალია: ნებისმიერმა იცის, რომ სხვა ნებისმიერს შეუძლია ოპორტუნისტული წესით მოიქცეს; შესაბამისად ყველა ოპორტუნისტულად იქცევა. გარდაუვალი შედეგი, როგორც თომას ჰობსი გვაფრთხილებდა „ლევიათანში“, არის გარიგებების დაბალი დონე. უფრო მეტიც, სანდო რომ იყოს, პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებითი და საკუთრებითი უფლებების დაცვას, უნდა შეეძლოს აიძულოს ხალხი, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების ერთგულნი დარჩნენ. ეს აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ ეს მაიძულებელი მთავრობა უნდა იყოს. ფაქტი ასეთია: მსოფლიოს ისტორია არ გვთავაზობს კარგად განვითარებული საბაზრო სისტემის მაგალითს, სადაც ეს კარგად განვითარებული პოლიტიკური სისტემით არ იყო გამყარებული.

მთავრობისა და ბაზრის აუცილებელი კავშირი ეკლიან პრობლემას წარმოშობს. მთავრობის არსებობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგანაც იგი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო და საკუთრებით უფლებებს. ამავე დროს, ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკმარისად ძლიერია საკუთრებითი უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე ძლიერია იმდენად, რომ გააუქმოს ისინი თავის სასარგებლოდ, დაუფარავი ექსპროპრიაციის ან კერძო საკუთრებით მიღებული მთლიანი მოგების დაბეგვრის გზით. მთავრობებს, სინამდვილეში, მძლავრი სტიმულები აქვთ, რათა ეს ასე გააკეთონ. პირველი, მთავრობას სჭირდება შემოსავალი მისი საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისთვის. მან უნდა გაიღოს ხარჯები პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად, დაიცვას თავი გარე და შიდა მტრებისაგან. მეორე, საზოგადოების პოლიტიკურად მნიშვნელოვანი შემადგენლები, როგორც წესი, მოითხოვენ, რომ მთავრობამ გამოიყენოს თავისი ძალა, რათა ისინი უზრუნველყოს სარგებლით. ხშირად ეს სარგებლები მიიღება სხვა ეკონომიკური აგენტების საკუთრებითი უფლებების ხარჯზე. მათ შეიძლება მოითხოვონ, მაგალითად, რომ მთავრობამ დაბეგროს მათი კონკურენტების მთლიანი მოგება და უზრუნველყონ ისინი მონოპოლიური უფლებებით კონკურენციისგან დაცვით ან სხვა პრივილეგიებით.

ამრიგად, ადამიანებს აქვთ ორი ბუნებრივი ტენდენცია: ადამ სმითის შესაბამისად, მათ აქვთ საქონლის ბარტერული გაცვლის, სხვა გაცვლისა და ვაჭრობის მიდრეკილება. მეორე, თომას ჰობსის მიხედვით, მათ აქვთ თანასწორად ბუნებრივი მიდრეკილება - გამოიყენონ პოლიტიკა, რათა აიძულონ სხვები გადასცენ მათ საკუთარი სიმდიდრე და ღირებულების წყაროები.

ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტური პრობლემაა, გამოინახოს საშუალებები მთავრობის საქმიანობისთვის ისეთი კალაპოტის მისაცემად, რომ მან მხარი დაუჭიროს და არა მტაცებლურად დაესხას თავს ბაზარს.

ერთი მიდგომა ამ ფუნდამენტური პრობლემის გადასაწყვეტად ისეთი პოლიტიკური ლიდერების მოძებნაა, რომელთაც სწორი ფასეულობები და ხედვები ექნებოდათ. ამ მიდგომის პრობლემა არის ის დაშვება, რომ პოლიტიკური მოთამაშეების უნარი - მიიღონ კარგი გადაწყვეტილებები, უფრო მათი პირადი თვისებიდან მოდის, ვიდრე პოლიტიკური სტიმულებიდან, რომელსაც ისინი იღებენ. უდავოა, ბევრ ქვეყანაში არსებობენ ექსტრაორდინარული ინდივიდები, რომლებიც მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ და მათს უკან დგანან იმის მიუხედავად, რა შედეგები მოჰყვება მათთვის ამას. თუმცა, განვითარებული დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური წარმატება სხვა ქვეყნებთან შედარებით, მრავალი საუკუნის გამოცდილების მიხედვითაც, არ შეიძლება მიეწეროს იმ ფაქტს, რომ მათ ჰყავდათ ექსტრაორდინარული ინდივიდების უფრო დიდი რაოდენობა.

ეკონომიკის განვითარების ამ ფუნდამენტური პრობლემის გადასაწყვეტად სხვა მიდგომა არის - დავაშოროთ პოლიტიკური ლიდერები ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ეს მიდგომა დიდი დოზით დევს ვაშინგტონის კონსენსუსის შინაარსის მიღმა. ამ მიდგომის პრობლემა ისაა, რომ მასში ორივე მხარისთვის - პოლიტიკოსებისა და მოქალაქეებისთვის - მძლავრი სტიმულები ძევს პოლიტიკის განსაზღვრის პროცესის პოლიტიზებისთვის. ფაქტობრივად, არასოდეს ყოფილა მსოფლიოს ისტორიაში, რომ პოლიტიკურ ლიდერებს გადამწყვეტი როლი არ ეთამაშათ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ხედვა, შესაბამისად, უტოპიურია და არარეალისტური.

ეს დაკვირვებები ნიშნავს, რომ ამ პრობლემის დიაგნოზი ეკონომიკური ლიტერატურისა და ვაშინგტონის კონსენსუსის მიხედვით - სახელდობრ, რომ განვითარება მოითხოვს პოლიტიკის დაშორებას ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისგან - არასწორია. ნებისმიერი ცდა, დავაშოროთ პოლიტიკა გადაწყვეტილებების მიღებისგან, გარდაუვლად დამთავრდება ეკონომიკური ჩავარდნით.

სიცოცხლისუნარიან ბაზარს სჭირდება მთავრობა, მაგრამ არა ნებისმიერი. საჭიროა ინსტიტუტები, რომლებიც შეზღუდავენ მთავრობას, რათა იგი მტაცებლურად არ დაესხას თავს ბაზარს. ამრიგად, განვითარების პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს პოლიტიკური ინსტიტუტების ისეთ მოწყობას, რომ მთავრობისა და მთავრობის შიგნით ინდივიდების თავისუფლება და ძალაუფლება შეიზღუდოს. ეს აუცილებლად მოითხოვს ინდივიდუალური თავისუფლების დაცვას. როგორც ფრიდრიხ ჰაიეკი, თავისუფლების ერთერთი მოწინავე სწავლული დააკვირდა: „არსებობს მხოლოდ ერთი ასეთი პრინციპი, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისუფალი საზოგადოება: სახელდობრ, ყველა იძულების მკაცრი პრევენცია, გარდა ზოგადი აბსტრაქტული წესების იძულებითი უზრუნველყოფისა, რომელიც ყველას თანაბრად ეხება.“

პრობლემა განვითარებად მსოფლიოში ისევეა მართვის პრობლემა, როგორც იმ ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემა, რომელიც მხარს უჭერს ბაზარს. თქმა არ უნდა, ფუნდამეტური პრობლემა განვითარებად მსოფლიოში არის არა ის, რომ იქ საკუთრების დაცვა არ არის, არამედ ის, რომ მთავრობას შეუძლია დაიცვას ზოგიერთი პირის საკუთრება, როდესაც იმავდროულად აუქმებს ან ამცირებს სხვების საკუთრებით უფლებებს. საკმაოდ ხშირად ხდება, რომ განვითარებადი ქვეყნების მთავრობები თვითნებურად ახდენენ ზოგიერთი ინდივიდის საკუთრებითი უფლებების გადანაწილებას სხვა ინდივიდებისთვის, რომლებიც ამ მთავრობის კარგ ანგარიშზე არიან. მთავრობებს ასევე შეუძლიათ ეკონომიკური პოლიტიკა ისეთი გზით წაიყვანონ, რომ გაზარდონ შერჩეული ჯგუფების საკუთრებითი უფლებები (მაგალითად, მისცენ საგადასახადო შეღავათები ან დააჯილდოვონ ისინი საზოგადოებრივი რესურსების ექსპლუატაციის კონცესიებით).

არის პერიოდები, როდესაც მთავრობას, გამომდინარე მისი პოლიტიკური შესაძლებლობებიდან, შეუძლია აღნიშნული უფლებების ჩამორთმევა და ამის საკუთარ ფისკალურ სარგებლად გადაქცევა. განვიხილოთ, მაგალითად, მექსიკის 1990-იანი წლების დასაწყისის საბანკო პრივატიზების გამოცდილება. როდესაც მექსიკის მთავრობამ მოახდინა ბანკების პრივატიზება, მან შექმნა ძლიერ კონცენტრირებული საბანკო სისტემა. ბანკების შემსყიდველთა თვალსაზრისით, ეს მიმზიდველი იყო. მათ არ უნდა გაეწიათ ერთმანეთისთვის კონკურენცია. ასეთი სიტუაცია მთავრობისთვისაც მიმზიდველი იყო: ამას შეეძლო მეტი შემოსავალი მოეტანა, ვიდრე სხვა შემთხვევაში, რადგანაც ინვესტორები ოლიგოპოლიაში მეტს გადაიხდიდნენ, ვიდრე იმ ფირმაში, რომელსაც მოუწევდა ძლიერ კონკურენციასთან შეჯახება. რჩებოდა ერთადერთი პრობლემა - მთავრობის შემოსავლის მაქსიმიზება ნიშნავდა იმას, რომ საბანკო სისტემის უდიდესი კაპიტალი ბანკების შესაძენად უნდა წასულიყო; ცოტა რჩებოდა რეზერვების უზრუნველსაყოფად, თავი რომ დაეცვათ ეკონომიკური მერყეობებისაგან. შედეგი ტრაგიკული იყო: პრივატიზებიდან ოთხი წლის შემდეგ პესოს დევალვაციის წნეხის ქვეშ საბანკო სისტემა დაინგრა. ამ რისკის შედეგი მექსიკელი გადასახადის გადამხდელს 100 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა, რაც მექსიკის წლიური მშპს დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს.

სანქციები და სტიმულები

ეკონომიკური განვითარებისთვის შეზღუდული მთავრობა, აქედან გამომდინარე, აუცილებელია. მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ შევქმნათ იგი ეკლიანი. ამ კითხვას ყველაზე ადრე ორმა დიდმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა უპასუხა მეჩვიდმეტე საუკუნეში, თომას ჰობსმა და ჯონ ლოკმა. ეს კითხვა ასევე ისმებოდა აშშ-ს კონსტიტუციის წერის დროსაც. უდავოდ, ეს მთავარი თემა იყო „ფედერალისტთა ფურცლებზე“. უფრო ახლო წარსულში იგივე საკითხს შეეხნენ გავლენიანი ეკონომისტები — ფრიდრიხ ჰაიეკი და ჯეიმს ბიუქენენი.

არ არსებობს შეზღუდული მთავრობის მარტივი რეცეპტი. ორი პრინციპი გარკვეულია. პირველი, ქვეყანამ უნდა შექმნას მექანიზმები და სტიმულები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისა და დონეებისთვის, მათ მიერ ერთმანეთის მიმართ სანქციების განსახორციელებლად, თუ რომელიმე მათგანი გადააჭარბებს კანონით მისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებას. მეორე, ეს სანქციები არ შეიძლება განხორციელდეს თვითნებურად ან ად ჰოც წესით - სანქციის მექანიზმები, თავის მხრივ, კანონით უნდა იყოს შეზღუდული. ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები არ უნდა იყოს მკაცრი (ჭეშმარიტად, თუ სანქცია მკაცრი არ არის, იგი სანდო არ არის).

ასეთი სანქციების მექანიზმებისა და სტიმულების შესაქმნელად, არსებითად, ორი წესი არსებობს. ერთი არის შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, რომელიც ზღუდავს მძლავრ ცენტრალურ ხელისუფლებას. ასეთ სისტემაში, პოლიტიკური კონკურენცია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოთამაშეთა შორის აჩენს სტიმულს ამ მოთამაშეთა მიერ ერთმანეთის მოქმედების კონტროლისთვის. საფრანგეთი კარგი მაგალითია ასეთი სისტემისთვის.

მეორე გზა ხელისუფლების შეზღუდვისთვის არის ფედერალიზმი, რომელშიც ერთმანეთს ზღუდავენ ხელისუფლების სხვადასხვა დონეები. აქ სტიმულები ერთმანეთის გასაკონტროლებლად ჩნდება ხელისუფლების თითოეული დონის საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ ადგილობრივი შტატისა და ფედერალური მთავრობა, ყველა ცალცალკე ბეგრავს კონკრეტულ მეწარმეს. თითოეულმა იცის, რომ გადასახადის გაზრდა არ ახალისებს ამ მეწარმეს დამატებითი პროდუქტიული ინვესტიციისთვის (ისევე, როგორც ახალი ეკონომიკური წინააღმდეგობის შექმნა), რაც საბოლოოდ ამცირებს გადასახადის თანხას, რომელსაც ხელისუფლების კონკრეტული დონე გეგმავს მიიღოს ამ ფირმიდან. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების თითოეულ დონეს აქვს ძლიერი სტიმული, შეამციროს ამ ფირმის გადასახადი, რომელსაც იღებს ხელისუფლების სხვა დონე. ამის თანამდევად, ხელისუფლების ერთი დონის მოქმედება, რომელიც ამცირებს ფირმის საკუთრებით უფლებებს, შესაბამისად ამცირებს გადასახადის ოდენობას, რომელიც შეიძლება შეაგროვოს ხელისუფლების სხვა ნებისმიერმა დონემ. ამის შედეგად ვიღებთ მდგომარეობას, რომელშიც ხელისუფლების თითოეული დონე არსებითად აბალანსებს სხვა დონეებს (შეკავებისა და გაწონასწორების საჭიროების გარეშეც ცენტრალურ მთავრობაში). ასეთი სისტემის კარგი მაგალითია კანადა.

შეერთებული შტატები არის ორივე სისტემის არაჩვეულებრივი კომბინაცია - ის შეიცავს შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას ეროვნულ მთავრობაში, ასევე მძლავრ ფედერალურ სისტემას. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს მრავალ ორგანიზაციასთან უწევს ურთიერთობა, რომელიც აკავებს მის თვითნებურ საქმიანობას - ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს, დამოუკიდებელი სასამართლოს, შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების და აღმასრულებელი ფედერალური სააგენტოების პროფესიული სამოქალაქო მოსამსახურეების ჩათვლით. ძალაუფლების შეზღუდვის ორივე მეთოდის კომბინაცია საკუთრების უფლების არაჩვეულებრივად მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

განვითარებადი მსოფლიოს პრობლემა ის არის, რომ ამ ქვეყნებს არც ერთი ეს სისტემა არ აქვთ. ფედერალიზმი და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა ხშირად არსებობს ქაღალდზე - როგორც მექსიკასა და არგენტინაში - მაგრამ, სინამდვილეში, ისინი ვერ მუშაობენ. ძალაუფლება ძალიან კონცენტრირებულია ორი თვალსაზრისით: ცენტრალურ მთავრობას გააჩნია ზედმეტად დიდი ძალაუფლება ფედერალურ სისტემაზე და ფედერალურ მთავრობაში, პრეზიდენტს აქვს ზედმეტი ძალაუფლება. ეს სისტემა მას ნებას რთავს თავის ნებაზე მოიქცეს, აჩერებს განვითარებას.

ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკურ განვითარებას მხოლოდ მთავრობის შემზღუდავი კონსტიტუცია სჭირდება - თუნდაც ორივე, შეკავებისა და გაწონასწორების და ფედერალური სისტემები. ფაქტობრივად არსებობს ქვეყნები, რომლებმაც არსებითად მიბაძეს აშშს კონსტიტუციას (ლიბერია ამის მაგალითია), მაგრამ, რომელთაც არ აქვთ არც შეზღუდული მთავრობა და არც ეკონომიკური ზრდა. იმისათვის, რომ კონსტიტუციებმა და კანონებმა პრაქტიკულად იმუშაოს, საჭიროა სხვა რამეც - განათლებული ხალხი, სამოქალაქო ვალდებულების გრძნობით.

მაგრამ არანაირი ცდა ეკონომიკური რეფორმის წარმატებისთვის არ გაამართლებს, თუ ის იგნორირებას უკეთებს პოლიტიკური რეფორმის თანამდევ საჭიროებას. პოლიტიკური საფუძვლებისთვის ყურადღების მიქცევის გარეშე ბაზრები ვერ აყვავდება. აქედან გამომდინარე, დონორი ორგანიზაციები ყურადღებას უნდა აქცევდნენ ბაზრების პოლიტიკურ უსაფრთხოებას ისევე, როგორც ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მათ ქმნის.

19 რა ემუქრება თავისუფლებას XXI საუკუნეში

▲ზევით დაბრუნება


ვაცლავ კლაუსი
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. ჩეხეთის პრემიერმინისტრი 1992-97 წლებში. კლასიკური ლიბერალიზმისა და თავისუფლების იდეებიის დამკვიდრებისთვის უკომპრომისო მებრძოლი. ევროკავშირის მზარდი ცენტრალიზებული ძალაუფლებისა და კონტროლის აქტიური კრიტიკოსი. ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2003 წლიდან

თარგმნა ბაბილინა ახობაძემ
გამოქვეყნდა 2002 წელს

ჩემთვის დიდი პატივია ადამ სმითის პრიზის მიღება, განსაკუთრებით ეკონომიკური განათლების ფონდისგან. ჩემი სახელის ისეთ ძვირფას სახელთან დაკავშირება, როგორიც ადამ სმითია, ძალიან დიდი პრივილეგიაა.

დიდი მადლობა!

ადამ სმითი მუდამ ცნობილი და აღიარებული იქნება, როგორც ეკონომიკის, სოციალური მეცნიერების ამ უაღრესად მნიშვნელოვანი და ძლიერი დარგის მამა, რომელსაც პატივს ვცემ და უსიტყვოდ ვეთანხმები. ეკონომიკურმა დისციპლინამ, რომელსაც ოთხ ათეულზე მეტი წლის წინ ვეზიარე, გარე სამყაროს ხედვის ნათელი ორიენტაცია და სახელმძღვანელო პრინციპი მომცა და სასარგებლო და პროდუქტიული გზა მიჩვენა. ეკონომიკამ ცხოვრებაში გამოსადეგი აზროვნების სტილი ჩამომიყალიბა და თვალი ამიხილა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ეკონომიკის სახით ადამ სმითმა მხოლოდ მეცნიერება კი არ შექმნა, არამედ გაცილებით მეტი. ის ეკონომიკას ეთიკის განუყოფელ ნაწილად განიხილავდა და, ამ თვალსაზრისით, მეტად საჭირო არგუმენტები წამოაყენა მათ წინააღმდეგ, ვისაც ჩვენი გაგება არ სურს და ვინც ჩვენში მხოლოდ უმოწყალო, თითქმის არაადამიანურ, რობოტის მსგავს მაქსიმალისტებს ხედავს. ადამ სმითისთვის, და ჩვენთვისაც, ეკონომიკა ჰუმანური მეცნიერებაა. ჩვენი აზრით, ის უფრო ჰუმანურია და უფრო მეტად არის ადამიანზე ორიენტირებული ვიდრე პოლიტიკურად სწორი, პროგრესული სახელმწიფო ინტელექტუალების ეთიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენზე უკეთესები არიან.

უფრო მეტიც, ადამ სმითმა საბაზრო სისტემის ეთიკურობა და ეფექტიანობა დაგვანახა და, შესაბამისად, სახელმწიფო ჩარევის ამორალურობა და არაეფექტიანობა დაამტკიცა.

უაღრესად დიდმნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული „უხილავი ხელის“ ცნობილი კონცეფცია, ისევე, როგორც მისი თეორია ვიწრო კერძო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე საყოველთაო სიკეთის შესახებ.

მე ვფიქრობ, „ეკონომიკური განათლების ფონდის“ სულისჩამდგმელი ადამ სმითი იყო, რომელიც, ჩემი აზრით, უდიდესი მნიშვნელობის კლასიკური ლიბერალური ინსტიტუტია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. „ეკონომიკური განათლების ფონდმა“ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და მისი გამოცემების - „თავისუფალი ადამიანი: ფიქრები თავისუფლებაზე” _ წაკითხვამ (რომელსაც ათ წელზე მეტია ვკითხულობ) ძალიან გაამდიდრა ჩემი გონება. ეს პუბლიკაცია ჩემი ბიბლიოთეკის უძვირფასესი ნაწილია. დამერწმუნეთ, ძალიან ყურადღებით ვკითხულობ, სულ ვიყენებ და ხშირად ვახდენ მის ციტირებას ჩემს ნაწერებსა თუ გამოსვლებში.

„თავისუფალი ადამიანის“ უკანასკნელმა მემორიალურმა გამოცემამ შესაძლებლობა მომცა ადრეული წლების კლასიკურ სტატიებს გავცნობოდი. ნამდვილად აღტაცებაში მომიყვანა მათმა ხარისხმა და დროულობამ. ამ პრიზის მიღება „ეკონომიკური განათლების ფონდისგან“ ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ექვსი წლის წინ პრაღაში მე თვითონ დავაარსე სამეცნიერო წრე - „ეკონომიკისა და პოლიტიკის ცენტრი“, რომელიც იმავე იდეების გატარებას ემსახურება, რასაც ეკონომიკური განათლების ფონდი აქ, შეერთებულ შტატებში. რამდენიმე თვის წინ პატივი გვქონდა ეკონომიკური განათლების ფონდის პრეზიდენტი და ჩემი მეგობარი რიჩარდ ებელინგი გვწვეოდა და მისი საინტერესო და მრავალმხრივ კანონიკური ლექცია მოგვესმინა.

ვშიშობ, ამ საღამოს მე ვერ ვიქნები ასეთი კანონიკური. ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც თქვენ არ იცით ან, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ვერაფერს შემოგთავაზებთ ისეთს, რაც თქვენი პუბლიკაციებიდან არ მაქვს ნასწავლი. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, XXI საუკუნის დამდეგს, თავისუფლებას იგივე საფრთხე ემუქრება, რასაც ადამ სმითი 250 წლის წინ ებრძოდა და „ეკონომიკური განათლების ფონდის“ დამფუძნებლები - ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ. შესაძლოა, თავისუფლების ახლანდელ საფრთხეს სხვა „ქუდი“ ეხუროს, ანუ უკეთ მალავდეს თავის რეალურ ბუნებას და ადრინდელზე უფრო დახვეწილიც იყოს; მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის ურთიერთკავშირის მაღალი ხარისხის გამო, შესაძლოა ამ საფრთხემ იოლად გადაინაცვლოს ერთი ქვეყნიდან მეორეში, მაგრამ ის მაინც საფრთხედვე დარჩება.

როგორც ეკონომიკის მუდმივი მკვლევარი, სულ მისი კანონებისა და პრინციპების დაცვას ვცდილობ. მათ შორის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამ სმითის ერთერთი მოსწავლის, XIX საუკუნის ცნობილი პოლიტეკონომისტის, დავიდ რიკარდოს მიერ ჩამოყალიბებული შედარებითი უპირატესობის კანონი. ამ საღამოს მე სამი შედარებითი უპირატესობა მაქვს:

  • სიცოცხლის უმეტესი ნაწილი კომუნიზმში გავატარე;

  • ჩემს ქვეყანაში პირადად ვარ აქტიურად ჩართული კომუნისტური სისტემის დემონტაჟსა და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაში;

  • ბოლო დროს იმედგაცრუებული ვარ ევროპაში შექმნილი ვითარების, განსაკუთრებით ევროკავშირში განვითარებული მოვლენების გამო.

ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება გაოცდეს, რომ კომუნიზმში ცხოვრებას შედარებით უპირატესობად მივიჩნევ და არა პირიქით.

ჩემი პირადი ბედნიერების ან ჩემი მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით, რასაკვირველია, ეს ნამდვილად არ იყო ბედნიერება, მაგრამ მისი საშუალებით გავიგე თავისუფლების არსი და ყველაფერი მის შესახებ. მაგალითისთვის, სანამ ჯანმრთელად ვართ, ჯანმრთელობას სათანადოდ არ ვაფასებთ. თავისუფლებასთან მიმართებაშიც ასეა. სახიფათოა, თუ მას სათანადოდ არ დავაფასებთ. იმის გამო, რომ თავისუფლება დიდხანს გვაკლდა, ხედვის უნარი გაგვიმახვილდა და მგრძნობელობა გაგვიძლიერდა.

ჩემს ქვეყანაში კომუნიზმის დამხობის შემდეგ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების რადიკალურ რეფორმებში ჩართვამ ის აზრი განმიმტკიცა, რასაც თავისუფლებასა და მის წანამძღვრებზე ვფიქრობდი. შეუძლებელი იქნებოდა ძველი კომუნისტური ინსტიტუტების თავიდან მოცილება, თუ ახალი ინსტიტუტებისა და იმ ქცევის ფორმების თანდათანობით ჩამოყალიბებას დაველოდებოდით, რასაც ისინი მოითხოვენ.

ეს ძალიან ნელი და ძალიან ძვირადღირებული პროცესი იქნებოდა. ვხვდებოდით, რომ თავისუფალი საზოგადოების ინსტიტუტები უნდა აგვეშენებინა და დაგვენერგა.

ქვეყნის გათავისუფლება წარმატებით განვახორციელეთ, მაგრამ ბოლო წლებში ევროკავშირთან მიახლოების და ბოლოს მასში გაწევრიანების საკმაოდ რთული პროცესი გავიარეთ. „ეკონომიკური განათლების ფონდში“ კარგად იციან, რომ ევროკავშირი ეს ის ინსტიტუტია, სადაც თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპს არ წარმოადგენს. ჩემდა სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ წავედით ნაკლებად თავისუფალი, უფრო კონტროლირებადი და მართული ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ.

ამიტომ, გლობალურ დათბობაში მე თავისუფლების საფრთხეს ვერ ვხედავ. მე ამ საფრთხეს ვერ ვხედავ ვერც ნავთობის მარაგის ამოწურვაში, ვერც ჰაერის დაბინძურებაში, ვერც ფრინველის გრიპში და ვერც მთავრობის მიერ სახელმწიფო სკოლების არასაკმარის დაფინანსებაში. როგორც ყოველთვის, თავისუფლების საფრთხეს იდეებში ვხედავ. საფრთხეს ვხედავ ამ იდეებზე აგებულ პოლიტიკაში და ამ იდეებითა და პოლიტიკით გამოწვეულ მოტივირებულ და გამართლებულ საქციელში. ვშიშობ, სწორედ ასეთ იდეებსა და სახელმწიფო პოლიტიკას ებრძოდა და აკრიტიკებდა ადამ სმითი დიდი ხნის წინ.

ასეთ იდეებსა და პოლიტიკას ის განცხადებები და ვარაუდები უდევს საფუძვლად, თითქოს კერძო თვითდაინტერესება ცუდია, ხალხს რაციონალურობა და ეთიკურობა აკლია და კონტროლი, ხელმძღვანელობა და გამოსწორება სჭირდება მათი მხრიდან, ვინც იცის, რა არის მათთვის კარგი. ამგვარად, სახელმწიფო ინტერესების დამცველი ხელისუფლება თავისუფლებას ზღუდავს.

წარსულში ჩვენ ასეთ სისტემაში ვცხოვრობდით, მაგრამ დღეს ევროპაში, გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაშიც ასეთ სიმპტომებს ვხედავ. დასასრულ, არსებობს კიდევ ერთი საშიშროება: იდეოლოგიას მოკლებული, მაგრამ ძალიან აგრესიული „იზმები“, რაც რეალურად სულ ახალია. ნება მომეცით დაგისახელოთ:

  • ჩვენ ყველა ვზრუნავთ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ მეშინია მისი „ფორმალიზმის“.

  • ჩვენ ყველას გვსურს ჯანსაღი გარემო, მაგრამ მე საფრთხეს ვხედავ „ეკოლოგიანიზმში“.

  • თაყვანს ვცემ საპირისპირო სქესს, მაგრამ მეშინია ფემინიზმის.

  • სხვა კულტურებმა ჩვენი კულტურა გაამდიდრეს, მაგრამ მეშინია მულტიკულტურალიზმის.

  • მე მესმის ნებაყოფლობით გაერთიანებათა მნიშვნელობა, მაგრამ მეშინია - „კომუნიზმის“.

1759 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „The Theory of Moral Sentiments“ ადამ სმითი ცდილობდა გაეგო მათი, ვინც ჩვენი თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს. როგორც ის წერდა, მათ სურთ, “დიდი საზოგადოების სხვადასხვა წევრები, ჭადრაკის ფიგურებივით განალაგონ დაფაზე.” ისინი ვერ ხვდებიან, რომ „ჭადრაკის დაფაზე განლაგებული ფიგურები მხოლოდ იმ პრინციპით მოძრაობენ დაფაზე, რა პრინციპითაც ხელი გადააადგილებთ; მაგრამ ადამიანთა საზოგადოებაში ყოველ ცალკეულ ფიგურას „ჭადრაკის დაფაზე“ მოძრაობის საკუთარი პრინციპი აქვს, სრულიად განსხვავებული იმისგან, რის თავსმოხვევასაც შესაძლოაEკანონმდებლობა ცდილობდეს.“

ჩვენი თავისუფლების რეალურ საფრთხედ ახლანდელი ყოვლისმომცველი კანონმდებლობა მესახება, რომელიც ახალი „იზმების“ წარმომადგენელი განსაკუთრებული ინტერესის მქონე ძლევამოსილი ჯგუფების გავლენას განიცდის.

თავისუფლების შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა დაგვრჩენია - კლასიკური ლიბერალიზმის, ადამ სმითის იდეების და „ეკონომიკური განათლების ფონდისკენ“ მიმავალი გზა.

20 დანია: პოტიომკინის სოფელი. სოციალდემოკრატია

▲ზევით დაბრუნება


ჰენრიკ ჰანსენი
დანიის ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტი და ქ. კოპენჰაგენის ბიზნეს სკოლის ლექტორი

თარგმნა ბაბილინა ახობაძემ
გამოქვეყნდა 2003 წელს

მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთის დედოფალს, ეკატერინე მეორეს, ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელის, პოტიომკინის, ინიციატივით მდინარე ვოლგაზე მოგზაურობა მოუწყვეს და აყვავებულდამშვენებული სოფლების ბედნიერი და მდიდრული ბურჟუაზიული ცხოვრება უჩვენეს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითი იყო. ფასადს მიღმა, რომელიც მის საამებლად მორთეს, ავადმყოფობა, სიღატაკე და უბედურება სუფევდა.

აქედან წარმოსდგება გამოთქმა „პოტიომკინის სოფელი“, რასაც ისეთ ადგილს უწოდებენ, სადაც პოლიტიკურად შექმნილი ფონის ქვეშ ნაკლებშთამბეჭდავი სურათი იმალება. დღეს ევროპა სავსეა „პოტიომკინის სოფლებით“, მაგრამ დანიას ვერც ერთი ვერ შეედრება. დანიას ხშირად ევროკავშირის სანიმუშო ქვეყანას უწოდებენ, რომელსაც სხვებისთვის სამაგალითო ეკონომიკური სისტემა აქვს. თითოეულ სულ მოსახლეზე მშპს მიხედვით დანია მსოფლიოში მეათე, ზოგჯერ კი მეხუთე ადგილზეც არის.

დანიის 2001 წლის ეკონომიკური მონაცემები შთამბეჭდავად გამოიყურება:

  • ნელი, მაგრამ დაბალანსებული 1,1 პროცენტიანი ზრდა, რაც 2000 წელს 3,2 პროცენტს შეადგენდა. 1990-იანი წლების შუა ხანებიდან დანიას ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით გაცილებით მეტი ზრდა აქვს;

  • ინფლაციის დონე 2,3 პროცენტია. 1994 წლის შემდეგ 3 პროცენტზე მეტი ინფლაცია არ ყოფილა, 1990 წლის შემდეგ კი - 4 პროცენტზე მეტი;

  • გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი (10 წლიანი) განუხრელად მცირდება და 1990 წელს თუ 10 პროცენტს შეადგენდა დღეს 5 პროცენტამდე ჩამოვიდა;

  • მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთიც (3 თვიანი) ასევე მცირდება და პერიოდულად კიდევ უფრო მეტადაც. 1990 წელს ის 12 პროცენტს შეადგენდა, დღეს კი 3,5 პროცენტია;

  • უმუშევრობის დონე შედარებით დაბალია და სულ კლებულობს. ახლა ის ოფიციალურად 5,2 პროცენტია, იმ დროს, როდესაც 1993 წელს 12,2 პროცენტი იყო;

  • ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება; მშპ 1,9 პროცენტით გაიზარდა. რიგით მეხუთე წელია, რაც ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება;

  • საკმაოდ დიდი გადაჭარბებაა მიმდინარე ანგარიშზე, რაც მშპ-ს 3,4 პროცენტს შეადგენს. 1990-იანი წლებიდან დანიას მუდმივი გადაჭარბება აქვს მიმდინარე ანგარიშზე, 1998 წლის გამოკლებით;

  • დანიის სახელმწიფო ვალი მშპ-ს პროცენტული რაოდენობის სახით რამდენიმე წელია შემცირდა და ახლა დაახლოებით 45 პროცენტს შეადგენს, 1990-იან წლებში კი 80 პროცენტამდე იყო;

  • დანიის საგარეო ვალი მშპ-ს პროცენტული რაოდენობის სახით კლებულობს და ახლა დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს, 1990იან წლებში კი თითქმის 40 პროცენტი იყო;

  • გამოკითხვის მიხედვით, დანია ყველაზე ნაკლებკორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში;

  • დანიას თავი მოაქვს აგრეთვე ყველაზე ჯანსაღი შრომის ეთიკის მქონე მოსახლეობით, რაც ალბათ მართალია.

ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში ზედაპირულად. მაგრამ აბა სხვა ეკონომიკურ სტატისტიკასაც გადავხედოთ, რასაც ხშირად არც კი ახსენებენ.

დანიის მოსახლეობა 5 350 000 ადამიანს შეადგენს. მათ შორის 1 150 000 ადამიანი 18 წლამდე ასაკისაა. დანარჩენი 4 200 000-იდან 2 214 000 მთავრობის დახმარებას იღებს (260 000 სტუდენტის გარდა, რომლებსაც ყოველთვიურად 559 დოლარი სტიპენდია აქვთ).

თუ 2 214 000 ადამიანს, რომელთაგან ზოგი მხოლოდ მთავრობის ნახევარგანაკვეთიან დახმარებას ღებულობს, იმ ხალხის რაოდენობას დავუმატებთ, რომლებიც სრულ დახმარებას ღებულობენ, გამოდის, რომ 1 590 000 ადამიანი სახელმწიფო დახმარების ხარჯზე ცხოვრობს. 1 590 000 ადამიანიდან 710 000 პენსიონერია, დანარჩენი 900 000 კი - შრომისუნარიანი, არასაპენსიო ასაკის. უმეტესობას უმუშევართა სიებში ვერ ნახავთ. ისინი სახელმწიფო დახმარებას სხვა პროგრამებით ღებულობენ; სულ ათი სხვადასხვა პროგრამა არსებობს. დაახლოებით 1 900 000 ადამიანი კერძო სექტორში მუშაობს, 840 000 კი - სახელმწიფო სექტორში ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებში (ამ ციფრების ჯამი 4,2 მილიონს არ შეადგენს, რადგან ყველა სრულ ცვლაში არ მუშაობს).

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შრომისუნარიანი, 18-55 წლის ასაკის ხალხის მეოთხედზე მეტი პასიურად ცხოვრობს სახელმწიფო დახმარების ხარჯზე (სრული განაკვეთი). 1999 წელს სრული სამუშაო დღით დასაქმებული ყოველი 100 ადამიანის ხარჯზე 33 შრომისუნარიანი, არასაპენსიო ასაკის ადამიანი ღებულობდა დახმარებას. ამას თუ დავუმატებთ პენსიონერებს, გამოდის რომ ყოველ 100 დასაქმებულ ადამიანზე 61 სრული შემწეობის ხარჯზე მცხოვრები ადამიანი მოდის (პენსიონერები დაფინანსებას ხელფასიდან დაკავებული თანხებიდან ღებულობენ). დასაქმებულთაგან კი 31,4 პროცენტი სამთავრობო სამსახურში მუშაობს.

რასაკვირველია, ამ ყველაფერს დაფინანსება სჭირდება. ამიტომ დანიას წლების მანძილზე ძალიან მაღალი და მუდმივად მზარდი გადასახადები აქვს.

2002 წელს გასახადების მინიმალური ზღვარი 44,31 პროცენტი იყო, შემდეგ 49,77 და 63,33 პროცენტამდე გაიზარდა. მშრომელი ხალხის 40 პროცენტი გადასახადის მაქსიმუმს - 63,33 პროცენტს იხდის, რაც 33 000 დოლარზე მეტი ოდენობის ყველა შემოსავალს ეხება.

საგადასახადო შეღავათები ძალიან ცოტაა და მათი რიცხვი დღითი დღე მცირდება.

25 პროცენტიანი მოგების გადასახადით თითქმის ყველაფერი იბეგრება.

საშემოსავლო გადასახადი მაღალი შემოსავლის გადასახადის ფარგლებში კერძო პირისთვის 59,7 პროცენტია (თუ 3 წლიანზე მეტი ინვესტიცია არ აქვს), შემდეგ 44,8 პროცენტამდე ჩამოდის.

არსებობს დამატებითი გადასახადები „მავნე“ და „ფუფუნების“ საგნებზე, როგორიც არის მაგ., სიგარეტი, ალკოჰოლი, კანფეტები, უალკოჰოლო სასმელები, ელექტროსაქონელი და სხვ.

მანქანებზე, 25 პროცენტიანი მოგების გადასახადის გარდა 180 პროცენტი სპეციალური გადასახადიც არსებობს. აგრეთვე, წელიწადში ორჯერ, რეგისტრაციისა და წონის გადასახადს იხდიან გზებით სარგებლობის უფლების მისაღებად. საწვავის ფასი შეერთებულ შტატებთან შედარებით სამჯერ მაღალია.

დანია ძალიან ბევრ ახალ გადასახადს აწესებს.

გადასახადები 1990-იან წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს გადასახადები მოდის გათბობაზე, ელექტროენერგიაზე, წყალსა და საწვავზე.

1990-იან წლებში ახალი გადასახადების სამიზნე უძრავი ქონება გახდა, რაც ახლა უკვე მძიმედ იბეგრება. ამასთანავე, საგადასახადო შეღავათების ოდენობა დღითი დღე მცირდება.

დანიის, ისევე, როგორც მთელი ევროპის, ეკონომიკური მდგომარეობის წარმოსადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ სტატისტიკას განვიხილავთ. ამასთან ერთად, მისი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი კუთხით მივუდგებით საქმეს - უპირატესობის (მხოლოდ სტაბილურობა უნდა შევაფასოთ თუ თავისუფლებაც მნიშვნელოვანია?) თუ პერსპექტივის თვალსაზრისით (მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ყველა ამ გადასახადის გამო დანიას გაცილებით ნაკლები პერსპექტივა აქვს ვიდრე სხვა შემთხვევაში ექნებოდა?).

დანიელი პოლიტიკოსები ამაყად აცხადებენ, რომ დანია მსოფლიოს ყველაზე ეგალიტარული ქვეყანაა. შეიძლება ეს მართლაც ასეა, მაგრამ თანასწორობის იდეა ყოველდღიურად მძიმე დარტყმას აყენებს ყველას, ვისაც ახალი იდეა მოუვა ან ისეთ შესაძლებლობას გამოავლენს, რაც ნორმებს სცდება. ახალგაზრდებს საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების, რისკის აღების, ინოვაციებისა და მეწარმეობის გზით წინსვლის შესაძლებლობა აშკარად არ აქვთ.

წარმატებულ და ბეჯით შრომას არ აფასებს ის სისტემა, რომელიც სისტემატურად ცდილობს მოსახლეობა ერთ დიდ ერთგვაროვან საშუალო კლასად გაათანაბროს. მათი ცხოვრების დონე სულ იზრდება, მაგრამ ეკონომიკური უპირატესობა არ ეძლევა. მთელი გადასახადები, რომელიც 70 პროცენტს აღწევს, იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას არ სჭირდება ადამიანთა ეკონომიკური წარმატება და დოვლათის დაგროვება.

როგორც ჩანს, ბევრს მოსწონს ეს სისტემა, მაგალითად, ხალხის ისეთ კატეგორიას, როგორიც ჰაქსლის „ახალ მამაც სამყაროშია“ აღწერილი. რასაკვირველია, ეს ისეთ დინამიკას ქმნის, რაც, დროთა განმავლობაში, ყველას ზიანს აყენებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ხალხს ან არ ესმის, ან არ აღელვებს ეს. თანასწორობა და სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ვიდრე პროგრესი და თავისუფლება.

სოცუზრუნველყოფისა და ფარული მონობის ბედუკუღმართობას ისეთი საოცარი ბერკეტები უპირისპირდება, როგორიც თანდაყოლილი პატიოსნება და ბეჯითი შრომაა. სწორი პოლიტიკით ციხის ბინადარნიც კი ახერხებენ კომფორტულ და ეგალიტარულ არსებობას ისე, რომ ნავით ჩავლისას დედოფალ ეკატერინეზედაც კი შთაბეჭდილებას მოახდენდა. ენერგიას, საწარმოებს, მეწარმეობას და თავისუფლებას მოკლებული ასეთი ეკონომიკური მმართველობის მქონე სისტემები დროთა განმავლობაში გადასახადებით უზარმაზარ თანხას იღებენ.

მიუხედავად პოლიტიკური უტოპიის სანიმუშო რეპუტაციისა, დანიის მოზრდილი ასაკის მოსახლეობის 40 პროცენტი მთელი წლის მანძილზე მთავრობის სრული დახმარების ხარჯზე ცხოვრობს. ამ ხალხის ერთ მესამედზე ცოტა მეტი პენსიონერია, დანარჩენები კი შრომისუნარიანი არასაპენსიო ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც ძირითადად სამთავრობო სამსახურებში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებში მუშაობენ. ეფექტიანი გადასახადების დონე 70 პროცენტია და არა 50 პროცენტი, როგორც ამას თვითონ აცხადებენ (ასეთი დაბალი დონე მხოლოდ მოგების და სააქციზო გადასახადის გარეშეა).

ზოგი თვლის, რომ დანიის კეთილი ნების სახელმწიფო ძალიან ძვირია, მაგრამ იმასაც აცხადებენ, რომ ის ამ ფასად ღირს. თუ მაღალი გადასახადები ისეთ საზოგადოებას უზრუნველყოფს, სადაც ხალხი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, სადაც დამნაშავეობის დონე ძალიან დაბალია, სადაც ხალხი კარგ განათლებას ღებულობს და დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობს, იქნებ მაღალი გადასახადები არც ისე ცუდი რამ იყოს!

ჯერჯერობით თავი დავანებოთ ძალადობრივი ხელახალი გადანაწილების ეთიკურ კითხვებს. ამის ნაცვლად განვიხილოთ როგორი უსაფრთხოება, სოცუზრუნველყოფა და ცხოვრების დონეა დამახასიათებელი დანიისთვის.

დანიაში ხალხი სოციალურად დაცულად გრძნობს თავს - ყოველ შემთხვევაში ამჟამად. მართალია ისინი პენსიებით ვერ მდიდრდებიან, მაგრამ კომფორტულად ცხოვრობენ. პრაქტიკულად ყველა ადამიანი ამა თუ იმ პროგრამაშია ჩართული. მაგრამ ასეთი სისტემა დიდხანს ვერ გასტანს. 1970-იანი წლების დასაწყისში არასაპენსიო ასაკის მხოლოდ 300 000 ადამიანი ცხოვრობდა მთავრობის სრული დახმარების ხარჯზე მთელი წლის მანძილზე, დღეს კი დაახლებით 900 000. მოსახლეობის რაოდენობა უცვლელი დარჩა - დაახლოებით 5 მილიონი. არცთუ ისე შორეულ მომავალში უფრო მეტი პენსიონერი იქნება და ნაკლები არასაპენსიო ასაკის. რაღაც მომენტში შესაძლოა მათი რიცხვი გათანაბრდეს კიდევაც.

ამ კეთილი ნების სახელმწიფომ მრავალი ისეთი ფუნქციის ნაციონალიზაციაც კი მოახდინა, რაც ადრე ოჯახურ ცხოვრებას უწყობდა ხელს. 1960 წელს 30 წლის ასაკის ქალების 91 პროცენტი იყო გათხოვილი. დღეს 50 პროცენტზე ნაკლებია გათხოვილი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხალხი უფრო გვიან ოჯახდება, მაგრამ უფრო იმიტომაც, რომ ბევრი სულ არ ოჯახდება. მათი უმეტესობა, ვინც დაქორწინდა, დღეს უკვე განქორწინებულია. 25 წლის მანძილზე, 1950 წლიდან 1975 წლამდე დაოჯახებულთა 18 პროცენტი განქორწინდა. 1995 წლისთვის 1970 წლის ქორწინებათა 36 პროცენტი განქორწინებით დასრულდა. 1985 წლის ქორწინებათა 20 პროცენტი 7 წელიწადში დასრულდა. ზემოხსენებული ფაქტების გამო, დღეს გაცილებით მეტი მარტოხელა ოჯახია, ვიდრე 1960 წელს. 2000 წელს დანიაში ზრდასრულ ადამიანთა ერთი მესამედი მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა.

თუ ჩვენ დამნაშავეობათა დონეს გადავხედავთ, დანიის 2002 წელს გამოშვებული სტატისტიკური წელიწდეულის თანახმად, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 1935-1960 წლებში სტაბილური იყო: დაახლოებით 100 000 დანაშაული წელიწადში. მაგრამ 1960 წლიდან დღემდე რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 500 პროცენტით გაიზარდა, წელიწადში 500 000-ზე მეტია. თუ ძალადობრივ დანაშაულთა რაოდენობას გადავხედავთ, კიდევ უფრო მძიმე სურათს ვიხილავთ. ძალადობრივი დანაშაულის რაოდენობა 1960 წელს დაახლოებით 2 000 იყო, დღეს კი დაახლოებით 15 000, ე.ი. 700 პროცენტით გაიზარდა და კვლავ მკვეთრად იზრდება.

ძალიან საოცარი ვითარებაა. კეთილი ნების სახელმწიფოთა ქომაგები ხშირად ამბობენ, რომ დამნაშავეობას სიღატაკე განაპირობებს. მაგრამ დანაშაულობათა ზრდის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, დანია ორჯერ უფრო გამდიდრდა. კეთილი ნების სახელმწიფოთა ქომაგები იმასაც ამბობენ, რომ სიღატაკე ეკონომიკური უთანასწორობის შედეგია. მაგრამ დანია ხომ შემოსავლების ხელახალი გადანაწილების ყველაზე ფართო პროგრამაშია ჩაბმული. დღეს ის მსოფლიოს ყველაზე ეგალიტარული ქვეყანაა.

ამგვარად, ერთადერთი, რაც კეთილი ნების სახელმწიფოთა ქომაგებმა სწორად იწინასწარმეტყველეს, დანაშაულთა მზარდი რაოდენობაა. იქნებ სულ სხვა ფაქტორები იწვევს ასეთ შედეგს? დანიამ მესამე სამყაროს ქვეყნებიდან ემიგრანტთა და ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიიღო. სამწუხაროდ, ემიგრანტები ფართოდ ფიგურირებენ დანაშაულობათა სტატისტიკაში - დაახლოებით ხუთიდან ერთი - მაგრამ ისინი მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენენ. აქედან გამომდინარე, დანაშაულობათა ზრდა მთლად მათ ვერ დაბრალდებათ.

არსებობს უკეთესი ახსნაც. ქონების მასიური ხელახალი გადანაწილების პროგრამმებმა საკუთრების უფლების პატივისცემა დაუკარგა ხალხს. მდიდარი მეწარმეების წინააღმდეგ მიმართულმა რიტორიკამ, რომელიც ქონების ხელახალ გადანაწილებას ახლდა, სოციალური ანტაგონიზმი წარმოშვა. მთავრობის შემწეობის ხარჯზე მცხოვრებ ხალხს ბევრი თავისუფალი დრო აქვს „ეშმაკისეული საქმეების ჩასადენად.“

შესაძლოა საუკეთესო ახსნას ინტელექტუალური მსოფლმხედველობის ცვლილება წარმოადგენდეს. 1960-იან წლებში ერთი ახალი თეორია გაჩნდა - დანაშაული სამართალდამრღვევს კი არ უნდა დაბრალდეს, არამედ საზოგადოებას. იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დამნაშავე კი არ უნდა დაისაჯოს (ყოველ შემთხვევაში ძალიან მკაცრად არა), არამედ მასზე საზოგადოებრივი ზემოქმედება უნდა მოხდეს. ეს იდეა ახლაც იმდენად პოპულარულია, რომ ახლანდელმა კონსერვატორმა იუსტიციის მინისტრმა წინადადება წამოაყენა, პატიმრებს მიღებული სასჯელი გავუნახევროთო. მან განაცხადა, ამით დანიის ციხეებში პატიმართა რიცხვს შევამცირებთო. მაგრამ შესაძლოა ამით მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს!

ახლა ვნახოთ რა ხდება განათლებაში. ბევრს სჯერა რომ, თუ განათლებას მთავრობა არ უზრუნველყოფს, მხოლოდ მდიდრებს ექნება განათლების მიღების შესაძლებლობა. შევადაროთ დანია და შეერთებული შტატები, სადაც სახელმწიფო დაფინანსების მიღება, განსაკუთრებით უმაღლესი განათლებისთვის, ისე იოლი არ არის, როგორც დანიაში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით („Education at a Glance“, OECD), დანიაში ბაკალავრის ან უფრო მაღალი წოდება 25-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობის 15 პროცენტს აქვს, შეერთებულ შტატებში კი - 26 პროცენტს, დაახლოებით ორჯერ მეტი. შვედეთში ეს მონაცემები 13 პროცენტს შეადგენს, ნორვეგიაში 16-ს. თუ განათლების დონეს სხვა კუთხით შევხედავთ, დანიაში მხოლოდ ცხრაწლიანი განათლების ამარა დარჩენილია 34 პროცენტი, შეერთებულ შტატებში 14 პროცენტი; შვედეთში 26 და ნორვეგიაში 18 პროცენტი. როგორც ვხედავთ, შეერთებულ შტატებში კვლავ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. სასკოლო წლების მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, შეერთებული შტატების მოსახლეობას მსოფლიოში საუკეთესო განათლება აქვს. არც ერთ ქვეყანაში არ არის იმდენი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი, რამდენიც შეერთებულ შტატებში და არც ერთ ქვეყანაში არ არის მხოლოდ 9წლიანი განათლების მქონეთა ისეთი მცირე რაოდენობა, როგორც შეერთებულ შტატებში. ალბათ, ევროპელთა უმრავლესობას გააოცებს ეს ინფორმაცია (რასაკვირველია, ვაღიარებ, რომ ეს რაოდენობრივი მაჩვენებელია და არა ხარისხობრივი).

დანიაში ბევრი ვერ ღებულობს ისეთ განათლებას, როგორიც სურს. ყველა უმაღლეს სასწავლებელს სახელმწიფო მართავს და უფასოა. ცენტრალიზებულად იგეგმება რამდენი ექიმი, არქიტექტორი, ინჟინერი, იურისტი, ეკონომისტი და ა.შ. სჭირდება საზოგადოებას. სტუდენტებს უფროსი კლასების ნიშნების მიხედვით ანაწილებენ. ვისაც საკმაოდ მაღალი ნიშნები არ აქვს, შეიძლება სასურველ ფაკულტეტზე ვერ ისწავლოს.

რამდენადაც ვიცი, დანიაში არ არსებობს ხარისხის დონის ობიექტური ტესტირება. მაგრამ, ალბათ, განათლების დაბალი ხარისხის მაჩვენებელია ის, რომ სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჰუმანიტარულ საგნებს ირჩევს. ისინი თავს არიდებენ ისეთ ფაკულტეტებს, სადაც მათემატიკა ან სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერება ან ეკონომიკა ისწავლება, რაც უფრო მეტ უნარჩვევებს მოითხოვს.

რა შეიძლება ითქვას ჯანმრთელობის დაცვაზე? დანია ერთერთია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალ იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც 1970-იანი წლების დასაწყისიდან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ოდნავ გაიზარდა. 1970-იანი წლების დასაწყისში დანია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე იყო, დღეს კი თითქმის ბოლოში გადაინაცვლა.

პოლიტიკოსების თანახმად, დანიის უხარისხო საავადმყოფოები და მკურნალობისა და ქირურგიული ოპერაციების რიგში მდგართა ვრცელი სიები აქ არაფერ შუაშია. მათი თქმით, ეს დანიელი ხალხის მოწევისა და სმის მავნე ჩვევით არის განპირობებული. და მაინც, გაზეთებში ხშირად ვკითხულობთ, რომ ამა თუ იმ ადამიანის გარდაცვალების თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ დროულად ვერ იმკურნალა.

ჯანსაღ ეკონომიკურ თეორიას შეუძლია ახსნას, რატომ არ არის საკმარისი სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ჯანმრთელობის დაცვა და განათლება და დღითი დღე რატომ უარესდება მათი ხარისხი. როდესაც მიმწოდებლებს მოგების მოტივი არ ამოძრავებთ და არც საბაზრო კონკურენციაში არიან ჩაბმული, ისინი უკვე მომხმარებელზე ორიენტირებულნი არ არიან, ხარისხი იკლებს და ფასები იზრდება. რადგან არც საბაზრო ფასებია და, აქედან გამომდინარე, არც არავითარი ეკონომიკური გათვლები, მათ არც ეფექტურად დაგეგმვა შეუძლიათ და არც მომხმარებელთა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად მათ არც ინფორმაცია აქვთ და არც სტიმული. ასე იყო ადრინდელი ცენტრალიზებული მართვის ქვეყნებში, ასეა დანიაშიც, სადაც ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში, უმეტესად კი ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროში, ცენტრალიზებული მმართველობა სჭარბობს.

ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ არც დამნაშავეობის, არც ჯანმრთელობის დაცვისა და არც განათლების სფეროში, როგორც ჩანს, საიმედო შედეგებს არ უნდა მოველოდეთ. პირიქით. დღითი დღე მცირდება სოცუზრუნველყოფის პერსპექტივა მთავრობის ან ოჯახის იმედად. ქვეყანას, სადაც ყოველი მშრომელი მოქალაქე იძულებულია პირადი შემოსავლის უდიდესი ნაწილი საყოველთაო კეთილდღეობას შესწიროს, ნათელი პერსპექტივა არ უჩანს.

ახალგაზრდებისთვის ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნის დატოვებაა. ახლახან დანიის ეკონომიკური საბჭოს სამი ეკონომისტიდან ერთერთმა წინადადება წამოაყენა, რომ თუ დანიელი ახალგაზრდები, რომლებმაც განათლება დანიაში მიიღეს, საზღვარგარეთ წასვლას მოინდომებენ, თავიანთი განათლების ხარჯები უკან უნდა დაუბრუნონ სახელმწიფოს. ისინი მხოლოდ მაშინ შეძლებენ საზღვარგარეთ წასვლას, როდესაც თავიანთი განათლების ხარჯების დასაფარად საკმარის გადასახადებს გადაიხდიან.

ამგვარად, ბერლინის კედლის სოციალდემოკრატიული ვერსია მივიღეთ - ეკონომიკური ბარიერი ემიგრაციის თავიდან ასაცილებლად, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს ხალხის დაბეგვრა განაგრძოს და ასეთი გაურკვეველი სისტემა შეინარჩუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დანიამ თითქმის ამოწურა თავისი გზა.

21 რა დამართა მთავრობამ ჩვენს ოჯახებს?

▲ზევით დაბრუნება


ალან კარლსონი
ილიონისის შტატში ქ. როკფორდის ჰოვარდის ცენტრის პრეზიდენტი. მიზესის ინსტიტუტის მოწვეული სწავლული

თარგმნა ბაბილინა ახობაძემ
გამოქვეყნდა 2003 წელს

რას ერჩის მთავრობა ჩვენს ოჯახებს?

ის, რაც შვედურ ოჯახებსა და მათ ბავშვებს დაემართათ, ლუდვიგ ფონ მიზესის ნათქვამის ჭეშმარიტებას ადასტურებს - კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის „არავითარი კომპრომისი“ არ შეიძლება არსებობდეს. ამჯერად გიჩვენებთ, რატომ არის, რომ სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის ზრდა შეიძლება „მარჩენალის“ ფუნქციების მქონე ოჯახის წევრებიდან სახელმწიფო მოხელეებზე გადატანად განვიხილოთ. ეს პროცესი შვედეთში XIX საუკუნეში დაიწყო, როდესაც სახელმწიფომ სავალდებულო სასკოლო განათლების, ბავშვთა შრომისა და ხანდაზმულობის სახელმწიფო პენსიების შესახებ კანონმდებლობების შემოღებით ბავშვები სახელმწიფოს საკუთრებად აქცია. ამ რეფორმებმა ის ტენდენცია წარმოშვა, რომ შვედურ ოჯახს თითოოროლა ბავშვი თუ ჰყავდა და უშვილო ოჯახებიც გახშირდა, რასაც, თავის მხრივ, „მოსახლეობის კრიზისი“ მოჰყვა. ამით ისარგებლეს სოციალდემოკრატებმა გუნარ და ალვა მირდალებმა და 1930-იან წლებში ბავშვთა აღზრდის სრულ სოციალიზაციას დაუჭირეს მხარი. მათი „საოჯახო პოლიტიკის შედეგად“, რომელიც მომდევნო ორმოცი წლის მანძილზე ხორციელდებოდა, შვედური ავტონომიური ოჯახი ფაქტობრივად მოისპო და მას სახელმწიფოზე „დამოკიდებული საზოგადოება“ ჩაენაცვლა, სადაც მოქალაქეები სახელმწიფო მოხელეებზე არიან დამოკიდებული.

ახლა შვედეთი სახელმწიფო შემწეობების ხაფანგიდან თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ ბავშვების ნაციონალიზაციის მხარდაჭერამ შეერთებულ შტატებში იჩინა თავი.

თავის მოკლე ნაშრომში - „ბიუროკრატია“ - ლუდვიგ ფონ მიზესი აღნიშნავს, რომ თანამედროვე სოციალიზმს „ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე მარწუხებში ჰყავს მოქცეული“, ხოლო „ბავშვები და მოზარდები სახელმწიფო კონტროლის ყოვლისმომცველი მექანიზმის საიმედო შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ“. სხვა კონტექსტში ის „კაპიტალზმსა“ და „სოციალიზმს“ ერთმანეთს უპირისპირებს და ასკვნის: „ამ ორ სისტემას შორის კომპრომისი შეუძლებელია. ის გავრცელებული მოსაზრება, თითქოს შუალედური სისტემაც არსებობდეს, მცდარია; ვერავითარი მესამე სისტემა ვერ იქნება მტკიცე სოციალური წყობის მოდელი.“ ჩემი მოსაზრებები ამ თეორიის სამართლიანობას ეხება და იმ დაკვირვებებზეა აგებული, რაც თანამედროვე შვედეთის ტიპურ „უალედურ“სახელმწიფოში ოჯახისა და ბავშვების მაგალითზე დავინახე.

ის, რაც შვედეთში გვხვდება ლოიალობის კერის თვალსაზრისით, სახელმწიფოს მთავარი მეტოქის, ოჯახის წინააღმდეგ მიმართული ბიუროკრატიული მანიპულაციის კლასიკური შემთხვევაა. როდესაც სახელმწიფოსა და ოჯახს შორის მეტოქეობაზეა საუბარი, უნდა გვახსოვდეს, რომ „მარჩენალის“ აუცილებლობის საფუძველი ყველა საზოგადოებაში მუდმივად არსებობს. ნებისმიერ საზოგადოებაში არიან ყმაწვილები, ბავშვები, მოხუცებულები, უნარშეზღუდულები და მძიმე ავადმყოფები. ამ ხალხს საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლიათ. სხვების დახმარების გარეშე ისინი ვერ იარსებებენ. ყველა საზოგადოებაში უნდა არსებობდეს მათზე ზრუნვის მექანიზმი. თავისუფალ ქვეყნებში ასეთი „უმწეო“ ადამიანების დაცვასა და მოვლას ოჯახის ბუნებრივი ინსტიტუტი უზრუნველყოფს (თემებისა და ნებაყოფლობითი ორგანიზაციების დახმარებით). უნდა ითქვას, რომ წმინდა სოციალისტური პრინციპი - თითოეულისგან უნარის მიხედვით, თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით - მხოლოდ ავტონომიურ ოჯახში მოქმედებს, ამასთან, მხოლოდ და მხოლოდ ოჯახში.

შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის ზრდა „მარჩენალის“ ფუნქციის გადაცემაა ოჯახიდან სახელმწიფოზე, სისხლის ნათესავებიდან, ქორწინებით შეკავშირებული ან შვილად აყვანილი ადამიანებიდან სახელმწიფო მოხელეებზე. ეს პროცესი შვედეთში XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო იმ ბიუროკრატიული პროექტების გზით, რომელიც მშობლებსა და ბავშვებს შორის კავშირის მოშლას ემსახურებოდა. ბავშვებზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება 1840-იან წლებში კლასიკური გზით - სავალდებულო სასკოლო განათლების კანონის შემოღებით დაიწყო. მართალია, ამას ცოდნის ამაღლებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის გატარებული ღონისძიების სახელით ამართლებდნენ, მაგრამ უფრო მეტად ბავშვების ნაციონალიზაციისკენ იყო მიმართული იმ მოსაზრებით, რომ სახელმწიფო ფუნქციონერებმა (შვედეთის სამეფო ბიუროკრატიამ) უკეთ იცოდნენ, როდის რა უნდა ეკეთებინათ ბავშვებს და, რომ მშობლები ვერ ან არ დაიცავდნენ შვილებს ექსპლუატაციისგან.

მეორე ნაბიჯი 1912 წლის კანონმდებლობა იყო, რითაც ეფექტიანად აიკრძალა ბავშვების მუშაობა ქარხნებში და, გარკვეულწილად, ფერმებშიც. კვლავ იგულისხმებოდა, რომ სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის მუშაკებმა უკეთ იცოდნენ, როგორ უნდა განაწილებულიყო ბავშვების დრო და ბავშვების მიმართ ისინი უფრო გულმოწყალენი იყვნენ ან იქნებოდნენ, ვიდრე მშობლები.

საბოლოო ნაბიჯი შვედეთის მთავრობის მიერ იმავე პერიოდში ამოქმედებული მოხუცებულობისა და ხანდაზმულობის პენსიების პროგრამები იყო, რაც მალე საყოველთაო გახდა. ამჯერად ეს კიდევ ერთი ფუნქციის, „ღრმა მოხუცებულებისა“ და „უმწეოების“ მარჩენალის ფუნქციის ნაციონალიზაციას გულისხმობდა. საუკუნეების მანძილზე მოხუცებზე ზრუნვა ოჯახის საქმე იყო. ამიერიდან კი ეს სახელმწიფოს საზრუნავი ხდებოდა. ყველა ეს რეფორმა საბოლოოდ ბავშვების ეკონომიკური ღირებულების ნაციონალიზაციას ემსახურებოდა. ოჯახს ნატურალური მეურნეობა და მშობლებს საკუთარი შვილებით სარგებლობის საშუალება მოუსპეს როგორც ოჯახურ საწარმოში მუშაობის, ისე მოხუცებულობის ასაკში „სოციალური უზრუნველყოფის“ თვალსაზრისით. ბავშვების აღზრდის ხარჯები ისევ მშობლების გადასახდელი დარჩა, ის ეკონომიკური მოგება კი, რასაც თვითონ ბავშვი წარმოადგენს, „საზოგადოებამ“, ანუ ბიუროკრატიულმა სახელმწიფომ მიიტაცა. „გარი ბეკერის სკოლის“ ეკონომისტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი რეფორმების ფონზე ბავშვების შემცირების ტენდენცია იყო მოსალოდნელი. ასეც მოხდა. 1800-იანი წლების დასასრულიდან შვედეთში შობადობა სწრაფად შემცირდა; 1935 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე დაბალი შობადობის დონე იქ იყო - ნულოვანი ზრდის დონეზე დაბალი (შობადობა სიკვდილიანობაზე ნაკლები იყო), როდესაც თაობების ჩანაცვლება ძლივს ხერხდებოდა.

მოსახლეობის დემოგრაფიული ცვლილების სტანდარტული თეორია დიდი ხანია ამტკიცებს, რომ შობადობის ასეთი კლება თანამედროვე ინდუსტრიალიზაციის გარდაუვალი შედეგია: კაპიტალისტური ეკონომიკა ტრადიციული ოჯახური კავშირების რღვევას იწვევს. მართალია, ტრადიციული ოჯახის სტრუქტურა ინდუსტრიულ საზოგადოებაში ახალი სახის წინააღმდეგობათა წინაშე დგას, მაგრამ უფრო უახლესი თეორია ამტკიცებს, რომ, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ზრდა უფრო დიდ პრობლემას წარმოშობს.

პრინსტონის უნივერსიტეტის დემოგრაფი ნორმან რაიდერი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების განხილვისას შობადობის კლების მთავარ მიზეზად სახელმწიფო განათლების მასობრივ დანერგვას მიიჩნევს. „განათლება დამღუპველ გავლენას ახდენს ახალგაზრდა თაობაზე,“ ამბობს ის. „პოლიტიკური ორგანიზაციები, მაგალითად, ეკონომიკური ორგანიზაციები, ლოიალობას მოითხოვენ და ცდილობენ ოჯახისადმი განსაკუთრებული ერთგულება ჩაახშონ. ოჯახსა და სახელმწიფოს შორის ბრძოლა მიმდინარეობს ბავშვის გონების დასაპყრობად“. ამ ბრძოლაში „მთავარი იარაღის“ ფუნქციას სავალდებულო სახელმწიფო სკოლა ასრულებს, სადაც „მშობლებისგან მოშორებით, ბავშვებს პირდაპირ მოქალაქეობას ასწავლიან“. რაიდერი ამტკიცებს, რომ შვედეთის მაგალითი საყოველთაო ფაქტია. ის იმასაც ამბობს, რომ მშობლებს სავალდებულო განათლება ბავშვების აღზრდის ხარჯებს უზრდის, მათი შრომის გამოყენების საშუალებას კი ართმევს, რითაც მათ ეკონომიკურ ღირებულებას ამცირებს. გარდა ამისა, სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა ოჯახში თაობებს შორის არსებულ ბუნებრივ კავშირებს სხვა გზითაც სპობს, რის შედეგადაც ოჯახის მაგივრად ლოიალობის ახალ და მთავარ კერად სახელმწიფო რჩება.

ეროვნულმა ოჯახურმა სისტემამ დროთა განმავლობაში შესაძლოა რეპროდუქციის ერთიან „ცოლქმრულ“ ბირთვთან დაკავშირებით რეორგანიზაცია განიცადოს; მაშინ დამოუკიდებლობის ეს საფუძველიც თანდათან გაქრება. რაიდერი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ჩარევის შედეგად შობადობა პროგრესულად კლებულობს და მთავრობაზე დამოკიდებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მარტოდმარტო რჩებიან.

სოციალური მოწყობის ასეთი მოდელისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობაზე შვედეთში 1930-იანი წლების დასაწყისში ალაპარაკდნენ. როდესაც შობადობა ნულოვანი ზრდის დონეზე ქვემოთ ჩამოვიდა, შვედი კონსერვატორები „გადაშენების საფრთხემ“ და ბავშვების „გაუჩინარებამ“ შეაშფოთა. ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ მთავარი პრობლემა სულიერი ნგრევა, ანუ ქრისტიანობის დაკნინება და მატერიალურისკენ, პირადი კეთილდღეობისკენ სწრაფვა იყო. ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ხედავდა, რომ პრობლემას ბოლო 90 წლის განმავლობაში მოქმედი საგანმანათლებლო და სოციალური კანონმდებლობა ქმნიდა. ამგვარად, როდესაც შვედეთში „მოსახლეობის კრიზისმა“ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, დემაგოგიასა და ექსპლუატაციას გაეხსნა გზა.

ამ ვითარებაში გამოჩნდა ორი ახალგაზრდა შვედი სოციოლოგი - გუნერ მირდალი და მისი ცოლი ალვა მირდალი. ვიდრე იმ საკითხზე გადავიდოდე, თუ როგორ ისარგებლეს მათ შექმნილი ვითარებით და როგორ ბოროტად გამოიყენეს მოსახლეობის კრიზისის საკითხი, ნება მომეცით, ცოტაოდენი რამ მოგითხროთ მათი ბიოგრაფიის შესახებ და იმ მიმდინარეობაზე, რამაც მათ მუშაობაზე მოახდინა გავლენა.

ბიუროკრატიულ პატერნალიზმს შევედეთში დიდი ხნის ისტორია ჰქონდა, რასაც XVI საუკუნის დასაწყისის ვასათა დინასტიის სახელმწიფო აპარატში ჩაეყარა საფუძველი და 1540-იან წლებში პროგრესი განიცადა, როდესაც ნილს დაკეს წარუმატებელი აჯანყების შემდეგ რეგიონული ავტონომია დაემხო. მირდალები ერთგვარ სიახლეს, „თვითონ XX საუკუნეს“ წარმოადგენდნენ. ისინი სოციოლოგები იყვნენ - აკადემიური ინტელექტუალები - და ახალი ტიპის სახელმწიფოს ემსახურებოდნენ. როგორც თვითონ ალვა მირდალი ამბობს: „პოლიტიკა [ახლა]... ლოგიკასა და ტექნოლოგიების ცოდნას ეყრდნობა, ამიტომ, იძულებულია, არსებითად, კონსტრუქციულ სოციალურ ინჟინერიად იქცეს.“

მართალია, ჩვენ, ამერიკელებს გამუდმებით გვესმის კომენტარები „შვედური მოდელის“ კეთილგონივრულობაზე, მაგრამ საინტერესოა აღინიშნოს რამდენად ეყრდნობა ახალი შვედური საყოველთაო სახელმწიფო კეთილდღეობა ამერიკულ ექსპერიმენტებს. მირდალებმა 1929-30 აკადემიური წელი („პროგრესული ეპოქის“ უღიმღამო თვეები) შეერთებულ შტატებში გაატარეს ლორა სპელმან როკფელერის ფონდის დაფინანსებით. ამ პერიოდში ალვა მირდალი ეგრეთ წოდებული „ჩიკაგოს სოციოლოგიური სკოლის“ გავლენის ქვეშ მოექცა. კერძოდ, მასზე დიდი გავლენა მოახდინა უილიამ ოგბურნის მოსაზრებამ, რომ სახელმწიფო და სკოლა აშკარად ოჯახის ხარჯზე გაიზარდა, და რომ ოჯახი „ფუნქციის დაკარგვის“ საფრთხის წინაშე იდგა, რადგან მისი ისტორიული აუცილებლობა პიროვნებისადმი ექსკლუზიურმა დამოკიდებულებამ შეცვალა. ალვა მირდალი დიდ დროს ატარებდა აგრეთვე კოლუმბიის უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტსა და როკფელერის ფონდის გრანტებით დაფინანსებულ ექსპერიმენტულ სკოლამდელ დაწესებულებებსა და ბავშვთა სახლებში, ბავშვთა სოციალური აღზრდის სანიმუშო დაწესებულებებში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

გუნარ მირდალმა კოლუმბიასა და ჩიკაგოს უნივერსიტეტში მუშაობისას გააცნობიერა, რომ შვედეთში „მოსახლეობის კრიზისთან“ დაკავშირებით წარმოშობილ დებატებში უზარმაზარი პოლიტიკური პოტენციალი ჩანდა.

1932 წელს ავანგარდულ შვედურ ჟურნალ „სპექტრუმში“ (შპეკტრუმ) გამოქვეყნებულ სტატიაში - „სოციალური პოლიტიკის დილემა“ - გუნარ მირდალი საჭირო პოლიტიკურ ბერკეტს შეეხო. მან ევროპაში 1914 წლამდე არსებულ „ლიბერალურ სოციალიზმსა“ და „სოციალისტურ ლიბერალიზმს“ შორის კომპრომისის ძიება დაიწყო. ის ამბობდა, რომ ასეთი სტრუქტურების პირობებში XIX საუკუნის ლიბერალიზმმა მალთუზიურ პესიმიზმსა და თავისუფალი ბაზრის დოგმატიზმს თავი ანება და ნაცვლად ამისა, მუშების დასაცავად რეფორმების აუცილებლობაზე ალაპარაკდა; ამ დროს სოციალისტებმა რევოლუციის მიზნებსა და საკუთრების მასიურ ხელახალ გადანაწილებას უკვე თავი ანებეს, რაც გულისხმობდა, რომ მუშათა კლასის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯებით დაკმაყოფილდნენ.

მაგრამ ეს კომპრომისი მსოფლიო ომმა შეარყია. მირდალი ამბობდა, ახლა კლასიკური ლიბერალიზმი მოკვდა და მისი მომხრეები გაიფანტნენო. ამავე დროს, ის ამტკიცებდა, რომ მუშათა მოძრაობის რერადიკალიზაცია და ახალი ტიპის სოციალური პოლიტიკის ძიება იყო საჭირო. მისი განცხადებით, ძველი კომპრომისის პირობებში სიმპტომებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა არსებობდა, რაც ღარიბებისა და უმწეოების დახმარებას ემსახურებოდა, ახალი სოციალური პოლიტიკა კი პრევენციული ხასიათის უნდა ყოფილიყო. ახლა, სოციოლოგებს თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიების გამოყენებით სახელმწიფოს საშუალებით შეეძლოთ სოციალური პათოლოგიების თავიდან აცილება. როგორც ის ამბობდა, როდესაც პრევენციული სოციალური პოლიტიკა ადამიანზე ორიენტირებულ ღირებულ მოძღვრებასა და რაციონალურ მეცნიერებას ეყრდნობა, „ბუნებრივად ერთიან“ ტექნიკურად სწორ და პოლიტიკურად რადიკალურ გადაწყვეტილებას ვღებულობთ. კერძოდ, მირდალი აღნიშნავდა, რომ შვედეთის მოსახლეობის კრიზისი რაციონალურ სოციოლოგიურ აზრს ეფექტიანი და რადიკალური იდეების წარმოშობის შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი ცვლილებისთვისო.

მირდალებმა ეს პროგრამა 1934 წლის ბესტსელერში - „Crisis in the Population Question“ - დააკონკრეტეს. ეს არის ბრწყინვალედ არგუმენტირებული გამოცემა, რომელმაც არსებითად შეცვალა შვედეთი. იმ დროს, როდესაც შვედი კონსერვატორები შეშფოთებას გამოთქვამდნენ სექსუალური ამორალობის გამო, მირდალები პირდაპირ მიუთითებდნენ იმ წინააღმდეგობაზე, რასაც სახელმწიფოს არასრულყოფილი სოცუზრუნველყოფა ქმნიდა. მათი თქმით, მთავრობის ადრინდელმა ღონისძიებებმა, მაგალითად, სავალდებულო სასკოლო განათლებამ, ბავშვთა შრომის აკრძალვამ, ხანდაზმულობის სახელმწიფო პენსიამ, მშობლებისთვის ბავშვებს ღირებულება დაუკარგა, მათი აღზრდის ხარჯები კი ისევ ოჯახს დაუტოვა. ამის გამო, სიღატაკის მთავარ მიზეზად ბავშვები იქცნენ. თუ სახელმწიფო სტრატეგიას გავითვალისწინებთ, იმ ადამიანებს, ვისაც ბავშვების სახით ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდა ერის გადარჩენის საქმეში, სიღატაკე, უვარგისი საბინაო პირობები, ცუდი კვება და შეზღუდული შვებულების პრობლემა ელოდა. ახალგაზრდა წყვილები ნებაყოფლობითი არჩევანის წინაშე იდგნენ - ბავშვები ჰყოლოდათ და სიღატაკეში ეცხოვრათ, თუ ბავშვები არ ჰყოლოდათ და უკეთ ეცხოვრათ. სახელმწიფო შემწეობათა სისტემის გამოისობით, მოზრდილ ახალგაზრდებს პენსიონერები და უმწეოებიც უნდა ერჩინათ და ის ბავშვებიც, რომლებსაც თვითონ აჩუქეს სიცოცხლე. ამხელა ტვირთის ზიდვას, მათ ბავშვების რიცხვის შემცირება არჩიეს, რადგან ეს ერთადერთი რამ იყო, რის გაკონტროლებაც თვითონ შეეძლოთ. სწორედ ამის გამო იყო, რომ შვედეთის მოსახლეობა შემცირდა და ერს გადაშენების საფრთხე დაემუქრა.

მირდალების თანახმად, მხოლოდ ორი ალტერნატივა არსებობდა. პირველი, ოჯახის ავტონომიის აღდგენის მიზნით სახელმწიფო სკოლების დაშლას, ბავშვთა შრომის კანონებისა და მოხუცებულობის სახელმწიფო პენსიების გაუქმებას გულისხმობდა, რაზედაც, მათი აზრით, „საუბარიც არ ღირდა”. მეორე და ერთადერთი პრაქტიკული ალტერნატივა კი სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის სრულყოფა და ბავშვების დაბადებისა და აღზრდის თითქმის მთელი ხარჯების ნაციონალიზაცია იყო, რაც მათთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას გადაჭრიდა. რეალურად ისინი ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს წინარე ჩარევით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს უფრო სრული ჩარევა იყო საჭირო.

ეს კი ახალი სახის შემწეობებს გულისხმობდა: „ეს პრევენციულ სოციალურ პოლიტიკას გულისხმობს, რომლის ძირითადი მიზანი ადამიანური რესურსის ხარისხის გაუმჯობესება და, ამავე დროს, რადიკალური ხელახალი გადანაწილების პოლიტიკის გატარებაა, რაც ბავშვების შენახვის ტვირთს მნიშვნელოვანწილად მთელი საზოგადოების საზრუნავად აქცევს.“ ასეთი უფლება სახელმწიფო ბიუროკრატიას ადრე არასდროს გამოუყენებია. თვითონ სიტყვა „პრევენციული“ პოლიტიკა ისე ჟღერდა, რომ დახმარებებს, უსაფრთხოებასა და კონტროლს ყველა შვედური ოჯახი კარს უღებდა. არავინ იცოდა სად შეიძლებოდა პრობლემა წარმოქმნილიყო: ამიტომ, ბიუროკრატიული ჩარევის უნივერსალური ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ, რომ პრევენცია რეალობად ქცეულიყო.

ამას მირდალები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ: „ამით მოსახლეობის საკითხი საზოგადოების ღრმა და რადიკალური სოციალისტური გარდაქმნის ყველაზე ეფექტიან არგუმნეტად იქცევა.“ სხვაგვარად ერს მხოლოდ გადაშენება ელისო, ამბობდნენ ისინი.

მათი პროგრამა საყოველთაო სახელმწიფო შემწეობებს მოიცავდა, მათ შორის: ბავშვთა ჩაცმადახურვას, ჯანმრთელობის დაცვას, საბავშვო ბაღებს, სახელმწიფო საზაფხულო ბანაკებს, სკოლაში უფასო საუზმეს, სახელმწიფო დაფინანსების საცხოვრებელ სახლებს, ბავშვის დაბადებისას სხვადასხვა ხარჯების დაფარვას, საქორწინო სესხებს, ფეხმძიმეთა და მშობიარეთა სახელმწიფო მომსახურების გაფართოებას, ცენტრალიზებულ ეკონომიკურ დაგეგმვას და ა.შ. სინამდვილეში ეს ყველაფერი ხარჯების ნაციონალიზაციას ისახავდა მიზნად და ყველა ოჯახს რაციონალურად განსაზღვრული, ერთგვაროვანი სახელმწიფო მომსახურებით უზრუნველყოფდა, რასაც სახელმწიფოს მიერ დასაქმებული პირები ემსახურებოდნენ და მდიდრებსა და უშვილოებზე დაკისრებული გადასახადებით ფინანსდებოდა.

მათი პროგრამის შესახებ ხშირად გაისმოდა, რომ ის ოჯახს საფრთხეს უქმნისო, რაზედაც ისინი მათთვის დამახასიათებელ ბუნდოვან პასუხს იძლეოდნენ. „ახლანდელი პატარა ოჯახი ერთგვარ... პათოლოგიურ მოვლენას წარმოადგენს,” ამბობდნენ მირდალები. „ძველი იდეალები იმ თაობასთან ერთად უნდა გაქრეს, რომელიც მათ ეყრდნობოდა.“

თავისუფლებისა და ოჯახური ავტონომიის მოთხოვნამ საყოველთაო მწვავე რეაქცია გამოიწვია. მირდალები აცხადებდნენ, რომ მშობლების „ვერაგული ინდივიდუალლისტური სურვილი”, რომ საკუთარი შვილების აღზრდის „უფლება ჰქონდეთ“, არაჯანსაღიაო: „...მათი უმრავლესობის მოსაწყენი პათოსი, რითაც „პიროვნების თავისუფლებისა“ და „საკუთარ ოჯახზე პასუხისმგებლობის“ იდეას იცავენ, უმეტესად სადისტურ მიზანს ემსახურება, რომ ეს „თავისუფლება“ უსაზღვრო და უკონტროლო უფლებებად აქციონ და სხვებზე იბატონონო.

საერთაშორისო თანამეგობრული საზოგადოებისთვის მომზადებული ბავშვები რომ აღვზარდოთ, „ისინი ჩვენგან შორს უნდა გავუშვათ” და მათი მოვლაპატრონობა სახელმწიფო დიპლომის მქონე სპეციალისტებს უნდა მივანდოთო, აცხადებდნენ ისინი. რასაკვირველია, სახელმწიფო კონტროლირებადი კოლექტიური საბავშვო სახლები უფრო უკეთ ემსახურებოდა სოციალური კლასების აღმოფხვრას და ეკონომიკურ დემოკრატიაზე დაფუძნებული საზოგადოების აშენებას, ვიდრე პათოლოგიურად პატარა ოჯახები.

მირდალების მიერ მომზადებული 1935-1975 წლების მომცველი საშინაო პროგრამა შვედეთის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. შვედი ხალხის შეუპოვარი წინააღმდეგობისა და შეზღუდული ბიუჯეტის გამო აღნიშნული გეგმა 1935-38, 1944-48 და 1965-1973 წლებშის წყვეტილ პერიოდებად ხორციელდებოდა და სრულად არ განხორციელებულა.

რა კონკრეტული შედეგები მოჰყვა ამას? რაკი სახელმწიფო დეკრეტმა ოჯახს ყველა ფუნქცია წაართვა - რეპროდუქციის, სოციალური უზრუნველყოფის, შემწეობის და მეტწილად მომხმარებლისაც, ამიტომ, გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რომ ძალიან ცოტა შვედს თუ სურდა ოჯახში ცხოვრება. ქორწინებათა რაოდენობის დონე თანამედროვე ქვეყნებთან შედარებით რეკორდულად დაბალი იყო, მარტო მცხოვრებ მოზარდთა რიცხვი კი ძალიან მაღალი. მაგალითად, 1980-იანი წლების შუახანებში სტოკჰოლმის მოსახლეობის ორი მესამედი ერთსულიან ოჯახს შეადგენდა. იმის გამო, რომ ბავშვების ხარჯებისა და შემწეობების სრული ნაციონალიზაცია განხორციელდა და იმის გამო, რომ კანონით განზრახ იკრძალებოდა ქორწინებიდან რაიმე ეკონომიკური სარგებელის მიღება, ბავშვების ყოლა ქორწინებასთან აღარ იყო დაკავშირებული: 1990 წლისთვის შვედეთში ახალშობილთა ნახევარზე მეტი ქორწინების გარეშე იბადებოდა.

სახელმწიფო შემწეობის „უფლებით“ ბავშვებიც სარგებლობდნენ, რაც დიდ პაკეტს შეადგენდა: უფასო სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურება; უამრავი იაფი სახელმწიფო ტრანსპორტი, უფასო კვება; უფასო განათლება; უფასო „ბავშვთა ადვოკატებიც“ კი არსებობდნენ, რომ საქმეში ჩარეულიყვნენ, თუკი მშობლები ზღვარს გადააბიჯებდნენ. „ოჯახი“ აღარც ბავშვებს არ სჭირდებოდა - ახლა მათი ნამდვილი მშობელი სახელმწიფო იყო.

რუტგერსის უნივერსიტეტის სოციოლოგი დევიდ პოპონოუ აცხადებს, რომ ცნება „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო“ აღარ შეესაბამება ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი მთლიანად მთავრობაზეა დამოკიდებული. ამის ნაცვლად ის „მომხმარებელთა საზოგადოებას“ უწოდებს ისეთ ქვეყანას, „სადაც მოქალაქეთა უმრავლესობას სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ემსახურებიან, რომლებიც მათზე მთელი სიცოცხლის მანძილზე ზრუნავენ“.

შვედეთში ხანშიშესული ადამიანები შვილების პოტენციური მარჩენალობისგან „თავისუფლდებიან“; ყმაწვილები, პატარა ბავშვები და თინეიჯერები - მშობლების მოვლაპატრონობისგან, უფროსი ასაკის ადამიანები - ბიოლოგიური მშობლებისა და შვილების მიმართ მოვალეობისგან, ხოლო ქორწინებით შეუღლებული ცოლქმარი ერთმანეთის მიმართ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ამ “თავისუფლების” სანაცვლოდ ყველა მთლიანად სახელმწიფოზეა დამოკიდებული და ის, რაც ერთ დროს ოჯახური ცხოვრება იყო, თითქმის მთლიანად ბიუროკრატიზაციამ შთანთქა. ფონ მიზესი მართალი იყო, „საშუალო გზა“ მართლაც არ არსებობს. მაგრამ შვედეთი სოციალისტური წყობის უფრო სრულყოფილ და, ამდენად, უფრო ტირანულ ვერსიას წარმოადგენს, რომელმაც თავისი სიღრმით საბჭოთა კავშირსაც კი გაასწრო. მაგრამ თანამედროვე შვედეთის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო თავისებურ წინააღმდეგობებსა და პრობლემებს შეიცავს, რამაც ახლა იჩინა თავი.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოში „დემოგრაფიული პრობლემები“ იოლად გადასაჭრელი არ არის. გამორჩენაზე ორიენტირებული დემოკრატიული წყობის პირობებში ისინი, ვინც ხმათა მეტ რაოდენობას აკონტროლებენ, მეტ სარგებელს ნახულობენ. შვედეთშიც ასეა, მოხუცებს ხმის უფლება აქვთ, ბავშვებს კი არა. მართალია, „საოჯახო პოლიტიკა“ დამოუკიდებელი ერთეულის - ოჯახის - დანგრევის საქმეში საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა, მაგრამ სახელმწიფო პროგრამებისა და შემოსავლების შედარებით ახალგაზრდებიდან შედარებით ხანდაზმულებისკენ დინება ვერ შეაჩერა.

მეორე, ასეთი ტიპის სახელმწიფო საზოგადოებისთვის საჭირო ყველა საზრუნავის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს, რადგან ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. მაგრამ, ამავე დროს, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოში ოჯახი იმისათვის ისჯება, რომ საკუთარ თავზე თვითონვე ზრუნავს, რადგან ამით ის სახელმწიფო სამსახურით სარგებლობაზე უარს ამბობს და სახელმწიფო სამსახურით მხოლოდ მაშინ სარგებლობს, როდესაც ოჯახი მზრუნველობას შეწყვეტს. დანიის სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბენტ ანდერსონი ამ პრობლემას შემდეგნაირად ხსნის:

„რაციონალურ საფუძველზე აგებულ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ერთი წინააღმდეგობა ახასიათებს: თუ მას მისთვის გამიზნული ფუნქციების შესრულება სურს, მისმა მოქალაქეებმა მისი მომსახურებისა და მზრუნველობის სრულმასშტაბიანი სარგებლობისაგან თავი უნდა შეიკავონ, ანუ ისინი ირაციონალურად უნდა იქცეოდნენ და ამას უნდა განსაზღვრავდეს არაოფიციალური სოციალური კონტროლი, რაც, ამავე დროს, კეთილდღეობის ზრდასთან ერთად ქრება.“

ეს წინააღმდეგობა სახელმწიფო შემწეობების წინააღმდეგ მიმართული ბოლოდროინდელი აჯანყების მამოძრავებელი ძალა იყო, აჯანყების, რომელიც (სკანდინავიის ქვეყნებში) დანიასა და ნორვეგიაში ანტისახელმწიფოებრივი „პროგრესის“ პარტიის არჩევნებში გამარჯვებით დაიწყო და, რომელიც ახლა შვედეთსაც მოედო. გასულ თვეში შვედეთის სოციალდემოკრატები ნაციონალურ არჩევნებში დამარცხდნენ და ძალაუფლება ცენტრისტულ მემარჯვენე კოალიციას დარჩა, რომლებსაც ის დაპირება აერთიანებდათ, რომ სახელმწიფო შემწეობებს შეამცირებდნენ. განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ორი ახალი პარტიის გამოჩენამ, რომლებმაც შვედეთის „რიკსდაგის“ (პარლამენტის) არჩევნებში პირველად გაიმარჯვეს.

პირველი მათგანი ქრისტიანდემოკრატიული პარტია იყო, რომელმაც თავისი პლატფორმის მთავარ საკითხად შვედი ოჯახების სავალალო მდგომარეობა გაიხადა. ისინი ოჯახურ ურთიერთობებში ბიუროკრატული ჩარევის შემცირებას და იმ სახელმწიფო პროგრამების შეჩერებას მოითხოვდნენ, რომელიც ქორწინების გარეშე შობადობის ზრდას ხელს უწყობდა და მშობლებს საკუთარ ბავშვებზე ზრუნვას უშლიდა. მეორე ახალი პარტია, რომელიც ახალი დემოკრატების სახელით გამოჩნდა, ლიბერტარიანულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, მაგ., გადასახადებისა და შემწეობების მკვეთრი შემცირება და ემიგრაციის შესაჩერებლად გამიზნული უცხოური დახმარებების შეწყვეტა. ეს ორივე ახალი პარტია საპარლამენტო ხელისუფლებას აბალანსებდა. შემწეობა იშვიათად თუ გაუქმებულა რომელიმე თანამედროვე სახელმწიფოში, მაგრამ შვედეთს 1930-იანი წლების შემდეგ პირველად მიეცა შესაძლებლობა რამდენადმე აღედგინა ოჯახური ავტონომია და პიროვნული თავისუფლება.

ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ შვედურ მოდელს, „შუალედურ გზას“, ანუ მესამე შესაძლებლობას, ავტორიტეტი შეერყა. ამავდროულად მეორე გზა, კომუნიზმი სრულიად დაიშალა. სამწუხაროდ, შვედური მოდელი აქ, შეერთებულ შტატებში ცოცხლობს (და შესაძლოა მალე აყვავდეს კიდევაც), სადაც მირდალების 1930-იანი წლების ლოგიკა პოლიტიკური აღმავლობის გზაზეა.

1991 წელს „Basic Books“-ის (საუკეთესო ნეოკონსერვატული საგამომცემლო სახლი) მიერ გამოცემულ ნაშრომში „When the Bough Breaks“ ეკონომისტი სილვია ენ ჰიულეტი წერს: „[თანამედროვე] სამყაროში, გარდა იმისა, რომ მშობლებისთვის ბავშვებს „ღირებულება“ აქვთ დაკარგული, მათ გაზრდას დიდი ხარჯები სჭირდება. სავარაუდოდ, ბავშვის აღზრდის ხარჯები 171000 დოლარიდან 265000 დოლარამდე მერყეობს. ამ ხარჯების სანაცვლოდ „ბავშვისგან სიყვარულს, ღიმილს და ემოციურ კმაყოფილებას ღებულობენ,” მაგრამ არა ფულს ან შრომას.“

„ეს მნიშვნელოვანი ამერიკული დილემის წინაშე გვაყენებს,“ განაგრძობს ის. „სავარაუდოდ, შვილების აღზრდაზე მშობლები ძალიან დიდ თანხებსა და ენერგიას ხარჯავენ, მატერიალურ ნაყოფს კი უმეტესად საზოგადოება იმკის. ხარჯები კერძოა, სარგებელი კი მთელი საზოგადოების... ამჟამად, არარაციონალური მშობლიური თავდადებით ბავშვთა აღზრდის უზრუნველყოფა ძალიან რისკიანი, ავანტიურული და რთული საქმეა. დროა, ჩვენი ბავშვების აღზრდისთვის საჭირო ხარჯებისა და ტვირთის გაზიარებას შევეჩვიოთ. დროა, გარკვეული პასუხისმგებლობა ავიღოთ მომავალ თაობებზე.“

ჰიულეტი სოცუზრუნველყოფის ახალ პროგრამებს ადგენს ამერიკისთვის, რომელიც მოიცავს: დეკრეტულ შვებულებას, დედისა და ბავშვის უფასო სამედიცინო მომსახურებას, მაღალხარისხოვან უფასო ბავშვთა სახლებს, მეტ „საგანმანათლებლო ინვესტიციებს“, ბავშვიანი ოჯახების სოლიდური საბინაო სუბსიდიებით დახმარებას და სხვ.

გვეცნობა, არა? ეს სწორედ ის არგუმენტები და პროგრამებია, რომელიც შვედებს 1934 წელს ალვა და გუნარ მირდალებმა შესთავაზეს, თუმცა უფრო ნაკლებ რადიკალურია და აშკარა სოციალისტურ რიტორიკას მოკლებული. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ „Proctor and Gamble“კომპანიის თავმჯდომარემ (ყოფილმა) ოუენ ბუტლერმა განაცხადა: „აშკარაა, რომ თუ დღეს უფრო ჭკვიანურად არ ჩავდებთ ინვესტიციებს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და ჩვენს მომავალს საფრთხე დაემუქრება.“ ვაშინგტონის ე.წ. ბავშვთა აღზრდის ახალი პოლიტიკა სწორედ იგივე არგუმენტებს შეიცავს.

ამასთან ერთად, „პრევენციული სოციალური პოლიტიკა“ რეფორმების მომხრე სხვა ამერიკელების ლოზუნგად იქცა. არგუმენტები ნაცნობია: „სახელმწიფო მოხელეების დახმარება ცხოვრების დასაწყისში უფრო ეკონომიური და ეფექტიანია, ვიდრე გვიან; რაც უფრო დიდხანს დაველოდებით სტრესის სიმპტომების გამოჩენას, მით უფრო ძვირად დაგვიჯდება. ადრეული ჩარევა ნიშნავს, რომ ინვესტიციები მთლიანად ბავშვთა აღზრდას უნდა მოვახმაროთ - დივიდენდებს მოგვიანებით მივიღებთ,“ და ა.შ. ეს ყველაფერი თითქოს მართლზომიერად ჟღერს, მაგრამ საბოლოოდ ამერიკაში ბიუროკრატიული მმართველობის კოშმარად იქცევა და, ფაქტობრივად, ოჯახების დაშლით დამთავრდება.

„ბავშვთა მიმართ ძალადობისა და შეურაცხყოფის“ წინააღმდეგ ბრძოლის საკონსულტაციო საბჭოს სექტემბრის მოხსენებაში სწორედ ასეთი ახალი ამერიკული წყობის აჩრდილი მოჩანს. რეიგანისა და ბუშის ადმინისტრაციის მიერ ექსკლუზიურად დანიშნული საბჭოს წევრები ბავშვების მიმართ ძალადობას „ეროვნულ კატასტროფას“ უწოდებენ და აცხადებენ რომ „ასეთი სიძლიერით სხვა ვერც ერთი პრობლემა ვერ გამოიწვევს ან გაამწვავებს სოციალურ მანკიერებებს.“ მოხსენების საბოლოო დასკვნაში ნათქვამია, რომ ფედერალური და სახელმწიფო მთავრობები დიდ დროს კარგავენ ძალადობის სავარაუდო შემთხვევების გამოძიებაზე. მაგრამ, ფედერალურმა მთავრობამ ძალადობისა და შეურაცხყოფის პრევენციაზე მანამდე უნდა გაამახვილოს ყურადღება, სანამ ფაქტი მოხდება.

საბჭო გვირჩევს, რომ ფედერალურმა მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშაოს ეროვნული პროგრამა, რომელიც პოტენციური მოძალადის გამოსავლენად და ძალადობის მსხვერპლის დასახმარებლად სახელმწიფო ჯანდაცვის მუშაკებისა და სოციოლოგების „კარდაკარ სიარულს“ ითვალისწინებს ყველა ახალშობილისა და მისი მშობლის მოსანახულებლად .

ამასთან ერთად, საბჭომ „ბავშვთა დაცვის ეროვნული პოლიტიკის“ განხორციელება გადაწყვიტა, რაც გულისხმობს, რომ ფედერალური მთავრობა სათანადო საშუალებებს გამოიყენებს ყველა ბავშვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების უზრუნველსაყოფად.

რასაკვირველია, ჰიულეტი სამართალიანად ლაპარაკობს ამერიკის დღევანდელი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ნაკლოვანებათა შესახებ: „აქ ჩვენ ბავშვების ეკონომიკური ღირებულების ნაციონალიზაცია მოვახდინეთ, მაგრამ მათი ხარჯები ისევ მშობლებს დავუტოვეთ. შედეგად, შეერთებულ შტატებში 1999 წელს, ხოლო შვედეთში 1934 წელს ნამდვილი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელის არასრული ვერსია მივიღეთ. ჰიულეტი იქაც მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს ძვირი გვიჯდება: 1980-იან წლებში ქორწინებაში დაბადებულ ამერიკელ ბავშვთა წლიური რაოდენობის სტაგნაცია აღინიშნებოდა, შობადობის ზრდის დონე ნულს ქვემოთ 30 პროცენტი იყო. ამერიკელები საკუთარ დროსა და ფულს ერთ ან ორ ბავშვზე მეტს არ მოახმარენ უმეტესად იმიტომ, რომ მათ ეს არ უღირთ (მართალია, საერთო შობადობის დონემ ერთგვარად აიწია, მაგრამ ეს მთლიანად ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების რაოდენობის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული, რამაც 1980-1991 წლებში 665 000-დან 1 000 000-ს მიაღწია და გადააჭარბა კიდევაც; როგორც ჩანს, ჩვენი სოცუზრუნველყოფის სისტემა მათ კარგად აფინანსებს).

მაგრამ არსებობს „შვედური მოდელის“ ალტერნატივა, რაზედაც დოქტორი ჰიულეტი არაფერს ამბობს; ეს სწორედ ის ალტერნატივაა, რომელიც სამოცი წლის წინ მირდალებმა „სერიოზული განხილვის ღირსად“ არ მიიჩნიეს. ამ ალტერნატივას „თავისუფალი საზოგადოება“ ჰქვია, რაც გულისხმობს, რომ ბავშვების ბიუროკრატული ხერხებით ხელში ჩაგდებით სახელმწიფო სოცუზრუნველყოფა კი არ უნდა სრულვყოთ, არამედ ისიც უნდა მოვსპოთ, რაც გვაქვს. დღის წესრიგშია მარტივი, რადიკალური და პრაგმატულად ანტიბიუროკრატული საკითხები:

  1. ბოლო უნდა მოეღოს სახელმწიფოსავალდებულო და სახელმწიფო კონტროლირებად განათლებას, შვილების აღზრდაგანათლების საკითხი მშობლებისა და გამზრდელების გადასაწყვეტი უნდა გახდეს;

  2. უნდა გაუქმდეს ბავშვთა შრომის კანონმდებლობა, რადგან მშობლებმა და გამზრდელებმა უკეთ იციან, რა უმჯობესია ბავშვებისთვის, გაცილებით უკეთ ვიდრე ბიუროკრატული სახელმწიფოს რომელიმე ორგანომ;

  3. უნდა დაიშალოს „სოცუზრუნველყოფის“ სისტემა და ადამიანებმა და მათი ოჯახის წევრებმა თვითონვე უნდა იზრუნონ მოხუცებულობის ასაკში საჭირო მოვლაპატრონობაზე.

ამ ღონისძიებების შედეგად მშობლებისთვის ბავშვების ეკონომიკური უპირატესობა აღდგება და ბოლო მოეღება ბავშვების წინააღმდეგ მოქმედ კანონებს, რაც საფუძვლად უდევს სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის არასრულყოფილ სისტემას.

ბევრი იტყვის, რომ თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში ასეთი რამ შეუძლებელია და რომ თანამედროვე სამყაროს რეალობის, ანუ მისი კომპლექსურობის გათვალისწინებით, ასეთ რეაქციულ ძალისხმევას უთუოდ ქაოსი მოჰყვება.

მე კი პასუხად ამერიკაში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფებზე მივუთითებ, რომლებიც, ზოგიერთი საოცარი ისტორიული შემთხვევითობის ან სხვა პოლიტიკური სასწაულის წყალობით, ისევ ბინადრობენ ჩვენს ერთერთ „თავისუფალ ზონაში“ და ასეთ „შეუძლებელ“ პირობებში არსებობას განაგრძობენ.

ერთერთი ანაზდეული, მაგრამ საინტერესო მაგალითია ამიშების ეთნიკური ჯგუფი. ისინი მთავრობას მათი სპეციფიკური განათლების წესების (კერძოდ, სკოლაში, რომელიც რვა კლასისგან შედგება, მხოლოდ მათივე წევრები ასწავლიან) შეცვლის უფლებას არ აძლევენ, ბავშვთა შრომას იყენებენ და „სოცუზრუნველყოფას“ (აგრეთვე, სახელმწიფოს ეკონომიკურ დახმარებას) თავს არიდებენ. ინდუსტრიულ, საბაზრო გარემოში ამიშებმა არა მარტო გადარჩენა მოახერხეს, არამედ წარმატებებსაც მიაღწიეს. მათი ოჯახები საშუალო ამერიკულ ოჯახზე სამჯერ უფრო დიდია. პატიოსანი კონკურენციის პირობებში მათი ფერმები მოგებას იძლევა „მშვიდობიან დროშიც და ძნელბედობის ჟამსაც“.

მათი დანაზოგების დონე უჩვეულოდ მაღალია, სამეურნეო საქმიანობა კი სანიმუშოა და ყველა ეკოლოგიურ სტანდარტს შეესაბამება, რაც იმის შედეგია, რომ მიწისადმი ერთგული დამოკიდებულება აქვთ და შხამქიმიკატებსა და ხელოვნურ სასუქებს არ იყენებენ.

იმ დროს, როდესაც ამერიკელ ფერმერთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, ამიშების ფერმები ფართოდ არის გადაშლილი სამხრეთ პენსილვანიიდან ოჰაიოს, ინდიანას, აიოვას, ტენესის, უისკონსინის და მინესოტას შტატამდე.

უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ამერიკელები არჩევანის წინაშე რომ იდგნენ, ცოტა თუ მოისურვებდა მათსავით ეცხოვრა. მაგრამ არავინ იცის როგორი იქნებოდნენ ამერიკელი მოქალაქეები, თუ ისინი ნამდვილად გათავისუფლდებოდნენ ბიუროკრატული მმართველობისგან, რაც მათ ასზე მეტი წლის წინ, სავალდებულო სახელმწიფო სკოლების შემოღების გზით მოახვიეს თავს.

ეჭვი არ მეპარება, რომ ნამდვილი თავისუფლების პირობებში უფრო ძლიერი ოჯახები იქნებოდა, უფრო მეტი ბავშვები ეყოლებოდათ და ხალხიც უფრო ბედნიერი და უფრო კმაყოფილი იქნებოდა. ჩემთვის ეს საკმარისია.

22 როგორ გამოიწვია საკუთრების უფლებების დაკარგვამ ზიმბაბვეს კოლაფსი

▲ზევით დაბრუნება


გრეგ . რიჩარდსონი
ქ. სალემის კოლეჯის ასისტენტპროფესორი

თარგმნა ნინო გორგაძემ
გამოქვეყნდა 2005 წელს

წლების განმავლობაში ზიმბაბვე აფრიკის „ძვირფასი ქვის“ სახელით იყო ცნობილი. წარმოების საშუალებებით და მოსავლიანი მიწებით მდიდარი ეს ქვეყანა საკუთარი ხალხის სრული გამოკვებისა და ექსპორტისთვისაც კი საკმარის პროდუქტს აწარმოებდა. სასოფლოსამეურნეო პროდუქცია მთლიანი წარმოების 60 პროცენტს შეადგენდა და, ამგვარად, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა.

ზიმბაბვეს, ბევრი სხვა აფრიკული ქვეყნისგან განსხვავებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემდეგ, ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი წარმოება გააჩნდა. ამ სექტორში დასაქმებული იყო ათასობით ადამიანი, რომლებიც ფართლეულს, ცემენტს, ქიმიურ ნაწარმს, ხის ნაკეთობებს და ლითონს აწარმოებდნენ.

ზიმბაბვეს ასევე ძლიერი საბანკო სექტორი, განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემდეგ, აფრიკაში ყველაზე მეტი კაშხალი გააჩნდა. მოსახლეობის უმეტესობა პოლიციას ენდობოდა და სასამართლო სისტემის სამართლიანობის სჯეროდა. სინამდვილეში, კრიმინალის დაბალი დონით იგი ევროპის ქვეყნებს მეტოქეობასაც კი უწევდა.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ქვეყანაში კანონის მმართველობის პრინციპი მოქმედებდა, რაც საკუთრების დაცვის თანამედროვე სისტემასთან ერთად, მესაკუთრეებს საკუთარი კაპიტალის სრულყოფილად გამოყენების, განვითარების, ახალი საქმიანობის წამოწყებისა და უკვე მოქმედი წარმოებების გაფართოების უფლებასაც აძლევდა.

1980 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ასეთმა პოლიტიკამ ყოველწლიურად რეალური მშპს დაახლოებით 4,3 პროცენტიანი ზრდა განაპირობა1.

სასოფლო-სამეურნეო მიწების უთანაბრობა

აღნიშნული წარმატებების მიუხედავად, მიწის რეფორმის იდეა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი 2000 წლამდეც იყო, როდესაც პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ კომერციული ფერმების ჩამორთმევა დაიწყო. ყველა, ვინც დღისით გადაუფრენდა ზიმბაბვეს, ფერმებს შორის უდიდეს განსხვავებას დაინახავდა და შესაძლოა უკეთ გაიგებდა კიდეც მიწის რეფორმისადმი ქვეყნის გრძელვადიან დამოკიდებულებას. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში კარგად ირიგირებული უზარმაზარი ტერიტორიები კომერციულ ფერმებს ეჭირათ, რომლებიც ათასობით აკრზე აწარმოებდნენ თამბაქოს, ბამბას ან სხვა სასაქონლო კულტურებს. სხვა რეგიონებში პატარა უღიმღამო კოლექტიური ფერმები კომპაქტურად იყვნენ განლაგებულნი და წყლის ნაკლებობისგან მასიურად იტანჯებოდნენ. ეს ფერმები აწარმოებდნენ სიმინდს, მიწის თხილს და სხვა ძირითად კულტურებს. კომერციული ფერმების უდიდეს ნაწილს დაახლოებით 4 500 თეთრკანიანი ოჯახი ფლობდა. შედარებისთვის, კოლექტიურ ფერმებზე - კოლონიალიზმის გადმონაშთზე - მცხოვრები 840 000 შავკანიანი ფერმერი ცხოვრებისთვის საჭირო რესურსსაც კი ძლივს შოულობდა.

მას შემდეგ, რაც 1980 წელს მთავრობაში მუგაბე მოვიდა, თეთრკანიანთა საკუთრებაში მყოფმა 80 პროცენტზე მეტმა ფერმამ მესაკუთრე გამოიცვალა და მხოლოდ 5 პროცენტზე ნაკლებმა თეთრკანიანმა ფერმერმა - ბრიტანელმა კოლონისტებმა, რომლებიც XVIII საუკუნის 90-იან წლებში ჩავიდნენ ზიმბაბვეში - შეძლო თავისი მემკვიდრეობის შენარჩუნება. დღესაც კი, თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის არსებული უთანაბრობა კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს მუგაბესა და სხვების მოთხოვნებს „მოპარული“ ნაყოფიერი მიწების შავკანიანი ზიმბაბველებისთვის დაბრუნების შესახებ2.

თუმცა, ბევრ ექსპერტს გამორჩა, რომ მიწების ნაყოფიერებას მხოლოდ წვიმები ან გრუნტის ხარისხი არ განაპირობებს. კოლექტიური მიწების რაღაც ნაწილი შედარებით უფრო მშრალ რეგიონებში იყო განლაგებული, უმეტესობა კი კომერციულ ფერმებს ესაზღვრებოდა ან წვიმიან რეგიონებში მდებარეობდა. ასევე არსებობდა კომერციული ფერმები, რომლებიც ზიმბაბვეს ძალიან მშრალ რეგიონებში მდებარეობდა. მაგრამ თითქმის ყველა შემთხვევაში კოლექტიური ტერიტორიები იყო მშრალი და გადამწვარი, ხოლო კომერციული მიწები - მორწყული და გამწვანებული3.

უთანაბრობა საკუთრების უფლებებში

რატომ არსებობს უთანაბრობა?

პასუხი გარკვეულწილად ამ ორი ტიპის მიწაზე საკუთრებითი სტატუსის განსხვავებას ეფუძნება. კომერციულ ფერმებს საკუთრების სტატუსი დაცული და გარანტირებული ჰქონდათ, რომელიც მათ მიწების ეფექტიანად მართვის დიდ სტიმულებს აძლევდა, ხოლო ბანკებს საშუალებას აძლევდა, რომ მათთვის ტექნიკური აღჭურვილობის, სარწყავი სისტემების, სათესის და შრომის საშუალებების შესაძენად სესხი მიეცა. ასეთმა ინსტიტუტებმა ზიმბაბვეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემდეგ, კონტინენტის ამ ნაწილში ყველაზე მოდერნიზებული საირიგაციო სისტემა განავითარეს. ამ რეგიონში არსებული 12 კაშხლიდან 10 ზიმბაბვეში იყო. ამასთან, ზიმბაბვეს აღნიშნული ტერიტორიის მხოლოდ 7 პროცენტი ეკავა და ზედაპირული წყლების მარაგის 93 პროცენტი გააჩნდა4. ეს ქვეყანას გვალვისგან დაცვის მძლავრ საშუალებას აძლევს. დიდ კომერციულ ფერმებზე 350 000 შავკანიანი მუშა მუშაობდა და ხშირად ეს ფერმერები ადგილობრივი სკოლებისა და კლინიკებისთვის თანხებსაც გამოყოფდნენ. 8 500 შავკანიანი ფერმერის მიერ მართული მცირე მასშტაბის კომერციული ფერმები ასევე პროდუქტიულები იყვნენ და კრედიტზე მათაც მიუწვდებოდათ ხელი.

კოლექტიური მიწები, მეორე მხრივ, „საზიარო საკუთრების ტრაგედიის“ ტიპის პრობლემას აწყდებოდა, რადგან, გარკვეული დროის შემდეგ, ინტენსიური გამოყენებისგან გამოფიტულ მიწებს საშინელი ეროზია ემართებოდა. ასევე, საკუთრების ტიტულის (საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მთარგმ. შენიშვნა) არარსებობა ხშირად სოფლის მოსახლეობასა და მთავრობას შორის მიწის სარგებლობის უფლებაზე კამათის მიზეზი ხდებოდა, რადგან ყოველ სოფელს მიწის გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული.

სამწუხაროდ, ის სასიცოცხლო როლი, რომელსაც ზიმბაბვეს ეკონომიკის აღმავლობაში საკუთრების უფლებები თამაშობდა, უმეტესობისთვის გაუგებარი იყო. ექსპერტებისთვის თავიდანვე აშკარა იყო უზარმაზარი განსხვავება დიდ და აყვავებულ კომერციულ ფერმებსა და პატარა და უღიმღამო კოლექტიურ ფერმებს შორის. ომის ვეტერანები კი კომერციულ ფერმებს უყურებდნენ მხოლოდ, როგორც საჩუქარს, რომელიც მათ 20 წლის წინ მუგაბეს მხარდაჭერისა და მასთან ერთად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის ეკუთვნოდათ. ისინი კომერციული ფერმების ხელში ჩაგდების მოთხოვნით პროტესტს 2000 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე განაგრძობდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ზიმბაბვეს კონსტიტუცია კრძალავდა მიწის მასობრივ კონფისკაციას შესაბამისი კომპენსაციის გარეშე და კანონმორჩილი ზიმბაბველი მოქალაქეები ამ იდეას მთლიანობაში მხარს უჭერდნენ. 2000 წლის დასაწყისში მათ საყოველთაო რეფერენდუმზე ხმის მიცემით უარყვეს მუგაბეს მცდელობა, გაეფართოვებინა სახელმწიფოს საკონფისკაციო ძალაუფლება. გარდა ამისა, ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედმა ჰელენ სუზმანის ფონდმა 2000 წელს დათვალა, რომ მხოლოდ 9 პროცენტი ზიმბაბველი თვლიდა მიწის რეფორმას ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხად.

მუგაბეს ზოგიერთ მრჩეველს ესმოდა, რომ არ შეიძლებოდა საკუთრების უფლებების უგულებელყოფა. 2000 წლის დასაწყისში მუგაბემ მიიღო კონფიდენციალური წერილი ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკიდან - ქვეყნის ცენტრალური ბანკიდან. წერილში ნათქვამი იყო, რომ ფერმების მიწების კონფისკაციას საგარეო ინვესტიციების გადინება, საბანკო სესხების გასტუმრების შეფერხება და სასოფლოსამეურნეო პროდუქტის მკვეთრი შემცირება მოჰყვებოდა5.

ეს წერილი სასწაულებრივად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მუგაბემ მისი იგნორირება მოახდინა. 2000-03 წლებში მუგაბემ დაახლოებით 4 500 კომერციული ფერმის კონფისკაცია მოახდინა. ოფიციალური მიზანი ფერმების ასობით ათას მცირე ნაწილად დანაწევრება და მათი შავკანიანი ტრადიციული ფერმერებისთვის გადაცემა იყო. პრაქტიკულად კი, მიწის უდიდესი ნაწილი მუგაბეს პოლიტიკური მხარდამჭერების და სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელში აღმოჩნდა, რომელთა შორის ფერმერული საქმის მცოდნე ცოტა თუ ვინმე იყო.

ეკონომიკური ფიასკო

ცენტრალური ბანკის წერილის წინასწარმეტყველება თან სდევდა უბრალო ზიმბაბველებს. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით ვარდნა დაიწყო. 2003 წლისთვის იგი მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე უფრო სწრაფად — 18 პროცენტით წელიწადში _ ეცემოდა6. ინფლაცია 500 პროცენტს შეადგენდა და ზიმბაბვურმა დოლარმა თავისი რეალური გაცვლითი ღირებულების 99 პროცენტზე მეტი დაკარგა7. დღეისთვის ზიმბაბვეს ეკონომიკა კლებას განაგრძობს. მოგახსენებთ სხვა მოვლენებს, რომლებსაც 2000 წლიდან ჰქონდა ადგილი:

ფინანსური ინვესტორები გაიქცნენ, მათ სხვა ბიზნესმენებიც მიჰყვნენ და 2001 წლისთვის პირდაპირი საგარეო ინვესტიციები ნულს გაუტოლდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ზიმბაბვეს საინვესტიციო რისკმა აღნიშნულ წელს მყისიერად იმატა 4-დან 20 პროცენტამდე;

რადგან სახელმწიფომ მიწის მესაკუთრის სტატუსი გააუქმა, ბანკებს სესხის გაცემის ბევრად მცირე გარანტია გააჩნდათ;

კომერციული ფერმების მიწამ 2000-01 წლებში თავისი ჯამური ღირებულების დაახლოებით სამი მეოთხედი დაკარგა მხოლოდ იმის გამო, რომ დაკარგა საკუთრების სტატუსი. ჩემი შეფასებით, მხოლოდ ერთწლიანი დანაკარგი შეადგენდა 5,3 მილიარდ აშშ დოლარს - 1980 წლიდან, ზიმბაბვეს დამოუკიდებლობის დღიდან, მსოფლიო ბანკისაგან მიღებულ ყველა დახმარებაზე 3,5-ჯერ მეტს8. საბანკო სისტემას საკუთარი კაპიტალი აღარ გააჩნდა, რის გამოც ეკონომიკური აქტივობის ფართო ქსელი მოიშალა. 2001 წლის დასასრულისთვის შვიდასი კომპანია დაიხურა, 2001 წელს ინდუსტრიული პროდუქცია 10,5 პროცენტით დაეცა, ხოლო 2002 წელს - 17,5 პროცენტით9;

სასოფლოსამეურნეო სექტორის ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ საყოველთაო შიმშილი გამოიწვია, რადგან კომერციული ფერმების მფლობელმა ფერმერებმა სხვა აფრიკული ქვეყნებიც, მაგალითად, ზამბია, ნიგერია და განაც დატოვეს, და თან ფერმერული საქმიანობის უნიკალური ცოდნა წაიღეს.

ზიმბაბვეს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი სხვადასხვა გარე ფაქტორებს, მათ შორის დასავლეთის საიდუმლო შეთქმულებებსა და რასიზმს დააბრალა. მუგაბეს ყველაზე დიდი არგუმენტი, ცხადია, გვალვა იყო. როგორც მან გაიმეორა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამიტზე 2005 წლის სექტემბერში, ზიმბაბვეს ეკონომიკა „გვალვიანი წლების” გამო ეცემოდა10. სინამდვილეში, ზიმბაბვეში ეკონომიკის დაცემასთან ერთად კაშხლებიც ნადგურდებოდა11. სამწუხაროდ, საირიგაციო არხები აღარავის საკუთრებაში აღარ იყო, ასე რომ, ისინი ნაწილნაწილ ამოიღეს მიწიდან. ზოგიერთი მათგანი კუბოს სახელურებისთვის გადაადნეს. ეს, ერთერთი იმ რამდენიმე ინდუსტრიათაგანია, რომელიც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ქვეყანაში.

ზოგიერთს მუგაბესი ჯერ კიდევ სჯერა. 200102 წლების გვალვა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეაფასა, როგორც ყველაზე საშინელი ბოლო 50 წლის განმავლობაში12. ფაქტობრივად, როდესაც მე ზიმბაბვეში წვიმის შესახებ 93 სადგურიდან მიღებული მონაცემები გავაანალიზე, აღმოჩნდა, რომ 200102 წლების „გვალვა“ მეცამეტე იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში, ხოლო ნალექების რაოდენობა კი მხოლოდ 22 პროცენტით ნაკლები საშუალო დონესთან შედარებით. სინამდვილეში, კავშირი წვიმასა და მშპს ზრდას შორის 2000 წელს, მიწის რეფორმის პირველ წელს, არ არსებობს. შემდეგ წლებში ნალექების რაოდენობა საშუალოზე მეტი და/ან საშუალო იყო, მიუხედავად ამისა, ეკონომიკა მაინც მკვეთრ დაცემას განაგრძობდა. ჩემი ეკონომეტრიკული გათვლები აჩვენებს, რომ წვიმის, საგარეო დახმარების, კაპიტალის და შრომის ნაყოფიერების ფაქტორების გამორიცხვით, მხოლოდ მიწის რეფორმის მიზეზით, მშპ 2000-2003 წლებში 12,5 პროცენტით კლებულობდა13.

2001-02 წლებში, მცენარეთა ზრდის სეზონზე, ნალექების შემცირების წვლილი ეკონომიკის საერთო დაცემაში ერთ მეშვიდედზე ნაკლები იყო. საშუალოზე მეტი ნალექების გარეშე ზიმბაბვეს ეკონომიკა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო.

ზიმბაბვე გვიჩვენებს ყველა იმ საშიშროებას, რომელიც შეიძლება მოხდეს მიწის კონფისკაციის განხორციელებისას (რაც არ უნდა კეთილი მიზნებით ხორციელდებოდეს ის), კანონის მმართველობის და საკუთრებითი უფლებების უგულებელყოფის შედეგად. ჩვენ ვხედავდით თუ როგორ სასწაულებრივად სწრაფად, დომინოს ეფექტივით, ინგრევა ზიმბაბვეს ეკონომიკა 2000 წლის შემდეგ. გაკვეთილი, რომელიც შეიძლება ვისწავლოთ ამ მაგალითიდან ის არის, რომ კარგად დაცული კერძო საკუთრების უფლებები ეკონომიკის განვითარებისთვის გადამწყვეტ და საბაზრო ეკონომიკის საყრდენ წერტილად მოიაზრება. თუ ერთხელ მაინც შეილახა ან აიკრძალა ეს უფლებები, ეკონომიკა გასაოგნებლად სწრაფი ტემპებით არის განწირული ნგრევისთვის. ეს ხდება იმიტომ, რომ თანამიმდევრულად იკარგება ინვესტორების ნდობა, მიწის ღირებულება მცირდება, სამეწარმეო ცოდნა და სტიმულები ქრება - ყველა ეს კომპონენტი კი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. იმედი მაქვს, ასეთ გზას არ აირჩევენ ის ქვეყნები, რომლებიც მიწის რეფორმის განხორციელებას აპირებენ.

______________

1. 1992 წლის გამოკლებით, როდესაც ზიმბაბვემ 50 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვა გადაიტანა, რომელმაც 9 პროცენტით შეამცირა მშპ. 90-იან წლებში არ ყოფილა მეტი კლება, გარდა 1999 წლისა, როცა მშპ 0,7 პროცენტით შემცირდა.

2. გეოფ ჰილი, ზიმბაბვეს ბრძოლა (კეიპტაუნი: ზებრა, 2003), გვ 102.

3. ეს მარტივად ჩანს ზიმბაბვეს სატელიტურ ფოტოებში, რომელიც აჩვენებს აშკარა განსხვავებას კომერციულ და კოლექტიიურ ფერმებს შორის, მაშინაც კი, როდესაც ისინი ერთმანეთის მეზობლად მდებარეობენ. იხ.: http://www.geog.umd.edu/LGRSS/Projects/degradation.html;

4. ველილ ვ. სუგუნანი, „თევზის რეწვის მენეჯმენტი აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის შვიდ ქვეყანაში”. CMXXXIII, FIRI/C933, Section 2.3.1., 1997. Seehttp://www.fao.org/documents/show_cdr.asp?url_file=/docrep/W7560E/W7560E02.htm.

5. ჰილი, გვ. 110.

6 ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, აფრიკის ეკონომიკის მიმოხილვა 2003-04 - ქვეყანა: ზიმბაბვე (პარიზი: ეთგო, 2004), გვ. 357.

7. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ზიმბაბვე: 2003, თავი IV, კონსულტაცია - თანამშრომელთა ანგარიში (ვაშინგტონი, 2003 წლის ივლისი), გვ 28.

8. რიჩარდსონი.

9. „ბანკირებმა გააკრიტიკეს ზიმბაბვეს პოლიტიკა“, 4 სექტემბერი 2001, BBC News Online, http://news.bbc.co.uk/1/hi/business/1524821. stm.

10. „მიეცით მათ ნება, მიირთვან კარტოფილი, თქვა მუგაბემ”, The Star (სამხრეთ აფრიკა), 19 სექტემბერი 2005. http://www.thestar.co.za/index.php?fSectionId=128&fArticleId=2881963.;

11. მაგალითად, ენდრიო ნეტსიოსი, U.S.AID თანამშრომელმა 2002 წლის 20 აგვისტოს საერთაშორისო ჟურნალისტების ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2001-2002 წლებში ზიმბაბვეს კაშხლებში უამრავი წყალი იყო, ასევე ზიმბაბვეს ყოველდღიურმა გაზეთმა 2002 წლის 15 მაისს გამოაქვეყნა პეტერ სიბანდას, ბულავაიოს (ქალაქი ზიმბაბვეში) საინჟინრო სერვისების დირექტორის განცხადება - კაშხლები მუტაბელელანდის პროვინციაში 74 პროცენტზე იყო სავსე. http://www.zimbabwesituation.com/may16_2002.html#link14.

12. ისმაილა უსმანი, „ზიმბაბვეს აღმასრულებელი დირექტორის, ისმაილა უსმანის, დადგენილება“, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თავი IV, ზიმბაბვე, 2003.

13. რიჩარდსონი.

23 ძალაუფლება და გავლენა: ბულგარეთის რეფორმების ბნელი მხარე

▲ზევით დაბრუნება


კრასენ სტანჩევი
ბულგარეთში, ქ. სოფიის საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

თარგმნა ნინო გორგაძემ
გამოქვეყნდა 2006 წელს

ხელისუფლების მიერ ცენტრალიზებულად წარმოებული რეფორმებისა და სპონტანურად წარმოშობილი გაერთიანებების ურთიერთდამოკიდებულების, აგრეთვე კანონის უზენაესობის დაცვის და საკუთრების უფლების დამკვიდრების თვალსაზრისით ბულგარეთის შემთხვევა საინტერესო მაგალითს წარმოადგენს.

ბულგარეთის დემოკრატიზაცია და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა საკმაოდ არაერთგვაროვნად, საკუთრების ხელახალი გადანაწილების (და პრივატიზაციის) სხვადასხვა მოდელის გამოყენებით მოხდა, რომლისთვისაც 1990-იანი წლების შუა ხანებში (1994-1996წწ.) დამახასიათებელი იყო წყვეტილი პროცესები, ცენტრალიზებული დაგეგმვის, ფასების კონტროლისა და სახელმწიფო ძალაუფლების გაძლიერების მცდელობა, 1996-97 წლებში კი ჰიპერინფლაცია, საბანკო კრიზისი და ხელახალი წარმატებული საბაზრო რეფორმები1.

ბულგარეთში მიმდინარე რეფორმა, მისი მიზნები და ეტაპები ძალიან ჰგავდა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებს, მაგრამ არსებობს ზოგიერთი თავისებურება, რაც ზემოდან დაგეგმილ პოლიტიკურ რეფორმებსა და სპონტანურად განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელების გასავლებად გამოდგება. ფაქტობრივად, ორი სხვადასხვა ბულგარეთი არსებობს - 1997 წლამდე ის სულ სხვა ქვეყანა იყო, 1997 წლის შემდეგ სულ სხვაა.

მაჩვენებლები
(საშუალო)

1990-1997

1998-2004

2002-2004

2004 ინფლაცია
(%25)

210.1

7.5

4.8

210.17.54.8 ინფლაციური
გადასახადის კურსი (%25)

57.7

6.9

4.5

მშპ ზრდა (%25)

-4.7

4.4

5.0

მდღ ზრდა (%25)

0.0

4.0

4.9

ინვესტიციის
ზრდა (%25)

-8.8

18.2

11.4

ბიუჯეტის დეფიციტი/
გადაჭარბება (მშპ%25)

-6.3

0.2

0.4

სამთავრობო დებეტი (მშპ%25)

168.0

65.9

48.3

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
(მილიონი აშშ დოლარი)

პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები (მშპ%25)

168.0

1253.4

1867.7

პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები (მშპ%25)

3.0

7.4

9.1

სუბსიდიები (მშპ%25)

-

2.1

2.5

წყარო: ბულგარეთის ეროვნული ბანკი (BNB)
და ნაციონალური სტატისტიკის ინსტიტუტი
(NSI), საკუთარი გათვლები

ბულგარეთში ყველაზე ფართო მასშტაბით (ვიდრე სხვა ექსკომუნისტურ ქვეყნებს შორის) განხორციელდა ადრე ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია - მიწის ფიზიკური საზღვრებითა და უძრავი ქონებით დაწყებული, ფინანსური ქონებით დამთავრებული. მაგრამ ასეთ ფართო, ყოვლისმომცველ რესტიტუციას საფუძვლად ის კი არ ედო, რომ სხვა ექსკომუნისტურ ქვეყნებთან შედარებით აქ უფრო ფართომასშტაბიანი კონფისკაცია მოხდა. პირიქით, მრავალ სფეროში ბულგარეთმა კერძო საკუთრების უფრო მაღალი დონე შეინარჩუნა, ვიდრე ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებმა, საბჭოთა კავშირზე რომ აღარაფერი ვთქვათ2. ამასთან ერთად, ბულგარეთი ისეთი ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა დროს, მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებს შორის აშკარა იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, პრივატიზაციის ყველა სახის სქემა გამოიყენეს3.

საკუთრების დასაცავად კანონების, კონტრაქტებისა და კრედიტორების ამოქმედება დაგვიანდა4. არის მცდელობები, რომ საკუთრების დაცვის კერძო ინსტიტუტები ამოქმედდეს. მაგალითად, ბოლო ათი წლის მანძილზე 100-ზე მეტი შეძლებული ბიზნესმენის მკვლელობა მოხდა (მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრის, რომელიც 1989-90 წლების პოლიტიკურ ცვლილებებში ღებულობდა მონაწილეობას), მაგრამ არც ერთი მკვლელი არ უპოვიათ და მართლმსაჯულებისთვის არ გადაუციათ5. თითოეულ პოლიციელზე გადაანგარიშებით, ევროპის ქვეყნებს შორის ბულგარეთს ყველაზე მეტი რაოდენობის უშიშროების აგენტი ჰყავს (თითო პოლიციელზე 3,5)6.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბულგარეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უკეთ ვითარდება; ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ძველი ევროპა; უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს, პოლიტიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს და ბოლო სამი წლის მანძილზე ევროკავშირში უძრავი ქონების ერთერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზარს წარმოადგენს.

სპონტანურობა პრივატიზაციაში: საწარმოთა არასწორი პრივატიზაცია

მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზაციას უკანონოდ მიიჩნევდნენ (იუსტიციის სასამართლოს მიერ ჯერ არც ერთი არ იყო დამტკიცებული) და უარყოფითად აფასებდნენ, საკუთრების გადაცემა სამართლებრივად არასწორად მაგრამ წარმატებით მიმდინარეობდა. მაკროეკონომიკური შედეგი აშკარად დადებითი იყო. პრივატიზაციას დაემთხვა: წელიწადში 10 პროცენტით გაზრდილი მწარმოებლურობა და შესაბამისად პროდუქციის ღირებულების შემცირება; მთლიანი დამატებითი ღირებულებისა და, შესაბამისად, მთელი ეკონომიკის ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა კერძო სექტორში7.

აშკარა იყო პოზიტიური ზეგავლენა სახელმწიფო ფინანსებზე: სუბსიდიები მოისპო, კვაზიფისკალური სუბსიდიები მკვეთრად შემცირდა და ფისკალური გამჭვირვალობა მიღწეულ იქნა.

1995-2000 წლებში ორი ერთმანეთის მომდევნო მთავრობის ხელში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების 5052 პროცენტის პრივატიზაცია განხორციელდა (მათი 2/5 ნაწილის პრივატიზაცია 1997 წლის შემდეგ მოხდა), 1996 და 1997 წლის პირველ ნახევარში კი, როდესაც კერძო სექტორმა სამუშაო ადგილების შექმნა შეწყვიტა, უმუშევრობა 15-დან 19,5 პროცენტამდე გაიზარდა.

სინამდვილეში, ამის მთავარი მიზეზი წამგებიანი სახელმწიფო საწარმოების ლიკვიდაცია იყო და არა პრივატიზაციის შემდეგ განხორციელებული რესტრუქტურიზაცია. თავის მხრივ, რესტრუქტურიზაციას პრივატიზაციის შემდგომი არაკანონზომიერი კონტროლი (ყიდვაგაყიდვის კონტრაქტი ახალ მეპატრონეს ხალხის დასაქმებას და სხვა ამოცანების შესრულებას ავალდებულებდა) და ის ფაქტი მოჰყვა, რომ, პრივატიზაცია ძირითადად ხელმძღვანელთა და ხელქვეითთა მიერ ობიექტის გამოსყიდვის ფორმით ხორციელდებოდა8.

ნიშანდობლივია, რომ „პრივატიზება მეგობრებზე“ კანონიერი უფლების სახით მემარცხენე მთავრობამ შემოიტანა, მემარჯვენე მთავრობამ კი განახორციელა.

საწარმოს პრივატიზაციის მაკროეკონომიკური პერსპექტივა დიდად არ განსხვავდებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისგან, მათ შორის რუსეთისგან9, სადაც საწარმოს პრივატიზაციის გარეშე დატოვებას, მისი ნებისმიერი სახით პრივატიზება სჯობდა.

ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია რომ 1992 წელს დაწყებულიყო და არა 1997 წელს, ალბათ უფრო მეტ დადებით შედეგებს მოიტანდა და 1996-97 წლების კრიზისების თავიდან აცილება მოხერხდებოდა.

სპონტანური პრივატიზაცია

საწარმოთა გაყიდვების ლეგალიზება (1992-2002) იმდენად ეფექტიანობას (ქონების უშუალოდ კონკურენტუნარიან მყიდველებზე გადაცემას) არ ესწრაფოდა, რამდენადაც თანამშრომელთა კომპენსაციას. ფიქრობდნენ, რომ ასე თუ არ მოიქცეოდნენ, მთელი პრივატიზაციის იდეა პოლიტიკურად კომპრომეტირებული იქნებოდა10.

სტიქიური პრივატიზაციისას კომუნისტური მთავრობა, რომელიც პოლიტიკურ არეულობას მოელოდა, წინასწარგანზრახვით ან წინასწარგანზრახვის გარეშე, საწარმოო ქონებას კვლავ თავის საკუთრებაში იტოვებდა, მაგრამ ამ ქონებით კერძო სარგებლობის უფლებას იძლეოდა. ხარჯების დაფარვა ამომრჩევლებს ეკისრებოდათ (რომლებიც 1990 წლის 10 ივნისამდე, პირველ თავისუფალ პოსტკომუნისტურ არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ჯერ არ იყვნენ ამომრჩევლები).

სახელმწიფო ქონებით კერძო სარგებლობის მრავალი გზა არსებობდა, მაგალითად, სახელმწიფო ფართის გაქირავება საბაზრო ფასად რთულ სტრუქტურებზე ხელახლა მისაქირავებლად, რომელიც სახელმწიფო საკუთრების ან კერძო ბანკების საშუალებით საწარმოს ვალს სახელმწიფო ვალად იღებდა და გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ბანკებს დამატებითი ფინანსებით ავსებდა. ეს პროცესი ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო, როდესაც კომუნისტურმა მთავრობამ საზღვარგარეთ პატარა (აშკარად კერძო) საწარმოები შექმნა, და 1989 წლის დასაწყისში დაჩქარდა11, როდესაც 56-ე დეკრეტი მიიღეს „მოქალაქეთა ეკონომიკური ინიციატივის შესახებ“. დეკრეტში მითითებული იყო, თუ როგორ უნდა დარეგისტრირებულიყო კომპანია და რა გადასახადები უნდა გადაეხადა; როგორ უნდა წაექეზებინათ კერძო პირები (საკუთარი რისკის ფასად) და სამთავრობო ორგანიზაციები (სხვა ხალხის ფულით) დასარეგისტრირებლად. არსებული კანონმდებლობით „აკრძალული“ იყო 5 პროცენტზე მეტი (სახელმწიფო საკუთრების) საწარმოო აქტივების გადარიცხვა, მაგრამ არც გადარიცხვების სიხშირე იყო განსაზღვრული და არც რაიმე სასჯელი „კანონის“ დარღვევისთვის.

1990-91 წლებში დემოკრატიულად არჩეული პირველი პოსტკომუნისტური საკანონმდებლო ორგანოს ერთერთი უპირველესი საქმე ამ სპონტანური პროცესის შეჩერების მცდელობა იყო: 1990 წლის 17 აგვისტოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს არაკომუნისტ წევრთა წინადადებას დაუჭირა მხარი და სამთავრობო და მუნიციპალური საკუთრების გადაცემაზე მორატორიუმი გამოაცხადა, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა. 1990 წლის სექტემბრიდან 30 დეკემბრამდე აღმასრულებელი ხელისუფლება გადამდგარი იყო; ლეგალური პრივატიზაციის კანონპროექტი 1992 წლის აპრილში მიიღეს და მისი განხორციელება 1993 წლის მაისში დაიწყო. გამალებით მიმდინარეობდა თვითნებური პრივატიზაცია. 1989-1992 წლებში თითქმის არც ერთი სახელმწიფო თუ მუნიციპალური საწარმო არ დარჩენილა, რომელსაც ქონების კერძო სარგებლობაში გადაცემის შესაძლებლობით არ ესარგებლა. ზოგიერთ შემთხვევაში საკუთრების უფლების გადაცემა სპეციალური დადგენილების საფუძველზე ხდებოდა. მაგალითად, პირველ თავისუფალ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 1990 წლის 8 ივნისს, წარმავალმა კომუნისტურმა მთავრობამ 68-ე დეკრეტი გამოსცა, რომელიც მოითხოვდა, რომ ახალგაზრდა კომუნისტთა კავშირთან (იმ დროისთვის უკვე დაშლილი ალკკ12) არსებული ახალგაზრდობის ტექნიკური და მეცნიერული შემოქმედების ფონდის მთელი ქონება მუნიციპალურ საბჭოს არაარჩევით ორგანოს განეკარგა, რომელიც 100 პროცენტით კომუნისტებისგან შედგებოდა. 1990 წლის ოქტომბერში, როდესაც ახლად არჩეულმა პარლამენტმა ამ საბჭოების ნაცვლად დროებითი სამწევრიანი (მრავალპარტიული) მუნიციპალური კომისიები დანიშნა, ყოფილი ალკკ ქონების უმეტესი ნაწილი, თუ არა მთელი ქონება, უკვე კერძო ხელში იყო.

ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია

ისეთ პოსტკომუნისტურ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც ბულგარეთია, ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს მოულოდნელობების და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ასეა თუ ისე, ამ პროცესმა მოსახლეობის 50-60 პროცენტზე მოახდინა ზეგავლენა იმ დროს, როდესაც საწარმოს პრივატიზაცია ან ინვესტირების შესაძლებლობას ნიშნავდა, ან შიდა ძალებზე დაყრდნობას, ან ორივეს ერთად.

ხმის მიცემისას გაკეთებული არჩევანის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა მუდამ რესტიტუციას უჭერდა მხარს (პოლიტიკურ დამკვირვებელთა უმრავლესობა და პრესა საპირისპირო დამოკიდებულებას ელოდა). სხვა ქვეყნებში საკუთრების უკან დაბრუნება საკმაოდ შეზღუდულად მიმდინარეობდა და/ან კომპენსაციით შემოიფარგლებოდა, ან მხოლოდ ფიზიკურად არსებული და ხელმისაწვდომი (ისევ მთავრობის ხელში არსებული) ქონების უკან დაბრუნება ხდებოდა, ან ადრინდელ მფლობელთა რესტიტუციის უფლებას მთლიანად უგულებელყოფდნენ.

მიწის რესტიტუციის ოდისეა

რესტიტუციის პირველი კანონი სასოფლოსამეურნეო მიწას ეხებოდა. ფაქტობრივად, ბოშათა უმრავლესობის გარდა, ყველა ბულგარულ ოჯახს ჰქონდა მიწის საკუთრების უფლება.

ორმხრივი პრობლემა არსებობდა: ერთი მხრივ, არსებობდა მოსაზრება, რომ სასოფლოსამეურნეო მიწის საკუთრება ყოფილ კანონიერ მეპატრონეებს დაბრუნებოდა (თუმცა კომუნისტურ მმართველობას საკუთრება მთლიანად არ აღმოუფხვრია) და, მეორე მხრივ, ამ უფლების სრული აღდგენა მიწით სარგებლობის ან გაყიდვის უფლების აღდგენას მოითხოვდა (ე.ი. იმ უფლებებს, რომელიც კომუნისტებმა ჩამოართვეს, მაგრამ ოფიციალურად კერძო საკუთრება ნომინალურად არსებობდა). ფაქტობრივად, მიწის გაყიდვა 1950-იანი წლების დასაწყისში უკვე შეუძლებელი გახდა, რადგან გადაწყვეტილებას ეგრეთ წოდებული „შრომითი კოოპერატივების სასოფლოსამეურნეო განყოფილება (LCAU)“ ღებულობდა. მიწით სარგებლობის ნაციონალიზაცია 1962 წელს მოხდა, როდესაც შრომითი კოოპერატივების სასოფლოსამეურნეო განყოფილების მენეჯერთა ნაციონალურმა კონვენციამ ეს უფლება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიანიჭა. ამგვარად, ინვენტარი გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდებოდა; კაპიტალდაბანდებასა (ტრაქტორები, საირიგაციო და სამელიორაციო საშუალებები და სასოფლოსამეურნეო განათლება) და მიწის ოფიციალურ საკუთრებას შორის შეუსაბამობა წარმოიშვა.

არსებობდა კანონპროექტი, რომელიც კანონიერი მემამულეებისგან სააქციო საზოგადოების შექმნას მოითხოვდა, რომ მფლობელები თვითონ ყოფილიყვნენ და კაპიტალდაბანდებები და მემამულეთა სააქციო სტრუქტურები თვითონვე ემართათ. მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს იდეა კანონად ვერ იქცა. სოციალისტური ქვეყნის ლიდერები ხელსაყრელ შესაძლებლობას ეძებდნენ და მხარს უჭერდნენ იმ პროცედურას, რომლის თანახმადაც მიწის ყიდვაგაყიდვა ცენტრალურ და ადგილობრივ მიწათმოწყობის კომისიებს უნდა დაემტკიცებინათ (დღეს რუსეთის ფედერაციაში არსებობს მსგავსი კანონი). მაგრამ ამ სისტემამ ვერ გაამართლა.

მომდევნო დემოკრატიული ხელისუფლება (1991-92) ამ სისტემის გაუმჯობესებას მთავრობის მიერ დანიშნული ლიკვიდაციის კომიტეტის საშუალებით ცდილობდა, რომელსაც მატერიალურტექნიკურ ქონებასა და კაპიტალდაბანდებებზე (საირიგაციო და სამელიორაციო საშუალებები, საწყობები, შენობები, და ა.შ.) საკუთრების უფლების საკითხი მიწის საკუთრების მიხედვით უნდა გადაეწყვიტა. პროცესი სწრაფად მიმდინარეობდა, მაგრამ კაპიტალისა და ინვენტარის დაკარგვის ფასად. 1995 წელს ბულგარეთის მომდევნო სოციალისტური მთავრობა (1994 წლის დასასრულიდან 1997 წლის თებერვლამდე) რესტიტუციის პროცესის შებრუნებას და კოლექტიური მეურნეობების პრივილეგიების შემოღებას შეეცადა, მაგრამ ამის შესაბამისი კანონპროექტი კონსტიტუციურმა სასამართლომ კერძო საკუთრების უფლებების დარღვევად მიიჩნია და შეაჩერა. მომდევნო მთავრობამ, გაერთიანებულმა დემოკრატიულმა ფორუმმა (UDF), 1997 წლის აპრილში ამ პროცესის ხელახლა წამოწყება სცადა.

საბოლოოდ, მიწის საკუთრების საკითხი 1998 წლის ბოლოს მთლიანად დასრულდა. ამ დროს სოფლის მეურნეობის ინვესტიციების რაოდენობა 80 პროცენტით შემცირდა, სარწყავი მიწები 5 პროცენტი დარჩა, ტრაქტორების გამოყენება კი 1989 წელთან შედარებით 10 პროცენტს შეადგენდა13. მიწის საწარმოო მიზნებისთვის გამოყენება გაძვირდა. ჯერ კიდევ 1992 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ უკვე შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი საკუთრების უფლებების ხელახლა გადასანაწილებლად.

სხვა რესტიტუციები

ურბანული საკუთრების რესტიტუცია 1992 წლის თებერვალმარტში განხორციელდა. რესტიტუციის 80 პროცენტს დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდა. 1995-1996 წლებში სოციალისტურმა მინისტრთა კაბინეტმა რესტიტუციის უფლებების შეზღუდვა სცადა, მაგრამ ისევ პრეზიდენტმა და კონსტიტუციურმა სასამართლომ შეუშალა ხელი.

1992 წელს სპეციალური კანონი შემოიღეს ბულგარეთში ეთნიკური თურქების საკუთრების უფლების აღსადგენად, რომლებიც კომუნისტურმა მთავრობამ (1989 წლის მაისისექტემბერი) მუსულმანური სახელების ქრისტიანული სახელებით შეცვლის წინააღმდეგ პროტესტის გამო (1984-85 წლის ზამთარში) ქვეყნიდან გააძევა. ამ კანონის ბედი საკმაოდ გაურკვეველია. „უფლებებისა და თავისუფლების პარტიის” წევრების თანახმად (პოლიტიკური პარტია, რომელსაც ბულგარელი მუსლიმები უჭერენ მხარს), ვისაც ამ სტატიის ავტორმა ინტერვიუ ჩამოართვა, 1995 წლის ბოლოსთვის ამ კანონით მხოლოდ 280 ოჯახმა ისარგებლა. ფაქტობრივად, იმ თურქი ოჯახების რიცხვი, ვისაც საკუთრება ჰქონდა ჩამორთმეული, დაახლოებით 4000 - 10000 შეადგენდა.

1997 წელს კერძო ტყის საკუთრების უფლების დაბრუნება ცალკე კანონით დაარეგულირეს. ამ კანონის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ რესტიტუციას ტყის მხოლოდ 15 პროცენტი ექვემდებარებოდა (დანარჩენი სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრება იყო); ამ პროცესს დაახლოებით ორი წელი სჭირდებოდა და ტყით სარგებლობისთვის მიწათსარგებლობისა და სატყეო სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების ნებართვა იყო საჭირო.

1998 წელს შემოღებული კანონი არაფიზიკური ქონების, ანუ აქციების, ფასიანი ქაღალდების ან ისეთი საკუთრების რესტიტუციის პროცედურებს მოიცავს, რაც განადგურდა ან რაღაც მიზეზის გამო მისი ადრინდელი მფლობელისთვის ხელმიუწვდომელია. ამ კანონის თანახმად გამოშვებული საკომპენსაციო ობლიგაციებისა და ჩეკების საწყისი ღირებულება 1,5 მილიარდი ბულგარული ლევი (750 მილიონი ევრო) იყო.

საკომპენსაციო ობლიგაციები (ე.ი. „საკომპენსაციო ჩეკები“, „მობინადრეთა საკომპენსაციო ობლიგაციები“ და „პირადი საკომპენსაციო ობლიგაციები“) კანონიერი ანგარიშსწორებისთვის შემოიღეს, მაგრამ განსაზღვრული სახელმწიფო ქონებისთვის. მას საფუძვლად ედო ადმინისტრაციულად განსაზღვრული ფასები და მთავრობის მიერ შედგენილი იმ აქტივების სია, რომლის შეძენაც შეიძლებოდა. ობლიგაციების რეგისტრაციის უნიფიცირებული სისტემა 2003 წლამდე არ არსებობდა და 1998-2000 წლებში რაიონის გუბერნატორები ადგენდნენ სიებს (ე.ი. პრემიერმინისტრის დანიშნული პირები). იმისათვის, რომ ობლიგაციებით ვაჭრობა სოფიის სააქციო ბირჟაზე ეწარმოებინათ, 2003 წელს ობლიგაციების მფლობელებს შორის თავისუფალი ყიდვაგაყიდვა აიკრძალა. ობლიგაციის ფასი ძირითადად შესაძენი აქტივების ნომენკლატურაზე იყო დამოკიდებული; ვაჭრობა იშვიათად აღწევდა ნომინალური ფასის 20 პროცენტზე მეტს. ბოლოს, 2005 წელს, ტელეკომუნიკაციების ყოფილი მონოპოლიის არაპრივატიზებული 35 პროცენტი საკომპენსაციო ობლიგაციებზე გასაყიდად გამოიტანეს და მათი საბაზრო ფასი გაოთხმაგდა.

მთავრობის მიზანმიმართული გულგრილობა რეფორმის პირველ წლებში

მთავრობის გულგრილობა საკუთრების უფლების უზრუნველყოფის სფეროში გარკვეულწილად მიზანმიმართული იყო: 1980-იან და 1991-1992 წლებში ეს მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების სპონტანური პრივატიზაციის საშუალებას აძლევდა. მომდევნო ნაწილში ეს პროცესი ცალკეა განხილული ისეთი სექტორებისთვის, როგორებიცაა ბანკები, საერთაშორისო გადარიცხვები და სახელმწიფო ვალის მართვა.

სუსტი ხელისუფლების როლი საკუთრებისა და კრედიტორების უფლების მიღებასა და მონოპოლიის იძულებითი დათმობის საქმეში ექსკომუნისტური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სპონტანური პრივატიზაციით სარგებელს ნახულობდნენ, ხელსაყრელი იყო.

ამ თვალსაზრისით, ყველაზე ხელსაყრელი 1990 წელს არსებული მისტერ ანდრეი ლუკანოვის ორი მინისტრთა კაბინეტი იყო. 1983-89 წლებში ის ბულგარეთის სამრეწველო ასოციაციის (ბსა)14 თავმჯდომარე იყო. ბსა მთავრობის მიერ შექმნილი მცირე და საშუალო საწარმოთა გაერთიანებას წარმოადგენდა, რომელიც უცხოეთში ვაჭრობდა. ეს კომპანიები ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ სუბსიდირებულ ფასად მიწოდებულ ნედლეულსა და ენერგორესურსებს გადამუშავების შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ყიდდნენ. ფასების სხვაობით მიღებული მოგების ნაწილი „მეგობრულად განწყობილი“ პოლიტიკური რეჟიმების დასახმარებლად მიდიოდა (მაგ., ანგოლა, ნიკარაგუა და ა.შ.), ნაწილი კი - ემბარგოდადებული მაღალი ტექნოლოგიების შეძენასა და ბულგარეთში (და აღმოსავლეთ ბლოკში შემავალ ქვეყნებში) იმპორტირებაზე.

ამავდროულად, 1980-იან წლებში ბატონი ლუკანოვი უცხოური ვალუტის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ამ ორგანოს სახელმწიფო სესხებსა და გრანტებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. 1989 წლის ნოემბრის შემდეგ ის ბულგარეთის პირველი დროებითი პრემიერმინისტრი იყო (1990 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე) და პარლამენტის წევრი 1996 წლის ოქტომბრამდე, მის მკვლელობამდე15. 1990 წელს მისმა ორმა კაბინეტმა კერძო ბანკების დაარსებას და ექსკომუნისტთა ფონდების კერძო ხელში გადასვლას შეუწყო ხელი.

პირველ პოსტკომუნისტურ თავისუფალ არჩევნებამდე (რომელიც 1990 წლის 10 ივნისს ჩატარდა) ისეთი სისტემა არსებობდა, რომ მნიშვნელოვანი დარგის კომპანიებს მინისტრები ხელმძღვანელობდნენ (მაგ., ვაჭრობის მინისტრი საბითუმო სავაჭრო მონოპოლიის „Тарговиа на едрос“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, მშენებლობის მინისტრი უდიდესი სამშენებლო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და სხვ.). მმართველობის ასეთი სისტემა 1990-იანი წლების პოსტკომუნისტურ სამყაროში მხოლოდ იუგოსლავიაში - მილოშევიჩის ფედერაციულ რესპუბლიკაში და რუსეთისა და ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რამდენიმე სახელმწიფო კომპანიაში არსებობდა. ეს სისტემა 1990 წლის დეკემბერში დაიშალა, როდესაც მისტერ ლუკანოვი გადააყენეს, მაგრამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „საკვანძო“ კომპანიების პრივატიზაციას და ბიუროკრატული და პოლიტიკური კონტროლისგან გათავისუფლებას წლები დასჭირდა.

მოვლენების განვითარება მოწმობს, რომ, ფაქტობრივად, იმ თვეების პოლიტიკური პროგრამით კერძო საკუთრების უფლებების დაცვას მთავრობა გულგრილად ეკიდებოდა.

1. კერძო კომპანიების დაარსება საზოგადოებრივი რესურსებით. 1989 წლის იანვრის სახელმწიფო დეკრეტის თანახმად, რომელიც კერძო კომპანიების დაფუძნების უფლებას იძლეოდა, კომპანიების დარეგისტრირება ვაჭრობის სამინისტროში მიმდინარეობდა. 1990 წლის თებერვლიდან ივნისამდე, შესაბამისი დარგის სამინისტროები არეგისტრირებდნენ კომპანიებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებში შემოსავალგასავლის და, მომარაგებისა და რეალიზაციის საწარმოებლად. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების „შესასვლელსა“ და „გასავლელთან“ არსებული ასეთი საწარმოები მოგების პრივატიზებასა და ზარალის ნაციონალიზაციას უწყობდა ხელს, რაზედაც სპონტანური პრივატიზაციის განხილვისას ვისაუბრეთ.

2. კერძო ბანკების დაარსება საზოგადოებრივი რესურსებით. ბულგარეთის სამრეწველო ასოციაციის (ბსა) კომპანიებს საკუთარი სპეციალიზებული ბანკი ჰქონდათ (1984 წლის „ეკონომიკური ინიციატივით“, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მინერალბანკი“), კერძო კომპანიების დაარსებასთან ერთად კერძო ბანკებიც იყო საჭირო. ქვემოთ განვიხილავთ ბანკების თავისუფალი რეგისტრაციის კანონების გავლენას საბანკო სექტორზე. ამჯერად შევეცდები აგიხსნათ, თუ როგორ ხდებოდა კერძო ბანკების დაარსება ბულგარეთში 1989 წლის შუახანებიდან (ნოემბრის კომუნიზმის დამხობამდე) 1990 წლის შუახანებამდე (1944 წლის შემდეგ ჩატარებულ პირველ თავისუფალ არჩევნებამდე). გადასახადის გადამხდელთა ფულით კერძო ბანკის დაარსების ორი გზა არსებობდა - ხელისუფლების სპეციალური დეკრეტის საშუალებით და საერთო პროცედურის გზით. პირველი მათგანის მაგალითს იმდროინდელი ერთერთი უდიდესი ბანკი, „სოფლის მეურნეობის საკრედიტო” (BAC) ბანკი წარმოადგენს, რომელიც 1990 წლის მარტში „სოფლის მეურნეობაში კერძო ინიციატივების წახალისების შესახებ“ მთავრობის მე-5 დეკრეტის საფუძველზე დაარსდა (რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ცალსახად და ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეაჩერა უცხოური ვალების გადახდა). მეორე მხრივ, იმავდროულად, სპეციალური საბანკო კანონით შეიცვალა მინისტრთა საბჭოს მიერ 1989 წლის მაისის დეკრეტით შემოღებული „საბანკო საქმიანობის წესები“. ეს დეკრეტი ცენტრალურ ბანკს განსაზღვრავდა, როგორც „უშუალოდ მინისტრთა საბჭოს დაქვემდებარებაში არსებულ ფუნქციონალური კომპეტენციის მქონე ორგანოს“. კომერციული ბანკები „ერთი ან ორი ფირმის, ბანკის და/ან სხვა ორგანიზაციების მიერ სულ ცოტა 7 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის საწესდებო კაპიტალით (რომლის 50 პროცენტი რეგისტრაციამდე უნდა ჩარიცხულიყო ცენტრალურ ბანკში) დაარსებული სააქციო კომპანიები“ იყო (ამერიკული დოლარის გაცვლის კურსი 1989 წელს 1,16 ბულგარულ ლევს შეადგენდა). ამგვარად, საწესდებო კაპიტალი თავისუფლად შეიძლებოდა ნასესხები 3,5 მილიონი დოლარი ყოფილიყო (სინამდვილეში, 199093 წლებში ასეც იყო), რადგან წყაროს დასახელებას ან თანხის წარმომავლობას არავინ ითხოვდა. სხვათაშორის, მე-19 დეკრეტით ბანკებს „ბანკებისა და ფირმების რესურსების ერთად დაგროვება და გამოყენება“ მოეთხოვებოდათ. უდიდესი კერძო ბანკი, რომელიც პრემიერმინისტრ ლუკანოვის მიერ ბულგარეთის ეროვნული ბანკის მმართველისთვის გაგზავნილი 1990 წლის აპრილის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი წერილის თანახმად დარეგისტრირდა, „პირველი კერძო ბანკი” (FPB) იყო. სოფლის მეურნეობის საკრედიტო ბანკი და პირველი კერძო ბანკი დანაზოგებს საზოგადოებისგან (რომელიც ამ ბანკებს ენდობოდა, რადგან „კერძო“ იყო) იზიდავდა და სესხებს ფართოდ გასცემდა აქციონერებზე. ორივე ბანკი 1996 წელს გაკოტრდა.

3. კომუნისტური ორგანიზაციების აქტივების გადასვლა კერძო ხელში. ყველაზე ტიპური შემთხვევა ზემოხსენებული 1990 წლის ივნისის 68-ე დეკრეტი იყო, რომლის თანახმადაც ახალგაზრდა კომუნისტ ტექნოლოგთა და მეცნიერთა კავშირის ქონება (უძრავი ქონება, კომპიუტერები, საოფისე აღჭურვილობა და ა.შ., რაც ფიზიკურად ყველა მუნიციპალიტეტში არსებობდა) ადგილობრივ მთავრობებს გადაეცა და შემდეგ მას ექსკომპარტია განაგებდა. ეს ქონება პირდაპირ კერძო კომპანიების კაპიტალად იქცა, რომლებიც კონსულტაციებს, სასწავლო კურსებს, კომპიუტერულ და სხვა მომსახურებას სთავაზობდნენ ხალხს.

სხვისი ფულის გამოყენება: ქონების გადანაწილება გარდაქმნის დასაწყისში

რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდი (199-198) გარდამავალი პერიოდის მთავრობები საერთაშორისო პოლიტიკური ბანკებიდან დიდი რაოდენობით ფულს სესხულობდნენ. მაშინაც კი, როდესაც ასეთი სესხები დიდი სიფრთხილით იყო დაგეგმილი და საკრედიტო პროგრამები კრედიტორთა ზარალს არ ითვალისწინებდა, მრავალი გაუთვალისწინებელი ნეგატიური ფაქტორი წარმოიშვა.

ასეთი იყო, მაგალითად, მსოფლიო ბანკის 150 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების რესტრუქტურიზაციის სესხის ოპერაცია 1991 წელს. ამ სესხის სწორად წარმართვისა და კონტროლისთვის ბულგარეთის ეროვნულმა ბანკმა (BNB) სპეციალური ორგანო - სახელმწიფო რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდი (SRDF) დააარსა.

თავიდან, 1991 წელს, სახელმწიფო რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის დაარსება ნავთობნედლეულის კრიზისის გამწვავების პიკს დაემთხვა. სესხის მიზანი სწრაფი სესხების საშუალებით ყველასთვის მომგებიანი ეფექტის შექმნა იყო: ნასესხები რესურსებით მთავრობას საბითუმო ფასად უნდა შეეძინა ნავთობი და მერე ადგილობრივ მომხმარებელზე საცალო ფასად გაეყიდა, ფასების სხვაობით მიღებული მოგებით კი უძრავი ქონების რესტრუქტურიზაციის დასაფინანსებლად ფონდი უნდა დაეარსებინა.

მომწოდებლების ანაზღაურება PARIBASPA-ბანკის საშუალებით განხორციელდა, სახელმწიფო რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდს კი ნავთობგადამამუშავებლებისა და სხვა შიდა სტრუქტურებიდან მთავრობის ვალების აკრეფა და შემდეგ კომერციული ბანკების საშუალებით დიდი სამრეწველო საწარმოს ინვესტირება ევალებოდა. ბოლოს, კერძოდ 1995-96 წლებში, სახელმწიფო რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდი ძირითად სამთავრობო უწყებად იქცა წამგებიანი სახელმწიფო საწარმოების კვაზიფისკალური სუბსიდიების გასაფართოებლად.

ბანკების უმრავლესობა, რომელთა გავლითაც ფონდი მუშაობდა, 1996-97 წლებში ცენტრალური ბანკის განკარგულებაში გადავიდა, ხოლო მაშინდელი სახელმწიფო საწარმოები ისევ ბულგარეთის ეკონომიკის თავსატეხი იყო. სახელმწიფოს განვითარებისა და რეკონსტრუქციის ფონდის „ბენეფიციარი“ სასუქის ქარხნები, ტყვიისა და თუთიის სადნობი ქარხნები, მეტალურგიული ქარხნები ელექტროენერგიისა და გაზის მონოპოლიები იყო. ეს ფონდი 1997-99 წლებში პირველადი მოხმარების საქონლის მწარმოებელ საწარმოთა და სხვა სახელმწიფო საწარმოთა (და სხვა ზემოხსენებულ საწარმოთა) უკანასკნელი ნუგეში იყო. 1999 წელს თითქმის ყველა საწარმო ან ლიკვიდირებული იყო, ან ვალში გაიყიდა. სახელმწიფო რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდი ეფექტიანი და გამჭვირვალე ინსტიტუტი არ იყო. მისი საეჭვო როლის გამო მსოფლიო ბანკი იძულებული გახდა სესხის მეორე ეტაპი გადაედო. მცოცავი კურსის შესანარჩუნებლად მთავრობის დადგენილება მოითხოვდა, რომ პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლის 56 პროცენტი (1993-96 წლებში) ფონდში წასულიყო. 1994 წლის ოქტომბერში ნავთობის მიწოდებისა და საცალო ვაჭრობის კონტრაქტების საწარმოებლად 7,13 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინეს სამთავრობო უწყება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Chimimport Jsc.

პრესაში გაჩნდა განცხადებები, რომ საცალო ვაჭრობა თაღლითობა იყო, ბენზინს უფრო მაღალი ხარისხისად ასაღებდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყო. სხვადასხვა წლებში საწარმოებს კომერციული ბანკების (და შესაბამისად სახელმწიფოს განვითარებისა და რეკონსტრუქციის ფონდის) სხვადასხვა ადგილობრივ და მყარ ვალუტაში ასახული ვალები ჰქონდათ იმის მიხედვით, თუ ვალუტის რა კურსით უფრო მცირე ჩანდა ვალი.

ბოლოს, 1998 წელს, სახელმწიფოს განვითარებისა და რეკონსტრუქციის ფონდი დაიხურა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამწლიანი (1998-01) პროგრამის აუცილებელი წინაპირობა იყო. 1997 წელს სახელმწიფოს განვითარებისა და რეკონსტრუქციის ფონდის, ენერგორესურსების ფონდის და რამდენიმე სხვა არასაბიუჯეტო ანგარიშზე იმ წლის მშპს ერთი მერვედის ეკვივალენტური თანხა ირიცხებოდა.

ბანკები და მოჭიდავეები

როგორც ჩანს, 1990-იან წლებში ინსტიტუციონალური რეფორმების ძირითადი პრინციპი ის იყო, რომ სხვისი ფულით სარგებლობა კანონს არ საჭიროებდა, მაგრამ ხალხი თუ საკუთარი ქონებითა და დანაზოგებით სარგებლობას მოინდომებდა, მაშინ მეტისმეტად მკაცრი კანონები მოქმედებდა.

ერთი მხრივ, ეს ბანკების ზემოხსენებული კანონებიდანაც ჩანს და, მეორე მხრივ, კერძო სექტორის ხელის შემშლელი ბარიერებიდანაც (ლიცენზიები, ნებართვის პროცედურები და სხვა მოთხოვნილებები). სპონტანური პრივატიზაციის წყალობით, რომელსაც 1990იან წლებში პრემიერმინისტრ ლუკანოვის მთავრობა უჭერდა მხარს, სახელმწიფო ფულით კერძო ბანკების კაპიტალიზაცია შინაურებისთვის „იოლი“ იყო.

კერძო ბანკების დაარსება 1990 წელს დაიწყო და 1993 წლამდე აქტიურად მიმდინარეობდა: ბანკის გასახსნელად მცირე კაპიტალი იყო საჭირო და მეტი არაფერი (პრემიერმინისტრის თანხმობის გარდა). არც საწესდებო კაპიტალის წარმომავლობის დამამტკიცებელი საბუთი იყო საჭირო; კერძო ბანკების უმრავლესობა ნასესხები ფულით იხსნებოდა. მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (1990 წელს მხოლოდ 2 ბანკი იყო, 1993 წელს კი - 70; ეს ბანკები 1995 წელს 26 ბანკად გაერთიანდა); მთლიან საბანკო ქონებაში მათი წილი 1992 წელს 3,1 პროცენტს შეადგენდა, 1995 წელს - 22,4 პროცენტს, 1999 წელს კი, მას შემდეგ, რაც 1996-97 წლებში 18 ბანკი დაიხურა, 19 პროცენტს - უმეტესად ახლადპრივატიზებული ბანკების ქონების ხარჯზე.

რეფორმის შემდეგ პირველად 1992 წლის თებერვალში მიიღეს კანონი საბანკო და საკრედიტო საქმიანობაზე. ამ დროს, ორივე ზემოხსენებულ ბანკს (იხ. მეოთხე ნაწილი), ბულგარეთის სასოფლოსამეურნეო საკრედიტო ბანკსა და პირველ კერძო ბანკს, ტიპური და შთამბეჭდავი ბიოგრაფიები ჰქონდა. როგორც კერძო ინსტიტუტებმა (ისეთ ვითარებაში, როდესაც საზოგადოება მთავრობას არ ენდობა), მათ საზოგადოების ნდობა მოიპოვეს და სწრაფად შექმნეს კარგი სადეპოზიტო ბაზა. ამავე დროს, მთავრობამ, რომელიც ამ ბანკებს მხარს უჭერდა, თავისი გავლენა გამოიყენა და სახელმწიფო საწარმოები სასოფლოსამეურნეო საკრედიტო ბანკისა და პირველი კერძო ბანკის ძირითად კლიენტებად აქცია. მათ საკრედიტო საქმიანობას კომპანიებსა და აქციონერებთან დაახლოებული წრეებისა და „ტაქტიანი“ მთავრობის წევრებისთვის სარგებლობა მოჰქონდა.

მაღალი უპროცენტო სესხების გამო დამატებითი კვაზიფისკალური სუბსიდიები გახდა საჭირო: საგრანტო კონტრაქტები ბიუჯეტის დასახმარებლად, სახელმწიფო რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის საინვესტიციო პროგრამები, ცენტრალრი ბანკის რეფინანსირება და ა.შ. 1995 წელს ბულგარეთის ეროვნული ბანკის რეფინანსირების დაახლოებით 65 პროცენტი სახელმწიფო რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდში მიედინებოდა. 1995 წლის ბოლოს და 1996 წლის დასაწყისში ბულგარეთის სასოფლოსამეურნეო საკრედიტო ბანკი (რომელმაც არაოფიციალურად ძალოვნები, „მოჭიდავეები“ დაიქირავა) წარმატებით იბრუნებდა ვალებს „Orion Holding“-ის წევრისგან, რომელიც მთავრობის მნიშვნელოვანი კლიენტი იყო.

1996 წლის მარტში, იმ დროს, როდესაც პრესაში აქტიურად მსჯელობდნენ ბანკის სიჯანსაღის შესახებ, სახელმწიფო საწარმოებმა ბულგარეთის სასოფლოსამეურნეო საკრედიტო ბანკიდან თავიანთი ანგარიშები გამოიტანეს, ბულგარეთის ეროვნულმა ბანკმა კი მისი რეფინანსირება შეწყვიტა. ამის შემდეგ ოთხი კვირაც არ იყო გასული, რომ ბულგარეთის სასოფლოსამეურნეო საკრედიტო ბანკი დაიხურა.

რატომ გამოიყენა ბულგარეთის სასოფლოსამეურნეო საკრედიტო ბანკმა „მოჭიდავეები“?

გაკოტრების კანონები მხოლოდ 1994 წელს შემოიღეს, მაგრამ ეს კანონები 1998 წლის ბოლომდე წამგებიან სახელმწიფო საწარმოებს არ ეხებოდა. კრედიტორის უფლებები ქაღალდზე ეწერა, მაგრამ მათი პოლიტიკური და ინსტიტუციონალური მიზნით ამოქმედება ძნელი იყო მათთვის, ვინც უმეტესად სესხულობდა. 1995 წელს მრეწველობის მინისტრმა, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მეწველი ძროხების” უფროსი იყო, თავის საწარმოებს საბანკო სექტორისთვის ვალების გადახდა აუკრძალა.

დაგირავებულ ქონებაზე უფლების დაკარგვის პროცედურას კანონით 19 დღე სჭირდებოდა, მაგრამ მაღალ ინფლაციურ გარემოში ასეთი ვადა ნაკლებგამართლებული იყო.

ამგვარად, ბანკები დაინტერესებული იყვნენ კრედიტები შიდა წრეებში გაეცათ; ისინი არაოფიციალურ კონტროლს ენდობოდნენ და საკუთარის შექმნა ან არსებული არაოფიციალური ძალოვნების „მომსახურებით“ სარგებლობა სურდათ.

პრივატიზაციის და უძრავი ქონების რესტრუქტურიზაციის შეფერხებამ, ფინანსური კანონების უქონლობამ და სახელმწიფო საწარმოებზე შეღავათიანი კრედიტების ფართოდ გაცემამ ბულგარეთის ეროვნული ბანკი „აიძულა“ სიტუაციის „გამოსასწორებლად ბანკნოტების „განსაზღვრული“ რაოდენობა გამოეშვა. ამან წარმოშვა ის სისტემა, რომელმაც ბანკების დეკაპიტალიზაცია მოახდინა და ხარჯები საზოგადოებაზე16 გადაიტანა, რამაც 199697 წლებში საზოგადოების მღელვარება გამოიწვია.

საბანკო სექტორის სუფთა ზარალმა 1993 წელს 5 მილიარდი ბულგარული ლევი შეადგინა, ხოლო 1994 წელს თითქმის 7 მილიარდი; 1995 წელს პრობლემები უფრო გაღრმავდა, როდესაც შუა წლისთვის სუფთა ზარალი დაახლოებით 30 მილიარდამდე, ხოლო წლის ბოლოსთვის კი 100 მილიარდამდე გაიზარდა.

1996 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ათი ბანკიდან ცხრაში, რომელიც საბანკო სექტორის აქტივების 80 პროცენტს ფლობდა, კაპიტალის კლება აღინიშნებოდა. საბანკო კრიზისის გადასაჭრელად 1996-97 წლებში გამოყოფილი პირდაპირი ფისკალური ტრანსფერის ღირებულებამ მშპს 14 პროცენტს შეადგინა.17

1999 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ბულგარეთში ჩატარებულმა ეკონომიკურმა გამოკითხვამ საბანკო სისტემის ზემოხსენებული ინსტიტუციონალური პროექტის ორი მთავარი ფუნქცია დაადგინა, ორივე კორუფციას უწყობდა ხელს. ერთი მხრივ, აღმოჩნდა, რომ ბულგარეთის მთავრობა კომერციულ ბანკებზე სუბსიდიებს წამგებიან სახელმწიფო საწარმოებზე შეღავათიანი დაკრედიტებისთვის იყენებდა.“ მეორე მხრივ, „რადგან კომერციული ბანკების (არასაკმარისი კაპიტალის მქონე) მმართველებს ხელი მიუწვდებოდათ შეღავათიან დაფინანსებაზე, ისინი თვითონვე აქტიურად უზრდიდნენ კრედიტს, უმთავრესად ახალ კერძო სექტორს, და თანაც, როგორც წესი, კორუფციის საფუძველზე.18 ამგვარად, OECD-მ დაადგინა, რომ ამ ვითარების მთავარი მიზეზი კორუფცია იყო, მაგრამ მან ისიც აღმოაჩინა, რომ უიმედო ვალების საკმაოდ დიდი ნაწილი მცირერიცხოვან კერძო ფირმებზე გაცემული დიდი სესხების სახით (თითოეული 1.4 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ოდენობით) იყო დაგროვილი, რომელიც მთლიანად დაახლოებით მშპ-ს 10 პროცენტს შეადგენდა. ამასთანავე, OECD-მ დაადგინა, რომ „ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც არაფინანსურ სექტორზე გაცემულ კრედიტებთან მიმართებაში შედარებით მაღალ თანაფარდობას ინარჩუნებდა მშპ-ში, რომელიც ახალი (გარდაქმნის შემდგომი) სესხებისგან შედგებოდა.19

ამ ვითრებაში არათუ ძნელი, არამედ შეუძლებელიც კი იყო კანონის მმართველობის იმედად ყოფნა. ბანკების გაფლანგულმა თანხებმა სამართალდამცავ ორგანოებშიც „გაჟონა“. ბუნდოვანი კანონები, ფაქტობრივად, ბანკების გასაკოტრებლად იყო გამიზნული და არა დებიტორების ან წამგებიანი საწარმოების დასახმარებლად. მთავრობა იმ ფაქტით კმაყოფილდებოდა, რომ „სოციალურად მგრძნობიარე“ საწარმოების ლიკვიდაციას აყოვნებდა და მათ მმართველებად კვლავ პოლიტიკურ მეგობრებსა და სახელმწიფო თანამდებობის პირებს ნიშნავდა. სამუშაოს შენარჩუნების მიზნით, მუშები წინააღმდეგობას არ უწევდნენ. ამ წრესთან დაახლოებული კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო საწარმოების მიმწოდებლებს და რეალიზატორებს წარმოადგენდნენ, მოგების პრივატიზაციას ახდენდნენ, ვალებს კი სახელმწიფოს მიაწერდნენ (და მაღალი ინფლაციით მის დევალვაციას - 1994 წელს, განსაკუთრებით 1996 და 1997 წლებში).

არსებობს ფაქტები, რომ ფისკალური გარემო ხელს უშლიდა კერძო სექტორის გამჭვირვალე და სწორ განვითარებას. მთავარი პრობლემა კანონების პროგნოზირებადობა იყო. საგადასახადო კანონმდებლობა 1991-98 წლებში 66ჯერ შეიცვალა, სათანადო „დადგენილებები“ კი 43-ჯერ, ანუ წელიწადში 8,25ჯერ და 5,38ჯერ, შესაბამისად. მთლიანობაში, საგადასახადო კანონმდებლობის შესწორება (ან ახალი დადგენილების მიღება) წელიწადში 16,13-ჯერ ხდებოდა. რეფორმების დაწყების შემდეგ მინისტრთა საბჭომ 49 მითითება და ინსტრუქცია გამოუშვა საგადასახადო კანონმდებლობის დამატების სახით. მხოლოდ 1996-98 წლებში ფინანსთა სამინისტროს „საერთო საგადასახადო დირექტორატმა“ 71 განმარტებითი ბარათი გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ 1997 წლის ბოლოს პარლამენტმა გამოაცხადა, რომ ახალი საგადასახადო კანონმდებლობა ნათელი იქნებოდა და ინტერპრეტაცია აღარ დასჭირდებოდა, საერთო საგადასახადო დირექტორატმა 1998 წელს 14 წერილი გამოსცა, 1999 წელს კი - 12. ამის გამო, შეუძლებელი იყო გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება, ან, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ძვირი ჯდებოდა. კორპორაციული გადასახადები სამი სხვადასხვა კანონმდებლობით რეგულირდებოდა. ასეთმა პოლიტიკამ საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა რამდენჯერმე უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე მისი დარღვევა.20

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები და მათი მართვა

1995 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა მშპს შექმნაში; მთელი გარდამავალი პერიოდის მანძილზე სახელმწიფო საწარმოების ზარალს კერძო სექტორი ანაზღაურებდა.21

მაგრამ აშკარაა, რომ ინსტიტუციონალური რეფორმების დროს სახელმწიფო საწარმოების მიმართ გატარებული პოლიტიკა ხელახალი გადანაწილების მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა. ეს საწარმოები ბულგარეთის ეკონომიკის აქტივების 45 პროცენტს ისევ ინარჩუნებს. უძრავი ქონების „უშუალო“ კონტროლის ბერკეტი (ცენტრალური მთავრობის ოფიციალურ/დანიშნულ პირთა უშუალო ჩართვის გზით) „სახელმწიფო საკუთრების უფლების“ მოპოვებაა. ეს კანონები მხოლოდ 1994 წელს დაადგინეს მინისტრთა საბჭოს 7 დეკრეტით. მას შემდეგ 17-ჯერ შეასწორეს, უმეტესად ის ნაწილი, რომელიც მმართველთა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურებას ეხებოდა. მე-10 და მე-11 სტატიებში მითითებულია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოს ერთადერთი მფლობელის უფლებით ამ დარგის სამინისტრო (მრეწველობის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ფოსტის და ტელეკომუნიკაციების და ა.შ.) და მინისტრთა საბჭო (სამხედრო მრეწველობის შემთხვევაში) სარგებლობს. ფაქტობრივად, გამოდის, რომ საბოლოოდ ერთადერთი მფლობელი პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტია, რადგან დარგობრივი მინისტრების ქმედებას ისინი აკონტროლებენ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს დარგობრივი მინისტრები ნიშნავენ საკუთარი ნებასურვილით. ცენტრალური სამმართველოს წევრს უფლება არ აქვს ორზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყოს, თუმცა პარლამენტის წევრებისთვის შეზღუდვა არ არსებობს. მმართველი გუნდის დასაკომპლექტებლად ან კერძო საწარმოთი სარგებლობისთვის არავითარი კონკურსი და წინაპირობა არ არის საჭირო, თუმცა არც აკრძალულია, მაგრამ რეალურად არ არსებობს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში დარგის მინისტრებს საზოგადოების ინტერესების დაცვა მოეთხოვებათ, თუმცა ისინი შიშობენ, რომ მათ ამ მოვალეობის შეუსრულებლობის გამო დაადანაშაულებენ. გარდამავალ პერიოდში ქვეყნის ყველა მთავრობამ თავისი მომხრეები მოიყვანა ადმინისტრაციაში და ასე გადაუხადა მათ სამაგიერო პოლიტიკური სამსახურისა და ერთგულებისთვის. დეკრეტში ნათქვამია, რომ მმართველებმა და მინისტრებმა ის საწარმო უნდა დახურონ, რომლის დავალიანება ქონების 50 პროცენტზე მეტია.

ეს დებულება ადმინისტრაციას 1998 წლამდე არ შეუსრულებია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველთა და/ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა წახალისების საშუალებით მწარმოებლურობის ამაღლებისთვის გატარებულმა არც ერთმა ღონისძიებამ არ გაამართლა. ვაჭრობის კოდექსის ზოგადი დებულების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რესტრუქტურიზაცია დაიწყეს. უნდა ითქვას, რომ არც ერთი შესწორების შედეგად არ გადაჭრილა მთავარი პრობლემა - აღმასრულებელი ხელისუფლების დანიშვნა განსაზღვრული ვადით (სამი წლით) კონკურენციის ან ვენჩურული კაპიტალიზმის ნიშნით. მმართველები თავიანთ თანამდებობებს შესაბამისი დარგის სამინისტროს ადმინისტრაციაში ან გარკვეულ თანამდებობებზე დასანიშნ ადამიანთა „სიაში“ იცავდნენ. მაგრამ საბაზრო პირობებში ასეთი მეთოდი არც გაზრდილ შემოსავალს იძლევა და არც მენეჯმენტის ცოდნას. ის ისეთი ინტერესებიდან წარმოიშობა და ისეთ ინტერესებს წარმოშობს, რაც ზოგადად მავნე გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ამის გამო იყო, რომ წამგებიანი საწარმოები არ დაიხურა. აგრეთვე, ამის გამო ხდებოდა პოლიტიკური ზეწოლა შეღავათიანი სესხების მისაღებად; ამის გამო შეფერხდა პრივატიზაცია და ამის გამო გამოცარიელდა ბანკები.

დასკვნის მაგიერ

ამჟამად, ბულგარეთში საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკური დებატები დიდი მთავრობის აღდგენას უჭერს მხარს, რომელმაც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა შეცვალოს. ასეთი განვითარება მხოლოდ ბულგარეთისთვის არ არის დამახასიათებელი. ეს განწყობა პოპულისტური პარტიების პოპულარობის ზრდაზე მიუთითებს. ამ პარტიებმა პოლონეთში, უნგრეთსა და ჩეხეთში არჩევნებში გამარჯვებაც კი მოახერხეს.

დაგეგმილმა გარდაქმნებმა ძალიან ბევრი მოულოდნელობა წარმოშვა. ეს პროცესები ახალი ევროპის არც ერთ ქვეყანაზე არ აისახა დადებითად. ერთერთი მიზეზი ის იყო, რომ ცენტრალიზებულობის გარდაქმნის თეორიულ ახსნაში ეკონომიკური გავლენისთვის სახელმწიფო კაბინეტის სხვადასხვა ფორმების გამოყენებას დიდი ყურადღება არ ექცეოდა. ბულგარეთის გამოცდილება შესაძლოა უარესი დაკანონებული ძარცვის თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს, რის მაგალითებიც ამ სტატიაშია წარმოდგენილი.

________________

1. დეტალური ანგარიში ამ საკითხზე ix.: Krassen Stanchev (editor), Anatomia na prehoda. Stopanskata politika na Bargaria ot 1989-2004, Sofia, CIELA, 2004 [გარდამავალი პერიოდის ანატომია: ბულგარეთის ეკონომიკა 1989-2004 წლებში]; www.easibulgaria.org

2. ასეთი შემთხვევაა, მაგ., კერძო საკუთრებაში მყოფი სახლები, რომელიც ზოგიერთი საბჭოური ექსპერიმენტის შემდეგ, 1970-იანი წლების დასასრულს, საერთო ფონდის 80-85%25 იყო. ბულგარეთის ისტორია საკმაოდ ტიპურია ბალკანეთის ქვეყნებისთვის.

3 ბულგარეთის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება იხ.: Krassen Stanchev, The Path of Bulgarian Economic Reform, East European Constitutional Review, vol. 10, No 4, Fall 2001.

4. ეს გაერთიანება იყო ერთერთი მიზეზი, რამაც ევროკავშირში შესვლის განრიგი შეაფერხა; ზოგიერთი კვლევის მიხედვით 2002 წელს ბულგარეთის ინსტიტუციონალური განვითარება ახალი ევროპის სხვა სახელმწიფოების 1996 წლის განვითარების დონეზეა; World Bank, Bulgaria: The Road to Successful EU Integration - the Policy Agenda, Country Economic Memorandum, Washington D.C., World Bank Document No: 34233 BG, November 2005, chapter 6 (ეს შეფასება ეყრდნობა IBღD/EBღDის მიერ 2002 წელს მთელი პოსტკომუნისტური ქვეყნების 6000 საწარმოში ჩატარებულ გამოკითხვას).

5. ამან განაპირობა ევროკომისიის კომენტარი ქვეყნის პროგრესის რეგულარული მონიტორინგის კონტექსტში ევროკავშირის ოფიციალური წევრობისთვის, რომ ბულგარეთი დანაშაულთან ბრძოლისა და სასამართლოს ინსტიტუციონალურ ეფექტიანობასა და შინაგან საქმეთა ორგანოებში მტკიცე საფუძველს ვერ ამჟღავნებს.

6. იხ. Center for the Study of Democracy (CSD), Private Guards and Protection in the Balkans, CSD, 2005.

7. Georgi Ganev, Balgarskaia privatizatzia v svetlosenkite na desetgodishnia opit, Ikonomika, No 3.

8. 1998 წელს გაყიდული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი საწარმოების 73,4 %25 ხელმძღვანელებმა და ხელქვეითებმა შეისყიდეს.

9. Boycko, Maxim, Andrei Shleifer, and Robert W. Vishny, Privatizing Russia. Cambridge, MA: MIT Press, 1995; Andrei Shleifer, State versus Private Ownership, Journal of Economic Perspectives, Fall 1998, p. 17.

10. 1990-1991 წლებში გახლდით კონსტიტუციური პარლამენტის წევრი ანტი კომუნისტური რეფორმატორების სახელით, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ეკონომიკური კომისიის წევრი. ამ თანამდებობებიდან გამომდინარე, მონაწილეობას ვიღებდი პრივატიზაციისა და რესტიტუციის პროცესების დაგეგმვაში.

11. ე.ი. რეჟიმის ფაქტობრივ დაშლამდე, 1989 წლის 10 დეკემბრამდე.

12. იხ.: Bulgaria: The State of Agriculture, OECD, 1999.

13. 992 წლის 13 მარტის ბულგარეთის ნაციონალური ასამბლეის ოქმები (ბულგარულ ენაზე). სამხრეთდასავლეთ ბულგარეთის წარმომადგენელმა, პარლამენტის სოციალისტმა წევრმა შინაგან საქმეთა მინისტრს ჰკითხა, რა ღონისძიებებს ატარებდა ის LCAU-ს კერძო საკუთრების დასაცავად სოფელ გრანიცაში. ზემოხსენებული პარლამენტის წევრს ჰქონდა მასალები, რომ 1992 წლის 26 თებერვლისთვის მოსახლეობას საქონლის ერთი მეოთხედი (დაახლოებით 1 450 ცხვარი და 300 ძროხა) მერმა წაართვა და თავის პოლიტიკურ მომხრეებს გადასცა. მინისტრმა უპასუხა, რომ ხელახალი გადანაწილების პროცესი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ LCAU-ს ცხოველების საკვების მარაგი არ ჰქონდათ და მათი გადაცემა იმ ფერმერებზე, რომლებიც მზად იყვნენ მათ მოსავლელად, ერთადერთი გზა იყო მათ გადასარჩენად და რომ ადგილობრივი მთავრობა (მათ შორის რაიონის პროკურორი, მიწათმოწყობის კომისია, მერი) შეისწავლიდა ამ პროცესს, და თუ რაიმე შეუსაბამობას ექნებოდა ადგილი, შესაბამისი სალიკვიდაციო კომისია პასუხს აგებდა, რადგან LCAU-ს ექსკომუნისტური მმართველების უმრავლესობა ხშირად ბოროტად იყენებდა თანამდებობის ბოლო დღეებს.

14. ამჟამად ბსა ერთ-ერთი სავაჭრო პალატაა.

15. ლუკანოვი 1996 წლის 2 ოქტომბერს სასიკვდილოდ დაჭრეს თავისი სახლის წინ, ექვსი თვის შემდეგ რაც განაცხადა, რომ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან მიდიოდა. სავარაუდო მკვლელების და მათი ხელმძღვანელების ციხეში ჩასმა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ გამოძიება ისევ გრძელდება და არც ერთი ვერსია არ შეიცავს მკვლელობის მოტივს.

16. ფულის გადარიცხვის მექანიზმის დეტალური აღწერა იხ.: Roumen Avramov, Kamen Guenov, Op. cit.;

17. ix.: Caprio, Gerard, and Daniela Klingebeil, - Bank Insolvencies: CrossCountry Experience, The World Bank (unpublished), Washington, 1996;

18. 1999 OECD Economic Surveys: Bulgaria, p. 59;.

19. Ibid., p. 102, 103.. 164

20. დაწვრილებით იხ.: Latchezar Bogdanov, Transparency of tax regulations and costs of compliance, Finansijska Praksa, Zagreb, 1999, No 45, p. 497509 (in Croatian).

21. იხ.: Krassen Stanchev, Assenka Yonkova (editors), In Search for Growth: Policies and Lessons From Bulgarian Economic Reforms, IME Newsletter, vol. 5, No 1112 უფრო დაწვრილებით იხ.: Administrative Barriers to Investment in Bulgaria, FIAS, February, 2000; see also: Latchezar Bogdanov, Yordanka Gancheva, Licensing Requirements in Retail and Wholesale Trade and Commercial Road Transport Companies, IME Newsletter, vol. 7, No 12, p. 211.

24 ეკონომიკური რეფორმები საქართველოში — მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


ნინო გორგაძე
ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს პროექტების მენეჯერი

ქვეყნდება პირველად

ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი მთავრობა რადიკალური და სწრაფი რეფორმებით შეეცადა სახელმწიფოს კოლაფსის თავიდან აცილებას. გეზი ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე იქნა აღებული.

1. ბიუროკრატია

რეფორმების პირველი ნაბიჯი სამთავრობობიუროკრატიული აპარატის სტრუქტურული და საკადრო ცვლილება იყო: 18 სამინისტროს მაგივრად 13 შეიქმნა; 52 სახელმწიფო დაწესებულებიდან 34 დარჩა; სამინისტროების თანამშრომლები 35%25ით, ხოლო მთლიანად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები 50%25ით შემცირდა.

გაზრდილმა ანაზღაურებამ მუშაობის ხარისხი და სტიმულები გააუმჯობესა, კონტროლის და პასუხისმგებლობის გაზრდამ კი კორუფცია შეამცირა.

შემოიღეს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც იერარქიულად სამინისტროებზე ზემოთ იდგა და საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს დაექვემდებარა. ეს რეფორმების კომპლექსურად და საფუძვლიანად ჩასატარებლად სხვადასხვა სამინისტროების ეფექტური კოორდინაციის საშუალებას იძლეოდა. სამინისტროები ვალდებულნი გახდნენ, რომ თავიანთი საქმიანობის გრძელვადიანი გეგმები წარმოედგინათ.

2. პრივატიზაცია

რეფორმირების შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პრივატიზების მორიგი, ფართომასშტაბიანი ეტაპის გამოცხადება იყო. უარი ეთქვა ე.წ. „სტრატეგიული ობიექტების” არსებობის კონცეფციას. გასაყიდად ან გრძელვადიანი იჯარით გასაცემად გამოტანილი იქნა „ყველაფერი-ნამუსის გარდა”, მათ შორის პრივატიზების წინა ეტაპებზე სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი მსხვილი საწარმოები, ტელეკომუნიკაციები, პორტები, აეროპორტები, ჰესები, ტბები, ტყეები და ა.შ.

პრივატიზების მთავარ ორიენტირად მაქსიმალური შემოსავლის მიღება იქცა. პირდაპირმა შემოსავალმა 2005 წელს 387 მლნ. ლარი, 2006 წელს - 464 მლნ, ხოლო 2007 წლის პირველ ნახევარში 70 მლნ. ლარი შეადგინა.

პრივატიზება შესაძლოა უფრო სწრაფად განხორციელებულიყო, რომ არა ქვეყანაში არსებული მაღალი პოლიტიკური რისკი, რისი მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობა და საკუთრების უფლებების დაუცველობაა. საგადასახადო პოლიციის ფაქტობრივი შეუზღუდაობა და პოლიტიზებული სასამართლო, კერძო სამეურნეო არბიტრაჟის არარსებობის პირობებში გრძელვადიანი და კაპიტალტევადი ბიზნესგეგმების განხორციელება მეტად რთული იყო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი, განსაკუთრებით “დასავლელი” ინვესტორებისთვის.

3. საგადასახადო რეფორმა

2005 წლიდან ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდა.

გადასახადების რიცხვი 22-დან 7-მდე შემცირდა. დაიკლო საგადასახადო განაკვეთებმაც: საშემოსავლო გადასახადი 20%25 პროგრესულიდან - 12%25 წრფივი გახდა, დღგ 20%25-დან 18%25-მდე, ხოლო სოციალური გადასახადი 33დან 20%25-მდე შემცირდა.

2008 წლიდან საწარმოების მოგების გადასახადი 20-დან 15-მდე დაიკლებს, ხოლო სოციალური, რომელსაც დამქირავებელი იხდიდა, და საშემოსავლო, რომელსაც დაქირავებული იხდიდა, გაერთიანდება და ახალი საშემოსავლო გადასახადი 25%25 გახდება. აღნიშნული ცვლილება ხელსაყრელია დამქირავებლისთვის, მაგრამ დაქირავებულს მძიმე ტვირთად დააწვება, რადგან დამქირავებელს არავითარი ვალდებულება არ აქვს, რომ გამოთავისუფლებული თანხებით დაქირავებულთა ანაზღაურება გაზარდოს.

ამავე წლიდან განულდება იმპორტის საბაჟო გადასახადიც, რაც საქართველოს მსოფლიოს ყველაზე ლიბერალურ სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნების მცირე ჯგუფის წევრად აქცევს.

მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, რეფორმა ნაკლებად შეეხო სახელმწიფოსა და გადასახადის გადამხდელის ურთიერთობის არსს: გადასახადი, სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების საფასურის მაგივრად, საგადასახადო კოდექსის მეექვსე მუხლის მიხედვით, კვლავ რჩება „ბიუჯეტებში სავალდებულო, უპირობო ფულად შენატანად, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადასახადის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე“. აღნიშნული ფორმულირება სახელმწიფოს მხრიდან გადასახადების გადამხდელთა წინაშე ანგარიშვალდებულების სავალდებულო ხასიათს უარყოფს და ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების უანგარიშოდ განკარგვის შესაძლებლობას აძლევს.

გადასახადების აკრეფის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და საგანგებო უფლებებით აღიჭურვა საგადასახადო პოლიცია: გადასახადის გადაუხდელობის ეჭვის შემთხვევაშიც კი, მას მიეცა უფლება, რომ გადასახადის გადამხდელის ქონება და ანგრიშები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააყადაღოს და საგადასახადო ორგანოს უფროსის ან მისი მოადგილის გადაწყვეტილებით ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები ჩამოიწეროს და სალაროდან ნაღდი ფული ამოიღოს. ამასთან, ფინანსური საბუთების შემოწმების პერიოდის განმავლობაში შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა.

საგადასახადო პოლიციისთვის ამგვარი უფლებების მინიჭება არა მარტო სამეწარმეო აქტივობას აფერხებდა, არამედ საზოგადოებისთვისაც იყო საშიში, რადგან ამ სამსახურს, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად აქცევდა.

4. კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ

რადიკალურად შეიცვალა მონოპოლიებთან ბრძოლის მეთოდი. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მაგივრად „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონი“ ამოქმედდა. ახალი მიდგომის იდეოლოგიური საფუძველი იმის აღიარება იყო, რომ საბაზრო ეკონომიკაში მონოპოლიებს მხოლოდ სახელმწიფო ქმნის რეგულირებისა და პრივილეგიების მინიჭების შედეგად (მაგალითად, ენერგოსექტორი. მთელ საქართველოში ხელოვნური, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული, მონოპოლიური კომპანიები მოქმედებს. სინამდვილეში, აღნიშნული საქმიანობა კონკურენტულ საფუძველზეც შეიძლება რომ ხორციელდებოდეს).

აღნიშნული კანონის მიხედვით, აკრძალულია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს მონოპოლიების წარმოქმნას ბაზარზე. აღნიშნულ კანონში არაა ნახსენები არც „მეწარმის მონოპოლიური მდგომარეობა“, არც „ბაზრის მაქსიმალური წილის ოდენობა“ და არც სხვა მიდგომები, რომლებიც ტრადიციულად ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ახასიათებდა.

შემოღებულ იქნა ე.წ. „მესამე მხარის დაშვება“, რომელიც ეხება ე.წ. „განსაკუთრებული საკუთრების“ მფლობელებს, რომლებიც ამ კანონით ვალდებულნი არიან, ფინანსური და ტექნიკური მოთხოვნების დაცვის შესაბამისად, უზრუნველყონ ყველა მსურველი მხარის დაშვება (მაგალითად, სატელეფონო ქსელების მფლობელები).

აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შეიქმნა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა. 2007 წლის ბოლოს, აღნიშნული სააგენტოს ქმედუუნარობის გამო, მისი ფუნქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება

პრივატიზებას დაექვემდებარა იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 500 ათას ჰექტარამდე სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა სასაზღვრო ზოლის ჩათვლით (გარდა: საძოვრებისა, პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა, ტყის ფონდის მიწისა და იმ მიწებისა, რომლებიც განკუთვნილია ისტორიული, კულტურული, ბუნებისა და საკულტორელიგიური ძეგლებისთვის და სხვ.).

მიწის ყიდვის უფლება მიენიჭათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. აღნიშნული უფლება არ გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა ამ უფლებაში არ იზღუდება მათ მიერ დაარსებული საწარმოები.

რეფორმის მთავარ მიზანს მიწის ბაზრის ჩამოყალიბება და სოფლის მეურნეობის განვითარებაგამსხვილება წარმოადგენდა, რაც, წესით, ხელს შეუწყობდა სასოფლოსამეურნეო სექტორის პროდუქტიულობის ამაღლებას. მაგრამ, მიწის რეალური ღირებულების წარმოქმნას ხელს უშლის ერთი ფაქტორი - მიწის საკუთრების უფლებები არაა სრულყოფილი, რადგან მიწაში აღმოჩენილი (არსებული) სასარგებლო წიაღისეული და სხვა მატერიალური ღირებულებები სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება და მიწის მესაკუთრის მიერ მათი აღმოჩენის შემთხვევაში, მას მხოლოდ სარგებლობის უფლებისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება გააჩნია, რაც აფერხებს ბუნებრივი რესურსების და სხვა მატერიალური ღირებულებების საძიებო სამუშაოების წარმოებას.

6. ლიცენზირებისა და ნებართვების სისტემის რეფორმა

„გილიოტინის“ მეთოდის გამოყენებით, 909 ლიცენზიისა და ნებართვისგან დარჩა 92 ლიცენზია და 52 ნებართვა. ამასთან, კანონით აიკრძალა დამატებითი ლიცენზიების და ნებართვების შემოღება.

ლიცენზირებას ძირითადად დაექვემდებარა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისთვის, კულტურული და ეკონომიკური ინტერესებისადმი საფრთხის შემცველი საქმიანობები.

ამ სფეროში ახალი კლასიფიკაცია შემოიღეს: საქმიანობის ლიცენზია; გამოყენების ლიცენზია, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის გრძელვადიან უფლებას წარმოადგენს (აღნიშნული ლიცენზია შეიძლება თავისუფლად გაიყიდოს და დაიყოს); ნებართვა ერთჯერად საქმიანობაზე.

გამარტივდა ლიცენზიების და ნებართვების გაცემის პირობებიც, შემოღებულ იქნა „ერთი ფანჯრის“, „დუმილი თანხმობის ნიშანია“ და „ერთი ქოლგის“ პრინციპები, რამაც გაამარტივა მათი მიღება და შეზღუდა, ბიუროკრატიული თვითნებობა და უპასუხისმგებლობა.

„ერთი ფანჯრის“ პრინციპი ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს განსაზღვრული პროცედურისა და ფასის პირობებში ერთ უწყებასთან უწევს ურთიერთობა. თუ დადგენილ ვადაში პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემაარგაცემაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, „დუმილი თანხმობის ნიშანია“ პრინციპის მიხედვით, ლიცენზია/ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

გენერალური და ჩვეულებრივი ლიცენზიების არსებობის პირობებში „ერთი ქოლგის” პრინციპი გულისხმობს, რომ გენერალური ლიცენზიის მფლობელს მასში შემავალი საქმიანობისთვის დამატებითი ლიცენზიის აღება აღარ ესაჭიროება.

ამ რეფორმამ ხელი შეუწყო რეგულირების შემცირებას ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის გზით და შეამცირა მეწარმეობის დანახარჯები და კორუფცია. ამავდროულად, მოსალოდნელია კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები ლიცენზიებისა და ნებართვების კიდევ უფრო შემცირებისკენ.

ნიშანდობლივია რომ, თავისთავად, სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზირებისა და ნებართვების სისტემის არსებობა მეწარმეობას მაინც ბიუროკრატიასა და პოლიტიკურ პროცესებზე დამოკიდებულს ტოვებს და სახელმწიფო ადმინისტრაციის კონტროლის მოდუნებისთანავე კორუფციის ხელახალ საფრთხეს წარმოშობს. ამასთან, თავად ლიცენზიების გამცემ ორგანოს არავითარი ფინანსური პასუხისმგებლობა არ ეკისრება მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

7. ტექნიკური დერეგულირება

სისტემის რეფორმის მიზანი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდიდან შემორჩენილი სავალდებულო ტექნიკური რეგულირების სისტემის გამარტივება, რომელიც დღევანდელ გარემოს საერთოდ არ შეესაბამებოდა და ხელს უშლიდა როგორც სამეწარმეო საქმიანობას, ასევე იმპორტს.

სტანდარტიზაცია გახდა ნებაყოფლობითი და კერძო. სავალდებულო გახდა მხოლოდ ე.წ. ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც უშუალოდ ეხება უსაფრთხოების, ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მცენარეთა, გარემოსა და საკუთრების დაცვას.

მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შემუშავებასა და დამტკიცებას საკმაო დრო ესაჭიროება, გარდამავალ ეტაპზე მოხდა განვითარებული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების ეკვივალენტად ცნობა, ანუ აღიარება.

ინსტიტუციური რეფორმის შედეგად ყოფილი „საქსტანდარტის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის ორი იურიდიული პირი: „სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო” და „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრი“.

ამ რეფორმამ გააადვილა საერთაშორისო ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განითრების ორგანიზაციის (ეთგო) წევრ, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ცალმხრივად ბარიერების მოხსნის გზით. შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე აღარ არის საჭირო იმ საქონლის დამატებითი შემოწმება და რეგლამენტაცია, რომელიც აკმაყოფილებს ეთგოს ქვეყნების სტანდარტებს.

ამასთან, გზა გაეხსნა კერძო, თვითრეგულირებადი ინსტიტუტების წარმოქმნას (მაგალითად, როგორებიცაა ამერიკაში Underwriter Laboratories da Quick Star), რომელთა შეფასება ხარისხის ნიშნად არის აღიარებული და რომლის მიღებაც წარმოებული საქონლისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდის ერთერთი მძლავრი იარაღი იქნება.

8. შრომის კოდექსი

კომუნისტური წარსულის ერთერთი გადმონაშთის, შრომის კოდექსის მაგივრად, რომელიც აშკარად ვერ პასუხობდა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს, შემუშავდა ახალი შრომის კოდექსი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მინიმალურად ერევა დაქირავებულისა და დამქირავებლის ურთიერთობებში. კერძოდ, ეს ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც დაქირავებულს წარმოადგენენ არასრულწლოვანები, ორსულები და მეძუძური ქალბატონები და მათთვის აუცილებელია უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. გარდა ამისა, სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება დამქირავებლიდან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაში გადავიდა და 126 დღის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

9. საფინანსო და საბანკო სექტორი

მოცემულ სექტორებში განხორციელებული ცვლილებები ზოგი ლიბერალური ხასიათისაა, მაგალითად ადგილობრივი და უცხოური ბანკებისთვის საქართველოში ფილიალების გახსნის პროცედურის გაადვილება; მოქმედ ბანკებში წილების შესყიდვის ლიმიტების გაუქმება; განვითარებული ქვეყნების ბანკების მიერ საქართველოს ბანკებში წილის შესყიდვის საერთოდ, მათ მიერ საქართველოში ოპერირების უფლების მიღების ცალმხრივი დერეგულირება.

ამ რიგის გადაწყვეტილებებიდან ნიშანდობლივია ის, რომ საფონდო ბირჟაზე გარიგების დადებისას აღარ იქნება სავალდებულო ბროკერის დაქირავება.

ზოგი კი უფრო მეტ რეგულირებას გულისხმობს: ბანკების საწესდებო კაპიტალი 2008 წლიდან 12 000 000 ლარამდე გაიზრდება; გამკაცრდა ე.წ. ფულის გათეთრებასთან ბრძოლა; ცენტრალიზებულად იქნა მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და სხვ.

ჯამში, სექტორი მაინც უფრო ნაკლებად ლიბერალურია ვიდრე სხვა სექტორები და, შესაბამისად, ფუნდამენტური რეფორმები ჯერ კიდევ წინაა.

10. სხვა რეფორმები

სხვა რეფორმატორული ნაბიჯებიდან, რომლებიც ლიბერალიზაციის ეგიდით განხორციელდა, გამოირჩევა ეთგოს და მთელი რიგი სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების ცალმხრივად გაუქმება, რამაც ხელი შეუწყო ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების გააქტიურებას.

განათლების რეფორმა, რომლის საკვანძო ნაწილი ე.წ. ვაუჩერული დაფინანსების და სკოლების ნაწილობრივი თვითმმართველობის დანერგვა იყო. თუმცა ე.წ. „ერთიანი ეროვნული გამოცდების“ სისტემა, რაც ყოფილი სასკოლო „გამოსაშვები“ და უმაღლესში „მისაღები“ გამოცდების შეერთების შედეგად დაინერგა, განათლების საკითხებში სახელმწიფოზე დამოკიდებულებას არათუ უფრო ლიბერალურს, არამედ უფრო ცენტრალიზებულს ხდის. პრაქტიკულად, საქართველოს მოქალაქეებს “ერთიანი ეროვნული გამოცდების” გავლის გარეშე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება ჩამოერთვათ.

ჯანდაცვის სფეროში საავადმყოფოების მასობრივი პრივატიზების დაწყება, მათი კერძო მმართველების ხელში გადაცემის მიზნით, ამ დარგში ყველაზე გამორჩეული რეფორმატორული ნაბიჯი იყო.

ენერგეტიკის სახელმწიფო მართვის სფეროს მენეჯმენტი მკვეთრად გაუმჯობესდა, რის ხარჯზეც ენერგოკრიზისი აღმოიფხვრა და საქართველო ელექტოენერგიის ექპორტიორადაც იქცა.

თურქეთთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ინტენსიურად მზადდება ანალოგიური ხელშეკრულებები ევროკავშირთან და აშშსთან.

11. რეფორმების საერთაშორისო აღიარება

საქართველოში მიმდინარე რეფორმები შუმჩნეველი არ დარჩენილა მსოფლიოსთვის.

The Heritage Foundation მიერ წარმოებულ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2007 წლის მოხსენებაში (ეყრდნობა 2005 წლის მონაცემებს) საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 35ე ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის 41 ქვეყნიდან მე20ს. მისი ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი 1,2%25-ით უსწრებს ევროპის საშუალო მაჩვენებელს, მაგრამ 8,1%25-ით ჩამორჩება მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს.

საქართველოს საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს ისეთ პუნქტებში, როგორიცაა შრომის ბაზრის თავისუფლება (100-დან 99,9%25), ბიზნესის თავისუფლება, ფისკალური თავისუფლება, სახელმწიფოს ჩარევისაგან თავისუფლება. მაგრამ საკმაოდ დაბალი ქულებითაა შეფასებული კორუფციის დონე და საკუთრების უფლებების დაცულობა.

The Doing Business კვლევის მიხედვით 2006 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო 178 ქვეყნიდან 35-ე ადგილზე იყო და წლის პირველ რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა. ხოლო 2007 წელს, ნახტომისებურად გააუმჯობესა თავისი პოზიციები და მე-18 ადგილზე გადაინაცვლა, რითაც მსოფლიო ოცეულში შეაღწია. ინდექსის გაუმჯობესება ძირითადად ერთი კომპონენტის - „ინვესტორების დაცვა“ - ხარჯზე მოხდა, რისი სამართლიანობაც, მოცემულ პერიოდში კერძო მესაკუთრეთა უფლებების მასობრივი ხელყოფის ფონზე, გარკვეულ ეჭვს იწვევს.

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი რეფორმებისა, გასაკეთებელი და დასახვეწი მაინც ბევრი რჩება, რადგან რეფორმები რიგითი ადამიანისთვის ხელშესახები ჯერ ვერ გახდა, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცხოვრების დონე ჯერჯერობით კვლავ დაბალია, ხოლო ინვესტიციები ნელი ტემპით იზრდება.

ქვეყნის პრობლემად კი კერძო საკუთრების დაუცველობა და შერჩევითი მართლმსაჯულება რჩება. ამიტომ, კანონის მმართველობა და რაც შეიძლება მეტი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა - ეს არის წარმატების რეცეპტი, მარტივი - თეორიაში, და რთული - პრაქტიკაში.

25 დეპრივატიზება - დიდი ნაბიჯი უკან

▲ზევით დაბრუნება


გია ჯანდიერი
ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს ვიცეპრეზიდენტი

ქვეყნდება პირველად

დეპრივატიზება (ანუ პრივატიზების შედეგების გადასინჯვა), რა მიზნითაც უნდა განხორციელდეს იგი, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

პრივატიზება, როგორც ეკონომიკური პოლიტიკა, პირველად გაერთიანებულ სამეფოში განხორციელდა, მარგარეთ თეთჩერის ინიციატივით. პრივატიზების მასშტაბები ამ ქვეყანასა და ბევრ სხვა ქვეყანაში ძალიან დიდი იყო, მათ შორის წარმატების თვალსაზრისითაც. თუმცა ამ ქვეყნებში პრობლემა, რომლის გამოც გადაწყდა პრივატიზება, ჩვენგან განსხვავებული იყო - იქ კერძო საკუთრების პოლიტიკურად აღიარებისა და რეაბილიტაციის საკითხი კი არ იდგა, არამედ ეკონომიკის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისა.

კერძო საკუთრების ინსტიტუტის არარსებობამ წარმოშვა პრივატიზების განსხვავებული პოლიტიკა (policy), რომელიც პოსტკომუნისტურ ქვეყნებში იქნა გამოყენებული. კერძოდ, ჩვენთან პრივატიზებას უფრო პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა ვიდრე ეკონომიკური.

ამრიგად, პრივატიზებას, როგორც მთავრობის პოლიტიკას, ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან მტკიცედ დაკავშირებული მიზანი გააჩნია: პოლიტიკური რეფორმა და ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდა. დამოუკიდებელი საქართველოსთვის, პირველ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ხელისუფლების მიერ ტოტალიტარული მმართველობის შესაძლებლობების შემცირებას, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ხელისუფლებისთვის ბაზარზე უშუალო საქმიანობის ფუნქციების შეზღუდვით უნდა განხორციელებულიყო. სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციების შეზღუდვისა და ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის შემცირების ერთერთ მთავარ საშუალებად მისთვის წარმოების საშუალებების ჩამორთმევა და კერძო ხელში გადაცემა აღიქმებოდა. სწორედ ეს იყო ჩვენთვის მთავარი პოლიტიკური ამოცანა, რადგანაც დემოკრატიზაციას პრივატიზების პროცესის გარეშე არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა (არ აქვს).

ამ მოკლე ანალიზში არ ღირს იმის განხილვა, თუ რამდენად სწორი იყო პრივატიზების პოლიტიკა და მეთოდები, რომელიც საქართველოში განხორციელდა. აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ის, რომ ეს ურთულესი პროცესი აღმოჩნდა და არა მხოლოდ საქართველოსთვის. ამ პროცესებმა ვერ მოიტანა რაიმე ღირსშესანიშნავი შედეგები ვერც ერთ ჩვენს მსგავს ქვეყანაში. დაშვებული შეცდომები ძირითადად იქიდან გამომდინარეობდა, რომ (უცხოელი) ექსპერტები, ვინც ფაქტობრივად აყალიბებდნენ ამ პოლიტიკის მიმართულებებს, კარგად არ იცნობდნენ საბჭოთა ეკონომიკას და მიჩნდათ, რომ ჩვენთან იყო საწარმოები, რომლებიც პრივატიზების შემდეგ შეძლებდნენ მსოფლიო ბაზარზე გამოსვლას. ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, ილუზია იყო, მითუმეტეს მენეჯმენტის, მარკეტინგის და ზოგადად ეკონომიკის დაბალი დონის ცოდნის პირობებში, რომელიც აშკარა იყო და არის საქართველოში.

შეცდომების დროული აღიარება საქმის უფრო ეფექტიანად გაგრძელების დასაწყისია. მით უმეტეს, რომ ასეთი შეცდომების აღიარება არავის მიუჩნევია სირცხვილად - საკითხი მართლაც უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების არსებობას მოითხოვდა ჩვენგან. ასეთი შეცდომა, მაგალითად, ადვილად აღიარა უნგრული წარმოშობის ამერიკელმა პროფესორმა იანოშ კორნაიმ - მის მიერ უნგრეთის მთავრობისადმი გამოწერილი საპრივატიზებო რეცეპტების მცდარობის შესახებ.

კიდევ ერთი შეცდომა უფრო ღრმა ხასიათისაა და ზოგიერთ პოლიტიკურ წრეებში დამკვიდრებულ მცდარ იდეებს შეიძლება მიეწეროს, რომ თითქოს სახელმწიფოს შესაძლებელია და საჭიროა სრულ ან ნაწილობრივ მართვაში ჰქონდეს ე.წ. სტრატეგიული დანიშნულების საწარმოები. ჩანს, ამ მოსაზრების მომხრეები განსაკუთრებით ვერ ერკვევიან იმ საკითხში, თუ რა არის სტრატეგია. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ იარსებებს სტრატეგიული საწარმო, თუ არ არსებობს სტრატეგია, საქართველოსთვის დღის წესრიგში დგას პრივატიზების ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც განსხვავებული იქნება თავდაპირველისაგან იმ ფუნდამენტური სხვაობით, რომ მას ექნება უკვე სამეურნეო ხასიათი, ანუ გადაწყვეტილებები იმისა, რომელი საწარმო უნდა გაიყიდოს და რომელზე შეინარჩუნოს მთავრობამ მისი კონტროლი, დაექვემდებაროს გარკვეულ ეკონომიკურად გათვლილ კონცეფციას. ეს სტრატეგია უნდა იყოს დასაბუთებული და პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მიერ მიღებული. ყველა ცალკეული გადაწყვეტილება საწარმოს (ან მასში წილის) მთავრობის საკუთრებაში დარჩენის შესახებ მიღებული უნდა იყოს დასაბუთებულად, გამჭვირვალედ და ღიად. მოქალაქეთათვის ცხადი უნდა იყოს, თუ რატომ უნდა შენარჩუნდეს წარმოების საშუალებებზე სამთავრობო კონტროლი და რატომ უნდა დაიხარჯოს ერთი გადამხდელის გადასახადებით ხაზინაში შემოსული სახსრები სხვა გადამხდელთა ღია თუ ფარულ სუბსიდირებაზე ან სახელმწიფო საწარმოთათვის სასათბურე პირობების შესაქმნელად.

ამ თვალსაზრისით, მთავარია ჩვენს მთავრობას და საზოგადოებას სწორი წარმოდგენები ჰქონდეს შემდეგ საკითხებზე:

  • რას წარმოადგენდა ეს (საპრივატიზებო) საწარმოები საბჭოთა პერიოდში (მათი დატვირთვა, საქმიანობის ხარისხი, ვალები და ა.შ.). ეს მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მათი მსოფლიო ბაზარზე ადაპტირება. მაგალითად, რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს იმ პერიოდშიც, როდესაც სახელმწიფო შეკვეთა კანონი იყო (ე.ი. პროდუქციის მყიდველი გარანტირებული ჰყავდა), უდიდესი და მზარდი პრობლემები ჰქონდა.

  • რას წარმოადგენს ეს საწარმოები დღეს, რა დონის კონკურენცია არსებობს მსოფლიო ბაზარზე მათთვის (იგივე მეტალურგიული კომბინატის მოღვაწეობა მსოფლიო ბაზარზე, რომელზეც აშშის მთავრობაც ცდილობს თავისი საწარმოები საერთაშორისო წესების დარღვევით დაიცვას, ყოვლად წარმოუდგენელია.)

  • რამდენად შეიძლება დაინტერესდნენ ასეთი საწარმოებით ინვესტორები. ეს ნიშნავს ასევე იმის შეფასებასაც, რას ვთავაზობთ ჩვენ ინვესტორებს.

ასეთი ტიპის განხილვის გარეშე შეუძლებელია მთავრობის საკუთრებაში არსებული საწარმოების პერსპექტიულობაში გავერკვიოთ. მკაფიოდ უნდა გავერკვეთ, რომ ამ საწარმოების მიმართ მთავრობის დამოკიდებულება ვერანაირად ვერ იქნება სხვანაირი, ვიდრე ჩვეულებრივი ინვესტორის. ნებისმიერი მოტივაცია საწარმოების ფლობის თვალსაზრისით, შესაძლებელია განიხილოს სარგებლისა და დანახარჯის შედარებების წესით. მთავრობის ცენტრალური მიზანი კი თავისუფალი ბაზრის მუშაობის პირობების შექმნა უნდა იყოს.

ამრიგად, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების მეორე ეტაპი წმინდა სამეურნეო გადაწყვეტილებების სფეროა. ამავე დროს, ამ სფეროში გადაწყვეტილებები საერთო კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს, რომლითაც მთავრობა, ერთი მხრივ, მაქსიმალურ ღონისძიებებს ახორციელებს თავისი კონსტიტუციური ფუნქციების კარგად შესასრულებლად და ამისთვის იყენებს ყველა ეფექტიან შესაძლებლობასა და რესურსს, და, მეორე მხრივ, იგი უარს ამბობს ისეთ მოქმედებაზე, რომელიც დეზორგანიზებას გაუკეთებს ბაზარს, გააუქმებს რა მის მთავარ უპირატესობებს და შესაძლებლობებს, მიაღწიოს რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას.

როგორ უნდა განიხილოს დეპრივატიზების მოთხოვნები ამ კონტექსტით:

1. საქართველოში ჩატარებული პრივატიზება წმინდა პოლიტიკური ღონისძიება იყო, აქედან გამომდინარე პრობლემებითა და შეცდომებით. არაეფექტიანი იქნება, რომ ეს დაბრალდეს ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან პოლიტიკურ ფიგურას - პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როგორც წესი, სუბიექტურია. აქედან გამომდინარე, ყველა წინასწარ უნდა ვყოფილიყავით (და უნდა ვიყოთ) შეჩვეული პრივატიზების შედეგად ქონების არაადეკვატურ გადანაწილებას. თუ ამაში რაიმე ცუდია, არის ის, რომ ქონება აღმოჩნდა არაეფექტიან ხელში, მაგრამ შეიძლებოდა თუ არა უკეთეს ხელში აღმოჩენილიყო, საეჭვოა, რადგანაც ამ პროცესს მართავდა არა ბაზარი, არამედ, უკეთეს შემთხვევაში, სახელმწიფო ექსპერტი, რომელიც მხოლოდ თავის სუბიექტურ მოსაზრებას ეყრდნობოდა.

2. ნებისმიერი პრივატიზება ყიდვაგაყიდვის შეთანხმებაა. ეს კი ტიპური საბაზრო ინსტიტუტია. ასეთი გარიგება გულისხმობს, რომ:

  • მყიდველს აქვს საკმაო ცოდნა, გამოცდილება და მოტივაცია, რათა ერკვეოდეს, რას და რატომ ყიდულობს და რა შედეგებს ელის.

  • გამყიდველსაც აქვს საკმაო ცოდნა და გამოცდილება, რომ სწორად შეაფასოს საკუთარი საქონელი.

  • ორივე მხარე სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს გარიგების შედეგებზე, მათ შორის საკუთარ არჩევანზე. გამყიდველი ვალდებულია არ დამალოს გარიგების ობიექტის ფარული პრობლემები.

  • გარიგების შედეგი ორივე მხარისთვის მისაღებია და რაციონალური, თუ აღწერილი მოთხოვნები სრულდება, გარიგება დამთავრებულია.

დეპრივატიზება, მაშასადამე, ამ ტიპის გარიგების ლეგიტიმურობას ესხმის თავს.

3. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს წარმოადგენს სახელმწიფო მოხელე, პრაქტიკულად მას არ აქვს არც ერთი ზემოთ აღწერილი თვისება, ეს გარიგება კარგად და გონივრულად რომ განახორციელოს. ეს არის აბსოლუტურად ობიექტური მდგომარეობა. დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში არავინ განიხილავს საქმიანობის მთავარ მამოძრავებელ წყაროდ სხვა რამეს, ვიდრე მისი მოტივაციაა. გაუგებარია, სახელმწიფო მოხელე, რომელსაც არაფერი ეკარგება არასწორი (თუმცა კანონიერი) მოქმედებისთვის, რა მოტივაციით მართავს სახელმწიფო საწარმოს კარგად.

სახელმწიფო ადმინისტრაცია არაეფექტიანია ეკონომიკურ საქმიანობაში - ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ დაემხო საბჭოთა კავშირი, ასევე იმის ერთერთი მიზეზი, თუ რატომ ვამბობთ უარს წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრებაზე. ამავე დროს, სახელმწიფო საკუთრება არც წარმოადგენს სრულყოფილ საკუთრებით უფლებას, რომელიც უნდა ჰქონდეს ზოგადად მესაკუთრეს - ამ შემთხვევაში მოქალაქეებს. ფუნდამენტური სხვაობა ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ სახელმწიფო საკუთრების კონსტიტუციურ მესაკუთრეს (მოქალაქეს) არ გააჩნია (კერძო) მესაკუთრის ერთერთი უმთავრესი უფლება — დაუყოვნებლივ გაყიდოს მისი საკუთრება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც მენეჯმენტი (ანუ მთავრობა) ცუდად უძღვება საქმეს.

ამრიგად, თუ ვაღიარებთ სახელმწიფო მოხელეთა ობიექტურად სუსტ მოტივაციას — კარგად გაუძღვეს მეურნეობას, არ შეიძლება დაველოდოთ, რომ ისინი კარგად გაუძღვებიან მეურნეობის ისეთ რთულ პროცესს, როგორიცაა ყიდვაგაყიდვა.

სწორი იქნებოდა ნებისმიერი პრივატიზების გარიგება იმდენადვე ადვილად გაპროტესტდეს, როგორც ყველა მყიდველი ან გამყიდველი გააპროტესტებდა ნებისმიერ კერძო გარიგებას, მაგალითად მაღაზიაში, და დაასაბუთებდა, რომ ფასი იყო შესაბამისად არანორმალურად მაღალი ან დაბალი, თუნდაც იმ მიზეზით, რომ არაკანონიერად მოეჩვენოს ეს გარიგება. ჩვეულებრივ, არც გამყიდველი ფიქრობს იმაზე, იცის თუ არა მყიდველმა საქონლის გამოყენება, და არც მყიდველი იმაზე - იცის თუ არა გამყიდველმა მისი საქონლის „რეალური“ ღირებულება. ამაზე დიდხანს რომ იფიქრონ ვერასოდეს შეთანხმდებიან.

4. რას წარმოადგენს მყიდველი? არის კი (ქართული პრივატიზების) მყიდველი ადეკვატური? - არა. (ჩვენი პრივატიზაციის) მყიდველი, როგორც წესი, სამეწარმეო საქმეში ჩაუხედავი და გაუნათლებელი ადამიანია, რომელსაც არც ის შეუსწავლია, რას წარმოადგენს გარიგების საგანი თვითონ და არც ის, რა პერსპექტივა აქვს მსოფლიო ბაზარზე გამოსვლისთვის - ანუ მარკეტინგი არ ჩაუტარებია. ე.ი. მყიდველებიც არანაირად არ არიან დაზღვეული შეცდომისაგან, ე.ი. რისკს ეწევიან და თუ მათ რისკს დეპრივატიზების შიშით კიდევ უფრო გავზრდით, გონს მოეგებიან და საერთოდ აღარ იყიდიან.

მყიდველების შეცვლით რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ამ (საპრივატიზებო) საწარმოების ეფექტიანობის ასამაღლებლად არ უნდა ველოდეთ. ასეთი ცვლილებები, შესაძლებელია, გააუმჯობესებს იმდენივე საწარმოს ბედს, რამდენსაც გააუარესებს, ხოლო ტრანსაქციული დანახარჯები იმდენად მაღალი იქნება, რომ ზარალს მივიღებთ. მით უმეტეს, თუ კარგად გავერკვევით ამ საწარმოების რეალურ ღირებულებაში.

5. რას წარმოადგენ(ს)და საპრივატიზებო საწარმოები? ჯერ კიდევ 1990 წელს ქართველ ეკონომისტთა ერთი ჯგუფი ვაცხადებდით, რომ ქართული სახელმწიფო საწარმოების მთავარ კაპიტალს წარმოადგენდა არა დანადგარები და მოწყობილობები, რომელიც იყო ამ საწარმოებში, არამედ:

  • მიწა, რომელზეც განლაგებული იყო ეს საწარმოები;

  • შენობები (ზოგიერთი გამონაკლისით), და

  • რაღაც გაგებით — მომუშავეთა ცოდნა და გამოცდილება.

სამწუხაროდ, ეს ცოდნა და გამოცდილება დეგრადირდა (ანუ ჩვენი შრომითი რესურსების საბაზრო ფასი ძალიან დაეცა), ხოლო შენობების უმრავლესობამ განიცადა მძლავრი ცვეთა, რამაც მათი ღირებულება ძალიან შეამცირა. ამიტომ, ვინმეს ოცნება, რომ ეს ქონება სხვანაირად გადანაწილდება და აქედან სამეწარმეო სარგებელს მიიღებს, ეყრდნობა მცდარ ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში მასაც იგივე ამოძრავებს, რომ ეს ჯართი (დანადგარები, მოწყობილობები და ნაწილობრივ შენობების კარკასები) სარფიანად გაყიდოს (რაც კარგია), ან ეს საწარმოები დროებით ამუშაოს სუბსიდიების ხარჯზე, და თვითონ ფარული სარგებელი აქედან მიიღოს (რაც ცუდია). ზოგის მიზანს მხოლოდ საწარმოთა მიწა შეადგენს. ამ ჯართის შესაძენად ინვესტორები მხოლოდ ისეთ პირობებზე თანხმდებიან, რომლითაც ისინი მონოპოლისტები ხდებიან, რადგანაც მისი უკეთესად გამოყენება შეუძლებელია. რა „სარგებლობა“ მოაქვს ხელოვნურ მონოპოლიებს, ეს ჩვენ მარტო წიგნებიდან არ ვიცით.

აქედან გამომდინარე, დეპრივატიზებას არც ამ თვალსაზრისით მოჰყვება უკეთესი შედეგი - საბჭოთა, წამგებიანი, ჯართში ჩასაბარებელი საწარმოები ასეთებად დარჩება და ნებისმიერი მცდელობა ამ მდგომარეობის შესაცვლელად განწირულია (თუ არ ჩავთვლით მათს ძარცვას ჯართში ჩაბარების მიზნით, რაც უკეთესია ვიდრე ადგილზე ჟანგდებოდეს).

აქ ჩამოთვლილია ზოგიერთი მოსაზრება, რომლის გამო, ვფიქრობ, დეპრივატიზება ეკონომიკურად გაუმართლებელია, ანუ ამით გამოწვეული დანახარჯები ბევრად გადააჭარბებს მიღებულ სარგებელს. სამართლიანობის აღსადგენად, რომელიც დეპრივატიზაციის მომხრეების მთავარ არგუმენტად აღიქმება, საჭიროა საბაზრო ინსტიტუტების მძლავრად ჩამოყალიბება, მათ შორის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების გარანტირება, ისეთი ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების ნაკლებად ეფექტიანი მესაკუთრისაგან უფრო მეტად ეფექტიანის ხელში გადასვლას, სამეწარმეო საქმიანობაში ეთიკის ნორმების დაცვას შეჩვეული ადამიანების დაბრუნებასა და შემოსვლას. დღევანდელი კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, რაც ბაზარზე უმეტესად მხოლოდ ისეთ პირებს ტოვებს, რომლებიც კანონის დარღვევას ტრაგედიად არ მიიჩნევენ. დემოკრატიზაციის პროცესის დასრულებაც (თუ დემოკრატიას დადებით მოვლენად მივიჩნევთ) დიდადაა დამოკიდებული ბაზრის ინსტიტუტების დროულ ამოქმედებაზე.

ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ დეპრივატიზებას, თუნდაც ხელახალი პრივატიზების განხორციელების მიზნით, შეიძლება მოჰყვეს „დადებითი“ მოვლენებიც, მაგალითად, კანონმორჩილება (რაც ასევე საეჭვო ფასეულობაა!), რომლის სარგებელი არაპროგნოზირებადია. პრივატიზების პროცესი ჩვენთან წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ისევ პოლიტიკურ აქტად ჩაითვლება, ისევე, როგორც პრივატიზების მომდევნო პროცესი. შემდეგი პოლიტიკური ლიდერები თავის მოვალეობად ჩათვლიან გააპროტესტონ მის წინამორბედთა ნამოქმედარი და ა.შ. მიღებული ტრანსაქციური დანახარჯები - მაგალითად, გაჩენილი ეჭვი და უნდობლობა კერძო საკუთრების ინსტიტუტის და პრივატიზების მიმართ, რასაც საზოგადოებისათვის ახალი დამანგრეველი შედეგი მოჰყვება, დაჟანგული დანადგარები, შეშინებული ინვესტორები და ასე შემდეგ, გარდაუვლად გადააჭარბებს სარგებელს. ხოლო ჩვენ ისევ უკან, სოციალიზმში დავბრუნდებით, სადაც კანონი იმიტომაც არ მუშაობდა, რომ მას გამოცლილი ჰქონდა ადამიანისთვის მისი მორჩილების მთავარი მოტივაცია - პირადი სარგებელი.

26 პრივატიზება - დავიწყებული დისკუსია?

▲ზევით დაბრუნება


გია ჯანდიერი
ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს ვიცეპრეზიდენტი

ქვეყნდება პირველად

პრივატიზების შესახებ პირველი დისკუსიები საქართველოში ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მათი მიმართულება ძირითადად საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას გულისხმობდა.

საქართველოს ახალი სახელმწიფოს შექმნის პირველი წლებიდან მიღებულ იქნა კანონები, დაისახა გეგმები, შედგა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და დადგინდა პრივატიზების მეთოდებიც. ამასთან ერთად, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ნებადართულ იქნა საწარმოთა იჯარით გამოსყიდვა. პრივატიზების ეს მეთოდი მოქმედებდა საქართველოს დამოუკიდებლობის წლებშიც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად არ იყო აღიარებული, როგორც პრივატიზების მეთოდი.

გამონაკლისები საერთო წესებიდან ყოველთვის ხდებოდა ფართო პოლიტიკური პოლემიკის საგანი. ყოველთვის არსებობდნენ და არსებობენ პრივატიზების შედეგებით უკმაყოფილო პირები. ეს პირები ხშირად თვით პრივატიზების მეთოდებს აკრიტიკებდნენ. მაგალითად, სასურველი თავდასხმის ობიექტი ხშირად იყო ვაუჩერებით პრივატიზება. ვაუჩერები საერთოდ ხშირად ხდება პოლიტიკოსთა ბრძოლის საკითხად, ეხება ეს პრივატიზებას თუ განათლებას, სინამდვილეში ყოველთვის საქმე გვაქვს პოლიტიზებულ დისკუსიასთან: შენი პრინციპები არ ვარგა - ჩემი უკეთესია. ვაუჩერების პრივატიზება ჩვენთან ჩავარდნილად ჩაითვალა, მათი სწრაფი გაუფასურების გამო, ხოლო ისინი, ვინც ეს ბრალდება წამოაყენა, თვითონ იყვნენ კიდეც ხელისუფლებაში და ვერ გაერკვნენ თუ არ დანებდნენ იმ იდეას, რომ ვაუჩერებით შესაძენი საწარმოების ფასი სწორედ ის იყო, როგორც ვაუჩერებმა დააფიქსირა.

საქართველო დღეს ერთერთი ლიდერია პრივატიზების მიმართულებით, თუმცა, რომ არა უამრავი უმიზნო, პოლიტიზებული პოლემიკა და გაუმართლებელი დაგვიანება, შესაძლებელი იყო გაცილებით კარგი შედეგის უფრო სწრაფად მიღება. ამ სტატიის მიზანი სწორედ იმის გარკვევაა, რას შეიძლება დავუძახოთ კარგი შედეგი. ზოგისთვის პრივატიზების დადებითი შედეგია მისი საშუალებით ბევრი ფულის მიღება სახელმწიფო ხაზინაში, ხოლო ზოგისთვის - საწარმოების უფრო ეფექტიანი მესაკუთრის ხელში გადასვლა.

ამ ორი განსხვავებული მიზნის ერთდროულად მისაღწევად იმდენად დიდი პოლიტიკური თანხმობაა საჭირო, რომ ეს შეუძლებლად ჩანს. ასეთი პოლიტიკური თანხმობის გარეშე ბევრი პოლიტიკოსი თავის საკუთარ მნიშვნელოვან როლს სწორედ იმაში დაინახავს, რომ პრივატიზება გააკრიტიკოს, მას უამრავი გაუგებარი ბრალდება წაუყენოს და ჩიხში შეიყვანოს.

ფაქტი სახეზეა, 1990 წლიდან მოყოლებული, არასდროს გარჩეულა საკითხი თუ რისთვის წამოვიწყეთ საერთოდ პრივატიზება (ზოგადად არც ის დადგენილა, მაინც რას ვერჩოდით სოციალიზმს), რა მთავარი მიზანი აქვს მას.

პრივატიზების - როგორც ეკონომიკური პოლიტიკის საწყისებს, საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური მიზანი და საფუძველი ჰქონდა. როდესაც მარგარეთ თეთჩერმა 1979 წელს პრივატიზება სახელმწიფო პოლიტიკად გამოაცხადა იგი ბევრმა ეს, სულ მცირე, სიგიჟედ აღიქვა. მემარცხენე დასავლეთისთვის წარმოუდგენელი იყო ამ პროცესის იმგვარი წარმატება, რაც შემდგომ მოხდა.

მაინც რა მიზეზი იყო პრივატიზების დასაწყებად ბრიტანეთში? ძნელი სათქმელია რა იყო უფრო მთავარი მარგარეთ თეთჩერისთვის: იდეოლოგია და მრწამსი, თუ გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის უაღრესად კრიზისული მდგომარეობა. მისი პოლიტიკური წარმატება ისეთი ლიბერალური დოქტრინის საფუძველზე დაიწყო, როგორც ფრიდრიჰ ჰაიეკის ნაწარმოებებია. თუმცა ასევე დიდი როლი, როგორც ჩანს, იმანაც ითამაშა, რომ ამ დროისთვის უკლებლივ ყველა ბრიტანული სახელმწიფო საწარმო არაეფექტიანად მუშაობდა, სუბსიდიები და ვალები იზრდებოდა, ხოლო სახელმწიფო ხაზინას აღარ შეეძლო ამდენის ანაზღაურება. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა პრივატიზების პოლიტიკის წამოწყება.

ყოფილ „სოციალისტურ ბანაკში“ პრობლემა ანალოგიური იყო. სახელმწიფო საწარმოებმა და მთლიანად გეგმიურმა მეურნეობამ საკუთარი უნიათობა დაამტკიცა და დღის წესრიგში დადგა პრივატიზება. სამწუხაროდ, პრივატიზების პირველი დღეებიდანვე მის მთავარ მიზეზად საქართველოში (და ეჭვი მაქვს სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებშიც) უფრო მეტად პოლიტიზებული საკითხები გვევლინება: დასავლეთიდან გვირჩიეს ან, უკეთეს შემთხვევაში, დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას ასე უნდა. იმისთვის, რომ პრივატიზების ასეთი იდეების გამართლება მოიპოვონ, ხშირად მის მიზეზად საბიუჯეტო შემოსავლების პრობლემებსაც ასახელებენ. სწორედ ამ უკანასკნელმა მცდელობამ, პრივატიზების გამართლება გაყიდვიდან შემოსავლების მაქსიმიზაციით მოახდინონ, წარმოშვა პრივატიზების პოლიტიკის უამრავი შეცდომა.

მეთოდები, რომელიც პრივატიზებისთვის გამოიყენება, არცთუ ისე დიდი სპექტრია, რომ რთული იყოს მათი განხილვა:

კონკურსი: წესი, რომელიც მყიდველს საწარმოს პროფილისა და დასაქმებულების გარკვეული რაოდენობის კონკრეტული ვადით შენარჩუნებას, ან სხვა პირობების შესრულებას ავალდებულებს. ამ წესის მთავარი პრობლემაა მეწარმის შეზღუდვა, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებანი საწარმოს ეფექტიანად ასამოქმედებლად, აიძულებს მას მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები. ასეთი პირობების ეფექტის შესამცირებლად მომავალმა მეპატრონემ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, პირობების შესამსუბუქებლად, მომავალში ხელსაყრელი პოზიციების შესაქმნელად და ა.შ. ერთადერთი რეალური უპირატესობა პრივატიზების ამ მეთოდს ის აქვს, რომ საშუალებას იძლევა თავი ავარიდოთ დიდი საბუჯეტო შემოსავლის დევნას, თუმცა არა ბოლომდე. სინამდვილეში კი ეს უპირატესობა იკარგება პოლიტიზებულ გათვლებში თუ ვინ აკმაყოფილებს უკეთესად წამოყენებულ პირობებს და, შედეგად, საწარმოთა გაყიდვა ძნელდება და ნელდება, რაც პრივატიზების ეფექტიანობას ამცირებს. საწარმო ამის შედეგად უფრო დიდხანს ჩერდება სახელმწიფოს ხელში და მისი რესურსების გაფლანგვა კიდევ გრძელდება.

აუქციონი: ამ მეთოდით შესაძლებელია კომერციული ეფექტიანობის მაქსიმუმის მიღება. სწორედ ასეთი მეთოდით ყიდიან კერძო მესაკუთრეები საკუთარ ქონებას და მათი მიზანი ნათელია - მიიღონ მაქსიმალური სარგებელი. ამ მეთოდს ნამდვილად აქვს უპირატესობა სხვებთან შედარებით ერთ საკითხში - რთული პროცესი იმის გასარკვევად, თუ ვინ არის ყველაზე უკეთესი მყიდველი, მარტივდება: ვინც მეტის გადამხდელია ის არის სწორედ ყველაზე უკეთესი. რეალურ ცხოვრებაში ეს სწორიცაა - მეტ ფულს ის იხდის, ვისაც მეტად უღირს. ეს უდავო უპირატესობა ორი სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს: 1) არასოდეს იქნება შესაძლებელი ითქვას, რომ გაყიდვის ფასი ყველაზე მაღალი იყო დროში, ანუ მომავალში ალბათ შესაძლებელი იყო უკეთესი ფასით მყიდველის მონახვაც. ეს საკითხი მთლიანად პოლიტიზებულია და არანაირი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ პროცესებთან, მაგრამ, რადგანაც პრივატიზება პოლიტიკურად მართული პროცესია, აუქციონის წესის მოქმედებას ძალიან მკაცრი წესი სჭირდება, რომელიც ზღუდავს გასაჩივრების ვადას. 2) უმაღლესი ფასი ამავდროულად ზღუდავს მომავალ მეპატრონეს, ჰქონდეს რეალური გეგმები - ის იძულებულია კონცენტრაცია უფრო მეტად ყიდვაზე გადაიტანოს, ვიდრე იფიქროს მომავალ გეგმებზე - მისთვის მნიშვნელოვანი ხდება მიაღწიოს შესასყიდი ქონების ექსკლუზიურობას, რათა შემდგომ სწორედ ექსკლუზიური წესით მიიღოს სარგებელი. ამას მას ის აიძულებს, რომ ყველაზე დიდი თანხის გადახდის დროს იგი იძულებულია საკუთარი საინვესტიციო თანხებიც გადაიხადოს - გაიხსენეთ, რომ პრივატიზების დროს მყიდველი ჩვეულებრივ საქონელს არ ყიდულობს, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, ყოვლად უხარისხოს, ჩამორჩენილ ტექნოლოგიას, სარეაბილიტაციოს და მთლიანად ჩასანაცვლებელს. საინვესტიციო თანხები იკარგება და პირველ ეტაპზე მყიდველს სხვა არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი წესით მოამიღება, სანამ კონკურენტები გაჩნდებიან. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, პროდუქციის ფასს გაზრდის მომხმარებლისთვის, ან, თუ ფასი ვერ გაიზარდა, მაშინ ხარისხი გაუარესდება.

მთავრობაც იძულებულია შესთავაზოს მყიდველს განსაკუთრებული პირობები, რადგანაც თუ ეს პირობები არ იქნება შეთავაზებული, მყიდველი ვერ გარისკავს ყველაზე მაქსიმალური ფასი გადაიხადოს. შედეგად უმრავლესი ასეთი ტიპის აუქციონები ხელოვნურ მონოპოლიებს ქმნიან ან სხვა ტიპის პრივილეგირებულ საწარმოებს, რომლებიც, სინამდვილეში, ქონებას კი არა სწორედ ექსკლუზიურ უფლებას ყიდულობენ. ამ პირობებში ოპოზიციის და სხვა ოპონენტების ზეწოლა მთავრობაზე, სამწუხაროდ, საპირისპირო შედეგს იძლევა - ქონებაში შესაძლებელია უმაღლესი ფასიც იქნეს გადახდილი, მაგრამ მომხმარებელთა ხარჯზე და არა ინვესტორის.

სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში ასეთი პრივატიზების მეთოდებს შედეგად იმის საწინააღმდეგო შედეგი მოჰყვება, რაც მის მიზანს წარმოადგენდა - ეფექტიანობის ამაღლება, თუ საერთოდ ხდება, ისიც ძალიან ნელი ტემპით. ეს პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ეფექტიანობის გაზრდის ნელი ტემპი საშუალებას არ იძლევა სწრაფად მოხდეს მსოფლიო ბაზრის დონის საქმიანობის წამოწყება და საექსპორტო საქონლისა და მომსახურების წარმოება, ვერ ხერხდება წარმოებისთვის საჭირო მოწყობილობებისა და მანქანების სწრაფი განახლება და მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. ეს ყველაფერი კი წარუმატებლობისთვის კარგი პირობებია და დიდ სიფრთხილეს საჭიროებს.

ამგვარი ყველაზე საინტერესო მაგალითი იყო ამერიკული ნახევრად სახელმწიფო კომპანიის AES-ის მიერ შესყიდული თბილისური ენერგოკომპანია „თელასი“. გარიგება 1998 წელს მოხდა, როდესაც მთავრობას ძალიან უჭირდა შემოსავლების მიღება - ცნობილია მაშინდელი მსოფლიო ფინანსური კრიზისის ამბავი. დღევანდელი გადასახედიდან ეი-ეს-მა ძალიან მცირე თანხა გადაიხადა 22 მილიონი დოლარი, მაგრამ საქართველოს დოყლაპია მთავრობას ესეც არ აკმარა და გამოსტყუა უამრავი პრივილეგია:

  • ექსკლუზიური უფლება, მიეწოდებინა ელექტროენერგია თბილისში;

  • მომხმარებლებს არ ჰქონდათ უფლება ეჩივლათ ენერგიის მიუწოდებლობაზე;

  • უპირატესობა, იჯარით აეღო რამდენიმე ჰიდრო და თბოელექტროსადგური;

  • შეეტანა ელექტროენერგიის ფასში ინვესტიციების დაბრუნების ხარჯები, 20%25იანი წლიური ინტერესით, და სხვ.

შემდგომ, ეიესი კინაღამ გაკოტრდა, ვფიქრობ, სწორედ ასეთი საქმიანობის გამო. პრივილეგიებს გამოკიდებულმა კომპანიამ (რომელიც არ თაკილობდა არანაირ არაფორმალურ გარიგებებსაც მთავრობასთან) დაკარგა რეალობის გრძნობა. იგი, იმის ნაცვლად, რომ მომხმარებელთან აეწყო კეთილგონიერი ურთიერთობა, მთლიანად მთავრობის იმედად დარჩა, რასაც მისი 4 წლიანი საქმიანობის დასრულება მოჰყვა საქართველოში. ამან, სხვათა შორის, ამერიკული მენეჯმენტის იმიჯის შერყევა გამოიწვია და შემდგომ არავის დაუსვამს საკითხი - რატომ ჯობს პრივატიზება დასავლური კომპანიებისთვის. საინტერესოა ისიც, რომ ეიეს კომპანია საკმაოდ ორგანიზებულად და ხარისხიანად მოქმედებდა ბევრ შემთხვევაში და მოახერხა მენეჯმენტის ეფექტიანობის აშკარა გაუმჯობესება და ახალი მეთოდების დანერგვა, რამაც გააძლებინა სწორედ 4 წლის განმავლობაში.

ეფექტიანობის ზრდის მიზანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც წარსულში ან დღესაც ცენტრალური დაგეგმვის ეკონომიკა ჰქონდათ ან აქვთ. ამის მიზეზი ის არის, რომ ცენტრალური დაგეგმვის პირობებში საწარმოების მენეჯერებს პრაქტიკულად შეუძლებელია ეფექტიანობის რაიმე შეგრძნება ჰქონდეთ - მათთვის მთავარია „ზემდგომ ორგანოებს“ (ან სუბსიდიის გამცემს - არასაგეგმო ქვეყნების შემთხვევაში) შეუთანხმდნენ. მათთვის ყველაზე მთავარია სწორედ მესაკუთრე/ზემდგომისაგან მიიღონ დაპირება მათი პროდუქციის გასაღების შესახებ - დანარჩენი, როგორც იტყვიან, წვრილმანია. ასეთ პირობებში საწარმოები იქმნება არა იმისათვის, რომ დააკმაყოფილონ რაიმე საქონელზე ან მომსახურებაზე მოთხოვნა და მოგება მიიღონ, არამედ რათა მთავრობას სათქმელი ჰქონდეს, რომ მოსახლეობაზე ზრუნავს. საწარმო კი, თუ იგი მოგების მიღებაზე არ არის ორიენტირებული, არანაირად არ შეეცდება ეფექტიანი იყოს. მისი მეპატრონე მთავრობა საწარმოებს ქმნის არა საჭიროების, არამედ სურვილის მიხედვით.

შემდეგ, როდესაც ასეთ ქვეყნებში პრივატიზების საკითხი დგება, იგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. აუცილებელია სწორად განისაზღვროს რეალური ღირებულება საწარმოების, რომელთა პროდუქციის გასაღების ბაზარი არ არსებობს - იგი შესაძლებელია მხოლოდ მიწისა და შენობების შეფასებას მოიცავდეს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციას, თუ ეს უკანასკნელი შესაძლებელია იაფად კონვერტირებადი იყოს ახალ მოთხოვნებში.

ნებისმიერი იმ საწარმოს პრივატიზება, რომელიც შესაძლებელია გაყიდვისთანავე მონოპოლიად იქცეს, უმჯობესია მოხდეს დანაწევრებულად და ისიც სააქციო საზოგადოებად გადაკეთებისა და აქციების ღია ბაზარზე გამოტანის წესით. ამ უკანასკნელ მოდელს შესაძლებელია სახაზინო შემოსავლის კლება მოჰყვეს, თუ აქციები ერთბაშად იქნება გამოტანილი. თუმცა, ეს არ იქნება დიდი დანახარჯი, რადგანაც მისი კომპენსაცია მოხდება საზოგადოებრივი სიკეთის სახით, როდესაც დაზოგილი სახსრები ახალ ტექნოლოგიაში ჩაიდება და ტექნიკური განახლების ხარჯები მომხმარებლებს ნაკლებად დააწვებათ.

ამგვარად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პრივატიზების ყველაზე ეფექტური მოდელი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • იგი უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფი.

  • გასაყიდი ობიექტის ფასის განსაზღვრა გაცილებით ადვილია ფინანსური (სააქციო) ბაზრის მიერ. ეს უფრო ღია და გამჭვირვალეცაა და არ იწვევს პოლიტიკურ დებატებს.

  • ისეთი ობიექტების გაყიდვისას, რომელიც ადვილად შეიძლება ხელოვნურ მონოპოლიად იქცეს, აუცილებელია მათი დანაწევრება და აქციების სახით დაყიდვა - ეს შესაძლებელს გახდის ამ ბაზრის სხვა მონაწილეებს არ მისცენ საშუალება მონოპოლიზაცია მოახდინონ. ეს გამორიცხავს პრივილეგიებისთვის ზრუნვასაც.

  • პრივატიზების მიზანია ეფექტიანობის ზრდა და არა საბიუჯეტო შემოსავლები.

  • პრივატიზებიდან საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მიზნით დაუშვებელია ხელოვნური მონოპოლიების შექმნა და/ან გასაყიდი ობიექტებისთვის სხვა პრივილეგიების მინიჭება.

  • პრივატიზების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მისი შედეგების გადახედვა დაუშვებელია.

  • თუ ქონება არ იყიდება (ანუ მისი მყიდველი არ გამოჩნდა გარკვეული ვადის განმავლობაში), ჯობს იგი პირველივე მსურველს გადაეცეს უფასოდ.

  • პრივატიზება სახელმწიფო ქონების კერძო სექტორისთვის გადაცემაა, ამიტომ დაუშვებელია სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტის ან სხვა სახელმწიფოს, ან მათს საწარმოებს მიეყიდოს, თუნდაც პოლიტიკური ან ფინანსური მიზნების გასამართლებლად.

დასასრულ, ნებისმიერი პრივატიზება, ან თუნდაც კერძო გარიგება, არაეფექტიანი იქნება და ვერ შეძლებს ეკონომიკური შედეგების მიღწევას, თუ მესაკუთრეები არ იქნებიან დარწმუნებული, რომ მათ საკუთრებას არავინ შეეხება. ამ შემთხვევაში უფრო ყიდვის მეტი მსურველიც იქნება და ადვილადაც მოხდება ბაზარზე ქონების გადანაწილების პროცესი, რომელიც მას არეფექტიანი პატრონისაგან ეფექტიანის ხელში (მხოლოდ და მხოლოდ) საბაზრო გზებით გადაიყვანს.

27 სავალუტო საბჭო - ერთ-ერთი გზა ოქროს ლარისკენ

▲ზევით დაბრუნება


პაატა შეშელიძე
ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს პრეზიდენტი

ქვეყნდება პირველად

უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით, ერთობ თანამედროვე, მოქნილი და ადეკვატურია; ეროვნული ბანკის ემიტირებულ ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია, ხოლო საბანკო სისტემას - მდგრადობა ახასიათებს; მომხმარებელი კი დაცული და ამაყია.

მე ასე არ ვფიქრობ და არც იმის მჯეროდა როდისმე, რომ ცენტრალიზებული მმართველობა საბანკო სისტემაში იმდენად ამართლებს, რომ მისი უმწიკვლობა ხელშეუხებელია.

ცენტრალიზებული მმართველობა, სხვა ყველაფერთან ერთად, პასუხისმგებლობის ცენტრალიზებას და, შესაბამისად, სოციალიზაციასაც ნიშნავს. კერძო შეცდომებსა და დაუდევრობაზე მთელ საზოგადოებას უხდება პასუხისმგებლობის აღება. ამდენად, საფრთხილოა, რომ, ქართული საბანკო სისტემა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით, დიდი საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ ჭარბი საკრედიტო ემისიის გამო კომერციული ბანკების დიდი ნაწილი ბანკროტობის ზღვარზეა, რაც მთელ სისტემას დარტყმის ქვეშ აყენებს; ლარი საერთაშორისო ვაჭრობისთვის ხელოვნურად გადაფასებულია, ხოლო შიდა ბაზარზე მისი სყიდვითუნარიანობა მკვეთრად დაცემული, ამავდროულად, ლარის ინფლაცია, ეროვნული ბანკის პოლიტიკისა და კომერციული ბანკების გაუფრთხილებლობით, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს ყველას, განსაკუთრებით ნაკლებშემოსავლიან მოქალაქეებს.

ალტერნატიული სისტემის ძიება აუცილებელია. შესაძლოა, ამ მიზნით განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდეს თეორიული ანალიზი და პრაქტიკული გამოცდილება მონეტარულ პოლიტიკაში ე.წ. სავალუტო საბჭოს პრინციპის გამოყენების შესახებ.

სავალუტო საბჭოს პრინციპი გულისხმობს, რომ, ერთი მხრივ, ცენტრალურ მონეტარულ უწყებას (ვთქვათ, ცენტრალურ ბანკს) არ აქვს:

  • დისკრეტული უფლებები;

  • საბანკო ზედამხედველისა და მაკონტროლებლის ფუნქციები;

  • პირდაპირი დაფინანსების ან სესხის გაცემის უფლება, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მთავრობაზე;

  • საპროცენტო განაკვეთის რეგულირების უფლება;

  • ფილიალები და მრავალრიცხოვანი შტატი.

ხოლო, მეორე მხრივ, მას ევალება:

  • ადგილობრივი ბანკნოტებისა და მონეტების ბეჭდვა;

  • ფულადი ემისიის 100 პროცენტით უზრუნველყოფა ე.წ. სარეზერვო უცხოური ვალუტით;

  • სარეზერვო ვალუტასთან მიმართებაში ადგილობრივი ვალუტის ფიქსირებული გაცვლითი კურსის (ანუ ადგილობრივი ბანკნოტებისა და მონეტების დაუბრკოლებელი და შეუზღუდავი კონვერტაციის) უზრუნველსაყოფად საცავში საკმარისი რაოდენობის (არანაკლებ 110—115 პროცენტი) სარეზერვო უცხოური ვალუტის რეალური მარაგის ქონა.

ფაქტობრივად, სავალუტო საბჭოს პრინციპით მოქმედი ცენტრალური ბანკი სხვა არაფერია თუ არა სპეციალიზებული „სავალუტო ჯიხური“, რომელიც სარეზერვო ვალუტას ადგილობრივ ვალუტაზე ფიქსირებული კურსით ყიდულობს და ყიდის და თავს საკომისიოთი ირჩენს.

სავალუტო საბჭოს პრინციპს ძირითადად ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნები ირჩევენ, რომლებიც მონეტარულ პოლიტიკაში საკუთარ დისკრეტულ უფლებებზე სარეზერვო ვალუტის ემიტენტი ქვეყნის სასარგებლოდ ამბობენ უარს. ამგვარი გადაწყვეტილება იმ ანგარიშით მიიღება, რომ გაზიარებულ იქნეს სარეზერვო ვალუტის ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის სიკეთეები, უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივი ვალუტის სტაბილური მსყიდველობითი უნარი, უკიდურესად შეიზღუდოს ინფლაცია (ინფლაცია არის ფულის მასის ზრდა მასზე საბაზრო მოთხოვნის ზემოთ, რომლის გარდაუვალი შედეგია ფასების საერთო დონის ზრდა, რაც თანამედროვე ლიტერატურაში, შეცდომით და დაუსაბუთებლად, ინფლაციად მიიჩნევა. დეკრეტული ფულის შემთხვევაში, ინფლაციის ერთადერთ წყაროს ცენტრალური ბანკის ჭარბი ემისია წარმოადგენს. სავალუტო საბჭოს პრინციპი გამორიცხავს ჭარბი ემისიის პრაქტიკას, თუმცა ინფლაცია შესაძლოა სარეზერვო ვალუტის ემიტენტის მიერ პროვოცირდეს), გამარტივდეს სავაჭრო ურთიერთობები, წახალისდეს ექსპორტი და ადგილობრივ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთი სარეზერვო ვალუტის ქვეყანაში მოქმედ განაკვეთს გაუტოლდეს.

სავალუტო საბჭოს სარეზერვო ვალუტად, როგორც წესი, მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში გავრცელებული ვალუტა ან რამდენიმე ვალუტისგან შემდგარი კალათა გამოიყენება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ცენტრალური ბანკის რეზერვები რამდენიმე უცხოური ვალუტისგან შედგება და ადგილობრივ ვალუტასთან მიმართებაში მათი შეწონილი კურსი ფიქსირდება. სადღეისოდ სარეზერვო ვალუტებად ძირითადად გამოიყენება ამერიკული დოლარი (პანამა 1904 წლიდან, ეკვადორი, სალვადორი, აღმოსავლეთ ტიმორი, პალაუ, მიკრონეზია, მარშალის კუნძულები, ვირჯინიის კუნძულები, ბერმუდის კუნძულები, ბაჰამის კუნძულები, არგენტინა (1991-2002), ბარბადოსი, ლიბანი, ბელიზი, ჰონგ კონგი, მაკაუ, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, მალაიზია და სხვები. კუვეიტი და სირია 2007 წლიდან ამერიკული დოლარიდან სავალუტო კალათაზე გადავიდნენ. 2008 წლიდან საკუთარი ვალუტის დოლარზე მიბმას ბელორუსიც კი აპირებს), ევრო (ესტონეთი, უნგრეთი, ბოსნიაჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კვიპროსი, დანია, ლიტვა, ლატვია, მაროკო, მალტა, სლოვაკეთი და ა.შ.) და ბრიტანული ფუნტი (ფოლკლენდი, გიბრალტარი, წმინდა ელენეს კუნძულები). თუმცა უფრო ლოკალური შემთხვევებიც არსებობს, მაგალითად, ბრუნეის დოლარი, სინგაპურული დოლარი, ნამიბიის, ლესოტოსა და სვაზილენდის ვალუტები სამხრეთ აფრიკული რანდის, ხოლო ფარერის კუნძულების კრონა დანიური კრონის უზრუნველყოფით იბეჭდება. ირლანდიური ფუნტი 1999 წლამდე ბრიტანული ფუნტით იყო უზრუნველყოფილი, ხოლო შემდეგ, 2002 წლამდე, ანუ ევროზე გადასვლამდე, - ევროთი.

ზოგიერთ ქვეყანაში, შედეგების თვალსაზრისით, სავალუტო საბჭოს პრინციპის ეკვივალენტური მონეტარული სისტემა მოქმედებს: მონტენეგროსა და კოსოვოში ადგილობრივი ვალუტის მაგივრად ლეგალურ საგადამხდელო საშუალებად უშუალოდ ევრო გამოიყენება, ხოლო პერუსა და კამბოჯაში ადგილობრივი ვალუტის პარალელურად ამერიკული დოლარიც ლეგალურად მიმოიქცევა, რაც ერთობ ზღუდავს ამ ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს დისკრეტული მონეტარული პოლიტიკის გატარებისგან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტო საბჭოს პრინციპი არ გულისხმობს ადგილობრივი ვალუტის ერთადერთ ლეგალურ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადებას, მისი გამოყენების იძულებას და სხვა ვალუტების დევნას. შესაბამისად, ამგვარი სავალუტო სისტემის მქონე ქვეყნებში სხვა ვალუტების მიმოქცევა და მათზე გარიგებების დადებაც ლეგალურად შესაძლებელია. თუმცა, პრაქტიკულად, ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შიდა გარიგებების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ ვალუტაში იდება, ხოლო სარეზერვო ფული ძირითადად საგარეო ვაჭრობას ემსახურება ან ვადიან დეპოზიტებზე ინახება.

ნიშანდობლივია, რომ იმ ქვეყნების უმრავლეოსობას, რომლებიც სავალუტო საბჭოს პრინციპს იყენებენ, ეკონომიკური თავისუფლებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშემწყობი პირობების თვალსაზრისით საუკეთესო შედეგები აქვთ.