![]() |
ინფორმაციული ველები და მესამე სექტორის საინფორმაციო სტრატეგია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: დევდარიანი ჯაბა, გოცირიძე გიორგი, ჩიტალაძე ვალერი, ყიფიანი დავით, ლოსაბერიძე დავით, გურგენიძე პაატა, აფციაური რამაზ, სალამაძე ვაჟა |
თემატური კატალოგი მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: (დისკუსიები კავკასიურ ინსტიტუტში №3(9)) , © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა თბილისი 2003 სერიის რედაქტორი დავით ლოსაბერიძე გამოცემა განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children) შორის დადებული N 114-A-00-02-00140-00 თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში. ავტორთა მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ისა ან Save the Children-ის შეხედულებებს. Databases and the Third Sector Information Strategy – David Losaberidze (ed.), Caucasus Institute for Peace, Democracy and Development, 2003 This publication was made possible through support provided by the US Agency for International Development (USAID) under the terms of Cooperative Agreement No. 114-A-00-02-00140-00 between USAID and Save the Children. The opinions expressed herein are those of the authors and do not necessarily reflect the views of USAID or Save the Children. გამომცემელი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163 |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ბროშურა მომზადდა საჯარო დისკუსიის საფუძველზე, რომელიც 2003 წლის 21 ივნისს ჩაატარა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში და რომელიც რიგით მესამეა არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე მდგარი პრობლემებისადმი მიძღვნილ დისკუსიათა ციკლიდან.
2002 წლის დეკემბერსა და 2003 წლის მარტში ჩატარებულ იქნა ორი დისკუსია თემებზე:
საჭიროა თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი და როგორი უნდა იყოს იგი?
როგორია არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებრივი იმიჯი?
პროგრამა დაფინანსებულია აშშ საერთაშორისი განვითარების სააგენტოს მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მესამე სექტორის შემდგომ განვითარებას, მისი საქმიანობის (მართვა, ფინანსები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სამოქალაქო ინტერესების დაცვა) ხარისხობრივ გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი პირობების ჩამოყალიბებას.
პროგრამას ახორციელებს კოალიცია, რომლის შემადგენლობაშიც შედის:
ამერიკული ორგანიზაცია Save the Children - Georgia, ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია:
ბიზნეს სამართლის ცენტრი,
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი,
პარტნიორები - საქართველო,
სამოქალაქო ინფორმაციის ცენტრი „ალტერნატივა“,
საქართველოს გაეროს ასოციაცია,
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
ამას გარდა, პროგრამა ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფართო სპექტრის ჩართვას იმპლემენტაციის პროცესში და მათ ტექნიკურ და ფინანსურ ხელშეწყობას.
* * *
მესამე შეხვედრის თემა გახლდათ - ინფორმაციული ველები და მესამე სექტორის საინფორმაციო სტრატეგია. დისკუსიის საგანს წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო სტრატეგიის დღევანდელი მდგომარეობის ანალიზი. განხილულ იქნა ზოგადად სახელმწიფოში და, კერძოდ, მესამე სექტორში ინფორმაციის მიმოცვლის საკითხი და ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ერთიანი საინფორმაციო ველის შექმნის პროცესს.
ძირითადი მოხსენებების შემდეგ დაიწყო კამათი. როგორც ძირითადი მომხსენებლები, ისე კამათის მონაწილენი აღწერდნენ იმ სირთულეებს, რომლებიც თავს იჩენს საქართველოში თანამედროვე ინფორმაციული ბაზების ჩამოყალიბების პროცესში და ეძებდნენ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებს.
ბროშურის მომზადების პროცესში მოხსენებები უფრო აკადემიური სტილით იქნა წარმოდგენილი, დისკუსია კი წარმოადგენს კამათის მონაწილეთა გამოსვლების ჩანაწერებს. კავკასიური ინსტიტუტის სახელით დიდ მადლობას ვუხდით როგორც ძირითად მომხსენებლებს, ისე დისკუსიის ყველა მონაწილეს.
![]() |
2 ჯაბა დევდარიანი |
▲ზევით დაბრუნება |
თავისი არსებობის მანძილზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრავალი კვლევა განახორციელა. შედეგად შეიქმნა სოლიდური საინფორმაციო ბაზები. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ინფორმაცია საყოველთაო ინტერესის საგნად ვერ იქცა. იშვიათია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი ინფორმაციისა თუ ცოდნის გამოყენება არა მარტო მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ, არამედ თვით არასამთავრობო სექტორის შიგნით.
საინფორმაციო ველში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის ზრდისათვის აუცილებელია ზოგადად საქართველოს საინფორმაციო ველისათვის დამახასიათებელი პრობლემები გავაანალიზოთ. ამგვარი მიდგომა საშუალებას მოგვცემს უკეთ განვსაზღვროთ არასამთავრობო სექტორში შექმნილი ინფორმაციისა თუ ცოდნის ადგილი საინფორმაციო ველში.
მოცემული ანალიზი ძირითადად საქართველოს შიდა საინფორმაციო ველს შეეხება, თუმცა, ნათელია, რომ ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფოს საზღვრებს სცდება. ანალიზისათვის ინფორმაციის „სამოქალაქო ფუნქციაზე“ შევჩერდები და არა, მაგალითად, ბიზნეს ღირებულებაზე, რაც ცალკე დისკუსიის საგანია.
სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით, ინფორმაციის გახსნილობას ორი ძირითადი ფუნქცია გააჩნია: ობიექტური ცოდნის შექმნა და სამოქალაქო დღის წესრიგის შემუშავება.
პირველი გულისხმობს ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებას, მეორე კი ამ ან სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით დისკუსიის წარმოებას, რაც გადაწყვეტილებების მიღების საშუალება უნდა გახდეს.
ინფორმაციის ამდაგვარი ფუნქციური აღქმა თავისთავად გულისხმობს „საზოგადოების“ მონაწილეობას ინფორმაციისა და დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში. იდეალურ მოდელში ინფორმაცია ხალხისგან მოდის და ხალხსავე ემსახურება.
შევეცდები საქართველოს საინფორმაციო ველს ამ ფუნქციური მახასიათებლების საფუძველზე შევხედო და პასუხი გავცე კითხვებზე:
ასრულებს თუ არა დღევანდელი საინფორმაციო ველი თავის ფუნქციას?
ვინაა მოქმედი პირები არსებულ საინფორმაციო ველში?
როგორია მოსახლეობის მონაწილეობა საინფორმაციო ველში?
როგორია არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა?
საინფორმაციო ველის ფუნქცია
თავის ერთ-ერთ ნაშრომში მარინა მუსხელიშვილი საკმაოდ დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ კომუნისტური პერიოდის მედიისათვის მედიისა და საინფორმაციო ველის ამოცანას ობიექტური ცოდნის შექმნა წარმოადგენდა (საერთაშორისო იდეა, თავი 15). ამ პერიოდიდან მოდის მოარული შეხედულება, რომ გაზეთში დაწერილი „სიმართლეა“ იმდენად, რამდენადაც ობიექტურ ცოდნას წარმოადგენს.
პოსტ-საბჭოთა პერიოდის მედიამ აქცენტი აზრების წარმოჩენაზე აიღო, რითაც საინფორმაციო ველი დღის წესრიგის ფორმირების, სადისკუსიო არენად აქცია. თავისთავად ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, უბრალოდ, დღემდე საინფორმაციო საშუალებებს ერთმანეთისაგან ვერ გაუცალკევებია „ცოდნისა“ და „დისკუსიის“ კომპონენტები, რაც სამოქალაქო დღის წესრიგს ფაქტობრივ საფუძველს აცლის და ხშირად უსაგნო დისკუსიის ასპარეზად აქცევს.
ამგვარად, ვიწრო ტექნიკური თვალსაზრისით, დღევანდელი საინფორმაციო ველი ცდილობს უპასუხოს მისსავე ფუნქციას, თუმცა, აშკარაა ორი ურთიერთდაკავშირებული პრობლემა: საინფორმაციო ველის ფრაგმენტაცია და მისი აქტორების მიერ ეროვნული მასშტაბით საინფორმაციო ველის დაფარვის შეუძლებლობა.
საინფორმაციო ველის შემავსებლები
დღეისათვის შეგვიძლია საინფორმაციო ველის რამდენიმე შემავსებელი დავახასიათოთ, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მოსახლეობის დიდ ნაწილზე. ასეთებია:
პრესა,
ტელევიზია/რადიო,
ინტერნეტი,
ზეპირი ინფორმაცია/ჭორი.
უკანასკნელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ პრესის დაფარვის არე საკმაოდ დაბალია. თბილისში გამომავალი არც ერთი ყოველდღიური გაზეთის ტირაჟი არ სცილდება 5000 ეგზემპლარს და ძირითადად ისევ დედაქალაქში ვრცელდება. პრესის გავრცელებას აფერხებს როგორც მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობა, ისე გავრცელების სამსახურების განვითარების დაბალი დონე.
ტელევიზია უფასოა და გააჩნია უფრო ფართო დაფარვის საშუალებები. სახელმწიფო ტელევიზიას, ტვ იმედსა და რუსთავი 2-ს გააჩნიათ საშუალება მაუწყებლობით დაფარონ ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა, ელექტროენერგიის არარეგულარული მიწოდების გამო ეს შესაძლებლობაც ხშირად მხოლოდ თეორიულია.
ადგილობრივი ტელევიზიები ხშირად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შექმნან ინდივიდუალური საინფორმაციო პროდუქტი. იგივე ეხება რადიოსაც - მოკლეტალღოვანი რადიოარხები იშვიათად აკეთებს აქცენტს ინფორმაციისა და ანალიზის ფუნქციებზე.
ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ინფორმაციით განუხრელად იზრდება, მათ შორის რეგიონებში. თუმცა, მისი მომხმარებელი შეიძლება ნიშურ ჯგუფს - ძირითადად, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულთა კატეგორიას მივაკუთვნოთ.
„გლობალური დაფარვის არით“ მხოლოდ ზეპირი ინფორმაცია, ანდა ჭორი გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ჭორი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის რეტრანსლატორის ფუნქციას ასრულებს - ანუ თბილისში მოსმენილ/წაკითხულ ამბებს ადამიანები რეგიონებში ერთმანეთს გადასცემენ და ავრცელებენ, ხშირად დამახინჯებულადაც, რადგან იცვლება გადაცემის კონტექსტი. მაგალითისათვის, სამცხე-ჯავახეთში გავრცელდა ინფორმაცია ანტი-სომხური განცხადებების შესახებ, რაც თბილისში აბსოლუტურად უცნობმა პარტიული პრესის ორგანომ გაავრცელა.
დაფარვის ველს ზღუდავს აგრეთვე კონკრეტულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე. შეზღუდულია განდგომილი ტერიტორიების დაფარვაც მედიის მიერ.
საინფორმაციო ველის შინაარსი და ნიუსმეიკერები
მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ველი ფრაგმენტირებულია, ინფორმაციურ/ანალიტიკური პროდუქცია მაინც იქმნება. ამ მხრივ წამყვანი როლი ტელევიზიას ეკუთვნის.
ამასთან შეიძლება ითქვას, რომ ახალ ამბებს (და ახალ თემებს) პირთა საკმაოდ შეზღუდული ჯგუფი ქმნის. ესენია: პოლიტიკური ლიდერები, ადმინისტრაციული ხელმძღვანელები (მათ შორის პრეზიდენტის რწმუნებულები რეგიონებში), თავად ჟურნალისტები, დამოუკიდებელ ექსპერტთა მცირე ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე ჯგუფი.
თემატიკის შექმნის ინიციატორი ძირითადად პოლიტიკური მოძრაობები და მათი ლიდერები არიან. გავიხსენოთ უკანასკნელი თემები: ჟვანიას 115 ლარი, სარიშვილის საფრთხე, ნადარეიშვილ-კვიციანის დუელი, ა.შ. ხშირად ამგვარი თემატიკის ძირითადი ფაბულა პიროვნული დაპირისპირებაა, და იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ეს არაა მთავარი, მედია ცდილობს თემა ამ მხრიდან გააშუქოს.
ამ პროცესში დამოუკიდებელ და არასამთავრობო ექსპერტებს, ძირითადად, დამხმარე ფუნქცია ეკისრებათ - საინფორმაციო საშუალებებში პოლიტიკური თემატიკის გაღრმავება, ანუ გარკვეული დამატებითი ფაქტებისა და ანალიზის მოშველიება.
რადგან პრესამ დაკარგა ახალი ამბების მიმწოდებლის ფუნქცია, ანალიტიკასა და პირად აზრს მეტი ადგილი ეთმობა; ამდენად დამოუკიდებელი და სამოქალაქო ექსპერტების პუბლიკაციებიც უფრო ხშირია.
ამასთან აშკარაა, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი იქმნება „ზემოდან“ და მცირე კავშირი აქვს „რიგითი“ მოქალაქეების პრობლემებთან. როგორც წესი, ახალი ამბების პირველი ბლოკი პოლიტიკური საკითხებითა და საგარეო პოლიტიკის განხილვას უკავია. საქართველოს რეგიონების პრობლემატიკა საინფორმაციო ველის მიღმა რჩება.
მედია ნაკლებადაა დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე ანდა საზოგადოების მიერ ინფორმაციის მოთხოვნილებაზე. პირდაპირი კავშირი (ხელმოწერის სისტემა) არ არსებობს. უკუკავშირის ერთადერთი საშუალება რეიტინგია, რაც გულისხმობს აქცენტს სკანდალურობასა და სისწრაფეზე. საზოგადოებრივი ტელევიზიის ჩამოყალიბება, რომელსაც ხშირად ეკისრება „არაკომერციული“ ინფორმაციის გავრცელება, ჯერაც შორეული პერსპექტივაა.
არასამთავრობო სექტორი და საინფორმაციო ველი
როგორც სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა კვლევამ გვიჩვენა, არასამთავრობო ორგანიზაციები ურთიერთობენ მედიასთან და ცდილობენ ინფორმაციის გავრცელებას, თუმცა, საკმაოდ ზერელედ. გამოკითხული 189 ორგანიზაციიდან მხოლოდ 29% ავრცელებს პრესრელიზებს, 13% - წლიურ ანგარიშს და 26% - პრეს-კონფერენციებს. თბილისში მედიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების კონტაქტის 39% მედიის ინიცირებულია, რეგიონებში ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსობრივი შესწავლა მომავლის საქმეა, თუმცა, კვლევიდან შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ გავრცელებული ინფორმაციის დიდი ნაწილი PR ხასიათისაა - ანუ შუქდება განხორციელებული პროგრამები ან ღონისძიებები. ეს თავისთავად კარგია, რადგან იქმნება ინფორმაცია („ცოდნა“) სექტორის საქმიანობის შესახებ. ეს კია, ამდაგვარი ინფორმაციის „სამოქალაქო ღირებულება“ საკმაოდ დაბალია - ის არ და ვერ ქმნის საზოგადოებრივ დღის წესრიგს.
ამ მხრივ უფრო პროდუქტიულია არასამთავრობო ექსპერტების როლი პოლიტიკური და ეკონომიკური ანალიზის თვალსაზრისით - ისინი ცდილობენ სიღრმე შემატონ მიმდინარე დისკუსიას. მაგრამ ამგვარი ექსპერტების რიცხვი მეტად შეზღუდულია როგორც თემატური დაფარვის, ისე რაოდნობრივი თვალსაზრისით. ეს ადამიანები არ ქმნიან ახალ თემებს, ისინი რეაგირებენ უკვე არსებულ პრობლემატიკაზე. პრესაში თემატიკის ჩამოყალიბებაზე არასამთავრობო სექტორს მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ ეს ძირითადად რედაქციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ძირითადად მხოლოდ გაზეთ „24 საათის“ სტილისტიკას შეესაბამება.
საქართველოს სამოქალაქო სექტორი საზოგადოებრივ აზრზე პირდაპირი გავლენის ორ ძირითად ხერხს იყენებს. ერთი ვარიანტია საპროტესტო მოძრაობები და ზეწოლის ჯგუფები. ამგვარი მოქმედება: „კმარა,“ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ რელიგიური უმცირესობების დასაცავად მიმართული კამპანია, იმავე ორგანიზაციის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ გამართული პროტესტი ახალი ამბების თვალსაზრისით მეტად ღირებულია და მედიის პირველ პოზიციებს იკავებს. ეს ქმნის საზოგადოებრივ აზრს და უბიძგებს დებატებს, თუმცა, ამის უკუეფექტია არასამთავრობო სექტორის გადაჭარბებულად აგრესიული ხატის შექმნა.
მედიასთან ურთიერთობისას პრაქტიკული თვალსაზრისით საკუთარი ინფორმაციის/პოზიციის ამგვარად მიწოდება მედიის დომინანტურ სტილთან კონფორმიზმზეა დაფუძნებული. ანუ მედიას აწვდი იმას, რასაც ის აუცილებლად გააშუქებს.
მეორე სტილია მედიაში იმგვარი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც იგი კომენტარს ვერ გაუკეთებს - ასეთია სოციალური რეკლამა და მისი საუკეთესო მაგალითი IRIS-საქართველოს კამპანია „იცოდე კანონი და იქნები დაცული.“ ამ კამპანიის ლოზუნგი ნაცნობი გახდა საზოგადოებისათვის და საფუძვლად დაედო რამოდენიმე ტელედისკუსიას. მაგალითია აგრეთვე სერვისის შეთავაზებაც (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია). ამგვარი ტიპის საინფორმაციო ექსპანსია საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამიტომაც შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული.
საერთო საინფორმაციო სივრცეში გარღვევის კიდევ ერთი ფორმაა საკუთარი საინფორმაციო საშუალებების შექმნა და გამოყენება. ამის მაგალითებია რადიო „მწვანე ტალღა“, ფონდი ჰორიზონტის ჟურნალი „ჰორიზონტი“, რომელიც ვაჭრობის ქსელში ვრცელდება და გაეროს ასოციაციის საინფორმაციო გამოცემა „სივილ ჯორჯია“, რომელიც ინტერნეტრესურსს წარმოადგენს. ეს საშუალებები რესურსია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, თუმცა, თითოეულ მათგანს საკმაოდ ლოკალიზებული მომხმარებელი გააჩნია.
გზა მომავლისაკენ - არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო როლი
საპროტესტო და სოციალური ტიპის საინფორმაციო აქტივობის ზრდა, საკუთარი მედიასაშუალებების გამოყენება აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის კამპანიების წარმოებისას.
არასამთავრობო სექტორს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა უპასუხოს საინფორმაციო ველის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას - გაზარდოს მედიის აქცენტი მოსახლეობის მოთხოვნილებაზე და შეძლოს საინფორმაციო ველის გამთელება - რეგიონებიდან ინფორმაციის მიწოდების ახალი წყაროების შექმნა.
დღეს არასამთავრობო სექტორი იშვიათად მიმართავს საზოგადოებას საინფორმაციო საშუალებით. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის დისკუსიების ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში არსებობს „იზოლირებული კუნძულის“ განცდა. საინფორმაციო ველში ამის სიმპტომია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად ერთმანეთს, უფრო კი საკუთარ დონორებს აწვდიან ინფორმაციას და არ ცდილობენ მის საზოგადოებრივად მოხმარებადი ფორმით ჩამოყალიბებას.
ამ „კუნძულოვანი მენტალიტეტის“ დაძლევა არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ამოცანაა და მის თანამდევ პროდუქტად შესაძლოა იქცეს არასამთავრობო სექტორის საინფორმაციო აქტივობის ზრდა.
სექტორში არსებული რესურსი უნიკალურია: არსებობს მაღალი პროფესიული და ტექნიკური განათლების მქონე, პროფესიულად დასაქმებული კადრები. არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ პარტნიორი თუ უბრალოდ მეგობარი ორგანიზაციების ფართო ქსელი საქართველოს რეგიონებში. არსებობს კონტაქტები მედიასთან და საინფორმაციო მასალების წარმოების გარკვეული გამოცდილება.
საჭიროა მხოლოდ ამ გამოცდილების გამოყენების მიზნობრივი წარმართვა. პარტნიორული პროგრამები და ქსელები, ფუნქციების მტკიცე დანაწილებით, შესაძლოა ამ პროცესის ნაწილად იქცეს. მაგალითად, სამოქალაქო სექტორს ჰყავს რამდენიმე წარმომადგენელი, რომელთაც შეუძლიათ დამოუკიდებელი პროდუქციის შექმნა - ინტერნიუსი, სტუდია რე, ჰორიზონტისსტუდია ტექნიკურ და პროფესიულ გამოცდილებას ფლობენ. ეს საშუალებები შეიძლება სერვის-მიმართულებით განვითარდეს, და ამის მაგალითს ინტერნიუსის აქტიურობა იძლევა, იმავე სოციალური რეკლამების დამზადების მხრივ.
მე აქ არ ვლაპარაკობ „არასამთავრობო ორგანიზაციების ტელევიზიისა და მაუწყებლობის კორპორაციის შექმნაზე“ - ამგვარი უტოპიები სწორედ საკუთარ წვენში ხარშვის შედეგია. მე მხედველობაში მაქვს, მაგალითად, რეგიონებში მოსახლეობის სოციალურ საკითხებზე რეპორტაჟებისა და პროგრამების მომზადება, რაშიც რამდენიმე ორგანიზაცია მიიღებდა მონაწილეობას, დაწყებული ადგილობრივი სათემო ორგანიზაციიდან, დამთავრებული თბილისში მოქმედი კვლევითი, ლობისტური თუ იურიდიული მხარდაჭერის ჯგუფებით.
სექტორს აქვს საშუალება განავითაროს თავისი როლი ინტერნეტ სივრცეში; რამდენიმე რეგიონში სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები აყალიბებენ მსოფლიო საინფორმაციო ქსელთან კავშირის ერთადერთ საშუალებას.
დასკვნა
არასამთავრობო სექტორში შექმნილი ინფორმაცია მანამ ვერ მოიპოვებს სამოქალაქო ფუნქციას, სანამ მისი შემქმნელები ვერ ისწავლიან ამ ინფორმაციის ზოგად საინფორმაციო ველში განთავსებას. „კუნძულოვანი მენტალიტეტის“ დაძლევა გულისხმობს ყურადღების გამახვილებას ინფორმაციის მომხმარებელზე და, შესაბამისად, ერთი და იმავე კვლევითი პროდუქტის სხვადასხვა მომხმარებლისთვის ადაპტირებას.
ამასთან, ცხადია, რომ საინფორმაციო ველის არსებული პრობლემები ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისათვის სერიოზულ ბარიერს ქმნის. ამ თვალსაზრისით, არასამთავრობო სექტორში შექმნილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა უკავშირდება საინფორმაციო ველის გაჯანსაღების უფრო ფართო პროცესს.
ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ გლობალური ცვლილებების გარეშე არასამთავრობოებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. პირიქით, არასამთავრობო ექსპერტების მონაწილეობამ არსებულ საინფორმაციო სივრცეში, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების შიგნით დაგროვილმა გამოცდილებამ შესაძლოა თავად შეუწყოს ხელი საინფორმაციო ველის რეფორმას.
![]() |
3 გიორგი გოცირიძე |
▲ზევით დაბრუნება |
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ინფორმაციით სარგებლობის საკითხებთან სპეციფიკური შეხება გვაქვს. კერძოდ, ეს ის სფეროა, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის სივრცით ასახვაზე და სივრცითი ინფორმაციის დამუშავებაზე, რაც სამეცნიერო თუ სხვა ლიტერატურაში მოიხსენიება როგორც გეოინფორმატიკა (გეოინფორმაციული ტექნოლოგიები და გეოინფომაციული სისტემები). საქართველოში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის მიღწევები გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში დადებითადაა შეფასებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს ზოგადად ვისაუბრო ინფორმაციის რაობაზე და საზოგადოებაში ინფორმაციით სარგებლობის მნიშვნელობაზე. შემდეგ შევეხები იმ ძირითად პრობლემებს, რომლებიც დღეისათვის არსებობს საქართველოში ინფორმაციის ფორმირების, აგრეგაციის, დამუშავების და გაცვლის სფეროში. ამასთან, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითსაც მოვიყვან, რომლებიც არსებული პრობლემების სიმწვავეს ასახავს. ასევე, შემოგთავაზებთ პირველი ეტაპისათვის პრობლემების მოგვარების აუცილებელ საშუალებებს მსოფლიო და ადგილობრივი გამოცდილების გათვალისწინებით.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რომ ინფორმაცია არის გარკვეული სამომხმარებლო დანიშნულების პროდუქტი, რომელსაც გააჩნია ღირებულება. ინფორმაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, კოსმოპოლიტური დანიშნულების და ნიშან-თვისებების მატარებელი პროდუქციაა და არ შეიძლება მისი ფორმირების და გამოყენების პროცესი შევზღუდოთ ადმინსტრაციული თუ სახელმწიფო საზღვრებით. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პრაქტიკულად არ არსებობს მესამე რიგის სუბიექტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის ფორმირების და გაცვლის წესებს თუ ნორმებს. ეს უკანასკნელი უპირისპირდება იმ აზრს, რომ ქვეყანაში ინფორმაციის მართვის პრინციპების შემუშავება და არაპრაქტიკული ნორმების დაკანონება სახელმწიფოს მხრიდან (ე.ი. ზემოდან) უნდა ხდებოდეს. ინფორმაცია არის პროდუქტი, რომელსაც ჰყავს მწარმოებელი და მომხმარებელი. ინფორმაციის მართვის ე.წ. კანონები სხვდასხვა ტიპის საზოგადოებაში ევოლუციურად დგინდება. შესაბამისად, ყველა წესი, რეგლამენტი და კონტროლის მექანიზმი იქმნება მწარმოებლის და მომხმარებლის ურთიერთობების ფარგლებში. თუ საზოგადოებაში არ არსებობს მოთხოვნილება ინფორმაციაზე და საზოგადოება კვლავ ინერტულია ინფორმაციით სარგებლობის აუცილებლობის ინიცირების შემდეგაც, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ საზოგადოებაში მწარმოებელიც არ იქნება და სამთავრობო დონეზე აბსტრაქტული ნორმების მიღებით საინფორმაციო ბაზარი ვერ განვითარდება.
ასე რომ, ინფორმაცია არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროდუქტი და მასზე, ბუნებრივია, არსებობდეს მოთხოვნილება, შესაბამისად - თვითგანვითარებადი ბაზარი და ამ ბაზრის რეგულირების მექანიზმები.
1. ძირითადი პრობლემები
პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს ჩვენს საზოგადოებაში (გამიზნულად ვხმარობთ სიტყვა საზოგადოებას, რადგანაც ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა, როგორც გეოპოლიტიკური და ადმინისტრაციული სუბიექტი არ და ვერ განსაზღვრავს ინფორმაციის ბაზრის თვისებებს. საზოგადოება კი უფრო ფართო ცნებაა, სცდება სხვადასხვა ქვეყნის ადმინსტრაციულ საზღვრებს საზოგადოებრივი თვისებების მსგავსებათა ხარჯზე და უფრო რეგიონალურ ხასიათს ატარებს), ინფორმაციის ფორმირების და გაცვლის სფეროში, რთული და სპეციფიკურია. არ არსებობს მზა მოდელები და ამ მოდელების რეალიზების მეთოდები. ფაქტორების სახით არსებობს: საზოგადოება (ტიპი, მენტალიტეტი, მზაობა და ა.შ.), რეგიონის გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და, შესაბამისად, განვითარებადი მოთხოვნილებები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ე.წ. „ინფორმაციულობის“ შეფასება შესაძლებელია, რადგანაც არსებობს ფილოსოფიური დატვირთვის ინდიკატორები, რომლებიც განსაზღვრავს ამა თუ იმ საზოგადოების მზაობას. ამ მხრივ, აღსანიშნავია:
ინფორმაციის საჯაროობა
ჩვენს საზოგადოებაში სამართლებლივ დონეზეც კი, ინფორმაციის საჯაროობის დამკვიდრების მცდელობების მიუხედავად, საზოგადოების მიერ ბოლომდე არ არის აღქმული ინფორმაციის საჯაროობის საზღვრები და შესაბამისად - მისი მნიშვნელობა.
ინფორმაციის საჯაროობა, პირველ რიგში, მოიცავს დაინტერესებული მხარის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის მოძიების და მიღების უფლებას (არ იგულისხმება მიღების გზები, მეთოდები და ღირებულებები, რაც საჯაროობის შემადგენელი ნაწილია) შესაბამისი პასუხისმგებლობების ფარგლებში. ასე, მაგალითად: საჯარო რეესტრში გარკვეული მოსაკრებელის ხარჯზე შესაძლებელია ნებისმიერმა მოქალაქემ მოიძიოს და მიიღოს ინფორმაცია მისი მეზობლის საკუთრებაში, ანდა სარგებლობაში არსებული უძრავი ან მოძრავი ქონების (მათ შორის ღირებულების) შესახებ; მიიღოს ინფორმაცია ბირთვული იარაღის გამოცდის შედეგების და დანიშნულების თაობაზე; ასევე, ქვეყნის პირველი პირის შემოსავლის წყაროების შესახებ. საჯარო უნდა იყოს ინფორმაციის ფორმირების და გაცვლის პროცედურები და ინფორმაციაც სიზუსტისა და სანდოობის შესახებ.
ჩვენი საზოგადოების შემთხვევაში აღნიშნული ინდიკატორის მიღწევადობა ფრაგმენტულია და გაუთვითცნობიერებელი მისი რეალიზების შემთხვევებშიც კი.
ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა
სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა ძალზე დაბალია. რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში არ ხვდება ქვეყნის ეკონომიკის და საზოგადოების საქმიანობის ყველა დარგი, მაგრამ ხშირ შემთხვევებში მდგომარეობა სავალალოა. პრაქტიკულად, სახელმწიფო უწყებების სტატისტიკური მონაცემები არასანდოა. გარკვეული წინსვლა შეინიშნება ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების საქმეში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ფრაგმენტული, არაკომპლექსური და, ძირითადად, მიუწვდომელია.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ გულისხმობს (როგორც ეს ხშირად ესმით ჩვენში) მის უსასყიდლოდ მოპოვებას. ხელმისაწვდომობაში პირველ რიგში იგულისხმება ინფორმაცია არსებული ინფორმაციის შესახებ (მონაცემები მონაცემების შესახებ). თუ ამ უკანასკნელს ტექნიკურ კონტექსტში განვმარტავთ, საუბარია მეტამონაცემებზე, რომლებიც აღწერს მონაცემების წყაროებს, სიზუსტეს, ფორმატებს, ღირებულებებს და ე.წ. ადგილმდებარეობას. ფაქტია, რომ დღეისათვის საქართველოში არ არსებობს მეტამონაცემთა ბაზების (მმბ) წარმოების კულტურა.
ხელმისაწვდომობის შემზღუდველ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური ასპექტებიც, მათ შორის ქსელებთან, მონაცემთა სერვერებთან და პორტალებთან დაკავშირებული პრობლემები.
ინფორმაციის თავსებადობა
საზოგადოებაში ინფორმაციის თავსებადობის მიღწევის თვალსაზრისით ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ იგი იშვიათად სცდება დოკუმენტების წარმოების ტექნოლოგიურ ციკლს (დადგენილი სტანდარტები სახელმწიფო კანცელარიაში წარსადგენი დოკუმენტების ტექსტების „ფონტები“ და მნიშვნელობების შესახებ) საჯარო სამსახურებში.
ძირითადად, თავსებადობის პრობლემები ორ რიგად იყოფა: ა) შინაარსობრივი, ბ) ფორმატების. პირველ შემთხვევაში საუბარია ობიექტის, გარემოების და მოვლენის აღწერის სტანდარტიზაციაზე. (მაგალითად, არათავსებადია მისამართების გაწერის მეთოდები, სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკის ფორმების შინაარსი და ა.შ.). მეორე რიგის პრობლემებიდან აღსანიშნავია ანალოგური თუ ელექტრონული მონაცემების ფორმატები (მაგალითად ფაილების გაფართოებები, საყრდენი მონაცემების სიზუსტეები, მასშტაბები და სხვ.). თავსებადობის პრობლემების ნათელ მაგალითებს ვხვდებით მიწის მართვის და არქიტექტურის სამსახურებში. ამ უკანასკნელთა მოხსენიება დაკავშირებულია ამ სფეროებში გარკვეულ აქტივობაზე; სხვა დარგებში ეს პრობლემა არ არსებობს მათი სრული ინერტულობის გამო.
ინფორმაციის მრავალმიზნობრიობა
მრავალმიზნობრიობა უფრო წარმოებულ ინდიკატორთა რიგს მიეკუთვნება, ვინაიდან, თუ ყველა ძირითადი მოთხოვნა ინფორმაციის ფორმირებისა და გაცვლის პროცედურების მიმართ დაცული იქნება, იგი ავტომატურად მრავალმიზნობრივი და მრავალგამოყენებადი პროდუქტი ხდება. თუმცა, ჩვენი საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე, მაინც მნიშვნელოვანია ამ კრიტერიუიმის დაცვა, რადგანაც ინფორმაციის ფორმირების პროცედურები ხშირ შემთხვევაში იზოლირებულია, გაუთვალისწინებელია სხვა პოტენციური მომხმარებლების საჭიროებები (იმის გამო, რომ არ არსებობს ინფორმაცია ამ მოთხოვნილებების, ე.ი. ბაზრის სპეციფიკის შესახებ) და დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთი და იმავე მონაცემების შექმნის ან გაცვლის დანახარჯები ორმაგდება და სამმაგდება. შედეგად პოტენციური გამომყენებელი კარგავს ინფორმაციის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საბაზო ინდიკატორები აქტუალურია ჩვენი საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე და მათი ორიენიტირებად გამოყენება ინფორმაციის ფორმირებისა და გაცვლის ტექნიკური სპეციფიკაციების შექმნის დროს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინფორმაციული ბაზრის განვითარებას.
2. კორპორაციული სისტემები
მაგალითს სახით მსურს აღვნიშნო საქართველოში დარგობრივი საინფორმაციო სისტემის შექმნის რამდენიმე მცდელობა, რომლებიც უფრო სისტემურად ასახავს არსებულ მდგომარეობას.
მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სისტემა
სისტემას, რომელიც უნიკალურია თავისი იდეოლოგიის გამო, არ გააჩნია მსოფლიო ანალოგები. მიუხედავად იმისა, რომ მისი განვითარების ტექნოლოგიურ კონცეფციაში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ინდიკატორი, პრაქტიკულად, სისტემის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ თავსებადობის, ხელმისაწვდომობის, მრავალმიზნობრიობის და სანდოობის მახასიათებლები სავალალო მდგომარეობაში იყო. ეს ბუნებრივიცაა, რადგან პრობლემები მაშინ იკვეთება, როდესაც დარგი აქტიურია. ამ მხრივ, მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნის მცდელობის მასშტაბები უნიკალურია საქართველოს კონტექსტში და პრობლემურია პრაქტიკაში, რადგანაც საოცარი სისწრაფით გაიზარდა მოთხოვნილება გარკვეული ტიპის ინფორმაციაზე, ხოლო ამ ინფორმაციის ფორმირებისა და გაცვლის საშუალებები მნიშვნელოვნად ჩამორჩა მოთხოვნილებებს.
ქალაქმშენებლობითი კადასტრი
ამ სფეროშიც მნიშვნელოვანი აქტივობა შეიმჩნევა და არსებული პრობლემები, სწორედ ამ აქტივობიდან გამომდინარეობს. აქ გარკვეული მსგავსება არსებობს მიწის მართვის სფეროსთან. სპეციფიკურია პრობლემები მონაცემების თავსებადობასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ასე, მაგალითად: არ არსებობს ერთი საყრდენი ტოპოგეოდეზიური მონაცემები, ერთიანი სამისამართო სისტემა, გენერალური გეგმის ერთიანი ტექნოლოგიური სტანდარტი, მონაცემების წარმოების ერთიანი (ანალოგური ან ელექტრონული) მეთოდი, სახეზეა სისტემის შემადგენელი უწყებების და მომიჯნავე (კანონმდებლობით სავალდებულო) უწყებების მონაცემების სრული არათავსებადობა (არქეოლოგიური ინსპექცია, ტექნიკური ბიურო, არქიტექტურის სამსახური, სეისმომედეგობის მონიტორინგის სისტემა, გენერალური გეგმა, მოძრავი ქონების კადასტრი და რეგისტრაცია).
სატელეფონო გადასახადის სისტემა
წინამდებარე მაგალითი არაკორპორაციული ხასიათისაა, მაგრამ მისი აღნიშვნა, ჩემი აზრით, აუცილებელია იმიტომ, რომ ნათლად გამოიკვეთოს ის რთული მდგომარეობა, რომელიც მარტივ სექტორშიც კი არსებობს. მაგალითად: ე.წ. ბინის ტელეფონის გადასახდის გადახდის შეტყობინების საფუძველზე შესაბამის ბიუროში მისული კლიენტი ვალდებულია მოიაროს ცალცალკე ყველა კერძო და სახელმწიფო სატელეფონო კომპანიის წარმომადგენლობა, რათა დაადგინოს, რა მოცულობის გადასახადის გადახდაა საჭირო რომელიმე ერთი ან რამდენიმე კომპანიისათვის. არ არის ცნობილი გადასახდის მოცულობა, გადასახდის მიმღები კომპანია და, უფრო მეტიც, რთული გასარკვევია, რამდენი კომპანიაა საერთოდ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია წარმოუდგინოს კლიენტს გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ კლიენტი არ არის სუპერკონცენტრირებული და არ ჩაატარა გარკვეული გამოძიება, მან შეიძლება გადაიხადოს, 8-07-ის, 8-10-ის, 8-15-ისდა 8-18-ის გადასახადები და შინ დაბრუნებისას აღმოაჩინოს, რომ ტელეფონი კვლავ გამორთულია. ხელმეორედ მისვლის შემთხვევაში ვლინდება, რომ გადასახდელია სააბონენტო 2 ლარი.
სტატისტიკა
ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა, არსებობს და ალბათ იარსებებს აღწერის მასალების მიღების პრობლემები. ამ მონაცემების მიღება ხშირ შემთხვევებში შეუძლებელია და ამ საკითხზე საუბარი უსაფუძვლოა.
3. ინფორმაციის ბაზრის რეგულირება
ინფორმაციის ბაზრის რეგულირება ფართო და თეორიული ცნებაა, თუმცა შესაძლებელია კონკრეტული საზოგადოების განვითარების შემთხვევებში ჩამოყალიბდეს პრაქტიკული შეხედულებები რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით. ჩემი აზრით, არსებულ სფეროში ჩვენი საზოგადოების პრობლემები შემდეგია:
მოქნილი, ინფორმაციის წარმოებისა და გაცვლის პროცესების ხელშემწყობი სამართლებრივი გარემოს არარსებობა,
მონაცემთა ფორმირებისა და გაცვლის ელემენტარული სტანდარტების არარსებობა,
მონაცემების გაცვლის რეგლამენტების არარსებობა,
მეტამონაცემთა ბაზების უქონლობა,
სფეროსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის მოუმზადებლობა.
4. ინფორმაციის ბაზარი და სახელმწიფო
უნდა ითქვას, რომ ინფორმაციის ბაზარზე სახელმწიფო, ერთდროულად ინფორმაციის მწარმოებლისა და მომხმარებლის სტატუსში გვევლინება. სახელმწიფოებრივი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ ბალანსის შენარჩუნება, რომელიც აუცილებელად უნდა არსებობდეს ე.წ. თავისუფალ ბაზარსა და სახელმწიფოს, როგორც ინფორმაციის მაფორმირებელ მონოპოლიურ სუბიექტს, შორის. ამ ურთიერთკავშირებსა და შესაბამის წონასწორობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საზოგადოებაში ქვეყნის ინსტიტუციურ-ადმინისტრაციული მოწყობა განსაზღვრავს. ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე გასათვალისწინებელი ხდება ინფორმაციის ბაზრის რეგულირების ინსტრუმენტების კორექტული შერჩევა საჯაროობის, ანტიმონოპოლიურობისა და ანტიკორუფციულობის გათვლისწინებით.
დასკვნები:
1. ინფორმაციის ბაზრის განმავითარებელი და მარეგულირებელი სუბიექტების დონეზე გასათვალისწინებელია ინფორმაციის მიმართ მოთხოვნილებები და ბოლომდე აღსაქმელია ის გარემოება, რომ ინფორმაცია არის სამომხმარებლო პროდუქტი;
2. ჩვენი საზოგადოება სპეციფიკურია და მის ფარგლებში ინფორმაციის ბაზრის განვითარების ხელშემშლელი პირობებიც ამ სპეციფიკურობიდან გამომდინარეობს;
3. შესაფასებელია ჩვენს საზოგადოებაში ინფორმაციის წარმოების თვალსაზრისით აქტიური დარგების მდგომარეობა და გასათვალისწინებელია არსებული მსოფლიო გამოცდილება;
4. საზოგადოებაში ჩამოსაყალიბებლია ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ერთიანი აზრი და პრობლემების მოგვარების ხედვა;
5. ინფორმაციის ფორმირებისა და გაცვლის პროცესების მიმდინარეობისას დასაცავია გარკვეული წონასწორობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის ურთიერთობებში.
![]() |
4 დავით ყიფიანი |
▲ზევით დაბრუნება |
არასამთავრობო სექტორში არსებული ინფორმაციისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემებზე საუბრისას 3 ძირითად პრობლემამდე დავდივართ:
მოთხოვნილება,
რესურსები,
განათლება.
აღნიშნული საკითხების განხილვამდე მოვიყვან მაგალითს, რომელიც, ჩემი აზრით, კარგად ასახავს საქართველოში შექმნილ სიტუაციას. 5-7 წლის წინ სხვადასხვა თანამდებობის პირისაგან ხშირად გაიგონებდით ასეთ ფრაზას - შევიძინეთ კომპიუტერი და ახლა პრობლემებს იოლად მოვაგვარებთ. გავიდა 3-4 წელი და იგივე ადამიანები ამბობენ - ჩავერთეთ ინტერნეტში და ახლა იგი დაგვეხმარება ყველა საკითხის გადაჭრაში. არადა, არც მაშინ და არც ახლა არავინ ზრუნავდა იმაზე, რომ მართლაც ეფექტურად და დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ კომპიუტერები. ინტერნეტი ხშირად ელექტრონული ფოსტის შესამოწმებლად, უმეტეს დროს კი პორნო და გასართობი საიტების დასათვალიერებლად გამოიყენება. ეს განპირობებულია არა მხოლოდ ადამიანების უსაქმურობით, არამედ მათი დაბალი კვალიფიკაციითაც.
როდესაც ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო მოთხოვნილებებზე, უპირველესად საჭიროა გავაერთიანოთ ისინი ორ საკითხად - დავადგინოთ, რა ინფორმაცია არსებობს ორგანიზაციებში და განვსაზღვროთ მათი შეგროვების, სისტემატიზაციისა და გამოყენებისათვის საჭირო თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ხარისხი.
ნებისმიერი ინფორმაცია არის პროდუქტი, რომელსაც გააჩნია თავისი ავტორი, წყარო, ფასი, ცხოვრების აქტიური და პასიური ციკლი. ერთდროულად იგი შეიძლება იყოს როგორც საზოგადო, ისე პირადი. ინფორმაცია დროსა და სივრცეში არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლად. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი მოხმარება, საჭიროა სულ მცირე დაფიქსირება, სისტემატიზაცია და უკვე შემდეგ გამოყენება და გაცვლა. ზუსტად ბოლო ორი ეტაპი აქცევს მას პროდუქტად, რადგან დაფიქსირებული ინფორმაცია შემდგომი სისტემატიზაციისა და გაცვლის გარეშე იკარგება და საჭიროა მისი პროდუქტად გადაქცევის ციკლის თავიდან ჩატარება. ინფორმაციის შეგროვება არის ბიზნესიც. თუ რა სახით აღიწერება ესა თუ ის ინფორმაცია, მთლიანად დამოკიდებულია აღმწერ ინდივიდზე ან ინდივიდთა ჯგუფზე და შეიძლება კარდინალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. ამიტომაც წინა პლანზე გადმოდის თავად ინფორმაციის წყაროს სანდოობა, რომელიც დამოკიდებულია ინფორმაციიის აღმწერისადმი ჩვენს ნდობაზე და აღსაწერად გამოყენებულ ტექნოლოგიებზე. მაგალითად: ვიდეოკამერით გადაღებულ ინფორმაციას ადამიანი უფრო ენდობა, ვიდრე ქაღალდზე დაწერილს, მაგრამ შეიძლება ვიდეო გამოსახულების მანიპულირებაც, რაც არცთუ ისე იშვიათია სხვადასხვა ტელეკომპანიაში. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ შეკრებილი და სისტემატიზირებული ინფორმაციიისაგან წარმოიქმნება ზოგადსაკაცობრიო ცოდნა.
არასამთავრობო ორგანიზაციების, ისევე როგორც მასმედიის, ერთ-ერთი უმთავარესი საქმიანობა არის ინფორმაციის შეგროვება, გადამუშავება და გამოქვეყნება - ანუ პროდუქტად გადაქცევა. მათი საქმიანობის შედეგად გროვდება ზღვა ინფორმაცია, რომელიც უკეთეს შემთხვევაში გამოიყენება ორგანიზაციის შიგნით. ნებისმიერი სიდიდისა და მიმართულების ორგანიზაციებში ხდება არსებული მონაცემების მხოლოდ 10%-ს გამოყენება, დანარჩენი 90% კი შეიძლება არც არასდროს იქნეს გამოყენებული ორგანიზაციის წევრების მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გაიაზრონ თავიანთი ინფორმაციული მოთხოვნილებები და შეიმუშაონ ორგანიზაციის შიდა და გარე ინფორმაციული სტრატეგია. შევეცდები გავმარტო, თუ რას ვგულისხმობ შიდა და გარე სტრატეგიებში.
ორგანიზაციის შიდა სტრატეგიაში მოიაზრება ის გადაწყვეტილებები და წესები, რომელთა შესრულება და დაცვაც აუცილებელია ორგანიზაციის გამართული მუშაობისათვის. სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში მოიაზრება შემდეგი საკითხები:
რა საინფორმაციო რესურსებზე დაყრდნობით მიიღება ორგანიზაციაში საბოლოო გადაწყვეტილება, მათი საიმედოობა და ინფორმაციის აღწერის სიზუსტე;
არის თუ არა ორგანიზაციის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლის მუდმივმოქმედი და საიმედო შიდა სისტემა;
არსებობს თუ არა ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის დეფინიცია და რომელია კონფიდენციალური.
სამწუხაროა, მაგრამ უმეტეს არასამთავრობო ორგანიზაციაში შიდა საინფორმაციო პოლიტიკა განსაზღვრული არ არის. ინფორმაციის კონფიდენციალურობის ხარისხზე არასამთავრობო ორგანიზაციებში არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ არ არსებობს ზოგადი სტანდარტი. იგი განსაზღვრული არ არის არც საქართველოს კანონმდებლობით.
ორგანიზაციის შიდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებების ტექნიკურ ასპექტებს განეკუთვნება შემდეგი საკითხები:
ფაილების დასათაურების სტანდარტი და მათი შენახვის სისტემა;
გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის სტანდარტი;
შრიფტების სტანდარტი;
ვირუსისგან დაცვის წესები;
სტანდარტული დოკუმენტების გამოყენების წესები;
ინტერნეტის მოხმარების წესები.
აქედან უპირველეს პრობლემას წარმოდგენს შრიფტების სტანდარტის, ფაილების შენახვისა და ვირუსისგან დაცვის წესები. აღნიშნული პრობლემები, პრინციპულად დიდ სირთულეს არ ქმნის, როდესაც ადამიანები მარტო მუშაობენ, მაგრამ გადაულახავ ზღუდედ იქცევა, როცა სამუშაო ჯგუფის მიერ სრულდება.
ბოლო ხანებში შრიფტების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების სიმწვავე ნელა-ნელა მინელდა, რადგან ნებით თუ უნებლიედ ხმარებაში დარჩა 3 სხვადასხვა სტანდარტისა და 10-მდე მოხაზულობის შრიფტი, მაგრამ ეს პრობლემა თავს იჩენს ჯგუფური მუშაობისას, როდესაც საჭიროა ერთ დოკუმენტზე რამდენიმე ადამიანმა იმუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შრიფტების ორი ოფიციალური სტანდარტი - ე. წ. „სტანდარტული შრიფტები“ (GEO-times, „SP“ ოჯახის შრიფტები) და UNICOD, მათი გამოყენება ხშირ შემთხვევაში არ ხდება, რაც განპირობებულია სიახლისადმი ცალკეული პიროვნებების წინააღმდეგობით და ორგანიზაციებში საინფორმაციო ტექნოლოგიების კურატორთა დაბალი ტექნიკური განათლებით.
ასეთივე დონის პრობლემას წარმოადგენს ფაილების შენახვის და დასათაურების წესებიც. არც ისე იშვიათია სიტუაცია, როდესაც საჭირო დოკუმენტის ძიებაში იკარგება უამრავი დრო. მარტივი წესების და/ან აპარატული სისტემის შექმნის შემთხვევაში ეს პრობლემები მარტივად გადაწყდებოდა. მაგალითად: არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესში“ ნებისმიერი დოკუმენტის ქვედა ნაწილში მიენიშნება თუ კონკრეტულად (კომპიუტერის, დისკის და ფოლდერის მითითებით) სად არის განთავსებული იგი.
ვირუსისგან დაცვის აქტუალურობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ალბათ არ დარჩენილა არც ერთი ორგანიზაცია, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც არ დაუზიანდა ინფორმაცია ვირუსების გამო.
აღნიშნული საკითხები ტექნიკური სახისაა, მაგრამ მათი გაუთვალისწინებლობა ხშირად თითქმის შეუძლებელს ხდის ორგანიზაციაში ნორმალურ მუშაობას. ამასთან ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და თითქმის არ არის დამოკიდებული ორგანიზაციის სიდიდეზე. თავისთავად, როცა ორგანიზაციას მხოლოდ ერთი კომპიუტერი გააჩნია, პრობლემა ნაკლებ აქტუალურია, თუმცა მისი სრული უგულებელყოფა მაინც არ შეიძლება.
გაცილებით ზოგადია არასამთავრობო ორგანიზაციების გარე ინფორმაციული სტრატეგია. გარე საინფორმაციო სტრატეგიის შემუშავებისას პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:
1. არის თუ არა მაქსიმალური ორგანიზაციისათვის საზოგადოებაში ინფორმაციული ცნობადობა?
2. აუცილებელია თუ არა სხვა ანალოგიურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ან საინიციატივო ჯგუფებთან მჭიდრო საინფორმაციო კავშირის არსებობა?
3. საჭიროა თუ არა გარე საინფორმაციო რესურსების გამოყენება საქმიანობის განსახორციელებლად?
4. რა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება არის საჭირო ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად (საჭიროა მედია კამპანიები, თუ საკმარისია ვებ გვერდის შექმნა და დროდადრო პრესრელიზების გამოშვება)?
სოციოლოგიურმა გამოკვლევამ, რომელიც სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, აჩვენა, რომ საერთოდ არასამთავრობო სექტორის ცნობადობა და მის მიერ განხორცილებული სამუშაოების შეფასება პირდაპირაა დამოკიდებული ე.წ. „ფლაგმანი“ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობადობაზე და მათი საქმიანობის შეფასებაზე. მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის დაინტერესებული ფართო და ხმაურიანი კამპანიების ჩატარებით, მაგრამ ამ საკითხის სრული უგულებელყოფა არ შეიძლება. სულ მცირე, ორგანიზაციამ უნდა იზრუნოს თავის მიზნობრივ ჯგუფებში და დონორებში ცნობადობის ამაღლებაზე, რისთვისაც შესაბამის საინფორმაციო ინსტრუმენტებს უნდა იყენებდეს.
ამავე დროს ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვეტოს, საჭიროა თუ არა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი, მჭიდრო მუშაობა კონკრეტული მიზნების მისაღწევად. ეს საკითხი პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღევანდელი დისკუსიაში. აქ ისმის კითხვა: გააჩნიათ კი ერთობლივ პროექტში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებს ინფორმაცია სხვა მიმდინარე პროექტების შესახებ? ან თუ გვაქვს ინფორმაცია ერთსა და იმავე სფეროში მომუშავე ორგანიზაციების შესახებ? დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად პასუხი უარყოფითი იქნება.
იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ინფორმაციის გაცვლა უფრო ეფექტური გახდეს, საჭიროა გადაიჭრას რამდენიმე ტექნიკური საკითხი:
შემუშავდეს და გამოყენებულ იქნას ინფორმაციის შეკრებისა და დოკუმენტირების ერთიანი სტანდარტები;
შეიქმნას ერთიანი რესურს-ცენტრი;
შეიქმნას ღია და მეტა მონაცემთა ბაზები.
მსოფლიოში არსებობს ინფორმაციის შეკრებისა და დოკუმენტირების რამდენიმე სისტემა, რომელთა შემუშავებაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი წვლილი მიუძღვით, ასეთი სტანდარტები უაღრესად საჭიროა ინფორმაციის უნიფიკაციისა და მისი მეშვეობით მოვლენის ზუსტ და ერთიან ტერმინებში აღწერისათვის. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთიანი ტერმინოლოგიის გამოყენებას, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე მომუშავე ორგანიზაციები შეძლებდნენ მარტივად გაეცვალათ ინფორმაცია, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული ტექსტების არასწორი ინტერპრეტაცია. მაგალითისათვის ასეთ უნიფიცირებულ სისტემას წარმოადგენს HRIDOC-ის სისტემა, რომლიც გამოიყენება ადამიანის უფლაბათა დარღვევების დასაფიქსირებლად. საქართველოში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს HRIDOC-ის სისტემის ლოკალიზაციაზე.
საზოგადოების ინფორმატირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსცენტრების შექმნას. სწორედ რომ რესურსცენტრების დახმარებით შეიძლება ინფორმაციის სისტემატიზაცია და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ფორმაში გადაყვანა. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში უამრავი ინფორმაცია ინახება, მისი მიღება გართულებულია, რადგან მათ არ გააჩნაით არც შესაბამისი რესურსები და არც საკმარისი დრო. ამიტომ უფრო მოსახერხებელია, რომ ინფორმაცია ორგანიზაციაში არსებული რესურსების შესახებ შეიქმნას ერთხელ, გადაეგზავნოს რესურსცენტრს და შემდგომში მოხდეს მხოლოდ მისი განახლება. შესაძლებელია და სასურველიც, რომ შეიქმნას რესურსცენტრების ქსელი მთელ საქართველოში და მოხდეს მათ შორის ინფორმაციის გაცვლა. ასეთ შემთხვევაში მოხდება ინფორმაციული ბაზების უნიფიკაცია და ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება ექნება ადგილზე მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. რესურსცენტრებად შეიძლება გამოდგეს ბიბლიოთეკების ან სკოლების ქსელი. რაკი ბიბლიოთეკების სისტემა დღესდღეობით თითქმის განადგურებულია, ამიტომ სკოლებში რესურსცენტრების გახსნა უფრო პერსპექტიულად მესახება.
რესურსცენტრების ფუნქციონირებისათვის საჭიროა შეიქმნას:
ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სტანდარტი,
უნიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფა,
ვებ გვერდი ან/და მონაცემთა ბაზა (იქ სადაც შესაძლებელია),
ერთიანი საძიებელი სისტემა.
გარდა ამისა, სისტემატიურად უნდა გამოქეყნდეს საინფორმაცო ბიულეტენი და CD-ROM-ზე განთავსდეს მთელი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
განსაკუთრებით დიდი მნიშვენელობა აქვს საინფორმაციო მონაცემთა ბაზების და მეტა მონაცემთა ბაზების შექმნას. საქართველოში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იქმნება სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზები. მაგალითად: ორგანიზაციათა ბიბლიოთეკების მონაცემთა ბაზები. უკვე დღის წესრიგში დგას მათი უნიფიკაცია და გაერთიანება. იქ სადაც არ ხერხდება გაერთიანება, საჭიროა შეიქმნას მეტა ბაზები მაინც, რომ შესაძლებელი გახდეს საჭირო მონაცემების სხვა ბაზებში მოძიება.
ყველაზე უმარტივეს და იაფ მონაცემთა ბაზად შეგვიძლია მოვიაზროთ ინტერნეტი. მიუხედავად იმისა, რომ მასში არსებული მასალები ქაოტურადაა განლაგებული, საძიებელი სისტემების გამოყენებით შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის მოძიება. ხშირია შემთხვევები, როცა ორგანიზაციების ვებ გვერდი განკუთვნილია მარტო საკუთარი თავის რეკლამირებისათვის. მაგრამ თუ ორგანიზაციები, სულ მცირე, მათ მიერ გამოცემული პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიის ინტერნეტში განთავსებას დაიწყებენ, ეს იქნება პირველი ნაბიჯი ერთიანი ბაზის შექმნისაკენ.
იმისათვის, რომ საქართველოში იარსებოს სერიოზულმა მონაცემთა ბაზებმა, საჭიროა მათი შემნა კომერციულმა ფირმება დაიწყონ. მსოფლიოში მიღებული სტანდარტების მიხედვით იმისათვის, რომ ბიზნესმა მოახდინოს ინვისტირება საინტერნეტო ტექნოლოგიებში, საჭიროა, რომ ინტერნეტში ატიურად მუშაობდეს მოსახლეობის 5% მაინც. დღესდღეობით ეს მონაცემები საქართველოში არ აღემატება 2%-ს. ალტერნატიულ ვარიანტად შეიძლება მოვიაზროთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მონაცემთა ბაზები.
ყოველივე ზემოთქმულის მიღწევა შეუძლებელია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მხრივ ტექნიკურად კარგად არიან აღჭურვილნი. თუ არ ჩავთვლით ბოლო 2 წელიწადს, როდესაც გაიაფების გამო მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა შეიძინა პერსონალური კომპიუტერი, საქართველოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის 60-70% სწორედ არასამთავრობო სექტორში იყო თავმოყრილი. ამისათვის დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ დონორ ორგანიზაციებს. მაგრამ ზუსტად ამავე მიზეზით არ ხდება კომპიუტერული ტექნიკის განახლება და ხშირად გამოიყენება მოძველებული ტექნიკური ბაზა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ძალიან დაბალი განათლების დონეც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში. ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლებს ძირითადად მოეთხოვებათ ტექსტურ პროცესორზე და ინტერნეტში მუშაობა. უმაღლეს სასწავლებლებლში და სპეციალიზირებულ კურსებზე არსებული ინფორმატიზაციის კურსები ზერელედ იკითხება და არ არის ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების ზუსტ და ეფექტურ გამოყენებაზე.
ბევრ ორგანიზაციაში არ ჰყავთ სისტემური ადმინისტრატორი, რომელიც დაეხმარებოდა თანამშრომლებს შექმნილი პრობლემების გადაჭრაში და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში ხდება საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში არასამთავრობო ორგანიზაციების შესწავლა, მათი პრობლემების გამოვლენა და ამ პრობლემათა გადაწყვეტაში ხელშეწყობა. თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მიუხედავად ფონდის მხრიდან დიდი ძალიხმევისა, არასამთავრობო ორგანიზაციათა უმრავლესობა არ იჩენს ამ საქმისადმი დიდ ინტერესს.
დღესდღეობით საქართველოში თითქმის არ იგრძნობა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციები. ისევე როგორც სხვა სექტორებში, არასამთავრობო სექტორშიც ციფრული და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება დადის კომპიუტერის საბეჭდ მანქანად გამოყენებადმდე, მობილური ტელეფონითა და ჩეთ სისტემებში გაუთავებელი ლაქლაქით. არადა, ის პერსპექტივები, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები აძლევს ადამიანს, უსაზღვროა: ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა, სადისკუსიო სისტემები, ღია საინფორმაციო ბაზები, ელექტრონული ვაჭრობა და მრავალი სხვა.
![]() |
5 ვალერი ჩიტალაძე |
▲ზევით დაბრუნება |
უპიველეს ყოვლისა, მინდა მივესალმო დისკუსიის მონაწილეთ და მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს მოწვევისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენი დაკვირვებით საინფორმაციო სტრატეგია, როგორც ასეთი, არ გააჩნიათ, მეტად მნიშვნელოვანად მიმაჩნია მსგავსი დიკუსიების გამართვა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს უკვე პირველი ნაბიჯია საინფორმაციო სტრატეგიების შემუშავების გზაზე.
ნება მომეცით მოკლედ გაგაცნოთ ის გარემოებანი, რამაც განაპირობა ჩემი მონაწილეობა ამ დისკუსიაში. ფონდმა „ღია საზოგადობა - საქართველომ“ გასული წლის დეკემბერში დაიწყო შიდა პროექტის - „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა ინფორმაციის მომხმარებლიდან ინფორმაციის მიმწოდებლად გარდაქმნას. პროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიეცეს გამოიყენონ საინფორმაციო ტექნოლოგიები თავიანთი საქმიანობის პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გასაზრდელად. პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაზე მიმაგრებული კონსულტანტების (რომლებსაც დასავლეთში ხშირად trider-ებად მოიხსენიებენ) მეშვეობით, რომლებიც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, უწევენ მათ კონსულტაციებს ტექნოლოგიურ დაგეგმვაში, უტარებენ ტრენინგებს, ეხმარებიან როგორც მცირე ტექნიკური პრობლემის გადაჭრაში, ისე გრძელვადიანი საინფორმაციო სტრატეგიის დაგეგმვაში.
პროექტის პირველ ეტაპზე შეირჩა 50 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ ჩვენი დახმარება და სათანადო ტექნიკური ბაზაც გააჩნდათ. 30 შერჩეულ ორგანიზაციაში ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგები არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა.
საინფორმაციო ველების პრობლემა, რომელსაც დღეს განვიხილავთ, შედის პრობლემათა იმ ჯგუფში, რომელიც კვლევის შედეგად გამოვლინდა. იგი აქტუალურია არამარტო მესამე სექტორისათვის, თუმცა, გარკვეული ნიუანსები მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის არის დამახასიათებელი. კვლევის შედეგების განზოგადებით გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზი.
საზოგადოდ, საინფორმაციო სივრცე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ორგანიზაციათშორის, ასევე შიდაორგანიზაციულ ჭრილში. ორგანიზაციის შიდა საინფორმაციო სივრცის წარმატებული ფუნქციონირება განაპირობებსამ ორგანიზაციის ეფექტურ აქტივობას და პირიქით: თუ ორგანიზაციაში საინფორმაციო პოლიტიკა არ არის სათანადოდ დაგეგმილი, წამოიშობა მრავალი პრობლემა.
პროექტის მოქმედების ხუთმა თვემ დაგვანახა, რომ მესამე სექტორში საინფორმაციო ტექნოლოგიებისადმი დამოკიდებულება უმეტეს შემთხვევებში ზერელეა. ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციებს შიგნით მოუწესრიგებელია და უმეტესად პირად კონტაქტებზეა დამყარებული. საჭირო კვალიფიკაციის პერსონალის არყოლა მნიშვნელოვნად აფერხებს შიდა საინფორმაციო მიმოცვლის პროცესს. მონაცემთა ბაზები ძალიან იშვიათად გამოიყენება. ინფორმაციის დაგროვება ხდება არასისტემატიზირებულად, თავისუფალი სტილით, რაც მნიშვნელოვნად ართულებს საჭირო ინფორმაციის მოძიების პროცესს. არ არსებობს არავითარი სტრატეგიული დაგეგმვა. ექსტრემალურ სიტუაციებში მწირი ფინანსები გამოიყოფა. ბიუჯეტის დაგეგმვისას ორგანიზაციების უმრავლესობა საერთოდ არ ითვალისწინებს საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ხარჯებს ან ისინი გაწერილია ზოგად საოფისე ხარჯებში. გამოყოფილი თანხების ხარჯვისას აქცენტი კეთდება ტექნიკის განახლებაზე თუ არა, ინფორმაციულ მენეჯმენტზე და თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე.
ეს შეფასებები ორგანიზაციათა შორის საინფორმაციო ურთირთობების მიმართაც მართებულია.
საქართველოში არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სივრცე. არსებული საინფორმაციო სივრცე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც დისკრეტული, ანუ საინფორმაციო რესურსები განყენებულად არსებობს, მათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ; ხშირ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია მათ არათავსებად დაგეგმარებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ტექნიკური რეალიზაციის ხარვეზებია. რესურსების უმრავლესობაში ინფორმაცია არააქტუალურია, ზოგიერთ მათგანი კი ისეა მოძველებული, რომ მომხმარებლს მეორედ ამ რესურსის გამოყენების სურვილი აღარ აქვს. ჩატარებული კვლევისას გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, კერძოდ ის, რომ ორგანიზაციების უმრავლესობა რესურსებს ქმნის კონკრეტული პროექტის ქვეშ, მისი მიმდინარეობისას რესურსი ცოცხლობს, ვითარდება და პროქტის დამთავრებისას „კვდება“; ზოგ შემთხვევაში უქმდება, თუ ჰოსტინგის დაფინანსება მოკლევადიანია და ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ, აღარ ხდება მასზე ინფორმაციის განახლება. ორგანიზაციების უმრავლესობას არ გააჩნია საკუთარი რესურსი, ან თუ გააჩნია - უსახური. რესურსის განვითარებაზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირები არ არსებობენ ან ხშირ შემთხვევაში ეს საქმე მინდობილი აქვს რიგით თანამშრიმელს, ან სულაც მოხალისეს, როგორც დამატებითი დატვირთვა. ბევრ რესურსზე ინფორმაცია არასისტემატიზებულად არის განლაგებული და ძნელია საჭირო ინფორმაციის მიგნება.
აქ ჩვენ წავაწყდით „მოჯადოებულ წრეს“, რესურსები ვერ ახლდება და ვითარდება სათანადო ფონდების არარსებობის გამო, ფონდების მოძიებაში კი რესურსის გამოყენებაზე ნაკლებად თუ ვინმე დაფიქრებულა.
იმის გამო, რომ ერთ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ნაკლებად თანამშრომლობენ, არ არსებობს არც საერთო თემატური რესურსები.
კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდებით კოალიციების შემთხვევებში. როგორც წესი, კოალიციები იქმნება გრანტის მისაღებად და ასევე გრანტის დასრულებისთანავე ქრება. არ ტარდება მოსამზადებელი სამუშაოები და საჭიროებათა კვლევა. ჯერ იწერება პროექტი და მერე ამ პროექტისათვის იქმნება კავშირი; სინამდვილეში, პირიქით უნდა ხდებოდეს. მონაწილე ორგანიზაციებში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დონე განსხვავებულია. ამიტომ უფრო ძლიერი, სათანადო ტექნიკით აღჭურვილი ორგანიზაცია თავის თავზე იღებს იმავე ვებრესურსის შექმნას, ინფორმაციის მოგროვება-გავრცელებას, იმის ნაცვლად, რომ ნაკლებად აღჭურვილი ორგანიზაციის საჭიროებანი წარმოაჩინოს დონორის წინაშე და შეიქმნას თანაბარი პირობები პროექტში მონაწილეობისათვის. პროექტის მიმდინარეობისას შექმნილი რესურსი, როგორ წესი, პროექტის დასრულების შემდეგ უპატრონოდ რჩება. არავინ იღებს პასუხისმგებლობას მის პროექტისშემდგომ განვითარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევაში რესურსის თემა კვლავ აქტუალურია. ასევე მნიშვნელოვანია რესურსის განვითარებაში თანაბარი მონაწილეობის და პასუხისმგებლობის პრობლემა. ანუ კოალიციაში მონაწილე ზოგი ორგანიზაცია ზედმეტ ინიციატივას იჩენს, ზოგი კი ძალიან პასიურობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ თანაბრად გადანაწილდეს პასუხისმგებლობაც. დონორი ხედავს, რომ კოალიცია აქტიურია და ფიქრობს, რომ ორგანიზაციებმა თვითონ უნდა გაართვან თავი მცირე ტექნოლოგიურ პრობლემებს. ანუ დონორი ვერ ხედავს იმას, რომ კოალიციის ზოგიერთ წევრს დახმარება ჭირდება.
ზემოთ აღწერილი სიტუაციების კვლევისას, განურჩევლად იმისა, მონაწილეობდა ორგანიზაცია კოალიციაში თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად, ყველგან ერთი სურათი გვხვდება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მზად არის დანერგოს უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგია, მაგრამ არ აქვს ამისათვის სათანადო ტექნიკური ბაზა, ეს კი გამოწვეულია დუფინანსებლობით. და აი ისევ მივადექით იმ „ჩაკეტილ წრეს“. თითქოსდა გამოსავალი არ არსებობს ...
ჩემი აზრით, მიზეზი უფინანსობა კი არ არის, შედეგია და რაც არ უნდა ვეცადოთ, შედეგს ვერ გამოვასწორებთ, თუ არ მივაგნებთ მის გამომწვევმიზეზს. მიზეზი კი არასწორი ზოგადი და საინფორმაციო მენეჯმენტია. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ გამოსავალი. სწორი მენეჯმენტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული დაგეგმვა, რომელიც გათვლილი იქნება არა რომელიმე ერთი პროექტის მიმდინარეობაზე, არამედ ზოგადად ორგანიზაციის განვითარებაზე განაპირობებს ორგანიზაციის ეფექტურ მოქმედებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს დონორების დაინტერესებას ამ ორგანიზაციით.
ორგანიზაციებმა მეტი ყურადრება და სახსრები უნდა დაუთმონ არა ტექნიკურ გადაიარაღებას, არამედ თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების უფრო ეფექტურ გამოყენებას.
მიმაჩნია, რომ უფრო საინტერესო იქნება, თუ ერთ სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნიან თემატურ რესურსებს; მაშინ მეტი გარანტია იქნება იმისა, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციის ფუნქციონირებაში რაიმე სირთულის წარმოშობისას რესურსი არ დაიხურება. ამავე რესურსიდან შესაძლებელია შემდგომ კონკრეტული ორგანიზაციის რესურსზე ხელმისაწვდომის ორგანიზება. თემატური რესურსების წარმოშობა ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოვებას და მათ შორის ინფორმაციის გაცვლას.
ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დაგროვილი ინფორმაციისა და ცოდნის განაწილება-გაცვლის და ვირტუალური თანამშრომლობის ხელშეწყობა და ეგრეთწოდებული „ქსელური ეფექტის“ გამოყენებაა მცირე ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით. იმედი მაქვს, დღევანდელი დისკუსია და თქვენი ორგანიზაციების აქტიურობა ხელს შეუწყობს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
![]() |
6 დისკუსია: |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ლოსაბერიძე - პირველ ნახევარში მოსმენილ მოხსენებებში განვითარებული იყო რამდენიმე თემა. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ ეს თემები:
საზოგადოებაში არსებობს ზოგადად კულტურის პრობლემა, ანუ განხილულ საკითხში მნიშვნელოვანია საზოგადოების მზაობის დონე - მიიღოს ინფორმაცია და გამოიყენოს იგი საკუთარი მიზნებისათვის;
არსებული მონაცემთა ბაზები არ არის ურთიერთდაკავშირებული. ეს ტექნიკური საკითხია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სახის ბაზები არათავსებადია. სწორედ განსხვავებულობის გამო უაზრო ხდება ერთიან ბაზაზე სერიოზულად ფიქრი;
არასამთავრობო სექტორში არ არსებობს კეთილი ნება თუ სურვილი, რომ არსებული პრობლემები გადაწყდეს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ვიპოვოთ როგორც დამფინანსებელი, ისე მომხმარებელი.
როგორც ვხედავთ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებების განხორციელება, თუნდაც საინფორმაციო სისტემების სისტემატიზაციის მხრივ. თუ ვერ ჩამოყალიბდება ერთიანი მეგა ბაზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას უპრობლემოდ გავიდეთ ცალკეულ საინფორმაციო ველებზე, საჭიროა ჩამოყალიბდეს სტრატეგია, ხედვა მაინც, ანუ გამოჩნდეს მზაობა, რომ ეს საჭიროა. აქედან ჩანს, რომე ბევრი ინფორმაცია შეიძლება ფინანსტევადიც იყოს, თუმცა დღეისათვის საკმაოდ საეჭვოა მათი რეალიზაცია მთელი რიგი მიზეზების გამო.
თუ აღნიშნულ საკითხს სხვადასხვა სექტორის კუთხით შევხედავთ, აქაც მსგავს სურათს დავინახავთ. სახელმწიფო სტრუქტურები არ არის დაინტერესებული საინფორმაციო ბაზების განვითარებით. აქ უკვე აღინიშნა, თუ როგორ იყენებს დეპუტატთა ან საჯარო მოხელეების ერთი ნაწილი ინტერნეტს. ნათელია, რომ მათ არც სჭირდებათ ეს ინფორმაცია, და რომც დასჭირდეთ, არა აქვთ საშუალება მოიძიონ იგი. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტს უთიშავდნენ ინტერნეტს გადასახადის გადაუხდელობის გამო. საქართველოს პარლამენტმა, რომლის წლიური ბიუჯეტიც საშუალოდ 10 მილიონ ლარს აღემატება, ვერ მოახერხა 2000 აშშ დოლარის გადახადა და ბოლოს „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოში“ შემოვიდა რიგით აპლიკანტად. ფონდმა გრანტის სახით გამოყო შესაბამისი თანხები. ამავე დროს, საკმარისი იყო საქართველოს პარლამენტსთუნდაც ერთ წელს, თუნდაც ერთი პრესტიჟული ავტომობილით ნაკლები შეეძინა, რომ უზრუნველეყო საკუთარი თავი მაღალი გამტარობის უნარის მქონე ტქნოლოგიებით, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პრესტიჟზე საუბარი უკვე ცალკე თემაა. ძველი მენტალობის არსებობა უკვე მეორე საკითხია, რომელიც ასვეე სახეზეა საჯარო სამსახურში, მაგალითად, კანცელარიას ინტერნეტი არ გააჩნია არა იმიტომ, რომ ფული არა აქვს, არამედ იმიტომ რომ „სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა“ არ შეაღწიონ ქსელში და არ მოიპოვონ გასაიდუმლოებული ინფორმაცია. ეს, რბილად რომ ვთქვათ, უფრო ნების უქონლობაა. ბიზნეს სექტორიც ნაკლებადაა ორიენტირებული საინფორმაციო სისტემებზე. კაცმა რომ თქვას, არც არის მოთხოვნა მათი მხრიდან, ან მოთხოვნა არის მხოლოდ მცირე მასშტაბით, ანუ იმ მასშტაბით რომელიც კომერციულ ღირებულებას არ წარმოადგენს.
და ბოლოს, არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, თავისი არასამთავრობო სექტორით, თავისი საზოგადოებრივი გაერთიანებებით, პოლიტიკური პარტიებით - რომელთაც საინფორმაციო სისტემები მეტ-ნაკლებად აინტერესებთ, თუმცა, აქ სერიოზული პროგრამების განხორციელება კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუნდაც დაუფინანსებლობის ან დაფინანსების პერმანენტული წყაროების უქონლობის გამო. აქ აღინიშნაარასამთავრობო ორგანიზაციათა შორის ინფორმაციის მიმოცვლის ინტენსივობის საკმაო დაბალი დონეც. მაგალითად, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში არსებობს დიდი ოდენობით ინფორმაცია, მაგრამ თვით თანამშრომლებისათვისაც კი რთულია სხვა მიმართულებების ინფორმაციების მოძიება - ჩემთვის ბევრად ადვილია ოთახიდან ოთახში გავიდე და ვიკითხო, სად შეიძლება საჭირო მასალის მოძიება, თუმცა ამის გაკეთება საერთო ქსელის საშუალებით ადვილად შეიძლება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი პრობლემაა და ამას თავზე არავის ვახვევ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომელიც აფართოებს თავის საქმიანობას, უკვე კავშირს კარგავს არათუ სხვა საინფორმაციო ველებთან თუ სხვა ორგანიზაციების მიერ წარმოებულ სამუშაოებთან, არამედ საკუთარ პროდუქციასთანაც კი. ამის დაძლევას მართლაც სისტემატური და პერმანენტული მუშაობა სჭირდება. აქ დღის წესრიგში დგება მეორე საკითხი - ინფორმაციის ღირებულება. ამაშიც მესამე სექტორის პოლიტიკა საკმაოდ მოიკოჭლებს. საინფორმაციო სისტემების არასრულყოფილება რომ ვაჩვენო, მაგალითად მოვიყვან მუნიციპალურ პროგრამებსა და იმ ფაქტს, რომ არავინ იცის ზუსტად, რამდენი სოფელი და რამდენი ქალაქია საქართველოში. გნებავთ, სხვა მაგალითს მოგახსენებთ: ერთ-ერთი ორგანიზაციის დაკვეთითჩატარდა კვლევა, რომელიც აღწერდა 1998 წლის მუნიციპალური არჩევნების შემდგომ შექმნილ სიტუაციას. ჩვენ მაქსიმალურად მოვაგროვეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ ის დღემდე არ არის გამოცემული. ამასთან 1998 წლის მოწვევის საკრებულოებმა უკვე დაამთავრეს მუშაობა და უკვე აზრიც არა აქვს მის გამოცემას. მიზეზი კი ის იყო, რომ დონორმა თავის თავზე აიღო პროექტის ორგანიზაცია, შემდგომ გააჭიანურა შედეგების გავრცელება, თუმცა თავის დროზე საჭირო სამუშაოები საკმაოდ დაჩქარებულად შეგვასრულებინა. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია და იგი ხელმისაწვდომი იყო, თუ ვინმე დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ეს არ არის რეალური ხელმისაწვდომობა. ამჟამად მისი ღირებულება თითქმის ნულის ტოლფასია.
დავით ყიფიანი - ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ ამ ინფორმაციაში პერსონალიაა ნაჩვენები, ნაჩვენებია აგრეთვე მონაცემები ტერიტორიების შესახებ. აქ აგრეთვე თავმოყრილია ისეთი სახის ზოგადი ინფორმაცია, რომელიც არ იცვლება. ზოგი ინფორმაცია შედარებისთვისაც გამოდგება.
დავით ლოსაბერიძე - გეთანხმები, მაგრამ ეს უკვე არის აკადემიური სახის ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ კვლევისთვისაა გამოსადეგი. მაგლითად ის, რომ უშგულისსაკრებულოში 5 წლის წინ ერთი წევრი შეიცვალა სხვა წევრით, ისტორიისათვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ არა მგონია, იგივე დატვირთვა ჰქონდეს სხვა სფეროში მომუშავეთათვის. მსაგვსი საკითხები კიდევ დიდი ხანი იქნება დღის წესრიგში, რადგან პროცესი საკმაოდ ნელა ვითარდება. გიორგი გოცირიძეს ალბათ ახსოვს ჩვენ მიერ 2000 წელს ჩატარებული კონფერენცია, რომელიც გეოინფორმაციულ სისტემებსა და დისტანციური ზონდირების საკითხებს მიეძღვნა. მახსენდება ის აჟიოტაჟიც, რომელიც ამ პროცესს ახლდა თან და ბოლოს, დამსწრეთა მცირე რაოდენობაც. ასევე საკვირველი იყო იმ მასალების (ვიზუალური და სხვა სახის პროდუქცია) გამოუყენებლობა, რაც შეთავაზებული იყო კონფერენციაზე.
ჩემი აზრით, ეს არის თვითონ ხედვის პრობლემაც და დროის პრობლემაც. ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემა ვეღარ იმუშავებს, თუ არ მოხდა მისი სისტემატიზირება და მკვეთრად გამოკვეთილი სქემების ჩამოყალიბება. არ დავიწყებ სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის რეკლამირებას. უბრალოდ მოგახსენებთ, რომ ჩვენც დავინახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის, ექსპერტთა ბაზის, დონორთა ბაზის საჭიროება, რომელთა შექმნაც ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მე ვიტყოდი, რომ საქართველოში ეს უკვე დაგვიანებულიცაა. დონორების ბაზის შექმნა კარგი იქნებოდა 1995-1996 წლებში. ექსპერტთა ბაზა ბალტიისპირეთში შეიქმნა ჯერ კიდევ სახალხო ფრონტის ინიციატივით გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. ასე რომ, ერთი მხრივ, ეს ყველაფერი დაგვიანებულია, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი მოხმარებისათვის ჯერ კიდევ არა ვართ მზად. შეიძლება ეს ყველაფერი სადავო იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, სიტუაცია მართლაც მძიმეა. ისმის კითხვა - გავძლებთ თუ არა ამ მონაცემთა ბაზების გარეშე? რა თქმა უნდა, გაძლება შეიძლება. მთავარი ამ შემთხვევაში არის მიზანი: გვსურს თუ არა ბაზების გამოყენება? როგორი სახით უნდა იქნას ეს ინფორმაცია მომზადებული და რა ფორმით მოხდეს მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა? როგორ მოვახდინოთ პროდუქციის სანდოობის გადამოწმება და როგორ ვაცნობოთ მომხმარებელს, რომ ეს ინფორმაცია ინტერნეტში დევს და რომ ეს მას სჭირდება? თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება მოსაზრებები - დავიწყოთ დისკუსია. გთხოვთ.
პაატა გურგენიძე - მთელი ინფორმაციული პრობლემატიკის სპექტრს არ შევეხები, დავახასიათებ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაციის, ინფორმაციის გაცვლის და ქსელური მუშაობის ფორმებს. მთავარი პრობლემაა ინფორმაციული ნაკადების გაიოლებისათვის სტანდარტიზაციაა - ინფორმაციის წარმოების და შენახვის სტანდარტიზაცია. შეიძლება თუ არა შევთანხმდეთ ენთუზიასტი არასამთავრობოები რაღაც სტანდარტზე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვალაგოთ ინტერნეტში ჩვენ შესახებ ინფორმაცია. უნდა შევიმუშაოთ მინიმალური სტანდარტი იმის შესახებ, თუ რა და როგორ ფორმატში გვქონდეს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინტერნეტში გამოქვეყნებული. ალბათ ამის გაკეთება ძნელია, ამაზე კონსენსუსის მიღწევაც ძნელია, მაგრამ თუ სერიოზული ხალხი დაასაბუთებს, რომ ეს საჭიროა და დონორებსაც ჩართავს ამ პროცესში, ანუ დონორებიც მიაქცევენ ამ საკითხს ყურადღებას და გრანტის გაცემის პროცედურის ნაწილად გახდიან ამ მოთხოვნას - კერძოდ იმას, რომ გრანტის მიმღებმა დაიცვას ინფორმაციის გამოქვეყნების მინიმალური ფორმატი - ბევრი რამ მოგვარდება. მაგალითად, შესაძლებელია შემუშავდეს სტანდარტი იმის შესახებ, თუ რომელ საძიებო სისტემაში და როგორ განალაგო ინფორმაცია (რათა იგი ადვილად იძებნებოდეს), ან როგორ ფორმატში განთავსდეს ის ინტერნეტში.
რამაზ აფციაური - დისკუსიის მსვლელობისას ჩემთვის გამოიკვეთა სამი ძირითადი საკითხი, რომელიც კომპლექსურადაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან. ამასთან ერთის მოგვარება არ იწვევს დანარჩენი ორის გადაწყვეტას. პირველი დაკავშირებულია კონტენტთან, ანუ შინაარსობრივ საკითხებთან, ინფორმაციის სანდოობასთან; მეორე მომენტია მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციის სტრუქტურიზაცია და სინქრონიზაცია; აქვე ჩავრთავდი თვითონ პროდუქტის წარმოჩენის სახეს. მესამე ნაწილია მარკეტინგი - ანუ როგორ, რა სახით და რა სიხშირით მიეწოდება ეს ინფორმაცია მომხმარებელს/ბენეფიციარებს. რაც არ უნდა იდეალური ინფორმაცია შევქმნათ, თუ ის არ იქნება ბენეფიციარებისათვის მიწოდებული, მას აზრი არ ექნება. თავიდან, როდესაც საქართველოში არასამთავრობო სექტორი ვითარდებოდა, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა კომუნიკაციების განვითარებას - ანუ ელექტრონული ფოსტის განვითარებას. დღეს უკვე სექტორის წინაშე ახალი საჭიროებები იჩენს თავს - ელექტრონული ფოსტა უკვე ცხოვრებისეული მოთხოვილება გახდა, თავისი მონაცემთა ბაზებითა და სხვადასხვა ინფორმაციით. მაგრამ აქ უკვე წამოიჭრა პრობლემა, თუ როგორ შეიძლება იმის დარეგულირება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების ფარგლებში შექმნილი ინფორმაცია უფრო ეფექტური და სანდო გავხადოთ. უნდა აღვიაროთ, რომ დღის განმავლობაში ვღებულობთ უამრავ ინფორმაციას, რომლის დიდი ნაწილი უსარგებლოა. თუ საუბარი იქნება ერთიანი სისტემის შექმნაზე, ამ საკითხსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ასევე აქტუალურია მარკეტინგის საკითხი - როგორვაპირებთ ინფორმაციის მიწოდებას ბენეფიციარებისათვის. არის მოსაზრება, რომ თუ ინფორმაცია კარგია, მომხმარებელიც მოვა და დაინტერესდება. მე ცოტა უფრო სხვა მოსაზრებას ვემხრობი, და ვთვლი, რომ ზუსტად მიწოდება ბადებს ინტერესს და პროდუქტზე მოთხოვნილებას და არა ის, რომ უბრალოდ პროდუქტს უშვებ და თუ ის კარგია, თვითონ მოდის კლიენტი. არასამთავრობო ორგანიზაციების მოვალეობაა ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; და თუ ჩვენ თვითონ არ მოვახდინეთ ამის პროვოცირება, არ დავაინტერესეთ საზოგადოება ჩვენივე პროდუქციის მოხმარებაში, ისევ ჩაკეტილ სისტემად დავრჩებით, ისევ კუნძულზე ვიქნებით, სადაც არასამთავრობო სექტორის „კაი ტიპები“ ვართ შეკრებილნი, რომელთაც საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან არაფერი ესაქმებათ. მას მედიისა და ტელევიზიისაგან განსხვავებით, რომელნიც ბიზნესზე არიან ორიენტირებულნი, არასამთავრობო სექტორისათვის პროგრამების განსახორციელებლად განკუთვნილი თანხები არასოდესაა მიმართული იმისაკენ, რომ ფული მოიტანოს. ჩვენ ველით მხოლოდ იმას, რომ ეს პროდუქტი მოხმარებადი იყოს და დაინერგოს. ჩვენს დისკუსიას შედეგი ექნება, თუ შევნთანხმდით, რომ საჭიროა არასამთავრობო სექტორის განვითარების ახალი კონცეფციების შექმნა, რომელიც დაკავშირებული იქნება სამოქალაქო სექტორის განვითარებასთან. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი პრიორიტეტი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება უნდა იყოს; ეს პრაქტიკულად არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობა იქნება.
დავით ლოსაბერიძე - დგას თვითონ მზაობის პრობლემა. ნებისმიერი ორგანიზაცია და პიროვნება საკმაოდ დატვირთულია და დამატებითი მოვალეობის აღება - ახალი სამუშაოა. ამ შემთხვევაში, ჯერ ერთი, უნდა არსებობდეს სურვილი და, მეორეც, უნდა არსებობდეს ძალები, რესურსები, რომლებიც ამას განახორციელებენ. რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს „მორიგი“ გრანტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა. მიღწეულ უნდა იქნას კონსენსუსი მოქმედ აქტივობებს შორის იმის თაობაზე, რომ ეს საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდება ვთქვათ, რამდენად განხორციელებადია იგი.
ვაჟა სალამაძე - დღეს უამრავ პრობლემაზე ვისაუბრეთ: დისკრეტულ ველებზე, ვებ-გვერდების სასაფლაოზე, მონაცემთა ბაზებზე, სისტემატიზაციაზე. მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს პრობლემა თავის ადგილზე დალაგდება, თუ ყველაფერ ამას სხვა კუთხით შევხედავთ, ანუ საბაზრო ეკონომიკის კუთხით. ინფორმაცია - ეს არის პროდუქტი, რომელსაც აწარმოებენ და შემდეგში ეს ნაწარმოები პროდუქცია მიდის მომხმარებლამდე, ანუ ის შედის საბაზრო ურთიერთობაში. ზოგადად ინფორმაციასა და ინფორმაციის მწარმოებელ სუბიექტებს დუალური ხასიათი აქვთ: ერთი მხრივ, ისინი საზოგადოებრივნი არიან და საზოგადოების გარკვეულ ინტერესებს ემსახურებიან; მეორე მხრივ, ისინი ბიზნეს სუბიექტები არიან და საბაზრო ურთიერთობის დაღი აზით. აქედან გამომდინარე, თუ შევხედავთ საქართველოში არსებულ სიტუაციას, ის აბსოლუტურად რეალურია, ანუ დღეს საზოგადოებაში არსებობს გარკვეული მოთხოვნა. მერწმუნეთ, რომ ეს მოთხოვნა ძირითადად დაკმაყოფილებულია - რაც უნდა საზოგადოებას, ის მას იღებს კიდეც. აქ საუბარია კრიტიკულ მოთხოვნაზე და არა იმაზე, რომ მე, ერთი პიროვნებას, რაღაც მინდა. სამწუხაროდ, ჩვენთან თვითონ ბაზარი არის პატარა, შესაბამისად მოთხოვნა ინფორმაციაზე მცირეა, ხოლო მოსახლეობის/საზოგადოების გადახდისუნარიანობა დაბალია. შესაბამისად ინფორმაციის მიწოდების და მათ შორის სისტემატიზაციის და სისტემების დალაგების, მონაცემთა ბაზების შექმნის მდგომარეობა არის ზუსტად ისეთი, როგორიცაა მასზე მოთხოვნა.
როგორი შეიძლება იყოს ამ ყველაფერში საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი? გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები უფრო ხშირად საზოგადოებრივი ცხოვრების ავანგარდში არიან (მაგალითად, კომპიუტერები ჩვენ უფრო ადრე ავითვისეთ, ვიდრე ხელისუფლებამ და ვიდრე თუნდაც ბოიზნესმა), ამ სფეროშიც ჩვენი როლი უნდა იყოს გარკვეულად ნოვატორული და ეს უნდა იყოს მოთხოვნილების, და ხაზს ვუსვამ, არა მოთხოვნის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოებაში მოთხოვნილება იმ ახალ ტექნოლოგიებზე, რომელბზედაც დღეს ვსაუბრობთ. მოთხოვნილების ჩამოყალიბების შემდეგ შესაძლებელია მოთხოვნის ჩამოყალიბებაც, რათა მოთხოვნილება უზრუნველყოფილ იქნას ფულით. მე მაგალითისათვის მინდა მოვიყვანო ვებ-გვერდი civil.ge. ეს არის გვერდი, რომელიც შექმნა არასამეწარმეო ორგანიზაციამ, და რომელზედაც მან საზოგადოებაში მოთხოივნილება ჩამოაყალიბა. ბევრი ადამიანისაგან გამიგია, რომ იგი სამუშაო დღეს იწყებს ამ გვერდზე შესვლით და რომ იქ პოულობს ახალ ინფორმაციას. მერწმუნეთ, რომ ეს გვერდი არ მოკვდება და არ გადავა სასაფლაოზე, იმ მარტივი მიზეზით, რომ მან ჩამოაყალიბა მოთხოვნა და ნახა ის ხალხი, ვისაც ეს ინფორმაცია სჭირდება. ვებ-გვერდმა სწორედ ამ უკანასკნელს ჩამოუყალიბა მოთხოვნილება. დღეს რომ ეს გვერდი გახდეს კომერციული (თუმცა ეს პროცესი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს), ის აღარ მოკვდება, ანუ მას რომ გრანტები შეუწყვიტონ და მან ვეღარ მიიღოს დაფინანსება, მისი ლოგიკური გაგრძელება იქნება კომერციალიზაცია, რადაგანაც მოთხოვნილება არსებობს და, სავარაუდოდ, მასზე მოთხოვნაც არსებობს. ვიღაცეები ფულსგადაიხდიან იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც მას აწვდის civil.ge. ასე რომ, ჩვენი ფუნქცია ბაზებთან მიმართებაში ჯერ მაინც მოთხოვნილების ჩამოყალიბება, სიახლის შეთავაზებაა და შემდეგ უკვე სწავლება - რა არის ეს ყველაფერი. ამას მოყვება ბუნებრივი პროცესი, მე ვგულისხმობ საბაზრო პროცესს. მოთხოვნილების საფუძველზე გაჩნდება მოთხოვნა, რომელიც შესაბამისად მიწოდებით იქნება დაკმაყოფილებული. თუმცა, აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი: საქართველოს ბაზარი მაინც ძალიან პატარაა და მისი მსყიდველობითი უნარი ძალზე დაბალი. შესაბამისად, ეს პროცესი ყოველთვის იქნება დაღდასმული აღნიშნული ფაქტორით.
ირინა ცინცაძე - მე მინდა ვისაუბრო მოთხოვნილებაზე, მოთხოვნაზე და მიწოდებაზე და პასუხი გავცე ჩემ წინ გამომსვლელებს. უპირველეს ყოვლისა, არ შემიძლია დავეთანხმო პაატა გურგენიძეს იმაში, რომ საჭიროა ვებ-გვერდზე ინფორმაციის განლაგების უნიფიცირების შეთავაზება დონორისათვის. არა მგონია, ეს სწორი იყოს. რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნილებას ინფორმაციის მიღებაზე, ვეჭვობ, ამაზე ყურადღების გამახვილება ღირდეს. სამწუხაროდ, თავად არასამთავრობო სექტორშიც არ არსებობს მოთხოვნილება ინფორმაციის გავრცელების და ღიაობის თაობაზე. უფრო სწორად, არ არის ცოდნა იმის შესახებ, რომ ეს ასე უნდა იყოს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების პროცესში სექტორის, მათ შორის განვითარებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მხრიდან ძალიან ბევრი წინადადება შემოვიდა, მაგრამ ინფორმაციის ღიაობის პრინციპი ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ამ ეტაპზე (მე ვლაპარაკობ კრიტიკულ მასაზე, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ოდენობაზე) რეციპიენტების ჩართვა თავიანთ საქმიანობაში არ არის პირველადი მოთხოვნა. რაც შეეხება მოთხოვნას - რადგან არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებში მოთხოვნილება, რომ გახსნან თავიანთი ინფორმაცია თუნდაც სხვადასხვა ფორმატში, შესაბამისად არ არსებობს მოთხოვნა საზოგადოებისაგან, რომ ეს ინფორმაცია მიიღოს. ბოლო მონაცემებით, მოსახელობას არ აქვს დიდი სურვილი, გაიგოს, რა არის არასამთავორბო სექტორი. ვფიქრობ, საჭიროა, შეიცვალოს არასამთავრობო ორგანიზაციების ატიტუდი, დამოკიდებულება ზოგადად ღიაობასთან დაკავშირებით და კერძოდ - ინტერნეტთა, როგორც ამ ღიაობის ერთ-ერთ ფორმასთან. აქედან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულება თვითონ კლიენტებთან, ანუ მან უნდა იზრუნოს მოსარგებლე ჯგუფი ჩართოს თავის საქმიანობაში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ საზოგადოების მოთხოვნის ცვლილებას, რაც ამა თუ იმ ფორმატით განთავსდება ინტერნეტში. შეიძლება ასევე ითქვას, რომ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, დიდი რაოდენობით ინტერნეტის მომხმარებელი არ არის, ეს ეხება ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასაც. ამიტომ ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი რაღაც ინფორმაციას გაავრცელებენ ვებ-გვერდზე. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ისეთ კლიენტებთან, რომელთაც აპრიორი არა აქვთ საშუალება, მიიღონ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით (მაგალითად ლტოლვილები). აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნილებაც არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, იმის მოთხოვნილებაც არ არის, რომ ნაბეჭდი სახით მიიღონ ინფორმაცია. კაცმა არ იცის, რა უფრო ადრე დაიწყო: ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ იციან, როგორ მიაწოდონ თავის კლიენტებს გასაგებად თავისი ინფორმაცია, თუ კლიენტი ვერ იგებს იმას, რასაც ელაპარაკებიან; ეს არის მესამე სექტორის მარგინალობის პრობლემა; იგი აჩვენებს არასამთავრობო სექტორის არამზაობას ღიაობისადმი.
რამაზ აფციაური - ფაქტი ფაქტად რჩება, რომ, თუ სექტორი არსებულ ტენდენციას მიჰყვა, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს. არც ის იქნებაა კარგი, სექტორი იმდენად გაიჭრას წინ, რომ მოსწყდეს საკუთარ ტანს, საზოგადოებას. ამიტომ აუცილებელია, სექტორმა საზოგადოების განათლებაზეც დაიწყოს მუშაობა. ყოველწიურად იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში, თუნდაც ეს იყოს ჩეტში მუშაობის და თამაშების ხარჯზე. სექტორმა თავისთავი უნდა სრულყოს და ახალ ტექნოლოგიებზე აიღოს ორიენტირი, თუნდაც იმიტომ, რომ მისაბაძი გავხდეთ ხელისუფლებისათვის და ბიზნესისათვის, მათაც გაუჩნდეთ სურვილი, ინტერნეტში გვერდი გააკეთონ, თან კარგი. ჩვენი პრეზიდენტიც მიესალმება ინტერნეტის გვერდის გაკეთებას და სექტორმა ამას ხელი უნდა შეუწყოს. რამდენი ინტერნეტ ბიბლიოთეკაა საქართველოში - სულ თითზე ჩამოსათვლელი, ისინიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ან ადგილობრივ ფონდებს აქვთ გაკეთებული. არასამთავრობო სექტორი აქ არ მოიაზრება - არ მოიაზრება არც ერთი სხვა ორგანიზაციაც, სირცხვილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასეთი რამ არ გააჩნია. 4 წლის წინ ჩვენ ვთავაზობდით საკმაოდ პრესტიჟულ ფაკულტეტს, რომ ასეთ რაღაცაში დავეხმარებოდით, პასუხი იყო ასეთი - იცი, ჩვენ სივრცე არა გვაქვს და არ ვიცით, სად განვათავსოთ ეს ყველაფერი და ვერანაირ შემთხვევაში ვერ გამოგიყოფთ ადგილსო. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ისეთი საინფორმაციო ცენტრები გაიხსნას, რომელიც სტუდენტებისათვის იქნება განკუთვნილი. მსგავს საინფორმაციო ბაზებს აზრი არა აქვს, თუ მას არ მოიხმარს მოსახლეობა - წინააღმდეგ შემთხევევაში გამოვა, რომ ეს ჩვენ დონორისათვის ან მხოლოდ საკუთარი თავისათვის გაგვიკეთებია. არასამთავრობო სექტორის განვითარება უცილობლად მოიცავს ახალი ტექნოლოგიების განვითარებასაც, მათ შორის - კომუნიკაციასა და ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარებასაც.
დავით ლოსაბერიძე - აქ სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე გვქონდა საუბარი. პაატა გურგენიძის მიერ წამოწყებული საუბარი, - რომ საჭიროა ორგანიზაციებმა გახსნან ინფორმაცია, შეიძლება მოვიაზროთ როგორც ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, თუმცა ვეჭვობ, რომ ამ ინფორმაციას დიდი მომხმარებელი ჰყავდეს. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავაკსიური ინსტიტუტში მუშაობა როგორ მიმდინარეობს, არ არის საზოგადოებისათვის ღირებული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ის ღია უნდა იყოს, მაგრამ თავისთავად ღირებული ინფორმაცია არ არის. ღირებული ინფორმაცია შეიძლება იყოს მონაცემები, რომელიც კავკასიურმა ინსტიტუტმა დაამუშავა. მაგალითად, მე სულ არ მაინტერესებს შიდა აუდიტი ჩაატარა თუ არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მე მაინტერესებს მათ მიერ შეგროვილი ცნობები საკრებულოთა შესახებ დაამ ინფორმაციის სანდოობა. ამ შემთხვევაში დგება საკითხი ინფორმაციის ხარისხთან დაკავშირებით, თუ კერძოდ რას ემსახურება ეს ინფორმაცია, რა მიზანი აქვს მას. რა თქმა უნდა, აკადემიური პროფილის მქონე მომხმარებელს ყველანაირი სახის ინფორმაცია დააინტერესებს, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის ინფორმაცია, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის იქნება საყურადღებო.
დავით ყიფიანი - ყოველთვის შეიძლება რაღაც ინფორმაცია ისეთ ადგილას იპოვო, სადაც არ ელოდები. ამიტომ ნებისმიერი გამოცემა სისტემატიზებული უნდა იყოს. თუ დონორს არ აქვს ფული და აღარ აპირებს მომზადებული მასალების გამოცემას, სულაც არ არის აუცილებელი, რომ გამოცემა მოხდეს ფურცელზე, იგი შეიძლება ელექტრონული ფორმითაც გამოვიდეს. როცა დადგა საქართველოში გერმანიის საელჩოს აღდგენის საკითხი, გერმანიის მხარემ წარმოადგინა 1921 წლით დათარიღებული ნასყიდობის დოკუმენტი. საქართველოს მსგავსი რამ არც გააჩნდა. ხომ შეიძლებოდა გერმანელებს გადაეგდოთ მსგავსი დოკუმენტი, მაგრამ შეინახეს და ზუსტად იმ დოკუმენტის გამო საქართველოს მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა შენობა გერმანელებს. ასე რომ, ყველა ინფორმაცია უნდა იქნას შენახული, ვინაიდან, ადრე თუ გვიან, მისი გამოყენება საჭირო გახდება.
ვალერი ჩიტალაძე - აქ საუბარი იყო პრობლემებზე, თუ რომელია უფრო პირველადი მოწოდება-მოთხოვნილებიდან. ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთანაც გვაქვს შეხება, ერთი პრობლემა აქვს - ფინანსები. მათ არა აქვთ საშუალება, გადაიხადონ ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებული თანხა. ის მოსაზრება, რომ მათ არ უნდათ თავის შესახებ განაცხადონ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური საიტი და „ღია საზოგადოება - საქართველო“ სთავაზობს ყველა პროექტში მონაწილე ორგანიზაციას თავის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსებას უფასოდ, სამი წლის განმავლობაში. ეს ეხება გარკვეულწილად სიტემატიზირებული ინფორმაციის განთავსებას. ამის გაკეთება ყველას უნდა, რადგან ყველას გაცნობიერებული აქვს გამჭვირვალების აუცილებლობა.
პაატა გურგენიძე - ეს რომ ასე იყოს, მაშინ არსებული პორტალები, მაგალითად Georgian development gateway განვითარდებოდა, მაგრამ დიდად წინსვლა ამ საქმეში არაა. მათ მომხმარებელს შესთავაზეს სივრცეც და სერვისიც, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს. თუ გინდა გერქვას გამჭვირვალე ორგანიზაცია, შინაარსობრივად უნდა აკმაყოფილებდე მინიმალურ სტანდარტებს საკუთარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. არავისათვის დამალული არ არის, რომ არასამთავრობო სექტორი ქვემოდან და მოთხოვნილების მიხედვით არ იმართება და მოქალაქეები ჩამოყალიბებული შეხედულებებით არ ქმნიან არასამთავრობო ინსტიტუტებს. ისინი იმართებიან დონორებიდან და დონორები უშვებენ სტანდარტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. ამიტომ ამ საკითხზეც შეთანხმება უნდა დონორებთან მოხდეს.
რამაზ აფციაური - ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, არა მგონია, სტანდარტიზაცია აუცილებელი და საჭირო იყოს. ალბათ ეს უფრო პროცესის შემაფერხებელ გარემოებად იქცევა. სინქრონიზაცია უნდა შეეხოს ძირითად სტანდარტებზე ან პარამეტრებზე შეთანხმებას იმისათვის, რომ რაღაც საერთო სივრცე შეიქმნას. თუ სტატისტიკას დავუკვირდებით და გადავხედავთ ყველა პროგრამას, ვნახავთ, რომ არც ერთმა ამ პროგრამამ არ გაამართლა. ყველაზე წარმატებული ინტერნეტ პროექტები იქმნებოდა საკმაოდ მცირე თანხებით, როდესაც მოთხოვნილება ორგანიზაციების მხრიდან ამისათვის არსებობდა. ჩემი აზრით, დონორების პოლიტიკაც არ არის უცთომელი. სწორედ დონორმა უნდა მიიღოს ჩვენგან ის ინფორმაცია, თუ რა არის ამ ეტაპზე საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი; გადაწყვეტილებების მიღებას ჩვენც უნდა ვკარნახობდეთ დონორს - ის მარტო არ უნდა გამოდიოდეს ინიციატორი. არასამთავრობო სექტორმა თვითონ უნდა გააკეთოს ახალი პროგრამებისა და პროექტების მიმართულებების განსაზღვრის პროვოცირება, რათა მათ შესაბამისად და ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოების ინტერესებს და მოთხოვნილებებს.
დავით ყიფიანი - რომ გადავხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ვისაც რესურსებიც და მონდომებაც გააჩნიათ, დავინახავთ, რომ იქაც არ არსებობს ერთიანი სტანდარტები და ერთიანი პორტალები. ანუ, პრინციპში კარგი არც იქნება, რომ ერთიანი პორტალი და ერთიანი სტანდარტი შეიქმნას. საუბარია აგრეთვე ე.წ. კიბერ-სახელმწიფო და ერთიან პორტალებზე. არსებობს ერთიანი პორტალები, მაგრამ მსგავსი პორტალები ქვეყანაზე ერთი არ მოდის. ეს არის უფრო ნაკლებად დანაწევრებული და ქვედა დონის ინფორმაციასაც მოიცავს - მაგალითად, საკრებულოს დონეზე. უფრო ქვედა დონეზე ინფორმაცია იკარგება. ასეა დიდ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც - თუ ერთი-ორი ადამიანი მაინც არ არის გამოყოფილი, რომ სისტემატიზაცია გაუკეთოს შეკრებილ ინფორმაციას, ამას ყველაფერს აზრი ეკარგება. შემიძლია მოვიყვანო მაგალითი ელექტრონული ბიბლიოთეკებისა. ზოგ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, ზოგს კი წიგნების ნაკრები, ანუ თვითონ ორგანიზაციამაც არ იცის, რადოკუმენტებს ფლობს. შეიძლება ის წიგნი, რომელიც მე მჭირდება, დღეს სადმე იყოს და ინფორმაცია მის შესახებ ვერც მოვიძიო. თუ არასამთავრობო სექტორში არ არის სურვილი, რომ ეს მხარეც მოწესრიგდეს, ელექტრონული ვარიანტის გაკეთება აზრს კარგავს. ორგანიზაციის სამუშაო წესებში ეს მოთხოვნა არ არის და საზოაგდოების აღზრდას ხომ არ დავიწყებთ - ორგანიზაციის შიგნით უნდა ჩამოყალიბდეს სამუშაო წესები და ნორმები. თუ არა და, აზრი ეკარგება ინფორმაციის მოწესრიგებას გარედან. დონორებთანაც არ არის ყველაფერი მოწესრიგებული, ზოგიერთმათგანს გააჩნია საკოორდინაციო ცენტრი, სადაც ყოველ წელს იკრიბებიან, ადარებენ ერთმანეთის პროექტებს და ბოლოს მაინც აღმოჩნდება ხოლმე, რომ სამუშაო კოორდინირებული არა აქვთ. სამუშაო თემები ბევრად აჭარბებს დონორების რიცხვს, რის გამოც ეს უკანასკნელნი ერთმანეთის აზრებს და პროგრამებს იყენებენ. მთელ მსოფლიოში სტანდარტები მუშავდება ფულის გარეშე და, როგორც წესი, სტანდარტიზაციაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობს, რომელთაც ხელფასი გააჩნიათ. ასე რომ, ამას მონდომება უნდა და მეტი არაფერი.
![]() |
7 შეჯამება |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ლოსაბერიძე - პირველი, რაც დისკუსიაზე გამოიკვეთა, არის საზოგადოებრივი კულტურის პრობლემა - ამ ტერმინს ვხმარობ ფართო გაგებით. ეს არის საზოგადოებაში მოთხოვნილებების ნაკლებობა ან არარსებობა განვითარების გარკვეულ საფეხურზე ყოფნის გამო, და მეორე, აქედან გამომდინარე, ესაა ცალკეული ორგანიზაციის ორგანიზაციული განვითარების დონე, რადგან პირველადი უჯრედის ბაზებისა და მონაცემთა მიმოქცევა ყოველთვის ძნელდება. ფაქტია, რომ პრობლემა რეალურად არსებობს.
ბაზების შექმნასთან დაკავშირებით ითქვა, რომ არსებობს ბევრი ბაზის პრობლემა. მოქმედებს civil.ge, advicacy.ge, ასევე OSGF აკეთებს ანალოგიურ ბაზას. მეტ-ნაკლებად უკვე გამოჩნდა რამდენიმე ბაზა, სადაც შეიძლება შენი ინფორმაცია განათავსო. საინტერესოა, რამდენად დაკავშირებადნი არიან ისინი ერთმანეთთან - იმავე advocacy.ge-ს კლიენტს თუ აქვს გვერდზე მითითება, რომ სხვა მსგავს გვერდზე შეუძლია გადავიდეს ლინკის გამოყენებით?
მაგრამ ხომ ასებობს სხვა საიტებიც. რა თქმა უნდა, საიტის შემქმნელებისათვის ვალდებულებით ფორმას აქ ვერ ჩამოაყალიბებ, მაგრამ სტანდარტის შესახებ შეიძლება ლაპარაკი.
შემდეგი საკითხი - რა სახის ინფორმაცია შეიძლება იყოს მიმოცვლადი? ყველა ინფორმაცია რაღაც დონეზე საჭიროა, ძველი დოკუმენტებიც რაღაც ინფორმაციის მატარებელია, მაგრამ ყველაფერ ამის გაერთიანება ერთიან ველში ან ერთიან პორტალში არარეალურია. ამას ბევრად მეტი ბაზები და რესურსები სჭირდება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
თუ ასეთი ბაზები არსებობს, ანუ თუ არსებობს N რაოდენობის საინფორმაციო ბაზა, ხომ არ ჯობია, შეიქმნას ამ ბაზების შესახებ მეგა-ბაზას - „ინფორმაცია ინფორმაციის შესახებ“?
ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბაზა დონორთა ბაზების შესახებ.
არსებობს ფონდების შესახებ ინფორმაციები, ფანდარაიზინგული ბაზები. შეიძლება მოვძებნოთ ფონდების ფონდების შესახებ ბაზებიც. მსგავსი საინფორმაციო ველების შექმნა ტექნიკურად რთული არ არის, თუმცა, ამას მოთხოვნის გაჩენა და მოთხოვნილების წარმოჩენა სჭირდება.
ყოველივე ეს საზოგადოების დისკუსიის შედეგი უნდა იყოს, რათა არ გაჩნდეს მორიგი მკვდარი ბაზა - ლინკების კატალოგი, თუ გნებავთ - საიტების სასაფლაო.
ამ შემთხვევაში მთავარია გავარკვიოთ, ვინ გამოიყენებს ასეთი სახის პროდუქციას და ეცოდინება თუ არა პოტენციურ კლიენტს, რომ ამის გამოყენება შეიძლება.
დასასრულ, ერთი რამ მინდა ავღნიშნო - წინა დისკუსიებზე ვსუბრობდით მესამე სექტორის წინაშე არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე. პირველი დისკუსიის თემა იყო ეთიკის კოდექსის საჭიროება, მეორე საკითხი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებრივი იმიჯის გაძლიერება. ორივე ეს საკითხი პასუხობდა ჩვენი პროგრამის მიმართულებების ინტერესებს. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ საკითხის აქტუალიზაციას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დისკუსიების საფუძველზე გამოცემული ბროშურები საზოგადოებას დაეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა გზით უნდა წავიდეს ამ პროცესის შემდგომი განვითარება.
![]() |
8 Summary |
▲ზევით დაბრუნება |
The brochure has been prepared on the basis of materials of a public discussion organized by the Caucasus Institute for Peace, Democracy and Development on 21 June 2003. It was the third meeting in a series of round table discussions on problems of non-governmental organizations (NGOs) in Georgia in the framework of Citizen's Advocate! Program.
The topic of the discussion was related to the development of information databases and a general informational strategy of the third sector in Georgia. The presenters mainly addressed current problems of NGOs' informational strategy as well as the problems that hamper the creation of unified and systematized databases and discussed the existing situation, focusing on the information exchange between NGOs and various other agencies operating in Georgia.
After the main presentations a general discussion was launched. The participants, too, described difficulties in the way of development of modern informational databases in Georgia and tried to find out solutions to overcome the problems.
A cultural problem connected with the consumption and utilization of information in Georgia was highlighted, closely tied with the fact that there is no demand on systematized information in Georgian society, which means that the third sector in Georgia is not developed enough and fails to elaborate an informational strategy.
It was suggested that NGOs and their members should start thinking how to create the demand and how to accelerate the process of creation of megabases containing the information on existing databases.