![]() |
ქართული - როგორც მეორე ენა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მახარობლიძე თამარ |
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები |
წყარო:
მახარობლიძე თამარ ქართული-როგორც მეორე ენა : სახელთა სწავლებისათვის არაქართულ სკოლებში / თამარ მახარობლიძე ; [რედ. კ. კაკიტაძე] ; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნ. ინ-ტი - თბ. : ენათმეცნიერების ინ-ტი, 2007 - 44გვ. ; 20სმ. - ISBN 978-99940-911-4-0 : [ფ.ა.][MFN: 31026] UDC: 811.353.1-84(072) + 811.353.1'366(075.3) K 255.129/3 - საერთო ფონდი K 256.099/3 - საერთო ფონდი K 256.100/3 - საერთო ფონდი (..22)415.5/მ-441 - ქართველოლოგიის განყოფილება F 73.268/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © მახარობლიძე თამარ |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სახელთა სწავლებისათვის არაქართულ სკოლებში არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი თბილისი 2007 დღევანდელ საქართველოში არაქართული მოსახლეობისათვის ქართული ენის სწავლების საკითხი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა. წარმოდგენილ მეთოდურ ნაშრომში განხილულია ქართული ენის სახელთა სწავლების გრამატიკა არაქართული სკოლებისათვის. ამ ნაშრომით შევეცადეთ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა საქართველოში არაქართული მოსახლეობისათვის ქართული ენის სწავლების უმნიშვნელოვანეს საქმეში. თამარ მახარობლიძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რედაქტორი: კ. კაკიტაძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რეცენზენტები: რ. ზექალაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ი. სანიკიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
სწორად წარმართულმა საგანმანათლებლო პოლიტიკამ ხაზგასმით უნდა აღნიშნოს სახელმწიფო ენისადმი პატივისცემითი დამოკიდებულების აუცილებლობა და შეუწყოს ხელი საქართველოში არაქართული მოსახლეობის ფენებში ქართული ენის შესწავლას. ამ საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია არა მარტო ძველი გამოცდილების გააზრება, არამედ საჭიროა ახლებური მიდგომაც. გასათვალისიწინებელია რიგი გარემოებანი:
სიტუაციის პროფესიული ანალიზი, პირობებისა და ინტელექტუალური ბაზის შესწავლა და კონკრეტული ამოცანების განსაზღვრა;
თეორიული მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და პრაქტიკული მეცადინეობების ფორმათა განსაზღვრა;
უახლესი ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესებში;
ინტერესისა და ფსიქოლოგიური განწყობის შექმნა;
მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა და სავარაუდო პრობლემათა გადაჭრის მოდელები;
წარმატებული შედეგების წამახალისებელი სისტემის ჩამოყალიბება.
რაც შეეხება ქართული ენის სწავლებას სომეხთების ან აზერბაიჯანელებისთვის, აქ მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ არსებითად ურთიერთობა გვაქვს სხვა ჯგუფის ენათა წარმომადგენლებთან და ბევრი რამ უფრო კონკრეტულ ლინგვისტურ პარალელებს მოითხოვს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის უმთავრესი ფაქტორი, რომ მეორე ენის სწავლება სულაც არ გულისხმობს გრამატიკის ღრმა ანალიზს. ქართული პოლიპერსონალური ზმნის სტრუქტურები ან თუნდაც სახელთა ბრუნების მიწოდება ტიპური სასკოლო გრამატიკის მიხედვით სასურველ შედეგებს ვერ მოგვიტანს. ასეთი მიდგომა ერთობ დააბნევს, გაუგებრობისა და უსიამოვნო სირთულის განცდას შეუქმნის მოსწავლეს. სასწავლო პროცესი უნდა დაიწყოს იმ ინფორმაციით, რაც თითქოს უკვე ნაცნობია მათთვის ან მეტ-ნაკლებად გასაგებია. დაწყება აუცილებელია უმარტივესი ფორმებით. კონკრეტული მეთოდური სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ რამდენიმე გაკვეთილში შესაძლებელი გახდეს ქართულ ენაზე საუბარი.
რაც შეეხება ქართული ენის სირთულეთა დაძლევის გზებს, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორად წარმართული შესაბამისი სასწავლო პროცესით ეს პრობლემა უმტკივნეულოდ შეიძლება გადაიჭრას. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია დავალებისა და სიახლეთა შეტანის ზუსტი დოზების განსაზღვრა. ოდნავი გადაჭარბებაც კი წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებასა და პროტესტს იწვევს. ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია შეპირისპირებითი ენობრივი სავარჯიშოებისა და სათარგმნი ტექსტების ზედმიწევნით კორექტული არჩევანის გაკეთება. ერთი მხრივ, ეს ტექსტები უნდა ემსახურებოდეს ქართული ენისადმი სიყვარულისა და თბილი დამოკიდებულების გამომუშავებას და, მეორე მხრივ, არ უნდა იყოს არაფერი გადაჭარბებული. არაქართული წარმოშობის მოსწავლეებთან გარკვეული სიფრთხილითაა შესარჩევი სასწავლო ლიტერატურაც. (მაგალითად, ასეთი აუდიტორიისათვის, შესაძლოა, შეურაცხმყოფელი ან უსაიმოვნო აღმოჩდეს ზოგიერთი თემა და საკითხი ქართული ლიტერატურიდან.)
ინტერგაციის პროცესში მნიშვნელოვანია ენათა შესწავლის შეპირისპირებითი მეთოდიკის უახლეს მიღწევათა გათვალისწინება. ამ თვალსაზრისით საინტერესო იქნება ინდოევროპულ და არაინდოევროპულ ენათა საბაზო მონაცემების მოხმობა ყოველ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, მასალა არ უნდა იყოს წმინდა ლინგვისტური ანუ მეცნიერული ხასიათის, არამედ უნდა ჭარბობდეს პოპულარული ხასიათის ინფორმაცია. თუმცა ეს უკანასკნელი უნდა ემყარებოდეს შესაბამის მაღალ მეცნიერულ საფუძვლებს.
![]() |
2 არსებითი სახელის სწავლება |
▲back to top |
განვიხილოთ არსებითი სახელის სწავლების ძირითადი საკითხები. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ მიზანშეუწონლად მიგვაჩნია გრამატიკის ნაწილების დამოუკიდებელი მიწოდება ან ცალკეული ლინგვისტური ერთეულების ანალიზი და სწავლება შიდა ლინგვისტური სისტემების მიხედვით. ქართული ენა, როგორც მეორე ენა განსაზღვრული სისტემით უნდა ისწავლებოდეს სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში. ასეთი ტიპის კონკრეტული სასწავლო სისტემები იქმნება სათანადო ამოცანებთან შესაბამისობაში. ამჯერად ჩვენ შემოგთავაზებთ არაქართულ სკოლებში ქართული ენის სასწავლო პროგრამის ძირითად მონახაზს.
არაქართულ სკოლებში ქართული ენის სასწავლო პროგრამა გულისხმობს ენის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას რამდენიმე წლის განმავლობაში. პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს კონტინგენტის საბაზისო მონაცემები და მისი თავისებურებანი. კონტინგენტის ძირითადი საბაზისო მონაცემები იქნება: ასაკი და კლასი, ეროვნება, ქართული ენის ცოდნის დონე, რუსული (ან სხვა მშობლიური) ენის ცოდნის დონე. ასეთ მონაცემთა საშუალო არითმეტიკული იქნება კლასისა თუ ჯგუფის მახასიათებელი. ხოლო კონტინგენტის თავისებურებანი დახასიათდება შემდეგი პარამეტრებით: ფსიქოლოგიური მზაობა, ახლის ათვისების უნარი, ინტელექტუალური დონე, აკადემიური მოსწრების კოეფიციენტი და მისი გარემო.
პედაგოგიური პროცესი გულისხმობს ქართული ენის შესწავლისას ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებას და სწავლების პროცესში შესაბამისი მიმართულებების გამოკვეთას. უცილებელია შეიქმნას ქართული ენის გამოყენების სხვადასხვა პირობა. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ კონკრეტული პრაქტიკული ტიპის დავალებები, რათა მათ მოახერხონ ქართულ ენაზე კომუნიკაცია და დაიწყონ ამ ენაზე ფიქრი.
ჩვენ ქვემოთ შემოგთავაზებთ არსებითი სახელის სწავლების ძირითადი საკითხებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მოსწავ;ეებს დამოუკიდებლად არ მიეწოდებათ ეს მეტყველების ნაწილი. ეს უნდა მოხდეს სხვა გრამატიკულ ფორმებთან კომბინაციაში.
მოსწავლეები იმეორებენ ინფორმაციას, არსებითი სახელის შესახებ. განმარტავენ მას. აქ ხდება საკითხის მიწოდება სპეციფიკური გზით: რა არის ქართულში არსებითი სახელი? - პედაგოგი უხსნის, რომ ეს მათ უკვე კარგად იციან. ისევე როგორც რუსულში, სომხურსა თუ აზერბაიჯანულში, ქართულშიც ეს განმარტება იგივეა. მოსწავლეთათვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება თუ მათ ერთგვარად გავამხნევებთ სასწავლო პროცესში იმით, რომ თუკი მათ ოდესმე რამე ისწავლეს ენათმეცნიერებაში, ეს ყოველთვის გამოადგებათ სხვა ენის შესწავლისას; ასე, მაგალითად რომელიმე „მაგიდა“ ან „სკამი“ ყველა ენაში არსებითი სახელი იქნება.
არსებით სახელზე მუშაობის დროს მოსალოდნელია ბავშვების აქტიურობა; დასაშვებია სხვადასხვა ენებთან ერთი და იმავე ლექსიკური ერთეულების თარგმნა და არსებითი სახელის ჯგუფების ადეკვატური შესაბამისობების მონახვა. ცხადია, რომ არსებითი სახელის ჯგუფების შესწავლა სახალისო იქნება შეპირისპირებითი მეთოდით. ამ ჯგუფებს განვიხილავთ შემდეგი თანამიმდევრობით:
1. სულიერი და უსულო
პედაგოგი პოპულარული ენით განმარტავს ამ ჯგუფებს. აქ ხდება ლექსიკონის შევსება და ორ ან სამ ენაზე არსებით სახელთა ჩამოთვლა.
გამოვყოფთ სულიერ არსებით სახელთა ქვეჯგუფებს:
ა. ადამიანი,
ბ. ცხოველი ან ფრინველი
2. ვინ და რა ჯგუფი
ხდება ამ ჯგუფთა ძირითადი განმარტება და მათი შესაბამისობების დადგენა რუსულ სულიერ-უსულო და ვინ-რა ჯგუფებთან, აღინიშნება მსგავსება-განსხვავებანი. მოსწავლეები აღწერენ მათი მშობლიური ენების სისტემას ამ ლინგვისტურ კატეგორიათა მიხედვით. მოჰყავთ მაგალითები სხვადასხვა ენაზე.
3. საკუთარი და საზოგადო სახელები
რაობა და მაგალითები. შეპირისპირებითი ანალიზი პოპულარული ენით.
სასურველია, გამოიყოს საკუთარი სახელების ქვეჯგუფები:
ა. ადამიანთა სახელები (ქალისა და მამაკაცის სახელები)
ბ. გვარები (სხვადასხვა ეროვნების გვართა დაბოლოებანი - ასეთი თემატიკა საინტერესო იქნებოდა მოსწავლეთათვის)
გ. გეოგრაფიული სახელწოდებები.
ამ სახელთა ჩამოთვლა და მათი დაჯგუფება სასურველია, თავად მოსწავლეებმა აწარმოონ. ამით მათ, ერთი მხრივ, განუვითარდებათ აზროვნების უნარი, მეორე მხრივ, კი მიეცემათ სახალისო შესაძლებლობა, რათა განიმტკიცონ ქართული ენის ლექსიკური მარაგი.
გეოგრაფიული სახელწოდებების დაჯგუფებანი:
კონტინენტები
ქვეყნები
ქალაქები
სოფლები
მთები
ტბები
მდინარეები
ზღვები
ოკეანეები
აქ მოსალოდნელია განსაკუთრებული აქტივობა, სასურველია შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების ჩართვა საკუთარი სახელების ჩამოთვლის პროცესში. ეს მათ თვითრწმენას განუმტკიცებს და აქტიურად ჩააბამს ქართული ენის შესწავლის პროცესში. სიტყვიერი წახალისებაც ძალზე სასურველი იქნება. გეოგრაფიული სახელების ქართული ვარიანტები მოსწავლეებს ადვილად ამახსოვრდებათ, რამდენადაც ძირითად შემთხვევებში მათთვის ნაცნობი ლინგვისტური ერთეულების საბაზისო ფორმებითაა გადმოცემული ამ ტიპის ლექსიკა.
დ. სათაურები და სახელწოდებები.
4. კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები
პედაგოგი განმარტავს ამ ჯგუფებს და ასახელებს მაგალითებს. მოსწავლეებს მოჰყავთ კონკრეტული და აბსტრაქტული სახელების მაგალითები და აწარმოებენ შეპირისპირებით ანლიზს.
5. კრებითი სახელები
ხდება განმარტება და შეპირისპირებითი ანალიზი რიცხვის კატეგორიასთან მიმართებაში.
6. ნივთიერებათა სახელები
რაობა და მაგალითები. თვლადი და უთვლადი სახელების განმარტებანი.
საინტერესო იქნება ლექსიკონზე მუშაობა თემატური პრინციპით. გამოვყოფთ თემებს:
სასწავლო ნივთები
საოჯახო ნივთები
ჭურჭელი
გარდერობი (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი)
ტრანსპორტი
თეატრი და კინო
სახლი
სკოლა
დადებითი და უარყოფითი ცნებები (მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, სილამაზე, სიმახინჯე, ბოროტება, სიძულვილი, მტრობა)
ზოგადი თემები (მარადიულობა, სიკვდილი, სიცოცხლე)
სინონომები და ანტონიმები, ომონიმები.
არსებით სახელთა მცირე ლექსიკური მარაგი უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ავაგოთ უმარტივესი წინადადებები ორიოდე ზმნის („ყოფნა“ და „ქონა-ყოლა“) აწმყოსა და ნამყო დროის ფორმების მიხედვით.
ბავშვებს შეუძლიათ შეადგინონ წინადადებები ახლად შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით. სასურველია გარკვეული კონკურსების ჩატარება.
1. ვინ მეტი იცის ამ თუ იმ ჯგუფის არსებითი სახელი;
2. შეჯიბრი თემატური ლექსიკონის მიხედვით არსებითი სახელების დასახელებაში
ასეთი ტიპის კონკურსები უნდა იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური. ჯგუფური კონკურსი გულისხმობს შესაბამისი მონაცემების გათვალისწინებას ჯგუფის შედგენისას. მნიშვნელოვანია, რომ საკონკურსო ჯგუფებში თანაბარი მონაცემების მქონე ბავშვები მოხვდნენ.
ენის შესწავლისას კლასის კლასთან შეჯიბრი (იგულისხმება პარალელური კლასები, სადაც ერთი მასწავლებელი ასწავლით) ან სასოფლო ან საქალაქო კონკურსები საკმაოდ სერიოზული წამახალისებელი ფაქტორია.
გთავაზობთ არსებითი სახელის სასწავლო პრაქტიკული ტიპის ექსპერიმენტულ ფორმას - პარალელური კლასების შეჯიბრის ზოგად ნიმუშს. შეჯიბრი შედგება რამდენიმე რგოლისაგან:
ვინ მეტი სახელი იცის - კონკურსის ამ ნაწილში მოსწავლეები თვითონ გამოყოფენ ჯგუფებს (ანუ ასახელებენ თანატოლებს), რომლებიც არსებითი სახელების ჯგუფების მიხედვით მონაწილეობენ საკონკურსო რგოლებში.
ყველაზე წარმატებული მოსწავლე - კონკურსის ამ ნაწილში მოსწავლეები თვითონ ასახელებენ თავისი ჯგუფიდან ერთ-ერთს, რომელიც პასუხობს მოწინააღმდეგე კლასის კითხვებს.
კონკურსის ძირითადი ნაწილი არის საერთო შეჯიბრი. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს და ქულებით გამოირკვევა გამარჯვებული.
უცილებელია გამარჯვებული კლასისა და ყველაზე წარმატებული მოსწავლის წახალისება რაიმენაირი გზით. ეს შესაძლოა სხვადასხვა ფორმით მოხერხდეს. კერძოდ, სასურველი იქნება, თუ ადგილობრივი მედიის საშუალებით გაშუქდება კონკურსის პროცესი ან შედეგები. ვფიქრობთ, ეს გარემოება ქართული ენის შესწავლისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, ხელშესახებ დადებით შედეგებს მოგვიტანს.
![]() |
3 ზედსართავი სახელის სწავლება |
▲back to top |
არაქართულ სკოლებში ზედსართავი სახელის სწავლება ქართული ენის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მოსწავლეებისათვის ეს პროცესი შესაძლოა ძალზე მიმზიდველი გავხადოთ, თუ ზედსართავებს თემატურად დავალაგებთ და ანტონიმური კლასიფიკაციის პრინციპებს დავეყრდნობით.
ზედსართავი სახელის სწავლების პირველი ეტაპი გულისხმობს ლექსიკის გამდიდრებას. ამ დროს მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ უმარტივესი უნივერსალური ნიშნები, ანუ დადებითი და უარყოფითი ველის მქონე ზედსართავი სახელები. ლექსიკის შევსება უნდა მოხდეს ანტონიმური და კომპარატიული ფორმატით. ასეთი მიდგომა ბავშვებს გაუადვილებს უცხო სიტყვების დამახსოვრებას. ცხადია, უმარტივესი და შედარებით ნაცნობი სიტყვებიდან თანდათან გადავდივართ მათთვის უცხო სიტყვებზე და ამასთან ვცდილობთ, მოსწავლეებს გავაკეთებინოთ ერთგვარი კლასიფიკაცია - ეს თვისება ან ნიშანი კარგია, ცუდია თუ ნეიტრალურია.
გამოიყოფა ერთ-, ორ- და სამსისტემიანი სახელები. ის ზედსართავები, რომელთაც მხოლოდ ორსისტემური ანტონიმური სემანტიკა აქვთ და არ გააჩნიათ ნეიტრალური ფორმა, არის ორ-სისტემიანი. ზედსართავები, რომელთაც ამ საპირისპირო პოლუსების გარდა აქვთ ნეიტრალური ფორმებიც, არის სამსისტემიანი და მხოლოდ ნეიტრალური ანუ ერთსისტემიანი სახელები. ამ ტიპის კლასიფიკაცია მხოლოდ სასწავლო პროცედურისთვისაა საინტერესო და მოსწავლეებისათვის მისი ახსნა არ არის საჭირო.
ერთსისტემიანი ზედსართავი სახელები:
თეთრი,
შავი,
მწვანე,
ყვითელი,
წითელი,
ყავისფერი,
ლურჯი,
ცისფერი,
იასამნისფერი,
ვარდისფერი
რუხი,
ნაცრისფერი,
სალათისფერი
ბავშვებს ვუხსნით ფერებს კონკრეტულ მაგალითებზე და თუ კლასში გვყავს მხედველობის პრობლემის მქონე, ან მხედველობადაქვეითებული მოსწავლეები, ვითვალისწინებთ, რომ ეს თემა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს მათთან. აქ საჭიროა გამოვიწვიოთ ამ ტიპის ბავშვების მეტი აქტივობა ახსნის პროცესში. მოსწავლეები მიგვყავს იმ აზრამდე, რომ სიტყვები „ცისფერი“, „იისფერი“, „ყავისფერი“, „ვარდისფერი“ და „სალათისფერი“ ნაწარმოები სიტყვებია. ბავშვებს ვუხსნით, როგორ შეუძლიათ აწარმოონ ახალი ფერის კატეგორია სიტყვა “ფერის” დართვით და ვაწარმოებინებთ ახალ სიტყვებს მათთვის ცნობილ ლექსიკაზე დაყრდნობით. (მზე - მზისფერი, ზამბახი - ზამბახისფერი, თოვლი - თოვლისფერი და ა.შ.) აქ მათ საშუალება ეძლევათ თავისი პოეტური ბუნებაც გამოამჟღავნონ, ეს კი უფრო სახალისოს გახდის სწავლების პროცესს.
ასევე ერთსისტემიანი ზედსართავი სახელებია კოჭლი, კუზიანი, უთავო, უფეხო და ა.შ. ეს ისეთი ფორმებია, რომელთაც საპირისპირო სემანტიკის სახელები ენის აქტივში არ გააჩნიათ. თუმცა თეორიულად ასეთი წყვილები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მოვიაზროთ: უფეხო-ფეხიანი, კუზიანი-უკუზო და ა.შ. (ამის მიუხედავად, ჩვეულებრივ შემთხვევაში არ ვამბობთ „ფეხიანი კაცი“, ანუ ტიპობრივად მხოლოდ ნორმიდან გადახრა არის ხაზგასმული.)
ორსისტემიანი ზედსართავი სახელები:
კარგი - ცუდი
კეთილი - ბოროტი
ლამაზი - მახინჯი
მცოდნე - უცოდინარი
ნიჭიერი - უნიჭო
ჭკვიანი - უჭკუო
სუსტი - ძლიერი
ღონიერი - უღონო
უხვი - ძუნწი
დიდი - პატარა
ჩქარი - ნელი
გრძელი - მოკლე
მაღალი - დაბალი
მდიდარი - ღარიბი
ვიწრო - ფართო
მართალი - მტყუანი
მხიარული - სევდიანი
გულღია - გულდახურული
სწორი - მრუდე
სულგრძელი - სულმოკლე
დღეგრძელი - დღემოკლე
ხელგაშლილი - ხელმოჭერილი
თავმდაბალი - ამპარტავანი
თმიანი - უთმო და ა.შ.
სამსისტემიანი ზედსართავი სახელები:
დადებითი - ნეიტრალური - უარყოფითი
მაღალი - საშუალო - დაბალი
დიდი - საშუალო - პატარა
გრძელი - საშუალო - მოკლე და ა.შ.
აგრეთვე სამსისტემიანია ხარისხის ფორმების მქონე პირველადი ზედსართავი სახელები.
არაქართულ სკოლებში ზედსართავი სახელის სწავლების მეორე ეტაპი გულისხმობს მოსწავლეებისათვის აქტიური ლექსიკის ჩამოყალიბებას. ამისათვის საჭიროა, რომ ავუხსნათ პირველადი და მეორადი ზედსართავი სახელები და შევეცადოთ მაქსიმალურად თავისუფლად ვაწარმოებინოთ მოსწავლეებს ზედსართავი სახელები არსებითი სახელებიდან.
ზედსართავი სახელების წარმოებისას გარკვეული სისტემა მოქმედებს:
იან- სუფიქსიანი ანუ ქონების გამომხატველი ნაწარმოები სახელები. მაგ. ქუდიანი, სახელიანი, ხალიანი, დაღიანი, პალტოიანი და ა.შ.
უ -თავსართიანი უქონლობის სახელები, მაგ. უქუდო, უხელო, უფეხო, უსახელო, უსირცხვილო და ა.შ.
ადამიანის სხეულის ნაწილებისგან ნაწარმოები ფორმები (თავი, ხელი, გული, სული, ფეხი, თვალი, პირი, ცხვირი და ა.შ.) მაგ. ხელმრუდე, ფეხმარდი, ავთვალი, უცხვირპირო, უპირო, პირიანი, გულიანი, უგულო, უსულო, უთავო, თავდადგმული, თავმოჭრილი, გულმაგარი და ა.შ.
ზედსართავდართული რთული ფორმები (დიდი-მცირე, გრძელი, სუსტი-ძლიერი, მაღალი-დაბალი და ა.შ.), მაგ. დღეგრძელი, დღემოკლე, მხარსუსტი, მხარძლიერი, კოჭდაბალი, ჭერმაღალი, ჭკუასუსტი, თავდიდი და ა.შ.
ა- დართული ფორმები, მაგ. თავა, ცხვირა და ა.შ.
მოსწავლეები აქტიურად უნდა ჩავრთოთ სიტყვების ჩამოთვლის პროცესში და უნდა გამოვუმუშავოთ უნარი, აწარმოონ ახალი სიტყვა ენაში არსებული მათთვის ცნობილი ყალიბით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ენის სწავლების პროცესში მხოლოდ ამ ტიპის აქტივობას შეუძლია დაამსხვრიოს ის ბარიერი, რომელსაც ქართული ენა თავისი ფორმაწარმოების სიმდიდრის გამო მისდაუნებურად წარმოქმნის.
არაქართულ სკოლებში ზედსართავი სახელის სწავლებისას აუცილებელია სინონიმების განმარტება და ლექსიკის მიწოდება შესაბამისი სინონიმური და ანტონიმური კლასიფიკაციებით. გაკვეთილებზე მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ ამა თუ იმ სიტყვის სინონიმური და ანტონიმური ფორმები.
მაგალითად ფორმა „მშვენიერი“ (ქალი)
სინონიმები - ლამაზი, კარგი, კოხტა, ტურფა, (კარგი/საამო) შესახედავი, მზეთუნახავი, ტანკენარი, პირლამაზი, საამო, მოხდენილი და ა.შ.
ანტონიმები - უშნო, მახინჯი, შეუხედავი, გონჯი, უსიამოვნო, ავთვალი და ა.შ.
ეს სიტყვები თავად მოსწაველეებმა უნდა დაასახელონ. ისინი უნდა შეეცადონ, რომ თითოეულ ფორმას სინონიმთა და ანტონიმთა მაქსიმალური რაოდენობა შეუსაბამონ.
ზედსართავი სახელის სწავლებისას ერთ-ერთი ხელშესახები სირთულეა ხარისხის ფორმების სწავლება. აქ აუცილებელია ხარისხის ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი ფორმების შეპირისპირება. მოსწავლეებს მარტივი სიტყვებით უნდა ავუხსნათ, რომ მათთვის ცნობილ ენებში არის ორგანზომილებიანი სისტემა დადებითი და აღმატებითი ფორმებით. მოვაყვანინოთ მაგალითები რუსულიდან და მათი მშობლიური ენებიდან. შემდეგ კი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სწავლობენ ინგლისურს) ავუხსნათ ინგლისურის სისტემა, რომელიც არის სამგანზომილებიანი, მაგრამ ქართულისაგან სრულიად განსხვავებული; დავუხაზოთ სქემები:
1. თეთრი->უფრო თეთრი (ორგანზომილებიანი სისტემა)
2. თეთრი->უფრო თეთრიყველაზე თეთრი (ინგლისური ენის სამგანზომილებიანი სისტემა)
3. მოთეთროთეთრი->ყველაზე თეთრი ანუ უთეთრესი (სამგანზომილებიანი სისტემა ქართული ენის)
სხვაობა არის ის რომ ქართულს შეუძლია ისეთი თვისების გადმოცემა, რომელიც დადებით ფორმაზე ნაკლებია. ზემოთ აღნიშნულ სხვა დანარჩენ ენებს კი შეუძლიათ გადმოსცენ მხოლოდ დადებითი და აღმატებითი ფორმები.
შემდეგ მოსწავლეებს ავუხსნით ხარისხის მაწარმოებლებს მო-ო, უ-ეს-ი და ვავარჯიშებთ მაგალითებზე. სასურველია, მაგალითები იყოს რეალური, ანუ მათთვის კარგად ნაცნობი. ეს მარტივი პროცესია განსაკუთრებით ფერებთან მიმართებაში, შესაძლოა, კლასშივე ვავარჯიშოთ ბავშვები ერთმანეთის ტანსაცმლის ფერების განსაზღვრაზე და ამ ფერთა მეტ-ნაკლებობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფერთა სახელდება ყველა ენაში ერთნაირი არ არის და არც მოსწავლეთა მენტალური ბაზა იქნება უნიფიცირებული ამ თვალსაზრისით. მაგრამ აქცენტი გაკეთდება უნივერსალურ პარამეტრებზე.
არაქართულ სკოლებში დამოუკიდებელი ზედსართავი სახელის ბრუნების სწავლება მეტყველების ამ ნაწილის სწავლების მესამე ეტაპია. ეს შედარებით იოლი პროცესია და იგი ფაქტობრივად მოიცავს არსებითი სახელის ბრუნების სისტემის გამეორებას. ზედსართავი სახელის ბრუნების ახსნისას, როდესაც მოსწავლეებს ვეტყვით, რომ დამოუკიდებელი ზედსართავი სახელები ისევე იბრუნვიან, როგორც შესაბამისი ფუძის მქონე არსებითი სახელები, ამის შემდგომ მათ უნდა თვითონ, დამოუკიდებლად აბრუნონ ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი ცალკე მდგომი ზედსართავი სახელები. ამ პროცესში მოსწავლეების დიდი აქტივობა იქნება მოსალოდნელი.
შემდგომ გადავდივართ ხმოვანფუძიანი ზედსართავი სახელების ბრუნებაზე არსებითთან ერთად. რამდენადაც აქ ზედსართავი სახელი ცვლილებას არ განიცდის (არც მხოლობითში და არც მრავლობითში), ეს საკითხი მარტივი და სახალისოა ბავშვებისათვის და ისინი დაასახელებენ ხმოვანფუძიან ზედსართავ სახელებს და აბრუნებენ მათ დამოუკიდებლადაც და არსებითთან ერთადაც.
შედარებით სირთულეს წარმოადგენს თანხმოვანფუძიანი ზედსართავი სახელების ბრუნება არსებითთან ერთად. პედაგოგი დაფაზე ჩამოწერს ბრუნების ნიმუშს. შემდეგ წააკითხებს მოსწავლეებს, დაეხმარება მათ გაიაზრონ, თუ რა ცვლილებები ხდება ასეთ დროს. გამოყოფენ ბრუნვათა სამ ფორმას:
სრული ფორმები (სახელობითი, მოთხრობითი, წოდებითი)
ნაწილობრივი ფორმები (ნათესაობითი, მოქმედებითი)
ზედსართავი სახელების ფორმები ბრუნვის ნიშნის გარეშე (მიცემითი და ვითარებითი).
არაქართულ სკოლებში ზედსართავი სახელის სწავლებისას ყველაზე რთული საკითხია შებრუნებული წყობა. ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებს მოკლედ უნდა განვუმარტოთ მსაზღვრელ-საზღვრულის რაობა და არსი, შემდეგ კი ავუხსნათ პირდაპირი და შებრუნებული წყობა და მოვიყვანოთ მაგალითები. ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ შედარებით სუსტი მოსწავლეები, რათა განვუმტკიცოთ მათ თვითრწმენა. როგორც მოსალოდნელია, ყველაზე ჩამორჩენილიMმოსწავლეებიც კი მარტივად შეაბრუნებენ წყობას; მაგ., მაღალი ხე - ხე მაღალი; ლამაზი ქალი - ქალი ლამაზი, მდიდარი კაცი - კაცი მდიდარი, ვიწრო ქუჩა - ქუჩა ვიწრო და ა. შ.
შემდეგ ვაბრუნებთ შებრუნებული წყობის სახელთა შეთანხმებას - არსებითსა და ზედსართავს:
სახელობითი - კაცი მაღალი
მოთხრობითი - კაცმა მაღალმა
მიცემითი - კაცს(ა) მაღალს(ა)
ნათესაობითი - კაცის(ა) მაღლისა
მოქმედებითი - კაცით(ა) მაღლით(ა)
ვითარებითი - კაცად(ა) მაღლად(ა)
წოდებითი - კაცო მაღალო
ბავშვები ბრუნების მოყვანილი ნიმუშის მიხედვით იმსჯელებენ და გამოიტანენ სათანადო დასკვნებს - რომ ორივე სახელი (არსებითიც და ზედსართავიც) იბრუნვის და შესაბამის მოსალოდნელ ფონეტიკურ ცვლილებებსაც განიცდის იქიდან გამომდინარე, თუ როგორი ტიპის ფუძე აქვს მას. შემდგომ მოსწავლეების ყურადღება უნდა შევაჩეროთ ემფატიკურ ხმოვანზე. ეს საკითხი არსებითი სახელების შესწავლის დროს უკვე დამუშავებულია და ამჯერად კიდევ ერთხელ ხდება მისი გამეორება და კონკრეტული მაგალითების მიხედვით განმარტებების მიცემა.
არაქართულ სკოლებში ზედსართავი სახელის სწავლების ბოლო, მეოთხე ეტაპი მოიცავს ნასწავლი მასალის გამეორებასა და გამთლიანებას. ეს ეტაპი ემსახურება მასალის განმტკიცებას. სასურველია, მოსწავლეებმა ზედსართავი სახელების უხვი მარაგით აღწერონ სხვადასხვა საოჯახო თუ საკანცელარიო ნივთები, აგრეთვე თავისი რაიონი, სოფელი, თავისი მეგობრები და ნათესავები. ასეთ დროს ყურადღებას ვამახვილებთ ენის სიმდიდრეზე და ვცდილობთ, მოსწავლეებში ქართული ენისადმი პატივისცემა და სიყვარული გამოვიწვიოთ.
ამ ეტაპზე დასაშვებია მოსწავლეების ფანტაზიის შესაბამისად მინი-სპექტაკლების გამართვაც, სადაც ისინი არტისტულად წარმოადგენენ ამა თუ იმ ნიშნით დახასიათებულ სახელს.
ვფიქრობთ, რომ ამ ბოლო ეტაპზე მისაღებია ზემოთ აღწერილი ფორმის კონკურსების მოწყობაც. სასურველია ზედსართავი სახელის სწავლების საკითხებთან დაკავშირებული პირველი კონკურსი ჩატარდეს კლასში, შემდგომ კი უკვე დასაშვები იქნება სასკოლო და სარაიონო კონკურსების მოწყობაც.
საკონკურსო თემები:
ვინ უფრო მეტ ზედსართავ სახელს დაასახელებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში;
ვინ უფრო მეტ სინონიმს მოუძებნის კონკრეტულ ზედსართავ სახელს;
ვინ უფრო მეტ ანტონიმს მოუძებნის კონკრეტულ ზედსართავ სახელს;
ვინ აბრუნებს უფრო სწრაფად და უშეცდომოდ (სხვადასხვა ტიპის ფუძიან) დამოუკიდებელ ზედსართავ სახელს;
ვინ აბრუნებს უფრო სწრაფად და უშეცდომოდ (სხვადასხვა ტიპის ფუძიან) ზედსართავ სახელს არსებითთან ერთად;
ვინ აბრუნებს უფრო სწრაფად და უშეცდომოდ (სხვადასხვა ტიპის ფუძიან) შებრუნებული წყობის მსაზღვრელ-საზღვრულს;
ვინ უფრო მეტ ზედსართავს აწარმოებს არსებითი სახელებისგან;
ვინ უფრო სწრაფად და უშეცდომოდ აწარმოებს ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმებს;
ვინ უკეთ დაახასიათებს მოწინააღმდეგე ჯგუფს, რამდენად კორექტული და უხვი იქნება ზედსართავ სახელთა გამოყენება;
ვინ უკეთ აღწერს თავის სოფელს (ან ქალაქს) რამდენად კორექტული და უხვი იქნება ზედსართავ სახელთა გამოყენება და ა.შ.
შეჯიბრი, შესაძლოა, ერთდროულად იყოს გუნდურიც და ინდივიდუალურიც. ამის გადაწყვეტა შეიძლება კონკრეტული ამოცანების მიხედვით. ჩვენი აზრით, გამარჯვებული მოსწავლეები და გამარჯვებული გუნდი აუცილებლად უნდა პომპეზური ფორმატის ღონისძიებაზე დაჯილდოვდეს. ეს იქნება სწორედ ის სტიმული, რომელსაც უდიდესი წამახალისებელი როლი ექნება არაქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლებისათვის.
![]() |
4 რიცხვითი სახელის სწავლება |
▲back to top |
არაქართულ სკოლებში რიცხვითი სახელის სწავლება შედარებით მარტივი სქემით მიმდინარეობს. შესავალში მოსწავლეებს ზოგადად ვუხსნით ამ მეტყველების ნაწილს და მის გრამატიკულ არსს. მნიშვნელოვანია არითმეტიკული და გრამატიკული მსგავსება-სხვაობების გადააზრება მოსწავლეთათვის.
პირველი გაკვეთილი, სასურველია, დაეთმოს დათვლას და ბავშვებს საშუალება მივცეთ, მაქსიმალურად იაქტიურონ და გამოავლინონ თავისი ცოდნა ამ სფეროში. შემდეგ წახალისებულ ბავშვებს ვუხსნით ათობით და ოცობით სისტემებს; ამ მიმართულებით ვადარებთ სიტყვათა წარმოებას ქართულსა და მოსწავლეთა მშობლიურ ენებში, აგრეთვე პარალელებს ვაკეთებთ ქართულსა და რუსულ ენათა შორის რიცხვითი სახელების წარმოების თვალსაზრისით.
რაოდენობითი რიცხვითი სახელის ძირითადი განმარტებების შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობთ ქართული რაოდენობითი რიცხვითი სახელის წარმოებას. სასურველია, ახსნის პროცესში და დაფაზე მასალის წარმოდგენისას თავად მოსწავლეებმა მიიღონ მონაწილეობა.
განვამტკიცებთ ათამდე თვლის პრქტიკას და შემდეგ გადავდივართ ოცამდე თვლაზე. ძირითადი პრინციპის ახსნის შემდეგ ბავშვები თავად აგნებენ მოსალოდნელი მომდევნო რიცხვითი ერთეულის გამომხატველ შესაბამის სიტყვას:
ათ-ერთ-მეტითერთმეტი
ათ-ორ-მეტითორმეტი
ათ-სამ-მეტიცამეტი
ათ-ოთხ-მეტითოთხმეტი
ათ-ხუთ-მეტითხუთმეტი
ათ-ექვს-მეტითექვსმეტი
ათ-შვიდ-მეტიჩვიდმეტი
ათ-რვა-მეტითვრამეტი
ათ-ცხრა-მეტიცხრამეტი
ფონეტიკის განვლილ მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეები ახსნიან ზემოთ წარმოდგენილ რიცხვით სახელებში მიმდინარე ფონეტიკურ ცვლილებებს.
ამ სახელებში ხდება შემდგომი ფონეტიკური პროცესები:
ბგერის დაკარგვა (იკარგება ა, თ);
ბგერათშერწყმა (თ და ს გვაძლევს ც-ს; თ და შ გვაძლევს ჩ-ს);
ბგერათგადასმა ანუ მეტათეზისი (რვ->ვრ).
ამ მასალაზე დაყრდნობით ვიმეორებთ და განვამტკიცებთ ფონეტიკის ცოდნას.
შემდგომ გაკვეთილებზე თვლა გრძელდება ოციდან.
ოცდაერთი
ოცდაორი
ოცდასამი
ოცდაოთხი
ოცდახუთი
ოცდაექვსი
ოცდაშვიდი
ოცდარვა
ოცდაცხრა
ოცდაათი
ვაგრძელებთ თვლას და მოწაფეთათვის უკვე ნათელი ხდება ოცობითი სისტემის არსი:
ოცდათერთმეტი,
ოცდათორმეტი,
ოცდაცამეტი და ა.შ.
ბავშვები თავად მიდიან შემდეგ დასკვნებამდე:
ორმოცი არის ორჯერ ოცი
სამოცი არის სამჯერ ოცი
ოთხმოცი არის ოთხჯერ ოცი
ამის შემდგომ მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ რაოდენობითი რიცხვითი სახელის მართლწერის ძირითადი პრინციპები მაგალითებზე დაყრდნობით.
ას ერთი,
ას ორი,
ას სამი და ა.შ.
ორას ერთი,
ორას ორი,
ორას სამი და ა.შ.
ათას ერთი,
ათას ორი,
ათას სამი და ა.შ.
ათას ასი,
ათას ორასი,
ათას სამასი და ა.შ.
ათას ას ერთი,
ათას ხუთას შვიდი,
ათას ცხრაას ოცდათვრამეტი და ა.შ.
ვასწავლით დათვლას და ვამახსოვრებინებთ სიტყვებს - ათი, ოცი, ორმოცი, სამოცი, ოთხმოცი, ასი. ათასი, მილიონი, მილიარდი. თვლადი, უთვლადი, უთვალავი, ბევრი, ცოტა, რაოდენობა, წილადი, ნაწილი, მთელი, რიგი, ნახევარი. დათვლის შედარებით მარტივ პროცესში, სასურველია, მეტი ინტენსივობით ჩავრთოთ შედარებით დაბალი აქტივობის მქონე მოსწავლეები.
ავხსნით განსაზღვრულ და განუსაზღვრელ რიცხვით სახელებს და ბავშვებს ვავარჯიშებთ თვლაში. სასურველია, ქართულად წავაკითხოთ მათ მიერ შესრულებული სასკოლო არითმეტიკისა თუ მათემატიკის სავარჯიშოები.
რაოდენობითი რიცხვითი სახელის ბრუნების საკითხთან დაკავშირებით კლასში ვიმეორებთ განვლილ მასალას - არსებითი სახელის ბრუნებას. ამის შედეგად კი მოსწავლეები უკვე მართლაც სრულიად ადვილად გაართმევენ თავს რაოდენობითი რიცხვითი სახელის ბრუნების შესწავლას.
მრავლობითი რიცხვი კი რიცხვით სახელს არ მოეპოვება. სასურველია ბავშვები დაფიქრდნენ - რატომ?
რაოდენობითი რიცხვითი სახელის ამ ციკლის შემდგომ უკვე შეგვიძლია მცირე შიდა საკლასო კონკურსები მოვაწყოთ ახალშევსებული ლექსიკური მარაგის გამოყენებით.
რიგობითი რიცხვითი სახელის შესწავლა იწყება ამ ფორმათა შინაარსობრივი ახსნით. მასალას ვადარებთ მშობლიურ ენებთან და რუსულთან.
ათის ფარგლებში წარმოდგენილი მასალის ანალიზით მოსწავლეები მიგვყავს იმ აზრამდე, რომ ისინი გამოყოფენ ცირკუმფიქსურ (ანუ თავსართ-ბოლოსართიან) მაწარმოებელს: მე-ე და შენიშნავენ სიტყვა „პირველის“ განსაკუთრებულ ადგილს პარადიგმაში.
პირველი,
მე-ორ-ე,
მე-სამ-ე,
მე-ოთხ-ე,
მე-ხუთ-ე,
მე-ექვს-ე,
მე-შვიდ-ე,
მე-რვ-ე,
მე-ცხრ-ე.
ამ ფორმებთან დაკავშირებით ისევ ფონეტიკური პროცესების გამეორება მოხდება, კერძოდ, გავიმეორებთ კვეცას. ოღონდ ამ პროცესს, უმჯობესია, ბგერის დაკარგვა ვუწოდოთ, რათა ბრუნვათა შესაბამის მოვლენასთან მისი პირდაპირი კავშირი გამოვრიცხოთ, რომ მოსწავლეებში აღრევა არ გამოიწვიოს ამ ფაქტმა.
რიგობითი რიცხვითი სახელების თვლა გრძელდება:
მე-თერთმეტ-ე,
მე-თორმეტ-ე,
მე-ცამეტ-ე,
მე-თოთხმეტ-ე და ა.შ.
მოსწავლეები ხალისით აწარმოებენ ქართული რიგობითი რიცხვითი სახელების ფორმებს. შემდგომ გადავდივართ მართლწერის პრინციპების ახსნაზე და ყურადღებას ვამახვილებთ და-თი შეერთებულ რიცხვით სახელებზე.
ოცდამე-ერთ-ე,
ოდცამე-ორ-ე.
ოცდამე-სამ-ე და ა.შ.
შეგვიძლია მოსწავლეებს მივცეთ დამაინტრიგებელი და სახალისო დავალება - დააკვირდნენ და აღნუსხონ მედიაში ქართული რიგობითი რიცხვითი სახელების ფორმების გამოყენებისას დაშვებული შეცდომები. ამ ტიპის დავალებები უდავოდ გაზრდის მათ აქტივობას და გარკვეულ თვითრწმენასაც შემატებს მათ. ამით მათ გაუჩნდებათ ენის სიწმინდის დაცვის მცირედი (თუმცა ერთობ საგულისხმო) პრეტენზია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და განვამტკიცებთ არსებითი სახელის ბრუნებას და შემდგომ თავად მოსწავლეებს ვაბრუნებინებთ რიგობით რიცხვითი სახელებს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ არსებითი სახელის ბრუნების ხშირი გამეორება სახელთა სწავლებისას ფქტობრივად სწავლების გლობალური მეთოდის გამოყენებას გულისხმობს. გლობალური მეთოდი (სხვა მეცნიერებთან ერთად) ჩვენც ყველაზე წარმატებულად მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ არაქართულენოვანი მოწაფეებისათვის ქართული ენის სწავლებისას იგი ეფექტურად იქნება გამოყენებული სკოლებში.
მომდევნო ეტაპზე კლასში ავხსნით წილობითი რიცხვითი სახელების სემანტიკასა და ფორმათა წარმოებას, რა თქმა უნდა, მარტივი და ყველასათვის გასაგები გზებით. სასურველია, დაფაზე დავწეროთ და განვიხილოთ წილადები: 1/2, 2/3, 5/7 და ა.შ.
მარტივად რომ ავხსნათ ქართულში წილობითი რიცხვითი სახელების წარმოება, მოსწავლეებს უნდა ვუთხრათ, რომ მრიცხველი არის რაოდენობითი რიცხვითი სახელი, ხოლო მნიშვნელი კი არის ნაწარმოები რიგობითი რიცხვითი სახელების ვითარებითი ბრუნვისგან.
აქ შეიძლება ისიც მიეწოდოთ ბავშვებს, რომ წილობითი რიცხვითი სახელების ამ ფორმებში ვითარებითი ბრუნვა კი არ არის, არამედ ეს უკვე დერივაციაა ანუ სახელთა წარმოქმნა და ფლექსიისაგან (ანუ ბრუნებისაგან) განსხვავებით აქ ახალი ლექსიკური ერთეული იწარმოება. თავისთავად, ასეთი ფორმები თავიდან შეიძლება იბრუნოს, როგორც შესაბამისი ფუძის მქონე არსებითი სახელი. აქ კიდევ ერთხელ ხდება არსებითი სახელის ბრუნების გამეორება და ამის შემდგომ უკვე მოსწავლეებს ვაბრუნებინებთ წილობით რიცხვით სახელებს:
სახელობითი - ერთი მეორედი
მოთხრობითი - ერთმა მეორედმა
მიცემითი - ერთ მეორედს
ნათესაობითი - ერთი მეორედის
მოქმედებითი- ერთი მეორედით
ვითარებითი- ერთ მეორედად
წოდებითი- ერთო მეორედო
წილობითი რიცხვითი სახელების მართლწერაზე საუბრისას მოსწავლეებს ავუსსნით, რომ მრიცხველი ცალკე იწერება და რიცხვით სახელებთან დაკავშირებული ყველა აქამდე ნასწავლი მართლწერის წესები აქაც ისე მოქმედებს.
რიცხვითი სახელი დამოუკიდებლად იშვიათად გვხვდება. იგი ძირითადად საგნის რიცხვის გამომხატველია და ამიტომაც სახელთან ერთად არის წარმოდგენილი წინადადებაში. ჩვენ უკვე მოსწავლეებს ვასწავლეთ ცალკე მდგომი რიცხვითი სახელის ბრუნება. ახლა საჭიროა, ბავშვებმა აითვისონ რიცხვითი სახელის ბრუნება არსებითთან ერთად. აქ აუცილებელია არსებითთან ერთად ზედსართავი სახელების ბრუნების განვლილი მასალის გამეორება. შესაბამისად მოსწავლეები აბრუნებენ განსხვავებული ფუძის მქონე რიცხვით სახელებს არსებითთან ერთად.
თანხმოვანფუძიანი რაოდენობითი რიცხვითი სახელის ბრუნება არსებითთან ერთად:
სახელობითი - ერთი კაცი
მოთხრობითი - ერთმა კაცმა
მიცემითი - ერთ კაცს
ნათესაობითი - ერთი კაცის
მოქმედებითი - ერთი კაცით
ვითარებითი - ერთ კაცად
წოდებითი - ერთო კაცო
ხმოვანფუძიანი რაოდენობითი რიცხვითი სახელის ბრუნება არსებითთან ერთად:
სახელობითი - რვა კაცი
მოთხრობითი - რვა კაცმა
მიცემითი - რვა კაცს
ნათესაობითი - რვა კაცის
მოქმედებითი - რვა კაცით
ვითარებითი - რვა კაცად
წოდებითი - რვა კაცო
თანხმოვანფუძიანი რიგობითი რიცხვითი სახელის ბრუნება არსებითთან ერთად:
სახელობითი - პირველი კაცი
მოთხრობითი - პირველმა კაცმა
მიცემითი - პირველ კაცს
ნათესაობითი - პირველი კაცის
მოქმედებითი - პირველი კაცით
ვითარებითი - პირველ კაცად
წოდებითი - პირველო კაცო
ხმოვანფუძიანი რიგობითი რიცხვითი სახელის ბრუნება არსებითთან ერთად:
სახელობითი - მეორე კაცი
მოთხრობითი - მეორე კაცმა
მიცემითი - მეორე კაცს
ნათესაობითი - მეორე კაცის
მოქმედებითი - მეორე კაცით
ვითარებითი - მეორე კაცად
წოდებითი - მეორე კაცო
წილობითი რიცხვითი სახელის ბრუნება არსებითთან ერთად:
სახელობითი - ერთი მესამედი ვაშლი
მოთხრობითი - ერთმა მესამედმა ვაშლმა
მიცემითი - ერთ მესამედ ვაშლს
ნათესაობითი - ერთი მესამედი ვაშლის
მოქმედებითი - ერთი მესამედი ვაშლით
ვითარებითი - ერთ მესამედ ვაშლად
წოდებითი - ერთო მესამედო ვაშლო
მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ არსებითთან ერთად ზედსართავი სახელების ბრუნებასა და რიცხვითი სახელის ბრუნებას არსებითთან ერთად და მასალის საფუძველზე აკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
შემდგომ ეტაპზე მოსწავლეებს გავახსენებთ შებრუნებული წყობის სახელთა შეთანხმებას - არსებითსა და ზედსართავს და ამ ტიპის ბრუნებას. მოსწავლეები ამ გამეორებულ მასალაზე დაყრდნობით თავად აბრუნებენ შებრუნებული წყობის სახელთა შეთანხმებას - არსებითსა და რიცხვით სახელებს:
სახელობითი - კაცი მეორე
მოთხრობითი - კაცმა მეორემ
მიცემითი - კაცს(ა) მეორეს(ა)
ნათესაობითი - კაცის(ა) მეორისა
მოქმედებითი - კაცით(ა) მეორით(ა)
ვითარებითი - კაცად(ა) მეორედ(ა)
წოდებითი - კაცო მეორევ
ზემოთ წარმოდგენილი სწავლების პრინციპითა და ასეთი მიდგომით მოსწავლეებს განუვითარდებათ ანალიტიკური აზროვნება და უფრო ხალისით დაეუფლებიან ქართული ენის ახალ მასალას.
ვფიქრობთ, რომ ბოლო ეტაპზე მისაღებია ზემოთ აღწერილი კონკურსების მოწყობაც. სასურველია, რიცხვითი სახელის სწავლების საკითხებთან დაკავშირებული პირველი კონკურსი ჩატარდეს კლასში, შემდგომ კი უკვე დასაშვები იქნება სასკოლო კონკურსის მოწყობაც.
საკონკურსო თემები:
დათვლა გარკვეულ ზღვრამდე დროის კონკრეტულ მონაკვეთში (რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელების თანამიმდევრობა);
ვინ აბრუნებს უფრო სწრაფად და უშეცდომოდ (სხვადასხვა ტიპის ფუძიან) დამოუკიდებელ რიცხვით სახელს;
ვინ აბრუნებს უფრო სწრაფად და უშეცდომოდ (სხვადასხვა ტიპის ფუძიან) რიცხვით სახელს არსებითთან ერთად;
ვინ აბრუნებს უფრო სწრაფად და უშეცდომოდ (სხვადასხვა ტიპის ფუძიან) შებრუნებული წყობის რიცხვით სახელს არსებითთან ერთად;
ვინ უფრო სწრაფად და უშეცდომოდ წაიკითხავს მათემატიკურ მაგალითებს;
ვინ უფრო უკეთ და სწრაფად თარგმნის რიცხვითი სახელების შემცველ ტექსტს;
ვინ მოიყვანს მედიაში ქართული რიგობითი რიცხვითი სახელების ფორმების გამოყენებისას დაშვებული შეცდომებისა უფრო მეტ მაგალითს.
გამარჯვებული მოსწავლეები აუცელებლად უნდა წახალისდნენ შესამაბისად. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს იქნება სწორედ ის სტიმული, რომელსაც უდიდესი პოზიტიური როლი ექნება არაქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლებისათვის.
![]() |
5 ნაცვალსახელის სწავლება |
▲back to top |
არაქართულ სკოლებში ნაცვალსახელის სწავლება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესავალში მოსწავლეებს ზოგადად ვუხსნით ამ მეტყველების ნაწილს და მის გრამატიკულ არსს. უპირველეს ყოვლისა, გნვსაზღვრავთ რაობას: ნაცვალსახელი ჰქვია, ისეთ სიტყვას, რომელიც ფრაზაში რომელიმე სახელის ეკვივალენტია გარკვეულ შემთხვევაში. მოსწავლეები ჩამოთვლიან მათთვის ცნობილ სახელებს (არსებით, ზედსართავ და რიცხვით სახელებს). შემდგომ ყურადღებას ვამახვილებთ ფრაზაზე „გარკვეულ შემთხვევაში“, ე.ი. ყოველთვის - არა, ანუ ზოგჯერ ნაცვალსახელი არც ერთი სახელის ნაცვალი არ არის რეალურად. ბავშვები დააკვირდებიან ამ მეტყველების ნაწილის სახელწოდებას და გარკვეულ დასკვნებს გააკეთებენ.
შემდეგ გადავდივართ ნაცვალსახელის ჯგუფების ახსნაზე. ქართულში ნაცვალსახელებში გამოიყოფა შემდეგი ჯგუფები:
პირისა, ჩვენებითი, კითხვითი, კუთვნილებითი, კითხვით-კუთვნილებითი, მიმართებითი, ურთიერთობითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი, უარყოფითი.
პირის ნაცვალსახელების ახსნისას ხდება ფორმათა შეპირისპირება მშობლიურ ენაში არსებულ შესაბამის ფორმებთან. ამ ჯგუფის ნაცვალსახელებზე საუბრისას ყურადღება მახვილდება მესამე პირზე; კერძოდ, ეს-ეგ-ის/იგი და ესენი-ეგენი-ისინი/იგინი ფორმებზე. მოსწავლეებს განვუმარტავთ, რომ პირველ პირთან სიახლოვის მიხედვით განისაზღვრება ეს ფორმები. აქვე შევაპირისპირებთ ამ მასალას რუსულთან და აღვნიშნავთ, რომ სქესის გრამატიკული კატეგორია ქართულში არ არის და ამდენად, არც ამ ნაცვალსახელებში სქესი არ განსხვავდება: ის - გოგო/ქალი და ის - ბიჭი/კაცი ერთნაირად არის ასახული ენაში.
პირის ნაცვალსახელებს მიეკუთვნება უკუქცევითი „თავი“. ბავშვემა უნდა გაიაზრონ სხვაობა შესაბამის არსებით სახელსა და ნაცვალსახელს შორის. სასურველია უკუქცევითობის მოკლე, ზოგადი განმარტების მიცემა და მათთვის ცნობილ ენებში შესაბამის მასალასთან შეპირისპირებითი ანალიზის ჩატარებაც.
თუ ძლიერი ჯგუფები გვყავს, შესაძლოა, ორიოდე სიტყვით ექსკლუზივ-ინკლუზივზეც კი ვისაუბროთ.
პირის ნაცვალსახელების ბრუნება თავისებურებებით გამოირჩევა. მათ აქვთ უბრუნველი ფორმები, ფუძემონაცვლე ფორმები და ფორმანაკლი ბრუნების მქონე სახელები. ერთი შეხედვით, მარტივია ნაცვალსახელის უბრუნველი ფორმების ახსნა. ესენია პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელები. ისინი მუდამ ერთნაირი ფორმით არიან წარმოდგენილი, ანუ იქნება „მე“ სახელობითშიც, მოთხრობითსა და მიცემითშიც. იგივე ითქმის ფორმებზე „შენ“, „ჩვენ“ და „თქვენ“. ნათესაობითის ფორმებში კი ამ ნაცვალსახელებს შესაბამისი კუთვნილებითი ნაცვალსახელები ჩაენაცვლებიან. ამ მასალას კი მოსწავლეები ჯერ არ ფლობენ. ამიტომაც ჯერ ზოგადად ვასწავლით ნაცვალსახელის ჯგუფებს და ბოლოს გადავდივართ ნაცვალსახელის ბრუნებაზე.
ჩვენებითი ანუ მითითებითი ნაცვალსახელები, როგორც ეს მათი სახელწოდებიდანაც ჩანს, გვიჩვენებენ, მიგვითითებენ რამეს. ეს ნაცვალსახელებია ეს, ეგ, ის, იგი, ასეთი, ეგეთი, მასეთი, ისეთი, ამნაირი, მაგნაირი, იმნაირი, ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა, ამდენი, მაგდენი, იმდენი.
ამ ნაცვალსახელებს მოსწავლეებს დავაჯგუფებინებთ პირველ-მეორე პირებთან სიახლოვე-სიშორის მიხედვით. მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ, რომ ეს, ეგ, ის, იგი ნაცვალსახელები არის პირისაც და ჩვენებითიც. ეს როგორ შეიძლება იყოს? რა შემთხვევაშია პირის და რა შემთხვევაში - ჩვენებითი?
ვასწავლით ორ განმასხვავებელ ნიშანს:
1. კითხვები ვინ და რა დაესმის პირის ნაცვალსახელს, ხოლო რომელი - ჩვენებით ნაცვალსახელს.
2. პირის ნაცვალსახელი დამოუკიდებლად იხმარება წინადადებაში და ზმნასთან არის დაკავშირებული, ხოლო ჩვენებითი ნაცვალსახელი კი ახლავს სახელს.
შევადაროთ ფორმები „ეს მოვიდა“ და „ეს კაცი მოვიდა“. მოსწავლეებს ვავარჯიშებთ ამ ტიპის მაგალითებზე.
გადავდივართ კუთვნილებით ნაცვალსახელებზე. ვუხსნით რაობას - ეს ჯგუფი გამოხატავს კუთვნილებით ურთიერთობას საგანსა და ნაცვალსახელით ნაგულისხმევ პირს შორის. კუთვნილებითი ნაცვალსახელებია: ჩემი შენი, მისი, ამისი, იმისი, მაგისი, ჩვენი, თქვენი, ამათი, მაგათი, იმათი, მათი, თავისი, თვისი.
მოსწავლეები გაიაზრებენ სხვაობას ფორმათა შორის: მხოლობითში მისი, ამისი, იმისი, მაგისი და მრავლობითში - ამათი, მაგათი, იმათი, მათი. ბავშვების ყურადღება უნდა გამახვილდეს ფორმებზე თავისი, თვისი.
ნაცვალსახელის შემდეგი ჯგუფია კითხვითი ნაცვალსახელები. ეს ჯგუფი გამოხატავს კითხვას: ვინ? რა? რომელი? რამდენი? როგორი? რანაირი? როდინდელი? სადაური? რამდენი?
შემდგომ ეტაპზე ვუხსნით კითხვით-კუთვნილებით ნაცველსახელებს - ვისი? რისა? სასურველია, რომ კლასშივე გაკეთდეს სათანადო დასკვნები ამ ნაცვალსახელთა წარმომავლობის შესახებ კითხვითი ნაცვალსახელების შესაბამისი ფორმებისგან „ვინ?“ და „რა?“
ზემოაღნიშნულ მასალასთან მიყოლებით ვუხსნით მიმართებით ნაცვალსახელებს და ვეუბნებით, რომ ისინი იწარმოებიან კითხვითი ნაცვალსახელებიდან „ც“ ნაწილაკის დართვით. შემდგომ თავად მოსწავლეებს ვაწარმოებინებთ ფორმებს: ვინც, რაც, რომელიც, რამდენიც, როგორიც, რანაირიც, როდინდელიც, სადაურიც, რამდენიც.
ეს სახალისო პროცესი ხდება, რა თქმა უნდა.
ამის შემდეგ კლასში ვუხსნით როდის გამოვიყენებთ ამ ნაცვალსახელებს და მოგვყავს მაგალითები.
ურთიერთობითი ნაცვალსახელებია: ერთმანეთი, ერთურთი, ერთიმეორე. სახელწოდებიდან გამომდინარე, მოსწავლეები მიდიან სათანადო დასკვნამდე, რომ ამ ტიპის ნაცვალსახელები გარკვეულ ურთიერთობას გულისხმობს და, შესაბამისად, აქ ერთზე მეტი პირია წარმოდგენილი. კლასში ხდება ამ ნაცვალსახელების ფორმათა შეპირისპირება რუსულსა და მოსწავლეთა მშობლიურ ენებში არსებულ შესაბამის ლექსიკურ ერთეულებთან.
განსაზღვრებითი ნაცვალსახელები თვით, (თვითონ), თავად, თითოეული, ყოველი, ყველა, სხვა, მავანი. მოსწავლეებს ვუხსნით, რომ ფორმა „თვით“ მომდინარეობს ფორმისგან „თავი“ (მოქმ. თავ-ით). ბავშვები თარგმნიან მშობლიურ ენაზე ამ ფორმებს და გაიაზრებენ, თუ რას ნიშნავს სიტყვა „განსაზღვრებითი“.
მოსწავლეებს შევახსენებთ ანტონიმისა და სინონიმის მნიშვნელობას და ავუსხნით სიტყვა „განუსაზღვრელის“ მნიშვნელობას სიტყვა „განსაზღვრებითთან“ შეპირისპირებაში. განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელებია: ერთი, ზოგი, (ზოგიერთი), კაცი. აქვე ისინი თავად აღმოაჩენენ, რომ „კაცი“ არის არსებითი სახელი. მოგვყავს სათანადო მაგალითები და ვუხსნით ფორმათა შორის არსებულ სხვაობას; შდრ.:
კაცი მოდის
კაცმა რომ თქვას, შენ არც კი გიცნობ.
ან
კაცი წერს
ამას კაცმა პასუხი უნდა მოსთხოვოს.
მოსწავლეებს მიეწოდებათ ძირითადი ინფორმაცია განუსაზღვრელი ნაცვალსახელების წარმოების შესახებ კითხვით ნაცვალსახელებზე „-მე“ და „-ღაცა“ ნაწილაკების დახმარებით, რის შემდეგაც თავად მათ ვაწარმოებინებთ განუსაზღვრელ ნაცვალსახელებს: ვინმე, რამე, რომელიმე, სადმე, როგორმე, როდესმე, ვიღაც, რაღაც, რომელიღაც, სადღაც, როგორღაც, როდესღაც და ა.შ. (აქვე ვაწარმოებინებთ ზმნიზედებსაც - როგორმე, როდესმე)
უარყოფითი ნაცვალსახელები, როგორც ამას სახელწოდებაც გვიჩვენებს, შეიცავენ უარყოფას. ნაცვალსახელთა ეს ჯგუფი იწარმოება კითხვით ნაცვალსახელებზე „ვინ“ და „რა” უარყოფითი ფორმების დართვით. ზოგჯერ „რას“ მაგივრობას სწევს „ფერი“. მოსწავლეები ხალისით აწარმოებენ უარყოფითი ნაცვალსახელების ფორმებს - არავინ, ვერავინ, არარა, ვერარა, არაფერი, ვერაფერი, ნურა, (ნურარა), ნურვინ, (ნუვინ, ნურავინ) ნურაფერი.
როდესაც დასრულდება ნაცვალსახელთა ჯგუფების წარდგენა, მოსწავლეებს შევახსენებთ ამ მეტყველების ნაწილის განსაზღვრებას და ისინი თავად ამოიცნობენ იმ ნაცვალსახელებს რომლებიც არ გამოიყენება სახელთა ნაცვლად - კითხვითი და განუსაზღვრელი ნაცვალსახელები, უკუქცევითი და უარყოფითი ფორმები.
ქართული ენის ნაცვალსახელთა სწავლებისას სირთულე მდგომარეობს ბრუნების სისტემის ახსნაში. ნაცვალსახელს ახასიათებს მრავალი თავისებურება ბრუნებისას. ამის გასამარტივებლად მოსწავლეებს თანდათანობით ვაწვდით მასალას და, რა თქმა უნდა, ვიწყებთ ყველაზე მარტივიდან. საერთოდ ნაცვალსახელთა დიდი ნაწილი იბრუნვის ისე, როგორც შესაბამისი ფუძის მქონე არსებითი სახელი. კლასში ხდება არსებით სახელთა ბრუნების გამეორება, რაც საბოლოოდ განამტკიცებს ამ თემას.
სახელობითი - ზოგ-ი - ყველა
მოთხრობითი - ზოგ-მა- ყველა-მ
მიცემითი - ზოგ-ს - ყველა-ს
ნათესაობითი - ზოგ-ის - ყველა-ს(ი)
მოქმედებითი - ზოგ-ით- ყველა-თ(ი)
ვითარებითი - ზოგ-ად - ყველა-დ
წოდებითი ---------- --------
ამ მაგალითებზე დაკვირვებით მოსწავლეები გააკეთებენ რამდენიმე დასკვნას:
„ყველა“ ფუძეუკვეცელი სახელია.
წოდებითი ბრუნვა ამ ნაცვალსახელებს არ გააჩნიათ. აქ ბავშვებს სათანადოდ უნდა ავუხსნათ საკითხი.
მრავლობითი რიცხვი ამ ფორმებს არ მოეპოვებათ.
რომელი ნაცვალსახელები იბრუნვიან ისე როგორც ეს ფორმები. მოსწავლეები დაასახელებენ და აბრუნებენ შესაბამის ნაცვალსახელებს.
ზემოთ შევეხეთ პირის ნაცვალსახელთა უბრუნველ ფორმებს.
სახელობითი - მე - შენ - ჩვენ - თქვენ
მოთხრობითი - მე - შენ - ჩვენ - თქვენ
მიცემითი - მე - შენ - ჩვენ - თქვენ
ნათესაობითი - ჩემ - შენ - ჩვენ - თქვენ
მოქმედებითი * ------ * ----- * ----- * -----
ვითარებითი * ------ * ----- * ----- * -----
წოდებითი - შენ, შე - თქვენ, თქვე
ბრუნების წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით კეთდება სათანადო დასკვნები:
პირის ნაცვალსახელებს აქვთ უბრუნველი ფორმები;
პირველ პირს არ გააჩნია წოდებითი (უნდა აიხსნას ამის მიზეზი);
ფორმები ფუძეს იცვლიან რიცხვში;
არ გააჩნიათ ორი ბრუნვა: მოქმედებითი და ვითარებითი;
ხდება ფუძის ცვლა ნათესაობით ბრუნვაში.
დაფაზე წარმოვადგენთ მესამე პირის ნაცვალსახელთა ბრუნებას:
მხოლობითი რიცხვი:
სახელობითი - ეს - ეგ - იგი - ის
მოთხრობითი - ამა-ნ - მაგა-ნ - მან - იმა-ნ
მიცემითი - ამა-ს - მაგა-ს - მას - იმა-ს
ნათესაობითი - ამ-ის - მაგ-ის - მან - იმ-ის
მოქმედებითი - ამ-ით - მაგ-ით - მ-ით - იმ-ით
ვითარებითი - ამა-დ - მაგა-დ * --- - იმა-დ
წოდებითი * ----- * ------ * --- * -----
მრავლობითი რიცხვი:
სახელობითი - ესე-ნ-ი - ეგე-ნ-ი - იგი-ნ-ი - ისი-ნ-ი
მოთხრობითი - ამა-თ - მაგა-თ - მა-თ - იმა-თ
მიცემითი - ამა-თ - მაგა-თ - მა-თ - იმა-თ
ნათესაობითი - ამა-თ - მაგა-თ - მა-თ - იმა-თ
მოქმედებითი * ----- * ------ * --- * -----
ვითარებითი * ----- * ------ * --- * ----
წოდებითი * ----- * ------ * --- * -----
წარმოდგენილ მასალაზე დაკვირვებით მოსწავლეები აკეთებენ სათანადო დასკვნებს:
მესამე პირის ნაცვალსახელები ბრუნებისას ფუძეს იცვლიან, ანუ ეს ფორმები ფუძემონაცვლეა;
მრავლობითის ფორმებს აკლიათ სამი ბრუნვის ფორმა: მოქმედებითი, ვითარებითი და წოდებითი.
მხოლობითის ფორმებს აკლიათ წოდებითის ფორმები.
ფორმას „იგი“ აკლია ვითარებითის ფორმა, ანუ არა გვაქვს „მად“.
ბავშვებს შევახსენებთ, ზემოთ მოყვანილ მასალას, კერძოდ ჩვენებითი ნაცვალსახელების იმავე ფორმის სახელების განსხვავებას პირის ნაცვალსახელებისაგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ტიპის ჩვენებითი ნაცვალსახელები, პირის ნაცვალსახელებისაგან განსხვავებით, დამოუკიდებლად არ გამოიყენება. ამიტომაც მათი ბრუნება უნდა იქნეს განხილული არსებითთან ერთად:
მხოლობითი რიცხვი:
სახელობითი - ეს კაც-ი - ეგ კაც-ი - ის კაც-ი
მოთხრობითი - ამ კაც-მა - მაგ კაც-მა- იმ კაც-მ
მიცემითი - ამ კაც-ს - მაგ კაც-ს - იმ კაც-ს
ნათესაობითი - ამ კაც-ის - მაგ კაც-ის - იმ კაც-ის
მოქმედებითი - ამ კაც-ით - მაგ კაც-ით - იმ კაც-ით
ვითარებითი - ამ კაც-ად - მაგ კაც-ად - იმ კაც-ად
წოდებითი * ------ * ------- * --------
მრავლობითი რიცხვი:
სახელობითი - ეს კაც-ებ-ი - ეგ კაც-ებ-ი - ის კაც-ებ-ი
მოთხრობითი - ამ კაც-ებ-მა - მაგ კაც-ებ-მა - იმ კაც-ებ-მა
მიცემითი - ამ კაც-ებ-ს - მაგ კაც-ებ-ს - იმ კაც-ებ-ს
ნათესაობითი - ამ კაც-ებ-ის - მაგ კაც-ებ-ის - იმ კაც-ებ-ის
მოქმედებითი - ამ კაც-ებ-ით - მაგ კაც-ებ-ით - იმ კაც-ებ-ით
ვითარებითი - ამ კაც-ებ-ად - მაგ კაც-ებ-ად - იმ კაც-ებ-ად
წოდებითი * ------ * ------- * --------
ამ მასალის გააზრების შედეგად მოსწავლეები თავად აკეთებენ სათანადო დასკვნებს:
ჩვენებითი ნაცვალსახელები არსებითთან ერთად ბრუნებისას გაქვავებული ფორმითაა წარმოდგენილი;
წოდებითი ბრუნვა ამ ფორმებს არ გააჩნიათ არც მხოლობითში და არც მრავლობითში.
ფაქტობრივად, იბრუნვის არსებითი სახელი და რიცხვსაც მხოლოდ იგი გამოხატავს.
შემდგომ ეტაპზე მოსწავლეებს დაფაზე ვაბრუნებინებთ კუთვნილებით ნაცვალსახელებს:
სახელობითი - ჩემ-ი - შენ-ი - ჩვენ-ი - თქვენ-ი
მოთხრობითი - ჩემ-მა - შენ-მა - ჩვენ-მა - თქვენ-მა
მიცემითი - ჩემ-ს - შენ-ს - ჩვენ-ს - თქვენ-ს
ნათესაობითი - ჩემ-ის (ა) - შენ-ის(ა) - ჩვენ-ის(ა) - თქვენ-ის(ა)
მოქმედებითი - ჩემ-ით(ა) - შენ-ით(ა) - ჩვენ-ით(ა) - თქვენ-ით(ა)
ვითარებითი - ჩემ-ად - შენ-ად - ჩვენ-ად - თქვენ-ად
წოდებითი - ჩემ-ო * ----- * ჩვენ-ო - (თქვენ-ო)
გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება „ვინ“ ნაცვალსახელის ბრუნება.
სახელობითი- ვინ
მოთხრობითი - ვინ
მიცემითი - ვის
ნათესაობითი - ვის
მოქმედებითი * -----
ვითარებითი * ----
წოდებითი * ----
აქედან გამომდინარე დასკვნებიც ნათელია:
ორი ფორმა აქვს „ვინ“ და „ვის“;
ბოლო სამი ბრუნვის ფორმები აკლია;
არ გააჩნია მრავლობითი რიცხვი.
ასევე ცალკე მიწოდებას საჭიროებს კითხვით-კუთვნილებითი ფორმა „ვისი“.
სახელობითი - ვის-ი
მოთხრობითი - ვის-მა
მიცემითი - ვის-ას
ნათესაობითი *-----
მოქმედებითი - ვის-ით
ვითარებითი -ვის-ად
წოდებითი * ------
მოსწავლეები დაასკვნიან შემდეგს:
კითხვით-კუთვნილებით ნაცვალსახელს „ვისი“ არ გააჩნია მრავლობითი რიცხვი;
ამ ნაცვალსახელის ბრუნებას აკლია ნათესაობითი და წოდებითი. სასურველია, ბავშვებს გავააზრებინოთ, თუ რატომ აკლია ამ ფორმას ეს ორი ბრუნვა.
საერთოდ, ყველაზე მეტი სირთულე ნაწილაკიან ნაცვალსახელთა ბრუნებასთან არის დაკავშირებული და შეცდომათა უმეტესობაც ამ ფორმებზე მოდის.
მოსწავლეებს დაფაზე ვუბრუნებთ ნაწილაკიან ნაცვალსახელთა ფორმებს და ავუხსნით, რომ შეიძლება ნაწილაკი შეეზარდოს ფორმას და ასევე, შესაძლოა, გვქონდეს ნარევი ფრომაც.
მხოლობითი რიცხვი:
სახელობითი - იგი-ვე - იგივე *
მოთხრობითი- ი/მან-ვე * ----- - იმავე-
მიცემითი - ი/მას-ვე - იგივე-ს - იმავე-ს
ნათესაობითი - ი/მ-ის-ვე - იგივე-ს - იმავე-ს
მოქმედებითი - ი/მ-ით-ვე - იგივე-თი - იმავე-თი
ვითარებითი - ი/მ-ად-ვე - იგივე-დ - იმავე-დ
წოდებითი * ----- * ----- * -----
(გახაზული არ ითვლება სალიტერატურო ნორმად)
მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს:
ამ ფორმებს არ გააჩნიათ მრავლობითი რიცხვი;
ამ ტიპის ნაწილაკიან ფორმებს აკლიათ წოდებითი ბრუნვა;
ამ ფორმებში ე-ზე დაბოლოებული სახელები ფუძეუკვეცელია.
ასეთივე ფუძეუკვეცელი ფორმები ექნება მე-ნაწილაკიან ნაცვალსახელებს.
სახელობითი - ვინმე- ვინმე - რამე
მოთხრობითი * ------ - ვინმე-მ - რამე-მ
მიცემითი - ვის-მე - ვინმე-ს - რამე-ს
ნათესაობითი - (ვის-მე) - ვინმე-ს - რამე-ს
მოქმედებითი * ---- * ვინმე-თ(ი) - რამე-თ(ი)
ვითარებითი * ----- * ვინმე-დ - რამე-დ
წოდებითი * ----- * ----- * -----
მრავლობითი რიცხვი:
სახელობითი - რამე-ებ-ი
მოთხრობითი - რამე-ებ-მა
მიცემითი - რამე-ებ-ს
ნათესაობითი - რამე-ებ-ის
მოქმედებითი - რამე-ებ-ით
ვითარებითი - რამე-ებ-ად
წოდებითი * ------
მოსწავლეები აკეთებენ სათანადო დასკვნებს:
1. ამ ფორმათაგან მხოლოდ „რამე“-ს შეუძლია მრავლობითი რიცხვის წარმოება;
2. ამ ფორმებს წოდებითი არ გააჩნია;
3. „ვინმე“ ნაწილაკშეუზრდელ ფორმას, წოდებითის გარდა, არ მოეპოვება მოთხრობითი, მოქმედებითი და ვითარებითი.
ნაცვალსახელებზე ძირითადი სამუშაოების ჩატარების შემდგომ სასურველია, საკლასო და სასკოლო კონკურსების მოწყობა. ეს, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ხელს შეუყწობს მასალის საბოლოო განმტკიცებას.